You are on page 1of 9

გიორგი ქავთარაძე

მესხეთი - გოგლას წინაპართა ”ძველი აკვანი”

გიორგი ლეონიძის 1959 წლით დათარიღებულ ლექსში


”ლეონიძეთა შორის ვიყავი” არის შემდეგი სტრიქონები:

”ლეონიძეთა შორის ვიყავი,


ჩქეფდა ჭოროხი, ტყე შრიალებდა,
სახლიკაცების ნახვით ვიხარე,
რა საქმე მქონდა ძველ იარებთან.
სამასი წლებით დაშორებულებს
დღეს საძმო ჭიქა ერთად გვეჭირა,
ის გვიხაროდა, რომ ქართველობა
თვითეულს გულში გადაგვერჩინა...”

თანდართული ავტორისეული შენიშვნა ნათელყოფს არა მარტო


ლექსის დედააზრს, არამედ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს
გოგლას წინაპართა წარმომავლობის თაობაზე.

შენიშვნაში ვკითხულობთ: ”ლეონიძეთა გვარი მესხეთიდან


მოდის. დღესაც ტბეთის განთქმული ტაძრიდან სამი-ოთხი
კილომეტრის მანძილზე არის სოფელი ლეონიძე. იქიდან ვართ
ლეონიძეები წამოსულები მე-17 საუკუნეში, როცა მესხეთი
ოსმალეთმა დაიპყრო. ამჟამად ლეონიძეების ერთი შტო
ცხოვრობს აჭარაში - ერგეში (ზემო ჯოჭო).”

ამ ცნობას საოცრად ეხმიანება ”ნატვრის ხის” ერთ-ერთ


მოთხრობაში - ”ჩორეხში” ნაუწყები ამბავი, რომ როდესაც
ჩორეხი რუკას გაშლიდა, ”დაადებდა თითს რუქაზე - მესხეთი, -
შეეალერსებოდა, თან ღიმილით იტყოდა, - ჩემი გვარიც იქიდან
არი, იქიდან ვართ წამოსულები! თანაც დასძენდა: - სამცხე,
აჭარა, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, ერუშეთი, სრულიად ჭანეთი.
აი, საქართველოს ნატამალი! კურთხეული მხარე! არ
დავივიწყოთ საქართველოს მოჭრილი ძუძუ! ჩვენი აკვანი!
ქართული სალამით ამოდის იქ მზე...”
მოყვანილი პასაჟი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ჩვენს მიერ
ადრე შენიშნულ იმ გარემოებაზე, რომ თუკი რომელიმე სახე
”ნატვრის ხეში” ავტორისეული თვისებების მატარებელია - ეს
ჩორეხია. ჩორეხი იგივე გოგლაა, ოღონდ სხვა დროსა და სხვა
ვითარებაში.

საზოგადოდ მესხეთის თემას მნიშვნელოვანი და მეტად


მტკივნეული ადგილი უკავია გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში:

”საქართველოზე მოჭრილო ძუძუ,


შემაჟრიალებს შენი ტკივილი...”

გოგლა ძალზე მძაფრად განიცდიდა მისი ძველი მამულის,


”დიდებული მესხეთის” დაცემას:

”შენ ჩემი გულის დასაკლავი ხარ,


ისევ მტრის ხელში გადავარდნილი!
დიდო მესხეთო, ძველო მამულო,
ფეხდაფეხ დამდევს შენი აჩრდილი...
დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო,
მადლო მესხურო, მზეო მესხურო,
ოცნებას უნდა, რომ ძველებურად
უკვდავი სხივით გადამესხურო!”

საფიქრებელია, რომ თავისი თავის მესხად სახელდებისას:

”მესხი ვარ! ვანთე მე სხივი,


მესხმა შესხმა ვსთქვი ახალი,
მტერი დამესხა, დავძლიე,
ვიყავი სახელმაღალი...”

