You are on page 1of 2

– კაცობრიობა! კაცობრიობა! – წამოიძახა თეიმურაზმა.

– ისე ახირებულხარ, თითქო კაცობრიობა


მართლა არსებობდეს! ერთი ამბავი მაგ...გგონდება. ოციოდე წლისწინათ გენერალმა ალიხანოვმა
გურია დაანგრია და გადაჰბუგა. იმავ ხანებში საფრანგეთში ერთი მაღარო ჩამოინგრა და ასიოდე კაცი
გასჭყლიტა. გორელებმა წარმოდგენა გაჰმართეს და ორმოციოდე თუმანი იმ მუშების ქ...ქქვრივ-
ობლებს გაუგზავნეს. გორელებს ვკითხე, გურულებს რამდენი გაუგზავნეთ მეთქი? არაფერიო.
გურულებსაც ვკითხე, ფრანგებმა რა დახმარება მოგცეს მეთქი? არაფერიო. იმ ფრანგებსაც რომ ჰკითხო,
ჩვენი წვლილი რომ მიუვიდათ, ს...საქართველო სად არისო, ან სამხრეთ აფრიკას დაატაკებენ თითს, ან
კიდევ რომელიმე ტროპიკულ კუნძულს!.. არა, ჩემო ივანე, კაცობრიობა და ჩვენ ერთმანერთის
ნათესავები არა ვართ. მილიარდერს მორგანს, ან გენიოსს ედისონს ასი-ორასი მილიონი კაცი იცნობს,
ისინი კი ათასსაც არ იცნობენ. ასე ვიცნობთ ერთმანერთს ჩვენც – ქართველები და კაცობრიობა.

– თეიმურ, განა ცხადი არ არის, რომ კაცობრიობის კეთილდღეობით ჩვენი ხალხიც მოიგებს?

– ცხადია, ცხადზედ ცხადია! მოვ...ვვიგებთ. უეჭველად მოვიგებთ, თუ ამერიკელებმა და ფრანგებმა


თავიანთ გატენილ ჯიბეს ჩვენი გახვრეტილი ჯიბე შეუერთეს და მერმე ორივე ჯიბის ქონება შუაზე
გაგვიყვეს. ოღონდაც, რომ ჩემთვის ხელსაყრელია მორგანთან გაამხანაგება, ჩვენი ქონების
გაერთიანება და მერმე მისი განაწილება!

– ვინც კაცობრიობისთვის მუშაობს, ის თავის ქვეყნისთვისაც მუშაობს.

– არც ეგ არის მართალი. ყველანი თავისთვის ცხოვრობენ, მხოლოდ რუსები და ქართველები


ზრუნავენ სხვებისთვის. მე რომ ჩემი სიყვარული და ენერგია მთელ კაცობრიობას გავუნაწილო, ჩემს
ძმას ერთი მემილიარდედიც არ ერგება. მე კი გეუბნები, ივანე, რომ ვინც თავის ძმისთვის მუშაობს, ის
კაცობრიობისთვისაც მუშაობს-მეთქი.

– ვთქვათ, შენ მართალი ხარ, მერმე, რატომ შენ აღარ მუშაობ ქართულ კულტურისთვის?

– ჰმ! ემსახურე ქართულ კულტურას! – გულაჩუყებულ ბავშვის კილოთი წამოიძახა თეიმურაზმა. – ისე
ადვილად ლაპარაკობ, თითქო ჯაყოს ხიზანს კულტურის სამსახური შეეძლოს.

– ნუ მოიყვანდი საქმეს ჯაყომდე. თავიდანვე უნდა თადარიგი დაგეჭირა.

– ეჰ, შე დალოცვილო! დ... დაგიჟინია თადარიგის დაჭერა. რატომ შენ თვითონ არ დაიჭირე თადარიგი?
რა გინდოდა, მღვდლად რომ შეხვედი? შენ მაინც დროზე უშველე შენს თავს, მე კი – დ...დდავიგვიანე.
ეს არის განსხვავება, მეტი ხომ არაფერი?

– განსხვავება დიდია, ჩემო თეიმურ, ძალიან დიდი. მე ეკლესიის მსახურებას მოვწყდი და ხალხს
დავუბრუნდი, შენ კი ძველსაც მოსწყდი და ახალსაც ვერ შეურიგდი.

მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა.

– ქართველ ერსა და ქართულ კულტურაზე ვლაპარაკობდით. – გაიხსენა ბაასის სათავე თეიმურაზმა. –


საიდან და როგორ უნდა შექმნილიყო ერთიანი ქართველი ერი და კულტურა?! ორი ათასი წელიწადი
მაინც იქნება, რაც ამერეთ-იმერეთი ერთ ნაჭერ მიწაზე ვსცხოვრობთ. ერთად კი, ერთიან
სახელმწიფოებრივ და ეროვნულ შენობაში ორასი წელიწადიც არ გვიცხოვრნია. ერთმანერთს
ჭირიანებივით გავურბოდით და ისე ვერიდებოდით, თითქო სხვადასხვა ტომისა და სისხლისანი
ვყოფილიყავით. მუდმივ ცალ-ცალკე ვიღუპებოდით და ცალ-ცალკე ვშენდებოდით. საქართველო
ყოველთვის ორპირი ან სამპირი იყო. ერთი რომ აღმოსავლეთისკენ ჰქონდა მიღრეცილი, მეორე
დასავლეთისკენ იხედებოდა, მესამე კი ან სამხრეთისკენ ჰქონდა მიბრუნებული, ან ჩრდილოეთისკენ.
ეროვნული ნებისყოფაც და ენერგიაც ასე დაგვეფანტა.
საზოგადოებრივი კეთილდღეობა მას შემდეგ მიიღწევა, რაც ერს საერთო მიზანი გააჩნია და
სოლიდარულია ინდივიდების, თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ.

იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს საკითხი და რამდენად


აქტუალურია იგი დღეს.

You might also like