You are on page 1of 30

ჯუნიორ პროექტი

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიულ-პოლიტიკური


კონტექსტი XIX საუკუნეში

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის

მესამე კურსის სტუდენტი: ანა ქვათაძე

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ეზუგბაია

2018

1
სარჩევი:

 შესავალი ....................................................................................................................გვ. 3
 მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი: ანტონ კათოლიკოსის სამი სტილის
თეორია და ენის „გახალხურების“ პრობლემა .....................................................გვ.5
 მეცხრამეტე საუკუნის გარიჟრაჟზე არსებული გამოცემების ენა, პერიოდი
მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლობამდე .....................................................გვ.5
 მიხეილ ვორონცოვისა და დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობა, ენის
დემოკრატიზაციის საკითხის დაყენება და „ცისკრის“ დაარსება................გვ. 8
 „თერგდალეულების“ ენობრივი პოლიტიკა და მათ მიერ ჩამოყალიბებული
პერიოდული გამოცემები....................................................................................გვ. 14
 წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის წინაპირობები და
განმანათლებლების როლი სალიტერატურო ენის განვითარებაში..................გვ. 19
 „მესამე დასის“ ჟურნალისტური მოღვაწეობა, მისი როლი სალიტერატურო ენის
ისტორიაში ...................................................................................................................გვ. 22
 დასკვნა .........................................................................................................................გვ. 26
 ბიბლიოგრაფია............................................................................................................გვ. 27

2
შესავალი

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს


პერიოდს წარმოადგენს მე-19 საუკუნე. ამ ასწლეულის მსვლელობისას სამწერლობო
ენას მრავალგვარი გამოწვევის დაძლევა, რადიკალური სახეცვლილება მოუწია.
მოცემული ნაშრომის მიზანია, ისტორიული ვითარების ანალიზის ფონზე,
ქრონოლოგიურად გადმოსცეს ქართული სალიტერატურო ენის განვითარების
ხელშემწყობი პოლიტიკური თუ ისტორიულ-კულტურული ფაქტორები. აღნიშნულ
პერიოდში მიმდინარე მოვლენებს უშუალო კავშირი აქვს როგორც ქართული ენის
წარსულ გამოცდილებასთან, აგრეთვე სამომავლო პერსპექტივებთანაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ პოლიტიკური
თავისუფლების არქონის პირობებში ერთიანი სამწერლობო ენის დამკვიდრება
ეროვნული კონსოლიდაციის ძირითად ფაქტორს წარმოადგენდა. მე-19 საუკუნის
პირველ ნახევარსა და შუა ხანებში არსებული პოლემიკა, ძირითადად,
სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციისა და ხალხურ მეტყველებასთან
დაახლოვების გარშემო მიმდინარეობდა. მეტისმეტად ღვარჭნილი და ხელოვნურად
გართულებული ენობრივი კონსტრუქციებით დახუნძლული მწერლობა
მოსახლეობის ფართო მასებისათვის (რომელთა უმრავლესობამ წერა-კითხვაც კი არ
იცოდა) მეტად გაუგებარი იყო. შესაბამისად, ამგვარ ვითარებაში შეუძლებელი
ხდებოდა წარმოსახვითი ერთიანობის შესახებ საუბარი, რომელიც ერთი და იმავე
ტექსტების, ჟურნალ-გაზეთების კითხვით ყალიბდება.

რეფერატში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პერიოდული გამოცემების


მნიშვნელობას სამწერლობო ენის სრულქმნის გზაზე, ვინაიდან სწორედ მათ
ფურცლებზე ყალიბდებოდა და ვითარდებოდა მე-19 საუკუნის ქართული
სალიტერატურო ენა. ეს ეხება პრესაში გამოქვეყნებულ სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ
ტექსტებს, თარგმანებს, სამეცნიერო ნაშრომებს, პუბლიცისტურ წერილებს და ა.შ.

3
მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე ყურადღებას
ამახვილებს მეცნიერი პაატა გუგუშვილი, რომელიც წერს: „ქართული... ბეჭდური
სიტყვის ისტორიაში პერიოდულ გამოცემებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში ქართველ ხალხს, არ ჰქონდა რა საკუთარი
სახელმწიფოებრიობა, არც მისი ენა იყო სახელმწიფოებრივი და, მაშასადამე,
ოფიციალური ენა. ადმინისტრაციის აპარატსა და თვით სკოლებშიც ქართული
არსებითად აკრძალული იყო. ასეთ პირობებში ქართულ სამეცნიერო წიგნებზე -
ერთდროულ გამოცემებზე - აუცილებელი მოთხოვნილებაც ძლიერ მცირე იყო და
ყოველგვარი მეცნიერული ცნობიერების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე
უპირატესად ქართულ პრესაში ქვეყნდებოდა და, მაშასადამე, ცხადია,
ჟურნალისტიკის სახით უნდა გავრცელებულიყო. სწორედ ამიტომ... ქართული
ბეჭდვითი სიტყვა ბევრად უფრო დიდმნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და,
მაშასადამე, დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვინემ იმ ნაციების ჟურნალ-გაზეთები,
რომელთაც თავიანთი სახელმწიფოები ჰქონდათ“.1

მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან სალიტერატურო ენის შესახებ კამათი სხვაგვარ


ხასიათს იძენს. დღის წესრიგში დგება ენის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის
როლი. მარქსისტული მოძრაობების მომძლავრებასთან ერთად, მეტი ყურადღება
ეთმობა სოციალურ საკითხებს. დასებს შორის არსებული დავის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს საგანს სწორედ სამწერლობო ენასთან დაკავშირებული
პრობლემატიკა წარმოადგენდა. აღნიშნულ მოვლენებს ქვემოთ უფრო დაწვრილებით
განვიხილავთ.

1
გუგუშვილი, პაატა. ქართული ჟურნალისტიკა (საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის), ტ. I.
თბილისი: 1941, გვ. 45-64

4
მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი: ანტონ კათოლიკოსის სამი სტილის
თეორია და ენის „გახალხურების“ პრობლემა

ა. მეცხრამეტე საუკუნის გარიჟრაჟზე არსებული გამოცემების ენა, პერიოდი მიხეილ


ვორონცოვის მეფისნაცვლობამდე

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ხანებში, ქართული სალიტერატურო ენა ანტონ


კათოლიკოსის მიერ შემუშავებული სამი სტილის თეორიის „მარწუხებში“ იყო
მოქცეული. ეს უკანასკნელი, თავის დროზე, ბარბარიზმებისა და უცხოური
კალკებისაგან თავის დასახსნელად შეიქმნა. აღნიშნულ თეორიაში უპირატესობა
მიენიჭა ძველ ქართულს, როგორც სასულიერო თხზულებების ენას. ანტონ
კათოლიკოსის დამკვიდრებულმა გრამატიკულმა კონსტრუქციებმა საყოველთაო
ავტორიტეტი მოიპოვა, თუმცა მე-18 საუკუნის მიწურულისთვის სამი სტილის
თეორია, ფაქტობრივად, დრომოჭმული აღმოჩნდა. საჭირო გახდა სალიტერატურო
ენასთან დაკავშირებული რეფორმების გატარება, რაც მეფის რუსეთის
მმართველობის პირობებში საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენდა. მიუხედავად ამ
ყველაფრისა, სამი სტილის თეორია გავლენას მაინც ინარჩუნებდა, მაგრამ მას შემდეგ,
რაც მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლებიდან საქართველოში ევროპული სტილის
განმანათლებლობის იდეები დამკვიდრდა, ნათელი გახდა ხსენებული თეორიის
ანაქრონიზმი.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების ენაც მეტად


გაუცხოებულია სასაუბრო მეტყველებასთან. პრორუსული ხასიათის პირველ
ქართულ გაზეთში („საქართველოს გაზეთი“, 1819-21) მიმდინარე ლიტერატურული
საქმიანობა ხელს ვერ უწყობდა სამწერლობო ენის რიგიანად განვითარებას.
აღნიშნულ გამოცემაში რამდენიმე პროზაული თხზულებაც გამოქვეყნდა
(თარგმანები ევროპული ლიტერატურიდან), თუმცა მათი მხატვრული ღირებულება

5
არც თუ ისე სახარბიელო იყო. სამწუხაროდ, „ქართულ გაზეთში“ თითქმის არ
ასახულა იმდროინდელი ქართული ლიტერატურა.