გოგლა არა იმდენად თავისი წინაპრების მესსხური


წარმომავლობით იყო შთაგონებული, რამდენადაც დიდი ივანე
ჯავახიშვილის შეხედულებით, ქართული ეთნოსის, ანუ მესხების
კავკასიაში ანატოლიიდან, ხეთების ქვეყნიდან გადმონაცვლბის
შესახებ. აკი წერდა კიდეც:

„აქ დაბინავდა ახალ კერაზე


ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი;
გამოქროლილი ფრთიან მერანზე,
გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.
ხშირად მისი გზა სისხლნადინარი
ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია,
ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,
ღალისის პირი, კაბადოკია."

მეც კარგად მახსოვს. ექვსი წლისა ხანგრძლივად ვიყავი ავად.


საღამო ხანს ჩემს საწოლთან ჩამოჯდა.

წყალი ვთხოვე, დამალევინა და თან მიამბო: „წინათ, ჩვენ


ქართველები შორს სამხრეთით - კაპადოკიაში ვცხოვრობდით,
ხეთები გვერქვა სახელად და ღერბად არწივი გვქონდა. ის
ქვეყანა უწყლო გახდა და იქიდან წამოვედით. სწორედ ამიტომ
არის, რომ წყალს ქართველები ჯერ პატარებს ვაწვდით და
ვამბობთ, რომ ”წყალი უმცროსისაა” - პატარები რომ მაინც
გადარჩენილიყვნენ. სხვა ხალხებს ასეთი წესი არ აქვთ. იმავე
მიზეზით არის გამოწვეული ისიც, რომ მხოლოდ ჩვენს ენაზე
ჰქვია წყალობას - ”წყალობა”, ანუ ”წყლის მიწოდება”.

შეხედულება ქართველთა წინაპართა სხვა მხარეებიდან


კავკასიაში მოსვლის თაობაზე, უპირველეს ყოვლისა,
განპირობებული იყო “მოქცევაჲ ქართლისაჲს” იმ ცნობით,
რომლის თანახმადაც ვინმე აზო, დადგენილი ალექსანდრე
მაკედონელის მიერ მცხეთაში მეფედ, “წარვიდა არიან-
ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და
ათნი სახლნი მამამძუძეთანი (პ. ინგოროყვას კონიუქტურით:
”წარმოიყვანა ათასი სახლი მდაბიოჲ უფლისაჲ და ათნი სახლნი
მამამძუძეთანი”), და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს
კერპნი ღმრთად - გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფჱ
მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ.” დავით
აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის არსენ ბერის (არსენ
იყალთოელის), “ნინოს ცხოვრების” მეტაფრასული რედაქციის
ავტორის განმარტებით: “ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ
არიან-ქართლით გამოსრულთანი და ენაი მათი უწყით, და
ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი
არიან.”
არიან ქართლის თანამედროვე საქართველოდან შორს,
სამხრეთ-დასავლეთით, ლოკალიზების საშუალებას იძლევა
”ქართლის ცხოვრებაში” შემავალი ლეონტი მროველის
“ცხოვრება ქართველთა მეფეთას” ცნობა, რომ აზონის
მოკვლისა და მისი ”სპის” დამარცხების შემდეგ “წარვიდა
ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა,
და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა
კლარჯეთი, წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა.”
ანალოგიური დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა
ჯუანშერის “ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა”.

ბუნებრივია, ისეთ ბრწყინვალე წყაროთმცოდნეს, როგორიც


გიორგი ლეონიძე იყო, ქართული მატიანეების ცნობები კიდევ
უფრო გაუმძაფრებდნენ მესხური ფესვების ძიების სურვილს.
არაერთხელ მინახავს გარინდებული როგორი დიდი ტკივილით
ეჰყურებდა ხოლმე საზღვარს იქით დარჩენილ სარფსა და ზღვის
სანაპიროს, ჭანეთის მთებს.

