You are on page 1of 1383

დავით კლდიაშვილი

კრებული
როსტომ მანველიძე
მანველიძეები იმერეთის აზნაურთა გვარს ეკუთვნიან; იმ
გარემოებით, რომ არც ერთ მანველიძეთაგანს
გადათქმული გვარი არ რქმევია, რაც ხშირად იციან
იმერეთში მომრავლებულ მოგვარეთა გასარჩევად,
დიდად იწონებდნენ თავს და ამ შემთხვევას ისე
ხსნიდნენ, თითქოს მათთან მორიდებისა და შიშის გამო
ვერ უბედავდნენ გვარის გადარქმევას.

თავიანთ გვარის წარჩინებულებაზე სიტყვა მუდამ ენაზე


ეკერათ და ამ წარჩინებულების დასასაბუთებლად
მოჰყავდათ ამბავი, ვითომ ერთ მეფეს, რომელს -
ბაგრატს, ფარნაოზს თუ ალექსანდრეს - ამას გვარში
დაცული ზეპირგადმოცემა გარკვევით არ აღნიშნავდა,
ერთი მანველიძეთაგანი კარის კაცად ჰყოლია. ისე
დაწინაურებულა, რომ მეფეს მისთვის
სახლთუხუცესობაც კი უბოძებია. თუმცა მოკლე ხნით
შერჩენია ეს საპატიო თანამდებობა, რადგან
ჩვეულებრივი არეულობა მომხდარა, მეფე გადაუგდიათ,
მოუკლავთ და ამასთან ერთად დაღუპულა მისი
მსახური, ისე რომ მისი სახელიც კი დაკარგულა.

ამ ზღაპრული სახლთუხუცესის შემდეგ მანველიძეთა


გვარი მაინცდამაინც არავის უსახელებია, თუ სათვალავში
არ მივიღებთ რამდენიმე ყმაწვილს, რომელთაც მათმა არა
საკადრისმა საქციელმა ციმბირში ამოაყოფინა თავი.
მაგრამ მანველიძეებს მაინც დიდად მოჰქონდათ თავი,
ძვირად თუ ვისმეს იტოლებდნენ და სხვა აზნაურებში
არჩევდნენ თავიანთ თავს.

რადგან მანველიძეთა დიდება ბუნდოვანი წარსულის


ამბებზე იყო დამყარებული, იგი ადვილად დავიწყებას
ეძლეოდა და საჭირო ხდებოდა ხშირხშირად ამ შორეული
ამბების გახსენება და ჩაგონება სხვებისათვის, ნამეტურ
იმ ვიგინდარებისათვის, რომლებმაც ამ ბოლო დროს თავი
წამოჰყვეს და ტუტუცურად ტუჩს უბზუებდნენ
წარსულისაგან ნაანდერძევ დიდებულებას და
დასცინოდნენ ზღაპრულ ამბებზე აშენებულ ამაყობას.
ამგვარ ჩაგონებას არა ერთხელ გამოუწვევია აყალმაყალი,
ბევრი უსიამოვნება შეუხვედრებია მანველიძეთათვის,
მაგრამ ესენი მაინც თავისას არ იშლიდნენ და არავითარ
შფოთს არ ერიდებოდნენ. ამგვარმა დაურიდებლობამ
ამას წინათ, მაგალითად, მხიარული ქორწილი
გააუგემურა და კინაღამ სისხლითაც შეღება.

ერთი მანველიძეთაგანი საკმარისად ჩამოქვეითებული


თავადის ქალზე იწერდა ჯვარს. სიძის სახლიკაცმა
სახელდახელო შემთხვევად მიიჩნია აეხსნა შეკრებილ
საზოგადოებისათვის, თუ რა ღირსშესანიშნავი ამბავი
ხდებოდა, აეხსნა, რომ დიდებულ სახლთუხუცესის და
სხვათა გამოჩენილ მანველიძეთა შთამომავალი
ანახლებდა კავშირს მათსავით დიდებული თავადის
ოჯახთან, რომლის წინაშე ერთ დროს თრთოდა მთელი
ქვემო მხარე, და ამ განახლებული კავშირით ვითომ
საფუძველი ეყრებოდა ქვემო და ზემო მხართა
აღორძინებას და აყვავებას ამ ორ გვართა გავლენის ქვეშ
იმავე დიდებით, როგორც ეს წინათ ყოფილა.

რასაკვირველია, მჭევრმეტყველის განმარტება


გაზვიადებული იყო, ახსნა სრულიად უსაჭირო და
უმნიშვნელო. სამაგიეროდ ზოგიერთთათვის საოხუნჯო
მასალად გამოსადეგი აღმოჩნდა, რამაც გულზვიადი
ორატორი ისე გააბრაზა, რომ გულმოსულმა თავი ვეღარ
შეიკავა, მთელ საზოგადოებას უშვერი სიტყვებით
მიმართა, და, რაც სრულიად საჭირო აღარ იყო, სიტყვას
ფურთხი მიაყოლა. შეგინების მაგივრად - ერთი ყვირილი,
მიწევ-მოწევა და ჩვეულებრივი ხანჯლებზე ხელის გასმა.

ამგვარი ჩხუბი-დავიდარაბით ცდილობდნენ


მანველიძეები თავიანთი გვარის დიდებულებისა და
წარჩინებულების დაცვას. სხვა გზა ვერ გამოენახათ.
ცხოვრება კი თავისას შვრებოდა: გვარი შეუბრალებელ
კლებაში შეჰყავდა, გადაქაჩულ აზნაურებს უკან-უკან
წევდა, დღედადღე გაჭირვებას უმატებდა. ყველას
ხასიათი გამოუცვალა. ზოგი ისე გაამწარა, რომ ბზიკს
დაამსგავსა, ზოგი ისე გაწყვიტა წელში, რომ ყველაფერზე
გული გაუგრილა და თვით დიდებულ სახლთუხუცესის
ხსენებასაც ავიწყებინებდა.

როსტომ მანველიძე თავის დროზე თავმომწონე


მანველიძე იყო. ყმაწვილობისას გული საგმირო
საქმეებისათვის უძგერდა; სხვებსავით შემთხვევაზე იგიც
გამოწყობილა თოფ-იარაღით, შემჯდარა ცხენზე,
ჯარიანობაში მონაწილეობა მიუღია და ჩხუბსაც
დასწრებია, გულადობა და ვაჟკაცობა გამოუჩენია,
რისთვისაც იუნკრის ჩინითაც ყოფილა დაჯილდოებული.
თავის დროზე იუნკრობაც ხარისხი და ჩინი იყო,
მრავალთათვას სახარბიელო და სანატრელი და საძებარი,
როგორც წარმატებისათვის ერთი საფეხური. მაგრამ
ბედმა ამ საფეხურს როსტომი აღარ გადააშორა. დროთა
ვითარებაში კი ხარისხი ისე გაახუნა, რომ ამ ბოლო დროს
როსტომს საწყენადაც ურჩებოდა, თუ ვინმე გაუხსენებდა
მის იუნკრობას. თუ რამ შერჩა როსტომს მისი
ვაჟკაცობისა და გულადობის მოსაგონებლად - ეს წითელ
კანტჩაყოლებული ლურჯი შარვალი, რომელსაც იგი
ატარებდა, როგორც ცხენოსან ჯარში ნამსახური პირი.

ბატონყმობის გაყრიდან ბედნიერად გამოვიდა როსტომი.


რაღაც მისდა იღბლად შერჩა ერთი ნაყმევი, დღეს მასავით
მოხუცებული დათია, რომელმაც აღარც თავისუფლება
დაეძია, აღარც ცოლი, აღარც შვილი, აღარც საკუთარი
ოჯახი და როსტომს შეეკედლა განუშორებლად.
თავისნება კაცი იყო დათია, მაგრამ მისგან ყველაფერი
მოსათმენი იყო, რადგან როსტომის ოჯახში იგი მოურავიც
იყო, მზარეულიც, ხაბაზიც, თავიცა და ბოლოც. ძალიან
უწყობდა ხელს თავის გუნებაში დათია თავის
ნაბატონარს. მეტად მეცადინეობდა იგი, რომ
მანველიძეთა საკადრისი ცხოვრებით ეცხოვრებინა,
მაგრამ ყოველივე ამაო ხდებოდა. შემოსწრებულ
ცხოვრების შეუბრალებელი პირობები თავისას
შვრებოდნენ - მანველიძის ოჯახი უკან-უკან მიდიოდა,
უკან-უკან მიჩოჩავდა, მუდამ დღე კლებაში იყო.

კეთილშობილება და მასთან შეკავშირებული სხვადასხვა


უფლება უკანასკნელ ხანამდის განუყრელ და
განუშორებელ საკუთრებად მიაჩნდა როსტომს.
კეთილშობილ აზნაურს პატივი ედებოდა, საქვეყნო
საქმეებში ხმა ჰქონდა: არჩევნებში, - მარშლებისა
იქნებოდა თუ ბანკისა, - მონაწილეობის მიღების უფლება
ჰქონდა და კიდეც სარგებლობდა ამ უფლებით.
მართალია, მოლაპარაკე კაცი არასოდეს არ ყოფილა,
მაგრამ მეკენჭე იყო და მის მიმხრობას ცდილობდნენ და
ხშირად ”პრაგონი” შინ მოსვლია ქუთაისში
ჩასასვლელად. ბევრი პატივისცემა ახსოვს იმათგან, ვისაც
მიემხრობოდა როსტომი. გასაოცარი მასპინძლობით
შეგებებიან, დიდად უსიამოვნებიათ და შინ
დაბრუნებულს ბევრი საინტერესო ამბები მოუტანია
ქვეყნის გასაბედნიერებლად გარდახდილი ბრძოლის
შესახებ.

მაგრამ ამ უკანასკნელ ხანებში, ზოგიერთ მყვირალათა


წყალობით, ჯერ ბანკში მოესპო ხმა და გავლენა, შემდეგ,
თვითონ კეთილშობილება ჩამორთმეოდა; მარშლების
არჩევნებშიაც აღარ მიუშვეს და ქუთაისში აღარ
იბარებდნენ, რასაც იგი გაფაციცებით უმალავდა დათიას.
თავადაზნაურთა მიწა-წყალზე შემოღებულმა
გადასახადმა ხომ სულ დაათავა ყოველგვარი დაკლება და
ჩამოთლა, ისე რომ წამოსწრებულმა არეულობამ მხოლოდ
ტყუილი შიში გამოაცდევინა, თორემ ჩამოსართმევი,
ჩამოსათლელი და ჩამოსაკლები ვეღარაფერი მოუნახა
როსტომს.

- გაგვაგლეხკაცონ ბარემც დალოცვილებმა და ის იქნება! -


წამოიძახებდა ხოლმე გულნატკენი როსტომი. - რაღა
შეგვრჩენია: ყოველივე უფლება ჩამოგვერთვა, წაგვერთვა
და ეგ არის!.. რიღათი გაირჩეს კეთილშობილი ადამიანი ამ
ჩემ დათიასაგან, არ ვიცი!.. მადლობა ღმერთს, ქონდეს!
მოვისვენებთ მაინც!.. მეტი რაღა დაგვემართება?

ალბათ, ვერ ამჩნევდა როსტომი, თორემ ყველაფერზე


უარესი იყო ის, რომ მისი ოჯახი ნიავდებოდა,
ცივდებოდა, ინგრეოდა.

ერთი ვაჟი ჰყავდა როსტომს და მისი ასავალ-დასავალი


არავინ იცოდა, ისე გადაიკარგა სადღაც. მეუღლე იყო მისი,
მარიამი, და როგორც ის, ისე როსტომთან შეურცხვენელ
მეუღლეობაში ნაყოლი ოთხი ქალიშვილი ოჯახს
სრულიად გულს არ უდებდნენ, სრულიად არ
დაეძებდნენ, მუდამ საკუთარ ოჯახს გარეთ იყვნენ,
გაურბოდნენ თავიანთ უხალისო ბუდეს, მისვლა-
მოსვლას უნდებოდნენ: ხან ნათესავებში იყვნენ, ხან
კეთილებში, ხან ნაცნობებში, თვითონაც დროს
ატარებდნენ და სხვებსაც ეხმარებოდნენ დროს ტარებაში.
ამაში კი ზედმიწევნით დახელოვდნენ; ზოგმა დაირა
იცოდა შესანიშნავად, ზოგმა სიმღერა, ზოგმა ცეკვა -
ლეკური, უზუნდარა, ბაღდადური და, ხანდახან
მახლობლებთან, კეკ-უოკიც. ქალიშვილები თამამნი,
ლამაზნი და მოხდენილი შეხედულებისანი იყვნენ.

როსტომი ხმას არ იღებდა ქალებისაგან ოჯახის ამგვარ


მივიწყებაზე, შეიძლება იმ მოსაზრებითაც, რომ წლიდან
წლამდის მათი შინ ყოფნა უფრო გაუჭირვებდა ისედაც
გაჭირვებულ ცხოვრებას. სრულიად არ
ეწინააღმდეგებოდა როსტომი ქალებს ასეთ მათ
წანწალზე და ესენიც შემოიხედავდნენ თუ არა ოჯახში,
იქვე იმ ფიქრს და დარდს ეძლეოდნენ, თუ სად და როდის
წასულიყვნენ.

ამასწინათ რაღაც შემთხვევით, დედამაც და


ქალიშვილებმაც თავი მოიყარეს ოჯახში. რამდენიმე დღის
შემდეგ კი ისევ აწრიალდნენ წასასვლელად და
ამისათვის მთელი დღე არბენიეს სოფლად დათია, რომ
ურემი სადმე ენათხოვრებინა სადგურამდის
ჩასასვლელად.
საღამო იყო, დათია რომ დაბრუნდა.

- რა ქენი, ბიჭო?.. - შემოეხვივნენ ქალიშვილები...

- ვერსად ვერ ვიშოვე... არავინ არ გვათხოვა! - თქვა


დათიამ.

ქალიშვილებმა თავი მიანებეს ფუთების კვრას და


შეზრიალდნენ.

- მძულს აქ მოსვლა! - წამოიძახა უფროსმა ქალიშვილმა


თალიკომ.- სიკვდილს უნდა ეღირსო, სანამ აქედან ფეხის
გადადგმას მოახერხებდე ადამიანი! დასწყევლოს
ღმერთმა აქაურობა!

- მე რომ ზეგ ქუთაისში არ ვიქნე, მომკალით და ის იქნება!


- გამწარებით გაიძახოდა ლამაზი ნატალია. - ზეგ ნუციკო
დღეობას იხდის... სიტყვა მივეცი, უსათუოდ ჩამოვალ-
თქვა და დათიას წყალობით ყოველგვარ სიამოვნებას
უნდა ჩამოვრჩე!

- რა დაგემართათ?.. რა მოგივიდათ? არაფერი საშფოთავი


არა გაქვთ - დინჯად წარმოთქვა ქალიშვილების
ახმაურებაზე ოთახში შემოსულმა მარიამმა: - თქვენ
თქვენი საქმე ქენით, რაც წასაღები გაქვთ, არაფერი
დაგრჩეთ... ხვალ ყველანი ერთად წავალთ!.. ბიჭო, მთელი
დღე იარე და ერთი ურმის შოვნა გაგიჭირდა?..-
მიუბრუნდა იგი დათიას.

- ყოველთვის კი აღარ გვათხოვეს, შე დალოცვილო!


ყველას თავისი საქონელი საქნარისათვის ჭირდება...
ტყვილა კი არავინ ზის სახლში! - მიუგო დაღლილმა
დათიამ.
- როსტომ, ეგებ შენ იშოვო სადმე ურემი! - მიმართა
მარიამმა ტახტზე წამოწოლილ ქმარს.

როსტომს თითქოს არ გაეგონოს ნათქვამი, პირველად არც


კი განძრეულა.

- ადექი... ადექი... ნუ გეზარება! - არ ეშვებოდა მარიამი.

როსტომი ზანტად წამოდგა, მოითხოვა ჯოხი და როგორც


იყო ახალუხის ამარა გასწია ამ შეღამებულში ურმის
საძებრად.

- ტყვილა მიდიხარ... არავინ არ გათხოვებს! - გააყოლა


სიტყვა დათიამ.

- გაწყვა შენი ენა! - შეუტია მას უმცროსმა ქალიშვილმა


პელომ.

- არავინ არ გათხოვებსთ! - ჯიუტად გაიმეორა დათიამ.

- რატომ, ბიჭო? - მიეჭრა მარიამი.

- იმიტომ, რომ ბევრი მიდიხართ ერთად... ორ წყებად


წასულიყავით, გერჩიათ... თქვენთვის საქონელს არავინ
დაღლის ამისთანა საქნარიან დროს! - არ იშლიდა თავისას
დათია.

- რჩევას არავინ გკითხავს! - გულმოსულად შეუტია


მარიამმა და გაშორდა.

დათიას სიტყვა გამართლდა; ხარ-ურემი ვერც როსტომმა


იშოვა, ქალიშვილებმა შექნეს ერთი ალიაქოთი. ყოველივე
მათი დაწყებულება იშლებოდა. მარიამის და თალიკოს
დამხვდური - დედულიდან სადგურზე გამოგზავნილი -
უსათუოდ უკან გაბრუნდებოდა, რაკი მათ დანიშნულ
დღეს ჩასულს ვერ ნახავდა, ამგვარივე საქმე მოუვიდოდა
პელოსაც და კატულიასაც, რომელნიც მამიდისას
მიდიოდნენ. ნატალიას ყველაზე უკეთ ჰქონდა საქმე -
ერთი დღე რომ დაგვიანებოდა, ზეგ მაინც ჩავიდოდა
ქუთაისში და ამხანაგის დღეობას არ დააკლდებოდა;
მაგრამ რა: იმ დღის ნამგზავრს, დაღლილს, სად შეეძლო
ისეთი მონაწილეობა მიეღო მოლხენაში, როგორც წინა
დღით მისულს და დასვენებულს! ქალიშვილების
გამწარებას საზღვარი არა ჰქონდა. მარიამიც მეტად
გაჭირვებული იყო. ბევრი ჩაქცევა და ჩანგრევა უნატრეს
სოფელ ადგილებს და განსაკუთრებით თავისას. ბევრი
იწრიალეს, ბევრი იქაქანეს, ბევრიც იკაპასეს და ბოლოს
დედის რჩევაზე შეჩერდნენ: დილა ადრიანად
ადგებოდნენ, ფუთებს დათიას აჰკიდებდნენ, ფეხით
ივლიდნენ რკინიგზის სადგურისაკენ მიმავალ გზაზე
მცხოვრებ პელოს ნათლიის სახლამდის, იქ
გამოართმევდნენ ურემს და მატარებელს ჩაუსწრებდნენ
თავის დროზე.

გადაწყვიტეს და კიდევაც ასე მოიქცნენ მეორე დღეს.

შეღამებული იყო, დათია რომ სადგურიდან დაბრუნდა.


მარტოდ-მარტო დარჩენილი როსტომი მოწყენით უჯდა
ბუხარს და ნაქურჩელის ცეცხლს ეფიცხებოდა.

- ჩაიყვანე? - უხალისოდ შეეკითხა იგი დათიას და თან,


ჩიბუხის ტარის პირიდან გამოუღებლად, ზანტად
გააპურჭყა განზე.

- ჩავიყვანე... - მიუგო დაღლილ-დაქანცულმა დათიამ,


რომელიც ბუხრის გვერდზე მიეყუდა და გაცივებულ
ხელებს თბობა დაუწყო.
- კარგი ქნეს, ფეხით რომ წავიდნენ, თორემ ბევრს
გვარბენინებდნენ, ბიჭო, სანამ გავისტუმრებდით! - თქვა
როსტომმა.

- აბა რა... მოგვეშობოდნენ თუ!

ორთავე მიჩუმდა.

- ხომ არა დაუბარებია რა, ბიჭო? - რამდენიმე ხნის


სიჩუმის შემდეგ იკითხა როსტომმა უფრო იმისთვის, რომ
დათიასთან ლაპარაკში გაბმულიყო, თორემ მისთვის
სულ ერთი იყო, დაბარებულის ასრულებისათვის თავს არ
გაიტეხდა.

- შენთან არაფერი დოუბარებიათ, - მიუგო დათიამ.


- აბა ვისთან, ბიჭო?

- მე დამიბარა ქალბატონმა.

- რაო?

- შეიძლება დამაგვიანდესო და საბუდრები დაბწენიო და


თავის დროზე ქათმები დააჯინეო... შეიძლება ზაფხულზე
სტუმრიანობა შეგვხვდესო... ქათმები ბლომად
დაგვჭირდებაო.

- დიდხანს დამაგვიანდებაო?

- რა ვიცი!.. შეიძლება დამაგვიანდესო... დააგვიანდება


უთუოდ, აბა რა!

- ჰოდა ისე ქენი, როგორც დაგიბარა! - და როსტომმა ისევ


ზანტად გადააპურჭყა.

მუსაიფი შეწყდა. დათიამ მიიტანა დაბალი ხის საჯდომი


და ბატონიც და მოსამსახურეც ხმაამოუღებლად
ეთბობოდნენ მბჟუტავ ნაქურჩელის ცეცხლს. მალე
ორივეს ყვინთიც მოერია.

- უვახშმოდ ვრჩებით, ბიჭო?! - იკითხა რამდენიმე ხნის


შემდეგ, ალბათ, შიმშილისაგან გამოფხიზლებულმა
როსტომმა.

- აბა გამკეთებელი ვინ იყო?! მე თელი დღე გზაში ვიყავი


გაკრული, - მიუგო დათიამ.

- აბა რაღას ვუყურებთ!.. დავწვეთ ბარემაც და ის იქნება...


დილით კი, თუ კაცი ხარ, ცოტა რამ ზაკუსკა მომიხერხე...
როსტომი წამოდგა, გაიზმორა, ერთხელ კიდევ მიუშვირა
ზურგი ბუხარს და, რა იგრძნო სითბო, ერთი
შეხვანხვალდა, შეინძრა და მძიმე, ზანტი ნაბიჯით გასწია
ტახტისაკენ, რომელზედაც დათიამ ქვეშაგებელი
დაუწყო, და მოსასვენებლად მიეგდო.

გდებაში ამოკლებდა უხალისოდ მიმდინარე სიცოცხლის


დღეებს პატიოსანი აზნაური, დიდებული
სახლთუხუცესის მანველიძის შთამომავალი. თითქმის
კარგადაც შეეჩვია იგი ამგვარ გდებას, მაგრამ ხანდახან
მაინც ისევ გაიღვიძებდა მასში წინანდელი მანველიძე და
მაშინ შესაბრალისად მიმართავდა თავის დათიას:

- სულ ასე ვეგდოთ, ბიჭო, ჰა?!

- აბა რას იზამ? - მიუგებდა ერთგული მოსამსახურე,


ერთადერთი არსება, რომელიც მისთვის ზრუნავდა და
რომელსაც სულით და გულით მისთვის კეთილი სურდა.

- ჯორი შემიკაზმე, თუ კაცი ხარ... გევივლი ერთი სადმე...


მეც მომეწყინა, ბიჭო!

- გეიარე მერე... გიშლის ვინმე თუ!

შეჯდებოდა როსტომი თავის გამხდარ. ბებერ ჯორზე,


მიადგებოდა მახლობლად მცხოვრებ რომელიმე ნათესავს
ან მეგობარს, რომ, მწარე გულით მონდომებულს,
ძველებურად მოელხინა და ყმაწვილებთან სმაში
შებმულიყო. მაგრამ მეორე-მესამე ჭიქაზე უკვე მთვრალი
იყო ხოლმე, მეოთხეზე კი ძილი მოეკიდებოდა და
სუფრაზე ხვრინავდა. დაბრუნდებოდა შინ და ისევ
მიეგდებოდა თავის გამოყრუებულ სახლში.

ასეთ ცხოვრებას ატარებს დღეს საწყალი როსტომ


მანველიძე, რომელსაც აღარც სახლთუხუცესის ჯავრი
აქვს, აღარც მარშლების, აღარც ბანკისა, აღარც ოჯახისა;
რომელიც აღარც ცოლის ამბავს კითხულობს, აღარც
შვილებისას, - კარგად არიან, ავად არიან, სად არიან,
ვისთან არიან? თხოვდებიან თუ ისევ ქალიშვილობაშივე
ბერდებიან?

თუ ვინმე საქვეყნო საქმეებზე ჩამოაგდებს მასთან


სიტყვას - ერთი გაჯავრებით ხელს ჩააქნევს, გესლიანად
კარგად შეუკურთხებს და ყველაზე გულგატეხილი,
ყველაფერზე გულდაწყვეტილი, ყველასა და ყველაფერს
ჯანდაბამდის გზას დაულოცავს, მიყუჩდება და ისევ
თავისებურად მიეგდება.

1910 წ.
უბედურება
სურათი ერთ მოქმედებად

მოქმედნი პირნი

მაია
ტუფია
ნატალია
პავლია
ამირანა
ლომინა
ვასილა
რომანოზა
სერაფიონი
სეფე
ილია
ნიკო
პატარა ბიჭი
ანტონა
გლეხები: მამაკაცები და დედაკაცები

მოქმედება პირველი

ანტონას ეზო. მარცხნით, ისლით დახურულ სახლის წინ,


სიღრმეში დიდი ხე, რომლის ძირთან დასაჯდომი ქვებია.
მარცხნით ყორე და წნელის ჭიშკარი, ყორეს გადაღმა
სოფლის გზა.

გამოსვლა პირველი
ილია და მაია

მაია

(სახლის წინ ფოთიარობს. დაინახავს რა ჭიშკართან


მომდგარ ილიას. გაექანება ჭიშკრის გასაღებად). ჩემო
ბატონო... ჩემო სინათლევ! რა კაი დღე გამთენებია!..
მობრძანდი, ჩემო ბატონო! მობრძანდი, შენი ჭირიმე!...

ილია (ყავარჯნებით).

გაგაკვირვე, მაია?..

მაია

უფრო გამახარე, ჩემო ბატონო, უფრო გამახარე!.. შენ


იხარე ათას წელიწადს!..
ილია (ჯდება ხის ძირას).

არა მკითხავ, მაია, რამ გამომარონია ფეხებდამტვრეულ


კაცს ამოდენა გზა?..

მაია

რაკი კარგად მყოფს გხედავ, ამბავიც კარგი იქნება, ჩემო


ბატონო!

ილია

გული მიწუხს, მაია... გული მიწუხს!..

მაია
გული შენს მტერს შეუწუხდა, ჩემო ბატონო!.. რატომ,
რატომ, ჩემო სინათლევ?..

ილია

მა რა იქნება, როცა ყოველ მხრიდან მარტო მწუხარება


გესმის!.. ყველასაგან მარტო ჩივილს თუ გაიგონებ თავის
უსაშველობაზე, თავის გაჭირვებაზე... თავის
გამწარებული ცხოვრების ამბავს თუ მოგიყვება, თორემ
მხიარულ სიტყვას იშვიათად თუ ვისმესაგან გაიგონებ...
ყველა წუხს, ყველა დაღონებულია, ბედის მომჩივანია...
ასე მეჩვენება, თითქოს ქვეყანაზე მწუხარების მეტი არა
იყოს-რა... ყველაფერი უხალისო, უფერული,
ჩამობნელებული მეხატება!..

მაია
რატომ, ჩემო ბატონო, რატომ, ჩემო სინათლევ?..

ილია

ასეა, ასე, ჩემო მაია!.. შევწუხდი, ვეღარ გავძელი სახლში...


ვიფიქრე, რაც რომ გამიჭირდეს, ეზოს გადაღმა გადავალ-
მეთქი... ეგებ ჩემს ეზოს გადაღმა არც ისე უხალისო და
შეწუხებული მეჩვენოს ყველაფერი... ეგებ გული
გამიხსნას ხალხის დანახვამ... ამან ამაღებინა ხელში ეს
ყავარჯნები, გამომარონია ამხელა გზა და მომიყვანა ჩემს
მკურნალთან.

მაია

ეჰ, ჩემო ბატონო, მწუხარება და გაჭირვება არავის


გვაკლია, მაგრამ გულმაგრად უნდა ვიყვეთ მაინც!.. თუ
ვიმწუხარეთ, თუ ვიჯავრეთ მარტო, სულ წავხდებით...
თქვენ უფრო მეტი გულმაგრობა გმართებთ: ნამყოფი და
განათლებული ბრძანდებით... ჩემზე მეტ გამწარებაში და
გაჭირვებაში იქნება ვინმე?! მარა, ასე თუ ისე, ვუძლებ...
ვუძლებ, ჩემო სინათლევ!..

ილია

ნეტავი თქვენ!.. მე კი ეს არის, ყოველი იმედის


დამკარგველი შევიქნე! უკეთეს ცხოვრებას ვეძებდი და
ეს შევიძინე! (ყავარჯნებზე).

მაია

იმედდაკარგული მტერი გიმყოფოს, ჩემო ბატონო,


მტერი!.. იმედით ვართ ყველა, შენი ჭირიმე, იმედით,
თვარა რა გაგვაძლებინებდა!
ილია

იმედი... იმედი...

მაია

კი, ჩემო ბატონო, კი!.. იმედი და მასთან მოთმინებაც, შენი


ჭირი შემეყაროს!

ილია

იმედი და მასთან მოთმინებაც, აჰ?..

მაია

კი, ბატონო, კი! ამით ვუძლებთ ჩვენს ცხოვრებას... სხვა


რა საშვალება მოგვენახება... და გვშველის... შენც ასე
მოიქეც!.. ბევრი მოგითმენია, კიდევ მოითმინე და
ღმერთი და შენი სალოცავი კარგად გამყოფებს!..

ილია

მაშ ასე, მაია - მოთმინება და იმედი... მოთმინება და


იმედიანად ყოფნა, ა?..

მაია

სწორედ!.. რაც გაგვეწყოს, მოვითმინოთ... ვინ იცის,


საწინაოდ რა მოგველის!.. დღეს ვწუხვარ, ხვალ ეგებ
მხიარული დღე გვითენდება... ვინ იცის, ყველაფერი
მოსალოდნელია... გულს ნუ გევიტეხავთ... იმედს ნუ
დავკარგავთ!..

ილია
ეჰ, კარგია, ვისაც ეგ შეუძლია, ჩემო მაია!..

მაია

უნდა შევძლოთ, ჩემო სინათლევ!..

ილია

კაი დაგემართოს, მარა ეს შენი იმედები კარგა ხანია


მესმის, ჩემო მაია; შენზე იმედიც დიდი მქონია,
მოთმინებაც არ დამიკლია, მაგრამ, ა, ისევ ამ ჯოხებით
დავდივარ!..

მაია

კიდევ მოთმინება, ჩემო სინათლევ!.. კიდევ მოთმინება!..


ილია

ჰოო!..

მაია

ცუდი გაზაფხული გვქონდა, შენ გენაცვალე... ვერაფერმა


ნაყოფმა ვერ იხეირა, ძალა ვერ გამოიტანა დედამიწიდან...
თვარა ჩემი ბალახებით რამდენი და რანაირი ავადმყოფი
არ მომირჩენია!.. დღეის ამბავი ქე მოვითმინოთ,
ხვალინდელ დღეზე იმედით ვიყვეთ... ღმერთი უკეთეს
გაზაფხულს შეგვასწრებს და ყველას შუბლი
გაგვეხსნება... ყველას გვესაშვალება და შენც, ჩემო
ბატონო, ჩემო სინათლევ?.. ღმერთი ისე არ დაგტოვებს
მისგან გაჩენილს!..
ილია

მოვესწრებით კი კაი გაზაფხულს?

მაია

კი მოვესწრებით!.. ღმერთი ყველაფერს მოგვასწრებს -


ავსაც და კარგსაც, ჩემო ბატონო!..

ილია

ოღონდ იმედით ვიყოთ?!

მაია

ოღონდ იმედით ვიყოთ.


ილია

ასე რომ, მაია ჩემო, პირველი წამალი იმედი და


მოთმინება ყოფილა, ა?

მაია

სწორედ!.. სწორედ!..

ილია

სწორედ რომ ნამდვილი მკურნალი ხარ, მაია!.. თუ შენი


ბალახებით ვერ არჩენ, შენი ე მაგ სიტყვით... შენი ე მაგ
ნაქვამის კილოთი, უნდა გითხრა, სწორედ კურნავ
ჩემისთანა გულდამწუხარებულს და აი ამიტომაც
მიყვარს შენთან მუსაიფი და ამიტომაც არ შევმცდარვარ,
როცა შენსკენ გამოვსწიე გულშეწუხებულმა... რომ
გამეგონა შენი ეს საუცხოვო მოთმინება და იმედი!..
იცოცხლე, იცოცხლე, მაია! შენი ეგ სიტყვები, მე და ჩემმა
ღმერთმა, ნამდვილი წამალია!.. მაშ ასე, ჩემო კარგო მაია,
მოთმინება და იმედი!.. მოთმინება და იმედი!..

მაია

კი, ბატონო, კი! კი, შენი ჭირი შემეყაროს!

გამოსვლა მეორე

იგინივე, ტუფია და ნატალია

ტუფია

(ჭიშკართან მომდგარი ფიჩხით მხარზე).


ნატალია, ნატალია, შე დაწყევლილო!.. შე შეჩვენებულო!..
გამომხედე, გამომხედე, შე თვალდამდგარო!.. მოვკვდი,
აღარ ვარ მეტი! გააღე ეს დასაწვავი!..

მაია (სახლისკენ)

ნატალია, გახედე, შვილო!.. დედაშენია ჭიშკართან!


(ნატალია გამოვარდება და მიირბენს ჭიშკართან
გასაღებად).

ტუფია

ჩაიკეტებით, სასიკვდილე!.. რა გაქვთ ჩასაკეტავი?..


გავწყდი წელში... მოგესპოთ სიცოცხლე!

ნატალია
სტუმარია, დედა!

ტუფია

(გადმოხურულში დაჰყრის ფიჩხს).

უიმე!.. მაპატიეთ უზრდელობა... ასე მხეცურად


მოვვარდი... ვერ დაგინახეთ!..

ილია

რა ბოდიშს იხდი, ტუფია?

ტუფია

თავს ვეღარ ვერევი, ჩემო ბატონო!.. სულ მწუხარებაში,


სულ უბედურებაში ყოფნამ გული დაასუსტა, ჩემო
ბატონო, და ჭკუაც!..

ილია

რატომ, შე ქალო, მერე?.. დედამთილი აგერ გვერდით


გყავს, რომელმაც მაგის საწინააღმდეგო მშვენიერი
წამალი იცის!.

ტუფია

რა წამალი, ბატონო? რა წამალი?

ილია

რა და მოთმინება და... მოთმინება და იმედით ყოფნა! ასე


არაა. მაია?.. ა?
მაია

(რომელიც ფიჩხს ალაგებდა).

კი, ბატონო, კი, მაგრამ მას ვერ ვასწავლე ეს და ვერ


დავაჯერე!..

ილია

რატომ, რატომ, ტუფია?

ტუფია

ვაი, ჩემო ბატონო!.. მაგის დასწავლა არ გაგვიძნელდება...


ჩვენდა უნებურად სულ მოთმინებაში არა ვართ,
ბატონო?! მაგრამ რო არაფერი გამოდის!.. მოთმინებაც
გვეკარგება, ჩემო ბატონო...
ილია

იმედი ხომ გრჩება?

ტუფია

რისი იმედი, რისი იმედი, ჩემო ბატონო? რისი იმედი


მქონდეს?.. ეჰ, მეტსაც მოვითმენ, ოღონდ კაცი მყავდეს
კარგად!

ილია

როგორ, ავათაა ანტონა თუ?

ტუფია
ავადაა, ბატონო, ავად! აღარა ვარ ჯავრით! ეს ერთი ხანია
ცუდად გრძნობს თავს... ჩემ გონებაზე აღარ ვარ. რომ რამე
უარესი შეემთხვას, რომ დაგვივარდეს, რა გვეშველება,
რამ დაგვარჩინოს?! უიმისოთ სისაწყლეში ვყრივართ!..
ვინ იქნება ჩვენი გამკითხავი, ჩვენი შემხედვარე, ჩვენი
შემწყალე, ჩვენი შემბრალე?!

მაია

რატომ ვინ იქნება?.. ღმერთი, შვილო, ღმერთი!..

ტუფია

ღმერთს ჩვენთვის, ეტყობა, არ ცალია...

მაია
ჩვენთვისაც მოიცლის... მოიცლის, შვილო!..

ილია

სად არის ახლა ანტონა?

ტუფია

სად იქნება, ჩემო ბატონო? ყანაშია... სამუშევარში...

ილია

ავადმყოფ კაცს ყანაში რად უშვებთ, თქვე


დალოცვილებო?.. უნდა დაასვენოთ!..

ტუფია
უიმე, ჩემო ბატონო, ჩვენთვის დასვენება ვის გაუგონია!..
მიწას მივებარებით - აჰ, მაშინ იქნება ჩვენთვის
დასვენება!.. სანამ ცოცხალი ვართ, რა დაგვასვენებს!..
ამდენი სამუშევარია, ამდენი საქნარი... სად შეგვიძლია
დასვენებაზე ვიფიქროთ!.. წელზე ფეხს ვიდგამთ, მაინც
გაჯახირებაში ვართ, დასვენებაზე ფიქრს რომ მივეცეთ,
სულ არ ამოვწყდებით? ჩემი დასვენება მიწაში იქნება,
ჩემო ბატონო, მიწაში!..

გამოსვლა მესამე

იგინივე და ამირანა

ტუფია (ამირანას).

უიმე, ეს ახლა მოდის!!


ამირანა

(მოხუცებული, ჯოხით ხელში. წალდი წელში აქვს


გარჭობილი).

დილა მშვიდობისა... დილა მშვიდობისა, ბატონო ილია!


დილა მშვიდობისა, ტუფია!

ილია

ამირანას გაუმარჯოს!.. გაუმარჯოს ამირანას!

ტუფია

შე კაცო, მე ყანაში მეგონე ანტონასთან, შენ კი...

ამირანა
აბა, აბა!.. მოხმარებას შევპირდი, მარა ამ დილას ამბავი
მომიტანეს - მთაში პაწია ყანა მაქვს - საქონელს
გადაუჭამიაო... წევედი დასახედავად... ნეტავი არ მენახა!
ყანა სულ გოუოხრებია ვიღაც სულწაწყმენდილის
საქონელს!.. ვერ გევიგე, ვისი ყოფილა... გევიგებ კი...
უნდა გევიგო!.. აბა, კაცის ასე ამოგდება შეიძლება?! რამ
უნდა დამარჩინოს?.. ის იყო ჩემი იმედი, ჩემი
საცხოვრებელი!.. თვარა უსათუოდ მოვეხმარებოდი,
უსათუოდ!..

ტუფია

როდი შეგაწუხებდი, ამირანა, მარა რა ვქნა: კაცი


უღონოთაა, ვისაც ვთხოვე - არ გვცალიაო... სამარგლავი კი
დაგვიგვიანდა... ვეღარაფერი გავაწყვეთ!..
ამირანა

უსათუოდ, უსათუოდ მოვეხმარები!.. კარგად ვერც მე


ვარ, მარა... რა ვქნა!.. უსათუოდ მოვეხმარები!..

ტუფია

ძალიან დაგიმადლი, ამირანა, მეტი აღარ შეიძლება!..

ილია

ტუფია, თუ ქალი ხარ, მე ნუ მომერიდები, შენს საქნარს


მიხედე!.. მე რომ აქ ასე ვზივარ, ესეც დიდად სასიამოვნოა
ჩემთვის... მერე კიდევ, აგერ მე და ამირანაც
წევიმუსაიფებთ...

ტუფია
უკაცრავად, ჩემო ბატონო, უკაცრავად!.. (შედის სახლში).

ილია

აბა, კიდევ ყოჩაღად ყოფილხარ, ამირანა... შენს


სამუშევარსაც ასწრებ და სხვასაც ეხმარები!..

ამირანა

თავს ვეძალები, შენი ჭირი შემეყაროს! თავს ვეძალები,


თვარა ჩემი ხნის ადამიანს რაღა მუშაობა უნდა
შემეძლოს!.. თავს ვეძალები!

ილია

რამდენი წლისა იქნები, ამირანა?


ამირანა

მე?.. თუ მეტისა არა, ოთხმოცის უსათუოდ ვარ, შენი ჭირი


შემეყაროს!..

ილია

და მუშაობ კიდევ?

ამირანა

აბა, რა ვქნა?! ვინაა შემხედვარე? ვინაა გამკითხავი, შენი


ჭირი შემეყაროს!..

ილია
ბედნიერი კაცი ხარ, ამირანა!

ამირანა

რითი, შენი ჭირი შემეყაროს?.. ა?!. რითი უნდა ვიყო


ბედნიერი?

ილია

ასე ყოჩაღად ხარ...

ამირანა

ყოჩაღად, შენი ჭირი შემეყაროს?! აჰ!.. ერთობ მომერია,


ჩემო ბატონო, ხნოვანებაც... ღონემაც მისუსტა და ამასთან
დიდ, დიდ შევიწროებაში ვიმყოფები... რამდენჯერ
გავაპირე შენთან მოსვლა... რჩევა მეკითხა შენთვის...
გზაზე დაგეყენებიე...

ილია

მერე?

ამირანა

ვერ მოვბედე... ვერ შეგაწუხე, შენი ჭირი შემეყაროს!

ილია

ეჰ, ამირანა, არა გრცხვენია?

ამირანა

ახლა კი აგერ ბძანდები და ახლა კი მოგახსენებ და უნდა


დამარიგო... უნდა მირჩიო... რა ვქნა? რავა მოვიქცე?

ილია

რა ამბავია? რაშია საქმე?

ამირანა

რაშია და შვილებმა რომ ასე მომიძულეს და ასე


მიმატოვეს და მიმივიწყეს... ასე საცოდავად რომ
მიმაყრუეს... შეიძლება ასე?! შენ ბრძანებ, რომ ბედნიერი
კაცი ხარო... ბედნიერი კი არა, ჩემისთანა საცოდავად თუა
კიდევ ვინმე, არ ვიცი, არ ვიცი, შენი ჭირი შემეყაროს!.. ამ
ხნის ადამიანი ასე საცოდავად მიმატოვეს, ჩემსას
აღარაფერს კითხულობენ!.. გადავარდნენ ასე უგზო-
უკვლოდ!.. აღარც ოჯახი აგონდებათ, აღარც მე... ცოცხალი
ვარ, მკვდარი ვარ, სულ რომ არ კითხულობენ, შეიძლება
ასეთი ამბავი? აქვთ ამის ნება, შენი ჭირი შემეყაროს?
გამაგებიე, ჩემო ბატონო, არის ასეთი კანონი, ნებას
აძლევდეს მათ ასე მომექცენ? ასე მიმივიწყონ ამ ხნის
კაცი?.. რა უნდა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს, ჩემი ხნის
ადამიანმა, რა? აძლევს კანონი ამის ნებას, ასე
შეუბრალებლად მომექცნენ? ეს გამაგებინე, შენი ჭირი
შემეყაროს! ასე რომ დაცანცალობენ, ვინ იცის სად, და მე
კი უკანასკნელ გაჭირვებაში ვყევარ...

ილია

რას აპირობ მერე, ამირან?

ამირანა

რასა და უნდა ვეახლო მთავრობას. მთავრობამ


მომიდენოს შვილები ჩემს ოჯახში და იყვნენ ჩემს
სიკვდილამდე, მერე კი რავარც უნდათ, ისე ქნან!
სიკვდილამდინ კი მომხედონ. აბა რა ვქნა, შენი ჭირი
შემეყაროს, რა ვქნა, ჩემი ხნის ადამიანმა? შენ უნდა
დამარიგო, რარიგად მოვიქცე, რა გზას დავადგე, რომ
მთავრობას ისინი აქ მოვაყვანიო, მთავრობამ რომ ერთი
კარგად შეუცაცხანოს და ფეთება მისცეს, რომ ასე
უგულოდ ეკიდებიან ჩემი ხნის ადამიანს! კი, ასე მინდა
ვქნა და შენ უნდა დამაყენო გზაზე, შენი ჭირი შემეყაროს!
ჰმ, გოუტკბათ ქალაქის ცხოვრება... თეთრ პურზე
ბრძანდებიან და მე კი ცხელი ჭადი სანატრელი მაქვს,
შენი ჭირი შემეყაროს! უნდა მოვიყვანო, აბა, რა ვქნა, შენი
ჭირი შემეყაროს, ჩემი ხნის ადამიანმა?

ილია

ეჰ, ამირანა, დამიჯერე, თეთრ პურზე უსათუოდ არ არიან


შენი შვილები ქალაქში. ვაი თუ ისინი შენზე უფრო მეტ
გაჭირვებაში იყვნენ! დარწმუნებულიც ვარ, უსათუოდ
ასე იქნება! თეთრი პურის კი არა, შავი პურის ლუკმის
შოვნა ქალაქ ადგილას, შენ არც კი იცი, რა ძნელი
საშოვარია, ჩემო ამირანა!.. აი, ჩემიანებსაც შენსავით
ეგონათ, მეც ბევრი საყვედურები გამიგონია მათგან იმ
დროს, როცა მე გაჭირვებულ ცხოვრებას ვებრძოდი...
მინდოდა, ჩემთვისაც და სხვებისთვისაც უკეთესები
შემეძინა, მაგრამ, ა, ხომ ხედავ, რა შევიძინე:
დამტვრეული გულსაკლავად, ყველას შესაწუხებლად
ვაგდივარ ყმაწვილი კაცი და, ვინ იცის, რა ხანს ვეგდები
კიდევ ასე!.. გაჭირვება თან სდევს, ჩემო ამირანა, ყველას,
გაჭირვებამ გადააგდო შენი შვილები თავიანთ ეზოს
გადაღმა დამერწმუნე, ისინი შენზე მეტ გამწარებაში თუ
არიან, თორემ დალხინებასთან კარგა დაშორებული
იქნებიან უსათუოდ! ნუ უსაყვედურებ შენს შვილებს,
ჩემო ამირანა; იმათ ის გაჭირვება დააწანწალებთ ქალაქის
ქუჩებში ლუკმა-პურის საძებნელად... კი, ჩემო ამირანა,
კი!..

ამირანა

აბა, მე რა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს? რა ვქნა? ასე ვიყო?

ილია

რას იზამ, ჩემო ამირანა! გეუბნები, ყველა გაჭირვებაში


ვართ, ყველას თავთავის გაჭირვება თან გვახლავს და,
ჩვენდა საუბედუროდ, ჯერჯერობით ჩვენს გაჭირვებას
ჩვენ ჩვენი ძალ-ღონით უნდა ვეჭიდოთ, ჩვენი საკუთარი
ძალ-ღონით ვებრძოლოთ!

ამირანა

თუ აღარ შემიძლია, შენი ჭირი შემეყაროს, მაშინ? აღარა


მაქვს არც ღონე და აღარც ძალა, მაშინ? მაშინ რა ვქნა, შენი
ჭირი შემეყაროს, რა ვქნა ჩემი ხნის ადამიანმა, ა?.. თუ არ
შემიძლია? არავინ უნდა მომხედოს? ყველამ უნდა
წამიყრუოს?

ილია

ოჰ, ეგ კარგ კითხვას იძლევი, ჩემო ამირანა, კარგსა და


მაგარ კითხვას იძლევი, ამირანა!

ამირანა

ჰო, რა ვქნა, რა... როცა აღარც ღონეა და აღარც ძალა


მაქვს...ა? (იცინის) ა, მაგარ კითხვას ვიძლევი, შენი ჭირი
შემეყაროს?!.

ილია
სწორედ, კარგ და მაგარ კითხვას იძლევი... ყველასთვის
საგულისხმიერო კითხვას იძლევი, ჩემო ამირანა!

ამირანა

მერე, რა პასუხს მომცემ, შენი ჭირი შემეყაროს, ა?.. რა


პასუხს მომცემ, ა?..

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და პატარა ბიჭი, ღობეზე გადმომდგარი,

მერე ნატალია

პატარა ბიჭი (იძახის)


ნატალია!.. ნატალია!..

ილია

ვიღაცა იძახის!

ამირანა

ვინ ხარ, ბაბუ, ვინ?

ბიჭი

ნატალია! ნატალია!

ილია

რაღაც ამბავი უნდა იყოს, ისეთნაირად იძახის ეს ბოვში!


ამირანა

(კარებისკენ მიდის).

ნატალია, ვიღაც ბოვში იძახის, გამეიხედე!

ნატალია

(გამოდის სახლიდან).

ვინ არი?

ამირანა

ბოვშია ვიღაცა... (ნატალია მიდის ჭიშკართან, ილიას) ა,


მაგარ კითხვას ვიძლევი, ა, შენი ჭირი შემეყაროს?!
ნატალია (შეჰკივლებს)

უიმე! უიმე! (გავარდება ჭიშკარში და გარბის კივილით.)

ილია

რა ამბავია? რა იყო?

ამირანა

(მიიჩქარის ჭიშკრისაკენ).

რა ამბავია? რა იყო, ბოშო? ნატალია, რა იყო?

გამოსვლა მეხუთე
იგინივე, ტუფია, შემდეგ მაია

ტუფია

(კარებთან მომდგარი).

რა ამბავია, ამირანა? რა იყო? ნატალია რა იქნა?

ამირანა

ბოვში იყო ვიღაცასი... რაღაც ამბავი მეიტანა უთუოდ.


ნატალიამ ერთი იკივლა და გავარდა იქით, ქვეითკენ!

მაია

(გამოვარდება შეშინებული).
ქვეითკენ გადავარდაო?

ტუფია

მიშველეთ! ჩვენს თავზე ალბათ უბედურებაა! უსათუოდ


საწყალ კაცს რაღაც შეემთხვა! (მაიას). მიხედეთ
აქაურობას; ჩვენ თავზე რაღაც უბედურებაა! მიშველეთ!
მიშველეთ!

(გარბის გამწარებული)

მაია

რა ამბავია? რა არი? რა მოხდა, რა?

ილია
ვეღარაფერი გევიგე!.. ვიღაცას ბოვში იყო, რაღაც ამბავი
მოიტანა, ალბათ ანტონას შესახებ.

მაია

უიმე! მიშველეთ! მიშველეთ!.. იმ გაჭირვებულს უთუოდ


რაღაც მოუვიდა... მომკალით!

ამირანა

ბოვში მოადგა ღობეზე... ვერ გევიგე, ნატალიას უთხრა


რაღაცა...

მაია

ჩვენს თავზე უბედურებაა! უბედურებაა უსათუოდ!


(გარბის ჭიშკრისკენ).

ტუფია (ისმის ხმა).

მიშველეთ, მიშველეთ!

გამოსვლა მეექვსე

იგინივე, ანტონა (რამდენსამე კაცს საკაცით შემოაქვს).


ტუფია, პავლია, ნატალია, ვასილა, ლომინა, სიმონა,
რომანოზა, თებროლე

მაია

(რა დაინახავს მოსულს).

მომკალით! მომკალით! გამათავეთ ახლავე! შვილო,


შვილო... რას ხედავს ჩემი დასამიწებელი თვალები, რას,
რას?

ტუფია (უკან მოსდევს).

მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ!

პავლია

მოითმინეთ, მოითმინეთ, ბატონო... რო არაფერი უჭირს


საამისო! მოითმინეთ!

ტუფია

მიშველეთ!

მაია
მომკალით, მომკალით ყველამ! შვილო, შვილო ანტონა!
(ნატალია ტირილით მოსდევს უკან. ავადმყოფი შეაქვთ
სახლში).

ამირანა

ოჰ, ჩემო ანტონა... ჩემო ანტონა! ოჰ, ოჰ, ოჰ!

(ეზოში ყოველმხრიდან შემორბიან გლეხები, მამაკაცები


და დედაკაცები. ზოგი სახლში შედის, ზოგი იქვე ეზოში
ჯგუფებშია, ყველანი გაფაციცებით კითხულობენ:
,,მოკვდა, მოკვდა?”).

ამირანა

ოჰ, ჩემო ანტონა!


პავლია

(გამოდის სახლიდან. სახლის წინ კარებთან შეჯგუფულ


გლეხებს).

ნუ მოიყრით ასე თავს... უტიეთ, ჰაერი შევიდეს სახლში...


ნუ მოგუდავთ, უიმისოთაც უჭირს საწყალს!

ამირანა (პავლიას).

უჭირს ვითომ, შენი ჭირი შემეყაროს? ა?

პავლია

უჭირს და არა, შე დალოცვილო! კაცი სიკვდილზეა


მიმდგარი...
ამირანა

ოჰ, ჩემო ანტონა... ჩემო ანტონა!

ილია

რა იყო? რა დეემართა, პავლია?

პავლია

(გარს ახვევია გლეხები)

ჩემს გვერდით პატარა ყანა რო აქვს მაგას, იქ მუშაობდა:


ქე ვიცოდი, რომ კარგად ვერ იყო... გუშინაც
ავადმყოფობას ჩიოდა... თვალი მისკენ მეჭირა, არ ვიცი,
რატომ. გევიხედე ერთი და ის იყო... ე კაციც უცბათ,
თითქო ბალახი მოცელესო, წეიქცა. მივაყვირე, ხმას არ
იძლევა. მაშინათვე გადავარდი, მივარდი, რას ნახავ:
მკვდარია, მკვდარი კაცი აგდია! გადაუძახე, იქვე ბიჭები
მუშაობდნენ, მოვარდნენ, ავსწიეთ და წამევიღეთ
ცოცხალ-მკვდარი ადამიანი...

ვასილა

(გამოდის სახლიდან)

ნამეტნავად ცუდადაა საწყალი! არ ვიცი, რავა იქნება


მაგის საქმე!

ამირანა

ოჰ, ჩემო ანტონა!


ლომინა

(სახლიდან გამოსული).

ბატონო ილია, შებრძანდით... ერთი დახედეთ... ეგებ


რჩევა რამე მისცეთ... არავინ იცის, რა ქნას, ყველა
დაბნეულია.. საწყალი კაცი არ შემოაკვდეთ მაგ
უბედურებს... შებრძანდით! შებრძანდით ერთი!

პავლია

შებრძანდით, შებრძანდით! ეგებ რამე ურჩიოთ, თვარა


მარტო მაგათი ქაქანით საცოდავს რა უნდა ეშველოს!
შებრძანდით, ბატონო! (ილია შედის სახლში).

ტუფიას ხმა
მიშველეთ!.. მიშველეთ!.. მიშველეთ!..

ვასილა

რა ეშველება მაგ საცოდავს... რა ეშველება?

ამირანა

ოჰ, ჩემო ანტონა! ჩემო ანტონა!

პავლია

ბატონო, თუ ყველამ მარტო ვიძახეთ, რა ეშველება, რა


ეშველებაო და ლაპარაკით გავათავეთ საქმე - მართლა
რომ აღარაფერი ეშველება და ეს კაციც შემოგვაკვდება
ხელში და ის იქნება! ასე გაჩერება არ შეიძლება... ექიმი
ჩვენთვის არაა და ფერშალი... ჩვენვე უნდა შევეცადოთ...
ვისაც რა შეუძლია... სიმონია, გადირბინე, ბიჭო,
გადირბინე ერთი ხელათ ნიკოსთან! გააგებინე ამბავი...
გთხოვენ, გადმობძანდეთ-თქვა... განათლებული და
ნაყურები ადამიანია - ეგებ რამენაირად უშველოს
საწყალს!..

ვასილა

ის თვითონ გაჩდება აქ, რავარც კი გეიგებს ამბავს...


თვითონ გაჩდება!..

პავლია

კი, მარა... დაჩქარება ჯობია! მალე, მალე, თუ კაცი ხარ!..

სიმონა
ახლავე, ახლავე! (გარბის).

ლომინა

ე ქალები რომ გაჩერებულან, სეირს უყურებენ


დალოცვილები, თუ რავაა... გამოულოცონ მაინც, ვინ იცის,
ეგებ ქე ეშველოს, ეშაღავათოს!

რომანოზა

მართალია!.. მართალია!.. ყოველნაირი საშვალება უნდა


იხმაროთ, რავა შეიძლება! დროით უნდა მიშველება!

ლომინა

(მივა კარებთან).
თებროლე, თებროლე, გამობრძანდი აქეთ!

თებროლე

(ხნიერი დედაკაცი გამოდის სახლიდან).

რა გნებავთ?

პავლია

თქვე დალოცვილებო, რომ შემორტყმიხართ ამ საცოდავ


კაცს, სეირს უყურებთ თუ?

თებროლე

რა ვქნათ, ბატონო, დაგვარიგე, შენი ჭირიმე!


პავლია

რავა რა ქნათ, შე ქალო! ასე რავა დეიბენით ყველა:


გამოულოცეთ, შე დალოცვილო, ეგებ ეშველოს რამე! ნუ,
ნუ გაჩერებულხართ, თუ ღმერთი გწამთ!

თებროლე

კი, ბატონო! კი, ბატონო! თუკი ინებებენ, ახლავე


გამოულოცავთ, ჩემო ბატონო!

პავლია

იმათ რაღას ეკითხებით... ეს თქვენ უნდა ქნათ და აბა ჰე!..


აბა ჰე!.. დროს ნუღა კარგავთ!.. შეუდექით, შეუდექით,
ეგებ ეშაღავათოს საწყალს! აბა ჰე, აბა ჰე!
თებროლე

ახლავე, ჩემო ბატონო! (შედის სახლში).

გამოსვლა მეშვიდე

იგინივე და ნიკო

ლომინა

ნიკოც აგერ მობრძანდება!

ვასილა

აკი ვთქვი, უსათუოდ აქ გაჩნდება ახლავე-თქვა!

ნიკო
გამარჯობათ! გამარჯობათ თქვენი!

პავლია

შენ გადღეგრძელა ღმერთმა, შენ რომ ჩვენისთანა


საწყალი კაცი გებრალება და გეცოდება! შენ
გადღეგრძელა უფალმა!

ნიკო

ეს რა მოუვიდა საწყალ ანტონას? როგორ არის ახლა?

ლომინა

თქვენი მტერი იქნა ისე, ის რომ არის! მკვდარივით აგდია


საცოდავი!
ტუფიას ხმა

მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ!

გამოსვლა მერვე

იგინივე, სერაპიონ და ილია, გამოდიან სახლიდან.

სერაპიონ

(სახლიდან გამოდის, ნიკოს)

მოითმინეთ, ბატონო! ცოტათი მოითმინეთ!..


გამოლოცვას გაათავებენ ახლავე დედაკაცები.

ნიკო (შეჩერდება)
კეთილი, კეთილი.

პავლია

(სახლიდან გამომავალ ილიას)

რავა ატყობთ, ბატონო ილია, ა?

ილია

ცუდათაა საწყალი... ცუდათაა.

ამირანა

ოჰ, ჩემო ანტონა! ჩემო ანტონა!


ნიკო

საწყალი კაცი, რა მოუვიდა ასეთი უბედურს?

ვასილა

ანტონა ანტონაა და ამდენ სულს რა ეშველება? მუშა


კაცის ასეთ დროს წაქცევა... ამდენი სამუშევარი, ამდენი
საქნარი, ყველაფერი უნდა გაოხრდეს, ეს ოჯახის
ამოგდებაა ნამდვილი!

პავლია

რატომ, შე კაცო, რატომ უნდა გაოხრდეს? ნუ გავაოხრებთ,


ბრმები ხომ არა ვართ, ხომ ყველა ვხედავთ, რა ყოფაში
ჩავარდა ჩვენი მეზობელი? ყველა წევეხმარებით, ყველა
შევუდგებით და შევეწევით!.. სიკვდილით ღმერთმა
ნურაფერი გაუჭიროთ და სხვებრ ყველა ხელს
შევუწყობთ. რატომ გავაოხრებინებთ! ჩვენს თავზეც
უნდა ვიფიქროთ. დღეს ანტონას ასე მოუვიდა, ხვალ
შეიძლება მეც ასე შემემთხვეს, შენც, ერთმანეთს უნდა
მივხედოთ და კიდეც მივხედავთ, კი, კი!

ნიკო

უსათუოდ, უსათუოდ!

ილია

კარგი დაგემართოს, პავლია, თუკი ასე მოიქცევით... კარგი


დაგემართოს!

ხმები
რასაკვირველია, რასაკვირველია, ყველა წავეხმარებით!

ამირანა

კი, კი! ყველა, ყველა!

ლომინა

ამ წუთისოფლის გაჭირვებას, ბატონო, ჩვენც ვხვდებით,


რომ ერთმანეთს თუ გევიტანთ, თვარა ისე სხვებრ ვერას
გავხდებით.

ნიკო

რასაკვირველია, რასაკვირველია, ლომინა ჩემო, ეგ


ნამდვილი სიტყვაა...
ილია

რომელიც საქმედ უნდა იქცეს, საქმედ იქცეს!..

სერაპიონ (ნიკოს).

მობრძანდით, ბატონო! (ნიკო შედის სახლში).

პავლია

ყველამ უნდა გევიზიაროთ ჩვენი მეზობლის გასაჭირი...


ყველამ!

ხმები

კი, კი!
ამირანა

ყველამ, ყველამ!

ილია

შენც, ამირანა?

ამირანა

მეც... მეც, შენი ჭირი შემეყაროს, მეც, მეც!

ილია (იცინის).

ყოჩაღ, ყოჩაღ, ამირანა!

ამირანა
აბა, რავა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს? სანამ ცოცხალი ვარ,
ვერ ჩამოვშორდები ჩემს მეზობლებს ვერც ჭირში და ვერც
ლხინში. ვერა, შენი ჭირი შემეყაროს, ვერ ჩამოვშორდები!

ვასილა

ჩამოგვშორდები - ჩვენც ჩამოგშორდებით.

ამირანა

ვერა, ვერ ჩამოვშორდებით, ვერა, თქვენი ჭირი


შეგვეყაროს!

ხმები

ასე უნდა, ამირანა, ასე, ასე! (იცინიან).


პავლია

ბატონო ილია, რატომ გეეჭვებათ ჩვენი ნათქვამი, რომ ამ


ჩვენი მეზობლის გასაჭირს გევიზიარებთ და
შევეფარებით?

ილია

რატომ? მიტომ, ჩემო პავლია, ხომ ხშირად სიტყვა რჩება


და საქმედ არა თუ არ იქცევა, სულ სხვანაირადაც
მიიმართება.

პავლია

არა, ბატონო ილია, არა! აგერ ყველა ვამბობთ და ყველა


კიდეც ავასრულებთ ჩვენს ნათქვამს, ყველა შევეფარებით
ანტონას, ყველა გევიზიარებთ ჩვენი მეზობლის ოჯახის
გასაჭირს! ჭკუა ჩვენც უნდა ვისწავლოთ, ბატონო, დროა!

ხმები

კი, კი, კი!

ილია

ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას!

პავლია

ა, ნახავთ თუ ასე არ იქნება!

ილია
ვნახავთ, ჩემო პავლია, ვნახავთ. ყოველ კეთილს
შევსწრებოდეთ!

გამოსვლა მეცხრე

იგინივე და სერაპიონი

ლომინა

(სერაპიონს, რომელიც ის იყო სახლიდან გამოვიდა და


რამდენიმე გლეხს გადმოხურულში ელაპარაკებოდა).

რაო, რას აპირებენო?

სერაპიონ

გადალოცვას აპირებენ.
პავლია

რას აპირებენო? გადალოცვას?

სერაპიონ

ჰო, გადალოცვას.

პავლია

ვინ?

სერაპიონ

ვინა და ტუფია...
ხმები

(მოშორებით რომ იდგნენ).

გადალოცვას აპირებენ?

სერაპიონ

ჰო, ტუფია აპირებს გადალოცვას.

ვასილა

მართლა გადალოცვას აპირებენ, ბატონო?

ნიკო

ჰო... ისე, როგორც ეს იცით ხოლმე... ტუფიაც აპირებს


გადალოცვას.

ლომინა

სით ულოცავს?

ხმები

სით ულოცავს?

სერაპიონ

სით გოდოულოცავს? ზევით ხომ არ შეუდგება იმ


შეღმართს? ქვეითკენ წავა, აბა, სით უნდა წავიდეს?..

პავლია
ქვეითკენ?

სერაპიონ

ჰო, ქვეითკენ.

პავლია

რატომ ქვეითკენ უსათუოდ?

სეფე(გაცხარებით)

რატომ და იქით წასვლა უფრო მოსახერხებელიცაა... და


ამონაყოლიც იქიდანაა...

ლომინა
ზევითკენ წევიდეს!

ვასილა

კი, ზევითკენ წევიდეს!

რომანოზა

უთქვამს იმ ადამიანს, სით უნდა გოდოულოცოს და


კიდეც იქით გოდულოცავს, თქვენ არ გეკითხებიან! რომ
დაობთ, დოუშლით ახლა იქით წასვლას, სითაც უნდა,
თუ?

პავლია

დოუშლი, აბა, არ დოუშლი?


რომანოზა

რავა დოუშლი!.. ერთი შენ კიდევ!

პავლია

რავა და კარგად!

რომანოზა

რა ძალა გაქვს ამისთანა, შე კაცო?

პავლია

ეს მე ვიცი!

ლომინა (რომანოზას).
თქვენკენ რომ არ მოდის, იმიტომ იჩაჩები მაგგვარად...
აგერ გეუბნებით, ქვეითკენ ვერ გოდოულოცავს.

პავლია

ვერა, ვერა!

სერაპიონ

რატომ ვითომ, რატომ? მიზეზი რა არი?

პავლია

რაში დაგჭირდათ ახლა ეს გადალოცვა? არ გვეყოფა, რაც


ჩვენ ყოველ ფეხის გადადგმაზე წინ სიმწარე და ჭირი
გვხვდება? რაღა ჩვენკენ დენიან კიდე თავიანთ
უბედურებას... რაღა ჩვენკენ გზას ულოცავენ?.. ჩვენი
მწუხარება არ გვეყოფა თუ? ქვეითკენ არ გოუშვებ
გადასალოცავად!.. არა, არა, ტყვილი იმედია!

ამირანა

კი, კი, გვეყოფა ჩვენი უბედურება! ჩვენკენ არ


გადავალოცვიებთ!..

ლომინა

ქვეითკენ ვერ წამოვა... არ გოუშვებთ!

ხმები

არ გოუშვებთ, არა, არა!


ნიკო

პავლია, ლომინა, ნურც თქვენ ღელავთ, ნურც სხვებს


აღელვებთ. სითაც ურჩევნიათ, იქით გოდოულოცონ.
თქვენ იმით არაფერი დაგიშავდებათ, გულშეწუხებულ
ჭირისუფალთ კი გულზე მოეშვებათ... დამშვიდდით,
დამშვიდდით, დაწყნარდით, თუ კაცი ხართ!

პავლია

არა, არა, ქვეითკენ ვერ გოდულოცავენ, ვერა! ეს


ნათქვამია და გათავებული!

ლომინა

ვერა, ვერა!
ამირანა

არ გოუშვებთ!

ხმები

არ გოუშვებთ!

ილია (პავლიას)

თქვე კაი კაცებო, ახლა არ იყო, თავს იკლავდით,


შეწუხებული იყავით ამ კაცის მდგომარეობით, ყველა
ერთად აცხადებდით, ოჯახის გაჭირვებას
გევიზიარებთო... ახლა წინააღმდეგი უხდებით,
გადასალოცავად გზას უკრავთ. რა მოხდა ამისთანა, რა
იქნა? თქვენი სიტყვა სადღაა?
პავლია

შევეწევით, წევეხმარებით... თავის უბედურობას


ჩვენსკენ ნუ მოდენიან, ჩვენსკენ გზას ნუ ულოცავენ, ნუ!

ქვეითელები

არ შეიძლება, არა, არა! არ გოუშვებთ!

ამირანა

არ გოუშვებთ, არა, არა!

სეფე

თქვენ არავინ გეკითხებათ, გოუშვებთ თუ არა! არა,


არავინ გეკითხებათ!
სერაპიონ

ვნახავთ, რავა არ გოუშვებთ!

ილია (ნიკოს)

თქვენ ნახავთ, თუ აქ ერთი უცნაურობა არ დატრიალდეს.

პავლია

ფეხი ქვეითკენ არავინ გადმოდგას გადმოსალოცავად,


გეიგონეთ ყველამ! (გადადიან ჭიშკარს გადაღმა და
ეწყობიან გზაში).

ხმები
არავინ, არავინ!

სერაპიონ

ესენი, ეტყობათ, მართლაც და არ ხუმრობენ... რას


სულელობთ, რას, რას სულელობთ თქვენ, ეი!

პავლია

(გაჯავრებული ჭიშკრისკენ მიდის).

ფეხი არავინ გადმოდგას ქვეითკენ!.. ფეხი, ფეხი, თუ


არა...

სერაპიონ

თუ არა, რა? თუ არა, რა, ბიჭო? რას იმუქრები, შე


უსინდისო, შენ?

პავლია

უსინდისოც ხარ და უარესიც!

ილია

სირცხვილია, პავლია, სირცხვილი, რას ჩადიხარ: არ


გრცხვენია?

პავლია

თავი დამანებე... თავი დამანებე, თვარა ხელახლა


მიგამტვრევ მაგ დამტვრეულ ფეხებს! თავი დამანებე, შენ
შემეწევი, შენმა სიცოცხლემ, რომ გამიჭირდეს... დიახ!..
სეფე

რას ელაპარაკებით მაგ ჭკუა გადამცდართ! რას


ელაპარაკებით ამ გადარეულებს!

ლომინა

აბა, გადმოდგით ფეხი, აბა, მაშინ ნახავთ, გადარეული


რავარი უნდა!

გამოსვლა მეათე

იგინივე და მაია

მაია

პავლია, შვილო, რატომ ნებულობ, რატომ ნებულობ,


შვილო? ლომინა, ამირანა!

პავლია

არ შეიძლება, არ შეიძლება, არა, არა! ქვეითკენ არა,


გესმით!..

მაია

(ნიკოს და ილიას)

მიშველეთ, მიშველეთ, განათლებულებო!

ამირანა

არ შეიძლება, არ შეიძლება!
ლომინა

არ შეიძლება!

ვასილა

არ შეიძლება!

ხმები

არა, არა!

სერაპიონ

რას ელაპარაკებით ამ გამოტვინებულთ, რას


ელაპარაკებით!
რამდენიმე გლეხი

რაღას ელაპარაკებით, რაღას ელაპარაკებით?

სეფე

ტუფია, წამოდი, წამოდი, ტუფია, ვნახავთ, რავა არ


გაგიშვებენ!..

პავლია

ფეხი არ გადმოდგა, ფეხი, ჰეი!

სერაპიონ

ვნახავთ, რას გაბედავენ, ვნახავთ! (სახლთან) ტუფია,


წამოდი, წამოდი, ტუფია!
სეფე

წამოდი, წამოდი, ტუფია, წამოდი!

პავლია და ქვეითელები

ფეხი არავინ გადმოდგათ, ფეხი არ გადმოდგათ!

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე და ტუფია წმინდა სანთლებით თითებზე,


გადასალოცავად გამზადებული. უკან მისდევენ ნატალია,
მაია და რამდენიმე დედაკაცი

ტუფია (ღაღადით).
ჩემზე მომდგარ უბედურებას გზა დაგელოცა, კვალმა
შენმა იხარა... შენმა სავალმა... იკმარე ჩემი სიმწარე...
იკმარე ჩემი გაჭირვება!..

პავლია (ყვირის)

ტუფია, აქეთ ნუ მოდიხარ!

ტუფია

შემიბრალე... შემიწყალე... შემიცოდე!..

ლომინა

აქეთ არ წამოხვიდე!

ამირანა
არ წამოხვიდე, არ წამოხვიდე! (ყვირიან სხვებიც).

სერაპიონ

(უძღვება წინ ტუფიას).

მოდი, მოდი!

ილია

ნახავთ, აქ ერთი უბედურება დატრიალდება!

ნიკო

დაწყნარდით, დამშვიდდით, რას ჩადიხართ, გონს


მოდით!
სეფე

მოდი, აბა გაბედონ რამე, გაბედონ რამე!

პავლია

(ღობიდან კეტს მოგლეჯს).

ფეხი არ გადმოდგათ, ამ კეტით გაგიპობ თავს, თავს


გაგიპობ, იცოდე! (ყვირიან).

ქვეითელები

არ გაგიშობთ, არ გაგიშობთ, არა, არა!

სერაპიონ
(ეძგერება პავლიას).

იქით, იქით, შე გამოტვინებულო! იქით-მეთქი!

ლომინა

დაჰკარით მაგ მამაძაღლს კეტი, მაგ მამაძაღლს კეტი!..

სეფე და რამდენიმე გლეხი

დაჰკარით ამ ვირებს! დაჰკარით გამოტვინებულებს!


(საერთო ყვირილი, ორივე ჯგუფის შეჯახება).

პავლია

კეტი... კეტი... კეტი მაგათ!


ნიკო

რას ჩადიხართ? რას ჩადიხართ?! შეჩერდით, შეჩერდით!


ღმერთო ჩემო, ეს რა ამბავია! შეჩერდით, თუ გწამთ
ღმერთი!

ილია

გეიზიარეს მეზობლის გაჭირვება, გეიზიარეს!

სერაპიონ

(რომელსაც მოხვდა პავლიასაგან მოქნეული კეტი).

მიშველეთ, მიშველეთ!..
ხმები

კაცი მოჰკლეს!.. მოჰკლეს კაცი!.. დაჰკარით, დაჰკარით


მაგ შეჩვენებულებს!.. დაჰკარით მაგ არაწმინდებს,
დაჰკარით, დაჰკარით!

(საერთო ყვირილი, წივილი, შეტაკება, ჯოხებით ცემა).

ნიკო

ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა ამბავია ეს, რა ამბავია? რა


ამბავია?.. რა საშინელებაა!

ფარდა

1914 წ.
სოლომან მორბელაძე
- პატარა ხანს მოითმინეთ, ბატონო, და სოლომანიც
გიახლებათ საცა არის!

- დამაგვიანდება... დღიურ ვეღარ მივალ სახლში...


უმთვარო ღამეებით გახლავთ... გზაში გამიჭირდება...
თვითონ იცით, რა გზებია, მერე ჩვენსკენ... მე გიახლებით
და ამის მთხოვნელი ვიქნები, თქვენვე მოახსენოთ
სოლომანს ყველაფერი... გაჭირვება რომ არ მადგეს,
ღმერთმანი, არც კი შეგაწუხებდით... თქვენი იმედით
ვიქნები, ჩემო ბატონო... მშვიდობით ბრძანდებოდეთ! -
თქვა ეს კარგა მოხუცებულმა, მაღალი ტანის კაცმა, ხელი
ჩამოართვა ქალს, რომელსაც ელაპარაკებოდა და კიბეზე
ჩამოსვლა დააპირა. სწორედ ამ დროს ქალმა წამოიძახა:
- ჰე, ბატონო, სოლომანიც ეგერ მოდის!

მართლაც, ღია ჭიშკარში შემოიჯირითა მოჩაქჩაქე ჯორით


მამაკაცმა, რომელსაც თავზე პატარა ქუდი ეხურა და
მხარზე ყაბალახი ჰქონდა გადაგდებული.

ეს იყო აზნაური სოლომან მორბელაძე.

- შენ არ დამენახე, პლატონ, და სხვა არაფერი მინდოდა! -


შესძახა სოლომანმა მოხუცებულს, როცა ჯორიდან
ჩამოხტა და შეგებებულ პატარა ბიჭს გადასცა მადლიანი
პირუტყვი.

- რა კაი გუნებაზე ვიყავი მერე... უღვთო კაცი ყოფილხარ,


პლატონ ჩემო, ღმერთმანი! - და სოლომონმა გულიანად
გადიხარხარა და ხელი ჩამოართვა პლატონს.
- მალე, მალე გაგისტუმრებ... მალე მოვიშორებ თავიდან
შენს ვალს... ცოტა ფეხის გადადგმა შემეზარა, თვარა
ფულს ვერ ვიშოვიდი მე?! მართლა, ისე დაგლახაკებული
კი არა ვარ, ზოგიერთი აზნოუშვილი რომ გინახავს...
უფულობას რომ შეუშინებია, ცხვირები ჩამოუშვიათ და
არ იციან, რა ქნან! ცოტა კიდევ მომითმინე და თელათ
დაგიბრუნებ იმ შენს ფულს...

- რა ვქნა, მე ერთი გაჭირვებული კაცი ვარ... შენოდენი მე


აღარც სიარული შემიძლია, აღარც სხვა რამე საქმე... რაცხა
ეშმაკად შვილი შევიყვანე სასწავლებელში, ქე ვნანობ
ახლა, ნამეტანი ხარკი უნდება... ბოვშიც ტირის და
იხვეწება, სასწავლებლიდან არ გამომიყვანოო... სწავლის
ფული მაქვს შესატანი და ამისათვის მოვედი შენთან...
რომ არ შეგაწუხო, მეტი გზა არა მაქვს... ვადაც ქეა
გადასული, შენ რომ ფულების დაბრუნებას შემპირდი...
ბოვშს გამომიგდებენ და ნუ ჩადგები ჩემს ცოდვაში...

- ჩემს შვილს, ჩემო პლატონ, უშველებელი კალამი


უჭირავს ხელში... ისე მშვენივრად ურტყამს მიწას, რომ
მოგეწონება, რომ უყურო... არ ეკადრება, მართალია, თოხი
აზნოუშვილს, მარა მეტი გზა არაა, თვითონაც იცი!

- ქე ამხელ მერე შენს სიგლახეს? - დაატანა სოლომანის


ცოლმა ეფროსინემ, რომელიც წეღან ესაუბრებოდა
მოხუცებულს.

- რა ვუყოთ... დრომ ასე მოიტანა!.. აბა, პლატონ ჩემო,


ერთი თვე მადროვე კიდევ და მერე მე ვიცი და ჩემმა
კაცობამ!..

- ერთი თვე? - ჩაფიქრდა პლატონი: - ბატონი ბრძანდები, -


თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ. - მეტი ხნით გადადება კი
აღარ შემიძლია, სოლომან!

- არა, არა, პლატონ, შერცხვენილი დამიძახე, თუ ერთ


თვეს გადავაცილო, ის შენი ფული არ ჩაგაბარო!.. მაგის
გულისთვის დავრბივარ აგერ ერთი თვეა... მაშვლობა
მაქვს გამოწყობილი და, იცოცხლე, კაი ასაღებიც მქონდეს!
ევიღებ და იმწამსვე ჩემი ხელით მოგიტან... ცოლ-შვილს
გეფიცები...

- აბა, იმედი მაქვს, სოლომან!

- პატიოსან სიტყვას გაძლევ... როგორც ევიღებ სამაშვლოს,


იმწამსვე შენთან გამოვწევ!.. და რომ ევიღებ, ეჭვი არ
უნდა!..

- აბა, ისე მივდივარ ახლა, თითქოს ჯიბეში მეგულებოდეს


ის ფულები... მშვიდობით ბრძანდებოდეთ!.. - და
პლატონმა წასვლა დააპირა.

- გული რომ გაგიკეთე, იმიტომ მტოვებ, შე კაცო?!


ეფროსინე! - დაიძახა სოლომანმა.

- რა იყო? - იკითხა ეფროსინემ, რომელიც პალატიდან


გამოვიდა, სადაც ჯორის დასახედავად იყო წასული.

- ხელად ერთი საუზმე მოგვართვი, თუ ქალი ხარ!

- აჰ, შენ არ მომიკვდე, მე დარჩენა არ შემეძლოს...


უსათუოდ ახლავე უნდა წავიდე! - გაიწია პლატონმა.

- შენ არ მომიკვდე, მე შენ არ გაგიშვა!.. ბიჭო! - დაიძახა


სოლომანმა: - პლატონის ცხენს უნაგირი მოხადე!

- შენ არ მომიკვდე, შენ, სოლომან, მე დარჩენა არ


შემეძლოს!.. - და პლატონი უკან-უკან იხევდა,
სოლომანის ხელებიდან თავის ხელის განთავისუფლებას
ცდილობდა. - სახლში მაქვს დაბარებული, უსათუოდ
მოვალ ამაღამ-თქვა, და რომ არ მივიდე ჯავრით
მოკვდებიან... გამიშვი, შენი ჭირიმე... შემომაღამდება
მერე ვეღარ ვივლი!

- დაგაწვენ, დაგახურავ, დაგაძინებ... დილით ადრე


ადგები და წახვალ, შე კაცო!.. - არ ეშვებოდა სოლომანი.

- მოითმინეთ, ბატონო! - შეეპატიჟა ეფროსინეც.

- მადლობელი ვარ, ჩემო ბატონო... მეტად მადლობელი


ვარ, მარა ნურას უკაცრავად... სწორედ რომ არ შემიძლია...
მომიტევეთ, ნუ მიძრახავთ ჩემს უზრდელობას...
მშვიდობით ბრძანდებოდეთ!..
- კაია, შე დალოცვილო!.. - მაინც არ ეშვებოდა სოლომანი.

- ნუღარ აწუხებ მეტს... თუკი ასე ეჩქარება! - მიმართა


ქმარს ეფროსინემ.

- ღმერთმანი, ერთობ მოგილხენდი, იმისთანა გუნებაზედ


ვარ, მარა, თუ ჩემთან არ გესიამოვნება ერთი სტაქანი
ღვინის დალევა, ღმერთმა მშვიდობის გზა მოგცეს, ჩემო
ბატონო!

- მაგას რატომ ამბობ, კაცო?! დრო არა მაქვს, თვარა


ამდენი ხვეწნით რავა შეგაწუხებდი!.. მადლობელი ვარ...
მადლობელი ვარ!.. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!..

პლატონმა ხელი ჩამოართვა ეფროსინეს, მერე სოლომანი


გაიხმო გვერდზე და ხმამაღლა უთხრა:
- სოლომან, მომკლავ, თუ ამ ერთ თვეში არ მომეცი!..

- პატიოსანი სიტყვა მოგეცი და სხვა ახლა რითი


დაგაჯერო უფრო!.. გეუბნები, გათავებული მაშვლობა
მაქვს, ერთი ექვსი თუმანი მერგება და ის იქნება!

- შენი ჭირიმე, შენი, ჩემო სოლომან!.. თუ გინდ გეჩუქნოს,


ისე ჩავთვლი...

- ლაპარაკი აღარ უნდა მაგას!

- მშვიდობით, შენი ჭირიმე! აბა, შენ იცი, სოლომან! -


ვეღარ მოითმინა, კიდევ ერთხელ არ შეხვეწნოდა
სოლომანს. შემდეგ მოხსნა ბროწეულთან მიბმული
თავისი ძალზე გამხდარი ცხენი, შეჯდა ზედ და, რომ
ცხენის სიძაბუნე არ შეენიშვნინებინა, ორიოდე წკეპლი
გადაჰკრა; მაგრამ ღონემიხდილმა, მშიერმა პირუტყვმა
ისევ ზანტად გადაადგა ფეხები და მხოლოდ კუდი მიიქნ-
მოიქნია, თითქოს ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ცემა-
ტყეპას დიდი ხანია შეჩვეული ვარ და ეგ ვერ
ამაჩქარებსო.

სოლომანმა ჭიშკრამდი მიაცილა პლატონი და, როცა


სახლს მიუახლოვდა უკან გამობრუნებული, აივნის
დასტანდაზზე გადმოწოლილ ეფროსინეს შესძახა:

- არ მომკლა ამ უხეირომ თავისი გაუთავებელი ხვეწნით!..


სული ამომართვა კინაღამ ოჯახდაქცეულმა!..

- სხვანაირი გულისაა მაგ დალოცვილი, თვარა მაგის


ადგილას სხვა ხვეწნას კი არა, პრისტავით მოგადგებოდა
კარზე!.. უსათუოდ გიჩივლებდა! - მიუგო ეფროსინემ.

- მიჩივლოს და, კაცი არ ვიქნები, ორი იმოდენი, რაც


მმართებს, ზედ არ დავახარჯვინო, სანამ ამოიგებს... ისე
იცოცხლა სოლომანმა... ისევ სიამტკბილობით თუ რამეს
გამომრჩება, თვარა საჩივრით და პრისტავებით ბევრს
ვერაფერს მოიგებს!..

სოლომანი აივანზე ავიდა და ნამგზავრი, დაღლილი,


დასაჯდომად გაყოლებულ აივნის ფიცარზე გაწვა.

- რატომ ხარ ასე წინდაუხედავი, შე უბედურო?! - წყენით


უთხრა ეფროსინემ.

- რა იყო, შე ქალო? ცუდი რა ვქენი?

- აბა, რომ ეპატიჟებოდი იმ კაცს, მისატანად რა


გეგულებოდა სახლში?! ნეტავი შენ კუდაბზიკობა არ
გჭირდეს და სხვა არა მინდა რა!.. რომ დარჩენილიყო, რას
აპირობდი?!
- ერთი-ორი შეპატიჟებით რავა დარჩებოდა, შე ქალო!..
გადამთიელი ხომ არ არი, ჩვენებური ჩვეულება არ
იცოდეს... შევეპატიჟე, ვალი მოვიხადე... ისე ხომ ვერ
გავუშობდი, ასე არ მეთქვა... იმის შეგეშინდა, რომ
არაფერი გვაქვს?!. თუ არ გვაქვს - გვექნება, გვექნება!..
იმისთანა ტკიცინა წითელ-წითელ თუმნიანებს მოგიტან,
რომ თვალები აგიჭრელოს... ექვსს ერთად... როგორც
კაცი!.. ორ თუმანს პლატონს გადვუგდებ, იმას თავიდან
მოვიშორებ... ოთხი თუმანი დაგვრჩება, ნახევარ
წელიწადს ქე გვეყოფა და მერე კიდევ გავასაღებ სადმე
ერთ გვრიტს და იქიდანაც ხელის ჭუჭყი შემოგვივა!.. შენ
დარდი ნუ გაქვს... გული არ გეიტეხო, მხიარულად იყავი...
ჯერ ხომ არაფერი წამიხდენია?..

- შენ სულ ასე იძახი და საქმით კი კაი ხანია ვერაფერი


დევინახეთ!.. მარტო წანწალს უნდები, სხვა არაფერი
გამოდის ამ შენი ახალი მაშვლობიდან!..

- რატომ არა, შე ქალო?.. ყოლიფერი გათავებულია...

- გაათავეთ მოლაპარაკება?

- რასაკვირველია!

- რაზე შეათანხმე?

- ბესარიონმა უნდა მისცეს ქაიხოსროს ორმოცი თუმანი


ფულად, ოცი თუმნის ვექსილი და ოცი თუმნის ბარგი!..

- სად შეუძლია მერე ბესარიონს მაგდენის მიცემა?.. სადა


აქვს მაგის შეძლება იმ უბედურს?.. რა დრო მოვიდა, შენი
ჭირიმე!.. - მწუხარებით წარმოსთქვა ეფროსინემ.
- უნდა იშოვოს, მეტი რა გზა აქვს!.. უმზითო ქალს ვინ
მოჰკიდებს ხელს?! იშოვის... ნაშოვნიც აქვს...
გამოსტყუებს ვისმე, ცოტა ადგილსაც გაჰყიდის და
შეაგროვებს... ამას ლაპარაკი არ უნდა, და ამასთან ერთი
დროით რომ ვახშამს მაჭმევდე და დამაძინებდე, ძალიან
დაგიმადლი, იმიტომ რომ ხვალ დილით ბესარიონთან
უნდა გავსწიო. ჯვარისწერის დღე უნდა დავანიშვნიო...

- თუ ღმერთი გწამს, მალე გადარჩი მაგ საქმეს... ტყვილა


წანწალს ნუ უნდები...

- მაგ წანწალით ვშოულობ, შე დალოცვილო, ორიოდე


გროშს... საქმის გათავება მეც ძალიან მეჩქარება, იმიტომ
რომ ქე მეშინია, არ ჩამეშალოს... ბესარიონის შვილი
ყელში დანას იყრის, ბევრ მზითევს აძლევთო და, თუ
ვინმე გამოუჩნდა ნაკლები მზითვით წამყვანი, ქე
გაატანენ იმ ქალს და მე დავრჩები პირდაღებული... ამის
შიში რომ მაქვს, იმიტომ დავწანწალობ იქით-აქეთ...
მონდომებული ვარ სულდაუთქმელად გავათავებიო
საქმე!

- არ ვიცი, არ ვიცი, რომ ბესარიონმა იმდენი ხარჯის გაწევა


შეიძლოს! - ეჭვით თქვა ეფროსინემ.

- მეტი რა ღონე აქვს!.. ოღონდ კუჭის გასაძღომი მიშოვე


დროით და დანარჩენი მე ვიცი.

ეფროსინე წამოდგა და ქმრის თხოვნის ასასრულებლად


წავიდა. სოლომანმა, ვიწრო საჯდომ ფიცარზე გულაღმა
გაშხლართულმა, მალე ხვრინი ამოუშვა.

შუა დღე იქნებოდა, სოლომანი რომ აზნაურ ბესარიონ


საქარაძისას მივიდა მეორე დღეს.
პატარა დაბალკედლებიან სახლის აივანზე მოშვებული
ჩოხით ჩიბუხით ხელში მოსიარულე ბესარიონმა როგორც
კი დაინახა სოლომანი, ხმამაღლა გადმოიძახა:

- გიგოია, ბიჭო გიგოია!

დაძახებაზე ოდის გვერდზე მდგარ სამზარეულო


სახლიდან გამოვიდა პატარა ბიჭი.

- ჯორი ჩამოართვი, ბიჭო! - უბრძანა ბესარიონმა.

სოლომანმა მისცა ჯორი პატარა ბიჭს, ჩამოუშვა ჩოხის


აკეცილი კალთები, გაიბერტყა მტვერი, გადაელაპარაკა
ბიჭს: - აბა, ბიძი, შენ იცი, ჯორს კარგად მიჭმიე, - დაბალი
კიბე ცქვიტად აირბინა და ავიდა აივანზე.

- დილა მშვიდობის, სოლომან ჩემო! - შეეგება ბესარიონი.


- ღმერთმა შენი თავი მიცოცხლოს, ჩემო ბატონო! - მიუგო
სოლომანმა და ჯორისკენ გადმოიხედა.

ამ უკანასკნელს მაღლა აეღირა თავი და პატარა გიგოიას


უძალიანდებოდა, ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან, თუმცა
საწყალი ბიჭი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ლაგამში
ექაჩებოდა.

- ჩიშ, ჩიშ! შე ეშმაკის კერძო! - გადმოსძახა სოლომანმა. -


გასაძღომად მიჰყევხარ, შე უბედურო! ჩიშ, ჩიშ!

ჯორმა თითქოს გაიგოო პატრონის სიტყვა, გაჰყვა ბიჭს.

- მაგ საწყალს ჰგონია, სახლში რომ ტყვილა


თავჩამოკრული აბია, აქაც ისე დამემართებაო, და თავის
გუნებაში ისევ გარეთ, წმინდა ჰაერზე ყოფნას რჩეობს! -
სიცილით თქვა სოლომანმა.

- სწორედ კარგი ჯორი გყავს, სოლომან, მე და ჩემმა


ღმერთმა! - უთხრა ბესარიონმა და თავისი გრძელი
ულვაშები გადაისწორა.

- შე დალოცვილო, პატრონი აქე, პატრონი, თვარა ჯორს


ქება-გინების რა ესმის! - გადიხარხარა სოლომანმა.

- პატრონი ხომ არი და არი... მაგას რაღა ლაპარაკი უნდა!

- ყოჩაღი, ყოჩაღი, ბესარიონ ჩემო!

და სოლომანი ის იყო დაეპირა მოჰყოლოდა ქაიხოსრო


ქათამაძისაგან შემოთვლილ ამბავს, რომ აივანზე
გამოვიდა ორი ქალი. წინ მომავალი მაღალი ტანისა,
გამხდარ პირისახეზე ბაღდადით თავმოხვეული, იყო
ბესარიონის ცოლი პელაგია; ამას რომ მოჰყვებოდა
მაღალი შავთვალწარბა, ლამაზი პირისახის ყმაწვილი
ქალიშვილი, თავშიშველა, წელზე გადაგდებული ორი
გრძელი ნაწნავით - იყო ბესარიონის ასული ელპიტე,
რომელსაც ურიგებდა სოლომანი ქაიხოსრო ქათამაძის
შვილს. ყმაწვილი ქალი დედის შემდეგ მორცხვად მივიდა
სოლომანთან, ჩამოართვა ხელი და ისევ დედას ამოეფარა.

- დაბრძანდით, ბატონო! თავაზიანათ შეეპატიჟა პელაგია


სტუმარს.

- გახლავართ, ჩემო ბატონო! - და როცა ქალები დასხდნენ,


თვითონაც ჩამოჯდა მოშორებით გრძელ ფიცარზე,
რომელიც სკამის მაგივრობას სწევდა.

- ხომ მშვიდობით ბრძანდებით, ბატონო? - მოიკითხა


სოლომანმა პელაგია.
- გახლავართ, შენი ჭირიმე!.. - უპასუხა მან: - თქვენ,
ბატონო?

- გმადლობთ... გახლავართ, ისე!..

- კაი დაგემართოსთ! - წაილაპარაკა პელაგიამ...

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

- ნამეტანი სიცხე დეიკავა... ერთობ შეგვაწუხა სიცხემ


აქეთ... - დაიწყო პელაგიამ.

- ჩვენც, ბატონო, ჩვენც!

- შარშან არ ყოფილა ამ დროს ამისთანა სიცხე... უფრო


გრილი იყო... წვიმებიც იყო... ახლა კი...
- კი, ბატონო, კი!.. წრეულს წვიმა სულ არ ყოფილა
თითქმის... დეიწვა ქვეყანა, თქვენი მტერი დეიწვას!.. -
უგუნებოდ ამბობდა სოლომანი და ბესარიონმაც
შეამჩნია, რომ ეს ყოვლად უმნიშვნელო ლაპარაკი
აწუხებდა სოლომანს. ამასთანავე თვითონაც ეჩქარებოდა
მალე გაეგო, თუ რა ამბავი მოუტანა მაშვალმა, მაგრამ
ელპიტეს აქ ყოფნა უშლიდა. ამიტომ მოინდომა,
ქალიშვილი თავიდან მოეშორებინა.

- რა დროს შარშანდელ ამინდზე მუსაიფია, შე ქალო! -


უთხრა ბესარიონმა ცოლს. - მაგ კაცი ნამგზავრია და, რაღა
ლაპარაკი უნდა, მშიერია... შეეცადეთ, დროზე იქნეს
სადილი... შიმშილით ნუ მოჰკლავთ მაგ კაცს... წადი,
შვილო ელპიტე, დააჩქარე, მალე დაგვაჯინე სუფრაზე.

ელპიტე მამის სიტყვაზე წამოდგა და წასვლა დააპირა.


- მეც ახლავე მოვალ, შვილო! - დაატანა სიტყვა პელაგიამ,
- მანამდის შენ მიხედე, შვილო!

- კი, ბატონო! - თქვა ყმაწვილმა ქალმა და ბრძანების


ასასრულებლად წავიდა.

აივანზე დარჩნენ ბესარიონი, პელაგია და სოლომანი.


სოლომანსაც ეს უნდოდა. შევიდა თუ არა ოთახში
ელპიტე, მარდად წამოვარდა თავის ადგილიდან, მიიწია
ცოლ-ქმრისკენ და ხმადაშვებით, რომ სხვას არავის
გაეგონა მისი სიტყვა, დაიწყო:

- საქმე ისე მოვყარე, როგორც თქვენ გსურდათ... - და


სოლომანმა თავმომწონედ გადახედა ჯერ ცოლს, მერე
ქმარს. - ქაიხოსრო, თქვენი სამძახლო თანახმაა მიიღოს
ოცი თუმნის ვექსილი, ასე რომ ხელზე მისაცემი გექნებათ
ორმოცი თუმანი და ოცი თუმნის ბარგი... ბარგი უნდა
შეფასებული იქნეს ორი კაცისაგან... ვექსილი სამი წლის
ვადით... მგონია, რომ ამაზე უკეთესი პირობები
შეუძლებელია... მართალი უნდა თქვას კაცმა, ქაიხოსრო
ერთობ პატიოსნურად მოგეპყროთ... ღმერთმანი! იმას
რომ შვილი ჰყავს, თქვე დალოცვილებო, იმისთანა
ყმაწვილები ასთუმნიან ქალებს არ ჯერდებიან... მარა,
ერთი რომ თქვენი ქალი მოსწონთ მამა-შვილს და ამასთან
მეც ისე შევუჩდი, ისე შევუჩდი, რომ საშველი აღარ
მივეცი, არც სხვაგან გოვუშვი და არც არავინ მივაკარე
მაშვლად მისულიყო, და დევითანხმე ყორიფელზედ
კიდევაც!.. ორასი მანეთის ვექსილს რომ აძლევთ,
ჩასათვალავიც არ არი... იმიტომ, რომ სამი წლის
განმავლობაში უფრო შეთვისდებით, დაუახლოვდებიო
ერმანეთს, უფრო დამოყვრდებით - ერთი სამი წლით
კიდევ გადროვებს, მერე კიდევ გამოაცვლევინებთ
ვექსილს და ერთ დღეს შეიძლება კიდევაც ამ ვექსილს
ჩაილულის წყალი დაალევინოთ!.. რავა დევიჯერო,
შვილმა გიჩივლოსთ!.. მძახალმა ამასობაში ეგებ ფეხებიც
ქე გაჭიმოს!.. - და აქ სოლომანმა გულიანად გადიხარხარა.

- არა, შენი ჭირიმე, მაგას რატომ იფიქრებთ, - იწყინა


სოლომანის რჩევა პელაგიამ, - ჩემ შვილს მე რასაც
თვითონ შევპირდი, უკლებლად უნდა ჩავაბარო
დანიშნულ დროზე... შვილს რავა მოვატყუებ!..

- რასაკვირველია, რასაკვირველია! - დაატანა სიტყვა


ბესარიონმაც. - რაც გადაწყვეტილი იქნება, მე ჩემს შვილს
უსათუოდ უნდა მივცე!.. მოტყუება რაში მეჭირვება!..

- სიტყვას მოჰყვა, თვარა მეც კარგად ვიცი, რომ თქვენ


ამგვარ რამეს არ იკადრებთ... - სიცილით თქვა
სოლომანმა, თუმცა გუნებაში დარწმუნებული იყო, რომ
ბესარიონი ყოველ ღონისძიებას იხმარდა ვექსილის
ტყუილად შერჩენისათვის. - სიტყვას მოჰყვა, თვარა ან მე
რავა გირჩევთ მაგისთანა საქმეს? მე არ გამლანძღავს შენი
სიძე, ის ოცი თუმანი რომ დეეკარგოს? რამდენს
შემომიკურთხებს! ჩემი თავის მტერი ხომ არ ვარ, თქვე
დალოცვილებო!.. არც ამ ხელობაზე ვიღებ ხელს... ამით
ვშოულობ ცოტ-ცოტას, თითო-ოროლა გროშს... და,
ნამეტანი ტყუილები რომ შემომერიოს, ვინღა მენდობა!..
ის კი არა, ამას გეხვეწებით, რომ, თუ ღმერთი გწამთ,
ბარგი ისე გამოაწყვეთ, რომ ლაპარაკი არაფერი იქნეს, ოც
თუმანზე მეტად თუ არა, ნაკლებ არ შეაფასონ... თუმცა
შემფასებლებსაც, ვინც იქნება სულ ერთია, თითო-ოროლა
კაპიკს ვარგებთ და ჩვენს ნებაზე შეაფასებენ, მარა მაინც
ქაიხოსროსთან გაფრთხილებული უნდა იყვეთ... ცოტა
ანგარიშის მოყვარული კაცია... კარგ მოყვარეს კი
შოულობთ, როგორც კაცი!.. სწორედ კარგ მოყვარეს
შოულობთ. მერე სულ იაფად. ყმაწვილია იმისთანა, რომ
ქება აღარ უნდა, თვითონვე იცით... მართალია,
აზნოუშვილი არ არის, მაგრამ სასულიერო წოდების კაცია,
და დღევანდელ მღვდლებს უზრუნველი ლუკმა რომ
აქვთ, ბევრ თავადიშვილს არა აქვს... ამას ყველა
ვხედავთ... ეპისკოპოზს მოუწერია იმ ყმაწვილისათვის,
თქვენი სასიძოსათვის, და აჩქარებს - მალე ცოლი
შეირთეო, კურთხევა მინდა შენიო. საცხა კარგ, დიდ
მრევლიან ეკლესიაზე ამწესებს და თან პირდება, შენს
სოფელში გადაგიყვან ამ მოკლე ხანშიო... ერთი სიტყვით,
ბედი ჰქონებია თქვენს ქალს.

- კი, რასაკვირველია, ყველაფერი ასე სასიამოვნოა,


სოლომან ჩემო, მარა.. - და ბესარიონმა სიტყვა გააგრძელა.

- რა მარა, აჰ? - ეუცხოვა სოლომანს ეს სხვანაირ კილოზე


ნათქვამი სიტყვა; იგი სრულიად სხვას მოელოდა
ბესარიონისაგან.
- რა მარა, რა? - ჩააცივდა სოლომანი ბესარიონს, მაგრამ
პასუხი ვეღარ მიიღო, იმიტომ რომ ამ დროს აივანზე
გამოვიდა ელპიტე და მოახსენა:

- მზად გახლავსთ, ბატონო, სადილი!

- ახლავე, შვილო, ახლავე მოვალთ!.. აბა, წამობრძანდი,


სოლომან! - უთხრა ბესარიონმა სოლომანს.

- მობრძანდით, ბატონო! - მიიპატიჟა თავის მხრივ


პელაგიამაც.

- გიახლებით, ბატონო! - თქვა სოლომანმა და ისევ


ბესარიონს მიუბრუნდა: - რაია, რა? რატომ თქვი შენ ისე
სხვანაირად: მარაო?

- მერე, შე კაცო, მერე... ნასადილევს უფრო კარგად და


თავისუფლად მოვილაპარაკებთ... ახლა სადილი
ვჭამოთ!..

- ბატონი ბრძანდები! - უკმაყოფილოდ თქვა სოლომანმა,


რომელსაც ამ ”მარამ” გული ატკინა, თავზარი დასცა... ვაი
თუ ბესარიონმა რამე გადიფიქრა და ამდენამდი
მოყვანილი საქმე, თითქმის გათავებული, ხელახლად
სახლაფორთო და საწანწალო გამიხადოსო? ამ შიშმა
იმდენად შეიპყრო სოლომანი, რომ მადა დაუკარგა,
ხალისი მოუსპო და ცუდ გუნებაზე დააყენა. სადილმა
მეტად უგემურად ჩაიარა: სამაშვლოს დაკარგვის შიშმა
მოუსვენრობაში ჩააგდო სოლომანი.

სადილიც გათავდა, სტუმარს ხელსაბანი წყალი მოართვეს


და ზალიდან პატარა ოთახში შეიწვიეს მოსასვენებლად.
პატარა დაბალ ოთახში, რომლის ჭერს კაცი ადვილად
შესწვდებოდა ხელით, უკვე მზად იყო ერთ კედელთან
გაყოლებულ ტახტზე მუთაქა და ბალიში
სოლომანისათვის.

- აბა, სოლომან, მოისვენე! - უთხრა ბესარიონმა, რომელიც


სოლომანს შემოჰყვა ოთახში.

- სწორედ არ დამეძინება, უნდა გითხრა, ბესარიონ ჩემო!..

- რატომ, შე კაცო?.. არ იცი ნასადილევს ძილი, თუ?

- ძილი კი არა... შენ იმისთანა მითხარი ერთი სიტყვა, რომ


გამაშტერე და ის არი... ბესარიონ, სწორედ იმისათვის ვარ
მოსული, რომ საქმე დავაბოლოვოთ... შორს გადადება
აღარ შეიძლება... ის კაცი თანახმაა იმაზე, რაც შენ თქვი.
ახლა ჯვრისწერის დღე უნდა დაგვინიშნო... დაგვიანება
აღარ შეიძლება იმიტომ რომ, როგორც გითხარი,
ეპისკოპოზი აჩქარებს იმ ყმაწვილს - კურთხევა უნდა
მისი... რასაც დამაბარებ, რა დღესაც დამინიშნავ,
ქაიხოსროს უნდა გავაგებიო და იმ დღისათვის ისიც
მოემზადება...

ბესარიონმა მარჯვენა ხელით გაისწორა თავისი გრძელი


ულვაშები, ჩამოჯდა ტახტზე და გაჭიანურებით თქვა:

- ჯერ ერთი რამ საქმე გვაქვს... აჩქარებით, შე კაცო, ქალაქი


არ აშენდება!

- რა საქმე? - გაოცებით იკითხა სოლომანმა. - მე


ყველაფერი გათავებული მგონია!

- მიჭირს, სოლომან, მიჭირს, ძალიან მიჭირს, ვერ


წარმოიდგენ... ბევრი ფულის შოვნა მიჭირდება... მერე
ვაჟიც ერთობ ამიხირდა: ბევრს აძლევთ, ჩვენზე აღარ
ფიქრობო.
- რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია, ბესარიონ?! - წამოვარდა
სოლომანი. - რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია?!

- რა ვქნა, სოლომან... სხვა შვილებიც მყავს... ყოველი


კაპიკი მილიონია ჩემთვის... სად ვიშოვო, მანეთი კი არა
აბაზი, ერთი აბაზი?.. მინდოდა ადგილი გამეყიდა და მით
გამესტუმრებია ქალიშვილი, მარა ცალკე შვილი მკლავს,
მიწას გვიყიდიო, ცარიელზე გვტოვებო, ცალკე ისიც
მაწუხებს, რომ მუქთად უნდათ ჩაიგდონ ხელში
მშვენიერი მიწა, რაკი შემატყვეს, რომ ფული მჭირდება...
ასე რომ თელად იმ ფულს ვერ მოვუყარე თავი და,
როგორც ვატყობ, ვერსად ვიშოვი. იმედი მქონდა
ვიშოვიდი, მარა ტყუილი იმედი გამომიდგა...

- რას აპირობ მერე? რას, რას აპირობ? - ეკითხებოდა


გაფაციცებული სოლომანი.
- უარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე, თუ რომ...

- თუ რომ რაი?.. თუ რომ რაი?..

- თუ რომ არ დამიკლო...

- თუ რომ არ დაგიკლო?! - კინაღამ იყვირა სოლომანმა. -


თუ რომ არ დაგიკლო?!!

- ჰო! - წყნარად თქვა ბესარიონმა.

- როგორც კაცი, შენ, ბესარიონ, შენ თვითონ თქვი,


მოხერხდება ახლა მაგ?.. მოხერხდება ახლა მაგ?

- რატომ არა? - ისევ დამშვიდებით მიუგო ბესარიონმა.


- შენ არ მომიკვდე!.. მე არ მოგიკვდე!.. ცოლ-შვილი არ
დამეხოცოს!.. ყოვლად შეუძლებელია... ყოვლად
შეუძლებელია!..

- შენ თუ მოინდომებ...

- რას მეუბნები მაგას?! რარიგად მოვინდომო, რარიგად?


რარიგად მოვინდომო?.. შენგან არ მიკვირს ახლა მაგ! -
გაცხარებით ისროდა სოლომანი. - ქაიხოსროსთან
წამომცდეს მაგისთანა რამე და სახლიდან არ
გამომაგდებს, თვალებს არ დამათხრევინებს?
გამლანძღავს, გამთათხავს, მიწასთან გამასწორებს ის
კაცი, ამას ლაპარაკი არ უნდა. მე ვერ ვეტყვი მაგას, და თუ
ვისმე პირით შოუთვლით, ნება შენია! ჰმ, ახირებულია,
შენ ნუ მომიკვდე! იმ კაცმა გამომგზავნა ჯვრისწერის
დღის დასანიშნავად, საქმე გათავებული ჰგონია და ახლა
მივიდე და ის ვუთხრა, ბესარიონი ქალს არ მისცემს შენს
შვილს, თუ კიდევ ასი მანეთი არ დოუკელი-თქვა! რას
მეუბნები, მომკლავს ის კაცი და ის იქნება!

- რა ვქნა სოლომან, რა ვქნა? რაც არ შემიძლია, არ


შემიძლია და არ შემიძლია!

- რაღაზედ მარბენიებდი, შე დალოცვილო, ამდენ ხანს?


მუცელში ნაღველი ჩამექცა, გული გამისივდა ამდენი
წანწალით, თავი გამისკდა გაუთავებელი ლაპარაკით,
ჯორი მოვკალი ამასა და იმას შუა და ახლა მეუბნები, არ
შემიძლიაო? პატიოსან კაცთან შეგყარე, საქმე სულ შენდა
სასარგებლოდ მოვიყვანე, იმდენი ვეცადე... სიძედ
იმისთანა კაცი მოგიყვანე, რომ სიტყვა თქვას ერთი - ათას
მანეთს დიდი სიხარულით მისცემენ, ამისთანა კაცი სულ
იეფად გიშოვე ჩემი მეცადინეობით, ჩემი რჩევით და
ჩაგონებით. კაცი სხვა არ მივაკარე, სხვაგან არსად
წასულიყო ქალის საძებრად, და ახლა...
- მადლობელი ვარ შენი, სოლომან, მეტისმეტად
მადლობელი ვარ! ჩემს დღეში რავა დავივიწყებ, რაც შენ
ჩემი ოჯახისათვის იშრომე!

- განათლებული ყმაწვილი, მდიდარი ოჯახი... ხვალ


ჩინებული ღვდელი იქნება... უზრუნველი ცხოვრება,
გამოულეველი ლუკმა-პური... ჰმ, ეს გაშოვნიე ორმოცი
თუმნით! ორმოცი თუმნით იმიტომ, რომ ვექსილი რა
ჩასათვალავია? ფული ხომ არ გხდება, და სამ წელიწადს
შიგნით რა იქნება, ვინ იცის! და ახლა კიდევ დაკლებაზე
ლაპარაკობ? არ შემიძლია! წინეთ მაინც გეთქვა! ღმერთო,
მომკალი, ეს რა ამბავი მომივიდა! რა პირით შევხედო
ახლა იმ კაცს? რა ვუთხრა, რითი ვიმართლო თავი?
სამარეს მითხრი, ბესარიონ, სამარეს მითხრი და ცოცხალს
მაგდებ შიგ, იცოდე... ვიღა მენდობა აწი? ჩემს სიტყვას
ვიღა დეიჯერებს!
სოლომანი გულშეწუხებული უღონოდ დაეშვა ტახტზე
და სასოწარკვეთილებით სავსე თვალები ბესარიონს
მიაპყრო.

- ძმობას ვფიცავარ, მეც ვნანობ, რატომ შევები მაგ საქმეს,


მარა რა ვქნა? უზომოდ ვწუხვარ, რომ თავი ვერ მოვაბი
ჩემთვის მაგისთანა სასარგებლო საქმეს...

- მეტი გზა არ არი, საცხა იქნება, უნდა იშოვო ის ფულიც,


რაც გაკლია, - რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა
სოლომანმა: - უნდა იშოვო, სადაც იქნება, რამეფერად!
რამდენი გაკლია?

- ასი მანეთი! - მიუგო ბესარიონმა.

- ასი მანეთის გულისათვის კარგავ ახლა იმისთანა


სასიძოს? ასი მანეთის გულისათვის? - წამოხტა
სოლომანი.

- თითქოს შენ თვითონ არ იცოდე, რა ძნელი საშოვარია


ასი მანეთი კი არა, ასი კაპიკიც. რომ ჩამომკიდო, გროშ-
კაპიკს იმაზე მეტს, რაც ახლა ხელზე მაქვს, გროშ-კაპიკს
ვერსად ვიშოვი! ღმერთი მოწამეა, გულით მინდა იმ
ყმაწვილის სიძობა, მარა არც ის შემიძლია, ერთ შვილს
გადავყვე და დანარჩენი მოვიმდურიო. რა ვქნა, აღარ ვიცი,
ღმერთმანი! ნამეტან გლახა დროში ვცხოვრობთ. მე რომ
მარტო მიჭირდეს, არაფერი, და ყველას, ყველას რომ
გვიჭირს, სად უნდა წევიდეთ, ვისთან მივიდეთ, ვის
შევეხვეწოთ მოხმარება? ვინ ოხერი, ასს კი არა, ორას
მანეთსაც რამეს ვეტყოდი, რომ რამე გამეწყობოდეს, რამე
გამაჩნდეს! სხვას ხომ არ ვაძლევ - შვილს მიაქვს, მარა,
რომ არ გექნება, რა უნდა მისცე? მეგონა, სადმე
ვიშოვიდი, რამეს დავაგირავებდი, მარა დასაგირავებელიც
რომ აღარაფერი მირჩება! ახლა მოწყალებასავით ვთხოვ,
შემაწიოს ასი მანეთი. მამასაც და შვილსაც ვთხოვ ამას.
თუ მიზამენ წყალობას, საუკუნოდ მოსამსახურე ვიქნები
მათი, თუ არა და, უნდა დავანებო თავი. ხელი უნდა
ევიღო მაგათ მოყვრობაზე!

- მე არ მოვკვდე, ბესარიონ, შენ ასე იაფად ვერსად ვერ


იშოვო სიძედ მისთანა ყმაწვილი.

- მაგ მეც ქე ვიცი, მარა რას იზამ კაცი?!

- რომ იცი, თავი არ უნდა დეიზოგო. ასი მანეთისთვის


შვილს კაცი რავა დოუკარგავს ბედს?! შენგან მიკვირს ეგ
ამბავი, თვარა სხვისგან არ გამიკვირდება. შენ რომ
გიცნობ, იმიტომ მიკვირს და მართალი გითხრა, ეჭვიც
მებადება, სხვა რამ მიზეზი არ იყოს აქ... ყოყმანი რომ
დაგაწყებია! - ცოტა ხნის გაჩუმების შემდეგ უთხრა
ბესარიონს სოლომანმა. - ბესარიონ, შენს ცოლ-შვილს
გაფიცებ, იმ შენ საყვარელ ქალიშვილს გაფიცებ, რომლის
გაბედნიერებას ასე მწარედ ეჩქარები, ხომ არავინ
შემოგძლევია ამ დღეებში? გაფიცებ იმ შენს შვილს,
მართალი მითხარი!

- რაღაზე დაგიმალო!

- შემოგეძლია?

- კი!

- იმწამსვე მივხვდი! ვინაა?

- არის ერთი ყმაწვილი.

- ქაიხოსროს შვილს ჯობია?


- ჯობნით სწორედ ვერ ჯობია... მარა...

- რაღა მარა, რაღა მარა, შე კაცო? რას გთხოვს? მართალი


თქვი, თუ კაცი ხარ!

- სამას მანათს ხელზე და დანარჩენს ისე, როგორც


ქაიხოსრო.

- ას მანეთშია განსხვავება, ას მანეთში! და ასი მანეთის


გულისათვის ცვლი განათლებულ ყმაწვილს ვიღაც
სოფლის ყრუელაში? კაი, თუ ღმერთი გწამს, კაია;
გაშტერებული ვარ, შენგან რომ ამისთანა რამე მესმის...
ჩემს თავს ვფიცავარ... ას მანეთს ვერ იმეტებ, ვერ იმეტებ
და ეგ არი, სხვა არაფერი! - ცხარობდა სოლომანი.

- არ მაქვს, დეიჯერე, შე ქრისტიანო, არ მაქვს, არა!..


ამიტომაც უფრო გლახას ვჯერდები... აბა, რა ვქნა?

- ნება შენია, ჩემო ბატონო, ნება შენია! როგორც გიჯობს,


ისე მოიქეცი, რასაკვირველია! რა გაეწყობა... მე სიკეთე
მინდოდა შენთვის, ღმერთმა იცის, თვარა სხვა ინტერესი
მე მაინცდამაინც იმისთანა არც კი მქონებია. სამაშვლოს
აღებაზე თუ იტყვის კაცი, მე აქ, შენთან ზარალშიაც ვარ.
შემეძლო ის ყმაწვილი სხვაგან წამეყვანა, სხვა ქალი
მეჩვენებია, სადაც ას თუმანზე არც ალაპარაკებდნენ. ჩემი
პირდაპირი სარგებლობა იქნებოდა - ასი მანეთი
მერგებოდა სამაშვალო. მარა შენი გულისათვის მევიყვანე
აქ... ჩემდა პირად მე დიდი სიამოვნებით სამაშვალოს
დაკლებაზე თანახმა ვარ, მარა აქედან ვიცი, რომ
ქაიხოსრო არაფრის გულისათვის მაგას არ იზამს... მერე,
როგორც გითხარი, მე ვერ ვეტყვი მზითვის დაკლების
თაობაზე ერთ სიტყვასაც... მადლობა ღმერთს! არ მეგონა
თუ ამ ოჯახში მე ასე შერცხვენილი დავრჩებოდი... ვერც
იმას წარმოვიდგენდი, თუ რომ ასე ერთი ფიორის
გულისათვის შვილს ბედს დაუკარგავდით! რა გაეწყობა!
მე კი არა, ჩემზე უკეთესებს მოსვლიათ ამნაირი
შემთხვევა. ალბათ, შევმცდარვარ, ვერ მიმიგნია, სად არი
იმ ყმაწვილის ბედი.

იმით უფრო გულნატკენმა, რომ ასე მოულოდნელად


ეცლებოდა ხელიდან სამაშვლო ექვსი თუმანი, მწუხარე
სოლომანმა რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში, მერე
მივიდა ფანჯარასთან და გაყუჩებულმა ეზოში დაიწყო
ცქერა. ბესარიონი ხმაამოუღებლად იჯდა ტახტზე.

- მაშვალი ვინ დაგიდის? - ღიმილით იკითხა სოლომანმა,


ისე რომ თავი არ მოუბრუნებია ბესარიონისკენ.

ამ უკანასკნელმა ვერც კი მოასწრო პასუხის მიცემა, რომ


სოლომანი მოტრიალდა და დაიძახა:
- ძაღლი ხსენებაზე! თავს მოვიჭრი, თუ მე ახლა ამაში
ვცდებოდე!.. სიკოია გლახაკი დეეთრევა მაგაზე! ხომ
მივხვდი, ხომ მივხვდი? როგორც კაცი, მითხარი, მივხვდი
თუ არა? ხომ?! ე, რავა მოათრევს თავის რაშს... აი,
გაგისკდა თავი, შენი ცარიელი თავი!

- სიკოიას სიტყვას რავა ავყვები, შე კაცო! - მიუგო


ბესარიონმა.

- თავი მომჭერი, თუ ის მაშვლად არ დაგიდიოდეს! აბა, რა


უნდა მაგას შენთან, რას მოეთრევა! - ცხარობდა
სოლომანი.

- კაცი კაცთან მივა-მოვა, რა ვუყოთ!

- არა, არა... მაგით ვერ მომატყუებ, ბესარიონ ჩემო.


ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და ამას კი არ მოველოდი,
რომ შენთან სიკოიას რჩევას და სიტყვას ჩემს რჩევაზე და
სიტყვაზე მეტი პატივი ექნებოდა... კაცი აღარ
ვყოფილვარ, ღმერთო მომკალი, და ის არი! ბოლოს არ
ინანო, ეგ მითქვამს, ბოლოს არ ინანო! ახლა კი
მშვიდობით ბრძანდებოდეთ! - და მეტად
გაწიწმატებულმა სოლომანმა ქუდსა და ყაბალახს
წამოავლო ხელი: - მშვიდობით ბრძანდებოდე!

- რა იყო, შე კაცო: რა მოგივიდა? - წამოვარდა ბესარიონი.

- არაფერი... მოლაპარაკებას არ დაგიშლი და ისაა! -


დაცინვით წარმოსთქვა სოლომანმა და ზალაში გავიდა.

- სოლომან, მომითმინე!

- ახლავე შინ უნდა წავიდე... უბძანე ჯორი გამომიყვანონ.


- სოლომან, მომითმინე! - ეხვეწებოდა ბესარიონი.

- სწორედ არ შემიძლია და ტყვილა მაკავებ!

- ახლა ასე გულმოსულად შენი წასვლა... ღმერთმანი,


სიკვდილია ჩემთვის... არ დევეძებ იმ ოხრიშვილს!

- რატომ, რატომ! - დაცინვით თქვა სოლომანმა.

- მომითმინე, სოლომან... ვილაპარაკოთ... ეგებ რამე


საშვალება მოვიგონოთ... საქმეს ვუშველოთ... უშენოდ მე
ვერაფერს მოვახერხებ იმაზე მეტს, რაც ვქენი!

- შენ არ მომიკვდე, მე ერთ წამსაც აქანა დადგომა არ


შემეძლოს! სალაპარაკო რაღა გვაქვს?! ჰმ, მადლობა
ღმერთს ჰქონდეს, კაცი ყველაფერს შეესწრები! - მწარედ
ჩაიცინა სოლომანმა და აივანზე გავიდა.

- ვეხვეწები და აღარ მოგვიცადა სოლომანმა! - უთხრა


ბესარიონმა პელაგიას, რომელიც აივანზე ემუსაიფებოდა
ახლად მოსულ სტუმარს, გამხდარი პირისახის კაცს,
რომელსაც ისე ჰქონდა გაბურძგნული თმა და წვერი,
გეგონებოდათ, ამ კაცს სავარცხელი იშვიათად სჭერია
ხელშიო. ეს იყო ის სიკოია, რომლის დანახვამ ასე თოფის
წამალივით ააფეთქა სოლომანი. მეტად ღარიბი აზნაური,
იგიც, სხვა ზოგიერთივით, დადიოდა მაშვლად აქა-იქ და
ამით შოულობდა თითო-ოროლა მანათს და ასე გაქონდა
წლიდან-წლამდე თავი, რასაკვირველია, დიდი
გაჭირვებით.

სოლომანმა ცივად ჩამოართვა ხელი სიკოიას და მერე


პელაგიასთან მივიდა გამოსამშვიდობებლად.
- რატომ ასე მალე მიბძანდებით, ბატონო? მოგვიცადეთ
ამაღამ! - უთხრა პელაგიამ.

- საჭირო საქმე მაქვს, ოჯახში უნდა გიახლოთ


უსათუოდ... გმადლობთ... მშვიდობით ბძანდებოდეთ!

სოლომანი გამოეთხოვა ყველას და გაწიწმატებული სულ


ჩაქჩაქით მიარბენინებდა თავის პატარა ჯორს.

ბესარიონი თვალს ადევნებდა და თავის გუნებაში


ამბობდა: ”სად წამიხვალ... სამაშვლოს ასე ადვილად რავა
დაკარგავ? არ ვიცი, რა კაციც ბძანდები? კარგ დროს არ
მოეთრია ეს გლახა სიკოია!.. დარწმუნებულია, რომ
მაშვლად დამიდის... თავს გეიტეხ და სამაშვლოს არ
დაკარგავ, ვიცი, ჩემო სოლომან!”

- გაათავეთ, ბესარიონ, ქათამაძესთან მოლაპარაკება? -


იკითხა სიკოიამ.

- რას გაათავებ, ყმაწვილო! მომკლეს, მომკლეს, იმდენს


ჭიჭყინობენ თითო კაპიკზე... - მიუგო ბესარიონმა. - რაღაც
ჰგონიათ ის ყმაწვილი და ცოტას კი აღარ ჯერდებიან იმათ
გუნებაში... ჯერ იმის მადლობაც მითხრან, რომ ქალს
ვაძლევ, ფულს და ქალს რავა მივცემ ქათამაძეს! კაი
ფულით კაი გვარიშვილის კაცს ვიშოვი... ქათამაძეს არ
ჩოუყარო ასასიანები!

ამასობაში სოლომანი გულამღვრეული მიაჩაქჩაქებდა


აღმართ-დაღმართებში თავის ჯორს და წამდაუწუმ
დეზებს სცემდა საწყალ პირუტყვს, რომელსაც სრულიად
ვერ გაეგო, რა დაეშავებინა ასეთი თავის პატრონისათვის.
სოლომანი დღემდე კარგად ეპყრობოდა ჯორს და დღეს
კი ტყუილუბრალოდ ამდენი ცემა-ტყეპა მიაყენა.
გაკვირვებული, თან შეშინებული და დამფრთხალი ჯორი
მირბოდა და, მისდა უნებურად, ხან კოლბოხებს
წაჰკრავდა ფეხს, ხან ქვას და წაიფორხილებდა ამის გამო,
რასაკვირველია, ახლა ამიტომ აგინებდა და ლანძღავდა
პატრონი. არც გასამტყუნარი იყო სოლომანი, რომ ასე
უდიერად ეპყრობოდა ჯორს. განა სოლომანს შეეძლო
გულგრილად აეტანა ამდენი ხნის ნახლაფორთები საქმის
ჩაფუშვა? კაცმა ამდენი იწანწალა, იდავიდარაბა, ძაღლის
ყბა გამოიბა იმდენი ლაპარაკით, ხან ერთი შეიჯერია, ხან
მეორე, ათასნაირი ტყუილების თქმა დასჭირდა, ერთი
სიტყვით, ყოველივე დაითმინა, რაც ამისთანობაში
მაშვალს თავისტეხა დაატყდება ხოლმე, და როცა
ყოველივე ეს თავს გადახდა და კაცმა იფიქრა, ახლა კი
მეშველა, საქმეს თავი გამოვაბი, სამაჭანკლოს ჯიბეში
ჩავიჩხრიალებო, როცა დასვენებას აპირობდა,
წარმოიდგინეთ, ამ დროს იგებს, რომ ეს ამდენი შრომა
ტყუილი ყოფილა, უქმი, უსარგებლო, საქმე ხელახლა
დასაწყები და გასარიგებელი... განა შეიძლება
გულგრილად აიტანო ამისთანა ამბავი ადამიანმა? განა
შეიძლება, რომ ამ ყოფაში იმისთანა ცეცხლი არ
მოეკიდოს, რომ ჯორი კი არა, თავისი თავიც
დაავიწყებინოს? ასეთი იყო სოლომანის მდგომარეობაც.
ჰმ, ასი მანეთის გულისათვის ბესარიონთან ერთად
ეცლება სამაშვლო ექვსი თუმანიც, რომელიც თითქმის
ჯიბეში ეგულებოდა საწყალ ღარიბ აზნაურს, რომელმაც
თავის ღირსებასაც და წოდებასაც კი აღარ მიხედა, ოღონდ
ის ოხერი ორიოდე გროში ეშოვნა... იკარგება წვალებით,
ოფლით ნაშოვნი სამაშვლო და ამასთან იკარგება დროც.
გაცდა ხომ კაცი... სადმე სხვაგან შეეძლო მაშვლობა
გაეწყო და ახლა უკვე აღებული ექნებოდა გასამრჯელო!..
და სოლომანს საშინლად გული მოსდიოდა იმ კუდაბზიკა
აზნაურებზე, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ და მაინც
თავის გვაროვნებას და წინანდელ ამაყობას არ ივიწყებენ,
რომლებთანაც ამის გამო ადამიანი ვერავითარ საბეჯითო
საქმეს ვერ დაიკავებ, რომ ათასნაირ ტყუილებში არ
გაეხვიო... ქაიხოსრო ქათამაძეს როგორ დაიყოლიებდა ასი
მანეთის დაკლებაზე! ქაიხოსრო უიმისოდაც თავს
იკლავდა, რომ შვილის ხათრით ასე ნაკლებიანი მზითვით
მოჰყავდა რძალი, როცა მის შვილზე ნაკლები ვაჟები
ასთუმნიან ქალებსაც წუნობენ. დაეკარგა, წმინდად
დაეკარგა სოლომანს მისი სამაშვლო ექვსი თუმანი და
მერე ვინ წაიღებს ხუთ თუმანს? სიკო, სიკოია გლახაკი!
ეს უფრო უწყალებდა გულს უიღბლო მაშვალს... რომ
ვინმე გამოჩნდეს მერმე, თუ გინდ გლახაკი, ოღონდ კი
ნაკლები ითხოვოს მზითვი, ბესარიონი იმ მესამეს
გაატანს თავის ქალიშვილს... იმას ერთი დარდი აქვს:
გასათხოვარი ქალი თავიდან მოიშოროს და, რაც
შეიძლება, უფრო იოლად გამოვიდეს. ამ გლახაკმა
სიკოიამ გამოუძებნა სადღაც ვიღაცა ოხერი და სიძედ
ურიგებს... რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ბესარიონი ამ
უკანასკნელს მისცემს ქალს და ასი მანეთი ხელში
შერჩება! სიკოიასაგან ემართება ახლა ეს! რა კაცისაგან?!
ვინაა იმისთანა, რომ ცოლის თხოვას აპირებს? სად
გამოაწყოს ახლა ახალი მაშვლობა - ეს სოლომანისთანა
აზნაურისათვის ფულის შოვნის თითქმის ერთადერთი
წყარო, ერთადერთი საშუალება? სოლომანის გული
ათასნაირად ტრიალებდა და ტოკავდა... მისი ტვინი
გადამეტებულ მუშაობაში იყო, მტკიცე საბუთებს ეძებდა,
რომ იქნება დავაჯერო როგორმე ქაიხოსრო და
დავაკლებინო ათი თუმანიო. მაგრამ მოსაზრების ძალას
ის სიკოია უსუსტებდა, რომელიც თვალწინ ედგა,
რომელიც სოლომანს მოსვენებას არ აძლევდა, გულს
უმღვრევდა და გონებას უჩლუნგებდა.

- მეც დამეკარგოს, მარა არც იმას გავატან! - გადაწყვეტით


წამოიძახა სოლომანმა და ამასთანავე ერთი ისე
ღონივრად გადაჰკრა მათრახი ყოვლად უდანაშაულო
ჯორს, რომ უიმისოდაც დამფრთხალმა პირუტყვმა
სრულიად გონება დაჰკარგა, გაფრინდა, რაც ღონე
ჰქონდა, და თან თავისი აღელვებული მხედარიც გაიტაცა.

ეფროსინემ პირველ დანახვისთანავე შეატყო ქმარს


აღელვება და როცა გაიგო როგორც იყო საქმე,
საყვედურით უთხრა:

- წინდაწინვე ვიცოდი, რომ მაგ მაშვლობიდან არაფერი


ხეირი არ გამოვიდოდა! სად აქვს ბესარიონს იმდენი
შეძლება, რვაასი მანეთი ერთ შვილს მისცეს მზითვად?

- თუ არა აქვს, მოვაძებნინებ! ასე ადვილად რავა წამივა


ხელიდან!

- ახლა კაი მიზეზი მაინც გაქვს და, თუ ღმერთი გწამს,


თავი დაანებე მაგ საქმეს!

- შენც არ მომიკვდე! - გაცხარებით წამოიძახა სოლომანმა.


- ასე ადვილად მომიშორებს ბესარიონი?! მერე ყველა
ამიგდებს, ვისაც რავა იამება, ასე მოინდომებს
ათამაშებას! ისე სოლომანმა იცოცხლოს, როგორც მე
არაფერს საშვალებას არ დევერიდო ბესარიონთან ჩემი
ტყვილა დაცდენისათვის. ნახავს აგერ, თუ იმან
ქალიშვილი გაათხოვოს სიკოიას დახმარებით. ღმერთო,
მომკალი, სიკოიაზე გასაცვლელი კაცი შევიქენი!.. ამასაც
ნახავენ! - სოლომანს ეტყობოდა, რომ ბესარიონს
არაფრით არ დაზოგავდა თავის ჯავრის ამოსაყრელად.

გარეთ ძაღლმა დაიყეფა.

- ვინ ოხერია ამ დროს? კაცს მოსვენებას არ აღირსებენ! -


გაანჩხლებით თქვა სოლომანმა.

ძაღლმა უფრო მოუხშირა ყეფა.


- ვიღაც არი, მართლა. გახედე ერთი! - უთხრა ეფროსინემ.

სოლომანი უკმაყოფილოდ წამოდგა, გავიდა აივანზე და


დაიძახა:

- რომელი ხარ მად?

- მე ვარ, სოლომან... გამომხედე, შენი ჭირიმე! - მოისმა


ხმა. ღამის სიბნელეში ყოვლად შეუძლებელი იყო კაცს
კაცი დაენახა.

- ვინ შენ?.. სახლში შემოდი, მაგ ბნელში რომ


გაჩერებულხარ! - გაჯავრებით დაუძახა სოლომანმა. - მწა,
გაჩუმდი, შე მგლის არჩივო! - მიაძახა მან ძაღლს.

- აქეთ გამომხედე, თუ კაცი ხარ! - მოისმა ისევ ხმა.


სოლომანი, რომელმაც დაკვირვებით ყური დაუგდო ამ
ხმას, გაშტერებული დარჩა. ნუთუ მართლა ბესარიონის
ხმაა ეს ხმა? რა უნდა ბესარიონს ამ დროს, ამ ღამეში, აქ, ამ
სიშორეს? ხმა კი ბესარიონისაა, ნამდვილ მისი ხმაა.

სოლომანმა ჩაირბინა ეზოში და იქითკენ გაეშურა,


საიდანაც ხმა მოისმოდა.

- ბესარიონი ხარ?

- მე ვარ, სოლომან, მე...

- რა ამბავია? რას მივაწერო შენი ამ დროს მოსვლა?! -


ეკითხებოდა გაოცებული მასპინძელი.

- მეტისმეტი გულფიცხი კაცი ხარ, შე დალოცვილო...


შურდულივით გამოექანე, სიტყვაც აღარ მაცალე მეთქვა.
უმიზეზოდ თოფის წამალივით აფეთქდი. მეტი გზა აღარ
დამრჩა, უკან უნდა გამოგკიდებოდი.

სოლომანმა გულიანად გადიხარხარა.

- შენ ქე გეცინება და მე საქმე მიხდება, შე კაცო!

- სახლში მობძანდი, ბესარიონ!

- არა, არა... აქ გვირჩევნია! - მიუგო ბესარიონმა.

- სახლში მობძანდი... არავინ არ მყავს... მე და ჩემი ცოლი


ვართ მარტო.

- არა, არა... აქ გეტყვი იმ ორ სიტყვას, რაც სათქმელი მაქვს,


შენთან კი უკაცრავად ვარ!
- აივანზე მაინც ავიდეთ...

- გთხოვ, აქედან ნურსად წამიყვან... მშვენიერ ადგილას


ვართ. აქეთ მობძანდი! - ბესარიონმა უფრო შიგნით
გაიწია ეზოსკენ, თან სოლომანიც გაჰყვა და ცხენიც
გვერდით ამოიყენა. - აქ ვერავინ შეგვხედავს, სტუმარიც
რომ მოგივიდეს... ჰო, იცი რისთვის მოვედი ახლა მე
შენთან?

- სწორედ აღარ ვიცი! - მიუგო სოლომანმა.

- ნუ დამღუპავ კაცს, სოლომან... შენი ცოლ-შვილის


გულისათვის, ნუ დამღუპავ! ყურმოჭრილი მოსამსახურე
გამხადე შენი... და შენს შემწეობას ნუ მომიშლი...
შემეწიე, აგრემც შენც ღმერთი შეგეწევა!

- ბესარიონ ჩემო, მე ამ დილასაც გელაპარაკებოდი...


- კი, კი... ჩემი სიკეთე რომ გსურდა, იმიტომ გეისარჯე...
ჩემს სიგლახეში მე ვარ, მარტო მე ვარ დამნაშავე.
ყველაფერი ჩემი ოხერი ხელმოკლეობით მემართება...
მარა ჩემს შვილს გაბრალებ, ჩემს საწყალ ელპიტეს, ოხერი
მამის ხელში რომაა ჩავარდნილი... თუ გინდ მომაკვდავი
მყოლებოდეს და გამოგებრუნებიოს, ისე ჩავთვლი, თუ
იმდენად შემეწევი, რომ იმ ყმაწვილს, ქაიხოსროს შვილს,
ჩემს ელპიტეს არ დააშორებ... შენს ხელშია ყოლიფერი,
სოლომან!..

- ბესარიონ ჩემო, ახლა შენ თვითონ თქვი... ჭკვიანი კაცი


ხარ... შემიძლია ქაიხოსროსთან გავბედო მაგის თქმა?..

- შემიბრალეთ... კაცი შემიბრალეთ... კაცი, კაცი!.. მწარე


გულით მონდომებული ვიყავი, ყველგან ვეძიე, მარა
თელათ ვერ მოვუყარე ფულს თავი... ამას გეხვეწებით და
გემუდარებით, ქვეყანაში ნუ გამომაჭენებთ, ნუ
შემარცხვენთ... ქალს ნუ მიმიტოვებთ... შე კურთხეულის
შვილო, არ იცი, რა დრო მოგვესწრო, რა საცოდავობაში
ვართ ერთიანად ჩავარდნილი?! ყველას, თელათ
აზნაურობას რა გასაჭირის დღე გვადგია, რა შავი დღე
შემოგვესწრო?.. სამზითვო ფული კი არა, ლუკმა პურს
ძლივძლივს ვშოულობთ, წლიური სარჩო სანახევროდ
აღარა გვაქვს... ამასთან იმისთანა უღმერთობაც შემოვიდა,
რომ სანამ ფულით ჯიბას არ გაუტენი, ქალს აღარავინ
თხოულობს... სად იშოვოს ჩემისთანა აზნოუშვილმა
ხუთასი და ექვსასი მანეთი... კაი, გავყიდე მიწა,
შევივიწროვე საქმე, ერთი მოვიშორე, როგორც იქნა,
მეორეს და მესამეს რაღა უყოს კაცმა? ფიქრობ, ფიქრობ,
მარა არაფერი გამოდის... ქალი კი ხანში შედის და, თუ
დროზე ვერ უჩვენე გზა, შემოგაბერდება ხელში და მერე
ხელსაც არავინ მოჰკიდებს... დაგედვა შვილის ცოდვა...
ღმერთს ვფიცავარ, იმისთანა გარემოებაში ვართ, რომ
ისევ ის სჯობია, კაცი ოჯახს რომ არ მოეკიდო!.. ღმერთს
ვფიცავარ... აბა, რანაირია ახლა ჩემი მდგომარეობა?! კაციც
ხომ უარესი შეიქმნა, რომ ერთმანეთის შებრალება აღარ
იციან... ბიჭო, თუ კაი კაცი ვარ, სამოყვროდ გინდებვარ,
რაღაზე მძარცვავ და მგლეჯავ?.. ამაზე მეტი
უკუღმართობა იქნება?! ღმერთმანი, ცოდვაც არაა, რომ
ამისთანაში კაციც მოატყუო, თუკი რამე გაგეწყობა...

- შენ ხომ არ აპირობ მაგ გზას დაადგე? - სიცილით უთხრა


სოლომანმა.

- არაფერი ცოდვა არ იქნება, ის ღრჯო კაცი, ქაიხოსრო, რომ


მოვატყუო... მარა ჩემს სასიძოს კი ამას არ ვუზამ არაფრის
გულისთვის...

- ბესარიონ, შენ რაღაც გაქვს ნაფიქრები... ისე გატყობ... მე


თელი ხვალინდელი დღე თავი უნდა ვიტეხო, რამე გზა
გამოვნახო, ქაიხოსროს რომ შემოვუარო... თელი გზაც,
შენგან რომ წამოვედი, ამაზე ფიქრს მოვანდომე, მარა ჯერ
ვერაფერი დავაწყვე, ვაი სიკოს ტყავს, სულ იმან ამირია
ეს საქმე, თუ არა შენ ას მანეთს კი იშოვიდი, სადაც
იქნებოდა... სადმე იქნება ფეხს კი წავაკრევინებ იმ
გლახაკს!..

- სოლომან, სიკოიას თავი დაანებე, ყური მიგდე აგერ!

- ჰო!

- შენ არ მომიკვდე, იმ შვილს გეფიცები, უფრო


დამიჯერებ, შენ არაფერი დაგაკლდეს... თუ არ
შეგემატოს... ჩემს სიტყვას თუ შენ დეიჯერებ და
დაადგები!

- რაი, რა? - მოუთმენლად შესძახა სოლომანმა.


- ჩემსას მინდოდა მეთქვა ეგ შენთვის, მარა არ დამაცალე,
გამომექეცი... ამ ღამეში წამომიყვანე ამისათვის...

- თქვი, თქვი, შე კაი კაცო! - აჩქარებდა სოლომანი. - სული


წამივიდა ეს არი...

- შენ თვითონ კარგად იცი, რომ იმ ჩემს სასიძოს ძალიან


მოსწონს ჩემი ელპიტე, - დაიწყო ბესარიონმა.

- მართალია...

- იმასაც ამბობს თურმე, რომ სხვა ქალს არ შევირთავო,


თუ არა ჩემს ელპიტეს... ეს იმისთანა სარწმუნო კაცმა
მითხრა, რომ არ შემიძლია არ დავუჯერო... მერე კიდევ იმ
ყმაწვილის ნათესავიცაა... მზითევს რას დევეძებო, ასე
ამბობს თურმე... მე ქალი მინდაო, თვარა... ჩემი სამყოფი
სარჩო ყოველთვის მექნებაო...

- მართალი გითხრა, ჩემთანაც ქე უთქვამს მაგ...

- ჰოდა... მერე, შე კაცო, თუკი საქმე ასეა, ქაიხოსროს ნუ


გადამატანთ!

- მე ვერ მიგიხვდი კიდევ, რისი თქმა გინდა! - უთხრა


სოლომანმა.

- რა მინდა და შენ რომ იმ ყმაწვილს მოელაპარაკო...

- რა?

- უთხრა, რომ ასე-ასეა შენი სასიმამროს საქმე... ფული


ვეღარ იშოვა-თქვა... მიწა-წყალს ჩალის ფასში ნუ
გააყიდვინებ-თქვა… სამღვდელოდ ემზადები-თქვა და
პირველი სამადლო საქმე იქნეს ეგა-თქვა... თუ ერთი ასი
მანეთი არ მოუკელი, იძულებული იქნება-თქვა, ქალი
სხვას მისცეს... ისიც უთხარი, რომ მთხოვნელებიც ჰყავს-
თქვა... რაკი ისე გულით უნდა ჩემი შვილი, რავა
დევიჯერო, ასე ცოტასთვის უარი თქვას... მერე კიდევ
შენებურად რომ მოუყვები, ის ყმაწვილი,
დარწმუნებული ვარ, თანახმა გაგიხდება...

- ყმაწვილი კი გაგვიხდება თანახმა, მაგრამ საქმე


ქაიხოსროა, - წამოიძახა სოლომანმა.

- ის ყმაწვილი თუ თანახმა გახდა ამ ასი მანეთის


მოკლებისა, მეტი აღარაფერი გვინდა...

- ყმაწვილს ვინ ჰკითხავს, ბატონო! - მოუთმენლად


წამოიძახა ისევ სოლომანმა.
- ბატონო, შენ გეიგონე ჯერ ჩემი... და მერე თქვი, თუ
ვცდები... ყმაწვილი თუ თანახმა გაგვიხდა, ქაიხოსროს
ნურაფერს ეტევი შენ... მომიყვანე ის ჩემს სახლში იმ
აზრით, რომ რაც პირობა გვქონია, ვითომ იმას ვაძლევ...
სამზითვო ფულის ჩაბარების დროს კი შეიტყობს, რომ
სამასი მანეთის მეტს არ ვაძლევ...

- თავს მოიკლავს... ერთ უბედურებას გვიზამს! -


წამოიძახა სოლომანმა.

- ეგ მეც ვიცი, მარა შენ უნდა დაარიგო ყმაწვილი, რომ


მამას იქვე ხალხში თხოვოს, რაც იქნება, იმით
დაკმაყოფილდეს... ვინც იქ დაგესწრებათ, ყველა
შემოეხვევით და თხოვთ ქაიხოსროს და, რავა დევიჯერო,
ყველას ხათრი არ გაგიწიოსთ. მით უფრო, რომ ეტყვით,
მალე მიიღებთ-თქვა... ყმაწვილი ყოჩაღად უნდა იქნეს,
ამას გეხვეწები, დაარიგო იგი კარგად... თუ ასე
მომეხმარები, ერთი სიტყვით, შენს ყურმოჭრილ ყმად
გამხდი... ცოლ-შვილს ვფიცავარ.

სოლომანმა სიტყვა აცალა ბესარიონს, მერე კი ღიმილით


უთხრა:

- ეგ კაი დაგემართოს, შენთვის, შეიძლება, კარგი იქნეს,


მარა რა...

- ვითომ ქაიხოსრო სამაშვლოს აღარ მოგცემს?

- ჰო!

- შე კაცო, უიმისოდაც ხომ გეკარგება და, თუ ასე


მოიქცევი, ჩემი სიძე იმდენად უმადური რავა იქნება, რომ
შენი ხვედრი, რაც შენ წესით გერგება - ხუთი თუმანი
დაგიკარგოს.... მაგაში მე ვიქნები სწორედ თავდები... ამას
გარდა, ჩემი მხრივ, როგორც კაცი, იმ თუმანს, რომელიც
გაკლდება, მე მოგართმევ ჩემი ჯიბიდან... როგორც
პატიოსანი კაცი!

- კარგი... ბატონი ბძანდები! - ცოტა მოფიქრების შემდეგ


თქვა სოლომანმა... - მაგას კი ეგრე გავაწყობ, თუ შენ,
ბესარიონ, შენი მხრით არ მომატყუებ...

- ღმერთმა თავი დამიმხოს მაშინ... ცოლ-შვილი


გამიწყვიტოს!..

- აბა, კარგი... გახსოვდეს ეს შენი სიტყვა!

- უპატიოსნო, შერცხვენილი კაცი დამიძახე, თუ შენ რამე


დაგაკარგვიო.

- გენდობი, მეტი გზა არა მაქვს... თუ მომატყუე და,


სიკოიას ჯავრი მაინც აღარ ჩამყვება, რომ შენი შვილის
სამაშვლო იმას აღარ ექნება წაღებული...

- აბა, ასე, ჩემო სოლომან...

- კი, ბატონო!

- ამ სამ დღეში მოგელი და იმ ყმაწვილის აზრსაც


გამაგებინებ, შენი სულის ჭირიმე...

- კი, კი.

- შენს სულს დავენაცვლე... შენ თუ მოინდომე,


ყველაფერი იქნება, რაღა თქმა უნდა... ახლა ისე წავალ
სახლში, თუ გინდ ფრთები მქონდეს შემოსხმული..

- ახლა რავა წახვალ სახლში, რას ამბობ, ბესარიონ?


- კი, შენი ჭირიმე, კი...

- გადირია ჩემი მტერი!.. ამ ღამეში სიარული!.. მოისვენე


და ხვალ დილაადრიანად წაბძანდები და ის იქნება...

- არა, არა, სოლომან ჩემო!

- რა მიზეზია, რატომ ახლა?

- მართალი გითხრა, არ მინდა ვინმემ გეიგოს, თუ მე


შენთან ვიყავი... არაფერი არ მიჭირს... ცხენი კაი მყავს...
თვალს არ მაკლია... მეტი რა მინდა... მშვიდობით, შენი
ჭირიმე, და აბა, შენებურად მომიკვარახჭინე ეგ საქმე და
მერე მე და ჩემმა ნამუსმა ვიცით...

- შიში ნუ გაქვს... დაიმედებული იყავი!.. ოღონდ შენი


მხრით შენი სიტყვა არ დეივიწყო!..

ბესარიონი გამოემშვიდობა სოლომანს, მოაჯდა ცხენს და


ისე გააქროლა იმ უმთვარო, ბნელ ღამეში, რომ მხოლოდ
ცხენის ფეხის ტყაპა-ტყუპი ისმოდა.

- ეფროსინე! - მხიარულად შესძახა სოლომანმა ცოლს,


სახლში რომ შევიდა: - ღმერთი ისევ ჩვენსკენ არი... ან კი
რავა დოუკარგავდა საწყალ კაცს მის ნაშრომ-ნადაგ-
ნაწვალებს... წარმოიდგინე, ბესარიონ საქარაძე იყო ახლა
ჩემთან! - და სოლომანი მოუყვა, თუ რა ლაპარაკი
ჰქონდათ და რა გეგმები დააწყვეს. - მეც მაგას
მოვიფიქრებდი, რასაკვირველია, მარა ისე ვიყავი
გაცეცხლებული, რომ ნამეტანი... რა ეშმაკი კაცია
ბესარიონიც... ისიც გეიგო, ესეც და ახლა უნდა, რომ ორივე
ყმაწვილი შეაჯიბროს... რა ოხერი რამაა... მარა იმათ
ყველას თავი უტეხიათ... მე ჩემი არ დამეკარგოს და!..
იმედმოცემული, გამხიარულებული სოლომანი მადიანად
შეექცა თავის ღარიბულ ვახშამს და სიამოვნებით
გადაჰკრა ორიოდე სტაქანი წყლიანი ღვინო.

მეორე დღეს სოლომანმა გასწია ქაიხოსრო ქათამაძისას.

ქაიხოსრო ქათამაძე იყო სასულიერო წოდების კაცის


შვილი. თვითონ მღვდლობა არ დეეძია, სამაგიეროდ
უფროსი შვილი ნიკო სამღვდლოდ გამოზარდა და ახლა,
სემინარიაში კურსდასრულებულისათვის, ცოლის
შერთვას ეჩქარებოდა, რადგანაც ეპისკოპოზს მისი
მღვდლად კურთხევა უნდოდა. ნასწავლი ვაჟით
თავმომწონე ქაიხოსრო ქალების დიდ გამორჩევაში იყო
თავისი შვილისათვის: ლამაზიც, დიდმზითვიანიც და კაი
გვარიშვილიც უნდა ყოფილიყო უსათუოდ მისი შვილის
საცოლო. ბევრ აზნაურს ენატრებოდა ეშოვა სიძედ
სამღვდელოდ გამზადებული ყმაწვილი ქათამაძე; ბევრმა
დაივიწყა ამისათვის თავისი გვარიც და წინანდელი
წარჩინებულება, მაგრამ ბევრი არ გახდა ღირსი
ქაიხოსროს ყურადღებისა. ბედმა, ისიც სოლომანის
წყალობით, ბესარიონ საქარაძეს გაუღიმა, მაგრამ ამ
უკანასკნელს წელი სწყდებოდა იმდენი მზითვის
მიცემით. რასაკვირველია, სხვა შემთხვევაში ამდენი
პატივი არ დაედებოდა ნიკო ქათამაძეს, მღვდლად
საკურთხი რომ არ ყოფილიყო. მღვდელს ცოტაოდენი
ჯამაგირიც აქვს, ცოტა შემოსავალიც თავის მრევლიდან
და ამით უფრო უზრუნველყოფილია, ვიდრე უმეტესი
ნაწილი სრულიად გაღარიბებული, გაღატაკებული,
დაცემული ჩვენებური აზნაურებისა. ბესარიონიც ამ
უკანასკნელებს ეკუთვნოდა და აღარც თავის აზნაურულ
სიამაყეს დაეძებდა, აღარც თავის კარგ გვარიშვილობას,
ოღონდ რაიმე გზით ქალიშვილი ისეთი კაცისათვის მიეცა,
რომელსაც ლუკმა-პური მაინც საძებარი არა ჰქონოდა.
ქაიხოსრო კიდევ გულდაწევეტილივით იყო, რომ მისმა
შვილმა ასი თუმანი ვერ აიღო, მაგრამ შვილის ხათრით
აღარაფერს ამბობდა; იცოდა, რომ ნიკოს მეტად
მოსწონდა საქარაძის ლამაზი ქალიშვილი; თან ესეც
ამშვიდებდა, რომ გამრჯელ, დაუზარებელ ქაიხოსროს,
თავისდაგვარად, კარგი მოწყობილი, შეძლებული ოჯახი
ჰქონდა.

სოლომანის მისვლისთანავე ქაიხოსრომ იკითხა, რას


შვრება ბესარიონიო, მზადაა თუ არაო. სოლომანი თავის
მოქარგული ენით მოუყვა, თუ რა მზადებაშია ბესარიონი
და რა სიხარულით მოელის ქალიშვილის გაბედნიერების
დღეს, და ამიტომ, მისდა ნებისად, ჯერ მზად არაა და
მალე კი ყველაფერი თავმოყრილი ექნებაო. ქაიხოსრომ
ვერც ახლა მოითმინა, რომ სოლომანისათვის საყვედური
არ ეთქვა: შენ შემაცდინე და ასე მცირე მზითვიანი ქალი
ათხოვიე ნიკოსაო. სოლომანმა კარგად იცოდა ქაიხოსროს
ხასიათი და თავი მოუქონა:

- შე დალოცვილო... ქალი კაი ვუშოვე, კაი ოჯახისა... და


ფული თქვენოდენი ვისა აქვს!.. რაღათ გინდათ, ერთ
საცოდავ აზნოუშვილს თელი საცხოვრებელი რო
წაართვათ?! მოგცემსთ კი, მარა ღვთის მოცემული თქვენ
რომ თქვენი ბევრი გაქვთ, რაღათ გესაჭიროებათ მეტი?

ქაიხოსრომ სიამოვნებით გადიხარხარა ამ ქებაზე და


სოლომანს უთხრა:

- მელა ხარ, მელა, სოლომან ჩემო!

სოლომანის ქებაშესხმით ნასიამოვნები ქაიხოსრო


მეათასედ მოჰყვა, რანაირად მოსწონდათ უფროსებს
სემინარიაში მისი შვილი, რას ჰპირდებოდა ახლა
ეპისკოპოზი, - ერთი სიტყვით, მოხუცებულ კაცს
მეტისმეტად მოსწონდა თავისი შვილი. სოლომანმა დიდი
მოთმინებით მოისმინა გაუთავებელი ტრაბახი
მოხუცებული კაცისა და მერე, როცა მოხერხებული დრო
იშოვა, თავის საქმეს შეუდგა: მოუყვა ნიკოს საქმის
გარემოებას და ყმაწვილს ძალზე აუძგერა გული თავის
ნაამბობით.

- უსათუოდ უნდა დაუკლო იმ კაცს ასი მანეთი, თვარა


ბესარიონი სხვას მისცემს ქალს... ასი მანეთის
გულისათვის რავა დაკარგავს ყმაწვილი კაცი იმისთანა
საცოლოს, როგორც საქარაძის ქალია! მე არ მოვკვდე! შენ
ის არ იფიქრო, მარტო ჩემი ინტერესი მალაპარაკებდეს...
მაშინ უსინდისო დამიძახე... მე ის მინდა, რომ კაი
ყმაწვილს, როგორც შენ ხარ, ჩვენი ქვეყნისთვის
სასარგებლო, რასაკვირველია, შეგხვდეს კაი ქალიც... ჩემი
უპირველესი სარგებლობა ის იქნება, რომ მოყვარედ
შემეძინება ერთი კაი ოჯახი... და ღმერთმა ყოველ ჩემიანს
მისცეს იმისთანა კაი საოჯახო ქალი, როგორიც ელპიტეა...
ლამაზი, მშვენიერი, წყნარი, თავდაბალი, ჭკვიანი,
მორჩილი ყველასი, ერთი სიტყვით, რაც კი საჭიროა
საოჯახო ქალისათვის... ყმაწვილი დაჰკარგავს ასი
მანეთის გულისათვის ამისთანა ქალს?! არა მგონია! -
დაატანა სოლომანმა და თავის ლაპარაკით იმ ზომამდის
მიიყვანა ყმაწვილი კაცი, რომ, პირიქით, ის ეხვეწებოდა
და ემუდარებოდა, შემწეობა აღმომიჩინე, დამეხმარე,
საქმე არ ჩაიშალოსო.

ნიკო თანახმა იყო სოლომანის ყოველი წინადადებისა,


ყოველის მისის რჩევისა. გამარჯვებული მაშვალი ახლა
მხიარულად მიაჩაქჩაქებდა საღამოზე ჯორს თავის
სახლისაკენ და ერთხელაც არ უთქვამს წყრომის სიტყვა
თავის დაუღალავი ამხანაგისათვის.

კვირიკობის თვის დამლევი იყო. ბესარიონ საქარაძის


პატარა ეზოში ბლომად მოეყარა ხალხს თავი; ბევრი
კიდევ თანდათან ემატებოდა. ეზოს ერთ კუთხეში
გაკეთებულ ფანჩატურის ქვეშ სუფრები იყო გაწყობილი,
გრძელი ფიცრის სასხდომებით აქეთ-იქიდან.
საღამოჟამდებოდა. სასიძო თავის მაყრიონით უკვე კაი
ხნის მოსული იყო.

მორთულ-მოკაზმული დედოფალი, ეკლესიაში


წასასვლელად ჯვრისდასაწერად მომზადებული,
ჯერჯერობით ქალებით სავსე პატარა ოთახში იჯდა
მორცხვად თავდახრილი. დედამისი პელაგია
მოუსვენრად იყო, ხანდახან შემოირბენდა ოთახში და
ისევ მალე სადღაც გაქრებოდა. ყველას რაღაც აღშფოთება
და უკმაყოფილოდ ყოფნა ეტყობოდა. ხანდახან თუ
გადუფუჩუნებდნენ ერთიმეორეს ორიოდე სიტყვას და
მერე ისევ მალე შესწყვეტდნენ ლაპარაკს და თავის
ქნევით დედოფლისაკენ იხედებოდნენ. ეტყობოდა,
რაღაც უსიამოვნო ამბავი უნდა ყოფილიყო, რომ ასე
მწუხარედ იყო მთელი ეს საზოგადოება.

მართლაც, სამწუხარო ამბავი იყო. ქაიხოსრო ქათამაძე


წასვლას აპირებდა შვილიან-მაყრებიანად და იძახდა, რომ
ერთ წამსაც არ დავიცდი, თუ ბესარიონი სრულად ოთხას
მანეთს არ ჩამაბარებს ხელშიო. ბევრს ეხვეწნენ,
ათასნაირად ამართლებდნენ ბესარიონს: მოატყუა ერთმა
კაცმა, გუშინ უნდა მოეტანა ასი მანეთიო. ბევრი
ამისთანები უთხრეს, მაგრამ მოხუცებული ვერაფრით
ვერ დაამშვიდეს და ვერ დაიყოლიეს.

- ბატონო, იყოს ეგ ასი მანეთი ბესარიონზე... მერე


მოგვცემს, ხომ არ დეიკარგება?.. უსიამოვნობას ნუ
მივაყენებთ ამ მთელ საზოგადოებას! - უთხრა სასიძომ
მამას.
- შენ, შვილო, ჯერ ქვეყნის ამბავი არაფერი იცი!.. შენს
გამოზრდაში რომ მე ფული დავხარჯე, ტყვილა ნაშოვარი
კი არ მქონებია... შენისთანა ყმაწვილს ის მზითევი
ეკადრება, ბესარიონი რომ შენ შეგპირდა?.. იმასაც აკლებს
კიდევ!.. არ მოგიკვდეს ქაიხოსრო, მე ეგ არაფრის
გულისათვის არ ვქნა, შენ ჯვარი არ დაგაწერიო! -
თითქმის ყვიროდა გაწიწმატებული ქაიხოსრო.

- გთხოვ, მამა... - დაიწყო ნიკომ.

- ტყვილა მთხოვ!

- ბატონო, თუ არა აქვს ხელზე... ჩამოახრჩობ იმ კაცს თუ? -


უკმაყოფილოდ უთხრა შვილმა.

- თუ არა აქვს და... - ქაიხოსრო ერთი მიტრიალდა და,


როცა თვალი მოჰკრა ერთს თავის მომყოლს, გადასძახა: -
მზათაა, პავლე, ცხენები?.. ახლავე გამოგვიყვანე და
ჩვენებს შეატყობიე, რომ მივდივართ!..

- მამა, ეგ ყოვლად შეუძლებელია! - მიაძახა შვილმა.

- ტყვილად იფიქრა ბესარიონ საქარაძემ ჩემი


გაცუცურაკება... სულ ტყვილად! - წამოიძახა ქაიხოსრომ
და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

ბევრს ეხვეწნენ იქით-აქედან ქაიხოსროს, არ დაღუპო


საწყალი ბესარიონიო, მაგრამ ის მაინც თავისას არ
იშლიდა.

- ბატონო ქაიხოსრო! - მივიდა ქაიხოსროსთან სრულიად


თმაგათეთრებული, ზორბა ტანისა და დარბაისელი
შეხედულების აზნაური და მიმავალს გზა გადაუღობა: -
ბატონო ქაიხოსრო, პატიოსანი კაცი ბძანდები და
პატიოსან საზოგადოებაში იმყოფები... იმედია, რომ ჩვენს
საერთო თხოვნას ცოტაოდენს პატივს მაინც დასდებთ და
თქვენისთანა შეძლებული კაცი ასე ცოტასათვის არ
ინებებ არც შენი შვილის სასოწარკვეთილებში ჩაგდებას
და არც შენგან სამოყვროდ ამორჩეული ოჯახის უსაზომო
მწუხარებაში დატოვებას... ყმაწვილ ქალსაც, რომელსაც
არავითარი დანაშაული თქვენს წინაშე არ მიუძღვის,
რომელიც განმზადებულია თქვენი უმორჩილესი მონა-
მოსამსახურე გახდეს, ამ ყმაწვილ ქალს, დარწმუნებული
ვარ, იმდენად არ გეიმეტებთ, რომ ის ბედი, ღმერთმა რომ
დოუნიშნა, მოაცილოთ ასე და ამით სასტიკად დასაჯოთ,
გული მოუკლათ... ამის მთხოვნელი ვართ, რომ უმანკო
არსებას ნუ დასჯით და იმედია, რომ ისიც არ დაივიწყებს
თქვენგან მის შებრალებას და სამიდღემჩიოდ თქვენი
მადლობელი იქნება... და ჩვენც მასთან ერთად,
რასაკვირველია!
მოხუცებული აზნაური გაჩუმდა. გაჩუმებული იდგა
ქაიხოსროც. ნიკომ მოჰკიდა ხელი მამას, მეორე
ოთახისკენ წაიყვანა და თან შეკრებილებას მიმართა:

- ახლავე გიახლებით, ნურას უკაცრავად!.. მამა, მე და შენ


გევიყრებით, იცოდე, თუ ის პატიოსანი მოხუცი კაცი
გააწბილე ახლა! - უთხრა ქაიხოსროს შვილმა და ამის
შემდეგ ორივე მამა-შვილი უკან შემობრუნდნენ...

- მე თანახმა ვარ, ბატონო, - მიუბრუნდა ქაიხოსრო


მოხუცებულ აზნაურს. - თანახმა ვარ, ჩემს შვილს ჯვარის
დაწერის ნება მივცე... თქვენი პატივისცემისათვის...
მაგრამ ამასთან ერთი პირობა უნდა დავდვა და ის პირობა
უსათუოდ უნდა ასრულდეს...

ნიკო გაშტერებით მიაცქერდა მამას. ყმაწვილს,


ცხოვრებაში გამოუცდელს, რცხვენოდა მეტისმეტად და
შეწუხებული იყო მამის უცნაური ქცევით.

ქაიხოსრომ წინადადება მისცა ბესარიონს: თუ რომ


ჯვარსაწერ ფულს, ესე იგი სამ თუმანს მომცემ, შვილს
ჯვრისწერის ნებას მივცემო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ
ბესარიონი მზარეულებში მოძებნეს და უთხრეს, რომ ეს
სამი თუმანი რამეფრად ეშოვა და ახლავე მიეცა
ქაიხოსროსათვის. ბესარიონი ყველას ეფიცებოდა, რომ
გროში კაპიკი არ გამაჩნიაო, და ქაიხოსროს რაც ნებავს, ის
ქნასო. დიდი დავიდარაბით, თითქმის ძალდატანებით,
როგორც იქნა, ბესარიონს მოატანინეს, ალბათ, წინდაწინ,
სავინიცობოდ, მომარაგებული ფული, ჩააბარეს დანარჩენ
ფულებთან ეს სამი თუმანიც ქაიხოსროს და, ამდენი
უბედურებისა და გაწვალების შემდეგ, როგორც იქნა
ნეფე-დედოფალი ეკლესიაში წაიყვანეს.

