You are on page 1of 58

ვარსკვლავთა ტიპები და კლასიფიკაცია

ვარსკვლავი – ციური სხეული, მასიური კაშკაშა სფეროა, რომელშიც


მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქცია, რის ხარჯზეც ხდება ენერგიის
გამოყოფა. ვარსკვლავები წარმოიქმნებიან გაზოვან-მტვროვანი ნისლეულის
(ნისლეული - ვარსკვლავთშორისი ღრუბელი, რომელიც მტვრისა და გაზისაგან
შედგება), შეკუმშვის შედეგად. მისი ძირითადი შემადგენელია წყალბადი და
ჰელიუმი. ვარსკვლავთ წიაღში ტემპერატურა იზომება მილიონობით, მათ ზედაპირზე
კი – ათასობით კელვინით (K). ვარსკვლავთა დიდ უმრავლესობაში ენერგია გამოიყოფა
ვარსკვლავის წიაღში მაღალი ტემპერატურის პირობებში თერმობირთველი რეაქციის
(თერმობირთვული რეაქცია - რეაქცია, რომელშიც პატარა ბირთვები, უფრო დიდებად
ერთიანდება) შედეგად წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის ხარჯზე.
შეუიარაღებელი თვალით ცაზე მოჩანს დაახლოებით 6000 ვარსკვლავი.
დედამიწის უახლოესი ვარსკვლავი, თუ არ ჩავთვლით მზეს, არის კენტავრის
პროქსიმა. ის მდებარეობს ჩვენი სისტემიდან 4,2 სინათლის წლის მანძილზე
(სინათლის წელი - მანძილი, რომელსაც სინათლე ფარავს ერთი წლის განმავლობაში).
საკითხი: რამდენად ჩვეულებრივი ან უჩვეულო არის მზე მეთექვსმეტე
საუკუნემდე არ დამდგარა, ვინაიდან ითვლებოდა, რომ მზე არსებობდა ერთადერთ
ეგზემპლარში, ხოლო სხვა ვარსკვლავები - უბრალოდ რაღაც კაშკაშა წერტილები იყო
ცაზე და ითვლებოდა, რომ ისინი არ საჭიროებდა კვლევას. გარდატეხა მოხდა მას
შემდეგ, რაც დანიელი მეცნიერი, ტ. ბრაჰე 1572 წ. დააკვირდა რა ზეახალი
ვარსკვლავის (ზეახალი ვარსკვლავი - ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე
წამში მკვეთრად იზრდება) აფეთქებას, მიხვდა, რომ ცაზეც შესაძლებელია მოხდეს
გარკვეული ცვლილებები და არა მხოლოდ მზე და პლანეტები, არამედ ვარსკვლავთა
სამყაროც უნდა ყოფილიყო გამოკვლეული.
ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც გამოთქვა მოსაზრება, რომ მზე და
ვარსკვლავები - მონათესავე ობიექტებია, იყო ფრანგი ფილოსოფოსი რ. დეკარტი.
მზისა და ვარსკვლავების სერიოზული შესწავლა მე-19-ე საუკუნეში დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ თვითონ ვარსკვლავები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ მზე ისეთივე ვარსკვლავია, როგორც ყველა
დანარჩენი, ისმის კითხვა: ისეთივე - ეს რომელია?
ვარსკვლავთა კლასიფიკაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღეს ვარსკვლავთა
სპექტრები. სპექტრი - ნიშნავს ფიზიკური სიდიდეების (ჩვეულებრივ, ენერგიის,
სიხშირის ან მასის) მნიშვნელობების გადანაწილებას. სპექტრის ქვეშ, ჩვეულებრივ,
იგულისხმება ელექტრომაგნიტური სპექტრი - ელექტრომაგნიტური გამოსხივების
ენერგიის გადანაწილება სიხშირის ან ტალღის სიგრძის მიხედვით.
პირველი იყო ი. ნიუტონი, რომელმაც თეთრი სინათლე პრიზმის დახმარებით
სხვადასხვა ფერისა და გარდატეხის მქონე ცალკეულ კომპონენტებად დაშალა, ანუ მან
მიიღო მზის სპექტრი, ახსნა მისი ბუნება და აჩვენა, რომ ფერი არის სინათლის თვისება.
გამოსხივების სპექტრები არის უწყვეტი, ემისიური და შთანთქმის სპექტრები.
მათი წარმოქმნის მექანიზმები შემდეგია:
ნებისმიერი ელემენტი გახურებისას გამოასხივებს სინათლეს და წარმოიქმნება
უწყვეტი სპექტრი. ეს ნაკრები უნიკალურია თითოეული ქიმიური ელემენტისათვის
და სპექტრული ხაზების მიხედვით, შესაძლებელია, განვსაზღვროთ რა ელემენტის
გახურების შედეგად წარმოიქმნა ეს სინათლე.
როდესაც სინათლე გაივლის პრიზმაში, პრიზმიდან გამოდის რამოდენიმე
ფერის ხაზი. შედეგად წარმოიქმნება ემისიური სპექტრი.
როდესაც თეთრი სინათლე გაივლის ცივ გაზში და შემდეგ პრიზმაში, ფერი
დაიბლოკება და მივიღებთ სპექტრს შავი ხაზებით. მიიღება შთანთქმის სპექტრი
(უწყვეტი სპექტრის ფონზე შთანთქმის ბნელი ხაზებით). ნებისმიერი
ელემენტისათვის იბლოკება ზუსტად იგივე ფერები, რომელიც გამოსხივდება
გახურების შემთხვევაში.
სპექტრების შესწავლის შედეგად გ. კირხჰოფმა მიიღო სამი ძირითადი კანონი.
მათ ეწ. „კირხჰოფის კანონები“:
• გაზი მაღალი წნევის ქვეშ წარმოქმნისს უწყვეტ სპექტრს.
• დაბალი წნევის ქვეშ გაზი წარმოქმნის კაშკაშა, დისკრეტულ ხაზებს, რაც
ცნობილია როგორც ემისიური სპექტრი.
• თუ ვუყურებთ უწყვეტი სპექტრს ემისიური სპექტრის უკან, დავინახავთ
უწყვეტი სპექტრის ფონზე შავ ხაზებს; თითქოს უწყვეტი სპექტრიდან
გამოკლებულია ემისიის სპექტრი. ამას ეწ. შთანთქმის სპექტრი.
მზე ასხივებს თეთრ სინათლეს, თუმცა სინამდვილეში ის შედგება
ცისარტყელას ყველა ფერისაგან. მზის სინათლეს თუ გავატარებთ პრიზმაში,
სინათლის ნაკადში ფერადი სხივები შეიცვლიან მიმართულებას, გადაიხრებიან და
პრიზმიდან გამოსვლისას ცისარტყელას ფერებად დაიშლებიან. პრიზმაში სინათლე
გადაიხრება: წითელი ფერი ყველაზე ნაკლებად, იისფერი – ყველაზე მეტად. ფერებს
თუ მივმართავთ ეკრანზე, მივიღებთ სპექტრს - სხვადასხვა ფერის ხაზებს. ბუნებრივ
პირობებში სინათლის სპექტრი შეიძლება დავინახოთ ცაზე ცისარტყელას სახით.
სინათლის სპექტრის შესწავლის შემდგომი ეტაპი დადგა მას შემდეგ, როდესაც
1814 წ. ჯ. ფრაუნჰოფერი მზის სპექტრში დააკვირდა ბნელ ხაზებს და მზის სპექტრში
აღწერა 500-ზე მეტი ბნელი ხაზი.
სინათლის სპექტრი შეიძლება იყოს უწყვეტი (უწყვეტი სპექტრი - ფერების
უწყვეტი თანამიმდევრობა. მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის
გახურებით), ემისიური (ემისიური სპექტრი - თუ ელემენტის გახურების შედეგად
გამოსხივებული სინათლე გაივლის პრიზმაში, პრიზმიდან გამოვა მხოლოდ
რამოდენიმე ფერის ემისიური ხაზი. ეს ნაკრები უნიკალურია თითოეული
ელემენტისათვის და სპექტრული ხაზების მიხედვით შესაძლებელია განვსაზღვროთ
რა ელემენტების გახურების შედეგად წარმოიქმნა ეს გამოსხივება) და შთანთქმის
(შთანთქმის სპექტრი - უწყვეტი სპექტრი ზედდებული შთანთქმის ხაზებით. ის
მიიღება როდესაც გამოსხივება გაივლის ცივ გაზში და შემდეგ პრიზმაში. ფერი
დაიბლოკება და მივიღებთ სპექტრს შავი შთანთქმის ხაზებით. მოცემული
ელემენტისათვის იბლოკება ზუსტად იგივე ფერები, რომელიც გამოსხივდება
გახურების შემთხვევაში).
მზის სპექტრი უწყვეტია, ზედდებული ათასობით შთანთქმის ხაზებით. ამ
შთანთქმის ხაზებს ეწოდება ფრაუნჰოფერის ხაზები და მზის სპექტრს ზოგჯერ
ფრაუნჰოფერის სპექტრსაც უწოდებენ.
მზის სპექტრში აღმოჩენილია 60-ზე მეტი ელემენტის ხაზი, მათგან უფრო
ინტენსიურია წყალბადის, ჰელიუმის, ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადის, კალციუმის,
რკინის, ნიკელის ხაზები. ფოტოსფეროში წარმოიქმნება უწყვეტი სპექტრი.
ფოტოსფეროს თავზე ტემპერატურა და გამჭვირვალობა მატულობს და ფორმირდება
სპქეტრის შთანთქვის ხაზები.
ჯ. ფრაუნჰოფერმა აღნიშნა, რომ მზის სპექტრში დაკვირვებული შთანთქმის
ზოგიერთი ხაზი არ დაიმზირებოდა სხვა ვარსკვლავთა სპექტრებში, ზოგიერთი
ვარსკვლავის სპექტრში კი უფრო მეტი შთანთქმის ხაზი დაიკვირვებოდა.
ვარსკვლავთა კლასიფიკაციის დროს, სპექტრული ხაზების შემადგენლობისა
და სიმძლავრის მიხედვით ვარსკვლავს მიაკუთვნებდნენ ამა თუ იმ კლასს.
თავდაპირველად ვარსკვლავთა სპექტრების თანმიმდევრული დალაგება მოხერხდა
ზოგიერთი სპექტრული ხაზი შესუსტებისა და სხვა ხაზების გაძლიერების მიხედვით.
ერთმანეთის მსგავსი სპექტრები ერთიანდებოდა სპექტრულ კლასებად. მათ შორის
უმნიშვნელო განსხვავებები იძლეოდა ქვეკლასების გამოყოფის საშუალებას.
მომდევნო კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა სპექტრულ კლასებს
განსხვავებული ტემპერატურები ჰქონდათ. სპექტრული კლასიფიკაციის ეს მეთოდი
პირველად გამოყენებული იყო ჰარვარდის ობსერვატორიაში 1890–1924 წწ. და
წარმოადგენს ვარსკვლავთა კლასიფიკაციას მათი ტემპერატურის მიხედვით.
ძირითადად ვარსკვლავთა სპექტრების შვიდი კლასი განიხილება. ისინი აღინიშნებიან
ლათინური ასოებით O, B, A, F, G, K, M.
სპექტრული კლასიფიკაციის მიხედვით მზე მიეკუთვნება G2 კლასს. მზე
წარმოადგენს ტიპიურ ყვითელ ჯუჯა (ყვითელი ჯუჯა - მცირე ზომის ვარსკვლავი,
რომლის მასა ტოლია მზის მასის 0,8 -1,4-ისა. ენერგიის ძირითადი წყაროა
თერმობირთვული რეაქციები და ზედაპირის ეფექტური ტემპერატურა შეადგენს 5
000-6 000 კელვინს. სოცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 10 მილიარდ
წელს) ვარსკვლავს.
იმ ფერებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, მზის სინათლეში არის
უხილავი სინათლეც. სპექტრის იისფერი ბოლოს იქით ულტრაიისფერი სინათლეა.
სპექტრის წითელი ბოლოს მახლობლად კი - ინფრაწითელი სინათლეა. არსებობს მზის
რადიაციის სხვა სახეებიც: რადიოტალღები, რენტგენის გამოსხივება და გამა-სხივები.
ყველაზე მცირე ზომის ვარსკვლავების მასები 10-ჯერ ნაკლებია მზის მასაზე.
ითვლება, რომ არ შეიძლება არსებობდეს მზეზე 150-ჯერ უფრო მასიური
ვარსკვლავები, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული.
რაც ნაკლებია ვარსკვლავის მასა, მით მეტია ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა. ყოველ
700 მზის მასის მქონე ვარსკვლავზე მოდის 9 ათასი მზეზე ნაკლები მასის მქონე
ვარსკვლავი. ამგვარად, მასის მიხედვით, მზე - არც მაინცა და მაინც ტიპიური
ვარსკვლავია. ჩვენ ვცხოვრობთ ვარსკვლავის მახლობლად, რომელიც შედარებით
კაშკაშა ცხელი და მასიურია, ვიდრე ვარსკვლავების უმრავლესობა, ვინაიდან
სამყაროში ყველაზე გავრცელებულია წითელი ჯუჯა ვარსკვლავები. მათი მასა არ
აღემატება მზის მასის ერთ მესამედს. მათი ტემპერატურაა დაახლოებით 3 500 K.
წითელი ჯუჯების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამოდენიმე ათეული მილიარდიდან
რამოდენიმე ათეულ ტრილიონ წელს შეადგენს. ისინი მიეკუთვნებიან М და К
სპექტრულ კლასებს. წითელი ჯუჯა ვარსკვლავების წარმომადგენელია ცენტავრას
პროქსიმა, რომელიც ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ე. ჰერცშპრუნგმა ევროპაში და ჰ. რასელმა
ამერიკაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აჩვენეს, რომ ვარსკვლავები
ერთგვარად ნაწილდება ორ ჯგუფად: მზისმაგვარი, ე. ი. შედარებით მცირე სიკაშკაშის
მქონე ვარსკვალავები; მეორე ჯგუფში კი ისეთებია, რომელთაც დიდი სიკაშკაშე
ახასითებთ. პირველთ ეწოდათ ჯუჯა-ვარსკვლავები (ჯუჯა ვარსკვლავი —
შედარებით პატარა ზომისა და დაბალი ნათების მქონე ვარსკვლავი), მეორე ჯგუფს კი
მიეკუთვნება გიგანტი ვარსკვლავები (გიგანტი ვარსკვლავი – უზარმაზარი, ძალიან
ცხელი ვარსკვლავი, საკმარისად დიდი რადიუსით და მაღალი ნათობით).
ჰერცშპრუნგ-რასელის (H-R) დიაგრამაზე კარგად ჩანს, რომ წერტილები თანაბრად ან
ქაოსურად კი არ ნაწილდება, არამედ ვარსკვლავთა უმრავლესობა დალაგდება
უპირატესი ხაზების გასწვრივ: ესაა ე. წ. მთავარი მიმდევრობის შტო და - გიგანტების
შტო. შემდგომში ზეგიგანტი ვარსკვლავების (ზეგიგანტი ვარსკვლავი – გიგანტ
ვარსკვლავზე დიდი ნათობის ვარსკვლავი) ჯგუფიც გამოვლინდა.
იმის მიხედვით, თუ ევოლუციის რა ფაზაშია ვარსკვლავი, ის სხვადასხვა
ადგილს იკავებს H-R დიაგრამაზე. ვარსკვლავთა ფორმირება ხდება გაზოვან-
მტვროვანი ღრუბლის შეკუმშვის შედეგად. როდესაც ხდება წონასწორობის დამყარება
წნევასა და მიზიდულობის ძალას შორის, ღრუბელში ყალიბდება მომავალი
ვარსკვლავის ცენტრალური ბირთვი (პროტოვარსკვლავი). მას შემდეგ, რაც
ვარსკვლავი დაიწყებს ნათებას, პროტოვარსკვლავური ფაზა სრულდება და იწყება
ახალგაზრდა ვარსკვლავის ფაზა. H-R დიაგრამაზე პროტოვარსკვლავი უერთდება
მთავარ მიმდევრობას.
მთავარი მიმდევრობის ფაზის დაწყებისას ვარსკვლავის ბირთვში იწყება
წყალბადის წვის თერმობირთვული რეაქციები. ამ დროს წყდება ვარსკვლავის
შეკუმშვა და ის იწყებს მშვიდ და წყნარ არსებობას მთავარ მიმდევრობაზე. მთავარ
მიმდევრობაზე ვარსკვლავის ყოფნა ყველაზე ხანგრძლივი პროცესია, შესაბამისად,
ვარსკვლავთა უმეტესობა მთავარ მიმდევრობაზე მდებარეობს. HR-დიაგრამის
მთავარი შტო, განსაკუთრებით მისი მცირე მასის მქონე ვარსკვლავების ქვედა ბოლო,
ყველაზე მდიდარია ვარსკვლავთა რაოდენობის მიხედვით. მთავარი მიმდევრობის
ზედა ბოლოზე, სადაც მოთავსებულია შედარებით მასიური ვარსკვლავები,
გაცილებით ნაკლები ვარსკვლავები მდებარეობენ.
ამდენად, მთავარ მიმდევრობაზე ვარსკვლავის ყოფნის ხანგრძლივობა
დამოკიდებულია ვარსკვლავის მასაზე. მზის მასის ტოლი ვარსკვლავებისათვის
მთავარ მიმდევრობაზე ყოფნის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 მილიარდ წელს.
H-R დიაგრამის მთავარი მიმდევრობის ზედა მარცხენა არეში მოთავსებულია
ექსტრემალური ზომის მქონე ობიექტები, გიგანტები და ზეგიგანტები. მათი
სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა (დაახლოებით 10 მილიონი წელი).
როგორც კი ამოიწურება წყალბადის მარაგი ბირთვში, ვარსკვლავი ტოვებს
მთავარ მიმდევრობას და გადაინაცვლების H-R დიაგრამის მარჯვენა ზედა ნაწილში
(ანუ ვარსკვლავი გარდაიქმნება გიგანტ ან ზეპერგიგანტ ვარსკვლავად).
გიგანტი ვარსკვლავებიდან სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებულია
წითელი გიგანტები, ვარსკვლავები მაღალი ნათობითა და განფენილი გარსით. მათ
გააჩნიათ ცხელი მკვრივი ბირთვი და გაიშვიათებული გარსი, რადიუსმა შეიძლება
შეადგინოს 100 მზის რადიუსი. ზედაპირის ტემპერატურაა 3000–5000 კელვინი.
სავარაუდოდ, როდესაც მზის ბირთვში ამოიწურება წყალბადის მარაგი, ის წითელ
გიგანტად გარდაიქმნება. ვარსკვლავის (მზის) გარე ფენების გაფართოებასთან ერთად,
გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად ვარსკვლავის ბირთვის ნივთიერება დაიწყებს
შეკუმშვას და საბოლოოდ გარდაიქმნება თეთრ ჯუჯა ვარსკვლავად და ის H-R
დიაგრამაზე გადაინაცვლებს ქვედა მარცხენა მხარეს. ამჟამად H-R დიაგრამაზე მზე
მდებარეობს მთავარ მიმდევრობაზე, შემდეგ ის გადაინაცვლებს წითელ გიგანტებში,
ხოლო ბოლოს გახდება თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი.
კოსმოსში მხოლოდ ვარსკვლავები არ გვხვდება. ხილული ნივთიერების 10%
„ირმის ნახტომში” წარმოადგენს გაზს, რომელიც იწოდება ვარსკვლავთშორის
გარემოდ. მზის ახლო სივრცეში აღმოჩენილი გაზოვან-მტვროვანი ნისლეულები
ძალიან მრავალფეროვანია ფორმის, ზომის, ტემპერატურის, წნევის და სხვა
მახასიათებლების მიხედვით. მზის სისტემა მოძრაობს ადგილობრივ (ლოკალურ)
ვარსკვლავთშორის ღრუბელში.
ვარსკვლავთშორისი ღრუბელი – გაზის, პლაზმის და მტვრის გროვის ზოგადი
დასახელებაა. მას აქვს შედარებით მაღალი სიმკვრივე, ვიდრე ვარსკვლავთშორის
გარემოს. მასში წაყლბადი შეიძლება იყოს ნეიტრალური, იონიზებული ან
მოლეკულური. ლოკალურ ვარსკვლავთშორის ღრუბელში მტვრის მასა შეადგენს
ღრუბლის მთლიანი მასის მხოლოდ 1%. მასში არსებული გაზის 90% არის წყალბადი
და 9,99% - ჰელიუმი.
მასში აგრეთვე არის ისეთი მძიმე ელემენტების კვალიც, როგორიცაა კალციუმი,
არაორგანული ნაერთები, როგორიცაა წყალი, ნახშირბადის ოქსიდი,
გოგირდწყალბადი, ამიაკი და სხვ. მძიმე მეტალების რაოდენობა მასით არ აღემატება
0,01%. მასში სიმკვრივე მხოლოდ 0,3 ატომია კუბურ სანტიმეტრში. მისი ტემპერატურა
შეადგენს 6 000 K. მზე და მზის სისტემა, სავარაუდოდ, მასში შევიდა 44 000–150 000
წლის წინ.
დაკვირვებები მიუთითებს, რომ მზე მოძრაობს რა ადგილობრივ
ვარსკვლავთშორის ღრუბელში, შესაძლოა ამ ღრუბლიდან გავიდეს უახლოესი 10 000
წლის განმავლობაში.
ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი მდებარეობს ე. წ. „ადგილობრივ
ბუშტში.“ ადგილობრივი ბუშტი ზომით 300 ს. წ. ეს არის არაწესიერი ფორმის
გაიშვიათებული გაზის არე ვარსკვლავთშორის სივრცეში ჩვენი გალაქტიკის შიგნით.
ადგილობრივი ბუშტი წარმოადგენს დიდ და შედარებით ცარიელ სივრცეს. მისი
ტემპერატურა დაახლოებით მილიონი გრადუსი კელვინია.
ადგილობრივი ბუშტი, სავარაუდოდ, ელიფსის ფორმისაა. ის ამოწეულია
გალაქტიკის დისკოს ზემოთ, და ვინაიდან მონაწილეობს გალაქტიკის მოძრაობაში,
ფორმით ემსაგავსება ქვიშის საათს.
ახლოს მდებარე ვარსკვლავები ერთიანდება გალაქტიკებად. გალაქტიკების
გაერთიანება ხდება გალაქტიკათა ადგოლობრივ ჯგუფებად, ხოლო მათ გაერთიანებას
წარმოადგენს გალაქტიკათა ზეგროვები.
მზის სისტემა წარმოადგენს ირმის ნახტომის ნაწილს, რომელიც არის
სპირალური გალაქტიკა.
ირმის ნახტომი - ვარსკვლავთა სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის
გრავიტაციულად დაკავშირებული სისტემა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 200
მილიარდ ვარსკვლავს, ათასობით გაზისა და მტვრის ღრუბელს, გროვასა და
ნისლეულს.
მზის სისტემა მოთავსებულია ორიონის შტოს კიდეზე, რომლის სიგანე
დაახლებით 3500 , ხოლო სიგრძე 11 000 სინათლის წელია.
მზე და მასთან ერთად მთელი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო
მოძრაობს 254 კმ/სთ სიჩქარით და სრულ ბრუნს აკეთებს 226 მლნ. წლის განმავლობაში.
ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, შედის გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში.
გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფი - არის გალაქტიკათა გრავიტაციულად
დაკავშირებული სისტემა, რომელშიც შედის 50-ზე მეტი გალაქტიკა და ეს რიცხვი
მუდმივად იზრდება ახალი გალაქტიკების აღმოჩენასთან დაკავშირებით.
გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი წარმოადგენს ქალწულის ზეჯგუფის
წევრს, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ქალწულის გროვა. ქალწულის ზეჯგუფი
არის გალაქტიკათა სისტემა ზომით დაახლოებით 200 მილიონი სინათლის წელი.
მასში შედის 100 გალაქტიკათა ჯგუფი და 30 ათასამდე გალაქტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უცვლელად ვთვლით ჩვენს გარემომცველ
ვარსკვლავებსა და ნისლეულებს, ისინი დღესაც, ისევე, როგორც მილიონი წლის წინათ
იბადებიან, ვითარდებიან და კვდებიან. ვარსკვლავები იღუპებიან კაშკაშა ანთებების
შედეგად, აძლევენ რა დასაბამს ვარსკვლავთა ახალ თაობებს.
როგორია ჩვენს გალაქტიკასა და მის გარშემო არსებულ სამყაროს სხვა
ობიექტების შორის ურთიერთობა და როგორია მზისა და მზის სისტემის მომავალი.
ვინაიდან სამყარო ფართოვდება, გალაქტიკები ერთმანეთს შორდებიან.
თითოეული გალაქტიკა, რომელსაც ვხედავთ, შორდება დედამიწას, მზესა და ჩვენს
გალაქტიკას. რაც უფრო შორსაა ჩვენგან გალაქტიკა, მით მეტია დაშორების სიჩქარე.
თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს ჩვენი მეზობელი ანდრომედას გალაქტიკა,
რომელიც დაშორების ნაცვლად უახლოვდება ირმის ნახტომს. ანდრომედას
გალაქტიკა გვიახლოვდება 120 კმ/სეკ სიჩქარით. ეს ნიშნავს, რომ ორი გალაქტიკა -
ანდრომედას ნისლეული და ირმის ნახტომი გარკვეული დროის შემდეგ იმდენად
მიუახლოვდება ერთმანეთს, რომ დაიწყება მათი შერწყმის პროცესი.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ირმის ნახტომისა და ანდრომედას
ნისლეულის შეერთება კატასტროფული იქნება ორივე გალაქტიკისათვის:
აბსოლუტურად შეიცვლება მათი ფორმები, გრავიტაციის მოქმედების შედეგად
გაწყდება მათი სპირალები, შეიცვლება მათში შემავალი ვარსკვლავების მოძრაობის
ტრაექტორიები. ზოგიერთი გამოთვლების თანახმად, 4 მლდ წლის შემდეგ ორი
გალაქტიკა მხოლოდ „წამოედება“ ერთმანეთს სპირალური შტოებით: მათი ბირთვები
ერთმანეთისაგან ორი ასეული ათასი სინათლის წლის მანძილზე იქნებიან
დაშორებული ერთმანეთისაგან. ეს მანძილი საკმარისი იქნება, რათა გალაქტიკები
დატრიალდნენ სასიკვდილო გრავიტაციულ სპირალში. პირველი
ურთიერთმოქმედებისას, 12% ალბათობით, მზე და მზის სისტემა გაძევებული იქნება
ირმის ნახტომის გალაქტიკური დისკოდან მის პერიფერიაზე, რომელიც დაიწყებს
გადინებას ჩვენი გალაქტიკიდან. 3%-ზე ნაკლები ალბათობით, მზეს შერჩება ისეთი
სიჩქარე, რომ გადაინაცვლებს ანდრომედას გალაქტიკაში, დატოვებს რა ირმის
ნახტომს.
გალაქტიკების გაერთიანების შედეგად წარმოიქმნება უზარმაზარი ელიფსური
გალაქტიკა, ყოველგვარი სპირალური შტოების გარეშე. ახლად წარმოქმნილ
ვარსკვლავთ სისტემას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელოდება წყნარი არსებობა
ყოველგვარი შეჯახებების გარეშე. მის გარშემო მოთავსებული გალაქტიკები, გარდა
ერთმანეთთან გრავიტაციულად დაკავშირებულისა, იმდენად დაშორდებიან
ერთმანეთს, რომ შეიძენენ სინათლის სიჩქარეს, რის გამოც მათში შემავალი
ვარსკვლავებიდან გამოშვებული ფოტონები ვეღარ მოაღწევენ ახალ გალაქტიკამდე და
მისი მაცხოვრებლებისათვის ეს გალაქტიკა იქნება მთელი ხილული სამყარო.
სხვა თეორიის მიხედვით, მზის ახლოს მდებარე ვარსკვლავთშორისი
ღრუბლების დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მათში არსებობს მცირე ზომის
შემკვრივებები, სადაც მზისა და მზის სისტემის გავლისას კატასტროფულად
შეიცვლებოდა მისი ზომები. კომპიუტერული მოდელირება გვიჩვენებს, რომ თუ
ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი გაზის სიმკვრივე გაიზარდება 10 ნაწილაკამდე
სმ3-ში, მზის სისტემა შეიკუმშება 15 ა. ე.-მდე.
არსებობს იმის დამადასტურებელი მასალები, რომ მზის სისტემის ირგვლივ
გარემოს ცვლილებები წარსულში არაერთხელ მომხდარა. ბერილიუმ-10-ის
კონცენტრაციის შესწავლით, ანტარქტიდაში აღმოჩენილია მისი კონცენტრაციის
ძლიერი მატება 60 000 და 33 000 წლის წინ. ასეთი მატება აიხსნება კოსმოსური
სხივების ძლიერი ცვალებადობით, რომლებიც შეიძლება იყოს გამოწვეული მზის
სისტემის ახლოს ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით. ზეახალი ვარსკვლავის
აფეთქების სასარგებლოდ მეტყველებს ზღვის ფსკერის ფენებში რკინა-60-ის
კონცენტრაციის მატებაც.
იმის გათვალისწინებით, რომ გარემო მზის გარშემო მუდმივად იცვლება,
დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და
მომავალში რა ელის მზის სისტემას.
ციური სხეულების, მათ შორის ვარსკვლავების კვლევა ხორციელდება
სხვადასხვა ტელესკოპების დახმარებით. პირველი ტელესკოპი იყო ლინზიანი (ე. წ.
რეფრაქტორი). ის აგებული იყო 1610 წელს იტალიელი ასტრონომის, გ. გალილეის
მიერ. ტელესკოპს გააჩნდა მოკრძალებული ზომები (მილის სიგრძე 1245 მმ,
ობიექტივის დიამეტრი 53 მმ). ეს იყყყო ე. წ. რეფრაქტორი ტელესკოპი. ის მხოლოდ 30-
ჯერ ადიდებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, გ. გალილეიმ მოახერხა გაეკეთებინა რიგი
მნიშვნელოვანი აღმოჩენები - განსაზღვრა ვენერას ფაზები, აღმოაჩინა იუპიტერის
თანამგზავრები, დააკვირდა მზის ლაქებს და სხვ.
ტელესკოპით მიღებული გამოსახულების დაბალი ხარისხის გამო ოპტიკოსებმა
დაიწყეს მისი გაუმჯობესების გზების ძიება. აღმოჩნდა, რომ ტელესკოპის მილის
სიგრძის გაზრდა მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა გამოსახულების ხარისხს. ამიტომ ჯ.
ჰეველიუსმა დაიწყო დიდი ზომის (ე. წ. საჰაერო) ტელესკოპების აგება. საჰაერო
ტელესკოპით დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი იქნა სატურნის რგოლი და მისი
თანამგზავრები და ე. წ. „პოლარული ქუდები“ მარსზე.
1663 წელს ჯ. გრეგორიმ შექმნა ახალი სქემა ტელესკოპისა - ე. წ. რეფლექტორი,
სადაც პირველად იყო შემოთავაზებული ლინზის ნაცვლად სარკის გამოყენება.
დღეისათვის უდიდესია ტელსკოპი (Grand Telescopio Canarias), რომლის სარკის
დიამეტრია 10.4 მ. მდებარეობს ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე 2267 მ სიმაღლეზე
(კანარის კუნძულებზე). მასზე დაკვირვებები დაიწყო 2009 წლიდან.
მზის აქტივობა წარსულში, აწმყოსა და მომავალში

