You are on page 1of 1

მენიუ ძიება

ბურუსი – BURUSI
თენგიზ ვერულავა – TENGIZ VERULAVA

რევაზ ინანიშვილი –
თოჯინის თვალით
რევაზ ინანიშვილი – Revaz Inanishvili (1926
– 1991)

რევაზ ინანიშვილი – თოჯინის თვალით

ხაშმი

ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი


მაინცა და მაინც საამაყოდ არ ჟღერს, საბა მას
,,ავჰაეროვანსა და უმავშნოს” უწოდებს;
ბებიაჩემი ნინოც მიყვებოდა ხოლმე, –
კომშებივით იყვნენ დაყვითლებულნი და
დაბუსუსებულნი ციებისაგან ჩვენებურები;
გამოვიდოდნენ დასხდებოდნენ მყუდროებში
თავწახვეულები, სწორად ვერ სხდებოდნენ,
ტყირპები ჰქონდათ დასიებულები,
გადახრილები იყვნენ საცოდავადო. მეც კი
მახსოვს ციებიანები, მიყუდებულები
მზემიმდგარ კედელთან, მაგრამ მიუხედავად
ამისა, ხაშმი მიკარგული სოფელი არასოდეს
ყოფილა.
ჯერ ის რად ღირს, რომ რამდენიმე კომლს
დღესაც სჯერა, რომ შთამომავლები არიან
სახელგანთქმული კაწარელებისა.
კაწარეთიდან მათი პაპისპაპანი
ჩამოსახლებულან ძველ ხაშმში, ივრისა და
ლაფიანხევის შესართავთან, იქიდან, ნაწილს
ცოტა ქვემოთაც ჩამოუწევიათ, ფიქლიანის
აღმართის დაბლა, საბოლოოდ კი ახლანდელ
ადგილას დამკვიდრებულან.
აქ, დღევანდელ ქვემო უბანში, ჯერ კიდევ შუა
საუკუნეებში ყოფილა კარგად შეკრული
მონასტერისა. ნაწილი უდაბნოს იოანე
ნათლისმცემლის ირგვლივ ჩანს ხაშმელთა
ყველაზე ძველი სახლები. აქაური კაცი, დიდი
ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, 1844 წლის
რუსულ ”სოვრემენიკში” წერს: სერისკენ რომ
გახედავ, დაბლითა შემაღლებაზე დაინახავთ
ახალაღმართულ წმინდა გიორგის მშვენიერ
ეკლესიასო. ესე იგი, ზემო უბანი მაშინ ჯერ
კიდევ არ ჩანს ეკლესიის იქით.
უფრო ადრე, რუსთა წინააღმდეგ-კახეთის
აჯანყების დღეებში, 1812 წელს, ხაშმს დიდად
უმედგრია. ამაზე მეტი დიდი და პატარა
შეჰკვდომია რუსის ჯარს. რუსებსაც სათანადოდ
დაუფასებიათ ეს სიმამაცე, ცეცხლისთვის
მიუციათ სოფელი. მაგრამ დღეს ხაშმი დიდი
სოფელია, რვაასამდე კომლს ითვლის. არ ვიცი,
რამდენად ზუსტია ეს ცნობა, მაგრამ, ამბობენ,
მარტო მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი
ორმოცზე მეტი კაციაო აქაური. ხაშმელები
ძალიან მხრებგაშლილები დადიან.
დავბადებულვარ აქ, ამ სოფელში,
ქვემოუბანში, ჩრდილოეთისკენ ყველაზე
განაპირებულ სახლში, 1926 წლის დეკემბრის
ოცის განთიადისას. მაშინვე უფრინებიათ
მახარობლად ჩვენი მეზობელი გვარიძიანთ
ქეთო დედაჩემის მამასთან. პაპაჩემს, გიორგის,
