You are on page 1of 305

1

მცირე პროზა
(მსოფლიო ლიტერატურა მოთხრობებში)

გამოცემისათვის მოთხრობები შეარჩია და გზამკვლევები დაურთო გია მურღულიამ

მწერალთა შესახებ ანოტაციაები მოამზადა ნინო მურღულიამ

წინასიტყვაობა

ეს წიგნი ჩემი პროექტის „მსოფლიო ლიტერატურა მოთხრობებში“ რამდენიმეწლიანი


განხორციელების შედეგია. როგორ დაიბადა ეს პროექტი?

ჩემთვის დიდი ხანია ნათელია, რომ ადამიანის ზოგადი განათლება სრულიად


წარმოუდგენელია მსოფლიო პროზის გამორჩეულ ნიმუშთა გაცნობისა და გააზრების
გარეშე. სწორედ მათშია თავმოყრილი და წარმოდგენილი ყველაფერი ის, რაც
ადამიანისთვის, პიროვნებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია - ფიქრი სამყაროზე,
ღმერთზე, საკუთარ თავზე, სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, მოვალეობაზე,
თავისუფლებაზე... უამფიქროდ რანი ვიქნებოდით ჩვენ ყველანი და როგორ
დავადგებოდით განვითარებისაკენ მიმავალ გზას?

კურსის შექმნისას რამდენიმე მთავარ პრინციპს ვითვალისწინებდი:

1
2

1. არიან მწერლები, რომლებიც ფიქრისა და პიროვნული ემოციის „ბრენდს“


ქმნიან და სასურველია მათი ჩართვა ადამიანის კულტურული განვითარების
საქმეში - ეს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ გემოვნების საკითხიც არის.

2. ლექციასა თუ გაკვეთილზე (ამ კურსს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე


უმაღლეს სკოლაშიც ვკითხულობ) შეუძლებელია ვრცელი ნაწარმოებების
წაკითხვა და შემდეგ განხილვა თუ დიალოგი. ამიტომ შევარჩიე შედარებით
მცირე ტექსტები.

3. კურსს ახასიათებს ფართო ლიტერატურული გეოგრაფია - აქ შეხვდებით


საუკეთესო პროზაიკოსებს მთელი მსოფლიოდან.

4. წიგნში წარმოდგენილი მოთხრობები ბევრ ისეთ თემას ეხება, რომლებიც


მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის (ადამიანისთვის -
საზოგადოდ) - მათი გაცნობისას მკითხველს არ სჭირდება საგანგებო
მოტივაცია.
გამოცემის სტრუქტურა ასეთია: ჯერ მოცემულია მოკლე ინფორმაცია მწერლის
შესახებ, შემდეგ - მისი ერთი მოთხრობა (გამონაკლის შემთხვევაში - ორი) და ბოლოს
- ტექსტის მცირე გზამკვლევი, რომელიც მკითხველს, ერთი მხრივ, გაუადვილებს
ნაწარმოების აღქმა-გააზრებას, მეორე მხრივ კი, წააქეზებს საიმისოდ, რომ თავადაც
გააგრძელოს ფიქრი მის ლაბირინთებში უკეთ გასარკვევად. რა თქმა უნდა,
გზამკვლევები არავის ავალდებულებს, ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნიოს ის
ხედვები, რაც მათშია წარმოდგენილი. პირიქით, სასურველი და აუცილებელი
სწორედ ის არის, რომ მხატვრული ტექსტის მრავალპლანიანი ბუნება ყველასთვის
გათვალსაჩინოვდეს.

ცხადია, ტექსტების შერჩევისას პიროვნული ცოდნით, გემოვნებითა და


გამოცდილებით ვხელმძღვანელობდი და წიგნს სუბიექტურობის განცდა უსათუოდ
თან დაჰყვება. საზოგადოდაც, ერთ წიგნში სრულიად წარმოუდგენელია მსოფლიო
პროზის უმდიდრესი საგანძურის თუნდაც მცირე ნაწილის ყველასთვის მისაღები
„ობიექტურობით“ ასახვა - ამ შემთხვევაში, ხედვაც და თვალსაზრისიც შესაძლოა
მრავალგვარი იყოს. ვფიქრობ, თუ ეს გამოცემა მკითხველმა საზოგადოებამ მიიღო,
პროექტს გაგრძელებაც უნდა ჰქონდეს და რამდენიმე ასეთი კრებული მაინც უნდა
გამოვიდეს. თუ ასე მოხდა, სუბიექტურობის განცდაც თანდათანობით შემცირდება.

ამ წიგნის გამოცემით პირველი ნაბიჯი გადაიდგმება საიმისოდ, რომ სკოლებმა თუ


უმაღლესმა სასწავლებლებმა არჩევით კურსად შემოიღონ „მცირე პროზა“ და ჩვენი
ახალგაზრდობა (ნურც სხვა თაობის დაინტერესებას გამოვრიცხავთ) მსოფლიო
ლიტერატურის შესანიშნავ ნიმუშებს აზიაროს.

გია მურღულია

2
3

რიუნოსკე აკუტაგავა

დიდი იაპონელი მწერალი, რიუნოსკე აკუტაგავა 1892 წლის პირველ მარტს დაიბადა
ტოკიოში. აკუტაგავა დედის გვარია, რომელიც მწერალმა ფსევდონიმად აიღო.
როდესაც ბიჭს 9 თვე შეუსრულდა, დედამისს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა,
ძველი ტრადიციის თანახმად, უდედოდ დარჩენილი აღსაზრდელად დედის ძმის
სახლში გაუშვეს, რომელსაც თავად შვილი არ ჰყავდა. აკუტაგავას ოჯახს გვარში
ბევრი მწერალი და მეცნიერი ჰყავდა, გატაცებულნი იყვნენ შუა საუკუნეების
პოეზიითა და ძველი მხატვრობით.

დედის სულით ავადმყოფობა და მალევე მისი გარდაცვალება აკუტაგავასთვის


მთელი ცხოვრების ტრავმად დარჩა. ის ხშირად ფიქრობდა ამ თემაზე და თავადაც
ეშინოდა გაგიჟების.

1910 წელს რიუნოსკემ ტოკიოს მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლა დაამთავრა და


კოლეჯში სალიტერატურო განყოფილებაზე ჩააბარა. 1913 წელს მან კოლეჯი
დაასრულა და ტოკიოს უნივერსიტეტის ინგლისურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ის,
თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც შემდეგ ასევე მწერლები გახდნენ, კარგად
ერკვეოდა დასავლური ლიტერატურის ყველა ტენდენციაში. ახალგაზრდები ხშირად
მსჯელობდნენ ამ თემაზე. რიუნოსკეს უნივერსიტეტის ლექციები ძალიან მოსაწყენად
ეჩვენებოდა, სამაგიეროდ, ერთ-ერთი ლიტერატურული ჟურნალის გვერდზე
საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა. მან, მეგობრებთან ერთად, თავი
„ანტინატურალისტად“ გამოაცხადა და დააფუძნა „ახალი ოსტატობის სკოლა“.

მისი შემოქმედების დასაწყისი 1915 წლიდან ითვლება, როდესაც გამოვიდა პირველი


მოთხრობები: „რასიომონის კარიბჭე“ და „ცხვირი“, რომლებმაც საზოგადოება მყისვე
აალაპარაკა ახალი ნიჭიერი მწერლის დაბადების შესახებ.

თავის მასწავლებლად აკუტაგავა იაპონური ლიტერატურის მეტრს, ნაცუმე სოსეკის


მიიჩნევდა. მისი ცხოვრების ბოლო წლებში საკმაოდ დაუხლოვდა მწერალს და მის
დიდ გავლენას განიცდიდა.

თავის მეუღლეს ერთ-ერთ წერილში სწერდა, რომ ინგლისურის მასწავლებლის


პროფესიას ვერ იტანდა, „სამაგიეროდ“, - ამბობდა მწერალი, - „ვცოცხლდები
მაშინათვე, როგორც კი ფურცელს, წიგნს, კალამსა და კარგ თამბაქოს ვხედავ“. ამის
მიუხედავად, სწორედ მასწავლებლობის წლები იყო მის შემოქმედებაში ყველაზე
ნაყოფიერი. მწერლის გამორჩეულ მოთხრობებს შორისაა: „ქრისტიანის სიკვდილი“,
„გენერალი“, „ცხოვრება იდიოტისა“, „ნანკინელი ქრისტე“.

აკუტაგავამ სიცოცხლე 1927 წლის 24 ივლისს ტოკიოში თვითმკვლელობით


დაასრულა.

3
4

ნანკინელი ქრისტე

თარგმნა ოთარ ავალიანმა


(რიუნოსკე აკუტაგავა, „დიალოგი წყვდიადში“, გამომცემლობა „განათლება“, 1987 წელი)

1
შემოდგომის ღამე იყო. ნანკინში, ძივან ძეს ქუჩაზე მდებარე სახლში, ძველ
მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი, მოწყენით იჯდა ფერმკრთალი ჩინელი გოგონა და
გალაქულ ლანგარზე დაყრილ საზამთროს მარცვლებს აკნატუნებდა.
ბჟუტავდა მაგიდაზე მდგარი ლამპა. მისი შუქი იმდენად სიბნელეს არ ფანტავდა,
რამდენადაც უფრო ამძაფრებდა ოთახის მოწყენილობას. კუთხეში, შპალერჩამოხეულ
კედელთან, ლერწმის საწოლს ზემოთ მტვრიანი მიჩიგდანი ეკიდა. საწოლზე
დაუდევრად გადაეფარებინათ შალის საბანი. მაგიდის მეორე მხარეს იდგა
თითქოსდა ყველასაგან მივიწებული ძველი სკამი. ამ ნივთებს გარდა, დაკვირვებული
თვალიც კი ვერ შეამჩნევდა სხვა რამეს, ოთახის მორთულობისათვის გამოსადეგს.
დროდადრო გოგონა მარცვლების კნატუნს წყვეტდა და ნათელი თვალებით
აშტერდებოდა მოპირდაპირე კედელს. იქ, პირდაპირ მის წინ, კაუჭზე, მოკრძალებით
ეკიდა ბრინჯაოს ჯვარცმა, რომელზეც ბუნდოვანი ჩრდილებით იხატებოდა
ნახევრად წაშლილი სადა ბარელიეფი, ფართოდ ხელებგაშლილი ჯვარცმული
ქრისტეს გამომსახველი. ყოველთვის, როცა კი გოგონა მას შეხედავდა, გრძელ
წამწამებზე მყისვე უქრებოდა დარდის აჩრდილი და თვალებში გულუბრყვილო
იმედის სხივი უკიაფებდა. მაგრამ გოგონა მაშინვე მოიხედავდა, ღრმად
ამოიოხრებდა, ძლივს შეარხევდა შავი აბრეშუმის კოფთით დაფარულ მხრებს და
ისევ კნატუნს განაგრძობდა.
გოგონას სუნ ძინხუა ერქვა. ის თხუთმეტი წლის მეძავი იყო და იმისთვის, რომ
როგორმე თავი ერჩინა, ამ ოთახში თითქმის ყოველ საღამოს იღებდა სტუმრებს.
ცინვეის მრავალრიცხოვან მეძავთა შორის მისნაირი გარეგნობის საკმაოდ ბევრი იყო,
მაგრამ საეჭვოა, მისგვარი სათუთი ხასიათისა სხვა ვინმე გენახათ. ძინხუა, სხვა
მეძავებისგან განსხვავებით, არ იყო მატყუარა და ხუშტურიანი; ის მხიარული
ღიმილით ართობდა სტუმრებს, რომლებიც ყოველ საღამოს ეწვეოდნენ ხოლმე მის
პირქუშ ოთახს. და თუ ხანდახან დაკანონებულზე მეტს უხდიდნენ, უხაროდა, რომ ამ
ფულით შეეძლო ერთი ზედმეტი ჭიქა საკეთი გამასპინძლებოდა მამას, ერთადერთ
მახლობელ ადამიანს.
ძინხუას ასეთი ქცევა, ცხადია, მისი ხასიათით აიხსნებოდა, მაგრამ იყო ერთი
მიზეზიც, სახელდობრ: ის დედას ბავშვობიდანვე კათოლიკურ რწმენაზე აღეზარდა.
ამას ადასტურებდა კედელზე ჩამოკიდებული ჯვარცმა.
სიტყვამ მოიტანა და, ერთხელ ძინხუასთან ცნობისმოყვარეობის გამო ღამე
გაატარა ახალგაზრდა იაპონელმა ტურისტმა, რომელიც იმ ზაფხულს ჩამოსულიყო
შანხაის დოღის სანახავად და სამხრეთ ჩინეთის ხედებით დასატკბობად. კბილებში
სიგარაგაჩრილი, ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი, უდარდელად ეხვეოდა მის
მუხლებზე მჯდარ ძინხუას პატარა სხეულს, როცა შემთხვევით კედელზე

4
5

ჩამოკიდებული ჯვარცმა შეამჩნია და ძინხუას დაეჭვებულმა ჰკითხა დამტვრეული


ჩინურით:
– შენ რა, ქრისტიანი ხარ?
– დიახ, ხუთი წლისა მომნათლეს.
– და ასეთ საქმიანობას ეწევი?
შეკითხვისას ხმაში დაცინვა გაერია, მაგრამ ძინხუამ მის ხელებში ჩარგო თავი,
მოლურჯო-შავი თმით დამშვენებული, გაუღიმა თავისი ნათელი ღიმილით,
რომელიც მის პატარა, სწორ კბილებს აჩენდა და უთხრა:
– მე რომ ამ ხელობას არ მოვკიდებოდი, მაშინ მამაც და მეც შიმშილით
დავიხოცებოდით.
– მამაშენი მოხუცია?
– დიახ... ძლივსღა დგას ფეხზე.
– მაგრამ... თუკი მაგ ხელობას გააგრძელებ, შენ ხომ ვეღარ მოხვდები ზეცაში. არ
ფიქრობ ამაზე?
ძინხუამ თვალი შეავლო ჯვარცმას და ფიქრიანად თქვა:
– ვფიქრობ, რომ უფალი ქრისტე იქ, ცაში თვითონ ხვდება ჩემს გულისნადებს, ასე
რომ არ იყოს, უფალ ქრისტესა და იაოძაიკოს პოლიციელს შორის რაღა განსხვავება
იქნებოდა?
ახალგაზრდა იაპონელმა ტურისტმა გაიღიმა, მოიჩხრიკა პიჯაკის ჯიბეები,
ამოიღო ორი ცალი ნეფრიტის საყურე და ძინხუას ყურებზე გაუკეთა.
– ეს საყურეები საჩუქრად უნდა წამეღო იაპონიაში, მაგრამ შენ გაჩუქებ ამ ღამის
სამახსოვროდ.
და მართლაც, იმ ღამის შემდეგ, როცა მან პირველი სტუმარი მიიღო, ძინხუას
ყოველთვის ამშვიდებდა თავისი რწმენა.
მაგრამ ერთი თვის შემდეგ ეს მორწმუნე მეძავი, საუბედუროდ, დასნეულდა. მას
აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიფილისის წყლულები. ეს რომ მისმა ამხანაგმა, ჩენ შანჩამ
გაიგო, ოპიუმიანი არყის სმა ურჩია, არწმუნებდა, რომ გაუყუჩებდა ტკივილს. შემდეგ
მეორე ამხანაგმა, მაო ინჩუნმა გულკეთილად მოუტანა „გუნლანვანის“ და
„ძიალუმის“ აბების ნარჩენები, რომლებითაც თვითონ ემკურნალა. მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ ძინხუა ჩაკეტილი იჯდა და არ იღებდა სტუმრებს, მისი
ჯანმრთელობა რატომღაც სრულებითაც არ გაუმჯობესებულა.
და აი ერთხელ, მოსანახულებლად მოსულმა ჩემ შანჩამ დამაჯერებლად ურჩია
მკურნალობის ერთი წესი, რომელსაც აშკარად ცრუმორწმუნეობის სუნი ასდიოდა:
– რახან ავადმყოფობა სტუმრისგან შეგეყარა, შენც სასწრაფოდ გადასდე ვინმეს და
ორ-სამ დღეში გამოჯანმრთელდები.
ძინხუა იჯდა მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი, დათრგუნვილი, გამომეტყველება
არ შესცვლია. მაგრამ, ეტყობა, შანჩას სიტყვებმა რამდენადმე გაუღვიძა
ცნობისმოყვარეობა და მოკლედ იკითხა:
– მართლა?
– მაშ რა, გატყუებ? ჩემმა დამაც ვერაფრით ვერ მოირჩინა თავი, მაგრამ როგორც კი
გადასდო სტუმარს, მაშინვე გამოჯანმრთელდა. საწყალი სტუმარი, როგორც ამბობენ,
დაბრმავებულა კიდევაც.
როცა შანჩა წავიდა, მარტო დარჩენილმა ძინხუამ ჯვარცმის წინ დაიჩოქა, მიაპყრო
თვალი ჯვარზე გაკრულ ქრისტეს და მხურვალე ვედრება დაიწყო:

5
6

– იესო მაცხოვარო, უზენაესო! მამა რომ ვარჩინო, ბინძურ ხელობას ვეწევი, მაგრამ
ჩემი ხელობა გამანადგურებს მხოლოდ მე, სხვას კი არას ვავნებ. ამიტომ ვფიქრობ,
თუკი მოვკვდები თუნდაც ასეთივე, როგორიც ვარ, სულერთია, მაინც ზეცაში
მოვხვდები, მაგრამ ახლა მხოლოდ მაშინ შემიძლია განვაგრძო ჩემი საქმიანობა, თუკი
ამ სენს სტუმარს გადავდებ. დაე, მოვკვდე შიმშილით! მაშინ ჩემი ავადმყოფობა
ჩემთან ერთად გაქრება. არავის გავუზიარებ ლოგინს ამიერიდან. სხვაგვარად,
იძულებული გავხდებოდი, საკუთარი ბედნიერების გულისთვის გამეუბედურებინა
ადამიანი, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ მე მაინც ქალი ვარ და
შეიძლება წამიერად ავყვე ცდუნებას, იესო მაცხოვარო, უზენაესო! გევედრები,
დამიფარე! შენ გარდა აღარავისგან ველი შველას.
ამის შემდეგ ძინხუა, მიუხედავად შანჩას და ინჩუნის მცდელობისა,
დაეყოლიებინათ, მაინც აღარ იღებდა სტუმრებს და თუ ხანდახან შემოივლიდნენ
მისი მუდმივი კლიენტები, ის ნებას აძლევდა მხოლოდ მეგობრულად ემუსაიფათ
მასთან, ხოლო მათ სურვილს არასოდეს აკმაყოფილებდა.
– საშინელი ავადმყოფობა მჭირს. თუ ჩემთან დაწვებით, თქვენც გადაგედებათ, –
ამბობდა ძინხუა და არც ერიდებოდა, ეჩვენებინა თავისი სნეულების
დამადასტურებელი ნიშნები, როცა მთვრალი კლიენტი ცდილობდა ძალით
დაუფლებოდა მას... ამიტომ სტუმრებმა თანდათანობით შეწყვიტეს მასთან სიარული
და მისი ცხოვრება დღითი დღე ძნელდებოდა.
იმ საღამოს ძინხუა დიდხანს იჯდა მაგიდაზე დაყრდნობილი, არაფერს აკეთებდა
და დაფიქრებული მიშტერებოდა სივრცეს. სტუმარი ისევ არ ჩანდა. ნელა
ახლოვდებოდა შუაღამე. ყველაფერი სიჩუმეს მოეცვა. ძინხუას სმენამდე მხოლოდ
ჭრიჭინობელას ჭრიჭინი აღწევდა საიდანღაც. გაუთბობელ ოთახში ქვის იატაკიდან
სიცივე ამოდიოდა, წყალივით ჟონავდა მის ნაცრისფერ აბრეშუმის ფეხსაცმელებში
და კოხტა ფეხებს უთოშავდა.
ძინხუა ერთხანს კიდევ დაფიქრებული უყურებდა ლამპის უღიმღამო შუქს,
შემდეგ შეაჟრჟოლა, მოისრისა ყური, რომელზედაც ნეფრიტის საყურე ეკიდა და
მთქნარება შეიკავა. თითქმის იმავე წამს შეღებილი კარი მკვეთრი ბიძგით გაიღო და
ოთახში უცნობი უცხოელი შემოიჭრა. ალბათ იმის გამო, რომ კარი ბოლომდე გაიღო,
ლამპა აალდა და ოთახი უცნაური წითელი მბოლავი შუქით განათდა. თავიდან
ფეხებამდე ამ შუქით განათებული სტუმარი ბორძიკით ჩამოეყრდნო მაგიდას, მაგრამ
იმწამსვე გასწორდა, უკან დაიხია და მძიმედ მიეყუდა კარს, რომელიც ის-ის იყო
დაიხურა.
ძინხუა ანგარიშმიუცემლად წამოდგა და გაოცებული მიაჩერდა უცნობს. სტუმარი
ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა, მზემოკიდებული, წვერიანი მამაკაცი იყო,
დიდთვალება, ყავისფერზოლებიან პიჯაკსა და ასეთივე კეპში გამოწყობილი. ოღონდ
საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად მისი აშკარად უცხოელობისა, მაინც ვერ
გაარჩევდით, ევროპელი იყო თუ აზიელი. კეპიდან თმაჩამოყრილი და კბილებში
ჩამქრალ ჩიბუხგაჩრილი შემოსასვლელში რომ იდგა და მთელი ტანით ფარავდა კარს,
შეიძლებოდა უგონო მთვრალად ჩაგეთვალათ, რომელმაც შეცდომით შემოაბოტა აქ.
– რა გნებავთ? – თითქმის საყვედურით ჰკითხა, ცოტა არ იყოს, შეშინებულმა
ძინხუამ ისე, რომ მაგიდას არ მოშორებია. სტუმარმა თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ
ჩინური არ ესმოდა. შემდეგ პირიდან ჩიბუხი გამოიღო და უცხო ენაზე წარმოთქვა
რაღაც გაუგებარი სიტყვა. ამჯერად ძინხუას დასჭირდა თავის გაქნევა, რის გამოც
მისმა ნეფრიტის საყურეებმა ლამპის სინათლეზე გაიციალეს.
6
7

რომ დაინახა, როგორ დაბნეულად შეჭმუხნა ძინხუამ თავისი ლამაზი წარბები,


სტუმარმა უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა, შინაურულად დააგდო კეპი და ბორძიკით
გასწია ქალისკენ, შემდეგ კი ძალაგამოცლილი დაეშვა მაგიდის მოპირდაპირე მხარეს
მდგარ სკამზე. უცებ ძინხუას მოეჩვენა, რომ ეს კაცი რაღაცით ახლობელი იყო,
თითქოს ოდესღაც უკვე ენახა, თუმცა ვერაფრით გაეხსენებინა, სად და როდის.
სტუმარმა უცერემონიოდ მოხვეტა მუჭით ლანგარზე დაყრილი საზამთროს
მარცვლები, მაგრამ ჭამა არ დაუწყია, მხოლდ დაჟინებით მიაცქერდა ძინხუას და
კვლავ ხელების უცნაური ქნევით დაიწყო ლაპარაკი უცხო ენაზე. ძინხუამ ვერ გაიგო
ნათქვამის აზრი, მაგრამ ბუნდოვნად მიხვდა, რომ სტუმარმა იცოდა მისი
საქმიანობის შესახებ.
გრძელი ღამეების გატარება უცხოელებთან, რომელთაც არ ესმოდათ ჩინური,
ძინხუასთვის უჩვეულო არ იყო. ამიტომ კვლავ დაჯდა და ალერსიანი ღიმილით,
უკვე ჩვევად რომ გადაქცეოდა, დაიწყო საუბარი, შიგადაშიგ უცხოელისთვის
სრულიად გაუგებარ ხუმრობებს ურევდა. მიუხედავად ამისა, სტუმარი ყოველი
მეორე სიტყვის შემდეგ ისე გემრიელად ხარხარებდა, თითქოს ყველაფერი
გაეგებოდა, თან უფრო და უფრო აქნევდა ხელს.
სტუმარს არყის სუნი ასდიოდა, მაგრამ მის მთვრალ, აღაჟღაჟებულ სახეზე
იმდენი ვაჟკაცური სიცოცხლის ძალა იყო დაფრქვეული, გეგონებოდათ, ამ პირქუშ
ოთახს სინათლეს ჰფენსო. ყოველ შემთხვევაში, ძინხუას თვალში ის იყო ყველა
უცხოელზე მშვენიერი, ვინც კი აქამდე ენახა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ნანკინელ
თანამემამულეებზე. მით უფრო ვერაფრით ვერ შეძლო მოეცილებინა ის აზრი, რომ ეს
კაცი სადღაც ჰყავდა ნანახი. უყურებდა მის შუბლზე ჩამოშლილ ხუჭუჭა თმას,
მხიარულად უცინოდა და ყოველნაირად ცდილობდა მოეგონებინა, სად ენახა ეს სახე.
„ის ხომ არ არის, თავის სქელ ცოლთან ერთად რომ მოგზაურობდა კარჭაპით? არა,
არა, ის გაცილებით წითური იყო. იქნებ ის ფოტოგრაფია, კუნ-ძის მავზოლეუმს
სურათს რომ უღებდა ცინვეიში? მაგრამ ის, მგონი, უფრო ხნიერი იყო. ჰო, ჰო!
ერთხელ როგორღაც დავინახე, როგორ ირეოდა ხალხი ლიტაციაოს ხიდთან მდებარე
რესტორნის წინ და ვიღაც მამაკაცი, ზუსტად ასეთი იერის, როგორ ურტყამდა
მსხვილ ჯოხს ზურგზე რიქშას. ალბათ ისაა... თუმცა იმას, მგონი, თვალები უფრო
ცისფერი ჰქონდა“.
სანამ ძინხუა ამაზე ფიქრობდა, უცხოელმა ჩიბუხი დატენა, მოსწია და
სურნელოვანი კვამლი გამოუშვა. შემდეგ კვლავ რაღაც თქვა, გაიცინა, ამჯერად
წყნარად, ორი თითი ასწია, ძინხუას თვალებთან მიუტანა, რითაც აუხსნა, რომ ორი
თითი ორ დოლარს ნიშნავდა. ეს, რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, მაგრამ რადგან
ძინხუა უკვე აღარ იღებდა სტუმრებს, ამიტომ მშვიდად განაგრძო მარცვლების
კნატუნი და უარის ნიშნად ღიმილით ორჯერ გააქნია თავი. მაშინ სტუმარი
კადნიერად გადმოეყუდა მაგიდას, ლამპის სუსტ შუქზე სახე მიუახლოვა ძინხუას
სახეს და დაჟინებით დააცქერდა, შემდეგ კი უსიტყვო მოლოდინით აჩვენა სამი
თითი.
ძინხუამ, რომელსაც კნატუნი ჯერაც არ ჰქონდა შეწყვეტილი, უკან დასწია
შეცბუნებული სახე. სტუმარს ალბათ ეგონა, რომ ქალი ორ დოლარად არ
დანებდებოდა. ამავე დროს კი, რახან ჩინური არ იცოდა, ყოვლად შეუძლებელი იყო,
მისთვის საქმის ვითარების ახსნა. ძინხუა მწარედ ნანობდა თავის ქარაფშუტობას, მან
სტუმარს მოაშორა თვალები და ძალაუნებურად კიდევ ერთხელ გააქნია თავი.

7
8

მაგრამ უცხოელმა კვლავ გაიღიმა, მცირე ყოყმანის შემდეგ ოთხი თითი ასწია და
კვლავ რაღაც დაილაპარაკა უცხო ენაზე. სრულიად დაბნეულმა ძინხუამ უკვე
გაღიმებაც ვერ შეძლო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ რახან საქმე ასე შეტრიალდა, მანამდე
ექნია უარის ნიშნად თავი, სანამ სტუმარს არ მოსწყინდებოდა. ამ დროს კი, თითქოს
რაღაც უხილავის ჩაჭერა სურსო, სტუმარმა ხუთივე თითი გაშალა.
შემდეგ ისინი კარგა ხანს საუბრობდნენ მიმიკისა და ჟესტების დახმარებით.
სტუმარი დაჟინებით უმატებდა თითო-თითო თითს. ბოლოს ყველა თითი გაშალა,
მაგრამ ათმა დოლარმაც კი, მეძავისთვის ესოდენ დიდმა თანხამ, ვერ შეარყია
ძინხუას გადაწყვეტილება. ადრევე ზეზე წამომდგარი, გვერდულად იდგა
მაგიდასთან და როცა სტუმარმა ათივე თითი აჩვენა, მან გულმოსულად დააბაკუნა
ფეხები და რამდენჯერმე ზედიზედ გააქნია თავი. იმავე წამს კედელზე
ჩამოკიდებული ჯვარცმა რატომღაც კაუჭს მოსწყდა და მსუბუქი ჟღარუნით დაეცა
ქალის ფეხებთან, ქვის იატაკზე.
ძინხუა სწრაფად დაიხარა და ჯვარცმა სათუთად აიღო. ამ დროს შემთხვევით
შეხედა ჯვარცმული ქრისტეს სახეს და, ჰოი, საოცრებავ! ეს სახე აღმოჩნდა ცოცხალი
გამოსახულება უცხოელისა, იქვე რომ იჯდა მაგიდასთან.
„აი, თურმე, რატომ მეცნაურებოდა მისი სახე! ეს ხომ უფალი ქრისტეს სახეა!“
ძინხუამ სასოებით მიიხუტა ჯვარცმა შავი აბრეშუმის კოფთით დაფარულ
მკერდზე და განცვიფრებული მიაჩერდა მის წინ მჯდარ სტუმარს. სტუმარი, რომლის
შეზარხოშებულ სახეს ძველებურად ანათებდა ლამპა, დროდადრო არტყამდა ნაფაზს
და მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა. მისი თვალები სრიალებდნენ ქალის
სხეულზე, მის თეთრ ყელზე, ყურებზე, რომლებზეც ნეფრიტის საყურეები
უციალებდა, მაგრამ ძინხუას ეგონა, რომ ამ სახითაც კი მისი სტუმარი აღსავსე იყო
რაღაც თბილი დიდებულებით.
სტუმარმა ცოტა შეიცადა, მერე პირიდან ჩიბუხი გამოიღო,
მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თავი ძინხუას და მხიარული ხმით რაღაც თქვა. ამ
სიტყვებმა დახელოვნებული ჰიპნოზიორის ჩურჩულივით იმოქმედა ძინხუაზე, ხომ
არ დაივიწყა მან თავისი დიდსულოვანი გადაწყვეტილება? მოცინარი თვალები
დახარა და ბრინჯაოს ჯვარცმით ხელში დარცხვენილი მიუახლოვდა
საიდუმლოებით მოცულ უცხოელს.
სტუმარმა მოიქექა შარვლის ჯიბე და ვერცხლის ფული მოაგროვა, მერე კი
ძველებურად მოცინარი თვალები მიაპყრო ძინხუას და ერთხანს მისი ცქერით
ტკბებოდა. მაგრამ უცებ ღიმილი მხურვალე ბრწყინვით შეეცვალა, იგი წამოხტა
სკამიდან, მოეხვია ძინხუას და მაგრად მიიხუტა არყის სუნით გაჟღენთილ პიჯაკზე.
ლამის გრძნობადაკარგულ ძინხუას ნეფრიტის საყურეებით დამშვენებული თავი
უკან გადაეგდო, ფერმკრთალი ლოყები ალეწოდა და მოჯადოებული უყურებდა
თითქმის თვალებთან მობჯენილ მის სახეს. რა თქმა უნდა, უკვე აღარ ჰქონდა იმის
ფიქრის თავი, დანებებოდა ამ უცნაურ უცხოელს, თუ აერიდებინა მისი კოცნა, მისივე
კეთილდღეობისთვის. ძინხუამ ტუჩები დაახვედრა წვეროსანს და იგრძნო, მხურვალე
სიამით ევსებოდა გული, პირველად განცდილი სიყვარულის სიამით.

2
რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე ჩაბნელებულ ოთახში, ძლივსგასაგონი ჭრიჭინი
ჭრიჭინობელასი შემოდგომის ნაღველით მოსავდა ორი მძინარე ადამიანის სუნთქვას,
საწოლიდან რომ მოისმოდა. მაგრამ სიზმარი, რომელსაც ამ დროს ძინხუა ხედავდა,
8
9

მაღლდებოდა მტვრიანი მიჩიგდანით დაფარული საწოლიდან და მიიწევდა სულ


მაღლა და მაღლა, სახურავს ზემოთ, ვარსკვლავებით გაბრწყინებულ მთვარიან
ღამეში.
ძინხუა იჯდა წითელი სანდალის ხის სკამზე და ჩხირებით შეექცეოდა მაგიდაზე
დახვავებულ ნაირნაირ კერძებს. აქ იყო მერცხლის ბუდეები, ზვიგენის ფარფლები,
მოშუშული კვერცხი, შებოლილი ჭანარი, შემწვარი ღორის ხორცი, ტრეპანგით
მომზადებული უხა – ყველაფერს ვინ ჩამოთვლის. ოჰ, ჭურჭელი კი – მშვენიერი
სინები და ჯამები – ათასფრად იყო მოხატული ცისფერი ლოტოსებითა და
ოქროსფერი ფენიქსებით. ზურგს უკან, ფანჯარაზე, მარმაშის ფარდები ეკიდა. იქიდან
კი, ალბათ ახლოს მდინარე თუ ჩადიოდა, განუწყვეტლივ ისმოდა წყლის ჩქრიალი და
ნიჩბების დგაფუნი. ძინხუას თავის ბავშვობისდროინდელ მშობლიურ ცინვეიში
ეგონა თავი. მაგრამ, უეჭველია, ის ახლა ციურ ქალაქში იმყოფებოდა, ქრისტესთან.
დროდადრო ძინხუა მაგიდაზე აწყობდა ჩხირებს და გარშემო იხედებოდა, მაგრამ
ფართო ოთახში ჩანდა მხოლოდ დრაკონისფიგურებიანი ბოძები და ქოთნები
უზარმაზარი ქრიზანთემებით, საჭმელების ოშხივარში გახვეულნი. მის გარდა კი იქ
სულიერი არავინ იყო.
და მაინც, როგორც კი სინი ცარიელდებოდა, ძინხუას თვალწინ იგი მაშინვე
ივსებოდა საიდანღაც გაჩენილი სურნელოვანი კერძებით უცებ შემწვარმა ხოხობმა,
რომელსაც ჯერ კიდევ არ მიჰკარებოდა, ფრთები ააფათქუნა, ღვინიანი დოქი
გადააყირავა და ჭერისკენ აფრინდა.
ამ დროს ძინხუამ იგრძნო, ვიღაც უხმაუროდ მიუახლოვდა ზურგიდან, ამიტომ
სწრაფად მიიხედა უკან ისე, რომ ჩხირები ძირს არ დაუშვია. იქ, სადაც ძინხუას
რატომღაც ფანჯარა ეგულებოდა, სანდალის ხის სკამზე იჯდა დიდებულებით
მოსილი უცნობი უცხოელი, კბილებში გაჩრილი ბრინჯაოს გრძელჩიბუხიანი,
ატლასის საბურველმოსხმული.
ძინხუამ პირველი შეხედვისთანავე იცნო იგი. ეს ის უცნობი იყო, რომელიც
წუხელ მოვიდა მასთან. ოღონდ ახლა მის თავს ზემოთ, ერთი სიაკუს მანძილზე,
ჰაერში ეკიდა თხელი მანათობელი შარავანდი, რომელიც სამდღიან მთვარეს ჰგავდა.
უეცრად ძინხუას წინ, თითქოს პირდაპირ მაგიდიდან გადმოეშვაო, დიდ სინზე
გემრიელი, სურნელოვანი საჭმელი გაჩნდა. მან მაშინვე გაიწოდა ჩხირები, რათა აეღო
ნუგბარი ნაჭერი, მაგრამ უცებ მოაგონდა ზურგს უკან მჯდომი უცხოელი, მიხედა და
მორცხვად უთხრა.
– ხომ არ დაჯდებოდით თქვენც აქ?
– არა, ჭამე მარტოკა. თუ შეჭამ ამას, მაშინ შენი ავადმყოფობა ამ ღამესვე გაქრება.
შარავანდმოსილმა უცხოელმა ისე, რომ ჩიბუხი არ გამოუღია, უსაზღვრო
სიყვარულის გამომხატველი ღიმილით გაუღიმა.
– ესე იგი, თქვენ არ გინდათ მიირთვათ?
– მე? მე არ მიყვარს ჩინური კერძები. ნუთუ აქამდე ვერ მიცანი? იესო ქრისტეს
ჯერ არასოდეს უჭამია ჩინური კერძები.
ნანკინელი ქრისტე ნელა წამოდგა სანდალის ხის სკამიდან, ზურგიდან
მიუახლოვდა თავბრუდახვეულ ძინხუას და ნაზად აკოცა ლოყაზე.
როცა ძინხუა სამოთხის ძილიდან გამოერკვა, ვიწრო ოთახში უკვე შემოდგომის
ცივი განთიადი შემოჭრილიყო. მაგრამ მტვრიანი მიჩიგდანით დაფარულ საწოლში,
რომელიც ნავსა ჰგავდა, ჯერ ისევ თბილი ბინდბუნდი მეფობდა. ამ ბინდბუნდში
ოდნავ ისახებოდა თვალგაუხელელი ძინხუას უკან გადაგდებული სახე, გახუნებულ,
9
10

ძველ შალის საბანში ნიკაპამდე ჩამალული. ფერმკრთალ ლოყებზე, ალბათ ღამის


ოფლისგან, დაბურდული თმა მიჰკრობოდა. ოდნავ გახსნილ ბაგეებს შორის კი
ბრინჯის მარცვლებივით თეთრად უელავდა წვრილი კბილები.
ძინხუამ თუმცა გაიღვიძა, მისი სული ჯერ კიდევ ნანახ სიზმარში
დაბორიალებდა: ქრიზანთემების ყვავილები, წყლის ჩქრიალი, შემწვარი ხოხბები,
იესო ქრისტე... მიჩიგდანის ქვეშ კი თანდათან ნათდებოდა და მის ზმანებებში ნელ-
ნელა იჭრებოდა ცხოვრების უხეში სინამდვილის აშკარა შეგრძნება, შეგრძნება იმისა,
რომ წუხელ ამ ლერწმის საწოლში იდუმალ უცხოელთან ერთად იწვა.
„ვაითუ ავადმყოფობა გადაედო...“
ამის გაფიქრებამ ძინხუას ერთბაშად დაუმძიმა გული. ეგონა, რომ უკვე ძალა აღარ
ეყოფოდა, ამ დილით ისევ შეეხედა მისთვის თვალებში. მაგრამ როცა საბოლოოდ
გამოფხიზლდა, კიდევ უფრო ეძნელა, ერთხელაც არ ენახა უცხოელის
მზემოკიდებული, საყვარელი სახე. ამიტომ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ
მოკრძალებით გაახილა თვალები და მზერა მოავლო საწოლს მიჩიგდანის ქვეშ, სადაც
უკვე სინათლე იდგა, მაგრამ მისდა გასაოცრად, საწოლში არ იყო ჯვარცმული
ქრისტეს მსგავსი უცხოელი.
„გამოდის, ისიც დამესიზმრა...“
ძინხუამ მოიშორა ჭუჭყიანი საბანი და წამოდგა. შემდეგ ორივე ხელით მოისრისა
თვალები, ასწია მძიმედ ჩამოწოლილი მიჩიგდანი და ჯერ კიდევ ნამძინარევი
თვალებით მოათვალიერა ოთახი.
ოთახში, დილის ცივ ჰაერში, ყველა საგანი შეუწყნარებელი სიმკვეთრით
იხატებოდა. ძველი მაგიდა, ჩამქრალი ლამპა, სკამები – ერთი იატაკზე ეგდო, მეორე
კედლისკენ იყო მიბრუნებული, – ყველაფერი ისევე იყო, როგორც წინა საღამოს.
მეტიც, მაგიდაზე მიმოფანტულ საზამთროს მარცვლებს შორის ისევ ისე მკრთალად
ბზინავდა ბრინჯაოს პატარა ჯვარცმა. მკვეთრი სინათლისაგან თვალებმოჭრილი
ძინხუა კარგა ხანს იჯდა არეულ საწოლზე, გათოშილი იბუზებოდა, მაგრამ
ადგილიდან არ იძროდა, ისე ათვალიერებდა ოთახს.
– არა, ეს არ იყო სიზმარი... – ჩურჩულებდა ძინხუა, თან უცხოელის უცნაურ
გაქრობაზე ფიქრობდა. რა თქმა უნდა, შეეძლო ეფიქრა, რომ უცხოელი მისი ძილის
დროს წავიდა, მაგრამ ვერ დაეჯერებინა, რომ ის, ვინც ასე ვნებიანად ეალერსებოდა,
ერთი სიტყვითაც არ გამოეთხოვებოდა წასვლის ჟამს. უფრო სწორად, მისთვის
აუტანელი იყო ამის დაჯერება. ამასთან, მას დაავიწყდა, ამ საიდუმლოებით მოცული
უცხოელისთვის შეპირებული ათი დოლარი გამოერთმია.
„ნუთუ მართლა წავიდა?“
გულდამძიმებულმა საბანზე დაგდებული შავი აბრეშუმის კოფთის ჩაცმა
დააპირა, მაგრამ უცებ გაწვდილი ხელი გაუშეშდა და სახე ვარდისფრად აელეწა. ხომ
არ გაიგონა შეღებილ კარს უკან იდუმალი უცხოელის ფეხის ხმა? ან იქნებ არყის
სუნით გაჟღენთილი ბალიშისა და საბნის სუნმა გააღვიძა მასში ამ ღამის
ამაღელვებელი გრძნობები? არა, ძინხუამ იგრძნო, რომ სასწაულის ძალით, რომელიც
მის სხეულში მომხდარიყო, ავთვისებიანი წყლულები ერთი ღამის განმავლობაში
უკვალოდ გაჰქრობოდა.
„ესე იგი, ის იყო ქრისტე!“
თავდავიწყებული, პერანგისამარა ძინხუა ლამის ჩამოვარდა საწოლიდან,
მუხლებით დაეშვა ცივ იატაკზე და ვითარცა მშვენიერმა მარიამ მაგდალინელმა,
მკვდრეთით აღმდგარ ღმერთთან მოსაუბრემ, მხურვალე ლოცვა აღავლინა.
10
11

3
ერთხელ, მომდევნო წლის გაზაფხულის საღამოს, ახალგაზრდა იაპონელი
ტურისტი, რომელიც ოდესღაც უკვე სტუმრობდა ძინხუას, კვლავ იჯდა მის წინ,
მბჟუტავი შუქით განათებულ მაგიდასთან.
– ჯვარცმა ისევ გიკიდია? – შენიშნა მან საუბრისას ოდნავ დამცინავი ტონით. და
მაშინ, იმწამსვე დადინჯებულმა ძინხუამ უამბო მას თავისი არაჩვეულებრივი
თავგადასავალი, თუ როგორ განკურნა იგი ერთხელ ღამით ნანკინში ჩამოსულმა
ქრისტემ.
უსმენდა მის მონათხრობს ახალგაზრდა იაპონელი ტურისტი და თავისთვის
ფიქრობდა:
„ვიცნობდი იმ უცხოელს. იაპონელ-ამერიკელი მეტისი იყო. მგონი, ჯორჯ მერი
ერქვა. ჩემს ნაცნობთან, რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტთან ტრაბახობდა, რომ
ერთხელ ნანკინში გაუტარებია ღამე ერთ ქრისტიან მეძავთან, და როცა მას ტკბილად
ჩასძინებია, ჩუმად ათესილა. ამას წინათ ნანკინში რომ ვიყავი, ის სწორედ ჩემს
სასტუმროში გაჩერდა, ასე რომ, მისი სახე აქამდე მახსოვს. ადგილობრივი
ინგლისური გაზეთის კორესპონდენტად ასაღებდა თავს, მაგრამ სრულიად უღირსი
და გაფუჭებული კაცი იყო. შემდეგ სიფილისისგან ჭკუიდან შეიშალა... გამოდის, რომ
ამ ქალისაგან დაავადებულა. ეს კი ამ უკეთურ მეტისს აქამდე ქრისტედ თვლის!
გავუმხილო ეს ამბავი თუ გავჩუმდე და სამუდამოდ დავტოვო თავის სიზმარში,
რომელიც ძველებურ დასავლურ ლეგენდებს ჰგავს?..“
როცა ძინხუამ თავისი ამბავი დაასრულა, იაპონელმა ტურისტმა, თითქოს გონს
მოეგოო, ასანთი გაკრა და სურნელოვან სიგარეტს მოუკიდა. შემდეგ საგანგებო
ინტერესით იკითხა:
– მაშ ასე... საოცარია... და შენ არც ერთხელ არ გიავადმყოფია ამის შემდეგ?
– არა, არც ერთხელ, – უყოყმანოდ უპასუხა სახეგანათებულმა ძინხუამ ისე, რომ
საზამთროს მარცვლების კნატუნი არ შეუწყვეტია.

მოთხრობის გზამკვლევი

თხუთმეტი წლის ჩინელი მეძავის, ძინხუას, ოთახში „ყველასგან მივიწყებული“


ძველი სკამი დგას. რას უნდა ნიშნავდეს ეს? არავინ არის მისთვის - არც ერთი
ახლობელი ადამიანი არ დამჯდარა ამ სკამზე დიდი ხანია. გოგონა მხოლოდ
საკუთარი რწმენის ამარა ცხოვრობს, რომელსაც კედელზე მიმაგრებული ჯვარცმის
კომპოზიცია გამოხატავს: „ყოველთვის, როცა კი გოგონა მას შეხედავდა, გრძელ
წამწამებზე მყისვე უქრებოდა დარდის აჩრდილი და თვალებში გულუბრყვილო
იმედის სხივი უკიაფებდა“. მას შემდეგ, რაც დედამ კათოლიკედ მონათლა, მისთვის
იესო დამცველი და მიმტევებელია. ერთ დამცინავ სტუმარს, რომელიც ეკითხება, არ
გეშინია, ასეთი უზნეო ცხოვრებისთვის სამოთხეში რომ ვერ მოხვდებიო, ძინხუა ასე
უპასუხებს: „ვფიქრობ, რომ უფალი ქრისტე იქ, ცაში თვითონ ხვდება ჩემს
გულისნადებს, ასე რომ არ იყოს, უფალ ქრისტესა და იაოძაიკოს პოლიციელს შორის
რაღა განსხვავება იქნებოდა?“ გოგონასთვის მაცხოვარი მკაცრი დამსჯელი კი არა,
კეთილი მფარველია.
11
12

გოგონა მძიმე ცხოვრებას ვენერიული დაავადება ართულებს, რომლისგან


თავდახსნისთვის მეგობარი, ძველი „წეს-ჩვეულებისამებრ“, ამ ავადმყოფობის
სხვისთვის გადადებას ურჩევს. ძინხუას სუფთა და მშვენიერი სულისთვის ასეთი
ქცევა მიუღებელია - განა შეიძლება სხვა გაწირო იმისთვის, რომ საკუთარი თავი
დაიხსნა („იესო მაცხოვარო, უზენაესო! მამა რომ ვარჩინო, ბინძურ ხელობას ვეწევი,
მაგრამ ჩემი ხელობა გამანადგურებს მხოლოდ მე, სხვას კი არას ვავნებ. ამიტომ
ვფიქრობ, თუკი მოვკვდები თუნდაც ასეთივე, როგორიც ვარ, სულერთია, მაინც
ზეცაში მოვხვდები, მაგრამ ახლა მხოლოდ მაშინ შემიძლია განვაგრძო ჩემი
საქმიანობა, თუკი ამ სენს სტუმარს გადავდებ. დაე, მოვკვდე შიმშილით! მაშინ ჩემი
ავადმყოფობა ჩემთან ერთად გაქრება. არავის გავუზიარებ ლოგინს ამიერიდან.
სხვაგვარად, იძულებული გავხდებოდი, საკუთარი ბედნიერების გულისთვის
გამეუბედურებინა ადამიანი, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია“)?

სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შემდეგ ხდება მთავარი ამბავი. ძინხუასთან


ერთი მთვრალი უცხოელი კლიენტი მოდის, რომელიც ძალიან ჰგავს კედელზე
გაკრული ჯვარცმის მაცხოვარს. ძნელი სათქმელია, ეს მართლა ასეა, თუ გოგონას
გულწრფელი რწმენის ილუზიაა. მაგრამ განა ილუზია ჩვენი ცხოვრების ისეთივე
მნიშვნელოვანი გამოხატულება არ არის, როგორიც რეალობა („ძინხუას თვალში ის
იყო ყველა უცხოელზე მშვენიერი, ვინც კი აქამდე ენახა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის
ნანკინელ თანამემამულეებზე.“)? „ნანკინელი ქრისტე“ სწორედ ამის დასტურად
დაწერილი მოთხრობაა - ჩვენ ის ვართ, რაც სულში ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა
ხდება ჩვენ გარეთ. რეალობა ის არის, რომ სტუმარი წუთიერი სიამოვნებისთვის
ევაჭრება გოგონას და ცდუნების საფასურს უკიდურესად ზრდის, ილუზია კი ამას არ
„იმჩნევს“ და კაცში მხოლოდ ღვთაებრივ მშვენიერებასა და სიკეთეს ხედავს.

ძინხუას შეუყვარდება მთვრალი უცხოელი („მხურვალე სიამით ევსებოდა გული,


პირველად განცდილი სიყვარულის სიამით.“), რომელიც მისი ნების ჯერ
საწინააღმდეგოდ და შემდეგ თანხმობით მასთან ღამეს გაატარებს.
ავადმყოფობისაგან კვალიც აღარ რჩება. ისევ გამართლდა ძველი წეს-ჩვეულების
ძალა თუ საკუთარმა რწმენამ იხსნა ნანკინელი მეძავი? ვიღაცამ შეიძლება პირველი
პასუხი იწამოს (აკი იმ სტუმარს გადასდებია ძინხუას ავადმყოფობა!), სხვამ - მეორე.
თუ ჩვენ მეორეთა რიცხვში ვართ, შესაძლოა უცნაურებად მოგვნათლონ, მაგრამ რა
არის „უცნაურობა“? ხანდახან ჩვენი სულიც ხომ ისე არარეალურად აფარფატდება
ჰაერში, როგორც ძინხუას სიზმრის მაგიდიდან ჭერისკენ აფრენილი შემწვარი
ხოხობი.

მოთხრობის კითხვისას რამდენიმე არსებითი კითხვა გვეუფლება: რა უქნეს


ადამიანებმა იესოს - რას დაამსგავსეს მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული მისი
მოძღვრება? განა მაცხოვარი „წესებია“ და თავისუფლების ბედნიერება არ არის? სად

12
13

ვეძებოთ „რეალობა“ - ჩვენ გარეთ თუ ჩვენში? პასუხები საკუთარ თავში უნდა


მოვძებნოთ.

13
14

ბორის აკუნინი

მწერალი, ლიტერატურისმცოდნე, მთარგმნელი და იაპონისტი, გრიგორი


ჩხარტიშვილი, რომელიც ლიტერატურულ სამყაროში ბორის აკუნინის სახელითაა
ცნობილი, 1956 წლის 20 მაისს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. 1958 წელს ის
საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1973 წელს ინგლისურენოვანი სკოლა
დაამთავრა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და
ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწორედ მან თარგმნა უამრავი ცნობილი
იაპონელი მწერალი რუსულ ენაზე, მათ შორის: იუკიო მისიმა, კობო აბე, მასაჰიკო
სიმადა, ასევე ამერიკელი მწერლები: კორაგესან ბოილი, მალკოლმ ბრედბერი, პიტერ
უსტინოვი. 1994-2000 წლებში მუშაობდა ჟურნალ „საზღვარგარეთული
ლიტერატურის“ მთავარ რედაქტორად, გამოცემული აქვს „იაპონური
ლიტერატურის“ 20-ტომიანი ანთოლოგია.

1998 წლიდან გრიგორი ჩხარტიშვილმა მხატვრული ლიტერატურის გამოქვეყნება


დაიწყო ფსევდონომით ბორის აკუნინი. „აკუნინი“ იაპონური სიტყვაა, რომელიც
დაახლოებით ასე ითარგმნება - „გაბოროტებული ადამიანი“ ან „ადამიანი, რომელიც
წესებს არ ცნობს“. მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით, ჩხარტიშვილი
სამეცნიერო ნაშრომებს საკუთარი სახელითა და გვარით გამოსცემს.

გარდა მისი ცნობილი რომანებისა „ახალი დეტექტივის“ ციკლიდან - „ერასტ


ფანდორინის თავგადასავლები“, აკუნინმა შექმნა სერია სახელწოდებით
„პროვინციული დეტექტივი“.

ბორის აკუნინის პირველი წიგნია „აზაზელი“ (1998 წ.), რომელსაც მოჰყვა:


„თურქული გამბიტი“ (1998 წ.), „ლევიათანი“ (1998 წ.), „სამოქალაქო მრჩეველი“ (2000
წ.). მისი წიგნები კინოპროდიუსერების ყურადღების ცენტრში მოექცა და რამდენიმე
ფილმიც გამოვიდა კინოეკრანებზე.

14
15

აღმოსავლეთი და დასავლეთი

თარგმნა ფატმან წერეთელმა


(presa.ge)

I თავი

მთიდან ჰაჯი მურატოვი ცოტა ხნით საომრად დაეშვა. მის მურიდებს უკვე
მობეზრებოდათ ბნელი ხეობებისთვის თავის შეფარება. ამას გარდა შური უნდა
ეძიათ მოღალატეებზე დიდი იმამის სიკვდილისათვის, რომელიც ვერაგულად
მოკლეს ციდან ჩამოვარდნილი რაკეტით.
გზატკეცილს სატვირთო მანქანებით მოუყვებოდნენ. ალაგ-ალაგ საგუშაგოები
ხვდებოდათ, მაგრამ მადლობა ალაჰს, რომ რუსები ბაკშიშს დახარბებული ხალხია,
ვერცხლი კი მურატოვს უხვად ჰქონდა. ის უკვე ფიქრობდა, რომ შეძლებდა გაშლილ
ველამდე მიღწევას, სადაც გიაურების მთავარი ქალაქი იყო, რომელიც, თუ
ტელევიზორს ვენდობით, ფერად-ფერადი ალებით ბრწყინავდა და საერთოდ არ
იცოდა, თუ რა იყო ომი.
მაგრამ განთიადისას, იმ დიდი დაბის შესასვლელში, რომლის სახელი ნაიბმა ვერ
დაიმახსოვრა, იღბალმა ზურგი აქცია, დაბისთვის სამწუხაროდ, კორდონის უფროსი
ძალიან პატიოსანი, ან ძალიან სულელი აღმოჩნდა. მან ფული არ აიღო და სროლა
დაიწყო.
მებრძოლებმა ჯიუტი ოფიცერი და მისი ხალხი მოკლეს, მაგრამ ამის შემდეგ გზის
გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მეომრები მძინარე ქუჩებში გაიფანტნენ, თან
ფანჯრებს დასაშინებლად ესროდნენ. ყველა მხრიდან ჯარისკაცები და კაზაკები
გროვდებოდნენ.
დაე აქ, გადაწყვიტა ჰაჯიმ, ეს ადგილი არაფრით ჩამოუვარდება სხვას. მხოლოდ
ის ინანა, რომ არ დაიმახსოვრა ამ დაბის სახელი, სადაც ალაჰთან შეხვედრა ეწერა.
დაბის შუაგულში თეთრი, დიდი, სქელკედლებიანი მაღალი გალავნით
გარშემორტყმული სახლი იდგა.
ასეთ შენობაში მტერი შეიძლება დიდხანს მოეგერიებინათ. მურატოვის მეომრები
ვესტიბიულში შეცვივდნენ, ფანჯრებთან განლაგდნენ, ავტომატების ლულები გარეთ
გაყვეს და სროლა ატეხეს. თუმცა გიაურებმა სროლაზე არ უპასუხეს, ქუჩებში კი
უფრო და უფრო მეტი ჯავშანტრანსპორტიორი ჩნდებოდა, ხოლო ცაში სამხედრო
ვერტმფრენები გუგუნებდნენ.
შემდეგ ნაიბთან ყურბანი მივიდა და უთხრა:
– ცუდია, ჰაჯი. ისინი არ გვესვრიან, რადგან ეს საავადმყოფოა.

II თავი
15
16

გაიგო რა, რომ ჩეჩენმა აბრეკებმა საავადმყოფო დაიპყრეს, სადაც ასობით


მშვიდობიანი მოქალაქე იყო, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ სტეპანოვიჩ ლორის-
მელიკოვი ხატებისკენ შებრუნდა და პირჯვარი გადაიწერა. დადგა დრო, რომელსაც
ის შიშით მოელოდა იმ დღიდან, რა ხალხის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა. მან
იცოდა,რომ ადრე თუ გვიან ბედი მას არჩევანის წინ დააყენებდა, რომელიც,
სინამდვილეში, არჩევანი არც იყო. ვიქტორ სტეპანოვიჩი მუდამ ამბობდა, რომ
ადამიანი, რომელიც ხალხს მიუძღვნის თავის სიცოცხლეს, თავის თავს აღარ
ეკუთვნის.
ახლა დამდგარიყო დრო, როცა ეს სიტყვები საქმით უნდა დაემტკიცებინა.
– თვითმფრინავი მომიმზადეთ, – უთხრა მან თანაშემწეს, – მივფრინავ.
თანაშემწემ შეახსენა:
– არიადნა არკადიევნამ გთხოვათ, რომ მისთვის დაგერეკათ.
–კარგი, კარგი, შემდეგ, – თავი დაუქნია ლორის-მელიკოვმა და გულში დაიფიცა,
რომ ცოლზე ჯერ არ იფიქრებდა – ახლა უდრეკი სიმტკიცე იყო საჭირო.

III თავი
მურიდები მოკრძალებით უცქერდნენ ჰაჯის, რომელსაც მუხლი მოეყარა კედლის
გაზეთის წინ სახელწოდებით ჩვენი საზრუნავია მშრომელების ჯანმრთელობა და
ყოვლისშემოქმედს ევედრებოდა.
– ჩამაგონე, მასწავლე, – ჩურჩულებდა ცივი ლინელიუმისთვის თავმიბჯენილი
მურატოვი – როგორ მოვიქცე? არშეიძლება, რომ უდანაშაულოები დაზარალდნენ.
საავადმყოფოს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს. მურადები შეეცადნენ
სამსახურეობრივი გასასვლელიდან რამდენიმე მშობიარე მაინც გაეყვანათ, მაგრამ
კარი ოდნავ გააღეს თუ არა, მოედნიდან იმ წუთსავე ტყვიები დააყარეს
მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან – მოკლეს ერთი ქალი, ორი კი დაჭრეს.
როგორ გაეყვანათ ავადმყოფები და ექიმები, რომ ფეხებში არ მოდებოდნენ და
ბრძოლაში ხელი არ შეეშალათ? წინასწარმეტყველს ხომ უთქვამს: „ნუ ემტერები
მცირეწლოვანთა და სუსტთა“.
ალაჰი არ პასუხობდა. ეტყობა, თავადაც არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

IV თავი
„მინვოდის“ აეროპორტი უკან მოიტოვეს. მინისტრის კორტეჟი გიჟური
სისწრაფით მიქროდა მტვრიანი სტანიცების გვერდით.
ლორის-მელიკოვი კიდევ ერთხელ, თუმცა სრულიად უიმედოდ დაფიქრდა:
იქნებ არსებობდეს სხვა გამოსავალი?
არა, სხვა გამოსავალი არ იყო.
რა თქმა უნდა, არამზადებთან დათმობაზე წასვლა დაუშვებელი იყო.

16
17

საკმარისია ერთი დათმობაც, რომ გატაცებებისა და მძევლების დაპყრობის


მთელი ბაკქანალია დაიწყო. ყოველი დღეს გამოსყიდული სიცოცხლე ხვალ ან ზეგ
ასობით და ათასობით მოკლულის სისხლში განიბანება.
არამც და არამც , ათი თავით მართლები არიან ისრაელელები: არანაირი დათმობა,
არანაირი შეთანხმება, არანაირი ვაჭრობა. სჯობს ერთხელ სისხლის ფასად გადარჩე,
ვიდრე გამუდმებით იხადო. ის, ლორის-მელიკოვი, ღმერთისა და ხალხის მიერ
მინიჭებული ძალაუფლებით მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
ისარგებლა რა იმით, რომ ადიუტანტმა ჩათვლიმა, პრემიერ-მინისტრმა პერანგის
შიგნიდან მალულად ამოიღო ოქროს მედალიონი და მასში ჩადებულ ქალის სურათს
ეამბორა.
– მაპატიე, ჩემო საუნჯევ, და ნუ განმსჯი – პოლკოვნიკო, – ვიქტორ სტეპანოვიჩმა
ფრთხილად დაჰკრა ადიუტანტს მხარზე – გაიღვიძეთ, ალიოზ ქრისტოფოროვიჩ,
მურატოვთან დამაკავშირეთ, გეთაყვა.

V თავი
მთავარი ექიმის კაბინეტში ტელეფონი, როლმელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი
უკვე მრავალი საათის მანძილზე არ ეტყობოდა, უცებ აფრთხიალდა. ყურბანმა
მოახსენა, რომ ნაიბთან საუბარი გიაურების ყველაზე მთავარ უფროსს ლორის-
მელიკოვს, ჩეჩენი ხალხის სასტიკ მტერს, სურდა. ჰაჯიმ ყურმილი
გულდამძიმებულმა აიღო.
იცოდა, თუ რას მოისმენდა. მინისტრი ეტყოდა: დაგვნებდი, მურატოვ, და მაშინ
მე უდანაშაულოების გამოშვების ნებას მოგცემ. თუ არა და,შენი სახელი საუკუნოდ
ნამუსახდილი, ხოლო შენი ღირსება სამუდამოდ ლაფდასხმული იქნება.
– მე ვარ, – მოკლედ თქვა ჰაჯიმ მიკროფონში და თვალები დახუჭა, ჯერ ვერ
გადაეწყვიტა, თუ რას უპასუხებდა. დასანანია, რომ ალაჰმა თავისი უსაზღვრო
სიბრძნით თვითმკვლელობა აკრძალა.
– ჰაჯი მურატოვ, გესმით ჩემი? – გაისმა ნაიბისთვის ტელევიზორიდან ნაცნობი
ხმა.
– დიახ.
– ჰაჯი მურატოვ, თქვენ ბრძანდებით? – ჰკითხა ვიქტორ სტეპანოვიჩმა, დაეჭვდა
რა, ამ მოკლედ მოპასუხე ადამიანმა რუსული საკმარისად კარგად იცოდა თუ არა – მე
თქვენთან მოლაპარაკებას მანამ არ ვაწარმოებ, სანამ ყველა ავადმიყოფს და მთელ
სამედიცინო პერსონალს არ გაათავისუფლებთ. გესმით ჩემი?
დუმილი.
– ყველა ამ ადამიანის ნაცვლად მძევლად ჩემს თავს გთავაზობთ, – უთხრა
ლორის-მელიკოვმა, თან გამოკვეთილად წარმოთქვამდა ყოველ სიტყვას. უცებ
გახსენდა, რომ არც ისე დიდიხნის წინ ერთ-ერთი პოლიტიკოსი წინასაარჩევნო

17
18

აგიტაციის დროს უკვე სთავაზობდა თავის თავს მძევლად ყველა კავკასიელი ტყვის
სანაცვლოდ, ამიტომ სწრაფად დასძინა:
– ეს დემაგოგია არ არის, მურატოვ. მე თქვენთან მოვალ, თქვენ გახსნით კარს და
ყველას გაუშვებთ. 900 სამოქალაქო პირის სანაცვლოდ თქვენ რუსეთის პრემიერ-
მინისტრი გეყოლებათ. სარფიანი გარიგებაა, დათანხმდით. მაშინ მე მოვისმენ თქვენს
ყველა მოთხოვნას.
დაბეჭდილ კონვერტში ჯერ კიდევ თვითმფრინავში შედგენილი ბრძანება იდო:
საავადმყოფოდან. უკანასკნელი მძევლის გამოსვლიდან 10 წუთის შემდეგ შენობაზე
იერიში ჯერ დაბომბვით უნდა მიეტანათ, ხოლო შემდეგ შეტევაზე უნდა
გადასულიყვნენ. ნანგრევებში დაიღუპებოდნენ დამნაშავეები, მათთან ერთად კი
ვიქტორ სტეპანოვიჩ ლორის-მელიკოვი, მაგრამ ამის შემდეგ ვერც ერთი ტერორისტი
ვეღარ გაბედავდა რუსი ქვეშევრდომების მძევლად აყვანას. ვერასდროს...
ჰაჯიმ იფიქრა: აი ისიც – ალაჰის მოვლენილი სასწაული.
ღირსება გადარჩენილია, დანებება არ მოუწევთ. კიდევ იბრძოლებენ. ესეც
იფიქრა: თეთრი მეფის ყველა მინისტრი ამას რომ ჰგავდეს, შესაძლებელია არც
დამოუკიდებლობა მონდომებოდათ. პასუხად კი უთხრა – ისლამის მეომრები
ქალებისა და სუსტების უკან არ იმალებიან. შეაჩერე შენი ტურები – არ ისროლონ.
ნურც შენ მოხვალ, რაში მჭირდები?

VI თავი
ჭიშკრიდან ბოლო მთავარი ექიმი გამოვიდა: – ეს 18.07 საათზე მოხდა.
ის ცოტა ხნით შეჩერდა, საავადმყოფოს კორპუსისკენ შებრუნდა, თითქოს მასთან
გამომშვიდობება უნდოდა და სირბილით გადაჭრა ცარიელი მოედანი.
18.30 საათზე ატყდა სროლა, შემდეგ დაბომბვა. ბრძოლა კიდევ დიდხანს
გაგრძელდა – ჯერ პირველ სართულზე იბრძოდნენ, შემდეგ მეორეზე, მესამეზე,
მეოთხესა და საბოლოოდ, სახურავზე.
უკვე შუა ღამე იყო, რომ გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სადაც დროებითი შტაბი
განლაგებულიყო, შემოვიდა მაზრის უფროსი და თავის დაკვრით ლორის-მელიკოვის
წინ მაგიდაზე ჰაჯი მურატოვის მოჭრილი თავი დადო.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ცოცხალი ვერავინ ავიყვანეთ, – ხელები გაშალა
გენერალმა.
აბრეკის თავი თმაგადაპარსული, სახე ხშირი, შავი წვერით დაფარული იყო.
გაღებული თვალები ცისფერი აღმოჩნდა. ისინი მრისხანედ გამჭოლ უცქერდნენ
პერმიერ-მინისტრს, თუმცა მკვდარს სახეზე მშვიდი და, შეიძლება ითქვას,
უშფოთველი გამომეტყველება ჰქონდა.
East is East, West is West... ნაღვლიანად გაიფიქრა ვიქტორ სტეპანოვიჩმა,
რომელიც მეორე დაბადებამ პოეტურად განაწყო.
როგორც ჩანს, მთების ამ ველური შვილების თავისუფლად გაშვება მოუწევთ.
დაე, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ძალით მოწყალე ვერ იქნები.

18
19

მოთხრობის გზამკვლევი

ერთია, თავისუფლებისაკენ სავალი გზის ხშირად სიკვდილთან შეზავებული მშვენიერება და


მეორეა, რას უწოდებენ მას ის ადამიანები, რომლებიც სწორედ თავისუფლებას ზღუდავენ.
მათ მიერ შერქმეული სახელები ცნებებსა და მოვლენებს მნიშვნელობას უცვლის და
ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ასე შეიძლება, თავისუფლებისათვის მებრძოლს
„ტერორისტი“ უწოდონ, ხოლო მისი თავგანწირვა კაციჭამიობად მონათლონ. ეს იმიტომ
ხდება, რომ ვინმემ ამ მართლაც თავისუფლებისათვის თავგანწირულ მებრძოლებთან სიტყვა
„ღირსება“ არ დააკავშიროს, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლას ბოროტებად აქცევს.

მიურიდები მურატოვის ხელმძღვანელობით დიდი იმამის ვერაგულად მოკვლის გამო


მოღალატეთა დასასჯელად მთიდან ბარში ჩამოსვლისას მოულოდნელად ხიფათს
გადაეყრებიან და იძულებულნი ხდებიან ერთ შენობას შეაფარონ თავი. ეს საავადმყოფოა,
რომელშიც ცხრაასი ადამიანია და ყველა მძევალი აღმოჩნდება. მურატოვის რაზმზე
სამხედრო თავდასხმა გარდაუვალია, მაგრამ იერიშისას უდანაშაულო ადამიანთა დიდი
მსხვერპლია მოსალოდნელი.

საავადმყოფოში გამაგრებულები სივდილისთვის მუდამ მზადმყოფი ადამიანები არიან. მათ


ერთი რამ იციან დანამდვილებით - არაფრით გადაიხდიან სიცოცხლეში თავისუფლებასა და
ღირსებას. ასეთი „სავაჭრო დღე“ მათთვის არასდროს დგება. სწორედ ეს აძლევს მთიელებს
დიდ ზნეობრივ უპირატესობას თავისუფლების ძალით დამთრგუნველ რუსულ იმპერიაზე.
მოთხრობის შინაგან დრამატიზმს ის ქმნის, რომ დამპყრობელი ქვეყნის პირველი პირი,
პრემიერ-მინისტრი ლორის-მელიქოვი, ისე მოიქცევა, რომ თავადაც არარად აგდებს
სიცოცხლეს მძევალთა გასათავისუფლებლად და მზად არის, მათ სანაცვლოდ, თავად
ჩაჰბარდეს მიურიდებს. თუმცა, საქმე ის არის, რომ არავითარი “მძევლები” არ არსებობენ -
მურატოვი და მისი მებრძოლები, ამ გამოუვალ ვითარებაში, მხოლოდ ღირსეულ სიკვდილზე
ოცნებობენ და უდანაშაულო ადამიანთა უაზრო მსხვერპლშეწირვა არ სურთ. შეეცდებიან
კიდეც „მძევალთა“ გამოშვებას, მაგრამ „კარი ოდნავ გააღეს თუ არა, მოედნიდან იმ წუთასვე
ტყვიები დაუშინეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან - მოკლეს ერთი ქალი, ორი კი
დაჭრეს“. კაციჭამია ყოველთვის იმპერიაა და არა თავისუფლებისათვის მებრძოლი. რაგვარი
ცინიზმით იკითხება ამ ველური მკვლელობის დროს საავადმყოფოს კედლის გაზეთის
სახელწოდება: „ჩვენი საზრუნავია მშრომელების ჯანმრთელობა“.

ბორის აკუნინი გვიჩვენებს ორ სიმართლეს: ერთი მხრივ - „არავითარი კომპრომისი


თავისუფლების წამრთმევთან“, მეორე მხრივ - არავითარი შეთანხმება ტერორისტებთან. ასეთ
ვითარებაში მხოლოდ დაუნდობელი კონფრონტაციისა და ხოცვა-ჟლეტისთვის რჩება დროც
და ადგილიც. მაგრამ კიდევ არის ერთი რაღაც, რისთვისაც დრო და ადგილი ყოველთვის
მოიძებნება - ეს ადამიანის ღირსებაა. მურატოვი აფასებს პრემიერ-მინისტრის თავგანწირვას,
მოსწონს ეს გაბედული თავგანწირვა („თეთრი მეფის ყველა მინისტრი ამას რომ ჰგავდეს,
შესაძლებელია არც დამოუკიდებლობა მონდომებოდათ“), მაგრამ არც მისგან იღებს
მსხვერპლს: „ისლამის მეომრები ქალებისა და სუსტების უკან არ იმალებიან. შეაჩერე შენი
ტურები - არ ისროლონ. ნურც შენ მოხვალ. რაში მჭირდები?“

19
20

მოთხრობაში ორი „შენიღბული“ მინიშნებაა. უკანასკნელი მძევლის გამოსვლიდან ათი


წუთის შემდეგ დაგეგმილია შეტევა. მე-6 თავში კი წერია, რომ შენობიდან ბოლოს მთავარი
ექიმი გამოვიდა 18.07 საათზე და 18.30 საათზე კი ატყდა სროლა. 23 წუთი ყოყმანობდა
ლორის-მელიქოვი ბრძანების გაცემას უკვე დაგეგმილი შეტევის დასაწყებად. რაზე ფიქრობდა
კაცი, რომელსაც „ტერორისტმა“ სიცოცლე არ წაართვა? ნათელია, რომ მასში პიროვნება და
სახელმწიფო მოხელე ერთმანეთს ებრძოდნენ და ბოლოს, ალბათ „სახელმწიფო
მიზანშეწონილობის“ გამო, მოხელემ გაიმარჯვა. მეორე მინიშნება კი ის არის, რომ შვიდის
ნახევარზე დაწყებული ბრძოლა შუაღამემდე გაგრძელდა და საავადმყოფოში გამაგრებული
მებრძოლებიდან ერთიც კი ვერ ჩაიგდეს ხელში ცოცხლად. ასეთი დაპირისპირება
ყოველთვის უკომპრომისოა მათი მხრიდან, ვინც სიკვდილის ფასიც იცის და სიცოცხლისაც.

მოთხრობას შთამბეჭდავი ფინალი აქვს - ერთმანეთს უცქერენ ლორის-მელიქოვი და მის


მაგიდაზე დადებული მურატოვის მოჭრილი თავიდან მომზირალი მრისხანე ცისფერი
თვალები. ისინი დამარცხებას არ აღიარებდნენ. სწორედ მაშინ გაიფიქრებს პრემიერ-
მინისტრი (რატომღაც ინგლისურად), რომ „აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი კი -
დასავლეთი“. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არსებობს ძალა, რომელიც გაბედულ
ღირსებას დაამარცხებს. მთიელებმა კი იციან, რა არის ღირსება და როგორ უნდა შეხედო
სიკვდილს ისე, რომ სიმშვიდე არ დაკარგო. სწორედ ამის მეტისმეტად თვალსაჩინო
შეგრძნება ათქმევინებს ლორის-მელიქოვს: „დაე, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ძალით
მოწყალე ვერ იქნები“.

20
21

ვუდი ალენი

ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პიესების ავტორი ვუდი ალენი,


რომლის კარიერა უკვე ექვს დეკადას ითვლის, 1935 წლის 1-ელ დეკემბერს, ამერიკის
შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები
ამერიკაში ემიგრაციაში ავსტრიიდან და რუსეთიდან წავიდნენ. მომავალი რეჟისორი
ვერ დაიკვეხნიდა ბედნიერი ბავშვობით, რადგან მშობლებს ერთმანეთთან კარგი
ურთიერთობა არ ჰქონიათ. მოგვიანებით, ხუმრობით იხსენებდა, რომ ყველა ტიპის
ბანაკში აგზავნიდნენ, სადაც ნებისმიერი რასის ბავშვები ფიზიკურად
უსწორდებოდნენ.

საკუთარ თავზე ხუმრობის უნარმა ვუდი ალენს პირველი სამსახური აშოვნინა, 1950-
იან წლებში ის უკვე სცენარისტად მუშაობდა სატელევიზიო კომედიური ჟანრის
გადაცემებისთვის. 1960-იანი წლების დასაწყისში ალენი თავად გამოდიოდა,
როგორც იუმორისტი, „კომედი სენტრალმა“ 2004 წელს ის 100 საუკეთესო
იუმორისტს შორის მეოთხე ადგილზე დაასახელა.

რამდენიმე წლის შემდეგ ალენმა რეჟისორობა გადაწყვიტა და რეჟისორების ახალი


ჰოლივუდური ტალღის წარმომადგენლად დაიმკვიდრა თავი. მას ოთხი „ოსკარი“
აქვს მიღებული, მათ შორის - სამი, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, რაც
მის, როგორც მწერლის, შესაძლებლობებს უფრო თვალსაჩინოს ხდის.

მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა კინოფილმები: „ენი ჰოლი“, „მანჰეტენი“,


„ელისი“, „ყოვლისშემძლე აფროდიტა“, „მატჩ პოინტი“, „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“.

,
უზენაესი

თარგმნა თამარ სუბელიანმა


(ვუდი ალენი, „ჩემი აპოლოგია“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015)

ოფისში ვიყავი, ჩემს ოცდათვრამეტკალიბრიანს ვწმენდდი იმაზე ჩაფიქრებული,


ამჯერად რა საქმე მელოდა წინ. კერძო დეტექტივობით ძალიანაც კმაყოფილი ვარ,
იმისდა მიუხედავად, რომ ზოგჯერ ღრძილებს დომკრატით მიჩეჩქვავენ, მაგრამ
მწვანე კუპიურების სურნელად მაინც ღირს ეს. მანდილოსნებზე აღარაფერს ვიტყვი,
ჰაერივით რომ არიან ჩემთვის. მაგიტომ იყო, ოფისის კარი ქერა, გრძელთმიანმა
გოგონამ – ჰიზერ ბატკისმა – რომ შემოაღო და მითხრა, შიშველი ვპოზიორობ
ფოტოგრაფებთან, ახლა კი თქვენი დახმარება მჭირდებაო, სანერწყვე ჯირკვალმა
სამჯერ სწრაფად დაიწყო მოქმედება. მოკლე ქვედაბოლო და მოტმასნილი სვიტერი

21
22

ეცვა, სხეულის ფორმები კი პარაბოლებს მიუგავდა, რაც იაკსაც კი გულის შეტევას


დამართებდა.
– რით შემიძლია დაგეხმარო, საყვარელო?
– ვიღაც მინდა იპოვო.
– დაკარგულია? პოლიციას უკვე მიმართე?
– არა, მისტერ ლუპოვიც.
– შეგიძლია კაიზერი დამიძახო, საყვარელო, აბა, ვის ეძებთ?
– ღმერთს.
– ღმერთსო, ამბობ?
– კი. ღმერთს, შემოქმედს, ყოველთა არსთა მაარსებელს. მინდა ის იპოვო.
გიჟები აქამდეც მოსულან ჩემთან, მაგრამ როცა გოგონა ასეთ ტანზე დგას, იმას
უნდა მოუსმინო.
– რატომ?
– ეგ ჩემი საქმეა, კაიზერ.
– მაპატიე პატარავ მე ის არ ვარ, ვინც შენ დაგეხმარება.
– რატომ?
– ყველაფერი უნდა ვიცოდე, –წამოვდექი.
– კარგი. კარგი. – ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. ჩემს დასანახად მაღალყელიანი წინდა
შეისწორა, მაგრამ ამ ანკესზე ვერ წამომაგებდა.
– მოკლედ მომიყევი, პატარავ.
– სიმართლე გითხრა, სულაც არ ვმუშაობ მოდელად.
– ნუთუ?
– არა. სინამდვილეში არც ჰიზერ ბატკისი მქვია. კლერ როსენსვაიგი ვარ, ვასარის
კოლეჯის სტუდენტი. ფილოსოფიის მაგისტრი. დასავლური აზროვნების ისტორიას
და ასეთ რამეებს ვსწავლობ. იანვარში საბოლოო ნაშრომი უნდა ჩავაბარო. დასავლურ
რელიგიებზე ვწერ. ხომ ვიცი, ყველა სხვა სტუდენტი იყალთაბანდებს და ზერელედ
მიუდგება ამ საქმეს. მე კი მართლა მინდა ვიცოდე. პროფესორმა გრებანიემ თქვა, თუ
ვინმე ჭეშმარიტებას შეიტყობს, ის მომდევნო კურსზე ავტომატურად გადავაო.
მამაჩემი კი შემპირდა, თუ სულ მაღალი ქულები გამოგყვება, „მერსედესს“ გიყიდიო.
ჯერ „ლაკის“ კოლოფი გავხსენი, მერე კევის და ორივე პირში ჩავიდე. ამ ამბავს
საინტერესო პირი უჩანდა. გაფუჭებული სტუდენტი გოგო. IQ-ც მაღალი ჰქონდა და
ამის სხეულსაც სიამოვნებით გავეცნობოდი უკეთ.
– როგორ გამოიყურება ღმერთი?
– არასდროს მინახავს.
–აბა, რა იცი, რომ არსებობს?
– შენ სწორედ ამისთვისა ხარ.
– დიდებულია, ჰმ, დიდებული. არც ის იცი, როგორ გამოიყურება და არც ის,
საიდან დავიწყო მისი ძებნა?

22
23

– არა, არაფერი ვიცი, თუმცა მგონია, რომ ყველგანაა. ჰაერშიც, ყვავილებშიც,


შენშიც, ჩემშიც, აი, ამ სკამშიც.
– აჰა.
პანთეისტი ყოფილა. მოვკიდებ ამ საქმეს ხელს-მეთქი, ვუთხარი – დღეში ას
დოლარად, სხვა ხარჯებისა და ჭამის ხარჯებიც მასზე იყო. გამიღიმა და
შევთანხმდით. ლიფტით ერთად ჩამოვედით. გარეთ ბნელდებოდა: ღმერთი ან
არსებობდა, ან არა, მაგრამ ამ ქალაქში ნაღდად ბევრი ვინმე იყო ისეთი, ამის
გარკვევაში რომ ხელს შემიშლიდა.
პირველი ჩემი წყარო რაბი იცხაკ ვაისმანი იყო, ადგილობრივი სასულიერო პირი.
ჩემგან დავალებული იყო – ერთხელ გავერკვიე, ვინ გაქონა მისი ქუდი ღორის
ცხიმით. დაველაპარაკე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ იყო,
შეშინებული ჩანდა. ძალიან შეშინებული.
– რა თქმა უნდა, ჩვენ-რომ-ვიცით-ის არსებობს, მაგრამ მისი სახელის
გამჟღავნების უფლებაც არ მაქვს. ეგ რომ გავბედო, მაშინვე მომკლავს, თუმცა
ნამდვილად ვერ გამიგია, ვინმეს ასე რატომ უნდა აფრთხობდეს თავისი სახელის
გაგონება.
– გინახავს ოდესმე?
– მე? მასხრობ, არა? იმაშიც გამიმართლა, ჩემი შვილიშვილები რომ ვნახე.
– აბა, რა იცი, რომ მართლა არსებობს?
– საიდან ვიცი? რასაა, რომ მეკითხები? ასეთ კოსტიუმს თოთხმეტ დოლარად
როგორ ვიშოვიდი, იქ, მაღლა რომ არ იყოს ვინმე? მოკიდე ხელი, აბა, გაბარდინს,
ამაში ეჭვი როგორ გეპარება?
– სხვა ვერაფრით დამიმტკიცებ?
– შენ, აბა, ძველი აღთქმა რა გგონია? რას ფიქრობ, მოსემ ებრაელები ეგვიპტიდან
როგორ გამოიყვანა? ღიმილითა და სტრიპტიზის ცეკვით? მერწმუნე, წითელ ზღვას
ორად რომელიმე სუპერმარკეტში შეძენილი იაფფასიანი ნივთით ვერ გააპობ. დიდი
ძალა სჭირდება მაგას.
– ძლიერი ვინმეა, არა?
– კი, ღონიერი ვინმეა. მაგრამ მთელი მისი მიღწევების მიუხედავად, მაინც არ
გაკეთილშობილდა.
– ამდენი რამ საიდან იცი?
– ჩვენ რჩეული ერი ვართ. როგორ ზრუნავს თავის შვილებზე, იცი? თუ საშუალება
მომეცემა, ამაზეც დაველაპარაკებოდი ერთ დღეს.
– მაგაში რამდენი გადაუხადეთ? თქვენ რომ აერჩიეთ.
– მაგას ნუ მკითხავ.
აი, თურმე როგორ ყოფილა საქმე: ებრაელებს კავშირები აქვთ ღმერთთან. ფულის
სანაცვლოდ მათზე ზრუნავს და, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაბი ვაისმანი
როგორც ლაპარაკობდა, ცოტას არ იღებდა მათგან. ტაქსიში ჩავჯექი და მეათე

23
24

ავენიუზე დენის საბილიარდოსთან ჩამოვედი. მენეჯერი ერთი გამხდარი ტიპი იყო,


რომელიც დიდად არ მეხატებოდა გულზე.
– ჩიკაგო ფილი აქ არის?
– ვინ კითხულობს?
საყელოში წავეტანე.
– რასაა, რომ მიბედავ, ბიჭო?
– უკანაა, – მაშინვე ტონი შეცვალა.
ჩიკაგო ფილი ყალბი ფულის მჭრელი, ბანკის მძარცველი, ღონიერმკლავებიანი
კაცი და პირწავარდნილი ათეისტი იყო.
– მაგ ტიპს არასდროს უარსებია, კაიზერ. ფარსია ეგ. ვიღაც თაღლითობს.
არავითარი უზენაესი არ არსებობს. მთელი სინდიკატი ჰყავთ. ძირითადად
სიცილიელები. საერთაშორისო დაჯგუფებაა. მაგრამ სათავეში არავინ უდგათ. თუ
რომის პაპს არ ჩავთვლით.
– პაპს მინდა შევხვდე.
– მაგის მოგვარება შეიძლება, – თვალი ჩამიკრა.
– სახელი კლერ როსენსვაიგი რამეს გეუბნება?
– არა.
ჰიზერ ბატკისი?
– მოიცა. ჰო, რა თქმა უნდა. ეგ ის დიდძუძუებიანი გოგო არაა, რედ-კლიფელი?
– რედკლიფელიო? ვასარი რომ მითხრა?
– მოუტყუებიხარ. რედკლიფში ასწავლის. ერთ ფილოსოფოსთან ჰქონდა
ურთიერთობა ცოტა ხანს.
– პანთეისტთან?
– არა. ემპირიცისტთან, როგორც მახსოვს. ცუდი ტიპი იყო. ჰეგელსაც უარყოფდა
და ყოველგვარ დიალექტურ მეთოდოლოგიებსაც.
– ერთი იმათგანი ყოფილა.
– ჰო, ჯაზტრიოს დრამერი იყო. მერე ლოგიკურ პოზიტივიზმში ამოყო თავი. ეგ
რომ არ გამოუვიდა, პრაგმატივიზმი სცადა. ბოლოს ყური მოვკარი, რომ ფული
მოუპარავს, კოლუმბიის უნივერსიტეტში შოპენჰაუერის კურსის გასავლელად.
ვიღაც ბიჭებს უნდოდათ ეპოვათ – მაგის სახელმძღვანელოებს მაინც დაიტაცებდნენ
და გაყიდდნენ.
– გმადლობ ფილ.
– დამიჯერე, კაიზერ. არავინ არსებობს. არავინ და არაფერი. სულ არაფერი. შენი
აზრით, მე რომ რაღაცის არსებობა მეგრძნო, ან ამ ყალბი ჩეკების განაღდებას
მოვახერხებდი, ან კიდევ გარშემომყოფების ასე მართვას? არაფერია უსასრულო.
სამყაროში ყველაფერი უაზრობაა.
– მეხუთე ვინ მოიგო გუშინ?
– „სანტა ბეიბიმ“.

24
25

ო’როურკისთან ლუდი დავლიე და ვცადე ყველაფერი შემეჯამებინა, მაგრამ


სრული უაზრობა გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ სოკრატეს თავი მოუკლავს (ან
შესაძლოა ჭორები იყო), ქრისტე მოუკლავთ. ნიცშე გაგიჟებულა. თუ ვინმე მართლა
არსებობდა, ის ყველანაირად ცდილობდა, ამის შესახებ არავის შეეტყო და კლერ
როსენსვაიგი რატომღა ტყუოდა ვასარის შესახებ? ნეტა, დეკარტი ცდებოდა? სამყარო
დუალისტურია თუ არა? და კანტს თავში რამე ჩაარტყეს, ღვთის არსებობა რომ
დაამტკიცა მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით?
იმ ღამით კლერთან ვისადილე, ანგარიშის მოტანიდან ათი წუთის შემდეგ
საწოლში აღმოვჩნდით და, ძმაო, მიხვდები, იქ რაც მოხდა. ისეთი ილეთები ჩაატარა,
რომ ტია იუანას ოლიმპიადაზე პირველადგილოსანი გახდებოდა. მერე ჩემ გვერდით
დაწვა, გრძელი ქერა თმა გადაყარა ბალიშზე. ჩვენი შიშველი სხეულები ისევ
ერთმანეთში იყო გადახლართული. ვეწეოდი და ჭერს ვუყურებდი.
– კლერ, იქნებ კირკეგორი მართალი იყო?
– რას გულისხმობ?
– იქნებ ვერასდროს ვერ გავიგებთ სიმართლეს. იქნებ უნდა ვირწმუნოთ...
– სრული აბსურდია.
– ასეთი რაციონალური ნუ ხარ.
– არავინაა რაციონალური, კაიზერ, – გოგონამ სიგარეტს მოუკიდა, – ოღონდ
ონტოლოგიურად ნუ იქცევი. ახლა ნუ იზამ ამას. ვერ ავიტანდი, ჩემთან რომ
ონტოლოგიური ყოფილიყავი.
გაბრაზებული ჩანდა: დავიხარე და ვაკოცე, ტელეფონმა დარეკა. გოგონამ
უპასუხა.
– შენთან არიან.
ტელეფონის ხაზზე სერჟანტი როდი იყო მკვლელობის განყოფილებიდან.
– ისევ ღმერთს დაეძებ?
– ჰო.
– ყოვლისშემძლეს? უზენაესს? სამყაროს შემოქმედს? ყოველთა არსთა
მაარსებელს?
– ჰო.
– მაგ აღწერილობისა ვიღაც გამოჩნდა მორგში. ჯობს მოხვიდე და ნახო.
როგორც ჩანდა, მართლა ის იყო, პროფესიონალის გაკეთებული უნდა ყოფილიყო.
– აქ რომ მოვიყვანეთ, მკვდარი იყო.
– სად იპოვეთ?
– დელანსის ქუჩის ერთ სათავსოში.
– რას ფიქრობ ამაზე?
– ეგზისტენციალისტის ხელი ურევია. დარწმუნებული ვართ.
– საიდან ასკვნით?
– რაღაც სისტემას არ ექვემდებარება. იმპულსურად გაკეთებულს ჰგავს.
– ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობაა?
25
26

– დიახ. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეჭვმიტანილი შენა ხარ, კაიზერ.


– მე რატომ?
– ყველამ იცის აქ, იასპერსისადმი რა დამოკიდებულებაც გაქვს.
– ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელი ვარ.
– რა თქმა უნდა. სამაგიეროდ იმას ნიშნავს, რომ ეჭვმიტანილი ხარ.
ქუჩაში რომ გამოვედი ღრმად ამოვისუნთქე და ვცადე გონება გამესუფთავებინა.
ნიუარკში ტაქსით მივედი, ერთი უბანი ფეხით გავიარე ჯორდინოს იტალიურ
რესტორნამდე. იქ,შავ მაგიდასთან მისი უწმინდესობა, რომის პაპი იყო. ორ ისეთ
ტიპთან ერთად იჯდა, მათზე ძებნა რომ ჰქონდა პოლიციას გამოცხადებული.
– ჩამოჯექი, – თავის ფეტუჩინის თვალი მოსწყვიტა და ამომხედა. ხელი
გამომიწოდა. ისე გავუღიმე, ყველა კბილი გამომიჩნდა, მაგრამ ხელზე არ ვემთხვიე.
ამით შეშფოთდა, მე კი მაგრად გამისწორდა. ერთი ქულა იყო ჩემს სასარგებლოდ.
– ფეტუჩინოზე ხომ არ დამეწვევი?
– არა, გმადლობთ, თქვნო უწმინდესობავ, თქვენ კი განაგრძეთ.
– არაფერს მიირთმევ? არც სალათას?
– უკვე ვისადილე.
– ნება შენია, მაგრამ მაინც გეტყვი, აქ ისეთი ლურჯი ყველი აქვთ, რომ თითებს
ჩაიკვნეტ! ვატიკანში რომ არის, ისე კი არაა, რიგიანად რომ ვერ დანაყრდები.
– საქმეზე გადავალ, მღვდელმთავარო. ღმერთს დავეძებ.
– იმასთან მოხვედი, ვისთანაც საჭიროა.
– მაშინ ისიც მითხარი, არსებობს? – ამ შეკითხვამ ძალიან გაამხიარულა და
გაეცინა.
– ერთი ამ ვაჟბატონს დამიხედეთ. იმით დაინტერესებულა, ღმერთი თუ
არსებობს. – პაპის გვერდით მჯდომმა მთასავით კაცმა დამცინა.
სკამი მივიწიე, რომ მყუდროდ ჩამოვმჯდარიყავი, მას კი ფეხის თითზე დავადგი
სკამის ფეხი.
– მაპატიე, – ეს კი ვუთხარი, მაგრამ მაინც ცოფებს ყრიდა.
– არსებობს, ლუპოვიც, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ჩემ გარდა, ვერავინ
ელაპარაკება. ჩემი მეშვეობით მეტყველებს.
– და შენ რით დაიმსახურე ეგ, მეგობარო?
– მე ხომ სულ წითლებს ვიცვამ.
– ამაზე ამბობ?
–არ გინდა ახლა რა. ყოველ დილით ვდგები, ამ წითელი ტანსაცმლით ვიმოსები
და უეცრად ყველაზე დიდი კაცი ვხდები. აი, ამ ტანსაცმელშია საქმე. მოდი,
სიმართლეს თვალი გავუსწოროთ რა. მე რომ სპორტულად ვიცვამდე, ყურსაც არავინ
მათხოვებდა.
– ესეც ტყუილი ყოფილა და არ არსებულა ღმერთი.
– არ ვიცი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. კარგად კი მიხდიან.

26
27

– ერთხელაც რომ არ მოგიტანონ სამრეცხაოდან ეს შენი ტანსაცმელი დროულად


და ჩვეულებრივ მოკვდავებს რომ დაემსგავსო?
– სწრაფ სერვისს ვიყენებ, იმ დღესვე მოაქვთ. რამდენიმე ცენტის დამატება კი
ღირს ამად.
– კლერ როსენსვაიგის შესახებ თუ გსმენია რამე?
– როგორ არა. ბრის მაურის მეცნიერების განყოფილებაში მუშაობს.
– მეცნიერებისო, არა? გმადლობ.
– რისთვის?
– პასუხის გაცემისთვის, უწმინდესო.
ტაქსი დავიჭირე და ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე გადავედით. გზად ჩემს ოფისთან
შევჩერდით და იქ სწრაფად გადავამოწმე რაღაც. როცა კლერის განყოფილებაში
მივედი, უკვე რაღაცები გარკვეული მქონდა.
იქ გამჭვირვალე პენუარში დამიხვდა და მივხვდი, რაღაც აწუხებდა.
– მკვდარია ღმერთი. აქაა პოლიცია. გეძებენ. ეგზისტენციალისტმა ჩაიდინა
დანაშაულიო, აცხადებენ.
– არა, საყვარელო, შენა ხარ მკვლელი.
– რაო? ახლა ხუმრობის დრო არ არის, კაიზერ.
– შენა ხარ, შენა ხარ მკვლელი!
– რასაა რომ ამბობ?
– შენ, პატარავ. ეს შენ ჩაიდინე და არა ჰიზერ ბატკისმა ან კლერ როსენსვაიგმა,
შენ, პროფესორმა ელენ შეფარდმა.
– ჩემი სახელი საიდან გაიგე?
– ბრინ მაურის ფიზიკის პროფესორი. ყველაზე ახალგაზრდა, ვინც კი
დეპარტამენტის სათავეში ყოფილა. შუა ზამთარში ერთი ჯაზის მუსიკოსი
შეგიყვარდა, რომელიც ფილოსოფიაშია გადავარდნილი. ცოლიანია, მაგრამ ეგ შენ
ვერ დაგაბრკოლებს. რამდენიმე ღამის გატარების შემდეგ, სიყვარულიაო, გაიფიქრე,
მაგრამ ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც შენ გინდოდა, რადგან თქვენ შორის
ღმერთი ჩადგა. იცი რა, პატარავ, მას კი სწამდა ღვთისა, ან ძალიან კი უნდოდა ასე
ყოფილიყო, მაგრამ შენ, ამ შენი ტვინით, აბსოლუტურად უნდა ყოფილიყავი ამაში
დარწმუნებული.
– ცდები, კაიზერ, ვფიცავ.
– თავი მომაჩვენე, რომ ფილოსოფიას სწავლობდი, რადგან ეს რაღაც
უპირატესობას გაძლევდა. სოკრატე ადვილად მოიშორე თავიდან, მაგრამ დეკარტი
ჩაერთო საქმეში. დეკარტის თავიდან მოსაშორებლად სპინოზა გამოიყენე, და როცა
არც კანტთან გამოგივიდა რაღაც, ისიც ჩამოიშორე.
– არც კი იცი, რაზე ლაპარაკობ.
– ლაიბნიცი კოტლეტად აქციე, მაგრამ არც ეს იკმარე, კარგად იცოდი, ერთი კაციც
თუ დაუჯერებდა პასკალს, წასული იყო შენი საქმე ხელიდან, ამიტომ ისიც უნდა
მოგესპო, აი, აქ კი შეცდომა დაუშვი, რადგან მეტისმეტად ენდე მარტინ ბუბერს. ნაზი
27
28

ვინმე კი აღმოჩნდა. თვითონ სჯეროდა ღმერთისა, ამიტომ იძულებული გახდი


ღმერთი თვითონ მოგეშორებინა.
– კაიზერ, გიჟი ხარ!
– არა, პატარავ, პანთეისტად მომაჩვენე თავი, რაც საშუალებას გაძლევდა მისთვის
ხელი მიგეწვდინა, – თუ, რა თქმა უნდა, არსებობდა. და არსებობდა კიდეც. შენთან
ერთად შელბის ფართიზე წამოვიდა და ჯეისონმა რომ მიიხედა, მაშინ მოკალი.
– შელბი და ჯეისონი ვიღა არიან?
– რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ისედაც ქაოსია სამყაროში.
– კაიზერ, ხომ არ გამცემ? – უეცრად აცახცახდა.
– რისი იმედი გქონდა, პატარავ? უზენაესი გაასაღეს და ვიღაცამ პასუხი არ უნდა
აგოს?
– კაიზერ, შეგვიძლია ერთად გავიქცეთ. შეგვიძლია ფილოსფია სულ
დავივიწყოთ. სადმე დავსახლდეთ და თუნდაც სემანტიკაში გადავეშვათ.
– არა, საყვარელო, ასე არ გამოვა.
ჯერ თვალები აუწყლიანდა, მერე კი პენუარის ბრეტელები გადმოიყარა
მხრებიდან და უეცრად შიშველი ვენერას თვალწინ აღმოვჩნდი, რომლის მთელი
სხეული მეუბნებოდა, მოდი, შენი ვარო. ვენერამ მარჯვენა ხელით თმა ამიწეწა,
მარცხენათი კი თავისი ორმოცდახუთკალიბრიანი მომაბჯინა ზურგზე. მაგრამ ვიდრე
სასხლეტს თითს გამოჰკრავდა, იქამდე ჩემი ოცდათვრამეტკალიბრიანიდან
ვესროლე, ხელიდან იარაღი გაუვარდა და ისე გამომხედა, თითქოს არ სჯეროდა, რაც
ჩავიდინე.
– ეს როგორ გამიკეთე, კაიზერ?
სწრაფად კვდებოდა, მაგრამ მაინც მოვასწარი ბოლო სიტყვების თქმა.
– სამყაროს მანიფესტაცია, როგორც კომპლექსური იდეა, სხვა არაფერია, თუ არა
ყოფის შიდა ან გარეთა წინააღმდეგობრიობა, რაც თავისთავად იმას გულისხმობს,
რომ არსებობა არის კონცეპტუალური არარაობა ან არარაობა
ურთიერთდამოკიდებული ნებისმიერ აბსტრაქტულ ფორმასთან, ან კიდევ
არსებობასთან, ან კიდევ არსებობა უსასრულობაში და არა ფიზიკურ კანონებს
დაქვემდებარებული, ან მოძრაობას, ან კიდევ იმ იდეებს, რომელიც დაკავშირებულია
არარსებულთან, ან კიდევ ობიექტური არსებობის ნაკლებობასთან, ან კიდევ
სუბიექტურ განსხვავებასთან.
რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი კონცეფციაა, მაგრამ ვიდრე მოკვდებოდა, ვგონებ,
რომ გაიგო.

მოთხრობის გზამკვლევი

აქვს თუ არა ღმერთს იუმორის გრძნობა? იქნებ ყველაფერი, რაც მასთან არის
დაკავშირებული, იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანია, რომ ღიმილისთვის არც დრო

28
29

რჩება და არც სივრცე? ერთნი ასე ფიქრობენ, სხვანი - ისე, მაგრამ არიან ადამიანები (არა
აუცილებლად აგნოსტიკოსები, რომლებიც ღმერთის შეცნობის შესაძლებლობას
პრინციპულად უარყოფენ), რომლებიც ამბობენ, რომ ეს, საერთოდ, აზრს მოკლებული
კითხვაა. რატომ არის აზრს მოკლებული? იმიტომ რომ, ათეისტებისთვის ღმერთი საერთოდ
არ არსებობს, მორწმუნეთათვის კი ღიმილი სიყვარულის გამოხატულებაა - რაც თავად
ღმერთის სახელი და არსებაა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბიბლიური სამყაროსთვის
ადამიანი ღვთის ხატება და მსგავსებაა. ეს კი გვამცნობს - არაფერია ჩვენს კეთილ არსებაში
ისეთი, რაც მასში ვერ პოულობს სათავეს.

ვუდი ალენისთვის იუმორი სამყაროსა და ადამიანის შემეცნების ქვაკუთხედია. ის, ალბათ,


ერთადერთი თანამედროვე მწერალია, რომელიც აზროვნებას ლამის ყოველთვის
„აღიმილებს“. ასეთი მწერლობა მაქსიმალურ თვითირონიამდე მიდის. ამ ადამიანის
მოთხრობებში არაფერს აქვს იმდენად სერიოზული სახე, რომ ღიმილის მიღმა აღმოჩნდეს. ეს
არ არის დაცინვა ან ცინიკური დამოკიდებულება - ეს პიროვნების თვითგამოხატვაა.

კერძო დეტექტივს ძლიერ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი ღმერთის მოძებნას ავალებს.


ფორმალურად ყველაფერი რიგზეა, რადგან კერძო დეტექტივები სწორედ ამისთვის
არსებობენ, მაგრამ ღმერთის მოძებნა ერთობ რთული საქმეა - სწორედ ამით არის
დაკავებული კაცობრიობა დღიდან გაჩენისა, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი ისე „პოვნა“, რომ ეს
ყველას თანაბრად ეღიარებინა. სწორედ ღმერთის ძიებისა და პოვნის კაცობრიული პრაქტიკაა
პაროდირებული ამ მოთხრობაში.

ვუდი ალენი დაეჭვებისა და რწმენის მუდმივი თანაარსებობის, მონაცვლეობისა და ხანდახან


„მორიგების“ მკაფიო სურათს ხატავს. ამას ყოველთვის ფრაზის გააბსურდებით აღწევს. რაბი
იცხაკ ვაისმანი - დეტექტივის პირველი „მოწმე“ - მის კითხვას („გინახავს ოდესმე?“) ასე
უპასუხებს: „მე? მასხრობ, არა? იმაშიც გამიმართლა, ჩემი შვილიშვილები რომ ვნახე“. „აბა, რა
იცი, რომ მართლა არსებობს?“ - ინტერესდება დეტექტივი. პასუხი ნამდვილად აბსურდულია,
თუმცა თავისი იუმორისტული ლოგიკა ახლავს: „საიდან ვიცი? რასაა, რომ მეკითხები? ასეთ
კოსტუმს თოთხმეტ დოლარად როგორ ვიშოვიდი, იქ, მაღლა რომ არ იყოს ვინმე?“

მოთხრობაში ვინმემ (მაგალითად, გამოუცდელმა მკითხველმა) შესაძლოა მკრეხელობაც კი


დაინახოს (როგორ შეიძლება ღმერთზე ასე ლაპარაკიო), მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქ არის
დამარხული - ღმერთზე საუბრისას მოთხრობის მთავარი მოქმედი პირი სწორედ რომ
ადამიანებს - მათ ბუნებასა ცხოვრებისეულ პრინციპებს - გამოხატავს. მოთხრობაში კარგად
ჩანს, როგორ იბლანდებიან ადამიანები საკუთარი ღვთისმეტყველებისა თუ
ფილოსოფოსობის ობობას ქსელში. და აქ იბადება კაცთა საბედისწერო შეცდომა - ისინი
საკუთარი აზროვნების მარცხსა და დამაბნეველ გაურკვევლობას ღმერთის სიკვდილად
წარმოიდგენენ.

ბოლოს წინა აბზაცი გვიჩვენებს, როგორ ჩაიკარგა ადამიანი საკუთარი აზროვნების


ლაბირინთებში, მოთხრობის სულ ბოლო წინადადება კი ამის მიმართ მძაფრად ირონიული
დამოკიდებულების გამოხატულებაა.

თანამედროვე ადამიანი ძალზე თავდაჯერებულია და ხშირად ეფიქრება, რომ სამყაროს


საიდუმლოება გაშიფრა, ასევე მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტება თავად უპყრია და არიან სხვებიც,

29
30

რომელთა პრივილეგია ის არის, რომ ამ საქმეში შეცდომები დაუშვან. ისე, ზოგჯერ ამაშიც
ეპარებათ ეჭვი, თუმცა ეს ღმერთის ბრალი არ არის. მთავარ პრობლემად კი ის ჩანს, რომ ჯერ-
ჯერობით, ვერაფრით გავარკვიეთ, აქვს თუ არა ღმერთს ადამიანთა შეცდომებისგან
დაზღვევის პასუხისმგებლობა - „თუკი ის არსებობს“.

შერვუდ ანდერსონი

30
31

ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგიური ნოველის ოსტატი შერვუდ ანდერსონი 1876


წლის 13 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კამდენში დაიბადა. ის წარმატებული
ბიზნესმენის ოჯახში გაიზარდა, განათლება შინ მიიღო. თავად გადაიბარა მამის
ბიზნესი და საქმოსანი გახდა, თუმცა ნერვული აშლილობის შემდეგ, საკუთარი
ბიზნესი და ოჯახი მიატოვა იმისთვის, რომ ცხოვრების მთავარ საქმეს შესდგომოდა -
გამხდარიყო მწერალი.

მისი ცხოვრების ეს ეტაპი მითად დარჩა - 1912 წლის 28 ნოემბერს საკუთარ ოფისში
საკმაოდ დაბნეული მივიდა, მდივან ქალს წერილს ჰკარნახობდა, როდესაც
მოულოდნელად გაჩერდა და უთხრა, რომ ფეხები სველი ჰქონდა და კიდევ უფრო
მეტად უსველდებოდა, შემდეგ კი ოფისიდან გავიდა. ოთხი დღის შემდეგ ის ერთ-
ერთ აფთიაქში შევიდა, ორიენტაციადაკარგული ანდერსონი შეშლილს ჰგავდა და,
რაც მთავარია, საკუთარი ვინაობა არ ახსოვდა. ანდერსონი საავადმყოფოში
მოათავსეს. მის შესახებ ადგილობრივი პრესა წერდა. სტატიებში აღნიშნული იყო,
რომ ბიზნესმენი ბევრი მუშაობის შედეგად გადაიღალა, თუმცა მოგვიანებით, პრესის
საშუალებით საზოგადოებამ შეიტყო, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ
შერვუდ ანდერსონი გამოსცემდა პირველ წიგნს, სადაც აღწერდა ოთხდღიანი
ამნეზიისა და ნერვული აშლილობისას გადატანილ ამბავს...

პირველი ნოველა - „ვინდი მაკფერსონის შვილი“ 1916 წელს გამოიცა. მასთან ერთად
„მამაკაცების მარში“ (1917 წ.) მის ადრეულ ნაწარმოებად მიიჩნევა. სახელი კი გაითქვა
1919 წელს გამოცემული მოთხრობების კრებულით - „უაინსბურგი, ოჰაიო“. საკუთარ
მემუარებში აღნიშნავდა, რომ ზემოხსენებული კრებულის გამხსნელი ნოველა
„ხელები“ გახლდათ პირველი რეალური ამბავი, რაც ფურცელზე გადაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ნოველები საკმაოდ პოპულარული იყო, მან რომანების
წერას მიჰყო ხელი და 1920 წელს გამოაქვეყნა „საცოდავი თეთრი“, რომელსაც მოჰყვა
„ბევრი ქორწინება“ (1923 წ.) და „ბნელი სიცილი“ (1925 წ), რომელიც მის ერთადერთ
ბესტსელერად იქცა.

შერვუდ ანდერსონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურება, გარდა საკუთარი


შემოქმედებისა, ის გახლავთ, რომ მისმა გამორჩეულმა სტილმა და ხელწერამ გავლენა
იქონია მისი შემდგომი თაობის ახალგაზრდა მწერლებზე - უილიამ ფოლკნერზე,
ერნესტ ჰემინგუეიზე, ჯონ სტაინბეკსა და თომას ვულფზე.

შერვუდ ანდერსონი 1941 წლის 8 მარტს პანამაში გარდაიცვალა.

ომი
31
32

თარგმნა მაია ცერცვაძემ


(შერვუდ ანდერსონი, ნოველები, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2013)

ეს ისტორია ერთმა ქალმა მიამბო, მატარებელში რომ გავიცანი.


ვაგონში ხალხმრავლობა იყო. ქალს გვერდით მივუჯექი. შორიახლოს კიდევ
ვიღაც კაცი წრიალებდა, მას ახლდა. ტანმაღალ, ქალივით აღნაგობის მამაკაცს
სქელი ყავისფერი ბრეზენტის ქურთუკი ეცვა, მძღოლები რომ ატარებენ
ზამთრობით, ისეთი. ის ვაგონის დერეფანში ბოლთას სცემდა და სურდა, ქალთან
ადგილი დამეთმო მისთვის, მაგრამ მე ვერ მივუხვდი.
ქალს ტლანქი სახე ჰქონდა.ზედ სქელი ცხვირი აჩნდა. ეტყობოდა, რაღაც
შემთხვევას დაესახიჩრებინა-ან ხელი გაერტყა ვიღაცას, ან სახით სადღაც
დაცემულიყო. არასოდეს მინახავს ესოდენ ფართო, მსხვილი და უშნო ცხვირი.
ქალი თავანკარა ინგლისურით გამესაუბრა. ახლაღა ვხვდები, რომ მისთვის თავი
გაებეზრებინა თანამგზავრს, აი იმ ყავისფერი ბრეზენტის ქურთუკში გამოწყობილ
მამაკაცს, ვისთანაც უკვე დიდი ხანი, დღეები და კვირები მგზავრობდა. ქალს
უხაროდა, რომ საშუალება მისცემოდა, ორიოდე საათი სხვასთანაც გაეტარებინა.
ვის არ უმგზავრია შუაღამით გაჭედილი მატარებლით. ჩვენ დასავლეთ აიოვასა
და აღმოსავლეთ ნებრასკას მივუყვებოდით. ბოლო დღეებში ეწვიმა და მინდვრები
დაეტბორა. ცამოწმენდილ ღამეს მთვარე ამოცურებულიყო და იქაურობა
გაენათებინა. ვაგონის სარკმელს მიღმა უჩვეულო და უცნაურად ლამაზი სანახაობა
მოჩანდა. თავად წარმოიდგინეთ: წყება-წყება შავი, ფოთლებისგან გაძარცული
ხეები, იმ მხარეს რომ იცის, ისეთი, მთვარეარეკლილი წყლის გუბეების სრბოლა
მატარებელთან ერთად, ვაგონის ხარახურის გრუხუნი, შორეული ფერმის
შენობების გამონაშუქი და თავმოყრილი ლამპიონების სინათლე, ჟამ და ჟამ,
მხოლოდ მაშინ რომ ჭრიდა თვალს, როცა დასავლეთისკენ მიმავალი
მატარებელი ქალაქს ჩაუქროლებდა.
ქალი სატრფოსთან ერთად, ღმერთმა უწყის, რა სასწაულით გამოქცეულიყო
ომში დამარცხებული ქვეყნიდან, მიწასთან გასწორებული პოლონეთიდან .
სწორედ მან, მატარებელში გაცნობილმა იმ ქალმა, განმაცდევინა ომი. მან
გადმომცა ის ამბავი, რომლის თხრობაც ახლა მსურს თქვენთვის.
არ მახსოვს, რით დავიწყეთ საუბარი, აღარც ის შემიძლია მოვიგონო, როგორ
მიესადაგა ჩემი უჩვეულო განწყობილება მისას ამბის მოყოლამდე.მისი

32
33

მონათხრობი კი ჩემთვის ერთობ საგულისხმო აღმოჩნდა და იმ წყნარი ღამის


იდუმალების ნაწილად იქცა, ვაგონის სარკმელს მიღმა რომ მოჩანდა.აი, ისიც:
პოლონეთში ქვეყნის მკვიდრ ლტოლვილთა გუნდი ერთი გერმანელის
წინამძღოლობით შარაგზას მიუყვებოდა. გერმანელი, ასე, ორმოცდაათი წლის
მამაკაცი იქნებოდა, წვერს ატარებდა. იმხანად ის ძალზე ჩამოჰგავდა უცხო ენების
მასწავლებელს, ჩვენი მხარეების, ვთქვათ, აიოვას დე მოინეს, ან ოჰაიოს
სპრინგფილდის კოლეჯში რომ შეხვდებით. ამტანი და ძლიერი სხეული ჰქონდა და
საჭმელსაც შესაფერისს ეტანებოდა. იმავდროულად წიგნის ჭიაც ყოფილიყო და
მხედრული სულითა და შეხედულებებით გამოირჩეოდა. ომში თავი იმიტომ ეკრათ
მისთვის, რომ გერმანელი იყო და მთელი არსებით ძალადობის გერმანულ
ფილოსოფიაში ჩაფლულიყო. ასე მგონია, ცოტ-ცოტა, სხვა ახირებაც ჰქონდა,
დიდად რომ აღელვებდა და აქეზებდა მთელი გულით ემსახურა თავისი ქვეყნის
მთავრობისათვის. წიგნებსაც იმიტომ ჩაჰკირკიტებდა, რომ თავი შეემზადებინა
მნიშვნელოვანი, საშიშარი საქმისთვის, რისთვისაც იბრძოდა.რახან ორმოცდაათი
წელი შეესრულებინა, ფრონტის წინახაზზე აღარ გაეშვათ და ლტოლვილთა
წინამძღოლად დაენიშნათ. დაევალებინათ, ისინი მშობლიური დანგრეული
სოფლიდან რკინიგზის ახლოს მოწყობილ ბანაკში გადაეყვანა ხოლმე, საცა მათი
გამოკვება შეიძლებოდა.
ლტოლვილთა გუნდში დედასა და სატრფოსთან ერთად ერია ის ქალიც,
ამერიკულ მატარებელში რომ გავიცანი.დედამისი სამოცდახუთი წლის მოხუცი
გახლდათ. დედა-შვილი წვრილი მიწათმფლობელები აღმოჩნდნენ, დანარჩენ
ლტოლვილებს კი ერთიანად მათ მამულში მომსახურე გლეხკაცობა შეადგენდა.
მიაბიჯებდა ეს გუნდი პოლონეთში, შარაგზის გასწვრივ იმ გერმანელის
წინამძღოლობით, მძიმედ რომ ადგამდა ნაბიჯებს და მათ წინისკენ უბიძგებდა.
მეთაური დაჟინებით მოითხოვდა წინსვლას. სამოცდახუთი წლის დროული ქალი
კი, ლტოლვილთა ლიდერს რომ მიაგავდა, თავის მხრივ ასეთივე დაჟინებით
ეწინააღმდეგებოდა და უძალიანდებოდა მეთაურს. იმ წვიმიან ღამეს ის ქალი
ატალახებულ გზაზე შეჩერებულა. თანმხლებნიც მასთან შეჯგუფულან.მოხუცს
გაუხედნელი ცხენივით გაუქნევია თავი და პოლონურად რაღაც წაუბურდღუნებია.
“თავი დამანებეთ.თქვენი არაფერი მინდა, ოღონდ თავი დამანებეთო“, –
წარმოუთქვამს ქალს. აუკვიატებია ეს სიტყვები და განუწყვეტლივ იმეორებდა.მერე
მას გერმანელი მიახლოებია, ზურგში ხელი უკრავს და წინ გაუგდია.შეიძლება
ითქვას, რომ ლტოლვილთა მსვლელობა იმ კუნაპეტ ღამეში ერთგვარ წრებრუნვას
ჰგავდა, ქალის შეჩერების, ბურტყუნისა და გერმანელის ბიძგისგან რომ
33
34

შედგებოდა.პოლონელ მოხუც ქალსა და იმ გერმანელს მთელი გულით სძულდათ


ერთმანეთი.
ლტოლვილთა გუნდი მიუახლოვდა ხეების წყებას პატარა მდინარის ნაპირას.
გერმანელმა ხანდაზმულ ქალს მკლავში ხელი სტაცა და სანამ სხვები მოაღწევდნენ,
მდინარეში შეაგდო. ქალი თავისას არ იშლიდა. “თავი დამანებეთ. თქვენი არაფერი
მინდა, ოღონდ თავი დამანებეთო“, – გაიძახოდა თურმე გამუდმებით.
გერმანელმა ხეების მწკრივში ცეცხლის დანთება მოიწადინა. ქურთუკის შიდა
ჯიბიდან რეზინამოკრული პატარა ტოპრაკი ამოაძვრინა, იქიდან ასანთი და
ცოტაოდენი ფიჩხი ამოიღო და თვალის დახამხამებაში გასაკვირი ოსტატობით
ააგიზგიზა მაღალი კოცონი. მერე წინა ხის ძირში ჩამოჯდა, თამბაქო მოსწია და
ლტოლვილებს მიაჩერდა, ცეცხლის იქითა მხარეს მოხუც ქალს რომ შემორტყმოდნენ
გარს.
გერმანელს თვლემა მოერია. აი, აქედან დაიწყო მისი უბედურება.მან ერთი საათი
წაიძინა და როცა გამოიღვიძა, ლტოლვილები გაქცეულნი დაუხვდნენ.
წარმოიდგენთ, ალბათ, როგორ მიაბოტებდა და მიხტოდა ის მარტოკა უკან პატარა
მდინარის სანაპიროზე, ტყლაპოში, ჩაბარებული ჯგუფი კვლავ რომ შეეკრიბა.
თითქოს, თანდათან ბრაზი უნდა მორეოდა, მაგრამ სულაც არ ღელავდა. იცოდა, რომ
ბევრი-ბევრი საკმაოდ შორს გაბრუნება დასჭირვებოდა გზის გაყოლებაზე, მავანი
მწყემსის მსგავსად, გზააბნეულ საქონელს რომ დაედევნება ხოლმე.
მერე კი, როცა გერმანელი ჯგუფს წამოეწია, მან და მოხუცმა ქალმა ორთაბრძოლა
გამართეს. ქალმა აჩემებული სიტყვები დაივიწყა და გერმანელს მიახტა. ცალი ბებერი
ხელით წვერი მოაწიწკნა, მეორეთი კი კისრის სქელ კანში ჩააფრინდა.
კარგა ხანს გაგრძელდა ხელჩართული ბრძოლა. გერმანელი დაქანცული იყო, თან
არც ისეთი კუნთმაგარი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ხანდაზმულ
ქალს ოდენ მუშტით, ამ ერთადერთი უბრალო იარაღით იგერიებდა. ის სუსტ
მხრებში მისწვდა ქალს და ქვემოთკენ დაქაჩა. ქალი გაიმართა. გერმანელის
მცდელობა, ქალი დაემორჩილებინა, ამაო გამოდგა. ეს იმ ბრიყვის საქციელს
წააგავდა, თავის ზემოთ აქაჩვას საკუთარივე ფეხსაცმლის თასმებით რომ ცდილობს.
იბრძოდნენ ორნი და კი გადაეწყვიტათ, ასე უსასრულოდ გაეგრძელებინათ, მაგრამ
საამისოდ საკმარისი ძალ-ღონე არ აღმოაჩნდათ.
და აი, ბრძოლა იწყო ორმა სულმა, მათმა სულებმა. მატარებელში გაცნობილმა
ქალმა ეს საკმაოდ თვალნათლივ წარმომადგენინა. თქვენ, იქნებ, გაგიძნელდეთ ამის
გაცნობიერება. მე კი ღამე და სწრაფმსრბოლი მატარებლის იდუმალება დამეხმარა.
დიახ, წვიმიანი ღამის მკრთალ ნათელში, იმ მიყრუებულ, ატალახებულ გზაზე ორი
მოჩხუბარის სული, შეიძლება ითქვას, ხორციელად შებმოდა ერთმანეთს. ჰაერი
ბრძოლით გაჯერებულიყო. ლტოლვილებსაც იქვე მოეყარათ თავი და იდგნენ
აკანკალებულნი. რაღა თქმა უნდა, სიცივისა და დაღლილობისგან ცახცახებდნენ,
მაგრამ სხვა რამ მიზეზიც უნდა ჰქონოდათ. ყოველმხრივ იგრძნობოდა, რომ
აუხსნელი რაღაც ხდებოდა. დროულმა ქალმა განაცხადა, რომ სიხარულით
34
35

დაუთმობდა სიცოცხლეს მას, ვინც შეაჩერებდა. კაციც იმავეს ნატრობდა. მათი


ბრძოლა ორი გრიგალის შებმას ჰგავდაო, მითხრა თანამგზავრმა ქალმა, თითქოს ორი
ფაფუკი ღრუბელი საავდროდ გამაგრებულიყო და ამაოდ ცდილობდა მეორის ცის
ტატნობიდან განდევნასო.
ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ორთაბრძოლა შეწყდა. მოხუცი ქალი და
გერმანელი ქანცგაწყვეტილნი შარაგზაზე ძირს დაეყარნენ. ლტოლვილები
შორიახლოს შეჯგუფდნენ და ლოდინი დაიწყეს, დანამდვილებით იცოდნენ, რომ
კიდევ რაღაც მოხდებოდა. ჩანს, უცნაურ შეგრძნებებს არ დაეტოვებინა ისინი,
ერთმანეთს ეკვროდნენ და ცოტ-ცოტას, მგონი, ჩიოდნენ კიდეც.
ამ ამბის თავიდათავი კი სწორედ ის გახლავთ, რაც შემდეგ მოხდა. თანამგზავრმა
ქალმა ეს საკმაოდ მკაფიოდ ამიხსნა. ბრძოლის გათავების შემდეგ ეს ორი სული
სხეულებს დაჰბრუნებია, მაგრამ არა თავთავიანთს, არა. მოხუცი ქალის სული
გერმანელის სხეულში ჩასახლებულა, გერმანელისა კი – მოხუცი ქალისაში.
ამის მერე, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი მეტად გამარტივდა. გერმანელი გზის
პირას ჩამოჯდა. ახლა მან იწყო თავის ქნევა და მოხუცი ქალის აკვიატებული
სიტყვების ძახილი. აცხადებდა, რომ ამქვეყნად ერთადერთ რამეს ნატრობდა –
მისთვის თავი დაენებებინათ. პოლონელმა მოხუცმა ქალმა მას ჯიბიდან საბუთები
ამოაცალა და თანაგუნდელები აიძულა, უკანვე გასდგომოდნენ გზას, ეს შეუპოვარი
და უდრეკი ქალი მიუძღვოდა მათ და შესვენების ნებას არ აძლევდა, ხელს კრავდა
დაღლილ-დაქანცულთ.
ამბავი აქ თავდება. ქალის სატრფოს, რომელიც სკოლის მასწავლებელი აღმოჩნდა,
საბუთები უშოვია და ქვეყანა დაუტოვებია, შეყვარებულიც თან გაუყოლებია. სხვა
წვრილმანები აღარ მაგონდება. მეხსიერებაში ცხოვლად ჩამრჩა მხოლოდ გზის პირას
წამომჯდარი გერმანელის ძახილი – მისთვის თავი დაენებებინათ და ისიც, როგორ
მრისხანებდა და აიძულებდა არაქათგამოცლილ თანაგუნდელებს ღამით უკან,
სამშობლოში გაბრუნებას თავადაც ღონეგამოლეული მოხუცი ქალი, დედა
პოლონეთისა.

მოთხრობის გზამკვლევი

როგორ შეიძლება, ადამიანებმა იდეები ან განწყობები განასახიერონ? შერვუდ ანდერსონი ამ


კითხვაზე პასუხის გაცემისას უჩვეულო ფორმატს გვთავაზობს - ორი ადამიანის სული
უმძაფრესი ბრძოლის შემდეგ არა საკუთარ, არამედ მოწინააღმდეგის სხეულში ჩასახლდება.
მწერლის მიზანია, დაგვანახვოს, რას და როგორ ცვლის სამყაროში ომი. სამყარო კი
არსობრივად მთლიანია და ადამიანს ყველგან ერთნაირი სიხარული თუ პრობლემა აქვს.

მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ორმოცდაათი წლის გერმანელი მამაკაცი, „ძალიან


ჩამოჰგავდა უცხო ენების მასწავლებელს, ჩვენი მხარეების, ვთქვათ, აიოვას დე მოინეს, ან
ოჰაიოს სპრინგფილდის კოლეჯში რომ შეხვდებით“. ეს ჩვეულებრივი ადამიანი ომის
ემოციურ ახირებას მოძალადედ უქცევია („ომში თავი იმიტომ ეკრათ მისთვის, რომ

35
36

გერმანელი იყო და მთელი არსებით ძალადობის გერმანულ ფილოსოფიაში ჩაფლულიყო“). ეს


არ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ომი მისთვისაც ისეთივე საშიში, მოსაბეზრებელი და
მიუღებელია, როგორიც სამოცდახუთი წლის პოლონელი ქალისთვის, რომელიც მას
ლტოლვილთაგან ყველაზე მეტად უძალიანდება და დაჟინებით იმეორებს ერთსა და იმავე
ფრაზას: „თავი დამანებეთ, თქვენი არაფერი მინდა, ოღონდ თავი დამანებეთ“.

გერმანელს ლტოლვილთა ერთი ჯგუფი გადაჰყავს დანგრეული სოფლიდან რკინიგზის


ახლოს მოწყობილ ბანაკში. პოლონელ ქალსა და გერმანელ მამაკაცს, რომელიც ჯგუფს
დაჟინებით სთხოვს წინსვლას, „მთელი გულით სძულდათ ერთმანეთი“. ომი , ერთი მხრივ,
ძალდატანება, მეორე მხრივ კი, სიძულვილია. ეს ორი რამ აუცილებლად ბადებს უსასტიკეს
ორთაბრძოლას, რომელშიც უკან დახევა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. შერვუდ
ანდერსონი გვიჩვენებს, რომ ომი, უპირველეს ყოვლისა, სულთა დაპირისპირებაა,
რომლებმაც შესაძლოა იქამდე იბრძოლონ, ვიდრე ადამიანი გამარჯვების სიხარულსაც კი
დაკარგავს („ყოველმხრივ იგრძნობოდა, რომ აუხსნელი რაღაც ხდებოდა. დროულმა ქალმა
განაცხადა, რომ სიხარულით დაუთმობდა სიცოცხლეს მას, ვინც შეაჩერებდა. კაციც იმავეს
ნატრობდა“).

სწორედ ამ უკიდურესი დაძაბულობის ჟამს, ბრძოლის დასრულების შემდეგ, ცვლიან სულები


სხეულებს. ახლა გერმანელი იმეორებს მოხუცი ქალის აკვიატებულ სიტყვებს („ერთადერთ
რამეს ნატრობდა - მისთვის თავი დაენებებინათ“), შეუპოვარი და უდრეკი ქალი კი - „დედა
პოლონეთისა“ - თანაგუნდელებს აიძულებს, შეუჩერებლად იარონ უკან - მშობლიური
სოფლისკენ.

ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან - მაშინაც კი, როცა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან და


აცამტვერებენ მათივე მსგავსთ. მოთხრობა დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ომი საშინელებაა,
თუმცა მასაც აქვს ერთი პოზიტიური სახე - გვაჩვენებს, რა შეუძლია ადამიანის სულს, როცა
სიცოცხლესა და ღირსებას იცავს.

36
37

შერვუდ ანდერსონი
,
ტენდი

თარგმნა ნ. ცისკარიშვილმა

(„ამერიკული ნოველა“, ტ.2, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1968)

შვიდ წლამდე ძველ, შეუღებავ სახლში ცხოვრობდა იგი, მიყრუებულ გზაზე,


რომელიც ტრანიონ პაიკიდან გადიოდა. დედა არ ჰყავდა გოგონას, ხოლო მამა
თითქმის არ უვლიდა. მთელ დროს რელიგიაზე ლაპარაკსა და ფიქრს უნდებოდა ტომ
ჰარდი. იგი თავს აგნოსტიკოსად აცხადებდა და ისე იყო გატაცებული მეზობლების
აზროვნებაში გამჯდარი ღვთის რწმენის განადგურებით, რომ ვერც კი ხედავდა
ღმერთის ხატებას თავის პატარა ბავშვში, რომელიც მისგან ნახევრად მივიწყებული,
გარდაცვლილი დედის ნათესავების ანაბარა იმყოფებოდა.
ერთხელ უაინსბურგში ერთი უცნობი ჩამოვიდა და ბავშვში შენიშნა ის, რასაც მამა
ვერ ამჩნევდა. მაღალი ჟღალთმიანი ახალგაზრდა თითქმის ყოველთვის მთვრალი
იყო. ზოგჯერ ნიუ უილარდ ჰაუზის წინ ტომ ჰარდისთან ერთად იჯდა ხოლმე
სკამზე. როდესაც ტომი აცხადებდა ღმერთი არ არსებობსო, უცნობი თვალს უკრავდა
და უღიმოდა იქ მყოფთ. ის და ტომი დამეგობრდნენ და ხშირად იყვნენ ერთად.
ეს ახალგაზრდა, კლივლენდელი მდიდარი ვაჭრის შვილი, უაინსბურგში
საგანგებოდ ჩამოსულიყო. უნდოდა, ლოთობა მოეშალა. ეგონა, თუ ქალაქელ
ძმაბიჭებს თავს დააღწევდა და სოფლის ხალხში გაერეოდა, ადვილად შეძლებდა
თავისი დამღუპველი მანკის წინააღმდეგ ბრძოლას.
უაინსბურგში ყოფნაც უშედეგო აღმოჩნდა. დრო ზანტად გადიოდა და
უსაქმობისგან უფრო მეტს ლოთობდა, მაგრამ მაინც მიაღწია რაღაცას – ტომ ჰარდის
ქალიშვილს ღრმა მნიშვნელობის სახელი შეარქვა.
ერთ საღამოს ახალგაზრდა კაცი ღრეობიდან ბრუნდებოდა და ბარბაცით ქალაქის
მთავარი ქუჩისკენ ჩაიარა. ტომი ნიუ უილარდ ჰაუზის წინ სკამზე იჯდა. მუხლებზე
თავისი ხუთი წლის გოგონა დაესვა. იქვე, ტროტუარის კიდეზე, ახალგაზრდა ჯორჯ
უილარდი ჩამომჯდარიყო. უცნობი მათ გვერდით სკამზე დაეშვა. სხეული
უცახცახებდა, ხმა უთრთოდა.
კარგა შეღამებული იყო. ქალაქსა და სასტუმროს წინ პატარა აღმართის ძირში
გამავალ რკინიგზას სიბნელე დასწოლოდა. სადღაც შორს, დასავლეთიდან
ორთქმავლის გაბმული კივილი მოისმა. გზატკეცილზე მძინარე ძაღლი წამოხტა და
შეჰყეფა. უცნობმა ბოდვა დაიწყო და აგნოსტიკოსის მკლავზე მწოლიარე ბავშვზე
წინასწარმეტყველებას მოჰყვა.
– აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სმა მივატოვო, – თქვა და ღაწვებზე ღვარად
ჩამოუვიდა ცრემლები. ტომს არ უყურებდა იგი, წინ გადახრილიყო და სიბნელეში
იცქირებოდა, თითქოს რაღაც ელანდებაო.
– სოფელში განსაკურნავად გამოვიქეცი, მაგრამ ვერ განვიკურნე. მიზეზი სხვაა. –
დაუმატა მან, მიბრუნდა და ბავშვს შეხედა. ბავშვი მამის მუხლებზე წამოიწია და
მანაც მზერა მიაპყრო უცნობს.
37
38

უცნობი მკლავზე შეეხო ტომს. – მარტო ლოთობით არა ვარ შეპყრობილი, – თქვა
მან, – სხვა რაღაც მაწუხებს. მე მიჯნური ვარ, მაგრამ სატრფოსთვის ვერ მიმიგნია
ჯერაც. ეს უბრალო საქმე როდია, თუკი გესმით რას ნიშნავს. ეს მე დამღუპავს,
გამანადგურებს! ეს ყველას არ ესმის!..
მერე დადუმდა, ეტყობა სევდა მოერია, მაგრამ ორთქმავლის ხელახალმა კივილმა
გამოაღვიძა.
– რწმენა ჯერ არ დამიკარგავს, გესმით, არ დამიკარგავს. მაგრამ ჩემს იმედებს
აღსრულება არ უწერია. – წარმოთქვა ხრინწიანად, ბავშვს დაჟინებით ჩააცქერდა და
მამისკენ არც გაუხედია, ისე მიმართა პატარას. ამჯერად მისი ხმა მკვეთრი და
სერიოზული იყო.
– აი მომავალი ქალი! მაგრამ ის ჩემთვის არ დაბადებულა. მე მას ავცდი, მან ვერ
მომისწრო. გესმის, იქნებ შენ ხარ ის ქალი, ვისაც მე ვეძებ? ნუთუ ეს არის ჩემი
ბედისწერა – შევხვდე მას მხოლოდ ერთხელ და ისიც ასეთ საღამოს, როცა სმისგან
მთლად განადგურებული ვარ, ის კი ჯერ ბავშვია, ნამდვილი ბავშვი!..
უცნობს მხრები საშინლად უცახცახებდა, ხელები უკანკალებდა. სცადა პაპიროსი
გაეხვია, მაგრამ ქაღალდი ხელიდან გაუვარდა, გაბრაზდა და საყვედურებს მოჰყვა.
– ადვილი ჰგონიათ იყო ქალი, ადვილი ჰგონიათ შეგიყვარონ, მაგრამ მე უკეთ
ვიცი, რას ნიშნავს ეს. – წამოიძახა მან და ისევ ბავშვს მიუბრუნდა: – ეს მხოლოდ მე
მესმის, შესაძლოა, ყველა მამაკაცთა შორის მხოლოდ მე მესმის!..
შემდეგ მზერა კვლავ ჩაბნელებულ ქუჩას მიაპყრო და განაგრძო: – მე იმ ქალს
კარგად ვიცნობ, თუმცა არასოდეს მინახავს იგი. ვიცი რამდენი ბრძოლა და რამდენი
მარცხი განუცდია. სწორედ ამ მარცხის გამო მიყვარს იგი. ტანჯვამ მასში ახალი
თვისებები განავითარა. მე მისთვის სახელიც მაქვს შერჩეული. მე მას ტენდის
ვუწოდებ. ეს სახელი მაშინ მოვიგონე, როცა ნამდვილი მეოცნებე ვიყავი და ჩემი
სხეული ჯერ კიდევ არ იყო გახრწნილი. ჩემს ტენდის ის ძალა აქვს, რომლის გამოც
ქალს შეიყვარებენ ხოლმე. ეს ისეთი რაღაცაა, რასაც მამაკაცები მოითხოვენ
ქალისაგან, მაგრამ ვერ ღებულობენ...
იგი წამიდგა და ტომ ჰარდის წინ გაჩერდა, აქეთ-იქით ირხეოდა, წაქცევაზე იყო.
მაგრამ არ წაიქცა, მუხლებზე დაეცა, გოგონას ხელები გალეშილ ტუჩებთან მიიტანა
და გაშმაგებით დაუწყო კოცნა.
– იყავი ტენდი, პატარავ! – შეევედრა იგი. – გაბედე და იყავი ძლიერი, მამაცი! აი
შენი გზა! არაფერს შეუშინდე! იყავი მამაცი, რომ შეგიყვარონ. იყავი ჩვეულებრივ
ადამიანზე მეტი, იყავი ტენდი!..
მერე ისევ წამოდგა და ბარბაცით ჩაჰყვა ქუჩას.
ერთი თუ ორი დღის შემდეგ უცნობი ისევ კლივლენდს გაემგზავრა.
ტომ ჰარდიმ კი ზაფხულის იმ საღამოს სასტუმროს წინ საუბრის შემდეგ გოგონა
წაიყვანა ერთ-ერთ ნათესავთან, სადაც ბავშვს ღამე უნდა გაეთია.
სიბნელეში ხეების ქვეშ მიმავალ ტომს გადაავიწყდა კიდეც უცნობის ბოდვა და
გონებით ისევ საფიქრალს დაუბრუნდა, ცდილობდა ისეთი არგუმენტი გამოეძებნა,
რომლითაც შეძლებდა ხალხში ღვთის რწმენის განადგურებას. გზად გოგონას
სახელით მიმართა, მაგრამ ბავშვმა ტირილი დაიწყო.
– არ მინდა ეგ სახელი, მე ტენდი მინდა მერქვას, ტენდი ჰარდი! ამბობდა იგი და
თან ისე მწარედ ტიროდა, რომ მამას გული აუჩვილდა და შვილის დამშვიდება
სცადა. ხის ქვეშ შეჩერდა, ბავშვი ხელში აიყვანა და მოეფერა. მერე კი მკაცრად
უთხრა, გეყოფა, გაჩუმდიო, მაგრამ გოგონა ვერ წყნარდებოდა. ბავშვური
38
39

თავდავიწყებით მისცემოდა სევდას და მისი ქვითინი არღვევდა ღამის მდუმარებას. –


მე ტენდი მინდა ვიყო, ტენდი ჰარდი! – იძახდა იგი, თავს იქნევდა და ქვითინებდა.
თითქოს მის ჩვილ ძალას ვერ დაეძლია ლოთის სიტყვებით შექმნილი ხილვა.

მოთხრობის გზამკვლევი

“ტენდი” ერთი კლივლენდელი ლოთის წარმოსახვაში დაბადებული იდეალური ქალის


სახელი და სახებაა. ეს ქალი მას არასდროს უნახავს, თუმცა მხოლოდ მის სიყვარულზე
ოცნებობს. მან ზუსტად იცის, როგორია ის ქალი, ვინც უნდა შეიყვაროს, მაგრამ ვერაფრით
პოულობს მას, სანამ უაინსბურგში არ ჩავა.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იტანჯება ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც


მიუწვდომელ მაგრამ მისი ცნობიერებისათვის უნათლეს მიჯნურობას შეუპყრია. ის
თვალნათლივ ხედავს და გრძნობს იდეალს, მაგრამ ვერსად პოულობს მას. ეს ძიება მისთვის
საბედისწერო ხდება („მარტო ლოთობით არ ვარ შეპყრობილი...სხვა რაღაც მაწუხებს. მე
მიჯნური ვარ, მაგრამ სატრფოსთვის ვერ მიმიგნია ჯერაც...ეს მე დამღუპავს,
გამანადგურებს!“).

ამ კაცის სრული ანტიპოდია ტომ ჰარდი - აგნოსტიკოსი, რომელიც კი არ ეძიებს იდეალს,


არამედ ღმერთის უარყოფა გაუხდია ცხოვრების მთავარ მიზნად. სწორედ ამიტომ ვერ ხედავს
და ამჩნევს „ღმერთის ხატებას თავის პატარა ბავშვში“.

შერვუდ ანდერსონი მომხიბვლელი სისადავით გვიჩვენებს ტომ ჰარდის პატარა გოგონაში


დაბუდებულ სინათლეს, რომელსაც უაინსბურგში ჩამოსული ლოთი აღმოაჩენს და აცხადებს
კიდეც, მაგრამ ღვთის უარყოფით დაბრმავებულ მამას უფლის ხატება ვერ დაუნახავს.