მზის აქტივობის ზრდის ყველაზე თვალსაჩინო მიმანიშნებელია მის


ზედაპირზე მზის ლაქების რაოდენობის გაზრდა.
მზის ლაქები ჩნდება პერიოდულობით 11 წელი. მზის აქტივობის ციკლის
განვითარების დასაწყისში მზის ზედაპირზე ლაქათა მცირე რაოდენობა
დაიკვირვება. მზის აქტივობის ციკლის განვითარების მაქსიმუმის პერიოდში მზის
ზედაპირზე დიდი რაოდენობით დაიკვირვება ლაქები. მზის აქტივობის ციკლის
განვითარების ბოლო პერიოდში მზის ზედაპირზე ლაქათა რაოდენობა კვლავ
მცირდება.
მზის აქტივობა არის სხვადასხვა მოვლენების კომპლექსი, რომლებიც ხდება
მზის ატმოსფეროს სხვადასხვა ფენაში, მოიცავს საკმაოდ დიდ ფართობს და
გამოირჩევა ფიზიკური მახასიათებლების მნიშვნელოვანი ცვლილებებით.
მზის აქტიური არეები არის მზის ზედაპირის უბნები, სადაც ლოკალურად
გაძლიერებულია მაგნიტური ველი, რის შედეგად ამ არეებში წარმოიქმნება ლაქები,
ჩირაღდნები, ფლოკულები, პროტუბერანცები და ა. შ. აქტიური არეები ასხივებენ
მეტ ენერგიას და მეტ დამუხტულ ნაწილაკებს. კორონაში წარმოქმნილი აქტიური
არეები (კორონული კონდენსაციები) დაკავშირებულია მზის ატმოსფეროს ქვემოთ
მდებარე ფენებთან.
აქტიური არის ევოლუცია შეიძლება გავყოთ რამოდენიმე ეტაპად. პირველი
ეტაპის, „აქტიური არის დაბადების“ მომენტის დაფიქსირება ძალიან რთულია.
აქტიური არეების უმრავლესობა ვერ ასწრებს განვითარებას და ზოგჯერ პორის
წარმოქმნაც კი არ ხდება.
აქტიური არის განვითარების მომდევნო ეტაპზე იწყება სიკაშკაშისა და
ჩირაღდნების ფართობის მატება და კორონული კონდენსაციის განვითარება.
ფოტოსფერულ ჩირაღდნებში ჩნდება პორები და მცირე ზომის ლაქები. ლაქების
ჩამოყალიბება ჯგუფად იწყება მის წამყვან ნაწილში. დანარჩენი ლაქები 2–3
დღეღამით აგვიანებს წარმოქმნას. ამ ეტაპზე აქტიურ არეში მცირე ზომის
ბოჭკოებიც (ბოჭკო - იგივე პროტუბერანცი, რომელიც დაიკვირვება მზის დისკოზე)
წარმოიქმნება. იშვიათად ამ დროს დაიკვირვება სუსტი მზის ამოფრქვევები.
განვითარების შემდგომ ეტაპზე აქტიურ არეში ლაქებს უჩნდება
ნახევარჩრდილი და ჯგუფის მთავარი ლაქები განაგრძობენ ზრდას. წარმოქმნიდან
დაახლოებით 5–7 დღის შემდეგ ჯგუფის „მშვიდ“ ცხოვრებას არღვევს მზის
ამოფრქვევები. მათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ ლაქათა ჯგუფის
სტრუქტურაში. განვითარების ამ ეტაპზე კორონული კონდენსაცია და
ჩირაღდნების ფართობი განაგრძობს გაძლიერებას და გაფართოებას.
აქტიური არის მაქსიმალური განვითარების შემდეგ თავდაპირველად ქრება
მცირე ზომის ლაქები და პორები, შემდეგ იშლება მიმდევარი ლაქა და ბოლოს რჩება
ლაქათა ჯგუფის მხოლოდ წამყვანი ლაქა. ლაქათა ჯგუფის გაქრობასთან ერთად
ქრება კორონული კონდენსაცია. ამ ეტაპზე ბოჭკოს ზომა იზრდება.
აქტიური არის ევოლუციის მომდევნო ეტაპზე ჩირაღდნები ჯერ კიდევ
საკმაოდ კაშკაშაა. მათი ფართობი ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას. ბოჭკო
გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება. შემდეგ ჩირაღდნები ქრება და რჩება
მხოლოდ ბოჭკო და მნიშვნელოვნად შესუსტებული მაგნიტური არე. ასე იწყება
აქტიური არის განვითარების ბოლო სტადია. ბოჭკო თანდათანობით იყოფა
ნაწილებად, მცირდება ზომით და ქრება.
აქტიური არის განვითარების შემდგომ ეტაპზე მაგნიტური არე ჯერ კიდევ
არსებობს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, არე თითქოს გაიხსნება გარემომცველ
გარემოში. ჩვეულებრივ, აქტიური არეები არსებობენ 6–8 თვეს, თუმცა ზოგიერთ
შემთხვევაში დაფიქსირებულია მათი არსებობა წლინახევრის განმავლობაშიც.
აქტიური არეების ყველაზე სრულყოფილი კლასიფიკაცია ეყრდნობა მათი
მაგნიტური ველის აგებულების თავისებურებებს. მაგნიტური ველი მზეზე არის
ბიპოლარული და უნიპოლარული. ამის საფუძველზე აქტიური არეები იყოფა
უნიპოლარულ, ბიპოლარულ და მულტიპოლარულად. უნიპოლარული ლაქათა
ჯგუფებისათვის დამახასიათებელია მხოლოდ ერთი პოლარობა და ისინი
ფაქტობრივად წარმოადგენენ ძველი ბიპოლარული ლაქათა ჯგუფების ნარჩენებს.
ბიპოლარული არისათვის დამახასიათებელია მაგნიტური ველის მკვეთრად
გამიჯნული ორი მაგნიტური პოლუსი. მრავლობით ბიპოლარულ არეს, რომელიც
შედგება ორი ან მეტი ბიპოლარული არისაგან ეწოდება მულტიპოლარული.
აქტიური არე მოიცავს მზის ატმოსფეროს ყველა ფენას. მზის აქტიურ არეებში
ლაქების გარშემო დაიკვირვება ჩირაღდნები. ჩირაღდნების ზემოთ ქრომოსფეროში
წარმოიქმნება ფლოკულები. ფლოკულების ზემოთ კორონაში წარმოიქმნება
მარყუჟები და კორონული კონდენსაციები. აქტიურ არეში ხშირად ხდება მზის
ამოფრქვევები და კორონული მასის გამოტყორცნა.
მზის ზედაპირზე ლაქათა ყოფაქცევაში პერიოდულობას პირველად 1844
წელს მიაქცია ყურადღება მოყვარულმა ასტრონომმა ს. შვაბემ. მან 1826–1843 წწ.
საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით გამოსცა ცხრილი, რომელშიც
გადმოცემული იყო მზის ზედაპირზე ყოველდღიურად დაკვირვებული ლაქების
რაოდენობა. 1847 წელს რ. ვოლფმა მიაქცია ყურადღება მის ნაშრომს და დაიწყო
მზის ლაქების დაკვირვება და შემოიღო ლაქათა რაოდენობის ინდექსი –
„ციურიხის რიცხვი“. დღეისთვის მზის აქტივობის დასახასიათებლად
შემოღებულია მზის ლაქების ფარდობითი რიცხვი. აქტივობის ამ მახასიათებელს
უწოდებენ ვოლფის რიცხვს.
დღეისთვის მზის აქტივობის დასახასიათებლად შემოღებულია მზის
ლაქების ფარდობითი რიცხვი. აქტივობის ამ მახასიათებელს უწოდებენ ვოლფის
რიცხვს. ვოლფის რიცხვი პროპორციულია ლაქების საერთო რაოდენობისა და
ლაქათა ცალკეული ჯგუფების გაათკეცებული რაოდენობის ჯამისა. თუ ლაქების
რაოდენობას f-ით აღვნიშნავთ, ხოლო ჯგუფების რაოდენობას g-თი, მაშინ ვოლფის
რიცხვი (W) ტოლია:
W=k(f+10g),
სადაც k კოეფიციენტი გამოითვლება ცალკეული დამკვირვებლისა და
ტელესკოპისათვის, რაც სხვადასხვა დამკვირვებლების მიერ მიღებული ვოლფის
რიცხვების ერთ საერთო სისტემაში მოქცევის საშუალებას იძლევა.
მზის აქტივობის დონე განისაზღვრება სხვადასხვა მახასიათებლებით,
როგორიცაა ლაქათა რაოდენობა, ლაქათა ფართობები, ჩირაღდნების ფართობები
და სიკაშკაშე, ფლოკულები, პროტუბერანცები და სხვა. ვოლფის რიცხვის
მიხედვით გამოთვლილი მზის აქტივობის ინდექსების უპირატესობა სხვა
ინდექსებთან შედარებით არის ის, რომ მისი მნიშვნელობები განსაზღვრულია 1755
წლიდან.
მზის აქტივობის დონის დასადგენად მზის ლაქების რაოდენობის გარდა,
მზის ზედაპირზე მათი მდებარეობებიც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ციკლის
დასაწყისში ლაქების მდებარეობის განედი უფრო მაღალია, ვიდრე ციკლის ბოლოს.
ამ დროს მაღალ განედებზე წარმოქმნილი ლაქები უკვე აქტივობის ახალ ციკლს
მიეკუთვნება.
მზის აქტივობის ციკლის დასაწყისში ლაქების გაჩენა იწყება ორივე
ნახევარსფეროში ეკვატორიდან ± (30-40)° განედებზე, მაგრამ ჩვეულებრივ ერთ
ნახევარსფეროში მეტი ლაქა ჩნდება, მეორეში - ნაკლები. სუსტ ციკლებში ლაქების
წარმოქმნა ხდება ± (20-30)° განედურ ზონაში, ხოლო უფრო ძლიერი ციკლის
შემთხვევაში ± 60° განედურ ზონაში. მზის ლაქების რაოდენობის ზრდასთან ერთად
ლაქები გადაადგილდებიან მზის ეკვატორისაკენ. აქტივობის დასასრულს ლაქები
გადაინაცვლებენ ეკვატორის მახლობლად, ±5°განედზე. ციკლის დასასრულამდე 1-
2 წლით ადრე მაღალ ±30-40° განედებზე გამოჩენას იწყებს აქტივობის მომდევნო,
ახალი ციკლის ლაქები.
მზის ციკლი იწყება, როდესაც მზეზე ლაქათა მინიმალური რაოდენობაა ან
მზის ზედაპირზე არ მოჩანდა არც ერთი ლაქა. ამ პერიოდს მზის აქტივობის
მინიმუმს უწოდებენ. შემდგომ, 2-3 წლის განმავლობაში, ლაქათა რიცხვი იზრდება
და მაქსიმალურ რაოდენობას აღწევს მზის აქტივობის მაქსიმუმში.
მზის ზედაპირზე ხშირად დაიკვირვება ლაქათა ჯგუფები, რომელიც
შედგება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლარობის დიდი ლაქისაგან (ლაქათა
ბიპოლარული ჯგუფი). ყოველი 11-წლიანი ციკლის განმავლობაში ლაქათა
ბიპოლარული ჯგუფის ყველა წამყვან ლაქას გააჩნია ერთნაირი პოლარობა
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და საწინააღმდეგო - სამხრეთ ნახევარსფეროში.
მზის მაგნიტური ველი არის ორი სახის - სუსტი ფონური და ძლიერი
ლოკალური ველი. მზის ფონური მაგნიტური ველი აღმოჩენილი იყო 1953 წელს.
მზის სხვადასხვა ნახევარსფეროში ფონურ მაგნიტურ ველს გააჩნია
ურთიერთსაწინააღმდეგო პოლარობა. ფონური მაგნიტური ველის მნიშვნელობა
იზომება 55°-ზე მაღალ განედებზე. 11–წლიანი ციკლის განმავლობაში ხდება მზის
საერთო მაგნიტური ველის პოლარობის ცვლილება, რასაც გადაპოლარება ეწოდება.
მზის საერთო მაგნიტური ველის ცვლილების სრული ციკლი შეადგენს
გაორმაგებულ 11-წლიან ციკლს. ეს არის 22-წლიანი ჰეილის ციკლი. მზის
მაგნიტური ველის პოლარობის ცვლილება, ე. წ. გადაპოლარება, ხდება მზის
აქტივობის ციკლის მაქსიმუმის მახლობლად.
მზის აქტივობის ციკლები ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც
ხანგრძლივობის, აგრეთვე ამპლიტუდის მიხედვით. მიუხედავად ცალკეული
ციკლების განსხვავებული სიმძლავრისა და ხანგრძლივობისა, მათთვის
დამახასიათებლია საერთო კანონზომიერებები. მზის აქტივობის ციკლები
ასიმეტრიულია მზის აქტივობის ციკლის მაქსიმუმის მიმართ. მზის აქტივობის
ციკლის მინიმუმიდან მაქსიმუმამდე დროის პერიოდი, ე. წ. აღმავალი შტო,
თითქმის ყოველთვის უფრო მცირეა, ვიდრე მაქსიმუმიდან მინიმუმამდე პერიოდი,
ე. წ. დაღმავალი შტო. რაც უფრო ინტენსიურია ციკლი, მით უფრო მოკლეა
აღმავალი შტო და პირიქით.
დედამიწისაგან განსხვავებით, სადაც მთავარია მიზიდულობის ძალა, მზის
ატმოსფეროში და ზედაპირზე მთავარი ძალებია - ელექტრომაგნიტური. მზის
მაგნიტიზმი არის მოვლენათა ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია მზეზე
მაგნიტური ველის არსებობასთან. მზის მაგნიტიზმი შესაძლოა იყოს მზის ზედა
ატმოსფეროს გათბობის, ნაწილაკების აჩქარების და საპლანეტაშორისო სივრცეში
მათი გადინების მიზეზი. მაგნიტური ველი მზის აქტივობის ყველა პროცესში
თამაშობს მნიშვნელოვან როლს.
მზის აქტივობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზის დიფერენციული
ბრუნვა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მისი ეკვატორული არეები ბრუნავს უფრო
სწრაფად, ვიდრე პოლარული არეები.
დიფერენციული ბრუნვა ვრცელდება მზის წიაღშიც გარკვეულ სიღრმემდე.
სავარაუდოდ, კონვექციური ზონისათვის დამახასიათებელია დიფერენციული
ბრუნვა, ხოლო მზის ქვემოთ არეები ბრუნავს მყარტანოვნად.
ზოგადად, მაგნიტური ველი ნებისმიერ გამტარ გარემოში დროთა
განმავლობაში სწრაფად ქრება. ასტრონომიულ ობიექტებს წარმოქმნის მომენტში
რომც ჰქონოდათ საკმაოდ მძლავრი მაგნიტური ველი, დღეისათვის მათი
რეგისტრირება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ციურ
ობიექტთა უმრავლესობას გააჩნია მაგნიტური ველი.
მზეზე დაკვირვებული მაგნიტური თავისებურებების ასახსნელად 1955
წელს ე. პარკერის მიერ შემოთავაზებული იყო მზის პირველი დინამო მოდელი,
რომლის მიხედვით მზის პლაზმაში “ჩაყინულ” მაგნიტური ველის ძალწირებს
დიფერენციული ბრუნვა წელავს. ამიტომ დროთა განმავლობაში ეს ძალწირები
იგრიხება მზის ირგვლივ. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება მზის მაგნიტური
ველების ლოკალური გაძლიერება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მზის
ატმოსფეროში აქტიური არეების წარმოქმნას, და მთლიანობაში, მზის აქტივობას და
მის ციკლურ ხასიათს. მზის დიფერენციული ბრუნვა „პოლოიდული“ ველის
ძალწირებს წელავს ეკვატორის პარალელურად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული
„ტოროიდული“ ველის ძალწირები (ე. წ. Ω-ეფექტი) გაარღვევენ მზის ზედაპირს
დაახლოებით 30-40 განედის მახლობლად, რათა წარმოქმნან ლაქა.
ამგვარად, ლოკალური მაგნიტური ველის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს მზის დიფერენციულ ბრუნვას.
თვითშენარჩუნებადი ჩაკეტილი პროცესის უზრუნველსაყოფად
„ტოროიდული“ მაგნიტური ველი როგორღაც უნდა გარდაიქმნას „პოლოიდულ“
ველად. ტოროიდული მაგნიტური ძალწირები იწელება კონვექციური უჯრედების
ზემოქმედების შედეგად და წარმოიქმნება მარყუჟი. წარმოქმნილი მარყუჟი
გაიწელება და შედეგად აღდგება „პოლოიდული“ მაგნიტური ველი (ე. წ. α-ეფექტი).
დინამო მოდელში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მერიდიანული
ცირკულაცია, რაც წარმოადგენს ერთგვარ კონვეიერს, რომელიც გადააადგილებს
მაგნიტურ ველებს. მერიდიანული ცირკულაცია ანტისიმეტრიულია ეკვატორის
მიმართ. მერიდიანული ცირკულაცია აგრეთვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს
გლობალური მაგნიტური ველის გადაპოლარებასა და ლაქათწარმოქმნის
რეგიონების დრეიფში ეკვატორისაკენ.
მზის აქტივობის 11-წლიანი და 22-წლიანი (მაგნიტური) ციკლის გარდა,
სავარაუდოდ, არსებობს მზის აქტივობის უფრო ხანგრძლივი, 87, 210, 2300 და 6000
წლიანი ციკლებიც.
მზის ზედაპირზე ლაქათა რაოდენობის შესწავლისას გამოვლენილი იქნა
მზის აქტივობის ძლიერი კლების რამოდენიმე პერიოდი. მაგ. 1645–1715 წწ.
რომელსაც ეწოდება მაუნდერის მინიმუმი. ამ პერიოდის განმავლობაში
დაკვირვებული იყო დაახლოებით 50-მდე მზის ლაქა. ადრეული პერიოდისათვის
მზის აქტივობის შესახებ მსჯელობა გვიხდება ირიბი მაჩვენებლების საშუალებით,
კერძოდ, ყინულში და ხეებში რადიაქტიური ელემენტების შემცველობის
მიხედვით. ყინულში 14C–ისა 10Be–ის (ნახშირბადისა და ბერილიუმის იზოტოპების)
ანალიზის შედეგად ბოლო 8 000 წლის მანძილზე გამოვლენილი იქნა მზის
აქტივობის 18 მინიმუმი.
ამჟამად ვიმყოფებით მზის აქტივობის 25 ციკლის აღმავალ ფაზაში. 25-ე
ციკლში, შესაძლებელია, მზის მაგნიტური ველი იმდენად სუსტი იყოს, რომ
ლაქების მხოლოდ მცირე რაოდენობის ჩამოყალიბება იყოს შესაძლებელი.
ზოგიერთი მეცნიერის მიერ მზის აქტივობის ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში ჩატარებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიღებულია, რომ
მზის საერთო გამოსხივება შემცირებულია და მათი პროგნოზის მიხედვით
მოსალოდნელია მზის აქტივობის ძლიერი კლება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
მცირე გამყინვარება 2055 (11 წელი) წლისათვის და, შესაძლოა ის გაგრძელდება 22-
ე საუკუნეშიც.
ვარსკვლავთა ასტროსფეროები

სივრცის ნაწილს მზის გარშემო, რომელიც წარმოიქმნება მზის კორონის


გაფართოების შედეგად, ეწოდება ჰელიოსფერო. ჰელიოსფერო ეს არის მაგნიტური
“ბუშტი”, რომელიც იწყება მზიდან და კორონის პლაზმის მუდმივად გაფართოების
გამო გაბერილია უზარმაზარ ზომამდე. ყველა პლანეტა, მათ შორის დედამიწა,
მოთავსებულია ამ ბუშტის შიგნით.
მზის კორონის პლაზმის შემადგენელი ნაწილაკები მზიდან დაშორებისას
თანდათანობით მუხრუჭდებიან ვარსკვლავთშორისი გარემოს ზემოქმედების
შედეგად დგება მომენტი, როდესაც მას აღარ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს და
შეაჩეროს ვარსკვლავთშორისი ნივთიერების წნევა. ადგილს სადაც მზის ქარი
თავდაპირველად მუხრუჭდება ეწ. დარტყმითი ტალღის საზღვარი და ის
მდებარეობს მზიდან დაახლოებით 75–90 ა. ე. მანძილზე.
ჰელიოსფეროს საზღვრების შესახებ მონაცემები პირველად გადმოიცა
კოსმოსური სადგურებიდან Voyager-1 და Voyager-2, რომელთაც გადაკვეთეს
დარტყმითი ტალღის საზღვარი 2004 და 2007 წწ.
Voyager-ების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, ჰელიოსფეროს
დარტყმითი ტალღის საზღვარი სამხრეთიდან უფრო ახლოსაა მზესთან, ვიდრე
ჩრდილოეთიდან, ანუ ჰელიოსფეროს დარტყმითი ტალღის საზღვარი არ არის
სფერულ-სიმეტრიული ფორმის.
დაახლოებით 110 ა. ე. მანძილზე მზის ქარი შეეჯახება ვარსკვლავთშორის
ნივთიერებას და საბოლოოდ შეჩერდება. საზღვარს, რომელიც გამოყოფს
ვარსკვლავთშორის გარემოს მზის ნივთიერებისაგან, ეწოდება ჰელიოპაუზა.
დამუხტული ნაწილაკები ჰელიოსფეროდან და ვარსკვლავთშორისი სივრციდან
რჩებიან ჰელიოპაუზის სხვადასხვა მხარეს. მის გადალახვას მხოლოდ ნეიტრალური
ნაწილაკები ახერხებენ.
კოსმოსური ხომალდები Voyager-1 და Voyager-2, გაშვებული 1977 წელს
პირველი ხომალდებია, რომელთაც დატოვეს ჰელიოსფერო და გავიდნენ
ვარსკვლავთშორის სივრცეში.
Voyager–1-ის ჰელიოსფეროდან გასვლის მანიშნებელი გახდა მზის ქარის
ნაწილაკების მნიშვნელოვანი შემცირება. Voyager–1-ის მიერ გადმოცემული
მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ Voyager –1 2012 წლის 25 აგვისტოს
გავიდა ჰელიოსფეროდან. 2018 წლის 5 ნოემბერს Voyager–2-მაც დატოვა
ჰელიოსფერო.
ადრე თვლიდნენ, რომ ჰელიოპაუზის წინ, ვინაიდან ჰელიოსფეროს
ვარსკვლავთშორის სივრცეში მოძრაობის სიჩქარე საკმაოდ მაღალი იყო,
ჰელიოსფეროზე დატეხილი ვარსკვლავთშორისი ნივთიერების დამუხრუჭების
შედეგად წარმოიქმნებოდა დარტყმითი ტალღა. თუმცა 2012 წლის მონაცემებმა
აჩვენა, რომ მზის სისტემა მოძრაობს 84 000 კმ/სთ სიჩქარით ადრე ნავარაუდევ 95 000
კმ/სთ-ის ნაცვლად, რაც იმ ზღვარზე დაბალია, რა დროსაც წარმოიქმნება დარტყმითი
ტალღა და ეჭვ ქვეშ დადგა მისი არსებობა.
ადრე არსებული ჰიპოთეზის თანახმად, ჰელიოსფეროს საზღვარზე უნდა
მომხდარიყო მაგნიტური ველის თანდათან შემცირება. სხვა მოდელის თანახმად,
ჰელიოსფეროს საზღვარზე არის დიდი „მაგნიტური ბუშტები“, დაკავშირებული
ვარსკვლავთშორის მაგნიტურ ველთან. მოდელირებამ აჩვენა, რომ ამ „ფორებიან“
გარემოში გადაადგილებისას წარმოიქმნება მზის და გალაქტიკური ნაწილაკების
სიმკვრივის ნახტომისებური ცვლილებები – იმის მსგავსი, რაც დააფიქსირა ვოიაჯერ-
1-მა. ამ მოდელის მიხედვით კი - მზის მაგნიტური ველი ბრუნვის გამო იღებს რთულ
ფორმას, რის გამოც ჰელიოსფეროზე დატეხილი ვარსკვლავთშორისი ნივთიერების
დამუხრუჭების შედეგად, მაგნიტური ველის ძალწირები წყდება, გადაიხლართება და
წარმოიქმნება ველის ახალი არეები - „ბუშტები“.
ჰელიოსფეროს საზღვარი ითვლება მზის ქარის საზღვრად, მაგრამ არე, სადაც
მზის გრავიტაცია (გრავიტაცია - ძალა, რომლის მეშვეობითაც მასის მქონე სხეულები
ერთმანეთს იზიდავენ) მდებარეობს უფრო შორს. მზის გრავიტაციურ საზღვარს
წარმოადგენს ოორტის ღრუბლის გარე საზღვარი (ოორტის ღრუბელი – მზის
სისტემის ჰიპოთეტური სფერული არეა. სავარაუდო მანძილი მზიდან ოორტის
ღრუბლის გარე საზღვრებამდე შეადგენს დაახლოებით 2 სინათლის წელს).
გრავიტაციული თვალსაზრისით იქამდე ვრცელდება მზის სამფლობელო. უცნობია,
თუ როდის მიაღწევენ Voyager-ები ვარსკვლავთშორისი სივრცის იმ არეს, სადაც მზის
გრავიტაციის ზეგავლენა აღარ არის.
საზოგადოდ მიღებული ჰელიოსფეროს კლასიკური მოდელის მიხედვით
ჰელიოსფერო გაწელილი ფორმისაა. 2017 წელს სხვადასხვა კოსმოსური
ხომალდებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წამოყენებული იქნა
მოსაზრება, რომ ჰელიოსფერო არის სფერული ფორმის, ვინაიდან ის განიცდის
ვარსკვლავთშორისი გარემოს გაცილებით უფრო ძლიერი მაგნიტური ველის
ზემოქმედებას, ვიდრე ადრე ითვლებოდა.
ჰელიოსფეროს ძირითად მახასიათებლებსა და სტრუქტურას განსაზღვრავს
მზე, მზის ქარი, მასში არსებული მაგნიტური ველები და ტალღები.
შემადგენლობის მიხედვით მზის ქარი არ განსხვავდება კორონის
პლაზმისაგან. რამოდენიმე ათეული წლის დაკვირვებების შედეგად კარგად იქნა
შესწავლილი მზის ქარის მახასიათებლები. მზის ქარის სიმკვრივე ძალიან
ცვალებადი სიდიდეა, მზის ქარის სიჩქარეც საშუალოდ იცვლება 300-დან 1000 კმ/წმ-
მდე. მზის ქარს თან მოაქვს საკმაოდ სუსტი “ჩაყინული” მზის მაგნიტური ველი,
რომლის დაძაბულობაც იცვლება 1-დან 30 ნანოტესლამდე.
მზის ქარის მოდელი პირველმა შეიმუშავა ე. პარკერმა (1958 წ.). მზის
კორონაში, მაღალი ტემპერატურის პირობებში წყალბადის იონების (პროტონების)
ქაოტური სითბური მოძრაობა წამში რამოდენიმე ათეული კმ სიჩქარის ტოლია,
ხოლო მსუბუქი ელექტრონები პროტონებზე გაცილებით უფრო სწრაფად მოძრაობენ
და მათი მოძრაობის საშუალო სიჩქარე შეადგენს რამდენიმე ასეულ კილომეტრს
წამში.
მუდმივი შეეჯახებების გამო, პროტონებმაც შეიძლება შეიძინონ გაცილებით
მაღალი სიჩქარეები, რამდენიმე ასეული კმ/წმ რიგისა, ამასთან ზოგიერთი მათგანის
მოძრაობის მიმართულება იქნება მზის საწინააღმდეგო მხარეს მიმართული.
შედეგად, პროტონების მნიშვნელოვან ნაწილსაც ელექტრონების მსგავსად, შეუძლია
გადალახოს მზის მიზიდულობა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაშორდეს
მას და საკმაოდ შორ მანძილამდე გავრცელდეს ჰელიოსფეროში. მზის კორონა
თითქოს “ორთქლდება” გარემომცველ სივრცეში. ასე წარმოიქმნება იონიზებული
პლაზმის ნაკადი, რომელიც მოედინება მზის კორონიდან მასში “ჩაყინულ” მაგნიტურ
ველთან ერთად და წარმოადგენს მზის ქარს.
მზის ქარის სიჩქარე დედამიწის ორბიტასთან საშუალოდ შეადგენს 400 კმ/წმ.
დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ის წარმოშობს დარტყმით ტალღას, რომელიც
ზეწოლას ახდენს რა დედამიწის მაგნიტოსფეროზე, დღის მხარეს იწვევს მის
შეკუმშვას და შემოუვლის რა მაგნიტოსფეროს, ჰელიოსფეროს კლასიკური მოდელის
მიხედვით მზის საწინაღმდეგო მხარეს წარმოშობს წაგრძელებულ მაგნიტოსფერულ
კუდს.
მზის ქარის შედეგად მზე ყოველ წამში კარგავს დაახლოებით 2 მილიონამდე
ტონა ნივთიერებას. მზის ქარი არის ორი სახის: მზის ნელი ქარი და მზის სწრაფი
ქარი.
მზის ნელი ქარი წარმოადგენს მზის პლაზმის მუდმივ ნაკადს, რომელიც
ავსებს მთელ ჰელიოსფეროს მის საზღვრებამდე. მისი სიჩქარე შეადგენს 300-500
კმ/წმ, სიმკვრივეა – 10-15 ნაწილაკი სმ-3.
მზის ნელი ქარი წარმოიქმნება მზის კორონის სტრიმერების არეებში. მაღალი
ტემპერატურის გამო კორონა გაფართოებას იწყებს, რაც იწვევს კორონის
ნივთიერების გაფანტვას.
მზის სწრაფი ქარი შედარებით მაღალი, დაახლოებით 700-1000 კმ/წმ სიჩქარით
და პლაზმის დაბალი სიმკვრივით (3-4 ნაწილაკი სმ-3) ხასიათდება. მზის სწრაფი ქარი
ორი სახისაა:
• მზის პლაზმის კვაზისტაციონარული (განმეორებადი) სწრაფი ნაკადები,
როლებიც პასუხისმგებელნი არიან რეკურენტულ, ანუ განმეორებად
გეომაგნიტურ შეშფოთებებზე;
• სპორადული (შემთხვევითი) სწრაფი ნაკადები – შედარებით ხანმოკლე,
სტრუქტურულად ძალზე არაერთგვაროვანი და რთული წარმონაქმნები,
პასუხიმგებელნი სპორადულ გეომაგნიტურ შეშფოთებებზე;
მზის პლაზმის კვაზისტაციონარული სწრაფი რეკურენტული ნაკადები,
გამოიფრქვევა მზიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში და დედამიწიდან
დაკვირვებებისას გააჩნიათ განმეორადობის პერიოდი 27 დღეღამე. მზის სწრაფი
ქარის რეკურენტული ნაკადები წარმოიქმნება კორონული ხვრელების, შედარებით
დაბალი ტემპერატურისა და პლაზმის შედარებით დაბალი სიმკვრივის მქონე
კორონულ არეებში. როდესაც კორონული ხვრელი მდებარეობს მზე-დედამიწის
შემაერთებელი ხაზის მახლობლად, მაღალი სიჩქარის ცხელი გაზი მოემართება
დედამიწისაკენ და იწვევს გეომაგნიტურ ქარიშხლებსა და პოლარულ ციალს.
ჩვეულებრივ, დიდი ზომის კორონული ხვრელები შედარებით უფრო სწრაფი მზის
ქარის გამომწვევია, ვიდრე შედარებით მცირე ზომის კორონული ხვრელები.
მზის სწრაფი ქარის სპორადული ნაკადები – შედარებით ხანმოკლე და
სტრუქტურულად რთული წარმონაქმნებია. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში
ითვლებოდა, რომ მზის ამოფრქვევები იყო მთავარი წყარო მზის ქარის ნაკადებისა,
რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებდნენ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე.
1990-იან წლებში ნათელი გახდა, რომ მზის სწრაფი ქარის სპორადული ნაკადების
ძირითადი წყაროა მზის კორონალური მასის გამოტყორცნა.
მზის აქტივობის ციკლის მინიმუმის დროს მზის ქარის ნელი და
კვაზისტაციონარული სწრაფი ნაკადები სივრცულად გაყოფილია: სტრიმერები და
მზის ქარის ნელი ნაკადი დაიკვირევება ეკვატორის სიბრტყესთან ახლოს, ხოლო
კორონული ხვრელები და შესაბამისად კვაზისტაციონარული სწრაფი ნაკადები
უფრო პოლუსებისკენაა გადანაცვლებული.
მზის ციკლის განმავლობაში მზის ეკვატორის სიბრტყის მახლობლად
მოთავსებული დამკვირვებელი დააკვირდება მზის ქარის სწრაფი და ნელი
ნაკადების მონაცვლეობას. ამ ნაკადებს შორის ურთიერთმოქმედება აშკარაა, რადგან
სწრაფი ნაკადი, სავარაუდოდ, აუცილებლად უნდა წამოეწიოს ნელ ნაკადს. ნელი
ნაკადის ბოლო ნაწილში ფორმირდება შეკუმშული არე, ხოლო სწრაფი ნაკადის
ბოლოში ამავე დროს წარმოქმნება გაიშვიათებული, დაბალი სიმკვრივის არე. ეს არის
თანაბრუნვადი ურთიერთმოქმედი არე, რომელიც ბრუნავს მზესთან ერთად.
თანაბრუნვადი ურთიერთმოქმედი არეები ჩვეულებრივ შემოსაზღვრულია
წინმსწრები (მზის ბრუნვის მიმართულების) და შებრუნებული (მზის ბრუნვის
საწინააღმდეგო) დარტყმითი ტალღებით.