პირიქითა მესხეთში გადასვლა, სადაც ტბეთის ტაძარიცა და


სოფელი ლეონიძეც მდებარეობდნენ, გოგლას აუხდენელ
ოცნებად დარჩა. სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ტაო-
კლარჯეთის ხილვაზე ოცნებობდა:

„ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!"

მე წილად მხვდა ბედნიერება 1996 წლის ივნისის დასაწყისში


თურქეთის საქართველოში ყოფნისას დიდი ძალისხმევის
შედეგად მიმემკვლია გოგლას წინაპართა სოფლისათვის -
ლეონიძისათვის, რითაც დედაჩემის, ნესტან ლეონიძის,
ოცნებაც შევასრულე.
სოფელი მდებარეობს ართვინის ვილაიეთის შავშათის
(შავშეთის) მაზრაში და წარმოადგენს სოფელ დერეიჩი-ქოის
(დასამობის) ნაწილს. მისი სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი
(თურქულად ნიოლიძეთა უბანი). თუმცა იმავე წელს თურქულმა
ადმინისტრაციამ მას ახალი სახელი ”არდიჩლი მაჰალესი”
(თურქულად ”ღვიის უბანი”) შეურჩია.

მეცხრამეტე საუკუნის რუკებზე კი ეს სოფელი ლეონიძე და


ლიონიძე სახელწოდებითაა მოცემული. ადგილობრივი
ქართული მოსახლეობა მას დღეს ”ნიოლეთსაც” უწოდებს.

ერთი ციცქნა სოფელი (სულ რამდენიმე კომლია) მთაზეა


გაშენებული და ნაძვებითა და ფიჭვებით არის გარემოცული.
მენიშნა: გოგლამ თავისი ეზო წყნეთში ნაძვებითა და ფიჭვებით
გაავსო. ლეონიძეები თუ ნიოლიძეები სოფელში აღარ
შემორჩენილან, თუმცა ახოვანი, ცისფერთვალა და ღია
წაბლისფერთმიანი მცხოვრებლები გარეგნულად გოგლას
წააგავდნენ, თანაც ქართული ჩინებულად შემოუნახავთ.

გამომკითხეს ჩემი სტუმრობის მიზეზი. თუმცა უფრო საკუთარი


შეხედულებისა სჯეროდათ, რომ მე იქ ჩასული უნდა
ვყოფილიყავი დანგრეულ ”ქილისესთან” (ეკლესიასთან)
წინაპართა მიერ ჩამარხული ოქროს წამოსაღებად. მკითხეს
ისიც, თუ საიდან ვიყავი ჩასული - ბათუმიდან თუ თბილისიდან.
როგორც შევატყე, ჩემი ბათუმელობა მათთვის უფრო
სასურველი იქნებოდა; ისე კი, გარეგნულად, არაფერი
შეუმჩნევიათ.

ჩემთვის ძალზე მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ იქვე,


ნიოლეთის მთის ძირას, მდინარეების - იმერხევისა და შავშურას
ხერთვისში, ასკერთა თუ ჟანდარმების პოსტთან მდებარე
სოფლის მაღაზიის ფირნიშზე საქონლის ასორტიმენტი: ”პური,
ყველი და სხვ.” ქართულად ეწერა. როგორც შევიტყვე,
მაღაზიის მეპატრონეს, მაღალ, ევროპული იერის მქონე კაცს,
რომელიც ბესოდ გამეცნო, წინა ორი წლის მანძილზე დელისში
უვაჭრია სოფლის ბოსტნეულით, მაგრამ ჩვენს გზებზე მდგომი
ავტოინსპექტორისფორმიანი გამომძალველების გამო ამ
განზრახვაზე ხელი აუღია.
თვით ნიოლეთისაკენ მოასფალტებული საავტომობილო გზა
იმჟამად გაჰყავდათ, თუმცა ელექტროენერგია და ტელეფონი
ყველა ოჯახში ჩვეული ამბავი იყო.