ლოთის შეგუებასთან შეზავებული ტრაგედია ის არის, რომ საკუთარ იდეალთან დრო


აშორებს და მას ვერ მიუახლოვდება. ეს „აცდენილი სიყვარულის“ ტრაგედიაა.
კლივლენდელი ახალგაზრდა კაცი სევდას აკეთილშობილებს, როდესაც პატარა გოგონას
მიმართავს : „აი, მომავალი ქალი! მაგრამ ის ჩემთვის არ დაბადებულა. მე მას ავცდი. მან ვერ
მომისწრო. გესმის, იქნებ შენ ხარ ის ქალი, ვისაც მე ვეძებ? ნუთუ ეს არის ცემი ბედისწერა -
შევხვდე მას მხოლოდ ერთხელ და ისიც ასეთ საღამოს, როცა მე სმისგან მთლად
განადგურებული ვარ, ის კი ჯერ ბავშვია, ნამდვილი ბავშვი!“

პატარა გოგონა ლოთის, ერთი შეხედვით, ქაოსურ სიტყვებში („მე იმ ქალს ვიცნობ, თუმცა
არასოდეს მინახავს იგი. ვიცი, რამდენი ბრძოლა და რამდენი მარცხი განუცდია. სწორედ ამ
მარცხის გამო მიყვარს იგი. ტანჯვამ მასში ახალი თვისებები განავითარა. მე მისთვის სახელიც
მაქვს შერჩეული. მე მას ტენდის ვუწოდებ...ჩემს ტენდის ის ძალა აქვს, რომლის გამოც ქალს
შეიყვარებენ ხოლმე“) საკუთარ თავსა და მომავალს პოულობს. ის ხვდება, რომ
კლივლენდელი უცნაური ახალგაზრდის სიტყვები ახალი ცხოვრებისაკენ მოუწოდებენ - ჯერ
გაუცნობიერებელი, მაგრამ ყველაზე სასურველი ცხოვრებისკენ. ამ წუთიდან პატარა გოგონამ
ზუსტად იცის, რაც სურს მომავლისგან.

39
40

ლოთის მიმართვა („იყავი ტენდი, პატარავ!.. გაბედე და და იყავი ძლიერი, მამაცი! აი, შენი
გზა! არაფერს შეუშინდე! იყავი მამაცი, რომ შეგიყვარონ. იყავი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი,
იყავი ტენდი!“) გოგონას მართლაც უჩვენებს მის მომავალ გზას - მისი ფიქრისა და ქცევის
მიზანს. და როდესაც ეს კაცი მიდის, მისი სიტყვები სამუდამოდ იბუდებს პატარა არსების
სულში.

მწერალი დიდოსტატური ფინალით გვიჩვენებს, ზოგჯერ რა უბრალოდ და სწრაფად


გარდაიქმნება ადამიანის ბუნება. ტომ ჰარდი, რომელსაც „გადაავიწყდა კიდეც უცნობის
ბოდვა“ და ღვთის უარყოფის ახალ არგუმენტებს ეძებს, სახელით მიმართავს თავის შვილს,
მაგრამ ის, ვინც „ბავშვური თავდავიწყებით მისცემოდა სევდას“, ტირილს იწყებს და ითხოვს,
მას ტენდი ერქვას - ტენდი ჰარდი.

ტომმა თავისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა წააგო კლივლენდელ ლოთთან, რომელიც,


შესაძლოა, უაინსბურგში მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ღმერთს მისი უარმყოფელი
კაცისთვის ერთხელ მაინც უკიდურესი სიმკვეთრით დაენახვებინა, რა არის ჭეშმარიტება.

ჯონ აპდაიკი

40
41

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჯონ აპდაიკი 1932 წლის 18 მარტს, პენსილვანიაში,


რედინგში დაიბადა. 13 წლის განმავლობაში შელინგტონში ცხოვრობდა, რომელიც
ასევე პენსილვანიაში მდებარეობს. მამა - სკოლის მასწავლებელი გახლდათ, დედა კი
მოთხრობებს წერდა.

1954 წელს წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, სადაც ინგლისურ


ლიტერატურას სწავლობდა, ასევე გაიარა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამხატვრო
სკოლის ერთწლიანი კურსი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აპდაიკი
ჰარვარდში სატირული ჟურნალის „Lampoon“ რედაქტორი გახლდათ. ინგლისიდან
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ორი წელი ჟურნალ „ნიუ იორკერში“ მუშაობდა,
სადაც პირველი მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შემდგომ ის იპსვიჩში
გადავიდა საცხოვრებლად.

მისი პირველი რომანი 1959 წელს გამოქვეყნდა, რასაც 1960 წლიდან მოჰყვა
რომანების ციკლი კურდღლის შესახებ, რომელშიც რამდენიმე წიგნი შევიდა, მათ
შორის „კურდღელი გამდიდრდა“ და „კურდღელი დამშვიდდა“. ამ სერიისთვის ჯონ
აპდაიკს პრესტიჟული პულიცერის პრემია მიენიჭა.

ჯონ აპდაიკი 28 რომანის და 45-მდე სხვა წიგნის ავტორია, მათ შორის არის
ლექსებისა და ესსეების, ასევე მოთხრობების კრებულები. შეგვიძლია დავასახელოთ
„ისტვიკელი ალქაჯები“ (1984 წ.), „კენტავრი“ (1963 წ.), „მეუღლეები“ (1968 წ.).

მწერალი 2009 წლის 27 იანვარს, მასაჩუსეტსში, ბევერლი ფარმში გარდაიცვალა.

ხვალ, ხვალ და კიდევ ხვალ

თარგმნა ნანა ბუხრაძემ

(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ. 5,


თბილისი, 2008)

მე-11დ კლასი ერთი შფოთითა და ყაყანით 109-ე საკლასო ოთახში შემოდიოდა.


მარკ პროსერი მიხვდა, ჯგუფის ამგვარი გამოცოცხლება უთუოდ ავდარს
პირდებოდა. საკვირველი იყო, აგერ უკვე სამი წელია საშუალო სკოლაში ასწავლიდა
და მაინც ვერაფერი გაეგო მოზარდების. რა ეგენი და მგრძნობიარე ცხოველები.
ჰაერის პატარა ცვალებადობა და უკვე კარგი ბარომეტრივითYიყვნენ მომართულები.
ბრუტ იანგი კარებში შეჩერდა თუ არა, სადღაც მის გვერდით ბარი სნაიდერი
ახითხითდა. ბარის არაბუნებრივი სიცილი გაისმა და ისევ შეწყდა. აშკარად რაღაც

41
42

მზაკვრულ საიდუმლოს სულის კაწკაწით გემოს უსინჯავდა და ლამის ცაში


აჭრილიყო ზარების ჩამოსარეკად – ეს ამბავი მარტო სკოლის ყოჩმა და მე, პატარა
ბარიმ ვიცითო. ბარი ყოჩის ჭირს მიწაზე არ აგდებდა. ყოჩს კი მისთვის არ სცხელოდა:
კისერი მოღრეცოდა და ცდილობდა კარებში დაენახა ის, რაც ჯერაც არ ჩანდა, მაგრამ
მოწოლილ ტალღასთან ვერაფერი გააწყო და თან გაჰყვა.
სწორედ პროსერის ცხვრიწინ, როგორც ისტორიულ ანალებში, სამეფო კარზე
აღსრულებული, მოულოდნელად გამოაშკარავებული მკვლელობა, ვიღაცამ ფანქრით
განგმირა გოგონა. მან არაფრად ჩააგდო თავდასხმა და ცხვირი გამომწვევად აიბზუა.
სხვა ხელი ამასობაში ჯეფრი ლანგერის პერანგის კალთას დასწვდა და დაითრია.
სამაგალითო სტუდენტს, ჯეფრის ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო;
ხუმრობად მიეჩნია ეს ყველაფერი თუ გამოწვევა მიეღო და ბოლოს, ვითომც თავი ნუ
მომაბეზრეთო, ცივ, ქედმაღალ კომპრომისს დასჯერდა, რაც პროსერმა მისთვის
ჩვეული გუმანით კარგად იგრძნო, ალაპლაპებული გასაღებები და გადაკეცილი
მანჟეტების აბრჭყვიალებული ღილები ამ პროცესიას რაღაც განსაკუთრებული ელექ-
ტრობით მუხტავდა, რაც უამინდობის მომასწავებელი იყო.
გლორია ანგსტრომის სვიტერი მარკს სულ თვალწინ ედგა და მოსვენებას არ
აძლევდა. ნეტა დღესაც ის უსახელო მოვარდისფრო-ქარვისფერი სვიტერი ეცმება?
ქალიშვილის ნატიფი, სალუქი მკლავები ისეთივე ვნების აღმძვრელი იყო, როგორც
სიყვარულით მთვრალი ნებიერი ქალის სხეული.
მალე ნატვრაც აუსრულდა. ოთახში ზლაზვნით შემოსული მოზარდების ბოლო
ჯგუფში სასურველმა ფერმა გაიელვა.
,,აბა, ადგილებზე – დაიძახა პროსერმა. – არ გესმით? გამოვიაროთ, გამოვიაროთ!”
უმეტესობა დამორჩილდა, მაგრამ პიტერ ფორსტერი გლორიას ირგვლივ
მოქუჩულ ჯგუფებს გამოყოფოდა, ცხვირწინ დასდგომოდა მას და სათქმელს ისეთი
თავგამოდებით ამთავრებდა, აშკარად ეტყობოდა ამ გოგოს გაცინებას ლამობდა და
მაშინღა დაწყნარდა, როდესაც გლორია მართლა ჩაბჟირდა. პიტერმა კმაყოფილებით
თავი უკან გადაიქნია. წითური თმა კოხტად შეეკრიჭა და შუბლზე საგულდაგულოდ
დაეწყო. მარკს ყოველთვის სძულდა წითური კაცები. მათი წამწამები, დაბერილი
სახეები, გადმოკარკლული თვალები, გამომწვევად თვითდაჯერებული იერი ზიზღსა
ჰგვრიდა. ო, ისინი ხომ თავხედთა ჯიშისანი იყვნენ. თავად მარკს თმა წაბლისფერი
ჰქონდა.
როდესაც გლორია დიდი ამბით მერხზე მოკალათდა და პიტერმაც თავის ადგილს
მიაშურა, პროსერმა სწორედ მას მიმართა.
,,დიახ”, – პიტერი წამოდგა და წიგნში გაკვეთილს ქექვა დაუწყო.
,,იქნებ აგეხსნათ ამ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა – ხვალე ხვალს მოსდევს და
წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება!”1.
პიტერმა მერხზე გადაშლილ ,,მაკბეტის” სასკოლო გამოცემას თვალი შეაპარა.
პიტერის გონებამახვილობის ამბავი ბევრმა კარგად იცოდა და ახლა ამის
მოლოდინში რომელიღაცა გოგონამ სულელურად წაიკიკინა. გოგონებს მოსწონდათ
პიტერი: მათ ხომ ამ ასაკში ორი ბატიც არ მიებარება.
,,წიგნი დახურეთ, პიტერ, ეს ადგილი დღეისათვის ყველამ უნდა იცოდეს.
გახსოვთ?” გოგონა უკანა რიგებიდან აღტაცებისაგან ახლა უკვე წიოდა. ამასობაში
გლორიამ პიტერს წიგნი მოუმარჯვა.
1
უ. შექსპირი, ,,მაკბეტი”, თარგმანი ი. მაჩაბლისა. (ყველგან დამოწმებულია მთარგმნელთა
შენიშვნები)
42
43

პიტერმა საკუთარი წიგნი ხმაურით დახურა და კისერი წაიგრძელა. ,,მე მგონი, –


ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც აქ, ამ სტროფებში ვკითხულობთ”.
,,მაინც რას ვკითხულობთ?”
,,უბრალოდ, ,,ხვალ” ის რაღაცაა, რომელიც ხშირად გვაფიქრებს ხოლმე, ყოველი
ჩვენი გეგმა ხვალინდელ დღეს უკავშირდება”.
,,მაშინ გამოდის, რომ მაკბეტი თავს სახვალიო გეგმებით იზღუდავდა?”
მისტერ პროსერის საამებლად ჯეფრი ლანგერმა მლიქვნელურად გაიცინა და აამა
კიდეც. პროსერმა იგრძნო, უპირატესობას ბოროტად ვიყენებო და უკან დახევა
გადაწყვიტა. ბოლოს და ბოლოს არც ისე უღმერთოდ სცოდავდა ბიჭი.
,,მე მესმის...” – დაიწყო პროსერმა.
მაგრამ პიტერი არ შეჩერებულა, წითელთავა იყო და ზომა-წონისა აბა რა
მოეკითხებოდა. ,,მაკბეტის აზრით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე
იმიტომ, რომ ხელიდან არ გავუშვათ ბედნიერება, რომელიც დღესა გვაქვს ცხვირწინ”.
მარკმა გადაწყვიტა ზედმეტი გონებამახვილობა არ გამოეჩინა და წუთიერი
დუმილის შემდეგ წარმოთქვა: ,,ოჰ, რასაკვირველია, თქვენ მართალი ხართ, პიტერ,
მაგრამ როგორ ფიქრობთ, იმ მდგომარეობაში, მაკბეტი, – აქ უკვე ვეღარ გაუძლო
ცდუნებას, – ისე ამჩატდებოდა, რომ ასეთ ენამზეობას მოჰყვებოდა?..
ჯეფრიმ კვლავ გაიცინა. პიტერს ალმური მოედო, იატაკს ჩააშტერდა. გლორიამაც
ვეღარ დამალა სიბრაზე და გაგულისებულმა პროსერი თვალებით გაანადგურა.
მარკი შეეცადა შეცდომა გამოესწორებინა. ,,გთხოვთ გამიგოთ, პიტერ. მე თვითონ
არ მეგულება სწორი პასუხი, მაგრამ ვფიქრობ, ეს მონოლოგი თუნდაც ამ ადგილამდე
– ,,თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით” – ,,ლაპარაკობს იმაზე, რომ
ცხოვრება, ჰმ, მამაძაღლობაა, დიდი ვერაფერი ბედენაა”.
,,ნუთუ შექსპირი ნამდვილად ამას გულისხმობდა?” – წვრილი, ნერვიული ხმით
იკითხა ლანგერმა.
ამ კითხვაში მარკმა კარგად იგრძნო მისთვის ერთ დროს განცდილი
დაუნდობელი სინამდვილის შიში. მიხვდა, რაღაც მაინც უნდა ეთქვა. პიტერი დასვა,
თვითონ კი ფანჯარაში ცის სწორ კიდურს მიაჩერდა. ღრუბლები თანდათან ძალას
იკრებდნენ, იქუფრებოდნენ. ,,შექსპირის პიესაში, – დინჯად დაიწყო მან, – ბევრი
შავბნელი ადგილია. არც ერთი მისი ნაწარმოები ისეთი შემზარავი არ არის,
როგორც ,,მაკბეტი”. გარემო აქ აუტანელი, მომწამვლელია. ერთ კრიტიკოსს უთქვამს
კიდეც, კაცობრიობას ამ პიესაში სული ეხუთებაო, – და უცებ თვითონ მას სუნთქვა
ისე შეეკრა, რომ ჩაახველა. შემოქმედების შუა პერიოდში შექსპირი წერდა ისეთ
ადამიანებზე, როგორიცაა ჰამლეტი, ოტელო, მაკბეტი. საზოგადოება, საკუთარი
სევდა ან სულაც უკუღმართი ბედი რომ არა, ისინი კიდეც ეწეოდნენ თავიანთ დიდ
საწადელს. მსოფლიო სევდაზე მეტყველებს თვით ამ პერიოდის შექსპირისეული
კომედიებიც. თავისი ადრეული კომედიების მკვეთრი, მზიანი ზედაპირის გამჭოლ,
მან თითქოს რაღაც შემაძრწუნებელი დაინახა. ასეთივე რაღაცამ შეიძლება ოდესმე
ზოგიერთი თქვენგანიც შეაძრწუნოს”. საჭირო სიტყვები რომ ეპოვა, მისდა უნებურად
მარკი გლორიას მისჩერებოდა. გოგონამ თავი უხერხულად დაუქნია. მარკი
გამოერკვა და გაუღიმა.
მარკი ცდილობდა ზედმეტი არ მოსვლოდა და ამიტომ ნათქვამი
შეარბილა. ,,ვფიქრობ, შექსპირმა შეიგრძნო სიმართლის ორმხრივობა. მისი ბოლო
პიესები ნათელი და სიმბოლურია. იგი თითქოს უსხლტება სიბოროტეს და ისევ

43
44

სიკეთის სამეფოში ხვდება. ამით შექსპირმა მოგვცა ცხოვრების შედარებით ყველაზე


უფრო სრული ხატი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მწერალმა, თუ არ ჩავთვლით, დანტეს,
იტალიელ პოეტს, რომელიც მასზე რამდენიმე საუკუნით ადრე მოღვაწეობდა”.
მაკბეტის მონოლოგი მარკს სულ გადაავიწყდა.
რამდენჯერ მიუხარებიათ მისთვის კოლეგებს – ბავშვები მასხრად გიგდებენ და
შენი გულმავიწყობით მარჯვედ სარგებლობენო. მან ჯეფრის გახედა. ის კი
თავისთვის იჯდა და რაღაც წიგნაკს ჩაჰყურებდა. ბატონმა პროსერმა
დააგვირგვინა: ,,შექსპირის ბოლო პიესა მეტად უჩვეულოა. ჩვენ მას ,,ქარიშხლის”
სახელწოდებით ვიცნობთ. შემდეგი სემინარი 10 მაისსა გვაქვს. იქნებ ზოგი
დაინტერესდეს და წაიკითხოს. პიესა დიდი არაა”.
ჯგუფი განცხრომას მისცემოდა. ბარი სნაიდერი დაფასთან რაღაცას ეშმაკობდა და
ერთი სული ჰქონდა, სანამ ბრუტ იანგი დაინახავდა. ,,კიდევ ერთხელ, ბარი, – თქვა
ბატონმა პროსერმა, – და გახვალთ გარეთ”. ბარი გაწითლდა და ეს რომ დაემალა,
გაიღრიჭა, მან თვალები ბრუტისაკენ გააპარა. უკანა რიგში ქარაფშუტა გოგო პომადას
ისვამდა.
,,შეწყვიტეთ, ელის! ვგონებ, აქ სილამაზის სალონი არ უნდა იყოს”. სიჯეკი,
პოლონელი ბიჭი, ღამის ცვლაში მუშაობდა და ახლა ეძინა. მერხის პრიალა ფრთაზე
მიდებული ლოყა გასთეთრებოდა, პირი განზე მოქცეოდა. ერთი პირობა პროსერმა
იფიქრა, არ გავაღვიძებო, მაგრამ მიხვდა, ამ სიკეთით საკუთარ თავს უფრო
მოხიბლავდა, ვიდრე სხვას. ეს თვითონაც არაერთხელ უგრძვნია. გარდა ამისა,
დისციპლინის ერთი დარღვევა და სხვები თავს გავიდოდნენ. მან მერხებს ჩაუარა და
სიჯეკს მხარზე ხელი მოუჭირა; ბიჭმა გაიღვიძა. ჯგუფის წინა რიგებში ქოთქოთმა
იმატა.
პიტერ ფორსტერი გლორიას გაცინებას ლამობდა და ყურში უჩურჩულებდა:
გოგონას სახე კი მშვიდსა და საზეიმო იერს მოეცვა, აქაოდა, თავში რაღაც აზრი
მიტრიალებსო, ბატონი პროსერის სიტყვებმა დამაფიქრესო, ეს უკანასკნელი წმინდა
რაინდული შემართებით აინთო. ,,პიტერ! ვგონებ, თქვენს მოსაზრებებს რაიმეს
დაამატებდით”.
,,არა, იცით, მონოლოგი ვერ გავიგე. გთხოვთ ამიხსნათ”, – თავაზიანად მიუგო
პიტერმა:
ასეთმა გულწრფელმა აღიარებამ და უცნაურმა თხოვნამ ჯგუფი მართლა
განაცვიფრა. თეთრი, მრგვალი სახეები, როგორც იქნა, რაღაცით დაინტერესდნენ და
მარკს მიაჩერდნენ.
,,არ ვიცი, – თქვა მან, – მეგონა, ამას თქვენგან გავიგებდი”.
კოლეჯში პროფესორის ამგვარი სიტყვები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.
პროფესორის თავმდაბლობა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის აზრთა გაცვლა-
გამოცვლის შემოქმედებითი აუცილებლობა ჯგუფზე დრამატული სიძლიერით
მოქმედებდა, მარამ აქ, 11დ-ში, მასწავლებელი გველის ხვრელში უნდა გამძვრალიყო
და თავისი უვიცობა დაემალა. მარკმა თითქოს მოსდოო ლაგამი მათ, მიიზიდა კიდეც
თავისკენ, მაგრამ ერთმა სიტყვამ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. თავები
ამოძრავდნენ, თვალები ძირს დაიხარნენ, ხმები აბზუილდნენ. პიტერ
ფორსტერისნაირი ეშმაკის ფეხები კი ერთმანეთს დამცინავი კმაყოფილებით
უღიმოდნენ.

44
45

,,სიწყნარე! – დაიყვირა ბატონმა პროსერმა, – არ გესმით? პოეზია არითმეტიკა არ


არის. აქ ვერც ერთ ზუსტ პასუხს ვერ ნახავთ. არ მინდა საკუთარი აზრები თავს
მოგახვიოთ. ამისათვის როდი ვარ აქ”. დასადგურებული სიჩუმე კი დაჟინებით
ითხოვდა პასუხს: ,,მაშ რისთვისა ხარ აქ?” და იქაურობას გაურკვევლობით
ავსებდა. ,,თქვენით უნდა იაზროვნოთ. ამ საქმეში კი მე დაგეხმარებით”.
ასე თუ ისე დაშოშმინდნენ. მან მდგომარეობა აწონ-დაწონა, მიხვდა, კვლავ
ჩვეულებრივ, ადამიანურ ენაზე უნდა აჭიკჭიკებულიყო და ამიტომ მერხის კიდეზე
მოშინაურებული ბეღურის უდარდელობით წამოსკუპდა. ,,აბა, სერიოზულად, ნუთუ
არავინ გაგვიზიარებს საკუთარ აზრს?” – გულწრფელად იკითხა მან.
ერთი ხელი, რომელსაც მოხატული ცხვირსახოცი ბურთივით ჩაებღუჯა,
გაუბედავად აიწია. ,,აბა, გისმენთ, ტერეზა” მორცხვი, ცინგლიანი გოგო წაათამამა
პროსერმა, ტერეზას დედა ,,იეღოვას მოწმე”2 იყო.
,,მაკბეტის” მონოლოგის კითხვისას ძალაუნებურად ღრუბლების ჩრდილი
მახსენდება”, – თქვა მან.
ჯეფრი ლანგერმა გაიცინა. ,,ნუ უხეშობ, ჯეფ, – ჩუმად ჩაულაპარაკა პროსერმა,
შემდეგ კი ხმა აიმაღლა: – გმადლობთ, ტერეზა. თქვენი შენიშვნა საინტერესოა და
საფუძვლიანი, ღრუბლების მოძრაობაში, ისევე როგორც მონოლოგის პირველ
პწკარში, ერთფეროვანი რიტმი მართლა იგრძნობა. ეს ადგილი ძალზე მძიმეა, ასე არ
არის?” პროსერს პასუხი არ მიუღია.
ფანჯრის მიღმა ნამდვილი ღრუბლები ერთმანეთისაკენ მიიჩქაროდნენ, ხოლო
მზის ერთი მეტად უჩვეულო თავნება სხივი ოთახში შემოიპარა და თავზე
შემოდებული კოპწია ხელი გლორიას ოქროსფრად აულივლივა. ,,რას გვეტყოდა
გლორია?” – იკითხა პროსერმა.
გლორიამ, როგორც იქნა, დააყენა საშველი და მერხიდან თავი ზვიადი
მედიდურობით ასწია. ,,რაც ტერეზამ თქვა, ძალიან მომეწონა, – განაცხადა და
ჯეფრის თვალები დაუბრიალა. მან კი პასუხად გამომწვევად გაიცინა. – და კიდევ ეს –
რას ნიშნავს ,,წვრილი ნაბიჯი?”
,,წვრილი ნაბიჯი”? – დაეკითხა პროსერი. აქ იგულისხმება ყოველდღიური,
უმიზნო ცხოვრების დღეები. ის დღეები, ბუღალტერი, ბანკის მოხელე ან სულაც
სკოლის მასწავლებელი რომ ცხოვრობს”, – ღიმილით დაამატა მან.
გლორიას ღიმილითვე არ უპასუხნია. რაღაცაზე ფიქრობდა და მშვენიერი წარბები
შეეკრა: ,,მაგრამ მაკბეტი ომობდა, კლავდა მეფეებს. ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, თვითონ იყო მეფე!”
,,მართალია, მაგრამ ასეთი საქმეებიც კი მას არაფრად მიაჩნია, გესმით”, – უპასუხა
პროსერმა.
გლორიამ თავი გაიქნია: ,,აი, კიდევ რა მაინტერესებს: ნუთუ სისულელე არ არის,
რომ ყველაფერთან ერთად, შუაგულ ომში, მეუღლის უეცარი გარდაცვალების შემდეგ
მაკბეტი დგას და თავის თავს ესაუბრება?”
,,სულ ერთია, რაგინდ სწრაფად არ უნდა შეიცვალოს სინამდვილე, გონება
პირველია მაინც”.
პასუხი სუსტი იყო; ამას ყველა მიხვდებოდა მაშინაც კი, გლორიას, მართალია
თავისთვის, მაგრამ მთელი კლასის გასაგონად რომ არ ჩაელაპარაკა – რა სისულელეა.
მარკს თითქოს ბზიკმა უკბინაო, ისე შეხტა. რა საშინელი სიცხადით ხედავდნენ
ახლა მას მოსწავლეები, რა სასაცილო იყო მათ თვალში – ცარციანი ხელები,
2
რელიგიური სექტა.
45
46

მასიურსათვალიანი ოფოფა, ,,ლიტერატურით” გასიებული თავისი თავი ნათლად


დაუდგა თვალწინ, ეს კი ,,ლიტერატურა” გახლდათ, სადაც მეფე განსაცდელის ჟამსაც
კი, ყველასათვის გაუგებარ ლექსებს ლუღლუღებს. მიხვდა, ბავშვებმა
დიდსულოვნად შეიბრალეს. ო, რა აუტანელი იყო მათი სიკეთე, რა შიშისმომგვრელი
– მათი თავშეკავება, რწმენა. მაინც როგორ მოითმინეს და კლასიდან სიცილით არ
მიაბრძანეს. ძირს დაიხედა, თითის წვერები ერთმანეთს შეატყუპა და ხელებიდან
ცარცის მოშორება სცადა. ახმაურებული ჯგუფი უცნაურად გატრუნულიყო. ,,რა დრო
გასულა! – თქვა ბოლოს, – მოდით, საზეპიროს მივხედოთ. ბერნარდ ემილსონ, თქვენ
დაიწყეთ”.
ბერნარდს ცუდი მეტყველება ჰქონდა და ამიტომ ასე დაიწყო ,,ვალე ვალს მო
დევს”... კლასში ფხუკუნი ატყდა, ერთი გადახარხარება ყევლაფერს ერჩივნათ. თავის
წიგნაკში კი ბატონმა პროსერმა ბერნარდის გვარის გასწვრივ ხუთიანი მოხაზა.
სკოლის ექიმის ღრმა რწმენის მიუხედავად – ბიჭს ორგანული არაფერი სჭირსო –
ზეპირში ბერნარდს ბატონი პროსერი ყოველთვის ფრიადს უწერდა.
თუმც უგულობა იყო, მაგრამ, როგორც წესი, ზეპირი გამოკითხვა წინა რიგებიდან
იწყებოდა. როდესაც ელისის ჯერი მოვიდა, პიტერ ფორსტერი ისე დაეჭყანა გოგოს,
საბრალომ ხმა ვერ ამოიღო. მარკმა კარგა ხანს ამყოფა იგი ასე დაყუდებული და
მხოლოდ მაშინ მოლბა, როდესაც გოგონას სახე მწიფე ალუბალს დაემსგავსა. ,,იქნებ
ცოტა ხნის შემდეგ გეცადათ, ელის”. უმრავლესობა კარგად მომზადებულიყო, თუმცა
ერთ პწკარს – ,,ვიდრე ჟამთ ბრუნვა უკანასკნელს საათს დაჰკრავდეს” – ყველა
ტოვებდა და რატომღაც ,,იჭიმება – იგრიხება” აბრუნებდნენ, როგორც ,,იგრიხება –
იჭიმება”, ან მხოლოდ იჭიმება-იჭიმებას ამბობდნენ. სიჯეკს მართალია,
ნაუცბათევად, მაგრამ მაინც ესწავლა ნახევარი მონოლოგი ,,მთლად გაქრობამდე”,
ჯეფრი ლანგერი, როგორც ყოველთვის, თავის ცოდნას უხვად აფრქვევდა და
შიგადაშიგ საკუთარ ჭკვიანურ კითხვებს რთავდა. ,,ხვალე ხვალს მოსდევს და წვრილ
ნაბიჯიY დღე დღის უკან მიიზლაზნება” – პატივცემულო, აქ განა დღეები
მიიზლაზნებიან არ უნდა ვთქვათ?”
,,საქმეც ის არის, რომ ,,მიიზლაზნება” უნდა იყოს. და თუ ღმერთი გწამთ,
შენიშვნებს თავი დაანებეთ. განაგრძეთ”. ლანგერის ლოიალობამ ბატონ პროსერს
თავი მოაბეზრა. შავი, მოკლედ შეკრეჭილი ხეშეში თმა ჰქონდა ამ ბიჭს და მართლაც
ვირთხას ჰგავდა.
,,დღე დღის უკან მიიზლაზნება. ვიდრე ჟამთ ბრუნვა უკანასკნელ საათს
დაჰკრავდეს. გუშინდელთა დღეთ უგუნურებს გზა გაუნათეს. მიწად გარდამქცევ
სიკვდილამდე... ოჰ, შენ ხანმოკლე მანათობელო! გაჰქერ, გაჰქერ”.
პროსერი სკამიდან წამოხტა. ,,არა, არა! ეს ხომ პოეზიაა, ასე სად მიგეჩქარებათ!
წამით მაინც შეჩერდით ,,უგუნურებთან!” ჯეფრი ამჯერად მართლაც შემკრთალი
ჩანდა. მარკს საკუთარი აღშფოთების მიზეზი თავად ვერ გაეგო. რას ერჩოდა ამ
ჭკვიან ბიჭს, ნუთუ მიზეზი გლორიას ბრაზმორეული წამწამა და წყლიანი თვალები
იყო, ჯეფრის მკაცრად რომ მისჩერებოდნენ? მიხვდა, სულელურად იქცეოდა.
გლორიას პირად ანგარიშებს ჯეფრისთან ერთგულ ყმასავით თვითონ ასწორებდა.
მტყუანი კაცივით ამოიოხრა და კლასს მიუბრუნდა. ,,ლექსი – დაიწყო მან, –
სტროფებისაგან შედგება”. გლორია პიტერ ფორსტერს წერილს აწვდიდა.
რა თავხედობაა, როგორ მოურიდებლად აწვდის წერილს. განა არ იცის, რომ
ყვეელაფრის მიზეზი თვითონ არის? მარკმა გოგონას ნატიფი მაჯა ჩაბღუჯა,

46
47

თითებიდან წერილი გამოსტაცა და მთელი ჯგუფის დასანახად წაიკითხა, თუმცა ამ


ხერხის დიდი წინააღმდეგი გახლდათ.
,,ფი-ი-იტ! – წერდა გლორია, – მე მგონი, ცდები. ბატონი პროსერი შესანიშნავი
კაცია და საინტერესო რაღაცეებსაც გვასწავლის. პოეზია ხომ ნეტარებაა მისთვის. იცი,
მიყვარს, გეუბნები, მართლა მიყვარს, კი, ასეა”.
ბატონმა პროსერმა წერილი დაკეცა და პიჯაკის გვერდითა ჯიბეში
ჩააცურა. ,,გაკვეთილების შემდეგ დარჩებით, გლორია”, – თქვა მან. შემდეგ ჯეფრის
მიუბრუნდა: ,,მოდით, ხელახლა სცადეთ, თავიდან დაიწყეთ”.
სანამ ჯეფრი საზეპიროს ამბობდა, ზარის ხმა გაისმა და ეს ბოლო გაკვეთილიც
დასრულდა. სასწრაფოდ დაცარიელებულ ოთახში გლორიას მეტი არავინ
დარჩენილა. კარადები აბრახუნდნენ, წიგნებს რკინის თაროებზე პარტყაპურტყი
გაუდიოდა – ღრიანცელი ოთახში ისმოდა:
,,ვინ არის მანქანით”?
,,სიგო დამიადე, რა”.
,,ამ გუბეში რა გაგვიყვანს!”
მარკმა ახლაღა შეამჩნია, რომ კარგა მაგრად წვიმდა. ჭოკი აიღო და ფანჯრებს
ჩამოუარა: ფარდები ჩამოუშვა. წვიმის ერთი შხეფი ოთახში შემოხტა და ხელზე
დაეცა. უხერხულობა რომ არ ჩამოვარდნილიყო, გოგონას ენერგიული ხმით
გამოესაუბრა. ფანჯრებსაც ხომ ასეთი თავგამოდებით სწორედ ამიტომ კეტავდა.
,,ჰო, წერილობანას თამაში, – გოგონა წინა მერხზე გაუნძრევლად იჯდა. მოკლე,
ზემოთ ავარცხნილი თმა სასიამოვნო იერს აძლევდა. შიშველი მკლავები მკერდთან
მიეტანა, მხრები აეწურა, ეტყობოდა სციოდა, – წერილების ჯღაბნა, მაშინ როცა
მასწავლებელი გესაუბრებათ, მარტო თავხედობა არაა, სიტყვების ქაღალდზე
გადატანა სისულელეა და სისულელე ნაკლებ სულელური გამოჩნდებოდა, სიტყვები
რომ წარმოგვეთქვა მხოლოდ”. მან ფანჯრის დასაკეტი ჭოკი კუთხეში მიაყუდა და
თავისი მაგიდისაკენ გაემართა. ,,რაც შეეხება ,,სიყვარულს”, ეს ერთ-ერთი იმ
სიტყვათაგანია, რომელიც შესანიშნავად გამოხატავს, თუ რა დაემართა ჩვენს ენას,
როგორ გაუფასურდა იგი. დღეს ამ სიტყვით სარგებლობს ყველა კინოვარსკვლავი,
ესტრადის მომღერალი, მქადაგებელი თუ ფსიქიატრი; შედეგი კი ისაა,
რომ ,,სიყვარულმა” დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა და მხოლოდ რაღაც მქრქალი
გრძნობის გამომხატველიღა დარჩა. ამ გაგებით მიყვარს წვიმა, ეს დაფა, ეს მერხები,
თქვენ მიყვარხართ! ეს სრულიად არაფერს ნიშნავს, გესმით, მაშინ როდესაც თავის
დროზე ამ სიტყვით გამოხატავდნენ აბსოლუტურ სიმართლეს – წყურვილს, გადაე-
შალათ გული, გაეზიარებინათ თავისი ჭირ-ვარამი იმისათვის, ვინც უყვარდათ. დრო
კია მოგვეტანა ისეთი ახალი სიტყვა, რომელიც ამ გრძნობის აღმნიშვნელი იქნებოდა,
და თქვენ, როდესაც შესაფერის სიტყვას გამონახავთ, გირჩევთ დაფიქრდეთ და არ
გაცვითოთ ის. მოიქეცით ისე, თითქოს მისი წარმოთქმა ერთხელ შეგეძლოთ
მხოლოდ – თქვენთვის თუ არა, ენის საკეთილდღეოდ მაინც. იგი საკუთარ მაგიდას
მიუახლოვდა და ზედ ფანქრები დაყარა, თითქოს ამითი თქვა, მოვრჩიო.
,,უკაცრავად”, – წარმოთქვა გლორიამ.
,,რაო?” – გაიკვირვა პროსერმა.
,,მაგრამ თქვენ ვერ გაიგეთ”.
,,ჰო, რასაკვირველია, ვერ გავიგე. ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებ. თქვენი ხნისა
რომ ვიყავი, ჯეფრი ლანგერს ვგავდი”.

47
48

,,მაგას ვერ დავიჯერებ!” ცოტაც და გლორიას ცრემლები წამოსცვივდებოდა.


პროსერი ამას ნათლად ხედავდა.
,,რაო, გლორია, ჰმ, გაიქეცი, არაფერიც არ მომხდარა”.
გოგონამ თავისი წიგნები შიშველ მკლავში ნაზად მოიმწყვდია და ოთახიდან
ქალიშვილისათვის დამახასიათებელი ტანის მელანქოლიური რწევით გავიდა.
გეგონებოდათ, მერხის თავებზე მიცურავსო.
რა ამბავია ამ ბავშვების თავს, ფიქრობდა მარკი. მაინც რა უნდათ? წყნარი დინება,
დაასკვნა ბოლოს, გინდა ჩაიქროლო აუღელვებლად, ისე რომ რიტმიდან არ
ამოვარდე. პატარა ბორბლებს კი უმიზნოდ, რაკუნით მიჰყავხარ სადღაც. ჰმმმ,
როგორა თქვა, ნეტარებააო მისთვის პოეზია, – ჭეშმარიტად!” მათ უყვართ სამყარო.
ნეტარებაა მათი სიმღერების დიდ ნაწილში.
,,ღმერთო დიდებულო, ღიღინებს!” – ფიზკულტურის მასწავლებელი სტრანქი,
ოთახში შეუმჩნევლად შემოსულიყო. გლორიას კარი ღრიჭოდ დაეტოვებინა.
,,ოჰ, – თქვა მარკმა, – ფრთადამსხვრეული გულადი ანგელოსი”.
,,რა დაგემართა, ასე რა ჯანდაბამ გაგამხიარულა?”
,,ო... იტყვი ხოლმე...”
,,მხიარულება კი არა, ნეტარებაა. ვერ ხედავ?”
ჭორით დამძიმებულმა სტრანქმა მერხებს შუა მისთვის შეუფერებელი ნაზი
ნაბიჯით გამოიარა და მარკს ჰკითხა.
,,იცი, რა დაემართა მერჩინსონს?”
,,არა”, – ჩურჩულითვე გამოაჯავრა მარკმა.
,,თავი მოეჭრა მაგ უბედურს”.
,,კარგი ერთი!”
სტრანქმა, როგორც ყოველთვის ახლაც წინასწარ ატეხა სიცილი.
,,რომ იცოდე, რა ახუნტრუცებულია”.
,,ნეტა თუ მართლა ამბობ?” – გაიკვირვა მარკმა, თუმცა იცოდა, სტრანქი ყველაზე
ასე ლაპარაკობდა.
,,გლორია ანგსტრომი შენ ჯგუფშია?”
,,მერე?!”
,,ჰოდა, ამ დილით მერკს ხელში გლორიას წერილი ჩავარდნია: ვითომ მერკი
მაგარი ვინმეა და გლორია მასზე ჭკუას კარგავდეს, გესმის?!” – სტრანქმა შეიცადა,
იფიქრა, მარკი რამეს მეტყვისო, შემდეგ კი განაგრძო: – წამოგიდგენია საუზმის ხან
გამოირკვა, რომ ასეთივე ამბავი გუშინ ისტორიის გაკვეთილზე ფრაიბერგსაც
მოსვლია. – სტრანქმა გაიცინა და თითები გემრიელად გაატკაცუნა. – ,,ამას მარტო ეგ
გოგო ვერ მოიფიქრებდა. ყველას ჰგონია, რომ აქ პიტერ ფორსტერის ხელი ურევია”.
,,შეიძლება ასეც იყოს” – დაეთანხმა მარკი. სტრანქი არ მოეშვა და კარამდე
მისდია, თან საცოდავი, ნირწამხდარი მერჩინსონის სახეს იხსენებდა, როცა მასთან
ფრაიბერგი მივიდა და თურმე მიამიტურად გაენდო.
მარკი მიბრუნდა და კარადის გასაღებად ციფრები აკრიფა 18-24-3. ,,მაპატიე,
დეივ, – თქვა მან, – ქალაქში ცოლი მელოდება”.
სტრანქი სქელკანიანი იყო და მარკის გაღიზიანებული კილო ამიტომაც
გამოეპარა. ,,დარბაზში გადაბარგება მომიხდა, პატარებს წვიმაში აბა როგორ გავიყვან,
დედიკოებს ხომ არ ავამხედრებ, – თქვა მან და წაკუნტრუშდა. დერეფნის ბოლოში კი
შეჩერდა და მარკს გამოსძახა: – არაფერი წამოგცდეს, ხომ იცი, ვისთანაც!”

48
49

ბატონმა პროსერმა კარადიდან პალტო გამოიღო და მხრებზე მოისხა. ქუდი თავზე


დაიდო, ვიწრო კალოშები ტუფლებზე გაჭირვებით მოირგო და საკიდიდან ქოლგა
ჩამოხსნა. ცოტაც და აქვე, დაცარიელებულ ჰოლში ხუმრობით ქოლგას გაშლიდა.
შემდეგ გადაიფიქრა. არა, იმ გოგოს ლამის ეტირა, ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა.
ხვალე ხვალს მოსდევს.
და წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება, ვიდრე ჟამთ
ბრუნვა უკანასკნელს საათს დაჰკრავდეს.
გუშინდელთა დღეთ უგუნურებს გზა გაუნათეს
მიწად გარდამქცევ სიკვდილამდე... სიცოცხლე მხოლოდ
ჩრდილი ყოფილა მოარული, ტაკი-მასხარა,
რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ
და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.
სულელი სენით მოთხრობილი ამბავი არის,
თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით.

მოთხრობის გზამკვლევი

ხანდახან მოსწავლეები სასტიკები არიან - ეს ყველა მასწავლებელმა იცის. მაინც რით


გამოიხატება ხსენებული სისასტიკე? ალბათ, ყველაზე მეტად - დაცინვით. დაცინვა ხომ
ისეთი სიკვდილია, როდესაც ჯერ ისევ ცოცხალი ხარ. დაცინვას თავისი „სახეები“ აქვს.
შეიძლება პირდაპირ ადამიანს მოუძებნონ კორპორაციულად მიუტევებელი ხარვეზები,
მაგრამ ამაზე მეტად მას ის დაამცირებს, თუ მის ღირებულებებს გააბიაბრუებენ. რატომ
ამბობს მაკბეტი, ერთი შეხედვით, უადგილო ადგილას და უდროო დროს: „ხვალე ხვალს
მოსდევს და წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება, ვიდრე ჟამთ ბრუნვა
უკანასკნელს საათს დაჰკრავდეს“? დღეს ვინმე ასე ლაპარაკობს?

უფროსკლასელებს თავიანთი სამყარო აქვთ. მათში მასწავლებლებს საკუთარი ფუნქცია,


დანიშნულება და გამოხატულებაც აქვთ, თუმცა, შესაძლოა, არც ისე მნიშვნელოვანი. ყოველ
შემთხვევაში, სიყვარუთან და თვითდამკვიდრებისა და აღიარების სურვილთან
მასწავლებლები რას მოვლენ!

ბატონი პროსერი ლიტერატურას ასწავლის, ამჯერად - უილიამ შექსპირის „მაკბეტს“.


მართლაც დამაინტრიგებელია, როგორ ეწვნის ტრაგედიის განხილვის პერიპეტიები კლასში
მოსწავლეებს შორის ან მასწავლებელსა და მოსწავლეთა შორის არსებულ განწყობებსა და
დამოკიდებულებებს.

ახალგაზრდებში სიცოცხლე ცელქობს და საკმარისზე ხშირად მათ ხუმრობებს შედარებით


უფროს თაობაში ფილოსოფიური გაგრძელებები აქვს - ყველასთვის ადვილად დასანახავ
ილუზიას რომ ბადებს. გლორიას წერილს, მასწავლებლით აღტაცებას რომ გამოხატავს,
რამდენიმე კაცი იღებს და ყველას მხოლოდ საკუთრივ თავისი ჰგონია. რამდენიმე ადამიანის
სასიყვარულო ოცნება იმთავითვე სასაცილო გარსით იბადება. მოსწავლეები თავიანთ
მასწავლებლებს სახალისოდ და გასართობად ეთამაშებიან, რათა, ნებსით თუ უნებლიეთ, არა

49
50

ლიტერატურით ან ხელოვნებით, არამედ რეალურად ასწავლონ, რომ რასაც მაკბეტი


მისტირის და განიცდის, ლიტერატურულ ტექსტზე მეტად ცხოვრებას ახასიათებს.

ბატონი პროსერი გლორიას სიყვარულის მნიშვნელობის დაკარგვაზე ესაუბრება, მაგრამ


გოგონასთვის ეს თითქოს მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი თამაშის ნაწილია. არავინ იცის,
მასწავლებელი რომ დასაცინად განწირულ სიყვარულზე ლაპარაკობს, გლორიას მართლა
წამოსცვივდა ცრემლები, თუ უბრალოდ ლიტერატურის მასწავლებელს დასცინოდა.

რა შეიცვალა „მაკბეტის“ დაწერის შემდეგ - აღარ არის სიცოცხლე ტაკი-მასხარა, „რომელსაც


ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე“. ახალ
დროსაც შეუძლია მასზე თქვას: „სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის, თუმც
უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით“.

ჰო, ასეა - რაღაც ყოველთვის ხდება, თუმცა ამ „რაღაცას“ ვიღაცისთვის დიდი აზრი არ აქვს,
სხვათათვის კი შესაძლოა საზრისით სავსე იყოს.

ნიჰილისტური ტექსტია? რა თქმა უნდა, მაგრამ - ძალიან დამაფიქრებელი. ასეთი ტექსტები


ყოველთვის ბადებენ მთავარ კითხვას - მე სად ვარ, სიცოცხლის მდინარის რომელ ნაპირზე?

რიჩარდ ბახი

50
51

რიჩარდ დევიდ ბახი 1936 წლის 23 ივნისს, ილიონოისის შტატში, ოაკ-პარკში


დაიბადა. ის დიდი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის შორეული
შთამომავალია. ოთხი წლის განმავლობაში ლონგ ბიჩის სახელმწიფო კოლეჯში
სწავლობდა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პილოტი იყო, დაქორწინდა, თუმცა ექვსი შვილის
შეძენის შემდეგ ცოლს გაშორდა, ვინაიდან ქორწინების არ სჯეროდა. მოგვიანებით,
მისმა ერთ-ერთმა შვილმა, ჯონათანმა, დაწერა წიგნი მამის შესახებ, რომელთანაც
ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ ჰქონდა.

რიჩარდ ბახის ინტერესის სფეროში ხვდებოდა ყველაფერი, რაც ავიაციას


უკავშირდებოდა. მათ შორის, კინოც, სადაც პილოტ-კასკადიორად მუშაობდა,
შექმნილი აქვს ტექნიკური ავიალიტერატურა, საკუთარი წიგნის მიხედვით
გადაღებულ ფილმში მთხრობელად მიიწვიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაცია იყო მისი ნამდვილი ვნება, ყოველთვის


მწერლობაზე ოცნებობდა. ჯერ კიდევ უფრო კლასებში, ერთ-ერთმა მასწავლებელმა,
ამ მხრივ, მისი პოტენციალი გაააზრებინა. 1959 წლიდან რიჩარდ ბახმა ზუსტად
იცოდა, რომ უნდა დაეწერა ჩიტზე, რომელიც ოცნებობდა ბევრი ბარიერისა და
აკრძალვის გადალახვაზე. მალევე შეიქმნა ბრწყინვალე წიგნი „თოლია, სახელად
ჯონათან ლივინგსტონი“, რომელმაც ლიტერატურულ სამყაროში ბახს საკუთარი
ადგილი დაუმკვიდრა და მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

„ჯონათან ლივინგსტონით“ კინოპროდიუსერებიც დაინტერესდნენ. 1973 წელს


გადაღება დაიწყო, თუმცა რიჩარდ ბახმა ფილმის შემქმნელებს სასამართლოში
უჩივლა სიუჟეტის მისი ნებართვის გარეშე შეცვლის გამო. ფილმში მისი სახელი,
ფაქტობრივად, არსად ჩანს და ეს მწერლის სურვილით მოხდა - არ უნდოდა, რომ ამ
ფილმთან დაკავშირებული ყოფილიყო.

რაც შეეხება მის სხვა ნაწარმოებებს: 1963 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი - „უცხო
დედამიწაზე“, შემდეგ - „ბიპლანი“ (1966 წ.), „არაფერი ხდება შემთხვევით“ (1969 წ.),
„ფრთები საჩუქრად“ (1974 წ.), „არ არსებობს შორი ადგილი“ (1976 წ.), „ილუზიები“
(1977 წ.), „ცნობიერს იქით“ (1999 წ.).

მწერალი ამჟამად 80 წლისაა, მესამე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და კვლავ


გატაცებულია ავიაციით.

51
52

არ არსებობს ადგილი შორეთი

თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ. 5,
თბილისი, 2008)

რეი!3 გმადლობთ, დაბადების დღეზე რომ დამპატიჟე. შენი სახლი აქედან ათას
მილზეა, მე კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ გავწევ ხოლმე
სამოგზაუროდ... რეის დაბადების დღე სწორედ ასეთი შემთხვევაა, და მეც
მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას.
გავწიე, კოლიბრის გულის იმედად, რომელსაც ჩვენ, შენ და მე, დიდი, დიდი ხნის
წინათ შევხვედრივართ. როგორც ყოველთვის, ახლაც გულთბილად შემომეგება,
მაგრამ როცა ვუთხარი, პატარა რეი წამოიზარდა და საჩუქრით მის დაბადების
დღეზე გამიწევია-მეთქი, ძალიან გაიკვირვა. დიდხანს მივფრინავდით სიჩუმეში;
ბოლოს ჩაილაპარაკა: ,,ძალზე ცოტა რამაა ჩემთვის გასაგები იქიდან, რაც მითხარი,
ყველაფერზე მეტად კი იმის გაგება მიჭირს, რომ შენ დაბადების დღეზე გაგიწევია”.
,,რა თქმა უნდა”, ვუპასუხე, ,,დაბადების დღეზე გამიწევია; განა რა არის ამაში
გაუგებარი?” ერთხანს იყუჩა, ხოლო როცა ზარნაშოს ბუდეს მივადექით,
ამოთქვა: ,,ნუთუ მართლა ძალუძთ მილებს მეგობრების დაშორება? თუკი შენ
რეისთან ყოფნა გწადია, განა ისედაც მასთან არა ხარ?”
,,პატარა რეი წამოიზარდა და საჩუქრით მის დაბადების დღეზე გამიწევია”,
ვუთხარი ზარნაშოს. კოლიბრისთან საუბრის შემდეგ სიტყვა გამიწევია უცნაურად
ჟღერდა, მაგრამ ისე წარმოვთქვი, რომ ზარნაშოს კარგად გაეგო ჩემი ნათქვამი. ისიც
დიდხანს მოფრინავდა ჩვენთან ერთად მდუმარედ. ეს კეთილმოსურნეობით აღსავსე
დუმილი იყო, მაგრამ როცა არწივის სახლამდე საღსალამათი მიმიყვანა, ჩაილაპარაკა:
,,ძალზე ცოტა რამაა ჩემთვის გასაგები იქიდან, რაც მითხარი. მაგრამ ყველაფერზე
მეტად იმის გაგება მიჭირს, რომ შენს მეგობარს პატარას უწოდებ”.
,,რა თქმა უნდა”, ვუპასუხე, ,,პატარაა. იმიტომ, რომ ჯერ არ გაზრდილა. რა არის
ამაში გაუგებარი?” ზარნაშომ დაჟინებით მომაპყრო თავისი ქარვისფერი თვალების
გამჭოლი მზერა, გამიღიმა და თქვა: ,,ერთი უყურე”.
,,პატარა რეი წამოიზარდა და საჩუქრით მის დაბადების დღეზე გამიწევია”,
ვუთხარი არწივს. კოლიბრისთან და ზარნაშოსთან საუბრის შემდეგ სიტყვები
– ,,გამიწევია” და ,,პატარა” უცნაურად ჟღერდა, მაგრამ ისე წარმოვთქვი, რომ არწივს
კარგად გაეგო ჩემი ნათქვამი. მწვერვალებს თავს მოვევლეთ და მთის ნიავთან ერთად
მივლივლივებდით ჰაერში. ბოლოს ჩაილაპარაკა: ,,ძალზე ცოტა რამაა ჩემთვის
გასაგები იქიდან, რაც მითხარი, მაგრამ ყველაფერზე მეტად მიჭირს გავიგო სიტყვა
დაბადების დღე”.

3
რეი – ,,სხივი” (ინგლ.).
52
53

,,რა თქმა უნდა”, ვუპასუხე, ,,დაბადების დღე. ჩვენ გვწადია, საზეიმოდ


აღვნიშნოთ ის წამი, როცა რეი ამ ქვეყანას მოევლინა, და რომლის დადგომამდეც ის
ჯერ არ არსებობდა. რა არის ამაში გაუგებარი? არწივმა ფრთები დაკეცა, თავქვე
დაეშვა და რბილად დაფრინდა უდაბნოს სილაში, ,,დრო, როცა რეი ჯერ არ
არსებობდა? ხომ არ ფიქრობ, რომ ყველაფერი პირიქითაა – რომ რეის სიცოცხლე
მაშინ დაიწყო, როცა დრო ჯერ არ არსებობდა?”
,,პატარა რეი წამოიზარდა, და მისკენ გამიწევია დაბადების დღეზე საჩუქრით”,
ვუთხარი შევარდენს. კოლიბრისთან, ზანრაშოსა და არწივთან საუბრის შემდეგ
სიტყვები ,,გამიწევია”, ,,პატარა” და ,,დაბადების დღე” უცნაურად ჟღერდა, მაგრამ ისე
წარმოვთქვი ისინი, რომ შევარდენს კარგად გაეგო ჩემი ნათქვამი. შორს, ჩვენს
ქვემოთ, უდაბნო მიცურავდა. გზა რომ გავლიეთ, ჩაილაპარაკა: ,,იცი, ძალზე ცოტა
რამაა ჩემთვის გასაგები იქიდან, რაც მითხარი; მაგრამ ყველაზე მეტად ამის გაგება
მიჭირს – ,,წამოიზარდა”.
,,რა თქმა უნდა”, ვუპასუხე, ,,წამოიზარდა. სულ მალე რეი დიდი იქნება, და კიდევ
ერთი წელი აშორებს მას ბავშვობას. რა არის ამაში გაუგებარი?”
შევარდენი ზღვის უდაბურ ნაპირზე დაეშვა.
,,რაც შენ თქვი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის წამოიზარდა!” ჰაერში აიჭრა და
თვალს მიეფარა.
ვიცოდი, რომ თოლია მეტად ბრძენი ფრინველია. ვიდრე მივფრინავდით,
გულმოდგინედ ვეძებდი და ვარჩევდი სიტყვებს, რათა მათ გაგონებაზე რეის ეგრძნო,
რომ რაღაც მისწავლია.
,,თოლიავ”, ვუთხარი ბოლოს და ბლოს, ,,რატომ მიმაქროლებ შენს ფრთებზე
რეისაკენ, თუკი დარწმუნებული ხარ, რომ უკვე მასთან ვარ?”
თოლიამ გადამაქროლა ზღვები, მთები, ქალაქები, და მალე უხმაუროდ დაეშვა
შენს სახურავზე, ,,იმიტომ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია”, მიპასუხა მან, ,,იცოდე ეს
ჭეშმარიტება. იქამდე, ვიდრე თავად არ გაიგებ მას, ვიდრე არ ჩასწვდები მთელ მის
სიღრმეს, მხოლოდ რამდენიმე გზით შესძლებ მის გადაცემას, მხოლოდ სხვისი –
მანქანების, ადამიანების, ფრინველების დახმარებით. მაგრამ გახსოვდეს”, დასძინა
მან, ,,ჩასწვდები შენ თუ ვერა, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად რჩება”. და თოლია
გაფრინდა.
,,აი, შენი საჩუქრის გახსნის დროც დადგა. მინისა და ლითონის საჩუქრები ადრე
თუ გვიან ცვდება და დავიწყებას მიეცემა ხოლმე. მე კი შენთვის უკეთესი რამ
შევარჩიე.
გიძღვნი ბეჭედს, ატარე. ის განსაკუთრებულ შუქს ასხივებს, და მას ვერც ვერავინ
წაგართმევს და ვერც ვერავინ გაანადგურებს. მხოლოდ შენ შესძლებ ამქვეყნად მის
დანახვას, ისევე, როგორც მხოლოდ მე ვხედავდი მას, ვიდრე ჩემი იყო.
ეს ბეჭედი ახალი უნარით დაგაჯილდოებს. მას რომ გაიკეთებ, ცაში მონავარდე
ნებისმიერი ფრინველის ფრთების მორგებას შეძლებ. შეძლებ დაინახო ისინი

53
54

ოქროსფერი თვალებით, შეეხო ნიავს, ხავერდოვან ბუმბულს რომ უქოჩრავს მათ.


შეიგრძნობ მაღლა-მაღლა ფრენის ნეტარებას, ამ ქვეყანასა და მის ყველა გასაჭირზე
ზემოთ ლივლივის სიხარულს. შეგიძლია იმდენ ხანს იფრინო ცაში, რამდენ ხანსაც
მოისურვებ, გაათენო, შეეგებო განთიადს, და როცა იგრძნობ, რომ დაბლა დაშვების
დრო დადგა, ყველა შენს კითხვაზე პასუხს მიიღებ და ეჭვებიც გაგეფანტება.
როგორც ყველაფერი ის, რასაც ხელით ვერ შეეხები და თვალისთვისაც უხილავია,
შენი საჩუქარიც იმის კვალობაზე გაიზრდება, თუ როგორ გამოიყენებ მას. თავიდან
მხოლოდ იმ ფრინველების დანახვას შეძლებ, რომლებთან ერთადაც ფრენ. მაგრამ
მერე და მერე, როცა გაიწაფები, იმ ფრინველებთან ერთად ფრენასაც ისწავლი,
რომლებსაც ვერ ხედავ, – და ბოლოს აღმოაჩენ, რომ არ გჭირდება არც ბეჭედი და არც
სხვა ფრინველები, რათა მარტოდმარტომ ინავარდო ღრუბელთა საუფლოს ზემოთ.
და როცა ასეთი დღე დადგება, ეს საჩუქარი მას უნდა გადასცე, ვინც მას მარჯვედ
გამოიყენებს, ვინც შეიგნებს, რომ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტებისა
და სიხარულისაგანაა შექმნილი, და არა ლითონისა ან მინისაგან.
რეი, უკანასკნელად ვზეიმობ შენთან ერთად ამ განსაკუთრებულ დღეს, მას
შემდეგ, რაც ჩვენი მეგობარი ფრინველებისაგან რაღაც ვისწავლე. მე ვერ გამოვწევ
შენსკენ, რადგან უკვე აქ ვარ. შენ არა ხარ პატარა, რადგან უკვე გაიზარდე; შენ,
როგორც ჩვენ ყველანი, ერთი სიცოცხლიდან მეორეში ბრუნდები, და ბედნიერი ხარ,
რომ ცოცხლობ.
შენ არა გაქვს დაბადების დღე, რადგან მარად ცოცხლობდი; შენ არასოდეს
დაბადებულხარ, და არც არასოდეს მოკვდები. შენ არა ხარ მათი პირმშო, ვისაც დედ-
მამას ეძახი.
შენ – მათი თანამგზავრი ხარ ამ თვალისმომჭრელ, თავგადასავლებით აღსავსე
მოგზაურობაში, რომლის მიზანია საგანთა არსის შეცნობა.
მეგობრის ყოველი საჩუქარი – შენთვის ბედნიერების მსურველია, მათ შორის ეს
ბეჭედიც.
იფრინე თავისუფლად და ლაღად, გადაუფრინე მარადისობას, გააღწიე
დაბადებათა მიღმა, და ჩვენ შევძლებთ შევხვდეთ ახლაც და მარადის, როცა კი
მოვისურვებთ, ერთ დიდ დღესასწაულზე, რომელსაც არა აქვს ბოლო.

მთხრობის გზამკვლევი

ახლა რასაც ვკითხულობთ, თავისი კომპოზიციით ზღაპარს ჰგავს - მთავარი სათქმელი


სპირალისებური მონაცვლეობით არის გამოხატული. კოლიბრთან,ზარნაშოსთან, არწივთან,
შევარდენთან და თოლიასთან ერთად, რომლებიც რიგი-რიგობით მოთხრობის გმირს
მეგობართან მიაცილებენ, ჩვენც ვუახლოვდებით რაღაც უცნაურსა და სასიამოვნო განცდას,
ჭეშმარიტებასთან ზიარებას რომ ჰგავს.

ამ მოგზაურობისას საინტერესო ამბებს ვიგებთ. მაგალითად, იმას, რომ სიტყვათა


მნიშვნელობანი შეიძლება ძალიან ფარდობითი იყოს და სულაც არ გამოხატავდნენ იმას,
54
55

რასაც მუდმივად გამოხატავდნენ. იმასაც, რომ სიკეთისა და ამაღლებულობის განწყობამ ერთ


მშვენიერ დღეს შესაძლოა სხივოსანი ბეჭდის სახე მიიღოს, რომელიც დაბადების დღისთვის
საჩუქრად შეგიძლია გამოიყენო. ბოლოს კი იმასაც მიხვდები, რომ „...მნიშვნელოვანია
მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტებისა და სიხარულისგანაა შექმნილი და არა ლითონისა ან
მინისგან“.

მართლაც, სიყვარულისა და კეთილგანწყობისთვის არ არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც


„შორს“ არის. ადამიანის სულს ვერ აბრკოლებს მანძილი ან დრო - ის ყოველთვის და ყველგან
არის. მხოლოდ მას შეუძლია ერთდროულად წამშიც იყოს და მარადისობაშიც, წამი
გაამარადიულოს და მარადისობა ერთ წამად აქციოს. სწორედ ამ თვალსაზრისით არ
არსებობს დაბადების დღე - ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით და ყოველთვის ვიარსებებთ.
სწორედ ეს არის ნამდვილი ცხოვრება და ის მუდმივი განსაცდელი ან დაუსრულებელი
ტრაგედია კი არ არის, არამედ დღესასწაული, „რომელსაც არა აქვს ბოლო“.

არ შეიძლება ადამიანმა სიცოცხლე ისე დააკნინოს, რომ მხოლოდ მიწაზე ხოხავდეს - ის ხომ
ფრენისთვის არის გაჩენილი. ეს რიჩარდ ბახის საყვარელი სიტყვა, ცნება და განცდაა, მის
ყველა ნაწარმოებში რომ ჩანს. ამ მოთხრობით ის ყველა ჩვენგანსაც სწორედ ამისკენ
მოუწოდებს. შესაძლოა, ამას ვერაფერი გავუგოთ ან ქარაფშუტობად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ
ასე მოხდა, ბრძენ თოლიას უნდა მოვუსმინოთ: „ჩასწვდები თუ ვერა, ჭეშმარიტება
ჭეშმარიტებად რჩება“.

55
56

ჰაინრიხ ბიოლი

ჰაინრიხ ბიოლი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი ავტორი, რომლის


ნაწარმოებებიც 30 ენაზეა თარგმნილი, გერმანიაში, ქალაქ კელნში 1917 წლის 21
დეკემბერს დაიბადა. ის ღრმადმორწმუნე კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა, რომელიც
ნაცისტების დიდ მოწინააღმდეგედ იქცა. ბიოლმა უარი თქვა, შეერთებოდა
„ჰიტლერის ახალგაზრდობის“ რიგებს 1930-იან წლებში. საბოლოოდ, ჯარში მაინც
გაიწვიეს და იბრძოდა საფრანგეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და საბჭოთა კავშირში.
ოთხგზის დაჭრეს, სანამ 1945 წელს ამერიკელებს არ ჩაუვარდა ტყვედ.

ომის დასრულების შემდეგ ის კელნში დაბრუნდა, რამდენიმე სამსახური გამოიცვალა


და ბოლოს გადაწყვიტა, ბედი მწერლობაში ეცადა. 30 წლის ასაკში ის სრულფასოვან
მწერლად იქცა. მისი პირველი რომანი - „მატარებელი დროულად მოვიდა“, 1949
წელს გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა მისი სხვა ნაწარმოებებიც: „და არ უთქვამს არც ერთი
სიტყვა“, „უკაცო სახლი“, „ადრეული წლების პური“. მისი ყველაზე ცნობილი და
რეზონანსული წიგნია „კლოუნის თვალთახედვა“, რომელიც 1963 წელს გამოიცა. ის
მკაცრად გააკრიტიკეს კათოლიკური ეკლესიისადმი დამოკიდებულების გამო.
მართალია, ბიოლი მორწმუნე გახლდათ, თუმცა კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი
გამოვლინება არ მოსწონდა და ეს მის ნაწარმოებშიც აისახა.

ჰაინრიხ ბიოლს დიდი წარმატება ხვდა წილად. წლების განმავლობაში


ხელმძღვანელობდა დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანებას - პენკლუბს, მიიღო
უამრავი ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, 1972 წელს.

მწერალი დასავლეთ გერმანიაში, 1985 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა.

ჩემი ნაღვლიანი სახე

თარგმნა რუსუდან შამელაშვილ-ზექალაშვილმა


(„არილი“, 2008)

როდესაც პორტში ვიდექი და თოლიებს ვუყურებდი, ჩემმა ნაღვლიანმა სახემ


პოლიციელის ყურადღება მიიპყრო, რომელიც უბანში შემოვლაზე დადიოდა. მე
გართული ვიყავი საჭმლის ამაოდ მაძიებელი მოფარფატე თოლიების ცქერით,
რომლებიც აფრინდებოდნენ და შემდეგ ძალუმად კვლავ დაბლა ენარცხებოდნენ.
პორტი ცარიელი იყო, მაზუთით დაბინძურებულ მომწვანო წყალში ათასნაირი

56
57

ნაგავი დაცურავდა. წყალზე არც ორთქლმავალი მოჩანდა, ამწეკრანები


დაჟანგებულიყო, საწყობები ჩამონგრეულიყო; როგორც ჩანს, შავი ნანგრევებით
მოცულ ნაპირზე ვირთხებიც აღარ იდებდნენ ბინას, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. უკვე
მრავალი წელია აქაურობას გარე სამყაროსთან აღარაფერი აკავშირებდა.
თვალში ერთი თოლია ამოვიღე და მის ფრენას ვაკვირდებოდი. იგი
მოახლოებული ჭექა-ქუხილის წინათგრძნობის გამო შიშით შეპყრობილი
მერცხალივით წყლის ზედაპირის ახლოს დაფრინავდა. მხოლოდ იშვიათად თუ
გაბედავდა ზემოთ აფრენას, რათა თვის სწორთ შეერთებოდა. ვინმეს რომ ეთქვა
სურვილი ჩაიფიქრეო, ვისურვებდი, მქონოდა პური მისი ნამცეცებით ეს თოლიები
რომ გამომეკვება და მათი ქაოსური ფრენის მიზნად თეთრი წერტილი განმესაზღვრა,
მიზანი მიმეცა; ამ ჩხავილიანი უსასოო ფარფატისათვის პურის ნატეხის გადაგდებით
გზა გამეკვალა, შევჭრილიყავი ქაოსში და წესრიგი შემეტანა მასში. მაგრამ მეც
მათსავით მშიერი ვიყავი, თანაც დაღლილი და შემოწოლილი ნაღველის მიუხედავად
მაინც ბედნიერი. მართლა მშვენიერი იყო ჯიბეში ხელებჩაწყობილი მდგარიყავი აქ,
გეყურებინა თოლიებისათვის და უსასრულოდ გესვა საკუთარი ნაღველი.
მოულოდნელად ჩემს მხარს ჩინოვნიკური ხელი შეეხო და უცნობმა ხმამ მითხრა:
„გამომყევით! მხარზე ჩაჭიდებული ხელი ჩემს მობრუნებას შეეცადა. მე ხელი
ადგილიდან გაუნძრევლად მოვიშორე და მშვიდად ვუთხარი:
„თქვენ რა, გაგიჟდით?!“
„ამხანაგო, მომმართა ამ ჯერ კიდევ უჩინარმა კაცმა“, გაფრთხილებთ!
„მომისმინეთ, ბატონო, შევესიტყვე მე“.
„აქ ბატონები არ არსებობენ, დაიყვირა გაცხარებით“. ჩვენ ყველა ამხანაგები
ვართ!
ის გვერდით დამიდგა, ალმაცერად შემომხედა და მე იძულებული გავხდი ჩემი
ბედნიერი მზერა სივრციდან მომეწყვიტა და მისი საქმიანი თვალებისათვის
მიმეპყრო: იგი იმ ზაქს წააგავდა, ათწლეულები მხოლოდ თავისი მოვალეობების
შესრულებით რომ საზრდოობს“.
„რის საფუძველზე...“, წამოვიწყე შეკითხვის დასმა.
„მიზეზი საკმარისია, თქვა მან, თქვენი ნაღვლიანი სახე“.
მე გამეცინა.
„აქ სასაცილო არაფერია!“
ის მართლაც გაცოფებული იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ყოველივე ეს ალბათ
მოწყენილობის გამო წამოიწყო, რადგან ხელში ვერ ჩაიგდო ვერც ერთი
დაურეგისტრირებელი ბოზი, ვერც მთვრალი მეზღვაური და ვერც ქურდი ან
დეზერტირი, ვისაც დააპატიმრებდა-თქო; მაგრამ მერე მივხვდი, რომ სულაც არ
ხუმრობდა: მას ჩემი დაპატიმრება სურდა.
„გამომყევით!“
„და რის გამო? შევეკითხე მშვიდად“.

57
58

გონს მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ მარცხენა ხელზე თხელი ჯაჭვი


შემომერტყა და ამ წუთიდან უკვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე წასული იყო.
უკანასკნელად გავხედე აფორიაქებულ თოლიებს, ავხედე ლამაზ ნაცრისფერ ცას და
უცაბედი მოძრაობით წყალში გადახტომას შევეცადე; მეჩვენებოდა, რომ ამ ბინძურ
წუმპეში ეულად დახრჩობა სჯობდა, სადღაც, მიყრუებულ ეზოში ჯალათის ხელით
სულის ამოხდას ან გისოსებს მიღმა თავის ამოყოფას. მაგრამ პოლიციელმა ხელის
ერთი წაკვრით იმდენად ახლოს მიმიზიდა, რომ გაქცევაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.
„და მაინც რის გამო?“
კიდევ ერთხელ დავსვი შეკითხვა.
„არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებთ, რომ იყოთ ბედნიერი“.
„მე ბედნიერი ვარ! წამოვიძახე“.
„თქვენი ნაღვლიანი სახე...“, გააქნია მან თავი.
„მაგრამ ეს ხომ ახალი კანონია, ვთქვი მე.
„კანონი ოცდათექვსმეტი საათის წინ გამოიცა და თქვენ ალბათ იცით, რომ ყველა
კანონი გამოცემიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ შედის ძალაში“.
„მაგრამ მე არ ვიცნობ ასეთ კანონს“.
„ეს ვერ გიხსნით სასჯელისაგან. ის ყველა რუპორში, ყველა გაზეთში გამოცხადდა
და მათთვის, ამ დროს პოლიციელმა ზიზღით შემომხედა, `მათთვის, ვინც არ
სარგებლობს რადიოსა და პრესის სიკეთეებით, რაიხის ყველა ქუჩაში ფურცელზე
დაბეჭდილი კანონი მიმოიფანტა. ახლა იმასაც გამოვარკვევთ, თუ სად
ბრძანდებოდით ბოლო ოცდათექვსმეტი საათი, ამხანაგო“.
მან წამათრია. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ციოდა და მე კი ქურთუკიც არ
მქონდა, მხოლოდ ახლა შემაწუხა შიმშილმა და შევნიშნე, თუ როგორ ბუყბუყებდა
შიმშილისგან ჩემი მუცელი, ახლა მივხვდი, რომ ჭუჭყიანი და გაუპარსავი ვიყავი,
ჩამოფხრეწილი ტანსაცმელი მეცვა და გამახსენდა, რომ არსებობდა კანონი, რომლის
თანახმადაც ყველა ამხანაგი სუფთა, გაპარსული, ბედნიერი და მაძღარი უნდა
ყოფილიყო. პოლიციელი ქურდობაში წასწრებული საფრთხობელასავით, რომელიც
იძულებულია თავისი ოცნების სამფლობელოს სამანი გადაკვეთოს, წინ მექაჩებოდა.
ქუჩები ცარიელი იყო, პოლიციის განყოფილებამდეც ბევრი აღარ რჩებოდა და
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, აუცილებლად იპოვიდნენ ჩემი დაპატიმრების
მიზეზს, ნაღველი შემომაწვა, რადგან პოლიციელი ჩემი სიჭაბუკის ადგილებში
დამატარებდა, სადაც ერთ დროს გადაბუჩქული ბაღები და ბალახით დაფენილი
ბილიკები მეგულებოდა და რომელთა მონახულებასაც პორტიდან წამოსვლის
შემდეგ ვაპირებდი. ყოველივე ეს ახლა დაგეგმილი, მოწესრიგებული და
დასუფთავებული იყო, ბილიკებისათვის ოთხკუთხა ფორმა მიეცათ,რათა
მამულიშვილთა კავშირებს ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და შაბათობით
სამხედრო მსვლელობები გაემართათ. მხოლოდ ცა და ჰაერიღა იყო უწინდებური,
ზუსტად ისეთი, როგორც იმ დროს, როცა გული ჯერ კიდევ აღვსილი იყო
ოცნებებით.
58
59

გზად შევნიშნე, რომ ზოგიერთ სასიყვარულო ურთიერთობებისათვის


განკუთვნილ ყაზარმაზე გამოკრული იყო აბრა მათთვის, ვისაც ოთხშაბათს უწევდა
რიგი ჰიგიენურ ნეტარებებში მონაწილეობისათვის; როგორც ჩანს, ზოგიერთ
სამიკიტნოს სასმელზე მანიშნებლის გამოფენის უფლებაც ჰქონდა მინიჭებული და
მათაც გამოეფინათ თუნუქის კათხები, რომლებიც რაიხის დროშის ფერებით იყო
დაზოლილი: ღია ყავისფერი – მუქი ყავისფერი – ღია ყავისფერი. უეჭველია
სიხარულით იყო აღვსილი ყველა მათგანის გული, რომლებიც ოთხშაბათის ლუდის
მსმელთა სახელმწიფო სიაში იყვნენ შეყვანილნი და დათქმულ ნეტარებაში
მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.
გამვლელებს, რომლებიც გზად გვხვდებოდნენ, გულმოდგინე გამომეტყველება
ჰქონდათ და ეს გულმოდგინება კიდევ უფრო ძლიერდებოდა, როდესაც ისინი
პოლიციელს მოჰკრავდნენ თვალს; ყველა ნაბიჯს უჩქარებდა და საქმიან სახეს
იღებდა; ქალები კი, რომლებიც მაღაზიიდან გამოდიოდნენ, ცდილობდნენ,
სახეგაბრწყინებულნი ყოფილიყვნენ როგორც ჯერ არს, რადგან კანონი მათ
სიხარულის გამოხატვას ავალდებულებდა, ისინი ბედნიერნი უნდა ყოფილიყვნენ იმ
მოვალეობის გამო, რომლის თანახმადაც მათ საღამოობით სახელმწიფო
მოხელეებისათვის გემრიელი საჭმლით ახალი ძალები უნდა შთაებერათ.
გამვლელები მოხერხებულად არიდებდნენ თავს ჩვენთან შეხვედრას, ჩვენს
სიახლოვეს სიცოცხლის ყოველგვარი კვალი ქრებოდა, ყველა ცდილობდა მაღაზიაში
შესულიყო ან გზიდან გადაეხვია, ზოგიერთი კი სრულიად უცხო სახლს აფარებდა
თავს და კარს უკან ატუზული შიშით ელოდა, თუ როდის მიწყდებოდა ჩვენი
ნაბიჯების ხმა.
მხოლოდ ერთადერთხელ, როცა გზაჯვარედინი უნდა გადაგვეკვეთა, ერთი
ხანშიშესული კაცი შემოგვეფეთა, რომლის გულზე გაკეთებულმა ნიშანმაც მაშინვე
მიმახვედრა, რომ ის სკოლის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. მოხუცმა გვერდის
ავლა ვეღარ შეძლო, ის ჯერ წესისამებრ მიესალმა პოლიციელს (მან სრული
მორჩილების ნიშნად ხელისგული სამჯერ დაირტყა თავზე), შემდეგ კი შეეცადა
თავისი ვალდებულების შესრულებას, სახეში სამჯერ შემომაფურთხა და ასეთი
შემთხვევებისათვის სავალდებულო სიტყვებით შემამკო: „ბინძურო მოღალატევ! მან
კარგად დამიმიზნა, მაგრამ, როგორც ჩანს, სიცხისაგან პირი გამომშრალი ჰქონდა და
მისი ფურთხის რამდენიმე საცოდავი შხეფი მომხვდა, რომელიც მე, მიღებული წესის
საპირისპიროდ, უნებლიედ მკლავით ჩამოვიწმინდე სახიდან, რის გამოც
პოლიციელმა ხერხემალში მუშტი ჩამარტყა და თან მშვიდი ხმით დააყოლა:
„საფეხური პირველი, რაც ნიშნავს შემდეგს: სასჯელის პირველი, ყველაზე რბილი
ფორმა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია.
მასწავლებელი საჩქაროდ გაეცალა იქაურობას. ყველა დანარჩენმა კი როგორღაც
მოახერხა ჩვენთვის გვერდის ავლა; მხოლოდ ერთმა ფერმკრთალმა, ჩასუქებულმა
ქერა ქალმა, რომელიც სასიყვარულო ყაზარმის წინ საღამოს ნეტარებების დაწყებამდე
სავალდებულო სეირნობით იყო დაკავებული, ხელის სწრაფი მოძრაობით ჰაეროვანი
59
60

კოცნა გამომიგზავნა და მე მას მადლიერების ნიშნად გავუღიმე, პოლიციელი კი


შეეცადა ისეთი გამომეტყველება მიეღო, თითქოს ვერაფერი შენიშნა. პოლიციას ამ
ტიპის ქალებისათვის შეეძლო გარკვეული თავისუფლებები მიენიჭებინა, ნებისმიერ
სხვა ადამიანს კი ასეთი თავისუფლება აუცილებლად ძვირად დაუჯდებოდა; ამ
ქალებს კანონი არ ეხებოდა, რადგანაც მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ
სახელმწიფო მოხელეების ზოგადი შრომითი უნარების ამაღლებაში. აღნიშნული
შეღავათის, როგორც ახალშობილი ლიბერალიზმის ნიშნის, მნიშვნელობა
დასაბუთებული ჰქონდა სახელმწიფო ფილოსოფიის სამგზის დოქტორ ბლაიგოთს
ზოგადსაყოველთაო ფილოსოფიის ოფიციალური ჟურნალის ფურცლებზე. ამის
შესახებ გუშინ დედაქალაქის გზაზე დამდგარმა ერთი გლეხის საპირფარეშოში
შესვლისას წავიკითხე, სადაც გაზეთის ფურცლები დამხვდა, რომლებზეც ვიღაც
სტუდენტს, ან შეიძლება სულაც გლეხის შვილს, საკმაოდ მახვილგონივრული
შენიშვნები ჩაეწერა.
საბედნიეროდ, როგორც იქნა, მივაღწიეთ პოლიციის განყოფილებამდე, უკვე
საყვირების ხმაც გაისმა, რაც ნიშნავდა იმას, რომ რამდენიმე წუთში ქუჩები
მოკრძალებული ბედნიერებით სახეგაცისკროვნებული ათასობით ადამიანით
გაივსებოდა (სწორედ მოკრძალებული ბედნიერება უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი
ადამიანების სახეებზე, რადგანაც დიდი ბედნიერების გამოხატვა იმის ნიშანი
იქნებოდა, რომ შრომა ტვირთია; და პირიქით, სამუშაო დღის დასაწყისში ყველაფერი
სიმღერითა და ზეიმით უნდა ყოფილიყო აღვსილი), და ყველა მათგანი იძულებული
იქნებოდა ჩემთვის შემოეფურთხებინა. საყვირების ხმა მიანიშნებდა, რომ სამუშაო
დღის დასრულებამდე ათი წუთი რჩებოდა და ამჟამინდელი სახელმწიფოს
მეთაურის დევიზის: „ბედნიერება და საპონი“ თანახმად ყოველი მომუშავე
ვალდებული იყო კარგად დაებანა.
ბეტონის ზოდივით წამომართული პოლიციის განყოფილების კართან ორი
გუშაგი იდგა, რომელთაც შენობაში შესვლისას ჩემ მიმართ „ფიზიკური დასჯის
დადგენილ ზომას მიმართეს – თავში და ლავიწში ძლიერად ჩამცხეს თავიანთი
ხიშტები. მათ ეს ქმედება განახორციელეს სახელმწიფო კანონი № 1 პრეამბულის
თანახმად, რომელიც ამბობს: „პოლიციის ყველა მოხელე ვალდებულია
შეპყრობილის (ასე უწოდებდნენ ისინი პატიმარს) სხეულზე თავისი ძალაუფლების
კვალი დოკუმენტურად დაადასტუროს, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის
პოლიციელი, ვის მიერაც იქნა დამნაშავე დაჭერილი, ვინაიდან მას დაკითხვის დროს
ექნება სავალდებულო ფიზიკურ დასჯაში მონაწილეობის ბედნიერი შესაძლებლობა.
თვით სახელმწიფო კანონში № 1 კი ნათქვამია: `ყოველი პოლიციელი
უფლებამოსილია და ვალდებულია დასაჯოს ყველა, ვისაც კანონის დარღვევაში
ედება ბრალი. არავინ არ სარგებლობს დაუსჯელობით, არსებობს მხოლოდ და
მხოლოდ დაუსჯელობის შესაძლებლობა“.
ჩვენ გავიარეთ გრძელი, უსახური დერეფანი, რომლის მთელ სიგრძეზეც
ფანჯრები იყო ჩაყოლებული, დერეფნის ბოლოს კი ავტომატურად გაიღო კარი.
60
61

გუშაგებს უკვე ეცნობებინათ ჩვენი მოსვლის შესახებ, რადგან იმ დროს, როცა ყველა
ბედნიერი, კანონმორჩილი და გულმოდგინე იყო და ყველა ცდილობდა დღეში
დადგენილი ერთი ფუნტი საპნით წესისამებრ განებანა, შეპყრობილის (პატიმრის)
გამოჩენა მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა.
ჩვენ შევედით თითქმის ცარიელ ოთახში, სადაც მხოლოდ საწერი მაგიდა
ტელეფონით და ორი სავარძელი იდგა, მე ოთახის შუაში უნდა დავმდგარიყავი;
პოლიციელმა კი თავისი ჩაფხუტი მოიხადა და დაჯდა.
თავდაპირველად ოთახში სიჩუმე გამეფდა და არაფერი ხდებოდა; პოლიციელები
ყოველთვის ასე იქცევიან, რაც ყველაზე უფრო მტანჯველია. ვგრძნობდი, თუ როგორ
ეძალებოდა ჩემს სახეს სევდა, მშიოდა და ვიყავი საშინლად დაღლილი, უკვე ჩემი
ნაღვლიანი ბედნიერების კვალიც კი გაქრა – ვიცოდი, ჩემი საქმე წასული იყო.
რამდენიმე წამის შემდეგ უსიტყვოდ შემოაბიჯა ერთმა აწოწილმა, ფერმკრთალმა
კაცმა, რომელსაც უმცროსი გამომძიებლის მოყავისფრო უნიფორმა ეცვა; ის ასევე
უსიტყვოდ დაჯდა და შემათვალიერა.
„პროფესია?“
„რიგითი ამხანაგი“.
„დაბადებული?“
„ოცდაერთი წლის პირველ იანვარს, ვთქვი მე“.
„უკანასკნელი საქმიანობა?“
„ტუსაღი“.
პოლიციელმა და გამომძიებელმა ერთმანეთს გადახედეს.
„როდის და სად გათავისუფლდით?“
„გუშინ, სატუსაღო 12, საკანი 13“.
„სად გაგიშვეს?“
„დედაქალაქში“.
„დოკუმენტი“.
ჯიბიდან ამოვიღე გათავისუფლების მოწმობა და გამომძიებელს გავუწოდე. მან
მოწმობა მწვანე ბარათზე დააკრა, რომელზეც ჩემს ჩვენებებს წერდა.
„მაშინდელი დანაშაული?“
„ბედნიერი სახე“.
პოლიციელმა და გამომძიებელმა კვლავ ერთმანეთს გადახედეს.
„უფრო ზუსტად, თქვა გამომძიებელმა“.
„მაშინ, მივუგე მე“, ერთ მშვენიერ დღეს პოლიციელის ყურადღება ჩემმა
ბედნიერმა სახემ მიიპყრო, ვინაიდან უმაღლესი ხელისუფალის გარდაცვალების გამო
საყოველთაო გლოვა იყო გამოცხადებული.
„სასჯელის ხანგრძლივობა?“
„ხუთი“.
„ყოფაქცევა?“
„ცუდი“.
61
62

„მიზეზი?“
„შრომითი ვალდებულებებისათვის თავის არიდება“.
„დაკითხვა დასრულებულია“.
უმცროსი გამომძიებელი ადგა, მოვიდა ჩემთან და ერთი დარტყმით წინა სამი
კბილი ჩამომამტვრია ნიშნად იმისა, რომ მე, როგორც რეციდივისტი,
განსაკუთრებულად დაღდასმული უნდა ვყოფილიყავი. ეს სასჯელის
გაძლიერებული ზომა იყო, რასაც არ ველოდი. ამის შემდეგ უმცროსი გამომძიებელი
ოთახიდან გავიდა და მის ნაცვლად მუქ ყავისფერ უნიფორმაში გამოწყობილი
ჩასუქებული ახმახი გამომძიებელი შემოვიდა.
ყველა მე მირტყამდა: გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, მთავარი
გამომძიებელი, მოსამართლე და მთავარი მოსამართლე, შიგადაშიგ კი პოლიციელი
მიმართავდა ფიზიკური დასჯის ყველა იმ ზომას, რასაც კანონი მოითხოვდა; მათ
ჩემი ნაღვლიანი სახისთვის ათი წელი მომისაჯეს, ზუსტად ისე, როგორც ხუთი წლის
წინ ბედნიერი სახისთვის სასჯელად ხუთი წელი შემიფარდეს.
ათი წელი საყოველთაო ბედნიერებასა და საპნის სიუხვეს ცოცხალი თუ
გადავურჩი, ვეცდები, საერთოდ არ მქონდეს არანაირი სახე...

მოთხრობის გზამკვლევი

ეს მოთხრობა გვიჩვენებს, როგორ ცხოვრობს ადამიანი დიქტატორული


მმართველობის პირობებში. სიტყვა „ცხოვრება“ წინა წინადადებაში, რა თქმა უნდა,
უკიდურესად პირობითია.

ისტორია აზროვნებისა და შესაბამისი მოქმედების ორ ტიპს იცნობს. ერთი მიიჩნევს,


რომ სახელმწიფო არსებობს ადამიანისთვის, მეორე კი, პირიქით - ამტკიცებს,
ადამიანი უნდა ემსახუროს სახელმწიფოსო. პირველ შემთხვევაში ადამიანი მიზანია,
მეორეში - მხოლოდ საშუალება.

კაცს საპატიმროდან ათავისუფლებენ, მაგრამ მეორე დღესვე ისევ იჭერენ - ხუთი


წელი იჯდა და ახლა ათს მიუსჯიან. პირველ ჯერზე ბედნიერი სახის გამო
დააპატიმრეს, ახლა კი ძალიან ნაღვლიანი სახე ჰქონდა. როდესაც ადამიანს სისტემა
თრგუნავს (ეს სისტემა კი ყოველთვის გარკვეული კასტის სასარგებლოდ იქმნება და
მოქმედებს), მიზეზის მოძებნა ძალიან ადვილია. სწორედ ამ „სიადვილისთვის“ წერენ
კანონებს, რომლებიც უსიტყვო დამორჩილების პრაქტიკას სამართლიანობის
საბურველში ჰხვევენ - ის, რაც ბატონებს სურთ, ასეთ ვითარებაში ყოველთვის
სამართლიანია.

ამგვარ ქვეყანაში არსებობა ჰგავს პორტს, „რომელშიც მაზუთით დაბინძურებულ


მომწვანო წყალში ათასნაირი ნაგავი დაცურავდა“. ეს სრულად ჩაკეტილი სივრცეა -
„უკვე მრავალი წელია აქაურობას გარე სამყაროსთან აღარაფერი აკავშირებდა“.

62
63

მოთხრობის გმირის სურვილი („შევჭრილიყავი ქაოსში და წესრიგი შემეტანა“)


აბსოლუტურად უსაგნო და უშედეგოა - დამთრგუნველებს სწორედ ქაოსი
ეწესრიგებათ და მისი შეცვლის მცდელობას არავის ჰპატიობენ.

აქ ადამიანს არ მოეთხოვება ფიქრი ან საკუთარი ნების გამომჟღავნება - მის ნაცვლად


სხვები ფიქრობენ და გეგმავენ ყველაფერს. სამაგიეროდ, მას მოეთხოვება, იყოს
ბედნიერი და ეს სტანდარტული ღიმილითა თუ სისტემის მიმართ მუდმივი
კეთილგანწყობითა და ლოიალობით გამოხატოს. „ამხანაგს“ უწოდებენ, მაგრამ
ყველამ იცის, რომ მონაა. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ადამიანს შინაგანი
თავისუფლებისთვისაც კი არ უტოვებენ სივრცესა და დროს - მისი სული ყოველ წამს
კონტროლდება და ბატონთა ხელისგულზეა.

როდესაც სახელმწიფოში ერთადერთი პროფესია არსებობს („რიგითი ამხანაგი“),


ნებისმიერი სხვა საქმე აზრს კარგავს - ადამიანს მხოლოდ ერთი რამ „ამშვენებს“: მისი
ფიქრი, ლაპარაკი და ქცევა საყოველთაო მადლიერებას გამოხატავდეს მასზე
ბატონთა მარადიული ზრუნვის გამო. თუ ასე არ არის, მაშინ ის დამნაშავეა და
საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სამაგალითოდ მკაცრად უნდა
დაისაჯოს.

თანამედროვე დემოკრატიულმა სამყარომ იმანუილ კანტის სიტყვებით გამოხატა


სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთმიმართების უმთავრესი მოდუსი:
„თითოეული ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება სხვა ადამიანთა
მიზნების მისაღწევად“. სიცოცხლე იმდენად განუმეორებელი და მნიშვნელოვანია,
რომ მისთვის თავისუფლების წართმევა ორ ცნებას - „ადამიანსა“ და „სახელმწიფოს“
ყოველგვარ აზრს უკარგავს.

63
64

ხორხე ლუის ბორხესი

დიდი არგენტინელი პროზაიკოსი, პოეტი და პუბლიცისტი, ხორხე ლუის ბორხესი


1899 წლის 24 აგვისტოს ბუენოს-აირესში დაიბადა. ბორხესი, უპირველეს ყოვლისა,
ცნობილია, როგორც ლაკონიური პროზაული ფანტაზიების ავტორი, რომელიც
ხშირად ნიღბავს ფუნდამენტურ ფილოსოფიურ პრობლემებს სათავგადასავლო და
დეტექტიური ამბებით. 1920-იან წლებში ბორხესი ლათინურამერიკულ პოეზიაში
ავანგარდიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

მწერალი ამტკიცებდა, რომ მასში ბასკური, ანდალუზიური, ებრაული, ინგლისური,


პორტუგალიური და ნორმანდიული სისხლი ჩქეფდა. შინ ინგლისურად და
ესპანურად საუბრობდნენ. ადრეული ბავშვობიდან გაიტაცა პოეზიამ, წერა-კითხვა 4
წლის ასაკში ისწავლა, ინგლისურის სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში კი მან
თავისი პირველი მოთხრობა დაწერა.

„ბავშვობიდან, როდესაც მამაჩემი დაბრმავდა, ოჯახში მიიჩნევდნენ, რომ


ლიტერატურაში ის უნდა გამეკეთებინა, რაც მან ვერ მოახერხა. ელოდნენ, რომ ჩემგან
მწერალი დადგებოდა“ - აღნიშნავდა ბორხესი მოგვიანებით.

1923 წელს, ხორხე ლუის ბორხესმა გამოაქვეყნა თავისი პირველი პოეზიის კრებული -
„ხვატი ბუენოს-აირესში“, რომელშიც მისი 33 ლექსი შევიდა. დროთა განმავლობაში
პოეზიამ ადგილი პროზას დაუთმო და გამოიცა მისი საუკეთესო მოთხრობების
კრებულები - „გამონაგონი“ (1944 წ.), „ლაბირინთები“ (1960 წ.), „ბროუდის
შეტყობინება“ (1971 წ.).

თავისი სამწერლო კარიერის განმავლობაში ბორხესს არაერთი ჯილდო აქვს


მიღებული, მათ შორის - არგენტინის სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში
(1956 წ.), ფენტეზის მსოფლიო პრემია (1979 წ.), სერვანტესის პრემია (1979 წ.).

ხორხე ლუის ბორხესი 1986 წლის 14 ივნისს შვეიცარიაში გარდაიცვალა.

ღმერთის წერილი
თარგმნა დათო აკრიანმა
(ხორხე ლუის ბორხესი, მოთხრობები, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2012 წელი)

საკანი ღრმაა და ქვით ნაგები. თითქმის უზადო ნახევარსფეროს ფორმა აქვს,


თუმცა იატაკი (ასევე ქვის) უფრო ნაკლებია, ვიდრე დიდი წრე, და ეს ფაქტი
რაღაცნაირად აღრმავებს დათრგუნვისა და უკიდეგანობის განცდას. კედელი შუაზე
ყოფს ცენტრს და ძალზე მაღალია, თუმცა ჭერის თაღს არ ებჯინება. კედლის ერთ
64
65

მხარეს ვარ მე, ცინაკანი, მღვდელი ქაოლომის პირამიდისა, რომელიც პედრ ო დე


ალვარადომ გადაწვა. მეორე მხარეს იაგუარია, რომელიც ფრთხილი, უცვლელი
ნაბიჯებით ზომავს თავისი ტყვეობის დროსა და სივრცეს. იატაკის დონეზე კედელში
დატანებულია მსხვილი რკინისცხაურიანი მაღალი ფანჯარა. უჩრდილო საათებში
(შუადღისას) ჩვენ ზემოთ პატარა კარი იღება, წლებისგან ნაკვთებგადღაბნილი
მესაკნე ბორბალს ამოძრავებს და თოკით უშვებს ჩვენამდე წყლიან დოქებსა და
ხორცის დიდ ნაჭრებს. თაღქვეშ სინათლე შემოდის და ამ დროს მე ვხედავ იაგუარს.
აღარ მახსოვს, რამდენი წელიწადია, რაც ამ სიბნელეში ვწევარ. – მე ოდესღაც
ახალგაზრდა, რომელსაც შემეძლო ამ ციხის შემოვლა – ახლა აღარაფერს ვიქმ,
მხოლოდ ჩემი სიკვდილის პოზაში ველოდები იმ დასასრულს, ღმერთებმა რომ
განმიწესეს. პირბასრი კაჟით ვუხსნიდი მსხვერპლს მკერდს... ახლა კი, მაგიის
დაუხმარებლად, აღარ ძალმიძს სხეულის აწევა მტვრიდან.
პირამიდის დაწვის წინადღეს, მაღალი ცხენებიდან ჩამომხდარმა კაცებმა
გავარვარებული რკინებით დამშანთეს, რათა დამარხული განძის ადგილმდებარეობა
გამემხილა. ჩემ თვალწინ ამოაყირავეს ღვთაების კერპი. მაგრამ ღმერთმა მაინც არ
მიმატოვა და მეც ხმის ამოუღებლად გავუძელი ტანჯვა-წამებას. მათ დამისერეს
სხეული, დამნაყეს, დამასახიჩრეს, ბოლოს კი გავიღვიძე საკანში, რომლიდანაც
არასოდეს გავალ ცოცხალი.
გამომდინარე იმ გარდაუვალობიდან, რომ რაღაც უნდა მეკეთებინა, რამენაირად
გამეყვანა დრო, ვცადე, ამ სიბნელეში გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ვიცოდი. მთელი
ღამეები გავატარე იმის გახსენებაში, თუ როგორი და რამდენი ქვის გველი იყო, ან რა
ფორმა ჰქონდა სამკურნალო ხეს. ასე ნელ-ნელა გავიმარჯვე წლებზე, ასე ნელ-ნელა
დავიბრუნე საგნები, რომლებსაც აღარ ვფლობდი. ერთ ღამეს ვიგრძენი, რომ
რომელიღაც კონკრეტული მოგონება მიახლოვდებოდა. სანამ მოგზაური ოკეანეს
დაინახავს, მანამდე ჯერ სისხლი აუჩქამდება ხოლმე. რამდენიმე საათის შემდეგ
მოგონებას კონტურები გამოეკვეთა. ღმერთის ერთ-ერთი ლეგენდა აღმოჩნდა. რაკი
წინდაწინ განჭვრიტა, რომ დროის დასასრულისთვის უამრავი კატასტროფა და
უბედურება მოხდებოდა, შესაქმის პირველ დღეს ღმერთმა დაწერა მაგიური ფრაზა,
რომელსაც შეეძლო შორს განრიდებოდა ამ ბოროტებებს. ეს ფრაზა ისე იყო
დაწერილი, რომ უვნებლად მისწვდენოდა უშორეს თაობებს. არავინ იცის, სად
დაწერა ან რომელი ასოებით, მაგრამ ის ვიცით, რომ საიდუმლო ტექსტი ცოცხალია
და რომ ერთ-ერთი რჩეული მას ამოიკითხავს. ვფიქრობდი, რომ ჩვენ ახლა, როგორც
ყოველთვის, დროის მიწურულში ვიმყოფებოდით და რომ სწორედ მე, როგორც
ღვთის უკანასკნელ მღვდელს, მომეცემოდა ღვთაებრივი ტექსტის პოვნის
პრივილეგია. ასეთი იმედის ტარებაში ვერ მაბრკოლებდა ის ფაქტი, რომ საკანში
ვიყავი დამწყვდეული. იქნებ უკვე ათასჯერაც მენახა ქაოლომის ნაწერი და მხოლოდ
გაგებაღა მმართებდა.
ამ აზრმა ძალა შემმატა და რაღაცნაირად თავბრუ დამახვია. ქვეყნიერების ვრცელ
საუფლოში არსებობს ძველი ფორმები, უხრწნელი და მარადიული. ნებისმიერი
მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო სიმბოლო, რომელსაც მე ვეძებდი. იქნებ ეს მთა იყო
ღვთის სიტყვა, ეს მდინარე, ეს იმპერია ან ვარსკვლავთა ეს განლაგება. და მაინც:
საუკუნეთა განმავლობაში მთები თანდათანობით იშლება, მდინარის კალაპოტი
ბევრგზის იცვლის მიმართულებას, იმპერიები ინგრევა და ვარსკვლავთა წყობაც
იცვლება. ცის თაღზე ცვლილებაა. მთაცა და ვარსკვლავიც ინდივიდები არიან,
ინდივიდის ცხოვრება კი ადრე თუ გვიან მთავრდება. მე რაღაც უფრო გამძლეს,
65
66

უფრო ხელშეუხებელს ვეძებდი. ვფიქრობდი მარცვლების, ბალახის, ჩიტების,


ადამიანების თაობებზე. ეგებ შელოცვა ზედ სახეზე მეწერა? ეგებ მე თვითონ ვიყავი
ჩემი ძიების ობიექტი? აი, ამ ერთიმეორეზე მძაფრ წარმოდგენებში ვიყავი, როცა
გამახსენდა, რომ ღმერთის ერთ-ერთი სახელია იაგუარი: tigre.
ამის გაფიქრებაზე სული სიწმინდით ამევსო. წარმოვიდგინე პირველი დილა მას
შემდეგ, რაც დრო შეიქმნა, წარმოვიდგინე, როგორ მიანდო ჩემმა ღმერთმა თავისი
წერილი ცოცხალ სხეულებს იაგუარებისა, რომლებიც შეიყვარებდნენ და
დაუსრულებლად გააჩენდნენ ერთმანეთს გამოქვაბულებში, ლერწმის ველებზე,
კუნძულებზე, რათა, ბოლოს და ბოლოს, ღვთის წერილი უკანასკნელ ადამიანებს
მისვლოდათ. წარმოვიდგენდი ვეფხვების ამ ქსელს, ვეფხვების ცხელ ლაბირინთს,
შიშის ზარს რომ სცემდა მინდვრებს და საძოვრებს იმისათვის, რომ წერილი
შენახულიყო. მეორე საკანში იაგუარი იჯდა და მის სიახლოვეში ჩემი ჰიპოთეზის
დადასტურებას, იდუმალ დალოცვას შევიგრძნობდი.
მრავალი წელი მივუძღვენი ვეფხვის ტყავზე აღბეჭდილი შავი წერტილების
წყობის შესწავლას. ყოველი ჩაბნელებული დღის განმავლობაში მეძლეოდა
სინათლის წამი და ასე ვაფიქსირებდი გონებაში ყვითელი ტყავის დამწინწკლავ შავ
ლაქებს. ზოგიერთს წრის ფორმა ჰქონდა, ზოგი განივ ზოლებად მიჰყვებოდა
ფეხების შიდა მხარეს, ზოგიც მრავალგზის მეორდებოდა. ეს იქნებ იგივე ბგერა ან
იგივე სიტყვა იყო? ბევრ ლაქას წითელი კიდეები ჰქონდა.
არაფერს ვიტყვი ჩემი საქმის სირთულეებზე. არაერთგზის შემიძახია საკნის
თაღისთვის, ამ ტექსტის გაშიფვრა შეუძლებელია-მეთქი. უფრო და უფრო ნაკლებად
მტანჯავდა ჩემს გონებაში არსებული კონკრეტული ენიგმა, ვიდრე ღმერთის მიერ
დაწერილი ტექსტის საერთო ენიგმა. „რანაირ ფრაზას ააგებდა აბსოლუტური
გონება?“, ვეკითხებოდი ჩემს თავს. თვით ადამიანურ ენებშიც კი არ არსებობდა
წინადადება, რომელიც არ მოიცავდა მთელ სამყაროს. სიტყვა „იაგუარის“ წარმოთქმა
ნიშნავდა მისი წინაპარი ყველა იაგუარის, მის მიერ შეჭმული ყველა ირმისა და კუს,
ირმის გამომკვები ბალახის, ამ ბალახის მშობლის – დედამიწის და ამ
დედამიწისთვის სინათლის მიმცემი ცის წარმოთქმას. ვფიქრობდი, რომ ღვთაების
თითოეულ სიტყვაში იდებოდა მოვლენათა უსასრულო ჯაჭვი, – არა ფარულად,
არამედ გამოვლენილად, არა ლინეარულად, არამედ ერთბაშად. და უცებ ღვთაებრივი
გამონათქვამის იდეა ბავშვურად თუ მკრეხელურად მეჩვენა. ღვთაებამ ერთადერთი
სიტყვა უნდა თქვას და ამ სიტყვაში სრული სისავსე უნდა იყოს-მეთქი, ვფიქრობდი.
ღმერთის მიერ ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა ვერ იქნება სამყაროზე უფრო ნაკლები, ან
უფრო მოკლე, ვიდრე ერთად აღებული მთელი დრო. ამბიციები და სიღატაკე
ადამიანური სიტყვებისა – მთელი ქვეყნიერება, სამყარო – მხოლოდ აჩრდილია
სიტყვისა, რომელიც უდრის ენას და ყოველივე იმას, რაც შეიძლება ენამ მოიცვას.
ერთ დღეს თუ ღამეს (რა განსხვავება შეიძლება იყოს ჩემს დღეებსა და ღამეებს
შორის?) დამესიზმრა, რომ ჩემი საკნის იატაკზე ქვიშის მარცვალი იდო. გულგრლად
გავაგრძელე ძილი. მესიზმრა, რომ გავიღვიძე და ქვიშის ორი მარცვალი დამხვდა.
ისევ დავიძინე და ამჯერად უკვე სამი მარცვალი მესიზმრა. ასე გამრავლდა ქვიშა,
სანამ საკანი გაავსო და მეც ვიხრჩობოდი, ქვიშის ნახევარსფეროში ჩაფლული.
მივხვდი, რომ სიზმარს ვხედავდი და ძალების დიდი დაძაბვით გამოვიღვიძე. თუმცა
გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა: უთვალავი ქვიშის მარცვლით უკვე დამხრჩვალი ვიყავი.
ვიღაცამ მითხრა: „შენ ძილიდან კი არ გამოფხიზლდი, არამედ წინა სიზმარში
გადახვედი, ის სიზმარიც სხვა სიზმარში ხდება და ა.შ. უსასრულოდ. მათი რიცხვი
66
67

იგივეა, რაც ქვიშის მარცვლებისა. ბილიკი, რომელსაც უნდა გაჰყვე, უსასრულოა, და


მანამდე მოკვდები, სანამ ჭეშმარიტად გამოიღვიძებ“.
თავი დაკარგულად ვიგრძენი. პირი ქვიშით მქონდა სავსე, მაგრამ მაინც შევძახე:
„მე ვერ მომკლავს ქვიშა, რომელიც მესიზმრება! და არც ისეთი რამე არსებობს,
როგორიცაა სიზმარი სიზმარში!“ კაშკაშა სინათლემ გამაღვიძა. ჩემ ზემოთ,
სიბნელეში, სინათლის წრე ლივლივებდა. დავინახე მესაკნის სახე და ხელები,
ბორბალი, თოკი, ხორცი და წყლის დოქები.
ნელ-ნელა ადამიანი თავისი ბედისწერის სახეს იღებს. ფართო გაგებით, ადამიანი
მისივე გარემოებებია. უფრო მეტად, ვიდრე გამშიფრავი ან შურისმაძიებელი, მეტად,
ვიდრე ღვთის მღვდელმსახური, მე პატიმარი ვიყავი. სიზმრების იმ დაუღალავი
ლაბირინთიდან მე ისე დავბრუნდი ჩემს მძიმე საპყრობილეში, როგორც კაცი,
რომელიც შინ ბრუნდება. დავლოცე მისი სინესტე, დავლოცე მისი ვეფხვი, დავლოცე
მისი გაღება ზემოთ და იქიდან შემოსული სინათლე, დავლოცე ჩემი მოხუცი და
მტკივანი სხეული, დავლოცე ქვა და წყვდიადი.
და ამ დროს მოხდა რაღაც, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ, თუმცა ვერც
გადმოვცემ: მოხდა კავშირი ღვთაებასთან, კავშირი სამყაროსთან (არ ვიცი, არის თუ
არა სხვაობა ამ ორ სიტყვას შორის). ექსტაზი არასოდეს იყენებს ორჯერ ერთსა და
იმავე სიმბოლოს: ერთ კაცს ღმერთი დამაბრმავებელი სინათლის სახით მოევლინა,
მეორემ იგი მახვილში ან ვარდის წრეებში იხილა. მე ვნახე თვალშეუდგამი სიმაღლის
ბორბალი არა ჩემ წინ ან ჩემი თვალების უკან ან გვერდით, არამედ ყველგან
ერთდროულად. ეს ბორბალი წყლისგანაც იყო შექმნილი და ცეცხლისგანაც, და
თუმცა მის კიდეებს ვხედავდი, მაინც უსასრულო იყო. შექმნილი იყო ყველაფრისგან,
რაც იყო, არის და იქნებოდა. ყველაფერი ერთმანეთს ჩაწვნოდა, მე კი მთელი ამ
ყოვლისმომცველი ქსოვილის ერთ-ერთი ძაფი ვიყავი, ხოლო პედრო ალვარადო –
ჩემი ჯალათი – მეორე ძაფი. ბორბალში იყო მიზეზები და შედეგები და მხოლოდ
მისმა შეხედვამ ყველაფრის გაგების უსასრულო უნარი მომანიჭა. ო, სიხარული
გაგების – წარმოსახვის სიხარულზე უფრო მეტი, შეგრძნების სიხარულზე უფრო
დიადი! მე დავინახე სამყარო და მისი ფარული ზრახვები; დავინახე საწყისები,
რომელზეც ლაპარაკია ხალხთა წიგნში; დავინახე წყლიდან ამოწვერილი მთები,
პირველი ხის კაცები, მათ წინააღმდეგ მიმართული წყლის დოქები, ძაღლები, სახეებს
რომ უფლეთდნენ ამ კაცებს. ვნახე უსახო ღმერთი – ღმერთების უკან. ვნახე
უსასრულო პროცესები, რომლებიც ერთ ბედნიერებას ქმნიდნენ. და რაკი ყველაფერი
მესმოდა, ამიტომ ვეფხვის სხეულზე გაკეთებული წარწერაც გავიგე.
ესაა ფორმულა შემდგარი თოთხმეტი შემთხვევითი (გარეგნულად შემთხვევითი)
სიტყვისგან. და იმისთვის, რომ ყოვლისშემძლე გავხდე, მხოლოდ ამ ფორმულის
ხმამაღლა გამოთქმა მმართებს. მისი წარმოთქმა ამ ციხეს გააქრობდა, დღეს
შემოიყვანდა ჩემს ღამეში, გამაახალგაზრდავებდა და გამაუკვდავებდა, მიანიჭებდა
იაგუარს უნარს – გაენადგურებინა ალვარადო, წმინდა ფხა-პირით გაესერა ესპანური
მკერდები, ისევ აეგო პირამიდა, აეშენებინა იმპერია. ორმოცი მარცვალი, თოთხმეტი
სიტყვა და – მე, ცინაკანი, ვიმეუფებდი მიწებზე, რომლებზეც უწინ მოკტესუმა
მეფობდა.
მაგრამ ვიცი, რომ ვერასოდეს გამოვთქვამ ამ სიტყვებს, რადგან აღარ მახსოვს
ცინაკანი.
დე, იაგუარებზე წარწერილი საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდეს. ის, ვინც
თვალი მოჰკრა სამყაროს, ვინც თვალი მოჰკრა მის ზრახვებს, ვერ იფიქრებს
67
68

ადამიანზე, მის პრიმიტიულ სიხარულებზე თუ სატკივრებზე, თუნდაც თვითონ


იყოს ეს ადამიანი. ის იყო ეს ადამიანი, რომელიც ახლა აღარაფერს ნიშნავს მისთვის.
რაში აინტერესებს იმ მეორე კაცის ბედი, მისი ეროვნება, თუკი ის ახლა აღარავინ
არის? ამიტომაც არ ვამბობ ფორმულას. ამიტომაც ვწევარ წყვდიადში და უფლებას
ვაძლევ დღეებს, დამივიწყონ.

მოთხრობის გზამკვლევი

როგორ შეიძლება გაიმარჯვო დროზე, როდესაც სიბნელეში წევხარ და მტვრიდან სხეულის


აწევაც არ შეგიძლია? ამის ერთადერთი გზა არსებობს - უნდა მიხვდე და ამოიცნო, სად
დაწერა ღმერთმა ის ფრაზა, რომელიც უსაზღვროდ ძალმოსილს ხდის ადამიანს. ალბათ,
ყველა ფიქრობს იმაზე, რა არის ან სად არის ჭეშმარიტება. რა შეიძლება სამყაროსა თუ კაცში
იყოს ისეთი, რაც დემონურ ქაოსს დაამარცხებს და კაცობრიობას სამშვიდობოს გაიყვანს?

მოთხრობის გმირი, ქაოლომის პირამიდის მღვდელი ცინაკანი, ქვით ნაგებ ღრმა საკანში წევს
და საკუთარ ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში ეძებს პასუხს ამ კითხვაზე. მას სწამს, რომ
„რჩეულია“ და საიდუმლო ფრაზის შეცნობა შეუძლია. ეს ფრაზა, ლეგენდის თანახმად,
ღმერთმა დაწერა შესაქმის პირველ დღეს, რათა ადამიანს სამყაროს ბოროტებასთან
გამკლავება შეძლებოდა. „ეს ფრაზა ისე იყო დაწერილი, რომ უვნებლად მისწვდენოდა
უშორეს თაობებს“.

წლებია, ცინაკანი საკუთარ თავს ეკითხება: „რანაირ ფრაზას ააგებდა აბსოლუტური გონება?“
მეორე კითხვა ის არის, რას დააწერდა ან როგორ გააძლებინებდა საუკუნეთა განმავლობაში?

პასუხის ძიება იქამდე მიიყვანს, რომ „რაზეც“ შეიძლება ეს ფრაზა ეწეროს, თავად სიცოცხლეა.
ამ სიცოცხლეს კი იაგუარი გამოხატავს, რომელიც საკანში დატანებული კედლის მეორე
მხარეს დადის და „უცვლელი ნაბიჯებით ზომავს თავისი ტყვეობის დროსა და სივრცეს“ -
დასახსნელიც და მხსნელიც ერთ საკანში იტანჯებიან და შეიძლება ერთი და იგივენიც არიან.

ცინაკანი იდუმალი პასუხის ძიებაში ჯერ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ფრაზა შეიძლება სულ
ერთი სიტყვა იყოს (რომელიც, მისი თქმით, მთელ ენას უდრის), მერე კი ერთმანეთს
ტრაგიკულად გადაბმულ სიზმართა ლაბირინთში იხლართება და თითქოს მასში
ერთიანდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც ოდესმე უფიქრია ბოროტებისგან ხსნაზე. ამ
ლაბირინთიდან თავდახსნა თითქოს შეუძლებელია - წარმოსახული ქვიშის ერთი მარცვალი
იმდენად მრავლდება, რომ ადამიანს დაახრჩობს. ყველაზე რთული გადასატანი კი ის არის,
რომ „ნელ-ნელა ადამიანი თავისი ბედისწერის სახეს იღებს“ და „ფართო გაგებით, ადამიანი
მისივე გარემოებებია“. ეს ყველაფერი მაინც გამაოგნებელი მიხვედრითა და აღქმით
სრულდება. ღმერთი „არასდროს იყენებს ორჯერ ერთსა და იმავე სიმბოლოს“ და ყველას
განსხვავებულად ევლინება. ცინაკანი სამყაროს ჭეშმარიტებას „მოძრავი ყველაფრის“ -
ბორბლის სახით აღიქვამს: „მე ვნახე თვალშეუდგამი სიმაღლის ბორბალი არა ჩემ წინ ან ჩემი
თვალების უკან ან გვერდით, არამედ ყველგან ერთდროულად. ეს ბორბალი წყლისგანაც იყო
შექმნილი და ცეცხლისგანაც...შექმნილი იყო ყველაფრისგან, რაც იყო, არის და იქნებოდა“.
მოთხრობის გმირი მყისიერად და ერთბაშად ხედავს ყველაფერს - მიზეზებსაც და
შედეგებსაც. სწორედ ამ დროს აცნობიერებს ის იაგუარის სხეულის „წარწერას“ – „ესაა
68
69

ფორმულა შემდგარი თოთხმეტი შემთხვევითი (გარეგნულად შემთხვევითი) სიტყვისგან“.


მისი წარმოთქმა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ყველანაირი დასაზღვრულობა
გადალახოს და ყველა მიზანს ერთბაშად მიაღწიოს. მაგრამ ამის მიმხვედრ ადამიანს
ავიწყდება... ადამიანი:

„...ვიცი, რომ ვერასოდეს გამოვთქვამ ამ სიტყვებს, რადგან აღარ მახსოვს ცინაკანი. დე


იაგუარებზე წარწერილი საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდეს. ის, ვინც თვალი მოჰკრა
სამყაროს, ვინც თვალი მოჰკრა მის ზრახვებს, ვერ იფიქრებს ადამიანზე, მის პრიმიტიულ
სიხარულებსა თუ სატკივრებზე - თუნდაც თვითონ იყოს ეს ადამიანი“.

სამყაროს დასაწყისიც აქვს და დასასრულიც - მისი იდუმალების შემცნობში ადამიანი


უსახურდება და კვდება.

რამდენად მართებულია ეს იდეა?ცინაკანი ასე ფიქრობს. ეს საინტერესო ხედვაა, მაგრამ ჩვენ


არაფერს გვავალდებულებს - ყოველი ადამიანი თავად ირჩევს, რა ირწმუნოს.

ხორხე ლუის ბორხესი


,

69
70

შემოჭრილი

თარგმნა ლანა კალანდიამ


(ხორხე ლუის ბორხესი, „ბროდის ანგარიში“, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი,2015)

ამბობენ (რაც, ძნელი სარწმუნოა), რომ ეს ამბავი თავად ედუარდ ნილსენმა მოჰყვა
უფროსი ძმის, კრისტიანის ცხედართან ღამისთევის დროს. კრისტიანი ათას რვაას
ოთხმოცდაათრომელიღაც წელს მორონის მახლობლად ბუნებრივი სიკვდილიღ
გარდაიცვალა. სინამდვილეში, ვიღაცამ ვიღაცისგან მოისმინა იმ შორეულ,
დაუსრულებელ ღამეს, მატეს სმის დროს და სანტიაგო დაბოვეს მოუთხრო, ვისგანაც
მე გავიგე. წლების შემდეგ კიდევ ერთხელ მიამბეს ტურდერაში, სადაც ეს ამბავი
მოხდა. მეორე ვერსია, უფრო დაწვრილებითი, სანტიაგოს ნაამბობს ადასტურებდა –
მცირეოდენი ვარიაციებითა და სახეცვლილებებით, რაც ბუნებრივი ამბავია. ახლა მე
ვწერ, რადგან თუ არ ვცდები, მასში, როგორც სარკეში, ისე აისახება სანაპიროს ძველი
მცხოვრებლების ტრაგიკული ხასიათი. პატიოსნად აღვასრულებ, თუმცა წინასწარ
ვიცი, ვერ გავუძლებ ლიტერატურულ ცდუნებას, რაღაცებს გავამძაფრებ ან
წვრილმანებს დავამატებ.
ტურდერაში ძმებს ნილსენებს ეძახდნენ. სამრევლოს მოძღვარმა მიამბო, რა
გაოცებული იხსენებდა მისი წინამორბედი ნილსენების სახლში ნანახ გაცრეცილ
ბიბლიას – შავ ყდაში ჩასმულსა და გოთური ნიშნებით მოხატულს, ბოლო გვერდებზე
ხელით მიწერილი სახელები და თარიღებიც შეუნიშნავს. სახლში ეს ერთადერთი
წიგნი იყო. ნილსენების ბედუკუღმართი ქრონიკა ისევე გაუჩინარდა, როგორც
გაუჩინარდება სხვა ყველაფერი. სახლი უკვე აღარ არსებობს, შეულესავი აგურის იყო,
შემოსასვლელიდან ორი პატიო მოჩანდა – ერთი ფერადი ფილებით მოკირწყლული,
მეორე – მიწისა. თუმცა იქ ცოტანი თუ შესულან. ნილსენები თავის მარტოობას
იცავდნენ. გამოცარიელებულ სახლში უბრალო საწოლებზე იწვნენ, მათი
ერთადერთი ფუფუნება ცხენი, აღკაზმულობა, მოკლეპირიანი დანა, შაბათის
საზეიმო სამოსი და შფოთის ამშლელი ალკოჰოლი იყო. გამიგონია, მაღლები იყვნენ,
ჟღალთმიანები. დანია ან ირლანდია, რომელთა შესახებაც ალბათ არასოდეს სმენიათ,
ამ ორი კრეოლის სისხლში იყო. წითურებს უბანში უფრთხოდნენ. არ არის
გამორიცხული, მათ კისერზე რომელიღაც მკვლელობა ყოფილიყო. პოლიციაში
ერთხელ მხარდამხარ იჩხუბეს. ამბობენ, რომ უმცროსს ხუან იბერასთან მოუვიდა
უსიამოვნება, საიდანაც არც თუ ისე ცუდად გამოძვრა, რაც, ამ საქმეში ჩახედულებს
თუ დაეჯერება, თავისთავად ბევრს ნიშნავს. მეხრეები იყვნენ, ტყავს თრიმლავდნენ,
საქონელს კლავდნენ და ხანდახან დაღავდნენ. ძუნწები ყოფილან, მხოლოდ სასმელი
და თამაში აგულუხვებდათ. ნათესავების შესახებ არავის არაფერი სმენია, არც ის, თუ
საიდან მოვიდნენ. საზიდარი და ერთი უღელი ხარი ჰყავდათ.
ძმები გარეგნობით განსხვავდებოდნენ იმ მცხოვრებლებისგან, რომელთა
დევნილმა წინაპარმაც იქაურობას მეტსახელად კოსტა ბრავა უწოდა. ეს და

70
71

ყველაფერი, რაც არ ვიცით, ნათელს ჰფენს, თუ რა მტკიცედ იყვნენ შეკრულები. ერთ


მათგანთან წაკიდება ორი მტრის გაჩენას ნიშნავდა.
ნილსენები მოარშიყეები იყვნენ, მაგრამ მათი სასიყვარულო ამბები ჭიშკართან და
საროსკიპოებში მთვრდებოდა. ამიტომ იქაურებს სალაპარაკო მიეცათ, როდესაც
კრისტიანმა ხულიანა ბურგოსი თავის სახლში საცხოვრებლად მიიყვანა. მართალია,
ამგვარად მოსამსახურე იშოვა, მაგრამ ისიც მართალია, რომ უბრალო სამკაულებით
აავსო, რომლითაც ქალი წვეულებებზე თავს იწონებდა. სოფლის ღარიბულ
დღესასწაულებზე, სადაც სხვის ქალებთან არშიყი მიღებული არ იყო, ჯერ კიდევ
დღის სინათლეზე ცეკვავდნენ. ხულიანას მუქი კანი და ნუშისებრი თვალები ჰქონდა,
საკმარისი იყო ვინმეს შეეხედა, მაშინვე გაიღიმებდა. მოკრძალებულ უბანში, სადაც
შრომა და მოუვლელობა ქალებს ნაადრევად აბერებს, არც თუ ცუდი შესახედაობით
გამოირჩეოდა.
თავდაპირველად ედუარდო ყველგან თან ახლდათ. შემდეგ არესიფეში
გაემგზავრა, არავინ იცის რა საქმეზე. სახლში ვიღაც გოგონა მოიყვანა, გზად
წამოიყოლა, მაგრამ რამდენიმე დღეში გააგდო. მას შემდეგ უფრო მოიქუფრა,
ფარდულში მარტო სვამდა, ყველას გაურბოდა. კრისტიანის ცოლზე იყო
შეყვარებული. უბანი, რომელიც სავარაუდოდ, ედუარდოზე ადრე მიხვდა ამ ამბავს,
ბოროტი სიხარულით ელოდა ძმებს შორის გაჩენილი ქიშპის გაგრძელებას.
ერთ ღამეს შინ გვიან მობრუნებულმა ედუარდომ ღობეზე გამობმული
კრისტიანის შავი ცხენი დაინახა. კრისტიანი თავის საუკეთესო სამოსში
გამოწყობილი ელოდა. ქალი მატეთი ხელში სახლში შედიოდა და გამოდიოდა.
კრისტიანმა ედუარდს უთხრა:
– ფარიებთან დროის სატარებლად მივდივარ. შენ თუ გინდა, ხულიანა აგერ არის
და იხმარე.
მბრძანებლური და თავაზიანი ხმა ჰქონდა. ედუარდო კარგა ხანს გაოგნებული
შესცქეროდა, არ იცოდა, რა ექნა. კრისტიანი წამოდგა, ედუარდოს დაემშვიდობა,
ხულიანას არა – ვითომ უსულო საგანი იყო – ცხენს მოაჯდა და აუჩქარებლად,
ჩორთით წავიდა.
იმ ღამიდან მოყოლებული, ქალს იზიარებდნენ. არავინ იცის იმ ბინძური
ერთიანობის წვრილმანები, რომელიც იქაურ მკვიდრთა ღირსებას შეურაცხყოფდა.
რამდენიმე კვირა ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გასტანდა. ძმები
ხულიანას სახელს არ წარმოთქვამდნენ, დასაძახებლადაც კი, მაგრამ ეძებდნენ და
პოულობდნენ მიზეზს უთანხმოებისთვის. კამათობდნენ ტყავის გაყიდვაზე, მაგრამ
რაზეც დავობდნენ, სულ სხვა რამ იყო. კრისტიანი ხმას იმაღლებდა და ედუარდო
ჩუმდებოდა. ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს უთვალთვალებდნენ. მკაცრ,
მიყრუებულ გარეუბანში მამაკაცი არ იტყოდა, არც ითქმოდა, რომ სურვილისა და
დაუფლების გარდა, ქალი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ორივენი
შეყვარებულები იყვნენ. ეს რაღაცნაირად მათ ღირსებას ლახავდა.
ერთ საღამოს ლომას მოედანზე ედუარდო ხუან იბერას გადაეყარა. ხუანმა
71
72

ლამაზმანის მისაკუთრება მიულოცა. ვგონებ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა მისთის შავი


დღე ეყარა. ედუარდოს თანდასწრებით კრისტიანს მასხრად ვერავინ აიგდებდა.
ქალი ორივე მამაკაცს პირუტყვის მორჩილებით ემსახურებოდა, მაგრამ
უპირატესობას უმცროსს ანიჭებდა. ედუარდო მეწილეობას არ გაურბოდა, თუმცა
თამაშის წესები თავად არ დაუდგენია.
ერთ დღეს ძმებმა ხულიანას უბრძანეს, სკამები წინა პატიოში გაეტანა და თავად
არ გამოჩენილიყო, რადგან სალაპარაკო ჰქონდათ. იფიქრა, საუბარი დიდხანს
გაგრძელდებაო და სიესტისთვის წამოწვა, მაგრამ ცოტა ხანში გაიხსენეს. ყველაფერი,
რაც ებადა, ჩანთაში ჩააწყობინეს. არც შუშის კრიალოსანი დაივიწყეს და არც
დედამისის დატოვებული პატარა ჯვარი. ახსნა-განმარტების გარეშე საზიდარზე
დასვეს და სამივე მდუმარე და ნაღვლიან გზას დაადგა. ნაწვიმარი იყო. გზები –
გაუვალი. ღამის სამი საათისთვის მორონს მიადგნენ. იქ საროსკიპოს მეპატრონეს
მიჰყიდეს. შეთანხმება მიღწეული იყო: კრისტიანმა ფული აიღო და ორად გაყო.
ტურდერაში იქამდე საშინელი სიყვარულის ხლართში გაბმულმა ნილსენებმა
(რომელიც რუტინადაც კი ექცათ) მოინდომეს ძველ, მამაკაცურ ცხოვრებას
დაბრუნებოდნენ. დაუბრუნდნენ თაღლითობას, ქიშპობას, შემთხვევით არშიყობას.
ხანდახან სჯეროდათ, რომ თავი დაიხსნეს, მაგრამ თითოეული ხშირად, მიზეზით
თუ უმიზეზოდ, გაუჩინარდებოდა ხოლმე. წლის ბოლოს უმცროსმა თქვა,
დედაქალაქში უნდა წავიდეო. კრისტიანი მორონში გაემგზავრა, ვიცით, რომ სახლის
წინ, ღობეზე ედუარდოს ზერდაგი იცნო. შევიდა, მეორე შიგნით იყო, თავის რიგს
ელოდა. როგორც ჩანს, კრისტიანმა უთხრა:
– თუ ასე გავაგრძელებთ, ბედაურებს გადავღლით. სჯობს, ჩვენთან იყოს.
კრისტიანი საროსკიპოს პატრონს დაელაპარაკა, ტყავის ქამრიდან ფული ამოიღო
და წამოიყვანეს. ხულიანა კრისტიანთან ერთად მიდოდა, ედუარდომ ცხენს დეზები
შემოჰკრა, მათთვის რომ არ შეეხედა.
ზემოხსენებულს დაუბრუნდნენ. ყალბი გადაწყვეტილება კრახით დასრულდა.
ორივემ დათმო ცდუნების წინაშე. კაენი იქვე ახლოს იყო, მაგრამ ნილსენებს
ერთმანეთთან დიდი სიყვარული აკავშირებდათ – ვინ იცის, ერთად რამდენი
სისასტიკე და საფრთხე გამოევლოთ. გადაწყვიტეს, ჯავრი სხვებზე ამოეყარათ:
უცხოზე, ძაღლებზე, განხეთქილების შემომტან ხულიანაზე. “
მარტის თვე ილეოდა, მაგრამ მზე არ ცხრებოდა. კვირა დღეს (კვირა დღეს ხალხი
შინ ადრიანად ბრუნდებოდა) ფარდულიდან დაბრუნებულმა ედუარდომ დაინახა,
რომ კრისტიანი ხარებს საზიდარში აბამდა. კრისტიანმა თქვა:
– წამოდი, ტყავი უნდა დავტოვოთ პარდოში, უკვე დავტვირთე. სანამ გრილა,
მანამდე გავიდეთ.
პარდოს სავაჭრო ფარდული, თუ არ ვცდები, სამხრეთისკენ იყო. ლას ტროპას
გზას დაადგნენ, შემდეგ გადაუხვიეს. ღამით ველი უფრო ფართოდ იშლებოდა.
ნაწვერალის კიდეს მიადგნენ. კრისტიანმა ანთებული სიგარეტი გადააგდო და
აუჩქარებლად თქვა:
72
73

– იმუშავე, ძმაო. შემდეგ სვავები წამოგვეშველებიან. დღეს მოვკალი. აქ დარჩეს


თავის ჭინჭებით. დღეიდან ვეღარაფერს გვავნებს.
ერთმანეთს მოეხვივნენ ლამის ატირებულები. ახლა მათ სხვა სიმი კრავდათ:
ნაღვლიანად შეწირული ქალი და მისი დავიწყების ვალდებულება.

მოთხრობის გზამკვლევი

მოთხრობაში ბორხესი აბათილებს აზრს, რომ „ვნების სიყვარული“ ამარცხებს „სისხლისმიერ


სიყვარულს“. შავ ყდაში ჩასმული ბიბლია („...სახლში ერთადერთი წიგნი იყო“) ნილსენების
ყოფის პატრიარქალურ ძირს გამოხატავს. ეს ორი ძმა მხოლოდ ერთმანეთითა და
ერთმანეთისთვის ცხოვრობს და არსებობს („ნილსენები თავის მარტოობას იცავდნენ“),
დანარჩენი სამყარო - ფაქტები, მოვლენები და ადამიანები - მათთვის მხოლოდ „სახმარი“,
გამოსაყენებელი და ხულიანასავით „უსულო საგანია“. მათი სიყვარული ძალიან
სპეციფიკურია - ეს არის არა დამბადებელი და შემოქმედი, არამედ მხოლოდ ცხოველური
ძალა თუ ლტოლვა. ბორხესი გვიჩვენებს, თუ რას უშვრება ადამიანებს სიყვარული, როდესაც
ის მეორეხარისხოვანი და არაბუნებრივი ხდება.

ძმებისთვის ეს გრძნობა სახიფათო და საერთო მარტოობისთვის შემაშფოთებლად საშიშია -


იქამდე მიუღებელი, რომ სიცოცხლის ფესვს არყევს და სიტყვა „ღირსებასაც“ კი
უპირისპირდება და უარყოფს („...ორივენი შეყვარებულები იყვნენ. ეს რაღაცნაირად მათ
ღირსებას ლახავდა“). შენივთებული ნათესაური ერთობა ქალისა და მამაკაცის სიყვარულს
დიდი ძალისხმევით დაძლევს და კაენის სულს არ დაამცირებინებს სისხლის „ჰარმონიას“
(„კაენი იქვე ახლოს იყო, მაგრამ ნილსენებს ერთმანეთთან დიდი სიყვარული
აკავშირებდათ...“).

ძმებს საკუთარი ცხოვრების მთავარი ღირებულებისთვის - ერთად ყოფნის საშინელი


სიამოვნებისთვის - არ ენანებათ სხვისი სიცოცხლეც და სიკვდილიც. მოთხრობის შესანიშნავი
ფინალი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება წარმოაჩინოს მწერლის ხედვის მასშტაბური ესთეტიკა
ერთმა ფრაზამ („ახლა მათ სხვა სიმი კრავდათ: ნაღვლიანად შეწირული ქალი და მისი
დავიწყების ვალდებულება“).

რეი ბრედბერი

73
74

მეოცე საუკუნის საუკეთესო ფანტასტ მწერლად აღიარებული რეი ბრედბერი 1920


წლის 22 აგვისტოს ილინოისის შტატში, ქალაქ ვაუკეგანში დაიბადა. მისი
ლიტერატურით გატაცებაზე ბებიამ იზრუნა, როცა პატარაობისას, ძილის წინ
მოთხრობებს უკითხავდა. ბრედბერიმ სრული საშუალო განათლება ლოს-ანჟელესის
სკოლაში მიიღო. ძალიან აქტიური გახლდათ სკოლის დრამის კლუბში. ხშირად
დადიოდა ჰოლივუდში იმ იმედით, რომ ცნობილ ადამიანებს შეხვდებოდა. ის
ჰოლივუდში თავად მოხვდა, ოღონდ მოგვიანებით, სცენარისტად.

რეი დუგლას ბრედბერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „451 გრადუსი


ფარენჰეიტით“ (1953 წ.), „მარსელთა ქრონიკები“ (1950 წ.). მიიღო არაერთი
პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, 2007 წელს კი მას პულიცერის პრემია
მიაკუთვნეს. მუშაობდა ჰოლივუდში და ეკუთვნის „მობი დიკის“ სცენარი. მისი
უამრავი წიგნი ადაპტირდა სატელევიზიო თუ ფილმების სცენარებად, კომიქსებად.

როდესაც 2012 წლის 5 ივნისს, 91 წლის ასაკში, რეი ბრედბერი გარდაიცვალა, „ნიუ
იორკ ტაიმსმა“ გამოსამშვიდობებელ წერილში აღნიშნა: „ეს იყო მწერალი, რომელმაც
თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურულ მეინსტრიმად აქცია“.

,
სიკვდილი და ქალწული

თარგმნა ლია კილაძემ


(რეი ბრედბერი, „ცელი“, გამომცემლობა „პალიტრა - L“, თბილისი, 2011)

სოფლის განაპირას, დაბისა და ტყის გადაღმა, ყველასგან განმარტოებით ერთი


დედაბერი ცხოვრობდა. ოთხმოცდაათი წელიწადი გაატარა მან გამოკეტილ კარს
უკან, რომელიც არავისთვის გაუღია – გინდ ქარი ყოფილიყო მისი სტუმარი, გინდ –
წვიმა, თუნდაც მოფრთხიალე ბეღურა ან პატარა ბიჭი, კიბორჩხალებით სავსე
კალათით რომ მიადგებოდა ზოგჯერ კარზე. როგორც კი ვინმე დარაბას შეეხებოდა,
დედაბერი მაშინვე გამოსძახებდა:
– მოშორდი აქედან, სიკვდილო!
– მე სიკვდილი არა ვარ, – პასუხობდნენ მას.
მაგრამ თავისას არ იშლიდა:
– გიცანი, სიკვდილო! დღეს გოგონას სახით გამომეცხადე, არა?! მაგრამ მაგ შენი
ჭორფლის ქვეშ ჩონჩხის ძვლებს ვხედავ, იცოდე!
ახლა სხვა ვინმე მიუკაკუნებდა.
– გხედავ, სიკვდილო! – გაისმოდა შიგნიდან. – შეხედე ერთი, რა მარჯვე სახე
მიუღია – ვითომდა დანების მლესავი ვარო! ჩემს კარს სამი კლიტე და ორი პირი
ურდული ადევს, იცი თუ არა შენ! ყველა ხვრელი და ჭუჭრუტანა დაგმანული მაქვს,
საკვამური – ამოლესილი, დარაბები – ობობებით დაქსელილი. სადენებიც
74
75

გადავჭერი, რომ დენთან ერთად არ შემომიცოცდე სახლში, არც ტელეფონი მაქვს –


ძალიანაც რომ მოინდომო, შუაღამისას ვერ დამირეკავ, ჩემი აღსასრული რომ
შემატყობინო, ყურებიც კი ბამბით მაქვს დაცული – რაც გინდა ილაპარაკე, შენი
არაფერი გამეგება. ასე რომ, კეთილი ინებე და მიბრძანდი აქედან, სიკვდილო!
ასე იყო ყოველთვის, რაც იმ მხარის მცხოვრებლებს თავი ახსოვდათ. ხალხი ათას
რამეს ამბობდა დედაბერზე. ყმაწვილებს ზოგჯერ შეაეჭვებდათ უფროსებისგან
განაგონი, დედაბრის სახლს მიეპარებოდნენ, ჭოკით სახურავზე კრამიტს ასწევდნენ
და ყურს უგდებდნენ მოხუცის ბუტბუტს: `აბა აქედან მოცოცხე! ღამე მშვიდობისა,
შავოსანო და მტკნარსახიანო!”
იმასაც ამბობდნენ, ასე თუ გასტანა, დედაბერი არც არასოდეს მოკვდებაო. ან კი
როგორ უნდა შეეღწია სიკვდილს ამ სახლში? მისმა ყველა ძველმა მიკრობმა დიდი
ხანია ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია და თქვენი ჭირი წაიღო, ახლები კი, რომლებიც
(გაზეთებს თუ დავუჯერებთ), ყოველ კვირაში თუ არა, ათ დღეში ერთხელ მაინც
ახალ-ახალი სახელებით გადაუქროლებდნენ ხოლმე თავზე ქვეყანას, როგორღა
გაძვრებიან კარს იქით, რომელთა ყველა მისადგომი კლდის ხავსის, ტეგანის, შავი
თამბაქოსა და ტკიპა-ლობიოს პარკების ნეშოთია დაჯავშნილი?
– ეგ ჩვენ ყველას გაგვისტუმრებსო, – ამბობდნენ დაბაში, რომელიც რკინიგზის
პირას იყო გაშენებული.
– მე მათ ყველას გავისტუმრებ, – ამბობდა დედაბერი და მარტოდმარტო
უსინათლოთათვის გამოშვებულ ბანქოს შლიდა სიბნელეში.
ასე იყო ეს ამბავი.
რამდენიმე წელი ისე გავიდა, დედაბრისთვის არავის მიუკითხავს, აღარც ბიჭი
აკაკუნებდა კარზე, არც გოგონა, აღარც მგზავრი და არც მათხოვარი. ეს კი იყო, რომ
წელიწადში ორჯერ სოფლის ბაყალი, თვითონაც კარგა სამოცდაათი წელი რომ ეკიდა
ზურგზე, კართან რაღაც ფუთებს ტოვებდა. ამ ფუთებში ჩიტის საკენკიც შეიძლებოდა
ყოფილიყო და რძიანი ბისკვიტის ფხვნილიც, ოღონდ ყველაფერი საგულდაგულოდ
იყო ჩაბეჭდილი ლითონის ლაპლაპა ყუთებში, რომელთა პრიალა იარლიყებს
ყვითელი ლომები და წითელი ეშმაკუნები ამშვენებდა. დატოვებდა და უკანვე
გამობრუნდებოდა ხოლმე შრიალა ტყით, იქვე, ზღურბლთან რომ იწყებოდა.
ხდებოდა ისე, რომ ეს სანოვაგე მთელი კვირა გარეთ რჩებოდა: მზე აფიცხებდა,
მთვარე ყინავდა – რომელი მიკრობი გაუძლებდა ასეთ გამოცდას! შემდეგ, ერთ
მშვენიერ დილას, სანოვაგე აღარსად ჩანდა ხოლმე.
დედაბრის ხელობა ლოდინი იყო და ჩინებულადაც უძღვებოდა ამ საქმეს. ასი
თვალი და ასი ყური ესხა – სულ რაღაცას აყურადებდა, უთვალთვალებდა და მუდამ
მზად იყო.
ასე რომ, სრულებითაც არ შემცბარა, როდესაც მისი ცხოვრების
ოთხმოცდამეთერთმეტე აგვისტოს მეშვიდე დღეს ერთი მზემოკიდებული ჭაბუკი
ტყიდან გამოვიდა და იმ სახლის წინ შეჩერდა.