„ტფილისის უწყებანი“-ს ( 1828-1832) მესვეურნი უფრო მეტ ყურადღებას


უთმობდნენ ქართული მწერლობისა და კულტურული ძეგლების განხილვას.
ძალზედ საინტერესოა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლის,
ლუარსაბ არღუთინსკი-დოლგორუკოვის წერილი „რაიმე რუსთაველისათვის“,
რომელიც 1829 წელს „ტფილისის უწყებანის“ რუსულ გამოცემაში გამოქვეყნდა.
ავტორი წუხს იმის გამო, რომ მისი თანამედროვე სალიტერატურო ენა დაშორდა
შოთა რუსთაველის ენის „სიცხადესა და სიწმინდეს“, თუმცა აღსანიშნავია, რომ
თავად მის მიერ გამოყენებული ენობრივი ფორმების გაგებაც საძნელოა.

„ტფილისის უწყებანის“ რედაქტორი, სოლომონ დოდაშვილი, ძველი,


„მწიგნობრული“ სტილის მიმდევარი იყო (მიუხედავად ამისა, თავად აღნიშნავდა,
რომ არქაული გამოთქმების მექანიკური გადმოღების წინააღმდეგი იყო და
ემხრობოდა „ეროვნული ლექსიკური საგანძურის“ მაქსიმალურად ათვისებას). ამ
უკანასკნელს ახასიათებდა ხელოვნურად გართულებული ორთოგრაფია და
ფრაზეოლოგიური კონსტრუქციები (მოგვიანებით, გაზეთი „ივერია“ „ტფილისის
უწყებანის“ მართლწერის სტილს, ანტონ კათოლიკოსის „კანონების მიმართულების“
მქონეს უწოდებს). გარდა ამისა, ხსენებული გაზეთის ფურცლებზე საკმაოდ ხშირად
ვხვდებით რუსული ენის კალკებსა და რუსიციზმებს. აღარაფერს ვამბობთ
რუსულენოვან, ასიმილატორული ინტერესების გამტარებელ გამოცემებზე (მაგ.
გაზეთი „კავკაზი“). მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ტფილისის უწყებანის“
ქართულენოვანი ვარიანტის გამოცემა ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯს
წარმოადგენდა, ვინაიდან ქართულ ბეჭდურ მედიაში, ფაქტობრივად, პირველად
აღინიშნა ქვეყნის ისტორიული წარსულის განხილვის, ევროპული ტიპის
განათლების პოპულარიზაციის ტენდენციები.

6
1832 წლის აჯანყების ჩახშობის შემდგომ დაიხურა „ტფილისის უწყებანის“
ქართული ვერსია, რასაც კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროების,
სალიტერატურო საქმიანობის კრიზისი მოჰყვა. აღნიშნული გაზეთის გამოცემის
შეწვეტის შემდეგ პერიოდში, 1838 წლამდე, ქართულად ერთი წიგნიც კი არ
გამოცემულა. ამგვარი მდგომარეობა, გარკვეულწილად, გამოწვეული იყო
შეთქმულების გამოაშკარავებასთან ერთად ინტელექტუალური ელიტის
გადასახლებით. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის
ჩამოსვლამდე ჟურნალისტური საქმიანობა, ფაქტობრივად, აღარ მიმდინარეობდა.
იმხანად, პრესის ერთგვარ შემცვლელად გვევლინებოდა ე.წ. „სალაყბო მოედანი“,
სადაც „რაამბავისტები“ საუბრობდნენ პოლიტიკასა და სოციალურ პრობლემატიკაზე,
რათა მათ მიერ გაჟღერებული ამბები თავად ცარისტული რუსეთის მესვეურთა
ყურამდეც მისულიყო.

დასანანია, რომ 40-იან წლებამდე, ქართველ მაღალჩინოსანთა შორის არ


შეინიშნებოდა არანაირი მონდომება ვითარების შესაცვლელად. მეტიც, ისინი დიდად
მადლიერნი იყვნენ იმპერატორისა იმის გამო, რომ აჯანყებულები მთელი სიმკაცრით
არ დაისაჯნენ (ცხადია, ეს გადაწყვეტილებაც იმპერიალისტური მანქანის მიერ
საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით გადადგმულ, ტაქტიკურ სვლას
წარმოადგენდა). სწორედ ამგვარმა მდგომარეობამ წარმოშვა იმის აუცილებლობა,
რომ ქართულ წიაღში ისეთი კულტრული პროცესები წარმართულიყო, რომელიც
შემდგომში ერთიანი ეროვნული თვითშეგნების საფუძველი გახდებოდა.

7
ბ. მიხეილ ვორონცოვისა და დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობა, ენის
დემოკრატიზაციის საკითხის დაყენება და „ცისკრის“ დაარსება

1844 წლიდან ვითარება მკეთრად შეიცვალა. კავკასიის მთავარმმართებელი


ჩაანაცვლა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა. მისი მმართველობის ხანამ
მნიშვნელოვნად განაპირობა ქართული კულტურის აღორძინება და ევროპეიზაცია.
ვორონცოვის სახელს უკავშირდება თეატრის, ოპერის, ბიბლიოთეკის გახსნა, ენის
დემოკრატიზაციის დღის წესრიგში დაყენება, სასწავლო დაწესებულებებში
ქართულისათვის უპირატესობის მინიჭება, ქართველთა მშობლიურ ენაზე წიგნების
გამოცემა და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისმა პოლიტიკამ ჩაუყარა
საფუძველი სალიტერატურო ენის შემდგომ განვითარებას.

მე-19 საუკუნის დასაწყისიდანვე კავკასია განიხილებოდა, როგორც იმპერიის


განაპირა მხარე, სამხედრო ერთეული, რომელიც სრულიად უნდა შთანთქმულიყო
რუსეთის წიაღში. უგულებელყოფილი იყო ის ფაქტი, რომ ხსენებული რეგიონი
განსხვავებული ეთნოსის, კულტურისა და რელიგიის მქონე ხალხით იყო
დასახლებული.

მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლად დანიშვნის შემდგომ ვითარება


რადიკალურად შეიცვალა. იგი მიიჩნევდა, რომ მულტიკულტურალიზმი მეფის
რუსეთის სიძლიერეს უფრო მეტად განამტკიცებდა. ვორონცოვი მიზნად ისახავდა
საქართველოს რუსულ პოლიტიკურ სივრცეში უმტკივნეულოდ შერწყმასა და
ამავდროულად, ევროპეიზაციის გზით, ქართული კულტურის განვითარებას.
სავალდებულო გახდა ქართული ენისა და სიტყვიერების სწავლება. მეფისნაცვალი
მეურვეობდა ძველი ქართული ტექსტების გამოცემას, ლიტერატურული პროცესების
განვითარებას. იმ პრობლემათა გარკვეული ნაწილი, (მათ შორის, ენის
დემოკრატიზაციის საკითხი), რომელიც 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძემ წამოჭრა,
ვორონცოვის თანამედროვე ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების
მსჯელობის საგანი იყო. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ლოგიკური

8
იქნება, თუკი ვიფიქრებთ, რომ მეფისნაცვლის კულტურულმა და ენობრივმა
პოლიტიკამ მნიშვნელოვანი წინაპირობა შეუქმნა თერგდალეულთა საქმიანობას.

შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მეფისნაცვლის ენობრივი პოლიტიკის მიმართ


არსებულ სხვაგვარ შეხედულებებსაც, რომელთა მიხედვითაც კულტურის
აღორძინება მხოლოდ და მხოლოდ თვალის ახვევის ერთგვარ საშუალებას
წარმოადგენდა, რითაც იმპერია საკუთარი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა.
ერთ-ერთ თხზულებაში ალექსანდრე ორბელიანი აღნიშნავს: „ის დრო ვარანცოვისა
საქართველოში, ჩეუნგნით გამოუცდელი სულ სხუა გუარი მოსატყუებელი დრო
იყო... მითამ კაიკაცობას გვაჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ იმათ მომატებით,
ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა... ვარანცოვამდისინ ქართუელები შორს
ვიდექით რუსებზე და იმან რუსებში გაგვრია, შეგვაერთა ამ ცფიერმა დიპლომატმა“. 2
მიუხედავად ამისა, ენის დემოკრატიზაციის საქმეში ვორონცოვის წვლილი იმდენად
დიდი იყო, რომ თავად ალ. ორბელიანიც აყალიბებს ზემოთ მოყვანილი ციტატისგან
მკევთრად განსხვავებულ, წინააღმდეგობრივ აზრს: „მოგვცა ქართული და ქართული
სალიტერატურო ჟურნალი - „აჰა, მარადის გქონდეთ და თქვენის მამა-პაპის კარგის
ენით ისიამოვნეთო... კნიაზ ვარანცოვი იყო დიდი გონების კაცი, სრული
განვითარებული და სურდა ჭეშმარიტად ჩვენი კეთილი“.3

მეტად თვალსაჩინოა მეფისნაცვლის როლი ქართული პუბლიცისტიკისა და


სამწერლობო ენის სრულყოფის საქმეში. სწორედ ამ პერიოდში, გარკვეული
წინააღმდეგობების მიუხედავად, გამოიცა ჟურნალი „ცისკარი“, რომლის პირველ
რედაქტორადაც გიორგი ერისთავი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ „ცისკარი“
იმდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა თუ გამოწვევებს რეაქციის გარეშე ტოვებდა,
ის მაინც უნდა მივიჩნიოთ ქართული ბეჭდური მედიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს

2
ორბელიანი, ალექსანდრე. რუსების დასი ქართუელები ჩემზედ. წიგნში: ალ. ორბელიანი, სიტყვა
მამულის ტრაპესზედ.
3
ორბელიანი, ალექსანდრე. მე და ის. წიგნში: თ. ალექსანდრე ჯამ. ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი
თ. ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანისა.

9
პიონერად, რომელმაც ხელსაყრელი საფუძველი ჩაუყარა სამოციანელების
პუბლიცისტიკის განვითარებას.

გ. ერისთავის თანამედროვე ისტორიკოსი და კრიტიკოსი, ნ. ბერძნიშვილი,


მოცემული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, „ცისკრის“ არსებობას დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდა. მიაჩნდა, რომ ჟურნალის რედაქციას უპირატესობა უნდა
მიენიჭებინა ქვეყნის შიდა ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და
მთარგმნელობითი საქმიანობისათვის.

შემდგომში, ივანე კერესელიძის რედაქტორობისას, ჟურნალში ახალი


განყოფილება, „სალაყბოს ფურცელი“ დაემატა. ამ უკანასკნელმა ფელეტონების
ჟანრის დამკვიდრებას შეუწყო ხელი და მეტიც, ქართულ ლიტერატურაში
რეალიზმის ფუძემდებლადაც მოიაზრება. „მოლაყბის“ ფსევდონიმით, სავარაუდოდ,
თავად კერესელიძე ამხელდა მაშინდელი საზოგადოების მანკიერებებს, წერდა იმ
დროის აქტუალურ პრობლემატიკაზე. მაგალითად, ერთ-ერთ ფელეტონში საუბარია
ჟურნალ „ცისკრის“ დახურვის საშიშროებაზე და მკითხველს მოუწოდებს მოწყალება
გაიღოს (ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, თუ ჟურნალმა არსებობა
შეწყვიტა, ეს სწორედ ქართველი ხალხის ბრალი იქნება და არა მთავრობის),
ვინაიდან ქართული ენისა და ლიტერატურისათვის, საერთო საზოგადოებრივი
აზრის ფორმირებისათვის, „ცისკრის“ არსებობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
არსებული პოლიტიკური რეჟიმის აპოლოგეტიკის ფონზე, „სალაყბოს ფურცლის“
ავტორი შეშფოთებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ქართველებს კვლავაც არ ძალუძთ
მშობლიური ენის რიგიანად გამოყენება: „გარნა თანდათან მიეცემის სისუსტესა,
დაუდევნელობით ჩუენი ენა, რომლისთვისაც ცდილობს უმაღლესი ჩუენი მთავრობა,
გვაძლევს ყოველსავე შემწეობასა და არარას ზოგავს ჩუენთვის, ჩუენის
კეთილმდგომარეობისათვის. ამისთანას მყუდრო მდგომარეობაში, კაცს არ შეეძლოს
თავისი სამშობლო ენის მოხმარება! უბედურება არ არის? მე უბედურება მგონია ესა
და არა თუ უბედურება, უბედურებაზე უბედურება!! მაგრამ რა, ვის ველაპარაკები

10
უბედურებაზედ. განა იმდენი მხურვალება გვაქვს გულში, რომ ვიგრძნოთ
უბედურება?“4 აუცილებელია ითქვას, რომ „მოლაყბის“ სალიტერატურო ენა სადა,
მარტივად გასაგები და ცოცხალ მეტყველებასთან დაახლოებული იყო.

ზოგიერთი წყარო „ცისკრის“ დაარსებას დიმიტრი ყიფიანის სახელს მიაწერს.


მოგვიანებით აღმოაჩინეს მის მიერ გაწერილი პროგრამაც, რომლის მიხედვითაც
ივანე კერესელიძეს ჟურნალის რედაქტორობისას უნდა ეხელმძღვანელა. 1860 წელს,
როდესაც ხსენებული გამოცემა დახურვის პირას იყო, დიმიტრი ყიფიანმა „ბაქარ
ქართლელის“ ფსევდონომით გამოაქვეყნა წერილი, „ჩემო გულითად საყუარელო
თეიმურაზ!“, სადაც სალიტერატურო ენის განვითარების უმთავრეს პირობად
ქართულენოვანი პრესის არსებობის აუცილებლობა მოიაზრა. თავის მხრივ,
ყურადღება გაამახვილა ენის როლზე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

„ცისკარში“ შედგა არაერთი ცნობილი პოეტისა და მწერლის დებიუტი.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ჟურნალთან აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძისა
და გიორგი წერეთლის თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ ა. წერეთელი ივანე
კერესელიძის რედაქტორობისას, 1868 წლამდე, „ცისკრის“ ერთგული ლიტერატორი
იყო.