რამდენიმე საათის შემდეგ ბესარიონის ფანჩატურის ქვეშ


მხიარული საზოგადოება გულუხვი მასპინძლის სუფრას
გარს შემოსხდომოდა და ”მრავალ-ჟამიერ”-ს და ათას სხვა
სიმღერას ბოლო არა ჰქონდა. ახალგაზრდა ნეფე-
დედოფალს ულოცავდნენ ბედნიერებას და უნატრიდნენ
სასურველ მომავალს.

ამ საერთო მხიარულებაში მხოლოდ სოლომანი ვერ იყო


იმისთანა გუნებაზე, როგორც შეეფერებოდა ისეთ
მაშვალს, რომელმაც თავისი საქმე ბოლომდის მიიყვანა.
სოლომანის ამნაირ მდგომარეობის მიზეზი იყო
ქაიხოსროს ცივად დახვედრა, როცა სოლომანმა შვილის
გაბედნიერება მიულოცა. ამასთან ერთად სხვა საქმეც იყო,
რაც ერთობ გულს უწვავდა სოლომანს.

ჯვრისწერის შემდეგ, ეკლესიიდან რომ ხალხი დაბრუნდა,


სოლომანი მივიდა ბესარიონთან, მიულოცა შვილის
გაბედნიერება და უთხრა:
- იმედია, ბესარიონ, შენი სიტყვა გახსოვს და აასრულებ
კიდევაც. როგორც გინდოდა, ისე მოგიწყვე საქმე!

- ეგ კი, მადლობელი ვარ, მაგრამ პირშავად კი უნდა


დავრჩე შენთან! - მიუგო ბესარიონმა.

- რავა? - გაოცებით შეეკითხა სოლომანი.

- უკანასკნელი გროში წამართვა იმ უხეირო ქაიხოსრომ


და რაღა მოგცე, ძმაო... გროშ-კაპეიკი არ გამაჩნია,
სოლომან!

- მეხუმრები თუ მართალს მეუბნები? - კიდევ შეეკითხა


სოლომანი.

- მართალს გეუბნები... რა დროს ხუმრობაა? - მიუგო


ბესარიონმა.

- ფუი, მაგისთანა პატიოსნებასაც რა ვუთხრა! - წამოიძახა


სოლომანმა: - ბესარიონ, არ შეგრჩება, იცოდე, ეგ
მოტყუება! - დაექადნა სოლომანი და გაბრაზებით
გაშორდა ბესარიონს.

- რას მიზამ? - წაილაპარაკა მან, მერე სამზარეულო


სახლში შევიდა და ბიჭს უბრძანა: - დაკლული ხარის
ტყავი კარგად შეინახეთ, როგორც მაშვლის
კუთვნილება!..

გონებაამღვრეული სოლომანი ხალხში გაერია, სუფრასაც


მიუჯდა, მაგრამ არაფერი მხიარულება მის გულს არ
მიჰკარებია. ბესარიონმა ხომ მოატყუა, არაფერი მისცა და
ქაიხოსრომაც ვაი თუ ამისთანა რამ საქმე დამართოს! მით
უფრო ჰქონდა ამისი დარდი, რომ თავის თვალით უყურა,
რა ამბავი დააწია ამას წინათ ქაიხოსორომ ქალის ოჯახს.
მთელი ღამე არ დასძინებია სოლომანს და იყო ერთ
მოუსვენრობაში. მეორე დღეს, როცა დაინახა ეზოში
მოსიარულე ქაიხოსრო, მივიდა და, პირველის
მისალმების შემდეგ, უთხრა:

- იმედია, ქაიხოსრო, რადგანაც მე აწი აღარაფერი საჭირო


ვარ თქვენთვის, აღარ დამაყოვნებთ და დროზე სახლში
გამიშვებთ.

- მე არ გაკავებ, ჩემო ძმაო! - ცივად უთხრა ქაიხოსრომ.

- კი, მარა, რაც მერგება, ნუღარ დამიკავებ... ჩემი


გასამრჯელო...

- ბესარიონს მოთხოვე...
- ბესარიონი რაში მომცემს?..

- იმასთან ერთად რომ ეშმაკობდით!..

- ღმერთო, მომკალი!.. მაგ მეკადრება მე თქვენგან?..

- კარგი, მაცალე... რამდენზე გაგვარიგე მე და ბესარიონი!..


ოთხასი მანეთი უნდა მოეცა ხომ?

- კი!

- რა მომცა მერე?

- ეგ შენი და მისი საქმეა!.. მე რას დავეძებ?!

- აბა, მე ბესარიონზე გადმომიპირებია შენი სამაშვლო. რაც


იმას შერჩა ჩემთვის მოსაცემი ფულიდან, იქიდან მოგცეს
შენი გასამრჯელო... რამდენი გერგება?

- ექვსი თუმანი.

- ბესარიონს ჩემი შვიდი თუმანი აქვს... მიდი და ჩემ


მაგიერ უთხარი, იმ ფულიდან გაგისტუმროს.

- კაია, ბატონო, მე სახუმროდ კი არ მოვსულვარ შენთან...


საქმეს გელაპარაკები! - გაჯავრებით წარმოსთქვა
სოლომანმა.

- სრულიადაც არ გეხუმრები... ნამდვილს გელაპარაკები


მეც! - მიუგო ქაიხოსრომ.

- აბა, შენ არაფერს მომცემ?

- არაფერს. გითხარი, ბესარიონი მოგცემს.


- ნუ შვები მაგ საქმეს, ქაიხოსრო! - და სოლომანმა ცალი
თვალით დაუწყო ყურება ქაიხოსროს.

- მე გითხარი და ისაა... ტყვილა იწუხებ თავს! - უპასუხა


მან.

- მაშ მიკარგავ გასამრჯელოს? - შეეკითხა სოლომანი.

- თუ ბესარიონმა არაფერი მოგცა, დაგკარგვია და ისაა!

- რატომ ახლა?

- სწორ გზას დავადგებოდი.. ცუღლუტობას


დეერიდებოდი და ასე არ გაგიხდებოდა საქმე!.. ჩემი რა
ბრალია?.. შენს თავს დააბრალე!.. - თქვა ქაიხოსრომ და
სოლომანს მოშორდა.
გაწიწმატებულმა მაშვალმა თვალი გააყოლა მიმავალ
მოხუცებულს, თავი გააქნია და გულში მუშტის
ჩარტყმით წაილაპარაკა:

- მართლა ჩემს თავს უნდა დავაბრალო... თქვენისთანა


მუდრეგებთან და წუნკლებთან რომ საქმეში შევები!..
სად წამიხვალთ? ისე რავა მოვკვდები... ერთ დღეს
თქვენი ჯავრი არ ამოვიყარო!

მან ისევ ბესარიონთან გასწია და უთხრა, რომ ქაიხოსრომ


შენზე გადმოიტანა სამაშვლოს მოცემა იმ ფულებიდან,
რომელიც პირობით უნდა მიგეცა და ახლა კი შეგრჩაო.
ბესარიონმა, რასაკვირველია, ამაზე უარი უთხრა.

- მე ის კაცი დამჯერდა სამას ოცდაათ მანათს... წეიღო,


ჩეიბარა ეს ფული, მორჩა და გათავდა!.. მე მისთვის
მისაცემი არაფერი დამრჩენია... სამაშვლო იმ კაცმა უნდა
მოგცეს იმ ფულიდან, რომელიც ჩემგან მიუღია, - უთხრა
ბესარიონმა.

ხელახლა ავარდა და დავარდა სოლომანი, მაგრამ არაფერი


გამოვიდა, ვერც ერთისაგან, ვერც მეორისაგან გროში
კაპეიკი ვერ იშოვა. ეს იყო, რომ ბესარიონმა უთხრა:
”ხარის ტყავზე ბიჭს მარილი წავაყრევინე და შენს
ხვირჯინში უთხარი ჩასდვას”. ხარის ტყავს რას დაეძებდა,
როცა ასე უკუღმართად ფულები ეკარგებოდა...
აპილპილებული, ჯავრისაგან გონებადაკარგული
უკანასკნელ იმედთან გაიქცა, სიძესთან, თავის
გარემოებას მოუყვა და უთხრა:

- შენგან უნდა მივიღო, ნიკო, ჩემი სამაშვლო... მეტი გზა


არაა... ცოდვა ვარ... ამდენი ვირბინე, ვიწანწალე...
თქვენთვის არც ჩემი თავი დამიზოგავს, არც ცხენი, არც
ჯორი... რას მემართლებით? რაც დაწესებულია, იმას
რატომ არ მაძლევთ?.. შენი სიმამრია და იმას გინდ
მოუტყუებია კაცი - გინდ სული უცხონებია... მამაშენს
კაპიკს ხელიდან ვერ გააგდებინებ!.. თქვენ საქმე
გეიკეთეთ ჩემით, ჩემი მეცადინეობით, ყველა კმაყოფილი
ბრძანდებით, და მე კი ასე უნდა დავღრიტინობდე?.. რაც
სამართლით მერგება, იმაზედაც უარს მეუბნებიან... ნიკო,
შენ მაინც ნუ ჩადგები ჩემს ცოდვაში... ყმაწვილი ხარ...
განათლებული. ამ სოფლის მხეცებს კიდევ მიეტევებათ
და შენთვის სირცხვილი იქნება... შენ მაინც მომეცი ჩემი
სამაშვლო ფული!

- სოლომან, ძმობას გეფიცები, მე დიდი სიამოვნებით... -


დაიწყო ნიკომ.

- ღმერთო, მომკალი! - აღარ აცალა, სიტყვა გააწყვეტინა


სოლომანმა. - რავა, შენც უარის თქმას მიპირებ?
- მომითმინე... ყური დამიგდე, შე კაცო!

- ჰო!

- თელათ ჩემი ცოლის სამზითვო ფული მამაჩემმა ჩეიბარა


და მას აქვს ჯიბეში... ასე რომ მე, ღმერთს ვფიცავ ერთი
ხუთმანეთიანი მაქვს. მეტი არა.

- ღმერთო, მომკალი!.. - წამოიძახა სოლომანმა. - აბა, აღარც


შენ მაძლევ?

- საიდან მოგცე, რაც არა მაქვს, შენი ჭირიმე? მერე


ვეცდები, მამაჩემს შევეხვეწები.

- მაგისთანა იმედით გამყოფათ ჩემმა გამჩენმა ყველა!


როდის მერე, როცა მოვალე ხვალ კარზე მომადგება? რითი
გევისტუმრო ის კაცი?

- რაც მაქვს, იმას მოგცემ და მეტი რა ვქნა ახლა? -


შეწუხებით უთხრა ნიკომ.

- მოიტანე, ბატონო, მაგ მაინც მოიტანე... თვარა მაგიც


დაკარგული შეიქნება ჩემთვის! გასაროზგავი ვარ, ამნაირ
კაცებთან რომ შევები, მარა გვიანღაა... მე კი ჩემი
დამემართა, მარა ღმერთი მოწყალეა, ერთ დღეს იქნება,
ჩვენსკენაც გადმოიხედავს მზე! ჯერეთ არ დამმართნია
ამისთანა საქმე, მარა... ჰმ... პატიოსან სიტყვას ვენდვე...
მშიერ კაცს სად აქვს ღონე, თავის პატიოსან სიტყვას
გაჰყვეს... მე სულელმა, ეს რავა ვერ ვიფიქრე! ამ
დაწყევლილ ხელობაში მაინც რა არ შეგემთხვევა, რა?!
შოვუშვა ხელი? წანწალსა და ათასგვარ უსიამოვნებას
გადარჩები კაცი კი, მარა ეს ოხერი გროში რომ გჭირდება,
სად უნდა იშოვო? რითი უნდა იშოვო? - გამწარებით
ამბობდა სოლომანი.

- სოლომან, ენდე ჩემს ყმაწვილკაცობას, არ დაგიკარგავ


შენ გასამრჯელოს... ერთ დღეს იქნება, გაგისწორდები...
მედვას ვალად ეგ შენი სამსახური!

- ვალად გედვას?! კუჭი მიხმება, ყმაწვილო, კუჭი


მიხმება! ახლა მინდა საჭმელი... ვალად გედვას?.. მაგის
იმედი რას მომეშველება, როცა ეს არი ვკვდები კაცი?! კაი,
კაი, ბატონო, კმარა, რაც თქვენს გადამკიდეს მე
მემართება, გულს მაინც ნუღარ მიხეთქავთ... მიბოძე, თუ
რამე გაქვს მაგ პორტმანში!.. - და სოლომანი ჩააჩერდა,
ნიკომ რომ ჯიბიდან პორტმანი ამოიღო.

პორტმანში აღმოჩნდა ექვსი მანეთი და ორი აბაზი.


სოლომანმა ეს ფული ერთიანად გამოართვა ყმაწვილ
ქათამაძეს, ჩაიდო ჯიბეში და მოშორდა ყმაწვილს ისე,
რომ რასაკვირველია, მადლობაც არ უთქვამს მისთვის.
ცოტა ხანს შემდეგ შეაკაზმინა ბიჭს ჯორი, გადაჰკიდა
ხურჯინი, რომლის ერთ თვალში ხარის ტყავი იდო და
მეორეში - მშრალად მოხარშული ხორცი და პურები;
გადააყვანინა ჭიშკარ გადაღმა, მოაჯდა ზედ და სულ
ჭენებით მიარბენინებდა ოღროჩოღრო გზაში საწყალ
პირუტყვს და თან თავისთავს ლანძღავდა, აგინებდა, რომ
ასე სულელურად ენდო ბესარიონს, ასე მოტყუვდა.
მაგრამ უბედურს სისხლი უფრო ემღვრეოდა, ჯავრი
უფრო ემატებოდა, როცა თვალწინ მისი მოვალე
პლატონის სახე წარმოუდგებოდა, ანდა ცოლი
გაახსენდებოდა... რარიგად იქადოდა ამ უკანასკნელთან,
თუმნიანებს მოგიტანო, და ახლა რას მიუტანს? ვაი
სირცხვილო! მხოლოდ ექვს მანეთს და ერთ ხარის ტყავს!
ჰმ, ხარის ტყავი! რა საგანძურია?! სირცხვილს კიდევ
გადარჩება, მაგრამ პლატონის ვალის გასასტუმრებელი
ფული სადაა, სად? სად იშოვოს ეს ოხერ-ტიელი?!
- ღმერთმა დასწყევლოს, ღმერთმა! - თავისთვის
ლაპარაკობდა სასოწარკვეთილებაში მყოფი უიღბლო
მაშვალი. - ღმერთმა დასწყევლოს ამნაირი გაძაღლებული
ცხოვრებაც!.. მშიერ, გაღატაკებულ კაცს რავა უნდა ენდო
კაცი?!. პატიოსნებაც დავიწყებული აქვს და სინდისიც.
ცოდვათაც აღარ მიაჩნია, თუკი რამე წაგღლიტა,
წაგაფცქვნა, მოგატყუა, გაგაცუცურაკა! ყველაფერი
დავიწყებული აქვს ამ ოხერი გაფშიკებული კუჭის
გამოისობით. დასწყევლა ღმერთმა ხელმოკლე აზნაურის
უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრება! რითი გამოაქვთ
თავი, მეტი გზა რომ აღარ აქვთ? ტყუილი, ტყუილი,
ყოველ ნაბიჯზე ტყუილი და უპირულობა! რა გამოვიდა
ორი თვის ჩემი წანწალიდან? მოვატყუეთ, მომატყუეს და
ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება
კიდევ. საშველი თუ მაინც მოგვეცა როდისმე, რომ კაცური
ცხოვრება გვეღირსოს... ღმერთო, ღმერთო! -
სასოწარკვეთილებით წამოიძახა უკანასკნელი სიტყვები
საბრალო სოლომანმა და მისი გული თითქმის
სიბრალულით აივსო ყოველი ღვთის გაჩენილისა და
დაჩაგრულისადმი; ამათ რიცხვში, რასაკვირველია, თავის
ჯორისადმიც, რომელიც თუმცა ბევრს ვერაფერს
სიამოვნებას ხედავდა ღარიბი პატრონის ხელში, მაგრამ
მაინც ყოველთვის მისი მორჩილი, ერთგული
მოსამსახურე, ხანდახან ამხანაგიც იყო და რომელიც აგერ
ახლაც თავდაუზოგველად მიაქროლებდა სახლისკენ
თავის ნაღვლიანს, შავ-უკუღმა ფიქრებში წასულს
ბატონსა.

1894 წ.
სამანიშვილის
დედინაცვალი
I

ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური


იყო, გვარიანი ღარიბიც. აბა, რა სიმდიდრეს მოასწავებდა
ის ოცდაათი ურემი სიმინდი, ორმოცი ჩაფი ღვინო და
ათიოდე ბათმანი ლობიო, მის მამულს რომ შემოჰქონდა
და რითაც თავს ირჩენდა წლიდან-წლამდის ბეკინას
ოჯახი. მაგრამ ბეკინას კი თავისი თავი მდიდრებში
მოჰქონდა და ვინ იქნებოდა, რომ თავის სიღარიბეზე
ერთი სიტყვა წამოეცდევინებინა ბეკინასთვის? როგორც
იმერეთში ამბობენ, ერთობ გადაპრანჭული იყო ჩვენი
ბეკინა.

როცა შინაურობაშიაც ლაპარაკს გააბამდა ბეკინა თავის


გამოულეველ სარჩოზე, ღონიერ ლუკმაზე, მისი
ერთადერთი ცოლშვილიანი ვაჟიშვილი პლატონი, თუმცა
ტრაბახობად მიაჩნდა მოხუცებული მამის ასეთი სიტყვა,
მაინც არას ეუბნებოდა საწინააღმდეგოს და მხოლოდ
პირჯვრის გამოსახვით იტყოდა ხოლმე:

ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ,


უფალო!

ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას


უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ
გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც
კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი
გულმოდგინებით ურტყამდა თოხს მიწას და ოჯახში
სრული კმაყოფილება სუფევდა.

თუ რამ საწყენად ჰქონდა ამ ოჯახს, ეს იყო პლატონის


ცოლის მელანოს ხშირი შვილოსნობა. ყოველ საოჯახო
საქმეში მარჯვე მელანომ შვილოსნობაშიაც არ დააგდო
თავისი სიმარჯვე და სულ მოკლე ხანში ოთხი შვილი
შესძინა ოჯახს. ხშირად უხუმრია ამაზე რძლისათვის
ბეკინას და უთქვამს ღიმილით:

- შე ქალო, ზოგ საქმეში სიმარჯვე მარგებელი კი არა,


მავნებელიცაა... ე შენი ქმარი შეიბრალე, შე კარგო ქალო! -
და ამასთან ბეკინა გულიანად გადიხარხარებდა ხოლმე.

- არაფერია... შიშს გულში ნუ შოუშობ... ღმერთი


მოწყალეა, თავის გაჩენილს უმოწყალოდ არ დააგდებს,
ვენაცვალე მის ძლიერებას, ყორიფელი მისი ნებაა. ალბათ,
სურს, რომ სამანიშვილები მოამრავლოს. მასაც ქვეყნად
მხოლოდ რჩეულები უნდა რომ ჰყავდეს! ხა, ხა, ხა!..

არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ, რასაკვირველია,


ბევრი შვილი, მაგრამ რას იზამდა, მხოლოდ თავს
გააქნევდა, როცა მათ თვალს გადაავლებდა ხოლმე.

ამ გარემოების გარდა სხვებრ სწორედ ბედნიერად


სთვლიდნენ სამანიშვილები თავიანთ თავს. დროებამ ისე
მოიტანა, რომ მათი მცირე ქონებაც კი სიმდიდრედ
ითვლებოდა, და მის მქონებელს არა თუ აკმაყოფილებდა,
არამედ ბედნიერად აგრძნობინებდა თავისთავს და
მადლობას წარმოათქმევინებდა უფლისადმი.

რა შესაშურებელი უნდა ყოფილიყო ასე ცოტაზე


დამყარებული კმაყოფილება და ბედნიერება?! რა
სახარბიელო უნდა ყოფილიყო კაცის მოუთხოვნელობით
მოპოვებული გულის სიმშვიდე?! მაგრამ ბედნიერება,
რაგვარიც უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის, რომ
სამანიშვილისას ფეხი მოედგა მჭიდროდ? ან კი რა
საფიქრებელი იყო, რომ ასე ცოტათი შემოტყუებული
ბედნიერება ისევ ცოტა მიზეზითვე ხელიდან არ
გამოეცლებოდათ, სუსტ საფუძველზე დამყარებული
კმაყოფილება არ მოესპობოდათ!.. უბედურების
დასაწყისად ბედმა მოუსპო დღე საწყალ მარიკას, ბეკინას
ცოლს.

დედის სიკვდილი თავისთავადაც მწარე იყო


შვილისათვის, რომ სხვაფრივაც სამწუხარო არ
ყოფილიყო. ბეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცებული იყო და
ამის გამო საშიშარი იყო, უცნაური სურვილი მეორე
ცოლის შერთვისა გულში არ გავლებოდა. დედინაცვლის
დანახვის შიში და დედინაცვალთან ”თან-მომყოლისა”
თავზარსა სცემდა აქამდის გულდამშვიდებით
მცხოვრებელ აზნაურს. აი, მაშინ იქნებოდა სწორედ ”ძმა
ძმისთვისო - შავი დღისთვისო”.

ცოლმაც და ქმარმაც გააორკეცეს მოხუცებული მამის


პატივისცემა და მოვლა; ორივენი გაფაციცებით თავს
დასტრიალებდნენ დაქვრივებულ ბეკინას და
თავგამოდებით ემსახურებოდნენ, თვალში
შეჰყურებდნენ, რომ ყოველ მის სურვილსა და საწადელს
მისგან გამოთქმამდის მიმხვდარიყვნენ და იმწამსვე
აესრულებინათ. ერთი სიტყვით, პლატონიც და მელანოც
დღედაღამ იმის მეცადინეობაში იყვნენ, რომ
მოხუცებულის გული მოეგოთ და თავიანთი თავი
შეეყვარებინათ, რაც შეიძლებოდა, მეტად. ამაში კიდევაც
მიაღწიეს თავის წადილს. ბეკინა დიდად აფასებდა რძალ-
შვილისაგან ყურადღებას, მეტად მადლიერი იყო მათი და
გულაჩვილებული, კიდევაც იტყოდა ხოლმე მათთანაც და
სხვებთანაც:
- ეჰ, ერთი ჩემს მარიკასაც დასცლოდა ამისთანა ყოფნა,
ამათთანა ღვთისნიერი შვილების მზერა! ჰეი, ჰეი! - თან
ამოიოხრებდა ხოლმე ამ სიტყვებთან ერთად ბეკინა.

ამის გამგონ ცოლ-ქმარს იმედი ეძლეოდა, რომ ბეკინა


მეტად დაშორებული უნდა ყოფილიყო რაიმე მათ საწყენ
საქციელს და ბოლოს კიდეც სრულიად გული
დაიმშვიდეს. მაგრამ ბეკინას ამ კმაყოფილებასა და
განცხრომაში, შვილების სიყვარულთან ერთად,
სხვადასხვანაირი ნატვრაც გულში ეპარებოდა და დროთა
განმავლობაში ეჯინებოდა... იმ სასიამოვნო
მდგომარეობაში, მას რომ ეღირსა, უფრო სიამოვნებით,
უფრო ტკბილად იგრძნობდა თავისთავს, თავისი
შესაფერისი ამხანაგიც რომ ჰყოლოდა ვინმე... ასე
ფიქრობდა გუნებაში ბეკინა და ეს აზრი, შემდეგ
სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად
გადაექცა; მის გუნებაში, ასე რომ მოაგვაროს, ბედნიერთა
უბედნიერესი კაცი იქნებოდა. მისი აზრით ეგ მისი
წადილი მის მოსიყვარულე შვილებს არც კი უნდა
სწყენოდათ.

- განა ჩემს კარგად ყოფნაზე არ მეცადინეობენ?!.


რასაკვირველია, არ ეწყინებათ! - აჯერებდა თავისთავს
ბეკინა. - ან კი რაზე უნდა ეწყინოთ?.. ცუდი მამა ვიყავი
მათთვის თუ?.. საცხოვრებელი არა აქვთ ჩემგან
ჩაბარებული თუ? სულ მათ ხომ ვერ შევწირავ ჩემს თავს,
თუმცა, ღმერთია მოწამე, რარიგად მაგენი მე მიყვარან?..
არც ეწყინებათ, არა... არ შეიძლება, რომ ეწყინოთ!.. მე რომ
იმათ ვუყვარვარ!..

ასე ფიქრობდა ბეკინა და იმით გაათავა, რომ ერთ დღეს


კაცი მიუგზავნა შვილს და გამოუცხადა თავისი სურვილი
ცოლის თხოვისა.
ადვილი წარმოსადგენია, რარიგად მოხვდებოდა
პლატონის გულს ამის გაგონება.

- მღუპავ, მამა? - მივიდა იგი ბეკინასთან. - მღუპავ? დანას


მიყრი ყელში?.. რატომ მიმეტებ, შენი ჭირიმე?! - ძლივს
წარმოსთქვა პლატონმა და, ხმაჩაწყვეტილმა, უნუგეშოდ
ხელები გაშალა.

- გღუპავ?!. რათა, შვილო, რათა?.. შენისთანა შვილი უნდა


დაღუპოს მამამ?!

- აბა რაა?.. - და ისევ სიტყვა გაუშრა პლატონს.

- კარგი, თუ გიყვარდე, კარგი! - მხიარულად შესძახა


ბეკინამ. - შე კარგო კაცო, მე ერთი ბებრუხანა მოვათრიო,
შენ რატომ უნდა დაიღუპო, შვილო?! რა დაგღუპავს, თუ
გიყვარდე?
- შვილი გეყოლება...

- ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა ბეკინამ და სიტყვა გააწყვეტინა


პლატონს. - შვილი გეყოლებაო... ხა, ხა, ხა!.. რაღა დროს
ჩემი შვილია, შე კაცო!.. ხა, ხა, ხა!

- მამა... შენ ნუ მომიკვდები, სიკვდილის მსგავს საქმეს


მიპირებ!..

- ერთი შენ! დაჯინებულად ლაპარაკობ დღეს, პლატონ!..


დედაბერმა რავა უნდა შეგაშინოს, შე გლახაკო? ასე
რატომ უნდა შეწუხდე?!. ეგ შენი შიში, მამაშვილობამ,
სრულიად უსაფუძვლოა... რამე გევნებათ კი არა, თუ
დამიჯერებ, სასარგებლოც იქნება; საწყალ მელანოს ცოტა
შეღავათი მაინც მიეცემა, თვარა აღარაა ქალი!.. უჭირს ერთ
ადამიანს, თელი ოჯახი კისერზე აწევს!..
- ბატონო, მელანოს ჯაფას რას დეეძებ, შენ ნუ...

- რატომ რას დევეძებ?! - გააწყვეტინა სიტყვა ბეკინამ. -


რატომ არ დევეძებ... ისიც შვილი არაა ჩემი?

- ბატონო, შენ სხვებრ შეგვიბრალე და ჩვენს ჯაფას ნუ


კითხულობ, ნუ დარდობ... ღმერთს ჯაფისათვის ვყავართ
გაჩენილი!.. - ეუბნებოდა პლატონი. - მამა, შენი ჭირიმე,
გადათქვი ცოლის თხოვა და რა გინდა ჩემგან!..

- ნუ ხარ ჯინიანი, შვილო!.. - შეუტია ბეკინამ. - მარტო


შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო ადამიანმა!

პლატონს ეწყინა ეს უკანასკნელი სიტყვა მამისაგან და


კუშტად უთხრა:
- ბატონო, დროც კი აღარაა შენი ცოლის თხოვის!

ბეკინამ ქორივით გადახედა შვილს და წელში გაიმართა.

- ერიჰა!! - შესძახა მან, - ერიჰა, რა დავარდნილი მე მნახე?!


თქვენისთანა ახალგაზრდებს კიდევ ერთ ათს ერთად
ვაჯობებ ჯანითაც, სიმრთელითაც, შეხედულებითაც და
ვაჟკაცობითაც!.. არა, შვილო, მაგი სულ ტყვილია, სულ
ტყვილია!.. რაში შემატყვე დაძაბუნება!.. ჰმ!.. - და ბეკინამ
მარჯვენა ხელით შეიბერტყა თავისი გრძელი
გაჭაღარავებული წვერი და მერე თავმოწონებით
გადიგრიხა ლამაზი ულვაშები. - არა, შვილო! -
მიუახლოვდა ბეკინა შვილს და მხარზე ხელი დაადო. -
არა, შვილო, მაგისთანა ლაპარაკს თავი დაანებე...
ღმერთმა ისე ჩემი სული შეიყვაროს, რავარც მე თქვენ
მიყვარდეთ და მან იცოდეს თუ მე თქვენთვის ცუდი რამე
გულში მედოს... არც იფიქროთ, რომ ჩემგნით თქვენ, რამე
დანაკლისი კი არა, უბრალო წყენაც შეგხვდეთ!.. მაგრამ
ნურც თქვენ გაჯინდებით, შვილებო!.. ღმერთმა იცის და
ყველაც ხედავს, რომ არა გიჭირთ-რა: მიწაც საკმაოდ
გაქვთ, თუ სხვაზე მეტი არა. წყალიც, სახლიც, კარიც...
ტყეც და ველიც!.. (ეს კი მეტი წამოსცდა ბეკინას - ტყე
სრულიად არა ჰქონებია). სამწუხარო რა გაქვთ?! ღმერთი
უფრო მეტ მოწყალებას მოგცემსთ, უფრო
გიწინამძღვრებთ, თუ მეც მომხედავთ, შემინახავთ და
ჩემი უკანასკნელი დღეების გამწარებას არ ინდომებთ...
რა ვქნა, შვილო, მეც კაცი ვარ, მეც ადამიანი ვარ!..
მყოლებოდა დედაშენი ცოცხალი, ჰეი, შვილო, ჩემისთანა
ბედნიერი ქვეყანაზე კაცი არ იქნებოდა!.. მაგრამ რას
იზამ... უფალმა ასე ინება და დღეს ნუ ამიტყდებით, ნუ
ამეშლებით. თქვენ რომ კარგები ხართ, სხვას, გარეშეს ნუ
ათქმევინებთ, მოხუცებული მამა შეაწუხესო... ისე
მომექეცით, როგორც ქე ხართ, კაი, მშობლის
მოსიყვარულე შვილები... ღმერთი დაგიფასებთ და
ამისათვის კიდეც დაგაჯილდოვებთ, ყოველ განსაცდელს
აგარიდებთ!.. კარგის - ღმერთიც კარგი მწყალობელია,
შვილო!.. ნუ მეწინააღმდეგები! გარწმუნებ, პატიოსან
სიტყვას გაძლევ, თქვენ არაფერი დაგიშავდეთ, არ
წაგიხდეთ, ერთი ხნიერი დედაკაცი მე სახლში
შემოვიყვანო... ცოტა ხანს ვიცხოვრებთ ტკბილად,
სიამოვნებით ერთად და მერე ღმერთმა კეთილად
მოგახმაროთ ეს ოჯახიც, ეს სახლიც, ეს კარიც...
ყველაფერი, რაც რამ გაგვაჩნია, შვილო.

- ბატონო, შვილი რომ გეყოლოს, შვილი... მაშინ? - დაატანა


პლატონმა.

- შენ დღეს კაცი ვერ გელაპარაკება, შვილო, მხარი ისთე


გაქვს მოქცეული! -წყენით უთხრა ბეკინამ... - თუ კაცის
სიტყვას არ გაიგონებ, აბა რაღა მოგიხერხო?! მეტი
დაჯერება მე არ შემიძლია და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!
ჯინიანი კაცი გარეშეც სასიამოვნო არაა, თვარა შვილი რა?!

II

ვერ გადაათქმევინა პლატონმა ბეკინას მისი სურვილი და


ამან მეტად აუმღვრია გული. სხვაც მიუგზავნა მამას ამის
თაობაზე, მაგრამ ბეკინა გაჯიუტებაში ართმევდა შვილს
მის საქციელს და არ იშლიდა თავის განზრახულებას.
თვითონ დარწმუნებული იყო და ყველას არწმუნებდა,
რომ მისგან დედაკაცს შვილი არ მიეცემოდა, რომ ღმერთი
მის მოსიყვარულე შვილებს არა თუ დააკლებდა რასმე,
შემატებდა კიდეც უსათუოდ. პლატონი ამ შემატებაზე
ძალიან უარს ამბობდა, ოღონდ კი თავისი, რაც ხელში
ეჭირა, მტკიცედ ჰკავებოდა; მაგრამ ბეკინა თავისას
იმეორებდა და შეურყევლად იდგა თავის სიტყვაზე.

ერთი სიტყვით, ამ მხრივ საქმე წაგებული იყო


გამოუბრუნებლად. საჭირო იყო ისეთი რამ ხერხის
ხმარება, რომ ბეკინას გულის წადილის ასრულებასთან,
პლატონი იმედიანად ყოფილიყო, რომ თავის მიწის
ორიოდე ნაფლეთი უკლებლად შერჩენოდა და დღესაც
მის გასაძღომად ძლივს საკმარისი ლუკმა ორად არ
გაჰყოფოდა.

- დევიღუპე... წმინდად დევიღუპე! - იძახოდა პლატონი. -


წმინდად დევიღუპე, თუ რამე არ ვისაშველე, რამე არ
ვიღონე!..

გამწარებული ყმაწვილი კაცის გულში ცეცხლი


ტრიალებდა, მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით
მოუსვენრად ბრუნავდა, რომ რამე ხერხი მოეგონა,
”ძმურად” არ გაჰყოფოდა მისი “სიმდიდრე”, რომ
ახლანდელ მწირ ლუკმაზე შეჩვეულ კუჭს უფრო
დამცირებულ ლუკმაზე შეჩვევა არ დასჭირვებოდა.
- იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე... ე
ოხერი თავი აღარ მუშაობს!.. ბრუ მესხმის მხოლოდ... -
გამწარებით ეტყოდა ხოლმე პლატონი ცოლს.

- მე რა უნდა მოვიგონო, რა უნდა გირჩიო?! - მოწყენით


მიუგებდა ქმარს მელანო.

- რა მოვიგონო?!. ჰმ!.. სხვას რას გეიგონებს თქვენგან


კაცი! - გულმოსული წაილაპარაკებდა პლატონი და ისევ
თავის ფიქრებში გაეხვეოდა გაყუჩებული.

ქართული ანდაზაა: გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას


განახვებო. პლატონ სამანიშვილი ქართველი კაცი იყო და
ამასთან აზნაური.

- მამა! - მივიდა რამდენიმე დღის შემდეგ იგი ბეკინასთან


- მამა, რაკი ინებე ცოლის შერთვა და აღარ იშლი, ნება
შენია, აწი რაღა მეთქმის... შენი ნებაა... მაგრამ ერთი
სათხოვარი მაქვს და ამაზე არ გამაწბილებ, იმედია... უარს
არ მეტყვი!

პლატონს ეტყობოდა, რომ წინანდელ ცუდ გუნებაზე


აღარ იყო.

- რა იყო, შვილო?.. ერთის მაგიერ ორი მითხარი!

- მომანდე ეგ საქმე მე... მე ამოგირჩევ ქალს!

ბეკინა გაკვირვებით მიაჩერდა შვილს.

- ღმერთმანი... მაშვალს თავი დაანებე და საშენო ქალს მე


მოგინახავ! შენ ნუ მომიკვდები!
- შე კაცო, უწინ თავს იკლავდი, ნებას არ მაძლევდი და
ახლა მაშვლათაც კი მიდგები! - ღიმილით მიმართა
ბეკინამ შვილს და უნდობლად დაუწყო ცქერა. - რას
მივაწეროთ ახლა ეგ, პლატონ?.. - გაიცინა ბეკინამ.

- რას უნდა მიაწეროთ?!

- მაინც, მაინც!.. მამაშვილობას, გამაგებიე, თუ გიყვარდე! -


ჩაცივებით უთხრა დაინტერესებულმა ბეკინამ.

- ბატონო, თქვენი გულის წადილი ხომ აგისრულდებათ


და!

- კი, მარა მაინც!.. მამაშვილობას მითხარი! ჰა! შენს ცოლ-


შვილს გაფიცებ!.. რა მოიგონე ახლა შენ?

- არაფერი, შენ არ მომიკვდე, იმისთანა, რომ შენი საწყენი


იქნეს...

- ჰო!

- ქალს მოგინახავ იმისთანას, რომ არც შენი


დასაწუნებელი იქნება და არც ჩემთვის საშიშარი...

- ჰო, ჰო! - აჩქარებდა გახალისებული ბეკინა. - ჰო!

- ახალგაზრდა ყმაწვილი ქალი, რასაკვირველია, შენი


საქმე არაა.

- რასაკვირველია, მარა არც უკბილო დედაბერი ივარგებს,


შე კაცო! - გაიცინა ბეკინამ.

- უკბილო დედაბერი ვის რად უნდა! ასე, ხნიერი


დედაკაცი რომ იქნეს... მარა ისეთი, არავინ დაგვცინოს...
- ჰო, ჰო! - ეთანხმებოდა ბეკინა.

- ქვრივი...

- მაგასაც არა უჭირს რა!..

- ქვრივი... ორნაქმარები!

ამ უკანასკნელ სიტყვაზე პლატონიც შეჩერდა, მამას


შეხედა და ბეკინაც მიაშტერდა გაკვირვებით შვილს.

- ჰო, ორნაქმარები!.. - გაიმეორა სიტყვა გაგრძელებით


პლატონმა. - რა უნდა უჭირდეს?.. შენ არ მომიკვდე,
არაფერი!

- რას ცუღლუტობ, შე კაი კაცო?! - თვალი თვალში გაუყარა


ბეკინამ. - რას ცუღლუტობ, ვაჟბატონო?

- შენ არ მომიკვდე, შენთან მე არ ვცუღლუტობდე და არც


გატყუებდე... შენ სრულიად წაგებული არ იქნები, დედის
სული არ წამიწყდეს!.. ის კი არა, მოგებული დარჩები... მე
მხვდება მეტი შრომა, თვარა შენ ქეც დამიმადლი მერე!..
გიამება, ბატონო, ახლა რომ შენმა ცოლმა ბავშვის
ჭყვირილით გამოგიჭექოს ყურები?

- ეჰ... შენ კიდევ შენსას მოჰყვები!..

- ვინ იცის, ბატონო, ვინ იცის! ის არ ჯობია, რომ უფრო


დაიმედებულად იქნება ადამიანი?!

- ორნაქმარები დედაკაცი რაღა იმედია?

- რა იმედია და აი, მოგახსენებ... შენ ცოლი გინდა. მე კი


მინდა, რომ მამულის გამყოფელი არ დეინახოს ჩემმა
თვალებმა... თვითონ ამბობ, ყმაწვილი ქალი არ მინდაო...
მოგინახავ სწორედ რიგიან ქალს, რომ ვერავინ
დაგვცინოს, შენ ნუ მომიკვდები. ორნაქმარებს იმიტომ
გეუბნები, რომ ქვრივებში ამოვარჩევ, გამოვნახავ
იმისთანას, რომ ორ ქმარს ჰყოლოდეს და არც ერთთან
შვილი არ მიცემოდეს... ორივე ქმრის ხელში რომ უშვილო
დარჩენილიყოს... ამისთანა დედაკაცი სწორედ საიმედო
იქნება შვილის უყოლობაზე... თუ ორ ქმართან შვილი არ
მიცემია, შენთან რაღა ღმერთი გაუწყრება... ამრიგად, შენც
მოსვენებული იქნები, მეც იმედიანად ვიქნები და
ვიცხოვრებთ ისე, რავარც გვიცხოვრია... ამ ჩვენს
წუთისოფელს ჩვენს წესზე ამგვარადვე გავატარებთ და
ჩვენს მერმე რაც იქნება, ის ღმერთმა იცის და ჩვენმა
მომავალმა!.. ესაა ჩემი თხოვნა... შენ არაფერი გაკლდება
და ჩემთვის კი ისეთი საქმე იქნება, თუგინდ ჩემი
მამულის ნახევარი ხელახლა შემეძინოს... მაინც ამით თუ
შევინარჩუნებ, თვარა სხვა რა ძალა მაქვს, რა ღონე
შემწევს? ამიტომ გთხოვ, მომანდო ეგ საქმე, მაშვალს
თავი დაანებო... შრომა მე შემხვდება, მართალია, მარა
რავა დევერიდები?! უხეირო ქალს არ შემოვიყვან ოჯახში,
ამაში პატიოსან სიტყვას გაძლევ!

ბეკინამ აცალა შვილს ეთქვა თავისი სათქმელი და


ყურადღებით მოისმინა მისი სიტყვა. მას ახლა კიდევაც
ეცინებოდა პლატონის ნალაპარაკევზე და უკვირდა, ეს რა
მოიგონა ამ კაცმაო. შვილის თხოვნაზე კიდევაც თანახმა
გახდა ბოლოს, თუმცა ესეც კი დაატანა:

- ნება შენი იყოს, პლატონ ჩემო, მაგრამ ახლა შენ მიჩქარი


სიკვდილს, შვილო, და ეს არის! - სიცილით უთხრა მან.

- რავა, ბატონო?
- ი წყეულმა მეც რომ გამაყოლოს წინანდელებს, რას
მიპირებ მაშინ? ა?.. ხა, ხა, ხა! ავი სანდობია მაგისთანა
მთვარეზე დაბადებული დედაკაცი!..

- შენისთანა ღონიერ ადამიანს ის ვერაფერს გიზამს. შენ


არ მომიკვდე!..

- კარგი, კარგი, შვილო! - იამა ბეკინას შვილის სიტყვა. -


კარგია, შვილო... ასე ქენი, მარა საქმეს შორს ნუ გადადებ,
თვარა...

- არა, ბატონო, ამ დღეებშივე შევუდგები... რაღაზე


გავაჭიანურო... საქნარი მოლეული ჯობია!..

- ჰო, ჰო. რასაკვირველია, რასაკვირველია!.. მარა


გახსოვდეს, შვილო, უხეირო ვინმეს არ შემყარო... თორემ
სირცხვილს გაჭმევ, პლატონ, მიგიტოვებ ქალს და სხვას
მე თვითონ ამოვირჩევ!.. მამა შვილობას გეფიცები! -
ღიმილით უთხრა ბეკინამ.

- ბატონო, მაგ რა საკადრისია! რატომ ვიზამ მაგ საქმეს?.. -


მიუგო პლატონმა. - ამაზე მეტად არ გჯერათ ჩემი?!

- ჰო და აბა ჰე!.. აბა ჰე!.. აწი შენ იცი, მე თანახმა ვარ...


ოღონდ არ დააგვიანო, ესეც გახსოვდეს!.. მეტ რაღას
მომთხოვ კიდევ, შვილო, - ყველაფერი შენს ნებაზედაა და
ეგ არის!.. აწი მაინც ვერაფერში მისაყვედურებ, შვილო!

სასაყვედურო კი ჰქონდა პლატონს, მაგრამ რა


გამოვიდოდა მასზე სიტყვის განახლებით?! ისიც კარგი
იყო მისთვის, რომ მამა ამ უკანასკნელ თხოვნაზე
დაიყოლია და ამით იმედი ეძლეოდა, განსაცდელი
თავიდან აეცილებინა. ახლა საჭირო იყო მხოლოდ
ნაფიქრი საქმის ასრულება; საჭირო იყო მოენახა მისი
მხსნელი ორნაქმარევი, უშვილო ქალი, რომ ქმრებთან სამ-
სამი წელიწადი მაინც ნამყოფი ყოფილიყო, რომ არც
ბებერი ყოფილიყო მაინცდამაინც და არც მახინჯი;
განსაკუთრებით უშვილობაზე საიმედო ყოფილიყო.

საქმე არც ისე ადვილი იყო, რომ უცბად თავი მობმოდა და


ამიტომაც პლატონი იმდღესვე შეუდგა მას, რა დღესაც
მამამისმა ამაზე მზრუნველობის ნება დართო.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე იყო პლატონის
საქმეც.

დატრიალდნენ ორივე ცოლ-ქმარი. დღედაღამ მხოლოდ


იმით იყვნენ გართულნი, რომ ეგებ თავიანთ ნაცნობებში
მოეგონათ რომელიმე უშვილო ქვრივი დედაკაცი, მათი
სასურველი, მათთვის სანატრელი, სადედინაცვლოდ
გამოსადეგი არსება.
- არქიპო ქვაშავაძის ნაცოლები... უშვილო არ იყო?!
გათხოვდა მერე... ქმარსაც ბარე ხუთი წელიწადი ჰყავდა...
ნეტავი თუ ცოცხალი ჰყავს ის მეორე ქმარი?.. ა, არ იცი,
მელანო?

- რავა არა... მარა იმას, შე კაცო, პირველი ქმრის ხელშიაც


კი ჰყავდა ერთი შვილი!.. - მიუგო მელანომ.

- შვილი სად ჰყავდა? შენ არ მომიკვდე! ნატალიას შვილი


სად ჰყოლია?

- ჰყავდა, შვილებს გეფიცები... შენ ნუ მომიკვდები!


გავიწყდება, თვარა შვილი რავა არ ჰყავდა... დიდხანს კი
იყო უშვილო!

- ოჰ, აბა ეგ მახსოვდა მე!.. - და გაჩუმებული პლატონი


ახლა სხვებს იგონებდა და იხსენებდა.
- გოჯასპირ ხასიშვილის ნაცოლები? საწირეთელი
ხასიშვილის! კი იცნობ შენ იმას. ჰო, ჰო! ის, მგონია, ასე
მაგონდება, ვითომც ხასიშვილმა ქვრივი ითხოვა...
უშვილო იყო მაშინაც!..

- აჰ! გოჯასპირ ხასიშვილმა ქვრივი კი არ შეირთო, შე


კაცო... დედ-მამის სახლიდან წეიყვანა და ქვრივად მას
დარჩა... უშვილოა კი... მარა რაი, ჩვენთვის ის არაფერი
გამოსადეგია: ერთ ქმრის ნაყოლია, - წუწუნით გაათავა
სიტყვა მელანომ.

ბევრს ეწვალნენ ამრიგად ცოლიც და ქმარიც, მაგრამ


შესაფერი ვერ გამონახეს.

- ჩემ დასთან წავალ... ეგებ დარიკომ მიმასწავლოს სადმე


და ქეც ამომარჩევიოს... ა, რას იტყვი, მელანო? - დაეკითხა
პლატონი ცოლს, რაკი ხედავდა, რომ მისი მეცადინეობით
არაფერი გამოდიოდა.

- ძალიან კარგს იზამ!.. ღმერთმანი!.. - მიუგო მელანომ. -


ძალიან კარგს იზამ!.. უნდა მიიკითხ-მოიკითხო, აბა რავა
იქნება!

- წავალ... ხვალვე წავალ! - ამოიოხრა პლატონმა. - ეგებ


ცხენი გამოვართვა ვისმე და წავალ... თუ დევიგვიანე, მაგ
დალოცვილი მე აღარც კი მომიცდის და თავისას იზამს!..
ჰეი, ჰეი! - ნაღვლიანად წამოიძახა მან და მეზობლებში
წავიდა ცხენის სათხოვრად.

III

დილა იყო ადრიანი, მეორე დღეს რომ პლატონმა ძალზე


გამხდარი, ზურგდაშავებული ცხენი გადმოიყვანა ეზოში,
მიაბა სამზარეულო სახლის გვერდით მდგარ
კვინცხასთან და კმაზა დაუწყო.

- ამაზე შეჯდომა რავა შეგიძლია? - უთხრა მელანომ.

პლატონმა რომ ცხენს უნაგირი შეადგა, ცხენმა სულ


კანკალი დაიწყო.

- აბა, ფეხით ვის მივადგე, შე ქალო?!

- კი, მარა სულ არ მოგჯება ამ საცოდავს ზურგი?

- ფეხ-ფეხა მივყვები, ბატონო, ფეხ-ფეხა მივყვები!..


სირცხვილისათვის მიმყავს, თვარა რა!.. შენ ეგ მოსართავი
მომეცი და ამის ჯავრი ნუ გაქვს!..

- აი, ამოგივარდა პატრონი! - მიაძახა პლატონმა,


მოსართავს რომ ხელი მოჰკიდა. - მეიტა, მელანო ჩხინკი
იქნება რამე... ენა არ ქონებია აბზინდს... მეიტა მალე, თუ
ქალი ხარ!

დაამაგრა მოსართავი ჩხინკით პლატონმა, დაიხურა


ქუდი, გადიგდო ბეჭებზე ყაბალახი, მოხსნა თავისი
თეძოებამობუსკული რაში და თითქმის წაათრია
უგულოდ მიმყოლი ცხენი ჭიშკრისკენ.

სწორედ ამავე დროს აივანზე გამოვიდა ახალუხის ამარა


ბეკინაც და, რა დაინახა მიმავალი შვილი, გადასძახა:

- მიხვალ, პლატონ?

- მივდივარ, ბატონო, მივდივარ... რავარც მხედავთ! -


მიუგო პლატონმა.
- აბა, ჰე, შენ იცი!.. ღმერთმა კეთილად გამგზავროს! -
მიატანა სიტყვა ბეკინამ.

პლატონმა გადაიარა ეზო, გავიდა ჭიშკარში და მალე,


ორღობეში მიმავალი, გზის აქეთ-იქით მიმყოლ ხეებში
მიიმალა.

- ე ბედაური ვის გამოართვა, მელანო ჩემო? - მიმართა


ბეკინამ ჭიშკრიდან უკან გამობრუნებულ რძალს.

- პავლია ღომიაშვილს, ბატონო!

- არ დოუვარდეს გზაში, შე ქალო! - გაიცინა


მოხუცებულმა.

- სხვის შესახედავად წეიყვანა, ბატონო... სასირცხვილ-


სანამუსოდ, თვარა სხვებრ რას არგია!
- არაფერია... არაფერი... პლატონი მარჯვე კაცია...
მოხერხებულია, იმას არაფერი გოუჭირდება! - ჩაიცინა
ბეკინამ და იქით დაიწყო ცქერა, საითაც ის იყო პლატონი
გზას დაადგა.

გულჯავრიანი პლატონი ერთხანად გაუძღვა თავის


გახრეკილ ცხენს, მაგრამ ბოლოს მოთმინება დაეკარგა
განუწყვეტლად აღვირის ქაჩვითა და შეძახებით.

- შენც ჯინაზე მიდგები, შე ოხერო? - გააჩერა მან ცხენი და


გულმოსული მოაჯდა ზურგზე, გადაჰკრა წკეპლა და
ფერდებგამობზეკილი ცხენი აძუნძულდა. - შენ მაინც
მოგერევი, სხვასთან თუ ვერაფერი გავაწყვე!.. კიდევ
დამიდგები ჯინაზე?! - და მან შეუბრალებლად გადუჭირა
და გადუჭირა წკნელი, მაგრამ პლატონის გასაჯავრებლად
და თითქოს მისი დაქადნების გასამტყუნებლად ამ
გახრეკილმა პირუტყვმაც მალე იძულებული გაჰხადა
მხედარი ხელახლა ჩამოექვეითებინა. ამგვარის
დაჯაბნებით ყველასაგან გულდამწვარმა პლატონმა
გაიგდო წინ ეს გახრეკილი პირუტყვი და, უკან ფეხდაფეხ
მიმყოლი, გრძელი წკეპლის ცემით მიერეკებოდა ჯახრაკ
ცხენს.

ნახევარზე მეტი გზა გაიარა პლატონმა თავისუფლად ისე,


რომ მიმავალ-მომავალი კაცი არ შეხვედრია; ასე
თავისუფლად მიმავალი იგი თავის ფიქრებში იყო
გართული, თავის მგზავრობის აზრის აღსრულებით იყო
გაბრუებული. უეცრივ ცხენის ფეხის ხმა მოესმა
პლატონს; მიიხედა უკან და უკმაყოფილებით პირი ისევ
გამოიბრუნა, - ვიღაც ხანში შესული კაცი
მოათოხარიკებდა მაღალ ცხენს.

- ჰეი, თქვენი, თქვენი!.. - თავისათვის წაიდუდუნა


პლატონმა. მას ახლა ყოველი მოხუცებული კაცის დანახვა
ეჯავრებოდა თავის მამის გამო.

- გამარჯობა, ყმაწვილო! - შესძახა წამოწეულმა


ცხენოსანმა.

- ღმერთმა გაგიმარჯოთ, ბატონო! - მიუგო პლატონმა და


დარცხვენით შეაჩერა თავისი ცხენი.

პლატონმა ახლა იცნო, ვინც იყო ეს ჩასუქებული,


წვერებმოპარსული, კაზიროკ-ქუდიანი, ქოლგით იღლიის
ქვეშ, წითური სახის კაცი და იმიტომაც დაატანა თავის
პასუხს: ”ბატონო”; იგი იყო იმ კუთხეში ცნობილი,
სახელის მქონე აზნაური ივანე გვერდევანიძე, სოფლის
ადვოკატი.

- სად მიხვალთ, ყმაწვილო? - შეეკითხა გვერდევანიძე


პლატონს.

- აგერ გიახლებით, ბატონო, მაღალშენში! - და პლატონი


შეჯდა ცხენზე.

- კაი დაგემართოთ! აბა მგზავრები ვყოფილვართ ამ ერთ


ხანაზე!..

ეწყინა ეს პლატონს. ათასწილად ერჩია მარტოდ,


თავისუფლად მგზავრობა, მაგრამ ახლა მეტი გზა აღარ
ჰქონდა, ხათრს ხომ არ გაუტეხავდა ამ მოსახათრებელ
კაცს, უნდა ერბენინა თავისი გაძვალტყავებული ცხენი
გვერდევანიძის თოხარიკთან.

- რა ხანია მოვდივარ და ერთი კაცი არ შემხვთომია, რომ


ხმა გამეცა ვისთვისმე... მოვდივარ ასე მუნჯად! - თქვა
გვერდევანიძემ.
- სად ბძანებულხართ აქეთ, ბატონო? - რომ ხმა ამოეღო,
შეეკითხა პლატონი.

- ქვედურეთში ვიყავი... ბრეგაძეები არიან,


აზნოუშვილები... შენი მტერი იქნა დამსილი და
დაგლახაკავებულნი, ისინი დამსილი არიან... და, რავარც
იცით ახლანდელი ჩვენი აზნოუშვილების ამბავი, გაყოფა
უნდათ, მაგრამ გასაყოფი რომ აღარაფერია! ერთი მეორეს
წაგლეჯაზეა გამაცადინებული, რამე ხერხით უნდა მეტი
რამ ირგოს, ერთმანეთს აღარაფერს ანებებენ და
ჭიჭყინობენ, დავიდარაბობენ, ჩხუბობენ დილიდან
საღამომდინ, ჰკლავენ ერთმანეთს...

- ცუდი დრო მოვიდა, ბატონო, ერთობ ცუდი დრო!..


ხალხიც მომრავლდა... ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე
მაინც ქვეყანა, თვარა... მაგრამ ეგ თქვენ უკეთ
მოგეხსენებათ, რასაკვირველია! - შენიშნა თავის მხრივ
პლატონმა.

- შეიძლება, შეიძლება! - დაატანა გვერდევანიძემ. - ჰო და


იმას ვამბობდი, ამ ბრეგაძეებმა მთხოვეს მათში
ჩამოვვარდნილიყავი და რამე რიგად გამერიგებინა
ისინი... ხელის მოსაკიდებელი საქმე არაა, არც
გავერევოდი, მართალი გითხრა, ნამეტანი შეუსმენელი
და დაუჯერებელი ხალხია, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი,
უფრო იმიტომ, რომ ჩემი ნათესავი ქალია იმ ოჯახში...
დედინაცვალია ამ ბრეგაძეების და მათ ჩხუბში და
უწესრიგობაში საწყალი ქვრივი დედაკაციც ნამეტანი
შევიწროვებაში ჰყავთ... სიცოცხლე გოუმწარეს
უბედურს!..

- თუ შვილი ჰყავდა მაინც ამ დედინაცვლობაში?! -


წამოსცდა პლატონს სრულიად უნებურად.
- აჰ! შვილი არც უწინდელ ქმრის ხელში ყოლია და არც ამ
მეორე ქმრის ხელში! უბედური, უშვილო, ერთი საწყალი
დედაკაცია, იმიტომაც უფრო მებრალება... გერები
ოუტყდნენ, აი ისე, როგორც იცი ღარიბი ოჯახის ამბავი...
დედინაცვლის შენახვა კი არა, თავისი თავი ძლივს
გამოაქვთ წლიდან-წლამდინ!.. მამის ხელში ქე იყო ისე
ერთგვარი ოჯახი და ახლა სამად გასაყოფი რომ შეიქმნა,
ამ დედინაცვალსაც თავისი წილი საქვრივო გამოსაყოფი
შეექმნა, - არც ერთს აღარაფერი ურჩება და,
რასაკვირველია, ჭიჭყინობენ, ერთმანეთს ედავებიან,
ერთიმეორეს ხელიდან გლეჯენ, თუ რამ ხელში ხვდათ...

ასე ლაპარაკობდა გვერდევანიძე, მაგრამ მისი სიტყვები


პლატონის ერთ ყურში რომ შედიოდა, მეორე ყურში
გადიოდა; მისი ყურადღება სრულიად იმან დაიპყრო, რომ
ამ კაცისაგან იმ ქვრივ, გაწვალებულ დედინაცვალზე
გაიგონა. ეს სწორედ ძვირფასი რამ გასაგონი გაიგონა
პლატონმა.

- ქვედურეთში... ბრეგაძეებისას! - იმეორებდა პლატონი,


თითქოს ეშინოდა არ დავიწყებოდა უშვილო დედაკაცი. -
არც პირველი ქმრის ხელში ყოლია შვილიო, არც მეორის
ხელში! რომელი ბრეგაძეა ნეტავი?

ამ მოულოდნელად გასახარელი ამბის გაგებით აფრენილ


პლატონს ერთმა ისეთმა სურვილმა წამოუარა - უფრო
დაწვრილებით გამოეკითხა ყოველივე გარემოება
ნახსენები უშვილო ქვრივისა, - რომ კინაღამ ის იყო
კიდევაც გააბა ლაპარაკი, მაგრამ დროზე გონს მოვიდა,
დროზე მიხვდა ამის უადგილობას და ენა ჩაიკვნიტა. ამ
კაცთან ისე ვაგლახად ლაპარაკი საფრთხილო იყო, მისი
აზრით. გვერდევანიძეს შეეძლო ერთ უხერხულად
დაცდენილ სიტყვაზე მიხვდომოდა, რაც გუნებაში ედვა
და ამიტომ პლატონი ამხანად დაკმაყოფილდა
გაგონილით, ჩაიმარხა გულში მისი სიტყვა და
თავმოძულებით მიაჩინდრიკებდა ენაგადმოგდებულ
ცხენს, სმენად გადაქცეული, ეგებ ამ დალოცვილ კაცს
კიდევ დასცდენოდა მისთვის გამოსადეგი რამ სიტყვა.

- ასე კარგია ჭკვიანი კაცის ორიოდე სიტყვაც! - გუნებაში


ხალისიანად ამბობდა ძუნძულით მიმყოლი პლატონი. -
ყოველთვის სასარგებლო რამეს გეიგონებ, მიხვდები!..

გვერდევანიძე კი თავის სიტყვას განაგრძობდა:

- ასეთია, ჩემო ბიძია, ეს ჩვენი მდგომარეობა და რას იზამ!


გაჭირვების დრო შემოგვესწრო და მეცადინეობა გვჭირია,
ძალიან გაფრთხილება გვმართებს ამ გაჭირვებასთან. ი
დალოცვილი ღმერთიც თავის მოწყალებას ჩვენზე
ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს ამრავლებს,
ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს... მადლიანს თითო-
ოროლა შვილი დეეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო
მოემატებია, ის არ აჯობებდა, შენი ჭირიმე? ა? - გაიცინა
მან.

- მაინც, მაინც, ბატონო... ნამდვილი სიტყვა გახლავსთ,


რასაც ბრძანებთ! - ამოიოხრა პლატონმა. - მართალი
ბრძანებაა!.. თქვენისთანა კაცს რა უჭირს და ჩვენს ამბავს
კაცი ნუღარ კითხულობს, ბატონო, თვარა თქვენ ჩემზე
უკეთ მოგეხსენებათ!.. ნამეტან უსაშუალობაში ვართ
ჩავარდნილი და გასაკვირველია, რომ კიდევ ასე
ხალისიანათ ვართ, არაფრად ვაგდებთ ყველაფერს,
არხეინად ვართ და იმას კი აღარა ვფიქრობთ, თუ რა
მოგველის წინ... რას გვიპირობს მამა ზეციერი!.. მარა თავს
თუ არ მივეძალეთ, გული თუ არ შევიმაგრეთ, სულ
წავხდებით, ბატონო, სულ ერთიანად და ის იქნება! -
მჭევრმეტყველობამ გაიტაცა პლატონიც თავის
ენაწყლიანი მოსაუბრის შემყურე.

ტკბილად მიმუსაიფობდნენ ჩვენი მგზავრები და ამ


ლაპარაკში პლატონისათვის დროც შეუმჩნევლად
გადიოდა და გზაც ერთობ მოკლდებოდა. კიდევ დიდი
სიამოვნებით ივლიდა ამ კაცთან იგი, რომ უეცრად
თავისი გადასახვევი გზა არ დაენახა. პლატონმა შეაჩერა
ცხენი და თავდაბლად მიმართა გვერდევანიძეს:

- მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო.

- ოჰ! აქეთ მიდის თქვენი გზა?

- დიახ, ბატონო!.. ნურას უკაცრავად... გეახლებოდით ერთ


ხანს კიდევ, რომ საჭირო საქმე არ მქონდეს სწორედ...

- რატომ, რატომ, შე კაცო!.. იცოცხლეთ, აწი მეც მალე


მივალ სახლში... მშვიდობით!

- მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ისე ფეხს რავა მოუკრავს


ადამიანს ღმერთი, რომ არავინ შეგხვდეთ კიდევ?! -
საამებლად გააყოლა გვერდევანიძეს სიტყვა პლატონმა
და მერე თავის გზაზე გადაუხვია.

- ასე კარგია კაი კაცის შეხვთომა! - ამბობდა გუნებაში


პლატონი. - ჰა, ქვედურეთში, ბრეგაძეებისას... სამი ძმა
ყოფილა... გამოვიკითხავ და, თუ რიგიანი ვინმეა...
გვერდევანიძის ნათესავია. მარა ეგებ ვინმე ოხერი
გვარიშვილის იყვენ... ყველაფერს გევიგებ... ეს ხომ
გულში მეყოლება, თუ დარიკომ სხვასთან ვისთანმე არ
მიმასწავლა... გევიგებ ამბავს და, თუ ღვთის რისხვა არაა,
კიდევაც გავათავებ საქმეს... კი, კი, ასე ვიზამ, ასე ვიზამ! -
ხმამაღლა წამოიძახა პლატონმა და ამ წამოძახებასთან -
ალბათ, პირუტყვმა სხვა რამ იფიქრა. - ცხენიც გაჩერდა.
პლატონმა ერთი-ორი ”აჩუც” მიაძახა, ქუსლიც შემოარტყა
ფერდის ძვლებზე, წკეპლაც გადუჭირა, მაგრამ ცხენი ისევ
იმავე ადგილას იდგა, ფეხსაც არ იცვლიდა.

პლატონი იძულებული შეიქმნა ჩამომხტარიყო. დაინახა


მქელავი, არაქათგამოლეული, ერთიანად
გაოფლიანებული ცხენი, რომელსაც აბურძგვნილი
ბალანი საცოდავ შეხედულებას აძლევდა და მხედარმა
თავში ხელი შემოიკრა:

- ეს მუდრეგი რაღა მოსახმარი იქნება აწი? სულ


ერთიანად გადატყაული ექნება ამ უპატრონოს ზურგი...
აჩუ! - მიაძახა გულმოსულმა და თან ჯოხიც გადაჰკრა.

შეღავათმიცემული ცხენი მისუსტებული, აძიგძიგებული


ნაბიჯით აპოლიკდა ქვებიან ბრეკზე და რაც შეეძლო, რაც
ღონე ჰქონდა შერჩენილი, მიჩანჩალებდა და ცდილობდა,
უკან ჩამოეტოვებინა თავისი ჩამოქვეითებული მხედარი,
რომ მტკივან ზურგზე არ შესკუპებოდა ხელახლად.
რამდენსამე მანძილზე კიდევაც აუსრულდა წადილი
გასაჭირში ჩავარდნილ პირუტყვს, მაგრამ ბოლოს
პლატონი მაინც დაეწია, გააჩერა და მარდად მოახტა
ზურგზე. ამ კაცმა თავის თავმოყვარეობის დაცვა
ამჯობინა მის შებრალებას და სიძის ჭიშკრამდის
ამხედრებული მივიდა.

აქ პლატონი ჩამოხტა ცხენიდან, გააღო ჭიშკარი და ეზოში


შევიდა.

IV

ეზოს კარებში ყმაწვილი ქალი გულზე ახუტებული


ბავშვით თავზე ადგა გლეხს, რომელიც ბოსტანს
რაგვავდა. ქალი მობრუნდა, რაკი გლეხმა ანიშნა სტუმრის
ეზოში შემოსვლა, მიაჩერდა მას და, რა იცნო თავისი ძმა
პლატონი, უცბად ჩამოსვა მიწაზე ბავშვი, გაისწორა
თავსაფარი და ერთის ძახილით, სიხარულით აფრენილი
გამოექანა ძმისკენ. ბავშვმა შექნა ღრიალი, აბღავლდა
მეორე იქვე მყოფი უფროსი გოგოც, მაგრამ დარიკოს მათი
აღარაფერი ეყურებოდა.

- შენი ჭირიმე... შენ დაგენაცვლოს შენი და დარიკო!.. რა


დღე გამითენდა ეს?.. უიმე, უიმე! - მოქაქანობდა დარიკო.
და-ძმა მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს.

- მობრძანდი, შენი ჭირიმე!.. მობრძანდი! - მიუძღოდა


აფუსფუსებული დარიკო ძმას სახლისაკენ. - მალაქია!..
მალაქია!.. ჩემო მალაქია, გადადექი და მანდედან
კირილეს მიაძახე... შენი ჭირიმე... თავი დაანებე მაგას!..

გლეხმა მიატოვა სამუშაო, გაიქცა წინ და რაც ხმა ჰქონდა


დაიწყო ყვირილი:

- კირილე... ბატონო კირილე!.. კირილე, უ - უ!..

- რაზე აბრუნებ, დარიკო ჩემო! წავიდეს!.. - უთხრა


პლატონმა დას.

- ეს-ესაა ცხენზე შეჯდა, რაღაცა საქმე მაქვსო და წავიდა,


გამიქრა ხელიდან... ვერ დავამაგრე სახლში...
დაყანყალობს ასე ტყუილუბრალოდ!.. რა მოვუხერხო,
აღარ ვიცი... გამიჭირდა საქმე!..

ბავშვები კი ისევ ღრიალებდნენ ბოსტანთან; ერთი


მიწაზე ფართხალებდა და გოჭივით ჭყვიროდა.

- გოგო, ნინოია!.. წადი, გოგო, ბავშვებს მიხედე... გააჩუმე


გასაწყვეტლები! - სახლში შეიძახა დარიკომ და
რიკულებთან გაყოლებულ ფიცარზე მჯდარ პლატონთან
თვითონაც ჩამოჯდა. მალაქია კი ისევ თავმოძულებით
უყვიროდა კირილეს.

- რას შვებით, ძმაო, ხომ კარგად ხართ? - წუწუნით იკითხა


დარიკომ.

- ჩემი რძალი ხომ კარგათაა, შენი ჭირიმე?.. - მიუგო


პლატონმა.

- ჩემი რძალი ხომ კარგათაა, შენი ჭირიმე?.. ბავშვები?..

- არიან, ღვთის მადლით...

- მამა?.. ვაი მისი გაძაღლებული სიცოცხლე! - ამოიხვნეშა


დარიკომ. - რა ვქნა, ძმაო, ვეღარ მივხედე მე უბედურმა ამ
გაჭირვების, გამწარების ხანს... რა ვქნა მარტოდ
ვწრიალობ ამ ოჯახში, ერთი საათით ვერ მიმიტოვებია...
ვისზე დავტოვო, შენი ჭირიმე?.. და ამასობაში, ვეღარც მე
გნახეთ და თქვენგანაც დავიწყებული შევიქენი, ძმაო!.
წუხს კიდევ უბედური? ან კი რა გაახარებს მის გულს,
დედიჩემის დამკარგველს!.. ხომ არ ავადმყოფობს მაინც,
შენ დაგენაცვლე?

- ავადმყოფობას რა უნდა მასთან?.. ავად კი არა... ჰმ!.. -


გაიფრუტუნა პლატონმა.

- ჩემი მომდურავი კი იქნება და მემართლება კიდევაც, -


ისევ ამოიოხრა დარიკომ.

- ტყვილა წუხარ მაგას, ჩემო დარიკო... ჩვენ აღარავის


ვახსოვართ, ჩემო დაო!

დარიკომ გაკვირვებული სახის მეტყველებით გადახედა


ძმას. მისი სიტყვა მეტად ეუცნაურა და ვერ მიუხვდა, რას
ნიშნავდა იგი.

- მამაშენი რომ მწუხარეა, ისე ყოველი ჩვენი კეთილი


შეაწუხოს ღმერთმა!.. რას ამბობ, მწუხარე კი არა,
საქორწილოდ ემზადება ის კაცი! - გაიცინა პლატონმა.

- რა ხუმრობა იცი, პლატონ! - იწყინა დარიკომ.

- შენ არ მომიკვდე, არ გეხუმრებოდე!..

დარიკო გაშტერდა.

- იმას აღარც დედაშენი ახსოვს, აღარც მკვდარი და აღარც


ცოცხალი ვინმე!..

- პლატონ, პლატონ! ძმაო!..


- აგერ ნახავ!.. საქმე გადაწყვეტილია!

- რა არი ახლა, პლატონ?! გადავირევი ეს არის!.. ტყვილია...


- ძლივს სიტყვას ამბობდა შეწუხებული ქალი, რომელსაც
ხუმრობა ეგონა ძმის ნათქვამი.

- ცოლ-შვილს გეფიცები!.. ქალს თხოულობს... რა


მეხუმრება, კაცი გულზე ვსკდები!

- უიმე, უიმე! - იყვირა დარიკომ და გამწარებული ლოყაზე


ხელს ირტყამდა. - უიმე! უიმე!.. ეს რა გეიგონა ჩემმა
ყურებმა!..

- რა გაეწყობა! - ამოიოხრა პლატონმა.

- ასე მალე დასავიწყებელი ქალი იყო საწყალი დედაჩემი?..


ღმერთო, მომკალი... ღმერთო, მომკალი! რატომ მიაწია მაგ
უბედურმა ამ დღემდის, მაგისთანა საქმეს რომ შვება?!
ვინ უნდა შემოათრიოს დედიჩემის მაგიერ მაგ
ჭკუადაკარგულმა, ვინ? - მოთქმით ამბობდა დარიკო.

უკანასკნელი მისი სიტყვა პლატონს აღარ გაუგონია და


პასუხი არ მიუცია მასზე, იმიტომ რომ ეზოში
შემოჯირითდა თავისი ლამაზი, წაბლისფერი ცხენით
კირილე და ერთი ყიჟინით მიმართა ცოლიძმას:

- პლატონს, პლატონს ვახლავართ!.. პლატონს


ვახლავართ! დარიკო, კედელს ნახშირი, ნახშირი
კედელს!.. ასე უნდა, შე პატიოსანო კაცო, მოყვრის
მივიწყება?.. აი, შენ კი რა გითხრა!.. შემოსაშვები ხარ
სახლში?! ძალიანაც შემცდარა ეგ შენი დაია, თვარა მე რომ
ვყოფილიყავი, არაფრის გულისათვის არ შემოგიშვებდი,
ფეხსაც არ შემოგადგმევინებდი! ხა, ხა, ხა!.. - და მაღალი
ტანის კოხტად ჩაცმული შნოიანი ახალგაზრდა კაცი
გრძნობით მიეგება თავის ცოლისძმას.

- რავა მშვიდობით, პლატონ ჩემო?

- მადლობელი გახლავართ... ვართ ისე...

- ჩემი სიმავრი როგორ არი... ჩემი ძვირფასი ბეკინა? ხომ


ყოჩაღათაა კიდევ?

- სხვაგან რომ დაყიალობ, იქაც მივიდოდი, ვნახავდი და


საკითხავი აღარ გექნებოდა! - უთხრა მოწყენით დარიკომ
ქმარს.

- მივსულიყავი!.. სადაც მგლოვიარობაა, იქ რა მიმიყვანს!


მაინც რომ აღარაფერი გეშველათ, თქვე დალოცვილებო! -
მიუბრუნდა კირილე ცოლისძმას. - გაგიგონია ამდენს
ხანს მგლოვიარობა?

- შენ არ იცი, თვარა კაი ხანია გათავებული გვაქვს, -


მიუგო ღიმილით პლატონმა.

- ქეიფის მეტი რომ არაფერი გაგონდება, ნეტავი, შენ, შე


უბედურო! - წაულაპარაკა დარიკომ.

- ჩვენ გახლავართ მიმინაშვილები! - წამოიძახა კირილემ


და წამოიჭიმა ფეხზე ამდგარი. - მიმინოს შვილები...
მიმინოს!.. ჩვენთან რა უნდა მწუხარებას... ჩვენს თავს
არავის არ დავატყვევებინებთ... გვაროვნობით ვართ ასე...
სადაც სიამეა და მოლხენა, იქ ჩვენც ვართ, ასე მოგვდგამს
გვაროვნობით!.. აბა, შენი ჭირიმე, ორიოდე დღე
ვიცოცხლო, გული მწუხარებით ევივსო, მოლხენა
დავაკლო და ისე წავაყრევინო ზედ მიწა?! შენც არ
მომიკვდე... მაგაზე მეტი სისულელე იქნება?! კაცი მუდამ
მხიარული უნდა იყვე და სხვასაც იამება შენი შეხედვა!
აბა, ასე უნდა, შენ რომ ხარ? ძმა მოგივიდა და ასე
მოწყენილი ხარ, არა გრცხვენია? - და კირილემ გულიანად
გადიხარხარა. - მართლა, რანაირი ხარ, დარიკო ჩემო... შე
ქალო, ძმის მოსვლა გეწყინა თუ?

- რა ცუდი ამბავი მოვუტანე მერე! - ღიმილით თქვა


პლატონმა და დარიკოს გადახედა.

- ჰო!

- ქორწილში პატიჟობს...

- არიქა, მიშველე, პლატონ! ვინ, ვინ, თუ ღმერთი გწამს?

- მამა მაგისი!
- ა?.. მამა მაგისი?

- ჰო, ქალს თხოულობს შენი სიმავრი! და შენ იცი, კირილე,


რავა მოულხენ!

- ხუმრობ თუ მართალს ამბობ, პლატონ? - გაკვირვებით


შეეკითხა კირილე.

- შენ ნუ მომიკვდები, მართალს ვამბობ.

- ხა, ხა, ხა, ხა, - გადიხარხარა კირილემ. - ხა, ხა, ხა, ხა!.. აი
და ბეკინა!.. აი და შენი ჭირიმე!.. შენ გენაცვალე შენს
ლამაზ წვერებში! ხა, ხა, ხა! შერცხვენილი ვიყვე, თუ
სანაქებოდ არ მოვულხინო... შერცხვენილი ვიყვე!..
იმისთანა მაყრულით მივყვები, რომ იქოურობას
გავაყრუებ, ტყე და ველს შევძრავ!.. როდისთვის
აპირობთ, ა, როდისთვის?
- ჯერ, შე კაცო, ქალია მოსანახი!

- ქალის მეტი რაა დედამიწაზე!.. რაღას აგვიანებთ?..


მაშვალი ვინა გყავთ?

- მე ვარ! - მიუგო პლატომა.

კირილე ერთი შეჩერდა და მერე გადაიხარხარა თავისი


რიხიანი სიცილით.

- შენ ხარ მაშვალი?! თუ ძმა ხარ! ხა, ხა, ხა!

- მე ვარ, მე, ჩემო ძმაო, რას იზამ! კაცი სიკვდილამდის


ყველაფერს უნდა მოელოდეს, თუ სიქაჩლესო...
ანდაზებიც კი დამავიწყდა ამ უცნაურობაში...
- შენ რავა მაშვლობ მერე? შენს საწინააღმდეგო საქმეში
უწყობ ხელს?

- აბა, რა უნდა ქნა, მეტი გზა რომ არ გექნება, ჩემო


საყვარელო ძმაო? ბევრი ვეხვეწე, ბევრი ვეწინააღმდეგე,
მარა არაფერი გამეწყო, ვერაფერი შევასმინე! კარგი შვილი
ხარო და ღმერთი არ ჩაგაგდებს გასაჭირშიო, ყოველ
უბედურებას აგაშორებსო, დოუჯინია და, ვინ იცის, მის
სიტყვაზედ იქნება თუ არა, ასე მოწყალებით
გადმომხედოს ღმერთმა, - ეგებ დაჯილდოვების
მაგიერად, კიდეც მიწყრებოდეს, რაზედ ინახავ მაგისთანა
გამსუნაგებულ კაცსაო, - და ამის გაგებამდი ვითომ მე
დავაპირე ჩემის მეცადინეობით ავიცილო თავიდან
მოახლოებული უბედურება... ისე თვალები
უბრმავდებათ მაგ უხეიროებს, არ უნდათ შეხედონ, რომ
ერთი ქალის მონაშენს არ ყოფნის ოჯახის ქონება, ორი
ქალისას რა უნდა უყოს!
პლატონი მასხრულის კილოთი დაწვრილებით მოუყვა
ცოლ-ქმარს თავისი მდგომარეობის ამბავს და იმას, თუ
რამ აფიქრებინა თავის დედინაცვლის მოსაყვანად მამას
მაშვლად დასდგომოდა.

დარიკო ხმაგაკმენდილი იჯდა, მწუხარებისაგან კრიჭა


შეკრული; კირილე კი ერთობ გამხიარულდა, მისმა
სიცილმა იქაურობა გააყრუა.

- ეგ ყველაფერი ძალიან მოგისაზრებია... მარა რომ


ეყოლოს, კაცო, შვილი... ხა, ხა, ხა!.. შვილი რომ ეყოლოს?
სეირი არ იქნება? რას იზამ მაშინ, პლატონ? ხა, ხა, ხა! -
ხარხარებდა კირილე.

- რავა ეყოლება... ორ კაცთან ქალი უშვილო ყოფილიყვეს,


ე მამაჩემი რაღა განსხვავებულ კაცად უნდა გამოჩნდეს
ვითომ?!

- კი, მარა ეს მითხარი, ვთქვათ, ეყოლა ახლა, რას იზამ


მაშინ, ა? - არ ეშვებოდა კირილე.

- რა ვიცი, რას ვიზამ... ახლა რავა გითხრა? რა ვიცი, რომ


გავმწარდები, რას მეტყვის გუნება...

- მაინც, მაინც?..

- რა არი ახლა ასეთი სულელური ჩაცივება?! - შეუტია


კირილეს დარიკომ.

- რაც მერე იქნება, ის ღმერთმა იცის, - დაუბრუნდა


გაწყვეტილ სიტყვას პლატონი. - რაც შემდეგ იქნება, ის
ღმერთმა იცის და ახლა უნდა გამოგიტყდეთ, იმისთვის
მოვედი თქვენთან, რომ შემწეობა მომცეთ ამ ჩემ
გაჭირვების დღეს...

- ღმერთი კი რამეს შემაძლებიებდეს და შენ, ძმაო!.. -


წუწუნით თქვა დარიკომ.

- კი, ბატონო, თუკი რამეში გამოგადგები! - დაატანა


კირილემაც.

- ჩემს კუთხეში არავინაა იმისთანა დაწყევლილი


სულიერი, მე რომ მჭირია და ეგება აქ, თქვენსკენ იყვეს
ვინმე...

- ვინ უნდა იყვეს... - ჩაფიქრდა დარიკო.

- შენ ათას ადგილას მიდი-მოდიხარ, კირილე... ეგებ


იცოდე სადმე?..
- ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა კირილემ. - განა დედაბრების
ამბების შესატყობად დავდივარ, კაცო?! ქალებს რას
დავეძებ, მე ქეიფისათვის დავდივარ, შე კაცო!.. უშვილო
დედაბრები ღმერთსაც მოძულებული ჰყავს, მე მათ რას
დავეძებ!..

- ვერავინ გეიხსენე, დარიკო? - მიუბრუნდა დას პლატონი.

- ვერა, ძმაო... ვერა... აქ არც კი უნდა იყვეს მაგისთანა


ვინმე...

- აბა სხვაგან საძებრად გამხდომია საქმე! - თქვა


პლატონმა.

- მეც შენთან ვარ მძებნელი, როგორც კაცი! - წამოიძახა


კირილემ. - ძმობას გეფიცები!.. არაფრის გულისათვის არ
დაგშორდები... ვძებნოთ, პლატონ, ვძებნოთ! ხა, ხა, ხა!
ჩემს დღეში ამგვარ უცხო საქმეზე არ მივლია და აქედან
ვიცი, რომ ბევრი გასართობი ამბები მოგველის! რამდენ
დედაბერს სანატრელად გავუხდით უშვილოდ ყოფნას...
ხა, ხა, ხა! ერთი ჩხუბი და ცილობა უნდა ავუტეხოთ
ერთმანეთში საწყალ დედაბრებს, უსათუოდ! არ
შეიძლება უამისობა!..

- რა სისულელეა ახლა მაგ?! ეგებ შენი წაყოლა სულაც


არავის უნდოდეს!.. ძალაზე ხარ თუ?.. - მიმართა
დარიკომ.

- ძალზე ვარ... თუ მაგისი მამაა ბეკინა, მეც მამად


მერგება... სიმავრია ის კაცი... არ უნდა გევისარჯო
მისთვის?!

- არავინ არ გთხოვს!
- აბა რაზედაა ეს კაცი მოსული?.. თვითონ არ თქვა,
შემეწიეთო? ეგ გადაწყვეტილი საქმეა, რომ მე
პლატონთან წამსვლელი ვარ სადედინაცვლოს
საძებრათ... ხა, ხა, ხა! ეს გათავებული საქმეა, ჩემო
დარეჯან, ამაზე ნუღარ შეწუხდები... ნუ გეწყინება და
უმჯობესია ვახშამზე დაგვიტრიალდე, შენ ნუ
მომიკვდები... კი, ჩემო დარეჯან... შენებურად, ისე,
გულუხვად!

- ეგ არაფერი შენი სასწავლებელი საქმეა... შენ შენს


საქციელს აზრი დაატანო, ის გირჩევნია!.. - წყენით მიუგო
დარიკომ და ზეზე წამოდგა.

- ე, აკი არ გამიგულისდა?! - მიაძახა კირილემ. - აკი არ


გამიგულისდა? კაი, მამაშენი ნუ მოგიკვდება, კაი თუ
გიყვარდე... წაყოლას ვერ გადავთქვამ და სხვა რამე თუ
უხეირო სიტყვა მითქვამს, ბოდიში მომითხოვია, შე
ქალო... მეტი რა ვქნა? ბოდიში მომითხოვია. წაყოლით კი,
რომ მომკლა, მაინც უნდა წავყვე, რომ... არ ვიცი, არ ვიცი,
რაც არ უნდა მიქნა... შენ რას იტყვი, პლატონ?

- შენი ნებაა... - მიუგო მან, თუმცა გუნებაში ძალიან


სწყინდა კირილეს დაჯინება.

მან კარგად იცოდა კირილეს ხასიათი და მასთან


მგზავრობა, ისინიც ამნაირ საქმეზე, მეტად საფრთხილო
იყო. რასაკვირველია, იგი სასეირნოდ მიდიოდა, როგორც
თვითონ თქვა, და ამასთან ყველგან ტყუილუბრალოდ
მუდამ ჩხუბის ამტეხი კირილე სწორედ ხელშემშლელად
თუ წაჰყვებოდა, თორემ საქმეში შემწედ არა. პლატონს არ
ეგონა, თუ ასე აიჟინებდა მასთან მგზავრობას მისი სიძე,
თორემ ასე არ დაიწყებდა ლაპარაკს.

- შენი ნებაა! - უთხრა პლატონმა, - მარა ეგებ ბევრი


სიარულიც არ დაგჭირდეს... აგერ გზაში, ივანე
გვერდევანიძე რომაა, იმას შევხვდი და ისე, ლაპარაკში
მოჰყვა თვითონ ქვედურეთშიო, ბრეგაძეებისას, ყოფილა
ერთი დედაკაცი, იმისთანა, მე რომ ვეძებ... სამნი ძმანი
ყოფილან ის ბრეგაძეები... ხომ არაფერი გაგიგონია,
დარიკო, მათ შესახებ?.. ეგებ იცნობდე კიდეც... ა?..

- ბრეგაძეები... ქვედურეთში... არა, ძმაო, არა, არ ვიცი!

- ისე, სიტყვას მოჰყვა... ძალიან აქო გვერდევანიძემ.

- მივიდეთ და ვნახოთ მერე!.. - წამოიძახა კირილემ.

- ასე ხამათ რავა მივიდე... ჯერ ამბავი უნდა გევიგო... ეგებ


უშვილო იყოს, მარა ქაჯს გავდეს, რა ოხრად მინდა მაშინ!
- თქვა პლატონმა...
- ეკლესიაზე მივიდეთ კვირა დღეს. მივიკითხ-
მოვიკითხოთ, შევხედოთ...

- არა, არა, მაგრე არ შეიძლება...

- რადგანაც აგრეა, ჩემო ძმაო, შენ მაგის მამიდასთან


მიდი... ჰკითხე სალომეს და სწორ ამბავს ის გეტყვის იმ
ქალის შესახებ... ქვედურეთი მათგან შორს არ არის და
უსათუოდ ეცოდინება იმის ამბავი, შენ რომ ქალს ამბობ, -
ურჩია პლატონს დარიკომ. - თუ არა და, შეიძლება თავად
იმას ეგულებოდეს ვინმე მაგვარი.

- ბრავო, ბრავო! - შეჰყვირა კირილემ. - ბრავო, დარიკო! აი


და ყოჩაღ, ქალო, ეგ ნამდვილი რჩევაა, შენ ნუ
მომიკვდები!

- მაინც ასე ვიზამ, - დასთანხმდა პლატონი.


- აბა, მივდივართ ხვალვე მამიდაჩემთან! - წამოიძახა
კირილემ. - ხვალ! არა, პლატონ?

- ხვალვე უნდა წავიდეთ.

- შენ არსად წამსვლელი არა ხარ! - შეუტია ცოლმა


კირილეს.

- თუ გიყვარდე, მაგაზე ნუღარაფერს მეტყვი. ჩემი საქმე


მე უკეთ ვიცი... შენ შენს საქმეს მოუარე!

დარიკომ რაღაც წაილაპარაკა გულმოსულმა და ვახშმის


განკარგულების მისაცემად წავიდა.

- და თუ გინდა, პლატონ, - დაიწყო კირილემ სიცილით,


აგერ ახლოს ერთი კაი აზნაურიშვილი მოკვდა და ზეგ
ასვენებენ, ხომ იცი, სატირალში რამდენი ქვრივი
დედაკაცია მიმსვლელი... მივიდეთ იქ, დავდგები ისეთ
ადგილას, რომ ერთი შეხნიერებული დედაკაცი ვერ
გამომეპარება შეუმჩნეველი... ყველას ამბავს ვიკითხავ...
ეგებ იქაც ვნახოთ შენი ორნაქმარები უშვილო... ეგ უფრო
ადვილიც იქნება და საჩქაროც... ა, რას იტყვი შენ?

- შე კაცო, ასე გამოსაქვეყნებლად კი არ მინდა ეგ საქმე! -


ღიმილით მიუგო პლატონმა.

- აბა, მამიდაჩემ სალომესთან გავსწიოთ, რავარც დარიკომ


გვირჩია... ძალიან კარგი! ეს საქმე ასე გვაქვს დაწყობილი
ხომ და ახლა მე წავალ და ბიჭს მოვავლებიებ შენი
ცხენისათვის... შენ კი ცოტა მოისვენე, ნამგზავრიც ხარ და
მერე ვახშმისათვისაც ცოტა შემაგრება დაგჭირდება, რომ
ქეიფიანად შევუდგეთ აქედანვე საქმეს, ხა, ხა, ხა! -
გადიხარხარა კირილემ, შეიყვანა ოთახში პლატონი და
თვითონ კი დაბლა ეზოში ჩავიდა.

- ჰეი, ჰეი, ნეტავი შენისთანა ხასიათის მქონე კაცს! -


უნებურად წამოიძახა ოთახში მარტოდ დარჩენილმა
პლატონმა. - ყველაფერი ჩალად უღირს... თავის ქეიფს
მისდევს... ან კი რა უჭირს? ჯერ კიდევ ეყოფა მამის
დანატოვარი... ჩემისთანამ იკითხოს, ჰეეეი! - ამოიოხრა
პლატონმა, შეიხსნა ქამარი, გაიხსნა ჩოხა და მიწვა იქვე
კედელთან მდგარ ტახტზე.

შებინდებული იყო, კირილემ პლატონი რომ გამოაღვიძა.

- ადე, ადე, პლატონ შენ ნუ მომიკვდები, იმისთანა


ვახშამს გვიმზადებს დარიკო, რომ შენი მოწონებული!..
მართლა, კაცო, რამ შეგაჯინა იმისთანა ბედაურზე, შენ
რომ მოგიყვანია?
- ჰო! - მიაჩერდა პლატონი სიძეს.

- შენ არ მომიკვდე, იმან ჭიშკრამდინაც ვეღარ მიგიყვანოს


შენ, ისეა!.. - გადიხარხარა კირილემ.

- ზურგი ექნება გაფუჭებული! - დაღონებით წაილაპარაკა


პლატონმა.

- აქვს და აგრე?! სულ ერთიანად გადაშვლეპილი აქვს!

- იმ ამოსაგდებ გვერდევანიძის ნაწყალობებია მაგი


ამბავი! ამოაგდო მისი ოჯახი ჩემმა გამჩენმა... მაინც
ამოსაგდებია, რაც ის ბოროტებას სთესავს!.. რა მეშველება
ახლა? - შეწუხებით წარმოსთქვა პლატონმა, - ახალი ჭირი
არ ევიტეხე?!

- არაფერია, არაფერი! - ხალისიანად შესძახა კირილემ. -


გულმაგრად იყავი! ცხენს ვერ გიშოვი, თუ?

- ამას რა ვუყო?

- მაგ დავტოვოთ... ეგერ მეზობელი ყაზახი მყავს, წამალი


იცის იმისთანა, რომ სამ დღეში მოურჩენს ზურგს... ჩვენ
წევიდეთ და, რომ დავბრუნდებით, ცხენს
გამოკეთებულს დაგვახვედრებს დარიკო. არაფერია!.. აბა,
წევიდეთ და ერთი ორიოდე სადღეგრძელო დავლიოთ
შებრაწულ გოჭზე... ღმერთსაც შემწეობა ვთხოვოთ და ასე
გავატაროთ ეს დრო!.. სამწუხარო ჯოჯოხეთშიაც არ
მოგვაკლდება და აქ მაინც მოლხენით ვიყვეთ, შე კაცო!..

ცოტა ხნის შემდეგ სამივე ვახშმის სუფრას მიუსხდნენ.


გამხიარულებული კირილე ათასნაირ სადღეგრძელოებს
იგონებდა და ჩაციებით აძალებდა ცოლიძმას ღვინოს.
- ნუ აწუხებ, კირილე! - ეუბნებოდა დარიკო, მაგრამ
კირილე თავისას მაინც არ იშლიდა.

- აბა, რათ მინდა ოჯახი, თუ ჩემთან მოსული კაცი, მერე


კიდევ რა კაცი, ცოლიძმა, ქორწილში რომ მპატიჟობს, არ
დავათვრე, არ დავალევიე რჯულზე!.. რომ ასე არ ვუქნა,
მასთან რომ მივალ, აღარც მე დამალევინებს და
წყალნასვამს გამომისტუმრებს... რაზე ვუმტრო ჩემ თავს?
რატომ ვქნა ეგ? ხა, ხა, ხა! სულელი ვარ? თუ გიყვარდე,
ერთბაშად გამოცალე ეგ ყანწი... სადედინაცვლოს
სადღეგრძელოა!.. ემაგრე!.. მაგრე!.. შენი ჭირიმე, ბეზ
კაპლი, ბეზ! - ხარხარებდა კირილე კიდევ დიდხანს.

მეორე დღეს მხიარულ გუნებაზე მყოფნი სიძე და


ცოლისძმა თავის გზას გაუდგნენ. კირილე მაინც მეტად
ხალისიანად იყო, რადგანაც ბევრ რასმე გასართობს
გამოელოდა ამ მოგზაურობიდან: მისი წარმოდგენით,
ერთი დავიდარაბა უნდა ატეხილიყო უშვილო, ქვრივ
დედაბრებს შორის, რაკი ყურს მოჰკრავდნენ მათი
მოგზაურობის მიზანს. გაფრთხილებაც საჭიროდ მიაჩნდა,
რომ ვინმეს არ შემოეტყუებინა მათთვის
შვილებამოწყვეტილი დედაბერი შვილის უყოლის
მაგივრად. ყოველივე ამან, კირილეს ცოცხალი ენით
გამოთქმულმა, ბევრი აცინა პლატონიც და ბოლოს ესეც
ხუმრობის გუნებაზე დააყენა.

ასე სიცილით და ხალისიანად მიემგზავრებოდნენ


ორივენი, რომ უეცრად კირილემ ხელი შუბლზე
შემოირტყა, შეაჩერა ცხენი და წამოიძახა:

- აუიჰ!..
- რა იყო? - შეეკითხა პლატონი შეშინებით. - რა იყო,
კირილე?

- არაფერი, არაფერი! გავწიოთ ჩვენთვის!..

- რაღაც გაგახსენდა, ვაი თუ რაიმე საჭირო საქმე გქონდა?

- არაფერია, კაცო, არაფერია! წამო... დაჰკარი მაგ ცხენს!

- თუ საიდუმლო არაა, მითხარი, თუ ძმა ხარ?.. შენ არ


მომიკვდე, შენ არ დაგაბრკოლო.

პლატონს იმედი მიეცა, ეგებ რაიმე მიზეზით


განთავისუფლებულიყო თანამგზავრისაგან და ამით
ჩუმად და დაუბრკოლებლად ეკეთებია თავისი საქმე.

- შენ არ მომიკვდე, ჩემი გულისათვის მე შენ არ შეგიშალო


ხელი! - არ ეშვებოდა იგი კირილეს.

- კაცო, რა უნდა იყოს, მივალ თუ არ მივალ, შაფათაძის


ქორწილს ამით არც შეემატება რამე, არც არა დააკლდება...
წამო, კაცო, წამო!

- ქორწილში ხარ დაპატიჟებული?

- წამო, კაცო!.. შაფათაძის ქორწილი რა სახსენებელია... ისე


წამომცდა, რომ გამახსენდა!..

- როდისაა?

- ამაღამ.

- თუ ძმა ხარ, ჩემი გულისათვის იმ კაცს ნუ მოინდურებ...


დაპატიჟებული ჰყავხარ და არ მიხვიდე?! რატომ უნდა
აწყენინო?.. მამიდაშენამდი გზას მეც კარგად გევიგნებ...
პირველად ხომ არ მივდივარ იქითკენ? თუ ძმა ხარ,
კირილე, ნუ დაკარგავ მხიარულობას.

- გითხარი, რომ არაფრის გულისათვის არ დაგშორდები-


თქვა და გათავებულია, შენთან უნდა ვიარო... ქორწილებს
რაღას დავეძებ!

- აბა, მე უკან ვბრუნდები და ხვალ წავალ სალომესთან, -


თქვა პლატონმა და ცხენი მოაბრუნა.

- შენ არ მომიკვდე... დარიკო არ მომიკვდეს... სახლში რავა


გაგაბრუნებ?! - გამოეკიდა კირილე და ჩოხის კალთაში
წაავლო ხელი.

- რატომ შვრები ამ საქმეს, კირილე? გავბრუნდები და შენ


სახლში დავიცდი... ჩემი საქმე ისეთია, გინდა დღეს
მივსულვარ სალომესთან, გინდა ხვალ... სულ ერთია! მე
შენ გეტყვი, არავინ მოგვასწროს და წეიყვანოს, ჩვენ რომ
ქალს ვეძებთ?!

- რა იცი... შეიძლება შენსავით სხვაც ვინმე


დაწრიალებდეს და თავქუდმოგლეჯილი ეძებდეს
უშვილო დედაბერს!.. - სიცილით თქვა კირილემ. - ხა, ხა,
ხა!.. წამოდი, კაცო!

- სწორედ აღარ მოვდივარ! - გადაწყვეტით თქვა


პლატონმა.

- ბიჭო! გინდა რომ დარიკომ სახლში აღარ შემიშვას?.. შენ


რომ მიბრუნებული დაგინახოს, რა დღეს დამითენებს ის
ქალი, ამას აღარ კითხულობ?

- არაფერს არ ვათქმევინებ!
- შენ რავა დაგისწრებს ჩემს აწიოკებაზე!

- აბა, ვიყოთ ასე გაჩერებული ამ შარაში და ის იქნება! -


ცოტა არ იყოს უკმაყოფილობით წარმოთქვა პლატონმა
და ცხენს აღვირი მიუშვა.

კირილე გაჩუმდა. არ იცოდა, რაღა ექნა და ჩაფიქრებული


იყო მცირე ხანს. ამ კაცის უკანგაბრუნება შიშს ჰგვრიდა
დარიკოს მხრივ, თან გულით ქორწილშიაც უნდოდა
წასვლა. რა ექნა, აღარ იცოდა: ამის გამო გადამეტებულ
გასაჭირში გრძნობდა თავისთავს. მაგრამ ასეთი
მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა;
კირილეს გამჭრიახმა გონებამ უცბად იპოვა მხსნელი გზა.

- პლატონ, რადგანაც ასეა ჩვენი საქმე, რომ შენ


მამიდაჩემთან აღარ მიდიხარ და ვერც მე გაგიშვებ უკან
სახლში, ერთ რამეს გეტყვი! და თუ ძმა ხარ, უარს ნუ
მეტყვი!

- ჰო!

- არც ერთს გული აღარ დაგვწყდება...

- თქვი, კაცო!

- მოდი ორივე ამაღამ შაფათაძისას მივიდეთ!

- შაფათაძისას?! - გაიკვირვა პლატონმა.

- ჰო! და ამაღამ იქ ვიქნებით, ხვალ კი წავალთ


სალომესთან.

- რას ამბობ, კირილე!.. გადირია ჩემი მტერი! კაცს არ


ვიცნობ, არ მიცნობს... ქორწილში მივიდე უცნობი კაცი?!

- რა გიჭირს?..

- ტყვილი არაა ახლა მაგ?! - და პლატონმა ისევ მიაბრუნა


ცხენი და წკეპლა დაჰკრა, მაგრამ კირილემ უცბად უტაცა
ხელი აღვირში და გააჩერა ცხენი.

- პლატონ, თუ ჩემი სიყვარული გაქვს... თუ ჩემი ძმობისა


რამე გწამს, ახლა გევიგებ ამას... გაფიცებ შენს ცოლ-
შვილს, შაფათაძისას უნდა წამოხვიდე!..

- გასაკვირველი საქმეა, შენ ნუ მომიკვდები!.. რას იტყვის


ის ადამიანი, ამისთანა დღეს უცხო კაცი კარზე მივადგე? -
გაჯავრებით წარმოთქვა პლატონმა. - რას იფიქრებს, ჰმ?!

- იტყვის, რომ კაი კაცი ყოფილაო, - სიცილით დაატანა


კირილემ. - სხვას რას იტყვის?! შაფათაძის წვევას
მივიღებ, მივალ, თან კარგ, პატიოსან აზნოუშვილს,
მასზედ გამოჩენილს, მივუყვან და იმას მიწყენს?! რავა
გეკადრება!.. ეწყინება კი არა, თავზე შემოგევლება! შე
კაცო, შენთან რომ მოვიდე, უცხო კაცი მომყვეს, ჩემი
კეთილი, საწყენად დაგირჩება?.. ა, მითხარი, თუ ძმა ხარ?..
კარში გამომაგდებ? ა?

- იმე!

- ჰოდა ეგ არის!.. მერე მე მასპინძელს ვეტყვი, მიზეზს


გავაგებინებ - საქმე გვაქვს, უსათუოდ ხვალ ადრიანად
წამავალი ვარ-თქვა, ძალიან საჭირო საქმეზე-თქვა და ასე,
ისე... ერთი სიტყვით, ჩემებურად... შენი პატივისცემაც
მინდოდა-თქვა და ამასთან დაშორებაც არ შემეძლო-თქვა
და ამისთანები... ნახავ აგერ, როგორი მადლობელი
დაგირჩეს!.. რა განაღვლებს, კაცო, მასპინძლის მეტს ხომ
არავის ეცოდინება, დაპატიჟებული ხარ თუ არა,
მასპინძელთან კი, გეუბნები, მე ვიცი!..

საშველი აღარ მისცა კირილემ და პლატონი იძულებული


გახდა დათანხმებოდა შაფათაძისას წასვლაზე.
სურვილასრულებული კირილე ძალიან ქეიფს და
დროსგატარებას ჰპირდებოდა ქორწილში, სადაც, მისი
სიტყვით, დიდძალ საზოგადოებას ექნებოდა თავი
მოყრილი თავმომწონე მასპინძლისაგან.

- ტანისამოსიც რომ არ მაცვია... ასე რავა ივარგებს? - თავის


გაქნევით თქვა პლატონმა, რომელსაც ძალიან
უძნელდებოდა უცნობ კაცისას ამნაირ დროს
დაუპატიჟებლად მისვლა. - აღარ ვიცი, ღმერთმანი... ვინ
რას არ იტყვის!

- ერთი შენც კიდევ! - მიაძახა კირილემ, - მე რა, შენზე


უკეთ მაცვია, თუ!.. ნეტავი ნახევარი იქ მყოფი ჩვენსავით
იქნებოდეს გამოწყობილი! რას ამბობ?!

ახლა ყოველივე ამნაირი ლაპარაკი სრულიად ამაო იყო,


რადგანაც გზა შაფათაძისკენ ეჭირათ. მგზავრებს ნელ-
ნელა მიჰყავდათ ცხენები, რომ მაინცდამაინც ადრე არ
მისულიყვნენ, სხვა სტუმრისათვის არ მიესწროთ.

საღამოვდებოდა, როცა შაფათაძის ეზოში ჩავიდნენ. აქ


უკვე ბლომად მოეყარათ თავი დაპატიჟებულთ. აივანზე
ქალები დამსხდარიყვნენ. მოსამსახურენი იქით-აქეთ
დარბოდნენ წესრიგის გამგებელთა ძახილზე.

ეზოში სტუმრები მიდი-მოდიოდნენ. ისმოდა მხიარული


სიცილი, ხითხითი. ღობეს დაყოლება ცხენები იყვნენ
მიბმულნი სარებზე. კირილემაც და პლატონმაც აქვე
მიაბეს ცხენები. კირილე იმწამსვე ნაცნობებში გაერია,
აქეთ-იქით გავარდ-გამოვარდა, ყველას დაენახვა, ყველა
ნახა; მოძებნა ხანში შესული მასპინძელი, მიულოცა
ქალიშვილის გაბედნიერება და იქვე მოუყვა პლატონის
შესახებაც. მოხუცებული ძალიან კმაყოფილი დარჩა,
მადლობაც უთხრა კირილეს, თან რომ აწვია ისეთი
ოჯახიშვილი, როგორიც მისი ცოლისძმა იყო; პლატონს კი
- კადრებისათვის. თხოვა და იმედი გამოსთქვა, რომ
მოლხენით დაამშვენებდნენ მის ოჯახს ამ ბედნიერ
დღეს. ამნაირმა მიღებამ დაავიწყებინა პლატონს თავისი
უხერხული მდგომარეობა. ცოტა ხნის შემდეგ იგი
შეუერთდა საზოგადო აფუცფუცებულებას,
თავისუფლად გრძნობდა თავს და მზად იყო
მოსალხენად.

შორიდან მოისმა ზურნის ხმა. ხალხი შეინძრა. ზურნის


ხმა თანდათან ახლოვდებოდა. გახშირდა სროლა
დამბაჩებისა და რევოლვერებისა. აივანი სულ ერთიანად
მოიფინა ქალებით; მთლად მიდამო თითქოს გაცოცხლდა.
ამოძრავდა; ზურნის ხმა თანდათან უფრო მკაფიოდ
მოდიოდა; ისმოდა მომყოლთა ძახილი: ”ჰაი”, ”ჰაი!” და
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩიტივით შემოფრინდა იარაღში
ჩამჯდარი, თავზე უკან მოქცეული კოხტა ქუდით
ყმაწვილი, რომელმაც დაძახებასთან: ”მეფე მოდის!..
მახარობელი ვარ!”-ო, ერთიორჯელ ჩამოუარა თავისი
აქაფებული ცხენით აივანს, შემდეგ ქორივით ეძგერა
კიბეზე თასით მდგარ ყმაწვილს, სწვდა თასში და
წართმეული თასით გავარდა ისევ ეზოდან მოახლოებულ
მაყრიონთან შესაერთებლად. ეს იყო მახარობელი.

- ბრავო, ბრავო! - ჰყვიროდა მისი სიმარდით აღტაცებული


ხალხი და ამ ხმაურობას შეუერთდა მოსულთა
ჟრიამული, თოფების ხათქა-ხუთქი, ცხენების თქარა-
თქური და მათრახების ტყლაშუნი მათდა
შესახურებლად.
სიძე მოვიდა თავისი მაყრიონით.

პლატონს სრულიად გადაავიწყდა თავისი საძებარი


უშვილო და ორნაქმარები სადედინაცვლო, მამა ბეკინაც,
ყოველივე დარდები და გაშლილი გულით ამ საზოგადო
ხალისიანობას მისცა თავი. ახლა მოწყურებული კაცივით
უნდოდა მხოლოდ გული ეჯერა და დღევანდელ
გასართობს დასწაფებოდა. სხვებთან ერთად იგი ცხენით
წაჰყვა დედოფალს ეკლესიამდის და იქიდან
ყურთწამღები მაყრულით გამოჰყვა ახლად
ჯვარდაწერილებს. გრძელ ფანჩატურში მთელი ღამე მისი
სიმღერა არ შეწყვეტილა. მოხუცებულმა შაფათაძემ
განსაკუთრებული მადლობაც უძღვნა პლატონს
მოლხენისათვის.

საზოგადოება დიდ მხიარულებაში იყო, ცეკვა-თამაშს


ბოლო არ უჩანდა, თუმცა ქალები თითქმის სულ
ერთიანად წავიდ-წამოვიდნენ მოსასვენებლად.
გათენებას აღარაფერი აკლდა, ღვინის სმაში
შეჯიბრებული ყმაწვილკაცობა კი ჯერ ადგომას არც კი
აპირებდა. ზურნის მოღლილი, მისუსტებული ხმა ისევ
ეფინებოდა აქაურობას ამ ღამეში, სხვადასხვა
სიმღერებთან შენაცვლებით.

თუმცა ძალზე მთვრალი იყო პლატონი, მაგრამ თვალი


მაინც ეჭირა კირილესაკენ, რომელიც დაჩემებით სცლიდა
ყანწს ყანწზე. ცოტა ხნის წინათ იმ კუთხეში, სადაც
კირილე იჯდა, რაღაც ლაპარაკი ატყდა, მაგრამ ისევ მალე
მოსპეს. კირილე ისეთნაირად გამოიყურებოდა და
ცმაცურობდა, თითქოს რაღაც სამიზეზოს ეძებდა, რომ
ჩხუბი აეტეხა, ჩვეულებისამებრ. პლატონმა შეატყო ეს,
და რამდენადაც მოეხერხებოდა, მისკენ ახლოს მიიწია.
- ძალიან შემცდარი ხართ! - წამოვარდა კირილე და
ნამალევად გადადგმული ვეებერთელა ღვინის სტაქანი
წინ დაუდგა იმ ყმაწვილს, რომელმაც მოპარვა მოინდომა
ღვინისა. - ძალიან შემცდარი ხართ!

- მე დავლიე და გადავედი... შემცდარი თქვენ


ბრძანდებით! - მიუგო ყმაწვილმა.

- ეგ გაკლიათ და ახლავე უნდა გამოცალოთ! -


გულმოსულობით მიაძახა კირილემ.

- ხელმეორედ რაზე დავლევ!..

- დალიე!.. მე მითქვამს თქვენთვის...

- მოითმინეთ, მოითმინეთ, ყმაწვილებო! - მიაძახეს აქეთ-


იქიდან. ატყდა ყაყანი. ვინ კირილეს მხარეს იჭერდა, ვინ -
ყმაწვილისას.

- დალიე ახლავე! - ისევ მიაყვირა კირილემ. - მაცალეთ


ერთი, თუ შეიძლება... ამას რავა ვაპატიებ მაგ სტაქანს!
მერე ტრაბახობით ყურები მაგან უნდა გამომიჭედოს?!

- შენთან რა ტრაბახობა მჭირია... რა კაცი ხარ იმისთანა! -


მიაძახა თავის მხრივ ყმაწვილმა.

- რაც კაცი ვარ, ახლავე გაჩვენებ, მაგ გამოცალე თუ არა! -


დაუბღვირა კირილემ.

- კირილე, კირილე! - ამშვიდებდნენ აქედან.

- კოსტა, კოსტა! - აწყნარებდნენ მეორე მხრიდან


ყმაწვილს.
- რა კაცია... რა კაცია! ერთი შეგვახედვინოს მაინც! -
იყვირა კოსტამ.

- უი, შენ ცინდალო, ცინდალო! - მიაძახა კირილემ,


დაავლო სტაქანს ხელი და, რაც შიგ ღვინო იყო, სულ
ერთიანად ცხვირ-პირში შეასხა ყმაწვილს.

ერთის თვალის დახამხამებაზე ვეფხვივით სუფრაზე


ახტა კოსტას ძმა. მის ხელში გაიპრიალა სატევარმა
კირილეს დასარტყმელად და უსათუოდ იქვე გაათავებდა
კიდეც, რომ ამნაირ ჩხუბ-კინკლაობაში გამოქნილ
ყმაწვილებს უცბად ხელიდან არ გამოეგლიჯათ
მოელვარე იარაღი.

შეიქნა ერთი ყვირილი, არევ-დარევა. ახლა ხელდახელ


ეცნენ ერთმანეთს; გახურდა მუშტების მოქნევა.
გამზავებლები დიდ მეცადინეობაში იყვნენ; ჰყვიროდნენ,
აცილებდნენ მაჩხუბართ ერთმანეთს, მაგრამ ვერას
ხდებოდნენ.

VI

მზე კარგად ამოსული იყო, პლატონს რომ გამოეღვიძა


მეორე დღეს. მიიხედ-მოიხედა, ამ ოთახში მასთან
მხოლოდ კირილე იწვა ტახტის მეორე ბოლოში - სხვა
არავინ იყო.

გამოღვიძებისთანავე გაახსენდა წუხანდელი ამბავი და


გული უსიამოვნოდ მოეკუმშა. უცბად წამოდგა
საწოლიდან, გადაიცვა ახალუხი, მივიდა ფანჯარასთან და
ეზოში გადაიხედა. იქაურობას არავითარი მიმსგავსება არ
ჰქონდა წუხანდელი მასპინძლის ეზო-სახლ-კარობისა.
ჯერ აზრად ვერ მოვიდა, რას ნიშნავდა ეგ, მერე კი
მიხვდა, რომ უსათუოდ მეზობლისას გადაგვიყვანეს
გაზავების შემდეგო. ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ის და
კირილე ცხენებზე შესხეს და სადღაც გამოაქანეს ახალ
გათენებულზე; ახსოვდა, რომ ჩხუბი მოუხდათ, მაგრამ
დაწვრილებით არაფერი აგონდებოდა, - იმდენად
მთვრალი იყო იმ დროს. ახლა კი გული მოსდიოდა, ბრაზი
ერეოდა, რომ ამ გადარეულ კაცს დაუჯერა, მის სიტყვას
აჰყვა და ამნაირი სამარცხვინო ამბავი შეემთხვა. რა იყო ამ
უცნობ ოჯახში დაუპატიჟებლად ქორწილში მისვლა,
ჩხუბი, აყალმაყალი!.. მათი ასე გამოგდება ეზოს
გადმოღმა! აბა, ამ სრულიად უცნობ სახლში, ნაჩხუბართ,
ნაცემ-ნატყეპთ რა უნდოდათ?!

- მე ოხრიშვილს, რა მრჯიდა ქორწილში სასიარულოდ?..


რა მექორწილებოდა?! საქმე არ მქონდა მე უპატრონოს,
თუ?! ჰმ! თავი რაზე შევირცხვინე?.. სალაპარაკოდ რავა
მივეცი ჩემი თავი ამ სულელთან იმდენ ხალხს!.. რავა არ
უნდა მომკლას ჩემმა პატრონმა? რავა არ უნდა მომკლას?
რავა ვარ შესაბრალებელი!.. რაზე ვიმდურები ჩემისთანა
ოხერი მამის შეუბრალებლობისათვის?! - და
ჯავრშემოწოლილი პლატონი ხან დაჯდებოდა, ხან
მოუსვენრად დადიოდა ოთახში; მერე, თითქოს რაღაც
გაახსენდაო, ჩაიცვა წუღები, შეიკრა ახალუხი და ჩოხას
დაავლო ხელი. გაშალა - უყურა, უყურა და გულმოსულმა
დააბერტყა იატაკზე. ჩოხა სამ-ოთხ ადგილას იყო
გახეული.

- შენ კი გაუქრი შენს პატრონს! - წამოიძახა და კირილეს


გადახედა.

ამ წამოძახებამ კირილე გამოაღვიძა.

- ადექი, პლატონ? - კირილე ცქვიტად წამოჯდა საწოლში.


პლატონმა ხმა არ გასცა.
- ძალიან არ ვსდევით იმ ცინდალას, კოსტაა თუ პროსტა!
ხა, ხა, ხა! შენ ნუ მომიკვდები, ეყოფა ერთ ხანზე... კაი
ხანია, მისი ჯინი მჭირდა და კიდევაც ევისრულე
სურვილი, ვიჯერე გული მისი ტყეპით... ძალიან მარჯვეთ
არ ვიყავით?.. შენ, შენ? აი და პლატონ!.. მტერს მოხვდა
შენი მუშტი. ერთი მეც მომხვდა შეცდომით... აქამდისინ
არ ვიცოდი, თუ მაგისთანა მწარე ხელის პატრონი იყავი...
იცოცხლე, იმათ დღეს გვერდები აყვებოდათ... ხა, ხა, ხა! -
ისე ხალისიანად ამბობდა ამას და თან იცინოდა კირილე,
რომ უამისოდაც გაჯავრებულ პლატონს ამით მხოლოდ
ჯავრი ემატებოდა უფრო.

მან ვეღარ მოითმინა სიძის ასეთი უდარდელობა და


სიტყვა გააწყვეტინა.

- ახირებულია, ღმერთს ვფიცავარ... შენ რა სიკეთე


დაგაყარეს?.. დაიხედე, შენს თავზე, წარბი გაქვს
გაჩეხილი!..

- ძალიანაა? - ისე იკითხა კირილემ, ვითომც აქ არაფერიაო.

- გეყოფა.

- არაფერია... ამასაც ვაზღვევინებ, სადაც იქნება... თუ


დღესვე არა!..

- შენ, ჩემო ბატონო, როგორც გნებავდეს ისე ქენი, და


ერთი ეს ჩოხა გამიკერვინებიე ვისმე და ჩემს გზას
დავადგები...

- რავა, ჩოხა შემოგახიეს?.. უყურე იმ ლაწირაკებს!.. სხვა


რა შეუძლიათ, დედაკაცებივით იმწამსვე ჩოხაში უნდა
გეცენ და ტანისამოსი უნდა შემოგაფხრიწონ... აი მაგათ
კი დავასხი თავსლაფი!..
- ბატონო, ერთი შენ ეს სიკეთე მიქენი და რამერიგად
გევეტიო...

- ახლავე, ახლავე! გვარიანათაც გვძინებია! ეჰე, რამდენზე


წამოსულა მზე!

კირილე წამოდგა და აჩქარებით ჩაცმა დაიწყო.

- ამ ოხრიშვილებს მარტო ჩოხების ხევა შესძლებიათ! -


წამოიძახა მან, ჩოხას რომ ხელი მოჰკიდა. - სულ
ერთიანად არ მოუთხლეშიათ კალთა!.. აი, თქვენ კი რა
გითხრათ! თქვენ კი რა გითხრათ!..

დაავლო ხელი ორსავე ჩოხას, გააღო აივანზე კარი, გაჰყო


თავი და დაიძახა:
- ცაციეი, ცაციეი! - და როცა ამ დაძახილზე აივანზე
გამოირბინა ფეხშიშველა პატარა გოგომ, კირილემ
გაუწვდინა ჩოხები და უთხრა: - ბიძიკო, თუ შეიძლება, ეს
ჩოხები, რავარც იქნება, ისე გამილამბე... რავარც იქნება...
ღამეში ღობეს გამოვედევით და ასეთი უბედურება
მოგვივიდა. აბა ჰე, შენს გაზრდას!..

გოგომ გამოართვა ჩოხები და ფეხების ბრაგუნით


გადირბინა აივანი. კირილემ მიხურა კარი. პლატონი
წარბებშეკრული აქეთ-იქით დადიოდა. კირილე ატყობდა,
რომ ამრეზილი იყო და ხმას აღარ იღებდა. მაგრამ ცოტა
ხნის შემდეგ ასე მუნჯად ყოფნა ვეღარ შეიძლო კირილემ
და წამოიძახა:

- ახალ ჩოხებს გვიკერავენ, თუ რა დეემართათ ამ


ოჯახდაქცეულებს!.. აწი სადილათაც დაჯდებიან და არ
დაგვაგვიანდეს...
ეს ნამეტანი იყო პლატონისათვის; იგი მიუბრუნდა და
გაკვირვებით გადახედა კირილეს.

- ღმერთმანი, კაი ძალი დღეა გასული. დროით ჯობია


მაინც მისვლა...

- სად, ყმაწვილო?

- როგორ თუ სად?.. სადაც წუხელ ვიყავით!

- მართლა ამბობ მაგას, თუ ხუმრობ?

- მართლა ვამბობ... რა ხუმრობა უნდა?! აბა, არ მივიდეთ?..


რა მიზეზია?

- შენ, ჩემო ძმაო, რავარც გნებავდეს, ისე იარე, და მე კი


შენი მგზავრი აღარ გახლავარ!..

- რა იქნა, შე კაცო?.. რა მოხდა ამისთანა? გინახავს, რომ


ქორწილი იქნება თუ დღეობა, რამე ლაპარაკი არ
მოხდეს?.. რა ვუყოთ მერე?.. მარტო ჩვენს თავზე
მომხდარა, რაც წუხელ საქმე მოგვიხდა, თუ როგორაა?! ან
რა იყო ასეთი რამე?.. სხვას არავის შეხვდომია თუ?

- შენ, ბატონო, რავარც გნებავდეს და მე კი დრო არ მაქვს...

- დრო არ გაქვს, თვარა გეიქცევიან შენი დედაბრები


სადმე!

- გეიქცევიან თუ გაჩერდებიან, ეგ სულ ერთია, მე დროზე


უნდა დავბრუნდე სახლში. ასე უთავბოლოდ ყანყალი არ
შემიძლია!..
- შე კაცო, ერთი დღე რა უნდა იყოს! მე თვეობით ვრჩები
ხოლმე სახლის გარეთ, მაგრამ რომ მივბრუნებულვარ
სახლში, ყოველთვის ყორიფელი ისე დამხვთომია,
როგორც დამიტოვებია!

- კაცია და გუნება!..

ამ ლაპარაკში გოგომ გაკერილი ჩოხებიც შემოუტანა, მერე


მოართვა პირსაბანი წყალი ორსავეს, სიძე-ცოლისძმას, და
მალე ორივე ჩაცმულ-დახურულნი წასასვლელად მზად
იყვნენ. კირილე ბევრს ეხვეწა შაფათაძისას
მიბრუნებულიყვნენ ისევ, მაგრამ პლატონი ვერას გზით
ვერ დაიყოლია; ის კი არა, პირდაპირ უთხრა სიძეს, რომ
მათი ერთად მგზავრობა, როგორც ეტყობაო, შემდეგში
აღარ უნდა იქმნეს საქმისათვის სახეირო. ამის გაგონებამ
კირილე ძალიან დააფთხო; შიშს მიეცა, პლატონი არ
გაჯიუტებულიყო და უკან არ გაბრუნებულიყო მისდა
თავიდან მოსაცილებლად. სწორედ ამის შიშით კირილემ
გადათქვა შაფათაძისას მიბრუნება, მზად იყო
ყურმოჭრილ ყმად გახდომოდა ყველაფერში პლატონს და
კიდევაც მოუხშირა ისეთ ლაპარაკს, რომელიც მათი
მგზავრობის საგანს შეეხებოდა.

- პლატონ, სატირალში არ მივიდეთ?.. რომ გითხარი -


დღესაა ის ტირილი, - მიმართა მან პლატონს.

- ჩემი სატირალიც მეყოფა, სხვისაში არ გავერიო, ჩემო


ძმაო! - მიუგო პლატონმა და გავიდა აივანზე. კირილეც
თან გაჰყვა. ეზოში ბიჭი დაინახა, მიიხმო, ცხენები
მოითხოვა, მადლობა დააბარა მასპინძელთან, რომელიც
უკვე შაფათაძისას წასულიყო დილიდან, და ორივენი
შესხდნენ ცხენებზე.

ხმაგაკმენდილი კირილე გვერდით მისდევდა პლატონს.


კირილეს გაუგებრობა ჰკლავდა იმის შესახებ, თუ რას
ფიქრობდა მისი გაბუტული ცოლისძმა, - აპირობდა ახლა
წასვლას მამიდა სალომესთან, თუ სახლში ბრუნდებოდა?
საჭირო იყო ამ გულმოსული კაცის გახალისება, თორემ
ამნაირ გუნებაზე მყოფი უსათუოდ სახლისკენ
გაემართებოდა. დიდხანს ემზადა ამისათვის კირილე და
ბოლოს მიმართა ცოლისძმას ღიმილით:

- პლატონ!.. კაია, შე კაცო!.. დეივიწყე თუ გიყვარდე, რაც


ჩემით შეგემთხვა... მიჯავრდები კიდევ?

- სულაც არა, - ცივად მიუგო პლატონმა.

- რავა არა!.. ვერ გატყობ თუ?.. შე კაცო, პეტრე მოციქულმა


სამჯერ იუარა ქრისტეს მოწაფეობა, მაგრამ ამისათვის
სამიდღემჩიოდ არ დასჯილა, ისევ საყვარელ მოწაფედ
დარჩა და შენ ჩემით ერთი უსიამოვნება შეგემთხვა - ამას
ვეღარ დამივიწყებ?! კაია, თუ გიყვარდე!

პლატონს უნებლიეთ გაეღიმა ამ სიტყვებზე. კირილეს


იამა და ისეთნაირად დაუტრიალდა, რომ ცოტა ხნის
შემდეგ მართლა ყველაფერი გადაავიწყა პლატონს.
აქამდე გულამღვრეული კირილე გაახალისიანა ამ
გარემოებამ, წაათამამა და სიტყვა შეაპარა მამიდამისის
შესახებ:

- კიდევ კარგ დროს მივალთ! - თქვა მან.

- სად? - იკითხა პლატონმა.

- მამიდაჩემთან.

- ასე შემოფხრეწილი ჩოხით მივიდე სალომესთან?..


- შემოფხრეწილი კი არა!.. სულაც არაფერი არ ეტყობა მაგ
შენს ჩოხას... ახალივითაა, თავი ნუ მომიკვდება!..

გადასახვევი ახლოს იყო და ახლა კირილე უფრო


თავგამოდებით დაფაცურდა, რომ ცოლისძმა სახლისაკენ
არ გაეშვა, რას არ მოჰყვა, რას არ მასხრობდა, რარიგად არ
ცდილობდა მის უფრო გამხიარულებას, რას არ იგონებდა,
რომ გაეცინებინა და ამასობაში თავის სიტყვაზე
დაეყოლებინა.

აგერ გადასახვევთანაც მივიდნენ, საიდანაც მარჯვნივ


უნდა გაეხვიათ, თუ კირილეს მამიდასთან იყვნენ
წამსვლელნი.

კირილემ მასხრობას უფრო უმატა. პლატონი კარგად


ხედავდა, რა ცეცხლშიაც იწვოდა მისი სიძე.
- პლატონ... ბიჭო, გაიხსენე პეტრე მოციქული... რა
ეპატივა მას და ვისგან?! მეც მეპატივოს, ბიჭო, შენგან, რა
დიდი საქმე იქნება, ერთი მეპატივოს!.. ნუ გადამკიდებ
დარიკოს თუ რაიმე სიბრალული გაქვს ჩემი, ნუ გაახელებ
შენს დას ჩემზე და რა გინდა ჩემგან! თუ დარიკო
გამიგულისდა, უნდა დავჯდე სახლში და ხომ შემეხუთა
სული და გული!.. მიხედე, კაცო, ღმერთს!.. ბიჭო, ერთხელ
შეგცოდე, მეტი ხომ არა!.. ბიჭო, პეტრე მოციქულის ამბავი
გეიხსენე, შე უღვთო, შე უღვთო!.. წამოდი აქეთ...
მარჯვნით მიდის ჩვენი გზა, მარჯვნით, ღმერთი
გამარჯვებას მოგცემს!.. - და კირილემ გადაუხვია
მამიდამისისკენ მიმავალ გზაზე.

პლატონი სიცილს ვეღარ იკავებდა, გაცხარებით


მოლაპარაკე კირილეს რომ უყურებდა. ერთ ხანს ცხენი
შეაჩერა და მერე, როცა კირილემ აღვირში მოჰკიდა ხელი
და მარჯვნივ გადაახვევინა, გულიანად გადიხარხარა და
გაჰყვა სიძეს.

- ძალიან არ დოუშინებიხარ დარიკოს, კირილე?! ხა, ხა, ხა!

- ნუ შეგეშინდება შენ!.. ის რომ არ მყავდეს, ჩემო ძმაო,


ჩემს ეზოში ძაღლს ვერ ნახავდი გამვლელს!..
ვუფრთხილდები, არ გავაჯავრო მაინც ჩემზე - სხვა რაღა
სიკეთე აყრია ჩემგან?! რამდენადაც შემიძლია, ამას
ვცდილობ, თუმცა ხშირად ესეც მავიწყდება, ჩემდა
საუბედუროდ... ერთობ სულგრძელი ადამიანია, ძმობას
გეფიცები!.. ღვთისნიერი ადამიანია, რომ იტყვიან... და
შენც შეგატყობს კაცი, რომ მისი ნათესავი უნდა იყვე...
შეგატყობს! - სიცილით დაატანა კირილემ. - თუმცა
მშვენიერი სადილი კი დამაკარგვიე და შენც დაჰკარგე...
იმ ოხერ შაფათაძეს ძალიან მასპინძლობა ექნება დღეს...
ძალიან მომზადებული იყო!.. გლახა გუნებაზე იყავი,
თვარა არაფერი არ გვიჭირდა, რომ
მივბრუნებულიყავით... ერთი იმათაც თვალებს
დოვუბრიალებდი... ცნობას მივცემდი!.. ახლა კი ასე მშიერ
მუცელზედ კარგა ხანს მოგვიხდება თრევა, სანამ
მამიდაჩემამდი მივაწევდეთ!

- ისევ შაფათაძე გაგახსენდა? - გაიცინა პლატონმა. - მე


რომ შენ ვიყო, ხმასაც აღარ ამოვიღებდი... შენც საკმაოთ
გერგო, ჩემო კირილე, მუშტები, შენ ნუ მომიკვდები!..

- ჩემგანაც არ დაჰკლებიათ, ნუ გეშინია... კიდევ უფრო


მივართმევდი, რომ ხელიდან არ გამოეგლიჯათ!.. -
კირილემ კიდევ დიდხანს ილაპარაკა თავის ყოჩაღობაზე,
ბევრი იტრაბახა თავის სიმარჯვეზე და მთელი გზა იმის
ამბებში იყო, თუ სად რა ჩხუბი შეხვდომია, ვისთან რითი
გათავებულა და რა ვაჟკაცობა გამოუჩენია. მაგრამ ამ
ლაპარაკშიაც ხშირად აგონდებოდა დაკარგული,
მიტოვებული ლხინი და ეს გახსენება უფრო
უცხოველებდა შიმშილის გრძნობას და, ამით
აწრიალებული, თავს მით ინუგეშებდა კიდევ, რომ გზაში
დუქანი ეგულებოდა, სადაც შეეძლო წინა ღამეს სმით
ამომწვარი ყელი დაელბო და ცარიელი მუცელიც ორიოდე
ლუკმა პურით დაეკმაყოფილებინა.

VII

მზე კარგა გადახრილი იყო, ჩვენი მგზავრები რომ იმ


ჯიმშერ სალობერიძის სახლს მიუახლოვდნენ, რომელსაც
ჰყავდა კირილეს მამიდა სალომე.

სალობერიძე ერთი იმ აზნაურთაგანი იყო, რომელთაც


რაღაც მანქანებით დღეს კიდევ შერჩენიათ იმდენი
მამული, რომ შეუძლიათ რიგიანად იცხოვრონ და
გაუჭირვებლად გაუძღვნენ თავიანთ ოჯახს.
მოხუცებული ჯიმშერი სწორედ გონიერი კაცი იყო,
შეგნებული; და ეგ იყო მიზეზი, რომ მის ოჯახში
ყოველივე თავთავის რიგზე იყო; უსაქმურს აქ ვერ
ნახავდით. რაც გაეწყობოდა, შვილებისათვისაც სწავლა არ
დაუკლია. ცოცხალი გონების პატრონს ჯიმშერს
საინტერესოდ ჰქონდა ყოველივე საზოგადო საქმე და მის
ახლოს ყოველთვის გესმოდათ ამნაირ საქმეზე სჯა-ბაასი.
თვით კარგი მოლაპარაკე, მასთან სხვასაც ენა
ამოედგმებოდა ხოლმე და ლაპარაკის ხალისი ემატებოდა.
შეძლებით ღონიერს, პურადს, სტუმართმოყვარე
სალობერიძეს თითქმის ყოველდღე სტუმარი ჰყავდა
სახლში: ვინ მოსალაპარაკებლად მოდიოდა, ვინ რჩევის
საკითხავად, ვინ შემწეობის სათხოვნელად, ვინ ისე
ტყუილად, სანახავად, რომ მეგობრული კავშირი არ
შეეწყვიტა ამ კაცთან. მეტადრე ყმაწვილკაცობას უყვარდა
სალობერიძისას თავის მოყრა; აქ მათ ხვდებოდათ
მიმღები მასპინძელი, რომელმაც მათი აყოლა იცოდა,
რომელთანაც ისინი თავისუფლად მასხარაობდნენ,
ოხუნჯობდნენ, ენამახვილობდნენ და სიამოვნებით
ატარებდნენ დროს ამ ენამახვილიან და ხალისიან
მოხუცებულთან.

დღესაც თავი მოეყარათ აქ ყმაწვილებს და მოლხენილი


სადილის შემდეგ ფართო აივანზე გამოფენილთ, ერთი
სიცილი, ხარხარი და ყაყანი ჰქონდათ. ზალაში ისევ
აულაგებელი იყო სუფრა, რადგანაც სადილიც ის იყო
გათავდა.

ეზოში შემოსულ კირილეს ამათგან დანახვა და მიძახება:


“კირილე! კირილე!”-ო, ერთი იყო.

კირილეს ძლიერ ესიამოვნა ამ შეკრებილების დანახვა,


ერთი დაჰკივლა უცნაურად, გადაჰკრა ცხენს მათრახი და
შურდულივით გაქანებული ცხენი, რომელმაც ერთის
თვალის დახამხამებაში გადირბინა ფართო ეზო, კიბეზე
შეაგდო.

- ჰაი, ჰაი! - თან დასჭექა კირილემ.

- მაგ შეჩვენებული უსათუოდ გალეშილია! მარცხი არ


მოუვიდეს! - წამოიძახა ჯიმშერმა და სხვებთან ერთად
კიბისკენ გამოიქცა.

კიბეზე შემოგდებულმა ცხენმა ფეხი ვეღარ მოიმაგრა და


წაფორთხილებული დაეცა გვერდზე. დაეცა კირილეც,
მაგრამ ისევ მარდად წამოვარდა და ახლა აქელებული
იდგა ყმაწვილებით გარშემორტყმული.

- რავა იქნება, ყმაწვილო, ასეთი გაუფრთხილებლობა?! -


მიმართა ჯიმშერმა კირილეს.

- ბიძიას ვახლავართ!.. უკაცრავად, შენი ჭირიმე! - და


კირილე ბიძამისს მიესალმა.

აივანზე ავიდა პლატონიც და ჯიმშერისადმი მისალმების


შემდეგ სხვებსაც მიესალმა.

კირილემ შეიხედა ზალაში და, სუფრას რომ თვალი


მოჰკრა, წამოიძახა:

- ამიტომაა სასიამოვნო აქ მოსვლა! იფ!.. შენი ჭირიმე,


შენი, ჩემო ბიძია! - და იგი მივიდა მაგიდასთან, დაავლო
ჯერ ერთ ბოთლს ხელი, მერე მეორეს, მესამეს და
ცარიელები რომ შერჩა, ლანგარით ჩაის ჩამომრიგებელ
ჯიმშერის ქალიშვილს მიაძახა:

- მაგ ჩაის რომ დააცუნცულებ, მაგის მაგიერად, შე ქალო,


ერთი ბოთლი ღვინო შემოიტანო ის სჯობია, ჩემო
ვერიჩკა!
- ჯერ ეს მიირთვი და მერე ღვინოსაც მოგართმევ! - მიუგო
ვერიჩკამ.

- თუ ჩემი სიყვარული გაქვს, ჩემო ვერიჩკა, ერთი ბოთლი


ახლავე შემომირბენინე!

- კი, ბატონო! - უპასუხა ვერიჩკამ და სხვებს მიაწოდა ჩაი.

კირილე მთვრალი იყო და პლატონი თვალს არ აშორებდა


მას. გზაზე, დუქანში, პლატონის საუბედუროდ, მათ
შეხვდნენ კირილეს ვიღაც ნაცნობი ყმაწვილები და
ძლივსძლივობით დააშორა მათ თავისი სიძე მისგან
დატანჯულმა პლატონმა. ახლა ისე ამოიჟინა კირილემ
ბოთლების დანახვაზე ღვინო, რომ მისი გადათქმევინება
ყოვლად შეუძლებელი იყო. რა ხერხი არ იხმარეს, რომ
როგორმე ზალიდან გამოეტყუებინათ აივანზე;
ჰპირდებოდნენ, აი, აგერ მოგიტანთ ღვინოსაო, აი აგერო.
მაგრამ ბოლოს კირილემაც შეატყო, რომ თხოვნას არავინ
უსრულებს და აპილპილდა, გული მოუვიდა, გაწყრა.

- რა იქნა, კირილე... ასეთი ყველას შეწუხება გაგონილა?


დაწყნარდი, ყმაწვილო! - მივიდა მასთან პლატონი. - ნუ
შეაწუხე ყველა!

კირილემ ერთი თვალით გადაჰხედა და მიაძახა:

- ვის ყველას ვაწუხებ, ბიჭო, ვის ყველას?.. თუ, ყველათ


შენი თავი მიგაჩნია?.. რა მოხდა, თუ იცი? დედინაცვალს
ერთს კი არა ათს გიშოვი!.. ბიძია, თუ შენ გაწუხებ,
ბოდიში მომიხდია და ამას რა აწუხებს, კითხე, თუ
გიყვარდე!..

- დაწყნარდი, ყმაწვილო! - შეუტია შეშინებულმა


პლატონმა, რომ კირილეს არ წამოსცდენოდა მეტი.

- ძალიან არ წუხს?! ერთ უშვილო დედაბერს დეეძებს


სადედინაცვლოდ და მითხარით, ჩემგან რა შეწუხება
მიჰყენებია... დავდევ უკან მეძებარივით!.. ეგებ, ბიძია,
გეგულებოდეს სადმე უშვილო დედაბერი და ამ
ყმაწვილს ეგებ გული დოუშოშმინო!..

პლატონი გაშრა, სირცხვილისაგან ცოცხლებში აღარ ერია.


მზად იყო იქვე გაეგორებინა ეს გალეშილი კაცი,
რომელსაც აღარც კი ესმოდა არაფერი ამ ქვეყნისა,
რომელიც სრულს გონებაზე აღარ იყო და რომლისგანაც
ამდენი ვაივაგლახი გადახდა სულ მცირე ხანში. მაგრამ
შეიკავა თავი, რაღაც წაიბუტბუტა, აივანზე გავიდა და
რიკულს მიეყრდნო გაწიწმატებული. კირილე კი თავისას
არ იშლიდა.
- კოსტა! - მიაძახა მან ზალაში შემოსულ მოსამსახურე
ბიჭს. - კოსტა, ბიჭო, ღვინო! არ გესმის შენ?

- ახლავე, ბატონო! - მიუგო ბიჭმა და უცბად გავარდა


ზალიდან.

ღვინო მაინც არავის მოჰქონდა.

- ვერიჩკა, ასე წახდით? - მიაძახა მამიდაშვილს კირილემ. -


ღვინო გამოგელიათ?!

- ახლავე იქნება! - წამოიძახა ვერიჩკამ და ესეც საჩქაროდ


ჩამოეცალა კირილეს.

კირილემ ცოტა ხანს კიდევ უყურა და ბოლოს მოთმინება


დაეკარგა; ერთი მიიხედ-მოიხედა ზალაში
წარბშეჭმუხვნით, წამოავლო ქუდს ხელი და აჩქარებული
ნაბიჯით გაემართა ზალიდან, გაიარა აივანი და ეზოში
ჩავიდა.

- სად მიხვალ, ყმაწვილო? - მიაძახა ჯიმშერმა.

კირილემ ხმაც არ გასცა, ჩავიდა ქვევით, შეჯდა თავის


ცხენზე, წამოვიდა აივნისკენ და პლატონს შესძახა
ბრძანებლობით:

- წამოდი... პლატონ!.. არ გესმის?

- ხომ არ გადარეულხარ, ყმაწვილო?.. - მიუგო პლატონმა


აივნიდან.

- სად უნდა წახვიდე, ყმაწვილო?.. - მიმართა ჯიმშერმა. -


სად უნდა წახვიდე?
- არ გესმის შენ ჩემი? - ისევ შემოსძახა პლატონს. - ცხენზე
შეჯექი ახლავე, თვარა!

- ნუ ირევი, ყმაწვილო! - კიდევ მიმართა ჯიმშერმა. -


ჩაფით მეიყუდე ღვინო, თუკი აგრე გულით გინდა!..

- თქვენი ღვინის მწყურვალეს თავსლაფი დავასხი!.. შენ,


ეი, პლატონ, ჩემი არ გესმის?!

ჯიმშერი გაჩერდა ამის გაგონებაზე, პლატონი მივიდა


რიკულებთან და გაჯავრებით გადასძახა:

- რა ღმერთი გიწყრება, კირილე?.. რა ღმერთი გიწყრება?!


ასეთი გადარევა იქნება?!

- არ მოხვალ?
- სად უნდა წამოვიდე, ყმაწვილო?

- არა?! - იყვირა კირილემ, მიატრიალა ცხენი და


ხმალამოღებული შურდულივით გაექანა პლატონის
ცხენისაკენ.

- მოჰკლა ცხენი, ცხენი მოჰკლა! - იყვირეს აივანზე და


უსათუოდ ცხენი საზარლად დაიჭრებოდა, რომ აივნიდან
ჩამოქანებულ პლატონს ქვა არ ესროლა ცხენისათვის და
მისი დამფრთხალი ცხენი გვერდზე არ გამხტარიყო.
მაგიერად ღონივრად მოქნეულმა და ცხენს
დაცილებულმა ხმალმა მთვრალი კირილე მარჯვნივ ისე
გადაიტანა, რომ თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწაზე მძიმედ
დაეცა.

კირილე კინაღამ ხმალს წამოეგო. შეიქნა ერთი წივილ-


კივილი. ყველა იმისკენ მირბოდა და მათ წინ კიდევ
პლატონი.

- მიშველეთ, მიშველეთ! - გამოვარდა და მისკენ გაექანა


ხნიერი ქალი, რომელსაც უკან ვერიჩკა მისდევდა.

კირილე კი წამოდგა ზეზე, აიღო ხმალი და პლატონისაკენ


წამოვიდა დასარტყმელად, მაგრამ პლატონს წინ
ჩამოუდგა ერთი ყმაწვილთაგანი, სწვდა ხელში კირილეს
და ჩააგებინა ქარქაშში ხმალი.

- კირილე... შვილო... რა იყო?.. რა მოგივიდა, გენაცვალოს


მამიდაშენი! - ალერსით ეუბნებოდა ხნიერი ქალი,
მამიდამისი სალომე, მაგრამ კირილეს ამისი არა ესმოდა-
რა, მეტი გაჯავრებისაგან ხმაგაკმედილი მოაჯდა ცხენს,
შემოჰკრა მათრახი და თქრშიალით გაექანა ჭიშკრისაკენ.

- გოუღეთ... გოუღეთ მაგ შეჩვენებულს ჭიშკარი...


გოუღეთ... მაგ თავლაფდასხმულს, მაგას! - მიაყვირა უკან
ჯიმშერმა.

- რა არი, ყმაწვილო... რანეირი საქციელია?.. - შეუტია


ჯიმშერს სალომემ. - რა ჭკუაა ახლა მაგ?..

და შეწუხებული ქალი, ერთ ადგილას გაშეშებული,


მისჩერებოდა ქვევითკენ მიმქროლავ ძმისწულს, რომლის
ქუდიღა მოჩანდა, თითქოს ქარისაგან მოტაცებული,
ღობეების სარებს ზევით.

- რა იყო? რა მოუვიდა მაგ უბედურს?.. ვინ აწყენინა, ასე


რომ გადირია მაგ შავდღეზე დაბადებული! - წუწუნებდა
სალომე.

პლატონი ამქვეყნად აღარ იყო ჯავრით.


- რატომ მკვდარი არა ვარ ახლა... რაზედ ფეხები არ
მომტყდა და მაგას წამოვყევი? - გაიძახოდა საცოდავი.

- რა ვუყოთ, ბიძიკო... შენი რა ბრალია... მაგ შეჩვენებულმა


ასე იცის ყოველთვის!.. მადლობა ღმერთს, რომ ასე
ადვილად მოვრჩით კიდევ! - გაიცინა ჯიმშერმა.

- თქვენ ნუ მომიკვდებით, რაც მე ამ ორ დღეში გადამხდა


მაგისაგან, არ ვიცი, თუ როდისმე კაცს ამდენი გასაჭირი
ენახოს ერთი კაცის მიზეზით... - ნაღვლიანად ამბობდა
პლატონი და მოჰყვა, რაც ამბავი მოუვიდა შაფათაძისას,
კირილე რანაირად დათვრა გზაზე დუქანში, საიდანაც
ძლივსძლივობით წამოიყვანა აქეთ. ეს კაცი, რომელსაც
წინანდელი მწუხარებაც ეყოფოდა, ამ ახლად გადახდილი
უსიამოვნების შემდეგ, მეტად გამწარებული იყო. ამიტომ
ისეთნაირი კილოთი ლაპარაკობდა, სწორედ
შეეცოდებოდა კაცს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ
ყოფილიყო.

- საცხა ჩეიჩეხება ახლა ის უბედური და ერთი საცოდაობა


უნდა მოხდეს! - წაილაპარაკა მწუხარებით სალომემ.

- ჩეიჩეხება კი არა... ერთი შენ, ჯავრობ კიდევ! - მიმართა


ჯიმშერმა.

- აბა, რა... ო, ღმერთო, ღმერთო! - ამოიოხრა სალომემ და


აივნიდან სახლში შევიდა.

პლატონის მოთხრობილმა ამბავმა იქ მყოფთ ბევრი სხვა


წინანდელი თავგადასავალი გაახსენა კირილესი და ცოტა
ხნის შემდეგ აივანზე ისევ სიცილ-ხარხარი და ხმაურობა
ისმოდა. ისევ კარგ გუნებაზე დადგნენ ყველანი და
წინანდებურად სიამოვნებდნენ.
VIII

პლატონი კიდევ დიდხანს იყო უგუნებოდ, მარტოდ


მჯდომი ზალის კუთხეში, პატარა რგვალ მაგიდასთან,
ჩაით წინ და ჯერ კიდევ ვერ დაეწყნარებინა თავისი
გული. რარიგად არ ლანძღავდა და აგინებდა თავისთავს,
რომ გადარეულ კაცთან მგზავრობა არ დაიშალა და
ამდენი უსიამოვნება და გაწვალება გამოიარა... გაწვალება
გაწვალება იყო, მაგრამ მას უფრო სირცხვილი ჰკლავდა,
იმ წყეულმა რომ მთელ საზოგადოებაში წამოიძახა და
მისი საიდუმლო გაამჟღავნა. რასაკვირველია, ახლა
სამასხროდ იქნებოდა აგდებული ამ ყმაწვილებისაგან,
რომელნიც დილიდან საღამომდის მხოლოდ იმით არიან
გართულნი, რომ საოხუნჯო, სასაცილო და სამასხრო
საგანი რამ ან მოიგონონ, ან შეამჩნიონ ვისმე. ამაზე
იკლავდა თავს პლატონი და იმნაირ გუნებაზე დადგა,
რომ მზად იყო ხელი აეღო თავის განზრახვაზე,
მიეტოვებინა თავისი საქმე, ამწამსვე უკან
გაბრუნებულიყო სახლში, თავი მიენებებინა
ყოველივესათვის და დაე, რაც უნდა ის მომხდარიყო.

- მშვენიერი ადგილი ამოგირჩევიათ, თუ კაცი ვარ!.. ამ


ტკბილ სასმელთან ტკბილი მუსაიფიც უფრო
მოსახერხებელია, თავი ნუ მომიკვდება!

და ამის მთქმელი, მომღიმარე სახის, ასე ოცდაშვიდის,


ოცდაცხრა წლის ყმაწვილი კაცი მოუჯდა გვერდით.

- აზნაური არისტო ქვაშავიძე გახლავარ... იმედი მაქვს


ახლოს რომ გავიცნობთ ერთმანეთს, ცუდ კაცად არ
დამსახავთ. ამას თამამად ვიტყვი სწორედ!..
კეთილშობილი კაცი ყოველთვის კეთილშობილი
კაცისაგან უნდა იცნობებოდეს... და თუ ჯერ ჩემი
ნამდვილი კეთილშობილება მე თქვენთან არაფრით
დამიმტკიცებია, იმედი მაქვს, მალე თვალსაჩინოდ
დაგიმტკიცოთ... დიახ!

პლატონი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რა


ეპასუხნა, რა მიეგო ამ უცნაური კაცისათვის? მერე კიდევ
ეს კაცი ისე სხაპასხუპით ისროდა სიტყვებს, რომ ამ
მოულოდნელი თავდაცემით გაფაციცებული, იგი
მისჩერებოდა ქვაშავიძეს და არ იცოდა, რა პასუხი მიეცა.
მის ბედზე ეს ყმაწვილი თითქოს არც კი აცლიდა მაგიერ
სიტყვას, იგი თითქოს ჩქარობდა თავისი სათქმელის
დათავებას, რომელიც მოკლე არ უნდა ყოფილიყო,
როგორც ეტყობოდა.

ყმაწვილმა კაცმა რომ თავისი თავი დაწვრილებით


წარუდგინა პლატონს, საკმაოდ რომ გააცნო, უფრო
ახლოს მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა:
- თქვენ მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს?..
გკითხავთ ამას, როგორც პატიოსან კაცს... მართლა ეძებთ?

პლატონმა თვალები მიაშტერა ამის მკითხველს. რისთვის


ეკითხებოდა ამას ეს კაცი? რა უნდოდა, რა ჰქონდა
გუნებაში ამ კითხვის დროს? აი, კირილეს ნაწყალობები
ამბავი! - გაიფიქრა პლატონმა.

- ეძებთ ხომ?.. - განუმეორა კითხვა არისტომ, რადგანაც


პლატონი პასუხს უგვიანებდა. - ხომ?

- ბატონო, რაღაცას უჭკუო, გონებადაკარგული კაცი


წამოაყრანტალებს, რა გასაგონარია, თუ ღმერთი გწამთ!..

- არა, არა! - გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. - არა,


პატიოსნებას გაფიცებთ, პატიოსნებას... მითხარით!
- ბატონო!

- არა, თქვენ არ იფიქროთ, რომ მე რაიმე ცუდი აზრით და


უხეირო განზრახვით გეკითხებოდეთ... მოგახსენებთ, ვერ
მიცნობ ჯერეთ, მართალია, მაგრამ, რომ გამიცნობთ, ცუდ
კაცად არ მიმიღებთ-თქვა, მოგახსენებთ თამამად...

- ბატონო, მაგას რაზე...

- თვითონ ბატონი ხარ და კეთილშობილი და, როგორც


კეთილშობილს, ისე გკითხავ მეც, კეთილშობილი კაცი...
მითხარით, მართლა ეძებთ თქვენ სადედინაცვლოს, თუ
არა?

პლატონმა ვეღარ შეძლო დაეფარა თავისი საიდუმლო ამ


უცნაურად ჩაცივებულ კაცისთვის.
- ვეძებ! - მიუგო მან ბოლოს.

- თქვენ ძმა გყავთ?

- არა!

- და?

- გათხოვილი!

- კაი დაგემართოსთ! ბედნიერი კაცი შენ ყოფილხარ!..


ახლა დედინაცვალს ეძებ, ორნაქმარებს, უშვილოს,
იმიტომ რომ გეშინია, მამულში მოზიარე არ გაგიჩნდეს, -
ეგ ადვილი მისახვედრია და, თუ ჩემს პატიოსნებაში ეჭვი
არ შეგაქვს, ამის მიზეზი, იმედი მაქვს, არ მომიცია
თქვენთვის, სანდო კაცად მიყურებთ...
- მაგას რაზე ნებულობთ! რატომ არა! - დაატანა
პლატონმა.

- არა, არა! მე სხვანაირი კაცი ვარ... ოსტატობით


გამოგლეჯილი, დაცდენილი სიტყვით მე არასოდეს არ
ვისარგებლებ. ამას მე ჩემს თავს არ ვკადრებ, თქვენ არ
მომიკვდეთ! თუ მენდობით. თუ დაიჯერებთ ჩემს
სიტყვას, მე მიგასწავლით სწორედ იმისთანა ქალს,
რომელიც ნამდვილ სათქვენოა, თქვენი
ხელმოსაკიდებელია... არ წარმოიდგინოთ, რომ მე თქვენი
მოტყუება მწადდეს. მაშინ ღმერთმა აქვე გამათავოს! მე
მაჭანკალი არ გახლავარ ზოგიერთივით, არ იფიქროთ...
არც ვიკადრებ მაგნაირ ხელობას!..

- რასაკვირველია!

- არა, ამას იმიტომ გეუბნები, რომ ეგებ შენ სხვაფერ


იფიქრო რამე. ქალი კი სწორედ ზედ გამოჭრილია იმაზე,
თქვენ რომ გწადიათ... ორნაქმარებია, შვილი არ ჰყოლია
თავის დღეში, არც მოხუცებულია, კაცმა რომ თქვას...
მშვიდობიანი, წყნარი, გულკეთილი, არც ულამაზო, - ის
კი არა, ყმაწვილ ქალობაზე ირეოდნენ მისი
სილამაზისთვის...

- ნამდვილ იცით ეს ყველაფერი?

- ვიცი?.. შე დალოცვილო, მამიდაჩემის ამბავი თუ აღარ


ვიცი, ვიღა ჯანდაბის ამბავი მეცოდინება?! აღარ
დაგიმალავ, სწორედ მამიდაჩემია ის ქალი, რომ
გეუბნებოდით და თუ მე ჩაცივებით გესაუბრებოდით, ეგ
იმიტომ, რომ პირველ შეხედვიდანვე ჩემი გული მოიგე
და იმიტომ განვიზრახე შენთან დამოყვრება,
დანათესავება, თვარა სხვა რომ ვინმე ყოფილიყო, ხმასაც
არ გავცემდი... გამოტეხილი გითხრა, ხლაფორთი ბევრი
დამჭირდება, ქალი რომ დევიყოლიო, მარა კარგი კაცის
გულისათვის კაცი რას არ იზამს...

- სად ცხოვრობს მამიდათქვენი? - შეეკითხა


დაინტერესებული პლატონი.

- ქვედურეთში!

- ქვედურეთში?! - გაკვირვებით განიმეორა პლატონმა.

- ჰო!.. რამ გაგაკვირვათ? ა?

- ისე!.. ქვედურეთში მე კიდევ მითხრეს ერთ ქალზე...

- ვინ გითხრა? - გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. - ვინ?

- არა... ისე, ლაპარაკში სიტყვას მოჰყვა, თვარა...


- ვინ იყო მაინც, თუ კაცი ხარ...

- ადვოკატი რომაა, ივანე გვერდევანიძე... გეცნობებათ...

- უი, უი... და ივანეს სიტყვას უნდა აჰყვეთ?! ცნობით რავა


არ ვიცნობ, ბიძაჩემია ის სულწაწყმედილი, ის... იმის
სიტყვის დაჯერება გაგონილა? მხოლოდ მოტყუებაზედაა
გამაცადინებული ყოველ წამში... ივანე რა ეშმაკად
გინდა...

- არა, ყმაწვილო, გინებით არც იმას უგინებია ის ქალი, ის


კი არა, ძალიან აქო... ძალიანაც აქო...

- ასე დაგეწყო, შე დალოცვილო, თავიდანვე... ტყვილა


გამალანძღვიე ნათესავი... ცეცხლი შემომეკიდა... რა ვიცი
დღეს კაცი კაცს ისე ვერ ახსენებს, რომ მისი გინება და
ცუდად მოხსენება თანვე არ დაატანოს... მე ვთქვი ახლა,
თუ ივანემ თავისი ნათესავი აგინა... ბრეგაძის ქვრივზე
გითხრათ რამე?

- სწორედ... სწორედ.

- ჰო და ეგ არის... ჩემო ძმაო, პირობა ხომ არ გვქონებია,


ორივეს ერთნაირად გვექო ის ადამიანი?.. ალბათ, ღვთის
ნებაც ურევია ამ საქმეში, თვარა ერთნაირად მოლაპარაკე
კაცი სადმე შეგხდომია შენ ჩვენში, თუ ძმა ხარ?

- გვერდევანიძემ არც კი იცის, თუ რა საქმეზე ვარ


მოსიარულე.

- ჰო და ეგ არის... ეგ არის, ჩემო ძმაო და კეთილო!


ღმერთმა ათქმევინა მას და შენ გაგაგებინა თავისი
სურვილი ივანეს პირით... სხვაგან ნურსად
გადავარდებიო... იქვე განიშნა შენი საძებარი... ღმერთს
ყვარებიხარ... თქვენი სახელი, უკაცრავად... ჰო, ღმერთს
ყვარებიხარ, პლატონ ჩემო, ამიტომაც მეტი ლაპარაკი
საჭიროც აღარ არი და გადავწყვიტოთ საქმე... ძმობაზე
ხელი მივცეთ ერთმანეთს. ჰა! - და არისტომ ხელი
გაუწვდინა პლატონს.

პლატონი კი ახლა მეტად აირია და გაუბედავობამ


შეიპყრო, გადაწყვეტილების მიღების წინ წამდგარი.
არისტოს სიტყვა ერთობ ნამდვილ სიტყვად ეჩვენებოდა.
ეს ქალი მართლა და ბეკინას ბედი უნდა ყოფილიყო. აბა,
რა იყო, რომ იმ წამიდანვე, თავის ჭიშკარს ფეხი
გადმოადგა თუ არა, მხოლოდ ამ ქალზე ელაპარაკებიან
ყველანი, შემხდურიც და დამხდურიც. უსათუოდ ეს
უნდა იყოს მამამისის ბედი. მაგრამ ამასთანავე
გადაწყვეტილების მიღებაც უძნელდებოდა. ვაი თუ
უფრო სანდო სხვაგან მოინახებოდეს და ამაზე
გადაწყვეტით საქმე გამიფუჭდესო?!

- ორნაქმარებია მამიდათქვენი, არა? - ჰკითხა პლატონმა,


რომ უფრო დარწმუნებულიყო და ერთხელ კიდევ
გაეგონა დამაჯერებელი სიტყვა.

- რასაკვირველია, ორნაქმარები... წინედ უცნობლაძეს


ჰყავდა. მერე - ბრეგაძეს!

- შვილი არ ჰყოლია არც ერთთან?

- გეფიცები პატიოსნებას, შვილი არ ჰყოლოდეს თავის


დღეში!

- დიდხანს ჰყავდა უცნობლაძეს?

- თუთხმეტი წელიწადი. - და არისტოს გაეცინა.


- თუთხმეტი წელიწადი!.. ბრეგაძეს?

- რვა! - ისევ სიცილით მიუგო არისტომ.

- რვა.

- ჰო, რვა! ეგ ნამეტანია, ყმაწვილო! - ვეღარ იკავებდა


სიცილს არისტო.

- რას იზამ კაცი, გაჭირვება ათასნაირ სისულელეს


გაფიქრებიებს და თან უხეიროთაც გალაპარაკებს! -
ღიმილით მიუგო პლატონმა. - რვა წელიწადი... და შვილი
არც ამასთან ჰყოლია?

- არა, ყმაწვილო, არა!.. - მოუთმენლად ამბობდა არისტო. -


გეუბნები, აღარაა შენი ლაპარაკი საჭირო... ავდგეთ ხვალ,
შევჯდეთ ცხენებზე, მივიდეთ, ვნახოთ ის ქალი,
დევითანხმოთ და მორჩა, საქმე გავათავოთ!.. აბა, ხელი...
ხვალ ქვედურეთში მივდივართ! საქმე გათავებულია.

პლატონი გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილას და


არისტოს შეჰყურებდა. იგი ისევ ყოყმანობდა, საბოლოოდ
ვერ სწყვეტდა საქმეს.

- ჰო, ყმაწვილო!

- ცოტა მომითმინეთ!.. ასე უცბათ...

- ე, თქვენ, როგორც გატყობთ, გაუბედავი კაცი


ყოფილხართ! გაგიგონიათ ასეთი გაუბედაობა, ამდენი
ყანყალი!.. საქმე ცხადია და ნათელი - რაღა მოთმინება და
გადადებ-გადმოდებაა საჭირო კიდევ!
- არა... არა!.. ასე სულდაუთქმელად არ შემიძლია, ცოტა
ხნის შემდეგ მოგახსენებ ჩემს პასუხს... ასე აჯობებს
კიდევაც! - თავის სიტყვაზე იდგა პლატონი.

ბევრს ეცადა ქვაშავიძე პლატონისათვის სიტყვა


დაეცდევინებინა, მაგრამ მაინც ვერას გახდა.

- მაგარი კაცი ყოფილხარ ძმობას ვფიცავარ!.. ძალიან


მაგარი. რა გაეწყობა!.. აბა, ამ ვახშმობამდის გევიგებ შენს
სიტყვას და მანამდის მოთმინებას ვიქონიებ...

ამ საგანზე ლაპარაკი დამთავრებულად უნდა


ჩათვლილიყო ვახშმობამდის. ორივე ჩაჩუმდა, სანამ ახალ
სალაპარაკო საგანს მიაგნებდნენ.

- კი არ გაყინულა ეს ჩვენი ჩაი!.. - წაავლო ხელი სტაქანს


არისტომ. - შენ რომ არა, უფრო თბილის დალევა
მოგვიხდებოდა ორსავეს. - ღიმილით დაატანა მან.

- ცივი კბილებს შეინახავს. - მიუგო პლატონმა.

- ეგეც მართალია! - თქვა არისტომ, უცბად გამოცალა


სტაქანი და ლამბაქით და კოვზით ხელში აივანზე გავიდა,
რომ მოსამსახურისათვის გადაეცა.

აქ ისევ სიცილი და მხიარულება სუფევდა.

- სახლში ხომ არ ეპატიჟებოდი პლატონს, ასე ჩაცივებით


რო მისდექი მაგ კაცს? - მიმართა სიცილით ერთმა
ყმაწვილთაგანმა არისტოს.

- მგონია, ძალიან უარით გამოისტუმრეს ”ზნაკომობაზე”!


”ხადი დალშე, ზნაკომ ბუდეშო!..” არისტო, ხომ? -
დაატანა მეორემ.
- არ ეტყობა?! ბარგიც თან ოუკრავს! ხა, ხა, ხა!

- რავა? ასე სახელგატეხილია არისტო, რომ ამდენი ხვეწნა


ჭირდება, სახლში რომ ვინმე მიიწვიოს? - სიცილით
იკითხა ჯიმშერმა.

- მიიწვიოს კი არა, მიიტყუოს, ბატონო, მიიტყუოს! ყველა


ჩემსავით სულელი კი არ არის!.. - წამოიძახა ერთმა
კოხტა, მაღალი ტანის, ლამაზი სახის ყმაწვილმა.

- რავა იყო, კოტე... რავა, შენ რომ დაგპატიჟა?! - მიაძახეს


ამ ყმაწვილს სხვებმა და ატყდა ერთი ხითხითი.

- კაია, ნუღა გამახსენებთ, თუ ღმერთი გწამთ!

- ააბრუნა ამან თავის წისქვილი! - ღიმილით მიაძახა


არისტომ.

- მოჰყევი, მოჰყევი კაცო!.. - მიაძახეს ყმაწვილს. - ჯიმშერს


არ გოუგონია მაგ ამბავი!

- გავბრიყვდი, ბატონო, გავბრიყვდი და ვესტუმრე მაგ


უხეიროს... არ მომეშვა, თქვენ ნუ მომიკვდებით, თვარა
ჩემით რავა წევიდოდი!.. ჯერ დიდხანს უარს
ვეუბნებოდი და მერე, რომ აღარაფერი გამეწყო, მე ვთქვი,
კაცი დამემდურება-თქვა, რაც იქნება, ვეწვევი-მეთქი...
ავდექი და წევედი... წევედი. სწორედ აპრილი იყო... მე
ვთქვი, ღვინო ჯერ კიდევ ექნება კაცს, სირცხვილში აღარ
ჩავაგდებ-თქვა... ამის გულისათვის ტალახი ბევრი
ვსრისე, ღობე ბევრი გავარღვიე, გზები ისეთი, რომ ძლივს
გავატანე... რავარც იქნა, მივედი, მივაწიე... დაღლილი,
დაქანცული. მოვისვენებ ერთი, ვამბობ ჩემს გუნებაში...
მივედი ახლა, გადავიხედე ეზოში - სადღაა სახლი.
ფიცრები ყრია აქაც, იქაც... აგერ გამოუწყიათ ახალი სახლი,
სვეტია მხოლოდ და მასხარობასავით მარტო ერთი კარი
ოუკიდნიათ... ჩევედი ეზოში... ვუყურე, ვუყურე,
მომივიდა გული, მივაფურთხე ერთი და გამოვაბრუნე
ცხენი და გაცეცხლებული მივდივარ უკან... ვიღაც კაცი
შემხვდა, ვკითხე: ბიჭო, არისტო ქვაშავიძის სახლი სად
არის-თქვა და... ”ბატონო, არისტოს ფიცრების მეტი
არაფერი აქვსო, სახლი სად აქვსო”... თურმე ძმები
გაყოფილან, სულ ფიცარ-ფიცრად გაუტანიათ სახლი და
ახლა ორსავე, რომ მთელად აღარ აქვთ მასალა, ქე არიან
ისრე უბინაოთ... დაყანყალობენ იქით-აქეთ. მაგათ
ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მე რაზე მპატიჟობდა,
ჰკითხეთ ერთი!