75
76

ჭაბუკს თოვლივით ქათქათა კოსტიუმი ეცვა – იმ თოვლივით, ჩურჩულით რომ


მიცოცავს ხოლმე დაზამთრული სახურავებიდან და თეთრ ნაოჭებად ეფინება
მთვლემარე მიწას. იგი მანქანით არ მოსულა – ფეხით გამოევლო გრძელი მანძილი,
მაგრამ დაუღლელი და გზისგან გაულახავი ჩანდა, ხელჯოხი არ ჰქონდა, რომ
დაყრდნობოდა, არც ქუდი, მზის ულმობელი სხივებისგან რომ თავი დაეცვა, თუმცა
ოდნავადაც არ შეჟონილიყო. მთავარი მაინც ის იყო, რომ ხელში ეჭირა ერთი საგანი –
მწვანე სითხით ავსებული პაწაწინა ბოთლი. ამ სიმწვანეს თვალმიშტერებული
ჭაბუკი ერთბაშად შედგა და ზევით აიხედა, რადგან იგრძნო, რომ დედაბრის სახლს
მისდგომოდა უკვე.
იგი კარს არ შეხებია. ნელი ნაბიჯით შემოუარა სახლს გარშემო, რომ
დედაბრისთვის თავისი მოსვლა ეგრძნობინებინა.
შემდეგ მისმა ჯიქურმა მზერამ, რენტგენის სხივივით რომ ატანდა კედლებში,
ქალის თვალები მოძებნა შიგნით.
– ოჰ! – წამოიკივლა დედაბერმა და გამოფხიზლდა – ნამცხვრის ლოღნისას ძილი
წამოჰპარვოდა და ლუკმა ისევ პირში ჰქონდა შერჩენილი. – ეს შენ ხარ! მივხვდი, ვისი
ნიღბითაც მესტუმრე დღეს.
– მაინც ვისი?
– ყმაწვილი კაცის, რომელსაც ქორფა სახე მწიფე ნესვის გულს მიუგავს. მაგრამ
ლანდი რომ არ გახლავს? ეს როგორღა მოხდა, როგორ?
– ადამიანებს ეშინიათ ლანდების. ტყის გადაღმა დავტოვე ამიტომ.
– არ ვიყურები და ყველაფერს კი ვხედავ.
– ო, – აღტაცებით თქვა ჭაბუკმა, – თქვენ ისეთი ნიჭი გქონიათ...
– საკმაო ნიჭი საიმისოდ, რომ შენ კარს იქით გიყოლიო, მე კი აქ დავრჩე.
– მე შემიძლია, სულ ადვილად მოგიგოთ ეგ ნაძლავი, – ოდნავ შეარხია ტუჩები
ჭაბუკმა, მაგრამ ქალმა მაინც გაიგონა:
– წააგებ, წააგებ!
– მე კი მოგება უფრო მიყვარს. რა გაეწყობა! მაშ, მხოლოდ ამ ბოთლს დავტოვებ
თქვენს პარმაღზე.
კედლის იქიდან ქალის გულის გამალებული ფეთქვა მოესმა ჭაბუკს.
– მოიცა! კი მაგრამ, რა არის შიგ? უფლება ხომ მაქვს ვიცოდე, რას ტოვებენ ჩემს
პარმაღზე.
– კეთილი, – მიუგო ყმაწვილმა.
– აბა, თქვი!
– ამ ბოთლშია პირველი ღამე და პირველი დღე იმ წუთის შემდეგ, როდესაც
თქვენ თვრამეტი წელი შეგისრულდათ.
– რა... რა... რა თქვი?
– თქვენ გაიგონეთ ჩემი ნათქვამი.
– პირველი ღამე, თვრამეტისა რომ გავხდი... და პირველი დღე?
– დიახ, ასეა.
76
77

– ბოთლში?
მან მაღლა ასწია შუშა – ახალგაზრდა ქალის ტანივით გამოთლილი და
გამონაკვთული მინა სამყაროს სხივებს იკრეფდა და მხურვალე მწვანე ცეცხლის
კიაფი ვეფხვის თვალებში დაკვესებულ ნაკვერჩხლებს ჰგავდა. იგი ხან მქრქალად
ციაგებდა ყმაწვილის ხელში, ხან კი უეცრად აელვარებული გაშმაგებით გიზგიზებდა.
– არ მჯერა შენი! – წამოიძახა დედაბერმა.
– ამას დავტოვებ და წავალ. სცადეთ და ჩემი წასვლის შემდეგ ერთი ჩაის კოვზით
მიიღეთ ბოთლში დამწყვდეული მწვანე ფიქრები. მაშინ გაიგებთ...
– შხამია ეგ!
– არა.
– აბა, დედა დაიფიცე!
– მე დედა არ მყავს.
– ვინ შეგიძლია დაიფიცო?
– ჩემი თავი.
– ვიცი, მაშინვე მომკლავს ეგ და შენც მეტი რა გინდა!
– ეს თქვენ მკვდრეთით აღგადგენთ.
– როგორ, მე ხომ მკვდარი არა ვარ!
ყმაწვილმა სახლს გაუღიმა.
– ვითომ?
– მოიცა, ერთი ჩემს თავს ვკითხო: მკვდარი ვარ? მკვდარი ვარ განა? თუ
ცოცხლებში აღარ ვწერივარ მთელი ეს წლები?
– ერთი დღე-ღამე, როდესაც თქვენ თვრამეტი წელი შეგისრულდათ, – თქვა
ყმაწვილმა, – იფიქრეთ ამაზე.
– ეგ ისეთი დიდი ხნის წინათ იყო...
კუბოს თავივით დაჭედილი ფანჯრის მახლობლად თითქოს თაგვმა გაიფაჩუნა.
– დალიეთ და დაგიბრუნდებათ.
მან ისე შეათამაშა ბოთლი, რომ მზის სხივმა გაჭოლა სითხე და აელვარდა,
როგორც ზაფხულის ლორთქო ბალახის ათასობით მწვანე ფოთლიდან გამოწურული
ნექტარი. იფიქრებდით, მწვანე მზეგარინდულა და ის კაშკაშებსო, იფიქრებდით,
ზღვა აბორგდა და ის ბობოქრობსო გახელებული.
– ეს იყო თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლის უმშვენიერესი დღე.
– საუკეთესო წლისა... – ჩაიბუტბუტა ქალმა დარაბებს იქით.
– რთველის წელიწადის. თქვენი ცხოვრება სურნელოვანი ბადაგი იყო მაშინ. სულ
ერთი ყლუპი და – ჭაშნიკს გასინჯავდით. რატომ არ უნდა სინჯოთ, ეჰ, რატომ?
ჭაბუკი სულ უფრო წინ და უფრო მაღლა იწვდიდა შუშას და უეცრად ბოთლი
ტელესკოპად გადაიქცა – რომელი მხრიდანაც უნდა გაგეხედათ, მის ფოკუსებში
დიდი ხნის წინათ გარდასული წლები იყრიდა თავს. ირგვლივ ყოველივე მწვანე და
ოქროცურვილი ჩანდა, როგორც ამ მზიან დღეს, როდესაც ჭაბუკის მშვიდ თითებში
ჩაბღუჯული ბოთლი წარსულის დღეებს უხმობდა უკან. მოციაგე ჭურჭელი შეირხა
77
78

და თეთრად ელვარე ათინათი პეპელასავით შეფრთხიალდა, ფანჯრი დარაბებს


მიელაციცა და როიალის რუხი კლავიშებივით აატოკა ისინი უხმოდ. ზმანებასავით
მსუბუქი მოკიაფე ფრთები სხივებად დაიმსხვრა, დარაბის ნაპრალებში შეცოცდა და
ჰაერში მოფარფატემ ხან ბაგე გამონაკვთა, ხან ცხვირი, ხან თვალი. მაგრამ თვალი
მაშინვე გაქრა და მის ადგილს განცვიფრება დაეუფლა – ისიც სხივით
გაბრწყინებული.
ახლა ჭაბუკს, რომელმაც უკვე დაიჭირა ის, რის დაჭერასაც ასე ლამობდა,
უძრავად ეკავა მოკიაფე პეპელა (მხოლოდ ელვარე ფრთები ტოკავდნენ ოდნავ), რათა
იმ შორეულ დღეთა მწვანე ცეცხლს დარაბებში შეეღწია და მარტო ამ ბებერ სახლში კი
არა, დედაბრის სულშიაც ჩაეღვარა სითბო. ყმაწვილ კაცს ესმოდა, როგორ აჩქარებით
სუნთქავდა ქალი, როგორ ახშობდა შიშს და თრგუნავდა სიხარულს.
– არა, არა, ვერ გამაცურებ! – ყრუდ გაისმა მისი ხმა, თითქოს წყალში ჩაეძიროს
ვინმეს და ის კი ცდილობდა არ ჩაჰყოლოდა ზანტი მოქცევის დინებას. – შენ ისევ
დამიბრუნდი ახალი სახით, ახალი ნიღბით. – ვერ კი ვარჩევ, ვისი ნიღაბია. აი, ხმა კი
თითქოს დიდი ხნის ნაცნობია, მაგრამ ვისი ხმა უნდა იყოს ნეტავ? თუმცა მე რაში
მეკითხება? აგე, მუხლებზე გაშლილი ბანქო მეუბნება, ვინც ბრძანდები
სინამდვილეში და რაც გინდა ხელში შემომაჩეჩო.
– თქვენი სიყმაწვილის ოცდაოთხი საათი მხოლოდ და მხოლოდ.
– შენ კიდევ რამეს შემომაჩეჩებ.
– იქნება ჩემს თავს?
– ვიცი, გარეთ რომ გამოვიდე, მაშინვე ხელს მტაცებ და ექვსი ფუტის სიღრმეზე
ჩამჩურთავ. რამდენი წელია გაბიაბრუებ – სულ მშრალზე გტოვებ. ახლა ისევ
მოსულხარ და კართან წკმუტუნებ რაღაც ახალი ოინების იმედით, მაგრამ ჩემთან არც
ერთი არ გაგივა, იცოდე!
– გარეთ თუ გამობრძანდებით, მე მხოლოდ ხელზე გეამბორებით, ნორჩო ასულო.
– ნუ მიწოდებ იმას, რაც არ ვარ!
– მე გიწოდებთ იმას, რადაც შეგიძლიათ იქცეთ სულ ერთ საათში.
– ერთ საათში... – წაიჩურჩულა ქალმა თავისთვის.
– დიდი ხანია ამ ტყეში არ გისეირნიათ?
– სადღა მახსოვს! მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
– ნორჩო ასულო! – წარმოთქვა ჭაბუკმა. – გარეთ ზაფხულის მშვენიერი დარია.
ხეივნების მწვანე ტაძარში ოქროსფერი ფუტკრები ნაირგვარად მოჩითულ ხალიჩას
ქსოვენ. მუხის ფუღუროდან თაფლის მხურვალე ნაკადული მოედინება. ფეხზე
გაიძრეთ, მუხლამდე შედით ველურ პიტნაში და გადათელეთ. აგე, იმ ხევში
მინდვრის ყვავილები განაბულან – თითქოს ყვითელი პეპლები ღრუბლის ქულად
დაფენიან მიწას. ხეების ქვეშ ისეთი ცინცხალი ჰაერია, გეგონებათ ჭის ცივ, კამკამა
წყალს სვამდეთ ცხვირით. ზაფხულის დღეა, ნორჩზე უნორჩესი ზაფხულის დღე!
– მე კი ბებერი ვარ, ბებერზე უბებრესი ისევ და ისევ.

78
79

– აღარ იქნებით, თუ გამიგონებთ. მოდით, ერთ საქმეს შემოგთავაზებთ. მე მგონი,


კარგად მოვრიგდებით – თქვენ, მე და აგვისტოს ამინდი.
– რა გარიგებაა ასეთი, ან მე რა ხეირი მექნება მანდედან?
– ოცდაოთხი ხანგრძლივი, ბედნიერი საათი – აი, ამ წუთიდან დაწყებული. ჩვენ
შემოვირბენთ ამ ტყეს, ხილ-კენკრას დავკრეფთ, თაფლსაც გავსინჯავთ, დაბაში
წავალთ და ობობას ქსელივით სიფრიფანა თხელ კაბას ვიყიდით თქვენთვის. მერე კი
მატარებელში ჩავსხდებით...
– მატარებელში!
– და ქალაქისკენ გავეშურებით, – აქვეა, ერთი საათის გზაზე. იქ ვისადილებთ და
მთელ ღამეს ცეკვით გავათევთ. მე თქვენ ორ წყვილ ფეხსაცმელს გიყიდით, ეს
აუცილებელია – ერთი ხომ მაშინვე გაგიცვდებათ!
– ვაი, რა აკრეფს ამ ბებერ ძვლებს... ადგილიდან დაძვრაც კი მიჭირს.
– სიარულზე მეტი სირბილი მოგიწევთ, სირბილზე მეტი – ცეკვა. ჩვენი თვალით
ვნახავთ, როგორ შეკრავენ ვარსკვლავები კამარას ცაზე და თან ბრიალა მზეს
ამოიყოლებენ. გამთენიისას ტბის ნაპირზე ვიხეტიალებთ, საუზმეს კი ისეთ
გემრიელს მივირთმევთ, როგორც ჯერ ადამიანიშვილს არ უგემია, თბილ ქვიშაზე
გავიშოტებით და შუადღემდე ასე ვიქნებით. შემდეგ, საღამოხანს, კანფეტების
მოზრდილ ყუთს წამოვიძღვანიებთ და ისევ მატარებელში ჩავსხდებით. სულ სიცილ-
კისკისით გამოვივლით მთელ გზას უკანვე; კონდუქტორის კომპოსტერიდან ფერადი
ქაღალდების წვიმა წამოვა – ცისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი წინწკლები დაგვფარავს
მთლიანად, როგორც ახლად ჯვარდაწერილებს. მთელ დაბას ისე გავივლით, რომ
არავის, არც ერთ სულიერს ზედ არ შევხედავთ; შეღამების ჯადოსნური სურნელით
ავსებულ ტყეს უკან მოვიტოვებთ და თქვენს სახლთან მოვალთ...
სიჩუმე.
– სულ ეგ არის... – ჩაიდუდუნა ქალის ხმამ, – ჯერ კი არაფერიც არ დაწყებულა.
– შემდეგ იკითხა:
– რატომ ირჯები მაინც ასე? შენ რა ხელს გაძლევს ეგ ყველაფერი?
ალერსიანმა ღიმილმა გააშუქა ჭაბუკის სახე.
– მშვენიერო ასულო, მე მინდა სარეცელი გავიყო თქვენთან.
ქალს სუნთქვა შეეკრა.
– მე არავისთვის გამიყვია სარეცელი მთელ სიცოცხლეში.
– მაშ, თქვენ... ქალწული ბრძანდებით?
– და ვამაყობ ამით!
ჭაბუკმა ამოიოხრა და თავი გადააქნია.
– ესე იგი, ეს მართალია, თქვენ ნამდვილად ქალწული ბრძანდებით?!
მან სახლს მიაყურადა – ჩამიჩუმი არ ისმოდა იქიდან. შემდეგ ძლივსგასაგონი
ჩქამი გაისმა, თითქოს სადღაც გაჭირვებით მოატრიალეს საიდუმლო ონკანი და
თანდათან, წვეთ-წვეთობით ამუშავდა ნახევარი საუკუნის წინ გაუქმებული სისტემა.
– დედაბერმა ტირილი დაიწყო.
79
80

– რატომ ტირით, მოხუცო ქალბატონო?


– არ ვიცი, – დაიკვნესა ქალმა.
ბოლოს ქვითინი მიწყდა და ჭაბუკმა გაიგონა, როგორ რიტმულად ირწეოდა
მოხუცი სავარძელში, თავი რომ დაემშვიდებინა.
– საწყალო დედაბერო! – დაიჩურჩულა ვაჟმა.
– ნუ მეძახი მასე!
– კეთილი, – მიუგო ვაჟმა, – კლარინდა!
– საიდან იცი ჩემი სახელი? არავინ იცის, რა მქვია მე.
– კლარინდა, რატომ დაიმალეთ ამ სახლში ჯერ კიდევ მაშინ, დიდი ხნის წინ?
– არ მახსოვს. თუმცა, როგორ არა... მეშინოდა.
– გეშინოდათ?
– რასაკვირველია, ადრე სიცოცხლის მეშინოდა, მერე – სიკვდილის. მთელი
ცხოვრება მეშინოდა რაღაცის. მაგრამ შენ მითხარ, მართალი მითხარ ოღონდ! ის ჩემი
ოცდაოთხი საათი რომ გაივლის... აი, ტბაზე რომ ვისეირნებთ, მატარებლით რომ
დავბრუნდებით და ტყის გავლით ჩემს სახლში მოვალთ... შენ მოისურვებ...
ყმაწვილმა აცალა, თვითონვე დაემთავრებინა სათქმელი.
– ...ჩემთან დაწოლას?
– ათი ათასი მილიონი წლით, – მიუგო ვაჟმა.
– ოჰ! ხმა ჩაუწყდა ქალს, – ამდენი ხნით?
ყმაწვილმა თავი დაუქნია.
– დიდი დროა, გაიმეორა ქალმა. – ეგ როგორი გარიგებაა, ჭაბუკო? მთავაზობ
სიყმაწვილის ოცდაოთ საათს და სამაგიეროდ ჩემი ძვირფასი დროის ათი ათას
მილიონ წელიწადს ითხოვ?
– ჩემი დროც ნუ დაგავიწყდებათ, მე ხომ არასოდეს მიგატოვებთ.
– სულ ჩემ გვერდით იქნები?
– ჰო, რა თქმა უნდა!
– ეჰ, ყმაწვილო, ყმაწვილო, რაღაც ძალიან მეცნობა შენი ხმა.
– შემომხედეთ!
ჭაბუკმა შენიშნა, გასაღების ჭუჭრუტანას ჩურთი რომ მოსცილდა და იქიდან
თვალი შემოაჩერდა. ვაჟმა შეჰღიმა მზესუმზირის გვირგვინებს ველზე და მათ
გვირგვინოსან მბრძანებელს ცაში.
– დავსებული მაქვს თვალები, ვერაფერს ვხედავ, – ასლუკუნდა დედაბერი, –
მაგრამ... ღმერთო, მეჩვენება თუ... მართლა უილი უინჩესტერი დგას გარეთ?
ვაჟს არაფერი უთქვამს.
– მაგრამ ეს როგორ, უილი? შენ ისევ ოცდაერთი წლის ბიჭს ჰგავხარ, თითქოს
ერთი დღეც არ მოგმატებოდეს ამ სამოცდაათ წელიწადში.
ყმაწვილმა ბოთლი კართან დადგა, თვითონ მოშორებით, შამბნართან გაჩერდა.
– შეგიძლია?.. – ენა დაება ქალს, – შეგიძლია, მეც შენსავით ახალგაზრდად
გადამაქციო?
80
81

ყმაწვილმა თავი დაუქნია.


– ოჰ, უილი, უილი, ნუთუ ეს მართლა შენ ხარ, ნუთუ?
ქალი იცდიდა, თვალგაშტერებული შესცქეროდა მზის სხივის თამაშს ვაჟის
თმებსა და ლოყებზე, ხედავდა ბედნიერს, ახალგაზრდას და გაზაფხულის ამ მზიანი
დღით გალაღებულს.
გავიდა ერთი წუთი.
– აბა, რას იტყვით? – ჰკითხა ჭაბუკმა.
– მოიცა, გამოსძახა ქალმა, – უნდა მოვიფიქრო.
ჭაბუკი გრძნობდა, რომ შიგნით, სახლში ქალი თავისი წარსულის მოგონებებს
ქვიშასავით ცრიდა გონების საცერში, მაგრამ მტვრისა და ნაცრის გარდა არაფერი
რჩებოდა ხელთ. ესმოდა, როგორ ხმაურობდა წარსულის სიცარიელე ქალის თავში,
საფეთქლებს უწვავდა და შუბლს უხურებდა; მოგონებათა გროვა საცერში სულ
იკლებდა, ოღონდ ქვიშის ბორცვი მიიწევდა სულ უფრო მაღლა.
„თვალთშეუდგამი უდაბნოა, – გაიფიქრა ვაჟმა, – არც ერთი ოაზისი
თვალსაწიერზე“.
ამის გაფიქრებაზე ქალი შეთრთოლდა.
– მაშ, რას იტყვით? – კვლავ ჰკითხა ვაჟმა.
– საოცარია, – ჩაილუღლუღა ბოლოს დედაბერმა, – რატომღაც ახლა ოცდაოთხ
საათში – სულ ერთ დღე-ღამეში – ათი ათასი მილიონი წლის გაცვლა მართალ,
ჭეშმარიტ და კეთილ საქმედ მომეჩვენა უეცრად.
– ასეა, კლარინდა, ეს ხომ ნამდვილად ასეა!
გასრიალდა ურდულები, აჩხაკუნდა კლიტეები, გაჭრიალდა კარი. წამით გაიელვა
ხელმა, ბოთლი აიტაცა და გაუჩინარდა.
გავიდა ერთი წუთი.
შემდეგ ტყვიამფრქვევის ჯერივით ახმაურდა ნაბიჯები სახლში. უკანა კარი
გაჯახუნდა, ზედა სართულის ფანჯრები ისე მოსხლეტით გაიღო, რომ დარაბები
მოირყა და ბალახებში ჩაცვივდა. ერთი წამის შემდეგ იგივე ბედი ეწია ქვედა
სართულს, – ძლიერმა ბიძგმა ნაფოტებად აქცია დარაბები. ფანჯრებიდან მტვრის
ბუქი ავარდა. ბოლოს, ფართოდ გაღებული წინა კარიდან ცარიელი ბოთლი
გამოქანდა და ქვაზე დაიფშვნა.
და აი, პარმაღზე თვითონ ის დგას – ჩიტივით მოფრთხიალე, ერთიანად მზის
სხივებში გახვეული. თითქოს განათებულ სცენაზე იდგა, კულისების სიბნელიდან
ახლად გამოსული. შემდეგ კიბეს დაუყვა ქვევით და ხელი გაიწოდა ვაჟის ხელის
შესახვედრად.
გზაზე მიმავალი პატარა ბიჭი შეჩერდა, ქალს მიაჩერდა, თვალგაშტერებულმა
სულ უკან-უკან დაიხია და თვალს მიეფარა.
– რად მომჩერებოდა ასე? ლამაზი ვარ? – იკითხა ქალმა.
– ძალიან ლამაზი.
– სარკეში მინდა ჩავიხედო.
81
82

– არა, არა, არ გინდა!


– ქალაქში ყველას მოვეწონები? ეგებ მე მხოლოდ მეჩვენება? იქნებ შენც მატყუებ?
– მშვენიერება თვითონ შენ ხარ!
– მაშ, ლამაზი ვყოფილვარ. მეც ასე ვგრძნობ. როგორ გგონია, ყველა მოისურვებს
ამაღამ ჩემთან ცეკვას? შეეცილებიან კაცები ერთმანეთს?
– ყველანი უკლებლივ.
ფუტკრების ზუზუნითა და ფოთლების შრიალით ავსებულ ბილიკს რომ
მიუყვებოდნენ, ქალი უეცრად შედგა, ზაფხულის მზესავით შეხედა ვაჟს სახეში და
ჰკითხა:
– ოჰ, უილი, უილი, ყველაფერი რომ დამთავრდება და ისევ უკან დავბრუნდებით,
ასეთივე კეთილი იქნები ჩემთვის?
ვაჟმა ღრმად ჩახედა თვალებში, თითებით ლოყას მიეალერსა.
– ჰო, – მიუგო ნაზად. – ვიქნები.
– მე მჯერა შენი, მჯერა, უილი.
ისინი ბილიკზე გაიქცნენ და თვალს მიეფარნენ. უკან მოიტოვეს აბუქებული
მტვერი, მოშილიფებული სახლი, ფართოდ გაღებული კარ-ფანჯრები. ახლა მზეს
შეეძლო თან შეჰყოლოდა სახლში ჩიტებს, ბუდის ასაშენებლად და ბარტყების
დასაჩეკად რომ შეფრთხიალდნენ შიგნით. ზაფხულის მშვენიერი ყვავილების
ფურცლებს შეეძლოთ საქორწინო წვიმად ეთქორათ და ხალიჩებით მოეფინათ
მაღალი კედლები, ოთახები და მომლოდინე ცარიელი საწოლი. ზაფხულის სიომ
დარბაზები აავსო და სამყაროს შექმნის პირველი წუთის სურნელით გაჟღინთა – იმ
წუთისა, როდესაც სამყარო მთლად ახალთახალია, ჯერ ხელყოფილი არაფერია და
არც სიბერისა იციან რამე.
სადღაც, – თითქოს აჩქარებული გულები ძგერსო, – კურდღლები გარბოდნენ
ტყეში.
შორს მატარებელმა დაუსტვინა, ქალაქისკენ დაიძრა და თანდათან სვლას უმატა;
სულ უფრო სწრაფად, სწრაფად, სწრაფად.

მოთხრობის გზამკვლევი

ადამიანი ყოველთვის ფიქრობდა სიკვდილზე და თითქმის ყოველთვის ეშინოდა მისი -


გაურკვეველი იდუმალება ხომ ანგრევს კაცის ცნობიერებას. ეს შიში იმდენად დიდი
აღმოჩნდა, რომ რწმენის ძალამაც კი ვერ გააქარწყლა მისი საბედისწერო მნიშვნელობა.
კაცობრიობას ღმერთის სწამს, მაგრამ სიკვდილს მაინც უფრთხის - ძალიან ცოტანი არიან
გამონაკლისნი (ვაჟა-ფშაველას გასაოცარ ფრაზას - „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა“ - კიდევ უფრო ცოტანი სწვდებიან).

რეი ბრედბერის მოთხრობა სიკვდილის ფარდობითობაზე გვესაუბრება. ეს უცნაური


საუბარია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მასზე (სიკვდილზე) აბსოლუტური
82
83

ადამიანისთვის არც არაფერია. ფარდობითობას ხომ რაღაც ერთი არსების „სხვადქმნა“


სჭირდება - განა სიკვდილს რამდენიმე სახე შეიძლება ჰქონდეს? - ჩვენ ხომ მის ერთ
გამოვლინებაზეც კი არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა.

მწერალი სიკვდილის ფარდობითობას დროის იდუმალი გარდასახვით


გვიჩვენებს.“დრო“, ამ შემთხვევაში, კარგი ტესტია - ადამიანის გონებისა და, მითუმეტეს,
გულისთვის ის უფრო ადვილად და თვალსაჩინოდ შეიძლება „რაღაც სხვად“
გარდაისახოს, ვიდრე სიკვდილი.

სოფლის განაპირას მცხოვრები ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული ქალი მთელი


სიცოცხლე სიკვდილს ემალება, რომელსაც ყველასა და ყველაფერში ხედავს. მის მტკიცედ
დაგმანულ სახლში ვერც ერთი „უცხო“ ვერ შეაბიჯებს - ქალი საარაკო გულმოდგინებით
დარაჯობს საკუთარ სიცოცხლეს. სოფელი ამას შეეჩვია და ზოგჯერ წლები ისე გაივლის,
მას არავინ აკითხავს. ამ ადგილას ისიც სჯერათ, რომ დედაბერი არასდროს მოკვდება.

ერთ დღეს „უსიკვდილო“ ქალთან თეთრებში გამოწყობილი ჭაბუკი მივა, რომელსაც


ლანდი არ აქვს. მას მწვანე სითხით ავსებული პაწაწინა ბოთლი ეჭირა („ამ ბოთლშია
პირველი ღამე და პირველი დღე იმ წუთის სემდეგ, როცა თქვენ თვრამეტი წელი
შეგისრულდათ“.). დედაბერი ფრთხილობს და ჭაბუკის წინადადებას („ერთი ჩაის
კოვზით მიიღეთ ბოთლში დამწყვდეული მწვანე ფიქრები“ და ეს თქვენი ცხოვრების
საუკეთესო დღეს დაგიბრუნებთო) ეჭვით უპასუხებს: ეს მე მომკლავს. თეთრებში
ჩაცმულის პასუხია: „ეს თქვენ მკვდრეთით აღგადგენთ“.

სადღაა აქ სიკვდილის ან სიცოცხლის აბსოლუტურობა? თუკი შეიძლება მთელი


ცხოვრებით ერთი ყველაზე ბედნიერი დღე „იყიდო“, სადღაა მაშინ დრო? ეს ერთი დღე
შესაძლოა მარადისობას გაუტოლდეს (ჭაბუკი ქალს ჰპირდება, რომ მასთან დარჩება ათი
ათასი მილიონი წელი) და რას მოვა მასთან თუნდაც ოთხმოცდაათი წელი?!

კითხვაზე, რატომ დაიმალა ამ სახლში დიდი ხნის წინ, მოხუცი ქალი უპასუხებს: „ადრე
სიცოცხლის მეშინოდა, მერე - სიკვდილის“. ეს შიში მას ზოგადად ცხოვრებაზე და
ბედნიერებაზე უარს ათქმევინებს - ამის გარეშე კი ადამიანი არაფერი და არარაობაა.
ამიტომ არის მისთვის ასე ნაკლებსევდიანად გასაცვლელი ყველაფერი დანარჩენი - მათ
შორის, უპირველესად, უსიკვდილო არსებობა - ერთ ბედნიერ დღეში. არარაობის
მარადისობა ხომ მომხიბვლელი არ შეიძლება იყოს.

მოთხრობის ბოლოს თეთრებში ჩაცმული ჭაბუკი, რომელიც დედაბერს სიკვდილი


ჰგონია, საკუთარ სახელსაც შეიძენს - ქალის ახალგაზრდობისდროინდელი კაცის სახელს.
ეს ლოგიკური ფინალია - ვინც რა უნდა იფიქროს თუ განიცადოს, ადამიანის
მარადისობასთან წარმდგენი მხოლოდ სიყვარულია.

83
84

ბერტოლდ ბრეხტი

გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ევროპული თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე,


„პოლიტიკური თეატრის“ მიმართულების დამფუძნებელი, ბერტოლტ ბრეხტი 1898 წლის 10
თებერვალს აუგსბურგში დაიბადა. ქალაქის რეალურ გიმნაზიაში სწავლისას ბერტოლდმა
ლექსებისა და მოთხრობების წერა დაიწყო, მისი ნამუშევრები გაზეთ „აუგსბურგის
სიახლეებში“ 1914-15 წლებში გამოქვეყნდა. უკვე მისი სასკოლო პერიოდის ნამუშევრებში
იკვეთებოდა მწერლის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ომის მიმართ.

84
85

ბრეხტს არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ თეატრიც იტაცებდა, თუმცა ოჯახმა სთხოვა,
სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაებარებინა, ამიტომაც გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1917
წელს, მიუნჰენის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, თუმცა დიდხანს არ უსწავლია, რადგან
არმიაში გაიწვიეს. ცუდი ჯანმრთელობის გამო ის ფრონტზე არ იბრძოდა, მუშაობდა
ჰოსპიტალში, სადაც რეალური ცხოვრება ნახა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგებოდა
საუბრებს დიდი გერმანიის შესახებ.

შესაძლოა, ბრეხტის ბიოგრაფია სულ სხვანაირი ყოფილიყო, 1919 წელს ცნობილ მწერალს
ლიონ ფოიხტვანგერს რომ არ შეხვედროდა. სწორედ მან ურჩია, სამწერლო საქმიანობით
უფრო აქტიურად დაკავებულიყო. მალევე დამწყები დრამატურგის პირველი პიესები
გამოჩნდა - „ბაალი“ (1918 წ.) და „დაფდაფები ღამეში“ (1920 წ.). ორივე მათგანი
„კომერშპილის“ თეატრში დადგეს 1922 წელს. მალე თეატრალურმა სამყარომ თავადაც
გაიტაცა, 1924 წელს ბერლინში გადაინაცვლა, სადაც „დოიჩეს თეატრში“ დაიწყო მუშაობა და
ცნობილ რეჟისორთან, ერვინ პისკატოროსთან ერთად, „პროლეტარული თეატრი“ დააფუძნა,
პიესებიც თავად უნდა დაეწერა, რადგან დრამატურგების დასაქირავებლად ფინანსები არ
ჰყოფნიდათ.

1933 წელს, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც გერმანიაში ყველა


თეატრი დახურეს, ბერტოლტ ბრეხტი, მეუღლესთან ერთად, ავსტრიაში გადავიდა
საცხოვრებლად. ავსტრიის ოკუპაციის შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში ცხოვრობდა. 1935
წელს ნაცისტებმა ბრეხტს გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ფინეთის ომში ჩართვის
შემდეგ, მწერლის ოჯახმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა და ექვსწელიწადნახევრის
განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ. ემიგრაციაში შეიქმნა „დედილო კურაჟი და მისი შვილები“
(1938 წ.), „შიში და სასოწარკვეთა მესამე იმპერიაში“ (1939 წ.), „გალილეის ცხოვრება“ (1943 წ.),
„კავკასიური ცარცის წრე“ (1944 წ.).

ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების დატოვებამ მოუწია. 1947 წელს
ბრეხტი შვეიცარიაში გაემგზავრა, ერთადერთ ქვეყანაში, რომელმაც მას ვიზა მისცა.
გერმანიის დასავლურმა მხარემ მას დაბრუნებაზე უარი უთხრა, ამიტომაც ერთი წლის
შემდეგ ის აღმოსავლეთ გერმანიაში ჩავიდა. გერმანიის დედაქალაქში მან შექმნა
„ბერლინური ანსამბლი“, სადაც დრამატურგის საუკეთესო პიესები იდგმებოდა. მისი
თეატრი უამრავ ქვეყანაში დადიოდა გასტროლებზე.

პიესების გარდა, ბრეხტის შემოქმედება ითვლის რომანებს „სამგროშიანი ოპერა“ (1934 წ.),
„ბატონი იულიუს ცეზარის საქმეები“ (1949 წ.), უამრავ მოთხრობასა და ლექსს.

1953 წელს ის გერმანულ პენკლუბს ჩაუდგა სათავეში.

ბერტოლდ ბრეხტი 1956 წლის 14 აგვისტოს კი გულის შეტევით ბერლინში გარდაიცვალა.

ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ


თარგმნა თამარ დვალიშვილმა

85
86

ერთხელ, როდესაც ბატონი კოინერი, ფრიად მოაზროვნე კაცი, მსმენელებით


სავსე დარბაზში ძალადობის წინააღმდეგ საუბრობდა, მოულოდნელად შენიშნა, რომ
ადამიანები მისგან თანდათან უკან იხევდნენ და ტოვებდნენ დარბაზს. ბატონმა
კოინერმა მიიხედა და დაინახა, რომ მის უკან ძალადობა იდგა.
– რაზე ლაპარაკობდი? შეეკითხა მას ძალადობა.
– მე ვსაუბრობდი ძალადობის სასარგებლოდ, მიუგო ბატონმა კოინერმა.
როდესაც ბატონი კოინერი წამოვიდა, მოწაფეები მისი უპრინციპობით
დაინტერესდნენ, რაზეც ბატონმა კოინერმა უპასუხა:
– ჩემს პრინციპებს მე ვერავის შევაბღალინებ. სწორედაც, მე უფრო დიდ ხანს
უნდა ვიცოცხლო, ვიდრე ძალადობამ.
ამის შემდეგ ბატონმა კოინერმა მოჰყვა შემდეგი ისტორია:
– ბატონ ეგესთან, კაცთან, რომელსაც შეეძლო ეთქვა „არა“, ერთ მშვენიერ დღეს,
ჯაშუშობის დროში, მივიდა ერთი აგენტი და წარუდგინა ქალაქის მესვეურთა
სახელზე გაცემული დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ მას ეკუთვნოდა ყველა სახლი,
სადაც კი ფეხს შედგამდა; ასევე მისთვის უნდა მიერთმიათ საჭმელი, რომელსაც იგი
მოისურვებდა; მისთვის სამსახური უნდა გაეწია ყველას, ვისაც კი ის შეხედავდა.
აგენტი დაჯდა სკამზე, მოითხოვა საჭმელი, დაიბანა, დაწვა და ჩაძინებამდე,
კედლისკენ მიბრუნებულმა, იკითხა:
– იქნები ჩემი მსახური?
ბატონმა ეგემ მას საბანი დააფარა, ბუზები მოუგერია და დარაჯობდა მის ძილს.
ასე ემსახურებოდა ის აგენტს შვიდი წლის განმავლობაში. ბატონი ეგე ყველაფერს
აკეთებდა აგენტისათვის, თუმცაღა მუდამ თავს არიდებდა მასთან საუბარს. ამგვარად
ჩაიარა შვიდმა წელმა, ბევრი ჭამის, უდრტვინველი ძილისა და ბრძანებებისაგან
ჩათქვირებული აგენტი საბოლოოდ მიიცვალა. ბატონმა ეგემ ის დაფხრეწილ საბანში
გაახვია, გაათრია სახლიდან, გაწმინდა საკანი, ამოისუნთქა და უპასუხა: – არა!

მოთხრობის გზამკვლევი

ამ პატარა ტექსტში ორი თხრობაა - ბერტოლდ ბრეხტი უკიდურესი ლაკონიურობით


ახერხებს უპასუხოს კითხვას: შეუძლია თუ არა პიროვნებას დაუპირისპირდეს დიქტატორულ
სახელმწიფოს და ღირსების დაკარგვის გარეშე გაიმარჯვოს? აქ არის მსჯელობაც და
მოქმედებაც მთავარი სათქმელიც სწორედ მოქმედებით მჟღავნდება. ნოველის არსებით
ინტრიგას ის ქმნის, რომ კითხვის დასმიდან პასუხამდე შვიდი წელი გადის. პასუხი
უარყოფითია, მაგრამ მანამდე მთელი შვიდი წელიწადი თითქოს დადებით პასუხს
გულისხმობს. რაშია საქმე - რომელი პასუხი უნდა მივიჩნიოთ პიროვნების შინაგანი ბუნებისა

86
87

თუ ცხოვრების პრინციპის ნამდვილ გამოვლინებად? და შეიძლება თუ არა უპრინციპობა (ან


იქნებ მოქნილი პრინციპულობა) ადამიანს ღირსებას არ ართმევდეს?

ბატონი კოინერი ძალადობის წინააღმდეგ ელაპარაკებოდა აუდიტორიას, მაგრამ როგორც კი


ამ ძალადობის წინააღმდეგ პირისპირ დარჩა, მაშინვე გარდაისახა ადრე ნათქვამი
კატეგორიულად უარყო. კითხვაზე, რატომ გამოიჩინა ასეთი უპრინციპობა, ბატონმა
კოინერმა უპასუხა: „ჩემს პრინციპებს მე ვერავის შევაბღალინებ. სწორედაც მე უფრო დიდხანს
უნდა ვიცოცხლო, ვიდრე ძალადობამ“. სად არის ამ შემთხვევაში „სჯობს სიცოცხლესა
ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“? სად არის ძველი გალების ანდაზა: „სანამ ცოცხალი ხარ,
არ გაბედო სიკვდილი“? ბატონი კოინერი ამტკიცებს, რომ ადამიანი ყველგან რაციონალურად
უნდა მოქმედებდეს და ამგვარი ქმედება ზოგჯერ ზნეობრივ კომპრომისებსაც ანუ დროებით
უკანდახევასაც გულისხობს. ამიტომაც მოაქვს ბატონი ეგეს მაგალითი, რომელიც დიდი ხნის
განმავლობაში უსიტყვოდ ემსახურებოდა სახელმწიფოს წარმომადგენელ აგენტს და მხოლოდ
მისი გარდაცვალების შემდეგ გასცა პასუხი მის მიერ შვიდი წლის წინ დასმულ კითხვას:
„იქნები ჩემი მსახური?“ პასუხი არის „არა“. ეს მშვიდი და საკუთარ თავსა თუ ზნეობაში
დარწმუნებული კაცის პასუხია, რომელიც „ეკლესიასტეს“ სიბრძნეს გვახსენებს: „არის ჟამი
ქვათა სროლის და არის ჟამი ქვათა შეკრების“. ის, ვინც შეკრების ჟამს სროლას იწყებს, ვინც
ვერ არჩევს, ერთი მხრივ, ბრძოლისა და, მეორე მხრივ, პრინციპთა შინაგანი შენარჩუნების
დროს, უცილობლად დამარცხდება - გამარჯვება ზოგჯერ დროებით უკანდახევას
გულისხმობს.

ყველა აღიარებს ამ სიბრძნეს? სიმპათიურად გამოიყურება ბატონი ეგე, რომელიც აგენტს


ბუზებს უგერიებს? შეიძლება ის მაგალითად დავუსახოთ საკუთარ თავს? მართებული
საქციელია, მოთმინებით ელოდო, როდის დასრულდება ძალადობის დრო და არ იზრუნო ამ
დროის მოსაახლოებლად?

ეს მთავარი კითხვებია და თითოეული ადამიანი უფლებამოსილია, მათ თავად გასცეს


პასუხი.

ივან ბუნინი

პირველი ნობელიანტი რუსი მწერალი და პოეტი ივან ბუნინი, რომელმაც ცხოვრების


დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა, 1870 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა. მისმა
ბავშვობამ ორლოვის გუბერნიაში, ქალაქ ელცის მახლობლად ჩაიარა. დაწყებითი
განათლება შინ მიიღო, 1881 წელს კი, ელცის გიმნაზიაში ჩაირიცხა. შემდგომი
განათლება მან უფროსი ძმის წყალობით მიიღო, რომელმაც უნივერსიტეტი

87
88

წარმატებით დაამთავრა. მწერალი მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ სრული


განათლება ვერ მიიღო.

ბუნინის პირველი ლექსები 1888 წელს გამოქვეყნდა. შემდეგ წელს ის საცხოვრებლად


ორიოლში გადავიდა, სადაც ადგილობრივ გაზეთში კორექტორად დაიწყო მუშაობა.
ბუნინმა საკუთარ ნამუშევრებს ერთ წიგნად მოუყარა თავი და გამოსცა
სახელწოდებით „ლექსები“. ძალიან მალე მისი შემოქმედება ცნობილი გახდა და
გამოვიდა შემდგომი კრებულები - „ღია ცის ქვეშ“ (1898 წ.), „ფოთოლცვენა“ (1901 წ.).

მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ცნობილი მწერლების გაცნობამ,


როგორებიც იყვნენ მაქსიმ გორკი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი. ივან ბუნინის
მოთხრობები „თხზულებათა სრულ კრებულად“ მოგვიანებით, 1915 წელს
გამოქვეყნდა.

1909 წელს ის სანკტ-პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის წევრად აირჩიეს, თუმცა


მწერალი რევოლუციურ იდეებს სკეპტიკურად უყურებდა და რუსეთი მალე
სამუდამოდ დატოვა.

ამის შემდგომ მისი ბიოგრაფია, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებას


ასახავს. ის მოგზაურობდა ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. პარალელურად, არ
მიუტოვებია ლიტერატურული საქმიანობა და შექმნა საუკეთესო ნაწარმოებები:
„მიტიას სიყვარული“ (1924 წ.), „მზის დარტყმა“ (1925 წ.) და ასევე თავისი ცხოვრების
მთავარი რომანი - „არსენევის ცხოვრება“ ( 1927-1929, 1933 წწ.). ამ რომანმა მოუტანა
ივან ბუნინს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც მან 1933 წელს
მიიღო.

სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა მაინც წერდა. ის ანტონ


ჩეხოვის პორტრეტზე მუშაობდა - ეს ნამუშევარი დაუსრულებელი დარჩა. 1953 წლის
8 ნოემბერს მწერალი გარდაიცვალა. ის პარიზშია დაკრძალული.

ახალგაზრდობა და სიბერე

თარგმნა ვასილ გულეურმა


(bu.org.ge)

ზაფხულის მშვენიერი დღეები, მშვიდი შავი ზღვა.

88
89

გემი სავსეა ხალხით და ტვირთით, – გემბანი გადატენილია კიჩოდან


წინაერდომდე. ცურვა ხანგრძლივია, წრიული – ყირიმი, კავკასია, ანატოლიის
სანაპირო, კონსტანტინოპოლი...
მცხუნვარე მზე, ცისფერი ზეცა, ლილისფერი ზღვა; დაუსრულებელი დგომა
ხალხმრავალ პორტში, ჯალამბარების გამაყრუებელი გრუხუნით, გინებით, კაპიტნის
თანაშემწეთა ყვირილით: – მაინა! ვირა! – და კვლავ სიმშვიდე, წესრიგი და
აუჩქარებელი ცურვა შორეულ მთებს შორის, მზის ხვატში რომ ლივლივებენ და
უჩინარდებიან.
პირველი კლასის კაიუტკომპანიაში სიგრილე, სიხალვათე და სისუფთავეა. ჭუჭყი
და სიმჭიდროვეა სხვადასხვა მოდგმის მგზავრების ჯგუფებში გემბანზე, მხურვალე
სამანქანოსთან და სურნელოვან სამზარეულოსთან, ჩარდახების ქვეშ მდგარ
საწოლებზე და ღუზის ჯაჭვებზე, ავზის თოკებზე. აქ ყველგან მდორე სუნია, ხან
ცხელი და სასიამოვნო, ხან თბილი და მყრალი, მაგრამ ერთნაირად აღმგზნები,
განსაკუთრებული, გემის, ზღვის სიგრილესთან შერეული. აქ არიან რუსის
გლეხუჭები და დედაკაცები, ხოხოლები, ათონელი ბერები, ქურთები, ქართველები,
ბერძნები... ქურთებს, – სრულიად ველურ ხალხს, – დილიდან საღამომდე სძინავთ;
ქართველები ხან მღერიან, ხან წყვილებად ცეკვავენ, მსუბუქად მოძრაობენ,
მოხდენილად შლიან ხელებს და თითქოს მიცურავენ ხალხის ბრბოში,
ხმაშეწყობილად უკრავენ ტაშს: ტაში-ტაში, ტაში-ტაში! პალესტინის რუსი
მომლოცველები გამუდმებით ჩაის სვამენ, მხრებჩამოშვებული მაღალი მამაკაცი,
მოკლე ყვითელი წვერით და სწორი თმებით, ხმამაღლა კითხულობს საღვთო
წერილს. მას გამჭოლ მზერას არ აცილებს სამზარეულოსთან განმარტოებული, რაღაც
გამომწვევად თავისუფალი ქალი წითელ კოფთაში და შავ თმებზე მოხვეული მწვანე
აბრეშუმის შარფით.
დიდხანს ვიდექით რეიდზე ტრაპეზუნდში.
სანაპიროზე გავისეირნე და, როდესაც დავბრუნდი, დავინახე, რომ ტრაპზე
ადიოდა ჩამოფლეთილი და იარაღასხმული ქურთების ჯგრო. ამალას წინ მიუძღოდა
დიდი და ძვალმსხვილი მოხუცი, თეთრ ქუდსა და ნაცრისფერ ჩოხაში, ვიწრო წელზე
მჭიდროდ შემორტყმული ვერცხლისბალთიანი ქამრით. ქურთები, რომლებიც
ჩვენთან ერთად მოცურავდნენ და გემბანის ერთ კუთხეში იწვნენ გროვად, წამოდგნენ
და ადგილი გაათავისუფლეს. მოხუცის თანმხლებლებმა უამრავი ხალიჩა გაშალეს,
ბალიშები დაალაგეს. მოხუცი მეფურად წამოწვა ამ ლოჟაში. მისი წვერი ქაფივით
თეთრი იყო, ხმელი სახე მზისგან გაშავებოდა და უჩვეულოდ უბრწყინავდნენ
მომცრო თაფლისფერი თვალები.
მივუახლოვდი, ჩავიმუხლე, ვუთხარი „სალამ“, და რუსულად ვკითხე:
– კავკასიიდან?
მან ასევე რუსულად, გულღიად მიპასუხა:
– შორიდან, ბატონო. ჩვენ ქურთები ვართ.
– საით მიცურავ?
89
90

მოკრძალებით, მაგრამ ამაყად გამცა პასუხი:


– სტამბულში, ბატონო.

თვით ფადიშაჰთან. თვით მასთან მიმაქვს სამადლობელი, საჩუქარი: შვიდი


მათრახი. ჩემი შვიდი ვაჟი წაიყვანა ფადიშაჰმა ომში, ყველა, ვინც მყავდა. და ყველა
მათგანი ბრძოლაში დაიღუპა. შვიდჯერ დიდებით შემმოსა ფადიშაჰმა.
– ნწუ, ნწუ, ნწუ! – უგულო სიბრალულით გადააქნია თავი პაპიროსით ხელში
ჩვენს თავზე მდგომმა ახალგაზრდა ლამაზმა ფრანტმა, ჩასუქებულმა ბერძენმა:
ამშვენებდა ალუბლისფერი დამასკური ფესკა, ნაცრისფერი სერთუკი თეთრი
ჟილეტით, ნაცრისფერი მოდური პანტალონები და გვერდიდან ღილებით შეკრული,
ლაქის ყელიანი ფეხსაცმელები. – ასეთი ბებერია და მარტო დარჩა!
მოხუცმა მის ფესკას შეხედა.
– რა სულელი ხარ, – მიუგო მან წყნარად. – აი, შენ დაბერდები, მე კი არც ვარ და
არც არასოდეს ვიქნები ბებერი.
მაიმუნზე გსმენია?
ლამაზმა ახალგაზრდამ უნდობლად გაუღიმა:
– რომელ მაიმუნზე?
– აბა, მომისმინე. ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა, იცი?
– ვიცი.
– შემდეგ ღმერთმა შექმნა ადამიანი და უთხრა მას: ადამიანო, შენ იცხოვრებ
ქვეყნად ოცდაათ წელს, – კარგად იცხოვრებ, გაიხარებ, იფიქრებ, რომ ამქვეყნად
ყოველივე ღმერთმა მხოლოდ შენთვის შექმნა. კმაყოფილი ხარ ამით? ადამიანი
ჩაფიქრდა: კარგი, მაგრამ სიცოცხლის მხოლოდ ოცდაათი წელი! ოჰ, ცოტაა! – გესმის?
– ჩაიცინა მოხუცმა.
– მესმის, – უპასუხა ლამაზმა ახალგაზრდამ.
– შემდეგ ღმერთმა შექმნა ვირი და უთხრა:
ატარებ რუმბებს და ზიდავ საპალნეს, ადამიანები შეგაჯდებიან და სახრეს
გირტყამენ თავში. კმაყოფილი ხარ ასეთი ვადით? ვირი აქვითინდა, ატირდა და
უთხრა: რად მინდა ამდენი? მომეცი, ღმერთო, სიცოცხლის მხოლოდ თხუთმეტი
წელი – მე კი დამითმე თხუთმეტი, – უთხრა ადამიანმა ღმერთს, – გთხოვ, დამიმატე
მისი წილიდან! – და ღმერთი ასეც მოიქცა, დათანხმდა. ადამიანს გაუხდა სიცოცხლის
ორმოცდახუთი წელი. – კარგად მოუვიდა ადამიანს, არა? – იკითხა მოხუცმა და
შეხედა ლამაზ ახალგაზრდას.
– ცუდად არ მოსვლია, – გაუბედავად უპასუხა მან, ეტყობოდა, ვერ გაეგო, რა
საჭირო იყო ეს ყოველივე.
– შემდეგ ღმერთმა შექმნა ძაღლი და მასაც სიცოცხლის ოცდაათი წელი მისცა. შენ,
უთხრა ღმერთმა ძაღლს, იქნები ყოველთვის ავი, უდარაჯებ პატრონის ქონებას, არ
ენდობი უცხოებს, უყეფავ გამვლელებს, ღამით არ დაიძინებ მოუსვენრობისაგან.

90
91

და ძაღლი აყმუვლდა: ოოჰ, ასეთი ცხოვრების ნახევარიც საკმარისია! და კვლავ


სთხოვა ადამიანმა ღმერთს: მე დამითმე ეს ნახევარიც! და კვლავ დაუმატა ღმერთმა. –
რამდენი წელი გაუხდა ადამიანს?
– სამოცი, – მხიარულად მიუგო ლამაზმა ახალგაზრდამ.
– შემდეგ კი ღმერთმა შექმნა მაიმუნი, მისცა ასევე სიცოცხლის ოცდაათი წელი და
უთხრა, რომ იცხოვრებდა უშრომელად და უზრუნველად, მაგრამ ძალიან შეუხედავი
იქნებოდა, – თავმოტვლეპილი, დანაოჭებული, შუბლზე აწეული გაქუცული
წარბებით, – და ყველა შეეცდებოდა მისთვის შეეხედა, ყველა დასცინებდა.
ლამაზმა ახალგაზრდამ ჰკითხა:
– ჩანს, იმანაც უარი თქვა და მხოლოდ სიცოცხლის ნახევარი სთხოვა?
– იმანაც უარი თქვა, – უპასუხა მოხუცმა, წამოიწია და ახლოს მდგომ ქურთს
ნარგილეს მუნდშტუკი გამოართვა. – და ადამიანმა თავისთვის ეს ნახევარიც ითხოვა,
– თქვა მან, კვლავ წამოწვა და ნაფაზი დაარტყა.
ის დადუმდა და იყურებოდა სადღაც წინ, თითქოს ჩვენი არსებობა დაავიწყდა.
შემდეგ კი გააგრძელა საუბარი ისე, რომ არავისთვის მიუმართავს:
– ადამიანმა თავისი საკუთარი ოცდაათი წელი ადამიანურად იცხოვრა – ჭამდა,
სვამდა, ომობდა, ქორწილებში ცეკვავდა, ჰყვარობდა ახალგაზრდა ქალებს და
ქალიშვილებს. ვირის კუთვნილ თხუთმეტ წელიწადს შრომობდა, სიმდიდრეს
აგროვებდა. ძაღლის თხუთმეტი წელი თავის სიმდიდრეს იცავდა, სულ ყეფდა
გაავებული, ღამით არ ეძინა. შემდეგ კი გახდა ისეთი საზიზღარი ბებერი, როგორც ის
მაიმუნი.
და ყველა თავს აქნევდა და დასცინოდა მის სიბერეს. აი, ასე იქნები შენც, –
დამცინავად უთხრა მოხუცმა ლამაზ ახალგაზრდას, თან კბილებში ნარგილეს
მუნდშტუკს ათამაშებდა.
– შენ რატომ არ იქნები ასე? – ჰკითხა ახალგაზრდამ.
– მე არ ვიქნები.
– რატომ ასე?
– ისეთები, როგორიც მე ვარ, ცოტანი არიან, – თქვა მოხუცმა მტკიცედ. – არ
ვყოფილვარ ვირი, არ ვყოფილვარ ძაღლი, – და რატომ ვიქნები მაიმუნი? რატომ
ვიქნები ბებერი?

მოთხრობის გზამკვლევი

რა არის სიბერე? ახალგაზრდები ამ კითხვით ხშირად არ ინტერესდებიან, თუმცა თუ რამის


უეჭველი გარანტია აქვთ, სწორედ მოხუცებულობაა. მაინც რატომ ხდება ასე - იმიტომ ხომ
არა, რომ არ სურთ იფიქრონ ყველაფრის დაკარგვაზე, რაც დაუოკებელ სიცოცხლესთან,
სიხალისესთან, ბედნიერებასა და სიყვარულთან არის დაკავშირებული?

კი მაგრამ როდის ხდება ეს? პასუხი თითქოს მარტივია - ბევრი წლის გასვლის შემდეგ,
როდესაც სულიცა და სხეულიც იღლებიან და ცხოვრებაც მოსაწყენი ხდება. მოკლედ,

91
92

სიბერე ბევრ წელთან ასოცირდება. ეს ბევრი წელი კი პირდაპირ უკავშირდება


სიცოცხლის გაფერმკრთალებას, დასუსტებასა და, საბოლოო ანგარიშით - სიკვდილს.
სიკვდილზე ფიქრი კი მაინცდამაინც არავის სურს - ეშინია ან ეზარება.

ბუნინის მოთხრობა გვიჩვენებს, რომ სიბერე წლების სიმრავლე კი არა, სულის განწყობა
და მდგომარეობაა. ხანდაზმულობა ცხოვრებასთან და ადამიანებთან მარცხი უფროა,
ვიდრე მეშვიდე თუ მერვე ათეული წლის გავლა წუთისოფელში.

მოქმედება გემზე ხდება, რომელიც თითქოს ხმაურიანი და მრავალფეროვანი სამყაროს


ერთობას გამოხატავს. ათასი ჯურისა და ყაიდის ადამიანებს მოუყრიათ აქ თავი. ყველას
თავისი ტრადიცია და ცხოვრების წესი აქვს. მთხრობელს მოხუცი ქურთი ხვდება. ის მას
საკუთარი ტრაგედიის (შვიდი ვაჟის ერთდროული სიკვდილი ბრძოლის ველზე) შესახებ
მოუთხრობს, რომელიც ღირსების შარავანდედით არის გაკეთილშობილებული.
ახალგაზრდა ბერძენი ფრანტი მოხუცი ქურთის ბედნიერ წუხილს დასცინებს, რადგან
ვერ წარმოუდგენია, რომ სევდა შესაძლოა სიხარულის მომტანიც იყოს. მისთვის,
მართლაც, გაუგებარია მოხუცის მომდევნო სიტყვები: „აი, შენ დაბერდები, მე კი არც ვარ
და არც არასოდეს ვიქნები ბებერი“.

ამის შემდეგ ჩვენ ვისმენთ იგავურ თხრობას ადამიანზე, ვირზე, ძაღლსა და მაიმუნზე. ეს
იგავი ჩვენი ყოფის სხვადასხვა განზომილებას გამოხატავს. როცა კაცის ცხოვრება, გარდა
ადამიანურისა, ვირის, ძაღლის ან მაიმუნის (ამ თანმიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს)
სიცოცხლესაც იტევს, ეს პიროვნების ღირსებას არღვევს და ნამდვილ ახალგაზრდობას
ასამარებს, რადგან სიბერე ღირსების არქონა ან დაკარგვაა და სხვა არაფერი.

ძალიან ცოტანი არიან მუდმივად ახალგაზრდები, იმიტომ რომ ვირი, ძაღლი და მაიმუნი
ყოველწამიერად უტევენ ადამიანს, რათა დაიმსგავსონ და სახე დააკარგვინონ. მათგან
თავის დაცვა ღირსების შენარჩუნების ერთადერთი გზაა. სწორედ ამიტომ ეუბნება
ახალგაზრდა ბერძენს მოხუცი ქურთი: „არ ვყოფილვარ ვირი, არ ვყოფილვარ ძაღლი და
რატომ ვიქნები მაიმუნი, რატომ ვიქნები ბებერი?“ მიხვდა კი ბერძენი, რა უთხრა მას
ხანდაზმულმა კაცმა? მოთხრობაში ეს არ ჩანს, მაგრამ მკითხველს საინტერესო
საფიქრალს უტოვებს.

ტონინო გუერა

იტალიელი პოეტი, სცენარისტი და მწერალი ტონინო გუერა 1920 წლის 16 მარტს სან-
არკანჯელოში დაიბადა, პატარა სოფელში, რიმინისთან შორიახლოს და სწორედ ამ
მხარეში გაატარა მთელი ცხოვრება. ურბინოს უნივერსიტეტის პედაგოგიური
ფაკულტეტი დაამთავრა. წერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ნაცისტების
საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა.

92
93

1953 წლიდან გუერამ ფილმებისთვის სცენარების შექმნა დაიწყო. მისი სცენარები


მსოფლიო კინოკლასიკის ოქროს ფონდში შევიდა. მუშაობდა სახელგანთქმულ
რეჟისორებთან, ჯუზეპე დე სანტისთან, მარიო ბოლონინისთან, დამიანო
დამიანისთან, ძმებ ტავიანებთან ერთად. მიქელანჯელო ანტონიონისთვის დაწერა
„თავგადასავალი“, „ღამე“, „მზის დაბნელება“, „წითელი უდაბნო“, „ობერვალდის
საიდუმლო“, „ქალის იდენტიფიკაცია“. თავის მეგობართან ფედერიკო ფელინისთან
ერთად შექმნა პიესა „ამარკორდი“, რომელზეც მოგვიანებით ცნობილი ფილმი
გადაიღეს. შემდეგ იყო „და მიცურავს ხომალდი“, „ჯინჯერი და ფრედი“, „ორკესტრის
რეპეტიცია“ და „კაზანოვა“. ტონინო გუერამ დაწერა სცენარი დოკუმენტური
ფილმისთვის „მოგზაურობის დრო“ და მხატვრული ფილმისთვის „ნოსტალგია“ და
ამრიგად, ანდრეი ტარკოვსკისთანაც იმუშავა.

70-იან წლებში ის ელეონორა იაბლოჩკინაზე დაქორწინდა. მეუღლეს


არაორდინარულ სიურპრიზებს უკეთებდა, ჩუქნიდა მანქანებსა და სახლებს, თუმცა
ყველაზე ხშირად - ლექსებს.

რიმინიში, ფედერიკო ფელინის პატივსაცემად, გუერამ რესტორანი გახსნა, რომელიც


საკუთარი ნახატებით გააფორმა.

მწერალი 2012 წლის 21 მარტს იტალიაში გარდაიცვალა.

ზეცაში ასასვლელი კიბე

თარგმნა ვახო სალიამ

ვერაფერს იზამ. ეს სოფელი ახლა ასე გამოიყურება. გადაზნექილი, დამპალი ხის


სახლები და სხვა არაფერი. მხოლოდ დასახლების განაპირას ქვითკირით ნაგები
მონასტერი დგას. სომხური წარმოშობის ერთი ცნობილი კონორეჟისორი მიყვებოდა,
რომ ბავშვობაში უნახავს, თუ როგორ თიბავდნენ ბერები მონასტრის სახურავზე
ამოსულ ბალახს. თურმე ქარს სხვადასხვა მცენარის თესლი მოჰქონდა და კრამიტებს
შორის ღრიჭოებში მონდომებით ტენიდა. განსაკუთრებით წვიმიან წლებში კი
ჭინჭარი, ყაყაჩო და ქერი ადამიანის მუხლის სიმაღლემდე იზრდებოდა.
ახლა სოფელი გაუკაცრიელებულია. რაღაც დიდი უბედურება მოხდა და
ადამიანებმა მიატოვეს აქაურობა. გალაღებული ბალახი სახურავებზე ხომ ამოსულა,
შენობების ლამის ყველა ნაპრალიდან ამომძვრალა და მყარად ნატკეპნი ბანების
ზედაპირზეც გაუხარია. მოქნილი და აწოწილი ბალახები ქარში ირწევიან. აქა-იქ
წითელი ყაყაჩოები ყელყელაობენ. ახლომდებარე მთებიდან მუდმივად მოცოცავს

93
94

ნისლი. კერიებში უკვე წლებია ცეცხლს არავინ ანთებს და სახლებში ნესტი


დაბუდებულა.
მოხეტიალე ბერძენმა ვაჭარმა თავისი ჯიპი ველობზე გააჩერა, მიმოიხედა,
ნესტოები დაბერა და ნელა ჩაისუნთქა აქაური ჰაერი. ადამიანების არსებობის
სურნელის შეგრძნება სურდა. ამაოდ. ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა. თითქოს
ყველა მიწამ ჩაყლაპაო. ადამის მოდგმის ნახვის იმედი გადაეწურა და აი საოცრება.
პატარა ცეცხლზე ჩაიდანი დუღს და იქვე მოხუცი ქალი ჩაცუცქულა. თეთრი
წინსაფარი უკეთია, იისფერი უსახელოებო ზედატანი აცვია და ვარდისფერი შალი
მოუხურავს. მოსასხამიდან, ერთი შეხედვით, უცნაურად მოხატული ხელი
გამოაცურა.
ბერძენი ვაჭარი მისკენ წავიდა. გვერდით მიუცუცქდა. მოხუცის ხელზე შორიდან
ნახატად აღქმული, ახლოდან აღმოჩნდა ვერცხლის სამაჯური, რომელზეც ძეწკვით
ხელის მტევნის ზურგზე დამაგრებული მონეტა ეკიდა; თვითონ ეს მონეტა კი სამი
მსგავსი ძეწკვით თითებზე წამოცმულ სამ ბეჭედთან იყო მიბმული. ნივთი აშკარად
იმსახურებდა ვაჭრის ყურადღებას. კარგი იქნებოდა მისი შეძენა. სარფიანი საქმე
ჩანდა. გამოვიდა, რომ მთიან გზებზე ამ სიცხეში ოთხდღიან ჯაყჯაყს ამაოდ არ
ჩაუვლია. მოხუცი ქალი აჩიფჩიფდა. ვერ გაიგებ, რა ენაზე ლაპარაკობს: თურქულად
თუ არაბულად. ვერ გაარჩევ. უმჯობესია პირდაპირ საქმეზე გადასვლა ანუ
ჩამოტანილი საქონლის ჩვენება და გაცვლის შეთავაზება. ბერძენს მოაქვს თევზის და
ქათმის ხორცის კონსერვები. მოხუცი იცინის, შალით სახეს იფარავს, შემდეგ
მოსასხამს ჩამოწევს, თვალებს გამოაჩენს და იქვე მდებარე ამომშრალი ტბორის
ფსკერს მიაჩერდება. ვაჭარი ჯიპსა და მოხუცს შორის მიდი-მოდის, ხან ტანსაცმელს
სთავაზობს, ხან მძივებს და ათასგვარ ჭრელაჭრულა ნივთებს. ფულიც შეაძლია.
ბოლოს მარკების საქაღალდე გადაუხსნა. მოხუცმა ჩიტისგამოსახულებიანი მარკა
ამოიღო, ხელები კაბის ნაოჭებში აფათურა. მაკრატელი იპოვა. მარკიდან ჩიტის
გამოსახულება ამოჭრა, ხელისგულზე დაიდო და აშკარად ელოდებოდა, როდის
შეიფრთხიალებდა ფრინველი. მართლაც, ქარმა აიტაცა ქაღალდის ჩიტი. მოხუცი
იცინის, ტაშს უკრავს და თვალს არ აშორებს ხმაურზე ტბორიდან აფრენილ ნამდვილ
ფრინველებთან ერთად მოფარფატე თავის ჩიტუნიას.
დედაბერი აქედან ძალიან შორს დაიბადა. ბავშვი იყო, როდესაც სულ სხვა
მხარეში გადაასახლეს. იქ ,ჯერ კიდევ გოგონამ, ხალიჩების სახელოსნოში დაიწყო
მუშაობა. ამ საქმემ მოითხოვა და მდინარის ნაპირზე დიდხანს ეძებდა „ქათმის
ღმერთს“ ანუ ნახრეტიან ქვას, ზოგან „ძაღლის ბედსაც“ რომ ეძახიან. ითვლებოდა,
რომ ვისაც ამგვარი ქვის საპოვნელად ნებისყოფა ეყოფოდა, იგი აუცილებლად
შეძლებდა დღეში ათი ათასი ნასკვის გაკეთებას. სამსახურში მიღების ასეთი წესი იყო
მაშინ. თუკი ქვაღორღიან ნაპირზე სიარულით დაიღლებოდი, ძებნას შეწყვეტდი, ესე
იგი ვერ მოქსოვდი მშვენიერ ხალიჩებს. ოცი წლის მუშაობის შემდეგ ცოლად გაჰყვა
სომეხს და მასთან ერთად გადმოსახლდა ამ მთის სოფელში. ხის სახლში

94
95

დაბინავდნენ. ახლა კი გამოჩნდა კაცი, ვისაც მისი სამაჯურის მითვისება მოუნდა.


მოხუცი, რასაკვირველია, არ დათმობს.
ბნელდება. ვაჭარმა გადაწყვიტა, ღამე მიტოვებულ ქოხში გაეთენებინა.
ხვალინდელ დღესაც ამ სოფელში გაატარებს და, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისას
მიაღწევს. ახლა მთავარია პრინციპულობა. მოხუცის სიჯიუტე უნდა გატეხოს. ნუთუ
მართლა ვერ შეძლებს დედაბრის გადარწმუნებას. საქმე უკვე ვაჭრის პროფესიულ
ღირსებას ეხება. თანაც ამ ადგილმა გაიტაცა, მოეწონა აქაური განმარტოებულობა.
ვაჭარს გაახსენდა თავისი ბავშვობა. ღამით ჭექა-ქუხილის შემდეგ როგორ
მიაბიჯებდა სოფლის ორღობეში, თხრილები წყლით იყო სავსე, ფეხქვეშ ლოკოკინებს
გასდიოდათ ხრაშახრუში.
ვაჭარმა მოხუცს თავი დაანება, გაცვლას აღარ სთავაზობს. ელოდება, იქნებ
თვითონ ითხოვოს რამე. თანაც იცის, რომ ნივთს, რომელიც ადამიანისთვის
ძვირფასია, დიდი ფულითაც ვეღარ იყიდი. დედაბერი ხომ სამაჯურს
განსაკუთრებულად უფრთხილდება.
ვაჭარმა მიტოვებული ქოხის აბალახებულ იატაკზე გადასაფარებელი დააფინა.
დილით გადასაფარებელი დაახვია და კედელზე მიაყუდა.
ბავშვობის შემდეგ ასე არ სძინებია... სწორედ ასე უნდა ეძინოს ადამიანს.
ძილბურანში კვიცივით ფშვინავდეს, დილით გაღვიძებული ჭერს ათვალიერებდეს
ან კარის ღიობში იდგეს და მონაბერი სიოთი ტკბებოდეს.
ვაჭარი ლოკოკინებს და სოკოებს აგროვებს. ვერ ამჩნევს დროის მდინარებას. თავს
ცხენად ან გამძაფრებული ყნოსვის მქონე რაიმე სხვა ცხოველად გრძნობს. წკრიალა
ჰაერში ოდნავ შესამჩნევ სურნელს შეიგრძნობს. არ ითვლის დღეებს და ღამეებს.
დაივიწყა დამქანცველი გზა. ცოცხლობს და მორჩა. არაფერზე ფიქრობს.
დაბოდიალობს და ირინდება ბალახებსა და ლოდების სამფლობელოში. აკვირდება,
როგორ დაცოცავენ და ისვენებენ მწერები ქვებზე. ისმენს ველური ფუტკრების
ბზუილს. საიდან მოვიდნენ და რას წარმოადგენენ? დიდი ხნის წინ დავიწყებული
კითხვებია.
და დადგა ის დღეც. მოხუცი ქალი ბალახებში მისკენ მოაბიჯებს. უახლოვდება.
ხელისგულით სამაჯური უჭირავს. როგორც ჩანს, მზადაა გადაცვალოს იგი რაიმე
ნივთზე, მაგრამ ვერ ახერხებს თავის სურვილის გამოხატვას. ტოტის ნატეხით ფხვიერ
მიწაზე რაღაცას ხატავს და მაშინვე მონდომებით შლის. საჭირო საგანი ამოკაწრა და
მაშინვე ინანა. იქნებ, რცხვენია. ალბათ, ასეც არის. აი ბალახებში გაკვალული
ბილიკით აჩქარებული ნაბიჯით უკან ბრუნდება. აშკარად რაღაც ეუხერხულება.
მიწაზე ის ტოტი აგდია, რომლითაც ხაზავდა. მოხუცი რაღაც ისეთ ნივთს
გულისხმობდა, რომლის დახატვაც ძალიან ადვილია. მაგრამ ვაჭარი ვერ ხვდება.
მოხუცთან ამ შეხვედრამ, ყველაფრისგან განმდგარი, არაფერზე მოფიქრალი და
ღვთის ჩიტივით მცხოვრები მისი არსება ძველ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნა.
ვაჭარი მოხუცს დაეძებს და მუსლიმთა სასაფლაოზე პოულობს. ქალი ორმოს
თხრის. აქ ყოველ საფლავთან მიწაში ჩარჭობილია ხის კიბე. მისი მეშვეობით
95
96

მიცვალებული ჩაჰყავდათ საფლავში. შემდეგ კი კიბეს იქვე ტოვებდნენ, რათა სულს


ზეცაში ასვლა გაადვილებოდა. სასაფლაო უბადრუკია, შაბნარი მოდებია იქაურობას,
კიბეები ოდნავ გადახრილან, თითქოს გაჭირვებით მიცოცავენ ზევით. გვერდით
ქრისტიანთა სასაფლაოა ორი დაბალი ქვით ნაგები თავშესაფრით. ოდესღაც აქამდე
მობობღავდნენ შავი ჭირით დაავადებულები. მათთვის საფლავის გამთხრელი ხომ
არავინ იყო.
მოხუცმა ვაჭარს ამოხედა და მიწის თხრა გააგრძელა. მერე გაჩერდა და
დაჟინებით მიაცქერდა სტუმარს. კიბეებზე მიუთითა. ვაჭარს ტოტით ნახატი
გაახსენდა.
„ის ხომ კიბე იყო“. – მიხვდა იგი.
– კიბე გინდა? – გაკვირვებულმა ჰკითხა.
ორმოში მდგარმა მოხუცმა თავი დახარა და ატირდა. სამაჯური მოიხსნა და
ვაჭარს მიაწოდა.
ვაჭარი კიბის საძებნელად მიდის, მაგრამ ვერსად პოულობს. გადაწყვეტს თვითონ
გააკეთოს. ამოიღებს ძველ ჟანგიან დანას და ქვაზე ლესავს. ახლა მას უამრავი
საზრუნავი გაუჩნდა: ტოტები უნდა ჩამოჭრას, გამოთალოს საფეხურები, მოჭრას ორი
ხე კიბის ჩანებისთვის; იპოვოს თოკი და წნელი, რითაც საფეხურებს მიამაგრებს
ჩანებზე.
ათი დღის შემდეგ კიბე მზადაა. მოხუცი თხოვს ორმოში ჩაუდგას და ბედნიერად
იღიმის.
დილით ვაჭარი სოფლიდან მიემგზავრება. ისიც ბედნიერად იღიმის.
მან ხომ მოხუცს სამაჯური გუშინვე დაუბრუნა.

მოთხრობის გზამკვლევი

ვაჭრობა ადამიანს ცხოვრების ფარდობითობაზე აფიქრებს - ყველაფერს თავისი ფასი აქვს და


ეს ღირებულებათა იერარქიას ქმნის. ამგვარი მეტ-ნაკლებობა ყველა ადამიანისთვის
ინდივიდუალურია. ან იქნებ არა? განა გამორიცხულია, რომ ზოგი ხედვა თუ განწყობა
საერთო და ზოგადი იყოს?

ბერძენი ვაჭარი უკაცრიელ სოფელში ხვდება, რომელშიც უკანასკნელი ადამიანი - მოხუცი


ქალი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დღეებს ითვლის. არავინაა მისი სევდის
გამზიარებელი - მხოლოდ ყაყაჩოები და ბალახები, რომლებიც ნასახლარებზე ამოსულან.
დედაბერს მშვენიერი ვერცხლის სამაჯური შემორჩენია - წინარე ცხოვრების სიყვარულისა და
კეთილდღეობის ნიშანი. ეს ნივთი მას ძალიან ეძვირფასება, ვაჭარს კი მისი შესყიდვა სურს.
რას აღარ სთავაზობს მის სანაცვლოდ მოხუც ქალს, მაგრამ გარიგებას კარგი პირი არ უჩანს.
რატომ? იმიტომ, რომ ეს უბრალოდ მშვენიერი და ძვირფასი ნივთი კი არ არის, არამედ ქალის
მთელი ცხოვრების გამომხატველია. განა ასე ადვილია, საკუთარ ცხოვრებას შეელიო და
გაყიდო? რა უნდა მოხდეს ისეთი, დედაბერმა რომ ვაჭრისთვის სასარგებლო

96
97

გადაწყვეტილება მიიღოს? ეს, ერთი შეხედვით, ისევე შეუძლებელი ჩანს, როგორც მარკიდან
ამოჭრილი ჩიტის გაცოცხლება (არადა, რომ „ცოცხლდება“ და ნამდვილ ჩიტებთან ერთად
ფარფატებს ჰაერში?!).

გადაწყვეტილების მიღებამდე დღეები გადის. ვაჭარი არ ტოვებს სოფელს - მიზნის მიღწევა


მისი პროფესიული ღირსების საქმედ იქცა. სწორედ აქ ხდება მთავარი რამ - ბერძენი დროის
შეგრძნებას კარგავს და უკაცრიელ სამყაროში, რომელშიც მხოლოდ ბუნება „ყელყელაობს“,
უბრალოდ „ცოცხლობს“ – „არ ითვლის დღეებს და ღამეებს. დაივიწყა დამქანცველი გზა.
ცოცხლობს და მორჩა. არაფერზე ფიქრობს. დაბოდიალობს და ირინდება ბალახებსა და
ლოდების სამფლობელოში. აკვირდება, როგორ დაცოცავენ და ისვენებენ მწერები ქვებზე.
ისმენს ველური ფუტკრების ბზუილს. საიდან მოვიდნენ და რას წარმოადგენენ?“ დიდი ხნის
წინ დავიწყებული კითხვები მოაწყდნენ მის სულსა და გონებას.

ვაჭარი თითქოს მატერიალური ღირებულებების - ფასების სისტემის - განზომილებიდან


ამოვარდება და საერთოდ ავიწყდება ვერცხლის სამაჯურიც და სხვა სარგებელიც. და
მხოლოდ ამის შემდეგ „დადგა ის დღეც“.

მოხუცი ქალი სამაჯურში კიბეს ითხოვს. ეს ნივთი ცისა და მიწის კავშირის უძველესი
სიმბოლოა. ასეთ სააზროვნო სიმაღლეებს ქალი ვერ ეახლება, მაგრამ სულით გრძნობს
(„სულითა ხოლო საცნაურ არს“, ამბობდნენ ჩვენი წინაპრები), რომ მომავალი სოფლის
ადვილ-მძიმე (ვისთვის - როგორ!) გზაზე კარგი „გარიგება“ იქნება, სამაჯური კიბეზე
გადაცვალოს. ეს სამაჯური მისთვის „ერთადერთიც“ არის და „ყველაფერიც“ და სწორედ მას
თმობს ზეციური კარის შესაღებად. საფლავებში ჩარჩენილი კიბეები - ადამიანთა სულები
უფრო ადვილად რომ ავიდნენ ცაში! რა მშვენიერი და ბრძნული სახეა ადამიანთა
მარადიული სიხარულიანი სევდისა...მოხუცი ქალი მის მიერვე საკუთარი თავისთვის
გათხრილი საფლავიდან გაუწვდის ვაჭარს ძვირფას სამაჯურს. ამ დროს ის ტირის. რას
გამოხატავს მისი ცრემლები? - ალბათ გამოთხოვებასაც და მისალმებასაც.

უცნაური სანახავია ვაჭარი, რომელიც კიბეს აკეთებს. რისთვის ირჯება ის -სარგებლისთვის?


არა - მხოლოდ იმისთვის, რომ პასუხი გასცეს დიდი ხნის წინ დავიწყებულ კითხვებს და
სოფლის დატოვებისას გაიღიმოს. ეს მსუბუქი და ბედნიერების შემგრძნობი კაცის ღიმილია,
რომელმაც „მოხუცს სამაჯური გუშინვე დაუბრუნა“.

ასეა - კიბე ყოველთვის ამარცხებს სამაჯურს.

ფრიდრიხ დიურენმატი

შვეიცარიელი პროზაიკოსი, პუბლიცისტი, დრამატურგი და მხატვარ-


იმპრესიონისტი, ფრიდრიხ დიურენმატი 1921 წლის 5 იანვარს კონილფინგენში
დაიბადა. ის ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატადაა მიჩნეული.

97
98

მწერლის ბაბია პოლიტიკოსი გახლდათ, მამა - პრტესტანტული ეკლესიის მსახური


სოფელში. 1935 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბერნში გადავიდა. ფრიდრიხი ჯერ
ბერნის თავისუფალ გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით, სხვა სკოლაში
ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები. ის კარგ მოსწავლედ არ მიიჩნეოდა და სკოლის
წლებს აღწერდა, როგორც ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდს. უმაღლესი
სასწავლებლების მიმართ ასეთი სკეპცისიზმი აღარ ამოძრავებდა და ორი, ციურიხის
და ბერნის უნივერსიტეტები დაამთავრა, იქ ფილოსოფიას, ფილოლოფიას,
ხელოვნების ისტორიასა და მხატვრობას შეისწავლიდა.

ჯერ კიდევ კონოლფინგენში ცხოვრებისას დაიწყო ხატვა, მოგვიანებით, საკუთარი


ნაწარმოებებისთვის ილუსტრაციებიც შექმნა, ზოგჯერ სპექტაკლებისთვის
ესკიზებსაც ქმნიდა.

1943 წელს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უნივერსიტეტში კარიერას


მწერლობას ამჯობინებდა. 1945 წელს გამოქვეყნდა მისი პიესა „რადგან ნათქვამია“,
რომელიც ერთი წლის შემდეგ თეატრში დაიდგა. 1950 წელს გამოქვეყნდა მისი მეორე
ნაწარმოები - „მოსამართლე და მისი ჯალათი“. თავიდან მწერალს ფინასნურად
ძალიან უჭირდა, შემდეგ კი, როგცა ცნობილი გახდა, რადიოდანაც ჰქონდა შეკვეთები
და მისი მდგომარეობა ამ მხრივ გაუმჯობესდა. შემდეგ წლებში დურენმატი
დეტექტივებს წერდა, რომლებიც ერთ-ერთ გაზეთში გაგრძელებებით ქვეყნდებოდა.

1950 წელს ასევე გამოქვეყნდა მისი პიესა „ბატონი მისისიპის ქორწინება“ და


გერმანული თეატრის სცენაზე მისი პირველი უდიდესი წარმატებაც აღინიშნა.
მსოფლიო აღიარება კი მოუტანა კომედიამ „მოხუცი ქალბატონის ვიზიტი“ (1956 წ.).
მწერალს პრესტიჟული შილერის პრემია 1960 წელს მიენიჭა, სხვა ჯილდოებთან
ერთად. მწერალი ბევრს მოგზაურობდა და საერთაშორისო პოლიტიკას აკრიტიკებდა.

მწერალი 1990 წლის 14 დეკემბერს, შევიცარიაში გარდაიცვალა. თავისი შემოქმედება


სახელმწიფოს უანდერძა, იმ პირობით, რომ ნაციონალური ლიტერატურული არქივი
შეიქმნებოდა.

გვირაბი

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ.4,
თბილისი, 2008)
98
99

ახალგაზრდა, უნივერსიტეტის ოცდაოთხი წლის სტუდენტი, ზაფხულის ნათელ


დღეს ციურიხისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს ელოდებოდა. სტუდენტი
ძალიან მსუქანი იყო, ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერ მოსალოდნელ ხიფათს
არიდებოდა და თავის სიმსუქნეს ისე იფარებდა, თითქოს კულისებს მიღმა იმალებაო.
მეორე დღეს სემინარი ჰქონდა, რომლის გაცდენაც აღარ შეიძლებოდა. მატარებლის
გასვლა 15.50, ჩასვლა – 19.27. უღრუბლო ციდან მზე უხვად ანათებდა, როდესაც
ახალგაზრდა კაცი მშობლიურ ქალაქს ტოვებდა. მატარებელი თვალწარმტაცი
სოფლებისა და პატარა ქალაქების გვერდის ავლით ალპებში მიდიოდა და
ბურგდორფის შემდეგ გვირაბში შევიდა. სტუდენტი გადაჭედილ ვაგონში ძლივს
შეეკვეხა და თავისი ადგილისკენ მიმავალი, გარშემომყოფთა უტყვ უკმაყოფილებას
გრძნობდა. მგზავრები ერთმანეთს მიტმასნილნი ისხდნენ, მხოლოდ პირველი
კლასის ვაგონში თუ ამოისუნთქავდი თავისუფლად. როდესაც ახალგაზრდა
სტუდენტი ახალწვეულებს, სტუდენტებს, შეყვარებულებსა და ჩვეულებრივ
ადამიანებში გზას მიიკვლევდა, ვაგონი აქეთ-იქით ქანაობდა, ბიჭი მუცლებსა და
ბიუსტებს შორის იკლაკნებოდა და ხან ვის ეჯახებოდა და ხან ვის. ბოლოს და
ბოლოს, თავის ადგილს რომ მიაღწია, გაოცდა. მესამე კლასის ვაგონში ასეთი რამ
იშვიათად ხდება – მთელი მერხი ცარიელი იყო. მოპირდაპირე მხარეს ჩასუქებული
კაცი (სტუდენტზე უფრო მსუქანი) თავის თავს ჭადრაკს ეთამაშებოდა. დერეფანში,
კუთხის სკამზე, ჟღალთმიანი გოგონა რომანს კითხულობდა. ის იყო ახალგაზრდა
კაცი ფანჯარასთან მოკალათდა, ჯიბიდან სიგარებიანი კოლოფი ,,ორმონდბრაზილ-
10” ამოიღო და გვირაბიც დაიწყო. მთელი წელიწადი თითქმის ყოველ შაბათ-კვირას
ამ მიწისქვეშა გასასვლელში გადიოდა, მაგრამ ყურადღება არასოდეს არ მიუქცევია,
ზოგჯერ უნდოდა დაკვირვებოდა, მაგრამ რაღაცაზე ჩაფიქრდებოდა და წამიერ
ჩაბნელებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ამჯერად მზისგან დამცავი სათვალეც კი
არ მოიხსნა, გვირაბზე საერთოდ არ ფიქრობდა. მზე კაშკაშა სინათლეს აფრქვევდა და
ფანჯრისმიღმა პეიზაჟი, გორაკები და ტყეები, იურიის შორეული მთაგრეხილი და
პატარა ქალაქების სახლები ოქროსფრად მოჩანდნენ, მაგრამ უეცრად ჩამოწოლილი
სიბნელე მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა, კუპეში ყიამეთი სიბნელე იყო, შუქს
არ ანთებდნენ, რამდენიმე წამში სინათლის სხივი უნდა შემოჭრილიყო და თან
კაშკაშა დღის ოქროსფერი ნათება მოეყოლებინა, თუმცა ჯერ ისევ ბნელოდა.
სტუდენტმა მუქი სათვალე მოიხსნა, წიგნის კითხვას მოწყვეტილმა, აშკარად
უკმაყოფილო გოგონამ სიგარეტს მოუკიდა. ახალგაზრდამაც ასანთი გაჰკრა და მაჯის
საათის განათებულ ციფერბლატზე თვალი მოჰკრა ციფრებს – 18.10. ფანჯარასთან
კუთხეში მყუდროდ მოეწყო და თავის აბნეულ სწავლაზე ჩაფიქრდა, მეორე დღის
სემინარი გაახსენდა, რომელზე წასვლაც არ უნდოდა. ეცადა საქმე აეწყო, მაგრამ
უშედეგოდ. როდესაც საათზე კიდევ ერთხელ დაიხედა, 18.15 იყო და ისევ გვირაბში
99
100

იყვნენ, ამან ცოტა დააბნია. ნათურები აინთო და კუპე განათდა. ჟღალთმიანმა


გოგონამ წიგნის კითხვა გააგრძელა. მსუქანმა კაცმა კი – თავის თავთან Qჭადრაკის
თამაში, ფანჯრიდან ისევ გვირაბი მოჩანდა. ახალგაზრდა კაცი დერეფანში გამოვიდა.
ღია ფერის ლაბადამოსხმული ვიღაც მამაკაცი წინ და უკან დადიოდა და ჰალსტუხს
აწვალებდა. სხვა კუპეებში მგზავრები ან გაზეთებს კითხულობდნენ, ან ერთმანეთში
საუბრობდნენ. სტუდენტი თავის კუპეში დაბრუნდა და კუთხეში დაჯდა. გვირაბი
ყოველ წუთს, ყოველ წამს უნდა დამთავრებულიყო. საათი 18.20-ს უჩვენებდა.
ახალგაზრდა კაცი ამან გააღიზიანა: გვირაბი, რომელსაც ადრე ყურადღებას არ
აქცევდა, უკვე თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა და თუ მატარებლის სიჩქარეს
გავითვალისწინებთ, შვეიცარიაში ყველაზე დიდი გვირაბი ყოფილა. ეტყობა, სხვა
მატარებელში ჩაჯდა, რადგან ვერაფრით გაეხსენებინა, რომ მისი მშობლიური
ქალაქიდან ოცი წუთის სავალზე ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი გვირაბი
არსებობდა. მსუქან მამაკაცს ჰკითხა, ეს მატარებელი ხომ ციურიხში მიდისო და
პასუხად დასტური მიიღო. ,,არ ვიცოდი გზის ამ მონაკვეთზე ამხელა გვირაბი თუ
იყო”, – თქვა ახალგაზრდამ, რაზეც მოჭადრაკემ გაღიზიანებულმა, რომ მძიმე
ამოცანის ამოხსნას უკვე მეორედ მოსწყვიტეს, უპასუხა, რომ, მართალია, შვეიცარიაში
პირველად მოგზაურობს, მაგრამ უკვე შეამჩნია – ამ ქვეყანაში ბევრი, ძალიან ბევრი
გვირაბია, ამას გარდა ყოველწლიურ სტატისტიკურ გამოცემაში წაიკითხა, რომ
ამდენი გვირაბი მსოფლიოში არსად არ არის, ამასთან წუხს, რადგან მეტ ყურადღებას
ვერ დაუთმობს, ვინაიდან ნიმცოვიჩის ვარიანტით არის დაკავებული. მოჭადრაკის
თავაზიანმა და დარწმუნებულმა პასუხმა ახალგაზრდა კაცი მიახვედრა – ამისგან
მეტს ვერაფერს გამოვრჩებიო და გაუხარდა ფერმკრთალი, გამხდარი და თითქოს
ნერვიული შესახედაობის კონდუქტორი რომ დაინახა. როდესაც გოგონას ბილეთს
ამოწმებდა, გაირკვა, რომ ოლტენში უნდა გადამჯდარიყო. სტუდენტმა ისევ
გაიფიქრა, აშკარად სხვა მატარებელში მოვხვდიო. ,,ნუ ღელავთ, ყველაფერი რიგზეა”,
– ბილეთის ნახვისას თქვა კონდუქტორმა. ,,კი მაგრამ, ჩვენ ისევ გვირაბში
მივდივართ!” გაღიზიანებული ხმით წამოიყვირა ახალგაზრდამ, გადაწყვიტა
საბოლოოდ გაერკვია ეს დახლართული სიტუაცია და ჯიუტად გაიმეორა – ,,აგერ
უკვე ოცი წუთია გვირაბში ვართ”. – კონდუქტორმა აშკარად ვერაფერი გაიგო. ,,ეს
მატარებელი ციურიხში მიდის – ფანჯარას გახედა და გაიმეორა მან – თვრამეტი
საათი და ოცი წუთი – ცოტა შეშფოთებულმა განაგრძო – მალე ოლტენში შევალთ.
ჩასვლა თვრამეტი და ოცდაჩვიდმეტი. იქნებ ამინდი შეიცვალა, ქარბორბალა
ამოვარდა და იმიტომ ბნელა?” – ,,სისულელეა. აღშფოთებული ჩაერია ნიმეცოვიჩის
ვარიანტით გართული კაცი, რადგან კონდუქტორს ბილეთი დიდხანს ეკავა და მას
არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. – სისულელეა, გვირაბში მივდივართ, კლდეების
გარჩევაც კი შეიძლება. მგონი გრანიტია. შვეიცარიას გვირაბების რაოდენობით
მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ყოველწლიურ სტატისტიკურ გამოცემაში

100
101

ამოვიკითხე”. როგორც იქნა, კონდუქტორმა ბილეთი დაუბრუნა, თან


მუდარაგარეული ხმით დაუმატა, მატარებელი ნამდვილად ციურიხში მიდისო.
სტუდენტმა მატარებლის უფროსის ნახვა მოისურვა. შემადგენლობის თავშიაო,
უპასუხა კონდუქტორმა და თან დაამატა კვირაში სამჯერ ამ მატარებელს დავყვები
და ნაღდად ციურიხში მიდისო. ახლა თვრამეტი საათი და ოცდახუთი წუთია.
ზაფხულის განრიგის თანახმად თორმეტ წუთში ოლტენში ვიქნებითო. ახალგაზრდა
კაცი კონდუქტორს გაჰყვა. გაძეძგილ კუპეებში გავლა ახლა უფრო რთული შეიქნა,
რადგან მატარებელი ძალიან ჩქარა მიდიოდა, თან ისეთი ხმაური იყო, საკუთარ
ნათქვამს ვერ გაიგონებდი. სტუდენტმა ყურებში ბამბის ტამპონები ჩაილაგა,
რომლებსაც ყოველი შემთხვევისათვის მუდამ თან დაატარებდა. ადამიანები, ვის
გვერდით გავლაც მოუწია, როგორც ყველა სხვა მატარებელში, მშვიდად იყვნენ და
ერთ შეშფოთებულ მზერასაც კი ვერ წააწყდა. მეორე კლასის ერთი ვაგონის
დერეფანში, ფანჯარასთან ინგლისელი იდგა, ყალიონს აბოლებდა და თითებს მინაზე
უდარდელად აკაკუნებდა. ,,სიმპლონი”4 – თქვა მან. ვაგონ-რესტორანშიც ყველაფერი
ჩვეულებრივად გამოიყურებოდა: არც ერთი თავისუფალი ადგილი. ნუთუ ვერც
ერთმა ოფიციანტმა ან მგზავრმა ვერ შეამჩნია, რომ გვირაბი უსაშველოდ გრძელია?
მატარებლის უფროსი ახალგაზრდა კაცმა ვაგონ-რესტორნის გასასვლელთან შეამჩნია
(სტუდენტმა წითელი ჩანთით იცნო). ,,რა გნებავთ?” – შეეკითხა მატარებლის
უფროსი, მშვიდი, მაღალი ტანის მამაკაცი, სათუთად მოვლილი ულვაშებით. ,,უკვე
ოცდახუთი წუთია, რაც გვირაბში ვართ”, – უთხრა სტუდენტმა. ახალგაზრდა კაცმა
იფიქრა ახლა ფანჯრისკენ შეტრიალდებაო, მაგრამ კაცმა ოფიციანტს გასძახა: ,,თუ
შეიძლება ,,შახტელ ორმონდ-10” მომეცით, ეს ბატონი და მე ერთნაირ სიგარებს
ვეწევით”. ასეთი სიგარები არ აღმოჩნდა. სტუდენტმა იფიქრა დაახლოების მიზეზი
ვიშოვეო და მატარებლის უფროსს ,,ბრაზილი” შესთავაზა. ,,გმადლობ, მიიღო
პასუხად, – არა მგონია ოლტენში სიგარების ყიდვა მოვასწრო, ძალიან დამეხმარეთ.
თამბაქოს გარეშე არ შემიძლია, თუ არ შეწუხდებით, იქნებ გამომყვეთ?” კაცმა
სტუდენტი საბარგო განყოფილებაში გაიყვანა, რომელიც პირდაპირ ვაგონ-
რესტორანს მოსდევდა. ,,ამის შემდეგ ლოკომოტივია, – თქვა მან. – შემადგენლობის
თავში ვართ”. საბარგო განყოფილებაში სუსტი ყვითელი შუქი ბჟუტავდა, პატარა
ფანჯრების რკინის ცხაურებიდან გვირაბის მქროლავი სიბნელე იგრძნობოდა:
გარშემო სასტუმროს იარლიყიანი ჩემოდნები, რამდენიმე ველოსიპედი და ერთი
საბავშვო ეტლი იდგა. მატარებლის უფროსმა წითელი ჩანთა საკიდურზე
ჩამოკიდა. ,,მაინც რა გინდოდათ?” – სტუდენტისთვის არც კი შეუხედავს, ისე ჰკითხა
და თან ჩანთიდან ამოღებულ რვეულში ცხრილის შევსება დაიწყო. ,,ბურგდორფიდან
გამოსვლისთანავე გვირაბში ვართ, – თქვა ახალგაზრდა კაცმა – ამხელა გვირაბი ამ
გზაზე არ არის, ყოველ კვირა აქ დავდივარ და ვიცი”. მატარებლის უფროსმა წერა

4
სიმპლონი – 19,5 კილომეტრი სიგრძის გვირაბი შვეიცარიასა და იტალიას შორის.
101
102

გააგრძელა. ,,პატივცემულო ბატონო, – როგორც იქნა უპასუხა და თან ისე


მიუახლოვდა, რომ მათი სხეულები ლამის ერთმანეთს შეეხო – პატივცემულო
ბატონო, თითქმის ვერაფერს გეტყვით. რა მოხდა ამ გვირაბში – არ ვიცი. არანაირი
ახსნა არ გამაჩნია. თავად განსაჯეთ: რელსებზე მივდივართ, გვირაბი სადმე უნდა
დამთავრდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გვირაბს რაღაც სჭირს, გარდა იმისა, რომ არ
მთავრდება”. სიგარა ისევ კბილებით ეჭირა, მაგრამ არ ეწეოდა, ძალიან ხმადაბლა
საუბრობდა, მაგრამ იმდენად თავდაჯერებულად და მკაფიოდ, რომ ყველა მისი
სიტყვა გასაგები იყო, თუმცა საბარგო განყოფილებაში ხმაური უფრო ძლიერი იყო,
ვიდრე ვაგონ-რესტორანში. ,,გთხოვთ, მატარებელი გააჩეროთ, – მოუთმენლად
განაცხადა ახალგაზრდა კაცმა – თქვენი ნათქვამიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე,
და თუ გვირაბს რაიმე სჭირს, და ახსნას ვერ პოულობთ, ვალდებული ხართ,
მატარებელი გააჩეროთ”. – ,,მატარებელი გავაჩერო? – ნელა გაიმეორა მატარებლის
უფროსმა – ამაზე მეც ვიფიქრე” (რვეული დახურა, საკიდარზე მოქანავე წითელ
ჩანთაში ჩადო და სიგარას მოუკიდა). ,,მაშინ სამუხრუჭე ონკანის გადმოწევა
მოგვიწევს”, – თქვა სტუდენტმა და სამუხრუჭე ონკანის გადაწევა დააპირა, მაგრამ
წონასწორობა დაკარგა და ვაგონის კედელს მიენარცხა. საბავშვო ეტლი დაიძრა და
ჩემოდნებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩამოცურდნენ. წინგაშვერილი ხელებით,
უცნაურად მოქანავე მატარებლის უფროსმა საბარგო განყოფილება გაიარა და
ვაგონის წინა კედელთან სტუდენტის გვერდით რომ აღმოჩნდა, თქვა: ,,ქვევით
ვეშვებით”. მაგრამ ვაგონები ერთმანეთს არ შეჯახებია. ისეთი შეგრძნება იყო,
თითქოს მატარებელი გაჩერდა და ვაგონების გასწვრივ გვირაბი გარბოდა. საბარგო
განყოფილების ბოლოში კარი გაიღო და სანამ მიიხურებოდა, განათებულ ვაგონ-
რესტორანში გამოჩნდა ხალხი, რომელიც სვამდა და საუბრობდა. ,,ლოკომოტივში
გადავიდეთ”, – თქვა მატარებლის უფროსმა და სტუდენტს გახედა, მის ხმაში
უცნაური მუქარა იგრძნობოდა, შემდეგ კარი გამოაღო, მაგრამ ჰაერის ძლიერმა
ტალღამ ისევ კედელზე მიანარცხა. იმავდროულად ორივემ იგრძნო, როგორ
უცნაურად შექანდა საბარგო ვაგონი. ,,სამანქანო ნაწილში უნდა გავაღწიოთ!” ყურში
ჩაყვირა სტუდენტს მატარებლის უფროსმა და კარის მართკუთხა ჭრილში
გაუჩინარდა. სტუდენტი მაშინვე უკან მიჰყვა, თუმცა ვერაფრით ვერ გაეგო, რა
ხდებოდა. რკინის მოაჯირს ჩაჭიდებული, ვაგონის ღია ნაწილში გავიდა. ძლიერი
ქარი უკან ექაჩებოდა, საშინელ გვირაბთან სიახლოვეზე რომ არ ეფიქრა, ახალგაზრდა
ცდილობდა მთელი ყურადღება ლოკომოტივზე გადაეტანა. ბორბლების ძაგძაგი და
ჰაერის სტვენა რომ ესმოდა, ეგონა კოსმოსური სიჩქარით ქვის სამყაროში
მივექანებიო. ქვევით, ღია პლატფორმასა და ლოკომოტივს შორის, ვიწრო
გასასვლელს ხედავდა. ლოკომოტივამდე რომ მიეღწია, მისი გამოთვლით ერთ
მეტრზე უნდა გადამხტარიყო. გადახტა და რკინის მოაჯირს ჩაბღაუჭებული კედელ-
კედელ წინ წავიდა. მატარებლის უფროსმა სამანქანო განყოფილებაში შეათრია.

102
103

გაწამებული სტუდენტი კედელს მიეყრდნო; სამანქანო განყოფილებაში უჩვეულო


სიჩუმე იდგა. უშველებელი ლოკომოტივის ფოლადის კედლები ხმას ახშობდა და
როდესაც მატარებლის უფროსმა კარი მიკეტა, ხმაური ძლივსღა მოისმოდა.
`სიგარებიც დავკარგეთ, – თქვა მან – თუ კოლოფში არ დევს, ადვილად იმტვრევა”.
ახალგაზრდა კაცი, კლდეებთან სარისკო სიახლოვის შემდეგ, მოხარული იყო რამე
ისეთს შეხებოდა, რაც დააბრუნებდა ჩვეულ ცხოვრებასთან, სადაც ნახევარი საათის
წინ იმყოფებოდა. იმავე დღესა და წელს მანამ, სანამ დედამიწის ცენტრისკენ ვარდნის
საშინელებას შეიგრძნობდა. შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ყავისფერი კოლოფი
ამოიღო. მატარებლის უფროსს სიგარა კიდევ შესთავაზა და თავადაც
მოუკიდა. ,,მომწონს ეს სიგარები, – თქვა კაცმა – ოღონდ ღრმა ნაფაზი უნდა დაარტყა,
ისე გემოს ვერ შეიგრძნობ”. ამ სიტყვებმა სტუდენტს უნდობლობა გაუღვიძა, იგრძნო
რომ მატარებლის უფროსი გაურბოდა ფიქრს გვირაბზე, რომელიც მათ გარედან თავს
ახსენებდა (ჯერაც არსებობდა იმედის ნაპერწკალი, რომ გვირაბი ისევე უცებ
დასრულდებოდა, როგორც სიზმარი მთავრდება ხოლმე). ,,თვრამეტი საათი და
ორმოცი წუთი – განათებულ ციფერბლატიან საათს დახედა და თქვა სტუდენტმა –
ახლა ოლტენში უნდა ვიყოთ”. – თან კაშკაშა მზით მოოქროვილ გორაკებსა და
ტყეებზე გაიფიქრა, რომელთა ხედითაც სულ ცოტა ხნის წინ ტკბებოდა. სამანქანო
განყოფილების კედელს მიყუდებული ორი ადამიანი იდგა და ეწეოდა. ,,კელერი
მქვია”, – თქვა მატარებლის უფროსმა და ნაფაზი დაარტყა. ახალგაზრდა კაცი
დანებებას არ აპირებდა. ,,სამანქანო განყოფილებამდე მოღწევა არც თუ ისე უხიფათო
იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის – შენიშნა მან – აქ რისთვის მომიყვანეთ?” კელერმა
უპასუხა, რომ თავადაც არ იცის, უბრალოდ, მოფიქრებისთვის დროის მოგებას
ცდილობდა. ,,დრო მოფიქრებისთვის”... გაიმეორა სტუდენტმა. ,,ჰო, – ასეა”, თქვა
მატარებლის უფროსმა და მოწევა გააგრძელა. მანქანა თითქოს ისევ დაღმა
დაეშვა. ,,შეგვიძლია მემანქანის კაბინაში შევიდეთ”, – შესთავაზა კელერმა.
ახალგაზრდა კაცი დერეფანს გაუყვა, მაგრამ კელერი ადგილიდან არ დაძრულა.
როდესაც სტუდენტმა კარი გამოაღო თქვა, – ,,ცარიელია, მემანქანის ადგილი
ცარიელია”. კაბინაში შევიდნენ. იდგნენ და ქანაობდნენ, რადგან ლოკომოტივი
საშინელი სისწრაფით მატარებელს გვირაბის სიღრმეში მიაქანებდა. ,,ა, ბატონო”, –
თქვა მატარებლის უფროსმა და რაღაც სახელურს დააწვა, შემდეგ სამუხრუჭე ონკანი
გამოსწია. მანქანა არ ემორჩილებოდა. როგორც კი იგუმანეს რაღაც უჩვეულო ხდებაო,
ყველაფერი იღონეს, რომ გაეჩერებინათ. მაგრამ მანქანა ვერ დაიმორჩილეს”. `სულ
წინ ივლის... – თქვა სტუდენტმა და სიჩქარის საზომს დახედა – ასორმოცდაათი.
ოდესმე მატარებელს ასე ჩქარა უვლია?” – ,,ღმერთო ჩემო, – თქვა მატარებლის
უფროსმა – ასეთი სიჩქარე წარმოუდგენელია: ასორმოცდაათი?!” – ,,მეტი – თქვა
სტუდენტმა – სისწრაფე მატულობს. უკვე ასორმოცდათვრამეტია. ვვარდებით”.
ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და სახით ფანჯრის მინას აეკრა –

103
104

`ლოკომოტივის მემანქანე სად არის?” – იყვირა მან და მის გარშემო პროჟექტორების


ხასხასა შუქზე მქროლავ კლდეებს მიაშტერდა. ,,გადახტა”. პასუხად გასძახა
მატარებლის უფროსმა და იატაკზე დაეშვა. ,,როდის?” – ჰკითხა სტუდენტმა. კელერმა
შეიცადა, მერე ისევ მოწევა განაგრძო. `ხუთი წუთიც არ იყო გასული, – უპასუხა მან. –
ყველას გადარჩენაზე ფიქრი უაზრობა იყო. საბარგო მატარებლის მორიგეც გადახტა”.
– ,,თქვენ?” – შეეკითხა სტუდენტი. – `მე მატარებლის უფროსი ვარ, – უპასუხა მან, –
თან ყოველთვის იმედის გარეშე ვცხოვრობდი”. – ,,იმედის გარეშე”... უფსკრულის
თავზე, შუბლით მინაზე მიჭყლეტილმა გაიმეორა ახალგაზრდა კაცმა. ,,გამოდის,
კუპეებში როცა ვისხედით წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ჩვენთვის ყველაფერი
დამთავრებულია – გაიფიქრა მან – არაფერი არ მიგვანიშნებდა იმაზე, რომ
მატარებელი სიღრმეში, უფსკრულისკენ მიექანება”. ,,უკან უნდა გავბრუნდე, –
იყვირა მატარებლის უფროსმა – ვაგონებში ხალხი დაბნეული იქნება, შეიძლება
არეულობა დაიწყოს”. – ,,რა თქმა უნდა”, – უპასუხა სტუდენტმა და მსუქანი
მოჭადრაკე და ჟღალთმიანი გოგონა გაახსენდა, თავისი წიგნით. კელერს ,,ორმონდ
ბრაზილი-10”-ის კოლოფი გაუწოდა: ,,აიღეთ, სანამ უკან დაბრუნდებით, სიგარას
კიდევ დაკარგავთ”. ახალგაზრდასაც ხომ არ სურს უკან დაბრუნებაო, შეეკითხა
მატარებლის უფროსი, მერე ძალ-ღონე მოიკრიბა და დერეფანში გაჭირვებით გააღწია.
ახალგაზრდა კაცი უსარგებლო საგნებს უყურებდა, უაზრო სახელურებსა და
გამომრთველებს, რომლებიც კაბინის შუქზე ვერცხლისფრად ელვარებდნენ. ,,ორას
ათი – არა მგონია ასეთ სიჩქარეზე ვაგონებამდე მიაღწიოთ”. – ,,ეს ჩემი მოვალეობაა”,
– უპასუხა მატარებლის უფროსმა. ,,რა თქმა უნდა”, – გამოეპასუხა სტუდენტი,
თუმცა, კარგად ესმოდა, რამდენად უნაყოფო იყო ეს მცდელობა”. ,,უნდა ვეცადო
მაინც”. უკვე დერეფნიდან შემოსძახა კელერმა. მუხლებითა და იდაყვებით მეტალის
კედელზე დაყრდნობილი მიხოხავდა. ლოკომოტივი თავბრუდამხვევი სისწრაფით
ქვევით მიექანებოდა, რათა დედამიწის წიაღამდე ეს უცნაური და საშინელი ვარდნა
ყოველივე არსებულის საბოლოო მიზნამდე მიეყვანა. ძლიერმა დარტყმამ კელერი
პირდაპირ სტუდენტთან ჩამოაგორა, რომელიც ძალაგამოცლილი წინა საქარე მინის
ქვეშ პირქვე იწვა. კელერმა გასისხლიანებული სახე მოიწმინდა, მართვის პულტს
დაეყრდნო, რომ წამოწეულიყო. ახალგაზრდა კაცს მხრებზე მოეხვია და მის გვერდით
გაიშოტა. ,,რა უნდა გავაკეთოთ?” ყურში ჩაჰყვირა ახალგაზრდას. სტუდენტის
მსუქანი სხეული უსიცოცხლო და გამოუსადეგარი ეჩვენა, ეს სხული უკვე აღარ იყო
ფრთხილი, უფსკრულის პირას გაუნძრევლად იწვა და ამ უფსკრულში ცხოვრებაში
პირველად ფართოდ გახელილი თვალებით იყურებოდა. ,,რა გავაკეთოთ?! –
არაფერი”, – უსიცოცხლოდ უპასუხა ახალგაზრდამ ისე, რომ სასიკვდილო
სპექტაკლისათვის თვალი არ მოუცილებია. ქარის ძლიერმა ტალღამ დააბზრიალა და
მაღლა აიტაცა ბამბის ტამპონები, ცოტა ხნის წინ ყურებში რომ გაიკეთა – მერე

104
105

გვერდითი ფანჯარა გაიბზარა. – ,,არაფერია, ღმერთმა მიგვატოვა, მიგვაგდო, ჩვენ კი


მაღლა, მისკენ მივემართებით”.

მოთხრობის გზამკვლევი

საით მიდის (ან იქნებ „მიექანება“ უფრო მართებული სიტყვაა?) კაცობრიობა, თუ


წარმოვიდგენთ, რომ ის მატარებელში ზის? ამხელა მატარებელი არ არსებობს, - იტყვის ვიღაც
მოსაწყენად ეჭვიანი, მაგრამ დიურენმატისა და ბევრი ჩვენგანისთვის ამგვარი ხედვა
პრობლემად ვერ იქცევა - ის, რაც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს, ყოველთვის
მოსალოდნელია რეალობად იქცეს და ეს რეალობა არც ერთ სხვაზე ნაკლები თუ უმნიშვნელო
არ იქნება.

მატარებელი გვირაბში მიდის და ეს გვირაბი არ მთავრდება - სად არის აქ ლოგიკა? სანამ ამ


კითხვას ვუპასუხებდეთ, ერთი სხვა კითხვაც დავსვათ: ის, რაც სამყაროში ხდება, მოკლედ
რომ ვთქვათ - როგორც ადამიანები, საზოგადოებები და სახელმწიფოები თუ მათი
გაერთიანებები ცხოვრობენ, - ლოგიკურია და საღი აზრის ფარგლებში თავსდება? ვინც
დადებით პასუხს დაიჩემებს, ძალიან რთული სააზროვნო სისტემის აგება მოუწევს თვალსა
და ხელს შუა.

გვირაბი რომ არ მთავრდება, ცხადია, აბსურდია. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს


დაუმთავრებლობა რაღაცას უნდა ნიშნავდეს და მიგვანიშნებდეს. მაინც რას? ალბათ იმას,
რომ თუ კაცობრიობამ განვითარებისა და თანაცხოვრების უკეთესი გზა და ფორმა არ მოძებნა,
ვიდრე ახლა აქვს, მატარებლის კატასტროფა გარდაუვალია. სამყაროს უამრავი
წინააღმდეგობა და კონფლიქტი ღრღნის და მათი საბოლოო გადაწყვეტისა თუ დასრულების
არავითარი ნიშანი, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს.

ადამიანები ვეღარც საზღვრავენ, საით მიდის „მატარებელი“, რადგან მემანქანე უკვე


„გადახტა“ (როგორც მატარებლის უფროსი ამბობს: „ყველას გადარჩენაზე ფიქრი უაზრობა
იყო“.) სიჩქარე - ქვემოთ თუ ზემოთ ვარდნის - ყოველწამიერად იმატებს, მაგრამ მატარებლის
უფროსს ეს საბედისწეროდ არ ანაღვლებს - ის ხომ ყოველთვის იმედის გარეშე ცხოვრობდა
(ნიშნავს ეს იმას, რომ მმართველ ელიტას მომავლის რწმენა არ აქვს?). ბევრი ადამიანი დიდი
სისწრაფით მიექანება (ამ კონტექსტში, როგორც გამოჩნდა, ეს სიტყვა უფრო მართებულად
გამოიყურება) ვერც კი ხვდება, რისკენ. თუმცა ეს მიზანი თუ უმიზნობა ძალიან საშიშად
გამოიყურება. როდესაც ადამიანები მხოლოდ საკუთარი სიმართლით მართავენ სამყაროს,
უპირველესად, სწორედ საკუთარსავე თავს ღალატობენ და ივიწყებენ. სწორედ ამ დროს
ხდება ერთი ფრაზა ყველაზე აქტუალური: „არაფერია, ღმერთმა მიგვატოვა, მიგვაგდო, ჩვენ
კი მაღლა, მისკენ მივემართებით“.

მერე რა, რომ უცნაურად ადამიანური გვირაბის სიბნელეში უპირველესი მიზნისკენ სვლა
გაგვიჭირდება. მთავარია, რომ მთავარ დამნაშავედ სწორედ ის გამოვიყვანოთ და არა
საკუთარი თავი.

105
106

უმბერტო ეკო

იტალიელი რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ფილოსოფოსი,


სემიოტიკოსი, უმბერტო ეკო 1932 წლის 5 იანვარს იტალიაში, ალესანდრიაში
დაიბადა. მამას უნდოდა, რომ უმბერტოს ბედი იურისპრუდენციაში ეცადა, მაგრამ
მას სხვა გეგმები ჰქონდა. ტურინის უნივერსიტეტში შუა საუკუნეების ფილოსოფიისა
და ლიტერატურის შესწავლა გადაწყვიტა. უნივერსიტეტში სწავლისას მან
გააცნობიერა, რომ ღმერთის არ სწამდა და კათოლიკური ეკლესია დატოვა.
1950-იან წლებში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი - „წმინდა თომას ესთეტიკური
პრობლემა“, რომელსაც 1959 წელს მოჰყვა მეორე წიგნიც - „შუა საუკუნეების
ესთეტიკის განვითარება“. უმბერტო ეკომ შეძლო იტალიის სამეცნიერო წრეებში
თავის დამკვირდება და შემდეგ დაიწყო იმ იმაზე ფიქრი, როგორ გადმოეცა
სემიოტიკის იდეები საკუთარ ნაწარმოებებში. 1962 წელს გამოიცა მისი კიდევ ერთი
წიგნი „ღია ნაწარმოები“.

წარმატებული სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, ეკომ 1980 წელს თავისი


პირველი მხატვრული ნაწარმოები „ვარდის სახელი“ გამოსცა, რომელმაც
მსოფლიოში გაუთქვა სახელი. რომანში ფრანცისკელი ბერი მონასტერში ჩადენილი
მკვლელობების სერიას იძიებს. მეორე რომანი „ფუკოს ქანქარა“ ავტობიოგრაფიულია.
ეკოს ნაწარმოებებში ადვილად შეიძლება დაკარგოთ რეალობის შეგრძნება, რაც
მკითხველს ნაწარმოების სიღრმისეულად გაცნობას აიძულებს. ეკოს, ასევე, ეკუთვნის
რომანები: „გუშინდელი დღის კუნძული, “ „ბაუდოლინო“, „დედოფალ ლოანას
საიდუმლო ვნებანი“.

მწერალი 84 წლის ასაკში მილანში 2016 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა.

,,ეს“
თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა
(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი,
გამომცემლობა „დია“, ტ. 4, თბილისი, 2008)

– პროფესორო, წარმატების საქმე როგორ მიდის? – ამბობს გენერალი და პასუხს


მოუთმენლად ელოდება.

– რა წარმატებაზე მეკითხებით? – შეუტრიალებს კითხვას პროფესორი კა, თუმცა


პასუხის გაცემას აშკარად არ ჩქარობს.

106
107

– ხუთი წელია აგერ, გამოქვაბულში მუშაობთ და ერთხელაც არავის


შეუწუხებიხართ, იმიტომ, რომ გენდობით, მაგრამ, რამდენ ხანს შეიძლება სიტყვაზე
გენდობოდეთ, დროა გვაჩვენოთ სამუშაო!
გენერლის ხმაში მუქარა გაისმა, კამ ხელი უხალისოდ ჩაიქნია და გაიღიმა:
– გენერალო, ზუსტად მიზანში მოახვედრეთ, ვფიქრობდი ცოტა ხანს კიდევ
დამეცადა, მაგრამ თქვენ მე შემაგულიანეთ... სამუშაო უკვე დავასრულე, – თქვა ახლა
უკვე ჩურჩულით პროფესორმა, – მზეს გეფიცებით, მზად ვარ, მთელ მსოფლიოს
ვაჩვენო.
პროფესორი გენერალს გამოქვაბულში შეუძღვა და იმ შორეულ სიღრმეში
შეიყვანა, სადაც კედელში ჩარჩენილი ვიწრო ღიობიდან სინათლის სუსტი სხივი
აღწევდა – ,,ეს” კედლის შვერილ სწორ, გლუვ ზედაპირზე იდო.
ფორმით ნუშს ჰგავდა, ჰქონდა უამრავი წახნაგი და ბრწყინავდა.
– მაგრამ ეს ხომ... ეს ხომ ქვაა?! – დაიბნა გენერალი.
პროფესორს ხშირი, დაფანჩული წარბების ქვეშ ცისფერი თვალები ეშმაკურად
აუციმციმდა:
– დიახ, ეს ქვაა, მაგრამ ყველა ქვისგან განსხვავებული. ვინაიდან ჩვენ მას ფეხით
ვერ გავქელავთ, ჯობს, ხელში ავიღოთ.
– ხელში?
– დიახ, გენერალო. მასში ის უზარმაზარი ძალაა, რაზეც კაცობრიობა დღემდე
ოცნებასაც ვერ ბედავდა, ძალა, რომელიც მილიონი ადამიანის ძალას უტოლდება.
აბა, ახლა შეხედეთ!
პროფესორმა ქვას ხელი დაადო, თითებს შუა მოიქცია, მაგრად ჩაბღუჯა და აიღო.
ქვის ბრტყელი ნაწილი ხელისგულზე იდო, წამახული წვერი ზევით იყო მოქცეული.
პროფესორის ხელის მოძრაობის მიხედვით ქვის ეს ნაწილი ხან ქვევით მოექცეოდა,
ხან ზევით, ხანაც გენერლისკენ. პროფესორმა ხელი აიქნია და ქვის წამახულმა
ნაწილმა ჰაერში წრე მოხაზა. მერე ქვა ზევიდან ჩამოაგდო, წვერით ქვა კედლის
შვერილს დაეცა და – აი, სასწაული! – შვერილის მყიფე ქანში შეიჭრა. პროფესორმა ქვა
ისევ ხელში აიღო, კედლის შვერილს რამდენიმეჯერ დაარტყა, შვერილზე ჯერ
ღრმული გაჩნდა, მერე ღრმა ძაბრისებური ორმო და კედლის ის ნაწილი ჯერ
დაიშალა, მერე მტვრად იქცა.
გენერალი სუნთქვაშეკრული, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა.
– წარმოუდგენელია! – ჩაილაპარაკა ჩუმად თავისთვის და ნერწყვი გადაყლაპა.
– ეს რა არის! – წარმოთქვა ზარ-ზეიმით პროფესორმა, – ჯერ ეს არაფერია! თუმცა
თითებით მსგავსს თქვენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გააკეთებთ... აბა ახლა კარგად
შეხედეთ! – მეცნიერმა კუთხეში დადებული ქოქოსის უშველებელი, ქვასავით მაგარი,
ეკლიანი კაკალი აიღო და გენერალს გაუწოდა.
– ახლა ორივე ხელი მაგრად მოუჭირეთ და გაჭყლიტეთ.

107
108

– კმარა, შეწყვიტეთ, პროფესორო! – ხმა აუკანკალდა გენერალს, მშვენივრად


იცით, ეს შეუძლებელია. ამის გაკეთება არც მე შემიძლია, არც თქვენ, ამას მხოლოდ
დინოზავრი თუ შეძლებს, მხოლოდ ის თუ ჩაიგემრიელებს პირს მისი რბილობით,
მისი წვენით პირს ჩაიკოკლოზინებს.
– კი, ბატონო, – აღელდა პროფესორი, – ახლა კი კარგად მიყურეთ:
ამ სიტყვებით კაკალი აიღო, კედლის შვერილში ახლახანს ქვით ამოთხრილ
ღრმულში ქვა წამახული მხრიდან ჩადო ისე, რომ ქვის ბრტყელი მხარე ზევით იყო
მოქცეული, კაკალი მაგრად დასცხო და ნამტვრევებად ქცეული ნაყოფიდან რძე
ჩქაფუნით გადმოიღვარა, რბილობის თეთრი, წვნით გაჟღენთილი ნაჭრები კი
ნაჭუჭის ნამტვრევებში ჩარჩა. გენერალმა ერთ ნაჭერს ხელი დაავლო და პირში
ხარბად იტაკა. ხან ქვას მისჩერებოდა გაოგნებული, ხან ნამტვრევებად ქცეულ კაკალს
და ხან პროფესორს.
– მზეს გეფიცები, კა, ეს მართლაც ჩინებული რამ არის! ადამიანს ძალა შეემატა,
ათასჯერ უფრო ღონიერი გახდა, აღარც დინოზავრის ეშინია, აღარც არაფრის, ახლა
ის ტყეების, ჭიუხების პატრონია. ახლა მას კიდევ ერთი ხელი აქვს! არა, ერთი კი არა,
ათასი!.. ეს ქვა სად იპოვეთ?
კამ კმაყოფილმა ჩაიცინა:
– კი არ ვიპოვე, გავაკეთე!
– ამით რის თქმა გინდათ?
– რის და იმის, რომ ეს ადრე არ არსებობდა.
– კა, ხომ არ გადაირიეთ? – თქვა გენერალმა და შეაკანკალა, – იქნებ ციდან
ჩამოვარდა, იქნებ მზის შიკრიკმა, ჰაერის რომელიმე მცველთაგანმა მოიტანა... განა
შეიძლება გააკეთო ის, რაც ადრე არასოდეს ყოფილა?!
– შეიძლება! – თქვა დაბეჯითებით კამ, – შეგიძლია აიღო ქვა და მანამდე ურტყა
მეორე ქვას, ვიდრე სასურველ ფორმას არ მიიღებს, ისეთს, როგორის ხელში აღება და
მუჭაში მოქცევა შეგეძლება. მერე კი ამ ქვის დახმარებით უამრავი უფრო დიდი,
უფრო წვეტიანი ქვის გაკეთებას შეძლებ... დიახ, ,,ეს” მე გავაკეთე!
გენერალს შუბლი ოფლის მსხვილი წვეთებით დაეცვარა.
– კა, ჩვენ ,,ეს” ყველას... ყველას... მთელ ჩვენ ურდოს უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი
კაცები უვნებელნი დარჩებიან, გესმით, უვნებელნი! ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა
შეგვიძლია დათვებზეც გავიდეთ – დათვებს ბრჭყალები აქვთ, ჩვენ – ,,ეს” გვაქვს!..
ჩვენ შეგვიძლია მხეცს მანამდე მოვერიოთ, ვიდრე ის რაიმეს დაგვაკლებს, ჩვენ
შეგვიძლია დავარეტიანოთ, მოვკლათ... კუს ბაკანი ჩავუმტვრიოთ, მოვკლათ,
მოვკლათ უხსენებელი... ო, დიდო მზეო!.. მოვკლათ ადამიანი, ძე კაცისა!.. – მის
თავში გაჩენილი ამ ახალი აზრით აღფრთოვანებული გენერალი წუთით შეჩერდა,
ანთებულ თვალებში სიმკაცრე ჩაუდგა:

108
109

– კა, შეგვიძლია ახლა კოამას ურდოსაც დავესხათ, მართალია, ჩვენზე მაღლები,


ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ მათ გავანადგურებთ, ცოცხალს არავის
დავტოვებთ!.. კა, გესმით, კა! – თქვა გენერალმა, პროფესორს მხრებში ხელი ჩასჭიდა,
შეანჯღრია, – ეს უკვე გამარჯვებაა!
საგონებელში ჩავარდნილი კა გაოგნებული მისჩერებოდა.
– სწორედ ამიტომ არ მინდოდა ჩემი ეს გამოგონება მეჩვენებინა. ვიცი, ის, რაც
გავაკეთე, საშინელებაა, ვიცი, ეს აღმოჩენა მთელ სამყაროს თავდაყირა დააყენებს.
ვიცი და კარგად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას... ვიცი, იმ წყაროს დავუდე
სათავე, რასაც უსაშინლესი დამთრგუნველი ძალა აქვს. მთელი დედამიწის ზურგზე
ამის მსგავსიც დღემდე არავის არაფერი უნახავს და არც დღეს მაქვს არავითარი
სურვილი. თუნდ ერთმა ადამიანმა მაინც ნახოს... წინააღმდეგ შემთხვევაში ომი
ნამდვილ თვითმკვლელობად იქცევა. ვთქვათ, მსგავსი ქვის გაკეთება მალე კოამას
ურდომაც ისწავლა, მაშინ? მაშინ ხომ აღარც დამარცხებული იქნება შემდგომ ომში,
აღარც გამარჯვებული. ჩემთვის ახლა აშკარაა, რომ მას სიკვდილი მოაქვს! მე ამას
მოვსპობ!..
გენერალი ჭკუაზე აღარ იყო:
– გონს მოდით, პროფესორო! თქვენ ამის უფლება არა გაქვთ. ეს მხოლოდ
სწავლულის უაზრო პატიოსნებაა! ხუთი წელია ჩაკეტილში იჯექით, ამიტომაც
ამქვეყნის ახლა აღარაფერი გაგეგებათ. ჩვენ პროგრესისკენ, ცივილიზაციისაკენ
ვისწრაფვით, მაგრამ კოამა თუ გაიმარჯვებს, აღარც თავისუფლება იქნება, აღარც
მშვიდობა და აღარც სიხარული. ჩვენი უწმინდესი ვალია, თქვენს გამოგონებას
დავეუფლოთ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ახლავე ავამოქმედებთ. მთავარია
იცოდნენ, რომ ,,ეს” უკვე ჩვენს ხელთაა. მთავარია, მოწინააღმდეგეს დავანახოთ, რა
შეუძლია, რა ძალის პატრონია, მერე ისე ფართოდ აღარ გამოვიყენებთ... მთავარი
ისაა, იმ დღიდან, რა დღიდანაც ,,ეს” ჩვენს ხელში აღმოჩნდება, ჩვენზე თავდასხმას
ვეღარავინ გაბედავს. მანამდე კი შეგვიძლია საფლავები გავთხაროთ, ახალი
გამოქვაბულები ავაშენოთ, მოვაშანდაკოთ ნიადაგი... მთავარია ,,ეს” ჩვენს ხელში
დავიგულოთ, გამოყენება აუცილებელი არ არის. ეს იარაღი მომაკვდინებელი ძალაა,
კოამელები დიდხანს ვეღარაფერს გაბედავენ.
– არა, არა და არა! – ამბობდა შეშფოთებული კა, – როგორც კი დავეუფლებით,
ვეღარაფერი შეგვაჩერებს!.. უნდა მოვსპო, უნდა გავანადგურო!..
– მართალია, ჩინებული საქმე გააკეთეთ, მაგრამ ნამდვილი იდიოტი ხართ, _N
თქვა გენერალმა და სიბრაზისგან სახეზე მკვდრისფერი დაედო, – წყალს მტრის
წისქვილზე ასხამთ, ისე, როგორც ყველა თქვენნაირი ინტელექტუალი, როგორც ის
აედი, გუშინ საღამოს ხალხთა კავშირზე რომ ლაპარაკობდა, სულით ნამდვილი
კოამელი ბრძანდებით. თქვენ მზე არ გწამთ!

109
110

კას შეაკანკალა, თავი დახარა, დაფანჩული წარბების ქვეშ თვალები


დაუპატარავდა, სევდით აევსო.
– ვიცოდი, ასე იქნებოდა. რა თქმა უნდა, მე კოამელი არა ვარ და თქვენ ეს ძალიან
კარგად იცით. მაგრამ ვეთანხმები მზის კანონთა კრებულის მეორე წესს და უარს
ვამბობ იმ კითხვებზე, რასაცAშეუძლია სულები განარისხოს. ისე, იფიქრეთ და ის
იფიქრეთ, რაც გენებოთ, მაგრამ ამ გამოქვაბულიდან გარეთ ,,ეს” არასოდეს გავა.
– მე კი გეუბნებით, რომ გავა და თანაც ახლავე, ურდოს, ცივილიზაციის
სადიდებლად, ხალხის საკეთილდღეოდ, მისი ბედნიერებისა და მშვიდობისათვის! –
იყვირა გენერალმა, მარჯვენა ხელი ქვას ისე მოკიდა, როგორც ეს-ესაა პროფესორმა,
რისხვითა და სიძულვილით ანთებულმა ქვა თავში ჩასცხო, კა იატაკზე დაეცა და
ირგვლივ სისხლის გუბეები დააყენა.
გენერალმა ხელში ჩაბღუჯულ იარაღს ჯერ შეძრწუნებულმა დახედა, მერე
გამარჯვებულმა მკაცრად, დაუნდობლად გაიღიმა და ჩაილაპარაკა:
– ესეც პირველი!..

მოთხრობის გზამკვლევი

ყველაზე საშინელი და შეუბრალებელი იარაღი კაცის ხისტი, გახევებული აზროვნებაა,


რომელიც სხვისთვის, „განსხვავებულისთვის“, „მტრისთვის“ არც სივრცეს ტოვებს და არც
დროს. ფიქრისა და მოქმედების ასეთი „წესი“ ადამიანს იმთავითვე საბედისწეროდ დაებედა
და დღემდე მოსდგამს. კაცობრიულ პრობლემათა უმთავრესი პირველმიზეზი შესაძლოა
სწორედ ეს იყოს.

„დათრგუნე, რომ შენი სიმართლე დაამტკიცო და გაანადგურე, რომ გაიმარჯვო!“ - აი,


პრინციპი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჰარმონიული თანაარსებობის იდეის
ძალისხმევამ ვერაფრით აჯობა. იარაღი, თავისთავად, საშიში არ არის. საშიშია ადამიანი,
რომელიც მზად არის ამ იარაღით სხვა გაანადგუროს.

ვინ ქმნის და ვინ იყენებს? - ეს ორნი ხშირად მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.


სამყაროს შემეცნების წყურვილი უდიდესია, მაგრამ ეს სწრაფვა „გამოყენების
პასუხისმგებლობას“ უკავშირდება. სწორედ ამიტომ მეცნიერების პრობლემა ეთიკის,
გონივრული და ზნეობრივი ქცევის პრობლემად გარდაიქმნება. პროფესორ კას შეაძრწუნებს
გენერლის სახეზე აღბეჭდილი საშინელი სურვილისა და განზრახვის სიმახინჯე და მზად
არის უცილობლად გაანადგუროს საკუთარი პირმშო, თუმცა ამ იარაღის პირველ მსხვერპლად
თავად იქცევა.

მოთხრობაში უშორესი წარსული და უკიდურესი თანამედროვეობა ერთმანეთს შეზავებულა,


რაც გვარწმუნებს, რომ ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და ვითარდება - ძალადობაზე
დაფუძნებული გამარჯვების წყურვილის გარდა. ამ წყურვილს ყოველთვის საკუთარი

110
111

პროგრესულობითა და „მოწინააღმდეგეთა“ (ასეთი კი ყველა სხვა შეიძლება იყოს)


რეგრესულობით ხსნიან და ამართლებენ (როგორც ალუდა ქეთელაური ამბობს: „ჩვენ
ვიტყვით: კაცნი ჩვენა ვართ მარტო ჩვენ გვზდიან დედანი“). აქედან გამომდინარე ნებისმიერი
იარაღი „სიმართლის ინსტრუმენტად“ ცხადდება და ასეთი განწყობა მთლიან დროს ფარავს.
პირველივე ქვით, რომელიც ადამიანმა მკვლელობისთვის „შექმნა“, განსახიერებულია
მომავალი საუკუნეების მასობრივი განადგურების იარაღთა საშუალებით დატრიალებული
დაუსრულებელი კოშმარი.

გენერლის აღტაცებით ნათქვამი სიტყვები: „...ჩვენ „ეს“ გვაქვს! ჩვენ შეგვიძლია მხეცს მანამდე
მოვერიოთ, ვიდრე ის რაიმეს დაგვაკლებს, ჩვენ შეგვიძლია დავარეტიანოთ, მოვკლათ...კუს
ბაკანი ჩავუმტვრიოთ, მოვკლათ, მოვკლათ უხსენებელი...ო, დიდო მზეო!.. მოვკლათ
ადამიანი, ძე კაცისა!..“ - წინ უძღვის ყველა გადაწყვეტილებას, რომლებიც როდისმე მიუღიათ
ადამიანთა გასანადგურებლად. ამ ფრაზის ბოლოს თვით უფლის მოკვლის საზარელი
განზრახვაც მოჩანს - რა თქმა უნდა, ადამიანთა უკეთესი მომავლის მიღწევის სურვილით
შენიღბული და „გამართლებული“. გენერალი არ იტყუება, გულწრფელად სწამს იმის, რასაც
ამბობს და ეს მას უფრო საშიშს ხდის.

სიკვდილს ორი შემოქმედი ჰყავს - იარაღის შემქმნელი და მისი გამომყენებელი. ისტორია


გვიჩვენებს, რომ მათი პასუხისმგებლობა ერთმანეთს არის გადაჯაჭვული, თუმცა ეს
პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით ვერ იქცა სამყაროს ხსნის მეტ-ნაკლებად სარწმუნო
გარანტად.

საბოლოოდ სიკვდილის ორივე შემოქმედი, ადრე თუ გვიან, მისივე მსხვერპლად იქცევა,


მაგრამ ამ წარმოდგენის ფასს ყოველთვის უბრალო ადამიანები იხდიან.

კურტ ვონეგუტი

111
112

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და


მხატვარი, კურტ ვონეგუტი, ილიონოისის შტატში 1922 წლის 11 ნოემბერს დაიბადა.
სწორედ ინდიანაპოლისია ის ადგილი, სადაც მისი ბევრი რომანის სიუჟეტი
ვითარდება - ბავშობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მის წიგნებში გადაინაცვლა.

1941-1943 წლებში ვონეგუტი კორნელის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც


სტუდენტურ გაზეთში სვეტიც მიჰყავდა, თუმცა პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს მოხალისედ შეუერთდა და
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. 1944 წელს ის ტყვედ ჩავარდა. მომავალი
მწერალი დრეზდენის დაბომბვის მოწმე გახდა და შვიდ გადარჩენილ ამერიკელ
სამხედრო ტყვეს შორის იყო. მისი იმდროინდელი განცდები ბევრ ნაწარმოებში
აისახა, მათ შორის რომანში „ბრძოლა ნომერი ხუთი, ანუ ბავშვების ჯვაროსნული
ლაშქრობა“, რომელმაც ავტორს სახელი გაუთქვა.

ომის დასრულების შემდეგ ვონეგუტი სამშობლოში დაბრუნდა და ჩიკაგოს


უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა, ანთროლოპოგიის ფაკულტეტი.
ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, ის ჩიკაგოს ახალი ამბების ბიუროში
რეპორტიორად მუშაობდა. მწერალი სწორედ ამ სამსახურს უმადლოდა საკუთარ
ხელწერას.

მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეულია: „მექანიკური პიანინო“ (1952 წ.), „კატის აკვანი“


(1963 წ.), „საუზმე ჩემპიონებისთვის“ (1973 წ.), „რეციდივისტი“ (1979 წ.).

