You are on page 1of 3

6.

ირანის 1905–1911 წლების რევოლუციები


1905 წლის ბოლოსათვის ირანში დაიწყო მასობრივი გამოსვლები, მისი საბაბი გახდა
ხელისუფლებისა და პოლიციის თვითნებობა თეირანში, ქერმანსა და სხვა ქალაქებში.
პრემიერ აინ-ედ-დოულეს ბრძანებით, პოლიციამ უხეშად შებღალა რელიგიურ
დაწესებულებათა და უმაღლესი სასულიერო პირებისათვის ადათით მიკუთვნებული
თავშესაფარის უფლება, ასევე საჯაროდ მიაყენეს შეურაცხყოფა ხელისუფლებასთან
ურჩობაში დადანაშაულებული რამდენიმე ვაჭარი. ამ საქციელმა აღაშფოთა თეირანისა და
სხვა ცენტრების მოსახლეობა და დაიწყო დემინსტრაციები. დაიკეტა ბაზარი, სახელოსნოები
და სამლოცველოები. დემონსტრანტები მოითხოვდნენ პრემიერის გადაყენებას და
თვითნებობის აკრძალვას. ხელისუფლება ძალის გამოყენებას შეეცადა, ამან კიდევ უფრო
გაამწვავა მდგომარეობა. სასულიერო წრემ, რომელიც სათავეში ჩაუდგა მოძრაობას, მოაწყო
ბესტის კამპანია. 14 დეკემბერს რამდენიმე ასეულმა სასულიერო პირმა მიატოვა
ღვთისმსახურება და ბესტი მოაწყო გარეუბანში, აბდულ-აზიზის მეჩეთის ტერიტორიაზე.
დემონსტრანტები დაჟინებით მოითხოვდნენ პრემიერის გადაყენებას, „სამართლიანობის
სახლის“, ე. ი. მეჯლისის მოწვევას, თეირანისა და ქერმენის გუბერნატორების მოხსნას და ა.შ.
შაჰის ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. გაათავისუფლეს
თეირანისა და ქერმანის გუბერნატორები, გამოქვეყნდა ბრძანებულება მეჯლისის მოწვევის
თაობაზე, მაგრამ როგორც კი ბესტის კამპანია შეწყდა, დაიწყო რეპრესიები, პოლიციამ და
ჯარმა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა.
1906წ. ივლისში ახალი ძალით გაჩაღდა მასობრივი მოძრაობა. თეირანის უმაღლესმა
სამღვდელოებამ პროტესტის ნიშნად დატოვა თეირანი და გაემართა ყუმისკენ, სადაც
მოსახლეობის სხვა ფენებთან ერთად მოაწყო ბესტი, რომლის კამპანია გაიშალა თავრიზში,
ქეარმენში, შირაზში, ისპაჰანში და ქვეყნის სხვა ცენტრებში. ძირითადი მოთხოვნები იყო
კონსტიტუციის შემოღება და მეჯლისის მოწვევა. შეშფოთებულმა მოზაფერ ედ-დინმა
გადააყენა პრემიერი აინ-ედ-დოულე, იგი უფრო ლიბერალურად განწყობილი პიროვნებით
შეცვალა, 5 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებულებას კონსტიტუციის შემოღებისა და
მეჯლისის მოწვევის შესახებ. ამის შემდეგ მღელვარება შეწყდა. 9 სექტემბერს შაჰმა ხელი
მოაწერა დებულებას მეჯლისის არჩევნების თაობაზე. მეჯლისის მიმდინარეობდა 1906წ.