მზის მიერ კონტროლირებადი სივრცის არსებობის პირველი ნიშანი იყო მზის


აქტივობის ციკლის, მზის ბრუნვის და გეომაგნიტური ქარიშხლების (გეომაგნიტური
ქარიშხალი – ეს დედამიწის გეომაგნიტური ველის შეშფოთება, რომელსაც პლანეტის
შემოგარენში მზის ქარის ნაკადების შემოჭრა და მათი დედამიწის მაგნიტურ ველთან
ურთიერთქმედება იწვევს) პერიოდების თანხვედრა. დედამიწის ზედაპირზე
პოლარული ციალი და დიდი გეომაგნიტური ქარიშხლები დაიკვირვებოდა მზეზე
დიდი ლაქებისა და მზის აქტივობის ციკლის მაქსიმუმის თითქმის პარალელურად.
ინტენსიური გეომაგნიტური ქარიშხლები თითქმის ყოველთვის ხდებოდა მზის
აქტიურ არეში მძლავრი ამოფრქვევის შემდეგ.
გასული საუკუნის 30-იან წლებში ს. ჩეპმენის და ვ. ფერაროს მიერ
გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ მზიდან დედამიწისაკენ მოემართებოდა პლაზმის
უზარმაზარი ღრუბლები და დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხლები დაიკვირვებოდა
მაშინ, როდესაც ეს ღრუბლები მოაღწევდა დედამიწამდე. მათი მოსაზრების
მიხედვით, მზის პლაზმას არ შეეძლო დედამიწის მაგნიტური ველის
წინააღმდეგობის გადალახვა და გარს შემოუვლიდა მას, იქმნებოდა რა ღრუბლის
შიგნით თავისებური ღრუ (რომელსაც შემდგომ ეწოდა დედამიწის მაგნიტოსფერო),
რომელშიც მზის პლაზმა არ გვხვდებოდა. ამასთან მზის მიმართულებით დედამიწის
მაგნიტური ველი ძლიერად იყო შეკუმშული.
„ჩეპმენ-ფერაროს ღრუს“ იდეა იყო წინასწარმეტყველური, თუმცა არ
ითვალისწინებდა, რომ მზიდან წამოსული პლაზმის ნაკადი არ შედგებოდა
იზოლირებული ღრუბლებისაგან, არამედ წარმოადგენდა მზიდან უწყვეტად
გამომდინარე მზის ქარს. შედარებით მკვრივი და სწრაფი ღრუბლები კი
წარმოიქმნებოდა კორონული მასის გამოტყორცნის შედეგად.
მზიდან უწყვეტი ნაკადის არსებობის დამადასტურებელი ფაქტი იყო
კომეტების კუდის ორიენტაციის კვლევის შედეგები, ანუ კომეტების კუდის მზის
საწინააღმდეგო მხარეს გადახრა იმ მომენტისათვის, როდესაც კომეტა
უახლოვდებოდა მზეს, რის შესახებაც ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში
გერმანელმა ასტრონომმა ი. კეპლერმა გამოთქვა მოსაზრება. საუკუნეების
განმავლობაში ითვლებოდა, რომ კომეტების კუდების ორიენტაცია განაპირობებული
იყო მზის სინათლის წნევით. თუმცა მზის გამოსხივების წნევით შეუძლებელი იყო
კომეტის კუდის გაშლის მოვლენის ახსნა. 1951 წელს ლ. ბირმანი შეეცადა ეს მოვლენა
აეხსნა მზიდან რამოდენიმე ასეული კმ/სეკ სიჩქარის მქონე ნაწილაკების
გამოდინებით. ანუ გამოითქვა მოსაზრება, რომ სინათლის გარდა მზიდან ხდება
ნაწილაკების გამოდინებაც.
ჰელიოსფეროს ფორმის მსგავსი გარსის (ე. წ. ასტროსფეროების) არსებობა
დაკვირვებულია ზოგიერთი ვარსკვლავისათვის. მიღებულია ორიონის
თანავარსკვლავედის მირას ტიპის ცვალებადი ვარსკვლავის, ვეშაპისა და ჟირაფის
თანავარსკვლავედების ვარსკვლავების ასტროსფეროს გამოსახულებები. მათ
გააჩნიათ უზარმაზარი ასტროსფეროები, რომელიც რამოდენიმეჯერ აღემატება
ჰელიოსფეროს. ორიგინალურ ფოტოებზე კარგად მოჩანს სტრუქტურები დარტყმითი
ტალღით, რომელიც, სავარაუდოდ, ჰელიოსფეროს სტრუქტურის ანალოგიურია.
ამიტომ ისინი გამოიყურებიან ისეთნაირად, თითქოს ჰელიოსფეროს შევყურებთ
გარედან.
1990 წლამდე ყველა ხელოვნური კოსმოსური აპარატი დაფრინავდა მხოლოდ
ეკლიპტიკის (ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომელზეც მიმდინარეობს მზის
ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავებს შორის) სიბრტყეში, რაც არ იძლეოდა
საშუალებას პირდაპირი მეთოდების გამოყენებით შეგვესწავლა მზის ქარის
პარამეტრების განედზე დამოკიდებულება. კოსმოსური აპარატის - ულისეს (ულისე
- პირველი კოსმოსური აპარატი, რომელიც გავიდა ეკლიპტიკის სიბრტყიდან) მიერ
მზის პოლარული არეების შესწავლის შედეგად, გაკეთდა ზოგიერთი დასკვნა მზის
ქარის განედზე დამოკიდებულების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მზის ქარის სიჩქარე
იზრდება, სიმკვრივე კი მცირდება განედის ზრდასთან ერთად. მაგ., ულისეს მიერ
გაზომილი მზის ქარის სიჩქარე 450 კმ/წმ-დან ეკლიპტიკურ სიბრტყეში შეიცვალა
დაახლოებით 700 კმ/წმ-მდე 75о განედზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მზის ქარის
პარამეტრების განსხვავებულობის ხარისხი ეკლიპტიკის სიბრტყეში და მის გარეთ
დამოკიდებულია მზის აქტივობის ციკლზე.
მზის აქტივობის მინიმუმის განმავლობაში მზის სწრაფი ქარის ნაკადები
ძირითადად უნდა გამოედინებოდეს პოლარული კორონული ხვრელებიდან.
ამგვარად, მზის სწრაფი ქარი, სავარაუდოდ, უნდა გამოედინებოდეს პოლუსის
მახლობელი არეებიდან. მეორე მხრივ, შედარებით ნელი მზის ქარი გამოედინება
ეკვატორული არეებიდან, სადაც წარმოიქმნება სტრიმერები. ამგვარად, მზის
აქტივობის მინიმუმში, მზის ნელი და სწრაფი ქარი ერთგვარად გაყოფილია. სურათი
სრულიად იცვლება აქტივობის მაქსიმუმში.
მზის ქარი ძირითადად განსაზღვრავს “კლიმატს” მთელ ჰელიოსფეროში. ეს
“კლიმატი” დროთა განმავლობაში იცვლება. მეოცე საუკუნის ბოლოს და
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მზის ქარი მნიშვნელოვნად შესსტდა. 1990-იან
წლებთან შედარებით მზის ქარის წნევა დაეცა საშუალოდ 20%-ით. მზის ქარი
ყველაზე სუსტია რაც დაიწყო მისი მახასიათებლების გაზომვა. მზის ქარის სიჩქარე
უმნიშვნელოდ, დაახლოებით 3%-ით შემცირდა. მისი წნევის შესუსტება ძირითადად
განპირობებულია ტემპერატურისა და სიმკვრივის შემცირებით, შესაბამისად 13 % და
20%-ით.
დედამიწის მსგავსად მზე ზეგავლენას ახდენს სხვა პლანეტების ზედაპირზე
მიმდინარე მოვლენებზეც. შედეგად მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტაზე
დაიკვირვება პოლარული ციალი. გამონაკლისს წარმოადგენს მერკური, რომელსაც
მიუხედავად მაგნიტური ველის არსებობისა, მისი ატმოსფერო ძალიან
გაიშვიათებულია. ამიტომ პოლარული ციალი მის ატმოსფეროში არ დაიკვირვება.
ვენერას აქვს მკვრივი ატმოსფერო, მაგრამ გლობალური მაგნიტური ველი არ
გააჩნია. ამის მიუხედავად, ვენერას აქვს სუსტი მაგნიტოსფერო - ის ინდუცირებულია
თავად მზის ქარის მიერ. მზის ქარი ურთიერთმოქმედებს ვენერას ატმოსფერულ
გაზთან და დაიკვირვება არა პოლარული ციალი, არამედ ნათელი და დიფუზური
სხვადასხვა ფორმისა და ინტენსივობის ლაქები. ზოგჯერ ისინი მთელი პლანეტის
დისკოსაც მოიცავენ.
მიუხედავად იმისა, მარსზე არ ფიქსირდება პლანეტის საერთო მაგნიტური
ველი, მისი ქერქის ზოგიერთი უბანი დამაგნიტებულია. მარსზე შესაძლებელია
წარმოიქმნას იშვიათი და ხანმოკლე ულტრაიისფერი პოლარული ციალი.
იუპიტერის ორივე პოლუსზე დაიკვირვება მძლავრი პოლარული ციალი.
დედამიწისაგან განსხვავებით, სადაც პოლარული ციალი დაიკვირვება მხოლოდ
მზის მაღალი აქტივობის პერიოდში, იუპიტერზე პოლარული ციალი თითქმის
მუდმივად არის, თუმცა მისი ინტენსივობა ყოველდღიურად იცვლება.
სატურნზეც დაიმზირება პოლარული ციალი. სატურნის პოლარული ციალი
წარმოადგენს კაშკაშა უწყვეტ ოვალური ფორმის რგოლებს, რომელიც აკრავს
პლანეტის პოლუსს. რგოლები, როგორც წესი განლაგებულია 70—80° განედზე.
პოლარული ციალი ურანზე არ ხდება ისე ხშირად, როგორც იუპიტერსა და
სატურნზე. პოლარული ციალი ურანზე დაიკვირვება რამოდენიმე წუთის
განმავლობაში.
ნეპტუნის პოლარული ციალი დააფიქსირა „Voyager-2“-მა. ის დაკვირვებული
იქნა არა მხოლოდ პოლუსებთან, არამედ მთელ ატმოსფეროში იყო მიმოფანტული.
პოლარული ციალი განსაკუთრებით კარგად მოჩანს პლანეტების ღამის მხარეს,
ამიტომ მისი დაკვირვება შესაძლებელია კოსმოსური ხომალდებიდან.
მზის სისტემის პლანეტები