- გაყოფამდი გპატიჟობდი... მაშინ უნდა მწვევოდი... ჩემი


რა ბრალია. არა, ბატონო ჯიმშერ?.. კაი, თუ გინდ აგრე
იყო, არ დამითვრიხარ იმ ღამეს მერე? - მიმართა სიცილით
არისტომ კოტეს.

- ეგ კი... რომ ვბრუნდები ის არის, გევიხედე აგერ არ


შემომეყარა გზაში ეს ჩემი მასპინძელი?! აი, შენ ასეთო, აი
შენ ისეთო - მივაძახე გაცეცხლებულმა... - არ გრცხვენია,
ასე მომატყუე, მომკალი?! გულზე ვსკდები კაცი! ეს-კი
იცინის... სადმე თავი მიმადებიე, შე უღმერთო, ვეხვეწები
დაღლილი, მკვდარი კაცი. წამიყვანე, სადაც შენ
მიეთრევი-თქვა... წამიყვანა, ბატონო, ვიღაცა ნათლიმამა
ჰყოლია. ვინ ოხერმა მოანათლია მაგას შვილი! წამიყვანა,
მიმაყენა ყაზახისას... მოიფხანა ყაზახმა თავი, მარა
რარიგად... რა არ მოგვიტანა, რა არ მოგვართვა, რა
მასპინძლობა გაგვიწია... ეს შეჩვენებული კი დათვრა და
სულ ერთიანად სტაქნები და საინები დოუფშვნა... ახლაც
მრცხვენია, რომ გამახსენდება...

- ხომ დაგათვრე?.. ამაზე იყავი მოსული და რაღას


მემდური კიდევ, ჩემო ძმაო... დრო გაგატარებიე, ვალი
გადამიხდია! - დაატანა არისტომ. - მეტი რაღა გინდა?

- ეგ იმ კაცმა მცა პატივი, შენ კი არა!..

- ჩემით... აბა, მარტო მიბრძანებულიყავი... მარა შენ რომ


მოჰყვები მასხრობას, ხვალამდი ვერ გაათავებ! - ხელი
აუქნია არისტომ და ოთახში შევიდა.

ბალდავაძე საზოგადო სიცილში ისევ განაგრძობდა თავის


მონაყოლ ამბავს, არისტო კი ამ დროს დაეძებდა სალომეს,
რომელიც ვახშმის განკარგულებაში იყო.

IX

- ბიძი, სალომე სადაა? - ჰკითხა მან ჯიმშერის პატარა


ქალიშვილს.
- უკან ბალკონზეა, ბატონო! - მიუგო ბავშვმა.

არისტო გავარდა იქით და სალომესთან მისულმა,


ხმადაბლა მიმართა:

- თუ შეიძლება, ბატონო, ერთი წამით! - და თვითონ წინ


წამოუძღვა სალომეს.

- უკაცრავად ვარ, საქმეს მოგაცდინეთ! - დაიწყო არისტომ,


როცა ორივე ერთ მივარდნილ ოთახში შევიდნენ და
არისტომაც კარი მიიხურა. - თქვენს ქმარ-შვილს, კარგ
ქმარ-შვილს გაფიცებთ, შემეწიეთ ერთ პაწია საქმეში…
მლოცავი ბევრი გყავთ, მაგრამ ერთიც რომ მიიმატოთ,
ამით არას წააგებთ... მადლია და ღმერთი კიდევ უფრო
მწყალობელი იქნება თქვენი, რავარც ახლა არის...
სალომე განცვიფრებით შეჰყურებდა ამ უცნაურ კილოზე
მოლაპარაკე კაცს, რომლის სიტყვები მისთვის სრულიად
გაუგებარი იყო.

- რა იყო, არისტო?

- ახლავე მოგახსენებთ... ამ საათშივე... მამიდაჩემს


გაბრალებთ... უბედურ მამიდაჩემს... ბრეგაძეს რომ
ჰყავდა...

- რავა? ხომ არაფერი დამართია? ა?

- ახლა დეემართა... ჩავარდნილია, თქვენი მტერი ჩავარდა


ცეცხლსა და გენიაში... მგლების ხელში!.. თქვენც
გაგონილი გაქვთ იმათი უწესობა და თავლაფდასხმა... რა
ქალი და რა ოჯახში მოემწყვრა, რა ოჯახში?! რა
შეჩვენებულების ხელშია! თან მეცოდება საწყალი,
საბრალო მამიდაჩემი, და თანაც მერცხვინება, ვერსად ვერ
გამიმხელია მათთან მოყვრობა: ღარიბი, ღატაკი,
დამსილიო, რომ გაგიგონია, სწორედ ისინი არიან!..
ებრძვიან ერთმანეთს, ეჭიჭყინებიან... კაცი ვერ მიხვალ,
ვერ მიგიღებენ; ვერც თავად სადმე ჩნდებიან, გდიან ისე
და აქვთ ნიადაგ ერთი ჩხუბი, ერთი დავიდარაბა
ერთმანეთში... მე რომ ახლობელი მოყვარე ვარ, მე ვერ
მივდივარ, არ შემიძლია უბედური ნათესავი ვნახო
წელიწადში ერთხელ მაინც... რარიგად მივიდე? მე შენ
გეტყვი, მიღება შეუძლიათ, ბინა აქვთ, სახლი, კარი,
სასმელი, საჭმელი... ჰმ!.. ჩემს სისხლ-ხორცთან ვერ
მივიდე წელიწადში ერთხელ, ორხელ?! გოუგონია კაცს?!
მარტო მრცხვენია, ამისთანა მოყვარე რომ მყავს...
მერცხვინება, შენ ნუ მომიკვდები!.. და აგერ შემთხვევა
არის და თქვენს სულს დავენაცვლე... თქვენს შემწეობას
ნუ მომაკლებ... სულის საცხონებელი საქმე ქენი... შეეწიე
საწყალს, გულშეწუხებულ, დამწვარ-დადაგულ,
დახრაკულ დედაკაცს... შეეწიეთ, ღმერთი თქვენც
შეგეწევათ!..

- რითი, ჩემო არისტო, რითი? - ეკითხებოდა


გაკვირვებული ქალი, არისტოს მჭევრმეტყველებით
გულაჩვილებული. - რით, არისტო ჩემო?

- მხოლოდ ერთი თქვენი სიტყვა, სხვა არაფერია საჭირო.


ერთადერთი სიტყვა! თქვენს ძმისწულს რომ ეგერ
სამანიშვილი მოჰყვა, - დაიწყო უფრო ხმადადაბლებით
არისტომ, - ის სამანიშვილი სადედინაცვლოს ეძებს...
ორნაქმარებს და უშვილოს...

სალომეს გაეღიმა.

- მამა ახირებია, ცოლი უნდა შევირთოვო და მაგას


მამულის გამყოფელიდან უნდა თავი დეიფაროს... და
ეძებს დედინაცვლად ორნაქმარევ, უშვილო ქალს. დიახ!..
ჰო და მამიდაჩემი სწორედ ზედ გამოჭრილიო რომ
იტყვიან, ისეა მაგათ საძებარზედ...

სალომე რაღაცას ჩაფიქრდა.

- მართლა არ ჰყოლია მგონი ელენეს შვილი, - წაილაპარაკა


მან.

- არა, ბატონო, არა!.. შეჩვენებული ვიყვე, თუ ვტყუოდე,


თუ როდისმე ჰყოლოდეს! რა ხანია თქვენ მას იცნობთ,
თქვენ გაიგონებდით.

- კია ოცი წელიწადი!

- ჰოდა... ოცი წელიწადიც ხომ შვილი არ ჰყოლია... მერე


კაი შეგვიანებული იყო, რომ გაუთხოვებიათ... ახლა
ეყოლება მაგას შვილი? თავს დავდებ, ბატონო, ხელს
მოვიჭრი... რაც გინდათ, ის მიქენით!.. ვის გოუგონია
მაგისი შვილი აწი! - ცხარობდა არისტო.

- მერე მე რითი უნდა შეგეწიო, არისტო ჩემო?

- ურჩიეთ მაგ სამანიშვილს დედინაცვლად ელენე...


გამოჰკითხეთ აქეთ-იქით, ამბავს ჰკითხავთ და როცა
სიტყვა ჩამოაგდოს... თქვენ უსათუოდ გკითხავთ რჩევას
და ამას გევედრებით, მიქენით წყალობა, თქვენს სიტყვას
ის კაცი გაჰყვება, უქეთ მამიდაჩემი, აცხონეთ სული,
შეეწიეთ გაჭირვებულს!.. მაგ ყმაწვილი ერთადერთი
შვილი ყოფილა ოჯახში... როგორც ეტყობა, კი, ცოტა
მაგარი კაცია, მარა რიგიანი უნდა იყვეს. ჩემთვისაც
ძალიან იქნება, ბატონო, მიხვალ კაცი კაცთან, ნახავ,
გნახავს, მტერ-მოყვარეობას გაგიწევს... შენი ჭირიმე, ჩემო
ბატონო, ჩემო!.. ერთი სიტყვით... რაღა ვთქვა… - და
სიტყვა რომ აღარ ეხერხებოდა, ყელმოგრეხილი არისტო
ყანყრატოში მარცხენა ხელის წავლებით,
წვერებწამოშვერილი, უცნაურად ეღრიჭებოდა სალომეს. -
შენი ჭირიმე… შენი... შენი!

- ბატონი ბრძანდები... კი, ბატონო... მაგაზე რათ გინდა


მაგდენი ხვეწნა!..

- შენს სულს ღმერთი გაახარებს... ჩემო ბატონო, ჩემო!

- კი, ბატონო, კი!..

- რაღა ვთქვა... რითი გადაგიხადოთ მაგიერი! - წამოიძახა


არისტომ და ჩააფრინდა ხელებში სალომეს და კოცნა
დაუწყო.

- მაგაზე, შე კაცო, რა... ნეტავი კი რამე იქნებოდეს და...


- კი, იქნება, კი... აწი კი იქნება ყველაფერი... და კაცი არ
ვიქნები თუ დღე არ გავუმწარე იმ ოხრიშვილებს!.. მე
ვაყურებიებ იმათ თავიანთ სეირს... საქვრივოს რომ
გადავაშლეჭიებ!.. მაშინ ექნებათ საბუთი, ცუდი კაცი
მიძახონ... აბა, ბატონო სალომე... მეტი რავაღა შეგაწუხო
კიდევ!..

- მოგახსენე და სწორედ ვეცდები... მეტი ხვეწნა რაღა


საჭიროა!

- თქვენ გაცოცხლათ ღმერთმა უკუნითი უკუნისამდე...


თქვენ გაცოცხლათ!.. - წამოიძახა გრძნობით არისტომ და
უცბად დაატანა: - ახლა კი ისევ ზალაში შევალ, თვარა
ეგებ ქე შემნიშნოს გამოპარვა და ეჭვიც ეიღოს რამე იმ
კაცმა... ნურას უკაცრავად, შენი ჭირიმე! უნდა შევიპარო
ისე, შეუმჩნევლად...
და კმაყოფილი არისტო ოთახიდან უცბად გამოვარდა და
მარტოდ დატოვა გაოცებული სალომე.

ამ დროს პლატონი ერთ წყვეტებაში იყო. თუმცა მის


გარშემო ხმაურობა და ჟრიამული იდგა, მას არა ესმოდა-
რა, - თავის აზრებში იყო წასული. იგი თითქოს ვერც
ამჩნევდა, რა მხიარულება სუფევდა ამ საზოგადოებაში;
ვერ ხედავდა, რარიგათ ეჯიბრებოდნენ ეს ყმაწვილები
ერთმანეთს, თუ ვინ უფრო მეტ სიცილს გამოიწვევდა,
ვინ უფრო აამებდა მათ საყვარელ მასპინძელს, რომელიც
გულით ერთობოდა და ხალისობდა. პლატონი ხანდახან
თუ ათხოვებდა ყურს, რაც ამბავი ხდებოდა მის
მახლობლად, თორემ სულ იმას ფიქრობდა, რა ექნა, რა
გადაწყვეტილებას დასდგომოდა? მიეღო ამ ქვაშავიძის
წინადადება, თუ არა? გადაეწყვიტა ამ ვიღაც ბრეგაძის
ქვრივზე საქმე, თუ სხვაგან ეძებნა სხვა ქალი? ვაი თუ
ეყოლოს შვილი?.. მარა თუ მართლა ორნაქმარებია,
უშვილო... შვილი რავა ეყოლება... რა ღმერთი გაუწყრება.
რა! ჯინი ხომ არ ჭირს მისი? იგი ათასნაირად სწონიდა ამ
საქმეს. ხან ასე ფიქრობდა, ხან ისე. ხან გადასწყვეტდა,
ხან ისევ მეტ გაფრთხილებას ურჩევდა თავისთავს...
ყმაწვილი კაცი ერთ გაწამაწიაში იყო... დრო კი მიდიოდა
და საჭირო იყო რაიმე გადაწყვეტილება მიეღო, საჭირო
იყო პასუხი მიეცა ქვაშავიძისათვის, დაპირებისამებრ.
ეძიოს სხვაგან? უარი უთხრას ქვაშავიძეს?.. თუ
სალომესთან მივიდეს და დაეკითხოს? მაგრამ რარიგათ?
ვინ მისცემს იმდენ თავისუფლებას ახლა სალომეს, რომ
მასთან თავისუფლად მოლაპარაკება შეიძლოს?..
საწყალს, ამ გაწამაწიაში მყოფს, თავბრუ ესხმოდა.
მოღალული ტვინი ხეირიანად ვერც კი მოსაზრეობდა და
დაღლილი პლატონი იჯდა ხანდახან გაყუჩებული,
გაყეყეჩებული. ამ გაწვალებაში მყოფს უეცრივ არისტოს
ნათქვამი გაახსენდა. ეგება მართლადაც ეს ქალი
მამამისის ბედი იყოს?! მართლა, რა არის, აბა, რომ
თავიდანვე ამ ქალს უხსენებენ და ყოველი გარემოება ისე
ეწყობა, რომ უსათუოდ ამ ქალის მხსენებელი ხვდება
ყველგან, თითქოს განგებ პირი შეეკრათ ამაზე... ხომ
არავინ იცოდა? მას ხომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია
თავის საიდუმლოს შესახებ გვერდევანიძესთან -
თვითონ იმან ახსენა და აქო ეს ქალი... ქორწილიდან
სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ მაინც აქეთ წამოვიდა... აქ
მოვიდა და, თითქოს განგება იყოს, ეს ქვაშავიძე დახვდა
და ამავე ქალს ურჩევს და აძალებს... რა უნდა იყოს ასეთი
უცნაურად მოწყობილი ამბავი?.. რას მიეწეროს?.. ასე
უმნიშვნელოდ რავა იქნება, რავა ხდება ეს ამბავი?! ეგებ
მართლა ღმერთი ანიშნებდეს და გაჭირვებულს
დახმარებას აძლევდეს, ეწეოდეს, საქმეს უადვილებდეს,
ბედზე უთითებდეს... აბა, რატომაა ასეთი უცნაური,
თითქმის შეთანხმებული, ერთპირიანი ლაპარაკი
ყოველგან ამ ერთ ქალზე?! და ამაზე, ამ აზრზე
შეჩერებული პლატონი, რაც უფრო უკვირდებოდა
გარემოებას, უფრო და უფრო რწმუნდებოდა, სჯეროდა,
რომ აქ სხვა არა უნდა ყოფილიყო რა, რომ ბრეგაძის
ქვრივი მამამისის ბედი უნდა ყოფილიყო და მას
უთითებდნენ ზედ, ანიშნებდნენ. ამ აზრმა ისე შეიპყრო
პლატონი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ, თითქოს მძიმე
ტვირთმოხსნილივით, რაღაც გასაჭირისაგან
განთავისუფლებულივით მან მხიარულად, თავისთავად
წაილაპარაკა:

”სწორედ... სწორედ... სწორედ ასე უნდა იყვეს! რაც იქნება


- იქნება!.. ბედს სად წაუვა, სად დეემალება კაცი?!”

და გულგახსნილი ახლა გუნებაში ღმერთს ეხვეწებოდა


ისევ, რომ შეებრალებინა მისი ცოლ-შვილი, მისი თავი და
ყოველივე უბედურება თავიდან აეცილებინა.
გულმოშვებული ახლა იგიც შეუერთდა საზოგადო
მხიარულებას, ახლა იგიც სიამოვნებით შეჰყურებდა ამათ
მასხრობას, იცინოდა ამათთან, ამ უდარდელ
ყმაწვილებთან.

”იყოს კაპასი... ავგულიც. რას დამაკლებს?! - გაურბენდა


ხანდახან თავში და მერე ისევ ყური ამ ყმაწვილებისაკენ
ჰქონდა. - მარა, ვაი თუ დედაკაცი უარზე დადგა, მაშინ?. -
ისევ უბრუნდებოდა თავისას პლატონი. - მაშინ?.. ეგ რავა
შეიძლება!.. რაკი ბედია… უსათუოდ დათანხმდება, რავა
შეიძლება!.. - ანუგეშებდა თავისთავს. - ეს არისტო რა
იქნა!”

უნდოდა ახლავე შეეტყობინებინა მისთვის თავისი


გადაწყვეტილება, ეთქვა, რომ ხვალ უსათუოდ
წასულიყვნენ ქვედურეთში და საქმე გაეთავებინათ.
დაუწყო არისტოს ძებნა თვალით და ის იყო აივნიდან
ზალის გაღებულ კარებში არისტოც გამოჩნდა.

არისტომაც მოჰკრა თვალი პლატონს და როცა შეამჩნია


სახეზე რაღაც კმაყოფილება, წავიდა მისკენ.

- რას შვრები, კაცო? - ხმადაბლა ჰკითხა მან. - როგორ


გადაწყვიტე?

- ხვალ წავიდეთ ქვედურეთში! - უთხრა პლატონმა.

- აბა რაღას მაწვალებდი, შე კურთხეულის შვილო...


ძმობას გეფიცები, იმდენს საქვრივოს ავაღებიებ, რომ...

- არა, არა... რაში მინდა, გაჭირვებულების წანართმევი!..


საქვრივოს რას დავეძებ!..

- ერთი შენ კიდევ! - შეუტია არისტომ.


- მაგას თავი დავანებოთ... ეს მითხარი, მამიდათქვენი
ულამაზო ხომ არაა?.. მტერმა არ გაგვცინოს, მოყვარესაც
არ ეწყინოს...

- ულამაზო? მიბრძანდით... მონახეთ მეორე მისი


დასადარი ქალი... რითაც გნებავთ - სილამაზით,
შეხედულობით, ჯანმრთელობით... რას ამბობთ?! ჰმ!

- კაი დაგემართოსთ, კაი დაგემართოსთ!.. აბა ხვალ...


ნუღარ გადავდებთ!

- არა, არა! - მიუგო არისტომ - დარდი ნუ გაქვს... აწი მე


ვიცი!

პლატონი ერთობ კარგ გუნებაზე დადგა, აღარც კი


დაეძებდა მაინცდამაინც სალომესთან წინანდელ
გადაწყვეტილებისამებრ მოლაპარაკებას, რჩევის
კითხვას; დარწმუნებული იყო, რომ ბეკინას ბედს მიაგნო
და რამდენიმე ხნის შემდეგ მოსალხენად გამზადებული
ვახშმის სუფრას მიუჯდა და მხიარულად ელაპარაკა
სალომეს, შემდეგ ვერიჩკას სიმღერაშიაც მხარი მისცა;
შეუერთდა საზოგადო ყიჟინს და ყანწს ყანწზე
გულმოდგინებით სცლიდა.

- არისტო, პლატონ, აბა, ჰე, აბა, ჰე! - უძახოდა მათი


მოლხენით ნასიამოვნები ჯიმშერი. - არიქა, პლატონ...
ჩემს პლატონს სიცოცხლე და დღეგრძელობა და
ყოველივე სიკეთე! - მიაძახა მან, გადაისვა ტუჩებზე
ხელსახოცი და წამომდგარმა გაუშვირა ყანწი. - მოდი,
ერთი მაგ შენ ლამაზ წვერებში გაკოცო!

პლატონი წამოვარდა, მივარდა ჯიმშერთან, გადაეხვია


მოხუცებულს, მხურვალედ აკოცა გულში და იქვე ღვინით
ავსილი სასასმო სულდაუთქმელად გამოცალა.

გათენებამდის დიდი ხანი აღარც კი რჩებოდა, სუფრიდან


რომ წამოდგნენ არისტო, პლატონი და მათთან კიდევ
ორიოდე ყმაწვილი. სხვებმა უფრო ადრე მიატოვეს
სუფრა და ზოგი იქვე იწვა ზალაში ტახტზე გაგებულ
ქვეშაგებში, ზოგი კი ოთახებში.

- ერთი ჩვენც წავდვათ თავი და მერე გავსწიოთ


ჩვენთვის... - თქვა არისტომ და პლატონთან ერთად
ეზოში ჩავიდა. ნიგვზის ქვეშ ორივემ გაიხადეს ჩოხები,
დაიდვეს თავქვეშ, შეიხსნეს ახალოხის ღილები,
გაგორდნენ სახლიდან ჩამოტანილ ნოხზე და ერთი წამის
შემდეგ ორივე ღვინისგან გალეშილი, მძიმედ-მძიმედ
ქელავდნენ ძილმორეულნი.

აგერ ინათლა და ამომავალი მზის სხივები მოეფინა


დედამიწას. არემარე ჩაჩუმებული იყო, ტკბილ ძილში
გართული; ყოველივე მიწყნარებული, მიყუჩებული,
თითქოს ნაზობდა ამ თბილ, მანებივრებელ სინათლეში.

მოუსვენრად გატარებული ღამის შემდეგ ამ მშვენიერ


დილას თითქოს სწადდა დაკარგული ძალ-ღონე
დაებრუნებინა ყმაწვილებისათვის, რომელნიც მას
მინდობიან და აგერ გარეთ ამწვანებულ ბალახში
დაყრილან დასასვენებლად.

პლატონისა და არისტოს გარდა სხვებიც გორავდნენ


ნათიბში, ღრმა ძილში წასულნი. აქვე სძოვდნენ მათი
ცხენები.

მზემ კარგად წამოიწია. ჰაერიც თანდათან უფრო


თბებოდა; სხივებს ძალა ემატებოდა და მათ ქვეშ
მძინარის ძილიც უფრო მოუსვენარი ხდებოდა. აქამდის
უძრავად მწოლარე, ახლა ხან ერთ გვერდზე
გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე, მოუსვენრად შლიდა
ხელებს, არიდებდა პირს ზევიდან დაჩერებულ მზეს,
ნიგვზის ფოთლებს შუა შემოპარულ მის გამთბარ
სხივებს...

- უჰ, თავზე არ წამოგვდგომია მზე! - უცბად წამოვარდა


ზეზე არისტო და პლატონს დაუწყო ღვიძება. - ადე, ადე,
ყმაწვილო... წავიდეთ, თვარა გაშუადღევდა ეს არის.
ნუღარ დევიგვიანებთ!..

პლატონმა ძლივს გაახილა თვალები, ზანტად წამოდგა


დაღლილი, მაგრამ აფაცურებული არისტო აჩქარებდა,
ძილის ნებას აღარ აძლევდა. რამდენიმე ხნის შემდეგ
ორთავემ ჩაიცვეს, დაიხურეს, ცხენები დაიჭირეს,
შეკაზმეს, ბიჭის პირით მადლობა შეუთვალეს
მასპინძელს, შესხდნენ ცხენებზე და გასწიეს
ქვედურეთისაკენ.

სალობერიძის სახლიდან ქვედურეთამდე კაი შორი გზა


ჰქონდათ ჩვენს მგზავრებს. მზე იწურებოდა, ისინი რომ
სოფელში შევიდნენ და არისტომ ცხენი გააჩერა ერთ
ჩანგრეულ ღობეში დატანებულ წკნელის ჭიშკართან.

- მივაწიეთ, ღვთის მადლით! - წამოიძახა მან და ცხენიდან


ჩამოხტა.

ჩამოხტა პლატონიც.

- აქაა? - იკითხა მან.

- აქ გახლავან, აქ, - რაღაც მტრულად წარმოსთქვა


არისტომ, - აქ გახლავან... ე, იმ ქოხში უფროსი ძმა გევიდა
დროებით... ამაში კი საშუალო და უმცროსი არიან... ეი,
მასპინძელო! - დაიძახა არისტომ, ჭიშკარი რომ შეაღო და
ეზოში შევიდნენ.

- მე შენ გეტყვი, ხმას ვერ გააწვდენ თავიდან ბოლომდის,


იმხელა გაშლილი ეზო აქვთ ამ შეჩვენებულებს...
ჩაბარდნენ პატრონს, თუ რა დეემართათ, რომ არავინ
ჩანს! - წაილაპარაკა წინ მიმავალმა არისტომ.

ოდის ყურიდან თავსაფარწაკრული ქალის თავი


გამოჩნდა და იმწამსვე მიიმალა; მერე იქიდანვე გამოხტა
წვივებგატიტვლებული, პერანგა ბავშვი, შეჩერდა,
მიტრიალდა უცბად, ამოეფარა სახლის ყურეს და იქიდან
დაუწყო ცქერა მოსულებს.

- ეწყინათ ჩვენი მოსვლა ამ მუდრეგებს?! - წაილაპარაკა


არისტომ და მზად იყო ერთი-ორი ასეთი გინება კიდევ
მიეძღვნა მასპინძლისათვის, რომ აივანზე გამოჩნდა
თმაგაჩეჩილი, ლამაზი სახის, ახალუხზე
ღვედშემორტყმული, გაშლილი ჩოხით ყმაწვილი კაცი და
სტუმრებისაკენ წამოვიდა.

ეს იყო უმცროსი ბრეგაძე, სერაპიონი.

- პლატონ სამანიშვილი გახლავთ!.. სერაპიონ ბრეგაძე!.. -


პირველი მისალმების შემდეგ გააცნო ერთმანეთი
არისტომ.

- მობრძანდით, ბატონო! - მიიპატიჟა სერაპიონმა


მოსულები. - ეს ცხენები მიბოძე, არისტო!

- სერაპიონ ჩემო, აქიდანვე უნდა გამოგიტყდე, რომ


ამაღამ თქვენს იქით გზა აღარა გვაქვს... ვეღარსად
წავალთ და, თუ ძმა ხარ, ცხენებისათვის საკვები გვიშოვე,
შენი ჭირიმე! - უთხრა ბრეგაძეს არისტომ.

- კი, ბატონო!.. რამდენიც გნებავთ... კი, ბატონო! ჯერ აგერ


დავაბამ და მერე მე თვითონ მოვუვლი... სახლში
მიბრძანდით!

- დავითი შინაა?.. - იკითხა არისტომ სერაპიონის უფროსი


ძმა.

- არ გახლავთ... საღამოს გიახლებათ... სხვაგან საქმე


ჰქონდა...

- კაი დაგემართოს - წაილაპარაკა არისტომ და თან


გუნებაში დაუმატა: ”აბა, საქმეს დაჩქარება უნდა იმ
მხეცის მოსვლამდი, თვარა მერე დროსაც ვეღარ ვიშოვი,
მამიდაჩემს სიტყვა ვუთხრა”. - მამიდაჩემი რას შვრება,
სერაპიონ ჩემო?

- რას იზამს... კარგადაა... აგერ თავადაც მოდის!

მართლაც, ოთახიდან აივანზე გამოვიდა ხნიერი


დედაკაცი, ჩამოირბინა კიბე და კვატასავით
მობაჯბაჯებდა არისტოსაკენ, თან თავსაფარს ისწორებდა
და თან გაიძახოდა:

- შენი ჭირიმე... შენ დაგენაცვლა მამიდაშენი ელენე, შენ!


ჩემო გვრიტო და მალხაზო... ძლივს არ მოვესწარი კიდევ
შენს ნახვას! შენი ჭირიმე, შენი, შენი! - და სიხარულით
გაცეცებული ქალი ეხვეოდა თავის ძმისწულს და
მხურვალედ ჰკოცნიდა. - არ გრცხვენია, ბიჭო, ასე რომ
მიმივიწყე?.. ასე უნდა მამიდის დავიწყება?.. ასე?..

- აწი ხშირად გნახავ, მამიდაჩემო... უფრო ხშირად!..


სტუმარი მოგიყვანეთ, მამიდა, სტუმარი აზნაური
პლატონ სამანიშვილი, ბეკინა სამანიშვილის შვილი!
ძალიან სასიამოვნო სტუმარი! - ეშმაკური ღიმილით
დაათავა არისტომ სიტყვა.

ხნიერი დედაკაცი უცბად მიტრიალდა, თავი დაუკრა


პლატონს, ხელი ჩამოართვა და თანაც მოიბოდიშა:

- ღმერთო მომკალი! სიხარულმა გამომაჩერჩეტა მე


უბედური, თვალები რავა ამება მე უბედურს,
მობრძანდით; სახლში მობრძანდით, ნუ მიძრახავთ, ჩემო
ბატონო!

- რას ბრძანებთ, ბატონო! - მიუგო პლატონმა, - რათ


სწუხართ მაგისათვის...

- დავიწყებული ვყავარ, ჩემო ბატონო, სულ


დავიწყებული! ერთხელ წელიწადში რავა არ უნდა
გნახოს შენიანმა?

- გამხნევდი, მამიდაჩემო! აწი უფრო ხშირად გნახავ-თქვა,


აკი გითხარი.

- უწინაც მპირდებოდი, მარა...

- ახლა აღარ მოგატყუებ, შენ არ მომიკვდე! - სიცილით


მიუგო არისტომ.

- ნეტავი მაგას მოვესწრებოდე და!

- კი მოესწრები!..

სერაპიონს კიდევაც გაუკვირდა არისტოსაგან ეს


დაჯინებული სიტყვა და უნდობლად მისჩერებოდა ამის
მთქმელს, რადგან ვერ მიმხვდარიყო ნათქვამის
მნიშვნელობას.

პლატონი კი დაკვირვებაში იყო გართული. ეს დედაკაცი


სწორედ ურიგო არ იყო. თავის ხნოვანობის მიხედვით
შეხედულებაც სასიამოვნო ჰქონდა. მართალია,
ეტყობოდა გამოსვლის წინ უმარილი მოესვა პირზე,
თვალების უბეები სულ ამოთეთრებული ჰქონდა ამ
საცხებლით, მაგრამ მაინც მისი კაი ფერი წითური ლოყები
თვალში ეცა პლატონს. და თქმა არ უნდოდა, რომ ბეკინა
ვერ დაიწუნებდა ამ ქალს. რაც მეტს უკვირდებოდა
პლატონი, თანდათან რწმუნდებოდა, რომ გულკეთილი,
კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამას იგი ქალის სახეზე
კითხულობდა ნათლად; და ამასთან სალომესგან ამისი
ქება რომ აგონდებოდა, მისი უშვილოსნობა, რომ ორი
ქმრის ნაყოლი იყო, რომ მას შეეძლო მისი ლუკმის დაცვა
განუზიარებლად, პლატონის გული სიხარულით
ივსებოდა, მეტი სიამოვნებისაგან აჩქარებით ტოკავდა და
სიყვარულიც ეღვიძებოდა ამ ადამიანისადმი. ამ
უკანასკნელი გრძნობით, თუმცა ჯერ გამოუთქმელით,
მას სწადდა ამთავითვე თავისკენ მიემხრო ეს ქალი,
მიემხრო და ნამუსზე შეეყენებინა, რომ მასაც
სიყვარულისათვის სიყვარულითვე ეპასუხა და არა
ბოროტებით.

- ჩანს მართლაც ღმერთი მწყალობს! - გაიფიქრა


კმაყოფილმა პლატონმა.

მიპყრობილი თვალით იგი ცდილობდა არისტო


მიეხვედრებინა, რომ მას მოსწონდა მამიდამისი, რომ იგი
თანახმა იყო და სწადდა, რაც შეიძლება მალე
დაეწყნარებიათ მისი აფანცქალებული გული თანხმობის
სიტყვის გაგონებით. იგი ისეთნაირმა მოუთმენლობამ
შეიპყრო, ისეთნაირ მოუსვენრობამ შეიპყრო, თითქოს
ვისიმე შიში ჰქონდა, მოცილე არ გამოჩენოდა, ვინმეს არ
წაერთმია ეს მოხუცებული ქალი, ხელიდან არ
გამოეგლიჯა მისთვის ასეთი ძვირფასი არსება.

არისტო ადვილად მიუხვდა, რასაც პლატონის თვალები


ეუბნებოდნენ. მაინცდამაინც მისთვის არაფერი საჭირო
იყო პლატონის ნიშნები. კი, მართალია, ამით საქმე
ადვილდებოდა, მარტივდებოდა, თორემ მის გუნებაში
საქმე გადაწყვეტილად იმ წამიდან მიაჩნდა, რაკი
პლატონს ამ ეზოში ფეხი შემოადგმევინა; იმ წამიდან, რაც
უნდა უარზე დამდგარიყო პლატონი, არისტოს
გადაწყვეტილებით, იგი იძულებული შეიქმნებოდა, - ამას
მოახერხებდა არისტო, - უსათუოდ დედინაცვლად მიეღო
მამიდამისი. მაგრამ რაკი პლატონმა ქალი მოიწონა და
თანახმა ხდებოდა, მას საქმე უადვილდებოდა. ამით
შეხალისებული არისტო მიზეზს ეძებდა, რომ მამიდამისი
ოთახში შეეხმო და გამოეცხადებინა მისთვის მათი
მოსვლის მიზეზი.

ეს მით უფრო საჭირო იყო ახლავე ექნა, რომ დავითი


სახლში არ იყო და მეთვალყურე უფრო ნაკლები
ეგულებოდა.

ის იყო არისტომ ამის ასრულება დააპირა, რომ აივანზე


გამოვიდა დავითის ცოლი, ნუჩია, ყმაწვილი,
სახეგამხდარი ქალი, თითქმის ტიტველა,
ძუძუთაბავშვით ხელში. მან სტუმრებს ხელი ჩამოართვა
და ხმაამოუღებლად მიჯდა კუთხეში, პატარა, დაბალ
სამფეხა სკამზე.

- ბატონი ძალიან გემდუროდათ, რომ არ ნახულობდით, -


მიმართა არისტოს ნუჩიამ, ჩვეულებრივი მისალმების
შემდეგ.
- ახლა საქმე ისე მაქვს, რომ აწი აღარ ვათქმევინებ
მაგნაირ სამდურავს ჩემზე! - მიუგო არისტომ.

- კაი დაგემართოსთ!

- მაგასაც ვნახავთ! - თქვა ელენემ.

- აგერ ნახავ! - თქვა არისტომ და მერე უცებ დაატანა: -


უკაცრავად ვარ, სერაპიონ ჩემო, ცხენებისათვის რომ
გთხოვე... აწი ქე დაღამდება და...

- ახლავე, ჰა, ახლავე! - წამოდგა სერაპიონი და ქვევით


ჩავიდა.

- მამიდაჩემო, ეს ლეკურ-ხანჯალი შემინახე შენ - წამოდგა


არისტო და შევიდა სახლში: მას თან შეჰყვა მამიდამისიც.
არისტომ ჩამოიხსნა ლეკური და გადასცა ელენეს; ახლა
ხანჯალს რომ იხსნიდა, კარებისაკენ თვალებდაჭერილმა,
დაბალი ხმით ელენეს მიახალა შემდეგი სიტყვები:

- მამიდა, იმ ყმაწვილს დედინაცვლად უნდიხარ, იცოდე,


და აქედანვე მითქვამს შენთვის, არაფრის გზით უარი არ
მოხერხდება!

- ასე მასხრობაში უნდა გაატარო, შე დოუწყნარებელო,


შენი წუთისოფელი?.. - მიუგო ხნიერმა ქალმა.

- შენ არ მომიკვდე, მე შენ არ გეხუმრებოდე!.. შენ არ


მომიკვდე!.. კაი ოჯახი, კაი მამული... სახლი, კარი,
პატიოსანი აზნოუშვილები... ჭარმაგი მოხუცებული... არც
ისე მოხუცებული მაინცდამაინც!

- სუ, შე უხეირო, სუ! გეყოფა... სხვა რამეზე იმასხრე... შენ


გენაცვალე, სხვა რამეზე... ღმერთო მომკალი!..

- კი არ გემასხრები, საქმეს გეუბნები და გეიგონე ჩემი!


ღმერთი გამიწყრეს, თუ გეხუმრებოდე, შერცხვენილი
ვიყო, თუ პირდაპირ ამაზე არ ვიყოთ მოსული. არ
დაიჯერებ კიდევ? ამ მხეცების ხელში რომ ხარ,
მებრალები და ღმერთმა ხსნა გაღირსა და ეს არის... - და
არისტო მოუყვა სამანიშვილების ამბავს ელენეს,
აწონებდა მათ, თუმცა თვალითაც არ უნახავს მათი
ცხოვრება; პირდებოდა, რომ სულ აღარ მოგშორდები,
რაკი სამანიშვილისას მიგიყვანო, ათასნაირ ფერადებით
უწერდა ახალ ოჯახში ცხოვრებას.

- გზა არ გაქვს, გზა, უარი თქვა! რას ამბობ?! კაი ოჯახი, კაი
სასმელი, კაი საჭმელი, ყველაფერი ბევრი... მე სულ
შენთან ვიქნები, მეტი რა გინდა კიდევ? არა, უარის თქმა
ყოვლად შეუძლებელია... ყოვლად შეუძლებელი!
ლაპარაკი საჭიროც აღარაა. შენ არ მომიკვდე! -
გადაწყვეტით ამბობდა არისტო.

ამნაირი უცნაური, მოულოდნელი ამბის გაგონებისას


ხნიერი ქალი ხან “უიმეს” იძახდა, ხან შეჰკივლებდა
გაოცებული, ხან აჩუმებდა თავის ძმისწულს, ხან რას
ამბობდა, და ყოველივე ეს სიზმარივით ეჩვენებოდა
საწყალს. მას სრულიად არ სჯეროდა ძმისწულის სიტყვა,
ასე რომ არისტოს გულიც მოუვიდა ბოლოს, რომ ამ
დედაკაცს ვერაფერი შეასმინა. ძლივს, როგორც იქნა
დააჯერა, რომ მართალს ეუბნებოდა, რომ მთხოვნელი
სახლში ჰყავდა მოსული და დარწმუნებულმა, რომ
ხუმრობა აღარ იყო, ელენემ უნებლიეთ ამოიხვნეშა და
უნებურად წამოსცდა:

- ვინ გამიშვებს აქედან, შვილო?


- რატომ?

- ხარჯი დაჭირდებათ... თავს ვერ ირჩენენ და ამნაირ


საქმისათვის რა მოეძებნებათ?

- ჩემს კბილებს!.. მაგათ ხელში, რომ მოვკვდე, მაინც არ


დაგტოვებ, რაკი ამნაირი საშუალება მეძლევა... რას
დავეძებ მაგათ? კისერიც უტეხიათ!..

- რას იზამ, შვილო?.. რას მოუხერხებ?..

- რას ვიზამ? რას ვიზამ და მოგიტაცებ - ამას ვიზამ!

- უიმე... უიმე!.. - და პირზე ხელი მიიფარა ელენემ. -


უიმე!.. ჩემი გამოჭენება გინდა ამ მოხუცებულობის
ხანს?.. უიმე! უიმე! აჰ! არ თქვა, მაგ!.. არა, არა! შენი
ჭირიმე!.. ასე გავატარებ გაძაღლებულად ჩემს
წუთისოფელს... არაფერს არ დავეძებ, შენ დაგენაცვლე! -
აწრიალდა იგი.

მაგრამ არისტო თავისას არ იშლიდა. გადაწყვეტით


გამოუცხადა, რომ უსათუოდ უნდა წაჰყოლოდა
სამანიშვილს, გამოუცხადა მოტაცებაც რაგვარად უნდა
მოეხერხებინათ: ელენე ესტუმრებოდა ერთ თავის
ნათესავს, საიდანაც წაიყვანდნენ და ჯვარს დასწერდნენ
ბეკინაზე. არისტო ხმის ამოღების ნებასაც არ აძლევდა
მოხუცებულ მამიდას, რომლის გონებას რაღაც ბურანი
შემოხვეოდა ყოველი ამ გაგონილისაგან.

ამასობაში კი აივანზე დარჩენილი ნუჩია და პლატონი,


თუმცა თითო-ოროლა სიტყვით შეენაცვლნენ ერთმანეთს,
მაგრამ მუსაიფი მაინც ვერ გამოაწყვეს და მოელოდათ
მეტად სამძიმო, უხერხული მდგომარეობა,
ხმაგაკმენდით სხდომა, როცა მათდა ბედად ბავშვმა
ტირილი დაიწყო და ერთი წამის შემდეგ ისეთი
ყურთასმენის წამღები ჭყვირილი მორთო, რომ ნუჩია
იძულებული შეიქნა ამდგარიყო და სტუმარი
გაეთავისუფლებინა ბავშვის შემზარავი წივილისაგან.

მარტოდ დარჩენილმა პლატონმა პირი ეზოსაკენ


მიიბრუნა და იქაურობას დაუწყო თვალიერება.

ჩამოწოლილ ბინდში ახლა კიდევ უფრო გულდამწყვეტი


შეხედულება მიიღო აქაურობამ, ვიდრე პირველ
დანახვაზე ჰქონდა. პატარა ხრიოკი, დაფერდებული
ადგილი, აქა-იქ ჩამტვრეული ღობით შემოვლებული;
ფერდობზე მიკრული, წინიდან ბარჯგებზე შეყენებული
პაწაწინა ოდა, რომლის აივანზე იჯდა ახლა პლატონი;
ცოტა მოშორებით გლეხური სახლი, ალბათ, უწინ
სამზარეულოდ ხმარებული, რომელიც უფროს ძმას
გადაეტანა და რომელშიაც ახლა ცხოვრობდა თავის ცოლ-
შვილით, - ეს იყო ის შენობები, რაც ამ ეზოში ჩანდა.
ღობის გადაღმა მოჩანდა ისლით დახურული,
ერთიმეორეზე მიკრული გლეხის სახლები; ქვევით,
დავაკებულში მოჩანდა დანარჩენი სოფელი, როგორც
ეტყობოდა, ღარიბი, შეუძლებელი.

წინათ მიყუჩებული, მიჩუმებული სოფელი თითქოს


ახლა შეხალისდა, გამოიღვიძაო; ორღობეებში
თავდაღმართიდან ერთი ჯლიგინით მოერეკებოდნენ
საქონელს, მოისმოდა უკან მომდევარ მწყემსების
ყვირილი, შეწყრომა. სახლების ერდოებიდანაც აქა-იქ
კვამლმა იწყო ამოფშუება.

თითქოს ამ პატარა ქოხშიაც სიცოცხლემ გაიღვიძაო.


პატარა გოგომ ჩაფით წყალი მოარბენინა; მერე,
ეტყობოდა ცეცხლიც დაანთეს და, რამდენიმე ხნის
შემდეგ, გაღებული კარიდან მკაფიოდ მოისმა მჭადის
მცხობელის ხელების პარტყა-პურტყი. პატარა
თავშიშველა და ფეხშიშველა შვიდი-რვა წლის ბიჭმა,
პარკით გვერდზე, სახრით ხელში, შემორეკა ეზოში
რამდენიმე სული საქონელი; ამას უკან შემოჰყვა
გრძელწვერა, შეხსნილი ახალუხით, ძელით მხარზე,
ღვედში ნაჯახგარჭობილი კაცი, რომელმაც ერთი
გაჯავრებით შეჰყვირა ბავშვს, როცა საქონელი ქოხისკენ
გაეშურა; ბავშვი გაიქცა და ისევ აქეთ გამორეკა
პირუტყვი. მოჰკრა თვალი თუ არა აივანზე უცხო კაცს,
იმწამსვე ოდის უკან მიიმალა. ეს კაცი იყო დათია
ბრეგაძე. ცოტა ხნის შემდეგ, ქოხის მახლობლად,
გადასაბიჯზე გადმოაბიჯა მხარზე შეშა გადებულმა
მეორე კაცმა, - ეს უფროსი ბრეგაძე იყო. მან კარებთან
დააგდო ტვირთი, მოიხედა ოდისკენ, მიაჩერდა პლატონს
და სახლში შევიდა.

- ის ვინაა, აივანზე რომ წამოჭიმულა? - უსიამოვნოდ,


წარბების შეხრით შეეკითხა დათია ცოლს, რომელიც
ცეცხლს ანთებდა ოდის უკან გადმოხურულში, რაიც
სამზარეულოს მაგიერობას უსრულებდა ამ ოჯახს მის
შემდეგ, რაც ანტონმა სამზარეულო სახლი გაიტანა შიგ
დასადგომად, სრულს გაყოფილობამდის.

- რა ვიცი, ვიღაც სამანიშვილიაო... არისტომ მოათრია! -


მიუგო სერაპიონმა.

- არისტომ?! მაგ ოხერი კიდევ მეეთრა?! რა მინდაო?..

- რა ვიცი, რა უნდა!.. დაწანწალობს, სხვა რა ენდომება!..


რაი მევიდა, სულ იმას იძახის, რომ აწი უფრო ხშირად
ვივლიო... მამიდამისს არწმუნებს...

- მისმა სიცოცხლემ!.. მე იმას აქ ბინა დავადებიო?! ორივეს


კარში გავყრი!.. რა გვარია ის კაცი?..
- სამანიშვილი, ბატონო, სამანიშვილი... რა იქნა ამდენი
კითხვა? - გაჯავრებით შეუტია ნუჩიამ. - ვახშამი გვჭირია
აგერ...

- რა ვახშამი უნდათ?.. - დაიწყო დათიამ.

- ახლა მაგას მომიყევი კიდევ! - გააწყვეტინა სიტყვა


ცოლმა.

- აბა, რა!.. რაც მაქვს, ის ჭამონ, იმასაც კარგად


გიახლებიან!.. არა, მაგათ სიცოცხლემ, ძროხას დოვუკლავ
ახლავე!

- ჰო, ხმელა ჭადი და ლობიო მიუტანეთ!.. იმ უცხო კაცის


მაინც უნდა მოირიდოთ, თქვე დალოცვილებო!.. ასეთი
თავისმოჭრა, გამოჭიანურება არ გამიგონია მე!.. წადი,
ბატონო, - მიუბრუნდა სერაპიონს ნუჩია: - წადი,
ყმაწვილო, და ერთი ქათამი, რავარცხა იქნას, მონახე და
დამიჭირე... არ შეიძლება ასე!..

- სად მოვნახო ახლა ამ ჩამობნელებულში!.. საცხა ორიოდე


წიწილია, არც კი ვიცი კარგად, რომელ ხეზედ ჯდებიან!

- ეგერაა კვინცხაზე, ეგერ, ეჰ! - ანიშნა ნუჩიამ. - წადი,


ღვთის გულისათვის!.. მერე უფრო გაგიჭირდება.

სერაპიონი მიბრუნდა და ზანტად, ბურტყუნით წავიდა


კვინცხისაკენ.

- დედა, ჭადი მინდა მე! მშია! - მივიდა დედასთან ახლად


დაბრუნებული სამწყემსურიდან დათიას შვილი.

- მეიცა, შვილო! ვერ ხედავ აგერ რამდენი საქმე მაქვს?!


დათია, შეუმატე ამ ცეცხლს, შე კაცო!..

- მშია მე, რა მევიცადო!..

- დაგამშიათ გამჩენმა! - შეუტია ნუჩიამ, რომელმაც ის იყო


ჭადებისათვის ფქვილს წყალი დაასხა გობზე. -
დაგამშიათ გამჩენმა! ჰა! შენ თვითონ არ შეგიძლია, რომ
მონახო და ჭამო?! აი, შეგარცხვინა ღმერთმა! - და ნუჩიამ
შვილს გადმოუგდო ცივი ჭადის ნატეხი; მერე უცბად
მიბრუნდა, წამოავლო პატარა დოქს ხელი, გაუშვირა იგი
პატარა ბიჭს, რომელიც მადიანად ილუკმებოდა ცივ ჭადს
და უთხრა:

- მალაქიასთან გადაირბინე, ვარლამია, და უთხარი, დედა


შემოგეხვეწა-თქვა, ჩემო მალაქია, ეს ერთი დოქი ღვინო
გამომიგზავნე-თქვა და მე ვიცი შენი პატივისცემა-თქვა...
ჩემო მალაქია-თქვა, ძალიან შემოგეხვეწა დედა-თქვა...
უთხარი, რომ უცხო სტუმარი მოუვიდა-თქვა. ჰა, დროზე
ქენი, დროზე, ჩემო ვარლამია!

ბავშვმა გამოართვა დოქი და დედის დამტკბარ სიტყვაზე


შველივით მოჰკურცხლა.

- ნელა, ბიჭო, დოქი არ გატეხო! - მიაძახა ნუჩიამ.

არისტომ რომ მამიდამისთან გაათავა ლაპარაკი, აივანზე


გამოვიდა, ხმადაბლა და ხალისიანად უთხრა პლატონს:

- ერთ წამში მოვაკვარახჭინე საქმე, ერთ წამში... კინაღამ


არ გადამერია საწყალი დედაბერი! ხა, ხა, ხა! მარა იმედია,
ამათსავით შენ არ შემიკრავ ნათესავთან სასიარულოდ
გზას! რასაკვირველია! - და არისტო მოუყვა, თუ როგორ
უნდა დაებოლოებინათ მათ თავისი საქმე.
- საქვრივოს მერე ბიძაჩემს ივანეს ამოვაღებინებთ...
ნახევარი იმან წეიღოს საქმის საწარმოებელი, ნახევარი
შენ!.. რა გენაღვლება... მაგათ კი არ შევარჩენ და!

- ჰქონდეთ, ჰქონდეთ!.. ცოდვაა, არაფერი გააჩნიათ!

- რას დევეძებ! მე რა კარგი მახსოვს მაგათგან!

ეზოდან მოისმა რაღაც ხმაური... აგერ გაირბინა ქათამმაც,


მას უკან მისდევდა ძაღლი დასაჭერად. აგერ კაცის ფეხის
ხმაც მოისმა, რომ მირბოდა.

- ეს ოხრიშვილები, თავი ნუ მომიკვდება, ახლა დასდევენ


ვახშმისათვის ქათამს!.. სად იყვნენ აქამდის?! ვაი თქვენს
პატრონს, თქვენს პატრონს! პლატონ, სანამ ესენი ქათამს
იჭერენ, ერთი ცხენებს დავხედავ ჩუმად, თვარა მე
დარწმუნებული ვარ, ერთ კვნიტ ჩალას არ აღირსებენ და
ხვალ, შენი მტერი იქნა ისე, ისენი რომ იქნებიან! - თქვა
არისტომ, ფეხაკრეფით ჩავიდა კიბეზე და
მიბნელებულში გასწია იქით, სადაც ცხენები ეგულებოდა.

ქათამს ისევ დასდევდნენ დასაჭერად და ამიტომ არისტო


მორიდებით მიდიოდა წინ, რომ არავინ შეხვედროდა.

უეცრივ რაღამაც გაისისინა ჰაერში და არისტოს მძიმედ


მოხვდა ჭოლოკი მარჯვენა კუნთში.

- არ მომკლა ამ ვირმა! - გამწარებით წამოიძახა მან და


იქვე დაეცა მიწაზე გულშეწუხებული. - აი, თქვენი
რჯული, აი, თქვენი!.. ოოოჰ! ოოოჰ! ქე არ მომკლეს ამ
ურჯულოებმა ერთი წრიპა ქათმის გულისათვის!..
ამოგივარდათ ოჯახი! ოჰ, ჰო, ჰო! - ტკივილისაგან მიწაზე
წრიალობდა არისტო და ორივე ხელით იზელავდა კუნთს.
- თქვენ დაგწყევლოთ ღმერთმა, თქვენ შეგაჩვენოთ
დამბადებელმა! ვის გოუგონია ღამეში ჭოლოკებით
ქათმის დევნა! ყველაფერში უხეიროები, ყველაფერში!..

ახლა ეს ქათმის დევნა ეზოს მეორე ყურედან მოისმოდა.


არისტო წამოდგა და კოჭლობით მაინც ცხენისკენ წავიდა.

- თითქოს განგებ ჩემთვის ესროლოს ამ შეჩვენებულს! -


გაეცინა თვით არისტოს. - ძალიან არ გოუხარდება, რომ
გეიგოს!..

და მან გადაწყვიტა, რაც შეეძლო, ძალა დაეტანებინა


თავისთავისათვის, დაეძლია ტკივილი და
მასპინძლისათვის მათდა სასიხარულოდ, არ
გაეგებინებინა ეს ამბავი.

ცხენებს მართლა არაფერი საჭმელი არ ჰქონდათ, იდგნენ


საცოდავად, ხეზე მიბმულნი ბაწრით. არისტომ თავი
გააქნია, გულში ჩაირტყა მუშტი დაქადნებით და უკან
გამობრუნდა გინებითა და ლანძღვით მასპინძლის
მიმართ.

აივანზე რომ ამოვიდა არისტო, პლატონი იქ აღარ


დაუხვდა; იგი დათასთან მუსაიფობდა ოთახში. მათ
შეუერთდა არისტოც. ეს უკანასკნელი, მეტად ცუდ
გუნებაზე დამდგარი, ისეთ კილოზე ელაპარაკებოდა
დავითს, რომ პლატონი შიშმა აიტანა, - ვაი თუ რამ
კინკლაობა მოხდეს ამათ შორისო. მაგრამ რაღაც
მანქანებით დავითი მოთმინებით იტანდა არისტოს
გადაკრულ სიტყვებს, უყურადღებოდ სტოვებდა მათ და
ამის წყალობით ვახშამმაც მშვიდობიანად ჩაიარა და
მშვიდობიანობაში მოსვენების დროც წამოეწიათ.

სტუმრები ცალკე დააწვინეს ოთახში; დავითი თავის


ცოლითა და მათთან ელენეც მეორე ოთახში დაწვნენ;
სერაპიონმა გარეთ, აივანზე, დაიგო ქვეშაგები.

ორსავე ჩვენს მგზავრს მალე მიეძინა, მაგრამ ისევ


გამოეღვიძათ ბავშვის ყვირილ-წივილზე, რაიც მეორე
ოთახიდან მოისმოდა. ეტყობოდა, რომ იგი მალე არ
დაწყნარდებოდა და უფრო უმატებდა ჭყივილს დედისა
და მამის გაჯავრებით “სუ”-სა და ”ჩუ”-ს მიძახებაზე.

- გაფხრეწა!.. გაგლეჯა!.. - ეუბნებოდა აქედან მოთმინება


დაკარგული არისტო. - არ გადარჩენა... ყველასი!

- კაი, კაცო! გეიგონებენ! - აჩუმებდა პლატონი.

- გეიგონონ!.. ვაი და ვუი ყველას!.. რა დამაძინებს, თუ


გიყვარდე, ამ ჯოჯოხეთში?!

მაგრამ დაღლილობამ მაინც დასძლია და ცოტა ხნის


შემდეგ არისტოსაც და პლატონსაც ტკბილად ეძინათ,
თუმცა ბავშვი კიდევ დიდხანს ჭირვეულობდა.

XI

შვილის მაშვლობა მეტად სასიამოვნოდ დაურჩა


მოხუცებულ ბეკინას. ძალიან იამა გუნებაში ისიც, რომ
ქალის მოტაცება სჭირდებოდა. ბეკინას გაახსენდა
ყმაწვილკაცობა, ამისთანებს ჩვეული გიჟმაჟობა. ეს
გარემოება რომ გაახსენდებოდა, რაღაც შემატებულ
სიცოცხლეს ჰგრძნობდა, სასიამოვნო ღიმილი ეფინებოდა
სახეზე, თუმცა შვილს კი უთხრა საყვედურივით: - ”ეგ
მოტაცება კი, შვილო, საჩემო საქმე აღარაა!.. უნდა
აგერიდებია ეს!”

ყველაფერი მოთავებული იყო, საჭირო იყო მხოლოდ


შუათანა ლხინისათვის მომზადება, რომ ოჯახის დედა
პირველად გაყრუებულ სახლში არ შემოეყვანათ.

პლატონმა მიიპატიჟა დანიშნულ დღისათვის ახლო


მეზობლები. მივიდა სიძესთან და, როგორც იყო, შეირიგა
შემომწყრალი კირილე, რომელსაც სთხოვა ქალის
მოსაყვანად წაყოლოდა, რაზედაც კირილემ სიხარულით
თანხმობა გამოუცხადა.

- ახლა ისევ გულდამშვიდებით შეგვიძლია ვიყოთ.


დარწმუნებული ვარ, ამ ჩემ დედინაცვალს არაფრის გზით
შვილი არ მიეცემა... ეს გათავებულია... კაი ქალიცაა, შენ
ნუ მომიკვდები, თვარა აგერ ნახავ!.. შენთვისაც კაი
იქნება; ცოტა რაცხა-რაცხაზედ ყურს მაინც გიგდებს...
წაგეხმარება ხანდახან რამეში... - ეუბნებოდა
გულდაწყნარებული პლატონი მელანოს.

- დახმარება მისი ის იქნება, თუ შეგვარჩენს, რაზედაც


ახლა ვართ... მეტი არაფერი არ მინდა მისგან!

- რასაკვირველია!.. მაგია, აბა! დარდი ნუ გაქვს!

დადგა სანატრელი დღეც ბეკინასათვის. პლატონმა,


არისტომ და კირილემ რამდენიმე სხვა ყმაწვილის
თანხლებით მოიყვანეს ელენე სამანიშვილისას და
მოხუცებულებს ჯვარი გადასწერეს. პატიოსანმა
აზნაურმა საკადრისი ლხინი გადაიხადა. ამ სიხარულის
დღეს კირილემ სწორედ დაპირებისამებრ განსხვავებით
მოულხინა თავის სიმამრს და სხვებიც მოალხინა,
უჩხუბრად, უცემატყეპოდ.

პლატონის სიტყვა გამართლდა: მელანოს ძალიან


მოეწონა ახალი დედამთილი, რომელმაც მალე გაათავა
პატარძლობა და რძლის ხელისშემწყობი შეიქნა ყოველ
საქმეში. ბეკინაც ძალიან კმაყოფილი იყო და ეს
კმაყოფილება მით უფრო ახარებდა, რომ ელენემ მალე,
სულ მოკლე ხანში, ოჯახის წევრთა სიყვარული
დაიმსახურა და სიამტკბილობა შემატა სახლს.

პლატონი იმდენად გულდაჯერებული იყო


დედინაცვალით, რომ მზად იყო ხელი აეღო მის
საქვრივოს გამორთმევაზე ბრეგაძეებისაგან და არისტოს
ეხვეწებოდა საქმის მოსპობას ამის თაობაზე და ძალიან
სწყინდა, რომ არისტო არ თანხმდებოდა და მის თხოვნას
არ იჯერებდა.

- ბევრი გაქვს ყველაფერი?.. გაწყენს, რომ შეგემატოს


ცოტა რამე თუ? - ეუბნებოდა პასუხად არისტო.

- არა. მარა... იმათგან...

- ერთი გულჩვილი შენ შემხვდი კიდევ!.. შენც კარგად


გამოგადგება, ჩემო ძმაო!.. რაზე უნდა დაკარგოთ?.. არ
ვიცი! რაც მეტი გვექნება, უფრო მეტს მოვილხენთ,
პლატონ ჩემო! არა, ბატონო ბეკინა?

- რასაკვირველია, რასაკვირველია! - უპასუხა ბეკინამ,


რომლის სული და გული შეიქმნა ეს კაცი და რომლის
მოშორება მას ახლა სამძიმოდ დაურჩებოდა, თუმცა
ღვთით, არისტოს მხრივ ამაზე შიში არ ეჭირვებოდა. იგი
ჯერჯერობით, როგორც ეტყობოდა, კიდევ კაი ხანს არ
აპირებდა ფეხის მოცვლას ამ ახალი ბინიდან.

ასეთ საერთო სიამოვნებაში, კმაყოფილებაში,


ერთმანეთის სიყვარულში მიდიოდა დრო და ჟამი
სამანიშვილის ოჯახში და ერთ დრომდე კიდევაც
გაგრძელდებოდა ეს ბედნიერების ჟამი, რომ ერთ დღეს
მელანოს თავზარდამცემი, გულის ამრევი, ჭკუაზე
შემშლელი ამბავი არ გადაეცა თავის ქმრისათვის, რითაც
გული მოაყვანინა პლატონს ისე, რომ მან კიდევაც
შეუბღვირა და მიაძახა წყრომით:

- ნუ სულელობ ერთი შენ!.. რა სახუმარო საგანი ნახე


ახლა?

- კი არ გეხუმრები, საქმეს გეუბნები!.. გეუბნები, ისეთ


ნიშნებს ვატყობ ამ ქალს, რომ მეშინია ორსულად არ
იყვეს!.. შვილები ნუ მომიკვდება!.. არ გითხრა, აბა?! მე
თვითონ აგერაა გადვირევი... რა ამბავია ეს ჩვენს თავზე?!
ღმერთო, შენ დაგვიფარე! - იწერდა პირჯვარს მელანო.

პლატონი სრულიად დაიბნა და ხმაგაკმენდილი


მისჩერებოდა ცოლს; სრულიად არ სჯეროდა მისი
ნათქვამის სინამდვილე, თუმცა გულმა მოუსვენრად
ტოკვა დაუწყო.
- მოგებლანდა... აბა რავა შეიძლება?! - წაილაპარაკა მან და
ცოლს მოშორდა, თითქოს ეშინოდა, რომ უფრო
დაბეჯითებული, თავზარდამცემი რამ არ გაეგონა
მელანოსაგან.

- რასაკვირველია, მოგებლანდა!.. აბა, კარგად


დოუკვირდი, თუ არ ცდები, გეიგებ მაშინ!

- ნეტავი, ნეტავი, შენი კარგა ყოფნით!

- მოვკლავ მაგ უბედურს!.. ღმერთმანი, მოვკლავ! -


ამბობდა თავისთვის პლატონი, ცოლის სიტყვები რომ
გაახსენდებოდა ელენეს შესახებ. - ღმერთმანი, მოვკლავ!
ეჰ, სისულელეა, რასაკვირველია, სისულელე... მელანოს
მოეჩვენა მხოლოდ!

საღამო ჟამი იყო, მელანომ რომ უთხრა თავისი ეჭვი ქმარს


და ვახშამზე პლატონი იმდენად თავის საინს არ
დასჩერებოდა, რამდენად თვალი დედინაცვლისკენ
ჰქონდა, მაგრამ ვერაფერ ცვლილებას ვერ ამჩნევდა.

- ძალიან არ მოტყუვდი, მელანო? - ღიმილით უთხრა მან


დაწოლის ხანს ცოლს.

- არა, პლატონ, არა, არ უნდა ვცდებოდე, შენ არ


მომიკვდე!..

- კაი, ნუ გადამრიე კაცი!

- რა ვქნა, შენ დაგენაცვლე, მეც შიშში არ ვარ?

პლატონი გაჩუმდა. ამ საგანზე ლაპარაკიც კი არ უნდოდა.


გული რაღაც სევდით ევსებოდა ამის გაგონებაზე, თუმცა
დაჯერებამდის მეტად შორს იყო. მელანომ ისევ დაიწყო
ამ საგანზე ლაპარაკი, მაგრამ პლატონმა სთხოვა
გაჩუმებულიყო, სხვა რამეზე ელაპარაკნა. მან სცადა
ძილისათვის მიეცა თავი, მაგრამ ცოლის სიტყვებს ყურში
ზარივით წკრიალი გაჰქონდათ.

- ვაი თუ მართლა უბედურება მეწია?! - ფიქრობდა


პლატონი. - ისეთ ნიშნებს ვატყობო... აჰ, რავა შეიძლება?!
ვინა თქვა, ვის გოუგონია, ამგვარი ამბავი
მომხდარიყვეს?! ორნაქმარევს, უშვილოს, ამ სიკვდილის
წინ შვილი მიეცეს?! ჰმ!

და პლატონი ამშვიდებდა, აწყნარებდა თავის გულს,


ცდილობდა, რომ სისხლი თავში არ ავარდნოდა, ტვინი
მოესვენებინა; გვერდიდან გვერდზე ბრუნდებოდა,
ცდილობდა დასძინებოდა, მაგრამ ძილი მაინც არ
ეკარებოდა... ყურებში ისევ ცოლის სიტყვები ესმოდა,
რომელთაც მისი ტვინი მოუსვენრად ედავებოდა,
ეწინააღმდეგებოდა. დიდხანს იბორგა, დიდხანს იტრიალა
ასე გაწვალებით საწყალმა პლატონმა, რომ ისევ მელანოს
ხმა მოესმა:

- ე, შეხედე, შე კაცო, თუ ვცდები, თუ სისულელეს


გეუბნები! ე, შეხედე! ე, თუ ვცდები... ე, რავა ეტყობა!
ახლაც ვერ ხედავ?

და ფანჯრიდან ანიშნებდა პლატონს ეზოში მოსიარულე


ელენეზე. პლატონი მისჩერებოდა ხმაამოუღებლად,
გულაფანცქალებული. დედინაცვალმა თითქოს დაინახა
ფანჯარასთან მდგარი გერები და ამათკენ გამოსწია.

- ე, ე, უიმე... უიმე! - იყვირა მელანომ, - უიმე!.. ახლაც


ვცდები?.. კიდევ ვცდები?.. ვაი დედაშენს, ვაი დედაშენს! -
და მუშტით ემუქრებოდა იგი დედინაცვალს. - ვეღარც
ახლა ატყობ?..
ატყობს და არც ატყობს. რასაკვირველია, ატყობს,
რასაკვირველია ხედავს თავის თვალით, ცხადად ხედავს
თავის უბედურების მომასწავებელ ნიშანს და
მოულოდნელ უბედურების წინ წამდგარს, ენაც ერთმევა,
გონებაც ეკარგება, სისხლიც უშრება და გაქვავებული,
გრძნობა მიჩლუნგებული, გაცივებული თვალებით
მისჩერებია ამ უღვთო, შეჩვენებულ, დაწყევლილ
დედაკაცს, რომელთანაც არც პატივისცემა გაუვიდა, არც
სიყვარული, არც სამსახური, რომელიც ასე უღვთოდ
იმეტებდა მასაც, მის ცოლ-შვილსაც.

- ღმერთო, რა შეგცოდე?! რა შეგცოდე? -


სასოწარკვეთილებით, ნაღვლით გულავსებული კვნესის
იგი. - რა შეგცოდე?

- იქით! იქით! იქით, შე წყეულო! - უყვირის დედინაცვალს


პლატონი. - იქით, თვალით მაინც ნუ დამენახვები! -
მაგრამ მას თითქოს არ ესმის პლატონის ხმაო, ისევ
მობაჯბაჯებს ფანჯრისკენ, მობაჯბაჯებს მძიმედ,
ძლივსძლივობით.

- იქით, შე შეჩვენებულო! იქით, თორემ მოგკალი ეს არი!


ღმერთო, რომ არ ესმის?

არ ესმის თავისი ხმა არც პლატონს, თუმცა ყვირის, რაც


ღონე აქვს. ხმა პირიდან არ ამოსდის, იქვე გულში რჩება
უღონო, სუსტი, გაუგონარი, და ეს უმატებს გამწარებას,
უფრო უკლავს გულს, უხუთავს სულს. უმწვერვალესად
აღელვებული კაცის თვალწინ ყოველივე აირია, აიშალა,
ამოძრავდა; აცახცახებული, ათრთოლებული ძლივს დგას
ფეხზე. ეს რაღა ამბავია?! რა არის ეს?! რა ამბავი ხდება
დღეს ამ სახლში? ვინ შვრება ამას? ღმერთო, მომკალი! ვინ
გადმოაგდო ეს ქათმები წრიალ-წრიალით ეზოს რომ
მოეფინენ? ამათ აჰყვნენ ბატებიც, კვატებიც, ორიოდე
ინდოურიც; მიდიან იქით-აქეთ, ცალცალკევდებიან, ზოგი
ელენეს მისდევს, ზოგი ფანჯრისკენ მორბის პლატონთან.
აქვე მორბის ფენთხებ-გამობზეკილი, უჭმელობით ძალზე
გამხდარი სანაშენო ღორი, აუშვერია დინგი, რაღაცას
ღრუტუნებს, თითქოს კითხულობდეს რაღაცას. ცხვარი
ვინ გამოაგდო ბეღლიდან, სასუქი ცხვარი? ვინ ქნა? რა
ამბავია! ვინ ოხერი ჩადის ამას? რა უნდათ ამ ხარებს, ასე
რომ დაზმუიან? რა ამბავი ხდება ამ ეზოში? რამ გადარია
ყველა? ვინ გამოალაგა გარეთ კოდი, საცერი, სამტკიცი,
ქოთნები, გობი, კოვზი, როდინი, კეცები? ვინ იშლება და
ირევა ასე უცნაურად? სული ეხუთება პლატონს და
აზრდაბნეული მხოლოდ უგუნურად მისჩერებია და მეტი
განცვიფრებისაგან აღარ იცის, რა ქნას, რა თქვას...

- შუაზე, შუაზე! - დაიძახა ვიღაცამ.


მოისმა ერთი წკრიალი და მთლად სამზარეულო შეინძრა,
შეფამფალდა და დარღვევას აპირებს.

- მალე, მალე! - დაიძახა ელენემ. - მალე, ყველაფერი


გაჰყავით სულ ყველაფერი, სულ!

აქ კი მოიკრიბა პლატონმა უკანასკნელი ძალ-ღონე, რაც


ხმა შესწევდა გამწარებულ კაცს, შეეცადა და მორთო
ყვირილი:

- მეიცადეთ, მეიცადეთ! გაჩერდით! ნუ ჩქარობთ!.. ეგებ


მკვდარი დაიბადოს! შედექით! ეგებ ღმერთმა სიცოცხლე
არ აღირსოს! გაჩერდით, თქვე ოხრებო! ნუ შვებით მაგას!
გაჩერდით, გაჩერდით, გა-ჩერ-დით! გა, გა! - ცდილობდა
პლატონი დაეყვირა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა, ის
ისევ იქვე წყდებოდა, ჰქრებოდა. სახლის კედლებს კი
ლაწა-ლუწი გაჰქონდა, ყოველივე ინგრეოდა, ყოველივე
იშლებოდა, ნაწილდებოდა. პლატონის ძახილი არავის
ეყურებოდა, მხოლოდ ელენეს ხმასა და ბრძანებას
მისდევდნენ: ”მალე, მალე! ყველაფერი გაჰყავით!” - არ
წყნარდებოდა იგი. და უღონო, გულჩათუთქული,
გაწიწმატებული პლატონი, როგორც იქნა, მოსხლტა
თავის ადგილს, მიიჭრა ფანჯარასთან, მოინდომა იქით
გადახტომა და ამ დაწყევლილი დედინაცვლის იქვე
ჩახჩობა, მაგრამ იქვე დაეცა უძლურივით ატირებული,
ბავშვივით აღრიალებული, მწარე ცრემლებით
თვალებჩამობნელებული.

- პლატონ, პლატონ! რა დაგემართა, რა დაგემართა, კაცო? -


შიშისაგან გადარეული ეკითხებოდა მელანო ქმარს,
რომელიც ისევ შემზარავად ტიროდა. - გამოიღვიძე,
პლატონ! ნუ გადარიე, კაცო, ბოვშები!

პლატონის უცნაურ ღრიალზე გამოღვიძებულ ბავშვებს


ერთი ვაი-ვაგლახი შეექნათ და თვითონაც შეშინებული
მელანო ხან იმათ აწყნარებდა, ხან პლატონს უძახდა და
მის გამოფხიზლებას ცდილობდა, როგორც იქნა,
პლატონმაც გამოიფხიზლა, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ
ბნელაში რას დაინახავდა.

- კინაღამ არ შეგვშალე, შე კაცო, ყველა! - უსაყვედურა


მელანომ ქმარს. - ბოვშები აღარ არიან შიშით, რა სიზმარი
ნახე მაინც ასეთი უცნაური?! კაი, თუ ღმერთი გწამს!

- მაშ ეს სიზმარი იყო! - და პლატონმა შუბლზე ხელი


გადაისვა და მერე პირჯვარიც გადაისახა.

- რა ამბავია, მელანო? რა დეემართა პლატონს? - მოისმა


ბეკინას შეშფოთებული ხმა მეორე ოთახიდან.

- არაფერი, ბატონო... სიზმარში გახლდათ! - მიუგო


მელანომ.

- სიზმარში?

- დიახ!

- ჩვენ კი აღარა ვართ და!.. ახლა დაიწყო მაგისთანა


სიზმრები მაგ კაცმა?! წინათ არ იცოდა... გული
დაუშოშმინე, რძალო, გული! - და ამ სიტყვებთან ბეკინას
სიცილიც მოისმა.

მელანომ კარგად ახსნა პლატონის სიზმარი: მისი


სიტყვით, ყოველივე მოსალოდნელი განსაცდელი
თავიდან უნდა ასცდენოდათ: სულ მოკლე ხანში
უსათუოდ უნდა მოშლოდა მუცელი ელენეს, თუ
ნამდვილად ორსულად იყო.
ამ უკანასკნელი გარემოების საბოლოოდ გადაწყვეტას,
მის უეჭველობის შეტყობას ბევრი ხანი აღარც კი
დასჭირვებია, თუმცა პლატონისათვის მთელმა საუკუნემ
გაიარა გაწვალების, წამების საუკუნემ. უეჭველი შეიქნა,
რომ ელენე მიზეზობდა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო.
მელანოც და პლატონიც აზრდაბნეულნი შეჰყურებდნენ
ერთმანეთს ხმაამოუღებლად, გაშტერებულნი,
გაქვავებულნი.

ბეკინამაც შეატყო ცოლს მისი მდგომარეობა და


მოხუცებულს თავზარი დასცა ამ გარემოებამ. ბეკინას
შერცხვა უცნაურად და ეწყინა უზომოდ. ახლა მიხვდა თუ
რამ შეუცვალა გუნება პლატონს ამ უკანასკნელ ხანებში,
ახლა გაიგო რძლის დასევდიანების მიზეზი. და
მოხუცებულ ბეკინას ეტკინა გული, შეენანა თავისი
ახირება... ხომ ჩააგდო საყვარელი შვილი ცეცხლსა და
მდუღარებაში?! ხომ მოუსპო ხალისი და გულის
მშვიდობა?! დამნაშავედ წარმოუდგა თავისი თავი
შვილის წინაშე და მით უფრო წუხდა, რომ საშველ გზას
ვერსად ხედავდა.

- მაინც ამ ოხრიშვილმა რაღა ჩემს ხელში გამოიჩინა


თავისი ქალობა! ჰმ! - სევდიანად ამბობდა ელენეზე
გულმოსული ბეკინა.

ბეკინა მხოლოდ იმით ინუგეშებდა ამ შეწუხებაში თავს,


რომ ნება დართო შვილს ქალი თვითონ ამოერჩია, რომ
ელენე მისი სურვილით, მისი ამორჩევით ჰყავდა
ნათხოვი.

გულდაწყვეტილი პლატონი კი მოსასვენებელ ალაგს


ვეღარ პოულობდა; ჭკუა შერყეულივით ხან სად
დადიოდა, ხან სად, მუშაობაზე გულაცრუებული, თავის
მწუხარებას გადაყოლილი.
- ბიჭო, რა მიქენი? რა მიქენი, შენი ოჯახი დაიქცა... მაინც
ქეა დაქცეული!.. რა დაგიშავე, შე უსინდისო! - ეუბნებოდა
გამწარებით არისტოს. - ბიჭო, რაზე დაგჭირდა ჩემი
დაღუპვა, შე უღმერთო, რაზე შემომაჩეჩე ეს სასიკვდილე
მამიდაშენი? რა დაგიშავე, ბიჭო?!

- მეიცა, მეიცა, პლატონ, საყვარელო ძმაო! მე რა


უსინდისობა ვქენი, შე კაცო? მაცალე, მაცალე! შენ
სადედინაცვლოდ ეძებდი იმისთანა ქალს, ორნაქმარები
ყოფილიყო... ასე არაა, ა?

- კი!

- უშვილოს, შვილი რომ არ ჰყოლოდა იმისთანას, არა?

- რასაკვირველია!
- ხელში მოგეცი, ჩემო ძმაო, შენი სასურველი, ძმურად
დაგეხმარე; თუმცა არ გიცნობდი, მარა პირველ
შეხვედრიდანვე შენი სიყვარული გულმა იგრძნო...
იმიტომ წაგყევი, საქმე გაგაკეთებიე... ცუდი რა მიქნია,
ძმაო, ჩემო საყვარელო?!

- რომ დაორსულდა?

- ეგ რა ვიცი, ჩემო პლატონ!

- ეგებ წინეთაც ჰყავდა შვილი და შენ...

- რჯული, ხატი, ჯვარი! შეჩვენებული ვიყო! ასე დამემხოს


თავი - და არისტომ მიწას დააბერტყა თავისი ლამაზი
ახალი პატარა ბოხოხი.
- აბა, რა არის? რატომ? - სიტყვას ვეღარ ამბობდა
სევდამორეული ყმაწვილი კაცი. - რატომ სხვასთან არ
ჰყოლია, და...

- ეგ, ჩემო ძმაო, მამაშენს დააბრალე! - ღიმილით უთხრა


არისტომ. - მამაშენს დააბრალე! უცნაური კაცი ყოფილა...

- ვიღუპები, არისტო, წმინდად ვიღუპები! - წამოიძახა


პლატონმა. - რითი ვარჩინო ცოლ-შვილი, რითი ვარჩინო?
რავა უდანოდ გამომჭრა ყელი მამაჩემმა... რა ვქნა, რა
მეშველება? რა მეშველება?

- გული გეიმაგრე.. გული გეიმაგრე, პლატონ, -


უდარდელად მიაძახა არისტომ. - გული გეიმაგრე,
ღმერთი მოწყალეა! ყველაფერი ღვთითაა!

ღვთითაა თუ უღვთოთაა, რა დააშავა, რა აწყენია


ამისთანა, რომ ასეთი სასჯელი მიესაჯა? რა ქნა ისეთი,
რომ ამგვარი წყრომა დაიმსახურა? რის გულისათვის
ისჯება ასე მწარედ?.. და პლატონი ყოველ თავის
ნამოქმედარს, ყოველ თავის წარსულს იხსენიებდა და
არჩევდა თუ რით შეეძლო განერისხა ღვთაება და
გამოეწვია მისგან ისეთი მისი შეუბრალებლობა. არაფერი,
სრულიად არაფერი საამისო არ უქნია. კაცი არ მოუკლავს,
არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია ჯერეთ. ჯერეთ არც
უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი არ
წაურთმევია... ამ სიტყვაზე კი შედგა, შეჩერდა პლატონი.
არ წაურთმევია, მაგრამ ხომ ართმევს ბრეგაძეებს...
კანონიერად კი, მარა ხომ მაინც ართმევს მასზე უფრო
საწყალთ, მასზე უფრო გაჭირვებულთ, თითქმის
მშივრებს; შეცოდების მაგიერად უკანასკნელ ლუკმას
სტაცებს და ამის გამო ვის ჩაუყარა ხელში საცოდავები,
ვის? კაციჭამია გვერდევანიძეს, ამ შეუბრალებელ კაცს?
და ღმერთი შეიბრალებდა-ღა?! რასაკვირველია, არა! -
გუნებაში გაიძახოდა პლატონი და გულგახეთქილი
გვერდევანიძისას გაიქცა, რომ საქმე მოესპობინა, ეთქვა,
რომ გროში-კაპეიკი არ უნდოდა ბრეგაძეების
გამონართმევი. ამით აპირებდა პლატონი განრისხებულ,
შემომწყრალ ზენას გულისმოგებას. თავის დანაშაულის
გამოსყიდვას და იმედობდა, რომ დაუბრუნდებოდა რასაც
ხელიდან აცლიდნენ, რომ შენანიებასთან ერთად მის
დედინაცვალსაც მუცელი მოეშლებოდა.

გვერდევანიძემ არ შეიწყნარა პლატონის თხოვნა. ბევრიც


იცინა პლატონის სიტყვაზე. ბევრი შრომა ჰქონდა
გაწეული და რომ საქმე მოესპო, მოსალოდნელი
გასამრჯელო ხომ დაეკარგებოდა. პლატონმა თვითონ
იკისრა იმის გადახდა, ოღონდ კი საქმე მოსპობილიყო და
ბრეგაძეებს არაფერი გადახდომოდათ. მან მისცა
გვერდევანიძეს ვექსილი და გამობრუნდა სახლში,
ცოტათი იმედგაღვიძებული, მომლოდინე, რომ მისი
მსხვერპლი მიღებული იქნებოდა და მის დედინაცვალს
გაუწყალდებოდა მისთვის თავზარდამცემი მოზიარის
ჩასახულობა.

XII

მაგრამ იმედი არ სრულდებოდა. ხანი გადიოდა და


საზარელი არსება ზრდაში შედიოდა. კიდევ ცოტა ხანი და
პლატონს თვალითაც დაენახვებოდა თვითონ და თავის
ხმასაც გააგონებდა.

ეს გარემოება შეშლილივით ხდიდა პლატონს. ამ კაცმა


სრულიად გონება დაჰკარგა, გაჭირვეულდა, დაეკარგა
ყოველივე მოთმინება. ისეთი ხასიათი დაიჭირა, რომ კაცი
ვეღარ ცნობდა. ხსნას, სხვა საშველს რომ ვერას ხედავდა
თავის მაწუხებლის მოსაშორებლად, იგი უცნაური
წინადადებით მივიდა თავის მამასთან. ბეკინამ იყვირა,
როცა შვილის ნათქვამი გაიგონა. მოხუცებული კაცი
კინაღამ გადაირია:

- ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო?.. ღმერთი აღარ


გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?!
მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე
ჩევიდინო?.. ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?.. გაგიჟდი, შე
ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები, დედაკაცს მუცელი
მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე,
რამ? - ყვიროდა ბეკინა შვილის ნათქვამით
გაცეცხლებული. პლატონი კი წარბებშეხრილი,
სახედაღვრემილი იდგა ერთ ადგილას გაყუჩებული
ჯიუტად და დაბლა იმზირებოდა.

- რა იქნა, ღმერთმანი, რა გაქვთ ამდენი სადავიდარაბო,


რომ კაცმა თქვენგან ერთი ტკბილი სიტყვა ვეღარ გეიგონა
ამ ბოლო დროს?! სულ მობღუშვა, სულ უსიამოვნება! -
თქვა ამათ შემომსწრებმა ელენემ, რომელიც იქვე მიჯდა
ტახტზე, დამძიმებული. - მტრისას იქნას ასე, მტრისას.

- კაი, კაი!.. შენ არავინ გკითხავს არაფერს! - შეუტია


ბეკინამ.

პლატონმა მწყრალის თვალით გადახედა დედინაცვალს


და ისევ იბრუნა პირი.

- შენ არ მომიკვდე, არც მამას და არც შვილს არავინ არ


მოგიწონოსთ ეგ ამბავი!

ამისი თქმა იყო და პლატონი ეცა ელენეს; მოხუცებული


ქალი გაგორდა ტახტზე; ის იყო პლატონი მუცელში
უპირებდა წიხლის ჩარტყმას, რომ ბეკინამ ხელი ჰკრა;
წიხლი ასცდა ელენეს, მხოლოდ მჩატედ მოხვდა ხელზე.
პლატონი უცბად მოტრიალდა და ისევ უნდა ჩაერტყა
მეორედ წიხლი, მაგრამ ბეკინამ ხელი წაავლო
გამხეცებულ შვილს, რომელიც გიჟივით ჰყვიროდა:

- არ მოკვდები? არ მოკვდები? ახლაც არ მოკვდები! - და


ელენე მარჯვედ გამოისროლა კარებისაკენ.

ფეხმძიმე ქალის ყვირილმა იქაურობა შესძრა. პლატონი


ახლა სწორედ მხეცი იყო, შეუბრალებელი,
სისხლისმსმელი. მას უნდოდა მოესპო ის არსება,
რომელიც ახლა გაჰკიოდა, მისი სისხლი სწყუროდა,
გააფთრებული იწევდა მისკენ და უსათუოდ ცოდვას
დაატრიალებდა, რომ ბეკინას ძახილზე მელანო არ
შემოვარდნილიყო და გამგელებული პლატონი გარეთ არ
გამოეგდოთ.

- გამიღეთ, კარი გამიღეთ! - უცნაურად ღრიალებდა იგი. -


კარი გამიღეთ ახლავე! მელანო, კარი, თვარა შენც
მოგკალი ეს არი! მოშორდი ახლავე მაგ სასიკვდილეს!..
გეუბნები, მოშორდი-თქვა!

მაგრამ მელანო ბეკინასთან ერთად გულწასულ ელენეს


მოსულიერებას ცდილობდა, თავს დასტრიალებდა
საბრალო მოხუცებულ დედინაცვალს, რომლის სიცოცხლე
ბეწვზე ეკიდა.

ამ დღიდან პლატონი ნამდვილ ნადირივით შეიქმნა.


დღისით სადღაც დაეხეტებოდა, შინ მხოლოდ
საღამოობით მოდიოდა, ისიც დაწოლის ხანს. თვით
მელანოსაც აღარ სცემდა ხმას, ისეთ ხასიათზე დადგა.

ბეკინა ამსოფლად აღარ იყო ჯავრისაგან.

- მოვმკვდარიყავი... მარიკასთან ერთად მიწას შევეჭამე


და ამ დღეს არ მოვსწრებოდი ნეტავი! - ნაღვლიანად
ამბობდა მოხუცი.

იმედად ამ უბედურების გამოსაკეთებლად ისღა


დარჩენოდა, რომ ეგებ ელენეს ვაჟი არ მისცემოდა და
ქალიშვილი დაბადებოდა; ამას შეეძლო პლატონის
დამშვიდება და დაწყნარება; და ბეკინა მოუთმენლად
მოელოდა ამ დღეს და ყოველ წამში ღმერთს ამას
ევედრებოდა: ,,ღმერთო, ელენეს გოგო აყოლეო!..”

მაგრამ მალე ეს იმედიც მოესპო საწყალ ბერიკაცს: ელენეს


ვაჟი შეეძინა და ამასთან ყოველივე იმედი გაქრა
წინანდელი სიამტკბილობის ხელახლად დამყარებისა მის
ოჯახში.

მეტად დაჯავრიანდა ამის გამო ბეკინა. მისი მოწყენით


ყოფნა, უხალისობა შვილის შეძენის შემდეგ, მუნჯად
ყოფნა ცოლთან, გულს უთუთქავდა მელოგინე ელენეს,
რომლის მიმხედავი, მისი შემცოდებელი მხოლოდ
ერთადერთი მელანო იყო.

- ღმერთი გადაგიხდის, შვილო, ღმერთი, შენი


გულკეთილობისათვის! ღმერთი გადაგიხდის! ვენაცვალე
მის ძლიერებას, წვალებისა და უსიამოვნებისათვის
ვყოლივარ გაჩენილი იმ დალოცვილს... მადლობას
ვწირავ!.. რა ვქნა, რას ვიზამ?! ყოველ სულიერს თავისი
ბედი აქვს. რაში ეჭირვება ღმერთს ჩემი ტანჯვა-წვალება,
ჩემი გაჯახირება? ვის რა დავუშავე... ჩემით რა მიქნია
ვისმესთვის ცუდი?! - გულდაწყვეტილი, გაუხარებელი
თავის სიცოცხლეში, ელენე ცდილობდა დღევანდელი
მწუხარებაც მოთმინებით აეტანა.

რაკი პლატონს ძმა გაუჩნდა ქვეყანაზე, მან იმწამსვე


ცალკე გასვლა აიჟინა.
- ბიჭო, მე რას მიპირობ, მე, მოხუცებულ კაცს?! ნუ მისპობ
წუთისოფელს, ორიოდე დღე დამრჩენია მხოლოდ
სასიცოცხლოდ!.. ბიჭო, მამა ვარ შენი, რაც უნდა იყოს! სად
უნდა წახვიდე?

- მე ჩემიც ბევრი მყავს მოსავლელი! ჩემი ტვირთიც


მეყოფა... სხვას არ შევაკლა ჩემი თავი! მე ჩემსას
მოვუვლი, ჩემსას დავეპატრონები! - გაჯიუტებით და
გულცივად ამბობდა პლატონი.

- ბიჭო, მოხუცებულმა მამაშენმა რაღა ქნას? ხომ იცი, რომ


მე მუშაობა აღარ შემიძლია? ბიჭო, შებრალება აღარ იციან
თქვენში?

- მე შემიბრალა ვინმემ? - წაილაპარაკა პლატონმა და პირი


იქით მიიბრუნა.
- შევცდი, შვილო, შევცდი. აღარ მეპატივება? ნუ
მომიძულებ, შე კაცო, საბოლოოდ!.. მინდოდა, ასე რომ
მომხდარიყო? მეგონა? შემაცდინა ეშმაკმა... შენც იმედი
გქონდა, რომ ასე არ იქნებოდა... რა ვქნათ ახლა, ღმერთმა
ასე ინება... ჩვენ რა გაგვეწყობა! ნუ გამიმწარებ, შვილო, ამ
უკანასკნელ დღეებს, ნუ ჩამაშხამებ! ისევ, როგორც
წინათ, ვიცხოვროთ სიამტკბილობით... ღმერთი
ამისათვის მაგიერს გიზღავს, ხელს მოგიმართავს,
შეგეწევა, გაჭირებას შეგიმსუბუქებს... კი, შვილო, კი,
ჩემო საყვარელო! ვინ გეიგონა ჩვენი გაყრა! კი, ჩემო
პლატონ, კი! შენი კეთილი გულის ამბავი არ ვიცი განა?..
რაც შენ ჩემი სიყვარული გქონდა, ასე უცებ რავა
დამეკარგება, როგორ დევიჯერო?! კი, კი, ჩემო პლატონ! -
ემუდარებოდა ბეკინა გულამღვრეულ შვილს, მაგრამ
უკანასკნელს წინანდელი გულიც დაჰკარგოდა და
გრძნობაც. იგი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე.
პლატონს იმდენად სძულდა ახლადდაბადებული ბავშვი,
რომ არც თავად უნახავს და ცოლსაც ნებას არ აძლევდა
მასზე ხმა ამოეღო მასთან.

ბევრს შეეცადნენ მეზობლებიც, მამა და შვილი არ


გათვისებულიყვნენ, მაგრამ პლატონი ვერას გზით ვერ
დაიყოლიეს. ათასნაირ პირობებს უდებდა ბეკინა შვილს,
რომ მამულის ნახევარში მოზიარეთ არავინ
შეეცილებოდა, თუ გინდ ათი შვილიც მისცემოდა კიდევ,
მაგრამ პლატონი მაინც თავისაზე იდგა. მას ახლა ამნაირი
პირობებისა აღარა სწამდა-რა.

რამდენიმე თვის შემდეგ მამა და შვილი გაიყარნენ.


პლატონმა ძველ სამოსახლოზე დაშორებით ამოირჩია
ადგილი, ჩაიტანა სამზარეულო სახლი, შეიყვანა შიგ
თავისი ცოლ-შვილი და დაიწყო ისეთივე ცხოვრება,
როგორც ანტონა ბრეგაძემ, რომელსაც ამ ერთი წლის
წინათ ისეთი შეცოდებით მისჩერებოდა დავითის
აივნიდან.

ბეკინას მეტი შვილი აღარ მისცემია. საყვარელი შვილის


მიერ მოძულებამ მეტად დაანაღვლიანა მოხუცებული,
მეტად დაამწუხარა და ამ მწუხარებამ კიდევაც ხუთი
წლის შემდეგ ამ წუთისოფელს მოაშორა. სიკვდილის წინ
მან მოიხმო ”თავისი პლატონი”, აცრემლებული
თვალებით უკანასკნელად მიტევება სთხოვა ”მისი
სისულელისათვის, უჭკუობისათვის” და “შავ-დღეზე
გაჩენილი” ძმის, უდანაშაულო ჩვილის შებრალებას
ევედრებოდა. მართალია, პლატონმა აღუთქვა
მომაკვდავს მისი ნების ასრულება, მაგრამ ბეკინა
ადვილად ატყობდა, გრძნობდა, რომ გულწრფელად არ
ჰპირდებოდა; ძმებს კეთილი განწყობილება არასოდეს არ
ექნებოდათ; ატყობდა ბეკინა და საწყალ მომაკვდავს
შხამად ჩაჰყვა ეს გარემოება მიწაში.
და ბეკინა არ შემცდარა, რომ ისეთი წინათგრძნობა
ჰქონდა.

№-ის მომრიგებელი მოსამართლის სახლის აივანზე


ძალიან ხშირად შეგხვდებათ შავებით მორთული ხნიერი
დედაკაცი, რომელსაც ხან მზად დაკეცილი მისართმევი
თხოვნა უჭირავს ხელში, ხან ისეა - ხელცარიელი;
გვერდით უყენია ხუთი წლის პატარა შავთვალა მალხაზი
ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი
ქუდით თავზე, უქამროდ, და მოსამართლესთან მისვლის
დროის მოწევამდის ეს დედაკაცი გულდამწვარი უამბობს
ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოსეულ მაყურებელთ თავის
გაჭირვებას, უსაშველობას და მწუხარებას, რაც მათ
ორსავე დედა-შვილს ადგიათ მისი გერის, პლატონ
სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა,
აღარც საზღვარი, აღარც ადგილი და იძულებულს ხდის
საწყალ მოხუცებულ ქვრივ დედაკაცს იწანწალოს
ყოველკვირა სასამართლოში.

ეს დედაკაცი გახლდათ, როგორც თვითონაც


მიხვდებოდით, ბეკინა სამანიშვილის ქვრივი ელენე და
პატარა ბავში - შვილი მისი, რომელმაც ჯერ არც კი იცოდა,
რასაკვირველია, რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა
გაჩენამ და ამიტომაც ასე ხალისიანად იცქირებოდა აქეთ-
იქით და სიამოვნებით შეჰყურებდა მოფუსფუსე ხალხს.

1896 წ.
მსხვერპლი
ახალგაზრდა, ლამაზი მარინე პარასკევობაზე
ისტუმრებდა თავის ქმარს ნიკას.

- არ დაგავიწყდეს, - ეუბნებოდა იგი ქმარს: - ეს საჩოხე


შალი ხუთ მანეთ ნაკლებ არ გაყიდო; ამ გაროზში თუ
მოგცენ ორ მანეთ-ნახევარი გაყიდე, თუ არა და ისევ
სახლში მოიტანე... ეს ოთხი წიწილი სამ-სამ შაურად... ამ
გაროზში რომ ფულს მოგცემენ, იმითი ერთი კაი ბაღდადი
მიყიდე და მომიტანე...

- ბაღდადის ყიდვისა მე არაფერი ვიცი, - მიუგო ნიკამ.

- ნაცნობი ვინმე შეგხვდება, შე კაცო, შეეხვერწე და


გაყიდვიებს... მარა კარგი იქნეს კი!
- რა ფერის გინდა?

- თეთრი იქნეს... თუ გინდა ცისფერი... ფოჩვიანი თუ


იშოვო, ძალიან კარგი იქნება... ორ მანეთ-ნახევრად კარგ
ბაღდადს იშოვი.

- ფულები აღარ გეტევათ ზანდუკებში? - თქვა ამ


ლაპარაკის დროს სახლში შემოსულმა მაღალი ტანის,
ცოტათი წელში მოხრილმა, მოხუცებულმა დედაკაცმა: -
ფული არ გეტევათ ზანდუკებში?

- სახლში მოსატანი ფულისათვის, ბატონო, საჩოხე შალს


ვატან და ოთხ ახალ ქათამს.... ბაღდადს მარტო გაროზის
ფასი მიყიდის... ყველას ახურავს თითო ბაღდადი, მე კი
უბრალო თავსაფრით დავდივარ ეკლესიაზე... მარტო
მრცხვენია!.. - თავდაბლად უპასუხა მარინემ მოხუცებულ
დედამთილს.

- ათასჯერ მითქვამს შენთვის... სხვისი წამხედურობა


შენი საქმე არ არის, არა... ჩვენ არ გვარგებს, ქალბატონო,
არ გვარგებს... რომ ვერ ჩავაგონე!.. შენ, ვაჟბატონო,
ბაზრობა რომ გათავდება, მაშინ წადი, შენმა სიცოცხლემ, -
მიუბრუნდა ფეფენა ნიკას: - რას გაჩერებულხარ?.. გასწი
შენთვის და დროზე მოდი სახლში... ფული თელათ
მოიტანე!..

ნიკამ, დედის ბრძანებაზე, სიტყვაშეუბრუნებლად,


მოხვია ხელი რაც წასაღები იყო და საჩქაროდ კარში
გავიდა. მარინე კი გულამღვრეული მისჩერებოდა, თვალს
არ აშორებდა ფეფენას.

- გეუბნები, პრანჭვა-გრეხას თავი დაანებე-თქვა!.. რაღა


დროს შენი კოპწიაობაა... ვის ეპრანჭები, მითხარი ერთი?
ქმარი გყავს, იმას მოაწონე შენი თავი... ამ სხვებზე რომ
თვალი მიგირბის..

- ვის სხვას ვეპრანჭები, ბატონო?.. ვის ვეპრანჭები,


მითხარით მაინც, რომ ყოველდღე ამას მეუბნებით?..

- მუსაიფი გამაბმევიე ახლა მაგაზე!.. - შეუტია


მოხუცებულმა.

- აბა, რა ვქნა, ღმერთმანი? ასე ტყუილაუბრალოდ


შეწამებამ გული მომიკლა!..

- ტყუილაუბრალოდ? ჰმ! ტყუილაუბრალოდ?.. მე გული


მომეხარჩა, ჩემო ქალბატონო, შენ რომ გიყურებ... გესმის,
შენ რომ გიყურებ, გული მომეხარჩა!..

- რა ვქენი მაგისთანა? რა დავაშავე? - ცხარედ წარმოსთქვა


ქალმა: - მითხარით მაინც, რა დავაშავე?

- ეგ თქვენი ახალი განათლება არ მინდა მე, არა; არა-


მეთქი, გეიგონე ჩემი... ნუ იცი ყოველ კაცთან შენებურად
ლაქლაქი, დოურიდებლად ყბედობა, არ შეგფერის ეგ
ცუნდრუკი და კისკასი... არა, არა... მე ვიცი, რა ბოლო
მოჰყვება მაგისთანა თავისუფლებას...

- მე აღარავის ვცემ ხმას... ყველას ჩამოვეთხოვე... სულ


მუნჯად კი ვერ გადავიქცევი, რა ვქნა!

- ყველას ჩამოეთხოვე, ყველას ჩამოეთხოვე... ხმას


აღარავის ცემ?.. აბა, ეს გლახაკი, გაქუცული აზნოუშვილი
დავითი რას დაწანწალობს ჩემს სახლში? რა უნდა
კარუგდელაძეს ჩემს ოჯახში?.. მანამდის როდის ყოფილა
იგი ამ ჩემ მიდამოზე მოსიარულე?.. ასე ჩამოეთხოვე
ყველას?..
- ბატონო, მე ვერ ვეტევი ვერაფერს იმ ადამიანს... თქვენ
უფროსი ბრძანდებით... თუ გწყინთ მისი აქ მოსვლა,
თქვენ დეითხოვეთ და ის იქნება... მე რა ბრალი უნდა
მედებოდეს... - მარინეს ხმაში შეკავებული ცრემლები
ეტყობოდა.

- მე დევითხოვო?.. თუ შენ, თუ შენ, შენ უნდა დაანახო,


რომ ტყვილა დაგდევს უკან?.. გამიფრთხილებიხარ,
იცოდე, რომ რამე სირცხვილი მაჭამო, ოჯახი გამიხადო
ქვეყნის სალაპარაკოდ, სამასხაროდ ასაგდებად, იცოდე,
ან შენ და ან მე!.. არაფრით არ დაგზოგავ, ცოცხალი ვერ
გადამირჩები, იცოდე! - და ამ სიტყვებთან ფეფენამ
ისეთნაირად გადახედა მარინეს, რომ ეს უკანასკნელი
აქედანვე უნდა დარწმუნებულიყო: ეს, თავისნება
მოხუცებული დედაკაცი, ერთ გუნებაზე მართლა და არ
დაზოგავდა მას არაფრით.
- ოჯახს უყურე... ოჯახზე გქონდეს უფრო თვალი,
გირჩევნია... თვარა, შენისთანა განათლებული ქალი ერთი
კი არ გვინახავს შერცხვენილი და თავსლაფდასხმული
თავისი გაუფრთხილებლობის წყალობით! - წაილაპარაკა
ფეფენამ და რძალს მოშორდა.

რა პასუხი მიეცა ამაზე მარინეს? რა მიეგო ამ სიტყვებზე?


ან როგორ მოახერხებდა რაიმე პასუხი მიეგო, როცა ტანი
მთლად უცახცახებდა აღელვებულს და ყელში ცრემლები
უჭირებდნენ... რარიგად გაჰქილა, ტალახში ამოსრისა
მისი თავმოყვარეობა, მისი ნამუსიანობა და სიყმაწვილე
ამ უსინდისო დედაბერმა?! მერე რისთვის? მხოლოდ
ეჭვისათვის!.. ჰმ, ერთი ამ მოხუცებულის ფეხქვეშ
მოთელვა, მისი ჩაწიხვლა! - მაგრამ ეს აზრი, ეს სურვილი
წარეცხა თვალებიდან ერთბაშად ნაკადულივით
გადმოკრიალებულმა ცრემლებმა.
ამ ცრემლების სიმწვავემ თითქოს გამოაფხიზლა მარინე -
კაბის სახელოთი მოიწმინდა თვალები, მიტრიალდა და
გავარდა კარში; დაეშვა ეზოს ქვემოთ მდებარე
ვენახისკენ, გადახტა ვენახის ბოლოში ღობეზე და
შარაგზით მიჰქროდა და თან იძახდა: ,,რა ვქნა, რა ვუყო ამ
დედაბერს?.. ღმერთო, რა ცეცხლში ჩავვარდე?!”

მან მიირბინა თავისი ქმრის ბიძისას.

- ბიძია, ბიძია ჩემო, თავი უნდა მოვიკლა! - ძლივს


ამბობდა აღელვებული მარინე.

- რა იყო? რა ამბავია, შე ქალო? - ერთხმად შეჰკითხეს


ორთავე ცოლ-ქმარმა, ონისიმემ და სოფიომ, მარინეს
შეხედულობით გაკვირვებულებმა.
- ბიძია, ან ჩემი თავი უნდა მოვიკლა, ანა-და ის დედაბერი,
ის მართლა კუდიანი, არაწმინდა, ის უნდა მოვკლა... მეტი
გზა არ მაქვს... გამიჭირდა, სიცოცხლე გამიჭირდა მისგან!

- რა დაგემართათ, რა მოგივიდათ? - ისევ კითხულობდნენ


მოხუცებულები. - დაჯექი, შვილო, და ისე გვიამბე! -
უთხრა სოფიომ.

- ყველაფერს ვითმენდი, ყოველ იმის სიპილწეს


ვუძლებდი...შეხედავდა, მეგონა, რომ არა ვარ ოჯახზე
ორგულად... რომ ცუდი არაფერი მჭირს... რა არ ამიტანია
სიტყვის უთქმელად... მეგონა, მცდის-თქვა...
ვცდილობდი რამერიგად მისი ოხერი გული მომეგო... მარა
არაფერი, არაფერი მე მასთან არ გამივიდა... კაცს ხმას ნუ
გაცემო, კარგად ნუ იცვამო... ძონძებში რავა გამოვეხვიო,
როცა, ღვთით, ვშოულობ, ვხელსაქნარობ... ქმარს - ის
უიმისოდაც სულელია - ქმარს მიხელებს, რას არ ეუბნება,
აგულიანებს... დღეს რეები არ გამაგონა?!. რა არ მითხრა?!.
რა არ შემწამა?!. რატომ იქვე არ მოვკვდი!.. რა ეჭვები
შემოაქვს ჩემზე?.. ღმერთო, ღმერთო, რატომ ვარ ცოცხალი
ამის შემდეგ?! - და მარინემ დაწვრილებით უამბო
ონისიმეს და სოფიოს დედამთილთან ნალაპარაკევი.

- ბიძია, ბიძია! - საყვედურით უთხრა მან ონისიმეს: -


ბიძია, შენ ჩამაგდე ამ გენიაში!.. რატომ მოიკიდე ჩემი
ცოდვა?.. რაზე ათხოვიე ჩემი თავი მაგ ოხრებს! - მარინე
მწარედ მოსთქვამდა.

ისიც საკმარისი იყო ონისიმესათვის, რასაც მოჰყვა მარინე


და ამ საყვედურმა, ამ საყვედურის ცხარე სიტყვებმა ხომ
მოხუცებული მისი გულის მონად გახადეს.

თოფნაკრავივით წამოვარდა ზეზე და წამოიძახა:


- მერე ის შენი სულელი ქმარი, ის სულელი ბიჭი... -
გაჯავრებული კაცი სიტყვებს ძლივს ახერხებდა.

- დედამისს რას გაუბედავს... კაცია?! - ქვითინებდა


მარინე.

- დალახვრათ ჩემმა გამჩენმა!.. სული მიცხონდა, მე იმათ


შავი დღე მივაყენო!.. შეჩვენებულს... იმ კუდიან
დედაკაცს!.. შეხედეთ ერთი!.. - ყვიროდა ონისიმე.

- მოითმინე, კიდევ მოითმინე, შვილო, - ალერსით და


ტკბილად ეუბნებოდა სოფიო და თან ეხვეოდა: - კიდევ
მოითმინე, შვილო... სულ ასე კი არ იქნება... ისიც
დარწმუნდება, შეხედავს, რომ ცდება... ტყვილა
გიჯავრდება... კი, შვილო, მოთმინება ჯობია!..

- მოთმინება კი არა!.. ორსავე დედა-შვილს სულს


ამოვხდი... თუ ადამიანის დაფასება არ იციან მაგ
შეჩვენებულებმა! მე ოვუხელ თვალებს, თუ კაცი ვარ;
შენ, ბიძიკო, - მიმართა ონისიმემ მარინეს: - შენ სულ ნუ
წახდები... შიშს ნუ მიეცემი... მე ვიცი და იმათ... მე ახლავე
წავალ იმ წყეულთან, - წამოიძახა ერთბაშად ონისიმემ: -
ახლავე წავალ!.. მომე, ქალო, ღვედი!

- კაია, თუ ღმერთი გწამს, კაია, ონისიმე!.. ნუ


აცერცეტდები, - უთხრა ქმარს სოფიომ: - რა დროს
ფეფენასთან ლაპარაკია ახლა... გვაცალე... დაწყნარდეს ის
ადამიანიც... ახლა რომ მიხვიდე მასთან, უარესად
გაახელებ, მეტი რა იქნება... მერეც შეხვდები და ეტყვი
ტკბილად, სიტყვამოფიქრებით... უკეთესიც იქნება, თუ
შენ სულ არ გაცემ ამაზე ხმას... ისევ მე მოველაპარაკები...
მე ვიცი მასთან ლაპარაკი.

თუმცა ონისიმე ძალიან იწევდა რძალთან საჩხუბრად,


მაგრამ სოფიომ იმდენი მოახერხა, რომ ბოლოს ეს
სურვილი გადაათქმევინა ქმარს, მერე მარინეს მიაქცია
თავისი ყურადღება და თავისი ტკბილი ხმით,
მოხერხებული სიტყვით, შაქრიანი ენით სრულიად
დაამშვიდა, დააწყნარა, გული გაუკეთა, ათასი იმედი
გაუღვიძა და ისე გაისტუმრა რამდენიმე ხნის შემდეგ.

- გეუბნებოდი, ნუ ერევი-თქვა იმ შენი ძმისწულის ქალის


თხოვაში, ბოლოს შეგარცხვენენ და სამწუხაროდ
დაგირჩება-თქვა, და ხომ გამართლდა ჩემი სიტყვა!..
წინდაწინ ვიცოდი, რომ ასეთი ამბავი იქნებოდა... და
ამიტომ მეშინოდა ყოველთვის... - საყვედურით
ეუბნებოდა სოფიო ქმარს, როცა მარინე წავიდა.

- სიკეთე მინდოდა, სიკეთე, დედაკაცო, მაგ


შეჩვენებულებისათვის... გაუწყრა მაგათ ჩემი გამჩენი!..
კაცი არ ვიქნები, თუ მე მაგენი რჯულზე არ მოვაქციო!..
კაცი არ ვიქნები!.. მაგ წუნკლიან, არაწმინდა დედაბერს
ასე რავა შევარცხვენიებ ჩემს თავს!

- კაი, კაი... კაია, დაწყნარდი! - შეუტია ქმარს სოფიომ: -


ვის ახსენებ მაგრე... ვის ექადნები, შე უბედურო,
გავიწყდება?

- მისი კუდიანობის შენისთანა დედაკაცებს ეშინოდეს...


მე სულაც არ მეშინიან მისი!.. მის კუდიანობას ჩემზე
გასავალი არა აქვს! - გაცხარებით წამოიძახა ონისიმემ.

- შენისთანებს გამოუცდიათ მისი ძალ-ღონე...


დიდგულზე ხარ, ზურგს უკან რომ ლაპარაკობ! ვითომდა
ვერ გეიგებს... რასაკვირველია, ამ იმედით იყავი!..
ონისიმე, თუ ღმერთი გწამს, თუ შენი ოჯახი გებრალება,
დაჩუმდი... ნუ იხსენებ ცუდად იმ შენს რძალს... არ
ივარგებს... - თითქმის ხვეწნით უთხრა სოფიომ.
- აბა, ფეხქვეშ გეველალო, ა?.. რას მეუბნები, დედაკაცო!
კუდიანს, არაწმინდას ასე რავა დავუმორჩილდები,
ღმერთო მომკალი!..

- ჩუ თქვა, ჩუ, შე უბედურო! რომ არაფერი ეყურება ამ


კაცს, კაცის სიტყვა რომ არ ეყურება!.. რა გუნებაზე ხარ
დღეს?.. აქამდის ყოველთვის მის ცუდ ხსენებას
ერიდებოდი... დღეს რა ამბავია. რა ამბავია ეს?..

- რა ამბავია და ის, რომ გული მომიკლა იმ ბოვშის


საყვედურმა... მართალია, სულ მართალია!.. მე ჩავაგდე
იგი მაგათ ხელში... მე რომ არა, ნიკას ვინ ოხერი მისცემდა
ქალს!.. არ მემართლება საყვედური?.. რავა არ
გავცეცხლდები, შე ქალო!

მოხუცებული არ წყნარდებოდა; მშიშარა სოფიო თავს


იკლავდა მისი მაყურებელი და აქედანვე ხედავდა ათას
უბედურებას, ფეფენასაგან მათ თავზე მოვლენილს.
ტიროდა ქალი და წუწუნებდა ქმრის ჯიუტობის გამო,
მაგრამ ის კი მაინც მოახერხა, რომ ონისიმეს ფეფენასთან
წასვლა გადაათქმევინა.

გაიარა რამდენიმე დღემ.

ნაშუადღევი იყო. ონისიმემ თავის ეზოდან თვალი


მოჰკრა გზად მიმავალ ფეფენას. იგი მიდიოდა ქვევით
ყანის დასახედავად.

- მომითმინე, მომითმინე! - გადმოსძახა ონისიმემ რძალს,


- საქმე მაქვს შენთან!..

ფეფენა შეჩერდა.
- ახლა მოგელაპარაკები შენდა საკადრისად! -
გაბედულად წამოვიდა ონისიმე, მაგრამ რარიგად
უმტყუნა ამ გაბედულებამ, როცა იგი მიუახლოვდა ამ
მაღალი ტანის დედაკაცს, რომელიც ჯოხზე დაბჯენილი
იდგა შარაგზაზე. ფეფენას მოხვეულ შალქვეშ, რომლის
ერთი ყურით ყბა ჰქონდა ამოკრული, უჩანდა მხოლოდ
ცხვირი და მკაცრად გამომზირალი თვალები. ამ ცოტათი
წელში მოხრილ დედაკაცში რაღაც ძალა იყო დამალული,
ამას გრძნობდა ყოველი ადამიანი მისი დანახვისთანავე.
მისი შეხედულება გაგრძნობინებდათ, რომ იგი სხვა
დედაკაცს არ წააგავდა, რომ მასში სულ სხვანაირი
ხასიათი იყო დაფარული; მისი კუშტი გამოხედულება
სხვანაირად მოქმედებდა ყველაზე, ვინც მას
მიუახლოვდებოდა. ამას ზედ ერთვოდა მისი
განმარტოებულად ყოფნა, მეზობლებთან მიუკარებლობა
და ყოველივე ეს იყო მიზეზი, რომ სოფლად კუდიანობას
სწამებდნენ, - ყველას მისი ეშინოდა და ყველა მას
ერიდებოდა.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თუმცა დიდგულად წამოვიდა


ონისიმე რძლისაკენ, მაგრამ გაბედულებამ უღალატა და
წყნარად უთხრა:

- რა ხანია შენი ნახვა მინდოდა!

ფეფენა ხმაგაკმენდილი იდგა, მისჩერებოდა მაზლს,


თითქოს ეუბნებოდა თვალებით: ,,რაზე გამაჩერე, თქვი
ბარემო!..”

ონისიმეს შერცხვა თავისთავის, რომ წინათ ისე


იქაჩებოდა და ახლა კი სულ სხვანაირ კილოზე დაიწყო
ლაპარაკი და მოხუცებულმა კაცმა თავგამეტებულად
სცადა, თავის წინაშე მაინც, დაემტკიცებინა, რომ მას
მართლადაც სულ არ ეშინოდა კუდიანი ფეფენასი.
- რატომ ხართ ასეთი ავები! - დაიწყო მან: - რატომ ხართ
ასეთი ავები, რომ ადამიანი ვერ გიგუებიათ!..

ფეფენამ თვალები მიაშტერა.

- რა ამბავია? - კუშტად წამოისროლა მან.

- მარინესთანა ანგელოზი ქალი ადამიანმა ვერ იგუოს?!


აღარ ვიცი... აღარ ვიცი!.. რომ არაა ცუდი ქალი... რატომ
გემართებათ ასეთი საქმე?.. მიკვირს ღმერთმანი...
ნამეტანი მიკვირს... და მწყინს!..

- ჰმ! - ჩაიცინა ფეფენამ: - ადუკანტობა დეიწყე?.. საქმე


გამოგლევია, გეტყობა... ადუკანტობა რა შენი საკადრისი
ხელობაა!..
- ადუკანტი ვარ თუ რაცხა ვარ, მე საქმეზე გელაპარაკები,
რძალო! ეგ ბოვში მე ვათხოვიე შენს შვილს... მისმა
ჭირისუფალმა მე ჩამაბარა მისი თავი და მარინეს ამბავი
ყოველთვის მეკითხება, შე ქალო!

- რა გინდა მერე?

- ცუდად ეპყრობით, გეუბნებით!

- მიჩივა?

- კი არ გიჩივა, მე თავათ ვხედავ და პირში გეუბნები!..


ურიგო ქალი იყოს, მესმის, და რომ არაა ურიგო, რატომ?..
რატომ?

- ონისიმე, ხომ იცი, რა გაჭირვება გამომივლია მე შენი


ძმის ოჯახში... ყმაწვილი ქალი დავქვრივდი და
გამოუცდელს ოჯახი მე დამაწვა კისერზე... რა ოჯახი?
სარჩო რომ არ მოდიოდა!.. ვინ იყო ჩემი შემფარე,
მშველელი?.. ყანას მე ვხნავდი, მე ვწმენდდი, მე
ვიწევდი... თან ბოვშსაც ვზრდიდი... შემწე ვინ მყოლებია?
ყველაფერი მე ვიყავი, მე, მარტოხელა ქალი!.. ვის უნახავს
ჩემოდენი გასაჭირი?.. ვის გამოუცდია, რაც მე
გამოვცადე?.. მეზობლობას ჩამოვრჩი - ჩემს საქნარს
ვუნდებოდი და ზოგიერთს ჭკუათხელს ჰგონია, ვითომ
მე ადამიანი მძულს და იმიტომ არ ვეკარები არავის!.. მარა
სხვის უგუნურ სიტყვას არ ავყოლივარ ჩემს დღეში...
ოჯახი კი ფეხზე დავაყენე... ჩემი თავი ნამუსიანად
შემინახავს... ჩირქი ოჯახისათვის არ მიმიცხია და რომ
ამდენი ტანჯვა-წვალებით შემონახულ ოჯახს ვინმემ
თავსლაფი დაასხას, ქვეყნის სასაცილოდ გამიხადოს, მის
სისხლს დალევს ფეფენა, იცოდე! მის სისხლს დალევს
ფეფენა! - და აღელვებული მოხუცი დედაკაცი თავის
გრძელ ჯოხს ურტყამდა მიწას.
- ეგ აგრე უნდა იყვეს... მაგაში მართალი ხარ, ფეფენა!
მაგრამ მარინემ გაფიქრებია მაგისთანა რამე?!. შე ქალო,
შენი რძალი ყმაწვილი ქალია, რა ვუყოთ, რომ ჩაცმა-
დახურვა ეხალისებოდეს... ეგ რა საშიშარი უნდა იყვეს?..

- რა საშიშარია?! რა მისი საქმეა პრანჭვა-გრეხა, თუ ცუდი


რამ გულში არ ჰქონდეს!.. მე, ჩემო ბატონო, ხამის ლურჯი
კაბითაც კარგად გამიტარებია ჩემი წუთისოფელი!

- მე და შენი დრო სხვა იყო, ფეფენა, ახლა სხვა დროა...

- ეგ არის, რომ სხვა დრო დადგა!.. ახლანდელი ქალები?!.


ძველი სინიდისიანობა გაჰქრა... ყველა ამჩატდა...
უტიფარნი შეიქნენ მორიდებასაც გადაეჩვივნენ...
აღარაფრის რცხვენიათ... გათამამდნენ... რატომაც არ
გათამამდებიან, როცა შენისთანა გულკეთილი კაცები, -
დაცინვით წარმოსთქვა ფეფენამ, - ამართლებენ,
დასტურს აძლევენ და მათი საქციელის მოწონებაში
ბრძანდებიან. ქვეყანა კი გეირყვნა! შენი წყალობით,
ჩემდა გულის სახეთქად, ერთი ამისთანა მეც
ჩამომივარდა ოჯახში და სიცოცხლე გამიმწარა!.. რად
უნდოდა ჩემს გლახაკს ლამაზი გოგო... ძროხასავით რომ
დარბის სუყველგან და იმის ფიქრშია, თუ ვის მოაწონოს
თავისთავი!

- ტყუილია, სულ ტყუილია შენგან მისი ავად ხსენება,


ფეფენა, დამიჯერე!

- ტყუილია, დიახ, ტყუილია!.. ჰმ! გახრეკილი დავით


კარუგდელაძე ვინ შემომითრია სახლში?.. როდის იყო ის
ჩემს ოჯახში მარინეს მოყვანამდის, ახლა რომ ძაღლივით
დაწანწალობს?! წინათ ისიც კი არ იცოდა, მქონდა სახლი
თუ არა!.. გოგოს დასდევს და მაგასაც დიდად მიაჩნია ეს!..
შენი წყალობით მომდის მე ეგ, შენ გადამკიდე უტიფარ
სულიერს, შენ, ვაჟბატონო!.. და შენ მარიგებ თავის
ნებაზე მივუშვა სინდისდაკარგული წყეული გომბიო,
რომ საძაგლობა ჩაიდინოს და ქვეყანაში ოჯახი
შემიგინოს?!.

- ფეფენა, ნუ ხარ აჩქარებული ქალი!.. ნუ ხარ ასეთი


უსამართლო, და გულფიცხობამ საცოდაობა არ
გაქნევინოს!

- აბა, ვუყურო, გულგრილად ვუმზირო ყველაფერს, რაც


ჩემი თვალების წინ ხდება... არა?.. სირცხვილს რომ
მაჭმევენ, მერე გამოვეკიდო საქმის გამოკეთებას?.. მაშინ
გვიან იქნება, ჩემო ბატონო. მე თვალი მაქვს და ჭკუა
თავში ჯერ არ გამომლაყებია, ზოგიერთივით!.. შენი რჩევა
ჩემთვის უსარგებლოა, თავს ნუ იწუხებ, ნუ, ნუ იწუხებ!
და შენთვის კი ეგ მითქვამს: კმარა, კმარა, რაც სიკეთე
დამმართე, და შენი ჭკუით ჩემი ოჯახის საქმეებში ნუ
ეჩრები, იცოდე, დამითხოვიხარ... დამითხოვიხარ, იცოდე...
და კარგად დეიმახსოვრე ეს, გესმის?

ეს უკანასკნელი სიტყვები ისეთი დამუქრებით და თან


ზიზღით წარმოსთქვა დედაკაცმა, რომ ამის გამგონე
ონისიმე სულ სხვა კაცად გარდაქმნა. ახლა დაავიწყდა მას
ფეფენას კუდიანობაც, მისი ძლიერებაც და მხოლოდ
თავისი წყენა, თავისი თავმოყვარეობის შელახვა, თავისი
შეურაცხყოფაღა ედგა თვალწინ და ეს იყო მიზეზი, რომ
მან, გაცეცხლებულმა, უცნაური ხმით მიაყვირა ფეფენას:

- თუ ეგრეა, ჩემიც დეიმახსოვრე!.. ჩემს მოხუცებულობას


ვფიცავ, მარინეს რომ ცუდი რამე შეამთხვიო, ვერც დედა
და ვერც შვილი ცოცხალი ვერ გადამირჩებით! ცოცხალი
ვერ გადამირჩებით, იცოდეთ! ჰაი, თქვენი რჯული,
გაგიწყრათ ჩემი გამჩენი! ცოცხლები ვერ გადამირჩებით,
იცოდეთ!

ათრთოლებული ონისიმე უცბად მოტრიალდა და თავისი


სახლისკენ წავიდა. მაგრამ ერთი კიდევ მოტრიალდა და
გადასძახა რძალს:

- კარგად დეიმახსოვრე ჩემი სიტყვა... ცოცხლები ვერ


გადამირჩებით, თქვე შეჩვენებულებო!..

- რა ქალი მოვაყვანიე მაგ დაწყევლილს და რას


მეუბნებიან, შეხედოს კაცმა ერთი?! კაცი არ ვიქნები, თუ
შენისთანა ურჯულო და არაწმინდა რჯულზე არ
მოვიყვანო!.. შეჩვენებულები, შეხედეთ, შეხედეთ ერთი!

ფეფენა კი ერთ ხანს ისევ თავის ადგილას იდგა და


მისჩერებოდა გაჯავრებულ, გაწიწმატებულ, მიმავალ
მაზლს, მერე თავის გზას დაადგა და ქვევითკენ წავიდა
ყანის დასახედავად.

სოფიო, მშიშარა სოფიო, შიშმა აიტანა, რაკი ყური მოჰკრა


რძალ-მაზლის ლაპარაკს... მან კარში გამოსვლაც ვერ
გაბედა საწყალმა, ვიდრე ფეფენამ არ ჩაიარა; სოფიომ
გააღო სახლის კარი და ქმარს საყვედურით მიმართა:

- ვიცოდი, წინდაწინ ვიცოდი... რომ ასე გათავდებოდა


შენი მასთან მუსაიფი!.. ღმერთო, მომკალი, ღმერთო,
მომკალი!.. გამოტვინდი, შე უბედურო, გამოჩერჩეტდი, შე
საწყალო?! გეხვეწე, გემუდარე ნუ შეებმები-თქვა
ლაპარაკში... არა, არ დეიჯერა, არ დეიჯერა ადამიანის
სიტყვა! ღმერთო, ღმერთო! - გაიძახოდა მწუხარედ
სოფიო.

- მაშ რა მექნა, ერთი შენც?.. მოთმინებიდან გამომიყვანა


იმ წყეულმა, იმისთანები მითხრა... მკვდარი ხომ არა ვარ...
რარიგად მომეთმინა?.. მკვდარიც არ მოუთმენდა, მე რომ
იმან მითხრა!

- უნდა მოგეთმინა, უნდა მოგეთმინა!.. ვის ებრძვი, ვის,


შე უბედურო? რატომ არ ერიდები, შე უბედურო, რატომ
არ ერიდები? ვინ გიშველის, ვინ დაგიფარავს, შენზე
ჯავრის ამოყრა რომ მოინდომოს?

- ვერაფერს მიზამს! - დაჟინებით წამოიძახა ონისიმემ.

- დიახ, დიახ, მაგ იმედით იყავი, მაგ იმედით იყავი!..

ქმრის ამგვარი ჯიუტობა გულს უკლავდა საწყალ


სოფიოს.

- ეჰ, ერთი შენც კიდევ! - გაჯავრებით თქვა მოხუცებულმა


კაცმა: - რასაც მიზამს, ქნას და ის იქნება!.. წავალ ახლა,
მუხლზე მოვეხვევი, შენი მეშინია და მაპატივე-თქვა, თუ
რავა გგონია?..

- ვაი ჩემი ბრალი შენს ხელში... არ ვიცი შენი ჯიუტი


ხასიათის ამბავი თუ?.. ისევ მე უნდა დავაშოშმინო რამე
გზით... ისევ მე უნდა დავაწყნარო!.. ვაი ჩემი ბრალი შენს
ხელში, ყოველთვის გულისხეთქაში ვარ შენი წყალობით...
- სასოწარკვეთილებით წარმოსთქვა მშიშარა დედაკაცმა.

ფეფენამ დახედა ყანას და ახლა უკანდაბრუნებული


იმავე გზით, სახლისაკენ მოდიოდა. თავჩაღუნული, ნელი
ნაბიჯით მომავალი, ჯოხზე დაყრდომით, იგი ათას
ფიქრებში იყო წასული... რამდენი მწუხარება, რამდენი
უსაიამოვნება შეხვდა ამ ბოლო დროს!.. ახლაც, ამ ერთი
საათის წინ რა ლაპარაკი მოუხდა?! რარიგად გაუწვალდა,
გაუუგემურდა მოხუცებულობა ამ გლახა გომბიოს
გამოისობით? რარიგად მოუშხამა სიცოცხლე ამ უხეირო
გოგომ! რა უყოს, რარიგად აიცდინოს თავიდან
განსაცდელი, აიცდინოს ქვეყანაში თავისმოჭრა?..
განსაცდელი მოელის, უსათუოდ მოელის, ამაში
დარწმუნებულია ფეფენა... რარიგად უჭირავს თავი იმ
შეჩვენებულს! ვის გაუგონია გათხოვილი ქალის კისკისი,
გაუთავებელი სიმღერა, ცეკვა-თამაში ისე, როგორც მან
იცის?.. გაგონილა ისე თამამად, მოურიდებლად,
თავისუფლად ლაპარაკი, მან რომ კაცებთან ლაპარაკი
იცის?.. რას ჰგავს, რავა შეჰფერის ქმრიან ქალს, მან რომ
მოკაზმვა-გამოპრანჭვა იცის?! ეს გახრეკილი
აზნოუშვილიც რომ შემოუთრია სახლში!.. ალბათ იმედს
აძლევს, იმედს! აბა, რაზე დასდევს ეს შეჩვენებული ასე
მოუცილებლად... ამ უნამუსოს კი უხარია,
რასაკვირველია, უხარია, რომ აზნოუშვილი უკან
დამდევსო!.. უჭკუო, გამოტვინებული ონისიმე კიდევ
ამართლებს და... ხმა არ გასცეთო!... დიახ, სწორედ ეგრე
იზამს ფეფენა! სულ თავისუფლად ამყოფებს, სანამ
თავზე ლაფს არ დაასხამენ!.. სულს ამოხდის, თავის
ხელით წაახრჩობს ფეფენა, ვინც მის წვა-დაგვით
შენახულ ოჯახს რამე ჩირქს მოსცხებს, ცუდ სახელს
დაუგდებს!...

ცალკე ამ ფიქრებში გართული, ცალკე დაღლილი, ნელა


მომავალი ფეფენა ის-იყო ვიწრო ორღობიდან ფართო
გზაზე გამოვიდა, რომ რაღაც ხმა მოესმა, რომელმაც
მოხუცებული ქალი ფიქრებიდან გამოიყვანა. მან ასწია
თავი და გაიხედა იქით, საიდანაც ხმა მოესმა.

გაფითრებული ფეფენა თითქოს მიეკრა იმ ადგილს,


სადაც იდგა.

ეს მარინე იყო, ჩაფი ედგა მხარზე და მორბოდა ზევითკენ.


ფეფენამ ადვილად იცნო; მას ელაპარაკებოდა ღობეზე
მომდგარი დავით კარუგდელაძე, რომელმაც ახლა
მარინეს უკან მიაძახა:

- კვირას მოვალ, უსათუოდ გეწვევი... კაი მასპინძელი თუ


დამიხვდები!

მარინე ისევ მირბოდა და დავითიც ღობეს მოშორდა.

სისხლი თავში აუვარდა მოხუცებულ ფეფენას ამ


სურათის დანახვაზე. ახლაც ტყვილად ეწამება იგი
მარინეს, ახლაც სცდება თავის ეჭვში? იმ ზომამდის იყო
გააფთრებული, რომ მოსაზრების ძალაც კი დაკარგა
ნახულის მოულოდნელობით. თავდაპირველად ვერ
მოისაზრა - რა ექნა, რარიგად მოქცეულიყო, მერე კი ისევ
გონზე მოვიდა, მოშორდა იმ ადგილს, სადაც
გაქვავებულივით იდგა, მიირბინა ღობესთან, სადაც
დავითი იყო გადმოწოლილი, ერთი თვალის
დახამხამებაში ახტა ღობეზე და ყანაში გადახტა, მიავლ-
მოავლო ყანას თვალი და რომ ვერავინ ვერ დაინახა,
ხმამაღლა დაიძახა:

- სად ქვესკნელში ჩამძვრალხარ?.. შე წუწკო, უსინდისო,


შენ, - მერე, ვითომც რაღაც გაახსენდა, გამოტრიალდა,
ისევ გადმოხტა ღობეზე და შარაგზით ზევითკენ
ძუნძულით წავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ იგი დავით კარუგდელაძის ეზოში იყო.


დავითის ცოლი, ნატალია, რომელიც აივანზე იჯდა
ხელსაქნარით ხელში, კიბესთან შეეგება მას.

- მობძანდი, მობძანდი, ჩემო ფეფენა! რას მივაწერო, რომ


გაგვიხსენე... სულ დაგვივიწყე, შე ქალო!

ფეფენა ავიდა დაბალი კიბით აივანზე ჯოხით ხელში.


- კესარია, გოგო! სკამი მოართვი ფეფენას! - დაუძახა
ნატალიამ მოსამსახურეს.

- დასაჯდომად კი არ მოვსულვარ! - მკვახედ წამოიძახა


ფეფენამ.

ნატალიამ იცოდა ამ დედაკაცის ხასიათი, მაგრამ ამ


სიტყვის კილომ მაინც გააკვირვა იგი.

- რა იყო, შე ქალო! რა ამბავია?.. ხომ არავის უწყენიებია


შენთვის? - ჰკითხა ნატალიამ, მაგრამ იქვე დაატანა: - მარა
შენ ვინ გაგიბედავს, გაწყენიოს რამე.

- შენს ქმარს ჩემი ოჯახის თავსლაფის დასხმა


მოუნდომებია... - ძლივს წამოიძახა მეტისმეტად
აღელვებულმა ფეფენამ.
- რას ამბობ, ფეფენა, რას ამბობ?.. მაგ როგორ იქნება?

- გეუბნები, მართალი ყოფილა! - უკმეხად მიაძახა


ფეფენამ: - იცოდე, მეც ისე გევიმეტებ, როგორც იმას
ვყავარ გამეტებული!.. გოგო სულელია... იმას არაფერი
ესმის... უხარია, აზნოუშვილი უკან დამდევსო!..
აზნოუშვილს გარყვნილობის მეტი რა ახსოვს?..
ჩამომათხოვე, ნატალია, შენი ქმარი!.. ნუ დასდევს ჩემს
შეჩვენებულ რძალს... ქვეყნის თვალში სასაცილოდ ნუ
მხდის, თვარა არ ვიცი, არ ვიცი, რას მაქნევინებს, რას
გამაბედვინებს შენი ქმრის გარყვნილობა! რაც არ
გეკადრებათ, ნუ კადრულობთ... კეთილშობილებს
გეძახიან!

აზრდაბნეულივით მისჩერებოდა ნატალია ამ


გააფთრებულ მოხუცებულ დედაკაცს და საშინელ ძალას
ატანდა თავისთავს მოთმინება არ დაჰკარგოდა და
ბოლომდის მოესმინა, რაც იქნებოდა ამ უცნაური
დედაკაცის უზრდელი ლაპარაკი.

- ვეტყვი, ყველაფერს ვეტყვი დავითს და შენ და ის


ერთმანეთში მოილაპარაკებთ... მე რა უნდა ვქნა? - უთხრა
ნატალიამ და ამით უნდოდა ბოლო მოეღო ამ უცნაური
ბაასისათვის.

- ჩემთან იმას არაფერი სალაპარაკო არა აქვს! რაც


სათქმელი მქონდა, გითხარი, და აწი თქვენ იცით!..
მშვიდობით ბრძანდებოდე! - წამოიძახა ფეფენამ და
თავიც არ დაუკრავს, მიტრიალდა და უცბად ჩაიარა კიბე.

- სად მიიჩქარი, შე ქალო?.. დაჯექი, დაწყნარდი, შე ქალო,


და ისე წადი! - უთხრა ნატალიამ ფეფენას
დასაშოშმინებლად, მაგრამ იმას არც კი მოუხედავს,
მხოლოდ წაილაპარაკა:
- საქმე კი არ გამომლევია თქვენსავით... თქვენთან
ვილაყლაყო! - ფეფენამ ისე ხმამაღლა თქვა ეს, რომ
ნატალიამ გარკვევით გაიგონა. ერთი ბეწო დააკლდა,
კინაღამ ბიჭს უბრძანა: - ეს პილწი დედაბერი
კისრისტეხით ეზოს გარეთ გააგდეო.

საღამოზე შინდაბრუნებულ დავითს ყველაფერი უამბო


ნატალიამ, რაც ფეფენასაგან გადაჰხდა.

- რა სულელები არიან ოჯახდაქცეულები! - წამოიძახა


დავითმა, როცა ნატალიამ გაათავა ეს ამბავი: - თუკი ქალს
ხმა გეეცი, უსათუოდ რამე უნდა შეგწამონ... რა ჩემ
ფეხებად მინდა მწვირიანი ყაზახის გომბიო, როცა ლამაზი
ცოლი შინ მიზის. ხვალვე ავუხსნი ყველაფერს იმ
დედაბერს!.. შენ კი ყოჩაღად მოქცეულხარ, რომ
მოგითმენია და სახლიდან არ გაგიძუნძულებია... პილწია
ის ოხერი!

- მოვერიდე, მა რა მექნა?! მთელი ქვეყანა კუდიანობას


სწამობს... რომ რამე შეგამთხვიოს, რაღას იზამ?.. თუ
ღმერთი გწამს, ხვალ უსათუოდ მიდი და რამერიგად
დაამშვიდე, დააწყნარე ის უხეირო... ნამეტანი
გაანჩხლებულია!

- უსათუოდ, უსათუოდ ვნახავ ხვალ და დავაშოშმინებ, -


თქვა დავითმა: - გეტყობა ძალიან შეუშინებიხარ, -
სიცილით უთხრა მან ცოლს.

დავით კარუგდელაძისაგან ფეფენამ პირდაპირ თავისი


სახლისაკენ გასწია.

უკვე საღამო იყო, როცა ფეფენამ თავის ეზოში ფეხი


შედგა.
მარინე ვახშმის კეთებას შესდგომოდა; ცეცხლზე
ჭადებისათვის კეცები შეელაგებინა, პატარა ქოთნით
ლობიო მიედგა და თვითონ თაროსთან ცომს ზელავდა
ჭადისათვის. ბაზრობიდან დაბრუნებული ნიკა ცეცხლის
მოშორებით იჯდა, გაყუჩებული, პატარა დაბალ სკამზე
და ყალიონს შეექცეოდა. კარი გაიღო და ფეფენა შემოვიდა
სახლში.

- შენისთანა გომბიოს თავზე ლაფი რავა დავასხმევინო?


თავზე ლაფი რავა დავასხმევინო, ღმერთო მომკალი?! -
შემოსვლისთანავე დასჭექა მან. - შენისთანა გომბიომ
რავა გამიხადოს ჩემი ოჯახი ქვეყნის სასაცილოდ?! რას
გადმოგიყვლიპინებია მაგ დასაფსები თვალები?! შენ, შენ,
შენ გეუბნები, შე... შე სასიკვდილე! - მიაყვირა ფეფენამ
მარინეს, როცა ამან თვალები მიაშტერა მოქაქანე
დედამთილს. - რაზე მომითრიე ეს ჩემი სისხლისმსმელი,
ჩემი მკვლელი, შე სულელო, შე უტვინო, უტვინო? -
მიუბრუნდა მერე შვილს.

- რა იყო, დედა?.. რა იყო, ჰა? - იკითხა გაუბედავად ნიკამ.

- შენი თვალების დაბნელება, შენი თვალების დაფსება,


შვილო!.. ათასჯერ მითხრობია შენთვის, ნუ ხარ ლენჩი-
თქვა, ნუ ხარ დაგლახაკავებული-თქვა! შეგხედოს შენმა
ოხერმა ცოლმა, რომ ქმარი ყავხარ!.. არ გაგაგონა
დამბადებელმა არაფერი, ჩემი დარიგება შენ ვერ გეიგონე!
იმიტომაც კაი საქმე გემართება...

მარინემ ცომის ზელას თავი დაანება და


ხელებწაკაპიწებული, გაშტერებული იქვე თაროსთან
იდგა და გაოცებით ყურს უგდებდა ამ ლაპარაკს.

ნიკამ ერთი თვალით გადახედა მას და ისევ შეეკითხა


დედას:

- რა ქნა მაგ შეჩვენებულმა? ჰა, რა ქნა, რა?

ოჰ, რა საზიზღარი რამ იყო ამ წამში მარინესათვის ეს


დედის ყურმოჭრილი მონა შვილი.

- რა ქნა? ჰკითხე, ჰკითხე... თვითონ მოგახსენებს... მაგას


ხომ არაფრის რცხვენია!.. შარაგზაში რომ ძროხა დედაკაცი
საარშიყოდ გამოდგება, იმას რიღასი რცხვენია?.. სულ
დაივიწყე, შე შეჩვენებულო, სირცხვილი?! სინდისი აღარ
შეგრჩა ცოტაოდენი მაინც მაგ შენს გარყვნილობაში?..
ისიც აღარ იფიქრე, რომ ამ შარაგზაში ვინმე
დაგინახავდათ?.. თუ აღარც კი ერიდები ვისმეს?.. ჰა, ამ
ზომამდის მივიდა შენი თავხედობა და უნამუსობა?.. ჰმ!
რასაკვირველია, ამ ღვთის გლახას წუწკი აზნოუშვილი
დავითი სჯობია!.. რასაკვირველია, რასაკვირველია! მარა
მე რას მიპირობ?.. მე დამივიწყე, რომ ცოცხალი ვარ?.. შე
გარყვნილო, შე უტიფარო! - ყვიროდა ბრაზმორეული
ფეფენა, რომელიც თავს ვერ იკავებდა თავის
გულისწყრომის გამოთქმაში და ამასობაში უფრო და
უფრო ხელდებოდა.

მარინემ ჯერ დრო მისცა ამ დედაკაცს ამოესვარა ტალახში


მისი ნამუსი, მერე კი სცადა თავის გამართლება;
ცდილობდა აეხსნა, თუ რარიგად შეხვდა მას დავითი,
ეფიცებოდა, რომ მას, მარინეს, დავითისათვის ერთი
სიტყვაც არ უთქვამს, ხმაც არ გაუცია. მაგრამ ყოველივე
ეს ამაო იყო... ფეფენას აღარაფერი ეყურებოდა ამგვარები,
მხოლოდ მარინეს ხმა უფრო ახელებდა, უფრო ბრაზს
უმატებდა და ბოლოს იმ ზომამდის მივიდა, რომ
არავითარ სიტყვას აღარ ერიდებოდა; სიტყვა
ერთიმეორეზე უფრო მწარე, ეჭვი ყოვლად საზიზღარი,
სარწმუნოდ აღიარებული, უანგარიშოდ, უზომოდ
ეყრებოდა თავზე ყმაწვილ ქალს.

ბოლოს მარინესაც უღალატა მოთმინებამ და, რაც ძალა


ჰქონდა, განწირულებით შეჰყვირა გააფთრებულ
დედაბერს:

- გაჩუმდი!.. გაჩუმდი!.. კმარა!.. - და ცხარე ცრემლები


შადრევანივით წამოსკდა თვალებიდან. მთელი სხეული
უცახცახებდა მას.

- ვის უბედავ შენ მაგას, ჰა? ვის უბედავ?.. - წამოვარდა


ნიკა და მარინესაკენ წაიწია.

- ღვთის გლახა! ღვთის გლახა! - ზიზღით მიაძახა მარინემ


ქმარს: - ღვთის გლახა!.. იქით, ახლო არ მომეკარო!

- შეხედე, შეხედე ამ გარყვნილს!.. შეხედე ამ არაწმინდას!


- მიაყვირა ფეფენამ და ამანაც მარინესაკენ მიიწია.

- არაწმინდა რომ არ იყვე, კუდიანიც არ იქნებოდი! -


გადმოსძახა მარინემ.

- გარყვნილო, როსკიპო, სხვას აბა რას იტყვი... როსკიპო,


როსკიპო! - იწივლა ფეფენამ, მოიქნია ჯოხი და ის იყო
თავში უნდა დაერტყა მარინესათვის, რომ ამ
უკანასკნელმა ვეფხვივით ისკუპა თავის ადგილიდან,
თვალის ერთ დახამხამებაში დაეძგერა მოხუცებულ
დედაკაცს, ღონივრად მოიქნია იგი და მძლავრად მიწაზე
დაახეთქა.

ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ნიკა სრულიად დაიბნა


თავდაპირველად, მერე უცბად წამოავლო ხელი პატარა
სამფეხიან სკამს და მარინეს ესროლა, მაგრამ სკამი ასცდა
მარინეს და მძიმედ მოხვდა კედელს.
მარინემ ერთი-ორჯელ ჩაჰკრა წიხლი ფეფენას და კარში
გავარდა.

- სად მიხვალ?.. სად მიხვალ, შე შეჩვენებულო?.. გაჩერდი,


თვარა ეს არის მოგკალი!.. - ყვირილით გასდია უკან ნიკამ.

მარინემ ერთ წამში გადაირბინა ეზო, გადახტა ღობეზე და


ბნელ ღამეში სირბილით გასწია ორღობეში.

- მიშველეთ, მიშველეთ! - ყვირილით მივარდა მარინე


ონისიმესას: - ბიძია, მიშველე, თვარა მომკლეს!..

შეშინებული ჯალაბობა გარეთ გამოცვივდა ამ ყვირილზე


და, გაოცებულნი მარინეს შეხედულებით,
ეკითხებოდნენ, თუ რა ამბავი მოხდა.
ძლივს მოასწრო მარინემ ორიოდე სიტყვის წარმოთქმა
რომ ეზოში ნიკამაც შემოირბინა.

- აქ არი, ბიძია, მარინე? - დაიძახა მან.

- შენ ხარ, ბიჭო, ნიკა? - შეეკითხა ონისიმე.

- ჰო, მე ვარ, ბიძია, მე! მარინე თქვენთან არი?

- ბიჭო, რა ღმერთი გიწყრებათ, რა ავი ზნე გივლით! აღარ


გრცხვენიათ მაინც?

- მაგას უწყრება ჩემი გამჩენი, მაგას!.. მაგ უსინდისოს,


გარყვნილს! ბიძია, დედაჩემი გამილახა მაგან, დედაჩემი!
რავა არ მოვკლა მაგ?.. ნუ გყავთ მაგი სახლში...
გამოაგდეთ... კარში გამოაგდეთ!
- შენმა სიცოცხლემ! - გამოსძახა მარინემ სახლიდან.

- აბა სხვაგან სად წავიდოდა?.. უკეთეს თავშესაფარს სად


მონახავდა?.. მარა ძალიან შემცდარი ბრძანდები! - მოისმა
ღამის სიბნელეში ფეფენას ხმა: - მად არის, ბიჭო, ხომ?

- კი, დედა, აქ არის, აქ! - მიუგო ნიკამ.

- არ გრცხვენია, ბატონო ონისიმე, არ გრცხვენია ახლა?.. აქ


გამომიყვანე მაგ შეჩვენებული!.. - ფეფენა სახლის წინ
გადმოხურულში შემოვიდა, სადაც სხვები იყვნენ.

- ორივე დედა-შვილი თავიდან მომშორდით,


დამითხოვიხართ ამ ჩემი სახლიდან... ამ ჩემს ეზოში არ
გნახოთ არც ერთი... ახლავე გამეცალეთ!.. თქვენთან
ლაპარაკის თავი არა მაქვს მე! - შეუტია გაჯავრებით
ონისიმემ.
- შენთან სალაპარაკოდ კი არ მოვსულვარ, ვაჟბატონო...
გოგო გამოაგდე გარეთ, გეუბნები... გესმის? - წყრომით
შესძახა ფეფენამ მაზლს.

- ონისიმე, კაცო... გეიგონე ჩემი. ნუ იკიდებ შენი ოჯახის


საცოდაობას... ნუ ახელებ მაგას... გაატანე მაგ ბოვშვი! -
ხმადაბლა წაულაპარაკა სოფიომ ქმარს.

- მაგის მეშინია, თუ რავა გონია მაგას!.. ახლავე


გავაძუნძულებ ეზოს გადაღმა, თუ კაცი ვარ! - წამოიძახა
ონისიმემ და წინ წაიწია, მაგრამ სოფიომ წაავლო უცბად
ხელი ახალუხის კალთაში და უკან დასწია.

- მოჰკიდე, ბიჭო, მამაშენს ხელი, ფეხი არსად


გადაადგმევინო! - უთხრა მან იქვე მდგარ შვილს და
თვითონ კი სახლში შევიდა.
- მარინე, შვილო, წაჰყევი... წაჰყევი, ჩემო ბიცოლა, ნუ
გეიმეტებ ბიძიშენის ოჯახს, შენი ჭირი შეეყაროს შენს
ბიცოლას... ამოგვწყვეტს, ამოგვბუგავს... აღარ
დაგვინდობს... ათას უბედურებას შეგვყრის მაგ
შავდღეზე გაჩენილი... ნუ მოიკიდებ ჩვენს ცოდვას...
შენთვისაც აჯობებს, რომ წაჰყვე, შენ ნუ მომიკვდები! -
ხვეწნა დაუწყო სოფიომ მარინეს.

- ბიცოლა, მომკლავენ! მომკლავენ, ბიცოლა! არ იცი შენ


მაგათი ამბავი... ღმერთმანი, მომკლავენ!.. ბიცოლა, ნუ
მოაკვლევინებ მაგათ ჩემს თავს... ბიცოლა, შენ
დაგენაცვლე, შენი სულის ჭირიმე, დამიფარე მაგათ
ხელიდან, მიპატივე! მომკლავენ, მომკლავენ, მაგ
ურჯულოები! - მოსთქვამდა მარინე.

- ნუ გეშინია, შვილო... მე შეგარიგებ ფეფენასთან... მე


დოვუჩოქებ და ისე შევეხვეწები, გაპატიოს, დედა-
შვილობამ... ოღონდ ახლა წაჰყევი.... ოღონდ მაგას ჩვენზე
ნუ გაახელებ... მე შეგარიგებ... ნუ ტირი, შენი სულის
ჭირიმე... კაია, ნუ ტირი!.. - და თვალცრემლიანი სოფიო
გულში იხუტებდა მტირალ მარინეს და თავსა და პირს
უკოცნიდა.

- როდემდის უნდა ვიყურყუტო ამ ღამეში? - წამოიძახა


ფეფენამ: - უმაგისოდ მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

- გიახლებათ, ბატონო, გიახლებათ, შენი ჭირიმე! - დაიძახა


სახლიდან სოფიომ; გადმოხურულში გამოვიდა, მარინე
გამოიყვანა თან და ფეფენას წაუყენა წინ.

- ჩემო ბატონო, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე... აპატიე მაგ


უბედურს მისი უგუნურობა, - დაუწყო ხვეწნა სოფიომ
ფეფენას: - ნუ დასჯი შენი სულგრძელობისთვის!
- ხელი მოჰკიდე, ბიჭო! - უბრძანა ფეფენამ ნიკას: - არსად
გაგექცეს კიდევ!.. წამობრძანდი, ქალბატონო!

სოფიოს სიტყვები კი ვითომ არც კი გაეგონოს, ისე


წაუყრუა ფეფენამ მას. ნიკამ ჩაავლო მარინეს მკლავში
ხელი და ეზოდან გაიყვანა.

მტირალი მარინე დასაკლავი პირუტყვივით მიჰყვებოდა


ქმარს.

- აი დაგწყევლა ჩემმა გამჩენმა!.. არაწმინდა რაღაც


გაუჩენიხარ ღმერთს! - მიაძახა ონისიმემ ფეფენას.

- გაგიხმა მაგ ენა!.. - შეუტია სოფიომ და ისევ ფეფენას


გაჰყვა ხვეწნით, რომ მას ეპატივებინა მარინესათვის მისი
დანაშაულობა.
ამ დღიდან სრულიად მიიკარგა მარინე; სოფლად
მოსიარულე იგი არავის უნახავს. სოფლელები
ლაპარაკობდნენ, რომ ქმარმა და დედამთილმა, როცა
ონისიმესაგან სახლში მიიყვანეს, გალახესო, დედამთილი
სახლს გარეთ არსად უშვებსო, ეზოშიაც არ ახედებსო.

მეზობლობაში რძალ-დედამთილის უცნაურად


გადაკიდებას და ყოველგვარ უთანხმოებას იმით
ხსნიდნენ, რომ ფეფენას არ შეეძლო ეგუებინა თავის
მახლობლად იმისთანა ქალი, რომელიც მისი კუდიანობის
მონაწილე არ გახდებოდა და იგი, ვითომც, ცდილობდა,
ყოველ ღონეს ხმარობდა, არა საშუალებას არ ზოგავდა,
ოღონდ კი მარინე თავისი ხელქვეითი გაეხადა,
გაეკუდიანებინა. ეს ყველას უტყუარ საბუთად,
ჭეშმარიტებად მიაჩნდა და, როცა ფეფენას ოჯახში
წინანდელი უთანხმოების ამბავი აღარ ისმოდა მეტად,
ყველამ დაამტკიცა, რომ ფეფენამ თავის საწადელს
მიაღწია: მარინე დაიმორჩილა და კუდიანობაში გარიაო.

- გული ამოსჭამა, - ამბობდნენ, - და ყველაფრის ხალისი


დაუკარგა; როგორიც თვითონ არის, იმისთანა გახადაო!

ამაში უფრო რწმუნდებოდნენ მით, რომ მნახველები


მარინეს ვეღარ სცნობდნენ - სრულიად ვეღარ სცნობდნენ
მასში უწინდელ მარინეს. ახლანდელი მარინე თავისი
დედამთილივით ერიდებოდა ყველას, ძვირად ვისმე
გამოელაპარაკებოდა; აღარავისი ნახვა, შეხვედრა მას აღარ
ეხალისებოდა წინანდებურად. საწყალს ყველაზე გული
გაუტყდა; ონისიმემაც, ვისიც ყველაზე დიდი იმედი
ჰქონდა, ვერ დაიფარა იგი ფეფენას ხელისაგან; მას
გადახდა ყოველივე თავისი და ახლა აღარავინ
ესაჭიროებოდა მომხმარედ. აშკარად დაინახა, რომ
ფეფენას წინააღმდეგი ვერავინ გამოჩნდა, რომ ფეფენა
ყველაზე ძლიერი ყოფილა, რომ მასთან ბრძოლა ამაო
იქნებოდა და დაემორჩილა, ეყმო სულიან-ხორციანად.
მარინეს მაყურებელნი კი ამნაირ მდგომარეობას მის
გაკუდიანებას აწერდნენ.

ფეფენასთან ერთად ახლა მარინესაც დაუწყეს რიდება.


ახლა მისი შიშიც მიემატათ მეზობლებს.

ამ ბოლო დროს ლაპარაკი ისმოდა, რომ ამა და ამ კაცს


მთლად საქონელი ავად გაუხდა, ამას წვრილფეხობა აღარ
ეზრდებაო, ამას ეს ცუდი საქმე შეემთხვაო, და ეჭვი
მარინეზე მიჰქონდათ... მისი გაკუდიანების შემდეგ
მომრავლდა სოფლად ყოველივე უბედურებაო... ახლა
ბავშვებსაც კი აშინებდნენ მარინეს სახელით და საქმე იმ
ზომამდის მივიდა, რომ, როდესაც მარინეს ერთხელ ვიღაც
ბავშვი შეხვდა, ამ უკანასკნელმა შექმნა შიშისაგან
საშინელი ყვირილი და გულგადატრიალებულმა ძლივს
მიაღწია ცოცხალმა სახლამდის.

ერთი მოხუცებული დედაკაცი, რომელსაც ფეფენასთვის


უარი ვერ ეთქვა და სიმინდის სარჩევში მოსახმარებლად
სახლში წაჰყოლოდა და მათთან ვახშამიც ეჭამა, ყველას
არწმუნებდა, რომ, გამოვცილდი თუ არა ფეფენას სახლს,
პირის საშინელი აყროლება ვიგრძენიო... გულგახეთქილ
მოხუცებულს ვერას გზით ვერ მოეშორებინა ეს საძაგელი
სუნი პირიდან და უზომოდ შეწუხებულს თავშალის
ყურით მაგრად აეკრა ცხვირპირი; მთლად ჯალაბობა
გაეკვირვებინა თავისი ხმის ამოუღებლობით, ეგონათ
თურმე, ავად თუ არისო... თეთრად გაეთენებინა ის ღამე
და ალიონზე მაკრინე-მკითხავთან წასულიყო... მაკრინეს
ეთქვა - ქაღალდიდან ამოეკითხა, - რომ ეგ ამბავი მარინეს
საქმეაო, ფეფენას რად მოეხმარეო... ხანდახან თურმე
კუდიანობაში ეჯიბრება კიდევაცო... მაკრინეს ამასთანავე
შენალოცი მარილი მიეცა ამ დედაკაცისათვის და მარილის
პირში ხშირ-ხშირად გამოვლებით
განთავისუფლებულიყო საზარელი მდგომარეობისაგან.
ვინ იქნებოდა იმისთანა, რომ არ დაეჯერებინა ეს ამბავი,
როდესაც ამას ამბობდა ის, ვისაც ყოველივე
ზემოხსენებული თავს გადაჰხდომოდა...

მარინე ნამდვილ კუდიანად იყო ცნობილი.

- წადი, კაცო, წადი, მეტი გზა აღარ არის... წადი და მაგ


უბედურის ჭირისუფალს შეატყობინე მათი შვილის
ამბავი... - ეუბნებოდა ონისიმეს სოფიო.

- მრცხვენია, ქალო, მრცხვენია, გესმის!.. რა პირით


დავენახო მარკოზას?.. რარიგად მოვუყვე მისი შვილის
გაბოროტიანება? - ამბობდა მწუხარებით სავსე ონისიმე: -
სიტყვა მივეცი პატიოსანი, თქვენი შვილის მეთვალყურე
ვიქნები-თქვა, მე ვუპატრონებ, თუ რამე გასაჭირი
შეხვდა-თქვა... წადი ახლა და ასეთ ამბებს მოუყევი!
მოვმკვდარიყავ არ დავეძებდი, და ამისთანა სირცხვილში
კი არ ჩავვარდნილიყავი!.. რაზე გევერიე, მე ოხერი, მაგათ
საქმეში... მარა ძმისწულია ის გლახაკი და შემეცოდა...
ქალს ვინ მიცემდა, თუ მე არ მეთავებია?.. რა მეგონა, თუ
ამისთანა რამეს ნახავდა ჩემი თვალები!..

- ბედი ჰქონებია, ალბათ, მაგ საცოდავს მაგისთანა, აბა


რავაა?.. ყოვლისფერი ღვთისაგანაა... ვენაცვალე მის
ძლიერებას! - ვითომდა სანუგეშოდ უთხრა ქმარს
სოფიომ.

- აბა, სხვაფერ რავა იქნება! - ეთანხმებოდა მოხუცებული


ონისიმე: - სხვაფერ აბა რავა იქნება?! რაც ადამიანს
უწერია, ვინ ააცდენს თავის წერას?!. აბა, წავალ ხვალ
მარკოზასთან... - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა
ონისიმემ.
- წადი, წადი!.. ეგებ იმათ მაინც უსაშუალონ რამე...
უთხარი, რომ ჩვენ სრულიად აღარ გვეკარება, თორემ
რამე საშვალებას ვიხმარდი-თქვა... ჩვენს სიტყვას სულ არ
იკარებს-თქვა... არ დაავიწყდეთ, მათ მახლობლად
საიქიოს ნამყოფი კაცი რომ არის - გამოტეხა შენაძლება
ახლად გაკუდიანებულების - იმას სთხოვონ, ეგებ
წამოყვეს და გამოტეხოს, კუდიანობიდან ეგებ რამეფრად
ფეხი ამოადგმევინოს იმ დალოცვილმა... სულს არ
წააწყმედინებენ მაინც უბედურს და შავდღეზე
გაჩენილს!

ონისიმე ფოცხვერაძემ უამბო მარკოზა ხმელაძეს მისი


შვილის ამბავი და ამან სიძე-მძახალზე დამუქრებით
გამოსწია წითურეთისკენ შვილთან. მარინეს დედა,
მოხუცებული ესმა, ვერაფრით ვერ დააკავეს სახლში;
შორი გზა ჰქონდა გამოსავლელი, მაგრამ რაკი წამოსვლა
თქვა, ვერას გზით ვერ გადაათქმევინეს; შვილის ნახვის
სურვილმა, როცა მისი ამბავი გაიგო, ყოველი შორ გზაში
მოსალოდნელი გაჭირვება არარად ჩააგდებინა. უბედური
მშობლები მივიდნენ საიქიოს ნამყოფ ვასილ
კარიკაძესთან და შემწეობა შესთხოვეს; ამასაც
არავისათვის არასოდეს უარი არ უთქვამს, როცა მის
შემწეობას ვინმე საჭიროებდა, და არც ამათ უთხრა;
მათთან ერთად გასწია წითურეთში.

მიწურული შემოდგომის გრილი დილა იყო. მზე დიდი


ხნის ამოსული არ იყო. მტვრიანი გზით მიმავალნი
ჯერჯერობით მხნედ მიდიოდნენ და დაღლილობას ვერ
გრძნობდნენ. ვასილი და მარკოზა წინ მიუძღოდნენ, ესმა
და ონისიმე კი მათ მისდევდნენ. გზადაგზა ლაპარაკის
მოყვარულმა მარკოზამ უამბო თავისი ათასგვარი
თავგადასავალი ვასილს, და ეს უკანასკნელი ისე
წახალისდა, რომ თვითონაც მოჰყვა იმის ამბავს, თუ
როგორ მოიარა საიქიო.