საერთოდ, თურქეთში ყოფნისას იგრძნობა ევროპული


ცხოვრების წესის დამკვიდრების საკმაოდ მაღალი ტემპი
(განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში). თურქეთი უკვე
დიდად არ განსხვავდება ისეთი ევროპული ქვეყნებისაგან,
როგორიც რუმინეთი ან საბერძნეთია და რომ არა ამ ქვეყანაზე
გარედან ინსპირირებული ისლამური ფუნდამენტალიზმის
შეტევა, რომელიც იზრდება თურქეთის ევროპისაკენ სწრაფვის
პროპორციულად, მისი წარმატება ამ გზაზე ბევრად უფრო
შთამბეჭდავი იქნებოდა.

არის საშიშროება განსხვავებული სახის ფუნდამენტალიზმის


საქართველოში კულტივირების, რათა ხელი შეეშალოს ჩვენი
ქვეყნის ჩრდილოური გავლენის სფეროდან დასავლურ
სამყაროში გადანაცვლების შესაძლებლობას.

ნიოლიძე-ნიოლეთისა და საერთოდ შავშეთის მოსახლეობა არც


ანთროპოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად და ნაწილობრივ
არც ლინგვისტურად არ განსხვავდება მთიანი აჭარისაგან;
ბუნებაც მსგავსია. ერთი კია, სახელდახელოდ გაშლილ
სუფრასთან მიწვეულს ”საძმო ჭიქის” მათთან ერთად დაჭერისა
და ღვინით მათი დალოცვის საშუალება არ მომეცა.

გამოთხოვებისას, როგორც ყველა "ნამდვილმა ქართველმა",


მათაც გამოთქვეს თავისი სკოლადამთავრებული შვილების
საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მოწყობის სურვილი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მკითხველს კითხვით


მივმართო: ხომ არ იქნებოდა სასურველი, რომ ახალციხისა და
სხვა ქალაქების უნივერსიტეტებში ”ლიმიტები” გამოეყოთ
ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას
მოკლებულ ”ჩვენებურებს”?

თუ შავშეთ-კლარჯეთი აჭარას არის მიმსგავსებული, არტაანის


მხარე უფრო ჯავახეთს წააგავს; გადაშლილი ხრიოკი ზეგანი
მხოლოდ საძოვრად გამოიყენება. გლეხები ძირითადად
მიწურებში ცხოვრობენ. აქ მთლიანად მომხდარა მოსახლეობის
შეცვლა. ძნელად თუ რაიმე ქართულს შეავლებს აქ თვალს
კაცი.

არტაანში ჩემი გამგზავრების მიზეზი იყო აწ გარდაცვლილი


ღირსეული მამულიშვილის - ბატონ ვახტანგ გურგენიძის
ინფორმაცია, საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების
ცენტრალური სახელმწიფო არქივის ფონდებში დაცული
კონსტანტინე მარტვილელის (ოდიშარიას) განცხადების შესახებ,
რომელიც "ვეფხისტყაოსნის" 750 წლისთავის მომწყობი
საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარისადმია მიწერილი და
1935 წლის დეკემბრითაა დათარიღებული.

განცხადებაში კონსტანტინე მარტვილელი იძლევა იმ


სიძველეთა სიას, რომელიც შეუდგენია 1914-1915 წლებში
არტაანის მხარის ქართველ მაჰმადიანთა გამოკითხვისას.
სახელდობრ, სოფელ ორ-კიზში ვინმე ოთარბეგ შერვაშიძეს,
რომლის თურქული გვარი აღარ ახსოვდა, უჩვენებია
პერგამენტზე ნაწერი და ჩულვ - ანუ 1436 - წლით
დათარიღებული "ვეფფხისტყაოსანი". როგორც ცნობილია,
"ვეფხისტყაოსნის" ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნუსხა
თარიღდება მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებით.

ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობის შეუმოწმებლობა არ


შეიძლებოდა და მეც გავემართე სოფელ ორ-კიზისაკენ.
კონსტანტინე მარტვილელი იძლევა შემდეგ მარშრუტს: ქალაქი
არტაანი (თურქულად არდაჰანი), ნასოფლარები: კარგი
სოფელი, ქვაბის ციხე, ოქროს ქოთანი და სოფლები: ვარდციხე
(სომხების მიერ თარგმნილი გიულაბერთად), ოჯახი, დუდუნა,
თამამი, ურჩი და თვით ორ-კიზი.

არტაანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ადვილად


მივაგენი კონსტანტინე მარტვილელის მიერ მოხსენიებულ
ვარდციხეს მისი სომხური სახელწოდების ”გიულაბერთის”
მეშვეობით (თურქული სახელწოდებაა ჩამლი-ჩათაქი). ვიპოვე
დუდუნაც, ორი-სამი მიწურის შემცველი სოფელი. ”ურჩი” ური
ყოფილა, ძველ ქართულ წყაროებში არტაანის ”ჰურად”
მოხსენიებული. აქ ყველაზე უფრო ხანგრძლივად ყოფილან
შემორჩენილი მაჰმადიანი ქართველები. დღესაც აქ ერთი,
ადრე ჩასიძებული, ხანდაზმული ართვინელი ქართველი
ცხოვრობს. ორ-კიზი არსად ჩანდა. ადგილობრივი
მოსახლეობის აზრით, ”ორ-კიზში” უნდა იგულისხმებოდეს იქვე
ახლოს მდებარე სოფელი ორაღაზი.

ქურთულ-თურქული მოსახლებიანი და ამ მხარისათვის


დამახასიათებელი მიწურ-სახლებიანი ორაღაზი გულღიად
შემხვდა. მთელმა სოფელმა მოიყარა თავი ჩემს გარშემო,
მაგრამ ოთარბეგ შერვაშიძე ან მისი შთამომავლობა ვერავინ
გაიხსენა.

ორაღაზელებმა მირჩიეს წავსულიყავი სოფელ იოლჯექში და


თან გამომყვნენ კიდეც - მათი ვარაუდით ადგილობრივ
მოლასთან შესაძლოა ყოფილიყო ”გურჯული ქითაბი”.

საღამო ხანი იყო, ნამაზის შესრულების დრო, რომელსაც


ვერაფერი შეაჩერებდა. ნახევარ საათზე მეტი ველოდეთ გარეთ,
ეზოში. ჩემი ვარაუდით მოლას სახლში უნდა ეცხოვრა ოციანი
წლების შუა ხანებში დათა ვაჩნაძეს. ფანჯარაში შევიხედე.
ფოლიანტების წყება ელაგა, მთელი წიგნთსაცავი იყო. იმედი
მომეცა.

მოლაც გამოვიდა. გაიგო თუ არა, რომ ქართველი ვიყავი,


"ვეფხისტყაოსანზე" საუბრის ნაცვლად მთელი ორმოცი წუთი
აჰმედ-ბეგ ხიმშიაშვილს აუგად იხსენიებდა. 92 წლის კაცმა
წამებში აღიდგინა 1918 წლის ამბები.

ასე უშედეგოდ დამთავრდა "ვეფხისტყაოსნის" ძიების ამბავი.


უკან, ართვინისაკენ მიმავალს, მწარედ ამეკვიატა გოგლასეული
სტრიქონები:

“ხელში აგიღებ... გაკოცებ,


კიდევ ჩაგკოცნი...
ჩაგცქერი;
წიგნი კი არა - ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.”
“ლიტერატურული მესხეთი”, 1999 წელი, № 1,
გვ.7.

Back:

http://www.geocities.ws/komblege/index.html

&

http://www.scribd.com/kavta

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon

You might also like