Professional Documents
Culture Documents
ტონინო გუერა
ტონინო გუერა
ვარდის ფურცლები
უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მე რომში დავბრუნდი. ადრე, რაღაც
მოსაზრებების გამო, "კაზანოვას" სცენარის კონტრაქტი დავარღვიე. და აი, კვლავ
აღდგა ჩვენი შეხვედრები ფელინის სამუშაო კაბინეტში, რომელიც იმხანად ვია
სისტინაზე, იმ სახლის სიახლოვეს მდებარეობდა, სადაც გოგოლმა "მკვდარი
სულები" დაწერა. ჩვენ ერთ ძველ იდეას მივუბრუნდით. უკვე რახანია, ფედერიკოს
ამ ფილმის შექმნა სურდა, მაგრამ რაღაც უცნაური მიზეზებისა გამო მუდამ თავს
ანებებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ თვით მოჯადოებული სიუჟეტი
ეურჩებოდა ეკრანს. უკანასკნელად, დეკორაციებიც კი გაამზადეს, მაგრამ უცებ
ფელინი დაავადდა მძიმედ.
ახლა კი მან გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიეყვანა. მეტიც, უნდოდა,
პროდიუსერისათვის ეს სურათი შეეთავაზებინა და არა "კაზანოვა", რომლის
გადასაღებადაც სტუდია "ჩანერიტას" პავილიონებში თადარიგი ჰქონდათ
დაჭერილი. ფელინის აღარ იზიდავდა კაზანოვას თავგადასავლები.
მოულოდნელად, კბილი ამტკივდა; ექიმის დაჟინებული მოთხოვნით ჩამიტარდა
არცთუ რთული ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც ღრძილების მძიმე
დაავადება დამიდგინეს. ყოველივე ამან ფელინი ძლიერ შეაშფოთა. მან ირწმუნა,
რომ ვიღაცის მიერ გათვალულმა სცენარმა თავისი უკეთური ენერგია ჩემზე
მოაგდო.
და აი, ზაფხულის ერთ საღამოს, შებინდებულზე, ასე შვიდი საათისთვის, ჩვენ
კვლავ შევხვდით ერთმანეთს მის კაბინეტში. ჩემ წინ საბეჭდი მანქანა დგას,
საქაღალდეში სცენარის ძველი ვარიანტი დევს. ფელინის რაღაც ყავისფერი პლედი
წაუხურავს და დივანზე მიწოლილა, თეთრი პერანგის საყელო შეხსნია.
ბინდბუნდში გაარჩევ მხოლოდ მის თეთრ პერანგს და ხელს, რომელიც დროდადრო
თითქოს სხეულს გამოერიდაო, ჰაერში დაეკიდება, შემდეგ კი თავისკენ გასწევს და
შეთხელებულ თმას თითების ბოლოებით შეეხება. დივანის სიახლოვეს მინიანი
დაბალი მაგიდა დგას, მაგიდაზე - ვარდებით სავსე ლარნაკი. ხანგამოშვებით მათ
ფურცლები სწყდება და მაგიდაზე ცვივა. ფელინისკენ რამდენჯერაც არ გავიხედე,
იმდენჯერ უნაზესი ფურცელცვენა დავლანდე. განსაკუთრებით ერთი თეთრი
ვარდი კარგავდა ფურცლებს. მათგან ჰაერში თითქოს რაღაცნაირი თეთრი
ნაკვალევიც კი რჩებოდა.
უცებ, ფედერიკო გაჩუმდა. ბეჭდვას თავი ვანებე. მუშაობისას სხვა დროსაც
შევყოვნებულვართ, ამ პაუზას კი რაღაც უჩვეულო სიახლის განცდა ახლდა.
ფედერიკო დგება და მე დამაშვრალის ამოოხვრა ჩამესმის.
ერთხანს ასე იდგა მომცრო მაგიდასთან. მერე დაიხარა, რამდენიმე ჩამოცვენილი
ფურცელი აიღო, მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა: საერთოდაც, უმჯობესი
იქნება, ამ სცენარს შემდგომ, მოგვიანებით, როგორმე სხვა დროს თუ მივხედავთო.
ფელინი ცალი ხელით ხსნის საქაღალდეს, რომელშიც ძველი ვარიანტი ეგულება,
მეორეთი კი მის სიღრმეში საგულდაგულოდ ყრის ვარდის ფურცლებს; შემდეგ
საქაღალდეს ინახავს ბიუროს ყველაზე ქვედა უჯრაში, სადაც უწესრიგოდ ყრია
ძველისძველი თოჯინები.
ფილმის სახელწოდებისა და სიუჟეტის შესახებ სიტყვაც რომ არ დამცდენია,
მკითხველმა დიდსულოვნად მომიტევოს (ის ხომ მაინც შეიქმნება). იმ დროიდან
მოკიდებული, მისი მეც მეშინია. გეფიცებით, ფელინიმ რომ კვლავ დამირეკოს და
მითხრას, მოდი ერთი, ეს სცენარი სათანადო კონდიციამდე მივიყვანოთო, მხოლოდ
განგების მოიმედე ვიქნები.
კენჭებით მოთამაშენი
"დამახსოვრებული" ყავა
არაფერი
© “არილი”