- ჭურის თავზე ცხონებულ მამაჩემს, - ასე დაიწყო


ვასილმა თავისი ამბავი: - ერთი ძველი, დაბერებული
მუხა ჰქონდა. ცხონებულმა ამ მუხის მობელვა მითხრა
ერთხელ. ხეზე ჩემი ასვლა და ჩემს ხელში ნაჯახის
დამძიმება ერთი იყო... ეს კარგად მახსოვს... ყური არ
ვათხოვე ამას, დავუწყე შტოებს ჭრა... ერთი შტო მოვჭერ,
ჩამოვაგდე, მეორე მოვჭერ, ჩამოვაგდე; მესამე შტოს რომ
მოუქნიე ნაჯახი, ვერ მოვახვედრე, ორჯელ-სამჯელ
დავაცილე... გული მომივიდა, ნუთუ ასე მომეღალა ხელი-
თქვა, ერთი ღონივრად მოვიქნიე - მოხვდა შტოს,
მართალია, ჩემი ნაჯახი, მარა არ გაჭრა, სულ არ მიეკარა
რკინა ხეს!.. თურმე რას მოსჭრი?!. ჩვენ აბა რა ვიცოდით,
მერე გევიგეთ... თურმე ამ მუხაზე ანგელოზებს
ჩვეულებად ჰქონიათ ჩამოფრენა... მერე მივხვდით ამას
ჩვენ... მე კი უფრო მომივიდა გული, რომ შტოს ვერაფერი
მოვუხერხე... ზედ გადამჯდარმა, რაც ღონე მქონდა,
კიდევ მოვიქნიე ნაჯახი... ახლაც ვერაფერს დაგაკლებ-
თქვა თუ, გუნებაში ვთქვი?! შენს მტერს, მე რომ
დამემართა. უცბად თვალებში წამომიბნელდა, წინ რაღაც
შავად წამომეფარა, აზრი დამეკარგა და ხიდან
ჩამოვარდნილს ძლივს დამყოლია სული მიწაზე...
ცოცხალ-მკვდარი მნახეს თურმე მუხის ქვეშ და წამიღეს
სახლში... ისეთი ავად შევიქენი, ისეთი, რომ ჩემს
მორჩენას ადამიანი აღარ ფიქრობდა თურმე... რა არ ექნა
მამაჩემს! რა საშვალება არ ეხმარა: ჯერ განატეხი თურმე
გაატანია დედაკაცებს, მერე ცხრა გამოცდილ ქალს ცხრა-
ცხრა სანთლით ხელში თითოს ცხრა-ცხრა ლოცვა
ათქმევინა იმ მუხასთან, წმ. გიორგის ხატისთვის ჩემი
ზომა წმინდა სანთელი მიერთმია, მაგრამ არ მეშველა და
არ მეშველა მაინც არაფერი. ისევ ისე უიმედოდ ვარ
თურმე... ერთ დღეს მოვმკვდარვარ კიდევაც... შეექნათ
თურმე ერთი ტირილი, კივილი... ჩემს გასვენებაზე
დეიწყეს ლაპარაკი... მე არაფერი არ მესმის... ამასობაში მე
ზეცაში დავფრინავარ... ჩემი სული, რასაკვირველია...
ქვეყნად მარტო ჩემი ლეში იდვა ტახტზე... სული კი
მაღლა-მაღლა მიფრინავს... ზევიდან დავჩერებივარ
დედამიწას... ბურთივით პატარა მოჩანს... უცბად ჩემს
თვალწინ გეიშალა იმისთანა თვალუწვდენელი
ამწვანებული მინდორი, იმისთანა, რომ მის ნახვას
არაფერი ჯობია... მინდორია იმისთანა, კიდე არა აქვს...
მთელი წელიწადი რომ იარო, გარს ვერ შემოუვლი...
მუხლებამდეა მწვანე, აბრეშუმივით ბალახი... არის
გაბნეული ამ ტრიალ მინდორზე უთვალავი ცხვარი და
ბალახს წიწკნიან... სულ, სადაც მიიხედავ, მარტო
ცხვარია... აგერ ერთია, აგერ ორი ერთად, სამ-სამი,
ხანდახან ოთხ-ოთხიც... დადიან და ჭამენ ამ მშვენიერ
ბალახს... წვრილი გზა შემხვდა ერთი... დავადექი ამ გზას.
ვიარე, ვიარე და ერთ წყაროსთან მივედი... წყალია
იმისთანა, რომ მკვდარს გააცოცხლებს მისი ერთი წვეთი...
წყაროსთან კაცია, წევს... დამიძახა. - სადაური ხარო,
მკითხა. მე მოვახსენე, რომ ამა და ამ სოფლიდან ვარ-
თქვა, ამ და ამ კაცის შვილი-თქვა. ,,აბა, შენი აქ მოსვლა
ადრეა... შენ ისევ დედამიწაზე უნდა დაბრუნდეო...
გაჰყევი ამ გზას, არსად გადაუხვიო, ბოლოში სიმონა
კიკაბიძეს შეხვდებიო, მიხვალ იმასთან და ის გასწავლის
გზას, დედამიწაზე რომ ჩახვიდეო... მითხრა: თუ გალობა
რამე გეიგონო, დეიჩოქე და ისე იყავი, სანამ გალობის ხმა
არ შეწყდებაო...” გამიხარდა, სიმონა კიკაბიძეს ნახავო,
რომ მითხრა... გავსწიე ნაჩვენები გზით... ვიარე, ვიარე ამ
მინდვრით... სულ ცხვრით იყო სავსე იქაურობა... ბევრი
ვიარე. ერთ ადგილას შემხვდა სიმონა... ზის და მასთან
რამოდენიმე ჩვენი სოფლის მიცვალებულებიც არიან...
მუსაიფობენ... დამინახეს, გეეხარდათ, ამბავი მკითხეს...
მერე მე ვკითხე: ეს რა ადგილია-თქვა? მიპასუხეს, რომ
სამოთხეაო, და წყაროსთან რომ კაცი იწვა, ანგელოზი
ყოფილიყო თურმე... რასაც ცხვრებს ხედავო,
ცხონებულთა სულიაო... ანგელოზი უყურებს მათ, არა
დააკლდეთ რაო. რომ ვლაპარაკობთ ასე, მოისმა იმისთანა
მშვენიერი გალობა, რომ მთელ სიცოცხლეში მისი ყურება
რავა მოეწყინება ადამიანს!.. ყველამ მუხლი მოვიყარეთ...
სიმონამ მითხრა, ანგელოზთა გალობააო, ღმერთს
ადიდებენო... ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ჩვენებური
ვნახე, ვინც იქ იყო... სიმონამ მითხრა, რომ მამიშენის
ლოცვა ძალიან წაგდგომიაო, ღმერთს შენზე მოწყალება
მოუღია და აქ ნუღარ იგვიანებო... როგორც გითხრა
ანგელოზმა, დედამიწაზე მალე დაბრუნდიო... ყველას
გამოვეთხოვე, სიმონამ, გზა მასწავლა და ჩემი სული
სწორედ იმ დროს დაუბრუნდა ჩემს ლეშს, როცა
გასვენებას ის-იყო მიპირობდნენ. ყველა გაშტერდა,
გაცოცხლებული რომ მნახეს!.. რა სიხარული, რა ამბავი,
კაცი რავა გამოთქვამს! ერთ თვეზე სრულიად
გამოვკეთდი და მას აქეთია, ღვთის შეწევნით, ფჩხილი არ
წამომტკენია ტყვილა... ასეთი მოწყალება მოიღო ჩემს
თავზე ჩემმა გამჩენმა, ვენაცვალე მის დიდებას!! - და
ვასილმა პირჯვარი გადაისახა. - ის ძალაც მომანიჭა, რომ
ბოროტი ადამიანის გამობრუნებაც ადვილი გახადა
ჩემთვის.

- ვენაცვალე ღვთაებას... არ ვყევართ მოძულებული კიდევ


და შენისთანა კაცებს გვაღირსებს ხანდახან ჩვენდა
გასამხნევებლად. - მარკოზამ პირჯვარი გადაისახა ამ
სიტყვაზე.

- სწორედ, სწორედ! -დაეთანხმა ონისიმე.

- შენ დიდი ხნის სიცოცხლე გექნება დანიშნული


ღვთიდან, - მიმართა მარკოზამ ვასილს. - შენისთანა
კაცები დიდხანს ძლებენ და ძალიან მაგრებიც არიან. მე
ვიცი რამოდენიმე მაგალითი... ცხონებული
მამაჩემისაგანაც გამიგონია ასე.
- კი, კი, მართალია! - ემოწმებოდა ონისიმე.

- ასე იტყვიან, მართალია, - თქვა ვასილმა: - მარა


ყველაფერი ღვთის ნებაა... რავარც იმას ნებავს, ისე
იქნება... ისე იქნება!

- რასაკვირველია, რასაკვირველია! - ერთხმად წამოიძახეს


ონისიმემ და მარკოზამ.

ესმა კი ხმას არ იღებდა; იგი სმენად იყო გადაქცეული და


ამ უცნაური კაცის უცნაურ ამბავს ყურს უგდებდა.

საღამო იყო, როდესაც ჩვენი მგზავრები ონისიმესას


მივიდნენ.

- სოფიო, ქალო, ეი!.. კარი გააღე და სტუმრებს გამოხედე, -


დაიძახა ონისიმემ, თავის ეზოში რომ შეიყვანა ვასილი,
მარკოზა და ესმა.

სახლის კარი გაიღო, სოფიო გამოვიდა; დიდის თავაზით


შეეგება სტუმრებს და სახლში მიიწვია.

- მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, მობრძანდით...


დაღალული ბრძანდებით... კაი გზა გაქვთ გამოვლილი...
ღმერთო, მომკალი, თქვენ რამ შეგაძლებინათ ამათთან
სიარული, ჩემო ბატონო? - მიუბრუნდა იგი ესმას.

- გამწარებამ, ჩემო ბატონო, გამწარებამ, ჩემო ანგელოზო!


- ნაღვლიანად წარმოსთქვა დაღლილობისაგან ძლივს
ფეხზემდგომმა ესმამ.

- დასწყევლოს ღმერთმა ეშმაკი და მისი მონაწილეც!..


მარა ღმერთი მოწყალეა, იმის იმედით ვინუგეშოთ, ჩემო
ბატონო! - ამოოხვრით და თანაგრძნობით უთხრა
სოფიომ: მერე უცბად ლაპარაკის კილო შესცვალა,
ვასილზე თვალით ანიშნა და ხმადაბლა ჰკითხა ესმას: - ეს
არის, ბატონო, საიქიოს რომ ბრძანდებოდა?..

- კი, შენი ჭირიმე! - მიუგო ესმამ.

- აბა ღმერთი ჩვენსკენ ყოფილა, - იმედიანად და ხალისით


თქვა სოფიომ: - აწი აღარაფერი გვიჭირს!

- დედაკაცო! - წამოიძახა ონისიმემ ცოტა ხნის შემდეგ: -


ბატონი ვასილი დაღლილია და მოსვენება ეჭირვება... აბა,
თუ გაქვს რამე, დროით მოგვიტანე და ის იქნება...

- ნამდვილი კაცი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა. მაგაზე


უკეთესი არაფერი იქნება! - სიცილით თქვა მარკოზამ.
- ხელად სუფრა, ბიჭო! - მიაძახა შვილს ონისიმემ: - გოგო,
შენ რას გაყუჩებულხარ მანდ ყურეში?.. დედაშენს ხელი
მოუწყვე!..

ერთ წამში სუფრა მზად იყო.

მადაზე მოსულმა მარკოზამ ვეღარ მოითმინა და


წამოიძახა:

- მადლიანი დედაკაცის ჭირიმე!.. მე და ჩემმა ღმერთმა!

- ნეტავი შენ!.. ყოველთვის რომ კარგ გუნებაზე ხარ! -


უკმაყოფილოდ შეუტია ესმამ.

- აბა ვიტირო ახლა, დედაკაცო, თუ?.. ცოდვა არ იქნება,


მასპინძლის ამისთანა სუფრას მოღუშული რომ
შემოვუსხდეთ!.. აგრე არაა, ბატონო? - მიმართა მარკოზამ
სოფიოს, რომელიც სუფრას აკრიალებდა.

- კი, ჩემო ბატონო, კი, შენი ჭირიმე, მართალს ბრძანებთ!..


- ტკბილად მიუგო მან.

- ნუ გეშინია, იმ კუდიან დედაკაცთან ანგარიშის


გასწორებას კიდევ მოვესწრებით!.. სად წამივა? ხვალ
ალიონზე დავეცემი თავზე ორივე დედა-შვილს და შავ
დღეს დავაყენებ... როგორც კაცი! ახლა კი ამ ვახშამს
შევექცეთ... ტკბილი ღვინო დავლიოთ... მასპინძელს
სუფრას ნუ დავუწუნებთ... ნურც ბატონ ვასილს
მოვაწყენთ!.. არა, მძახალო, ჰა? - იძახოდა მარკოზა.

- კი, ჩემო მარკოზა, კი, ჩემო მარკოზა!! - ამხნევებდა


ონისიმე.

- შენთან ნურას უკაცრავად, ჩემო ბატონო, შენი ჭირიმე, -


მიუბრუნდა ვასილს მარკოზა: - თუ რამ უზრდელობა
შემნიშნო, მაპატივე... შენ სულ სხვა კაცი ხარ!..

- მოილხინე, ჩემო მარკოზა, მოილხინე, - დინჯად მიუგო


ვასილმა: - მე რაში მერიდები, შე კაცო!

- იცოცხლე, კაცი ბრძანდები და კაცი... შესმენილი და


ღვთისაგან დაჯილდოებული... აბა, ონისიმე, ვასილს
ღვინო მიართვი! - და მარკოზა ისე გამხიარულდა, რომ
გეგონებოდათ, სრულიად დაავიწყდა, თუ რამ მოიყვანა
იგი ონისიმეს ოჯახში. ესმას თუმცა ძალიან სწყინდა
ქმრის ამნაირი უსაქციელობა, მაგრამ ვერაფერი გააწყო
მარკოზასთან, რომელიც ყოველ მის თხოვნაზე, რომ
დაწყნარებულიყო, პასუხად უგებდა:

- ნუ გეშინია, ვერსად ვერ წაგვივა ის კუდიანი შენი


მძახალი, ვერსად ვერ წაგვივა! ხვალ გაჩვენებ მის სეირს!..
დილა ადრიანი იყო, მარკოზა რომ მეორე დღეს სიძისას
გადავიდა.

- გამარჯვება შენი! - უთხრა მარკოზამ ნიკას, რომელიც


სახლის წინ რაღაცას თლიდა წალდით.

- ღმერთმა თქვენი თავი მიცოცხლოს!.. საიდან, ბატონო,


როდის მობრძანდით?.. ღამე გივლიათ!.. - მიეგება ნიკა
სიმამრს.

- მარინე შინ არი?

- სახლში გახლავს, აბა სად იქნება?

- ავად ხომ აღარაა?


- არა, აჰ!

- ჩვენთვის არ უნდა შეგეტყობინებია, ბიჭო, შენი ცოლის


ავად ყოფნა?

- ისე ავად რომ არ ყოფილა...

- ჰეი, შვილო! - სიტყვა გააწყვეტინა მარკოზამ: ქვეყანაზე


კაცს რა დეემალება?!. მარგალიტივით ქალი მოგეცი და
ვაგლახად ვერ შეგალახვინებ მის თავს, იცოდე!..

- შენთვის რაღაც ენა მოუტანიათ ჩვენზე... ათასი მტერი


გვყავს... - გაუბედავად დაიწყო ნიკამ.

- ეს თქვენი სიგლახით, თვარა ჩემ შვილზე მტრობას კაცი


არ ჩაიგდებს გულში მიდღემჩი...
- ვის ელაპარაკები, ბიჭო? - მოისმა სახლიდან ფეფენას ხმა
და ამასთანავე მოხუცებულმა დედაკაცმაც კარში
გამოიხედა; დაინახა მარკოზა და შესძახა - უიმე!.. თქვენ
ბრძანებულხართ! სახლში შემობრძანდით, ბატონო,
სახლში შემობრძანდით! შე სულელო, ამდენ ხანს ვერ
გამაგებიე?

მარკოზა შევიდა სახლში, ფეფენას ჩამოართვა ხელი და


დაკვირვებული თვალი აავლ-ჩაავლო მარინეს, რომელიც
ის-იყო მიეგება მას: მერე მოჰკიდა ხელი და გვერდით
მოისვა.

მარკოზა მისჩერებოდა შვილს და თვალს არ უჯერებდა.


ნუთუ ეს მისი სიცოცხლით სავსე, ცქვიტი, მხიარული,
პირსავსე, ლამაზი მარინეა, რომელიც ნიკას გამოატანა?!
ეს სახეჩაყვითლებული, გამხდარი, თვალებმიმქრალი
ქალი მარინეა?.. მაშ მართალი ყოფილა, სულ მართალი
ყოფილა, ეჭვი რაღა საჭიროა, მართალი ყოფილა, რაც
ონისიმემ უამბო!.. საწყალმა მარკოზამ კიდევ ერთხელ
თვალი გადაავლო შვილს, უფრო მიიკრა გულზე; გულმა
აღარ მოუთმინა მოხუცებულს და შვილს ჰკითხა:

- რამ გამოგცვალა ეგრე უცნაურად, შვილო? ავად ხომ არა


ხარ?

- არა, ბატონო!.. - წყნარად მიუგო მარინემ.

- კარგად რომ არ ხარ, არ გეტყობა თუ?.. მე ჯერ თვალები


არ ამბმია! - წყრომით წარმოსთქვა მარკოზამ.

მარინე შიშმა აიტანა ამ სიტყვებზე; წინდაწინვე


ჰგრძნობდა იგი, რომ აქ მშვიდობიანად არ გათავდებოდა
საქმე... მამამისი სულ სხვანაირ ხასიათზე იყო... ოჰ,
ღმერთო, ისევ ხელახლად აყალმაყალი, უსიამოვნება,
გულისხეთქვა... ისევ მოეშალა ეგრე ძვირად მოპოვებული
მყუდროება, მშვიდობიანობა!.. მან თითქოს მოიწადინა
გაქცეოდა ყოველ ამ უბედურებას, სადმე
გადაკარგულიყო. ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა.
მარკოზამ ხელი წაავლო.

- სად მიხვალ?.. დაჯექ, ჩემთან იყავ! - უთხრა მან და


მარინე ისევ გვერდით მოისვა.

ფეფენა უცბად მიხვდა, რომ მარკოზა უბრალოდ მოსული


არ იყო, უეჭველად ჩხუბი ასტყდებოდა მძახლებს შორის,
და მან მოინდომა დაესწრო მარკოზასათვის, თავისი
სათქმელი ეთქვა და ამით ამ კაცისათვის უსიამოვნო
საგანზე ხმის ამოღების საშუალება მოესპო.

- მე ძალიან ვემდური, - დაიწყო ფეფენამ, - ძალიან


ვემდური შენ შვილს, რომ ერთ დროს სულ არ მიიკარა
ჩემი სიტყვა, ვერაფერი ვერ ჩავაგონე და ბევრი
უსიამოვნება გამომარონია... ბევრი მწუხარება მომაყენა...
- და მან უამბო თითქმის ყველაფერი, რაც მათ შორის
მოხდა.

მარკოზამ აცალა ფეფენას მისი სათქმელის დათავება.

- ახლა ქე მიხვდა თავის შეცდომას, - დაათავა თავისი


სიტყვა ფეფენამ, - და ქე მეეკიდება ოჯახს!

მარკოზა წამოდგა და მარინეც წამოაყენა.

- ამისთანა ქალი აწი ვეღარ არგებს თქვენისთანა ოჯახს!..


მე მიმყავს ჩემი შვილი! - გადაწყვეტით წარმოსთქვა
მარკოზამ.

- რავა მიგყავს?.. რას ბრძანებ! - შეეკითხა გაოცებული


ფეფენა.

- მიმყავს!.. ისევ ჩემს სახლში მყავდეს... მე თქვენზე უკეთ


მოვუვლი, თუ თქვენ ვერ დააფასეთ! - და მარკოზამ
უფრო მაგრა ჩაავლო მარინეს ხელი. - წამოდი ჩემთან!

- ღმერთო, მომკალი!.. ეს რა მესმის?!.. შე სულელო, ხმას


ვერ ამოიღებ, ხახა რომ გაგიღია? - შეუტია ფეფენამ ნიკას:
- არ გეყურება, ცოლს გართმევენ!

ნიკა ისევ გაუნძრევლად იდგა.

- წამო, შვილო! - მარკოზამ მარინე კარისაკენ გასწია.

- მამა, მამა, შენი ჭირიმე! - ხვეწნით ეუბნებოდა მარინე


მამამისს და თან ცდილობდა მარკოზას ხელიდან
გაეთავისუფლებინა თავისი ხელი.
- წამო, გეუბნები, ნუ სულელობ!

- მამა, მამა, შენი სულის ჭირიმე! - თვალცრემლიანი


ემუდარებოდა ყმაწვილი ქალი.

- ღმერთო, რა დღეს მევესწარი?! - წამოიძახა ფეფენამ, - რა


დღეს მოვესწარი?!.

- რატომ კადრულობთ მაგისთანა საქმეს, ბატონო?.. არ


გეკადრებათ! - წინ გადაუდგა, გზა გადაუღობა მარკოზას
ნიკამ.

- იქით, შე მართლა ქალაჩუნა! - მარკოზამ ღონივრად


მოიქნია ნიკა და განზე მიაგდო, მოსწია მარინეს
მძლავრად და ძალით გაითრია ეზოში, თუმცა ყმაწვილი
ქალი ტიროდა და გაიძახოდა:
- მამა, ჩემო მამა, შენ სულს დავენაცვლე... გამიშვი...
გამიშვი, შენი ჭირიმე, ჩემო მამა... მომკლავენ, მამა! ვაიმე,
ვაიმე! - მოსთქვამდა და უძალიანდებოდა მარინე.

- კმარა!.. გაჩუმდი! - წყრომით შესძახა მარკოზამ. - კმარა...


გაჩუმდი! ვინ მოგკლავს?.. ხელსაც ვერავინ შეგახებს...
ამოვარდა მაგათი რჯული, ნუ ზლუქუნობ! - და მარკოზამ
გაიყოლა მარინე.

ონისიმესას სახლის აივანზე უკვე თავი მოეყარა ბლომა


საზოგადოებას, რომელიც შესდგებოდა მარტო
დედაკაცებისაგან.

ვასილ კარიკაძე ეზოში ნიგვზის ქვეშ იჯდა და ონისიმეს


ელაპარაკებოდა. ჭიშკარი გაიღო; ეზოში შემოვიდა
მარკოზა და თან მარინე შემოიყვანა. დაინახა თუ არა
ესმამ შვილი, გამოქანდა, მივარდა მას, მოჰკიდა ბეჭებში
ხელი და ცოტათი უკან დაახევინა, რომ კარგად შეეხედა
მისთვის. უყურა, უყურა ესმამ საცოდავ შვილს,
პირისახემ ძაგძაგი დაუწყო და ერთბაშად თვალებიდან
ცხარე ცრემლების ნაკადული წამოუვიდა მოხუცებულ
ქალს.

- შვილო!.. შვილო!.. ვაი შენს დედას!.. ვაი შენს დედას,


შვილო! - ძლივს შესძლო ეთქვა. ცრემლი მოერია და ხმა
ჩაუწყდა მას. ესმამ გულში ჩაიკრა მარინე.

- კარგი... გეყოფა, დედაკაცო!

მარკოზამ ქალებისაკენ წაიყვანა მარინე. უკანასკნელმა


თვალი გადაავლო შეკრებილებას, ძლივს შესამჩნევად
თავი დაუკრა და ბოძთან ჩაჯდა. ,,რას ნიშნავდა ეს,
რისთვის მოუყრია ამათ თავი?” ფიქრობდა მარინე და
ხანდახან გაუბედავად გამოიხედავდა თვალებზე
ჩამოწეული თავსაფრის ქვეშიდან.

- შეგაწუხეთ, ბატონებო, შეგაწუხეთ, - მიმართა


დედაკაცებს მარკოზამ: - მაგრამ დღემდის არ მცოდნია,
თუ ჩემს თავზე ამისთანა უბედურება ტრიალობდა...
ცუდი ამბავი შეგვემთხვა... მოგვიტევეთ... რა ვქნათ...
ყველაფერი ღვთის ნებაა... ყოველივე სიკეთე მისცეს
ღმერთმა ბატონ ვასილს, ეს ღვთისნიერი ადამიანი
გაისარჯა, ინება ჩვენთან წამობძანება... თუ ჩემ შვილს
მართლა რამე კავშირი აქვს ეშმაკთან, ეხლავე
გაგვაგებიებს ეს ღვთისნიერი კაცი...

მარინემ ამ სიტყვების გაგონებაზე ერთი კი ახედა თავის


მამას და მერე უფრო ჩაღუნა თავი და თავსაფარიც
ჩამოიწია ისე, რომ სულ ერთიანად პირისახე დამალა.
- ამიერიდან თქვენ მაწუხებლისაგანაც თავისუფალი
იქნებით და ჩვენც თქვენგან სამდურავს ავცდებით... -
დაათავა სიტყვა მარკოზამ.

- მადლობელი ვართ, მადლობელი ვართ!.. ღმერთმა


დღეგრძელობა მოგცეთ! - მოისმა აქეთ-იქიდან.

- სინდისიერი კაცი ბრძანებულხარ... შვილის კაი


პატრონი... ღმერთმა გიწინამძღვროს! - უთხრა ერთმა
მოხუცებულმა დედაკაცმა.

- აბა, ბატონო ვასილ, ყოველისფერი მზადაა, შენი


ჭირიმე... დროს ნუ დავკარგავთ... შევუდგეთ საქმეს!.. -
თავდაბლად უთხრა მარკოზამ ვასილს.

ეს უკანასკნელი წამოდგა და ქალებისაკენ წამოვიდა.


მთელი საზოგადოება ფეხზე წამოდგა მის მისვლაზე და
პატივისცემით თავი დაუკრეს. ვასილმაც თავის მხრივ
დინჯად თავი დაუკრა ყველას საერთოდ და მიმართა:

- დაბძანდით, დაბძანდით! - და თვითონაც მარინეს


მახლობლად დაჯდა სკამზე.

მარინე მუმიასავით იჯდა, მიჰყუდებოდა ბოძს და თავი


დაეხარა. პირისახე სრულიად არ უჩანდა თავსაფრის ქვეშ,
ისე დაბლა ჰქონდა თავი ჩამოწეული. იგი უფრო მკვდარს
ჰგავდა, ვიდრე ცოცხალს. მარინეს ზურგს უკან
მოიკრუნჩხა დედამისი, ესმა, რომლის დროგამოშვებით
სასოწარკვეთილებით წამოძახება: ,,შვილო, შვილო... რა
დღეს შეესწრო შენი ოხერი დედა!..” და ამასთანავე
გულში მუშტების ცემა მაყურებლებს გულს
უთუთქავდა.

- ბიძიკო, - დაიწყო ტკბილი ხმით ვასილმა: - შენ


გაბრალებენ, ვითომ ქრისტესათვის გეღალატნოს და
ეშმაკებს მიჰკერძოდე... ვითომ მავნებლობასთან და
ბოროტთან კავშირი შეგეკრას და ამის დასამტკიცებლად
შენზე ბევრ რამეს ამბობენ შენი აქამდე საყვარელი
მეზობლები და ამხანაგები... - ვასილმა უთხრა ყოველივე
ის, რაშიაც ბრალსა სდებენ მარინეს, და ჰკითხა: -
მართალია თუ არა ეს?

მარინემ პასუხი არ გასცა.

ვასილმა ისევ განუმეორა თავისი კითხვა, მაგრამ პასუხი


მაინც ვერ მიიღო.

- არ გესმის, რომ გკითხავენ? - მიაძახა მარკოზამ.

მარინე მაინც არ იღებდა ხმას... გაქვავებული უმოძრაოდ


იჯდა.
- მიეცი, შვილო, პასუხი, პასუხი გაეცი, შვილო! - მხარზე
ხელის დადებით შეეხვეწა ესმა: - პასუხი გაეცი, შვილო!

- არ იცი, ბოშო, ვინ გკითხავს?.. უბრალო კაცი ხომ არ


გელაპარაკება... ანგელოზთან ნამუსაიფები კაცი ხმას
გცემს და შენ რა ღმერთი გიწყრება?!. - გაცხარდა მარკოზა.

- მე უშენოდაც კი მიგიხვდები, - ისევ მიმართა სიტყვა


ვასილმა ყმაწვილ ქალს: - უშენოდაც კი მიგიხვდები
ყოველ შენს საქმეს, მარა შენთვის ჯობია, რომ თვითონ
შენით აღიარო ყოველივე შენი ამბავი... ყველაფერში
გამოგვიტყდი და ღმერთი, ჩვენი შემქმნელი და
მწყალობელი, გაპატივებს შენს შეცდომას, მოგიტევებს
შენს დანაშაულობას... არა და, თუ არ გამოტყდები,
იცოდე, საუკუნო წვალება მოგელის ჯოჯოხეთში... ყოველ
წვალებაზე უფრო მეტი... ამაში დამერწმუნე მე, რომ
მართალს გეუბნები... თუკი გამოტყდები, როგორც
გითხარი, ღმერთი შეგინდობს შენს შეცდომილებას და
სულსაც არ წაიწყმედ, ეშმაკს არ დააპატრონებ მასზე...
ხარ კუდიანი, თუ არა? გაქვს მათთან რამე კავშირი? -
კიდევ ჩაჰკითხა ვასილმა.

სიჩუმეში მოისმოდა შეკავებული ტირილის ხმა.

- გაქვს კავშირი თუ არა კუდიანობასთან? - არ ეშვებოდა


ვასილი.

- მაქვს! - ძლივს გასაგონი ხმით თქვა მარინემ.

საშინელმა, გულგამგმირავმა კივილმა შესძრა იქაურობა.

- უიმე, უიმე! - სასოწარკვეთილებით წამოიკივლა ესმამ


და თავზე ხელები დაიშინა.
- ქალო, გაჩუმდი, გაჩუმდი!.. არ გესმის შენ, ეი! გაჩუმდი,
გეუბნები! - შეუტია ცოლს მარკოზამ მარინეს
სიტყვისაგან გამშრალმა.

ქალებმა ერთმანეთს გადახედეს.

- ვინ შეგაცდინა? ვინ გაგაჩვია კუდიანებთან? -


ჰკითხავდა ვასილი.

მარინე ისევ გაყუჩდა და პასუხი არ მისცა. მარკოზას


გული მოუვიდა და წყრომით უთხრა, რომ ამგვარი
ჯიუტობით ვასილს აწუხებო. ამის შემდეგ ვასილმა ისევ
გაუმეორა თავისი კითხვა და მარინემაც ყრუდ მიუგო:

- ჩემმა დედამთილმა:
ქალები ისევ შეინძრნენ, ერთმანეთს გადახედ-
გადმოხედეს. ესმა კი ისევ მუშტებს ირტყამდა გულში,
ქმრის შიშით ხმამაღლა ტირილს ვერ ჰბედავდა საცოდავი
მოხუცებული დედაკაცი.

- აბა, ახლა მოგვიყევი, როგორ შეგაჩვია კუდიანობას შენმა


დედამთილმა?.. თავიდან მოყევი: რას გიშვრებოდა, რას
გეუბნებოდა ან გპირდებოდა რამეს? ჰო?

მარინემ ჯერ ხმა არ ამოიღო, მერე თითქოს იფიქრა, რომ


მაინც არ მომეშვებიანო, ვიდრე დაწვრილებით არ ვიტყვი
ჩემს ამბავსო, და მოჰყვა ყველაფერს. მთელი
საზოგადოება სმენად გადაიქცა; ზოგიერთი ქალები
წამოდგნენ და მარინესკენ გამოიწიეს, რომ უკეთესად
გაეგონათ მისი ლაპარაკი.

სიჩუმემ დაიპყრო იქაურობა და ამ სიჩუმეში ძლივს


ისმოდა აღელვებული, მისუსტებული მარინეს ხმა,
რომელიც ხშირად უწყდებოდა მოლაპარაკეს.

მარინემ უამბო, თუ როგორ გალახეს იგი დედამთილმა და


ქმარმა, ონისიმესაგან რომ სახლში მიიყვანეს, რის
შემდეგაც ავად გახდა... როგორ უმოწყალოდ სდევნიდა
მას ფეფენა, მოსვენებას არ აძლევდა; როგორ აუკრძალა
ჯერ სახლიდან ეზოში გამოსვლა, მერე ეზოს გადაღმა
გადაბიჯება; უშლიდა სხვებთან ლაპარაკს; რომ ყველგან
სდევნიდა მას და ვერსად ვერ დაეფარა მისგან თავი.

- ერთხელ ვენახში დავემალე. დავწექი ბჟოლის ძირში...


მიმძინებოდა, - მოუყვა მარინე, - უეცრად რაღაც შავი
უშველებელი დამეტაკა, გამომაღვიძა, წამავლო ხელი და
ცაში ამიყვანა ისე მაღლა, რომ თავბრუ დამესხა, დაბლა
რომ გადმოვიხედე... “დამნებდიო, - მითხრა იმან, - და
ჩემი ნება აასრულეო, თორემ ახლავე აქედან ხელს
გაგიშვებ და მიწას დაგახეთქებო”. შემეშინდა,
ავკანკალდი... ვუთხარი, კი, ბატონო-თქვა. “აბა
გახსოვდეს ეგ შენი სიტყვა... მე ხუმრობა არ ვიციო”...
ჩავაჩერდი, ვინ მელაპარაკებოდა, მინდოდა შემეტყო... იმ
შავ მოჩვენებაში ჩემი დედამთილი ვიცანი... მე უფრო
შემეშინდა კიდევ და ხვეწნა დავუწყე - ოღონდ ნუ
მომკლავ და შენი მორჩილი ვიქნები-თქვა... არც ხმას
გავცემ ვისმე უშენოდ, არც არსად წავალ შენდა
დაუკითხავად-თქვა... ოღონდ მიწაზე დამიშვი-თქვა...
ისევ თვალებზე წამომეფარა რაღაცა, გონება დამეკარგა...
აზრზე რომ მოვედი, ისევ იმ ადგილას ვიწევი, სადაც
მიმძინებოდა...

- კიდევ?

- ნიგოზზე შემომესწრო...
- ჰმ!

- ნიგოზს ვხალავდი... უეცრად თვალებზე წამომეფარა


შავად... რეტი დამესხა, მეგონა, გადმოვარდი ეს არი-
თქვა... ბრჭყალები ჩამასო კაბაში... მაღლა... სულ მაღლა
ამიყვანა!.. გადმოგაგდებო... აქედან გისვრიო... ნიგვზის
წვეროზე წამოეცობიო, თუ არ შემომიდექიო... კუდიანი
გახდიო... შემეშინდა, სული შემიხუთდა... მორჩილი
ვიქნები-თქვა, ვუთხარი... ნუ მომკლავ-თქვა,
შევეხვერწე...

- ვინ იყო? ვინ გელაპარაკებოდა მაგრე? იცანი?

- ვიცანი! - ღრმად ამოიხვნეშა მარინემ.

- ვინ იცანი?
- სული მეხუთება!.. დედა, მიშველე!.. ოჰ! მიშველე,
დედა! - ატირდა მარინე, დედისკენ პირი ქნა და
ღონემიხდილი კისერზე ჩამოეკიდა.

- ნუ გეშინია, შვილო, ნუ გეშინია, შენ დაგენაცვლოს შენი


დედა! რა იყო, შვილო? რა დაგემართა, შვილო, შვილო?! -
შექნა ყვირილი ესმამ, შვილის უსიცოცხლო სახე რომ
დაინახა, როცა მას პირზე თავსაფარი ახადა.

- ვინ შეიცანი, ვინ? - არ ეშვებოდა მაინც ვასილი, რომელიც


ყურში ჩასძახოდა გრძნობადაკარგულ ქალს.

- დედამთილი! - ძლივს გასაგონი ხმით თქვა და


მკვდარივით, ხელებ და კისერმოსხლეტილი მიილუშა
ესმას კალთაში.

- შვილო, მარინე, შვილო! - დასწიოდა მას საცოდავად


ესმა: - რატომ შენი დედა უწინ არ მოგიკვდა, სანამ ამას
დეინახავდა მისი დასაფსები თვალები!.. შვილო, შვილო! -
მწარედ მოსთქვამდა მოხუცებული დედა.

მარკოზა გაშტერებული, გალენჩებული იდგა განზე და


უცნაურ ძალას ატანდა თავისთავს, რომ ამ
საზოგადოებაში ტირილი არ წასკდომოდა.

- სახლში შეიყვანეთ...- დაიძახა და ფეხზე წამოდგა


ვასილი: - შეიყვანეთ სახლში და დააწვინეთ ქვეშაგებში...

ვასილი ქალებს მოშორდა და ონისიმესა და მარკოზას


თანხლებით ისევ ეზოში გავიდა. გრძნობამიხდილი
მარინე სახლში შეიტანეს, დააწვინეს ტახტზე და საბანი
წაახურეს... დედაკაცები იქვე ფუსფუსებდნენ... ვინ ესმას
ანუგეშებდა და ამხნევებდა... ვინ რა რჩევას იძლეოდა
მარინეს გრძნობაზე მოსაყვანად.
- ახლა კი წმინდად გეიწმინდა! - ამბობდა ერთი
დედაკაცი.

- ძალიან საქმე ქნა იმ დალოცვილმა ადამიანმა - ამბობდა


მეორე.

- ღვთის კაცია, შე დალოცვილო... ვიგინდარა ვინმე ხომ არ


არი!

- რასაკვირველია, რასაკვირველია!.. მარა ამ უბედურს


დიდი ხნის სიცოცხლე კი აღარ აქვს... - გადაუფუჩუნა
ერთმა დედაკაცმა მეორეს.

- შე ქალო, სული რომ არ წააწყმედინეს, ის აღარ კმარა? -


ხმადაბლა მიუგო მეორემ: - გამოტეხილს რაღა
აცოცხლებს?.. არ გამოეტეხათ, უარესი ცოდვა იქნებოდა...
იცოცხლებდა კი, მარა რაღა სიცოცხლე იქნებოდა მისი...
ბოლოს ხომ წაწყმედილი იქნებოდა მაინც...

ეს საზოგადო აზრი იყო, რომ გამოტეხილი დიდხანს ვერ


იცოცხლებდა და ამაში დარწმუნებულნი წავიდ-
წამოვიდნენ დედაკაცები. ამათაც მადლობა უთხრეს,
როგორც ვასილ კარიკაძეს, ისე მარკოზას, რომ მათ
სოფელს ამისთანა სამადლო საქმე უქნეს -
გაკუდიანებული ქალი მოაშორეს სოფელს. მეორე დღეს
ვასილიც წავიდა თავის სოფელში ონისიმეს ვაჟიშვილის
თანხლებით. მარკოზა ბევრი ეხვეწა მას, მიეღო მისგან
ორიოდე მანეთი გასამრჯელო, მაგრამ ვასილმა არაფრის
გულისათვის არა ქნა.

- ღმერთს ჩემთვის ეს ძალა ფულის საბოჭავად კი არ


მოუნიჭებია, შე კაცო! - უთხრა მან მარკოზას.
- ვეცდები სხვანაირად გემსახურო და ეს დავალება
კაცურად გადაგიხადო, ჩემო ბატონო! - მიუგო
მოხუცებულმა გლეხმა.

ამ წამებამ, მთელი საზოგადოების წინაშე წამებამ, სულ


დაათავა უიმისოდაც მისუსტებული მარინე. იგი მესამე
დღესაც არ ამდგარა ზეზე, ისევ ავადმყოფი იწვა.
უბედური დედამისი თვალდათვალ უყურებდა, როგორ
ესალმებოდა მისი საწყალი, მრავალტანჯული შვილი ამ
წუთისოფელს. ესალმებოდა, აბა რისი მომასწავებელი
იყო მისი ასე საცოდავად მოქცევა?! და ესმა თავს
დასტიროდა მარინეს... მარკოზა კი ხანდახან მივიდოდა
ავადმყოფთან, ჩაჰკითხავდა: “რავა ხარ, შვილო?” და
პასუხის მაგივრად რომ გაიგონებდა გაუგებარ სიტყვებს,
მიმქრალი ხმით წარმოთქმულს, უცბად მოშორდებოდა
და ცალკე, ნაჩუმათებად ჰყრიდა ცრემლებს.
სოფიო და ონისიმე ნუგეშს აძლევდნენ ვითომ
მოხუცებულებს, მაგრამ თვითონაც ხედავდნენ, რომ
სანუგეშო აქ არა იყო რა.

ერთ დღეს მარინემ უცნაურად დაიჯინა სახლში,


დედამთილთან, წასვლა იქ დასაწოლად. მარკოზამ
ძლივს, ისიც წყრომით გადაათქმევინა ეს სურვილი.
”ფეფენას ნურაფერს აწყენინებთო” - ეხვეწებოდა
მომაკვდავი მშობლებს.

ფეფენას არაფერი გაუგია იმისა, თუ რა მოხდა


ონისიმესას, რარიგად საბოლოოდ დამტკიცდა მისი
კუდიანობა და მისგან რძლის გაკუდიანება. ვინ
იქნებოდა იმისთანა, რომ ყოველი ეს ეამბნა
ფეფენასათვის, რომლის წინაშეც უფრო იმატა შიშმა
მეზობლების გულში. გამოტეხაზე დამსწრენი მაინც
ერთობ შიშში ჩავარდნენ - ფეფენამ არ გაგვიგოს იქ ყოფნა
და არ გადაგვეკიდოსო.

ფეფენამ ის იცოდა მხოლოდ, რომ მარკოზამ მარინე


ონისიმესას მიიყვანა და რომ ახლა იგი ავადმყოფი იწვა
მისი მაზლის სახლში. ერთ დღეს აღარ მოუთმინა გულმა
მოხუცებულ დედაკაცს და გადასწყვიტა გადასულიყო
ონისიმესას, რძლის ამბავიც გაეგო და მის მშობლებთანაც
მოელაპარაკნა, რომ ასე წართმევა ქალისა არავის უნახავს
და გაუგონია, მით უფრო, რომ ფეფენა ამ ბოლო დროს
სრულიად კმაყოფილი იყო მარინესი. მართლადაც, როცა
მარინემ სრულიად გამოიცვალა ხასიათი, მისი სიტყვის
გამგონი და დამჯერი შეიქნა, მიივიწყა უწინდელი
ცმუკვა-ცერცეტობა, სულ სახლში იჯდა, და
მოხუცებულმა ქალმა, მისი აზრით, თავიდან აიცილა
თავზე წამოწეული უბედურება, - ახლა ფეფენას
აღარავითარი განსაცდელის მოლოდინი არ აწუხებდა. მან
სრულიად გამოიცვალა გული რძალზე. ამიტომაც იყო,
რომ გადასწყვიტა ავადმყოფი მარინეს ნახვა... ეგებ ამ
უცნაური ხასიათის პატრონის გულის სიღრმეში რძლის
სიყვარულმაც გაიღვიძა... ვინ იცის!

- აჰა!.. კაი დაგემართოს! მაგაზე უკეთეს ვერას იზამდი!..-


რაღაც უცნაურ კილოზე წამოიძახა მარკოზამ, როცა ნიკას
თანხლებით ეზოში შემოსულ ფეფენას თვალი მოჰკრა.

- სახლში არ შემოუშვა მაგ სულწაწყმედილი, მაგ! -


გაჯავრებით თქვა ესმამ.

- ვინ არი, დედა? - იკითხა ავადმყოფმა.

- წყეული შენი დედამთილი, შვილო!.. მარკოზა, კაცო,


სახლში არ შემოუშვა, იცოდე, თვარა ამწამსვე ყანყრატოში
ვეცემი!
- მაცალე, დედაკაცო!.. შენ შენთვის იყავი! ეს მინდოდა,
რომ სადმე ხელში ჩამეგდო მაგისი თავი და ღმერთი
მიგზავნის კიდევაც! - ბოროტად წარმოსთქვა მარკოზამ,
მივარდა კერას, აჩქარებით გამოქექა ცეცხლი, გადააბნია
ნაცარი და ზევით ამოაგდო კერაში ნაგდები ნალი. მერე
ისევ ნაკვერცხლები წააყარა რკინას, მიტრიალდა და
ფეფენას შეეგება კარებთან. არც სოფიო და არც ონისიმე
შინ არ იყვნენ.

- მობძანდი, მძახალო, მობძანდი!.. აქამდინაც კი უნდა


გენახა, შე ქალო, შენი ავადმყოფი რძალი! - დაცინვით
უთხრა მარკოზამ: - შენ, ბიჭო, არ გეკადრებოდა ცოლის
ამბავი გაგეგო?

- შე დალოცვილო, - მიმართა ფეფენამ მარკოზას: - შენ


იმისთანა საქმე გვიყავი!.. გხედავდი სხვანაირ გუნებაზე
იყავი და აღარაფერი გითხარი... მე ვთქვი, ჯერ ესე იყოს,
კაცი დამშვიდდება, დაწყნარდება... შვილიც ეტყვის...

- შვილმა ვერაფერი კაი მითხრა! - წამოიძახა მარკოზამ.

- მამა, მამა! - მოისმა ავადმყოფის ხმა.

- იმიტომ ვიცდიდი ამ სამ დღეს, - თავისას ამბობდა


ფეფენა: - რითია ავად? რამ გახადა ასე უცბად ამნაირად? -
და ფეფენა ავადმყოფთან მივიდა.

- ნამდვილი ამბავი გინდა, რასაკვირველია, გეიგო, ხომ? -


ისევ სხვანაირად ჩაჰკითხა მარკოზამ ფეფენას.

- დედა, დედა... უთხარი მამას... - ძლივს გააგონა დედას


მარინემ.

- შენ კი, ბიჭო, გარეთ გადი! - დაუძახა ნიკას მარკოზამ: -


შენი გასაგონი არ არის ეს ჩვენი ლაპარაკი!..

ნიკა ცხვარივით კარში გავიდა. მარკოზამ უცბად მიხურა


კარი და გადარაზა სარაზავით, გამოტრიალდა, წინ
წამოუდგა წელში გამართულ, დოინჯშემოყრილ ფეფენას
და შეჰყვირა:

- შენმა კუდიანობამ უყო მაგას ეგ!.. შენმა კუდიანობამ! -


დაიყვირა, რაც ხმა ჰქონდა, მარკოზამ: - ვითომ და არ
იცოდე?! იმისათვის მოდი, რომ მაგის წვალების ყურებით
დამტკბარიყავი?! მარა სად წამიხვალ ახლა, სად
წამიხვალ!.. -უყვიროდა მარკოზა გაფითრებულ
მოხუცებულ ქალს, რომელიც გრძნობადაკარგულივით
მისჩერებოდა ამ გამხეცებულ კაცს. - ვერსად ვერ
წამიხვალ, ვერსად!.. გესმის თუ არა? - ყვიროდა ისევ
მარკოზა.
- ხომ არ გადარეულხარ! - შეუტია გაცოფებულმა
ფეფენამ: - ხომ არ გადარეულხარ... ახლავე კარი
გამიღეთ!.. - და მან კარებისაკენ მიიწია, მაგრამ მარკოზამ
ხელი სტაცა და უკან დაახევინა.

- სად მიხვალ? სად წამიხვალ?

- გამიშვი, გეუბნები!.. ხელი გამიშვი! ბიჭო, ნიკა, კარი


გააღე ახლავე... გესმის, ბიჭო!

- ვერ გავაღე, დედა, ვერა! - მოისმა ნიკას ხმა.

- რატომ ტანჯავ, რაზე აწვალებ, შე შეჩვენებულო?.. აღარ


გეყო მაგის წამება, ვერ გაძეხი? შე წყეულო, სული რომ არ
წაგაწყმედინე, ხორცს რას ერჩი, მითხარი? - და მარკოზა
რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოხუცებულს ხან იქიდან
წაჰკრავდა მუჯლუგუნს, ხან აქედან. ფეფენა კი ამ
სიტყვებით გაკვირვებული იძახდა: - ”რეებს ამბობ, შე
უგონო, რას სულელობ?” - და თან საზარლად ყვიროდა,
მაგრამ მარკოზამ ყურიც არ ათხოვა ამას, მოჰხვია ხელები
ფეფენას, მიათრია ბაგასთან, მოხსნა ბაგაზე
ჩამოკიდებული ხარის დასაბმელი ბაწარი, ესმას
დახმარებით შეჰკრა მოხუცებული დედაკაცი და
გადაბაწრული მიწაზე დააგდო.

- მიშველეთ, მიშველეთ! - შესაზარი ხმით გაჰკიოდა


ფეფენა.

- მოიტა აქ ნალი! - გადასძახა მარკოზამ ცოლს; თვითონ კი


ფეფენას თავს დაადგა და ნიშნის მოგებით ეუბნებოდა: -
სად წამიხვალ ახლა, სად წამიხვალ, შე კუდიანო!.. ახლავე
დაგიკარგავ მაგ შენს ძალას!.. ახლავე მოგარჯულებ მე
შენ!.. მალე, დედაკაცო!
ესმამ გამოჩხრიკა ცეცხლი, გამოიღო საკეცით
გავარვარებული ნალი და მარკოზასაკენ წაიღო.

- მამა! მამა!.. რას შობი?.. რას შობი, მამა! - წამოვარდა ამის


დანახვაზე ლოგინიდან მარინე: - მამა, შენი ჭირიმე... მე
მომკალი, მე!.. ნუ შობი მაგას!.. დედა, იქით! - დაიწივლა
მან და ესმას ხელიდან გააგდებინა საკეციც და ნალიც.

- ახლავე მორჩები, შვილო, გვაცალე! - წამოიძახა ესმამ.

- მამა, ნუ მკლავ, ნუ მკლავ, მამა! - და ღონემიხდილი


კისერზე ჩამოეკიდა მარკოზას.

- მაცალე! მაცალე, გეუბნები! - გაჯავრებით მიაძახა


მარკოზამ: - დოუდაღავი რავა გადამირჩება მაგ
შეჩვენებული!
ყვირილისაგან ხმაჩახრინწებული ფეფენა ისევ შველას
ითხოვდა. კარებთან კაცების ხმა მოისმა, ეს ნიკამ შეჰყარა
მეზობლები.

- მარკოზა, კარი გააღე, კარი გააღე. მარკოზა! - იძახოდნენ


და თან კარს აწვებოდნენ.

- მაცალე, ბოშო, მაცალე! წეიყვანე ეს სულელი იქით! -


მიაყვირა მარკოზამ ესმას და თან ისე ღონივრად შეინძრა,
რომ მარინესაგან თავი გაითავისუფლა, მაგრამ მარინემ
თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწას დაასკდა მძიმედ.

განთავისუფლებულმა მარკოზამ უცბად დაავლო ხელი


საკეცს, აიღო მით მხურვალე ნალი და მიიტანა იგი
ფეფენასთან, რომელსაც შიშისაგან ხმა დაჰკარგოდა და
გველივით კლაკვნა დაეწყო.
- ხედავ ამას, ხედავ?! - ყვიროდა მარკოზა ... ხედავ ამას?!
აი, შენი რჯული, შენი რჯული! - და გამხეცებულმა
მარკოზამ გახურებული რკინა თეძოზე მიადო ფეფენას.

სახლში მყრალი, ნამწვავი ჭინჭის სუნი დადგა. ამ დროს


კარიც ჩამოგლიჯეს და სახლში შემოცვივნულმა გლეხებმა
ცოცხალ-მკვდარ ფეფენას მოაშორეს მარკოზა, შემოხსნეს
ქალს ბაწარი და გარეთ გაიყვანეს ჰაერზე.

საშინელმა კივილმა შესძრა იქაურობა. ესმა, რომელიც


მიწაზე დაცემულ მარინესთან ფუსფუსებდა, საზარლად
ღრიალებდა:

- შვილო, მარინე!.. მარინე!.. მიშველეთ... ვინ ხართ


ქრისტიანი, მიშველეთ... კვდება, კვდება!.. მარინე,
შვილო! - ყვიროდა საცოდავად დედაკაცი.
- ჰა, მოკვდა?! - იყვირა მარკოზამ და მარინეს მივარდა: -
მარინე, შვილო! მარინე!.. - და რა შეხედა მიწაზე
უსულოდ მდებარე შვილს, მოხუცებულმა ღონივრად
ასწია საყვარელი გვამი, გულში ჩაიხუტა და თან
გულსაკლავად გასძახა:

- შვილო! გაწვალებულო შვილო!.. შენი ჭირიმე! ვაიმე,


ვაიმე, ვაიმე! - და მარკოზა გაცივებულ პირისახეს
უკოცნიდა მიცვალებულს.

1894 წ.
ბაკულას ღორები
ის იყო შარაგზით მომავალმა ზენათიმ გზის
შესამოკლებლად ღობეზე გადარება დააპირა და ზედ
შედგა ფეხი, რომ გამწარებით წამოიძახა:

- ღმერთო მომკალი!.. ღმერთო მომკალი! - ჩახტა ეზოში და


ქაქანით გაენთო ეზოს ყურეში ყოფილ პატარა
ბოსტნისაკენ.

- უიმე, უიმე!.. ღმერთო მომკალი!.. პიტია!.. სასიკვდილე


პიტია... კიკილო! კიკილო!.. თქვენ მოუკვდით თქვენ
დედას, თქვენ… პიტია, კიკილო! კი-კი-ლო-ო! - უცნაური
ხმით გაჰკიოდა და თან მირბოდა ზენათი.
ამ ყვირილზე დაბალაივნიან სახლიდან გამოვარდა
თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც უკან
გამოსდია თმაგაბურძგვნილმა, ფეხშიშველა პერანგის
ამარა პატარა ბიჭმა.

- რა ამბავია, დედა, რა? - იკითხა ქალიშვილმა.

- რა და თქვენი სიკვდილი!.. თქვენი არ გადარჩენა, თქვენ


გოუწყდით თქვენს პატრონს, თქვენ!.. ვეღარ ხედავთ,
თქვე გასაწყვეტლებო, რომ ამოგვაგდეს... რომ ერთიანათ
ამოგვაგდეს?!. თქვენ გაგიწყდათ მიწა... მოისპო თქვენი
სახელი!.. დაგიდგათ თვალები!.. მიწა დაგეყარათ
გასაწყვეტლებს, მიწა! - და ამ წყევლის წარმოთქმაზე
შეჩერებული ზენათი ისევ ბოსტნისაკენ გაიქცა; უკან
დაედევნა პიტიაც.

- ჰა ტრუბია! ჰა ტრუბია! - აყვირდა პატარა ბიჭიც და ამ


ძახილზე სახლის ყურიდან გამოვარდა შავი, ბანჯგვლიანი
ნაგაზი და ესეც ყეფით გავარდა ბოსტნისაკენ.

- ჰა ტრუბია, ჰა, ჰა! - ყვიროდა ბავშვი და თან მისდევდა


ძაღლს.

ბოსტანში მყოფმა ძალზე გამხდარმა ორმა ღორმა და


ცხვარმა, ალბათ, კარგად იცოდნენ რა დღესაც დააყენებდა
მათ ტრუბია. გაფაციცებით უცმაცურებდნენ პირს პრასას,
ჭლაკვს, ნიახურს, ოხრახუშს - რაც კი პირს მოხვდებოდა, -
შემდეგ ეცნენ ბოსტნის დაბალ რაგვს, ტრუბიას შიშით
გაღონიერებულებმა შეამტვრიეს რაგვის ხმელი წკნელი
და გასაქცევად გამზადებულები სამივე შეუდგა
შეღმართს. ტრუბია ყეფით დაედევნა უკან, დაეწია ერთს,
სწვდა გამხდარ კანჭში; ღორი აჭყვირდა, წაიქცა და
კოტრიალ-კოტრიალით ჩამოგორდა ქვევით; ნაგაზი ახლა
გაეკიდე მეორეს, დაეწია, ამასაც ჩაასო თავისი ბასრი
კბილები კანჭში და ესეც აჭყვირებული წააქცია და
კოტრიალით გადმოუშვა ქვევით; დამფთხალი ცხვარი კი
საცოდავად ხან იქით მირბოდა, ხან აქეთ, შეშინებული,
რომ ძაღლს არ ჩავარდნოდა საკბილავად. ტრუბია კი
ღორების წვალებით კმაყოფილდებოდა. დაბოლოს ამასაც
მოსწყინდა მათი წვალება, გაანება თავი, შესდგა და
თავაწეული მისჩერებოდა კანჭებ დასისხლიანებულ
პირუტყვებს, რომლებიც აღმართს შეუდგნენ.

ზენათი კი ბოსტანში ჩამდგარი დაუცხრომლად


ქაქანობდა და გაჰკიოდა რაც ხმა ქონდა გულგახეთქილი,
რომ ხედავდა ასე შეუბრალებლად მოსრესილს თავის
ნამუშევარს.

- ასე კაცის ამოგდება გაგონილა ქვეყანაზე?! თქვენ


ამოგივარდათ თქვენი პატრონი... თქვენ ამოგივარდათ
თქვენი პატრონი ძირიან ფესვიანად, რავარც თქვენ ეს
ჩემი ბოსტანი ამომიგდეთ!.. აოხრდა თქვენი პატრონი,
რავარც თქვენ აქაურობა ააოხრეთ!... მოსპო თქვენი
პატრონი ისე, რავარც ეს ჩემი ნაშრომი მოსპეთ და
გააქრეთ!.. ისე გაქრა თქვენი პატრონი... გაქრა ქვეყნის
პირიდან!.. თქვენი პატრონი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა...
დასწყევლა და მოსპო მამა ზეციერმა! - ყვიროდა ზენათი
რაც ძალა და ღონე ქონდა, რომ შეღმართის წვერზე
წამოსკუპებულ ქოხში გაეგონათ მისი გულისწყრომა.

რასაკვირველია, იქ ესმოდათ მისი ქაქანი, მისი ლანძღვა,


წყევლა, მაგრამ პასუხს არავინ აძლევდა და არც არავინ
ჩნდებოდა. ეს კიდევ უფრო აბრაზებდა ბრაზმორეულ
ადამიანს და მის ლანძღვა-გინებას დასასრული არ
ეძლეოდა.

- ასე არ შეიძლება, გალაქტიონ, არ შეიძლება, მითქვამს


შენთვის! - გაალმასებული დაუხვდა ზენათი
სამუშევრიდან საღამოს შინ დაბრუნებულ ქმარს.

- არ შეიძლება გეუბნები! რაცხა უნდა იღონო, თვარა


ამოგვაგდეს და ეს არის!.. ამოგვაგდეს ერთიანად!.. ხმა
უნდა ამოიღო!.. თუ არა და მითხარი და აღარ შევაკლავ
თავს არც ყანას და არც ბოსტანს... ყველაფერს
მივატოვებ!.. იმისთვის ვეწვალო, რომ ოხერ ბაკულას
ღორებს შევაჭამო ჩემი ნაცოდვილარი?!. ბაკულას
ღორების გამოძღომისათვის ვიკლა თავი? მითხარი,
ბატონო, თუ არაფერი გვეშველება, მითხარი და აღარ
ვიცოდვილებ! ყველაფერს თავს დავანებებ, თუ ბაკულას
ღორების საოხრებლად უნდა გახდეს ჩემი ნამუშევარი!..
მივატოვებ ყველაფერს და მოსვენებულად ვიქნები!..
გულის ხეთქას მაინც გადავრჩები! არა, რატომ, რატომ
კუჭგამხმარ ბაკულას ღორებს უნდა შევაჭამო ჩემი
ნაცოდვილარი?! გაუჩუმდი, გაუჩუმდი... ნუ გაცემ ხმას!..
- ახირებული ხარ ერთი შენც! - წყენით მიუგო
გალაქტიონმა. - ვინ გოუჩუმდა, მარა იმ ოხერთან რომ
არაფერი გამეწყო?! პირადად წავეკიდე, კაცებიც
მივუგზავნე, დავემუქრე ასე გიზამ, ისე გიზამ-თქვა, მარა
სინდის დაკარგულთან რა გაგივა! დასწყევლოს ღმერთმა
ის დღე, როცა მაგ ოხერი იმ ჯაგებში დასახლდა!.. რა
მოსვენებულად ვიყავით!..

- დასწყევლა ღმერთმა, დასწყევლა ღმერთმა ვიძახოთ!..


რაიმე საშვალება უნდა ვიხმაროთ, თვარა მარტო
დასწყევლა ღმერთმას ძახილით ბევრი გაგიკეთდება... მე
გეტყვი საშველი დაგადგება!.. ამით არაფერი გვეშველება,
ადამიანო, არა, არა!

- მაცალე, ბატონო, ეგებ რამე ვიღონო... მაცალე!

- მაცალე, მაცალე... ამას კაი ხანია იძახი და საქმე თუ


ხდება თვარა საშველი არაფერი გვეძლევა!.. როდემდი
უნდა იყვეს ასე? ასე რავა უნდა გადაათელიო კაცმა თავი
იმ წუნკლიანს!.. სულ შენი ბრალია, შენი ბრალი!..
თითქოს ერიდები იმ გასაწყვეტლებს!..

- ვინ ერიდება, ერთი შენ კიდევ! - გაჯავრებით წამოიძახა


გალაქტიონმა. - ვინ ერიდება?.. რაში უნდა მოვერიდო,
მითხარი ერთი?!.

- აბა რაა? სამართალი რავა ვერ ვიშოვო, თუკი კაცი


მოვინდომებ!

- ჰო, სუდში ვიჩივლო?

- ვიჩივლებ, აბა!.. მივათრევ ოხერს და მუდრეგს...


არაფრით არ დავზოგავ!..
- დიახ, სუდში მიათრევ და დაიმედებული იყავი, რომ
შენი სიმართლე გაგამარჯვებინებს, დიახ!.. ვიცი მე
სუდის საქმე!.. უნდა გადაჰყვე საჩივარს და ბოლოს, ვინ
იცის, რავა შეგიტრიალებენ ნათელ საქმეს!.. არა, შენ
გენაცვალე, თელათ რომ ყველაფერი ამიოხროს, სუდში
ფეხს ვერავინ შემადგმევინებს, ვერა! -
გადაწყვეტილებით წარმოთქვა გალაქტიონმა. - ვიცი მე
სუდის ამბავი!.. არა. საქმეს სხვა გზით უნდა
შემოუაროთ! - დაატანა მან.

- სადაა მერე ეს სხვა გზა? - ცხარობდა ზენათი.

- გეუბნები მაცალე-თქვა... მოვიფიქრებ!.. ჯერ ვერ


გამოვნახე... მაცალე და გამოვნახავ...

- ა, ბატონო, გვიცლია და ვნახავთ! მარა ეს მითქვამს


შენთვის, გალაქტიონ, თუ ასე გაგრძელდა, მე ხელს
აღარაფერს მოვკიდებ, იცოდე... რაზე ვიწვალო... რისთვის
ვაკლა ჩემი თავი?!. ბაკულას ღორების საძღომის
მოსაყვანად ვიშრომო?..

- რაცხას ვიღონებ, შე ქალო! ვიღონებ, ოღონდ მაცალე!..


საიმედო გზას გამოვნახავ და გადავრჩები მაგ
დაწყევლილ მეზობელსაც და შენს წყრომასაც! - ღიმილით
დაათავა გალაქტიონმა. - კი, შენ ნუ მომიკვდები!

რამდენიმე დღის შემდეგ გალაქტიონი დაბა N-ს


გაემგზავრა თავის ცოლის ნათესავთან, ალექსანდრე
შარაქაძესთან, რომელიც თარჯიმნად მსახურობდა
მაზრის სამართველოში.

დილა იყო, როცა იგი ჩავიდა დაბაში და რადგან


ალექსანდრე შინ აღარ დაუხვდა, სამართველოში მივიდა
მასთან.
- ოჰ, გალაქტიონს გაუმარჯოს! გაუმარჯოს გალაქტიონს! -
მხიარულად შეეგება ყმაწვილი კაცი გალაქტიონს. -
საიდან? რა ამბავია, რამ გაგსარჯა?.. ხომ მშვიდობით,
კარგად...

- გმადლობთ, შენი ჭირიმე!.. ვართ ღმერთით ერთგვარად,


თქვენგან დავიწყებული, დაკარგული!.. ვართ რავარც
მოგეხსენება საწყალი კაცის ამბავი! - მიუგო თავის
შებრალებით გალაქტიონმა

- ზენათი ხომ კარგადაა?..

- გმადლობთ... არის ისე.

- რა ხანია არ მინახავს!
- მერე ასე უნდა!.. ნამეტანი დაგვივიწყე, შაშა ჩემო!.. სულ
აღარ გაგვიხსენე... მართალია, პატარა კაცები ვართ, მარა
რაც რომ იყოს, რაც უღირსნი გყავდეთ, მაინც ნათესავები
გყავართ... საწყლები ვართ, მარა ამიტომ კი არ უნდა
მოგვიძულოთ თქვენისთანებმა... უფრო უნდა
შეგვიბრალოთ და შეგვიწყალოთ ხოლმე!

- ღმერთმა ნუ დაგივიწყოსთ, რას ამბობ, შე კაცო!.. აბა


კარგად ხართ?

- გახლავართ!.. ვებრძვით საწყლები ცხოვრებას რაც


გაგვეწყობა, მარა რაი, მაინც საწყლად ვართ და ვიქნებით
ჩვენს დღეში.

- რამ გაგასაწყლათ, შე კაი კაცო! - მხიარულად მიაძახა


ალექსანდრემ და მხარზე ხელი დაადო.
- საწყლები ვართ, შენი ჭირი შემეყაროს, უსაშვალონი, აბა
რა ვართ! ვისაც უნდა, ჩვენ გვაწუხებს და ჩვენ
გვჯობნის!.. შემფარე არავინ გვყავს! - ნაღვლიანად
წარმოთქვა გალაქტიონმა.

- ვიღაცას შეუწუხებიხარ, გალაქტიონ, გეტყობა!.. და


ძალიანაც შეუწუხებიხარ, გეტყობა!

- სწორედ მასეა და იმიტომაც მოგაშურე, შენი ჭირიმე!..


აგერ მობრძანდი და მოგახსენებ ყველაფერს! - გაიწვია
ოთახის თავისუფალ ყურეში ალექსანდრე.

- მართალია, უჩემოთაც ბევრი მაწუხებელი გყავს, შაშა, -


დაიწყო გალაქტიონმა, როცა ორივენი დასხდნენ, ისე რომ
მათ მუსაიფს ვერავინ შეუშლიდა, - მარა ჩვენთვისაც
უნდა შეიწუხო თავი... ღმერთი მოიმადლიერე,
ყურადღება მოგვაქციე... შეგვეწიე! არც ისე შორებლები
ვართ, შენი ჭირი შემეყაროს, რომ ჩვენი გასაჭირი
არაფრად მიიჩნიო!.. მე თუ არა, შენი ნათესავი ქალი, შენი
სისხლ-ხორცი მაინც შეიბრალე!.. ერთობ შეწუხებულია,
შაშა ჩემო. მეტისმეტად შეწუხებულია და ამიტომ
მოგაშურე!

- თუკი რამე შემიძლია!..

- კი შეგიძლია!.. რავა არ შეგიძლია!.. შენ თუ არ შეგიძლია,


აბა ვიღას შეუძლია!

- თუკი მასეა, კი ბატონო... ვინ ოხერი!.. რაშია საქმე?

- სულ უბრალო საქმე შენთვის...

- ჰო!
- ერთი კაცი უნდა შემიშინო...

- რავა?!. კაცი შეგიშინო?! - შეეკითხა გაოცებული


ალექსანდრე.

- დიახ!.. ერთი ოხერი, ყოვლად გაფუჭებული მეზობელი


გამიჩნდა, ის უნდა შემიშინო!

- რარიგად, გალაქტიონ?.. შეეშინდება ჩემი?.. - სიცილით


ეკითხებოდა ალექსანდრე.

- კი შეეშინდება! და უნდა შემიშინო, შაშა!.. შენთვის ეს


არაფერი იქნება, ჩვენთვის კი დიდი რამე! ერთი დღე
დაკარგო ჩვენთვის - რა უნდა იყოს შენთვის... ესეც ისე,
რომ იმ დღეს ტკბილად გაატარებ და ისიამოვნებ!..
მართალია, ჩვენისთანა საწყალი ნათესავი მაწუხებელია,
ჩვენზე უკეთესებს სცნობ და მათთან ხარ გართული, მარა
ღმერთი შეგეწევა, ჩვენისთანა საწყალს და გაჭირვებულს
რომ გადმოხედავ ხანდისხან!.. ჰოდა იმას გთხოვ,
მიკადრო შენი ღარიბი ნათესავი, მეწვიო ჩემს ღარიბ
ოჯახში... ერთი დღე გაატარო ჩემს ქოხში!.. შენთვის ეს
არაფერი იქნება, ჩემთვის კი დიდად ეღირება, დიდად
დაფასდება. კუთხე-მეზობელი გეიგებს, რომ სულ
უპატრონო არ ვყოფილვართ... რომ ჩვენც გვყოლია შემწე
და მფარველი... რად ეღირება ეს ჩვენთვის, ჩემო შაშა?!.
ერთხელ მაინც ხომ უნდა ნახო შენი ნათესავი... მოხვალ,
ისიამოვნებ, დროს გაატარებ და წამობრძანდები... მე კი
ამით ძალიან შემეწევი!

- კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით!.. თუ ამაზე მეტი


არაფერია. ეს რა! - სიცილით თქვა ალექსანდრემ. - სულ
ადვილი საქმე ყოფილა!

- შენ არ მომიკვდე სხვა არაფერი... მარა შენთან ერთად


თქვენი სეკრეტარიც მაწვიე, შაშა!

- ჩვენი სეკრეტარი?!. - გაიკვირვა ალექსანდრემ.

- სეკრეტარი!.. უსათუოდ შენთან ერთად უნდა მაწვიო!

- რუსია, კაცო! ქართული ინჩი-ბინჩი არ იცის!

- უსათუოდ უნდა მაწვიო! - მუდარით მიმართა


გალაქტიონმა. - შენთან ისიც დეინახოს ჩემმა კუთხე-
მეზობელმა ჩემს ეზო-ნიადაგზე!.. გეფიცებით,
სიამოვნების მეტი არა შეგხვდებათ რა... სადილს
მიირთმევთ, ისიამოვნებთ და წამობრძანდებით და ეს
იქნება!

- კი მარა აქ რაღაც ამბავია! - ვეღარ მოითმინა და ღიმილით


უთხრა ალექსანდრემ, - შენ რაღაც სხვა განზრახვა გაქვს!
- არ მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ დამიჯერებ, არაფერი სხვა
გარდა იმისა, რომ თქვენისთანა თვალსაჩინო პირებით
თავი დევიფარო მაწუხებელ მეზობლისაგან!..
თქვენისთანა პირებს რომ ჩემს ქოხში დაგინახავენ,
იტყვიან, რომ სულ უპატრონოდ არ ვყოფილვართ და
მტერი შეშინდება, მოგვერიდება, ისე თამამად ვეღარ
მოგვბედავს!..

- ეს ჩვენი შესაშინებელი კაცი ვინ არი, გამაგებინე ერთი?


ეგებ ისეთი იყოს, რომ თავათ შეგვაშინოს იმის მაგივრად,
რომ ჩვენ შევაშინოთ! - იცინოდა ალექსანდრე.

- კაცმა რომ შეხედოს მართლადაც შეეშინდება, ისეთი


შეხედულობისაა!

- ვინაა, რა კაცია, გალაქტიონ?


- მეზობელია ჩემი... ჩემი მოგვარე... ვიყავი ამდენი ხანი,
შენ გენაცვალე, ჩემს პაწია კარ-მიდამოზე მოსვენებით...
ახლო არავინ მყავდა მეზობლად... არავის ვაწუხებდი,
არავინ მაწუხებდა... ვცხოვრობდი ჩემთვის... მიხაროდა!..
მოგეხსენება რა სარიდალია ახლო მეზობელი, და თუ
ნამუსსდაშორებული გაგიჩნდა, ხომ გაგიმწარდება
ადამიანს სიცოცხლე და ეს არი!.. ასეთი უბედურება მეწია
მეც... გამიჩნდა მეზობელი ყოვლად გაფუჭებული,
სინდისდაკარგული ადამიანი... ამიკლო, შაშა ჩემო...
ამიკლო, აღარა ვართ მისგან!

- ვინაა?

- ისევ ჩემი მოგვარე!.. ამას წინათ გამოეყო ძმას... წამოიღო


რაღაც ქოხი რგებოდა, ჩადგა ჩემს ზევით ჯაგებში. ისეთ
ადგილას რავა იფიქრებდი თუ იქ როდისმე ადამიანი
დასახლდებოდა... ეგ, რასაკვირველია, მისი საქმეა,
ღმერთმა მშვიდობა მისცეს, ჯანდაბაში წასულა, კისერი
უტეხია, უარეს ადგილსაც გადაკარგულა - მე არ
შევწუხდები ამისთვის, მარა მისმა მეზობლობამ
ამომაგდო კაცი, ნამეტან ზარალს მაყენებს, შაშა!.. არა აქვს
საჭმელი, არა აქვს სასმელი, ყრიან საცოდავად... ოჯახში,
როგორც იცი, ყავს წვრილფეხი, მარა რომ არ ყოლებოდა
ერჩია... თავისათვის საჭმელი რომ არა აქვს, პირუტყვს
რარიგად შემოუაროს?!. უყრია მშიერი, შეწუხებული,
შიმშილისაგან გამწარებული... ჰყავს დამწყვრეული და ეს
მშიერი პირუტყვები, კუჭი რომ ეეწვისთ ხოლმე, ისე
ჭყვირიან და წკნავიან, რომ იქ დაბლა ჩვენ ვიწვით მათი
საცოდაობით, ისეთი ხმა მოდის!.. გული შეგიწუხდება
ადამიანს!.. მარა ეს რაა, უბედურება ის არის, ამ
შიმშილისაგან გამწარებულებს რომ გამოუშვებენ
სამწყვრევიდან... მაშინ არი ჩვენი შეწუხება... თავის
მახლობლად რას ნახავენ, ეკლისა და ბარძგების მეტი
არაფერია... დაეშვებიან ჩვენკენ... ეზოს ყურეში პაწია
გვარიანი ბოსტანი გვაქვს... ზენათის ნაკეთებია...
მოაშურებენ პირდაპირ აქეთკენ უსათუოდ! მოვარდებიან
და, ერთი თვალის დახამხამებაში, სულ ერთიან
გადაჭამენ, გადასისნიან, აღარაფერს დატოვებენ! კეტი
რომ უბრაგუნო, ვერ მოაშორებ ისეთი რაღაც
დაწყევლილებია - ალბათ, შიმშილისაგან რომ
გამწარებული არიან. ძაღლი მყავს ბედათ იმისთანა, რომ
სისხლით შეღებავს ხოლმე მათ და იმისი შიში აქვთ
კიდევ, თვარა ჩვენი საშველი არ იქნებოდა!.. ვეხვეწე,
ვემუდარე ნუ ამომაგდებ-თქვა, ჩამომაშორე ეს შენი
ღორები და ცხვრები-თქვა, კაცებიც მივუგზავნე,
ეკლესიაზე ხალხში შევჩივლე, მარა არ იქნა, არაფერი არ
გამოვიდა; სუდში ვერ წევედი საჩივლელად... მეშინია!
ჯერ საქმეს დასასრული არ მიეცემა, მერე მოწმეების
თრევა, მათი ჭმევა-სმევა, ხარჯი, გაცდენა და ბოლოს
შეიძლება საქმე ისე შემოგიტრიალონ, რომ ბრალი მე
დამდვან, რომ პატარა ბოსტანი მქონებია და საკმარისად
ვერ ძღებიან შიგ იმ ჩემი მეზობლის ღორები!

ალექსანდრემ ამაზე გულიანად გადიხარხარა.

- კი, ადვილი შესაძლებელია!.. სუდში სწორედ ვერ


შევალ... ცეცხლივით მეშინია. ამიტომ მოგაშურე ახლა
შენ... მეტი გზა არ მაქვს! სხვანაირად უნდა შემოვუარო
საქმეს... თქვენი ერთი ფეხის დაბაკუნება ათასწილად
მირჩევნია სასამართლოში თრევას და წოწიალს... ერთს
თვალებს გადმოუბრიალებთ, ხმამაღლა შესძახებთ ისე,
რომ კანკალს დააწყებინებთ ქე რომ იცით, და საქმეც
მოგვარდება... ჰოდა იმიტომ გთხოვთ, რომ თქვენებურად
შემიშინოთ ის ჩემი მაწუხებელი!

- კი, მარა, რარიგად შევაშინოთ მაინც?.. უჩივლებ და


დავიბაროთ, თუ როგორ? - იცინოდა ალექსანდრე.
- არა, შენი ჭირიმე, არა!.. მაგდენზე რავა გაგრჯით!.. თქვენ
ოღონდ მობრძანდით ჩემსას, სადილი მიირთვით -
დაგინახონ ჩემსას, დაგინახონ რომ თქვენისთანა
კეთილები მყავს მფარველად და სხვა არაფერი!

- შეშინდება მერე ამით ის შენი მეზობელი?

- კი შეშინდება!.. რას ბრძანებთ - თქვენ დაგინახავსთ და


სული კოჭებში არ ჩოუვა?!. რას ბრძანებ!

- აბა კარგი... რაკი მასეა! - სიცილით წამოიძახა


ალექსანდრემ. - ეგ მართლაც სულ იოლი საქმე ყოფილა!

- მომავალი კვირისათვის უნდა დამავალოთ!.. გზის ნუ


შეგეშინდებათ... შორი არ არის, გზა კარგია... კრეულაზე
ხიდია ჩატეხილი, მარა ახლა ყველგან მშვენიერი ფონია...
სულ არ შეწუხდებით, სულ!.. სეკრეტარი უსათუოდ
უნდა მაწვიო, შენს სულს დავენაცვლე... უსათუოდ!

- აი, ბატონო, წამობრძანდი... ვუთხრათ!

გაიარეს ხალხით გაჭედილი სამართველოს რამდენიმე


ოთახი და შევიდნენ ოთახში, სადაც განიერ მაგიდას
უჯდა შუახნის გრძელწვერა, თვალებდაბერილი მოხელე,
სამაზრო სამართველოს კანცელარიის უფროსი.

- რა ამბავია? - ქართულად ჰკითხა მან ალექსანდრეს და


თვალი გალაქტიონს გადაავლო.

- ვასილ ივანიჩ, ეს გახლავთ ჩვენებური აზნაური


გალაქტიონ ხოსოლიანი... გთხოვსთ პატივი სცეთ და
კვირას ეწვიოთ სადილად ოჯახში! - რუსულად უთხრა
მას ალექსანდრემ.
ვასილ ივანიჩი გაკვირვებით მიაშტერდა ალექსანდრეს.

- ჩტო ეტო ზნაჩიტ?!. - იკითხა მან.

- გთხოვთ ეწვიოთ სადილად. სხვა მეტი არაფერი! - მიუგო


ალექსანდრემ.

- საიდან!.. მე მაგ თვალითაც არასოდეს არ მინახავს!.. აქ


ხრიკი იქნება რაღაც... დაიკარგოს იქით! - წაილაპარაკა
ვასილ ივანიჩმა და ისევ განაგრძო შეწყვეტილი წერა.

- არაფერი ხრიკი არაა, ვასილ ივანიჩ!.. მაგას უნდა, რომ


ჩვენ შევუშინოთ ერთი მისი მაწუხებელი მეზობელი!

- შევუშინოთ?.. - გაოცდა სეკრეტარი.


- ჰო! - სიცილით უთხრა ალექსანდრემ.

- მერე მე რა საფრთხობელა მნახა?!. რას მიედ-მოედებით!


- წამოიძახა მან.

გალაქტიონი შიშმა შეიპყრო: ეს კაცი ისე ლაპარაკობდა,


რომ ეტყობოდა უარს ამბობდა. მაგრამ ალექსანდრემ
ერთი გადახედა მას და მერე თავისი მოქნილი ენით
დაწერილებით მოუყვა ვასილ ივანიჩს გალაქტიონის
ამბავი იმგვარად, რომ ის კიდეც გააცინა გულიანად.

- ნუ ნაპუგაემ, ჩორტ ვოზმი, ესლი ტაკ! - სიცილით


წამოიძახა მან.

გალაქტიონი შეიშუშნა.

- რაო, შაშა... შენი ჭირიმე? - გაუბედავად შეჰკითხა


ალექსანდრეს.

- თანახმაა... მოდის! - მიუგო მან.

- ცაუდით!.. ცაუდით! - მხიარულად უთხრა ვასილ


ივანიჩმაც.

გახარებულმა გალაქტიონმა დაბლა თავი დაუკრა


მადლობის ნიშნად და გახალისებულმა ისევ
ალექსანდრეს მიმართა:

- აბა, შაშას ჭირი შემეყაროს!.. კვირას მოგელით


უსათუოდ, მიირთმევთ სადილს და წამობრძანდებით
გინდ იმ საღამოსვე, გინდ ადრიანად... საქმე არ
დაგიბრკოლდება! - ხვანხვალობდა გალაქტიონი.

- ნაპუგაიმ, ნაპუგაიმ! - იცინოდა მდივანი. - ოღონდ


ღვინო კარგი იქნეს, თორემ ისე ვერ შევაშინებთ!.. ხომ
აქვს კარგი ღვინო?

- რაო, შენი ჭირიმე, რას ბრძანებს? - იკითხა გალაქტიონმა.

- ღვინო თუ გაქვს კარგიო?

- იცოცხლეთ!.. საუკეთესო ღვინოს მოგართმევთ!.. რომ არ


მქონდეს, ვიშოვი... თქვენისთანა პირებს ჩემს ოჯახში
დავინახავ და ცუდ რამეს მოგართმევთ, რავა
გეკადრებათ!.. აბა, შაშა, შენი ჭირიმე, კვირას უსათუოდ!..

- კარკი, კარკი!.. მოუდის, მოუდის! - მხარზე ხელის


დარტყმით უთხრა ვასილ ივანიჩმა გალაქტიონს, რამაც ის
კიდევ უფრო გაახარა.

გალაქტიონმა რამოდენიმეჯერ თავი დაბლა დაუკრა,


სახეგანათებული ოთახიდან გამოყვა ალექსანდრეს და
ისევ მიმართა მას მუდარით:

- შენ სულს ვენაცვალე, შაშა!.. თუ ჩემი ოჯახის სიკეთე


გსურს, ა... ახლა დევინახავ!.. არ გადამითქვათ
დანაპირები!.. გამხადე შენი საუკუნო მონა-
მოსამსახურედ!

- კი ბატონო, კი!.. გადაწყვეტილია... კვირას უსათუოდ


შენთან ვართ!.. შენსას ვქეიფობთ!

- თუ შეგხვდესთ იმისთანა ვინმე, რომ მხარი


დაგიმშვენოსთ და თქვენი სასიამოვნო იყვეს, ნუ
დამირიდებთ, წამოიყვანეთ ისიც!.. ერთი სიტყვით ისე
მოდით, რომ თქვენდა გულისაჯერად დრო გაატაროთ,
მასპინძლობა კი ჩემს კისერზე იყოს!.. ისეთი დრო უნდა
გაგატარებინოთ, რომ სამახსოვნოთ გექნესთ!.. კი!..
- აბა ჰე, აბა ჰე!.. ჩვენც მაგისათვის მოვემზადებით! -
მხიარულად უთხრა ალექსანდრემ.

- აბა ახლა მე გავსწევ და აქედანვე შევუდგები თადარიგს,


რომ თქვენდა საკადრისად დაგიხვდეთ, როგორც
თქვენისთანა პატიოსან პირებს შეეფერება!.. აბა ასე, შაშას
ჭირიმე, ასე, შენ გენაცვალე! - დასასრული აღარ ეძლეოდა
გალაქტიონის მუდარას და ხვეწნას. დაბოლოს როგორც
იქნა გამოემშვიდობა ყმაწვილ-კაცს და სიხარულისაგან
აფრენილმა, რომ საქმე სასურველად ეწყობოდა, გასწია
შინისაკენ.

სახლში დაბრუნებული გალაქტიონი მეორე დღიდანვე


შეუდგა სტუმრების მიღებისათვის თადარიგს. ოჯახში
დილიდან საღამომდი მხოლოდ იმის შესახებ იყო
ლაპარაკი თუ რა მოემზადებინათ და როგორ მოეწყოთ
ყველაფერი ისე, რომ სტუმრებს სიამოვნებოდათ. არც
გალაქტიონს, არც ზენათის არაფერი არ ეშურებოდათ
ამათთვის, რაკი მათგან დიდ სიკეთეს გამოელოდნენ.
მეზობლებშიაც გაიგეს, რომ ხოსოლიანებისას უცხო
სტუმრებს მოელოდნენ კვირისათვის და ყველა
დაინტერესდა მათი დანახვით. მხოლოდ ბაკულას
ღორები და ცხვარი თავისას მაინც არ იშლიდნენ და იმ
კვირაში ბარე ორჯერ მოინახულეს მათი საყვარელი
ზენათის ბოსტანი.

- მაცალეთ, მალე ყველას გაგიჩენთ მუხლებში კანკალს,


მალე, - იმუქრებოდა გალაქტიონი. - მალე სულ სხვა
გუნებაზე მეყოლებით ყველა!.. დაგიდგებათ თვალები! -
დაიმედებულად ამბობდა იგი.

სანატრელი კვირაც გათენდა. ზენათის ყველაფერი


დამზადებული ჰქონდა სტუმრებისათვის: ცხვარი,
ინდაური. ქათმები, აუარებელი ხაჭაპური, გომიჯები,
ნაშოვნი იყო მშვენიერი წითელი ღვინო. დილიდანვე
მომყოლი კაცი აახლეს დაბაში და კიკილო გზაზე
დააყენეს მოდარაჯედ, რომ დროზე ეცნობებია ცხენოსან
სტუმრების მოახლოება.

დღე საგანგებო კარგი გათენდა.

ჯერ ადრიანი იყო კიდევ, სტუმრები რომ გალაქტიონის


ეზოში ჩამოხტნენ, სადაც მათ დიდი მოწიწებით
შეეგებნენ გალაქტიონი და ზენათი თავიანთი შვილებით.

რადგან ჯერ წირვა გამოსული არ იყო და ეკლესიაც ახლოს


იყო, სტუმრებმა უარი არა თქვეს ეკლესიაში წასვლაზე,
რამაც დიდად გაახარა მასპინძელი. გალაქტიონი ეახლა
თავის სტუმრებს და მის სიხარულს საზღვარი არ
ქონებია, როცა ხედავდა თუ რა მოწიწებით აძლევდა
სალამს მის სტუმრებს ნაწირვებს ეკლესიის გალავანში
გამოფენილი ხალხი.

- ნუ ჩტო, პუგაიტსა? - ღიმილით, ხმადაბლა წაულაპარაკა


ვასილ ივანიჩმა ალექსანდრეს.

- ალბათ! - სიცილითვე მიუგო მან. - ჩვენი მასპინძელი


ერთობ მხიარულადაა... ალბათ, ატყობს! - ეშმაკურად
დაატანა მან.

ეკლესიიდან შემატებული კამპანია ჩამოვიდა


გალაქტიონისას. უცხო სტუმრებს მიემატა ახალგაზრდა
მღვდელი და გალაქტიონის რამდენიმე მეზობელი.

რადგან დღეც ხელს უწყობდა, ეზოშიც ფართოდ


შტოგაშლილი ცაცხვი იყო, გადაწყვიტეს სუფრა ამ
ცაცხვის სასიამოვნო ჩრდილში გაეშალათ.
ერთ წამში სუფრა აივსო ათასნაირი ნამზადებულობით,
ღვინიანი ბოთლებით, პატარ-პატარა ნიტრებით და
ჭიქებით. პატარა საზოგადოება მხიარულად შემოუსხდა
სუფრას; ამ მხიარულობას ხელს უწყობდა გალაქტიონის
გულუხვობა, ზენათის თავგადადებული მსახურება და
განსაკუთრებით ის მშვენიერი, მართლაც და სანაქებო
ღვინო, გალაქტიონმა რომ სტუმრებს მიუტანა.
სადღეგრძელო სადღეგრძელოზე ისმებოდა
ძალდაუტანებლად, სიამოვნებით; ყველანი
უსურვებდნენ მასპინძლებს სიკეთეს, ბედნიერებას,
მშვიდობიან ცხოვრებას, მტრის აშორებას და ყველა მათ
შემწუხებელის დამხობას.

ზენათიც და გალაქტიონიც სიხარულისაგან, რომ ასეთი


შნოიანი ნადიმი ჰქონდათ, ცაში დაფრინავდნენ.
სიხარულმა უფრო იმატა, როცა მეტისმეტად
გამხიარულებულმა ვასილ ივანიჩმა, რომელიც
უპრაგონოდ სცლიდა სტაქანს სტაქანზე, ზენათისთან,
თუმცა ბანცალით, მაგრამ მაინც იცეკვა ლეკური და
შემდეგ ჩააცივდა მის გვერდით მჯდომ მოძღვარს და
საშველი არ მისცა სანამ ზეზე არ წამოაგდო ლეკურის
საცეკვაოდ.

- პლიაში, პოპინა, ჩორტ ტებია პობერი! ნუ! - იძახოდა იგი


და ამასთანავე მუშტებს ურტყამდა კისერში მეორე
გვერდით მჯდომარე ალექსანდრეს, ხან გულში იკრავდა
და უშვერ სიტყვებს თავაზობდა. მღვდელმა შემოიკრა
თავისი ანაფორის კალთები და ერთი ორი ჩამოუარა.
საერთო სიცილს და მხიარულებას დასასრული არ
ჰქონდა. მადლიერი გალაქტიონი მადლობის ნიშნად
ხელზე ემთხვია მოძღვარს, მერე გადაეხვია ალექსანდრეს
და გულმხურვალედ გადაკოცნა.
სწორედ ამ დროს მოისმა ტრუბიას გამწარებული ყეფა.
ზენათი, რომელიც ალექსანდრეს ფეხთით იყო
მორთხმული და ესიყვარულებოდა, ამის გაგონებაზე
წამოვარდა ზეზე და ბოსტნისკენ გადიხედა; აქეთკენ
გავარდა კიკილო და, რადგან ყეფა არ წყნარდებოდა,
აქეთკენვე გაიქცა პიტია, რომელსაც შეშფოთებულმა
ზენათიმ გადაულაპარაკა:

- პიტია! გადიხედე, შვილო, რა ამბავია!

მაგრამ გადახედვა საჭირო აღარ იყო ამბის გასაგებად.


ცხადად ჩანდა რაც ამბავი იყო. ბოსტნიდან ცაცხვისაკენ
გიჟურად მორბოდა ორი ღორი, მათ უკან ორი ცხვარი,
მორბოდნენ შურდულივით, სადაც სუფრა იყო გაშლილი,
უტიფრად ეცნენ და შევარდნენ სუფრის ქვეშ და თუმცა
ყოველი მხრიდან რტყმევით და ცემით
უმასპინძლდებოდნენ, მაინც არ იცვლიდნენ ფეხს და
ფაცურობდნენ, რომ რაც შეიძლებოდა მეტი რამესათვის
მოედვათ ტუჩი. ალბათ, საჭმელების სუნმა გააბრუა და
თავდავიწყებამდის მიიყვანა დამშეული ოთხფეხი და
აღარ ერიდებოდნენ აღარც ტრუბიას კბილებს, აღარც იმ
ჯოხებს, რომელსაც გალაქტიონთან ერთად თავაზობდნენ
სტუმრებიც.

ამგვარი ამათი საქციელი თან აკვირვებდა ყველას, თან


უზომო სიცილს იწვევდა.

ალექსანდრე იცინოდა ისე გულიანად, რომ იქაურობას


აყრუებდა.

- ა, ბატონო, ა!.. შეიძლება ამისთანა ამბავი?! - იძახოდა


გამწარებული გალაქტიონი. - შეიძლება ამისთანა ამბავი?..
მიშველეთ რამე... ყველას გეხვეწებით, დამიხსენით იმ
კაცისაგან!.. მეზობელი კი არა, ამაოხრებელი მტერია
ჩემი!.. მიხსენით იმ არაწმინდისაგან - შესჩიოდა იგი
ყველას და უმეტესად ვასილ ივანიჩს და ალექსანდრეს.

ამგვარადვე წიაქობდა ზენათიც. ალექსანდრე კი ისევ


ხითხითებდა, ხითხითებდა გულიანად.

- ვასილ ივანიჩ, სვინი, ვასილ ივანიჩ! ხა, ხა, ხა! სვინი,


სვინი! - ჩასძახოდა იგი ვასილ ივანიჩს.

მაგრამ ვასილ ივანიჩს ამქვეყნის აღარაფერი ესმოდა, ისე


იყო მთვრალი და მხოლოდ ლუღლუღებდა.

- ნუ ტებია... სამ სვინია! კ ჩორტუ!

- მიშველეთ, ერთი ახლა შეუცუცხუნოს საკადრისად...


მიშველეთ! - ეხვეწებოდა გალაქტიონი ალექსანდრეს.
- რაღას შეუცუცხუნებს, ვერ ხედავ, შე დალოცვილო, კაცი
საიქიოს მიემგზავრება - იცინოდა ალექსანდრე.

- შენ აბა, შენ... მიქენი წყალობა!.. თუ ჩემი სიკეთე გსურს.


დაუფთხე ანგელოზები იმ უსინდისოს, მაგ ნამუს
დაკარგულს! შაშა, მიშველე! - ემუდარებოდა
გალაქტიონი.

- გვიშველე, შენ სულს დავენაცვლე!.. აღარა ვართ


მაგისაგან... გვიშველე, შენი ჭირი შემეყაროს! - ევლებოდა
თავის ნათესავს ზენათი.

- გამოფხიზლდება აგერ და მაშინ, მაშინ!.. რა ყოფილა, რა


ამბავია ეს... მართლა უცნაურობა რამე არაა?! რა ნახეს
ჩემმა თვალებმა! - შეუჩერებლად ხითხითებდა
ალექსანდრე.
ღორები ერთი ვაი-ვაგლახით გადადენეს ეზოს გადაღმა,
უგრძნობლად მთვრალი ვასილ ივანიჩი იქვე ცაცხვებქვეშ
გაშლილ ნოხზე დააწვინეს მოწიწებით, იმის იმედით,
რომ ტკბილი ძილის შემდეგ გამოფხიზლებული
დაიბარებდა ბაკულას და ცოლ-ქმარის გულის საჯეროთ
შეტუქსავდა.

მაგრამ როცა საღამოს ვასილ ივანიჩმა გამოიღვიძა და


ალექსანდრეც მოუყვა თუ რა ამბავი დააწიეს
გალაქტიონის ეზოში ბაკულას ღორებმა, მან, ბურანში
მყოფმა, ხელის გაქნევით წამოიძახა - ა ნუ იხ კ ჩორტუ!
და წასვლა აიჩქარა. და რადგან დაჯინებით მოითხოვდა
გამგზავრებას, ცხენებიც მოართვეს. და უცხო სტუმრები
ისე გამოეთხოვნენ მასპინძელს, რომ მათი მაწუხებელი
მეზობელი თვალითაც არ დაუნახავთ და სიტყვაც არ
გაუციათ მისთვის.
თუმცა ამან ცოტა არ იყოს გული დასწყვიტა ცოლ-ქმარს,
მაგრამ ორივე დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ
სტუმრებს სანაქებოდ დაუხვდნენ, ასიამოვნეს და იმ
იმედით რჩებოდნენ, რომ დღევანდელი დღე თავის
გავლენას იქონიებდა წინათ დაურიდებელ მეზობლებზე.

ამის გამო, თუ სხვა მიზეზით, მართლაც ერთ ხანზე


ზენათის ბოსტანს შეღავათი მიეცა, შიგ ბაკულას ღორებს
ფეხი აღარ შეუდგამთ, შესწყდა წინანდელი ზენათის
ქაქანი, ტრუბიას ყეფა, ლანძღვა, გინება, რაც ბოსტნიდან
მაღლა სერზე მცხოვრებთ ეგზავნებოდათ. თითქოს
სასურველი მშვიდობიანობა ჩამოვარდა, იმედი
გამართლებულიყოს და ნახმარ საშუალებას გაეჭრას, ისე
ჰგავდა.

ცოლ-ქმარი ხოსოლიანები დიდად მოხარულნი იყვნენ.


მაგრამ სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ორიოდე კვირის
შემდეგ ღორებმა ისევ განაახლეს თავისი ჩვეულება, ისევ
იწყეს ზენათის ბოსტნის აწიოკება და რაც ხანი გადიოდა,
თითქოს ჯინაზე, მეტსა და მეტს ზარალს აყენებდნენ,
მეტად და მეტად ჯიჯგნიდნენ იქაურობას.

გამწარებულმა გალაქტიონმა თავის მფარველებს


მიაშურა.

- რას შვება შენი მეზობლის ღორები? - სიცილით ჰკითხა


ალექსანდრემ გალაქტიონი რომ დაინახა. - შეშინებულია
თუ არა?.. კაცო, რა ღორები ჰყოლია... რა ჯიშისაა თუ
ღმერთი გწამს?!. ხა, ხა, ხა!

- იცოცხლე იმას თავისი მოუვიდა... და აქამდისინ თქვენი


წყალობით ერთობ მოსვენებული ვიყავით... მარა ახლა
ისევ...
- ჰო!

- ისევ წინანდებურად დეიწყეს... ამომიგდეს ნაოფლარი!


ვერასგზით ვერ მოვიშორე! ნამეტან ზარალს მაყენებენ,
შაშა ჩემო.

- გადუარა შიშმა აბა! - გაიცინა ალექსანდრემ.

- უნდა მიშველოთ შაშა!.. მარა ისე უნდა შემეწიოთ, რომ


სამიდღემჩიოდ ჩამომშორდეს... მაგისთანას სხვანაირად
უნდა მოექცეთ... რომ გონება დეებნას!

- აბა კიდევ შევაშინოთ... მარა უფრო მაგრად!

ამ დროს ოთახში ვასილ ივანიჩიც შემოვიდა.

- ნუ ჩტო, - მიმართა მან გალაქტიონს, - ისპუგალის?


- გადუვლია შიშს! - რუსულად მიუგო ალექსანდრემ.

- აბა არ შენაგვძლებია შეშინება! - გაიცინა ვასილ ივანიჩმა.

- ახლა ის უნდა, რომ სხვანაირად, უფრო მაგრად


შევაშინოთ!.. უფრო კარგი ღვინით!..

- აბა მაგის მეტი საქმე აღარ გვქონია...მაგის მეზობლები


ვაშინოთ! - წაილაპარაკა ვასილ ივანიჩმა და გაშორდა.

მეტად გულდაწყვეტილი დაბრუნდა გალაქტიონი შინ,


რომ არაფრად მიიჩნიეს მისი შეწუხება მისმა საიმედო
პირებმა.

- აბა იმისთვის გავწიეთ ამდენი ხარჯი, რომ მარტო


შეესვათ, შეეთხვლიპათ ყველაფერი და არაფერში
გამოგვდგომოდნენ?.. - წამოიძახა ზენათიმ, როცა
გალაქტიონი მოუყვა თუ როგორ შეხვდნენ მას დაბაში. -
იმისათვის გაგვაწევიეს ამდენი ხარჯი, რომ ოხერ
ბაკულასაგან ვერ დაგვიფარონ?! აბა რაღა შეუძლიათ
მაგათთანა ოხრებს!?

გალაქტიონი კიდევ იმედით იყო მათზე და ორჯელ-


სამჯერ კიდევ მოიარა დაბა და ინახულა ვასილ ივანიჩიც
და ალექსანდრეც; მაგრამ მისთვის არავის სცალოდა,
მისთვის თავს არავინ იწუხებდა და, როგორც ეტყობოდა,
მისი პურ-მარილიც დავიწყებას ეძლეოდა.

ახლა ბაკულასთან ერთად მათზედაც გული ჯავრით


ევსებოდა გალაქტიონსაც და ზენათისაც.

- მოგიკვდეს ჩემი თავი თუ მაგაზე, მაგ უნამუსოებზე


ჯავრი არ ვიყარე! რამე არ დავმართე! - გულმოსულად
წამოიძახა გალაქტიონმა ერთ დღეს ზენათისთან.

- რა უნდა დამართო, ერთი შენ! - შეუტია ზენათიმ.

- იმ ჩემ პურ-მარილს წავამწარებ! წავამწარებ ორივეს, თუ


კაცი ვყოფილვარ!.. მეგონა კაცები იყვნენ!

- არაფერი ისულელო კიდო... არასფერში გეეხვიო, თუ


ღმერთი გწამს!.. კმარა ისიც რაც ჩვენს თავზედაა! - უთხრა
ზენათიმ.

- ჩემს პურ-მარილს წავამწარებ! - დაჯინებით განიმეორა


გალაქტიონმა. - კი!

გულნატკენმა გალაქტიონმა უკანასკნელ ხანებში


რამოდენიმეჯერ მოიარა დაბა და ერთ დღეს მაზრის
სამართველოშიაც მივიდა ალექსანდრესთან.
- რავა მშვიდობით ბრძანდები, შაშა? - მიმართა
გალაქტიონმა მას.

- ვართ, შენი ჭირიმე!

- ბატონი ვასილ ივანიჩი? ხომ კარგად არის?

კარგად არი... მარა გალაქტიონ, გირჩევნია ნუ დაენახვები!


- ღიმილით მიუგო ალექსანდრემ.

- რატომ, შენი ჭირიმე?.. საწყენი ჩემგან რა შეხვდა?

- შენგან არა პირადად... მარა შენი გამოისობით კი!

- რავა, რავა შენი ჭირიმე?.. გამაგებინე, შენ გენაცვალე!


ღმერთო მომკალი! - შეწუხდა გალაქტიონი. - გამაგებინე,
შენ გენაცვალე... რა იყო, რის თაობაზე?..

- რის თაობაზე და, შენსას რომ ვიყავით, ვიღაცას დანოსი


მოუწერია მაზრის უფროსისათვის... უწერია უცნაურად
თუ როგორ დავთვერით, ნამეტურ ვასილ ივანიჩი, როგორ
დაგვერია ღორები, ევირიეთ ღორებში... რომ მთელი
სოფლის სასაცილო გავხდით ვითომ... რომ უგრძნობელი
ჩამოათრიეს სახლში... რა ვიცი რამდენი რამე
ამისთანები... ერთი სიტყვით, რაც იყო, რაც არა... ათასი
სისაძაგლე. გადარეული იყო მაზრის უფროსი, დეიბარა
ვასილ ივანიჩი და ისეთი დღე დააყენა, რომ შენი
მოწონებული... სამსახურიდან დათხოვას დაემუქრა, თუ
კიდევ ამგვარი რამე განმეორდებაო... აბა!

- ღმერთო მომკალი! ღმერთო მომკალი! - გულში მუშტის


ცემით ამბობდა გალაქტიონი.
- ჰოდა ეს მოხდა შენი მეზობლის შეშინებისათვის! მარა
ის კი არ შეგვიშინებია, ჩვენ შეგვაშინეს უფრო, შენ
გენაცვალე! სიცილით თქვა ალექსანდრემ. -
სამსახურიდან კაცი დაგითხოვონ, ეხუმრები შენ?..

- ღმერთო მომკალი! - წუხდა გალაქტიონი. - რა ხალხი


ვართ, რა ხალხი ვართ!.. ყველგან შური!.. ახლა რაი და,
ამისთანა კეთილები გოუჩნდაო, და აღარაფერს
ერიდებიან, რომ თქვენი თავი დამიკარგონ!.. ჰმ! რა უნდა
ქნა კაცმა, რაობით უნდა იცხოვრო!? ვიცი ვისიც
ნამოქმედარია ეს საქმე!.. რაობით დაუმტკიცებ, თვარა
რაღა ლაპარაკი უნდა, რომ იმ ვაჟბატონის, ჩემი
მეზობლის, ბაკულის ეშმაკობაა.. რა ლაპარაკი უნდა!
მეტი ვინ იზამდა... ვის რა ენაღვლებოდა თქვენ
მყოლებოდით! ქვეყანაზე მეორე არ მოიძებნება
იმდაგვარი ყოვლად წამხდარი, გაფუჭებული,
ზნედაცემული ადამიანი! თავს დავდებ თუ ეს მისი
შტუკა არ არის!.. რაი და ჩემს ჯინაზე ვითომ!.. ღმერთო
მომკალი, თქვენ რატომ შეგხვდათ ჩემი გულისათვის
ასეთი უსიამოვნება, თვარა ის რაც კაცია, კი ვიცი!.. შაშა,
ვნახავ ერთი ვასილ ივანიჩს!

- რათ გინდა?

_ ბოდიშს მაინც მოვიხდი, რომ ჩემი გულისათვის ასეთი


უსიამოვნობა შეუხვედრებიათ!

- აჰ, თავი დაანებე! ისეთი გაჯავრებულია, რომ ყველა


ჩვენებურს უშვერი სიტყვებით იხსენიებს!.. შენც
უცნაურს რაცხას გეტყვის! ტყვილა გაალანძღვიებ თავს...
ამ ერთ ხანზე მაინც ეერიდე! - ურჩია ალექსანდრემ.

- ღმერთო მომკალი! - შეწუხებით იმეორებდა


გალაქტიონი. - ღმერთო მომკალი!.. რა ვქნა!.. მომსპო იმ
კაცმა ყოველნაირად და ეს არის!.. ნეტავი კაცი მაინც იყოს!

ამ დროს ოთახში ვასილ ივანიჩიც შემოვიდა ქაღალდებით


ხელში და რაღაც საქმე მოსთხოვა ალექსანდრეს.
გალაქტიონმა მოწიწებით თავი დაბლა დაუკრა, მაგრამ
ვასილ ივანიჩს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია და
როცა მიუხედავად ამისა გალაქტიონმა მაინც მშვიდობა
და კარგად ყოფნა უსურვა, მან წარბებშეკვრით
წაილაპარაკა:

- ნუ ვას ვსეხ კ ჩორტუ!.. - და რაკი მოთხოვნილი საქმეც


მიიღო, ოთახიდან გავიდა.

გალაქტიონმა მას თვალი გააყოლა და ისევ ალექსანდრეს


მიმართა:

- შაშა, ოხერი კაცის გულისათვის ნუ გამრისხავთ თქვენი


ჭირიმე!.. ყოველგვარად ნუ დააჯაბნიებთ ჩემს თავს, ჩემს
ოჯახს იმ არაწმინდას!.. ამომიგდო, ამომიგდო
ნამუშევარი. მადლობა ღმერთს ქონდეს, გოუძლებთ
კიდევ, მარა იმ წყეულის წყალობით თქვენისთანა
კეთილები რავა უნდა მეკარგებოდეს!.. თქვენი იმედით
ვიყავი გაღონიერებული და მედგა სული!.. ნუ
გამიმეტებთ, შაშა, ნუ დამღუპავთ, ნუ გამაგდებთ განზე
უპატრონოდ!.. გაფიცებთ ყველაფერს!

და ამას ისეთ კილოთი ეუბნებოდა გალაქტიონი, რომ


ალექსანდრესაც კი შეეცოდა იგი და არწმუნებდა, თავის
მხიარული სიტყვით ანუგეშებდა, რომ იგი კვლავაც მისი
შემწე და დამხმარე იქნებოდა სადაც კი გაუვიდოდა.

საღამოს შინ დაბრუნებული გალაქტიონი კი


სიამოვნებით ეუბნებოდა ზენათის:
- იცოცხლე ორთავეს სიმწრის დღე მიჰყენებიათ!.. კი!.. ის
რუსი კიღამ სამსახურიდანაც დაუთხოვიათ... გამშრალია,
ხმას არ იღებს... იმ შენს ნათესავსაც ეტყობა კარგად
მოხვედრია... არ ამხელს თელათ, თუ არა, იცოცხლე!..
ამით მაინც ვიჯერე გული!.. არ შეარგოთ ჩემი პურ-
მარილი ჩემმა გამჩენმა!.. ხომ წავამწარე!..

- არ გაგიგონ, შე უბედურო, თვარა წამწარებას მაშინ


იტყვი შენ! - უთხრა ზენათიმ

- გამიგონ, აბა!.. იმათმა სიცოცხლემ! საიდან გამიგებენ?


იმის დამწერი ამ ნიადაგზე აღარ არის - ისეთი კაცი
ვიშოვე!.. ნეტავი მეტი რამე შეიძლებოდეს მე ისინი არ
დავზოგო და ვერც გამიგებდნენ ვერაფერს!.. ოხრები,
ქვეყნის მძარცველები, თავისი თავის მეტი არავინ
ახსოვთ, არავის ჯავრი აქვთ! დასწყევლა ღმერთმა ყველა,
არავისაგან საშველი არ არის! ყველა გამჟლეტია, ყველა
მძარცველია! - გამწარებით ამბობდა გალაქტიონი. -
ამათზე ხომ ვიყარე გულის ჯავრი... მოუხდებათ!.. ერთ
დღესაც გაწყვეტილან ყველა, ვისაც არ ვებრალებით!
ყველა ერთ დღესაც გაწყვეტილან!

1920 წ.
ქამუშაძის გაჭირვება
I

სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა, რომ


აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლი ეთხოვა: დედამისი
ეკვირინე, აზნაურ სანიკიძის გვარის ქალი,
მოხუცებულობაში შედიოდა, უჭირდა ოჯახის თავის
გართმევა და შემწე ეჭირვებოდა, თუ სულ
განმათავისუფლებელი არა. სურდა, რომ სიცოცხლის
უკანასკნელი დღეები მაინც გაეტარებინა ისე, როგორც
ეკადრებოდა მისი გვარისა და ჩამომავლობის ქალს,
ღირსეულად და ბატონურად, იმ გაჭირვებულ ცხოვრების
შემდეგ, რომელიც მან ოჯახში მოთმინებით გაატარა.

არა ერთხელ წამოსცდენია გულმოსულობაში ეკვირინეს:


- ვაი დედასა!.. რა ოჯახის შვილი ვის ნაცარში ვიქექები და
კიდევ ასეთ გაჭირვებაში?!

მაგრამ სულგრძელობით ითმენდა ყველაფერს, რადგან


სწამდა, რომ ბედის დანიშნულებას ასრულებდა: ამ
ოჯახს დაჩემებულივით ჰქონდა, დედაკაცები კარგი
ოჯახებიდან ჰყოლოდა და, ალბათ, ეკვირინეც იმიტომ
შეახვედრა ბედმა ბესარიონ ქამუშაძეს, თუმცა,
სიმართლე რომ ეთქვა კაცს, მაინცდამაინც სანიკიძეებიც
ვერაფრით უსწრებდნენ ქამუშაძეებს. მაგრამ ეკვირინეს
ღრმად სწამდა თავისი ჩამომავლობის უპირატესობა და
რადგანაც არ უნდოდა მოეშალა ოჯახის ჩვეულება, როცა
რძლის მოყვანა განიზრახა, არჩევანი მიიტანა თავის
მეზობელ აზნაურ სარდიონ ქველიძის ქალიშვილზე.

ქველიძე კარგი გვარის აზნაური იყო, წინათ მდიდარიც


ჩვენს პირობაზე და დღეს კი შევიწროებულ
მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ გარემოებამ უფრო
გააბედვინა ქამუშაძეებს, მასთან დამოყვრების სურვილი
გამოეცხადებინათ, თორემ სხვა დროს ესენი ვერ
გაუბედავდნენ სარდიონს ქალიშვილის თხოვნას.

მიუხედავად ამისა, ქამუშაძეების წინადადება არ იქნა


ღირსეულად მიღებული. პირდაპირ უარი რომ არ ეთქვა,
სარდიონმა ამის შესახებ ურჩია, პირადად ქალიშვილს
მოლაპარაკებოდნენ და თუ იგი ისურვებდა, აღარც
სარდიონი იქნებოდა უარს, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ
მზითევზე ხელი აეღოთ.

ამგვარმა პასუხმა მეტად გააპილპილა ეკვირინე.

- ქალიშვილს დავეკითხო, რა! ბრძენი გაწყდა ოჯახში, თუ


როგორ არი მათი საქმე, ბავშვებთან არ მალაპარაკონ?!
მერე მისი ცარიელი ქალი ვის რათ უნდა!... რა
დაბრმავებულები გვნახეს, თვალი მაგათ დაუდგათ და
ყური!.. მაინც თვალი მაგათ ემსებათ - ვერ ხედავენ, რა
მდგომარეობაში არიან? რავა იყინჩებიან კიდევ, შენ
გენაცვალე?! რა გონიათ თავისი თავი… შევარცხვინე, ვინც
მაგათზე ნაკლები იყვეს! ღმერთო კი მომკალი!..

ქალი სხვაც ბევრი იშოვებოდა, რასაკვირველია, მაგრამ


ქველიძის უკადრისობამ ეკვირინე გააწიწმატა და მისი
პასუხი საკუთრად თავისი თავმოყვარეობის შელახვად
მიიღო.

- მაგათ დააკლდათ ყველაფერი, მაგათზე ნაკლებები


ვყოფილვართ, რომ შემოვსულვართ ამ ოჯახში?!

- არ დამიჯერე, დედა, გეუბნებოდი, სირცხვილს


გვაჭმევენ-თქვა... ხომ ახდა ჩემი სიტყვა! -
ესაყვედურებოდა ოტია დედას.

- მაცალე, შვილო, მაცალე!.. სირცხვილში ვინც იქნება, ამას


ყველა დაინახავს!.. იმ უბედურს, ცოლ-შვილი რომ
შიმშილით უწყდება, ის ერჩია, დიდგულობაზე ხელი
აეღო... ერთი შვილი მაინც მაძღარი ეყოლებოდა!..

ეკვირინე გულს იჯერებდა ქველიძის ცუდად ხსენებით.


ოტია კი ხმას არ იღებდა, თუმცა გუნებაში ძლიერ
სწყინდა ქველიძისაგან მისი უკადრისობა, ძლიერ
ნაღვლობდა თავის შერცხვენას და მუდამ იმის ფიქრში
იყო, რამენაირად, ღვთის შეწევნით, მათ ჯიბრზე ისეთი
ქალი მოეყვანა, რომ სარდიონის ქალიშვილს
სჯობნებოდა. ამას ფიქრობდა ოტია დღედაღამ და ამის
ფიქრებში იყო გართული დღესაც, როცა თავის ეზოში,
რცხილის ჩრდილში პერანგის ამარა, თავზე ხელსახოც
წაკრული, ფეხშიშველა, ნაჯახს ურტყამდა ურმის
საბორბლედ გასათლელ ნამორს და იმდენად იყო
გართული თავის ფიქრებში, რომ არც კი ეყურებოდა,
სახელს რომ ეძახდა ღობეზე მომდგარი ევროპულად
ჩაცმული ცხენოსანი. სანამ ამ უკანასკნელმა
ამაღლებული ხმით არ გადმოსძახა:

- ოტიას გაუმარჯოს, ოტიას!

ოტიამ ასწია თავი, გაიხედა იქით, საიდანაც ეძახოდნენ,


და რა დაინახა ცხენოსანი, უცბად გააგდო ხელიდან
ნაჯახი, მოიგლიჯა თავიდან ჩითის ნაფლეთი, ფეხები
გაუყარა იქვე დაგდებულ ქუსლებჩათელილ წუღებში,
წამოავლო ხელი ახალუხს და მისი ცმით გაექანა ამ უცხო
პირისაკენ.

- გამარჯობა, ოტია ჩემო! კვლავ გაიმეორა ცხენოსანმა.


- ღმერთმა გაგიმარჯოს, ჩემო ბატონო! - მიუგო ოტიამ.

- ერთობ გულმოდგინედ მუშაობდი, ოტია... ძლივს


გაგაგონე! - ღიმილით უთხრა ცხენოსანმა. - ხომ
მშვიდობით ხართ? - და ხელი გადმოუწვდინა ოტიას.

- გმადლობთ, ჩემო ბატონო, გახლავართ ღვთისა და


თქვენის წყალობით! შემოგვიხვიეთ, ბატონო პორფირი! -
მოწიწებით შეთხოვა ოტიამ.

- მეჩქარება, ოტია ჩემო... საქმე მაქვს...

- ერთი მინუტით... ცოტა დაისვენეთ და წაბძანდით


ისევ!.. ამ სიცხეში შეწუხდებით ნამეტნავად, თქვენ ნუ
მომიკვდებით, შემოგვიხვიეთ, შემოგვიხვიეთ, შენი
ჭირიმე!
სახლის ყურიდან გამოჩნდა მოხუცებულ ეკვირინეს
თმაგაძეძილი თავი. ცხენოსანმა თვალი მოჰკრა მას და
ხმამაღლა მიაძახა:

- მამიდა ეკვირინეს ვახლავარ! მამიდას, მამიდას!

ეკვირინე ერთი წუთით მიიმალა და ისევ გამოჩნდა;


თავსაფარდახურული იგი მოხუცებული ადამიანის
კუნკულით გამოექანა ამათკენ და, შეღმართში
ამორბენით აქლოშინებული, მიესალმა სტუმარს.

- მამიდა ეკვირინეს ვახლავარ! რავა მშვიდობით გიკითხო.


მამიდა, ხომ ისევ ჯანზე ხარ, ა?! გეტყობა, რომ ისევ
მარჯვედა ხარ! - მხიარულად გადმოსძახა ცხენოსანმა
ეკვირინეს, რომელსაც მამიდას ეძახოდა, თუმცა ასეთ
ნათესაობის გაკვლევა მისი გამჭრიახი გონებისთვისაც
მეტად ძნელი რამ იქნებოდა.
- რავა გზაში გაგიჩერებია ბატონი პორფირი, შე კაცო! -
მიმართა ეკვირინემ შვილს. - შემობძანდით, ბატონო!..

- მეჩქარება, მამიდა... სხვაგან საქმე მაქვს.

- საქმე ღმერთმა ნუ გამოგილიოს, სასარგებლო საქმე!..


მარა ჩვენთან შემობრძანებით არაფერი დაგიშავდებათ...
ნუ აგვივლი გვერდს... საქმე თქვენ ვერსად გეგექცევათ,
ნუ დაგვწყვეტთ გულს!

- სად მიიჩქარით მაინც? - შეეკითხა ოტია.

- ამ თქვენს კანცელარიაში მყავს დაბარებული ერთი


კაცი...

- ოჰ, მე მეგონა შორს მიბრძანდებოდით სადმე!..


უთქვენოდ სად წავა, თუკი უბრძანეთ მოსვლა!.. ფეხს
როგორ მოიცვლის!

- შემობრძანდით, შემობრძანდით! - ერთხმად მიაძახეს


პორფირის ორივე დედა-შვილმა.

სტუმარმა მეტი აღარ ათხოვია თავისი თავი და


ჭიშკრისაკენ აქნევინა პირი ცხენს. ოტია იქითკენვე
გავარდა შესაგებებლად.

- ასე როგორ უნდა აგვიარ-ჩაგვიარო გვერდი შენისთანა


კაცმა!.. თქვენისთანა კაცს ერთხელ თუ მოვესწრებით
ოჯახში დევინახოთ და როდი უნდა დაგვაკლოთ! თქვე
დალოცვილებო, ჩვენც ვიცით თქვენსავით მტერ-მოყვარე.
თქვენისთანა კაცი ამ ჩემს ოჯახში ფეხს რომ შემოადგამს,
მტერს შიში მიეცემა, მოკეთეს გული შეუმაგრდება...
ასეთია, შენი ჭირიმე, ე ჩვენი სოფლის ამბავი, კი, ჩემო
ბატონო! - კაკანებდა აივანზე გადმომდგარ სტუმრის წინ
ეკვირინე, სანამ ოტია ოთახიდან სკამს გამოუტანდა,
ხელის გადასმით მტვერს გადასწმენდდა და
შესთავაზებდა პორფირის.

- დაბრძანდით, ჩემო განმანათლებელო... დაბრძანდით,


ჩემო ბატონო... დაბრძანდით!

სტუმარი ჩამოჯდა, მოიხადა კოზიროკიანი ქუდი,


გადაისვა მარჯვენა ხელი თავის ხუჭუჭთმიან თავზე,
შეიწია პიჯაკის სახელოები ზევით და სიამოვნებით
ამოიფშვინა სიგრილეში.

ეკვირინემაც იქვე მოიკეცა ბოძთან იატაკზე.

- ერთობ სიცხეები დეიჭირა ამ დალოცვილმა! - თქვა


პორფირიმ.
- დევიწვით, ბატონო, დევიწვით!.. ყანები გაოხრდა, შენ
გენაცვალე, გაოხრდა შენი მტერი! რაღა გვეშველება ჩვენ
უბედურებს! - ამოიოხრა ეკვირინემ.

- ღმერთი მოწყალეა, მამიდა, ნუ შეშინდებით!

- თქვენ არ შეგეშინდებათ ამისთანების, ჩვენისთანა


საწყალმა იკითხოს, თვარა!... რამდენი ოხერი ყრია, შენ
გენაცვალე, რამ უნდა არჩინოს! ეგერ, ე იმისი არ იყოს,
შენი ჭირიმე! - და ქვევითკენ რომ მოსახლეები
მოჩანდნენ, ეკვირინემ იქით გაიშვირა ხელი: - მოსავლიან
წელიწადს რომ სარჩო არ ღირსებია, ამისთანა გვალვიან
წელიწადში შიმშილის მეტს რაღას უნდა მოელოდეს!

- ვინაა მაგისთანა, მამიდა?


- ბევრია, შენ გენაცვალე, ბევრი!.. აი თუ გინდა, ე, ის
ვაჟბატონი რომ გახლავთ, სარდიონი, ქველიძე... ეგერ, ე,
ის სახლი რომ მოჩანს, იმაშია.

- ვიცი, ვიცი, გამიგონია! აქაური ადვოკატია, გამიგონია! -


გაიცინა პორფირიმ. - რავა, ასე ღარიბად არის?

- რა სახსენებელია, შენი ჭირიმე... ნეტავი იმდენი სიმინდი


ჰქონდეს უბედურს, რაც გული აქვს!.. ცარიელი გულია! -
ეკვირინე გამზადებული იყო თავისებურად შეემკო
ქველიძე, მაგრამ ამ დროს ოტიამ ოთახის კარიდან თავი
გამოჰყო და დედას დაუძახა:

- დედა, შემობრძანდი!

ეკვირინემ ბოდიში მოითხოვა სტუმართან და ოთახში


შევიდა.
ოტიას კერაზე ცეცხლი გაეღვიებინა.

- უჩქარე, დედა... დიდხანს აღარც კი მოიცდის!

- ახლავე, ახლავე, შვილო! - მიუგო ეკვირინემ.

მან უცბად წამოავლო ხელი პატარა თუჯიას, ჩაასხა შიგ


წყალი და ჭვარტლის ნაფლეთებით შემოსილ საკიდელზე
ჩამოჰკიდა; მერე მივარდა კუთხეში გადაბრუნებულ
საბუდარს, იქიდან გამოათრია შიგ დამწყვდეული მუჭის
ოდენა წიწილა და ოტიას მიაწოდა.

- აბა, გაუსვი დანა!.. რა ბედად შევამწყვრიე მაგი დღეს!..

აწრიპინებულ წიწილას ნისკარტში წაუჭირა ოტიამ ხელი,


სანამ დანას მონახავდა; მერე უცბად გადაუსვა კისერზე
პატარა დანა და გვერდზე ისროლა. ოდნავ ყელწაჭრილმა
წიწილამ რბენა დაიწყო ოთახში და სისხლით მოსვარა
მიწის იატაკი, სანამ სისხლისაგან დაწრეტილი ზედ
კერასთან არ დაეცა.

- გადავარდი, შენ გენაცვალე, ი გოგო ფუსუტია


მომიყვანე, ხელს მომიწყობს, შენი ჭირიმე! - უთხრა
ეკვირინემ ოტიას, და ოტია იმწამსვე უკანა კარით
გავარდა.

ეკვირინემ კი ერთი ცეცხლს შეუჩუჩხურა, დაავლო ხელი


წაწილას, თავით ჩარგო გაცხელებულ წყალში, მიატრიალ-
მოატრიალა შიგ და თან დასძახა:

- სუქი-სუქი, სუქი-სუქი! - ვითომდა ამით გამხდარი


წიწილა მსუქნად გადაიქცეოდა.
გაფაცურებით აცლიდა ეკვირინე ბუმბულს და თან
შეუბრალებლად კანსაც აგლეჯდა ლურჯ წიწილას, როცა
ოტიასთან ერთად ოთახში შემოვარდა ცამეტ-თოთხმეტი
წლის გოგო.

- არიქა, ჩემო ფუსუტია, შენებურად დამიტრიალდი, შენ


გენაცვალე!.. ცხელი ჭადები... კაი, კაი, შენ რომ იცი,
იმისთანები!.. უცხო კაცია. ქალაქელია!..

გოგო ამგვარ გადმოძახებას ნაჩვევი იყო და ცქვიტად


დატრიალდა: უცბად შეაგდო ცეცხლზე კეცები, კოდის
თავიდან გადმოიღო გობი, გადმოყარა საცერზე ფქვილი,
წაიბანა წაკაპიწებული ხელები და თავმოძულებით
დაუწყო საცრის გვერდებს პარტყაპურტყი.

- ნელა, ფუსუტია, ნელა, შვილო!.. ნუ უპარტყუნებ მაგრე


ძალუმათ, ნუ გააგონებ!.. აბა, ოტია, შვილო, შენ ღვინო
ამოიღე! ხომ გითხრა მეჩქარებაო!.. ჩვენი ხათრით დარჩა,
თვარა რამდენი კაცი ახლა მაგის მოსვლას უდარაჯებს!
ვინ იცის, რამდენს რა საქმე აქვს მაგასთან!

- ორშიმო რომ გამიტყდა, რითი ამევიღო? - აწრიალდა


ოტია.

- ხაპით ამეიღე, შვილო, ხაპით... არაფერი არ უჭირს!


ოღონდ ეცადე კი, წმინდად ამეიღო, ბრკე ბევრი არ
შეჰყვეს. წადი, წადი, ნუღა იგვიანებ!..

- თუ ჩავუწვდინე ხაპი... - გააქნია თავი ოტიამ და


წყლიანი დოქით ხელში გასწია ღვინის ამოსაღებად, რაც
ძლიერ ნაკლებად ეგულებოდა ამ კვირიკობისთვის
მიწურულში.

ამასობაში სტუმარი აივანზე იჯდა და ამ ბრეკიდან,


რომელზედაც წამოსკუპებული იყო ოტიას პაწაწინა
ორთვალიანი სახლი, გადაჩერებოდა მის თვალწინ
გადაშლილ სურათს.

თავდაშვებული შეღმართი, რომელზედაც ოტიას სახლის


გარდა კიდევ ბევრი მოსახლეები მოჩანდნენ, ქვევით
ვაკდებოდა და ეს ვაკე დიდზე შორს მიჰყვებოდა, სანამ
მაღლად ამართულ მთა-გორებს არ შეეფეთებოდნენ. ამ
სივრცეზე მოსახლე მოსახლეს მისდევდა, თეთრი
ეკლესიები აქა-იქ მკაფიოდ მოჩანდნენ და მაყურებელს
ეგონებოდა, თითქოს ერთი უზარმაზარი სოფელი
მოფენილი ყოფილიყო ამოდენა მანძილზე.

უწინაც ყოფილა ამ ადგილებში პორფირი, გადაუხედავს


აქედან, მაგრამ ასეთი ხშირი მოსახლეობა და გადაბმით
მიყოლილი სოფლები არ ყოფილა მაშინ. თვით ეს პატარა
სოფელი თამარნაშენი, რომელიც მის თვალწინ
გადაშლილიყო, თვალსაჩინოდ გაზრდილიყო და
შემატებულიყო. სადაც წინათ მინდვრები ახსოვდა, ახლა
იქ ყანები მოჩანდა და ბევრ ადგილას სიმინდებიდან
გამოიყურებოდა ისლით დახურული დაბალი სახლებიც;
ეტყობოდა, მიწის ნაკლებობის გამო, საეზოოდ ვეღარ
იმეტებდა მცხოვრები ადგილს. პატარა, უფრო ქოხების
მაგვარი სახლები საცოდავად გამოიყურებოდნენ და
ერთიმეორეს მისდევდნენ, არ შორდებოდნენ,
თავშეყრილად იყვნენ, თითქოს ეწადათ უფრო
თვალსაჩინოდ დაენახვებინათ მათი პატრონების
მდგომარეობა, თუ ვინმე მოიწადინებდა ამის გაგებას.

- მეც ამათსავით ვიქნებოდი უსათუოდ, დროზე რომ არ


გავქცეულიყავი სოფლიდან! - გაურბინა თავში
პორფირის. - რასაკვირველია, რასაკვირველია...

პორფირი ბიაშვილი სოფლიდან გაქცეულთაგანი იყო.


მამამისი, აზნაური მაქსიმე ბიაშვილი, სოფელ ვაშლიანში
მცხოვრები, ღარიბი აზნაური იყო. ბატონყმობის გაყრამ
მას ჩამოაცალა მისი ორი კომლი გლეხი, მოაშორა მისი
სულისჩამდგმელი პეტრია სებისკვერაძე და გლახუა
ჩაჩიკაშვილი, რომელთაც იგი ყოველ საქმეზე
დაუსვენებლივ აჩანჩალებდა. ამათი გაცლის შემდეგ
მეტად გაჭირვებული ცხოვრება შეხვდა და ერთ დღეს იმ
აზრამდის მივიდა, რომ სოფელში წვალებით ცხოვრებას
ამჯობინა ქალაქ №-ში გადასახლება, ეპისკოპოზის
მგალობლად შესვლა, რადგან ხმა კარგი ჰქონდა, გალობაც
იცოდა და ერთხელ თვით ეპისკოპოზის ყურადღებაც კი
მიიქცია თავის გალობით, როცა იგი მათ სოფელში
მიბრძანდა. მაქსიმემ აასრულა თავისი აზრი, ადგილიც
იშოვა და თავისი ორი შვილი სასულიერო
სასწავლებელში გამოზარდა. უფროსი შვილი ერთ-ერთი
ეკლესიის დიაკვნად ეკურთხა, მეორემ კი სხვა გზა არჩია:
პორფირის ცოცხალი ხასიათი, მკვირცხლი გონება,
სასულიერო წოდების პირის მშვიდ ცხოვრებას ვერ
შეურიგდებოდა და ამიტომ სასწავლებლის გათავების
შემდეგ ის შეეცადა მომრიგებელ-მოსამართლის
კანცელარიაში გადამწერის ადგილი ეშოვნა.
გადამწერლობა, რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს
შესძენდა, რომ სხვა აზრი და იმედი არ ჰქონებოდა. ცოტა
ხნის შემდეგ პორფირიმ კანცელარიის გარეთ დაიწყო
მთხოვნელების მიღება, მათი ხელმძღვანელობა, რჩევის
მიცემა და დარიგება, თუ როგორ მოქცეულიყო მასთან
მიმსვლელი. აქედან პორფირის გაცილებით მეტი
ხვდებოდა, ვიდრე პირდაპირ სამსახურიდან.
რასაკვირველია, ყოველივე ეს ნამალევად ხდებოდა.
ბევრი ხრიკები, დიდი ოსტატობა და ჭკუის გამჭრიახობა
გამოიჩინა პორფირიმ ამასობაში. მაგრამ რამდენიმე წლის
შემდეგ ამავე ხრიკებისა და ოსტატობის მსხვერპლი
შეიქნა. იგი გაება რაღაც უსიამოვნო საქმეში, მასზე უფრო
ხრიკიან პირთან გადაკიდების გამო, რომელსაც ვერ
ასიამოვნა შეპირებისამებრ და ამისაგან ყოველივე მისი
მოქმედება-საქნარი გამოეცხადა უფროსს, რომელმაც
ურჩია თავი დაენებებინა სამსახურისათვის, თუკი
აპირებდა კიდევ თავის მოქმედების გამეორებას.
პორფირი იძულებული შეიქმნა სამსახურისათვის თავი
გაენებებინა.

მას არ დასჭირებია დიდი ხნის ფიქრი, თუ რა გზას უნდა


დადგომოდა, ცხოვრებისათვის საღსარი რომ
მოეპოვებინა. მან გადასწყვიტა კანტორა გაეხსნა არზების
საწერად, დაეწყო სოფლებში ვექილობა და ქალაქის
ადვოკატებისა და სოფლელთა შუამდგომლობა. პორფირი
არ შემცდარა თავის გადაწყვეტილებაში: საქმე კარგად
წავიდა, ფული რიგიანად შემოუდიოდა. მუდამ ჰყავდა
თითო სოფელი ”საჭმელად”. როცა ადგილი მოიჭმებოდა,
ანდა ხრიკიან ადვოკატს, რომელიც ორსავე მხარეზე
ჰკერავდა, აბრუ გაუტყდებოდა და არავინ მიეკარებოდა,
იგი ადგილს მოინაცვლებდა. სოფლის მოსიარულე
ადვოკატი, დაუღალავი, ენერგიით სავსე, მუდამ
ხალისიანი, მოცინარი, გონებაგამჭრიახი, მოხერხებული,
უცნაური ხრიკების მომგონი, მეტად ადვილად
უახლოვდებოდა ხალხს პირველ გაცნობიდანვე და
ისეთნაირი მოხერხებით შეჰყვებოდა ერთხელ მის ხელში
ჩავარდნილ პირს, რომ ის ძნელად თუ დაუძვრებოდა
სანამ მისგან იმდენს არ გამორჩებოდა, რამდენის
გამორჩენაც შეიძლებოდა. მართალია, ”მოჭმულ
ადგილებში” ბევრი მაგინებელი და შემაჩვენებელი
ჰყავდა, მაგრამ ბევრი მადლიერიც. ბევრ ადგილას ისმოდა
მისი ორპირობისა და გაუტანლობის ამბები, კაცის
შეუბრალებლობაც, ვიღაც-ვიღაცეებისაგან ვითომც მის
გალახვასაც იტყოდნენ, მაგრამ იგი ისევ თავის ხელობას
ადგა და ახალ-ახალ მუშტარსაც შოულობდა.

თამარნაშენშიაც სწორედ ამ განზრახვით შემოადგა მან


ფეხი; სადღაციდან გამონახა ქამუშაძესთან ყვავი-ჩხიკვის
მამიდობის მაგვარი ნათესაობა, რათა ბინა ჰქონებოდა
მათთან, საიდანაც სურდა დაეწყო ნავარდობა ახალ
საძოვარში.

და ამ მაღალ სერიდან რომ დასჩერებოდა აქაურ


მოსახლეებს, იგი მხოლოდ იმას ფიქრობდა და თავის
გუნებაში გარედან ზომავდა იმას, თუ რამდენ
გამოსარჩენს იშოვიდა ამათგან და რამდენს საშოვარს
შესძენდა ამათი გაჭირვებული, შევიწროებული და
ვაგლახი ცხოვრება.

- რაც რომ იყოს, ცოტა ხნისათვის მაინც იქნება, იშოვის


კაცი რამეს! - წაილაპარაკა პორფირიმ იმედიანად. -
ქველიძე ხომ შოულობს, და ის ჩემი იქნება! ამ ცოტა ხანში
ყველაფერს გავიგებთ!..
- უკაცრავად, ბატონო... მარტოდ მიგატოვეთ! -
შეუწყვიტა ფიქრი ოტიამ და პატარა დაბალი სუფრა
დადგა აივანზე და რადგანაც სწორად ვერ გააჩერა, ფეხის
დასამაგრებლად ნაფოტი შეუყენა კოჭლ ფეხს.

- მშვენიერი გადასახედავი გქონია, ოტია!.. აქ კაცს თავის


დღეში არ მოსწყინდება ყოფნა... და, უნდა გამოგიტყდე,
აწი ხშირ-ხშირად უნდა ვიარო შენთან, რომ ამ სურათის
მზერით დავტკბე.

- კი, ბატონო, ოღონდ კი ინებებდეთ და სახლიც თქვენია


და ყველაფერი აქოური! - მიუგო ღიმილით ოტიამ და თან
სუფრას მიტკალი გადააფარა.

აივანზე გამოვიდა ეკვირინე ჭადებით ხელში.

- მარტოდ მიგატოვეთ, ბატონო, მარა, თავად


მოგეხსენებათ სოფლური ანგარიში, ნუ დაგვძრახავთ,
ჩემო ბატონო!.. მოიტა, მოიტა, გოგო, მოიტა, რაც გვაქვს! -
შესძახა მან სახლში.

ცეცხლთან ტრიალისაგან ლოყებაბრიალებულმა


ფუსუტიამ თეფშით გამოიტანა აქნილი წიწილა და მეორე
თეფშით დათლილი ყველი და მწვანილი.

- უკაცრავად ვართ ამისთანა მცირე მასპინძლობაზე, მარა,


რადგან ნაუცებებია, ვითომ ამისათვის გვეპატიება...
თორემ ამისთანა პატივისცემა რა თქვენი საკადრისია! -
მოიბოდიშა ეკვირინემ.

- ბოდიშები რა საჭიროა, მამიდა! - წამოიძახა მხიარულად


ბიაშვილმა. - გამოტეხილი ვარ, სულზე მოსწრებაა
ჩემთვის ეს ზაკუსკა, მე და ჩემმა ღმერთმა!.. ძალიან
მშიოდა... ეს უფრო მიმაჩქარებდა კანცელარიისაკენ -
დუქანში წევიჭამდი ცოტაოდენს, თვარა იმ ყაზახს რას
დავეძებდი იმდენად... უჩემოდ სად შეუძლია ფეხი
გადადგას: - და პორფირი თან მადიანად ილუკმებოდა და
თან არც ლაპარაკს აკლებდა.

ბევრი რამე ითქვა, მაგრამ ეკვირინემ ისევ ქველიძეზე


მიაგდო სიტყვა ჩვეულებისამებრ.

- თუ დამიმადლებ, მამიდა, ასე მოგიღუნავ მაგ შენს


სარდიონ ქველიძეს! - გადიხარხარა პორფირიმ და
მარჯვენა ხელის მაჩვენებელი თითი მოკაკვა. - ასე
მოვკაკვავ, ასე, ა!

- ღმერთი ყოველ კარგს შეგასწრებს და რომ


მოინდომებდე, შენ ეგ არ გაგიჭირდება, მისგან უფრო არ
გაუჭირდა ნურაფერი შენს მომავალსა და ნათესავს! -
მიაძახა ეკვირინემ.
- როგორც გეტყობა, ძალიან შეგძულებია, ჩემო მამიდა, ეგ
ქველიძე! რატომ, რატომ, მამიდა, ა?

- ტყვილა ამოიჩემა ისე მაგ დალოცვილმა! - დაასწრო


სიტყვა ოტიამ, რომელსაც ეშინოდა, დედას არ გაემხილა
ამ კაცთანაც მისი სირცხვილეული სიძეობა.

მაგრამ ეს ცდა უქმი გამოდგა.

- ტყვილა, ჰმ!.. არა, შვილო, თავს ნურავის დააჩაგვრინებ,


თვარა თუ ერთხელ მიგეჩვიენ დაწიხვლას, მერე სუყველა
მოგინდომებს დაბრიყვებასა და დამცირებას...

- მე ჩემს კეთილშობილებას ვერავინ წამართმევს და ვერც


ვერავინ რამეს დამაკლებს, დედაჩემო!..
- ეგეც მართალია, - წამოიძახა პორფირიმ. - ეგეც
მართალია.

- კაი, შენი ჭირიმე! შენ რაღა დაგიმალო, და


კეთილშობილებას ვერავინ ამართმევსო, აგი ჩემი
ვაჟიშვილი რომ იძახის, აბა რაღაა, კაცი რომ მეტობას
დაგიწყებს და ისეთნაირად მოგექცევა, ვითომდა არ
გკადრულობდეს, - ღირსების ახდა არ არის, აბა რაღა
იქნება?! ასე გიქნა, შვილო, იმ კაცმა... ქალიშვილი
ვთხოვეთ და უარი მოგვახსენა, თითქოს ვინმე ისეთი
ყოფილიყო, რომ ღირსი არ იყვე მისი სიძეობის! ღირსების
დამცირებაა, აბა სხვა რაღაა?! ნეტავი მართლა რითიმე წინ
იყვეს: ან სწავლით, ან გვარით და ან ქონებით!..
შენისთანა კაცთან ენასაც ვერ გაარყევს... ჩვენთან კი ისე
მედიდურობს, თითქოს თავადი იყვეს ჩვენ შორის!..
თვალი მაგას დოუდგა, რომ ვერ ისარგებლა შემთხვევით,
თვარა მოხარულიცა ვარ, ასე რომ მოხდა საქმე და მისმა
ნაშიერმა ჩემს ოჯახში ფეხი არ შემოადგა... შვილიც
მამასავით დიდგულობას დამიწყებდა და მერე თლად ის
ოჯახი ჩემი შესანახავი გამიჩნდებოდა ყოველთვის...

- ასე მოვკაკვავთ, აი ასე, მამიდა, თუკი შენ გესიამოვნება,


იმ შენს ქველიძეს. მენდვე ამაში!.. გულს გაგიმხიარულებ,
მამიდა! ა!..

- აბა, რისთვის მყავხარ საიმედო?.. შენისთანა


წარჩინებულ კაცთან იმისთვის გვიხარია დაახლოება, რომ
მტერს, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით ჩვენით, შენით
უნდა მოვერიოთ და შევაშინოთ, შევაწუხოთ...

- კი, ბატონო... ჩემს თავზე იყვეს ეგ და რაც შეეხება ქალს,


ქალი ისეთი მეგულება ერთი, რომ ქველიძის შვილი
იმასთან რად უნდა გამოჩნდეს... ისე ამან იცოცხლა! და
როგორც პატიოსანი კაცი, ხელად ჩავაბარებ ჩემს ოტიას.
ოღონდ მითხარით, თუ გსურთ... ქალაქ ადილას
გაზრდილ ქალს ჩაგაბარებთ!.. მიმიღებთ მაშვლად, ა?! ხა,
ხა, ხა!.. - გადიხარხარა პორფირიმ.

- ქალაქში გაზრდილს რას დევეძებ, შენი ჭირიმე, ოღონდ


ხეირიანი კი იყვეს... მოვხუცდი, შენ გენაცვალე,
წინანდელი ჯანი აღარ არის... კმარა ჩემთვის, რაც მე ამ
ოჯახში მიშრომია. ახლა მაგენი მოეკიდონ... ღვთის
მადლით, სხვაზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფერი გვაქვს...
მშვენიერად შეინახავენ თავს!

ეს უკანასკნელი სიტყვები განგებ დაატანა ეკვირინემ.


გუნებაში მასაც და ოტიასაც ძლიერ გაუხიცინა
პორფირისაგან ნათქვამმა ქალაქ ადგილას გაზრდილი
ქალის მოყვანაზე. ეკვირინეს თითქოს უნდოდა ეთქვა,
რომ ამისთანა ქალი ოღონდ შეხვდეს ოტიას და ოჯახი კი
შეინახავს მასო.
- აბა თუკი ეგრეა, ეკვირინე ჩემო, ეგ ჩემი ძმა კაცი ხვალის
თხუთმეტს №-ში გამომიგზავნე, ქალსაც ვაჩვენებ და თუ
მოეწონება, დანიშნულს გამოგიგზავნი უკან... ის არ
იფიქროთ, ეშმაკობა რამე იქნეს იმაში, მაშინ ღმერთმა
დამწყევლოს!.. მე მხოლოდ იმიტომ ვერევი ამ საქმეში,
რომ თქვენთვის ყოველგვარი სიკეთე მსურს!.. და
მერწმუნე, ისეთნაირად მოგიწყობს, მოგირთავს ოჯახს,
რომ ქველიძის სახლ-კარი სათხებოდაც არ გამოჩნდება
თქვენთან!..

- საჩვენო არ ყოფილა იგი! - გაიცინა ოტიამ.

- ეგ ჩემზე იყვეს, ჩემო ოტია!.. კი არ გეხუმრები, შე კაცო!..


მე მართლა გეუბნები!.. შენ ოღონდ ჩამოდი, სხვა რა
გინდა!..
ოტია ისევ იცინოდა.

- კი გიახლებათ, ჩემო ბატონო, კი გიახლებათ! - იძახოდა


ეკვირინე. - რავა არ გიახლებათ!

- მოიტა ხელი! - გაუშვირა პორფირიმ ხელი ოტიას.

ოტიას ისევ სიცილი ერეოდა, სიცილი სიხარულისა; მას არ


სჯეროდა ამნაირი უცნაური ბედნიერება. ნეტავი მართლა
ეგრე მოხდებოდეს და მაშინ უყუროს მას ქველიძემ!

- ხელი, კაცო! - არ ეშვებოდა პორფირი.

- მიე, შვილო, არ გესმის? - მიაძახა ეკვირინემ ოტიას.

- კარგი მაშვალი არ იშოვა ამ დედაჩემმა! - სიცილით თქვა


მან.
- ხელი-მეთქი, ოტია! - იძახოდა ბიაშვილი.

- რაღასი სიცილია, არ მესმის! - შეუტია ეკვირინემ შვილს.


- ე ღვთისნიერი ადამიანი საქმეს გელაპარაკება და შენ კი
იცინი!

- ბატონო, სოფლის გოგომ დამიწუნა და ქალაქელი


თვალებს დამათხრევინებს!..

ხა, ხა, ხა! ძალიან არ გამფთხალებულა ეგ ჩემი ოტია! ხა,


ხა, ხა! ჩემთან ნუ გეშინია, ნუ, ოტია! - სიცილით უთხრა
პორფირიმ. - პატიოსან სიტყვას გაძლევ, არაფერი
სირცხვილი არ შეგხვდეს... მომე ხელი!..

ამ ფიცზე დარწმუნდა ოტია და გულიანი სიცილით ხელი


ჩამოართვა პორფირის.
- ე მაგრე ჯობია! ხვალის თხუთმეტს უნდა ჩამოხვიდე
ჩემთან №-ში. აი ნახავ, თუ მადლობა არ მითხრა მერე...
ისეთნაირად მოვაკვარახჭინებთ მაგ საქმეს, რომ შენი
მოწონებული იქნეს!.. შენ ვერ მიცნობ კიდევ, რა კაციც
ვარ!.. ღვთის მადლით, რა საქმისათვისაც ხელი
მომიკიდნია, ისე წამიყვანია და დამითავებია, როგორც
მდომებია... ჯერ, ღვთის მადლით, არაფერში არ წამიგია
და, ჩემი ჭკუის იმედი მაქვს, არც წავაგებ რამეს... ჭკუა
უნდა ყველაფერს, ჭკუა! თუ იგი ხელთა გაქვს, დარდი ნუ
გაქვს, თამამად შეგიძლია იყვე!.. აი ამ ჩემ ვექილობაზე
გეტყვით: რამდენი განათლებული ვექილია კურსოვნიკი,
უნივერსიტეტ დამთავრებული, ქვეყნები აქვთ მოვლილი,
მარა ტყვილია, ჩემოდენი იმათ არაფერი არც შეუძლიათ,
არც ეხერხებათ, მშივრები გდიან - კაცი არ ეკარებათ; მე კი,
ამ ჩემი ორი კლასით იმდენი მესევა, რომ ბევრს უარს
ვეუბნები; პურიც ბევრი შემომდის, ღვინოც და ფულიც...
ვცხოვრობ ბატონურად!..

- ღმერთმა მოგცეს, ჩემო კეთილო, ღმერთმა მოგცეს! -


სიტყვას აყოლებდა ეკვირინე.

- ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერი დამაკლო, თუმცა ეს


ნასწავლები ყოველ წელიწადს ათობით და ოცობით
ჩამოდიან... ვერც მტრობით მაჯობა ვინმემ... მოხერხება
უნდა ყველაფერში კაცს, მოხერხება, ოტია ჩემო! ხა, ხა, ხა!
თუ დამჭირდა, ისეთნაირ ხრიკებს მოვდებ, ვინც იქნება,
ისეთ ხრიკებს მოვდებ, რომ ადამიანი კი არა, თვითონ
ეშმაკიც დეიბლანდება და დეიბურდება შიგ!.. - და
პორფირიმ სიამოვნებით გადიხარხარა. - კაცმა მიცნოს და
მომყვეს, ჩემთან ნურაფრის შიში ნუ ექნება! დამიჯეროს
ოღონდ, მომენდოს. მარა უბედურება ის არის, რომ სანამ
უკანასკნელამდის არ გაუჭირდებათ, მანამდე არ
შეიძლება სულ მთლად მოგენდოს და გიწამოს ვინმემ.
ვერ დაარწმუნებ, რომ სასიკეთო გზაზე აყენებ; აგერ
გადაგიხვევს და ხელიდან გაგისხლტება; მერე გეიხედავ
და მორბის გამწარებული: ტირილით, ჟივილით
გეხვეწება, მუხლებზე გეხვევა: “არიქა, მიშველე, შენ ხარ
ჩემი მშველელი, მწყალობელი, ჩემი ღმერთი, ჩემი
მაცოცხლებელიო!” მისაღები არაა ამისთანა კაცი, მაგრამ
რაღას იზამ, გული არ გიშვება გააგდო, ნიშნი მოუგო,
იბრალებ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შველი.
ამის წყალობით ახლა ისე მაქვს საქმე, რომ ყველგან,
სადაც წევიდ-წამოვედი, ბინაცა მაქვს, საჭმელიც და
სასმელიც, ყველგან ათასი მოსიყვარულე და
პატივისმცემელი!.. ამ ჩემს ხელობას თავიც რომ დავანებო
და ისე ტყვილა ვიარო, იმდენი სასიკეთო საქმე მიმიძღვის
ბევრთან, რომ სიკვდილამდე თავს დავირჩენ იმათგან...
ასეთი კაცი გახლავს პორფირი მაქსიმიჩი ბიაშვილი და შენ
გეშინია, ჩემო ოტია, სასირცხო საქმეში ჩაგაგდო!..
მოგიკვდეს მაშინ ეს პორფირი, მოგიკვდეს, ჩემო ოტია! -
და პორფირიმ მარჯვენა ხელი გულზე დაიკრა
რამდენჯერმე.

- არა, არა... მაგას რატომ იფიქრებთ! - ერთხმად მიაძახეს


ორივე დედა-შვილმა.

- თქვენისთანა კაცი იკადრებს მაგისთანა საქმეს და


უარზე გავდგებით?.. ღმერთო მომკალი!.. - წამოიძახა
ეკვირინემ.

ოტიას გული ძალზე სცემდა იმ მოულოდნელი


ბედნიერების მოახლოებით, რასაც ჰპირდებოდნენ მას;
აქამდი მას ეგონა თითქოს ბიაშვილი ეხუმრებოდა, ახლა
კი დარწმუნდა, რომ ხუმრობას აქ ადგილი არა ჰქონდა.
ეკვირინემ აღარ იცოდა, რითი ესიამოვნებინა ამ მათთვის
თავგამოდებული ადამიანისათვის, რომელიც უსათუოდ
თვით განგებამ მოუვლინა, რათა გულის ჯავრი ამოეღო
ქველიძეზე.

- ღვინო დაუსხი, შვილო! - მიუბრუნდა იგი ოტიას.

- ხაჭაპურები გაგეკეთებია, კაი იყო... ასე ცოტაზე!.. -


წაილაპარაკა ოტიამ.

- მაგათი ბრალია, მეჩქარებაო, და ვეღარ გავუბედე


დამეგვიანებია, თვარა, ღმერთო მომკალი, ამაზე
გადავარონიებდი? - თქვა ეკვირინემ.

- გმადლობთ, გმადლობთ! ესეც ბევრი იყო, მამიდა!.. მეტი


არაფერია საჭირო... სხვა სხომის იყოს! - სიცილით
დაუმატა პორფირიმ და წამოდგა. - აწი კი დროა გზას
გავუდგე...

- ნურას უკაცრავად, შენი ჭირიმე! - მოიბოდიშა


ეკვირინემ.

- მეტად მადლობელი ვარ, მამიდაჩემო, ყველაფრით


კმაყოფილი ვარ, შენ ნუ მომიკვდები!.. გმადლობთ! -
მიუგო პორფირიმ.

მართლაც კმაყოფილი იყო იგი ამ შემთხვევით. ჯერ ერთი,


რომ შიმშილი მოიკლა ამ საუზმით და იმავე დროს
დაიიმედა ბინა, სანამ თამარნაშენში ივლიდა
სავექილოზე, რაც უფრო საჭირო იყო მისთვის და მთავარი
მიზეზი ქამუშაძეებთან დაახლოებისა.

- აბა ასე, ოტია... იცოდე, მოგელი დანიშნულ დროზე, -


ერთხელ კიდევ გაიმეორა პორფირიმ.

ოტიამ მხოლოდ სიამოვნებით გაიღიმა, ეკვირინემ კი მის


მაგიერ მისცა პასუხი:
- კი, ბატონო, კი, ჩემო განმანათლებელო, კი გიახლებათ!

- აბა ახლა ჩემ საქმეს შევუდგები... ცხენი, ჩემო ოტია!

ოტია გაიქცა ცხენის მოსაყვანად. ბიაშვილი ეკვირინეს


თანხლებით ჩავიდა ეზოში, გამოეთხოვა დედა-შვილს და
შეჯდა ცხენზე.

- ოტია, შვილო, ჩაჰყევი ბატონს კანცელარიამდის!.. - თქვა


ეკვირინემ.

- კი, კი... შენ ერთი ჩოხა გამომირბენინე... ფუსუტია,


ფუსუტია, ჩოხა, გოგო! - დაიძახა ოტიამ.

- რატომ შვრები მაგას, ოტია? შენ არ მომიკვდე, საჭირო არ


იყვეს! - წამოიძახა პორფირიმ.
- რა მიჭირს... საქმეც რომ მქონდეს, მაშინაც
გიახლებოდით, ახლა თავისუფალიც ვარ...

- სიცხეა, შე კაცო!

- არაფერია, არაფერი! - უპასუხა ოტიამ.

- სიცხე რავა შეაწუხებს თქვენთან ხლებით!.. - უთხრა


ეკვირინემ.

დიდი ყიჭინის შემდეგ პორფირი საბოლოოდ გამოეთხოვა


ეკვირინეს, სანიკიძის სახლიშვილის ფეხ-ფეხა
თანხლებით გადავიდა ეზოდან და გზას გაუდგა სოფლის
კანცელარიისაკენ. მას ხალხი ეგულებოდა იქ ამ შაბათ
დღეს და სურდა იქ გამოცხადებულიყო და თავისი თავი
გაეცნო აქაურებისათვის, რომ შემდეგ მათში სავექილო
საქმეები ეშოვა.

II

შაბათობით თამარნაშენის სოფლის კანცელარიაში


ირჩეოდა ხოლმე სოფლელების საჩივრები და ამიტომ ამ
დღეს აქ ყოველთვის საკმაოდ იყრიდა თავს ხალხი.

კანცელარიის ეზოში ჯგუფ-ჯგუფად გაბნეულ


ხალხისაგან ხმაურობა და შემატებული ლაპარაკი, ყაყანი
და ყიჭინი ისმოდა.

გლეხკაცობის გარდა ამ დღეს აქ მოსვლა შემოიღეს, ამ


ბოლო ხანს, ამავე სოფლის ზოგიერთმა აზნაურებმაც.
ესენი იყვნენ გაღარიბებული აზნაურები, რომელთაც
ძნელად გაარჩევდით გლეხთაგან. მათი ცხოვრება და
ინტერესები მეტად გადახლართული შეიქნა მეზობელი
გლეხების ინტერესებსა და ცხოვრებასთან. მათ აქ ცალკე
ადგილი ჰქონდათ აჩენილი, - იმ ცაცხვს, რომლის ქვეშაც
ჯდომა იცოდნენ, ”აზნაურების ცაცხვი”-ს სახელიც კი
დაერქვა. ისინი ყოველთვის ჯგუფად მოვიდოდნენ
ხოლმე და თუ ერთი მათგანი მუქარებს დაუწყებდა
რომელსამე გლეხს, დანარჩენებიც ამას მხარს აძლევდნენ
და საერთო მუქარით და შეტევით ცდილობდნენ
თავგასულ და თავდავიწყებულ ყაზახთა დაშინებას და
თავის კალაპოტში ჩაყენებას, როგორც ესენი იტყოდნენ
ხოლმე.

დღესაც დიდი ლაპარაკი და ყაყანი გამოიწვია ამათმა


დამუქრებამ ერთი წყება გლეხების წინააღმდეგ, რომ
თქვენი მიწა-ადგილიდან აგყრითო, რადგან ძველთაგან
ეს ადგილები ეკუთვნის ერთი გვარის აზნაურებსა და
ამის საბუთები და ქაღალდები ამ დღეებში ყველა ხელში
გვექნებაო.
- როცა გექნებათ, მაშინ ვილაპარაკოთ, ბატონო! - შენიშნა
ერთმა იმ გლეხთაგანმა, რომელსაც აყრას უპირებდნენ და
გაშორდა მათ.

აზნაურებმა იწყინეს ასეთი პასუხი და დამუქრებას


უმატეს.

- ნახავენ, რაც მოუვათ, მალე ნახავენ! - წამოიძახა ერთმა


ყმაწვილმა აზნაურმა.

- რას ნახავენ? თქვე დალოცვილებო, ასე იძახით და


აშინებთ ამ ბალახაშვილებს, მაგრამ კაცმა ვერ დეინახა
ვერაფერი! გირჩევნიათ ისევ მოუმდურავად იყოლიოთ
მაგ კაცები... ურიგო გლეხები არ არიან და კარგა მაძღარი
გლეხებიცაა! - თქვა ერთმა მოხუცებულმა იქ მდგომმა
გლეხმა.
- ბალახაშვილების დამდურების რა მცოდნია! - შესძახა
ყმაწვილმა აზნაურმა.

- რატომ არა, ყმაწვილო, რატომ არა! ცოტაოდენი მაგათაც


ესმით და თავს არავის არ დააჩაგვრინებენ უბრალოდ!

- მოვატეხიებთ კისერს, ახლა რომ ზევით-ზევით სწევენ!


მაგათ კი ჩავაყენებთ თავიანთ კალაპოტში... აგერ ნახვენ!
- გაჯავრებით წამოიძახა მეორე აზნაურმა.

ამას სხვაც აჰყვებოდა, რასაკვირველია, და უსათუოდ


დიდი ლაპარაკიც შედგებოდა, რადგან ვიღაცამ ამ
უბრალო დამუქრებას, ”ტრაბახობაც” უწოდა, მაგრამ
ეზოში ბიაშვილი შემოვიდა ცხენით, ოტიას თანხლებით.
ყველანი მიჩუმდნენ და უცნობ კაცს მიაჩერდნენ. ოტიამ
ცხენიც ჩამოართვა, მიაბა ღობეზე და ახლა
აზნაურებისკენ გამოუძღვა. ბიაშვილის მიახლოვებაზე
ყველანი წამოდგნენ და თავაზიანად თავდაკვრის
შემდეგ, მიიპატიჟეს და დასაჯდომი ადგილი დაუთმეს
ცაცხვის კუნძზე.

პორფირიმ მადლობა გადაუხადა, სთხოვა ყველას


დაბრძანებულიყვნენ, თავადაც დაჯდა და ოტიას უთხრა:

- აბა, ჩემო ოტია, ერთი თვალი გადაავლე... ეგებ აქ იყვეს


სადმე, შავწვერა მაღალი ყაზახია, შავი ყაბალახი ახურავს
თავზე, წითური სახისაა...

- კი, ბატონო, ახლავე მოვნახავ! - თქვა ოტიამ და


ხალხისკენ გასწია.

- ვინაა, ოტია, ის კაცი? - დაუწყეს გამოკითხვა ყოველი


მხრიდან.
- ბიაშვილია, პორფირი ბიაშვილი, ადვოკატი! არ ჰგავს
სარდიონს! - უპასუხებდა მიმავალი ოტია.

- ვინაო?

- ბიაშვილიო! ადუკანტი ყოფილა!

- ეტყობა, კაი კაცი უნდა იყვეს!

- რავა ჩეისკუპეს შუაში მაშინათვე!.. ვითამ და ჩვენიაო! -


ლაპარაკობდა თავიანთ შორის გლეხკაცობა, რომელსაც
ცაცხვისკენ ეჭირა თვალი.

- რამ ამოგიყვანათ თქვენისთანა განათლებული და


პატიოსანი პირი ამ დასაქცევარში, ბატონო? - უთხრა
ბიაშვილს ხნიერმა, მეტად ღარიბულად ჩაცმულმა
აზნაურმა, რომელიც იმ კუთხეში ხუმარა კაცად იყო
ცნობილი.

- დასაქცევარი კი არა, სწორედ მშვენიერი ადგილებია!.. -


მიუგო პორფირიმ. - ბევრი სოფელი მაქვს დავლილი ამ
ჩემს ვექილობაში და ამისთანა სოფელი ბევრი არ
შემხვდომია, თქვენ არ მომიკვდეთ! ჩინებული სოფელია,
ეტყობა... ლამაზი ადგილებია!

- ლამაზი ადგილები კია, ჩემო ბატონო, მარა მისგან


გულდაწყვეტილები გახლავართ. კუჭს არ გვიძღებს და
მჭლედ ვყევართ შენახული...

- ეგ შეიძლება იმისათვის, რომ არ დაგიმძიმდეთ ამ


აღმართ-დაღმართებში სიარული! - სიცილით თქვა
პორფირიმ და მასთან დანარჩენებსაც გაეცინათ.
ამ დროს კანცელარიის კარებიდან გამოვიდა ერთი
მაღალი ტანის, ჩამსხვილებული კაცი და მასთან ათიოდე
გლეხი, რომელნიც იქვე გარს შემოერტყნენ მას ყიჭინით
და ხმამაღალი ლაპარაკით. ცოტა ხნის შემდეგ იმავე
კარებიდან გამოვიდა მეორე ჯგუფი გლეხებისა და ამათაც
ცალკე ხმაურიანი ლაპარაკი შეექმნათ. რამდენიმე წუთის
შემდეგ ორივე ჯგუფი შეერთდა და საშინელი ყაყანი
მორთეს, ასე რომ ყველას ყურადღება მიიქციეს.

- აბა თუ მიხვდებით, ბატონო, რაზე ჩხუბობენ ისინი ამ


ლამაზ ადგილებში? - მიმართა ხუმარა აზნაურმა
ბიაშვილს.

- სწორედ არ ვიცი! - მიუგო ღიმილით პორფირიმ.

- ეკალაზე, ბატონო, ეკალას გულისათვის! თქვენ ნუ


მომიკვდებით!
ბიაშვილს გაეცინა. გაიცინეს სხვებმაც.

- ადგილზე დაობენ, სერაფიონ! - შენიშნა ერთმა


აზნაურთაგანმა. - ეკალაზე რა ჩხუბი უნდა შედგეს!

- ერიჰა! - წამოიძახა სერაფიონმა. - რავა უცხო კაცივით


ლაპარაკობ, ჩემო ივანე! მაგ რა დასამალავია!.. ვაი ნეტავი
თელი წელიწადი კი არა, ნახევარ წელიწადს მქონდეს ის
დალოცვილი საჭმელად, გამოულეველად! ცუდი კაცი
ვიყვე, თუ სხვა რამე ვინატრო კიდევ! რას მეუბნები?!
ღმერთმა ნუ გაახაროს ის, ვინც ჩემს ახლო-მახლო ეკალას
ბურდი ნახოს და ამომიჩეხოს!.. ამ დროებაში ოქროს ფასი
დაედვა მას ყველასაგან, აზნაურისაგანაც და
გლეხისაგანაც... მალე თავადების სანატრელიც გახდეს,
მგონია.
- კი, მარა ეკალამ როგორ წაკიდა ეს კაცები? - იკითხა
სიცილით ბიაშვილმა.

- წაკიდა კი არა, გადაამტერა! - მიუგო სერაფიონმა. -


მეზობელმა თავის მხრივ საქარი გაჩეხა ადგილის
გასაფართოებლად, შესამატად. საქარი ეკლიანი იყო;
გაზაფხულზე მისი მხრივ რომ აღარ იყო, ეკალას აქეთ
დაუწყო პოტინი; მიდგა საქმე მისწრებაზე, ერთი თვალის
დახამხამებაში გაფცქვნეს ეკლები, კვირტებსაც აღარ
არჩენდნენ ზედ. შეექმნათ ლაპარაკი. აქითურმა მიზეზად
ის დეიდვა, რომ თხელ საქარში ღორი, ქათამი, ბატი,
ცხვარი დაძვრებაო და ყანა ამომიგდესო - დაუწყო ჩხუბი
კაცმაც, ქალმაც, ბავშვმაც, ყველამ. ნამდვილად კი ეკალას
დაკლებამ ააპილპილა ყველა... იმდენი იჩხუბეს,
იდავიდარაბეს, რომ აგერ ეს მეორე წელიწადია კაცმა
ვეღარ მოარიგა, ედავებიან ერთმანეთს. სხვა არაფერი არ
გამოდის იმის მეტი, რომ ამ ჩვენს სარდიონ ქველიძეს ხან
ერთი უწიკავს ხაჭაპურებსა და ქათმებს, ხან მეორე -
რომლის ვექილადაც იქნება.

ეს უკანასკნელი სიტყვები სერაფიონმა სწორედ მაშინ


თქვა, როცა გლეხებს გაშორებული ქველიძე ცაცხვთან
მივიდა.

- ნამეტანი ჯიუტი ხალხია... მეტისმეტი! კაცის არაფერი


არ სჯერათ არც ერთ მხარეს... რას მოუხერხებ ადამიანი?!.
- ხელების გაშლით თქვა სარდიონმა, რომელსაც
ეტყობოდა საკმაოდ დაღლილიყო გლეხკაცებთან
ლაპარაკით.

მან შენიშნა უცხო პირი, მიუახლოვდა წამომდგარ


ბიაშვილს და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თავიანთ
თავის გაცნობით.
- თავი დაანებე, შე დალოცვილო, მაგათ, რაზე იწუხებ
თავს! - უთხრა ქველიძეს განაკიდეთ მჯდომმა,
დაკერებულ ჩოხიანმა აზნაურმა.

- ძალიან ადვილად არ ამბობ მაგას, ნიკიფორე! - წამოიძახა


ისევ სერაფიონმა. - რავარც მე ჩემს კუსიას ვერ
გავშორდები, ისე ვერც სარდიონი გაშორდება მაგათ...
სასმელ-საჭმელს მაგენი უწიკავენ და მაგათ მიატოვებს?!

კუსიას ხსენებაზე მოისმა საერთო ხარხარი.

- ახსენა თავისი კუსია! - წამოიძახა ვიღაცამ.