სწორედ ზემოთ ხსენებული გამოცემის ფურცლებზე ჩაეყარა საფუძველი


სალიტერატურო ენის შესახებ პოლემიკას, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებში
თაობათა ერთ-ერთ გარდამტეხ დაპირისპირებად იქცა. ამ დროს გაჟღერებულმა
მოსაზრებებმა თუ რეფორმატულმა იდეებმა ერთიანი სალიტერატურო ენის შექმნის
მნიშვნელოვანი წინაპირობა შექმნეს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ნიკოლოზ
ბერძნიშვილის რეცენზიები და მისი ნააზრევი ლიტერატურულ პრობლემატიკასთან
დაკავშირებით. ხსენებული კრიტიკოსი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე,
რომ იმ ხანის ქართული ლიტერატურა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ-
ისტორიულ მონაპოვარზე (ამ თვალთახედვის დაფიქსირება განსაკუთრებით
4
მოლაყბის წერილები, ქართული პუბლიცისტიკა - ქრესტომათია (XIX საუკუნე). თბილისი: თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007 (რედაქტორი: დალი ჩიკვილაძე)

11
მნიშვნელოვანი იყო იმ პირობებში, როდესაც გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ფედოტ
ბიბილოვი წერდა: „ლიტერატურა ამსახველია ხალხის ცხოვრებისა. მაშასადამე,
იმისათვის, რომ ლიტერატურა იყოს თვითმყოფადი, საჭიროა თვით ეს ხალხიც იყოს
თვითმყოფადი და დამოუკიდებელი. ამ მხრივ, ჩვენი აზრით, ქართული
5
ლიტერატურის დრო წასულია“ ). ნ. ბერძნიშვილი საჭიროდ მიიჩნევდა
კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრების ევროპული სტანდარტების მიხედვით
განვითარებასაც: „დაე, ჩვენი მშობლიური წიაღის დამუშავებას თან სდევდეს
6
მაცოცხლებელი სხივი ევროპული განათლებისა“. აღსანიშნავია ისიც, რომ ნ.
ბერძნიშვილს ოპონენტებიც გამოუჩდნენ, რომელთა აზრითაც „ცისკრის“ კრიტიკა
ნაადრევი იყო. ასე თუ ისე, ქართულ კულტურულ სივრცეში ლიტერატურულ
საკითხებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა პოლემიკამ და მხატვრული
ნაწარმოებების სისტემურმა ანალიზმა მნიშვნელოვნად განაპირობა ქართული
სამწერლობო ცხოვრების გამოცოცხლება.7

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან იწყება სალიტერატურო ენის ცოცხალ


მეტყველებასთან დაახლოების პროცესი. ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი, შეიძლება
ითქვას, რევოლუციური ნაწარმოები იყო გიორგი ერისთავის ცნობილი პიესა „გაყრა“,
რომელიც 1850 წელს გამოქვეყნდა. „გაყრის“ წინასიტყვაობაში, პლატონ იოსელიანი
ავტორის ხალხურ ენას იწონებს: „დაბადა ენა ქართული ახლისა გუარის
მწერლობისათვის“8 და იმედოვნებს, რომ ახალი თაობის მწერალნიც გაბედულად
მიბაძავენ ამ მაგალითს. ვ. თოფურიას აზრით, ერისთავმა გამოიყენა მე-18 საკუკუნის
ის ქართული, რომელიც ანტონის სკოლის გავლენას აცდენილი იყო და „კეთილად
შეაზავა იგი ცოცხალ მეტყველებასთან“.9

5
ჯოლოგუა, თამაზ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XIX საუკუნე). თბილისი: გამომცემლობა
„არტანუჯი“, 2013
6
ქართული პუბლიცისტიკა - ქრესტომათია (XIX საუკუნე). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2007 (რედ. დალი ჩიკვილაძე)
7
ჯოლოგუა, თამაზ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XIX საუკუნე). თბილისი: გამომცემლობა
„არტანუჯი“, 2013
8
ჯორბენაძე, ბესარიონ. ქართული დიალექტოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1989, (152-175)
9
იგივე...

12
1854 წელს დიმიტრი ყიფიანმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც იმდროინდელი
ზეპირი და სამწერლობო ენის ურთიერთმიმართებას შეეხო. გულისტკივილით
აღნიშნა ის ფაქტი, რომ ენა, რომელიც ცოცხალი მეტყველებისას მეტად „ნარნარა და
მოქნილია“, ქაღალდზე გადატანისას „ბლანტად, მძიმედ, და არაბუნებრივად“ იქცევა.
საქმე იქამდე მიდის, რომ ქართული ენის შესწავლა თვით ქართველებსაც კი
აშინებდათ.

გ. „თერგდალეულების“ ენობრივი პოლიტიკა და მათ მიერ ჩამოყალიბებული


პერიოდული გამოცემები

13
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში უკვე არსებობდა აზრი ერთიანი სალიტერატურო
ენის დამკვიდრებისა და მისი დემოკრატიზაციის შესახებ. აღნიშნული საკითხი
ენათმეცნიერული კუთხით გამოვლინდა დავით ჩუბინიძის მიერ შედგენილ
„ქართული ენის მოკლე გრამატიკაში“.

ქართულ სამწერლობო ენასთან დაკავშირებული რეფორმების ჩატარება,


თეორიული მასალებისა და წანამძღვრების პრაქტიკაში დანერგვა, მთლიანად
„თერგდალეულებს“ დაეკისრათ. ხსენებულმა მისიამ, მიმდინარე პოლიტიკური
ვითარების გათვალისწინებით, მეტად კომპლექსური ხასიათი შეიძინა - ის
უშუალოდ დაუკავშირდა ქართველი ხალხის კონსოლიდაციისა და ეროვნული
თვითმყოფადობის განვითარების იდეას.

გარდა ამისა, საზოგადოებაში არსებობდა კიდევ ერთი პრობლემა, რომლის


მიხედვითაც ძველი სალიტერატურო ენის ტრადიციების უარყოფა წარმოშობდა
თანამედროვე ქართულის მისგან გამიჯვნის და, შესაბამისად, ეროვნული
ფესვებისაგან მოწყვეტის საფრთხეს. „თერგდალეულებმა“ დაამტკიცეს, რომ მათი
ენობრივი პოზიცია სწორედ მრავალსაუკუნოვანი სალიტერატურო ენის
გამოცდილებაზე დაყრდნობით იყო ფორმირებული და მხოლოდ მის საფუძველზე
შემუშავებულ ენობრივ პოლიტიკას შეეძლო ყოფილიყო ქართველთა
კონსოლიდაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. უნდა აღინიშნოს, რომ
თავად ი. ჭავჭავაძეც კი არ უარყოფდა ანტონ კათოლიკოსის სახელთან
დაკავშირებული ტრადიციის გავლენას: „ ნურავინ ნუ გაიფიქრებს, რომ მე არ
მესმოდეს დიდი მნიშვნელობა ანტონ კათალიკოზისა. ანტონი დიდს ალაგს დაიჭერს
ჩვენს ლიტერატურაში როგორც წარმომადგენელი იმ დროის საქართველოს
განათლებისა“.10

სამოციანელების წამოწყებას სალიტერატურო ენის „გახალხურების“ შესახებ


არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა. იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებში აღნიშნულია,

10
იგივე...

14
რომ ილია ჭავჭავაძეს ქართულის „მდაბიო ხალხის ენად“ გადაქცევაში
ადანაშაულებდნენ. ამ მხრივ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ცოცხალ
მეტყველებასთან დაახლოება არ გულისხმობდა სამწერლობო ენის მასთან სრულ
გათანაბრებას.