ცალკე შეგვიძლია აღვნიშნოთ მწერლის გამოსვლები სხვადასხვა უნივერსიტეტში და


სტატიები, რომლებსაც ერთ გამოცემაში მოუყარეს თავი. „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“
მიცემულ ინტერვიუში მწერალი აღნიშნავდა: „შეუძლებელია, წეროთ რომანები
მსუბუქი პარანოიის ტალღის გარეშე. მე პარანოიკი ვარ სოლიდარიზმის კუთხით,
ვღელავ იმაზე, რისი ჩადენა შეუძლიათ ძლევამოსილ ადამიანებს...“

მწერალი 2007 წლის 11 აპრილს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისაკენ


112
113

თარგმნა ემხვარ კახაძემ


(litklubi. ge)

ისინი ერთმანეთის მეზობლად გაიზარდნენ. ქალაქის გარეუბანში – მინდვრების,


ტყეების და ბაღების გარემოცვაში, საიდანაც ჩანდა ულამაზესი სამრეკლო, რომელიც
ბრმების სკოლას ეკუთვნოდა.
ახლა ისინი ოცი წლისანი არიან და თითქმის ერთი წელია ერთმანეთი არ
უნახავთ. მათ შორის მხიარული და თბილი ურთიერთობა ყოველთვის არსებობდა.
თუმცა სიყვარულზე არასოდეს უსაუბრიათ.
ბიჭს ნიუტი ჰქვია, გოგოს – კატერინა. ნაშუადღევი იყო, როცა ნიუტმა კატერინას
სახლის კარზე დააკაკუნა. კატერინა კართან მივიდა, ხელში სქელტანიანი, ცარცის
ქაღალდზე დაბეჭდილი ჟურნალი ეჭირა, რომელსაც დაკაკუნებამდე კითხულობდა.
ჟურნალი მთლიანად საპატარძლოებისთვის იყო განკუთვნილი.
– ნიუტ! – თქვა მან. გოგო გაკვირვებული ჩანდა.
– შეძლებ სასეირნოდ წამოსვლას? – თქვა ბიჭმა. იგი, კატერინასთანაც კი, ძალზე
მორცხვი იყო. თავის სიმორცხვეს დაბნეული ლაპარაკით მალავდა – თითქოს რაზეც
საუბრობდა და რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო – მისგან ძალზე შორსაა,
თითქოს ის საიდუმლო აგენტია, რომელსაც ხანმოკლე შესვენება აქვს ლამაზ,
შორეულ და ავბედით მისიებს შორის. საუბრის ასეთი მანერა ყოველთვის იყო
დამახასიათებელი ნიუტისთვის, მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე საუბრობდა.
– სასეირნოდ? – თქვა კატერინამ.
–„ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოთლებზე გავლითა და ხიდებს გადავლით“.
– არ ვიცოდი, ქალაქში თუ იყავი.
– ეს-ესაა ჩამოვედი – თქვა ბიჭმა.
– ისევ ჯარში, როგორც ვხედავ, – ჩაილაპარაკა გოგომ.
– შვიდი თვე დამრჩა. ბიჭი არტილერიის პირველი კლასის რიგითად
მსახურობდა.
დაჭმუჭნული სამხედრო ფორმა და მტვრიანი ბათინკები ეცვა. გაუპარსავიც იყო.
ბიჭმა ხელი ჟურნალისკენ გაიწოდა:
– მაჩუქე ეს ლამაზი წიგნი – თქვა მან.
გოგომ ჟურნალი გაუწოდა.
– ვთხოვდები, ნიუტ, – თქვა გოგომ.
– ვიცი, – თქვა ბიჭმა – წავიდეთ სასეირნოდ.
– უამრავი საქმე მაქვს ნიუტ, ქორწინებამდე სულ ერთი კვირა დარჩა.
– თუ სასეირნოდ წამოხვალ – თქვა ბიჭმა, – ლოყაწითელა საპატარძლო გახდები,
ჟურნალი გადაფურცლა, კატერინას ლოყაწითელი საპატარძლოების ფოტოები

113
114

უჩვენა და თქვა – როგორც ეს, როგორც ეს, როგორც ეს ლოყაწითელი


საპატარძლოები.
კატერინამ გაიფიქრა ლოყაწითელ საპატარძლოებზე და თვითონაც გაწითლდა.
– ეს ჩემი საჩუქარი იქნება ჰენრი სტიუარტ ჩეზენსისათვის – თქვა ნიუტმა.
სეირნობის შემდეგ მე მას ლოყაწითელა საცოლეს დავუბრუნებ.
– სახელიც იცი?
– დედამ მომწერა, პიტსბურგიდანაა, ხომ?
– ასეა, შენ იგი მოგეწონება.
– შეიძლება, – თქვა ბიჭმა.
– შეძლებ?... შეძლებ ქორწილში მოსვლას, ნიუტ? – თქვა გოგომ.
– ვეჭვობ.
– ხანმოკლე შვებულება გაქვს?
– შვებულება? – თქვა ნიუტმა, თან სარეკლამო ჩანართზე ვერცხლის სუვენირების
რეკლამას ათვალიერებდა. – მე არ ვარ შვებულებაში.
– რა?
– ამას თვითნებურად წამოსვლა ჰქვია.
– ნიუტ, რას ამბობ, შეუძლებელია!!!
– ასეა, თქვა ბიჭმა და ჟურნალი ისევე გადაფურცლა.
– რატომ, ნიუტ? – თქვა გოგომ.
– მინდა, შენთვის ვერცხლის სუვენირების ნიმუშები ვიპოვო. იგი ჟურნალში
სუვენირების დასახელებებს კითხულობდა – ალბემარლი? მანანა? ლეგენდა? ვარდი?
– მერე გოგოს შეხედა და გაუღიმა.
– მინდა, შენ და შენს ქმარს კოვზი გაჩუქოთ – თქვა ბიჭმა.
– ნიუტ, ნიუტ – სერიოზულად მიპასუხე.
– გავისეირნო, მინდა.
გოგომ, დასავით განიცადა ნათქვამი და ხელები მოიფშვნიტა.
– ნიუტ, შენ იხუმრე თვითნებურად წამოსვლაზე – თქვა გოგომ.
– ნიუტმა, წარბების აწევით, წყნარად განასახიერა პოლიციელის სინერა.
– საიდან, საიდან გამოიქეცი?
– ფორტ ბრეგიდან – თქვა ბიჭმა.
– ჩრდილო კაროლინიდან? – თქვა გოგომ.
– ასეა – ფაეტვილის მახლობლად, სადაც სკარლეტი ო’ჰარა სკოლაში დადიოდა.
– როგორ მოაღწიე აქამდე, ნიუტ? – თქვა გოგომ.
– ბიჭმა მაღლა აწია ცერა თითი, აქნევდა ისე, თითქოს გამვლელი ავტომანქანას
„ავტოსტოპით“ აჩერებსო. „ორ დღეში“ – თქვა მან.
– დედაშენმა იცის? – თქვა გოგომ.
– დედაჩემისთვის არ ჩამოვსულვარ – უთხრა ბიჭმა გოგოს.
– აბა, ვისთვის? – თქვა გოგომ.
– შენთვის – თქვა ბიჭმა.
114
115

– რატომ ჩემთვის? – თქვა გოგომ.


– იმიტომ, რომ მიყვარხარ – თქვა ბიჭმა – შეგვიძლია ახლა სასეირნოდ წასვლა? –
თქვა მან – „ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოთლებზე სიარულითა და ხიდების გადავლით...“
შემდეგ ისინი მიაბიჯებდნენ ტყეში ყავისფერ ფოთლებით დაფარულ მიწაზე.
კატერინა ნაწყენი და შეშინებული იყო. ატირებას არაფერი უკლდა.
„ნიუტ“ – თქვა მან, – ეს ნამდვილი სიგიჟეა.
– მაინც რა? – თქვა ნიუტმა.
– მითხრა მიყვარხარ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია – თქვა მან.
– ეს არასოდეს გითქვამს წინათ. – იგი გაჩერდა.
– გავიაროთ, – თქვა ბიჭმა.
– არა, მეტს აღარ წავალთ. საერთოდ არ უნდა წამოგყოლოდი – თქვა გოგომ.
– და მაინც წამომყევი – თქვა ბიჭმა.
– იმიტომ, რომ სახლიდან გამომეყვანე – თქვა მან – რას იფიქრებდა ვინმე, რომ
მოსულიყო ჩემთან და მოესმინა, როგორ მესაუბრები ქორწილამდე ერთი კვირით
ადრე.
– რა უნდა ეფიქრათ? – თქვა ბიჭმა.
– იფიქრებდნენ, რომ შენ გაგიჟდი? – თქვა გოგომ.
– რატომ? – თქვა ბიჭმა.
– კატერინამ ღრმად ამოიოხრა და თქვა: მინდა გითხრა, მე ღრმად შემძრა შენმა
გიჟურმა ქცევამ, რომელიც ჩაიდინე – „მე არ შემიძლია დავიჯერო, რომ შენ მართლა
თვითნებურად გამოიქეცი ჯარიდან, თუმცა შეიძლება ასეცაა. არც ის მჯერა, რომ
მართლა გიყვარვარ. მაგრამ შეიძლება ასეცაა. მაგრამ...“
– კი, ჩავიდინე – თქვა ნიუტმა.
– კარგი, გული ამიჩუყდა. თქვა კატერინამ, – მეც ძალიან მიყვარხარ, როგორც
მეგობარი ნიუტ. განსაკუთრებული სიყვარულით – მაგრამ უკვე ყველაფერი ძალზე
გვიანია. გოგო რამდენიმე ნაბიჯით გაეცალა ბიჭს.
– არც კი გიკოცნია ჩემთვის ოდესმე, – თქვა გოგომ და სახე ხელებში ჩამალა. – არ
მინდა ისე გაიგო, თითქოს ახლა უნდა გააკეთო ეს. მე ვიგულისხმე, რომ ეს
ყველაფერი ჩემთვის ძალზე მოულოდნელია.
არც კი ვიცი, რა გიპასუხო.
– უბრალოდ, ცოტა კიდევ გავიაროთ, დრო სასიამოვნოდ გავატაროთ, – თქვა
ბიჭმა.
მათ განაგრძეს სეირნობა.
– ჩემგან რა რეაქციას ელოდი? – თქვა გოგომ.
– საიდან უნდა მცოდნოდა რა მელოდა? – თქვა მან.
– მსგავსი ხომ არასოდეს გამიკეთებია.
– გეგონა მკლავებში ჩაგივარდებოდი? – თქვა მან.
– შეიძლება. – თქვა ბიჭმა.
– მაპატიე, იმედი რომ გაგიცრუე – თქვა მან.
115
116

– არ გამცრუებია – თქვა ბიჭმა. არც მიფიქრია. მშვენიერია, როცა უბრალოდ


სეირნობ. კატერინა ისევ შეჩერდა. „იცი რა მოხდება შემდეგ? – თქვა გოგომ.
– არა – თქვა ბიჭმა.
– ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ – თქვა გოგომ – ერთმანეთს ხელს
ჩამოვართმევთ და მეგობრებად დავშორდებით.
აი, რა მოხდა შემდეგ.
ნიუტმა თავი დაუქნია. „კარგი“, თქვა მან. – „გამიხსენე დროდადრო. გახსოვდეს,
თუ როგორ მიყვარდი“. კატერინას უნებლიედ ცრემლი წასკდა. ნიუტს ზურგი
შეაქცია და ხეების უსასრულო ორმაგ რიგს გახედა.
– რას ნიშნავს ეს? – თქვა ნიუტმა.
– ბრაზი! – თქვა კატერინამ. ხელები მოკუმშა – უფლება არ გაქვს“.
– უნდა მცოდნოდა – თქვა ბიჭმა.
– რომ მყვარებოდი, აქამდე გეტყოდი – თქვა გოგომ.
– მეტყოდი? – თქვა ბიჭმა.
– კი, გეტყოდი, – თქვა გოგომ.
გოგო ბიჭისკენ შემობრუნდა და შეხედა, მთელი სახე გაწითლებოდა. „შენ
აუცილებლად გაიგებდი“ – თქვა მან.
– რანაირად? – თქვა ბიჭმა.
– სახეზე შემატყობდი. ქალები იმდენად ჭკვიანები არ ვართ, ეს დავმალოთ – თქვა
გოგომ.
– ნიუტი დაჟინებით დააკვირდა კატერინას სახეს. თავისდა გასაოგნად ქალი
მიხვდა, რომ სიმართლე თქვა. ქალს არ შეუძლია სიყვარული დამალოს.
ნიუტი ახლა სიყვარულს ხედავდა.
და ის მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მან გოგოს აკოცა.
– ჯოჯოხეთია შენთან ყოფნა, – – თქვა გოგომ, როცა ნიუტმა ხელი გაუშვა.
– ჯოჯოხეთი? – თქვა გოგომ.
– არ მოგეწონა? – თქვა ბიჭმა.
– რას ელოდი – ველურ, დაუოკებელ ვნებას? – თქვა გოგომ.
– მე კიდევ ერთხელ გეუბნები – არასოდეს ვიცი რა მოხდება შემდეგ –. – თქვა
ბიჭმა.
– ჩვენ ვიტყვით „მშვიდობით“ , – თქვა გოგომ.
ნიუტი ოდნავ მოიღუშა.
– „კარგი“ – თქვა ბიჭმა.
გოგომ საუბრის თემა შეცვალა. „მე არ ვნანობ, იმას რომ ერთმანეთს ვაკოცეთ“ –
თქვა მან. „ეს ტკბილი იყო. იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ერთმანეთისთვის უნდა
გვეკოცნა. ყოველთვის მემახსოვრები, ნიუტ. წარმატებებს გისურვებ“.
– მეც გისურვებ – თქვა ბიჭმა.
– ოცდაათი დღე.

116
117

–რა? – თქვა გოგომ.– ოცდაათი დღე გისოსებში – თქვა ბიჭმა. – ეს იქნება ერთი
კოცნის ფასი.
– მე....
მე ვწუხვარ – თქვა გოგომ. – მაგრამ მე არ მითხოვია ჯარიდან თვითნებურად
წამოსვლა.
– ვიცი – თქვა ბიჭმა.
– რა თქმა უნდა, გმირის არანაირ ჯილდოს არ იმსახურებ.
სისულელე ჩაიდინე – თქვა გოგომ.
– გმირობა კარგი უნდა იყოს – თქვა ნიუტმა. ჰენრი სტიუარტ ჩეზენსი გმირია?
– შანსი თუ მიეცემოდა, შეიძლება გამხდარიყო კიდეც, – თქვა კატერინამ. მან
შეწუხებულმა აღნიშნა, რომ კვლავ განაგრძობდნენ სეირნობას. დამშვიდობება
დაავიწყდათ.
– მართლა გიყვარს ჰენრი? – თქვა ბიჭმა.
– რასაკვირველია, მიყვარს, – გაღიზიანებით თქვა კატერინამ .– არ გავყვებოდი
ცოლად, რომ არ მყვარებოდა!
– რა დაინახე მასში კარგი? – თქვა ნიუტმა.
– „მართლაც!“ – იყვირა გოგომ და ისევ გაჩერდა.
„არ უნდა ფიქრობდე, რა აუტანლად იქცევი? ბევრი, ბევრი, კარგი თვისება აქვს
ჰენრის! შეიძლება ბევრი ცუდიც! მაგრამ ეს რა შენი საქმეა. მე მიყვარს ჰენრი და
შენთან არ უნდა ვკამათობდე მის ღირსებებზე“ – თქვა გოგომ.
– მაპატიე – თქვა ნიუტმა.
– მართლაც – თქვა კატერინამ.
ნიუტმა კვლავ აკოცა გოგოს. მან კვლავ აკოცა გოგოს, იმიტომ რომ გოგოს ასე
უნდოდა.
ერთმანეთს დიდ ხილნარში ესაუბრებოდნენ.
„როგორ აღმოვჩნდით სახლიდან ასე შორს, ნიუტ?“, თქვა კატერინამ.
„ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოთლებზე გავლითა და ხიდების გადავლით“, თქვა ნიუტმა.
„ფეხაწყობით“, – თქვა გოგომ.
შორიახლოს ბრმების სკოლის სამრეკლოზე ზარებმა დარეკეს.
„ბრმების სკოლა“ – თქვა კატერინამ.. თავი უსიცოცხლოდ უცნაურად გადაიქნია.
„უკან უნდა დავბრუნდე“ – თქვა მან.
– დამემშვიდობე, – თქვა ნიუტმა.
– დავაპირებ თუ არა დამშვიდობებას, ვფიქრობ, რომ მაკოცებენ. – თქვა
კატერინამ.
ნიუტი ვაშლის ხის ქვეშ მოკლედ გაკრეჭილ ბალახზე დაჯდა.
„დაჯექი“ – თქვა ბიჭმა.
– არა, – თქვა გოგომ.
– საერთოდ არ შეგეხები –თქვა ბიჭმა.
–არ მჯერა შენი, – თქვა გოგომ.
117
118

– გოგო,ოცი ნაბიჯის მოშორებით, სხვა ხის ქვეშ დაჯდა და თვალები დახუჭა.


–ჰენრი სტიუარტ ჩეზენსი დაისიზმრე – თქვა ბიჭმა.
–რა? – – თქვა გოგომ.
– შენი საოცარი საქმროს დასიზმრებას გისურვებ, – თქვა ბიჭმა.
–რატომაც არა, დავისიზმრებ. გოგომ თვალები კიდევ უფრო მაგრად დახუჭა.
საქმროს სახე წამით რომ წარმოედგინა.
ნიუტმა დაამთქნარა.
ფუტკრები ხეებში ბზუოდნენ, კატრინსაც თითქმის ჩაეძინა. როცა თვალები
გაახილა, დაინახა, რომ ნიუტს მართლაც ჩასძინებოდა.
ნიუტმა ფშვინვა დაიწყო.
კატერინას მთელი საათი არ გაუღვიძებია ბიჭი, რომელსაც მძინარეს მთელი
არსებით ეთაყვანებოდა.
ვაშლის ხეების ჩრდილები აღმოსავლეთისკენ გაიწელა. ბრმების სკოლის
სამრეკლოს ზარებმა ისევ ჩამორეკეს.
„წიწკ, წიწკ-წიწკ“ – აწიწკინდა წიწკინა. სადღაც შორს მანქანას ქოქავდნენ. მანქანა
იქოქებოდა და ქრებოდა.
იქოქებოდა და ქრებოდა. ბოლოს სულ ჩაქრა.
კატერინა წამოდგა, მივიდა ნიუტთან და მის წინ დაიჩოქა.
„ნიუტ?“ თქვა გოგომ.
„ააა?“ თქვა ბიჭმა და თვალები გაახილა.
„გვიანია“ თქვა გოგომ.
„სალამი კატერინა“, – თქვა ბიჭმა.
„სალამი, ნიუტ“, თქვა გოგომ.
ბიჭი წამოდგა და გაიზმორა: „მაგარი გასეირნება გამოგვივიდა“ – თქვა მან.
„მეც ასე ვფიქრობ“ თქვა გოგომ.
„გამოვემშვიდობოთ ერთმანეთს“, თქვა ბიჭმა.
„ბედნიერად“, თქვა გოგომ.
„შენც ასევე“ – თქვა ბიჭმა. „გამომყვები ცოლად კატერინა? “.
„არა“, თქვა გოგომ.
ბიჭმა გაიღიმა. წამით დაჟინებით მიაცქერდა გოგოს და სწრაფად გაეცალა.
კატერინა ხედავდა, თანდათანობით როგორ იკარგებოდა იუტი ჩრდილებისა და
ხეების გრძელ რიგში.
იცოდა ბიჭმა გაჩერება, მისკენ მობრუნება და ერთხელ დაძახება საკმარისი
იქნებოდა, მისკენ გაქცეულიყო. სხვა არჩევანი მას აღარ ექნებოდა.
ნიუტი გაჩერდა. შემობრუნდა და გოგოს დაუძახა.
– კატერინა, – დაიყვირა მან.
გოგო ბიჭისკენ გაიქცა და ჩაეხუტა – ლაპარაკი აღარ შეეძლო.

118
119

მოთხრობის გზამკვლევი

სიყვარული ყველას და ყოველთვის აინტერესებს, მაგრამ მასზე წერა ადვილი არ არის -


შესაძლებელია მწერალი ბანალურობის ან პათეტიკის „ქუჩაზე“ მოხვდეს და ვერც დააღწიოს
თავი. მისი გამოხატვა ყველაზე რთული მაშინ არის, როდესაც საერთოდ არ ახსენებენ, მაგრამ
ყოველ ფრაზაში იგრძნობა - ალბათ არსებობს სიყვარულის „მაგნიტური ველი“, რომელიც
მხოლოდ კარგი მწერლების ტექსტებშია საგრძნობი და მოსახელთებელი. ეს მოთხრობა
ამგვარი ტექსტის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.

რატომ ჰქვია მოთხრობას „ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ“? რა იგულისხმება


„მარადისობაში“?

სიყვარული? შესაძლოა, ასეც იყოს - გოგო და ბიჭი საკუთარ სიყვარულს პოულობენ და თუ


გრძნობა ნამდვილია, ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც ადამიანი განქარვებისა და ამაოების
დაძლევამდე მიჰყავს. ამგვარ თვალსაზრისს ბევრი გაიზიარებს, რადგან მთელი მოთხრობა
სიყვარულის ლიტერატურული მელოდიაა, რომელიც მუდმივად გესმის გულით.

იქნებ სიყვარული კი არა, სიკვდილი იგულისხმება? არც ეს არის გამოსარიცხი, რადგან


სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც შეუძლია წუთისოფელს გაშორებული ადამიანიც კი
უკან სიცოცხლეშივე დააბრუნოს, რათა თავის შეყვარებულს სევდით გათანგულმა
უკანასკნელად აკოცოს. არა მგონია, ამ აზრს მრავალი გულშემატკივარი ჰყავდეს, მითუმეტეს,
რომ „სიკვდილიც“, ამ შემთხვევაში, მხოლოდ სიყვარულის ძალმოსილებაზე მეტყველი
„რამე“ იქნება და სხვა არაფერი.

ორ ადამიანს არასდროს გაუმხელია ერთმანეთისთვის, რაიმე გრძნობას თუ განიცდიდნენ,


მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გოგოს სხვაზე დაქორწინებამდე ერთი კვირით ადრე, ისინი
ბრმების სკოლის სამრეკლოსკენ მიდიან სასეირნოდ. კატერინა ნიუტის თხოვნას ასრულებს.
მათ წინ სიყვარულის პოეზია მიუძღვით და გზას მიუყვებიან „ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოთლებზე
გავლითა და ხიდებს გადავლით“. ეს გაუმხელელთა სიახლოვის სიტყვებია - სხვამ რომ
არავინ იცის და მათთვის კი მთელ სამყაროს განდობის იდუმალებით ავსებს.

კატერინა რამდენჯერმე აპირებს უკან დაბრუნებას და ვერც ერთხელ ვერ ახერხებს ამას -
როდის იყო რაციონალური მოსაზრებები სიყვარულს ამარცხებდა?! ის, რასაც ამ დღემდე
არასდროს უჩენია თავი (როგორ საყვედურობს ამის გამო გოგო ბიჭს!) სულ მცირე ხანში
ყველა სხვა გრძნობას აჭარბებს და „გონებისმიერი წიაღიდან“ ვულკანივით ამოხეთქავს. ასეთ
დროს სიყვარულიანი სიცოცხლის სისავსე ბოლო წამს ებღაუჭება და გამარჯვებისთვის
თავგანწირვით იბრძვის.

ნიუტი სამხედრო ნაწილიდან გამოიპარა და ორი დღე არსად შეჩერებულა, რომ იმ ბოლო
წამისთვის ჩამოესწრო. კატერინას სიტყვები „უკვე ყველაფერი ძალზე გვიანია“ ბიჭის
სასიცოცხლო უკანასკნელ წამს ვერაფერს უხერხებს და, როგორც ირკვევა, ძალიან არც უნდა
მოუხერხოს. არც მეორე ანალოგიურ ფრაზას („ჯოჯოხეთია შენთან ყოფნა“) უწერია
წარმატება. უფრო მეტიც - სულ ბოლოს თითქოს გოგოსა და ბიჭის ფრაზები თანხმობით
ერთდებიან - ორივე ერთდროულად ამბობს: „ძალზე გვიანია“ და ეს დასასრულს ჰგავს.
განშორების წინ ნიუტის თითქოს მოულოდნელი კითხვა („კატერინა, გამომყვები ცოლად?“)
119
120

და გოგოს მშვიდი პასუხი („არა“) ამ განცდას აძლიერებენ. ისინი, მართლაც, შორდებიან


ერთმანეთს და სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. სწორედ აქ „აფეთქდება“ ის ბოლო წამი -
კატერინა ელოდება, რომ მას დაუძახებენ და ნიუტიც არ აყოვნებს.

და რა იცის ბიჭმა, რომ გოგოს უყვარს, რატომ დაუძახა შეყვარებულს უკანასკნელი იმედით?
იქნებ იმ ბოლო წამს კვლავ ჩაესმა ყურში კატერინას სულ ცოტა ხნის წინ ნათქვამი სიტყვები:
„ქალები იმდენად ჭკვიანები არ ვართ, ეს დავმალოთ“.

თომას ვულფი

120
121

ამერიკელი ნოველისტი თომას ვულფი 1900 წლის 3 ოქტომბერს, ჩრდილოეთ


კაროლინის პატარა ქალაქ ეშვილში დაიბადა - მრავალშვილიან, მაგრამ
უზრუნველყოფილ ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩრდილოეთ კაროლინის
უნივერსიტეტში ჩაირიცხა და წარმატებით დაასრულა. 1922 წელს ოქსფორფის
უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლა დაამთავრა, მაგისტრის
ხარისხი მოიპოვა, რათა პიესების წერაში დახელოვნებულიყო...

თომას ვულფმა სიცოცხლეშივე დიდი წარმატება და აღიარება მოიპოვა. მის ცნობილ


ნაწარმოებებს შორისაა „სახლს მიხედე, ანგელოსო“ (1929 წ.), „დროისა და მდინარის
შესახებ“ (1935 წ.), „დაკარგული ბიჭი“ (1937 წ.“), „კლდე და ქსელი“ (1939 წ.), „შინ
ვეღარ დაბრუნდები“ (1940 წ.). ტომას ვულფს ლიტერატურის კრიტიკოსები მისი
ორიგინალური, პოეტური და იმპრესიონისტული, ასევე ავტობიოგრაფიული წერის
მანერის გამო აქებენ. მისი წიგნები, რომლებიც, ძირითადად, 1920-40 წლებში
გამოიცა, ბევრის აზრით, ამერიკულ კულტურას ყველაზე ნათლად გამოხატავენ.

მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისმა თანამედროვემ, უილიამ ფოლკნერმა


აღნიშნა, რომ შესაძლოა, მათი თაობის ყველაზე ნიჭიერი მწერალი გამოემშვიდობა
სიცოცხლეს.

დიდია თომას ვულფის გავლენა ისეთ ცნობილ მწერლებზე, როგორებიც არიან: ჯეკ
კერუაკი, რეი ბრედბერი და ფილიპ როტი.

მწერალი 1938 წლის 15 სექტემბერს ბალტიმორში გარდაიცვალა.

შორიდან და ახლოდან

თარგმნა მედეა ზაალიშვილმა


(თომას ვულფი, „დაკარგული ბიჭი “, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2012)

პატარა ქალაქის გარეუბანში, ბორცვზე, შეთეთრებული მორებით შეკრული


კოპწია სახლი იდგა, რომელსაც თვალშისაცემად ხასხასამწვანე ფარდები ამშვენებდა
და სახლის უკან, ოდნავ მოშორებით, რკინიგზა მიემართებოდა. სახლის ერთ მხარეს
ბაღჩა-ბაღი იყო გაშენებული, კოხტად ჩამწკრივებული ბოსტნეულის კვლებით და
ვაზის ტალავერით, რომლის მტევნები აგვისტოს მიწურულს მწიფდებოდა. სახლის
წინ სამი ძლიერი ბერმუხა იდგა და ზაფხულობით სახლს საამო და უხვ ჩრდილს
ჰფენდა, მეორე მხარეს კი ათასფერი ყვავილების ზღუდე ერტყმოდა. მთლიანობაში,

121
122

ეს ადგილი სიფაქიზის, ყაირათიანობის და მოკრძალებული სიმყუდროვის


შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ყოველდღე, სამის წუთებზე, ამ ადგილს ორ ქალაქსშორისი სწრაფი მატარებელი
ჩაუვლიდა ხოლმე, რამდენიმე წუთს დიდი მატარებელი ქალაქის მახლობლად
შესასვენებლად შეჩერდებოდა და მთელ სიგრძეზე თანაბრად განლაგდებოდა,
ვიდრე თავბრუდამხვევ, სრულ სიჩქარეს აიღებდა. მერე კი, ჰორიზონტს ერწყმოდა
დინჯი რყევით და ორთქლმავლის მძლავრი, მოქანავე მოძრაობით ფოლადის
რელსებზე ჩაივლიდა ვაგონების მწყობრი, ყრუ რახრახით, ვიდრე თვალს
მიეფარებოდა. ორთქლმავლის სვლას მძაფრი გამონაბოლქვის ქშენა-გუგუნი თუ
მიანიშნებდა, რომელიც ბალახით დაფარულ მდელოს კიდეების ზემოთ ალაგ-ალაგ
ამოსკდებოდა ხოლმე, სანამ ყველაფერი არ მიჩუმდებოდა გარდა ბორბლების
მწყობრი რახრახისა, რომელიც შუადღის გარინდებულ სიმშვიდეში თანდათან
კლებულობდა.
ყოველდღე, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როცა მატარებელი სახლს
უახლოვდებოდა, მემანქანე ჩართავდა ხოლმე სასტვენს და ყოველდღე, როგორც კი
ქალი სიგნალის ხმას გაიგონებდა, სახლის უკანა კართან გამოჩნდებოდა და
მემანქანეს ხელს უქნევდა. პირველად, კაბის კალთაზე პატარა ბავშვი ეჭიდებოდა,
მაგრამ ახლა ბავშვი ზრდასრულ ქალად ქცეულიყო და ყოველდღე ისიც დედამისთან
ერთად გამოჩნდებოდა უკანა კართან და ხელს უქნევდა.
შრომაში გასულმა წლებმა თავისი გაიტანა, მემანქანე ხანში შევიდა და
გაჭაღარავდა. იმ მიწის გასწვრივ ათიათასჯერ მაინც უტარებია ხალხით სავსე
უზარმაზარი მატარებელი. მისი საკუთარი შვილები გაიზარდნენ და დაოჯახდნენ და
ოთხჯერ კი თავისი თვალით ნახა ლიანდაგებზე ტრაგედიის საზარელი კვალი,
რომელიც ერთ წერტილში შემკვრივებულიყო ქვემეხის ჭურვივით და საზარლად
ჩამუქებულიყო ჩამქრალი ბოილერის თავთან, – ბავშვებით სავსე მსუბუქი, ღია
ვაგონი, ერთად შექუჩებული პატარა, შეცბუნებული სახეებით, რელსებზე
აყირავებული იაფფასიანი ავტომობილი, შიშისგან ლამის დამბლადაცემული
ადამიანების გახევებული ფიგურები, რელსების სიახლოვეს მოხეტიალე,
ქანცგაწყვეტილი, უმუშევარი მაწანწალა, ყრუ და ბებერი, გამაფრთხილებელი
სასტვენის ხმაც რომ აღარ ესმოდა,ფანჯრიდან კივილით გადმოვარდნილი ადამიანის
სახე, – ყველაფერი ეს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და შეცნობილი. ბერიკაცს
ყველაფერი ის ჰქონდა განცდილი, რისი განცდაც ადამიანს შეეძლო, – მწუხარება,
სიხარული, საფრთხე და მძიმე შრომა. მუხლჩაუდრეკელ გარჯაში სახე დაუნაოჭდა
და დაუჭკნა და ახლა, ბედისაგან გამობრძმედილს, მეტი სიმხნევე და თავმდაბლობა
შესძენოდა. უკვე ხანშიშესულს ის კეთილშობილება და სიბრძნე ახლდა, რომელიც
ასეთ ადამიანებს ახასიათებს.
მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რა საფრთხე ან რა ტრაგედია ჰქონდა
განცდილი, – პატარა სახლი და ქალები, რომლებიც ასე თამამად და ასე თავისუფალი
შემართებით უქნევდნენ ხელს, მემანქანეს გონებაში ჩაბეჭდოდა, როგორც რაღაც
122
123

მშვენიერი და მარადიული, რომელიც სხვა ყველაფერს სცვლიდა, ანადგურებდა და


მაინც მარად უცვლელი დარჩებოდა; რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რა უბედურებას,
მწუხარებას ან შეცდომას შეეძლო დაემსხვრია მისი დღეების რკინისებური განრიგი.
ამ პატარა სახლის და ამ ორი ქალის დანახვა განუცდელ ბედნიერებას ანიჭებდა.
ის მათ ათასნაირ შუქში ხედავდა: ზამთრის რუხ, ხეშეშ სინათლეში, მოყავისფრო,
დამზრალ, ნაწვერალ მიწაზე, და მერე, ისევ და ისევ თვალისმომჭრელ, მწვანე
ფერებით სავსე ჯადოსნური აპრილის თვეში. გული იმ პატარა სახლისკენ მიუწევდა,
რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და მათ მიმართ ისეთი სინაზით გამსჭვალულიყო,
რომლის დარი კაცმა შეიძლება მხოლოდ საკუთარი შვილების მიმართ იგრძნოს, და
საბოლოოდ, მათი ცხოვრების სურათი ისეთი სიცხადით ამოჰკვეთოდა გულში, რომ
დღის ყოველ საათსა თუ წუთს მათ ცხოვრებას მთელი სისავსით შეიგრძნობდა. და
ერთ სღესაც მტკიცედ გადაწყვიტა, რომ როცა მისი სამსახურის წლები
დასრულდებოდა, წავიდოდა, მოძებნიდა მათ და ბოლოს და ბოლოს იმ ადამიანებს
დაელაპარაკებოდა, რომელთა ცხოვრებაც ასე გადაჯაჭვოდა მისას.
ასეთი დღეც დადგა. მემანქანემ გადმოაბიჯა მატარებლიდან იმ ქალაქის
სადგურის ბაქანზე, სადაც ის ორი ქალი ცხოვრობდა. რელსებზე დგომით
გატარებული წლები დასრულდა. ახლა იგი იმ კომპანიის პენსიონერი გახლდათ და
აღარაფერი ევალებოდა. დინჯი ნაბიჯით გაიარა ბაქანი და ქალაქის ქუჩას გაუყვა.
ყველაფერი ისე უცნაურად ეჩვენებოდა, თითქოს ეს ქალაქი აქამდე არც კი ენახა. რაც
უფრო წინ მიდიოდა, მით უფრო მატულობდა მისი შეცბუნება და დაბნეულობა.
ნუთუ შეიძლებოდა ეს ის ქალაქი ყოფილიყო, რომლისთვისაც ათიათასჯერ მაინც
ჩაუვლია? ნუთუ ეს იგივე სახლები იყო, რომელიც ხშირად დაუნახავს თავისი
კაბინის მაღალი სარკმლიდან? ყველაფერი ისე უცხოდ, ისე ამაღელვებლად
ეჩვენებოდა, თითქოს ქალაქი სიზმრად ენახოს და რაც უფრო წინ მიიწევდა, მისი
სულის შეშფოთებაც მატულობდა.
ახლა, სახლები შეთხელდა და ქალაქის შორეულ, უწესრიგო დასახლებაში
აღმოჩნდა, ქუჩა კი სოფლის გზად იქცა, იმ გზად, რომელსაც იმ სახლთან უნდა
მიეყვანა, სადაც ქალები ცხოვრობდნენ. და კაცი მძიმედ მიაბიჯებდა სიცხესა და
მტვერში. და აი, ბოლოს, უკვე იმ სახლის წინ იდგა, რომლისკენაც ასე მოისწრაფოდა.
უმალვე მიხვდა,რომ იმ ადგილს მიაგნო. დაინახა სახლის წინ ცამდე აწვდილი
დიდებული ბერმუხები, ყვავილნარი, ბაღჩა-ბაღი, ტალავერი და მოშორებით
მოელვარე რელსები.
დიახ, ეს ის სახლი იყო, რომლისკენაც ასე მოისწრაფოდა, ადგილი, უამრავჯერ
რომ ჩაუვლია, დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც ასეთი ბედნიერების
გრძნობით ილტვოდა. მაგრამ, ახლა, როცა ამ ადგილს მიაგნო, როცა უკვე იქ იყო,
ხელი რატომ დაება ჭიშკართან? რატომ იქცა ქალაქი, გზა, მიწა, ამ ადგილის
შესასვლელი, რომელიც ასე უყვარდა უცხო, მახინჯ, სიზმარეულ პეიზაჟად? ახლა
რატომ შეიპყრო დაბნეულობის, ეჭვისა და უმწეობის გრძნობამ? ბოლოს მაინც შეაღო
ჭიშკარი, ნელი ნაბიჯით გაუდგა ბილიკს, წამში აიარა შესასვლელის სამი პატარა
123
124

საფეხური და უკვე კარზე აკაკუნებდა. ცოტა ხნის შემდეგ ფეხის ხმა მოესმა
ჰოლიდან, კარი გაიღო და ქალი მის პირისპირ იდგა.
და უმალ მწარე დანაკარგის და მწუხარების გრძნობამ შეიპყრო; ინანა კიდეც, რომ
მოვიდა. უმალვე გააცნობიერა, რომ მის წინ მდგარი ქალი, რომელიც უნდო თვალით
უყურებდა, სწორედ ის ქალი იყო, რომელიც ვინ იცის, რამდენჯერ ესალმებოდა
ხელის ქნევით. მაგრამ ახლა ხედავდა მის პირქუშ, უღიმღამო და გამხდარ
სახეს,მოდუნებული ხორცი ნაკეცებად რომ ეკიდა. ქალი პატარა თვალებით
უხერხულად, მერყევი უნდობლობით და შეფარული ეჭვით მიშტერებოდა. თუ ადრე
იგი ამ ქალის მოქმედებაში ამოიკითხავდა თავისუფლების შეუპოვარ წყურვილს,
სითბოსა და სიყვარულს, ახლა მის დანახვისას და არაკეთილგანწყობილი ხმის
გაგონებისას, ყველაფერი გაქრა.
ახლა საკუთარი ხმაც არარეალურად და საზარლად ჩაესმოდა, როცა ცდილობდა,
აეხსნა მისი იქ ყოფნის მიზეზი, ეთქვა ვინ იყო ან რას წარმოადგენდა, მაგრამ
შეყოყმანდა, ჯიუტად ებრძოდა სინანულისა და შეცბუნების საშინელ შეგრძნებას და
მის სულში აბორგებულ ურწმუნოებას, მთელ მის ადრინდელ სიხარულს რომ
ახშობდა და ახლა უკვე თავისი იმედებისა და სათუთი გრძნობების რცხვენოდა.
ბოლოს ქალმა ცალყბად შეიპატიჟა სახლში და თავის ქალიშვილს უხეში,
გამკივანი ხმით გასძახა. აგონიით შეპყრობილი კაცი ერთხანს იჯდა პატარა, უშნო
სასტუმრო ოთახში და ვიდრე ორი ქალი ჩამქრალი თვალებით, მტრული განწყობით,
პირქუშად და თავშეკავებული შეცბუნებით მიშტერებოდა, შეეცადა მათთან საუბრის
გაბმას. ბოლოს არც კი დაფიქრებულა ისე წაიბუტბუტა დამშვიდობების სიტყვები,
სახლი დატოვა, ბილიკს ჩაუყვა და ქალაქის გზაზე გავიდა. უცებ მთელი სიმწვავით
შეიგრძნო სიბერე. როდესაც რკინიგზის მშობლიურ ხედს გაჰყურებდა, მისი გული
შემართებით და თვითრწმენით ივსებოდა, ახლა კი ეჭვის ჭია შესჩენოდა და
შიშის ზარი იპყრობდა, რომ იმ მიწის უცხო და უჩვეულო სახეს ხედავდა, რომელიც
მისგან ქვის სროლის მანძილზე იყო, მაგრამ თურმე არც არასოდეს უნახავს და არც
სცნობია. და იცოდა, რომ იმ ნათელი, დაკარგული გზის მთელ ჯადოსნურობას, იმ
მბრწყინავი ხაზის ხედს, იმ წარმოსახვითი კუთხის პატარა, ნათელ სამყაროს,
რომელიც იმედის წყურვილს უღვივებდა, ვეღარასოდეს ნახავდა.

მოთხრობის გზამკვლევი

ილუზიის მომხიბვლელობა - რა ხშირად ხვდებიან ხოლმე ადამიანები ამ უხილავ


ბადეში. ის, რაც, ჩვეულებრივი აღქმით, არა მხოლოდ „კარგი“, არამედ
„შესანიშნავიცაა“, შესაძლოა აბსოლუტურად უსახური აღმოჩნდეს. ადამიანები
ხშირად უშვებენ შეცდომებს, როდესაც რაიმე მოვლენასა თუ სხვა ადამიანს
საკუთარი წარმოსახვის მიხედვით აფასებენ და არა მათივე თვისებებით. ასეთ დროს

124
125

ამ მოვლენისა თუ პერსონის ნამდვილი სახის ნაცვლად, მათზე ჩვენივე არასწორი


წარმოდგენა შეგვრჩება ხოლმე ხელთ.

ოცი წლის განმავლობაში მატარებლის მემანქანე პატარა ქალაქთან ჩერდება და


სიხარულით ივსება, როდესაც ხედავს, როგორ ესალმებიან ერთი კოპწია სახლიდან
ქალი და მისი შვილი. მემანქანეს ეს ორი ადამიანი წარმოედგინა „როგორც რაღაც
მშვენიერი და მარადიული, რომელიც სხვა ყველაფერს ცვლიდა, ანადგურებდა და
მაინც მარად უცვლელი დარჩებოდა“. ამის მიღმა აღარაფერს ჰქონდა რაიმე
მნიშვნელობა - მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთოდ არ იცნობდა და არც არასოდეს
ენახა ახლოდან, ეს ორი ადამიანი კაცს „განუცდელ ბედნიერებას ანიჭებდა“.
მემანქანის რეალური ცხოვრების ყველა პრობლემა ამ ბედნიერებას არაფრობად
ექცია.

ერთ მშვენიერ დღეს დადგა დრო, როდესაც კაცმა გადაწყვიტა კოპწია სახლის
ბინადარნი გაეცნო - საკუთარი ბედნიერებისთვის თვალებში ჩაეხედა. ოცი წლის
ოცნება უბრალო ილუზია აღმოჩნდა - იმედგაცრუება სრული და საბოლოო იყო. ის
ქალი, ვინც წლების განმავლობაში მისი ბედნიერების მწვერვალზე იდგა, ახლა
„...პატარა თვალებით უხერხულად, მერყევი უნდობლობით და შეფარული ეჭვით
უყურებდა. თუ ადრე იგი ამ ქალის მოქმედებაში ამოიკითხავდა თავისუფლების
შეუპოვარ წყურვილს, სითბოსა და სიყვარულს, ახლა მისი დანახვისას და
არაკეთილგანწყობილი ხმის გაგონებისას, ყველაფერი გაქრა“.

მოთხრობის სათქმელს მკითხველი სისავსით მაშინ აცნობიერებს, როდესაც


დანაცრებული ოცნების სახლიდან უკან გამობრუნებული მემანქანე უცებ მთელი
სიმწვავით შეიგრძნობს სიბერეს. ასეა - ადამიანი მაშინ ბერდება, როდესაც საოცნებო
აღარაფერი რჩება. სიბერე ცხოვრების აზრისა და მშვენიერების დაკარგვაა.

ზოგჯერ ის, რაც მომხიბვლელია შორიდან, ახლოდან დანახვისას უსახურდება და


წინარე წარმოსახვის საპირისპირო რამედ იქცევა. კარგია, თუ ამას ადამიანი სხვისი
(თუნდაც ლიტერატურული) მაგალითით ხვდება და არა საკუთარი გამოცდილებით.
მემანქანე გვამახსოვრდება, მაგრამ არ გვსურს, მის დღეში აღმოვჩნდეთ. მწერალი ამ
განწყობას „ჯერ“ და „მერეს“ დაუვიწყარი კონტრასტით ქმნის.

125
126

რაბინდრანათ თაგორი

ბრწყინვალე ინდოელი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე რაბინდრანათ თაგორი


კალკუტაში 1861 წლის 7 მაისს დაიბადა. ის ძალიან ცნობილ ოჯახში გაიზარდა,
სადაც იმდროინდელი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, მწერლები,
მხატვრები იკრიბებოდნენ. რაბინდრანათის დედა გარდაიცვალა, როცა ბიჭი 14 წლის
იყო და ამ მოვლენამ მის ფსიქიკას შესამჩნევი დაღი დაასვა.

ლექსების წერა რვა წლისამ დაიწყო. შინ საუკეთესო განათლება მიიღო, კერძო
სკოლებში სწავლობდა - ბენგალის აკადემიასა თუ კალკუტის აღმოსავლურ
სემინარიაში. 1878 წელს შედგა მისი დებიუტი ლიტერატურაში, როდესაც 17 წლის
ასაკში გამოაქვეყნა ეპიკური პოემა „პოეტის ისტორია“. იმავე წელს ლონდონში
გაეგზავრა, რათა საუნივერსიტეტო კოლეჯში იურისპრუდენცია შეესწავლა, თუმცა
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ინდოეთში დაბრუნებულმა, ძმების რჩევით, სამწერლო
მოღვაწეობას მიჰყო ხელი.

1882 წელს მან თავისი პირველი ლექსების კრებული „საღამოს სიმღერა“ გამოაქვეყნა,
1883 წელს კი მეორე - სახელწოდებით „დილის სიმღერები“. 1893-1900 წლებში,
რომელიც მისი პოეტური შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა, გამოიცა მისი ორი
კრებული, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანეს.

1902 წლიდან თაგორის ცხოვრებაში ტრაგიკული მოვლენები მოხდა, ჯერ ცოლი


გარდაეცვალა, შემდეგ - ქალიშვილი, 1907 წელს კი ქოლერამ მისი ვაჟი იმსხვერპლა.
ის უფროს ვაჟთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. იმ პერიოდში
გამოიცა მისი „სამხვერპლო სიმღერები“, რომელმაც ამერიკასა და ინგლისში სახელი
გაუთქვა. რაბინდრანათ თაგორი გახდა პირველი ინდოელი მწერალი, რომელსაც
1913 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია სწორედ ზემოხსენებული
წიგნისთვის გადასცეს. 1915 წელს მწერალს რაინდის წოდება მიანიჭეს, მაგრამ ოთხი
წლის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთის ჯარებმა ამრიტსარის დემონსტრაცია იარაღით
დაშალეს, ამ ტიტულზე უარი თქვა.

დასავლეთისთვის თაგორი ცნობილი პოეტი იყო, თუმცა მას ესსეები, პიესები,


მოთხრობები ჰქონდა გამოცემული, რომლებიც 15 ტომს შეადგენდა.

თავისი ცხოვრების ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან ბევრი დაავადება


გადაიტანა. 1941 წლის 7 აგვისტოს მწერალი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ
ოთხმა, მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტმა, მას საპატიო ხარისხი მიანიჭა,
ინდოეთისა და ბანგლადეშის სახელმწიფო ჰიმნები კი სწორედ მის ლექსებზეა
შექმნილი.

126
127

მდინარისპირა საფეხურებზე

თარგმნა ლილი კალანდაძემ


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ.3,
თბილისი, 2008)

თუ გსურს მოისმინო დიდი ხნის წინათ გარდასული დროის ამბავი, ჩამოჯექი აქ,
ჩემს საფეხურზე, და ყური მოაპყარ ზვირთების დუდუნს.
აშვინის (ინდური კალენდრის პირველი თვე, შეესაბამება სექტემბერს)  დამლევი
იყო. მდინარე ისე იყო ადიდებული, რომ ჩემი ოთხი საფეხურიღა მოჩანდა წყალზე.
ადიდებულმა მდინარემ სულ დაფარა დაბალი ნაპირი, სადაც მანგოს ხეების
ტოტებქვეშ კაჩუს ჯეჯილი ბიბინებდა. მდინარის მისაქციელთან წყლიდან სამ
ადგილას ამოშვერილიყო აგურით ნაგები რომელიღაც ძველი შენობის ნანგრევები.
ბაბლას (ინდური აკაცია) ხეებზე გამობმული მეთევზეთა ნავები უმწეოდ ირწეოდნენ
ტალღებზე.  მაღალი ბალახი, რომელიც ზოლად დასდევდა ნაპირს, ამომავალი მზის
სხივების დაჭერას ლამობდა. ბალახმა ის იყო ყვავილობა დაიწყო და  კოკრებს ჯერ
კიდევ ვერ მოესწროთ გაფურჩქვნა. 
მზისაგან ალაპლაპებულ მდინარეზე ნავებმა აფრები აუშვეს. ქურუმი ბრაჰმანები
თავიანთი წმინდა საწმისებით მოვიდნენ ნაპირთან გასაბანად.  ქალები ორ-ორად და
სამ-სამად ხელიხელჩაკიდებულნი ეშვებოდნენ წყალში. მე ვიცოდი, რომ , საცა იყო,
კუშუმიც უნდა გამოჩენილიყო საბანაო საფეხურებზე.
მაგრამ იმ დილას ამაოდ ვუცადე მას. მარტო ბუბანი და სვარნო ჭყუმპალაობდნენ
წყალში და ქალებს უყვებოდნენ, რომ მათი მეგობარი ქმრის სახლში წაიყვანეს,
სადღაც შორს, ძალიან შორს ამ მდინარიდან – იქ, სადაც უცხო ადამიანები ცხოვრობენ
და უცხო სახლები და უცხო ქუჩებია.
დროთა განმავლობაში კუშუმი თანდათან გადამავიწყდა. გავიდა ერთი წელი.
საბანაოდ მოსული ქალები იშვიათად თუ ახსენებდნენ კუშუმს. მაგრამ ერთ საღამოს
ჩემი სმენა დიდი ხნის ნაცნობი ნაბიჯების ხმამ გააოცა. დიახ, ეს მისი ნაბიჯები იყო,
ოღონდ ახლა ფეხებზე დასტანაგები აღარ ეკეთა და ნაბიჯებს ჩვეული ნაზი წკრიალი
აღარ მოსდევდა.
კუშუმი დაქვრივებულიყო. ამბობდნენ, რომ მისი ქმარი სადღაც შორს, ოჯახიდან
მოშორებით მსახურობდა და კუშუმმა იგი სულ ერთხელ თუ ორჯერ ნახაო, მერე კი
წერილს მისი სიკვდილის ამბავი მოუტანია. რვა წლის ასაკში დაქვრივებულმა
შუბლიდან გათხოვილი ქალის წითელი ნიშანო ჩამოირეცხა, სამკაულები მოიხსნა და
თავის ძველ სახლში დაბრუნდა, განგის ნაპირას. მაგრამ ძველი მეგობრებიდან ბევრი
აღარავინ დახვედრია შინ დაბრუნებულს. ბუბანი, სვარნო და ამალა გათხოვდნენ.
მარტო შარატიღა იყო სოფელში და იმაზედაც ამბობდნენ, დეკემბერში ათხოვებენო.

127
128

როგორც განგას ემატება ხოლმე წყალი წვიმების დაწყებისას, ისე დღითიდღე


ემატებოდა კუშუმს მოწიფული ქალის ლაზათი და სიტურფე, მაგრამ ქვრივის
ტანსაცმელი, სევდიანი სახე და წყნარი მიმოხვრა ნისლივით მოხვეოდა მის
ახალგაზრდობას და ღრუბლის ფარდასავით უმალავდა მამაკაცების თვალს მის
სილამაზეს. შეუმჩნევლად გავიდა ათი წელი. არავის შეუმჩნევია, რომ კუშუმი
გაიზარდა.
ერთ დილას, როდესაც სწორედ ასეთი ამინდი იყო, როგორიც დღეს, გასული
სექტემბრის მიწურულს, საიდანღაც ახალგაზრდა, პირთეთრი და ტანადი სანიასი
მოვიდა და შივას ტაძარში დაბინავდა, მდინარის მეორე ნაპირად. მისმა გამოჩენამ
დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოფელში. ქალებმა თავიანთი კოკები მოიტანეს და
გროვად მოაწყდნენ ტაძარს, რომ თაყვანი ეცათ წმინდა განდეგილისათვის.
ბრბო დღითიდღე მატულობდა ტაძართან. სანიასის დადება სწრაფად
ვრცელდებოდა ქალებში. დღეს რომ „ბაგბატს’’(ინდუისტური რელიგიის წმინდა
წიგნი) წაიკითხავდა, ხვალ „’გიტას’’ განმარტავდა ან ქადაგებას ამბობდა წმინდა
წიგნში მოთხრობილ ამბებზე. ზოგი რჩევა– დარიგებისათვის მოდიოდა მასთან,
ზოგი – შელოცვის სასწავლად, ზოგი კი -სამკურნალოდ.
ასე მისდევდა თვეები თვეებს. აპრილში, ბუნიობის შემდეგ, დიდძალმა ხალხმა
მოიყარა თავი განგაში გასაბანად. ბაბლას ხის ქვეშ ბაზრობა გაიმართა. ბევრი
მლოცველი მოვიდა შორიდან სანიასის თაყვანსაცემად. მათ შორის იმ სოფლის
ქალებიც ერივნენ, სადაც კუშუმი იყო გათხოვილი.
ადრე დილას სანიასი ჩემს საფეხურთან იდგა და კრიალოსანს მარცვლავდა,
როდესაც ერთმა ქალმა იდატყვი გაჰკრა და უთხრა: „შეხედე, ეს ხომ ჩვენი კუშუმის
ქმარია’’, მეორემ ოდნავ გადაიწია პირბადე ორი თითით და წამოიძახა: „უიმე,
მართალი ხარ! ის არის! ჩატერჯების უმცროსი ვაჟი ჩენი სოფლიდან’’. „სწორედ
ისეთი შუბლი, ცხვირი და თვალები აქვს’’, – დასძინა მესამემ, რომელიც
მაინცდამაინც არ იწუხებდა თავს სახის დასაფარავად.  სხვა ქალები კი, რომლებსაც
სანიასისათვის არც კი შეუხედავთ, კოკებით იღებდნენ მდინარეებიდან წყალს და
ოხრავდნენ: „ასეთი ახალგაზრდაა და ამ ქვეყანას უკვე აღარ ეკუთვნის, აღარასოდეს
აღარ დაბრუნდება შინ, საწყალი კუშუმი’’. „მაგრამ იმას ასეთი გრძელი წვერი არ
ჰქონდა’’, – შეეკამათა ერთი ქალი დანარჩენებს, „არც ასეთი გამხდარი და მაღალი
იყო’’, – დასძინა მეორემ და კამათი არ სიტყვებზე შეწყდა.
საღამოს, როდესაც ცაზე სავსე მთვარე ამოვიდა, კუშუმი მოვიდა და ჩემს
უკანასკნელ საფეხურზე ჩამოჯდა, ზედ მდინარის პირას. მისი ჩრდილი მე
მეფინებოდა.
ჩემს საფეხურებთან არავინ არის ხოლმე ამ დროს. ირგვლივ მხოლოდ კრუალები
კრუალებდნენ.  სპილენძის დაფებისა და ზარების ხმაც მიწყდა ტაძარში. ბგერების
უკანასკნელი ტალღა ნელა ილეოდა და ბოლოს სულ გაქრა, როგორც გამოძახილი,
მდინარის მეორე ნაპირის ჩაბნელებულ ჭალებში. განგის შავ ზედაპირზე მთვარის
შუქის ვერცხლისფერი ზოლი გაწვა. ნაპირზე კი – ტაძრის სვეტებქვეშ, ბარდებით
128
129

დაფარულ ნასახლარებთან და პალმების ტევრში – უცნაური ჩრდილები ჩამოწვა.


ჩატიმას დაბლა დაეხარა თავისი მოკაუჭებული ტოტები. ტურების კივილი სულ
ახლოს ისმოდა სახლებთან და სიბნელეში იკარგებოდა.
ნელა გამოვიდა ტაძრიდან სანიასი, რამდენიმე საფეხურზე დაეშვა და, მარტო
მჯდარ ქალს რომ მოჰკრა თვალი, უკან გაბრუნება დააპირა, მაგრამ უცებ კუშუმმა
თავი ასწია და უკან მოიხედა. ქალს თავზე წამოხურული მოსასხამი ჩამოუცურდა და
მთვარის სხივი სახეზე დაეფინა.
უეცრად ხმამაღალი კივილით გადაუფრინა ორთავეს მიკიოტმა. მიკიოტის
კივილზე კუშუმი შეკრთა, გონს მოვიდა, ისევ მოიხვია თავზე მოსასხამი და მიწამდე
დახარა თავი სანიასის ფეხებთან. სანიასმა დალოცა იგი და, ვინა ხარო, ჰკითხა:
-კუშუმს მეძახიან.
ამის მეტი არაფერი თქმულა იმ ღამეს. კუშუმი ნელა გაბრუნდა თავისი
სახლისაკენ, რომელიც აქვე იდგა, მაგრამ სანიასიმ ბევრი გრძელი საათი გაატარა ამ
ღამეს ჩემს საფეხურებზე. ბოლოს, როცა მთვარემ აღმოსავლეთდან დასავლეთისკენ
გადაინაცვლა და სანიასის ჩრდილი, რომელიც მის ზურგს უკან იყო, პირდაპირ მის
წინ გაწვა, იგი წამოდგა და ტაძარში შევიდა.
ამ დღიდან მოკიდებული ყოველდღე ვხედავდი, როგორ მოდიოდა კუშუმი და
მოწიწებით იხრებოდა მის ფეხებთან. როცა იგი წმინდა წიგნების სიტყვებს
განუმარტავდა ხალხს, კუშუმი მოშორებით იდგა, კუთხეში, და სულგანაბული
უსმენდა. ლოცვას რომ მოათავებდა, სანიასი ეძახდა კუშუმს და სარწმუნოებაზე
ებაასებოდა. კუშუმს ყველაფრის გაგება არ შეეძლო, მაგრამ ცდილობდა
მიმხვდარიყო, და, ხმაგაკმენდილი, გულისყურით უსმენდა. ყველაფერს უყოყმანოდ
ასრულებდა, რასაც კი იგი უბრძანებდა: ყოველდღე მუშაობდა ტაძარში ღვთისადმი
თაყვანისცემით შეპყრობილი, ყვავილები მოჰქონდა პუჯასთვის და წყალს
ეზიდებოდა განგიდან ტაძრის იატაკის მოსაწმენდად.
ზამთრის მიწურული იყო. ჯერ კიდევ ჰქროდა ცივი ქარი. მაგრამ ზოგჯერ
საღამოთი სამხრეთიდან მოულოდნელად გაზაფხულის თბილი ნიავი
ამოვარდებოდა, ცა თავის ცივ იერს კარგავდა, სოფელში სალამურები
აკვნესდებოდნენ და დიდი ხნის დუმილის შემდეგ ისევ გაისმოდა საკრავების ხმა.
მენავეები ნიჩბებს ხელს უშვებდნენ, დინებას ანდობდნენ ნავს და სიმღერას
იწყებდნენ კრიშნაზე. ასეთია წელიწადის ეს დრო.
და სწორედ ამ ხანებში შევნიშნე, რომ კუშუმი გაუჩინარდა. თავი ანება ტაძარში
სიარულს, სანიასის ქადაგებას აღარ ესწრებოდა.
რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ საღამოს, ისინი კვლავ
შეხვდნენ ერთმანეთს ჩემს საფეხურებზე.
– მე მიხმობდი, მასწავლებელო? – შეეკითხა თავდახრილი კუშუმი.
– ჰო! რატომ არ ჩანხარ? რატომ მიანებე თავი ამ ბოლო ხანებში ღმერთის
სამსახურს?
კუშუმი ხმას არ იღებდა.
129
130

– მიამბე, რასაც ფიქრობ, ნურაფერს დამიფარავ.


კუშუმმა ოდნავ მიაბრუნა მისკენ თავი და მიუგო.
– დიდი ბრალი მიმიძღვის, მასწავლებელო, ცოდვით შევბღალე ღვთისადმი
სამსახური.
– ვიცი, რომ შენი გული აფორიაქებულია, – თქვა სანიასამ.
კუშუმი ოდნავ შეკრთა, მერე სახე თავისი სარის ბოლოთი დაიფარა, სანიასის
ფეხებთან ჩაიკეცა და ატირდა. სანიასი ოდნავ გაეცალა მას და შეეკითხა:
– გამანდე შენი გულისნადები და მე გასწავლი სულიერი სიმშვიდის გზას.
– შენ თუ მიბრძანებ, ვალდებული ვარ გიპასუხო, – მიუგო კუშუმმა ნაწყვეტ-
ნაწყვეტად, თითქოს სიტყვებს დაეძებსო, მაგრამ მის ხმაში ურყევი რწმენა ჟღერდა. –
ოღონდ ყველაფრის თქმას ვერ შევძლებ. შენ ალბათ ისედაც მიხვდი, მასწავლებელო.
მე თაყვანს ვცემდი ერთ ადამიანს, ღმერთად მიმაჩნდა იგი, და ეს თაყვანისცემა
ნეტარებით მივსებდა გულს, მაგრამ ერთ ღამეს დამესიზმრა, რომ სადღაც, ბაღში,
ჩემი გულის მბრძანებელი ჩემს გვერდით იჯდა, მარცხენა ხელით ჩემი მარჯვენა
ხელი ეჭირა და სიყვარულზე მეჩურჩულებოდა. და ეს სურათი არ ეუცხოვა ჩემს
გულს. სიზმარი გაქრა, მაგრამ მის ძალას ისევ ტყვედ ვყავარ. მეორე დღეს, ისევ რომ
შევხვდი, უკვე სხვაგვარად წარმომიდგა თვალწინ, ისეთი აღარ მეჩვენა, წინათ რომ
ვხედავდი. სიზმარში ნანახი განუწყვეტლად მდევდა თან. შეშინებული გავექეცი მას,
მაგრამ სიზმარი ჩემთან დარჩა. მას შემდეგ ჩემმა გულმა სიმშვიდე დაკარგა – ბნელი
გამეფდა ჩემს სულში.
მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ აცრემლებული კუშუმი თავის ამბავს
ყვებოდა, ვგრძნობდი, როგორ აჭერდა სანიასი ჩემს საფეხურზე მარჯვენა ფეხს.
როცა კუშუმმა მოყოლა დაამთავრა, სანიასიმ თქვა:
– მითხარი, ვინ ნახე სიზმარში?
– არ შემიძლია, – მიუგო ქალმა და ვედრებით გაიწვდინა მისკენ ხელები.
– მითხარი, ვინ იყო! – ისევ გაიმეორა სანიასიმ.
– უთუოდ უნდა ვთქვა? – შეეკითხა ქალი ხელების მტვრევით.
– უნდა თქვა!
– შენ იყავი, მასწავლებელო! – წამოიძახა კუშუმმა, სახით დაემხო ჩემს ქვაფენილს
და აქვითინდა. გონს რომ მოვიდა და ისევ დაჯდა, სანიასიმ ნელა მიუგო:
– ამაღამვე ვტოვებ ამ მიდამოებს და ამიერიდან ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ.
გახსოვდეს, რომ მე სანიასი ვარ და ამ ქვეყანას აღარ ვეკუთვნი. უნდა დამივიწყო.
– როგორც შენ გსურს, მასწავლებელო, – წყნარად მიუგო კუშუმმა.
– მშვიდობით, – წაილუღლუღა სანიასიმ.
კუშუმს არაფერი უთქვამს. მიწამდე დახარა თავი მის წინაშე და მისი ფერხთა
მტვერი დაიყარა თავზე. სანიასი გაეცალა მას.
მთვარე ჩავიდა. უკუნეთი ბნელი ჩამოწვა. უცებ ტლაშუნი შემომესმა
მდინარიდან. ქარი ისევ მძვინვარებდა სიბნელეში, თითქოს ყველა ვარსკვლავის
ჩაქრობას ლამობდა ცაზე.

130
131

მოთხრობის გზამკვლევი

შეიძლება, სიყვარული და ჭეშმარიტი რწმენა ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ - განა ორივე


ღვთის სახელი არ არის?

რთული კითხვაა და ადამიანს უჭირს მასზე პასუხის გაცემა. ზოგიერთები ამბობენ, ეს


შეუძლებელიცააო. თეოლოგებისათვის ეს ორი ცნება ჰარმონიული ერთია, რეალური
ცხოვრება კი არც თუ იშვიათად განსხვავებულ პასუხებს გვთავაზობს. ეს პასუხები
ისეთივე იდუმალი და შელახულია, როგორც ძველი შენობის ნანგრევები, რომელიც
განგიდან „სამ ადგილას ამოშვერილიყო“.

რატომ ითხოვს რწმენა ყოველთვის (და - პირველ რიგში) იმის დათმობას, რაც
ყველაზე ძვირფასია ადამიაისთვის? იმიტომ რომ კონკურენციას ვერ იტანს - რწმენა
ერთადერთია, უალტერნატივოა ან საერთოდ არ არსებობს. ძნელია იმ ადამიანის
ხვედრი, ვისაც ამ ჭეშმარიტების დასტურისთვის აირჩევს განგება.

კუშუმი რვა წლის დაქვრივდა და მისი შემდგომი ცხოვრების სახელი „სევდა“ იყო.
ამგვარ მწუხარებასა და წყნარ უბრალოებაში „არავის შეუმჩნევია, რომ კუშუმი
გაიზარდა“.

ერთ მშვენიერ დღეს საიდანღაც ახალგაზრდა და მშვენიერი სანიასი მოვიდა და შივას


ტაძარში დაბინავდა. ზოგმა ქალმა ის კუშუმის გარდაცვლილ მეუღლეს მიამსგავსა.
რომელიღაც საღამოს სანიასმა და კუშუმმა ერთმანეთი ნახეს განგში ჩამავალ კიბესთან
(უცნაურია, მაგრამ სწორედ ეს კიბეა ამბის თხრობელი). ამ შეხვედრისას კუშუმმა
ახალგაზრდა კაცს მხოლოდ თავისი სახლი უთხრა და სახლისკენ წავიდა, სანიასმა კი
„ბევრი გრძელი საათი გაატარა ამ ღამეს“ კიბის საფეხურებზე. რა იყო ეს - ერთი
ნახვით შეყვარება თუ სულთა ჭეშმარიტებაში დაკავშიება? - აკი, კუშუმიც თითქოს
გარდაისახა და, ღვთის თაყვანისცემით შეპყრობილს, ნეტარება ეუფლებოდა სანიასის
მოსმენისას თუ ტაძარში მუშაობისას.

მოულოდნელად კუშუმმა თავი დაანება ტაძარში სიარულსა და სანიასის ქადაგებათა


მოსმენას. სანიასის კითხვაზე, თუ რატომ გაუჩინარდა, ახალგაზრდა ქალი უპასუხებს:
„დიდი ბრალი მიმიძღვის, მასწავლებელო, ცოდვით შევბღალე ღვთისადმი
სამსახური“.

კუშუმი დამნაშავედ გრძნობს თავს, რომ სანიასი შეუყვარდა. მისი ფიქრით,


სიყვარულს არაფერი ესაქმება რწმენასთან - ის მხოოდ მიწაა და არა ყვავილი,
რომელიც შეიძლება გაიფურჩქნოს. ამ საზრიის სანიასიც განუმტკიცებს, რომელიც
გამოუცხადებს, რომ დაუყოვნებლივ დატოვებს იქაურობას, ქალმა კი უცილობლად
უნდა დაივიწყოს. „როგორც შენ გსურდეს, მასწავლებელო“, - მშვიდად უპასუხებს
კუშუმი. ეს უკვე მიღებული გადაწყვეტილების სიმშვიდეს ჰგავს, - როცა სიცოცხლის

131
132

საფასურს სიკვდილით იხდიან. ქალი განგში გადავარდება („უცებ ტლაშუნი


შემომესმა მდინარიდან“).

დიადია რწმენა, რომელიც სიყვარულს კლავს? არსებობს ჭეშმარიტება სიყვარულის


გარეშე? ისინი ერთად არიან (როგორც წმინდა წიგნები გვასწავლიან), თუ შეიძლება
დიდი საზღვარი გაავლონ ადამიანთა გულებში?

კუშუმმა სიცოცხლის ბოლოს პასუხი მოისმინა. მისთვის ეს პასუხი მიუღებელი იყო.


მისი თვითმკვლელობის შემდეგ ამოვარდნილმა ქარმა კი ბოლო კითხვის („რატომ?“)
დასმის შესაძლებლობაც ისე მოსპო, „თითქოს ყველა ვარსკვლავის ჩაქრობას ლამობდა
ცაზე“.

ჯეიმს თურბერი

132
133

ამერიკელი მწერალი, კარიკატურისტი და ბრწყინვალე იუმორისტი, ჯეიმს გროვერ


თურბერი 1894 წლის 8 დეკემბერს ოჰაიოს შტატში, კოლუმბუსში დაიბადა.
მშობლებმა მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს, მამამისი, კლერკი და
უმნიშვნელო პოლიტიკოსი, მისი ბევრი ნაწარმოების პროტოტიპი გახდა, დედას კი
თურბერი მსოფლიოში საუკეთესო იუმორისტს უწოდებდა.

ბავშვობაში მომავალ მწერალს თამაშისას თვალში ისარი მოხვდა, სამწუხაროდ,


ექიმებმა ვერაფერი გააწყვეს და ის ცალი თვალით დაბრმავდა. ამის წყალობით,
ჯეიმსს საკმაოდ დიდი ფანტაზიის უნარი განუვითარდა. ჯანმრთელობის
პრობლემის მიუხედავად, 1913-1918 წლებში ოჰაიოს უნივერსიტეტში სწავლობდა,
რომელიც მხედველობის პრობლემის გამო ვერ დაამთავრა. მხოლოდ 1995 წელს,
გარდაცვალების შემდეგ, მიანიჭეს მას კუთვნილი საუნივერსიტეტო ხარისხი.

კოლუმბუსში დაბრუნებულმა თურბერმა წერა დაიწყო, 1921-24 წლებში


რეპორტიორად მუშაობდა, შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე ცნობილ
გამოცემასთან თანამშრომლობდა. ძალიან მალე მან კოლეგებს შორის შესანიშნავი
მწერლის რეპუტაცია დაიმსახურა, გარდა ამისა, მკითხველი მის მარტივ, მაგრამ
მსუბუქად სიურრეალისტურ ნახატებსაც აფასებდა. მისი ნაწარმოებების
უმრავლესობა იყო გამოგონილი იუმორისტული მემუარები, თუმცა ის საკმაოდ
პირქუშ ნაწარმოებებსაც ქმნიდა. მკითხველმა ის ჟურნალ „The New Yorker“-იდან
გაიცნო, სადაც ყველაზე დიდხანს მუშაობდა. მას ამერიკის ყველაზე დიდ სატირიკოს
მხატვრად მიიჩნევდნენ.

მწერალი ნიუ იორკში 1961 წლის 2 ნოემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალ

ბოლო ყვავილი

(იგავი)

თარგმნა ნინო ღამბაშიძემ


(bu.org.ge)

ვუძღვნი როზმარის – იმ იმედით რომ მისი სამყარო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩემი.

ყველასათვის ცნობილია, რომ XII მსოფლიო ომმა


ცივილიზაცია თითქმის მთლიანად გაანადგურა.

133
134

ქალაქები, სოფლები მთლიანად აღიგავნენ პირისაგან მიწისა.


ტყეებიც განადგურდა,
ბაღებიც,
ხელოვნების ნიმუშებიც...
კაცები, ქალები და ბავშვები უფრო დაბლები გახდნენ, ვიდრე ყველაზე დაბალი
ცხოველები იყვნენ.
გულაცრუებულმა და დაღონებულმა ძაღლებმა მიატოვეს მათი დაცემული
პატრონები.
დედამიწის ყოფილი ბატონების ამგვარი დაცემით გულმოცემული კურდღლები
თავს დაესხნენ მათ.
წიგნები, ნახატები და მუსიკა გაქრა დედამიწიდან და ადამიანები ისხდნენ ასე,
გულხელდაკრეფილნი და არაფერს აკეთებდნენ.
ასე გადიოდა წლები...
რამდენიმე გენერალს, ვინც გადარჩა, დაავიწყდა ბოლო მსოფლიო ომის ამბები.
ბიჭები და გოგონები იზრდებოდნენ ერთმანეთის ყურებაში და არაფერს
გრძნობდნენ, ვინაიდან სიყვარულმა დატოვა ეს ქვეყანა...
ერთ დღეს ერთი გოგონა, რომელსაც არასოდეს ენახა ადრე ყვავილი, შემთხვევით
წააწყდა ბოლო გადარჩენილ ცალს.
მან მიირბინა ადამიანებთან და უთხრა, რომ ყვავილი კვდებოდა.
ერთადერთი, ვინც გოგონას ლაპარაკს ყურადღება მიაქცია, ახალგაზრდა კაცი იყო,
მხოლოდ მას დააინტერესა რაღაცამ.
გოგონამ და ახალგაზრდა კაცმა ერთად დაიწყეს ყვავილის მოვლა და მანაც იხარა.
ერთ დღეს, ყვავილთან ფუტკარი მოფრინდა, მერე ბეღურაც.
მალე იქ ორი ყვავილი აღმოცენდა, მერე ოთხი და მერე ძალიან ბევრი.
ტყეები კვლავ აღმოცენდა, აყვავდა...
გოგონა დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა.
ახალგაზრდა კაციც დაინტერესდა გოგონათი და აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა
მასთან ყოფნა.
დედამიწაზე კვლავ დაიბადა სიყვარული.
ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ეყოლათ. მათ სიცილი და სირბილი ისწავლეს:
ძაღლები დაბრუნდნენ გადასახლებიდან.
ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ თუ ქვას ქვაზე დადებდა, თავშესაფარს ააშენებდა.
ძალიან მალე ყველამ ააშენა თავშესაფარი.
ქალაქები და სოფლები კვლავ წამოიმართნენ.
ქვეყანაზე დაბრუნდა სიმღერა.
ტრუბადურები და ჟონგლიორები,
მკერავები და მეწაღეები,
მხატვრები და პოეტები,
მოქანდაკეები და ბორბლის ხელოსნები,
134
135

და ჯარისკაცები...
... და...
... და...
... და...
... და...
და ლეიტენანტები და კაპიტნები,
და გენერლები და მაიორები,
და გამათავისუფლებლები, ვინც სიტყვით გამოდიოდნენ კრებებზე და იცავდნენ
ხალხის ინტერესებს.
ზოგი სად წავიდა საცხოვრებლად და ზოგიც – სად.
ხანი გამოხდა და ვინც მთებში წავიდა საცხოვრებლად, მოისურვა ბარში ცხოვრება,
ხოლო ვინც ბარში ცხოვრობდა, მთებში გადასახლებას აპირებდა.
გამათავისუფლებლებმა, ღმერთის სახელითა და ხალხის ინტერესების დასაცავად
გააღვივეს უთანხმოება.

და ასე ჩაერთო ქვეყნიერება კვლავ ომში...


ამჯერად ყველაფერი განადგურდა...
და ქვეყანაზე არაფერი აღარ გადარჩა...

მარტო ერთი კაცი


და ერთი ქალი
და ერთიც ყვავილი!..

მოთხრობის გზამკვლევი

რომელმა მსოფლიო ომმაო?! - მეთორმეტემ. არადა, საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ორი იყო.
რას მიგვანიშნებს მწერალი - იმას ხომ არა, რომ კაცობრიობა ვერასდროს გათავისუფლდება
პრობლემათა აგრესიული გზით გადაწყვეტის დამღუპველობისგან? ნუთუ ადამიანის
უგუნურება მარადიულია?

ჯეიმს თურბერი ცივილიზაციის განადგურების სევდიან სურათს გვიჩვენებს: აღარ არის


ქალაქები და სოფლები, იავარქმნილია ბუნება, ხელოვნების ნიმუშები გაცამტვერებულია,
დაღონებული ძაღლები კი დაცემულ, დამდაბლებულ და არაფრის მკეთებელ პატრონებს
ტოვებენ. თუმცა ძაღლებს ვინღა ჩივის, როდესაც სამყაროს სიყვარულიც ტოვებს.

ყველა ხედავს და გრძნობს, რომ ეს ცუდია, მეტიც - დამთრგუნველი საშინელებაა, მაგრამ


რატომ არ იქცევა ეს განცდა კაცობრიობის გამოცდილებად? როგორ მიდის საქმე მეთორმეტე
(!) მსოფლიო ომამდე - ნუთუ წინა თერთმეტის კოშმარული სახე არავის არაფერს აგონებს და
აფრთხილებს?

135
136

მწერალი გვეუბნება, რომ ადამიანის სულსა და გონებაში არის რაღაც ისეთი, რომელიც
„სურვილის“ ან „იდეის“ სახელს ირქმევს და შემდეგ ისე უბატონდება ცნობიერებას, რომ
წინარე გამოცდილებას საზღვარს მთლიანად შლის - სიკვდილისა და განადგურების შიშიც კი
ვეღარ აფერხებს და აჩერებს.

თუმცა, ადამიანის სულში მეორე მუდმივაც არის - დაუოკებელი სიცოცხლის მარადისობა.


თურბერი ამბობს: არაფერი კვდება ისე, რომ მასში საბოლოოდ გაქრეს სიყვარული - ახალი
სიცოცხლის დამბადებელი ერთადერთი ძალა. მისი სიმბოლო ნოველაში ყვავილია. რატომ
„ბოლო“? - იმიტომ რომ, სწორედ ის არის გადარჩენისა და აღორძინების უკანასკნელი და
ერთადერთი იმედი. ეს ყვავილი არა მხოლოდ მიწის, არამედ სულისაც არის, რომელიც
ბუნებასა და ადამიანის ცნობიერებაში ერთნაირად აღმოცენებულა და ყოველი სიკვდილის
ბოლო წინადადებას ახალ ფრაზად აქცევს.

არიან სიცოცხლის შემქმნელები და არიან სიკვდილის დამბადებლებიც. მეორენი მუდმივად


პირველთა სახელით ლაპარაკობენ - ყველაზე ამაზრზენი და კაცთა დამღუპველი ნაბიჯების
გადადგმის წინ მხოლოდ სამართლიანობას, ბედნიერებასა და სიკეთეს ახსენებენ. დიახ! -
მათი აზრით, ადამიანმა შესაძლოა განადგურების ცეცხლს მისცეს მეორე ადამიანი, თუკი ამას
მშვიდობა და სიყვარული „მოითხოვს“. სიკვდილის დამბადებლები საკუთარ თავს ყველაზე
ხშირად „გამათავისუფლებლებს“ უწოდებენ - „თავისუფლება“ და „ღირსება“ მათი საყვარელი
სიტყვებია.

თუმცა ერთიც არის, რაც სულ უნდა გვახსოვდეს: ადამიანის საბოლოო განმსაზღვრელი და
გამამართლებელიც მოქმედებაა და არა სიტყვები - ის ხარ, რასაც აკეთებ და არა მხოლოდ
ამბობ. ეს უკვდავი პრინციპია და სწორედ მას უკავშირდება სიცოცხლე.

სიკვდილი საბოლოოდ ვერასდროს გაიმარჯვებს, სანამ კაცისა და ქალის გვერდით ერთი


ყვავილი მაინც ხარობს. ერთი შეხედვით, ის ნაზი და სუსტია, მაგრამ ადამიანის თვალით,
გულითა და გონებით გაძლიერებულს ვერაფერი სძლევს ამქვეყნად.

136
137

ფრანც კაფკა
,
სახელგანთქმული მწერალი, ფრანც კაფკა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1883 წლის 3
ივლისს დაიბადა. ძირითადად, გერმანულ ენაზე წერდა ნოველებსა და მოთხრობებს
და ფართოდაა ცნობილი, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფიგურა. მისი უნიკალური ენა და თხრობის სტილი მკითხველსა და
კრიტიკოსებს დღემდე აღაფრთოვანებს.

კაფკა საშუალო კლასის გერმანულად მოლაპარაკე ებრაულ ოჯახში დაიბადა.


პროფესიით ადვოკატი გახლდათ და შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ,
სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, თავისუფალ დროს კი წერას მიჰყო ხელი.
თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მას არაერთი წერილი აქვს მიწერილი
ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, მათ შორის მამისთვის, რომელთანაც ძალიან
ოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა.

კაფკას ნაწარმოებების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოქვეყნდა მის სიცოცხლეში, ბევრი


რამ თავად დაწვა. აქვს რამდენიმე დაუსრულებელი ნამუშევარიც. მისი ყველაზე
ცნობილი ნაწარმოებებია: „მეტამორფოზა“, „პროცესი“, „განაჩენი“, „გოდოლი“.

ფრანც კაფკა 1924 წლის 3 ივნისს ავსტრიაში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

კანონის წინაშე

თარგმნა პეტრე ჯავახიშვილმა


(„რა არის თავისუფლება - კრებული მესამე“, „მოქალაქე“, თბილისი, 2015)

კანონის წინ დგას კარიბჭის გუშაგი. ამ გუშაგთან მოდის ერთი სოფლელი კაცი და
კანონში შეშვებას ითხოვს. გუშაგი კი ეუბნება, ახლა ვერ შეგიშვებო. კაცი ერთხანს
ფიქრობს და შემდეგ ეკითხება, სხვა დროს მაინც თუ შემეძლება შესვლაო.
„შესაძლებელია, – ამბობს გუშაგი – ახლა კი – არა“.
რადგან კანონის კარიბჭე მუდამ ღიაა და გუშაგი განზე დგება, კაცი იხრება, თავს
ხრის და უნდა კარიბჭეში შეიხედოს, ნახოს, შიგნით რა ხდება. გუშაგი ამას ამჩნევს და
ეცინება: „ასე ძალიან თუ გიზიდავს, სცადე, ჩემი აკრძალვის მიუხედავად, შიგ შესვლა.
მაგრამ დაიმახსოვრე: მე ძლევამოსილი ვარ. ამავე დროს, მე ვარ ყველაზე უმცროსი
გუშაგი. ყოველი დარბაზის კართან დგანან გუშაგები, ყოველი მომდევნო უფრო
ძლიერია, ვიდრე წინა. თვითონ მე ვერ გავუძლებ უკვე მესამე გუშაგის უბრალო
შეხედვასაც კი“.

137
138

სოფლელი კაცი ამდენ სიძნელეს არ ელოდა. კანონი ხომ ყველასათვის და


ყოველთვის უნდა იყოს მისაწვდომი, ფიქრობს იგი, მაგრამ ახლა გუშაგს უფრო
გულდასმით რომ ათვალიერებს (გუშაგს ქურქი აცვია, დიდი წაწვეტებული ცხვირი
აქვს, გრძელი, თხელი, შავი თათრული წვერი) გადაწყვეტს, ჯობია დავიცადოო, სანამ
ნებართვას მივიღებდეო.
გუშაგი სოფლელ კაცს ტაბურეტს აძლევს და კარისაგან ცოტა მოშორებით სვამს. აქ
ზის კაცი დღეების და წლების განმავლობაში. ამასობაში არაერთხელ ცდილობს კარში
შესვლის ნებართვის მიღებას, გუშაგს თავს აბეზრებს თხოვნით. გუშაგი სოფლელ კაცს
ხშირად პატარ-პატარა დაკითხვებს უწყობს, ეკითხება სამშობლოზე, ამაზე, იმაზე,
მაგრამ ყველა ეს ცალყბა, გულგარეთა შეკითხვებია, დიდკაცებს რომ სჩვევიათ, და
ბოლოს, ყოველთვის ეუბნება, ჯერ ვერ შეგიშვებო. კაცმა, რომელიც
მოგზაურობისთვის ყოველმხრივ იყო მომარაგებული, ყველაფერი დახარჯა.
განსაკუთრებით ძვირფასს გუშაგს მიართმევდა ხოლმე, როგორმე რომ მოექრთამა.
გუშაგი ყველაფერს იღებდა, მაგრამ ამასთანავე ამასაც ამბობდა: „მე იმიტომ
ვღებულობ, შენ რომ არ იფიქრო, საცადელი დავაკელიო“. მრავალი წლის
განმავლობაში აკვირდება კაცი გუშაგს თვალმოუშორებლად, მას ავიწყდება სხვა
გუშაგები და მხოლოდ ეს გუშაგი ჰგონია ერთადერთი დაბრკოლება კანონში შესვლის
გზაზე. კაცი წყევლის უიღბლო შემთხვევას, პირველ წლებში ხმამაღლა და
მოურიდებლად, შემდეგ, როცა მოხუცდება, თავისთვის ყრუდ ბუზღუნებს. კაცი
ბავშვდება, და რადგან გუშაგის მრავალწლიანი შესწავლის შედეგად დაწვრილებით
იცნობს გუშაგის ქურქის რწყილებსაც, მათაც თხოვს დახმარებას და გუშაგის
დაყოლიებას. ბოლოს თვალის სინათლე უსუსტდება და უკვე აღარ იცის, მას ეჩვენება,
თუ მართლა ბნელდება ირგვლივ. მაგრამ სიბნელეში აშკარად ამჩნევს, რაღაც
ბრწყინვას, რაც ჩაუქრობლად იფრქვევა კანონის კარიბჭიდან. ამის შემდეგ ის დიდხანს
აღარ ცოცხლობს. სიკვდილის წინ მისი ცხოვრების ყველა გამოცდილება იკუმშება ერთ
კითხვად, რომელიც გუშაგისთვის აქამდე არ დაუსვამს. კაცი ანიშნებს გუშაგს მასთან
მივიდეს, რადგან მეტად უკვე აღარ შეუძლია თავისი გახევებული ტანის ათრევა.
გუშაგი იძულებულია ღრმად დაიხაროს კაცისაკენ, რადგან მათ სიმაღლეებს შორის
განსხვავება ამ ხნის განმავლობაში კაცისათვის არახელსაყრელად შეცვლილა.
– რისი გაგება გსურს კიდევ? – ეკითხება გუშაგი, – შენ გაუმაძღარი ხარ.
„ყველა კაცი ხომ კანონისაკენ მიისწრაფის, – ამბობს კაცი, – როგორ მოხდა, რომ
ამდენი წლის განმავლობაში არავის უთხოვია ჩემს გარდა შიგ შესვლა?“ გუშაგი
მიხვდება, რომ კაცი აღსასრულსაა მიახლოებული, და თითქმის უკვე დაყრუებულს,
ხმამაღლა უყვირის: „აქ არავის შეეძლო შესვლა, რადგან ეს შესასვლელი შენთვის იყო
განკუთვნილი. ახლა მივალ და დავკეტავ“.

138
139

მოთხრობის გზამკვლევი

ადამიანებს ძალიან სჭირდებათ სამართლიანობა, მაგრამ რა არის სამართლიანობა ან


სად არის ის? შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ვიპოვოთ ან მეტიც - მივაღწიოთ? თუ
სამართლიანობა ჩვენთვის კონკრეტულ დროსა და სივრცეში არ არსებობს, ის
მხოლოდ ზოგად ღირებულებად დარჩება და ვერანაირ სარგებლობას ვერ მოგვიტანს.

კაფკას მოთხრობაში ადამიანი ეძიებს სამართლიანობას და ვერაფრით აღწევს მას.


აღმოუჩენელი და მიუღწეველი სამართლიანობა კი უსამართლობაა. საზოგადოდ, შენ
„შეგიძლია“, მაგრამ „ვერაფრით მოახერხებ“. ყოფნისა და არსებობის ილუზიით
შეგიცვლიან ამ ყოფნასა და არსებობას. ეს მოთხრობის დასაწყისშივე ჩანს - კითხვაზე
შეიძლება თუ არა კანონთან კაცის შეშვება, ამ კაცს კარის მცველი უპასუხებს:
„შესაძლებელია, მხოლოდ ახლა არა“. კანონის მთელი ბრწყინვალება ნებისმიერ
მომავალში შეიძლება ჩანდეს - ოღონდ აწმყოში არა. მუდმივი მომავალი კი
პრაქტიკულად არარსებული აწმყოა.

რა განაპირობებს კანონის ანუ სამართლიანობის პერმანენტულ მიუღწევლობას? -


ადამიანური ბარიერები. ერთ ადამიანს სამართლიანობის მიღწევას ყოველთვის
მეორე ადამიანი უშლის, ხოლო როდესაც ეს „მეორე“ ბევრიცაა, საქმე უსაშველო
ხდება. გარდა ამისა, ყოველი მომდევნო უფრო მაღალი რანგის „მეორეა“.

მთელი უბედურება ის არის, რომ სამართლიანობის ნახვის მსურველი კარის


პირველივე მცველს ვერ სძლევს. წლების განმავლობაში ცდილობს ამას რაგინდარა
ხერხით, მაგრამ - უშედეგოდ. ბოლოსდაბოლოს ეს მცდელობები აბსურდს ემსგავსება
(„...მისი ქურქის საყელოზე რწყილებს შენიშნავს, ახლა რწყილებს უწყებს ვედრებას,
რომ როგორმე იქნებ დაიყოლიონ მცველი“.).

კარიდან მუდმივად ჩანს ნათელი, რომელიც ასე იზიდავს კაცს, მაგრამ მისი ხვედრი
მხოლოდ სიბნელეა. თითქოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ პირველივე
„ყოვლისშემძლე“ მცველს ვერაფერს უხერხებს.

დაბოლოს, სიკვდილის წინ, კაცი მთავარ კითხვას დაუსვამს კარის მცველს: „ყველა
ხომ ასე დაუოკებლად მიილტვის კანონისკენ, მაშ, ჩემ გარდა, მრავალი წლის
განმავლობაში რატომ არავინ მოინდომა შიგ შესვლა?“ მცველის პასუხი ყველა
ჩვენგანისთვის ძალიან დამაფიქრებელი და ჭკუის სასწავლებელია: „...ეს შესასვლელი
მხოლოდ შენ გეკუთვნოდა. ახლა მე წავალ და დავხურავ მას“.

რატომ დაამთავრა კაფკამ მოთხრობა ასეთი ფრაზით?

ამ კითხვას, მოთხრობის კონტექსტიდან გამომდინარე, რამდენიმე პასუხი აქვს:

139
140

1. შენი ცხოვრების დრო-სივრცული განზომილება მხოლოდ შენ გეკუთვნის და


შენთან ერთად ქრება - სხვას არავის ძალუძს მისი გამოყენება;
2. ვერაფერს მიაღწევ, სანამ არ იმოქმედებ - მხოლოდ სხვის ნებაზე
დამოკიდებული კაცი განწირულია მარცხისთვის;
3. ყველა პრობლემას აქვს თავისი „სიღრმე“, საფეხურეობრივი ბარიერები (ამას
მოთხრობაში გამოხატავს მცველთა სიმრავლე, რომელთაგან თითოეული
მომდევნო წინამორბედზე ძლიერია) და თუ ადამიანს არ სწამს სულ
უკანასკნელის დაძლევაც, პირველივესთან სამუდამოდ შეფერხდება.

საბოლოო ანგარიშით, მოთხრობას ერთ მთავარ დასკვნასთან მივყავართ -


ცხოვრება ადამიანს ყოველთვის უქმნის ისეთ არსებით პრობლემას, რომლის
გადალახვაც კარგად დაცული ილუზიის დაძლევას გულისხმობს. ამ გზაზე
ყოველ ჩვენგანს, ერთი შეხედვით, გადაულახავი წინააღმდეგობები შეხვდება,
მაგრამ თუ არ ვირწმუნეთ გამარჯვება და არ გავისარჯეთ მისთვის,
ბედნიერებას ვერ მივაღწევთ - მარადიულად დავრჩებით იმ თვალსაზრისთან,
რომ წუთისოფლის აბსურდი ნებისმიერ ცნებას მის საწინააღმდეგო
მნიშვნელობას მიანიჭებს.

ორასიო კიროგა

140
141

სკაროსები და იაგუარები

თარგმნა პაატა გეგელაშვილმა


(ორასიო კიროგა, „ანაკონდა“, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2011)

მდინარე იაბებირში, რომელიც მისიონესის5 პროვინციაში მიედინება, უამრავი


სკაროსი6 ბინადრობს და თვით სიტყვა „იაბებირი“ ინდიელთა ენაზე სწორედ
„სკაროსთა მდინარეს“ ნიშნავს. ისინი ისე ბევრნი არიან, რომ ზოგჯერ მდინარეში
ფეხის ჩადგმაც საშიშია. ერთი ნაცნობი მყავდა, რომელსაც სკაროსმა ფეხზე უკბინა და
შემდეგ სახლამდე მთელი გზა კოჭლობით მიჩანჩალებდა; მიდიოდა და
ტკივილისგან ქვითინებდა. სკაროსის კბენისგან გამოწვეული ტკივილი ქვეყნად
ყველაზე მტკივნეულია.
და რადგანაც სკაროსების გარდა იაბებირში სხვა თევზებიც გვხვდება, აქ ბევრი
მოდის დინამიტით მათ დასახოცად. ისინი მდინარეში დინამიტს აგდებენ და
ათასობით თევზს ხოცავენ, დიდებსაც და ისეთ პატარებსაც, რომლებიც არავის
სჭირდება.
და აი, ერთხელ ამ მხარეში ერთი კაცი დასახლდა, რომელმაც როცა შეიტყო, რომ
მდინარეში თევზებს დინამიტით ხოცავდნენ, წინ აღუდგა ამ ბარბაროსობას, რადგან
ძალიან შეეცოდა პატარა თევზები. იგი არავის უშლიდა საკვებად თევზის ჭერას,
მაგრამ არც ის უნდოდა, რომ მილიონობით თევზი ასე უაზროდ დაღუპულიყო.
ადამიანები, რომლებიც დინამიტს იყენებდნენ, თავიდან ძალიან უკმაყოფილონი
იყვნენ, მაგრამ რადგან ახალმოსული, თავისი გულკეთილობის მიუხედავად, მტკიცე
ხასიათით გამოირჩეოდა, ისინი მაინც სხვა ადგილას გადაბარგდნენ. და თევზებიც
ცას ეწიენ სიხარულით. ისე მოხარულნი და ახალი მეგობრის ისეთი მადლიერნი
იყვნენ, რომ მაშინვე ცნობდნენ, როგორც კი ის მდინარეს მიუახლოვდებოდა, ხოლო
როდესაც თამბაქოს წევით ნაპირს მიუყვებოდა, სკაროსები უკან მისდევდნენ,
ნაპირთან ფუსფუსებდნენ და ფსკერიდან შლამის ღრუბლებს აყენებდნენ,
გახარებულნი იმით, რომ თავიანთ მეგობარს მიაცილებდნენ. კაცი არაფერს ეჭვობდა
და ბედნიერად ცხოვრობდა მდინარის შორიახლოს.
და ისე მოხდა, რომ ერთ საღამოს იაბებირის ნაპირთან მელამ მიირბინა, თათები
წყალში ჩაყო და დაიყვირა:
– ეი, სკაროსებო! სწრაფად! აქეთ თქვენი მეგობარი მოდის! დაჭრილია!
ამის გაგონებაზე შეშინებული სკაროსები ნაპირს მიაწყდნენ და მელას ჰკითხეს:
– რა მოხდა? სად არის ადამიანი?
5
არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია
6
ზვიგენისებრთა რიგის თევზები. აქვთ შიშველი ან ქიცვებით დაფარული კანი. სკაროსთა
უმრავლესობის თავი და ტანი შერწყმულია გაფარჩხულ მკერდის ფარფლებთან და ქმნის დისკოს.
კუდის ფუძესთან აქვს დიდი ქიცვი, რომლის ჩხვლეტა სახიფათოა, რადგან იქ შხამიანი ჯირკვლებია
განლაგებული; ბინადრობს ზღვების სანაპირო ზოლში. არის აგრეთვე მტკნარი წყლის სახეობებიც
(მაგალითად, სამხრეთ-ამერიკული მდინარის სკაროსები
141
142

– აი, მოდის! – ისევ დაიყვირა მელამ. – იაგუარს ებრძოდა და ის ახლა უკან


მოსდევს. მონადირეს, უთუოდ, კუნძულამდე სურს მიაღწიოს! გაატარეთ, კეთილი
კაცია.
– ცხადია, გავატარებთ, – უპასუხეს სკაროსებმა, – იაგუარი კი აქ ვერაფრით ვერ
გაივლის.
– ფრთხილად იყავით, – შესძახა დამშვიდობებისას მელამ. – არ დაგავიწყდეთ,
რომ იაგუართან გაქვთ საქმე.
მელამ უეცრად ისკუპა და ტყეში გაუჩინარდა.
როგორც კი ის თვალს მიეფარა, ბუჩქებიდან კაცი გამოვიდა; მას დაფლეთილი და
მთლად სისხლით მორწყული პერანგი ეცვა. სახეზე, მკერდსა და ფეხებზე სისხლი
ჩამოსდიოდა და ქვიშას ეწვეთებოდა. იგი ბარბაცით წალასლასდა ნაპირისკენ,
რადგან მძიმედ იყო დაჭრილი და მდინარეში შევიდა. როგორც კი ფეხი ჩადგა
წყალში, ნაპირთან შეჯგუფულმა სკაროსებმა მაშინვე გზა დაუთმეს და სანამ
ადამიანი ფონით კუნძულამდე მიატანდა, ისე, რომ წყალი მკერდამდე სცემდა, არც
ერთი სკაროსი არ შეხებია.
როგორც კი კუნძულს მიაღწია, გრძნობადაკარგული ჩაიკეცა ქვიშაზე, რადგან
ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა.
სკაროსებმა ხეირიანად თავიანთი მომაკვდავი მეგობრის დატირებაც ვერ
მოასწრეს, რომ საზარელი ღრიალი გაისმა და შიშისგან წყალში შეხტნენ.
– იაგუარი! იაგუარი! – ერთხმად დაიყვირეს მათ და თავქუდმოგლეჯილნი
მიაწყდნენ ნაპირს.
და მართლაც, იაგუარი, რომელიც ადამიანს ებრძოდა და ახლა კვალდაკვალ
მიჰყვებოდა მას, იაბებირის ნაპირზე გამოჩნდა. მხეციც მძიმედ იყო დაჭრილი და
მთელი მისი სხეული სისხლის წვეთებს დაეფარა. როდესაც კუნძულზე
უსიცოცხლოდ განრთხმულ ადამიანს მოჰკრა თვალი, იაგუარმა გააფთრებით
დაიღრიალა და მდინარეს მივარდა, რათა მტრისთვის ბოლო მოეღო.
მაგრამ როგორც კი თათი ჩაყო წყალში, იგრძნო, თითქოს უამრავი ბასრი
ლურსმანი შეეხო და სწრაფად დაიხია უკან: სკაროსებმა, რომლებიც გადასასვლელს
იცავდნენ, მთელი ძალით ჩაურჭეს იაგუარს თათში თავიანთი მახვილი ნემსები.
იაგუარი ტკივილისგან ახროტინდა და ნატკენი თათი აღმართა; როდესაც შეატყო,
რომ ნაპირთან წყალი ამღვრეულიყო, თითქოს ვიღაც ფსკერზე მთელ შლამს ქექავდა,
მიხვდა, რომ ეს სკაროსები იყვნენ, რომელთაც მისი გატარება არ სურდათ და
გამძვინვარებულმა დაიყვირა:
– ა-ა! ვიცი, ეს რაცაა, ეს თქვენ ხართ, წყეული სკაროსები! გზიდან ჩამომეცალეთ!
– არ ჩამოგეცლებით! – უპასუხეს სკაროსებმა.
– ჩამომეცალეთ!
– არ ჩამოგეცლებით! ის კარგი კაცია! უსამართლობა იქნება მისი მოკვლა.
– ადამიანმა მე დამჭრა!

142
143

– შენც ხომ დაჭერი ის. შეგიძლია ტყეში გაუსწორო ანგარიში. აქ კი ჩვენ ვიცავთ
მას!.. ვერ გახვალ!
– გზა მომეცით! – უკანასკნელად დაიღმუვლა იაგუარმა.
– არასოდეს – არა! – უპასუხეს სკაროსებმა (მათ თქვეს „არასოდეს – არა“, რადგან
ასე ამბობენ გუარანები – ინდიელები, რომლებიც მისიონესში ცხოვრობენ).
– ვნახოთ, – დაიღრიალა იაგუარმა და ნახტომისთვის უკან დაიხია.
იაგუარმა იცოდა, რომ სკაროსები თითქმის ყოველთვის ნაპირთან არიან და
გაიფიქრა, რომ თუ შორს გადახტებოდა, მდინარის შუაგულში ისინი ვერ
დაეწეოდნენ და მომაკვდავი ადამიანის შეჭმაშიც ვეღარავინ შეუშლიდა ხელს.
მაგრამ სკაროსები განზრახვას მიუხვდნენ, მდინარის შუაგულისკენ გაექანენ და
ერთმანეთს ბრძანებას გადასცემდნენ:
– ნაპირს მოშორდით! – ყვიროდნენ ისინი წყალქვეშ. – უფრო ღრმად! მდინარის
შუაგულში! მდინარის შუაგულში!
და მყისვე სკაროსების მთელი არმია გადასასვლელის დასაცავად მდინარის
შუაგულისკენ გაექანა, იმ დროს, როდესაც იაგუარმა მთელი ძალით ისკუპა და
წყალში ჩახტა. იგი სიხარულით ცას ეწია, რადგან თავიდან ვერავითარი კბენა ვერ
იგრძნო და იფიქრა, რომ სკაროსები ნაპირთან დარჩნენ და მათი მოტყუება შეძლო.
მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ ნემსების მთელი წვიმა შეესო;
იაგუარი ტკივილისგან აყმუვლდა და ადგილზე დაბზრიალდა: ეს ისევ სკაროსებმა
დაუჩხვლიტეს თათები, ისე, რომ ადგილიც არ დაუტოვეს.
იაგუარმა მაინც სცადა გზის გაგრძელება, მაგრამ ტკივილი თანდათან ისეთი
აუტანელი გახდა, რომ უეცრად საშინლად აღრიალდა, უკან, ნაპირისკენ გაექანა და
ტკივილებისგან სულშეხუთული მიწაზე გაიშხლართა; მუცელი ისე უთრთოდა,
თითქოს საშინლად იყო გადაქანცული.
საქმე კი ის გახლავთ, რომ სკაროსის ნაკბენი შხამიანია და იაგუარიც მოიწამლა.
მაგრამ იაგუარის დამარცხებამ ვერ დაამშვიდა სკაროსები, რადგან შიშობდნენ,
რომ ძუ და კიდევ ბევრი სხვა იაგუარი მოვიდოდა და მაშინ ისინი ვეღარ დაიცავდნენ
გადასასვლელს.
მართლაც, მალე ტყე აგუგუნდა და ძუ იაგუარი გამოჩნდა, რომელიც სიბრაზისგან
ლამის გონს გადავიდა მიწაზე გაშოტილი იაგუარის დანახვისას. მან თვალი შეავლო
მღვრიე წყალს, მიხვდა, რომ იქ სკაროსები იყვნენ, მდინარესთან მივიდა და წყალს
ჩასძახა:
– ეი, სკაროსებო, გასვლა მინდა!
– არ შეიძლება, – უპასუხეს სკაროსებმა.
– თუ არ გამატარებთ, აქ ცოცხალი ერთი სკაროსიც არ დარჩება! დაიღრინა ძუმ.
– მაინც არ გაგიშვებთ, – უპასუხეს მათ.
– უკანასკნელად გეუბნებით, გამატარეთ!
– არასოდეს – არა! – შესძახეს სკაროსებმა.

143
144

გააფთრებულმა ძუმ უცაბედად ფეხი ჩადგა წყალში, ერთ-ერთი სკაროსი


ფრთხილად მიუახლოვდა და თათში მთელი ძალით ჩაასო თავისი ნემსი. ნადირი
ტკივილისგან აღრიალდა, ხოლო სკაროსებმა ღიმილით მიუგეს:
– მგონი, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ!
მაგრამ ძუმ რაღაც მოიფიქრა და, ფიქრებში ჩაძირული, ხმაამოუღებლად დინებას
აღმა გაუყვა.
გეგმა კი ასეთი იყო: მდინარე სხვა ადგილზე უნდა გადაელახა, იქ, სადაც სხვა
სკაროსები ცხოვრობდნენ, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ გადასასვლელის დაცვა იყო
საჭირო. და სკაროსები ძლიერ შეშფოთდნენ.
– ის ზევით გადალახავს მდინარეს! – ყვიროდნენ ისინი. – ჩვენ არ გვინდა, რომ
ადამიანი დაიღუპოს! ჩვენი მეგობარი უნდა დავიცვათ.
და ისეთი სასოწარკვეთით აფართხალდნენ, რომ შლამისგან მთელი წყალი
აამღვრიეს.
– რა ვიღონოთ? – ამბობდნენ ისინი. – სწრაფი ცურვა ჩვენ არ შეგვიძლია... სანამ იქ
მცხოვრები სკაროსები შეიტყობენ, რომ გადასასვლელის დაცვაა საჭირო, ძუ უკვე
ადგილზე იქნება...
და არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ. უეცრად ერთმა ძალზე გონიერმა სკაროსმა
წარმოთქვა:
– მოვიფიქრე! მოდით იქ ოქროს თევზები გავგზავნოთ! ისინი ჩვენი მეგობრები
არიან! ყველაზე სწრაფად ისინი დაცურავენ!
– სწორია! – აიტაცეს დანარჩენებმა. – ოქროს თევზები გავგზავნოთ!
მყისვე გაიცა ბრძანება და იმავე წამს ოქროს თევზების მთელი არმია, რვა თუ ათ
რიგად, უკვე შლეგურად მიცურავდა დინების საწინააღმდეგოდ და პატარა წყალქვეშა
ნაღმებივით წყალზე კვალს ტოვებდა.
მაგრამ მათაც კი ძლივს მოასწრეს გადაეცათ ბრძანება გადასასვლელის დაცვის
შესახებ. ძუ უკვე მდინარის შუაგულში იყო და კუნძულს უახლოვდებოდა. მაგრამ
სკაროსები დროულად აღმოჩნდნენ მეორე ნაპირზე და როგორც კი ძუ ფეხებით
ფსკერს მისწვდა, დაესივნენ და თავიანთი ბასრი ნემსებით თათების ჩხვლეტა
დაუწყეს. გამძვინვარებული და ტკივილისგან გაგიჟებული მხეცი ღრიალებდა,
ფართხალებდა და ირგვლივვ წყლის ღრუბლებს აყენებდა, ხოლო სკაროსები,
რომლებიც კუნძულის მისადგომებს იცავდნენ, გამუდმებით უტევდნენ ნადირს და
გზას უღობავდნენ, სანამ ის უკან არ გაბრუნდა და ხვადი იაგუარივით ქვიშაზე არ
გაიშოტა ღონემიხდილი და უჩვეულოდ გასიებული ოთხივე თათი ჰაერში არ
აღმართა. ვერც ამჯერად მოახერხეს იაგუარებმა ადამიანამდე მიღწევა და მისი
შეხრამუნება.
თუმცა სკაროსებიც ძლიერ დაიქანცნენ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ იაგუარები
ბოლოს მაინც ფეხზე დადგნენ და ტყეს მისცეს თავი.
ახლა რაღას იზამენ? ეს ძალიან აღელვებდათ სკაროსებს და ისინიც დიდხანს
თათბირობდნენ. და საბოლოოდ თქვეს:
144
145

– ვიცით, რასაც მოიმოქმედებენ. ისინი სხვა იაგუარებს მოუხმობენ და ყველა


ერთად მოვა. და მდინარესაც ერთად გადალახავენ.
– არასოდეს – არა! – შესძახეს ახალგაზრდა სკაროსებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ
დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება.
– არა, გავლენ, – ნაღვლიანად უპასუხეს მოხუცებმა. – თუ ისინი ბევრნი იქნებიან,
თავისას მიაღწევენ... ჩვენს მეგობარს უნდა მოველაპარაკოთ.
და ყველამ ადამიანისკენ გასწია, რადგან გადასასვლელის დაცვისას ამის გაკეთება
აქამდე ვერ მოახერხეს.
კაცი ისევ ქვიშაზე იწვა, რადგან ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ უკვე შეეძლო
ლაპარაკი და მცირეოდენი განძრევა. სკაროსებმა მყისვე უამბეს ყველაფერი, რაც
მოხდა, როგორ იცავდნენ გადასასვლელს იაგურებისგან. დაჭრილ ადამიანს გული
აუჩუყა სკაროსების თავდადებამ, რომლებმაც სიკვდილისგან იხსნეს იგი და მთელი
გულით ეფერებოდა მათ. ბოლოს კი თქვა:
– რა გაეწყობა. თუ იაგუარები ბევრნი იქნებიან და გასვლას მოინდომებენ, მაშინ
გავლენ კიდეც...
– ვერ გავლენ! – წამოიძახეს პატარა სკაროსებმა. – თქვენ ჩვენი მეგობარი ხართ, და
ისინი ვერ გავლენ.
– არა, გავლენ, ჩემო მეგობრებო! – ამოიოხრა კაცმა და ჩურჩულით დაამატა: –
ერთადერთი გამოსავალია – ვინმე ჩემთან სახლში გავგზავნოთ, რათა მან ვინჩესტერი
და ვაზნები მომიტანოს... მაგრამ თევზების გარდა, მდინარეში სხვა მეგობარი არა
მყავს... ხმელეთზე სიარულს კი თქვენ ვერ შეძლებთ...
– მაშ რა ვქნათ? – იკითხეს შეშინებულმა სკაროსებმა.
– მოიცათ... მოიცათ... – თქვა მაშინ კაცმა და შუბლზე ხელი მოისვა, თითქოს
რაღაცას იხსენებდა. – ერთი მეგობარი მყავდა... ზღვის გოჭი კაპიბარა, რომელიც ჩემს
სახლში გაიზარდა და მგონი სადღაც აქ დასახლდა, იაბებირზე, მაგრამ არ ვიცი, ახლა
სად არის...
მაშინ სკაროსებმა სიხარულით შესძახეს:
– ჩვენ ვიცით! ჩვენ ვიცნობთ მას! კუნძულის მეორე ბოლოში ცხოვრობს! თქვენ
შესახებ გვიამბობდა! ახლავე გავგზავნით მასთან!
თქმა და შესრულება ერთი იყო. ყველაზე დიდი ოქროს თევზი ზღვის გოჭ
კაპიბარას საძებნელად გაემართა, ხოლო კაცმა ამასობაში წყალი ამოხაპა,
ხელისგულზე შემხმარი სისხლის წვეთი გააზავა და ამით მელანი მიიღო: შემდეგ
კალმის ნაცვლად თევზის ფხა აიღო, ქაღალდის მაგივრად კი – დამჭკნარი ფოთოლი
და ასეთი წერილი დაწერა: „გოჭთან ერთად ვინჩესტერი და ვაზნების მთელი
კოლოფი გამომიგზავნეთ“.
კაცმა წერილის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ არემარე ყრუ ღრიალმა
შეაზანზარა: ეს ერთად შეკრებილი, საბრძოლველად გამზადებული იაგუარები
უახლოვდებოდნენ ნაპირს, ხოლო სკაროსები, რომლებსაც წყლიდან თავები ამოეყოთ
და ცდილობდნენ არ დაესველებინათ ძვირფასი წერილი, უკვე გოჭისკენ მიქროდნენ,
145
146

რომელმაც მისი მიღებისთანავე მოკლე გზით მოკურცხლა სახლისკენ, რომელშიც


ადამიანი ცხოვრობდა.
დაყოვნება აღარ შეიძლებოდა: იაგუართა ყრუ ღმუილი სულ უფრო ხმამაღლა და
ახლოს ისმოდა. სკაროსებმა ოქროს თევზები შეკრიბეს, რომლებიც ბრძანებას
ელოდნენ და შესძახეს:
– სწრაფად, მეგობრებო! მთელ მდინარეში გაიფანტეთ და განგაში ატეხეთ, რომ
მდინარის უკლებლივ ყველა სკაროსი მზად იყოს! ყველა კუნძულთან შეიკრიბოს!
ვნახოთ, თუ გააღწევენ!
და მაშინვე უამრავი ოქროს თევზი გაექანა დინების საწინააღმდეგოდ, დინების
მიმართულებით და წყალზე ზოლებს ტოვებდნენ, – ასე სწრაფად დაქროდნენ ისინი.
მთელ იაბებირში ერთი სკაროსიც არ დარჩენილა, კუნძულთან მისვლის ბრძანება
რომ არ მიეღო. დიდი იაბებირის ყოველი მხრიდან მოიჩქაროდნენ სკაროსები.
კუნძულთან კი ოქროს თევზები ელვასავით დაქროდნენ წინ და უკან.
კვლავ მოქმედების დრო დადგა: საზარელი ღრიალისგან წყალიც კი აცახცახდა
მდინარეში, და იაგუარები ერთად გამოიჭრნენ ბუჩქებიდან.
ისინი ბევრნი იყვნენ: თითქოს მისიონესის უკლებლივ ყველა იაგუარს აქ მოეყარა
თავი, მაგრამ მთელი იაბებირიც სკაროსებისგან ბობოქრობდა, რომლებიც ნაპირს
მიაწყდნენ და მზად იყვნენ ნებისმიერ ფასად დაეცვათ გადასასვლელი.
– გაგვატარეთ!
– არა, გასვლა არ შეიძლება! – უპასუხეს სკაროსებმა.
– გიმეორებთ, გაგვატარეთ!
– ვერ გახვალთ!
– თუ არ გაგვატარებთ, არც ერთი სკაროსი, არც ერთი სკაროსის შვილი, არც ერთი
სკაროსის შვილიშვილი არ დარჩება ცოცხალი!
– შეიძლება, – უპასუხეს სკაროსებმა, – მაგრამ ვერც იაგუარები, ვერც იაგუართა
შვილები, ვერც იაგუართა შვილიშვილები და ქვეყნად ვერც ერთი იაგუარი აქ ვერ
გავა.
ასე უპასუხეს სკაროსებმა. მაშინ იაგუარებმა უკანასკნელად დაიღრიალეს.
– გზა მიეცით იაგუარებს!
– არასოდეს – არა!
და ბრძოლა დაიწყო. იაგუარები გიგანტური ნახტომებით ხტებოდნენ წყალში და
სკაროსთა მკვრივ ფენილზე ეცემოდნენ. სკაროსები თათებში თავიანთ მახვილ
ნემსებს ასობდნენ და ყოველ ჩხვლეტაზე იაგუარები ტკივილისგან ღმუოდნენ.
მაგრამ ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ, წყალში თავიანთ ბასრბრჭყალებიან
თათებს იქნევდნენ და მუცელგაფატრული სკაროსებიც ჰაერში დაფრინავდნენ.
იაბებირი სისხლის მდინარედ გადაიქცა. სკაროსები ასეულობით იხოცებოდნენ,
მაგრამ იაგუარებიც საშინელ ჭრილობებს იღებდნენ და გარბოდნენ, რათა ქვიშაზე
გაშოტილებს ყმუილით აეშვირათ მაღლა გასიებული, ფორმადაკარგული თათები.
გასრესილი, იაგუართა ბრჭყალებით გაგლეჯილი სკაროსები ერთი ნაბიჯითაც არ
146
147

იხევდნენ უკან. გადასასვლელისკენ სულ ახალი და ახალი დამცველები


მიიჩქაროდნენ. ზოგიერთი მათგანი, ჰაერში ატყორცნილი, წყალში ჩავარდნისას
კვლავ იაგუართა წინააღმდეგ მიიწევდა.
ეს საშინელი ბრძოლა ნახევარი საათი გრძელდებოდა. ნახევარი საათის შემდეგ
ყველა იაგუარი ნაპირზე იყო, ქვიშაზე მსხდომთ დაღლილობისგან ენები
გადმოეგდოთ და ტკივილებისგან ღმუოდნენ. კუნძულამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია.
მაგრამ სკაროსებიც უკვე სულთმობრძავნი იყვნენ. ბევრი, ძალიან ბევრი მათგანი
დაიღუპა, ხოლო ცოცხლად დარჩენილები მწუხარებით ამბობდნენ:
– მეორე ასეთ შეტაკებას ვეღარ გავუძლებთ! ოქროს თევზები უნდა გავგზავნოთ
მაშველი არმიისთვის. ახლავე უნდა შეიკრიბოს სკაროსები მთელი იაბებირიდან!
და ოქროს თევზებიც კვლავ უსწრაფესად გაექანენ მდინარის აღმა-დაღმა და
წყალზე პატარა წყალქვეშა ნაღმებივით ტოვებდნენ კვალს.
სკაროსები კი ადამიანისკენ გაემართნენ.
– მეტს ვეღარ გავუძლებთ! – ნაღვლიანად გაანდეს მას. ზოგიერთი სკაროსი
ტიროდა კიდეც, რადგან თავისი მეგობრის შველა აღარ შეეძლო.
– გაეცალეთ აქაურობას, სკაროსებო, – თქვა დაჭრილმა კაცმა. – მარტო დამტოვეთ.
თქვენ ისედაც ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემთვის! გზა დაუთმეთ იაგუარებს!
– არასოდეს – არა! – ერთხმად წამოიძახეს სკაროსებმა. – სანამ თუნდაც ერთი
სკაროსი დარჩება იაბებირში, ჩვენს მშობლიურ მდინარეში, ჩვენ დავიცავთ კეთილ
ადამიანს, რომელმაც ოდესღაც ჩვენ დაგვიცვა!
მაშინ დაჭრილმა კაცმა გულაჩუყებით თქვა:
– სკაროსებო! მე თითქმის სიკვდილის პირას ვარ, მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ
გპირდებით, რომ როდესაც ვინჩესტერი მექნება, ისეთ სეირს გავმართავთ, რომ
მთელი წელი არ დაილევა სალაპარაკოდ. ამას დაბეჯითებით გპირდებით!
– დიახ! დიახ! ვიცით! – სიხარულით შესძახეს სკაროსებმა.
მაგრამ სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრეს, რომ ბრძოლა განახლდა. უნდა
ითქვას, რომ იაგუარები, რომლებმაც უკვე მოითქვეს სული, უეცრად ერთბაშად
წამოხტნენ და ოდნავ მოხრილებმა, თითქოს ნახტომისთვის ემზადებიანო,
დაიღრიალეს:
– კიდევ ერთხელ და უკანასკნელად: გაგვატარეთ!
– არასოდეს, არა! – უპასუხეს სკაროსებმა და ნაპირს მიაწყდნენ, მაგრამ იაგუარები
უკვე წყალში იყვნენ და ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდა. ახლა მთელი იაბებირი,
ნაპირიდან ნაპირამდე, სისხლისგან გაწითლდა და სისხლიანი ქაფი დუღდა
სანაპირო ქვიშაზე. ჰაერში დროდადრო დაფლეთილი სკაროსები ავარდებოდნენ, და
იაგუარები ხრინწიანად ღმუოდნენ ტკივილისგან, მაგრამ უკან ერთი ნაბიჯითაც
არავინ იხევდა.
იაგუარები არათუ უკან იხევდნენ, არამედ უკვე წინაც მიიწევდნენ. ოქროს
თევზთა არმიები ამაოდ დაქროდნენ მდინარის აღმა-დაღმა და უხმობდნენ
სკაროსებს, – სკაროსები მეტი აღარ იყვნენ: ისინი ხომ ყველანი კუნძულთან
147
148

იბრძოდნენ და მათი ნახევარი უკვე დაიღუპა, ხოლო ის, ვინც ცოცხალი დარჩა,
დაჭრილი ან მთლად ძალაგამოცლილი იყო.
სკაროსები მიხვდნენ, რომ ისინი ერთ წუთსაც ვეღარ გაძლებდნენ და იაგუარები
გაღწევას მოახერხებდნენ. და საბრალო სკაროსები, რომლებიც თავიანთი მეგობრის
გადაცემას უმალ სიკვდილს ამჯობინებდნენ, უკანასკნელად ეკვეთნენ იაგუარებს.
მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ხუთი იაგუარი უკვე კუნძულისკენ მიცურავდა.
სკაროსები სასოწარკვეთით ყვიროდნენ:
– კუნძულისკენ! ჩქარა, იქითა ნაპირისკენ!
მაგრამ უკვე გვიანი იყო. კიდევ ორი იაგუარი მიუახლოვდა კუნძულს და ერთ
წუთში ყველა მდინარის შუაგულში აღმოჩნდა, ხოლო წყლიდან მხოლოდ მათი
თავები მოჩანდა...
მაგრამ იმავე დროს მოწითალო-მოყავისფრო ბეწვიანი ვიღაც მხეცუნა, რომელიც
მთელი ძალით იქნევდა თათებს, მდინარეში მიცურავდა; ეს გოჭი კაპიბარა იყო. იგი
კუნძულისკენ მიიჩქაროდა ვინჩესტერითა და ტყვიებით დატვირთული, ხოლო ეს
ძვირფასი ტვირთი რომ არ დასველებოდა, გოჭს ისინი თავზე შემოეწყო. კაცმა
სიხარულისგან დაიყვირა, მიხვდა, რომ ახლა კიდევ მოასწრებდა სკაროსების
დახმარებას. მან გოჭს სთხოვა, თავით ებიძგა მისთვის და გვერდზე გადაებრუნებინა,
რადგან არ შეეძლო გადაბრუნება და გვერდზე მწოლიარემ ელვისებურად დატენა
ვინჩესტერი.
და იმ მომენტში, როდესაც დაგლეჯილმა, გასრესილმა, გასისხლიანებულმა
სკაროსებმა უკვე ჩათვალეს, რომ ბრძოლა წაგებულია და ელოდნენ, მათ საბრალო
დაჭრილ მეგობარს როდის შეახრამუნებდნენ იაგუარები, სწორედ ამ მომენტში,
რაღაც ჭექა მოესმათ და დაინახეს, რომ იაგუარი, რომელიც წინ მიდიოდა და უკვე
ქვიშაზე შედგა თათი, უეცრად შეხტა და თავგაჩეხილი უსულოდ დაენარცხა.
– ბრავო! ბრავო! – დაიყვირეს აღფრთოვანებულმა სკაროსებმა, – ადამიანს უკვე
ვინჩესტერი აქვს. გადავრჩით.
და მათ მთელი წყალი აამღვრიეს, რადგან სიხარულით ჭკუაზე აღარ იყვნენ. კაცი
კი მშვიდად განაგრძობდა სროლას და თითოეული გასროლით სულ ახალი და ახალი
იაგუარი იხოცებოდა. ყოველი ახალი იაგუარის მოკვლისას სკაროსები აღტაცებით
უშენდნენ კუდებს წყალს.
იაგუარები ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდნენ ადამიანის გასროლით,
თითქოს მეხი უღებდა მათ ბოლოს. ეს ყველაფერი სულ ორიოდე წუთი გაგრძელდა.
იაგუარები ერთიმეორის მიყოლებით იძირებოდნენ და გაუმაძღარი მტაცებელი
თევზების – „პალომეტას“ საკბილო ხდებოდნენ. ზოგიერთი შემდეგ ზედაპირზე
ამოტივტივდა და ოქროს თევზები მათ პარანამდე1 (1 მდინარე სამხრეთ ამერიკაში.
სიდიდით მეორეა ამაზონის შემდეგ.) მიაცილებდნენ, თან მათი ხორცით პირსაც
იტკბარუნებდნენ და სიამოვნებისგან შხეფების ღრუბლებს აყენებდნენ.
ძალიან მალე სკაროსები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ბევრი შვილი ჰყავთ,
კვლავინდებურად გამრავლდნენ. კაცი გამოჯანმრთელდა და სკაროსების ისეთი
148
149

მადლიერი იყო, რომლებმაც სიცოცხლე შეუნარჩუნეს, რომ კუნძულზე დასახლდა. იქ


ზაფხულის ღამეებში ნაპირზე წამოწოლა და მთვარის შუქზე თამბაქოს მოწევა
უყვარდა, ხოლო სკაროსები ჩურჩულით ანიშნებდნენ მასზე იმ თევზებს, რომლებიც
კაცს არ იცნობდნენ და მათ იმ დიდი გამარჯვების შესახებ უამბობდნენ, რომელიც ამ
ადამიანთან ერთად მოიპოვეს იაგუართა წინააღმდეგ ბრძოლაში.

მოთხრობის გზამკვლევი

სიცოცხლისა და სიკვდილის მარადიული ჭიდილი (თუ მონაცვლეობა) ისტორიის შინაარსია,


რომელიც ადამიანთა ბედს ყოველწამიერად მსჭვალავს.

ცხოვრება ბევრ გამოწვევას გვთავაზობს. მაგალითად, ასეთს - აუცილებლობის შემთვევაში


შევძლებთ კი დავიცვათ ის, ვინც ან რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია -ეს ხომ ხანდახან
უკიდურესად რთულია და ზოგჯერ მსხვერპლსაც მოითხოვს?

ყველასთვის ნათელია, რომ სიკეთეს დაცვა სჭირდება, იმიტომ რომ ხშირად ესხმიან თავს.
მისი მთავარი დამცველი ადამიანია, მაგრამ განა ადამიანებივე არ ხელყოფენ მას? არსებითი
კითხვა სწორედ ეს არის - რომელ მხარეს დადგები, როცა მთავარი არჩევნის დღე დადგება?
სწორედ ამ არჩევანს უკავშირდება პასუხი კითხვაზე, რამდენად ღირსეულია ესა თუ ის კაცი.

მოთხრობაში სიკეთის დამცველებს სკაროსები განასახიერებენ, მის მოწინააღმდეგეებს კი -


იაგუარები. მათი დაპირისპირების მიზეზი ადამიანია, რომელმაც სკაროსები გადაარჩინა,
იაგუართან კი ბრძოლამ მოუწია. კაციც და იაგუარიც დაჭრილები არიან და ორივეს საკუთარი
სიმართლე აქვს, რომლებსაც სრულად იზიარებენ მათი მომხრეები. ამ სიმართლის აღიარება
და გათავისება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწვევს - არავინ არის უკან დამხევი.
იაგუარები უფრო ძლიერნი არიან, სკაროსების მხარეს კი გონიერება და ორგანიზებულებაა.
თუმცა მხოლოდ ეს არ იქნებოდა საკმარისი იაგუართა შესაჩერებლად. მთავარი ის არის, რომ
სკაროსები ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების ისეთ ურყევობას გვიჩვენებენ,
რომელიც დიდი მაგალითის სახეს იძენს.

ამ ურყევობის შესანიშნავი გამოხატულებაა სკაროსთა რამდენჯერმე გამეორებული შეძახილი


„არასოდეს - არა!“ ფრაზა „გზა მიეცით იაგუარებს!“, რომელიც ძალადობის წინაშე
მორჩილებისკენ მოწოდებას გამოხატავს, სულიერი შეუპოვრობის, პრინციპთა შინაგანი
დაცვის, სიყვარულისა და მეგობრობისთვის თავგანწირვის განმასახიერებლ დიდებულ უარს
ეჯახება და მასთან მარცხდება.

საბოლოო ანგარიშით, თითქოს სიცოცხლის ხელყოფამ უნდა გაიმარჯვოს - იაგუარები


გაარღვევენ სკაროსების დაცვით ზღუდეს, მაგრამ გონიერებისა და ნებისყოფის ადამიანში
კონცენტრირებული დიადი ძალა მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

ყოველთვის გამოჩნდება „იაგუარი“, რომელიც იტყვის: „ადამიანმა მე დამჭრა!“ და მის


მოკვლას მოინდომებს, მაგრამ იქვე აუცილებლად იქნებიან „სკაროსები“ და მათი სიტყვები
„არ ჩამოგეცლებით! ის კარგი კაცია! უსამართლობა იქნება მისი მოკვლა“ დაადასტურებს
ძველ ჭეშმარიტებას - ღირსების გვერდით ყოველთვის დამარცხდება უსამართლობა.
149
150

ადამიანებს რომ ამის არ სწამდეთ, მათი ცხოვრება მხოლოდ სიკვდილის მოლოდინი იქნება.

ხულიო კორტასარი

150
151

არგენტინელი მწერალი და პოეტი, ხულიო კორტასარი 1914 წლის 26 აგვისტოს,


ბელგიაში, ბრუსელში დაიბადა. მწერლის ოჯახი ძალიან ხშირად იცვლიდა
საცხოვრებელ ადგილს, ერთ-ერთი იყო ბარსელონა, სადაც ჩამოყალიბდა ლათინურ-
ამერიკული ტალღა მწერლობაში, სწორედ მისი წარმომადგენელი გახდა
მოგვიანებით თავად ხულიო კორტასარი.

ბავშვობა ბუენოს-აირესში გაატარა, სკოლის დამთავრების შემდეგ ლიტერატურისა


და ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა ქვეყანაში სოციალურ-
პოლიტიკური სიტუაციის შეცვლისა და გადატრიალების შემდეგ, კორტასარის ოჯახს
ძალიან გაუჭირდა, ამ პერიოდმა მწერალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მან
მუშაობა საშუალო სკოლის მასწავლებლად დაიწყო, 1944 წლიდან უნივერსიტეტში
პედაგოგად მუშაობდა, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა ანტიდიქტატორულ
გამოსვლებში და პედაგოგიური საქმიანობა მიატოვა. 1951 წელს მან
ლიტერატურული სტიპენდია მიიღო და ევროპაში გაემზგავრა, სადაც უკანასკნელ
დღეებამდე ცხოვრობდა.

წერა ძალიან ადრე დაიწყო, 1938 წელს შედგა მისი, როგორც პოეტის დებიუტი.
ლექსებს მერეც წერდა, მაგრამ აღარ გამოუქვეყნებია. მისი გარდაცვალების შემდეგ
გამოიცა კრებული სახელწოდებით „მხოლოდ ბინდი“, სადაც მისი ლექსები და
პოემები შევიდა, რომლებიც 1950-1983 წლებში შეიქმნა.

მისი პირველი მოთხრობა გახლდათ „მიტაცებული სახლი“, ის 1946 წელს დაიბეჭდა


ჟურნალში, რომელსაც ხორხე ლუის ბორხესი გამოსცემდა. სწორედ მას მიიჩნევდა
საკუთარ მასწავლებლად ხულიო კორტასარი. გამოიკვეთა მისი ლიტერატურული
სტილი, ფანტაზიისა და რეალობის შეზავების საოცარი უნარი, რომელსაც
მკითხველი ძალიან საინტერესოდ მიიჩნევდა და დღის სინათლე იხილა მისმა
რომანებმა - „გამოცდა“, რომელიც 1950 წელს დაწერა, მაგრამ 1986 წელს გამოიცა,
„მოგებები“ (1960 წ.“), „თამაშის დასასრული“ (1956-1964 წწ.).

კორტასარი აღიარებულია, როგორც ნოველების დიდოსტატი, გახლავთ ავტორი


კრებულებისა - „ყველა ცეცხლი - ცეცხლია“ (1966 წ.), „ის, ვინც აქ დაეხეტება“ (1977
წ.), „ვინმე ლუკასი“ (1979 წ.), „ჩვენ ისე ძალიან გვიყვარდა გლენდა“ (1980 წ.), „დროის
იქით“ (1982 წ.). მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია „კლასობანა“, რომელიც 1963
წელს დაიბეჭდა.

მწერალი 1984 წლის 12 თებერვალს პარიზში გარდაიცვალა.

მიტაცებული სახლი

151
152

თარგმნა მედეა ზუბადალაშვილმა


(ხულიო კორტასარი, „მიტაცებული სახლი“, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2011)

სახლი ჩვენ მოგვწონდა. იგი ფართოც იყო და ძველიც (რასაც იშვიათად


შეხვდებით ახლა, როცა ძველ სახლებს გამორჩენის თვალით უყურებენ). მაგრამ
მთავარი მაინც ის იყო, რომ იგი ინახავდა ჩვენი წინაპრების ხსოვნას, პაპაჩემისას –
მამის მხრიდან, დედაჩემის, მამაჩემის და ჩვენი ბავშვობის ხსოვნას.
მე და ირენე მარტო ყოფნას მივეჩვიეთ. თუმცა, რასაკვირველია, ეს სისულელე
იყო, – ჩვენს სახლში ბარე რვა კაცი დაეტეოდა. შვიდ საათზე ვდგებოდით, იქაურობას
ვალაგებდით, დაახლოებით თერთმეტ საათზე მე ქურასთან ვიწყებდი ტრიალს,
დარჩენილ ორ-სამ ოთახს კი მისალაგებლად დას ვუტოვებდი. ზუსტად შუადღისას
ვსაუზმობდით, ამის მერე ჭურჭლის დარეცხვის გარდა საქმე აღარაფერი გვქონდა.
მაგიდასთან შემომსხდარებს გვიყვარდა ჩვენს დიდსა და მყუდრო სახლზე ფიქრი,
ფიქრი იმაზე, სხვის დაუხმარებლად როგორ მშვენივრად ვუძღვებოდით აქაურობას.
ხანდახან გვეგონა, რომ სწორედ ამ სახლის გადამკიდენი დავრჩით მარტონი. ირენემ
სრულიად უმიზეზოდ უთხრა უარი ორ საქმროს, ჩემი მარია ესთერი კი
დაწინდვამდე გარდაიცვალა. ორივენი ორმოცს ვიყავით მიტანებულნი და
თითოეულს ჩვენდათავად გვჯეროდა, და-ძმის უშფოთველი და გულითადი
ურთიერთობით დავასრულებდით ამ სახლის ყოფილ ბინადართა საგვარეულოს:
ვფიქრობდით, ოდესმე, აქ დავიხოცებოდით, სახლს კი ჩვენი უცხვირპირო
შთამომავლობა დაეპატრონებოდა და ქვითა და მიწით სარგებლობის გულისათვის
ნანგრევებად აქცევდა მას. ან სანამ გვიან არ იყო, იქნებ ჩვენ თვითონ დაგვენგრია?
ირენეს თავის დღეში არავისთვის უწყენინებია, დილით მორჩებოდა თუ არა
სახლის დალაგებას, თავის საძინებელ ოთახში ტახტზე მოკალათდებოდა და
დაღამებამდე ქსოვდა. არ ვიცი ამდენს რასა ქსოვდა. ვფიქრობ, ქალები ქსოვას იმიტომ
ისაბაბებენ, რომ სხვა აღარაფერი გააკეთონ. თუმცა ირენეზე ამას ვერ იტყოდი; ის
მუდამ საჭირო რამეებს ქსოვდა საზამთროდ; ჩემთვის წინდებს, თავისთვის კოფთებს.
თუ არ მოეწონებოდა, არც დაფიქრდებოდა, ისე დაარღვევდა ახლად მოქსოვილ
სვიტერს, ჰოდა, მეც მიყვარდა საათობით მეცქირა, როგორ იდო შეუცვლელად
კალათში გორგალი. შაბათობით ძაფის საყიდლად ცენტრში დავდიოდი; ჩემი და
მენდობოდა, ფერებს მშვენივრად ვარჩევდი და ერთი გორგლის გამოცვლაც არ
დაგვჭირვებია. შინიდან გასული შემთხვევით ვსარგებლობდი, შევივლიდი
ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი – თუმცა ყოველთვის უშედეგოდ –
საფრანგეთიდან ახალი ხომ არაფერი მოსულა-მეთქი. 1939 წლიდან მოკიდებული
ჩვენთან, არგენტინაში საყურადღებო აღარაფერი შემოდიოდა.
თუმცა მე ხომ სახლზე ვაპირებდი ამბის მოყოლას, სახლსა და ჩემს დაზე, რადგან
თვითონ მე არაფრით არა ვარ საინტერესო. რა ეშველებოდა ნეტა ირენეს, ქსოვა რომ
არ გამოეგონებინათ. ხელმეორედ წიგნის გადაკითხვა შეიძლება, მაგრამ პულოვერის
152
153

ხელახლა მოქსოვა – მეტისმეტია. ერთხელ კომოდის უჯრაში, სადაც ზამთრის


ტანსაცმელს ვინახავდით, წყობად დალაგებულ, ნაფტალინწაყრილ უთვალავ თეთრ,
მწვანე და იასამნისფერ თავსაფრებს წავაწყდი. ვერ გავბედე, მეკითხა, ამდენი
თავსაფარი რად გვინდა-მეთქი. ფული არ გვიჭირდა, ფულს სოფლიდან
ყოველთვიურად ვღებულობდით და ჩვენი ქონებაც დღითი დღე იზრდებოდა.
ეტყობა, ჩემს დას გუნებით უყვარდა ქსოვა და განსაცვიფრებლადაც ქსოვდა.
შემეძლო, საათობით მედევნებინა თვალი მისი ხელებისათვის, ვერცხლისფერი
ჩხირების სწრაფი ელვარებისა და იატაკზე მდგარ კალათში გორგლების
მოძრაობისათვის, – ლამაზი სანახავი იყო.
არასოდეს დამავიწყდება ოთახების განლაგება. სასადილო, გობელენებიანი
დარბაზი, ბიბლიოთეკა და სამი დიდი საძინებელი ოთახი სახლის მეორე მხარეს იყო,
მათი ფანჯრები როდრიგეს პენიას ქუჩაზე გადიოდა. იქით გამავალი დერეფნისაგან
მუხის კარი გვყოფდა. ჩვენს მხარეს – სამზარეულო, სააბაზანო, ჩვენი ოთახები და
სასტუმრო იყო, იქიდან ჩვენთან შემოსვლაც შეიძლებოდა, დერეფანში გასვლაც და,
პატარა ტამბურს თუ გაივლიდით, – მაიოლიკით მოპირკეთებულ წინკარშიც.
შეხვიდოდით ამ წინკარში, გააღებდით კარს და ჰოლში აღმოჩნდებოდით, იქიდან კი
– ჩვენს ოთახში, დერეფნის იქით ცოტას კიდევ თუ გაუყვებოდით – სახლის შორეულ
კუთხეში გახვიდოდით, რომლისგანაც მეორე მუხის კარი გვყოფდა. ამ კარის წინ
მდგარი, მარცხნივ რომ შეტრიალებულიყავით, ვიწრო გასასვლელით
სამზარეულოსა და სააბაზანოში მოხვდებოდით. მუხის კარი ღია როცა იყო, სახლი
ნამდვილად ვეებერთელა ჩანდა, როცა ვხურავდით, თავი თანამედროვე ვიწრო
ბინაში გვეგონა. მე და ირენე კარს აქეთ ვცხოვრობდით, კარს იქით მარტო
დასალაგებლად გავდიოდით – საოცარია პირდაპირ, როგორ იდებს მტვერს ეს ავეჯი!
ბუენოს-აირესი სუფთა ქალაქია, მაგრამ ამას ქალაქელებს უნდა უმადლოდნენ.
ჰაერში მუდამ მტვრის კორიანტელი დგას – დედამიწა გამომშრალია და საკმარისია
ქარმა დაუბეროს, რომ მტვრით დაიფაროს მარმარილოს კონსოლი და ჭრელი
სუფრები. მაგასთან, სულ ერთია, ვერაფერს გააწყობ, სადაც არა მგონია, იქ
დაგხვდება, შენ ცოცხით ფერთხავ, – ის კი ისევ და ისევ ედება სავარძლებსა და
როიალს.
ეს ამბავი ჩემს სიცოცხლეში მემახსოვრება, რადგან ყველაფერი ძალზე უბრალოდ
მოხდა. ირენე თავის ოთახში ქსოვდა, საათმა რვა დარეკა, მე მატეს დალევა მომინდა.
დერეფანი გავიარე, გამოღებულ კარამდე მივედი და სამზარეულოსკენ რომ
შევტრიალდი, ბიბლიოთეკიდან თუ სასადილოდან ხმაური მომესმა, ყრუ და
გაურკვეველი ხმაური, თითქოს ვიღაცეები საუბრობდნენ, თუ სავარძლები ეცემოდა
ხალიჩაზე. იმავე წამს, ან შეიძლება ცოტა მოგვიანებით, ხმაური დერეფნის მეორე
მხრიდან გავიგონე. მაშინვე კარს ვეცი და დავკეტე. კიდევ კარგი, გასაღები ჩვენსკენ
იყო, გულის დასაარხეინებლად ურდულიც გავუყარე.

153
154

მერე სამზარეულოში შევედი, მატე მოვადუღე, ირენეს მივუტანე და ვეუბნები:


– კარი დავკეტე, მეტი გზა არ იყო, იქითა ოთახები დაუკავებიათ.
ირენემ საქსოვი კალთაზე დაუშვა და სერიოზული, დაღლილი მზერა მომაპყრო.
– დარწმუნებული ხარ?
მე თავი დავუქნიე.
– რას იზამ, აქეთ ვიცხოვროთ, – თქვა და ქსოვა განაგრძო.
მე ფრთხილად გავუწოდე მატე. სანამ ქსოვას მიუბრუნდებოდა, ირენე ცოტა ხანს
შეყოვნდა. მახსოვს, ნაცრისფერ ჟილეტს მიქსოვდა; ძალზე მომწონდა ის ჟილეტი.
პირველ დღეებში გაგვიჭირდა – კარს იქით ბევრი საყვარელი ნივთი დაგვრჩა.
ჩემი ფრანგული წიგნები ბიბლიოთეკაში ელაგა, ირენე ხელსახოცებსა და თბილ
ფაჩუჩებს მოისაკლისებდა. მე ჩემი ღვიის ჩიბუხი მენატრებოდა, ვინ იცის, ჩემს დასაც
როგორ უნდოდა ერთი ბოთლი ძველი ღვინის გამოტანა. ზოგჯერ რომელიმე უჯრას
რომ გამოვწევდით და ჩვენთვის საჭირო ნივთს ვერ ვიპოვიდით, ნაღვლიანად
გადავხედავდით ერთმანეთს და ვიტყოდით:
– არა, აქ არ არის.
თუმცა ამ ამბით რაღაცით მაინც ვისარგებლეთ. სახლის მოვლა გაგვიიოლდა;
ახლა უფრო გვიან ვდგებოდით და თერთმეტი საათისთვის ვასწრებდით დალაგებას.
სამზარეულოში ირენეც მუდამ ჩემთან იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ,
სანამ მე სადილს გავაკეთებდი, ის ვახშმის თადარიგს შესდგომოდა, რაიმე ცივი კერძი
მოემზადებინა, ქურასთან ტრიალი საღამოობით გვეზარებოდა მაინც და ახლა
პირდაპირ ირენეს მაგიდაზე ვშლიდით ხოლმე ცივ საუზმეულს.
ჩემს დას, მისდა სასიხარულოდ, საქსოვად გაცილებით მეტი დრო დარჩა, მე კი,
ჩემი წიგნების დამკარგავს, სასიხარულო ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ
ირენესათვის გუნება რომ არ გამეფუჭებინა, მამისეული მარკების კოლექციის
წესრიგში მოყვანა დავიწყე და, ასე თუ ისე, დროს მაინც ვკლავდი. ვცხოვრობდით
ჩვენთვის, მოწყენილობა არ გვემჩნეოდა. ერთთავად ჩემი დის ოთახში ვისხედით, იქ
უფრო სიმყუდროვე იყო, ხანდახან ჩემი და მეტყოდა ხოლმე:
– ნახე, რა ღილკილო გამომივიდა! ნამდვილ სამყურას ჰგავს.
მე, სამაგიეროდ, ოთხკუთხა ქაღალდებს ვუჩვენებდი, ისიც ტკბებოდა უცხოური
მარკების ცქერით. თავს მშვენივრად ვგრძნობდით. ფიქრს გადავეჩვიეთ. ცხოვრება
თურმე უამისოდაც შეიძლება. ყოველივე ეს რომ არ დასრულებულიყო, დასაწერიც
არაფერი მექნებოდა. ერთ საღამოს, დაძინების წინ მომწყურდა, ვთქვი,
სამზარეულოში გავალ, წყალს დავლევ-მეთქი. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა,
ხმაური შემომესმა, ვერ ვიტყვი, სამზარეულოდან თუ სააბაზანოდან (დერეფანი
გვერდზე გადიოდა და გარჩევა ჭირდა). ჩემი და ქსოვდა, მაგრამ იგრძნო, რომ
შევყოვნდი და უმალ ჩემთან გაჩნდა. ორივემ ერთად მივაყურადეთ. ხმაური კარს

154
155

იქიდან კი არა, ნამდვილად აქვე, დერეფნიდან, სამზარეულოდან თუ სააბაზანოდან


ისმოდა.
ერთიმეორეს თვალს ვარიდებდით. მერე ჩემს დას ხელი ჩავავლე და
უკანმიუხედავად წინკარში გამოვიყვანე. ყრუ ხმაური თანდათანობით მატულობდა.
კარი მივიხურე. წინკარში სიწყნარე იდგა.
– ეს მხარეც მიისაკუთრეს, – თქვა ჩემმა დამ. ძაფი ძირს ეთრეოდა, გორგალი კარს
იქით დარჩენილიყო, ამის დანახვაზე ირენემ საქსოვი გულგრილად დააგდო
იატაკზე.
– თან არაფერი წამოგიღია? – ვკითხე სულელურად.
– არაფერი.
წამოვედით ასე, ცარიელ-ტარიელნი. გამახსენდა კარადაში თხუთმეტი ათასი
პესო დამრჩა, მაგრამ გვიანღა იყო.
საათი ხელზე მეკეთა. ვხედავ, უკვე თერთმეტია. დას ხელი მოვხვიე (ის, მგონი,
ტიროდა) და სახლიდან გამოვედით. გულზე ნაღველი შემომაწვა. კარი მაგრად
დავკეტე, გასაღები კი წყალსადინარში მოვისროლე. არა მგონია, ამ დროს ვინმემ
ქურდობა განიზრახოს, გავივლე გუნებაში; თანაც სახლი ხომ დაკავებულია!