- რატომ არ ვახსენებ, შენ გენაცვალე, ღმერთმა ნუ


დამავიწყოს მისი თავი! - უპასუხა სერაფიონმა.

- მონადირე ძაღლია, ბატონო სერაფიონ? - შეეკითხა


ბიაშვილი.

- მონადირე არ გახლავს, უბრალო, შავი ნაგაზია, მარა


ყოველ ჩემს კეთილს და ჩემისთანა ხელმოკლე კაცს
ღმერთმა მისცეს იმისთანა შემბრალე და თანამგრძნობი...
ერთობ რამე სულიერია! - თქვა სერაფიონმა. - რომ იცის
ეხლა, ჩემო ბატონო, ჩემი გაჭირვება, ისე ვეცოდები, რომ
მეტი აღარ შეიძლება, და ძალიანაც მეწევა...

- რაობით მერე, თუკი მონადირე არაა? - სიცილით


შეეკითხა დაინტერესებული პორფირი.

- დილას, ბატონო, რომ ადგება, კაი დაკვირვებული


ადამიანივით შემოირბენს სახლის ყოველ კუთხეს, ერთი
წაქცეული სამზარეულო მაქვს, იქაც მისუნავს-მოსუნავს
და თუ შეხედა, რომ სახლში არაფერი არ კეთდება, ერთი
გავარდება, გავარდება ეზოდან, შემოირბენს მეზობლებს
და, სად კეციდან ჭადს ააგლეჯს, გამოიტანს და
მოარბენინებს, სად ქათამს ფრთას წააგლეჯს და
მოაწანწალებს, სად კვერცხს გამონახავს, ხანდახან
ჩადებულსაც არ დამიწუნებენო, გადასწყვეტს, და აგერ,
რომ გვგონია - დღეს უსადილოდ ვრჩებით,
გადაწყვეტილი გვაქვს, ეს ღვთისნიერი სულდგმული
ხელად ამივსებს ცარიელ სუფრას ათასნაირი
საჭმელებით... თითქოს მეზობლებისაგან ხონჩები
მომსვლოდეს!..

ბიაშვილი სიცილით კვდებოდა ამის გაგონებაზე;


ხარხარებდნენ სხვებიც, თუმცა ამგვარების გაგონებას
სერაფიონისაგან შეჩვეულნი იყვნენ.

- მართლა ძვირფასი რამ ყოფილა ი თქვენი კუსია! -


სიცილოთ თქვა პორფირიმ.
- იცოცხლეთ, ღმერთი აბა რავა დააგდებს უსაშუალოდ
მისგან გაჩენილს... რამე სახსარს აღმოუჩენს უთუოდ! -
მიუგო სერაფიონმა.

- საცა იქნება, გვერდებს ჩაუმტვრევენ იმ შენს კუსიას,


სერაფიონ! - უთხრა ერთმა ყმაწვილმა.

- მამაჩემი, აზნაური ქაიხოსრო გორდელაძე, რომ


გაცოცხლდეს და რამე აწყენიოს ჩემს კუსიას, იმას
ჩავაბრუნებ საფლავში, თვარა სხვა რითი გადამირჩება,
რომ ჩემს მაცხოვრებელს რამე მოსწიოს!.. ბატონო, სხვა
არაფერი შემრჩენია... ძაღლით ვირჩენ თავს, იმ ზომამდის
მივაღწიე პატიოსანმა აზნაურმა, და ცოცხალი
გადამირჩება, ვინც მას ხელს მიხლებს? თქვენც არ
მომიკვდეთ!

სიცილი არ წყნარდებოდა და ხალხი თანდათან


მატულობდა ცაცხვის ქვეშ.

ამასობაში ოტია გულმოდგინედ დაეძებდა


პორფირისაგან ნანიშნ კაცს და ყველას ეკითხებოდა,
ამგვარი კაცი ხომ არ დაგინახავთ დღეს აქაო; ყველასაგან
ერთი და იგივე პასუხი იყო - არაო. ამ სიარულში იგი
მივიდა იმ გლეხებთანაც, რომელთაც საქარის გამო დავა
ჰქონდათ და საქმეს ქველიძე უწარმოებდათ.

- შე კარგო კაცო! - უთხრა მან გულგახურებულ გლეხს: -


გასაკვირველია შენი საქმე, რას ჩასცივებიხარ ამ
სარდიონს!.. რომ რამე გაეგებოდეს და შეეძლებოდეს,
თავის თავს ვერ უშველიდა, უკანასკნელ გაჭირვებაში
რომ არის?.. შენ რა უნდა წაგადგეს!..

- დამღუპა, მაგან დამღუპა.. დეეღუპა მაგას ოჯახი! -


წამოიძახა გლეხმა.
- ე, შე კაცო, თუ გინდა საქმე გაგიკეთდეს, ე,
იმისთანასთან უნდა მიხვიდე!.. - ანიშნა ოტიამ
ბიაშვილზე.

- ადუკანტია?

- ადუკანტია და რანაირი მერე!.. ძვირფასი რამე


ადუკანტია!

- იცნობ შენ, ოტია?

- აბა რა, ძალიან კარგად!

- მიგვიძეხი, ოტია!..

- ბატონი ბრძანდები... თუკი მოიცალა... ერთობ ბევრი


ხალხი ეხვევა... აქაც ყოლია დღეს დაპირებულები.
დავეძებ, ოხრიშვილები ვერსად ვერ ვნახე...

- მომეხმარე, ოტია, - დაეღრიჯა გლეხი, - და მერე მაგიერ


პატივს მეც გცემ!

- კარგი, კარგი, ვისაც გინდათ, ყველას გაგაცნობთ!.. ეგებ


აქაც ქე დეიწყოს სიარული, თუ რიგიანი საქმეები შეხვდა.

- საქმეების მეტი რა არის! - წამოიძახა რამდენიმე გლეხმა.

- ოღონდ შესმენილ კაცს შევხვდებოდეთ და!

- მაგაზე შესმენილი ვიღაა! - თქვა ოტიამ და გაშორდა.

- რა გვარია, შენი ჭირიმე? - მიეწია ერთი გლეხი.


- ბიაშვილია, პორფირი ბიაშვილი.

- სად ცხოვრობს?

- სადა და №-ში.

დიდხანს იარა ოტიამ, მაგრამ მოსანახავი გლეხი არსად


ჩანდა და სულაც არ ყოფილა. პორფირის არავინ არ
ჰყოლია აქ შეპირებული, ეგ მხოლოდ მიზეზად ჰქონდა
დღევანდელ დღეს ამ ყრილობაში გამოცხადებისათვის.
თუმცა ოტიამ გლეხი ვერ მოძებნა, მაგიერად ბიაშვილის
შესახებ ბევრი ლაპარაკი შეხვდა და, რაც შეეძლო, ყველას
გააცნო მისი თავი. ბოლოს იგიც მივიდა ცაცხვთან,
საიდანაც ისევ შეუწყვეტელი სიცილი ისმოდა.

პორფირი მალე შეეთვისა ამ უცხო ხალხს და ხუმრობაში


აჰყვა სერაფიონს. მან იშოვა მარჯვე შემთხვევა და მოჰყვა
ათასგვარ სასაცილო შემთხვევას, რაც მას ჰქონებია თავის
სავექილობებში. მან მოხერხებულად გადაიტანა
ლაპარაკი თავის თავზე: ხან ტყუოდა, ხან ტრაბახობდა,
ხან რაღაც უცნაურ ამბავს გამოურევდა. ყველა ახლა იმას
მისჩერებოდა, მთელი შეკრებულება სმენად იყო
გადაქცეული. თვით სერაფიონიც ჩაჩუმდა, ყურს
უგდებდა ამ ენაწყლიანსა და ენამოხერხებულ კაცს.

როცა პორფირიმ ხალხში თვალი მოჰკრა ოტიას და მისგან


პასუხად მიიღო ნაძებნი გლეხის აქ არყოფნა, მან ამოიღო
საათი და ერთი წამოიძახა:

- მე მეტი არ შემიძლია!.. ათასი საქმე მაქვს


მიტოვებული... აწი თვითონ ჩამოვიდეს ჩემთან... ესეც
კმარა, ამდენი დრო რომ მისთვის დავკარგე! - ხალისიანი
სიტყვით გამოეთხოვა ყველას და მომღიმარი სახით
გაშორდა ხალხს.
იგი თვითონაც გრძნობდა, რომ თავი დაამახსოვრა ამ
ხალხს და კარგის მხრივ გააცნო თავი. ეგ მართალიც იყო.

- ძალიან კაცი ყოფილა!

- ყმაწვილი კაცია, მაგრამ ერთობ გამოცდილება ეტყობა!..

- ნამდვილი სავექილო კაცია! - გაისმოდა ხალხში.

გულკმაყოფილი ბიაშვილი შეჯდა ცხენზე, ერთხელ


კიდევ თავი დაუკრა მისკენ მიჩერებულ ხალხს და ოტიას
უკან მიყოლებით გადავიდა ჭიშკარ გადაღმა.

- აბა, ოტია, გახსოვდეს ჩვენი სიტყვა!.. არ მომატყუო,


იცოდე, გელოდები, იცოდე!..
- კი, ბატონო, გეახლებით! - გაღიმებული სახით მიუგო
ოტიამ. - მარა თქვენც რომ მანამდი ამოივლიდეთ, კარგს
ინებებდით... ყაზახებს უნდა თქვენთან მოსვლა, საქმეები
ეგებ მიიღოთო, იხვეწებიან.

- კეთილი, კეთილი! - სიამოვნებით წამოიძახა პორფირიმ.


- ამოვალ, მაინც ქე მაქვს ამ დღეებში აქეთ სხვა
საქმეებიც!.. ნუღარ ირჯები, ჩემო ოტია, ნუ! ნახვამდის!

- არაფერი მიჭირს! - მიუგო ოტიამ და ისევ უკან


მისდევდა.

- კაი, კაი!.. თუ გიყვარდე!.. ნახვამდის!.. ამ სამ დღეში


ამოვივლი კიდევ!.. ნახვამდის, შენი ჭირიმე! - და ახლად
დამეგობრებულებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და
გამოეთხოვნენ.
ოტია კარგა ხანს დარჩა იმავე ადგილას და მისჩერებოდა
ბიაშვილს. მერე კანცელარიისაკენ გაბრუნებულმა ერთი
წაილაპარაკა: ”თუ მე შენ მათხოვრის გუდა არ მოგკიდე
ზურგზე, რაღა კაცი ვიქნები!.. იარე შენი მზეთუნახავით
კარდაკარ და ზილე ტალახი!” და თითქოს უკვე
გრძნობდა ქველიძეზე გამარჯვებას, ოტია შემატებულ
გულზე მყოფი შეერია ხალხში.

III

- კაი საჩუქარი კი მერგება, კაი... ძალიანი...


განსხვავებული საჩუქარი, ბიცოლა პელაგი! - ხითხითით
და წვარწნით ეუბნებოდა პორფირი მაღალი ტანის,
გამხდარ, ლოყებჩავარდნილ ხანში შესულ ქალს,
რომელიც ისეთივე ბიცოლა იყო მისი, როგორც ოტია
ქამუშაძის დედა, ეკვირინე - მამიდა. - სამაგალითო
საჩუქარი მერგება საკუთრად შენგან, ასეთი სიძე რომ
გიშოვე სონიასთვის!.. აი ასეთი უნდა კაცი, როგორიც მე
გახლავარ!.. აბა ის რა კაცია, მარტო თავის თავზე
ფიქრობდეს!.. არა, შენი საქმეც გეიკეთე და
ქვეყნისათვისაც იყავი სასარგებლო... ასე არაა, პელაგია
ჩემო? ა?.. შენი კეთილი არასოდეს არ უნდა დაივიწყო და
არც მე დამივიწყებია, ხომ!.. ხა, ხა, ხა!..

- ღმერთმა ნუ დაგივიწყოს, შვილო, ყოველივე სიკეთე


ღმერთმა ნუ დაგივიწყოს!.. შენ და ჩემი ბეგლარი, ხომ
ღმერთმაც იცის, გაურჩევლად მიმაჩნიხართ... ძმები
მგონიხართ, შვილო, ძმები... ბეგლარმა თუ იცის, შვილო,
თუ გაქვს ნათქვამი?

- რასაკვირველია!

- რაო, ნეტავი რა თქვა?


- რა უნდა ეთქვა!. თავისებურად, რავარც იცი მისი ამბავი,
ვნახოთ, ვნახოთ... ის არაფერია, შენ თუ ფეხს არ
გადადგამ!

- მე, შვილო, მე რაღა მეთქმის... თუკი ჩემი ბეგლარი


თანახმა იქნება, წინააღმდეგი არაა...

- რატომ უნდა იქნეს წინააღმდეგი?

- მე რა გამეგება ამდენი, შვილო!.. თქვენისთანა


ყმაწვილებმა უკეთ არ იცით, ვინ შეგეფერებათ მოყვარეთ
და ვინ არა? თუკი თქვენი საკადრისია...

- რატომ არ უნდა იქნეს საკადრისი, ბატონო?.. სოფლის


კაცი რომაა, იმიტომ ვითომ? შე დალოცვილო, მარტო
სოფლის კაცობაზე კი არაა საქმე!.. სოფლის კაციც არის და
სოფლის კაციც... გარჩევა ყველგანაა...
- არა, შვილო... ისე სიტყვაზე მოჰყვა, თვარა... მე რა
მეთქმის... თუკი ქალს არჩენს და შეინახავს...

- ჰმ! ქალს არჩენს?! პირველი ხარისხის აზნაურია... სახლი


აქვს, კარი, მიწა-წყალი, მშვენიერი ოჯახი... ორი დედა-
შვილია, მეტი არავინ! არა, იმით დამიწუნებ, პელაგია,
რომ სოფლის აზნოუშვილია? შენც არ მომიკვდე!

- უიმე!.. - შესძახა პელაგიამ. - ერთხელაც მოგახსენე,


თუკი შვილს მირჩენს და ღირსეულად შემინახავს, სხვას
რას დავეძებ!

- ამაში იმედი გქონდეს... ხომ გწამს ჩემი, რომ მე არ


მოგატყუებ?..

- უიმე!
- ჰო, აბა ეს არის, ჩემო ბიცოლა! მეტი რაღა უნდა
გინდოდეს, აღარ ვიცი!

- შენი კარგა ყოფნით ნეტავი კი მოხერხდებოდეს და!..


გაძვირდა, შენ დაგენაცვლე, ქალის მთხოვნელიც... ჩემს
სონიაზე უკეთესები საცოდავად ბერდებიან, კაცი ხელს
არ კიდებს... მაგის ასე დარჩენით ჩემი ბეგლარიც ასე
უცოლოდ მირჩება.

- ჰო და ეგ არის! - გააწყვეტინა სიტყვა პორფირიმ. - ქე


გოუშვი ხელიდან, შე დალოცვილო, ქალიშვილი... ნუღარ
გოუბრუნდებ ბედს!..

- ვინ ოხერი, შენ გენაცვალე, ვინ ოხერი!.. დედაშვილობამ


დღედაღამ ღმერთს იმას შევთხოვ, ისე არ მომკლას, ჩემი
ბეგლარის ცოლ-შვილისათვის რომ არ შემეხედოს... რა
ქნას, შენი ჭირიმე, ენაცვალა მას დედამისი, ჩვენც
შეგვინახოს, ცოლ-შვილიც არჩინოს, სადამდი წავა ამის
საქმე, - და ამასობაში ქეა ისე გაჩერებული. ჩვენთვის
იკლავს თავს, თავისათვის კი არაფერი!.. თუკი მოვესწარი
და ჩემი სონია პატრონს ჩავაბარე, რათ ეღირება ჩემთვის
ის დღე, რათ? ჩემი გაცოცხლების დღე იქნება!.. მაშინ
ბეგლარის ბედნიერებასაც შეიძლება ერთ-ორ დღეს მაინც
მამზერიოს უფალმა...

- ყველაფერი იქნება, ჩემო ბიცოლა! - სიცილით შესძახა


პორფირიმ. - ყველაფერი.

- რა გვარია, შენ გენაცვალე?

- ქამუშაძე.

- შორებელია?
- სულ ახლოს... აგერაა, თამარნაშენში!

- აზნოუშვილი!

- ჩინებული, ჩინებული აზნაური!.. არა, არა ბევრი აღებ-


დაღება აქ აღარაა საჭირო... ბედი კარზედაა მომდგარი!..
კაცს, შენ არ მომიკვდე, სწორედ ვერ დამიწუნებ... ის კი
არა, უფრთხილდი, გული შეიმაგრე, თავად არ
შეგიყვარდეს, ღმერთი არ გაწყრეს, ბიცოლა, ამ
მოხუცებულობის ხანას! ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა
პორფირიმ.

პელაგიასაც გაეცინა ამ ხუმრობაზე, ხელი დაარტყა ბეჭზე


და უთხრა:

- უი, შე დაუწყნარებელო, შენ!


- აბა, ამდენს მალაპარაკებ ჩემს ოტიაზე?! შენ ნუ
მომიკვდები, ის კაცი, რავარც კი არ მოგიყევი, აგერ ბედს
რომ მიაგნებს ადამიანიო, ისეა!.. არა, არა, ბიცოლა
პელაგია, ხელიდან გასაშობი დასაკარგავი კაცი არაა ის
ადამიანი, თუკი გულით გინდა შენი სონიას გათხოვება...
მეც მირჩევია, დროც არის. ვინ იცის, როდის მოინახება
კიდევ სხვა; ეგებ მაგისთანა ვეღარც იშოვოთ... ქალიც
ცოდვა იქნება და, შენი არ იყვეს, აწი ბეგლარსაც შეღავათი
უნდა მიეცეს თავის თავზე იზრუნოს....

- კი, კი! კი, ჩემო კეთილო!

- ჰო და, მეც რომ ეგ ვიფიქრე, როგორც თქვენი ოჯახის


ერთგულმა და კეთილმა, იმიტომ აღარ დავკარგე
სახელდახელო შემთხვევა. ერთი სიტყვით, შენზედაა
დამოკიდებული ახლა ყველაფერი: თუ უარს არა ხარ, ის
ყმაწვილი ჩამომივა აქ და განახებთ. ისურვებ, ხომ კარგი, -
თუ არა და, ღმერთმა ყველა მშვიდობით გვამყოფოს...

- მე რა, შვილო, ყველაფერი ბეგლარმა იცის.

- არა, არა! შენ ხარ მაინც თავი, შენ ხარ დედა და სიტყვაც
შენ გეკუთვნის.

- მე გითხარი და ეს იყო, შვილო.

- ძალიან კარგი! აბა ყველაფერი რიგზე მიდის! და ესეც


იცოდე, ბიცოლა ჩემო, იმათთვის მე არც სახელი, არც
გვარი არ მითქვამს თქვენი. არ ვუთხარ იმიტომ, რომ
დეიწყებდა იქით-აქეთ გამოკითხვას სონიაზე. ვინ იცის,
მტერი სად გამოჩნდებოდა, ქალი ვისმეს გეელანძღა... ხომ
კარგად მიქნია, ა? ჰო, ასეთი გახლავართ!
- ყველაფერში მოხერხებულები ხართ, ღმერთმა
გიწინამძღვროთ, შვილებო, და ამიტომაც სულ
შემატებაში მიდიხართ და მიდიხართ! - მიუგო პელაგიამ.

- ერთი სიტყვის მეტი კი არ დამჭირვებია, მერე! შენ არ


მომიკვდე! აქ ვერ მიცნობენ კიდევ, რაც ბიჭი ვარ, თვარა
იქით რომ მიყურო, იმ სოფლებში, სადაც მე დავდივარ,
ვერ მიცნობ, თუ ეს პორფირიაო!.. ხელით დავყავარ!..
ჩემზე უკეთესი თუ ვინმეა, ვერავის ვერ ათქმევინებ,
ვერას გზით... ღმერთივით, პატარა ღმერთივით
მიყურებენ!.. ჩემია იქოურობა... ხა, ხა, ხა!.. - სიამოვნებით,
გადიხარხარა ატრაბახებულმა პორფირიმ.

- ღმერთმა მოგცეს, შვილო, ღმერთმა მოგცეს! - ჩაურთო


თავის მხრივ სიტყვა პელაგიამ.

- ამის შესატყობინებლად შემოვირბინე, პელაგია ჩემო! -


განაგრძო პორფირიმ. - მე ვიფიქრე, შეიძლება ბეგლარი
ასე დაწვრილებით არც კი მოუყვეს-თქო, იმას ხომ სახლში
ბევრი და გრძელი ლაპარაკი არ უყვარს!.. ვარჩიე ისევ
თავად მე მეხარებინა შენთვის...

- ღმერთმა გაგახაროს, შენი ჭირიმე, ღმერთმა გაგახაროს!..


ამაზე უკეთესს რაღას გეიგონებდა ჩემი ყურები...

- და რაკი ყველაფერი მომიხსენებია, ახლა კი მშვიდობით


ბძანდებოდეთ! - თქვა პორფირიმ და ქუდს დაატანა
ხელი. - პატარ-პატარა საქმეები მაქვს ერთ-ორ ადგილას...
ისე, ცოტა კრიმანჭულები ეჭირვებათ, თვარა სადილად
აღარ მოგშორდებოდით დღეს... შეიძლება, თუ დროზე
მოვრჩი, კიდევაც მოგისწროთ!..

- მოგიცდით, შენი ჭირიმე, მოგიცდით!


- არა, არა, ცდა საჭირო არაა. რა ვიცი, სად მიმაგდებს
ქარი!.. თუ მოვედი - მოვედი, თვარა ცდა არ დამიწყოთ...
ნახვამდის, ნახვამდის, ბიცოლა!..

პორფირი გამოეთხოვა მოხუცებულ ქალს, აჩქარებულად


წავიდა, ერთი შეჩერდა კარებთან, მობრუნდა უკან და
სიცილით წამოიძახა:

- ღმერთმანი, ვივარგებ მაშვლად!.. ჩინებული მაშვალიც


ვიქნებოდი და თუ, ვინიცობაა, ვექილობამ მისუსტა,
უსათუოდ მაშვლად ვივლი. სიარულს მაინც შეჩვეული
ვარ!.. ვატყობ ჩემს თავს, რომ ესეც ადვილად მომყვება
ხელში... ამაშიაც გამოვდგები და ვივარგებ... ხა, ხა, ხა! -
გულიანად გადიხარხარა მან.

- ყველაფერში გამოდგები, შენი ჭირიმე, ყველაფერში


გამოდგები, ისეთი მარჯვე კაცი ხარ! - მიუგო პელაგიამ.
პორფირის თითქოს უნდოდა ეს ქება კიდევ ერთხელ
გაეგონა ამ წასვლისას, უფრო ახითხითდა და საამური
სიცილით ოთახიდან გავიდა, ჩაირბინა პატარა კიბე,
გადაირბინა ეზო და ჭიშკარს გადაღმა ქუჩაში მიმავალ
ხალხში გაერია.

პელაგია რამდენიმე ხანს შერჩა აივანზე ამ გაფრენილ


კაცის ნათქვამისაგან გაბრუებული; მერე მიბრუნდა და
მძიმე ნაბიჯით შევიდა სახლში. ბუხრის თავზე ბეგლარის
სურათი იდვა; ის მოხვდა თვალში, მივიდა მასთან,
დაუწყო მზერა, დიდხანს უმზირა სასიქადულო, ძვირფას
შვილს და შემდეგ წამოიძახა:

- აწი განთავისუფლდები, შენ გენაცვალე,


განთავისუფლდები და შენი საწყალი დედის გულს
გაახარებ შენი კარგი იღბლით... შენ დაგენაცვლეთ
ყველანი... ყველანი!

და თითქოს მოხუცებული პელაგია დღეიდანვე აპირებდა


შვილის საბედოს დასახვედრად შემზადებას,
დაკვირვებული თვალი შემოავლო ოთახს, მივიდა
ჭრიჭინა ტახტთან და კედლისკენ უფრო მისწია, -
ჭრიჭინი ეგებ მოეშლევინებინა; დაუარა ფანჯრებს,
ჩამობერტყა მტვერი ჩითის ფარდებიდან და საშინლად
აამტვერა; მოუნდომა გასწორება შუა ზალაში მდგარ
კოჩიალა სტოლს, მაგრამ რადგან ვერაფერი მოუხერხა,
ვერ დაამაგრა, იმით დაკმაყოფილდა, რომ გადაბერტყა
ზედ გადაფენილი გამოხუნებული, ფერადიანი
გადასაფარებელი, რომლის გამომყდველსაც მუდამ
წყევლა ეგზავნებოდა. მაგრამ ის გამომყიდველი დღეს კი
გადარჩა ამას, ალბათ, განსხვავებული დღის წყალობით.
არ დარჩენილა ხელშეუხებელი არც სტოლქვეშ დაფენილი
ფარდაგი, რომლის გაწევაზედაც დახრილმა პელაგიამ
ერთმანეთისაგან დაშორებულ იატაკის ფიცრებს ქვეშ
ქათმებს მოჰკრა თვალი და ფეხის ბაკუნთან ერთად
”ოქში-ოქში” დასძახა იატაკის ქვეშიდან მათ
გამოსადენად, თუმცა თვითონაც ვერ იტყოდა, თუ რას
უშლიდნენ ისინი იქ ყოფნით. აქაურობას რომ მორჩა
პელაგია, მეორე, თავის საწოლ ოთახში გავიდა;
ანგარიშმიუცემლად გაჩერდა ხის საწოლზე
დაგროვებულ, ზეწარგადაფარებულ ქვეშსაგების წინ,
ერთ ხანს იდგა ასე გაშტერებული, მერე ჩამოჯდა
საწოლის ყურეში და ერთი კიდევ ამოიძახა გულის
სიღრმიდან: ”შენ გენაცვალოს შენი დედა!.. შენს შვილს
დავინახავდე, და მერე რომ მოვკვდე, აღარც კი
ვინაღვლი!.. შენ გენაცვალე, შენ!..” და ფიქრებში გაერთო.

ქალიშვილის მაგივრად პელაგიას ისევ თავისი ვაჟიშვილი


უდგა თვალწინ; მასზე უფრო ფიქრობდა იგი, ის
ავიწყებინებდა სონიას კარზე მომდგარ ბედსაც; ბეგლარს
ეწირებოდა დედის გულში ყველა და ყველაფერი.

ეს ბედნიერი არსება, ეს რჩეული შვილი იყო №-ის


მომრიგებელ მოსამართლის მდივნის უმცროსი
თანაშემწე, ბეგლარ ჯინჭარაძე.

ამის მამაც, ბიაშვილივით, წვრილ აზნაურთაგანი იყო,


ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, სოფლად
მოუხერხებელი ცხოვრების გამო ქალაქში შემოხიზნული.

- სადაც მეტი ხალხია, იქ მეცადინე კაცისათვისაც უფრო


მეტია შემთხვევაც რამე იშოვოს! - იტყოდა ხოლმე
სოფრომ ჯინჭარაძე და, როგორც მოშივებული მელია, ისე
დაძრწოდა ქალაქის ქუჩებში, დუქნებში, ბაზრებში, რომ
რამე ეშოვა, ენახა, წასდგომოდა და ამით თავი შეენახა,
ოჯახი გამოეტანა; და გასაკვირველიც იყო მისი სიმარჯვე
ამგვარ შოვნაში: სად, როგორ შოულობდა ეს კაცი სარჩოს,
როგორ ახერხებდა ამას - ეგ მისი საიდუმლო იყო,
გაუზიარებელი საიდუმლო. ვაჟიშვილებმაც შეითვისეს
მამის ხასიათი და მიმართულება. უმცროსი, ქალაქში
დაბადებული ბეგლარი, პატარაობიდანვე
გასაკვირვებლად დაიგეშა მამასთან. ის ისეთი მეცადინი
ბავშვი გამოდგა, ისეთი ჩუმი, მოხერხებული, რომ საწყალ
სოფრომს არა ერთხელ უთქვამს სიამოვნებით:

- ეს თავისას გეიტანს!.. თუ ღმერთმა დააცალა, ისეთი


გამოიწვება, რომ კაცი იქნება!.. კაცი ვერაფერს გაუგებს,
ისე მოიგდებს ხელში, რასაც ამოიჩემებს!.. მაგარი კაცი
დარჩება!

არ მოსწრებია მამას შვილის ”კაცად” დანახვა; იმას კი


ეცადა, რომ ბეგლარს საქალაქო სასწავლებელი
გაათავებინა და სასამართლოში გადამწერად შეარგვევინა
თავი.
ბეგლარს არ გაუმტყუნებია მამის იმედი. ყმაწვილი იყო,
მაგრამ ცხოვრებისათვის საკმაოდ მომზადებული. არავის
არ ერიდებოდა; პირიქით, მუდამ ამხანაგებში
იმყოფებოდა, მაგრამ მისი ნამდვილი აზრი, შეხედულება,
ფიქრი ამა თუ იმ საქმის, პირის შესახებ - არავინ არ
იცოდა, ვერავის გაეგო მისი წადილი. იგი საკვირველი
მოხერხებით ფარავდა ამგვარებს და ამავე დროს
ახერხებდა ეჩვენებინა თავისი თავი გულწრფელ
ადამიანად. ის იყო, რომ იტყვიან, ეშმაკი კაცი, თავით
ფეხებამდე ეგოისტი, მხოლოდ პიროვნული ინტერესების
მიმდევარი, რომლის გარეშე მას არაფერი სწამდა და
კიდევაც გუნებაში დასცინოდა მათ, ვინც რაღაცას ეძებდა,
რაღაცეებს თავს ატეხდა, ვინ იცის, რისთვის, ან ვისთვის,
და ამასობაში თავის თავს აკლებდა.

უგულოდ ეპყრობოდა ყველაფერს, რისგანაც რამე


სარგებლობას არ გამოელოდა თავისათვის, კაცს აფასებდა
მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად მისგან რამე
უსარგებლია, ან გამოელოდა რამე სარგებლობას. მისთვის
ყველაფერო უმნიშვნელო იყო და ”სისულელე”, თუკი მას
პირადად არ ასარგებლებდა. არაფერს სხვა რაიმეს მის
თვალში ფასი არ ედებოდა. გუნებაში ათასჯერაც წინ
წაუყენებია თავისი თავი იმ ”ნასწავლებზე და
ნაწვალებებზე”, რომლებსაც მასავით ვერ მიუგნიათ იმ
გზისათვის, რომელსაც საჭიროა ცხოვრებაში კაცი ადგეს,
თუ უნდა თავისი თავის ბედნიერება. ამ გზამო, -
ფიქრობდა ბეგლარი, - მე წარმატებაში შემიყვანა,
მაშოვნინა ჩინებული ადგილი და ამ ახლო ხანში
სასამართლოს ”პრისტავობასაც” მიმაღებინებსო.

გვარში მას ტოლი არ ჰყავდა და თავის მეგვარეებს


გუნებაში ამადლიდა, რომ მისი მეცადინეობით
ჯინჭარაძის გვარი ყველასაგან ცნობილი შეიქნაო; თუ
თვითონ სიტყვით არ წარმოუთქვამს ეს, ხსოვნით
ყოველთვის ახსოვდა, ხოლო დედამის კი პირზე ეკერა.

ასეთი იყო ნამდვილად ბეგლარ ჯინჭარაძე, თუმცა ისე კი


სულ სხვა თვისების კაცად გაუცვნია თავისი თავი
გარეშეთათვის. შინაურობაში კი იგი ღმერთი იყო. ალბათ,
თავის აღმატებულებაში რომ იყო დარწმუნებული,
იმიტომ არ ეხერხებოდა არც დედასთან და არც დასთან
გრძელი ლაპარაკი, არც უყვარდა მათთან თავის გულის
ნადების გაზიარება და შინ მყოფი საზოგადოდ მარტოდ
იყო, დედაცა და დაც მორიდებით იყვნენ მასთან და
არიდებდნენ ყოველ უსიამოვნებას ამ სასიქადულო და
სათაყვანებელ ოჯახის წევრს.

ეს შვილი ავიწყებინებდა პელაგიას თავის ქალიშვილს,


როგორც დაავიწყებინა უფროსი ვაჟი, თერძად
გამოზრდილი და დღეს სადღაც გადაკარგული.
- გენაცვალა შენი დედა!.. ახლა კი შეიძლება მოვესწრო
შენს გვირგვინს, ჩემო ცხონებავ!.. შენ გენაცვალა შენი
დედა!.. რამდენ დედას ენატრება შენისთანა შვილი, მარა
ღმერთმა მხოლოდ მე მაღირსა... ვენაცვალე მის
მოწყალებას!..

არ დაუთავებია კიდევ ეს გულის ამონახეთქი პელაგიას,


რომ სამზარეულოდან უცნაური ხმაურობა მოესმა.
პელაგიამ მიაყურა. ხმა მისი ქალიშვილის, სონიას ხმა იყო.

პელაგია წამოვარდა და სამზარეულოსკენ გაექანა. აქ ეს-


ეს არის დაბრუნებული, სხვაგან ყოფილი სონია, შლიაპა
გვერდზე მოქცეული, უცნაური ხმით მოქაქანე,
გაბრაზებით თავში უთაქუნებდა კედელზე მიკრულს,
ნაფლეთებში გახვეულ პატარა ბიჭს, რომელსაც ხელები
თავზე წამოეყარა ნაცემის შესამსუბუქებლად და
რომელიც გაუნძრევლად იდგა და ხმასაც არ იღებდა.

- შენ დაგეწვა ეს თავი!.. შენ დაგეწვა ეს გვერდები, ეს, ეს!


- და ახლა ფერდებში ჩაჰკრა, სანამ ბიჭი მოასწრებდა
ფერდებზე მიეფარა ხელები. მაგრამ საცოდავი ვერ
მიუხვდა, სად მოხვდებოდა სონიას ხელი, იმიტომ რომ
სონიამ ერთი დასჭყივლა: - თვალები... თვალები რატომ
არ დაგეწვა, შე დასამიწებელო! რატომ, რატომ! - და
ცხვირ-პირში ჩაჰკრა ისე უცბად, რომ ბიჭმა ვეღარ
მოასწრო თვალებზე ხელის აფარება. ახლა კი ვეღარ
მოითმინა მან და კატასავით აკრუსუნდა.

- რა ქნა მაგ სასიკვდილემ, რა ქნა მაგ შავდღეზე


დაბადებულმა, რა? - გაფაციცებით კითხულობდა
პელაგია.

- რა ქნა?! რა ქნა და სულ ერთიანად დაუთუთქავს


ჭადები!.. ერთიც არ ვარგა!.. ა, ნახე, შეხედე ამას... ამას
შეხედე!.. ამას მიუტან ბეგლარს სადილზე?! ამას? უი, უი,
შენ! შენ!.. შენ გაწყვი, შენ, შენ! - და სონია ისევ ბიჭისაკენ
გაექანა, რომელიც, ახალ ცემისათვის გამზადებული,
საცოდავად მოიკაკვა და გაბურძგვნილი თავის მუხლებს
შუა ჩამალვას მეცადინეობდა.

- შენ დაგეწვა სიცოცხლე, შე წყეულის შვილო, შენ


დაგეწვა სული და ხორცი! - მიაძახა პელაგიამ. - უიმე, ამას
რას ვხედავ! - შეჰკივლა პელაგიამ, დამწვარი მჭადები
რომ დაინახა. - ვეღარ მიხედე, შე ცოდვილიანო?

- რას შეხედავდა, როცა, რომ არ მომესწრო, თავად


ცეცხლში ის იყო ჩავარდებოდა!.. მაგ შეჩვენებულს თავი
მიედვა ბუხრის ქვაზე და ისე მიძინებოდა... ვითომც ძილი
აკლდეს!.. უიმე, უიმე!.. ეს რა არის, ღმერთო მომკალი, -
შეჰკივლა ხელახლად სონიამ. - ეს რა არის?! შე
დალოცვილო, რომ იცი ამის ამბავი, ერთხელ მაინც
ჩამოვიხედავდი... ასე რავა მიატოვე ეგ სასიკვდილე!.. რას
აკეთებდი, მითხარი ერთი? - მიუბრუნდა იგი დედას.

- რავა არ ჩამიხედავს, შვილო! - წაილაპარაკა პელაგიამ.

- აბა ეს რავა ვერ დეინახე!.. ეს მოუქაფავი სუფი, ღმერთო


მომკალი! ამას მიუტან ბეგლარს? ამან რავა უნდა
გადაგვიტანოს, ამან, ამ ლეკვმა, ამან!.. რა არის, ბიჭო, ეს?..
რა არის ეს, ბიჭო?.. ამას ქაფის მორთმევა არ უნდოდა, არ
უნდოდა? არა, არა? - და სონიამ ისევ წაუშინა თავში,
გვერდებში და კისერში სახეგამურულ ფილიპიას.

- სონია, დატრიალდი, შვილო, შენ გენაცვალე, ერთ წამში


დააჯინე ორიოდე ჭადი, თვარა საცა არის, ბეგლარიც მოვა.
მალე, შენ გენაცვალე, სადილი არ დოუგვიანდეს, თვარა,
ხომ იცი, ეწყინება.
სონიამ საჩქაროდ გაიხადა კაბა, ჩაიცვა საშინაო, ჩამოვიდა
სამზარეულოში, გაცრა ფქვილი და ზელა დაუწყო ცომს.

- სად იყავი, შვილო, ამდენ ხანს? - შეეკითხა პელაგია,


რომელიც ცეცხლთან ტრიალობდა.

- სად ვიქნებოდი? ანასტასიასთან ვიყავი.

- რა ქნეს ნეტავი იმ გოგოს საქმე, ქრისტინესი?..


მორიგებულან თუ არა?

- ხელახლად ჩაშლიათ... სასიძო აღარ აკლებს, რაც


უთქვამს... და თუ ამ ერთ კვირაში ვერ მოურიგდებიან,
სხვა ქალს ნათხოვა თურმე!..

- უი, უი! მტერისას ასეთი ამბავი! ასეთია


დაუმთავრებელი ამბავი!.. ვაი საწყალი მშობლის ბრალი,
ამნაირ გასაჭირში რომ ჩავარდება!.. ვაი მისი ბრალი! -
წაიწუწუნა პელაგიამ.

- ჰო, მშობლის!.. მშობელს რა უჭირს, ვინც სირცხვილშია


ჩავარდნილი, იმან იკითხოს, თვარა...

- არა, შვილო...

- კაი, კაი! - გააწყვეტინა სიტყვა სონიამ. - უხეირო


პატრონის ხელში ქალიშვილი ღმერთმა ნუ ჩააგდოს,
ღმერთმა, თვარა მშობელს რა უჭირს იმდენი...

პელაგია ის იყო პასუხის გასაცემად მოემზადა, რომ


ნაცნობი ფეხის ხმა მოისმა. ორივე დედა-შვილმა ხმა
გაკმინდეს.
- მოვიდა! - წამოიძახა ცოტა ხნის დაყურადების შემდეგ
სონიამ.

- მალე, მალე... უჩქარე, შენ გენაცვალე! მე წავალ და


სტოლს გავშლი მანამდი... უი, შე არაწმინდავ, შენ!.. სულ
შენი ბრალია, შენ გაქრი ბარემაც! - წაილაპარაკა პელაგიამ,
კედელთან ატუზულ ფილიპიას რომ გაუარა. - დღეს ადრე
მოსულხარ, შვილო, - ტკბილად მიმართა მან შვილს, რომ
ამას არ სწყენოდა. მზად რომ სადილი არ უხვდებოდა.

- ადრე რამ ქნა? - მოკლედ მიუგო ბეგლარმა.

ეს იყო მაღალი ტანის ახალგაზრდა კაცი ბალნით ძალზე


შემოსილი, ისე რომ ლოყები ძლივს უჩანდა: მისი მაღალი
და ბოლოში მოკაკული ცხვირი, მბზინავი შავი თვალები
რაღაც ვაჟკაცურ შეხედულებას აძლევდა მის სახეს.
ბეგლარს სერთუკი გაეხადნა და ჟილეტის ამარა იყო.
- არა გაქვთ მზად? - იკითხა მან.

- ახლავე იქნება, შენ გენაცვალე... ახლავე! - მიუგო


სტოლთან მოფუსფუსე პელაგიამ. - იმ შეჩვენებულმა
ბიჭმა ჭადები დაგვიწვა... ისეთი ოხერი რამ შეიქმნა, რომ
ერთი წამით თვალს ვერ მოაშორებ...

- თქვენ სად იყავით?

- სად ვიქნებოდით, შვილო, სახლში ვიყავით... სონია


გადავიდა, ის-იყო, ერთი მინუტით მეზობლისას, თვარა
სახლში ვიყავით...

სხვა დროს ბეგლარი უსათუოდ შეწუხდებოდა სონიას


უდროო-დროს სხვაგან სიარულისათვის, მაგრამ დღეს
თავი შეიკავა, აღარაფერი უთქვამს; ერთი-ორი გაიარ-
გამოიარა ოთახში და მერე ტახტზე ჩამოჯდა და მუთაქას
მიაწვა.

პელაგია მის მახლობლად ტრიალებდა; მოხუცებულს


უნდოდა შვილს გამოლაპარაკებოდა ამ მარტოდ ყოფნაში,
სონიას შესახებ ეამბნა. მაგრამ საწყალი ვერ ბედავდა
დაღლილი შვილის მოსვენების დარღვევას. და ბოლოს,
როგორც იქნა, სძლია თავისთავს, მიუახლოვდა ბეგლარს
და ხმადაშვებით უთხრა:

- პორფირი იყო ამ დილას და...

- ჰო!

- ერთი ამბავი მითხრა ჩემი სონიას შესახებ...

- ჰმ!
- რავა ფიქრობ, შვილო? მე რა ვიცი და... პორფირი ძალიან
აქებს...

- მერე რაი?

- შენ არ მოგატყუებს, ძმასავით ხართ...

- ამისთანა კიდევ უფრო ადვილად მოგატყუებს, არ იცი


შენ...

- ეგ შენ უკეთ გაგეგება, შვილო... ამიტომ გეძახიან ჭკვიან


კაცს!.. შვილო, თუკი მართლა ხეირიანი ვინმეა და შენი
საკადრისი იქნება, ნუ დაუკარგავ, შენ გენაცვალე, შენს
დას ბედს... შენც განთავისუფლდები და შეიძლებ შენი
ბედის მონახვასაც; ისე ნუ მომკლავ, შვილო, ერთ-ორ
დღეს მაინც არ მამზერიო შენი ცოლ-შვილისათვის...
პელაგია, ეტყობოდა, მოემზადა ესარგებლა ახლა იმ
გარემოებით, რომ შვილისაგან ამდენი ლაპარაკის ნება
ეძლეოდა, და მოიწადინა გადაეშალა მის წინაშე თავისი
გულის დარდები.

ბეგლარმა შენიშნა ეს და უცბად მოუჭრა:

- კაი, კაი, ბატონო, მაგაზე მერეც გვექნება დრო


ვილაპარაკოთ... ახლა სადილი მინდა მე!

- კი, შვილო, კი, შენს სიცოცხლეს ვენაცვალე! ნუ


წოუყურებ ამ საქმეს, ნუ! - შეიმაგრა თავი და აღარ
ეშვებოდა პელაგია... ვინ იცის, როდის მიეცემოდა
ამისთანა შემთხვევა კიდევ. - თუ სულ ურიგო კაცი არაა,
ნუ დააშორებ ერთმანეთს, ისე ახლოსაც არ გეყოლება...
წელიწადში შეიძლება ერთხელ, ორჯერ მეტად ვერც
შემოადგამს ფეხს შენს სახლში... გადაწყვიტე, შვილო...
შენდა სასარგებლოდ უფრო რომაა, იმიტომ გეხვეწები!

- ჩამოვა ის კაცი და მაშინ ვნახოთ, მაშინ! - კიდევ


გააწყვეტინა სიტყვა ბეგლარმა და ამასთანავე ფილიპიაც
შემოვარდა ფეხების თხლაშა-თხლუშით, მაგიდაზე
დადვა თეფშზე დალაგებული მჭადები და ის იყო უკან
გაქცევას აპირებდა, რომ ბეგლარი შეუწყრა და გაგდებას
დაემუქრა. ბიჭმა დაღუნა თავი, ხელი გამოისვა ცხვირქვეშ
და ნელა გავიდა ოთახიდან თავჩაქინდრული.

ცოტა ხნის შემდეგ სამივე დედა-შვილი მაგიდას


შემოუსხდნენ და სადილს შეექცეოდნენ თითქმის
ხმაამოუღებლად. რადგან ბეგლარს მაინცდამაინც არ
უყვარდა ამ თავისიანებთან მუსაიფში გაბმა.

ნასადილევს პელაგიამ ისევ დააპირა გამოეწყო შვილთან


შეწყვეტილი ლაპარაკი, მაგრამ ვერ მოახერხა. ბეგლარმა
ისევ გაიმეორა თავისი: ”მერეთაც გვექნება დრო
ვილაპარაკოთო” და - ახლა ძილი მინდაო...

- შორს გადასადები საქმე არაა, შვილო! - გაბედა თქმა


პელაგიამ.

პელაგიას შიში, რომ ბეგლარი არ იკადრებდა სიძედ


სოფლის აზნაურს, ანდა რამე საწინააღმდეგოს
გამონახავდა, ყოვლად უსაფუძვლო იყო. ბეგლარი არ
ამხელდა, თორემ ძლიერ მოხარული იყო, რომ შემთხვევა
ეძლეოდა მოეშორებინა და თავიდან და მაინცდამაინც
ნამეტან ძიება-ჩხრეკით სასიძოს შესახებ თავის შეწუხება
აზრადაც არ მოსდიოდა.

- მე მინდა აწი ჩემს თავს ვერგო მთელად! - წაილაპარაკა


მან და იმედმიცემულმა, რომ ასეთი დრო მალე
დაუდგებოდა, თავი მისცა ნასადილევის ძილს.

IV

დანიშნულ დღეს, დაპირებისამებრ, ოტია, გამოწყობილი


ყავისფერ ჩოხაში, სატინის წითელწინწკლებიან
ახალუხით, თმა-წვერ შეკრეჭილი, ნათხოვარი ცხენით
ჩავიდა №-ში ბიაშვილთან, რომლისათვის ცალკე
ხურჯინით ცოტაოდენი ძღვენიც გაიძღვანია.

- ახლა კი კაი კაცი ხარ, ოტია ჩემო, სიტყვა გცოდნია! -


მხიარულად მიეგება მას პორფირი და რადგანაც ოტიას
სახეზე ერთნაირი ღიმილის თამაში შეამჩნია, მხარზე
ხელი დაარტყა და უთხრა სიცილით: - ჩვენი საქმე კარგად
არის, კარგად, ოტია!

ოტია უფრო დაიბნა, ღიმილიც უფრო მოერია, სიტყვა


ვეღარ მოახერხა და მხოლოდ თავი გადააქნია.

ნასადილევს ორივემ ცოტა ხან მოისვენეს.

- ახლა ერთი გევიგულავოთ, ჩემო ოტია, და მერე


გამოვეცხადოთ... - უთხრა პორფირიმ.

ოტია შეიშმუშნა, ერთი მიაშტერა თვალი თავის მოკეთეს


და მერე დაიწყო:

- ბატონო პორფირი... - აქ სიტყვა ჩაუწყდა აღელვების


გამო.

- ჰო... რა გინდა?

- სოფლის სასაცილოდ არ გავხდე...


- ღმერთო ჩემო! - შეჰყვირა მხიარულად პორფირიმ.

- უკაცრავად კი ვარ, მარა...

- შე კაცო, თუკი ასე არ მენდობი, რაღაზე მოდიოდი აბა,


ა?..

- არა, არა... ნდობა რა, ვიღას უნდა ვენდო, აბა, მარა


მაინც... რა ვიცი, ისე, ჩემი სისულელით მოგახსენეთ...
თავადაც კარგა მოგეხსენება სოფლის ამბავი, ჭორი,
მითქმა-მოთქმა. ახლა ჩემს თავს ვებრძვი ვითომ, როცა
დარწმუნებული ხარ ყოველის მხრით კაცი...

პორფირის გაეცინა.

- რითი დაგარწმუნო, ჩემო კეთილო, რომ ქალი უნაკლოა?


მშობლებს ვფიცავ ამაში, სხვაფერ რითი დაგაჯერო!..
სიტყვას გაძლევ ეგ არის და შენც იცი, ქალს არც აქ
გაგასინჯვინებენ, როგორც სოფელში, მის გარეგნობას
თავადაც ნახავ... მეტი რა გიყო! მამიჩემის სულს
ვფიცავარ, ქალი ჩინებულია. შენ ჩემი შეჯერებით, თორემ
მას ბევრს აქაურსაც არ გაატანს მისი პატრონი, მე არ
მოვკვდე!.. და ამასაც გეტყვი, ოტია ჩემო, თუ შიში გაქვს,
რომ შეიძლება გატყუებდე, თავი დავანებოთ, ჩემო ძმაო!..
ა? როგორც მეტყვი?

ოტიამ ისევ მოიბოდიშა და გაჩუმდა. მას ეძნელებოდა


იმგვარი ქალის დაკარგვა, როგორსაც ჰპირდებოდა
პორფირი. იგი თავმოსაწონად უნდოდა მას და ამიტომ
უკან აღარ იხევდა, თუმცა შიში ჰქონდა, რომ
ერთხელინდელის არ იყოს, სირცხვილი არ ენახა.

მეგობრებმა ქალაქის ქუჩებში გაისეირნეს, ეტლითაც


იარეს და დასაღამოვებულზე ჯინჭარაძისას მივიდნენ.
პელაგია დიდის ამბით შეეგება სტუმარს, ბეგლარიც ახლა
უფრო ხალისიანად იყო უცხო კაცთან. პორფირიმ ყველას
გააცნო შემკრთალი ოტია.

- დაბძანდით! - მიიპატიჟა იგი ბეგლარმა.

- დაბძანდით, ბატონო, დაბძანდით! - მიმართა


პელაგიამაც და ხელით ანიშნა სკამზე.

მაგრამ ოტიამ უკან დაიწია და ფეხებში მოხვედრილ


სკამზე დაეშვა. უეცრად ოტიას წაექცა სკამი და
უსათუოდ გაიშხლართებოდა, კედელს რომ არ
მიყრდნობოდა.

- ღმერთო მომკალი! - წამოვარდა პელაგია. - რაღა თქვენ


შეგხვდათ ეს ფეხმოტეხილი სკამი!.. ვინ შემოათრია ეს
აქ?.. გეიტანე, შვილო, იქით!

სონიამ, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს, აიღო სკამი


მეორე ოთახში გასატანად.

- ხომ არაფერი გტკენიათ, ჩემო ბატონო? - თანაგრძნობით


შეეკითხა პელაგია სტუმარს.

- არაფერია, ბატონო, არაფერი! - მიუგო ოტიამ, მარდად


წამოხტა და, გაწითლებული, გაღიმებას ცდილობდა,
თუმცა ამავე დროს გუნებაში ეგ დაცემა ცუდ ნიშნად
მიიღო, რაც ძალიან აწუხებდა.

პორფირი, ცუდი შთაბეჭდილების გასაქარვებლად,


თავისი ცოცხალი ენით მოჰყვა ამის მსგავს შემთხვევებს,
მას რომ გადახდომია, და იმდენი მოახერხა, რომ ყველანი
ოტიანად ბევრი აცინა და კარგ გუნებაზე მოიყვანა.
- როდის ჩამობძანდით სოფლიდან? - შეეკითხა ბეგლარი
ოტიას.

- დღეს, ბატონო! - მიუგო მან.

- შორს არ არის...

- არა, ბატონო... სოშე გახლავსო ამისთანა და...

- ვიცი... ვყოფილვარ მე თქვენსკენ... ერთობ ღვინო იცით...


რჯულზე დავთვერით ერთხელ, გზად გამოვიარეთ...

- ასე, ბატონო... ვენახი ავადმყოფობამ შეგვიმცირა, თვარა


იყო რიგიანი და გვარიანადაც მოდიოდა...

- ახლაც ძალიანია, ბეგლარ, ახლაც ძალიანია! - წამოიძახა


პორფირიმ. - ისეთი მათრობელაა, რომ ჰო, ჰო, ჰო!

ლაპარაკი სოფელზე ჩამოვარდა, სოფლურ მოლხენაზე,


ქეიფებზე, ღვინის სმაზე. პელაგია ხანდახან ჩაურთავდა
სიტყვას, სონია კი ყურს უგდებდა ლაპარაკს, ხან მიდი-
მოდიოდა ოთახებში. ოტია სარგებლობდა ამით და
თვალი მისკენ ეჭირა. სონიას ერთ შემობრუნებაზე
პელაგიამ თვალით მიიხმო იგი, რაღაცა წაულაპარაკა, რის
შემდეგაც ყმაწვილი ქალი აჩქარებით გავიდა ზალიდან.

ოტიამ თვალი გააყოლა მას.

ქალი, მართალია, ლამაზი არ იყო, მაგრამ არც სულ


ულამაზობა ეთქმებოდა. სუფთად ჩაცმული,
თავისუფალი მიხვრა-მოხვრით ოტიას თვალში იგი
ბევრად სჯობდა ქველიძის ქალიშვილს, რომელიც, მისდა
უნებურად, თვალწინ ეხატებოდა, და რომელსაც
ადარებდა ამ ახლად გაცნობილს. ამ უკანასკნელს, მისი
შეხედულებით, რომ უპირატესობა რჩებოდა, ეგ თუ
აღონებდა ოტიას, თორემ არ ახარებდა. ტყუილა კი არ
წამექცა სკამიო, ფიქრობდა იგი... თუ ქველიძემ უარით
გამოისტუმრა, აქ რა უნდა გაეგონა, რისი მომლოდინე
უნდა ყოფილიყო, ვითომ? და რაც უფრო აკვირდებოდა
სონიას, მით უფრო სწუხდა ოტია, მით უფრო ნანობდა,
რომ აქ ფეხი შემოადგა, ამჩატდა, არ გაფრთხილდა, თუმც
გამოცდილიც იყო. წაქცეული სკამიც ცხადად ანიშნებდა
თუ რითი გათავდებოდა დღევანდელი ამბავი. უკვე
წარმოიდგინა, რომ სოფელში სასაცილოდ ამიღებენო.
ერთადერთი იმედი ისევ ბიაშვილზე ურჩებოდა,
რომელსაც შეეძლო მისი აქედან გაყვანა ისე, რომ ამბავი
არ გამჟღავნებულიყო.

ამ მდგომარეობაში მყოფი ოტია ვეღარც სიტყვას


ახერხებდა, აღარც ესმოდა კარგად, რას ეკითხებოდნენ; ის
იძულებულს ხდიდა პელაგიასაც და ბეგლარსაც,
ემეორებინათ მასთან მიმართული კითხვები და კინაღამ
ჩაით სავსე ჭიქა წააქცია, როცა სონიამ სინით წინ დაუდგა
და ოტიას თვალებში მისი მსუქანი და მრგვალი ტიტველა
მაჯები მოხვდა.

”აჰ! ამას მე არავინ არ მომცემს... ტყვილი იმედია!” - თქვა


მან გუნებაში და თითქოს გამოსათხოვრად ერთი თვალი
კიდევ შეასწრო ყმაწვილ ქალს.

პორფირიმ შენიშნა მეგობარს მოუსვენრად ყოფნა, რომ


იგი სხვანაირად გრძნობდა თავს და როგორც კი იშოვა
დრო, მარტო რომ დარჩნენ, მივიდა მასთან და ჰკითხა:

- აჰ, რას იტყვი, ოტია?

- დავანებოთ თავი, პორფირი...


- არ მოგეწონა?

- ჰმ! - მწარედ ჩაიცინა ოტიამ. - მოწონებაზეა საქმე? თავი


დავანებოთ, თვარა მე აქ სირცხვილს ვჭამ, შენ ნუ
მომიკვდები.

- შენს მოწონებაზეა, მაშ!

- ჰმ! - წამოიძახა ოტიამ. - სასაცილოდ მიგდებ და ეგ


არის!.. შენი ჭირიმე, პატიოსნად გამიყვანე აქედან... ამ
ქალს მე არავინ არ მომცემს, ეგ კარგად ვიცი... ეს წყალობა
მიქენი. გეხვეწები, პატიოსნად გამიყვანე, სხვას არაფერს
დავეძებ... შენს ხელში ვარ, ბატონო პორფირი!..

- კაცო, ქალს ვინ გიკავებს?! - სიცილით მიუგო პორფირიმ.


- შენ გამაგებინე, თანახმა ხარ თუ არა?.. შენი სიტყვით
გათავდება საქმე.

ოტია შეჩერდა და მაშვალს თვალი თვალში გაუყარა. ზედ


ემჩნეოდა, რომ მას რაღაც ეჭვი ეპარებოდა გუნებაში. ის
სულ სხვას მოელოდა: უარით გაისტუმრებდნენ, ეგონა,
და ახლა ეუბნებიან, რომ საქმის გათავება შენზედაა
დამოკიდებულიო - ეს ნამეტანი ეუცხოვა და ეჭვში
შევიდა. მან ვეღარ მოითმინა თავის დარდის დამალვა:

- პორფირი.... გაფიცებ ყველას... წაგიწყდეს დედ-მამის


სული... ნუ დამიმალავ... გამაგებინე, რისგანაა ახლა ეს?..
გაფიცებ შენს მიცვალებულ დედ-მამას, მართალი
მითხარი... ნაკი ხომ არაფერი აქვს ქალს?..

- ნაკი?.. შეჩვენებული ვიყვე... დამწყევლოს უფალმა! -


მიუგო გაცხარებით პორფირიმ. - არ გრცხვენია, ოტია... ასე
მიყურებ მე?..
- აბა რავა გევიგო, ეს ამბავი?

- რავა და ისე, რომ ბეგლარს უნდოდა დის გათხოვება,


დედამისსაც... მე და ის კაცი ძმებივით ვართ, თითქმის...
გვინდოდა, რიგიანი კაცი შეგვხვედროდა სადმე... აჰ,
შეგხვდი, გიცანი, მიცანი, გაგიცანი და ბასტა!.. რაღა ბევრი
ჩიჩინი და ლაპარაკი უნდა ამას!.. ჩვენ კაცი მოგვწონხარ
ყველას, თუ შენც მოგწონს ქალი, თქვი და საქმეც
გათავებული იქნება... ქველიძესავით, შენც მიხვდები,
ყაყანს არ დაგიწყებენ აქ.

ოტიას ჭკუაში დაუჯდა ეს სიტყვა და იამა იმისი კარგად


ხსენებაც.

- თუ რამე ნაკი უნახო მაგ ქალს, პირში ჩამაფურთხე,


ნებას გაძლევ! - უთხრა ბოლოს პორფირიმ.
ეგ მეტიც იყო, ოტიას კიდევაც შერცხვა ამის გაგონებაზე.
იგი თანახმა იყო თავის მხრივაც.

- ოფლი გამომადინე, შე დალოცვილო! - გაიცინა


პორფირიმ, - რაღას იჭიმებოდი, თუ ღმერთი გწამს!.. შენ
აქ მომითმინე... ერთი იქ შევირბენ. - და პორფირი გავარდა
ზალიდან მეორე ოთახში.

მარტოდ დარჩენილი ოტია აქეთ-იქით იცქირებოდა


დარცხვენილი, სახეზე ალმურმოკიდებული. მაგრამ
რამდენიმე წუთის შემდეგ უარეს მდგომარეობაში
ჩავარდა, როცა კარი გაიღო და ზალაში სონია შემოვიდა.
ოტიამ აღარ იცოდა როგორ მოქცეულაყო, დამჯდარიყო,
თუ ისევ ფეხზე მდგარი დარჩენილიყო. რომ მოეკლათ,
ხმის ამოღება არ შეეძლო ამ ქალთან და გაჩუმებული იყო.
არც ქალი იღებდა ხმას; ერთი კი უთხრა, ”დაბძანდითო”,
რაზედაც ოტიამ მიუგო: ”გახლავართო”, და ამაზე შეწყდა
მათი მუსაიფი. სონია უფრო თამამად იყო და გუნებაში
ეცინებოდა ამ ყმაწვილის უცნაური უხერხულება. სონიას
აზრით, ეს ვიღაც მთხოვნელი უნდა ყოფილიყო, მის
ძმასთან მოსული, და ალბათ ძალიან სამძიმო საქმე უნდა
ჰქონდეს, რომ ასე დაღონებულიაო.

მეორე ოთახში კი სამთა რჩევაც დასრულდა, რასაც დიდი


ხანი არ დასჭირებია. ბეგლარმა თავის მხრივ თქვა, რომ
ვერაფერ წუნს ვერ ვდებ სასიძო ახალგაზრდა
ქამუშაძესო. მასთან ერთად პელაგიაც, რასაკვირველია,
თანახმა შეიქნა.

- აბა რაღაზე ვაწვალებთ იმ კაცს! - თქვა პორფირიმ. -


შევახალისოთ ახალგაზრდები, ღმერთსაც იამება! - და
მოცინარი სახით გავიდა ზალაში.
მას მიჰყვნენ ბეგლარიც და პელაგიაც. პორფირი სიცილით
მივიდა სონიასთან და თავი დაუკრა.

- ნება მოგვეცით, ქალბატონო, მოგილოცოთ! - დაიწყო


პორფირიმ...

- რას მილოცავ? - გულუბრყვილოდ ჰკითხა სონიამ.

- ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა პორფირიმ. - ხა, ხა, ხა!.. შენი


გაბედნიერება, ჩემო სონია!..

- ჰმ!

- მოგილოცავ, ოტია!.. ურა, ურა!.. იცოცხლეთ და


იმრავლეთ! - შესძახა პორფირიმ.

- რას სულელობ! - წყენით შეუტია მას ქალიშვილმა.


- კი, შვილო, კი, გენაცვალე! - მიუახლოვდა პელაგია.

ქალი აირია; ერთი თვალი გადაავლო ყველას და


ოთახიდან გავარდა. პორფირიც და პელაგიაც უკან
დაედევნენ. ოტია გაშრა სირცხვილისაგან.

- დედა... რა ამბავია?! - უცნაური ხმით მიმართა


ყმაწვილმა ქალმა დედას.

- შენი ბედნიერება, შვილო, შენი ბედნიერება! სხვა რა


გვენდომილება!..

სონია გაფითრდა.

- კაი კაცია, შვილო... თვალადაც, შეძლებითაც...


გვარითაც... კაი აზნოუშვილი... ძვირფასი ხასიათის კაცი...
- მოჰყვა პელაგია.

- არ მინდა!.. არ მინდა, არა, არა! - გადაწყვეტილად


წამოიძახა სონიამ.

- ხომ ვერ დაბერდები, შვილო, შენი ძმის ოჯახში!.. ხომ


უნდა მონახო, ერთი დღე იქნება, შენ გენაცვალე, შენი
საკუთარი სახლ-კარი?! უარს რატომ უნდა ამბობდე, როცა
ამისთანა კარგი ბედი და იღბალი მოგანიჭა უფალმა!

- გაგიგონიათ ასე?! გაგიგონიათ ასე ჩემდა დაუკითხავად?


- გაცხარებით იძახდა სონია.

- კაი, კაი, შე ქალო!.. რატომ იცით ქალებმა გათხოვებაზე


ამისთანა ამბები... ვითომ და არ უნდა გათხოვება! აი, შე
ეშმაკო, შენა!.. - ხუმრობა დააპირა პორფირიმ, მაგრამ ამ
უადგილო შეხუმრებამ ქალიშვილი მხოლოდ მეტად
გააწიწმატა.

- თავი დამანებეთ, თავი დამანებეთ ყველამ! - წამოიძახა


სონიამ.

- თავი როგორ უნდა დაგანებოთ, რას ამბობ, შვილო! -


შეუტია პელაგიამ.

- ოჰ, ღმერთო! გითხარით, არ მინდა-თქვა!.. არ მინდა... არ


წავყვები... არა-თქვა, არა! რა გინდათ ახლა ჩემგან?..
მომკალით... რას ჩამცივებიხართ!.. რა არის ეს, ღმერთო
ჩემო!..

პორფირი გაიპარა ოთახიდან და ბეგლარი შემოგზავნა.


ოტია ატყობდა, რომ ქალის მხრივ წინააღმდეგობა უნდა
ყოფილიყო და შეწუხდა:
- ბატონო პორფირი! - მივიდა იგი პორფირთან. - ბატონო
პორფირი... ეგებ იმას არ ნებავდეს... და ძალას ნუ
დაატანთ, შენი ჭირიმე... ნუ შეაწუხებთ!..

- ეჰ, ერთი შენ კიდევ! გულჩვილობას დამიწყებ!.. ქალის


ამბავი არ იცი?.. გულით რომ უნდოდეს, არ შეიძლება
ერთი-ორი არ შეიკვინტრიშოს... აცალე, ძმის სიტყვას
უფრო გეიგონებს ის... ხომ ჯობია ქველიძის ქალს, თუ
ღმერთი გწამს?.. ა?..

- ჰმ! რა საკადრისია! - ჩაიცინა ოტიამ და ამავე დროს


ოთახის კარიც გაიღო და ზალაში შემოიყვანეს დედა-
შვილმა თვალებაწითლებული, თავჩაღუნული სონია.

- ასე არ ჯობია, შე ქალო! - მიირბინა მასთან პორფირიმ. -


ოტია, მობძანდი! მალე, შე კაცო, აწი დროცაა წითელი
წვენით ღონე დევიბრუნოთ, რაც ამ თქვენს
დავიდარაბაში მივალიეთ!

პელაგიამ გულში ჩაიკრა სიძე და უსურვა ყოველივე


ბედნიერება და დიდი ხნის სიამტკბილობით სიცოცხლე.
მიულოცა ბეგლარმაც, რომელმაც გამოაცხადა, რომ რაც
უნდა დამართოდა, უსათუოდ უნდა დამთვრალიყო ამ
სასიამოვნო შემთხვევის გამო.

- შენ ახლავე ერთი რიგიანი ვახშამი გაგვიკეთე, ხელად! -


უთხრა მან დედას.

სონია კი გარეტიანებულივით იჯდა. ვერც ოტია


გრძნობდა თავისუფლად თავს, რის გამოც პორფირი
დასცინოდათ, რომ მეტად ადრე ჯდებით ნეფე-
დედოფლადაო.

კარგა ღამე იყო, რომ ოტია და პორფირი სახლისკენ


მიდიოდნენ, რიგიანად ღვინონასვამები.

- ჰო, ასე ვიცი მე... კაცს რომ ვიცნობ, მისთვის თავს


მოვიკლავ, ჩემო ოტია! თავს შევაკლავ და არც წააგებს
ჩემთან მეგობრობით!..

- იცოცხლე, იცოცხლე უკუნითი უკუნისამდი ჩვენისთანა


საწყალი და მართალი გზაგოუგნებელი კაცისათვის... ხომ
ამისთანა სიკეთე მიყავი, კაცი გამაცოცხლე, გამაცოცხლე
კაცი, თვარა იმ ვირი ქველიძის გამო მკვდარი ვიყავი...
მიწასთან გასწორებული ვიყავი!.. შენ გამაცოცხლე ახლა,
სიცოცხლე დამიბრუნე ხომ, და ერთს კიდევ გთხოვ, შენი
ჭირიმე... ამასაც ნუღარ დამაკლებ და მერე თქვენი ჭირი
წამიღია, თუ გინდა!

- ჰო!.. რა გინდა? - შეჩერდა პორფირი.


- რომ გული მოვუკლა იმ ოხრიშვილსაც და ზოგიერთებს
სხვებსაც... თქვენთვის ეგ არაფერი იქნება, ჩემთვის კი
ძვირად რადმე ეღირება. - იყოს ისე თქმულობად, ცარიელ
სიტყვად, რომ ვითომც ბეგლარს დისთვის ხუთასი
მანეთი მიეცეს მზითვად... ცარიელი სიტყვა ქვეყნის
გასაგონად, თორემ ფულის თხოვას როგორ გოვუბედავ...
ისიც არ კმარა ჩემს თავზე?! ქვეყნის გასაგონად ითქვას
ოღონდ!

- კი, ბატონო! მაგაზე ადვილი რაა... მე რაღაც სხვა მეგონა,


ისე გრძლად მოჰყევი... ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა
პორფირიმ. - ექვსასი იყოს, შე კაცო, შვიდასი!..

- არა, არა! მეტი რაც იქნება, ეჭვში შეიყვანს... არ


დეიჯერებენ! - მიუგო ოტიამ.

- ხუთასი იყოს! იყოს ხუთასი!.. - მხიარულად შესძახა


პორფირიმ. - ერთი სიტყვით ჩესტიანი ბიჭები ვართ,
ჩესტიანი!.. ყველაფერს მოვახერხებთ! - და ორივე
მეგობარმა ხითხითით და სიცილით განაგრძეს გზა
სახლისკენ.

ერთ წამში მოედვა სოფელს ოტიასაგან ქალაქელი ქალის


დანიშვნის ამბავი.

ეკვირინეს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. ორგვარი


იყო მისი სიამოვნება: ერთი იმით ხარობდა, რომ ოჯახს
არც ახლა მოეშალა ჩვეულება, განსხვავებული ქალი
შემოდიოდა და ამასთანავე ნიშნი ეგებოდა სარდიონ
ქველიძესაც და ბევრს იმათაც, ვინც მის შვილს ფასს არ
სდებდა.
- გვერდში ამოუყენოს ჩემს რძალს მათი სოფლის ნაცარში
ამოქიქნილი ქალბატონი!.. თავისი ტყედწასული შვილი
გოუტოლოს ბეგლარ ჯინჭარაძეს! მაგათმა სიცოცხლემ!
დეესხათ მაგათ თავსლაფი!

უმეტესობა მეტიჩრობაში ართმევდა ოტიას მის საქციელს


და ამტყუნებდნენ - ქალაქ ადგილას გაზრდილი ქალის
სოფელში მოყვანა სისულელეა, რითი უპირებს
შენახვასო. ზოგიერთები კი დასცინოდნენ და ამბობდნენ,
რომ უსათუოდ ვინმე ოხერი შეაჩეჩეს ხელში, თორემ
რიგიანი ვინ გაიმეტებდა თავს, ქალაქს მიატოვებდა და
ოტიას წამოყვებოდა სოფელშიო.

- ვნახავთ, ყველაფერს მალე ვნახავთ! ხომ მოიყვანს და! -


ამბობდნენ დაინტერესებული მეზობლები.

ოტიამაც მალე დააკმაყოფილა ამათი ცნობისმოყვარეობა.


იგი, რაც შეეძლო, დატრიალდა; როგორადაც ეხერხებოდა,
მოაწყო სახლი, ოჯახი, მოემზადა თავის გუნებაში
საქორწილოდ და მეორე თვეზე ჯვარიც დაიწერა და
ქალიც მოიყვანა სახლში. აქედანვე დაეტყო მას, რომ
ქალაქელებს დაემოყვრა. სოფლად რომ იციან, ჯვარს
დაიწერენ და ქალს არ წაიყვანენ, სანამ ქალის პატრონი
დაპირებულ მზითევს მთლად არ მოაგროვებს და სიძეს
არ ჩააბარებს, და ამასობაში ეს უკანასკნელი წანწალშია
და თრევაში სახლსა და მოყვარეს შუა - ამისთანებს
აარიდა თავი ოტიამ. თუმცა ესეც უნდა ითქვას, -
სიმართლეს არც სოფლელებს დავუკარგავთ და
ყველაფერში არ გავამტყუნებთ, - ოტიას ამ შემთხვევაში
გარემოებაც ხელს უწყობდა, რომ ჩვეულებაც უკუეგდო
და საქმეც გაეადვილებინა. იმის მიღება, რაც მან იშოვა,
მაინცდამაინც არც ისე საძნელო იყო: ”ხმელი სიტყვით”
ხუთასი მანეთი და ქალაქელი ქალი და, კიდევ თუ
მივათვლით, ასი მანეთი პელაგიამ რომ, ვითომ თავის
მხრივ, აჩუქა ქალიშვილს, თუ რამე დასჭირდებოდა,
დასახარჯავად.

სხვის თვალში, შესაძლებელია, ეგ არაფერი ყოფილიყო,


ქამუშაძეებმა კი დააფასეს და ისე მიეგებნენ ამ ამბავს,
რომ სწორედ მათ თავზე ეგ მეტიც იყო. არაფერი არ
დაუშურებიათ, სტუმარიც ბევრი მიიპატიჟეს, ლხინიც
კარგი გადიხადეს და მხიარულებაც სამახსოვრო იყო.
ქალის მომყოლებმაც ერთობ მოილხინეს. ბეგლარი,
რომელსაც მასპინძელი თავს ევლებოდა, ერთობ
მხიარულად იყო და სხვებს არ რჩებოდა უკან ღვინის
სმაში და თუ რამე აწუხებდა ეგ იყო, რომ ეკვირინე
წამდაუწუმ მორბოდა, ებოდიშებოდა ყველაფერზე,
ევედრებოდა, არაფერი წყენოდა უზრდელი სოფლის
კაცისაგან და ისე მოელხინა როგორც მას სურდა.
ამისთანებით მოსვენებას არ აძლევდა მოხუცებული
ქალი, თორემ კაცს რომ ეყურებია, იტყოდა, რომ იგი
ერთობ აღტაცებული და მოხარულია ყველაფრით, რასაც
თავის გარშემო ხედავსო.

ბეგლარმა ეს კიდევაც გამოსთქვა სიტყვიერადაც თავის


დასთან და ახალ მოყვრებთან, როცა მესამე დღეს,
წასვლის წინ, ესენი ცალკე გაიხმო და, გამოთხოვების წინ,
უთხრა:

- ერთობ მოხარული ვარ... მეტი აღარ შეიძლება, რომ ამ


ოჯახთან შეგვყარა ბედმა და აწი შენ იცი, ჩემო ძვირფასო
დაო... როგორც ჩვენთან იყავი, გამრჯელი და ჭკვიანი, მე
დარწმუნებული ვარ, ამ შენს ქმართან და ამისთანა
ძვირფას დედასთან კიდევ უფრო გააორკეცებ შენს
გამრჯელობას!..

- უიმე! - შეჰკივლა ეკვირინემ. - ნეტავი ჩემს თავს, თუ


მაგი გავსარჯე რამეზე და მე ქე დავბძანდი!.. მაგის
მოსამსახურე უნდა ვიქნე სიკვდილამდი, მაგას
ვენაცვალე!

- არა, რატომ? რატომ? მე რომ ვიცნობ მაგას, მაგიც არ


იზამს, რომ თქვენ გიმსახუროთ!.. - სიტყვა ჩამოართვა
ისევ ბეგლარმა. - კიდევაც ქე გეისარჯოს, ოჯახს
მოეკიდოს. გეიხედ-გამოიხედე, ყველაფერს დაუკვირდი,
ძვირფასო დაო, და თუ გასაჭირი შეგხვდეს...

- ვინ შეახვედრებს მაგას! ღმერთო, ნუ მომასწრებ იმ


დღეს! - ჩაურთო სიტყვა ეკვირინემ.

- თუ გასაჭირი შეგხვდეს, კიდევაც მოითმინე და შენითვე


შეეცადე, მეორედ აღარ შეიხვედრო!.. შენი კაი ქალობით
ჩვენც გაგვახარებ... დედაშენსაც სიცოცხლეს შემატებ...
ანჩხლი და კაპასი იქ არ ყოფილხარ და, იმედია, არც აქ
იქნები.
- უიმე! - კიდევ წამოიძახა ეკვირინემ.

- მორჩილი იყავი ქმრისაც და ამ პატიოსანი ადამიანისაც,


შენი დედამთილის... ამით სახელიც კაი გექნება და
ქალობაც ამით დაგიშვენდება... იმედია, ყველაფერში ასე
მოიქცევი და ყველას გვასიამოვნებ... ახლა კი ნახვამდის!..
- და ბეგლარი თავის სიცოცხლეში პირველად გადაეხვია
დას და გამოსათხოვრად გადაკოცნა.

სონიამ, რომელიც აქამდის ხმაგაკმენდილი იდგა,


თავდახრილი, ტირილი დაიწყო. ცრემლები წამოუვიდა
ეკვირინესაც.

- რა გატირებს, შე ქალო!... სუ!.. არ გრცხვენია!.. სატირალი


რა გაქვს... ქმარი კაი იშოვე, დედა და ოჯახი ისეთი, რომ...
- არაფერი მას აქ არ მოაკლდება, შენი ჭირიმე, არაფერი! -
წამოიძახა გულაჩვილებულმა მოხუცებულმა. - ვაი ქალის
ბრალი!..

- სუ, ნუ ტირი, ნუ ტირი, სონია!.. შენ ნუ მომიკვდები, მე


ხშირად ვივლი, თუ თავს არ შეგაწყენთ და მიმიღებთ!.. -
იხუმრა ბეგლარმა.

- ნეტავი კი ინებებდეთ და! - ერთხმად შესძახეს ორივე


დედაშვილმა.

- ტირის?! - წამოიძახა პორფირიმ, რომელმაც ის იყო


მათთან მოირბინა. - არ გრცხვენია, სონია? კაი, შე ქალო!..
შენ ნუ მომიკვდები, ყოველ კვირა გიწიკავ შენი სახლის
ამბავს, როგორც კაი ფაჩტალიონი!..

- მშვიდობით ბძანდებოდეთ!.. ღმერთმა პირნათლად


გვამყოფოს ჩვენ თქვენთან და თქვენც ჩვენთან! -
ღიმილით თქვა ბეგლარმა და მიუბრუნდა ეკვირინეს: -
მადლობელი ვარ პატივისცემისათვის, დამათვრეთ,
ღვინოში კინაღამ ჩამკალით, მარა მემართოს!.. ხათრი
ვეღარ გაგიტეხე, იმიტო რომ დღეიდან დედა ხართ ჩემიც,
მეორე დედა... ისეთივე ძვირფასი და საყვარელი, როგორც
მშობელი. უფალს ვთხოვ, რომ კიდევ დიდხანს მენახოთ
მშვიდობითა და მხიარულად!.. - და ბეგლარმა ხელზე
აკოცა.

მოხუცებული ქალი ამას სრულიად არ მოელოდა და


კინაღამ ჭკუიდან შეიშალა გაოცებული.

ყველანი გამოეთხოვნენ მასპინძელს და გაუდგნენ


თავთავიანთ გზას. პორფირის სიცილად არ ჰყოფნიდა
გზაში ბეგლარის საქციელი ქამუშაძის მოხუცებულთან
და ბეგლარიც ყოველ ამის გახსენებაზე იქით-აქეთ
იპურჭყებოდა და ტუჩებს იწმენდავდა ცხვირსახოცით.

- კაია, თუ ძმა ხარ, ნუღა გამახსენებ, იმწამსვე გულს


მეყრება!.. რა სისულელე ვქენი მეც!.. ფუ!.. - ამბობდა
ბეგლარი და პორფირი ისევ ხარხარებდა და სიცილით
კვდებოდა.

ამასობაში კი ეკვირინე აღტაცებით ეუბნებოდა შვილს:

- ღმერთს ყვარებიხარ, შვილო, სწორედ ყვარებიხარ და


შენთვის კაი ნდომებია, ამისთანა კეთილები რამ
შეგაძენია!.. რა პატიოსანი, ჭკვიანი, კეთილი და რა
თავდაბალი თავის ღირსებასთან!.. ნეტავი თუ მეორე
იყვეს ვინმე მაგის მსგავსი?! ვაჰ, ნეტავი დედას, ამისთანა
შვილი რომ ეყოლება, ნეტავი იმას! რარიგად მოუყვა, რა
დარიგება მისცა, ვენაცვალე მას, რეები უთხრა?! იმას
მიეცა ყოველივე სიკეთე და სიხარული!.. მე რა მიქნა, მე...
ხა, ხა, ხა! ღმერთო მომკალი, რა მისი საკადრისი იყო, მისი
ლამაზი ტუჩები ამ ჩემს დამჭკნარ ხელებს შეხებოდა!.. კი
არ შეიზიზღა!.. ნეტავი თუ რამე ჯობდეს შესმენილსა და
განათლებულ კაცს... თავისათვისაც კარგია და შენც
გაგაკეთებს და გაგანათლებს, თუ მიგიახლოვა...
ბედნიერი კაცი ყოფილხარ, შვილო, ნამდვილად
ბედნიერი!.. აწი ნუღარაფრის შიში ნუ გაქვს... არაფერი არ
უნდა იდარდო, როგორც კი არ გიდარდებია! ახლა კიდევ
უფრო!..

- ეგ კი, მარა... ხარჯიც ბევრი მოგვივიდა, დედა! - მისდა


უნებურად ამოხდა სიტყვა გულის სიღრმიდან ოტიას.

- რა ვუყოთ, შვილო?! მართალია, მარა არ უნდა ინანო...


ღმერთი მოგცემს... ღმერთი მოგცემს... აბა რა გზა გქონდა
მეტი, შვილო. შენი თავის შერცხვენა - შენი მოყვრების
შერცხვენა იქნებოდა... არა, შვილო, ასე ჯობია, ყმაწვილ
ქალსაც გული გოუკეთდება, ამ თავიდანვე მხიარულად
და იმედიანად შეხედავს მომავალს... იმას რა სჯობია, რომ
ყველა კმაყოფილი წევიდ-წამოვიდა და შენი მაქებარი...
არაფერია, შვილო, ღმერთი მოგვცემს, ღმერთი მოგვცემს!.
იმის იმედით ვართ ყველანი! - ანუგეშებდა ეკვირინე
შვილს. - რავარც კაი ცოლს შეგყარა, ისე სხვა სიკეთესაც
ბევრს შეგყრის, შვილო... ახლა მიდი, შენ გენაცვალე, იმ
შენს ცოლს ხმა გაეცი... საწყალი ჯერ კიდევ უცხოდ არის...
არ მოსწყინდეს... მე კი სადილს მივადგები... მიდი, მიდი,
შვილო, შენგან ყველაფერი იამება იმას... მარტოდაა,
ვენაცვალე მის სახელს!..

სონია მარტო იყო ოთახში და მუთაქაზე მიწოლილი


მართლაც მოწყენილი მისჩერებოდა კვამლისაგან
გაშავებულ ოთახის დაბალ კედელს. ეს ყოველ მხრით
მარტოდ ყოფნა იმ სიჩუმესთან, რომელიც მის გარშემო
სუფევდა, ეს დაბალი გახრიგნილი ოთახი სანახევროდ
ჩამობნელებული, ყოველივე ეს სულს უხუთავდა და
გულს უწუხებდა. იგი წამოდგა და ნელი ნაბიჯით მივიდა
კარებთან, კარის ჩარჩოს მიაწვა და ეზოში მზერა დაიწყო.
კარგა ხანს იდგა ასე სონია, მაგრამ ვერც იმ სურათმა, მის
თვალწინ რომ იშლებოდა, თავის სილამაზით გული ვერ
გაუხსნა და სევდა ვერ გადუყარა. ეს სიჩუმე, ეს
მიყრუებულობა-მივარდნილობა უფრო უმძიმებდა გულს
და აღონებდა.

- ღმერთო ჩემო, ამ მიყრუებულში უნდა დავლიო ჩემი


სიცოცხლე? - გაიფიქრა მან და რაღაცამ თითქოს ყელში
წაუჭირაო და თანვე თვალებში ჩამოებინდა. სცადა თავს
შებრძოლებოდა, თავი შეემაგრებინა, მაგრამ ვეღარ
მოახერხა და ცრემლები ნაკადულივით წამოსკდა
თვალებიდან. მიტრიალდა და ტახტზე მილაგებულ
ქვეშაგებში ჩაჰყო თავი.
ოტია მოდგა კარებთან, დაინახა სონია თავჩარგული
ბალიშებში, იფიქრა, რომ უსათუოდ სძინავსო და
გაბრუნდა უკან.

- დაღალულია, შვილო, დაღალული!.. იძინოს, იძინოს,


ვენაცვალე!.. ღონეზე მოვა! - ტკბილად და სიყვარულით
წარმოთქვა ეკვირინემ და ფუსუტიას, რომელიც ერთი
თვით მოიყვანა რძლის ხელზე მოსამსახურედ პირველ
ხანებში, მიაძახა: - სუ, ჩუმად გააკეთე საქნარი!

რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა სადილობის ალომ მოაწია,


ეკვირინე თვითონ შევიდა რძალთან. ის კარებთან
დაუხვდა სახედაღონებული.

- გამოიღვიძე, შვილო? კარგად თუ გეძინა მაინც?

- არ მძინებია, ბატონო! - მიუგო სონიამ.


- ჩემმა ოტიამ მითხრა, ძინავსო...

- ისე ვიწევი...

- არ მოიწყინო, შენ გენაცვალე!.. დაღალული ხარ, შენი


ჭირიმე, ერთი გუნებითი ძილი კიდევაც გამოგაბრუნებდა,
შენ ნუ მომიკვდები!.. არ მოიწყინო ჩემო მალხაზო და
გვრიტო!.. მოსაწყენი არაფერი არა გაქვს... აქეთ გეიხედე,
იქით გეიხედე, შენი ლამაზი თვალი გადაავლე აქაურობას
და გუნებაზე დადგები... იმას ნუ შეუშინდები, შვილო,
რომ ამისთანა პატარა სახლი დაგახვედრა შენმა ქმარმა...
ბევრს არც ამისთანა აქვს, შენი ქმრის ნათესავებს კი არა,
სხვებსაც... ღმერთი ღონეს და შეძლებას მოგცემთ და
კიდევაც გაადიდებთ და უკეთესად მოაწყობთ... კარგი
ქალი, შვილო, - გაიღიმა ეკვირინემ, - ბევრ რამეს შემატებს
ოჯახს... ქმარიც, ღვთის მადლით, კაი გამრჯელი კაცი
შეგხვდა... ჩემი შვილობით არ ვაქებ მე იმას... ყველაფერი
ეს თქვენია, გაუყოფლად, საკუთრად, შვილო. რა
გიჭირთ!.. იხარეთ, ისიამტკბილეთ, იცხოვრეთ
ბედნიერად!.. ასე, ჩემო სიცოცხლევ! და ახლა თუ არ
გეზარება, სადილობამდის, შენთვის მაინც ცოტათი
ადრეც არის სადილი, გევიარ-გამოვიაროთ იმ ჩვენს
გარშემო, ნახე ეს შენი საცხოვრებელი, გულიც
გაგიხალისდება, გაგიმხიარულდება და მერე უფრო
მადიანათაც ჭამ სადილს.

სონიამ უარი არ უთხრა ამაზე. ეკვირინემ მიირბინა მეორე


კარებთან და გოგოს მიაძახა, რომ არაფერი წაახდინო
ჩვენს მოსვლამდისო, გაიბერტყა ნაცარში ამოსვრილი კაბა
და ისევ მიირბინა რძალთან.

- აბა, წამოდი, შენ გენაცვალე! - და წაუძღვა სონიას.


ეზოს ერთ კუთხეში მაღალი და ფართო შტოებ გაშლილი
კვინცხა იყო. ეკვირინემ რძალი წამოიყვანა.

- აქანაი, შვილო, ჭურები გვაქვს, - ანიშნა მან ხის ქვეშ


ყავრებით გადაფარებულ შეყრილ მიწაზე. ამ ყავრებს
უნდა დაეფარა, რომ წვიმის დროს წყალი არ ჩასულიყო
ჭურებში... - იცოცხლე, შვილო, ამ ჭურებში შარშან
ღვინოები ჩაისხა!.. საპალნე რატომ ოცი მანეთიც არ
ღირდა, ისეთი რამ მშვენიერი იყო... აძლიეს კიდევაც
თექვსმეტი მანეთი, მეტსაც მისცემდნენ, მარა არ
შეელია... ძნელი შესალევია, შვილო... კაი ღვინო ოჯახის
დამამშვენებელია... წრეულსაც, იმედია, ღმერთი უფრო
უკეთესს მოგვცემს... ღვთის მადლით, ვენახი კარგი
გვაქვს, თუ არა შენი ლამაზი თვალებით ნახავ ეხლავე...
ისეთი მტევნები ასხია, თითოსაგან რატომ ბოთლი ღვინო
არ გამოიწურება...
რადგანაც აქ მეტი სანახავი აღარაფერი იყო,
მოხუცებულმა პატარა, დაბალ მოღობილისაკენ წაიყვანა
სონია. აქ გააღო გადასაბიჯზე ღვლერჭით ჩამოკიდებული
პაწია წკნელის ჭიშკარი, ჯერ თვითონ გადავიდა და მერე
რძალი გადაიყვანა.

აქ ბოსტანი ჰქონდა ეკვირინეს. ვიწრო, გრძელ,


კოლბოხებით სავსე კვლებზე მოჩანდა ზოგან ხახვი,
ზოგან ნიახური, ოხრახუში, პრასა, ქინძი, საზამთრო,
ფხალი, სალათა და აქა-იქ გრძელი ბადრიჯანი.

- ბოსტანი მქონდა, შენ გენაცვალე, ისეთი ბოსტანი, რომ


მარტო ერთი შეხედვით გული გაგეხსნებოდა... ქალი
უკეთესს ვერ დეიჩემებდა, მარა რად გინდა, ვერ
დევიცევი, ასე გამითხარეს ქათმებმა, - ჩემმაც და
სხვისმაც!.. ვერაფრით ვერ შემოვუარე!.. იცოცხლე, ეს
ხახვი, ეხლა ამას რომ ხედავ, ეს რაა იმასთან, შარშან რომ
იყო... გადეირია, ბატონო, გადეირია, მარა რანეირად!..
ვიღამ მოლია!.. ექვსი ბათმანი სულ ამხელ-ამხელა თავები
შევინახე საზამთროდ... და ეს სალათა... ჰმ, იმდენი იყო,
რომ მთელი მეზობლობა გავაჯერე მაგით... წრეულს კი
ასე დაემართა ვეღარც სალათაა იმისთანა და ვეღარც
ხახვი... ამ ჭლაკვმაც თავზე ლაფი დაისხა... რუსული
პატრიჯანი რომაა, მანიდორას რომ უძახიან, იგიც მქონდა,
წრეულს კი, რა დაემართა, აღარ ვიცი, სულ აღარ
ამოსულა... მაგივრად ნესვი, კიტრი იყო იმდონი, რომ
კინაღამ დევიხაშმეთ!.. შეგვეშინდა, რომ ავადმყოფობა არ
გაეჩინა და სულ ავთხარეთ და გადავუყარეთ ღორებს...
გაისადაც ძალიან ბოსტანი გაკეთდება, შვილო. კიდევ
უკეთესი, ცოცხალი ვიყვეთ და!.. ცხენებით ვაწიკვიებთ
ოტიას შენს სახლში აქაურ მწვანილს... მათთვის ეგ
არაფერი იქნება, საყიდელი საშუალება ბევრი ექნებათ,
მარა აქიდან მისული მაინც იამება დედაშენს... კი, ჩემო
სიცოცხლევ!
დედის გახსენება სწორედ ვერ მოუვიდა დროზე
ეკვირინეს. მისი რძლის გულს ვერაფრად ახალისებდა,
რასაც ხედავდა ამ წამში. ნამეტურ ეს ყოველ სიტყვაზე
შარშანდელი წლის ხსენება ცუდად მოქმედებდა მასზე
და რაღაც ეჭვში შეჰყავდა აქაურ გაჭირვებულ ცხოვრების
შესაძლებლობაზე, თუმცა ასე აიმედებდა მისი
დედამთილი. ამას ზედ დაერთო დედის გახსენება, რამაც
კიდევ უფრო დაუმძიმა გული. მოხუცებული კი ისევ
რაღაცეებს ლაპარაკობდა. ამ ლაპარაკით გადმოვიდა
ბოსტნიდან, დაეშვა ქვევით და, ბოჯგებზე
შეპოლიკებულ პატარა მოწნულს რომ მიუახლოვდნენ,
თქვა:

- ეს სასიმინდეა, შვილო! ამ ცოტა ხნის შემდეგ თავამდინ


ავავსებთ მაგას ვერცხლისფერი სიმინდით. სულ გადენა
ამ თეთრმა სიმინდმა წინანდელი ყვითელი, - მეტ წყალს
ისხამს ზელაში და უფრო ხვავიანია გამოცხობაში.
იცოცხლე, შარშან მაგაში ჩეიყარა და რამდენი მოგვრჩა
კიდევ, რომ ადგილი ვეღარ ვუშოვეთ, - სულმოვყარეთ
ოთახის თავი! წრეულსაც ასე იქნება!

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკვირინემ მაინც არ


ჩაახედვინა რძალს სასიმინდეში, ქვეით ჩაატარა და
ვენახში გადაიყვანა. ეს ადგილი, სულ ცოტა რომ ვთქვათ,
იქნებოდა ნახევარი ქცევა. ვენახი კარგად გამოწმენდილი
და მოვლილი იყო; ფოთოლზე ეტყობოდა, რომ ნაწამლიც
იყო შაბიამანით; აქა-იქ ფილოქსერის ნამოქმედარიც
ეტყობოდა - ამოჭმულივით იყო გამხმარი ვაზის
ამონათხარ ადგილებზე. ვაზს მართლა კარგად ესხა,
მარცვალიც კარგი იყო, მაგრამ ერთის კი არა, ვერც ოცი
მტევნის გამონაწური გაავსებდა ბოთლსა, რადგან
მტევნები პატარები იყო.
- ოჰ, რა ღვინო იცის ამან, რა ღვინო! ამას შეხედე ერთი!
რას ჰგავს, რას! - აღტაცებით გაიძახოდა ეკვირინე. - მე და
დედაშენი ერთი ისე თავისუფალ დროს, ცალკე, უნდა
დავთვრეთ ამის ღვინით, ჩემო სონია! უსათუოდ, ხა, ხა,
ხა! - გადიხარხარა მოხუცებულმა. - და შენც, შენც
ჩვენთან... - შენც უნდა გამოიმეტო თავი!

ამ სიცილით ბოლომდის ჩაიარა ეკვირინემ და როცა


მიადგა ღობეს ვენახის ბოლოში, გადაღმა გადიხედა,
სიცილიც შესწყვიტა უცებ და ერთი ღრმად ამოიოხრა და
თავი გაიქნია.

- ეს ადგილიც... ამ ნაჭერს, რასაც ხედავ, შვილო, ესეც


ჩვენი იყო, მარა ბიძამისმა ომანმა წაართვა შენს ქმარს.
რაც იმან იდავიდარაბა, იღლიტა - ღმერთი არ დააყრის
ბარაქას მას! რა არ ჩეიდინა, რა საშუალება არ იხმარა!
დიდი ცოდვილიანი კაცია ის უბედური და კიდევაც ისე
უბედურად მიდის მისი ცხოვრება... ყოველ წელიწადს
ნააღდგომებიდან მშიერი უყრია ოჯახობა. ისე გაოხრდა,
რომ ყაზახებში ვერ გამოარჩევ და ნურც გაგაცნოს მისი
თავი ღმერთმა... ჩვენ აღარც კი ვეკარებით ერთმანეთს.
ახლა იყვეს საქმე, ნახავდა რავა წაართმევდა ჩემს შვილს
მაგას და აწი ხომ სულსაც ვეღარ დაბერავს! სამი ძირი
სიმინდი მოდიოდა ხანდახან, ასეთი ადგილია! გული
მეტკინება, ახლოს რომ გევივლი იმ ადგილთან... ჰაი, ჰაი,
ჰაი! სად იყვნენ მაშინ ამისთანა შემწეები, ახლა რომ ჰყავს
ჩემს შვილს! ვინ რას გოუბედავდა!!

ახლა უკან გამობრუნდა ეკვირინე და ისევ დაიწყო რძლის


გასახალისებლად იქაური ამბებისა და მდგომარეობის
გაზვიადებით მოთხრობა, ასე რომ მისი ზომაზე
გადამეტებული სიტყვა ნამეტანი ცხადი იყო. ერთი
თითქმის გამხმარი ლეღვი ისეთად გამოჰყავდა, რომ
თითქოს მისთანა მთელ სოფელში არ ყოფილიყო; პანტა-
ვაშლი წრეულს მოუბმელი იყო - ისეთი ვაშლის
მომსხმელი, მისი სიტყვით, რომ ორ წელიწადს გაიტანდა
მითი თავს კაციო... ქლიავი, ბალი, ჭანჭური, უნაბიც კი...

- ყველაფერია, შვილო, ყველაფერი... ხილი, სულ ნარჩევი


და საგანგებო რამ! ყველაფერი საკმაო გაქვთ, შვილო!
გული მხიარულად იქონიე, ნურაფრის დარდი ნუ
გექნება! ყველაფერია, ღვთის მადლით... სხვას,
ზოგიერთს, ამისი ნახევარიც არ მოეძებნება, თქვენ ვინ
შეგედრებათ! ეს ხომ ასე, რასაც ამას ხედავ შენი
ბედნიერი თვალებით, და ამას გარდა გადაღმაცა გვაქვს
კიდევ ადგილები... სარჩოს მომტანი ადგილებია. ასეა, შენ
გენაცვალე!

მოხუცებულის სიტყვები ახლა უსიამოვნოდ ხვდებოდა


სონიას გულს, ატყობდა აშკარად გაბერვით ლაპარაკს,
სწყინდა, რადგან ამაში ხედავდა დედამთილის
განზრახვას, მოეტყუებინა იგი. ნამდვილად კი ეკვირინეს
ღრმად სწამდა თავისი ოჯახის კეთილმყოფელობა და
ახლა მხოლოდ ნატრულობდა, ეგევე რწმენა ჩაენერგა
რძლის გულშიაც. მაგრამ მეცადინეობა ამაო იყო;
ყმაწვილი ქალი არამცთუ ვერ დაარწმუნა, რომ მას
არაფერი უჭირდა, არამედ უფრო დააღონა და ეჭვში
შეიყვანა.

”თუ ის გადაღმა ადგილებიც ამგვარივეა!” - ფიქრობდა


იგი და შემაწუხებელი, გამოურკვეველი სევდა აწვებოდა
მის გულს.

- ბატონურად იცხოვრებთ, შვილებო! თქვენისთანა ბედი


ძვირია ჩვენობაში და ბევრისათვის სანატრელია...
სოფელიც თქვენია, შვილო, და ქალაქიც! - ლიკლიკებდა
ეკვირინე. - აბა სხვებსავით კი არ გაქვთ საქმე, ნახევარი
წლობით უჭადოთ რომ აგდიან!
“ნახევარი წლობით უჭადოდ აგდიან!“ - გაიმეორა სონიამ
გუნებაში...

გახალისების მაგივრად ამ გადათვალიერებამ უარესად


ჯავრში ჩააგდო ყმაწვილი ქალი. ამ თავის
შეუძლებლობის გაცნობამ მისი გონება სულ სხვანაირად
აამუშავა, ვიდრე ეს ეკვირინეს ეგონა. სონია ახლა
მხოლოდ ერთმა დარდმა გაიტაცა: თუ ეს იყო მთლად
მისი ქმრის ქონება, მხოლოდ ამის პატრონი იყო, ამაზე
იდგა მარტო, რარიგად შეიძლებენ შემდეგში კმაყოფილ
ცხოვრებას, რა სახით უნდა მოეხერხებინათ ოჯახის
გამოტანა?

”რისი იმედითაა? რა აქვთ კიდევ საიმედო?” -


ეკითხებოდა თავისთავს სონია გუნებაში და მთლად მისი
ფიქრი ახლა იქით მიმართა: - გაეგო, თავის თვალით
დაენახა ყოველივე, რაც ამ ოჯახს ღონეს აძლევდა, მას
ამაგრებდა და საშუალებას აძლევდა მომავლისათვის.

“ანდა შეიძლება მომატყუეს და მოტყუებით


ჩამომათრიეს”, - გაურბინა ერთმა აზრმა ყმაწვილ ქალს.

და ეს მდგომარეობა მით უმეტეს დღიდან დღე და უფრო


და უფრო იმიტომაც მწვავე და შემაწუხებელი ხდებოდა
მისთვის, რომ ეზოს გადაღმა ფეხის გადადგმა არ შეეძლო.
წირვაზე წასვლაც კი მოუხერხებელი იყო, სანამ, სოფლის
ჩვეულებისამებრ, ვისიმე ჯვრის წერისათვის არ
აყურებინებდნენ და, ამ პირობებში მყოფს, რარიგად
შეეძლო ვისმეს დაახლოებოდა, ვისმესაგან ცოტაოდენი
მაინც მართალი სიტყვა გაეგონა ამ ოჯახზე, ამ პირებზე,
რომელთა შორისაც იგი ასე მოულოდნელად ჩამოვარდა.

ოტიამ ვითომ მოიწადინა ამ დატყვევებულობისაგან


ცოლის განთავისუფლება, მაგრამ მისი დედა ერთობ
წინააღმდეგი იყო და ოტიამაც არჩია არ ეწყენინებინა
მოხუცისათვის, მით უფრო, რომ, მისი აზრით,
მომავალშიც ბევრი რამ შეხვდებოდათ ორივე ცოლ-ქმარს
მასთან სადავო, როგორც ძველი ჩვეულების ადამიანთან.

- ყოველისფერი ჩვეულება კი არ უნდა დაგმოთ,


შვილებო!.. ამისთანაებში ყველა დაგძრახავთ და
ღმერთსაც აწყენინებთ... ისე შეჰყევით ამთავიდანვე, რომ
ნურავის ნუ გეირისხავთ, ნუ, შვილებო... ამას უნდა
ერიდოთ!.. მოთმინება იქონიეთ!..

კარგა ხანს დასჭირდათ ამ მოთმინებით ყოფნა და


ცოლთან დარცხვენილმა ოტიამ, ის იყო, კიდევაც
გადაწყვიტა მეტხანს აღარ ედარაჯებინა ჩვეულების
ასასრულებლად, რომ ერთ საღამოს ამბავი მოუვიდათ, -
ვიღაც ერთი იქაური გლეხი ქალიშვილს ათხოვებსო.
ჯვრისწერაზე დასასწრებლად საღამოს ორივე რძალ-
დედამთილი მოეწყვნენ და ეკლესიისაკენ გაემართნენ.

ბნელ საყდარში უკვე ხალხი ფუსფუსებდა; შიგ ერთი


ხმაურობა, ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილ-ხითხითი
ისმოდა. შემოსილი მღვდელი უნაყოფოდ თხოულობდა
დაწყნარებულიყვნენ, დამშვიდებულიყვნენ და ეცლიათ
მისთვის საიდუმლოების აღსრულება, სანამ,
გაგულისებული მათი გაუგონებლობით, არ შეუწყრა და
დაემუქრა ყველას გარეთ გაყრას, თუ კიდევ ვინმე ხმის
ამოღებას გაბედავდა.

- ყველას გარეთ გაგყრით, ყველას, იცოდეთ! - გაიმეორა


მღვდელმა და ხალხს გადახედა. - უჰ!.. უკაცრავად,
უკაცრავად, ბატონო! - წამოიძახა მან უცებ, რადგან თავის
გვერდით მდგომნი ეკვირინე და სონია მხოლოდ ახლა
შენიშნა. - უკაცრავად, ბატონო, უკაცრავად თქვენთან!..
უცნაური ხალხია, ბატონო, უცნაური... ნამეტანი
შეუსმენელი ხალხია... დეიწიეთ, დეიწიეთ!.. არ გესმით,
თუ როგორაა! - იძახოდა პატარა, ჩია მღვდელი, მაგრამ
ეტყობოდა, რომ ხალხი არაფრად ეპუებოდა და
მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა მის წყრომას.

- აქეთ მობძანდით, ბატონო, აქეთ, მანდ შეგაწუხებენ! -


თავაზიანად და ღიმილით მიმართა სონიასა და ეკვირინეს
და საკურთხეველთან ანიშნა მათ ადგილი. - აქეთ
მობძანდით, თვარა ზურგზე შეგდგებიან, ისეთი
მოურიდებელი ხალხია!.. ღვინო დავიწყებია შეჩვენებულ
მნათეს... გავაქციე მოსატანად... შევაჩერე საიდუმლოება...
ხომ მშვიდობით ბძანდებით? ხომ არ მოგწყინდათ,
ბატონო? - მიმართა მან სონიას, რომელთანაც გაცნობილი
იყო მის მოყვანით. - ღვთის მადლით, არც სულ ისე
ურიგო გახლავთ, მგონია, ჩვენი სოფელი, რომ კაცმა აქ
ვერ გაძლოს!.. მერე რაკი ბედი და იღბალი იქნება, მით
უფრო ადვილი შესათვისებელია! - დაატანა მან სახეზე
ღიმილმორეულმა.

ხალხი ცოტა ხნით დაწყნარდა, უფრო უცხო ქალის


ხათრით, მაგრამ მალე ისევ ახმაურდა; ისევ ერთი
ხითხითი და სიცილი ისმოდა, ნამეტურ როცა
აქლოშინებულმა მნათემ ღვინო მოარბენინა და
მღვდლისაგან მიწვდილ სასმისს დედოფალმა ოდნავ
შეახო ტუჩები, მეფემ კი მთლად გამოცალა, ასე რომ
მღვდელმა შენიშვნა მისცა, რიგიანად უნდა მოიქცეო.

ამ ჟრიამულსა და ყიჟინში გათავდა ჯვრისწერაც. ნეფე-


დედოფალი ახმაურებულ ხალხში ძლივს გამოიყვანეს
ეკლესიიდან. შეიქნა ღამეში დამბაჩებისა და
რევოლვერების ბათქაბუთქი, რითაც დაშინებული ხალხი,
- მარცხი რომ არ მოსვლოდათ, ვინმე არ დაშავებულიყო, -
ახლა ისევ აყაყანდა.
- ნელა, ნელა... კაცი არ მოჰკლათ!

- დაანებეთ თავი ამ რჯულ-ძაღლს!.. თავი დაანებეთ,


ცოდვა არ მოხდეს რამე!

მაგრამ გამგონი მაინც არავინ იყო. ამ ხუმრობით და


ხრიალ-ღრიალით ნეფე-დედოფალს გაუძღვნენ
სახლისაკენ და კიდევ კარგახანს ესმოდათ შინისაკენ
გაბრუნებულ ეკვირინეს და მის რძალს მაყრების ხმა და
მათი სიმღერა.

- აი, ახლა, შვილო, ამ კვირას წირვაზედაც შეგიძლია


გახვიდე და კიდევაც გავალთ, როგორც რიგი და წესია...
კაცი ვეღარაფერს იტყვის, თვარა, შვილო, სოფელი ოხერი
მიმთქმელ-მომთქმელია... კი, მართალია, შენზე ვინ რას
გაბედავს თქვას ან დაგძრახოს, მარა მაინც ასე ჯობია, ასე
ჯობია, შვილო.

შაბათ საღამოს ადრიანად ჭამეს ვახშამი, რადგან ბევრი


რამ საქმე ჰქონდათ ხვალისათვის, ეკვირინეს სიტყვით:
წირვაზე პირველად გასასვლელად უნდა მოემზადებინა
რძალი. ნავახშმევს მან თავის ხელით დაუსხა წყალი
სონიას და სურნელოვანი საპნით, თავისავე ხელით,
შეუფუთნა თავ-პირი, რომ ღამის ასე გათევით ლოყები
გაბიჟვინებოდა და უფრო პირსუქნად ჩვენებოდა; თუმცა
ისედაც გვიანობამდის არ იძინებდნენ, მაგრამ იმ დღეს
ეკვირინემ ჩვეულებრივზე უფრო ადრიანად დააწვინა
რძალი და თხოვა, შეევედრა, ყველაფერი დააფიცა, ადრე
ნუ ადგები, ძილი, რაც შეიძლება, მოასრულე, კაი
გუნებაზე ადექი და კარგი ფერიც გექნებაო. დილას
შუშით თავისი უმარული მოურბენინა პუდრის მაგიერ.
ეს უმარული, - ამბობდა ეკვირინე, - საგანგებოდ
მომიტანეს საჩუქრად და ერთობ ათეთრებს პირსო.
წარბებზე კაკლის დამწვარი გული გადაასმევინა
წარბების გასამშვენებლად და ასაბზინებლად. ზოგიერთი
ამგვარები წინათაც იცოდა სონიამ, მაგრამ დედამთილმა
მაინც ბევრი რამ ასწავლა და ურჩია. ერთი სიტყვით,
ეკვირინემ ყველაფერი გაიხსენა, ყველაფერი მოიგონა და
არ დააკლო რძალს მისი თავის გამოსაჩენად.

- ხალხს ისეთი უნდა ეჩვენო, შვილო, რომ მტერს თვალი


დოუდგეს, გული მოუკლა და ენა მუცელში ჩაუგდო!..
ძალათი, რომ არ უნდოდეს, მაინც ათქმევინო შენი თავის
ქება, აბა!..

ამაზე სონიასაც კი გაეცინა. ამოდენა ფუსფუსისა და


მზადების შემდეგ მასაც სხვანაირად უცემდა გული და ამ
გულის ფანცქალით გაემართა იგი, ყოველ მზადებას
გადარჩენილი, ეკლესიისაკენ. ეკვირინეც ისე გამოეწყო
და ისე გამოიყურებოდა, რომ თითქოს
გაყმაწვილებულაო.

- შენ გენაცვალე, გვრიტი ხარ, გვრიტი!.. დავასხი


თავსლაფი, ვინც შენ არ მოგიწონოს!.. თავსლაფი
დავასხი! - იძახოდა იგი, რძალს რომ თვალს აავლებ-
ჩაავლებდა.

ეს თავსლაფის მიძღვნა ვისზედაც ყოფილიყო,


რასაკვირველია, არ შეეხამებოდა და არ შეეფერებოდა
ამგვარად გამოწყობილ კრებულს, მაგრამ ადვილი
მისატევებელი უნდა ყოფილიყო, რადგან ეკვირინეს
სავსე გულის ამონახეთქი იყო და ამ დროს კაცი თავს
აღარ ემორჩილება ხოლმე.

ოტიაც თავმომწონედ მოჰყვებოდა უკან ცოლსა და


დედას, თეთრ ჩოხაში, სატინის ახალუხით, ახალი წუღა-
მესტებით და დაბალი კვარაჭინა ქუდით. რომ რიგიანი
შეხედულება ჰქონდა, ამას თვითონაც ჰგრძნობდა, და
რადგან წინაც ისეთი ცოლი მიუვიდოდა, როგორც სონია,
მისი თავმომწონეობა ადვილი მისახვედრი და
გასამართლებელიც იყო.

გზა სულ ორღობეებში მიდიოდა. მარჯვნივ და მარცხნივ


ჩანდნენ მოსახლეები: ზოგან დაბალი, პატარა ოდები,
ყავრით დახურული; ზოგან ისლით ნახური ძელულები,
იქვე მიკრუნჩხული; ხშირად, ბევრგან ჩალის სახურავით
დახურული სასიმინდეებიც მოჩანდა. დაუკვირვებელი
თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ამათში
გაჭირვება და შევიწროებული ცხოვრება უნდა ყოფილიყო
დაბუდებული.

რადგან მზადებას ბევრი დრო დასჭირდა, ქამუშაძეებმა


მხოლოდ შუა წირვას მიუსწრეს. პატარა ეკლესია შიგნით
ხალხით იყო სავსე, მაგრამ ეკვირინემ იმდენი იმეცადინა,
მისწი-მოსწია ქალები იქით-აქეთ მოურიდებლად, რომ
წინ გაიყვანა რძალი და თვალსაჩინო ადგილზე წააყენა.

მწირველი მღვდლის გაურკვეველ მეტყველებასა და


დიაკვნის ზანტ ღიღინზე ჩათვლემილი ქალები ამათმა
მოსვლამ გამოაფხიზლა. ყველა ცდილობდა პატარძლის
თუ კარგად დანახვას არა, ერთი თვალი მაინც რომ
მოეკრა. მოშორებით მყოფნი ცერებზე დგებოდნენ და
ცდილობდნენ შეეხედნათ სონიასათვის და
დაეკმაყოფილებინათ თავიანთი ცნობისმოყვარეობა.
სონია გრძნობდა მასზე მიჩერებულ მრავალ მსინჯავ
თვალს და უძრავად იდგა დამორცხვებული.

ეკვირინე გულმხურვალედ ლოცულობდა, რამდენჯერმე


მეტანია გააკეთა და გულმოდგინედ პირჯვარს ისახავდა,
თითქოს ამით უნდოდა ყველასათვის დაენახვებინა,
უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ასეთი კარგი
რძალი შემახვედრაო.

გათავდა წირვა, ხალხი გალავანში გამოეფინა. ეკვირინემ


კი რძალი ევლოგიის ასაღებად მიიყვანა მღვდელთან,
რომელმაც ამის ბოძების შემდეგ მარჯვნივ ანიშნა, სადაც
კანკელზე, ხატების მაგიერ, ქაღალდებზე აჭრელებულად
დახატული წმინდანების სახეები იყო მიწებებული აქა-იქ
და ამათ შორის ესვენა ეკლესიის მფარველი წმინდანის
ძველი ხატიც, რომლის წინაშეც რძალ-დედამთილმა
მუხლები მოიყარეს, ემთხვივნენ და ფული მიართვეს,
შესაწირავი, რის შემდეგ გამოვიდნენ საყდრიდან და
პირდაპირ გაემართნენ ნიგვზებისაკენ, სადაც ჩრდილში,
ჩვეულებისამებრ, საფლავის ქვაზე ჩამომსხდარნი იყვნენ
აქაური აზნაურის ქალები.

რძალ-დედამთილის მიახლოებაზე, უცნობი ქალის


პატივსაცემლად, თითქმის ყველანი წამოდგნენ და
შეეგებნენ უცხო პატარძალს სიტყვაუთქმელად, მხოლოდ
ხელის ჩამორთმევით. ხელის ჩამორთმევის შემდეგ
სონიას და მის დედამთილსაც დაუთმეს ადგილი და
ყველანი ისევ ჩამოსხდნენ.

ჩამოვარდა სიჩუმე, ხმას არავინ იღებდა.

- მომილოცავს, ბატონო ეკვირინე, შვილის გაბედნიერება!


- გადასწია თავი ეკვირინესკენ პირსავსე, წითურ
ლოყებიანმა, ფაქიზად ჩაცმულმა დარბაისელმა ქალმა: -
დიდად სასიამოვნოა, ღვთის წინაშე!

ეს იყო სარდიონ ქველიძის ცოლი, მათათი.

- მოგვილოცავს, მოგვილოცავს! - აჰყვნენ ამას სხვებიც.

- მადლობელი ვარ... მადლობელი! - და იქით-აქეთ თავის


დაკვრით მადლობას ეუბნებოდა ეკვირინე.

- ბედნიერი ქალი ყოფილხარ, ეკვირინე ჩემო! რა რძალი


გიშოვნია! - უთხრა ეკვირინეს ხმადაშვებით მის გვერდიო
მჯდომმა, შავებიანმა გამხდარმა ქალმა, - ბედნიერი ქალი
ყოფილხარ!.. სახეზე ეტყობა ღვთისნიერი ადამიანობა,
სახეზედვე!..

- ვმადლობ უფალს!.. რაც რომ იყოს, ჩვენზე დიდია და


ვერც ვიფიქრებდი, თუ ამისთანა რამეს მაღირსებდა
ღმერთი!.. - ხმამაღლა თქვა ეკვირინემ.

მათათის ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაუთამაშა


სახეზე და ამავე დროს მისკენ მოიწია უკან მჯდარმა
გრძელკავებიანმა, ლოყებჩავარდნილმა ქალმა, რომლის
თვალები წინ წამოწეულ წარბებქვეშ მოუსვენრად
ტრიალებდნენ. მოიწია და გადმოუჩურჩულა ტუჩების
აბზუებით:

- მაგას დოუდგა თვალები!.. უკეთესი არ მიძებნიაო და არ


ვიფიქრებდიო!.. ასე ურცხვად!.. მაგას გოუსკდა თავი!..
კაი მაგას დაემართოს, კაი მაგას მოუთრევია!..

- მაინც არაფერი არ უჭირს, ჩემო მანანა! - თქვა ხმადაბლა


იქვე მჯდომმა შუა ხნის ქალმა, რომელმაც ყური მოჰკრა
მანანას ნათქვამს.

- რითი აქებ, შე ქალო? - მოუბრუნდა ამას მანანა. - თუ


საქები რამ აქვს, ამას ჩვენც დავინახავთ მერე და ასე
ჩაჩხირვა გამიგონია!... საქებია! გადმოუდღლაზავს
თვალები, ცხვირი ჩემხელაზე გაზდია... და ახლავე
გადაამეტა ყველას!.. - გესლიანად წაულაპარაკა მანანამ.

მოსაუბრე ჩაჩუმდა. მან იცოდა ამ ადამიანის შხამიანი


ენის ამბავი და გასწყვიტა სიტყვა, რომ უარესები არ
ეთქმევინებინა გამოსარჩლების დროს.

სონია იჯდა მორცხვად ამ უცნობ ქალებში, რომელნიც


ერთმანეთში ფუჩუნობდნენ, ხმა დაშვებით
ლაპარაკობდნენ და რომელთაც საერთო ლაპარაკი
როგორც წინათ, არც დღეს ეხერხებოდათ, მხოლოდ ისევ
ქველიძის ცოლი თუ რამე ორიოდე სიტყვით მიმართავდა
მას და ამაზე ხმას ამოიღებდა, რაზედაც ეკვირინეს გული
მოსდიოდა. მისი აზრით, მათათი სცდიდა და განგებ
ალაპარაკებდა სონიას, რომ, მორცხვად მყოფს, რამე
შეშლოდა და მერე სასაცილოდ აეღოთ იგი. მან ვეღარ
მოითმინა და როცა მათათიმ ჰკითხა სონიას, როგორ
მოგწონს სოფელიო, ეკვირინემ აღარ აცალა რძალს ხმის
ამოღება და დაასწრო პასუხი:

- რატომ არ მოეწონება, ჩემო ბატონო, სოფელიც მაგისია


და ქალაქიც!

- ფშშ! - ისე წაიფრუტუნა მანანამ, რომ ეკვირინეს


ადვილად შეეძლო ყურიც მოეკრა.

ამ ქალის საქციელს ადვილად შეეძლო უსიამოვნება


გამოეწვია აქ. მათათი წამოდგა.

- აწი სახლში წასვლა სჯობია, ვისაც შორი გზა აქვს! - და


გამომშვიდობება დაიწყო. - ნინო, სახლში მივდივართ,
შვილო! - მიუბრუნდა იგი თავის ქალიშვილს, რომელიც
იქვე მხიარულად ესაუბრებოდა ქალიშვილებს.

- კი, ბატონო, გიახლებით! - მიუგო ნინომ და თავის


მოსაუბრეებს რომ გამოეთხოვა, მერე სონიასთან მივიდა
პირგაღიმებული, იმასაც ჩამოართვა ხელი და თავისი
სასიამოვნო ხმით უთხრა, მშვიდობით ბრძანდებოდეთო,
და დედას გაჰყვა. სონიამ თვალი გააყოლა.

ეს ყმაწვილი ქალი მართლა და ლამაზი იყო და ამ


სილამაზესთან მიმზიდველობაც ახლდა. მან ამ პირველ
დანახვისთანავე და უბრალო გაცნობისთანავე მიიზიდა
სონიას გული. ნელ-ნელა სხვებმაც იწყეს წასვლა.

- ჩვენც წავიდეთ, სონია ჩემო! - წამოდგა ეკვირინე. -


გლახუა, გლახუა! - იხმო მან შორიახლოს მდგარი გლეხი. -
ჩემო გლახუა, ოტია ნახე და უთხარი, სახლში მიდიან-
თქვა! ოჰ, ნინო, ნინო! მოდი, მოდი, შე ქალო! - წამოიძახა
ეკვირინემ და ხელი გაუწოდა განზე მდგარ გლეხის
დედაკაცს, რომელიც სიყვარულით მისჩერებოდა სონიას
და, ეტყობოდა, ვერ უბედავდა მიახლოვებას.

- მოდი, ნინო!.. ეს ჩვენი ნათლიდედაა, სონია ჩემო... ჩვენი


კეთილი და მირონი.
სონიამ ხელის ჩამორთმევა მოინდომა, მაგრამ დედაკაცი
უცებ დააფრინდა ხელზე და მოწიწებით დაუწყო კოცნა.
სონიას შერცხვა და უცბად გამოჰგლიჯა ხელი. დედაკაცი
კი, რაც სიტყვა შესწევდა, ხელაპყრობილი ლოცავდა მას
და ღმერთს სთხოვდა მათ ბედნიერ შვილიერობასა და
გამრავლებას.

ამასობაში ოტიაც მოვიდა და მათ თანამგზავრებთან


მხიარული მუსაიფით, გამარჯვებულებივით,
ქამუშაძეებმა ჩამოიარეს გზა და სახლში მოვიდნენ.

- სულ შენდა სანახავად იყო გამოსული ამდენი ქალი, რაც


დღეს იქ იყო, სონია ჩემო, თვარა სხომის ამის მესამედსაც
ვერ დეინახავ წირვაზე. და მე შენ გეტყვი, ცუდი რამეც
ნახეს!.. იფ!.. კი შემოგხედონ და დაგაკვირდნენ, შენ
გენაცვალე, ეგებ ჩაცმა მაინც შენით ისწავლონ... თვარა
მოიჩანთრებიან, თითქოს ტომრებში იყვნენ
გახვეულები!..

ამ ხალხში გართობამ სონიაც სხვანაირ გუნებაზე დააყენა;


ამ პირველ ხანში თითქმის სრულიად გადაავიწყა
ამასწინათ განცდილი და ნაგრძნობი უსიამოვნება.

მან გამოკითხვა დაუწყო დედამთილს იმათზე, ვინც, ასე


თუ ისე, მიიქცია მისი ყურადღება, და ეკვირინე და ოტია
დაწვრილებით უამბობდნენ ყველას ამბავს. ეკვირინე
ნამეტანს უბზუებდა ტუჩს უმეტესობას; ამგვარადვე
მოიქცა, როცა ქველიძის ცოლზე ჩამოვარდა ლაპარაკი. და
როცა სონიამ მისი ქალიშვილი სიყვარულით მოიხსენია
და აღტაცება გამოთქვა მისი სილამაზის შესახებ,
მოხუცებულმა ქალმა ერთი ხელები გადაშალა, ქვედა
ტუჩი გადმოუშვა წინ და წაილაპარაკა.
- მარტო სილამაზემ რა გაუკეთა, შვილო? ვის რა შემატა?
სილამაზე დაჰკლებოდა და მის პატრონს მისი გასაძღომი
ქონებოდა, ის ერჩია, ჩემო სინათლე!

- რატომ, დედა, რატომ? ეტყობათ, კარგად უნდა იყვნენ,


კარგად ჩაცმულები არიან დედაც და შვილიც! - წამოიძახა
სონიამ.

- ზევიდან გადაცმულს ნუ დოუჯერებ, შვილო! - წაართვა


სიტყვა ეკვირინემ. - შენ კიდევ არ იცი ქვეყნიური ამბავი.
ვაი, შვილო, იმ კაი კაბის ქვეშ რამდენი ძონძი აცვია და რა
მშიერი კუჭია! შენსავით კი არ არის ყველა, შენ
დაგენაცვლე! მაგენიც მასე არიან: სახლში ტიტვლები
ყრილარიან და გარეთ რომ გამოვლენ, მოგაჩვენებენ თავს,
თითქოს რაღაც იყვნენ! ვისი, ვისი, და მაგათი ამბავი კი
ვიცით!
სონიას აღარ მოეწონა დედამთილის ასეთი ლაპარაკი;
აშკარა იყო, მას რაღაც ჯავრი სჭირდა ქველიძის და
ამიტომ ასე აზიზღებდა მათ თავს. მაგრამ ნინომ ისეთი
შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ეკვირინესაგან
ნათქვამი საწყენად თუ ურჩებოდა, თორემ დაჯერებით
ვერ დააჯერებდა, რომ ეს ნათქვამი მართალი იყო. მას არ
უნდოდა ქველიძეებზე ელაპარაკებინა დედამთილი და
უცბად წამოიძახა:

- ის ვინაა, ის, ბატონო? კინაღამ გადვირიე მისი


შეხედვით! რა ამბავში ის იყო, რაც ის ცმუტურობდა და
რაღაცას გულისობდა! რა უცნაური რამაა! მეც
გადმომიბღვირა ერთი... რა დავუშავე ნეტავი! - სიცილით
დაათავა სონიამ მანანაზე სიტყვა.

- სეფე მარუშიძის სიდედრია! - წამოიძახა ეკვირინემ. -


იმას კი აქვს საცმუტურებელი საქმე! აზნოუშვილი ვარო,
სარს ეხვევა და საცოდავი, ორ დღეში ერთხელ თუ
გეიკეთებს ცხელ საჭმელს. ხანდახან ცივი ჭადიც
ენატრება საღირღნელად!

- რავა, ბატონო? - იკითხა გაოცებულმა სონიამ.

- არაფერი აქვთ, შვილო, მტერსა და ავს, არაფერი!

სონია ჩაჩუმდა. მისი გული ამ სიტყვების გაგონებაზე


უცნაურად მოიკუმშა და ეტკინა. ყოველივე ხალისიანობა
უეცრად დაეკარგა.

”ჩვენც რომ არაფერი გვაქვს, მგონი...” - გაურბინა მას


თავში და ამის შიშმა რეტი დაასხა.

- დეიღალე, შვილო გეტყობა. გირჩევნია მაგ კაბა გეიხადო,


დროზე სადილი ვჭამოთ და მერე ერთი თავისუფლად და
გულიანად მოისვენე! - უთხრა ეკვირინემ. - ე, რა ფერმა
გადაგკრა... დაღალულობისაა მაგ, შენ გენაცვალე!

და სანამ სონია თავის ოთახში ტანისამოსს გამოიცვლიდა,


ეკვირინემ ფუსუტიას მომზადებული სადილიც
გამოიტანა და სამივენი მიუსხდნენ სუფრას. გოგოც იქვე
დასვეს კუთხეში.

VI

ამ დღიდან სონიას ცხოვრებაც გამოიცვალა. ახლა იგი


თანდათან ეცნობოდა ქმრის ნათესავებსა და
მეზობლებსაც. ზოგიერთნი კიდევაც ჰპატიჟობდნენ და
პატივსაცემლად სადილით უმასპინძლდებოდნენ.
მასთან ყველანი დიდი მორიდებითა და პატივისცემით
იყვნენ. სადაც მიდიოდა, ყველგან მეცადინეობდნენ, რაც
გაეწყობოდათ, ქალაქურ წესზე გარჯილიყვნენ და
მასპინძლობა-ბოდიშებს დასასრული არ ჰქონდა, რადგან
თითქმის ყველგან ნამეტანი ხელმოკლეობა და
მოუწყობლობა ჩანდა.

- სოფლურად ასე ვიცით... მეტი არ გვეხერხება, რა ვქნათ,


რა ვუყოთ! - თითქმის ერთნაირად ესმოდა ყველგან,
სადაც კი მისულა სონია. ზოგიერთნი კი მიპატიჟებასაც
ვერ ჰბედავდნენ შეუძლებლობის გამო და, სხვადასხვა
მიზეზის დასახელებით ეკვირინესთან, მარჯვე
დროისთვის სდებდნენ მისი რძლის პატივისცემას.
ერთხელ, ოტიას ბიძის ლევან ქამუშაძის ცოლი,
ეფროსინე, პირდაპირ, დაუმალავად მოუყვა სონიას
თავის ამბავს:

- ჩვენ ნუ დაგვემდურები, შვილო, ნუ დაგვემდურები,


რომ ვერც გპატიჟობთ და უპატივცემლოდ რომ ხარ
ჩვენგან. რითი დაგპატიჟო, შვილო, რანაირად გცე
პატივი?.. შენ რომ ჩვენი ამბავი და მდგომარეობა იცოდე,
შეგვიცოდებ და შეგვიბრალებ... სირცხვილია, თავის
მოჭრაა, შენ გენაცვალე, ამას რომ გეუბნები, მარა რაღაზე
დაგიმალო, შვილო, რაობით დეიმალება ჩვენი ამბავი?
ამასაც შევესწარით, ჩემო ანგელოზო, უფალმა ასე მოიღო
ჩვენს თავზე!.. მადლობა უფალს, მადლობა უფალს,
მადლობა! - და ამ სიტყვებთან მოხუცებულმა ქალმა ამ
შარა გზაში, სადაც იგი შეხვდა სონიას, აღაპყრო ხელები
ზეცისაკენ და მისი თვალებიდან ცრემლები
გადმოსცვივდნენ. - მარა, შენ რომ კაი ქალი ხარ,
შესმენილი და გაგებული, ნუ დაგვკარგავ, შენ გენაცვალე,
ამ ჩვენი გაჭირვებულობისათვის... შენ მაინც დაადგი შენი
ბედნიერი ფეხი შენი ბიძიას ქოხში... ნახე გაჭირვებული,
გაახარე, დაგლოცავს, დაგიმადლებს... საწყალი ვეღარსად
მიდი-მოდის... რცხვენია ქვეყნის, ასე საწყლად და
უბედურად რომ ჩავარდა... სახლის გარეთ ვეღარავის
ეჩვენება...
სონიას გული აუჩვილა ამ უცნაური ქალის ნაამბობმა.
თვითონ ეს დედაკაცი, სახეგამხდარი, დახეულ კაბაში და
დახეულ ბაშმაკებით, შესაბრალისი და საცოდავი რამ იყო.
სონიამ სიტყვა მისცა, უსათუოდ მოვალო და ვნახავ
ბიძასო. როცა სონიამ დედამთილს უამბო ამ შეხვედრაზე
და უთხრა, რომ მისვლას შეპირდა, ეკვირინეს არ ეამა ეს.
რაც შეეძლო, სონიას არიდებდა ქმრის გაჭირვებულ
ნათესაობას და ეფროსინესთან მით უფრო საჭირო იყო,
მისი ფიქრით, შორს თავის დაჭერა.

- მისვლა კი არა!.. - წაილაპარაკა მან. - რა შენი საქმეა


იმასთან ახლოს გაკარებაც კი!..

- რატომ, დედა? - გაუკვირდა სონიას.

- რატომ, და... რა ვიცი, შვილო, არაფერი შეგამთხვიოს!..


ჰმ!..

- რა უნდა შემამთხვიოს?.. - ეოცა სონიას მისი სიტყვები.

- ვინ იცის, შენ გენაცვალე... ცუდი სახელი აქვს ი


უბედურს!..

- რა სახელი, დედა, ა?.. რა სახელი? - ჰკითხა სონიამ


დედამთილს.

- მკითხავია და ამასთან უცნაურ რამე უბედურ საქმეებს


აბრალებენ... ვითომ კუდიანიც კი იყოს... ათასი ცოდვა
აწევს კისერზე მაგ უბედურს... ეგებ ტყვილიც იყოს
ყველაფერი ეს, მარა ათასი რამე დაბრალებია და რა ვიცი,
შვილო... ამიტომ გითხარი, ჯობია, რომ ერიდო მაგასთან
დაახლოებას...
სონიას მეტად აკვირვებდა დედამთილის ეს სიტყვები. რა
უნდა შესძლებოდა ამ გაფშიკებულ, მოტირალ, ერთი
მუჭა დედაკაცს? დედამთილის ნათქვამმა გადააწყვეტინა
უსათუოდ მისულიყო ლევანისას და უფრო ახლოს
დაენახა ეს საკვირველი ქალიც, მისი ქმარიც და ოჯახიც...

სონიამ არ გაუმხილა ეკვირინეს, ისე გასწია მეორე


დღესვე ბიძასთან.

ჩაადგა სონიამ ფეხი თუ არა ეზოში, ეფროსინემაც, სახლის


წინ გადმოხურულში რომ იჯდა, დაინახა იგი, წამოვარდა,
გაიბერტყა კაბა მტვერისაგან და თავსაფრის სწორებით,
მომღიმარი სახით შეეგება სტუმარს.

- ვუი, შენ კი გენაცვალე!.. შენი ჭირიმე, შენი, ჩემო


ანგელოზო! - მოეხვია ეფროსინე სონიას და გადაკოცნა. -
მობძანდი, შენი ჭირიმე... მობძანდი, ჩემო თვალის
სინათლევ, ჩემო!.. კი არ მეგონა თუ აასრულებდი შენს
სიტყვას! - რაღაც გულდაწყვეტით თქვა მან.

- რატომ არა, ბიცოლა? რატომ იფიქრეთ, რატომ არ


ავასრულებდი?..

- შენ კი გენაცვალა შენი ბიცოლა!.. შენ სხვა ქალი ხარ, სხვა


ქალი ხარ, ჩემო მალხაზო! - ეხვეოდა მოხუცებული ქალი
სონიას.

- ბიძია სახლში ბრძანდება? - იკითხა ამან.

- კი, შვილო... სახლშია, სახლშია, ჩემო მტრედო! -


მტირალი ხმით მიუგო ეფროსინემ.

ამ ლაპარაკში ისინი მივიდნენ სახლთანაც, რომელიც


უფრო ქოხს ჰგავდა. სახლის წინ მისავალი ისლით იყო
გადახურული და დანარჩენი კი ყავრით; ყავარი მეტად
გაშავებულიყო სიძველისაგან და ადგილ-ადგილ
ჩამტვრეულიც იყო.

- როგორ უნდა მიგიღო აქ, ჩემო სინათლევ... სად უნდა


დაგაჯინო, სად უნდა დაგაბძანო, შენს სულს ვენაცვალე!
ისევ აქ ჯობია, ჩემო ბატონო! შიგნით სახლში ვერ
შეგკადრებ შეყვანას, ვერა, შვილო, ვერა, შენ გენაცვალე! -
და აწრიალებულმა ეფროსინემ მისწია იქით სიმინდის
ფუჩეჩი, ერთი კალათა სიმინდიც, რომლის რჩევაში ის იყო
სონიამ მოუსწრო, მონახა დაბალი სამფეხა ხის საჯდომი
და სტუმარს მიართვა.

სონია დაჯდა. ეფროსინე შევიდა სახლში და კარი


მოიგდო, ასე რომ სონიამ ვეღარ მოასწრო შიგ შეეხედნა
და დაენახა იქაურობა. მან მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ამ
ქოხის მეტი ეზოში არაფერი არ ჩანდა, სასიმინდეც კი
არსად იყო. სახლის ზემოთ შემხმარი სიმინდი იყო, ჩალა
უღონო, დაბალი. იქედან ჰქონდა ეფროსინეს მოტანილი
ეს სიმინდი, რომელსაც ის იყო არჩევდა.

ცოტა ხნის შემდეგ ეფროსინე ისევ გამოვიდა სტუმართან


და მას გამოჰყვა მაღალი ტანის, ცოტათი ბეჭებში
მოხრილი მოხუცებული. ახალუხზე ყვითელი თასმის
ქამარი ერტყა და ზემოდან გაშლილი, რამდენსამე
ადგილას დაკერებული ჩოხა ეცვა; ახალუხის შეხსნილ
საყელოდან უჩანდა ჭუჭყისაგან ძალზე გაშავებული
პერანგი. მოხუცებულს მეტად სასიამოვნო პირისახე
ჰქონდა, ახალგაზრდობაში ლამაზი კაცი უნდა ყოფილიყო.
ეს იყო ლევან ქამუშაძე, ოტიას უფროსი ბიძა.

მან, შეშინებული კაცივით, გადმოაბიჯა ზღურბლზე,


გაუბედავად მივიდა წამომდგარ სტუმართან, უნახავ
რძალთან, და ხელი ჩამოართვა; მერე თვალებზე გადაისვა
მარჯვენა ხელი, მიიხედ-მოიხედა და უცბად წამოიძახა,
თითქოს მხოლოდ ახლა მოვიდა გონსაო:

- დაბრძანდით... დაბრძანდით, ბატონო! - და ისევ


მიყუჩდა.

ეფროსინე მისჩერებოდა ქმარს თვალებაცრემლებული.

სონია დაჯდა. ცოლის სიტყვაზე ჩამოჯდა ლევანიც.

- შენი რძალია, ლევან... შენ რომ ნატრულობდი!.. -


შემაღლებული ხმით მიმართა ეფროსინემ.

- ვიცი!.. - წყნარად ჩაილაპარაკა ლევანმა.

- შენ რომ ნატრულობდი მაგის შეხედვას... ა, თვითონ


მოვიდა ახლა შენს სანახავად!..
- ღმერთმა ყოველი სიხარული და სიკეთე ანახოს...
ღმერთმა, ღმერთმა! - ხელები აღაპყრო მოხუცებულმა;
მერე ისევ ჩაჩუმდა და გაბნეულად დაუწყო მზერა ხან
ცოლს, ხან სონიას და ხმას აღარ იღებდა.

თვალცრემლიანი, მიწაზე მორთხმული ეფროსინე


მისჩერებოდა ქმარს და თავსაფრის ყურით ცრემლებს
იწმენდდა.

- ასეა, შენ გენაცვალე, სულ ასეა... დილიდან


მოკიდებული საღამომდინ ღამეც ერთს წეიძინებს და
მერე ისევ ნათლად უნდა გაათენოს. - ათრთოლებული
ხმით უთხრა სონიას და მერე მიუბრუნდა ქმარს: - ხომ
გაგეხარდა, ლევან, ამის შეხედვა? ხომ გესიამოვნა?

- ჰმ!.. - გააქნია მან თავი ღიმილით. - ჰმ!.. - და ცოტა ხნის


შემდეგ დაუმატა: - უკაცრავად ვარ, ბატონო, მე უნდა
მენახეთ... მომელოცნა, მარა... - და მან მხრები აიშმუშნა,
წარბები ზევით ასწია, მარჯვენა ხელი გაშალა და ისევ
ჩაჩუმდა.

ეფროსინემ ისევ ცრემლები მოიწმინდა.

- აღარ არის, აღარ არის კაცი, შენ დაგენაცვლე! რა კაცი,


რომ გენახა! - ხმა დაშვებით დაიწყო ეფროსინემ,
რომელსაც თვალები მიაშტერა ლევანმა. - გაჭირვებამ
ფიქრში ჩააგდო, სირცხვილმა, ყველასთან დარცხვენილად
რომ გრძნობს თავისთავს, გული მოუხარჩა და რავარც
ეხლა ხედავ, ასე მოაქცია. ბევრი ვებრძოლეთ სიღარიბეს,
ბევრი ვითმინეთ, ბევრი ვიმაცადინეთ, მარა მაინც
არაფერი გაგვეწყო... რაც დრო გადიოდა, უარესი და
უარესი ამბები მოდიოდა ჩვენს თავზე... უმაცადინო კაცი
არ ყოფილა, შენ გენაცვალე, მაგ საწყალი, მეც ცოტ-ცოტა
შორიდან შემომდიოდა ხან ფულით, ხან ქათამი, კვერცხი,
ღვინო, პური წამლის ფასად და სამკითხაოში... მეც
ვუწყობდი ამით ოჯახს ხელს... მარა ოჯახს ბევრი რამ
სჭირია; ქალიშვილები გვყავდა დასათხოვრები, ცოდვა
აღარ მოვიკიდეთ, თავთავისი ბედი ყველას მივუჩინეთ
ჩვენს წესზე და რიგზე... ვიგინდარას, შენი ჭირი შემეყარა,
ვერ ჩავუგდეთ შვილი... ამას ბევრი მოუნდა...
ვფიქრობდით, მერე რამეს ვიშოვიდით, მარა კი
ვეღარაფერი ვიშოვეთ... საშოვარიც რომ აღარ არის, რა
უნდა გვეშოვა! შვილები ჯავრით კინაღამ გადაგვერიენ,
დაჰკრეს ხელი და ერთი აქეთ გადავარდა, მეორე იქით,
ვითომ სოფლის გადაღმა, ეგებ ეშოვათ რამე, სახლში რომ
აღარაფერი ეგულებოდათ... სად არიან, ჩვენთვის
გოუგებელი შეიქნა!.. მოვალეებმა რომ შეგვაწუხეს, ცოტა
რიგიანი სახლი გვედგა, ის გავყიდეთ, მოვალეები ცოტაზე
შევაწყნარეთ ვითომ და ჩვენ ამ ქოხში შევიხიზნეთ
დროებით, ჩვენის ფიქრით; მარა ამაში უნდა დავლიოთ
ჩვენი წუთისოფელი, ცხადია. ა, შვილო, შეიხედე, რა
საცოდავად ვყრივართ! ჩვენთვის არც სახურავია, არც
საფარავი... თითქოს გარეთ ვეყაროთ... შენ შესმენილი
ოჯახის შვილი რო ხარ, შვილო, შენი ბედნიერი თვალით
რომ ამ ჩვენს ამბავს შეხედავ, შენ მაინც ხანდახან
შეგვიცოდებ და შეგვიბრალებ, თვარა უიმედოდ ვართ,
შვილო, უიმედოდ! ქალიშვილებია და, ვერც ერთი
გასახარებელ ცხოვრებას ვერ ეღირსა, იმათგან რა
შემწეობას და ხელისწყობას უნდა მოველოდე!
ვაჟიშვილები იყვნენ და, ორივემ ასე მოგვიძულა, რომ
მშობელს კი არა, ძაღლს არ მოიძულებენ, შენ გენაცვალე,
ასე ძაღლს არ მოიძულებენ!

ლევანი უკმაყოფილების ნიშნად ამაზე შეიშმუშნა და


წყენის გამოსათქმელად წამოიძახა: ”ჰმ! ჰმ!”

- ეგებ არც იმათ ჰქონდეთ რამე, ბიცოლა? - თქვა სონიამ.


- რა ვიცი, შვილო! აბა რითი ირჩენს თავს, ასე
ცოლშვილიანად რომ გადავარდა ჯერ უფროსი და მერე
უმცროსიც?!. ასე ამბის უკითხავად! ჩვენ რომ გვიყურო,
ამას იტყვი, კაცისმჭამელს უნდა შეეცოდოსო, და შვილმა
მიგვივიწყოს?! ა, ვარჩევ გამხმარ სიმინდს ყანაში თითო
ტაროობით და მომაქვს, დავკაკლავ და ეგება ვინმემ
სამოწყალოდ წამიღოს ეს ერთი კალათა წისქვილში
დასაფქვავად. მრცხვენია, თავი მოვაწყინე ყველას
დაფქულის თხოვით... ჩვენთვის, შვილო, არც საჭმელი,
არც სასმელი, არც წყალი, არც შეშა... ცხელ საჭამადს ეგებ
ორ-სამ დღეში ერთხელ ვეღირსოთ, თუ არა და ცივ ჭადზე
ვაგდივართ, ჩემო შვილო! - და ეფროსინემ ისევ ტირილი
დაიწყო.

ლევანი გაყუჩებული იჯდა. ახლა მას თითქოს არაფერი


ესმოდა ეფროსინეს ლაპარაკიდან, ისე გულგრილად
იმზირებოდა წინ.

სონია, გარეტებული იმით, რაც გაიგონა და რასაც თავის


თვალით ხედავდა, ძლივს იმაგრებდა ცრემლებს. ამ
სურათმა გული მოუკლა. ძლივს მოახერხა პასუხი მიეცა
ეფროსინესათვის, როცა მან ისევ თავისი თავი შეაბრალა
და სთხოვა, ხანდახან ენახულა საცოდავი ბიძა.

- ეგებ შენთან მაინც ამოიღოს ხმა... ეგებ შენი შეხედვით


გონს მაინც მოვიდეს, თვარა ეს უბედური ასე დავარდა,
ასე დაეცა! ჯავრობს, დარდობს, რატომ მოვესწარი ამ
დღესაო. ფიქრობს რაღაცას, თავის თავს რაღაცას
ელაპარაკება... რა ვქნათ, ალბათ, ასეთი ბედი გვქონებია
უფლისაგან. ჯავრით და დარდით კაცი თუ სულ ხდება,
თვარა რა საშველი ეძლევა, ჩემო გვრიტო!.. ველაპარაკები
ამას, ვითომ ვამხნევებ, მაგრამ ვერაფერი ვერ შევასმინე...
ამ ბოლო დროს ისე მოიქცა, რომ არ უნდა კაცს
შეახედვინოს თავის თავზე... რა ვუყო, რა მოვახერხო,
ჩემო სინათლევ!.. მაგის მამზერალი მეც ვტირი და ვჟივი...
აბა რა ვქნა, რა შავ წყალში გადავარდე! ღმერთო, რა
დაგიშავეთ ამისთანა! ვაიმე, ვაიმე, ვაიმე!

და მოხუცებულმა ქალმა ისევ ტირილი დაიწყო. ლევანი


ისევ მიაჩერდა მტირალს, წამოდგა, მიბრუნდა, ორი
ნაბიჯი გადადგა სახლში შესასვლელად, მაგრამ თითქოს
რაღაც გაახსენდაო, უცებ უკან დაბრუნდა და ისევ დაჯდა
თავის ადგილზე.

სონიამ ვეღარ გაუძლო ამათ ყურებას. გულამღვრეული,


სასოწარკვეთილებით წამოდგა წასასვლელად.

- მიბძანდები? - ჰკითხა ლევანმა.

- უნდა გიახლოთ, - მიუგო ათრთოლებული ხმით სონიამ.


- მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ! ღმერთმა
ბედნიერად გამყოფოს, ბიძიკო! ღმერთმა ყოველივე
მწუხარება გაშოროს! მადლობელი ვარ ნახვისათვის! -
მოხუცებული თითქოს გამოფხიზლდაო, რამდენზედმე
კიდევაც გაჰყვა მიმავალ სონიას, მერე ერთი შედგა, უცებ
მოტრიალდა, გაბრუნდა სახლისაკენ, წავიდა აჩქარებული
ნაბიჯით, შევიდა შიგ და კარებიდან დაუწყო მზერა
სონიასა და ეფროსინეს.

გულმოხარშული მიბრუნდა შინ სონია. ეკვირინეს არ


გამოპარვია, თუ რა გუნებაზე დაეყენებია მაზლთან
ყოფნას მისი რძალი.

- გითხარი, შვილო, ნუ მიხვალ-თქვა... აბა რა კარგს


ნახავდი!
- რა ვნახე, რას ვუყურე, შენ გენაცვალე, რა ამბავია! -
იძახოდა გულდათუთქული სონია. - რა მდგომარეობაში
ჩოუგდია გაჭირვებას საცოდავები! ვაი, ვაი გაჭირვებული
კაცის ბრალი! ღმერთო, რა მოგველის!

- ჰმ, გაჭირვება კი არა! - წამოიძახა ეკვირინემ. - კაცს,


შვილო, შენი თავით მოგივა ყველაფერი ბედნიერებაც და
უბედურებაც. თავიდანვე უწმინდურობაში და ღმერთ-
გამწყრალობაში რომ გეეხვევი, კარგს რაღას უნდა
მოელოდე ბოლოში!.. ახლა ტირის მაგ შავდღეზე
გაჩენილი თავის საქმეს? აქამდისინ სად იყო? ყველაფერი,
რაც მოუვიდა, მისივე ბრალია. თუ ჩემი პატივისცემა
გაქვს, შვილო, შორს დეიკავე მასთან თავი. შენ ჯერ
ახალგაზრდა ხარ, გამოუცდელი, და რაცხა არ მომიწიოს
შენს თავს...

სონიას გულში მეტისმეტი სიბრალული იყო აღძრული


ეფროსინესადმი და ამის გამო ეკვირინეს
გაფრთხილებაზე უკმაყოფილებით და თან შეცოდებით
წამოიძახა:

- რა უნდა მომწიოს იმ საბრალომ და საცოდავმა, რას


ბძანებთ მაგას, დედა?!

დედაკაცმა, რომელიც მუშად ჰყავდა მოყვანილი


ეკვირინეს და კეტის რტყმევით ლობიოს ფშვნიდა
გამხმარი ჩენჩიდან, ჩაიცინა და თავი გააქნია.

- სალომე, სალომე! - დაუძახა ეკვირინემ. - ტყუილს


ვამბობ, ჩემო სალომე, ტყუილს? არაფერი გაგიგონია შენ
ეფროსინეზე?

დედაკაცმა კეტი დასდვა.


- თქვენზე მეტს მე რას გევიგონებდი, ჩემო ბატონო! -
მანჭვით წაილაპარაკა მან.

- რავა არ გაგეგონება, შე ქალო? ქვეყანას მოდებული აქვს


მაგის ამბავი და ნამოქმედარი! დასამალავი რაღაა!.. ქმრის
ასე მოქცევას, ახლა რომ იგია, ეფროსინესვე აბრალებენ...
ერთხელ სულწასაწყმედ გზას რომ დაადგა, კი აღარავის
ზოგავს... თავისიც და გარეშეც, ყველა შეწუხებული ჰყავს
თურმე... თვარა რა უჭირდა საწყალ ლევანს?! კაცური კაცი
იყო, მარა მაგან აღარ გეიტანა, გული ამოაჭამა. გონება
დოუბნია... კაცი დასანახავად შეიძულა. ყმად გეიხადა,
რასაც უბრძანებს, ის არის, ის საწყალი!.. შვილები, ერთი
ცოლშვილიანი, ვინ იცის, საით გადააგდო, რომ
თავისუფლად ყოფილიყო შინ... ყველაფერი თავის
კუდიანობით ნაქნარი და ნამოქმედარი აქვს!

სონია გაშტერებული მიაჩერდა დედამთილს, სალომემ


მიატოვა მუშაობა და ეკვირინესთან გაება ლაპარაკში.

- ასე მოგახსენებენ, თურმე გული რომ მოუვა ქმარზედო,


ფთებს გამოასხამსო და სახლის სახურავზე შეაფრენსო.
ჰყავს იქ დაყუყული, სანამ გულს არ მოიჯერებსო და
ატირებული კაცი თავს არ შეაბრალებს და ისევ არ
დოუთქვამს ყველაფერში მორჩილად ყოფნას... იღლიებში
ამოუსვამს თურმე, რაღაც წამალი აქვსო... საწყალს
თურმე ამისი ეშინია და ხმის ამოღებას ვეღარ ბედავსო,
რამე არ ეწყინოსო.

- კი, კი, იმიტომ აქვთ ისე ჩათელილი და მიწეულ-


მოწეული სახურავის ყავარი!

- გუშინწინ ეყურებინა თურმე კიკოლას გოგოს,


სურბულის რომ უძახიან, კინაღამ გადარეულიყო თურმე
შიშისაგან! - საიდუმლოებით თქვა დედაკაცმა.
- მართალიც იქნება! - დაატანა ეკვირინემ. - იმიტომაც
იქნებოდა ისე წყნარად და ხმის ამოღებაც ვერ გაუბედნია
დღეს! მაგ რომ მართალი სულიერი იყვეს, ფარსადანა
ტაბიძემ რომ შემოუთვალა, ლევანს მოვარჩენო, თუ შენ
წინააღმდეგი არ გამიხდებიო და მკითხაობას თავს
დაანებებო, რატომ უარით გეისტუმრა ის კაცი? რატომ?

- სხვების მეშინიაო... იმწამსვე მომკლავენო, შეეთვალა,


თვარა თქვენ უკეთ მოგეხსენებათ.

- კი, კი, სწორედ მასე შოუთვლია! - დააბეჯითა


ეკვირინემ. - ეგ თუ გინდ ყველაფერი თავისთავზედაა,
მარა ომანს რას უპირებს, ჩემს მაზლს, მაგ
სულწაწყმედილი?! ომანს რას უპირებს? თუ იმ საწყალ
ბავშვს რამე დაემართა, ცოცხალი რავა გადურჩება, - ხომ
იცი, რა მხეცია ის ვაჟბატონი, ჩემი მაზლი!
- მაგისგანაა, ვითომ, ქალბატონო, ის შენი მაზლისწული
დასნეულებული?

- ეშმაკებმა იცის მაგათი თავი! ხომ იცი, მე მაგათ არ


ვეკარები. მაგას კი აბრალებენ თურმე და პირში
ეუბნებიან, ვითომ ეგებ ამით მაინც ააშვებინონ; მარა
ვითომც არაფერი, დეიწყებს ტირილს, წამოყრის
ცრემლებს, ააშვერს ხელებს და იწყევლება: ვინც ჩემს
გაჭირვებასთან ყოველ უბედურებას მიგონებდესო, იმას
ღმერთმა ასე და ასე გაჭირვებაც მიაყენოსო, გამწარებაცო,
და... ვის გაახსენდება მისი ენის გამონათქვამი! ამით
უფრო ახელებს მომდურავებს, ბავშვიც დღე-დღეზე თუ
უარესად ხდება, თვარა გამობრუნებაში არ უდგა ფეხი.

- და მაგისაგანაა კი ნამდვილად, ქალბატონო? - ისევ


გაიმეორა კითხვა დედაკაცმა.
- უსათუოდ! - მიუგო ეკვირინემ. - აბა რაღა მაგას
დააბრალებდნენ?! სანამ მაგათ ლაპარაკი
ჩამოუვარდებოდათ და რაღაც სამდურავი ერთმანეთში,
ბავშვი კარგად იყო და რომ წეიჩხუბნენ, მეორე დღესვე
გახდა ის ბავშვი ავად და მას აქეთია წვალობს, აღარც
მორჩა, აღარც მოკვდა! მაგას აბრალებენ, ბავშვზე იყრის
გულის ჯავრსო, ასე ამბობენ, და მართალია თუ ტყვილი,
იმათ სულზე იყვეს, ვინც აბეჯითებდეს! რაც რომ იყვეს,
მაინც მოსარიდალია ამგვარი ადამიანი, ჩემო სალომე!

- კი, ბატონო, კი, შენი ჭირიმე! რავა არაა მოსარიდალი?


ვინაა, ჩემო ქალბატონო, თავის მტერი? - მიუგო სალომემ
და ერთი მძიმედ ამოიოხრა.

სონია გაფაციცებით ყურს უგდებდა ამ უცნაურ


ლაპარაკს, მაგრამ თანვე მისი გული საოცრად ტოკავდა;
ამათი ნათქვამი საშინლად სტანჯავდა და ეს ეკვირინემ
მხოლოდ ბოლოს შეატყო მას გაფითრებულ სახეზე.
ეკვირინემ შესწყვიტა სიტყვა და სალომეს მიაძახა:

- კაია, კაი! თავი დაანებე მაგათზე ლაპარაკს, სალომე!


კმარა, ფუი ეშმაკს! მაგ ლობიოს დოუშინე შენ მაგ ჯოხი,
ის აჯობებს, მარა ლობიო არ გააბნიო, ასაბოჭი გაგვიხდება
მერე, თუ ნამეტანი მიაბნიე-მოაბნიე იქით-აქეთ!

დედაკაცმაც, ეკვირინეს მაგვარად, სამჯერ გააფურთხა


განზე და ისევ დაურთო კეტი ლობიოს ხმელ პარკებს, ისე
რომ ყოველ მხრივ მიხტოდნენ გამსკდარი პარკებიდან
ლობიოს მარცვლები.

სონიაც წამოდგა ღონემიხდილი, მოქანცული, შევიდა


ოთახში და სასოწარკვეთილებით ამოსკდა გულიდან:
- ღმერთო, ღმერთო ჩემო! სად ჩამოვვარდი?.. სადა ვარ?
ღმერთო! - მორეულმა ცრემლებმა მეტი აღარ აცალეს;
აქვითინებულმა ბალიშებში ჩარგო თავი და ნანახით,
ნასმენით და გულზე შემოწოლილი წუხილით
გაბრუებულს ლახვარივით ესობოდა, თითქოს მას
ურტყამდნენ ლობიოს მრჩეველ დედაკაცის კეტს,
ბრაგუნი რომ ესმოდა, და ეკვირინესაგან
დროგამოშვებით შეძახება: ”ლობიო არ დამიბნიო, ლობიო
არ დამიბნიო, სალომე!”

VII

ამგვარი სურათებისა და ამბების ყურება სონიას ახლა


თავისთავზე უფრო და უფრო ძალაუნებურად
აკვირვებდა, თავის მდგომარეობაზე ანიშნებდა.
ყველასაგან და ყოველი მხრიდან მხოლოდ გაჭირვებულ
და შევიწროებულ ცხოვრებაზე ჩივილი რომ ესმოდა, იგიც
შიშში ჩავარდა - ვაი თუ მეც ამათთანავე და ამგვარსავე
მდგომარეობაში ვიყვეო და მხოლოდ ვერ ვამჩნევდეო. ეს
შიში მით უფრო იპყრობდა, რომ რასაც ჯერ ხედავდა ამ
ახალ ოჯახში, საიმედოს არაფერს უქადიდა
მომავლისათვის, ვერაფერ ბედნიერებას იგემებდა მასზე
მოიმედედ დამყარებული ადამიანი.

- ნუთუ მეც გაწვალებული და გამწარებული ცხოვრება


მომელის?! - გაურბენდა დროგამოშვებით ყმაწვილ ქალს
ფიქრი და მაშინ აუტანელი მოუსვენრობა და
გულისწუხილი ერეოდა და ერთიმეორეზე უფრო
უნუგეშო სურათები თვალწინ ეხატებოდა.

მაგრამ კარზე მომდგარმა შემოდგომამ, ცოტა არ იყოს,


გადაავიწყა ყოველივე ეს მოსეული დარდები და ფიქრები.
მთელი სოფელი აფუსფუსებული იყო; ყველგან
სიმინდის ტეხა, მისი ზიდვა, ვენახის კრეფა. ყოველი
მხრიდან მოისმოდა ურმის ჭრიალი და ხარების
გასამხნევებლად მეურმეების შეძახილი. დილა ადრიანად
მოკიდებული შუაღამემდის, მეტადრე მთვარიანში,
განუწყვეტლივ იდგა ჰაერში ეს ხმაურობა, ჭრიჭინი
ურმებისა და მუშების მხიარული ძახილი.

ამ საერთო მუშაობაში არც სონია დარჩენილა უსაქმოდ.


იგიც გაიტაცა საზოგადო მოძრაობამ და უკან არ რჩებოდა
არც დედამთილსა და არც ქმარს არავითარ მუშაობაში.
თუმცა ეკვირინე თავს იკლავდა, რომ სიმინდის რჩევით
ხელებს გაიფუჭებო, მაგრამ სონია მაინც არ იშლიდა,
რჩევას არ ერიდებოდა და ქმარს ეხმარებოდა ურმით
მოტანილ სიმინდიანი ძარის გადაგორებაში, ზიდავდა
ვენახიდან ყურძენს კალათებით საწნახლამდის,
რომელიც უფრო როფს ჰგავდა. ხანდახან ჩაფით ტკბილიც
მიჰქონდა ჭურში ჩასასხმელად.
საწნახელში ჩამდგარი ოტია ღიმილით მისჩერებოდა ამ
დროს ცოლს და მეტად უხაროდა.

- აკი გეუბნებოდი, შვილო, რომ ყველაფერში მალე


გეეჩვევა-თქვა! ხომ ხედავ: ოქროა, ოქრო, ოქრო, მაგას
ვენაცვალე! - აღტაცებით იძახდა ეკვირინე და, ყურძნის
მარცვლებით რომ ითვლიდა გამოწურული ტკბილის
რაოდენობას, თან უმატებდა თითო-ოროლა მარცვალს,
რომ ბოლოს უფრო მეტი ეჩვენებინა რძლისათვის და
ამით მისი გული გაემხიარულებინა.

- ძვირფასი რამ ქალია, შვილო! ძვირფასი!

- ეგ აგრეა, დედა, მარა სირცხვილში ვართ მაინც! - თქვა


ოტიამ.

- რა სირცხვილში, შვილო?
- ნამეტანი ხელმოკლედ ვართ და...

- ჰმ!.. - წამოიძახა ეკვირინემ.

- ჩვენ შეჩვეული რომ ვართ ამ ხელმოკლეობაში


ცხოვრებას, ჩვენ გვიჭირს და ვწუხვართ, მაგას კი... რაღა
ლაპარაკი უნდა...

- სუ, სუ! - შეუტია ეკვირინემ. - სუ! აბა რაღას


მოგყვებოდა, თუ შენთან მაგანაც ყველაფერი გაჭირვება
და დალხინება ერთად არ გეიზიარა?! არა, შვილო, მაგაზე
ფიქრს ნუ ჩეიგდებ გულში, თვარა ვინ იცის, სად არ
წაგიყვანს, რას არ გაფიქრებინებს!.. სხვებს არც
ჩვენოდენი აქვთ, მარა კი არიან დაწყნარებულად და
დამშვიდებულად!.. შენ ნუ დეიწყებ მაგისთანებზე
დარდობას და მაგ თავისთავად ყველაფერს შეურიგდება
და შეიფერებს!

ოტიამ აღარა თქვა რა, გაჩუმდა, მხოლოდ თავი გაიქნია და


მოჰყვა გულმოდგინედ ყურძნის ჭნეხვას. სონიაც
დაბრუნდა ჩაფით ჭურის თავიდან.

აშკარა იყო, რომ ოტიას გულში რაღაც ხდებოდა, რომ


მასში აღძრული იყო რაღაც ახალი აზრი, რომლის
გამოთქმა სრულიად ვერ მოახერხა დედასთან, რომლის
გავლენის ქვეშ მყოფი ოტიაც კი წინანდებურად ვეღარ
გრძნობდა თავის თავს, წინანდებურად მოსვენებით აღარ
იყო, თუმცა ამისი შემჩნევა მასში არც ისე ადვილი იყო. და
ეს მაწუხებელი ფიქრი იყო სწორედ ის ხელმოკლეობა და
გაჭირვებაში ცხოვრება, რომელიც ახლა ამ ქალის ცოლად
მოყვანის შემდეგ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მისთვის
დღითი-დღე და რაც ათასგვარ ფიქრებს ახვევდა თავზე
და აქამდის უცნობ დარდებს ჰგვრიდა. მისმა
სინდისიერებამ რომ დააკვირვა ცოლის მდგომარეობაზე
თავის ოჯახში, ამ ოჯახის ამბავი სულ სხვანაირად
მოაჩვენა, დაანახვა და, თითქოს ბრმად ყოფილს,
თვალები აეხილა. ამან ათქმევინა დედასთან ის სიტყვაც,
რაც ასე ეწყინა ეკვირინეს. ამ თვალთა ახილვას,
ეკვირინესი არ იყოს, ვინ იცის, სად არ მიჰყავდა იგი და რა
აზრებს არ უღვიძებდა, რომ გზა ეპოვნა თავისი
ხელმოკლეობის და გაჭირვებული ცხოვრების, სულ თუ
არა, ცოტათი მაინც გამოსაბრუნებლად.

ასე თვალი რომ აეხილა და ეს ფიქრი რომ დაებადა


გულში, სწორედ იმ წამიდან რაღაც დამნაშავედ ჩასთვალა
თავისი თავი ცოლის წინაშე და მოვალედ გრძნობდა
თავის თავს, საქმე გამოეკეთებინა და ამ მოტყუებული
ადამიანის წინაშე მაინც რამოდენადმე პირნათლად
გამოსულიყო. ოტიას რცხვენოდა ცოლის, მეტად
მორიდებით იყო მასთან და მუდამ რაღაც საქმიანობაში,
მუშაობაში იყო.

წლის მონაწევმა, ვერაფრად გაახარა მისი ცოლი. ახლა


ოტიასთვისაც ცხადი იყო, რომ ბევრის არაფრის
მქონებელი იყო. იგიც იმგვარადვე ჩაფიქრებული შეიქნა,
როგორც მისი ყმაწვილი ცოლი, რომელიც გაფაციცებით
თვალს ადევნებდა ყველაფერს, რაც წლის სარჩოდ
შემოდიოდა, რომელიც ყველაფერს მეტის დაკვირვებით
სინჯავდა და რომლის გული ამ დაკვირვებამ ვერ
გაამხნევა და ვერ შეამაგრა, მხოლოდ უფრო დაამწუხრა
და ააშფოთა.