მეტსახელად ლიტრიძირს, ვერცხლის
მანეთიანი უჩუქებია სამახარობლო. აი,
ამოდენა მანეთიანი იყოო, მოამგვალებდა
ცერითა და საჩვენებული თითით ქეთო,
თვითონ კიდევ, პაპას, აუკიდია კარგად
მოზრდილი გოჭი და თოვაში ჭყივილ-
ჭყივილით გადმოუყვანია ჩვენთან, –
ძეობისთვის დაგჭირდებათო. მაგრამ დედაჩემი
მშობიარობის თანავე ცუდად გამხდარა,
გოჭისთვის კარგად ვერ მიუხედიათ და
მოჰკვდომიათ. ჩემთვის კიდევ რამდენიმე
დღეს კი უწოვებია დედაჩემს და დაწყებულა
ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუა ჩემი მაწოვებდა
თურმე (კოჭლი, ძალიან ნერვიული ქალი) ხან
მეზობელი პატარძლები.
-ისეთი გამხდარი იყავი, შვილო, სულ
მეტირებოდა, ხელში რომ აგიყვანდიო –
მეტყოდა ხოლმე დედა. სამაგიეროდ,
მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული
ჩამინერგა ღმერთმა. სულ მეჩვენებოდა, რომ
ნათესავები და მოკეთეები იყვნენ ყველანი
ჩემს ირგვლივ. დაცოლშვილებულსაც კი ისე
მომეფერებოდნენ ჩემი უბნელი ნუცა ძალო,
ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვანი, თითქოს
ისევ პატარა ვყოფილიყავი. რა კარგები იყვნენ
ეს გარჯასა და ჯაფაში თვალებდაქანცული
ქალები! ვაი, რომ ვერავითარი სასიხარულოთი
ვერ აღვნიშნე მათი ტკბილი ამაგი!.. ვერც მათი,
ვერც სოფლისა. ან წყალი გამეყვანა, ან გზა, ან
ბიბლიოთეკა ამეშენებინა! მე ისიც კი ვერ
შევძელ, ჩემი ეზო _ ყურესთვის მიმეხედა,
როგორც საჭიროა. წლები გადის, ფეხიც კი არ
დამიდგამს ჩემს ეზოში. ღამით კი, სიზმრებში,
ხშირად ვარ იქ. ათეული წელია, უჯარმაში
ვატარებ ზაფხულის ორ თვეს მაინც, უჯარმას
არასოდეს ვნახულობ სიზმრად, ხაშმში კი,
კვირა არ გავა, იქ არ ვიყო, თან სულ მძიმე
სიზმრებში! ხან ჩემი ეზოს დიდი კაკალია
გამხმარი და ტოტებჩამოლეწილი, მღვრიე
წყალია ბაღჩაში შევარდნილი, ხანაც სახურავი
ენგრევა, ან უკვე ჩანგრევია, ჩვენს სახლს.
შიგაც არავინ არის, არც ჩვენთან, არც
ბიძაჩემთან. ვდგავარ ხოლმე ძირს და ვეძახი
ჩემს ძმას, მერე ბიძაჩემ გიორგის. ხმას არავინ
მცემს. ცივად და შავად იყურებიან ფანჯრები.
ამომიჯდება გული, ავტირდები…
დღისით, ღამის გახსენებისას, ვითომ ვიცინი:
“ხაშმო, ტკბილად შემკობილო, თეატრო და
კლუბიანო, სოფლის თავში მაშტიაო, სოფლის
ბოლოს კუზიანო?, _ ვიმეორებ ჩვენებური მაჩვი
ნიკუას ლექსს, საწყალი მაჩვი ნიკუას იშვიათი
იუმორით თქმულ ლექსს, ვითომ დარდს
ვიშორებ გულიდან, მაგრამ მე და ხაშმმა ხომ
ვიცით, საქმე როგორც არის! თავის მაღლა
აწევა მიჭირს მის წინაშე.