მოთხრობის გზამკვლევი

ამ მოთხრობაში თითქმის და თითქოს არაფერი ხდება - მოქმედება იმდენად


ნაკლებად ჩანს, რომ მკითხველს შესაძლოა გაუკვირდეს კიდეც, როგორ დგება
შედეგი. განწყობა მდორეა, ორი პერსონაჟი კი მხოლოდ იმისთვის ელაპარაკება
ერთმანეთს, რომ არაფრის კეთება გაამართლოს ან სულაც მანიაკალურად მარტივი
სახელი დაარქვას მომხდარს.

აქ მთავარი ის არის, თუ როგორ ცდილობს არსებობა ცხოვრებას ჩაენაცვლოს, მაგრამ


ამ საქმიდან არაფერი გამოდის. კორტასარი გვიჩვენებს, რა მოსდით ადამიანებს,
როდესაც ისინი ნებისყოფით ან ძალით არ ცდილობენ რაიმე შეცვალონ და მონის
ერთგულებით მიჰყვებიან მოვლენათა განვითარებას. ამ თანმიმდევრობაში მათი
არანაირი წვლილი არ ჩანს. სამაგიეროდ, გამოუჩენლად ჩანან სხვები, რომლებიც
თანდათანობით იკავებენ მოუვლელ და დაუცველ სივრცეს.

და-ძმისთვის წინაპართაგან დატოვებული დიდი სახლი ძვირფასია („სახლი ჩვენ


მოგვწონდა“) - მაგიდასთან შემომსხდრებს უყვართ „დიდსა და მყუდრო სახლზე
ფიქრი“, მაგრამ ამის მიღმა აქ არაფერი ხდება. ერთადერთი, რასაც შეიძლება
„მოქმედება“ ვუწოდოთ, ის არის, რომ სახლს ყოველდღიურად ალაგებენ, ამ ამბავთა
შორის კი და ქსოვს, ძმა კი ინტერესითა და სიყვარულით უყურებს ქსოვის პროცესს
(„შემეძლო, საათობით მედევნებინა თვალი მისი ხელებისათვის, ვერცხლისფერი

155
156

ჩხირების სწრაფი ელვარებისა და იატაკზე მდგარ კალათში გორგლების


მოძრაობისთვის - ლამაზი სანახავი იყო“). მოკლედ, სრული უძრაობაა - არც
მოქმედება და არც ფიქრი. ამას შეიძლება არსებობით (არა - ცხოვრებით!)
კმაყოფილებაც ვუწოდოთ.

თუმცა ეს კმაყოფილებაც სახლის მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდება („მე და ირენე


კარს აქეთ ვცხოვრობდით, კარს იქით მარტო დასალაგებლად გავდიოდით“).

ფიქრისა და მოქმედებისგან თავისუფალ სივრცეს ყოველთვის „სხვები“


ეპატრონებიან. როდესაც ძმა ერთ დღეს შენიშნავს, რომ მათი სახლის ეს ნაწილი
მათგან შეუმჩნევლად „სხვებმა“ დაისაკუთრეს, საერთოდ არ ცდილობს
დაუპატიჟებელი ადამიანებისგან სახლის დაცვას - უბრალოდ შემორჩენილი ნაწილის
კარს კეტავს და ძალიან კმაყოფილია („მაშინვე კარს ვეცი და დავკეტე. კიდევ კარგი,
გასაღები ჩვენკენ იყო, გულის დასაარხეინებლად ურდულიც გავუყარე“). დის
რეაქციაც ანალოგიურია - რაღა უნდა იყოს შემგუებლობის უკეთესი გამოხატულება,
ვიდრე მისი ნათქვამი ფრაზა,როდესაც გაიგებს, რომ მომხვდურებმა სახლის ნაწილი
მიიტაცეს: „რას იზამ, აქეთ ვიცხოვროთ“.

ამგვარ შემგუებლობას საზღვარი არ აქვს - ის მუდმივი მარცხისთვის არის


განწირული. და-ძმის ამბავიც ასე მთავრდება - ისინი მთელ სახლს კარგავენ -
წინაპართა საცხოვრისს სრულიად უშფოთველად, ელემენტარული წინააღმდეგობის
გარეშე უტოვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თვალითაც არ დაუნახავთ. ამ ამბავს
სრულ აბსურდულობას სძენს ის, რომ სახლის დატოვებისას ძმა კარს გასაღებით
კეტავს და მერე მას წყალსადინარში მოისვრის.

სასიცოცხლო სივრცეს მხოლოდ ცხოვრება ავსებს - უმიზნობით კმაყოფილ არსებობას


ამის პრივილეგიას არავინ აძლევს.

მიხაილ ლერმონტოვი

156
157

დიდი რუსი მწერალი, დრამატურგი და პოეტი, მიხაილ ლერმონტოვი, 1814 წლის 15


ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა. მისი მშობლების ქორწინება, საწმუხაროდ, ვერ
შედგა. დედის გარდაცვალებამ ადრეულ ასაკში და მამის ბებიასთან კონფლიქტმა,
მომავალი პოეტის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულა. მისი ეს
განცდები მოგვიანებით ორ ნაწარმოებში აისახა - „ადამიანები და ვნებები“ (1830 წ.)
და „უცნაური ადამიანი“ (1831 წ.).

მიხაილი ბებიასთან იზრდებოდა და შინ ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჯერ


მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონატში ჩაირიცხა, შემდეგ თავად
უნივერსიტეტში. მასზე, როგორც პოეტზე, უდიდესი გავლენა მოახდინა შილერის,
პუშკინის, ბაირონის, ჰიუგოს ნაწარმოებებმა. მისმა სასიყვარულო გატაცებებმა
დასაბამი დაუდო რომანტიკულ პოემებზე მუშაობას. 1829 წელს გამოიცა „დემონი“,
მისი პირველი რედაქციით, 1831 წელს კი „აღსარება“.

1832 წელს მან უნივერსიტეტი დატოვა, პეტერბურგში გაემგზავრა და გვარდიელების


სკოლაში ჩაირიცხა. მალევე გამოიცა მისი ლექსი „იუნკერის პოემები“,
იმავდროულად ლერმონტოვმა დაიწყო მუშაობა რომანზე „ვადიმი“, რომელიც არ
დაუსრულებია და სხვა ნაწარმოებებზე.

1837 წლის დასაწყისში მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა არანაირი ლიტერატურული


სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ გამოიცა მისი ლექსები, რომლებიც შემდეგ
შედევრებად აღიარეს, მათ შორის „ანგელოზი“, „ქალთევზა“, „მომაკვდავი
გლადიატორი“. იმავე წელს, როგორც იქნა, მასთან აღიარება მოვიდა, როდესაც შექმნა
„პოეტის სიკვდილი“, რომელიც პუშკინის უკანასკნელ დუელს მიუძღვნა. ლექსი
სწრაფად ვრცელდებოდა ხელნაწერის სახით. მისმა ბოლო სტრიქონებმა ნიკოლოზ
პირველის განრისხება გამოიწვია და პოეტი დააპატიმრეს. ამ გადასახლების დროს
კავკასიაში, პოეტმა თბილისის მოინახულა, შეისწავლა აღმოსავლური ფოლკლორი,
იმ პერიოდში „ბოროდინოს“ გამოქვეყნებამ ლერმონტოვის პოპულარობა კიდევ
უფრო გაამყარა. შემდგომ წლებში, გადასახლებიდან დაბრუნებულმა, კიდევ უფრო
მეტი პოპულარობა მოიპოვა. 1839 წელს „მწირისა“ და დემონის“ საბოლოო
რედაქციები გაკეთდა, დაიბეჭდა არაერთი ლექსი. 1838 -40 წლებში შეიქმნა რომანი
„ჩვენი დროების გმირი“, რომელიც ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ
ნამუშევრად იქცა.

მწერალი 1841 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა მარტინოვთან დუელისას


გარდაიცვალა.

ფატალისტი

157
158

თარგმნა გერონტი ქიქოძემ


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ. 3,
თბილისი, 2008)

როგორღაც მოხდა, რომ ორი კვირა კაზაკების სტანიცაში ვიცხოვრე მარცხენა


ფლანგზე; იქვე იდგა ქვეითი ჯარის ბატალიონი; ოფიცრები ერთმანეთთან
ვიკრიბებოდით მორიგეობით, საღამოობით ქაღალდს ვთამაშობდით.
ერთხელ ბოსტონი მოგვწყინდა, ქაღალდი მაგიდის ქვეშ შევყარეთ და ძალიან
დიდხანს დავრჩით მაიორ ს... სას; საუბარი არაჩვეულებრივად თავშესაქცევი იყო.
ვმსჯელობდით იმის შესახებ, რომ მუსლიმანური რწმენა, თითქოს ადამიანის ბედი
ზეცაზეა აღბეჭდილიო, ჩვენს შორისაც პოულობს მრავალ თაყვანისმცემელს;
თითოეულმა სხვადასხვა არაჩვეულებრივი შემთვევა გვიამბო პრო ან ცონტრა
(დასადასტურებლად ან საწინააღმდეგოდ).
– ყოველივე ეს არაფერს ამტკიცებს, ბატონებო, – თქვა მოხუცმა მაიორმა, – არც
ერთი თქვენგანი ხომ იმ უცნაური შემთხვევის მოწმე არ ყოფილა, რომლითაც თქვენს
შეხედულებებს ადასტურებთ?
– რასაკვირველია, არც ერთი, – თქვა ვიღაცამ, – სად არიან ეს სარწმუნო
ადამიანები, რომელთაც უნახავთ ჩვენი სიკვდილის საათიში აღმნიშვნელი სია?.. და
თუ არსებობს ბედისწერა, რისთვისღა გვაქვს მოცემული ნებისყოფა, განსჯა? რად
უნდა მივცეთ ანგარიში ჩვენი ყოფაქცევის გამო?
ამ დროს ერთი ოფიცერი, რომელიც ოთახის კუთხეში იჯდა, წამოდგა,
აუჩქარებლად მივიდა მაგიდასთან და ყველას წყნარად და მნიშვნელოვნად
გადახედა. როგორც მისი გვარიდან ჩანდა, ის წარმოშობით სერბიელი იყო.
პორუჩიკ ვულიჩის გარეგნობა სავსებით შეეფერებოდა მის ხასიათს. მაღალი ტანი
და შავგრემანი პირისახე, შავი, გამსჭვალავი თვალები, ცივი გაღიმება, რომელიც
მუდამ ამოძრავებდა მის ტუჩებს, – ყოველივე ეს თითქოს შეთანხმებული იყო, რათა
მისთვის იმ განსაკუთრებული არსების გარეგნობა მიეცა, რომელსაც არ შეუძლია
თავისი აზრები და ვნებათა ღელვანი ბედის მიერ მიჩენილ ამხანაგებს გაუნაწილოს.
ის მამაცი იყო, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ მკვეთრად; არავის არ ანდობდა
თავის სულიერ და ოჯახურ საიდუმლოებებს; ღვინოს თითქმის სრულიად არ სვამდა,
– ახალგაზრდა კაზაკის ქალებს, რომელთა მიმზიდველობის გაგება ძნელია მათ
უნახავად, ის არასოდეს არ დასდევდა. თუმცა ამბობდნენ, პოლკოვნიკის ცოლი
გულგრილად ვერ უცქერის მის მეტყველ თვალებსო; მაგრამ ვულიჩი სერიოზულად
ჯავრობდა, როცა ამაზე ნართაულად ჩამოუგდებდნენ ლაპარაკს.
მას მხოლოდ ერთი გატაცება ჰქონდა, რომელსაც არ მალავდა – გატაცება
ქაღალდის თამაშით. მწვანე მაგიდასთან ყველაფერს ივიწყებდა და, ჩვეულებრივ,
აგებდა; მაგრამ მუდმივი მარცხი მხოლოდ აღიზიანებდა მის კერპ ბუნებას.
ამბობდნენ, ერთხელ, ექსპედიციის დროს, ღამით, ბალიშზე არიგებდა ნანკსო; თურმე
ძალიან მოსდიოდა. უცებ სროლის ხმა გაისმა, განგაში ატყდა, ყველანი წამოცვივდნენ

158
159

და იარაღს ეცნენ, „ჩამოდი ვაბანკი!’’ შესძახა ვულიჩმა წამოუდგომლად ერთ-ერთ


თავის ცხარე პონტერს. – „შვიდიანი მოდის’’, – უპასუხა ამ უკანასკნელმა და გაიქცა.
საყოველთაო არევდარევის მიუხედავად, ვულიჩმა დაასრულა თალია;
მოწინააღმდეგემ მოიგო.
როდესაც ვულიჩი რაზმში გამოცხადდა, იქ უკვე ძლიერი თოფის სროლა იყო
ამტყდარი; მას ყურადღება არ მიუქცევია არც ჩეჩნების ტყვიებისა, არც მათი
ხმლებისათვის; მაშინვე თავისი ბედნიერი პონტერი მონახა. 
– შვიდიანი გამოვიდა! – დაუძახა მან, როცა ბოლოს დაინახა იგი მოწინავე
რაზმში, რომელიც მტერს აძევებდა ტყიდან; მივიდა მასთან, ქისა და საფულე ამოიღო
და თავის ბედნიერ მოწინააღმდეგეს გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს
უკანასკნელი ეუბნებოდა, რა დროს წაგებული ფულის გადახდააო. ამ არასასიამოვნო
ვალდებულების შესრულების შემდეგ ვულიჩი გავარდა წინ, ჯარისკაცები გაიტაცა
და ბრძოლის დასრულებამდე შეუშფოთებლად სროლით უპასუხებდა ჩეჩნების
სროლას.
როცა პორუჩიკი ვულიჩი მაგიდასთან მივიდა, ყველანი დადუმდნენ, ვინაიდან
მისგან, რაიმე ორიგინალურ საქციელს ელოდნენ.
– ბატონებო! – თქვა მან (მას დამშვიდებული ხმა ჰქონდა, თუმცა ერთი ტონით
დაბლა ლაპარაკობდა ჩვეულებრივზე) – ბატონებო, რა საჭიროა ცარიელი კამათი?
დამამტკიცებელი საბუთები გნებავთ? მე თქვენ წინადადებას გაძლევთ, თქვენსავე
თავზე გამოსცადოთ, შეუძლია ადამიანს თვითნებურად განაგოს თავისი სიცოცხლე
თუ თითეულ ჩვენგანს წინდაწინვე საბედისწერო წუთი აქვს დანიშნული... ვის სურს?
– მე არა, მე არა! – გაისმა ყოველი მხრიდან, – აი, ახირებული კაცი! რა არ მოუვა
თავში...
– სანაძლეოს, ვდებ, – ვუთხარი მე ხუმრობით.
– რაზე?
– ვამტკიცებ, რომ ბედისწერა არ არსებობს, – ვთქვი მე და მაგიდაზე ოციოდე
ოქროს ფული დავყარე, – მთელი თანხა, რაც ჯიბეში მქონდა.
– მოდის, – მიპასუხა ვულიჩმა ყრუ ხმით, – მაიორო, თქვენ იყავით მსაჯული; აი
თხუთმეტი ოქრო; დანარჩენი ხუთი თქვენ ჩემი გმართებთ, მეგობრობა გამიწიეთ და
დაუმატეთ.
– კარგი, – უპასუხა მაიორმა, – მხოლოდ არ მესმის, რაშია საქმე და როგორ
გადაწყვეტთ საკამათო საკითხს..
ვულიში უსიტყვოდ გავიდა მაიორის საწოლ ოთახში; ჩვენ უკან გავყევით. ის
კედელთან მივიდა, სადაც იარაღი ეკიდა, და ალალბედზე ჩამოიღო ლურსმნიდან
ერთ-ერთი დამბაჩა მრავალ სხვადასხვა ყალიბიანთა შორის. ჩვენ მისი კიდევ არა
გვესმოდა რა; მაგრამ, როცა ჩახმახი მომართვა და ფალიაზე თოფისწამალი დააყარა,
მრავალმა ჩვენგანმა ძალაუნებურად შეჰყვირა და ხელი სტაცა.
– რას შვრები? დაიცა, ეს სიგიჟეა! – შევძახეთ მას .

159
160

– ბატონებო, – თქვა მან აუჩქარებლად და ხელი გაითავისუფლა: – ვის სურს, ჩემ


მაგიერ ოცი ოქრო გადაიხადოს?
ყველანი დადუმდნენ და გაშორდნენ.
ვულიჩი მეორე ოთახში გავიდა და მაგიდას მიუჯდა; ყველანი უკან გავყევით. მან
მიგვანიშნა, ირგვლივ დასხედითო. უსიტყვოდ დავემორჩილეთ: ამ მომენტში მან
რაღაც საიდუმლო ძალა მოიპოვა ჩვენზე. მე თვალებში ჩავაშტერდი; მაგრამ ის
მშვიდად და უმოძრაოდ შეხვდა ჩემს გამომცდელ შეხედვას და მის ფერმკრთალ
ტუჩებზე ღიმილმა გადაირბინა; მაგრამ ამ გულგრილობის მიუხედავად, მე მეგონა,
სიკვდილის ბეჭედს ვხედავ მის ფერმიხდილ სახეზე – მეთქი. მე შემინიშნავს და
მრავალ ხნიერ მეომარს დაუდასტურებია ჩემი დაკვირვება, რომ ხშირად იმ
ადამიანის სახეზე, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უნდა მოკვდეს, არის რაღაც
აუცილებელი ბედისწერის უცნაური ბეჭედი; ისე რომ, შეჩვეული თვალი იშვიათად
შეცდება.
– თქვენ დღეს მოკვდებით, – ვუთხარი მას. ის მკვირცხლად ჩემკენ მობრუნდა,
მაგრამ აუჩქარებლად და წყნარად მიპასუხა:
– შეიძლება ჰო, შეიძლება არა...
შემდეგ მაიორს მიმართა, გატენილია თუ არა დამბაჩაო. შეშფოთების  გამო
მაიორს კარგად როდი ახსოვდა.
– გეყოფა, ვულიჩ!.. – დაიძახა ვიღაცამ. – ალბათ, გატენილია, რაკი თავში ეკიდა;
რას ხუმრობ !..
– უგუნური ხუმრობაა,– დაუმატა ვიღაცამ.
– ორმოცდაათ მანეთს ვდებ ხუთის წინააღმდეგ, რომ დამბაჩა გატენილი არაა ! –
დაიძახა მესამემ.
ახალი სანაძლეოები დაიდო.
მე მომწყინდა ეს გრძელი ცერემონია.
– ყური დამიგდეთ, – ვუთხარი მე: – ან თავში ტყვია დაიხალეთ, ან დამბაჩა თავის
ადგილას ჩამოჰკიდეთ , და დასაძინებლად წავიდეთ.
– რასაკვირველია, – წამოიძახა მრავალმა დამსწრემ, – დასაძინებლად წავიდეთ!
– ბატონებო, მე თქვენ გთხოვთ, ადგილიდან არ დაიძრათ! – თქვა ვულიჩმა და
დამბაჩა შუბლზე მიიდო.
ყველანი თითქოს გაქვავდნენ.
– ბატონო პეჩორინ, – დაუმატა მან, – ერთი კარტი აიღეთ და ზევით ააგდეთ.
მე მაგალითად, როგორც ახლა მახსოვს, გულის ტუზი ავიღე და ზევით შევაგდე;
ყველა სულგაკმენდილი იჯდა; ყველა შიშითა და რაღაც გაურკვეველი
ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებს აცეცებდა დამბაჩიდან საბედისწერო
ტუზისკენ, რომელიც ჰაერში თრთოდა და ნელა ეშვებოდა ძირს; როგორც კი მაგიდას
შეეხო, ვულიჩმა ჩახმახის ფეხი გამოსწია...დამბაჩა არ გავარდა!
– მადლობა ღმერთს! – წამოიძახა ბევრმა ჩვენგანმა, – გატენილი არ ყოფილა .

160
161

– მაინც ვნახოთ, – თქვა ვულიჩმა. ხელახლა ჩახმახი ფეხზე შეაყენა და დაუმიზნა


ქუდს, რომელიც ფანჯრის თავზე იყო დაკიდებული; დამბაჩა გავარდა – კვალმა
ოთახი აავსო; როცა ის გაიფანტა, ქუდი ჩამოიღეს: შუაში იყო გახვრეტილი, ხოლო
ტყვია ღრმად ჩამჯდარიყო კედელში.
სამი წუთის განმავლობაში ვერავინ კრინტი ვერ დასძრა; ვულიჩმა წყნარად ჩაყარა
თავის ქისაში ჩემი ოქრო.
გაიმართა სჯა-ბაასი იმაზე, რად არ გავარდა პირველად დამბაჩა: ზოგი
ამტკიცებდა, ფალია ალბათ, დანაგვიანებული იყოო; სხვები ჩურჩულებდნენ,
პირველად თოფისწამალი ნესტიანი იყო, ხოლო შემდეგ ვულიჩმა ახალი დააყარაო;
მაგრამ მე ვთქვი, ეს ეჭვი უსამართლოა, იმიტომ რომ მე თვალი არ მომიშორებია
დამბაჩისთვის – მეთქი.
– თქვენ ბედი გაქვთ თამაშში, – ვუთხარი მე ვულიჩს..
– პირველად ჩემს სიცოცხლეში, – მიპასუხა მან და თვითკმაყოფილებით გაიღიმა,
– ეს სჯობს ბანკსა და შტოსს.
– სამაგიეროდ, ცოტათი უფრო სახიფათოა.
– მაშ, ახლა გწამთ ბედისწერა?
– მწამს, მხოლოდ ახლა არ მესმის, რად მეგონა, თითქოს დღეს აუცილებლად
უნდა მომკვდარიყავით..
  იგივე კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ასე მშვიდად იმიზნებდა შუბლში, ახლა
უცებ აენთო და შეშფოთდა.
– კმარა! – თქვა მან და წამოდგა, – ჩვენი სანაძლეო დასრულდა და ახლა თქვენი
შენიშვნები უადგილოდ მიმაჩნია ...
ქუდი აიღო და გავიდა. ეს მე უცნაურად მეჩვენა, და არა ტყუილუბრალოდ.
ჩქარა ყველანი წავიდ-წამოვიდნენ;  ყველანი  სხვადასხვანაირად მსჯელობდნენ
ვულიჩის ახირებაზე და, ალბათ, ერთხმად ეგოისტს მიწოდებდნენ, იმიტომ, რომ
სანაძლეო დავდე ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც ტყვიით თავის მოკვლა
უნდოდა; თითქოს მას უჩემოდ არ შეეძლო მარჯვე შემთხვევის პოვნა.
მე შინ ვბრუნდებოდი სტანიცის ცარიელი მისახვევ-მოსახვევებით; სახლების
კბილოვან ჰორიზონტზე მთვარე გამოჩნდა, სავსე და ხანძარივით წითელი;
ვარსკვლავები მშვიდად ციმციმებდნენ მუქ ლურჯ გუმბათზე და მე გამეცინა, როცა
გამახსენდა, რომ ოდესღაც არსებობდნენ ბრძენთა ბრძენი ადამიანები, რომელნიც
ფიქრობდნენ, ცის მნათობები მონაწილეობას ღებულობენ ჩვენს უმნიშვნელო
ბრძოლებში მიწის ნაჭრისა ან რაღაც მოგონილი უფლებებისთვისო. და რა ხდებოდა?
ეს კანდელები, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ იმისთვის ენთო, რომ მათი
ბრძოლები და გამარჯვებები გაენათებინა, წინანდებურად ბრწყინავს, მათი
გულისთქმები და იმედები კი დიდი ხანია მათთან ერთად ჩაქრა, როგორც ქრება
ტყის პირად ანთებული ცეცხლი უზრუნველი მგზავრების მიერ. მაგრამ, სამაგიეროდ,
რა ნებისყოფის ძალას ანიჭებდა მათ რწმენა, რომ მთელი ზეცა, თავისი ურიცხვი
მცხოვრებით, ჩვენ გვიცქერის მუნჯი, მაგრამ უცვლელი თანაგრძნობით!.. ჩვენ კი,
161
162

მათს ბეჩავ ჩამომავალთ, რომელნიც მიწაზე დავხეტიალობთ, რწმენასა და სიამაყეს


მოკლებულნი, სიამოვნებისა და შიშისგან განძარცვულნი, გარდა იმ უნებური შიშისა,
რომელიც გულს კუმშავს იმ აზრის გახსენებაზე, რომ აუცილებელი დასასრული
მოგველის, ჩვენ ნიჭი აღარ შეგვწევს დიადი მსხვერპლის ბედნიერებისთვის; ეს
იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ეს ბედნიერება შეუძლებელია: ჩვენ გულგრილად
გადავდივართ ეჭვიდან ეჭვზე ისე, როგორც ჩვენი წინაპრები ერთი შეცდომიდან
მეორეზე გადადიოდნენ, მაგრამ ჩვენ აღარ გვაქვს არც მათი იმედი, არც თვით ის
გაურკვეველი, თუმცა ძლიერი სიამოვნება, რომელსაც სული ყოველ ბრძოლაში
პოულობს ადამიანებისა და ბედისწერის წინააღმდეგ.
და მრავალი ასეთი ფიქრი მომდიოდა თავში; მე მათ არ ვაკავებდი, იმიტომ, რომ
არ მიყვარს რაიმე განყენებულ აზრზე გაჩერება; ან რა საჭიროა ეს? ჭაბუკურ ასაკში მე
მეოცნებე ვიყავი; მე მიყვარდა მორიგეობით ხან მჭმუნვარე, ხან ფერად-ფერადი
ოცნებების ალერსი. ამ ოცნებებს მე მოუსვენარი და ხარბი ფანტაზია მიხატავდა.
მაგრამ რა დამრჩა აქედან? მხოლოდ დაღლილობა, თითქოს ღამის ბრძოლა მქონდეს
მოჩვენებასთან, და ბუნდოვანი მოგონება აღსავსე სინანულით. ამ ამაო ბრძოლაში
დავხარჯე სულის სიცოცხლეც და ნებისყოფის შეუდრეკელობაც, რომელიც
აუცილებლად საჭიროა ნამდვილი ცხოვრებისათვის; ამ ცხოვრებაში ფეხი შევდგი მას
შემდეგ, რაც ის უკვე აზრით მქონდა განცდილი, და ის მოსაწყენად და საძაგლად
მეჩვენა, როგორც ადამიანს, რომელიც კარგად ნაცნობი წიგნის უხეირო მინაბაძს
კითხულობს .
ამ საღამოს მომხდარმა ამბავმა ჩემზე საკმაოდ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა და
ნერვები გამიღიზიანა. არ ვიცი ნამდვილად, მწამს ამჟამად ბედისწერა თუ არა, მაგრამ
იმ ღამეს მტკიცედ მწამდა: დამამტკიცებელი საბუთი განსაცვიფრებელი იყო, და
მიუხედავად იმისა, რომ მე დავცინე ჩვენს წინაპრებსა და მათს მასიამოვნებელ
ასტროლოგიას, ძალაუნებურად მათვე კალაპოტში მოვექეცი; მაგრამ ჩემი თავი
დროზე შევაჩერე ამ სახიფათო გზაზე და რადგან წესად მქონდა, არაფერი არ უარმეყო
გადაჭრით და არაფერი არ მერწმუნა ბრმად, მეტაფიზიკა გვერდზე გადავისროლე და
ფეხქვეშ დავიწყე ცქერა. ასეთი სიფრთხილე სწორედ რომ საჭირო იყო: ფეხი წავკარი
რაღაც მსხვილსა და რბილს, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, არა ცოცხალს, და კინაღამ
დავეცი. დავიხარე (მთვარე უკვე პირდაპირ გზას ანათებდა) და რა დავინახე ! ჩემს
წინ ღორი ეგდო, ხმლით შუაზე გადაჭრილი... ძლივს მოვასწარი ამის დანახვა, რომ
ნაბიჯების ხმა გავიგონე: შუკიდან ორი კაზაკი გამორბოდა; ერთი მომიახლოვდა და
შემეკითხა, ხომ არ დაგინახავთ მთვრალი კაზაკი, რომელიც ღორს მისდევდაო. მე მას
ვუპასუხე, კაზაკი არ შემხვედრია – მეთქი, და მისი შმაგი მამაცობის მსხვერპლი
დავანახე.
– უყურე იმ ავაზაკს ! – თქვა მეორე კაზაკმა, – როგორც კი ღვინოს დალევს,
დაიწყებს ყველაფრის კეპვას, რაც კი გზად შეხვდება. გამოვუდგეთ, ერემეიჩ; უნდა
შევკრათ, თორემ.

162
163

ისინი გამშორდნენ, მე კი გზა განვაგრძე დიდი სიფრთხილით და ბოლოს


ბედნიერად მივაღწიე ჩემს ბინას.
მე ვცხოვრობდი ერთი ბებერი ურიადნიკისას, რომელიც მიყვარდა მისი კეთილი
ზნისა, განსაკუთრებით, მისი ლამაზი ქალიშვილის ნასტიას გულისთვის.
როგორც ყოველთვის, ისე ახლაც, ქალი ჭიშკართან მიცდიდა, ქურქში გახვეული;
მთვარე ანათებდა მის სანდომიან ტუჩებს, გალურჯებულს ღამის სიცივისგან.
დანახვისთანავე გამიღიმა. მაგრამ მე მისთვის არ მეცალა. მშვიდობით, ნასტია! –
ვუთხარი მე, როცა გვერდით ჩავუარე. მას უნდოდა რაღაც ეპასუხა, მაგრამ მხოლოდ
ამოიოხრა.
ჩემი ოთახის კარი მოვიხურე. სანთელი ავანთე და ლოგინზე დავვარდი; მაგრამ
ამჟამად ძილი ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს არ მომეკიდა. აღმოსავლეთით უკვე
ინათა, როცა დამეძინა, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, ამ ღამით გამოძინება არ მეწერა.
დილის ოთხ საათზე ორმა მუშტმა ფანჯარაზე დამიბრახუნა. მე წამოვხტი: რა
მოხდა?.. „ადექი, ტანთ ჩაიცვი!’’. – მიძახოდა რამდენიმე ხმა. მე საჩქაროდ ჩავიცვი და
გარეთ გავედი. „იცი, რა მოხდა?’’ – მითხრა ერთხმად სამმა ოფიცერმა, რომელნიც
ჩემთან მოსულიყვნენ: მათ მკვდრისფერი ედოთ.
– რა?
– ვულიჩი მოუკლავთ!
მე გავქვავდი.
– ჰო, მოკლულია, -გაიმეორეს მათ, – ჩქარა წავიდეთ !
– სად წავიდეთ!
– გზაში გაიგებ.
წავედით. მათ მიამბეს ყველაფერი, რაც მომხდარიყო, სხვადასხვა შენიშვნის
დამატებით უცნაური ბედისწერის შესახებს, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა
ნახევარი საათის წინათ სიკვდილამდე. ვულიჩი თურმე მარტო მიდიოდა ბნელ
ქუჩაში; მას ის მთვრალი კაზაკი შეჩეხებოდა, რომელმაც ღორი აბალთა, და
შეიძლებოდა მას გვერდით გაევლო და ჩულიჩი არც კი შეემჩნია, რომ უკანასკნელი
უცებ არ გაჩერებულიყო და არ ეთქვა: „ვის ეძებ, ძმობილო?’’ – „შენ!’’ – ეპასუხა კაზაკს,
ხმალი შემოერტყა და გაეჩეხა მხრიდან დაწყებული თითქმის გულამდე.. ორ კაზაკს,
რომელნიც მე შემხვდნენ და მკვლელს გამოუდგნენ, მიესწრო, ხელში აეყვანათ
დაკოდილი, მაგრამ ის უკვე სულს ლევდა თურმე; მხოლოდ ორი სიტყვა ეთქვა; „ის
მართალია!’’ – მხოლოდ მე მესმოდა ამ სიტყვების ბნელი მნიშვნელობა: ისინი მე
შემეხებოდნენ; მე იმ უბედურს ჩემდა უნებურად ვუწინასწარმეტყველე მისი ბედი;
ინსტინქტმა არ მიღალატა: მე სწორად ამოვიკითხე მის შეცვლილ სახეზე
მოახლოებული სიკვდილის ბეჭედი.
მკვლელი ცარიელ ქოხში ჩაკეტილიყო, სტანიცის ბოლოში: ჩვენ იქით
მივდიოდით. მრავალი დედაკაცი მირბოდა იქით ტირილით; დროგამოშვებით
რომელიმე ჩამორჩენილი კაზაკი გამორბოდა ქუჩაში, საჩქაროდ ხანჯალს ირტყამდა
წელზე და სირბილით წინ გვისწრებდა. საშინელი ჩოჩქოლი იდგა.
163
164

აი, ბოლოს მივაღწიეთ; ვხედავთ, ქოხის გარშემო, რომლის კარები და დარაბები


შიგნიდანაა დაკეტილი, ბრბო დგას. ოფიცრები და კაზაკები გაცხარებით
მსჯელობდნენ; ქალები მოსთქვამდნენ და ღრიალებდნენ. მათ შორის თვალში მეცა
ერთი დედაბრის მნიშვნელოვანი სახე, რომელიც შეშლილის სასოწარკვეთილებას
გამოხატავდა. ის მსხვილ მორზე იჯდა მუხლებზე დაყრდნობილი, ხოლო თავი
ხელებზე დაედო: ეს იყო მკვლელის დედა. მისი ტუჩები დროგამოშვებით
მოძრაობდა.. ლოცვას ბუტბუტებდა თუ წყევლას?
საჭირო იყო რამის გადაწყვეტა და დამნაშავის დაჭერა. მაგრამ ვერავინ ვერ
ბედავდა, პირველი სცემოდა.
მე ფანჯარასთან მივედი და დარაბის ჭუჭრუტანაში შევიხედე: ის იატაკზე იწვა
ფერწასული და მარჯვენა ხელში დამბაჩა ეჭირა; გვერდით სისხლიანი ხმალი ედო.
საშინელი იყო მისი მეტყველი თვალების ბრიალი; ხანდახან შეთრთოლდებოდა და
თავზე ხელს იტაცებდა ხოლმე, თითქოს ბუნდოვნად იხსენებდა წუხანდელ ამბავს. მე
მაინცდამაინც დიდი შეუდრეკლობა ვერ ამოვიკითხე მის მოუსვენარ გამოხედვაში
და მაიორს ვუთხარი, ტყუილუბრალოდ იცდით და არ უბრძანებთ, კარი შეამტვრიონ
და კაზაკები შეცვივდნენ, ვინაიდან სჯობს ეს ახლა გააკეთოთ, ვიდრე შემდეგ, როცა
ის სავსებით გონს მოვა-მეთქი.
ამ დროს კართან მოხუცი იასაული მივიდა და სახელი დაუძახა; მან უპასუხა.
– შესცოდე, ძმაო ეფიმიჩ, – უთხრა იასაულმა, – ვერას გახდები, დამორჩილდი!
– არ დავმორჩილდები! – უპასუხა კაზაკმა.
– ღმერთს შეხედე. შენ ხომ შეჩვენებული ჩეჩენი არ ხარ, შენ პატიოსანი ქრისტიანი
ხარ. თუ   ცოდვამ გზა აგიბნია, რა გაეწყობა: შენს ბედისწერას ვერ გადაუხვალ!
– არ დავმორჩილდები! – წამოიძახა კაზაკმა მრისხანედ და მოისმა, როგორ
აჩხარუნდა ფეხზე შეყენებული ჩახმახი.
– ჰეი, ძალუავ! – უთხრა იასაულმა დედაბერს, – მოელაპარაკე შენს შვილს;
ვინძლო გაგიგონოს.. ეს მხოლოდ ღვთის განრისხებაა და მეტი არაფერი. შეხედე, ეს
ბატონებიც ორი საათია უცდიან.
  დედაბერმა თვალები მიაშტერა და თავი გაიქნია.
– ვასილი პეტროვიჩ, – თქვა იასაულმა და მაიორთან მივიდა, – ის არ დაგვნებდა –
მე მას ვიცნობ; ხოლო თუ კარი შევამტვირეთ, ბევრ ჩვენგანს დახოცავს. ხომ არ
გვიბრძანებთ, ტყვია ვესროლოთ? დარაბაში ფართო ჭუჭრუტანაა.
ამ დროს თავში უცნაურმა აზრმა გამიელვა: ვულიჩის მსგავსად ბედის გამოცნობა
განვიზრახე.

1. დაიცადეთ, – ვუთხარი მაიორს, – მე მას ცოცხალს დავიჭერ.


იასაულს ვუბრძანე, ლაპარაკი გააბი მასთან – მეთქი, ბოლო კართან სამი კაზაკი
დავაყენე; მათ ის უნდა შეემტვრიათ და ჩემი ნიშნის მიცემისთანავე
მომშველებოდნენ, მე კი ქოხს უკან მოვუარე და საბედისწერო ფანჯარას
მივუახლოვდი; გული აჩქარებით მიცემდა.

164
165

– აჰ, შე წყეულო! – შესძახა იასაულმა, – დაგვცინი თუ? ან შეიძლება ფიქრობ, რომ


ვერ მოგერევით? – მან კარის ბრახუნი დაიწყო მთელი ძალღონით; მე ჭუჭრუტანას
მივადექი და თვალყურის დევნება დავუწყე კაზაკს, რომელიც ამ მხრიდან არ ელოდა
თავდასხმას; უცებ დარაბა მოვგლიჯე და ფანჯარაში გადავვარდი ყირამალა. ტყვიამ
ზედ ყურთან გამიზუზუნა და ეპოლეტი მომგლიჯა. მაგრამ კვამლმა, რომელმაც
ოთახი აავსო, ჩემს მოწინააღმდეგეს ხელი შეუშალა მის გვერდით მდებარე ხმალი
ეპოვა. მე ხელებში ჩავეჭიდე; კაზაკები შემოცვივდნენ და არ გაუვლია სამ წუთს, რომ
ბოროტმოქმედი უკვე გაბაწრული და მცველებშემორტყმული იყო. ხალხი გაიფანტა,
ოფიცრებმა მომილოცეს და, მართლაც, მოსალოცი იყო.
ამის შემდეგ თითქოს კაცი როგორ არ უნდა გახდეს ფატალისტი? მაგრამ ვინ იცის
დანამდვილებით,  დარწმუნებულია თუ არა ის რამეში?.. და რა ხშირად ვღებულობთ
ჩვენ რწმენად იმას, რაც მხოლოდ გრძნობათა მოტყუება ან განსჯის ცდომილებაა.. მე
მიყვარს ყველაფერში ეჭვის შეტანა: ეს განწყობილება ხელს არ უშლის ხასიათის
გაბედულებას; პირიქით, რაც შემეხება მე, ყოველთვის უფრო გაბედულად მივდივარ
წინ, როცა არ ვიცი, რა მელის. სიკვდილზე უარესი ხომ არაფერი მოხდება, სიკვდილს
კი ვერ ასცდები.
როცა ციხეში დავბრუნდი, მაქსიმ მაქსიმიჩს ვუამბე ყოველივე, რაც თავს
გადამხდა და რის მოწმეც გავხდი: მინდოდა მისი აზრი გამეგო ბედისწერის შესახებ.
მან თავდაპირველად ვერ გაიგო ეს სიტყვა, მაგრამ მე ავუხსენი შეძლებისდაგვარად:
მაშინ მნიშვნელოვნად თავი გააქნია და თქვა:
– დიახ, რასაკვირველია. ეს საკმაოდ თავსატეხი რამაა.. ესეცაა, რომ აზიური
ჩახმახი ხშირად ცუდდება, თუ კარგად არ არის გაპოხილი ან თუ თითი მაგრად არ
დააჭირე. მართალი გითხრათ, არ მიყვარს, აგრეთვე, ჩერქეზული შაშხანა; რაღაც
შეუფერებელია ჩვენი კაცისთვის: კონდახი პატარა აქვს, – თუ არ გაფრთხილდი,
ცხვირს წაგწვავს... სამაგიეროდ, ისეთი ხმლები აქვთ, რომ უკეთესი აღარ შეიძლება.
ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ დაუმატა:
– მებრალება საწყალი... რა ეშმაკმა აიძულა, მთვრალ კაცს გამოლაპარაკებოდა
ღამით... ალბათ, ასეთი იყო მისი წერა.
მეტი ვერაფერი გამოვტყუე: მას, საზოგადოდ, არ უყვარს მეტაფიზიკური კამათი.

მოთხრობის გზამკვლევი

მართლაც, ადამიანს რა ცოდვები უნდა მოეკითხოს, თუკი ყველაფერი წინასწარ


განჩინებულია და ბედისწერა არსებობს? თუ ჩემი თავისუფალი ნებით ვერაფერს ვწყვეტ,
მაშინ სადღაა ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობა? ამის შესახებ ყვეგან და ყოველთვის
კამათობენ, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე მისვლა საკმაოდ ძნელია - ძლიერ მორწმუნე
ადამიანებსაც ხანდახან ეჩვენებათ, რომ ადამიანს არ ძალუძს გადალახოს და დაძლიოს ის,
რაც „უწერია“.

165
166

პორუჩიკმა ვულიჩმა, ბანქოს გამოუსწორებელმა მოყვარულმა და ღირსების დამფასებელ-


აღმსრულებელმა, მოცალეობის ჟამს სხვა ოფიცრებს წინადადება მისცა, საკუთარ თავზე
გამოეცადათ, არსებობს თუ არა ბედისწერა - რა საჭიროა თეორეტიკოსობა, თუ პასუხის
მიღება პრაქტიკულად შეგიძლია („წინადადებას გაძევთ, თქვენსავე თავზე გამოსცადოთ,
შეუძლია ადამიანს თვითნებურად განაგოს თავისი სიცოცხლე, თუ თითოეულ ჩვენგანს
წინდაწინვე საბედისწერო წუთი აქვს დანიშნული...“)? ამ წინადადებას არავინ გამოეხმაურა,
მაგრამ მაიორმა სანაძლეო შესთავაზა ოც ოქროზე („ვამტკიცებ, რომ ბედისწერა არ არსებობს“),
რომელიც ვულიჩმა მიიღო. ოფიცრები სიკვდილ-სიცოცხლეს იმდენად გაუშინაურდნენ, რომ
ახალ ნაძლევებსაც დებენ - მოვა თუ არა თავზეხელაღებულის დაუყოვნებლივი აღსასრული.
მავანს ეს უგუნურ ხუმრობად ეჩვენება, მაგრამ წილი უკვე ნაყარია - თავის სიტყვას ოფიცერი
სიცოცხლეზე მეტად უფრთხილდება.

არავინ იცის, დატენილია თუ არა ის დამბაჩა, რომელიც სანაძლეოს გადასაწყვეტად


პორუჩიკმა შუბლზე მიიდო. მიუხედავად იმისა, რომ მას უთხრეს, „თქვენ დღეს მოკვდებით“,
გულგრილად და გამაოგნებელი გაბედულებით გამოჰკრა ჩახმახს თითი. დამბაჩა არ გავარდა.
არადა, სულ ცოტა ხანში ამ დამბაჩიდან ვულიჩმა ხელახლა გაისროლა და ოთახი კვამლში
გაეხვია. რა გამოდის - როდესაც ადამიანს სიკვდილი არ უწერია, არ კვდება?

პორუჩიკი მაიორს ნიშნისმოგებით ეკიტხება: „მაშ, ახლა გწამთ ბედისწერა?“

ამ კითხვას განსაკუთრებულ დრამატიზმს სძენს მთხრობელის წინარე მსჯელობა: „...მე


მეგონა, სიკვდილის ბეჭედს ვხედავ მის ფერმიხდილ სახეზე-მეთქი. მე შემინიშნავს და
მრავალ ხნიერ მეომარს დაუფასტურებია ცემი დაკვირვება, რომ ხშირად იმ ადამიანის სახეზე,
რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უნდა მოკვდეს, არის რაღაც აუცილებელი ბედისწერის
უცნაური ბეჭედი...“

არის დიდი უცნაურობა იმაში, რომ ადამიანები სიკვდილს ეთამაშებიან - მსჯელობითა თუ


მოქმედებით. მისი კანონზომიერების დანახვა და შეცნობა ჯერ ვერავინ მოახერხა, თუმცა კი
ამგვარი მცდელობები საუკუნეებს ითვლის. ვულიჩი გასაოცარი შემთხვევითი დამთხვევის
გამო იმავე საღამოს მოკლეს - კაცი, რომელმაც თავისი ნებით ჩახედა თვალებში სიკვდილს და
გადარჩა, ერთი შეხედვით, სრულიად უაზროდ დაიღუპა. ვულიჩის უკანასკნელი სიტყვები
„ის მართალია!“ მთხრობელს ეხება, რომელმაც პორუჩიკის სახეზე სიკვდილის ბეჭედი
დაინახა.

მთხრობელი თვითონაც გამოცდის საკუთარ თავზე ბედისწერის ძალას - სწამს რომ გადარჩება
და ვულიჩის მკვლელის მიერ მისთვის ნასროლი ტყვია მხოლოდ ეპოლეტს მოჰგლეჯს.

გაბედულები სიცოცხლესაც ეთამაშებიან და სიკვდილსაც. მათ ყველა აღტაცებით უყურებს,


მაგრამ იქნებ მართალნი არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ბედისწერა სწორედ გაბედულ
ადამიანებს ირჩევს იმის დემონსტრირებისათვის, რომ ის...

არსებობს თუ არა?

„...ვინ იცის დანამდვილებით, დარწმუნებულია თუ არა ის რამეში? და რა ხშირად


ვღებულობთ ჩვენ რწმენად იმას, რაც მხოლოდ გრძნობათა მოტყუება ან განსჯის
ცდომილებაა...“
166
167

მონტეირო ლობატო

ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი მწერალი, მთარგმნელი და მხატვრული


ლიტერატურის კრიტიკოსი, მონტეირო ლობატო 1882 წლის 18 აპრილს სან პაულოში
167
168

დაიბადა. ის ცნობილი გახდა ბავშვებისთვის შექმნილი თხზულებების ციკლით


„ყვითელი კოდალის ორდენი“. ეს ნაწარმოები, რომელშიც ბრაზილიურ ფერმაში
ბავშვების თავგადასავლებია აღწერილი, რეალობისა და ზღაპრის ელემენტებს
აერთიანებს. ამ წიგნების მიხედვით, რომლებიც ბრაზილიაში დღესაც
პოპულარულია, ტელესპექტაკლები დაიდგა და მათი ეკრანიზაცია ხუთჯერ,
სხვადასხვა წელს მოხდა. მართალია, ძირითადად, საბავშო ლიტერატურას ქმნიდა,
თუმცა დაწერილი აქვს ნაწარმოებები მოზრდილთათვისაც. მათ შორის ერთ-ერთი
გამორჩეული მოთხრობაა „პატიოსანი კაცი“.

მონტეირო ლობატო ასევე ცნობილი ჟურნალისტი გახლდათ, რომელიც სხვადასხვა


გაზეთსა თუ ჟურნალთან მუდმივად თანამშრომლობდა. 1919 წელს მან ერთ-ერთი
ლიტერატურულ-სამხატვრო ჟურნალი „Revista Do Brasil“ შეიძინა, ხოლო 1920 წელს
საკუთარი გამომცემლობა დააარსა. შემდგომში ის მონაწილეობდა ბრაზილიის სხვა
მსხვილი გამოცემების დაფუძნებაშიც.

მწერალი 1948 წელს, სან პაულოში გარდაიცვალა.

პატიოსანი კაცი
თარგმნა თამარ ტურიაშვილმა
(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ. 3,
თბილისი, 2008)

შესანიშნავი ადამიანია! მაგის ძვირს ვერ გაიგონებ. მერე რა პატიოსანი კაცია. ო,


არც იქნება ქვეყნად მეორე მასავით პატიოსანი! – ასე ამბობდა ყველა ჟოან პერეირაზე.
ჟოან პერეირა კანცელარიაში მუშაობდა. მანამდე კი ჯერ სანოტარო კანტორაში
მსახურობდა, ხოლო მერე ვაჭრობაში გადავიდა, მოლარედ იყო დიდ მაღაზიაში
– ,,ფეხსაცმლის სასახლეში”.
მაღაზია იმიტომ დატოვა, რომ ჭირივით ეჯავრებოდა მთელი ეს კომერცია და
მისი ერთადერთი საფუძველი – ძველთაძველი ვაჭრული ცნება: ,,არ მოვატყუებ – ვერ
გავყიდი”. კანტორიდან კი იმიტომ წავიდა, რომ პატიოსნებით ვერაფერს გახდა და
ოდნავადაც ვერ გაზარდა სანოტაროს შემოსავალი. იმდენად გულუბრყვილო იყო,
ზუსტად იცავდა შემოსავალ-გასავლის სტატიებს, თითქოს ისინი წმიდათაწმიდა
მოსეს ტაბულები ყოფილიყოს.
კანცელარიაში პერეირა გადამწერლად მოეწყო და უკვე ათი წელია შერჩა ამ
ადგილს. არავინ ფიქრობდა მის დაწინაურებას და არც თვითონ იკლავდა თავს

168
169

ამისათვის – პატიოსნების, უფრო სწორად, სიამაყის გამო; არ კადრულობდა იმ


მეთოდებით სარგებლობას, რომლებსაც წარმატებით იყენებდნენ სხვები მზის ქვეშ
ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლაში.
– მე მინდა დამსახურებულად, კანონიერად, პატიოსნად დავიკავო უფრო მაღალი
მდგომარეობა! – იტყოდა ხოლმე პერეირა და თანამგრძნობელ ღიმილს გვრიდა იმათ,
რომლებმაც ,,იციან, როგორ უნდა ცხოვრება”.
ჟოან პერეირა ადრე დაქორწინდა. ცოლად საყვარელი ქალი შეირთო, – მას არ
სწამდა ანგარიშიანი ჯვრისწერა, – და ახლა უკვე ორი მოსწრებული ცუგრუმელა
ქალიშვილი ჰყავდა. ხოლო რადგან თვითონ საკმაოდ მცირე ხელფასს იღებდა,
ქალები უქმად ხელდაკრეფილნი არ იყვნენ და ათასგვარ კერძო სამუშაოს იღებდნენ.
დონა მარიკოტა ნაირ-ნაირ ტკბილეულს აცხობდა, გოგონები რაღაც-რაღაცეებს
ქსოვდნენ, – ასე რომ, ყველანი ერთ ურემში იყვნენ შებმულნი და ურემიც ნელ-ნელა
მიჭრიალებდა.
პატარა ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბედნიერად!
არავითარი პატივმოყვარე ოცნება არ აშფოთებდა მათ სიმშვიდეს, ბედნიერების
საფუძველი კი იმდენად სიმდიდრე არ არის, რამდენადაც ბედის მორჩილთა ეს
უდრტვინველი თვინიერება.
– ჯანმრთელობა თქვი, თორემ კაცი თავს ყოველთვის გაიტან, – უყვარდა თქმა
ჟოან პერეირას და მისი წამხედურობით ამასვე იმეორებდა მთელი ოჯახიც.
მაგრამ ერთხელაც იყო დეპეშა მოვიდა...
უბრალო ოჯახებში დეპეშა – ყოვლად მოულოდნელი ამბავია და, ჩვეულებრივად,
კარგს არაფერს მოასწავებს. როცა ფოსტალიონი კარზე აკაკუნებს და მოკეცილ მწვანე
ქაღალდს უწვდის მასპინძელს, გული შიშით კვნესის და საგულედან ამოვარდნას
ლამობს.
– რა მოხდა, ღმერთო დიდებულო?
არა, ეს დეპეშა უბედურებას არ იტყობინებოდა. ბიძა, რომელიც სხვა შტატში
ცხოვრობდა, ჟოან პერეირას სთხოვდა მისი ერთ-ერთი ქალიშვილის მამობილი
ყოფილიყო ქორწილში.
ეს მოულოდნელო და საპატიო მიწვევა იყო, ჰოდა პერეირაც სიამოვნებით წავიდა
ბიძასთან. წავიდა, რასაკვირველია, მესამე კლასის ვაგონით, რადგან პირველით
თავის დღეში არ უმგზავრია და არც ჰქონდა ამის შეძლება.
მიუხედავად თავისი მოდიდან გასული შავი კოსტიუმისა, პერეირა გულთბილად
მიიღეს ნათესავებმა. მან საზეიმო სერიოზულობით შეასრულა თავისი მოვალეობა,
მოილხინა სადღესასწაულო სუფრაზე, შვილობილს აკოცა და მეორე დღესვე
გამოემგზავრა შინისაკენ.

169
170

სადგურზე თავაზიანმა და ბედნიერმა ნეფე-დედოფალმა და ბიძამისმა


გამოაცილეს, მაგრამ, როცა მამობილმა მესამე კლასის ვაგონში დააპირა თავისი
ჩემოდნის ატანა, სიძე-პატარძალმა გაიოცა ეს ამბავი და თავი გამოიდო:
– აჰ, ამით ვერ გაგიშვებთ!.. თქვენ პირველით უნდა წახვიდეთ!
– კი, მაგრამ მე უკვე ნაყიდი მაქვს ბილეთი...
– დიდი ამბავი, – შეედავა ბიძამისიც. – სჯობს წესიერად იმგზავრო კაცმა, ვინემ
რაღაც ორიოდე გროში დაზოგო. მე გადავიხდი, რაც დასამატებელია, სასაცილოც კი
იქნებოდა, ასე გაგვეშვი!
და მან პირველი კლასის მწვანე ბილეთი იყიდა, თან თავს იქნევდა და
ბუზღუნებდა:
– უყურეთ ერთი ამ ჟოანს...
რახან ასე უბოდიშოდ დაატანეს ძალა, ჟოან პატიოსანი თავის სიცოცხლეში
პირველად ჩაჯდა შესანიშნავ რბილ ვაგონში და პულმანის კომფორტმა აიძულა
ბორბლების ხმაურში ადამიანთა უთანასწორობაზე დაფიქრებულიყო.
დასკვნა სამწუხარო გამოსდიოდა. პერეირა დარწმუნდა, რომ სიღარიბე – ყველაზე
დიდი დანაშაულია ან, უკიდურეს შემთხვევში, ისეთი ცოდვაა, რომელიც ყველაზე
მკაცრად და ულმობლად ისჯება.
მაგალითად, აი, ეს მდიდრების ვაგონი: სავარძლებს რბილი დასაჯდომი აქვს,
ბორბლების ზემოთ კი სპეციალური რესორებია დაყენებული, ასე რომ, ვერცა გრძნობ
რყევას, ირგვლივ სულ კრიალი გაუდის ყველაფერს. ფანჯრები დიდია, გამყოლი
ყურადღებიანი, მგზავრთა ყველა თხოვნას ასრულებს. ერთი სიტყვით, ყველაფერი
ისეა, უკეთესს ვერც ინატრებ ადამიანი.
იმ ვაგონებში კი, რომლებითაც ღარიბები მგზავრობენ, პირიქით, ყველაფერი ისეა,
უარესს ვერც წარმოიდგენ. და ეს თითქოს საგანგებოდ გაუკეთებიათო იმ მიზნით,
რომ სამაგალითო, გამორჩეული სიმკაცრით დასაჯონ მისი მგზავრები საშინელი
დანაშაულისათვის – სიღარიბისათვის.
იმ ვაგონებს წამლადაც არა აქვს რესორები, რათა ყველაფერი რახრახებდეს და
ჯაყჯაყებდეს, რათა ყოველი ბიძგი რაც შეიძლება ულმობლად გარყევდეს და
საცოდავ ძვლებს გიბეგვავდეს. ტლანქი, სწორკუთხა ხის მერხები მთლად
გაშიშვლებულა – სულ უბრალო ხამი საგებიც არა აქვს, რომ კაცი ოდნავ მაინც
მოხერხებულად დაჯდეს. თანაც მერხები შორიშორს დამაგრებული ვიწრო
ფიცრებისგანაა შეკრული, რათა უფრო მტკივნეულად ჩაგიტეტკვოს სხეული. მერხის
საზურგე მთლად შვეულია, თანაც დაბალი, ასე რომ, საბრალო ,,მჯდომარე მგზავრს”
თავის მიყრდნობაც არ შეუძლია, ამნაირი ნამცეცა მოწყალებაც არ ემეტებათ მისთვის.
ერთი სიტყვით, ეს მერხები, ეტყობა, დაპროექტებულია ვიღაც ტანჯვა-წამების
სპეციალისტთა მიერ, რომლებსაც ზედმიწევნით შეუსწავლიათ ყველა ხერხი, რითაც

170
171

შეიძლება მინიმალური სიამოვნება და მაქსიმალური წვალება განაცდევინო


მგზავრებს.
შეუმინავი, ფარდებდაშვებული ფანჯრები თითქოს მხოლოდ იმ მიზნით
გაუკეთებიათ, რომ, ჯერ ერთი, მგზავრმა ლამაზი პეიზაჟი ვერ დაინახოს, და,
მეორეც, იმ არემარის მთელი მტვერი დაგროვდეს ვაგონში.
ხელ-პირს ვერსად დაიბან: ღარიბს ჭუჭყი უნდა ჭამდეს.
სასმელი წყალი? კი, როგორ არა, მოგართმევენ! თუ წყურვილი გკლავს – შინ წადი
და სვი რამდენიც გენებოს!
ჟოანმა ნაღვლიანად გაიღიმა. მას ერთი იდეა გაუჩნდა, რომელიც, ეტყობა,
გამორჩენოდათ ტანჯვა-წამების სპეციალისტებს: ბარემ ორთქლმავალის ცხელი
კვამლიც გაეშვათ მესამე კლასის ვაგონებში.
საოცარია, ესეც რომ არ მოიფიქრეს!..
შემდეგ ფიქრი თეატრებზე გადაიტანა და მიხვდა, რომ იქაც იგივე ამბავი იყო.
ქანდარა ისეა გაკეთებული, მაყურებელმა წამითაც ვერ დაივიწყოს, რომ მძიმე
დამნაშავეა და, როგორც დამნაშავემ, კუთვნილი სასჯელი უნდა მოიხადოს.
– ღარიბი ხარ? ჰოდა, აბა იჯექი მაგ უზურგო მერხზე. ითმინე მთელი სხეულის
ტეხა-ტკივილი და შეურიგდი იმას, თუ ვერც დაინახო და ვერც გაიგონო, თუნდაც
ბუნდოვნად, რა ამბებიც სცენაზე ხდება.
ჟოან პერეირა ჯერაც ისევ ამ თავის სევდიან ფილოსოფიას ავითარებდა, რომ
მატარებელი დანიშნულების სადგურში ჩამოდგა.
ყველანი ჩამოვიდნენ, თან მედიდურად დაუთმეს ჩემოდნებისა და
პორტპლედების წაღება ლაქუცა მზიდავებს. მთლად ისე, როგორც მდიდრებმა.
მარტო პერეირას მიჰქონდა ხელით თავისი პატარა, ტყავისმაგვარი მუყაოს
გაქუცული ჩემოდანი.
პერეირა ხალხის ტალღას მიჰყვებოდა, მაგრამ უკვე ქუჩაში გასულს შემოესმა:
– გაზეთები, ჟურნალები...
...და გაახსენდა, რომ გზაში გაზეთი იყიდა და ვაგონში დარჩა.
რა ფასი აქვს წაკითხულ გაზეთს? ალბათ, აქვს რაღაც ფასი, რაკი პერეირა სწრაფად
გაბრუნდა ვაგონისაკენ. შინ უბრალო ქაღალდის ნახევიც გამოგადგება კაცს...
ცარიელ ვაგონში რომ შევიდა, იატაკზე დაგდებულ რაღაც შეხვეულს წამოჰკრა
ფეხი.
,,მარტო მე არ მავიწყდება ხოლმე ვაგონში რაღაც ნივთები”, – ღიმილით გაიფიქრა
ჟოანმა და მის ასაღებად დაიხარა...
ნეტავ რა არის? ცნობისმოყვარეობა მარტო ქალების თვისება როდია. ჟოანმა
ხელში მოსინჯა შეკვრა, მერე დაყნოსა და, ბოლოს, ფრთხილად შეახია პაკეტს ყური.
– ფული!

171
172

ეს იყო ფული, ბლომად ფული, უზომოდ ბევრი ფული! პერეირა სულ ერთიანად
აცახცახდა, სახეში სისხლი მოაწვა. ერთიც ვნახოთ, და ვინმემ თვალი შეასწროს ახლა,
სწორედ ამ წუთას, როცა მარტოდმარტო დგას ვაგონში, ამ პაკეტით, რომელიც
ხელებს უთუთქავს: ,,დაიჭით ქურდი!” მას ერთბაშად გადაავიწყდა გაზეთი და
კისრისტეხით გავარდა ვაგონიდან – სადგურის უფროსის მოსაძებნად.
– შეიძლება შემოვიდე?
უფროსმა მაგიდაზე ქაღალდების ქექვა მიატოვა, უკმაყოფილოდ გამოხედა და
წარმოთქვა:
– რა გნებავთ? ამოშაქრეთ...
– ექსპრესის ვაგონში აი ეს შეკვრა ვიპოვე, ფულია შიგ.
მაგიური სიტყვა ,,ფული” რომ გაიგონა, უფროსი სწრაფად წამოხტა,
თითქოს ,,სმენაზე” დგომა უბრძანესო და, თავის სიცოცხლეში ყველაზე დიდი
გაოცებისაგან თვალებდაჭყეტილმა, პათეტიკურად წამოიძახა:
– ფული?!
– დიახ, ფული, – დაუდასტურა ჟოანმა. – ექსპრესის ვაგონში ვიპოვე.
იმენოპოლისიდან დავბრუნდი და უკვე ბაქანზე ვიყავი გადმოსული...
– მიჩვენეთ, მიჩვენეთ...
ჟოანმა მაგიდაზე დადო შეკვრა. სადგურის უფროსმა სათვალე შუბლზე აინაცვლა,
თოკი შეხსნა, პაკეტი გაშალა და გაოცებით დაინახა, რომ იქ მართლაც ფული იყო,
ბლომად ფული, უზომოდ ბევრი ფული!
მან ხელების ცახცახით დათვალა ნაპოვნი:
– სამას სამოცი კონტო!
კვლავ გაოცდა, თვალები მიაშტერა საკვირველ ადამიანს, მის წინ რომ იდგა. პირი
დააღო. მერე წამოდგა, ხელი გაუწოდა და მოჭარბებულად გულაჩვილებულმა
უთხრა:
– მინდა ხელი ჩამოვართვა უპატიოსნეს ადამიანს, როგორსაც კი ჩემს სიცოცხლეში
არ შევხვედრივარ. თქვენ, სენიორ, განსახიერებული პატიოსნება ბრძანდებით.
თქვენი სახელი, სენიორ!
ჟოანმა მოკრძალებით ჩამოართვა ხელი უფროსსა და დანარჩენ მოსამსახურეებს,
რომლებიც ამასობაში მოგროვილიყვნენ და ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ ამ
ამბავს.
– თქვენი საქციელი, – განაგრძობდა უფროსი, – ისტორიაში შევა. ოცდაათი წელია
ამ რკინიგზის კომპანიაში ვმუშაობ და ამის მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს.
დაკარგულს კაციშვილი არ გამოგიჩენს. განსაკუთრებით ფულს. თუ, რა თქმა უნდა,
მას არ პოულობს... თქვენი სახელი?
– ჟოან პერეირა.
– არა, ჟოან პერეირა პატიოსანი. ერთხელ კიდევ მომეცით ხელი, სენიორ!

172
173

სადგურის უფროსისგან რომ გამოვიდა, ჟოანი ფეხზე აღარ იდგა სიხარულისაგან.


რაც არ უნდა იყოს, სიკეთე მაინც არ იკარგება, ნუ მედავებით, არ იკარგება თუნდაც
იმიტომ, რომ კეთილშობილური საქციელის შემდეგ ადამიანი ერთხანს სანეტარო
ექსტაზში იმყოფება. ჟოანი მაშინაც ვერ იგრძნობდა თავს ასე ბედნიერად, ის სამასი
კონტო რომ ჯიბეში სდებოდა – თანაც სულ მისი საკუთრება ყოფილიყო.
შინ მისულმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო ცოლს, ოღონდ დრომდე კრინტიც
არ დაძრა იმაზე, თუ რამდენი იყო ფული.
– ძალიან კარგად მოქცეულხარ, – მოუწონა ცოლმა. – დაე ღარიბები ვიყოთ,
სამაგიეროდ, პატიოსნად ვცხოვრობთ. პატიოსნება უფრო ძვირფასია, ვინემ ოქროს
ტომრები. მუდამ ამას ჩავჩიჩინებ ჩვენს გოგოებსაც და იმაზე ვუთითებ, ჩვენს
მეზობელზე, იცი შენ, ვისაც ვგულისხმობ, რომელიც მდიდარი კია, მაგრამ ღორივით
ცხოვრობს.
ჟოანი გრძნობამორევით გადაეხვია ცოლს და ეს ამბავიც მშვიდად ჩაივლიდა, თუ
რომ ეშმაკს პატიოსანი ქალის ცნობისმოყვარეობა არ გაეღვიძებინა. ქმრის ხელებიდან
რომ გათავისუფლდა, დონა მარიკოტომ იკითხა:
– რამდენი იყო ფული?
– სამას სამოცი კონტო.
პატიოსანმა ქალმა ბარე ექვსჯერ მაინც დაახამხამა თვალები, თითქოს შიგ სილა
შეაყარესო.
– რა...რა... რა-მდენი?
– სა-მას სა-მო-ცი!
დონა მარიკოტა კიდევ რამდენიმე ხანს ახამხამებდა ქუთუთოებს, თითქოს
დაბრმავდაო. მერე საზარლად გადმოქაჩა თვალები და პირი დააღო. სიტყვა ,,ფული”
მისთვის არასოდეს ყოფილა მსხვილი თანხის გამომხატველი. სიღარიბეს ნაჩვევი,
ფულში ას, ორას, ბევრი-ბევრი ხუთას მილრეისს გულისხმობდა ხოლმე. იმის
შეტყობა, რომ ნაპოვნი თანხა მთელ სიმდიდრეს – სამას სამოც კონტოს შეადგენდა,
მეხის დაცემა იყო მისთვის. რამდენიმე წუთს გაქვავებულივით იდგა, თავს ვერ
უყრიდა გაბნეულ ფიქრებს. მერე უეცრად გონს მოვიდა, ქმართან მივიდა,
სიბრაზისაგან ჭკუაარეული სწვდა საყელოში და გაანჩხლებით შეაჯანჯღარა.
– იდიოტო! სამას სამოც კონტოს თვითონ უფალ ღმერთსაც არავინ მისცემს!
იდიოტო! იდიოტო! ი-დი-ო-ტო!..
ბოლოს სავარძელზე დავარდა და ისტერიკულად აზლუქუნდა. ჟოანი გაოცდა.
ნუთუ ეს ქალი მისი ცოლია, ვის მხარდამხარაც ცხოვრობდა ამდენი წელი? მერედა
როგორ ვერ იცნო, ვინცა ყოფილა? სცადა შეეგნებინებინა მისთვის, რომ სისულელე
იქნებოდა თავისი პატიოსნების ბედი იმაზე მიეგდო, თუ რამდენი იყო ნაპოვნი
ფული – ცოტა თუ ბევრი, რომ გროშებს იპარავს კაცი თუ ათასებს – სულ ერთია,
ქურდია, რომ მორალი...

173
174

მაგრამ ცოლმა ხმა გააკმენდინა, გაკაპასებულმა კიდევ რამენჯერმე


ჩასძახა ,,იდიოტო, იდიოტოო” და თავის ოთახს მიაშურა, თან თავზე თმას იგლეჯდა
მთლად სასოწარკვეთილი.
ქალიშვილები შინ არ იყვნენ; როცა დაბრუნდნენ და გაიგეს, რაც მომხდარიყო,
მაშინვე, უყოყმანოდ მიემხრნენ დედას და დაუფარავი აღშფოთებით დაუწყეს ძაგება
მამის ამ ყბადაღებულ პატიოსნებას, რომელმაც მთელი ქონება დააკარგვინა.
– იცით რა, მამა!..
ჟოანმა სცადა ოჯახის უფროსის ავტორიტეტი გამოეყენებინა. გაბრაზდა და
მოჰყვა მტკიცებას, თუ რა ულამაზო იყო მათი საქციელი.
მაგრამ ამით უფრო წაახდინა საქმე. ქალიშვილებმა სასაცილოდ აიგდეს და
ხმამაღალი ოხვრით დაიწყეს იმაზე ოცნება, თუ რა მდიდრულად იცხოვრებდნენ, მათ
მამას რომ მხრებზე თავი ბმოდა.
– მანქანა, აგარაკი იმენოპოლისში, აბრეშუმის წინდები...
...ხაზიანი...
...მადამ ლუსილის შლაპები...
...ატლასის კაბები...
– ატლასისა? ოქრომკედიანი თავთისა!..
– ბავშვებო, მე გიკრძალავთ მასეთ ყბედობას! – აღშფოთდა პერეირა.
ქალიშვილებმა ირონიულად ჩაიცინეს და ოთახიდან გავიდნენ, თან
ათვალწუნებით ამოიოხრეს:
– საწყალი! რა ეშველება ამ უბედურს!..
ამ მთლად მოულოდნელმა უპატივცემულობამ უფრო მეტად ატკინა გული, ვინემ
ცოლის ისტერიკამ. რა ამბავია მის თავს? ასე უნდათ დაუფასონ ხელმოკლეობასა და
გაჭირვებაში გატარებული მთელი ცხოვრება, ყველაფერი, რაც თავის პატიოსნების
კულტს ანაცვალა? ცოლი შეურაცხყოფს, ქალიშვილები ზიზღით დასცინიან? მაშ რა
გამოდის? ცდებოდა?!
მიხვდა, რომ შეცდა. დიახ. ნამდვილად შეცდა ერთ რამეში. ჩუმად უნდა
დაებრუნებინა ფული, ისე, რომ არავის არაფერი შეეტყო ამ ამბისა...
მეორე დღეს გაზეთებში გამოჩნდა ცნობა პერეირას მიერ ნაპოვნი ფულის
თაობაზე. იქ მხურვალედ იყო შექებული ,,უკეთილშობილესი საქციელი, რომელმაც
კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა მაღალი მორალური თვისებები ახასიათებს
ჩვენს ხალხს”.
დიასახლისმა ხმამაღლა წაიკითხა ეს ცნობა, როცა მთელი ოჯახი სასაუზმოდ
შეიკრიბა, და, რაკი ტკბილეული არაფერი ჰქონდათ, ქალიშვილს მიმართა:
– აჰა, კანდოკა, წაიღე ეს ქება მაღაზიაში, იქნებ ატმის მურაბა მაინც იყიდო ამით...
ჟოანმა უსაზღვრო სევდით შეხედა ცოლს. სიტყვაც არ დასცდენია. თეფში
გადადგა, მაგიდიდან წამოდგა, შლაპა აიღო და შინიდან გავიდა.

174
175

სამსახურში ცოტათი მოეშვა გულზე. იქ ქებითა და მოლოცვებით შეხვდნენ.


– ისეთი საქციელი, რაც შენ გამოიჩინე, ადამიანთა მთელ მოდგმას
აკეთილშობილებს, – უთხრა მისალმებისას ერთ-ერთმა ამხანაგმა. – მომეცი ხელი,
მეგობარო!
პერეირამ თავისი მარჯვენა შეაგება ამხანაგის გამოწვდილ ხელს, მაგრამ იგი უკვე
აღარ განიცდიდა ადრინდელ სასიხარულო მღელვარებას, გუნებაში ნატრობდა,
ნეტავი აღარავინ დამელაპარაკებოდეს ამ ამბავზეო.
მაგრამ ყველას უნდოდა დაწვრილებით შეეტყო შემთხვევის გარემოებები და
ირგვლივ შემოეხვივნენ პერეირას.
– ერთი დალაგებით მოგვიყევი, ჟოან.
– აბა, რა მოგიყვეთ, უბრალო ამბავია, – ცალყბად პასუხობდა ის. – ვიპოვე პაკეტი,
შიგ ფული აღმოჩნდა, იგი ჩემი არ იყო და უკანვე ჩავაბარე, მეტი არაფერი.
– პატრონს?
– არა, პატრონს არა. ერთ უფროსს.
– ძალიან კარგი გიქნია, ძალიან კარგი, თუმცა, მე რომ მკითხოს კაცმა, არ უნდა
მიგეცა ის ფული, სანამ არ შეიტყობდი, ვისი იყო.
– მართალს გეუბნება, – მხარი აუბა მეორე თანამშრომელმა, – სანამ არ
შეიტყობდი, ვისი იყო, და სანამ ის კაცი ფულს არ მოგთხოვდა...
– და არ დაამტკიცებდა, არ და-ა-მტკიცებდა, რომ ფული მისია! – დაასკვნა
მესამემ.
ჟოანს გული მოუვიდა.
– კი, მაგრამ თქვენ რა ხელი გაქვთ ამ ამბავთან? მე ის გავაკეთე, რაც ჩემმა
სინდისმა მითხრა, მორჩა და გათავდა! არაფერი გამეგება ნახევრული პატიოსნებისა,
რასაც თქვენ მიქადაგებთ. დალახვროს ღმერთმა!
– ნუ ცხარობ, მეგობარო! ჩვენ მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვთქვამთ ცნობილ
ფაქტზე, რომელიც გაზეთებიდან შევიტყვეთ. შენ დღევანდელი დღის გმირი ხარ,
დღის გმირებზე კი დავობენ.
ამ დროს განყოფილების უფროსი შემოვიდა. ლაპარაკი შეწყდა. ყველამ თავ-თავის
მაგიდას მიაშურა და ჟოანმა სამუშაოში ჩარგო თავი. გული უკვნესოდა. სახე
მოღრუბლული ჰქონდა.
ღამით, ლოგინში, უკვე ცოტათი შემორიგებულმა დონა მარიკოტამ კვლავ ფულზე
ჩამოუგდო სიტყვა:
– აჩქარდი, ჟოან. აბა რა ძალა გადგა, ასე სასწრაფოდ რომ დააბრუნე პაკეტი.
რატომ ჯერ სახლში არ მოიტანე? თვალს შევავლებდი, ხელში მოვსინჯავდი მაინც, შე
კაი ადამიანო...
– ნეტავი შენ, ბოდავ რაღაცას! ,,თვალს შევავლებდი, ხელში მოვსინჯავდი...”

175
176

– რად გიკვირს, ესეც სასიამოვნო იქნებოდა ჩემისთანა ტიტლიკანისათვის,


ხელშიც რომ არ სჭერია მის დღეში ხუთასმანეთიანი ქაღალდები. სამას სამოცი
კონტო, აბა იფიქრე!..
– ნუ წუწუნებ, თუ ქალი ხარ, მარიკოტა! ისიც კმარა, რაც საუზმის დროს მოხდა...
– არ შემიძლია. თავს ვეღარ ვერევი...
– მაგრამ, მოიცა, მარიკოტა, მითხარი გულწრფელად, ისე, როგორც შენს თავს
ეტყოდი: მართლა ფიქრობ, რომ, რაკი პატიოსნურად მოვიქეცი, ცუდი ვქენი?
– მე ვფიქრობ, ჯერ შინ უნდა მოგეტანა ის ფული და ჩემთვისაც გეკითხა რჩევა.
ჩვენ დავმალავდით იმ პაკეტს და დაველოდებოდით, სანამ პატრონი მოაკითხავდა
და დაამტკიცებდა, – გესმის? – და-ა-მტკიცებდა, რომ ფული – მისია...
– მაგით რა შეიცვლებოდა? ის ფული მაინც არასოდეს იქნებოდა ჩემი.
– ოჰ, ნუ მეუბნები, სწორედ შენი იქნებოდა, აბა ვისი! რა ბრიყვი ხარ! გამიგონე
ჟოან, შენ არასოდეს არ მსჯელობ საღად. ნისლი გაქვს თავში. იმიტომაც ვჯახირობთ
ასე მთელი ცხოვრება და ხმელა პურს ვჭამთ, ცრემლებით დამბალს...
– ,,ცრემლებით დამბალს!..” ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდით თავს, არც
შეგვიმჩნევია ოდესმე ჩვენი სიღარიბე...
– დიახ, მაგრამ ახლა კი შევამჩნიე, რადგან მხოლოდ ახლა მოგვეცა გამდიდრების
საშუალება, ჩვენ კი ვერ შევძელით მისი გამოყენება. ეს ფული, ჩანს, თვითონ
ღმერთმა გვიწყალობა ჩვენ...
– ,,ღმერთმა”, დიახ!
– ღმერთმა, დიახ, შენ კი ღმერთს გაეურჩე და წიხლი ჰკარი საკუთარ
ბედნიერებას. ჩვენ ახლა მდიდრები ვიქნებოდით, ღარიბებს დავეხმარებოდით,
ავადმყოფებს... რამდენ სიკეთეს ვიზამდით. შენმა ეგრეთ წოდებულმა პატიოსნებამ
კი...
– ,,ეგრეთ წოდებულმა!..”
– დიახ, ეგრეთ წოდებულმა! ცხოვრებაში არაფერია შემთხვევითი, ჩემო კარგო!
ქურდი ის არის, ვინც გროში მოიპარა, ხოლო ვინც ათასი მოიპარა – ღირსეული
ადამიანია, თვითონაც იცი ეს. აბა ერთი გადახედე შენს ამხანაგებს: ნუნესი,
მაგალითად, შენთან ერთად მოვიდა კანტორაში, ახლა კი საკუთარი მანქანით
დაბრძანდება და სახლიც საკუთარი აქვს, მდიდრული.
– ჰო, მაგრამ, ის ხომ თაღლითია!
– თაღლითია? მერე ვისი რა საქმეა ეს! კლარაბაია არის და, შპალების საკუთარი
მაღაზია აქვს. იმ შენმა მიგელმაც კი – ამ მაწანწალამ, ღმერთო ნუ მიწყენ! – ამას წინათ
ნაკვეთი იყიდა ვილამარიანაზე, დიდი ნაკვეთი...
– კი, მაგრამ ის ხომ ყალბ ფულებსა ჭრის?
– ყალბ ფულებს ჭრის? მერე ვისი რა საქმეა ეს! კაცს მხრებზე თავი აბია, აი, რა.
იოლად ვერ გააცურებ, ჩვარი კი არ არის, შენსავით!

176
177

ასე აირ-დაირია პატიოსანი კაცის ცხოვრება. მშვიდობით, სიმშვიდევ!


მშვიდობით, სითბოვ და სიამტკბილობავ! მშვიდობით, კარგო განწყობილებავ! სახლი
ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცა. ახლა მხოლოდ ოხვრა, ჩივილი, საყვედურები ესმოდა
დღემუდამ. ცოლი უკვე დაკარგული იყო მისთვის: როგორ არ ცდილობდა, მაგრამ
ვეღარ ცნობდა თავისი ცხოვრების უწყინარ და ავკარგიან თანამგზავრს ამ ღვარძლიან
არსებაში, რომელსაც სამას კონტოზე ფიქრით აღძრული გიჟური ფანტაზიებით
ჰქონდა თავი გამოჭედილი.
ახლა ისინი იკითხეთ, ის ორი კაჭკაჭი, მუდამ რომ ირონიულად იმანჭებიან და
ყველაფერში დედას უკრავენ კვერს!..
– კლამენას ხუთასი მილრეისი დაუჯდა კაბა. ჩვენ აბა ვინ გვაღირსებს ამას!
– რას ამბობ, დაიკო, ხდება ხოლმე, რომ კაცი ქუჩაში გადაეყრება ასეთ კაბებს,
თანაც ორს კი არა, მთელ დასტას.
– მერე ჩვენ რას გვარგებს ეგ? როგორც გადაეყრება, ისევე გაეყრება...
და იწყებოდა ოხვრა-წუწუნი.
სამსახურშიც ასევე აღარ ასვენებდნენ. მუდამდღე ჩხვლეტდნენ ქარაგმებით,
დაცინვით, საყვედურებით.
ერთხელაც კი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა, შემოვიდა თუ არა, გამოაცხადა:
– იცით? ქუჩაში ძვირფასი ბრილიანტის ბროში ვიპოვე.
– და ალბათ მაშინვე უფროსთან, თუ რა ჰქვიან, ნაპოვნი ნივთების ბიუროში
წააცუხცუხე...
– უკაცრავად, ეგეთი ჩვარი როდი ვარ! წაცუხცუხებით კი წავაცუხცუხე, ოღონდ
დასაგირავებლად. სამას სამოცი მილრეისი მომცეს, რომელსაც ჩვენ ერთად
გამოვუყვანთ წირვას ახლა კვირას. ყველას გპატიჟებთ.
ეს რომ თქვა, ამხანაგებს თვალი ჩაუკრა და ჟოანს მიუბრუნდა:
– შენც ხომ წამოხვალ, პერეირა?
წამებულს პასუხი არ გაუცია, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს სამუშაოთი იყო
გართული.
– პასუხის ღირსადაც არა მთვლის!.. ეგ პა-ა-ა-ტიო-სანი ადამიანია...
საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილის, მაღალი წრის კაცი, თავს არ უყადრებს
ჩვენისთანებს. რას იზამ, ჩვენ მაინც წავალთ, მოვულხენთ გემოზე, სულ
დავამღერებთ ამ ბროშს! ყველა ხომ წმინდანად არ დაიბადება, ჩვენ უბრალო ხალხი
ვართ, არც ვაპირებთ წმინდანობას...
და ყველაზე უარესი ის იყო, რომ ამ ნავსიანი ნაპოვნის შემდეგ, ჟოან პერეირას
თანდათან გაუტყდა კეთილი სახელი. ნათესავებმა და მეგობრებმა სულ
დაკარგეს ,,ჩვარის” პატივისცემა. თუ ვინმე მაინც გაიხსენებდა რამე საქმესთან
დაკავშირებით, უსათუოდ ყველა ათვალწუნებითა და სიბრალულით გაიღიმებდა:
– ის არ გამოდგება, არა, ჟოანი არ გამოდგება. საბრალო...

177
178

ახლა ყველა იმას გაიძახოდა, ჟოან პერეირა ,,ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება დროებასო”.
ხოლო ყოველგვარი წარმატების გასაღები კი ის არის – კაცი ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს
დროებას...
ექვსიოდე თვეში ოჯახი უკვე საბოლოოდ აირია. დონა მარიკოტას ნატამალიც
აღარ შერჩა ადრინდელი მხიარულების და ვიღაც ღვარძლიან ბებრუცუნას
დაემსგავსა. მუდამ უხასიათოდ იყო, დაუდევრად იცვამდა, საოჯახო საქმე-საქნარს
ახლოს აღარ ეკარებოდა და დღედაღამ ოხრავდა.
– რისთვის ვეწვალო? სულ ერთია, მაინც ვერ ამოვალთ სიღარიბიდან... ბედნიერი
შემთხვევა ორჯერ არ მოდის, და ვინც ბედის რაშს ფაფარში არ ჩააფრინდება – მისი
საშველი აღარ იქნება...
ამ გულაცრუებამ მთლად დააბეჩავა ოჯახი. უკვე აღარც დედა, აღარც
ქალიშვილები აღარ იღებდნენ კერძო სამუშაოს და ყველა ხარჯს ოჯახის უფროსის
ისედაც მცირე ხელფასიდან ისტუმრებდნენ, რის გამოც უკიდურეს ხელმოკლეობას
განიცდიდნენ.
ჟოანმა სულ დაკარგა სიცოცხლის ხალისი – უბრალოდ, შეჯავრდა სიცოცხლე. ის
ახლა სასოებით ნატრობდა სიკვდილს და, ბოლოს და ბოლოს, თვითმკვლელობაზე
დაიწყო ფიქრი. მხოლოდ სიკვდილი თუ მოუღებდა ბოლოს ამ გამუდმებულ წამებას,
რომელსაც ვეღარ უძლებდა ნორმალური ადამიანის გული.
ერთ მშვენიერ დღეს სახლის პატრონმა ბინის ქირა გაადიდა. დონა მარიკოტამ,
ვითომდა სხვათა შორის, გულგრილად დაახვედრა ეს ამბავი ქმარს.
– ის სუბიექტი შემოვიდა დღეს და თქვა, იმ თვიდან...
– ??
– ორმოცდაათი მილრეისით მეტი იქნება ბინის ქირაო. ქვითარიც მოიტანა! ხოლო
თუ თანახმა არა ხართ – აიბარგენითო!
– კი, მაგრამ ეს ხომ საშინელი ექსპლოატაციაა! – შესძახა პერეირამ, – განა ვერ
ხედავს, რა უბედურ დღეშია შენობა, და არც ჩვენ შეგვიძლია მეტის გადახდა,
ფიზიკურად არ შეგვიძლია...
– აი ასეა. ხოლო როცა ვინმე ამ სუბიექტთაგანი დასტა-დასტა ფულებსა ჰკარგავს
– რადგან, შენ თვითონაც, მგონია, გესმის, მხოლოდ ამნაირებს აქვთ დასტა-დასტად
დასაკარგავი ფულები, – საიდანღაც გამოტყვრებიან ისეთი ბედოვლათები,
რომლებიც ამ ფულს უკან აბრუნებენ... ახლა შენ ხედავ, საიდან აქვთ მათ ეს დასტა-
დასტად შეკრული ფულები. პირიდან ლუკმას აცლიან ჩვენნაირ ღარიბებს,
პატიოსნებს...
– თუ ღმერთი გწამს, მარიკოტა, ნუღარ მელაპარაკები ასე, თორემ, იცოდე, რამეს
დავმართებ ჩემ თავს!..

178
179

– აჰა, უკვე ნანობ ხომ? ახლა მაინც დარწმუნდი, რომ სულელი იყავი? ჰოდა,
იცოდე, თუ კიდევ იპოვი ფულების დასტას, ისე მოიქეცი, როგორც ყველა
მოიქცეოდა: ჯიბეში ჩაიდევი ის ფული. ქურდის ქურდი ცხონებულია.
ისინი მარტონი ვახშმობდნენ, წყალწყალა ყავას ხვრეპდნენ.
– შენ ჯერ არ იცი ყველაფერი, – განაგრძო მარიკოტამ მცირე პაუზის შემდეგ,
თითქოს ვერ გადაუწყვეტია, თქვას თუ არაო.
– რა არ ვიცი?
– ინეზინიამ მიამბო დღეს, შენთვის თურმე მეტსახელი შეურქმევიათ...
– რა მეტსახელი?
– ჟოან ჩვარი! უკვე აღარავინ აღარ გეძახის ჟოან პერეირას...
წამებული ფიცხლად წამოიჭრა მაგიდიდან, დაუძლეველი სულიერი ღელვით
სულერთიანად შეძრული.
– კმარა! – შესძახა გიჟივით, რამაც შიში მოჰგვარა ცოლს, ფინჯანი იატაკზე
დაანარცხა და კისრისტეხით შევარდა თავის ოთახში.
გაოგნებული დონა მარიკოტა ადგილზე გახევდა, პირთან მიტანილი ფინჯანი
ხელში შეაცივდა... და უცებ უკან გადაემხო თავზარდაცემული.
გაისმა სროლა – სროლა, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა უკანასკნელი
პატიოსანი ადამიანი...

მოთხრობის გზამკვლევი

არის თუ არა სიღარიბე დანაშაული? როდესაც ჟოან პერეირა, თავის სიცოცხლეში პირველად,
მატარებლის პირველი კლასის ვაგონში ჩაჯდა, „დარწმუნდა, რომ სიღარიბე ყველაზე დიდი
დანაშაულია ან, უკიდურეს შემთხვევაში, ისეთი ცოდვაა, რომელიც ყველაზე მკაცრად და
ულმობელად ისჯება“. იმ მომენტამდე, როდესაც ჟოანს რაღაც შეემთხვა, მისი პატარა ოჯახი
ბედნიერად ცხოვრობდა „არავითარი პატივმოყვარე ოცნება არ აშფოთებდა მათ სიმშვიდეს“.
რა კარგად იყო და იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ... ამ კაცმა, მატარებლიდან უკვე გამოსულმა
და წაკითხული გაზეთისთვის რატომღაც უკან მიბრუნებულმა, ცარიელ ვაგონში ვიღაცის
მიერ შემთხვევით დატოვებული ფული იპოვა - „უზომოდ ბევრი ფული“. ჟოანს თითქოს
ხელები და სინდისი ერთად დაუწვა იმის გაფიქრებამ, რომ ვიღაცას შეეძლო დაენახა სხვისი
ფულით. ეს მისი პატიოსანი ბუნებისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა და ნაპოვნი
სადგურს უფროსს ჩააბარა.

სადგურის უფროსისთვის პერეირა „გასაკვირი კაცი“ აღმოჩნდა - მართლაცდა, რამდენი


ადამიან მოიქცეოდა ასე?! ის პირველი იყო, ვინც ჟოანს საქციელი აღტაცებით მოუწონა
(„თქვენი საქციელი ისტორიაში შევა“). მანვე მონათლა უცნაური კაცი და „ჟოან პერეირა
პატიოსანი“ დაარქვა.

179
180

მთელი შემდგომი თხრობა იმის დასტურია, როგორ იცვლიან თანდათანობით სიტყვები


მნიშვნელობებს! თუ გარეგნულად ჟოანს ყველა აქებს ჩადენილი შესანიშნავი
საქციელისთვის, შინაგანად (და ბოლოს - უკვე ღიადაც) ის სულელი და ან უფრო მეტიც -
იდიოტი ჰგონიათ. თავდაპირველად ცოლმაც შეაქო პატიოსნებისათვის, მაგრამ როცა გაიგო,
რამდენი ფული ჩააბარა მისმა ქმარმა და რა კარდინალურად შეცვლიდა ეს თანხა მათი
ოჯახის მოკრძალებულ ცხოვრებას, კინაღამ მეხი დაეცა („იდიოტო! სამას სამოც კონტოს
თვითონ უფალ ღმერთსაც არავინ მისცემს! იდიოტო! იდიოტო! ი-დი-ო-ტო!“) ჟოანი
ტყუილად ცდილობს მორალის შეგრძნება გააღვიძოს თავის მეუღლესა და ქალიშვილებში,
როლებიც აშკარად დედის მხარეს დგანან - ოჯახური იდილიისა ჰარმონიისგან არაფერი
რჩება.

სამსახურშიც იგივე ხდება - პერეირას პატიოსნებას მხოლოდ დასცინიან. ამ საზოგადოებაში


„პატიოსნად“ იმ ადამიანს მოიხსენიებენ, ვისაც ცხოვრების შნო არ აქვს - არ უნდა ან არ
შეუძლია მიისაკუთროს ის, რის შესაძლებლობასაც ესა თუ ის სიტუაცია აძლევს. აქ
პატიოსანი „უდრის“ იდიოტს (ჟოანის სიტყვები „ის ფული ხომ არასოდეს იქნებოდა ჩემი“
მხოლოდ განცვიფრებასა და გაბრაზებას იწვევს). ამ საზოგადოების მორალი ასეთია და მას
პატიოსანი კაცის მეუღლე მარიკოტა ახმოვანებს: „ქურდი ის არის, ვინც გროში მოიპარა,
ხოლო ვინც ათასი მოიპარა - ღირსეული ადამიანია“. ამგვარი ხედვით, ფული თავისუფლება
და ძალმოსილებაა და ამ ორი მდგომარეობის მიზეზს არავინ კითხულობს - გამარჯვებულებს
ხომ არ ასამართლებენ!

პერეირას ყველა „ჩვარს“ უწოდებს, ხოლო მის პატიოსნებას კი - „ეგრეთ წოდებულს“.

მოთხრობის ბოლო წინადადება ახალი დროების (იქნებ - ყველა დროისაც?!), მართლაც,


თავზარდამცემ განაჩენს ჰგავს: „გაისმა სროლა - სროლა, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა
უკანასკნელი პატიოსანი ადამიანი...“ ჟოანი თავს იკლავს - მას ამქვეყნად, სადაც ღმერთზე
მეტად ფული უყვართ, აღარაფერი ესაქმება.

სინკლერ ლუისი

180
181

ამერიკელი რომანისტი, მოთხრობებისა და პიესების ავტორი, სინკლერ ლუისი 1885


წლის 7 თებერვალს, მინესოტაში, სოკ-სენტრში დაიბადა. საკმაოდ რთული ბავშვობა
ჰქონდა, რადგან დედა ადრე გარდაიცვალა და მამამ მალევე ცოლად სხვა ქალი
შეირთო, რომელსაც თან ორი გოგონა მოჰყვა. მოზარდობისას მარტოსულად
გრძნობდა თავს და სახლიდანაც კი გაიქცა... 1903 წელს იელის უნივერსიტეტში
ჩააბარა, რომლის ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორიც გახდა. სწორედ მაშინ
დაიწყო საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნება.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ძალიან გაუჭირდა სამსახურის პოვნა,


სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთისთვის მუშაობდა. 1914 წელს ლუისმა თავისი პირველი
რომანი გამოსცა - „ჩვენი მისტერ რენი“, 1916 წელს კი ის გააცნეს ჯეკ ლონდონს, უკვე
ცნობილ მწერალს, რომელსაც შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა და თავისი
რომანისთვის „მკვლელობების ბიურო“ სინკლერისგან ფაბულა იყიდა... გადახდილი
თანხით ლუისმა ახალი პალტოს შეძენა შეძლო.

1920 წელს გამოიცა ლუისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რომანი „მთავარი


ქუჩა“, რომელმაც ავტორს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დიდი
აღიარება მოუტანა. 1925 წელს „ეროუსმიტი“ გამოქვეყნდა, 1935 წელს - „ჩვენთან ეს
შესაძლებელია.“

სინკლერ ლუისი გახდა პირველი ამერიკელი მწერალი, რომელსაც 1930 წელს


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა - „თხრობის ძლიერი და
გამომსახველი ხელოვნებისთვის და სატირითა და იუმორით ახალი პერსონაჟების
შექმნის განსაკუთრებული უნარისთვის“. მწერლის მიერ ნობელის პრემიის
ცერემონიალზე წარმოთქმულმა სიტყვამ - „ამერიკელების შიში
ლიტერატურისადმი“, ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სიტყვაში ლუისი
გამოდიოდა მათ წინააღმდეგ, ვისაც „ეშინია ყველა სხვა ლიტერატურის, გარდა იმისა,
რომელიც თანაბრად გადმოსცემს ამერიკულ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს“.

ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მწერალმა კიდევ ცხრა რომანი დაწერა, თუმცა მათ
არ ჰქონიათ ისეთივე წარმატება, როგორიც ადრეულ პერიოდში შექმნილ
ნაწარმოებებს, გარდა წიგნისა სახელად „ჩვენთან ეს შესაძლებელია“, რომელშიც
განხილული იყო ამერიკაში ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლო
სცენარი.

ლუისი 1951 წლის 10 იანვარს, ალკოჰოლიზმით გამოწვეული გულის შეტევით,


რომში გარდაიცვალა.

სიჩქარე
181
182

თარგმნა მანანა ბეზარაშვილმა (სინკლერ ლუისი, „სიჩქარე და სხვა მოთხრობები“,


გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2013)

ღამის 2 საათზე ნებრასკას მთავარი ქუჩა „მეინ სტრიტი” ხალხით იყო სავსე. ეს
ფრიად უჩვეულო იყო პროვინციული ქალაქისთვის, სადაც ადამიანებს, ჩვეულებრივ,
დაახლოებით 10 საათამდე ტკბილად სძინავთ ხოლმე. ერთადერთი ფარნის ქვეშ
შეკრებილი ხალხი მასლაათობდა, იცინოდა და შიგადაშიგ ქუჩის დასავლეთისკენ
იყურებოდა, რომელიც ღამის ბინდში იკარგებოდა.
იქვე, პირდაპირ შუა გზაზე იდო მანქანის ორი ახალი საბურავი და ბენზინით,
ზეთითა და წყლით სავსე ბიდონი, ცემენტის ტროტუარის გასწვრივ კი გაჭიმული
იყო ტუმბოს შლანგი, ხოლო მის გვერდით ზამშის ახალთახალ ბუდეში თავს
იწონებდა მანომეტრი. ქუჩის მეორე მხარეს, თვალისმომჭრელად გაბრდღვიალებულ
რესტორანში, ახალგაზრდა ცხვირაწეული გოგონა აფუებული თმით წინ და უკან
დაქროდა ფანჯარასა და ქურას შორის, სადაც საჭმელს ათბობდა. ნერვიულობისგან
აქოშინებული ადგილობრივი მოტოკლუბის პრეზიდენტი და ამავდროულად
ყველაზე დიდი გარაჟის მფლობელი ეჯუჯღუნებოდა ყავისფერ უნიფორმაში
ჩაცმულ ახალგაზრდა ბიჭს და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ ერთსა და იმავეს
უმეორებდა: „მზად იყავი, გაიგე? არ გამოგრჩეს, იცოდე... აბა, შენ იცი... ფხიზლად
იყავი... კარგად დაიმახსოვრე, საბურავების გამოსაცვლელად მხოლოდ სამი წუთი
გვაქვს“. ყველანი ერთი რომანტიკული მოვლენის მოლოდინში იყვნენ – ახალი
რეკორდისა ტრანსკონტინენტურ ავტორალიში „მალარდის” ფირმის მანქანით,
რომელსაც მართავდა ჯ. თ. ბაფამი.
ლინკოლნისა და კანზას-სითის სპორტული გაზეთებიდან ბაფამს ყველა
იცნობდა: კვადრატული სახე, ფართო ყვრიმალები, აუღელვებელი, წყნარი,
გულკეთილი გამომეტყველებით, მოუკიდებელი სიგარა ძლიერ კბილებში და მაღალ,
ლამაზ შუბლზე ბიჭურად წინ ჩამოგდებული თმა. ორი დღის წინ იგი სან-
ფრანცისკოში იმყოფებოდა – ბინძურ ჩინურ კვარტალსა და აბობოქრებულ წყნარ
ოკეანეს შორის. კიდევ ორი დღე და შორეულ ნიუ-იორკში ამოყოფდა თავს.
სადღაც პრერიაში, ქალაქიდან უამრავი მილის დაშორებით, აკიაფდა სინათლის
თვალისმომჭრელი სხივი, რომელიც დიდი სიჩქარით ახლოვდებოდა, შემდეგ ორად
გაიყო და ძრავის გამაყრუებელმა გუგუნმაც არ დააყოვნა. თვალის დახამხამებაში
საოცარი, ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული ქალაქში შემოიჭრა, ხალხისკენ ისე
წამოვიდა, ახლა ყველას გადაუვლისო, იფიქრებდი, მაგრამ ბოლო მომენტში
ადგილზე გაქვავდა და იქ შეკრებილმა ბრბომ დაინახა უზარმაზარ საჭესთან მჯდომი
ტყავის ჩაფხუტიანი მამაკაცი: აი, ისიც – დიდი ბაფამი! ყველას თავს უკრავდა და
თბილად უღიმოდა, როგორც უბრალო მოკვდავი, მაგრამ ეს ხომ დიდი ბაფამი იყო!
„ვაშა! ვაშა!” ხალხის ყვირილმა დაარღვია დაძაბული სიჩუმე.

182
183

ახალგაზრდა მექანიკოსი თავის ბოსთან და სამ მუშასთან ერთად უკვე ცვლიდა


საბურავებს, ასხამდა ბენზინს ბაკში, ზეთსა და წყალს რადიატორში. ბაფამი
გადმოხოხდა მანქანიდან, ისე დაამთქნარა, ლომი გეგონებოდა და გაიზმორა, რომ
მანქანაში დიდხანს ჯდომისგან დაძაბული უზარმაზარი ხელები, ფეხები და ზურგი
გაესწორებინა და ოდნავ მოდუნებულიყო. „გადმოდი, როი რამე შევჭამოთ“, – გასძახა
გვერდზე სავარძელში მჯდომ კაცს. ხალხს არც კი შეუმჩნევია, თუ მანქანაში კიდევ
ვინმე იჯდა, მათთვის ის უბრალოდ ბაფამის თანაშემწე იყო, ერთი საბრალო არსება,
რომელიც ხანდახან ცვლიდა ბაფამს საჭესთან და ცხოვრებაში არასდროს უვლია
საათში 90 მილზე მეტი სიჩქარით. საცოდავი.
გარაჟის მფლობელი სწრაფად შეუძღვა ბაფამს რესტორანში. როგორც კი მანქანა
შემოიჭრა ქალაქში, ახალგაზრდა სიმპათიურმა მიმტანმა გოგონამ, რომელიც
მოუთმენლად ცქმუტავდა, ელვის სისწრაფით დააწყო მაგიდაზე შემწვარი ქათამი,
ფინჯნებში ჩამოასხა ნამდვილი ყავა, რომელშიც ნამდვილი ნაღები ჩაამატა.
კმაყოფილ სახეზე სიამაყე ეწერა. საბურავების გამოცვლასა და საუზმეს სულ რაღაც
3,15 წუთი დასჭირდა.
ძრავის გამაყრუებელმა გუგუნმა გადაუარა სახლებს და შორეულ სივრცეში
ჩაიკარგა. ქალაქში კვლავ სიჩუმემ და მომაბეზრებელმა მოწყენილობამ დაისადგურა.
ბრბოც ნელ-ნელა დაიშალა, ხალხი მთქნარებით საკუთარ სახლებს დაუბრუნდა.
ნებრასკადან წამოსვლის შემდეგ ბაფამს გადაწყვეტილი ჰქონდა ორი საათი
დაეძინა. საჭეს როი ბენდერი მიუჯდა. ბაფამმა კუნთები მოადუნა და საზურგეს
მიეყრდნო, მისი სხეული აქეთ-იქით რიტმულად ირწეოდა მანქანის სვლის
შესაბამისად. მისმა ხრინწიანმა ბანმა ავტომობილის გამაყრუებელი გუგუნიც კი
გადაფარა: „აღმართზე ფრთხილად იყავი, როი. შეიძლება მოლიპული იყოს“.
„რა იცი?“
„არ ვიცი, მაგრამ ყნოსვით ვგრძნობ. ყურადღებას ნუ მოადუნებ. ცოტას
წავუძინებ. ხუთის თხუთმეტ წუთზე გამაღვიძე“.
საუბარი ამით ამოიწურა და 72 მილი ისე გაიარეს, ხმა აღარ ამოუღიათ.
ბაფამი გამთენიისას მიუჯდა საჭეს. იგი დუმდა და მთელი ყურადღება
სპიდომეტრზე ჰქონდა გადატანილი, რომელიც დასაშვებზე ორი პუნქტით მაღალ
სიჩქარეს აჩვენებდა. დაღლილი, მაგრამ ბედნიერი გამომეტყველებით გაჰყურებდა
გადაშლილ მინდორ-ველებს, აბიბინებული ბალახი და ახალი ხორბალი სიამოვნებას
ჰგვრიდა, ისევე როგორც ტოროლას ხმა, რომელიც მანქანის გუგუნის მიუხედავად,
მაინც აღწევდა მის ყურამდე. ამ მშვენიერების შემხედვარეს დაძაბულად მოკუმული
ტუჩების კუთხეები ოდნავ უთრთოდა.
შუადღისას, როცა ბაფამმა მიაღწია პატარა დასახლებულ პუნქტს – აპოგეას
აიოვას შტატში, გაისმა ძრავის გამაყრუებელი გრუხუნი, თითქოს მანქანა ნაკუწებად
იქცაო.

183
184

ბაფამმა მკვეთრი მოძრაობით მოქაჩა გადამრთველი. მანქანა ჯერაც არ იყო


წესიერად გაჩერებული, რომ ბაფამმა და როიმ ისკუპეს იქიდან,
თავქუდმოგლეჯილები მივარდნენ რადიატორს და კაპოტი ახადეს.
რადიატორზე მსხვილი მავთულით მირჩილული საჩიხი გამტყდარიყო. ამან,
თავის მხრივ, გამოგლიჯა მთელი სექცია და დაარღვია რადიატორის ნორმალური
ფუნქციონირება. შიგნით ყველაფერი თითქოს ბლაგვი დანით იყო დასერილი და
წყალი თქრიალით მოდიოდა.
ბაფამი ჩაფიქრდა: „აქ რადიატორს ვერ ვიშოვით. შემდეგი პუნქტი კი
კლინტონია, მაგრამ იქამდე შორია. ამიტომ ეს უნდა შევაკეთოთ. ჰეი, შენ!“
ეს „ჰეი, შენ“ ეხებოდა გზაზე გამოჩენილი ძველთაძველი ორადგილიანი
ფურგონის მძღოლს, – „დამეხმარე ეს ჯართი ქალაქამდე მივათრიო“.
ამასობაში როი ბენდერმა საბარგულიდან გადმოიღო ტროსი და ორი მანქანა
ერთმანეთს გადააბა.
ბაფამმა ფურგონის მძღოლს დრო არ მისცა შეწინააღმდეგებოდა: „მე ჯ. თ. ბაფამი
ვარ. ტრანსკონტინენტურ ავტორბოლაში ვიღებ მონაწილეობას. აი, ათი დოლარი.
თქვენი მანქანა სულ ათი წუთით მჭირდება, მაგრამ საჭესთან მე დავჯდები“ და
ფურგონში შეძვრა. როი „მალარდის“ საჭეს მიუჯდა და ყველანი აპოგეასკენ
დაიძრნენ.
სახლებიდან და მაღაზიებიდან ხალხი ხმაურით გამოეფინა გარეთ. ბაფამმა
აუღელვებლად შეათვალიერა ყველა და მიმართა გარაჟის კართან მდგარ მამაკაცს:
„ვინ არის აქ საუკეთესო მრჩილავი?“
„მე ვარ და ამ სახელს მთელ აიოვაში არავის დავუთმობ“.
„კეთილი. იცით, ვინ ვარ?“
„ბაფამი, რასაკვირველია“.
„ჩემი რადიატორისგან თითქმის აღარაფერი დარჩა და თავიდან ბოლომდე
აღდგენა ესაჭიროება. აქ დაახლოებით ექვსი საათის სამუშაოა, მაგრამ ერთ საათში
უნდა გაკეთდეს, ან კიდევ უფრო ნაკლებ დროშიც კი. იქნებ თქვენზე უკეთესიც არის
აქ ვინმე?“
„მხოლოდ ბებერი ფრენკ დიქტერი თუ იქნება“.
„დაუძახეთ და საქმეს მიხედეთ. ორივემ თქვენ-თქვენი საქმე გააკეთეთ. ეს როი
ბენდერია. ის ყველაფერს გაჩვენებთ“. როის უკვე გადმოთრეული ჰქონდა
რადიატორი. „მხოლოდ ერთი საათი გაქვთ! უნდა იჩქაროთ! კარგად გადაგიხდით“.
„ფული არაფერ შუაშია“.
„გმადლობ. მე კი ცოტას წავუძინებ. საიდან შეიძლება სხვა ქალაქში დავრეკო?“
მთქნარებით იკითხა ბაფამმა.
„ქუჩის გადაღმა, მისის რივერსის სახლიდან. იქიდან უფრო წყნარად ისაუბრებთ,
ვიდრე გარაჟის ხმაურში“.
ქუჩის მეორე მხარეს იდგა სახლი, რომელიც კვადრატულ ყუთს ჰგავდა
სახურავზე კოშკურით. სახლს პატარა ეზო ერტყა მოუთიბავი ბალახით და ვაშლის
184
185

გადამხმარი ხეებით. ჭიშკართან იდგა მკაცრი შესახედაობის სათვალიანი პატარა


ტანის ქალი წინსაფარში და 25-26 წლის ახალგაზრდა გოგონა. ბაფამმა ორჯერ შეხედა
მას და მაინც ვერ მიხვდა, რით გამოირჩეოდა იგი სხვა ქალებისგან, რომლებიც
გამოეფინნენ ქუჩაში განთქმული ავტომობილის დასათვალიერებლად,
ხითხითებდნენ და მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ ერთმანეთს.
ნამდვილად გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა ჩვეულებრივი სიმაღლის იყო და
მზეთუნახავიც არ ეთქმოდა, მაგრამ უდავოდ მოხდენილი აღნაგობა ჰქონდა.
მიმზიდველი და თხელი ნაკვთებით ოსტატურად შესრულებულ ძველ გრავიურას
ჰგავდა: გამოკვეთილი და ამავდროულად ნაზი ნიკაპი, რომაული ცხვირი კი არ
აუშნოებდა, პირიქით, მეტ ქალურ მომხიბლაობას ანიჭებდა მის პროფილს. მაგრამ,
ბაფამის აზრით, ის, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევდა ამ გოგონას სხვებისგან, იყო
მისი თავდაჭერილობა. ჭიშკართან მდგარი გოგონა ისეთივე უდრტვინველი, მშვიდი
და შორეული იყო, როგორც ზამთრის ცაში მოკაშკაშე ერთი ციცქნა ცივი მთვარე.
ბაფამმა ქუჩა გადაკვეთა, მაგრამ დაბნეულობისგან არ იცოდა რა ეთქვა.
„იმედი მაქვს, არავინ დაშავებულა“, – გულითადად იკითხა გოგონამ.
„არა, მხოლოდ მცირე რემონტია საჭირო“.
„მაშინ რატომ არის ყველა ასე აღელვებული?“
„რადგან... საქმე ისაა რომ... მე... მე ჯ. თ. ბაფამი ვარ“.
„მისტერ... ბაფამი?“
„ალბათ ჩემი სახელი არაფერს გეუბნებათ. ეჭვი მაქვს, არასდროს გსმენიათ
ჩემზე“.
„განა... უნდა... მსმენოდა? რატომ?“ – გოგონა სერიოზული და ოდნავ
დარცხვენილი შესცქეროდა მას, თითქოს თავს უხერხულად გრძნობდა საკუთარი
უვიცობის გამო.
„არა, სულაც არა. ის მხოლოდ ავტომოყვარულებმა იციან. საქმე ისაა, რომ
მრბოლელი ვარ. სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკში მივდივარ“.
„მართლა? ალბათ... დაახლოებით ათი დღე დაგჭირდებათ...“
„ოთხი, ან ხუთი დღე“.
„ორ დღეში აღმოსავლეთში იქნებით და ოკეანეს ნახავთ?“
მის ხმაში შურის ინტონაციამ გაიჟღერა და თვალებში სევდა ჩაუდგა, მაგრამ
მყისიერად რეალობას დაუბრუნდა – აპოგეას, აიოვას შტატს, თავი ხელში აიყვანა და
მის წინ მდგარ უზარმაზარ მამაკაცს დათხვრილ ტყავის ქურთუკში მშვიდი ხმით
მიუგო:
„ძალიან მრცხვენია, რომ არაფერი მსმენია თქვენ შესახებ, მაგრამ მე... ჩვენ...
მანქანა არ გვყავს. იმედი მაქვს, მანქანას სულ მალე გაგირემონტებენ. რძეს, ან სხვა
რამეს ხომ არ ინებებთ? მე და დედა მოხარულნი ვიქნებოდით“.
„მხოლოდ ტელეფონი მჭირდება. იქ ისეთი ხმაურია, რომ...“
„რასაკვირველია. დედა, ეს მისტერ ბაფამია, ტრანსკონტინენტული ავტორალის
მონაწილე. ო, მაპატიეთ, მე აურელია რივერსი ვარ“.
185
186

ბაფამმა მოუქნელად დაუკრა თავი ერთდროულად ორივე მანდილოსანს და


აურელია რივერსს გაჰყვა. გოგონას სწორი ზურგი ჰქონდა, მისი ბეჭები ზედმეტად
არც ამოზნექილი იყო, არც ჩაზნექილი, მაგრამ მაინც მკაფიოდ იკვეთებოდა ლურჯი
აბრეშუმის ქვეშ. მამაკაცს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ქსოვილი მისი პატრონის
გულისცემითა და სხეულის სითბოთი სულდგმულობდა, ხოლო თავშეკავებული
მანერების უკან ნამდვილი ქალი იგრძნობოდა.
აქამდე ვერ აღწევდა გარაჟის ხმაური, ჩაქუჩების გამაყრუებელი დაგადუგი და
ცნობისმოყვარე ბრბოს გაუთავებელი ქაქანი. გარშემო სრული სიმშვიდე სუფევდა.
ბაფამმა შვებით ამოისუნთქა. ბაღში სავალი ბილიკი სიძველისგან ფერგადასული
მკრთალი ვარდისფერი აგურებით იყო მოკირწყლული და იასამნის ბუჩქებში
იკარგებოდა. ამ ბილიკს ძველისძველ გრძელ სკამთან მივყავდით. იქვე იდგა ველური
ყურძნით გადაბურული ფანჩატური, საკმაოდ ბნელი და სავსე ტკბილი მოგონებებით
ბედნიერ წარსულზე. ახალი პატარა სახლების, წითელი აგურით აშენებული
ბეღლებისა და თვალუწვდენელი ველების ფონზე ეს ადგილი ჯადოსნური
ანტიკვარიატის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
სახლის კიბეებთან იდო ჟამთა სვლისგან ამოთეთრებული ვეშაპის ხერხემალი.
ბაფამი, ცოტა არ იყოს, შეკრთა. იმდენ დროს ატარებდა საჭესთან, რომ მუდმივად
ცოტა ხანი ესაჭიროებოდა გონზე მოსასვლელად, რათა მიმხვდარიყო სად
იმყოფებოდა – ქვეყნის აღმოსავლეთში თუ დასავლეთში. ახლა კი ნამდვილად
აიოვაში იყო. მაგრამ ეს ვეშაპის ხერხემალი ხომ ახალი ინგლისისთვის იყო
დამახასიათებელი.
ახალი ინგლისისთვის იყო დამახასიათებელი, აგრეთვე, საკმაოდ დიდი ზომის
ზღვის ნიჟარა, ძველი სტილის მაჰაგონის მაგიდა ფართო ჰოლში და იატაკზე
დაფენილი ვიწრო, დაძონძილი ხალიჩა. მის რივერსმა ბაფამი ტელეფონთან მიიყვანა.
ეს იყო კედელზე ჩამოკიდებული ძველი სტილის აპარატი. მან თვალი გააყოლა
გოგონას, რომელიც ოთახიდან გავიდა ბაღნარში, სადაც უამრავი წითელი მიხაკი,
იაჟუჟუნა და პეტუნია ყვაოდა.
„საქალაქთაშორისო, თუ შეიძლება“.
„აქ საქალაქთაშორისოც მე ვარ, ადგილობრივიც და...“
„ძალიან კარგი. ბაფამი ვარ, ავტომრბოლელი. დეტროიტს დამაკავშირეთ,
მიჩიგანის შტატი, „მალარდის კომპანიის“ პრეზიდენტის კაბინეტი“.
ბაფამი ათი წუთი იცდიდა. იგი ძველი სტილის სკამის კიდეზე ჩამოჯდა. ისეთი
გრძნობა დაეუფლა, რომ ძალიან დიდი, მოუქნელი და საშინლად ჭუჭყიანი იყო. ადგა
და მისაღები ოთახის კართან გაჩერდა. ფეხსაცმლის ბრაგაბრუგის თვითონვე
შერცხვა. ფრთხილად შეიხედა. იქ, ფანჯარასთან, ნიშაში რაღაც სალოცავივით იყო
მოწყობილი. ნამდვილი ცხენის ძუის ჭილოფით გაწყობილი ანტიკვარული ტახტის
თავზე სამი სურათი ეკიდა. ცენტრში განთავსებული იყო ზეთში შესრულებული
მამაკაცის საკმაოდ კარგი პორტრეტი. იგი გასული საუკუნის 50-იანი წლების ახალი
ინგლისის ტიპური წარმომადგენელი იყო – ბაკენბარდები, სწორი შუბლი, მკაცრი
186
187

გამომეტყველება, რომაული ცხვირი და თეთრი სამკუთხა გულისპირი. მარჯვნივ


ეკიდა აკვარელში დახატული პეიზაჟი – ნაცრისფერი ქვიშის, ლურჯი ზღვისა და
ნაპირზე სათევზაო ნავის ფონზე სახლი თეთრი კარით, ვიწრო კარნიზითა და პატარა
ფანჯრებით. სახლთან ახლოს მდგარ ფარდულზე მოჭედილი იყო დაფა, რომელზეც
დიდი ასოებით ამოტვიფრული იყო გემის სახელწოდება „პენინის ბეღურა“.
პორტრეტის მარცხნივ განთავსებული იყო მამაკაცის სულ ახლახანს
გადიდებული ფოტო. მას ოჯახის მარჩენალის მედიდური გამომეტყველება ჰქონდა.
საკმაოდ მიმზიდველი, ხანშიშესული მამაკაცი იყო შევერცხლილი თმით, რომაული
ცხვირით და ოდესღაც ღაჟღაჟა ლოყებით, ხოლო მისი პენსნე მეტისმეტად სქელ
ძეწკვზე იმთავითვე იქცევდა ყურადღებას.
ტახტის სიახლოვეს იდგა მარმარილოს სადგამი ტკბილი ბარდის თაიგულით.
ამასობაში ბაფამი დაუკავშირდა „მალარდის კომპანიის“ პრეზიდენტს, რომელიც
ორი დღე-ღამე ტელეფონს არ მოსცილებია და გაფაციცებით თვალს ადევნებდა
სპორტსმენის თავბრუდამხვევ წარმატებას.
„გამარჯობა, ბოს! ბაფამი ვარ. დაახლოებით ერთი საათით ვაგვიანებ. იმედი
მაქვს, ავინაზღაურებ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, გადასწიეთ გრაფიკი
ილინოისისა და ინდიანას გათვალისწინებით. რაო? აპოგეაში ვარ, ილინოისის
შტატი. რადიატორმა გაჟონა. ნახვამდის!“
როცა გაარკვია საუბრის ღირებულება, ბაღში გავიდა. უნდა ეჩქარა, რომ
გამგზავრებამდე ცოტა დაეძინა, მაგრამ გადაწყვიტა აურელია რივერსი კიდევ
ერთხელ ენახა, რათა თან წაეღო მოგონება გოგონას მტკიცე ხასიათზე. გოგონა მისკენ
გამოემართა და ვაჟიც მორჩილად გაჰყვა კარისკენ, მაგრამ შეჩერდა. ჯერ კიდევ
ასწრებდა ნიუ-იორკის ნახვას, რომ აღარაფერი ვთქვათ როი ბენდერსა და
ავტომობილზე.
„გთხოვთ, ჩამოვჯდეთ და რამე მომიყევით...“
„რა მოგიყვეთ?“
„მაგალითად, აქაურ ადგილებზე და... ჰო, სულ ამომივარდა თავიდან,
სატელეფონო საუბრის ფული უნდა მოგცეთ“.
„ნუ შეწუხდებით, არ ღირს“.
„რას ბრძანებთ. 2 დოლარი და 95 ცენტია“.
„ერთი საუბრისთვის?“
ვაჟმა ფული ხელში ჩაუდო. გოგონა კიბეზე ჩამოჯდა. ბაფამიც თავისი ზორბა
ტანით გვერდზე მოკალათდა და უეცრად გოგონამ თავისი ლამაზი თვალები
შეანათა:
„რომ გიყურებთ, ბოღმა მახრჩობს. თქვენ ხომ იმას აკეთებთ, რაზეც მე
ყოველთვის ვოცნებობდი – შორეული მოგზაურება, მბრძანებლობა ადამიანებზე,
ძალაუფლება. ალბათ, იანკი წინაპრების სისხლის ყივილია – გემის კაპიტნების“.

187
188

„მის რივერს, იქ, ოთახში, პორტრეტს მოვკარი თვალი. მომეჩვენა, რომ ეს


პორტრეტი და ძველი ტახტი რაღაც სალოცავივით იყო და ყვავილებიც, რომელიც
იქვე...“ გოგონამ გამჭოლი მზერა ესროლა მოსაუბრეს:
„დიახ, ნამდვილად სალოცავია, მაგრამ თქვენ პირველი ადამიანი ხართ, ვინც ამას
მიხვდა. რანაირად?“
„არ ვიცი. იქნებ იმიტომ, რომ ზუსტად ორი დღის წინ ჩავუარე ძველ მისიებს
კალიფორნიაში. მომიყევით რამე პორტრეტებზე გამოსახული ადამიანების შესახებ“.
„მაგრამ თქვენ ხომ არ... იქნებ ოდესმე... სხვა დროს!“
„ოდესმე? სხვა დროს? მომისმინე, ჩემო პატარავ! დაახლოებით 40 წუთში
სწრაფად უნდა დავტოვო აქაურობა საათში 70 მილის სიჩქარით. წარმოიდგინეთ, რომ
ადრეც რამდენჯერმე შევხვედრილვართ ერთმანეთს სადმე ბანკში, ან ფოსტაში. მას
შემდეგ ექვსი თვე გავიდა და კვლავ თქვენს მხარეში მოვხვდი, სტუმრად მოვედი და
დედათქვენს უკვე ვესაუბრე ყვავილებზე. ეს ყველაფერი ადრე იყო, ახლა კარგი
ნაცნობები ვართ და მითხარით, ვინ ხართ, აურელია რივერს? ყველაფერი მომიყევით:
ვინ, რა, სად და როდის“.
გოგონამ გაიღიმა, თავი დაუქნია და ყველაფერი მოუყვა.
ამჟამად სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, მაგრამ მამას გარდაცვალებამდე კი...
ჰო, მართლა, გადიდებულ ფოტოზე მამამისი იყო – ბრედლი რივერსი – პირველი
ადვოკატი აპოგეაში, რომელიც კეიპ-კოდიდან ჩამოვიდა ჯერ კიდევ ბავშვობაში. შუა
სურათზე ბაკენბარდებიანი კაცი კი ბაბუამისი– კაპიტანი ზენას რივერსი,
წარმოშობით ვესტ ჰარლპულის კონცხიდან, ხოლო მესამე სურათზე გამოსახული
იყო რივერსების საგვარეულო სახლი, სადაც მამა დაიბადა.
„თქვენ თუ ყოფილხართ ჰარლპულში?“ – დაინტერესდა ბაფამი, – „იმ ადგილებში
გამივლია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვიხსენებ გარდა თეთრი სახლებისა
და სამლოცველოსი უზარმაზარი კოშკისებრი წვეტიანი გუმბათით“.
„მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ჰარლპულში წასვლაზე. მამამ ერთხელ შეიარა
იქ, როცა ბოსტონში იყო საქმეზე. ბაბუას პორტრეტი და სახლის სურათიც მაშინ
ჩამოიტანა, ასევე ავეჯი და სხვა დანარჩენიც. გული დაწყდა, როცა დაინახა, თუ
რამდენად შეიცვალა მისი ქალაქი, როგორ დაკარგა პირვანდელი იერსახე და ეს
განწყობა არც არასდროს დაუმალავს. მეტჯერ აღარც ჩასულა იქ, სურვილიც არ
გასჩენია. მერე გარდაიცვალა. მე ფულს ვაგროვებ აღმოსავლეთში სამოგზაუროდ.
რასაკვირველია, დემოკრატიის მომხრე ვარ, მაგრამ ამავდროულად, დარწმუნებული
ვარ, რომ ისეთი ოჯახები, როგორიც რივერსებია, ვალდებულნი არიან დადებითი
მაგალითი მისცენ მსოფლიოს. მინდა ჩემი სისხლი და ხორცი მოვნახო იქ, ჩემი
ნათესავები!“
„შეიძლება მართალი ბრძანდებით. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მდაბიო
წარმოშობის ვარ, მაგრამ თქვენი სახე ისევე მრავლისმეტყველია, როგორც თქვენი
ბაბუის. მე დავინახე ეს და რა სამწუხაროა, რომ... არა, არაფერი, ყურადღებას ნუ
მომაქცევთ“.
188
189

„რას ბრძანებთ! თქვენ ნამდვილი არისტოკრატი ხართ, რადგან ისეთ რაღაცას


აკეთებთ, რასაც სხვები ვერც კი ბედავენ. სანამ ტელეფონით საუბრობდით, სკოლის
დირექტორს შევხვდი. მან მითხრა, რომ ვიკინგი ხართ და სხვა კიდევ ბევრი რამ...“
„კარგით რა! გეყოფათ! უამრავი ხალხი და განსაკუთრებით გაზეთები მხოლოდ
იმიტომ მაქებენ და მადიდებენ, რომ მანქანა სწრაფად დამყავს. მე კი ვინმე
თქვენნაირი მჭირდება, ვინც ნათლად მიმითითებს, რომ გვარიანი მუტრუკი ვარ“.
გოგონამ სევდით სავსე ნათელი თვალებით შეხედა: „მე კი მგონია, რომ აქაურ
ყმაწვილებს ზედმეტად მკაცრი და მედიდური ვგონივარ“.
„დარწმუნებული ვარ. ამიტომაც ჩარჩნენ აპოგეაში. თითქოს ერთ ადგილზე
გაიყინნენ და ვერ წავიდნენ წინ“. ბაფამმა თვალებში ჩახედა გოგონას: „რატომღაც
მგონია, რომ ჩვენ ერთ რამეში ძალიან ვგავართ ერთმანეთს: არც ერთს გვიყვარს ერთ
ადგილზე გაჩერება. ბევრი არასდროს დაფიქრებულა, თუ რატომ ცხოვრობს
ამქვეყნად, უბრალოდ სხედან და ფიქრობენ: ნეტა რა იქნებოდა ასე, ან ისე რომ
მოვქცეულიყავიო. ამასობაში კი ცხოვრება გადის, მოიხედავ და ცოცხლებიც აღარ
არიან. მაგრამ მე და თქვენ სულ სხვანაირები ვართ. ასე მგონია, რომ დიდი ხანია
გიცნობთ... გამიხსენებთ?“
„რასაკვირველია. არა მგონია აპოგეაში ბევრი მოიძებნოს ისეთი, ვინც საათში 70
მილის სიჩქარით დააქროლებს მანქანას“.
ჭიშკრის მხრიდან როი ბენდერის ღრიალი გაისმა: „ბოს, ორ წუთში ვამთავრებთ!“
ბაფამი წამოხტა. ფართხაფურთხით იცვამდა ტყავის ქურთუკსა და
ხელთათმანებს, თან ლაპარაკს აგრძელებდა, გოგონა კი სერიოზული და
დაღვრემილი სახით თვალს არ აშორებდა:
„ჩემი წასვლის დროა. კიდევ ერთი დღე და დაძაბულობა მომემატება. მართლა
იფიქრებთ ჩემზე? იქნებ თქვენი ნათელი აზრები და სურვილები გამატანოთ გზაში,
რას იტყვით?“
„უეჭველად“, – იყო წყნარი პასუხი. ბაფამმა ხელთათმანი გაიძრო. მის
უზარმაზარ ხელისგულზე გოგონას ხელი ძალიან ნაზი ჩანდა. სულ რაღაც ერთ წამში
ბაფამი უკვე ჭიშკართან მიაბიჯებდა. მანქანაში ჩაჯდა და როის მიუბრუნდა:
„ყველაფერი კარგად შეამოწმეთ? ბენზინი, ზეთი და სხვა დანარჩენიც?“
„ყველაფერი წესრიგშია“, – უპასუხა გარაჟის მექანიკოსმა, – „თქვენ თუ
მოახერხეთ დაგესვენათ ცოტათი მაინც?“
„კი. მთელი ეს დრო სიგრილეში ვიჯექი მოდუნებული“.
„დაგინახეთ, როგორ ესაუბრებოდით აურელია რივერსს...“
„კარგი, კარგი“, – გააწყვეტინა როი ბენდერმა, – „აბა, ბოს, წავედით“.
მაგრამ ბაფამმა ბოლომდე მოუსმინა მექანიკოსს: „ძალიან კარგი გოგოა აურელია,
ლამაზი და ჭკვიანი, თანაც ნამდვილი ქალბატონია, მიუხედავად იმისა, რომ აქ
დაბადებული და გაზრდილია“.
„ალბათ საქმროც ჰყავს... ვინ არის და რა ტიპია?“ – გარისკა ბაფამმა.

189
190

„ღირსი მამა დოუსონი. ვფიქრობ, აურელია მას გაჰყვება ცოლად. გამხმარ


საბერტყ ჭოკს ჰგავს, მაგრამ წარმოშობით აღმოსავლეთიდანაა. ერთ დღესაც
აურელიას ყელში ამოუვა მასწავლებლობა და მაშინ დოუსონის ჯერიც მოვა. ხომ
იცით, როგორც ხდება ხოლმე: ნაჩქარევად დაქორწინდები და მერე ნანობ...“
„ზუსტად ასეა. უკვე გადაუხადე, როი? აბა, ნახვამდის“.
ბაფამი წავიდა. ხუთ წუთში აპოგეას უკვე ექვსი და სამი მეოთხედი მილი
აშორებდა და გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა – როგორმე დაკარგული
დრო აენაზღაურებინა. თვალებით სპიდომეტრის ისარს მისჩერებოდა და ელვის
სისწრაფით უკან ტოვებდა გზის მონაკვეთებს.
საღამოვდებოდა და ბაფამმა ხმა ამოიღო: „როი, საჭესთან დაჯექით, ცოტას
წავუძინებ“. ერთი საათი ეძინა და როცა გაიღვიძა, პატარა ბიჭივით მუშტით
მოიფშვნიტა თვალები, სპიდომეტრს გახედა, ხელი საჭისკენ წაიღო და როის
მიმართა: „ჩაიწიეთ, ახლა მე წავიყვან“.
გამთენიისას მხოლოდ ერთი სურვილით იყო შეპყრობილი – რაც შეიძლება
დიდი სიჩქარით ევლო. სამყაროში მხოლოდ ორი რამ არსებობდა: მანქანის გუგუნი
და სიჩქარე. ადამიანურ გრძნობებს მაინცდამაინც არც მაშინ შეუწუხებია ბაფამი,
როცა რეკორდი დაამყარა და კოლუმბის მოედანზე საშინელი სისწრაფით შევარდა.
დაუყოვნებლივ საწოლისკენ წავიდა და 26 საათი და 15 წუთი ეძინა. შემდეგ მის
საპატივცემულოდ მოწყობილ სადილს დაესწრო და სიტყვითაც კი გამოვიდა.
უჩვეულოდ დაბნეულად და უთავბოლოდ საუბრობდა, რადგან გონებაში მხოლოდ
ერთი აზრი უტრიალებდა: რვა დღეში სან-ფრანცისკოში უნდა ყოფილიყო. იქიდან
იაპონიაში მიემგზავრებოდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო სანაპირო
ავტორბოლაში ჰონდოს კუნძულის ირგვლივ. მის ჩამოსვლამდე აურელია რივერსი,
ალბათ, უკვე გათხოვილიც იქნებოდა ღირს მამა დოუსონზე და თაფლობის თვესაც
კეიპ-კოდში გაატარებდა, ხოლო ძლიერი მამაკაცები გამურული სახეებით და ზეთში
ამოსვრილი უზარმაზარი ხელებით მხოლოდ ზიზღს აღძრავდნენ მასში.
კეიპ-კოდში ჩასასვლელად და დასაბრუნებლად ერთი დღე სჭირდებოდა.
მანქანით უფრო მალე ჩავიდოდა, ვიდრე მატარებლით, ხოლო გზად სან-
ფრანცისკომდე აურელიასთან სასაუბროდ ერთი საათი ექნებოდა. გაცილებით დიდ
შთაბეჭდილებას მოახდენდა, თუ საინტერესო თემაზე დაელაპარაკებოდა,
მაგალითად, წინაპრების მიწა-წყალზე, რაც გოგონასთვის დიდ ემოციებთან იყო
დაკავშირებული. იქნებ სურათებიც აჩვენოს, ან კიდევ უკეთესი: ძველი სავარძელი
ჩამოუტანოს რივერსების საგვარეულო მამულიდან. ბაფამი ვესტ-ჰარლპულის
ზღვისპირა ქუჩაზე მიდიოდა და თვალში მოხვდა ზუსტად ისეთი სახლი, როგორიც
აურელიასთან ნანახ სურათზე იყო აღბეჭდილი. იქვე იდგა ფარდული მიჭედილი
დაფით, რომელზეც დიდი ასოებით ამოტვიფრული იყო ჩაძირული გემის
სახელწოდება „პენინის ბეღურა“.

190
191

იმავე ქუჩაზე, ცოტა მოშორებით იდგა პატარა სავაჭრო დუქანი წარწერით „გაიუს
ბირსი. ათასი წვრილმანი და სუვენირები“. ვიღაც კაცი იქვე ტრიალებდა. ბაფამი
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და დაინახა, რომ კაცი ძალიან ბებერი იყო.
„დილა მშვიდობის. კაპიტანი ბირსი თქვენ ბრძანდებით?“
„ასეა“.
„ხომ ვერ მეტყვით, ვინ ცხოვრობს ახლა რივერსების სახლში?“
„ვის სახლში?“
„რივერსების. აი, იქ, ქუჩის გადაღმა“.
„იმაში? ის კენდრიკებს ეკუთვნის“.
„მაგრამ ის ხომ რივერსებმა ააშენეს“.
„სულაც არა. კაპიტან სეფასის მიერ არის აშენებული და იქ ყოველთვის
კენდრიკები ცხოვრობდნენ. სახლის ამჟამინდელი მფლობელის სახელია უილიამ
დინ კენდრიკი. შალის ბიზნესშია ბოსტონში, მაგრამ ოჯახი ყოველ ზაფხულს აქ
ატარებს. ეგ ნამდვილად ასეა, რადგან ნათესავებად მეკუთვნიან“.
„მაგრამ... რივერსები სად ცხოვრობდნენ?“
„რივერსები? მგონი მივხვდი: ალბათ დასავლეთიდან ხართ და ზაფხულის
გატარებას აქ აპირებთ, ასეა?“
„არა. რატომ დაასკვენით, რომ დასავლეთიდან ვარ?“
„იყო აქ ერთი რივერსი, ბრედლი რივერსი, მაგრამ დასავლეთში გადავიდა. მასზე
მეკითხებით?“
„ალბათ“.
„თქვენი ახლობელია?“
„არა. უბრალოდ მსმენია მასზე“.
„მაშინ პირდაპირ გეტყვით: არანაირი რივერსები არასდროს ყოფილან აქ, არ
უცხოვრიათ ამ მხარეში“.
„რაო? ეგ რაღას ნიშნავს?“
„ამ ბრედლი რივერსის მამა თავის თავს ზენას რივერსს უწოდებდა, მაგრამ მისი
ნამდვილი სახელი და გვარი ფერნაო რიბეირო იყო. არაფერს წარმოადგენდა:
უბრალო პორტუგალიელი მეზღვაური იყო. ეს იყო და ეს. შემდეგ ეგ ფერნაო ანუ
ზენასი ცუდ გზას დაადგა: მძარცველი გახდა, ჩაძირულ გემებს ძარცვავდა და ამ
საქმეში ძალიან მაგარი იყო. სვამდა კიდეც და როცა მთვრალი იყო, თავს კარგავდა.
ჩვენს მხარეში მწვანე კონცხის კუნძულებიდან მოხვდა.“
„როგორც მივხვდი, „ბრედლი რივერსის“ წინაპრები ნამდვილი არისტოკრატები
იყვნენ და აქ ჩამოვიდნენ გემით „მეიფლაუერი“.
„შესაძლებელია ასეც იყო, მაგრამ მათი არისტოკრატობა მხოლოდ იამაიკური
რომის უზომო სმაში გამოიხატებოდა, ხოლო გემის სახელი იყო არა „მეიფლაუერი“,
არამედ „ჯენი ბ. სმითი“!“
„ესე იგი, კენდრიკებამდე ამ სახლის პატრონი ზენასი იყო?“

191
192

„რას ამბობთ. თუ ზენასს ან ბრედს ოდესმე გადაუბიჯებიათ ამ სახლის


ზღურბლზე, მხოლოდ იმისთვის, რომ დაჩეხილი შეშა მიეტანათ, ან თევზი
მიეყიდათ“.
„ხომ ვერ მეტყვით, ეგ ზენასი როგორ გამოიყურებოდა, ანუ როგორი იყო
შესახედავად?“
„ჩასკვნილი და შავგვრემანი. ერთი სიტყვით, ნამდვილი პორტუგალიელი“.
„რომაული ტიპის კეხიანი ცხვირით?“
„კეხიანი? არა. მისი ცხვირი კარტოფილს უფრო ჰგავდა“.
„მაგრამ ბრედლის რომაული პროფილი ჰქონდა კეხიანი ცხვირით. ეგ როგორ?“
„დედისგან. ის ქალი იანკი იყო, მაგრამ მისი ოჯახი არაფერს წარმოადგენდა.
ჰოდა, ამიტომაც გაჰყვა ზენასს. ბრედ რივერსი ყოველთვის საშინელი მატყუარა იყო.
დაახლოებით შვიდი, თუ რვა წლის წინ უეცრად აქ გამოგვეცხადა და ბაქიობდა, რომ
უმდიდრესი კაცი გახდა, არ მახსოვს, კანზასში თუ მილუოკიში“.
„იქნებ იცოდეთ, აქ ყოფნის დროს კენდრიკების სახლის სურათი ხომ არ
შეუძენია?“
„დარწმუნებული ვარ, რომ შეიძინა. მხატვარიც კი მოიყვანა ამ სახლის
დასახატად. რამდენიმე ნივთი ჩემგანაც იყიდა: ცხენის ძუის ჭილობით გაწყობილი
ანტიკვარული ტახტი და გარდაცვლილი მოხუცი კაპიტან გულდის პორტრეტი,
რომელიც მეი გულდმა აქ დატოვა“.
„იმ კაპიტან გულდს პორტრეტზე, შემთხვევით, ბაკენბარდები, სწორი შუბლი,
მკაცრი გამომეტყველება და რომაული ცხვირი ხომ არ აქვს?“
„სწორედაც რომ ეგ არის. მაინც რა მოგიყვათ ბრედმა მის შესახებ?“
„არაფერი“, – ბაფამმა ამოიოხრა, – „ესე იგი, რივერსი ისეთივე ჩვეულებრივი
მდაბიო წარმოშობისაა, როგორც მე, ასე გამოდის“.
„ბრედ რივერსი? მდაბიო? ზენასმა ბრედი რამდენიმე წლით ტენტონის
სასწავლებელში გაგზავნა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. აქაურობისთვის იგი
როგორიც იყო, ისეთივედ დარჩა და მას აქ ყველა იცნობს. ჰკითხეთ, ვისაც გინდათ...
ნებისმიერი დაგიდასტურებთ“.
„ვკითხავ. გმადლობ“.
აპოგეას ერთადერთ ქუჩას მტვრის ბუღში ნელი ნაბიჯით მოუყვებოდა არაფრით
გამორჩეული, მაღალი ახალგაზრდა კაცი. ეს ბაფამი იყო.
მას 51 წუთი ჰქონდა ადგილობრივ მატარებლამდე, რომელსაც რკინიგზის
კვანძამდე უნდა მიეყვანა იგი, სადაც ექსპრესში უნდა გადამჯდარიყო.
ჯერ ზარი დარეკა, მერე კი კარზე მუშტით მაგრად დააბრახუნა. სახლს შემოუარა
და დაინახა აურელიას დედა, რომელიც ხელსახოცებს რეცხავდა. ქალმა სათვალიდან
ამოიხედა და წაიდუდღუნდა: „გისმენთ, რა გნებავთ?“
„არ გახსოვართ? ამას წინათ მანქანით ვიყავი აქ. შემიძლია მის რივერსს
დაველაპარაკო?“
„სკოლაშია. ამ დროს გაკვეთილები აქვს“.
192
193

„როდის იქნება? უკვე 4 საათია“.


