You are on page 1of 3

ნოკტიურნი მშვიდობის ქუჩაზე

-შენ? შენ სად იცხოვრებდი, მაკრინე?-დერეფანში სხედან ჩემი მეზობლები, ახალ


საცხოვრებელში გადასვლაზე მსჯელობენ და ფიქრობენ, დედაქალაქის რომელ უბანში
ისურვებდნენ ცხოვრებას. მაკრინე კი მათ კითხვას უპასუხოდ ტოვებს და გაჰყურებს
კედლებს, რომლებშიც სიცოცხლის ბოლო ათწლეულები გაატარა.

ოჰ, ეს კედლები… 30 წელია სულგანაბულნი უგდებენ ყურს იატაკის ყოველ


აჭრაჭუნებას, ქარის ზუზუნს, შუშებგაბზარული ფანჯრებიდან რომ იპარება ხოლმე
დერეფანში, ბავშვების სირბილს, მოხუცების ფუსფუსს… არ იძვრიან და საკუთარ
თავში ინახავენ ყველა იმ ამბავს, აქ რომ ტრიალებს და აქამდე რომ ტრიალებდა იქ,
სადღაც მავთულხლართებს მიღმა… ნეტავ როდის ამოიდგამენ ენას? იქნებ არც
არასდროს? სწორედ ეს მაშინებს-იქნებ კედლები ამ ამბებს დროის უსასრულო
მდინარებაში გაიყოლებენ და მტვრად იქცევა მათ თვალწინ აღმოცენებული ყოველი
სიტყვა თუ გრძნობა. ეს უსაშველოდ დიდი ფანჯრებიც ცას გაატანენ იმედით
მანათობელ იმ მზერებს, სარკმლიდან სულ სხვა ხედის დანახვას რომ ნატრობენ…

რა? ასე არ არის? განა ყოველ დილით ახალგაღვიძებული მაკრინე იმიტომ არ მიდიოდა
დერეფნის ბოლოს, თეთრჩარჩოიან ფანჯარასთან, რომ ზღვის სუნი ეგრძნო?
ზურმუხტისფერ შალს შემოიხვევდა ხოლმე პატარა, გამხმარ მხრებზე და ჩიტების
ჭიკჭიკსაც კი ფარავდა თავისი ჩუსტების ფრატუნით. ძლივს ატანდა სულს გამთენიის
ამ უცვლელ რიტუალს და მაინც აღწევდა დანიშულების ადგილს. ღრმად ჩაისუნთქავდა,
მძიმედ გახსნიდა ქუთუთოების დაჭმუჭნულ ფარდას და ნელ-ნელა შეაგებებდა
სამყაროს თავის ამოცისფრებულ, მრავალ ჭირნახულ თვალებს, რომლებშიც ცხადად
დალანდავდით წიგნების გაყვითლებულ ფურცლებს, უცხო ქალაქის ქუჩებს, ნახშირით
დაფარულ მშობლიურ მიწასა და, რაც მთავარია, დედის ხელებით დარგულ,
ბროწეულისფერ ვარდებს მწვანედ აბიბინებულ ბაღში.

ვინ იცის რა ძალას ატანდა გაცვეთილ თვალის ჩინს, რათა წინ გადაშლილი
მელიქიშვილის ქუჩა ოდნავ მაინც მიემსგავსებინა ჩამბას, თუმცა ამაოდ… კარგა ხანს
იდგა ხოლმე იმ ფანჯარასთან. შუადღის მზეშიც და მთვარიან ღამეებშიც. როცა
ვეკითხებოდი-როგორ ბრძანდებითთქო, თითქოს, მალავდა თავის მისტიკურ
მცდელობებს და მპასუხობდა-რა ვიცი, აგერ მზეა და ბებერ ძვლებს ვითბობო. მეც
ვაკვირდებოდი ამობერილ ძარღვებზე აციმციმებულ სხივთა ათინათებს და
ვცდილობდი წარმომედგინა როგორ უკრავდა ადრე. აფხაზეთის მერე აღარ დაუკრავსო-
მეუბნებოდნენ ჩემი მეზობლები, რომლებიც ნალექიან ყავას შეექცეოდნენ მთავარ
დერეფანში და მასპინძელს აქილიკებდნენ-სულ არ ჰგავს სოხუმში ქვიშაზე
მომზადებულსო. ნანას მერქიორის რამდენი ჭურჭელიც არ უნდა ეყიდა მშრალ ხიდზე,
შემდეგ თვეობით ეპრიალებინა და ასეთივე ლანგრით მიერთვა მეგობრებისთვის,
მაინც ხომ არ ექნებოდა მათთვის ისეთი გემო, როგორიც იქ და მაშინ? მაგრამ “ცდა
ბედის მონახევრეა” და ერთი რამ ცხადია-ჩემი მეზობლები არასდროს აკლებდნენ
მცდელობას, რომ ცხოვრება არსებობას არ დამსგავსებოდა და ზღვა თუ არა, ნიჟარები
მაინც გამოეზიდათ აფხაზეთის სანაპიროებიდან…