მზის სისტემის პლანეტები მზესთან ერთად ქმნიან ერთიან სისტემას,


რომლის წევრებსაც აქვთ საერთო წარმოშობა და ევოლუცია. მზის სისტემაში
ობიექტების მასის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია რვა პლანეტაში, რომელნიც
მოთავსებულნი არიან ეკლიპტიკის (ეკლიპტიკა - ცის სფეროს დიდი წრე,
რომელზეც წარმოებს მზის ხილული მოძრაობა წლის განმავლობაში) სიბრტყეში.
პლანეტები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: 1. დედამიწის ჯგუფის
პლანეტები, რომლებიც შედგებიან სილიკატებისა და მეტალებისაგან და
სიდიდითა და მასით დედამიწის მსგავსია; 2. გაზოვანი გიგანტები – ძირითადად
შედგებიან წყალბადისა და ჰელიუმისაგან და გაცილებით მასიურები არიან, ვიდრე
დედამიწის ჯგუფის პლანეტები, ხოლო მათი სიმკვრივეები კი - მნიშვნელოვნად
ნაკლებია.
მზეში მოთავსებულია მზის სისტემის მასისა და ენერგიის ძირითადი
ნაწილი (დაახლოებით 99%), დარჩენილი მასის 99% მიეკუთვნება ოთხ პლანეტა-
გიგანტს, აქედან უდიდესი ნაწილი (90%) მოდის იუპიტერსა და სატურნზე.
პლანეტების უმრავლესობას გააჩნია თანამგზავრები. პლანეტა-გიგანტებს
გააჩნიათ რგოლები. მზის გარშემო მოძრავი ობიექტების უმრავლესობა მოძრაობს
ეკლიპტიკის სიბრტყეში. პლანეტები მოძრაობენ მზის გარშემო ერთი
მიმართულებით (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ). პლანეტების უმრავლესობა
ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო იმავე მიმართულებით, როგორც მზის გარშემო.
გამონაკლისს წარმოადგენენ ვენერა და ურანი.
მზიდან პლანეტების დაშორებაში მე–18 საუკუნის სამოციან წლებში ჯ.
ტიციუსისა და ჯ. ბოდეს მიერ აღმოჩენილი იქნა შემდეგი წესი: პლანეტის საშუალო
მანძილი ასტრონომიულ ერთეულებში (ასტრონომიული ერთეული - მანძილი
დედამიწიდან მზემდე, რომელიც დაახლოებით არის 150 მილიონი კმ) მზიდან
გამოიხატება ფორმულით
R = 0.4 + 0.3 • 2n
მერკურისათვის R = 0.4 ა. ე., ხოლო სხვა პლანეტებისათვის n ≥ 1 . შესაბამისად,
პლანეტათა მიმდევრობისათვის ასტრონომიულ ერთეულებში მზიდან მანძილები
იქნება: 0.4; 0.7; 1.0; 1.6 და ა. შ.
ამ წესს აკმაყოფილებდა იმ დროისათვის ცნობილი ყველა პლანეტა, მხოლოდ
მარსსა და იუპიტერს შორის მეხუთე პლანეტის ადგილი იყო ცარიელი.
თავდაპირველად ამ წესისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ ურანის
აღმოჩენის შემდეგ, რომელმაც ზუსტად ამ წესით გამოთვლილი ადგილი დაიჭირა
პლანეტათა მიმდევრობაში, დაიწყეს პლანეტის ძიება, რომელიც შეავსებდა ცარიელ
ადგილს მარსსა და იუპიტერს შორის და მართლაც, აღმოჩენილი იქნა ცერერა.
ცერერას აღმოჩენამ ტიციუს–ბოდეს წესის მიმართ ასტრონომთა დიდი
ნდობა გამოიწვია, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ცერერას გარდა აღნიშნულ
მანძილზე მზის სისტემის მრავალი სხეული მოძრაობდა, ამიტომ გამოითქვა
ჰიპოთეზა, რომ ეს სხეულები წარმოიქმნა პლანეტის (ფაეტონის) დაშლის შედეგად,
რომელიც ამ ორბიტაზე მოძრაობდა.
მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა ნეპტუნი (1846 წ.), რომელიც სრულიად
ამოვარდნილი იყო ტიციუს-ბოდეს წესის მიხედვით შედგენილი პლანეტების
მიმდევრობიდან, ამ წესმა აქტუალობა დაკარგა.
დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება – მერკური, ვენერა, დედამიწა
და მარსი.
მერკური. მერკური ყველაზე მცირე ზომის პლანეტაა მზის სისტემაში.
აგებულების მიხედვით ის შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: ბირთვი, მანტია და
ქერქი. მისი ბირთვი საკმაოდ დიდია და დაახლოებით რადიუსის 85%-ს შეადგენს.
მისი მანტია და ქერქი შედარებით მცირე ზომისაა. მერკურის ცაზე დანახვა
რთულია, მზიდან მცირე დაშორების გამო.
მერკურის ატმოსფერო ძალზე გაიშვიათებულია. ტემპერატურა მერკურის
ზედაპირზე მერყეობს 80-დან 700 K-მდე. სავარაუდოდ, მუდმივად ხდება მისი
შევსება ვულკანური გაზების, მერკურის ზედაპირზე ელემენტების
რადიოაქტიური დაშლისა და კოსმოსური მტვრის ხარჯზე. ამ წყაროების გარეშე
მისი ატმოსფერო შედარებით მალე გაიფანტებოდა მზის ქარის ზემოქმედების
შედეგად.
2008 წელს აღმოჩენილი იყო მერკურის კომეტის მსგავსი კუდი, რაც
გამოწვეულია მერკურის ატმოსფეროდან მზის ქარის წნევით ნატრიუმის ატომების
გამოდევნით მზის საწინააღმდეგო მხარეს. აღმოჩნდა, რომ მერკურის
ატმოსფეროში ნატრიუმის, აგრეთვე კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობა
დამოკიდებულია თუ რა მანძილზე მდებარეობს მერკური მზიდან. მზიდან
უახლოეს მანძილზე მდებარეობის დროს ნეიტრალური ნატრიუმის ემისიის
ინტენსივობა 10-20-ჯერ ნაკლებია და კომეტის მაგვარი კუდი შემცირებულია
ზომით.
მერკურის მზისკენ მიქცეული მხარე გაცილებით უფრო ცხელდება, ვიდრე
პოლუსები და მისი საწინააღმდეგო მხარე. დედამიწასთან შედარებით მერკური
დაახლოებით 7-ჯერ მეტ სითბოს იღებს მზისაგან. მერკურის პოლარული არეების
რადარული შესწავლის საფუძველზე 2012 წელს დადასტურდა მერკურის
ზედაპირზე ყინულის არსებობა. მასთან კომეტების შეჯახების შედეგად ყინული
ორთქლდება და მოძრაობს სანამ არ გაიყინება მის პოლარულ არეებში ღრმა
კრატერების სიღრმეში, სადაც არასოდეს არ ხვდება მზე და ყინული პრაქტიკულად
ინახება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მერკურს გააჩნია ძალიან სუსტი
მაგნიტური ველი. ვინაიდან მერკურზე ატმოსფერო პრაქტიკულად არ არის და
ამიტომ პოლარული ციალი არ დაიკვირვება. მას არ გააჩნია თანამგზავრები.
მერკურის ზედაპირი მოფენილია მრავალი კრატერით. კოსმოსური
ხომალდების დახმარებით ჩატარებულმა კვლავებმა აჩვენა, რომ მერკურის მთელი
ზედაპირი დაახლოებით ერთგვაროვანია.
დედამიწიდან შესაძლებელია, მთვარის მსგავსად, მერკურის სხვადასხვა
ფაზების ხილვა.
ვენერა. ვენერა დაახლოებით დედამიწის ზომისაა. ის მკვეთრად
განსხვავდება მერკურისაგან იმით, რომ გარემოცულია მკვრივი, გაუმჭვირვალე
ატმოსფეროთი. სიკაშკაშის მიხედვით, ვენერა მზისა და მთვარის მერე ცაზე მესამე
ობიექტია. მისი ხილვა შესაძლებელია მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ან მზის
ჩასვლის შემდეგ.
ვენერას მზის ირგვლივ გარშემოვლის პერიოდი შეადგენს 225 დღე-ღამეს. ის
ღერძის გარშემო ბრუნავს ყველა პლანეტაზე ნელა, პერიოდით 243.02 დედამიწის
დღეღამე. ვენერას ღერძის ირგვლივ ბრუნვის მიმართულება საწინააღმდეგოა
პლანეტურ სისტემაში გამეფებული ბრუნვისა და მოძრაობის მიმართულებისა: ის
ღერძის გარშემო ბრუნავს აღმოსავლეთიდან დასალეთისაკენ. ვენერა ზომით,
სიმძიმის ძალითა და შემადგენლობის მიხედვით დედამიწის მსგავსია. მისი
ბრუნვის ღერძი თითქმის მართობულია პლანეტის ორბიტის სიბრტყისა, ამიტომ
ვენერაზე არ არსებობს წელიწადის სეზონური ცვლილებები.
ვენერას ატმოსფერო ძალიან მკვრივია და არ იძლევა მისი ზედაპირის
დანახვის საშუალებას, მაგრამ ის გამჭვირვალეა რადიოტალღებისათვის, რომელთა
დახმარებითაც ხდება მისი ზედაპირის შესწავლა. ვენერას ატმოსფერო ძირითადად
შედგება ნახშირორჟანგისაგან (96.5%).
ვენერას ატმოსფერო ვრცელდება ზედაპირიდან 220-დან 360 კმ სიმაღლემდე.
ვენერას ატმოსფეროში არის რამოდენიმე კმ სისქის გოგირდმჟავას ფენები.
სავარაუდოდ, ვენერას ატმოსფეროს მაღალ ფენებში დრო და დრო მოდის მჟავას
წვიმები, რომელიც ვერ აღწევს პლანეტის ზედაპირამდე და ორთქლდება მაღალი
ტემპერატურის გამო. ვენერას ატმოსფეროში აღმოჩენილია ოზონის ფენა, რომელიც
100 კმ სიმაღლეზე მდებარეობს და დედამიწის ოზონის ფენასთან შედარებით
ასჯერ ნაკლებ ოზონს შეიცავს. ვენერას ატმოსფეროში დაფიქსირებულია
ელექტრული აქტივობა, რაც შეიძლება აღიწეროს როგორც ელვა და ჭექა-ქუხილი.
ვენერას საკუთარი მაგნიტური ველი პრაქტიკულად არ გააჩნია, ვენერას აქვს
მაგნიტოსფერო. ის წარმოიქმნება მზის ქარის იონიზებული ნაწილაკებით. მზის
ქარი დაბრკოლების გარეშე ურთიერთმოქმედებს ვენერას ატმოსფერულ გაზთან.
ამიტომ აქ დაიკვირვება არა პოლარული ციალი, არამედ ნათელი და დიფუზური
სხვადასხვა ფორმისა და ინტენსივობის ლაქები. ზოგჯერ ისინი მთელი პლანეტის
დისკოსაც მოიცავენ. ნათება განსაკუთრებით კარგად მოჩანან პლანეტის ღამის
მხარეს.
ვენერა მერკურის მსგავსად წარმოადგენს შიდა პლანეტას, რის გამოც
შესაძლებელია მისი ფაზების ხილვა.
ვენერას არ გააჩნია ბუნებრივი თანამგზავრი. XIX საუკუნეში არსებობდა
ჰიპოთეზა, რომ ვენერას თანამგზავრს წარმოადგენდა მერკური, რომელიც შემდგომ
„დაიკარგა.“
დედამიწა. დედამიწა ჩვეულებრივი კოსმოსური სხეულია. ის მზის სისტემის
ერთ-ერთი პლანეტაა, რომელიც სხვა შვიდ პლანეტასთან ერთად გარემოიქცევა
მზის ირგვლივ. დედამიწის ჯგუფის პლანეტებს შორის ის ზომით ყველაზე დიდია,
აქვს ყველაზე მაღალი სიმკვრივე, გრავიტაცია და ყველაზე მძლავრი მაგნიტური
ველი. სავარაუდოდ, დედამიწა წარმოიქმნა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ
და მალევე შეიძინა თავისი თანამგზავრი - მთვარე. სიცოცხლე დედამიწაზე ჩაისახა
დაახლოებით 3.9 მილიარდი წლის წინათ. მას შემდეგ დედამიწის ბიოსფერომ
მნიშვნელოვნად შეცვალა ატმოსფერო და გარემო ფაქტორები, რამაც განაპირობა
ოზონის ფენის ჩამოყალიბება, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველთან ერთად
გვიცავს კოსმოსური სხივებისა და მზის მავნე რადიაციისაგან.
დედამიწის ზედაპირის 70.8 % უჭირავს მსოფლიო ოკეანეს, დანარჩენი
უკავია კონტინენტებსა და კუნძულებს. კონტინენტებზე მდებარეობს მდინარეები,
ტბები, მიწისქვეშა წყლები და ყინულები, რომლებიც მსოფლიო ოკეანესთან ერთად
შეადგენენ ჰიდროსფეროს. დედამიწის პოლუსები დაფარულია ყინულით.
დედამიწა გარემოიქცევა მზის ირგვლივ 364.26 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო
დღე-ღამის ხანგრძიობა შეადგენს 24 საათს. დედამიწის საშუალო დიამეტრი
შეადგენს 12 742 კმ.
წყლის მთელი მარაგის მხოლოდ 2.5 - 3 % შეადგენს მტკნარ წყალს (რომლის
მარილიანობა არ აღემატება 0.1 %), დანარჩენი - მარილიანია. მტკნარი წყლის
უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70-80 % ყინულის სახით არის წარმოდგენილი.
სავარაუდოდ, თხევადი წყალი დედამიწაზე წარმოიქმნა დაახლოებით ოთხი
მილიარდი წლის წინათ. ოკეანეში წყლის ტემპერატურის რხევებმა შესაძლებელია
გამოიწვიოს კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
დედამიწის ატმოსფერო არის გაზოვანი გარსი, რომელიც გარს აკრავს
დედამიწას. ის ძირითადად შედგება აზოტისა (78%) და ჟანგბადისაგან (21%), მასში
არის წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა აირები.
ატმოსფერო განსაზღვრავს დედამიწის ზედაპირზე ამინდს, იცავს პლანეტას
მავნე გასხივებისაგან და ნაწილობრივ მეტეორებისაგან. ის არეგულირებს წყლის
მიმოქცევას, ჰაერის მასების ცირკულაციას, სითბოს გადატანის პროცესებს.
დედამიწის მაგნიტური ველის პოლუსები პლანეტის გეოგრაფიული
პოლუსების ახლოს მდებარეობს. დედამიწის მაგნიტური ღერძი არ ემთხვევა
გეოგრაფიულ ღერძს; მათ შორის კუთხე შეადგენს დაახლოებით 11.5°. დედამიწის
მაგნიტური პოლუსები მუდმივად გადაადგილდებიან.
მაგნიტური ველი დედამიწის ირგვლივ ქმნის მაგნიტოსფეროს, რომელიც
გვიცავს მზის ქარისაგან. დედამიწის მაგნიტოსფერო საკმაოდ რთული ფორმისაა.
როდესაც მზის პლაზმა აღწევს დედამიწის ატმოსფეროს მაგნიტური
პოლუსების არეებში წარმოიქმნება პოლარული ციალი. პოლარული ციალის ფერი
დამოკიდებულია პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობაზე. ჩვეულებრივ
დედამიწაზე პოლარულ ციალში ჭარბობს მწვანე და წითელი ფერები.
დედამიწას გააჩნია დიდი ზომის ერთი ბუნებრივი თანამგზავრი – მთვარე.
მთვარე, პლანეტების მსგავსად, ცივი სხეულია და მხოლოდ აირეკლავს მზის
სინათლეს. მთვარე აირეკლავს მზის დაცემული ენერგიის საშუალოდ 12%.
დედამიწასთან სიახლოვის გამო ის მზის შემდეგ ყველაზე კაშკაშა ობიექტია ცაზე.
მთვარის ზედაპირი მოფენილია სუსტად შეკავშირებული, დანაწევრებული
მტვრისებური მასალით, რომელსაც მთვარის რეგოლიტი ეწოდა. ის, სავარაუდოდ,
წარმოიქმნება მეტეორების მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად. მთვარე
სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით გვევლინება: ხან ნამგლის ფორმა აქვს, ხან კი
სრული დისკოა, იმის მიხედვით, როგორი ურთიერთმდებარეობა უკავიათ
სივრცეში მზეს, მთვარეს და დედამიწას. მთვარის ფორმის ასეთ ცვლილებას
მთვარის ფაზები ეწოდება.
მთვარეს ზომა დედამიწიდან დაკვირვებისას განსხვავდება იმის მიხედვით,
პერიგეუმში (უახლოეს მანძილზე დედამიწიდან) არის ის თუ აპოგეუმში (ყველაზე
შორ მანძილზე დედამიწიდან).
დედამიწისკენ ყოველთვის მოქცეულია მთავარის ზედაპირის ერთი და
იგივე მხარე. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მისი ღერძის ირგვლივ და დედამიწის
ირგვლის ბრუნვის სიჩქარეები ერთნაირია.
მთვარის დედამიწიდან ხილული მხარე ძალიან განსხვავდება მთვარის
უკანა ზედაპირისაგან. მთვარის უკანა მხარე დაფარულია მრავალრიცხოვანი
კრატერებით (ზღვებს უჭირავს ზედაპირის მხოლოდ 2%) და მნიშვნელოვნად
განსხვავდება მისი ხილული ზედაპირისაგან, რომელიც დაფარულია ბნელი
გლუვი ზღვებით (ზღვებს უჭირავს ზედაპირის 40%).
მთვარეზე წყლის არსებობის შესახებ მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ.
თუმცა მხოლოდ 2018 წელს დადასტურდა, რომ დედამიწის ბუნებრივ
თანამგზავრზე წყალი ნამდვილად არის. ხელოვნური თანამგზავრის დახმარებით
მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად მთვარის პოლუსებთან ახლოს
მდებარე კრატერების ფსკერზე ყინულის კვალი აღმოაჩინეს. დიდი ალბათობით
წყალი იქნება მთვარის სხვა კრატერებშიც.
დღეისათვის მთვარე ერთადერთი ციური სხეულია, რომელზეც ადამიანმა
ფეხი დადგა. პროგრამა „აპოლონი“ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს პროგრამაა,
რომლის ფაგლებში 1969 წლის 20 ივლისს „აპოლონ-11“-ის დახმარებით პირველად
მოხდა ლ. არმსტრონგისა და ბ. ოლდრინის დაჯდომა მთვარეზე. სულ ამ
პროგრამის ფარგლებში 6-ჯერ განხორციელდა მთვარეზე ასტრონავტების გადასმა.
მთვარე არის დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებში წყლის მიქცევა-მოქცევის
ძირითადი მიზეზი. ეს არის ოკეანეებისა და ზღვების წყლის დონის ვერტიკალური
რხევები, რაც გამოწვეულია დედამიწის მიმართ მზისა და მთვარის მდებარეობის
ცვლილებით, დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვითა და რელიეფის
თავისებურებებით. მთვარის მასა არ არის დიდი, მაგრამ ის საკმაოდ ახლოს არის
დედამიწასთან და იწვევს დედმიწაზე მიქცევა-მოქცევებს.
შესამჩნევ მოქცევით ზემოქმედებას ახდენს მზეც, მაგრამ მზის მოქცევითი
ძალა 2.2-ჯერ ნაკლებია მთვარის მოქცევით ძალაზე.
ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის დროს მზისა და მთვარის
მოქცევითი ძალები ერთი მიმართულებით მოქმედებენ და მიიღება ყველაზე
მაღალი (ე. წ. „გაზაფხულის) მოქცევები. მთვარის პირველ და მესამე მეოთხედში
მზისა და მთვარის მოქცევითი ძალები ურთიერთსაწინააღმდეგოა და (ე. წ.
„კვადრატურის“) მოქცევის სიდიდე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
მარსი. მარსი ზომით უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე დედამიწა ან ვენერა.
მარსის მზის ირგვლივ გარშემოვლის პერიოდი დაახლოებით ორი წელია. მარსის
ღერძის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი, რომელიც დაახლოებით შეადგენა 24 საათს,
ძალიან ახლოსაა დედამიწის ბრუნვის პერიოდთან. მისი ბრუნვის ღერძიც
დაახლოებით იმავე კუთხით არის დახრილი მისი ორბიტის სიბრტყესთან, რა
კუთხითაც დედამიწის ბრუნვის ღერძია დახრილი ეკლიპტიკასთან (25°). ამიტომ
სეზონური ცველილებების ხასიათი მარსზე დაახლოებით ისეთივეა, როგორც
დედამიწაზე, თუმცა დიდი გაწელილი ორბიტის გამო დიდი განსხვავებაა სეზონის
დროის ხანგრძლიობაში. ზოგადად მარსზე კლიმატი დედამიწის კლიმატთან
შედარებით უფრო ცივია და მკაცრი.
მარსის ზედაპირი ძალიან იცვლება წელიწადის დროის მიხედვით. პირველ
რიგში თვალში საცემია მისი პოლარული ქუდების ცვლილება. მათი ფართობი
იზრდება და მცირდება, რაც მიუთითებს სეზონურ ცვლილებებზე. პოლარულმა
არეებმა ზამთარში შესაძლებელია მიაღწიოს 50° განედამდე. გაზაფხულზე
პოლარული ქუდების დნობა იწვევს ატმოსფერული წნევის მკვეთრ მატებას და
გაზის დიდი მასების გადაადგილებას. ძლიერი ქვიშის ქარიშხლები ზოგჯერ
თითქმის სრულად ფარავს მარსის ზედაპირს.
მარსის ატმოსფერო ძალიან გაიშვიათებულია და ძირითადად შედგება
ნახშირორჟანგისაგან. ატმოსფეროს სისქე სავარაუდოდ 110 კმ-ია.
2015 წელს მარსზე თხევადი სახით წყლის არსებობის შესახებ გახდა
ცნობილი. 2018 წელს მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარის ქვეშ
მეცნიერებმა თხევადი წყლის უზარმაზარი ტბა აღმოაჩინეს. ტბა ზედაპირიდან 1,5
კილომეტრის სიღრმეში იმალება და გადაჭიმულია 20 კმ სიგრძეზე.
1877 წ. აღმოაჩენილი იქნა მარსის თანამგზავრები.
მარსს გააჩნია ორი ბუნებრივი თანამგზავრი – ფობოსი და დეიმოსი,
რომლებიც მცირე ზომისაა და აქვთ არაწესიერი ფორმა. ფობოსი თავის ღერძის
გარშემო ბრუნავს იმავე სიჩქარით, როგორც მარსის გარშემო, ამის გამო ფობოსი
მიმართულია მისკენ მუდამ ერთი მხარით. თანამგზავრი არ იშლება მხოლოდ მისი
სიმტკიცის გამო. მარსის მოქცევითი ზემოქმედება თანდათან ანელებს ფობოსის
მოძრაობას, რაც შემდგომ, სავარაუდოდ, გამოიწვევს მის მარსზე დაცემას. მასზე
მდებარეობს ცის სხეულის ზომასთან შედარებით მზის სისტემის ყველაზე დიდი
კრატერი. მისი დიამეტრია 9 კმ – თანამგზავრის რადიუსზე ოდნავ ნაკლები.
დეიმოსიც ფობოსის მსგავსად მუდმივად ერთი მხარით არის მიმართული
მარსისაკენ. დეიმოსის ორბიტა ისეთია, რომ მარსის მოქცევითი ძალების მოქმედება
იწვევს მის დაშორებას მარსისაგან. დეიმოსის ზედაპირი შედარებით გლუვად
გამოიყურება იმის გამო, რომ კრატერების უმრავლესობა დაფარულია
წვრილმარცვლოვანი ნივთიერებით.
გაზოვანი გიგანტებია – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.
იუპიტერი. პლანეტა გიგანტებიდან ყველაზე დიდი ზომისაა იუპიტერი,
რომელიც მზიდან დაშორების მიხედვით მეხუთე პლანეტაა. იუპიტერი ასხივებს 60
%-ით მეტ ენერგიას, ვიდრე იღებს მზისგან. იმ პროცესების ხარჯზე, რომელიც ამ
ენერგიის გამომუშავებას ესაჭიროება, მისი ზომა წელიწადში დაახლოებით 2 სმ-ით
მცირდება.
იუპიტერის ეკვატორული სიბრტყე ახლოსაა მისი ორბიტის სიბრტყესთან,
ამიტომ იუპიტერზე არ დაიკვირვება წელიწადის დროები. იუპიტერი ბრუნავს სხვა
პლანეტებზე უფრო სწრაფად. ეკვატორთან მისი ბრუნვის სიჩქარე ტოლია 9 სთ 50
წთ, ხოლო საშუალო განედებზე - 9 სთ 55 წთ. იუპიტერი ერთადერთი პლანეტაა,
რომლისთვისაც მისი და მზის მასათა ცენტრი (მასათა ცენტრი - წერტილი,
რომელშიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თავმოყრილია სისტემის მთელი მასა) არ
მდებარეობს მზეში და მზის რადიუსის 7%-ით დაცილებულია მზის ზედაპირიდან.
იუპიტერს გააჩნია ყველაზე დიდი ატმოსფერო მზის სისტემაში. მისი
ატმოსფეროს სიმკვრივე თანდათანობით მცირდება და 5000კმ-ზე ნელა გადადის
საპლანეტაშორისო სივრცეში. იუპიტერის ატმოსფერო ძირითადად შედგება
წყალბადისა და ჰელიუმისაგან. მასში აგრეთვე მოიპოვება წყალი, მეთანი, ამიაკი
და სხვ.
იუპიტერის გარეგნული იერსახისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა
შეფერილობის ზოლები. არსებობს მრავალი ვერსია, რომელიც ხსნის მათ
წარმოქმნას.
იუპიტერის ზედაპირზე დაიკვირვება ძლიერი გრიგალები. გრიგალის
თვალსაჩინო მაგალითია დიდი წითელი ლაქა, გიგანტური გრიგალი, რომელიც
XVII საუკუნიდან არის ცნობილი (აღმოჩენილი იყო ჯ. კასინის მიერ 1665 წ.). მისი
ზომაა 40 000 კმ სიგრძე და 13 000 კმ სიგანე. ქარის სიჩქარე გრიგალის ცენტრში
შეადგენს 540 კმ/სთ. დაახლოებით 100 წლის წინ ის, სავარაუდოდ, ორჯერ უფრო
დიდი და შედარებით კაშკაშა იყო. წესით დიდი წითელი ლაქა წარმოქმნიდან
გარკვეული პერიოდის მერე უნდა გამქრალიყო.
იუპიტერის დიდი წითელი ლაქა არის უნიკალური ხანგრძლივად
არსებული გიგანტური გრიგალი. დიდი წითელი ლაქის გარდა იუპიტერზე
დაიკვირვება შედარებით მცირე ზომის ლაქა-გრიგალებიც.
ისტორიულ ჩანაწერებში არ მოიძებნება ცნობები იუპიტერის ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში ხანგრძლივად არსებული დიდი წითელი ლაქის მსგავსი
წარმონაქმნების შესახებ. სავარაუდოდ, საჭირო პირობები გრიგალის
წარმოსაქმნელად და შემდგომ მის მდგრად სისტემად გარდასაქმნელად, მხოლოდ
სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობს.
იუპიტერს ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნია. იუპიტერის ირგვლივ არის
მაგნიტოსფერო - არე, სადაც დამუხტული ნაწილაკების ქცევას განსაზღვრავს
მაგნიტური ველი.
იუპიტერის ორივე პოლუსზე დაიკვირვება მძლავრი პოლარული ციალი.
იუპიტერზე პოლარული ციალი თითქმის მუდმივად არის, თუმცა მისი
ინტენსივობა ყოველდღიურად იცვლება.
იუპიტერს გააჩნია სუსტი რგოლები. სავარაუდოდ, ეს რგოლები ძირითადად
შედგება მტვრის ნაწილაკებისაგან. 1979 წელს აღმოჩენილი იქნა იუპიტერის ოთხი
რგოლი: ნაწილაკებისაგან შემდგარი - „რგოლი-ჰალო“, მთავარი - ძალიან თხელი,
მაგრამ შედარებით კაშკაშა რგოლი და ფართო, ძალიან სუსტი ორი რგოლი -
ცნობილი, როგორც „ობობას რგოლები“. ისინი ობობას ქსელივით თხელი და
გამჭვირვალეა, ვინაიდან შედგება ძალიან მცირე ზომის ნაწილაკებისაგან.
ცნობილია იუპიტერის 79 თანამგზავრი. სავარაუდოდ, წარსულში იუპიტერს
მეტი თანამგზავრი ჰყავდა, რომელთაგან ზოგიერთი დაეცა პლანეტას მისი
მძლავრი გრავიტაციის ზეგავლენის შედეგად.
იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრებს შორის არის ე.წ “გალილეის
თანმგზავრები“: იო, ევროპა, განიმედი და კალისტო, რომლებიც აღმოაჩინა გ.
გალილეიმ 1610 წ. „გალილეის თანამგზავრები“ საკმაოდ კაშკაშა ობიექტებია და
წესით შეუიარაღებელი თვალით შესაძლებელი უნდა იყოს მათი ხილვა, მაგრამ
მათი იუპიტერთან სიახლოვე იწვევს იმას, რომ შეუიარაღებელი თვალით მათი
დანახვა შეუძლებელია.
სატურნი. სატურნი მეექვსე პლანეტაა მზიდან დაშორების მიხედვით და
მეორე პლანეტაა მზის სისტემაში ზომის მიხედვით.
სატურნი ცნობილია თავისი რგოლების სისტემით. ყველა გაზოვან გიგანტს
ახასიათებს რგოლების სისტემა, მაგრამ სატურნის რგოლები ყველაზე ლამაზი და
შესამჩნევია. დედამიწიდან რგოლები მოჩანს სხვადა რაკურსით.
სატურნის რგოლები არ წარმოადგენს ერთიან მყარ სხეულს, არამედ შედგება
უწვრილესი ნაწილაკისაგან, რომელნიც მდებარეობენ პლანეტის ახლო სივრცეში.
ყველა რგოლი ერთად აირეკლავს გაცილებით მეტ სინათლეს, ვიდრე თვითონ
სატურნი. რგოლების სისქე ძალიან მცირეა მათ სიგანესთან შედარებით. რგოლების
შემადგენელი ნაწილაკები ზომით არის მიკრომეტრიდან რამოდენიმე
სანტიმეტრამდე. რგოლები ძირითადად შედგება წყლის ყინულისა და მტვრის
შენაერთებისაგან.
სატურნის ოთხი რგოლის საერთო დიამეტრი 250 ათასი კილომეტრია, სისქე
კი მხოლოდ ერთი კილომეტრია.
სატურნის რგოლების წარმოქმნის შესახებ არსებობს სხვადასხვა
მოსაზრებები:
• მზის სისტემის ყველა პლანეტა წარმოიქმნა მტვრისა და მცირე ზომის
ნატეხებისაგან. შესაძლოა, სატურნს არ გააჩნდა საკმარისი ძალა, რათა
რგოლში არსებული ფრაგმენტებისაგან წარმოქმნილიყო პლანეტა, მაგრამ
საკმარისი ძალა გააჩნდა მათ შესანარჩუნებლად;
• სხვა მოსაზრების თანახმად, სატურნი შეეჯახა სხვა დიდ სხეულს, რის
შედეგად დროის განმავლობაში მისი ფრაგმენტები თანაბრად გადანაწილდა
ორბიტაზე;
• ბოლო მოდელის თანახმად, სატურნს ჩამოყალიბების ეპოქაში გააჩნდა
საკმაოდ დიდი ზომის თანამგზავრები, რომლებიც გრავიტაციული ძალების
ზეგავლენის შედეგად დაეცა მის ზედაპირზე და ამ პროცესის
პარალელურად მოხდა მათი დაშლა. სავარაუდოდ, ადრეული
თანამგზავრებიდან სატურნს მხოლოდ ტიტანიღა შემორჩა.
2009 წელს აღმოჩენილი იქნა სატურნის კიდევ ერთი - ფებეს რგოლი,
რომელიც უზარმაზარი ზომისაა და სავარაუდოდ განთავსებულია პლანეტიდან
100 რადიუსიდან 270 რადიუსამდე. ფებეს რგოლი პრაქტიკულად უხილავია
დაბალი არეკვლის უნარის გამო. რგოლის ნაწილაკები ასხივებენ საკმარის სითბოს,
რათა მგრძნობიარე აპარატურას რგოლის არსებობა დაეფიქსირებინა ინფრაწითელ
სინათლეში. რგოლი იმდენად დიდია, რომ თვითონ სატურნი და მისი
თანამგზავრები წერტილივით მოჩანს მის ფონზე.
სატურნი ძირითადად შედგება გაზისაგან და არ გააჩნია მყარი ზედაპირი.
მისი ღერძის ირგვლივ ბრუნვა სწრაფია: ეკვატორზე ერთ მობრუნებას 10 სთ და 33
წთ სჭირდება, მზის ირგვლივ გარშემოვლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30
წელს. სატურნის საშუალო სიმკვრივეა 0.69 გ/სმ3, რის გამოც ის ერთადერთი
პლანეტაა მზის სისტემაში, რომლის საშუალო სიმკვრივეც ნაკლებია წყლის
სიმკვრივეზე.
სატურნის ატმოსფერო ძირითადად შედგება წყალბადისაგან და
ჰელიუმისაგან, მასში აგრეთვე გვხვდება მეთანი ამიაკი და სხვა ნაერთებიც.
სატურნის ზედაპირზე ქრის ძლიერი ქარები. ქარის ძალა სუსტდება ეკვატორიდან
დაშორებისას.
სატურნის ატმოსფეროში ზოგჯერ ჩნდება მდგრადი წარმონაქმნები,
რომლებიც წარმოადგენენ ძალიან ძლიერ გრიგალებს (იუპიტერის დიდი წითელი
ლაქის მსგავსად). „დიდი თეთრი ოვალი“ სატურნზე ჩნდება დახლოებით 30
წელიწადში ერთხელ. ის წარმოადგენს პერიოდულ გრიგალს, რომლის ზომამ
შესაძლებელია მიაღწიოს რამოდენიმე ათას კმ-მდე. „დიდი თეთრი ოვალი“
სატურნზე ბოლოს დაკვირვებული იყო 2010 წელს. შედარებით სუსტი გრიგალები
წარმოიქმნება უფრო ხშირად.
ღრუბლები სატურნის ჩრდილოეთ პოლუსთან ქმნიან გიგანტურ ექვსკუთხა
წარმონაქმნს. პირველად ის აღმოჩენილი იყო 1980-იან წლებში და მდებარეობს 78°
განედზე და მისი გვერდები 13 800 კმ-ის ტოლია. მისი ფორმა თითქმის არ იცვლება,
სატურნის სამხრეთ პოლუსთან მსგავსი სტრუქტურა არ დაიკვირვება.
სატურნის მაგნიტოსფერო ვრცელდება სატურნის დაახლოებით 20
რადიუსის მანძილზე, საწინააღმდეგო მხარეს კი გაწელილია ასეულობით
რადიუსის მანძილზე. სატურნის მაგნიტოსფერო ზომით დაახლოებით სამჯერ
მცირეა იუპიტერის მაგნიტოსფეროზე.
სატურნის პოლარული ციალი წარმოადგენს კაშკაშა უწყვეტ ოვალური
ფორმის რგოლებს, რომელიც აკრავს პლანეტის პოლუსს და, როგორც წესი,
განლაგებულია 70-80° განედზე.
2019 წლამდე ცნობილი იყო სატურნის 62 თანამგზავრი. 2019 წელს კი
სატურნის გარშემო მოძრავი 20 ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს, რის შედეგადაც,
სატურნს ამჟამად 82 ბუნებრივი თანამგზავრი გააჩნია.
სატურნის თანამგზავრებიდან ყველაზე დიდია ტიტანი. ის ერთი მხარით
არის მიქცეული სატურნისაკენ. სატურნის ბრუნვის ღერძის დახრა ტოლია 26.73°,
რაც განაპირობებს სეზონურ ცვლილებებს. ტიტანის ზედაპირზე
დადასტურებულია თხევადი (მეთანის) ტბებისა და მდინარეების არსებობა.
ტიტანი იმითაც არის საინტერესო, რომ ერთადერთი თანამგზავრია, რომელსაც
გააჩნია მკვრივი ატმოსფერო. ტიტანის ატმოსფერო ვრცელდება 400 კმ. ის
ძირითადად შედგება აზოტისაგან, აგრეთვე მცირე რაოდენობით არგონისა და
მეთანისაგან.
ურანი. ურანი ერთ-ერთი პლანეტა-გიგანტია. ის მეშვიდე პლანეტაა მზიდან
დაშორების მიხედვით. ურანი აღმოჩენილი იყო ჰერშელის მიერ 1781 წელს. ის არის
ტელესკოპით აღმოჩენილი პირველი პლანეტა.
ურანის ეკვატორული სიბრტყე მისი ორბიტისადმი დახრილია 97.86 ანუ,
შეიძლება ითქვას, რომ პლანეტა “დაგორავს“ მზის გარშემო. მისი ბრუნვა
რეტროგრადულია. სავარაუდოდ, ბრუნვის ღერძის ასეთი დახრა განპირობებულია
ჩამოყალიბების პროცესში მისი სხვა სხეულთან შეჯახებით.
ურანის ღერძის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი შეადგენს 17 საათსა და 14
წუთს, ხოლო წელიწადი ურანზე გრძელდება 84 წელს.
ურანის ბრუნვის ღერძის უჩვეულო დახრით აიხსნება მის ზედაპირზე
წელიწადის სეზონების სპეციფიური ცვლილებები. მზის ირგვლივ ერთ სრულ
ბრუნს პლანეტა ანდომებს 84 წელს. ამ დროის განმავლობაში ხდება წელიწადის
ოთხი დროის ცვლილება. მის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონი
გრძელდება 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. იქ არის პოლარული დღე,
ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს არის პოლარული ღამე. გაზაფხულსა და
შემოდგომაზე ურანის ბრუნვის ღერძი ისეთნაირად არის ორიენტირებული, რომ
მზის სხივები პირდაპირ ეცემა პლანეტის ეკვატორულ არეს. ამ პერიოდის
განმავლობაში დღეღამის მონაცვლეობა პლანეტის დიდი ნაწილისათვის ხდება.
პოლუსებსა და ეკვატორზე სეზონების ცვლილება ერთმანეთისაგან
სრულიად განსხვავებულია. ეკვატორზე ურანის წელიწადის განმავლობაში არის
ორი ზაფხული და ორი ზამთარი. პოლუსებზე მხოლოდ თითო ზაფხული და
ზამთარია, რომელიც 42 წელს გრძელდება.
მზის სისტემის სხვა პლანეტებისაგან განსხვავებით, ურანზე სინათლისა და
სითბოს მაქსიმალურ რაოდენობას იღებს არა ეკვატორული, არამედ პოლარული
არეები.
ურანის მისი ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელია მოლეკულური
წყალბადი და ჰელიუმი. მესამე ადგილზეა მეთანი.
ურანის ატმოსფერო მზის სისტემის ყველაზე ცივი პლანეტური ატმოსფეროა
მინიმალური ტემპერატურით 49 К. ეს ურანს აქცევს მზის სისტემის ყველაზე ცივ
პლანეტად - ნეპტუნზე უფრო ცივ პლანეტადაც კი. ურანი ასხივებს მზიდან
მიღებული ენერგიის მხოლოდ 1 %.
ურანის სამხრეთ ნახევარსფერო შესაძლოა ორ რეგიონად დაიყოს: კაშკაშა
პოლარულ ქუდად და ბნელ ეკვატორულ ზონად. მათი საზღვარი მდებარეობს −45°
განედზე. ვიწრო ზონა, რომელიც მდებარეობს −45°-დან −50° ზოლში, არის ყველაზე
კაშკაშა არე ურანის ზედაპირზე. მას სამხრეთ „საყელო“ ეწოდება. ითვლება, რომ ეს
არის მკვრივი მეთანის ღრუბლების რეგიონი.
ურანს გააჩნია სპეციფიური მაგნიტური ველი, რომლის მაგნიტური ღერძი არ
გადის პლანეტის გეომეტრიულ ცენტრზე და მისი ბრუნვის ღერძისადმი
დახრილია 59-ით. პოლარული ციალი ურანზე არ ხდება ისე ხშირად და არ არის
ისეთი არსებითი, როგორც იუპიტერსა და სატურნზე. პოლარული ციალი ურანზე
დაიკვირვება რამოდენიმე წუთის განმავლობაში. პოლარული ციალი ურანზე არ
ხდება ისე ხშირად, როგორც იუპიტერსა და სატურნზე.
ურანს გააჩნია სუსტად გამოხატული რგოლების სისტემა, რომელიც შედგება
მცირე ზომის ნაწილაკებისაგან. ამჟამად ცნობილია ურანის 13 რგოლი. ურანის 9
რგოლის არსებობა ოფიციალურად დადასტურდა 1977 წელს. მოგვიანებით
აღმოჩენილი იყო ურანის კიდევ ოთხი რგოლი.
სხვა პლანეტა-გიგანტების მსგავსად ურანსაც ჰყავს ბუნებრივი
თანამგზავრები. ამჟამად ცნობილია ურანის 27 თანამგზავრი. პლანეტა-გიგანტებს
შორის ურანის თანამგზავრები ყველაზე მცირე ზომისა და მასის არიან. პლანეტა
ურანის თანამგზავრებს სახელები მინიჭებული აქვთ უ. შექსპირის პიესების
გმირებისა და ა. პოუპის ნაწარმოებების პერსონაჟების საპატივცემულოდ.
ნეპტუნი. ნეპტუნი აღმოჩენილი იყო 1846 წელს. ის იყო მათემატიკური
გამოთვლების საფუძველზე აღმოჩენილი პირველი პლანეტა.
ნეპტუნის მზის ირგვლივ გარშემოვლის პერიოდია 165 წელი. 2011 წლის 12
ივნისს მან აღმოჩენის დღიდან დაასრულა პირველი გარშემოვლის პერიოდი მზის
გარშემო. ნეპტუნი ურანთან შედარებით მცირე ზომისა, მაგრამ უფრო მასიურია და
ამიტომ უფრო მკვრივია. ატმოსფეროს ზედა ფენებში აღმოჩენილია წყალბადი და
ჰელიუმი. აგრეთვე დაიკვირვება მეთანის კვალი.
ნეპტუნის ამინდისათვის დამახასიათებელია ძლიერი გრიგალების
დინამიური სისტემა და ქარები, რომელიც ხშირად აღწევს 600 მ/წმ (2100 კმ/სთ)
სიჩქარემდე. ნეპტუნის შინაგანი ენერგია საკმარისია, რათა წარმოქმნას ყველაზე
სწრაფი ქარები მზის სისტემაში. ნეპტუნის გრიგალები არის საკმაოდ მდგრადი
წარმონაქმნები და შეიძლება იარსებონ რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ერთ-ერთი განსხვავება ურანსა და ნეპტუნს შორის არის მეტეოროლოგიური
აქტივობის დონე. ნეპტუნის მრავალფეროვანი „ამინდი“, ურანთან შედარებით,
სავარაუდოდ, განპირობებულია მისი მაღალი შინაგანი ტემპერატურით. ნეპტუნი
გაცილებით შორსაა მზიდან, ვიდრე ურანი და მასთან შედარებით იღებს სითბოს
რაოდენობის მხოლოდ 40 %. მიუხედავად ამისა, ამ ორი პლანეტის ზედაპირული
ტემპერატურა დაახლოებით ერთნაირია. განიხილება სხვადასხვა შესაძლო
ვარიანტები ამის ასახსნელად, თუმცა საბოლოოდ სითბოს წარმოქმნის მექანიზმი
არ არის დადგენილი.
ნეპტუნის მაგნიტური ველი ურანის მაგნიტური ველის მსაგავსია და მისი
მაგნიტური ღერძი გადახრილია ბრუნვის ღერძიდან 47-ით. ნეპტუნის
მაგნიტოსფერო მზის მხარეს ვრცელდება ნეპტუნის 34.9 რადიუსის მანძილზე.
მაგნიტოსფეროს კუდი კი გაჭიმულია ნეპტუნის 72 რადიუს მანძილზე და
შესაძლოა უფრო შორსაც გრძელდება.
ნეპტუნის მაგნიტური ველის რთული სტრუქტურის გამო, პოლარული
ციალი ნეპტუნზე დაიკვირვება არა ნეპტუნის პოლუსებზე, არამედ 40-50°-ზე,
ამიტომ რთულია მას პოლარული ვუწოდოთ.
ნეპტუნისთვის დამახასიათებელია რგოლების სისტემა, თუმცა უფრო
სუსტი, ვიდრე სატურნის რგოლები. ის აღმოჩენილი იყო 1984 წ. რგოლები,
სავარაუდოდ, შედგება ყინულის ნაწილაკებისაგან, რომლებიც დაფარულია
სილიკატებით ან ნახშირბადის შემცველი ნივთიერებით, რაც აძლევს მის რგოლებს
მოწითალო შეფერილობას. ნეპტუნის რგოლთა სისტემაში შედის 5 კომპონენტი.
ნეპტუნს გააჩნია ბუნებრივი თანამგზავრები. დღეისათვის ცნობილია მისი
14 თანამგზავრი. ნეპტუნის ყველაზე დიდი თანამგზავრია ტრიტონი. ტრიტონის
მასა ნეპტუნის ყველა დანარჩენი თანამგზავრის მასის 95.5%-ს შეადგენს. ის
აღმოჩენილი იყო უ. ლასელის მიერ 1846 წ. პლანეტის აღმოჩენიდან 17 დღის
შემდეგ. ტრიტონი მოძრაობს ნეპტუნის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით,
ამასთან მისი ორბიტა 23°-იანი კუთხით არის დახრილი ნეპტუნის ეკვატორის
მიმართ. ის მზის სისტემაში ერთადერთი თანამგზავრია, რომელიც
რეტროგრადული მიმართულებით მოძრაობს. ტრიტონის ორბიტის აგებულების
თავისებურებები იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ის წარმოიქმნა კოიპერის
სარტყელში, და მოგვიანებით იქნა ნეპტუნის მიერ მიტაცებული. მისი ატმოსფერო
ძირითადად შედგება აზოტისაგან და მეთანისაგან. ტრიტონი საკმარისად ახლოს
არის ნეპტუნთან და ის ნელ-ნელა სპირალზე მოძრაობს ნეპტუნისაკენ და
საბოლოოდ, დაიშლება, წარმოქმნის რა სატურნის რგოლებზე უფრო მძლავრ
რგოლების სისტემას.
მზის სისტემის სტრუქტურა