ჩვენი წარმომადგენლობა

ინანიშვილები ძირძველი ხაშმელები არა


ვართ. პაპაჩემის მამას, რევაზს უთხოვია აქაური
ოქრუაშვილების ქალი ბაბალე. ჩვენ და
ბიძაჩემის ოჯახს, დღესაც ოქრუაანი გვქვია.
წარმომავლობით ინანიშვილები წიგნით
კახელები უნდა ვიყვნეთ, უფრო ქიზიყიდან.
რევაზის მამა უფრო სასულიერო პირი ყოფილა,
სამი ვაჟი ჰყოლია – რევაზი და კიდევ ორნი
კონსტანტინე და ვლადიმერი. კონსტანტინე
ოფიცერი გამხდარა, ყირიმის ომში მიუღია
მონაწილეობა (გვქონდა ორი იმდროინდელი
მედალი), ძალიან ვიწრო ჩექმები ჰყვარებია.
კორძები გასჩენია, მოუჭერია, განგრენა
დამართვნია და ვეღარ უშველიათ. ამ
კონსტანტინეს რუსეთიდან ერთი
ნათესავისათვის სამოვარი და ჩაი
გამოუგზავნია, ნათესავს უფიქრია, სამოვარი
თურქული ყალიონია, ჩაი კიდევ _ თუთუნიო და
მოუწევიათ…
მეორე ძმა, ვლადიმერი, ერთ-ერთ პირველ
ქართულ აგრონომად ჩანს. წამიკითხავს მისი
რუსულად დაწერილი წიგნი. ფიქრობ, რომ
ვლადიმერი მშვენიერ ცოდნას ამჟღავნებს
საქმისას. ცოლი ჰყოლია, ვგონებ, გერმანელი.
ვლადიმერი ადრე გარდაიცვალა. ცოლი
საქართველოდან წასულა და თან წაუყვანია
შვიდი წლის ერთადერთი ბიჭი. მას მერე მათი
არაფერი გაუგონია არავის.
რევაზს არ უსწავლია. იმას საბაყლოები ჰქონია
თბილისში, ზედ ~დვარცოვზე~, დახლებში
დახლიდრები ეყენა, თვითონ კიდევ ერთი
“ბოიდაღი” (ტანადი) კაცი, – კრაველის მაღალი
ბოხოხით, ყურთმაჯებიანი ჩოხით, –
შემოიდგამდა დოინჯს და იდგა. მეტსახელად
კონუა რქმევია. ათგირვანქიანი მუშტი
ჰქონებია, კრივში ღრიალით ჰყვარებია ჩასვლა
და ბანებზე გადმომდგარი ქალები
დასძახოდნენ თურმე: ხმის ჩაწყვეტა, კონო!
ცოტა ჩუმად, გულები უსკდებათ ყმაწვილებსო.
მისი ცოლის დისწული, ცნობილი კალატოზი
ესტატე (ომის შემდეგ იძახდა, ას ოცი წლის
ვარო) ამრეზით უყურებდა ყველას, _ ვისა
ჰგავხართ თქვენა, ბიძაჩემს ყურებზე ჰქონდა
გადაწყობილი ულვაშებიო.
ერთხელ ამ კონუას საბაყლოდან ვორონცოვის
ლაქიას (იქნებ სხვა მეფისნაცვალის ან
მთავარმართებლის ლაქიაც იყო, მაგრამ მაშინ
თბილისელები ყველას “ვარანცოვს” ეძახდნენ)
ერთი დიდი საზამთრო წაუღია. საზამთრო ლაყე
გამომდგარა, ლაქიას უკან მოუტანია და
“დოსტებში” მდგარ კონუასთვის მიუხეთქებია.
კონუა სასაცილოდ გაწუწულა,ერთი
ამოუღმუვლია, ერთი დაუკრავს იმ ლაქიისთვის
და “თავის ქვეყანაში სულად გაუმგზავრებია”.
ესაც ესტატეს სიტყვებია .
რაღა თქმა უნდა, რევაზი გაუციმბირებიათ.
დიდხანს ყოფილა კატორღაში, ხოლო იქიდან
რომ დაბრუნებულა, თბილისში აღარც
საბაყლოები ჰქონია, აღარც სახლი. მის ცოლს,
ბაბალეს, ოთხი ბავშვი, სამი ვაჟი და ერთი
ქალი, თავის სამშობლოში ხაშმში წაეყვანა, იქ