ენობრივ ნორმებთან დაკავშირებული კამათი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური


საქმიანობის წარმმართველ ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. განსაკუთრებით
უნდა აღინიშნოს მასა და ბარბარე ჯორჯაძეს შორის არსებული დაპირიპირება.
მთავარი უთანხმოება, რომელიც ბ.ჯორჯაძისა და ილია ჭავჭავაძის აზრთა
სხვადასხვაობას იწვევს, ენობრივ საკითხს უკავშირდება. „პასუხის“ ავტორისთვის
მიუღებელია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მას თეორეტიკის, ანუ
„სიტყვიერების ხელოვნების“ არცოდნა ბრალდება. ი. ჭავჭავაძე აღნიშნავს, რომ
მისთვის ამოსავალი წერტილი სიტყვათა აზრია და არა კონკრეტულ ასოთა ხმარების
განსაზღვრული წესები. საპასუხოდ, მწვავედ აკრიტიკებს ბ. ჯორჯაძის ლექსებს,
რომელნიც გაზეთში დაბეჭდვის ღირსადაც არ მიაჩნია. ყურადღებას ამახვილებს იმ
ფაქტზე, რომ ლიტერატურაში ხალხის „გრძნობა, ფიქრი და განათლების ხარისხი“
ცნაურდება, ხოლო ის ნაწარმოებები, რომელნიც „ცისკარში“ ქვეყნდება, ხსენებული
თვალსაზრისის მიხედვით, ცალსახად განგაშის საფუძველს ქმნის. გარდა ამისა,
ავტორის კრიტიკის საგანი ხდება ბ. ჯორჯაძის შენიშვნა ქართული ანბანის
გარკვეული ასოების უგულებელყოფის შესახებ. ი. ჭავჭავაძის აზრით, აღნიშნული
ასოების უმეტესობას ანბანში უკვე მოეპოვება ფონეტიკური ექვივალენტი. მათი
დანარჩენი ნაწილი კი სრულიად გაუცხოებულია ყოველდღიურ, ცოცხალ
მეტყველებასთან. წერილის ავტორი მიიჩნევს, რომ ენის სახეცვლილებისა და
თვითქმნადობის პროცესი მისი განვითარების უმთავრეს პირობას წარმოადგენს და,
ამიტომაც, სავსებით შესაძლებელია, რომ ძველი ქართულისათვის დამახასიათებელი
ცალკეული ენობრივი ერთეულები შემდგომში ენისათვის არაორგანულნი გახდნენ.
ილია ჭავჭავაძის პოზიცია სამწერლობო ენის (და ზოგადად, ლიტერატურული

15
საქმიანობის) საზოგადოებრივი დანიშნულების შესახებ, ნათლად ჩანს შემდეგ
ციტატაში: „ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკა“.11

აგრეთვე აღსანიშნავია ი. ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი „ორიოდე სიტყვა“ ,


სადაც თავად რევაზ ერისთავის მიერ, კოზლოვის პოემის, „შეშლილის“ თარგმანს
ეხმიანება. თავდაპირველად ავტორი რუსი პოეტის ნაწარმოებთა და თარგმანთა
მხატვრულ ღირებულებაზე საუბრობს, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. მის
ერთგვარ გულისწყრომას იწვევს ის ფაქტი, რომ მთარგმნელის ყურადღების საგანი
თავად რუსეთშიც კარგა ხნის მივიწყებული პოეტი აღმოჩნდა (თუმცა შემდეგ
მადლობასაც სწირავს, რომ ერისთავს დიდი რუსი პოეტების ნაწარმოებების
დაკნინების შანსი არ მისცემია). ილიას კრიტიკის საგანი ხდება ის არაბუნებრივი,
ხელოვნური და შინაარსს მოკლებული ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციები,
რომლებითაც სავსეა „შეშლილის“ ქართული თარგმანი. აღნიშნავს, რომ თავის
თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარ მამასაც კი არ დაუთმობდა ქართული ენის
ამგვარ „მიწასთან გასწორებას“. ენას საზოგადო საკუთრებად, სიწმინდედ
მოიაზრებს, რომელსაც „კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“. პასუხად, თავად
რევაზ შალვას ძე ერისთავიც იმედოვნებს, რომ ი.ჭავჭავაძე კვლავაც განაგრძობს
სალიტერატურო სივრცეში გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა სამართლიან კრიტიკას,
რომელიც შორს იქნება არაკეთილსინდისიერი თავდასხმისაგან: „ ჩვენის მხრით,
მაინც კიდევ მადლობას განუცხადებთ, გულს მოდგინედ იღვწის ჩვენის ენის
წარმატებისათვის; იმედი გვაქს მარტო ჩვენის შეცთომების მხილებაზე არ შეაყენებს
თავის „ენიანს ენას და მეხის-კალამს“, რომელიც უპყრიეს ხელოვანს-ხელსა და
განაგრძელებს სხვათაცა შემდგომთა სტატიების განხილვასა კეთილ სინდისიერად,
აუჩქარებლათ და არა უკადრისის ლანძღვით.“ 12

11
ჭავჭავაძე, ილია. პუბლიცისტური წერილები. ტომი მეხუთე. საბჭოთა საქართველო: თბილისი, 1987

12
ერისთავი, რევაზ. “პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა.” ცისკარი N.5 (1861)

16
საბოლოოდ, სალიტერატურო ენის „გამარტივებისა“ და ევროპეიზაციის იდეა ი.
ჭავჭავაძემ საკუთარ ჟურნალებში განახორციელა. მათ რიცხვში მოიაზრება
„საქართველოს მოამბე“, „დროება“ (ეს უკანასკნელი წარმოადგენდა პირველ
გამოცემას, რომელიც ცენზურის გამო დაიხურა), „ივერია“. აღსანიშნავია, რომ
სხვებისგან განსხვავებით, ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ ჟურნალებს მკვეთრად
გამოხატული პოლიტიკურ-იდეოლოგიური ხედვები ჰქონდა. სწორედ ხსენებული
ჟურნალების ფურცლებზე ცნაურდებოდა ყველა ის სოციალურ-პოლიტიკური,
ეროვნული თუ ენობრივი პრობლემა, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში
იჩინა თავი. „ივერიაში“ იბეჭდებოდა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა
ლიტერატურული შემოქმედება (მათ შორის, თავად ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიც:
„ოთარაანთ ქვრივი“, „აჩრდილი“...), ყალიბდებოდა ერთიანი სამწერლობო ენა,
იქმნებოდა საჯარო სივრცე პოლემიკისათვის და ამგვარად ვითარდებოდა საერთო
ქართული აზრი. „საქართველოს მოამბე“-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ი.
ჭავჭავაძე ლიტერატურას ხალხსა და განათლებას შორის არსებულ შუამავალსაც
უწოდებს. ეს უკანასკნელი კი ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს. ავტორის აზრით,
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჟურნალისტიკა.

