Professional Documents
Culture Documents
#1. მთარგმნელობითი-პროცესის მიმოხილვა -გიორგი ლობჟანიძე
#1. მთარგმნელობითი-პროცესის მიმოხილვა -გიორგი ლობჟანიძე
(ზოგადი მიმოხილვა)
გიორგი ლობჟანიძე
სწორედ კოლეგიაში დაიწყო ბევრი ისეთი საეტაპო უცხოური ნაწარმოების თარგმნა, რომლის
მშობლიურ ენაზე არსებობაც განსაზღვრავს ამა თუ იმ ერის კულტურულ იერსახეს.
1994 წელს კოლეგია გაუქმდა მის ადგილას კი რამდენიმე ორგანიზაცია წარმოიქმნა. ძველი
კოლეგიის თანამშრომელთა ერთი ნაწილი ახალდაარსებულ არაჩვეულებრივ
ორგანიზაციაში „კავკასიურ სახლში“ გაერთიანდა და კოლეგიის რეალურ
უფლებამონაცვლედაც სწორედ „კავკასიური“ სახლი მოგვევლინა, რომლის საქმიანობაშიც
თარგმანი და თარგმანის გამოცემა ერთერთ მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც არაძირითად
საქმიანობად დარჩა. თუმცა იმ წლებში მაინც „კავკასიურ სახლი“ იყო ერთადერთი
ორგანიზაცია, რომელიც თარგმანის მრავალმხრივი პროცესების შენარჩუნებასა და
განვითარებაზე შეძლებისდაგვარად სრულიად მიზანმიმართულად ზრუნავდა.
ასეთი იყო ჩემთვის ბატონი ვახტანგ ჭელიძე და ეს ცხადია, სრულებითაც არ აკნინებს ერთი
რომელიმე კარგი წიგნის კარგად მთარგმნელის, ვთქვათ, იმავე ვალენტინა ტატიშვილის
პროფესიულ დამსახურებას.
სხვათა შორის, ბოლო ხანს ლუსი კეროლის „ელისი“ ვირტუოზულად თარგმნა გია გოკიელმა,
რომელიც თუნდაც მხოლოდ ეს წიგნი რომ ეთარგმნა, ჩემთვის მაინც იქნებოდა ის, რაც
ნამდვილად არის: თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი საქმის ერთ ერთი ნიშანსვეტი.
გია გოკიელის თარგმანის პარალელურად თითქმის ერთ პერიოდში გაკეთდა კეროლის
კიდევ ერთი ბრწყინვალე ვერსია, დავით ახალაძის თარგმანი; თუმცა აქ ისეთი შემთხვევა
გვაქვს, როცა სამივე ხსენებული თარგმანი ჩვენი ლიტერატურის სიმდიდრეა და ერთმანეთის
ფონზე არც ერთს არ დაუკარგავს დიდი და თავისთავადი მნიშვნელობა, და მითუმეტეს, არ
დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა გამყრელიძის თარგმანს.
გია გოკიელმა კი ასევე ბრწყინვალედ თარგმნა რობერტ ბერნსი. საერთოდ ბერნსის სახელი
საქართველოში ისე გადაეჯაჭვა ინგლისური პოეზიის ვირტუოზული მთარგმნელისა და
თავადაც შესანიშნავი პოეტის თამარ ერისთავის სახელს, რომ ნებისმიერი ახალი მცდელობა
დიდ სითამამეს მოითხოვს და თავიდანვე თითქოს წასაგებად არის განწირული.
სასიამოვნოა, რომ გია გოკიელის თარგმანმა არ წააგო და თამარ ერისთავის თარგმანის
თანაფარდის შთაბეჭდილება დატოვა.
მხოლოდ ჩემს მეხსიერებას ვენდობი და ასეთი რამე, თუ არ ვცდები, კიდევ ერთ შემთხვევაში
მოხდა ქართულ სინამდვილეში. ასევე იქცა სიმღერად, უფრო მეტიც, „ფანოღად“, გრიგოლ
აბაშიძის შანდორ პეტეფის „აბობოქრებულ ზღვაში გატარე“, რომელსაც დღესაც ისე უსმენენ
ქართულ ბაზრობებსა და სამარშრუტო ტაქსებში, როგორც ქართული ხალხური
სიტყვიერების ნიმუშზე შექმნილ მელოდიას.