ეწეოდა, თურმე, კატორღელის მეუღლის
ჭაპანს. ბოღმით გაგუდული რევაზი ვენახებს
მისდგომია, მუშაობდაო, სანახავად უვლია
ხალხს. თან სვამდა, თურმე. წლისთავზე
გაციებულა ნასვამი, ოფლიანი, არ დაწოლილა,
ვენახში ამოსვლია სული. საწყალი ბაბალე
ახლა ქვრივის ჭაპანში შებმულა. ქმრის
დაკრძალვისთვის ნათლია მღვდლისგან
უსესხნია 30 მანეთი. ჩემს ახალგაზრდობაში
მინახავს ეს ქაღალდები. მეორე წელიწადს 30
მანეთი უკვვე სამასია. ამ ვალის მარტო
სარგებელში ყოველწლიურად სამი-ოთხი
საპალნე ღვინო მიჰქონებია მღვდელს
ოცდათორმეტი წლის განმავლობაში, სანამ
საბჭოთა ხელისუფლება არ დამყარებულა
საქართველოშიც. შემორჩენილი გვაქვს
ბაბალეს ჩანაწერები დათარიღებული ჩყპც _
1888 წლით, რა როგორ იყო და რაში რამდენი
გადაუხდია. აი, ორი პატარა ადგილი: 1. “მაისში
რომ ქალაქ წავედი, ოთხი აბაზი გვარიძეს
მივეცი, ორი აბაზი წყალში რომ გამიყვანეს,
იმათ მივეცი, ერთი აბაზით გზაში პური
ვაჭამევი, იქიდან რომ წამოვედი, ექვსი აბაზი
უჯარმელ კაცს მივეცი”. 2. “თორმეტ თვეს სუ
რაზბორი თვეში ორჯერ მივდიოდი ქალაქშია,
მთელი სოფელი ზოგჯერ თუ ფული
მეხარჯებოდა, ბევრჯერ ჩემ ჯანსა ვხარჯამდი
და ფეხით მივდიოდი და მოვდიოდი”. სულ
იგრძნობა, რა ცრემლის ზღვაც მდგარა ამ
ჩანაწერების უკან.
პაპაჩემი ივანე ადრე დაუქორწინებიათ
ჩვენუბნელსავე ქალზე, ხატიაშვილ ნინოზე (აი,
ამ ხატიაშვილებსაც ჰქონიათ პრეტენზია
კაწარეთელთა შთამომავლობაზე). ყოფილან
ესენი მესაქონლენი და პურის მომყვანები.
საოცრებას წარმოადგენდა მათი ვეება მარნის
მუხის დედაბოძი და თავხე _ შემკული
ჩუქურთმებით. ინანიშვილები და
ოქრუაშვილები, თურმე, მაინც, ცხვირს
უბზუებდნენ ბებიაჩემ ნინოს, გარეგნულადაც,
ალბათ, დიდად თვალმახარას არა
(შავგვრემანი იყო, ტანმომცრო), მაგრამ
ბებიაჩემი ამაყად იტყოდა ხოლმე, _ ამათ წიგნი
იცოდნენ ყველამა, სამაგიეროდ, მე ორმოცი
თუმანი მარტო ქრთამი მქონდა, მზითვებში
კიდევ სხვაო. “წიგნი” ბებიაჩემმაც იცოდა და
კარგადაც, ბუნებით ხომ, ახლა რომ ვფიქრობ
გამორჩეული იყო ყველასგან. ოცდასამი წლისა
დაქვრივებულა, ოთხი შვილი დარჩენია. მაგრამ
ერთხელ, ცამეტი წლის რომ ვიყავი, ეშმაკად
ასეთი რამ წამცდა, – რა გული გაგისკდა მეთქი,
– და მთელ დღეს იტირა, ეგ როგორა მკადრეო.
თავისთვის ჰქონდა რვეულები, ბლოკნოტები,
შიგ ეწერა რევოლიციური სიმღერები, ლექსები.
იქნებ საკუთარი ლექსებიც? ვაი, რომ ახლა
მთლიანად დაკარგულია ჩვენი ძველი
ქაღალდები! არადა თვითონ როგორ
უფრთხილდებოდა…
ერთი ეს მახსოვს მის მეუღლეზე თქმული:
მთელ დესეტინა ყარაბულახის ვენახს რომ
გვიყიდიდნენ “ტორგში”, ის იჯდა და დავითიანს
კითხულობდა.