მაკრინესაც სახლის კარზე პატარა ნიჟარა ეკიდა და თუმცა ბებერ ძვლებს ნამდვილად
ითბობდა ფანჯრის რაფასთან, მაინც ვერ გამომაპარებდა წარსული ცხოვრების
კინოკადრებად აქარიშხლებას, მის გამოხედვაში რომ ვამჩნევდი. ზოგჯერ
ჩამარილებულ სახსრებს გაუცნობიერებლად ამოძრავებდა ისე, თითქოს ახლაც თავის
სახლში იჯდა საყვარელ საკრავთან და დარაბებახსნილი ამოგზაურებდა მთელ ქუჩას
შოპენის მელანქოლიურ ნოტებში.

მას შემდეგ, რაც ათწლეულებმა სასტუმროს დერეფნებში ბზარებით, ჩემს მეზობლებში


კი ნაოჭებით გაიკვალეს გზა, დადგა ის დღეც, როდესაც გამოაცხადეს, რომ საერთო
საცხოვრებელი უნდა დაგვეტოვებინა და თანაცხოვრებისგან თუ საერთო ტკივილისგან
შეერთებული ადამიანები ახალ, კოხტა ბინებში უნდა განვცალკევებულიყავით. ამ
საბედისწერო ცვლილებამ, რომელსაც მოლოდინის დასრულების სიხარულის ნაცვლად,
არაღიარებული სევდის ნაკადი მოჰყვა, მიმახვედრა, რომ ეს დიდი ორგანიზმი
დაშლისთვის ჩასახვიდანვე იყო განწირული. სასტუმროს ოთახები ისე იცლება
სიცოცხლისგან, როგორც მომაკვდავი კაცის კანი ფერისგან და ახლა დაცარიელებულ
ოთახში კალმისამარა დარჩენილს, არ ვიცი საკუთარი ფანტაზიით თუ თეატრალური
აკუსტიკით ჩამესმის დერეფანში მაკრინეს ჩუსტების ფრატუნი. ახლა ხის იატაკზე
ბარიკადებად ბავშვების მოუსვენარი სირბილის ნაცვლად მიტოვებული ავეჯის
ნარჩენები ხვდება. ვგრძნობ როგორ მიიწევს საკრალური ფანჯრისკენ, თუმცა არ ვიცი
ამჯერადაც სოხუმის დალანდვას ეცდება თუ მელიქიშვილის გამზირის ყოველი
დეტალის სამუდამოდ დამახსოვრებას, რათა ახალ საცხოვრისში სრულიად მარტო
შთენილმა გული სხვა წარსულით ინუგეშოს. მისთვის ხომ ახლა ბედის კვანძებში
სვანეთის ახალი უღელტეხილი მზადდება, ახალი განშორება არც ისე ახალი
გრძნობით.

ბავშვობაში მაკრინესთვის არაერთხელ მითხოვია რამე მოეყოლა, რამე გაეხსენებინა,


მაგრამ მისგან არასდროს არაფერი მიმიღია სევდიანი დუმილის გარდა. ყოველ ახალ
წელს, დერეფანში საერთო სუფრაზე შეკრებილი მეზობლებიც სთხოვდნენ რამე
დაეკრა, რაზეც უარით ისტუმრებდა. ისე კი, ნაზიკო ბებომ ერთხელ საიდუმლოდ
გამანდო-რომ გადმოვედით დერეფნის ბოლოს ასაწყობი როიალი იდგა, მერე
მოიპარესო. სანამ ვეებერთელა სახლებიდან, ბედისგან ციცქნა ოთახებში
გამწესებულებს გადმოგვქონდა ნივთები, ეს მდუმარე, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა,
ქალი საკრავს მიუჯდა, არად ჩააგდო ახალჩაშავებულ სამოსში გამოწყობილი
თანაზიარები დიდი უბედურებისა და რაღაც მხიარული დაუკრაო.

მიუხედავად აქ ცხოვრების 30 წლისა, მაკრინე მაინც გაუცხოებული გადადის


დედაქალაქის ერთი წერტილიდან-მეორეში.