სექტემბერ-ოქტომბერში. 7 ოქტომბერს თეირანში გაიხსნა ირანის პირველი მეჯლისის
სხდომები. ეს იყო საკონსტიტუციო მოძრაობის პირველი სერიოზული წარმატება. მეჯლისის
საქმიანობის მთავარი საქმე გახდა „ძირითადი კანონის" – კონსტიტუციის, შემუშავება. 30
დეკემბერს ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს შაჰმა და მისმა მემკვიდრემ. ძირითადი კანონი
ზღუდავდა შაჰის ხელისუფლებას და აწესებდა კონსტიტუციურ მონარქიას. მეჯლისის
ხელში გადადიოდა ყველა სახის კანონების მიღება, ბიუჯეტის დამტკიცება და მისი
შესრულების კონტროლი. ამიერიდან უცხოური სესხების აღება, ხელშეკრულებების დადება
უცხო სახელმწიფოებთან მხოლოდ მეჯლისის სანქციით შეიძლებოდა. კონსტიტუციით,
ხელისუფლება იყოფოდა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო დარგებად და
თითოეულს ზუსტად განესაზღვრებოდა თავისი ფუნქციები. იგი აცხადებდა პიროვნების,
საკუთრების, ბინისა და კერძო კორესპონდენციების ხელშეუხებლობას. კონსტიტუციამ
ისლამი გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. მეჯლისის მოწვევით დამთავრდა ირანის
რევოლუციის პრველი ეტაპი. ამ ეტაპზე ჭარბობდა ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდები
(ბესტი, დემონსტრაციები, გაფიცვები), ბრძოლის ძირითად მიზანს კი წარმოადგენდა
კონსტიტუციის მიღება.
ამ გამარჯვებას მოჰყვა მეორე ეტაპი, დაიწყო უფრო აქტიური ბრძოლა. ირანის ზოგიერთ
რეგიონში, კერძოდ, ირანის, აზერბაიჯანსა და კასპიის ზღვის სანაპირო ზონაში
დემოკრატიულმა წრეებმა შექმნეს თავიანთი არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაციები -
„მუჯაჰიდთა საზოგადოება“ („სამართლიანი საქმისთვის მებრძოლი"). აქ გაერთიანებული
იყვნენ ვაჭრები, ხელოსნები, წვრილი მიწათმფლობელები, მუშები, გლეხები და ქალაქის
ღარიბობა. მუჯაჰიდთა პროგრამა შეიცავდა შემდეგ პუნქტებს: საყოველთაო, თანასწორი,
ფარული და პირდაპირი საარჩევნო უფლების შემოღება, სიტყვის, ბეჭდვის, შეკრებისა და
გაფიცვების თავისუფლება, შაჰის მამულების კონფისკაცია, მემამულეთა მიწების გამოსყიდვა
და გლეხებისათვის გადაცემა, 8 საათიანი სამუშაო დღისა და საყოველთაო უფასო სწავლების
შემოღება. მუჯაჰიდების ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით თავრიზში, რეშთში,
თეირანსა და სხვა ქალაქებში 1906წლის დასასრულიდან შეიქმნა რევოლუციური გვარდია –
ფიდაების ნებაყოფლობითი შეიარაღებული რაზმები. მოსახლეობის ფართო ფენების
საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის ერთ-ერთი ნიშანდობლივი გამოხატულება იყო
ლეგალური, უმეტესად, მოსახლეობის მიერ არჩეული რევოლუციურ-დემოკრატიული
ორგანიზაციების – ენჯუმენების (გაერთიანების, ერთობის) შექმნა. 1906 წლის კონსტიტუციამ
აღიარა მათი არსებობის აუცილებლობა.
პირველი ენჯუმენები აღმოცენდა თავრიზში, ისპაჰანში, თეირანში, ჰამადანში, შირაზში,
ქერმანში, არდებილში და ირანის სხვა ქალაქებში. 1907 წლის დასასრულისათვის იგი მთელს
ირანს მოედო. ენჯუმენები 2 ტიპისა იყო: 1. საქალაქო და საოლქო, რომლებიც მუშაობდნენ
ქალაქებისა და ოლქების მასშტაბით. ისინი პოლიტიკურ ფუნქციებსაც ფლობდნენ და რიგ
ადგილებში ადგილობრივი თვითმმართველობის, დემოკრატიული ხელისუფლების როლს
ახორციელებდნენ; 2. პოლიტიკური კლუბები, სათვისტომოთა და კულტსაგანმანათლებლო
ტიპის გაერთიანებები. თავრიზში და რეშთში ისინი სათავეში ედგნენ ქალაქისა და სოფლის
მშრომელ მოსახლეობას, ისე, რომ „ორხელისუფლებიანობასაც“ კი ქმნიდნენ და სასამართლო-
ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც ეუფლებოდნენ. ენჯუმენების ნაწილობრივ დამსახურებად
შეიძლება ჩაითვალოს პირველი მოწვევის მეჯლისის ზოგიერთი პროგრესული ღონისძიება:
მნიშვნელოვნად შეამცირეს შაჰის ოჯახისა და მისი გვარეულობის შემოსავლის წყაროები,
შეკვეცეს გავლენიან თავკაცთა პენსიები. მეჯლისმა მიიღო კანონი მექრთამეობის წინააღმდეგ,
განამტკიცა კერძო საკუთრება მიწაზე და შეადგინა ბიუჯეტი.