ხოლო აქვე, რაკი სიტყვა პოეზიის თარგმანზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას, რომ საბჭოთა
პერიოდში ინგლისური პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვან მთარგმნელად, თამარ ერისთავის
უპირობო პირველობის აღიარებით, მაინც გიორგი ნიშნიანიძე და მისი თარგმნილი არაერთი
ინგლისელი თუ ამერიკელი პოეტი მიმაჩნია. გასული საუკუნის 80იან წლებში გიორგი
ნიშნიანიძის მიერ შედგენილი და თარგმნილი „ინგლისური და ამერიკული პოეზიის
ანთოლოგია“ ჩვენი მთარგმნელობითი ლიტერატურის საგანძურს წარმოადგენს.
დავით წერედიანის გარდაცვალებამ 2019 წლის მიწურულს მართლა დიდი ეპოქა დაასრულა
ქართულ მთარგმნელობით ხელოვნებაში. საერთოდ, ბოლო 1 წელიწადი ყველაზე
ტრაგიკული, მგონი, ქართული თარგმანისათვის აღმოჩნდა, რადგან ერთმანეთის
მიყოლებით წავიდნენ საუკეთესო მთარგმნელები: ვახუშტი კოტეტიშვილი, მაგალი თოდუა,
ჯემალ აჯიაშვილი, ბაჩანა ბრეგვაძე, ზეზვა მედულაშვილი, ლია ჩლაიძე, ირინე გოცირიძე და
ბოლოს დავით წერედიანიც, როგორც ლამის უკანასკნელი ბურჯი ტრადიციული ქართული
მთარგმნელობითი სკოლისა, რომლის სიცოცხლეც და არსებობაც თავისთავად იყო ხარისხის
განმსაზღვრელი, მით უფრო, რომ ის უკვე მიღწეულით ტკბობას არასდროს მისცემია და
სიცოცხლის ბოლომდე, სრულიად არამეტაფორულად რომ ვთქვათ, უკანასკნელ
ამოსუნთქვამდე გვაოცებდა ახალახალი შედევრებით. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იმიტომ,
რომ ბოლო სასწაულის, ფედერიკო გარსია ლორკას ლექსების არაჩვეულებრივი წიგნის ნახვა
მთარგმნელმა უკვე ვეღარ მოასწრო. წიგნის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა.
დავით წერედიანმა უამრავი ენა იცოდა და ერთნაირად შესანიშნავად თარგმნიდა ყველა ამ
ენიდან. მაგრამ ბოლო დრომდე გოეთეს „ფაუსტის“ გამოცემამდე, ის მაინც ფრანგული
ლიტერატურისა და კერძოდ, ვიიონის კონგენიალურ მთარგმნელად იყო მიჩნეული.
ისე კი, ქართული მთარგმნელობითი სკოლის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე მაინც
ყველაზე უკეთ და ყველაზე ბევრი სწორედ ფრანგულიდან ითარგმნებოდა. ისტორიისათვის
ალბათ ივანე მაჭავარიანის, გერონტი ქიქოძის, თედო სახოკიას, მაყვალა მრევლიშვილის,
ნუნუ ქადეიშვილისა და სხვათა სახელების გახსენებაც კმარა. წინა საუკუნის 80იანი
წლებიდან კი ყველაზე აქტიურად ამ ასპარეზზე ისევ მზია ბაქრაძე და გიორგი ეკიზაშვილი
გამოჩნდნენ საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის გახსნის შემდგომაც, რომლის
ერთერთი პრიორიტეტიც სწორედ ფრანგული ლიტერატურის ქართული თარგმანების
ხელშეწყობა გახლდათ. თავიდან მთელი ეს პროცესი სწორედ ამ ორი შესანიშნავი
მთარგმნელის მხრებზე გადავიდა. განსაკუთრებით კი გიორგი ეკიზაშვილისა, რადგან,
რაოდენობითაც, მგონი, არავის უთარგმნია მისი ოდენი და მისნაირად კარგად.
განსაკუთრებულად მომწონს კიდევ ერთი იაშვილის, ნანა იაშვილის ნამუშევრები. მისი მიერ
თარგმნილ წიგნებს გამოარჩევს კარგი ქართული და სტილის არაჩვეულებრივი გრძნობა,
რომელიც სახასიათო ცვლილებებს გვაძლევს ყველა კონკრეტული ფრანგი მწერლის
ქართულ ვარიანტში.