როცა ორივე ცოლ-ქმრის გულში ერთნაირივე ცეცხლი


ტრიალებდა უჩინარად, ეკვირინე თავისებურად ისევ
გულგამხნევებულად, ისევ უდარდელად და მხიარულად
იყო.
- მადლობა უფალს!.. მადლობა უფალს!.. მართალია,
შარშანდელზე ნაკლები მოსავალი მოგვცა, მაინც
არაფერია, სამდურავი მაინც არ ითქმის! გაისათ ორი
ამდენი მოვა! - აიმედებდა იგი რძალს.

მაგრამ ამის ნაცვლად სონიას გულს უფრო მწუხარებას


უმატებდა იგი. ამნაირი ლაპარაკი გაუტეხლობას ჰგავდა,
თითქმის დაუდევრობას ნიშნავდა და ამით მხოლოდ
თავს აბეზრებდა, მოხუცებული დედამთილი
ახალგაზრდა ქალს. ყოველ სიტყვაზე წამოძახილი
”ღმერთი მოგვცემს”-ო, მისი გულმხიარულება და
ხალისიანობა, რომელსაც ეს მოხუცებული ქალი არა
ჰკარგავდა ამ სისაწყლეში და ღარიბულ ცხოვრებაში,
გულს უსერავდა ყმაწვილ ქალს და თითქმის აძულებდა
მის თავს. ეკვირინეს კმაყოფილება სონიასათვის
გაუგებარი რამ იყო, მას ვერ წარმოედგინა, თუ ადამიანს
შეეძლო ასე გულმხიარულად ყოფნა იმ მდგომარეობაში,
რომელშიაც მათი ოჯახი იყო. და ამ ხალისიანი,
კმაყოფილი და თავმომწონე დედამთილის ყურება
აჯავრებდა, უსიამოვნებას ჰმატებდა და გულს უკლავდა.
გულის დასამშვიდებლად და დასაწყნარებლად სონია
მირბოდა ოჯახიდან ქველიძისას, სადაც იპოვა მეგობარი,
რომლის სიახლოვეს ავიწყდებოდა თავისი ოჯახიც,
გულშემაწუხებელი დედამთილიც და ყოველივე
უსიამოვნობაც. ნინო შეიქნა მისი მფარველი ანგელოზი იმ
დღიდან, როცა მას დაუახლოვდა. ნინოსთან მეგობრობა
უადვილებდა მისთვის მძიმედ ასატან ცხოვრებას ქმრის
ოჯახში. ამასთან ახალგაზრდა ქალი სარდიონის ოჯახში
ისევ კეთილშობილად გრძნობდა თავის თავს, ისევ
დაწინაურებულად, რაც გადამეტებით შელახული
ჰქონდა თავის საკუთარ სახლში.

ეს ოჯახი, რომელიც ასე საყვარელი შეიქნა სონიასათვის,


ერთ დღეს მართლადაც კარგი ოჯახი იყო. სარდიონ
ქველიძე თავის კუთხეში რიგიან აზნაურებში
ითვლებოდა ქონებითაც და დარბაისლობითაც;
თავმომწონე აზნაურთაგანი იყო; და სწორედ ეს
უკანასკნელი თვისება შეიქნა მიზეზი მისი
კეთილდღეობის დარღვევისა. თავმომწონე აზნაურმა
ფასი არ დასდვა ბატონყმობის გაუქმებისაგან შეცვლილ
ცხოვრებას, მის ახალ პირობებს სრულიად წაუყრუა ყური,
თითქმის ეჯიუტებოდა მათ ისევ ძველი ცხოვრების
მიყოლით, სანამ ამ შებრძოლებამ რიყეზე არ გააგდო ეს
მედიდური, ჯიუტი მებატონე, რომელიც გლეხებს
სიახლოვეს არ იკარებდა, როცა ესენი განთავისუფლებას
სთხოვდნენ.

- მოიცადეთ, ძმობილებო, ნამეტანი ადრე მირბიხართ! -


ეუბნებოდა იგი გლეხებს.

მერე კი თავისთავად იძულებული შეიქნა ხვეწნა დაეწყო


მათთვის, თავი დაიხსენით და ფული მომეცითო. ცოტ-
ცოტად, ნაწილ-ნაწილად აღებული ფული მალე შეიჭამა,
ნელ-ნელა ადგილებიც გაიყიდა და როცა, მისივე
დაუდევრობით, უკანასკნელი ქონება ბანკს გააყიდვინა,
მშრალზე დარჩენილმა სარდიონმა მხოლოდ მაშინ
წამოცქვიტა ყურები, მაგრამ გვიანღა იყო.

რაც ახლა ცხოვრებისათვის მოუმზადებლობას უნდა


დაეკლო მისთვის, მან თავისი მხრით თავისი
დაუდევრობა და ჯიუტობა დაამატა და ამის წყალობით
დარჩა თითქმის ულუკმაპუროდ, ყოველ საღსარს
მოკლებული. ახლა კი აწრიალდა სარდიონი; საჭირო იყო
რითიმე ერჩინა თავისი ცოლ-შვილი, რამე ეღონა, რამე გზა
ენახა, ოჯახში ცოტაოდენი რამ შემოეტანა და წლიდან-
წლამდის თავი გამოეტანა. იქით ეცა გაღარიბებული
აზნაური, აქეთ ეცა, ბევრი იბრუალა და ბოლოს
გადასწყვიტა, რომ სოფლის სასამართლოში ვექილობა
დაეწყო, გლეხების საჩივრები ეწარმოებინა. ბევრს
ვერაფერს მისცემდა ეს, მაგრამ მაინც სჯობდა სულ
არარაობას.

გაერია წინათ ამაყი აზნაური გლეხებში, ჩარგო თავი მათ


დავიდარაბებში, მოშივებული მგელივით აღარაფერს
აღარ ერიდებოდა, ოღონდ კი რამე ეშოვა, რამეს
გამორჩენოდა; უკან აღარ იხევდა განგებ აეტეხნა სადმე
საჩივარი, რომ ერთ-ერთი გლეხი ხელში ეგდო და
საპურედ გაეხადნა; ხშირად, როცა მოსახერხებელი იყო,
ორივე მხარეს არიგებდა და მომჩივანისაგანაც და
მოპასუხესაგანაც სარგებლობას არ ჰკარგავდა. დიდხანს
არ გაუვლია, რომ მისი ხასიათი და მოქმედება ყველასაგან
გაგებული შეიქნა, მაგრამ მიმსვლელი მაინც არ
შემოჰკლებია; პირიქით, უფრო და უფრო ეტანებოდნენ,
რაც ვრცელდებოდა მისი ახლართულ-დახლართული
ნამოქმედარის ამბები.
და, აი ამ გზით ნაშოვარით გამოჰყავდა მას თავისი ოჯახი;
ამ ნაშოვარით ცდილობდა გაჰყოლოდა ცხოვრებას.
ცდილობდა დაეფარა ოჯახის დაქვეითება, დაემალა
სიღარიბე და დაეცვა ოჯახის კეთილშობილება,
გარეგნულად მაინც.

მისდა იღბლად ოჯახიც არა ჰყოლია დიდი ჩვენებურ


პირობაზე: ორი ვაჟი ჰყავდა და ორი ქალიშვილი. ცოლი
მისი მათათი იმ მხარეში ნახსენებ აზნაურ კაკაბაძეების
გვართაგანი იყო, და მათათი, კრიალოსნით ხელში,
ტახტზე მუხლმოკეცილი, მუდამ ამათზე ესაუბრებოდა
შინაურებსაც და სტუმრებსაც, მუდამ იმათ ამბავში იყო.
შვილებსაც ძლიერ დასჩემდათ თავისი გვარით და
ნათესავებით თავმომწონეობა, ესენიც თავისიანების
სიმამაცისა, ვაჟკაცობისა და გამოჩენილობის ხსენებაში
იყვნენ გართულნი. ნამეტურ ეს ხასიათი ემჩნეოდა
ქველიძის უმცროს ქალიშვილს ოლიკოს, რომელიც დედის
გასაოცარი მსგავსება იყო ყველაფერში.

სულ სხვა იყო უფროსი ქალიშვილი ნინო, სარდიონისაგან


სხვა შვილებში გამორჩეული საყვარელი შვილი.
განსხვავებულ სილამაზესთან, ბუნებას მისთვის და-
ძმათაგან განსხვავებული ხასიათი მიენიჭებინა: გულ-
ლმობიერი, ნაზი, თავმდაბალი, ხალისიანი, გრძნობიერი,
იგი გასაკვირველად იზიდავდა, იახლოვებდა და
ხიბლავდა ყველას, ვისაც კი გაეცნობოდა. მართალია,
წოდებრივი სიამაყე მასშიაც გამოსჭვიოდა, მაგრამ ისეთი
საკვირველი მოხერხებულობით და წინდახედულად
გამოაჩენდა ხოლმე, თუ შემთხვევა იქნებოდა, რომ
სხვისი საწყენი და დამამდაბლებელი არასოდეს არ
ყოფილა. და ეგ იყო სწორედ მიზეზი, რომ
გლეხკაცობაშიაც კი განსაკუთრებული სიყვარული
ჰქონდა მას ამით მოპოვებული. სიღარიბემ დაარჩინა იგი
ოცდახუთ წლამდის გაუთხოვარი, მზითვის უქონლობამ,
თორემ ბევრს კარგს მოუწადინებია მისი ცოლად შერთვა.
და ამ მიზეზის გამო მას რომ დარჩენილად ხედავდა
სარდიონი, დანაშაულად თვლიდა თავისთავს საყვარელი
შვილის წინაშე, გულსა ხვდებოდა, რომ მის ბედნიერებას
ვერ ხედავდა, რომ ქალიშვილის ამგვარი მდგომარეობა
მამამისის წინდაუხედავი, გაუფრთხილებელი
წინანდელი ცხოვრების შედეგი იყო.

ცეცხლი ეკიდებოდა მის შემხედვარე მამას, მორიდებულს


მასთან, მზადმყოფს შეესრულებინა ყოველივე მისი
სურვილი და ნანატრი, რამდენადაც გაუვიდოდა.
რამდენჯერ გამწარებულ სარდიონს უფროსი
ვაჟიშვილისათვის მიუმართნია, დახმარება უთხოვნია
მისგან, რომ ეგებ ორივეს ძალ-ღონით ქალიშვილისათვის
მისი საკადრისი გზა მიეცა!
- გადაადგი, შვილო, კარს გადაღმა გადაადგი, რაჟდენ,
ფეხი! ეგებ შენც იშოვო რამე, კაცო, როგორც ზოგიერთები
შოულობენ! გეინძერი, შე კაცო! ორივემ ეგებ რამე
ვისაშვალოთ და მაგ საწყლებს, ორივეს თუ არა, ერთს
მაინც ვუშველოთ!.. ცოდვაა და მერე შენთვისაც უფრო
სამძიმო შეიქნება, მე ხომ მიდღემჩი არ გეყოლები! რა
ვიცი, ჩემი ხნის კაცს ხვალინდელ დღეს რა მომელის!

რაჟდენი მართლა ჩაიცვამდა, გამოეწყობოდა, სადღაც


კიდევაც გასწევდა, ეზოს გადაღმა ფეხს გადაადგამდა,
მაგრამ მეორე-მესამე თვეზე შინ ბრუნდებოდა ისევ
მამასთან, დაღონებული, რომ საქმე ვერაფერი იშოვა;
სხვებთან კი დილიდან საღამომდის მხოლოდ იმის
ამბებში იყო, თუ სად დალია, რამდენი და ვის აჯობა
ღვინოში ამ უკანასკნელ მოგზაურობაში, ან და ვისთან
ლაპარაკი და ყაილა შეხვდომია. სარდიონმა იცოდა, რომ
ასე იქნებოდა, გული მოსდიოდა, უწყრებოდა შვილს,
კაცად გამოუსადეგარობასა და დაგლახავებას უქადიდა,
მაგრამ ამით არაფერი კეთდებოდა.

- ქვეყანა მაინც დაინახავს, რარიგად იცხოვრებ,


ვაჟბატონო, მე რომ აღარ გეყოლები... ჰმ! უკვდავება ხომ
არ მოუნიჭებია ჩემთვის უფალს, შე ღმერთგამწყრალო,
ჩემი იმედით რომ აპირობ შენი წუთისოფლის
გატარებას?!. ეგებ მე ხვალაც აღარ გეყოლო, რაღას შობი
მაშინ?! რათი აპირობ გაუძღვე ოჯახს - ამას რატომ არა
ფიქრობ, შე უსინდისო ვაჟბატონო?! ოცდარვა წლის კაცს
რომ ამის გახსენება და ჩიჩინი ჭირდებოდეს?! ჰმ!..

სიკვდილის შიშმა ამ ბოლოს მაინც გასაოცრად ჩაიბუდა


სარდიონის გულში. იმისი წარმოდგენა, იმისი აზრი, თუ
ვის უნდა ერჩინა, რითი უნდა ეცხოვრა ცოლ-შვილს მისი
სიკვდილის შემდეგ, საშინლად სტანჯავდა,
სასოწარკვეთილებაში აგდებდა და სიცოცხლის დღეს
უმწარებდა. იგი უკვე ხედავდა უიმისოდ დარჩენილებს,
უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილთ,
დამათხოვრებულთ, ქვეყნის შესაბრალისად გამხდართ;
მისი ძვირფასი, უწყინარი, ანგელოზის მსგავსი ნინო
მშიერი, მწყურვალი, დაკონკილი ეხატებოდა, უპატრონო;
მის ძარღვებში სისხლი დგებოდა, თავბრუ ესხმებოდა და
გაბოროტებული სარდიონი მოუსვენრად ბორგავდა, ერთ
ადგილს ვეღარ რჩებოდა და ხან იქით მირბოდა, ხან აქეთ,
თითქოს უნდოდა ამასობაში მიეფანტ-მოეფანტა
შემოსეული, სულის შემაწუხებელი, გენიის ცეცხლის
მომკიდებელი ფიქრები.

მისთვის ათასწილად სამჯობინარი იქნებოდა, ამ


მწუხარების ატანის გამაადვილებელი, რომ ეს შვილი
სრულიად არ მისცემოდა, ან და ამისთანა მშვენიერება არ
ყოფილიყო. მისი სილამაზე, მისი გულკეთილობა, სინაზე,
ტკბილი ხასიათი, მორიდებულება დედ-მამასთანაც და
სხვებთანაც, ისიც, რომ იგი ყველას უყვარდა, ყოველივე
ამის პატრონი არსება თითქოს ღმერთმა განგებ გაუჩინაო
ამ კაცს, რომ მისით ჩაეხედნა თავის სინდისში, დაენახა
ახლა მაინც, რისიც მქნელი ხდებოდა თავის
დაუდევრობის გამო, თავის ამაყობისა და გაჯიუტებით
რა ცოდვაში ჰქონდა ჩადგმული ფეხი, როგორ
სატანჯველს უმზადებდა თავის სისხლს-ხორცს. თავისი
ცოდვის სამაგიეროს მოძღვნილად ღებულობდა
სარდიონი ყოველივე ამას და როცა ამასთანავე ნინოსაგან
არ სმენია არა რაიმე საყვედურის გამომთქმელი სიტყვა,
მის მშვენიერ სახეზე ღიმილის მეტი რომ არა შეუმჩნევია
რა, რომ მისი წარბები არ შეყრილა უკმაყოფილების
გამოსახატავად, - ყოველივე ამისაგან უფრო იჩაგრებოდა
მოხუცი, უფრო სტკიოდა გული და უფრო გამწარებული
იყო.

ვერაფერ ამას, რასაკვირველია, სონია ვერ ამჩნევდა


ქველაძისას, ვერ ხედავდა და არც შეეძლო გაეგო აქაური
ამბავი, რადგან ოჯახის ყოველივე ნამდვილი და
ჭეშმარიტი გარემოება, რაც შეიძლებოდა, იფარებოდა და
მიმალული იყო იქაურებისაგან. სონია უმზერდა
გარეგნულ ცხოვრებას, ესმოდა თავადაზნაურობის
ცხოვრების ამბები, წარჩინებულ პირებზე ლაპარაკი,
სოფლამდე მოღწეული, მათი ნამოქმედარ-ნათქვამის
ამბავი ”შემოსული” მოდების შესახებ და ამგვარები.
რადგან კარგი ჭრა-კერვა იცოდა, ხშირად ეხმარებოდა
ქალიშვილებს მათ საკერავში, რჩევას აძლევდა ფასონების
ამორჩევაში, გულუბრყვილოდ ჰკვირობდა და იცინოდა,
როცა ნინო სწყევლიდა უკანასკნელად შემოღებულ
მოდებს, რომლისათვის მეტი ქსოვილი იხარჯებოდა და
ისე იკვეცებოდა, რომ შემდეგ აღარაფრად გამოსადეგი
აღარ რჩებოდა გამონაცვალი.

- თავს დავანებებ ამნაირად შეკერვას!.. ორი არშინი


აკლდება ორივე სახელოს... რა ვუყო ახლა? - იტყოდა
ხოლმე გულდაწყვეტით ნინო.

- ორი არშინი? - ჰკითხავდა დედა.

- აბა!

- აბა უნდა ვიყიდოთ, შვილო... - უნდა ვიყიდოთ... ვეტყვი


მამაშენსა და გიყიდის.

- არა. არა... იყოს, ისე შევიკერავ... არ დევეძებ ამ მოდას! -


გულდაკლებით წამოიძახებდა მაშინ ნინო.

- უბრალოდ როგორ შეიკერავ... საღა გამოაჩენ მერე! რაც


მოდაა მოსული, შვილო, ისე უნდა გექნეს, რას იზამ!..

- არ ვიცი, ღმერთმანი!.. - წაილაპარაკებდა საკერავზე


თავჩაღუნული ნინო. - როდის მომესწრება დასამატის
ყიდვა, ვინ წავა ახლა მის საყიდლად?!

- გამგზავნს როგორ ვერ იშოვნი?! - სიცილით მიუგებდა


ამაზე სონია, სრულიად დაშორებული იმ აზრს, რომ
ნინოს სიტყვა მხოლოდ მიზეზი იყო; ნამდვილად კი იმაში
მდგომარეობდა, რომ ამ შემოღებული მოდისათვის
საჭირო ხდებოდა ფული და ის კი, მოდების დევნაში
სახარჯავად კი არა, სხვა მოუცილებელი
საჭიროებისათვისაც არ იყო. სონიას ვერ გაეგო
ახალგაზრდა ქალიშვილის ყოყმანი, არ იცოდა, რომ
ყოველი ახალი მოდა ამათთვის მეტი შემაწუხებელი რამ
იყო, რადგან თავს ვერ არიდებდნენ დევნას რაოდენადმე
მაინც და ამის გამო, შევიწროებულ მდგომარეობაში
მყოფთ, მეტი სამძიმო ხარჯი მოსდიოდათ. ამიტომ
სწუხდა კიდევაც ნინო და ამიტომაც იწვევდა ამდენ
ლაპარაკს ეს საკერავისათვის დაკლებული ორი არშინი
ქსოვილი. და ამ მიუხვედრობის მიზეზი იყო, რომ სონია
არ ეშვებოდა, თავის მხრივაც ურჩევდა საყვარელ
ამხანაგს, უსათუოდ წეემატებინა დანაკლისი და
ამორჩეულ ფასონზე შეეკერა ”რუბაშკა”.

- ღმერთს ვფიცავარ, გასაოცრად დაგშვენდება!.. მაინც


კარგი ხარ, მაგრამ ამ რუბაშკაში გასაგიჟებელი რამ
იქნები, შენ ნუ მომიკვდები, ნინო ჩემო! - აღტაცებით
ეუბნებოდა სონია, ასე რომ ოლიკოს გაეცინა კიდეც და
თან წამოიძახა:

- არ გადარია ამ ჩვენმა ნინამ ეს ქამუშაძეები, ცოლიც და


ქმარიც?!.

მათათიმ ერთი უნებურად გაიღიმა, მაგრამ მაშინვე


მწყრომი სახე მიიღო და ქალიშვილს შეუტია:
- სად ისწავლე მაგნაირი ზრდილობა, შვილო? - და თავის
უკმაყოფილების დასანახავად თავი გააქნია.

მაგრამ სონიას არ სწყენია ეს, როგორც კვლავაც, როცა


ოლიკო აჯავრებდა მის დედამთილს ეკვირინეს, ბიცოლა
ეფროსინეს და ბიძია ომანს, დათიას და მთლად იმათ
კუთხის ქალებსა და კაცებს. სონია თავადაც გულიანად
იცინოდა მაშინ, თავის მხრით ელიჩკას მასალასაც
აძლევდა ამ დასაცინისათვის მეზობლების ამბების
გადმოცემით. აქ ამ ოჯახში, თავის მაგვარ
კეთილშობილებს რომ ხედავდა, ყოველ ხუმრობასაც
ადვილად იტანდა. დაცინვაც საწყენად არ ურჩებოდა ამ
თავისი ტოლებისაგან და ყოველივე ხუმრობას
სიამოვნებითაც ისმენდა. გარდა იმისა, რომ აქაურობა
იზიდავდა მას თავისი კეთილშობილური შეხედულებით,
რომ ამითი კმაყოფილდებოდა მისი წოდებრივი გრძნობა
და თავმოყვარეობა, მის თავში ისეთი აზრი ტრიალებდა
ამ ბოლო ხანებში, რომლის აღსრულებითაც იგი
სამუდამოდ დაუახლოვდებოდა ამ ოჯახსაც და
სიკვდილამდის არ განშორდებოდა თავის ძვირფასს
საყვარელს ნინოს, ეს აზრი იყო - ნინოს სარძლოდ აჩემება
და სონიამ კიდევაც ორჯერ-სამჯერ მისწერა ამაზე
დედამისს და ურჩევდა, ყოველივე ღონე ეღონათ და
ბეგლართან ამის შესახებ მოელაპარაკნათ. საქმე მით
უფრო ადვილად მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო, მისი
აზრით, რომ ბეგლარსაც გაცნობილი ჰყავდა ქალიშვილი,
როცა იგი ერთხელ დის სანახავად მოვიდა და, როგორც
მაშინ ეტყობოდა, ძლიერ მოეწონა ლამაზი ნინო. ამ აზრს
შეხაროდა სონია და მოუთმენლად მოელოდა ამის
აღსრულების დღის შესწრებას, მანამდე კი, რამდენადაც
შეეძლო, ცდილობდა განუშორებლად ყოფილიყო ამ
საყვარელ არსებასთან, რომლის სიახლოვეს ავიწყდებოდა
თავისი ღარიბი ოჯახი, თავისი დარდებიც,
თავმომაბეზრებელი მოხუცებული დედამთილიც და
ყოველივე უსიამოვნება, რაც ხვდებოდა ამ ახალ ადგილას,
სადაც მისი გულის გამხსნელს და გამაღონიერებელს
თითქმის ვერას ხედავდა ჯერჯერობით და, შეიძლება,
სრულიადაც ვერ დაენახა ვერც შემდეგში.

VIII

ზამთრდებოდა. ფოთოლგაცვივნული, გატიტვლებული


ხეები აღარ მალავდნენ, უფრო გამოაჩინეს დაბალი,
პატარ-პატარა ზოგან მერცხლის ბუდესავით ფერდებზე
მიკრულ-მიკოსებული სახლები, სახურავებიდან
ამომავალი კვამლის შავ ბურთავდადგმული.

დღითი-დღე გაღონიერებული სიცივისაგან უფრო და


უფრო იკრუნჩხებოდა, იკუმებოდა ყველაფერი, სადღაც
იპარებოდა და დამალვას ცდილობდა, გარეთ გამოხედვას
ერიდებოდა. სულიერი თბილ ბინას აღარ შორდებოდა.
სოფელი მიწყნარდა, მიილუშა, ცხოვრება თითქოს
შესწყდაო. კაცსაც ძვირად თუ დაინახავდა კაცი: ხანდახან
თუ გაივლიდა ორღობეში წვივებამდის ფეხტიტველი,
ძველებში გამოხვეული სოფლელი, ხან ურმით, ხან
ტომრით ზურგზე წისქვილისკენ მიმავალი, როცა ნამეტან
ამდგარი ტალახის გამო გზები შეიკვრებოდა
ურმისათვის.

ტყვიისფერ ცისქვეშ საცოდავად გამოიყურებოდა


სიცივისაგან შეშინებული არემარე, მყინავი, ნემსებივით
მჩხვლეტავი ცივი ქარი უსიამოვნოდ სისინებდა
გაფშიკებული ხის შტოებში.

ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მთლად მომარაგებული


საზამთრო შეშა, ახლა კიდევ შეეძლო თითო-ოროლა
გზობა მაინც მოევლო ურმით და თუ სადმე ეგულებოდა
მოსაჭრელი რამე, იჩქაროდა მოეტანა სახლში, სანამ
თოვლი სრულიად შეუკრავდა ყოველგვარ მისვლა-
მოსვლას.

ოტიამ კარგა ძალი შეშა ჩამოზიდა საიდანღაც და ჯერ ისევ


ზიდავდა. საცოდავი სანახავი იყო იგი ამ დროს -
გაწუწული, ტალახში ამოთითხნილი, ქუდის მაგივრად
ძველ ყაბალახით ყურებიანად თავშეხვეული,
სიცივისაგან აკანკალებული, სახლში რომ
შემოვარდებოდა და თბუნებას დაუწყებდა დაძრულ
ხელებს ცეცხლზე, რომელსაც დილიდან საღამომდის
უსხდნენ ორივე რძალ-დედამთილი. ცეცხლისაგან
შეხურებულ ძველ ტანისამოსს ორთქლი ასდიოდა და
ბურში გახვეული ოტია ციბრუტივით ტრიალებდა, რომ
კარგად გამშრალიყო; წვივებზე შემხმარი ტალახიც
სცილდებოდა და იქვე იყრებოდა ცეცხლის პირას მიწაზე.
სონია თვალს არიდებდა ამ დროს ქმარს, მისი
თავმომწონეობა მეტისმეტად ილახებოდა, ამ სურათს
რომ უყურებდა.

- აწი, შვილო, ხარებიც შემოიყვანე, ჩალა ჩოუყარე და


ბარემაც სადილიც ვჭამოთ... მეორე გზობას მერე იზამ... -
ეტყოდა ხოლმე ეკვირინე შვილს.

- მაცალე, მაცალე, თუ ღმერთი გწამს! ხელები წამართვა


სულ სიცივემ... გევითბობ, ძვლებს გავაგებინებ... თითებს
ვეღარ ვხმარულობ... უცნაური ქარ-ყინვაა დალოცვილი...
იმ მთებში მაინც! - მიუგებდა ოტია, რომელიც ცეცხლს
ვეღარ შორდებოდა.

მაშინ ეკვირინე თვით წამოდგებოდა, შემოიყვანდა


ხარებს სახლში, რადგან სხვა ბინის უქონლობის გამო
საქონლისათვის ბაგა აქვე ჰქონდათ მოწყობილი,
შემოათრევდა ორიოდე კონა ჩალას და თავის ხელით
ჩაუტეხავდა ხოლმე მოშივებულ პირუტყვთ საჭმელს.
მერე თავიანთ სადილს უბრუნდებოდა, რომელსაც აქვე
სჭამდნენ ცეცხლის პირას, საქონლის ჩალის ხრამუნში და
მათი ნეხვით აქოთებულ ჰაერში. რადგან უბუხრო მეორე
ოთახში ცეცხლი არ ინთებოდა, - იქ გადამეტებული
სიცივე იყო. მაგრამ სადილიც დიდხანს არ გრძელდებოდა,
- ლობიოსა და ჭადს ხანგრძლივი შექცევა არ სჭირდებოდა.

დაიწყო თოვა და რამდენიმე დღის განმავლობაში


სპეტაკმა თოვლმა მოჰფარა არემარე. სოფლისათვის რომ
შეგეხედნათ, იტყოდით, თითქოს განგებ ჩაურგავთ აქა-იქ
პაწაწინა ხის კოლოფებიო, ისე მოჩანდნენ სახლები იმ
ღრმა თოვლში. ახლა სრულიად მიწყდა ყოველივე
მოძრაობა, მისვლა-მოსვლა, შეიკრა მეზობლებშიაც
სავალი გზები. ყველანი დაიბუდნენ თავთავიანთ
სახლებში, უსხდნენ ცეცხლს და გარეთ გამოსვლას
ერიდებოდნენ. ამგვარ დატყვევებულ-დამწყვდეულ
მდგომარეობაში ჩავარდნილ სონიას სული უწუხდა;
მისთვის აუტანელი ხდებოდა ქვეყნიერებასთან ეს
დაშორება, თითქოს სადმე უდაბნოში იყო, თითქოს მის
გარშემო სხვა სულიერი არავინ ყოფილიყოს ასეთი
მოწყვეტილი და განმარტოებული ცხოვრებით,
რომელითაც იძულებული იყო ეცხოვრა. ეკლესიაში
წასვლასაც დიდის გასაჭირით ახერხებდა
სულშეწუხებული. არ დარიდებია ხანდახან გზის
სიძნელეს, ოღონდ კი ვინმე გარეშე ენახა, ვინმესთვის ხმა
გაეცა; მაგრამ აქაც მხოლოდ მამაკაცები თუ იყვნენ,
თორემ ქალები ძვირად გამოდიოდნენ.

რაკი ზამთარი დაიწყო, ნინოს ნახვის საშუალება


სრულიად დაეკარგა სონიას. ხანდახან გარეშეთაგანი თუ
შემოვიდოდა სიცივისაგან მოკრუნჩხული, ძველ
კონკებში შეფუთვნილი ეფროსინე, რომ ოტიასათვის
ეთხოვნა წისქვილში წაეღო დასაფქვავად მისი ორი-სამი
ბათმანი სიმინდი, თორემ ისხდნენ ორივე დედა-შვილი
და სონია ცეცხლის პირას, ეფიცხებოდნენ და დროს
ამოკლებდნენ ერთმანეთში თავიანთ მოგონებათა
გაზიარებით. დღეები მიიზლაზნებოდნენ, მიჰყვებოდნენ
ერთმანეთს ერთფეროვანად, განუსხვავებლად, გულის
მომკვლელ მოსაწყენისად, განსაკუთრებით მიუჩვეველ
ადამიანისათვის, რასაკვირველია. დილით ადრე ადგომა,
ცეცხლის დანთება, გასათბობად კერიასთან დაჯდომა,
ცოტა ხნის შემდეგ სადილის თავდარიგი, სადილი, იქვე,
როგორც შებინდდებოდა, ვახშმის მზადება, ვახშამი და
მაშინათვე ძილი; მეორე დღესაც იგივე, მესამესაც; ასე
ატარებდნენ კვირეებსა და თვეებსაც.

ეკვირინეც და ოტიაც კარგად ხედავდნენ, რარიგად


უჭირდა ახალგაზრდა ქალს ამგვარი ცხოვრების ატანა;
მათთვის ეს ადვილი წარმოსადგენიც იყო, რადგან იმათაც
კი, შეჩვეულებსაც, ემძიმებოდათ ამნაირი მდგომარეობა;
რამდენადაც შეეძლოთ, ცდილობდნენ გაერთოთ იგი
სხვადასხვა ამბებით სოფლის ცხოვრებიდან, მაგრამ ეს
ამბებიც მოსაწყენი ხდებოდნენ და გამართობელ
სიცხოველეს ჰკარგავდნენ ამ გულის მომკვლელ
ცხოვრებაში, მსმენელის დამძიმებულ ტვინში
შთაბეჭდილებას ვეღარ სტოვებდნენ.

ამ დაყრუებულებაში მყოფ ქამუშაძეებს, ერთ დღეს, ის


იყო სადილი რომ გაათავეს, უეცრად მოესმათ რაღაც
ყვირილი, კივილი და ხმაურობა. ყვირილის ხმა თანდათან
მატულობდა, უფრო და უფრო მკაფიოდ მოისმოდა.

ოტია მივარდა კარებთან და გაიხედა, უნდოდა გაეგო, თუ


საიდან მოდიოდა ხმა; იქვე დაყურებულნი იყვნენ რძალ-
დედამთილიც.

- ლევანისასაა ეს ხმა, ან და ომანისას! - წამოიძახა ცოტა


ხნის შემდეგ ოტიამ.
- ბავშვი თუ მოუკვდა ომანს! უსათუოდ!.. კი, კი!
უსათუოდ ასე იქნება! - წამოიძახა ეკვირინემ.

- კი, მარა შეცხადებას რომ არ ჰგავს! - თქვა ოტიამ. - რაღაც


სხვა ამბავია... უცნაური ამბავი! უყურეთ, უყურეთ!..
ყაბალახი მომე, დედა!.. წავალ ერთი, გევიგებ მაინც, რა
არის...

- გეიგე, გეიგე, შენი ჭირიმე!.. აჰა, შეიხვიე კარგად,


ყურებზე არ შეგცივდეს!.. ჩოხა შემოიხვიე კარგად,
კარგად... სიცივემ არ შემოგკრას, ცეცხლთან ნაჯდომი
ხარ!.. - მისძახოდა ეკვირინე ოტიას, რომელმაც თავზე
მოიხვია ყაბალახი, ამოიკრა ჩოხის კალთები და,
რამდენადაც ეხერხებოდა, მუხლებამდის თოვლში
აუჩქარა ზევითკენ, თავისი ბიძებისაკენ, საიდანაც ხმა
ისმოდა.
ხმაურობა სწორედ ომან ქამუშაძის შვილის გამო იყო
ატეხილი. დილიდან ცუდად შექმნილი ბავშვი,
სადილობის ხანს უკანასკნელ მდგომარეობაში ჩავარდა
და გამწარებულმა მისმა მშობელმა, სისხლმორეულმა,
უცბად დაავლო ხელი უშველებელ კეტს და ერთი
დამუქრებით და ქადილით გადავარდა იმისკენ, ვისაც
ბრალს სდებდა შვილის სიკვდილის პირზე მიყენებაში.

ეფროსინემ ბედად თვალი მოჰკრა კეტით თოვლში


მობაჯაჯგუნე თავშიშველა, თმაგაბურძგვნილ მაზლს და
მიხვდა, რომ იგი მასთან მორბოდა გაბრაზებული, მიხურა
ისევ კარი და შიგნიდან გადარაზა.

- სად დამემალები, სად? - შორიდან მიაყვირა ომანმა. -


სად გამექცევი, შე წყეულო, შე არაწმინდავ... შე კუდიანო,
უღვთო, ურჯულო, შეჩვენებულო! მოგკალი ეს-ეს არის,
ოუშვი... თავი გაანებე ბავშვს, თუ არა, ეს არის გაგათავე,
იცოდე! არ გესმის, შენ ეი!.. ეი! - საზარელი ხმით შეჰყვირა
გამხეცებულმა კაცმა სახლთან რომ მივიდა და, რაც ღონე
ჰქონდა, კარებს დაუშინა კეტი. - ურჯულო!.. ურჯულო!
ოუშვი-მეთქი, ნუ მიკლავ შვილს, ნუ მიკლავ შვილს,
მითქვამს შენთვის! თავი გაანებე, თვარა ეს არის
გაგაცხებინე სული!.. ეი, ეი! მალე, მალე, მალე! - და ამ
თავზარდამცემ ღრიალთან იგი ისევ უმოწყალოდ სცემდა
კეტს, რომ ჩაემტვრია კარები და ხელში ეგდო მისი
გამამწარებელი დედაკაცი.

შიგნიდან არავითარი ხმა არ ისმოდა, თითქოს სახლში


არავინ იყოო. ომანი ისევ ღრიალებდა უცნაური ხმით,
ისევ ცდილობდა კარების ჩამტვრევას. მოირბინა მისმა
ორმა ქალიშვილმაც და მამასთან ერთად ახლა ესენიც
გაჰკიოდნენ კარებთან და უყვიროდნენ ეფროსინეს, რომ
მომაკვდავი ბავშვი აეშვა და სიცოცხლე დაებრუნებინა
მისთვის.

ხმაურობაზე მოირბინა ორიოდე გლეხმაც, რომელნიც


შეეცადნენ ომანის დაწყნარებას, მაგრამ ვერაფერი
გააწყვეს ვერც კაცთან და ვერც ქალებთან.

- მოითმინე, ომან, მოითმინე ღვთის გულისათვის! -


ეხვეწებოდნენ და აწყნარებდნენ გააფთრებულ ომანს
გლეხები.

- გარეთ გამოეთრეს მაგ კუდიანი! თვალით დამენახოს


მაგ ურჯულო, თვალით დამენახოს!

- ოუშვას, ოუშვას, კოწია ოუშვას!.. ნუ კლავს! -


ჰყვიროდნენ ქალიშვილები.

- რა ვუქენით საამისო მაგ არაწმინდას, ასე კბილი რომ


ჩაასვა საწყალ ბავშვს?!. ლაპარაკი ვის არ მოსვლია
მეზობლობაში?! მოვკლავ, მოვკლავ, ამ წუთში მოვკლავ,
ჩემს ცოდვაში ფეხს ნუ იდგამს!.. სად მემალება? სად
მემალება მაგ დაწყევლილი, სად?.. სად?.. სა-ა-ად?! - და
ომანმა ისევ დაუშინა კეტი კარებს, ისე რომ ფიცრების
ნატკეჩები აქეთ-იქით იფინებოდა.

ამ დროს ოტიამაც მოასწრო. რა თვალი მოჰკრა, რაც


ლევანის კარებთან ხდებოდა, იგი გამოიქცა, რამდენადაც
შეიძლო გამოჩქარება თოვლში, მოვარდა გადმოხურულში
და ბიძას მიაძახა მწყრალად:

- რა ამბავია?! რას შვრებით ამას, ხომ არ გადარეულხარ,


ხომ არ გაგიჟებულხართ, მითხარით ერთი?.. - მისწი-
მოსწია ქალიშვილები და მიეფარა კარებს.

- იქით!.. იქით!.. ჩამომეცალე! - შეჰყვირა ომანმა. - იქით,


თვარა შენც მიგაჭყლეტ მანდვე... გამეცალე!.. მითქვამს
შენთვის!

- სად გაგეცალო?.. ადამიანს მოკვლას უპირობ და


გაგეცალო?..

- თავი გამანებე-მეთქი!.. თავი, თავი!

მაგრამ ოტია ეცა ხელში და კეტის წართმევა მოინდომა.


მაშინ ქალიშვილები მიაფრინდნენ მას; რამდენიმე გლეხი
ჩაერია ამათში და მოინდომეს ომანის დახელცარიელება.
შეიქმნა ერთი ყვირილი, ჯიგლიგი.

- ეფროსინე, ეფროსინე! - მივიდა კარებთან მოხუცებული


გლეხი. - გამოიხედე ერთი... ერთი სიტყვა მაინც თქვი,
დალოცვილო, კაცი დაამშვიდო ეგებ! არ გესმის?! ნუ
გეშინია, აგერ ვართ ამდენი ხალხი!..
რამდენიმე განმეორების შემდეგ, რომლის განმავლობაში
დანარჩენები ისევ ომანთან ჯიგლიგში იყვნენ, კარი
გაიღო და გამოჩნდა მიწისფერ გადაკრული ეფროსინე.

- რა გინდათ?! - გადმოიძახა ერთი წელში გამართულმა,


დოინჯშემოყრილმა ლევანმა. - რა გინდათ?! - შეუყვირა
წყრომით და, მეტის ჯავრისაგან ათრთოლებული,
სიტყვას რომ ვეღარ ახერხებდა, შერჩა ერთ ადგილას
გაქვავებულივით.

- გამიშვით! - დაიღრიალა ომანმა. - გამიშვით,


დამალევიეთ მაგის სისხლი... მაგისი!.. ნუ მიკლავ, შე
არაწმინდავ, შვილს, ნუ, ნუ, არ გესმის, შე უღვთო?! ა,
არა?! - მიაყვირა მებრძოლმა ომანმა, რომელსაც ვერას
გზით ვერ მოუხერხეს ხელიდან კეტის გამოგლეჯა.
ქალიშვილებმაც მოინდომეს კარებისაკენ გაწევა, რომ
სცემოდნენ ეფროსინეს, მაგრამ ორმა გლეხმა გზა
გადუღობა მათ, აღარ მიუშვეს და ისინი შორიდან
ქაქანებდნენ.

- გაანებე თავი, ეფროსინე... თუ მართლა შენგან არის,


შენი მიზეზითაა ის ბავშვი, მიუტოვე, აპატიე, ნუ ჩადგამ
ფეხს ცოდვაში... რაც არ უნდა იყვეს, თქვენი სისხლ-
ხორცია მაინც!.. - მიმართა მოხუცებულმა გლეხმა.

- მომკალით, მომკალით ახლავე!.. - შეჰყვირა ეფროსინემ.

- გაანთავისუფლე!.. იმხელა ოჯახს ორი ვაჟის მეტი არ


ჰყავს!.. მუშა ხელს ნუ მოაკლებ, ეფროსინე!.. თუ
შენითაა... ოუშვი!

- ოუშვი, ეფროსინე, თუ რამე შენგანაა! ნუ შვრები მაგას! -


მიაძახა კიდევ ერთმა-ორმა გლეხმა.
ეფროსინემ გადმოაბიჯა ზღურბლზე, აღაპყრო ხელები
მაღლა ზეცისკენ და გამწარებით შესძასა:

- შენ მოჰკითხე, შენ მოჰკითხე, ჩემო გამჩენო, პასუხი, შენ


მოჰკითხე პასუხი, ვინც მე ათასნაირ უბედურებასა და
უცნაურობას მახვევდეს და მიგონებდეს, შენ მოჰკითხე!..

ღაღადი არ გაეთავებინა მას, რომ ეზოში ღობიდან


გადმოხტა პატარა გოგო, რომელიც თოვლში ეფლობოდა
და თან გაჰკიოდა:

- მამა, კოწია მოკვდა, კოწია მოკვდა... მამა! მოკვდა


კოწია!..

ამის გაგონებაზე ერთი წუთით ყოველივე მიწყნარდა,


მიყუჩდა.
- მოკვდა კოწია, მამა! - წამოიძახა თოვლიდან
წამომდგარმა გოგომ. ქალიშვილებმა ერთი უცნაური
ხმით შეჰკივლეს და ომანიც შეინძრა ისეთი ღონით, რომ
ყველანი აქეთ-იქით მიჰყარ-მოჰყარა და ეფროსინესკენ
ისკუპა.

ამ უკანასკნელმა გაქცევა დააპირა, შევარდა თოვლში,


მაგრამ ცალკე თოვლი არ უშვებდა, ცალკე კაბაც ეხვეოდა
ფეხებში; ათიოდე ნაბიჯი კი მოასწრო გადაედგა, რომ
იქვე ჩაიკეცა, წაიქცა, და ამავე დროს მიწეულ
გაბოროტებულ, გააფთრებულ ომანისგან მოქნეული
კეტი მარჯვენა ბეჭზე მძიმედ დაეშვა. ერთი კი შესწივლა
საცოდავმა და თავი ჩაჰყო თოვლში.

- მოჰკლა, მოჰკლა! - ერთხმად წამოიკივლეს ეკვირინემ


და სონიამ, რომელთაც გულმა ვეღარ მოუთმინათ ოტიას
დაბრუნებამდის ამბის გაუგებლობა, ხმაურობას
ამოჰყვნენ და ის იყო ლევანის ეზოში შემოვიდნენ.

ომანმა კიდევ მოიქნია კეტი, უნდოდა მეორედ დაერტყა


გრძნობამიხდილი მოხუცებულისათვის და კიდევაც
უსათუოდ იქვე გაათავებდა, რომ ისევ ოტიას არ
ემარჯვნა და ხელებში არ სცემოდა ბიძას და ორი გლეხის
დახმარებით არ წაერთმია კეტი მისთვის.

ახლა ომანმა დაიწყო ყვირილი და გინება უშვერი


სიტყვებით; ისევ იმუქრებოდა და თან სტიროდა შვილს
ცხარე ცრემლებით; ქალიშვილები ქაქანით და მოთქმით
გაემართნენ ეზოდან. ცოცხალმკვდარი ეფროსინე
ამოიღეს თოვლიდან და წაიღეს სახლისაკენ.

- ომან, სულის წაწყმენდა მოინდომე?! ღმერთის აღარ


გეშინია?! - მივიდა ომანთან ეკვირინე.
- საწყალი ბიცოლა! - ტირილში ამოსკდა გულიდან
სონიას.

- მაგია საწყალი, მაგ შეჩვენებული?! - დაიყვირა ომანმა. -


მაგია საწყალი?! ოჰმე, ოჰმე... ცოცხალია კიდევ? ვერ
მოვკალი, ვერა? მაგ უნდა შეიბრალოს ქრისტიანმა?! რა
მიქნა, რა მიქნა?! ვაიმე, შვილო, შვილო, შენი ჭირიმე! შენ
რა აწყენიე, შე უბედურო, შენგნით რა შეხვდა, რომ ასე
მოგისპო დღე!.. წამოდი, წამოდი, შენი ჭირიმე... რა შვილს
გამომათხოვა, რა საიმედო შვილს გამაშორა მაგ
ურჯულომ, მაგან!.. სად წამივა, რითი გადამირჩება, სით
აპირობს გაქცევას, სით?! - მან მოჰკიდა ხელი სონიას და
გასწია თავისი სახლისკენ.

შესაბრალისი შესახედავი იყო ეს მართლა დათვის


მსგავსი უშველებელი კაცი, ბავშვივით რომ ღრიალებდა
და მოსთქვამდა. სონია მორჩილად მიჰყვებოდა; უკან
ეკვირინეც მისდევდა და რამდენიმე გლეხთაგანიც. ოტია
და ორიოდე სხვა ეფროსინესთან დარჩნენ.

ომანის სახლიდან ერთი ღრიალი მოისმოდა. ამათ


მისვლაზე ღრიალმა უფრო იმატა.

ცეცხლის პირას სკამ-ლოგინზე მდებარე ახლად


მიცვალებულ ათი-თორმეტი წლის ბავშვს გარს
შემოსეოდნენ დედა და დები და გულშემზარი ხმით
დაჰკიოდნენ და დასწიოდნენ თავზე. ამათ ზრიალს
ახლად მოსულების ტირილიც შეემატა.

- ადექი, ადექი, შვილო!.. შენი ჯერეთ გაუცნობელი რძალი


მოგივიდა, ხმა გეეცი, შე უბედურო! ხმა გეეცი, შვილო!..
ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, აღარაფერი ესმის, აღარაფერი! -
შეჰყვირა გამწარებულმა დედამ და თავს ურტყამდა
გაცივებულ გვამს.

სონიამაც და ეკვირინემაც მიუტირეს ჭირისუფალთ, ცოტა


ხანს დარჩნენ და შინისკენ გაბრუნდნენ. გზაში კიდევ
კარგა ხანს ესმოდათ ტირილის ხმა.

- რა საცოდავად ყოფილა, ბეჩა, ეს უბედური ომანი! -


მისდა უნებურად წამოიძახა სონიამ.

- საცოდავად არიან, აბა!.. მარა მაინც არ წყნარდებიან,


ყოველთვის ერთს შფოთსა და უბედურებაში არიან.
ვერაფერმა ვერ დაამშვიდა... ვერც სიღარიბემ და ვერც
სიღატაკემ. ისევ ეგებ სიმდიდრეში შველებოდათ რამე,
მარა მდიდარი არც წინათ ყოფილან და აწი რაღა
უბედურობამ უნდა გაამდიდროს!..

ეს დაცინვასავით ნათქვამი ეკვირინესაგან უსიამოვნოდ


მოხვდა სონიას გულზე და ლაპარაკი ეფროსინეზე
გადაიტანა.

- ამ უბედურ ბიცოლა ეფროსინეს რაღას ერჩოდნენ, მისი


რა ბრალია, საწყლის? რა შეუძლია საცოდავს, რომ მისით
ან მოკვდეს ან გაცოცხლდეს ადამიანი!.. ღმერთო ჩემო, ეს
უგუნურობაა, მეტი არაფერი! - თქვა გულაჩვილებულმა
სონიამ.

- ვინ იცის, შვილო, ვინ იცის!.. რავარც კი არ გითხარი,


ათასნაირ უბედურებას სწამებენ მაგ შავდღეზე გაჩენილს
და მაგ კერპი, გაუტეხელი, მაინც არაფერს არ ერიდება და
არ იშლის... მაინც მკითხაობს, რაღაც წამლებს არიგებს.
ვის რას არ ელაპარაკება, რითი არ აშინებს ზოგიერთებს.
შეიძლება ყველაფერი ტყუილიც იყოს, განგებ
სჩადიოდეს, რომ ხან რამე იშოვოს, ხან ვინმე შეაშინოს და
მორიდებაში იყოლიოს. საწყენი მისთვის ვერავის
გაუბედნია... შეიძლება ასედაც იყოს, მარა მთლად
სოფელს ასე აქვს ჩაგონებული მაგისი ამბავი, რომ
ვეღარავის ათქმევინებ, თუ ყველაფერი, რასაც კი მაგაზე
ამბობენ, მართალი არაა... თავისთავს დააბრალოს... ხომ
ნახე, რა დღე დააყენეს? ყველაფერი თავისთავს
დააბრალოს! შენ კარგად მყავდე და მაგათ თავი
უტეხიათ, ერთმანეთიც ამოუწყვეტიათ... წყდებიან ხომ
მაინც! ღმერთო, ნუ მიწყენ და იმ ბავშვის სიკვდილი,
კაცმა რომ თქვას, მადლიცაა - რა ცხოვრება მოელოდა
საწყალს, რომ გაზრდილიყო... იმდენ სულში, რაც იმ
ოჯახშია, რა უნდა რგებოდა მას, რა შეხვდებოდა
საწილოში? მადლიცაა, ცხონდა ჩემი სული, მადლიცაა,
რომ ასე უმანკოდ გაშორდა ამ სოფელს - სასუფეველი
მაინც არ დაეკარგება მის ანგელოზად წასულ სულს,
თვარა, რომ დაცლოდა და გაზრდილიყო, ვინ იცის, რა
გზას დაადგებოდა... სიღარიბე და შიმშილი კუჭს
გოუხურებდა... ცოტაა ამის მაგალითი ახლა ჩვენში?!
სონია, რომელიც ძლივს ადგამდა ფეხს თოვლში და
სიცივისაგან კანკალებდა, ეკვირინეს ამგვარმა ლაპარაკმა
სრულიად მოღალა, მოქანცა და განძრევის ღონე წაართვა;
გულდაღონებულმა სიარული ვეღარ შეიძლო და ბოლოს
კიდევაც შედგა და ერთი ღრმად ამოისუნთქა... ამ
მოხუცებული ქალის წინდაუხედავი ლაპარაკი, მისგან ამ
ბოლოს ნათქვამი ახალგაზრდა ქალს საკუთარ
მდგომარეობას აგონებდა და მისი შეხედულებით, მისი
დაკვირვებით ეს მდგომარეობა ბევრით ვერაფრით
განირჩეოდა სხვების მდგომარეობისაგან, რომელზედაც
ისე უყვარდა შებრალებით ლაპარაკი ეკვირინეს. სონია
თავისთავს ხედავდა იმნაირსავე ყოფაში, რანაირშიც,
ეკვირინეს სიტყვით, მისი ქმრის ნათესავები და
მეზობლები იყვნენ; თავზარდაცემული, შიშშეპყრობილი
სონია განძრევასაც ვეღარ ახერხებდა; გონება
ეკარგებოდა, სიცივისაგან სხეული უცახცახებდა და
გული უწუხდა უნუგეშო მომავლის წარმოდგენით.
ამგვარ ყოფაში მოუსვენრად იმეორებდა:

”აბა რაღა ვქნა?! რაღა ვქნა?! რაღა ვქნათ, ღმერთო,


ღმერთო!..” - მას სრულიად მოესპო განძრევის ღონე.

- გამოიარე, გამოიარე, შენ გენაცვალე!.. გამოიარე, ნუღა


შეჩერდები, თვარა ეს სიცივე უარესად შეგაწუხებს...
უიმე, რავა კანკალობ, შენი ჭირი შემეყაროს! მოერიე თავს
და მალე თბილ ცეცხლთან ისევ გამობრუნდები... ნეტავი
სულაც არ წამომეყვანე... კისერი უტეხიათ მაგათ - შენ რა
გასარევი ხარ მაგათში, რომ მათი ამბავით თავი
შეიწუხო!.. ა, შენ დეიბიჯგე ეს ჯოხი, გზას
გაგიადვილებს... ა, შენი ჭირიმე! - და ეკვირინემ, ხელში
რომ გრძელი ჯოხი ჰქონდა, სონიას გადასცა.

სითბომ, ცეცხლმა სიცივე დაავიწყებინა სონიას,


მართალია, მაგრამ წარსული და გაგონილი ზედ
დაერთვნენ წინანდელ განაგონს, ნანახ უხალისო
სურათებს და ამ კარჩაკეტილი სოფლის ზამთრულ
ცხოვრებაში მუდამ მის გონებას ეხვეოდნენ, მასთან
განუშორებლად იყვნენ, ესეოდნენ და თითქოს მისი ჟინი
სჭირდათო, უცნაურად იშლებოდნენ, იმგვარად
უხატავდნენ ყველაფერს, რაც მის გარშემო იყო, რომ
მათგან დაჩაგრულს, გული უკვდებოდა და სული
ეხუთებოდა. მასში იღვიძებდა შიში აქაური ცხოვრების
წინაშე, და ყოველსავე ამას ხელს უწყობდა ეს მოსაწყენი,
დამტანჯველი, სოფლის კაცისათვის დამატყვევებელი,
კარის ჩამკეტავი, ქვეყანას გამაშორებელი სოფლის
ზამთარი, რომელიც არა თუ სონიას, შეჩვეულ ეკვირინეს
და ოტიასთვისაც მძიმე ასატანი ხდებოდა, და რომლის
მალე დათავებას თავმობეზრებულნი, ცეცხლის პირას
გდებულნი, დღე მუდამ ღმერთს შესთხოვდნენ.
IX

როგორც იქნა დასასრული მიეცა სულის შემხუთველ


ზამთარსაც. გაზაფხულის დღეებიდანვე შემთბარ
ბუნებასთან ერთად იღვიძებდა, სიცოცხლეს
უბრუნდებოდა ყოველივე სულდგმული, წელში
იმართებოდა ტყევეობისაგან განთავისუფლებული და
მხიარულად გამოიყურებოდა. განახლებული ბუნება
იმოსებოდა, ირთვებოდა და იკაზმებოდა; მაყურებელს
გულს უხალისებდა; განოყიერებული მიწა, მზის თბილი
სხივების ქვეშ შემშრალი, სამუშაოდ იწვევდა ადამიანს
და გულს უვსებდა მომავალი შესაძენის ათასნაიარი
იმედით. ეს საერთო გამოფხიზლება, გაფურჩქვნა, სითბო,
სინაზე, ატეხილი ჟრიამული ფრინველთა, მათი ჭიკჭიკი,
ეს საყოველთაო სიმხიარულე და ხალისიანობა ადამიანის
გულსაც ახალისებდა, იერთებდა მას, ამას წინათ ტყვედ
ყოფილს, და თითქოს რაღაცას ჰპირდებოდა მომავალში,
ამხნევებდა, თითქოს უკეთეს მომავალს უქადიდა.

გულშეღონიერებული მუშა, შეხალისებული ამ იმედით,


სამუშევრისკენ მიეშურებოდა - დროით დაეხნა და
დაეთესა.

ოტიამაც გაიტანა ყანაში თავისი სახნისი. დილა ადრიანად


იგი მისდევდა უკან ხარებს და აღარაფერი ახსოვდა რა ამ
თავისი საქმის გარდა, ისე გულმოდგინედ მუშაობდა.
მიწა რბილი იყო, კარგად იხვნებოდა, სახნისი თითქოს
დასცურავდა მიწაში, მისრიალებდა და ფშვნიდა მიწას.
ოტიას თითქმის ენანებოდა, როცა შემოსწრებული საღამო
იძულებულს ხდიდა მუშაობა შეეწყვიტა და გადაედო
დილამდის. დაღლილი, დაქანცული, ოფლში გაწურული,
ამ დაღალვას მხოლოდ მაშინ გრძნობდა, როცა სახლში
ბრუნდებოდა, სადაც მას ელოდებოდა ადრიანი ვახშამი -
ცხელი ჭადი და ამოლესილი ლობიო, ხშირად უმწვანილო,
რადგან ბოსტანი ის იყო ითესებოდა მხოლოდ, და
ვახშმის შემდეგ იქვე ძილი, რომ დილით გათენებამდის
ამდგარიყო და განეგრძო თავისი შეწყვეტილი მუშაობა.

მუშაობდა ოტია სწორედ თავდაუზოგავად. სხვებსავით


მისი გულიც მხოლოდ იმედით იყო სავსე. მუშა იგი
წინათაც კარგი იყო, დაუზარებელი, მაგრამ ახლა
აორკეცებდა თავის გამრჯელობას, რადგან თვითონ
ხედავდა, რომ ახლა მეტი ეჭირვებოდა, მეტი
მოთხოვნილება ემატებოდა. მას იმედიც ჰქონდა, რომ
გაუძღვებოდა ამ შემატებულ საჭიროებას თავისი
დაუზარებლობითა და ხელშეუშვებელი მუშაობა-
მუყაითობით.

გარემოება ითხოვდა მეტის შეძენას და ოტია ამას ეძებდა


მიწაში; ამიტომაც რაც ძალა და ღონე ჰქონდა აწვებოდა
სახნისს, რომ ღრმად გადმოებრუნებინა მიწა და ამოეღო
იქიდან თავისი საკეთილდღეო. იმედით სავსე გულიდან
ამომავალი ხმით დაღლილ ხარებს ამხნევებდა მაღალი
შეძახილით ”ხი-ხი-ხიო! გასწი, გასწი!..” ეს მისი ძახილი
გადაღმა გადადიოდა და უერთდებოდა მის მეზობლად,
მისგვარადვე მომუშავე აზნაურთა და გლეხთა
ამგვარსავე შეძახილებს. ამ დროს მას ყველაფერი
დავიწყებული ჰქონდა: თავისი წოდებაც,
გვარიშვილობაც, სიამაყეც - იგი იყო მუშა, გულმოდგინე,
თავდაუზოგველი მუშა.

და სწორედ ამგვარ მუშაობაში იყო გართული, - სვრელი


გაიტანა, ღონივრად ამოჰგლიჯა სახნისი მიწიდან, ხარები
შემოაბრუნა და მძიმე ხე შემოატრიალა, რომ უკან
გამობრუნებულიყო, - როცა ამ დროს ხმა მოესმა: ვიღაც
ეძახდა. ოტიამ არ შეაჩერა მუშაობა და მხოლოდ თვალი
ქნა იქით, საიდანაც დედამისის ხმა ისმოდა. მაგრამ როცა
ეკვირინესთან ერთად სონიაც დაინახა, იგი შეჩერდა ცოტა
ხნით. მას შერცხვა, რომ ამ სახით უნდა ჩვენებოდა თავის
ცოლს.

- ოუშვი, ოუშვი, შვილო, ხარები და სადილი ჭამე, -


მიაძახა ეკვირინემ ხის ქვეშიდან, სადაც პაწია მოლზე მას
კალათი ედგა, რომელშიაც ჩაწყობილი იყო სადილი. - არ
გესმის?.. ოუშვი, ჰო!.. დაჯექი, შვილო! - მიუბრუნდა ახლა
იგი რძალს. - ახლავე მოვა... გეყოფა, შვილო ოტია!

- ახლავე, ახლავე! - მიუგო ოტიამ, რომელმაც ისევ


განაგრძო მუშაობა, მიიტანა სვრელი ბოლომდის, ახსნა
ხარები, მირეკა ისინი ეკლიან ბურდამდის და მხოლოდ
მაშინ წამოვიდა ქალებისაკენ.

- შენ რამ ჩამოგიყვანა?! - ღიმილით უთხრა მან ცოლს,


რომლის მიშტერებული თვალების ქვეშ უხერხულად
გრძნობდა თავისთავს; ოტიას სცხვენოდა, რომ სონია
ხედავდა მას პერანგისა და მისი ამხანაგის ამარა, რომ
ტიტველი წვივებით ტალახივით აზელილი მიწით
შეთითხნილს, ხელებმოსვრილს.

- ჩამოვყევი დედას, - მიუგო სონიამ. მის ხმაში რაღაც


გულდაწყვეტილობა შეიმჩნეოდა.

- ჩამოვიდა!.. რა საკითხავია... ცოლი აბა არ ინახულებს


ქმარს, რომლის წყალობითაც შემოდის ყოველი
ნამუშევარი ოჯახში?! რა საკითხავია ეგ?.. დაჯექი,
დაჯექი, შვილო... საჭმელს ნუ გააცივებ... ჩვენც შენთან
ვჭამთ, ჯერ არც ჩვენ გვისადილნია... იამება აქ შენთან,
ყანაში, სადილი-მეთქი და იმიტომ აღარ ვაჭამე შინ.

ოტიამ წაიბანა ხელი და, მოშივებული, დიდი ნატეხებით


გლეჯდა თბილ ჭადს, ამოუსვამდა ლობიოს, მადიანად
იდებდა პირში დიდ ლუკმას და, მოწყურებული, სცლიდა
სტაქანს სტაქანზე წყალმაჭარას. სონია მისჩერებოდა მას
და ცოტ-ცოტას ჭამდა.

- რატომ არ ჭამ? - მიმართა ოტიამ ცოლს, რაკი შეამჩნია


რომ იგი უგუნებოდ ეკიდებოდა სადილს. - ჭამე, შე ქალო,
არ გშია თუ?

- ვჭამ... რაც შემიძლია. - მიუგო სონიამ.

- სულ არ იცის ჭამა! - წამოიძახა ეკვირინემ, - არ ვიცი, რა


მოვუხერხო!.. ჯავრი მკლავს, სხვა არაფერი; რომ
გამიხდეს და გამხდარი ნახონ დედამ და ძმამ, რას
იტყვიან? რას არ იტყვიან, რას! ჭამე, შენი ჭირიმე, ნუ
ჩაგვაგდებ სირცხვილში. ასე ეგონებათ, ვერაფერი ვერ
უშოვეს, რომ ეჭმიათო! ეგებ ეს არ გიამება და აბა მითხარი
და შენს საამურს გაგიკეთებ... ოღონდ კი ერთი დაგინახო
მადა მოსული, სხვა არაფერი მინდა... მე მეგონა, აქ უფრო
შეხალისდებოდი, უფრო გამხიარულდებოდი და მადაც
გაგეღვიძებოდა, შენ კი... ე! აღარ ვიცი, რა ვიფიქრო! ამას
თუ აღარ ჭამს კაცი ამ მწვანეზე, ყანაში, აღარ ვიცი! ასე
რომ მგონებოდა, აღარც კი გამოგარონიებდი ამხელა გზას.
ეგებ მართლა გზამ დაგღალა და დაგიკარგა მადა? ასე
მგონებოდა, ღმერთმანი, არც კი წამოგიყვანდი...
გავახალისებ-თქვა, ვიფიქრე!

გამახალისებელი ვერაფერი დაინახა სონიამ და სწორედ


ამის გამო მადაც დაკარგული ჰქონდა და
გულმოხარშული იჯდა. გამახალისებელს რას ხედავდა?
როგორც იგი თავისი თვალით ხედავდა, ამ წამში, ამ
ხანად, მისი ქმარი, სახელად ოტია, გვარად ქამუშაძე,
წოდებით აზნაური, იყო ნამდვილი გლეხი, მუშა გლეხი,
ყოველი მხრივ ისეთივე გლეხი, როგორც აი გადაღმა
ყანაში მომუშავე მათი მეზობელი პეტრია დინარაძე,
სრული მისი მსგავსი, გარდა იმისა, რომ აზნაურიშვილად
იწოდებოდა, აზნაურობისათვის სასაცილო ხასიათი
ეძლეოდა და თითქმის უფრო ამცირებდა ოტიას ამ
გარემოებაში. ამას ხედავდა, ამას გრძნობდა სონია და
შელახული მისი თავმოყვარეობა უცნაურად ამუშავებდა
მის გონებას. პირველ დღიდანვე, რაც მან ფეხი შემოდგა
ამ ოჯახში, ამჩნევდა ამას იგი, მერე თანდათან უფრო
რწმუნდებოდა ამაში, რაც უფრო აკვირდებოდა, და დღეს
კი, დღეს იგი უფრო თვალსაჩინოდ ხედავდა, რა
გარემოებაშიც იყო ჩავარდნილი, ვისთან შეჰყარა ბედმა.
თავს დაჩაგრულად გრძნობდა და თავის თანდათან
გაღვიძებულ თავმოყვარეობას - შელახულად.
გულნატკენს ცრემლები ყელში ებჯინებოდა.

გულმოკლული, დაღონებული, გარეტიანებული


დაბრუნდა სონია სახლში და თვალწინ მოუშორებლად
ედგა მისი ქმარი - გლეხი, ყაზახი გარეგნობით,
შეხედულებით, საქციელით, მოქმედებით და შეძლებით...
შეძლებითაც.

ეს უკანასკნელი გარემოება დღითი-დღე უფრო


თვალსაჩინო ხდებოდა მისთვის. და თუ ქმრის გარეგნობა
თავმოყვარეობას უჩაგრავდა, მისი სიღარიბე კი შიშის
ზარსა სცემდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა, ყოველ
ნუგეშს უკარგავდა და თითქოს ჩასჩიჩინებდა, რომ თუ
მდგომარეობა ამ მხრივ არ გამოიცვალა, უბედურების
მეტი არა მოგველის რაო მომავალში. ამგვარმა
მდგომარეობამ გასაოცრად იმოქმედა ყმაწვილ ქალზე,
გასაკვირლად გამოაფხიზლა მისი გონება,
დაკვირვებულად შეახედვინა მომავლისათვის,
გაათვალისწინებინა საწინაო, და აქამდე მოსვენებული
სონია მოუსვენრად შეიქნა და თითქმის მებრძოლ
ადამიანად გახადა თავის აწმყოსთან.

სონიას გულს უწყალავდა და თანაც აშინებდა ის


მომავალი, რომელიც თვალწინ ეხატებოდა. გაჩუმება აღარ
შეიძლებოდა. მისი აზრით, მას ხმა უნდა ამოეღო და
ქმრისათვის დაენახვებინა თავიანთი მდგომარეობა,
თუკი იგი თავად ვერ ხედავდა. ეს უსათუოდ საჭირო იყო
მათი მომავალი კეთილდღეობისათვის.

სონიამ შეარჩია ისეთი დრო, როცა თავის მდგომარეობით


კმაყოფილი ეკვირინე სხვაგან იყო წასული და არ
შეუშლიდა ქმართან მოლაპარაკებას. მან გადასწყვიტა,
მოელაპარაკნა ოტიასთან, ეთქვა მისთვის, რომ ეზრუნა
მათი ცხოვრების გაუმჯობესების საჭიროებისათვის, მათი
პატიოსნების დაცვისათვის; მიეღო ყოველივე ღონე, რომ
მათი შვილი ყაზახად არ გაზრდილიყო, სამარცხვინოდ არ
ჰქონებოდა მიკერებული აზნაურიშვილობის
სახელწოდება, აეცილებინა მისთვის გაჭირვება,
უკიდურესი გაჭირვება, რომელიც მას უსათუოდ
მოელოდა. მერე ეს საზრუნავები - ერთი ეყოლებათ, ორი
ან სამი...

სონია გაცხარებით ელაპარაკებოდა ამას და ეკითხებოდა


ქმარს, რას აპირებ, რა აზრს ადგიხარო, რა ღონეს იღონებო.

- ჰო, ჰო, რას აპირობ, რას?.. რას უპირობ ამას, აგერ რომ
შემოგვემატება?..

ოტიას უხაროდა იმის გაგონება, რომ მალე მამა


შევიქნებიო, რომ შვილს დავინახავო, მაგრამ
სიამოვნების, სიხარულის ღიმილი მოუსპო ცოლის
სიტყვებმა.

- ჰო, რას უპირობ?

- რას უნდა ვუპირობდე, შე ქალო! - მიუგო მან წყნარად -


შენ თვითონ ვერ ატყობ, რომ ის, რაზედაც ახლა
ვდგევართ, ჩვენთვის ვერაა სამყოფი? ვერ ატყობ?

- ვატყობ... რავა არ ვატყობ! - წაილაპარაკა


დამნაშავესავით ოტიამ.

- “ჰოდა, ვინც ჩვენ მოგვყვება, იმათ რა ცეცხლში უპირობ


ჩაგდებას? მე შენ გეკითხები და, ოტია, პასუხი უნდა
მომცე ამაზე!”

- არ ვმუშაობ თუ? რომ ვხედავ ყველაფერს, იმიტომ თავს


არ ვიზოგავ... თავს აღარ ვიბრალებ... ასე არაა, შენ თავად
არ ხედავ ამას, სონია?!

ეს ისეთი უწყინარი და გრძნობიერი კილოთი თქვა ოტიამ,


რომ სონიას უფრო აუდუღდა გული. რასაკვირველია, იგი
ხედავდა ოტიას მეცადინეობას, ამჩნევდა, რომ ეს კაცი
მიხვედრილია თავის მდგომარეობას, ხედავდა, რომ იგი
მართლა თავს არ იზოგავდა, არავითარ მუშაობას არ
ერიდებოდა, ოღონდ კი შეეძინა რამ, ხედავდა მის
სინდისიანობას და კაცობას და როცა ყოველი ამის
მიუხედავად, არა ემატებოდათ რა ოჯახში, თუ არ
აკლდებოდათ, მით უფრო აშინებდა მომავალი, მით
უფრო აწუხებდა მომავლის წარმოდგენა. აი ახლაც
ამგვარად იმოქმედეს ოტიას სიტყვებმა მასზე - ოტია
თითქოს უნდა დარწმუნებულიყო, რომ ამ ნიადაგზე
მათი კეთილდღეობა შეუძლებელი და მოუხერხებელი
რამ იყო.

- კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ, თავს შევაკლავ! -


გაიმეორა ოტიამ იმავე კილოთი. - უფრო ვეცდები კიდევ!

- რას ეცდები, ოტია? რას შეაკლავ თავს? მაგით რომ


არაფერი გამოდის?!
- აბა, სხვა რა ვქნა, შენ გენაცვალე! შენ მითხარი, მირჩიე...
მიმახვედრე და ისე გევირჯები, ისე მოვიქცევი, მირჩიე!

- მე რა გირჩიო? მე რა გირჩიო, ღმერთო ჩემო! - წამოიძახა


სონიამ და გულადუღებული იქვე ჩაიკეცა, უღონოდ ჩადო
მუხლებში თავი და ტირილი დაიწყო.

პირველ წამში ოტია სახტად დარჩა სონიას ასეთი


მოქცევით; შემდეგ გონებადაბნეული მივიდა მასთან,
მიუჯდა გვერდით, მოხვია მარჯვენა ხელი, მარცხენათი
კი ხელში მოჰკიდა და სიყვარულით სავსე სიტყვებით
დაუწყო ხვეწნა, დამშვიდდიო, გული გაიმაგრეო, აღარ
იფიქრო ამგვარებზეო; ჰპირდებოდა, ყოველ ღონეს
ვიღონებ და საშველ გზას გამოვნახავო, - გამოვაკეთებ
ჩვენს მდგომარეობასო.

- ოღონდ შენ ნუ მოიქცევი აგრე... შენ ნუ შემახედვიებ,


რომ სატირლად გაქვს ჩემს ოჯახში ფეხის შემოდგმა,
ჩემთან ცხოვრება... ყველაფერს ვცდი... ყველაფერს
ვიღონებ... თავს გევიტეხავ და საცხა იქნება, მოვნახავ
სახეირო გზას... რაც რომ დამემართოს... ოღონდ შენ ნუ
წუხარ... ჯერჯერობით მაცალე, მადროვე კი... შენი ჭირიმე.
ჩემო სონია, ჩემო! მართალია, ღარიბი კაცი ვარ...
მოტყუებული დარჩი ჩემით... მაგრამ ენდვე ჩემს კაცობას,
ჩემს პატიოსნებას... რითაც იქნება, კი მოვნახავ გზას
უკეთეს ცხოვრებისაკენ... ღმერთი მოწყალეა, არ
დაგვაგდებს, სულ არ მოგვიძულებს... რავა დევიჯერო!..
ვიქონიოთ მისი იმედი... კი, ჩემო სონია, კი, კი! ჩვენი
შვილები ღმერთმა ნუ აცხოვროს ისე, როგორც ჩვენ
ვცხოვრობთ. რაღა კაცი ვიქნები მაშინ! არა, არა, შენ არ
მომიკვდე, შენ! - და მან გადაუწია პირზე მიფარებული
ხელი და სიყვარულით აკოცა სახეზე, ჯერ
მოუხერხებლად, გაუბედავად, რადგან ეს პირველად იყო,
რომ იგი ესიყვარულებოდა ქალს, პირველად
ეალერსებოდა თავის ცოლს.

ოტიამ თითქოს დაუმშვიდა გული ცოლს, თუ


სამუდამოდ არა, დროებით მაინც; დააიმედა, მაგრამ
თვითონ კი ამ დღიდან ძალიან შეფიქრებული შეიქნა. რაც
ცოლისაგან მან გაიგონა, თავადაც ხედავდა, მაგრამ
რადგან ხმამაღლა არ იყო გამოთქმული, ოტია თავს
არიდებდა. ახლა კი საქმე და მდგომარეობა იცვლებოდა,
აღარ იფარებოდა მათი ამბავი, მოსაფიქრებელი ხდებოდა
და საჭირო იყო ღონისძიების მიღება.

ოტია ხარობდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ შვილს


დაინახავდა, მაგრამ თან ისიც ახსოვდა, რა ლაპარაკი
ჰქონდა ცოლთან და რა უთხრა სონიას. ის ახლა
ცდილობდა გაემართლებინა თავისი დანაპირები - ოჯახის
შემმატი გზა ეპოვნა, გამაუმჯობესებელი, - და რომ ვერას
ახერხებდა, ვერას იგონებდა, მოხუცებულ დედასთან
დაღონებული ამბობდა:

- რა მოვაგვარო, რას მოვეკიდო, არ ვიცი... აწი ხომ უფრო


მეტი დაგვჭირდება ყველაფერი...

შვილიშვილის მოლოდინით გულმხიარული ეკვირინე


ამხნევებდა შვილს:

- ღმერთი მოგცემს, შვილო, ღმერთი მოგცემს! თავის


გაჩენილს თავის ლუკმას გაუჩენს კიდეც. რაზე წუხარ,
შენი ჭირიმე! გულგახსნილად იყავი. ღმერთი მოგცემს
ყველაფერს! ყველაფერი გვექნება... ბევრიც გვექნება...
ბარე ათი დედალი მყავს დამჯდარი; ისე რავა
გაოხრდებიან, რომ ერთი ასი ფრთა მაინც არ გაზარდონ...
ბატიც ოთხი ზის, ათ-ათი კვერცხი უდევთ. ინდოურია
სამი... გულმაგრად იყავი!.. ღვთის წყალობით არაფერში
არ შევრცხვებით და უკლებლად ვიქნებით. კი, შვილო,
კი!..

ასე აიმედებდა მოხუცებული ეკვირინე ოტიას, მაგრამ


უკანასკნელი ხედავდა, რომ ეგ ის არ იყო; ქათამ-
ინდოურით შვილების მომავალს არა თუ უზრუნველს
ვერ ყოფდა, ერთ წელსაც ვერ გაუძლებდა. საჭირო იყო
სხვა რამე საშუალება, უფრო საიმედო, უფრო
საფუძვლიანი, იმისთანა, რომელზე დანდობაც შეეძლო.

ბევრი ფიქრისა და მოსაზრების შემდეგ ოტია იმაზე


შეჩერდა, რომ თავისი შვილი მოენათვლინებინა მათივე
სოფლის მცხოვრებ მდიდარ გლეხ სვიმონ
სამადაძისათვის. ოტიას აზრით, ეს პატივისცემა
აზნაურისაგან გლეხისათვის მოვალეობად გადაიქცეოდა,
ნათლულისათვის ეზრუნა და არ მოაკლებდა, უსათუოდ,
თავის სიცოცხლეში თავის ღონიერ ლუკმიდან შეწევნას.
რასაკვირველია, სათაკილო იყო აზნაურისათვის თავის
შვილის ყაზახის ხელში მოსანათლავად ჩაგორება, მაგრამ
აქ ანგარიში იყო და საფუძვლიანი ანგარიშიც. ამასთანვე
ოტია მით უფრო ჩერდებოდა ამ მოსაზრებაზე, რომ ამ
ბოლო ხანს ამგვარი მაგალითი არა ერთი და ორი ყოფილა,
სწორედ იმავე განზრახვით, რაც ამასაც ჰქონდა. საჭირო
იყო მხოლოდ სონიას დათანხმება ამაზე.

სონიას ვაჟი ეყოლა. ეკვირინე იმ ზომამდის იყო


გახარებული, რომ თავის ხელით დასცალა ორჯერ თუ
სამჯერ ოტიას დაჟანგებული ძველებური დამბაჩა,
რაზედაც შეშინებულმა პელაგიამ, რომელიც შვილის
მორჩენაზე დასასწრებლად იყო მოსული, კიდევაც უთხრა
მძახალს:
- არაფერი მოიწიოთ, ბატონო ეკვირინე!.. არ გასკდეს მაგ
დალოცვილი!

- აწი რას დევეძებ ჩემს თავს... მაგას ენაცვალა მისი ბებია,


რაკი მაგ ჩემი თვალით დევინახე, აწი რაც რომ
დამემართოს, არაფრად არ მივიმჩნევ!.. აბა ერთი კიდევ,
ერთი კიდევ გამიტენე... ჩემი ხელით ვისროლო!.. აბა,
ქვეყანამ არ გეიგოს, რომ პაწაწინა ქამუშაძე ქვეყნად
დეიბადა?! მაგას კი ენაცვალა მთელი ქვეყნიერება, მაგას!
- და სიხარულისაგან გარეტიანებულმა ეკვირინემ არც კი
აცალა ოტიას ხეირიანად გატენა დამბაჩისა, ხელიდან
გამოთხლიშა და აივანზე გამოსვლისთანავე დასცალა.

- შეიტყონ, ყველამ შეიტყოს ოჯახის შვილის მობრძანება!


- წამოიძახა მან ამაყად.

ოტიაც მეტად გახარებული იყო ვაჟის შეძენით, მაგრამ


ამასთანავე იმას ფიქრობდა, თუ როგორ გამოეცხადებინა
თავისი ნაფიქრები სონიასთვის. რამდენიმე ხნის შემდეგ
ბავშვის ნათლობაზედაც ჩამოვარდა სიტყვა, რადგანაც
პელაგიას ეჩქარებოდა თავის სახლისკენ. ერთხმად
ნახსენები იყო ბიაშვილი, მაგრამ რადგან ერთი ნათლია
ეცოტავებოდა ეკვირინეს, მეორეზე შეიქნა რჩევა. ამით
ისარგებლა ოტიამ და დედას გადაულაპარაკა, რაც გულში
ჰქონდა იმის შესახებ. სამადაძის ხსენებაზე
თავდაპირველად ეკვირინემ ტუჩები მოკუმა და ხელები
გადაშალა, მაგრამ მალე დაეთანხმა შვილს. მალე
დარწმუნდა, რომ ეგ კარგი მონაფიქრი იყო: მისი აზრითაც
ამ ნათლიაში მისი შვილიშვილი, რასაკვირველია, თავის
მოსამსახურეს იშოვიდა მხოლოდ.

- უთხარი სონიას... შენებურად მოუყევი... შენ ადვილად


დააჯერებ... მე ლაპარაკი არ შემიძლია და ვერც კი
გავაგებინებ კარგად... მოელაპარაკე! - სთხოვა ოტიამ
დედას.

სონია კინაღამ გადირია, როცა დედამთილისაგან


სამადაძის ნათლიობა გაიგონა.

- ამათ უყურე, ამათ უყურე!.. შენი ჭირიმე!.. ესღა მაკლია,


რომ ყაზახს მოვაკიდინო ხელი შვილისათვის?! ღმერთო
ჩემო, რას მოვესწარი ამას, რას, რას?! დედა, უთხარი რამე,
ნუ გვარცხვენენ, ნუ ოხრობენ... საბოლოოდ ნუ
მუდრეგდებიან!.. მიშველე, შენ გენაცვალე!

პელაგიასაც ეწყინა და სონიას შეჰპირდა, რომ ამის


შესახებ მოილაპარაკებდა ეკვირინესთან და ოტიასთანაც.

- ყაზახი ქვია, თქვენ გენაცვალეთ, თვარა რომელი


აზნოური გოუტოლდება, ჩემო ბატონო! - მიუგო
ეკვირინემ, როცა პელაგიამ ამ საგნის თაობაზე სიტყვა
ჩამოუგდო. - მდიდარი, თქვენი ჭირი შემეყაროს,
ზრდილობიანი, ისეთი შეხედულობა აქვს, თავადიშვილი
გეგონებათ, უბრალო კი არა, ჩემო ბატონო! ჩვენ არაფერი
მოგვაკლდება ამ მირონობით და ჩემს პატარა ბიჭუნიას
კი მოსამსახურედ გოუხდება... თავმოსაწონად ექნება,
რომ აზნოურიშვილი ნათლული მყავსო და, რასაც
დაასაქმებ, ყველაფერს იმწამსვე გაგიკეთებს. ეს ხერხია,
ჩემო სინათლე, და პატიოსან ადგილას ვერც კი ვერავინ
გეიგებს, თუ ყაზახს ეკიდა ფეხში ხელი მონათვლაზე...
შენც არ მომიკვდე!.. მოსახსენებლად მეორე ნათლია
ეყოლება, და ამ მოსამსახურეს კი ნუ დოუკარგავთ ჩვენს
ანგელოზს!

პელაგიამ არ დაიწუნა ეს აზრი; იგიც მიემხრო


ქამუშაძეებს და ამათთან ერთად მეცადინეობდა სონიაც
დაეყოლებინა, შეეჯერებინა, რომ ბავშვისათვის
გამოსადეგი იქნებოდა სამადაძის ნათლიად ყოლა. სონია
თუმცა ძლიერ უარობდა, რადგან ამაში ხედავდა შვილის
ღირსების დამცირებას, დაბადებისთანავე მისი
პატიოსნების შელახვას, მაგრამ დედისა და დედამთილის
შეჯერებამ, როგორც იქნა, მის წინააღმდეგობასაც ბოლო
მოუღო. დათანხმდა იგიც ბოლოს. ოტიას ძლიერ
უხაროდა; მას სწამდა, რომ შვილს ამ თავიდანვე კარგად
გაუძღვა, ისე თუ ასე მოჭირნახულე მოუპოვა მისივე
მახლობლად. ამავე დროს კი სონიას გული ნაღვლით
ევსებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ის დახმარება,
რომელიც გლეხმა სამადაძემ ჩვენს შვილს უნდა გაუწიოს,
ჩვენი თავის დამცირებით უნდა შევიძინოთო, რომ რამე
რიგათ აეცილებინა ეს თავის დამცირება, მან საბოლოოდ
ბიაშვილზე მიიტანა სიტყვა.

- თქვენ კი გადასწყვიტეთ, მაგრამ ეგებ იმ კაცმა არ


ისურვოს სამადაძესთან ერთად ბავშვის მონათვლა. ჯერ
ჰკითხეთ იმ კაცს! - თქვა სონიამ.
მაგრამ მისი იმედი ფუჭი გამოდგა. როცა პორფირის
დაეკითხნენ ამის შესახებ, უთხრეს, რომ სამადაძე
მდიდარი, შეძლებული გლეხთაგანიაო, მან რიხიანად
წამოიძახა:

- დიდი სიამოვნებით! ნეტავი მეც მომნათლავდეს ის


ოჯახდაქცეული, თუკი მართლა მდიდარია! ცოტა რამეს
მაინც გამორჩებოდა კაცი!

ბიაშვილმა არა თუ იწყინა წინადადება, პირიქით, მას


კიდევაც გუნებაში ესიამოვნა, რადგან მისი გამჭრიახი
გონება ეუბნებოდა, რომ მდიდარ ყაზახთან ამ
დაახლოებით მას შეეძლო კიდეც თავისებურად
ესარგებლნა.

თავი რომ არ შეერცხვინათ არც მოყვრებთან და არც


მეზობლებთან, ნათვლა სამაგალითო გადაიხადეს.
რადგან ბევრი ჰყავდათ დაპატიჟებულნი და მათ სახლში
დატევა ყოვლად მოუხერხებელი იქნებოდა, ამის გამო
ეზოში გააკეთეს პატარა ფანჩატური, რომლისკენ
სიამოვნებით გამოეშურნენ სტუმრები, გაჭიანურებულ
საიდუმლოების აღსრულების შემდეგ ჩია მღვდლისგან,
რომელსაც, ალბათ, ამით უნდოდა თავი მოეწონებინა
ქალაქელებთან.

- კი არ მოგვკლა ამ უღვთომ! - წამოიძახა სერაპიონ


გორდელაძემ, რომელიც ერია სტუმრებში. - რა დროს
ამდენი ბურტყულია, ნერწყვი მიშრება, ათასი რამე
სხვადასხვანაირი საჭმელი მომელის ამ ჩვენი
კურთხეული მასპინძლისაგან დამზადებული!..
დამაჯინე, შენ გენაცვალე, ოტია ჩემო... თუ შეიძლებოდეს
მღვდელთან ახლოს - ვიცი, კაი-კაი ნაჭრები მიუვა; თავს
რავა შეირცხვენს, მეც არ მარგოს რამე თავის
ულუფისაგან!.. შენ არ მომიკვდე, სახლში წასაღებად
არაფერი დავატოვებინო!

გარშემო იცინოდნენ ამაზე. ოტია, ეკვირინე და ორიოდე


ყმაწვილი დაფუსფუსებდნენ, სთხოვდნენ დაბრძანებას
სტუმრებს და თან მოჰქონდათ სხვადასხვა ნამზადი.

პორფირი და სამადაძე ერთად დასხდნენ იმ თავისკენ,


სადაც ქალები ისხდნენ და მათ შორის ბეგლარიც
ქველიძის ქალიშვილებთან. ესენი იყვნენ სონიას
სურვილით მოწვეულნი და იგი განსხვავებული
ყურადღებით ექცეოდა მათ.

- შენ აგერ დაბრძანდი, ბესარიონ, სერაპიონთან! - ანიშნა


ოტიამ თავის ბიძაშვილს, ლევანის შვილს, რომელიც, ის
იყო, რამოდენიმე დღის წინათ მოსულიყო სახლში
იმდენი ხნის გადაკარგვის შემდეგ, მოსულიყო დროებით,
რადგანაც სადღაც ადგილი ეშოვა და მსახურობდა.

- მოდი, მოდი, ბიძიკო, ამბავს მაინც მომიყვები. სად


იწანწალე ამდენი ხანი! - უთხრა სერაპიონმა. - მარა ამ
ხუცესს ნუ დოუწყებ ლაპარაკს, თვარა იმწამსვე
დარიგებას დაგიწყებს, წირვა უნდა გადაიხადოო, რადგან
მშვიდობით დაბრუნებულხარო...

- მართლაც სადა ხართ ახლა, ყმაწვილო? - შეეკითხა


ბესარიონს მღვდელი. - სამშობლო მოიძულეთ!

- რა ვქნა, ბატონო, აქ წელში გავწყდი, ვერაფერს ვეწიე,


ახლა ცოტა-ცოტას რაიმეს ვშოულობ... თავი გამომაქვს
მაინც.

- თქვენი ძმაც თქვენთან არის?


- არა. ვერ გევიგე, სადაა ახლა... ამას წინათ კი რკინიგზაზე
იყო, ბუტკაში იდგა... ახლა არ ვიცი, გადიყვანეს სადმე,
თუ სამსახური გამოიცვალა...

- კაი დაგემართოთ, მარა ოჯახს მაინც არ უნდა


ივიწყებდეთ, თქვენს სამშობლოს, სალოცავს.

- რავა ვქნათ, ოჯახმა ვეღარ დაგვარჩინა...

- კარგია, მამაო, კარგი, სული გიცხონდება! გამაგრდი,


ბიძიკო, ახლავე წირვას დაგაკისრებს, არ მოგატყუოს, არ
გაბრიყვდეს! მაგათ მიეცეთ დღეგრძელობა, მაგათ მე კაი
საქმე დამმართეს! შემომჩიოდნენ, სალოცავი გყავს
დავიწყებულიო, იმიტომ მიგდის საქმე ცუდათო, არაფერი
გაბადია, წირვა გადაიხადეო, - ათასად შეიმატებო.
დოვუჯერე, გადავიხადე წირვა, რაც რომ მქონდა, სულ
გამოვუტანე. ვინც მეწვია, შესვეს-შეთანთქლეს და შენს
მტერს ისე შეემატა, რაც მე შევიმატე მერე! უიმისოდაც
მუცელს ფაყა-ფუყი გაჰქონდა, ახლა კანი ხერხემლის
ძვალს მიეკრა, ეს საჭმელი რომ ჩეეტკეპნება შუაში და
დააცილებს ერთმანეთს! არა, ბიძიკო, შენ შენს საქმეს
მისდიე, ამათ სიტყვას ნუ აჰყვები, თვარა ჩვენისთანა
ღარიბ აზნოუშვილს წირვა ვერაფერს უშველის... მე არ
მოგიკვდე!..

- შენ არ მომიკვდე, ღარიბი აზნოუშვილი, რატომ?..


შევარცხვინე ღარიბი აზნოუშვილი, შევარცხვინე, ვინც
ღარიბი იყვეს!.. - წამოიძახა იქვე ახლოს მჯდომარე, ხანში
შესულმა აზნაურმა, დაცრეცილი ძველი ჩოხითა და
ჭუჭყიან ყაბალახით თავზე მობურვილმა, რომელიც
დაჯდომისთანავე ისე მიეხალისა ღვინოს, რომ იქვე
შეთვრა და რაც ლაპარაკი იყო მის გარშემო, კანტიკუნტად
ესმოდა. - შევარცხვინე, ვინც ღარიბი იყვეს! შენ არ
მომიკვდე, თქვენს ნიკოლოზს ყოველთვის
გამოულეველად ჰქონებია წუღაც და მისი კალოშიც,
ყოველთვის გამოულეველად, გამოულეველად! - და
თანაც პირში იტენიდა ზორბა-ზორბად მოთლილ ხორცის
ნაჭრებს.

ამასობაში სუფრის მეორე თავში სიმღერა ისმოდა;


ტოლუმბაშად დაყენებული პორფირი გულმოდგინედ
აძალებდა ყველას ღვინოს და იმდენს ეცადა, რომ ერთი
ყიჟინი ასტეხა ღვინოში შესულ სტუმრებს შორის.
შეზარხოშებული ბეგლარი აღარ ეშვებოდა ქალიშვილებს,
სიმღერას სიმღერაზე ათქმევინებდა და იმ ზომამდის
მივიდა, რომ თვითონაც დააპირა სიმღერა ნინოსთან და
ოლიკოსთან. პელაგია აღტაცებით შეჰყურებდა თავის
ვაჟიშვილს და ერთობ მოსწონდა მის გვერდით მჯდარი
ქალიშვილიც.

- უფრო რომ გეიცნობ, უფრო მოგეწონება, ისეთი რამეა!


ანგელოზია, დედა, ანგელოზი! - ყურში ჩასჩურჩულებდა
სონია დედას.

- ნეტავი კი ისურვებდეს და მაგაზედაც ნაკლები იყვეს,


შვილო, ნეტავი კი ისურვებდეს, მაგას ვენაცვალე! ერთობ
კი ევლება, ეგებ ღმერთმა ჩაუდვას გუნებაში, ნეტავი
მაგას მომასწრობდეს მამა-ზეციერი!

მთვრალები თანდათან ემატებოდნენ. ატყდა ხმაურობა,


ყაყანი; ყველანი აირივნენ. ქალები ადგნენ და ნელ-ნელა
ეზოს კუთხეში გაეფინენ დაირითა და მუსიკით. ამათკენ
გამოემართა ბეგლარიც ნინოსთან და ოლიკოსთან
ხელიხელ გაყრილი.

- მაზურკა! - წამოიძახა მან, როცა მიუახლოვდა ქალებს. -


მაზურკა - და ნინოს ხელი წაავლო მაზურკის სათამაშოდ.
- მაზურკა! - მიაძახა მან ქალიშვილს, გარმონიკას რომ
აწრიპინებდა.

ქალიშვილმა ვერ გაიგო, რას სთხოვდნენ და შეკითხვის


ნიშნად გადახედა მის გვერდით მდგარ ქალებს.

- მაზურკა! - გაიმეორა ბეგლარმა. - მაზურკა დოუკარით! -


და რადგან დამკვრელი არავინ იყო, იგი გახტა წინ,
კვინტებით ისროდა ფეხებს და მიათრევდა დარცხვენილ
ნინოს, რომელსაც უფრო და უფრო ერეოდა სიწითლე
პირისახეზე, რადგანაც ესმოდა გარშემო ქალების
შეკავებული სიცილი და ფრუტუნი, გამოწვეული მისი
კავალერის უცნაური კუნტრუშით.

კარგა ხანს აპროწიალა ბეგლარმა ქალიშვილი, ხან იქით


გაარბენინა, ხან აქეთ გამოარბენინა. წელზე ხელის
შემთხვევით რამდენჯერმე შემოატრიალა, ბოლოს ცალი
მუხლი მოიდრიკა, თავზე შემოივლო, რამაც ერთი
ხითხითი გამოიწვია, მერე კოხტად წამოხტა, თავი
დაუკრა და თან დაატანა:

- მერსი! მერსი!..

ნინო დარცხვენილად იღიმებოდა, ქალები კი მეტად


გაართო ამ ამბის ყურებამ. ბეგლარმა ისევ ხელი ხელში
გაუყარა ნინოს და განშორდა ჯგუფს. ფანჩატურიდან კი
ერთი ხმაურობა ისმოდა. - დამთვრალი კაცების
ხრინწიანი ხმები, არეული სიმღერა. პორფირი
ჩამჯდარიყო ყმაწვილებში და ერთი ამბავი ჰქონდა,
აცინებდა, ხან ღვინოს აძალებდა, ხან მათთან მღეროდა,
კოცნიდა და ამგვარ თავმდაბლობით შეხალისებული
ყმაწვილები თავზე ევლებოდნენ და თავიანთ სიყვარულს
და პატივისცემას უცხადებდნენ მას.

ღვინისაგან გაბრუებული მღვდელი, თითქოს ვისმეს


დაეჭედა, ისე იჯდა უძრავად თავის ადგილზე, ხმასაც
ვეღარ იღებდა და ხანდახან თვალებს გადმოაბრიალებდა.
სერაპიონი ამ ქვეყანას აღარ იყო: წამომჭეხებულ
პირისახეზე ეტყობოდა, რომ ზომაზე გაცილებით მეტი
დაელია, მაგრამ მაინც კიდევ სვამდა და კიდევ ჭამდა
გაუმაძღრად. ოტიას ბიძაშვილი, ბესარიონი, უკვე ვიღაცას
წალაპარაკებოდა და წკიპზე იყო შემდგარი - ჩხუბის
დაწყებას ეპირებოდა. ”წუღა-კალოშ გამოულეველი”
ნიკოლოზი სტოლზე დამხობილიყო,
გონებადაკარგულივით რაღაცას ბურტყულებდა
თავისთავად და გონს მოდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა
ღვინით სავსე სასასმოს მიაწოდებდნენ და ჩასძახებდნენ,
თუ რა სადღეგრძელო ისმებოდა. იგი თავს წამოსწევდა,
გამოცლიდა ღვინოს ხმაამოუღებლად და ისევ
ჩაემხობოდა ახალ სადღეგრძელომდის.

ნათლია სამადაძე დიდხანს იმაგრებდა თავს და ღვინოს


ერიდებოდა, მაგრამ პორფირი ეცადა და ბოლოს დაათრო;
ადგილზე ვეღარ დგებოდა და, ზორბად მოსული ყაზახი,
აქეთ-იქით დაბანცალობდა. ბესარიონმა ის იყო უშოვა
თავის გამაჯავრებელს საკბილავი, შეება და ატეხილ
ყაყანში მოულოდნელად უნდა ეთხლიშნა
მოპირდაპირესათვის, როცა აბანცალებული სამადაძე
შუაში მოექცათ.

- სუთ, სუთ! გაყუჩდით! რა ამბავია? ეი, შენ, ბესარიონ


ქამუშაძე, სუთ! - და მან ხელი დაარტყა მხარზე
ბესარიონს.

ბესარიონი აინთო.

- გაწყინა პატივისცემამ, ყაზახო?! - შეუბღვირა მან და


მისკენ გამოწეულ სამადაძეს ისე ღონივრად წაჰკრა
ბლიქვი გულმოსულმა, რომ ეს კაცი საცოდავად
დაენარცხა მიწაზე.

დაცემული უცბად წამოაყენეს; ამან იგი თითქოს


გამოაფხიზლაო, ათრთოლებული, გაბრაზებული, მთელი
სხეულით ცახცახებდა და თავდაპირველში სიტყვის
წარმოთქმას ვერ ახერხებდა.

- ყაზახი ვარ! - შეჰყვირა მან, წელში გამართულმა. - ყაზახი


ვარ, მარა შენისთანა შემოდგომის აზნოუშვილს კიდევ
ვჯობივარ!.. თუ ძალზე ხარ, მობრძანდი, ახლო
მობრძანდი, ისე დაგბუბნო, რომ ღობემდისაც ვერ
მიგყვეს შენი დამშეული სული!.. შენისთანა შემოდგომის
აზნოუშვილების რა მცოდნია?! ძალიან გულზე არაა, ჰმ!

შეიქნა ერთი ყვირილი. ამ ”შემოდგომის აზნაურობის”


ხსენებამ ბევრი ააპილპილა.
- გააგდეთ მაგ... გააგდეთ მაგ ქინქლიანი ყაზახი!..

- მაგას ვაყურებიებ შემოდგომის აზნაურს!..

- რაც რომ იყვეს, უზრდელ ყაზახს მაინც სჯობია! რავა


ბედავს მაგ მხეცი, მერე სად? - ყვიროდნენ აქეთ-იქიდან.

გაბრაზებულმა ბესარიონმა იშოვა, მისი აზრით, მარჯვე


დრო და კატასავით მიეპარა, ეცა სამადაძეს და წაქცევა
მოუნდომა, რომ შემდეგ უფრო გაადვილებოდა მისი ცემა.
მაგრამ გლეხმა დროზე შეასწრო თვალი, გაუმაგრდა,
დაავლო ხელი და ის იყო შეაგდო მაღლა, რომ ღონიერად
მიწაზე დაებერტყნა, როცა გარს შემოეხვივნენ, ბესარიონი
ხელიდან გამოსტაცეს, შეერთებული ძალით მიაწვნენ
მოწინააღმდეგეს და მუშტები დაუშინეს.

შეიქნა ერთი ჭყივილი, ღრიანცელი; აკივლდნენ ქალები.


გამოფხიზლდა მღვდელიც. ძლივს წამოდგა და
მოჩხუბრებისკენ გასწია. დამშვიდება მოინდომა. რაღაც
შეესმა ნიკოლოზსაც, რომელსაც სერაპიონმა ურჩია
ამდენი მოსვენების შემდეგ ძვალ-რბილი გაენძრია
სამადაძის წინააღმდეგ “შემოდგომის აზნაურთან” ხელის
გამოღებით. მაგრამ ნიკოლოზი ისევ თავის ადგილას
დარჩა და, ღვინისაგან გარეტიანებული, ბრიყვულად
იმეორებდა:

- შევარცხვინე... შევარცხვინე შემოდგომის აზნაურიცა და


ყველაც!.. შემოდგომის აზნაური... ყველა... ყველა...
შემოდგომის აზნაურიც და ყველა!..

ამავე დროს ამ საერთო არეულობაში ბეგლარს მაგრად


ჩაეკიდნა ხელი ნინოსთვის და თითქოს ყველაფერი
დაევიწყნა, თითქოს ამ ქვეყნიერებისა არა ესმოდა რა,
აღტაცებული სიტყვებით უცხადებდა თავის გრძნობას
მის სიტყვებზე შემკრთალ, გაფაციცებულ ქალს, ბეგლარი
იმ ზომამდის მისულიყო, რომ სხვების მოურიდებლად
კიდევაც წაეძრო ხელიდან ბეჭედი, ძალათი ნინოსთვის
წამოეცმევინა თითზე და ემუდარებოდა, - გამაბედნიერე
შენი სიყვარულით და გამიშუქე ჩემი მომავალი ოჯახი
შენის ნაზის სხივებითაო.

- ხომ კი... ხომ კი?.. მითხარით... მიპასუხეთ!.. რას


გაჩუმებულხართ? ღმერთო ჩემო!.. - ემუდარებოდა
ბეგლარი.

- მე რა უნდა გიპასუხოთ? - სიტყვაგაწყვეტით მიუგო


ათახთახებულმა ყმაწვილმა ქალმა.

- არა, თქვენ უარს ვერ მეტყვით... ვერა!.. არა!..


რასაკვირველია, არა!.. - აღტაცებით შესძახა ბეგლარმა.
მათკენ მოდიოდა პელაგია, მოჩხუბართა ცქერით
შემკრთალი.

- მოდი აქ! - მიაძახა მას ბეგლარმა. - აქ მო...

- შვილო, რომ აღარაფერი ეშველათ!..

- თავი უტეხიათ, რას დავეძებ! მოდი აქ! - ბეგლარმა


მოჰკიდა ხელი, მიიყვანა ახლოს, დააყენა ნინოს
პირდაპირ და უთხრა: - ხომ მოგწონს, შე საწყალო, ა?!
მოგწონს ხომ?!

პელაგია შეიშმუშნა რაღაც სასიხარულო ამბის


მოლოდინით.

- ანგელოზია, ანგელოზი! ნეტავი მაგის პატრონს! -


წამოიძახა მან. - ანგელოზია, გენაცვალე!
- შენი მფარველი ანგელოზი... შე საწყალო, ა! - და
ბეგლარმა ნინოს ხელი ასწია და დედას აჩვენა
ქალიშვილის თითზე წამოცმული მისი ბეჭედი.

პელაგიამ კინაღამ შეჰკივლა სიხარულისაგან.

ნინომ მოინდომა ბეჭდის წაძრობა, ხელის


განთავისუფლება, მაგრამ ბეგლარი არ ანებებდა. აქეთ
პელაგიამაც ჩაიხუტა გულში და კოცნა დაუპირა, მაგრამ
მოაგონდა, რომ გარშემო ბევრი მაყურებელი იყო და
ცოტათი შენელდა. ნინოს მაგივრად უცბად ოლიკოს
დაუწყო ხვევნა, ალერსიანობა, თითქო ცდილობდა,
სხვებს არ შეემჩნიათ და არ გაეგოთ მისი შვილისაგან
ნინოს დანიშვნა.

ფანჩატურის იქით კი ისევ ერთი ალიაქოთი იყო, ისევ


ჩხუბი და აყალ-მაყალი, ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება და
ჯოხების ტრიალი.

XI

ბეგლარისაგან ნინოს დანიშვნამ ყველაფერი უსიამოვნება


დაავიწყა სონიას. გადაავიწყა ის საწყენი სახელიც,
რომელსაც გულმოსული სამადაძე ისე დაურიდებლად
იმეორებდა - ეს ”შემოდგომის აზნაური” ტყვიასავით
ხვდებოდა გულს, მაგრამ ახლა ამისთვის აღარ ეცალა.

პელაგია თითქმის მიწას ფეხს აღარ აკარებდა,


სიხარულისაგან ზეზე დაფრინავდა. სულმა აღარ
მოუთმინა და ქველიძისას მისვლა გადასწყვიტა, ოჯახად
გაცნობა, მათთან სიხარულის გაზიარება. ეკვირინეს
არაფრად იამა ეს ამბავი, მაგრამ უკმაყოფილებას
გუნებაში მალავდა და არ აცხადებდა, პირიქით, ისე
ლაპარაკობდა მძახალთან, თითქოს ძლიერ მოხარულიც
ყოფილიყოს.

- ასე რომ დანიშნა ბატონმა ბეგლარმა... მზითევზე არ


გამოელაპარაკებით, პელაგია ჩემო? - ვეღარ მოითმინა
ეკვირინემ, რომ არ ეკითხნა.

- ეგ, შენი ჭირიმე, ჩემმა შვილმა იცის!.. რა ვიცი... ეგები,


შენ გენაცვალე, არც კი თხოვოს რამე...

- ჰმ! უმზითვოდ?! კი, ქალი კარგია, მარა ბატონი ბეგლარი


ყოველთვის იშოვიდა კარგ ქალსაც და მზითვიანსაც. ვინ
დაუკავებდა?..

- იმან იცის... იმან იცის, ეკვირინე ჩემო!.. ერთობ გულის


კაცია... როგორც შეხედავს გარემოებას, ისე მოიქცევა.
ქველიძეების გაცნობით ერთობ კმაყოფილი დარჩა
პელაგია. მათმა მიღებამ ერთობ ასიამოვნა და კარგი
შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

- მშვენიერი ოჯახი ქონებიათ, კარგად ყოფილან, შვილო,


და მეტად პატიოსნები... ნამდვილი კეთილშობილები,
ნამდვილი! - აღტაცებით ამბობდა სახლისკენ მიმავალი
პელაგია. - ნამდვილი კეთილშობილები, შენ ნუ
მომიკვდე!..

ვმადლობ უფალს, ვმადლობ, ვმადლობ!.. ორივეს თქვენ


გენაცვალა თქვენი დედა, ორივეს კაი ბედი გქონებიათ...
კი, შვილებო, კი, კი!

”შემოდგომის აზნაურის ცოლი!” უნებლიეთ გაურბინა


თავში სონიას, მაგრამ ამხანად ამას წინანდელი სიმწვავე
აღარ ეტყობოდა.
პელაგიამ თავის სახლისკენ, №-ში აიჩქარა წასვლა. მან
მოიბოდიშა ქველიძეებთან, რომ ჩემი ბეგლარი
სამსახურის გამო დაბრუნდა მეორე დღეს და ამის გამო
ვეღარ ინახულა თქვენი ოჯახიო, ვერ მოგელაპარაკათ
წესისამებრო; მეც იმიტომ მივეჩქარები, რომ ამ მოკლე
ხანში შვილიც გამოვგზავნო და ყველაფერი საბოლოოდ
გადაწყდეს და საქმე აღარ გაგრძელდესო.

ამის გამო აღარც სონიამ დააკავა იგი; მასაც ეჩქარებოდა


ნინოს თავზე გვირგვინი დაენახა ბეგლართან ერთად.

დედისაგან დაჩქარებაზე ბეგლარმა მხოლოდ მიუგო, რომ


სიჩქარით ქალაქი არ აშენდებაო.

- პასუხი, შვილო, უნდა მისცე, შენ გენაცვალე! ქალი


დანიშნე, ხმის ამოუღებლობა, ასე გაჩუმება აღარ
შეიძლება, ჭირისუფალს უნდა გააგებინო რამე! - უთხრა
პელაგიამ.

- თავად მოიკითხავენ და პასუხსაც მაშინ მიიღებენ! -


მოკლედ მიუგო ბეგლარმა.

მართლადაც, ამბავის მიუღებლობით შეწუხებულმა


ქველიძეებმა კაცი მოუგზავნეს ბეგლარს, გაეგოთ მისგან
თუ რას ფიქრობდა. ჯინჭარაძემ თავის მხრივ მოიბოდიშა
დაგვიანება, გამოუცხადა, რომ იგი მზადაა ყოველ წამში
ჯვარსაწერად, თუ რომ ქველიძეც მზად არისო; ამისათვის
კი საჭირო იყო სარდიონს ქალიშვილისათვის მზითვად
მიეცა ფულად რვაასი მანეთი.

ამ პასუხმა საოცრად არია მათათი და სარდიონიც. მათი


წარმოდგენით, ბედნიერი შემთხვევა ქალიშვილს
ხელიდან აცლიდა იოლად; ახლა კი სულ სხვა
გამოდიოდა. რვაასი მანეთი სად უნდა ეშოვა მას? რა
მადანი უნდა გამოეთხარა ამისათვის? ასე რომ გონებოდა,
მეორე დღესვე უკან გაუბრუნებდა ბეჭედს მის პატრონს
და თავის შეუძლებლობას მისი დაწუნებით, მისი სიძედ
უკადრისობით დაფარავდა. ახლა კი, ამდენი ხნის გავლის
შემდეგ, ამ შემონათვლის შემდეგ, რარიგად მოახერხოს
პატიოსნურად უკან დახევა, რომ ქვეყნის სალაპარაკოდ
არ გახადოს თავისი ოჯახის საქმე, და სამუდამოდ არ
დააფრთხოს სხვა სამტერმოყვაროდ. პირველი
გაცხარების შემდეგ, სარდიონმა არჩია სხვა გზას
დასდგომოდა ყმაწვილთან მოლაპარაკებაში. მისი
გადაწყვეტილებით, ბეგლარი ვალდებული იყო თავისი
მოქმედება დაემთავრებინა ისე, როგორც დაიწყო: ქალი
მისთვის არავის შეუძლევია, თავისი სურვილით
დანიშნული ჰყავდა, წინდაწინ არავითარი მოლაპარაკება
არა ჰქონია, არ უკითხავს არაფერი მზითევზე; არავისთან
სიტყვაც არა ჰქონია ნათქვამი, ისე დანიშნა ქალი და ახლა
პატიოსნება და წესიერება მოითხოვს, რომ უვაჭრობოდ,
უკან დაუხევლად აასრულოს თავისი სიტყვა ქალთან; ასე
გვიან გამოკიდება, ასე გვიან გახსენება სამზითვო
ფულისა ნამეტან ურიგობად მიაჩნდა და უწესოებად.
თავის აზრით, სარდიონს შეეძლო ამის გამო მოეთხოვა
ჯინჭარაძისაგან ჯვარი დაეწერა დანიშნულ ქალზე.
ყოველივე დავიწყებულის უკან გამოკიდება კი უადგილო
და სრულიად უნაყოფო იქნებოდა. ასე ფიქრობდა
ქველიძე და ეს კიდევაც შეუთვალა სასიძოს.

მაგრამ ბეგლარისათვის ეს სრულიად უმნიშვნელო და


უსაფუძვლო ლაპარაკი იყო. იგი ამაში ხედავდა მხოლოდ
სარდიონის მხრივ ხრიკს, რომ ქალიშვილი იოლად
გაეთხოვებინა. პატიოსნებისა და წესიერების ხსენება
სიტყვების რახარუხი იყო მის თვალში. მან უკეთესად
იცოდა თავისი საქმე, რომ ქველიძეს არ დაებრიყვებინა
მისი თავი. უგუნურად არც იგი შებმია ამ საქმეს, მასაც
მოსაზრებული ჰქონდა ყოველივე, როცა ქალს ნიშანს
აძლევდა. ახლა გამაგრება იყო მხოლოდ საჭირო და
ლამაზი ქალიც მისი იქნება და რვაასი მანეთიც! მეტი რა
გზა ჰქონდა, მისი წარმოდგენით, ქველიძეს, თუ არ
უნდოდა ქვეყანას დაეწყო ლაპარაკი, რომ ჯინჭარაძემ
ქალიშვილი მიუტოვა, რადგან მზითევის მიცემა ვერ
შეიძლოვო!

- არც ჩვენ გვაკლია მოხერხებულობა! - თავის თავს


ეუბნებოდა ბეგლარი.

საქმე იწეწებოდა, არ ეწყობოდა. სონია ისეთ მწუხარებაში


ჩააგდო ამან, რომ ვეღარ მოითმინა თვითონ არ მისულიყო
ძმასთან და არ შეხვეწნოდა ამ უსიამოვნო მდგომარეობის
გათავება. იგი ემუდარებოდა ძმას, დაუკელი ცოტა რამ
მაინც, გაუადვილე სარდიონს ქალიშვილის გამზითვებაო;
მაგრამ ყოველივე ამაო იყო, ბეგლარი თავისაზე იდგა.
- გვაცალეთ... გვაცალეთ!.. კი მოახერხებს ქველიძე
ფულის შოვას... ნუ გეშინიათ!.. იმას ისე უყვარს თავისი
ქალიშვილი, რომ თავს გაიხეთქავს და მოახერხებს...
თქვენ ოღონდ გვაცალეთ... ნუ ერევით საქმეში!..

- რვაას მანეთს, შენ გენაცვალე, ვიგინდარები


თხოულობენ და შენმა ძმამ ესეც აღარ აიღოს?!
სამართალი სადაა! - მხარს უჭერდა შვილს პელაგია.

სონიამ შესწყვიტა მოლაპარაკება. შეატყო, აქ არაფერი


გარიგდებოდა. ეგრეც იყო. ბეგლარს უკვე
გამოანგარიშებული ჰქონდა, თუ როგორ მოიხმარდა ამ
ფულს: განაწილებული ჰქონდა რამდენს რა სარგებელს
შემოატანინებდა, როგორ აამუშავებდა, რამდენად
გაზრდიდა ამ თავნს ოთხ-ხუთ წელიწადში, რამდენად
აქცევდა; მისი შემცირება კი გამოიწვევდა, დაკლებასთან
ერთად, ამ ანგარიშების გადაკეთებასაც, მათ
გადასინჯვას, გადაცვლას და... რისთვის, ვისთვის?!

სოფელში დაბრუნებულმა სონიამ ახლა ქველიძეებთან


დაიწყო მეცადინეობა, რომ ესენი დაეყოლიებინა,
დაეთანხმებინა, მიეცათ მისი ძმისათვის, რასაც იგი
თხოულობდა: ხომ უნდა მიეცათ მაინც ნინოსათვის
თავისი მზითევი. მაგრამ აქეთ ესენი ჯიუტობდნენ: ქალი
ისე დაინიშნა, რომ მზითევზე სიტყვაც არ თქმულაო და
თუ საქმე ხელახლა დავიწყეთ, ეგ ვინ იცის სადამდის
მიგვიყვანს, მით უფრო, თუ ამგვარები შეუსრულეთო.

- და გამოტეხით უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ მოვალე


ბრძანდებით ყოველივე ეს ოუხსნათ, ყოველივეს ამას
მიახვედროთ თქვენი ძმა და დაიყოლიოთ; თქვენს
ოჯახში მოხდა ეს ამბავი და ახლა თქვენვე უნდა
გამოიყვანოთ ჩემი შვილი მწუხარებიდან, რომელშიაც იგი
ჩავარდნილია ამის გამო. დიახ, დიახ, ეგ თქვენი ვალია!..

უამისოდაც გულდამწვარ სონიას სარდიონის ეს


სიტყვები ლახვარივით ხვდებოდა გულში. იგი თვითონაც
სთვლიდა თავისთავს დამნაშავედ ნინოს წინაშე. გული
უდუღდა, რომ მისი საყვარელი, უძვირფასესი ნინო
აუტანელ, სამარცხვინო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი
მისი ძმისაგან, მის ოჯახში მომხდარი შემთხვევით;
ნანობდა, იწყევლიდა თავს, რომ მისმა ენამ გამოსთქვა
მისი რძლობა, ამტყუნებდა თავისთავს, რომ ასე
წინდაუხედავად მიუთითა ძმას ამ ქალზე და ამით
ჩააგდო თავისი საუკეთესო ამხანაგი ქარცეცხლში. და
გულადუღებული სონია ეხვეოდა ნინოს, უკოცნიდა
პირისახეს, გულს, ამხნევებდა, აიმედებდა, რომ
ყველაფერი მალე გადაწყდებოდა, რომ გაჯიუტებულნი
მალე შეთანხმდებოდნენ, მორიგდებოდნენ და
სასიხარულოდ დათავდებოდა მისი დღევანდელი
მწუხარება. სთხოვდა, მასზე გული არ აეყარა, არ
შეეძულებინა მისი თავი, რომ ბრალი მისთვის არ დაედვა.

- შენი ჭირიმე, შენი, შენი... ჩემო გვრიტო, ჩემო მალხაზო,


ჩემო ანგელოზო, ჩემო მაცოცხლებელო, ჩემო! - კოცნიდა
და ეხვეოდა სონია ნინოს, რომელიც თავისი
ჩვეულებრივი სინაზით, სიმშვიდით, ტკბილი ხმით და
ღიმილით ამ სიტყვებზე შემდეგს მიუგებდა:

- შენი რა ბრალია, ჩემო სონია, შენი რა ბრალია? შენ რად


უნდა შეგიძულო?.. შენზე გული რად უნდა
გამოვიცვალო?! ალბათ, ასეთი ბედის ვყოფილვარ!.. შენ
რა?..

ეს სიმშვიდე, ეს გულში შეკავებული გამოუჩენელი


მწუხარება ნინოსი უფრო გულს უწყალებდა სონიას;
ცრემლები მოაწვა თვალების უბეებს და შადრევანივით
გადმოხეთქა.

ნინომ დაინახა ეს ცრემლები, მისი გულიც


მოწადინებული იყო მომბალიყო იმნაირივე ცრემლებით,
მაგრამ ეშინოდა, რომ ამ დროს მას არ შემოსწრებოდა ან
დედა, ან მამა, ეშინოდა, რომ მათთვის მწუხარება არ
გაეორკეცებინა თავისი სასოწარკვეთილების დანახვით
და ამიტომ ყოველსავე ძალ-ღონეს ხმარობდა, რომ თავი
შეემაგრებინა და გულის სისუსტე არ გამოეჩინა, სონიას
ცრემლებთან თავისი ცრემლები არ შეემატებინა.

- კარგია, შე ქალო! არა გრცხვენია!.. სონია, სონია!.. თუ


გიყვარდე, დაწყნარდი!.. რა გატირებს?.. ხომ არ
მოვმკვდარვარ. შე ქალო? რაზე მტირი ცოცხალს?! - და
ნინომ აქ კიდევაც გაიცინა.

- მკვდარი მე ვარ, მე!.. მე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!..


მარა ცოტა კიდევ მოითმინე... ცოტა ხანს კიდევ გოუძელი
ჩვენს უგრძნობლობას, ჩვენს გულქვაობას!

და იგი განმეორებით სიტყვას აძლევდა, რომ არ


მოისვენებდა, ყველაფერს დაივიწყებდა და ამ მოკლე
ხანში ორივე მხარეს მოარიგებდა, შეათანხმებდა და მას
ააცილებდა მწუხარებას და ტანჯვა-წვალებიდან
გამოიყვანდა.

XII

მართლაც, ყველაფერი დაივიწყა სონიამ ამ გახიახებული


საქმის გამო; სხვას ვეღარაფერს უდებდა გულს, სხვაზე
არაფერზე აღარ ფიქრობდა, ვეღარაფერს ვერ ამჩნევდა,
რაც მის გარშემო ხდებოდა, რაც ამბავი იყო.

ამგვარობაში სრულდებოდა მეორე წელიწადი და ამ ხნის


განმავლობაში სონია თითქმის გარეტიანებული იყო.
წინანდებურად იგი აღარაფერს უკვირდებოდა,
აღარაფერს ადევნებდა თვალ-ყურს და სწორედ ამის გამო
ვერც ატყობდა თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი
ოჯახი და ამასთანავე მისი ქმარიც რა გაწამაწიაში იყო.

ბევრი რამ იმეცადინა საწყალმა ოტიამ, ბევრ რამეს


მოჰკიდა ხელი საშოვრის საპოვნელად, რომ რამე ოჯახში
შემოეტანა, მაგრამ ყოველივე მეცადინეობა ამაო
ხდებოდა. ერთ წელიწადს მან მოინდომა ხარებით
ვაჭრობა: ყიდულობდა იაფად, ასუქებდა და მერე
მიჰყავდა იარმუკებზე მოგებით გასაყიდლად, მაგრამ
აქედან ისე ცოტა რჩებოდა, რომ პირუტყვს
გასასუქებლად უნდებოდა თითქმის, და იძულებული
იყო ამისათვის თავი დაენებებინა. მოინდომა სიმინდით
ვაჭრობა - მოსავლიან ადგილებზე ყიდულობდა და
მოჰქონდა სოფელში გასაყიდად, რადგან ამ უკანასკნელ
წლებში თამარნაშენში მოსავლის ნაკლებობა იყო. მაგრამ
გაცდენა, მისვლა-მოსვლა, შრომა თითქმის უქმი
რჩებოდა, ისეთ ნაკლებ ფასს იძლეოდნენ ხელმოკლე
სოფლელები. სხვაგანაც მოინდომა ოტიამ წასვლა,
სოფლის გარეთ, ეგებ ამით მაინც შემოეტანა რამე, მაგრამ
ვერც ამ გზით ეძლეოდა საშველი; ისეთ საქმეს ვერ
ხედავდა, რომლისთვისაც მას შეეძლო გარეთ მოეკიდნა
ხელი. ერთ ხანაზე, რამდენიმე თავის მეგვარესთან
ერთად, ამხანაგობა გააწყო, ხეებს ყიდულობდნენ,
ფიცრებად ხერხავდნენ და გასაყიდად მიჰქონდათ
მახლობელ დაბაში; მაგრამ ვერც ამ ამხანაგობამ
ასარგებლა რამე. უგზოობის გამო საქონელი წყდებოდა
მთიდან ხეების ჩამოტანით და დაბაში ფიცრების გატანის
დროს. იმდენად გასაჭირი შეიქნა საქმის წარმოება, რომ
ნახევარი წლის შემდეგ ამხანაგობაც დაიშალა.

სხვაც ბევრი რამ იყო ამგვარი, რასაც ხელს უწვდენდა


ოტია, მაგრამ ხეირს ვერაფერს ხედავდა, თუმცა
ყოველთვის თვითონ საქმე არ ყოფილა ისეთი, რომ
კაცისათვის უსარგებლო ყოფილიყო - ოღონდ მის ხელში
კი გამოუყენებელი ხდებოდა.

ეს უნაყოფობა ყოველივე მისი მეცადინეობისა, მისი


მუყაითობისა, გულზე ხეთქავდა საწყალს. იგი აშკარად
ხედავდა თავის უღონობას წარმატებაში ჩაყენებისათვის.
ხედავდა თავის უძლურებას, მოუხერხებლობას ოჯახის
ფეხზე დაყენებისათვის და აღარ იცოდა, რა ექნა, რა
მოესაზრებინა კიდევ.

მით უფრო ცეცხლი ეკიდებოდა საწყალ ოტიას, რომ მისი


ცოლის სიახლოვეს საკმაოდ აეხილა თვალები. მისთვის
ახლა თვალსაჩინო იყო, რომ ძველ გზაზე დარჩენა მეტ
ხანს არ შეიძლებოდა, რომ მარტო მიწა ვერ
დააკმაყოფილებდა მისი ოჯახის მთელ საჭიროებას; რომ
საჭირო იყო განსხვავებული გარჯა, განსხვავებული
შრომა და მას კი ეს არ ეხერხებოდა, არ ემარჯვებოდა, და
აღარ იცოდა, რა, ექნა.

სინათლეზე უფრო ნათელი შეიქნა მისთვის, რომ მარტო


მიწა, ის მიწა, რომელზედაც იგი იდგა, ვერას გზით მას
ვერ დააკმაყოფილებდა, რომ აქ შეჩერება მხოლოდ
სამუდამოდ დაღუპავდა მასაც, მის ცოლ-შვილსაც და
მომავალსაც...

- გადვიკარგები, სადღაც გადვიკარგები! მარა სად? სად? -


გამწარებით ეკითხებოდა ოტია თავის თავს.

გული უტყდებოდა ოტიას იმაზე, რაც აქამდე დიდ განძად


და საიმედოდ მიაჩნდა. ამ განძზე და იმედზე ფიქრი ახლა
კი შიშსა ჰგვრიდა, დაღუპვას უქადიდა და ისე შეებოჭა
იგი, რომ განთავისუფლება მისი უმოწყალო
კლანჭებისაგან საძნელო ხდებოდა. ოტია გრძნობდა, რომ
გაუკითხავად მიექანებოდა ძნელი განსაცდელისაკენ.

ამ უკანასკნელი წლების დაკლებულმა მოსავალმა და


ბოლონდელმა მოუსავლობამ მეტად გააძლიერეს ოტიას
გულში მისი გრძნობები. იმოდენა დაკარგულმა, ფუჭად
გავლილმა შრომამ, რაც მან მიწაში ჩასდო, მეტად
გამოუცვალა გუნება. წლევანდელმა მოუსავლობამ ხომ
სრულიად წელი მოსწყვიტა. ამ მოუსავლობის დროს
ოტიას ის გარემოებაც უმატებდა დარდს, რომ მისი ცოლი
ფეხმძიმედ იყო.

ახლა სონია გართული იყო სხვა საქმეში და იმიტომ ხმას


არ იღებდა, წინანდებურად თავიანთ გაჭირვებაზე აღარ
შფოთავდა. მაგრამ ოტიამ იცოდა, რომ, როცა იგი ისევ
ოჯახისკენ მოავლებდა თვალს, მაშინ წინანდელზე
უფრო, რასაკვირველია, აღშფოთდებოდა და
გამწარდებოდა.

მთელი სოფელი შეწუხებული იყო, შიმშილობა კარზე


მომდგარი იყო. ყოველი მხრიდან გულის ამრევი ამბები
ისმოდა. ჭირნახულის ფასი დღე-დღეზე მატულობდა,
ხელმოკლე სოფლელებისათვის მიუწვდომელი ხდებოდა
სარჩოს ყიდვა. ერთ დღეს ხმა გავარდა, რომ თამარნაშენის
ზემო კუთხის გლეხი, პავლია მერაბიძე, ისე გამწარდა,
რომ თავის ჩამოხრჩობა მოინდომა შიმშილის გამოო, და
ცოცხალმკვდარი ბაწრიდან ჩამოიღესო, - დროზე
მიესწროთ. რამდენიმე კაცი, - კიდევაც ასახელებდნენ, -
სოფლიდან წასულიყო სამათხოვროდ ქალებით და
ბავშვებით.

- წადი, წადი, შვილო, შენს ცოლის ძმასთან წადი!


შეეხვეწე... გასესხებს ცოტაოდენ ფულს და გაისამდის
თავს როგორც იქნება გავიტანთ. ნუ გრცხვენია, ნუ! რა
დროს სირცხვილია! დამიჯერე, შვილო! - ჩასჩიჩინებდა
ეკვირინე ოტიას.

- არა, დედა, მოვკვდები და იმასთან ვერ მივალ, ვერა,


ვერა! - უპასუხებდა იგი.

მაშინ, შვილისგან ნამალევად, ეკვირინემ გასწია


სამადაძისკენ შემწეობის სათხოვნელად. უკანასკნელმა
უარი არ უთხრა ნათლულის მოხუცებულ ბებიას; ღამით,
რომ სხვას არ დაენახა, თავის ურმით გადმოუტანა ორი
ტომარა სიმინდი და ბეღელში ჩაუყარა. ეკვირინემ გული
დაიმშვიდა - ერთ-ორ თვეს მაინც ოჯახს ექნებოდა ჭადი,
თუ გასაძღომი არა, კუჭის დასამშვიდებელი მაინც;
შემდეგ კი ისევ ღმერთზე რჩებოდა იმედი, რამეს
გამოუჩენდათ.

მაგრამ რა საშინელი, თავზარდამცემი შეიქნა მათთვისაც,


სხვებთან ერთად, როცა ხმა გავარდა, რომ სოფელში
ბოქაული მოვიდა საადგილ-მამულო გადასახადის
მოსაკრებად და, ვისაც არ შეჰქონდა ფული, ბეღელს
უბეჭდავენო.

ეკვირინე და ოტია ეცნენ სამადაძისაგან მოტანილ


სიმინდის ამოლაგებას ბეღლიდან სხვა ადგილას
გადასამალავად. გაკვირვებით შეჰყურებდა სონია დედა-
შვილის კალათებით იქით-აქეთ რბენას და ვერ
ხვდებოდა, აზრში ვერ მოდიოდა, თუ რას ნიშნავდა ეს
ამბავი.

ერთი ათიოდე კალათის გადმოტანა თუ მოასწრეს, როცა


ეზოში რამდენიმე ცხენოსანი შემოვიდა.

ეკვირინეცა და ოტიაც გაქვავდნენ.


- მობრძანდით, ოტია! - წამოვიდა მისკენ ცხენიდან
ჩამომხტარი მამასახლისი.

ცოცხალმკვდარი ოტია მიუახლოვდა ბოქაულს.

- ფული რომ ითვლება თქვენზე, სახელმწიფო


გადასახადი, რატომ არ შემოგაქვთ, ყმაწვილო?.. ორჯერ
დაბარებული იყავით ამის თაობაზე, ორჯერ
გადაგიდევით, მაგრამ მაინც არაფერი გეშველათ... რატომ
ნებულობთ ამას?.. თქვენს თავსაც იჭირვებთ და ჩვენც
პასუხისგებაში გვაგდებთ! - საყვედურით დაუხვდა
ცხენიდან ჩამომხტარი პოლიციის მოხელე.

- უკაცრავად, ბატონო!..

- უკაცრავად კი ბრძანდებით, ეგ მეც ვიცი.. ეს ცოტაა...


ფული წარმოადგინეთ!..
ოტია გაქვავდა.

- არ გესმით თუ?! ფული წარმოადგინეთ ახლავე-მეთქი!.

ოტია ისევ ხმაამოუღებლად იდგა.

- არა გაქვთ?

- არა მაქვს!.. გთხოვთ, ცოტა ხნით...

- გადროვოთ... არა? ჰმ, არა, არა, უკაცრავად!.. ჩვენც მწარე


დღე გვადგია ამის გულისათვის... აჰა, რა მოწერილობებს
ვღებულობთ და რარიგად გვემუქრებიან!.. დრო
გქონდათ... მეტი აღარ შეიძლება... დაკეტე ბეღელი,
მამასახლისო! - დაიძახა ბოქაულმა.
მამასახლისი გაექანა ბრძანების აღსასრულებლად.

ოტია ამქვეყნად აღარ იყო. სონია გაფითრებული,


სულგანაბული, ოთახის კარებს ამოფარებული
მისჩერებოდა იმას, რაც მის თვალწინ ხდებოდა.

- ლუქი და ბეჭედი, ფილიპე! - უბრძანა მოხელემ


მწერალს, - ეგებ ამ გზით მაინც დაგატანოთ ძალა!.. -
წაილაპარაკა მან.

ბეღელის დასაბეჭდავად მისულმა მწერალმა, სანამ


დაკეტავდნენ ბეღელს, კარი შეაღო, ჩაიხედა შიგ,
გადმოიხედა ბოქაულისაკენ მომღიმარი სახით და
შეჩერდა. ბოქაული მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს ღიმილი
ხელქვეითის სახეზე:

- სულ ერთია... სულ ერთია! მიაკარი ბეჭედი, მიაკარი! -


დაუძახა მან.

მწერალი შეუდგა ბრძანების აღსრულებას.

- შიმშილით გვწყვეტთ, ბატონო?.. შიმშილით გვწყვეტთ,


ჩემო თვალის სინათლევ?! - მიუახლოვდა ბოქაულს
გარეტიანებული ეკვირინე.

- მეც ძალა მადგია, ჩემო ბატონო!

- ნუ ინებებთ! ნუ ინებებთ! - ძლივს ხმას იღებდა


მოხუცებული ქალი.

- ფული, ფული წარმოადგინეთ და თავისუფალი


იქნებით! არ შემიძლიან, ნაბრძანები მაქვს ყოველგვარი
ზომა ვიხმარო ამ გადასახადის გადახდევინებისათვის.
ჩვენი ბრალი არაა!.. გაათავეთ! აბა ახლა ვინაა აქ
მახლობლად კიდევ?

მწერალმა სია გაშალა.

- ლევან ქამუშაძე! - წაიკითხა მან შემდეგ.

- აბა ამ ლევანისას ჯერ! - წამოიძახა მოხელემ და


ცხენოსნებმა ხმაამოუღებლად გადაიარეს ეზო. მხოლოდ
ცხენების ფეხების თხლაშა-თხლუში ისმოდა.

ოტიაც და ეკვირინეც მიკრულებივით თავ-თავიანთ


ადგილებიდან არ იძვროდნენ. აივანზე ოთახიდან ბავშვი
გამოვარდა და მას უკან გამოჰყვა სონიაც, რომელიც
შეჩერდა და მათ მიაჩერდა გაოცებული.

მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ათასწილად


ერჩია ოტიას ამ წამში, ისე გრძნობდა თავის თავს.
- რა ამბავია ეს?! - დაბალი, უცნაური ხმით გადმოიძახა
სონიამ.

- სიკვდილი მაგათი! სიკვდილი, შვილო! - ამოსკდა


გულიდან ეკვირინეს. - მაგათი სიკვდილი!

ოტიამ ვეღარც კი მოახერხა ცოლის თვალწინ დარჩენა;


მიწასთან გასწორებულმა, დარცხვენილმა,
თავსლაფდასხმულმა ერთი მწარედ ამოიოხრა და
გარეტიანებული წაბანცალდა.

სონიამ გაიგო, რაც მომხდარიყო, გაიგო ყველაფერი, რაც


მათ ოჯახში ამბავი იყო და რაც მისთვის შეუმჩნეველი
რჩებოდა მისი ძმისა და ნინოს გამოისობით.
დღევანდელი გაჭირვება უკანასკნელი გაჭირვება იყო,
უკიდურესი გაჭირვება. აქ სად იყო დრო, რომ ადამიანს
ეფიქრა თავისი ღირსების დაცვაზე, როცა კუჭის
გამოსაძღომზე უნდა შეელია მთლად თავისი ძალ-ღონე...

ქალი ეძებდა ოტიას, ეძებდა, რომ ისევ წინანდებურად


შეჰკითხოდა, გაეგო მისგან, თუ რას ფიქრობდა იგი
ამგვარი გაჭირვების ასაცილებლად, ამგვარ საშინელი
მდგომარეობისაგან გასანთავისუფლებლად, რა გზას
ადგებოდა, რომ შემდეგში კიდევ უარესი არ
შემთხვევოდათ? ეს იყო, რომ გამოვაკეთებ ოჯახსო?!
გამოკეთდა!

კარგა შებინდებული იყო, როცა ოტია შემოიპარა სახლში.


მას ეგონა, რომ ყველას ეძინებოდა და ცოლთან ლაპარაკი
აღარ შეხვდებოდა, ისევ თავის თავთან დარჩებოდა,
თავის აზრებს მიეცემოდა. სონია კი მის მოლოდინში იყო.

- ოტია, შენ ხარ? - შეეკითხა ოთახში შემოსულს.


- მე ვარ! - მიღონებული ხმით მიუგო ოტიამ.

სონიამ ბალიშის ქვეშიდან გამოაძრო მომარაგებული


ასანთი, რაც მას მუდამ ეგულებოდა ბავშვის ღამე
დასახედავად, მოუკიდა სანთლის ნამწვავს და გაანათა
ოთახი.

მის წინ იდგა სრულიად სახეგამოცვლილი ქმარი. ოტიას


კიდევაც რცხვენოდა და კიდევაც გული უკვდებოდა, რომ
ასეთნაირ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი, მიუხედავად
თავისი მუყაითობისა და მეცადინეობისა.

ქალმა ის იყო დააპირა კითხვით მიემართნა,


გაემეორებინა თავისი „რას აპირობ? რას გვიპირობო?”,
მაგრამ იგრძნო, რომ ამგვარი მიმართვით იგი მხოლოდ
უარესად დაჩაგრავდა მას, უამისოდაც დაჩაგრულს. ეს
მხოლოდ შეუბრალებლობა იქნებოდა ქმრისა, რომელსაც
ვერასოდეს ვერ უსაყვედურებდა გაურჯელობას, ვერ
უსაყვედურებდა უპატრონობას ოჯახის წინაშე. სონიამ
შესცვალა ის კილო, რომელზედაც მომზადებული იყო
მასთან ლაპარაკი დაეწყო.

- ოტია! ჩვენი აქ დარჩენა სიკვდილია, ოტია... სიკვდილი,


ოტია! ამდენი ხანია გიცდი, გითხრა ეს... ჩვენ კიდევ
უარესი თუ მოგველის აქ, თორემ უკეთესი არაფერი, ჩვენ
უნდა წავიდეთ, უნდა გავშორდეთ აქაურობას, ოტია,
უთუოდ, უსათუოდ, ოტია!

ამას ოტიაც გრძნობდა, იგიც ატყობდა.

- სად, შე ქალო? სად შემიძლია მე წასვლა?

- სადაც საშოვარი უფრო მეტია, ქალაქ ადგილას, №-ში!


ოტიამ მწარედ გაიღიმა.

- ჰმ, ჩემისთანამ რა უნდა იშოვოს ქალაქ ადგილას?

- რატომ არა... რატომ არა, ყველაფერს იშოვი!

- მაგასაც გაჩვევა უნდა! მე კი ფეხი არსად გამიდგამს...


არსად ვყოფილვარ, ხალხიც არ მინახავს ერთად ბევრი.
ქვეყანაში გაუსვლელმა რა უნდა გავაკეთო უცხო
ადგილას?.. თორემ ვინ ოხერი, ვინ მუდრეგი!

- უსათუოდ, უსათუოდ! ამას ლაპარაკიც აღარ უნდა,


ოტია! ეს გადაწყვეტილია, იცოდე! - მტკიცედ წარმოსთქვა
სონიამ. - გესმის?

- ვნახოთ, ვნახოთ, შენი ჭირიმე! მაგასაც მოსაზრება უნდა,


ასე ადვილი საქმეა განა? მაცალე ცოტა ხანი, შენი ჭირიმე,
შენი! თუ ცოტაოდენი სიბრალული გაქვს ჩემი! ოხ,
ღმერთო, ღმერთო ჩემო! - წამოიძახა გულსაკლავად
ოტიამ, გაიხადა ჩოხა, წაღები და მიეგდო ტახტის
ბოლოში.

სონიას შეეცოდა ქმარი, აღარ დაუწყო მეტი ლაპარაკი,


მაგრამ გუნებაში კი გადასწყვიტა, აღარ შემდგარიყო და
ყველაფერი ღონე ეხმარა, რაც გაუვიდოდა, ქმრისათვის
გაებედვინებინა სოფლის მიტოვება, სოფლიდან გასვლა,
სადაც მათ არავითარი სიკეთე არ მოელოდათ, მათივე
აზრით.

XIII

ეკვირინეც ვეღარ იყო თავის გუნებაზე ახლა. იმასაც


დაეკარგა ხალისიანი სიტყვა და რაღაც ჯავრს შეეპყრო.
ეტყობოდა, მან გაიგონა რძლის ნალაპარაკევი იმ ღამეს
და ახლა ოტიასაგან უნდოდა უფრო დაწვრილებით,
ხელმეორედ მოესმინა, რასაც მას უმალავდნენ.

- სად წავიდეთ, სადა?

- კაია, შენი ჭირიმე, თავი დამანებე!..

- შვილო, არ ამჩატდე! ფრთხილად იყავი,


დამირიგებიხარ... ფრთხილად იყავ... არ გაგაბრიყვონ!..

- თუ გიყვარდე, მაცალე, დედა, თუ ჩემი სიბრალული


გაქვს... მე შენზე უკეთ ვაცი, რა ამბავიცაა ჩემს თავზე!..
ვინ უნდა გამაბრიყვოს, შენც ლაპარაკობ კიდევ!..
გაბრიყვებაზე კი არაა აქ საქმე... იმდენად უგუნურებიც
არა ვართ, ღვთის მადლით!..
ეკვირინეს არ მოეწონა შვილის ასეთი კილო. იგი ამაში
ატყობდა ოტიას, რომ მას ცოლის მხარი ეჭირა და მეტად
ეწყინა ეს გარემოება. ის იყო უნდოდა ისეთი ლაპარაკი
გამოეწყო შვილთან, რომ უსათუოდ ეთქმევინებინა
მისთვის, რასაც გულში ფიქრობდა იგი, რასაც ორივე
აწყობდნენ, როცა ეზოში შემოვარდა პატარა ფეხშიშველი
გოგო და ამათ მიაძახა:

- ბატონი კვდება, ბატონი... გთხოვეს, მობრძანდითო!

- ვინ ბატონი, გოგო? - ჰკითხა ოტიამ.

- ლევანი, ლევანი! ყველას გთხოვს...

- არიქა, მიშველეთ! - წამოიძახა ეკვირინემ. - შვილო,


სონიას შეატყობინე, ოთახშია... მალე, მალე!.. შენც,
ცუცუკა, ჩვენ მოსვლამდის აქ იყავი... სახლს მიხედე, ჩემო
ცუცუკა... ბავშვმა არაფერი მოიწიოს!.. გამეიარეთ...
გამეიარეთ! - მიაძახა მან რძალს და შვილს, რომელნიც
უკან დაედევნენ მას, ლევანისაკენ ფეხაჩქარებით
მიმავალს.

საწყალი ”ბატონი” უკანასკნელ მდგომარეობაში იყო.


სკამ-ლოგინზე მწოლიარე, აღარც კი ჩანდა საბნის ქვეშ
გაფითრებულ აბურძგვნილი თავის მეტი. ღრმად
ჩავარდნილი თვალები ხანდახან გამოიხედავდნენ,
მოევლებოდნენ გარშემო მდგომთ და ისევ
დაიხუჭებოდნენ.

- ლევან, ლევან, გამოიხედე, ეკვირინე მოვიდა, სონია,


ოტია, გამოიხედე! - ჩასძახა ტირილისაგან
თვალებაწითლებულმა ეფროსინემ.

ლევანმა გაახილა თვალები; ჯერ ერთს შეხედა, მერე


მეორეს და შემდეგ მესამეს.

- რას შვები, ბატონო?.. რას შვები, ლევან?.. ნუ შეშინდები,


ნუ შეშინდები! - უთხრა ეკვირინემ, რომელსაც ცრემლები
ერეოდა თვალებში. - ნუ შეშინდები!

მომაკვდავმა ოდნავ თავი გააქნია.

- სიკვდილი ჯობია, რძალო!.. სიკვდილი!.. - ძლივს


გასაგონი ხმით წაილაპარაკა მან. - ყველა მშვიდობით
იყავით... ყველა... ყველა!.. - გაახილა თვალები, თითქოს
რაღაც მოაგონდაო. თვალი მიმოავლო იქ მყოფთ და, რა
შენიშნა სონია, ანიშნა მას მიახლოებულიყო.
თვალებაცრემლებული იგი მიუახლოვდა; ლევანმა
სიყვარულით მიაპყრო თვალი.

- ღმერთმა შვილი გაგიზარდოს... ღმერთმა!..


შეუწუხებლად... თქვენდა სასიამოვნოდ... აგაშოროთ
უფალმა უბედურება... უბედურება... ბიძიკო!..

მისი ტუჩები კიდევ ცმაცურებდნენ, ალბათ რაღაცას


ამბობდა კიდევ, მაგრამ სრულიად მისუსტებული ხმა
აღარ ისმოდა და ამასთანავე თვალები ისევ მიხუჭა.

ისევ სიჩუმე, ისევ შეკავებული ქვითინი ისმოდა


მხოლოდ.

- ნეტავი მალე მაინც სული გეეყრებოდეს... წვალობს, სხვა


არაფერია! - გამწარებით წაილაპარაკა ეფროსინემ,
რომელსაც გამხდარ ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა.

ამ სიტყვებმა ხმაურიანი ტირილი გამოიწვია. ლევანმა


ისევ გაახილა თვალები.
- არ მოვიდა? - იკითხა მან.

- რაღაცას კითხულობს!

- ომანის ნახვა უნდა! - თქვა ვიღაც დედაკაცმა. - კაცია


გაგზავნილი... რატომ დეიგვიანა, აღარ ვიცი!.. ისე რავა
გეიქვავებს გულს, რომ არ მოეკარება... რავა დევიჯერო!..

ამ ლაპარაკზე კარების ზღურბლზე ომანმაც გადმოაბიჯა.


იგი მიუახლოვდა მომაკვდავს, მოიგლიჯა თავიდან ქუდი
და ათრთოლებული ხმით ჩასძახა ძმას:

- ლევან!.. ლევან!.. რას შვები, კაცო?.. რავა ხარ?

ლევანმა გაახილა თვალები და ხმაამოუღებლად


მიაშტერდა თავზე მდგომ ძმას.
- რას შვები, კაცო? - გაიმეორა ომანმა.

- ვკვდები, ძმაო!.. მადლობელი ვარ... მადლობელი! - ცოტა


ხნის გაჩუმების შემდეგ დაუმატა მან.

ომანი შერჩა თავის ადგილს ხმაგაკმენდილი.

- მშვიდობით... მშვიდობით, ავო კაცო!.. აწი მაინც


ტკბილად... ტკბილად იყავით... ეფროსინე!.. უბედურო...
ომან, თუ ძმა ხარ... თქვენ იცით... სირცხვილია!.. კმარა,
რაც გვინახავს. თქვენ იცით... კმარა... კმარა!..

ომანის თვალებზე ცრემლები ბრწყინავდნენ. ეშინოდა


ხმის ამოღება, რომ იქაურობა არ გაეყრუებინა თავისი
ძლიერი, გულმკერდიდან ამოხეთქილი ხმით. .

სახლში კიდევ შემოვიდა რამდენიმე ქალი და კაცი;


მომსვლელები თანდათან ემატებოდნენ. ამ
გამომშვიდობებაში ისე ამოხდა სული მოხუცებულს, რომ
ვერც კი გაიგეს. იგი მიიცვალა წყნარად, მშვიდობიანად,
უშფოთველად.

ყველანი თავს დასტიროდნენ, დასჩხაოდნენ


მიცვალებულს. ეფროსინეს დიდი ხნიდან
გამოტირებული ჰყავდა იგი და ახლა უკანასკნელ
ცრემლსღა სწირავდა თავის უბედურ ქმარს.

ოტია მწარე ცრემლით დასტიროდა ბიძას. ამ


მიცვალებულში იგი რაღაც თავის მომავალს ხედავდა.

სონია მწარედ ქვითინებდა დანარჩენ ქალებთან ერთად.


ეკვირინემ შენიშნა მას გადამეტებული შეწუხება, მოკიდა
ხელი, გაიყვანა სახლიდან და დააფიცა ყველაფერი,
აქაურობას მოშორებოდა და შინ გაბრუნებულიყო.
- აწი რაღა გინდა აქ, შენ გენაცვალე?.. შენთვის არ ვარგა
და ნეტავი სულაც არ წამომეყვანე... რა საყურებელია
ფეხმძიმე ქალისათვის ამგვარები... დევიბენი, ვეღარ
ვიფიქრე მე უბედურმა... წადი, თუ გიყვარდე, წადი,
წადი! - და მან კარებამდის მიაცილა რძალი, რომ იგი არ
გამობრუნებულიყო და არ დარჩენილიყო იქ.

”მშიერი... მშიერი მოკვდა, შიმშილმა მოჰკლა!” -


ეუბნებოდა თავის თავს გზაში მიმავალი სონია. -
შიმშილმა მოჰკლა. უსაღსრობამ... მშველელი კი არსაით,
არსადაა!.. ყველა გაჭირვებულია, ყველა გაწვალებული...
ყველა უბედურებაშია ჩავარდნილი!.. ოჰ, ღმერთო, ყველა
ამას უნდა მოველოდეთ, ყველას ეს დღე უნდა
დაგვადგეს!.. არა, შვილებო, არა, გვრიტებო!.. არა, არა,
თქვენი ჭირიმეო... არა, არა!..
მან ვეღარც კი გაიგო ამ გულის წუხილში, რომ სახლისკენ
აღარ მიდიოდა, გზას გადაეხვია, ქვევით დაჰყოლოდა.
რაღაც ხმამაღალი ლაპარაკი, თითქმის ყვირილი მოესმა
და ამან ცოტათი გამოაფხიზლა და გონებაზე მოიყვანა.
სონია შეჩერდა. გაოცებით თვალი შემოავლო, გაუკვირდა,
თუ სად მოსულიყო სახლისკენ მიმავალი. მაგრამ ვერც კი
მოასწრო ანგარიში მიეცა თავის თავისთვის, რომ ვიღაც
ქალის ქაქანი, წყევლა და გინება იქაურობას იკლებდა.

ჩაფოხვილ დაბალი სახლის კარებთან, ღობეს გადაღმა


რომ მოჩანდა, იდგა გაფითრებული სახით ავადმყოფი,
ტანმორჩილი, გამხმარი ყმაწვილი ქალი და შიგნით
მოქაქანე ქალს დაწყნარებას ევედრებოდა.

- კაია, დედა, კაია, თუ ღმერთი გწამს!.. ქვეყანა მიდი-


მოდის... სირცხვილია!..
მაგრამ ქაქანი არ წყნარდებოდა. სონიამ ხმაზე იცნო
მანანა, სეფე მარუშიძის სიდედრი.

- ის დღე რატომ არ დაიქცა, ის დღე რატომ არ


ჩამობნელდა, მაგ რომ მე ჩემს ოჯახში შემოვათრიე!.. კაცი
მეგონა მაგ დაგლახაკავებული!.. კაცი მეგონა მაგ ოხერი,
ოხერი, ნამდვილი ოხერი!.. ოჯახი თლათ მაგან
გამიოხრა!.. მაგას რავა მოუთმენ, ასე რომ მიყრილი
ვყევართ, ასე უპატრონონი! მაგ დამშეულს ოჯახი ხელში
ჩავაბარე, ამის მოხმარებაც აღარ შემიძლიაო?!. გავაგდებ,
ერთ მჭამელს მაინც მოვიშორებ!..

თავის სიძეზე იყრიდა ჯავრს გაცოფებული მანანა.


თავიანთ უსაღსრობას და ხელმოკლეობას აბრალებდა
თავის სიძეს, რომელსაც ქალიშვილთან ერთად თავისი
ქონებაც ჩააბარა. ჩამოსიძებულმა ვერ გაუმართლა იმედი
სიდედრს, ვერ შეიყვანა კეთილდღეობაში და
მოხუცებული, ხშირად გამწარებული კუჭგაუმაძღრობით,
საზარელ ამბავს აწევდა სიძეს და შეუბრალებლად
ეხებოდა მის თავმოყვარეობას. ამათი ერთმანეთის
ლანძღვა-გინებით მთელი ის კუთხე დღემუდამ
გაყრუებული იყო.

- აი, შენი სახელი გაწყდებოდეს ბარემაც, შენი!.. ღმერთი


მომასწრებდეს, სიკვდილი დაგიდუმებდეს მაგ პილწ
ენას, ღმერთი მომასწრებდეს! - მოესმა ქვევიდან სონიას.

ამ სიტყვებთან მისი მთქმელიც გამოჩნდა მოხვეული


გზის ყურიდან. ფეხშიშველას, მხარზე შემდგარი ჩაფით
წყალი მოჰქონდა და უკან ფეხშიშველავე პერანგის ამარა
ორი ბავშვი მოსდევდა ფიჩხებით მხარზე.

ეს იყო სეფე მარუშიძე თავისი ბავშვებით. მას შერცხვა


სონიას დანახვაზე, დარცხვენილად თავი დაუკრა და
ნაღვლიანად წაილაპარაკა:

- ამ ურცხვ დედაბერს რომ აღარაფერი ეშველა... რომ


აღარაფრის მორიდება აქვს! გამოიარეთ, გამოიარეთ! -
მოუბრუნდა იგი და ბავშვებს გადმოსძახა, უცნობი ქალის
დანახვაზე შემფრთხალი თაგვებივით რომ ღობეს
გაეკრნენ. ამ შეძახილზე ბავშვებმა უცბად მოკურცხლეს
და, ტიტველი ფეხის ტყაპა-ტყუპით ხმელ მიწაზე,
გაქანდნენ მამისკენ.

“არა, შვილებო, არა... თქვენ ამათსავით არ დაგარჩენთ


თქვენი დედა, არა, არა!” -განწირულებით წამოიძახა
სონიამ და ქვევითკენ დაეშვა.

უკან კიდევ ისმოდა მანანას ქაქანი, წყევლა და კრულვა.


ანგარიშმიუცემლად სონია მიადგა ქველიძის მოცრეცილ
ჭიშკარს. მან ყოველთვის, ყოველ უსიამოვნებაზე აქეთ
იცოდა გამოქცევა და დღესაც ჩვეულებამ აქეთ მოიყვანა,
თუმცა ეს მას სრულიადაც არ უფიქრია. ძმის გამოისობით
ამ ბოლო ხანს მან შესწყვიტა წინანდებურად ხშირი
სიარული აქ, ახლაც ერთმა გულმა უკან გაბრუნება ურჩია.
მაგრამ შემდეგ ისევ შესვლა გადასწყვიტა.

მას წინანდებურადვე შეეგებნენ. სახლში მხოლოდ


ქალები იყვნენ. მისმა გაფითრებულმა სახემ და
აღელვებამ ქალიშვილებს თავზარი დასცა; სამივეს
ერთნაირმა აზრმა გაურბინა და შეწუხებულთ ხმის
ამოღება ვეღარ ეხერხებოდათ, სანამ სონიამ არ უამბო მათ
ლევანის სიკვდილი და რაც გზაში ნახა. მაშინ ყველამ
თავისუფლად ამოისუნთქა.

ახლად მიცვალებულზე ლაპარაკში იყვნენ, როცა ოლიკომ


ფანჯარაში გაიხედა და წამოიძახა:
- მამა მოვიდა, მამა!

ყველანი წამოცვივდნენ ზეზე. მათათი გარეთ გავიდა


ქმართან და შვილთან, რომელნიც ის იყო ცხენებიდან
ჩამოხტნენ.

დღეს უნდა მოეტანათ ორივეს, მამა-შვილს, უკანასკნელი


პასუხი ჯინჭარაძისაგან. სარდიონს გაჯავრებულ სახეზე
ეტყობოდა, სასიკეთო არა იყო რა.

- მოუარე მაგ ცხენებს და გადუყვანე მერე! - გადასძახა


სარდიონმა შვილს.

კრიჭაშეკრული იგი შევიდა ზალაში და, რა დაინახა სონია,


ხელიც არ ჩამოურთმევია, უთხრა:

- სტუმარი მიბძანდებოდა თქვენსკენ... ბატონი


ბიაშვილი!..

სონია მიხვდა, რომ აქ რაღაც ცუდი ამბავი იყო ძმისგან და


უნდოდათ მისი თავიდან მოშორება.

იგი წამოდგა, ასწია თავი და გაუბედავი ხმით სცადა


გაეგო რამე სახლში მისვლამდის.

- ჩემი ძმა ხომ არ გინახავთ? - დამნაშავესავით იკითხა


სონიამ გაუბედავი ხმით.

სარდიონმა ჯერ ხმა არ ამოიღო, მერე ერთბაშად აენთო და


ბრაზმორეულმა წამოიძახა:

- ნეტავი ჩემს დღეშიაც არ მენახა! ბევრი მინახავს


უსინდისო, უპატიოსნო ყმაწვილი, მაგრამ თქვენი
ძმისთანა... თქვენი ძმისთანა ჯერ არა! არა ჯერ,
მერწმუნეთ!

- სარდიონ! სარდიონ! - მოინდომა მათათიმ ქმრის


დაწყნარება.

- მე წავალ... მე ვეტყვი, მე ვეტყვი... - ენის ბორძიკით


ამბობდა სონია.

- ახლა ყველაფერი გათავებულია, ყველაფერი!..


მადლობელი გახლავართ, მადლობელი გახლავართ
ყველაფერზე, რაც თქვენი ოჯახის წყალობით მე
გადამხდა! გმადლობთ, მეტს ნუღა ირჯებით!.. კმარა!..
კმარა!.. მიჩივლეო! ჰმ, გაგიგონიათ?.. მიჩივლეო! მე ჩემს
შვილს უსინდისოს ხელში არ ჩავუგდებ... არა! და
მადლობა უფალს, რომ იმისთანა საძაგელი და უზნეო
კაცი, როგორიც თქვენი ძმა ბრძანებულა, სიძედ არ
შემოვიყვანე ჩემს სახლში! ახლა, რომ დამიჩოქოს, ამის
ახლოს სულსაც არ დავაბერვინებ!.. გარყვნილსა და
გაფუჭებულს რა უნდა ამისთანა ანგელოზთან?!
ლაწირაკი!

სონიას თავს რეტი ესხმოდა ამ სიტყვებზე და ამ


უცნაურად გახელებული კაცის ყვირილისაგან. ბევრს
ეცადა მათათი ქმრის დაწყნარებას, მაგრამ ვერაფრის
ღონით ვერ ახერხებდა. დღეს რომ იგი იყო, აქამდის
არავის ასე არ უნახავს სარდიონი; ეს კაცი კი აღარ იყო,
მხეცი იყო, ნამდვილი ბრაზმორეული მხეცი.

მიზეზიც ჰქონდა. თავიდან შერყეული კეთილდღეობა,


ათასგვარი გაჭირვება, ახლა საყვარელი შვილის ამბავი,
ქვეყანას რომ მოედებოდა და ვინც როგორც ისურვებდა,
ისე რომ დაუწყებდა ტრიალს; რამდენი მტერი
გამოჩენილი და უჩინარი ამ შემთხვევას გამოიყენებდა და
მის ოჯახს, შვილს, სათრევად გახდიდა; და ყოველ ამას
ზედ ისიც ემატებოდა, რომ ბიაშვილმა ულუკმაპუროდ
დასტოვა; ეს არ იკმარა და რამდენიმე გლეხი
განეზრახებინა მასზე საჩივარი შეეტანათ, რომ იგი მუდამ
კანცელარიაში გდია და თავის გამოსარჩენად
ერთმანეთში გლეხებს ჰკიდებსო, რის გამო
თხოულობდნენ მთავრობის წინაშე აეკრძალათ მისთვის
სოფლის სასამართლოში სიარული. ეს ხომ მისი ოჯახის
ამოწყვეტას ნიშნავდა, მისი ცოლ-შვილის საბოლოოდ
გაუბედურებას, და როგორ შეეძლო დამშვიდებულად
ყოფნა, დაწყნარება; როგორ შეიძლებოდა, რომ ამას
მხეცად არ გარდაექმნა იგი.

საწყალ სონიას არც კი გაუგია როგორ გამოიარა გზა


ქველიძიდან, სახლამდი როგორ მოვიდა, ისე
გონებააბნეული იყო. ბიაშვილის დანახვაზე მას
ცრემლები მოაწვა თვალებზე და ათრთოლებული ხმით
მიმართა მას:
- პორფირი, რატომ შვება ბეგლარი მაგ საქმეს? რატომ
შვება? კარგია ახლა მაგ? - ქალს ტირილი მოერია.

- ხა, ხა, ხა! შენ რა გატირებს მერე? მისცეს ფული და


გათავდება საქმე! უყურეთ ამას!..

- რვაასი მანათი?!

- ჰო!

- ვის აქვს, შე კაცო, მაგოდენის საშუალება? ჰმ!


შიმშილისაგან ვკვდებით, ვიხოცებით! რვაასი მანათი!..
ღმერთო ჩემო!..

- არა, ჩემო დაო, უფულოდ ტყვილა იფიქრა იმ თქვენმა


სარდიონმა... უფულოდ ქალიშვილს ხელს არავინ
მოუკიდებს, შენც არ მომიკვდე!..

- თხოვდა, აძალებდა მერე?.. თავად არ დანიშნა, ა?

- ეგ რა ვუყოთ!

- როგორ, თუ რა ვუყოთ?! ქალი ჯავრით უნდა ჩაკვდეს?

- ხა, ხა, ხა!.. არ ჩაკვდება, არა!.. ეგ ოინებია, სარდიონის


ოინები! მაგრამ რა სულელია: ქალაქელებს მოგვინდომა
სოფლის კაცმა გაცუცურაკება?! ძალიან შემცდარია,
ნამეტან ძნელ საქმეს მოჰკიდებია და წაგებულია, და
იქნება კიდევაც სხვაშიაც! ხა, ხა, ხა, ხა! არა, ჩვენთან
აქაური კრიმანჭულები არ არგია, არა! ხა, ხა, ხა! ჩვენ რავა
გვაჯობებს!

პორფირი სიამოვნებით ხითხითებდა და ხარხარებდა...


ამის პირით თითქოს თავმომწონე, უფრო ღონიერი
ქალაქი დასცინოდა მისუსტებულ სოფელს, დასცინოდა,
თავის გამარჯვებას აქადნიდა და ემუქრებოდა მეტ
დაჩაგვრას მასთან ბრძოლაში.

“ამათია ყველაფერი!” - გაურბინა თავში მტირალ სონიას.

”ამათ უნდა გავსდიოთ, ჩემისთანებმა მაინც, თუ


ქვეყანაზე სიცოცხლე გვინდა!” - თავის თავს ეუბნებოდა
გულდაღონებული ოტია, რომელიც ის იყო ლევანისაგან
დაბრუნებულიყო.

მთელი ღამე ძილი არ გაჰკარებია არც ცოლსა და არც


ქმარს. სონიას თვალწინ ედგა ლევანი, საწყალი
ეფროსინე, სეფე მარუშიძე ჩაფით მხარზე, ტიტველა მისი
შვილები, გადარეული სარდიონი, მოხითხითე პორფირი,
გაჯიუტებული მისი ძმა ბეგლარი და მისი ქმარი ოტიაც.
ესენი ირეოდნენ ერთმანეთში, ფუსფუსებდნენ მის
წინაშე, ხმაურობდნენ, ვინ რას არ ჩასჩიჩინებდა,
ჩასძახოდა და მოსვენებას არ აძლევდა ღონემიხდილ
ქალს.

ამავე დროს გარეთ, აივანზე გაშხლართული ოტია,


ძილგამფრთხალი, მიცვალებულ ლევანზე ფიქრში იყო
გართული. ამ ფიქრში თავისი თავი ეხატებოდა
მომავალში: თუ იგი დროზე აქაურობას არ გაეცლებოდა,
თუ სხვაგან, უფრო მოსახერხებელ ადგილს არ
შეაფარებდა თავს, მასაც ასეთივე ბოლო ექნებოდა, ისიც
გააქცევდა შვილებს აქეთ-იქით და თავის ბიძასაებრ
მშიერი, მწყურვალი, უპატრონო, ასეთ საცოდაობაში
დალევდა თავის გაჯახირებულ სულს.

- არა... მეტი საშველი არაა, მეც უნდა ავიბარგო! მეც უნდა


შევეხიზნო იქ, სადაც ყოველი კაცი საშველს პოულობს...
სადაც იმოდენი საშოვარია და საშუალება... მეტი გზა აღარ
არის!..

ამ გადაწყვეტილების მიღებასთან მას გულში თითქოს


რაღაცამ გაურბინა; ოტია ჯერ წამოჯდა, მაგრამ ჯდომაც
აღარ ეხერხებოდა, წამოდგა, გადმოვიდა აივნიდან და
მიიარ-მოიარა ეზო. რაღაც უცნაური სევდით შეჰყურებდა
ამ ღამეში ყოველ საგანს, რაც წინ შეხვდებოდა, რაღაც
სიყვარულით აჩერდებოდა სათითაოდ ყველაფერს, რაც
მის საკუთრებას შეადგენდა. მისი გული საკვირვლად
დუღდა, გმინავდა.