ახალმა შაჰმა მუჰამედ ალიმ გადაწყვიტა ხელისუფლების გაძლიერება და ქვეყანაში
ძველებური წესრიგის აღდგენა. მან საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა და პირველ მინისტრად
დანიშნა ამინ-ეს სულთანე. მან რამდენიმე კონტრრევოლუციური აჯანყება დაგეგმა და
განახორციელა – ყუმში, მაქუში, თეირანში, შირაზსა და სხვა ადგილებში. მისი რჩევით,
მუჰამედ ალიმ უარი თქვა, დაემტკიცებინა „ძირითადი კანონის დამატებები", რომელიც
1907წ. მაისში შეიმუშავა მეჯლისის მიერ გამოყოფილმა საკონსტიტუციო კომისიამ. ეს
დამატებები შაჰს უტოვებდა ფართო უფლებებს, მაგრამ ამასთანავე, ითვალისწინებდა
პოლიტიკურ თავისუფლებას, კანონის წინაშე ყველას თანასწორობას, პრესის, შეკრების,
სიტყვის თავისუფლებას, საერთო სასამართლოს შექმნას, ხელისუფლების დაყოფას
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო დარგებად. ენჯუმენების მომხრეებმა,
მოჯაჰედებმა, ფიდაებმა ტერორის გზით აიძულეს შაჰი, დაემტკიცებინა „დამატებები" და
კონსტიტუციის ერთგულებაზე დაეფიცებინა.
ინგლისი და რუსეთი აშკარად უჭერდნენ მხარს შაჰს და ერეოდნენ ირანის საშინაო
საქმეებში. 1907წ. 31 აგვისტოს პეტერბურგში ხელი მოაწერეს ინგლის-რუსეთის შეთანხმებას,
რომელიც შეეხებოდა გავლენის სფეროების განაწილებას ირანში, ავღანეთსა და ტიბეტში.
შეთანხმების საფუძველზე ირანი 3 ზონად გაიყო: სამხრეთ-აღმოსავლეთი ირანი ინგლისს
ერგო, ჩრდილოეთი - რუსეთს, ცენტრალური ირანი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა.
ინგლისის-რუსეთის ჩარევამ სპარსეთის საშინაო საქმეებში მოსახლეობის აღშფოთება
გამოიწვია. თეირანში და სპარსეთის სხვა ცენტრებში სტიქიურად იფეთქა ანტიინგლისურმა
და ანტირუსულმა გამოსვლებმა. დემონსტრაციებთან ერთად, ხალხმა რუსული და
ინგლისური საქონლის ბოიკოტი დაიწყო. შედეგად, ირანის მთავრობამ უარი განაცხადა, ეცნო
ინგლის-რუსეთის შეთანხმება, ხოლო მეჯლისმა მიიღო საპროტესტო რეზოლუცია ირანის
გავლენის სფეროებად განაწილების წინააღმდეგ. 1907წ. დეკემბერში შაჰმა თეირანში თავი
მოუყარა ერთგული ჯარის ნაწილებს და ქურთთა რაზმებს, ულტიმატუმი წაუყენა მეჯლისს,
რომლითაც მოითხოვა ენჯუმენების დათხოვნა, მაგრამ ირანის მოსახლეობა მტკიცედ იცავდა
კონსტიტუციურ უფლებებს. ხელისუფალი იძულებული გახდა, დროებით ხელი აეღო
განზრახვაზე.