“ბებია-ჩემი მზე?»

პირველად არ ვწერ მასზე. ჩემი მოთხრობების


რამდენიმე პასაჟი მიძღვნილია მისადმი,
მაგრამ მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება,
ვუყურო მას, არა როგორც მოთხრობის
პერსონაჟს, არამედ ჩვეულებრივ ჩემს
მახლობელ ადამიანს.
როგორც ამ ჩანაწერების დასაწყისშივე
მოგახსენეთ, ჩემი დაბადების შემდეგ დედა
ცუდად გამხდარა, სულ გული მისდიოდა თურმე.
მე ბებიას ვებარე, ის მივლიდა, ის
დამატარებდა სხვათა ძუძუს მოსაწოვებლადაც.
ოცდაორი წლის ვიყავი, ბებია რომ
გარდამეცვალა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს,
სახის ნაკვთები როგორი იყო. ის იყო, საერთოდ
ბებია, თალხებით შემოსილი (მის კაბებს
ყოველთვის ასდიოდა ბუხრის, კვამლისა და
დამწვარი რძის სუნი), ძველ ქართულად
ზრდილი, ტკბილი, თბილი, იმედიანი. საცა ის
იყო, მეც იქ ვიყავი, საცა მე, ბებიაც იქა. თუ
ფეხზე იდგა, კალთაზე ვიყავი მიკრული, თუ
იჯდა, კალთაში ვიჯექი.
ავიდოდა ბაღჩაში და ვენახში სამუშაოდ და მეც
თან მივყავდი. მე დამახურებდა
წვერებწაკვანძული ცვირსახოცის ქუდს,
თვითონ დაიწყებდა ხახვის მარგვლას, ან
პომიდორის ახვევას და, – გამომართვი
ნამგალიო და ბილიკზე დაყარეო, მომაწოდე
სახვევიო, კიდევ მომაწოდე სახვევიო, –
საქმეში გავყავდი. მე მახარებდა ეს, შინ
ნაჯაფარი კაცივით ვბრუნდებოდი. ბებია კი თან
მამუშავებდა, მიხსნიდა, რა რას წარმოადგენდა
ადამიანისათვის. დამამხსოვრდა კარტოფილზე
თქმული: ადრე, შვილო, ჩვენშიაც და სხვაგანაც
ხშირად იცოდა შიმშილობა, ჩამოდგებოდა
რამდენიმე კვირას ძლიერი გვალვა,
მოსწვამდა, მოფშრუკავდა ყვავილობისას
პურეულს და დაიმშეოდა ქვეყანა. მაგრამ მას
შემდეგ, რაც კარტოფილი შემოიტანეს
ამერიკიდან, უპურობა ისე ვეღარ აწუხებს
ადამიანებს, კარტოფილი დიდ სიცხეებს
ასწრებს, მაწევრობით კი დიდად არ
ჩამოუვარდება პურს, თან დიდი მოსავალიც
იცისო.
აიელვებდა ჩვენგან სამხრეთით, სამგორის
გასწვრივ და გაეღიმებოდა ბებიას: ღმერთო,
ღმერთო, ჯავახეთისკენ წვიმს, საქართველოს
პური არ გაუჭირდებაო. ვინ იცის, რა დროიდან
იყო წამოსული ეს რწმენა!
აიღებდა ზაფხულის სიცხეში კიტრს, წააჭრიდა
თავს, და იმ წანაჭრელს მომაკრავდა შუბლზე,
მერე ნათალებსაც მომაკრავდა ცხვირზე,
საფეთქლებზე, ნიკაპზე თვითონაც მიიკრავდა
ნათალებს, თან კიტრს გეახლებოდით, თან იმ
სიჯანსაღის ცერემონიალით ვტკბებოდით.
მაჭმევდა ვაზის პწკალებს, მაყვლის ძალიან
ნორჩ ყლორტებს, ყინტორას და სხვა ხილის
წაკალუკს.
ახლაც ხომ დიდი თავი მაქვს და პატარაობისას
მთლად დიდი მქონია. ერთხელ ერთ უცხო კაცს
უთქვამს ბებიასთვის: ეს ბიჭი ან გენიოსი
გამოვა, ან ოლიგოფრენიო. ბებიას იმ წუთში
ვერ გაუგია. რასაც ნიშნავდა ოლიგოფრენი,