ამ ღამეში, ამ ბნელაში, გაჭირვებული ოტია


ემშვიდობებოდა აქაურობას, ესალმებოდა ამ მიდამოს,
რომელიც დევნიდა და იძულებულს ხდიდა, თავისი
კეთილდღეობა სხვაგან ეძებნა.
XIV

ოტია ახლა იმის რჩევაში იყო, თუ როგორ გამოეცხადებინა


დედისათვის თავისი განზრახვა, თავის გადაწყვეტილება,
რა რიგად დაეჯერებინა მოხუცებული ამის საჭიროებასა
და საფუძვლიანობაში; როგორ გამოტეხილიყო, რომ
თავზე საზარელი ამბავი დაატყდა; როგორ ეთქვა, რომ
სამუდამოდ აეყარა გული სოფელზე და უნდა
დაეჩქარებინა მასთან განშორება.

ეკვირინეს სრულიად უბრალო წალაპარაკებას მარუშიძეს


სიდედრთან, მანანასთან, საზარელი ბოლო მიეცა. ეს
შხამიანი დედაკაცი დიდი ხნიდან ილესავდა კბილებს
ეკვირინეზედაც, რომელიც სძულდა მისი ტრაბახობის
გამო, და სონიაზედაც. ამ უკანასკნელს თუმცა მისთვის
არა დაუშავებია-რა, მაგრამ მას სიამპარტავნეს
აბრალებდა, მედიდურებას, სხვებზე მეტობას და ეს
საკმაო იყო მანანასათვის, სონია შეეძულებინა
სამუდამოდ და დაუზოგავად. მანანას გული აეყარა
სონიაზე იმ დღიდან განსაკუთრებით, როცა მას თვალი
მოჰკრა გზიდან მოყურებულს, სიძეს რომ ეჩხუბებოდა.
იგი იმ დღიდანვე ეძებდა შემთხვევას, გული ეჯერებინა
მისი საკადრისი ხსენებით და ახლა რომ შემთხვევა იშოვა,
აღარაფრით აღარ ზოგავდა არც დედამთილსა და არც მის
”განათლებულ” რძალს.

- კაი შენ დაგემართოს, კაი რამე შენ მოათრიე სულელმა,


ჩერჩეტმა! შარა-შარა რომ დაძვრება და ვინ რას
ლაპარაკობს, რომ ბოჭავს!.. ასაბოჭი ნალაპარაკები კი
გაქვთ, იცოცხლეთ!.. იცოცხლეთ, ბლომად გაქვთ!.. მარა ის
ბოჭეთ, რაც თქვენ შეგეხებათ!.. ისიც გეყოფათ, სხვასთან
რა ხელი გაქვთ! გამომიდგებიან და ჭკუის დარიგებას
დამიწყებენ! შენ თუ ჭკვიანი და გონიერი ბრძანდებოდი,
ჩემო ქალბატონო, იმისთანასაც არ შემოათრევდი
ოჯახში!..

ეკვირინე გაფითრებული იდგა ღობესთან და


გაფართოებული თვალებით შესჩერებოდა შორიდან
მოქაქანე მანანას, რომლის უკან ფეხშიშველა, პერანგის
ამარა, თავზე რაღაც ქუდის მაგვარით, ბავშვი, - ვერ
გაარჩევდით გოგო იყო თუ ბიჭი, - გაშტერებული იდგა და
ცხვირს თითით იკირტნიდა.

- ვინ შემოვათრიე, მანანა? ვინ შემოვათრიე შენგან ავად


სახსენებელი? შენს უზნეობას თავი დაანებე!.. ჩვენთან
გასავალი არ ექნება!..

- ვისი იმედით ბრძანდებით, ვისი იმედით? შენი რძლის


საყვარლის იმედით? დაგიდგა თვალი! რა მაღლა მოგაქვთ
თავი! იმით იწევით ზევით, რომ ვიღაცა ოხერმა ხასა
რძლათ შემოგატყუათ და თქვენი სიბრიყვით
გათამამებული ურცხვად დაწანწალობს, ასე გგონიათ,
ქვეყანა ვერაფერს ხედავდეს და მიხვდებოდეს?! და
თქვენგანაა კიდევ ვინმე სხვა საკილავი და ავად
სახსენებელი? თავად გარყვნილებო და გაოხრებულებო!..
ბუშებით ოჯახს რომ ავსებთ, თქვენ უნდა
ლაქლაქობდეთ სხვებზე?! აი, ბეჩა!

ეკვირინე ამქვეყნად აღარ იყო ამისი გამგონი.

- ვინ ამბობს მაგას? ვინ? ვინ?.. - ძლივს მოახერხა მან. -


ვინაა მაგის მოლაპარაკე? - იყვირა მან და ერთი უკან
მოიხედა სახლისაკენ, სონიას ხომ არ ეყურებაო ჩვენი
ლაპარაკი და ამბავი.

- ვინა და თელი სოფელი!.. თელი სოფელი!..

- ტყუი!.. ტყუი, შე უსინდისო, შე უკუღმართო...


გესლიანო! გესლიანო!

- გული გეიკეთე მაგით!.. არ გიამა?!

- გაჩუმდი, გაჩუმდი, შე უსირცხვილო, თვარა არ ვიცი, არ


ვიცი, რას არ გიზამ!.. გესმის?.. ახლავე აქედან წეეთრიე...
წეეთრიე, მე შენ გეუბნები!.. - იყვირა ეკვირინემ და
უცბად ღობიდან ჯოხი გამოაძრო. - შვილები არ
მომიკვდება, აქვე სულს გაგაცხებიებ... მაგ მყრალ ენას
სამიდღემჩიოდ დაგიდუმებ ეს არის, გასწი... გასწი
შენთვის, მითხრობია!

მაგრამ ამით მანანა არ შინდებოდა. პირიქით, მან


უარესები წამოულაგა ეკვირინეს; რაც რამ ჭორი, ცუდი
თქმულა მის ოჯახზე, ყველაფერი პირში ახალა და, რაც
უარესი იყო, ამათ ხმაურობაზე მთლად კუთხე-მეზობელი
მოაწყდა. გააფთრებული დედაკაცები ძლივს დააშორეს
ერთმანეთს.

სონია კი გულწასული ეგდო ტახტზე, უგრძნობლად. ეგ


მეტად შეუბრალებლობა იყო, ეს ადამიანის გამეტება,
მიწაში ჩამარხვა იყო, რაც მან თავის თავზე გაიგონა.

- ოტია... ოტია! მე ხვალვე მივდივარ... იცოდე, ხვალვე


უნდა წავიდე... აქ მე ერთ წამსაც აღარ მოვიცდი... თუ არ
წაგიყვანივარ, გავიქცევი... ღმერთო, ათასნაირ
გაჭირვებასთან, უთვალავ უსიამოვნებასთან ესეც უნდა
გაეგონა ჩემს ყურებს?.. რატომ, რატომ, მითხარი? კაცის
შებრალება აღარ იციან? რამ ათქმევინათ, რამ
აფიქრებინათ ამისთანა საძაგლობანი?! ოტია, მომაშორე,
მომაშორე... მეტის ატანა აღარ შემიძლია, არ შემიძლია, შე
კაცო!..

ცხარე ცრემლით მტირალი ეუბნებოდა სონია, შინ


დაბრუნებულ ოტიას, რომელიც ამ ალიაქოთის დროს
სხვაგან იყო.

- შემიბრალე, შე კაცო! მოვშორდეთ აქაურობას,


მოვშორდეთ!.. დროზე!.. თუ მეტი გინდა კიდევ?

- კი... კი!.. - გადაწყვეტით მიუგო ოტიამ. - ვისგანაა ერთი


მაცოდინა, ეგ ყველაფერი?.. ვისგანაა შემზადებული,
მანახა, რომ ამ ხელებით სული გავაცხებინო... წითლად
შევღებო... ენა ამოვგლიჯო ძირიანად!.. ოხ მე, ოხ მე!.. -
გამწარებით გაიძახოდა ოტია.

- ყველა ერთნაირია, ყველა... ყველანი ცოფიანივით არიან!


- ოტია მიხვედრილი იყო, საიდანაც გამომდინარეობდა ეს
ამბავი, ვისგანაც იქნებოდა ნათქვამი პირველად და ეგ
იყო, რომ სიმწარეს მატებდა და გულს უხარშავდა.
ეკვირინემ კიდევაც კვერი დაუკრა, ოტიამ რომ უთხრა
სონიას №-ში წავიყვანო.

- წაიყვანე, წაიყვანე, შვილო... გულს გადააყოლებს,


გეიხედავს-გამოიხედავს, გადაავიწყდება!.. საწყალს
მართლა ბევრი უსიამოვნობა შეხვდა ბოლო ხანს... კი,
შვილო, ეგრე ქენი!.. მერე უფრო გულს დაუდებს ოჯახსაც
და აქაურობასაც.

მესამე დღეს ოტიამ ჩაიყვანა ურმით ცოლ-შვილი №-ში


ცოლის ძმასთან. გამობრუნებული, ახლა იგი შეუდგა
გადასახლებისათვის მზადებას.

რამდენიმე კვირის შემდეგ ეკვირინემ გაახსენა შვილს,


ცოლი მოეკითხნა და მოეყვანა, რადგან დრო
ახლოვდებოდა ლოგინად დაწოლისა.
რარიგად გაოცდა მოხუცებული ეკვირინე, როცა ამაზე
შვილისაგან პასუხად გაიგონა, რომ სონია არა თუ აღარ
დაბრუნდება თამარნაშენში, პირიქით, ესენი უნდა
შემზადებულიყვნენ სამუდამოდ იქ დასასახლებლად.

- რატომ, რატომ? - კითხულობდა გაფაციცებული,


აზრშერყეულივით, ეკვირინე, - რა მიზეზია?.. რამ
გაფიქრებიათ ამგვარი ამბავი? გამაგებინეთ!

- თავს ვეღარ ვრჩენულობთ, დედა... თავს ვეღარ


ვრჩენულობთ!.. წელში ვწყდებით მუშაობით, მარა არა
გამოდის რა... უქმად მიდის ყოველივე მეცადინეობა,
ჯაფას ნაყოფი აღარ აქვს, ვეწვალებით მხოლოდ...
საბოლოოს ვიღა ამბობს, გასაძღომს ვეღარ ვშოულობთ...
ყველა გამწარებულია, შიმშილისაგან გონება არეული... აქ
აღარაფერი სიკეთეა, ათასნაირი გაჭირვებისა და
უბედურების მეტი!.. ეგებ იქ მაინც ეშველოს კაცს. ბევრი
იქით იწევა... ქე შოულობენ რაღაცას, თავს ირჩენენ...
აქაურობას რომ მივაჩერდე, რა გამოდის გაჯახირების
მეტი? იქ მაინც ვცდი თავს. თუ დავიღუპები, სულ ერთია,
აქაც ხომ მეტი ხეირი არ მომელის. ეს გადაწყვეტილია,
დედი, გადაწყვეტილი!

ეკვირინეს გონება ეკარგებოდა ამის გაგონებაზე. მას


საწინააღმდეგო სიტყვაც არ ეხერხებოდა, ისე დაიბნა, ისე
აირია შვილის ნალაპარაკევზე. ბოლოს, როგორც იქნა,
მოისაზრა და გაპარული ხმით უთხრა ოტიას:

- ახლა შეიქმნა ამისთანა ამბავი?

- ახლა, ახლა... დედა! - ამოოხვრით მიუგო ოტიამ.

ეკვირინემ ბრალი რძალს დასდო ამ საქმეში. კიდევაც


ჩავიდა №-ში, ინახულა სონია და თვალცრემლიანი
ემუდარა ოჯახი არ დაენგრია, ისევ დაბრუნებულიყო,
შვილები გზაში არ გამოეყარა, ბუდე არ აენგრია მათთვის.
მაგრამ ყოველივე ამაო დარჩა. მისდა გასაოცებლად, მეტი
მოუდრეკელი მისივე შვილი ოტია აღმოჩნდა. მისი
სიტყვითაც ეს ქალაქში შეხიზნება ერთადერთი
საშუალება იყო, რაც მათ რჩებოდათ. თავიანთი
ცხოვრების გამოსაკეთებლად. არ მოელოდა საწყალი
ეკვირინე, თუ როდისმე გამოეთხოვებოდა თავის
საცხოვრებელს, მიატოვებდა თავის ეზო-მიდამოს,
დაჯდებოდა ურემზე თამარნაშენიდან წამსვლელი
გასაქალაქებლად.

რამდენიმე თვის შემდეგ ოტიამ გაყიდა სახლის გარდა


მთლად თავისი ქონება თამარნაშენში და №-ის
განაპირაზე იყიდა პატარა ადგილი, ჩაიტანა თავისი
სახლი და შეემატა მის გვარადვე გამოქცეულ
სოფლელებს, რომელთა პატარა სახლების რიცხვიც
თანდათან მატულობს და სარტყელივით ერტყმევა №-ს
გარშემო. ესენი ჯერჯერობით არც ქალაქში სწერიან და
სოფლურ ჩვეულებაზე მცხოვრებნი უდარაჯებენ დროს,
რომელმაც სრულიად უნდა გაჰქნას ისინი ქალაქელებში
და დაგეშოს ახალი ცხოვრებისათვის.

ჯერ კიდევ ვერ მოეწყვნენ, მართალია, მაგრამ იმედი აქვთ


ორივე ცოლ-ქმარს, რომ მოკლე ხანში ამ ახალ ნიადაგზე
სოფლისაზე უკეთესად წაიყვანენ საქმეს. მათთვის დიდი
იმედია ბეგლარი და ბიაშვილი, რომელთაც ხშირად ოტია
აცოდებს თავსა და თავის ცოლ-შვილს და ეუბნება
ხოლმე:

- თქვენ იცით, თქვენი იმედით ვარ... თქვენისთანა


განათლებულებისა და გავლენიანების იმედი თუ არ
მოგვეშალა, ეგებ რაღაც გამოვკეთდეთ, გამოვიდეთ
სინათლეზე... თქვენ იცით!..
ამის პასუხად ბეგლარი ბევრ სიტყვასაც არ იმეტებს,
ბიაშვალი კი თავისებურად იცინის და, მუდამ ხალისიანი,
იმედს აძლევს, ამხნევებს, მაგრამ ისიც უფრო,
რასაკვირველია, სიტყვით მხოლოდ.

ოტიას სამოსახლოზე სხვა დასახლდა, ახლად


გამოყოფილი, რომელიც შემთხვევას ელოდა, სადმე
ადგილი დაცარიელებულიყო მოსახლეობის
გასამართავად, რომელსაც ეზო საყანედ გადაუქცევია,
ცალ ყურეში კი ქოხი ჩაუდგამს.

ამგვარსავე გარემოებაში მყოფმა გლეხმა იყიდა ლევან


ქამუშაძის ეზოც, რადგან მისმა შვილებმა მამის
სიკვდილის შემდეგ სოფელი აღარ დაეძიეს. ეფროსინე
უფროსმა შვილმა წაიყვანა: რკინიგზაზე ბუტკაში დგანან,
და ხშირად მწვანე დროშაკით ხელში, პირზე თავსაფარ
ჩამოფარებული, გამვლელ მატარებელს ანიშნებს გზის
ავკარგიანობას. სარდიონ ქველიძემ, როგორც იქნა,
გაიმართლა თავი მმართებლობის წინაშე, ისევ ვექილობას
მიჰყო ხელი და გლეხებიც მასვე დაუბრუნდნენ, რადგან
ბიაშვილმა მიატოვა თამარნაშენი, როგორც მოჭმული
ადგილი და სხვაგან გადავიდა. მაგრამ ქალიშვილის
ჯავრმა ერთობ მოაბერა და მოტეხა სარდიონი, ასე რომ
ვეღარ ეკიდება წინანდებურად თავის მარჩენალ საქმეს;
ამის გამო ვლადიმერიც იძულებული შეიქნა, სახლიდან
ფეხი გადაედგა, რამე ეშოვა, ოჯახს წადგომოდა, მაგრამ
ტყუილა დაეხეტება ხან შავქვაში, ხან რკინიგზაზე, -
ვერსად შოულობს სამუშაოს.

ერთობ მწუხარებაშია ქალიშვილების შემყურე მათათიც.


მაგრამ მაინც ვითომ გულს არ იტეხს, გულმაგრად არის
და ჩვეულებისამებრ მუდამ თავის სახელოვან
ნათესავებზე ლაპარაკობს, მათ მოწიწებით ხსენებაშია და
მათით თავმომწონეობს.

1900 წ.
მრევლში
ნაწირვები იყო. ფართოდ გაშლილ ცაცხვის ქვეშ
თავშეყრილ გლეხკაცებში ჩამჯდარი მაღალი ტანის
ახალგაზრდა მღვდელი გაცხარებით ლაპარაკობდა:

- განა მე თვითონ არ მაწუხებს ასეთი ჩემი მდგომარეობა,


თქვე დალოცვილებო?! კი გეთქმისთ საყვედური, კი!..
ხშირად გაკლივართ… თქვენს დროზე არა გყავთ
მღვდელი, მოკლებული ხართ მღვდელმსახურებას,
მაგრამ რა გიყოთ, ჩემო კეთილებო, რა ვქნა, რომ ასე არ
იქნეს!.. მღვდელი ახლოს გინდათ გყავდეთ, ამისათვის
ბევრს ვეცადე, მაგრამ რა გზით შემოვუარო ამას, როცა
მთელ სოფელში ვერსად ვერ ვიშოვე საქირავოდ
სადგომი!.. თუმცა ჩემთვის მეტისმეტი გასაჭირი
იქნებოდა ქირის გადახდა, მაგრამ ვინ ოხერი თავს არ
შეიწუხებდა, ოღონდ კი თქვენგნით საყვედური
ამეცილებინა... იცის ღმერთმა, რომ ვწუხვარ, მეტად
ვწუხვარ ამ ჩემი მდგომარეობისათვის, მაგრამ საღსარი
ვერავითარი მიპოვნია... ვარ გაბმული ამ გზაში,
დავწანწალობ ჩემი სახლიდან ამ თქვენს სოფლამდინ,
მარტო გზას ვუნდები; ეკლესიაზედაც დაშორებული ვარ
და მრევლზედაც... მოძღვარი მქვია - და ეს მიკლავს
გულს, რომ ამნაირი სახელი მქვია და ნამდვილად კი რა
მოძღვარი ვარ?! ა, წირვა გამოვიყვანე და სახლისკენ უნდა
გავსწიო ახლავე, თორემ გზაში შემომაღამდება... რა ვქნა,
აღარ ვიცი, ღმერთმანი! სულ ამაზე ვფიქრობ და იცის
ღმერთმა, რომ მეტად ვწუხვარ ამგვარ ჩემს
მდგომარეობისათვის...

- შეეწიეთ, შეეწიეთ... ყველა შევეწიოთ, ავუშენოთ ერთი


პატარა სადგომი ამ ჩვენს ეკლესიასთან და მღვდელიც
ახლოს გვეყოლება და ყოველივე უკმაყოფილება და
სამდურავი მოისპობა მოძღვარსა და ჩვენს შორის!.. - თქვა
მოხუცებულმა აზნაურმა, რომელიც იქვე იჯდა საფლავის
ქვაზე და ამ სიტყვებზე წამოდგა.

- თქვე დალოცვილო, ჩვენთვის ვერ დაგვიდგამს სახლი,


ქოხებში ვყრივართ, მღვდელს სად ვუშოვნოთ სადგომი? -
წამოიძახა მოხუცებულმა გლეხმა და სხვებმაც
ბუტბუტით ბანი მისცეს.

- აბა რა ქნას ამ ადამიანმა? - განაგრძო მოხუცებულმა


აზნაურმა. - რა ქნას ამ ადამიანმა?..

- ბატონო, მღვდელი წინათაც გვყოლია, მაგრამ მათთვის


სადგომი არ გვიშენებია, მაგ რაღა შეიქნა?!

- რომ გყოლია, ჩემო კიმოთე, ის შენი მეზობელი იყო, ამ


სოფლის მცხოვრები... დღეს კი ამ შენს მეზობლებში
აღარავინ გყავს იმისთანა, რომ მოძღვრად გამოსადეგი
იყვეს და აგერ გამოგიგზავნეს განათლებული ადამიანი,
შესმენილი და მცოდნე... იმ შენს უწინდელ ყრუალა
მღვდელთან ვერ მიადარებ ამას, უკაცრავად!..

- ეგ კაი დაგემართოსთ, ბატონო, კაი იყვეს...


განათლებული მოძღვარი, რასაკვირველია, ჯობია
გყავდეს, მაგრამ მეტ ტვირთად გვაწვება, ბატონო
ნესტორ!.. ჩვენ ჩვენი საკუთარი გაჭირვება გვეყოფა,
ძლივს სული გვიდგია ტანში, ჩვენ მაგისაგან მოველით
შველასა და დახმარებას, ჩვენი გაჭირვების გაადვილებას,
და ამის მაგიერად ტვირთად გვაწვება... დასაბინავებლად
ჩვენ გვიხდება და შესანახავად... ჩვენც ცოდვანი ვართ!

- მართალია, მართალი! - მოისმა იქით-აქედან ხმები ამ


სიტყვაზე.
ახალგაზრდა მღვდელს ეტყობოდა ისრებივით ესობოდა
გულში განაგონი, აღელვებული ხან წვერს ისწორებდა,
ხან ულვაშებს იგრეხავდა ათრთოლებული ხელით.

- გთხოვთ, თავი დაანებოთ ამ ლაპარაკს! - მიმართა მან


რუსულად მის მომხრე აზნაურს.

- მომითმინე, მომითმინე, მამაო!.. ნუ გეწყინება, ამათ ასე


იციან ჭიჭყინი - რუსულადვე მიუგო ნესტორმა მღვდელს
და მერმე ისევ ხალხს მიმართა: - ნუ ჯიუტობთ, ნუ, ნუ...
შევუწყოთ ხელი ამ ჩვენს მოძღვარს, დავაბინავოთ ჩვენს
მახლობლად, მეზობლად ვიყოლიოთ და ჩვენც უკეთ
გვემსახურება... ავაგოთ პატარა სახლი ამ ეკლესიასთან
და სამიდღემჩიოთ თავისუფალი ვიქნებით ყოველ
უკმაყოფილებისაგან მღვდელსა და სოფელს შორის...
ჩვენი სოფლის კაცის მღვდლად ნახვას მოვესწრებით თუ
არა ოდესმე, ვინ იცის!.. ჰო, და ამაზე ყოველთვის
გვექნება ერთი ლაპარაკი და ყაყანი... და ბარემაც
გადავსწყვიტოთ და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკის
განახლებას!.. ხომ ყველა ვხედავთ არ გვარგია, ასე შორს
მოძღვრის ყოლა!.. ჩვენი ვალია, ყოველივე ღონე ვიღონოთ
და დევიახლოვოთ იგი... ჰო, ნუ ყოყმანობთ!..
გადასწყვიტეთ და ის იქნება!..

გლეხებს შორის ყოყმანი ატყდა. ესეც ლაპარაკობდა, ისიც;


ყველას უკმაყოფილების სიტყვა ადგა პირზე. მღვდელი
ძლიერ უხერხულად გრძნობდა თავის თავს და
გაქცევასაც აპირებდა, რომ მოხუცებული ნესტორის
ხათრი არა. მის ყურთასმენას არ გამოპარვია თითქმის არც
ერთი სიტყვა გლეხებში ნათქვამი და ეს იყო მიზეზი, რომ
იგი უფრო და უფრო მოუსვენარი ხდებოდა. უეცრად იგი
შეინძრა მთელი სხეულით, ისარნაკრავივით მიტრიალდა
მარცხნით და აცახცახებულმა უცნაური ხმით წამოიძახა:
- მართალია, მართალი, ევთიმე ბატონო, მართალი!

ყველანი შეჩერდნენ. ჩამოვარდა სიჩუმე. შუახნის გლეხი,


რომელსაც მიმართა მღვდელმა, სახედაბნეული იდგა და
დარცხვენილივით იყურებოდა გაჯავრებულ
მოძღვრისაკენ.

- სწორედ მიმხვდარი ბრძანდები... დიახ, იმისათვის


ვცდილობ თქვენთან დაახლოებას, რომ თვალები მაქვს
გამოპრაწული თქვენს სარჩოზე ვიწყო ცხოვრება!..
ძალიან მიმიხვდი, ძალიან, ისე შენ გეშველა!.. ფუი შენს
კაცობას! შენისთანა კაცთან ღირს ადამიანმა ხმა
ამოიღოს?!. შეგირცხვათ ნამუსი! - ერთბაშად წამოისროლა
მამა ზოსიმემ, აძაგძაგებული ხელით ჩამოიფხატა
შუბლზე თავისი ფართო კიდეებიანი ქუდი და გაშორდა
სახტად დარჩენილ ხალხს.
მაგრამ მერე ისევ მოტრიალდა, მივიდა თავის მომხრე
მოხუცებულ აზნაურთან:

- მშვიდობით ბძანდებოდეთ! - უთხრა მან, ხელი


ჩამოართვა და ისევ გაშორდა ამ გროვას.

სახეწამონათებული, თვალებამღვრეული იგი შეჩერდა


ერთ ადილას და იქით-აქეთ იცქირებოდა, თითქოს
ვიღაცას ეძებდა ეკლესიის გალავანში. კარგა ხანს იდგა
იგი იმავე ადგილას ბურანში გახვეული,
გარეტიანებულივით და სრულიად არაფერი ესმოდა, რას
ეუბნებოდა მასთან მიახლოვებული ახალგაზრდა გლეხი
ბიჭი და დიდხანს ვერ შენიშნავდა მას, რომ ბიჭს თავის
მიმართვის გამეორებაზე შემაღლებული ხმით არ
წარმოეთქვა თავისი სათქმელი.

ამ ხმამაღლა დაძახებამ გამოარკვია მამა ზოსიმე, მოიხედა


და, ბიჭი რომ დაინახა, კუშტად მიმართა:

- რა გინდა?

- ჩემთან უნდა წამობძანდე ახლავე, მამაო!

- რა ამბავია? - ისევ კუშტად და წარბებშეყრით შეეკითხა


გულმოსული მღვდელი.

- ბიჭი გვყავს, ჩემი უფროსი ძმა, მწარე გაჭირვებული.

- მერე?

- ზიარება გვინდა! - თქვა ბიჭმა და თვალებზე ცრემლები


მოადგა. - მალე, შენი ჭირიმე, მალე!.. ჯავრისაგან დედაც
გადამერევა, ისეა!.. ნუღარ დაიგვიანებ, მამაო!
- წადი, ი სულელი პეტრია დარაჯი მონახე... ჯორი
გეიყვანეთ ჭიშკართან!.. ლოცვანს გამოვიტან... მოვალ
ახლავე!..

- აბა დროზე ქენი, შენი ჭირიმე! - თქვა ბიჭმა და გაიქცა


პეტრიას მოსანახავად, მაგრამ ისევ მოტრიალდა და
მღვდელს მიმართა: - არაფერი წამალი არ მიუდგა... ეგებ
ლოცვამ უშველოს... ლოცვაც უნდა წაუკითხო!

- კარგი, კარგი!.. რაც გითხარი, შენ ის ქენი! - მღვდელი


შევიდა ეკლესიაში, გამოიტანა იქიდან ლოცვანი, უბრძანა
მნათეს ეკლესია დაეკეტნა. ვეღარ მოითმინა, საყვედური
არ წარმოეთქვა ამასთან მედავითნეს შესახებ, რომელიც
მისდა უკითხავად სადღაც გამქრალიყო და მერე
აჩქარებული ნაბიჯით გალავნის ჭიშკრისაკენ გასწია.

პეტრია უკვე იქ იყო ჯორიანად.


- შენ ჩემთან უნდა წამოხვიდე! - მოკლედ ესროლა
მღვდელმა სიტყვა. - ეს წამოიღე შენ! - და მან ლოცვანი
გაუწვდინა მას.

- კი ბატონო! - ხალისიანად მიუგო პეტრიამ, ავჟანდი


დაუწია მღვდელს და ჩამორთმეული ლოცვანი ამოიდო
იღლიაში.

ზოსიმე მღვდელმა ერთი თვალი გადაავლო ნამალევად


ცაცხვის ქვეშ ისევ მოლაპარაკე გროვას და გულნატკენმა,
გულამღვრეულმა გასწია შეწუხებულისაკენ.

მაშ ეგრე, მამა ზოსიმე მხოლოდ მძიმე ტვირთია თავის


მრევლისა?! თვალები აქვს გამოპრაწული, რომ თავისი
სულიერი შვილების წანაგლეჯით გამოიტანოს თავი?
იმის მაცადინია, რომ თავისი თავი სოფელს შეაპაროს და
სარჩენად გაუხადოს მას თავისი ოჯახი?! ესაა, რაც
დაიმსახურა მან ამ ხალხის თვალში! ეს არის ამ ხალხის
შეხედულება მასზე... ამნაირი ურთიერთობაა მოძღვარსა
და სამწყსოს შორის... წაგლეჯაზე თვალებგამოპრაწული
მოძღვარი!.. მძიმე ტვირთი, რომლის შორს ყოფნას
რჩეობენ! - განა ამის გაგონება გულს არ მოუკლავდა
ახალგაზრდა მოძღვარს, რომელიც სულ სხვა იმედებით
მოდიოდა ამ ხალხში, რომელსაც ეგონა, ამ ხალხში
შეიტანდა პატივისცემას მისი წოდებისადმი, შეაყვარებდა
იმათ სახელს, ვინც მქადაგებელია სიყვარულისა
მოყვასისადმი, ვინც განმანათლებელია სულისა,
გამწმენდი გულისა ყოველივე მძულვარებისა და
ბოროტებისაგან.

სადაა მერე ეგ ყოველივე?! სადაა რაიმე ნიშანი


კეთილგანწყობილებისა მოძღვარსა და სამწყსოს შორის?!
სადაა სიყვარული, პატივისცემა, ნდობა, იმედი?! სადაა
ყოველივე ის, რაზედაც იგი ოცნებობდა სემინარიაში
თავის ამხანაგებთან, რომლებთან იგიც ემზადებოდა
მომავალი მოღვაწეობისათვის?!

უბინაო, ღატაკი, ღატაკებით გარშემოხვეული, რომელთა


ნაოფლარითაც თავი უნდა ერჩინა - საიდან, რა გზით
უნდა დაბადებულიყო ნდობა, სიყვარული, თანაგრძნობა
მათ შორის?!

თვალებგამოპრაწული მოძღვარი?! - ეს ისეთ ტკივილებს


აგრძნობინებდა ახალგაზრდა მოძღვარს, ისეთნაირი
სევდით უვსებდა გულს, რომ იგი მზად იყო ეტირა,
ეტირა, რადგანაც ასე უნდა ყოფილიყო სიკვდილამდის,
სანამ ამ ძულებაში არ დალევდა სულს და არ
გამოეთხოვებოდა ამ წუთისოფელს.

და იგი სწყევლიდა თავისთავს, რომ ეგრე უგუნურად


შეეჭიდა, იტვირთა ასეთი საშინელი მოვალეობა, იდვა
თავზე ასეთი მძიმე საქმე, რომ მიიღო სახელწოდება,
რომლისადმი მხოლოდ სიძულვილს ავრცელებს ხალხში
სრულიად თავისდა უნებურად, თავისდა გულსაკლავად.

აღელვებული, გულშეწუხებული მღვდელი, რომელსაც


სისხლი საშინელი სიჩქარით მიურბ-მოურბოდა
ძარღვებში, მოუსვენრად სცემდა ქუსლებს პატარა ჯორს,
რომელიც თანდათან უმატებდა ჩიქჩიქს და ჯორთან
ერთად გაჭირვებაში აგდებდა ხნიერ პეტრიასაც,
რომელსაც არ უნდოდა უკან ჩამორჩენოდა თავის
მოძღვარს და ამიტომაც, ლოცვანით იღლიის ქვეშ, ჩოხის
კალთები ამოეკეცა და ოფლში გაწურული ჩანჩალით
მისდევდა უკან.

პეტრიამ უკვე იცოდა, რაც ამბავი მოხდა, რარიგად


გააპილპილეს ყმაწვილი მღვდელი და სწორედ მისდა
გულის დასაშოშმინებლად, სიმწარის დასაამებლად
ხმამაღლა გაიძახოდა ქლოშინით მამა ზოსიმეს
გასაგონარად:

- ნამეტანი გადასხვაფერდა ეს ხალხი... ნამეტანი


გადასხვაფერდა... სულ გამოიცვალა! რას იზამ ადამიანი!
ნამეტანი შეუსმენელი შეიქნა!.. გეირყვნა ქვეყანა,
ნამდვილად გეირყვნა, რომ ვუყურებ! მარა რას იზამ კაცი,
რას იზამ?!

მაგრამ მამა ზოსიმეს ან არ ესმოდა ეს სიტყვები, ანა და,


თუ ესმოდა, ისინი სიმწარის შემმატებლად ხვდებოდნენ,
ალბათ, იმიტომ რომ იგი ჯორს თანდათან უფრო
აჩქარებდა, თითქოს პეტრიას უკან ჩამორჩენას
ცდილობდა; მაგრამ ეს უკანასკნელი თავისას არ იშლიდა,
თავმოძულებით, თითქმის სირბილით მისდევდა უკან
მღვდელს, ხტოდა ქვებზე, როცა ტალახი შეხვდებოდა,
იწურავდა ოფლს და თან თავისას გაიძახოდა, თუ როგორ
გაირყვნა სოფელი, რა შეუსმენელი შეიქნა და თავიანთ
სიბრიყვეში კაცის ცნობის უნარიც როგორ დაჰკარგეს.

გვარიანი გზა, აღმართ-დაღმართიანი, უკვე გაიარეს


ამრიგად, როდესაც ერთ ადილას მათკენ მომავალი
მღვდელი შეხვდათ.

- მამა ზოსიმე, მამა ზოსიმე! - შემოსძახა შემხდურმა. -


მამაო, გეტყობა გულნაწყენი უნდა იყვე!.. სძლიე, სძლიე,
მამაო, ჯერ ახალგაზრდა კაცი ხარ... მომავლისათვის
შეინახე თავი! სძლიე სახელითა მამისათა და ძისათა და
წმიდისა სულისათა, ამინ! პირჯვარი გადისახე, ფუი
ეშმაკსა-თქვა და გათავდა! - მხიარულად და
სულდაუთმელად მოაყოლა ამ ხანში შესულმა
ჭაღარამორეულმა მღვდელმა, რომელმაც ჯორი შეაჩერა,
ქუდი უკან გადაიწია და ცოტათი გამოაჩინა თავისი
მელოტი შუბლს ზევით.

- სად მიბრძანდები, მამაო მიხეილ? - შეეკითხა


ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ მამა ზოსიმე.

- ქუთაისში, აგერ ეს ვაჟბატონი მიმყავს, ეგებ გვარი


დაამშვენოს თავის ჭკუითა და სწავლა-
განათლებულობით! - და ამ სიტყვებთან მან თავი
მიიბრუნა უკან პატარა, ათი-თორმეტი წლის ბავშვისკენ,
რომელიც უკან შემოჯენილი ჰყავდა ჯორზე, ძალზე
მიჰკროდა მამა მიხეილს წელზე შემოხვეული ხელებით,
რადგანაც საჯდომი ადგილი უნაგირს იქით ჯორის გავაზე
მეტად პატარა დარჩენოდა; ისე მიჰკვროდა, რომ მამის
ანაფორაში გაჰხვეოდა თავი და სახე სრულიად არ
უჩანდა.

- სასულიერო სასწავლებელში, მამაო?


- დიახ, დიახ!.. ჩვენ ქე გვწუნობთ, თქვე დალოცვილებო! -
სიცილით თქვა მამა მიხეილმა, - დასაწუნიცა ვართ!.. ამ
თრევაში, ამ ხალხთან ყაყანში სულ გამომელაყა თავი...
რაც რამ იყო შიგ, სულ ერთიანად გამოიფიტა, გაფრინდა
სადღაც... რავარც პური გაფრინდება, სწორედ რომ ისე!
თუ არა ჩვენს დროზე ვითომც არაც ჩვენ გვიჭირდა!.. მეც
ვიცოდი რაღაც-რაღაცეები... მახსოვს, გიშპანიის ზღვას
გვასწავლიდნენ, თეთრ ზღვას, პეჩორის ლავრას... მარა
დღეს სადაა ეს გიშპანიის ზღვა, ან ეს თეთრი ზღვა, ან
პეჩორის ლავრა - ვეღარაფერი გევიგე!.. თავი მომწონდა
წინათ და ახლა ამ თითის სიგრძე ბავშვმა მაჯობა... სადაა,
ბიჭო, თეთრი ზღვა? არც შენ იცი, შემარცხვინე კაცი?!
გიშპანია?! ხა, ხა! - გადიხარხარა ხუმარა და ენაწყლიანმა
ხუცესმა.

სწორედ ამ დროს უკან ჩამორჩენილი პეტრიაც,


აქლოშინებული, მოუახლოვდა ამათ და, რა დაინახა მამა
მიხეილი, დაბლა თავი დაუკრა და შენდობა სთხოვა.

- ა, პეტრიანთი, პეტრიანთი, პეტრიანთი! - მიაძახა,


დაინახა თუ არა, მამა მიხეილმა. - რასა იქ, პეტრიანთი?..
კანჭიანთის ამბავი რავაა, პეტრიანთი?.. კანჭიანთის
ამბავი... მამა ზოსიმეს! ხა, ხა, ხა!.. კაი სუქანი კანჭიანთი!..

- სუქანი კანჭიანთი სადღა იქნება, შე დალოცვილო,


ღორის გამოსაშობი ადგილი რომ აღარ არის!.. რითი
გასუქდება, ყველას ბაწარზე უბია თავისი ღორი!.. სუქან
კანჭიანთზე ჩვენც გვწყდება გული, მამაო, მაგრამ რას
იზამ კაცი, რას იზამ?!

- რატომ მერე, რატომ, პეტრიანთო! კაი სუქანი კანჭიანთი


გულს გაამხიარულებს, ხომ იცი!.. მამა ზოსიმესაც
კანჭიანთი გულს გაუმხიარულებს, ხომ იცი!.. მამა
ზოსიმესაც სხვანაირ გუნებაზე მოიყვანდა... ეგებ ახლა
კიდეც მოგელოდესთ კაი ბურუხუნა კანჭიანთი, ა?.. ხა, ხა,
ხა!.. კანჭიანთზე მიხვალთ? - სიცილით შეეკითხა
ხალისიანი ხუცესი.

- საზიარებელი მყავს აგერ, - მიუგო ზოსიმემ.

- საზიარებელი?.. ოჰ, აბა უკაცრავად, უკაცრავად! არ


მეგონა, თორემ ამდენხანს არ გაგაჩერებდი ამ შარაში.
უკაცრავად... მშვიდობით ბრძანდებოდეთ, მშვიდობით
ბრძანდებოდეთ! - თავი დაუკრა ზოსიმეს, შემოჰკრა
დეზი თავის თაგვის მსგავს ჯორს და მოსაუბრენი
გაშორდნენ ერთმანეთს.

ახალგაზრდა მღვდელმა ვერ მოითმინა, ერთი არ


მოეხედნა ამ უცნაური ღვთის მსახურისაკენ, და
საშინელი სევდა შემოაწვა გულზე. ნუთუ ეს მიხეილა
ხუცესი მისი მომავლის გამოხატულებაა? ნუთუ მასაც
მოელის ასეთი ბოლო? ნუთუ მასაც გაუხდება
საკითხავად, არის თუ არა დღეს სადმე გიშპანიის ზღვა, ან
სადაა პეჩორის ლავრა და სამწუხარო გაუხდება
”ბურუხუნა კანჭიანთების” მოკლება ღორების გასაშვები
ადგილების უქონლობის წყალობით?

- ოჰ, ღმერთო, ღმერთო! - უნებლიეთ ხმამაღლა წამოიძახა


ზოსიმემ და სწორედ იმავე დროს უკან ჩამორჩენილ
პეტრიას ძახილიც მოესმა:

- შეუხვიე, მამაო, მანდ შეუხვიე!.. მაგ ჭიშკარში!

ზოსიმემ თავი აიღო და მხოლოდ ახლა დაინახა, რომ


მისულიყო ავადმყოფისას. შეიყვანა ჯორი გაღებულ
ჭიშკარში და, დაბალი ისლით გადახურული სახლის
დერეფანთან გადმომხტარმა, ჯორი შემოგებებულ
ალფეზა-ბიჭს გადასცა. ამ დროს პეტრიაც გაჩნდა ეზოში.

- ჩალა უშოვე მაგას! - უთხრა პეტრიამ ბიჭს, როცა ის


ჯორს ბოძთან აბამდა.

გადმოხურულში მღვდელს შემოეგება თავშეფუთვნილი


მოხუცებული დედაკაცი, რომელიც მოწიწებით მივიდა
ზოსიმესთან და ხელზე ემთხვია. ეს იყო ავადმყოფის
დედა, მოხუცებული ანუსია.

- აბა, სადაა ავადმყოფი? - იკითხა ზოსიმემ და სახლში


შევიდა. - აქა მშვიდობა! - წარმოთქვა მან.

სახლში მეტად ბნელოდა.

- ის მეორე კარიც გააღეთ! ამნაირ სიბნელეში შეიძლება


ყოფნა?! - დაატანა მღვდელმა უკმაყოფილოდ.
ანუსია ეცა კარებს ბრძანების ასასრულებლად. შემოსულ
სინათლეზე ახლა შესაძლებელი იყო ადამიანს გაერჩია
იქაურობა. კედლის სიგრძეზე გაყოლებულ ვიწრო
ტახტზე თავბოლოში ქვეშაგებებში ორი ადამიანი იწვა,
როგორც ეტყობოდა. იქითა თავში მწოლარე, რომლის
თვალებიც შემკრთალივით გამოიყურებოდნენ
ცხვირამდის წახურული საბნის ქვეშიდან, ზოსიმემაც
იცოდა, რომ ალფეზას და იყო, ელიზია, უკვე დიდი ხნის
ავადმყოფი გასათხოვარი ქალი.

- ეს არის ალექსი? - მიუთითა მეორე ქვეშაგებზე ზოსიმემ.


მწოლარე თავიანათ იყო გახვეული საბანში.

- ალექსი გახლავთ! - ძლივს გასაგონი, მისუსტებული


ხმით, რომელშიაც ცრემლები ისმოდა, უპასუხა
მოხუცებულმა ანუსიამ.
- გადახადეთ საბანი!

ანუსია თითქმის შეხტა ტახტზე და მუხლებზე


წაჩოქილმა ნელა დაუწყო საბნის გადაძრობა ავადმყოფს
პირიდან.

- ალექსი, შვილო!.. გამოიხედე!.. მოძღვარი მობრძანდა!

ოფლში გაწურულმა, პირზე წამოწითლებულმა


ავადმყოფმა ერთი კი გამოიხედა მღვდლისაკენ და ისევ
დახუჭა თვალები.

- რასა იქ, ალექსი, ა?.. რა უნდა შენთან ავადმყოფობას, შე


კარგო კაცო! - შეეხუმრა ვითომ ზოსიმე ავადმყოფს.

- ვკვდები, ბატონო! - ძლივს გასაგონი ხმით


წამოიფუჩუნა ავადმყოფმა.

- ნუ გეშინია, ნუ!.. ასე მალე შეგაშინა ავადმყოფობამ? ჰეი,


შე გლახა! შე კარგო კაცო, ადამიანი ხარ, ხან კარგად
იქნები, ხან ავად, რა ვუყოთ! - ასე ანუგეშებდა ზოსიმე
ალექსის, მაგრამ ნათლად ხედავდა, რომ კაცი
განსაცდელში იმყოფებოდა.

ეს წყვდიადი, რომელიც ამ სახლში დამყარებულიყო და


რომელიც ისე უსიამოვნოდ მოხვდა გულზე პირველი
ფეხის შემოდგმისთანავე, ეს სიღარიბე, ეს სიღატაკე, ამ
სახლის ყოველი კუთხიდან რომ გამოსჭვიოდა, ეს
საწყალი ავადმყოფები, რომელთა უსაშუალობაც
თვალებში ეჩხირებოდა, ეს მუმიასავით შეფუთვნილი
მოხუცებული დედაკაცი, ჩუმად რომ ცრემლებს ღვრიდა,
თავისი უღონობა ამათი შეწევნისათვის, - ყოველივე ეს
კიდევ უფრო ნაღველს უმატებდა მის ისედაც
დანაღვლიანებულ გულს, მწუხარებას უმწვავებდა,
უნუგეშობაში აგდებდა, ამ ცხოვრებას ყოველსავე
სინათლეს აკლებდა და ყოველსავე სასოწარკვეთილებას
უკვეთავდა. სევდით მოცული გული, ამღვრეული სული,
შემოწოლილი გრძნობა გამოთქმას ითხოვდა, იწვევდა
საღაღადებლად, ხმამაღლა წარმოთქმას თავისი
უნუგეშობისას, თავისი სევდიანობისას.

- ლოცვანი! - წამოიძახა მან და ათრთოლებული ხელით


დაუწყო ფურცვლა წიგნს. გადიგდო უკან შუბლზე
გადმოშლილი თმა და პირჯვრის წერით განსხვავებული
ხმით გაიძახოდა, ხმით, რომელშიაც მოისმოდა სიმწარე
და მხურვალე ვედრება გულშეწუხებული ქმნილებისა:

- უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე! უფალო


შეგვიწყალე! მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა
შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე
უსჯულოებანი ჩემნი...

- მღვდელს “ზაკუსკა” დასჭირდება, ხომ იცი, შორი გზა


აქვს... თქვენც შეაგვიანეთ კიდევ... დილიდან უჭმელია...
ხომ გაქვთ რამე? - გადულაპარაკა პეტრიამ ალფეზას.

- კი მაქვს, კი! - მიუგო ალფეზამ.

პეტრიამ მღვდლისკენ მიიწია.

ეს კი, გულდაჩაგრული, გულაჩვილებული ამ უნუგეშო


სურათებით, რომელიც ყოველ ფეხის გადადგმაზე
თვალწინ ეშლებოდა, დამონებული ამდენი ტანჯვა-
გაჭირვების მზერით, მხურვალედ ევედრებოდა ზეცას
შვებას, მოწიწებით ითხოვდა იმედს, სიხარულსა, რათა
მას მიეღო მსხვერპლად მისი შემუსვრილი სული, გული
შეწუხებული და დამდაბლებული.
- ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა... ყურად იხვენ
სიტყვანი პირისა ჩემისანი! გაიძახოდა იგი
მუხლმოდრეკილი.

ამ ღაღადებაში, ამ მხურვალე ლოცვაში მან იჯერა გული


და თითქოს რაღაც შვება იგრძნო ამ ხმამაღლა ძახილში
თავისი უნუგეშობის და სასოწარკვეთილებისა; თითქოს
ისევ მოიპოვა მან სულის მშვიდობა. დაკეცა ლოცვანი,
გადასცა იგი პეტრიას, უბიდან ამოიღო პატარა ხატი,
გახსნა იგი და ავადმყოფს მიაწოდა წმიდა საიდუმლო.

კუთხეში მიკრუნჩხული პატარა გოგო თაგვივით


გამოიყურებოდა და გაკვირვებული თვალებით
მისჩერებოდა მაღალი ტანის უცნაურ კაცს.

ზოსიმემ აზიარა ავადმყოფი.


- ნუ შეშინდებით, ღმერთი მოწყალეა! არაფერია საშიშარი!
ნუ გაფთხალდებით! შენ რას შვები, ელიზია? - მივიდა
ზოსიმე მეორე ავადმყოფთან. - ასე უნდა იწვე, შე ქალო,
აღარ აპირობ ადგომას?! - უხუმრა მას.

გაყვითლებულს, ლოყებჩაცვივნულს პირისახეზე


უცნაურად მბზინავი თვალის კაკლები შეთამაშდნენ და
ძალზე შეთხელებული უსისხლო ტუჩებიც შეიშმუშნენ,
და მისუსტებული ხმით ნათქვამმა სიტყვებმა ძლივს
მიაღწიეს ზოსიმეს ყურებამდის:

- ნეტავი ალექსის დევინახავდე ფეხზე და მე რა


საკითხავი ვარ!

- ალექსის დარდი ნუ გაქვს. შენ წამოდექი და მაშინ


იქნება კარგი! - ღიმილით უთხრა ზოსიმემ.
ანუსიამ ამაზე ღრმად ამოიოხრა და სიმწარის ნიშნად
გააქნია თავი.

- აბა, პეტრია, ჯორი! - დაიძახა მღვდელმა.

- ერთ წამს მოგვითმინე, მამაო... გზა შორი გაქვს და


მშიერი ბრძანდები, - შეაყენა კარებისკენ მიმავალი
ზოსიმე ალფეზამ.

- არა, არა! - წამოაძახა ზოსიმემ.

- კი, ჩემო ბატონო, კი, ბატონო! - დაატანა ანუსიამაც.

- სრულიად არაა საჭირო! არაა საჭირო! - იწევდა


მღვდელი.
- მოითმინე მამაო! მშიერი ახლა სახლში წახვიდე, გზაში
რა გარონიებს? ერთი სტაქანი ღვინო დალიე, ერთი ლუკმა
პური მოიტეხე და წადი ისე, - ჩაერია პეტრიაც. - აბა,
ნუღარ აგვიანებთ, მოიტანეთ, თუ გაქვთ რამე!

- კი, ჩემო ბატონო, კი ახლავე იქნება, - ფუსფუსებდა


ანუსია შვილთან ერთად.

ზოსიმე იძულებული იყო დარჩენილიყო საუზმეზე,


სუფრა მალე გაიშალა და პეტრია ერთ წამში დაეპატრონა,
რაც სუფრაზე მოართვეს მღვდელს.

- ეს რა საბოდიშოა, შე კურთხეულის შვილო! მართალია,


ნასწავლი მღვდელი ბრძანდები, მაგრამ ამ სოფლის პურ-
მარილზე უარი არასოდეს არ უნდა თქვა. თუ
დაგაკლდება, თვარა არაფერი შეგემატება. დიდება
ღმერთსა, გაუმარჯოს მასპინძელს, ავადმყოფი მალე
მოურჩინოს, ოჯახს სიკეთე და ბედნიერება! - დალოცა მან
და გამოცალა ღვინიანი სტაქანი.

მოშივებულ მღვდლისათვის სწორედ სულზე


მოსწრებასავით იყო ეგ საუზმე: იგი მადიანად
ილუკმებოდა. არა ნაკლები მადით შეექცეოდა სუფრას
პეტრიაც, რომელიც ტოლუმბაშობასაც ვითომ ეპირებოდა,
რომ მღვდელი ცოტა ხნის შემდეგ არ წამომდგარიყო და
წასვლა არ დაეპირებინა.

-კმარა, კმარა, გეყოფა, პეტრია! ადექი და ჯორი


მომიყვანე!

- ახლავე, მამაო, ამ წამში! - ალბათ, ენანებოდა სუფრის


მიტოვება, ისე ზანტად დგებოდა.

მღვდელმა ალფეზას დარიგება მისცა ავადმყოფისათვის


როგორ მოევლოთ და ეზოში გავიდა. ჯორი ისევ
ღობესთან იყო და ჩალასა ჭამდა.

- პეტრია, არ გესმის რა გითხარი! - წამოიძახა ზოსიმემ.

- ახლავე მამაო, ახლავე! აწი რაღა მეჩქარება


მაინცდამაინც! - და სახლიდან გამოსული პეტრია
ჯორთან მივიდა, უნაგირზე მიბმული აბგა მოხსნა და
პურებს დაუწყო შიგ ჩალაგება.

- რას შვრები მაგას, პეტრია? - მიაძახა ზოსიმემ.

მაცალე მამაო, მაცალე! რა გეკითხება, თუ ღმერთი გწამს!

- ნუ სულელობ, ბიჭო!

- ერთი, შე დალოცვილო, შენც უკადრისობ კიდევ!..


სოფელში ხარ, სოფლის ჩვეულებას აჰყევი... თორემ თუ
დაგაკლდება, თვარა შეძენით არაფერი შეგეძინება... რა
დროს მორცხვობაა!.. აწი ქე უნდა მიეჩვიო, დროა,
სოფლის ადათსა და ჩვეულებას...

- მე გთხოვ, ამგვარებს ამარიდო, ჩემო პეტრია! - წყენით


უთხრა ზოსიმემ.

- ბატონი ბრძანდები! ახლა კი შეგიძლია შენს გზას


გაუდგე! აბა შებძანდი! - უთხრა პეტრიამ, როცა აბგას
თავი მოუკრა და უნაგირს მიაკრა თასმებით. - აწი ნუღარ
იგვიანებ!

ზოსიმემ თავი გააქნია და თან დაატანა:

- რატომ გაქვს მაგრე გრძელი ენა, შე უბედურო!..


- რომ ბევრი ვილაპარაკო, მამაო! - მიუგო სწრაფად
პეტრიამ.

ზოსიმეს უნებლიეთ გაეცინა ამაზე და ამ სიცილით


გაუდგა თავის გზას; პეტრია კი ანუსიასკენ და
ალფეზასკენ წამოვიდა.

- ჯერ კიდევ ეხამუშება... ყმაწვილია! მერე, პურს კი არა,


გახრეკნილ ძვალსაც ჩეილაგებს ხვირჯინში და სახლში
წიკვას დოუწყებს... ბავშვებს თითო ნატეხი მაინც
შეხვდებათ, - ღიმილით უთხრა მან დედასა და შვილს,
გამოემშვიდობა მათ და თავისი სახლისკენ გასწია.

გვარიანი გზა ჰქონდა გასავლელი ზოსიმეს, მაგრამ იგი


დღეს კიდევ უფრო გრძლად ეჩვენა; მთელი გზა სულ
იმაზე ფიქრობდა, რაც დღეს მას გადახდა და რაც დღეს
ნახა.
ვერაფერი საამური სურათი წარმოუდგა თვალწინ, როცა
თავის ეზოშიაც შევიდა. სახლის წინ პერანგის ამარა
ბავშვები ტალახში ჩამდგარიყვნენ ტიტველა ფეხებით და
სრულიად გათუთხნულნი გულმოდგინედ ზელავდნენ
მას.

- თეკლე, თეკლე!.. ამ ბავშვებს გადმოხედე ერთი! ყურის


გდება უნდა, შე ქალო, ხანდახან, - დაიძახა მან, როცა
ჯორიდან ჩამოხტა, მიაბა იგი ბოძთან და პატარა სახლის
აივანზე ავიდა.

დაძახილზე სახლიდან გამოვარდა ახალგაზრდა ქალი,


თავსაფარწაკრული, სახელოებწაკაპიწებული.

- რა იყო! - გაფაციცებით იკითხა მან.


- რა და, შე ქალო, ამ ბავშვებს მიხედვა უნდა ხანდახან...
შეხედე, რას ჰგვანან? რარიგად ამოთითხნილან!.. კვირა
დღეა, დღეს ჩაგეცმია მაინც.

- რა ჩავაცვა, შე კაცო? - თითო ხელი ტანისამოსი აქვთ და


იმასაც გააოხრებენ და ის იქნება... მალე მეესწრებიან
ახლების შეკერვას!.. ამ შენმა ძმისწულებმა მაინც სულ
გააფუჭეს ეგ გასაწყვეტლები!.. გიგა, გიგა... ელინკა... არ
გესმისთ!.. ახლავე ამოეთრიეთ... ახლავე აქ ამოეთრიეთ,
თვარა სულს ამოგახთენთ ორივეს!... - შეუტია ბავშვებს
თეკლემ.

დამფრთხალი ბავშვები გამოიქცნენ დედისკენ. ეს კი


მივიდა ჯორთან, მოხსნა აბგა, გასინჯა ხელით, უნდოდა
გაეგო, თუ რა ეწყო შიგ, ამოაფარა კაბის ნაკეცს, რომ არ
შეეხედვინებინა მაზლისანებისათვის, რომელნიც იმავე
სახლში ცხოვრობდნენ, და აჩქარებით შეირბინა ოთახში.
- მე რაღაც მეგონა! - უკმაყოფილებით წარმოსთქვა მან,
როცა აბგა გახსნა და პურები დაინახა.

- აბა რას ეძებდი? - ღიმილით და თან დარცხვენით უთხრა


ცოლს ზოსიმემ, რომელსაც ანაფორა გაეხადნა და ახლა
ტახტზე გაწოლილიყო.

- დედა, მომეცი-ი! - ეტაკა თეკლეს უფროსი შვილი. -


მაჭამე-ე-ე!

ამას მეორეც აჰყვა.

- მაჭა-მე-ე!.. მომეცი-ი... - გაიძახოდნენ წუწუნით


ბავშვები.

- მოიცადეთ, მოიცადეთ!.. მერე... მერე!


- მაჭამე-ე-ე!.. მომეცი-ი! - წუწუნებდნენ ბავშვები.

- შავი ჭირი თქვენ - მიაძახა თეკლემ.

- მოუტეხე, შე ქალო, ნუღარ ატირებ! - უთხრა ზოსიმემ.

- ჰა, ჰა, ცეცხლეთ, არ გასაძღომებო!.. გაგიწყდათ მიწა!


გაგიწყდათ!

გადუგდო თითო ნატეხი თეკლემ ორივეს და დანარჩენი


აბგიანად კუთხეში მაგარ დაბალ კარადაში შედვა,
ოთახიდან გავიდა და ბავშვებიც თან გაიყოლია.

ზოსიმემ თვალები გააყოლა თეკლეს და ტიტველა


ბავშვებს, რომელნიც დედას მისდევდნენ, და მისდა
უნებურად ღრმად ამოიხვნეშა.
“თვალებგამოპრაწული!” - გაურბინა მას თავში და ისევ
თვალწინ წარმოუდგა დღევანდელი ამბავი, ეს მისი
მრევლი, მობუტბუტე გლეხკაცობა, ევთიმეს სიტყვები,
მიხეილა ხუცესი და მის გულში ისევ გაიღვიძა საშინელმა
სევდამ, სასოწარკვეთილებამ. ახლა ამას ზედ ერთოდა ეს
შინაური სურათიც. კი, კი უნდა გამოპრაწოს თვალები,
მართლა თვალებგამოპრაწულად უნდა იყოს, თორემ
ვერც სხვას წაადგება და თავის თავსაც ავნებს. ყოველივე
ოცნებაზე ხელი უნდა აიღოს, იცხოვროს ისე, როგორც
სხვები ცხოვრობენ. დროა აწი სოფლის ადათს შეეჩვიოს,
პეტრიასი არ იყოს სხვა ყველაფერი ტყუილია და
საზარალო!.. და ამას რომ ეუბნებოდა თავის თავს
სახელმძღვანელოდ, უეცრად ანუსიას ოჯახი მოაგონდა,
სადაც ორი მომაკვდავი იწვა და თითქოს ვიღაცამ
წასჩურჩულა: შენი შემოსავალიაო. და ამ აზრის
გაღვიძებამ, ამ აზრის მის ტვინში გაელვებამ სრულიად
დაათავა ახალგაზრდა მოძღვარი. ნუთუ ამგვარი
ფიქრების გამაღვიძებლად გაუხდება მისი გაჭირვება,
მისი სისაწყლე?! ნუთუ ამგვარი აზრების დამუშავებას
მიეჩვია მისი ტვინი, მისი გონება? და ზოსიმე
გულდაწყვეტილი, გადაბრუნდა მეორე გვერდზე, ჩარგო
ცხვირ-პირი მუთაქაში და იწვა გაუნძრევლად.

დიდი ხანი არ დასჭირებია, რომ მოღალულ-დაქანცულ


ტვინს ძილი მიჰპარვოდა და სასურველ, სასიამო
დავიწყებაში შეეყვანა ახალგაზრდა მღვდელი.

ავადმყოფ ალექსიას გამობრუნებას არა თუ პირი უჩანდა,


პირიქით, იგი იმ საღამოსვე საშინლად გაჭირვებული
შეიქნა. მოუსვენრად წრიალებდა ქვეშაგებში, ხანდახან
წამოიძახებდა რაღაც უცნაურ სიტყვებს, ბოდავდა და
წუხდა საზარლად. რეტდასხმული ანუსია თავთან უჯდა
შვილს, მწუხარებისაგან გამშრალი სულელურად
მისჩერებოდა შეწუხებულ ავადმყოფს. არა-რა იმედი, არც
საიდანმე შველა, რამე შეწევნა!

- ღმერთო დიდებულო!.. ღმერთო მოწყალე! - ხანდახან


წამოიძახებდა მხოლოდ ალფეზა, და ანუსია კი შვილს
დასჩერებოდა და უსიტყვოდ მუშტს ირტყამდა გულზე.

საზარელი ღამე დაუღამდათ საწყლებს. მთელი სახლი


ბნელში იყო გახვეული, მხოლოდ კერაზე ცქრიალებდა
მკრთალი ცეცხლი და დამყარებულ მკაცრ სიჩუმეს
ავადმყოფის წამოძახება თუ არღვევდა, ანდა უღონო ხმა
ელიზიასი, რომელიც დედას დროგამოშვებით
ეკითხებოდა:

- დედი, რავაა ალექსი?

- რას იზამს, შვილო, მგონი ახლა უკეთ უნდა იყვეს! -


მიუგებდა ხოლმე ანუსია და სახლში ისევ სიჩუმე
ჩამოვარდებოდა.

დილაზე ავადმყოფი უარესად შეიქნა. ალფეზა სოფელში


დარბოდა უთენიიდან და ხან ვინ მოჰყავდა და ხან ვინ,
მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაიგო ამ ბიჭის ავადმყოფობისა
და ვერავინ გამოჩნდა მშველელი. მთელი დღე უცნაურ
გაჯახირებაში გაატარა ალექსიმ, ღამეც არა ნაკლებ
მოუსვენრობაში იყო.

ანუსია, გალენჩებული მწუხარებისაგან, ისევ თავს


დასჩერებოდა შვილს.

- დედა! - წამოიძახა ავადმყოფმა და თავი მაღლა


წამოსწია.

- შვილო, ალექსი, აგერ ვარ!.. რა გინდა? - მივარდა ანუსია.


- დედაუ! - გაჯავრებით და უფრო ხმამაღლა წამოიძახა
ალექსიამ. - დედა, დედა, დედა-ა-ა! - დაჟინებით იძახდა
და თავს ატრიალებდა ავადმყოფი.

- ალექსი, შვილო... აგერ ვარ, აგერ... შენს სულს


ვენაცვალე... შვილო!

მაგრამ იმას, ალბათ, არ ესმოდა დედის სიტყვები,


საშინლად აბრიალებდა თვალებს, ხან ერთ სიტყვას
გაიძახოდა, ხან მეორეს. ანუსია თავზარდაცემული
ეპოტინებოდა შვილს, რაღაცას ეუბნებოდა, თვითონაც არ
ესმოდა... ცრემლებმა ხმაც წაართვა და თვალებიც აუხვია.
აძიგძიგებული პირისახე, მთრთოლავი ტუჩები სიტყვის
გამოთქმას უშლიდა.

ავადმყოფმა ერთი ღონივრად წამოიჯგიმა, წამოიწია,


გააჭყიტა თვალები და ლოდივით დავარდა ლოგინზე.

ანუსია ქორივით დაეძგერა შვილს, გადმოაბრუნა პირაღმა


და საზარლად შეჰყვირა:

- ალექსი!.. შვილო!

საზარელი ხმა უცბად მისწყდა.

- დედა... დედა... რა ამბავია? რა ამბავია, დედა? - მოაძახა


მას შემკრთალმა ელიზიამ, რომელიც ლოგინში
წამომჯდარიყო. - რა იყო, დედა?

- არაფერი, არაფერი, შვილო! დაწევი, დაწევი!

- ტირი, დედა?..
- აბა რა დარჩენია თქვენს შემხედვარე დედას, თქვენს
ოხერ დედას! ვაიმე, ვაიმე!..

ანუსია წამოდგა, ალექსის საბანი გადააფარა, ტახტიდან


ჩამოვიდა ძირს და კარებისკენ გაიძახა:

- მარიკო... მარიკო!

სახლში შემოვიდა თავგაბურძგვნილი პატარა გოგო.

დაჯექი აქ! - მიუთითა ანუსიამ ტახტთან, სადაც ალექსი


იწვა, - დაჯექი და უყურე!.. - თქვა ეს და სახლიდან
გავიდა.

- რას შვება, დედა, ალექსი? - შეეკითხა მიმავალს ელიზია.

- ძინავს, შვილო ძინავს.


ანუსია რომ გავიდა, სახლში მკაცრი სიჩუმე დამყარდა.
პატარა გოგო, დაბალ სკამზე მჯდომარე, გაუბედავად
იყურებოდა ხან ელიზიასკენ, ხან კარებისკენ, ხან კი
საბანწახურულ ძმას მისჩერებოდა.

სიჩუმეში რაღაც ხმა მოისმა გარედან. ელიზიას


ყურებამდისაც მიაღწია მან. რაც ხანი გადიოდა, ხმა უფრო
მკაფიოდ მოისმოდა. ვიღაცა უსათუოდ ტიროდა,
მოსთქვამდა, ისე ჰგავდა.

- მარიკო... გეიხედე... ვინცხა ტირის იქ... გეიხედე - და


ელიზია წამოჯდა საწოლში.

მარიკო ადგა, მივიდა კედელთან, მონახა ჭუჭრუტანა და


კედელს მიეკრა. ტირილის ხმა ისევ მოისმა.
- ვინაა, მარიკო?

- დედა... დედა ტირის! - მიუგო ბავშვმა.

- დედა ტირის?

- ჰო!.. ალფეზა მოვიდა... ისიც ტირის!..

ელიზია შეიშმუშნა, შეინძრა, ხელებით ფათური დაიწყო,


მოძებნა კაბა და თავზე გადიგდო ჩასაცმელად.

- ბიცოლა დაფინი მოვიდა... ბიძია ივანე... პუპულო...


ელენიჩკაც მოდის... ტირის ელენიჩკაც... - ტიტინებდა
პატარა მარიკო და იმას კი ვერ ხედავდა, ელიზიამ რომ
კაბა გადიცვა, წამოდგა საწოლიდან და ეს ცოცხალი
ჩონჩხი ბანცალით წამოვიდა ალექსისკენ; აცოცდა
ტახტზე და თავისი ძვლიანი ხელებით გადაძრობა
დაუწყო საბანს ძმის პირისახიდან.

გადახდილ საბანს ქვეშ გამოჩნდა საზარელი შესახედავი


ალექსი, თვალებგადმოკუსული, წინ წამოშვერილი
მოკლე წვერით შემოსილი ნიკაპით, უცნაურად
დაკრეჭილი კბილებით.

ელიზიამ ერთი შეჰკივლა, რაც კი შეეძლო, და


ღონემიხდილი ზედ დაემხო მიცვალებულ ძმას.

მარიკომ მხოლოდ ახლა მოიხედა, და რა დაინახა


ალექსაზე დამხობილი ელიზია, მორთო ღრიალი.

- დედა, ელიზია ადგა... ადგა ელიზია... ალექსისთან!

ყვირილზე მოფენილ კარებში შემოვარდა გადარეულივით


ანუსია და მასთან ვინც კი წინ გადმოხურულში იყვნენ.
- მომკალით, მომკალით! შვილებო, ვაი, ვაი, ვაი! -
საზარელი ხმით შეჰყვირა მოხუცებულმა დედაკაცმა და
ტახტზე შეხტა ელიზიას მოსაშორებლად.

სახლი ერთ წამში ხალხით აივსო. შეიქნა გულის


შემზარავი ღრიალი, ტირილი, წივილ-კივილი.

გრძნობადაკარგული ელიზია გააშორეს მიცვალებულს და


მიცვალებულის მსგავსი თავის საწოლში დააწვინეს.

საღამოზე ელიზიაც გამოეთხოვა ამ წუთისოფელს.


მთელი სოფელი მოტირალი იყო საწყალ ანუსიასთან
ერთად ამ ორი მიცვალებულისა.

- ღმერთო დიდებულო! ღმერთო მოწყალეო, შეგვიბრალე,


შეგვიწყალე ჩვენც ცოდვილნი! - ყოველი მხრიდან
გაიძახოდნენ თავზარდაცემული სოფლელნი. ეს ორი
კუბო, რომელთა შუა ჩამჯდარიყო საცოდავი დედა და ხან
ერთს ეხვეოდა, ხან მეორეს, - ეს ორი კუბო უცნაურ შიშს
ჰგვრიდა ამ გულუბრყვილო ქმნილებათ. ზედ
ეტყობოდათ, რარიგად სჩაგრავდა მათ. მხოლოდ
ერთადერთი ღმერთიღა ეგულებოდათ შემწედ და
იმიტომაც ისე ვედრებით გაიძახოდნენ მის სახელს.

და ზოსიმე მღვდელი, აკანკალებული ხმით რომ წესს


უგებდა ამ საცოდავებს, ცრემლებით თვალები რომ
ევსებოდა მიცვალებულთა ყურებით, თან მისი გული
უფრო მეტად სწუხდა, გმინავდა, რადგანაც თავის
გარშემო ხედავდა ამ მართლა და უმწეო, ღვთის ანაბარად
მირჩენილ ქმნილებათ, სულით დაჩაგრულთ,
უსაშუალოთ, ყოველ მხრივ საცოდავთ; და ეგ საერთო
ტანჯვა, საერთო მწუხარება, საერთო გაჭირვება თან
უიმედობაშიაც აგდებდა და თან არიგებდა თავის
საკუთარ გაჭირვებასთან და თავის ბედთან. ცრემლები,
რომელნიც თვალთაგან სცვივოდა, თან მწუხარების
ცრემლებიც იყო, ცრემლები უიმედობისა და თან ბედთან
შერიგებისა.

ამიტომ იყო, რომ დღეს ისეთი მადლობით გაისტუმრა


თავისი მღვდელი მისმა მრევლმა, რადგანაც მან, თავად
გულდაწუხებულმა, თავის გულდაწუხებულ
სამწყოსთან მხურვალე ცრემლები დაღვარა, ცრემლები
მწუხარებისა და უნუგეშობისა.
ირინეს ბედნიერება
სურათი სოფლის ცხოვრებიდან ორ მოქმედებად

მოქმედნი პირნი

სამსონ სალამთაძე, შეძლებული მემამულე.


ეკა, ცოლი ამისი.
აბესალო, შვილი ამათი 28 წ.
ფილიპე ბარბაქაძე.
ირინე, მისი ქალიშვილი.
ვიქტორ, ყმაწვილი 28 - 30 წ.
პავლე როდამიშვილი, 25 - 28 წ.
სოლომონ, ნათესავი ირინესი.
სოგრატ,
ნესტორ ამხანაგები აბესალოსი.
ნიკოია, ბიჭი.
სტუმრები: ყმაწვილი კაცები და ქალები.

მოქმედება პირველი

სცენა წარმოადგენს ბარბაქაძის ეზოს. მარჯვნით მოჩანს


დაბალი ოდის აივანი. მარცხნით ნიგვზის ხის ქვეშ
გაშლილია სუფრა - სხედან აბესალო, ვიქტორ, სოგრატ,
ნესტორ და სხვა ყმაწვილები. ცეკვა-თამაშია. იქით ღობეა
და მოჩანს მეზობლის სახლები, დღეობაა ბარბაქაძისას.
მოისმის დაირის ხმა. სცენაზე ლეკურის თამაშია, უკრავენ
სალამურსაც. სტუმრები: ყმაწვილი კაცები და
ქალიშვილები.

გამოსვლა პირველი
ფილიპე

(მოარბენინებს ცალ ხელში შამფურით მწვადს, მეორე


ხელში თეფშს ცხელი ღომით).

მიირთვით... მიირთვით, თქვენი ჭირიმე!..

ყმაწვილები

ფილიპეს გაუმარჯოს!.. გაუმარჯოს ფილიპეს! (აწოდებენ


ყანწით ღვინოს).

ფილიპე

თქვენი თავი მიცოცხლოს ღმერთმა ათას წელიწადს!..


ჩემი თავიც გამსახუროსთ!.. ჩემი საწყალი ოჯახი არ
შეგძულებოდესთ... იცოცხლეთ მხიარულად, კეთილად
და ბედნიერად! (დაიწყებს იმერულ მრავალჟამიერს,
ყმაწვილებიც აჰყვებიან.)

აბესალო

(როცა ფილიპე ყანწს გამოცლის).

ბატონო ფილიპე, შენი სულის ჭირიმე, ერთი ლეკური,


ლეკური, თუ გიყვარდე! ტაში, ტაში, ყმაწვილებო!

ფილიპე

კი, შენი ჭირიმე! კი, ჩემო ბატონო! (ფილიპე ცეკვავს,


შემდეგ ირინეს გადასძახებს) ბოშო! (ორივე მამა-შვილი
განაგრძობენ ცეკვას, მერე ირინე სახლისაკენ გაეშურება,
თანვე გაჰყვება საერთო ყიჟინი. აბესალო ყვირის).
აბესალო

ბატონო ირინე!.. ბატონო ირინე!.. მიგვატოვა?! სოგრატ!


ნესტორ! ახლავე აქ მოიყვანეთ! ახლავე მოიყვანეთ აქ!
(ყმაწვილები წამოვარდებიან და გავლენ) უირინეობა
შეუძლებელია!.. ბატონო ირინე!

ვიქტორ

კარგია, აბესალო, კმარა, ყმაწვილო!.. ნამეტანი არაფერი არ


ვარგა!..

აბესალო

ვიქტორ, ახლავე აქ მოიყვანე ირინე, აქვე დამიჯინე ამ


სუფრაზე, ჩემს გვერდით!.. ახლავე, ვიქტორ, გესმის!..
ვიქტორ

ყმაწვილო, ღმერთმანი, სხვანაირად მიიღებენ მაგ შენს


საქციელს... მაგ შენს ხუმრობას რამე კუდს გამოაბამენ
და, ვიცი, უსიამოვნებით გათავდება, სხვა არაფერი
იქნება... ხომ იცი, სოფლის ამბავი!..

აბესალო

თუ ძმა ხარ, შენი დარიგება შენთვის შეინახე და ახლა ის


ამისრულე, რასაც გთხოვ... ირინე მომიყვანე და გვერდით
მომისვი!..

ვიქტორ
თუ ჩემი ძმობა გწამს, თავი დაანებე იმ ბავშვს, აბესალო!..
თუ ჩემი ძმობა გწამს!.. შეხუმრებასაც თავისი სამზღვარი
აქვს!..

აბესალო

სიდოური შეხუმრებაა?! კაცს გონება მეშლება, თვალები


ეს არის წამომცვინდება მისი მზერით და ეს შეხუმრებაზე
მელაპარაკება!.. ნუ ამაყენებ, ვიქტორ, მომიყვანე ირინე...

ვიქტორ

ხა, ხა, ხა! გასაკვირველია შენი დღევანდელი ამბავი!..


კაცმა დაგიჯეროს, რომ მართლა ასე აგიტაცა ამ საწყალმა
ირინემ?!

აბესალო
უნდა დამიჯერო, რომ გეუბნები!

ვიქტორ

კარგია, თუ კაცი ხარ!

აბესალო

არ მოიყვან?

ვიქტორ

თითქოს პირველად გენახოს დღეს მაგი ქალი!..

აბესალო
არ დავკვირვებივარ დღემდის და იმიტომ არაფრად
მიმაჩნდა. დღეს ამეხილა თვალები და გეფიცები, ვიქტორ,
უმაგისოდ ერთ წუთას გაძლება არ შემიძლია!..
მომაჯადოვა, მომაჯადოვა მაგ დაწყევლილმა!

ვიქტორ

მოგაჯადოვა კი არა! გინდა თავის გასართობად გაიხადო


და იმას კი აღარ ატან თვალს, რა ბოლო შეიძლება მოჰყვეს
მაგ შენს გართობას.

აბესალო

გარწმუნებ, მე სრულიადაც არ ვხუმრობ, და ისევ გთხოვ,


ირინე აქ მოიყვანო!...

ვიქტორ
გარწმუნებ, რომ თუ კიდევ განაგრძე ირინესთან შენი
საქციელი, დღევანდელი დღე უსიამოვნებით გათავდება
და ის იქნება... გინდა, მოწადინებული ხარ,
ჩვეულებისამებრ, უსათუოდ შფოთი ატეხო, სხვა
არაფერი!

აბესალო

მე მინდა, ირინე აქ მომიყვანო, სხვა არაფერი!

ვიქტორ

უსათუოდ გინდა, როდამიშვილი გაახელო და შფოთში


ჩაითრიო რამეფრად... უამისოდ მოწყენილი ხარ...

აბესალო
როდამიშვილი ვინ ოხერია?!

ვიქტორ

ვინაა და, როგორც წეღან გითხარი, ირინეს საქმროა... ჯერ


ოღონდ გამოუცხადებლად აქვთ პირობა მიცემული
ერთმანეთისათვის...

აბესალო

ჩემი რა საქმეა... მე რას დავეძებ მერე? ახირებულია!

ვიქტორ

შენი საქმე ისაა, რომ ამ ქალიშვილთან უფრო მეტი


თავდაჭერილობა გმართებს.
აბესალო

როდამიშვილის გამო?

ვიქტორ

ჰო!

აბესალო

ხა, ხა, ხა, ხა, ხა, ხა! ძალიანია, შენ ნუ მომიკვდები,


ძალიანია! ვიღაცა ჩანჩურა როდამიშვილის გულისათვის
ყოველივე სიამოვნება უნდა მოვიკლოთ... აბა კაცი ის
ყოფილა - ჩვენ არაფერი!

ვიქტორ
ვაჟკაცს არ შეშვენის, აბესალო, ამნაირი სიტყვა.

აბესალო

არც ის შეშვენის, თავი მოიხაროს ყოველივე მაჩანჩალას


წინაშე... როდამიშვილის გულის ამბავი რაში მეკითხება,
როცა აქ გენია ტრიალობს და ჩაქრობას ითხოვს...
როდამიშვილი რა ჩემი ფეხებია!.. მაშ არ გინდა თხოვნა
ამისრულო - ირინე აქ მომიყვანო?! შენ გგონია, უშენოდაც
არ მოხერხდება ეგ საქმე? (წასვლას აპირებს).

ვიქტორ (დაიჭერს).

აბესალო, თუ რაიმე პატივისცემა გაქვს ჩემი, თავი


დაანებე ირინეს!.. თუ ძმა ხარს!
აბესალო

თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, ვიქტორ!.. თუ ძმა ხარ!.. სად


მიმემალა ჩემი მზე, ჩემი მთვარე? უნდა მოვნახო ახლავე...
შენი სულისა! (მიდის სახლისაკენ).

გამოსვლა მეორე

ვიქტორ, მერე როდამიშვილი

ვიქტორ

ეს შეჩვენებული მანამდი არ მოისვენებს, სანამ ერთ


აყალმაყალს და დავიდარაბას არ ასტეხავს, ისეა ატეხილი!
ნეტავი მაგ არ მოთრეულიყო დღეს აქ და არაფერი
მინდოდა!
როდამიშვილი (აღელვებული).

ვიქტორ!

ვიქტორ

რა იყო, პავლე?

როდამიშვილი

ვიქტორ, უთხარი, ყმაწვილო, იმ შენს ნათლიისშვილს,


უთხარი ცოტაოდენი მორიდება მაინც იქონიოს...
მართალია, ჩვენზე უკეთეს საზოგადოებაში ნამყოფია,
მაგრამ არაფერი საკადრისია ყველასი ასეთი
ჩაუგდებლობა.

ვიქტორ
რა იყო, რა ქნა ამისთანა, პავლე ჩემო?

როდამიშვილი

განა თვითონ არ შეგიმჩნევია?! ბატონო, რა არის, ამ


ყმაწვილ ქალს რომ ჩასცივებია, მოსვენებას არ აძლევს,
წამოავლებს ხელს და აჯირგალებს, თითქოს სათამაშო
იყოს მისი... უთხარი...

ვიქტორ

რა ვუთხრა, ყმაწვილო, გალეშილია, არაფერი ესმის ამ


ქვეყნის.

როდამიშვილი
შენც არ მომიკვდე, ის იმდენად მთვრალი არ იყოს!.. და
ამას კი გეტყვი, ვიქტორ, თუ მაგან ირინეს თავი არ
დაანება, ღმერთმანი, მეტს აღარავინ მოუთმენს და
ყველასათვის უსიამოვნებით გათავდება დღევანდელი
დღესასწაული... ძმობას გფიცავარ, ვიქტორ!

ვიქტორ

შენგან არ მიკვირს, პავლე, ამნაირი სიტყვა რომ მესმის!..

როდამიშვილი

მაგ ვაჟბატონი იმ იმედით ბრძანდება, რომ ვერავინ


გამიბედავს რამესო და თავისუფლად გრძნობს თავის
თავს... როგორც სინდისიერ ყმაწვილ კაცს, გთხოვ,
ვიქტორ, უსიამოვნება აგვაშორო...
ვიქტორ

თუ ძმა ხარ, დაწყნარდი, ნუ მიიღებ საწყენად მის


საქციელს. შე კაცო, რომ იცოდეს თქვენი ამბავი, ირინეს
სულაც არ გაცემდა ხმას...

როდამიშვილი

დიახ!.. მაგისთანა ვაჟბატონია სწორე!.. მაშინ ჯინაზე


უარესს ჩაიდენდა!.. ა, შეხედე, შეხედე, ვიქტორ! შეხედე,
რავა მოაპოწიალებს... შეხედე ერთი! და შენ მეუბნები -
მოითმინეო?

გამოსვლა მესამე

იგინივე, აბესალო, ირინე და სტუმრები


აბესალო (შემოჰყავს ირინე ხელი-ხელ გაყრილი).

არსად თქვენი წასვლა აწი აღარ შეიძლება, არსად!..


არასფრის გულისათვის!..

ირინე

ახლავე გიახლებით... საქმე მაქვს... ახლავე გიახლებით!..

აბესალო

ყოვლად შეუძლებელია... ვეღარსად ვერ გაგიშვებთ!


ვეღარსად... აბა სალამური!.. ტაში!.. ბატონო ირინე,
უმორჩილესად გთხოვთ!.. ვასიკო! (გამოვარდება და
ლეკურის საცეკვაოდ თავს დაუკრავს ირინეს).

ირინე
კატო ითამაშებს ჩემს მოსვლამდის!.. კატო, შენი ჭირიმე!

აბესალო (გზას გადაუღობავს).

არ ვიცი მე არც კატო, არც ქატო... ტაში, ყმაწვილებო!..

როდამიშვილი

ყოჩაღ, ბიჭო!.. ზრდილობაც ამას ჰქვია!

ვიქტორ

ჩუ, ყმაწვილო!

აბესალო
ტაში, ტაში! (ირინე ცეკვავს). შენი გულისა, შენი... (ირინე
ცეკვას გაათავებს, თავს დაუკრავს, შემოტრიალდება და
წასვლას დააპირებს. აბესალო ხელს სტაცებს და
შეაჩერებს). ასე მალე, ასე მალე, ბატონო ირინე?

ირინე

დავიღალე, ღმერთმანი.

აბესალო

ასე ცოტათი გინდათ დაგვაჯეროთ? თქვენ არ


მომიკვდეთ... ამას გახელება ჰქვია, სხვა არაფერი...
გახელება!

ირინე
დავიღალე, ბატონო აბესალო... მეტი აღარ შემიძლია.

აბესალო

აბა, თუ დაიღალეთ, აგერ დაბრძანდით და დაისვენეთ...


აბა, ყმაწვილებო, ”სულიკო”, ისე ტკბილად, ნაზად, ისე
რომ ყველას გვიამოს... დასხედით, დასხედით!..
ჩვენსკენაა ლხინი წამოსული... (ყმაწვილები ”სულიკოს”
მღერიან).

ირინე

ბატონო აბესალო, გთხოვ, ნება მიბოძოთ...

აბესალო

არ შეიძლება... თქვენთან ერთად ლხინიც გაგვშორდება...


ირინე

რა ვქნა, ღმერთმანი!

აბესალო

ვიქტორ!

ვიქტორ

რა გინდა?

აბესალო

თხოვე იმ ყმაწვილს, ასე მწყრალად რომ გვიყურებს,


შემოგვჩერებია, ეგერ დაბრძანდეს სუფრის ბოლოში...
ეგებ გული გაუკეთდეს... (ირინე უკმაყოფილოდ
გადახედავს აბესალოს).

ვიქტორ

ვერაფერი ოხუნჯობაა, შენ არ მომიკვდე!.. შფოთი გინდა


ატეხო, ყმაწვილო?!

აბესალო

თხოვე!.. ნუ იბღვირება-კი!

ვიქტორ

სუ, ყმაწვილო!

როდამიშვილი
გიჯობთ თავი შეიკავოთ და წინდახედულად
ილაპარაკოთ!

აბესალო

ბიჭოს!.. ხა, ხა, ხა!.. ძალიან გულზე არ ყოფილა! ერთი


ახლოს დამანახვეთ, ვინ ბრძანდება ეს გულ უშიშარი
რაინდი! (დგება და როდამიშვილისაკენ მიდის, ვიქტორი
არ უშვებს).

ვიქტორ

აბესალო, რა არის ახლა ეს?.. რა არის?..

როდამიშვილი
ტყუილა იქაჩებით... თქვენი არავის არ ეშინია, ამაზე
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ!

ვიქტორ

პავლე, არ გრცხვენია! (ყველანი აირევიან) სირცხვილია,


ყმაწვილებო, სირცხვილია, სხვა არაფერი!

აბესალო (იწევს)

ბატონო, შემახედვიეთ მხოლოდ... ახლოს შემახედვიეთ ამ


უცნაური კაცისათვის... მეტს არაფერს გთხოვთ... ვიცნო
ერთი მაინც!

როდამიშვილი

შევარცხვინე შენთან დამარიდებელი!..


ვიქტორ

(იქით მიექაჩება როდამიშვილს, აბესალომი სხვა


ყმაწვილებშია. ყველანი შეწუხებულნი არიან).

პავლე, ჭკუაზე მოდი! ყმაწვილო, ამას მოველით შენგან?

როდამიშვილი

შემაშინა მაგისმა შეხედვამ, თუ რა ჰგონია?! (ვიქტორს


გაჰყავს).

აბესალო

ძალიან არ იქაჩებოდა!.. მიყვარს გულადი კაცი!


სიცოცხლეა!
ირინე

არ გეკადრებათ, ბატონო აბესალო!.. თქვენგან ამას არ


მოველოდი!..

აბესალო (მოტრიალდება).

უკაცრავად... თქვენთან უკაცრავად, ბატონო ირინე!..


ღმერთო მომკალი!.. გაწყენინეთ განა!.. ნიავს მივცეთ,
ქარს გავაყოლოთ ყოველივე უსიამოვნობა!.. ყმაწვილებო,
აბა, ტაში, ტაში!.. (თვითონ იწყებს ცეკვას და იწვევს
ირინეს. პირველი უარის შემდეგ ირინე გაჰყვება).

ყმაწვილები

ბრავო, ბრავო, აბესალო! ბრავო, ბრავო!..


ერთი ყმაწვილთაგანი მე-2-ს

როდამიშვილის ჯინაზე თამაშობს.

მე-2 ყმაწვილი

კი, ახელებს მას... შეატყო, რომ პავლეს სწყინსო


ირინესთან შეხუმრება და განგებ ახელებს...

1-ლი ყმაწვილი

უნდა უსათუოდ ჩხუბში ჩაითრიოს...

აბესალო

(ცეკვის გათავების შემდეგ ხელზე აკოცებს ირინეს).


გმადლობთ, გმადლობთ, ბატონო ირინე! (სახლიდან
მოისმის სიმღერა და დაირის ხმა, ყველანი იქით
გაეშურებიან).

გამოსვლა მეოთხე

ირინე და აბესალო

აბესალო (უკან მისდევს ირინეს).

გინდოდათ გამქცეოდით?! ხომ დაგიჭირეთ!.. ხომ ვერ


დამემალეთ!.. სად უნდა დამემალოთ?! სად უნდა
წამიხვიდეთ?.. გარწმუნებთ, რომ ვერსად... ვერსად!

ირინე
რა გნებავთ, ყმაწვილო?

აბესალო

ეგრე მწყრალად?!. ეგრე კუშტად?!. ნუ, ნუ, თუ ღმერთი


გწამთ... თუ კაცის სიბრალული გაქვთ! მაგ კილოთი
ყოველ გაბედულობას მიკარგავთ... მხდალად მხდით...

ირინე (ვიქტორს დაინახავს).

ვიქტორ... ვიქტორ!

ვიქტორ

ბატონო!

აბესალო
ნეტავ შენ ყველგან მიმსწრები არ იყვე, ათასწილად
აჯობებდა, ძმობას ვფიცავარ!

ვიქტორ

უკაცრავად შენთან, მაგრამ ხომ გაიგონე, რომ მიხმეს...

აბესალო

ა, ხომ ხედავ, ყველანი მშვიდობით ვართ და შენც


შეგიძლია თავისუფლად განაგრძო შენი გზა...

ვიქტორ

თუ ირინე მიბრძანებს...
ირინე

არა, არა, მე გთხოვთ, აქ იყვეთ...

აბესალო

ღმერთო მომკალი! თუ არა და ამდენად გეშინიანთ


ჩემთან მარტოდ დარჩენა?..

ვიქტორ

რაებს ლაპარაკობ, ყმაწვილო?

აბესალო

შენ რომ აქ არ იყვე, სწორედ უფრო წესიერად


ვილაპარაკებდი და იმას ვიტყოდი, რისი თქმაც მსურს!..
ირინე

ვიქტორთან მე საიდუმლო არაფერი მაქვს... შეგიძლიათ


თქვენი სათქმელი მაგასთანაც თქვათ...

აბესალო

უშენოთ რომ არაფერი გაკეთდება, რომ არაფერი


ითქმება... ყველას მესაიდუმლე რომ ხარ!..
გასაკვირველია!.. ვიქტორ, თუ ძმა ხარ, ერთხელ მაინც
დათმე... გთხოვ ძმურად!

ვიქტორ

არ გესმის, ყმაწვილო, თუ დაყრუვდი დღეს?.. არ გესმის


ამ ქალის ნათქვამი?..
აბესალო

შენ რომ გხედავ აქ, ყურთასმენაც მაკლდება...

ვიქტორ

როგორც გეტყობა, ჩემო კეთილო, ძალზე მოგრევია ღვინო


და მოსვენება გჭირია, რომ გამოფხიზლდე...

აბესალო

ოჰ, ეგ კი მართალია... ეგ კი მართალია! და, თუ ძმა ხარ,


მომასვენე!..

ირინე
უკაცრავად ვარ, ბატონო აბესალო, ამდენ სტუმარს
სამსახური ეჭირვება...

აბესალო

კისერი უტეხია ყველას!.. ვის რას დავეძებ! მათზე ისიც


ბევრია, რაც ემსახურეთ... ყველამ თავის თავს მოუაროს!..
თქვენი წასვლა აქედან ყოვლად შეუძლებელია!.. ვერსად
ვერ გაგიშვებთ!..

ირინე

რა უნდა გავაკეთოთ აქ?..

ვიქტორ

აბესალო, ჭკუაზე მოდი... რავა გადარეულივით


ლაპარაკობ!..

აბესალო

გადარეული ვარ, აბა, ვერ მატყობ?! ვერ მატყობ, რომ


გადარეული ვარ?! და გევედრები, შენ ნუ მრევ კიდევ, შენ
ნუ შემშლი უარესად... რა გინდა ჩემგან, კაცო?! ბატონო
ირინე, უმორჩილესად გთხოვთ, ორი წამი მითავაზოთ,
მაგრამ ეგ თაფლი კაცი, ეგ ქვეყნის მესაიდუმლე თავიდან
მომაშორეთ...

ირინე

რა უნდა მითხრათ იმისთანა, რომ ვიქტორს არ


გაეგონებოდეს? რა უნდა იყოს იმისთანა?

აბესალო
გთხოვთ!

ირინე

გთხოვთ, ამასთან მითხრათ...

აბესალო

თქვენ რომ იცოდეთ ჩემი გულის ამბავი, ასე მკაცრად, ასე


უნდობლად არ მომეპყრობოდით... არც მაძლევთ
საშუალებას გამოვთქვა ჩემი გულის ნადები და ამით
მხოლოდ სულს მიხუთავთ, სიცოცხლეს მიმწარებთ...

ირინე

არ გეკადრებათ, ბატონო აბესალო, მაგნაირი ლაპარაკი...


აბესალო

ვიყვე შეჩვენებული, თუ ჭეშმარიტებას არ


მოგახსენებდეთ... თუ სრულს ჭეშმარიტებას არ
მოგახსენებდეთ... და გთხოვთ, რომ თქვენის მხრითაც
გავიგონო... (ირინე წასვლას აპირებს) სად მიხვალთ?
ვერსად ვერ წამიხვალთ, სანამ არ მომცემთ პასუხს, სანამ
სიტყვას არ მომცემთ...

ირინე

გთხოვთ გამათავისუფლოთ, ბატონო აბესალო!

ვიქტორ

აბესალო, ყმაწვილო!
აბესალო

პასუხი მინდა გავიგონო თქვენგან, თუ...

ირინე

მერე ვილაპარაკოთ, ბატონო, მერე... ახლა არ მცალია...

აბესალო

მერე როდისღა? როდისღა მერე? მე ახლავე მინდა


პასუხი!.. გადადება რაღა საჭიროა!.. ახლავე უნდა
მითხრათ...

ირინე
არა, არა! ახლა მე თქვენთან ლაპარაკი არ შემიძლია!
(გაუსხლტება და გაიქცევა).

გამოსვლა მეხუთე

აბესალო და ვიქტორ

აბესალო

სად წამიხვალ, სად?.. სად წამიხვალ?!

ვიქტორ

რას ჩადიხარ, ყმაწვილო?! რა ამბავში ხარ?!

აბესალო
გევედრები, თავი დამანებო!.. ხომ ხედავ...

ვიქტორ

რომ შენს ჭკუაზე არა ხარ...

აბესალო

ჰო, ჰო! სწორედ ჩემს ჭკუაზე არა ვარ!.. და თავი დამანებე,


თორემ გაწყენიებ და დამემდურები!..

ვიქტორ

ყმაწვილო, თავი როგორ დაგანებო, როცა ვხედავ, რომ


ირინესთან შენს საქციელს შეუძლია აქ ერთი აყალ-
მაყალი ატეხოს... გეუბნები, იმ ქალს ამორჩეული ჰყავს
საქმრო, ის კაცი თავს გამოიდებს და...
აბესალო

ჯანდაბას მისი თავი და ტანი!.. გთხოვ, ჩემთან მას ნუ


ახსენებ... ირინესთან იმას ხელი აღარა აქვს დღეიდან, არა,
ასე მოახსენე...

ვიქტორ

როგორ თუ ხელი აღარ აქვს? რა გინდა ამით თქვა?

აბესალო

ის, რომ ირინეს საუკუნოდ გამოეთხოვოს...

ვიქტორ
აბესალო!

აბესალო

ჰო, აბესალო, აბა ვინა ვარ?

ვიქტორ

შენ რაღაცას უცნაურობას აპირობ, აბესალო...

აბესალო

რასაც ვაპირობ, კიდევაც ავასრულებ...

ვიქტორ

აბესალო, თუ შენ ფიქრობ როდამიშვილის და ირინეს


დაშორებას, ჯერედ ეგ ვერაფერი ვაჟკაცური საქციელია,
და მერე ამასაც გეტყვი, რომ შენი მაცადინობა ტყვილა
ჩაივლის... არაფერი საკადრისია ამნაირი საქმე!

აბესალო

მე შენ გთხოვ, ვიქტორ, იმ როდამიშვილს მოახსენო,


ირინესი სახელიც კი დაივიწყოს სამიდღემჩიოდ...

ვიქტორ

შენ ხუმრობ?..

აბესალო

სულაც არ მეხუმრება...
ვიქტორ

აბა?

აბესალო

აბა ის არის, რომ ირინე მე მინდა... მე მინდა!

ვიქტორ

ა?

აბესალო

მე მინდა-მეთქი და არავინ როდამიშვილი არ ვიცი...

ვიქტორ
შენ გინდა?!

აბესალო

მე!

ვიქტორ

თუ მართლა გულში მაგისთანა რამ განიზრახე,


გარწმუნებ, აბესალო, როგორც გითხარი, შენი ჟინი ასე
იოლად არ აგისრულდება...

აბესალო

რატომ!.. როდამიშვილი მჯობია? როდამიშვილს არჩევენ?


ვიქტორ

არა, მაგრამ გეიგონე კაცის, იმათ სიტყვა აქვთ


ერთმანეთისათვის მიცემული...

აბესალო

თუ გინდ ჯვარსაწერადაც წამდგარნი იყვნენ... მე რომ


ვთქვა, უარს მეტყვიან?

ვიქტორ

ყმაწვილო, ახლა რაღა დროსაა.

აბესალო

დრო ყოველთვისაა.
ვიქტორ

გარწმუნებ, ქალი არასფრის გულისთვის არ გადათქვამს


თავის სიტყვას... არასფრის გულისთვის...

აბესალო

არ გადათქვამს?

ვიქტორ

გარწმუნებ, რომ არა... აბა რისთვის გაგექცა - მიგიხვდა


რაზედაც გინდოდა ჩამოგეგდო ლაპარაკი და გაგშორდა...

აბესალო
ეგ ტყვილია... ტყვილია, ჩემო ვიქტორ ბატონო! და აგერ
ახლავე დაგანახვებ ამას... და ესეც გახსოვდეს, მითქვამს:
შემირცხვეს ვაჟკაცობა, თუ მაგ ქალი მე ვისმეს
დავუთმო!.. ამისთვის კი მოვნახავ მე გზას.

ვიქტორ

აბესალო, ძმობას გაფიცებ, წუთის გულისთქმას ნუ


აჰყვები, შენი ვაჟკაცობა ამაში უფრო გამოჩნდება...
უკადრისი საქციელით ვაჟკაცობას ვერ დაამტკიცებ, ჩემო
ძმაო.

აბესალო

უკადრისობაზე ლაპარაკი თქვენთვის მომინდვია. მე ჩემი


სურვილი უნდა ავისრულო... თქვენს ტარტალს რას
დავეძებ! (მიდის).
გამოსვლა მეექვსე

ვიქტორ და როდამიშვილი

ვიქტორ (უკან მისდევს).

აბესალო, გაფიცებ დედ-მამას, უცნაურ საქმეს თავი


დაანებო! აბესალო! (შეჩერდება) აღარასფერი ესმის... რა
თვალით შეხედა იმ წყეულმა ამ ქალიშვილს, რომ ასე
უცნაურად გადირია?!. ფეხი მომტეხოდა და მასთან
ერთად არ მოვსულიყავი დღეს აქ!.. რავა დევიჯერო,
მართლა უნდოდეს გულით ირინეს ცოლად შერთვა?..
ჟინმა წამოუარა, მეტი არაფერია.. უსათუოდ რაღაც
უცნაურობას კი მოახდენს... სად წავიდა ახლა?.. საით
წაეთრია ოხერი?..
როდამიშვილი (შეხვდება მიმავალ ვიქტორს)

ვიქტორ!.. შენთან ერთი სათხოვარი საქმე მაქვს... ვიცი


შენი კეთილი გული, უარს არ მეტყვი...

ვიქტორ

თუკი შემიძლია რამე, ბატონი ბძანდები... რა იყო?

როდამიშვილი

ამ ოხერმა შენმა ნათლიისშვილმა მომკლა, უნდა


გამოგიტყდე, ჩემო ძმაო, გამათავა კაცი!.. ისე ვარ,
თითქოს ირინეს ვინმე მართლა მართმევდეს და მე კი
ძალაც არ მაქვს, ნებაც არა მაქვს დავიცვა...

ვიქტორ
კარგი ერთი შენც!.. არ გრცხვენია?..

როდამიშვილი

რა ვქნა, ჩემო კეთილო, ასე კია და! აი ამიტომ


გადავსწყვიტე გთხოვო, მიმეგზავნო ფილიპესთან და
შენებურად მოუყვე ჩემს გარემოებას... მართალია, ჯერ
ისე მოწყობილი არა ვარ ჯვარი დევიწერო, მაგრამ
მოსვენებულად მაინც ვიქნები, ჩემად რომ ვიგულებ
ირინეს... შენი ჭირიმე, გეისარჯე და დამავალე, ჩემო
ვიქტორ!..

ვიქტორ

ბატონი ბრძანდები. დიდის სიამოვნებით. ამწამსვე!


როდამიშვილი

შენი ჭირიმე!.. უთხარი, რომ, მართალია, ღარიბი კაცის


შვილია, მარა შენს ქალიშვილს გვრიტივით შეინახავს-
თქვა...

ვიქტორ

კარგი, კარგი! (მიდის).

როდამიშვილი

შენს სულს დავენაცვლე! საუკუნო მოსამსახურედ


გამიხადე!.. დროს ნუღარ დაჰკარგავ, შენ დაგენაცვლე!..

ვიქტორ
ა, მივდივარ ეს არის!.. ახლავე მოვნახავ და ახლავე ვეტყვი
(მარჯვნით გავლენ).

გამოსვლა მეშვიდე

ფილიპე და ირინე

ფილიპე

დღევანდელი დღე, შვილო, თურმე ორნაირად


სასიხარულო ყოფილა ჩვენთვის...

ირინე

რავა, მამა?

ფილიპე
ამ კაი დღესთან იმისთანა კაი ამბავი უნდა გამოგიცხადო,
რომ უკეთესი არ შეიძლება...

ირინე

რა ამბავია, მამა?

ფილიპე

შენი გაბედნიერების ამბავი, შვილო!.. დიახ, იმისთანა


ჩინებული ყმაწვილი მთხოვს შენს თავს, რომ შენ ვერც-კი
წარმოიდგენ! აბა, აბა!

ირინე (აღელვებული).

ვინ, მამა?.. ვინ?..


ფილიპე

აბა თუ მიხვდები?.. აბა თუ მიხვდები?.. აბესალო


სალამთაძე!..

ირინე

აბესალო?!

ფილიპე

აბა, აბა! შენ ვინ გეგონა?.. აბა, ტყვილა მყავხარ კარგი


გოგონა, რომ უბრალო ვინმემ გამიბედოს შენი თავის
თხოვნა?! კი, შვილო! ეს არის თვითონ მოვიდა ჩემთან,
გამიხმო და ასე-ასეო, იმედი მაქვს, სიძედ არ დამიწუნებო
და შენი ქალიშვილის მთხოვნელი ვარ... მწარე გულით
ვარ მოწადინებულიო, შვილად მიმიღე ან და ჩემი თავი
უნდა მოვიკლაო... ასე თქვა, შენ ნუ მომიკვდები: ჩემი
თავი უნდა მოვიკლაო. პასუხი მინდა ახლავეო... აბა!

ირინე

(გაფითრებული ყურს უგდებდა, მერე აღელვებით).

მერე რა უთხარი შენ?..

ფილიპე

რას ვეტყოდი, შვილო... რა უნდა მეთქვა! ჩემის მხრით -


კი, ბატონო-თქვა, ოღონდ, თუ უკაცრავად არ ვიქნები-
თქვა, პასუხს ახლავე მოგახსენებთ-თქვა... ჩემს შვილს
გავაგებიებ და, რასაკვირველია, წინააღმდეგი არც ის
იქნება-თქვა...
ირინე

არა, მამა, არა!

ფილიპე

რასაკვირველია, რასაკვირველია!.. ეგ მეც ვიცოდი, რომ


აბესალოს შენ ვერ დეიწუნებდი... მე შენ გეტყვი, ვინმე
აჯობებს!..

ირინე

არა, მამა, აბესალოს მე ვერ წავყვები...

ფილიპე
ა?!

ირინე

აბესალოს ვერ წავყვები, მამა.

ფილიპე

აბესალოს ვერ წავყვებიო?.. გადირიე, შვილო!?

ირინე

ვერა... ჩემო მამა, ჩემო!

ფილიპე

ღმერთო, ნუ შემშლი! რა მესმის ეს და ვისგან? გესმის შენ


შენი სიტყვები, გესმის თუ არა?!

ირინე

შენ გენაცვალე, ჩემო მამა, ჩემო კარგო მამა, შენს სულს


ვენაცვალე, მაგაზე ნუღარაფერს მეტევი!

ფილიპე

რა ამბავია ეს?! აბესალოს უნდობლობა?!. ჰმ! რა ამბავია


ეს, რა ამბავია?! აბა ვიღას უნდა წაყვე?! აბა ვიღა გინდა,
ამისთანა ვაჟკაცს რომ არ ნდომულობ, რა ოჯახის შვილს,
რა გვარის შვილს?.. წუნობ თუ? აბა ვის უნდა წაყვე?!.
ვის?

ირინე
შენი ჭირიმე, შენი, ჩემო მამა, ჩემო!

ფილიპე

უარი ვუთხრა აბა?

ირინე

უარი, მამა!

ფილიპე

რა მიზეზიაო?

ირინე

უთხარი... უთხარი, რომ...


ფილიპე

ჰო, ჰო... რა უთხარიო? რა უთხარიო, რომ სათქმელი


არაფერია... რას გაჩუმებულხარ?... მასწავლე, რა ვუთხრა
მიზეზად?

ირინე

მამა, მე აბესალოს არ წავყვები... ვერ წავყვები!

ფილიპე

რა ამბავია შენს თავზე, ირინე, დღეს?.. სხვიმის როდის


გილაპარაკნია ასე სულელურად? რა წამოგიარა დღეს?
ასეთი უცნაური გაჯიუტება!.. ასეთი საქციელი შენი!..
მითხარი ერთი, რითი ავხსნა, რას მივაწერო?! ბედნიერება
კარზე მოგდგომოდეს კაცს და უარს ამბობდე?! ჰმ!
ღმერთო, შენ დასწყევლე ყოველი მავნე და ბოროტი
სული!.. რამ გადამირია ეს აქამდისინ უწყინარი და
მორჩილი შვილი!.. შვილო, ჭკუაზე მოდი, ირინე! ის კაცი
მოუთმენლად ელის პასუხს... სული უწუხს, სანამ
გეიგონებდეს შენგან თანხმობის სიტყვას...

ირინე

ჩემო მამა, ჩემო ძვირფასო მამა, გევედრები, ნუღარ


ჩამაცივდები...

ფილიპე

რატომ, შე შეჩვენებულო, რატომ?.. ერთი მიზეზი მაინც


გამაგებინე! მთელ ამ მხარეზე ბადალი არავინ ჰყავს...
შემდარე არავინ ჰყავს... ყმაწვილკაცობის თვალად
ითვლება... შნოა მთელად ყმაწვილკაცობის და შენ სდებ
წუნს, შენ? მითხარი ერთი... მითხარი, ბატონო, მითხარი,
ერთი გამაგებინე!.. მიზეზი გამაგებინე ერთი.. ჰო...

ირინე

არ მიყვარს...

ფილიპე (მოკლე პაუზის შემდეგ).

არ გიყვარს?.. სხვა არაფერი?.. სხვა არაფერია?

ირინე

არ მიყვარს...

ფილიპე
ჩუ, აბა, ჩუ!.. ხმა არ ამოიღო!.. დიახ, მანამდი ნუ
გათხოვდები, სანამ ვინმე არ შეიყვარო და კისერზე არ
მოეხვიო ისე მაგრად, რომ ვერსად გაგექცეს... დიახ, შენმა
სიცოცხლემ! არ მიყვარსო?! არ გიყვარს, მერე
შეგიყვარდება - მანამდე რომელი თავმოყვარე ქალიშვილი
დეიწყებს შენსავით ასე მოურიდებლად სიყვარულზე
ტარტალს?!. ამას მოველოდი შენგან?.. ამის იმედი მქონდა
მე შენი?.. მარა სულელი და უჭკუო მე ვარ, ამდენი
ლაპარაკის ნებას რომ გაძლევ... შენი უჭკუობისათვის
ამნაირ ბედნიერებას რავა დაგაკარგვინებ?!. მერე
მადლობასაც კი მეტყვი!

ირინე

მამა, მამა!.. (ამ დროს სცენაზე გამოიფინებიან ყმაწვილი


ქალები და კაცები სალამურით, დაირით და ხმაურობით:
”აგერ ყოფილა!” მისცვივდებიან ირინეს).

გამოსვლა მერვე

იგინივე, ქალიშვილები და ყმაწვილები

ქალიშვილი 1

ჩამორებული ლეკურია, ირინე... შენ დაგვრჩი მარტო...

ქალიშვილი 2

შენ უნდა ჩამოიარო ერთი... ვინც იცის და არ იცის, ყველამ


ითამაშა.

ირინე
მეტისმეტად დაღალული ვარ, გენაცვალე, მერე
ვიცეკვებ...

ქალიშვილები

ახლა, ახლა უნდა იცეკვო!..

ირინე

სხვამ იცეკვოს ჯერ...

ქალიშვილები

ყველამ იცეკვა, შენ დაგვრჩი, მხოლოდ... შენს გარდა


ყველამ ვიცეკვეთ...

ყმაწვილები
თქვენ დაგვრჩით მხოლოდ... კავალერი თქვენ
ამოირჩიეთ...

აბესალო (გამოხტება საცეკვაოდ).

აგერ გახლავართ! ტაში, ყმაწვილებო! (ირინე


გაკვირვებით ერთს გადახედავს და გაჰყვება ცეკვაში,
ერთს შემოუვლის და გაჩერდება. საერთო ”ბრავო”).

როდამიშვილი (ვიქტორს)

ვიქტორ, აგერ არის ფილიპე, ნუღარ გადადებ.

ვიქტორ

ახლავე, ა! (ხმაურობით ისევ გავლენ სტუმრები და


ირინეს თან გაიყოლებენ).

გამოსვლა მეცხრე

ფილიპე და ვიქტორ

ვიქტორ (შეაჩერებს მიმავალ ფილიპეს).

თქვენთან, ბატონო ფილიპე, ცოტა საქმე მაქვს.

ფილიპე

ოჰ, კაი დაგემართოს! მეც შენი ნახვა მინდოდა სწორედ...


ყმაწვილო, შენ რაღა დაგიმალო, შვილივით გიყურებ,
შენთან რა მაქვს დასამალავი... შვილი გადამერია,
სასიკეთო შვილი!.. ჩემი ირინე!
ვიქტორ

ჰო!

ფილიპე

მომკლა კაცი, გამათავა!.. ვიღაცამ შემიცდინა... ვიღაცამ


გამისულელა! წარმოიდგინე, შენმა ნათლიისშვილმა,
აბესალომ, იმისთანა პატივი დამსდვა, რომ ჩემი ღარიბი
ოჯახიდან ჩემი შვილის ცოლად შერთვა ისურვა, და ეს
შეჩვენებული უარზე მიდგება!.. მერე თვითონ მოვიდა და
ისე მთხოვა ჩემი ირინე! ვინ გამიბრიყვა, ვინ
გამისულელა?.. არ მიყვარსო, დოუჯინია!.. ჰმ, არ
მიყვარსო! მოდი და ელაპარაკე ამ ქალბატონს!.. აბა, უნდა
ვუყურო, სანამ ვისმეს არ შეიყვარებს და სირცხვილს არ
მაჭმევს?..
ვიქტორ

აბესალო თვითონ მოვიდა შენთან და გთხოვა ირინე?

ფილიპე

აბა, აბა! ახლა პასუხს უცდის.

ვიქტორ

ჰმ!.. რა პასუხი უნდა მისცეთ?

ფილიპე

უარის თქმა რავა შემიძლია!.. უარი რავა მეთქმება, მარა ამ


ბოვშის საქმეც მაწუხებს და ამას გეხვეწები, ვიქტორ
ჩემო... შენ ძმასავით გიყურებ და მიქენი სიკეთე, ჩააგონე,
რომ იმ ყმაწვილს არ შეამჩნევიოს თავისი უჭკუობა და
სისულელე... არ აწყენიოს. ხუმრობაა?! თვითონ იცი, რა
ოჯახის შვილია, რა გვარის შვილი!.. ამნაირ ბედს ვინ არ
ნატრულობს და მე უარი ვთქვა?! იმე! შენ დაგენაცვლე,
შენი ჭირი შემეყაროს, რას ემგვანება ეს? ჰმ!.. რას
მივაწერო, რითი ავხსნა ამ ბოვშის ამნაირი ახირება?!

ვიქტორ

აბა, მართალი მოგახსენოთ, ბატონო ფილიპე, თქვენი


ქალიშვილი მშვენივრად სჯის, როცა უარს ამბობს
აბესალოს წაყოლაზე...

ფილიპე

ა?.. შენგან მესმის ეგ?! შენ მეუბნები ამას?


ვიქტორ

სწორედ! და დარწმუნებული ვარ, იმათ არ მიიღებ ამას,


ვითომ და ირინეს უღირსად ვუყურებდე აბესალოს
საცოლოდ... დამწყევლოს მაშინ ღმერთმა!.. არა, ბატონო
ფილიპე, აბესალო არ არის ირინეს ღირსი და თუ თქვენ
თქვენი ქალიშვილის ბედნიერება გსურთ, თუ არ გინდათ
სიცოცხლე გაუმწაროთ, იმ ჩემს ნათლიისშვილს
უსათუოდ უარი უნდა უთხრათ.

ფილიპე

რატომ, ვიქტორ, რატომ?.. რომ არ მესმის მე ეგ ლაპარაკი?


რითია დასაწუნარი იმისთანა შესანიშნავი ახალგაზრდა?
შეხედულებას დაუწუნებ კაცი, გვარიშვილობას, ოჯახს,
ვაჟკაცობას, თუ რას, მითხარით ერთი?
ვიქტორ

არც ერთს ამას, მაგრამ თვითონ პირადად არ არის


საოჯახო კაცი... მაგას სრულიად არა აქვს იმისი თავი, რომ
ოჯახს მოეკიდოს, არა თუ მოეკიდოს, მეტს გეტყვით,
იგუოს ოჯახი. დღეს თუ ირინეს გთხოვს და იმისთვის
ირევა, ეგ იმიტომ კი არა, რომ მართლა მისი სიყვარული
ჰქონდეს გულში, მართლა ცოლად ირჩევდეს მას... არა,
მერწმუნეთ ამაში, ბატონო ფილიპე, არასოდეს! მაგ კაცი
გატაცებულია ასე უცაბედად, აღძრული სურვილით და
არაფერს ერიდება რამე გზით კოხტა ქალი დაისაკუთროს.
მერმისზე ის სრულიად არა ფიქრობს... მერე რა იქნება,
ამისი დარდი არაფრად აწუხებს, იმიტომ რომ ცოლსა და
ოჯახს არასოდეს თავის თავს არ შეაწუხებინებს.
აბესალოსთანა ხასიათის ყმაწვილები საოჯახოდ არ
გაუჩენია ღმერთს და როცა შემცდარან და შემთხვევით
მოჰკიდებიან ოჯახს, იქ სიკეთე ჯერ არავის უნახავს...
საუბედუროდ, ამის მაგალითები საკმაოა ჩვენში... თუ
ვინმე გაძლებს მაგათთან, ისევ იმგვარივე ხასიათის ქალი,
თორემ მეოჯახე, მშვიდობიანი, ღვთისნიერი ქმნილება
მაგათ სიახლოვეს უკიდურესად გაწვალებულია და
წამებული. დამიჯერე, ფილიპე, რომ შენს ირინესაც
ამგვარ მომავალს გაუმზადებ, თუ უარი არ მიუგე
აბესალოს.

ფილიპე

აბა ვის უნდა მივცე, შვილო?

ვიქტორ

ცოტა არიან იმისთანა ყმაწვილები, რომლებსაც მართლა


გულით წადიანთ ოჯახს მოეკიდონ და საიმედონი არიან,
რომ მუყაითად გოუძღვებიან ოჯახს?
ფილიპე

და აბესალოს ვუთხრა, ქალს ვერ მოგცემ-თქვა?

ვიქტორ

უთხარი, სასიძო ამორჩეული მყავს-თქვა და, რომ ასე არ


ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი თქვენთან
დამოყვრებით-თქვა...

ფილიპე

არ ჩამკითხავს მერე? მომასვენებს, სანამ არ გეიგებს, ვინ


არისო!?.

ვიქტორ
უთხარით, უთხარით პირდაპირ...

ფილიპე

ასე ტყვილა ვინ შევასახელო... გამოძიებაში არ შევა, შენ


გგონია?

ვიქტორ

ტყვილა შესახელება რათ გინდათ... სწორედ იმისათვის


გეძებდით ახლა, რომ შეგატყობინოთ თქვენი
ქალიშვილის გულის ნადები და ერთი ჩინებული
ყმაწვილი კაცის თხოვნა... და, იმედია, რომ, როგორც
შვილის მოსიყვარულე მამა, არც ერთს არ დაურღვევთ
ბედნიერებას თქვენი წინააღმდეგობით... სწორედ
მაშვლად ვარ მოსული, ბატონო ფილიპე.
ფილიპე

ვისგან?

ვიქტორ

კი, მართალია, მდიდარი ოჯახის შვილი არაა, მარა


ღმერთმაც იცის და კაცმაც, რომ პავლე როდამიშვილი
ჩინებული ახალგაზრდაა, მუყაითი, პატიოსანი...

ფილიპე

და იმას მივცე ირინე?!

ვიქტორ
სწორედ! მით უფრო, რომ ქალსაც და კაცსაც ერთმანეთი
უყვართ და მართლა ბედნიერი იქნებიან...

ფილიპე

ერთმანეთი უყვართ?.. ამისთვის დაეთრეოდა ის


წუნწკლიანი ჩემს ოჯახში?! ამისთვის დაძვრებოდა, რომ
სიყვარულზე ემართა მუსაიფი იმ უტიფართან?! ღმერთო
მომკალი!.. რა მესმის ეს, რას მოვესწარი - ქალიშვილი ასე
ურცხვად, ასე მოურიდებლად მელაპარაკება, ეს მიყვარს,
ეს არ მიყვარს, ეს ასეთია, ეს ისეთიაო!.. და შენც, ვიქტორ,
კვერს უკრავ ამაზე და მირჩევ ავყვე ბღარტს, რომ მერე
სასაცილოდ გავიხადო ჩემი თავი?!. შენგან არ მიკვირს,
ამისთანა რჩევას რომ მაძლევ!.. მე სულ სხვა კაცად
გიყურებდი... სულ სხვა იმედით ვიყავი შენზე.

ვიქტორ
ისე მე ვიცოცხლო, თქვენ არ დაგიფიცავთ, რავარც მე
წრფელის გულით გირჩევდეთ, რაც ახლა მოგახსენეთ...

ფილიპე

აბესალო უარით გევისტუმრო და როდამიშვილს ქალი


მივცე?

ვიქტორ

დიახ... თუ თქვენი შვილის გაბედნიერება გსურთ, ასე


უნდა ქნათ.

ფილიპე

უკაცრავად ვარ... სწორედ უკაცრავად, და თქვენს რჩევას


მე ვერასფრის გზით ვერ მივიღებ... ჰმ, სალამთაძეს უარი
ვტკიცო ვიღაცა როდამიშვილის გულისათვის!.. კაი ამბავი
თუ გინდათ, ეგ იქნება... არა, ჩემო ბიძია... ღმერთს
მაგდენად ჩემთვის კიდევ ჭკუა არ წოურთმევია, რომ
საქმეს და მდგომარეობას ვერ მივხვდე... ვიღაცა
ბარბაქაძეს სალამთაძე ხელს გიწვდიდეს, შენთან
დამოყვრებას ნატრულობდეს და უარს ეუბნებოდე! კაია,
შენი ჭირიმე! ქვეყანა არ მოკვდება სიცილით?! სულელად
არ მიგიღებენ კაცს?!

ვიქტორ

ბატონო ფილიპე!..
ფილიპე

კაი, კაი, შენი ჭირიმე! კაი, შენი ჭირიმე! უმორჩილესად


გთხოვ, ამაზე სიტყვას ნუღარ ვხარჯავთ!..
ვიქტორ

ნუ ჩქარობთ, ბატონო ფილიპე... გამიგონეთ... ერთი


სიტყვა მაინც მათქმევინეთ და...

ფილიპე

არც ნახევარი... არც ნახევარი! აბესალოს მხრით პატივია


ჩემს ოჯახზე მისი სურვილი, სწორედ პატივი! და
ბანჯგვლიანი როდამიშვილისათვის ჩემს შვილს მისი
უჭკუობით ბედს ვერ დავაკარგვინებ. ვერა, ვერა!.. თუ
მარტო ამაში იყო საქმე, იმ პატიოსან ყმაწვილს, ღმერთო
მომკალი, ამდენ ხანს რავა მოვკლავდი ლოდინით!..
(მიდის).

ვიქტორ
მოითმინეთ, ბატონო ფილიპე! მოითმინეთ ერთ წუთს!

ფილიპე

მერე, მერე!.. (იქით მიმავალი). გაეშმაკებულია ყოველი


კაცი! უნდა აბესალო დააშოროს ირინეს! კი მიგიხვდი!

გამოსვლა მეათე

იგივე, როდამიშვილი და ირინე

როდამიშვილი

ვიქტორ... რაო?..

ვიქტორ
მხეცია!... მხეცი, ჩემო ძმაო! ახლოსაც არ გეიკარა ჩემი
სიტყვა! პატივისცემად მიაჩნია აბესალოსაგან... ირინეს
რომ სთხოვს... უარს ვერ გოვუბედავო...

ირინე

ვიქტორ... მიშველე!.. მიშველე, ძმობას გაფიცებ!

ვიქტორ

რაღა გიშველო, საყვარელო დაო! რაღათი გიშველო!..


ალბათ არ ყოფილხართ ერთმანეთის ბედი!

ირინე

თავს მოვიკლავ და აბესალოს კი არ წავყვები! თავს


მოვიკლავ და არ წავყვები!

ვიქტორ

ჩუ, ნუ ტირი! აგერ მამაშენიც მოდის!.. პავლე, მოშორდი,


თუ ძმა ხარ!.. აქ აღარაფერი გაგეწყობა, ტყვილი იქნება
ყოველივე მეცადინეობა. (როდამიშვილი გადის).

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე და ფილიპე

ფილიპე

სად ხარ, ყმაწვილო, მე შენ დაგეძებ?! ეს რაა?..


ცრემლები?.. რა გატირებს, რა ღმერთი გიწყრება! რა ეშმაკი
გრევს?! ახლავე თვალები ამოიწმიდე! ჩუ, ჩუ!
ირინე

მამა, ჩემო მამა... ჩემო კარგო მამა!..

ფილიპე

ნუ სულელობ, გეუბნები!.. ნუ მჭრი თავს ქვეყანაში!.. ამას


მოველოდი შენგან?! შე სულელო, შენ არც კი გესმის, რა
ბედნიერებას ეყრები!.. ჩუ, ხმა არ ამოიღო!

ირინე

მამა, შენს სულს დავენაცვლე! ჩემო მამა!..

ფილიპე
რა დროს ლაპარაკია... ის ყმაწვილი გვიცდის... ახლავე
უნდა გამოაცხადოს... წამოდი, შვილო, წამოდი-თქვა!
(მიჰყავს) ვიქტორ, შენც!.. და იმ საძაგელს უთხარი, ხმა არ
ამოიღოს, კრინტი არ დასძრას... თორემ!

გამოსვლა მეთორმეტე

იგინივე, აბესალო და მერე როდამიშვილი

აბესალო

რომ ვეღარ მოვესწარი... რა იქნა, ფილიპე ჩემო!..

ფილიპე

აჰ, ბატონო ჩემო, ეს-ეს არის გიახლებოდით.


ირინე

ბატონო აბესალო!

აბესალო

თვითონ ბატონო და ხელმწიფევ!..

ირინე

წეხან მე ვერ მოვასწარი პასუხი მომეხსენებია


თქვენთვის...

აბესალო

მოუთმენლად მოველი თქვენგანაც გავიგონო იგი...


თქვენგანაც...
ფილიპე

კი, ბატონო, კი ბატონო!

ირინე

დიდად მადლობელი ვარ თქვენი ჩემდამი


გრძნობისათვის... მეც სიტყვას გაძლევთ, მოგიგოთ
ნამდვილი დაძმური სიყვარულით...

აბესალო

დაძმური?.. არა, არა... მე თქვენს თავს ვერავინ


წამართმევს... ვერა, ვერა!

ფილიპე
ვინაა წამრთმევი, შენი ჭირიმე, ვინ?.. რას ბრძანებთ!..

აბესალო

და ჩემი ბედნიერება ახლავე მთელ ქვეყანას უნდა


გავაგებიო, ახლავე!

ფილიპე

კი ბატონო, კი შენი ჭირიმე!.. წამობრძანდით... სახლში


წამობრძანდით! (მიჰყავს თავჩაკიდებული ირინე).

აბესალო

ვიქტორ, ვიქტორ... მოდი, კაცო! (სახლისკენ მიდიან).


ფილიპე

ვიქტორ, მობრძანდი!

ვიქტორ

გიახლებით!.. (როცა ყველანი გავლენ, მარცხნით


გაიხედავს და როდამიშვილს იხმობს) პავლე! (შემოდის
როდამიშვილი შეწუხებული) პავლე, გაფიცებ
ყმაწვილკაცობას შეიმაგრო თავი, არავის შეამჩნევიო შენი
მწუხარება... ირინეს გულისათვის მოიქეცი აგრე... რას
იზამ, ძმაო, ჯერ კიდევ მხეცობაში გვიდგია ფეხი!.. ისე
შეახედვიე ყველას, თითქოს თქვენს შორის ნამდვილ
არაფერი ყოფილიყოს, თუ ძმა ხარ!.. შენ მაინც შეიბრალე
საწყალი ირინე! წამოდი! (რომ დააპირებენ სახლისკენ
წასვლას, ამ დროს მოისმის „ვაშას“ ძახილი და
მრავალჟამიერ).
როდამიშვილი

გადაგიწყდა ყოველივე სიხარული, აბესალო სალამთაძევ!


გადაგიწყდა!

(ფარდა)

მოქმედება მეორე

სალამთაძის სახლი

გამოსვლა პირველი

ეკა (აბესალოს დედა) და ვიქტორი

ეკა
ისე შენს დამაწყევარს მოაკლდა, შვილო, ყოველივე
სიხარული, როგორადაც ნათლიიშენის გული
მოკლებული შეიქმნა ყოველივე სიამოვნებას, ჩემს
შვილებს რომ ამნაირად ვუმზერ... ისე ეიგორა გული, ისე
უცნაურად გამოიცვალა მასთან ხასიათი ჩემმა აბესალომ,
რომ აღარავისათვის დამალული აღარაა მათი ამბავი... რა
მოუხდათ, რაზე ჩამოუვარდათ ამნაირი ამბავი, ვერაფერი
გევიგე, შენ დაგენაცვლე!.. ემდურის რამეს, აწყენია იმ
საცოდავმა რამე?.. ვერაფერი გევიგე!.. აბესალოს, რა ვქნა,
კითხვა ვერ გოვუბედე, შვილო, და ის ქალია და ქე
მეცოდება, გამოკითხვით ვაი თუ შეწუხდეს, როცა
გაიგებს, ჩვენთვის დაფარული რომ აღარ არი მათი
ამბავი!.. ვარ ასე და ვასკდები ჩემს გულს... უნდა
ვიმწუხარო... უნდა ვიჟივლო და ვიტირო ჩუმად მაგათ
შემხედვარემ...
ვიქტორ
აბესალო სად არის ახლა, ნათლია?
ეკა

რა ვიცი, შვილო! წავა, გადაიკარგება სადღაც... მოვა, ერთ-


ორ დღეს გაათევს სახლში... ისიც სულ იღრინება,
გაბუტულია, მერე ადგება და ისევ წავა თავისათვის...
კითხვას ვინ გაუბედავს, შენ გენაცვალე!.. მამამისია და
ისიც ვეღარ უსწორებს მის ნებას... დაბრუნდება თუ არა
და იმწამსვე იმის კითხვაშია, თუ ვინ იყო მომსვლელი ან
წამსვლელი... სულ გამოიცვალა, ვიქტორ ჩემო, სულ!
ვეღარ იცნობ ჩემს აბესალოს. სხვაგან არ ვიცი რავაა და
სახლში რომ ვუყურებ - გული მიკვდება და უფრო ის
მკლავს, რომ არ ვიცი, რა ვქნა, რა გზას დავადგე!

ვიქტორ
ირინე როგორაა, ნათლია?

ეკა

როგორ იქნება, შვილო!.. გულში რა ცეცხლი უტრიალებს,


რას გოუგებ - თვითონ არას ამბობს... რომ უყურო, ვითომ
და არაფერიაო. ქმართან ისე მორჩილებითაა, თვალებში
შეჰყურებს, რა უნდაო, რა იამებაო... მეტ სიტყვას არ
ამოიღებს მასთან... დაფუსფუსობს ოჯახში... მუდამ
საქნარშია... ძვირფასი მეოჯახე ქალია, შვილო, ძვირფასი
მეოჯახე ქალი! ეს უფრო მიკლავს გულს... ამისთანა რამეს
რავა არ უნდა აფასებდეს ადამიანი!.. მარა რა ვქნა!.. რა
ვქნა! რატომ ეიგორა გული მასზე ჩემმა შვილმა, აღარ
ვიცი, შენ დაგენაცვლე... ვერ გამიგია... ეგებ ჩვენთან არ
აჩენდეს თავის ხასიათს... რასაკვირველია, ქმარს უფრო
ეცოდინება ცოლის ამბავი... შეიძლება რამე მიზეზიც ქე
მიეცეს მაგ უბედურს ჩემი აბესალოსათვის... აბა ისე
ტყუილუბრალოდ!..

ვიქტორ

არა, ნათლია ჩემო!.. მართალი გითხრათ, ეგ რომ მაგრე


იქნებოდა, მე თავიდანვე ვიცოდი და ამიტომაც მინდოდა
ხელი შემეშალა აბესალოსათვის იმ დღეს... ირინესათვის
რომ გადირია, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე...

ეკა

ნეტავი შენი კარგა ყოფნით, აგეცილებია მაგისათვის


მაშინ.

ვიქტორ

რამდენადაც მე გავიგე... აბესალო იმ ყმაწვილთან ეჭვობს


ირინეს, ქე რომ წაართვა... წართმევა იყო, აბა რა იყო!..
იმასთან ეჭვობსო... ასე მითხრეს...

ეკა

უი, უი! ცოდვაა, შვილო, ცოდვა!.. ცოდვაა, რომ კაცმა


მაგისთანა რამ დააბრალოს მაგ უბედურს, მაგ საწყალს!

ვიქტორ

ასე კი გევიგონე...

ეკა

ტყვილია, ტყვილია, შვილო!.. ამ დასამიწებელ თვალებს


დღე და ღამ არ ვაშორებ... თვითონაც რა ხანია, რომ ეზოს
გადაღმა არსად ფეხი არ გადუდგამს... ცოდვაა მაგნაირი
რამეს დაბრალება!.. ალბათ, მისიანებსაც ასე აქვთ
გაგონილი და აღარავინ გეიჭაჭანა მის სანახავად...

ვიქტორ

უნდა მიახვედროთ, ნათლია, რომ აბესალო შემცდარია...

ეკა

რანაირად, შვილო, რანაირად?

ვიქტორ

რომ უსაფუძლოა მისი ეჭვები... ტყვილა თავის სახელსაც


ირცხვენს და ცოლსაც თავს სჭრის ქვეყანაში...

ეკა
ისევ შენ... ისევ შენ... შენ დაგენაცვლება ნათლიაშენი!..
ჩამოუგდე სიტყვა შენებურად... მოელაპარაკე... შეაჯერე...
შენი ჭირი შემეყრება!.. შენ შეგვეწიე... შენებურად
მოელაპარაკე აბესალოს... ეგებ შენი გეიგონოს, ეგებ
ჩაუკვირდეს თავის საქმეს და გონზე მოვიდეს... რა ვქნათ,
შვილო, ჩვენ, მოხუცებულებმა, რანაირად ვუთხრათ,
რანაირად გოვუბედოთ!.. და შენ ძმასავით ურჩიე,
ოუხსენი ყველაფერი...

ვიქტორ

მეც სწორედ მაგისათვის მოვედი დღეს, გამოტეხილი


უნდა გითხრათ. მინდოდა მენახა და მეთქვა ერთი-ორი
სიტყვა, თორემ ნამეტანი მითქმა-მოთქმაა და უარესი ის
არის, რომ აბესალოსაგან ეძლევათ სალაპარაკო... უნდა
მოისპოს ეს უცნაური და უხეირო ლაპარაკი! აბესალო კია
დანაშაული ყველაფერში.

ეკა

აბა, ჩემო ვიქტორ, შენ თუ რამეთი გამიხარებ ამ


დათუთქულ და დამწუხრებულ გულს... ღმერთი, შვილო,
მაგიერს მოგიძღვნის...

გამოსვლა მეორე

იგინივე და ირინე

ირინე (თავსაფარწაკრული).

დედა, კიდევ ორი ჭუკი არ დაკარგულა?! (ვიქტორს


შენიშნავს) უი, ვიქტორი მოსულა! კი ვერ შევხედე...
ვიქტორ

გეტყობა, ძალიან გწყენია ჭუკების დაკარგვა...

ეკა

რაცხა უბედურებაა, არ იქნება ისეთი დღე, თითო-ოროლა


არ დაიკარგოს... რა ამბავია, ვერაფერი გევიგეთ...
გაგვიწყალა სულ, რაც ინდოური გვყავდა...

ირინე

სად დაგვეკარგე, ვიქტორ?.. რაცა ხანია, თვალით არ


გვეჩვენე... დედა ძალიან გემდურის, იცოდე... წინედ
ყოველ კვირა იცოდა მოსვლაო.

ვიქტორ
რა ვქნა, შემხვდა ასე.

ირინე

თუ მე ცუდი ფეხით მოვედი აქ და მას აქეთ აღარავინ


ეკარებით აქაურობას?

ეკა

რატომ, შვილო, რატომ ამბობ მაგას?..

ვიქტორ (სიცილით).

შეიძლება მაგრეთაც იყოს.

ირინე
არა თუ? (ფანჯრიდან დაინახავს). ოჰ, აბესალო მოვიდა.

ეკა (წამოვარდება და ფანჯარასთან მივა)

აბესალო მოვიდა?..

ვიქტორ

კი, აბესალოა.

ეკა

ესენი ვინ არიან? ვეღარ ვიცანი...

ვიქტორ
ერთი სოგრატა პურაშვილია და მეორე ნესტორა ტაბიძე.

ეკა

მართლა... მართლა. კი ვეღარ ვიცანი! სად შეხვდნენ


ერთმანეთს?

ვიქტორ

მაგენი კი მოსძებნიან ყოველთვის ერთმანეთს...


ნაქეიფარი მოდიან საცხაიდან უსათუოდ.

ეკა (ირინეს).

გადი, შვილო, შეეგებე ქმარსა და სტუმრებსაც... აივანზე


შეეგებე... მეც ახლავე გამოვალ.
ირინე

კი, ბატონო! (გავა).

ეკა

ე, თვალი მიაყოლე, ვიქტორ ჩემო, რარიგად სახე


მოეღუშება ჩემს აბესალოს... არ შეიძლება წარბი გახსნას
ირინეს შემხედვარემ... რა ვქნა, რა ვუყო, მაგათ ამნაირ
ამბავს რომ ვუყურებ... ნეტავი დროს მაინც გაევლო, რაც
მაგათ ჯვარი დაიწერეს!..

გამოსვლა მესამე

იგინივე, ირინე, აბესალო, ნესტორ და სოგრატ

აბესალო
ოჰ, ვიქტორ!.. სად გადიკარგე, ყმაწვილო?..

ვიქტორ

სხვაგან ვიყავი - საქმე მქონდა.

ეკა

დაბძანდით, ბატონო!

ყმაწვილები

გახლავართ!

აბესალო
ლეკურები აიძვრეთ... მამა შინ არის, დედა?

ეკა

სახლშია, შვილო... ცოტა უქეიფოთაა და წამოწოლილია


თავის ოთახში...

აბესალო

არაფერია... გვაცალე, ახლავე ფეხზე წამოვახტუნებთ...


ისევ ჯანზე დავაყენებთ! შენ ოღონდ ხელათ ისეთი
სადილი შეგვიმზადე, აი ჩვენისთანა ყმაწვილებს რომ
ეკადრება... დროზე, თორემ ცდაც აღარ შეგვიძლია!

ეკა

ახლავე, შვილო! ირინე ჩემო! (ირინე გავა).


სოგრატ

ბატონო ეკა, თუ გებრალებით, ღვინოს ნუ დაგვანახვებთ!

ნესტორ

აბესალო, თუ ღმერთი გწამს, ნურაფერს გამოიგონებ!..


არაფერი არაა საჭირო... ჯერ რომ ბატონი სამსონი
უქეიფოდ ბრძანებულა და მერე კიდევ, თქვენ ნუ
მომიკვდებით, ბატონო ეკა, ეს მეოთხე დღეა სწორედ,
რომ ღვინოში დავცურავთ... რა იყო, რა იყო! ჩემო ბატონო!
ცოცხლები რაობით გადვურჩით!

ვიქტორ

თქვენ კი არაფერი გეტყობათ და!


სოგრატ

არ გვეტყობა კი არა...

აბესალო

კარგი, კარგი!.. მაგაზე რაღა ლაპარაკია საჭირო! მოდით,


სამსონი ვნახოთ... ქეიფზე მოვიყვანოთ მოხუცებული...
მოდი, ნესტორ! დედა, აბა შენ იცი!..

ეკა

კი, შვილო, კი! ყველაფერი ახლავე იქნება; მიბრძანდით,


თქვენი ჭირიმე... მიბრძანდით! (თვითონ გავა. უკან
ჩამორჩებიან ვიქტორ და სოგრატ, რომელნიც წინათ
ერთად ისხდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ
ჩუმად).

გამოსვლა მეოთხე

ვიქტორ და სოგრატ

სოგრატ

ერთ ბეწვზე გადავრჩით საშინელ უბედურებას...


ჩააცივდა კოლა ბეჟანეიშვილს, აღარ მისცა საშველი... არ
მისცა საშველი... ამოიჩემა ასე ტყუილუბრალოდ! ბევრი
უთმინა და რომ გამოვიდა მოთმინებიდან, ასე ამ ხალხში
მიაძახა: ჩემზე რომ ასე თვალი გიჭირავს, უკეთესი
იქნებოდა, ცოლისათვის გედევნა აგრე მარჯვედ
თვალიო!..

ვიქტორ
თუ ძმა ხარ?!

სოგრატ

ძმობას გეფიცები, მთელ ხალხში მიაძახა ასე! იმე, რა


ნახეს, კაცო, ჩემმა თვალებმა, რა ნახეს?! ლომი რომ
გინახავს გაძვინვარებული, ერთი ისკუპა იმხელაზე და
დაახტა კოლას, გვეგონა, გაათავა ეს არის-თქვა... მაგრამ
იქით-აქეთ ვეცით... ვიღამ შეაკავა... ძლივს დავაშორეთ
ერთმანეთი... კბილებს აკრაჭუნებდა, კაცო, ისე, რომ აქ
გეიგონებდი!

ვიქტორ

შეურცხვა მაგას ყმაწვილკაცობა! გამოაჭიანა ქალი ასე


ტყუილუბრალოდ! ყველამ გაიგო, ყველა მიახვედრა, რომ
ცოლს ეწამება... ნეტავი, საწყალი რამეში მაინც იყვეს
დამნაშავე!..

სოგრატ

ალბათ არის, კაცო, აბა რატომ შეიძულა ასე უცნაურად და


ისეთ გუნებაზეა, რომ მზადაა, მგონი, სიცოცხლეს
გამოასალმოს!

ვიქტორ

იცის ღმერთმა, რომ ირინე არაფერ მაგისთანაში


დანაშაული არ არის!.. იცის ღმერთმა!

სოგრატ

ყველას კი სჯერა...
ვიქტორ

თვითონ რომ არწმუნებს ყველას თავისი საქციელით, აბა


სხვა რა იქნება!

სოგრატ

პალიკო ცისკარიშვილის პირით შეუთვალა


როდამიშვილს, რომ აქედან სადაც გინდა გადაიკარგეო, ამ
მხარიდან ეიყარეო, ანდა ამ მოკლე ხანში, სადაც
მიგისწრებ, იქ აგკუწავ ნაჭერ-ნაჭერო. ასე შეუთვალა
გუშინწინ. გუშინ ისე დათვრა სიპიტაძისას, ისე დათვრა,
რომ ხომ ბევრ სმაში მინახავს მაგი, მარა გუშინდელსავით
გაგიჟებული კი ჩემს დღეში არა ჯერეთ... ახლა
ჩაგვაცივდა, აღარ გაგვიშვა და, მე ვიცი, ჩაგვკლავს დღეს
მაგ დალოცვილი.
ეჰ, კაი თუ გიყვარდე!.. მაგ ისეა, ეტყობა, ატროვებული,
რომ კაცი უნდა ერიდოს, თვარა ერთ უბედურებაში
გაგხვევს.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და აბესალო, მერე ირინე

აბესალო

სამსონი გკითხულობსთ, ყმაწვილებო, რა მუსაიფში


გაბმულხართ!

ორივე

ახლავე მოვდივართ.
სოგრატ

სიტყვა მინდა დიდი ხნიდან ვიქტორთან... ძლივს ხელში


ვიგდე.

აბესალო

მიდით-მეთქი, მიდით! (ორივე სამსონის ოთახში შევლენ).

ირინე

დედამ რომელი ღვინო ამოვაღებინოო?..

აბესალო

ნაქაჩი! ან და წყალ-მაჭარა!.. ეგეც საკითხავია?.. (კარებში)


ბიჭო ნიკოია, მაგ ცხენებს უნაგირები მოხადე და თივა
ბლომად დაუყარე!..

ირინე

რა პასუხია ეგ, ყმაწვილო?.. (აბესალო ეზოში იყურება)


ადამიანმა ერთხელ მაინც წესიერად ნათქვამი სიტყვა
ვეღარ გაიგონოს!.. (უცბად მოტრიალდება და აჩქარებული
ნაბიჯით გავა ოთახიდან) გაჭირდა, ღმერთმანი,
სიცოცხლე!..

აბესალო (კარებიდან გამობრუნდება)

ჯერ სად ბრძანდები! გაჭირვებული სიცოცხლე რანაირი


უნდა, აწი განახვებ, ქალბატონო! (ფანჯარაში იყურებოდა
და უცბად მოშორდება. გაჯავრებით კარებში) ნიკოია,
ნიკოია, ბიჭო!.. არ გესმის?
ნიკოია (შემოვარდება)

რა გნებავთ, ბატონო?

აბესალო

რომ დაგიძახებენ, მეორე დღეს უნდა გაიგონო, შენ


ოხრიშვილო? გასწი ახლავე, ეგერ ცხენოსანი რომ ეზოში
ჩამოვიდა, მიდი და უთხარი, არავის არ ღებულობენ-
თქვა... გასწი, რას დაგიღია პირი!

ნიკოია

დიდი ქალბატონი ეგებება, ბატონო...

აბესალო
დიდი ქალბატონი!.. პირი დაგიფჩენია ვირიშვილს!
გეეთრიე, მუდრეგო, დამეკარგე იქით!.. ამოვარდა თქვენი
სახსენებელი!.. (მეორე კარებისაკენ მიმავალი) ახლავე
გავაბუზურებ მაგ ვაჟბატონს!.. ა, თქვენი რჯული,
თქვენი, თქვენი!

გამოსვლა მეექვსე

იგინივე და ეკა (რომელიც სამსონის ოთახიდან გამოვა).

მერე ვიქტორ

აბესალო

რა უყავი ის ვაჟბატონი?
ეკა

ვინა, შვილო?

აბესალო

ახლა რომ მოეთრია?

ეკა

ჩემი ირინეს ბიძაშვილი, სოლომონი იყო, შვილო.


სამსონთან შევიყვანე.

აბესალო

ახლავე აქედან წაეთრიოს!.. ახლავე მოჰკურცხლოს


თავისით, ჩემს თვალებს არ დაენახოს!.. გესმის?
ეკა

შვილო, შვილო აბესალო!.. შენი ჭირი შეეყაროს დედაშენს,


მაგას რას ამბობ, შვილო?.. რას ამბობ, შვილო?!

აბესალო

ეგ მე ვიცი, რასაც ვამბობ, მე ვიცი!.. ბერიკაშვილი კი


ახლავე მომაშორეთ, თუ არ გინდათ, რომ ბიჭებს
გავაბუნძურებინო!.. (გავა).

ეკა (გაშტერებული)

ღმერთო, რატომ არ მომკლავ!.. რას მოვესწარი ამას! რას


მოვესწარი!.. (შემოსულ ვიქტორს) ვიქტორ, შვილო
ვიქტორ, მიშველე, რაცხა უცნაურ ამბავს აპირობს ჩემი
აბესალო!..

ვიქტორ

რა იყო?..

ეკა

ირევა ირინეს ბიძაშვილის მოსვლისათვის... სახლიდან


დეითხოვეთო, თვარა ბიჭებს გავაგდებიებო!.. მიშველე,
შენ გენაცვალოს შენი ნათლია, ამაშორე სირცხვილსა და
გამოჭიანებას!.. შენს სულს ვენაცვალე!.. აგერ მოდის და,
შენი ჭირიმე... შენი! (საჩქაროდ გავა).

გამოსვლა მეშვიდე

ვიქტორ და აბესალო
აბესალო

დედაჩემი იყო აქ, ვიქტორ, სად წავიდა, თუ იცი?

ვიქტორ

ეს არის ახლა გავიდა, მკვდარია ქალი!.. აბესალო, კარგია,


თუ ძმა ხარ, ამ შენს სახლში მაინც ნუ იზამ იმისთანა
საქმეს, რომ შემდეგ ქვეყნის სალაპარაკო გახდეს. თუ
კაცი ხარ, ქვეყანას ნუ ააყაყანებ!

აბესალო

ქვეყანაში მე კარგა ხანია სახელიც გამიფუჭეს და


ვაჟკაცობაც შემირცხვინეს, რომ მორიდება მჭირდებოდეს
კიდევ! კმარა რაც თავსლაფი დამასხეს და აწი მე
მიყურონ... მე მიყურონ!..

ვიქტორ

მერე რაც გინდა ის ქენი, დღეს, თუ ძმა ხარ, ამ


ბერიკაშვილს თავი დაანებე, ნურაფერს ნუ შეამთხვევ...
ეკა ჯავრით აღარ არის, მართლა ჰგონია... გავაგდებო,
გითქვამს... იკლავს თავს საწყალი...

აბესალო

გავაგდებ, მაშ არა?.. ვხუმრობ, თქვენ გგონიათ?.. თუ


თავათ ახლავე აქედან არ წათრეულა, შერცხვენილი
დამიძახეთ, თუ არ გავაბუნძურო!..

ვიქტორ
ყმაწვილო, რას ერჩი ამ კაცს, რა დაგიშავა, რა გიყო
საიმისო?..

აბესალო

ეგ მე ვიცი!

ვიქტორ

კაი დაგემართოს, შენ რომ იცი, მაგრამ ამ ოჯახში, შე კაცო,


შენს გარდა დედაა, მამაა შენი!.. ჯერ ამ ოჯახს მათი
სახელი ჰქვია... შენ არ მომიკვდე, არავინ არ მოგიწონოს
ასეთი ახირება...

აბესალო

ჰმ, ახირება!.. ახირება!.. დასანახავად შემძულდნენ მაგ


ლაწირაკები... მაგ უწმინდურები!.. ყველაფერი მაგათ
გადამკიდეს, რაც დღეს დამემართა! ვიცი, რაზე
დაწანწალობს მაგ წრიფი, მაგ მათხოვარა!.. მაგათი
წყალობით მომეჭრა თავი და მაგათ უნდათ ტალახში
ამოსვარონ ჩემი თავმოყვარეობა!.. არ მოასწრებს მაგათ
ღმერთი ამას!

ვიქტორ

აბესალო, რას ამბობ, ყმაწვილო, დაუგდე შენს ლაპარაკს


ყური, თუ ძმა ხარ!

აბესალო

ყველაფერი კარგად მესმის!

ვიქტორ
შენს თავმოყვარეობას რარიგად უნდა შეეხოს?.. რისთვის,
რანაირად?.. რას ამბობ, კაცო?!

აბესალო

ვიქტორ, ძმობით გევედრებით ყველას, ნუ მიხვევთ


თვალებს! თვალებს ნუ მიხვევთ!.. ვიცი ყველაფერი, ვიცი,
ყველაფერს ვხედავ და ყველანი ნუ ცდილობთ ბრიყვად
გამომიყვანოთ! კმარა, კმარა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
თქვენ მაინც ნუღარ მიხეთქავთ უფრო გულს!

ვიქტორ

რითი, ყმაწვილო? რითი, თუ ძმა ხარ?

აბესალო
მაგ წუნკლიანის შვილი, ნეხვიდან ამოვათრიე და დღეს
ყოველნაირად გამაცადინებულია სირცხვილი მაჭამოს,
თავსლაფი დამასხას, სასაცილოდ გახადოს ჩემი სახელი?!

ვიქტორ

აბესალო, აბესალო, ირინეზე ლაპარაკობ შენ მაგეებს?


მტყუანი ხარ, შენ ნუ მომიკვდები!

აბესალო

ჰმ, მტყუანი ვარ, დიახ, დიახ!

ვიქტორ

შენს ძმობას ვფიცავარ, ირინე ანგელოზია...


აბესალო

შენ არ იცი მაგ ანგელოზის ამბავი, არა, არა! არ იცი!

ვიქტორ

ვიცი და ამიტომ გეუბნები ამას!

აბესალო

მე ვაჩვენებ მაგ ანგელოზს, რისი ღირსიც ბრძანდება!..

ვიქტორ

რა დაგიშავა, ყმაწვილო, საამისო? ამას წინათ თავს


იკლავდი, სანამ ჯვარს დაიწერდი, და ახლა კი...
აბესალო

უწმინდურია, უწმინდურია ოხრისშვილი! წუპაკია!

ვიქტორ

მე მგონია, აბესალო, ამნაირი შენი სიტყვა და საქციელი


შენვე გამტყუნებს.

აბესალო

(მიაჩერდება და მერე უცბად)

ეგრე იყოს! ეგრე იყოს, ოღონდ ბერიკაშვილი მომაშორეთ


თავიდან, ახლავე მომაშორეთ!
ვიქტორ

აბესალო, ამით იმის მეტი არაფერი იქნება, რომ


შეურაცხყოფას მიაყენებ შენს ოჯახსაც და შენს ცოლსაც
განსაკუთრებით... სხვა არაფერი!

აბესალო

რას დავეძებ, მეც ეგ მინდა!

ვიქტორ

კარგია, თუ ღმერთი გწამს!

აბესალო

მე ნაკლებ ვარ მაგისაგან შეურაცხყოფილი? რაში


მოვერიდები!

ვიქტორ

რითი, ყმაწვილო, რითი?

აბესალო

ოხ, ღმერთო ჩემო, ოხ, ღმერთო ჩემო! რას მალაპარაკებთ


კიდევ, როცა ყველამ იცით!.. ყველამ რომ იცით, რას
მალაპარაკებთ კიდევ!... როცა ქვეყანამ იცის ეს... ო,
ღმერთო! აბა რაა, რომ ტალახში მისვრის ვაჟკაცობას,
სიყმაწვილეს, სახელს!.. ვისი გულისათვის მერე? ვისი
გულისათვის?..

ვიქტორ
აბესალო, ვიყვე ღვთისაგან შეჩვენებული, თუ შენ ამაში
არ ცდებოდე!.. თუ შენ შემცდარი არ იყვე ამაში! რას ამბობ
ამას, ყმაწვილო?!

აბესალო

ნუ მიხვევთ თვალებს, ნუ მიხვევთ თვალებს-მეთქი!


გესმით!

ვიქტორ

ახირებულია, შენ ნუ მომიკვდე, ასე ტყუილუბრალოდ


ადამიანის გამტყუნება!.. ბრალი მოდე ასე უსაბუთოდ!

აბესალო

უსაბუთოდ?!
ვიქტორ

უსაბუთოდ, სწორედ!.. ყოველს ჩემს კეთილს


შეახვედროს ღმერთმა მაგისთანა ოჯახის მოყვარული...

აბესალო

საბუთი არაა, აბა რაღა ჯანდაბა გინდათ კიდევ!.. რა


გინდათ კიდევ, მეტი, რა?! გულში, გულში ჩახედეთ მაგ
თქვენს ოჯახის მოყვარულს... მის პილწ გულში ჩახედეთ
და მერე ილაპარაკეთ!.. ვძულდე, ვეძაგებოდე,
ყოველგვარი სისაძაგლით აივსოს ჩემზე გული, ოღონდ
სხვას, სხვას ნუ შეამჩნევინებს, სხვას ნუ ახვედრებს
ამაში, თორემ მაგისი სიყვარული სრულიად არ მეჭირვება
მე!.. სრულიადაც არ მეჭირვება!.. რა ჯანდაბად მინდა -
ოღონდ ქვეყანაში ვაჟკაცობის სახელს ნუ მისვრის
ტალახში და სასაცილოდ ნუ მიხდის!.. ეს მიკლავს გულს,
ეს მიხუთავს სულს!.. ამის მოთმენა არ შემიძლია!.. ამას
ვერ შევაწევ, ვერა! ვერა!.. ნუ მსვრის ტალახში ვიღაც
ლაწირაკისათვის!..

ვიქტორ

ეგ ტყვილი შეწამებაა, აბესალო!.. ვითომ ირინეს


როდამიშვილთან...

აბესალო

ქვეყანამ იცის!.. ქვეყანამ იცის!..

ვიქტორ

ეგ შენი ბრალია, თუ გინდა მართალი გაიგო...


აბესალო

ჰმ, ჩემი ბრალია, ჩემი!

ვიქტორ

შენი ბრალია!.. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ შენ მალე


აგიგორდებოდა გული მაგ უბედურზე და როდამიშვილის
მოგონება უკმაყოფილებას გამოიწვევდა შენის მხრით...
და კიდეც ამაშია მთელი ამბავი! და ამ ცრუ წარმოდგენას
აყოლიხარ და შენც იმწარებ სიცოცხლეს და ყველა
მახლობელსაც!.. შენ არ მომიკვდე, სხვა არაფერი იყვეს და
ამაშია შენი გამტყუვნება!.. შენი ცოლის უსაფუძვლო
სიძულვილი!

აბესალო
კარგი, კარგი! ეგრე იყვეს... ეგრე იყვეს, მაგრამ
ბერიკაშვილი კი მაინც ახლავე თავიდან მომაშორეთ!.. ამ
საათში, თორემ, თუ იმ შეჩვენებულთან
დალაპარაკებული დავინახე, იქვე გავათავებ!

ვიქტორ

მოითმინე, ყმაწვილო!

აბესალო

რა მოვითმინო?!

გამოსვლა მერვე

იგინივე და ირინე
(აბესალოს)

მამას ოთახში გავშალოთ სუფრა თუ ზალაში? აბესალო!


(აბესალო ხმას არ სცემს).

აბესალო

ჯერ ეგ შენი მოამბე რომ მოგიბრძანდა, უკან გააბრუნე...


მერე იკითხე სადილის ამბავი!

ვიქტორ

აბესალო, აბესალო!

ირინე (გაშტერებული)
რამ გიკბინა დღეს, ყმაწვილო? რას ირევი დღევანდელი
დღე?!

აბესალო

გადარეული როგორიც უნდა, მე განახვებ შენ, თუ ახლავე


ეგ ვაჟბატონი, შენი ბერიკაშვილია თუ ვირიშვილი,
სახლიდან არ გაგიგდია!.. ახლავე თუ არ წათრეულა,
საიდანაც მოეთრია!.. მოგიტანა ამბავი? გაგიხარა ვითომ
გული? ახლავე წაეთრიოს, თორემ მოტანალი ამბებიანათ
სულ ერთიანად შიგნეულობას გარეთ გადმოვაყრევინებ!
გესმის თუ არა?!

ირინე

მესმის, მესმის!
ვიქტორ

აბესალო! რას სჩადიხარ, ყმაწვილო?!

ირინე

ეს გაკლდა! (ცრემლებმორეული უცბად გაბრუნდება და


გავა).

აბესალო

ახლავე, გესმის თუ არა!

ვიქტორ

შერცხვენილი ვიყვე, თუ ეს ამბავი რამეს ჰგავდეს!.. შე


დალოცვილო, სხვა არა იყოს-რა, შენი ცოლის სახელი
მაინც ჰქვია მაგ ქალს!

აბესალო

ცოლის სახელი!.. ცოლის სახელი!

ვიქტორ

ნეტავი ჩემთან არ გექნა ეგ ამბავი და არაფერი მინდოდა!..

აბესალო

ჯერ სად ბრძანდება! ამით გადამირჩება მაგი


ქალბატონი?!

გამოსვლა მეცხრე
აბესალო, ვიქტორი და ეკა

ეკა (გაფაციცებული)

შვილო, აბესალო!.. აბესალო, შენი ჭირი შეეყარა შენს


დედას!.. აბესალო, შვილო, ამ უცხო პირებთან ნუ!..
ამათთან ნურაფერს იზამ, შენ დაგენაცვლე!.. შენი სულის
ჭირიმე!.. შენი!..

აბესალო

დედა, თავი დამანებე! დამანებე თავი!

ვიქტორ

აბესალო, თუ ძმა ხარ, დაწყნარდი!.. თუ ძმა ხარ!


აბესალო

მაშინ დავწყნარდები, როცა ეგ შიკრიკი წაეთრევა, გესმის


თუ არა!.. თუ არ გესმით, აბა მე მიყურეთ!.. (აღელვებული
მიდის მამის ოთახისკენ) მიყურეთ, თუ აქ გამიჩერდება!

ეკა

(ვიქტორი წინ გადაეღობება).

შვილო, რას აპირობ?.. აბესალო!

აბესალო

მაცალეთ! მაცალეთ!.. გამიშვით!

ვიქტორ
აბესალო, ეს მოხუცებული დედაშენი მაინც შეიბრალე!..
ეგ მაინც შეიბრალე!

აბესალო

გამიშვით!

ეკა

ღმერთო, რა დღეს შევესწარი!.. ღმერთო, რა დღეს


შევესწარი!.. აბესალო, შვილო!

გამოსვლა მეათე

იგინივე, სამსონ, სოგრატ, ნესტორ და სოლომონ


სამსონ

(სამსონის დანახვაზე აბესალო შედგება, მაგრამ


მხეცურად უყურებს სოლომონს. სამსონს ჯოხი აქვს
ხელში, ჩოხა გახსნილი და დაბალი ბოხოხი თავზე)

სადილი ცოტა დავიცადოთ, აბესალო... შენს სიმამრს


მოსვლა უთქვამს - ეგებ ამ ცოტა ხანში კიდეც მოვიდეს...
კარგა ხანია მე და ფილიპეს ერთმანეთის სადღეგრძელო
არ დაგვილევია! მზახლებს ასე არ შეშვენისთ!.. არა,
სოლომონ ჩემო?

სოლომონ

მართალი ბრძანებაა, ბატონო!

სამსონ
ჰო და დღეს მაინც გამოვასწოროთ ეგ ჩვენი დანაკლისი.

სოგრატ

გიახლათ კიდეც!..

ნესტორ და სოლომონ

(ფანჯარასთან)

კი, ფილიპე!.. (ვიქტორი არ შორდება აბესალოს).

სამსონ

მართლა?.. ბრავო, ბრავო მზახალო!.. (მიდის


ფანჯარასთან) ბრავო მზახალო!.. (სოლომონი და
ყმაწვილები გადიან შესაგებებლად). ეგ ყმაწვილი ვინ
არის, ვერ ვიცანი? ა, ვიქტორ ჩემო?

ვიქტორ

როდამიშვილი გახლავს.

სამსონ

როდამიშვილი?

ვიქტორ

დიახ!

აბესალო (აცახცახებული)
მამა, გთხოვ ნება მომცე, ეგ ყმაწვილი სახლში არ
შემოუშვა!

სამსონ

რატომ, შვილო?..

აბესალო

გთხოვ, მამა!.. არ შემიძლია მაგას ფეხი აქ


შემოვადგმევინო!..

სამსონ

შვილო, თუ რამ ანგარიში გაქვთ, სხვა დროისთვის


გადადევი!.. შენს სიმამრს დასდევი პატივი - განა
ფილიპეს გალანძღვა არ იქნება მაგის დათხოვა?
ანგარიშის გასწორება, შვილო, ვაჟკაცურად ვიცოდით
ჩვენს დროში!

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე, ფილიპე და დანარჩენი ყმაწვილები

სამსონ

ბატონ ფილიპეს დღეგრძელობა და სიცოცხლე! ბატონ


ფილიპეს! მზახალო, შეიძლება ასეთი დავიწყება?

ფილიპე

ღმერთმა მიცოცხლოს თქვენი თავიც, ბატონო სამსონ!.. რა


ვქნათ... შეგვხვდა აგრე!..
სამსონ

დაბრძანდით, დაბრძანდით, ყმაწვილებო! თქვენი


მომყოლი ყმაწვილი რა მიყავით, ბატონო ფილიპე?

ფილიპე

უკაცრავად ვარ თქვენთანაც, ბატონო სამსონ, და ჩემს


სიძესთანაც მაგის მოყვანაზე... მაგრამ იმედი მაქვს, ერთი
წუთით მისცემთ ნებას ორიოდე სიტყვა მოგახსენოსთ...
და მეც გევედრებით ორივე მამაშვილს, იმდენი თავაზი
გამიწიოთ...

სამსონ

თხოვეთ, თხოვეთ, მობრძანდეს! რა საჭიროა მაგდენი


ლაპარაკი. ვიქტორ ჩემო, თხოვე!
ვიქტორ

კი, ბატონო! (გადის).

სამსონ

სხვებრ ხომ მშვიდობით, ჩემო მზახალო!

ფილიპე

რაღა საკითხავია ჩემი მშვიდობა, ჩემო ბატონო! რაღა


საკითხავია! ღმერთმა ამ დღეს რატომ შემასწრო, თორემ
ჩემს მშვიდობით ყოფნას თქვენი ჭირი წაუღია!

სამსონ
რაღაც უცნაური ამბავია, მზახალო ჩემო!

ფილიპე

არის... და არა, სამსონ ჩემო?! ამან არ მომარბენია ასე


გამწარებული?! (აბესალო წასვლას დააპირებს) აბესალო
ჩემო, მოითმინე... ერთ წამს მოითმინე და იმდენი
სულგრძელობა გამოიჩინე, ორიოდე სიტყვა გეიგონე
ჩვენი! (შემოვა როდამიშვილი).

გამოსვლა მეთორმეტე

იგინივე, როდამიშვილი და ვიქტორ

სამსონ (შეეგებება).

სამსონ სალამთაძე გახლავართ!


როდამიშვილი

როდამიშვილი! (საერთო თავის დაკვრა).

სამსონ

დაბრძანდით!..

ფილიპე

ბატონო სამსონ! თითონ იცით, მშობლის გულის ამბავი


რანაირია, და თუ ამწამად ასე ვლაპარაკობ, გამწარება
მალაპარაკებს, ჩემო ბატონო სამსონ! ვისღა დავემალოთ?
ვისღა დავერიდოთ, როცა, ვაი ჩემს მოსწრებას, ვაი ჩემს
სირცხვილს და ქვეყანაში გამოჭიანებას, ყველას
სალაპარაკოდ გამხდარა, ყველას სატიტინოდ!.. ეს ერთი
ხანია მესმოდა ეგ უცნაური ამბავი, მაგრამ დღეს კი აღარ
შემიძლია მეტის მოთმენა! ღმერთმა რავა შემიძულა ისე,
რომ თქვენი ოჯახიც ილანძღება და ჩემიც ჩემი
შვილისაგან!.. რა ვქნა, ვეღარ გავჩუმებულვარ მეტი!..
სწორედ უნდა გამოვთქვა ჩემი უკიდურესი მწუხარება
თქვენთანაც, ამ ჩემს სიძესთანაც და ყველასთან,
ყველასთან! ამ ჩემი სიძის გულითად მეგობრებთანაც!