1908წ. 23 ივნისს ირანის შაჰმა, რუსეთის მხარდაჭერით დაბომბა მეჯლისისა და მასთან
ახლომდებარე სეფაჰსალარის მეჩეთი, სანახევროდ დაანგრია იგი, რამდენიმე საათის
ბრძოლის შემდეგ კი იქაურობა დაიკავეს. შემდეგ დაარბიეს თეირანის ენჯუმენები,
დაითხოვეს პარლამენტი, შეიპყრეს მეჯლისის მემარცხენე დეპუტატები, დაიწყეს
დემოკრატიული პრესის განადგურება. სამხედრო-საველე სასამართლოს განაჩენით,
სიკვდილით დასაჯეს ფიდაების დიდი ნაწილი, გადარჩენილები კი დააპატიმრეს. თეირანის
ფაქტიური ბატონ-პატრონი გახდა ლიახოვის კაზაკთა ბრიგადა, რომელიც ბევრ უმსგავსოებას
სჩადიოდა.
ასეთ რთულ სიტუაციაში ქვეყანას გამოუჩნდნენ ნიჭიერი და ენერგიული ხელმძღვანელები -
სათარ ხანი და ბაგირ ხანი. სათარი იყო თავრიზის ენჯუმენის წევრი და ამ ქალაქის ფიდაების
რაზმების ორგანიზატორი. რევოლუციის საქმისადმი ერთგულების გამო მათ მალე დიდი
ავტორიტეტი მოიპოვეს და საყვარელი ბელადები გახდნენ. სათარ ხანს „ხალხის ბელადი“,
ბაგირს კი – „სახალხო წინამძღოლი“ უწოდეს. 4 თვის ბრძოლების შემდეგ თავრიზელებმა,
ფიდაების რაზმების მეშვეობით, სათარისა და ბაგირის ხელმძღვანელობით, 1908წ.
ოქტომბერში გაწმინდეს ქალაქი შაჰის ჯარებისაგან. აჯანყებულ თავრიზელებს ბევრი
კავკასიელი, მათ შორის ქართველიც ეხმარებოდა. შაჰის ჯარის განდევნის შემდეგ იქაურობა
რევოლუციონერთა ხელში გადავიდა. მათ აირჩიეს ახალი ენჯუმენი, მიიღეს ზომები ქალაქის
გასამაგრებლად და წესრიგის დასამყარებლად. შეიქმნა რევოლუციის საბჭო სათარისა და
ბაგირის ხელმძღვანელობით. თავრიზში აჯანყებულთა გამარჯვებამ შეაშფოთა
ხელისუფლება და 1909წ. დასაწყისისათვის შაჰის ჯარებმა ახალი შეტევა დაიწყეს.
თავრიზელები, სათარისა და ბაგირის ხელმძღვანელობით, 1909წ. აპრილამდე წარმატებით
იგერიებდენ ძლიერ იერიშებს. ამის შემდეგ რუსეთისა და ინგლისის მთავრობებმა
გადაწყვიტეს, უშუალოდ ჩარეულიყვნენ ირანის საშინაო საქმეებში და დაეწყოთ სამხედრო
ინტერვენცია. ინგლისელებმა სამხრეთ ირანში გადასხეს ჯარები, დაიკავეს ბუშირი, ბენდერ-
აბასი და სხვა დასახლებული პუნქტები. მალე რუსეთის ჯარებიც შევიდნენ თავრიზში,
განაიარაღეს ფიდაები, კავკასიელთა დიდი ნაწილი შეიპყრეს და რუსეთში გაგზავნეს, მაგრამ
რუსებმა და შაჰის წარმომადგენლებმა მაინც ვერ გაბედეს თავრიზის ენჯუმენი განდევნა და
სათარისა და ბაგირის დაპატიმრება. ისინი, თავიანთი რაზმებით, 1910წ. მარტამდე დარჩნენ
თავრიზში.

You might also like