სვანეთის უღელტეხილი რომ გადმოიარა და სასტუმრო “საქართველოს” დერეფანში


ასაწყობი როიალი დაინახა, რიდით მიუჯდა და შოპენის ბარკაროლა დაუკრა. თავადვე
გაოცებული იმით, რომ მშვიდობის ქუჩაზე თუ კი სევდიანი ნოკტიურნებით აჯერებდა
ზღვის სურნელით ისედაც გაჟღენთილ ჰაერს, აქ, მთელი ცხოვრების უკან დატოვების
შემდეგ ვენეციელი მენავეების სიმღერა, ბარკაროლა ააჟღერეს მისმა თითებმა.
კლავიშებს მიჰყვებოდა ისე, თითქოს ნოტები მის თითებს შორის ქვიშასავით
იფანტებოდნენ. დაკვრის დროს მას ალმაცერად უყურებდნენ ახალმოსახლეები,
ცრემლებს ძლივს რომ იშრობდნენ ღაწვებზე.

დღეს კი ახალ სახლში, სადღაც დიღმის მასივის ბოლოს, სასტუმრო “საქართველოში”


რომ ჰქონდა იმ ოთახის ზომისგან არც ისე განსხვავებულ ბინაში ზის შემორჩენილი
ახლობლებისგან ნაჩუქარ საკრავთან. იყურება დაბალი ფანჯრიდან, რომელიც არც
მავთულხლართებამდელ და არც მათ შემდგომ არსებული სახლისას ჰგავს. იყურება
ბედის ქარისგან სადღაც გადაგდებული ფოთოლი, ჭკნობას შეგუებული მაკრინე და
უკრავს შოპენის ბარკაროლას ვინ იცის მერამდენედ ცხოვრებაში, თუმცა თბილისში
მეორედ და უკანასკნელად. ფორტეპიანოზე უდევს ნიჟარა, შეიძლება ოდესღაც
მშობლიური სანაპიროდან შემონახული, აი ისეთი, წყლის მიმოქცევასთან ერთად
ომსაც რომ გაუძლო და მაკრინეს ნივთებს შორის ხატად დაიდო ბინა. საქმე ის
გახლავთ, რომ ბარკაროლას უკანასკნელად დაკვრის შემდეგ, მაკრინეს გული
გაჩერდება. რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურად თუ გადატანითი მნიშვნელობით.

ამდენი წლის შემდეგ, მეზობლებმა რომ ჰკითხეს სად იცხოვრებდიო, თვალწინ


დაეხატა ოდესღაც ნანახი ავსტრია, იტალია, თბილისის კონსერვატორიისკენ მიმავალი
ქუჩაც კი, მაგრამ გულმა არ უყო და ზღვის ტალღების ხმაურს შორის, ჩურჩულით
უკარნახა-სოხუმში, სოხუმში იცხოვრებდი შენ!

სოხუმში, რომელიც რატომღაც სახლის მონატრებად ვაქციეთ მხოლოდ… გეოგრაფიულ


მცნებად ვაქციეთ რაღაც ბევრად უფრო დიდი, რადგან მხოლოდ სხვაგვარი სიჩუმით,
სხვაგვარი უმეცრებით მივგვარეთ დიდ დათვს შესაწირივით…

რადგან ნიჟარები ერთხელაც აუცილებლად დაბრუნდებიან, მაგრამ მაკრინეს გული ისე


გაჩერდება, რომ ვეღარასდროს მოინახულებს დედის საფლავს. მჯერა, რომ ოდესმე
თბილისში დამარხულს წამოვუღებ იქიდან მიწას, ქვიშასა და ნიჟარებს, დავაყრი
გულზე, მაგრამ გამახსენდება, რომ ომის შემდეგ, არც მაკრინეს, არც ვინმე სხვას ჯერ-
ჯერობით არაფერი გაუკეთებია, აფხაზეთზე ლაპარაკის გარდა…

მე კი, ისევე, როგორც მავთულხლართებს მიღმა ჩემი თანატოლები, თითქოს სხვანი


არადა-ჩვენნი, ვწერთ და ვწერთ იმაზე, რაც გვინახავს და გვსმენია; ვწერთ, რათა
ერთმანეთის ცხოვრება გადავხლართოთ სიტყვებით, სადღაც ენგურის ხიდთან, ორ
პარალელურ სამყაროდ რომ ყოფს იმ მიწას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში
გაივსო სისხლით და ომით. ვწერთ და გვინდა რამე შევცვალოთ, გვინდა დავამყაროთ
მშვიდობა… ის მშვიდობა, რომელზეც არაფერი ვიცით მშვიდობის ქუჩაზე აჟღერებული
ნოკტიურნის და მაკრინე ბებოს მრავლისმომცველი სიჩუმის გარდა…

You might also like