„შეიძლება სულ მალე, შეიძლება 6 საათამდე ვერ მოვიდეს“.
ბაფამის მატარებელი 4:49-ზე გადიოდა. იგი კიბეზე ჩამოჯდა. 4:21 იყო, როცა
აურელიამ შემოაღო ჭიშკარი. ბაფამი მისკენ გაქანდა, საათი ხელში ეჭირა და სანამ
გოგონა რამის თქმას მოახერხებდა, სულმოუთქმელად მიახალა:
„მიცანით? ძალიან კარგი. სან-ფრანცისკოს მატარებლამდე სულ 28 წუთი მაქვს.
მერე კი გემით იაპონიაში მივდივარ, იქიდან კი შეიძლება ინდოეთშიც გადავიდე.
გიხარიათ ჩემი ნახვა? ძალიან გთხოვთ, გემუდარებით ამ დარჩენილი 27 ნახევარი
წუთის განმავლობაში ნუ იქნებით რივერსი, იყავით უბრალოდ აურელია. მითხარით,
გაგიხარდათ ჩემი ნახვა?“
„კი... კი...“
„ფიქრობდით ჩემზე?“
„რასაკვირველია“.
„გინდოდათ, რომ დავბრუნებულიყავი?“
„რა თავდაჯერებულობაა!“
„არა, უბრალოდ ძალიან მეჩქარება. 27 წუთიღა დამრჩა. გთხოვთ, მითხარით, რომ
გინდოდათ დავბრუნებულიყავი. აი, უკვე იაპონიაში მიმავალი გემის გუგუნიც
მესმის, რომელიც გვეძახის“.
„იაპონიაში?“
„გინდათ იაპონიის ნახვა?“
„ძალიან“.
„მაშინ ჩემთან ერთად წამოდით. პადრეს ვთხოვ მატარებელში დაგველოდოს.
შეგიძლიათ დეტროიტში დარეკოთ და ყველაფერი გაიგოთ ჩემ შესახებ. წავიდეთ!
იჩქარეთ! ცოლად გამომყევით! აბა, რას იტყვით? 26 ნახევარი წუთიღა დაგვრჩა“.
გოგონამ წაიჩურჩულა: „ეს ყოველივე ძალიან მაცდუნებელია და მხიბლავს
კიდეც, მაგრამ ჩემთვის ამაზე ფიქრიც კი დანაშაულია. დედა არასდროს
დათანხმდება“.
„დედა რა შუაშია...“
„როგორ თუ რა შუაშია? ჩვენნაირ ოჯახებში ერთი ადამიანი არაფერს ნიშნავს.
მთავარია გვარის რეპუტაცია. მე უნდა ვიფიქრო ბრედლი რივერსზე, ბებერ ზენასზე
და ჩემ უკან მდგარ უამრავ იანკიზე. მათ ისეთ მნიშვნელოვან რამეს ჩაუყარე
საფუძველი, რომელთან შედარებითაც ერთი ცალკეული ადამიანის ბედნიერება
არაფერია Noblesse oblige! (მდგომარეობა მავალდებულებს – ფრანგული).“ როგორ
შეეძლო ბაფამს სიმართლე ეთქვა მისთვის და დაენგრია გოგონას ძვალ-რბილში
გამჯდარი რწმენა. ერთადერთი, რაც მოახერხა, კითხვა დაუსვა:
„მაგრამ თქვენ ხომ თანახმა ხართ? 25 წუთიღა დარჩა!“ ბაფამმა საათი ჯიბეში
ჩაკუჭა: „მისმინეთ აურელია, ძალიან მინდა გაკოცოთ. შორს მივემგზავრები და თავს
ვერ ვერევი. ახლა ფანჩატურში შევალთ და იქ გაკოცებ“. მკლავში მაგრად მოჰკიდა
ხელი.
193
194

აურელია სუსტად შეეწინააღმდეგა: „არა, გთხოვთ, მე...“ მაგრამ ვაჟმა კოცნით


შეაწყვეტინა სათქმელი. გოგონას სულ გადაავიწყდა, რასაც ადრე ამბობდა, მთელი
სხეულით მიეკრა ბაფამს და ჩურჩულით ემუდარებოდა: „გთხოვთ, ნუ დამტოვებთ
აქ, ამ მკვდარ სოფელში. დარჩით ცოტა ხნით და შემდეგ გემს გაჰყევით. დაარწმუნეთ
დედა...“
„ამ გემს უნდა გავყვე. მიცდიან. დიდი რბოლა ტარდება და აუცილებლად იქ
უნდა ვიყო. წამოდით!“
„ასე შიშველ-ტიტველი? უბარგოდ?“
„ყველაფერს გზაში ვიყიდით... სან-ფრანცისკოში!“
„არა, არ შემიძლია! ვერ წამოვალ, რადგან დედის გარდა კიდევ უამრავ ხალხზე
უნდა ვიფიქრო...“
„მაგალითად, მისტერ დოუსონზე, არა? ნუთუ მართლა მოგწონთ იგი?“
„ძალიან ყურადრებიანი და კარგი ადამიანია. განათლებულიც! დედას სურს
მისტერ დოუსონს საკუთარი სამწყსო ჰყავდეს კეიპ-კორდში, რათა ამ გზით აღდგეს
ძველი ურთიერთობები და კვლავ ჭეშმარიტი რივერსი გავხდე. თუკი მისის
დოუსონი გავხდები, იქნებ ჩვენს საგვარეულო სახლსაც მივაგნო და სხვა...“ ბაფამის
მკლავებმა სიტყვა გააწყვეტინეს გოგონას. ვაჟმა პირდაპირ თვალებში ჩახედა მას და
მიამიტი გულწრფელობით დაიყვირა:
„ნუთუ არასდროს იღლებით თქვენი წინაპრებისგან?“
„არა, არასდროს! შეიძლება მე არ ვვარგივარ, მაგრამ წინაპრები ნამდვილად კარგი
და ღირსეული ადამიანები მყავდა. მაგალითად, ერთხელ ხომალდზე მოხდა ჯანყი
და ზენასმა...“
„ძვირფასო, არანაირი ზენას რივერსი არ არსებობდა. მას ფერნაო რიბეირო ერქვა
და პორტუგალიელი ემიგრანტი იყო, ხოლო სურათი, რომელიც სახლში გიკიდიათ,
მოხუცი კაპიტან გულდის პორტრეტია“.
აურელია შეკრთა და განზე გახტა, მაგრამ ბაფამი არ ჩერდებოდა, თანაც
ცდილობდა ხმითა და მზერით ეჩვენებინა მისი ნაზი დამოკიდებულება გოგონას
მიმართ:
„ბებერი ზენასი დაბალი, მსუქანი და შავგვრემანი კაცი იყო და არცთუ კარგი
პიროვნება: იგი მძარცველი იყო, ჩაძირულ გემებს ძარცვავდა. გვარში პირველი
არისტოკრატი თქვენ ხართ“.
„მოითმინეთ. იმის თქმა გინდათ, რომ ყველაფერი სიცრუეა? მაგრამ რივერსების
ძველი საგვარეულო სახლი ხომ...“
„სახლი არ არსებობს. სურათზე გამოსახული სახლი ყოველთვის კენდრიკებს
ეკუთვნოდათ. კეიპ-კორდზე ვიყავი და გავარკვიე, რომ...“
„რომ ყველაფერი სიცრუეა, არა? რივერსების შესახებ ყველაფერი სიცრუეა“.
„არ მინდოდა თქვენთვის ამის მოყოლა. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ
მისწეროთ“.

194
195

„ერთი წუთით მოითმინეთ“, – გოგონამ მარჯვნივ გაიხედა, სადაც პატარა


მაღლობზე სოფლის სასაფლაო იყო და ჩუმი ხმით წარმოთქვა:
„საწყალი მამა! ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ხშირად იტყუებოდა.
ბოროტი ტყუილი არასდროს უთქვამს. უბრალოდ, უნდოდა გვეამაყა მისით.
მისტერ... რა გქვიათ?“
„ბაფამი“.
„წამომყევით“.
აურელია სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ და ბაფამიც გაჰყვა მას. ისინი
შევიდნენ ოთახში, სადაც სურათები ეკიდა: ჯერ „ზენუს რივერსის“ პორტრეტს
შეხედა, მერე „რივერსების საგვარეული სახლს“, მინაში ჩასმულ მამის ფოტოს ნაზად
შეეხო ხელით, მერე თითებიდან მტვერი ჩამოიბერტყა და მწარედ ამოიოხრა:
„როგორი დამყაყებული გარემოა! ყველაფერს შმორის სუნი ასდის!“ კომოდის
უჯრიდან პერგამენტის ქაღალდი გამოიღო, რომელზეც საგვარეულო გერბი იყო
ამოტვიფრული, მერე ფანქარს სტაცა ხელი და ქაღალდის უკანა მხარეს ავტომანქანა
დახატა, რომელიც ჰაერში მიფრინავდა.
ბაფამისკენ შემობრუნდა და საათი აჩვენა: „აი, ახალი საგვარეულო გერბი!
ემბლემა იმ ახალი არისტოკრატიისა, რომელიც მუშაობას არ უფრთხის!“ ბაფამმაც
მომენტისთვის შესატყვისი საზეიმო გამომეტყველებით იკითხა: „მის რივერს,
თანახმა ხართ ცოლად გამომყვეთ, სადმე შუა გზაზე აქედან კალიფორნიამდე?“
„დიახ“, – უპასუხა გოგონამ, ჩაეხუტა ბაფამს და სიცილით დააყოლა: „თუ დედას
დაითანხმებთ, რადგან არისტოკრატული წარმომავლბის სჯერა. მაგრამ, მეორე
მხრივ, ცოტა ფული აქვს, ნაცნობებიც არ აკლია და უჩემოდაც მშვენივრად იქნება“.
„შეიძლება სულ ცოტათი მოვატყუო?“
„შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ერთხელ“.
„ვეტყვი, რომ დედაჩემი კენდრიკების გვარიდან იყო ჰარლპულიდან და
საშინლად გავიფხორები ჩემი დიდგვაროვანი წარმომავლობის გამო. ახლა კი უნდა
ვიჩქაროთ, რადგან 13 წუთიღა დარჩა“, – ბაფამმა აკოცა აურელიას.
„აურელია?“ – გაისმა მისის რივერსის ხმა.
„დიახ... დედა...“
„იჩქარეთ, თუ გინდათ მატარებელს მიუსწროთ“.
„ეს რას უნდა ნიშნავდეს?“ – ძლივს წაილუღლუღა გოგონამ, – „წავალ, ბარგს
ჩავალაგებ“.
„უკვე ჩალაგებულია. როგორც კი ეს წყეული ყმაწვილი კვლავ გამოჩნდა ჩვენთან,
მივხვდი, რომ საჩქარო საქმე ჰქონდა. მაგრამ, მგონი, დავიმსახურე, რომ მომავალი
სიძის სახელი მაინც ვიცოდე. 11 წუთიღა დაგრჩათ. აბა, დაუჩქარეთ... ჩქარა... ჩქარა!“

მოთხრობის გზამკვლევი
195
196

პატარა ქალაქი ცხოვრების საკუთარ რიტმს ქმნის - მშვიდს, ზედმეტად აუღელვებელსა და


მცირედ თუ დიდად მოსაწყენსაც. საკუთარი რიტმი ადამიანსაც აქვს. როდესაც ეს ორი რამ
ერთმანეთს არ ემთხვევა, ყოველი დღე შეიძლება მხოლოდ შეგუების გაკვეთილად იქცეს და
ამ სივრციდან თავდახსნის დაუოკებელი სურვილი დაბადოს. ადამიანი შეიძლება მოსაწყენ
სიმარტოვეს შეეგუოს, მაგრამ ამით ბედნიერი არასდროს არის.

ბაფამი „სწრაფად“ ცხოვრობს - ალბათ ისევე სწრაფად, როგორც მისი ავტომობილი


დადის ამერიკის გზებზე („საბურავების გამოცვლასა და საუზმეს სულ რაღაც 3,15
წუთი დასჭირდა“; „აქ დაახლოებით ექვსი საათის სამუშაოა, მაგრამ ერთ საათში
უნდა გაკეთდეს“). აურელია რივერსი კი პროვინციული ქალაქის მელანქოლიურ
ყოფას იმით შეჰგუებია, რომ თავი ძველი და დიდებული არისტოკრატიული გვარის
გამგრძელებლად მიაჩნია. ორი სურათი (პორტრეტი და პეიზაჟი) და ერთი ფოტო,
მშვენიერი წარსულის მიმართ სასიამოვნო ვალდებულებას რომ განასახიერებდნენ,
პროვინციალობის განცდას მეტ-ნაკლებად ასატანს ხდიდნენ.

გოგონა შინაგანად ცვლილებებსა და სხვა სივრცეთა ნახვაზე ოცნებობს და ბაფამი


სწორედ ამგვარი მეტამორფოზის სახედ მოევლინება მას. ის მოულოდნელ
შეყვარებულს მამისგან ყალბად შეკოწიწებული არისტოკრატიზმის ილუზიისგანაც
გაათავისუფლებს და ისეთ ცხოვრებასაც შესთავაზებს, როგორიც სულ სურდა -
მოსაწყენი უძრაობისგან თავისუფალს.

მატარებლის გასვლამდე სულ 26 წუთია დარჩენილი, როდესაც ბაფამი აურელია


რივერსს ხელს სთხოვს („წავიდეთ! იჩქარეთ! ცოლად გამომყევით! აბა, რას იტყვით?“).
აურელიას პასუხი და გულისთქმა იმით გამოიხატა, როდესაც „კომოდის უჯრიდან
პერგამენტის ქაღალდი გამოიღო, რომელზეც საგვარეულო გერბი იყო
ამოტვიფრული, მერე ფანქარს სტაცა ხელი და ქაღალდის უკანა მხარეს ავტომანქანა
დახატა, რომელიც ჰაერში მიფრინავდა“.

ასეა: რაც სულში ხდება, ყოველთვის აღემატება მის გარეთ მომხდარს. და


მნიშვნელობა არ აქვს, რომ მატარებლის გასვლამდე მხოლოდ 11 წუთი რჩება.

გაბრიელ გარსია მარკესი

196
197

შესანიშნავი რომანისტი და ნოველების ოსტატი, სცენარისტი და ჟურნალისტი 1927


წლის 6 მარტს კოლუმბიაში, კერძოდ, არაკატაკაში დაიბადა. ბევრი კრიტიკოსის
აზრით, ის იყო საუკეთესო მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში და - ერთ-
ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანურენოვან მწერლობაში. გარსია მარკესის წვლილი,
ამ მხრივ, უდიდესია და ეს არაერთი ჯილდოთი აღნიშნულა, მათ შორის - ნობელის
პრემიით ლიტერატურის დარგში, რომელიც 1982 წელს მიიღო.

მართალია, მწერალი კოლუმბიის უნივერსიტეტში სამართალს შეისწავლიდა,


ჟურნალისტად მუშაობას ამჯობინებდა და კარიერა სწორედ ამ პროფესიით დაიწყო.
თუმცა მსოფლიოში სახელი გაუთქვა ნაწარმოებმა, რომლის დაწერაც უნდოდა მას
შემდეგ, რაც 18 წლის გახდა. გაბრიელ გარსია მარკესი ფიქრობდა, რომ შეეძლო,
საინტერესოდ აესახა თავისი ცხოვრების ის პერიოდი, რომელიც ბებია-ბაბუის
სახლში გაატარა...

„მარტოობის ასი წელიწადი“ 18 თვის განმავლობაში იქმნებოდა. მწერალმა მანქანა


გაყიდა, რომ მის ოჯახს, წერის დროს, ფინანსური პრობლემები არ შეჰქმნოდა. 1967
წელს, რომანის დაბეჭდვის შემდგომ, მას წილად არნახული კომერციული წარმატება
ხვდა - გაიყიდა წიგნის 30 მილიონი ეგზემპლარი. ამერიკელმა მწერალმა უილიამ
კენედიმ „მარტოობის ას წელიწადს“ უწოდა წიგნი, რომელიც „ბიბლიის“ შემდეგ
მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს. „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული
სიკვდილის ქრონიკა“, „სიყვარული ქოლერის დროს“ - ეს მარკესის ცნობილი
ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია.

საერთაშორისო აღიარებამ გაბრიელ გარსია მარკესი თავისი ეპოქის ერთ-ერთ


ყველაზე გავლენიან ადამიანად აქცია. წერა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია.

ის 2014 წლის 17 აპრილს, 84 წლის ასაკში, მექსიკაში გარდაიცვალა.

მშვენიერი მძინარე ქალის თვითმფრინავი


197
198

თარგმნა თეა გვასალიამ


(გაბრიელ გარსია მარკესი, „მშვენიერი მძინარე ქალის თვითმფრინავი “, გამომცემლობა
„ინტელექტი“, თბილისი, 2008)

ლამაზი იყო, მოქნილი, ნაზი ხორბლისფერი კანითა და მწვანე ნუშისებრი


თვალებით. შავი, სწორი, მხრებამდე დაშვებული მძიმე თმა ჰქონდა და რაღაც
ანტიკური შარავანდედი ემოსა, რაც თავისუფლად შეიძლებოდა როგორც
ინდონეზიური, ისე ანდური ყოფილიყო. გემოვნებით ეცვა: სელის პიჯაკი, აქა-იქ
მიმოფანტულყვავილებიანი ბუნებრივი აბრეშუმის პერანგი და მსუბუქი, ზონარიანი
ფეხსაცმელი. „ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს“, გავიფიქრე, როცა ძუ
ლომის მოქნილი ნაბიჯებით ჩამიარა გვერდზე. მე პარიზის შარლ დე გოლის
აეროპორტიდან ნიუ-იორკში მივფრინავდი და ბილეთის სარეგისტრაციოდ რიგში
ვიდექი. ეს ზებუნებრივი ხილვა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და მასაში
აითქვიფა.
დილის 9 საათი იყო. წინა ღამიდან თოვდა და ქალაქის ქუჩებში მოძრაობა
ჩვეულებრივზე მეტად ჭირდა. ავტოსტრადებზეც კი ნელა დაღოღავდნენ მანქანები
და გზის პირას, თოვლში მხრჩოლავი სატვირთო ავტომანქანები ჩახერგილიყვნენ.
სამაგიეროდ, აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში გაზაფხული ტრიალებდა.
მე ჰოლანდიელი მოხუცი ქალბატონის უკან ვიდექი რიგში, რომელიც ერთი
საათი ეკამათებოდა მოხელეს თავისი თერთმეტი ჩემოდნის თაობაზე.
მოწყენილობისაგან აღარ ვიცოდი, რა მექნა, როცა მოულოდნელი გამოცხადება
ვიხილე და ისე დავიბენი, ვერც გავიგე, რით დამთავრდა დისკუსია. ღრუბლებიდან
ჩემი დაბნეულობის გამო გამოთქმულმა მოხელის საყვედურმა ჩამომაგდო. ბოდიშის
ნაცვლად ვკითხე, ერთი ნახვით შეყვარების თუ სჯეროდა. „რა თქმა უნდა“,
მიპასუხა, „სხვანაირი სიყვარული არ მწამს“. შემდეგ ყურადღებით დააკვირდა
კომპიუტერის ეკრანს და მკითხა, რომელი ადგილი მერჩივნა: მწეველთა თუ
არამწეველთა.
– სულერთია, – ვუპასუხე გულწრფელად, – ოღონდ თერთმეტი ჩემოდნის
გვერდით ნუ მომახვედრებთ.
მან მადლიერების ნიშნად სამსახურებრივი ღიმილი შემომაგება და ეკრანისთვის
თვალმოუცილებლად შემომთავაზა.
– თვითონ აირჩიეთ ნომერი: სამი, ოთხი ან შვიდი.
– ოთხი.
მის ღიმილს ტრიუმფალური ელფერი დაედო.

198
199

– მთელი თხუთმეტი წლის მანძილზე, რაც აქ ვმუშაობ, თქვენ პირველი ადამიანი


ხართ, ვინც მეშვიდე ნომერს არ ირჩევს.
ბილეთზე ადგილის ნომერი აღნიშნა, დანარჩენ საბუთებთან ერთად გამომიწოდა
და პირველად შემომხედა თავისი ყურძნისფერი თვალებით, რაც სალბუნად დამედო
ლამაზი ქალის ხელმეორედ ნახვამდე, ამასთან, გამაფრთხილა, რომ აეროპორტი
იკეტებოდა და ყველა რეისი გადადებული იყო.
– როდემდე? – დავინტერესდი მე.
– ღმერთმა იცის, – გამიღიმა, – დილით რადიომ გამოაცხადა, რომ წელს ასეთი
დიდთოვლობა არ ყოფილა.
მაგრამ შეცდა: წლის კი არა, საუკუნის დიდთოვლობა აღმოჩნდა. სამაგიეროდ
პირველი კლასის მგზავრთა მოსაცდელ დარბაზში ისეთი რეალური გაზაფხული
იდგა, ლარნაკებში ნამდვილი ვარდები ეწყო და დაკონსერვებული მუსიკაც ისეთი
ამაღლებული და დამამშვიდებელი ჩანდა, როგორც მის შემქმნელებს ჰქონდათ
ჩაფიქრებული. უცებ გამიელვა, რომ ეს ყველაზე შესაფერისი თავშესაფარი იყო
ლამაზი ქალისთვის და საკუთარი გამბედაობით შეძრულმა სალონებში დავიწყე
ძებნა, მაგრამ მგზავრთა უმეტესობა რეალური ცხოვრების მამაკაცები იყვნენ,
რომლებიც ინგლისური გაზეთების კითხვით იქცევდნენ თავს, სანამ მათი ცოლები
სხვებზე ფიქრობდნენ და მოჭიქული ფანჯრებიდან თოვლში ჩამკვდარ
თვითმფრინავებს, გაყინულ ქარხნებსა და ლომების 1
(
1
ლომებში იგულისხმება
ფრანგული მანქანის – `პეჟოს“ ემბლემა. როისი იგივე როლს-როისია.) მიერ
შევიწროებულ როისის სახელოსნოებს ათვალიერებდნენ. ნაშუადღევს სალონები
გაიჭედა და ისე ჩაიხუთა, რომ ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გავედი.
იქ საშინელი სურათი დამხვდა. მოსაცდელ დარბაზებში ერთმანეთში არეულიყო
ყველა ჯურის მგზავრი. დერეფნები, კიბეები და იატაკიც კი ბავშვებით,
ცხოველებითა და ჩემოდნებით იყო ჩახერგილი. ქალაქთან მიმოსვლა შეწყვეტილიყო
და გამჭვირვალე, შუშის სასახლე მეჩეჩზე შემჯდარ უზარმაზარ კოსმოსურ ხომალდს
ჰგავდა. გამახსენდა, რომ ლამაზი ქალიც ამ უწყინარ ურდოში ერია და ლოდინის
ხალისი დამიბრუნდა.
სადილის დრო რომ დადგა, თავი კვლავ კატასტროფის მსხვერპლად ვიგრძენით.
შვიდი რესტორნის, კაფეებისა და გაჭედილი ბარების წინ უზარმაზარი რიგები
გაიჭიმა. ხოლო სამ საათში ყველაფერი დაკეტეს, რადგან საჭმელ-სასმელის ნატამალი
არსად დარჩა. ბავშვებმა, რომლებსაც აეროპორტში თვლა არ ჰქონდათ,
ერთდროულად მორთეს ღრიალი და ბრბოს ჯოგის სუნი აუვიდა. დადგა
ინსტინქტების დრო. იმ აყალმაყალში მხოლოდ ორი უკანასკნელი ჭიქა კრემიანი
ნაყინის შეჭმა მოვახერხე საბავშვო განყოფილებაში. სანამ მე დაგემოვნებით
მივირთმევდი ნუგბარს, ოფიციანტები გათავისუფლებულ სკამებს მაგიდებზე
აწყობდნენ. სარკის სიღრმეში საკუთარ თავს, მუყაოს ბოლო ჭიქას და მუყაოსვე ბოლო
კოვზს ვათვალიერებდი და ლამაზ ქალზე ვფიქრობდი.

199
200

ნიუ-იორკის რეისი დილის თერთმეტი საათის ნაცვლად, საღამოს რვა საათზე


გაფრინდა. როცა ბოლოს და ბოლოს თვითმფრინავში აღმოვჩნდი, პირველი კლასის
სალონი უკვე შევსებული იყო. სტიუარდესამ ჩემი ადგილისკენ წამიყვანა. უცებ
სუნთქვა შემეკრა. მეზობელ სავარძელზე, ფანჯარასთან ლამაზი ქალი იჯდა და
გამოცდილი მგზავრივით ემზადებოდა საფრენად. „ოდესმე ეს რომ დავწერო, არავინ
დამიჯერებს“, ვიფიქრე და ენადაბმული გაუბედავად მივესალმე. პასუხი არ გამცა და
ისე გულმოდგინედ მოეწყო, გეგონებოდა, რამდენიმე წელი უნდა გაატაროს
თვითმფრინავშიო. ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინა და მალე სავარძელი
იდეალურად დალაგებულ სახლს დაამგვანა, სადაც თადარიგიან დიასახლისს
ყველაფერი ხელის გაწვდენაზე აქვს. შუა საქმიანობაში რომ იყო, ბორტგამცილებელმა
შამპანური მოგვიტანა. მე ორი ჭიქა ავიღე, მისთვისაც რომ მიმეწოდებინა, მაგრამ
დროზე შევიკავე თავი. მან უბრალო წყალი მოითხოვა და ბორტგამცილებელს ჯერ
დამტვრეული ფრანგულით, შემდეგ ოდნავ უკეთესი ინგლისურით სთხოვა, ფრენის
მანძილზე არავითარ შემთხვევაში არ გაეღვიძებინათ. მის სერიოზულ და ნაზ ხმაში
აღმოსავლური მელანქოლია ისმოდა.
წყალი რომ მიუტანეს, მუხლებზე ბებიის ზანდუკის ფორმის, კუთხეებში
სპილენძის სამშვენისებიანი პატარა ჩანთა გააღო და ფერადი აბებით სავსე ბუდიდან
ორი ოქროსფერი აბი ამოიღო. მეთოდურად და ფრთხილად მოქმედებდა, თითქოს
დაბადებიდან ყველაფერი გამოთვლილი და გათვალისწინებული აქვსო. ბოლოს
ფანჯარაზე ფარდა ჩამოუშვა, სავარძელი ბოლომდე გადასწია, ფეხზე გაუხდელად
გადასაფარებელი წელამდე წაიფარა, თვალებზე შავი ნიღაბი გაიკეთა და ჩემგან
ზურგშექცევით, გვერდულად დაწვა. მაშინვე დაიძინა, ერთი ზედმეტი პაუზისა და
ამოსუნთქვის გარეშე და ნიუ-იორკამდე, ფრენის რვა საათისა და თორმეტი წუთის
მანძილზე, ფეხი არ გაუტოკებია.
დაძაბული მგზავრობა იყო. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბუნებას ლამაზ ქალზე
მშვენიერი არაფერი შეუქმნია, ამიტომ მოჯადოებული შევყურებდი ჩემს გვერდით
მძინარე ზღაპრულ ქმნილებას. როგორც კი ავფრინდით, ბორტგამცილებელი
კარტეზიანელმა სტიუარდესამ შეცვალა, რომელმაც ჩემი მეზობლის გაღვიძება
სცადა, რათა მისთვის პატარა სასუვენირო ჩანთა და მუსიკის მოსასმენი საყურისები
მიეცა. მე ლამაზი ქალის თხოვნა გავუმეორე, მაგრამ მან პირველი პირიდან მოისურვა
მოსმენა, რომ მგზავრს მართლა არ სურდა ვახშამი. ჩემი სიტყვები
ბორტგამცილებელმაც დაუდასტურა, მაგრამ სტიუარდესა მაინც ალმაცერად
მიყურებდა, რადგან ლამაზ ქალს ყელზე მუყაოს ბარათი არ ეკიდა თხოვნით, არ
გამაღვიძოთო. ისე უშფოთველად ეძინა, ერთი პირობა შევშფოთდი კიდეც, ძილის
წამლის ნაცვლად საწამლავი ხომ არ დალია-მეთქი. ყოველი ყლუპი შამპანურის
მოსმის წინ ჭიქას ვწევდი და ვადღეგრძელებდი:
– შენ გაგიმარჯოს, ლამაზო!
ნავახშმევს სინათლეები ჩააქრეს და ფილმი გაუშვეს, რომელსაც არავინ
უყურებდა, სამყაროში გამეფებულ ბინდ-ბუნდში ჩვენ ორნიღა დავრჩით. საუკუნის
200
201

უდიდესი დიდთოვლობა უკან მოვიტოვეთ. ატლანტაზე ყოვლისმომცველი, კამკამა


ღამე ჩამოწოლილიყო და თვითმფრინავი თითქოს გაუნძრევლად ეკიდა
ვარსკვლავებს შორის. რამდენიმე საათი თვალმოუშორებლად, გულმოდგინედ
ვათვალიერებდი და წყალში არეკლილი ღრუბელივით დროდადრო შუბლზე
გამკრთალი სიზმრის აჩრდილთა გარდა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ შემიტყვია.
ყელზე თხელი, ოქროს ძეწკვი ეკიდა, რომელიც თითქოს არც ეტყობოდა ოქროსფერ
კანზე, იდეალური ფორმის ყურები გახვრეტილი არ ჰქონდა, ვარდისფერი
ფრჩხილები კი მის ჯანმრთელობაზე მეტყველებდა. მარცხენა ხელზე უთვლო
ბეჭედი ეკეთა. ოც წელზე მეტის არ ჩანდა და თავი დავიმშვიდე, რომ ბეჭედი
საქორწინო კი არა, რომელიღაც ეფემერული რომანის სამახსოვრო იყო. „იმის ცოდნა,
რომ ჩემს გვერდით გძინავს, რეალურსა და საიმედოს, მიტოვების კალაპოტში, მე კი
ასე ახლოს ვარ ხელშებორკილი“... ვიმეორებდი შამპანურის ქაფში ხერარდო დიეგოს
ოსტატურ სონეტს. შემდეგ სავარძელი მის სიმაღლეზე გადავწიე და ცოლ-ქმარივით
ერთ საწოლში აღმოვჩნდით. სუნთქვაც ხმასავით ნატიფი ჰქონდა, მისი კანის
არომატი კი სხვა არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა მისი სილამაზის სუნი.
დაუჯერებლად მეჩვენებოდა: გასულ გაზაფხულზე იასუნი კავაბატას მშვენიერი
რომანი წავიკითხე კიოტელ მდიდარ მოხუცებზე, რომლებიც უამრავ ფულს
იხდიდნენ, რათა მთელი ღამე ქალაქის ულამაზესი გოგონების ცქერაში
გაეტარებინათ. გოგონები შიშვლები და ნარკოტიკით გაბრუებულები იწვნენ მათთან
ერთად საწოლში. მოხუცებს არც მათი გაღვიძება შეეძლოთ, არც ხელის ხლება და,
კაცმა რომ თქვას, არც ცდილობდნენ, რადგან მთელი სიამოვნება მძინარეთა ყურება
იყო. იმ ღამეს ლამაზი ქალის ძილს რომ ვდარაჯობდი, მშვენივრად გავუგე იაპონელ
მოხუცებს და მთელი მათი განცდები საკუთარ თავზე გამოვცადე.
– ვინ იფიქრებდა, – ვებურდღუნებოდი საკუთარ თავს შამპანურით
გაღიზიანებული, – რომ მე, ამ სიმაღლეზე იაპონელ მოხუცად ვიქცეოდი.
ბოლოს სასმელმა და ფილმის უხმო კადრებმა თავისი გაიტანა და ვფიქრობ,
რამდენიმე საათი მეძინა. თავდამძიმებულმა გავიღვიძე და ტუალეტში წავედი. ჩემს
უკან, ორ სკამზე, თერთმეტჩემოდნიან, უშნოდ ფეხებგაჩაჩხულ ჰოლანდიელ
ქალბატონს ეძინა და ბრძოლის ველზე მიტოვებულ მკვდარს ჰგავდა. შუა
გასასვლელში, იატაკზე, მისი სათვალე და კრიალოსანი ეყარა და სიამოვნებით
გადავწყვიტე არ ამეღო.
შამპანურის შედეგისგან რომ გავთავისუფლდი, სარკეში ჩემი გაუბედურებული
უშნო თავი დავინახე და გამიკვირდა, როგორ დავეჯაბნე სიყვარულს. უცებ
თვითმფრინავი შეინჯღრა, შემდეგ ძლივძლივობით გასწორდა და ყანყალით
გააგრძელა ფრენა. ტაბლოზე ანთებულმა წარწერამ ადგილზე დაბრუნება მიბრძანა.
სასწრაფოდ გავეშურე ჩემი სავარძლისკენ იმ იმედით, იქნებ ღმერთის მიერ
ჩაფიქრებულ არეულობას მაინც გაეღვიძებინა ლამაზი ქალი და შეშინებულს ჩემ
მკლავებში ეპოვნა სიმშვიდე. სიჩქარეში კინაღამ ჰოლანდიელის სათვალე გავტეხე,
რაც ერთობ გამახარებდა. მაგრამ მერე უკან მივბრუნდი, სათვალე ავიღე და კალთაში
201
202

ჩავუდე პატრონს, რადგან უცებ მადლიერების გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ, ჩემზე
ადრე რომ არ აირჩია მეოთხე ნომერი სავარძელი.
ჩემს მეზობელს ისე უშფოთველად ეძინა, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ
შემენჯღრია და რაიმე მიზეზით არ გამეღვიძებინა. ფრენის ბოლოს მაინც მინდოდა
მღვიძარე, თუნდაც გაბრაზებული მენახა, რათა ამგვარად დამებრუნებინა ჩემი
თავისუფლება და იქნებ ახალგაზრდობაც, მაგრამ ვერ შევძელი. „ჯანდაბას ჩემი
თავი!“ ვთქვი გაბრაზებულმა, „რატომ კუროდ7 არ დავიბადე!“ როგორც კი
თვითმფრინავი ბორბლებით მიწას შეეხო, სხვის დაუხმარებლად გაიღვიძა. ისეთი
ქორფა და ლამაზი იყო, თითქოს ვარდნარში ეძინაო. მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ
თვითმფრინავის მგზავრები გაღვიძებისას ერთმანეთს არ ესალმებიან, არც ის
მომსალმებია. ნიღაბი მოიხსნა, ნათელი თვალები დაახამხამა, სავარძელი გაასწორა,
გადასაფარებელი გვერდით გადადო, მძიმე თმა თავის გაქნევით შეისწორა,
მუხლებზე პატარა ჩანთა დაიდო და სანამ თვითმფრინავის კარს გააღებდნენ,
მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა ისე, რომ ჩვენთვის ზედაც არ შემოუხედავს. შემდეგ სელის
პიჯაკი მოიცვა, გასვლისას კინაღამ ფეხზე გადამიარა, რაზეც
სამხრეთამერიკულაქცენტიანი ესპანურით გულსგარეთ ბოდიში მომიხადა და
დაუმშვიდობებლად წავიდა. მადლობაც კი არ გადაუხდია ჩვენი ბედნიერი
ღამისთვის, ისე ჩაინთქა ნიუ-იორკის ამაზონიის მზის შუქში.

მოთხრობის გზამკვლევი

სილამაზე ჩვენთვის და სილამაზე ჩვენ „გარეთ“ ორი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ
ერთნაირად მოქმედებს ჩვენზე. რატომ ჰქვია ამ მოთხრობას „მშვენიერი მძინარე ქალის
თვითმფრინავი“? ამას რამდენიმე მიზეზი უნდა ჰქონდეს და მთელ იმ ისტორიას, რაც
მოთხრობილია, მრავალფეროვნად წარმოადგენდეს. თვითმფრინავში ბევრი ადამიანი ზის -
ყველას თავისი ბედი, ცხოვრება და სურვილები აქვს. ამ ნიშნით, სათაური გვეუბნება, რომ
მოთხრობის ამბავი მთელ სამყაროს ეხება. რატომ არის ეს თვითმფრინავი ქალის? იმიტომ
რომ, მთელ ხანგრძლივ მგზავრობას მისი სახება მსჭვალავს - აფრენიდან დაშვებამდე ამ
თვითმფრინავს აზრს სწორედ ეს ქალი ანიჭებს. რით და როგორ? - იმით, რომ მისი
მშვენიერება კაცის ნებისყოფაზე მაღლა დგას და მის ყველა საფიქრალს ავსებს. რაც შეეხება
„მძინარეს“, ეს სიტყვა გვამცნობს, რომ მთხრობელის განწყობას არც ერთი შემხვედრი განცდა
არ ახლავს - ქალის მშვენიერება, რაგინდ გვერდით იყოს, მისი ცხოვრების „გარეთ“ არის.

დანახვის პირველივე წამიდან („ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს“) ეს


„ზებუნებრივი ხილვა“ კაცს მოსვენებას არ აძლევს და მაგნიტივით იზიდავს. რა თქმა უნდა,
ეს არ არის სიყვარული (როგორც ამბობენ, „ერთი ნახვით შეყვარება“). ეს მშვენიერების
კატასტროფულად დამთრგუნველი და, იმავდროულად, აღმაფრთოვანებელი შეგრძნებაა,
რომელიც - გაჩენის მომენტიდან - მუდმივ თანყოფნას სთხოვს ადამიანს. ეს სწორედ რომ ის

7
იგულისხმება ზოდიაქოს ნიშანი
202
203

ფიქრი და გულისწადილია, მანამდე აბუზღუნებულ და მოსალოდნელი ომით უკმაყოფილო


ტროელ უხუცესებს რომ ათქმევინებს მშვენიერ ელენეზე: „ამ ქალისთვის ღირდა ეს ომიო“.

რამდენიმე საათი მთხრობელი და ლამაზი ქალი გვერდიგვერდ სხედან. ეს დრო ქალისთვის


არაფერს ნიშნავს - აფრენისას იძინებს და მხოლოდ დაშვებისას ეღვიძება. კაცისთვის კი ის
დაუსრულებელი ბედნიერებაა - ეს დრო ლამის მთელ მის ცხოვრებას გაუტოლდეს. ისინი
ერთად სხედან, მაგრამ სრულიად განსხვავებულად წარმოადგენენ სიტყვა „ყოფნას“:
მშვენიერი ქალი „ყველაფრის არაფრობით“ იძინებს, კაცი კი ძალიან თვალსაჩინო „არაფერში“
ყველაფერს ხედავს და შეიგრძნობს. მისთვის ამ რამდენიმე საათის განმავლობაში „სხვა“ თუ
„სხვისი“ მშვენიერება საკუთარი ცხოვრების უძვირფასეს ნაწილად იქცევა, რომელიც
უარყოფს ცნება „ალტერნატივას“.

კაცი ბოლოს მაინც თითქოს შეიცნობს მიუწვდომლობის რეალობას („სარკეში ჩემი


გაუბედურებული, უშნო თავი დავინახე და გამიკვირდა, როგორ დავეჯაბნე სიყვარულს“) და
ისღა ეოცნებება, რომ მშვენიერმა ქალმა დაფრენამდე ცოტა ხნით ადრე მაინც გაიღვიძოს და
თუნდაც ეჩხუბოს, მაგრამ ეს ნატვრაც აუსრულებელი რჩება. ერთადერთი, რასაც მთხრობელი
ამ ქალისგან გაიგონებს, გულსგარეთ ნათქვამი ბოდიშის სიტყვებია, შემთხვევით ფეხზე
დადგმას რომ მოჰყვება - გასვლისას ქალს ერთხელაც კი არ შეუხედავს კაცისთვის,
რომლისთვისაც თვითმფრინავში გატარებული რამდენიმე საათი უპირობო ბედნიერებას
გაუტოლდა.

შესაძლოა მარკესი გვეუბნება, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას მოაქვს ბედნიერება -
მთავარია ის არსებობდეს. არსებობდეს ჩვენთვის, თუნდაც მის გამომწვევ მიზეზს
წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს ამის შესახებ.

203
204

ქეთრინ მენსფილდი

ნოველისტი ქეთრინ მენსფილდ მიური 1888 წლის 14 ოქტომბერს ახალ ზელანდიაში,


კერძოდ, ველინგტონში დაიბადა. 19 წლამდე ახალ ზელანდიაში იზრდებოდა,
შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაიცნო და
დაუმეგობრდა შესანიშნავ მწერალ ქალს, ვირჯინია ვულფს.

მისი პირველი მოთხრობა ველინგტონის ქალთა საშუალო სკოლის ჟურნალში 1898


წელს გამოქვეყნდა. 1903 წელს, დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლის
შემდეგ, სამეფო კოლეჯში ჩაირიცხა, დებთან ერთად. ახალ ზელანდიაში ის ჩელოზე
დაკვრას სწავლობდა და დიდ ბრიტანეთშიც აპირებდა, ამ საქმისთვის
პროფესიონალურად მოეკიდა ხელი, თუმცა კოლეჯის გაზეთში ისეთი დიდი
ენთუზიაზმით დაიწყო წერა, რომ მოგვიანებით მის რედაქტორად დანიშნეს.

ახალ ზელანდიაში 1906 წელს დაბრუნდა და მოთხრობების წერა დაიწყო. ამ


დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მწერალი უნდა ყოფილიყო.

საკმაოდ ვრცელია მისი მოთხრობების ჩამონათვალი: „დაბადების დღე“, „მილი“,


„პრელუდია“, „ფსიქოლოგია“, „მზე და მთვარე“, „პატარა გოგონა“, „უცნობი“,
„თოჯინების სახლი“. როგორც გაბრიელ გარსია მარკესი აღნიშნავდა, მასზე ქეთრინ
მენსფილდის მოთხრობებმა უდიდესი გავლენა მოახდინა...

მწერალი ქალი 1923 წლის 9 იანვარს, ძალიან ახალგაზრდა, 34 წლის ასაკში,


საფრანგეთში ტუბერკულოზით გარდაიცვალა...

,
თოჯინების სახლი

თარგმნა ლელა ზურებიანმა


(ქეთრინ მენსფილდი, „თოჯინების სახლი“, გამომცელობა „პალიტრა L“, თბილისი, 2011)

კეთილი მოხუცი მისის ჰეი ბერნელებთან სტუმრობის შემდეგ როგორც კი


ქალაქში დაბრუნდა, იქიდან ბავშვებს თოჯინების სახლი გამოუგზავნა. სახლი
იმხელა იყო, რომ მტვირთავმა და პეტმა ძლივს შეიტანეს ეზოში და ასევე დატოვეს,
ორ ხის ყუთზე შემოდებული, ფარდულის გვერდით. ავდარი ვერ გააფუჭებდა –
ზაფხული იდგა. იმ დროისთვის კი, როცა მისი ოთახში გადატანა გახდებოდა
საჭირო, საღებავის სუნი იქნებ თანდათან გასვლოდა. დეიდა ბერილის აზრით, – „რა
თქმა უნდა, მოხუცი მისის ჰეი ძალიან კეთილია, ძალიან, კეთილი და გულუხვი!“ –

204
205

მაგრამ ამ სუნისგან ადვილად შესაძლებელია დაავადდე.. მანამდეც კი, სანამ სახლს


ბრეზენტს მოხდიდნენ. მერე კი...
ჰოდა, ჯერჯერობით ასე დატოვეს, მუქი მწვანე და მკვეთრი ყვითელი ზეთის
საღებავებით შეღებილი სახლი. სახურავზე ორი პატარა მილი ჰქონდა მიწებებული,
წითელი და თეთრი, კარი კი ყვითელი ლაქით დაეფარათ და საღეჭ რეზინას ჰგავდა.
ოთხ პატარა სარკმელზე – ნამდვილ სარკმელებზე, ფართო მწვანე ზოლები იყო
გავლებული. პაწაწინა ყვითელი აივანიც კი ჰქონდა. სახურავზე გამშრალი საღებავის
წვეთები ეკიდა...
არა, მართლა შესანიშნავი სახლი იყო! მერე რა, სუნი! სუნიც სიახლისა და
სიხალისის განუყოფელი ნაწილი არ არის?!
– მალე გახსენით, რა!
დუგმა გაიჭედა და პეტმა ძლივს მოახერხა პატარა დანის დახმარებით მისი
გადაწევა. უცებ სახლის მთელი წინა კედელი გადაიხსნა და შეიძლებოდა
ერთდროულად დაგენახა სასტუმრო ოთახიც, სასადილოც, სამზარეულოც და ორი
საძინებელიც. აი, ასე უნდა იხსნებოდეს სახლი! ყველა სახლი რატომ არ იხსნება ასე!
ეს გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ვიდრე კარიდან შესვლა უბადრუკ პატარა
დერეფანში, სადაც საკიდის გვერდით ორი ქოლგაა აყუდებული... ნამდვილად
ამგვარად – ნუთუ ასე არ არის? – მოგინდებათ ყველა სახლის დანახვა, რომელშიც
შესვლას აპირებთ. იქნებ ღმერთი სწორედ ასე აღებს სახლებს, როცა ანგელოზთან
ერთად შემოუვლის ხოლმე დასათვალიერებლად, შუაღამისას.
– ვა! – ბერნელის გოგონებს აღტაცებისგან ესღა აღმოხდათ. პირდაპირ დნებოდნენ
სიხარულით, ისეთი საოცარი იყო ეს სახლი. არასდროს ენახათ მსგავსი რამ. ყველა
ოთახში შპალერი იყო გაკრული. შპალერებზე ნამდვილი ნახატები ეხატა,
ოქროსჩარჩოებშემოვლებული. იატაკზე ყველა ოთახში, სამზარეულოს გარდა,
წითელი ხალიჩა ეფინა; სასტუმრო ოთახში წითელი ფუმფულა სავარძლები იდგა,
სასადილო ოთახში – მწვანე; მაგიდები, საწოლები – ნამდვილი ზეწრებით და
საბნებით, აკვანი, სამზარეულოს თაროები – პაწაწინა თეფშებით და დიდი დოქით.
მაგრამ კეზის ყველაზე მეტად მოეწონა – საოცრად მოეწონა! –პატარა ლამფა.
სასადილო ოთახში მაგიდის ცენტრში რომ იდგა – მშვენიერი ქარვის ლამფა
მშვენიერი აბაჟურით. თითქოს სავსეც კი იყო, შეგეძლო აგენთო კიდეც, თუმცა, რა
თქმა უნდა, ანთება არ შეიძლება. და მაინც, შიგნით იყო რაღაც ნავთის მსგავსი – თუ
ლამფას გააჯანჯღარებდი, ალბათ გადმოიღვრებოდა.
თოჯინები – დედა და მამა – უძრავად გადაწოლილიყვნენ სასტუმრო ოთახის
სავარძლებზე, თითქოს გული წასვლოდათ, და ორი ბავშვი, ზემოთ საძინებელში
მწოლიარენი, მეტისმეტად დიდები იყვნენ თოჯინების სახლისთვის. ისეთი
შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა, რომ მათ აქ არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ პატარა
ლამფა მართლა საოცრება იყო! თითქოს კეზის უღიმოდა, სურდა ეთქვა: „მე აქ
ვცხოვრობ“. ლამფა ნამდვილივით იყო.

205
206

მეორე დილას ბერნელის გოგონები კი არ მიდიოდნენ, მიფრინავდნენ სკოლაში.


სწყუროდათ, რაც შეიძლება მალე, ზარის დარეკვამდე ეთქვათ ყველასთვის
თოჯინების სახლის შესახებ, აღეწერათ, თავი მოეწონებინათ მისით.
– მე მოვყვები, – გამოაცხადა იზაბელმა, – იმიტომ, რომ მე ყველაზე უფროსი ვარ,
თქვენ კი შეგიძლიათ მერე დაამატოთ რაიმე წვრილმანი. მაგრამ მე დავიწყებ.
შედავება არავის უფიქრია. იზაბელს უყვარდა მბრძანებლობა, ის ყოველთვის
მართალი იყო, ლოტიმ და კეზიმ კი მშვენივრად იცოდნენ, რა ძალაუფლებას ანიჭებს
ადამიანს უფროსობა. მდუმარედ მიაბიჯებდნენ ბაიებით მოფენილ ბილიკზე.
– და მე თვითონ ავირჩევ, პირველი ვინ მოვა ჩვენთან სახლის სანახავად. დედამ
თქვა, რომ შეიძლება.
იზაბელი დედას შეუთანხმდა, რომ სანამ თოჯინების სახლი ეზოში იდგა,
შეეძლო მეგობრები მოეყვანა – ერთდროულად ორიც კი, – რათა მათი სიახლით
დამტკბარიყვნენ. ოღონდ, ჩაიზე არ უნდა დაეტოვებინა და არ უნდა ეცელქათ –
წყნარად უნდა მდგარიყვნენ ეზოში და ეყურებინათ, სანამ იზაბელი თოჯინების
სახლის მშვენიერებას აზიარებდა, კეზი და ლოტი კი კმაყოფილი სახეებით,
მოღიმარნი იქვე იდგებოდნენ...
მაგრამ რაც უნდა ეჩქარათ, იმ დროისთვის, როცა ბიჭების სპორტულ მოედანთან
კუპრით გადაღებილ ღობეს მიუახლოვდნენ, ზარი აწკრიალდა. ისღა მოასწრეს,
ქუდები მოეხადათ და მწკრივში ჩამდგარიყვნენ, რომ გაძახება დაიწყო. არა უშავს!
თუმცა იზაბელს ფარ-ხმალი არ დაუყრია – ამაყი სახით იდგა და პირზე
ხელაფარებული იდუმალი სახით ჩასჩურჩულებდა მეზობლებს.
– შესვენებაზე რაღაცას მოგიყვებით!
შესვენებაც დადგა და იზაბელი გოგონებმა წრეში ჩააყენეს. თანაკლასელებმა
ლამის იჩხუბეს მასთან ხელჩაკიდებულ გავლაზე, მლიქვნელურად უღიმოდნენ და
მის საუკეთესო დაქალებად მოჰქონდათ თავი. ის კი ნამდვილი დედოფალივით
იჯდა უშველებლი ფიჭვების ქვეშ, სპორტული მოედნის კიდესთან. გოგონები
კისკისით და მუჯლუგუნების კვრით ირეოდნენ მის გარშემო. მხოლოდ ორი გოგონა
იდგა მოშორებით (ისინი ყოველთვის სხვებისგან შორს იდგნენ) – კელვის
ქალიშვილები. მათ კარგად იცოდნენ, რომ ბერნელის გოგონებთან მიახლოებაც კი არ
შეიძლებოდა.
სკოლა, რომელშიც იზაბელი, კეზი და ლოტი დადიოდნენ, მათი მშობლების
აზრით, მათთვის მთლად შესაფერისი არ იყო. თუმცა სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
შემოგარენში რამდენიმე მილზე სხვა სკოლა არ არსებობდა. ამიტომაც მეზობლად
მცხოვრებ ყველა ბავშვს – მოსამართლის გოგონებს, ექიმის, მეფუნთუშისა და
მერძევის შვილებს, – ერთად უწევდათ სწავლა და თამაში. და კიდევ, იმავე სკოლაში
დადიოდნენ უხეში, თავხედი ბიჭები, თუმცა ისინი ნაკლებნი იყვნენ, ვიდრე
გოგონები. მაგრამ სადღაც აუცილებელი იყო საზღვრის გავლება და ეს საზღვარი
კელვის გოგონების წინაშე გაავლეს. ბავშვების უმეტესობას, ბერნელის შვილების
ჩათვლით, მათთან დალაპარაკებაც კი ეკრძალებოდათ. ისინი კელვის გოგონებს
206
207

თავაწეულები უვლიდნენ გვერდს და რაკი ბერნელის გოგონები ტონს იძლეოდნენ


სკოლაში, კელვის გოგონებს უკვე ყველა გაურბოდა. მასწავლებლებსაც კი
განსაკუთრებულად დაყენებული ხმა ჰქონდათ მათთვის და გამორჩეული ღიმილი
სხვა ბავშვებისთვის, როცა ლილი კელვი მაგიდას უახლოვდებოდა სამარცხვინოდ
უღიმღამო მინდვრის ყვავილებით.
მათი დედა ტანდაბალი მრეცხავი იყო, მშრომელი, ბეჯითი ქალი, რომელიც
დღიურად რეცხავდა სხვის სახლებში თეთრეულს. ესეც კი უკვე საკმარისი იქნებოდა
მისი შვილების მოსაკვეთად. მაგრამ სად იყო მათი მამა? გარკვევით არავინ იცოდა,
მაგრამ ამბობდნენ, რომ ის ციხეში იჯდა. მაშ ასე, კელვის გოგონები მრეცხავისა და
პატიმრის შვილები იყვნენ. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი კომპანიაა მოსამართლისა
და ექიმის ბავშვებისთვის! გამომეტყველებაც შესაბამისი ჰქონდათ. ვერ გაიგებდი,
რატომ რთავდა მათ მისის კელვი ასე სასაცილოდ. საქმე ის არის, რომ ეს გოგონები
მისის კელვის დამქირავებლების მიერ მისთვის ნაჩუქარი ძონძებით შემოსილნი
დადიოდნენ. მაგალითად, ლილი – ტანსრული, ულამაზო, ძალინ ჭორფლიანი
გოგონა, – სკოლაში მწვანე სარჟის კაბით დადიოდა, რომელიც ბერნელების მაგიდის
გადასაფარებლისგან იყო შეკერილი, წითელი ბეწვის სახელოებით, რომლებიც
ლოგანების ფარდებისგან შეეკერა დედამისს. მაღალ შუბლზე წამოსკუპებული შლაპა
კი – უფროსი ქალის ქუდი – მის ლეკის კუთვნილება იყო ერთ დროს,
ფოსტმაისტერის. შლაპის ველები უკანა მხარეს ქვემოთკენ იბრიცებოდა და
უშველებელი ალისფერი ბუმბული ამშვენებდა. ნამდვილ პატარა საფრთხობელას
ჰგავდა ლილი! მისი შემხედვარე სიცილს ძნელად შეიკავებდი. მისი უმცროსი და კი,
„ჩვენი ელე“, გრძელ თეთრ კაბას ატარებდა, რომელიც საღამურს უფრო ჰგავდა, და
ბიჭუნას ბოტებს. მაგრამ რაცუნდა ჩაგეცმიათ „ჩვენი ელესთვის“, მაინც საოცარი
იქნებოდა. გამხდარი პატარა გოგონა გახლდათ შეკრეჭილი თმითა და უშველებელი
ნაღვლიანი თვალებით – ნამდვილი თეთრი ბუ. არასდროს იღიმოდა, თითქოს
არასდროს ლაპარაკობდა. გამუდმებით ლილის დასდევდა უკან, მის ქვედატანს
ჩაჭიდებული. სადაც ლილი წავიდოდა, იქით მიდიოდა „ჩვენი ელეც“. სათამაშო
მოედანზე, სკოლისკენ მიმავალ გზაზე და უკან, წინ ყოველთვის ლილი მიაბიჯებდა,
მის უკან კი, მის კაბას ჩაკიდებული „ჩვენი ელე“ მიჩაქჩაქებდა. როცა რამე
მოუნდებოდა ან სულის მოთქმა სურდა, ოდნავ მოქაჩავდა ლილის, ისიც
შემობრუნდებოდა და ჩერდებოდა. კელვის გოგონებს ერთმანეთის უსიტყვოდ
ესმოდათ.
ახლა მოშორებით იდგნენ: არავის შეეძლო, მათთვის ყურის გდება აეკრძალა.
როცა მოწაფეები შემოტრიალდებოდნენ და ამრეზით ჩაიქირქილებდნენ, ლილი,
ჩვეულებისამებრ, მორცხვად და ბრიყვულად იღიმოდა, „ჩვენი ელე“ კი დაჟინებით
შესცქეროდა მათ.
იზაბელი სიამაყით განაგრძობდა სახლის აღწერას. განსაკუთრებული
აღფრთოვანება გამოიწვია ხალიჩამ, ასევე საწოლებმა ნამდვილი ზეწრებით და
გაზქურამ.
207
208

როცა დაამთავრა, კეზი ჩაერთო.


– ლამფა დაგავიწყდა, იზაბელ.
– ა, ჰო, – აიტაცა იზაბელმა, – კიდევ არის პაწაწინა ლამფა, მთლად ყვითელი
შუშისგან, თეთრი აბაჟურით! სასადილო ოთახში მაგიდაზე დგას. ნამდვილს ჰგავს!
– ლამფა ყველაფერს სჯობია! – შესძახა კეზიმ. მას მოეჩვენა, რომ იზაბელმა
არასაკმარისად ლამაზად აღწერა ლამფა. თუმცა მის სიტყვებს არავინ მიაქცია
ყურადღება. იზაბელი იმ ორი გოგონას არჩევით იყო დაკავებული, რომლებიც
გაკვეთილების შემდეგ უნდა წაეყვანა თოჯინების სახლის სანახავად. არჩევანი ემი
კოულსა და ლენა ლოგანზე შეაჩერა. მაგრამ როცა გამოაცხადა, რომ მერე სხვებსაც
დაპატიჟებდა, გოგონების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ერთმანეთის მიყოლებით
მირბოდნენ მასთან, გვერდზე გაჰყავდათ. აუცილებლად უნდა ჩაეჩურჩულებინათ
ყურში – რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო. თითოეულ მათგანს სურდა ეჩვენებინა:
– იზაბელი ჩემი მეგობარია!
მხოლოდ კელვის გოგონები, ყველასგან მივიწყებულები, უფრო შორს გავიდნენ:
უკვე აღარაფერი იყო მოსასმენი.
რამდენიმე დღე გავიდა და რაც მეტი გოგონა ნახულობდა თოჯინების სახლს,
მით მეტს ლაპარაკობდნენ მასზე. მას უკავშირდებოდა ყველა სურვილი, ის ყველა
ოცნებას ასრულებდა. მხოლოდ ეს ისმოდა:
– ნახე ბერნელის გოგონების თოჯინების სახლი? ხომ საოცრებაა?
– ჯერ არ გინახავს თოჯინების სახლი? ნუთუ!
საუზმის დროსაც კი მხოლოდ მასზე ლაპარაკობდნენ. გოგონები ფიჭვების ქვეშ
ისხდნენ, ცხვირსახოციან სანდვიჩებს და კარაქწასმულ შვრიის ფუნთუშებს
მიირთმევდნენ. ლილი და „ჩვენი ელე“, თავისი უფროსი დის ქვედატანს
ჩაკიდებული, მოშორებით ისხდნენ – მიახლოების ეშინოდათ – ჯემიან პურს
ღეჭავდნენ და ისინიც უსმენდნენ; გაზეთის ქაღალდი, რომლითაც სანდვიჩები
მოეტანათ, მთლად წითლად იყო დალაქავებული.

– დედა, – ერთხელაც თქვა კეზიმ, – შეიძლება, რომ კელვის გოგონები მოვიყვანო


და მათაც ვაჩვენო სახლი?
– რა თქმა უნდა, არა, კეზი.
– რატომ არ შეიძლება?
– გაიარე, კეზი, გაიარე! მშვენივრად იცი რატომაც არ შეიძლება!
ბოლოს უკვე სახლი ყველას ნანახი ჰქონდა, ამ ორის გარდა. იმ დღეს საუზმის
დროს სახლს თითქმის აღარც ახსენებდნენ. გოგონები ფიჭვების ქვეშ წრიულად
იდგნენ, დები კელვები კი, როგორც ყოველთვის, მოშორებით ისხდნენ, გაშლილი
გაზეთით – ჯემიან პურს შეექცეოდნენ და როგორც ყოველთვის, აყურადებდნენ, და
უცებ ყველას მოუნდა მათი გამოჯავრება. ემი კოულმა ჩურჩულით თქვა:
– როცა ლილი კელვი გაიზრდება, მოახლე იქნება!
– ო, რა საშინელებაა! – წამოიძახა იზაბელ ბერნელმა და ემის თვალი ჩაუკრა.

208
209

ემიმ მრავალმნიშვნელოვნად გადაყლაპა ნერწყვი და იზაბელს მიუგო, – ზუსტად


ისე, როგორც ასეთ შემთხვევებში დედამისი აკეთებდა.
– ჰო, ეს მართალია, მართალი, მართალი! – თქვა გამოჯავრებით.
მაშინ ლენა ლოგანმა ჩაიჩურჩულა თვალებანთებულმა:
– აბა, ვკითხავ მას!
– დაგენაძლევები, ვერ ჰკითხავ, – დაიჟინა ჯესი მეიმ.
– გგონია, შემეშინდება? – ლენა მოულოდნელად წამოხტა და გოგონების წინ
აცეკვდა, – უყურეთ! უყურეთ! უყურეთ! – დაიყვირა.
ცეკვა-ცეკვით, მანჭვა-გრეხით, პირზე ხელაფარებული, კისკისით მიუახლოვდა
კელვის გოგონებს.
ლილიმ ქვემოდან ამოხედა. სწრაფად შეახვია გაზეთში საუზმის ნარჩენი. „ჩვენს
ელეს“ ღეჭვა შეეწყვიტა. რა იქნება ახლა?
– ეს მართალია, ლილი კელვი, რომ როცა გაიზრდები, მოახლე იქნები? – წიკვინა
ხმით წამოიყვირა ლენამ.
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. პასუხის ნაცვლად ლილიმ მხოლოდ
სულელურად გაიღიმა, თავისი მორცხვი ღიმილით. თითქოს სულაც არ სწყენია ეს
შეკითხვა. რა იმედგაცრუება იყო ლენასთვის! გოგონები ახარხარდნენ.
ლენას არ შეეძლო დაეშვა, რომ მისთვის დაეცინათ, დოინჯი შემოიყარა და
ლილის მიაჩერდა.
– აი, მამაშენი კი ციხეშია! – ამრეზით ჩაილაპარაკა.
რა თქმა უნდა, დიდი გამბედაობა იყო საჭირო ამის სათქმელად. გოგონები
წამოიშალნენ და აქეთ-იქით ეცნენ, აღგზნებულები, აღტაცებულები გარბოდნენ.
რომელიღაც მათგანმა გრძელი თოკი იპოვა სადღაც და მასზე დაიწყეს ხტომა. ასე
მაღლა არასდროს უხტუნავიათ, ასე ჩქარა არასდროს ურბენიათ და ასე
თავგადაკლულები არასდროს ყოფილან, როგორც იმ დილას.
სადილობის შემდეგ ბერნელის გოგონებს პეტმა მოაკითხა ეტლით და სახლისკენ
გაეშურნენ. მშობლებს სტუმრები ჰყავდათ. იზაბელი და ლოტი, რომელთაც ძალიან
უყვარდათ სტუმრიანობა, საბავშვო ოთახში აცვივდნენ ტანსაცმლის
გამოსაცვლელად. კეზი უკანა ეზოში გაიპარა. იქ არავინ იყო და დიდ თეთრ ჭიშკარზე
დაიწყო ქანაობა. მერე ქუჩას გახედა და შორს ორი შავი ლაქა შენიშნა. ლაქები სულ
უფრო დიდდებოდა და აშკარად მის მხარეს მოემართებოდა . ახლა კეზი უკვე
ხედავდა, რომ ერთი ლაქა მეორის კვალდაკვალ მოძრაობდა; მიხვდა, რომ კელვის
გოგონები იყვნენ. ქანაობა შეწყვიტა. ჭიშკრიდან გადმოხტა და გაქცევა უნდოდა,
მაგრამ მერე შეყოყმანდა.
კელვის გოგონები სულ ახლოს მოვიდნენ. მათ მთელ გზაზე გადაჭიმული
ჩრდილები მოჰყვებოდათ, ისე, რომ მათი თავები თითქოს ბაიებზე მოძრაობდა.
კეზი ისევ ჭიშკარზე ახტა და აქანავდა. რაღაც მოაფიქრდა.
– გოგონებო! – გადასძახა მიმავალ დებს.

209
210

ისინი ისე გაოცდნენ, პირდაღებულები გაჩერდნენ. ლილის სულელურად


ჩაეღიმა, „ჩვენი ელე“ კი თვალებგაფართოებული იყურებოდა.
– გინდათ ჩვენი „თოჯინების სახლი“ გაჩვენოთ? – მიმართა კეზიმ, თან ცალი
ფეხი მიწაზე ჩამოდგა, მაგრამ ლილი წამოენთო და თავი გააქნია.
– და რატომ არ გინდა? – ჰკითხა კეზიმ.
ლილიმ ღრმად ჩაისუნთქა და მხოლოდ მერე თქვა:
– დედაშენმა უთხრა დედაჩვენს, რომ თქვენთვის არ შეიძლება ჩვენთან ლაპარაკი.
– აჰა! – მიუგო კეზიმ. არც იცოდა, რა ეპასუხა, – ეს არაფერია. მაინც შეგიძლიათ
ჩვენი სახლის ნახვა. წამოდით, ვერავინ დაგინახავთ.
მაგრამ ლილიმ უფრო მაგრად გააქნია თავი.
– ნუთუ არ გინდა? – ჰკითხა კეზიმ.
უცებ ვიღაცამ მოქაჩა ლილის კაბაზე. შეტრიალდა. „ჩვენი ელე“ განაწყენებული
და მავედრებელი თვალებით უყურებდა, ძალიან უნდოდა სახლის დანახვა. ლილიმ
ყოყმანით შეხედა. „ჩვენმა ელემ“ კიდევ ერთხელ მოქაჩა კაბაზე. და ლილი დანებდა.
წინ კეზი მიდიოდა. უკან კი დაკარგული კატებივით მისდევდნენ დები, ეზოში იმ
ადგილისკენ მიემართებოდნენ, სადაც თოჯინების სახლი იდგა.
– აი შეხედეთ, – საზეიმოდ გამოაცხადა კეზიმ.
ყველა გაჩუმდა. ლილი ხმამაღლა სუნთქავდა, ქშინავდა კიდეც, „ჩვენმა ელემ“ კი
საერთოდ შეწყვიტა სუნთქვა.
– მოიცადეთ, გავხსნი, – მეგობრულად გაიღიმა კეზიმ. საკეტი გადასწია და
შიგნით შეიხედეს.
– აი, სასტუმრო ოთახი, აი, სასადილო, აი...
– კეზი!
ეს დეიდა ბერილის ხმა იყო. ერთბაშად შემობრუნდნენ. სამზარეულოს
ზღურბლზე დეიდა ბერილი იდგა და ისე იყურებოდა, თითქოს თვალებს არ
უჯერებდა.
– როგორ გაბედე ჩვენს ეზოში ამ კელვების შემოყვანა? – გამყინავი ხმით,
აღშფოთებულმა თქვა, – ნუთუ არ იცი, რომ აკრძალული გაქვთ მათთან ლაპარაკი?
წადით, ბავშვებო, ახლავე წადით. და აქ აღარასდროს მოხვიდეთ, – დეიდა ბერილი
აივანს გასცდა და გოგონები წიწილებივით გარეკა ეზოდან.
– წადით ახლავე! – ბრაზიანად და ქედმაღლურად იყვირა კიდევ ერთხელ.
მაგრამ მათ გამეორება აღარ სჭირდებოდათ. სირცხვილისგან დამწვარმა,
მოკუნტულმა ლილიმ დედამისივით ფათიფუთით გაიწია ჭიშკრისკენ ისე, რომ
„ჩვენი ელე“ ძლივს ეწეოდა. უშველებელი ეზო გადაირბინეს და ჭიშკრიდან
გაცვივდნენ.
– საზიზღარო, გაუგონარო გოგო! – მივარდა დეიდა ბერილი კეზის და
თოჯინების სახლი დახურა.
დღეს საშინელ განწყობაზე იყო. წერილი მიიღო ვილი ბრენტისგან – საშინელი,
მუქარის წერილი, – სადაც ეწერა, რომ თუ საღამოს არ მივიდოდა პულმანის ჭალაში,
210
211

ის პირდაპირ მათთან სახლში გამოცხადდებოდა და ახსნა-განმარტებას მოსთხოვდა.


მაგრამ ახლა, მას მერე რაც ეს-ესაა კელვის ვირთხები დაიფრინა და კეზისაც კარგად
მოსცხო, ცოტა გულზე მოეშვა, თითქოს უშველებელი ტვირთი მოხსნეს. სახლისკენ
დუდღუნით გაეშურა.
როცა კელვის გოგონებმა სახლიდან უსაფრთხო ადგილას დაიგულეს თავი, დიდ
წითელ საქაჩ მილზე ჩამოსხდნენ, მიწაყრილთან. ლილის ლოყები უხურდა,
ბუმბულიანი შლაპა მოიხადა და მუხლებზე დაიდო. მეოცნებედ იმზირებოდნენ
შორს, საძოვრებისკენ, მდინარის მიღმა, აკაციების ბუჩქებისკენ, სადაც ლოგანების
ძროხები იდგნენ და მწველავებს ელოდნენ. რაზე ფიქრობდნენ ბავშვები?
აი, „ჩვენმა ელემ“ დასთან უფრო ახლოს ჩაიჩოჩა. უკვე დაევიწყებინა
გაბრაზებული ლედის ამბავი. თითი აუსვა ბუმბულს ლილის ქუდზე.
მოულოდნელად ღიმილმა გაუნათა სახე.
– პატარა ლამფა დავინახე, – ოდნავ გასაგონად ჩაიჩურჩულა.
და ისევ – მდუმარება.

მოთხრობის გზამკვლევი

რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, სოციალურ


სტატუსს? რა განაპიროებს „მეტობას“ თუ „ნაკლებობას“, ან „შესატყვისობასა“ თუ
„შეუთავსებლობას“ ? რა ბადებს გაუცხოებას ადამიანებს შორის და შედეგად რას ვიღებთ?
მენსფილდის ეს პატარა მოთხრობა მკაფიო პასუხებია ამ კითხვებზე.

მთავარი ის არის, რომ ადამიანთა სახლები - მათი გულებივით - დახურული სივრცეა და


ნამდვილად არ ჰგავს სათამაშო სახლს, რომელიც კეთილმა მოხუცმა მისის ჰეიმ ბერნელის
გოგონებს აჩუქა. თოჯინების სახლს წინა კედელი ეხსნება და რაც შიგნითაა, ყველაფერი
თვალსაჩინოდ ჩანს. რა მარტივი იქნებოდა ადამიანთა ცხოვრება, მათი ურთიერთობა
უბრალო და ბუნებრივი რომ იყოს წინა კედლის არმქონე სახლივით.

ამიტომაც პირველივე გვერდზე გვეუბნება მწერალი: „აი, ასე უნდა იხსნებოდეს სახლი! ყველა
სახლი რატომ არ იხსნება ასე?“ მკითხველისთვის რამე გაუგებარი რომ არ დარჩეს,
მენსფილდი თავის დამოკიდებულებას უფრო მკაფიოდ გამოხატავს: „იქნებ ღმერთი სწორედ
ასე აღებს სახლებს, როცა ანგელოზთან ერთად შემოუვლის ხოლმე დასათვალიერებლად,
შუაღამისას“.

თოჯინების სახლში ყველაფერი სხვა სახლებივითაა: შპალერი, წითელი ხალიჩა, სავარძლები,


მაგიდები, საწოლები - ნამდვილი ზეწრებით, სამზარეულოს თაროები. აქ ადამიანი-
თოჯინებიც არიან - დედა და მამა, უსიცოცხლოდ რომ გადაწოლილან სასტუმრო ოთახის
სავარძლებზე და ორი ბავშვიც, რომლებიც „მეტისმეტად დიდები იყვნენ თოჯინების
სახლისთვის“. ეს ყველაფერი ნამდვილს ჰგავს, მაგრამ ის, რაც სასადილო ოთახის მაგიდის
ცენტრში დგას, ყველაზე ნამდვილია! - ქარვის ლამფა თეთრი აბაჟურით. სწორედ ის
211
212

განასახიერებს ოცნებას ადამიანურ სიხარულზე, რომელსაც ჩვენ პატარა კეზის თვალებითა


და შეგრძნებით ვხედავთ.

ბერნელის გოგონები და მათი სკოლის მეგობრები თოჯინების სახლს ბედნიერების სახედ


აღიქვამენ, მაგრამ ეს ბედნიერება მათ კელვის გოგონებისთვის - ლილისა და „ჩვენი
ელესთვის“ არ ემეტებათ. ისინი „სხვები“ , დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლები
არიან და ამიტომ მათ მოხუცი მისის ჰეის საჩუქარი არ უნდა ნახონ - „აქ“ მათი ადგილი არ
არის. კელვის გოგონებს ცუდად, უგემოვნოდ და ღარიბულად აცვიათ და მათ - სხვა რაღა
ქნან?! - უნდა დასცინონ.

მხოლოდ პატარა კეზი ხედავს, რომ თოჯინების სახლის ლამფა შესაძლოა ყველაში თანაბრად
ანათებდეს, მაგრამ ეს გოგონა მარტო რჩება - მისი არავის ესმის. სამაგიეროდ, მისი
გულკეთილობა არსებობაჩახერგილ საბრალო ორ დაში ისეთ საოცნებო განცდას ბადებს,
რომელმაც მათ შესაძლოა ნანატრი თავისუფლება და ღირსება მოუტანოს.

ზოგჯერ მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ მოთხრობა ერთი ფრაზისთვის იწერება. მას
შეიძლება ტექსტის „სული“ ვუწოდოთ - ყველაფერი მისკენ მიდის და მისთვის ხდება. ის
გამოხატავს უმთავრეს სათქმელსა თუ განწყობას.

ქეთრინ მენსფილდის ამ მოთხრობის „სული“, ალბათ, „ჩვენი ელეს“ ჩურჩულით


წარმოთქმულ ამ სიტყვებშია: „პატარა ლამფა დავინახე“.

212
213

იუკიო მისიმა

გამოჩენილი იაპონელი მწერალი, მსახიობი და რეჟისორი, იუკიო მისიმა, 1925 წლის


14 იანვარს, ტოკიოში დაიბადა. ის მეოცე საუკუნის იაპონური ლიტერატურის ერთ-
ერთ საუკეთესო წარმომადგენლად მიიჩნევა. 1968 წელს მას ნობელის პრემიის
ლაურეატად განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ, ჯილდო იასუნარი კავაბატას
გადასცეს. 1988 წელს, მწერლის მიღწევების პატივსაცემად, დაწესდა მისი სახელობის
ჯილდო.

მისიმას ბავშვობამ საკმაოდ არასტანდარტულ გარემოში ჩაიარა. ის ბებიასთან


იზრდებოდა და ოჯახს მხოლოდ 12 წლის ასაკში დაუბრუნდა. მამას აღზრდაზე
საკუთარი შეხედულებები ჰქონდა და მისი ლიტერატურით ზედმეტი გატაცება არ
მოსწონდა, ბიჭის ოთახში ხშირად შედიოდა იმ მიზნით, რომ ენახა, რას
კითხულობდა მისი შვილი.

პირველი მოთხრობა მისიმამ იასუნარი კავაბატას მიუტანა, მისი რჩევების


მოსასმენად. კავაბატას რეკომენდაციით, უიკიო მისიმას პირველი ნაწარმოები ახალ
ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა. 1948 წელს გამოიცა „ნიღბის აღსარება“,
რომელმაც 24 წლის ასაკში მისიმას უდიდესი წარმატება მოუტანა. ეს ნახევრად
ავტობიოგრაფიული წიგნია ჰომოსექსუალის შესახებ, რომელიც ნიღბის მიღმა უნდა
დაიმალოს... მალე მწერალთან საერთაშორისო აღიარებაც მოვიდა, თითქმის ყველა
ნაწარმოები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მისი ყველაზე ცნობილი ტექსტებია „ნიღბის
აღსარება“ და „ოქროს ტაძარი“. მას 34 ნოველა, 50 პიესა, მოთხრობების 25 კრებული
და ესეების 35 ნაკრები აქვს გამოცემული.

1970 წლის 25 ნოემბერს, სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის


შემდეგ, იუკიო მისიმამ სარიტუალო ხარაკირი გაიკეთა. ამ შემთხვევას ისტორია
იცნობს, როგორც „მისიმას ინციდენტს“. მწერალი ტიკიოშია დაკრძალული.

გაზეთი

თარგმნა ლელა ზურებიანმა


(იუკიო მისიმა, „სიკვდილი შუა ზაფხულში“, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2011)

სატოკოს ახალგაზრდა ქმარი გამუდმებით დაკავებულია. აი, ამ საღამოსაც, მას


მერე, რაც ცოლთან ათ საათამდე დაჰყო, ისევ საჭეს მიუჯდა, ღამე მშვიდობისა
უსურვა და მორიგ შეხვედრაზე გაიქცა.

213
214

სატოკოს ქმარი კინომსახიობია. გინდა-არ გინდა, სატოკოს მაინც უწევს ასეთი


ღამეების, მისი საქმიანი შეხვედრების ატანა, სადაც ცოლი ყოველთვის ზედმეტი
აღმოჩნდება ხოლმე. რა ხანია მიეჩვია ტაქსიში მარტო ჩაჯდომას და უსიგომეს
კვარტალში ეულად დაბრუნებას. შინ ორი წლის ბავშვი ელოდება...
და მაინც, ამ საღამოს სატოკოს უცებ სურვილი გაუჩნდა, ცოტა გაესეირნა.
საშინელებაა ამაღამ შინ მარტო დაბრუნება, შუაღამისას, მათ სახლში...
აკვიატებული აზრი იმის შესახებ, რომ სისხლის ნაკვალევი, რაც უნდა კარგად
გაეწმინდათ, ისევ იქ იქნება, სასტუმრო ოთახში...
გუშინ, როგორც იქნა, დასრულდა აუტანელი ფუსფუსი და შფოთვა, სიტყვებით
შეუძლებელია გადმოცემა! – ყველაფრის მერე, რაც მოხდა. და სატოკოს მაინც იმედი
ჰქონდა, რომ მთელი დღევანდელი საღამო, როცა ორივესთვის ასეთი მნიშვნელოვანი
იყო გულის გადაყოლება, ქმარი მასთან ბოლომდე დარჩებოდა. მაგრამ პროდიუსერმა
დაპატიჟა გვიან ღამით მაჯიანის სათამაშოდ და ამაღამ აშკარად აღარ დაბრუნდება
შინ.
სატოკო მართლა ლამაზი იყო. მომცრო ტანისა და საოცარი მომხიბვლელობის
გამო ჯერ კიდევ სკოლაში დაიმსახურა მეტსახელი – „ტერიერი“. განუწყვეტელმა
შიშმა და წვრილმანების გამო ნერვიულობამ არ მისცეს გასუქების საშუალება.
სატოკოს მამა კინოკომპანიის დირექტორი გახლდათ. ისე გამოვიდა, რომ ქალიშვილი
კინომსახიობს გაუმიჯნურდა – და საქმე იღბლიანი ქორწინებით დაგვირგვინდა.
ჩვეულებრივი თავშესაქცევების გარდა, სატოკოს ნამდვილი გატაცება სხვათა
სატკივარის გაზიარება იყო. მისი სათუთი ნატურა, ისე როგორც ფერწერულ
ტილოზე, სათუთ სხეულსა და სახის ნაზ ნაკვთებში გამოსჭვიოდა.
იმის გახსენება, მისი ქმარი ღამის კლუბში თავის მეგობარსა და მის ცოლს
რაოდენ აზარტულად, წვრილმანებში უამბობდა მომხდარს, გუნებას უშხამავდა.
ბუნებამ სატოკო მდიდარი წარმოსახვით დააჯილდოვა. მის ქმარს კი, ამერიკულ
კოსტიუმში გამოწყობილ ახალგაზრდა ჭაბუკს, წარმოსახვის ნატამალიც კი არ
გააჩნდა. როგორც ჩანს, თუ წარმოსახვა სამუშაოს განუყოფელი ნაწილია, სულაც არ
არის აუცილებელი, უქმეებზეც შეიწუხო თავი...
– რომ იცოდეთ, რა უნდა გიამბოთ! სრულიად იდიოტური ამბავია! – ცდილობდა
ორკესტრის ხმა გადაეფარა, ხელების ქნევით გაჰყვიროდა ლამაზი ქმარი, – ორი თვის
წინ ჩვენი ბავშვის ძიძა გამოგვიცვალეს. მის ნაცვლად მოგვადგა ქალი აი, ამხელა
მუცლით – ასე რომ გაიბერო ჭამით მუცელი, ფული არ გეყოფა კაცს! „ესო, –
გამოაცხადა, – კუჭის დაჭიმვის ბრალიაო...“
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, გუშინწინ, შუაღამისას, მე და სატოკოს ჩვენს
სასტუმრო ოთახში გვძინავს. უცებ ბავშვის ოთახიდან რაღაც კვნესა გვესმის,
არაადამიანური ღრიალი... წამოვხტით დაფეთებულები. იქ კი ეს ძიძა არ დაგვხვდა?!
ხელებით ჩაჰფრენოდა თავის მუცელს და გაჰყვიროდა, გვერდზე კი შიშისგან
გადაფითრებული ბავშვი ჭყიოდა. ვეკითხები: „რა მოხდა?!“ ის კი აკანკალებული
ხმით მპასუხობს: „მგონი, ვაჩენ!..“
გავოგნდი. აქამდე ხომ დარწმუნებული ვიყავით, რომ ამხელა მუცელი კუჭის
დაჭიმვისგან ჰქონდა! გვაზღვევინა კიდეც ჩვენი დაუდევრობის გამო...
წამოვაყენეთ, მხრებში შევუდექით; ასე სამივენი როგორღაც მივბობღდით
სასტუმრო ოთახამდე. იქ, უკვე შუქზე შევხედე – და კიდევ უფრო შემეშინდა: მისი
თეთრი წინსაფარი სისხლში იყო მოსვრილი!

214
215

ხალიჩა ავკეცე, რაღაც ძველი საბანი დავაგე და ზედ დავაწვინე. ის კი მთლიანად


წებოვანი, ოფლში გაღვრილი, შუბლზე ძარღვებდაბერილი... სანამ ექიმი
გამოვიძახეთ, გააჩინა კიდეც. მთელი სასტუმრო ოთახი სისხლს მოესვარა –
ნამდვილი კატასტროფა იყო...
– ო, კარგი ნაძირალა კი შეგიკედლებიათ, – გამოექომაგა მეგობარი.
– თავიდანვე დაგეგმა ყველაფერი! ნამდვილი მელაკუდაა! გათვალა, რომ სახლში
ერთი ბავშვი უკვე იყო და საფენებიც ბლომად იქნებოდა; და რომ ასეთი საზიზღრობა
ჯობს ცოტა პრესტიჟულ სახლში ჩაიდინო... ყველაფერი, ყველაფერი გათვალა, სანამ
ჩვენ მოგვადგებოდა. მაშინაც კი, როცა უფროსი ძიძა მოვიდა და დაკითხვა მოუწყო,
მხოლოდ მოიღუშა, ბოდიშის მოხდა არც კი უფიქრია... გუშინ, როგორც იქნა,
საავადმყოფოში დავაწვინეთ. მაგრამ იქაც ნეტავ ვის სჭირდება ასეთი დოყლაპია...
– ახალშობილი როგორია?
– ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა, მას რა ენაღვლება!.. ჩვენს სახლში ხომ დედამისს ყბა
არ გაუჩერებია – ჰოდა, მაგარი და წონიანი ბავშვი გამოვიდა! მე და სატოკო კიდევ,
მისი დედიკოს ძალისხმევის წყალობით, წუხანდელი ღამის შემდეგ, ჩათვალე, რომ
ნახევრად ნევრასთენიკები ვართ...
– რას ამბობ, დიდება ღმერთს, მკვდარი რომ არ დაიბადა...
– არ ვიცი, დედამისისთვის იქნებ უკეთესიც იქნებოდა, მკვდარი რომ
დაბადებულიყო!..
სატოკოს ძალიან არ აოცებდა ის სიმსუბუქე, რითაც მისი ქმარი შემთხვევითი
ჭორივით ჰყვებოდა საშინელ სცენას, რომელიც გუშინწინ მის საკუთარ სახლში
განვითარდა. წამით მოხუჭა თვალები: ასე თუნდაც მცირე ხნით თავიდან იცილებდა
ზმანებას – იმ მშობიარობის საზარელ სურათს. გონებაში ამოუტივტივდებოდა
ჩვილი, გასისხლიანებულ გაზეთში გახვეული, პარკეტის იატაკზე უმაქნისი
გრაგნილივით რომ ეგდო. ქმარს ეს ყოველივე არ დაუნახავს...
ექიმი განგებ ექცეოდა ახალშობილს დაუდევრად, დედამისის ზიზღით,
რომელმაც უმამოდ გააჩინა შვილი ასეთ არანორმალურ პირობებში. უსიტყვოდ,
მხოლოდ ნიკაპით მიანიშნა იმ მხარეს, სადაც ძველი გაზეთები ინახებოდა. მისმა
თანაშემწემ ერთ-ერთი აიღო, ბავშვი მასში გაახვია და პირდაპირ იატაკზე დადო...
მაშინ თითქოს რაღაცა ბასრმა გაუელვა სატოკოს სათუთ გულში. ყოველგვარი
მტრობა დაივიწყა, ფლანელის ნაჭერი გამოიტანა, რომელიც გარეგნულად იმავე
გაზეთს წააგავდა, ბავშვს შემოახვია და წყნარად, ისე, რომ ვერავის შეემჩნია,
სავარძელში მიაწვინა.
ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა სატოკოს, რომ ქმრისთვის რაიმე
პრობლემა შეექმნა. ამიტომაც მტკიცედ გადაწყვიტა, მისთვის არ გადაედო თავისი
განწყობა, სიტყვაც კი არ დაეძრა მის გულში ღრმად ჩამჯდარი და ახლა მეხსიერებაში
ამოტივტივებული ზმანების შესახებ. ამ ღამითაც სატოკოს ღიმილი არ მოსცილებია
სახიდან, საგულდაგულოდ ცდილობდა, მღელვარების გაურკვეველი განცდა
მოეცილებინა თავიდან.
გაზეთში გახვეული იატაკზე დაგდებული ბავშვი... ყასბის დახლიდან
გამოტანილი გადასახვევი ქაღალდი – გასისხლიანებული გაზეთის ფურცელი...
სახვევი გაზეთისგან... საბრალო ბალღი!
თითქმის არავითარ გაღიზიანებას არ განიცდიდა სატოკო უბედური ძიძის
მიმართ. მძაფრი განცდა ეუფლებოდა – თითქოს სწორედ ის, სატოკო, რომელსაც
ბავშვობაში არაფერი ჰკლებია, ახლა ეს უბედური ბავშვი იყო.
215
216

„კაცმა რომ თქვას, – ფიქრობდა სატოკო, – მხოლოდ მე ვიყავი ამ სცენის მოწმე –


ჩვილისა გასისხლიანებულ გაზეთში. შეიძლება დედამისსაც დაენახა ეს... და
თვითონაც ეგრძნო ყველაფერი. მაგრამ ჩვენ სამს შორის მხოლოდ მე მომიწევს მისი
საზარელი დაბადების ამ სურათის შენახვა მეხსიერებაში, სიცოცხლის ბოლომდე.
რომ გაიზრდება, იქნებ ხალხმა უამბოს, როგორ დაიბადა, როგორ გამოიყურებოდა იმ
დროს... ალბათ რა საშინელება იქნება. მის თავში რა დატრიალდება!.. მაგრამ არა, არა,
ყველაფერი კარგად იქნება: მე ნამდვილად არ გავცემ საიდუმლოს, რომელიც
მხოლოდ თავად ვიცი. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მისთვის სიკეთე ჩავიდინე.
ფლანელში გავახვიე, იატაკიდან სავარძელში გადავაწვინე...“
სატოკო მდუმარებაში ჩაიძირა.
ღამის კლუბის კარის წინ მისმა ქმარმა მძღოლს მიაძახა:
– უსიგომეში! – სატოკო მანქანაში შეაცილა და კარი გარედან მიუხურა. მინის
მიღმა წამიერად გაიელვა მისმა ღიმილმა – ჯანსაღი თეთრი კბილების ორმა
მწკრივმა.
„ჩემსა და შენს ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს რაიმე შფოთი!..“ ეს აზრი საშინელი
დაღლილობით შემოეძალა სატოკოს და მისი სხეული სავარძლის საზურგეზე
გადააწვინა. უკან მიიხედა, ისევ ქმარი დაინახა: არც კი მობრუნებულა, მაშინვე იქით
გაემართა, სადაც მისი „ნეში“ იდგა – და ტვიდის პიჯაკი გაუჩინარდა, ბრბოს შეერია...
თეატრში ის-ის იყო სპექტაკლი დასრულდა და ნეონის რეკლამების ჩირაღდნები
ერთმანეთის მიყოლებით ტალღოვნად ქრებოდა. მაყურებლის ნაკადი გამოედინა
ბინდში. პირდაპირ თეატრის შენობის წინ რამდენიმე ალუბლის ხე იდგა. სატოკოს
უცებ მოეჩვენა, რომ ტოტებზე გამწკრივებული ფითქინა თეთრი ყვავილები –
მხოლოდ და მხოლოდ ჭუჭყიანი ქაღალდის ნაგლეჯები იყო.
„და მაინც – ის ბავშვი...“
ისევ ერეოდა მოგონებები.
„...როგორც უნდა გაზარდო ადამიანი – მისგან ხეირი არ გამოვა, ვინც არაფერი
იცის თავისი დაბადების შესახებ. ხოლო ჭუჭყიანი გაზეთის სახვევები შეიძლება
მთელი მისი ცხოვრების სიმბოლოდ იქცეს... ნეტავ რად ვღელავ სხვისი ჩვილის
ცხოვრებას? ვინ იცის – იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარის მომავლის გამო მეშინია?..
გავა ოცი წელი. ჩემი შვილი ბედნიერი გაიზრდება, ნორმალური ადამიანი დადგება.
მაგრამ უცებ ბედისწერის წყალობით ის უბედური ბავშვი, მაშინ უკვე ოცი წლის, ჩემს
ვაჟს სადმე გადაეყრება და რამეს დაუშავებს?!.“
თბილი, ცოტა ღრუბლიანი აპრილის საღამო იყო, მაგრამ ამის გაფიქრებაზე
ზურგში თითქოს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
„ყველაფერი შეიცვლება ოცი წლის შემდეგ... ოცი წლის შემდეგ მე თვითონ უკვე
ორმოცდასამი შემისრულდება... უბრალოდ ვალდებული ვიქნები, ყველაფერი
ვუამბო იმ საბრალოს. ვუამბო, როგორ შევუცვალე ჭუჭყიანი გაზეთი რბილი
ფლანელის სახვევით...“
ტაქსი ფართო გზაზე მიაქროლებდა, სკვერის გასწვრივ. ფანჯარაში ბირუ-გაის
ცათამბჯენების შორეული ნათება გამოჩნდა.
„...მაგრამ მთელი ეს ოცი წელიწადი უბედური, საშინელი ცხოვრებით იცხოვრებს.
თაგვივით გაიყინება – სურვილების, ფულის გარეშე, წლიდან წლამდე დაანგრევს
თავის ახალგაზრდა ორგანიზმს. ასე შობილ ბავშვს სხვა მომავალი უბრალოდ ვერ
ექნება. მამის წყევლაში, დედის სიძულვილში გალევს დღეებს – მუდამ მარტოხელა
ადამიანი...“
216
217

ჩანდა, ამ მრუმე ფიქრებმა განსაკუთრებით მტკივნეულად შეარხიეს რომელიღაც


სიმი ღრმად, სატოკოს სულში. სხვანაირად «იმ ბავშვს» რატომ უნდა დაეპყრო ასე
მისი გონება, რაში სჭირდებოდა თავის წარმოსახვაში მისი მომავლის ასე
დაწვრილებით აღწერა...
ხანძომონის სადგური ჩამოიტოვეს. ტაქსი ინგლისის საელჩოს შენობას
უახლოვდებოდა. სატოკოს თვალწინ აყვავებული საკურას ხეივანი გადაიშალა.
უცებ გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ახირების უფლება მიეცა. მოუნდა,
მარტოკა დამტკბარიყო ალუბლის ღამეული ყვავილობით. გაეშვა ტაქსი, მშვიდად
ემზირა დაფურცლილი ყვავილებისთვის – და მერეღა წასულიყო სხვა მანქანით, აქ
ხომ იმდენი დადის...
მართალია, მისი უსუსური ბუნების გათვალისწინებით ეს მეტისმეტად
სერიოზულ ავანტიურად გამოიყურებოდა. შფოთიანი ზმანებები კვლავ ჩნდებოდა
მის ცნობიერებაში და ყველაზე ნაკლებად უნდოდა დღეს შინ დაბრუნება ზუსტად
ისევე, როგორც ჩვეულებრივ დღეებში.
მომცრო ტანის ახალგაზრდა ქალი ტაქსიდან გადმოვიდა და ეულად დადგა გზის
პირზე. მანქანების ტალღამ ჩაუარა. გული ისევ უცახცახებდა ბუნდოვანი
წინათგრძნობით, მაგრამ თავისუფლების უჩვეულო განცდამ აავსო და ერთი
ამოსუნთქვით გადაკვეთა გზა. თითქოს სხეულით ჭრიდა ღამეში მფრინავი
ავტომანქანების ნაკადებს – ჭალისკენ, რომელიც უძირო ხრამის თავზე
დაკიდებულიყო.
ეს სენტეგაფუტის სკვერი იყო – „ჩიტების მორევი“.
გაშლილი ყვავილები სიქათქათეს აფრქვევდნენ ალუბლის ტოტებს. თითქოს
გაქვავებულიყვნენ, ერთმანეთს ჩაკირვოდნენ სამარადჟამოდ.
შესასვლელთან ქაღალდის სანათური ჩაქრა. მის ნაცვლად – წითელი, ყვითელი,
მწვანე – შიშველი ელექტრონათურები დაჟინებით იმზირებოდნენ ტოტებიდან. ათ
საათს კარგა ხანია გადასცდენოდა, სულ უფრო იშვიათად ხვდებოდნენ საკურას
მოყვარული მოსეირნეების ფიგურები. სკვერის მდუმარებას შიგადაშიგ თუ
არღვევდა მიწაზე დაყრილი ქაღალდის ნაგლეჯების შარიშური ან გვერდზე წიხლით
გაგდებული რკინის ქილის წკრიალი.
„ქაღალდი... გასისხლიანებული გაზეთის ფურცელი... უბედური ადამიანური
შობა... ვინმეს, ასეთი რამის დამნახავს, უცებ რომ გაეგო, მისი დაბადებაც ამგვარი იყო
– მთელი შემდგომი ცხოვრება უეჭველად დაღმა წაუვიდოდა. ამიტომაც – მე,
სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც შემთხვევით შევიტყვე ასეთი საიდუმლო,
იძულებული ვიქნები ის ჩემს გულში დავიმარხო...“
მდიდარი ფანტაზია დაეხმარა სატოკოს, გასული დღის შიში მიევიწყებინა.
გარშემო მშვიდი წყვილები დასეირნობდნენ, არავის თავში აზრადაც არ მოუვიდოდა
მისი შეწუხება, რაიმე ზიანის მიყენება. ერთ-ერთ წყვილს ყვავილების ცქერა
მოჰბეზრებოდა: თხრილის ნაპირთან ქვის სკამზე ჩამომსხდარიყვნენ და მდუმარედ
ჩაჰყურებდნენ უფსკრულს – იქით იყურებოდნენ, სადაც წყლის ზედაპირსაც კი
მძიმე, პირქუში ჩრდილი ფარავდა. ზემოდან, მიწაყრილიდან კედლად
აღმართულიყო იმპერატორის სასახლის ტყე. ბნელი ჰორიზონტი, უმცირესი ნაკეცის
გარეშე, ხეების ნაპირს ღრუბლებით დაფარული ცისგან კვეთდა.
სატოკო აუჩქარებლად დაბორიალებს ბნელ ხეივანში აყვავებული ხეების ქვეშ.
თავზემოთ დაკიდებული ყვავილები უცნაურ სევდას ბადებენ...

217
218

მოულოდნელად ბნელში ჩანთქმულ ერთ-ერთ ქვის სკამზე რაღაც თეთრი


მოეჩვენა. ეს «რაღაც» სულაც არ იყო ჩამოყრილი ყვავილების გროვა, არც ქვის
შვერილი. სატოკო მიუახლოვდა...
ბინდში ჩაფლულ სკამზე ვიღაცას ეძინა.
ეს კაცი მთვრალი არ იყო – სატოკო ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი შენიშნა,
როგორ საგულდაგულოდ ეწყო მძინარის ქვეშ გაზეთები. გაზეთები – აი, რა ანათებდა
სიბნელიდან, მიხვდა სატოკო. სატოკოს წინაშე ყავისფერჯემპრიანი მამაკაცი იწვა,
რომელსაც სკამზე ფენა-ფენა ძველი გაზეთები დაელაგებინა და ქვაზე
მოკუნტულიყო. ჩანდა, გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქ ეპოვა საცხოვრისი.
რაღაც გაუცნობიერებელ მდგომარეობაში მყოფი სატოკო სკამის წინ გაჩერდა.
ძველ გაზეთებში გახვეულმა ადამიანმა უცებ სრულიად ბუნებრივად მოაგონა
ჩვილი, გაზეთში გახვეული და იატაკზე დატოვებული.
თვალი შეავლო კარგა ხნის დაუვარცხნელ, ბულულებად დაყრილ თმას.
სიბნელეში ჯემპრის სამხრეები ზემოთ-ქვემოთ ადი-ჩადიოდა მძინარის სუნთქვის
კვალდაკვალ.
ისევ უწინდებური შფოთვა და შიში, სატოკოს სათუთ გულში ტანჯვად
დაბადებული, მის წინაშე უფრო ნათლად წარმოჩნდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა
სახეზე გაჩენილი ნაოჭების მიხედვით, რომლებიც სიბნელეში ძლივს იკვეთებოდა,
ნათლად იკითხებოდა უპოვრობის ხანგრძლივი წლები. ხაკისფერი შარვლის ტოტები
მზრუნველად ჰქონდა აკეცილი, მაგრამ სპორტული ფეხსაცმელი, შიშველ ფეხზე
ამოცმული, დიდი ხანია გასცვეთოდა.
სატოკოს უცებ მოუნდა, ამ სახეს უფრო ყურადღებით დაჰკვირვებოდა. ოდნავ
გადახრილი, ხელისგულით დაფარულ სახეს ჩააჩერდა. ახალგაზრდა აღმოჩნდა:
გადასხლეტილი წარბებით და სწორი ცხვირით.
სულ უფრო მიახლოებული სატოკო მოულოდნელად გაზეთს წამოედო, რომელიც
უცნობს ლოგინად ეფინა... ქაღალდის მკვეთრმა შარიშურმა შავი მდუმარება
გაკაწრა...
მამაკაცმა გაიღვიძა – სიბნელეში მისმა თვალებმა გაიელვა – და უშველებელი
ხელი სატოკოს მაჯაში სწვდა.
არავითარი შიში არ უგრძნია. არც კი უცდია, თავი გაეთავისუფლებინა. გონების
განათების რაღაც მომენტში სატოკომ ესღა გაიფიქრა: „აი, რა ყოფილა... გამოდის,
უკვე გავიდა ის ოცი წელი!“
და იმპერატორის სასახლის შავი ტყე მკვდარმა სიჩუმემ წალეკა.

მოთხრობის გზამკვლევი

სახლში დაბრუნება სატოკოსთვის საშინელებაა - რა ელის მას იქ? მხოლოდ სისხლიან


გაზეთში გახვეული ახალშობილის სახება, ქმრის სიყვარულის გაცრუებული იმედი და
გულგრილი სიტყვების ხმა („დედამისისთვის იქნებ უკეთესიც იქნებოდა, მკვდარი რომ
დაბადებულიყო“), ალბათ სულ ყურში რომ ჩაესმის. არადა, ის მშვენიერი ახალგაზრდა
ქალია, რომელიც თითქოს ბედნიერად გათხოვდა, მაგრამ ამ ბედნიერებისგან არც არაფერი
დარჩა მის ცხოვრებაში.
218
219

მისიმა წარსულისა და აწმყოს ფრაგმენტთა ნაზავით გვიჩვენებს ადამიანური თანაგრძნობისა


და გულგრილობის კონტრასტს, რომელიც ქალის ცხოვრებას უსახურსა და უინტერესოს
ხდის. ეს არის გაუცხოება, რომელსაც ვერაფერი შველის და სიცოცხლეს მოსაწყენს ხდის.
სატოკოს ქმარი სამსახურს ამჯობინებს სიყვარულს და ქალის წარმოსახვის გამახვილებულ
უნარსაც კი (რასაც მისი მეუღლე სრულად მოკლებულია) მისთვის იოტისოდენა შვებაც ვერ
მოაქვს.

მხოლოდ სატოკო ამჟღავნებს თანაგრძნობას გაზეთში გახვეული იატაკზე დაგდებული


ბავშვისა (საზოგადოების უკიდურესი გულგრილობის სახე) და მისი დედის მიმართ (ექიმიც
კი „განგებ ექცეოდა ახალშობილს დაუდევრად...“) - მისთვის აუტანელია ალუბლის თეთრ
ყვავილებში (ბრწყინვალე, „მაღალი“ საზოგადოება) სისხლიანი გაზეთის (აბსოლუტური
გაუცხოების) ხილვა.

ქალი არ მიდის სახლში ტაქსით, რომელშიც მეუღლემ ჩასვა. მას სურს, თუნდაც ერთი დღე
იცხოვროს „ბუნდოვანი წინათგრძნობისა და თავისუფლების განცდის“ სისავსით. ეს
განზრახვა მისთვის საბედისწერო ხდება.

მისიმა გვიჩვენებს, რომ სიყვარული და თანაგრძნობა საზოგადოებისთვის ზედმეტი ბარგი და


სასაცილოდ აუტანელი პასუხისმგებლობა გამხდარა. სევდის მომგვრელია ის, რომ
ინფორმაციამ (გაზეთი) ადამიანთა ცხოვრება ჩაანაცვლა. ეს განცდა ტრაგიზმამდე მიდის,
როდესაც ინფორმაცია სისხლიანია და საზოგადოებრივ გულგრილობას ლამის თანდაყოლილ
თვისებად წარმოგვიდგენს.

რას უნდა მოასწავებდეს მოთხრობის ბოლოსწინა წინადადება? - „აი, რა ყოფილა...გამოდის,


უკვე გავიდა ის ოცი წელი!“

სატოკო ფიქრობს სისხლიან გაზეთში გახვეულ საწყალ ჩვილზე - მარტოხელა და განწირული


ადამიანის უბადრუკ და უმომავლო ცხოვრებაზე, ადამიანზე, რომელიც ოცი წლის
განმავლობაში „მამის წყევლაში და დედის სიძულვილში გალევს დღეებს“.

და ის ოცი წელი მის არსებაში წამიერად გაივლის - სულში ხომ დრო კარგავს ძალმოსილებას.

ჰარუკი მურაკამი

219
220

თანამედროვე იაპონელი მწერალი, უამრავი ბესტსელერის ავტორი, ჰარუკი მურაკამი


კიოტოში 1949 წლის 12 იანვარს დაიბადა, თუმცა ბავშვობა კობეში გაატარა. მისი
მშობლები იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდნენ, ამიტომაც ბავშვობიდან წიგნების
გარემოცვაში გაიზარდა. ადრეული ასაკიდან დასავლური კულტურით
დაინტერესდა, გაიზარდა ისეთი მწერლების ნაწარმოებებზე, როგორებიც კურტ
ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი არიან. ალბათ, სწორედ ამ გავლენის გამოა, რომ
ის სხვა იაპონელი მწრელებისგან წერის მსუბუქი სტილით გამოირჩევა.

მურაკამი ვასედას უნივერსიტეტში თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა. პირველი


სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, 25 წლის გახლდათ, როდესაც
ჯაზბარი გახსნა. მუსიკის მიმართ გამორჩეული სიყვარული მის თითქმის ყველა
გმირს ახასიათებს. შემოქმედებაც საკმაოდ „მუსიკალურია“.

1979 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „უსმინე ქარის სიმღერას“, რომლისთვისაც
ჯერ ჟურნალ „გუნძოს“ პრესტიჟული პრემია მიიღო, რომელიც ახალბედა
მწერლებისთვის დაწესდა, შემდეგ კი - ლიტერატურული ჟურნალი „ნომას“ ჯილდო.
წლის ბოლოს მისი წიგნი 150 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და ამან დაუდო დასაბამი
მის თავბრუდამხვევ წარმატებას ლიტერატურულ სამყაროში. მას შემდეგ მისი
წიგნები 50 ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გაიყიდა, მიიღო არაერთი
პრესტიჟული პრემია.

მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეულია: „ნადირობა ცხვარზე“ (1982 წ.), „ნორვეგიული


ტყე“ (1987 წ.), „დენს, დენს, დენს“ (1988 წ.), „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის
დასავლეთით (1992 წ.), „ჩემი საყვარელი თანამგზავრი“ (1999 წ.), „კაფკა პლაჟზე“
(2002 წ.).

ჰარუკი მურაკამი პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ფიგურად


მიიჩნევა. „გარდიანმა“ ის „ცოცხალ ნოველისტთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ“
შერაცხა მისი ნაშრომებისა და მიღწევების კვალდაკვალ.

მწვანე მხეცი

220
221

თარგმნა ზურაბ ქემოკლიძემ


(ჟურნალი „არილი“, 29 აგვისტო, 2008)

ქმარი ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა და შინ მარტო დავრჩი.


გულხელდაკრეფილი ვიჯექი. მერე მზერა ფანჯარაში, შტორებს შორის გავაპარე,
მარადმწვანე მუხას მივაჩერდი, ჩემი გულის მესაიდუმლეს.
ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც
უახლოეს მეგობარს. მაშინაც ფიქრში წასული ვესაუბრებოდი, რაზე – აღარ მახსოვს.
აღარც ის მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საუბარი. როცა ბაღს უყურებ, დრო
წყალივით მიედინება. ფანჯრებს მიღმა სიბნელე ჩამოწვა. მიწის შემარყეველმა ყრუ
ხმამ გამომაღვიძა. ჯერ მომეჩვენა, თითქოს ეს ხმა ჩემივე სხეულის სიღრმიდან
იძვროდა. სმენითი ჰალუცინაცია ხომ არ იყო? მძიმე წინათგრძნობამ მომიცვა.
სუნთქვა შემეკრა და გავირინდე. გუგუნი ნელა, თანდათანობით მატულობდა. ტანში
უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გავქვავდი.
უეცრად მუხის ფესვებს ირგვლივ მიწა აფუვდა, გაირღვა და ნაგლეჯებად
დაქუცმაცდა – სიღრმეში ბასრი ბრჭყალისმაგვარი რაღაც გამოჩნდა. მე ერთიანად
დავიძაგრე და გამიელვა: „მოსახდენი ახლა მოხდება!” ბრჭყალმა უსწრაფესად
ამოთხარა მიწა და სოროდან მწვანე მხეცმა ამოყო თავი. ამ უცნაურმა არსებამ მიწის
ნაფშვენები დაიბერტყა და სასწაულებრივად გრძელი ცხვირი შოლტივით მოიქნია.
ადამიანის თვალები ჰქონდა.
თვალების დანახვისთანავე უნებურად შევკრთი: მათ სიღრმეში ფიქრი
მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი. ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და
თქვენც.ცხოველი მოუახლოვდა სახლს და ცხვირის წვერით კარზე დააკაკუნა. კაკ-
კუკ, კაკ-კუკ – გაისმა ყრუ კაკუნი. მალულად გავყევი კედელს და სხვა ოთახში
გავედი. ყვირილს აზრი არ ჰქონდა: ირგვლივ ძე-ხორციელი არ ჭაჭანებდა, ქმარი კი
კარგა ხნის მერე აპირებდა მოსვლას. გასაქცევი აღარსად მქონდა: უცნაური არსება
ერთადერთ კარს მოადგა და აკაკუნებდა. ისღა დამრჩენოდა, გავრინდულიყავი, რათა
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შინ არავინ იყო.
როცა არავინ გეპასუხება, იძულებული ხარ, უკან გაბრუნდე. ჩვეულებრივ ასეა,
მაგრამ ეს ნაძრახი ცხოველი არსად არ აპირებდა წასვლას. მან ცხვირის წვერი
მოღუნა, საკეტში შეყო. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო. ცხოველი ოთახში
შემოვიდა, თავი გველივით ზეაღმართა და აქეთ-იქით ცქერა დაიწყო. „კართან რომ
ვიდგე, კარგი იქნებოდა, კუდს უმალვე მოვაჭრიდი”, – სამზარეულოში უამრავი
მჭრელი დანა იდო. მაგრამ ცხოველმა, გეგონებოდა ჩემი ჩანაფიქრი ამოიცნოო,
ჩაიფხუკუნა: „ეს ცხვირი თუ კუდი ხვლიკისას წააგავს, რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა,
მაინც გაიზრდება”. „ღმერთო ჩემო! უცნაური არსება ფიქრებს კითხულობს. ეს უკვე
მეტისმეტია! არავის მივცემ უფლებას ჩემს ტვინში აფათუროს ხელები. მით უმეტეს,
ამ საზიზღრობას“. ცივმა ოფლმა დამასხა. „რა უნდა ჩემგან? შემჭამოს? მიწის ქვეშ
ჩამიყოლიებს? ჯანდაბას! რაც არის, არის! არცთუ ისე მახინჯია: თათებზე
წამოზრდილი ბრჭყალებიც არა აქვს მთლად საშინელი! და თან არც ისე
აგრესიულია“… – „რაღა თქმა უნდა, – წარმოთქვა მან და კისერი წაიგრძელა, – ნუთუ
გგონიათ, რომ შეგჭამთ? არა! არა და არა! მე თქვენ არაფერს გერჩით! მე არც ისეთი
ბარბაროსი ვარ!“ „ღმერთმანი, ყველაფერი ეყურება, რასაც კი გავიფიქრებ!“ – „ეი,
დიასახლისო! მე მოვედი, რათა ხელი გთხოვოთ. განზრახ ამოვძვერი
221
222

მიწისქვეშეთიდან. ეს უბრალო საქმე არ გეგონოთ: დიდძალი მიწის ქანები


გამოვარღვიე. ბრჭყალები დამელეწა! მე თქვენ მომწონხართ! აი, ამისთვის მოვედი აქ!
თქვენზე ვფიქრობდი ღრმა მიწისქვეშეთში. ვეღარ გავძელი და აქ ამოვედი. არ
მირჩევდნენ ამოსვლას, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ამოვედი. ძალა მოვიკრიბე და
თავი გავიმხნევე. ვიცი, რასაც გაიფიქრებთ: „აჰ, შე ცხოველო, შე თავხედო, რამ
გაგაბედვინა ხელის თხოვნა!”
– განა ასე არ არის? შემოიჭრა თავხედი ცხოველი და სიყვარულს მოითხოვს!“ ამის
თქმა იყო და ცხოველს სახე მოექუფრა, ემოციების მოძალებასთან ერთად იისფერმა
გადაჰკრა. ერთიანად დაპატარავდა, დაჩიავდა. მე გულხელი დავიკრიფე და ამ
უცნაურობას მივაჩერდი. იქნებ მისი სხეული გრძნობათა შეცვლასთან ერთად
იცვლება? ან იქნებ ამ მახინჯი გარეგნობის მიღმა ნაზი და მგრძნობიარე გული
იმალება? რაკი ასეა, მე მაქვს გამარჯვების შანსი! „კიდევ ერთხელ ვცადოთ. მაგრამ შენ
ხომ უმსგავსი ცხოველი ხარ!” – გავიფიქრე და შინაგანი ხმით გავახმიანე კიდეც
გულში სათქმელი. ამის გაფიქრება იყო და მწვანე ცხოველს ჯერ თვალები
გაუფართოვდა. მერე კი მსხვილი ცრემლები წამოსცვივდა.შიში გამინელდა და
სწორედ ამის შემდეგ წარმოვისახე ყველაზე საშინელი სცენა. ფიქრში მჭიდროდ
შევბოჭე მწვანე ცხოველი და პინცეტით სათითაოდ წავაცალე მწვანე ქერცლი. დანით
ვჩხვლეტდი და სარჩილავით შეშუპებულ თვალებს ვუღიზიანებდი. მე ზედიზედ
წარმოვიდგინე ეს სცენები, ცხოველი კი ტკივილისგან დროდადრო მწარედ ტიროდა.
წამოიყვირებდა ხოლმე, თითქოს ნამდვილად ემართებოდა ეს ყოველივე…
ფერადი ცრემლი სდიოდა, დორბლი ენთხეოდა, ყურებიდან გაზს აფრქვევდა,
თვალებიდან გამჭოლ მზერას ასხივებდა… „ეი, დიასახლისო! გთხოვთ, ღვთის
გულისათვის, მოიშორეთ, განაგდეთ ეს სასტიკი ფიქრები! გეხვეწებით,
გემუდარებით, ნუ გაივლებთ ჩემზე ცუდს ნურაფერს! თქვენს მიმართ ავი ზრახვა არ
მქონია, მე მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობდი თქვენზე”. „რაც გინდა, ის ილაპარაკე!
შენ მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს სახლში, არავის დაუპატიჟიხარ. ამიტომ მე
რასაც მინდა, იმას გავიფიქრებ”. ამის თქმა იყო და გონებაში უფრო და უფრო
საშინელი წარმოსახვები ამოტივტივდა. მე ვაწამებდი, ვჩხვლეტდი და ვშანთავდი
ცხოველის სხეულს სხვადასხვა მექანიზმით და ინსტრუმენტით: დათრგუნვის
არანაირი საშუალება არ გამიშვია ხელიდან. „მისმინე, მხეცო! შენ ხომ არ იცი, რა არის
ქალი! და რადგან ასეა, მე შენ დაგსჯი, ათასგვარ წარმოსახვაში გადაგადნობ და ათას
ფიქრში გაგატარებ!” ამის პასუხად ცხოველის კონტურები დაირღვა, ის დაპატარავდა,
როგორც ნაწვიმარი ჭიაყელა, თითქოს მარტო წაგრძელებული ცხვირიღა დარჩა. მერე
ტუჩები ააცმაცუნა, ალბათ ბოლო სიტყვის თქმას აპირებდა. გეგონებოდა, რაღაც
ძალზე მნიშვნელოვანი, დავიწყებული სათქმელი უნდა თქვასო. პირი მოერღვა,
გამომეტყველება დაკარგა, და მთლიანად გაიბნა, გაუჩინარდა. ცხოველის ადგილას
საღამოს მკრთალი ჩრდილიღა დარჩა, თუმცა ჰაერში მისი გადმოკარკლული
თვალები ელავდა. „ასეთი ხუმრობები ჩემთან არ გამოგივა, შენი საქმე წასულია”.
ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ თვალებიც გაიფანტა სიცარიელეში,
გარინდებული ოთახი ღამის წყვდიადმა მოიცვა.

მოთხრობის გზამკვლევი

222
223

ადამიანისთვის ერთი დიდი საფიქრალი მისი მეორე „მეა“, რომელიც ცნობიერსაც ეკუთვნის
და ქვეცნობიერსაც. ის ხანდახან ჩვენი არსების უფსკრულიდან ამოდის და იმდენად ნათლად
გვეჩვენება, რომ ვეღარ გაგვირკვევია, სად ვგავართ საკუთარ თავს და სად ვიქცევით „სხვად“.

„შეიცან თავი შენი“, - აწერია დელფოსის ტაძრის შესასვლელს. ძველი ბერძნები იმასაც
ამბობდნენ, საკუთარი თავის შემცნობი იმავდროულად სამყაროსაც შეიმეცნებსო. მართლაც,
ადამიანს საკვირველ ფიქრად დაურჩა, საკუთარი თავის შემეცნება უფრო რთულია თუ
მთელი ქვეყნისა.

ჰარუკი მურაკამი თავის პატარა მოთხრობაში მხოლოდ ამ თემას არ ეხება. მისთვის


საინტერესოა, აგრეთვე, რას აკონტროლებს ადამიანის ცნობიერი და რას - ვერა. ვინ ვართ
ჩვენ? როგორნი ვართ? რას ვფიქრობთ, რას ვლაპარაკობთ, როგორ ვიქცევით და რა
განაპირობებს ყველაფერ ამას?

ქალი სრულიად მარტო რჩება სახლში და ფანჯარაში მარადმწვანე მუხას უმზერს და


ელაპარაკება - მისი „გულის მესაიდუმლეს“ („ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე
ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც უახლოეს მეგობარს“.). მოულოდნელად მუხის ფესვები
აფუვდება, მიწა იხსნება და მისი სიღრმიდან მწვანე მხეცი ამოდის. ქალს ერთი პირობა
მოეჩვენა, რომ მიწის ყრუ ხმაური მისივე სხეულის სიღრმიდან იძვროდა.

რას ნიშნავს „ერთად ვიზრდებოდით“? განა ამ ხისა და ადამიანის ზრდის დრო ძალიან
განსხვავებული არ არის? ან „ხმაური მისივე სხეულის სიღრმიდან იძვროდა“ რაღას უნდა
ნიშნავდეს? მოთხრობის კითხვისას ვრწმუნდებით, რომ მწვანე მუხა და მისგან „გამოსული“
მწვანე მხეცი უშუალოდ უკავშირდებიან ქალს, რომელიც მათ აღიქვამს.

ქალისთვის თავზარდამცემია, რომ მწვანე მხეცი მის სახლში დაუკითხავად შემოდის და


თანაც მის ფიქრებს თავისუფლად კითხულობს. მასში ჯერ უკიდურესი შიში, ხოლო შემდეგ
შეუპოვარი წინააღმდეგობის გრძნობა იფეთქებს („უცნაური არსება ფიქრებს კითხულობს. ეს
უკვე მეტისმეტია! არავის მივცემ უფლებას ჩემს ტვინში აფათუროს ხელები. მით უმეტეს ამ
საზიზღრობას.“)

ამ მომენტიდან „აგრესორი“ „მსხვერპლად“ იქცევა და - პირიქით. ქალი ფიქრობს, რომ რაკი


მწვანე მხეცს ემოციები აქვს, მასზე გამარჯვება შესაძლებელია და თავისი ბედი უნდა სცადოს.
ის არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ მოულოდნელი სტუმარი არაფერს ერჩის და
სიყვარულზეც კი ელაპარაკება. ქალში აგრესიის ინსტინქტი შთანთქავს ყველა სხვა გრძნობას
და სრულად თრგუნავს, მას, ვისიც თავდაპირველად ძლიერ ეშინოდა.

მოთხრობაში მწერალი გამოკვეთილად გვიჩვენებს ადამიანის ბუნების ერთ ბნელ


გამოხატულებას - მისთვის ჰარმონიის ძიებაზე მეტად მნიშვნელოვანია სხვაზე გამარჯვების
პრინციპი - თუნდაც ეს „სხვა“ მისი მეორე „მე“ იყოს.

მსოფლიოს ყველა დიდი რელიგია ლამის სიტყვა-სიტყვით იმეორებს ერთ შეგონებას:


„არასდროს გაუკეთო სხვას ის, რაც არ გსურს საკუთარი თავისთვის“. კაცობრიობის ისტორია
აჩვენებს, რომ ადამიანებს კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ საიმისოდ, რომ ეს აზრი
საკუთარი ცხოვრების არა მხოლოდ თეორიულად გაცხადებულ, არამედ რეალურ პრინციპად
აქციონ.
223
224

224
225

აზიზ ნესინი

თურქი მწერალი და სატირიკოსი, მეჰმეტ ნუსრეტი, ანუ აზიზ ნესინი, 1915 წლის 20
დეკემბერს სტამბოლში დაიბადა. იუმორისტული თხზულებებისა და რომანების
ავტორი, პოლიტიკური და სოციალური სატირის ოსტატი - ასე აფასებდნენ მას
ლიტერატურის კრიტიკოსები.

ის წარმოშობით ყირიმელი თათარი გახლდათ. სამხედრო სამსახურის მოხდის


შემდეგ, რამდენიმე სატირული და სოციალური ჟურნალის რედაქტორი გახდა.
რამდენჯერმე დაიჭირეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. ლიტერატურული
ნამუშევრების წყალობით, უამრავი ჯილდო მიიღო, როგორც თურქეთში, ასევე
იტალიაში, ბულგარეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. მისი ნამუშევრები 30 ენაზე
ითარგმნა. ამბობდნენ, რომ ის ერთადერთი თურქი მწერალი იყო, რომელიც
საკუთარი წიგნების გაყიდვით მიღებული თანხით ცხოვრობდა და ფინანსურ
გაჭირვებას არ განიცდიდა.

1972 წელს მან ნესინის ფონდი დააარსა, რომლის მიზანია, ყოველ წელს აიყვანოს
ოთხი ღარიბი ბავშვი და ისინი ყველაფრით უზრუნველჰყოს, მათ შორის,
განათლების მიღებითაც, სკოლიდან დაწყებული, სანამ სრულწლოვანებას არ
მიაღწევენ. აზიზ ნესინმა მთელი თავისი შემოქმედების საავტორო უფლებები
თურქეთში სწორედ ფონდს გადაულოცა, ასევე უფლებები ფილმებსა და
სპექტაკლებზე, რომლებიც მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს და დადგეს.

მის წიგნებს შორისაა „თურქული ამბები ოთხი დეკადიდან“, „ძაღლის ზღაპრები“,


„სტამბოლელი ბიჭი“.

აზიზ ნესინი პოლიტიკური აქტივისტი და ისლამის კრიტიკოსი გახლდათ. მან


გადათარგმნა თურქულ ენაზე სალმან რუშდის „სატანური ლექსები“. ამან ისლამური
ორგანიზაციების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთ ფესტივალზე, მათ ალყა
შემოარტყეს სასტუმროს, რომელშიც აზიზ ნესინი იმყოფებოდა და ის ცეცხლს მისცეს.
საბედნიეროდ, მწერალმა გაქცევა მოახერხა, თუმცა 37 ადამიანი დაიღუპა.

აზიზ ნესინმა ცხოვრების უკანასკნელი წლები რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან


ბრძოლაში გაატარა. მწერალი 1995 წლის 6 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა.

225
226

გიჟი მაღლა ავიდა

თარგმნა გურამ ბათიაშვილმა


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ. 3,
თბილისი, 2008)

– სახურავზე გიჟია, გიჟი! – დაიძახა ვიღაცამ.


მთელი უბანი ფეხზე დადგა.
ქუჩა თავიდან ბოლომდე ხალხით გაივსო. ყველას სეირის ყურება უნდოდა, ზოგი
საგუშაგოდან მოდიოდა, ზოგიც– თვით სამმართველოდან, სახანძრო რაზმიც უცებ
გამოიძახეს, არ დაუყოვნებიათ.
– ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო, ჩემო ჭკვიანო, ჩამოდი ძირს! – ეხვეწებოდა დედა გიჟს.
– სოფლის თავად თუ არ ამირჩევთ, აქედან გადმოვვარდები!– პასუხობდა გიჟი.
მეხანძრეებმა თადარიგი დაიჭირეს და ქვევით დიდი ხალიჩა გაშალეს. ცხრა მეხანძრე
გაშლილი ხალიჩით დარბოდა სახლის ირგვლივ – რა ვიცით, გადმოხტომა სად
მოეპრიანებაო. იმდენი ირბინეს , არაქათი გამოელიათ, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ
სახეზე.
– ძალიან გთხოვ, ძმობილო, ჩამოდი ქვევით!– ეძახდა გიჟს კომისარი. მის ხმაში მუქარაც
იგრძნობოდა და მუდარაც.
– სოფლის თავი გამხადეთ და ჩამოვალ, არა და თავს მოვიკლავ, ჩამოვვარდები,–
პასუხობდა გიჟი.
ცუდად იყო საქმე,
– ჩამო ძმაო! ჩამო, თუ კაცი ხარ...
– ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ გინდათ, მე ჩამომიყვანოთ ძირს და თვითონ ახვიდეთ
მაღლა?.. არ გამოვა.
– კარგი, კარგი, გირჩევთ სოფლის თავად! – დაიძახა ვიღაცამ.
– ტყუილია. გიჟი და სოფლის თავი?! ვერ მომატყუებთ, ვერა!
– ალაჰის მადლმა, მართლა აგირჩიეთ,– ასძახა ერთმა ხელჯოხიანმა მოხუცმა.
– არ მჯერა, მეხუმრებით.
– ჩამოდი, არ გეხუმრებით.
– არ ჩამოვალ, ქვემოთ ჩამოსვლა ეგრე იოლი კი არ არის! სხვებს ხედავთ? ვინც მაღლა
ავიდა, ძირს არც ერთი არ ჩამოსულა, ყველას მაღლა ყოფნა უნდა.
– კარგი ახლა, ჩამოდი!
– რად მინდა სოფლის თავობა! ქალაქის მეჯლისის წევრად თუ არ ამირჩევთ, თავს
მოვიკლავ, აქედან გადმოვვარდები,
ბერიკაცები განზე გადგნენ.
– ახლა როგორღა მოვიქცეთ?
– შევუსრულოთ, რაც სურს.

226
227

– მაინც არ ჩამოვა, გიჟი თავიდანვე არ უნდა აუშვა მაღლა, თორემ ძირს ვეღარ ჩამოიყვან
მერე.
მაინც დაუძახეს:
– გადავწყვიტეთ, ძმაო, ქალაქის მეჯლისის წევრად აგირჩიეთ... ჩამოდი, მეგობრებს ნუ
ალოდინებ.
– არ ჩამოვალ, ვიდრე ქალაქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ არ გამხდით.
– ხომ გითხარით. აი, სადამდე მივიდა! – თქვა გაბრაზებით ერთმა მოხუცმა. – მაგას რაღა
ჩამოიყვანს.
– რა მოხდება, თავმჯდომარედ რომ ავირჩიოთ? – იკითხა სახანძრო რაზმის უფროსმა,
რომელიც გვარიანად გაოფლილიყო აქეთ-იქით სირბილით. მერე ტუჩთან ხელი მიიტანა და
გიჟს ასძახა:
– ჩამოდი, ძმაო, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ აგირჩიეთ, ჩამოდი და მოვალეობის
ასრულებას შეუდექი.
გიჟმა მუცელი შეათამაშა და ცეკვა დაიწყო.
– არ ჩამოვალ, რა მინდა თქვენთან? რა საერთო მაქვს იმ ხალხთან, გიჟს რომ ქალაქის
მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ ირჩევს? არა, არ ჩამოვალ.
– კი მაგრამ, აბა რა გინდა?
– მინისტრობა მინდა. მინისტრი გამხადეთ და ჩამოვალ.
ქვემოთ ერთხანს ისევ ითათბირეს და შემდეგ ასე გადაწყვიტეს:
– იყოს ნება შენი, მინისტრი ხარ! ახლა მაინც ჩამოდი, ხომ ხედავ, რამდენი ხალხი
გელოდება?
გიჟმა ხელი ცხვირთან მიიტანა, თითები გაშალა და დაიტრიალა:
– ვერ მოგართვით! რა საქმე მაქვს იმ ხალხთან, გიჟი რომ მინისტრი გახადა.
– ამაოდ ცდილობთ, არ ჩამოვა. მე ძალიან კარგად ვიცნობ მაგნაირ გიჟებს. მინისტრად კი
აირჩიეთ, მაგრამ თავი ისე უნდა მოაჩვენოთ, თითქოს ჩამოსვლას არ სთხოვდეთ, – თქვა ისევ
იმ მოხუცმა.
– პრემიერ-მინისტრად ამირჩიეთ, თორემ გადმოვვარდები და თავს მოვიკლავ, აყვირდა
გიჟი.
– კი, ბატონო, კი, ბატონო, პრემიერ-მინისტრი ხარ, ჩამოდი!
– არ ჩამოვა! – თქვა მოხუცმა.
გიჟმა კვლავ დაიწყო ცეკვა.
– მეფედ ამირჩიეთ. მეფობა მინდა. ამირჩიეთ და ჩამოვალ.
მოხუცის სიტყვები მართლდებოდა.
ისევ მოითათბირეს.
– აწი უკან დახევა არ შეიძლება. რახან ამდენს შეჰპირდით, მიჰყევით ბოლომდე. – თქვა
მოხუცმა.
– აგირჩიეთ, მეფე ხარ!– ასძახეს გიჟს. – ახლა მაინც ჩამოდი.
გიჟმა კვლავ აათამაშა მუცელი.
– არ ჩამოვალ.
– რაღა გსურს, მეფედ გაგხადეთ და მეტი რა გინდა?
– არა, არა. იმპერატორად თუ არ ამირჩიეთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადმოვდგამ... თავს
მოვიკლავ!
– მართლა გადმოვარდება, თქვა მოხუცმა.
227
228

– კარგი, ეგრე იყოს, – იყვირა ერთხმად ყველამ, – იმპერატორი ხარ, ჩამოდი.


– ჩემნაირ იმპერატორს თქვენისთანა გამოშტერებულ ხალხთან რა ხელი აქვს?
– კი მაგრამ, ეს მაინც გვითხარი, სხვა რა გსურს? გვითხარი და გავაკეთებთ.
– უკვე იმპერატორი ვარ, არა? – იკითხა გიჟმა.
– იმპერატორი ხარ, იმპერატორი!
– რახან იმპერატორი ვარ, როცა მომეპრიანება, მაშინ ჩამოვალ, თუ არ მომინდა, სულაც არ
ჩამოვალ.
– გადმოვარდება და გადმოვარდეს, – გაბრაზდა კომისარი, – ერთი გიჟით ნაკლები იქნება
ქვეყანაზე.
– ახლა როგორღა მოვიქცეთ? – მიუბრუნდა მეხანძრეთა უფროსი მოხუცს, – ეს გიჟი
ქვევით ჩამოსვლას არ აპირებს.
– ჩამოვა, – უთხრა მოხუცმა.
– როგორ?
– მაცადეთ, ახლავე ჩამოვიყვან...
– ჩვენო დიდო იმპერატორო, – ასძახა მოხუცმა გიჟს, – იქნებ თქვენმა
უპატივცებულესობამ მეექვსე სართულზე ჩამობრძანება ინებოს?
გიჟმა თავი მოისერიოზულა.
– სიამოვნებით.
გიჟი კიბეზე დაეშვა და მეექვსე სართულის ფანჯრიდან ხალხს გამოხედა.
– ჩვენო დიდებული, ჩვენო მხსნელო, მეხუთე სართულზე ჩამოსვლა არ გნებავთ?
– რატომაც არა, უპასუხა გიჟმა.
ყველანი გაოცებული შეჰყურებდნენ მოხუცს. გიჟმა მეოთხე სართულის ფანჯრიდან რომ
გადმოიხედა, მოხუცმა ასძახა:
– თქვენო ბრწყინვალებავ, ჩვენო იმპერატორო, იქნებ მესამე სართულზე ჩამობრძანება
მოიწადინოთ?
– შეიძლება, – იყო პასუხი.
გიჟი უკვე მესამე სართულის ფანჯრიდან იხედებოდა. ახლა ისე აღარ ცეკვავდა, ისე აღარ
ათამაშებდა მუცელს, როგორც სახურავზე ყოფნისას. ახლა მათკენ თითქოს ნამდვილი მეფე
მიდიოდა.
– თქვენო უბრწყინვალესობავ, მეორე სართულზე ჩამოსვლას ხომ არ ინებებდით?
– სიამოვნებით.
ხოლო როცა გიჟი მეორე სართულზე ჩამოვიდა, მოხუცმა ასძახა:
– თუ თქვენი უპატივცემულესობა პირველ სართულზე ჩამობრძანდება, ჩვენს სიხარულს
საზღვარი არ ექნება...
გიჟი ქუჩაში გამოვიდა. ხალხში შეერია. მერე მოხუცისაკენ გაემართა, მიუახლოვდა,
ხელი მოჰხვია და უთხრა:
– ეი, ძმობილო, გეტყობა, ერთ დროს შენც გიჟი იყავი. გიჟის ენა გიჟმა იცის. – მერე
კომისარს მიუბრუნდა და უთხრა:– აბა, ერთი ვნახოთ, როგორ ბრძანებ, შეჰკარით და
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეთო! ახლა ხომ მაინც ისწავლე, როგორ უნდა მოუარო
გიჟს?
გიჟის წასაყვანად შეკრებილი ცნობისმოყვარე ხალხი მოხუცს მოუბრუნდა:
– მოხუცო, როგორ მოახერხეთ, როგორ ჩამოიყვანეთ?

228
229

– ეეჰ, ეგ არც ისე იოლია. ორმოცი წელი პოლიტიკაში მედგა ფეხი!.. მერე ერთი ძლიერ
ამოიოხრა და დასძინა: – ახლა რომ ძალა მქონდეს, მეც ავიდოდი მაღლა და აბა ნახავდით,
თუ ვინმე ჩამომიყვანდა ძირს.

მოთხრობის გზამკვლევი

ხანდახან აბსურდი ყველაზე უკეთ გამოხატავს რეალობას. კი მაგრამ ეს ხომ აბსურდია? -


იკითხავს ვინმე გონიერი და დაკვირვებული. ნამდვილად ასეა, მაგრამ ამ ჭეშმარიტებას ჯერ
ვერავინ შეეწინააღმდეგა - ის, რაც, ერთი შეხედვით, სისულელედ აღიქმება, შესაძლოა
ცხოვრების სიბრძნედ იქცეს. რატომ აღმოჩნდებიან ხოლმე საზოგადოებრივი ან
პოლიტიკური იერარქიის უმაღლეს საფეხურებზე ადამიანები, რომლებსაც არაფერი
გამოარჩევთ, გარდა არაკეთილგონიერი ახირებისა? როგორ ახერხებენ ისინი ამას? და ვისი
ბრალი თუ დამსახურებაა ის, რომ ასე ხდება? - ამ ადამიანების თუ მთლიანად
საზოგადოებისა?

საზოგადოების ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ შესაძლოა გიჟი „მაღლა ავიდეს“ და მერე
მისი იქიდან ჩამოყვანა ძალიან ძნელია. სულელებიც კი ხვდებიან იმას, რომ ზემოთ ვინც
ხვდება, თავისი ნებით დაბლა აღარ უნდა ჩამოვიდეს. „არ ჩამოვალ. ქვემოთ ჩამოსვლა ეგრე
იოლი კი არ არის! სხვებს ვერ ხედავთ? ვინც მაღლა ავიდა, ძირს არც ერთი არ ჩამოსულა,
ყველას მაღლა ყოფნა უნდა“.

ეს არ არის ადამიანთა „მსახურების“ სურვილი, ეს ბატონობისკენ სწრაფვაა, რომელიც,


აღსრულების შემთხვევაში, ყველაზე დიდ პატივმოყვარეობას აკმაყოფილებს. რაც მთავარია,
მადა ჭამაში მოდის და მუდმივად იზრდება - სოფლის თავობიდან იმპერატორობამდე.
ადამიანის სულიერ სიხარბეს ბოლო არ უჩანს - კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ
მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული უღირს ადამიანთა აღზევებისგან.

ვერანაირი ძალა ვერ ჩამოიყვანს გიჟს მაღლიდან. ამის ერთადერთი წამალი ის არის, რომ
დაბლა ჩამოყვანაც აღზევებად მოვაჩვენოთ - ის ამ დროს უნდა გრძნობდეს, რომ მხოლოდ
საკუთარ ნებას ასრულებს და არა სხვისას.

გიჟები იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდებიან, რომ გიჟები არიან და მაშინ შესაძლოა სიბრძნესაც
მიეახლონ, რომელიც, სამწუხაროდ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის
ყოველთვის მიუწვდომელ ბედნიერებად რჩება. ამიტომაც ახერხებენ პოლიტიკოსები ხალხის
ნებით მანიპულირებას საუკენეთა განმავლობაში. მოხუცი კაცი, რომელიც გიჟის დაბლა
ჩამოყვანას ახერხებს, ნათლად მიგვანიშნებს, რომ ცნებათა შენაცვლებით (როდესაც ადვილი
ხდება სხვას შენი ნება თავისად მოაჩვენო) შეიძლება გიჟი მოატყუო, მაგრამ თუ უღირსობას
ჭკუა ახლავს, მაშინ ლიდერის არჩევისას საზოგადოების შეცდომა გამოუსწორებელ
შედეგამდე მიგვიყვანს: „ორმოცი წელი პოლიტიკაში მედგა ფეხი... ახლა რომ ძალა მქონდეს,
მეც ავიდოდი მაღლა და აბა ნახავდით, თუ ვინმე ჩამომიყვანდა ძირს“.

ჯორჯ ორუელი

229
230

ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი, ერიკ არტურ ბლერი, რომელმაც


მოგვიანებით ფსევდონომად ჯორჯ ორუელი აირჩია, 1903 წლის 25 ივნისს
მიტიჰარიში დაიბადა. მამამისი ინდოეთის საბაჟოში საკმაოდ უმნიშვნელო
თანამდებობაზე მუშაობდა. ორუელი ჯერ წმინდა კიპრიანის სკოლაში სწავლობდა,
შემდეგ სახელობითი სტიპენდია მიიღო და 1921 წლამდე კოლეჯის ლექციებს
ესწრებოდა. 1922-27 წლებში ბირმის კოლონიურ პოლიციაში მუშაობდა. 1927 წელს,
შვებულების დროს შინ დაბრუნებულმა, სამსახურის დატოვება გადაწყვიტა, რათა
დრო წერისთვის დაეთმო.

მისი ადრეული ნაშრომები, ძირითადად, ავტობიოგრაფიულია. ევროპაში


მოგზაურობისას მან პირველი ორი წიგნის - „ძაღლური ცხოვრება პარიზსა და
ლონდონში“ (1933 წ.) და „ბირმული დღეები“ (1934 წ.) მასალები შეაგროვა. ამ
ნაწარმოებებში მისი ცხოვრების აღმოსავლური დღეები აისახა. 1935 წელს კიდევ
ერთი წიგნი „მღვდლის შვილი“ გამოიცა. მხატვრული ლიტერატურის გარდა,
ორუელი მუშაობდა დოკუმენტურ ჩანახატებზეც.