თორემ ისე თავიდანვე ცხადია, რომ ერთი კაცის (რაც არ უნდა ობიექტურად
კეთილგანწყობილი ადამიანის) ნაწერში სუბიექტურ მიდგომებს ვერასოდეს ავცდებით. მე
რომ ფრანგულიდან თარგმანის ტრადიციას თუნდაც ქრონოლოგიური ნიშნით გავყოლოდი,
რა თქმა უნდა, არც ივანე მაჭავარიანი „დამავიწყდებოდა“, არც გერონტი ქიქოძე და არც
პეტრე მირიანაშვილი, მაგრამ რადგან კონკრეტული ეპოქითაც ვარ შემოსაზღვრული ამიტომ
მხოლოდ იმ მთარგმნელებსა და წიგნებს აღვნიშნავ შედარებით ახლო წარსულიდან,
რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თარგმანის გარკვეულ ტენდენციებს ან თუნდაც პირველად
შემოიყვანეს ქართულ სალიტერატურო სივრცეში რომელიმე მწერალი, ვინც ახლა
განსაკუთრებული ინტერესის საგანია და დღესაც აქტიურად ითარგმნება.
რამდენიმე წლის წინათ მერაბ ფიფიამ თარგმნა იურსენარის ერთერთი საეტაპო ნაწარმოები
„ადრიანეს მოგონებები“. კარგია, რომ ფრანგული ენის ჩინებული მცოდნე მერაბ ფიფია ბოლო
ხანს აქტიურად ჩაერთო მთარგმნელობით და სალიტერატურო პროცესებში და მისმა
გაუგონარმა შრომისმოყვარეობამ სასიამოვნო შედეგიც გამოიღო, თუმცა ამ
შრომისმოყვარეობის გამო კონვეიერული წესით მუშაობა იშვიათად ამართლებს და, ვთქვათ,
ერიკ ემანუელ შმიტის მსუბუქად ფრივოლური მისტიციზმით გატაცების „პირმშოთა“
თარგმნა ერთია, ეგუება ყველანაირ ნაჩქარეობას, მაგრამ „ადრიანეს მოგონებებს“ სხვა
სიდინჯე სჭირდება, ნიუანსების სხვაგვარი გააზრება, ენობრივი პლასტების სრული წვდომა
და ამ პლასტთა ისე განლაგება ტექსტის საერთო მდინარებაში, რომ თარგმანიც მთლად
დედანივით თუ არა, ოდნავ მაინც დაემსგავსოს ძველ რომაულ მოზაიკას, ერთდროულად
პირქუშს და ფერადოვანს.
რასაც ახლა ვიტყვი, სულაც არ ეხება მაინცდამაინც მერაბ ფიფიას თარგმანებს, რადგან,
როგორც ვთქვი, ბოლო ხანს ეს არაჩვეულებრივი მთარგმნელი უამრავი წიგნით გვანებივრებს
და, ცხადია, ამ წიგნებიდან არც ყველა დედანი იქნება ერთნაირად კარგი და არც ყველა
თარგმანი ერთნაირი სიძლიერისა. მთავარია, რომ ადამიანი კულტურისათვის არცთუ
დალხენილ ამ დროებაში პრაქტიკულად ენთუზიაზმით აკეთებს უზარმაზარ საქმეს, არ
ბეზრდება და ჯიუტად ცდილობს, რომ თავის კონკრეტულ მიმართულებაში გარღვევა
მოახდინოს. ამიტომაც არ მგონია სწორი, რომ ჩავუკირკიტდე და მაინცდამაინც იმას, ვინც
რეალურად ყველაზე ბევრს აკეთებს, ყველაზე მეტი შენიშვნა დავახვავო. სულაც, პირიქით:
ასეთი რამდენიმე ადამიანი მინდა მუდმივად გავამხნევო და ჩემი დიდი პატივისცემა და
თანადგომა დავუდასტურო.
უბრალოდ, ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას ზოგადად: ვინაიდან ჩვენი სიმცირის გამო,
ნებისმიერ სფეროში და, მათ შორის თარგმანში, შესაძლებლობები შეზღუდულია და
ფუფუნებად ითვლება ის, რომ ერთდროულად ერთი წიგნის რამდენიმე თარგმანი გვქონდეს,
მეტად სასურველია, თუ ძალიან მნიშვნელოვან წიგნებს, ვთქვათ, მარგერიტ იურსენარის ან
ლუი ფერდინანდ სელინის რომანებს, ისე ვთარგმნით, რომ საქმე სახელმეორედ აღარ
გავიხადოთ.