ასტრონომია შეისწავლის ცის ობიექტებს, როგორიცაა ვარსკვლავები, მზე,


მთვარე, პლანეტები და სხვ. ის შეისწავლის ამ ობიექტების მდებარეობას და
მოძრაობას სივრცეში, მათ სიდიდეს, ფორმას, აგებულებას, ფიზიკურ და ქიმიურ
თვისებებს, მათ წარმოშობასა და ევოლუციას, ცის სხეულებს შორის კავშირებს და
სამყაროს აგებულებას. „ასტრონ“ ნიშნავს ვრსკვლავი და „ნომოს“ - კანონი, ანუ,
ასტრონომია არის მეცნიერება ცის მნათობების შესახებ.
ცის მნათობები ძალიან შორს მდებარეობენ. მაგ., მთავარე, ჩვენი უახლოესი
მნათობი, დედამიწიდან 384 000 კმ-ით არის დაშორებული, მზე - 150 000 000 კმ-ით,
უახლოესი ვარსკვლავი - 4.3 სინათლის წლის (სინათლის წელი - მანძილი,
რომელსაც სინათლე ფარავს ერთი წლის განმავლობაში) მანძილზე მდებარეობს და
ა. შ., მაგრამ მათი ასეთი სიშორე არ წარმოადგენს ასტრონომებისათვის
დაბრკოლებას და შესაძლებელია ციური სხეულების ფიზიკური თვისებებისა თუ
ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა.
ციური სხეულების შესწავლა ხდება დაკვირვებით. ასტრონომიული
მეცნიერების განვითარება დაიწყო, როდესაც ადამიანი შეუიარაღებელი თვალით
ცას დააკვირდა. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ცის ობიექტების დაკვირვება
ტელესკოპის დახმარებით დაიწყო, რამაც ძალიან გაზარდა ასტრონომიული
დაკვირვებების შესაძლებლობები. მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან კი ცის
ობიექტებზე დედამიწის ატმოსფეროს მკვრივი ფენების გარედან დაიწყო
დაკვირვებები და ექსპერიმენტების ჩატარება, რამაც ხელი შეუწყო უფრო ზუსტი
ასტრონომიული მონაცემების მიღებას.
ცის სხეულების დიდი დაშორება ჩვენგან სრულიად არ ნიშნავს, რომ
ასტრონომია წარმოადგენს განყენებულ, საზოგადოების პრაქტიკულ ინტერესებს
მოწყვეტილ მეცნიერებას. ასტრონომია ძველთაგანვე ადამიანის პრაქტიკული
მოთხოვნების დაკმაყოფილების ნიადაგზე აღმოცენდა. ეს იყო წლის სხვადასხვა
სეზონის მოახლოების ცოდნა, რაც აუცილებელი იყო მიწათმოქმედებისათვის და
რისი განსაზღვრაც შესაძლებელი იყო ცის მნათობების დაკვირვების საფუძველზე.
ცის მნათობებზე დაკვირვებით ხდებოდა შორეული მოგზაურობის დროს
ადგილმდებარეობისა და მიმართულების განსაზღვრა. დროის აღრიცხვა,
სარიტუალო თარიღების დადგენაც წარმოებდა ციურ სხეულებზე დაკვირვების
შედეგად.
ასტრონომიის ბიოლოგიასთან კავშირზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ
დედამიწა სამყაროს ნაწილია და მასზე ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობა და
ევოლუცია კოსმოსური გარემოს ზემოქმედებაზეცაა დამოკიდებული. ზოგიერთი
თეორიის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლის საწყისი სახეობანი კოსმოსიდანაა
შემოტანილი...
მზის აქტივობის 11-წლიანი ციკლი საკმაოდ ცხადად არის ასახული ხეების
წლიური რგოლების სიგანეთა პერიოდულ ცვლაში.
მზის აქტივობა აგრეთვე კორელაციაშია ზოგიერთი დაავადების პერიოდულ
გავრცელებასა და აგრეთვე სოფლის მეურნეობისათვის სახიფათო ბიოლოგიური
სახეობების გამრავლებასთან.
ისტორიული სტატისტიკის თანახმად, დედამიწის მახლობელ სივრცეში
კომეტების შემოჭრასაც ემთხვევა ზოგჯერ ეპიდემიათა გაჩენა და გავრცელება.
ასტრონომიასა და ქიმიას შორის კავშირზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1868
წელს მზის სრული დაბნელების დაკვირვების დროს მზის სპექტრში (სპექტრი -
ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობების გადანაწილება) იქნა აღმოჩენილი უცნობი
ელემენტის ხაზები, რომელსაც ჰელიუმი (მზიური) დაარქვეს. მხოლოდ 1995 იქნა
იგივე ელემენტი (ჰელიუმი) აღმოჩენილი დედამიწაზე.
აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ასტრონომია მჭიდრო კავშირშია ისეთ
ფუნდამენტურ მეცნიერებებთან, როგორიცაა ფიზიკა ან მათემატიკა,, თუმცა
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასტრონომიასთან დაკავშირებულია ისეთი,
ერთობ თითქოს მისგან შორს მდგომი მეცნიერება, როგორიცაა ისტორია.
ხშირად ერთი და იმავე მოვლენისათვის ისტორიკოსები სხვადასხვა თარიღს
ასახელებენ. თუ მატიანეებში გვხვდება ცნობები, რომ ესა თუ ის ფაქტი დაემთხვა
რაიმე ციურ მოვლენას (მაგ., მზის დაბნელებას, კომეტის გამოჩენას და სხვ.),
ასტრონომებს შეუძლიათ დააზუსტონ წარსულში მომხდარ ასტრონომიულ
მოვლენათა თარიღები.
ამის მაგალითია, რომ ქართველმა ასტრონომებმა მოახდინეს საქართველოში
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული
ზოგიერთი ისტორიული ფაქტის თარიღის დაზუსტება.
ქართული ქრონიკების მიხედვით ცნობილია, რომ საქართველოში
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება დაკავშირებულია სასწაულთან,
რომელიც იხილა მეფე მირიანმა, როცა ნადირობისას იგი მარტო აღმოჩნდა თხოთის
მთაზე. გადმოცემის თანახმად, უეცრად გარშემო სიბნელე ჩამოწვა და ცაზე მზე
გაქრა. მირიან მეფემ წმიდა ნინო კაბადოკიელის ღმერთს შესთხოვა შემწეობა და
მართლაც მოხდა სასწაული, სიბნელე უეცრად გაიფანტა და მზე გამობრწყინდა.
ქრისტეშობიდან 290-365 წლებში მზის დაბნელებების გამოკვლევის შედეგად
დადგინდა, რომ მზის სრული დაბნელება, რომელიც შეიძლებოდა დაენახა
თხოთის მთიდან მეფე მირიანს, იყო ქრისტეშობიდან 319 წელს, 6 მაისის საღამოს.
აღსანიშნავია, რომ მზის ეს სრული დაბნელება უნდა მომხდარიყო მზის ჩასვლისას,
რითიც აიხსნება ფაქტი, რომ მხოლოდ მთაზე მყოფ მეფეს შეეძლო მისი ხილვა
განსხვავებით დაბლობზე მყოფი მისი თანმხლები პირებისაგან, რომელთათვის მზე
უკვე ჰორიზონტს დაბლა იქნებოდა და არ გამოჩნდებოდა.
ასტრონომია ერთგვარად მწერლობასთანაც არის დაკავშირებული.
რუსთაველს მთვარისა და პლანეტების თვისებები, ცაზე ვარსკვლავთა მიმართ
მათი მოძრაობის ხასიათი ან მთვარის ფაზების ცვლისა და მზის დაბნელების
მიზეზები რომ არ სცოდნოდა, ავთანდილის მშვენიერი მიმართვა ციური
მნათობებისადმი არ დაიწერებოდა. ლიტერატურის ჟანრს - ფანტასტიკა - ყველაზე
ერთგულად ასტრონომია კვებავს.
არ არის გასაკვირი, რომ ისტორიის გარიჟრაჟზე ციურ თანავარსკვლავედებს
შთაეგონებინათ ადამიანი ანბანის, დამწერლობის შექმნისათვის. ზოგიერთი
მოსაზრების თანახმად, დიდი დათვი თანავარსკვლავედის ფორმიდან იღებს
სათავეს ქართული ასო „ბანი“.
მზე - ყველაზე შესამჩნევი ობიექტია ცის სფეროზე. ის არის სითბოსა და
სინათლის წყარო. მზე არის ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავი, მაგრამ მისი სინათლე არ
არის არც ყვითელი, არვ წითელი და არც ნარინჯისფერი. მზე ასხივებს თითქმის
თეთრ სინათლეს, თუმცა დედამიწის ატმოსფეროს ზემოქმედების შედეგად
დედამიწის ზედაპირის მახლობლად მზის სინათლე იძენს ყვითელ ელფერს.
სინამდვილეში მზის სინათლე შედგება ცისარტყელას ყველა ფერისაგან. მზის
სინათლეს თუ გავატარებთ პრიზმაში, სინათლის ნაკადში ფერადი სხივები
შეიცვლიან მიმართულებას, გადაიხრებიან და პრიზმიდან გამოსვლისას
ცისარტყელას ფერებად დაიშლებიან.
მზე ჩვენი პლანეტური სისტემის ცენტრალური სხეულია. მის გარშემო
მოძრაობს მზის ოჯახის ყველა სხეული. თავისი მიზიდულობის ძალით მზე
განაგებს მათ მოძრაობას. სინამვილეში - მზე თავისი ბუნებით რიგითი
ვარსკვლავია, რომელიც სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ახლოს მდებარეობს
ჩვენთან და დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ყველა პროცესში იღებს
მონაწილეობას. მზის გამოსხივება, მისი ენერგია მიზეზია ყველა იმ ცვლილებისა,
რაც დედამიწის ჰიდროსფეროში და ატმოსფეროში ხდება.
მზე გავარვარებული გაზისაგან შემდგარი მნათი სფერული სხეულია. უფრო
სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მზე პლაზმისაგან შემდგარ სფეროს წარმოადგენს,
რადგან მისი გაზი იონიზებულ მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს, რომ ატომებს
შემოცლილი აქვთ ელექტრონები.
მზის სისტემის სტრუქტურას განსაზღვრავს მზის ზედაპირზე მიმდინარე
პროცესები, მზის ქარი, მაგნიტური ველები და ტალღები, რომლებიც
დაკავშირებულია მზის ქართან. ამგვარად, მზე წარმოადგენს მზის სისტემის
მტავარ, ძირითად კომპონენტს.
მზე ჩვენსკენ აგზავნის ენერგიის ნაკადს, რომელიც შედგება რამოდენიმე
კომპონენტისაგან:
• ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელსაც მოაქვს ენერგიის ძირითადი
ნაწილი;
• სპორადული (არამუდმივი) ულტრაიისფერი და რენტგენული
გამოსხივება, აგრეთვე მზის რადიოგამოსხივების ენერგიული ნაწილი (ე.
წ. მზის ამოფრქვევა);
• დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც ეპიზოდურად წარმოიქმნება
მზიდან (ე. წ. კორონული მასის გამოტყორცნა);
• მუდმივად არსებული პლაზმის ნაკადი (ე. წ. მზის ქარი).
11 წელიწადში ერთხელ მზის აქტივობა იზრდება (რაც გამოიხატება მის
ზედაპირზე ლაქების მატებით), შემდეგ მცირდება (რაც გამოიხატება მის
ზედაპირზე ლაქების კლებით), შემდეგ კვლავ მატულობს და ა. შ.
მზის აქტივობა დაკავშირებულია მის ზედაპირზე ლაქების პერიოდულად
გამოჩენასთან და გაქრობასთან. მზის ლაქები ჩნდება პერიოდულობით 11 წელი. 11
წლის განმავლობაში ლაქათა რაოდენობა მზის ზედაპირზე იზრდება და შემდეგ
კლებულობს. ეს არის მზის აქტივობის ციკლი.
მზის ზედაპირზე ლაქათა რაოდენობის შესწავლისას გამოვლენილი იქნა
მათი რაოდენობის ძლიერი კლების პერიოდი (ე. წ. მაუნდერის მინიმუმი, 1645–1715
წწ). სწორედ მზის აქტივობის ამ ხანგრძლივი ჩავარდნის პერიოდს შეესაბამება
დედამიწაზე ე. წ. „მცირე გამყინვარების“ პერიოდის მაქსიმუმი. უფრო ადრეული
პერიოდისათვის მზის აქტივობის შესახებ მსჯელობა გვიხდება ირიბი
მაჩვენებლების საშუალებით, კერძოდ, ყინულში და ხეებში რადიაქტიური
ელემენტების შემცველობის მიხედვით. ყინულში 14C–ისა 10Be–ის (ნახშირბადისა და
ბერილიუმის იზოტოპების) ანალიზის შედეგად ბოლო 8 000 წლის მანძილზე
გამოვლენილი იქნა მზის აქტივობის 18 მინიმუმი.
მზის ზედაპირზე განვითარებული პროცესები ხშირ შემთხვევაში
დედამიწის ზედაპირზეც აისახება. ყველაზე ცნობილი ძლიერი მზის ამოფრქვევა,
რამაც დედამიწაზე გამოიწვია ძალიან ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი მოხდა 1859
წლის 1 სექტემბერს. მისი შედეგები რამოდენიმე დღის განმავლობაში
დაიკვირვებოდა დედამიწაზე. მას „კერინგტონის ამოფრქვევა“ ეწოდა. მან
გამოიწვია ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში სატელეგრაფო კავშირის ძლიერი
შეფერხებები, მძლავრი პოლარული ციალი (პოლარული ციალი - ატმოსფეროს
ზედა ფენების ნათება მასზე მზის ქარის ნაწილაკების ზემოქმედების შედეგად) კი
დაიკვირვებოდა ტროპიკებსა და სუბტროპიკებშიც კი.
მზის სისტემა არის პლანეტური სისტემა, მზისა და მის ირგვლივ მოძრავი
ყველა ბუნებრივი კოსმოსური ობიექტის ჩათვლით. მზის სისტემაში შემავალი
ობიექტებია: მზე, პლანეტები, მათი თანამგზავრები და მცირე ზომის სხეულები,
როგორიცაა ასტეროიდები, მეტეორული სხეულები და კომეტები (ასტეროიდი -
მზის ირგვლის მოძრავი სხეული, რომლის ზომები პლანეტებთან შედარებით
მცირეა, მეტეორული სხეული - ასტეროიდზე გაცილებით მცირე ზომის კლდის ან
მეტალის ნატეხი, რომელიც დაფრინავს კოსმოსურ სივრცეში, კომეტა - ე. წ.
კუდიანი ვარსკვლავი, მეტად მცირე მასის ციური სხეული, რომლისთვისაც
დამახასიათებელია წაგრძელებული ფორმის კუდი).
მზის სისტემაში მდებარეობს რვა დიდი პლანეტა, რომლებიც მოძრაობენ
მზის გარშემო და მზიდან დაშორების მიხედვით შემდეგი მიმდევრობით არიან
განლაგებულნი: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი
და ნეპტუნი. მათ გააჩნიათ დაახლოებით ერთ სიბრტყეში მოთავსებული თითქმის
წრიული ორბიტები.
მზეში მოთავსებულია მზის სისტემის მთლიანი მასის 99.8%. მზის სისტემაში
შემავალი პლანეტების მასის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია დიდ (რვა)
პლანეტაში. ოთხ ობიექტში – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი –
თავმოყრილია პლანეტების მასის დაახლოებით 99% (აქედან მასის ძირითადი
ნაწილი – დაახლოებით 90% – მოდის იუპიტერსა და სატურნზე). პლანეტებს
გააჩნიათ თითქმის წრიული ორბიტები და მოძრაობენ თითქმის ბრტყელი დისკოს
საზღვრებში – ეკლიპტიკის სიბრტყეში.
მზის სისტემაში შემავალი პლანეტები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ:
• დედამიწის ჯგუფის პლანეტები – მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი,
რომლებიც შედგებიან სილიკატებისა და მეტალებისაგან და სიდიდითა და
მასით დედამიწის მსგავსია;
• გაზოვანი გიგანტები – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, რომლებიც
ძირითადად შედგებიან წყალბადისა და ჰელიუმისაგან და დედამიწის
ჯგუფის პლანეტებთან შედარებით გაცილებით მასიურები არიან,
სიმკვრივე კი - მნიშვნელოვნად ნაკლებია.
რვა პლანეტიდან ექვსს გააჩნია ბუნებრივი თანამგზავრები, პლანეტა-
გიგანტებიდან ყველა გარშემორტყმულია რგოლებით, რომელიც შედგება მტვრისა
და მცირე ზომის ნაწილაკებისაგან.
მზის სისტემაში შედის აგრეთვე ორი სარტყელი, შევსებული მცირე
სხეულებით - ასტეროიდებით. ასტეროიდების მთავარი სარტყელი მდებარეობს
მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის. მასში შემავალი სხეულები
შემადგენლობის მიხედვით დედამიწის მსგავსია და შედგება მეტალებისა და
სილიკატებისაგან. ასტეროიდთა მთავარი სარტყლის ყველაზე დიდი ობიექტებია
ცერერა, პალადა და ვესტა.
კოიპერის სარტყელი ჰგავს ასტეროიდთა მთავარ სარტყელს, მაგრამ
დაახლოებით 20-ჯერ განიერია და გაცილებით მასიურია. მასში შემავალი მცირე
სხეულები შედგება წყლის, ამიაკისა და მეთანის ყინულისაგან.
მზის სისტემის მცირე ობიექტებს წარმოადგენს კომეტები, რომლებიც
შედგებიან აქროლადი ნივთიერებებისაგან. მათთვის დამახასითებელია გაწელილი
ელიფსური ორბიტები. მზესთან მიახლოებისას კომეტის ყინულოვანი ზედაპირი
იწყებს აორთქლებას და იონიზაციას (იონიზაცია - მოლეკულებისა და ატომების
დაშლა დადებით და უარყოფით ნაწილაკებად). შედეგად წარმოიქმნება კომეტის
კუდი, რომელიც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც დაიკვირვება.
მზის სისტემის შემადგენელი ნაწილია მეტეორული სხეულები. ციურ
სხეულს, რომელიც შემოიჭრება დედამიწის ატმოსფეროში და ტოვებს კაშკაშა
კვალს, დამოუკიდებლად იმისაგან, გაიფრენს ატმოსფეროს ზედა ფენებს და
გაფრინდება უკან კოსმოსში, დაიწვება ატმოსფეროში თუ დაეცემა დედამიწაზე,
შეიძლება ეწოდოს მეტეორი.
მზის სისტემა შედის გალაქტიკის - ირმის ნახტომის შემადგენლობაში,
რომელიც ფორმის მიხედვით წარმოადგენს სპირალურ გალაქტიკას. მზის სისტემა
მდებარეობს ჩვენი (ირმის ნახტომის) გალაქტიკის ორ სპირალურ შტოს შორის.
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ჰიპოთეზა
არსებობს.
ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და
დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა
ციური სხეულებიდან მოხვდა. შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე
მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების
დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა, მტვერს მიკროორგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს
ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ
სიცოცხლე წარმოიშვა დედამიწის ზედაპირზე, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ,
სინათლემ, წყალმა და ჰაერმა.
მონაცემების მიხედვით, დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ
წარმოიქმნა, სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები კი დედამიწაზე მხოლოდ
3.5-3.9 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა სხვა ვარსკვლავების
ირგვლივ ეგზოპლანეტების (ეგზოპლანეტა - მზის სისტემის გარეთ მდებარე სხვა
ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა) აღმოჩენა, ვინაიდან ეგზოპლანეტები
საკმაოდ მცირე ზომის არიან ვარსკვლავებთან შედარებით, ხოლო თვითონ
ვარსკვლავები საკმაოდ შორს მდებარეობენ ჩვენგან.
პირველი ეგზოპლანეტა აღმოჩენილი იქნა 1992 წელს. ასტრონომიულ
არქივებში ნაპოვნია 1917 წლის ფოტოფირფიტა, რომელიც მიუთითებს მზის
სისტემის გარეთ პლანეტის არსებობაზე, თუმცა ასტრონომები მაშინვე ვერ
მიხვდნენ თავიანთი აღმოჩენის არსს.
დღეისთვის საიმედოდ დადასტურებულია 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტის
არსებობა 3000-ზე მეტი პლანეტური სისტემისათვის, რომელთაგან 600-ზე მეტს
აქვს ერთზე მეტი ეგზოპლანეტა. ეგზოპლანეტების კანდიდატთა რაოდენობა
გაცილებით მეტია. დადასტურებული ეგზოპლანეტის სტატუსის მისაღებად
საჭიროა მათი ხელახალი რეგისტრაცია დედამიწის ზედაპირზე არსებული
ტელესკოპებით დაკვირვების შედეგად.
ირმის ნახტომის გალაქტიკაში ეგზოპლანეტების საერთო რაოდენობა
შეფასებულია არანაკლებ 100 მილიარდისა, რომელთაგან 5-დან 20 მილიარდამდე
შესაძლოა იყოს დედამიწის მსგავსი. მათგან, სავაუდოდ, 34% უნდა მდებარეობდეს
„სასიცოცხლო ზონაში“ (სასიცოცხლო ზონა - რეგიონი ვარსკვლავის გარშემო,
რომელშიც პლანეტების ზედაპირზე შესაძლებელია წყლის შენარჩუნება თხევად
მდგომარეობაში).
მრავალ მეცნიერს მიაჩნია არამიწიერი სიცოცხლე შესაძლებლად, მაგრამ
მისი არსებობის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვება. მეოცე
საუკუნის შუა პერიოდიდან არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებზე მიმდინარე
კვლევები დღესაც გრძელდება: დაწყებული რადიომიმღებიდან, რათა
დააფიქსირონ არამიწიერი სიგნალები, ტელესკოპებამდე,
რომელსაც პოტენციურად სასიცოცხლო ეგზოპლანეტების მოსაძებნად იყენებენ.
ვინაიდან კოსმოსური ცივილიზაციები ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის,
შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდები მათ შესახებ.
დღეისათვის დადასტურებულია ზოგიერთი ვარსკვლავის სასიცოცხლო
ზონაში ეგზოპლანეტების, მათ შორის დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების
არსებობა, მაგრამ თუ სამყაროს სხვადასხვა ადგილას სიცოცხლის ჩასახვა იშვიათად
ხდება, შესაძლებელია სხვადასხვა ცივილიზაციებმა სხვადასხვა ისტორიულ
ეპოქებში იარსებონ და ერთმანეთს ვერასდროს დაუკავშირდნენ. ერთდროულად
არსებული ცივილიზაციები კი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას?
იმისათვის, რომ დანამდვილებით ვთქვათ, რომ არ ვართ მარტონი
სამყაროში, უნდა გაგვაჩნდეს მტკიცებულებები, რაც არ გაგვაჩნია
ე. ფერმის პარადოქსის სახელით არის ცნობილი ფაქტი, რომ სამყარო
უსასრულოდ ვრცელია, გონიერი უცხოპლანეტელების არსებობა პრაქტიკულად არ
იწვევს ეჭვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო უკვე თითქმის 14 მილიარდ
წელს ითვლის და სხვა არსებებს ჰქონდათ საკმაო დრო, რომ წარმდგარიყვნენ
კაცობრიობის წინაშე, სად არიან ისინი?
ფერმის პარადოქსის ამოხსნის შესაძლო ვარიანტებია:
• არავითარი სხვა ცივილიზაცია არც არის და არც ყოფილა. ასეთი სცენარი
ადვილი წარმოსადგენი იქნებოდა შორეულ წარსულში, მაგრამ დღეისათვის,
როცა ყოველ წელს სულ მეტი და მეტი პლანეტური სისტემების მქონე
ვარსკვლავების აღმოჩენა ხდება. რაც მეტს ვიგებთ სამყაროს შესახებ, მით
უფრო რთული წარმოსადგენია, რომ სამყაროში მარტონი ვართ.
• სიცოცხლე არის, მაგრამ არაა გონიერი. ზოგიერთის აზრით, უახლოეს 10-30
წელიწადში აღმოჩენილი იქნება სიცოცხლის უმარტივესი ფორმები მარსზე
ან რომელიმე გაზოვანი გიგანტების რომელიმე თანამგზავრზე.
• გონიერი სიცოცხლე მრავალნაირია, მაგრამ ისინი დუმან. ასეთი ალბათობის
სხვადასხვა ახსნა არსებობს: კაცობრიობა იმდენად პრიმიტიულია, რომ
წამყვანი ცივილიზაციები არ გვთვლინ ყურადღების ან ჩვენთან კონტაქტის
დამყარების ღირსად; სხვა ცივილიზაციებმა გაარკვიეს, რომ მათი
გამომჟღავნება გამოიწვევს მათ განადგურებას სასტიკი გალაქტიკათაშორისი
კოლონიზატორების მიერ; ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ახსნაა, რომ
ჩვენი სამყარო - უზარმაზარი კომპიუტერული სიმულაციაა.