შეიძლება ითქვას, „საქართველოს მოამბეს“ უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია


ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში. მისი მეშვეობით დაიძლია სამი სტილის
თეორია, აღდგა ერთიანი სალიტერატურო ენის ტრადიცია ქართულისათვის
ბუნებრივი ფორმებით. სწორედ ამ ჟურნალში მოეფინა დღის შუქი ნიკოლოზ
ბარათაშვილის პოეზიას. მხატვრული ნაწარმოებების გარდა დიდი ყურადღება
ექცეოდა ენობრივი ნორმების შესახებ მსჯელობასაც, დაიბეჭდა დავით ყიფიანის
წერილი „რიგიანი ქართული გრამატიკის შესამუშავებლად“. 1863 წელს
„საქართველოს მოამბეში“ გამოქვეყნდა ამავე ავტორის სტატია, რომელშიც ნახსნებია,
რომ: „იმ ხალხს, რომელსაც სალიტერატურო ენა არა აქვს მტკიცედ დადგენილი,

17
ხალხობა არ ეთქმის“.13 ვფიქრობ, ხსნებული მოსაზრება ამომწურავად ხსნის მე-19
საუკუნის შუა წლებში წარმართულ, წინააღმდეგობებით სავსე პროცესების მიზანს. ეს
იყო, - ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრება. აღნიშნული იდეის
პრაქტიკულად განხორციელება, მეტწილად, იაკობ გოგებაშვილის დამსახურებაა,
რაზეც უფრო ვრცლად მომდევნო თავში ვისაუბრებთ.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის წინაპირობები და


განმანათლებლების როლი სალიტერატურო ენის განვითარებაში

ჯოლოგუა, თამაზ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XIX საუკუნე). თბილისი: გამომცემლობა


13

„არტანუჯი“, 2013

18
ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დღის წესრიგში დადგა გლეხობისათვის წერა-
კითხვის სწავლებისა და ქართულ სკოლებში „დედაენის“ შეტანის საკითხი. სწორედ
ამ მიზანს ემსახურებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
დამფუძნებელი სხდომა 1879 წლის 15 მაისს გაიმართა. ორგანიზაციის წევრებს
სხვადასხვა დროს წარმოადგენდნენ დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ
გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და სხვ. ფასდაუდებელია საზოგადოების ღვაწლი
ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების, სკოლებში ქართული ენის
სწავლებისა და ამ გზით ეროვნული თვითშეგნების გაღვივების საქმეში. წერა-
კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა
და ქუთაისში დააარსა სათავადაზნაურო გიმნაზიები, სადაც უპირატესობა ქართულ
ენას მიენიჭა. იაკობ გოგებაშვილის მიერ „დედაენისა“ და „ბუნების კარის“ შექმნამ
დიდწილად განაპირობა ქართული ენის კრიზისიდან გამოყვანა, საფუძველი ჩაუყარა
ერთიანი სალიტერატურო ენის საყოველთაოდ დამკვიდრებას.

თავის მხრივ, არც ცარისტული რუსეთი იშურებდა სანქციებს. 80-იანი წლების


დამდეგს სახელმწიფო სკოლებში აიკრძალა ქართული ენის სწავლება. გარდა ამისა,
იმპერიული ძალა ცდილობდა ქართველთა შორის შიდა კუთხური დაპირისპირება
გაეღვივებინა. იქმნებოდა მეგრულად და სვანურად მოლაპარაკე პირთა
„არაქართველობის“ ნარატივი. სწორედ ამიტომ ამახვილებდა ყურადღებას ი.
გოგებაშვილი ერთიანი სალიტერატურო ენის მნიშვნელობაზე: „თუ უარს ვიტყვით
ერთიანი ქართული სალიტერატურო ენით სწავლებაზე, სწორედ ამით შევუწყობთ
ხელს პროვინციალურს სეპარატიზმს, რომელიც უფრო მავნებელია, ვიდრე
ისტორიული პოლიტიკური სეპარატიზმი“.14 ქართული სალიტერატურო ენის
განვითარება იაკობ გოგებაშვილის აზრით, შეუძლებელია „ეროვნული სკოლის“
კონცეფციის არსებობის გარეშე: „სკოლა ის ადგილია, სადაც თვალი უნდა აახილოს

14
გოგოლაშვილი, გიორგი. ქართული სალიტერატურო ენა (ისტორია და თანამედროვეობა). თბილისი:
„მერიდიანი“, 2009

19
გონებამ, ფეხი უნდა აიდგას სულმა და გულმა, მან უნდა გაუმაგროს მოზარდს სული
და ხორცი, რომ ძლიერ და მორჭმულ არსებად გადააქციოს“. 15 ი. გოგებაშვილი
მიიჩნევდა რომ, საზოგადოებრივი განვითარება შეუძლებელია სკოლებში
მშობლიური ენის სწავლების გარეშე. გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებდა იმ
ფაქტზეც, რომ აუცილებელია იმგვარი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც მოზარდს
დედაენას შეაყვარებს. სალიტერატურო ენის შესწავლის პროცესში უდიდეს
მნიშვნელობას ანიჭებდა სწორი ლექსიკური მარაგის შექმნას, რომელიც
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველთა ყოველდღიური ყოფიდან
იქნებოდა ნასაზროდები.

ფასდაუდებელია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი გრამატიკული ნორმებისა და


ქართული მართლწერის წესების შემუშავებაში. ზ. ჭიჭინაძე აღნიშნავს:
„გოგებაშვილმა თავის „დედა ენაში“ აღადგინა დაცემული ენა ქართველთა... და ამ
წიგნის მეოხებით მთელი ქართველობა, ყველა თემისა და ხეობის მონათესავენი
ერთის ქართული ენით იწყებენ წერა-კითხვის სწავლებას და ლაპარაკს, ყველგან ამ
წიგნის მეოხებით ქართული ენა ეფინება“.16 აკაკი წერეთლის შეფასებით, იაკობ
გოგებაშვილმა ქართველ ხალხს „ქართულის ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა,
ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა“. მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც
არსებობდა პოლემიკა ენობრივ ნორმებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ი.გოგებაშვილის
პოზიცია უკომპრომისო იყო. აკრიტიკებდა „პროვინციალური მართლწერის“
გამოყენებას სტატიებში. ა. წერეთელთან და „კვალის“ იმდროინდელ მესვეურებთან
არსებულმა პოლემიკამ დიდწილად განაპირობა ქართული სალიტერატურო ენის
შემდგომი განვითარების მიმართულება.

განმანათლებლობის პერიოდმა (70-80-იანი წლები) უდაოდ დიდი გარდატეხა


მოახდინა ერთიანი ქართული სამწერლობო ენის ფორმირების პროცესში. შემუშავდა
აქამდე თითქმის არარსებული, საერთო ენობრივი ნორმები, სალიტერატურო
15
იგივე...
16
გოგოლაშვილი, გიორგი. ქართული სალიტერატურო ენა (ისტორია და თანამედროვეობა). თბილისი:
„მერიდიანი“, 2009

20
ქართული გახდა უფრო მოქნილი, ადვილად შესასწავლი ენა. ხელმისაწვდომი
საგანამანათლებლო სისტემის შექმნამ, ერთ ენაზე კითხვამ და აზროვნებამ სათავე
დაუდო ქართველთა შორის საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას.

„მესამე დასის“ ჟურნალისტური მოღვაწეობა, მისი როლი სალიტერატურო ენის


ისტორიაში

მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად


ერთვებიან ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელნი, ე.წ.
„მესამე დასი“. საკუთარ ლიტერატურულ საქმიანობას ისინი, ძირითადად, ჟურნალ

21
„კვალში“ ეწეოდნენ. „მესამე დასის“ ლიდერები ღიად უპირისპირდებოდნენ მამათა
თაობას, უპირველეს ყოვლისა, ილია ჭავჭავაძის „ივერიას“, მოიაზრებენ რა მას
კონსერვატორული ხასიათის გაზეთად. იდეოლოგიური უთანხმოების ფონზე,
დასებს შორის დავა ჟურნალისტურ, სამწერლობო ენასთან დაკავშირებული
პრობლემატიკის გარშემოც მიმდინარეობდა.

ჟურნალი “კვალი“ 1890-იანი წლების დასაწყისში დაარსდა. თავდაპირველად


ჰქონდა ნაციონალურ-ლიბერალური იდეოლოგია, ხოლო მას შემდეგ, რაც 1897 წელს,
რედაქციის სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ, ვითარება მკეთრად
შეიცვალა. დაიწყო საკმაოდ მძლავრი დაპირისპირება დასებს შორის. მესამე დასის
წარმომადგენელნი ილიას იდეოლოგიას დრომოჭმულად აღიქვამდნენ და მას
ექსპლუატატორად მიიჩნევდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველი მარქსისტები
მკვეთრად განსხვავდებოდნენ მარქსის კლასიკური მიმდევრებისგან, ვინაიდან მათ
რიტორიკაში საკმაო ადგილი ეთმობოდა ეროვნული თვითგამორკვევის
პრობლემასაც (ეს, გარკვეულწილად, საქართველოს კოლონიური წარსულის
დამსახურება იყო).