ამავე რანგის ფრანგი მწერლებიდან, ჩემი აზრით, ჩვენში შედარებით გაუმართლა ჟან მარი
გუსტავ ლე კლეზიოს. წლების წინათ სოფიო ბენდიაშვილის მიერ ჩინებულად თარგმნილი
მისი რომანი „უდაბნო“ იღბლიანი დასაწყისი აღმოჩნდა და მერე სხვადასხვა მთარგმნელის
მიერ ასევე წარმატებულად გაგრძელდა ეს პროცესი. ნანა იაშვილმა თარგმნა მისი
„გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი“, დალი იაშვილმა „აფრიკელი“, ვლადიმერ
რაქვიაშვილმა „ ოქმი“, სულ ბოლოს კი მართლა აღმაფრთოვანა თამარ ლომიძის თარგმნილმა
მისმა „ალმამ“, რომელიც „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ცნობილი სერიით გამოიცა.
თუმცა „ცოტა და სანიმუშოდ!“ საერთოდაც ჩემი პრინციპია და... როგორც ჩანს, ამ პრინციპს
მისდევს ერთი ჩემთვის გამორჩეული მთარგმნელი ნინო ციმაკურიძეც, რადგან მისი
ნამუშევრებიდან, რაც კი წამიკითხავს, თუ რამეზე შემიძლია ვთქვა, უზადოამეთქი, სწორედ
ამ წიგნებზე. მაგალითად, ამ რამდენიმე წლის წინათ გამოცემულ გასტონ ლერუს „ოპერის
მოჩვენებაზე“, რომელიც ნინო ციმაკურიძემ ისე თარგმნა, რომ ეს თავისთავად საკულტო
მწერალი და წიგნი ქართული ლიტერატურის გამორჩეულ ნაწილადაც აქცია.
ასეთი რამ გასაგებია შედარებით ახალგაზრდა თაობის შემთხვევაში, ისინი, ვინც ახლა
იწყებენ თარგმნას, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან კარგი შედეგები აქვთ, მაგალითად, მაია
ქაცანაშვილს, რომელმაც ბრწყინვალედ თარგმნა რამდენიმე ავტორი და მათ შორის, ისეთი
რთული და ენობრივი თამაშების გამო თითქმის უთარგმნელი ავტორი, როგორიც არის
რაიმონ კენო. მაია ქაცანაშვილმა მისი სამი რომანი თარგმნა „ ზაზი მეტროში“, „ ლურჯი
ყვავილები“ და „ქალი არ უნდა გაანებივრო: სალი მარას ირლანდიური რომანი“ და სამივე
წიგნი სანიმუშო თარგმანია იმ მხრივ რომ თითქმის უდანაკარგოდ არის შენარჩუნებული
კენოს არტისტიზმი, შავი იუმორი და სტილისტური მატრაბაზობის ცეცხლში გახვეული
მწერლური ტალანტი.
არადა, კაცმა რომ თქვას, რას წერს ამდენს? მე, პირადად, მისი წიგნებიდან სულ რამდენიმე
რომანი მომწონს: „ კრძალვითა და ცახცახით“ (ჩინებულად თარგმნილი მთარგმნელობითი
საქმის დიდოსტატის, მზია ბაქრაძის მიერ), მანანა ბოსტოღანაშვილის თარგმნილი
„მკვლელის ჰიგიენა“ და, ბოლოს, „ანტიქრისტა“, რომელიც უკვე უთარგმნია მერაბ ფიფიას,
მაგრამ თარგმანი ჯერჯერობით ჩემამდე არ მოსულა.
ეს სამი წიგნიც რომ ყოფილიყო ქართულად, უკვე სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ
არა! ნოტომი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ფრანგი მწერლებიდან და მის
პოპულარობას მხოლოდ მიშელ უელბეკი თუ აჭარბებს, რომლის ყველა რომანი, მგონი, უკვე
თარგმნილია და თან სულ ერთმანეთზე უკეთესი მთარგმნელების (გიორგი ეკიზაშვილი,
ირმა ტაველიძე, დავით კახაბერი, პაატა ჯავახიშვილი, მერაბ ფიფია...) მიერ.