სამსონ

რა ამბავია, ფილიპე ჩემო?! რა ამბავია, ღვთის


გულისათვის?! მე რატომ არაფერი ვიცი?

ფილიპე

აბესალო, გაფიცებ ამ შენს ძვირფას, პატიოსან მამას...


გაფიცებ შენს საყვარელს დედ-მამას, მითხარი, თუ
მართლა ასე გაუწყრა ღმერთი იმ ჩემს შვილს, რომ
სრულიად დაივიწყა პატიოსნებაც, თავმოყვარეობაც,
ნამუსი, აღარ მოერიდა უწმინდურობას, დაჰკარგა ოჯახის
პატივისცემა - ქმრის სიყვარული და შიში, რომ
იძულებულსა გხდის ათასი საწყენი და გულსაკლავი
სიტყვა გაგაგონოს ყოველმა თავხედმა და ლაწირაკმა!..
მითხარი, შვილო, თუ მართლა თავის უნამუსობით
გიჩაგრავს შენს სასიქადულო ვაჟკაცობას!.. მითხარი, ნუ
მიმალავ!.. მოკვდა გული გაგონილითა და უცნაური
ამბებით!

სამსონ

ჩემს რძალს ედება მაგგვარი რამ ბრალი? ირინეს?!

ფილიპე
მოვკვდი კაცი, სამსონ ჩემო! მოვკვდი! მომეჭრა თავი და
გაგილანძღე ოჯახი, თუ ეს მართალია!.. აბესალო, შვილო?!

აბესალო

დამანებეთ თავი!.. თავი დამანებეთ!.. რა თქვენი საქმეა?..


რა გინდათ? რას სულელობთ! ახლავე შესწყვიტეთ ეგ
ლაპარაკი!

სამსონ

აბესალო!

ფილიპე

რა გამაჩუმებს, ჩემო კეთილო?! რარიგათ გავჩუმდე, სანამ


შენგან არ გავიგებ ჭეშმარიტს!..
როდამიშვილი

უკაცრავად ვარ, ბატონო სამსონ, ვწუხვარ, რომ ამნაირ


შემთხვევამ შემომადგმევია ფეხი თქვენს ოჯახში...
მაგრამ ისეა მოწყობილი საქმე, ჩემი აქ მოსვლა სრულიად
შიშის ნიშანი არ არის თქვენი შვილის დამუქრების
წინაშე, რომ ცოცხალს არ მარონიებს დედამიწაზე... ამისი
შიში არ მამოქმედებს მე ამ წამში, სინდისი მეუბნება, და
ამაში არ უნდა ვიყვე შემცდარი, რომ ჩემი გაჩუმება,
სხვანაირად მოქცევა, გარემოების წაყრუება - შეფერებად
მიიღება და ამით მე მართლა და საბუთს მივცემ
დააჭეშმარიტოს ის, რაშიაც ბრალს მდებს თქვენი შვილი.
ბატონო სამსონ! მითქვამს თქვენს წინაშე და ყველა აქ
მყოფთან, ვიყვე ღვთისაგან შეჩვენებული, ვიყვე წყეული,
მთელ ჩემს სიცოცხლეს გაუხარებელი, დაწყევლილი
ყოველი ჩემი კეთილისაგან, მამა ზეციერმა ნუ შემასწროს
ნურაფერ სიკეთეს, თუ მე რამე დანაშაულობა
მიმიძღოდეს თქვენი შვილის, თქვენი ოჯახის წინაშე,
რაშიაც ბრალს მდებს თქვენი შვილი...

სამსონ

რაები მესმის ეს!.. რატომ მე არაფერი გამიგია დღემდის?!

ფილიპე

ა, შვილო, ა, შვილო, ხომ გეიგონე!.. შემოგფიცათ და


ტყვილა ბრალს რატომ... რატომ დებ!..

აბესალო

(რომელსაც არა ერთხელ უნდოდა წასვლა, მაგრამ მამის


ნიშნებით რჩებოდა იქვე)
შემოგფიცათ!..

ფილიპე

მეტი რაღა გინდა, შვილო?!

აბესალო

თქვენ სისულელეს მეტი რა უნდა?! .

ფილიპე

აბა, ტყუილუბრალოდ...

აბესალო (გაანჩხლებული).
ტყუილუბრალოდ! ტყუილუბრალოდ! გულში ჩახედე იმ
შენ წუპაკა ქალბატონს, გულში ჩახედე და მაშინ... მაშინ...
თქვი... მაშინ!

გამოსვლა მეცამეტე

იგინივე, ეკა და ირინე, (რომელიც ღია კარებიდან ყურს


უგდებდა).

ირინე

თვითონ ჩაიხედე, ვაჟბატონო, შენს გულში, თვითონ


ჩაიხედე, შე მართლა წუპაკო! მართლა წუპაკო! თუ არა
და, ეგ გაღრინებდა, ვაჟბატონო?

ფილიპე
ირინე, შვილო!

ეკა

ირინე, დედაშვილობას, ჩუ! დედაშვილობას!

ირინე

თუ არა და, მთელ ქვეყანაში მოდევი ჩემი უნამუსობის


ამბავი! მე გამოველ გარყვნილი და შენ კი პატიოსანი! შენ
კი პატიოსანი! შენი უწმინდურობა ჩემზე გადმოიტანე, შე
გლახა, გლახა?

აბესალო

ხმა ჩაიწყვიტე ახლავე!


ირინე

მე მწამებ უპატიოსნებას!! თვითონ რა კაცი ბრძანდები?

ვიქტორ და ეკა

ირინე, დაწყნარდი, ღვთის გულისათვის!

ფილიპე

ირინე, თავი შეიკავე, თავი შეიკავე!

ირინე

რაში დაგეტყო პატიოსნება, ვაჟკაცო? ფუი შენს კაცობას!


ფუი!
აბესალო

გაჩუმდი, თვარა გაგათავებ ამ წამში! ხმა არ ამოიღო!

სამსონ

აბესალო, შეჩერდი, მითქვამს შენთვის!

ირინე

უწმინდურო, ჩემს გულში რა უნდა ნახო შენ? შენსავით


ბილწი გგონია ყველა?! პატიოსნობა თვითონ რომ არ
გაქვს, სხვაში რაფერ დაგანახებს შენი გაფუჭებულობა,
შენი სიგლახე?..

აბესალო
ხმა, თორემ მოგკალი ეს არის! (მიიწევს ირინესკენ,
ყველანი შეაჩერებენ).

ფილიპე

ირინე, კარგი შვილო!

ირინე

გლახაკი მეტს რას იზამს! მეტი რა შეუძლია?! გლახაკო,


გაფუჭებულო!

აბესალო

ოოჰ!.. შენი სული! შენი! სული! შენი! (ნახევრად იძრობს


ხანჯალს და ეძგერება ირინეს. საერთო კივილი.
ყმაწვილები მივარდებიან აბესალოს და გააშორებენ).
სამსონ

რა ქენი, შე უბედურო, რა ქენი ეს?! ქალი მოჰკალი განა?!

ეკა

უიმე, უიმე! ირინე! შვილო! ირინე!

ფილიპე

მიშველეთ, მიშველეთ! მომიკლეს შვილი! ირინე, შვილო,


შვილო!..

ირინე

ნეტავი მართლა და მოვეკალი... მაინც ამით არ


გათავდება?.. აი, ჩემი ბედნიერება, მამა!.. ხომ ხედავ?..
ხომ ბედნიერი ვარ!.. ხომ ბედნიერი ვარ, ჩემო მამა, ა?!

ფილიპე

შვილო, ნუ გეშინია! ნუ გეშინია, შენი ჭირიმე!

ირინე

შემახედეთ ამ ვაჟკაცისათვის, შემახედეთ ერთი!.. ყოჩაღ!


ყოჩაღ! ვიშ, რა ვაჟკაცობა გამოიჩინა, ვიშ!.. მამა!.. მამა!..
(მტირალი ჩაეკვრება გულში მამას).

(ფარდა)

1897 წ.
მიქელა
უბედურ მოხუცებულობას შეესწრო მიქელა გიორგაძე.
სულ მოკლე ხნის განმავლობაში მიწას მიაბარა თავისი
სამი ვაჟი, ერთი ცოლშვილიანად. მრავალრიცხოვან
ოჯახიდან მას შერჩა მხოლოდ ორი შვილიშვილი და
დაქვრივებული რძალი მაია.

- მადლობა უფალს!.. ყველაფერი მისი ნებით ხდება!


ყველა მისი ნების ქვეშ ვიმყოფებით! - ამბობდა მიქელა,
როცა მწუხარება გულს მოაწვებოდა ხოლმე.

მოხუცებული ერიდებოდა რაიმე საყვედური


წამოსცდენოდა ღვთაების მიმართ. არც შავები ჩაუცვამს,
არც თმა და წვერი მოუშვია; არავის ამჩნევინებდა თავის
მგლოვიარობას. მორჩილებით და მოთმინებით
უზენაესის ნების წინაშე იმედოვნებდა მიქელა ღვთაების
გულისმოგებას, მისგან შებრალებასა და შეწყალებას. და
სწამდა კიდეც, რომ აგრე იყო; შერჩენილი, ცოცხლად
მყოფი ორი შვილიშვილი ღვთისაგან საჩუქრად ჰქონდა
მიჩნეული მისი მორჩილად მყოფობისა და
მოთმინებისათვის. ღრმად სწამდა ეს მიქელას, მადლობას
სწირავდა უფალს და მზად იყო დაევიწყნა უბედურება,
რაკი ამათში ხედავდა ოჯახის მომავალ მშვიდობიანობას
და თავისი გამწარებული სულის მომვლელთ მისი
სიკვდილის შემდეგ.

და სწორედ მაშინ, როცა მიქელა იმედს მიეცა, ამ რწმენით


დამშვიდებული იყო. რომ მისი სიკვდილის შემდეგ ესენი
ეყოლებოდნენ მისი სულისთვის მზრუნველებად,
სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ავად გახდა უფროსი
შვილიშვილი, ოცი წლის ბიჭი, სპიდონა. მოხუცებულს
თავზარი დაეცა. მაიამ ხელი დაავლო თავის პატარა
ნესტორას და იმავე დღესვე, რა დღესაც ავად გახდა მისი
მაზლისწული, მახლობელ სოფელში თავის სახლს
გადახიზნა.

ავადმყოფი სპიდონა დღითი დღე უარესად ხდებოდა.


ერთ დღეს იგი ისე მოიქცა, რომ მიქელას ეგონა მოკვდაო.
გონება არეული მოხუცი მზადებას შეუდგა, ესეც ისე
გაეტანა ურმით, როგორც წინანდელი მიცვალებულები.
მალე სპიდონამ, მოხუცის სასიხარულოდ, ისევ
ამოისუნთქა და თვალიც გაახილა, მაგრამ სიხარული
მეტად ხანმოკლე იყო: შვილიშვილმა მიქელას
გამოუცხადა, რომ საიქიოს ვიყავიო, მაგრამ რადგან ჩემი
იქ წასვლის ბორჯი არ მოსულა, ერთი წლით
გამომაბრუნეს უკანაო.

ახლა კი ვეღარ გაუძლო მოხუცებულმა მიქელამ ჯავრს.


ყოველივე იმედი, ყოველივე რწმენა, მორჩილებით და
მოთმინებით ნაპოვნი ვითომ მშვიდობიანობა, კეთილი
მომავალი გაჰქრა, გაქარწყლდა, მოისპო. მოხუცებული
აირია, მოუსვენრობას მიეცა.

ჩუმი, ყუჩი, შეხედულებით ბუს მსგავსი მიქელა,


რომლისაგანაც ძლივს ორ სიტყვას გაიგონებდა კაცი,
რომელიც გულგრილად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც მის
გარშემო ხდებოდა, გარდა სამუშაოსი, ეს მოხუცებული
ახლა სრულიად გამოიცვალა, სრულიად გადასხვაფერდა.
მასში თითქოს გაიღვიძა შიგნით დამალულმა ადამიანმა
თავისი გრძნობებითა და წადილებით.

მისი ოჯახის ამომავალი ახლა ისეთ სუსტ ძაფზე ეკიდა,


როგორიც იყო მისი უმცროსი შვილიშვილი, პატარა ათი
წლის ნესტორა; ამდენი სულის მომვლელ-პატრონად,
როგორიც ესაჭიროებოდა ოჯახის მიცვალებულთ და
თვითონ მიქელასაც მისი სიკვდილის შემდეგ, რჩებოდა
პატარა, უსუსური ბავშვი, ნორჩი, ჯერ კიდევ
გასაზრდელი ნესტორა - სუსტი იმედი.

ამოკვეთის, ამოწყვეტის შიშმა, ოჯახის ამოვარდნის


შიშმა, შიშმა, რომ ამდენ მიცვალებულთა სულის
მოსამსახურედ აღარავინ დარჩება ოჯახში, გაურბინა
თავში მიქელას და მოხუცებულს უცნაურად დაცეცხლა.
იგი მოისხლიტა, გული ვეღარაფერს საქმეს ვეღარ
დაუდვა; მუშაობაზედაც ხელი აიღო. სარჩოს მოყვანა
ქვრივ მაიას დააწვა კისერზე და ჯანიანი დედაკაცი
მამაკაცივით ეკიდა თოხსა და ურემს. მიქელა კი ეზოს
აღარ სცილდებოდა; მორთხმული იჯდა რომელიმე ხის
ძირში და დაღონებით იმზირებოდა გაყუჩებული,
დადუმებული, ხშირად ოცნებით მოალერსე თავის
საიმედო შვილიშვილის, პატარა ნესტორასი, რომლის
გამოხატულება თითქმის მუდამ თვალწინ ედგა
მოხუცებულს; და მიქელას ხანდახან უცნაურად
შეიპყრობდა სურვილი ამ პაწაწინას ცხადად დანახვის,
მისი ხმის გაგონების და მასთან ახლოს ყოფნისა.

საიქიოდან დაბრუნებულ სპიდონას კი მთლად იმ


კუთხის დედაკაცები შემოედვნენ. ესენი
თვალცრემლიანები ეკითხებოდნენ თავიანთ
მიცვალებულთა ამბავს, ეკითხებოდნენ იმათ იქაურ
ყოფაზე, კითხულობდნენ, ეგებ რამეს ითვლევინებოდნენ
- ან თუ სამსახური მეტი ეჭირვებოდეთ, ან წირვა-ლოცვა,
ან აკლდეთ შესაწირი, აკლდეთ აქედან ხელისწყობა და
მათი სული წუხდეს და გასაჭირში იმყოფებოდეს
უგუნურ და მიუხდომელ ამქვეყნად დარჩენილ მათ
პატრონთა გამოისობით.

ბევრი ვერავინ გაახარა სპიდონამ საიქიოდან ჩამოტანილი


ამბით. უმეტესობა გულდაწყვეტილი გაბრუნდა, რადგან,
სპიდონას თქმით, მოკლე ხანს იქ მყოფობაში ბევრი
ვერავინ ენახა და ვინც ნახა, მასთან ლაპარაკი არ
დასცალდა.

- წლის ვადით გამომაბრუნეს... ისევ უნდა გავბრუნდე...


რასაც დამაბარებთ, რომ მივალ, გადავცემ... - ერთნაირად
პირდებოდა იგი ამ მოტირალ, შავებით შემოსილ
დედაკაცებს.

ესენი მადლობას სწირავდნენ და დაიმედებულნი


მიდიოდნენ, მაგრამ მიქელას კი თითო გამეორება
სპიდონასი მის საიქიოს უკან გაბრუნებაზე ლახვარივით
გულში ხვდებოდა და მწუხარებას უორკეცებდა. სწორედ
ამ დროს სურვილი შორს მყოფ ნესტორას ნახვისა უფრო
უცხოველდებოდა, უფრო მეტი სიმძლავრით
შემოენთებოდა ხოლმე მიქელას.

ერთ დღეს ამგვარი სურვილი უცნაური სიმძლავრით


შემოეჭიდა მოხუცებულს, რომ იგი ერთნაირად შეინძრა.
იგი თითქოს გამოცოცხლდაო, გამოფხიზლდაო.
უძლეველმა სურვილმა პაწაწინა ნესტორას დანახვისამ
მოხუცებული ფეხზე წამოაყენა. აჩქარებით შევიდა იგი
სახლში, არც კი გადახედა ყურეში ქვეშაგებთან მიწოლილ,
სახეჩაყვითლებულ სპიდონას, გამოიტანა თავისი
დაძველებული ჩოხა, შეიკონა თავი ყაბალახით, აიღო
თავისი საბიჯგი გრძელი ჯოხი, გადაიარა ჩამოვარდნილ
წკნელის ჭიშკრის გადაღმა და დაეშვა შარაგზით.

- მაია!.. მივდივარ მე... ბავშვი უნდა ვნახო! - უთხრა


მიქელამ რძალს, როცა ყანაში ჩაუარა.

მცხუნავ მზის სხივების ქვეშ გულგაღეღილმა, თავსაფრის


ყურებგახსნილმა, ოფლში გაწურულმა მაიამ თოხი
შეაჩერა და მამამთილს თვალი მიაპყრო.
-ბავშვთან მივალ! - გაიმეორა მიქელამ.

- რა ამბავია ეს?.. - წარმოსთქვა შიშით ქალმა.

- არაფერი... არა!... ისე... მინდა ვნახო.

მაია უფრო მიაჩერდა მოხუცებულს.

- ნუ მიმალავთ!.. - მოკლედ წამოიძახა მაიამ.

- მომენატრა, შე ქალო... მომესურვილა ნახვა... ნესტორა


ნუ მომიკვდება!.. გადვირბენ ერთ წამში და ამ საღამოსვე
გადმოვალ ისევ... ყანაში ნუ დაიგვიანებ... სახლში იმ
ბიჭის მეტი არავინაა... ახლავე გადმოვალ ისევ... - თქვა ეს
მიქელამ და გაუდგა თავის გზას.

მაიამ უკან თვალი გააყოლა.


- ტანისამოსი დაგებერტყათ, ბატონო!.. არაფერი არ
გაგყვეთ! - მიაძახა ქალმა.

-კი, კი, გავიბერტყავ, გავიბერტყავ! - მიუგო მიქელამ,


აჩქარებული ფეხით მიმავალმა.

მოხუცებული შვილიშვილის ნახვის სურვილით


გატაცებული, თითქმის მირბოდა ამ სიცხე-პაპანაქებაში
და არავითარ დაღლილობას არა გრძნობდა. მისი აზრი და
გონება მიმართული იყო იმ პატარა არსებისაკენ. იგი
მასზე ფიქრობდა და, რაც წინ იწეოდა, ნესტორაც თითქოს
უახლოვდებოდა, ეგებებოდა, და ერთ ხანზე
მოხუცებული კიდეც თავის გვერდით გრძნობდა მას,
ემუსაიფებოდა, ეალერსებოდა, თავისებურად უცინოდა.
მიქელას უხაროდა ეს, მოხუცებული ხარობდა ბავშვის
ტიტინით, რომელიც მას ესმოდა, და, გამხნევებული,
თითქმის მირბოდა წინ მომღიმარი სახით, სანამ რაღაც
ხმაურობამ იგი არ გამოაფხიზლა, გონს არ მოიყვანა.
მიქელამ მიიხედ-მოიხედა იქით-აქეთ გაოცებით და რა
ვერ დაინახა ეს-ეს იყო მასთან მოტიტინე ნესტორა,
შეკრთა და შეშინებულმა პირჯვარი გადისახა. ცუდ
ნიშნად მიიღო ეს ამბავი მოხუცებულმა, გულჩაწყვეტილი
შეჩერდა, გააფურთხა მარჯვნით და მარცხნით, ისევ
გადისახა პირჯვარი და განაგრძო გზა.

მძახლის ჭიშკართან მისულ მიქელას გაახსენდა რძლის


დანაბარები - ტანისამოსის დაბერტყვა. შეჩერდა, გაიხადა
ჩოხა, მოიხსნა ყაბალახი, გაიხადა ქალამნები, გაბერტყა
ესენი, ჩაიცვა ხელახლა და მხოლოდ მაშინ შედგა ფეხი
მოყვრის ეზოში.

რამდენიმე თითქმის ტიტველა ბავშვი, ტალახში ჩამდგარ


გვერდზე გადაწეულ საღორესთან, გარს შემოხვეოდა
წელში აბზუკულ, გამხდარ ღორს, რომელიც მათ
ხითხითში საცოდავად ჭყვიროდა მოგრეხილი დაშენილი
წკეპლების ქვეშ. დაინახეს უცხო კაცი თუ არა ბავშვებმა,
იმწამს დააგდეს წკეპლები და შიშველა ფეხების
ტკაცუნით დაეშვნენ სახლისაკენ, გადავარდნენ დაბალ
ღობეს გადაღმა და სახლს ამოფარებულებმა დაუწყეს
მზერა მოსულს.

მიქელამ ამათში შეამჩნია პატარა ნესტორა, რომელმაც,


ალბათ, ვერ იცნო თავისი ბაბუა.

ბავშვების ხმაურობაზე ჯერ წყრომის ხმა მოისმა


სახლიდან, მერე კი კარებში გამოჩნდა მოხუცებული
დედაკაცი, რომელმაც თავდაპირველად ვერ გაარჩია
მომსვლელში თვისი მძახალი, სანამ დაკვირვებით არ
მიაპყრო მას თვისი სუსტი თვალები.
- ღმერთო მომკალი! - წამოიძახა მან და გამოემართა
მიქელასკენ. - ვეღარ ვიხედები მე უბედური!..
მობძანდით, ჩემო ბატონო! მობძანდით, თქვენი ჭირიმე!

დედაკაცი შეუძღვა მოხუცებულს სახლში. მიქელა


ჩამოჯდა მოწოდებულ დაბალ სამფეხა სკამზე.

- ბავშვის ნახვა მომენატრა... ტუფია ჩემო!.. - ხანმოკლე


სიჩუმის შემდეგ თქვა მიქელამ და მძიმედ ამოიხვნეშა.

- კენჭივითაა, ენაცვალა მას ბებიამისი... კენჭივითაა!..


ერთობ მაგარი ბავშვია!.. ტყვილა ფჩხილი არ
წამოსტკივებია, რაი აქ არი... ნესტორა, ბებია! - გასძახა
კარებიდან ტუფიამ ეზოში, საიდანაც ბავშვების ხმა
მოისმოდა. - ნესტორა, მოდი აქ, შვილო! აქ მოდი, შენ
გენაცვალე! შემოდი, ბიჭო, შემოდი!..- და ტუფიამ
თითქმის შემოათრია კისერმოქცეული, დაგრეხილი,
დარცხვენილობისაგან თავჩაქინდრული ბავშვი. - მიდი,
შვილო, ბაბუასთან!.. გასწორდი, შენ გენაცვალე! - და
დედაკაცმა ძალით მიუთრია ბავშვი მიქელას.

მიქელამ მოხვია შვილიშვილს ათრთოლებული ხელები,


მიიწოდა, ჩაიკრა გულში და ჩააშტერა აცრემლებული
თვალები.

- რავა ხარ, ბიჭო? ა?.. შენ იცი! - სიტყვებგანცალკევებით


წაულაპარაკა მიქელამ და ისევ ჩაჩუმდა. - ვწყდებით
ტუფია ჩემო! ვწყდებით!.. თუ ამანაც... მიმტყუნა...
ამოვწყდებით...

მოხუცებულმა სიტყვის დათავება ვერ შესძლო, ხელახლა


ჩაჩუმდა.

- უიმე!.. რატომ ნებულობთ... მტერი ამოგიწყდათ!.. -


მიაძახა ტუფიამ. - ღმერთს ნუ აწყენინებთ?..

- აბა, რაა ჩემს თავზე?

- ყველა ღვთის განგების ქვეშ ვართ, ჩემო ბატონო!.. ვინ


მიუხვდება მის განკარგულებას, მის სიბრძნე-
სიმართლეს!.. მოთმენა გვჭირია და მორჩილად ყოფნა,
ჩემო ბატონო!

- ვითმინე... რა გამივიდა?.. ეს მყავს კიდევ... თუ ამანაც


მიღალატა... მირჩიეთ რამე... ბიჭო, ნესტორა... ოჯახი არ
გამიცივო, ბაბუა! ა?

ცრემლებმორეულმა მიქელამ მაგრა ჩაიხუტა გულში


ბავშვი; ეს კი ყოველ ღონეს ხმარობდა, თავი
გაენთავისუფლებინა რამენაირად და ხელიდან
დასძრომოდა მოხუცებულს.
მიქელაც მიუხვდა, რაც სწადდა ბავშვს.

- წადი, შვილო... ითამაშე. ბაბუ! - უთხრა მან, გაუშვა იგი


და სიამოვნებით გააყოლა თვალი, როცა
განთავისუფლებულმა ბავშვმა მარდად დაჰკრა ფეხი
მიწას, გადახტა და შეუერთდა მის მოდარაჯე ამხანაგებს,
რომელნიც ახლა ჟრიამულით გარ შემოეხვივნენ მას და
გაიტაცეს ეზოში.

- ჯვარი სწერია ავი თვალისაგან... და ერთობ მაგარი


ბავშვია, საიმედო ბავშვია! - თქვა ტუფიამ და მოჰყვა
დაწვრილებით, თუ როგორ თამაშობდა ნესტორა
მეზობლის ბავშვებთან, როგორ ერთობოდა, როგორ
ატარებდა დღეს დილიდან საღამომდის ხან სირბილში,
ხან ჭიდაობაში, ხან მუშაობაშიაც კი.
ამ ამბებმა და თვით ბავშვის ნახვამაც მიქელას გული
დაუშოშმინეს, დაუწყნარეს, დაუმშვიდეს. იგი უკან
გამომგზავრებას ეპირებოდა, როცა სამუშაოდან
დაბრუნებულმა მძახალმაც მოუსწრო. მიქელა საიქიოდან
დაბრუნებულ სპიდონას ამბავში იყო.

- გამოცდილი კაცი ხარ თვითონ, მიქელა ჩემო, მარა ერთ


რამეს გეტყვი, - უთხრა გაბრიელმა. - ტყვილა მიატოვე
შენი წინანდელი ნამოსახლი... კარგად იყავით იქ... ამ
ახალ სამოსახლოზე ბევრი უბედურება გეიარე... შეიძლება
სახლის გადატანაზედაც რამე მავნებლობა შეგეპარათ და
დაბუდებული იყვეს შიგ... სახლის გაწმენდა
გაგანთავისუფლებს... შენს ადგილზე სახლს
გადავდგამდი, თუ არა გავწმენდდი მაინც...
დავარღვევდი და ისე გავწმენდდი... უსათუოდ სახლში
შეგყვებოდათ, რო გადადიოდით იმ ახალ სამოსახლოზე,
რამე მავნეული... აბა რა, კუდიანი თქვენს გვარშიაც
არავინ ყოფილა და ბოროტი სული... საიდანაა ამდენი
ცოდვა თქვენს თავზე?!

- კუდიანი ვინ გვყოლია... დაწყევლილი?.. არავინ! -


წაილაპარაკა მიქელამ.

- ეგერ ჩემს სახლიკაცსაც თედორეს ასე შენსავით


ემართებოდა, მოინაცვლა სამოსახლო, გაწმინდა,
გაასუფთავა სახლი - ახლა ქე არის კარგად...

- მესამე წელიწადია არავინ მოკვდომია, - დაატანა


ტუფიამ.

მიქელამ ამოიოხრა.

- მეც ასე უნდა ვქნა! - წაილაპარაკა მან - ჭკუაზე აღარ


ვარ... ვეღარ მოვისაზრე... ასე უნდა ვქნა უსათუოდ!..
რაღაც იმედმოცემული დაბრუნდა მიქელა შინ.

- მაია, სახლი უნდა გავწმინდო და გადავდგა ძველ


ნამოსახლზე - უთხრა მიქელამ რძალს, როცა ნესტორას
ამბავი მოუთავა - თქვენებმაც ასე მირჩიეს.

- თქვენი ნებაა, - მიუგო მაიამ. მას თვითონაც უნდოდა


ამნაირი რჩევა მიეცა მამამთილისათვის, მაგრამ ვერ
უბედავდა, ეშინოდა, მოხუცებულს არ სწყენოდა.

- კი, მარა... სანამ ეს ერთი წელიწადი არ გეივლის, რავა


მოხერხდება?

- ახლავე უნდა შევუდგე!.. ერთი წელიწადი რას ვუყურო?


- წამოიძახა მიქელამ.
- სპიდონას რას უშვები?

- სპიდონას კარავში გევიყვან, კარავს გოვუკეთებ და


გევიყვან შიგ...

- სახლის გამწმენდი დაგვჭირდება, ბატონო!.. მეზობლები


ახლოც არ გვეკარებიან... გასაწმენდად ვინ გამოიმეტებს
თავს...

- ვიცი მე იმისთანა კაცი... ხვალვე გადავალ. საჩხერეში


ყოფილა ჟამგამოვლილი ალექსი ბოჭორიძე, იმას
გავაწმენდინებ... ეს გათავებული საქმეა! - წამოიძახა
მიქელამ.

- კაი დაგემართოთ! - დაატანა სიტყვა მაიამ.

მიქელამ მეორე დღესვე მოიარა საჩხერე, ინახულა


ნანიშნი კაცი და დაუსვენებლივ გასწია მთაში ურმით
წნელის ჩამოსატანად კარვისათვის. საღამომდის ორჯელ
მოიარა მიქელამ შორი მთა, ზიდა შემდეგი დღის
განმავლობაშიაც და, როცა საკმაო წნელი ჩამოზიდა,
შეუდგა კარვის კეთებას ღობესთან, ეზოს ყურეში. მოწნა
პატარა კარავი, ზევიდან ჭოგრები გაუდვა, ზედ ნეშოიანი
შტოები გადახლართა სახურავად, შეიტანა შიგ ორი
მოკლე ფიცარი, რომელზედაც უნდა დაეწვინა სპიდონა
და, რა მოაწყო მის გუნებაში აქაურობა, შვილიშვილთან
მივიდა:

- სპიდონა, შენ კარავში უნდა გახვიდე! - რაღაც


განსხვავებული კილოთი, გულცივად მიმართა მან
ყმაწვილს. - სახლი უნდა გავწმინდო!

სპიდონმა გაოცებით მიაპყრო თავისი ჩავარდნილი


თვალები მოხუცებულს.
- კარავში?! - წაილაპარაკა მან.

- ჰო!.. ეგერ გაგიკეთე!.. ადექი... ადექი!.. - ისევ გულცივად


ჩასძახა მიქელამ.

ავადმყოფმა წამოიწია, მოაფოთიარა გვერდით


დაგდებული ჯოხი, წამოდგა მასზე დანდობილი და
გაჩერდა წელში მოხრილი. მიქელამ შეხვია მისი
ქვეშაგებელი, ამოიდო იღლიაში და გასწია კარებისაკენ.

- გამომყევი! - უთხრა მან.

სპიდონა იდგა ისევ იმავ ადგილას; მერე უღონოდ


მიატრიალ-მოატრიალა თავის გაწვრილებულ კისერზე
თავი, სევდიანი თვალი შემოავლო იქაურობას და
დასუსტებული ნაბიჯით გაჰყვა ბაბუას; როგორც იქნა,
გადაიარა ეზო და მივიდა კარავთან.

მიქელამ შეიტანა კარავში ქვეშაგებელი, გაშალა გდებულ


ფიცრებზე იგი და მიმართა კარვის შესავალზე
მიყუდებულ სპიდონას:

- აჰა!.. დაწევი ამაზე!.. წყალი აგერ იქნება დოქში!.. თუ


რამე დაგჭირდეს, დამიძახე და მოვალ... გესმის?..

ბიჭი ხმას არ იღებდა. როცა მიქელამ მიატოვა იგი,


შეფორთხდა შიგნით კარავში და მუხლებმოკვეთილივით
მოიკეცა თავის ახალ საწოლზე, სახემწუხარემ,
დაღონებულმა. თავად იცოდა, რომ აღარ იყო ამა
სოფლისა, მაგრამ მაინც გული ეჩაგრებოდა, რომ უკვე
ხელს იღებდნენ მასზე, რომ ოჯახიდან რიცხავდნენ.
დაწვა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ წამოიწია, - სული
უწუხდა. წამოდგა, გამოვიდა გარეთ და კარავის
შესავალთან ჩაკეცილი, ზურგით მიენდო კარავს. ასე იყო
სპიდონა საღამომდის. როცა მიქელამ ვახშმად ცოტა
ლობიო და ჭადის ნატეხი მოუტანა, ორიოდე ლუკმა
გადაყლაპა და, რადგან ის იყო კიდეც ჩამოღამდა, შევიდა
ისევ კარავში, დაწვა ფიცრებზე და დიდი ხნის ტრიალის
შემდეგ, როგორც იქნა, გაეხვია თავიან-ფეხებიანად თავის
თხელ საბანში.

მიქელა ახლა ერთ მოუსვენრობაში იყო. იგი


გამოცოცხლდა, გამხნევდა, მოღონიერდა, გაჭარმაგდა
იმედმოცემული, რომ ამოწყვეტისაგან ოჯახის ხსნა
შესაძლებელი ხდებოდა. მან კიდევ ჩამოიტანა რამდენიმე
ურემი წნელი და სახლს იქით ამართა მაღალი რაგვი.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ჟამგამოვლილი ალექსი,


სახე ნაყვავილევი, ცალთვალ წამხდარი კაცი.
- მზათა მაქვს, რაც მითხარი, ალექსი! - უთხრა მიქელამ.

ალექსიმ დაათვალიერა სახლი, გარშემო შემოუარა,


გაზომა გაკეთებული რაგვის სიმაღლე და ერთი
კარვისკენაც გადაიხედა.

- მომხმარე დამჭირდება, მიქელა!

- მე მოგეხმარები! - წამოიძახა მიქელამ.

- ჰმ!.. შენ რავა შეიძლებ! - ჩაიცინა ალექსიმ. - ამ ძელების


გადაზიდვა სად შეგიძლია, შე კაცო!

- კი შევიძლებ!.. რავა ვერ შევიძლებ!.. - გამხნევებულად


წამოიძახა მოხუცებულმა; - შენ ოღონდ კარგად
გამიწმინდე, არაფერი ჩარჩეს შიგ და ჩემი თავი ნუ
გებრალება ამათ გადასაზიდავად! - გულიანად დაატანა
მიქელამ.

- შენ იცი!.. სახლს კი ისე გაგიწმენდ, რაღა გითხრა!.. ხიდან


ამოვფხეკ, რაც რომ გინდ შიგ იყვეს... არაფერს არ
დავერიდები!.. ათას ჭირში ვარ გამოვლილი... არაფრის არ
მეშინია! - დაჩემებით წარმოსთქვა ალექსიმ. - აბა, რაკი
მზად გაქვს ყველაფერი, ხვალ მოვალ და შევუდგეთ
საქმეს... წყალი დაგვჭირდება ბევრი სამდუღრავად...
ახლოს თუა?

- ახლოს არაა, მარა მე მოვიტან!.. ყველაფერი იქნება, ხელს


არ შეგიშლი. შენ ოღონდ მიშველე!.. ნუღა გამიჩერებ
საქმეს!

სპიდონას რომ დილას კარავში გამოეღვიძა, მან იმწამსვე


იგრძნო რაღაც ხრაკის სუნი; თვით კარავშიაც რაღაც შავი
ბოლივით იდგა. წამოდგა, მივიდა გამოსავალთან და
სახლისკენ გამოიხედა. ისლის სახურავგადახდილი
სახლი შავ ბურუსში იყო გახვეული, შავად მოჩანდა ზედ
მდგარი კაცი, რომელიც ძირს ყრიდა შავ ისლს,
რომლისაგან მთელ ეზოში და ეზოს გადაღმა ეფინებოდა
დიდრონი შავი, ჭვარტლის ნაფლეთები. მთლად
იქაურობა გამურული იყო ამ შერყეული ჭვარტლით,
რომელიც უფრო გაძლიერდა, როცა ალექსი შეუდგა
გადასაკიდლების აყრას. იგი რაღაცას ლაპარაკობდა,
მაგრამ მიქელას არა ესმოდა რა, ისე იყო გართული
მუშაობაში, როცა აწყობდა ერთ ადგილას სახლის ხეებს.
დღე ნახევარი მოუნდა ორივე სახლის საძირკვლებამდის
სრულიად დარღვევას. როცა აფორიაქებული ჭვარტლი
ჩადგა, მომუშავეთ დაიბერტყეს, რაც გაეწყობოდათ,
ტანსაცმელი და ალექსი შეუდგა ძელების წმენდას.
ღეროიანი შტოებისაგან გაკეთებული ცოცხით იგი
სწმენდდა სათითაოდ ძელს, ფხეკდა დანით, შემდეგ
გადაჰქონდა რაგვს იქით, სადაც დიდ ქვაბაში
აცხელებდნენ წყალს, მდუღრავდა მდუღარით ამ ძელს,
რის შემდეგაც მიქელა შეიგდებდა მას ზურგზე და
მიაჩიქჩიქებდა თავის ძველ ნამოსახლზე. წელში
იზნიქებოდა მიქელა ამ მძიმე ტვირთის ქვეშ, მაგრამ
მოხუცებული არაფრად იმჩნევდა ამას. ალექსის
უნებურად ეცინებოდა მის შემხედვარეს და ერთხელ
კიდევაც უთხრა ღიმილით:

- წელში გაგწყვეტს, მიქელა, რომელიმე ძელი!.. ნამეტანს


ეჭიდები!..

- შენ მაგ გამიწმინდე, მაგ, და ეს მე ვიცი! - მიუგო


მიქელამ და თავდაუზოგველად განაგრძობდა, ოფლით
გაღვარული, სახლის გაწმენდილი ხეების გადაზიდვას.

ამ მუშაობამ თითქმის სრულიად მიავიწყებინა მიქელას


კარავში გაყვანილი შვილიშვილი. თანდათან უკლებდა
მიხედვას, თვალყურის დევნას; ხშირად მშიერსაც
სტოვებდა. თავდაპირველად სპიდონა ითმენდა ასეთ
უპატრონობას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მეტად
უჭირდებოდა ხოლმე; იმდენად უსაჭმელობა არ
აწუხებდა, რამდენადაც უსმელ-უწყლობა. ერთ დღეს
მიქელამ სრულიად უწყლოდ დატოვა იგი. ბევრი უძახა
კარვის კართან გაჩერებულმა სპიდონამ ბაბუას, მაგრამ
თავისი სუსტი, ძლივს გასაგონი ხმა ვერ მიაწვდინა
მოხუცებულის ყურებამდის. წყურვილისაგან მეტად
შეწუხებულმა, აიღო თუნგულა ხელში და ჯოხის
ბიჯგებით წამოვიდა თავისი სუსტი ნაბიჯით რაგვისკენ,
რომლის იქიდან მოისმოდა ალექსისა და მიქელას ხმა.

- ბაბუა! - დაუძახა სპიდონამ, რაგვს რომ მიადგა - ბაბუა! -


გაიმეორა მან.

მიქელამ, რომელსაც ის იყო მხარზე გაუწყო ალექსიმ


კედლის ძელი, მოიხედა და, რა დაინახა სპიდონა,
დააგდო უცბად მიწაზე ხე და გაჯავრებით გამოექანა
შვილიშვილისაკენ.

- რა გინდა შენ აქ? - მიაძახა მას, - რა გინდა აქ? წადი!..

- წყალი აღარ მაქვს!.. - და სპიდონამ გამოაწოდა


თუნგულა.

- დევიძახებდი და მე მოგიტანდი!

- ვიძახე... მაგრამ ვერ გაგაგონე...

- ვერ გაგაგონე... მოვითმენდი ერთ წამს!.. აქ რა


გინდოდა? წადი... წადი!.. წადი შენთვის... მოგიტან
ახლავე!.. - მან გამოგლიჯა თუნგულა ხელიდან და
ბუტბუტით წავიდა წყლის მოსატანად.
სპიდონა მორჩილად გაბრუნდა და წაფორთხდა თავის
კარვისკენ ბანცალით.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ალექსიმ მოათავა სახლის


გაწმენდა და მისი აწყობა მიქელას ნამოსახლზე.
მოხუცებულმა თავისუფლად ამოისუნთქა მძიმე
მუშაობის შემდეგ, მაგრამ სპიდონას ამით არა თუ
მომატებია მისგან მზრუნველობა, ბერმა კაცმა უცნაური
საქციელი დაიჭირა ფარღალალა კარავში მარტოდ
დარჩენილ ყმაწვილთან. რაკი გადადგმულ სახლში
შევიდა მიქელა, მან მორიდება დაუწყო სპიდონას, ახლოს
აღარ ეკარებოდა შვილიშვილს. საჭმელს რომ მიუტანდა.
გადასაცემად მან გაიკეთა გრძელი ჯოხი, წამოაგებდა
ზედ ჭადს, პაწია ქოთანს, რომელშიაც გადაუსხამდა სხვა
ქოთნით მოტანილ ლობიოს და ისე მიაწოდებდა ხოლმე;
წყლის თუნგულასაც წამოაგებინებდა ხელით ამ ჯოხზე,
ჩაუსხამდა მოტანილ წყალს შიგ და ისე გაუწვდენდა;
ჯოხი ცალკე ინახებოდა ხეზე იმავე ეზოში.

თავდაპირველად ძლიერ ეოცა ყმაწვილს ასეთი საქციელი


ბაბუასი, გული ეჩაგრებოდა - თითქოს იგი ჭირიანი
ყოფილიყო; მაგრამ მერე ამასაც შეურიგდა; იგი მიხვდა,
რომ მიქელას ეშინოდა, მისგან რამე არ გაჰყოლოდა და
გაწმენდილ სახლში ცუდი რამე არ შეეტანა, და მან კიდეც
გაამართლა თავის გუნებაში მოხუცი, რომელიც ასეთ
შეუბრალებლობის გზას დაადგა იმისათვის, რომ ოჯახი
ამოწყვეტისაგან ეხსნა. ყველაფერს ითმენდა სპიდონა,
რადგან დარწმუნებული იყო, რომ წლის თავზე საიქიოს
გაბრუნდებოდა, ითმენდა ყველაფერს და თან დღითი
დღე დნებოდა, ქრებოდა. იგი ზეზე მდგარ მკვდარს უფრო
მიემსგავსებოდა, ვიდრე ცოცხალს. მიქელაც ამჩნევდა
ამას, მაგრამ არ წუხდა, რადგან იცოდა,- ბიჭი წლის
გასულს უსათუოდ საიქიოს გასაბრუნებელი იყო და
ვერას უშველიდა, მისი ფიქრით.

შემოდგომა განახევრებული იყო, წვიმებმაც მოუხშირა და


სიცივეც თანდათან მატულობდა. წნელის კარავში ყოფნა
მეტად ავი გასაძლისი ხდებოდა. წვიმიანში წყალი
ზევიდან თავისუფლად ჩამოდიოდა და სპიდონა ეგდო
ფიცრებზე თავფეხებიანად გახვეული სველ საბანში.
ღამღამობით სიცივე უმოწყალოდ უვლიდა მარტოდ
კანგადაკრულ ძვლებამდის; საწყალი იკრუნჩხებოდა,
იგრიხებოდა, იშმუშნებოდა სახურავის ქვეშ, მაგრამ
გათბობას მაინც ვერ ეღირსებოდა. ერთხელ მიქელამ
ფიჩხი შემოუყარა, ნიგუზალიც შეუგდო, რომ ცეცხლი
დაენთო, მაგრამ სპიდონმა, რამდენი არ ეწვალა, ვერ
მოახერხა ცეცხლის გაღვივება, მოხუცებული კი ახლოს არ
ეკარებოდა.

ავადმყოფი ძიგძიგებდა კარავში და ხანდახან ცდილობდა


გამოეანგარიშებინა, თუ რამდენი დრო რჩებოდა კიდევ
საიქიოს გაბრუნების ვადის მოსვლამდის.

უამინდობა მატულობდა. წვიმიანმა დღეებმა მოუხშირეს.


წვიმაც უფრო და უფრო ღონიერი მოდიოდა. მთიან
ადგილებში ამ დროს ჩვეული ნიაღვრები თანდათან მეტი
ძლიერებით ჩამოდიოდა ქვევითკენ და შემატებული
ღონით ხვეტავდა წინ მდებარე ქვებს, ღობეებს, მიწას და
მიაგორებდა დაბლისკენ ერთი შხუილითა და
ხმაურობით.

ერთ საღამოს ნამეტანი ჩამოღრუბლა და ერთბაშად


მძლავრმა წვიმამაც დაუშვა. მაია ვახშმისათვის ჭადებს
აცხობდა.

- ძალიან წვიმა მოვა ამაღამ, ეტყობა! - თქვა მან


შეწუხებული ხმით. - სპიდონას კარავში რა
გააძლებინებს!..

- რა ვუყო ახლა მე!.. - წაილაპარაკა ცეცხლის პირას


მჯდომმა მიქელამ. - ეგებ გადიკაროს! - ცოტა ხნის შემდეგ
დაატანა მან. - სულ რავა გოუწყრება ღმერთი... სულ წვიმა
რავა იქნება!

წვიმა კი მატულობდა, თორემ არ კლებულობდა. გარედან


საშინელი ხმა ისმოდა წყლისა.

-მიქელა!.. მიქელა! - დაიძახა ვიღაცამ გარედან.

- ვინ ხარ? ეი! - მიაძახა მიქელამ წამოუდგომლად.

- მიქელა ანთიმოზა ვარ, ანთიმოზა!.. იმ თქვენ კარავთან


ჩამოვიარე ეს არის და წყალი მოდის ზევიდან... ნამეტანი
დიდი წყალი აწვება გზის ნაპირს, კარვისკენ არ
გახეთქოს... მიეშველე რაცხა რიგათ!..

ხმა შეწყდა. მიქელა გაუნძრევლად იდგა კარებთან...

- რა ვუყო ახლა მე! - წაილაპარაკა მან.

- გოუკეთეთ წყალს სავალი... მართლა არ გადვიდეს


კარვისკენ! - უთხრა მორიდებით რძალმა.

- გოუკეთე!.. ქე გოვუკეთე ამას წინათ! - წაიბუტბუტა


მიქელამ, მერე ამოიკაპიწა შარვლის ბოლოები, წამოიხურა
თავზე ცალი ყურით ტომარა, ზედ ძველი ჩოხა, მონახა
თოხი და გავიდა სახლიდან.

წვიმა საოცრად ასხამდა. ატეხილი ნიაღვრები ერთი


შხუილით მიექანებოდნენ ყოველი მხრიდან. გზებში
მთელი მდინარეები მოქუხავდნენ. მიქელა ძლივს
იმაგრებდა ფეხს, ისე ღონივრად სცემდა მას წყალი.
კარავთან, ღობის დაყოლება, თავშეყრილ ნიაღვრებს
წყალსავალი გაეთხარა და ხმაურობით მომდინარეს
მოეყარა ქვა, ფიჩხი, მიწის ნაგლეჯები, წაქცეულ ღობის
სარები და გიჟურად ეხეთქებოდა და ძალას ატანდა, რომ
რამე რიგად წინ გაეგორებინა ისინი და თავისუფალი გზა
ეშოვნა ქვევითკენ დასაშვებად. მიქელა მივიდა, როგორც
იქნა, ბნელაში მიაგნო ამოყორებულ ადგილს და თოხით
დაუწყო ქვებს იქით-აქეთ მიყრა-მოყრა; დაგუბებული
წყალი გიჟურად გაექანა ქვევით და აახრიალა თან
წაღებული წვრილი ქვები.

მიქელა მივიდა ღობესთან და, რაც ხმა ჰქონდა, აქედან


გასძახა:

- ბიჭო!.. სპიდონა!.. არ შეგეშინდეს, ბიჭო... არ


შეგეშინდეს!.. მალე გადიკარებს... არ შეგეშინდეს, ბიჭო!..
კარვიდან არაფერი ისმოდა. სპიდონა, საბანში გახვეული,
მორგვივით იდვა ფიცრებზე და ზევიდან უმოწყალოდ
ესხმოდა სახურავიდან ჩამომავალი წვიმა. მას არც კი
შეეძლო გაეგონა მიქელას ძახილი.

დასველებული მოხუცებული, სიცივისაგან მოკაკული,


სახლისკენ გაემართა. შინ მისული ცეცხლს მიეცხუნა, რომ
გამთბარიყო და თან სველი, გაწუწული ტანისამოსიც
შეემშრალებინა.

წვიმა უფრო ღონიერდებოდა; თითქოს წარღვნას


ეპირებოდა, ისეთი სხმა იწყო. შემკრთალი მაია ვახშამსაც
არ მიჰკარებია, პირჯვარს იწერდა და თან ამბობდა:

- ღმერთო, შეგვიწყალე!.. ღმერთო, შეგვიწყალე!.. ღმერთო,


ნუ შეგვრისხავ!..
- ბატონო, იმ ბოვშვს დახედვა უნდა კიდევ... არაფერი
ცოდვა დაგვედვას! - ვეღარ მოუთმინა მაიას გულმა და
უთხრა მამამთილს.

- რა ცოდვა უნდა დაგვედვას?! ამ ღამის წერა ყოფილა თუ


რამ მოუვიდა და ისაა! - უკმაყოფილოდ წაიბუტბუტა
მოხუცებულმა.

- წავალ მე... მე დავხედავ! - გადაწყვეტით თქვა მაიამ.

- შენ სად წახვალ?! - წამოიძახა მიქელამ. - მაცალე ერთი,


თუ ღმერთი გწამს! - და ცოტა ხნის შემდეგ მიქელამ
ჩამოიცო თავზე სველი ტომარა და ჩოხა და გასწია
კარვისკენ.

აქ, ამ თავდაღმართში, თითქმის კარვის სწორა,


უშველებელი კედელი ამართულიყო ჩამოგორებული
ქვებისა და ჩამოტანილი მიწისაგან. ბევრს ეწვალა მიქელა
თოხით იმის გარღვევას და იქით-აქეთ გადაყრა-
გადმოყრას, მაგრამ ბერმა კაცმა ვერა გააწყო რა, ზევიდან
ქვები თანდათან ემატებოდა და უფრო ამაგრებდა
ამართულ წყლის საკავს, რომელსაც გამძვინვარებით
ეხეთქებოდა წყალი და გაგიჟებით სცემდა, რომ როგორმე
გაერღვია იგი და თავისუფლად სავალი გზა ეშოვნა.
დაგუბებული წყალი ირეოდა, ბობოქრობდა. გარშემო
ისმოდა მხოლოდ წვიმის თხლეშა, ზევიდან წყალთან
მომგორავი ქვების ხმა და ჩამოხეთქილი წყლის ბრძოლა
მისგანვე ამართულ ყორესთან.

მოღალულმა, მოქანცულმა მიქელამ რომ ვერა გააწყო რა


თავის მეცადინეობით და წყალს სავალი ვერ მისცა,
მიანება თავი ყორეს, მივიდა ისევ ღობესთან და
გადაიძახა კიდევ:
- სპიდონა!.. ეი, ბიჭო!.. სპიდონა! არ შეგეშინდეს, ბიჭო!..
ახლავე მოვალ კიდევ... ახლავე, ბიჭო-ო!.. - გადაიძახა და
თოხით მხარზე წათხლაშუნდა სახლისკენ.

წყალი კი ისევ მოჰქროდა ზევიდან, მოთხლიშინებდა და


გაგიჟებით სცემდა ყორეს, გადარევით ასკდებოდა, ზედ
ეხეთქებოდა. გულმოსულმა რომ ვერა დააკლო რა მას,
ვერ გაარღვია, ვერ მოერია თავისგანვე ამართულ
მოწინააღმდეგეს - ერთი იღრიალა უეცრად და ამოდენა
წყალი ვაებითა და შხუილით გადაეშვა ღობისკენ, ეძგერა
მას საოცარი ძალით, ჩაამტვრია იგი და მიებდღვნა კარავს;
მოისმა მხოლოდ ლაწა-ლუწი და წყლის ჩხრიალი
ქვევითისკენ.

კარგა გათენებული არ იყო კიდევ, მიქელა რომ მივიდა


კარვის დასახედავად. კარავი აღარსად იყო; აქა-იქ ეყარა
კარვის ბორჯგები, არეული ღობის ნამტვრევებთან. ქვის
კედელი ამაყად იდგა; შემწყდარი წვიმის წყალი უღონოდ
ეცემოდა მას და გატეხილ ღობისკენ მოიწრიტებოდა.
მოხუცებულმა შვილიშვილს დაუწყო ძებნა. სადაც კარავი
იყო, იმის ქვევით რაღაც შავად დარგვალებულს მოჰკრა
თვალი მიქელამ. მივიდა. ეს საბანი იყო სპიდონასი,
რომელსაც მხოლოდ თავი შერჩენოდა შიგ.

- ბიჭო!.. სპიდონა!.. სპიდონა!.. ბაბუა! - ჩასძახა მიქელამ.

ხმას არავინ იღებდა.

- სპიდონა... ბაბუა!.. გესმის?.. აკანკალებული ხმით


ჩასძახა უფრო ხმამაღლა მოხუცებულმა. მაგრამ სპიდონა
ეგდო გაუნძრევლად.

იგი მკვდარი იყო.


პირჯვარი გადაისახა მოხუცებულმა და კარგა ხანს ადგა
თავს მიცვალებულს ხმაგაკმენდილი. მერე გადააფარა
სველი საბანი მკვდარს და აჩქარებით გადაიარა
ნაეზოვარი.

- ი ბიჭი... სპიდონა... მომკვდარა... - უთხრა მან მაიას და


ორი კურცხალი თვალთაგან გადმოუვარდა.

- მომკვდარა?! - გაოცებით შესძახა მაიამ. - წელიწადი რომ


არ შესრულებულა?

- ალბათ შემცდარი იყო... კარგად ვერ გაუგონია, რა ვადა


დაუნიშნეს...

- ღმერთო, ნუ შეგვრისხავ!.. ნუ გვიწყენ! პირჯვრის


წერით გაიძახოდა შიშს მიცემული მაია.
იმავე დღეს მეზობლებმა კუბო შეუკრეს დამსკდარი
ფიცრებისაგან და მღვდელსაც შეატყობინეს ბიჭის
გარდაცვალების ამბავი. მღვდელი ძლიერ შეუწყრა
მიქელას შვილიშვილის დატანჯვისათვის და
ემუქრებოდა პასუხისგებაში მიცემას.

- თავათ ამბობდა, რომ ვადით იყო გამობრუნებული, შენი


ჭირიმე... მაინც ეს დღე მოელოდა ამ მოკლე ხანში...
ხელიდან წასული იყო... ამოწყვეტის კარზე ვარ
მიყენებული - ერთი ბაღანა დამრჩა, ის უნდა იყვეს ჩემი
პატრონიც და სულის მაცხონებელიც... გოუწმენდელ
სახლში რავა შემომეყვანა... რა ვიცი, იმასაც რომ
შემთხვევოდა რამე!.. ცხრამთას იქით მყავს გადამალული
შიშით, არაფერი გადადებოდა და ისიც არ დამკარგვიყო!..
რა ხანია, თვალით არ დამინახავს! შედით ჩემს
მდგომარეობაში!.. - მიუგო პასუხად მიქელამ.
წესის აგების შემდეგ მოხუცებულმა კუბო ურემზე
დაუდო და დიდი წვალებით, მარტოდმარტომ, მიაბარა
მიწას სპიდონაც. სასაფლაოდან ჩამობრუნებულმა
ნაეზოვარში გადააგდო კუბოს ნადგამი ურმის
ზესადგარი, გამოიცვალა ახალუხი და შარვალი. დაბანა
ხარები და მხოლოდ მაშინ შევიდა სახლში.

ახლა იგი უფრო მოსვენებულსა ჰგავდა.


გულდამშვიდებულს. იჯდა ცეცხლის პირას და სულ
თავის პაწია ნესტორაზე ჰქონდა მიმართული აზრი და
ფიქრი.

- მაია! - მიმართა მან ერთხელ რძალს. - მაია!


გადმოვიყვანოთ ი ბავში... აწი აღარაფერი უჭირს...
თვალწინ გვეყოლება.
- მოითმინეთ, ბატონო! - მიუგო მაიამ. - იყოს იქ... ამ
ზამთარში ყველაფერი გეიწმინდება, გასუფთავდება...
გაზაფხულზე საშიშარი აღარაფერი იქნება, ღვთის
მადლით, მაშინ გადმოვიყვანოთ... კი, ბატონო, ასე
აჯობებს!

მიქელამ ჯერ არაფერი თქვა ამაზე, მერე ღრმად ამოიოხრა


და დაატანა დამძიმებული ხმით:

- იყვეს!.. იყვეს!.. ის კარგად მეყოლოს და მე მისი ჭირი


წამიღია!.. მისი ჭირი წამიღია!.. ჩემი სულის
მაცხონებლის... იყვეს - და მოხუცებულმა ისევ ღრმად
ამოიოხრა. - მისი ჭირის სანაცვლო ვიყვე, ჩვენი სულის
მაცხონებლის!..

1904 წ.
შერისხვა
კვირა დღე იყო. ის-იყო სოფლის ეკლესიაზე წირვაც
გათავდა. სალოცავად მოსული ხალხი ეკლესიის
გალავანში გაიფანტა, ჯგუფ-ჯგუფად დაიყო და შეიქნა
ჩვეულებრივი სჯა-მუსაიფი სოფლელებს შორის. ერთ
ადგილას რამდენიმე კაცი გულმოდგინებით ყურს
უგდებდა რაღაც მხიარულ ამბავს, რომელსაც
მოუთხრობდა ახალგაზრდა გლეხი.

- შე კაცო, შენ ერთობ მუსაიფში ხარ და კაცია


საგუნაშვილმა ეს არის წმინდა გიორგიზე გადაგცა! -
უთხრა მოამბეს ხანში შესულმა გლეხმა, რომელიც ის-იყო
მიუახლოვდა მხიარულად მოლაპარაკე ჯგუფს.

- რას ამბობ, გიორგი? - მიაძახეს აქეთ-იქიდან.


- მართალს ამბობ, კაცო? - თავზარდაცემულმა
წაილუღლუღა იმან, ვისაც მიუტანეს ხატზე გადაცემის
არასასიამოვნო ამბავი.

- მართალს გეუბნები, შვილო, მა რა, გეხუმრები?.. რა


სახუმაროა, შენ თვითონ თქვი! - მიუგო გიორგიმ.

ანდრია, ახალგაზრდა გლეხი, ეკლესიისაკენ გაიქცა და


ერთ წამში კარებთან გაჩნდა. თითქმის იმავე დროს
გამოჩნდა კაციაც, რომელიც ხელზე ბოხოხის ბერტყით
ეკლესიიდან გამოდიოდა.

- ხატზე გადამეცი, მართლა, კაცია? - შესძახა ანდრიამ.

- მა რა გეგონა!? - უპასუხა კაციამ.


- რა დაგიშავე, კაცია? ეს გამაგებინე, რა დაგიშავე, რომ ასე
ამომიჩემე... რომ აღარაფრით მზოგავ?.. თქვი მაინც, შე კაი
კაცო... ამ ხალხს მაინც კარგად გააგებინე... ამათ გაჰსაჯონ,
თუ რამეში მტყუანი ვარ შენთან!

- მაგათზე უკეთეს მოსამართლეს მიგეცი... ღმერთს,


თვითონ ღმერთს და მასთან მყოფ წმინდანს გასცემ,
შვილოსა, პასუხს!.. მე რაღას მედუდღუნები!.. ბევრი
გეხვეწეთ, შენც და სხვასაც, მარა არაფერი საქმე გამეწყო
თქვენთან... შენ არ ააგულიანე სხვები?.. ორი ტკაველა
მიწა მქონდა, იმასაც აღარ მიყენებთ!.. მე, ჩემო
ვაჟბატონო, ჩემს თავს არავის დავაჩაგვრინებ... რა
გზითაც იქნება, ჩემზე მოღერებულ ხელს მისივე პატრონს
მოვახვედრებ... შენ ჩემთან აწი აღარაფერი სალაპარაკო
აღარა გაქვს... წმ. გიორგის გაეცი პასუხი!..

- შენ გგონია, წმ. გიორგი მარტო შენს სიტყვაზე გეიარს? -


გულმოსულად უთხრა ანდრიამ.

- მაგასაც შენი თვალებითვე დეინახავ!.. - და ამ


სიტყვისთანავე კაციამ კიდევ დაიბერტყა ქუდი ხელზე,
დაიხურა თავზე და მაღალი, მსხვილი ჯოხით ხელში,
გარშემო მოგროვილ ხალხს გაშორდა.

მოხუცებული კაცია დარწმუნებული იყო, რომ ანდრიას


თავზე ღვთის რისხვას მოიყვანდა... მისი სახის
გამომეტყველება, რომელიც ისე აშკარად, ნათლად
ეუბნებოდა, რომ ამ კაცის დამორჩილება ადვილი არ
არისო, რომ ის თავის შეურაცხყოფას არავის შეარჩენს,
ვინც უნდა იყოსო, - მისი სახის გამომეტყველება ახლა
თითქოს გეუბნებოდათ: ეჭვი არა მაქვს, რომ წინდა
გიორგი დასჯის ანდრიასო. ამიტომ ისე დინჯად
გაბრუნდა ის მოშორებით, საფლავის ქვაზე მჯდარი
გლეხებისკენ.
ყაბალახმოგლეჯილი ანდრია კი ისევ იმავე ადგილას,
ეკლესიის კარებთან, იდგა და გარს შემოხვეულ გლეხებს
ცხარედ შესჩიოდა:

- ჩემგან რა უნდა, რომ ვერ გავიგე?! მე რას მერჩის, რას


ჩამცივებია, - ეს რომ ვიცოდე, სხვა არაფერი მინდა!.. ჩემ
გარდა სხვა რამდენია, რომ არ მოაშლევინეს ის
ამოსაგდები გზა... რაღა მე ამომარჩია წმ. გიორგიზე
გადასაცემად?!

ეგ არ ვიცი კარგად, შენ რა ბრალს გდებს კაცია და


უსამართლოდ რომ ირჯებით მთელი კუთხე, ეს კი
ცხადაია! - წამოიძახა ერთმა გლეხმა.

- რატომ, შე კაცო? უსამართლოდ რით ვირჯებით? -


მიაძახეს აქეთ-იქადან.
- რატომ არ ანებებთ მაგ კაცს მის ადგილს?.. მე არ
მოვკვდე, მეც არავის მოვუთმენდი, მაგისთანა რამე რომ
ექნათ ჩემთვის... რას მეუბნები?! მე და ჩემმა ღმერთმა,
ერთი-ორი კაცი მაინც შემომაკვდებოდა იქვე!.. ბიჭო, უწინ
გზა სადაც გქონიათ, იმაზე იარეთ... აბა, კაცს ადგილი
ვეღარ გაუშვია, ადგილი ვეღარ დაუსვენებია! - ცხარობდა
გლეხი.

- სადაა ეს ძველი გზა, აბა რას ამბობ, კირილე? მე პატარა


ვიყავი, რომ იმაზე აღარავინ დადიოდა... ახლა ყანაშია
შეტანილი!.. ვინ განახვებს თვალით და, ამასთანავე ის
ძველი გზა სულ აღარ ვარგა. არ გინახავს თუ? -
სხაპასხუპით და გაჯავრებით თქვა ანდრიამ.

- ამიტომ კაციას ძალით ართმევთ ადგილს? კარგია შენმა


გაზდამ! - მიაძახა კირილემ.
- ძალით ვინ ართმევს, შე კაცო! მაგას რატომ კადრულობ?
- მოისმა ზოგიერთების ხმა.

- ძალითაა, აბა რა, ვინ შეეხვეწა? თავიდან ძალის


დატანება მოუნდომეთ... კაცი გაახელეთ და ახლა აღარ
უნდა თავი დაგაჯაბნებინოსთ! ასე მოგექცეოდათ, აბა
რავა გეგონათ? - არ წყნარდებოდა კირილე.

- შე დალოცვილო, საქმე სასამართლოში იყო და იქაც


გადასწყვიტეს აგრე, რომ გზა კაციას ადგილზედ
დარჩენილიყო... ჯიუტია მაგ დალოცვილი, სხვა არაფერი!
- წამოიძახა ერთმა მოხუცებულმა გლეხმა.

- მე კი მაინც ჩემსას ვიტყვი, - რატომ ამომიღო თვალში?


მე, მე რად გადამცა ხატზე? გასაკვირველია, ღმერთმანი! -
მხრების აწევით თქვა ანდრიამ.
- ეჰ, შენც კიდევ!.. რა გაწუხებს?! მაგნაირ უსაფუძვლო
გადაცემას ძალაც არა აქვს! - თანაგრძნობით უთხრა
ანდრიას ერთმა იქ მყოფთაგანმა.

- დიახ, ეგ მართალია, ბერიკო, მაგრამ მაინც გეწყინება,


რაზე უნდა წაგაყენოს ხატთან ტყუილუბრალოდ კაცმა? -
მიუგო მას ანდრიამ.

საქმე იმაში იყო, რომ კარგა ხანმა გაიარა მას აქეთ, რაც
კაცია საგუნაშვილმა ერთი თავისი საყანე ადგილი
შესასვენებლად გაუშვა და აღარ დაუმუშავებია, ღობეც
აღარ გაუყოლებია მის გარშემო, - ადგილი მოღალული
იყო, თითქმის არაფერს იძლეოდა. სოფლელებმა ამ
შემთხვევით ისარგებლეს და შესვენებულ ადგილზე
სიარული დაიწყეს, რადგანაც ამ ახალი გზით ერთობ
ემარჯვებოდათ სიარული მახლობლად მდებარე ბაზრიან
დაბაში და საყანეებზედაც. ძველი გზა, რომელიც
სრულიად წამხდარი იყო, მიივიწყეს და მის შეკეთებას
აღარავინ დაეძებდა. ამით ისარგებლეს იმ ძველი გზის
მახლობლად საყანე ადგილების პატრონებმა და მოსპეს
გზა. ეგ იმათთვის მეტად საჭირო იყო, რადგანაც
გაფუჭებული გზის თიხნარი ნაპირები ნელ-ნელა
ინგრეოდა და ამით ფუჭდებოდა საყანეებიც. დროთა
განმავლობაში ეს ძველი გზა ყველამ დაივიწყა, მით
უფრო, რომ კაციას ადგილზე სიარულის დამშლელი
არავინ იყო. კაცია თავის მხრივ, დარწმუნებული იყო,
რომ, როცა კი მოინდომებდა, ყოველთვის შეჰკრავდა
თავის ადგილს. მაგრამ ბოლოს სულ სხვა გამოდგა. როცა
კაციამ ერთ დღეს მოინდომა გაშვებული საყანის
შემოღობვა, მეზობლებმა მოითხოვეს ერთი ნაწილი გზად
დაეტოვებინა. კაცია ავარდ-დავარდა ამაზე, ყური არავის
ათხოვა, ღობვა დაიწყო, მაგრამ ღობე ისევ მოურღვიეს.
კაციამ დაიწყო მუქარა, მოვკლავ ვისმე იმ ჩემ
ადგილზედაო, მაგრამ მაინც არავინ შეეპუა, მით უფრო
რომ ყველასათვის ეგ იყო ერთადერთი გზა. საქმე
სოფლის სასამართლომდის მივიდა. მოსამართლენი
მოვიდნენ, დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც ძველი გზა
მიდიოდა, ეს ახალი სადაო გზაც და გადასწყვიტეს:
რადგანაც ძველი გზა მეტისმეტად გაფუჭებულია და მისი
შეკეთება ყოვლად შეუძლებელია, ამის გამო კაციას
ადგილს უნდა ჩამოსჭროდა ერთი ნაწილი ახალი
გზისთვის. კაციასთან ერთად ერთმეოდა ცოტა მიწა მის
მეზობელ ერთ გლეხსაც. ეს უკანასკნელი ადვილად
დაითანხმეს, კაცია კი ვერაფრით ვერ დააწყნარეს, ვერ
ჩააგონეს, რომ უნდა დაეთმო ის ცოტაოდენი მიწა
სოფლისათვის.

- ღვთით, არაფერი გიჭირს, სხვა ადგილებიც გაქვს. ბევრი-


ბევრი, ორი ბათმანი მოვიდეს ამ ჩამონაჭერზე... უნდა
დაუთმო სოფელს, აბა რა ქნას სოფელმა? - ეუბნებოდნენ
კაციას.

- ძველ გზაზე იარონ!

- რომ აღარ შეიძლება იმ გზით სიარული, შე კაცო, განა შენ


თვითონ არ იცი?..

- მერე მე რა?.. სადაც გინდათ, იქ გააკეთეთ ახალი გზა... მე


კი ჩემსას არავის დავანებებ... დავუთმო სოფელს ჩემი
ადგილი და მე მშიერი დავრჩე?.. - გაჯავრებით ამბობდა
კაცია.

- შე კაცო, აქამდის ასე იოლად რჩებოდი ამ ადგილით,


ახლა დაგამძიმებს და მშიერს დაგარჩენს ორი ტკაველა
მიწის ჩამოჭრა? მერე საზოგადოებისათვის!.. - უთხრა
ანდრიამ, რომელიც სოფლის ერთი მოსამართლეთაგანი
იყო.
- საზოგადოებისათვის კი არა, ის კიდევ!.. მითქვამს - არ
დაგითმობთ... მორჩა, გათავდა... სოფელი ფეხებზე
მკიდია! - გაჯავრებით წამოიძახა კაციამ.

- სასამართლოს განაჩენი რომ შესდგა, მეტი რა გზა გაქვს


არ დაუმორჩილდე!.. - უთხრა მეორე მოსამართლემ,
რომელიც მოთმინებიდან გამოიყვანა კაციას ჯიუტობამ.

- გლახა ანთიმოზა გგონივართ მე, რომ თქვენს წინაშე


იმასავით თავს მოვიხრი?.. დიახ!.. მიროი სუდში
ვიჩივლებ... თუ საჭირო იქნება, ოკრუჟნი სუდშიაც
გიახლებით... იმას ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ჩემი თავი
დაგაჯაბნებიოთ!

- ტყუილად გაირჯები, ჩემო კაცია. ამ საქმეს სხვაგან


არსად არ მიიღებენ გასარჩევად, არც მიროი სუდი და არც
ოკრუჟნი, - უთხრა ანდრიამ.

- თუ არ მიიღებენ, მე სხვა გზასაც მოვნახავ, სადაც პასუხს


აგებთ თქვენი უსამართლობისათვის... კი მიგაცემიებთ
პასუხს, სადაც იქნება!.. ნამეტურ შენ, ვაჟბატონო! შენ
რომ დიდი მოქალაქე ბრძანდები! - მიუბრუნდა კაცია
ანდრიას: - შენ შეგაწევ ჩემს დაჯაბნებას, გგონია?..
მოგიკვდეს მაშინ კაცია, შენ წიხლი დამკარი... კაცია არ
ვიქნები, თუ შენი დაბადების დღე შენვე არ გაწყევლინე! -
ყვიროდა ძალზე გაჯავრებული კაცია. - ახლა კი, რაც
გინდათ, ის ქენით! - და განრისხებულმა კაციამ ჩქარი
ნაბიჯით თავის სახლისკენ გასწია.

- რა უნდა ელაპარაკო ამისთანა კაცს? - მხრების აწევით


თქვა ანდრიამ და თან თვალები გააყოლა კაციას,
რომელიც კიდევ მოჩანდა ორღობეში მიმავალი.
კაციამ აასრულა თავისი სიტყვა. აღარც თავი დაიზოგა,
აღარც თავის მოხუცებულობას მოერიდა, - ბევრი
იწანწალა, ორიოდე ადვოკატთანაც იყო ძღვენით, მაგრამ
ვერაფერი ვერა გააწყო რა. ანდრიას სიტყვა მართალი
გამოდგა და ეს უფრო გულს უკლავდა მოხუცებულს.

აენთო კაცია. ის ჰგავდა მხეცს, რომელიც არა ღონისძიებას


არ დაერიდებოდა, ოღონდ კი რითიმე თავისი ჯავრი
ამოეყარა, განსაკუთრებით იმ გაიძვერა, მოტიკტიკე
ანდრიაზე, რომელიც თავი და ბოლო იყო სოფლის
მოსამართლეებს შორის. კაციას ერთი გზაღა დარჩა თავის
შემავიწროვებელთა მოთავის დასასჯელად და კიდევაც
გადასწყვიტა, მიემართნა ხატისათვის. გადაწყვეტილება
აღსრულებაში მოიყვანა და კიდევაც ჩაუგდო ხატს ხელში,
- გადასცა წმ. გიორგის ხატზე ანდრია. სადღა წაუვიდოდა
წმ. გიორგის ანდრია? ეჭვი არ უნდოდა, წმ. გიორგი
უსათუოდ დასჯიდა ანდრიასაც და მასთან მის
უკუღმართ მოსამართლე ამხანაგებსაც, - ეს მტკიცედ
სწამდა კაციას.

ამ დღიდან კაცია გულდამშვიდებული ელოდა წმ.


გიორგისაგან ანდრიას და მის ამყოლთა საჯაროდ დასჯას.

- დამაცათ, შვილებო, ისევ თქვენვე შემეხვეწებით


ადგილი ჩავიბარო, როცა ჩემი გამჩენი შავს დღეს
დაგაყენებსთ!.. ვეღარსად იჩივლებო!.. აბა ვნახოთ!..
ღმერთიც დაივიწყეთ?! ვითომ იმას ამა სოფლის
აღარაფერი ეყურება?! ჰაი გიდი, რანაირი ხალხი იზდება?!
- ხშირად იმეორებდა კაცია.

დრო და ხანი გადიოდა, მაგრამ წმინდანის რისხვის


ნიშნები კი არსად ჩანდა. კაციას მოუთმენლობა დაეტყო.
ნეტა რად ატარებს წმ. გიორგი ამდენს ხანს უვნებლად
ანდრიას და არაფრით არ იჩენს იმაზე თავის სასწაულს?!
ამ მოუთმენლობას ის უფრო უმატებდა, რომ ამ ბოლო
დროს ანდრიასაც მეტი რაღაც მხიარულება ემჩნეოდა, იგი
უფრო გათამამდა და, როგორც სხვები ეუბნებოდნენ
კაციას, ვითომ არაფრად აგდებდა კაციასაგან ხატზე
გადაცემას. პირველ ხანებში, მართალია, ანდრია შეშინდა,
თუმცა თავისი სიმართლის იმედი ჰქონდა; ორჯერ
ძღვენიც მიართვა წმინდანს, მაგრამ მერე, როცა გაიარა
ხანმა და იმის ცხოვრებაში ისეთი არა მომხდარა რა,
დაიმედდა და სრულიად მიივიწყა, რომ კაციასაგან
გადაცემული იყო.

კაცია სულ ერთიანად აამღვრია ანდრიას ამგვარმა


უდარდელმა ყოფაქცევამ. ახლა ის გუნებაში წმ.
გიორგისაც ემდუროდა შეგვიანებისათვის. ბერმა კაცმა იმ
ზომამდისაც მიაღწია, რომ ხმამაღლა დაუწყო წმინდანს
მდურება.
- განა დღესავით ნათელი საქმე არაა!.. გამოძიება
ეჭირვება კიდევ თუ?!

- რატომ ხარ, შე უბედურო, მაგდენად უგუნური, რომ წმ.


გიორგის უსწორებ სამართალს?! სულწასულობაა ეგ,
მეტი არაფერი... გაჩუმდი, შენთვის იყავი... წმ. გიორგიმ, -
ვენაცვალე მის ძლიერებას! - შენზე უკეთ იცის, როგორ
უნდა მოიქცეს, ან ვინ როდის დასაჯოს... - შეუტია კაციას
მისმა ცოლმა, მოხუცებულმა დოდომ.

- როდემდის ვუყურო?.. ვერა ხედავ, გათამამდა და


გამხიარულდა მტერი?.. მაშ, სიავკაცე და ავაზაკობა
ჯობნებია სიმართლეს?! საიდან გაიგოს კაცმა, რომელი
სჯობია, თუ წმინდანიც ყურს არ მიაქცევს
შევიწროებული ადამიანის თხოვნას და თავის დროზე არ
დასჯის კაცის შემაწუხებელს?.. რას მეუბნები შენ! -
ამბობდა გულმოსული კაცია.
- გაჩუმდი-მეთქი, გაჩუმდი, ნუ ჩერჩეტობ უთავბოლოდ!
ვის უჯავრდები, შე შეჩვენებულო? ვის ასწავლი, ვის
არიგებ ჭკუას?.. სრულიად შეიშალე, შე უბედურო, ამ
ბოლო დროს... აღარაფრის გაგება აღარა გაქვს!..

- მომშორდი, დედაკაცო, თავიდან! - მიაყვირა კაციამ


დოდოს და ფეხზე წამოვარდა: - მე შენზე უკეთ ვიცი ჩემი
საქმე... როდის იყო ჩემთვის საჭირო დედაკაცის
დარიგება? - მოჰკიდა ჯოხს ხელი და ეზოდან გავიდა.

მოხუცებული კაცია ახლა ანდრიასთან ერთად წმ.


გიორგისაც ემდუროდა და ამ სამდურავს ხმამაღლა
წარმოსთქვამდა ხოლმე. ეკლესიაში რომ იდგა, ხშირად
თვალმოუშორებლად და საყვედურით მისჩერებოდა წმ.
გიორგის ხატს, თითქოს უნდოდა ამით გაეგებინებინა
წმინდანისათვის: ,,ნუთუ დაგავიწყდა, რასაც
გთხოვდიო?!”

ვერაფერ საქმეს ხელს ვეღარ ჰკიდებდა, აღარაფერი აღარ


ახსოვდა კაციას იმის მეტი, რომ ის დაექადნა ანდრიას,
წმინდანის შემწეობით ჯავრს ამოვიყრიო, მაგრამ ვერც ეს
აასრულა და თვით წმინდანმაც არავითარი ყურადღება არ
მიაქცია მას.

დიდმა მარხვამ გაიარა. კაცია, რომელიც ყოველ წელიწადს


ეზიარებოდა ხოლმე ამ დროს, წელს არ ზიარებულა.
გათენდა აღდგომაც, მაგრამ იმის გულს ამ სამხიარულო
დღესაც არ გაუხარია.

აპრილის მშვენიერი დილა იყო, აღდგომის მეორე დღე.


ეკლესიაზე მრავალი ხალხი იყო თავმოყრილი.
ჩვეულებისამებრ, დღეს ხატებით უნდა შემოევლოთ
ეკლესიისათვის და მერე მღვდელს ხალხი უნდა
დაელოცნა. წირვა გათავდა. ეკლესიიდან ხალხმა
გამოსვლა იწყო.

- ყველა ხატებს გავყვეთ, ყველა! - დაიძახა ვიღაცამ.

- უთუოდ, უთუოდ!.. აბა რისთვის მოსულხართ... სეირს


უყუროთ თუ? - დაუმატა მეორემ.

- უტიეთ, ყმაწვილებო, გზა მიეცით!.. რატომ იცით


კარებში გაჩერება! - მიაყვირა ერთმა მოხუცებულმა
გლეხმა რამდენსამე კაცს, რომელნიც ეკლესიის კარებთან
შეჩერდნენ და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავდნენ. -
ვერ ხედავთ, ხატებს მოასვენებენ?

მართლაც, კარებში გამოჩნდა ხატებით ხელში რამდენიმე


გლეხი, მათ უკან მოჰყვებოდა შემოსილი მღვდელი
სასხურით მარჯვენა ხელში და ჯვრით მარცხენაში.
მღვდელი თან ჯვარს სახავდა ხალხს და თან წმიდა
აიაზმის წყალს ასხურებდა.

- ნუ გაჩერებულხართ, ყველა ხატებს გამოჰყევით...


ეკლესიას შემოვუაროთ! კირილე, პეტრე, ვის უყურებთ?..
ეკლესიას შემოუარეთ! - უძახოდა მღვდელი ხალხს.

- კირიე-ლეი-სონ! კირიე-ლეი-სონ! - გაიძახოდა იმდენი


ხალხი და წყნარის ნაბიჯით მიჰყვებოდა უკან ხატებს.
უკვე სამჯერ შემოუარეს ეკლესიას და შემდეგ ხატები
გალავანში გაიტანეს და იქ დაასვენეს.

ხალხი გარს შემოეხვია მღვდელს. ამ უკანასკნელმა


რამდენიმე ლოცვა წაიკითხა და ხალხს უბრძანა ხატების
წინ მუხლთ მოიყარეთო.

- წმიდაო გიორგი! - მიმართა მღვდელმა წმ. გიორგის


ხატს, რომლის სახელიც ერქვა ამ ეკლესიას: - წმიდაო
გიორგი! ყველა ესენი შენი ყმები არიან, შენი მმოსავნი,
შენს მფარველობის ქვეშ მყოფნი, შენი მავედრებელნი და
გეხვეწებიან მუხლმოდრეკილნი, რათა შეისმინო მათი
ვედრება, ნუ მოაკლებ ამათ ნუგეშისცემას, წყალობას
შენსას, განაშორე ყოველივე ბოროტი, განაძლიერე ამათში
კეთილი, დათრგუნე ავი და შთანერგე შიში და სასოება,
რათა ადიდონ სახელი შენი, ჩვენო მფარველო, ჩვენო
სასოებავ, ჩვენო ბატონო უკუნითი უკუნისამდე!..

- ამინ, ამინ! -. ისმოდა ყოველი მხრიდან.

ჯერ კიდევ არა ჰქონდა მღვდელს გათავებული ვედრების


სიტყვა, რომ მოშორებით მდგარი კაცია საგუნაშვილი
წამოიჭრა წინ, მისწი-მოსწია დაჩოქილი ხალხი და ერთ
წამს წმ. გიორგის ხატთან გაჩნდა.
- ესმის ახლა ვითომ მაგას რამე?.. ძაღლი ვიყავი მე, ჩემი
რომ არაფერი შეისმინა მაგან?! - საშინელი ხმით
წამოიძახა აცახცახებულმა ბებერმა კაცმა.

ეს ისე სწრაფად, ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა,


რომ ვერავინ მოასწრო მოხუცებულის შეჩერება.
მღვდელი გაფითრებული, გონებადაკარგულივით
მისჩერებოდა განრისხებულ მოხუცს.

- რას ამბობ, შე შეჩვენებულო? - მიაძახეს აქეთ-იქიდან


კაციას, ვიღაცამ ხელიც ჰკრა; კაცია წაბარბაცდა, მაგრამ არ
წაქცეულა.

- კაცია, გაგიჟდი?

- ჭკუაზე შეიშალე? - უყვიროდნენ გარშემო.


- რა ქნა ამ შეჩვენებულმა!.. უმაგალითო საქმე არ
ჩაიდინა?! - ამბობდნენ გაოცებული მაყურებელნი.

- რაო, რა თქვა? - კითხულობდნენ მოშორებით მდგომნი.

- წმ. გიორგის ხატი ჰგმო!.. - იყო პასუხი.

- კაცია საგუნაშვილმა ხატი ჰგმო!.. კაციამ ხატი ჰგმო! -


ისმოდა ყველგან და ამ ამბავმა ელვასავით შემოირბინა
იქაურობა.

- რატომ ქნა მაგ შეჩვენებულმა ეგ ამბავი? -


კითხულობდნენ ზოგიერთნი.

- ანდრია ჭურაშვილი ჰყავდა გადაცემული და რატომ წმ.


გიორგიმ არ დასაჯაო!
- ვაი, გაგიჟებულა, ნამდვილ გაგიჟებულა ეგ უბედური! -
ამბობდნენ და ყველას თვალი მიქცეული ჰქონდა ამ
საკვირველი მოხუცისაკენ, რომელიც დინჯად, მაღალი
ჯოხით ხელში, გალავნის ჭიშკრისაკენ მიდიოდა.

უეცრად ქალის საშინელმა კივილმა შესძრა იქაურობა.

- მომკალით!.. მომკალით!.. რა დღეს შევესწარი?..


მომკალით!.. ვაიმე, ვაიმე!.. რადა ვარ ცოცხალი, მე
წაწყმენდილი!! - კიოდა მოხუცებული დედაკაცი,
რომელიც მორბოდა იმ მხრიდან, სადაც ქალები იდგნენ
ცალკე. ეს იყო კაციას ცოლი დოდო.

- სადაა, სად, ის შეჩვენებული?.. სად არის?.. თვალით


დამანახეთ ერთი! - სასოწარკვეთილებით გაიძახოდა
დოდო.
- ეგერ მიდის, დედავ, აი, ეგერ ჭიშკართან! - მიუთითეს
კაციაზე.

დოდოს თითქოს დაავიწყდა თავისი მოხუცებულობა და,


რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაექანა კაციასაკენ.

- სად მიხვალ?.. სად ჯანდაბაში მიყავხარ ეშმაკს, შე


წყეულო?! სად მიეთრევი... სად მიეთრევი, შე სამიწევ?! -
მირბოდა და თან კიოდა დოდო.

ის-იყო კაციამ გალავნის ჭიშკრის კარი გააღო, რომ მას


ქორივით დაეტაკა ცოლი, ჩააფრინდა ჩოხის კალთაში და
უკან დასწია.

- სად ეშმაკებში მიხვალ?.. სად ჯანდაბაში მიხვალ?..


ახლავე დაბრუნდი!.. დაბრუნდი-მეთქი და ხატს
შესთხოვე გაპატიოს!.. გესმის ჩემი თუ არა?.. - შესაზარი
ხმით მიაყვირა კაციას დოდომ.

- იქით!.. მომშორდი! - ყრუდ წაილაპარაკა კაციამ და


სცადა ჩოხის კალთა გაეთავისუფლებინა დოდოს
ხელიდან.

- თავს გაგიხეთქ! დაბრუნდი, თვარა თავს გაგიხეთქ!..


დაბრუნდი, გეუბნები!.. ახლავე ბოდიში მოიხადე,
შავდღეზე გაჩენილო!.. გესმის ჩემი თუ არა შენ? - და
დოდომ ერთი მძლავრად გამოსწია კაციას ჩოხის კალთა.

მოხუცებული კინაღამ წაიქცა, მაგრამ თავი შეიმაგრა,


გულმოსულმა მოიქნია ჯოხი, რომელიც ისე მძიმედ
მოხვდა დოდოს ხელებზე, რომ კინაღამ მაჯები
დასწყვიტა. ქალმა სიმწარისაგან დაიკივლა და ჩოხის
კალთები ხელიდან გაუშვა.
- მომკალი, შე წყეულო!.. მომკალი! - დაიკვნესა დოდომ.
ღვარივით გადმონადენმა ცრემლებმა თვალები აუვსო.
გარეტიანებული მისჩერებოდა სახლისაკენ მიმავალ
თავის უბედურ ქმარს. მერე უცბად მოტრიალდა, ჩქარი
ნაბიჯით წამოვიდა ეკლესიისაკენ, მივიდა მღვდელთან,
რომელიც ხალხს ელაპარაკებოდა, და ფეხებში ჩაუვარდა:

- მიშველე, შენ მიშველე, მამაო!.. მიშველე, შენი მუხლის


ჭირიმე, ჩემო მოძღვარო!.. ვაიმე, ვაიმე!.. მიშველე, შენ
დაგენაცვლე, ჩემო ბატონო!.. - მწარე ქვითინით
მოსთქვამდა პირქვე დამხობილი მოხუცებული
დედაკაცი: - მიშუამდგომლე წმინდანთან!.. გადამერია
კაცი!.. ვაიმე... ვაიმე!..

- ადექ, შვილო, ადექ!.. ნუ გეშინია, შვილო! - მოხუცებული


მღვდელი ძლივს იმაგრებდა ცრემლებს, ამ დედაკაცის
უსაზღვრო მწუხარებას რომ ხედავდა, - ნუ გეშინია... წმ.
გიორგი ყურადღებასაც არ მიაქცევს მაგის უგუნურობით
ჩადენილ საქციელს... ოღონდ ილოცე, შვილო, ევედრე და
სულგრძელი წმინდანი შეუნდობს, თუ შენი ქმარი
შეიგნებს თავის ცოდვას... შედი, შვილო, ეკლესიაში: წმ.
გიორგის დაუჩოქე და ევედრე... ნუ გეშინია, ღმერთი
მოწყალეა და სულგრძელი!..

მღვდელმა გადასახა ჯვარი დედაკაცს; დოდო ხელზე


ემთხვია, მერე შევიდა ეკლესიაში და იქ, წმ. გიორგის
ხატის წინ მუხლმოდრეკილი, დიდხანს ევედრებოდა
ცხარე ცრემლით მტირალი, რათა შეენდო ყოვლად
მოწყალე წმინდანს ქმრისათვის უგუნურებით ჩადენილი
საზარელი საქციელი.

მღვდელი კი ისევ ხალხს ელაპარაკებოდა:

- ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ... ბუზს არ


გადავიფრენთ ხანდახან თავზე... გულისწყრომას ხომ
საზღვარი არა აქვს ხშირად... თუ რამ დავიჯინეთ, იმის
გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ, თუნდაც რომ მტყუანიც
ვიყვეთ... უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი
და თუ ისე არ იქნა, საშუალებასაც აღარ გავარჩევთ,
ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ... დათმენა რა არის... -
ხშირად არც კი გვინდა ვიცოდეთ. და აი, სადამდის
მივყავართ ამნაირ ჩვენს ხასიათს... თვით ღმერთსაც კი
ვებრძვით... კაცი წმინდანს ებრძვის, რატომ ჩემს ნებაზე
არ გაიარეო, რატომ ჩემი ნება არ აასრულეო... ამაზე მეტი
შეიძლება?! აი, სადამდის მივყავართ ჩვენს
გულფიცხობას... აი, სადამდის მიდის ჩვენი უგუნური
გულისწყრომა!.. დამშვიდდით, შვილებო, ისწავლეთ
მოთმინება, რომ გულფიცხობაში ჩადენილი საქციელი
შესანანებლად ისევ თქვენვე არ დაგირჩეთ!..

იმ სამახსოვრო დღიდან საკვირველად გამოიცვალა კაცია.


ძვირად უნახავთ, რომ ვისმეს დალაპარაკებოდა. თავის
ოჯახშიაც ცალკე ყოფნას ცდილობდა ყოველთვის.
ხანდახან, დოდო რომ მასთან ლაპარაკს დააპირებდა,
კაცია წამოდგებოდა, აიღებდა ჯოხს და სადღაც
მიეშურებოდა. ბოლოს უწყინარ შეშლილს დაემსგავსა.

მოტყდა, უცნაურად მალე მოტყდა, სრულიად დაბერდა


და მოიკუმშა ამას წინათ წარმოსადეგი კაცია. ზედვე
ეტყობოდა, რომ იგი სწუხდა, სწუხდა გადამეტებით,
მაგრამ ხმას არ იღებდა.

ერთხელ ისე მეტისმეტად შეწუხდა, რომ მთელი ოჯახი


ფეხზე დადგა.

- არიქა, ბიჭო გიორგი, მღვდელთან!.. მალე! - შეჰყვირა


დოდომ თავის ვაჟს.
- არ მინდა, არა!.. - ძლივს წამოილუღლუღა კაციამ,
რომელიც საზარლად კვნესოდა ტახტზე მწოლიარე.

- მალე, შვილო, მალე!.. უზიარებელი არ მოკვდეს ეს


შავდღეზე გაჩენილი!.. ღმერთო დიდებულო, მოხედე შენი
მოწყალე თვალით!.. - და დოდო რომ ავადმყოფთან
ფუსფუსებდა, გიორგი მღვდელთან მირბოდა
თავმოძულებით.

ცოტა ხანს იქით კაციას მღვდელი ადგა თავზე.

- რას შვრები, კაცია?.. როგორ ხარ? - ჰკითხა მღვდელმა.

კაციამ ჯერ ხმა არ გასცა, მერე გადმოხედა, მიაპყრო


თვალები, დიდხანს უყურა, ხელი გამოართვა, წამოიწია,
ემთხვია ხელზე. მერე უცბად ისევ დაწვა, კედლისაკენ
ქნა პირი და ვეება დევკაცი ბავშვივით ატირდა სიტყვის
უთქმელად. ამ მწარე, საცოდავად მოთქმამ მღვდელს
გული აუჩვილა; ცრემლებით თვალებზე ის
გულმხურვალედ ლოცულობდა და თან ნუგეშს აძლევდა
საცოდავ მოხუცებულს.

კაცია ეზიარა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოხუცებული მოკვდა საშინელ


ტანჯვაში. საწყალი ბერიკაცი თავის გულს შემოასკდა;
გულფიცხობამ იმ ზომამდის მიიყვანა, რომ უმაგალითო
საქციელი ჩაადენინა და ამ ჩადენილი საქციელის
მოგონება, რომლის გასწორებაც მის თვალში
შეუძლებელი იყო, წარმოუთქმელად აწუხებდა,
სტანჯავდა, სტანჯავდა მუდამ, ყოველ ჟამს, ყოველ
წუთს, ისე რომ ბოლოს ბერიკაცს ძალ-ღონეც გამოელია
და სულიც დალია.
- ვერ ვიტირებთ, - ამბობდნენ მეზობლები: - ღმერთს
ვაწყენიებთ, რომ მისი მგმობელი ვიტიროთ! - და
ამიტომაც მიცვალებულ კაციას სასაფლაოზე მხოლოდ
ცოლ-შვილი მიჰყვა და ესენიც მხოლოდ იმის უბედურ
დღეზე გაჩენას დასტიროდნენ.

1894 წ.
დარისპანის გასაჭირი
სურათი ერთ მოქმედებად

მოქმედნი პირნი

მართა ქვიტირიძისა,
პელაგია საბელაშვილისა.
ნატალია, პელაგიას ქალიშვილი.
დარისპან ქარსიძე.
კაროჟნა, დარისპანის ქალიშვილი.
ონისიმე მათარაძე.
ოსიკო ხარებაძე.
გამოსვლა პირველი

უბრალოდ მორთული ოთახი მართას სახლში.

მართა და პელაგია

მართა

ახლავე აქ მომიყვანე ჩემი ნათლული, პელაგია ჩემო!.. ამ


საღამოს მესტუმრება ონისიმე მათარაძის ბიძაშვილის -
ედუკიას შვილი... ხარებაძეს რომ ჰყავს, ეგებ ღმერთი
შეგვეწიოს და ჩემი ნატალიას ბედმა გასჭრას!..

პელაგია

მიშველე, ჩემო ბატონო, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე


სული... მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი
ვინმე... რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ
შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე
პირველი მაშოვნინე და მერე მე ვიცი... საშველს არ
ვაღირსებ, სანამ თითო სიძე თითო ცოლის დას არ
გამათხოვებინებს... შენ არ მომიკვდე!..

მართა

ეგ ძალიან მოგიფიქრებია, პელაგია!.. ხა, ხა, ხა!..

პელაგია

უიმე, რას არ მოვიფიქრებ, შენ გენაცვალე, როცა


ჩემისთანა ოხერ-გაჭირვებულს სამი გასათხოვარი სახლში
მიზის და მთხოვნელი კაცი არსადა ჩანს!

მართა
კაი ოჯახის პატრონია, იცი!..

პელაგია

არ დავეძებ, შენ გენაცვალე!.. ცოდვისაგან მიხსნას,


ქალიშვილობაში შვილი არ დამაბერებინოს და მის
სიმდიდრეს რას დავეძებ!..

მართა

მერე თუ ღმერთმა ქნა და ყმაწვილმა სხვანაირი თვალით


დეინახა ჩემი ნატალია - ეგებ არც კი დაგვჭირდეს რამე.
ვინ იცის, რა თვალით შეხედავს! თუ არა და ერთი ათი,
თხუთმეტი თუმნით მოვიტყუოთ (პელაგია ამოიოხრებს).
აბა, შე ქალო, რას იზამ!.. ყოველისფერს ბედი უნდა...
პელაგია

ბედი უნდა... ბედი უნდა, ჩემო მაცხონებელო... ბედი


უნდა...

მართა

რასაკვირველია!.. მერე, ნათლიდედა, ნატალიას უთხარი...


მე ვეტყვი, მარა შენც უთხარი: ქე რომ გადაპრანჭვა და
ტუჩის აბზუკვა იცის, თავი დაანებოს, თვარა გლახა
საქმეს უზამს თავის თავსაც და დებსაც... თვითონაც
ჩარჩება, ჩაბერდება ქალიშვილობაში და იმათაც
ჩააბერებს!.. ნუღა იგვიანებ, პელაგია ჩემო!.. გასწი და
ამწამსვე მოდით ორივე!..

პელაგია
ორივე დედა-შვილი აქ გავჩნდებით... რავა დევიგვიანებთ,
შენ დაგენაცვლე! ცხონებას მპირდები!.. (მიიჩქარის
კარებისაკენ, გამობრუნდება) შენ დაგენაცვლე, კაბა
რომელი ჩავაცვა? შენ სინათლიან თვალებში რომელი
უფრო მოუხდება?.. შავი, შენი ჭირი შემეყაროს, თუ...
ყველა შენი ნაჩუქარი აქვს...

მართა

ნატალია თვითონ ამოირჩევს!..

პელაგია (კარებთან მისული გამობრუნდება)

პიჩოჩკა გეიკეთოს თუ დეიმწნას? ბედად წუხელი თავიც


დეიბანა...

მართა
პიჩესკა... პიჩესკა გეიკეთოს.

პელაგია

კი, ჩემო სინათლევ, ჩემო მაცოცხლებელო!.. მე უბედურს


ნაცარში ამოგლიგნილ დედაბერს, ამისთანების რა
გამეგება!.. (გაექანება კარებისაკენ, უცებ გამობრუნდება
და მორიდებით დაიწყებს) ერთი რამ მინდა მოგახსენო,
ჩემო ღმერთო, ჩემო ყველაფერო... მარა ნუ შემრისხავ ჩემი
ჭკუამოკლეობისათვის... ჩემს გამოჩერჩეტებულობისაგან
ნურას მიწყენ, შენი ჭირი შემეყაროს!..

მართა

რაა?
პელაგია

ნუ გეწყინება ჩემი უგუნურობა და სისულელე!..

მართა

კაია, თქვი რა არის? რა გინდა?

პელაგია

ყველაფრის მეშინია... მე უბედურს...

მართა

მომკალი, პელაგია, და ეს არის!.. თქვი, შე ქალო, რა


გინდა?
პელაგია

რომ დამიწუნოს!.. სალაპარაკოდ შექმნიან... უარესად


გაჭირდება, შენ გენაცვალე, კაცის შოვნა... დაწუნებული
ქალიშვილის ამბავი თვითონაც იცი, ჩემო ცხონებავ...

მართა

აბა მიდღემჩი სხვასთან ვერაფერი გითქვამს შენი


ქალიშვილებისათვის და ეგ არის! მე რაღაც მეგონა!
დაწუნებაზე სიტყვა ნუ იქნება, თვარა ისეთ დასაწუნს
გამოვუნახავ მთქმელს, რომ ვაი-ვუი იძახოს!.. შენ,
ბატონო, ისე ქენი, რაც მე გითხარი... ჩემი ნათლული
მომიყვანე აქ!..

პელაგია
შიში მალაპარაკებს მე უტვინოს. ყველასი მეშინია!
შვილების შიშიც კი მაქვს... რომ რამე საწყენი შეხვდეთ,
უნდათ მომკლან, ისე შეუბრალებლად მეკიდებიან!..

მართა

ეგ მე და ჩემმა ნათლულმა ვიცით... წადი, წადი, ნუღა


იგვიანებ!..

პელაგია

მივდივარ, მივდივარ, ჩემო სიცოცხლევ!.. არაფერი


გეწყინოს, ჯვარი დაგწერე!... ახლავე აქ გავჩნდებით!..
(აჩქარებით გავა).

გამოსვლა მეორე
მართა, შემდეგ დარისპან და კაროჟნა

მართა

(შემობრუნდება, მივა ფანჯარასთან).

ეს ვინაა!? ჩვენსა ჩამოუხვია... უიმე! დარისპანი თავისი


ქალიშვილით!.. დასწყევლა ღმერთმა, საიდან გაჩნდა?
საიდან მოეთრევა? (გავა). მობძანდით, მობძანდი,
დარისპან ჩემო!..

დარისპან

აქა მშვიდობა!..

მართა
უი, შენ დაგენაცვლა მამიდაშენი!.. რამხელა გაზრდილა...
რავა დამშვენებულა... პირველად რომ შემოგხედეთ, ვერც
კი გიცანი... დაბრძანდი, დარისპან ჩემო!.. რავა
მშვიდობით, შენ გენაცვალე?..

დარისპან

გახლავართ, მართა ჩემო...

მართა

ჩემი რძალი ხომ კარგადაა?

დარისპან

მადლობელი ვარ... ვართ ისე, მართა ჩემო... რავარც


მოგეხსენება ჩვენისთანების ამბავი... შენ რაღა დაგიმალო,
მართა ჩემო, ჩემი სისხლ-ხორცი ხარ - აგერაც წელში
გავწყდებით... ნამეტან გაჭირვებაში ვიმყოფებოდით,
მარა ამ ქალიშვილებისაგან უფრო გვემატება გასაჭირი,
შენ გენაცვალე... შენ გაშორა ღმერთმა ეს დღე, ჩვენ რომ
გვადგია... ერთი გყავდა და ქე მოახერხე მისი გათხოვება.
ჩვენ კი ერთობ გაწვალებული შევიქენით, მართა ჩემო...
ოჯახს ვერ ნახავ, რომ სამი და ოთხი ქალიშვილი არ
ჰყავდეს გასათხოვარი და მთხოვნელი კი არსადაა, შენი
ჭირი შემეყაროს... არსად არის! რაღაც უბედურობამ გული
შეუცვალა ახლანდელ ყმაწვილებს... აღარ ეკიდებიან
ოჯახობას... ე გოგოები კი გვიყრიან სახლში და
გვიბერდებიან საცოდავად სახლში... ამას წინათ მაშვლით
მაინც მოახერხებდა კაცი საქმეს, ახლა იმათაც მიანებეს
თავი, მაშვლობას აღარ ჰკიდებენ ხელს - ვერასფერი
გამოსარჩენი ხვდებათ და ტყვილა წანწალით როდიღა
იწუხებენ თავს... სხვა გზა აღარ გრჩება გასათხოვარის
პატრონს - ისევ შენ თვითონ გამოძებნო და მონახო სადმე
სასიძო... არ დაგიმალავ, ჩემი სისხლ-ხორცი ხარ, შეხვალ
ჩემს გასაჭირში, დავათრევ ამ ჩემს ქალბატონს ყველგან -
ნათესავებში, კეთილებში, დღეობებში, - ეგებ ვისმეს ან
მოეწონოს, ან ვინმემ სხვანაირ გუნებაზე თვალი
გადაავლოს და გამანთავისუფლოს მაგისაგან... სად არ
ვყოფილვარ, ცის კიდე მაქვს მორებული, მართა ჩემო -
არაფერი იქნა!.. ახლა აგერ ერთმა, ჩემი ცოლის ნათესავმა,
შემომითვალა, მომიყვანეო... ვიღაც ყმაწვილი ყოლია
სახეში - ვაჩვენებო... მიმყავს იქ... აბა რა ვქნა, შენი ჭირი
შემეყაროს?.. უწინ თავად მოდიოდნენ სანახავად, ახლა
შენ უნდა მიუყვანო... რას იზამ!.. წანწალმა მომკლა,
მართა ჩემო... ეგებ ერთი კი გავათხოვო, მარა-რა, მადლი
აღარ აქვს ამისთანა გათხოვებას!.. შენთან შემოვუხვიე,
ეგებ ცოტა დევისვენო და შენც კარგა ხანია აღარ
მინახავხარ...

მართა
ბედია, დარისპან ჩემო... ყველაფერში ბედი მუშაობს...
სანამ თავის ბედს არ შეეყრება, არაფერი არ იქნება...
მოვა...

დარისპან

შე დალოცვილო, სანამ თავისით მიაგნებდეს, ე შვილი


კიდეც დამიბერდა, დამიუშნოვდა!.. დამახინჯებულსა და
დაგლახავებულს რომ შეხვდა საბედო, კი აღარ მოჰკიდა
ხელი, ქე დეიწუნა...

მართა

ამისთანა კარგ გოგუნის ვინ დეიწუნებს, რას ამბობ, შე


კაცო?.. ყოველთვის მოიწონებენ...
დარისპან

მოიწონებენ კი არა!.. სისხლი გამიშრო მე მაგან, მართა


ჩემო, სისხლი გამიშრო!.. ამ გზაში სულ იმას ჩავჩიჩინებ -
აი, ბოშო, სხვას რომ დეინახავ, თამამად იყავი, ხმა ამოიღე,
ენა მუცელში ნუ ჩაგივარდება, დაანახვე, რომ მუნჯი არა
ხარ... შენც არ მომიკვდე, ვერასფერი შევასმინე! - რავარც
ვინმე გარეშეს თვალს მოჰკრავს, ქეც დამუნჯდება, ქეც
დაყრუვდება, ქეც დაკუტდება... დაჯდომა თუ ერთი
მოასწრო, ააყენებ ზეზე? ისე დეეკოსება ერთ ადგილას,
რომ ვერას გზით ვერ ააგლეჯ ზევით... მომკლა მე მაგან!..
ვინ უნდა მოიწონოს?.. სახლში კი, მართა ჩემო, ოთხივე
რომ ლაქლაქს მოჰყვებიან, ზედ შენი რძალიც დეერთვის -
ჰმ, ყურთასმენაა წაღებული, მართა ჩემო.

მართა
კი, მამიდა, თამამად უნდა იყვე ყველასთან... ხმაც უნდა
ამოიღო... დეელაპარაკო კიდეც... თუ ყმაწვილი შეგხვდა -
უნდა გაუსრიალ-გამოუსრიალო თვალწინ... ვინ იცის, რა
თვალით შემოგხედავს!.. თავი უნდა მოაწონო... უფრო
მალე გათხოვდები, მამიდა!

დარისპან

სხვებრ, იცოცხლე, მართა ჩემო, ერთობ მარჯვე არიან;


ნამდვილ საოჯახო ქალები დარჩებიან... ხელსაქნარი, მე
შენ გეტყვი, არ ემარჯვებათ და არ იციან!.. წვრილფეხის
მოვლა, ფრინველის მოშენება. რამდენი ფრთა ქათამი
გყავდა წრეულს, ბოშო?

კაროჟნა

ორასი გამოტეხა... მარა ჭირმა გაგვიწყვიტა...


დარისპან

აბა, აბა!.. ერთობ დაგვაზარალა, მართა ჩემო, ჭირმა!..

მართა

არაფერია... გაისად უფრო მეტს მოაშენებს...

დარისპან

არ მინდა, შენ გენაცვალე!.. ქათამსა და ბატს


სამიდღემჩიოდ დავთმობ, ოღონდ კი მაგას პატრონს
მოვუნახავდე!..

გამოსვლა მესამე
იგინივე, პელაგია და ნატალია

პელაგია (მართას ჩუმად)

ხომ არ დამგვიანებია, შენ გენაცვალე?

მართა

არა, არა! დარისპან ქარსიძე... მათი ქალიშვილი... ღმერთო


მომკალი, ფუი ჩემს მახსოვრობას!..

დარისპან

კაროჟნა, მართა ჩემო, კაროჟნა!..

მართა
დავბერდი მე უბედური... გულმავიწყი შევიქენი!..
კაროჟნა, ჩემი ნათლიდედა პელაგია საბელაშვილისა...
ჩემი ნათლული, მათი ქალიშვილი.

დარისპან

დიდად სასიამონოა!.. სასიამოვნოა!..(ისევ ჯდება).

მართა

ნატალია ჩემო... მოდი შენ გენაცვალე, შენთან ცოტა საქმე


მაქვს! (გავლენ).

გამოსვლა მეოთხე

პელაგია, დარისპან და კაროჟნა


დარისპან (მოკლე სიჩუმის შემდეგ)

აქაური მცხოვრები ბძანდებით?

პელაგია

აქაური, ჩემო ბატონო!.. თითქმის მეზობელი ჩემი


მართასი...

დარისპან

კაი დაგემართოსთ!.. (მოკლე სიჩუმის შემდეგ) ერთობ


მარჯვე ქალია ეს ჩემი ნათესავი ქალი, ჩვენი მართა.

პელაგია

ნუღა ბძანებთ!.. მაგით გვიდგია მთელ ამ კუთხეს


სული!.. მაგაა ჩვენი შემხედვარე, ჩვენი შემბრალებელი,
დამრიგებელი, რჩევის მომცემი და მწყალობელი!..
უმაგისოთ რა გვეშველებოდა, ჩემო ბატონო?

დარისპან

ჰმ, საკვირველია... სადაც კი ფეხი ჩადგეს ჩვენი გვარის


ქალებმა - ყველგან სასახელოდ უჭირავთ თავი... დიდი
ღვთის წყალობაა, თქვენ ნუ მომიკვდებით, ასეთი
ამბავი!.. ასეთი სიკეთე გვაროვნობით რომ დაჩემდება...
სახელს უკეთებს გასათხოვრებსაც!..

პელაგია

კაი ოჯახი კაი შვილს გაზრდის, ჩემო ბატონო, რაღა


ლაპარაკი უნდა...
დარისპან

ჭეშმარიტი ბძანებაა!.. სწორედ ასეა!.. უკაცრავად, ვერ


გევიგონე კარგად თქვენი სახელი...

პელაგია

პელაგია, ბატონო ჩემო...

დარისპან

ჭეშმარიტი ბრძანებაა, ბატონო პელაგია... თამამად


შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ კაი ოჯახები გვაქვს
გვარში... თუ ყველას არა... ზოგიერთებს მაინც... ჩემს
თავზე მოგახსენებთ - რომ მობრძანდეთ ჩემს ოჯახში,
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერასფერს დამიწუნებთ,
თქვენ არ მომიკვდეთ!.. ერთობ გაწყობილი ოჯახი მაქვს!..
პელაგია

ღმერთმა მოგცეთ, ჩემო ბატონო!

დარისპან

შვილებიც ისეთები დამეზარდნენ, რომ თამამად


შემიძლია ვთქვა, ვის ოჯახშიც შევლენ - ოჯახს
გაანათლებენ, ისეთი ქალიშვილები მყავს, ბატონო
პელაგია!.. მამა ვარ და ვერ ვარჩევ, რომელი რომელს
სჯობია!.. რა არ იციან? ერთი თვალი რომ რამეს მოჰკრან,
მეტი არ უნდათ!.. ამას წინათ სადღაც ენახათ... კარხმალს
რომ ახლა უშვებიან... რას ურევთ, ბოშო, ამასწინათ რომ
მაყიდინეთ... შაურის იყო?

კაროჟნა
ბურია!...

დარისპან

დიახ, დიახ, ბურია... ისე აპრიალებენ, კარხმალიანი თუ


რამე შეხვდათ, რომ რომელი ქალაქის მრეცხავი
მოახერხებს!..

პელაგია

დიდი ღვთის წყალობაა, ჩემო ბატონო!..

დარისპან

ისე არიან გადამკვდარი საქნარზე, რომ გარეშე


მოსამსახურე არც ბიჭი და არც გოგო ახლოს არ გეიკარეს...
სახლში არ შემომაყვანიეს... თავის ხელით უნდათ აკეთონ
ყველაფერი!.. ღვთის წყალობაა ქალიშვილი ოჯახში!..
თქვენ რამდენი გყავთ, ბატონო პელაგია, ქალიშვილი?

პელაგია

სამი, ბატონო! თქვენ?

დარისპან

მე... ამიანათ ოთხი!.. დიახ, ოთხი!.. მარა გათხოვება


მეძნელება.

პელაგია

ჭირს, ბატონო... ერთობ ჭირს!..


დარისპან

არა... მენანება მოშორება!.. კაი ოჯახში ნამყოფი, კარგად


შენახული, თუ ისევ ხეირიან ოჯახში არ ჩააგდე, ცოდვაა...
ამიტომ უფრო არ ვეჩქარი მაგათ დათხოვებას... თვარა
მთხოვნელები ბევრი დამიდიან!..

პელაგია

ვისაც შეუძლია ქალიშვილის შენახვა, რა შეაწუხებს...

დარისპან

ვწუხვარ კი არა... ჰმ, ჩემისთანა მოლხენილი კაცი არ


მეგულება!.. არაფერი არ მაწუხებს!.. მივდი-მოვდივარ ამ
ჩემს ნათესავებში, კეთილებში, ნაცნობებში... ყველგან
კარი ღიად მხვდება, ყველგან უხარიათ ჩემი ნახვა...
პელაგია

ღმერთმა კეთილად გარონიოთ, ჩემო ბატონო!..


(ამოიხვნეშავს) ღმერთმა სიკეთე გმატოსთ!..
მოგახსენებენ, ბედნიერი ადამიანის დანახვით
გაჭირვებულს გული გეეხსნებაო...

.გამოსვლა მეხუთე

იგინივე, მართა და ნატალია

მართა

მოდი, მამიდა, რიგიანად ხმა გამეცი.

დარისპან
მიდი, ბოშო!.. (ხმადაბლა). მართა ჩემო, გზაში ცოტა
გევილახე... წინ კიდევ გვარიანი გზა მაქვს გასარები...
ერთი თუ თავი არ წავდევი, თვალი არ მოვხუჭე -
მოვკვდები კაცი!.. ავდგები მერე და გავუდგები ჩემს
გზას, მეშინია არ დამაგვიანდეს იქ მისვლა... ეგებ
მეშველოს რამე...

მართა

კი, შენი ჭირიმე... წამობრძანდი! (მიუძღვება ოთახში).

დარისპან

ბოშო, წამო შენც, ლაფჩინს გამხდი! (გავლენ).

გამოსვლა მეექვსე
პელაგია, ნატალია და შემდეგ მართა

ნატალია

ვინ არიან ესენი? (ეცინება).

პელაგია

კაია, კაი... ყველას შენ უნდა გაცინო!.. გოულანძღე


ნათლიაშენს ნათესავი - აამებ ძალიან... ფუი, თქვენს
ჩვეულებას!..

ნატალია

დამამუნჯე ახლა!.. ხმას ნუ ამომაღებინებ, ჰო!


პელაგია

გაჩუმდი, გეუბნები!.. რჩება აქ, შენ გენაცვალე?

მართა

წეიძინებს... ადგება და წავა თავისთვის...

პელაგია

ვაი თუ ის ყმაწვილი მაგის წასვლამდის მოვიდეს!..

მართა

მერე რა? (ნატალია ვითომდა ყურს არ უგდებს,


ფანაჯარაში იყურება).
პელაგია

ოთხი ქალიშვილი ჰყოლია... თუ ყმაწვილი მოეწონა, ეგებ


ქე შეაძლიოს ქალიშვილი... გადიყოლიებს... შეძლებული
ყოფილა...

მართა

ვინ? დარისპანი? საიდან გეიგე მაგ, პელაგია... ვინ გითხრა


თუ გიყვარდე?

პელაგია

თვითონ, შენ გენაცვალე!.. თვითონ გადმომიშალა


მთელად თავის ოჯახის ამბავი!

მართა
შეძლებული ვარო?.. უი მაგ უბედური, რომ არ შეუძლია
გარეშესთან არ მორთოს თავის ტრაბახობა!.. შენთან მაინც
რაღა ატრაბახებდა? რა ჩვეულება სჭირს მაგ უბედურს!..

პელაგია

მე კი გადამრია. ისეთები მომიყვა... (იცინის) გაქცევა


ვიფიქრე, შენ ნუ მომიკვდები... თუ ყმაწვილი მოეწონა-
თქვა, მაგასთან მე ვიღა დამიწყებს ლაპარაკს-თქვა...

მართა

თუ გინდა მართლა მდიდარი ყოფილიყო, მერე ამისთანა


გვრიტუნიას გავაქცევდი მის ქალიშვილთან, ღმერთო
მომკალი?! (ნატალიას) კარგი ხარ, შვილო... ყველაფრით
კარგი ხარ, მარა ერთი რამ მაინც უნდა გითხრა... დრო
მოვიდა, შვილო, ისეთი, რომ ყველა წუხს, ყველას
ნამეტანი გასაჭირი ადგია... ყმაწვილები ისე შეშინდნენ,
რომ ოჯახის მოკიდებას ერიდებიან, ქალიშვილებს ხელს
აღარ კიდებენ... ამისთანაში, შვილო, ჩხრეკა-ძიება და
რჩევა თუ აზარალებს ქალიშვილ ქალს, თვარა სიკეთეს არ
დააყრის... თუკი ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი, ცოლად
წაყვანა მოგინდომოს, ნუღარც კი კითხულობ რამეს...
ორივე ხელებით ჩეებღაუჭე, - არსად წაგივიდეს!..
მადლობაც უთხარი, რომ სხვას შენი თავი არჩია... თვარა
ეგ შენი სილამაზე გაგიქრება, ხანიც გადაგივა და მერე
აღარც კი შემოგხედავს ვინმე - ჩაბერდები
ქალიშვილობაში, შვილო... ისეთი დრო მოვიდა, რომ
ქალიშვილის გათხოვება ყველასათვის ნამეტანი გაჭირდა,
შვილო... თუკი კაცი გამოჩნდა, რომ შენი ჭმევა, სმევა,
ჩაცმა-დახურვა იკისროს - ნურც კი კითხულობ ბევრს
მისას...
პელაგია

ყური უგდე, ყური უგდე, შვილო!.. ოქროდ უნდა


გიღირდეს თითო ამისთანა დარიგების სიტყვა!.. ამ შენი
ნათლია-ბატონის მაინც შეისმინეთ რამე!.. ჩემი სიტყვა
ახლოსაც ხომ არ გეიკარეთ!.. რა გიყოთ მე უბედურმა!..
სამი მყავხართ... სამივე გასათხოვრები... სხვისი მაინც
გაიგეთ, თუ ჩემი არ გესმით...

ნატალია

მესმის, ბატონო, მესმის!.. ყრუ ხომ არა ვარ, დედა...

პელაგია

შებზიალდი, შებზიალდი შენებურად! ნათლიაშენსაც ნუ


დაერიდები!
მართა

კაი, პელაგია, კაი! ესმის, აბა არ ესმის?..

პელაგია

სიცოცხლე მაქვს მაგათგან გამწარებული, ჩემო


შემწყალებელო!..

მართა

დაწყნარდი... დამშვიდდი... ეგებ ამ საღამოს ღმერთმა


გაგვახაროს...

პელაგია
ვინ მოესწრება მაგას, შენ სულს ვენაცვალე!.. გული მაქვს
გატეხილი, კი აღარაფერი მჯერა...

მართა

მხნედ იყავ, პელაგია!.. აბა, შვილო, რავარც გითხარი...


ყველაფერი თავთავის დროზე, შენებურად კოხტად
შემოიტანე ყველაფერი...

ნატალია

კი, ბატონო!

მართა

შემოგხედოს, რა ჩიტუნია გვყავხარ... ეგებ ისეთი თვალი


გადაგავლოს, რომ თავათ შემოიხვეწოს შენი თავის
მიცემას! შენისთანა ლამაზი და კოხტა ქალიშვილი
ხანდახან ერთი თვალის დახამხამებაში გააგიჟებს
ზოგიერთ ყმაწვილს... თვალია ყოველისფერი!.. ამიტომ
უნდა ეცადო, სხვანაირად დაანახვო შენი თავი,
ქალიშვილმა ქალმა!

პელაგია (ხშირად ფანჯარაში იმზირებოდა).

მოდის, მართა ჩემო... მოდის... ნატალია... შვილო!..


(მივარდება კაბის გასასწორებლად) თმა, თმა გეისწორე!..

მართა (გადაიხედავს).

კი, ის არის... აბა, შევეგებოთ, ნატალია ჩემო! (მიდის).

პელაგია (აფუსფუსებული).
მართა ჩემო... შენი ჭირი შემეყაროს... ერთი თვალი
გადაავლე... ურიგოდ არაფერი ჰქონდეს! (ნატალია
წყრომით გადმოხედავს).

ნატალია

თავი დამანებე, ბატონო...

მართა

არაფერი არ უნდა, პელაგია... გვაცალე, ბატონო!..


(გავლენ).

პელაგია

ღმერთო, შემეწიე... ღმერთო, შემიბრალე... ღმერთო,


მოხედე ჩემს გაჭირვებულ ქვრივ-ოხრობას!.. (იხედება
გარეთ) ღმერთო, აღირსე ბედი ჩემს ნატალიას!.. ღმერთო,
ბედნიერი და კეთილი თვალით შეახედვინე ჩემი
შვილისათვის! (ისწორებს კაბას და თავსაფარს).

გამოსვლა მეშვიდე

მართა, პელაგია, ნატალია, ოსიკო და ონისიმე

მართა

მობრძანდით, თქვენი ჭირიმეთ... მობრძანდით!..

ონისიმე

აქა მშვიდობა!.. ოხ, ბატონ პელაგიას ვახლავართ!..

მართა (აცნობს ოსიკოს).


ჩემი ნათლიდედა გახლავსთ, პელაგია საბელაშვილისა...
დაბრძანდით, ჩემო ბატონო!.. ღმერთო ჩემო, რავა
შეუმჩნევლად ვბერდებით!.. გუშინდელი ბაღანა... ახლა
რას ვხედავ: დაწვერულვაშიანებული ვაჟკაცი და რა
ვაჟკაცი კაცი! შენ გენაცვალე... რა ბედნიერი ქალია ჩემი
ივლიტა! ხომ კარგადაა, შენ გენაცვალე?

ოსიკო

გმადლობთ, კარგად გახლავსთ...

ონისიმე

დიდი მეოჯახე ქალია... დიდი მეოჯახე!..

მართა
არ ვიცი?!. აი, ბეჩა, რა მეგობრობა გვქონდა ერთ დროს...
უერთმანეთოთ სულს არ დავბერავდით... ბედნიერი
ქალია!

ონისიმე

კიდევ უფრო ბედნიერი იქნებოდა, რომ მისი უფროსი


ვაჟის შვილი დეენახა... ერთობ წუხს, რომ რძალი სუსტი
ქალი გამოადგა შვილოსნობაში...

მართა

მის ადგილზე სულაც არ ვიჯავრებ მაგაზე!.. ერთს არა


ჰყავს - მეორეს ეყოლება!.. სხვის ხელში ხომ არ გადავა
მამული!.. აგერ, ჩემს ოსიკოს არ შეეძინება?! მზითვიან
ქალს მზითევით თავს აღარ მოატყუებინებს... მზითევი,
თუ კაცი მართალს იტყვის, ქალის ნაკლებულობის
შესავსებია, ღმერთმანი!.. ჩემი ოსიკო სხვებსავით
ვაჭრობას არ იკადრებს... შეხვდება სადმე ერთ ლამაზ,
კოხტა ქალიშვილს და თავათაც გულს გეიხარებს და
დედასაც გაახარებს მისი შერთვით!.. ასე არაა, ოსიკო
ჩემო? (ოსიკო იცინის).

პელაგია (თავისთვის)

შენ დაგენაცვლე მაგ მოქარგულ ენაში!..

მართა

რასაკვირველია... რასაკვირველია!..

ონისიმე
მზითევი მაინც არაა დასაკარგავი ყმაწვილებისაგან,
ბატონო მართა!..

პელაგია (თავისთვის).

გაგიხმა ენა!..

ონისიმე

ჩემს რძალს რომ მზითევი არ მოჰყოლოდა, სწორედ არ


შემოვუშვებდი შვილს სახლში... ყმაწვილმა თავი უნდა
დეიფასოს...

მართა

ჩვენ ძველებურად ვირჯებით, ბატონო ონისიმე!..


ახლანდელი ყმაწვილები მოწონებას უყურებენ მარტო...
მოწონებით იციან საქმის გათავება... არა, ოსიკო ჩემო? ი
შენი კაი დედა ნუ მოგიკვდება?

ოსიკო (ღიმილით).

კი, ბატონო!

ონისიმე

მამა გიცხონდება!

მართა

რასაკვირველია!.. ჭკვიანი, დინჯი, გაგებული ახლანდელი


ყმაწვილი კაცი მზითვის გულისათვის არ დაჰკარგავს
კარგს, ლამაზს, კაი ხასიათის და საოჯახოდ გამოსადეგ
ქალს!.. არა, ბატონო ონისიმე?.. ტყუილს ვამბობ, ოსიკო
ჩემო, შენ გენაცვალე?

ონისიმე

კი, ბატონო მართა...

მართა

გვაცალეთ, ბატონო!.. (ოსიკო იცინის, შემოდის კაროჟნა).


დარისპან ქარსიძის ქალიშვილი გახლავსთ! (კაროჟნა
ხელს ჩამოართმევს და დაჯდება თავისთვის) მართალს
ვამბობ, თუ ვტყუი, ოსიკო ჩემო?

ოსიკო

მართალია!
მართა

აბა, რა!..

ონისიმე

თქვენ ნუ მომიკვდებით, თქვენმა შვილმა რომ უმზითო


მოგაყენოსთ კარზე...

მართა

შემობრძანდი-თქვა, ვეტყვი და პირველ ადგილზე


დავსვამ, თუკი იმისთანა ქალი დამანახვა, რომ თვალსაც
იამა და გულსაც... ისე მე ვიცოცხლო, ასე ვქნა!.. კი,
ბატონო ონისიმე! მარა მარტო ეს მუსაიფი ხომ არ
გვეყოფა, ეს ღმერთმაც იცის და კაცმაც... (სიცილით გავა,
მას მიჰყვება ნატალია, მერე პელაგია. ამათ შემდეგ
კაროჟნაც შებრუნდება ოთახში, სადაც მამა მისი წევს).

გამოსვლა მერვე

ოსიკო და ონისიმე

ონისიმე (ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ)

ეს ჩვენი მასპინძელი რაღაც კრიმანჭულებით


გველაპარაკება... მგონი, იმ თავისი ნათლულის თავი
უნდა რომ მოგაწონოს... უკან რომ გეიყოლია მიფრინია-
მოფრინია!..

ოსიკო

აქვს რამე?
ონისიმე

ამ აბზეკილი ცხვირისა, წვრილი ტანისა, შეღებილი


წარბებისა და მარდი ფეხების, რასაც ხედავ, მეტი
არაფერი, ბიძიკო.

გამოსვლა მეცხრე

იგინივე, დარისპან, შემდეგ კაროჟნა

დარისპან

აზნაური დარისპან ქარსიძე!..

ონისიმე

ვეღარ მიცანით, ბატონო დარისპან?.. ჩემი ბიძაშვილის


შვილი ოსიკო ხარებაძე!..

დარისპან

ოჰ, ღმერთო მომკალი!.. მაპატიეთ, ბატონო ონისიმე,


ხშირად ამ ბოლო დროს გზაში ვარ ხოლმე გაკრული...
ერთობ ვილახები და იმის გამო... ეს ბავშვიც კი გამელახა
ნამეტანი!.. რას იზამ, ბატონო ონისიმე - ოჯახის პატრონი
კაცი ვერ დაკარგავ ვერც ნათესავს, ვერც კეთილს, ვერც
მოყვარეს... ამას კი დიდი მისვლა-მოსვლა სჭირდება.

ონისიმე

მართალი ბრძანებაა!.. დიდი ხანია აღარ გვინახავს


ერთმანეთი...

დარისპან
კარგა ხანია, ბატონო ონისიმე... ოჯახს ვუნდები... დიდი
სამძიმო საქმეა ოჯახი, ბატონო ონისიმე... თელათ კაცს
მოგინდომებს... ნამეტურ, როცა შენდა გუნებისად გაქვს
მოწყობილი...

ონისიმე

მართალია... მართალია!..

დარისპან

როცა ოჯახში გეგულება რამე!. უნდა მოგახსენოთ,


წინათვე ურიგო ოჯახი არ გვქონია... მარა ჩემი
მეცადინეობით, - თამამად შემიძლია მოგახსენო, -
სწორედ რომ კარგად მოვაწყე ამ ბოლო დროს. გიამებათ,
რომ შემობრძანდეთ, ბატონო ონისიმე, თქვენ ნუ
მომიკვდებით!.. პურით, ღვინით, სასმელ-საჭმელით!..
ერთობ შევმატე, ონისიმე ჩემო!.. ნამყოფ კაცსაც იამება...
გადავყევი კი!..

ონისიმე

დიდი ამბავია კაი ოჯახი, ბატონო დარისპან!.. დიდი


შეღავათია!.. იმით მაქვს გული გახსნილი, ოჯახი რომ
სავსე მეგულება!.. თქვენ ნუ მომიკვდებით, დარისპან,
ჩემი თეთრი ღვინო რომ გამახსენდება, - ერთი ხუთი
საპანე მისხია, - გულს იმწამსვე ყოველივე დარდი
გადამეყრება...

დარისპან

კმაყოფილად რომ მიყურებენ, თქვენ ნუ მომიკვდებით,


ისეთი პირები მსტუმრობენ, რომ ზოგიერთ
თავადიშვილს არ იკადრებენ... ჩემ ოჯახში კი
მოუხარიათ!.. (სიამოვნებით იცინის) დიდ პატივისცემაში
ჰყავთ ამ უცხო და განათლებულ პირებს ჩემი ცოლ-
შვილიც...

ონისიმე

დიდი განძია კაი ოჯახი!.. დიდი განძია, დარისპან ჩემო!..


მარა დიდი სადავიდარაბოც, - კარი მუდამ ღია უნდა
გქონდეს... სტუმრიანობასა და მისვლა-მოსვლას დიდი
ამბავი სჭირდება!.. ვისაც არაფერი აქვს, უფრო
თავისუფლადაა, თქვენ ნუ მომიკვდებით... ჩვენ
ნამეტანიც გვემართება ხშირად...

დარისპან

უნდა გავუძლოთ!.. (ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ)


ქალიშვილები რამდენი გყავთ, ონისიმე ჩემო?

ონისიმე

სამი...

დარისპან

ისემც კაი დაგემართოსთ!..

ონისიმე

კაი არაა, მარა რა ვუყოთ... თავთავისი ყველას


გადადებული აქვს... ვისაც ამოირჩევენ და მოიწონებენ,
იმას გავატან, თუ არა და იყვნენ... ჩავაცმევ, დავახურავ,
ფეხშიშველს არ გავარონიებ და...
დარისპან

დიდი ღვთის წყალობაა!.. სანამ კარგ ყმაწვილს არ


შეხვდება, არც კარგი მშობელი და არც გონიერი
გასათხოვარი, რასაკვირველია, საქმეს არ გადასწყვეტს...
იცოცხლეთ, მთხოვნელები ბევრი დამიდიოდეს... მარა,
სანამ კარგს არ შევხედავ, რაზე გავაგდო ჩემი
მასიამოვნებელი ქალი ოჯახიდან?

ონისიმე

ნამდვილია... ნამდვილია!..

გამოსვლა მეათე

იგინივე, მართა, პელაგია და ნატალია


მართა

(ნატალია აწყობს სუფრას)

ნურას უკაცრავად, ბატონებო, ასე მიგატოვეთ! ჩემი


მარტოხელობის ბრალია... (ოსიკოს) ასე აწვალებთ
ახლანდელი ყმაწვილები მოხუცებულ დედებს დროზე
შემფარავის მოუყვანლობით!.. კაია, რომ კიდევ ამისთანა
მარჯვე ნათლული მყავს!..

ონისიმე

აგერ ძველი ნაცნობობა განვაახლეთ, ბატონო მართა, მე


და ბატონმა დარისპანმა და საგულისხმიერო მუსაიფში
გავებით...

მართა
კაი დაგემართოსთ!.. მაგას რაღა სჯობია! (ოსიკო
ონისიმესთან გადადის).

დარისპან

კაროჟნა ბოშო, შენ რავა გაჩერებულხარ? დატრიალდი


შენებურად!.. მამიდაშენს მოეხმარე!

მართა

რაზე მიწუხებ, დარისპან?

დარისპან

რა შეაწუხებს?! მე შენ გეტყვი, არ ემარჯვება


მაგისთანები!
მართა

იყავი, მამიდა!.. მყავს ამისთვის აგერ ჩემი ნათლული!

დარისპან

მუხლებს მაინც გეიმართავს: ზეზე არ ამდგარა რა ხანია!..


ჰო, მიდი ბოშო!.. (კაროჟნა ხან რას შემოიტანს, ხან ისე
დაჰყვება ნატალიას. დარისპანი ხმა დაბლა მართას)
მართა ჩემო, ეს ყმაწვილი ცოლსათხოვი უნდა იყვეს
ვატყობ, ისე გამოიყურება...

მართა

არ ვიცოდე, შენ არ მომიკვდე!..


დარისპან

კი, ასე უნდა იყვეს!.. უნდა მომეხმარო, შენ გენაცვალე!..

მართა

რაში?

დარისპან

კაროჟნა უნდა შევაძლიო... ბიძამისს შემიძლია მივმართო,


- ერთობ პატივისმცემელია ჩემი,- სიხარულით კიღამ
გადაირია, რომ დამინახა, მარა შენი სიტყვა მირჩევნია,
მართა ჩემო!.. ახლავე უნდა გადამიწყვიტოს!..

მართა
დარისპან, ასე რავა დავეტაკო... ჯერ ფეხიც არ
შემოუდგამს სახლში... სამერმისოდ გადავდვათ...

დარისპან

სწორედ არ შემიძლია!.. მერე სადღა ვსდიო მაგას - აგერ


მყავს და ბარემაც ახლავე გავიგებ ყველაფერს!..

მართა

დარისპან, რომ დამკლა, არ შემიძლია ახლა მაგაზე


ლაპარაკი!..

დარისპან

უკაცრავად შეწუხებისათვის!.. (განშორდება


უკმაყოფილოდ) დასწყევლოს ღმერთმა, შენი სისხლ-
ხორციც ორგული გიხდება დღეს!..

პელაგია

(მართასთან მივა. ხმადაბლა).

რას გეხვეწებოდა, შენი ჭირი შემეყაროს?

მართა

სისულელე მაგისი!..

პელაგია

შემეწიე... ღვთის გულისათვის შემეწიე... ღმერთი


შეგეწევა!
მართა

ჰო, კაი, კაი!.. (მიიწვევს ჩაიზე) ბატონო ონისიმე, ოსიკო


ჩემო...

დარისპან

უკაცრავად ვარ ასე მცირედისათვის, მარა რაც


გაგვეწყობოდეს!..

ონისიმე

გმადლობთ... ახლავე გიახლებით! (ისევ დარისპანს


ელაპარაკება).

მართა
შენ მაინც მობძანდი, ოსიკო ჩემო! იმათ ისაიდუმლონ!
(მიაწვდის სტაქან ჩაის) ეს სტაქანი უსათუოდ
საგულდაგულოდ შენთვის დაუსხამს ამ ქალიშვილს...
იმწამსვე შევატყვე, რავარც შევხედე!.. უსათუოდ გემოსაც
სხვანაირს ჩაატანდა!.. აბა ნახე, თუ ასე არაა!.. (მიაწვდის).

ოსიკო (იღიმება).

გმადლობთ!..

მართა

კაროჟნა, რავა ზიხარ მარტოდ, შენ გენაცვალე?

კაროჟნა

რა მიჭირს, ბატონო?.. (ადგება და გასდევს ნატალიას,


რომელიც ხშირად მიდი-მოდის. შემდეგ პელაგია
მოისვამს გვერდით და მუსაიფში შეყოლას ცდილობს).

მართა

იმათ იმუსაიფონ იქ, ჩვენ არაფერი დაგვაკლდება! ეს ჩემი


ნათლული, როგორც ეტყობა, თავს გვყვება, - არაფერი არ
ეზოგება, რაც კი სახლში მონახა, აგერ გვიწყობს წინ!..
(ნატალიამ მურაბა დადგა) ეს მურაბა ამ ყმაწვილს?
ნამეტანს უშვები, შენ გენაცვალე!.. ასე უცბად მოგაწონათ
თავი ამ ბედნიერმა კაცმა? (ნატალია გრეხით გაშორდება)
ცუდი ნათლული მყავს, ოსიკო ჩემო? ა? ხომ კოხტა
გოგონაა, ის შენი კაი დედა ნუ მოგიკვდება, ა? ხომ
კარგია?

ოსიკო (ღიმილით)
კი, ბატონო!

მართა

ჰო, მცოდნია მე ყმაწვილი კაცების გემოვნების ამბავი,


მცოდნია (იცინის) ყველგან კი ვერ შეხვდები ამისთანას!..
შენც არ მომიკვდე!..

დარისპან

კაროჟნა, ბოშო, აქ მოართვი ჩაი, ბატონ ონისიმეს!..


(ნატალია გადახედავს პელაგიას და ნელა იცინის.
კაროჟნა წამოდგება, აიღებს სუფრიდან ჩაის და მიაქვს).

მართა

გაგვიდექით, გაგვიდექით განზე, განა?.. (კაროჟნას


გაუვარდება ფინჯანი და გატყდება).

დარისპან (წამოვარდება).

რა ეშმაკებმა დაგირბინეს მაგ ხელებში, შე უხეირო?


(კაროჟნა ბოჭავს ნატეხებს და ნატალიაც ეხმარება).

მართა

არაფერია, არაფერი... რა ვუყოთ!..

დარისპან

ძალიან არ დამიმოწმა თავის სიმარჯვე!.. არა,


გამოუბრუნებლად რავა გაგლახა მგზავრობამ, შე
შერცხვენილო!..
მართა

რაზე კლავ მაგ ბოვშს, დარისპან, ერთი ჭიქის


გულისათვის?..

დარისპან

არა... თავის დღეში რომ არასფერი გატეხია ხელში... რაღა


ახლა აქ მოუვიდა მარცხი!.. მთელი ოჯახი მაგის კისერზეა,
მაგაა ჩემი ამშენებელი... თავის დღეში ოჯახისათვის
არაფერი უზარალებია...

ონისიმე

აქ მობრძანდი, დარისპან... საჯავრებელი სხვაც ბევრი


გვაქვს... ერთ ფინჯანს ამისთანა სუფრას რავა
გადააყოლებს ადამიანი... (დარისპანი მივა სუფრასთან)
დაბრძანდით... დაბრძანდით!..

მართა

მოითმინეთ, ახლავე ყველას გაგამხიარულებენ ეს


ყმაწვილები... ესენი თუ ერთი არ ვათამაშე, რავა
შემიძლია ისე!.. რას იტყვით ამაზე ბატონო ონისიმე?

ონისიმე

(ითლის და ილუკმება)

ძალიან მოუხდება ამ სუფრას, ღმერთმანი...

მართა

შენ უნდა იცოდე, კაროჟნა ჩემო, ბუზიკა?


კაროჟნა

კი, ბატონო...

დარისპან

რავა არ იცის!

მართა

აბა, ნატალია ჩემო, წამოდი ჩემთან... მომანახვინე, საცხა


მაქვს შენახული... (გავლენ).

დარისპან

არა, ამ ჩემმა ქალბატონმა რომ თავი გამოიჩინა, ჰმ? თავის


დღეში არაფერი გაუტეხია, უცნაური მარჯვეა...

პელაგია

რა ვუყოთ, ჩემო ბატონო... შეხდომაა...

დარისპან

ჰმ, რავა რა ვუყოთ? შე დალოცვილო, ვინც ამბავი არ იცის,


სხვნაირად იფიქრებს...

ონისიმე (ოსიკოს).

ერთობ მოწადინებულია, ქალიშვილი მოგათხოვოს...

ოსიკო
აქვს რამე?

ონისიმე

გევიგებ... ძალიან კი იჩარჩება!..

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე, მართა და ნატალია გარმონიკით

მართა

აბა, მამიდა, დაუკარი, შენ გენაცვალე!..

პელაგია (მართას ხმადაბლა)

მოილაპარაკეს, მართა ჩემო...


მართა

ნატალია, აბა შენებურად ჩამოგვიქროლე!.. (ნატალია


იგრიხება).

პელაგია

არ გესმის? (კაროჟნა უკრავს გარმონიკს, ნატალია


ცეკვავს).

მართა

(გვერდით მიადგება ოსიკოს).

მარგალიტია, მარგალიტი!.. შენ არ მომიკვდე, მეორე


ამისთანა ძვირად სადმე შეგხვდეს... სული ნუ
წამიწყდება, რომელ ოჯახშიც შევა, სწორედ გაანათლებს
იმ ოჯახს!.. სული ნუ წამიწყდება!.. (ნატალიამ გაათავა
თამაში) ახლა ორივემ, ორივემ!..

ოსიკო

არ ვიცი თამაში, ბატონო მართა.

მართა

კაი, დედა ნუ მოგიკვდება!.. ორივემ, ორივემ!.. ერთი


შემახედვინეთ, რავა დაშვენდებით ერთმანეთს! (იცინის).

ოსიკო

ღმერთმანი, კაი ხანია არ მითამაშნია!..


მართა

თავი დაუკარი, ყმაწვილო!.. არ შეიძლება, უსათუოდ


უნდა ითამაშოთ ორივემ ერთად!...დაუკარი, შენ
გენაცვალე!.. ნატალია, თხოვე, თხოვე! (ნატალია თავს
უკრავს, ცეკვავენ).

პელაგია

ისინი კიდევ ჩურჩულობენ, მართა ჩემო!..

მართა

პელაგია, მაცალე თუ გიყვარდე!.. ბრავო!.. ბრავო!..


ონისიმე ჩემო, ამათ შეხედეთ... რავა შვენით! (ოსიკო
გაათავებს ცეკვას, იქით წავა, იწმენდს ოფლს).
ონისიმე

კაი მოგცეთ ღმერთმა... ორივე კარგები არიან, სწორედ!..

დარისპან

(მივა კაროჟნასთან. ონისიმე მართასაკენ მიიწევს და


ელაპარაკება).

აბა ახლა, ბოშო, შენ, კაროჟნა, გამოდი!..

პელაგია

ჩემმა ნატალიამ რომ არ იცის ბუზიკა, ჩემო ბატონო!..

დარისპან
არაფერია!.. ბოშო, ქე რომ იცი... ქეც დაუკარი, ქეც
ითამაშე!..

მართა

ცარიელი ენაა მაგ საწყალი!.. ტრაბახობასაა


გადაყოლილი!..

დარისპან

რას უყურებ, ბოშო? ჰე? (კაროჟნა ააჭიჭყინებს


გარმონიკს).

მართა

ნუღარ სწუხდები, შენ გენაცვალე! ნუღარ სწუხდები!..


(ონისიმე და ოსიკო აივანზე გადიან).
დარისპან

ჩამოუაროს ამანაც... რა უჭირს, მართა ჩემო! ისიამოვნონ!..

მართა

ვიღამ? ისინი, ე, აივანზე გავიდნენ!.. (ჯერ ნატალია გავა,


უკან კაროჟნაც გაჰყვება. პელაგია გულმოსული განზე
დგას).

გამოსვლა მეთორმეტე

მართა, პელაგია და დარისპან

მართა
გადამეტებული არაფერი არ ვარგა, დარისპან!..

დარისპან

მაკვირვებ, მართა ჩემო! ჩემი სისხლ-ხორცი ხარ... უნდა


მეწეოდე... შენ კი, პირში გეტყვი, უკან მიყენებ შვილს!

მართა

ახირებული თუ გინდათ, ეს არის!..

დარისპან

ბრმა კი არა ვარ, შენ გენაცვალე!.. კარგად ვხედავ


ყველაფერს!..

მართა
გინდა მაწყენიო, სხვა არაფერი, დარისპან!..

დარისპან

რა ვქნა!.. რაღაზე მიმალავ - ცხადია, შენს სისხლ-ხორცს


ივიწყებ და სხვისთვის ფიქრობ!.. პირში გეუბნები, რა...

პელაგია

(გაჯავრებით წინ წამოიჭრება).

ძალიან უკაცრავად ბძანდებით, ჩემო ბატონო! ჩემს


შვილს გთხოვთ, თავი დაანებოთ!.. არავისაგან წარამარა
სახსენებელი არ გახლავსთ... არა!..

დარისპან
არც უხსენებია ვისმეს!..

პელაგია

თქვენ თუ ხვდებით რამეს, ჩვენც სულ გამოტვინებული


და სმენა მოკლებული ტყვილა გგონივართ! თქვენ საქმეს
ვერ ახერხებდეთ - ჩემი შვილი რა ხელწამოსაკრავია!

მართა

კარგია, პელაგია! არავინ გაგიგონოსთ, ღმერთო


მომკალი!.. სირცხვილია!..

პელაგია

არავინ ხელის შემშლელი არა გყავთ, ჩემო ბატონო...


არავინ არ გეცილებათ მაგ ყმაწვილში!

დარისპან

სულაც არ ვწუხვარ მაგაზე... თუკი საქმე მოვინდომე,


თქვენი შეცილებით დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,
ვერასფერს დამაკლებთ!.. თქვენ არ მომიკვდეთ, თუკი
საქმე მოვინდომე!..

პელაგია

მონდომებული ხართ და ეს არის!.. ვერ ვხედავთ თუ?..

დარისპან

თუ გინდ ასეც იყოს - მერე რა?.. რა მერე?


მართა

სირცხვილში ნუ მაგდებთ, ღმერთო მომკალი! ეს რა


ამბავია?! პელაგია, გაშორდი, თუ ღმერთი გწამს!..

პელაგია

გავშორდები, ბატონო, გავშორდები!.. თავიან-ფეხებიანად


მიირთვან მათგან მოწონებული ყმაწვილი... ოღონდ ჩემს
შვილს თავი დაანებონ!.. ტყუილუბრალოდ ნუ
მიხსენებენ... ნუ, ნუ მიხსენებენ! (გავა გაჯავრებული).

დარისპან

გასაკვირველია, ღმერთმანი, ზოგიერთის საქმე!..

მართა
გასაკვირველი შენი საქციელია, დარისპან... ჩხუბითა და
დავიდარაბით რა უნდა გეიტანო?

დარისპან

ბატონო, შემოგეხვეწე დახმარებას - უარი მითხარი... მე


ჩემით ვარიგებ საქმეს... რა იქნა ამისთანა? შე
დალოცვილო, ვცდი, ეგებ ჩემი შვილის ბედი იყვეს!.. რას
ვშვრები ამისთანას, გზას რომ მიკრავთ ყოველ მხრიდან?..

მართა

ვინ გიკრავს გზას, ყმაწვილო?

დარისპან
თქვენ... შენ და ეს შენი ნათლიდედა...

მართა

ჰმ, ახირებული თუ გინდათ ეს არის...

დარისპან

შემოტანაზე ხელი არასფერს მოაკიდებინეთ ბოვშს...


თამაში არააო საჭირო... იმისთანა დროს რაღაც
წამოიძახეთ, რომ ჭურჭელი თავზე გადაამსხვრევინეთ იმ
უცხოებისათვის... მეტი ხელის შეშლა იქნება? შენ გინდა
მოაწონო შენი ნათლული... ბატონო, შეხედოს ჩემს
შვილსაც, რომლის ბედიც გასჭრის, ის იქნება და ის... რა
საწყენია ახლა ეს?

მართა
არავის არ წყინს... არავის... არა... ოღონდ ჩხუბს თავი
დაანებე, თუ ღმერთი გწამს!..

დარისპან

მართალია, შენს სახლში ვარ, მარა, უფროც რომ


გეწყინოსთ, უკან ვერავინ ვერ დამახევინებს, მართა!..
შენც არ მომიკვდე!.. უფრო მეტიც რომ დამესიოთ... გზა
შემიკრათ, - ჩემი უნდა ვქნა! მე შენ გეტყვი, ყოველ
ნაბიჯზე გხვდებოდეს ისეთი ყმაწვილი, ცოლის თხოვნას
რომ ეპირებოდეს!..

მართა

ბატონო, რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ ჩხუბსა და


დავიდარაბას ამაშორე!
დარისპან

ჰმ, იმ გამჭკნარ ნათლიდედას თუ აგრე სული უწუხს


სამი ქალიშვილის სახლში ჯდომით... მე, შე დალოცვილო,
ოთხი მყავს... ოთხი მყავს!.. ყოფილიყავი ჩემს ადგილას,
გნახავდი, რა ამბავშიც იქნებოდი, კი... (გადის აივანზე
გაჯავრებული).

მართა

ჰმ, წინდაწინ ვიცოდი, ამისთანა ამბავს დამაწევდა მაგ


შეჩვენებული!.. ტყუილა კი არ დამცეცხლა, ეზოში რომ
ფეხი შემოდგა... შენმა სიცოცხლემ, შენ მე გზა გადამიარო!
(მიდის აივნის კარებთან). ოსიკო ჩემო, არ დაგგრილოს,
შენ გენაცვალე, ნათამაშები ხარ... გაოფლიანებული ხარ!..
აქ შემობრძანდი, შენი ჭირიმე... არ გაცივდე!..
ოსიკო

არა, ბატონო! (შემოვა).

გამოსვლა მეცამეტე

მართა და ოსიკო

მართა

აგერ დაბრძანდი, შენ გენაცვალე!.. (ღიმილით და


ეშმაკურად) შენთან ერთი საიდუმლო მაქვს... კი ნუ
იუცხოვებ ჩემს სიტყვას... დედა-შვილობამ, ჩემი ივლიტეს
სიყვარულობა მალაპარაკებს - თვითონ ის მოგიყვება, თუ
რა სიყვარულობა გვქონებია ერთმანეთში... მწარე გულით
მონდომებული ვარ, მისი ჭირი შემეყაროს, რომელიმე
უხეირომ მის კაი ოჯახში ფეხი არ შედგას - ახლა ყველა
აჩრის ყმაწვილებს ქალს, ადვილადაც შეაცდენენ კიდეც
გამოუცდელ ყმაწვილს - ძვირფასი მისი სიცოცხლე და
მისი კეთილი და საყვარელი გული არ დამეჩაგროს!..
დროა აწი შენთვის, დედაშვილობამ, ოჯახს მოეკიდო, ის
შენი კაი დედის გულიც გაახარო შენი ბედის დანახვით.
თქვენი ოჯახის სიკეთე რომ მსურს სულითა და გულით,
იმიტომ გეთამამები და ასე პირდაპირ გეუბნები, თვარა
სხვისათვის ენასაც არ გავანძრევ!.. არ მომიკვდეს შენი
თავი!.. იმ ჩემს ნათლულს რომ უყურებ, შეხედულობით
ხომ არი და არი - უკეთესობა რაღა მოეთხოვება ქალიშვილ
ქალს... თვითონ ხედავ, შენ გენაცვალე, ამასთანავე რა
ძვირფასი ხასიათი, საოჯახო საქმის მცოდნე,
მოხერხებული სიტყვა-პასუხი... გამოგაჩენს კაცთან!
ოჯახს გაანათლებს, დედაშვილობამ, ოჯახს
გაანათლებს!.. გადამეტებული ერთგული ოჯახისა და
ქმრისა - მეორე ძნელად თუ გამოვიდეს მაგისთანა!..
მზითევზე თუ იტყვის კაცი, შენისთანა ყმაწვილი არც კი
უნდა გამოეკიდოს მზითევს!.. დედაშვილობამ, ძვირფასი
ცოლი გეყოლება ყოველნაირად!.. ნუ დაჰკარგავ ამისთანა
ძვირფას ქალს!.. ენდე ჩემს სინდისს, სასარგებლო და
საბედნიერო საქმეს გირჩევ!..

ოსიკო

მადლობას მოგახსენებთ... მარა...

მართა

რა მარა, შე კაცო?.. მერწმუნე, შესადარს ვერსად ნახავ...

ოსიკო

დანიშნული მყავს, თვარა თქვენს რჩევას...


მართა

დანიშნული გყავს?! მომკალი და აქამდისინ არ გამახარე?!


გაგაბედნიეროს, შვილო, ისე, რავარც შენ გუნებას
ენატრებოდეს!.. ერთობ გამხარებია, შენ ნუ მომიკვდები!..
ერთობ გამხარებია!.. რატომ მიმალავდი მერე, შე კაი
კაცო?..

ოსიკო

არა, ბატონო... შემთხვევა არ მქონებია მეთქვა...

გამოსვლა მეთოთხმეტე

იგინივე, ონისიმე და დარისპან


ონისიმე

ბიძიკო, აღარ წევიდეთ აწი? გაგიტკბა, მგონი, აქ ყოფნა!..

მართა

თქვენ მაინც რატომ არ გამაგებინეთ, ბატონო, ონისიმე,


რომ ჩემს ოსიკოს დანიშნული ჰყოლია, ა?

დარისპან (გაოცებით).

დანიშნული ჰყოლია?!

ონისიმე

მეც ახლა გევიგე, თქვენ ნუ მომიკვდებით! აგერ, ამ


თქვენს აივანზე რჩევას ვაძლევდი, ერთ-ერთი ამ ჩვენს
ქალიშვილებში ამოერჩია, - უკეთესს სადღა ნახავს, - საქმე
გეეთავებინა, და მაშინ გამომიცხადა თავისი ამბავი, და
მართალი უნდა მოგახსენოთ, კილოზედ შევატყვე, რომ
შენანებულია, ამ ქალიშვილების დანახვის შემდეგ, რომ
ცოტა აჩქარებულა მაგ ჩემი ნათესავი კაცი და სხვაგან
გაუთავებია საქმე...

მართა

სანანებლად ღმერთმა ნუ გაუხადოს, თვარა დროით


სჯობია შეცდომის გასწორება... სანამ კიდევ მოეხერხება...

დარისპან

რასაკვირველია, რასაკვირველია!..

ოსიკო
მშვიდობით ბძანდებოდეთ!..

მართა

დიდად მესიამოვნებოდა, რომ არ აჩქარებულიყავით...

ოსიკო

გმადლობთ... ხვალ ადრე უნდა გიახლოთ...

ონისიმე

დილით აპირობს გაბრუნებას, სწორედ!.. მშვიდობით


ბრძანდებოდეთ!

(პელაგია, ნატალია და კაროჟნა შემოდიან.


გამოეთხოვებიან. გაჰყვება მართა).

დარისპან

წამო, ბოშო, შენ აქ!.. (კაროჟნა მიჰყვება იმ ოთახში, სადაც


დარისპანს ეძინა).

გამოსვლა მეთხუთმეტე

პელაგია და ნატალია

პელაგია

დანიშნული ჰყოლია მაგ ოხერს!

ნატალია
რა იყო ახლა... რას გამორჩით, რომ მაიმუნივით
მაჩანჩალეთ ვიღაც ოხრის წინ? რას გამორჩით?

პელაგია

დეიწყე... დეიწყე შენებურად!.. მოგეცა მიზეზი...

ნატალია

სიკვდილი სჯობია თქვენს ხელში ყოფნას. სიკვდილი!..


არც კი გესმით, რას ჩადიხართ!.. დეინახავთ ვიღაც ოხერს
თუ არა და...

პელაგია

აბა, რა ვქნა, შე დაწყევლილო, რა ვქნა, რა? მასწავლე


ერთი... ღმერთმანი, აღარ ვიცი, რა შავ წყალში
გადავვარდე!.. შე უკუღმართო, თუ კაცს შენი თავი არ
დაანახვე, შენი ღირსება არ აჩვენე, ისე რომელი სულელი
მოგკიდებს ხელს? რომელი გადარეული გეცემა, ცოლად
წამომყევიო?

ნატალია

გადარეულებიც და სულელებიც თქვენვე ხართ!

პელაგია

გაგიხმა მაგ მწარე ენა, შვილო!.. მაგ მწარე ენა გაგიხმათ!..


რატომ გაუჩნდით თქვენ თქვენს დედას საწვალებლად,
რატომ, რატომ?

ნატალია
არავინ არ გაწვალებთ... თქვენ იწვალებთ თავს...
თქვენვე... თავი დაგვანებე... ათასჯერ მითქვამს!..

პელაგია

ათასნაირად ვეწვალები, თავს ვაკლავ - კაცმა ხელი არ


მოგკიდათ... თავი რომ გაგანებოთ, ვიღა შემოგხედავთ,
თქვე შავ დღეზე გაჩენილებო, ვიღა?.. უნდა ჩაბერდეთ
თქვენს ნაცარში, თქვე უბედურებო?!

ნატალია

ჩავბერდებით - ჩავბერდებით!.. რა ვქნათ ახლა?

პელაგია

უმადურებო, უმადურებო!.. ჩემი შრომის მაგიერია!.. ვაი


დედითქვენის ბრალი... ვაი დედითქვენის ბრალი თქვენს
ხელში!.. (გულდაწყვეტილი გადის. ნატალიაც უკან
გაჰყვება, შემოდის დარისპანი).

გამოსვლა მეთექვსმეტე

დარისპან და კაროჟნა

დარისპან

ხომ არაფერი დაგვიწყებია, ბოშო?

კაროჟნა

ყაბალახი რა უყავი?

დარისპან (დაიხედავს).
ჰმ, დაძებნე, იქ ეგდება სადმე... ყაბალახი კი არა, რატომ
ჩემი თავი არ მავიწყდება, რაც შენი გულისათვის მე
უსიამოვნობა მხვდება!.. რა ვქნა, რა გაჭირდა ერთი
ქალიშვილის გათხოვება! ჩამრჩენია ხელში და ეს არის...

კაროჟნა

მიაგდებ ყოველთვის სადმე... (ყაბალახს გამოიტანს და


ბეჭებზე მოახვევს).

დარისპან

შენ მიგაგდებდე სადმე, შვილო, რამენაირად და ამისთანა


ყაბალახს, თუ გინდა, ათასს ჭირი მოუჭამია!

გამოსვლა მეჩვიდმეტე
იგინივე და მართა

მართა

მიემგზავრები, დარისპან?

დარისპან

გოვუდგები გზას, შენი ჭირიმე... რაღას შევაჩერდე აწი...


ნეტავი ადრეც გამედგა ფეხი... ერთი წამით შემოვიარე და
უსიამოვნების მეტი რა მოგაყენე?! ჭურჭელი
დაგიმტვრიე, კიღამ ჩხუბი აგიტეხე...

მართა

კაი, თუ გიყვარდე!.. რა იყო ამ გლახაკმა წასვლისას რომ


დაგვახალა, დანიშნული მყავსო?.. დიდი ამბავი არ
გამოგვიცხადა?! ჰმ... ორ სიტყვას ძლივს უყრის თავს და
რავა მოაქვს თავი!.. დავასხი ლაფი!.. დედამისის
პატივისცემით, თვარა სულაც სახლში შემოსაშვები არ
იყო!.. დედამისივით იპრანჭება და იგრიხება! მაგისთანა
ყმაწვილისათვის რავა ავწრიალდები!.. აჩქარებული კაცი
ხარ, დარისპანი ნუ მომიკვდება!..

დარისპან

ჰმ!.. ნუ აჩქარდები, შენ გენაცვალე... ამას გარდა სახლში


სამი ამხელა მიზის კიდევ... სამი ეგერ შენს ნათლიდედას
ჰყავს... სამი იმ დიდ ბატონ ონისიმეს... რომელ ოჯახს
ნახავ, ასე არ იყოს?.. ნუ აჩქარდები, როცა ამდენ
ქალიშვილებზე ძლივს ერთ-ორ ცოლის მთხოველ
ყმწვილს ხვდები მხოლოდ! ნუ აჩქარდები - ყველა
ჩაგაბერდება ხელში... მოვკვდი, მართა ჩემო, მოვკვდი,
ისეთი ცეცხლი მადგა ამათთაგან!.. ნამეტანი გავწვალდი!..
აღარ ვარ კაცი... თუ ხვალაც ვერასფერი გავარიგე იმ ჩემი
ცოლის ნათესავისას, უნდა გავანებო თავი ყოველივე
მაცადინობას. აღარ შემიძლია მეტი! გაგიძღვეს, შვილო
აწი დედაშენი... იარეთ ხან ფეხით, ხან ურმით, თუ კიდევ
ვინმემ გათხოვათ - ცხენითაც... აწი თქვენ ეძიეთ სასიძო
კაცი!.. მე აღარ შემიძლია მეტი... აწი დედაშენმაც
გამოსცადოს, რაც მე ამ შენს პოწიალში გამოვცადე!..

კაროჟნა

ჩემი რა ბრალია, ბატონო... ყოველთვის რომ ასე


მომსდგები?

მართა

უი, შენ გენაცვალე! შენი რა ბრალია, შვილო!


დარისპან

აბა ვისი გულისთვის ვწვალობ ასე, ბოშო?

კაროჟნა

მე არ გთხოვთ გათხოვებას... ვიქნები ჩემთვის!

დარისპან

იქნება მისთვის... ჰმ! შენახვა არ გინდა, ქალბატონო? ვერ


შეგინახეთ ყველა, ბოშო, ვერა... მინდა პატრონს
ჩაგაბაროთ... რომ ვერსად შევხვდი იმ სულწაწყმედილს!
მარა ვაი თუ ღმერთს არც კი გეეჩინოს თქვენი ბედი და
იღბალი, ვაი თუ კენტებად ჰყავხართ გაჩენილები?!
შვიდობით, შვიდობით, შენი ჭირიმე! გამოეთხოვე ბოშო!
მართა (კოცნის კაროჟნას).

მშვიდობით, მამიდა!.. ნუ გეშინია, კი ეყოლება ღმერთს


შენთვის შენი ბედი... კი ეყოლება!..

დარისპან

ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოს! ჰმ, ბატონ პელაგიას


გამოუმშვიდობებლად მივდივარ...

მართა (ეძახის კარებში).

პელაგია!.. დარისპანს უნდა გამოგემშვიდობოს!

გამოსვლა მეთვრამეტე
იგინივე, პელაგია და ნატალია

დარისპან

ბატონო პელაგია, მგონი, რაღაც გეწყინათ ჩემგან...


გეფიცებით, ტყვილა იფიქრეთ, ვითომ იმ მუნჯ ბიჭზე
რამე მეფიქრებინოს!.. იმედია, ახლა აღარ მიწყრებით!..

პელაგია

არა, ჩემო ბატონო... რატომ ნებულობთ!

მართა

საწყენი რა შეხვდომია?.. ერთმანეთის ვერ გეიგეთ, სხვა


არაფერი!
დარისპან

რასაკვირველია... იმისთანა ბიჭის გულისათვის რავა


წევეკიდებით ჩვენისთანა ქალიშვილების პატრონები...
იმისთანების რა გვცოდნია! ა... არა, ბატონო პელაგია?

მართა

რასაკვირველია!.. დავასხი იმას თავსლაფი!..

დარისპან

ასე, ბატონო პელაგია, იმედია, დეივიწყებთ ყოველივე


უსიამოვნებას და როცა ჩემი მართა აგერ ამ მოკლე ხანში
ჩემი ქალიშვილის ქორწილში მესტუმრება, თქვენც მცემთ
პატივს და ოჯახს გამინათლებთ თქვენი წვევით!..
პატივისცემა ჩემს კისერზე იყვეს!.. ჩვენც მოვილხინოთ
ერთი, ოღონდ ბედი გამოუჩნდეს ამ ქალბატონს!

მართა

გამოჩნდება... გამოჩნდება, დარისპან!

დარისპან

აბა რა იქნება, შენი ჭირიმე!.. თუ მაგის იმედიც მოგვესპო,


დევიღუპებით და ის იქნება... წმინდათ დევიღუპებით...
უკაცრავად, უკაცრავად! შეგაწუხეთ მეტის ლაპარაკით,
მგონი!.. შვიდობით ბრძანდებოდეთ! შვიდობით
ბრძანდებოდეთ!.. (კარებთან) ღმერთო, კეთილად
დააბოლავე ჩვენი მგზავრობა!

ფარდა
1903 წ.

You might also like