ფაქტი ფაქტად რჩება - დღემდე ვერ მოხერხდა კავშირის დამყარება რომელიმე


არამიწიერ ცივილიზაციასთან.
ვარსკვლავთა და პლანეტური სისტემების წარმოშობა და ევოლუცია

ადამიანების ყურადღებას ყოველთვის იქცევდა ღამის ცაზე ვარსკვლავების


ფონზე პლანეტების უცნაური გადაადგილება, რომლებიც ხან აღმოსავლეთიდან
დასავლეთისაკენ მოძრაობდნენ, ხან კი პირიქით - დასავლეთიდან აღმოსავლეთის
მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ამ სხეულებს პლანეტები სწორედ იმიტომ
უწოდეს, რომ გამოეხატათ მათი უწესრიგო „ხეტიალი“ ცაზე. ქართული
სახელწოდებაც - ცთომილი ამასვე გამოხატავს - გზას ამცდარ მნათობს.
დღეს პლანეტების რთული გზა ცის თაღზე აიხსნება მათი და დედამიწის
გარემოქცევით მზის ირგვლივ.
ცაზე პლანეტების ხილული მოძრაობისა და მათი გადაადგილების ანალიზი
უძველესი დროიდან წარმოადგენდა საფუძველს სივრცეში მათი ნამდვილი
მოძრაობის გამოსარკვევად და სამყაროს აგებულებაზე სხვადასხვა
შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად.
ძველად დედამიწას სამყაროს ცენტრად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ
სამყაროს ცენტრში უძრავად დასვენებული დედამიწის გარშემო მოძრაობდა მზე,
მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავებიც, რომლებიც მყარი სფეროს ზედაპირზე
„მიჭედილად“ წარმოედგინათ. სწამდათ, რომ ბუნებაში მხოლოდ სრულყოფილი,
წრიული და თანაბარი მოძრაობა არსებობდა. ამიტომ ცდილობდნენ აეხსნათ
პლანეტების უწესრიგო ხილული მოძრაობა მთელი რიგი თანაბარი და წრიული
მოძრაობების ერთობლიობით.
არისტოტელეს აზრით, დედამიწა მოთავსებული იყო სამყაროს ცენტრში.
მისი აზრით, შორს მდებარეობდა პლანეტების სფეროები, რომლებიც
გადაადგილდებოდნენ ვარსკვლავებს შორის და კიდევ უფრო შორს მოთავსებული
იყო უძრავი ვარსკვლავები. მოგვიანებით, კ. პტოლემემ არისტოტელეს სისტემა
უფრო დახვეწა და დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოძრავ პლანეტებს, მეორადი
ორბიტები დაუმატა.
სამყაროს მოწყობის ასეთ სქემას სამყაროს გეოცენტრული სისტემა ეწოდება,
რადგანაც ძირითადი იდეა იყო ის, რომ დედამიწა მოთავსებული იყო სამყაროს
ცენტრში (პტოლემეს სისტემა).
სამყაროს გეოცენტრული სისტემის მიხედვით, დედამიწის, როგორც
ცენტრის გარშემო წრეწირებზე - დეფერენტზე მოძრავი ცენტრის - ეპიციკლის
ირგვლივ თანაბარი სიჩქარით მოძრაობდნენ პლანეტები.
ამგვარად, ორივე მოძრაობა იყო თანაბარი, ორივე გზა იყო წრიული, მაგრამ
პლანეტის დედამიწიდან ხილული გადანაცვლება ცაზე, რაც იყო ამ ორი
ერთდროული მოძრაობის შედეგი, წრიულისაგან განსხვავდებოდა და არათანაბარი
სიჩქარითაც წარმოებდა. სქემა ახსნას აძლევდა ცალკეული პლანეტების პირდაპირ
(დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) და ე. წ. რეტროგრადულ
(აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ) მოძრაობას. თითოეული პლანეტისათვის
სათანადო რადიუსის ეპიციკლი და სიჩქარე იყო შერჩეული.
დაკვირვებების სიზუსტის ზრდა მოითხოვდა ამ სქემის დაზუსტებას, მეორე,
მესამე და ა. შ. ეპიციკლების შემოღებას, რომელთა ცენტრები, თავის მხრივ, თითქოს
მოძრაობდნენ პირველი და მეორე და ა. შ. ეპიციკლების გასწვრივ.
კ. პტოლემეს სქემა, მიუხედავად მისი სირთულისა და ხელოვნურობისა,
კარგად მუშაობდა. ის იძლეოდა შესაძლებლობას გამოთვლილი ყოფილიყო
პლანეტების, მთვარისა და მზის მდებარეობები, მზისა და მთვარის დაბნელებები
რამოდენიმე წლით ადრე იმ დროისათვის საკმაო სიზუსტით.
ნ. კოპერნიკს წილად ხვდა სამყაროს აგებულების ახალი თეორიის
ჩამოყალიბება, მიხვდა რა, რომ მზე, მთვარე და პლანეტები კი არ მოძრაოდნენ
უძრავი დედამიწის გარშემო, რომელიც ცენტრში წარმოედგინათ მანამდე, არამედ
დედამიწაც პლანეტაა და სხვა პლანეტებთან ერთად პლანეტური სისტემის
ცენტრის - მზის გარშემო გარემოიქცეოდა (ჰელიოცენტრული სისტემა).
ტ. ბრაჰემ არ მიიღო სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა. ის იყო გეო-
ჰელიოცენტრული სისტემის ერთ-ერთი ავტორი. გეო-ჰელიოცენტრული სისტემა -
სამყაროს გეოცენტრული სისტემის ვარიანტია, რომელშიც დედამიწა სამყაროს
ცენტრშია, მზე და მთვარე მოძრაობენ მის გარშემო, ხოლო იმ დროისათვის
ცნობილი ხუთი პლანეტა მოძრაბდა მზის გარშემო. ამგვარად, ის შეიძლება
განვიხილოთ, როგორც კომპრომისი კ. პტოლემეს გეოცენტრულ და კოპერნიკის
ჰელიოცენტრულ სისტემებს შორის.
ნ. კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა აღიარებდა დედამიწის თავისი
ღერძის ირგვლივ და მზის გარშემო მოძრაობას. ამით მარტივად აიხსნებოდა ცაზე
პლანეტების რთული ხილული მოძრაობა. კოპერნიკის მოძღვრებამ უძრავად
წარმოდგენილი დედამიწა მან მოძრავად გამოაცხადა; ჰელიოცენტრიზმის იდეის
აზრი არ მდგომარეობდა სამყაროს ცენტრის უბრალო გადაადგილებაში
დედამიწიდან მზეზე: დედამიწას ჩამოერთვა პრივილეგირებული მდგომარეობა
კოსმოსში. ჰელიოცენტრული სისტემის აღიარებას ძალიან შეუწყო ხელი გ.
გალილეის აღმოჩენებმა.
გ. გალილეის აღმოჩენებმა დაადასტურა ჰელიოცენტრული სისტემის
სისწორე. მან აღმოაჩინა ვენერას ფაზები. გ. გალილეიმ დაადგინა, რომ მთვარის
მსგავსად ვენერაც ანათებს მზიდან არეკლილი სინათლით და მიმდევრობით
გაივლის ყველა ფაზას. კ. პტოლემეს სისტემაში კი - მზე, ვენერა და დედამიწა
არასოდეს არ იყო ისეთნაირად განლაგებული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო
სრულად განათებული ვენერას დანახვა. გ. გალილეის მეორე, იუპიტერის
თანამგზავრების აღმოჩენაც, მართალია ირიბად, ადასტურებდა ნ. კოპერნიკის
ჰელიოცენტრული სისტემის სისწორეს. ცივილიზაციის მთელი ისტორიის
მანძილზე პირველად აღმოჩენილი იქნა ახალი სხეულები, რომლებიც
მოძრაობდნენ სხვა პლანეტის გარშემო. მანამდე თანამგზავრი მხოლოდ დედამიწას
გააჩნდა. იუპიტერის თანამგზვარების აღმოჩენის შედეგად მთვარე აღარ იყო
გამონაკლისი.
ამგვარად, დღეისათვის დამკვიდრებულია მზის სისტემის
ჰელიოცენტრული მოდელი და არ არსებობს რაიმე განსხვავებული მოსაზრება მისი
სხვაგვარი აგებულების შესახებ. საინტერესოა საკითხი, თუ როგორ მოხდა მზის და
მის სისტემაში შემავალი პლანეტების წარმოშობა და ევოლუცია. ვინაიდან მზე
წარმოადგენს ჩვეულებრივ ვარსკვლავს, მისი წარმოქმნისა და ევოლუციის
შესასწვლად უნდა გავეცნოთ ზოგადად, თუ როგორ ხდება ვარსკვლავთა
წარმოშობა და ევოლუცია.
ვარსკვლავთა ფორმირება ხდება წყალბადის მოლეკულური გაზოვან-
მტვროვანი ღრუბლის, ე. წ. გლობულას (გლობულა - მკვრივი გაუმჭვირვალე
მოლეკულური გაზოვან-მტვროვანი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი, რომელიც
დაიკვირვება გაზისა და მტვრის მანათობელი ღრუბლების ფონზე ბნელი
წარმონაქმნის სახით.) შეკუმშვის შედეგად.
ვარსკვლავთა ევოლუცია იწყება, როდესაც გლობულა მიზიდულობის
ძალით იწყებს შეკუმშვას და ნელ-ნელა იღებს სფეროს ფორმას. შეკუმშვა აგრეთვე
შესაძლებელია გამოიწვიოს ორი ღრუბლის შეჯახებამ ან ზეახალი ვარსკვლავის
აფეთქებამ. ზოგადად, ნებისმიერმა არაერთგვაროვნებამ შეიძლება მოახდინოს
ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესის ინიცირება.
თავდაპირველად, ღრუბლის შეკუმშვისას გამონთავისუფლებული ენერგია
გამოსხივდება ინფრაწითელ უბანში, რისთვისაც მომავალი ვარსკვლვი სრულიად
გამჭვირვალეა. ამის გამო წარმოქმნილი ენერგია თითქმის სრულად გამოსხივდება
და ტემპერატურა არ მატულობს. შემდგომ შეკუმშვის პროცესში ღრუბლის
ცენტრალურ არეში სიმკვრივე იზრდება და ღრუბლის წიაღში წარმოიქმნება
შემკვრივება - ცენტრალური ბირთვი - (პროტოვარსკვლავი) და მტვრის დისკი.
პროტოვარსკვლავი არის ობიექტი, რომელიც იმყოფება გრავიტაციული
შეკუმშვის მდგომარეობაში, რომლისგანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ
წარმოიქმნება ნორმალური ვარსკვლავი.
პროტოვარსკვლავის „ზედაპირზე“ დაცემული ნივთიერების ხარჯზე
ბირთვის ზომა იზრდება. საბოლოოდ ღრუბელში თავისუფლად მოძრავი
ნივთიერების მასა ამოიწურება, შედეგად წნევა უტოლდება გრავიტაციული
შეკუმშვის ძალებს და ბირთვის შეკუმშვა შეჩერდება. ფორმირებადი ვარსკვლავი
გარშემორტყმულია ოპტიკური გამოსხივებისათვის გაუმჭვირვალე გაზოვან-
მტვროვანი გარსით, რომელიც გარეთ ატარებს მხოლოდ ინფრაწითელ და უფრო
გრძელტალღოვან გამოსხივებას. მას შემდეგ, რაც გარსის ნარჩენები გაიფანტება
კოსმოსურ სივრცეში. პროტოვარსკვლავი ოპტიკურ დიაპაზონში ხდება ხილული.
ეს მომენტი ითვლება პროტოვარსკვლავური ფაზის დასასრულად და ახალგაზრდა
ვარსკვლავის ფაზის დასაწყისად.
ვარსკვლავები განსხვავდებიან მასით, ზომით, ტემპერატურით, ნათებით ან
შინაგანი სტრუქტურით. ანუ ვარსკვლავის ფიზიკური მახასიათებლები
დამოკიდებულია მის მასაზე და საწყის ქიმიურ შემადგენლობაზე.
ვარსკვლავის მასაზეა დამოკიდებული მისი შინაგანი სტრუქტურა.
განსხვავებული მასის ვარსკვლავებს განსხვავებულად აქვთ განლაგებული
რადიაციული და კონვექციური ზონები.
მზესთან შედარებით ბევრად დიდი მასის მქონე ვარსკვლავებში ქვედა
ფენებში ენერგიის გადატანა ხდება კონვექციით, ხოლო ზედა ფენებში -
გამოსხივებისა და შთანთქმის (სხივური გადატანის) მეშვეობით.
მზის მასის მქონე ვარსკვლავების ქვედა ფენებში ხდება ენერგიის სხივური
გადატანა, ხოლო ზედაპირთან ენერგიის გადატანა ხდება კონვექციით.
მზის მასაზე ნაკლები მასის მქონე ვარსკვლავები, როგორც წესი, სრულად
კონვექციურნი არიან, ანუ კონვექციის პროცესი სრულად მოიცავს მთელ
ვარსკვლავს.
მზის 0,08 მასაზე ნაკლები მასის მქონე ვარსკვლავები მეტ ენერგიას
გამოასხივებენ, ვიდრე წარმოიქმნება და ისინი მიეკუთვნებიან „ყავისფერ ჯუჯებს“.
მუდმივად ხდება მათი შეკუმშვა, და შემდგომ, თანდათანობითი გაციება.
თუ პროტოვარსკვლავის მასა მზის მასის ტოლი ან მეტია, გრავიტაციული
ძალა საკმარისია იმისთვის, რომ მატერიის შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნას
საკმარისად ცხელი ბირთვი. ვარსკვლავის შიგნით არსებული მაღალი
ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რომლის
შედეგად წარმოქმნილი წნევის ძალა აბალანსებს ვარსკვლავის შრეებს შორის
არსებულ მიზიდულობის ძალას.
ვარსკვლავის ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციებისთვის
ძირითად მასალას წარმოადგენს წყალბადი. თერმობირთვული რეაქციის დროს
“იწვის” წყალბადი და წარმოიქმნება ჰელიუმი, ამავე დროს თავისუფლდება
ენერგია, რომელიც გადაეცემა ვარსკვლავის სხვა ნაწილებს. მზეზე გაცილებით
დიდი მასის მქონე ვარსკვლავებში წყალბადის მარაგი უფრო სწრაფად ილევა.
წყალბადის გამოლევის შემდეგ თერმობირთვული რეაქციები წყდება, ხოლო
ვარსკვლავის ბირთში რჩება ჰელიუმი.
როდესაც ვარსკვლავის ბირთვში თერმობირთვული რეაქციები წყდება,
ვარსკვლავი კვლავ იკუმშება. შეკუმშვისას ვარსკვლავის ბირთვის ტემპერატურა
იზრდება. თუ ვარსკვლავის მასა მზის მასის ნახევარზე ნაკლებია, გრავიტაცია არ
არის საკმარისი იმისთვის, რომ შეკუმშოს ვარსკვლავის ბირთვი იმდენად, რომ
შეკუმშვისას წარმოქმნილი ტემპერატურა გახდეს საკმარისი ჰელიუმის
მონაწილეობით თერმობირთვული რეაქციების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში
ვარსკვლავი გარდაიქმნება წითელ ჯუჯა ვარსკვლავად (წითელი ჯუჯა
ვარსკვლავი - შედარებით ცივი ვარსკვლავი, რომლის მასა იცვლება 0,08-დან 0,5
მზის მასამდე).
მზის მასის და უფრო მასიური ვარსკვლავების შეკუმშვისას მათ ბირთვში
წარმოიქმნება ძალიან მაღალი ტემპერატურა და იწყება თერმობირთვული
რეაქციები ჰელიუმის მონაწილეობით, რომლის დროს გამოყოფილი ენერგიის
შედეგად ვარსკვლავის ბირთვი ცხელდება და იწყებს დიდი ენერგიის
გამოსხივებას. გამოსხივებული ენერგია იწვევს ვარსკვლავის ზედა შრეების
გაფართოებას. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება წითელი გიგანტი ვარსკვლავი
(წითელი გიგანტი - ვარსკვლავი მაღალი ნათებითა და განფენილი გარსით).
წითელი გიგანტის ბირთვში ჰელიუმის გამოლევის შემდეგ
თერმობირთვული რეაქცია წყდება, გრავიტაციული ძალა იწყებს დომინირებას და
ვარსკვლავის ბირთვი იწყებს შეკუმშვას, სანამ არ წარმოიქმნება ახალი
თერმობირთვული რეაქციებისთვის საკმარისი ტემპერატურა. ვარსკვლავის
ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მის ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული რეაქ-
ციების საწვავია სხვადასხვა ელემენტი: ნახშირბადი, ჟანგბადი, სილიციუმი…
საბოლოოდ ვარსკვლავის ბირთვში წარმოიქმნება რკინა. ვარსკვლავის ბირთვის
შეკუმშვისას მას სწყდება ვარსკვლავური მატერიის გარე გარსი. შეკუმშვისას
ვარსკვლავის ბირთვის ტემპერატურა იზრდება. ცხელი მომაკვდავი ვარსკვლავის
მიერ გამოსხივებული ენერგია იწვევს ვარსკვლავის გარემომცველი გაზის
იონიზაციას. ვარსკვლავის იონიზებული გარსი კაშკაშაა. მას უწოდებენ პლანეტურ
ნისლეულს. (პლანეტური ნისლეული - ობიექტი, რომელიც შედგება
იონიზირებული გაზოვანი გარსისა და ცენტრალური თეთრი ჯუჯა
ვარსკვლავისაგან).
რკინა ყველაზე მდგრადი ელემენტია. ამიტომ მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის
ბირთვი რკინად გარდაიქმნება, მასში თერმობირთვული რეაქციები წყდება,
რადგან რკინისგან, როგორც მდგრადი ელემენტისგან, ახალი, სხვა ელემენტი აღარ
წარმოიქმნება. თერმობირთვული რეაქციების საბოლოოდ შეწყვეტის შემდეგ
გრავიტაციული ძალის ზემოქმედებით იწყება მომაკვდავი ვარსკვლავის რკინის
ბირთვის კოლაფსი. ამ დროს, მასში არსებული ელექტრონები იწყებენ
ერთმანეთთან მიახლოებას, რასაც ელექტრონები ეწინააღმდეგებიან და
წარმოიქმნება გადაგვარებული მატერია. თუ ვარსკვლავის ნარჩენის მასა მზის
მასის 1.4-ზე ნაკლებია წარმოიქმნება თეთრ ჯუჯად წოდებული ობიექტი (თეთრი
ჯუჯა ვარსკვლავი - ვარსკვლავი, რომლის მასა მზის მასის 1.4-ზე ნაკლებია, ხოლო
მისი ზომა დაახლოებით უტოლდება პატარა პლანეტის ზომას).
სავარაუდოდ, თეთრი ჯუჯა საბოლოოდ გარდაიქმნება შავ ჯუჯა
ვარსკვლავად (შავი ჯუჯა - გაციებული და ხილულ დიაპაზონში გამოსხივების არ
მქონე ვარსკვლავი).
თუ ვარსკვლავური ნარჩენის მასა მეტია მზის მასის 1.4-ზე და ნაკლებია 3-4
მზის მასაზე, მაშინ გრავიტაციის ძალა აჭარბებს წნევის მიერ წარმოქმნილ ძალას და
ვარსკვლავი იკუმშება, ელექტრონები აღწევენ ბირთვში და ბირთვის პროტონებთან
ერთად წარმოქმნიან ნეიტრონებს. ნეიტრონები ეწინააღმდეგებიან დაახლოებას და,
შესაბამისად, ვარსკვლავის შემდგომ შეკუმშვას. ამ დროს წარმოიქმნება
ნეიტრონული ვარსკვლავი (ნეიტრონული ვარსკვლავი - 10-დან 29-მდე მზის მასის
მქონე კოლაფსირებული ვარსკვლავი, რომელიც შედგება ნეიტრონებისაგან და
დაფარულია ნივთიერების მძიმე ატომების ბირთვებისა და ელექტრონების თხელი
ფენით).
წითელი გიგანტის ევოლუციისგან განსხვავებით, როდესაც გარსი თანდათან
სცილდება ცენტრალურ ობიექტს, ნეიტრონული ვარსკვლავის წარმოქმნისას
ძალიან დიდი ენერგია გამოიტყორცნება ცენტრალური ობიექტიდან. ამ მოვლენას
ზეახალი ვარსკვლავის (ზეახალი ვარსკვლავი - ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების
დროს ვარსკვლავის სიკაშკაშე იზრდება 4-8-ჯერ, შემდეგ ხდება მისი ნელი ჩაქრობა)
აფეთქება ეწოდება.
თუ ვარსკვლავის ნარჩენის მასა მზის მასას 3-4-ჯერ აღემატება, დაწნეხილი
ბირთვების მიერ წარმოქმნილი წნევის ძალა ვერ დააბალანსებს გრავიტაციას და
ობიექტის შეკუმშვა გაგრძელდება. არ არსებობს ცნობილი მექანიზმი, რომელიც
შეაჩერებდა ვარსკვლავის კოლაფსს და ობიექტის შეკუმშვა გაგრძელდება მანამ,
სანამ იგი წერტილად არ გადაიქცევა. ამ დროს წარმოიქმნება შავი ხვრელი (შავი
ხვრელი - ობიექტი, რომლის მიზიდულობის ველი იმდენად მაღალია, რომ არც
ნაწილაკი, არც ფოტონი და ვერც ვერანაირი მატერიალური სხეული ვერ მიაღწევს
მეორე კოსმოსურ სიჩქარეს და გაიჭრება სივრცეში).
ვარსკვლავები იბადებიან ნისლეულებში. ასაკის მატებასთან ერთად,
ვინაიდან ბირთვში ამოიწურება წყალბადის მარაგი, შემდეგ კი – ჰელიუმიც,
ვარსკვლავის გარე ფენები ფართოვდება და წარმოიქმნება გიგანტი ან ზეგიგანტი,
რომელიც საბოლოოდ განიცდის კოლაფსს და ფეთქდება. მის შემდგომ ბედს კვლავ
განსაზღვრავს მისი მასა: ის იქცევა შავ ჯუჯად, ნეიტრონულ ვარსკვლავად თუ შავ
ხვრელად.
მატერია რომელიც გამოიტყორცნება ზეახლის ანთებისას უბრუნდება
ვარსკვლავთშორის სივრცეს და ხელახლა გამოიყენება ახალი ვარსკვლავების
ფორმირებისათვის.
მზე წარმოიქმნა პირველი თაობის ვარსკვლავთ ნარჩენებისაგან. მზის
სისტემის ფორმირება დაიწყო დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ გიგანტური
ვარსკვლავთშორისი გაზოვან–მტვროვანი ღრუბლის გრავიტაციული კოლაფსის
შედეგად. ზოგადად ეს პროცესი შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ:
• გრავიტაციული კოლაფსის საწყისი გახდა გაზოვან–მტვროვანი
ღრუბლის ნივთიერების მცირე შემკვრივება, რაც იქცა გარემომცველი
ნივთიერებისათვის გრავიტაციული მიზიდულობის ცენტრად –
გრავიტაციული კოლაფსის ცენტრად. ღრუბელი უკვე შეიცავდა არა
მხოლოდ საწყის წყალბადს და ჰელიუმს, არამედ მრავალრიცხოვან მძიმე
მეტალებსაც, რომელიც დარჩენილია წინა თაობის ვარსკვლავებისაგან.
• გრავიტაციული შეკუმშვის პროცესში გაზოვან–მტვროვანი ღრუბლის
ზომები მცირდებოდა და იზრდებოდა ღრუბლის ბრუნვის სიჩქარე.
ბრუნვის გამო ღრუბლის შეკუმშვის სიჩქარეეთა სხვაობამ ბრუნვის
ღერძის პარალელურად და პერპენდიკულარულად გამოიწვია ღრუბლის
შემკვრივება და დისკის ფორმირება.
• შეკუმშვის შედეგად იზრდებოდა სიმკვრივე და ნივთიერების
ნაწილაკების ერთმანეთთან შეჯახების ინტენსივობა, რის შედეგადაც
შეკუმშვასთან ერთად უწყვეტად იზრდებოდა ნივთიერების
ტემპერატურა.
• ტემპერატურის რამოდენიმე ათასი კელვინამდე გაზრდისას დისკის
ცენტრალურმა ნაწილმა დაიწყო ნათება – წარმოიქმნა
პროტოვარსკვლავი. ღრუბლის ნივთიერება განაგრძობდა დაცემას
პროტოვარსკვლავზე, რის გამოც წნევა და ტემპერატურა ცენტრში
განაგრძობდა ზრდას. დისკის გარე ნაწილები რჩებოდა შედარებით ცივი,
მასში წარმოქმნა დაიწყო ცალკეულმა შემკვრივებებმა, რომლებიც იქცნენ
პროტოპლანეტური დისკისგან პლანეტების ფორმირების ცენტრებად.
• როდესაც პროტოვარსკვლავის ცენტრში ტემპერატურამ მიაღწია მილიონ
კელვინს, ცენტრალურ არეში დაიწყო წყალბადის წვის თერმობირთვული
რეაქცია. პროტოვარსკვლავი გადაიქცა ჩვეულებრივ ვარსკვლავად.
• დისკის გარე არეში მსხვილმა შემკვრივებებმა წარმოქმნა პლანეტები,
რომლებიც ბრუნავენ ცენტრალური მნათობის გარშემო დაახლოებით
ერთ სიბრტყეში და ერთი მიმართულებით.
მზის ბირთვში მიმდინარეობს წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის
თერმობირთვული რეაქციები. ყოველ წამს მზის ბირთვში 4 მილიონი ტონა
ნივთიერება გარდაიქმნება ენერგიად, რის შედეგადაც გენერირდება მზის
გამოსხივება. მას შემდეგ, რაც ბირთვში წყალბადის საწვავი ამოიწურება, მისი გარე
გარსი დაიწყებს გაფართოებას, ხოლო ბირთვი დაიწყებს შეკუმშვას და გაცხელებას.
როდესაც ბირთვის ტემპერატურა საკმარისი გახდება, მასში დაიწყება
ჰელიუმისაგან ნახშირბადისა და ჟანგბადის სინთეზის თერმობირთვული რეაქცია.
განვითარების ამ ფაზაზე მზე დაიწყებს მასის დაკარგვას და გარსის მოცილებას.
მზის მასა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მისი არსებობა დასრულდეს
ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებით. მას შემდეგ, რაც მზე გაივლის წითელი
გიგანტის ფაზას, გარეთა გარსი მოცილდება და მისგან წარმოიქმნება პლანეტური
ნისლეული. ცენტრში დარჩება თეთრი ჯუჯა. ის თანდათანობით გაცივდება და
ნელნელა, რამოდენიმე მილიონი ან მილიარდი წლის შემდეგ გადაიქცევა შავ ჯუჯა
ვარსკვლავად.
საკითხი, თუ როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა და დედამიწა, ყოველთვის
აინტერესებს კაცობრიობას. სხვადასხვა პერიოდში არსებობდა რამოდენიმე
ჰიპოთეზა მზის სისტემის წარმოქმნის შესახებ.
ჯ. ბუფონის ჰიპოთეზის მიხედვით, დედამიწა წარმოიქმნა კატასტროფის
შედეგად: ძალიან შორეულ წარსულში გიგანტური ციური სხეული შეეჯახა მზეს
და მისგან დიდი რაოდენობით ნივთიერება ამოიფრქვა, რომლისაგანც წარმოიქმნა
პლანეტები, მათ შორის დედამიწაც.
სერიოზული ჰიპოთეზა მზის სისტემის წარმოშობის შესახებ ჩამოაყალიბა ი.
კანტმა, რომლის მიხედვითაც მზე და პლანეტები ერთდროულად წარმოიშვა ერთი
და იმავე პირვანდელი მატერიისაგან. ცივმა გაზოვან-მტვროვანმა დაიწყო
შებრტყელება პოლუსებთან და უზარმაზარ დისკად გარდაიქმნა. მისი სიმკვრივე
არ იყო თანაბარი, ამის გამო მოხდა მისი დაყოფა ცალკეულ შემკვრივებებად,
რომლებიც გარდაიქმნა პლანეტებად. მატერიის ძირითადი ნაწილი დარჩა ცენტრში
და გარდაიქმნა მზედ.
პ. ლაპლასი თვლიდა, რომ სატურნის რგოლები შედგებოდა გაზისაგან,
რომელიც გამოეყო პლანეტას მისი ღერძის ირგვლივ ბრუნვის შედეგად. ლაპლასმა
ივარაუდა, რომ მზე წარმოიქმნა ცხელი გაზოვანი ნისლეულისაგან, რომლის
ბრუნვის სიჩქარეც იზრდებოდა მისი შეკუმშვის შედეგად და რის გამოც მზეს
ცილდებოდა გაზოვნი რგოლები, რისგანაც შემდგომში წარმოიქმნა პლანეტები.
ი. კანტი თვლიდა, რომ ცივმა გაზოვან-მტვროვანმა ნისლეულმა განიცადა
ევოლუცია, რის შედეგადაც შემდგომ წარმოიქმნა მზე და პლანეტები. პ. ლაპლასის
თანახმად კი - თავდაპირველად ნისლეული იყო გაზოვანი და ცხელი, რომელიც
სწრაფად ბრუნავდა. მიუხედავად ამ ჰიპოთეზების განსხვავებებისა, ხშირად
მოიხსენიება კანტ-ლაპლასის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მზის სისტემა
წარმოიქმნა გაზოვან-მტვროვანი ნისლეულის კანონზომიერი განვითარების
შედეგად კონდენსაციის გზით.
ჯ. ჯინსის აზრით, პლანეტები იყო იშვიათი კატასტროფის, მზის სხვა
ვარსკვლავთან დაახლოების შედეგი, რომელმაც თავისი მიზიდულობით კოსმოსში
წარიტაცა და მზის ირგვლივ დაატრიალა მზის ნივთიერების ნაწილი.
ფ. ჰოილის ჰიპოთეზის თანახმად, მზე წარმოადგენდა ორჯერად
ვარსკვლავს, რომლის კომპონენტიც იქცა ზეახალი ვარსკვლავად. ნაწილაკების
უდიდესი რაოდენობა გაიფანტა კოსმოსურ სივრცეში, მცირე ნაწილი კი დარჩა
მზის ორბიტაზე და წარმოქმნა პლანეტები.
ო. შმიდტის ჰიპოთეზის თანახმად, გარემო, სადაც ჩამოყალიბდა პლანეტები,
წარმოადგენდა ვარსკვლავთშორისი გაზოვან-მტვროვანი ღრუბლის ფრაგმენტს,
რომელიც გალაქტიკიდან მიიტაცა მზემ. დისკის მსგავს გაზოვან-მტვროვან
ღრუბელში ნაწილაკების ურთიერთშეჯახების შედეგად წარმოიქმნა
მრავალრიცხოვანი შემკვრივებები, რისგანაც თანდათანობით წარმოიქმნა
პლანეტების ჩანასახები - პროტოპლანეტები. მარსისა და იუპიტერის ორბიტებს
შორის, სადაც იუპიტერის გრავიტაციული ზემოქმედება ხელს უშლიდა
შემკვრივებების ზრდას და არღვევდა მათი ორბიტის მდგრადობას, წარმოიქმნა
მცირე პლანეტები - ასტეროიდები.
ო. შმიდტის თეორიის თანახმად, მზის გაცხელებასთან ერთად მსუბუქი
ქიმიური ელემენტები წნევის ზემოქმედების შედეგად ტოვებდნენ ღრუბლის
ცენტრალურ ნაწილს და გადაინაცვლებდნენ პერიფერიისაკენ. ამიტომ დედამიწის
ჯგუფის პლანეტები ჩამოყალიბდა მძიმე ელემენტებისაგან, მცირე რაოდენობით
მსუბუქი ელემენტების მინარევით და მათ გააჩნიათ მცირე ზომები. გაზისა და
მტვრის დიდი სიმკვრივის გამო მზის გამოსხივება სუსტად აღწევდა
პროტოპლანეტური დისკის პერიფერიებამდე, სადაც გამეფებული იყო დაბალი
ტემპერატურა და გაზი ეყინებოდა მყარ ნაწილაკებზე. ამიტომ პლანეტა-გიგანტები
შედგება მსუბუქი ელემენტებისაგან. საწყისი გაზოვან-მტვროვანი ღრუბლის
პერიფერიაზე მსუბუქი გაზების ნარჩენებისაგან და მტვრის უმნიშვნელო
რაოდენობისაგან წარმოიქმნა გრელპერიოდიანი კომეტების დიდი რაოდენობა.
პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრების წარმოქმნის სამი მექანიზმი
შეიძლება არსებობდეს:
• თანამგზავრების ფორმირება პლანეტის მახლობელი დისკიდან;
• თანამგზავრების ფორმირება პლანეტის სხვა ობიექტთან შეჯახების
შედეგად;
• პლანეტის მიერ ახლოს ჩავლილი ობიექტის მიტაცება.
იუპიტერსა და სატურნს დიდი რაოდენობით თანამგზავრები გააჩნიათ.
დიდი ზომის თანამგზავრები, სავარაუდოდ, იმავე პრინციპით ჩამოყალიბდა,
როგორც პლანეტები მზის ირგვლივ. ამაზე მიუთითებს მათი დიდი ზომები და
პლანეტასთან სიახლოვე. ეს თვისებები არ შეიძლება გააჩნდეს მიტაცებულ
თანამგზავრს, ხოლო პლანეტების გაზოვანი სტრუქტურა შეუძლებელს ხდის
თანამგზავრების ჩამოყალიბების ჰიპოთეზას სხვა სხეულთან შეჯახების შედეგად.
ვარსკვლავების დაბადების შესწავლა რთულია. საინტერესო შედეგები
ვარსკვლავთა დაბადების შესწავლის მხრივ მიიღება თვითმფრინავების ბორტზე ან
ატმოსფეროს გარეთ - თანამგზავრებზე დამონტაჟებული ინფრაწითელი ან
რადიოტელესკოპების დახმარებით. მაღალ მთებშიც შესაძლებელია მათი
გამოყენება დასაკვირვებლად. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ჩილე, სამხრეთ
ევროპული ობსერვატორია (ლა-სილა).
მზე – რიგითი ვარსკვლავი