ამათ შემდგომ ალბათ პოპულარობით ან ფრედ ვარგასი მოსდევს ანდა ანი გავალდა. ორი
ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ავტორი, რომელთა წიგნებსაც საქართველოში
ხალისით კითხულობენ. ვარგასის რომანები, ძირითადად, თამარ ხოსრუაშვილის
თარგმნილია, ხოლო ანი გავალდას რომანები თარგმნეს: ნანა იაშვილმა, ია ბერსენაძემ და
მერაბ ნუცუბიძემ. გავალდას ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „უბრალოდ ერთად“
მერაბ ნუცუბიძემ თარგმნა. ისე მოხდა, რომ საქართველოში მოწვეული ფრანგი მწერლების
შეხვედრებსაც სწორედ მერაბ ნუცუბიძე თარგმნიდა სინქრონულად. ვინც იცის, სინქრონი რა
რთული საქმეა, იმასაც მიხვდებოდა, რა ჩინებულად იცის ამ ახალგაზრდა კაცმა ფრანგული
ენა, შეუდარებელი იყო ზეპირ თარგმანში, მაგრამ ლიტერატურული თარგმანი კიდევ სხვა
უნარს მოითხოვს და ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ანი გავალდას წიგნის
გადაშლისას. და ძალიან გამიხარდა, რომ ეს სკეფსისი მალევე გამიქარწყლდა და უფრო
მეტიც, აღტაცებით შემეცვალა. ახალგაზრდა მერაბ ნუცუბიძემ ამ თავისი პირველი
ნამუშევრით მხატვრულ თარგმანში სერიოზული განაცხადი გააკეთა.
ის, რომ უკვე აღარ არიან დავით წერედიანი და გივი გეგეჭკორი, დიდი დანაკლისია; თუმცა
არსებითად ამ დონის (გენიოსი) მთარგმნელი შეიძლება საუკუნეში ერთი ან რამდენიმე
დაიბადოს, მაგრამ ზოგადად პროცესის არსებობისათვის საჭიროა ასე თუ ისე მაინც
ითარგმნებოდეს პოეზია.
იმ ადამიანებიდან, ვინც დღეს ფრანგულ პოეზიას დედნიდან თარგმნის (და რაც მტავარია
ვისი ნამუშევარიც ჩემამდე, როგორც მკითხველამდე მოსულა) აუცილებლად უნდა
გამოვაცალკეო რამდენიმე ახალგაზრდა კაცი. ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო
რენე შარის არაჩვეულებრივი თარგმანის წაკითხვა, რომელიც ილია გასვიანმა შეასრულა.
ილია გასვიანის თარგმნილ პოეტურ ნიმუშებში მოხელთებული იყო ნამდვილი პოეზიის
ნერვი და ეს ნიუანსები შესანიშნავად იყო გადმოტანილი ქართულად, ტრადიციის
გათვალისწინებით და თანამედროვე მიღწევების დაცვით. სასიამოვნოა, რომ გასვიანი
მხოლოდ პოეზიის მთარგმნელი არ არის და მას თანაბრად კარგად ხელეწიფება, როგორც
პოეზიის ასევე პროზის თარგმნა. და თანაც არა მხოლოდ ფრანგულიდან, რომელიც
მშობლიური ქართულივით იცის, არამედ იტალიური ენიდანაც. ყოველშემთხვევაში, მისი
ყველა თარგმანი, რაც კი წამიკითხავს, პროფესიონალიზმის, ცოდნის, გემოვნების და
ლიტერატურული დახვეწილობის გამოკვეთილი ნიმუშია.
უმთავრესია მის მიერ თარგმნილი კრებული „ფრანგული შანსონი“, სადაც კარგად ჩანს პოეტ
ბაჩანა ჩაბრაძის ელვარე ნიჭიერება და ძალიან დიდი მასშტაბები. ფრანგული შანსონი ერთი
შეხედვით მარტივი სასიმღერო ტექსტებია, თუმცა ალბათ, უფრო უკეთესი იქნებოდა მეთქვა,
უბრალო სიტყვებით, ძალზე სადად გადმოცემული უღრმესი ადამიანური გრძნობები და ამ
ტექსტების სხვა ენაზე თარგმნა სწორედ ამ უბრალოების გამო მეტისმეტად რთული და
სარისკოა.
რაკი ჟან ჟენე ვახსენეთ, აქვე საჭიროა გიორგი კახაბერის თარგმნილი მისი ერთერთი
მთავარი რომანი „ნოტრ დამ დე ფლერიც“ გავიხსენოთ და ვთქვათ, რომ ეს მართლა
სპეციფიკური ტექსტი ქართველმა მთარგმნელმა მთლიანობაში ძალზე წარმატებულად
გადმოიღო და რა კარგი იქნებოდა, თუნდაც იმავე გიორგი კახაბერს ჟენეს „ჯიბგირის
დღიურისთვისაც“ მოეკიდა ხელი.
გაგრძელება იქნება