მწერალი მიიჩნევდა, რომ ნამდვილი პროზა უნდა იყოს „გამჭირვალე, როგორც მინა“
და თავადაც ძალიან გასაგებ ენაზე წერდა. ამ მხრივ, მაგალითად შეგვიძლია
დავასახელოთ მისი „სპილოს მკვლელობა“ და განსაკუთრებით, კიდევ ერთი ესსე
„პოლიტიკა და ინგლისური ენა“. თავის სამწერლო ვალდებულად ის მიიჩნევდა
ლიბერალური სოციალიზმის იდეების დაცვას.

1945 წელს ორუელმა ის წიგნი დაწერა, რომელმაც მსოფლიოში დიდი პოპულარობა


მოუტანა - „ცხოველების ფერმა“. მისი ბოლო წიგნი კი გახლდათ „1984“, რომელმაც
დღის სინათლე 1949 წელს იხილა და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.

მწერალი 1950 წლის 21 იანვარს, ლონდონში გარდაიცვალა.

სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით

თარგმნა თეიმურაზ ქორიძემ


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, ტ. 5,
თბილისი, 2008)

ბირმაში წვიმების სეზონი იდგა. ნესტიან დილას სუსტი, ყვითელი ფოლგისფერი


სინათლე მაღალკედლებიანი ციხის ეზოში ირიბ სხივებად ეშვებოდა.
წინა კედლების ნაცვლად წნელის ორმაგი რიგით გადაღობილ, ფარდულის
უჯრედების მსგავს სიკვდილმისჯილთა საკნებთან ვიდექით და ველოდით. თუ

230
231

ფიცრულ ნარებს და წყლის ტოლჩებს არ მივათვლით, დაახლოებით ათი ათზე


ფუტის ზომის ეს საკნები თითქმის ცარიელი იყო. აქა-იქ, წნელების შიდა რიგის
გასწვრივ, საბნებში გახვეული მდუმარე შავგვრემანი ადამიანები ჩაყუნცულიყვნენ.
მათ ჩამოხრჩობა ჰქონდათ მისჯილი. ორიოდე კვირის სიცოცხლეღა თუ
დარჩენოდათ.
ერთ-ერთი მათგანი საკნიდან უკვე გამოეყვანათ. ეს იყო თავგადაპარსული,
გაურკვეველი ფერის წყალწყალა თვალებიანი გალეული ინდუსი. კომედიური
ჟანრის კინომსახიობივით, პატარა სხეულთან შედარებით სასაცილოდ უზარმაზარი
გაბურძგნული ულვაში ამშვენებდა. მისი დაცვისა და სიკვდილით დასჯის
მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მოვალეობა ექვს ინდუს ჩაფარს ეკისრებოდა.
ორი მათგანი, ხელში ხიშტიანი შაშხანით, იდგა და თვალყურს ადევნებდა, სანამ
დანარჩენები მსჯავრდებულს ხელებზე ხუნდებს დაადებდნენ, შიგ ჯაჭვს
გაატარებდნენ, მერე იმ ჯაჭვს ქამრებზე მიიმაგრებდნენ და ხელებს თეძოებზე ყრუდ
მიუხრახნიდნენ.
ჩაფრები მსჯავრდებულს მჭიდრო რკალად შემოერტყნენ. ხელები მისთვის
ფრთხილად, დაყვავებით, მაგრამ მტკიცედ ჩაეჭიდათ. თითქოს უნდოდათ
საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რომ არსად დაეკარგებოდათ. ჩვეულებრივ, ასე
ექცევიან ნაპირზე ამოგდებულ მოფართხალე თევზს, უკან, წყალში გადახტომა რომ
სწადია. განსასჯელი თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა: წინააღმდეგობის
ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა, უძლური ხელები თოკს მორჩილად მიჰყვებოდა.
რვა საათმაც ჩამოჰკრა. ნესტიან ჰაერში შორეული ყაზარმებიდან წამოსული
ბუკის სუსტი, უნუგეშო ხმა დაირხა. ციხის უფროსმა, ჩვენგან განცალკევებით რომ
იდგა და ხელის ჯოხით ქვიშაში იჩიჩქნებოდა, ამის გაგონებაზე თავი ასწია. ეს იყო
კაცი ხრინწიანი ხმითა და ჭაღარაგარეული ჯაგარა ულვაშით, განათლებით –
სამხედრო ექიმი. ,,ფრენსის, იჩქარე, თუ ღმერთი გწამს, – გაღიზიანებული ტონით
თქვა მან, – მსჯავრდებული კარგა ხანია მკვდარი უნდა იყოს. თქვენ რა, ჯერაც მზად
არა ხართ?”
უფროსმა ზედამხედველმა ფრენსისმა, ტვიდის კოსტიუმში გამოწყობილმა და
ოქროსსათვალეებიანმა სქელმა დრავიდმა8 მზედაკრული ხელი გაიქნია და სწრაფად
წაიჩლიფინა: ,,არა, შერ, არა, – ჩვენთან ყველაფერი შშრულ მშადყოფნაშია. ჯალათი
გველოდება. შეგვიძლია წავიდეთ”.
,,მაშინ საქმეს დროზე მიხედეთ. სანამ ამას არ მოვრჩებით, პატიმრები საუზმეს
ვერ მიიღებენ”.
სახრჩობელისკენ დავიძარით. პატიმრისგან მარცხნივ და მარჯვნივ მხარზე
შაშხანაგადებული ორ-ორი ჩაფარი მიაბიჯებდა. კიდევ ორი უკან მისდევდა, ძალიან
ახლოს, ერთდროულად ამხნევებდნენ და ზურგში მუჯლუგუნებსაც ჰკრავდნენ.
მოსამართლეები და სხვები შორიახლო მიჰყვებოდნენ. ათი იარდის შემდეგ პროცესია
უცბად, ყოველგვარი ბრძანებისა და გაფრთხილების გარეშე ერთბაშად შედგა. მოხდა
რაღაც შემაძრწუნებელი: ერთმა ღმერთმა უწყის საიდან, ციხის ეზოში ძაღლი
გამოჩნდა. ჩვენთან ხმამაღალი ყეფით მოვარდა, ირგვლივ გვირბენდა და ამდენი
ხალხის დანახვისგან სიხარულით გაგიჟებული, მთელი ტანით იგრიხებოდა. ეს იყო
გრძელი, ხშირი ბალნით დაფარული ზორბა ძაღლი, ერდელ-ტერიერისა და ეზოს
ქოფაკის ნაჯვარი. ერთხანს აღფრთოვანებული დაქროდა ჩვენს გარშემო, მერე კი,
ვიდრე ვინმე მისთვის გზის გადაღობვას მოიფიქრებდა, განსასჯელისკენ გაქანდა,
8
დრავიდებს უწოდებენ სამხრეთ ინდოეთის ხალხთა ჯგუფს ან რომელიმე კერძო წარმომადგენელს.
231
232

ახტა და შეეცადა, მისთვის სახე აელოკა. ყველა გაშეშებული ვიდექით. ისე ვიყავით
შეძრული, რომ ძაღლის დაჭერაც კი არავის უცდია. ,,ვინ შემოუშვა აქ ეს ეშმაკის
კერძი ცხოველი?! – ამოიხრიალა გაავებულმა ციხის უფროსმა. – ახლავე დაიჭირეთ!”
ერთი ჩაფარი ესკორტს გამოეყო და საკმაოდ მოუქნელად ძაღლის დაჭერა სცადა.
ძაღლი ხტოდა და ტრიალებდა, ჩაფარს სულ ახლოს უშვებდა, მაგრამ ხელში არ
უვარდებოდა, ეტყობა, ყველაფერი ეს თამაშად მიაჩნდა. ახალგაზრდა ინდუსმა
ჩაფარმა პეშვით ხრეში აიღო და ძაღლის გაგდება კენჭებით სცადა, მაგრამ მან
მოხერხებულად აიცდინა ნასროლი და ისევ ჩვენსკენ გამოქანდა. მისი მხიარული
წკავწკავი ციხის კედლებიდან ექოდ ბრუნდებოდა. განსასჯელი ორ ჩაფარს მაგრად
ჩაებღუჯა. მისი მზერიდან ძველებურად განურჩევლობა გამოსჭვიოდა. თითქოს ის,
რაც ახლა ხდებოდა, სიკვდილით დასჯის წინამორბედი მორიგი ფორმალობა
ყოფილიყოს. ვიდრე ძაღლს დაიჭერდნენ, რამდენიმე წუთი გავიდა. ბოლოს შეიპყრეს,
საყელურზე ჩემი ცხვირსახოცი მივაბი და გაჯიუტებულ და საწყალობლად
მოწკმუტუნე ცხოველთან ერთად ისევ გზას გავუდექით.
სახრჩობელამდე ორმოციოდე იარდი რჩებოდა. ჩემს წინ მიმავალი განსასჯელის
გაშიშვლებულ, შავგვრემან ზურგს მივჩერებოდი. ხელებშეკრული, ერთი შეხედვით
მოუქნელი, ინდუსებისთვის ჩვეული სიარულით – მუხლების გაუმართავად, –
მაგრამ მტკიცედ მიდიოდა. ფეხის ყოველ გადადგმაზე კუნთები იდეალურად
ასრულებდა თავის საქმეს, თმის კულული თავზე ზევით-ქვევით ხტოდა, ფეხებს
სველ ქვიშაზე აბიჯებდა. ჩაფრებს მხრებით მაგრად გაეკრათ, მაგრამ ამის
მიუხედავად, გზაზე შემხვედრი გუბისთვის რომ აექცია, გვერდზე ფეხის გადადგმა
მაინც მოახერხა.
იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მომენტამდე არ მესმოდა, რას ნიშნავს
ჯანმრთელი, სავსებით საღ გონებაზე მყოფი ადამიანის მოკვლა. როცა დავინახე,
გუბის შემოსავლელად სიკვდილმისჯილი როგორ დგამდა ნაბიჯს გვერდზე,
თითქოს თვალი ამეხილა. მაშინ გავაცნობიერე, რომ ადამიანს არა აქვს მეორე
ადამიანის სიცოცხლის მოსპობის არავითარი უფლება.
განსასჯელი სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული არ ყოფილა, მისი სიცოცხლე
თითოეული ჩვენგანის სიცოცხლესავით მიედინებოდა. ყველა ორგანო მუშაობდა:
კუჭი გადაამუშავებდა საკვებს, ახლდებოდა კანის საფარი, იზრდებოდა ფრჩხილები,
ყალიბდებოდა ქსოვილები”. ახლა კი ამ ორგანიზმის გამართული მუშაობა აშკარა
უაზრობად იქცა. ფჩხილები მაშინაც გააგრძელებს ზრდას, როცა ის სახრჩობელაზე
ავა, როცა სიკვდილის დადგომიდან მეათედი წამის შემდეგ, ძირს დაენარცხება. მისი
თვალები ჯერ კიდევ ხედავს მოყვითალო ხრეშსაც და ციხის რუხ კედლებსაც, ტვინი
ჯერ კიდევ ჭვრეტს, სჯის, ფიქრობს – თვით გუბეზეც კი. ის და ჩვენ ერთად
შევადგენდით ერთი და იმავე სამყაროს მოძრავი, დამნახავი, მომსმენი, მგრძნობელი,
გამგები ადამიანების ერთიან ჯგუფს. ორიოდ წუთის შემდეგ კი მჭახე ტკაცანი
გვაუწყებს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი აღარ არის – ერთი გონით, ერთი სამყაროთი
ნაკლები დავრჩით.
სახრჩობელა ციხის მთავარი ეზოდან მოშორებით, მაღალი ეკალ-ბარდებით
დაფარულ პატარა მოედანზე იყო მოწყობილი. ეს იყო სამკედლიანი ფარდულის
მსგავსი აგურის შენობა ფიცრის ეშაფოტით. ბოძებზე ძელი იყო გადებული. ძელზე
თოკი ქანაობდა. მექანიზმთან იდგა ჯალათი – ციხის თეთრ ფორმაში ჩაცმული
ჭაღარა პატიმარი. ჩვენ რომ მივედით, მისალმების ნიშნად მონურად მოიდრიკა.
ფრენსისის ნიშანზე ჩაფრები პატიმარს კიდევ უფრო მაგრად ჩაეჭიდნენ, მიიყვანეს
232
233

თუ მიაგდეს სახრჩობელამდე და რაღაც მოუხერხებლად მიეხმარნენ კიბეზე ასვლაში.


მერე ეშაფოტზე ჯალათი გამოჩნდა და კისერზე მარყუჟი ჩამოაცვა.
ჩვენ ხუთიოდე იარდში ვიდექით და ველოდით. ჩაფრებს სახრჩობელის ირგვლივ
რაღაც წრის მსგავსი გაეკეთებინათ. მარყუჟი რომ ჩამოაცვეს, სიკვდილმისჯილმა
თავისი ღმერთისადმი ხმამაღალი მიმართვა წამოიწყო. ეს არ ყოფილა ლოცვა, არც
გოდება, არც დახმარებისთვის მოწოდება, არც სასოწარკვეთილი და შეძრწუნებული
კაცის ვაი-ვიში. ეს იყო მწყობრი, რიტმული, ზარების რეკვის მაგვარი გამყინავი
ძახილი: ,,რამა! რამა! რამა!”
ამის გაგონებაზე ძაღლი საბრალოდ აწკმუტუნდა. ეშაფოტზე მდგარმა ჯალათმა
ჯიბიდან ბამბის პატარა ტომსიკა ამოიღო. აი, ისეთი, ფქვილის ჩასაყრელად რომ
ხმარობენ და განსასჯელს თავზე ჩამოაცვა. მაგრამ ნაჭრისგან დახშული ხმა მაინც
ისმოდა: ,,რამა! რამა! რამა!” ციხის უფროსს თავი დაეხარა და ხელის ჯოხით მიწას
დინჯად ხაზავდა. შესაძლოა, სიკვდილმისჯილს წინასწარ განუსაზღვრა ძახილის
ლიმიტი და ითვლიდა – იქნებ – ორმოცდაათამდე, იქნებ – ასამდე. ყველას სახე
შეცვლოდა. ინდუსები ისე განაცრისფრდნენ, როგორც ცუდი ყავა. ორიოდე ხიშტი
კანკალებდა. ვხედავდით ეშაფოტზე მდგარ ხელფეხშეკრულ და თავზე
ტომარაჩამოცმულ ადამიანს, გვესმოდა მისი ყრუ შეძახილები: ყოველი შეძახილი –
სიცოცხლის კიდევ ერთი წამი. თავში ყველას ერთი აზრი გვიტრიალებდა: მოკალით,
ბოლოს და ბოლოს; ჩქარა მოკალით, რამდენ ხანს უნდა გააჭიანუროთ, შეწყვიტეთ ეს
საზარელი ძახილი...
როგორც იქნა, ციხის უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო. მკვეთრად თავაღერილმა
ხელის ჯოხი დაიქნია. ,,ჩელო”, – დაიყვირა თითქმის გაავებით. გაისმა ღრჭიალი.
მერე სიჩუმე ჩამოვარდა. განსასჯელი გაქრა. თოკი თითქოს თავისთვის ირხეოდა.
ძაღლი გავუშვი და ისიც დაოთხილი გაექანა სახრჩობელისკენ. როცა იქამდე
მიირბინა, ელდანაცემი შედგა. დაიყეფა, ეზოს კუთხეში მიიკუნჭა და ბარდებში
მიმალული შიშით გვითვალთვალებდა. სხეულის დასათვალიერებლად
სახრჩობელას შემოვუარეთ. ნელ-ნელა მოტრიალე თოკზე ჩამოკიდებული
მსჯავრდებული უეჭველად მკვდარი იყო.
ციხის უფროსმა ხელის ჯოხი ასწია და შიშველ ზეთისხილისფერ სხეულს ატაკა.
სხეული ოდნავ გაქანდა. ,,ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგშია”, – დაასკვნა
ციხის უფროსმა. მისი სახიდან როგორღაც წამიერად გაქრა პირქუში
გამომეტყველება. მზერა მაჯის საათზე გადაიტანა. ,,რვა საათი და რვა წუთია.
მადლობა ღმერთს, დილისთვის, მორჩა”. ჩაფრებმა შაშხანებს ხიშტები მოხსნეს და
იქაურობას გაშორდნენ.
ძაღლი, ეტყობა, მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და ყურებჩამოყრილი მათ
ძუნძულით აედევნა. ჩვენც დავტოვეთ იქაურობა, სადაც სახრჩობელა იდგა.
საკუთარი დასასრულის მომლოდინე სიკვდილმისჯილთა საკნებს ჩავუარეთ და
ციხის ცენტრალურ ეზოში შევედით. რკინისბუნიკიანი ბამბუკის ჯოხებით
შეიარაღებული გუშაგების ზედამხედველობით პატიმრებს საუზმეს უკვე
ურიგებდნენ ისინი. გრძელ რიგებად, ხელში თუნუქის ჯამებით ალაზე ისხდნენ. ორი
გუშაგი მათ შორის დადიოდა და ვედროებიდან ბრინჯს უნაწილებდა. სიკვდილით
დასჯის შემდეგ ამ სცენის აღქმა სასიამოვნო და სიხარულის მომგვრელი აღმოჩნდა.
ახლა, როცა საქმე უკვე მოთავებული იყო, წარმოუდგენელი შვება ვიგრძენით –
გინდოდა გემღერა, გერბინა, გეცინა. ყველა ერთბაშად მხიარულად ავლაპარაკდით.

233
234

ახალგაზრდა მეტისმა, გვერდზე რომ მომყვებოდა, მრავალმნიშვნელოვანი


ღიმილით გადააქნია თავი იმ მხარეს, საიდანაც მოვედით: ,,იცით, სერ, ჩვენმა საერთო
მეგობარმა (ჩამოხრჩობილს გულისხმობდა), მისი აპელაციის უარყოფის ამბავი რომ
გაიგო, საკანში პირდაპირ იატაკზე ჩაიფსა. შიშისგან. სიგარეტს ხომ არ ინებებთ, სერ?
ჩემი ახალი ვერცხლის პორტსიგარი ნახეთ, სერ! ურიგო არ არის, არა, სერ? ორი რუპია
და რვა ანი დავდე. მშვენიერი ნივთია, ევროპულ სტილში”.
რამდენიმე კაცი იცინოდა, ეტყობა, თვითონაც არ იცოდნენ, – რაზე. ციხის
უფროსის გვერდზე მიმავალი ფრენსისი გაუთავებლად ლაქლაქებდა, ,,იჩით, შშერ,
ყველაფერმა იშშე ჩაიარა, საყვედური არ გვეთქმის. ერთი, ორი და – მორჩა.
ყოველთვიშ აშე არ ხდება, არა – არა, შერ! მახშოვშ, ერთხელ ექიმი იძულებული
გახდა შახრჩობელიშ ქვეშ შშემძვრალიყო და ჩამოხრჩობილშ ფეხებზე დაკიდებოდა.
უეჭველი რომ ყოფილიყო. უმაღლეშ დონეზე უშიამოვნო ამბავია!”
,,ფართხალი... კარგი რა უნდა იყოს!” – თქვა ციხის უფროსმა. ,,არა, შერ, ბევრად
ჩუდია, თუ უჩებ გაჯიუტდება. მახშოვშ, მივედით ერთხელ ერთ შშაკანში. იშ კიდე
გიშოშებიშ წნელებშ ჩააფრინდა. არ დაიჯერებთ, შშერ: იქიდან რომ აგვეგლიჯა, ექვში
ჩაფარი დაგვჭირდა. – შამ-შამი თითო ფეხშე. ვეხვეწეთ, ჭკუაზე მოშულიყო, –
ძვირფაშო, – ვეუბნებოდით, – რამდენ ტკივილშ და უშიამოვნებაშ გვაყენებ. არაფრიშ
შეშმენა არ უნდოდა! ჰოო, იმაზე მართლაჩ ბევრი ვიწვალეთ!”
უცებ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ხმამაღლა ვიცინოდი. ირგვლივ ყველა
ხარხარებდა. თვით ციხის უფროსიც კი მოწყალედ ულვაშებში იღიმებოდა. ,,წავი-
დეთ, დავლიოთ, – ალალად შემოგვთავაზა მან, – მანქანაში ერთი ბოთლი ვისკი
მაქვს. არ გვაწყენდა”.
ციხის უზარმაზარი, ორფრთიანი კარით გზაზე გავედით.
,,ფეხებზე დაეკიდაო!” – წამოიყვირა უცებ ბირმელმა მოსამართლემ და ხმამაღალი
სლოკინი ამოუშვა. ჩვენ ისევ გადავიხარხარეთ. იმ მომენტში ფრენსისის ნაამბობი
უზომოდ სასაცილო გვეჩვენებოდა. ადგილობრივმა ბირმელებმაც და ევროპელებმაც,
– ყველამ ერთად, – ძმაკაცურად შევსვით.

მოთხრობის გზამკვლევი

რა უცნაური და ბუნდოვანია, როდესაც ადამიანის სიკვდილით დასჯა სხვა ადამიანების


დღის განრიგის ერთი უბრალო შემადგენელი ნაწილია („მაშინ საქმეს დროზე მიხედეთ. სანამ
ამას არ მოვრჩებით, პატიმრები საუზმეს ვერ მიიღებენ“) - ის უნდა მოკვდეს, ჩვენ კი
ცხოვრებას გავაგრძელებთ: ვიხუმრებთ, საკვებს მივირთმევთ, დავიძინებთ და გავიღვიძებთ.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას აღარ უნდა ეცოცხლა და აღვასრულეთ კიდეც. გვქონდა კი ამის
უფლება? შეგვეძლო მაინცდამაინც ზუსტად გაგვესაზღვრა, როდის უნდა გამოსალმებოდა
სიცოცხლეს - ღმერთს „სამუშაოს“ ვართმევთ?

„მისი სიცოცხლე თითოეული ჩვენგანის სიცოცხლესავით მიედინებოდა. ყველა ორგანო


მუშაობდა: კუჭი გადაამუშავებდა საკვებს, ახლდებოდა კანის საფარი, იზრდებოდა
ფრჩხილები, ყალიბდებოდა ქსოვილები“, ახლა კი „ერთი სამყაროთი ნაკლები დავრჩით“.

ინდუსი მშვიდად კვდება. სულ ბოლოს თავის ღმერთს რომ მიმართავს, ეს არ არის არც
ლოცვა, არც გოდება, არც დახმარებისათვის მოწოდება, არც სასოწარკვეთა და შეძრწუნებული
234
235

კაცის ვაი-ვიში. ეს მისალმებაა - „მე მოვდივარ შენთან“. ისინი, ვინც მკვლელობის


აღმსრულებელნი არიან, გაცილებით მეტად ჰგვანან რაღაცით შეშფოთებულებს, თუმცა
ცდილობენ შეიფერონ ის გარემოება, რომ ცოცხლები რჩებიან. ციხის ეზოში გამოვარდნილი
ძაღლი, რომელიც მხოლოდ სიცოცხლით ხარობს, მკვეთრ კონტრასტს ქმნის იმ ადამიანებთან,
რომლებიც თანამოძმის სიკვდილს ესწრაფვიან - ღმერთს ართმევენ თუ სხვა ვინმეს, ეს მათი
სამუშაოა. როგორც ყველა სამუშაო, ესეც მოსაბეზრებელია („თავში ყველას ერთი აზრი
გვიტრიალებდა: მოკალით, ბოლოსდაბოლოს; ჩქარა მოკალით, რამდენ ხანს უნდა
გააჭიანუროთ, შეწყვიტეთ ეს საზარელი ძახილი...“)

შეიძლება სიკვდილზე ხუმრობა? ერთი, ენას რომ უკიდებს, აი, ის, იხსენებს, როგორ
ჩაეჭიდნენ ჩაფრები ორივე ფეხზე სიკვდილმისჯილს, რომელიც სიცოცხლეს ებღაუჭებოდა:
„ვეხვეწეთ, ჭკუაზე მოშულიყო, - ძვირფაშო, - ვეუბნებოდით, - რამდენ ტკივილშ და
უსიამოვნებაშ გვაყენებ. არაფრიშ შეშმენა არ უნდოდა! ჰოო, იმაზე მართლაჩ ძალიან ბევრი
ვიწვალეთ!“ ყველა ხმამაღლა იცინის. მაინც რაზე? იმაზე ხომ არა, რომ ადამიანთა მიერ
შექმნილი კანონები და წესები ისე ხელყოფს ადამიანის ბუნებას, თითქოს ყოველი დღე
დანაშაულად იქცევა?

ჩვენ, ადამიანები, ხშირად დავცინით სიკვდილს, ოღონდ საკუთარს - არა. გვგონია, რომ ის
არასდროს შეგვეხება ან, ყოველ შემთხვევაში, ძალიან გვიან და უსაზღვროდ „მერე“. არადა, ის
ყოველთვის ახლოს არის და ადვილი შესაძლებელია, მომდევნო ჯერზე სხვებმა სწორედ
ჩვენზე იხუმრონ.

კი მაგრამ, ვინ არ იცის ეს? ალბათ - ყველამ, მაგრამ ადამიანი როდის იქცევა იმის შესაბამისად,
რაც იცის?

ძალიან იშვიათად. მანამდე კი ყველა თავის სამუშაოს ასრულებს, თუნდაც ეს სამუშაო


აბსურდული იყოს.

ო,ჰენრი

235
236

ამერიკელი ნოველისტი და მოულოდნელი დასასრულების დიდოსტატი, უილიამ


სიდნეი პორტერი, რომელიც ლიტერატურული სამყაროსთვის ცნობილი
ფსევდონომით - ო’ჰენრი - წერდა, 1862 წლის 11 სექტემბერს, ჩრდილოეთ
კაროლინაში, ქალაქ გრინსბოროში დაიბადა ექიმის ოჯახში. დედა ადრე
გარდაეცვალა და მის აღზრდაზე მამიდამ და ბებიამ იზრუნეს.

15 წლისამ სკოლა მიატოვა და სხვადასხვა პროფესიაში სცადა ბედი. 1884 წელს


მუშაობა დაიწყო იუმორისტულ ჟურნალში „როლინგ სტოუნი“. 1897 წელს მას ბრალი
თანხების მითვისებაში დასდეს და დაიჭირეს, ციხეში სამი წელიწადი გაატარა,
გათავისუფლების შემდეგ კი უკვე ნახსენები ფსევდონიმი აირჩია და ნოველების წერა
დაიწყო.

1899 წელს ერთ-ერთ ჟურნალში მისი პირველი მოთხრობა „სტვენია დიკის საშობაო
ცეცხლი“ დაიბეჭდა. მისი პირველი კრებული „კომბოსტო და მეფეები“ 1904 წელს
გამოიცა, მეორე - „ოთხი მილიონი“, ორი წლის შემდგომ. მთლიანობაში ო’ჰენრიმ ათი
კრებული გამოსცა, რომლებშიც შესულია მისი ცნობილი ტექსტები „უკანასკნელი
ფოთოლი“, „მოგვების ძღვენი“, „სანამ ავტო იცდის“, „ნამდვილი ამბავი“ და ა.შ.

ო’ჰენრი 1910 წლის 5 ივნისს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ქალაქის ძლევა

თარგმნა მაია ცერცვაძემ


(„ნოველები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2013)

რობერტ უოლმსლის ქალაქში წასვლას დიდი წინააღმდეგობა9 შეხვდა. ჭაბუკმა


ყველა დაბრკოლება გადალახა და მალე წარმატებასა და დიდებას ეზიარა. ქალაქურმა
ყოფამ კი ის ერთიანად შთანთქა და პირველქმნილი სახე დააკარგვინა. ქალაქმა მისცა
ყველაფერი, რისი მიღებაც სურდა და თან თავისი დაღი დაასვა. შეიტკბო, შეითვისა,
განაზავა, გადაასხვაფერა, ყალიბში ჩასვა და თავის მოქალაქეებს დაამსგავსა.
ქალაქმავე გაუხსნა გზა წარჩინებული საზოგადოებისკენ და მასაც ამ რჩეულ
9
დედანშია „კილკენის ბრძოლა“ (ინგ. Kilkenny struggle), იგივე „კილკენის კატების ბრძოლა“ –
ხატოვანი გამოთქმა, რომელშიც იგულისხმება ბრძოლა ორივე მხარის სრულ განადგურებამდე. მისი
წარმომავლობა უკავშირდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ირლანდიაში, მდინარე ნორის ნაპირზე
გაშენებულ ძველ ქალაქ კილკენის. გადმოცემის თანახმად, იქ მოწყენილი ჯარისკაცები გართობის
მიზნით აჩხუბებდნენ კატებს მანამ, სანამ ისინი ერთმანეთს არ დახოცავდნენ ხოლმე.

236
237

ნახირთან ერთად მოუზომა საბალახო მწვანე მდელოზე. რობერტმა გაითავისა


ახლებური ჩაცმა-დახურვა, ჩვევები, მეტყველება, ცხოვრების წესი და ქცევის
პირობითობა. ამ ყველაფრის წყალობით მან ის ცუდმედიდობა და გამაღიზიანებელი
სრულყოფილება, ის გამომწვევი იერსახე და გადამეტებული თავდაჭერილობა
შეიძინა, რაც მანჰეტენელ10 ჯენტლმენსაც კი ქონდრისკაცად აქცევს მთელი თავისი
სიდიადის მიუხედავად.
ქვეყნის ერთი ჩრდილოური მხარე დიდად ამაყობდა იმით, რომ ქალაქის ამ
ფრიად სახელგანთქმული ახალგაზრდა ვექილის სამშობლო იყო. ექვსი წლის წინათ
კი, როცა იქაურებმა მოხუცი უოლმსლის ჭორფლიანი ბიჭის განზრახვა შეიტყვეს,
მოცვით კბილებჩაშავებულ პირში ერთთავად გაჩრილი ნამჯის ღერები
გამოაფურთხეს, რომ ამაზე ირონიულად და ბუკოლიკურად 11 ეცინათ. მათ ვერ
გაეგოთ, რა რჯიდა, რისთვის ამბობდა ყმაწვილკაცი უარს მზამზარეულ სმა-ჭამაზე
თუნდაც მიყრუებულ ფერმაში და რატომ იმეტებდა თავს დიდი ქალაქის სწრაფი
კვების დახლების გრძელ რიგებში დგომისათვის.
არ გასულა დიდი ხანი და ქალაქში არც ერთი მკვლელობის საქმე, საავტომობილო
შემთხვევა, გამოსშვები საღამო თუ საცეკვაო წვეულება ისე არ ჩაივლიდა, რობერტ
უოლმსლის სახელი რომ არ ყოფილიყო გარეული. ის ყველასთვის მისაბაძი
შექმნილიყო. თერძებიც კი ქუჩაში გზას უჭრიდნენ, რომ მისი გატკეცილი შარვლიდან
ახალმოდური ნაკეცი თარგისთვის შეეთვალიერებინათ. კლუბის უცხოელი
მეგობრები და სასამართლოში მოწმედ დაბარებული ძველისძველი სახელოვანი
გვარიშვილები კი სიხარულით უტყაპუნებდნენ მხარზე ხელს და ნებას რთავდნენ,
შენობით მიემართა მათთვის.
და მაინც უოლმსლიმ წარმატების მწვერვალს, თავის მატერჰორნს12 მაშინ მიაღწია,
რაც მან ალისა ვან დერ პულზე იქორწინა. სწორედ რომ მატერჰორნივით
თვალმიუწვდომელი და ცივი, თეთრი და პირქუში გახლდათ ძირძველი
ბიურგერების ეს ქალიშვილი. ამ გოროზად აღმართულ მწვერვალს მუხლამდე თუ
მისწვდებოდა გარსშემოჯრილი მაღალი საზოგადოების ალპები. მის დასაპყრობად
სახიფათო კალთებს და ბილიკებს ათასობით მთამსვლელი შეჰფენოდა. ქალი თავის
უშფოთველ და უდრტვინველ სამყაროში ჩაკეტილიყო. არც ნაკადულის რაკრაკი
10
მანჰეტენი (ინგ. Manhattan) – ამავე სახელწოდების კუნძული და ნიუ-იორკის ხუთიდან ერთ-
ერთი რაიონი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს თავად მანჰეტენის კუნძულს და სხვა რამდენიმე მცირე
კუნძულსა და კონტინენტის მცირე ნაწილს.

11
ბუკოლიკა – იგივე ბუკოლიკური პოეზია (ბერძ. Bukolika მწყემსური პოეზია), პოეზიის ჟანრი,
რომელშიც გაიდეალებულია მწყემსური, საერთოდ სოფლური ცხოვრება; პასტორალი.

12
მატერჰორნი (გერმ. Matte „მდელო“ და Horn „ქედი“) – მთა ალპებში, შვეიცარიისა და იტალიის
საზღვარზე. გამორჩეულია გიგანტური პირამიდის ფორმის მქონე მწვერვალით. ალპინისტებს ასეთი
წაწვეტებული მწვერვალები (კარლინგები) იზიდავს, რადგან მათზე ასვლა ძნელია. მატერჰორნი
(4477 მ.) პირველად ინგლისელებმა დაიპყრეს 1885 წელს.

237
238

უთრთოლებდა გულს, არც მაიმუნების დაპურების სურვილი ჰკლავდა, არც ძაღლებს


იშინაურებდა და წვრთნიდა. ის იყო ვან დერ პული – ცხოვრების მშვენიერებას
გულგრილად უცქერდა და არაფერი აღელვებდა. ნაკადულებს მისთვის უნდა
ეჩუხჩუხათ, მაიმუნებიც სხვათა წინაპრებად მოიაზრებოდნენ, ძაღლები კი, მისი
აზრით, ამქვეყნად იმისთვის გაჩენილიყვნენ, რომ უსინათლო ჩიბუხიან პირებს თან
ხლებოდნენ.
ასეთი იყო მატერჰორნი, რომლითაც რობერტ უოლმსლიმ თავისი კარიერული
აღმასვლა დააგვირგვინა. მაშინ კი, როცა მან ერთი ცნობილი თმაკულულა კოჭლი
პოეტის13 წყალობით შეიტყო, რომ მთასვლელნი დაპყრობილ ცისფერ მწვერვალთა
უმეტესობას, როგორც წესი, ღრუბლებსა და თოვლში გახვეულს ჰპოვებენ,
ახალგაზრდა ვექილმა იმედგაცუება სახის მხნე და მომღიმარი გამომეტყველებით
შენიღბა. უოლმსლი წარმატებული კაცი გახლდათ და იცოდა, როგორ მოქცეულიყო –
თავი გმირი სპარტელი ბიჭივით14 ეჭირა და დუბლეტად15 ქცეულ მკერდში ყინულის
ლოდი ძირიდან გულს უზრობდა.
ახალშეუღლებულნი ხანმოკლე საზღვარგარეთული საქორწინო მოგზაურობიდან
დაბრუნდნენ. წყვილს დიდი სურვილი გასჩენოდა ქვეყნის რჩეულთა ყურადღება
მიეპყრო, ნაღები საზოგადოების ტბორი, მდორე, ცივი და შუქმიუწვდომელი,
შეერხია და მისეული ტალღით აეტოკებინა. ცოლ-ქმარმა ფართოდ გაუღო სახლის
კარი სტუმრებს და მათ ძველებური დიდებულების ნიშნით აღბეჭდილ წითელი
აგურის მავზოლეუმში მასპინძლობდა, ქალაქის ძველ უბანში, წარული დიდების ამ
სასაფლაოზე რომ აღმართულიყო. რობერტ უოლმსლი ამაყობდა მეუღლით; თუმცა
ისიც სათქმელია, რომ როცა ცალი ხელით სტუმრებს შინისკენ იწვევდა, მეორეთი
თავის ალპენშტოკსა და თერმომეტრს ებღაუჭებოდა ხოლმე.
ერთ დღეს ალისამ რობერტის დედის წერილი იპოვა. მშობელი მიწიდან, ფუძე-
კერიდან გამოგზავნილი მოკითხვის ბატიფეხური ბარათი დედობრივი სიყვარულით
იყო გამთბარი. მშობელი შვილს დაწვრილებით სწერდა, რა ხდებოდა ფერმაში –
ფუტკრების, ჭირნახულის, გამხმარი ხეხილის ამბებს უყვებოდა, ღორისა და ციცქნა
ჟღალი ციკნის სიჯანსაღეს ამცნობდა და ახალდადებული კვერცხებით მოგვრილ
სიხარულს უზიარებდა, თან მივიწყებულ მშობლებსაც ახსენებდა და სთხოვდა, შინ
დაბრუნებულიყო. „აქამდე რატომ არ მაჩვენებდი დედაშენის წერილებს?“ ჰკითხა
ალისამ ქმარს ცივად. მისი ხმის სუსხი ერთთავად ლორნეტებს, ტიფანის 16
13
იგულისხმება ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824).

14
იგულისხმება სპარტელი ჭაბუკის გმირობა, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ტანსაცმლის ქვეშ
მოპარული მელია ჰყავდა გადამალული. მელია მუცელს უკორტნიდა, ბიჭი კი უჩუმრად იტანდა
ტკივილს და ისე მოკვდა, ერთიც არ დაუკვნესია (პლუტარქე, „ლიკურგეს ცხოვრება“).

15
დუბლეტი (ფრ. doublet) – ორი ნაწილისაგან შეწებებული ძვირფასი თვალი, რომელშიც ზემოთა
ნაწილი ნამდვილია, ხოლო ქვემოთა – ყალბი.

16
ტიფანი – ჩარლზ ლუის ტიფანი (1812-1902), ცნობილი იუველირი-ექსპერტი. 1837 წელს
ნიუ-იორკში დააფუძნა კომპანია „ტიფანი და კომპანია“ (Tiffany & Co), მეცხრამეტე საუკუნის
238
239

ანგარიშებს, დოუსონიდან17 ფორთი მაილამდე18 მოსრიალე ციგებს, დიდედის


ძველისძველი ჭაღების ბროლის პრიზმების ჟღერას, მონასტრის სახურავზე
ჩარჩენილ თოვლსა და იმ პოლიციის სერჟანტს მოგაგონებდათ, დამნაშავის
თავდებით გაშვება რომ არ სურდა. „დედაშენი თავისთან გვეპატიჟება“, განაგრძო
ქალმა, „მე ხომ არასოდეს ვყოფილვარ ფერმაში. წავიდეთ ერთი-ორი კვირით,
რობერტ“.
„კეთილი, წავიდეთ“. მიუგო რობერტმა ისეთი სახით, უზენაესი სასამართლოს
წევრს რომ აქვს ხოლმე, როცა ვინმეს კვერს უკრავს. „ფერმაში მიპატიჟებაზე შენთან
კრინტსაც არ ვძრავდი, მეგონა, დიდად არ გხიბლავდა იქაურობა. ახლა კი, მინდა
გითხრა, დიდად გამახარე“.
„თავად მივწერ მას“, დასძინა აღფრთოვანებულმა ალისამ გაუბედავად. „ფელისე
ერთ წუთში მომიმზადებს სკივრებს. ვფიქრობ, შვიდიც მეყოფა. არა მგონია,
დედაშენის ეზო-მამულისთვის მეტი იყოს საჭირო, განა ბევრი ადგილი ექნება მას
სტუმრებისთვის?“
რობერტი წამოდგა, და როგორც სოფლის რწმუნებულმა, ერთი სკივრით წასვლა
ურჩია. ის შეეცადა მეუღლისთვის აღეწერა, დაესურათხატებინა და გაეგებინებინა,
რას წარმოადგენდა ფერმა. თავისივე სიტყვებმა ყური მოსჭრა. ჯერ კიდევ ვერ
გაეცნობიერებინა, როგორ მთლიანად გაეთქვიფა და შეესრუტა ქალაქს.
გავიდა ერთი კვირა. ცოლ-ქმარი ქალაქიდან ფერმაში გაემგზავრა. ხუთი საათი
იმგზავრეს და სოფლის პატარა სადგურის ბაქანზე ჩამოხტნენ. იქ ჯორშებმული ღია
ფორნით ერთი ენაგესლა ჭაბუკი დაუხვდათ. ის დამცინავი სახით ომახიანად მიეგება
მგზავრებს და რობერტს უკმეხად მიესალმა.
„მისტერ უოლმსლის ვახლავარ. ჰა, როგორც იქნა, გაიხსენე არა სახლის გზა?
უკაცრავად და, ავტომობილი ვერ დაგახვედრე, რას იზამ, დღეს ის მამაჩვენს
სჭირდება, სამყურით მოფენილ ტყესაკაფში დააქროლებს. იმედია, არც იმაზე
გამიწყრები, სმოკინგი19 რომ არ მაცვია – ჯერ ხომ ექვსი საათი არ შესრულებულა.
„როგორ გამიხარდა შენი ნახვა, ტომ“, რობერტმა სამკლავურზე მაგრად ჩასჭიდა
ხელი ძმას. „მართალი ხარ, როგორც იქნა, გავიხსენე სახლის გზა. განა არა, გაქვს

ამერიკული საიუველირო ვაჭრობის ლიდერი. 1851 წელს შექმნა უმაღლესი სინჯის ვერცხლის
ინგლისური სტანდარტი. იყო მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი და ნიუ-
იორკის სახვით ხელოვნებათა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

17
დოუსონი (ინგ. Dawson City) – პატარა ქალაქი კანადის იუკონის ტერიტორიაზე, რომელიც
ცნობილია ქლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელებით.

18
ფორთი მაილი (ინგ. Forty Mile) – მიყრუებული დასახლებული პუნქტი კანადის იუკონის
ტერიტორიაზე. პირველი მუდმივი დასახლება იუკონში, ერთ-ერთია ქლონდაიკის ოქროს ციებ-
ცხელების ცენტრთაგან.

19
სმოკინგი (ინგ. Smoking (-jacket)) – შავი მაუდის პიჯაკი, რომელსაც ღია გული და აბრეშუმით
გაწყობილი გრძელი გადანაკეცები აქვს.

239
240

უფლება, მისაყვედურო. ბოლოს ხომ ორი წლის წინათ ვიყავი აქ, მაგრამ, მერწმუნე,
ჩემო ბიჭო, ამიერიდან უფრო ხშირად ჩამოვალ ხოლმე“.
ცოტა ხანში სადგურის კუთხეში ალისა გამოჩნდა. მას თხელი მუსლინის 20 კაბა
ეცვა, ხელში მაქმანიანი ქოლგა ეჭირა. ამ თაკარა ზაფხულშიც ქალი არქტიკულ
მოჩვენებასავით ცივი ჩანდა და ნორვეგიელ ფითქინა თოვლის დედოფალს მიაგავდა.
მის დანახვაზე ტომმა ძმის ქირდვას თავი ანება და ქალის თვალში ერთბაშად ლურჯ
ჯინსებში გამოწყობილ უბრალო სანახაობად გადაიქცა. ჭაბუკმა ენა გაკმინდა და
სახლისკენ მიმავალი მხოლოდ ჯორსღა თუ ანდობდა თავის ფიქრებს.
შინისკენ გაეშურნენ. მზე ჯერ არ აწვერილიყო, მშვენიერ პურის ყანებს ოქროსფერ
სხივებს უხვად სტყორცნიდა. ქალაქები შორს დარჩენილიყვნენ. გზა ტყისა და ველ-
მინდვრის გასწვრივ ისე მიიკლაკნებოდა, გეგონებოდათ, ზაფხულის ხალათს
დაუდევრობით სარტყელი ჩამოვარდნიაო. ზურგქარი მიაცილებდათ, როგორც
მოჭიხვნე კვიცი ფებოსის21 რაშებს.
განუყრელი ტყის პირას გაშენებული ფერმის რუხი შენობაც მალე გამოჩნდა.
მგზავრებმა თვალი გააყოლეს გზიდან სახლამდე გაშენებულ კაკლის ხეების გრძელ
ხეივანს; ასკილის სურნელი შეისუნთქეს და ცივი, ნაკადულში ჩამდგარი მტირალი
ტირიფის ნოტიო ქროლვაც შეიგრძნეს. და უცებ რობერტ უოლმსლის საამური
მელოდიები შემოესმა. არემარე ძველებურად ხმიანობდა: ყრუდ გუგუნებდნენ
დაბურული ტყის უჩინარი დერეფნები; ტკაცუნობდა მზით გამომწვარი ბალახი;
დგაფუნობდნენ ნაკადულის ტალღები; მდელოებს პანის სალამურის წკრიალი
ეფინებოდა; მაღლა ცაში ხმატკბილი ჰანგები კოღოებს დადევნებული უფეხურების
სტვენას ერთვოდა, ძირიდან კი ზოზინა ძროხების ეჟვნების ჟღარუნი საამო
აკომპანიმენტს უქმნიდა. ყოველი ხმა ცალ-ცალკე ეკითხებოდა რობერტს: „როგორც
იქნა, გაიხსენე არა სახლის გზაო?“
მშობლიურმა ბგერებმა სმენა დაუტკბო რობერტს. მთელი მიწა-წყალი, ფოთოლი,
კოკორი, ყვავილი, გარდასული უდრტვინველი სიყმაწვილის ენით ემუსაიფებოდა
მას. უსულო საგნებიც კი, ნაცნობი ყორეები, ჭიშკრები, სახურავები, თხრილები და
ორღობეები რაღაც ჯადოქმნილიყვნენ და ენად გაკრეფილიყვნენ. სოფელმა შესცინა
თავის შვილს, შვილმაც შეიგრძნო მშობლის სუნთქვა და გული ისე აუტოკდა,
როგორც ოდესღაც, ძველი სიყვარულის პირველგანცდისას.
ქალაქი შორს დარჩენილიყო.
ამ სოფლურმა ატავიზმმა ძალუმად დარია ხელი რობერტს, მისი არსება
მთლიანად მოიცვა. ახალგაზრდა კაცი უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო და სხვა თვალით
20
მუსლინი (ფრანგ. Mousseline) – აბრეშუმის ან ბამბის მსუბუქი, თხელი და რბილი ქსოვილი.
ევროპაში შემოიტანეს ახლო აღმოსავლეთიდან მე-17 საუკუნეში. განსაკუთრებით პოპულარული იყო
საფრანგეთში მე-18 საუკუნეში. მისგან ხშირად კერავდნენ კაბებს და ფარდებს. მოსახერხებელია
ცხელი და მშრალი ჰავის პირობებში.

21
ფებოსი (ლათ. Phoebus, „ბრწყინვალე“) – ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთი აპოლონის მეორე
სახელი. კლასიკურ ლათინურ პოეზიაში ფებოსი მზე-ღმერთის მეორე სახელად მოიხსენიება,
გვიანდელ ევროპულ პოეზიაში კი ფებოსი მის ეტლთან ერთად მზის მეტაფორად იხმარებოდა.

240
241

შეხედა გვერდზე მჯდომ მეუღლეს. ქალი, რომელიც იქაურ სამყაროს ნამდვილად არ


ეკუთვნოდა, უეცრად ძალზე უცხო, შორეული ეჩვენა. არასოდეს ყოფილა ის მისთვის
ასეთი შეუცნობელი და უფერული, ასეთი უგრძნობელი და ყალბი, თუმცა, ისიც
სათქმელია, რომ არც არასოდეს მოუხიბლავს მას ქმარი ისე, როგორც ახლა, ამ
ჯაყჯაყა ღია ფურგუნით მგზავრობისას. ალისა ისე იზიარებდა მეუღლის
განწყობილებას, ისე ესადაგებოდა იქაურობას, როგორც მატერჰორნი კომბოსტოს
კვლებს გლეხკაცის ბოსტანში.
საღამოხანს, როცა მიკითხვ-მოკითხვა და ვახშამი მოთავდა, მთელმა ჯალაბმა
წინა პარმაღზე მოიყარა თავი. ალისას ძვირფასი მქრქალი ნაცრისფერი კაბა ეცვა,
თალარის ჩრდილში მოკრძალებით იჯდა და გარინდულიყო. რობერტის დედა,
ტირიფის ხის სკამ-სარწეველაში ჩასვენებული, გახარებული ებაასებოდა რძალს,
უხსნიდა, რა მარგებელია ხილფაფა, შესჩიოდა გაკავებულ წელზე. ტომი კიბის ზედა
საფეხურზე შესკუპებულიყო, მილი და პამი კი, რობერტის დები, ძირს ისხდნენ და
ციცინათელებს ეთამაშებოდნენ. მამა მოკალათებულიყო ვეება სავარძელში,
რომელსაც ერთი სახელური აკლდა. ბუფი, ეზოს ყვითელი ძაღლი, პარმაღის
შუაგულიდან ყველასკენ მირბი-მორბოდა.
რობერტს თითქოს საიდანღაც ბინდჟამის უჩინარი ელფები მიეპარნენ და გულში
მეხსიერების მჭრელი ისრები სტყორცნს. მას სოფლური სიშლეგე დაეუფლა.
ქალაქი შორს დარჩენილიყო.
მამას ყალიონის წევისთვის თავი ენებებინა. დიდი თავაზიანობის ნიშნად არც
მძიმე, უხეში წაღები გაეხადა, და ტკივილისაგან ერთიანად დაკრუნჩხულიყო.
რობერტმა შეატყო წუხილი ბერიკაცს და შესძახა: „ნეტავ, რას იტანჯავ თავს!“ შემდეგ
ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა და მიაწოდა; ცოტა ხანში მოხუცი ჯენტლმენის ჩექმებსაც
სტაცა ხელი და გასაძრობად გამოსწია. ფეხსაცმლის მეორე ცალი უცებ გამოსრიალდა
და, მისტერ რობერტ უოლმსლი, ვოშინგტონ სკვერის 22 ეს მშვენება, ბიძგმა პარმაღზე
უკან მოისროლა, შიშით აწკავწკავებული ბუფიც ზედ აახტა.
ტომმა ჩაიქირქილა.
რობერტმა ლაბადა და ჟილეტი გაიძრო და იასამნის ბუჩქზე მოისროლა.
„დამაცა, შე ტეტიავ, შენა“, დაუყვირა მან ტომს, „ნახე, როგორ აგიწვა ზურგი
ბალახის თესლით. მაშ, კოხტაპრუწობას მწამებდი, არა ცოტა ხნის წინათ?! მე შენ
გიჩვენებ სეირს“.
ტომი მიუხვდა და სიამოვნებით მიიღო გამოწვევა. ბიჭები რამდენჯერმე ისე
დაეძგერნენ ერთმანეთს ბალახზე, გეგონებოდათ, ჭილობზე გოლიათებს კრივი
გაუმართავთო. დაუნდობელმა სახელგანთქმულმა ვექილმა ტომს ძალით შეაჭამა
მწარე ბალახი. აბურძგნულმა, აქოშინებულმა, საკუთარი სიმამაცით მოტრაბახე
ძმებმა ფორთხილ-ფორთხილით კვლავ სახლის ზღურბლს მიაშურეს. მილიმ
ქალაქელ ძმას საქციელი არ მოუწონა. პასუხად რობერტმა მუჭში მომწყვდეული
22
ვოშინგტონ სკვერი (ინგ. Washington Square Park) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი ნიუ-იორკში,
ქალაქის ღირსშესანიშნაობა მანჰეტენის მახლობლად, შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებების
ადგილი.

241
242

საშინელი მწვანე კალია გამოუშვა და დას საყელოში ჩაუძვრინა. გოგომ ველურივით


იკივლა და ძმას გამოუდგა, სურდა, სამაგიერო მიეზღო. და-ძმამ ბილიკზე მილის
მეოთხედი ირბინა და როცა დაბრუნდნენ, მილი სულ ებოდიშებოდა გამარჯვებულ
„პეწენიკს“, ვისაც უძლიერესი სოფლური ვნებები აშლოდა.
„გიჯობთ, თქვენი მცონარა, ტლუ ამფსონებიც მომარიდოთ“, განაცხადა მან
ქედემაღლურად, „თორემ, განახებთ, რა ბიჭებიც არიან, ლუკმად არ მეყოფიან ეგ
ოყლაყები“.
რობერტმა ფურგუნის თვლით ბალახზე გაინავარდა, რამაც ტომი შურით აავსო.
შემდეგ სახლის უკან ერთი ბუხუნ-ბუხუნით გასწია და ოჯახის დაუძლურებული
ფერადკანიანი მსახური გამოათრია, რომელსაც მკლავზე განუყრელი ბანჯო ეკიდა.
რობერტმა პარმაღზე ქვიშა მიფანტ-მოფანტა და ხალხური ცეკვა შეასრულა. ამას
ოხუნჯობა მოაყოლა. უკვე ნახევარ საათზე მეტი იყო, რაც ოჯახის წევრები მის ქცევას
გაეგონებინა. შეუცნობელი, ველურად ქცეული და აღგზნებული, რას აღარ აკეთებდა.
ჟინმორეული მღეროდა, ხუმრობდა, მახვილსიტყვაობდა, მალაყებს გადადიოდა. მის
შემყურე ახლობლებს კი, ერთის გარდა, რაღა თქმა უნდა, მუცელი ხელით ეჭირათ.
რობერტს ძარღვებში სისხლი ძველებურად აუჩქეფდა და გიჟმაჟ, სასაცილო
გლეხუჭას, ოტროველას განასახიერებდა. ეშხში შესული ისე აცანცარდა, რომ
დედამისი იძულებული გახდა, მორიდებით შენიშვნა მიეცა.
ალისა შეიშმუშნა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მთელი
ეს ხანი ის გაუნძრევლად იჯდა დაისის ცბიერ, თეთრ მოჩვენებასავით. ცხოვრების ამ
გამოცანას ადამისშვილი რამის კითხვასაც ვერ შეჰბედავდა.
ცოტა ხანში მან თქვა, რომ დაიღალა და თავის ოთახში ასვლის ნებართვა ითხოვა.
გზად რობერტს შეეფეთა. მისი მეუღლე შუაკარში ჩამდგარიყო, ხალხური კომედიის
გმირივით თმააწეწილი, სახეაღაჟღაჟებული და აჩაჩულ-დაჩაჩული. დახვეწილი
რობერტ უოლმსლის, კლუბების მომხიბვლელი წვერისა და წარჩინებული
საზოგადოების თვალის კვალიც კი სადღაც გამქრალიყო. ის ჯადოქრად
გადაქცეულიყო და საოჯახო ჯამ-ჭურჭლით ფოკუსებს ხალისით უჩვენებდა,
ამჯერად უკვე მთელი სახლეული გადაბირებულ რობერტს აღტაცებით შესცქეროდა
და თვალს ვერ სწყვეტდა.
როცა ალისამ ქმარს გვერდით ჩაუარა, რობერტი უცბად შეკრთა და გამოერკვა.
წუთის წინ კი მას ცოლი აღარც ახსოვდა.
ქალი კიბეს ისე აუყვა, რომ მისთვის არც შეუხედავს.
ჟივილ-ხივილმა ნელ-ნელა იკლო. ერთი საათი კიდევ იბაასეს და მერე რობერტიც
ზევითკენ გაეშურა.
ოთახში რომ შევიდა, ალისა სარკმელთან დაუხვდა. ქალს ისევე ეცვა, როგორც
ცოტა ხნის წინათ, პარმაღზე ყოფნისას. სარკმელს მიღმა ვეებერთელა ვაშლის ხე
ყვაოდა.
რობერტმა ამოიოხრა და ფანჯარას მიუახლოვდა. მზად იყო თავის ხვედრს
დამორჩილებოდა. ხვდებოდა, რომ ცოლის თვალში მეტისმეტად ამჩატდა და
წინდაწინ სჭვრეტდა განაჩენს, ამ თოვლივით თეთრი არსების სახით
გამოცხადებული თემიდა რომ გამოუტანდა. კარგად უწყოდა, რა უხეში ძაფით იყო
242
243

ქალი ნაქსოვი. მისი ქმარი გაუთლელ, გაურანდავ სოფლის ბიჭად, ბუნების შვილად
გადაქცეულიყო, ლაღად მონავარდედ და ამ ცუნდრუკისთვის მატერჰორნს უზადო,
ცივი, ქათქათა და გაყინული მწვერვალისგან გაკიცხვა ელოდა. თავისი საქციელით
რობერტმა ნიღაბი ჩამოიხსნა. მისი დახვეწილობა, თავდაჭერილობა, ის ნირი და
ელფერი, ქალაქმა რაც მისცა, სოფლის ნიავქარის პირველსავე დაქროლვაზე ისე
მოშორდა, თითქოს მხრებზე შილიფად მოგდებული მოსასხამი ყოფილიყოს.
დაღვრემილი უცდიდა მოახლოებულ მსჯავრს.

მოთხრობის გზამკვლევი

ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, სოციალურ ნიღბებს ატარებენ. სხვადასხვა გარემოსა თუ


სიტუაციაში ისინი განსხვავებულად მეტყველებენ და იქცევიან. ზოგჯერ ამგვარი ნიღაბი
იმდენად ბუნებრივი ხდება, რომ შეიძლება ვეღარც კი გაარჩიო - ადამიანი თავისი ბუნებრივი
სახით წარმოგვიდგება თუ საზოგადოებისთვის სპეციალურად გარდასახული. ასეთ
შემთხვევებში გამორიცხული არ არის, არამც თუ სხვა, ვინმემ საკუთარი თავიც კი ვერ
შეიცნოს.

რობერტ უოლმსლი სოფლიდან არის, მაგრამ ქალაქში „გარდაისახა“ და დიდ პროფესიულ


თუ პიროვნულ წარმატებას მიაღწია. მასთან ნაცნობობაც კი ქალაქის წარჩინებულ ადამიანებს
უკვე პატივად მიაჩნიათ. წარმატების სისრულე მაშინ გამოიხატა, როდესაც რობერტმა ძალიან
ლამაზ, მაგრამ ცივსულიან ალისა ვან დერ პულზე - მრავალთა აუხდენელ ოცნებაზე -
იქორწინა.

მოთხრობის „ნამდვილი მოქმედება“ მაშინ იწყება, როდესაც ახალგაზრდა წყვილი რობერტის


დედის მიწვევით სოფელში მიდის. ო, ჰენრი რამდენიმე შტრიხით დიდოსტატურად
წარმოგვიდგენს უოლმსლის „უკუფერისცვალებას“ - მასში ქალაქელი დენდის
თანდათანობით გაფერმკრთალებასა და ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭის ხელახლა დაბადებას
(„რობერტს თითქოს საიდანღაც ბინდჟამის უჩინარი ელფები მიეპარნენ და გულში
მეხსიერების მჭრელი ისრები სტყორცნეს. მას სოფლური სიშლეგე დაეუფლა“). ამ
გარდასახვისას მწერალი რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას: „ქალაქი შორს
დარჩენილიყო“. რობერტის ამგვარმა „სიშლეგემ“ მისი ოჯახის წევრებიც კი გააოცა. ეს დიდი
ხნის „დაოკებული“, „შეკვეცილი“ თუ “რეგულირებული” თავისუფლების ვულკანივით
ამოფრქვევას ჰგავდა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო („დახვეწილი რობერტ
უოლმსლის, კლუბების მომხიბვლელი წევრისა და წარჩინებული საზოგადოების თვალის
კვალიც კი სადღაც გამქრალიყო“).

ო, ჰენრი გვიჩვენებს ადამიანს, რომელიც მთლიანად კარგავს შეძენილ ბუნებას და


თავდაპირველი სახით წარუდგება თავის სოფელს, მშობლებს, დებსა და ძმას, მეუღლეს და,
რაც მთავარია - საკუთარ თავს.

მოთხრობის კულმინაცია მაშინ დგება, როდესაც რობერტი დაინახავს ნამდვილი ქალაქის


განმასახიერებელი ცოლის რეაქციას: „ქალი კიბეს ისე აუყვა, რომ მისთვის არც
შეუხედავს...თავისი საქციელით რობერტმა ნიღაბი ჩამოიხსნა“.

243
244

მოახლოებული მსჯავრი უოლმსლის სულ რამდენიმე სიტყვამ აუწყა: “ასე მეგონა.


ჯენტლმენს გავყევი ცოლად”. თითქოს კონფლიქტი ბუნებრივსა და შეძენილს შორის
გარდაუვალია, მაგრამ აქ კვლავ მომხიბვლელი უშუალობით ჩანს ო, ჰენრის შესანიშნავი ნიჭი
მოულოდნელი ფინალის მოძებნისა. რობერტის ბუნებრიობა ალისას გარდასახვასაც იწვევს -
მასშიც აღვიძებს შეგრძნებას, რომელიც აქამდე არასდროს გამომჟღავნებულა. ქალი
შეიგრძნობს სხვა სამყაროს, მისთვის ამ დრომდე მოუხელთებელსა და განსაკუთრებით
მშვენიერს. ალბათ ისეთს - ფანჯარაში რომ აყვავილებული ხე ჩანდა („რამდენი კვირტი
გახეთქოდა ხეს - იქნებ ასი ათასიც“).

ალისას დასკვნითი სიტყვები ( „ახლაღა მივხვდი, რომ ცოლად გავყევი ბევრად, ბევრად
უკეთესს - ადამიანს. ბობ, გეთაყვა, მაკოცე, გთხოვ“) თითქოს დამაგვირგვინებელ საყრდენად
ექცევა კიდევ ერთხელ გასამეორებელ ფრაზას: „ქალაქი შორს დარჩენილიყო“. როცა
ადამიანები ძალდაუტანელი ბუნებრიობით ცხოვრობენ, აყვავილებულ ხეებს ემსგავსებიან.

ფრანსუაზ საგანი

ფრანგი მწერალი ქალი, ფრანსუაზ კუარე, ანუ საგანი, რომელიც ფსევდონიმად


აირჩია, 1935 წლის 21 ივლისს კაჟარში დაიბადა. გოგონა თავისი ინტელექტითა და
შესაძლებლობებით თავის თანატოლებს ბევრად უსწრებდა, თუმცა დისციპლინა
აკლდა, რის გამოც მან სორბონას უნივერსიტეტში ჩასარიცხი გამოცდები ვერ ჩააბარა.
ამას მისთვის ხელი სულაც არ შეუშლია, რომ 19 წლის ასაკში ცნობილი გამხდარიყო
პუბლიკაციით „სალამი, სევდავ“, რომელიც 1954 წელს გამოიცა და კრიტიკოსებისა
და საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ამ ნოველამ არა
მხოლოდ ის ეპოქა ასახა, რომელშიც ფრანსუაზ საგანი მოღვაწეობდა, არამედ ქალური

244
245

ლიტერატურის სტილი განსაზღვრა. ის მსოფლიოში 30 ენაზე ითარგმნა და გამოიცა,


შემდეგ კი მის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. ამას მოჰყვა უამრავი რომანი და
მოთხრობა, მაგალითად „გიყვართ ბრამსი?“ (1959 წ.), „მზის ნამცვრევი ცივ წყალში“
(1969 წ.), „დაკარგული პროფილი“ (1974 წ.), „ომისგან დაღლილი“ (1985 წ.).

ფრანსუა მორიაკმა საგანს „მომაჯადოებელი ურჩხული“ უწოდა. ის ორჯერ იყო


გათხოვილი და სკანდალური ელიტური ქრონიკების ხშირი გმირიც ხდებოდა,
გატაცებული იყო მამაკაცებით, აზარტული თამაშებით, არ იხდიდა გადასახადებს.

მწერალი 2004 წლის 24 სექტემბერს ნორმანდიაში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა,


მიუხედავად იმისა, რომ წიგნებისთვის უამრავი ჰონორარი ჰქონდა მიღებული.

ერთ დილით

თარგმნა ნუნუ ქადეიშვილმა


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი,
გამომცემლობა „დია“, ტ.1, თბილისი, 2007)

ჩემი სახელი და გვარი ნიკოლ მონტანია, მაგრამ დელფინს მეძახიან. ეს


ფსევდონიმი თვითონ ავირჩიე. ყოველკვირეული დიდი ჟურნალის რედაქციაში,
ქრონიკის განყოფილებაში ვმუშაობ. უნდა მოგახსენოთ, თბილად მოკალათება
დიდად მეხერხება. ფსიქიკური „კომპლექსები“ არ მაწუხებს, ტემპერამენტიც არ
მაკლია, მაგრამ გათხოვილი არა ვარ. მართალია, ერთხელ კინაღამ ჟან-ლუის გავყევი
ცოლად, მაგრამ იგი როგორღაც უაზროდ დაიღუპა თვითმფრინავის კატასტროფაში.
ჟან-ლუი ძალიან მიყვარდა, იქნებ, უფრო ახლოსაც ვიყავი, ვიდრე ეს მკაცრი
მორალის ნორმებითაა დასაშვები... თუმცა, ჩვენს საუკუნეში!.. ერთი სიტყვით, იმ
დღეს, როცა ჟან-ლუი დაიღუპა, ბევრი ვიტირე, თავის მოკვლაც კი მინდოდა. ისე
ვეწამე, ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, იქნებ კიდეც მომეკლა თავი, მაგრამ
მეგობრები მოვიდნენ, შეშინებოდათ, რაიმე „სისულელე“ არ ჩამედინა. ასეთ
შემთხვევაში მუდამ ასე ამბობენ ხოლმე!
ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა, მაგრამ ახლაც საკმარისია ვინმემ ჟან-ლუი
მიხსენოს, მაშინვე შემეცვლება სახე. ოღონდ ესაა, ჟან-ლუის ფოტოსურათი,
საწოლთან, მაგიდაზე რომ მიდევს, სულ მთლად გადაყვითლდა...
გარკვეული პოლიტიკური შეხედულება არ გამაჩნია. იმავე აზრებს ვიზიარებ, რაც
მარკს აქვს, ე.ი. მემარცხენეს. მარკი ჩვენს ჟურნალში თანამშრომლობს. რატომღაც ჩემს
საქმროდაც თვლიან, ხშირად მეუბნებიან, კარგი წყვილი ხართ, დიდი ხანია ერთად

245
246

დადიხართ, დროა, დაქორწინდეთო. ეს კია, არც მე მინდა მისი დაკარგვა, არც მას
სურს ჩემთან დაშორება.
საკუთარ თავზე ლაპარაკი მეტად ძნელია, მართალი გითხრათ, წინათ ამაზე არ
დავფიქრებულვარ. ჩემი ცხოვრება არც დამქანცველია, არც ერთფეროვანი, არც
მოსაწყენი. საინტერესო ხალხი მახვევია გარს და ლუკმაპურსაც საკუთარი შრომით
ვშოულობ. მყავს „მიჯნური“, რომელსაც ვუყვარვარ, წარსულში ძლიერი, მაგრამ
უიღბლო სიყვარულიც განვიცადე, მყავს მეგობრები, მყავს ნაცნობები. ასე რომ, ჩემი
აზრით, ცხოვრება სასიამოვნოა, თუმცა ეს ხომ ვთქვი უკვე!
როცა ჩემთან პოლიტიკაზე იწყებენ მსჯელობას, გავისუსები ხოლმე. მშობლებს
„მემარცხენე“ ვგონივარ, მარკის მეგობრებს – „მემარჯვენე“, მე კი მგონია, ერთნიც
და მეორენიც უკიდურესობაში ვარდებიან; ხშირად ვიმეორებ, არავინ ისე კარგად არ
იცის სისხლის ფასი, როგორც ჩვენ, ქალებმა, რომლებიც ბავშვებს ვაჩენთ-მეთქი.
სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევა გახლავთ, როცა ვამბობ, ჩვენ, ქალებმა-
მეთქი, თორემ ისე როდი ვმსჯელობ, როგორც ჩემი ხნის ქალებს სჩვევიათ ხოლმე:
„ჩვენ – ქალები, თქვენ – მამაკაცები!“ ასეთი რამ აღარაა მოდაში, ახლა ასე არც
ფიქრობენ და არც ლაპარაკობენ! მიყვარს, როცა ყველაფერი გარკვეულია, ნათელია
და ასედაც გამომდის, რადგან კარგი ხასიათისა ვარ და ყველაფერს სწრაფად
ვითვისებ. მადლობა ღმერთს, თორმეტი წლისა აღარ გახლავართ! მაგრამ კმარა ამაზე
ლაყბობა, მოვრჩეთ!
დღეს დილით ტელეფონის ზარმა ადრე გამაღვიძა. გლედისი მირეკავდა. ისიც
ჩვენს რედაქციაში მუშაობს. ყურმილი უხალისოდ ავიღე. მეგონა მაფრთხილებდნენ,
ტელეფონი გამოგირთეთო („ფინანსურ კრიზისს“ განვიცდი, თან ფულის შეტანა
მეზარება ხოლმე). საათს დავხედე, ცხრა საათი იყო. ცხრა საათი! კვირა დღეს!
ტელეფონის აპარატი ჟან-ლუისა და მარკის ფოტოსურათებს შორის მიდევს. ეს
მუდამ ნერვებს მიშლის. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ვიღაცას ვატყუებ: ჟან-
ლუის? მარკს? საკუთარ თავს?
როგორც კი მილი ყურთან მივიტანე, გლედისის ტირილი შემომესმა: ქვითინებდა:
ზურგზე თითქოს ჭიანჭველებმა გადამირბინეს. რა საშინელებაა! არაფრის გაგონება
არ მსურდა, არაფრის გაგება არ მინდოდა! ბოლოს, მაინც ამოვილუღლუღე:
– დამშვიდდი, გლედის!
და მაშინ აი, რა მითხრა:
– ომი დაიწყო, ატომური ომი! რედაქცია დახურულია. ტელეფონები გამორთეს –
დავიღუპეთ!
ერთი საათის შემდეგ დაიწყებაო, სან-ფრანცისკო და ლენინგრადი აღგვილიაო
პირისაგან მიწისა. გლედისს ჩემთან გამომშვიდობება მოსურვებია. ერთი კი
გავიფიქრე, ნამდვილად გაგიჟდა-მეთქი, მაგრამ მერე პიერის ნათქვამი გამახსენდა:
სინდისი ჩვენს დროში ერთხელ და სამუდმოდ დაიკარგაო. გლედისს ჩავძახე:
„ტყუილია, რასაც ამბობ! ტყუილია!“, მაგრამ პასუხის ნაცვლად ქვითინი გავიგონე,
მერე ყურმილში ტკაცანი გაისმა და კავშირიც გაწყდა. არა, ტელეფონის გადასახადი
246
247

აქ არაფერ შუაშია. ასე რომ იყოს... არა, ტელეფონი ყველას გამოურთეს. ჯერაც ვერ
გამოვფხიზლებულვარ, აფორიაქებული ვეკითხებოდი ჩემს თავს: „ნეტავი როგორ
მოხდება?“ რატომღაც მეგონა, ჯერ „მფრინავი თეფშები“ გამოჩნდებოდა... შიშმა
ამიტანა; საშინელმა შიშმა და თავი ბალიშში ჩავრგე.
არა! შეუძლებელია! ვერ დავიჯერებ!.. უნდა ვკითხო ვინმეს... ხელი
ტელეფონისაკენ გავიწოდე, მაგრამ მომაგონდა, კავშირი გაწყვეტილი იყო. ვერსაიდან
ვერაფერს ვერ გავიგებდი. რადიო არ მქონდა. მარკი მუდამ ამბობდა, რადიო
ნერვების ასაწეწადააო მოგონილი.
ფანჯარაში გავიხედე. ირგვლივ სიმშვიდე იყო, სიცარიელე. არც კონსიერჟის ხმა
ისმოდა, არც მდგმურების. არავინ ჩანდა. ტანთ უნდა ჩავიცვა, დედასთან გავიქცე და
მას შევაფარო თავი... დედა მუდამ ამბობდა, ატომური ყუმბარა იგივეა, რაც გაზი იყო
პირველი ომის დროს. მისი გაშვება არავის მოერიდებაო... დედა პარიზის გარეუბანში
ცხოვრობს. ფეხით რამდენ ხანს მოვუნდები მასთან მისვლას, როცა მეტრო ერთ საათს
უნდება?!. ერთი საათის შემდეგ კი...
ტირილი წამსკდა.
მართალია, მეგობრებს ბევრჯერ გვიმსჯელია სიკვდილზე, რომელიც ძველი
ნაცნობივით შუაღამეს მოგადგება ხოლმე კარს, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ
შესაძლებელია მოკვდე დილის ცხრა საათზე, როცა ეს-ეს არის გაიღვიძე?!.
მარკი პასის ქუჩაზე ცხოვრობს, ვერც იქ მოვასწრებ მისვლას. ესეც არ იყოს,
არავითარი სურვილი არ მქონდა მის მკლავებში დამელია სული. საშინელებაა,
მაგრამ რას იზამთ, ასეა!
საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი ერთბაშად თავში გამიელვა, რამდენიმე ხნის შემდეგ.
ფერფლად ვიქცევი-მეთქი. ხელი ბაგესთან მივიტანე, ძარღვებში სისხლის ფეთქვა
ვიგრძენი და ყველაფერი საშინელ უაზრობად მეჩვენა... ვცადე გაცამტვერებული სან-
ფრანცისკო ისეთი სახით წარმომედგინა, როგორც ერთ წიგნშია აღწერილი და რაკი ეს
ქალაქი არასოდეს მინახავს, ამის წარმოდგენა ადვილიც იყო და ძალიან ძნელიც.
პარიზი! ჩემი ქალაქი! კვლავ აღვშფოთდი. არც მინდოდა, რომ ამ აღშფოთებას
გაევლო, არც საწოლზე დავარდნა და ყვირილი მინდოდა! ასე არასოდეს
მოვქცეულვარ! შემეძლო ანდერძი დამეწერა, ლამაზადაც დამეწერა... მაგრამ ვინღა
წაიკითხავს? თუმცა, ვინ იცის? ოდესმე ალბათ მოიცლის ვინმე და ძველი ქალაქის,
პარიზის ნანგრევებში დაიწყებს ხეტიალს! ანგარიშმიუცემლად პერანგი ჩამოვიწიე.
ერთხელ პომპეის ნანგრევებს ვათვალიერებდი და არაფერმა ისე არ მატკინა გული,
როგორც იმ ადამიანთა ულაზათო პოზამ, კატასტროფა ერთბაშად რომ დაატყდათ
თავს. იქნებ ამიტომაც შევედი აბაზანის ოთახში და თმა გადავივარცხნე (კარგად
ვიცი, რომ ქალს ვერავითარი სულიერი დეპრესია ვერ მოუსპობს თმის გადავარცხნის
სურვილს. სისულელეა, მაგრამ ასეა!.. „რას იზამთ? ყველანი სიკვდილის შვილები
ვართ. მოიცათ, თმა უნდა გადავივარცხნო!“).
ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. ათასი სისულელე. ეტყობა, გულში რაღაც
ჩამწყდა, მაგრამ მსჯელობის უნარი არ დამიკარგავს. საფიქრელი კი ბევრი მქონდა!
247
248

მალე მოვკვდები. დედ-მამაც მომიკვდება. მეგობრებიც დამეხოცებიან. საშინელებაა!


მიუხედავად იმისა, რაღაც წრიპინა ხმა მოსვენებას არ მაძლევს, ჩამძახის, მაგარი
ჯაგრისის ყიდვა დაგავიწყდაო. რა უაზრობაა! დიახ, შევამჩნიე, ბაგეები სწორედ ამ
სიტყვას ჩურჩულებდნენ. ეს კია, მართლაც რომ შესაფერისი, ზედგამოჭრილი სიტყვა
იყო. რა დროს მარჯვე გამოთქმებით კოპწიაობაა-მეთქი, გავივლე გულში; ღმერთია
მოწამე, ამაზე არცა ვფიქრობ, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და თავს ვერ
მოვრევივარ. დედა ხშირად მეტყოდა ხოლმე, ჩემი ქალიშვილი რომ დაიბადა,
ფანქარი ხელში ეჭირაო.
ის წიგნიც გამახსენდა, დაწერას რომ ვაპირებდი. გეგმა მოფიქრებული მქონდა,
რასაკვირველია, შრომა ფუჭად ჩამივლის. ყოველივე ერთ წამში განადგურდება...
პირდაპირ წარმოუდგენელი ამბავია! მაგრამ აკი დაინგრა ლენინგრადი! მდინარეები,
სახლები, კოტეჯები, ყველაფერი ნაცრად ქცეულა. ასეთივე ბედი ეწია თურმე სან-
ფრანცისკოს, ასეთი ბედი ეწევა პარიზსაც... პარიზსაც, რომლის ქუჩებშიც ლუი XIV,
ნაპოლეონი და მრავალი დიდი ადამიანი დადიოდა!.. ვისი ნაბიჯების ხმა არ სმენია
მის ქუჩებს...
თვალზე ცრემლი მომადგა, ტუჩებს ვიკვნეტდი. მიუხედავად ამისა, შევამჩნიე,
რომ თუმცა ამ საშინელებებზე ვფიქრობდი, ხალათი მაინც ჩამოვკიდე საკიდარზე.
გავცოფდი, თავი შემეზიზღა.
რომელი საათია!? Aამ ფიქრმა ყველა დანარჩენი განდევნა. რომელი საათია?..
რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩენია? ხელი საათისკენ გავიწოდე. ორივე სურათი
გადავარდა... გამოგიტყდებით, არ შევწუხებულვარ... საათს დავხედე. ცხრა საათი და
ოცი წუთი იყო. ოცი წუთი!.. ოცი წუთი იმაზე დავკარგე, რომ თმა დამევარცხნა.
კოხტაობას მოვუნდი... კვლავ ავტირდი, ოღონდ ამჯერად ხმამაღლა და მწარედ...
ცხვირსახოცის მოსაძებნად დროის დაკარგვა არ ღირდა, ისედაც უქმად ჩაიარა
ამდენმა წუთმა... ერთბაშად შევამჩნიე, ვჩურჩულებდი: „ღმერთო გვიშველე,
ღმერთო, შენ დაგვიფარე!“ დიახ, ამ სიტყვებს მე ვჩურჩულებდი, მე, რომელიც ჟან-
ლუის გაცნობის შემდეგ ათეისტი გავხდი.! ეს რა პატიოსნებაა? განა უფლება მაქვს
უკანასკნელ წუთში ჩავებღაუჭო მას, ვისაც ხუთი წლის განმავლობაში სათოფედ არ
ვეკარებოდი?! ამ აზრმა გონს მომიყვანა. ისღა დამრჩენია, ღირსეულად მოვკვდე!
დედა ძალიან შორს ცხოვრობს, ტელეფონი და მეტრო არ მუშაობს. ჩემი მანქანა
მარკის გარაჟშია. მარტო ვარ. რას ვიზამ, უნდა მოვკვდე... ეს რომ გავიფიქრე, კვლავ
აღვშფოთდი... არა, არ მინდა, არ მინდა-მეთქი, ვიყვირე. საცაა გავგიჟდები!.. დიახ,
დიახ, გაგიჟებას ცოტაღა მაკლდა, ასეთი ნერვიული კრიზი უცხო იყო ჩემთვის.
ცხვირი პირსახოცით მოვიწმინდე და ძალა მოვიკრიბე. რა თქმა უნდა,
კორინასთანაც შეიძლებოდა წასვლა, ახლოს ცხოვრობს. დიდი აივანი აქვს.
წარმოვიდგინე კიდეც, ამ აივნიდან როგორ დავინახავდი ჰორიზონტიდან წამოსულ
ატომის ტალღას. ეს აზრი მომეწონა, მაგრამ მაშინვე მომაგონდა, რომ კორინა მარტო
არ იქნებოდა. ქმარი და ორი ბავშვი ჰყავს. რა საშინელი სცენა დატრიალდებოდა! ეჰ,
სჯობს ლოგინში ჩავწვე და, როგორც იტყვიან, საკუთარ საწოლში დავლევ სულს!
248
249

ცუდი აზრი როდი იყო, მაგნიტოფონი ჩავრთე და დავწექი. რა ფირფიტა დავდო?


ვაგნერი? მე რომ ვეძებდი, ის ფირფიტა შინ არა მქონდა! სამაგიეროდ, „ლოენგრინი“
მომხვდა ხელში. არ მახსოვს, ვინ მაჩუქა ეს ფირფიტა. ამ დღეებში აუცილებლად
დავალაგებ ფირფიტებს. წინათაც ხშირად მითქვამს, მაგრამ ახლა მწარედ, სასტიკად,
შემზარავად გაისმა... ჩემდა უნებურად კვლავ გამოვამჟღავნე მარჯვე ეპითეტების
პოვნის უნარი, რასაც ასე ძალიან აფასებდნენ რედაქციაში.
ერთი სიტყვით, „ლოენგრინს“ ვისმენდი და ვცდილობდი არ გავნძრეულიყავი.
მომწყინდა. ხელზე ძარღვის ფეთქვას, მაჯისცემას ვადევნებდი თვალს.
უცბად კაკუნი შემომესმა. ვიფიქრე, ალბათ მარკი მოვიდა-მეთქი. სიურპრიზების
მოყვარული გახლდათ. თანაც მხოლოდ მას შეეძლო სამი კილომეტრი
სულმოუთქმელად გაერბინა. მაგრამ, არა... ანტუანეტა და პიერი (აი ის, ულამაზო
რომაა!) შემოვიდნენ და რაღაც უცნაურად შემათვალიერეს.
– შენს ტელეფონს რა მოუვიდა? – მკითხა ანტუანეტამ.
– გამორთულია. ახია ჩემზე! ორი თვეა, ფული არ გადამიხდია! – ვუპასუხე.
მისი შეკითხვა უაზროდ მეჩვენა. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ უკვე ათი საათი და
თხუთმეტი წუთია?
– ასეც ვიცოდი. დარწმუნებული ვიყავი, არ დაგვიჯერებდა, – უთხრა ანტუანეტამ
პიერს, – პარიზში ვინ არ იცის, რომ დღეს პირველი აპრილია!... ტყუილად ვირბინეთ,
რა საჭირო იყო ამასთან გამოქცევა!
ჯერ მას შევხედე, მერე პიერს, ერთბაშად მივხვდი, კაცმა კაცი როგორ შეიძლება
მოკლას!.. ერთბაშად გავუგე შექსპირს, ვაგნერს და კიდევ რა ვიცი, ვის...
– თქვენი ხუმრობა ცოტა ნაადრევია! – ვუთხარი მათ და ოთახიდან გამოვედი,
მოვიმიზეზე, ჩაი უნდა მოვამზადო-მეთქი.
სამზარეულოში ჩაიდანს ვაკოცე. შემდეგ კედელს.

მოთხრობის გზამკვლევი

უნდა დაივარცხნოთ თუ არა თმა ატომური თავდასახმის მოლოდინში? რა თქმა უნდა, კი -


თუ თქვენ ქალი ხართ. აბა, სიკვდილს ულამაზო და მოუწესრიგებელი ხომ არ შეხვდებით?
ჰო, სიკვდილზე ადამიანები, გარკვეული წლების გასვლის შემდეგ, ყოველთვის ფიქრობენ,
მაგრამ ის მაინც ისე მოულოდნელად მოდის...განა შეიძლება ამ დროს გაგახსენდეს, რომ
მაგარი ჯაგრისის ყიდვა დაგავიწყდა?! - ეს დეტალები რა უადგილოდ გამოხტებიან ხოლმე
წინ!

მშვენიერი ქალი თავისდაუნებურად ფიქრობს წიგნზე, რომელიც უნდა დაეწერა, თუმცა მან
იცის, რომ ამ დროს სან-ფრანცისკო და ლენინგრადი უკვე განადგურებულია და მისი
მშობლიური პარიზიც სულ მალე კაცთა სულელური პრინციპულობის მსხვერპლად იქცევა.

249
250

რა ერთფეროვანია სიკვდილი და რა მრავალფეროვანია ადამიანი თავისი აბსურდულად


საყვარელი წვრილმანებით. ამ დროს ღმერთის გახსენებაც ძალიან ბუნებრივია, თუმცა -
დაგვიანებული, რადგან შეიძლება წარსული უყურადღებობით ძალიან ნაწყენი იყოს.

სიკვდილის წინ ქალს ერთადერთი არჩევანი რჩება, სად შეხვდეს აღსასრულს: დედასთან,
მეგობარ მამაკაცთან, დიდაივნიან დაქალთან და თუ საკუთარ საწოლში? ამ არჩევნის წინაშე
ყველაფერი ფერმკრთალდება და ქრება, რაც ადრე მთავარი იყო. ვაგნერის „ლოენგრინის“
მოსმენაც მხოლოდ ახმოვანებს დასასრულის აბსურდს.

თუმცა არა - მთავარი აბსურდი კიდევ წინ არის. ირკვევა, რომ „დღეს პირველი აპრილია“ და
ატომური ომის შესახებ დილით მეგობარი ქალისგან მოსმენილი მთელი საშინელება
მხოლოდ ხუმრობის უაზრო ანარეკლია.

ეს არ მომხდარა. თუმცა ადამიანთა ნამდვილი კოშმარი ის არის, რომ ეს ნებისმიერ წამს


შეიძლება მოხდეს. განა მშვენიერ ქალთან ერთად ჩვენც კარგად არ დავიმახსოვრეთ პიერის
სიტყვები („სინდისი ჩვენს დროში ერთხელ და სამუდამოდ დაიკარგა“) ?

ჯერომ სელინჯერი

ამერიკელი მწერალი, ჯერომ სელინჯერი 1919 წლის პირველ იანვარს ნიუ იორკში
დაიბადა. მამა, სოლომონ სელინჯერი, ებრაული წარმოშობის გახლდათ, დედას
შოტლანდიურ-ირლანდიური ფესვები ჰქონდა. ჯერომის მამას სურდა, მის შვილს
საუკეთესო განათლება მიეღო. 1936 წელს მან პენსილვანიაში სამხედრო
სასწავლებელი დაამთავრა. სწორედ აქ სწავლისას დაწერა პირველი თხზულებები.

სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მორიგი რამდენიმე წელი, ისმენდა


ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 1939 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში
ჩააბარა, სადაც ტარდებოდა ლექციების კურსი მოკლე მოთხრობების წერის ტექნიკის
შესახებ. არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ დაუმთავრებია, არც კარიერის
250
251

შექმნის მისწრაფება გამოუხატავს, რამაც მამასთან ურთიერთობა სამუდამოდ


გაუფუჭა.

1942 წელს სელინჯერი ჯარში გაიწვიეს, მიიღო სერჟანტის წოდება და 1944 წელს
მონაწილეობდა ნორმანდიაში დესანტის გადასხდომაში, მუშაობდა სამხედრო
ტყვეებთან, საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას.

მისი სამწერლო კარიერა ნიუ-იორკის რამდენიმე ჟურნალში პუბლიკაციებით


დაიწყო. პირველი სერიოზული წარმატება მას მოუტანა 1948 წელს გამოცემულმა
მოთხრობამ „ბანანა თევზის ამინდი“. პირველი პუბლიკაციიდან 11 წლის შემდეგ
გამოსცა ერთადერთი რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“ (1951 წ.), რომელმაც
კრიტიკოსების აღფთოვანება გამოიწვია და დღემდე რჩება უფროსკლასელებისა და
სტუდენტების საყვარელ საკითხავად. თუმცა წიგნი რამდენიმე ქვეყანაში აკრძალეს,
მათ შორის - ამერიკის ზოგიერთ შტატში, რადგანაც ძალიან დეპრესიულ
ნაწარმოებად მიიჩნეოდა და მწერალს უცენზურო ლექსიკაც არ მოუწონეს. ამის
მიუხედავად, ეს წიგნი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიცა, დღეს ამერიკის
სხვადასხვა შტატში რეკომენდებული ლიტერატურის სიაში შედის.

მას შემდეგ, რაც „თამაში ჭვავის ყანაში“ პოპულარული გახდა, სელინჯერმა


გადაწყვიტა, ჟურნალისტებისთვის კარი ჩაეკეტა. 1965 წლის შემდეგ მისი
ნაწარმოებები არსად აღარ იბეჭდებოდა, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის
წერდა, „ბანანა თევზის ამინდამდე“ დაწერილი ყველა ნაწარმოების ხელახლა
გამოცემა აკრძალა. სიცოცხლის ბოლო წლებში, პრაქტიკულად, არავის
ეკონტაქტებოდა. ძირითადად, სახლში იყო და გაიტაცა ბუდიზმმა, იოგამ,
ინდუიზმმა.

მწერალი 2010 წლის 27 იანვარს ნიუ-ჰემფშირში, კორნიშში გარდაიცვალა.


,

ბანანა თევზის ამინდი

თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ


( „რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი,
გამომცემლობა „დია“, თბილისი, 2007 )

სასტუმროში ოთხმოცდაჩვიდმეტი ნიუ-იორკელი იყო, სარეკლამო საქმის


აგენტები, და რაკი საქალაქთაშორისო ტელეფონის ხაზები სულ იმათ დაეკავებინათ,
507-ე ნომერში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს თორმეტი საათიდან მოკიდებული
251
252

ლამის სამის ნახევრამდე დასჭირდა ლოდინი, მანამ შეაერთებდნენ. თუმცა უქმად არ


გაჩერებულა. ქალთა ჯიბის ფორმატის ჟურნალში სტატია წაიკითხა – „სექსი, ან
სიამოვნება, ან – ჯოჯოხეთი“. სავარცხელი და ჯაგრისი გარეცხა. ჩალისფერი
კოსტიუმიდან ლაქა ამოიყვანა. ბლუზზე ღილი გადასვა. ხალიდან პინცეტით ორი
ახალამოწვერილი ბუსუსი ამოიგლიჯა და როცა ტელეფონმა, ბოლოს და ბოლოს,
დარეკა, თითქმის ამთავრებდა ლაქის წასმას მარცხენა ხელის ფრჩხილებზე.
ისეთი ქალი არ გახლდათ, საქმე ხელად მიეტოვებინა და ტელეფონთან
მივარდნილიყო. ისე იჯდა, გეგონებოდა, რაც მომწიფებაში შევიდა, განუწყვეტლივ ეს
ზარი ესმისო.
დინჯად მოატარა ფუნჯი ნეკის ფრჩხილზე, ფრთხილობდა, მთვარის პატარა
რკალიც შიგ არ მოჰყოლოდა. ტელეფონი კი რეკდა და რეკდა. მერე ლაქის ფლაკონს
საცობი დაუცო და წამოდგა, მარცხენა – ახალშეღებილი – ხელი ჰაერში გაიქნია.
მშრალი ხელით სავარძლიდან სავსე საფერფლე აიღო და საღამურ მაგიდასთან
მიიტანა, სადაც ტელეფონი იდგა. ფართო საწოლზე ჩამოჯდა და – უკვე მეხუთე თუ
მეექვსე ზარის შემდეგ – ყურმილი აიღო.
– ალო, – ჩასძახა მილში, მარცხენა ხელის თითები გაფარჩხული ეჭირა,
ცდილობდა აბრეშუმის თეთრი ხალათისათვის არ გაეკარებინა; სხვა არც არაფერი
სცმია, გარდა ფაჩუჩებისა; ბეჭდები სააბაზანოში დაეტოვებინა.
– ნიუ-იორკს გიერთებთ, მისის გლას, – უთხრეს ტელეფონში.
– გმადლობთ, – მიუგო ახალგაზრდა ქალმა და საღამურ მაგიდაზე ნივთები
მისწი-მოსწია, საფერფლე ჩადგა.
ტელეფონში ქალის ხმა გაისმა.
– მიურიელ, შენა ხარ??
ქალმა ცოტათი მოიშორა ყურიდან მილი.
– მე ვარ დედა, როგორა ხართ?
– შენი დარდი არ მასვენებს. რატომ არ დამირეკე? როგორა ხარ?
– წუხელაც ვცადე, გუშინწინაც, მაგრამ ტელეფონზე აქ ისეთი...
– როგორა ხარ, მიურიელ?
ქალმა ცოტათი კიდევ გასწია მილი.
– კარგად, კარგად, ოღონდ ვიწვით. ამისთანა სიცხე არ მოსწრებია ფლორიდას
აგერ...
– რატომ არ დამირეკე? ვეღარ მოვისვენე და...
– ნუ ღრიალებ რა, დედა, მშვენივრად მესმის. ორჯერ ვცადე. ერთი, როგორც კი
ჩამოვედით...
– ვუთხარი კიდეც მამაშენს, ამაღამ დარეკავს-მეთქი, მაგრამ გაგიგონია!.. ხომ
იცი... როგორ ხარ, მიურიელ? მართალი მითხარი.
– კარგად ვარ. ნუ ჩამაცივდი, რა!
– მანდ როდის ჩახვედით?
– რა ვიცი. ოთხშაბათ დილას, ადრიანად.
252
253

– მანქანას ვინ მართავდა?


– სიმორი მართავდა, – უპასუხა ქალმა, – ნუ გაგიჟდები ახლა, მშვენივრად
მოჰყავდა. გამიკვირდა კიდეც.
– სიმორი?! მიურიელ, ხომ შემპირდი, რომ...
– დედა! – შეაწყვეტინა ქალმა, – აკი გითხარი, მშვენივრად მოჰყავდა. მთელი გზა
ისე მოდიოდა, ორმოცდაათზე არც კი ასულა.
– იმ თავის ხუშტურს ხომ აღარ წამოუვლია, ხეები რომ დაინახა?
– ხომ გითხარი, დედა, მშვენივრად მოჰყავდა. კარგი რა, ახლა! თავიდანვე
გავაფრთხილე, თეთრ ხაზთან ახლოს იარე-მეთქი, და დამიჯერა. მაშინვე მიმიხვდა.
ის კი არადა, თვითონვე ცდილობდა, არ გაეხედა ხეებისკენ. ხელად შეატყობდი,
როგორ ცდილობდა. ჰო, მართლა, ის მანქანა თუ შეაკეთებინა მამამ?
– ჯერ არა. ოთხასი დოლარი მარტო...
– სიმორი ხომ შეჰპირდა მამას, მე თვითონ გადავიხდიო. რაღა საჭიროა...
– კარგი, მაგასაც ვნახავთ. როგორ იქცეოდა მანქანაში, ან ისე?
– ძალიან კარგად! – მიუგო ქალმა.
– ის საშინელი რაღაცა აღარ დაუძახნია შენთვის?..
– არა. ახალი სახელი გამომიგონა.
– მაინც რა?
– ოჰ, სულერთი არ არის, დედა!
– მიურიელ, მე უნდა ვიცოდე. მამაშენი...
– კარგი, კარგი. 1948 წლის გამოშვების წმინდა მაწანწალას მეძახის, – უთხრა
ქალმა და გაიცინა.
– ნეტა რა გაცინებს, მიურიელ. სულაც არ არის სასაცილო. საშინელებაა
პირდაპირ. ძალიან სამწუხარო ამბავია, რომ გამახსენდება, როგორ...
– დედა, მოიხედე, – შეაწყვეტინა ქალმა, – გერმანიიდან რომ წიგნი გამომიგზავნა,
ხომ გახსოვს? აი, გერმანული ლექსები, შენც იცი. ნეტა, სად დავკარგე? რამდენი ხანია
თავს ვიმტვრევ და ვერ...
– არსადაც არ დაგიკარგავს.
– ვითომ?
– როგორ არა. ჩემთან არის. ფრედის ოთახშია. აქ დაგრჩა, და სხვა ადგილი... რაო?
სჭირდება?
– არა. ისე მკითხა მანქანაში, აქეთ რომ მოვდიოდით. თუ წაიკითხეო,
აინტერესებდა.
– ის ხომ გერმანულია?!
– ჰო, ვიცი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, – თქვა ქალმა და ფეხი ფეხზე გადაიდო, –
ჩვენი საუკუნის ერთადერთი დიდი პოეტიაო. თარგმანი უნდა გეშოვაო, მეუბნება. ან
ენა გესწავლაო. ხომ ხედავ!
– მტრისას! მტრისას! ძალიან სამწუხარო ამბავია. წუხელ ამბობდა სწორედ
მამაშენი...
253
254

– ერთი წუთი, დედა! – წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, სავარძლიდან სიგარეტი


აიღო, მოუკიდა, ისევ დაბრუნდა და ლოგინზე დაჯდა, – მისმენ, დედა? – თქვა და
პირიდან კვამლი გამოუშვა.
– მიურიელ, ახლა ყური დამიგდე.
– გისმენ.
– მამაშენი ექიმ სივეტსკის ელაპარაკა.
– მერე?
– ყველაფერი უამბო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა... მამაშენი ხომ იცი!.. იმ
ხეების ამბავიც, ფანჯარაც, ბებიას რომ დღე დააწია, აი, გეგმას რომ აწყობდა
ბებიაშენი, როგორ უნდა დამმარხონო... იმ მშვენიერ ფერად სურათებს რომ დაერია,
ბერმუდის კუნძულებზე ნაყიდ სურათებს... ყველაფერი, ყველაფერი!
– მერე?
– ერთი სიტყვით, დანაშაულიაო, იმას უთქვამს, სამხედრო ჰოსპიტლიდან როგორ
გამოუშვესო... სინდისს გეფიცები! პირდაპირ უთხრა მამაშენს: ადვილი
შესაძლებელია, ძალიან ადვილი შესაძლებელიაო, ასე უთქვამს, მალე სულ დაკარგოს
თვითკონტროლიო. სინდისს გეფიცები.
– აქ ერთი ფსიქიატრია, სასტუმროში, – უთხრა შვილმა.
– ვინა? რა გვარია?
– არ მაგონდება. რიზერი თუ რაღაც ამგვარი. ძალიან აქებენ.
– პირველად მესმის.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან აქებენ.
– წესიერად ილაპარაკე, თუ შეიძლებოდეს. მოსვენება აღარა გვაქვს შენ გამო.
მამაშენს წუხელ დეპეშის გამოგზავნა უნდოდა. ჩამოდიო...
– არა, ჯერ მაინც ვერ ჩამოვალ, დედა. თქვენ ნუ გეშინიათ.
– მიურიელ, სინდისს გეფიცები, სივეტსკიმ თქვა, მალე იქნებ სულ დაკარგოს
თვითკონტ...
– ჯერ ჩამოსვლაც არ მომისწრია, დედა, ხეირიანად. აგერ, რამდენი წელიწადია,
პირველად ვეღირსე დასვენებას. ისევ ჩავალაგო ჩემი ბარგი და დავბრუნდე?! ჯერ
ერთი, არც შემიძლია წამოსვლა: ისე დავიწვი მზეზე, რომ ძლივს ვინძრევი.
– მზეზე დაიწვი?! ბრინჯაოს მალამო რატომ არ წაისვი? ჩემოდანში ჩაგიდევი,
ზედ იმასთან...
– წავისვი, მაგრამ მაინც არ მიშველა.
– უი, რა საშინელებაა! რა დაგეწვა?
– ყველაფერი, დედა, მთელი ტანი.
– უი, რა საშინელებაა!
– გავუძლებ, არა უშავს.
– გამოიხედე, იმ ფსიქიატრს არაფერი უთხარი?
– ისე, გაკვრით, – უპასუხა შვილმა.
– რაო, მერე? სიმორი სად იყო, როცა ელაპარაკებოდი?
254
255

– დარბაზში იყო, როიალს უკრავდა. რაც ჩამოვედით, ის ორი ღამე სულ როიალს
უჯდა.
– რაო, მერე, ექიმმა?
– ისეთი არაფერი, თვითონვე გამომელაპარაკა. წუხელ „ბინგოს ვთამაშობდით და
ჩემ გვერდით მოხვდა. თქვენი ქმარი ხომ არ არის, დარბაზში როიალს რომ უკრავსო.
კი-მეთქი, ვუთხარი. ავად ხომ არ ყოფილა, ან ხომ არაფერი გადაუტანიაო. მეც ავდექი
და...
– რატომ გკითხა, ვითომ?
– აბა, რა ვიცი, დედა, ალბათ, ძალიან გამხდარი და გაფითრებული მოეჩვენა, –
უპასუხა შვილმა, – „ბინგოს“ შემდეგ, რამე დავლიოთო, მიმიპატიჟეს ექიმმა და მისმა
ცოლმა. მეც გავყევი. საშინელი ცოლი ჰყავს. ბონუიტის ვიტრინაში ერთი საშინელი
საღამური კაბა ვნახეთ, გახსოვს? შენ რომ ამბობდი, ამას წვრილი და კოხტა...
– მწვანე კაბა?
– ის კაბა ეცვა. იმხელა ბარძაყები აქვს. ჩამაცივდა – სიმორი იმ სუზანა გლასის ხომ
არაფერიაო, შლაპების სახელოსნო რომ აქვს, მედისონ ავენიუზე.
– რაო, მერე! ექიმმა რა გითხრა?
– ო, ისეთი არაფერი. ბარში ვისხედით, საშინელი ღრიანცელი იდგა.
– ჰო, მაგრამ... არ უთხარი, ბებიას სავარძელს რა უქნა?
– არა, დედა. ასეთი წვრილმანები არ მითქვამს, – უპასუხა შვილმა, – კიდევ
შევხვდები, ალბათ, სალაპარაკოდ. მთელი დღე ბარში ზის.
– რაო, მაინც, როგორ მგონიაო, ხომ არაფერი მოუვლისო... რამე ახირებული
ხუშტური?.. ხომ არაფერს გავნებსო?
– არა, არა, – უთხრა შვილმა, – მაგას როგორ გეტყვის, უფრო დაწვრილებითი
ფაქტები თუ არ ექნა. ჯერ ერთი, მთელი ბავშვობის თავგადასავალი უნდა იცოდეს,
და რა ვიცი. ხომ გითხარი, ისეთი ღრიანცელი იდგა, რომ ერთმანეთის ხმა ძლივს
გვესმოდა.
– შენი ლურჯი პალტო რა დღეშია?
– რა უჭირს. მხრებთან ცოტა ბამბა გამოვაცალე, სარჩულის ქვეშ.
– საერთოდ როგორ აცვიათ წელს?
– საშინლად. სად მოვხვდიო, იტყვი. სადაც არ უნდა გაიხედო, სულ ზიზილ-
პიპილები აცვიათ.
– ოთახი როგორი შეგხვდათ?
– კარგია. არა უშავს. ომამდე რომ ნომერი გვქონდა, იმას ვეღარ ჩამოვუსწარით, –
უპასუხა ქალმა, – საშინელი ხალხია წელს. ერთი შეგახედა, სადილობის დროს რა
ხალხი გვიზის გვერდში, მეზობელ მაგიდაზე საბარგო მანქანებით ჩამოსულებს
გვანან.
– ყველგან ასეა ახლა. ის კაბა როგორ მოგერგო?
– ძალიან გრძელი გამოდგა. ხომ გეუბნებოდი, გრძელი იქნება-მეთქი!
– მიურიელ, ტყუილი არ მითხრა, მართლა კარგადა ხარ?
255
256

– ჰო, დედა, ჰო! – უპასუხა შვილმა, – ოთხმოცდაათჯერ ხომ არ უნდა გითხრა?!


– არც შინ წამოსვლა გინდა?
– არა, დედა.
– მამაშენი ამბობდა წუხელ, რაც არ უნდა დამიჯდეს, გადავიხდი, ოღონდ კი
იქაურობას მოშორდეს და სადმე სხვაგან წავიდეს მარტო, კარგად ჩაუფიქრდეს თავის
მდგომარეობასო. აირჩევდი რამე გემს და მშვენივრად იმგზავრებდი. მეც და
მამაშენიც ამას...
– არ მინდა, მადლობელი ვარ, – შეაწყვეტინა შვილმა და ფეხი ჩამოიღო, – ამოდენა
ლაპარაკი, დედა, რა დაგვიჯდება ალბათ...
– რომ გამახსენდება, რამდენ ხანს უცდიდი მაგ ბიჭს, მანამ ომი არ გათავდა...
საერთოდ, რამ დაგაგიჟათ ეს ახალგაზრდა ცოლები, რომ...
– დედა, გავათავოთ რა... საცაა სიმორი შემოაღებს კარს.
– სად არის?
– პლაჟზე.
– პლაჟზე? მარტოკა? პლაჟზე როგორღა იქცევა?
– რა მოგივიდა, დედა, ისე ლაპარაკობ, თითქოს დასაბმელი გიჟი იყოს...
– არაფერიც მიურიელ, ასეთი რა ვთქვი!
– რა ვიცი, ისეთი ხმით მელაპარაკები! წევს თავისთვის სილაზე და არის. საბანაო
ხალათი არც კი გაუხდია.
– არ გაუხდია? რატომ, მერე?
– რა ვიცი. ალბათ ერიდება, ძალიან გამხდარი რომ არის.
– გენაცვალე, მზეა სწორედ მაგისთვის მისწრება. უნდა როგორმე აიძულო.
– სიმორის ამბავი არ იცი? – უთხრა შვილმა და ისევ გადაიდო ფეხი ფეხზე, –
ყველა სულელს რატომ უნდა ვაყურებინო ჩემს ნატატოუირებ ტანზეო, დაუჟინია.
– ტატუირება საიდან მოიგონა?! თუ ჯარში დაიჩხვლიტა ტანი?
– არა, დედა! არა, გენაცვალე! – უთხრა შვილმა და წამოდგა, – იცი რა, იქნებ
ხვალაც დაგირეკო.
– მიურიელ, ყური დამიგდე.
– გისმენ, დედა, – უთხრა შვილმა და სხეულის სიმძიმე მარჯვენა ფეხზე
გადაიტანა.
– იმავე წუთში დამირეკე, თუ რამე აურიოს ან სიტყვით, ან საქმით... ხომ მიხვდი,
რასაც გეუბნები? გესმის?
– დედა, მე სულაც არ მეშინია სიმორის.
– მიურიელ, პატიოსანი სიტყვა მომეცი.
– კარგი, დაგირეკავ. ნახვამდის, დედა. მამა მომიკითხე, – თქვა და მილი დადო.
***
სიმორ გლასი – შინ მოსვლაში, – წაუღიღინა სიბილ კარპენტერმა, რომელიც
სასტუმროში ცხოვრობდა დედასთან ერთად, – სიმორ გლასი არ გინახავს?
– გეყოფა, ფისუნია, რას დაიჟინე! დედას ნუ გააგიჟებ. წყნარად იჯექი.

256
257

სიბილი მაგრად გაბერილ ვეებერთელა ბურთზე იჯდა და თავს ძლივს


იმაგრებდა, პირი ოკეანისკენ ჰქონდა, მისის კარპენტერი ზეთს უსვამდა მხრებსა და
ფრთებივით თხელ ბეჭებზე. ყვითელი საბანაო კოსტიუმი ეცვა, მთლიანი კი არა –
ორნაჭრიანი; თუმცა ერთი ნაჭერი, გულზე ასაფარებელი, არც ახლა სჭირდებოდა და
არც მომავალი ცხრა-ათი წლის განმავლობაში დასჭირდებოდა.
– ჩვეულებრივი აბრეშუმის ხელსახოცი ყოფილა, მაგრამ მანამ ახლოს არ მიხვალ,
ვერ შეატყობ, – თქვა ქალმა, რომელიც მისის კარპენტერის გვერდით იჯდა, დასაკეც
სკამზე, – ნეტა როგორ გამონასკვა ასე კოხტად, მართლაც რომ დიდებულია.
– ეტყობა, – დაეთანხმა მისის კარპენტერი, – სიბილ, მოისვენე, ფისუნია.
– სიმორ გლასი – შინ მოსვლაში, – კვლავ წაიღიღინა სიბილმა.
მისის კარპენტერმა ამოიხვნეშა.
– აჰა, – თქვა მან და ზეთის შუშას საცობი დაუცო, – ახლა გაიქეცი და ითამაშე,
ფისუნია. დედიკო სასტუმროში წავა, ცოტა მარტინის დალევს მისის ჰაბელთან
ერთად. ზეთისხილს შენ მოგიტან.
როგორც კი თავისუფლად იგრძნო თავი, სიბილი ხელად გავარდა, პლაჟს
მიაშურა, იქიდან კი მეთევზეების პავილიონისკენ შეუხვია. ერთგან შედგა მხოლოდ
და სველი სილის დანგრეულ სასახლეში ჩაჰკრა ფეხი. მალე უკან ჩამოიტოვა
სასტუმროს პლაჟი.
თითქმის მეოთხედი მილი გაიარა, ისევ პლაჟისკენ ჩაუხვია. რბილი სილის
ნაპირს მიადგა, და უცებ შედგა – თავზე წაადგა ახალგაზრდა კაცს, რომელიც
გულაღმა გაწოლილიყო.
– წყალში არ ჩავიდეთ, სიმორ გლას? – ჰკითხა გოგონამ.
ჭაბუკი ერთბაშად შეცბა და მარჯვენა ხელი თავისი ხაოიანი ხალათის
საყელოსკენ გააქანა. მერე გადაბრუნდა, მუცელზე გაწვა, ძეხვივით დაგრეხილი
პირსახოცი, რომელიც სახეზე ეფარა, სილაზე დავარდა, ცერად ახედა სიბილს.
– შენა ხარ, სიბილ?
– არ უნდა იბანაო?
– შენ გელოდებოდი, – უპასუხა ჭაბუკმა, – ახალი რა იცი?
– რაო? – ჩაეკითხა სიბილი.
– ახალი რა იცი-მეთქი? პროგრამაში რა ცვლილებებია?
– ხვალ მამაჩემი უნდა ჩამოვიდეს ნეროპლანით, – უპასუხა სიბილმა და ფეხით
სილა წამოყარა.
– სახეში ნუ შემაყრი, გოგონი, – უთხრა ჭაბუკმა და ხელი კოჭზე დაადო სიბილს, –
დროც არის, თუ ჩამოვა მამაშენი. საათობით ველოდები. საათობით.
– ის ქალი სად არის? – ჰკითხა სიბილმა.
– ის ქალი? – თხელი თმიდან სილა გადმოიბერტყა ჭაბუკმა, – მაგას ჩვენ რას
მივხვდებით, სიბილ. ათას ადგილზე შეიძლება იყოს, ან პარიკმახერთან იქნება, თმის
შესაღებად. ან თავის ოთახში ზის და ღარიბ ბავშვებს ტიკინებს უკერავს, – თავი
წამოსწია, მუშტები ერთმანეთზე დააწყო და ზედ ნიკაპით დაეყრდნო, – სხვა რამე
257
258

მკითხე, სიბილ, – განაგრძო მან, – ეს რა კარგი რამე გაცვია! ლურჯ საბანაო


კოსტიუმისავით არაფერი არ მიყვარს ქვეყნად.
სიბილმა გაკვირვებით შეხედა, მერე თავის გამობზეკილ მუცელზე დაიხედა.
– ეს ხომ ყვითელია, – უთხრა მან, – ყვითელია ესა.
– მართლა? აბა, ახლოს მოდი.
სიბილმა წინ გადადგა ნაბიჯი.
– მართალი ყოფილხარ. რა სულელი ვარ!
– არ უნდა იბანაო? – ჰკითხა სიბილმა.
– ჯერ მოვიფიქრო. ასე ადვილად კი ვერ გადავწყვეტ. ფიქრი უნდა, სიბილ.
სიბილმა ფეხი წამოჰკრა რეზინის ლეიბს, რომელსაც ჭაბუკი თავის დასადებად
ხმარობდა ხოლმე ზოგჯერ.
– გაბერვა უნდა, – თქვა მან.
– შენ მართალი ხარ. გაბერვა უნდა, და მაგრადაც, მე რომ მგონია, იმაზე უფრო
მაგრად, – მუშტები გამოიღო და ნიკაპი სილაზე დადო, – რა ლამაზი გოგო ხარ,
სიბილ, მთელი სიამოვნებაა შენი შემოხედვა. მითხარი შენი ამბავი, – გადასწვდა და
გოგონას ორივე კოჭი ხელში მოიქცია, – მე თხის რქა ვარ, – განაგრძო მან, – შენ რაღა
ხარ?
– შერონ ლიპშუცმა თქვა შენზე, როიალის სკამზე იჯდა და მეც გვერდით
მომისვაო.
– მართლა ასე თქვა შერონ ლიპშუცმა?
სიბილმა დიდის ამბით დაუქნია თავი.
ჭაბუკმა გოგონას ხელი უშვა, მკლავები მკერდქვეშ მოიქცია და ლოყა მარჯვენა
ხელის ნიდაყვს დააყრდნო.
– რას იზამ, – თქვა მან, – შენც ხომ იცი, როგორ ხდება ხოლმე, სიბილ, ჩემთვის
ვიჯექი და ვუკრავდი. შენ არსად ჩანდი. მოვიდა შერონ ლიპშუცი და გვერდზე
მომიჯდა. რა უნდა მექნა? ხომ არ გადმოვაგდებდი?
– რატომაც არა!
– აჰ, როგორ შეიძლება. მაგას როგორ ვიზამდი, – მიუგო ჭაბუკმა, – სამაგიეროდ,
იცი რა ვქენი?
– რა ქენი?
– ვითომ ვერ ვიცანი, თავი ისე ვაჩვენე, თითქოს შენ მეჯექი გვერდში.
სიბილი მაშინვე ჩაცუცქდა და სილის ჩიჩქნა დაიწყო.
– წამოდი, ვიბანაოთ, – უთხრა მან.
– წავიდეთ, – მიუგო ახალგაზრდა კაცმა, – სამაგისოდ მგონი გამოვდგები.
– კიდევ თუ დაგიჯდეს, გადმოაგდე, – უთხრა სიბილმა.
– ვინა?
– შერონ ლიპშუცი.

258
259

– აჰ, შერონ ლიპშუცი! – გაიმეორა ახალგაზრდა კაცმა, – სულ შერონ ლიპშუცი


გახსოვს?! ერთმანეთშია არეული სურვილი და მახსოვრობა! – ერთბაშად წამოხტა
ფეხზე, – იცი, რა ვქნათ, სიბილ, ბანანათევზის დაჭერა ვცადოთ.
– რისა?
– ბანანათევზის, – გაუმეორა და ხალათის ქამარი შეიხსნა. გაიხადა ხალათი.
ვიწრო, თეთრი მხრები ჰქონდა, ლურჯი ტრუსები ეცვა. ხალათი სამად მოკეცა, მერე
პირსახოცი გაშალა, – რომელიც ადრე თვალებზე ეფარა, – ძირს გააფინა და დაკეცილი
ხალათი ზემოდან დაადო. ლეიბს დასწვდა და მარჯვენა იღლიაში ამოიდო, მარცხენა
ხელი სიბილს ჩასჭიდა. ოკეანისკენ დაიძრნენ.
– ბანანათევზი ალბათ ბევრი გინახავს, – უთხრა ჭაბუკმა.
სიბილმა თავი გააქნია.
– არა? სადა ცხოვრობ, ამისთანა ადგილას?
– არ ვიცი.
– გეცოდინება. როგორ შეიძლება. შერონ ლიპშუცი სამ-ნახევარი წლისაა და იცის,
სად ცხოვრობს.
სიბილი შედგა და ხელი გამოგლიჯა. იქვე ლოკოკინას ნიჟარას დასწვდა, –
ამისთანა ნიჟარები ბევრი ეყარა სილაში, – მოჩვენებითი ინტერესით დაუწყო
თვალიერება და გადააგდო.
– შრიალა ტყე, კონეტიკუტი, – წამოიძახა მან და, მუცელგამობზეკილმა, გზა
განაგრძო.
– შრიალა ტყე, კონეტიკუტი, – გაიმეორა ჭაბუკმა, – ეს, შემთხვევით, კონეტიტის
შრიალა ტყის მახლობლად ხომ არ არის?
სიბილმა ახედა.
– მე მანდა ვცხოვრობ – შრიალა ტყე, კონეტიკუტი, – სხაპასხუპით წამოიძახა და
გაიქცა, მარცხენა ხელით თავისივე მარცხენა ფეხს დასწვდა და რამდენიმე ნაბიჯი
ასკინკილით გაირბინა.
– შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა კარგად გამაგებინე ყველაფერი, – უთხრა ჭაბუკმა.
სიბილმა ფეხი დაუშვა.
– `პაწაწინა შავი სამბო” თუ წაგიკითხავს? – ჰკითხა მან.
– რა უცნაურია, სწორედ წუხელ დავამთავრე, – მიუგო კაცმა. დაიხარა და ისევ
ჩასჭიდა სიბილს ხელი, – მოგწონს?
– ვეფხვები ხეს ურბენდნენ ირგვლივ?
– არც გაჩერდებიან-მეთქი, მომეჩვენა. ჩემს დღეში არ მინახავს ამდენი ვეფხვი.
– არაფერიც, ექვსი ვეფხვი იყო, – უთხრა სიბილმა.
– მეტი არა? ცოტაა. მერე?
– ცვილი გიყვარს?
– რა თუ მიყვარს? – ჩაეკითხა ჭაბუკი.
– ცვილი.
– ძალიან. შენ?
259
260

სიბილმა თავი დაუქნია.


– ზეთისხილი თუ გიყვარს?
– ზეთისხილი? რა თქმა უნდა. ზეთისხილი და ცვილი. ფეხსაც არ ვიცვლი ხოლმე
უცვილოდ და უზეთისხილოდ.
– შერონ ლიპშუცი? გიყვარს? – ჰკითხა სიბილმა.
– კი მიყვარს, – უპასუხა ჭაბუკმა, – იმიტომ მიყვარს, რომ ძაღლებს არ აწვალებს
სასტუმროს ვესტიბიულში. კანადელ ქალს რომ პაწაწინა ბულდოგი ჰყავს. ერთხელაც
არ უხლია იმისთვის ხელი. შენ რა გგონია, ზოგი გოგო მიდის და ჯოხსა ჰკრავს
ხოლმე, შერონი – არა. არავის არ აჯავრებს, ყველას ეფერება. მეც იმიტომ მიყვარს.
სიბილს ხმა არ გაუღია.
– მე კიდევ სანთლის ღეჭვა მიყვარს, – თქვა მან ბოლოს.
– სანთლის ღეჭვა ვის არ უყვარს, – მიუგო ჭაბუკმა და ფეხი წყალში ჩაყო, – უ-უ
ცივია. – ლეიბი წყალზე დააგდო. – ჯერ არა, სიბილ, ცოტაზე ფეხით შევიდეთ
წყალში.
ცოტა ფეხით გაიარეს, მანამ სიბილს წელამდე მისწვდებოდა წყალი, მერე კი
ჭაბუკმა აიყვანა და პირჩაღმა დააწვინა ლეიბზე.
– საბანაო ქუდს არ იხურავ ხოლმე? თავზე არაფერს არ იკრავ? – ჰკითხა ჭაბუკმა.
– ხელი არ გამიშვა, – უბრძანა სიბილმა, – ასე გეჭიროს.
– დამშვიდდი, მისს კარპენტერ. მე ვიცი ჩემი საქმე, – უთხრა ჭაბუკმა, – შენ
წყალში იყურე, იქნება ბანანათევზი შენიშნო. დღეს სწორედ ბანანათევზის ამინდია.
– სულაც არ ჩანან, – თქვა სიბილმა.
– ვიცი, უცნაური თევზია. ძალიან უცნაური, – კვლავ ხელით მიაცურებდა ლეიბს,
წყალი ჯერ მკერდზეც არა წვდებოდა, – ძალიან უბედური ცხოვრება აქვთ. იცი, რას
აკეთებენ, სიბილ?
გოგონამ თავი გააქნია.
– ადგებიან და ბანანებით გამოტენილ დარანებში შეძვრებიან. როცა შიგ
მიცურავენ, ნამდვილ თევზებსა ჰგვანან. მაგრამ შევლენ თუ არა დარანებში, ხელად
ღორებს დაემსგავსებიან. ერთი თევზი ვიცი, შეძვრა ბანანის დარანში და
სამოცდათვრამეტი ბანანი შესანსლა, – ჭაბუკმა ლეიბს ხელი ჰკრა და, თავის
მგზავრიანად, კიდევ უფრო შორს შეაცურა ზღვაში, – ისე გაიყეყებიან, რომ გარეთ
ვეღარ გამოდიან. კარებში ვეღარ გამოეტევიან.
– ასე შორს ნუღარ მივდივართ, – უთხრა გოგონამ, – მერე რა მოსდით?
– ვის რა მოსდის?
– ბანანათევზებს.
– აჰ, ბანანით გაყეყილები რომ ვერ გამოეტევიან, მერე რა მოსდით?
– ჰო.
– ეჰ, თქმაც კი მიმძიმს, სიბილ, კვდებიან.
– რატომ?
– ბანანის ხურვება ჰკლავთ. საშინელი ავადმყოფობაა.
260
261

– ტალღა მოდის, – შეჰკივლა შეშინებულმა სიბილმა.


– ჩვენი დარდიც ეგ იყოს, – უთხრა ჭაბუკმა, – ტალღა ვინ მიგდია! ჩვენისთანა
ყოჩაღ ხალხს რას დაგვაკლებს, – კოჭებში ჩაავლო სიბილს ხელი, დაბლა დასწია და
წინ გააქანა. ლეიბმა ზემოდან გადაუარა ტალღას. წყალი ოქროსფერ თმაში შეეშხეფა
სიბილს, მაგრამ მისი კივილი ახლა უკვე სიამოვნების გამომხატველი იყო. როცა ისევ
გასწორდა ლეიბი წყალზე, გოგონამ თვალებზე მიწებებული სველი კულული
გადაიწია და განაცხადა:
– დავინახე.
– რა დაინახე, გენაცვალე?
– ბანანათევზი.
– ოჰ, კარგი ერთი! – თქვა ჭაბუკმა, – პირში ბანანი ვერ დაუნახე?
– როგორ არა, – მიუგო სიბილმა, – ექვსი ერთად.
გოგონას წყალში ჰქონდა ფეხები ჩაკიდული, ჭაბუკმა უცებ აიღო სველი ფეხი და
მუხლთან აკოცა.
– ჰეი! – შეჰყვირა ფეხის პატრონმა და გადაბრუნდა.
– შენ თვითონ, ჰეი! უნდა გავბრუნდეთ. გვეყოფა.
– არა!
– მაპატიე, – უთხრა ჭაბუკმა და ლეიბი ნაპირისკენ გაათრია. ნაპირთან გოგონა
გადმოხტა. ჭაბუკმა ლეიბი იღლიაში ამოიდო.
– ნახვამდის! – შესძახა სიბილმა და სასტუმროსკენ გაიქცა, სინანულიც არ
უგრძვნია.

***

ჭაბუკმა ხალათი ჩაიცვა, საყელო მჭიდროდ შეიკრა და პირსახოცი ჯიბეში


ჩაიტენა. მერე სველი, სრიალა ლეიბი იღლიაში ამოიჩარა და ცხელ ქვიშას დაუყვა,
მძიმე ნაბიჯით წავიდა სასტუმროსკენ.
სარდაფის სართულზე, – ზღვიდან ახალმოსულები აქედან ადიოდნენ ხოლმე
ნომრებში, – ჭაბუკთან ერთად ლიფტში ერთი ქალი შევიდა, რომელსაც ცხვირი
თუთიის მალამოთი წაეთხიპნა.
– ფეხებზე რას დამაშტერდით? – მიმართა ქალს ჭაბუკმა, როცა ლიფტი დაიძრა.
– ბოდიში, ვერ გავიგონე?
– ფეხებზე რას დამაშტერდით-მეთქი.
– უკაცრავად, მაგრამ მე იატაკს ვუყურებდი, – უპასუხა ქალმა და კარისკენ
შებრუნდა.
– თუ ასე გულით გინდათ ჩემი ფეხის დანახვა, თქვით კიდეც, – უთხრა ჭაბუკმა, –
რაღა ჩუმ-ჩუმად მითვალთვალებთ?!
– გამიჩერეთ, აქ ჩამოვალ! – სწრაფად მიუბრუნდა ქალი მელიფტე გოგოს.
ლიფტის კარი გაიღო და ქალი უკანმიუხედავად გამოვარდა.

261
262

– ორი ჩვეულებრივი ფეხი მაქვს; ვერ გამიგია, რა არის საყურებელი, ვის რა


ოხრობა უნდა, – თქვა ჭაბუკმა, – მეხუთე! – ხალათის ჯიბიდან თავისი ოთახის
გასაღები ამოიღო.
მეხუთე სართულზე გამოვიდა, დერეფანს დაუყვა და 507-ე ნომერში შევიდა.
ოთახში ახალი ტყავის ჩემოდნისა და ფრჩხილებზე ლაქის მოსაშორებელი სითხის
სუნი იდგა.
დიდ საწოლზე ქალს ეძინა, ჭაბუკმა გადახედა, მერე თავის ჩემოდანთან მივიდა,
გააღო, პერანგები და საცვლები ამოქექა და 7-65 ყალიბრიანი რევოლვერი ამოიღო.
მჭიდე გამოაძრო, შეამოწმა და უკანვე ჩადო. თითი გამოსდო, თავის საწოლთან
მივიდა, ჩამოჯდა, მეორე საწოლზე მძინარე ქალს გადახედა, რევოლვერის ტუჩი
მარჯვენა საფეთქელთან მიიდო და, ფეხი გამოუშალა.

მოთხრობის გზამკვლევი

პატარა გოგონა ესაუბრება ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ცოტა ხნის შემდეგ თავი უნდა
მოიკლას. შესაძლოა, ეს ჯერ თავად ამ კაცმაც არ იცის, მაგრამ გოგონასთან დიალოგის
დროსაც სიცოცხლე მას უკიდურესად ეზედმეტება. კი მაგრამ - რატომ? რა არ მოსწონს მას
ცხოვრების?
საზოგადოდ, თვითმკვლელობა ყველა კულტურაში მიუტევებელ ქცევად მიიჩნევა. როდესაც
ადამიანი საკუთარ თავს ანადგურებს, ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად
სასოწარკვეთილია. „აბსოლუტური სასოწარკვეთა“ ანუ სრული უიმედობა თითქოს მძაფრ
ემოციურ ფონს უნდა გულისხმობდეს - განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში.
ბევრი სწორედ ასე ფიქრობს: კაცი აფექტში იყო და თავი ამიტომ მოიკლაო. აქ ორი
შესაძლებლობა გვაქვს. ასეთი მსჯელობა ან მართებულია ან - არა. ძნელი გასარჩევი ხდება, რა
არის თვითმკვლელობის ნამდვილი საფუძველი - აფექტი, თუ მისი გამომწვევი მიზეზი. „ჰო.
რა თქმა უნდა უნდა, - იტყვის მავანი, - თუ ცხოვრება სრულ უაზრობად ხოლო შენი თავი
საშინლად ზედმეტად გეჩვენება, აფექტი მიზეზი კი არა, შედეგია“.

სიმორ გლასი გრძნობს, რომ სიცოცხლე არ „ესინჯება“ - ის მის მიღმა დგას. გარშემო სივრცე
სავსეა ადამიანებით, ნივთებით, ხმებით, შეგრძნებებით, მაგრამ ეს არ არის „ცხოვრება“. ეს
რაღაც მატერიას მოწყვეტილი აბსურდია, რომელიც ეგოიზმის ქარიშხლიან სუნთქვას
აფრქვევს. ადამიანები ისე სივდებიან და კვდებიან ამ აბსურდით, რომ ვერც კი ამჩნევენ ამას.

მოთხრობა ორი შედარებით დიდი და ერთი მცირე ნაწილისაგან შედგება. პირველში სიმორ
გლასის მეუღლე მიურიელი დედას ესაუბრება ტელეფონით, მეორეში სიმორისა და პატარა
გოგონას, სიბილ კარპენტერის, დიალოგია მესამეში კი, ყველაზე მცირეში, ახალგაზრდა კაცი
უცნობ ქალს ლიფტში უკიდურესი უხეშობით მიმართავს და შემდეგ, სასტუმროს ნომერში
ასული, მძინარე მიურელის გვერდით თავს იკლავს.

ეს ნაწილები ერთმანეთთან თითქოს არაფრით არის დაკავშირებული - მიურიელი და სიმორი


ამ დროს ერთმანეთს არც კი ხვდებიან. აბა, რა ლოგიკა აქვთ მათ?

262
263

პირველ ნაწილში (დედა-შვილის დიალოგი) ჩანს სნობური საზოგადოების სახე - პიროვნულ


წვრილმანებს მეტ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ, ვიდრე იმას, რაც ადამიანის ცხოვრებისთვის
ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს. მიურიელის მშობლები ხედავენ
სიმორის შინაგანი აფორიაქებისა და, ერთი შეხედვით, აგრესიული ქცევის ზედაპირულ
გამოვლინებებს (ამას „თვითკონტროლის დაკარგვას“ უწოდებენ), მაგრამ მათ არ შეუძლიათ
მიზეზების შეცნობა. მიურიელს თითქოს, მშობლებისგან განსხვავებით, მეტად ესმის
მეუღლის („დედა, მე სულაც არ მეშინია სიმორის“), მაგრამ მისი ყრუ ეგოიზმი
შესაძლებლობას არ აძლევს, სიმორი გადაარჩინოს - მან ვერ შეძლო სიმორის ცხოვრების
მფარველ ფერიად ქცეულიყო.ამას უნდა მიანიშნებდეს ის, რომ გერმანული ლექსების წიგნი,
რომელიც ქმარმა გერმანიიდან გამოუგზავნა და წაკითხვა ურჩია თუ სთხოვა, სადღაც
წაუკითხავად მიავიწყდა.

მეორე ნაწილში სიმორი და სიბილა საუბრობენ. ბავშვი იმას უნდა განასახიერებდეს, რამაც
შესაძლოა ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე ხელახლა შეაგრძნობინოს, მაგრამ ეს მხოლოდ
ილუზიად რჩება. სიმორი ძალიან მშვიდად და კეთილგანწყობით ელაპარაკება სიბილს. ეს
დიალოგი ამ მოთხრობის ალბათ ერთადერთი ბუნებრივი სივრცე და დროა, მაგრამ, ბოლოს
და ბოლოს, ეს ბუნებრიობაც მარცხედბა - მას ვერ შეაქვს გარდატეხა სიმორის ცხოვრების
მიმართ დამოკიდებულებაში. სიბილ კარპენტერის ბავშვური მომხიბვლელობა და ენერგია
საკმარისი არ აღმოჩნდა ბურუსის გასაფანტად (იმიტომ ხომ არა,სიბილმა სიმორს შერონ
ლიპშუცის, მეორე პატარა გოგონას, უარყოფა რომ მოსთხოვა? - სწორედ ისე, დიდები რომ
აკეთებენ ამას).

ახალგაზრდა კაცი ბავშვს და ჩვენ ერთდროულად გვიმხელს თავისი განწყობის ამბავს,


როდესაც ბანანა თევზების შესახებ ელაპარაკება. სიბილი, ალბათ, ვერა, მაგრამ ჩვენ კი
ვხვდებით, რა იმალება ამ საუბარში - საზოგადოების დიდი ნაწილი ისევე მომაკვდინებლად
„ჭამს“ ადამიანურ ღირებულებებს , როგორც ის თევზები ბანანებს. ყველაფერი ბუნებრივი
ხელოვნურად ქცეულა და ჩვეულებრივი კაცი შესაძლოა ფსიქიატრთან გაამწესონ მხოლოდ
იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება უნდა. სიმორისთვის ადამიანები ბანანებით გაძეძგილ
თევზებად ქცეულან, რომლებიც სიცოცხლეს იჩემებენ, მაგრამ ეს ეგოიზმით მკვდარი
სიცოცხლეა. ამ ყველაფრის მუდმივად მძაფრ აღქმას თავისი ზღვარი აქვს.

სიმორ გლასმა ეს ზღვარი მშვიდად იგრძნო და აფექტის გარეშე გადალახა - სიცოცხლის


ბოლოს მის სიმშვიდეს ერთადერთი გამონაკლისი აღმოაჩნდა, რომელიც მოთხრობის მესამე
ნაწილის დასაწყისში ჩანს.

სწორედ აქ არის ლიფტის სცენა, რომელშიც თვითმკვლელობისკენ მიმავალი კაცი სრულიად


უცნობ ქალს, ერთი შეხედვით,არაფრით მოტივირებული აგრესიით მიმართავს. ეს აგრესია
მხოლოდ ამ ქალის კი არა, დანარჩენი ადამიანებისკენაც არის მიმართული - როცა სიცოცხლის
აზრი აღარ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული მოკვდა.

სიმორ გლასს შეეძლო თავი სხვაგან მოეკლა. რატომ აირჩია მან სასტუმროს ნომერი,
რომელშიც მის მეუღლეს ეძინა? რა უნდოდა მას ამით ეთქვა?

263
264

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ამერიკელი მწერალი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი 1896 წლის 24 სექტემბერს


მინესოტას შტატში, სენტ პოლში დაიბადა. პირველი მოთხრობა სკოლის გაზეთში
მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ფიცჯერალდი 13 წლის იყო. მის აქტიურ სამწერლო
მოღვაწეობას დასაბამი პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დაედო,
თუმცა მოგვიანებით სასწავლებელი მიატოვა და ჯარში წავიდა, სადაც გატარებული
პერიოდი მის შემოქმედებაზეც აისახა...

ფიცჯერალდის ყველაზე ნაყოფიერ შემოქმედებით პერიოდად 1920-იანი წლების


პარიზში გატარებული დღეები მიიჩნევა. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა ერნესტ
ჰემინგუეის. როგორც ყველა მწერალი, ფიცჯერალდიც თავს მოკლე მოთხრობების
წერით ირჩენდა, რომლებსაც სხვადასხვა ცნობილი ჟურნალისთვის წერდა. თუმცა
მეოცე საუკუნის უდიდეს მწერლად აღიარებულმა ფიცჯერალდმა ოთხი რომანის
დასრულება მოასწრო, მათ შორისაა „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და
დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და ის ნაწარმოები, რომელმაც მსოფლიო აღიარება
მოუტანა - „დიდი გეტსბი“.

264
265

„დიდი გეტსბის“ გამოქვეყნების შემდეგ, ტომას ელიოტი ფიცჯერალდს სწერდა:


„ვფიქრობ, ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი ამერიკულ ლიტერატურაში ჰენრი
ჯეიმსის შემდეგ...“ ამ ნაწარმოების მილიონობით ეგზემპლარი დღესაც იყიდება და
ყველა დროის ბესტსელერად რჩება.

„ჯაზის ეპოქის“ წარმომადგენელი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, 1940 წლის 21


დეკემბერს, კალიფორნიაში, ჰოლივუდში გარდაიცვალა.

სამი საათი რეისებს შორის

თარგმნა მაია ცერცვაძემ


(„ნოველები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2013)

დონალდი კარგ გუნებაზე გახლდათ, თავს მხნედ გრძნობდა და ისიც


ახალისებდა, რომ თავმომაბეზრებელი მოვალეობა უკვე მოეხადა. ახლა შეეძლო
თავისთვისაც მიეხედა. მართალია, შანსი მცირეზე მცირე ჰქონდა, მაგრამ, ვინ იცის,
იქნებ, ბედს გაეღიმა.
თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა. დონალდმა ნაბიჯი მიწას დაადგა და შუა
დასავლეთის ზაფხულის დაისში დაინთქა. მოშორებით მდგარ, ძველ მოწითალო,
„რკინიგზის ფარდულის მაგვარ“ პუებლოს23 ყაიდის აეროპორტს მიაშურა. მან
აღარაფერი უწყოდა იმ ქალისა – ცოცხალი იყო და ისევ იმავე ქალაქში ცხოვრობდა
თუ არა, არც ის, რა გვარს ატარებდა იმჟამად. აფორიაქებულმა სატელოფონო
ცნობარი გადაათვალიერა და ქალის მამის გვარს დაუწყო ძებნა. შესაძლოა, აღარც ის
დარჩენილიყო ცოცხალი – მას მერე ოცი წელი მაინც გასულიყო.
არა. აი, მოსამართლე ჰარმონ ჰოლმსი – ჰილსაიდი 3194.
მან მის ნენსი ჰოლმსი იკითხა. ქალის სასიამოვნო ხმამ გააგონა.
„ნენსი ახლა მისის უოლტერ გიფორდია. ვინ კითხულობს?“
მაგრამ დონალდმა ისე დაკიდა ყურმილი, აღარაფერი უპასუხია. რაც სურდა,
უკვე შეიტყო. დრო მხოლოდ სამი საათი ჰქონდა. ვერაფრით გაეხსენებინა ვინმე
უოლტერ გიფორდი. შეშფოთებულმა კვლავ გადაავლო თვალი სატელეფონო
ცნობარს – იქნებ ქალი სულაც სხვა ქალაქში იყო გათხოვილი.
არა. აი, უოლტერ გიფორდი – ჰილსაიდი 1191. დონალდს ფერი მოუვიდა.
„ალო?“
„გამარჯობა. მისის გიფორდს სთხოვეთ – ძველი მეგობარი კითხულობს“.
23
პუებლო – (Pueblo), აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ინდიელ ხალხთა ჯგუფის – პუებლოს
ახალშენებისათვის დამახასიათებელი ალიზის ან ქვიშაქვისაგან აგებული მრავალოთახიანი სახლი-
ციხესიმაგრე, რომელსაც აქვს შიდა მოედანი და ყრუ გარე კედელი. ასეთი სახლების სართულები (5-
6 -მდე) ზემოთ ტერასებით ადიოდა.
265
266

„მისის გიფორდი გისმენთ“.