მზის ენერგიას მისი სითბოსა და სინათლის სახით აღვიქვამთ. ის ჩვენს


გარშემო მიმდინარე ყველა პროცესში იღებს მონაწილეობას. მზის გამოსხივება,
მისი ენერგია მიზეზია ყველა იმ ცვლილებისა, რაც დედამიწის ზედაპირზე ხდება.
მზე გავარვარებული გაზოვანი მნათი სფერული სხეულია. უფრო სწორად,
მზე წარმოადგენს პლაზმის სფეროს, რადგან მისი შემადგენელი გაზი იონიზებულ
(იონიზაცია - პროცესი, რომლის დროსაც ატომები და მოლეკულები იშლება
დადებით და უარყოფით ნაწილაკებად) მდგომარეობაშია.
მზის ცენტრიდან სხვადასხვა მანძილზე სხვადასხვაა ტემპერატურა, წნევა,
იონიზაციის პირობები, ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარე და სხვ. მზის ატმოსფერო
პირობითად იყოფა რამდენიმე კონცენტრულ გარსად. ესენია მზის ფოტოსფერო,
ქრომოსფერო და კორონა. მზის მთელი მასის 99 % მოქცეულია მზის 0.8 რადიუსის
შიგნით.
მზის ფოტოსფერო არის კაშკაშა სფერო, რომელსაც ყოველდღიურად
ვხედავთ ცაზე. მზის თითქმის მთელი გამოსხივება, რომელიც ჩვენამდე აღწევს,
გამოდის მზის ატმოსფეროს სწორედ ამ ვიწრო ფენიდან. ფოტოსფეროს სისქე
დაახლოებით შეადგენს 200 კმ, ხოლო მისი ტამპერტურა დაახლოებით 6 000
კელვინია (K).
მზის ფოტოსფეროს ქვემოთ მდებარეობს კონვექციური ფენა. მისი არსებობა
მჟღავნდება ფოტოსფეროს სიკაშკაშის არაერთგვაროვნებაში – ე. წ. გრანულაციაში.
გრანულებს აქვთ 400 K-ით მეტი ტემპერატურა, ვიდრე ფოტოსფეროს. მათ ცენტრში
ქვედა ფენებიდან ცხელი ნივთიერება ზემოთ ამოდის, შემდეგ ზედაპირზე
ჰორიზონტულად გადაედინება და გრანულების საზღვარზე ქვემოთ ეშვება.
გრანულების დიამეტრი შეადგენს საშუალოდ 1000 კმ. მათი სიცოცხლის
ხანგრძლივობაა 5-10 წუთი, თუმცა ზოგიერთი გრანულის დაკვირვება ხერხდება 20
წუთის განმავლობაშიც. გრანულები არის წარმონაქმნები, რომელთა წარმოქმნა
ხდება მზის ნებისმიერ განედზე და არ არის დამოკიდებული მზის აქტივობის
ფაზაზე.
გ. გალილეიმ მზის ზედაპირის ტელესკოპით პირველივე დაკვირვებისას
შენიშნა ბნელი არეები მზის კაშკაშა ფოტოსფეროზე. ეს არის მზის ლაქები. მზის
ლაქები წარმოდგენენ საკმაოდ ფართო არეებს. ლაქები ფოტოსფეროსთან
შედარებით 1-2 ათასი კელვინით უფრო ცივია, რის გამოც ფოტოსფეროს ფონზე
ლაქები მოჩანს ბნელად. ლაქათა ზომები იცვლება 1 000 - 2 000 კმ–დან 40 000 კმ–
მდე, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებულია გაცილებით დიდი ზომის
ლაქებიც. მცირე ზომის ლაქებს ეწოდება პორები.
მზის ლაქები ათეული წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც
დაბალი ტემპერატურისა და გაძლიერებული მაგნიტური ველის არეები. ენერგიის
ნაკადის შემცირება ლაქებში გამოწვეულია მაგნიტური ველის მიერ ფოტოსფეროში
კონვექციური მოძრაობის ჩახშობით. მაგნიტური ველის ლოკალური გაძლიერება
იწვევს პლაზმის მოძრაობის დამუხრუჭებას, რაც აფერხებს მზის ზედაპირზე
სითბოს ამოტანას. მზის ლაქებს ჩვეულებრივ არაწესიერი ფორმა გააჩნიათ, თუმცა
გვხვდება წესიერი ფორმის ლაქებიც.
მზის ლაქების წარმოქმნის პროცესი იწყება მაგნიტური ველის ძალწირების
მიერ ფოტოსფეროს გარღვევით. თავდაპირველად ამ ადგილას ჩნდება პორა.
რამოდენიმე საათის განმავლობაში მაგნიტური ველის გაძლიერებასთან ერთად
პორების ზომა და რაოდენობა იზრდება. ისინი ერწყმიან ერთმანეთს და
წარმოქმნიან ერთ ან რამოდენიმე ლაქას.
ლაქები ჩვეულებრივ წარმოიქმნება ჯგუფებად. ლაქათა ჯგუფებში ერთ-
ერთი ძირითადი ლაქა უფრო წინ მდებარეობს, ვიდრე მეორე. ამიტომ მას ლიდერს
ანუ წინმავალ ლაქას უწოდებენ, ხოლო მის უკან მდებარე მეორე ძირითად ლაქას -
თანამდევს ან მიმდევარს.
ლაქების საშუალო წლიური რიცხვი, აგრეთვე მათი საშუალო ფართობი
იცვლება პერიოდით დაახლოებით 11 წელი. ჩვეულებრივ ლაქები გვხვდება ე. წ.
“სამეფო ზონებში”, რომელიც მდებარეობს განედის 5 და 30 შორის მზის
ეკვატორის ორივე მხარეს. ციკლის დასაწყისში ლაქების მდებარეობის განედი
უფრო მაღალია, ვიდრე ციკლის ბოლოს.
1922 წელს ე. მაუნდერის მიერ შედგენილი იყო დიაგრამა, რომელიც ასახავდა
ამ კანონზომიერებას, რომელსაც ეწოდა „მაუნდერის პეპლების“ დიაგრამა.
მზის ფოტოსფეროში ლაქების გარშემო დაიკვირვება ჩირაღდნები – კაშკაშა
წარმონაქმნები. ჩირაღდნების ტემპერატურა გარემომცველ გარემოსთან
შედარებით დაახლოებით 2 000 K–ით მეტია. ჩირაღდნები არის გაძლიერებული
მაგნიტური ველის არეები, მაგრამ აქ მაგნიტური ველი ლაქებთან შედარებით
სუსტია. თუ მაგნიტური ველის ენერგია საკმარისად დიდია, მაშინ ნივთიერების
მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ძალწირების გასწვრივ. მაგნიტურ ველს
ჩირაღდნის არეში არ ძალუძს შეაჩეროს ძლიერი კონვექციური მოძრაობა, თუმცა
მას აძლევს უფრო მოწესრიგებულ ხასიათს. კონვექციური ნაკადების
მოწესრიგემული მოძრაობა საშუალებას აძლევს გაზს გადაიტანოს ენერგიის
შედარებით დიდი ნაკადი. ლაქათა რაოდენობის მსგავსად, ჩირაღდნების
რაოდენობა დამოკიდებულია მზის აქტივობის ციკლის ფაზაზე.
ფოტოსფეროს ზემოთ მდებარეობს ქრომოსფერო. ქრომოსფეროს
ტემპერატურა სიმაღლესთან ერთად იზრდება 6 000 K-დან 15 000-20 000 K-მდე.
ქრომოსფერო ჩვეულებრივ პირობებში არ მოჩანს. მზის სრული დაბნელების დროს,
როცა მთვარის დისკო ფარავს მზის უკანასკნელ სხივს, კორონის გამოჩენამდე, 1-2
წამის განმავლობაში მოჩანს ქრომოსფერო. სპეციალური შუქფილტრების
გამოყენებით შესაძლებელია ქრომოსფეროს დაბნელების გარეშე დაკვირვებაც.
მზის დისკოს კიდეზე ქრომოსფერო ერთგვარად დაკბილულია და
წარმოადგენს თითქოს ალისფერი „ენების“ ერთობლიობას, რომლებიც
განუწყვეტლივ მოძრაობენ და სახეს იცვლიან. ეს ქრომოსფერული სპიკულებია.
სპიკულები - გაზის ვერტიკალური სვეტებია, რომელიც მაგნიტური ველის
ზემოქმედების შედეგად გამოიტყორცნებიან ქვედა ქრომოსფეროდან და
რამოდენიმე წუთში უკანვე ეშვებიან. მზის სპიკულების სიცოცხლის
ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 5-10 წუთს.
ქრომოსფერუ;ი წარმონაქმნებია პროტუბერანცებიც. ეს არის წარმონაქმნები
მზის ატმოსფეროში, რომელთაც აქვთ ქრომოსფეროს ტემპერატურა და სიმკვრივე,
მაგრამ ისინი მდებარეობენ მის ზემოთ და გარემოცულნი არიან მზის ატმოსფეროს
შედარებით გაიშვიათებული ფენებით. ტიპიურ პროტუბერანცს აქვს გიგანტური
მანათობელი მარყუჟის ფორმა, რომელიც ეყრდნობა ქრომოსფეროს და შედგება
შედარებით მკვრივი და ცივი გაზის ნაკადებისაგან. მზის ატმოსფეროს სხვა
წარმონაქმნების მსგავსად, პროტუბერანცების რაოდენობაც დამოკიდებულია მზის
აქტივობის ციკლზე.
პროტუბერანცები გამოირჩევა ფორმების მრავალფეროვნებით. მათი დაყოფა
ხდება შემდეგ კლასებად:
• წყნარი
• აქტიური
• ერუფციული (ამოფრქვეული)
• კორონული (მარყუჟისმაგვარი)
წყნარ პროტუბერანცებში ნივთიერების მოძრაობა და ფორმის ცვლილება
ნელა ხდება; მათი არსებობის ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე კვირას და
შესაძლოა რამოდენიმე თვესაც. წყნარი პროტუბერანცები დაიკვირვება ყველა
ჰელიოგრაფიულ განედზე. ისინი წარმოიქმნებიან ლაქათა ჯგუფებიდან
მოშორებით ან მათ მახლობლად ლაქათა ჯგუფის განვითარების გვიან სტადიაზე.
მათი საშუალო ტემპერატურაა 15 000 К. ზოგიერთი წყნარი პროტუბერანცი ნელა
გადაადგილდება მზის პოლუსებისაკენ, თანდათანობით იღებს აღმოსავლეთ-
დასავლეთ ორიენტაციას და მას შემდეგ, რაც ის მიაღწევს პოლარულ არეს,
შესაძლებელია მან კიდევ 5 თვემდე იარსებოს.
აქტიურ პროტუბერანცებში ხდება ნივთიერებათა ნაკადების საკმაოდ
სწრაფი მოძრაობა. აქტიურ პროტუბანცებში დაიკვირვება სწრაფი ცვლილებები და
ნივთიერების აქტიური მოძრაობები. მათი საშუალო ტემპერატურაა 25 000 К.
ზოგიერთი წყნარი პროტუბერანციც გაივლის აქტიურ სტადიას, რაც
შესაძლებელია გაგრძელდეს რამოდენიმე ათეული წუთიდან რამოდენიმე დღემდე.
ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია მათი სრული გაქრობით ან
ერუფციულ პროტუბერანცად გარდაქმნით დასრულდეს.
ერუპციული (ამოფრქვეული) პროტუბერანცები მოგვაგონებენ დიდ
შადრევნებს, რომელთა სიმაღლე მზის ზედაპირიდან ზოგჯერ მლნ კმ-მდეც კი
აღწევს. მათში ნივთიერების მოძრაობა ხდება სწრაფად. ნივთიერება ამოიფრქვევა
რამოდენიმე ასეული კმ/სეკ სიჩქარით. ერუპციული პროტუბერანცები საკმაოდ
სწრაფად იცვლიან ფორმას. სიმაღლის ზრდასთან ერთად პროტუბერანცი
სუსტდება და მისი ნივთიერება გაიფანტება. ერუპციული პროტუბერანცების
სიცოცხლის ხანგრძლივობა არაა დიდი.
კორონული (მარყუჟისმაგვარი) პროტუბერანცები წარმოიქმნება
ქრომოსფეროს ზემოთ კორონაში მცირე ზომის მანათობელი ღრუბლების სახით.
დროთა განმავლობაში ეს მცირე ზომის ღრუბლები ერთიანდებიან ერთ დიდი
ღრუბლად. დიდი ღრუბლიდან ქვემოთ (ქრომოსფეროში) ჩამოედინება
მანათობელი ნივთიერების ნაკადები. ანუ კორონაში თითქოს და არაფრისაგან
წარმოიქმნება კაშკაშა ცენტრები, საიდანაც ნივთიერება ქრომოსფეროში ჩაედინება
მარყუჟის მსგავს ტრაექტორიაზე. მსგავსი პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს
რამოდენიმე საათის განმავლობაში.
მზის ამოფრქვევა ენერგიის გამოყოფის სიმძლავრის მიხედვით უნიკალური
პროცესია მზის ატმოსფეროში. მზის ამოფრქვევისას გამოიყოფა დიდი ენერგია
ელექტრომაგნიტური სპექტრის მთელ დიაპაზონში (ულტარიისფერი,
რენტგენული, გამა-გამოსხივებიდან მოყოლებული მეტრული რადიოტალღების)
გამოსხივების სახით. ამოფრქვევის მაქსიმალური ფაზა რამოდენიმე წუთიდან
რამოდენიმე ათეული წუთის განმავლობაში გრძელდება.
მძლავრი ამოფრქვევები მოჩანს „თეთრ სინათლეშიც“ კაშკაშა ფოტოსფეროს
ფონზე, მაგრამ მსგავსი მოვლენა იშვიათია. ხილულ სინათლეში ამოფრქვევის
დროს ჩვეულებრივ გამოსხივების მნიშვნელოვანი გაზრდა არ ხდება. მძლავრი
ამოფრქვევის დროს ძირითადი ენერგია გამოიყოფა ულტარიისფერ, რენტგენულ
და რადიო დიაპაზონში. განსაკუთრებით ძლიერი მზის ამოფრქვევის შედეგად
დედამიწის ზედაპირზე შეიძლება განვითარდეს მაგნიტური ქარიშხალი ან
სუბქარიშხალი და მის პოლარულ არეებში დაკვირვებული იქნას პოლარული
ციალი.
თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით რენტგენულ სიკაშკაშის მიხედვით
მზის ამოფრქვევები იყოფა ჯგუფებად და სიკაშკაშის მიხედვით მზის ამოფრქვევას
ენიჭება ენიჭება – ლათინური ანბანის ასო და რიცხვითი ინდექსი. გამოიყენება
შემდეგი ასოები A, B, C, M ან X.
• X კლასის ამოფრქვევები - ძალიან ძლიერი, შეუძლიათ მთელ დედამიწაზე
წარმოქმნან რადიო შეფერხებები და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხლები;
• M კლასის ამოფრქვევები - საშუალო სიმძლავრის, იწვევენ რადიო კავშირის
ხანმოკლე შეფერხებებს პოლარულ არეებში და ზოგჯერ წარმოქმნიან მცირე
მაგნიტურ ქარიშხლებს;
• C კლასის ამოფრქვევები - მცირე სიმძლავრის, ჩვენი პლანეტისათვის
მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე.
ყველაზე სუსტია A კლასის ამოფრქვევები. A და B კლასის ამოფრქვევები
ზეგავლენას დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებზე არ ახდენს.
მზის ატმოსფეროს ყველაზე გარე ფენაა კორონა. ქრომოსფეროსა და კორონას
შორის მოთავსებულია თხელი გარდამავალი ფენა. ხანგრძლივი დროის
განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა თუ როგორ ხდება ფოტოსფეროს ზემოთ
ტემპერატურის ცვლილება. ბირთვიდან ფოტოსფერომდე ტემპერატურა
თანდათანობით ეცემა, მინიმალურ მნიშვნელობას (4 400 K) აღწევს ქვედა
ქრომოსფეროში, შემდეგ კი ტემპერატურა იზრდება ჯერ ნელა, შემდეგ კი
ექსტრემალურად სწრაფად. ტემპერატურა ექსტერმალურად იზრდება ვიწრო
გარდამავალ ფენაში, რომელიც მოთავსებულია ქრომოსფეროსა და კორონას შორის.
კორონა არის მზის ატმოსფეროს ყველაზე გარე ფენა. მასში ტემპერატურა 70
000 კმ მანძილზე მზის ზედაპირიდან აღწევს 2 მილიონ კელვინამდე, ხოლო შემდეგ
იწყებს კლებას. კორონაში შედარებით ხშირია ატომების შეჯახებები. შეჯახების
ძალები ისეთი დიდია, რომ მსუბუქი ელემენტების ატომები პრაქტიკულად
სრულად კარგავენ თავიანთ ელექტრონებს და მათგან რჩება მხოლოდ „შიშველი“
ბირთვები.
კორონის სიკაშკაშე მილიონჯერ ნაკლებია მზის ფოტოსფეროს
სიკაშკაშესთან შედარებით, სწორედ ამიტომ კორონა არ მოჩანს მზის სრული
დაბნელების ან რაიმე სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე.
კორონაში კარგად მოჩანს მისი სტრუქტურული დეტალები. ძირითადი
სტრუქტურები, რომლებიც დაიკვირვება კორონაში არის კორონული მარყუჟები,
კორონული ხვრელები, სტრიმერები და სხვ.
კორონა ფაქტობრივად შედგება კორონული მარყუჟებისაგან, რომლებიც
წარმოადგენენ მაგნიტური ველის მარყუჟებს მაღალი სიმკვრივის პლაზმით. ისინი
წარმოადგენენ მაგნიტური ველის ჩაკეტილ სტრუქტურებს.
კორონული ხვრელების სიმკვრივე და ტემპერატურა გარემომცველი
კორონის ნივთიერებასთან შედარებით შესამჩნევად ნაკლებია, მიუხედავად იმისა,
რომ ენერგიის ნაკადი, რომელიც ფოტოსფეროდან კორონაში აედინება,
სავარაუდოდ, ერთნაირია კორონულ ხვრელებში და მის გარეთ. მოგვიანებით
მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ საკმაო ენერგია იხარჯება მზის ქარის
წარმოქმნასა და აჩქარებაზე, რომელიც გამოედინება ძირითადად კორონული
ხვრელებიდან.
ჩვეულებრივ, კორონული ხვრელები დაიკვირვება მზის პოლარულ არეებში
აქტივობის მინიმუმის განმავლობაში და ისინი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში არსებობენ. კორონული ხვრელების რაოდენობა, ზომა და
მდებარეობა დამოკიდებულია მზის აქტივობის ციკლზე. მინიმუმის დროს,
როდესაც მზის აქტივობა დაბალია, პოლუსებთან დაიკვირვება ყველაზე დიდი
ზომის კორონული ხვრელები. აქტივობის გაზრდასთან ერთად კორონული
ხვრელები გადმოინაცვლებენ დაბალ განედებზეც.
სტრიმერები არის მზის კორონის წარმონაქმნები, რომლებიც შესაძლებელია
მდებარეობდნენ როგორც აქტიურ არეებში, ისე წყნარი მზის პირობებში.
კორონული სტრიმერები შესაძლებელია წარმოიქმნას ნებისმიერ განედზე და
კარგად მოჩანს მზის კიდეზე.
მზის ზედაპირზე აქტივობის ცენტრების (ლაქების და ჩირაღდნების) გაჩენას
თან ახლავს მათ ზემოთ კორონული კონდენსაციის წარმოქმნა, რომელიც თითქოს
ფარავს აქტიურ არეს. კორონული კონდენსაციები არის კორონის აქტიური არეებში
ცხელი პლაზმის შემკვრივებული არეები. მათი ტემპერატურა არის 1.5-2,5 მლნ K
და შესაძლოა, უფრო მეტიც. კორონული კონდენსაციები საშუალოდ არსებობენ
რამოდენიმე დღის განმავლობაში.
მზის კორონული მასის გამოტყორცნა არის მზის ატმოსფეროდან
ნივთიერების უზარმაზარი მოცულობის გამოტყორცნა. მზის ამოფრქვევებისაგან
განსხვავებით, რომლის დროსაც მზის აქტიურ არეებში დაგროვილი მაგნიტური
ენერგია ძირითადად იხარჯება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე, კორონული
მასის გამოტყორცნისას ეს ენერგია ხმარდება ნივთიერების უზარმაზარი მასის
აჩქარებას. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ კორონული მასის გამოტყორცნა
გამოწვეული იყო მზის ამოფრქვევის მაღალი ტემპერატურით, მაგრამ მალე
ნათელი გახდა, რომ ყველა კორონული მასის გამოტყორცნა არ იყო
დაკავშირებული ამოფრქვევებთან და ის, რომელიც იყო დაკავშირებული
ამოფრქვევებთან, ხშირად ამოფრქვევაზე უფრო ადრეც კი ხდებოდა.
მზის შიგნით მიმდინარეობს რთული პროცესები, რის შედეგადაც
განუწყვეტლივ გამოიყოფა ენერგია. მზის შიდა მოცულობა შეიძლება დაიყოს ოთხ
ზონად; მათში ნივთიერება განსხვავდება თვისებების მიხედვით და ენერგიის
გავრცელებაც ხდება სხვადასხვა მექანიზმების დახმარებით. მზის ცენტრალურ
არეში მოთავსებულია მისი ენერგიის ძირითადი წყარო, მზის ბირთვი, რომელში
მიმდინარე თერმობირთვული რეაქციების შედეგად გამოიყოფა ენერგია, რომლიც
იწვევს მის გახურებას.
ბირთვში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რომლის შედეგადაც
წარმოიქმნება ჰელიუმის ერთი ატომი. მზის ბირთვში ყოველ წამში 4.26 მილიონი
ტონა ნივთიერება გარდაიქმნება ენერგიად, რაც ძალიან მცირეა მზის მასასთან
შედარებით. 1,0078 გრამი წყალბადი გარდაიქმნება 1,0000 გრამ ჰელიუმად, ხოლო
დარჩენილი მასა გარდაიქმნება ნაწილაკების კინეტიკურ და რადიაციის ენერგიად.
მზის ბირთვში წარმოქმნილი ენერგიის გადაცემა გარე ფენებისათვის
გამოსხივების საშუალებით ხდება. ამ ზონას ეწოდება სხივური ზონა. სხივური
ზონის პირობებში შეუძლებელია ენერგიის გადატანა ნივთიერების შერევით,
ვინაიდან წყალბადი იმდენად არის შეკუმშული, რომ, მეზობელ პრტონებს არ
შეუძლიათ ადგილების გაცვლა. ამიტომ ამ ზონაში ენერგიის გადატანა ხდება
ნაწილაკების ცალკეული ფენების მიერ ფოტონების თანმიმდევრული შთანთქმისა
და გამოსხივების გზით.
ზედაპირთან ახლოს სითბოს გადაცემაში მონაწილეობას ღებულობენ
პლაზმის კონვექციური ნაკადები და ფენას, სადაც ეს ხდება, ეწოდება კონვექციური
ზონა. აქ ენერგიის გადატანა ხდება კონვექციის გზით. მზის ცენტრში წარმოიქმნება
გამა–კვანტები, რომლებიც შთაინთქმება ნივთიერების ნაწილაკების მიერ. ამის
შემდეგ აღგზნებული ნაწილაკი გამოასხივებს სინათლის ახალ კვანტს, რომლის
მიმართულება არაფრით არის დამოკიდებული შთანთქმული კვანტის
მიმართულებაზე. გამოსხივებულმა კვანტმა შესაძლოა შეაღწიოს სხივური ზონის
პლაზმის მომდევნო შრეში ან გადაადგილდეს მზის ქვედა ფენებში. ამის გამო
დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში მრავალჯერ ხელახლა გამოსხივებული
კვანტი მიაღწევს კონვექციურ ზონას, შეიძლება განისაზღვროს მილიონობით
წლით. საშუალოდ ეს პერიოდი შეადგენს 170 ათას წელს.
ეგზოპლანეტები და მათი აღმოჩენი მეთოდები
მეოცე საუკუნის ბოლომდე მზის გარდა სხვა ვარსკვლავების გარშემო
პლანეტური სისტემების არსებობა უფრო ფილოსოფიურ საკითხს წარმოადგენდა,
ვიდრე სამეცნიეროს. ცნობილი იყო მხოლოდ ერთადერთი პლანეტური სისტემა –
მზის სისტემა. თუმცა როგორც კი გაჩნდა იდეა, რომ ვარსკვლავები - შორეული
მზეებია, გამოითქვა მოსაზრება, მათ ირგვლივ ეგზოპლანეტების მოძრაობისა და
მათზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ (ეგზოპლანეტა არის მზის სისტემის
გარეთ, ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა). ვინაიდან ეგზოპლანეტები
ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად კაშკაშაა და ძალიან მცირე ზომისაა, ხოლო
თვითონ ვარსკვლავები ძალიან შორს მდებარეობენ მზიდან, ამიტომ ხანგრძლივი
დროის განმავლობაში სხვა ვარსკვლავების მახლობლად ეგზოპლანეტების აღმოჩენა
წარმოადგენდა გადაუჭრელ პრობლემას. მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს მოხდა
შესაძლებელი შორეული ვარსკვლავების ირგვლივ მოძრავი ეგზოპლანეტების
აღმოჩენა.
მზის სისტემის გარეთ პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენა მოხდა 1992 წელს.
აღმოჩენილი იყო სამი დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა პულსარის PSR 1257+12
(პულსარი არის სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც უშვებს