მერე, რომ უთქვამთ, გაცეცხლებულა, –
დაუბრმავდეს თვალები, ჩემი ბიჭის თვალების
პატრონს ოლიგოფრენობისა რა შეატყოო. ეს
რომ გავიგე, მეც დავიწყე თვალმოწონება ჩემი
თვალებით, ვახამხამებდი და ვახამხამებდი.
ახლა ამაზე შეაწუხა ბებიამ გული, – ვაიმეო, რა
გემართებაო! თავშიშველი რომ დადიხარ
მზეში, მაგიტომაო.
წლისა რომ გავმხდარვარ, – წინათ ჩვენში
ასეთი რწმენა ჰქონდათ. დავუსვივარ,
შემოუყრიათ ირგვლივ სხვადასხვა ხელობის
იარაღები: კოჭებიანი საანგარიშო, წალდი,
სადგისი, ასტამი, კალამი, ნალი, ხერხი და სხვა
რაღაცები. რასაც პირველად მოჰკიდებდა
ბავშვი ხელს, იმ ხელობის კაცი გამოვიდოდა.
ბებია მეტყოდა ხოლმე, შენო კალამს დასწვდი
მაშინვეო. არა მჯერა, ერთი წლის ბავშვმა,
კოჭებიანი საანგარიშოს გვერდით, კალამს
წაატანოს ხელი, მაგრამ ეგრე იყოო,
დაუდასტურებია დედასაც, და მეც, მეტი რაღა
ძალაა, ვუჯერებ.
წერა-კითხვა ძალიან პატარას მასწავლა
ბებიამ. სულ კარგად მახსოვს წერა-კითხვაც
მასწავლა და დათვლაც. დათვლა მარტო
ქართულად კი არ რუსულადაც და
თათრულადაც. გამორჩეულად მსიამოვნებდა ეს
თათრული დათვლა. ერთხელ მამიდაჩემის
მულის ქმარი, მენშევიკური მთავრობის ფოსტა-
ტელეგრაფის ნამინისტრალი დავით
ჭიაბერაშვილი იყო ჩვენთან სტუმრად. რომ
ნახა, რეები ვიცოდი, საათის ცნობასაც
გასწავლიო. აიბჯინა მსხვილი, კორძებიანი
ხელჯოხი, დაიხარა და დამიწყო ახსნა- რა
როგორც იყო ჩვენს ენიან საათზე საამურად
რომ გაჰქონდა ტიკტაკი. ჩანს, ისე ნათლად
ამიხსნა ყველაფერი, ის დღე იყო და საათის
ცნობაც ვიცოდი.
თუ ჟინჟღლავდა, რა თქმა უნდა, ზაფხულში
ბებია და მე ვისხედით აივანზე და
გადავყურებდით ქვეყანას. ტახტზე მქონდა
აკრეფილი ფეხები და რაიმე თბილიც
წაფარებული. ჩვენს წინ და ზემოთ სახლები არ
იყო. წინ იყო ჩანისნული დიდი ივრის ჭალა,
ზემოთ -სულ ვენახები. იმ ჭალაში ვენახებში და
გორაკებში იდუმალებით გამოირჩეოდა ორი
მთა, ერთი ამბარა, მწოლიარე კაცი კეხიანი
ცხვირით ამომართული მაღლა, მეორე იალნო,
დიდი იალნო. Bბებია მიყვებოდა ბიბლიურ
ამბებს: როგორ წახდა ქვეყნიერება, მართალს
რომ აღარ ამბობდა აღარავინ, როგორ უბრძანა
უფალმა ნოეს, აეგო კიდობანი… ააგო ნოემ
კიდობანი უზარმაზარი, შეიყვანა შიგ ყოველი
ცხოველისა და ფრინველის დედალ-მამალი.
დაიწყო წარღვნა. კამეჩი დარჩენილიყო გარეთ.
-ნოე! ნოე! ნოე! -იძახდა საბრალობლად.
შეიყვანა კიდობანში კამეჩიც ნოემ. გაგრძელდა
წარღვნა ორმოცი დღე და ღამე… მთელი
სხეულით განვიცდიდით ამ ამბებს,
ვეხუტებოდით ბებიას…
ბებია მასწავლიდა ძალიან კარგ ლექსებსაც:
“ვარდმა გასძახა ბულბულსა, ეგ ბაღი
დამიცალეო, განა სხვა ბაღი არ არის, რა
ჩემთვის მოიცალეო”, ანდა: “მზეო, ამოდი,
ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი
მოუკლავს, აგერ, საწყალი, გორავსა”,ანდა:
“ნეტამც არ ჩაგძინებოდა, ჩიტო ნიბლიავ,
ნარზედა, წამოგიქროლებს ალალი, წაგიღებს
მაღლა მთაზედა”. სადაც მაღალი მთა-იალნო
იყო, იქ მიჰქონდათ ალალებს ნიბლიები, იქ
ფანტავდენ მათ ნაზ ბუმბულებს. ჩამოჯანღულ,
ჩამოღამებულ იალნოზე დააბოტებდენ დიდი,
წითელპირიანი დათვები, ისხდნენ
ჩასაფრებულნი მაღლა თავაწეული მგლები,
ხროვად გარბოდნენ ჩხავანა ტურები. ზოგჯერ
ტურები მოდიოდენ ჩვენთანაც, ჩვენი კაკლის
ქვეშ, იქ ასტეხდნენ კივილს და გააგიჟებდენ
ძაღლებს…
ყოველი დაძინების წინ მე ვიტყოდი ლექსს:
“დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება,
ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სულ თავით
დამესვენება”. ბებია დამასხამდა პირჯვარს:
“ღმერთო, შენ დასწერე შენი წყალობის
ჯვარი”,- და მშვიდად დამეძინებოდა.
თუ რამდენად ვიყავი შეკვეთილი ბებიასთან,
ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოვყვები.
ციებით დაშინებული ხაშმელები, ვისაც არ
შეეძლო, ზაფხულობით, ერთი-ორი თვით
მეზობელ სოფლებში გადმოდიოდენ. ერთხელ,
მამამ და ბიძაჩემმა, დედის ძმამ, ჩაგვსხეს
მთელი ორი ოჯახი დიდ ფურგუნში, ჩატვირთეს
უკან ლოგინებიც და წაგვიყვანეს მუხროვანში,
ბავშვები ჰაერს გამოიცვლიან და
გაკაჟდებიანო. ბიძაჩემი იქ მუშაობდა, რუსის
ოჯახში ეკავა პატარა სახლის ზედა სართული.
მე მომეწონა ეს მგზავრობა: იორში გასვლა,
ყანებსა და სათიბურებს შორის სიარული,
ჩადაბლებულში პატარა ლურჯი ტბა, მერე
კლდეები, მუხნარი ტყე. მუხროვანში, სანამ
დიდები პურობდნენ (ერთი რუსი მალ-მალ
ყვიროდა, -გაუმარდჟოს!), ჩვენ, პატარები
დავრბოდით, ვიმალებოდით ვეება
ძირხვენებში, მეც ვიცინოდი სხვებთან ერთად,
მაგრამ რომ დაღამდა, ქალებმა ლოგინების
გაშლა დაიწყეს, მე ტირილი ავტეხე-ბებოსთან
მინდა, ბებოსთან მინდა-მეთქი, დამაჭანჭყარა
დედამ, მოიხსნა ქამარი მამამ, მაგრამ არა და
არა, არ გავჩუმდი,- აქ არ დავიძინებ, ბებიასთან
მინდა-მეთქი.
მაშინ მოვიდა ბებიაჩემი,- მოიცათ, ხალხო, არ
გადავრიოთ ყმაწვილიო. შეაბა ფურგუნში
ცხენები, ჩააგო რბილად თივა, ჩამსვა, წამოიღო
პრიალა რუსული შაშხანაც დ აი იმ გვიან
ვახშმობას, საერთო ჩოჩქოლში, წამომიყვანა
ხაშმში. კიდევ კარგი, რომ მთვარე ანათებდა,
თორემ იმ დროს არც თუ უხიფათო იყო იორში
გასვლა. ბიძაჩემმა, ჩემს გასამხნევებლად,
სამჯერ ისროლა შაშხანა, სამჯერვე სულ
შეაჯერა მთები, მერე თვითონ წაუძღვა ცხენებს
წყალში, ისე გავედით გაღმა და შუაღამისას
მიჰგვარა თვისი დიდთავა შვილიშვილი ბებიას.
რომ გავფრიალდი და მივუწყდი კალთაზე, ასე
მგონია იმ კალთაზე მიმეძინა ისევე.
დაუსრულებლივ შემიძლია ლაპარაკი ბებიაზე,
მაგრამ აქ ჯერ-ჯერობით კმარა.