მან იცნო, ან სულაც მოეჩვენა, რომ იცნო ეს სასიამოვნო ხალისიანი ხმა.
„მე დონალდ პლანტი ვარ. თორმეტი წლის ვიყავი, ბოლოს რომ გნახე“.
„ო-ო-ო!“ – მოისმა ძალიან გაკვირვებული, მეტად თავაზიანი ხმა, თუმცა
დონალდმა ვერ იგრძნო მასში ვერც სიხარული და ვერც ის, რომ შეიცნეს.
„დონალდი!“ – განაგრძო იმავე ხმამ. ახლა ის იმაზე მეტ ემოციას იტევდა, ვიდრე
უბრალოდ მეხსიერების ძაფის დაჭიმვაა.
„...როდის დაბრუნდი ქალაქში?“ – შემდეგ გულღიად, – „სადა ხარ?“
– აეროპორტში – დრო მხოლოდ სამი საათი მაქვს“.
– მაშ, მოდი და მინახულე“.
„იმედია, დასაძინებლად არ ემზადები?“
– ო, ღმერთო, არა, რაღა თქმა უნდა!“ – წამოიძახა მან. – „თავს ვიქცევ – სოდიან
ვისკის ვწრუპავ. ტაქსის მძღოლს უთხარი...“
გზაში დონალდი საუბარს აანალიზებდა. სიტყვით „აეროპორტში“ ქალს
აგებინებდა, რომ მაღალ საზოგადოებაში კვლავ საპატიო ადგილს ინარჩუნებდა.
ნენსის მარტო ყოფნა, შესაძლოა, იმას ნიშნავდა, რომ ის წლებს მოეტეხა,
მომხიბვლელობა დაეკარგა და უმეგობრო ქალად ქცეულიყო. მის ქმარს,
სავარაუდოდ, ან ეძინა, ან შინ არ იყო. და – რახან დონალდის ოცნებებსა და
წარმოდგენაში ის მუდამ ათი წლის გოგონად რჩებოდა – ვისკის ხსენებამ
დაარეტიანა. თუმცა მალევე ღიმილით დაიწყნარა თავი – ის ხომ ახლა ოცდაათს
უკაკუნებდა.
მიხვეულ-მოხვეული გზები რომ მოთავდა, დონალდმა განათებული კარის წინ,
ჭიქით ხელში პატარა შავთმიან ლამაზმანს ჰკიდა თვალი. თავისი დიდი ხნის
ოცნების ხორცშესხმით შემკრთალი დონალდი მანქანიდან გადმოვიდა და ქალს
ჰკითხა:
„მისის გიფორდი, არა?“
ქალი წინკარის შუქისკენ შემოტრიალდა და, თვალებგაფართოებული
გამომცდელად მიაცქერდა ახალმოსულს. დაბნეული გამომეტყველება მალე ღიმილმა
შეუცვალა.
„დონალდი, – მაშ, ეს შენა ხარ, – როგორ შევიცვალეთ ყველანი. ოჰ, რა
საოცრებაა!“
შინ რომ შედიოდნენ, წლებს თავისი მიაქვსო, გაიძახოდნენ. დონალდს გულმა
რეჩხი უყო. ნენსისთან ბოლო შეხვედრა გაახსენდა – მაშინ გოგონამ ისე ჩაუქროლა
ველოსიპედით, თითქოს ვერც კი შეამჩნია, – თან იმანაც შეაკრთო, სათქმელი რომ
აღარაფერი დარჩენოდათ ერთურთისთვის. მათი პაემანი წლების შემდეგ
თანაკლასელთა თავშეყრას დამსგავსებოდა – დიდი სიხარულით აჟრიამულებული
მეგობრები წარსულის დაბრუნებას რომ ვეღარ ახერხებენ. შეშფოთებულმა გაიაზრა,
რომ შეიძლებოდა დრო ტყუილუბრალოდ დაეკარგა. დონალდი სასოწარკვეთამ
შეიპყრო.
266
267

„ყოველთვის მიმზიდველი იყავი, მაგრამ შენმა ახლანდელმა სილამაზემ, ცოტა არ


იყოს, გამაოგნა“.
ყინული გალხვა. შეცვლილი მდგომარეობა სწრაფად გააცნობიერეს, გულუხვმა
ქათინაურმაც თავისი ქნა. ბავშვობის შემკრთალი მეგობრების ნაცვლად ისინი
საინტერესო უცნობებად გადაიქცნენ.
„დალევ ვისკის?“ – ჰკითხა ქალმა – „არა? გთხოვ, არ იფიქრო, რომ მარტო
ვყლურწავ ხოლმე. ისეთი მოსაწყენი საღამო იყო. ქმარს ველოდებოდი, მაგრამ
დეპეშით მაცნობა, რომ ორი დღით დაიგვიანებს. მეუღლე ძალიან მიმზიდველი
მყავს, დონალდ, შენ გგავს, გარეგნობითაც და ხასიათითაც“. ქალი შეყოყმანდა – „ასე
მგონია, ვიღაცამ გაიტაცა ნიუ-იორკში – მე კი ბაიბურში არა ვარ“.
„შენს შემხედვარეს ეს დაუჯერებლად მეჩვენება“. – შეეცადა დაემშვიდებინა
ქალი. – „ექვსი წელი, სანამ ცოლი მყავდა, მეც შენსავით ვიტანჯავდი თავს. მერე კი
ეჭვიანობა სამუდამოდ განვდევნე ჩემი ცხოვრებიდან. მეუღლე რომ გარდამეცვალა,
სიხარულით გამოვეთხოვე ამ გრძნობას. ახლა მხოლოდ სასიამოვნო ამბებს ვიხსენებ
– ვცდილობ, მძიმე, უსიამოვნო ან მტანჯველი ფიქრები თავში აღარ გავივლო
ხოლმე“.
ქალი ჯერ ყურადღებით უმზერდა, შემდეგ თანაგრძნობით ისმენდა დონალდის
სიტყვებს.
„ძალიან ვწუხვარ“, – თქვა მან და მალევე დაამატა – „ძალიან შეცვლილხარ.
მოატრიალე ერთი თავი. ახლაღა გამახსენდა, როგორ თქვა მამაჩემმა შენზე, ჭკუის
კოლოფააო“.
„შენ, ალბათ, არ დაეთანხმე“.
„ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ სულ ასე მეჩვენება, რომ
ყველა ჭკუის კოლოფაა. გონებაში ისე ღრმად ჩამებეჭდა ეს ნათქვამი“.
„კიდევ, კიდევ რა ჩაგებეჭდა გონებაში?“ – გაიღიმა დონალდმა.
უცბად ნენსი წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაიარ-გამოიარა.
„ოჰ, მაშინ“, – ქალი მიუახლოვდა. – „რაღა მნიშვნელობა აქვს ამას! მე ხომ
ტუტრუცანა გოგო ვიყავი“.
„სულაც არა“, – წარმოთქვა მან მტკიცედ. – „ახლა კი გავისველებდი ყელს“.
ქალი პირშექცევით უსხამდა სასმელს, დონალდი განაგრძობდა:
„გგონია, შენ გარდა სხვა გოგოსთვის არ უკოცნიათ?“
„სხვა სალაპარაკო არ გაქვს?“ – გაჯავრდა ნენსი, თუმცა მალევე მოლბა –
„ჯანდაბას, რაც იყო, იყო. ცოტა ვიხალისეთ. როგორც სიმღერაშია, არა?“
„გახსოვს, ციგით რომ ვისრიალეთ?“
– როგორ არა, – ვიღაცამ პიკნიკზე დაგვპატიჟა, – მგონი, თრუდი ჯეიმსმა, არა?
ფრონტენაკში იმ ზაფხულს – იმ რამდენიმე ზაფხულს“.
დონალდს ყველაზე კარგად ციგით სრიალი ახსოვდა. იმას რა დაავიწყებდა,
როგორ უკოცნიდა გოგოს გაყინულ ღაწვებს თივის კუთხეში, როგორ იცინოდა ის
ცივი, თეთრი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ. ბიჭს მომდევნო წყვილის
267
268

ზურგშექცევით ჯდომით ესარგებლა და ნენსის პატარა ყელ-ყურს უკოცნიდა.


ტუჩებში კი არასოდეს უკოცნია.
„მაკების წვეულება თუ გახსოვს, ფოსტობანას თამაში რომ გამართეს? მე კი
ყბაყურა მქონდა და ვერ მოვედი“ – გაახსენა მან.
„ეგ რაღაც არ მაგონდება“.
– ოჰ, იქ არ იყავი? ვიცოდი, კოცნა არ აგცდებოდა და კინაღამ შევიშალე
ეჭვიანობით. მას მერე ასე აღარ მიეჭვიანია“.
„უცნაურია, რომ არ მახსოვს. ალბათ, მინდოდა დამევიწყებინა“.
„კი მაგრამ, რატომ?“ – განცვიფრდა დონალდი. – „ჩვენ ხომ უმანკო ბავშვები
ვიყავით. იცი, ნენსი, წარსულზე რომ ვუყვებოდი ცოლს, ასე ვუთხარი, რომ შენც
ლამის მასავით მიყვარდი. მაგრამ ვიცრუე. ჩემი ერთადერთი და ნამდვილი
სიყვარული შენ იყავი. გულში ჩაგისვი და როცა სხვა ქალაქში გადავედით, თან
გაგიყოლე“.
„ნუთუ, ასე ღრმად ჩაგეჭერ გულში?“
„ოჰ, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა! მე...“ – წამოიწყო მან და უეცრად მოგონებები
აეშალა, გაახსენდა, როგორ იდგნენ პირისპირ, ორი ნაბიჯიღა აშორებდათ
ერთმანეთს, როგორ უხსნიდა ნენსის სიყვარულს, როგორ შესციცინებდა
ბაგეგაპობილი და თვალებდაბინდული გოგუცანა.
„განაგრძე“ – სთხოვა ქალმა, – „მრცხვენია თქმა – რომ მსიამოვნებს. რა ვიცოდი,
თუ ასე გატკინე გული. მეგონა, მარტო მე მაწყენინეს“.
„შენ!“ – წამოიძახა მან. – აღარ გახსოვს, როგორ მიმაგდე აფთიაქთან“. –
დონალდმა გაიცინა. – „ენაც რომ გამომიყავი“.
„ვერაფრით ვერ ვიხსენებ. მეგონა, შენ თავად მიმატოვე“. – ქალმა ხელი
მსუბუქად, თითქმის თანაგრძნობით მოუთათუნა მკლავზე. – „ზემოთ ფოტოალბომი
მაქვს. კარგა ხანია, აღარ გადამითვალიერებია. წავალ, ჩამოვიტან“.
დონალდი ხუთი წუთი უცდიდა ქალს. ორ რამეზე ჩაფიქრებულიყო – ვერაფრით
გაეგო, რატომ ამახსოვრდებოდათ ადამიანებს ასე სხვადასხვაგვარად ერთი მოვლენა
და ისიც აფრთხობდა, რომ დაქალებული ნენსი ახლაც ისევე იზიდავდა, როგორც
ერთ დროს ბავშვობაში. უკვე ნახევარი საათი იყო, რაც ის გაუსაძლისი გრძნობა
დაუფლებოდა, ცოლის სიკვდილის შემდეგ რომ აღარ განეცადა და, ასე ეგონა, აღარც
არასოდეს განიცდიდა.
დივანზე გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ, ალბომი გადაშალეს და შუაში ჩაიდეს.
ნენსიმ შეხედა მას, მოღიმარმა და ძალიან ბედნიერმა.
„ოჰ, რა შესანიშნავია“, – წარმოთქვა მან, – „რა სასიამოვნოა, რომ ასეთი კარგი ხარ
და ასე – ასე ლამაზად მიგონებ. მინდა გითხრა, – ნეტა, მაშინ მცოდნოდა ეს! მე კი,
რომ წახვედი, შეგიძულე“.
„რა საწყენია“, – თქვა მან რბილად.
„თუმცა ახლა აღარ მძულხარ“, – დაამშვიდა ქალმა და უმალ დაამატა, – მაკოცე
და დაივიწყე...“
268
269

„...რომ კარგი ცოლი არ ვარ“, – დაასრულა წუთის შემდეგ. – „იცი, არ მჯერა, რომ
გათხოვების მერე კიდევ ერთ მამაკაცს ვაკოცე“.
დონალდი აღელდა, – უფრო, გაოგნდა. როგორ? როდის აკოცა ნენსის? იქნებ აღარ
ახსოვს? მან აკოცა ამ საყვარელ ათრთოლებულ უცნობს, ქარის უსწრაფესად რომ
მოაშორა თვალი და ალბომის გვერდი გადაშალა...?
„გვეყოფა. ავფორიაქდი“.
„რა კარგი იქნება, არა, კვლავ რომ შეგვიყვარდეს ერთმანეთი?“ – იკითხა
დონალდმა მრავალმნიშვნელოვნად.
„რას ამბობ!“ – გაიცინა ქალმა. სუნთქვა კი შეჰკროდა. – „ყველაფერი დამთავრდა.
ის წამიერი გატაცება იყო. უნდა დავივიწყოთ“.
„ნუ ეტყვი შენს ქმარს“.
„რატომ? მე მას არაფერს ვუმალავ“.
„გულს ატკენ. ნურასოდეს ეტყვი მამაკაცს ასეთ რამეებს“.
„კარგი, არ ვეტყვი“.
„ერთხელ კიდევ მაკოცე“, – სთხოვდა ქალს ყოყმანით, ნენსის კი ალბომის გვერდი
გადაეფურცლა და ერთ ფოტოსურათზე დაჟინებით უთითებდა.
„აი, შენც“, –იყვირა ქალმა. – „მარჯვნივ დგახარ!“
დონალდმა ალბომს დახედა. სურათიდან შორტებში გამოწყობილი ბიჭუნა
იმზირებოდა, ნავმისადგომზე, იალქნიანი ნავის წინ მდგარი.
„ის დღე კარგად მახსოვს“, – გაიცინა ქალმა მოზეიმე სახით – „კიტიმ გადაგიღო.
მე კი ავწაპნე სურათი“.
დონალდმა წამით ვერ იცნო თავი ფოტოზე – შემდეგ ახლოდან დააცქერდა და
დარწმუნდა, რომ მართლაც ვიღაც სხვა იყო მასზე აღბეჭდილი.
„ეს ხომ მე არ ვარ“, – განაცხადა მან.
„ოჰ, როგორ არა. ფრონტენაკშია გადაღებული, – აი, იმ ზაფხულს, – მღვიმეში რომ
მივდიოდით ხოლმე“.
„მღვიმეში? რომელ მღვიმეში? ფრონტენაკში მხოლოდ სამ დღეს დავრჩი“. მან
კვლავ ჩააშტერა თვალები ოდნავ ჩაყვითლებულ ფოტოსურათს. „არა-მეთქი, ეს მე
არა ვარ.სურათზე დონალდ ბოუერსია. ჩვენ ჩამოვგავდით ერთმანეთს“.
ახლა ქალი მიშტერებოდა დონალდს. უკან გადახრილიყო, თითქოს სურდა,
დაშორებოდა.
„განა შენ არა ხარ დონალდ ბოუერსი?!“ – ოდნავ ხმააწევით წამოიძახა ნენსიმ. –
„არა და არა. შენ დონალდ პლანტი ხარ“.
„მე ხომ ტელეფონშივე გითხარი“.
ქალი შეძრწუნდა – თავზარდაცემულს სახე გაუფითრდა.
„პლანტი! ბოუერსი? მგონი, შევიშალე. იქნებ სასმელის ბრალია? თავიდანვე
რაღაც ავურ-დავურიე. უყურე ერთი! ეს რა წამომცდა?
ბერივით გასუსული დონალდი ალბომის გვერდს შლიდა.

269
270

„ისეთი არაფერი“. – მიუგო მან. მის თვალწინ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ,


მიქროდნენ ფოტოსურათები, – ფრონტენაკი – მღვიმე – დონალდ ბოუერსი – ის კი
არსად ჩანდა. – „მაშ, შენ მე მიმატოვე!“
ნენსი ოთახის ბოლოდან აგონებდა.
„არავისთან წამოგცდეს რამე“, – სთხოვა ქალმა, – „ყბად ამიღებენ“.
„განა რა არის სათქმელი“, – დონალდი შეყოყმანდა. მაგრამ გაიფიქრა, მართლაც
უსაქციელო გოგონა ყოფილაო.
და უეცრად გაუსაძლისმა ეჭვიანობამ შეიპყრო. ეჭვიანობდა პატარა დონალდ
ბოუერსზე, ეჭვიანობდა კაცი, ვისაც ეგონა, სამუდამოდ გამოთხოვებოდა ამ გრძნობას.
იმ ხუთი ნაბიჯით, ოთახში რომ გადადგა ქალისკენ, მან უმალ გამოდევნა თავისი
ცხოვრებიდან ეს ოცი წელიცა და უოლტერ გიფორდიც.
„კიდევ მაკოცე, ნენსი“ – შეეხვეწა. ქალის სკამთან ცალ მუხლზე დაჩოქილიყო,
ხელი მის მხარზე დაედო. ნენსი განზე გამდგარიყო.
„თქვენ თქვით, თვითმფრინავს უნდა მივუსწროო“.
„მერე რა, რომ ვთქვი. შემიძლია არც გავფრინდე. დიდი საქმე, თუ დავაგვიანებ“.
„გთხოვთ, წახვიდეთ“. – უთხრა ქალმა ცივი ხმით. – „და ისიც წარმოიდგინოთ,
რას განვიცდი“.
„რატომ იკატუნებ თავს, ისე იქცევი, ვითომ არ გახსოვარ“, – იყვირა მან –
„თითქოს არც კი გახსოვს დონალდ პლანტი!“
„მახსოვხართ, როგორ არა. თქვენც მახსოვხართ, მაგრამ... მას მერე ბევრმა წყალმა
ჩაიარა“. – ქალს ხმა კვლავ გაუმკაცრდა. „ტაქსის ნომერია ქრესვუდი 8484“.
აეროპორტისკენ მიმავალი დონალდი თავს აქეთ-იქით აქნევდა. უკვე სავსებით
გამორკვეულიყო, მაგრამ ვერ აეხსნა, რაც გადახდა. მაშინღა, როცა თვითმფრინავი
მიწას მოსწყდა, მუქ ზეცაში ავარდა და მგზავრები რაღაც სხვა, ზედა სამყაროში
მოაქცია, დონალდმა მომხდარი თვითმფრინავის ფრენას მიამსგავსა. ხუთი
გაურკვეველი წუთი ის შეშლილივით ორ სამყაროში თანაარსებობდა. მასში
ერთარსებად, განუყოფლად და უიმედოდ შეერთებულიყო თორმეტი წლის ბიჭიცა
და ოცდათორმეტი წლის მამაკაციც.
რეისებს შორის იმ რამდენიმე საათში დონალდს იღბალმა უმტყუნა, – თუმცა
თუკი ჩვენი ცხოვრების მეორე ნახევარი იმედგაცრუებათა გრძელი ჯაჭვია, განა ღირს
მისი ერთი რგოლის რამედ ჩაგდება?

მოთხრობის გზამკვლევი

რა კავშირია სიყვარულსა და თვითშეფასებას შორის - რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც


უარყოფენ? ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დონალდ პლანტის
უცნაურ გამოცდილებას იყენებს. თორმეტი წლის იყო დონალდი, როდესაც ათი წლის გოგონა
მოეწონა და გულში ჩაუვარდა. მას შემდეგ ოცმა წელმა განვლო და როგორც ირკვევა, იმ

270
271

გოგონას ვერაფრით ივიწყებს. რა ჰქვია ამას სახელად - სიყვარული? ან იქნებ - წარსულში


გამარჯვების დადასტურების ქვეცნობიერი სურვილი?

დონალდს სულ სამი საათი აქვს რეისებს შორის და აეროპორტიდან ნენსის უკავშირდება,
რომელიც ახლა 30 წლისაა. რა უნდა მასთან, რას ეძებს, რა იმედით ურეკავს („მე დონალდ
პლანტი ვარ. თორმეტი წლის ვიყავი, ბოლოს რომ გნახე“)?

შეხვედრა ძალდაუტანებლად შედგა. როდესაც დონალდი მისის გიფორდის სახლში


შედიოდა, „ნენსისთან ბოლო შეხვედრა გაახსენდა - მაშინ გოგონამ ისე ჩაუქროლა
ველოსიპედით, თითქოს ვერც კი შეამჩნია“. კაცი ბავშვობის დამცირებას ვერ ივიწყებდა - მას
გოგონა ძალიან მოსწონდა, მაგრამ მისგან ვერანაირ ყურადღებას ვერ გრძნობდა. ასეთი
იგნორირება ოცი წლის შემდეგაც უკიდურესად აღელვებდა დონალდს და ახლა, როდესაც
ნენსისთან ვისკის წრუპავდა, გრძნობდა, ქალის კეთილგანწყობილ ღიმილთან ერთად როგორ
ცვლიდა ადრინდელ უარყოფას დღევანდელი სიყვარულის ნაპერწკალი. კაცს ეს ძალიან
მოსწონდა და აღელვებდა.

ისინი ერთად იხსენებენ ბავშვურ ცელქობებს და სხვა ამბებს და სწორედ ამ დროს ირკვევა,
რომ სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობენ - მათი მოგონებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ყველაზე
მეტად თვალსაჩინოდ ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც ნენსი დონალდს „მის“ ფოტოს აჩვენებს,
კაცი კი ჯერ გრძნობს და მერე რწმუნდება, რომ ფოტოზე გამოსახული ბავშვი სულ სხვა
ვინმეა, თუმცა მასაც დონალდი ჰქვია (აი, ქალის უნებლიე შეცდომის წყაროც!) და გვარად
ბოუერსია. ნენსის სწორედ ის მოსწონდა და მასთან გააიგივა სტუმარი აეროპორტიდან.
დონალდ პლანტი მას არც ბავშვობაში აღელვებდა და ახლაც სრულიად გულგრილია მის
მიმართ. ქალი ცივად ემშვიდობება უიღბლო შეყვარებულს.

ოცი წლის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ ადამიანები, რომელთა გრძნობებიც აბსოლუტურად


განსხვავებულია - ისინი ურთიერთგამომრიცხველი რაკურსით აღიქვამენ და აფასებენ
სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდებიან. მთელ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად საგულისხმო ის
არის, რომ ოცდათორმეტი წლის კაცი და თორმეტი წლის ბიჭი ერთი და იმავე განწყობის
მსხვერპლნი ხდებიან: „...ის შეშლილივით ორ სამყაროში თანაარსებობდა. მასში ერთარსებად,
განუყოფლად და უიმედოდ შეერთებულიყო თორმეტი წლის ბიჭიცა და ოცდათორმეტი
წლის მამაკაციც“.

ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი ცხოვრება სხვადასხვა ნაწილთაგან შედგება, მაგრამ
ეს მხოლოდ ილუზიაა - წარსული, აწმყო და მომავალი ყოველთვის ერთ „მთელს“ ქმნის.
ადამიანს დრო არ ანაწევრებს და შეგრძნება, რომელიც ერთხელ ჩნდება, არასდროს ქრება -
ყოველთვის ჩვენთან არის.

271
272

რობერტ შეკლი

ამერიკელი მწერალი-ფანტასტი რობერტ შეკლი 1928 წლის 17 ივლისს, აშშ-ში,


ბრუკლინში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1931 წელს შეკლების ოჯახი ნიუ
ჯერსიში გადავიდა, ბიჭუნა კოლუმბიის მაღალი საფეხურის სკოლაში დადიოდა,
სადაც აღმოაჩინა ჟანრი, რომელმაც მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება
განაპირობა - სამეცნიერო ფანტასტიკა. სწავლის დასრულების შემდეგ ის
კალიფორნიაში ცხოვრობდა და რამდენიმე დროებით სამუშაოზე მოსინჯა საკუთარი
ძალები, იყო ბარმენიც და მებაღეც. 1946 წელს ის ამერიკულ არმიაში ჩაეწერა და იმავე
წელს გაიწვიეს კორეაში. ორ წელიწადში მან არმია დატოვა.

1951 წელს შეკლიმ ნიუ იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა, იმავე წელს დაქორწინდა
და შვილი შეეძინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც იმ წელს მოხდა, ის იყო,
რომ შეკლიმ თავისი პირველი მოთხრობა „ბოლო გამოცდა“ მიჰყიდა ერთ-ერთ
ჟურნალს. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა სხვადასხვა ჟურნალს შორის, სადაც
პერმანენტულად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები. 1950-იან წლებში გამოიცა მისი
რამდენიმე წიგნი, მათ შორის იყო - „ის, რასაც ადამიანის ხელი არ შეჰხებია“ (1954 წ.),
„გალაქტიკის მოქალაქე“ (1955 წ.), „მოგზაურობა დედამიწაზე“ (1958 წ.).

შეკლიმ ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მისი ნებისმიერი ნაწარმოები სასურველი


იყო ისეთი ჟურნალებისთვის, როგორიც მაგალითად, „ფლეიბოია“. 1960-იან წლებში
რობერტ შეკლის ახალი მოთხრობები გამოიცა, ერთ-ერთი ნაწარმოები - „მეათე
მსხვერპლი“ კი ფილმად იქცა.

272
273

შეკლი არა მხოლოდ მოკლე თხზულებების ოსტატად მიიჩნეოდა, არამედ წერდა


სცენარებს სერიალებისთვისაც, ქმნიდა სხვა მწერალთა შემოქმედების ადაპტაციებს,
მუშაობდა რამდენიმე თანაავტორთან ერთადაც. მის ანგარიშზე რამდენიმე ასეული
მოთხრობაა. ნომინირებული გახლდათ „ჰუგოსა“ და „ნებულას“ პრემიებზე.

2005 წლის აპრილში ის უკრაინას სტუმრობდა, სადაც ფანტასტ მწერლებს


მასპინძლობდნენ. შეკლი ღონისძიების მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, ის
საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი - აშშ-ში, სადაც ამავე წლის 9
დეკემბერს გარდაიცვალა...

აბსოლუტური იარაღი

თარგმნა პაატა გეგელაშვილმა

ედსელს სურდა ვიღაც მოეკლა. უკვე სამი კვირა მუშაობდა ის პარკსა და


ფაკსონთან ერთად ამ უსიცოცხლო უდაბნოში. ისინი თითოეულ შემხვედრ ყორღანს
თხრიდნენ, ვერაფერს ნახულობდნენ და გზას აგრძელებდნენ. მოკლე მარსული
ზაფხული ილეოდა. ამინდი დღითი დღე უარესდებოდა, ედსელს ისედაც სუსტი
ნერვები სულ უფრო და უფრო ელეოდა. ჩია ფაკსონი მშვენიერ გუნებაზე იყო – დიდ
თანხაზე ოცნებობდა, რომელსაც მაშინ მიიღებდნენ, როდესაც იარაღს იპოვიდნენ,
ხოლო პარკი უხმოდ მილასლასებდა მათ უკან, რობოტივით, და თუ არ
მიმართავდნენ, სიტყვასაც არ ძრავდა.
ედსელს მოთმინების ფიალა ევსებოდა. მათ კიდევ ერთი ყორღანი გათხარეს,
მაგრამ მარსელთა დაკარგული იარაღის მსგავსი ვერაფერი ნახეს. უფერული მზე
ჩადიოდა, უჩვეულო ლურჯ ცაზე დიდი ვარსკვლავები აკიაფდა. ედსელის
ყინვაგამძლე სკაფანდრში საღამოს სიცივემ შეატანა, რომელიც ძვალსა და რბილში
გაუჯდა და კუნთებს უბორკავდა.
უეცრად ედსელი პარკის მოკვლის დაუოკებელმა სურვილმა აიტანა. ეს მდუმარე
ადამიანი თვალში არ მოსდიოდა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მათ დედამწაზე
პარტნიორობა დააფუძნეს. პარკი უფრო მეტად სძულდა, ვიდრე ფაკსონი.
ედსელი შეჩერდა.
273
274

– იცი, საით უნდა წავიდეთ? – ავის მომასწავეელი ხმით ჰკითხა პარკს.


პარკმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მის ფერმკრთალ, ხმელ სახეზე ვერაფერს
ამოიკითხავდი.
– სად მივდივართ? შენ გეკითხები, – გაიმეორა ედსელმა.
პარკმა კვლავ უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები.
– ტყვია უნდა ჩაგაჭედოს კაცმა, – გამოსცრა ედსელმა და პისტოლეტისკენ გაიწია.
– მოიცა, ედსელ, – მომუდარე ტონით თქვა ფაკსონმა და მათ შორის ჩადგა, –
დამშვიდდი. აბა, დაუფიქრდი, რა ფულს მოვხვეტავთ, იარაღს თუ ვიპოვით! – პატარა
ადამიანს თვალები გაუბრწყინდა. – ის სადღაც აქაა, ედსელ, იქნებ სულაც მეზობელ
ყორღანში.
ედსელი შეყოყმანდა, თვალი თვალში გაუყარა პარკს. იმ წამს ქვეყნად ყველაზე
მეტად ადამიანის მოკვლა სურდა.
იქ, დედამიწაზე რომ სცოდნოდა, თუ რა ელოდა აქ! მაშინ ყველაფერი ადვილი
ჩანდა. მას გრაგნილი ჰქონდა, ხოლო გრაგნილში... უწყება იმის შესახებ, თუ სად იყო
დამალული მარსელთა ლეგენდარული იარაღი. პარკმა მარსული ენა იცოდა, ხოლო
ფაკსონმა ექსპედიცია დააფინანსა. ედსელის აზრით, მათ მხოლოდ მარსამდე
მიფრენა და იმ ადგილამდე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა დასჭირდებოდათ, სადაც
იარაღი ინახებოდა.
მანამდე ედსელს არასოდეს დაუტოვებია დედამიწა. იგი არ ვარაუდობდა, რომ
მარსზე ასე დიდხანს ყოფნა, გამყინავი ქარებისგან გათოშვა, შიმშილი, უგემური
კონცენტრატებით კვება, გაიშვიათებული ჰაერისგან მუდმივი თავბრუსხვევის ატანა
მოუწევდა, ის მაშინ არ ფიქრობდა ხშირ მარსულ შამბნარში ხეტიალისგან
გადაქანცულ კუნთებზე.
ედსელის საფიქრალი მხოლოდ ის იყო, გადაუხდიდა თუ არა თანხას მთავრობა,
ნებისმიერი მთავრობა, ამ ლეგენდარულ იარაღში.
– მაპატიეთ, – თქვა ედსელმა, რომელიც ანაზდად მოეგო გონს, – ეს ადგილი
ნერვებზე მოქმედებს. ბოდიში, პარკ, ჩემი თავშეუკავებლობისთვის. გზა განვაგრძოთ.
პარკმა უხმოდ დაუქნია თავი და წინ წავიდა. ფაკსონმა შვებით ამოისუნთქა და
პარკს მიჰყვა.
`კაცმა რომ თქვას, – თავისთვის ბჭობდა ედსელი, – მათი მოკვლა ნებისმიერ დროს
შეიძლება~.
მათ საღამოს მიაგნეს ყორღანს, ზუსტად მაშინ, როდესაც ედსელს უკვე უწყდებოდა
მოთმინების ძაფი. ეს უცნაური, მასიური ნაგებობა იყო, რომელიც ზუსტად ისე
გამოიყურებოდა, როგორც გრაგნილში ეწერა. ლითOნის კედლებს მტვრის სქელი
ფენა მოსდებოდა. მათ კარი იპოვეს.
– მოიცათ, მე შევამტვრევ, – თქვა ედსელმა და პისტოლეტის ამოღება სცადა.
პარკმა განზე გაიწია, სახელური გადაატრიალა და კარი გააღო.
ისინი უზარმაზარ ოთახში შევიდნენ, სადაც გროვებად ეწყო კაშკაშა
ლეგენდარული მარსული იარაღი, მარსის ცივილიზაციის ნაშთები.
274
275

დედამიწელები ერთ ადგილზე იდგნენ და მდუმარედ იყურებოდნენ აქეთ-იქით.


მათ წინ განძი ელაგა, რომლის ძებნასაც ყველამ დიდი ხანია თავი ანება. იმ დღიდან,
რაც ადამიანმა მარსზე დადგა ფეხი, დიდი ქალაქების ნანგრევები გულდასმით იქნა
შესწავლილი. მთელი ვაკე დამსხვრეული მანქანებით, საბრძოლო ეტლებით,
ინსტრუმენტებით, ხელსაწყოებით მოფენილიყო – ყველაფერი ტიტანურ
ცივილიზაციაზე მეტყველებდა, რაც ათასეული წლით უსწრებდა დედამიწისეულს.
გულმოდგინედ გაშიფრული დამწერლობა სასტიკ ომებზე გადმოსცემდა, რომელიც
ამ პლანეტაზე მძვინვარებდა. მაგრამ მათში არ იყო მოთხრობილი, თუ რა შეემთხვათ
მარსელებს. მარსზე უკვე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში არც ერთი
გონიერი არსება არ ყოფილა, არ დარჩენილან ცხოველებიც კი.
ისეთი პირი უჩანდა, თითქოს მარსელებს თავიანთი იარაღი თან წაეღოთ.
ედსელმა იცოდა, რომ ეს იარაღი თავის წონა წმინდა რადიუმად ფასობდა. მსგავსი
მსოფლიოში არ მოიპოვებოდა.
მათ ოთახის სიღრმეში რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს. ედსელმა პირველივე იარაღს
დაავლო ხელი. ის 45 კალიბრის პისტოლეტს ჰგავდა, მხოლოდ უფრო დიდი იყო.
ედსელი ღია კართან მივიდა და იარაღი შორიახლოს მზარდ ბუჩქს დაუმიზნა.
– არ ისროლო! – დაიძახა შეშინებულმა ფაკსონმა. – შეიძლება აფეთქდეს ან კიდევ
რაღაც მოხდეს. მაგაზე სპეციალისტებმა იმტვრიონ თავი, როცა გავყიდით.
ედსელმა სასხლეტს დააჭირა. ბუჩქი, რომელიც შესასვლელიდან რამდენიმე
ათეულ ფუტში იზრდებოდა, კაშკაშა წითელი აფეთქებით გაქრა.
– არა უშავს, – ჩაილაპარაკა ედსელმა, ალერსიანად გადაუსვა ხელი პისტოლეტს,
ადგილზე დადო და სხვა აიღო.
– კმარა, ედსელ, – მუდარით თქვა ფაკსონმა, – აზრი არა აქვს აქ გამოცდას.
შეიძლება ატომური რეაქცია და კიდევ რაღაც ჯანდაბა გამოვიწვიოთ.
– ხმა ჩაიკმინდე, – გამოსცრა ედსელმა, რომელიც დაჟინებით ათვალიერებდა
ახალი პისტოლეტის სასხლეტ მექანიზმს.
– მეტს ნუღარ ისვრი, – ხვეწნით განაგრძობდა ფაკსონი. მან მუდარით გადახედა
პარკს და მის თანადგომას ეძებდა, მაგრამ იგი მდუმარედ უყურებდა ედსელს.
– ამ არსენალიდან ერთ-ერთმა, შესაძლოა, მთელი მარსული რასა გაანადგურა. შენ
ისევ გინდა დავიდარაბის ატეხა, – განაგრძობდა ფაკსონი.
ედსელმა ისევ გაისროლა და სიამოვნებით შესცქეროდა, მოშორებით როგორ
დნებოდა უდბანოს ნაგლეჯი.
– კარგი რამეა! – მან კიდევ აიღო რაღაც, ფორმით გრძელი კვერთხის მსგავსი.
სიცივეს მეტად აღარ გრძნობდა. ედსელი ამ ელვარე საგნებით ერთობოდა და
მშვენიერ გუნებაზე იყო.
– დროა გავეშუროთ, – თქვა ფაკსონმა და კარისკენ გაემართა.
– გავეშუროთ? სად? – აუჩქარებლად ჰკითხა ედსელმა, მან მოღუნულტარიანი
კაშკაშა ინსტრუმენტი აიღო, რომელიც ხელისგულზე ეტეოდა.

275
276

– უკან, კოსმოპორტში, – უპასუხა ფაკსონმა, – სახლში, ხომ უნდა გავყიდოთ


მთელი ეს ამუნიცია, როგორც ვაპირებდით. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი
ფასი შეგვიძლია მოვითხოვოთ. ასეთ იარაღში ნებისმიერი მთავრობა მილიონებს
მოგვცემს.
– მე კი გადავიფიქრე, – ჩაფიქრებით გააჭიანურა ედსელმა, თან ცალი თვალით
პარკს აკვირდებოდა.
ის იარაღის გროვებს შორის დადიოდა, მაგრამ არაფერს ეხებოდა.
– მომისმინე, ბიჭი, – ღვარძლიანად თქვა ფაკსონმა და ედსელს თვალი თვალში
გაუყარა, – ბოლოს და ბოლოს, მე დავაფინანსე ექსპედიცია. მე მგონი, ამ ხარახურის
გაყიდვას ვაპირებდით. მეც ხომ მაქვს რაღაც უფლება... თუმცა, არა, სხვა რამე
მინდოდა მეთქვა... – ჯერ კიდევ გაუსინჯავი პისტოლეტი მას პირდაპირ მუცელში
ჰქონდა დამიზნებული. – რა ჩაიფიქრე? – ჩაიბურტყუნა მან, თან ცდილობდა არ
შეეხედა უცნაური მბრწყინავი საგნისთვის.
– არაფრის გაყიდვას არ ვაპირებ, – განაცხადა ედსელმა. იგი კედელს ზურგით
მიყრდნობოდა, ისე, რომ ორივეს თვალთვალი შეეძლო. – მე თვითონ გამოვიყენებ ამ
რამე-რუმეებს.
ედსელმა ჩაიცინა, თან პარტნიორებს თვალს არ აცილებდა.
– ჩემს ბიჭებს დავურიგებ იარაღს. უპრობლემოდ ჩამოვაგდებთ რომელიმე
მთავრობას სამხრეთ ამერიკაში და იქ დავრჩებით, სანამდეც მოგვესურვება.
– კარგი, კარგი, – თქვა ნირწამხდარმა ფაკსონმა, რომელიც მასზე დამიზნებულ
პისტოლეტს მიშტერებოდა, – მაგრამ მე არ მინდა ამ საქმეში მივიღო მონაწილეობა.
ჩემი იმედი ნუ გექნება.
– კი ბატონო, – უპასუხა ედსელმა.
– სხვა რამე არ გეგონოს, ზედმეტ ლაქლაქს არ ვაპირებ, – სწრაფად დაუმატა
ფაკსონმა. – ამას არ ვიზამ. უბრალოდ, არ მინდა ზედმეტი სისხლისღვრა. ასე რომ,
ჯობს წავიდე.
– რა თქმა უნდა, – თქვა ედსელმა.
პარკი განზე გამდგარიყო და თავის ფრჩხილებს დაშტერებოდა.
– თუ შენთვის სამეფოს მოიწყობ, სტუმრად გეწვევი, – თქვა ფაკსონმა, თან
გაღიმება სცადა. – იქნებ ჰერცოგობას ან რამე სხვას გამოვკრა ხელი.
– იქნებ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებ, – ფაკსონმა ხელი დაუქნია და
კარისკენ გაემართა.
ედსელმა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა დააცადა, შემდეგ იარაღიშემართა და
ღილაკს დააჭირა. არავითარი ხმა არ ყოფილა, არც აფეთქება, მაგრამ ფაკსონს
მარჯვენა ხელი პირწმინდად მოეკვეთა. ედსელმა კიდევ ერთხელ სწრაფად დააჭირა
ღილაკს. პატარა კაცუნა ორად გაიპო. მისგან მარჯვნივ და მარცხნივ მიწაზე ღრმა
კვალი დარჩა.

276
277

ედსელმა უცებ მოისაზრა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პარკისკენ


ზურგშექცევით იდგა და სწრაფად შემობრუნდა. პარკს შეეძლო უახლოესი
პისტოლეტისთვის დაევლო ხელი და ედსელი ნაფლეთებად ექცია. მაგრამ იგი
აუღელვებლად იდგა ადგილზე, მკერდზე გულხელდაკრეფილი.
– ეს სხივი ყველაფერს გაარღვევს, – მშვიდად შენიშნა პარკმა, – სასარგებლო რამეა.
ნახევარი საათის განმავლობაში ედსელი კმაყოფილებით მიათრევდა კარისკენ ხან
ერთ, ხან მეორე იარაღს. პარკს ხელიც არ უხლია მათთვის, მხოლოდ ინტერესით
აკვირდებოდა ედსელს. მარსელთა უძველესი იარაღი ახალივით გამოიყურებოდა:
უმოქმედობის ათასობით წელს მათზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ოთახში
სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა კონსტრუქციისა და სიმძლავრის უამრავი იარაღი
ეწყო. საოცრად კომპაქტური სითბური და რადიაციული ავტომატები, იარაღი,
რომელიც წამიერად ყინავდა, წვავდა, იარაღი, რომელსაც შეეძლო ნგრევა, ჭრა,
კოაგულირება, პარალიზება და სხვა ურიცხვი ხერხით ყოველი სულიერის მოკვლა.
– მოდი ეს ვსინჯოთ, – თქვა პარკმა.
ედსელი, რომელიც უჩვეულო სამლულიანი იარაღის გამოცდას აპირებდა, მყისვე
შეჩერდა.
– დაკავებული ვარ, რა, ვერ ხედავ?
– შეეშვი ამ სათამაშოებს. სერიოზულ საქმეზე გადავიდეთ.
პარკი ბორბლებიან შავ პლატფორმასთან გაჩერდა. საერთო ძალისხმევით ის გარეთ
გააგორეს. პარკი განზე იდგა და აკვირდებოდა, როგორ ატრიალებდა ედსელი
ბერკეტებს მართვის პულტზე. მანქანის სიღრმიდან ყრუ გუგუნი გაისმა, შემდეგ
მთლიანად ცისფერ ნისლში გაეხვია. ნისლის ღრუბელი იმის კვალად იზრდებოდა,
თუ როგორ აბრუნებდა ედსელი ბერკეტებს, საბოლოოდ რაღაც ნახევარსფეროს
მსგავსი წარმოიქმნა და ორივე ადამიანი დაფარა.
– ბლასტერით სცადე გაარღვიო, – თქვა პარკმა.
ედსელმა მათ გარემომცველ ცისფერ კედელს ესროლა, რომელმაც მთლიანად
შთანთქა მუხტი. ედსელმა მასზე კიდევ სამი სხვა პისტოლეტი გამოსცადა, მაგრამ
მათაც ვერ შეძლეს ამ მოცისფრო გამჭვირვალე კედლის გარღვევა.
– მე მგონი, – წყნარად წარმოთქვა პარკმა, – ასეთი კედელი ატომური ბომბის
აფეთქებასაც გაუძლებს. ეს, როგორც ჩანს, მძლავრი ძალოვანი ველია.
ედსელმა მანქანა გამორთო და ისინი იარაღის ოთახში დაბრუნდნენ. მზე ჩადიოდა
და ოთახში სულ უფრო ბნელდებოდა.
– იცი რა, – უცებ თქვა ედსელმა. – შენ კარგი ბიჭი ხარ, პარკ.
– გმადლობ, – უპასუხა პარკმა, რომელიც იარაღის გროვას სინჯავდა.
– ხომ არ ბრაზობ, ფაკსონი რომ მოვიშორე, ჰა? მთავრობასთან გვიპირებდა
დაბეზღებას.
– პირიქით, ვიწონებ.
– შენში დარწმუნებული ვარ. ჩემი მოკვლა შეგეძლო, როდესაც ფაკსონს ვესროლე.
– ედსელს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ პარკის ადგილას ისიც ასე მოიქცეოდა.
277
278

პარკმა მხრები აიჩეჩა.


– როგორ მოგწონს ჩემი იდეა სამეფოს შესახებ? – გაბადრული სახით ჰკIთხა
ედსელმა. – ჩემი აზრით, მოვაკვარახჭინებთ ამ საქმეს. ჩვენს შესაფერ ქვეყანას
მოვნახავთ, უამრავი ქალი გვეყოლება, გართობა და დროსტარება. რას იტყვი ამაზე?
– თანახმა ვარ, – უპასუხა პარკმა, – შენ გვერდით მიგულე.
ედსელმა მხარზე ხელი მოუთათუნა და მათ იარაღის რიგების თვალიერება
განაგრძეს.
– აქ ყველაფერი ნათელია, – განაგრძობდა პარკი, – იმათი ვარიანტებია, რაც უკვე
ვნახეთ.
ოთახის კუთხეში კარი შენიშნეს. მასზე წარწერა მოჩანდა მარსულ ენაზე.
– აქ რა წერია? – იკითხა ედსელმა.
– აბსოლუტური იარაღის შესახებაა რაღაც, – უპასუხა პარკმა, რომელიც
გულდასმით გამოყვანილ ასოებს მიშტერებოდა, – გაფრთხილებაა, რომ არავინ
შევიდეს.
პარკმა კარი გააღო. ის იყო, უნდა შესულიყვნენ, რომ მოულოდნელობისგან უკან
დაიხიეს.
კარს უკან ვრცელი დარბაზი იშლებოდა, იარაღის ოთახზე სამჯერ დიდი, და
თითოეული კედლის გასწვრივ ჯარისკაცები იდგნენ. მდიდრულად ჩაცმული,
კბილებამდე შeიარაღებული ჯარისკაცები ქანდაკებებივით უძრავად
ჩამწკრივებულიყვნენ და სიცოცხლის არავითარ ნიშანს არ ამჟღავნებდნენ.
შესასვლელთან მაგიდა იდგა, მასზე კი სამი საგანი იდო: მუშტისოდენა სფერო,
მასზე დატანილი დანაყოფებით, გვერდით – მოელვარე მუზარადი, მის უკან კი –
პატარა შავი ზარდახშა, რომლის თავსახურზე მარსული ასოები იყო გამოყვანილი.
– ეს რა, აკლდამაა? – დაიჩურჩულა ედსელმა, რომელიც კრძალვით შესცქეროდა
მარსელი მებრძოლების არამიწიერ სახეებს.
გვერდით მდგომმა პარკმა არაფერი უპასუხა.
ედსელი მაგიდასთან მივიდა და სფერო აიღო, თან ფრთხილად გადასწია ისარი
ერთი დანაყოფით.
– როგორ ფიქრობ, რას გააკეთებენ? – ჰკითხა პარკს. – შენი აზრით...
ორივე შეკრთა და უკან დაიხია.
ჯარისკაცთა რიგები შეირხა. ისინი ოდნავ ამოძრავდნენ და პოზაში – `სმენა~ –
გაირინდნენ. ძველი მეომრები გაცოცხლდნენ.
ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც მეწამული სამოსი ეცვა, წინ წარდგა და ედსელს
თაყვანი სცა.
– მბრძანებელო, თქვენი ლაშქარი მზადაა.
ედსელს განცვიფრებისგან ენა ჩაუვარდა.
– როგორ მოახერხეთ ამდენი წლის განმავლობაში ცოცხალი დარჩენილიყავით? –
ჰკითხა პარკმა. – თქვენ მარსელები ხართ?
– მარსელთა მსახურები, – უპასუხა მეომარმა.
278
279

პარკმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ საუბრისას ჯარისკაცის ბაგეების არ


ირხეოდა. მარსელი ჯარისკაცები ტელეპათები იყვნენ.
– ჩვენ სინთეტები ვართ, მბრძანებლო.
– ვის ემორჩილებით?
– აქტივატორს, მბრძანებელო, – სინთეტი ლაპარაკისას უშუალოდ ედსელს
მიმართავდა და თვალს არ აშორებდა გამჭვირვალე სფეროს მის ხელში. – ჩვენ არ
ვსაჭიროებთ საკვებსა და ძილს, მბრძანებელო. ჩვენი ერთადერთი სურვილია
გემსახუროთ და ვიბრძოლოთ.
ჯარისკაცებმა მოწონების ნიშნად თავი დაუქნიეს.
– საომრად გაგვიძეხ, მბრძანებელო...
– მაგაზე ნუ იდარდებთ, – თქვა ედსელმა, რომელიც, როგორც იქნა, დამშვიდდა. –
ნამდვილ ბრძოლასაც გაჩვენებთ, ბიჭებო, დარწმუნებული იყავით.
ჯარისკაცემა საზეიმოდ სამჯერ შესძახეს სალამი. ედსელმა ჩაიცინა და პარკს
გახედა.
– ციფერბლატის დანარჩენი დანაყოფები რაღას ნიშნავს? – იკითხა ედსელმა.
მაგრამ ჯარისკაცს ხმა არ ამოუღია. ალბათ მასში შეყვანილ პროგრამაში ეს კითხვა არ
იყო გათვალისწინებული.
– შესაძლოა, ისინი სხვა სინთეტებს ამოქმედებენ, – თქვა პარკმა. – ქვევით,
უთუოდ, კიდევ იქნება ჯარისკაცებიანი დარბაზები.
– და თქვენ მეკითხებით კიდეც, წაგიყვანთ თუ არა საბრძოლველად? ისე
წაგიყვანთ, მზე მაღლა იქნება!
ჯარისკაცებმა საზეიმოდ კიდევ ერთხელ დააგუგუნეს სალამი.
– დააძინე ისინი და მოვიფიქროთ, რა ვქნათ, – თქვა პარკმა.
ედსელმა უკან მოატრიალა ბერკეტი. ჯარისკაცები ქანდაკებებივით გაშეშდნენ.
– უკან წავიდეთ!
– მართალი ხარ!
– და ეს ყველაფერი წამოიღე, – თქვა პარკმა და მაგიდაზე მიუთითა.
ედსელმა კრიალა მუზარადი და შავი ყუთი აიღო და პარკს მიჰყვა. მზე თითქმის
ჰორიზონტს მიეფარა და წითელ უდაბნოს გრძელი შავი ლანდები გადაეკრა. ძალზე
ციოდა, მაგრამ ამას ვერ გრძნობდნენ.
– გაიგონე, პარკ, რას ამბობდნენ? თქვეს, რომ მათი ბელადი ვარ. ასეთი
ჯარისკაცებით... – ედსელს სახე გაებადრა. ასეთი ჯარისკაცებითა და იარაღით
ვერავინ შეაჩერებს. დიახ, სწორედ რომ თავის სამეფოს ამოირჩევს, სადაც მსოფლიოში
ყველაზე ეშხიანი გოგონები იქნებიან, აი, მაშინ კი გაერთობა...
– მე გენერალი ვარ! – შესძახა ედსელმა და თავზე მუზარადი დაიხურა. – მხიდება,
პარკ? ვგავარ...
ედსელი გაყუჩდა. თითქოს ვიღაცის ჩურჩული მოესმა. ეს რაღაა?
...სულელი. ამანაც მოიგონა რა სამეფო!@ ასეთი ძალაუფლება გენიალური
ადამიანისთვისაა, კაცისთვის, რომელსაც ისტორიის გადაკეთება ძალუძს. ჩემთვის!
279
280

– ვინ ლაპარაკობს? შენ, პარკ? ჰა? – ედსელი უცებ მიხვდა, რომ მუზარადის
დახმარებით სხვისი აზრების გაგება შეეძლო, მაგრამ მას უკვე აღარ ეწერა იმის
გარკვევა, თუ რა სამსახურს გაუწევდა ეს იარაღი მსოფლიო მბრძანებელს.
პარკმა აკურატულად გაუხვრიტა თავი. მთელი ამ დროის განმავლობაში
პისტოლეტი ხელში ეკავა.
– იდიოტი! – გაიფიქრა პარკმა მუზარადის მორგებისას. – სამეფო! მთელი
მსოფლიოს მბრძანებლობაზეა ლაპარაკი, ის კი რაღაც ტილიან სამეფოზე ოცნებობს. –
ის შებრუნდა და მღვიმეს გახედა. – ასეთი ჯარისკაცებით, ძალოვანი ველითა და ამ
იარაღებით მსოფლიოს დავიპყრობ. – ის გულდაჯერებით ფიქრობდა ამაზე,
დარწმუნებული იყო, რომ ასეც იქნებოდა.
პარკი უკან აპირებდა დაბრუნებას, სინთეტების ასამოქმედებლად, მაგრამ შეჩერდა
და პატარა შავი ზარდახშა აიღო, რომელიც ედსელს გაუვარდა ხელიდან.
მის თავსახურზე მარსული ასოებით იყო ამოტვიფრული: `აბსოლუტური იარაღი~.
რას უნდა ნიშნავდეს ეს? – გაიფიქრა პარკმა. მან ედსელი ზუსტად იმდენ ხანს
აცოცხლა, რა დროც იარაღების გასინჯვას დასჭირდა. აზრი არა აქვს ზედმეტ რისკს.
სამწუხარო კია, რომ ამ იარაღის გამოცდა ვერ მოასწრეს.
თუმცა, არცაა საჭირო. მას ისედაც საკმაოდ აქვს ყოველგვარი იარაღი. მაგრამ ამან,
უკანასკნელმა, იქნებ გაუადვილოს ამოცანა, ბევრად უსაფრთხო გახადოს იგი. რაც
უნდა იყოს, ის უეჭველად დაეხმარება პარკს.
– აბა, – გაამხნევა საკუთარი თავი, – ვნახოთ, რას ეძახდნენ მარსელები
აბსოლუტურ იარაღს. – და ზარდახშა გახსნა.
მისგან ორთქლის მსუბუქი ოხშივარი ამოვიდა. პარკმა ზარდახშა შორს მოისროლა,
რადგან ეს, შესაზლოა, შხამიანი გაზი ყოფილიყო.
ორთქლი ყველა მიმართUლებით ვრცელდებოდა, შემდეგ ნელ-ნელა შესქელება
დაიწყო, ღრუბელი ფართოვდებოდა, იზრდებოდა და რაღაც გარკვეულ ფორმას
იღებდა.
რამდენიმე წამში მან დასრულებული სახე მიიღო და ზარდახშის თავზე გაშეშდა.
ღრუბელი დღის მიმქრალ სინათლეში ლითონივით ბზინავდა და პარკმა დაინახა,
რომ ეს უზარმაზარი პირი იყო ორ დაჭყეტილ თვალთან ერთად.
– ჰო-ჰო! – თქვა პირმა. – პროტოპლაზმა! – და ედსელის სხეულისკენ გაიწია.
პარკმა დეზინტეგრატორი აღმართა და გულმოდგინედ დაუმიზნა.
– მშვიდი პროტოპლაზმა, – თქვა ურჩხულმა, რომელიც ედსელის სხეულს
ნთქავდა, – მომწონს მშვიდი პროტოპლაზმა, – და მან მთლიანად ჩაყლაპა ედსელი.
პარკმა გაისროლა აფეთქებამ ნიადაგში ათფუტიანი ძაბრი გათხარა. მისგან
გიგანტური პირი ამოტივტივდა.
– დიდხანს ველოდი! – თქვა პირმა.
პარკს ნერვები აწყდებოდა. მან დიდი ძალისხმევით დათრგუნა პანიკური შიში და
ძალოვანი ველი ჩართO. ცისფერმა სფერომ მთლიანად მოიცვა იგი.

280
281

პარკმა ხელის ტაცა პისტოლეტს, რომლითაც ედსელმა ფაკსონი მოკლა და იგრძნო,


თუ რა მარჯვედ ჩაეჭიდა თითები იარაღს. ურჩხული ახლოვდებოდა. პარკმა ღილაკს
დააჭირა და ლულიდან სწორი სხივი გამოიფრქვა...
ის კვლავ უახლოვდებოდა.
– გაქრი! გამშორდი! – ღრიალებდა გონსგადასული პარკი.
ის კვლავ ღიმილით უახლოვდებოდა.
– მომწონს მშვიდი პროტოპლაზმა, – თქვა მან და გიგანტურმა პირმა პარკი
შთანთქა, – მაგრამ აქტიური პროტოპლაზმაც მიყვარს.
ტრაპეზის შემდეგ იგი ველის სხვა კედლიდან გამოცურდა და პროტოპლაზმის
მილიონობით ერთეულის ძიებაში აქეთ-იქით მიმოიხედა, როგორც უძველესი
დროდან ხდებოდა.

მოთხრობის გზამკვლევი

რა არის ადამიანის თვითრეალიზების უპირველესი გამოხატულება?

სიყვარული?

თანაგრძნობა?

გუნდურობა?

შემეცნება?

ეგოიზმი?

რობერტ შეკლი გვპასუხობს, რომ ადამიანი ყველაზე მეტ სიამოვნებსა და


ბედნიერებას ძალაუფლებით იღებს, რომლის მთავარი წინაპირობა
განხორციელებული ძალადობაა. უფრო მეტიც. მწერალი ამბობს, რომ ძალადობის
სული არა მხოლოდ ადამიანის არსებას, არამედ მთელს სამყაროს მსჭვალავს და
თვითგანადგურების უძლიერეს იმპულსს ბადებს.

„გაანადგურე, რომ იცხოვრო“ - აი, კაცობრიობის (და ყველაფერი დანარჩენის)


არსებითი პრინციპი. ის დიამეტრალურად ეწინააღმდეგება სიყვარულის მოძღვრებას
და ამით აღიარებს იმასაც, რომ ადამიანი თავადაც შეიძლება იქცეს მსხვერპლად.

მოთხრობა პირდაპირ იწყება სხვისი განადგურების დაუოკებელი წყურვილით:


„ედსელს სურდა ვიღაც მოეკლა“. ჯერ არ ჩანს, მაგრამ ბოლოს ვიგებთ, რომ თავად
281
282

ედსელი იქცევა სხვისი (პარკის) ანალოგიური სურვილის მსხვერპლად.


დასაწყისიდანვე ჩანს, რომ რასაც ვუყურებთ, აბსოლუტურად უსიყვარულო სამყაროა
- ყველა სძულთ, ზოგი - მეტად, ზოგი - ნაკლებად („პარკი უფრო სძულდა, ვიდრე
ფაკსონი“). ამ სიძულვილს ხანდახან სიხარბე, მომხვეჭელობისა და ძალაუფლების
მოპოვების სურვილი თუ აჩერებს ცოტა ხნით - ედსელი პოტენციურ მსხვერპლს
ეუბნება: „ბოდიში, პარკ, ჩემი თავშეუკავებლობისათვის“, მაგრამ ეს ფრაზა მოსდევს
(და შესაძლოა გამოხატავს კიდეც!) მწერლის მიერ მინიშნებულ შემდეგ განწყობას: „იმ
წამს ქვეყნად ყველაზე მეტად ადამიანის მოკვლა სურდა“.

ნუთუ ეს არის კაცობრიობის მომავალი და საზოგადოების განუწყვეტელი


დეგრადირების მკაფიო სახე?

მწერალი ნათლად მიგვანიშნებს ამაზე, როდესაც მარსის მომაკვდინებლად


სევდისმომგვრელ სურათს გვიჩვენებს. ეს პლანეტა განადგურებული ცივილიზაციის
ნამდვილი განსახიერებაა. აქ დედამიწაზე გაცილებით ადრე ჰყვაოდა და
ვითარდებოდა სიცოცხლე, მაგრამ ახლა მასზე სიკვდილს დაუსადგურებია: „მარსზე
უკვე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში არც ერთი გონიერი არსება არ
ყოფილა, არ დარჩენილან ცხოველებიც კი“.

ძალადობის გზაზე ადამიანს არაფერი აკავებს, რადგან წარმატებისკენ მიმავალ


მხოლოდ ასეთ შესაძლებლობას ხედავს და აღიარებს - ედსელი ფაკსონის
გაფრთხილებას არად აგდებს და სრულიად უცნობი იარაღიდან რამდენჯერმე
გაისვრის, თუმცა არ იცის და ვერც იქნება დარწმუნებული, რომ ამას კატასტროფა არ
მოჰყვება.

ისიც ნათელია, რომ ადამიანი სიმდიდრეზე და უზრუნველ მშვიდობიან ცხოვრებაზე


მეტად ძალაუფლებას მიელტვის და არაფრისდიდებით უკან არ დაიხევს, რომ მიზანს
მიაღწიოს („არაფრის გაყიდვას არ ვაპირებ... მე თვითონ გამოვიყენებ ამ
რამერუმეებს“, - აცხადებს ედსელი).

სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცობრიობა ძალადობის გზით ძალაუფლების


მოხვეჭის სურვილმა?

პასუხი ნათელია - სრულ განადგურებამდე.

გაპარტახებული მარსის ხილვამ ადამიანებს ვერაფერი ასწავლა.

პარკს, რომელმაც ფაკსონის მკვლელი ედსელი მოკლა, ყველაფერი აქვს იმისთვის,


რომ მსოფლიოს დაეპატრონოს - მის ხელთ არსებულ მარსიელთა ლეგენდარულ
იარაღს მთელი დედამიწაც კი წინ ვერ აღუდგება. მასვე ჰყავს მისი ნების
აღმსრულებელი ყოვლის შემმუსვრელი ჯარი და მუზარადი, რომლითაც სხვის
აზრებს თავისუფლად ისმენს, მაგრამ ის მეტს ეძებს. რა არის ეს „მეტი“?

282
283

ეს არის აბსოლუტური იარაღი, რომელიც ძალადობას სრულად კომფორტულსა და


უსაფრთხოს ხდის. აი, რა უნდა მოიპოვოს და მიითვისოს პარკმა!

ეს ბოლო ნაბიჯის იდუმალებაა, რომელიც ცივილიზაციისთვის ყოველთვის


საბედისწეროდ მთავრდება.

სიცოცხლე ბადებს სიკვდილს, რომელიც პროტოპლაზმით იკვებება. მას ვეღარაფერი


შეაჩერებს.

აბსოლუტური იარაღი არსებობს, მაგრამ ის სხვებს კი არა, საკუთარ თავს


მოგასპობინებს. ეს იარაღი თავად ადამიანია, რომელიც ადამიანს ანადგურებს.

ჯეიმზ ჯოისი

შესანიშნავი ირლანდიელი ნოველისტი და პოეტი, ჯეიმზ ჯოისი, 1942 წლის 2


თებერვალს დუბლინში დაიბადა. ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან
მწერლად არის მიჩნეული და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
მოდერნისტული ავანგარდის ჟანრის განვითარებაში.

მამის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებისა და მწირი ფინანსური მდგომარეობის


მიუხედავად, ჯეიმსი ბრწყინვალე მოსწავლე გახლდათ და დუბლინის
უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1904 წელს, საკმაოდ ახალგაზრდა, თავის მეგობარ
ქალთან, ნორა ბერნაკლთან ერთად, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა,
კონტინენტურ ევროპაში გადასახლდა. ისინი პარიზსა და ციურიხში ცხოვრობდნენ.
თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, თუმცა
შემოქმედებაში სამშობლო არ მიუტოვებია და მის პერსონაჟებად იქცნენ ოჯახის
წევრები, მეგობრები თუ მტრები დუბლინიდან...

ჯოისის ყველაზე სახელგანთქმული რომანია „ულისე“, რომელიც 1922 წელს


გამოქვეყნდა. მისი გამოცემიდან მცირე ხანში მწერალმა აღნიშნა: „ყოველთვის
დუბლინის შესახებ ვწერ, რადგან თუკი დუბლინის გულში შევაღწევ, მსოფლიოს
ყველა ქალაქის გულს მივწვდები... რადგან ის მთელ სამყაროს იტევს“.

283
284

ჯეიმზ ჯოისის სხვა ცნობილი ნაწარმოებებია: „დუბლინელები“ (1914 წ.), „ხელოვნის


პორტრეტი ახალგაზრდობისას“ (1916 წ.), „ფინეგანის სამძიმარი“ (1939 წ.). მის სხვა
ნამუშევრებს შორისაა სამი ლექსების კრებული, პიესა, წერილები და სტატიები.

ჯოისის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიც


იყვნენ: ხორხე ლუის ბორხესი, სამუელ ბეკეტი, ჯონ აპდაიკი და სხვანი. 1999 წელს,
ჟურნალმა „თაიმმა“, ჯეიმზ ჯოისი მეოცე საუკუნის ას გავლენიან ადამიანს შორის
დაასახელა.

მწერალი 1941 წლის 13 იანვარს შვეიცარიაში, ციურიხში, გარდაიცვალა.

ევილინი

თარგმნა ლია იმერლიშვილმა


(ჯეიმზ ჯოისი, „დუბლინელები“ , გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1970)

ის ფანჯარასთან იჯდა და გასცქეროდა, როგორ იპყრობდა საღამო ქუჩას. თავით


ფარდას მიყრდნობოდა და ცხვირში მტვრიანი კრეტონის სუნი უღიტინებდა.
დაღლილი იყო.
ქუჩაში თითო-ოროლა გამვლელი თუ გამოჩნდებოდა. კუთხის სახლში
მცხოვრებმა კაცმა ჩაიარა. შინ მიიჩქაროდა. მისმა ნაბიჯებმა ჯერ ბეტონის
ტროტუარზე გაიბაკუნეს, მერე კი წიდამოყრილ ბილიკზე ახრაშუნდნენ წითელი,
ახლადნაგები შენობების წინ. ერთ დროს აქ ტრიალი მინდორი იყო, სადაც ისინი
ყოველ საღამოს თამაშობდნენ ხოლმე სხვა ბავშვებთან ერთად. მერე ვიღაც
ბელფასტელმა იყიდა ეს მინდორი და სახლები ააშენა, – მათი პატარა, მურა ქოხების
მსგავსი კი არა, მბზინავსახურავებიანი წითელი აგურის სახლები. მანამდე კი
მინდორზე მთელი იმ ქუჩის ბავშვები თამაშობდნენ – დივაინები, უოტერსები,
დანნები, პატარა ხეიბარი კოუ, თვითონ ის და მისი და-ძმები. თუმც, ერნესტი
არასოდეს არ თამაშობდა: ის უკვე დიდი იყო. მამამისი ხშირად ერეკებოდა ხოლმე
ბავშვებს მინდვრიდან თავისი შავი კოჟრებიანი ჯოხით, მაგრამ პატარა კოუ
ფხიზელი გუშაგი იყო და, როგორც კი მამა გამოჩნდებოდა, მაშინვე ნიშანს აძლევდა
მოთამაშეებს. მაინც ის დრო სჯობდა. უფრო ბედნიერები იყვნენ. მამამისი, ასე თუ
ისე, წელმაგრად იყო. დედაც ცოცხალი ჰყავდათ, მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ის და
284
285

მისი და-ძმები დაიზარდნენ. დედა გარდაეცვალათ. ტიზი დანნიც მოკვდა,


უოტერსები კი ინგლისში დაბრუნდნენ. ყველაფერი იცვლება ამქვეყნად. ახლა
თვითონაც აპირებს წასვლას, სხვების მსგავსად, უნდა დატოვოს მშობლიური სახლი.
სახლი! ოთახი მოათვალიერა, მზერა მოავლო ნაცნობ ნივთებს, ყოველკვირა რომ
წმენდდა, ეს უკვე მერამდენე წელი იყო, და მაინც უკვირდა, საიდან გროვდებოდა
ამოდენა მტვერი. იქნებ აღარც ეღირსოს ამ ნივთების ხელახლა ხილვა, ნივთებისა,
რომლებთან განშორებაც ვერასოდეს წარმოედგინა. საოცარი იყო, მაგრამ მთელი ამ
ხნის მანძილზე ვერა და ვერ შეიტყო იმ მღვდლის სახელი, რომლის გაყვითლებული
ფოტოსურათიც გატეხილი ფისჰარმონიის თავზე ეკიდა წმიდა მარგერიტ-მერი
ალაკოკელისადმი მიცემული აღთქმების გვერდით. მღვდელი მამამისის სკოლის
მეგობარი იყო. როდესაც მამა მის სურათს ვინმეს უჩვენებდა, თითქოს სხვათაშორის
დააყოლებდა ხოლმე: – ის ახლა მელბურნშია.
უკვე დათანხმდა გამგზავრებულიყო, სახლი დაეტოვებინა. კი მაგრამ,
გონივრული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა? შეეცადა, კარგად აეწონ-დაეწონა თავისი
გადაწყვეტილება. შინ, რაც არ უნდა იყოს, ჭერიც ჰქონდა და ლუკმაპურიც. ისინიც
გვერდით ჰყავდა, ვისთანაც მთელი სიცოცხლე გაატარა. თუმცა, ჯაფა კი დიდი
ადგებოდა სახლშიც და სამსახურშიც. რას იტყვიან მაღაზიაში, როცა გაიგებენ, რომ
ვიღაც ბიჭთან ერთად გაიქცა? ალბათ სულელად ჩათვლიან, განცხადებას
გამოაქვეყნებენ და მის ადგილზე სხვას მიიღებენ. მის გევენი ცას ეწევა სიხარულით.
აკი ძალზე ათვალწუნებული ჰყავდა და სულ იმის ცდაში იყო, როგორმე შარი მოედო,
განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლომახლო უცხო ვინმე ეგულებოდა.
– მის ჰილ, განა ვერ ხედავთ ქალბატონები რომ გელიან?
– უფრო ცოცხლად, მის ჰილ, თუ შეიძლება!
არა, მაინცდამაინც დიდად არ დაამწუხრებს იმ მაღაზიის დატოვება.
მაგრამ, ახალ სახლში, შორეულ, უცხო მხარეში ყველაფერი სხვაგვარად მოეწყობა.
იქ უკვე გათხოვილი ქალი იქნება, ხალხიც მეტი პატივისცემით მოეპყრობა. ისე კი არ
მოექცევიან, როგორც დედამისს ექცეოდნენ. უკვე მეოცე წელში გადადგა, მამამისისა
კი ზოგჯერ ახლაც ეშინია. გულისფრიალიც ამის გამო სჭირს, რაღა თქმა უნდა.
ვიდრე დაიზრდებოდნენ, მამას არასოდეს უცემია ისე, როგორც ერნესტსა და ჰარის
სცემდა ხოლმე, იმიტომ რომ გოგო იყო. მერე კი ხშირად ემუქრებოდა, ეუბნებოდა,
მარტო იმიტომ არ გახლებ ხელს, რომ დედაშენის ხსოვნას ვცემ პატივსო. ახლა
აღარავინ დარჩა ქომაგად. ერნესტი გარდაიცვალა, ჰარი ეკლესიების მოპირკეთებაზე
მუშაობს და სულ გზაზეა გაკრული. ყოველ შაბათს კიდევ ფულის გულისთვის
ატეხილმა აყალმაყალმა სულ მოაბეზრა თავი. თვითონ მთელი თვის ხელფასს
სდებდა, შვიდ შილინგს, ჰარიც ყოველთვის გზავნიდა, რამდენიც შეეძლო, მაგრამ
მამამისისთვის ფულის გამორთმევა მთელი დავიდარაბა იყო. ბუზღუნებდა, ფულს
ტყუილუბრალოდ ფლანგავ, უთავო ხარ, სულაც არ მინდა, ჩემი ოფლით ნაშოვნი
ფული ქარს გაატანოო. ბევრ სხვა რამესაც ამბობდა, იმიტომ რომ შაბათობით
ყოველთვის გულაღრენილი იყო. ბოლოს და ბოლოს, მაინც მისცემდა ხოლმე ფულს
და ჰკითხავდა, აპირებ თუ არა საკვირაო სადილისათვის სანოვაგის ყიდვასო. მაშინ
გოგო კისრისტეხით გარბოდა დუქნებისაკენ, იდაყვებით მიიკვლევდა გზას ბრბოში,
შავი ტყავის საფულე კი მაგრად ჩაებღუჯა ხელში. შინ გვიან ბრუნდებოდა,
ტვირთმძიმე და დაქანცული. ძნელი საქმე იყო ოჯახის გაძღოლა, მის ანაბარად
დარჩენილი ორი პატარა ბავშვის მოვლა-პატრონობა, მათი დროულად დაპურება და
სკოლაში გასტუმრება. მძიმე შრომას ეწეოდა, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ახლა,
285
286

როცა გამგზავრებას აპირებდა, უწინდელი ცხოვრება არც თუ ისე აუტანელი


ეჩვენებოდა.
ამიერიდან მას ფრენკთან ერთად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. ფრენკი ძალიან
კეთილი, ვაჟკაცური და გულღია ბიჭი იყო. მასთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო
ამაღამ გემით, მისი ცოლი გამხდარიყო და ბუენოს აირესში ეცხოვრა, სადაც ფრენკს
სახლი ჰქონდა, და ეს სახლი მას, ევილინს ელოდა. რა კარგად ახსოვდა ის დღე, როცა
ფრენკს პირველად მოჰკრა თვალი. ფრენკი მაშინ მთავარი გზის პირას ცხოვრობდა,
იმ სახლში, სადაც ხშირად დაიარებოდა თვითონ. თითქოს ეს ამბავი სულ რამდენიმე
კვირის წინ მომხდარიყოს. ფრენკი ჭიშკართან იდგა, ქუდი კინკრიხოზე ჰქონდა
მოქცეული, ურჩი ქოჩორი კი ბრინჯაოსფერ შუბლზე ჩამოშლოდა. მერე ერთმანეთი
გაიცნეს. ფრენკი ყოველ საღამოს მაღაზიასთან ხვდებოდა და შინ აცილებდა. ერთხელ
„ბოშა ქალის“ სანახავად წაიყვანა. როგორი სიხარულით ევსებოდა გული, როცა მის
გვერდით იჯდა თეატრში, უჩვეულოდ კარგ ადგილზე. ფრენკს ძალიან უყვარდა
მუსიკა და ცოტას თვითონაც მღეროდა. ყველამ იცოდა მათი სიყვარულის ამბავი და
როცა ფრენკი მეზღვაურის სატრფოზე მღეროდა, ევილინი წითლდებოდა ხოლმე.
ფრენკმა ხუმრობით პოპენსი შეარქვა. ეველინს თავდაპირველად მხოლოდ ის
აღელვებდა, რომ თაყვანისმცემელი ჰყავდა, მერე კი თვითონ ფრენკმაც მოხიბლა. იგი
შორეული ქვეყნების ამბებს მოუთხრობდა. იუნგობით დაეწყო გემზე სამსახური,
თვეში ერთ გირვანქად დაცურავდა ალენის ხაზზე, კანადის მიმართულებით.
სათითაოდ აცნობდა იმ გემებს, რომლებზედაც ემსახურა, ათასგვარ საზღვაო გზებს
უსახელებდა. მაგელანის სრუტეშიც კი იყო ნამყოფი და საზარელი პატაგონელების
ამბებს უყვებოდა. ახლა კი, როგორც თვითონ ამბობდა, ბუენოს აირესი აერჩია
საცხოვრებლად და სამშობლოში შვებულებით ჩამოსულიყო. ეველინის მამამ, რა
თქმა უნდა, ყველაფერი გამოიძია და ქალიშვილს ფრენკზე ფიქრიც კი აუკრძალა.
– ვიცნობ ამ მეზღვაურებს, რა შვილებიც ბრძანდებიან. – თქვა მან.
ერთ დღეს ფრენკს კიდეც წაეჩხუბა და ამის შემდეგ ქალიშვილი თავის მიჯნურს
მალულად ხვდებოდა ხოლმე.
ქუჩაში ბინდმა იმძლავრა. ორი თეთრი ლაქა – ორი წერილი, კალთაში რომ ეწყო,
თანდათანობით ერწყმოდა სიბნელეს. ერთ მათგანს ჰარის უგზავნიდა, მეორე კი
მამისთვის უნდა დაეტოვებინა. მისი სათაყვანო ძმა ერნესტი იყო, მაგრამ ჰარიც
უყვარდა. ამ ბოლო დროს მამა ძალიან მოტყდა. ალბათ ქალიშვილს ძალიან
მოისაკლისებს. ზოგჯერ კეთილიც კი იყო. ერთხელ, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ,
როცა ევილინი ავად გახდა და მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა, მამა
მოჩვენებების ამბავს უკითხავდა და ცეცხლზე პურს უხუხავდა. ერთხელ კი, მაშინ
დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, პიკნიკი მოაწყვეს ჰაუთ-ჰილში. მამამ დედის ქუდი
ჩამოიფხატა და ბავშვების გასამხიარულებლად ოინბაზობდა.
დრო მიჰქროდა, ის კი ისევ გაუნძრევლად იჯდა ფანჯარასთან, თავით ფარდას
მიყრდნობილი და მტვრიანი კრეტონის სუნს იყნოსავდა. სადღაც, ქუჩის ბოლოდან,
არღნის ხმა მოისმოდა, ნაცნობ მელოდიას უკრავდა. საოცარი იყო, თითქოს არღანმა
განგებ დაუკრა ამ საღამოს ეს მელოდია, რათა დედისთვის მიცემული აღთქმა
მოეგონებინა მისთვის. მან ხომ აღუთქვა დედას, რამდენადაც შემეძლება, გვიან
მივატოვებ სახლსო. გაახსენდა დედის უკანასკნელი ღამე. ისევ იმ პატარა, ბნელ
ოთახში იყო, დერეფნის მეორე მხარეს, გარედან კი სევდიანი იტალიური სიმღერა
მოისმოდა. მეარღნეს მაშინ ექვსი პენსი მისცეს და უბრძანეს იქაურობას გასცლოდა.
გაახსენდა, როგორი გაბღენძილი შემოვიდა მამამისი ავადმყოფის ოთახში და თქვა:
286
287

– წყეული იტალიელები! აქაც მოეხეტნენ.


და დედამისის უბედურმა ცხოვრებამ, ერთბაშად თვალწინ რომ გაუელვა,
აუტანელი სევდით აუვსო გული. ეს ცხოვრება სავსე იყო ყოველდღიური უსიტყვო
მსხვერპლით და ბოლოს სიგიჟით დასრულდა. ევილინს გააჟრჟოლა, ყურში ცხადად
ჩაესმა დედის ხმა, შეშლილის სიჯიუტით რომ იმეორებდა:
– დერევონ სერონ! დერევონ სერონ!
უეცარმა შიშმა ფეხზე წამოაგდო. გაიქცეს. უნდა გაიქცეს. ფრენკი იხსნის, ფრენკი
მიანიჭებს სიცოცხლეს, და, შესაძლოა, სიყვარულსაც. სიცოცხლე სწყურია, რატომ
უნდა იყოს უბედური? მას აქვს ბედნიერების უფლება. ფრენკი ხელს მოხვევს,
მკერდში ჩაიკრავს. ფრენკი დაიხსნის.

ევილინი ნავმისადგომთან თავშეყრილ მოფუსფუსე ბრბოში იდგა, ნორთ-უოლში.


ფრენკს მისი ხელი ეჭირა, ესმოდა, როგორ უყვებოდა რაღაცას, გაუთავებლად
ელაპარაკებოდა მგზავრობაზე. ნავმისადგომი სავსე იყო ზურგჩანთიანი
ჯარისკაცებით. პავილიონის განიერი კარიდან გემის უზარმაზარი სილუეტი
მოჩანდა. გემი ზედ სანაპიროს მოსდგომოდა, გაჩახჩახებული ილუმინატორებიდან
შუქი იღვრებოდა. ევილინი სდუმდა. გრძნობდა, როგორ გაუფითრდა და გაეყინა
ლოყა, სასოწარკვეთილებამ თავგზა აუბნია. ღმერთს ევედრებოდა შემწეობას, რჩევას
სთხოვდა, როგორ მოქცეულიყო, რა გზას დასდგომოდა. გემის საყვირის ხმა გაბმით,
გულისგამაწვრილებლად გაისმა ნისლიან ჰაერში. თუ წავიდა, ხვალ უკვე შუა ზღვაში
იქნება, ფრენკთან ერთად ბუენოს-აირესისკენ მიმავალი. ბილეთები უკვე ნაყიდია.
როგორ შეუძლია უკან დაიხიოს ყოველივე იმის შემდეგ, რაც ფრენკმა მისი
გულისთვის გააკეთა? მეტისმეტი მღელვარებისგან გულის რევა აუტყდა.
განუწყვეტლივ ლოცულობდა, ჩუმად, მხურვალედ.
ზარის ხმამ დანასავით გაუსერა გული. ფრენკის ხელისმოჭერა იგრძნო.
– წავიდეთ!
მსოფლიოს ყველა ზღვა ერთად ბობოქრობდა მის გულში. ფრენკი ეწეოდა ამ
უფსკრულისკენ – მისი დახრჩობა სურდა. ქალი ორივე ხელით ჩააფრინდა რკინის
მოაჯირს.
– წავიდეთ!
არა! არა! არა! შეუძლებელია. მოკრუნჩხული თითებით ეჭიდებოდა მოაჯირს.
სასოწარკვეთილი კივილი აღმოხდა და ზღვათა უფსკრულში დაინთქა.
– ევილინ! ევი!
ფრენკი ბარიერის იქით გავარდა და მასაც თავისკენ უხმობდა. ვიღაცამ დაუყვირა
ფრენკს, გაიარეო, მაგრამ ის მაინც იდგა და ეძახდა. ევილინმა მისკენ მიაბრუნა
გაფითრებული სახე, უაზროდ, უმწეო ცხოველივით. მისი თვალები ფრენკს
შესცქეროდნენ უსიყვარულოდ, უცნობოდ, გამოუთხოვებლად.

მოთხრობის გზამკვლევი

რატომ უნდა იყოს ადამიანი უბედური, მას ხომ აქვს ბედნიერების უფლება? ერთი შეხედვით,
რიტორიკული კითხვაა, რადგან ნებისმიერი ჭკუათმყოფელი, თუ არჩევანზე მიდგა საქმე,
ბედნიერებას აირჩევს და არა უბედურებას. ამ მოთხრობაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება -

287
288

ევილინი უბედურებას ირჩევს. ეს ადამიანურ ლოგიკას არღვევს და სრულად ეწინააღმდეგება.


რატომ ხდება ასე?

ჯოისი ნაბიჯ-ნაბიჯ გვიჩვენებს, როგორ ივსება სიტყვა „უბედურება“ სულ სხვა სიტყვის -
„ბედნიერების“ შინაარსით. მართალია, ამ ბედნიერებას მიკუთვნებულობისა და
პასუხისმგებლობის მძაფრი განცდა ახლავს, მაგრამ მოთხრობის გმირს, ახალგაზრდა ქალს, ეს
შეგრძნება თითქოს სიყვარულისკენ მომწოდებელ ძალას აცლის და აქამდე ნანატრ
სიხარულზე უარს ათქმევინებს. მოთხრობის ფინალი მომნუსხველად ეწინააღმდეგება წინა
გვერდების განწყობასა და პათოსს.

დასაწყისში მწერალი აგვიწერს, თუ როგორი მშობლიურია ევილინისთვის ის გარემო,


რომლის მიტოვების გადაწყვეტილებაც მან უკვე მიიღო, მაგრამ ბოლომდე არ არის
დარწმუნებული, რომ მართებულად იქცევა. ფანჯარა, ფარდა, მტვრიანი კრეტონის სუნი,
კუთხის სახლში მცხოვრები კაცი, ბავშვობის მოგონებები, ძველი დროს ბედნიერება, სახლი,
ნაცნობი ნივთები, გაყვითლებული ფოტოსურათი ფისჰარმონიის თავზე, ის ადამიანები,
ვისთან ერთადაც გაატარა მთელი ცხოვრება - ეს ყველაფერი მის წარსულს ისეთ მაგნიტად
აქცევს, რომელთან განშორებაც ძალების უკიდურესი დაძაბვითაც ძალიან ძნელია.

კი მაგრამ, რატომ? განა ევილინისთვის ამ სახლში ცხოვრება მუდმივ უბედურებად არ იქცა?


განა საკუთარი დედის მაგალითი თვალწინ არ აქვს („და დედამისის უბედურმა ცხოვრებამ,
ერთბაშად თვალწინ რომ გაუელვა, აუტანელი სევდით აუვსო გული. ეს ცხოვრება სავსე იყო
ყოველდღიური უსიტყვო მსხვერპლით და ბოლოს სიგიჟით დასრულდა“)? მამის კი,
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცი წლისაა, ზოგჯერ ახლაც ეშინია („...ხშირად ემუქრებოდა,
ეუბნებოდა, მარტო იმიტომ არ გახლებ ხელს, რომ დედაშენის ხსოვნას ვცემ პატივსო“).
ევილინს საკუთარ სახლში ქომაგი აღარ ჰყავს - ერთადერთ იმედად შეყვარებული ფრენკი
რჩება, რომელთან ერთადაც შორეულ ბუენოს-აირესში უნდა გადაბარგდეს საცხოვრებლად.
ახალი სახლი და ფრენკის სიყვარული მისი ერთადერთი ხსნაა.

ამას ყველაფერს მოსაღამოვებულზე ფანჯარასთან მდგარი ევილინი ფიქრობს და ხელში ორი


წერილი აქვს - ერთი ჰარისთვის, მისი ძმისთვის, იყო განკუთვნილი, მეორე კი - მამისთვის.
ორი წერილი - როგორც ჯოისი წერს, ორი თეთრი ლაქა საღამოს ბინდბუნდში. სწორედ ამ
ფიქრის ბოლოს ივსება ნათელი ფერით ის რეალობა, რომლისგან გაქცევაც ქალიშვილს
უდიდეს შვებად მიაჩნდა.

ევილინმა გაქცევა ვერ შეძლო. პასუხისმგებლობამ და მიკუთვნებულობის განცდამ მასში


ბედნიერებისაკენ სწრაფვას აჯობა. მუდმივად მოღუშულმა მამამ, რომელიც მთელ
შემოსავალს გულგრილად ართმევდა და გაგიჟებული დედისთვის მიცემულმა პირობამ („მან
ხომ აღუთქვა დედას, რამდენადაც შემეძლება, გვიან მივატოვებ სახლსო“) ფრენკის ძახილი
არარაობად აქცია - ევილინის სულში შენარჩუნების ინსტინქტმა სძლია ბუნებით
გაპირობებული ცვლილების სურვილს.

ევილინი, დედამისივით, ნებაყოფლობით ირჩევს „უსიტყვო მსხვერპლის“ გზას და უარყოფს


გადამრჩენელ სიყვარულს. უცნაური სწორედ ის არის, რომ „გადარჩენად“ სწორედ ეს
მსხვერპლშეწირვა ეჩვენება. ალბათ, ამიტომაც ასრულებს ჯოისი მოთხრობას ფრაზით,
რომელიც პიროვნების მთავარი ნიშნებისგან „გათავისუფლებასა“ და ცხოველური

288
289

საწყისისკენ მიდრეკას გამოხატავს: „მისი თვალები ფრენკს შესცქეროდნენ - უსიყვარულოდ,


უცნობოდ, გამოუთხოვებლად“.

289
290

ერნესტ ჰემინგუეი

ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი, ერნესტ მილერ ჰემინგუეი, 1899


წლის 21 ივლისს დაიბადა. მისი ნამუშევრების აბსოლუტური უმრავლესობა
ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა, განუზომელია მისი წვლილი
მსოფლიო ლიტერატურაში.

1916 წელს სასკოლო ჟურნალში ჰემინგუეის პირველი, საბავშვო მოთხრობა დაიბეჭდა


სახელწოდებით „მანიტუს სასამართლო“, შემდეგ ნომერში კი - „ყველაფერი კანის
ფერშია“. სკოლის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი
და წერდა სხვადასხვა გამოცემისთვის, მათ შორის „The Star“-ისთვის, სადაც
მიღებულ გამოცდილებას, რომ ნაწარმოები მოკლე წინადადებებითა და
თანამედროვე ინგლისურით უნდა დაიწეროს, მწერლობაშიც იყენებდა.

1918 წელს ჰემინგუეი გამოეხმაურა „წითელი ჯვრის“ მოწოდებას და მეორე მსოფლიო


ომში მოხალისედ წავიდა. იტალია-ავსტრიის ფრონტზე მისი გამწესებიდან ორი თვეც
არ იყო გასული, რომ მძიმედ დაიჭრა, მას რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა,
რის შემდეგაც, 1919 წელს, სამშობლოში დაბრუნდა. ჰოსპიტალში მკურნალობისას მას
მედდა შეუყვარდა... ათი წლის შემდეგ დაწერილ რომანში „მშვიდობით, იარაღო“
(1929 წ.), მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი დაწვრილებით არის აღწერილი.

ჰემინგუეის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორის ასევე შეგვიძლია დავასახელოთ:


„აღმოხდების მზე - ფიესტა“ (1926 წ.), „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ (1936 წ.),
„მოხუცი და ზღვა“ (1952 წ.)“, სწორედ ამ უკანასკნელისთვის მიიღო 1953 წელს
პრესტიჟული ჯილდო, პულიცერის პრემია, ხოლო ერთი წლის შემდეგ ნობელის
პრემიის ლაურეატიც გახდა ლიტერატურის დარგში.

ერნესტ ჰემინგუეიმ 1961 წლის 2 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კატა წვიმაში

თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი,
გამომცემლობა „დია“, ტ.1, თბილისი, 2007)

სასტუმროში მხოლოდ ორნი იყვნენ ამერიკელები. არავის არ იცნობდნენ, ვისაც ოთახში


შესვლისას ან გამოსვლისას კიბეზე ხვდებოდნენ. ამერიკელების ოთახი მესამე სართულზე

290
291

იყო, ზღვისკენ. ოთახი სახალხო ბაღს გადაჰყურებდა. ფანჯრიდან ომში დაღუპულ მეომართა
ძეგლი მოჩანდა. ბაღში დიდი პალმები და მწვანე მერხები იყო. კარგ ამინდში ბაღში
ყოველთვის იჯდა რომელიმე მხატვარი თავისი მოლბერტით. მხატვრებს მოსწონდათ
პალმების ცქერა, მოსწონდათ მყვირალა ფერებით შეღებილი სასტუმროები, ბაღებსა და
ზღვას რომ გადაჰყურებდნენ. შორი გზიდან მოდიოდნენ იტალიელები ომში დაღუპულთა
ძეგლის სანახავად. ძეგლი ბრინჯაოსი იყო, ბზინავდა, წვიმა როცა ასველებდა. ახლაც წვიმდა.
წვეთავდა წვიმა პალმებიდან. ხრეშმოყრილ ბილიკებზე გუბეები იდგა. ზღვის ტალღების
გრძელი ზოლი წვიმაში ნაპირს ეხეთქებოდა, უკან იხევდა და მერე ისევ ეხეთქებოდა ზღვის
ტალღების გრძელი ზოლი წვიმაში ნაპირს. აღარცერთი მანქანა აღარ ჩანდა ძეგლთან
მოედანზე. ძეგლის პირდაპირ, კაფეს შესასვლელთან ოფიციანტი იდგა და დაცარიელებულ
მოედანს მისჩერებოდა.
ამერიკელის ცოლი ფანჯარაში იყურებოდა. სწორედ მათი ფანჯრის ქვევით, ერთი მწვანე
მაგიდის ქვეშ კატას შეეფარებინა თავი. წვეთავდა წვიმა მაგიდიდან. კატა იკუნტებოდა,
ცდილობდა წვიმის წვეთები არ დასცემოდა.
– ჩავალ, ფისოს ამოვიყვან, – თქვა ამერიკელის ცოლმა.
– მე ამოვიყვან, – უთხრა ქმარმა, ქმარი იწვა.
– არა, მე ჩავალ. საბრალო ფისო, როგორ ემალება მაგიდის ქვეშ წვიმას.
ქმარი კითხვას განაგრძობდა. საწოლის ფეხთით ორი ბალიში დაედო. ზედ
დაყრდნობოდა, ნახევრად წამოწოლილიყო.
– ოღონდ არ დასველდე, – უთხრა ცოლს.
ქალი ქვევით ჩავიდა. სასტუმროს პატრონი წამოდგა და თავი დაუკრა ამერიკელის
ცოლს, როცა ქალი მის მაგიდას გაუსწორდა. სასტუმროს პატრონის სამუშაო მაგიდა
ვესტიბიულის შორეულ კუთხეში იდგა. სასტუმროს პატრონი მოხუცი და ძალიან მაღალი
იყო.
– Il piove24, – თქვა ქალმა, ქალს მოსწონდა სასტუმროს პატრონი.
– Si, si, signora25. Brutto tempo საშინელი ამინდია.
სასტუმროს პატრონი თავის სამუშაო მაგიდასთან იდგა. ბნელი ვესტიბიულის შორეულ
კუთხეში. ამერიკელ ქალს მოსწონდა ეს კაცი. მოსწონდა, რა საოცარი სერიოზულობით
ისმენდა ის ყოველგვარ საჩივარს. მოსწონდა მისი ღირსეული თავდაჭერა. მოსწონდა,
სასტუმროს პატრონი ასე თავაზიანად რომ ექცეოდა. მოსწონდა, როგორ იფერებდა
მეპატრონეობას. მოსწონდა მისი დაბერებული, მომსხო სახე და დიდი ხელები.
დიახ, მოსწონდა ქალს სასტუმროს პატრონი. ქალმა კარი გააღო და გარეთ გაიხედა. წვიმა
უფრო გამეტებით ასხამდა. დაცარიელებულ მოედანზე ვიღაცა კაცი კაფესკენ მიდიოდა,
საწვიმარი ეცვა. აქვე უნდა იყოს კატა, სადღაც მარჯვნივ. ეგებ შესძლოს იქითკენ გასვლა,
სახურავი დაიფარავს წვიმისაგან. ჯერ კიდევ კართან იდგა ქალი, როცა ვიღაცამ ზურგსუკან
ქოლგა გაუშალა, – მსახური ქალი იყო, ოთახს რომ ულაგებდა ხოლმე.
– არ დასველდეთ, – ღიმილით უთხრა მსახურმა იტალიურად. რაღა თქმა უნდა,
სასტუმროს პატრონის გამოგზავნილი იყო.

24
წვიმს
25
დიახ, დიახ, სენიორა
291
292

მსახურთან ერთად, რომელიც ქოლგით წვიმას უფარავდა, ამერიკელი ქალი მივიდა


ფანჯრის ქვეშ, სადაც კატა ეგულებოდა. მაგიდა ისევ იდგა იქ, წვიმისაგან გარეცხილი
მწვანედ ანათებდა. კატა კი აღარ იყო. ქალს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. მსახურმა
შეხედა ქალს.
– Qua perduto qualque cosa?26
– აქ კატა იყო.
– კატა?
– ჰო, კატა.
– კატა, – გაიცინა მსახურმა ქალმა, – კატა, ამ წვიმაში?
– ჰო, უპასუხა ამერიკელმა ქალმა, – ამ მაგიდის ქვეშ, – მერე დაუმატა, – ეჰ, რა ძალიან
მინდოდა კატა, როგორ მინდოდა ფისო.
როცა ამერიკელი ქალი ინგლისურად ლაპარაკობდა, მსახურს უჭირდა მისი გაგება.
– წავიდეთ, სენიორა, – უთხრა მსახურმა, – დავბრუნდეთ, – თორემ დავსველდებით.
– დავბრუნდეთ, – თქვა ამერიკელმა ქალმა.
ხრეშმოყრილი ბილიკით უკან დაბრუნდნენ და სასტუმროს კარი შეაღეს. მსახური ქალი
შესასვლელთან შეჩერდა, ქოლგა დაკეცა. ამერიკელი ქალი ვესტიბიულში შევიდა, padrone27
მაგიდასთან იდგა, თავი დაუკრა ქალს. ქალს გული შეეკუმშა. სასტუმროს პატრონს რომ
ხედავდა, თავისი თავი პაწაწინა და თან ძალიან მნიშვნელოვანი ეჩვენებოდა ხოლმე. ახლაც,
წამით, უსაზღვროდ მნიშვნელოვან არსებად იგრძნო თავი. შეუჩერებლად აიარა კიბე და
თავისი ოთახის კარი შეაღო. ჯორჯი იწვა და კითხულობდა.
– მოიყვანე კატა? – ჰკითხა და თავი ასწია.
– იქ აღარ იყო.
– სად წავიდოდა? – თქვა ქმარმა, – ცოტა ხნით კითხვა შეწყვიტა. ქალი საწოლზე
ჩამოჯდა.
– იცი, როგორ მინდოდა კატა? – უთხრა ქმარს, – არ ვიცი, რატომ მინდოდა ასე ძალიან.
ძალიან მინდოდა საბრალო ფისო. რა უნდა ქნას, საბრალო ფისომ გარეთ, ამ წვიმაში?
ჯორჯი ისევ კითხულობდა.
ქალი ტუალეტის მაგიდასთან მივიდა, სარკის წინ დაჯდა, ხელის სარკე მოიმარჯვა და
თავისი თავი გულდასმით შეათვალიერა. ჯერ პროფილს აკვირდებოდა, ხან ერთი მხრიდან,
ხან მეორედან. მერე კეფას და კისერს დაუწყო სინჯვა.
– როგორ გგონია, კარგი არ იქნება, თმა რომ გავიზარდო? – იკითხა ქალმა და ისევ შეხედა
თავის პროფილს.
ჯორჯმა თავი ასწია და ცოლის ბიჭურად შეკრეჭილ კეფას შეხედა.
– მე ასე მომწონს, როგორც ახლა გაქვს.
– მე კი უკვე მომბეზრდა ასე, ძალიან მომბეზრდა, სულ ბიჭს რომ ვგავარ.
ჯორჯმა საწოლზე გვერდი ინაცვლა. ცოლი რომ გამოელაპარაკა, მას მერე თვალი არ
მოუცილებია მისთვის.
– ასე ძალიან ლამაზი მეჩვენები, – უთხრა ქმარმა.
ცოლმა სარკე მაგიდაზე დადო, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. ღამდებოდა.

26
დაკარგეთ რამე?
27
პატრონი
292
293

– თმა მაგრად მინდა უკან გადავიჭიმო, სულ რომ გასწორდეს. მერე მთლიანად კეფაზე
დავიხვევ, რომ ხელში ბლომად მომხვდეს ხოლმე, – თქვა ქალმა, – კიდევ მინდა, რომ
კალთაში ფისო მეჯდეს და კრუტუნებდეს, როცა ხელს გადავუსვამ.
– ჰოო? – თქვა ქმარმა.
– და კიდევ ის მინდა, რომ მაგიდას ვუჯდე, საჭმელს ჩემი დანა-ჩანგლით შევექცეოდე
და სანთლები ენთოს. კიდევ მინდა, რომ გაზაფხული იყოს და სარკის წინ თმა
ჩამომივარცხნო. მინდა მყავდეს ფისო და მქონდეს ახალი კაბა.
– ოოჰ, – მორჩი ლაპარაკს, წაიკითხე რამე, – უთხრა ჯორჯმა. თავად კითხვას
განაგრძობდა. ცოლი ფანჯარაში იყურებოდა. უკვე ბნელოდა და კვლავ აწვიმდა პალმებს.
– რა ვქნა, მაინც მინდა კატა, – თქვა ქალმა – დიახ, მე მინდა კატა. აი, ახლა მინდა კატა.
თუკი არ შეიძლება გრძელი თმა მქონდეს ან როგორმე გავერთო, კატა მაინც მყავდეს.
ჯორჯი აღარ უსმენდა. წიგნს კითხულობდა. ცოლი ფანჯარაში იყურებოდა. მოედანზე
სინათლეები ანთებულიყო.
კარზე დააკაკუნეს.
– Avanti1! – თქვა ჯორჯმა და თავი ასწია.
კართან მსახური ქალი იდგა. ხელებში ძლივს ეტეოდა ვეება ჭრელი კატა.
– მაპატიეთ, თქვა მან. – padrone-მ მითხრა, ეს კატა სენიორას მიართვიო.

მოთხრობის გზამკვლევი

ორი ადამიანის ურთიერთობა ხანდახან დიდი იდუმალებით არის სავსე - ის, ვინც შორს არის,
შესაძლოა ყველაზე ახლოს იყოს. როგორ აღიქვამს ქალი მამაკაცს, რა ბადებს მზრუნველობის
ბიოლოგიურ განცდას, რის გარეშე სიყვარულიც კი აზრს კარგავს?

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იტალიურ სასტუმროში ისვენებს. ჰემინგუეი მთხრობელის ჩვეული


დიდოსტატობით მინიმალური დეტალებით გვიჩვენებს რომანტიკულ სიყვარულზე
მეოცნებე ქალისა და გულგრილობასთან ნაზიარები ქმრის ურთიერთობას. ცოლი სასტუმროს
ფანჯრის ქვემოთ თავსხმა წვიმაში მაგიდის ქვეშ საცოდავად შეყუჟულ კატას დაინახავს და
მის ამოყვანას მოინდომებს. მეუღლე ყასიდად ამბობს, მე ამოვიყვანო და წიგნის კითხვას თავს
არ ანებებს - მისი სიტყვა საქმის მიღმაა. როდესაც ცოლი მაინც თავად გადაწყვეტს ფისოს
ამოყვანას, ქმარი თვალსგარეთ ეუბნება: „ოღონდ არ დასველდე“. ის არაფერს აკეთებს, რომ
მეუღლე მართლაც არ დაუსველდეს.

სრულიად განსხვავებულად იქცევა სასტუმროს ხანდაზმული მეპატრონე. მისი საქციელი


მისგანვე ქალისთვის (და ყველა დანარჩენისთვის!) ნათქვამი სიტყვების შესატყვისია. ქალი
ამას ინსტინქტურად გრძნობს და საკუთარ თავს სასიამოვნო შეგრძნების შინაგან გამოხატვას
არ უშლის: „ამერიკელ ქალს მოსწონდა ეს კაცი. მოსწონდა, რა საოცარი სერიოზულობით
ისმენდა ის ყოველგვარ საჩივარს, მოსწონდა მისი ღირსეული თავდაჭერა. მოსწონდა,
სასტუმროს პატრონი ასე თავაზიანად რომ ექცეოდა. მოსწონდა, როგორ იფერებდა
მეპატრონეობას. მოსწონდა მისი დაბერებული, მომსხო სახე და დიდი ხელები“. ქალი ამ

293
294

ადამიანში მზრუნველ მამაკაცს ხედავს, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს მეორე


ადამიანის სულიერ კომფორტსა და ჰარმონიაზე.

ქალის ქმრის მსგავსად, სასტუმროს ვესტიბიულშიც ისმის სიტყვები: „არ დასველდეთ“,


თუმცა, ამ შემთხვევაში, ამ სიტყვებს საქმეც მოსდევს - მსახური მას ქოლგით წვიმისგან იცავს
(„რა თქმა უნდა, სასტუმროს პატრონის გამოგზავნილი იყო“).

ქალი გარეთ კატას ვეღარ პოულობს და თავის ნომერში ბრუნდება. უკან გზაზე კვლავ
შეხედავს სასტუმროს პატრონს და ხვდება, რომ სწორედ ამ აბსოლუტურად უცხო ადამიანთან
გრძნობს თავს ყველაზე უკეთ („სასტუმროს პატრონს რომ ხედავდა, თავისი თავი პაწაწინა და
თან ძალიან მნიშვნელოვანი ეჩვენებოდა ხოლმე“). ჰემინგუეი უკიდურესი თვალსაჩინოებით
გვიჩვენებს, რომ თუ ქალი მამაკაცის გვერდით მნიშვნელოვან და სათაყვანო არსებად არ
გრძნობს თავს, ის არ შეიძლება ბედნიერი იყოს.

კატა ცივ წვიმაში სწორედ ამ ქალს განასახიერებს - ამერიკელის ცოლი, პირველ რიგში,
საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, როდესაც ფისოს ეძებს სასტუმროს ფანჯრის ქვეშ.
ცოლს სურს ქმარს მიანიშნოს თავის სულიერ მდგომარეობაზე და თანაგრძნობა გამოიწვიოს
(„იცი, როგორ მინდოდა კატა?...არ ვიცი, რატომ მინდოდა ასე ძალიან. ძალიან მინდოდა
საბრალო ფისო. რა უნდა საბრალო ფისოს გარეთ, ამ წვიმაში?“), მაგრამ მეუღლეს ეს ნაკლებად
ანაღვლებს („ჯორჯი ისევ კითხულობდა“). ეს გულგრილობა მოთხრობის ბოლომდე
გრძელდება - ქალის გულწრფელ რომანტიკულ აღსარებას („...მინდა, რომ მაგიდას ვუჯდე,
საჭმელს ჩემი დანა-ჩანგლით შევექცეოდე და სანთლები ენთოს. კიდევ მინდა, რომ
გაზაფხული იყოს და სარკის წინ თმა ჩამოვივარცხნო. მინდა მყავდეს ფისო და მქონდეს
ახალი კაბა“). ქმარი დაუინტერესებლად უპასუხებს: „მორჩი ლაპარაკს, წაიკითხე რამე“. ასე
უღიმღამოდ მხოლოდ სიყვარული მთავრდება და კვდება.

თითქოს ძალიან სევდიანი ფინალია, მაგრამ, ადამიანისგან განსხვავებით, სამყარო არასდროს


ტოვებს სიყვარულს უყურადღებოდ. ქალის რომანტიკულ ოცნებას ამ საღამოს მოულოდნელი
აღსრულება უწერია - „კარზე დააკაკუნეს... მსახური ქალი იდგა. ხელებში ძლივს ეტეოდა
ვეება ჭრელი კატა. - მაპატიეთ, თქვა მან. – padrone-მ მითხრა, ეს კატა სენიორას მიართვიო“.

ყურადღება და ღირსება ყოველთვის იპოვის იმ კატას, რომელსაც ქალი საკუთარ თავთან


აიგივებს და ეძებს. სისავსე ყოველთვის გვერდითაა. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული,
დავინახავთ და ვეზიარებით თუ არა მას. ეს ზიარება კი, თვალებთან ერთად, გაბედულებასაც
ითხოვს.

სიყვარულს, როგორც თავისუფლებას, სიხარულისა და სიამოვნების გარდა,


პასუხისმგებლობაც ახლავს - ორმხრივი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ შემთხვევაში
მოქმედებს ყველაზე მეტად ზოგადად ადამიანის ცხოვრების მთავარი პრინციპი: „რასაცა
გასცემ, შენია“. ეგოიზმი სიყვარულის სიკვდილია.

ჰერმან ჰესე
294
295

ჰერმან კარლ ჰესე 1877 წლის 2 ივლისს გერმანიაში, კალვში დაიბადა. ბავშვობიდან
აკვირვებდა ოჯახის წევრებს საკუთარი გამჭრიახობით. ჰერმანის დედა მამამისს
სწერდა, რომ პატარა ბიჭუნა განსაკუთრებული ნებისყოფის უნარსა და ძალას
ფლობდა და ძალიან ჭკვიანი იყო. ბაბუა, რომელიც ფილოსოფოსი იყო, შთააგონებდა,
რომ მეტი წიგნი წაეკითხა და საკუთარ ბიბლიოთეკაში ეპატიჟებოდა, სადაც
მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ინახებოდა.

მის პროზაულ ნაწარმოებებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ: „პეტერ კამენციდი“


(1904 წ.), „გერტრუდა“ (1910 წ.), „ტრამალის მგელი“ (1927 წ.), „ნარცისი და
გოლდმუნდი“ (1930 წ.), „მოგზაურობა ნიურნბერგში“ (1927 წ.), „თამაში რიოში
მარგალიტებით“(1943წ.)

ჰერმან ჰესემ მდიდარი შემოქმედებითი გზა გაიარა, მისი სხვადასხვა პერიოდის


ნაწარმოებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.  მისი პროზა
ინტელექტუალური და ესეისტურია, რომლისთვისაც დამახასიათებელია
სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. ჰესეს
თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირიული
და შინაგანი, სიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თვითონ უწოდებს „მაგიურს“.

1946 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. მიღებული აქვს სხვა
პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები.

ჰერმან ჰესე შვეიცარიაში, მონტანიოლაში 1962 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა.

პოეტი

თარგმნა რეზო ყარალაშვილმა


(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი,
გამომცემლობა „დია“, ტ. 3, თბილისი, 2008)

როგორც ჰყვებიან, სიჭაბუკეში ჩინელ პოეტს ჰან ფოკს გასაოცარი ლტოლვა


ჰქონია, ისე ესწავლა და დაუფლებოდა პოეტურ ოსტატობას, სრულქმნილებისთვის
მიეღწია. იმხანად, როცა ჰან ფოკი თავის ქვეყანაში, ყვითელი მდინარის პირას
ცხოვრობდა, თავისივე სურვილითYდა დედ-მამის შემწეობით, რომელთაც იგი
ნაზად უყვარდათ, ერთი კარგი ოჯახის ქალზე დაინიშნა და ქორწილიც სულ მალე,
ერთ-ერთ ბედნიერების მომტან დღეს უნდა გადაეხადათ. ჰან ფოკი მაშინ ოცდაორი
წლისა იყო, პირმშვენიერი, მოკრძალებული და საამური ქცევა-თავდაჭერისა, თან
ფრიად განსწავლული და, სიყმაწვილის მიუხედავად, რამდენიმე ჩინებული
295
296

ლექსითაც თავისი ქვეყნის ლიტერატორთა შორის ცნობილი. ვერ ვიტყვით, რომ


სიმდიდრე დიდძალი ჰქონდა, მაგრამ მომავალში მაინც საკმაო შეძლება ელოდა,
მეტადრე, რომ საცოლესაც მზითევი მოსდევდა. ამასთან, მისი საცოლე ძალიან
ლამაზი და სათნო ვინმე იყო. ასე რომ, შეიძლება გეფიქრა, მომავალში მის ბედს
ძაღლი არ დაჰყეფსო. და მაინც კმაყოფილი არ იყო, ისე შეეპყრო სრულყოფილ
პოეტად გახდომის ჟინს.
ერთ საღამოს, როცა მდინარეზე ფარნების ზეიმი იყო, ჰან ფოკი მარტო
დაეხეტებოდა წყალგაღმა. მერე მდინარეზე გადახრილ ერთ ხეს მიეყრდნო და
დააცქერდა, წყლის ზედაპირზე როგორ დაცურავდა ათასობით მოციმციმე
ლიფლიფა, ნავებსა და ტივებზე როგორ ესალმებოდნენ ერთმანეთს საზეიმოდ
მორთულ-მოკაზმული ქალები, კაცები და ნორჩი ასულები, ცოცხალ ყვავილებს რომ
მიაგავდნენ. მოკიაფე წყლის სუსტ დუდუნში მის ყურამდე აღწევდა მომღერალ
ქალთა გალობა, ციტრათა სტვენა და ფლეიტების ტკბილი ჰანგები. ზემოთ კი ტაძრის
გუმბათივით ლივლივებდა მოლურჯო ღამე. გული აუჩქროლდა თავის გუნება-
განწყობას აყოლილ და ამ მშვენიერი სურათის შემყურე ყმაწვილს. მაგრამ რაოდენ
დიდი არ იყო მისი სურვილი გაღმა გასულიყო და თავის საცოლესა და მეგობრებთან
ერთად მოელხინა ამ ზეიმზე, უფრო ძლიერი იყო სანუკვარი წადილი ყოველივე ისე
აღექვა, როგორც ნატიფ განცდების მქონე მეთვალყურეს, შემდეგ კი უზადო ლექსად
გადმოეცა ღამის სილურჯე, წყლის ზედაპირზე სინათლეთა ათინათი, ზეიმის
მონაწილეთა მოლხენა და წყალზე გადახრილ ხეს მიყრდნობილი ფარული
მოთვალთვალის სევდა. მან იგრძნო, რომ ვერც ამქვეყნიური ზეიმი და მხიარულება
მიანიჭებს სრულ ლხენასა და სილაღეს, რომ ამ წუთისოფელში ის მუდამ მარ-
ტოსული, მუდამ მეთვალყურე და უცხო დარჩება, რომ სხვა მრავალ და მრავალთა
შორის მხოლოდ მისი სულია ისე რიგად შექმნილი, რომ ერთსა და იმავე დროს
იგრძნოს ამ წუთისოფლის მშვენიერებაც და უცხოსულის იდუმალი სწრაფვანიც. ამის
შეგრძნებამ იგი სევდით აღავსო. ხოლო რომ გაჰყვა ფიქრთა ძაფს, ისიც დაასკვნა, რომ
ჭეშმარიტ ბედნიერებას და სრულ კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ეწევა, როცა ამ
სამყაროს სრულქმნილ უზადოებით არეკლავს თავის ლექსებში, როცა თვით
სამყაროს, განწმენდილსა და უკვდავყოფილს, დაეუფლება მის მიერ არეკლილ
სახეებში.
ჰან ფოკი კარგად ვერც გაერკვია, ცხადში იყო თუ სიზმარში, რომ უცებ ჩუმი
შრიალი ჩაესმა და ხის გვერდით იისფერ სამოსში გამოწყობილი დარბაისლური
იერის უცხო მოხუცი შენიშნა. ჰან ფოკი წელში გაიმართა და ისე მიესალმა, როგორც
მოხუცთ და დარბაისელთ ესალმებიან. უცხო მოხუცმა კი ჩაიღიმა და რამდენიმე
სტროფი წარმოთქვა. ამ სტროფებში იყო ის ყოველივე, რაც ეს-ესაა განიცადა
ყმაწვილმა, ოღონდაც ისე სრულქმნილი და დიდ პოეტთა კანონების მიხედვით ისე
უზადოდ ჩამოყალიბებული, ყმაწვილს გაოცებისაგან სუნთქვა შეეკრა.

296
297

_ ვინა ხარ, რა კაცი, ჩემს გულში ჩახედვის უნარი რომ გქონია და ისეთი
მშვენიერი ლექსები მითხარი, ჩემი მასწავლებლებისგანაც არა მსმენია? _ შესძახა მან
და წელში ოთხად მოიკეცა.
უცხოს ხელმეორედ ჩაეღიმა სრულყოფილი კაცის ღიმილით და თქვა:
_ თუ პოეტობა გინდა, მოდი ჩემთან. ჩემს ქოხს ჩრდილო-დასავლეთ მთებში
იპოვი, დიდი მდინარის სათავესთან, მე სრულქმნილი სიტყვის ოსტატს მეძახიან.
ესა თქვა, ხის ვიწრო ჩრდილს შეერია და გაუჩინარდა. ჰან ფოკმა ბევრი ეძია იგი,
მაგრამ ამაოდ. როცა მისი კვალიც ვეღარსად ნახა და დარწმუნდა, ალბათ დაღლილს
მეზმანაო, საჩქაროდ გადავიდა გაღმა ნაპირზე და საერთო ზეიმს შეუერთდა,
თუმცაღა ხალხის ლაპარაკსა და ფლეიტების რაკრაკში სულ იმ უცხო კაცის იდუმალი
ხმა ჩაესმოდა, თითქოსდა მისი სულიც იმ კაცს გაჰყოლოდა უკან. ამიტომაც
უცნაურად გალურსული იჯდა მოზეიმეთა შორის თავის ოცნებებში წასული, ისინი
კი მის ასეთ ქცევას სულ სხვა რასმე აწერდნენ და ეხუმრებოდნენ, შეყვარებული ხარო.
რამდენიმე დღის შემდეგ ჰან ფოკის მამამ ნათესავ-მოყვრების შეყრა დააპირა,
ქორწინების დღე დავნიშნოთო. მაგრამ აქ სასიძო წინააღმდეგი წავიდა და უთხრა
მამას:
_ მომიტევე, თუკი მორჩილების საზღვარს დავარღვევ და იმას არ შევასრულებ,
რაც შვილს მოეთხოვება მამის წინაშე. შენ ხომ იცი, რაოდენ დიდია ჩემი სურვილი
პოეტურ ხელოვნებაში ვისახელო თავი. მართალია, ზოგი ჩემი მეგობარი კი მიქებს
ლექსს, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ჯერჯერობით დამწყები ვარ და ხელოვნების გზაზე
მხოლოდ პირველი ნაბიჯი მაქვს გადადგმული. ამიტომ გთხოვ, ნება დამრთო ცოტა
ხნით განმარტოებას მივეცე და ვიმეცადინო. ასე მგონია, თუ ცოლსა და ოჯახს
მოვეკიდები, ეს ამბავი ყველაფერს მომწყვეტს. ახლა, ვინემ ჯერ ყმაწვილი ვარ და
არავითარი ვალი არ მაკისრია, მსურს ცოტა ხანს მხოლოდ ამ ხელოვნებას მივსდიო,
რაიც მე სიხარულს და დიდებას მომიხვეჭს.
ამ სიტყვებმა გააოცა მამა და თქვა:
_ ვატყობ, ეს ხელოვნება ყველაფერს გირჩევნია, თუკი ამის გამო ქორწილიც
გინდა გადადო. ან იქნებ რაღაც მოხდა შენსა და შენს საცოლეს შორის? მაშინ მითხარი
და ვინძლო მოვახერხო შეგარიგო, არადა სხვა მოგიძებნო.
მაგრამ ვაჟიშვილმა შეჰფიცა, საცოლე ისევე მიყვარს, როგორც გუშინ და როგორც
ყოველთვის, ჩვენს შორის სულ პატარა უთანხმოებაც არ მომხდარაო. ისიც უამბო
მამას, ნათურების ზეიმზე როგორ გამოეცხადა ძილში ოსტატი, ვისი შეგირდობაც
ოცნებად გადაქცევია და ამქვეყნად უზენაეს ბედნიერებად ესახება.
_ კეთილი, _ უთხრა მამამ, _ გაძლევ ერთი წლის ვადას. ამ დროის მანძილზე
შეგიძლია მისდიო შენს ოცნება-სიზმარს, ვინძლო სულაც ღვთის მოვლენილი იყოს
ეგ სიზმარი.

297
298

_ რა ვიცი, იქნებ ორ წელსაც გასტანოს, _ უთხრა ჰან ფოკმა ყოყმანით. _ ვის


შეუძლია ამის თქმა?
დაღონდა მაშინ მამა და გაუშვა ვაჟი. ყმაწვილმა კი წერილი მისწერა საცოლეს,
დაემშვიდობა და გაეცალა იქაურობას.
დიდი გზა გაიარა ჰან ფოკმა, ვიდრე მდინარის სათავეს მიაღწევდა. იქ დაინახა
განმარტოებით მდგარი ბამბუკის ქოხი. ქოხის წინ კი დაწნულ ჭილოფზე ის მოხუცი
იჯდა, რომელიც მაშინ წყლის პირას ნახა ხესთან, და ბარბითზე უკრავდა. მოხუცმა
დაინახა, როგორ მოკრძალებით უახლოვდებოდა მას სტუმარი, მაგრამ თვით არც
წამოდგა და არც მიესალმა, მხოლოდ ჩაიღიმა და ნაზი თითები სიმებზე აათამაშა.
როგორც ვერცხლისფერი ღრუბლები გადაუვლის ხოლმე ველს, ისე მოეფინა
იქაურობას ჯადოსნური მუსიკის ხმები. უტკბესმა გაოცებამ შეიპყრო ყრმა და
დაავიწყა ყველაფერი, ვინემ სრულქმნილი სიტყვის ოსტატმა განზე არ გადადო
ბარბითი და ქოხში არ შევიდა. მოკრძალებით შეჰყვა ჰან ფოკი და დარჩა მასთან,
როგორც მისი მსახური და მისი შეგირდი.
განვლო ერთმა თვემ. ჰან ფოკმა მეხსიერებიდან აღმოიფხვრა ყველა ის სიმღერა,
რომლებიც აქამდე დაეწერა, რადგან ისწავლა მათი ზიზღი. რამდენიმე თვის შემდეგ
კი ის სიმღერებიც დაივიწყა, რომლებიც მასწავლებლებისაგან ესწავლა. მოძღვარი
ხმას არ სცემდა ჰან ფოკს, მდუმარედ ასწავლიდა ბარბითზე დაკვრას, ვინემ
შეგირდის მთელი არსება მუსიკამ არ მოიცვა. ერთხელ ჰან ფოკმა პატარა ლექსი
შეთხზა. შიგ აღწერა, როგორ ფრენდა შემოდგომის ცაზე ორი ფრინველი. ძალიან
მოეწონა ჰან ფოკს ეს ლექსი. ოღონდაც ვერ გაბედა მოძღვრისათვის ეჩვენებინა.
მაგრამ საღამოს კი ქოხის მოშორებითYდაამღერა იგი. მოძღვარმა მშვენივრად
გაიგონა ეს ლექსი, ოღონდ სიტყვაც არ დასცდენია. მხოლოდ უხმოდ ჩამოჰკრა
ბარბითის სიმებს, ჩამოჰკრა და უმალ აგრილდა, ჩამოწვა ბინდი, ამოვარდა მძაფრი
ქარი, თუმცა შუაგული ზაფხული იყო, და განაცრისფერებულ ცაზე უცხო ქვეყნებში
გამგზავრებით დასევდიანებულმა ორმა ყანჩამ გადაიფრინა. ეს ყოველივე კი
შეგირდის ლექსზე იმდენად მშვენიერი და სრულქმნილი იყო, რომ დაღონდა ყმა,
დადუმდა და თავი არარაობად იგრძნო. მას შემდეგ მუდამ ასე იქცეოდა მოძღვარი.
განვლო ერთმა წელმა და ჰან ფოკი თითქმის უზადო ოსტატი გახდა ბარბითზე
დაკვრის. პოეტური ხელოვნება კი სულ უფრო მიუვალ, მიუდგომელ მწვერვალად
ეჩვენებოდა.
განვლო ორმა წელმა და ყმაწვილს საოცრად მოაწვა სევდა, მოენატრა სამშობლო,
თავისიანები, საცოლე და მოძღვარს შინ წასვლის ნება სთხოვა. ოსტატმა ჩაიცინა,
თავი გადააქნია და უთხრა:
_ შენ თავისუფალი კაცი ხარ. შეგიძლია სადაც გინდა, იქ წახვიდე. შეგიძლია უკან
მობრუნდე, შეგიძლია იქ დარჩე. ისე მოიქეც, როგორც უფრო მოგეწონება.

298
299

გაუდგა გზას შეგირდი. იარა შეუსვენებლივ და გარიჟრაჟზე მშობლიურ ნაპირს


მიაღწია. იქ თაღიან ხიდს მიღმა მამისეული ქალაქი იდგა. მალულად შეიპარა ჰან
ფოკი მამის ბაღში და ფანჯრიდან მიაყურადა ჯერ ისევ მძინარე მამის ფშვინვას. მერე
გადაძვრა ხეხილის ბაღში, რომელიც საცოლის ბაღს ემიჯნებოდა, მსხლის კენწეროზე
აძვრა და დაინახა, მისი საცოლე სენაკში თმას ივარცხნიდა. შემდეგ თავისი თვალით
ნანახი შეადარა სურათს, რაიც სევდამ დაახატვინა, და მიხვდა, რომ იგი პოეტად იყო
დაბადებული, მიხვდა, რომ პოეტთა ოცნება-ზმანებაში ისეთი მშვენიერება და
მომხიბლაობა არსებობს, მის მსგავსს სინამდვილეში ამაოდ ეძებს ადამიანი.
ჰან ფოკი ჩამოძვრა ხიდან, საჩქაროდ დატოვა ბაღი, მამისეული ქალაქი, გადავიდა
ხიდზე და ისევ მაღალ მთებს მიაშურა. როგორც მაშინ, მოხუცი მოძღვარი ახლაც
ქოხის წინ იჯდა სადა ჭილოფზე და თითებს სიმებზე ათამაშებდა. სალმის ნაცვლად
მოხუცმა მხოლოდ ორი სტროფი თქვა იმ უღრმეს ბედნიერებაზე, რასაც ხელოვნება
ანიჭებს ადამიანს. ისე ღრმა და ისე უზადო იყო ეს სტროფები, რომ შეგირდს
თვალები ცრემლით აევსო.
ასე დარჩა ჰან ფოკი სრულქმნილი სიტყვის ოსტატთან. რადგან ბარბითს უკვე
კარგად ფლობდა, ახლა ციტრაზე დაკვრას ასწავლიდა მოძღვარი. როგორც თოვლი
დასავლეთის ქარში, ისე სწრაფად ილეოდა თვეები, კიდევ ორჯერ სძლია
მშობლიური კუთხის სევდამ ჰან ფოკს. ერთხელ შუაღამისას გამოიპარა მალულად,
მაგრამ ვინემ ხეობის უკანასკნელ მოსახვევს მიაღწევდა, ღამის ნიავმა შეატოკა ქოხში
ციტრა, ააჟღერა სიმები, მისი ხმა წამოეწია ჰან ფოკს და ისეთი ძალით მოუხმო უკან,
წინააღმდეგობა ვერ გაუწია ყმაწვილმა. მეორეჯერაც ესიზმრა, თითქოს თავის ბაღში
პატარა ხე დარგო, ცოლიც იქვე იდგა, შვილები კი რძითა და ღვინით რწყავდნენ ხეს.
გამოეღვიძა ჰან ფოკს, მთვარე მის სენაკს ანათებდა. წამოდგა შეცბუნებული, დაინახა,
მოძღვარს ეძინა. ბებრული თეთრი წვერი ნელა ერხეოდა. სიძულვილმა აიტანა
ყმაწვილი. ამ ადამიანმა დაუმსხვრია ცხოვრება, ჩაუფუშა მომავალი, აცთუნა ყალბი
იმედებით. სურვილმა შეიპყრო, სცემოდა მოხუცს და მოეკლა იგი. ამ დროს თვალი
გაახილა ბერიკაცმა და ისე სევდიანად და უწყინრად გაუღიმა, ფარ-ხმალი
დააყრევინა შეგირდს.
_ გახსოვდეს, შენ თავისუფალი ხარ, ჰან ფოკ, _ უთხრა მოხუცმა წყნარად, _ ისე
მოიქეც, როგორც მოგესურვოს. გინდა სამშობლოში დაბრუნდი და ხეები დარგე,
გინდა შემიძულე და მომკალი. ყოველივე ამას აზრი არა აქვს.
_ ოჰ, როგორ შემეძლო შენი შეძულება, _ მძლავრად შეტოკდა პოეტი... _ ეს ხომ
იგივეა, რომ თვით ცის შეძულება მომესურვოს.
დარჩა ჰან ფოკი მოძღვართან. ისწავლა ციტრაზე დაკვრა, დაეუფლა ფლეიტასაც.
შემდეგ მოძღვრის დახმარებით ლექსების წერასაც მიჰყო ხელი და ნელ-ნელა გაიწაფა
ამ იდუმალ ხელოვნებაში, დაოსტატდა ისე, რომ თითქოს უბრალოსა და
ჩვეულებრივის გამოთქმითაც შეეძლო მსმენელის სული ისევე აეღელვებინა, როგორც

299
300

ქარი ააღელვებს ხოლმე წყლის ზედაპირს, ის წერდა, როგორ ამოდის მზე, როგორ
გადმოდგება მთის თხემზე და წამით შეყოვნდება ხოლმე, ჩრდილებივით როგორ
უხმოდ დასრიალებენ თევზები წყალში, როგორ არხევს ნორჩ ტირიფს გაზაფხულის
ქარი. უსმენდი მის ლექსებს და ხედავდი არა მხოლოდ მზეს, თევზების სრიალს,
ტირიფის ჩურჩულს, არამედ ცაცა და სამყაროც ამ დროს წამით ერთ მთლიან
სრულქმნილ მუსიკად იქცეოდა და ყოველ მსმენელს სიხარულითა და
გულისტკენით აგონებდა იმას, რაც უყვარდა თუ სძულდა: პატარა ბიჭს _ თამაშს,
ყმაწვილს _ თავის სატრფოს, მოხუცს _ სიკვდილს.
დაჰკარგა ჰან ფოკმა წლების ანგარიში, აღარ იცოდა, რამდენი ხანი დაჰყო
მოძღვართან მდინარის სათავეში. ხშირად ეგონა, თითქოს მხოლოდ წუხელ ამოვიდა
აქ, წუხელ შემოეგება მოხუცის ჩანგის ჟღერა, ხშირად კი ეჩვენებოდა, რომ ადამიანთა
დრო-ხანს დაჰკარგოდა თავისი აზრი და ფოთლებივით დაცვენილიყო მის უკან.
ერთ დღეს ჰან ფოკს მარტოს გაეღვიძა ქოხში. ბევრი ეძია, ბევრი უძახა მოძღვარს,
მაგრამ ვერსად ვერ ნახა. თითქოს ამ ერთ ღამეში შემოდგომა დამდგარიყო. ცივი ქარი
აზანზარებდა ძველ ქოხს, ქედების თავზე გუნდ-გუნდად მიფრინავდნენ მძლევარნი,
თუმცა მათი გადაფრენის დრო ჯერ არ უნდა ყოფილიყო.
მაშინ ჰან ფოკმა წამოიღო პატარა ბარბითი და თავის სამშობლოში გამოეშურა,
სადაც კი არ მივიდოდა, ყველგან ისე კრძალვით ესალმებოდნენ, ვით მოხუცსა და
კეთილშობილს უნდა მიესალმოს კაცი. მიადგა ბოლოს მამისეულ ქალაქს, იქ გაიგო,
რომ მამამისი, საცოლე და ყველა ნათესავი მომკვდარიყო და მათ ბინებში სხვანი
ცხოვრობდნენ. საღამოს კვლავაც გაიმართა მდინარეზე ფარნების ზეიმი. პოეტი ჰან
ფოკი კი იდგა ბნელში ჩაფლულ გაღმა ნაპირზე და ხეს მიყრდნობოდა. მან ჩამოჰკრა
სიმებს და ააჟღერა ბარბითი. ამოიკვნესეს ქალებმა და შეშფოთებითა და სევდით
გაჰხედეს სიბნელეს. ყმაწვილები კი ხმამაღლა შეეხმიანენ დამკვრელს, რომელიც
არსად არ ჩანდა, ხმამაღლა გასძახეს, ესოდენ საამური ხმები არასოდეს არა გვსმენიაო.
ჰან ფოკი კი იღიმებოდა, დასცქეროდა მდინარეს, სადაც ათასობით ლიფლიფა
დაცურავდა. ჰოდა, როგორც ახლა ვერ ანსხვავებდა, სად იყო ანარეკლი სინათლე და
სად ნამდვილი, ისევე თავის გულშიაც ვერ პოულობდა სხვაობას ამ ზეიმსა და იმ
პირველ ზეიმს შორის, როდესაც ჯერ სულ ყრმა, აი, აქ იდგა და უცხო ოსტატის
სიტყვებს ისმენდა.

მოთხრობის გზამკვლევი

რატომ იწყებენ ადამიანები ახლის შექმნას, რა ბადებს შემოქმედებას? რა არის ის მთავარი


იმპულსი ადამიანში, რომელიც მას „უფლებას“ აღარ უტოვებს, რაღაც არ შექმნას?

სხვადასხვა რელიგიურ სისტემაში ამ კითხვებს მეტ-ნაკლებად განსხვავებული პასუხები


ახლავს, მაგრამ არის მათში ერთი საერთო საწყისი - სწრაფვა სულყოფილებისკენ.
300
301

ბიბლიაში ასეთ მოდუსს ვხედავთ: ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა. სულ ბოლო დღეს
დაბადა ადამიანი - ქმნილებათა გვირგვინი. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაქმის ბოლოს უფალმა
ახალი შემოქმედი შექმნა. ამიტომ უწოდებს ზოგი თეოლოგი ადამიანთა მთელს ისტორიას
„მერვე დღეს“. უფლის „ხატებასა და მსგავსებაზე“ დაფუძნებული სახარებისეული შეგონებაც
(„იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს“) შესაძლოა იმას
მიგვანიშნებდეს, რომ ადამიანი ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ემსგავსება ღმერთს, როცა ის
შემოქმედია.

მოთხრობის დასაწყისშივე ჩვენ ვხვდებით ჰან ფოკს, რომელიც პოეტური სრულყოფის გზაზე
დამდგარა. მისი ცხოვრება თითქოს არანაირ ზედმეტ ძალისხმევას არ ითხოვს: „ჰან ფოკი
მაშინ ოცდაორი წლისა იყო, პირმშვენიერი, მოკრძალებული და საამური ქცევა-
თავდაჭერისა, თან ფრიად განსწავლული და, სიყმაწვილის მიუხედავად, რამდენიმე
ჩინებული ლექსითაც თავისი ქვეყნის ლიტერატორთა შორის ცნობილი. ვერ ვიტყვით, რომ
სიმდიდრე დიდძალი ჰქონდა, მაგრამ მომავალში მაინც საკმაო შეძლება ელოდა, მეტადრე,
რომ საცოლესაც მზითევი მოსდევდა. ამასთან, მისი საცოლე ძალიან ლამაზი და სათნო იყო.
ისე რომ, შეიძლება გვეფიქრა, მომავალში ჰან ფოკის ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო“. თუმცა, მას
არ ტოვებს განცდა და სურვილი იმისა, რომ შექმნას უფრო მეტი, რაც უკვე არის.

ჰან ფოკისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ აღიქვას და დატკბეს სამყაროთი, მისი მიზანია
სახეობრივად გამოხატოს და სრულყოს ის. ეს სურვილი იმდენადვე ძლიერია, რამდენადაც
მისი მარტოობის განცდა - გამორჩეული ადამიანები ყოველგვარი სტანდარტული ჯგუფის
მიღმა დგანან.

ჰესე გვიჩვენებს სრულყოფილების გზაზე დამდგარი ადამიანის გზას. ეს გზა რთული და


წინააღმდეგობრივია - ბედნიერებისა და სინანულის განცდები საბედისწეროდ
ეხლართებიან და ენაცვლებიან კიდეც ერთმანეთს.

ჯერ უკვე არსებულის დროებითი უარყოფაა (1 ან 2 წლით), მერე მასწავლებლის მოძიება


(წინარე გამოცდილებასა და საბოლოო მიზანსაც რომ განასახიერებს), შემდეგ წარსული
ცოდნისა და შეგრძნებებისგან გათავისუფლება ახალ იდეათა და ხატებათა შესაცნობლად
და გასათავისებლად. ამას მოსდევს დიდი დაეჭვება და სინანული - რასაც ასე ტანჯვით
ეძიებს ადამიანი, ხომ არ არის იმაზე გაცილებით ნაკლები, რასაც ეთხოვება მიზნის
მიღწევის გზაზე? ამ დროს ჰან ფოკს ხან მიტოვებული ცხოვრება მოუხმობს მკაცრი
მომხიბვლელობით (რა ძვირფასი იყო ეს ყველაფერი ადრე!), ხანაც სამყაროს
უმწვერვალეს და უიდუმალეს მშვენიერებასთან მიმყვანი მასწავლებლის მოკვლის
გაუსაძლისი სურვილი ეუფლება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, სრულყოფილების
თავისუფლების შეგრძნება ყველაფერს აჭარბებს. მასწავლებლის სიტყვები ამის
დასტურია: „გახსოვდეს, შენ თავისუფალი ხარ, ჰან ფოკ, - უთხრა მოხუცმა წყნარად, -
ისე მოიქეც, როგორც მოგესურვოს. გინდა სამშობლოში დაბრუნდი და ხეები დარგე,
გინდა შემიძულე და მომკალი. ყოველივე ამას აზრი არა აქვს“. 

მართლაც არაფერს აქვს აზრი სრულყოფილებისკენ წამყვან და მის გამომხატველ


თავისუფლებასთან შედარებით. მერე რა, რომ ეს რთული და თითქოს ადამიანთა
დამკარგავი გზაა. სამაგიეროდ, მას შემოქმედი ღმერთთან მიჰყავს და ის ხვდება, რომ
ასეთი მარტოობა ყველაზე მეტად აახლოებს სამყაროსთან და სხვა ადამიანებთანაც.
301
302

მოთხრობა გამორჩეული კაცის მარტოობით იწყება და ასეთივე მარტოობით მთავრდება.


როგორც ჩანს, ეს არის სრულყოფის ბედნიერებაც და ფასიც. ჰან ფოკი დროის შეგრძნებას
კარგავს - ცის გამომხატვეთათვის წუთისოფლის დღეთა დინება აღარაფერს ნიშნავს. ეს
ადამიანის სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც როდესაც დროის დინებას
შეჭმარიტებისა და მშვენიერების მარადისობა ცვლის.

მცირე პროზა

(სარჩევი)

1. რიუნოსკე აკუტაგავა - „ნანკინელი ქრისტე“ (თარგმნა ოთარ


ავალიანმა, „დიალოგი წყვდიადში“, გამომცემლობა „განათლება“,
1987 წელი)

2. ბორის აკუნინი - „აღმოსავლეთი და დასავლეთი“ (თარგმნა


ფატმან წერეთელმა, presa.ge)
3. ვუდი ალენი - „უზენაესი“ (თარგმნა თამარ სუბელიანმა, „ჩემი
აპოლოგია“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015)
4. შერვუდ ანდერსონი - „ომი“ (თარგმნა მაია ცერცვაძემ,
ნოველები, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2013)
5. შერვუდ ანდერსონი - „ტენდი“ (თარგმნა ნ. ცისკარიშვილმა,
ამერიკული ნოველა, ტ.2, გამომცემლობა „საბჭოთა
საქართველო“, თბილისი, 1968)
6. ჯონ აპდაიკი - „ხვალ, ხვალ და კიდევ ხვალ“ (თარგმნა ნანა
ბუხრაძემ, „რჩეული მოთხრობები“, ტ. 5, თბილისი, 2008)
7. რიჩარდ ბახი - „არ არსებობს ადგილი შორეთი“ (თარგმნა
რუსუდან ღვინეფაძემ, „რჩეული მოთხრობები“,
გამომცემლობა „დია“, ტ. 4, თბილისი, 2008)
8. ჰაინრიხ ბიოლი - „ჩემი ნაღვლიანი სახე“ (თარგმნა რუსუდან
შამელაშვილ-ზექალაშვილმა, „არილი“, 2008)
302
303

9. ხორხე ლუის ბორხესი - „ღმერთის წერილი“ (თარგმნა დათო


აკრიანმა, მოთხრობები, გამომცემლობა „პალიტრა L“,
თბილისი, 2012)
10.ხორხე ლუის ბორხესი - „შემოჭრილი“ (თარგმნა ლანა
კალანდიამ, ბროდის ანგარიში, გამომცემლობა
„ინტელექტი“, თბილისი,2015)
11.რეი ბრედბერი - „სიკვდილი და ქალწული“ (თარგმნა ლია
კილაძემ, რეი ბრედბერი, „ცელი“, გამომცემლობა „პალიტრა - L“,
თბილისი, 2011)
12.ბერტოლდ ბრეხტი - „ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ“
13.ივან ბუნინი - ახალგაზრდობა და სიბერე (თარგმნა ვასილ
გულეურმა, bu.org.ge)
14.ტონინო გუერა - „ზეცაში ასასვლელი კიბე “ (თარგმნა ვახო
სალიამ)
15.ფრიდრიხ დიურენმატი - „გვირაბი“ (თარგმნა თამაზ
ჩიქვანაიამ, „რჩეული მოთხრობები“, ტ.4, თბილისი, 2008)
16.უმბერტო ეკო - „ეს“ (თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა,
„რჩეული მოთხრობები“, გამომცემლობა „დია“, ტ. 4,
თბილისი, 2008)
17.კურტ ვონეგუტი - „ხანგრძლივი გასეირნება
მარადისობისკენ“ (თარგმნა ემხვარ კახაძემ, litklubi. ge)
18.თომას ვულფი - „შორიდან და ახლოდან“ (თარგმნა მედეა
ზაალიშვილმა, „დაკარგული ბიჭი “, გამომცემლობა „არტანუჯი“,
თბილისი, 2012)
19.რაბინდრანათ თაგორი - „მდინარისპირა საფეხურებზე“
(თარგმნა ლილი კალანდაძემ)
20.ჯეიმს თურბერი - „ბოლო ყვავილი“ (თარგმნა ნინო
ღამბაშიძემ, bu.org.ge)
21.ფრანც კაფკა - „კანონის წინაშე“ (თარგმნა პეტრე
ჯავახიშვილმა, „რა არის თავისუფლება - კრებული მესამე “,
„მოქალაქე“, თბილისი, 2015)
22.ორასიო კიროგა - „სკაროსები და იაგუარები“ (თარგმნა
პაატა გეგელაშვილმა, „ანაკონდა“, გამომცემლობა
„პალიტრა L“, თბილისი, 2011)
23.ხულიო კორტასარი - „მიტოვებული სახლი“ (თარგმნა მედეა
ზუბადალაშვილმა)
303
304

24.მიხაილ ლერმონტოვი - „ფატალისტი“ (თარგმნა გერონტი


ქიქოძემ, „რჩეული მოთხრობები“, ტ. 3, თბილისი, 2008)
25.მონტეირო ლობატო - „პატიოსანი კაცი“ (თარგმნა თამარ
ტურიაშვილმა, „რჩეული მოთხრობები“, ტ. 3, თბილისი, 2008)
26.სინკლერ ლუისი - „სიჩქარე“ (თარგმნა მანანა ბეზარაშვილმა,
„სიჩქარე და სხვა მოთხრობები“გამომცემლობა „ინტელექტი“,
თბილისი, 2013)
27.გაბრიელ გარსია მარკესი - „მშვენიერი მძინარე ქალის
თვითმფრინავი“ (თარგმნა თეა გვასალიამ, გამომცემლობა
„ინტელექტი“, თბილისი, 2008)
28.ქეთრინ მენსფილდი - „თოჯინების სახლი“ (თარგმნა ლელა
ზურებიანმა, „თოჯინების სახლი“, გამომცელობა „პალიტრა L“,
თბილისი, 2011)
29.იუკიო მისიმა - „გაზეთი“ (თარგმნა ლელა ზურებიანმა,
„სიკვდილი შუა ზაფხულში“, გამომცემლობა „პალიტრა L“,
თბილისი, 2011)
30.ჰარუკი მურაკამი - „მწვანე მხეცი“ (თარგმნა ზურაბ ქემოკლიძემ,
ჟურნალი „არილი“, 29 აგვისტო, 2008)
31.აზიზ ნესინი - „გიჟი მაღლა ავიდა“ (თარგმნა გურამ
ბათიაშვილმა, „რჩეული მოთხრობები“, ტ. 3, თბილისი, 2008)
32.ჯორჯ ორუელი - „სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით“
(თარგმნა თეიმურაზ ქორიძემ, „რჩეული მოთხრობები“, ტ. 5,
თბილისი, 2008)
33.ო,ჰენრი - „ქალაქის ძლევა“ (თარგმნა მაია ცერცვაძემ, „ნოველები“,
გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2013)
34.ფრანსუაზ საგანი - „ერთ დილით“ (თარგმნა ნუნუ
ქადეიშვილმა, „რჩეული მოთხრობები“, გამომცემლობა
„დია“, ტ.1, თბილისი, 2007)
35.ჯერომ სელინჯერი - „ბანანა თევზის ამინდი“ (თარგმნა
ვახტანგ ჭელიძემ, გამომცემლობა „დია“, თბილისი, 2007 )
36.ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „სამი საათი რეისებს შორის“
(თარგმნა მაია ცერცვაძემ, ნოველები, გამომცემლობა
„არტანუჯი“, თბილისი, 2013)
37.რობერტ შეკლი - „აბსოლუტური იარაღი“ (თარგმნა პაატა
გეგელაშვილმა)
304
305

38.ჯეიმზ ჯოისი - „ევილინი“ (თარგმნა ლია იმერლიშვილმა,


„დუბლინელები“ , გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“,
თბილისი, 1970)
39.ერნესტ ჰემინგუეი - „კატა წვიმაში“ (თარგმნა ვახტანგ
ჭელიძემ, რჩეული მოთხრობები, გამომცემლობა „დია“, ტ.1,
თბილისი, 2007)
40.ჰერმან ჰესე - „პოეტი“ (თარგმნა რეზო ყარალაშვილმა, „რჩეული
მოთხრობები“, გამომცემლობა „დია“, ტ. 3, თბილისი, 2008)

305

You might also like