რადიოგამოსხივების მკაცრად პერიოდულ იმპულსებს, რომლის პერიოდიც
პულსარის ბრუნვის პერიოდის ტოლია) ირგვლივ. ამ პულსარის ირგვლის სულ სამი
ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი. ეს იყო ძალიან მოულოდნელი, რადგან ვარაუდობდნენ,
რომ პლანეტური სისტემების არსებობა შესაძლებელი იყო მხოლოდ მთავარი
მიმდევრობის ვარსკვლავების ირგვლივ.
პირველი ეგზოპლანეტა მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის მალობლად
აღმოჩენილი იქნა 1995 წ. ეს არის 51 Pegasi b.
სხვა პლანეტური სისტემები შეიძლება იყოს:
• ერთი ან რამოდენიმე ეგზოპლანეტის შემცველი პლანეტური სისტემები;
• პლანეტური სისტემები ორი ან მეტი ვარსკვლავით;
• პლანეტური სისტემები ზედაპირზე წყლის სტაბულურად არსებობისათვის
შესაფერისი პირობებით, რაც აუცილებელია სიცოცხლისათვის.
ზოგადად ცნობილია, რომ ვარსკვლავები წარმოიქმნებიან, განიცდიან
ევოლუციას და შემდგომ კვდებიან. შესაბამისად, ვარსკვლავებთან ერთად იბადებიან
პლანეტური სისტემები. პლანეტური სისტემის ევოლუციის ზოგადი სურათი
შემდეგია: კოსმოსში არის გაზოვან-მტვროვანი ღრუბელი, რომელიც საკუთარი
გრავიტაციის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას, რაღაც მომენტში გამოიყოფა
ცენტრალური ობიექტი, რომელიც გარდაიქმნება ვარსკვლავად და დისკი, რომელშიც
წარმოიქმნება პლანეტური სისტემა და კომეტები, ასტეროიდები და ყველა ის მცირე
ზომის ობიექტები, რაც შესაძლებელია არსებობდეს პლანეტურ სისტემაში.
ხარისხობრივად ეს სურათი არ შეცვლილა, მაგრამ არის მრავალი დეტალი და
სიახლეები, დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ეგზოპლანეტების სისტემების
აღმოჩენასთან. პირველი დეტალია - თოვლის ხაზი. იდეა ძალიან მარტივია: თუ
ჩვენთან ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა ხდება დროში,
პროტოპლანეტურ დისკში ისინი სივრცეშია იმ გაგებით, რომ ვარსკვლავთან ახლოს
არის ზაფხული, ხოლო შორს - ზამთარი. შესაბამისად, სადღაც იქნება საზღვარი,
რომელიც წარმოადგენს ე. წ. თოვლის ხაზს. ვარსკვლავთან ახლოს წარმოუდგენელია
ყინულის, ხოლო - მისგან შორს ნივთიერების გაზოვან მდგომარეობაში არსებობა. თუ
ავიღებთ მზის ტიპის ვარსკვლავს, თოვლის ხაზი დაახლოებით 5 ა. ე.-ზე გადის.
მზის სისტემაში პლანეტების სამი ტიპი გვხვდება. ესაა მცირე ზომის რკინა-
კლდოვანი პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი და ოთხი გიგანტი:
იუპიტერი და სატურნი - გაზოვანი გიგანტები და ურანი და ნეპტუნი - ყინულოვანი
გიგანტები.
აღმოჩნდა, რომ ეგზოპლანეტები გაცილებით მრავალფეროვანია, თუმცა
შესაძლებელია მათი დაყოფაც სამ ჯგუფად.
პირველი ჯგუფია პლანეტა გიგანტები, რომელთა მასა იუპიტერის 0.19-დან 13
მასამდეა. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ძირითადად შედგებიან წყალბადისა
და ჰელიუმისაგან და სწრაფად ბრუნავენ. პლანეტის წიაღში წარმოქმნილი ძალიან
მაღალი წნევის გამო წყალბადი გადადის მეტალურ ფაზაში. მათი რადიუსები
იუპიტერის რადიუსის 0.3-დან 1-მდე იცვლება. სავარაუდოდ, ყველა პლანეტა
გიგანტისათვის დამახასიათებელია ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც მასის
ზრდასთან ერთად ძლიერდება.
გამონაკლისს წარმოადგენენ ე. წ. „ცხელი იუპიტერები“ - რომლებიც ძალიან
ახლო მანძილზე მდებარეობენ ვარსკვლავთან, ამიტომ მათი ტემპერატურა ძალიან
მაღალია.
ცხელი იუპიტერები - არის პლანეტა-გიგანტები 10 დღეზე ნაკლები
გარშემოვლის პერიოდით. ვარსკვლავიდან 1 ა. ე. ნაკლებ მანძილზე მდებარეობენ.
ცხელი იუპიტერების აღმოჩენა უფრო მარტივია და ამიტომ ისინი დომინირებდნენ
აღმოჩენილ ეგზოპლანეტებს შორის.
ფაქტი, რომ ცხელი იუპიტერები ძალიან ახლოს, 1 ასტრონომიულ ერთეულზე
ნაკლებ მანძილზე მდებარეობენ ვარსკვლავთან, ძალიან უცნაურია, ვინაიდან ეს
ეგზოპლანეტები ამ მანძილზე ვერ უნდა წარმოქმნილიყვნენ, ვინაიდან გრავიტაცია,
რადიაცია და ინტენსიური ვარსკვლავური ქარი ამ არეში უნდა ხელს უშლიდეს გაზის
შემკვრივებას. ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, რომ ცხელი იუპიტერები წარმოიქმნება
ვარსკვლავიდან მოშორებით, სადაც საკმარისადაა საშენი მასალა და შემდეგ მიგრაციას
განიცდიან ვარსკვლავის ახლო ორბიტაზე.
ეგზოპლანეტების მეორე ჯგუფია ნეპტუნები, რომელთა მასა დედამიწისა და
ნეპტუნის მასებს შორისაა მოთავსებული. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით
ძირითადად შედგებიან ყინულისაგან და კლდოვანი ქანებისაგან. წყალბადისა და
ჰელიუმის წილი არ აღემატება 15-20%-ს. წიაღში წნევა არასაკმარისია წყალბადის
მეტალურ ფაზაში გადასვლისათვის. მათი რადიუსი ახლოსაა დედამიწის 4
რადიუსთან. საშუალო სიმკვრივე შეადგენს 1.3-2.2 გ/სმ3 . მაგნიტური ველი
განსხვავდება დიპოლურისაგან.
პლანეტები მასით დედამიწასა და ნეპტუნს შორის არ გვხვდება მზის სისტემაში,
მაგრამ როგორც ჩანს, გავრცელებულია სამყაროს სხვა არეებში.
ნეპტუნების ჯგუფს მიეკუთვნება მინი ნეპტუნები და ცხელი ნეპტუნები. მინი
ნეპტუნების მასა ნაკლებია ურანის მასაზე. მათ აქვთ კლდოვანი ბირთვი და
გარშემორტყმულია მკვრივი ატმოსფეროთი, რომელიც ძირითადად შედგება
წყალბადისა და ჰელიუმისაგან.
ცხელი ნეპტუნებს მიეკუთვნება ურანის ან ნეპტუნის მასის მქონე
ეგზოპლანეტები. ისინი 1 ა. ე. მანძილზე უფრო ახლოს მდებარეობენ ვარსკვლავთან.
შედგებიან ბირთვისა და გარემომცველი მკვრივი ატმოსფეროსაგან, რომელიც
ეგზოპლანეტის ზომის უდიდეს ნაწილს იკავებს. მისი ატმოსფერო ძირითადად
ჰელიუმისაგან შედგება.
ეგზოპლანეტების მესამე ტიპია დედამიწის ტიპის პლანეტები, მასით ნაკლები
10 დედამიწის მასაზე. ისინი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ძირითადად
შედგებიან სილიკატებისა და რკინისაგან. მათი საშუალო სიმკვრივე შეადგენს 3.5 - 6
გ/სმ3 . მათ შორისაა სუპერდედამიწები - ეს არის ეგზოპლანეტები მასით 5-დან 10
დედამიწის მასამდე. პირველი აღმოჩენილი ეგზოპლანეტა პულსარის PSR B1257+12
მახლობლად სწორედ სუპერდედამიწას წამოადგენდა.
სუპერდედამიწებს შესაძლებელია ჰქონდეთ სხვადასხვა შემადგენლობა:
შესაძლებელია იყონ კლდოვანი, ჰქონდეთ ფართო გაზოვანი გარსი, ზოგიერთი
მათგანი, ვენერას მსგავსად, დაფარულია მკვრივი ღრუბლებით. სუპერდედამიწები
საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მზის სისტემაში მსგავსი სხეულები არ დაიკვირვება.
სავარაუდოდ, მზის სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს და სხვა
პლანეტური სისტემების ეგზოპლანეტებსაც უნდა გააჩნდეთ თანამგზავრები.
პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრების წარმოქმნის სამი მექანიზმი განიხილება:
• თანამგზავრის პლანეტის მახლობელი დისკიდან ფორმირება;
• თანამგზავრის ფორმირება შეჯახების შედეგად;
• ახლოს ჩავლილი ობიექტის მიტაცება;
თანამგზავრები პლანეტებზე მცირე ზომისანი არიან და მათი აღმოჩენა
ტექნიკურად საკმაოდ რთულია.
2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის
მიერ აღმოჩენილი 284 ეკზოპლანეტის შესწავლის შედეგად მოხერხდა ეგზომთავრის
კანდიდატის აღმოჩენა. მაღალი სიზუსტით ეგზოპლანეტების მიერ ვარსკვლავის
ტრანზიტის დაწყების კვლევის შედეგად, Kepler 1625 b ეგზოპლანეტისათვის
გამოვლინდა უცნაური ანომალია: თუ სხვა ეგზოპლანეტები მკაცრი პერიოდულობით
იწვევდნენ ვარსკვლავის სიკაშკაშის შესუსტებას, ეგზოპლანეტა Kepler 1625 b
ვარსკვლავს ფარავდა მცირე გადახრებით - ხან უფრო ადრე, ხან კი დაგვიანებით.
2022 წლისათვის აღმოჩენილი და დადასტურებულია დაახლოებით 5000
ეგზოპლანეტა. მათგან ზოგი იუპიტერის მსგავსად მასიურია, მაგრამ გაცილებით
ახლო ორბიტაზეა ვარსკვლავთან, ვიდრე მერკური მდებარეობს მზიდან. სხვა
ეგზოპლანეტები კლდოვანი ან ყინულოვანია, ხოლო ზოგერთის ანალოგი მზის
სისტემაში საერთოდ არ მოიძებნება. ეგზოპლანეტები ძირათადად შედგება იმავე
ელემენტებისაგან, რისგანაც შედგება მზის სისტემის პლანეტები, თუმცა მათში
განაწილება ამ ელემენტებისა სხვაგვარია, რის გამოც თითოეული ეგზოპლანეტა იძენს
უნიკალურ თვისებებს. ეგზოპლანეტების კანდიდატების რაოდენობა გაცილებით
დიდია. მათთვის ეგზოპლანეტის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა მათი
ხელმეორედ რეგისტრაცია დედამიწაზე არსებული ტელესკოპების დახმარებით.
ეგზოპლანეტების რაოდენობა ირმის ნახტომში შეფასებულია 100 მილიარდით,
რომელთაგან 5–დან 30 მილიარდამდე დედამიწის მსგავსია. აგრეთვე შეფასების
მიხედვით, მზის მაგვარი ვარსკვლავებიდან 34%-ს „სასიცოცხლო ზონაში“ აქვთ
ეგზოპლანეტები.
აღმოჩენილ ეგზოპლანეტებს ენიჭებათ სახელები, რომელიც შედგება
ვარსკვლავის სახელწოდებისაგან, რომლის ირგვლივ ბრუნავს ეგზოპლანეტა. ამ
სახელწოდებას ემატება ლათინური ანბანის ასო, დაწყებული „b“-დან, მომდევნო
პლანეტას ემატება “c”, შემდეგ „d“ და ა. შ. ანბანის მიხედვით. ამასთან „a“ არ
გამოიყენება, რადგან მის ქვეშ იგულისხმოდა თვითონ ვარსკვლავი. ამასთან
ეგზოპლანეტებს ენიჭებათ სახელები აღმოჩენის თანმიმდევრობით, ანუ შეიძლება “c”
იყოს უფრო ახლოს ეგზოპლანეტასთან, ვიდრე „b“. თუ ერთ სისტემაში ერთდროულად
მოხდა ორი ეგზოპლანეტის აღმოჩენა, მაშინ სახელის მინიჭება მოხდება
ვარსკვლავიდან დაშორების მიხედვით. რამდენიმე ეგზოპლანეტას საკუთარი
სახელიც აქვს მინიჭებული.
ჩვენი უახლოესი ეგზოპლანეტა - პროქსიმა ცენტავრა b აღმოჩენილი იყო 2016
წელს. ეს არის დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტა და ის წარმოადგენს
პოტენციურად ვარგის პლანეტას კოლონიზაციისათვის. თავდაპირველად მეცნიერები
თვლიდნენ, რომ მასზე პირობები ძალიან მკაცრია სიცოცხლის არსებობისათვის,
მაგრამ ახალი კვლევები აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, მის ზედაპირზე
შესაძლებელია არსებობდეს თხევადი წყალიც კი.
ეგზოპლანეტის ან მისი თანამგზავრის სიცოცხლისათვის გამოსადეგობის
ინდექსი (Earth Similarity Index, ESI) შემუშავებული იქნა მეცნიერთა ჯგუფის მიერ,
რომელშიც შედიოდნენ ასტრონომები, პლანეტოლოგები, ბიოლოგები და ქიმიკოსები.
ამ ინდექსმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა დედამიწის
ზედაპირის მსგავსი პირობების არსებობა სხვა ციურ სხეულებზე. ვინაიდან
ემპირიულად ცნობილია, რომ მხოლოდ დედამიწაზეა უზრუნველყოფილი
სიცოცხლის არსებობისათვის საჭირო პირობები, ციური სხეულებისათვის ეს ინდექსი
ემყარება დედამიწასთან მათი ფიზიკური მსგავსების რამოდენიმე ფაქტორს,
როგორიცაა ზომა, მასა, სიმკვრივე, დაშორება ვარსკვლავიდან და ზედაპირის
ტემპერატურა. დედამიწისათვის ეს ინდექსი მაქსიმალური მნიშნელობისაა და ტოლია
1-ისა.
მიუხედავდ საკმაო მიღწევებისა ეგზოპლანეტების აღმოჩენაში, მაინც არ არის
პასუხი გაცემული კითხვაზე: მზის სისტემა ტიპიური ნორმალური სისტემაა, თუ
მსგავსი სისტემები იშვიათობას წარმოადგენს?
ეგზოპლანეტების აღმოჩენა ორი მიზეზით არის რთული: ეგზოპლანეტა მცირე
ზომისაა, ანათებს სუსტად, მხოლოდ ვარსკვლავიდან დაცემული არეკლილი
სინათლის დახმარებით. მის აღმოჩენას გაცილებით ართულებს მისი სიახლოვე
კაშკაშა ვარსკვლავთან. ხშირ შემთხვევაში, იგივე სიკაშკაშის მქონე ეგზოპლანეტა რომ
მდებარეობდეს ვარსკვლავიდან მოშორებით, მისი დანახვა შესაძლებელი იქნებოდა,
მაგრამ კაშკაშა ვარსკვლავთან მისი სიახლოვე ამის საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ
ამ მიზეზების გამო ეგზოპლანეტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი არის
დაკვირვებული პირდაპირი მეთოდით. სხვა ყველა დანარჩენი ეგზოპლანეტა
აღმოჩენილია ირიბი მეთოდებით, რაც მდგომარეობს იმის აღმოჩენაში, თუ რა
ზეგავლენას ახდენს ვარსკვლავზე მის ირგვლივ ორბიტაზე მოძრავი ეგზოპლანეტა.
მიუხედავად სირთულეებისა, სპეციალურ პირობებში, მოხერხდა ზოგიერთი
ეგზოპლანეტის უშუალო დაკვირვება. ყველაზე მარტივია გამოსახულების მიღება იმ
შემთხვევაში, თუ ეგზოპლანეტა საკმარისად დიდია საკმაოდ არის დაშორებული
ვარსკვლავიდან, აქვს მაღალი ტემპერატურა და ასხივებს ინფრაწითელ სინათლეს.
პირველად ეგზოპლანეტის პირდაპირი გამოსახულება მიღებული იყო 2008
წელს ვარსკვლავისათვის HR 8799.
2018 წელს მოხერხდა ეგზოპლანეტის Beta Pictoris b პირდაპირი გადაღება.
ეგზოპლანეტა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში არ მოჩანდა და შემდგომ
გამოჩნდა ვარსკვლავის მეორე მხარეს. ვარსკვლავი Beta Pictoris 1.75-ჯერ მძიმეა და
ცხრაჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მზე. ეგზოპლანეტის Beta Pictoris b მასა იუპიტერის 6-
13 მასის ტოლია, მისი გარშემოვლის პერიოდი - 17 წელია.
მზის სისტემის გარეთ ეგზოპლანეტების ძიების პირდაპირი მეთოდის გარდა
არის სხვადასხვა ირიბი მეთოდები, რა დროსაც ხდება არა უშუალოდ ეგზოპლანეტის,
არამედ ვარსკვლავზე მისი ზეგავლენის კვლევა ან ცის სფროზე ვარსკვლავის მცირე
გადანაცვლების რეგისტრაცია.
ეგზოპლანეტების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია დოპლერის (რადიალური
სიჩქარის) მეთოდი. ეგზოპლანეტა ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობისას აიძულებს
ვარსკვლავს იმოძრაოს საერთო მასათა ცენტრის ირგვლივ, რის გამოც ვარსკვლავის
სპექტრში სპექტრული ხაზები წანაცვლდება იისფერი არისაკენ, თუ ვარსკვლავი
მოძრაობს ჩვენი მიმართულებით და წითელი არისაკენ, თუ ვარსკვლავი მოძრაობს
ჩვენს საწინააღმდეგო მიმართულებით.
დოპლერის მეთოდი საშუალებას გვაძლევს ადვილად აღმოვაჩინოთ მასიური
ეგზოპლანეტები ვარსკვლავის ახლოს. ვარსკვლვიდან დაშორებული
ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად კი საჭიროა მრავაწლიანი დაკვირვებები. შედარებით
რთულია ისეთი ეგზოპლანეტების აღმოჩენაც, რომელთა ორბიტის დახრა დიდია,
ვინაიდან დედამიწის მიმართ გამოწვეული მათი რხევა ნაკლებია.
ტრანზიტული მეთოდი არის ეგზოპლანეტების ძიებნის მეთოდი,
დამყარებული ვარსკვლავის სიკაშკაშის შესუსტების აღმოჩენაზე, როცა ეგზოპლანეტა
გადის მის დისკოზე.
ვარსკვლავის წერტილოვან დისკოზე შავი წრის დაკვირვება შეუძლებელია,
მაგრამ ვარსკვლავიდან მომავალი სინათლის ნაკადის ოდნავ შემცირების გაზომვა
შესაძლებელია.
ითვლებოდა, რომ საეჭვო იყო მზის სისტემის გარეთ არსებული ჰიპოთეტური
ეგზოპლანეტების აღმოჩენა ტრანზიტის მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან
ტრანზიტის დასაკვირვებლად ორბიტების სიბრტყეების მდებარეობის ხელსაყრელი
პირობების ალბათობა ძალიან დაბალია და ტრანზიტის მოვლენა ხდება ძალიან
იშვიათად.
დაბალ ორბიტული „ცხელი იუპიტერების“ არსებობაზე არავინ ფიქრობდა,
რომელთა ტრანზიტის ალბათობა გაცილებით მაღალია. მოგვიანებით ტრანზიტები
იქცა ასტროფიზიკის მძლავრ ინსტრუმენტად, რომელიც საშუალებას იძლევა
გამოვიკვლიოთ არა მხოლოდ ეგზოპლანეტა, არამედ თვითონ ვარსკვლავიც.
ეგზოპლანეტების საძიებლად გამოიყენება აგრეთვე გრავიტაციული
მიკროლინზირება. გრავიტაციული მიკროლინზირება წარმოიქმნება იმ შემთხვევაში,
როცა ახლოს მდებარე ვარსკვლავის გრავიტაციული ველი ლინზის მსგავსად
მოქმედებს და ამახინჯებს შორეული ვარსკვლავის სინათლეს. მაქსიმალური
დეფორმაცია ხდება, როდესაც ობიექტი ახლოს არის მოთავსებული „ლინზასთან“. თუ
სინათლის წყარო, გრავიტაციული ლინზა და დამკვირვებელი ერთ სწორ ხაზზე
აღმოჩნდნენ, სინათლის სხივები ყველა მხრიდან შემოუვლის ლინზა-ვარსკვლავს და
წარმოქმნის ე. წ. „აინშტაინის ბეჭედს“.
როდესაც სინათლის წყარო ძალიან შორს არის მოთავსებული ლინზა-
ვარსკვლავიდან, გრავიტაციული მიკროლინზირების შედეგად ვარსკვლავიდან ორი
სინათლის სხივი, რომლებიც გაივლის ლინზა-ვარსკვლავის სხვადასხვა მხარეს,
გადაიკვეთებიან წერტილში, სადაც მოთავსებულია დამკვირვებელი და ის დაინახავს
ერთი ვარსკვლავის ორ გამოსახულებას.
თუ სინათლის წყარო, გრავიტაციული ლინზა და დამკვირვებელი ზუსტად ერთ
ხაზზე არ არიან განლაგებულნი, მაშინ დამკვირვებელი რგოლის ნაცვლად დაინახავს
ლინზირებულ რკალს და სინათლის წყარო დაემსგავსება ნაწილობრივ რკალებს. ამ
დროს მაღალი გარჩევადობის ტელესკოპის მქონე დამკვირვებელი დაინახავს ორ
„მთვარის ნამგლად“ გარდაქმნილი ვარსკვლავის გამოსახულებას.
თუ ლინზა-ვარსკვლავს აქვს ეგზოპლანეტა, მისი გრავიტაცია გაამრუდებს
სინათლის ნაკადს და დროებით წარმოქმნის ვარსკვლავის მესამე გამოსახულებას.
დედამიწიდან ეს დაიკვირვება, როგორც სიკაშკაშის დროებითი ჩქაფი, რომელიც
რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე გრძელდება.
ვინაიდან მრავალი კოსმოსური ობიექტის გრავიტაციული ველი არ არის
სფერულ–სიმეტრიული, მიკროლინზირების შედეგად შესაძლებელია წარმოიქმნას
ერთი ობიექტის სხვადასხვა სიკაშკაშის რამოდენიმე გამოსახულება. ამის მაგალითია,
ე. წ. „აინშტაინის ჯვარი“, შემთხვევა, როცა ერთ ობიექტს გააჩნია ოთხი გამოსახულება.
სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მცირე
ორბიტის მქონე ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, გრავიტაციული მიკროლინზირება
გამოსადეგია შორეული ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად. ამ მეთოდის ნაკლია ის, რომ
ეფექტი ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორი ვარსკვლავი ზუსტად ერთ
წრფეზეა მოთავსებული. აგრეთვე პრობლემურია ის ფაქტი, რომ მიკროლინზირების
მოვლენა გრძელდება მხოლოდ რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.
ეგზოპლანეტებისძიების ასტრომეტრული მეთოდი მდგომარეობს ცაზე
ვარსკვლავის ზუსტი მდებარეობის გაზომვაში და იმის განსაზღვრაში, თუ როგორ
იცვლება დროში მისი მდებარეობა. თუ ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს
ეგზოპლანეტა, მისი გრავიტაციული ზემოქმედება გამოიწვევს თვითონ ვარსკვლავის
მოძრაობას პატარა წრიულ ან ელიფსურ ორბიტაზე. შიგნით.
ასტრონომიული მეთოდით ეგზოპლანეტების აღმოჩენის სირთულე
დაკავშირებულია იმასთან, რომ ვარსკვლავების მდებარეობის ცვლილება იმდენად
მცირეა, ხოლო ატმოსფერული და სხვა სისტემატური დამახინჯებები იმდენად
დიდია, რომ დედამიწის ზედაპირზე არსებულ ტელესკოპების გამოყენებით
შეუძლებელია საკმარისი სიზუსტის გაზომვების ჩატარება.
ეგზოპლანეტების საკვლევად პირველი კოსმოსური მისია 2006 წელს იქნა გაშვებული.
ეს იყო მისია სახელად CoRoT (Convection, Rotation and planetary Transits). 2009 წელს
დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების მოძიების მიზნით გაშვებული იქნა მისია Kepler.
2018 წელს გაშვებული იქნა კოსმოსური ზონდი TESS (Transiting Exoplanet Survey
Satellite). JWST (James Webb Space Telescope) - გაშვებული იქნა 2021 წელს. მისია PLATO
(PLAnetary Transits and Oscillations of the Stars) დაგეგმილია 2026 წლისათვის. 2028
წლისათვის დაგეგმილია ევროპული კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ტელესკოპის
ARIEL გაშვება.

You might also like