„კვალის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის წერილი „ცხელი


ამბები“, სადაც „თერგდალეულთა“ მიერ 60-იან წლებში ჩამოყალიბებულ პრინციპს
იმეორებს ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების შესახებ. აღნიშნავს, რომ:
„მწერლობა უცნაური სარკეა, სადაც ქვეყნის ძველი და ახალი ავ-კარგიანობა უმეტ-
ნაკლებოდ უნდა პირდაპირ იხატებოდეს და არა კერძო საპირადოდ სანავარდო
სარბიელი. მწერალი კი დიდი მოძღვარია ქვეყნისა, რომელსაც ყურს უგდებენ „აწ და
მარადის“ და მიტომაც მისი მოვალეობა ღვთისა და კაცის წინაშე დიდია!..
კერძოობითი რამ საპირადო მტერ-მოყვარეობა, მისიან-სხვისიანობა და სხვ. მის
გულს არ უნდა ეკარებოდეს! ვინც ამას გადაუხვევს, ის არის ჭეშმარიტების
გამყიდველი“. 17

17
ქართული პუბლიცისტიკა - ქრესტომათია (XIX საუკუნე). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2007 (რედ. დალი ჩიკვილაძე)

22
არსებობის პირველ ხანებში „კვალი“ ფუნქციონირებდა, როგორც სამეცნიერო-
ლიტერატურული გამოცემა. იბეჭდებოდა მხატვრული და საგანმანათლებლო ტიპის
ტექსტები. აქვეყნებდნენ აკაკი წერეთლის როგორც პროზაულ, აგრეთვე პოეტურ
თხზულებებს: „განთიადი“, „ჭაღარა“, „სულიკო“, „ბაში-აჩუკი“, „ჩემი
თავგადასავალი“ და სხვ. იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, შიო
მღვიმელის, ვასილ ბარნოვის, ეკატერინე გაბაშვილისა და სხვათა ნაწარმოებები.
გაზეთის მესვეურნი ყურადღებას უთმობდნენ სალიტერატურო კრიტიკისა და
ლიტერატურის საკითხებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „კვალის“ რედაქციის
მიერ წარმოებული მთარგმნელობითი საქმიანობა. ჟურნალში იბეჭდებოდა
ბაირონის, გოეთეს, შელის, ჰაინეს, პუშკინის, ლერმონტოვის ქართულად თარგმნილი
ტექსტები. აკაკი წერეთლის თაოსნობით, ამ პერიოდში „კვალს“ კიდევ ერთი
განყოფილება - „სასწორმეტყველო“ შეემატა. მის ფუნქციას ინიციატორი
შემდგნაირად აღწერს: „ჩვენს მწერლობაში როცა შევნიშნავდით ურიგო ქართულს,
გვემხილებია ხოლმე“.18

მას შემდეგ, რაც „კვალი“ სოციალ-დემოკრატების ხელში აღმოჩნდა (1890-1900 წწ.),


უკანა პლანზე გადაინაცვლა ჟურნალის კულტურულ-საგანმანათლებლო
ტრადიციამ. მან მიიღო პოლიტიკურ-იდეოლოგიური გამოცემის სახე.
მოთანამშრომლე მწერალთა ნაწილმა ლიბერალურ-დემოკრატიულ „მოამბეს“
შეაფარა თავი. ამ დროიდან, ჟურნალი ორიენტირებულია სოციალურ თემატიკასა და
აღნიშნული სახის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი ლიტერატურული
ტექსტების გამოცემაზე. 1898 წლიდან, გამოცემის ფაქტობრივ ხელმძღვანელად ნოე
ჟორდანია გვევლინება. საყურადღებოა, რომ „კვალი“ სოციალ-დემოკრატებს
ჟურნალის პირვანდელმა რედაქტორმა, გ. წერეთელმა გადასცა. ამგვარი
გადაწყვეტილება მოგვიანებით იმ იმედით ახსნა, რომ „მესამე დასელები
გამოსწორდებიან, პატრიოტებად გახდებიან და ძლიერ ეროვნულ მოძრაობას
შექმნიან“. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გ. წერეთლის მიერ ჩამოყალიბებულ დასების

18
იგივე...

23
კონცეფციაში, უხეშად რომ ითქვას, უგულებელყოფილია სამოციანელების
(განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძის) როლი სალიტერატურო ენის
დემოკრატიზაციის საქმეში.

1890-იანი წლების დასასრულიდან, ნოე ჟორდანიას თაოსნობით, იწყება ერთგვარი


შეტევა ილია ჭავჭავაძისა და მისი საქმიანობის წინააღმდეგ. 1900 წელს, „კვალში“
გამოქვეყნდა ნ. ჟორდანიას ნაშრომი „პრესა“, სადაც ავტორი ქართულ პრესას
გონებრივად და ზნეობრივად „გათახსირებულს“ უწოდებს: „ იმას არავითარი
უმაღლესი იდეალი არ იტაცებს, არ აფრთოვანებს, და წვრილმან, უმნიშვნელო
რამეებში გართული, თავდაღმართში სწრაფად ეშვება და სამარის კარს უახლოვდება“.
ამგვარ სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ქართველ მენშევიკთა
ლიდერი მთლიანად ი. ჭავჭავაძეს აკისრებს. სწორედ ამ უკანასკნელს მოიაზრებს ნოე
ჟორდანია ქართული ჟურნალისტიკის „განვითარების უმდაბლეს საფეხურამდი“
დამყვანად, რომლის საქმიანობისა და მოღვაწეობის გამოისობით, „ქართულმა პრესამ
თავისი ხელით გაიკეთა კუბო, ჩავიდა შიგ, გულხელი დაიკრიფა და ახლა მხოლოდ
წესის აგებას და დასამარებას ელის“.19

1900-იანი წლების დამდეგს, საქართველოში უკვე აქტიურად გამოიცემოდა


სოციალ-დემოკრატიული ხასიათის ჟურნალ-გაზეთები: „ბრძოლა“,
„პროლეტარიატის ბრძოლა“, „მოგზაური“. ამავდროულად, ჩნდება სოციალისტ-
ფედერალისტთა მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველო“, რომელიც „ცნობის
ფურცელის“ ყოფილი მესვეურების (მათგან აღსანიშნავია გიორგი ლასხიშვილი)
თაოსნობით, პარიზში გამოიცა. ამგვარი კონკურენციის ფონზე აშკარა იყო „კვალის“
დაუძლურება. კრიზისი ნოე ჟორდანიას მიერ საქართველოს დატოვებამ და
პოლიტიკური დევნის გამო, ევროპაში თავის შეფარებამაც გააღრმავა. აღნიშნული
გარემოებების გამო, „კვალის“ გამოცემა 1903 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე შეწყდა.
ნოემბრის ნომერში კი ირაკლი წერეთელმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერს, რომ:
„კვალი“ წინათ უკეთ აკმაყოფილებდა მაშინდელი ცხოვრების მოთხოვნილებას,
19
ჯოლოგუა, თამაზ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია...

24
ვიდრე დღევანდელი ცხოვრების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და ეს იმიტომ,
ცხოვრებამ გაუსწრო ლიტერატურას და ისეთი ჩქარი ნაბიჯით წავიდა წინ, რომ
არასოდეს წინათ არ უვლია. გაუმარჯობს იმ ცხოვრებას, რომელმაც კვალს გაასწრო“.20

საბოლოოდ, „კვალი“ 1904 წელს, ცენზურის დარღვევის გამო დაიხურა.