დედა და მამა

დედაჩემი თამარ მამულაშვილების ქალი იყო,


ისიც ხაშმელი, ისიც ქვემოუბნელი. მამამისს,
გიორგის, ზემოთ უკვე ვთქვი, მეტსახელად
ლიტრიძირს, სამი შვილი ჰყავდა, ორი ვაჟი და
დედაჩემი, ყველაზე უმცროსი. ამ გიორგი პაპას
ეძღვნება მოთხრობა “ზამთარი”,მის
ბავშვობას- “ქარი რომ უბერავდა და თან
თოვლის ფიფქები მოჰქონდა”. ეს ბოლო
მოთხრობა მთლიანად დოკუმენტური არ არის.
ამას ბედნიერი დასასრული აქვს (ასე მინდოდა
დამთავრებულიყო მოთხრობა
ბავშვებისათვის), სინამდვილეში კი პატარა და
დაეღუპა.ერთხელ გაცხელებული იყო,
გავარვარებული, მე, ცხრა წლისამ, სულ ცოტა
ხნით დავტოვე მარტო, ბიჭებში გავედი ხმის
ამოსაღებად და რომ დავბრუნდი, გაციებული
დამხვდაო, ცრემლები კი ისევ ედგა ღია
თვალებშიო.
მოიჭერდა პაპა ხელს შუბლზე, დახუჭავდა
თვალებს.
დედ-მამით ობოლს, იმდენნაირი გაჭირვება
ჰქონდა გადატანილი ბავშვობაში, ათ კაცს
ეყოფოდა ხასიათის გაძაღლებისათვის.
Pპატარა დაც რომ მომიკვდა და მთლად მარტო
დავრჩი ჩვენს პატარა ქოხში, მე და ერთი ჩემი
ამხანაგი, ისიც დედ-მამით ობოლი, წმინდა
გიორგის ეკლესიაში გადავსახლდით, იქ ერთი
პატარა მინაშენი იყო, იქ ვიყავით
მობღუნძულები. Mმოდიოდენენ ეკლესიაში და
მოგვიკითხამდენენ ხოლმე ვინ რით, ვინ რით.
ერთხელ ერთ ჭექა-ქუხილიან ღამეს, ნათელი
სიზმარი ვნახე: დაჭექა ცამ, გაირღვა
ღრუბლები, გამობრწყინდა წმინდა გიორგი-
თეთრ ცხენზე, მაღალი შუბით-დამადგა თავზე
და მკითხა მკაცრად,: ქონება გინდაო თუ
ჯანმრთელობაო? მე მაციებდა, სულ ცუდად
ვიყავი, ქონებას რა თავში ვიხლიდი,
ჯანმრთელობა- მეთქი. ასრულდესო! ასწია
შუბი და წავიდა, შეერია ღრუბლებს. ამხანაგმა
რომ გაიღვიძა და სიზმარი ვუამბე, ჩხუბი
დამიწყო, ცარიელი ჯანმრთელობა რას
გამოგიყრის, ქონება უნდა გეთხოვაო. მაგრამ იმ
დღიდან ჩემი ბედის ბორბალმა სულ წაღმა
იწყო ტრიალი. წამიყვანა სოფლის `ბორჩიკმა~
(ალბათ, გადასახადების ამკრეფმა), დამბანა,
ჩამაცვა, შვილივით მომიარა,-მე ხომ ცეცხლის
კალოში ჩავდგებოდი, იმას რომ ეთქვა,-ბოლოს
საქმეშიც გამიყვანა და ბებიათქვენიც იმან
მათხოვნინა, ჩვენი სოფიო. ბებია
გოგნიაშვილების ქალი იყო. ნაყვავილარი
სახისა, მაგრამ საოცრად მხნე.A
?სოფიოს საკმაოდ დიდი მამული მოჰყვა
მზითევად. პაპაც დაუღლელი იყო, ბებიაც,
საზრისიანობაც არ აკლდათ და ბოლოს ისეთი
ძლიერი ოჯახი ჰქონდათ, ეს დრო რომ დადგა,
გააკულაკეს. კიდევ კარგიო, ვიღაც დიდ კაცს
აქებდა პაპა (ესაც ნათქვამი მაქვს მოთხრობა
`ზამთარში~), იმ კაცმა გადამარჩინაო.
ოცდაჩვიდმეტში მაინც დაიჭირეს 69 წლისა და
აქვე, ნავთლუღის ბოლოზე დახვრიტეს.
აი, ამ ძლიერი ოჯახის ნანატრი ქალიშვილი
იყო დედაჩემი, ქალაქშიც ნასწავლი, თვით
ახალგიმნაზიაში (ახლანდელი უნივერსიტეტის
შენობაში), წიგნების მოყვარული. რასაც დედა
იტყოდა, მათი ოჯახისათვის კანონი იყო.
გიმნაზიაშიც დიდხანს არ უსწავლია. ომი იყო,
ძალიან ჭირდა, თან უცხო ოჯახში იყო
მიბარებული და, ერთხელ რომ პაპაჩემი
ჩასულა, გამოჰყოლია, საბოლოოდ
დაბრუნებულა თავის სოფელში. აქ უკვე
ჰყვარებია მამაჩემი. მე ცამეტი წლისა ვიყავი,
რომ გადავირიეთ, მამათქვენი კიდევ

You might also like