მიუხედავად მრავალგვარი წინააღმდეგობისა, რომლებითაც სავსე იყო ქართველ


სოციალ-დემოკრატთა პოლიტიკური მოღვაწეობა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ
საჯარო სივრცეში წარმოებულმა პოლემიკამ ჟურნალისტური ენის შესახებ
დიდწილად განაპირობა არამარტო სალიტერატურო ენის განვითარების ახალ
საფეხურზე აყვანა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების
გამოცოცხლებაც. ნოე ჟორდანიასა და მის თანამოძმეთა აზრით, ეროვნული
კონსოლიდაცია შეუძლებელი იყო პარტიული დაყოფის, რადიკალურად
განსხვავებული ოპოზიციური ძალებისა და დაპირისპირებული პოლუსების
ერთმანეთთან ინტერაქციის, კამათის გარეშე. თუ ხსნებულ კონცეფციას მე-19
საუკუნის მიწურულის სამწერლობო ენასათან დაკავშირებულ პრობლემატიკას
მოვარგებთ, სავსებით ლოგიკური იქნება, დავასკვნათ, რომ დასებს შორის
არსებულმა პოლემიკამ ქართულ პრესასთან დაკავშირებით, დიდწილად განაპირობა
ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება იმ სახით, როგორც ის
გადაელოცა მე-20 საუკუნეს, კონკრეტულად, 1918 წელს დაარსებულ ქართულ
უნივერსიტეტს, რომელიც ამ მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევისა და ახალი
გამოწვევის მიხედვით ენის განვითარების უმთავრეს კერად იქცა.

დასკვნა

მოცემულ რეფერატში შევეცადეთ, მეტნაკლებად ამომწურავად მიმოგვეხილა ის


ისტორიული გზა, რომელიც ქართულმა სალიტერატურო ენამ მე-19 საუკუნის
განმავლობაში გაიარა. ვიმსჯელეთ სამწერლობო ენის განვითარების პოლიტიკური
20
იგივე...

25
და საერთო ეროვნული მნიშვნელობის შესახებ. ამ ეპოქაში არსებულმა გარდატეხამ
დიდწილად განაპირობა მისი აყვანა იმ საფეხურამდე (მე-20 საუკუნის 10-20-იანი
წლები), როდესაც შესაძლებელი გახდა სალიტერატურო ენის მეცნიერული,
სისტემური შესწავლა. ნაშრომს კი ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით დავასრულებთ,
რომელიც ნებისმიერი ეპოქის უმნიშვნელოვანეს გზავნილს ატარებს: „იმ ერს,
რომელიც თავის სამწერლობო ენას შესაფერისად არ განავითარებს, არც შეუძლია
გონებრივი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს, რადგან ამისთვის
აუცილებლად საჭირო იარაღი არ აბადია“. 21

ბიბლიოგრაფია:

ბალახაშვილი, ი. ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში (მე-


19 საუკუნის პირველი ნახევარი). თბილისი: 1940, გვ. 181-190.

21
ჯავახიშვილი, ივანე. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი მეათე. თბილისი: გამომცემლობა
„მეცნიერება“, 1992.

26
ბერძენიშვილი, მაქსიმე. მასალები მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის
ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის (თავი პირველი: ქართული
საზოგადოებრიობა 1833-44 წლებში). თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“,
1980

ბოცვაძე, ი. პრესა და მწერლობა. თბილისი: 1976, გვ. 41-53.

გოგებაშვილი, იაკობ. „იაკობ გოგებაშვილის მოგონება ქართვეთა შორის წერა-


კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების შესახებ“.
განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები, 2018.
http://nateba.websail.net/videos/289-gogebashvili2-rcheuli (ბოლო ნახვა ივნისი 10,
2018)

გოგოლაშვილი, გიორგი. ქართული სალიტერატურო ენა (ისტორია და


თანამედროვეობა). თბილისი: „მერიდიანი“, 2009

გუგუშვილი, პაატა. ქართული ჟურნალისტიკა (საზოგადოებრივი აზრის


ისტორიისათვის), ტომი პირველი. თბილისი: 1941, გვ. 45-64

ეზუგბაია, ლალი, და ერეკლე, ასტახიშვილი. „ქართული ენის საარსებო სივრცე


და ქართველთა ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურული განვითარების გზა.“
(თავი მეექვსე, „რუსული იმპერიალიზმი და საქართველო“). ელექტრონული
ვერსია:https://drive.google.com/file/d/1UHg63aw19S445KIiIAwvUcqUIQMOopYq/
view?usp=sharing

27
ერისთავი, რევაზ. “პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა.” ცისკარი N.5
(1861) საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-
bin/library.exe?e=d-01000-00---off-0tsiskari--00-1----0-10-0---0---0prompt-10---
4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-
00&a=d&cl=CL2.1&d=HASH5816874611edba2f265a94.10 (ბოლო ნახვა ივლისი 22,
2018)

კოტეტიშვილი, ვ. ქართული ლიტერატურის ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე).


წიგნში: რჩეული ნაწერები (ორ წიგნად). წიგნი პირველი. თბილისი: 1965, (174-
176)

მანსვეტაშვილი, იაკობ. “იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებიდან ილია


ჭავჭავაძის შესახებ”, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. (ბოლო ნახვა
ივლისი 22, 2018)

შველიძე, დიმიტრი. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში.


ნაკვ. I. ფედერალისტები. თბილისი: 1993, გვ. 37-40, 48-50

ორბელიანი, ალექსანდრე. მე და ის. წიგნში: თ. ალექსანდრე ჯამ. ორბელიანის


ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანისა. გამოცემული
ზაქ. ჭიჭინაძისაგან, თბილისი, 1879.

ორბელიანი, ალექსანდრე. რუსების დასი ქართუელები ჩემზედ. წიგნში: ალ.


ორბელიანი, სიტყვა მამულის ტრაპესზედ. შემდგენელი ნ. ვახანია, თბილისი,
1999.

28
ქართული პუბლიცისტიკა - ქრესტომათია (XIX საუკუნე). თბილისი:
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007 (რედ. დალი ჩიკვილაძე)

წინამძღვრიშვილი, ლ. გაზეთ „კვალის“ ისტორიისათვის. კრბ. „საქართველოს,


კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები“ (თბილისი:
1968, გვ. 102-128).

ჭავჭავაძე, ილია. “ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის


კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა”. (1861) საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკა
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/oriode_sityva.htm (ბოლო ნახვა
ივლისი 22, 2018)

ჭავჭავაძე, ილია. პუბლიცისტური წერილები. ტომი მეხუთე. საბჭოთა


საქართველო: თბილისი, 1987

ჯავახიშვილი, ივანე. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი მეათე. თბილისი:


გამომცემლობა „მეცნიერება“, 1992.

ჯონსი, სტივენ. სოციალიზმი ქართულ ფერებში. თბილისი: ილია ჭავჭავაძის


სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007.

ჯოლოგუა, თამაზ. „მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-

საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის“. ჟურნალი

„ქართველოლოგი“, No.16 (2011)

29
ჯოლოგუა, თამაზ. დიმიტრი ყიფიანი (1830-1860 წლები). თბილისი:

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002

ჯოლოგუა, თამაზ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XIX საუკუნე).

თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2013

ჯორბენაძე, ბესარიონ. ქართული დიალექტოლოგია. თბილისი: მეცნიერება,

1989, (152-175)

30

You might also like