You are on page 1of 2

ქართული ხალხური ზღაპრები

წყარო: წიგნი – „იყო და არა იყო რა“


გადმობეჭდა დავით ღონღაძემ

ყმის სურვილი
130

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბატონი და ჰყავდა ერთგული ყმა. ყმამ მთელი თავისი
სიცოცხლე ბატონის სამსახურში გაატარა, თან სულ მიწასა და თავისუფლებას ნატრობდა. ამ
ნატვრაში ისე დაბერდა და დაჩაჩანაკდა, რომ ვერც ერთს ეღირსა და ვერც – მეორეს.
ერთ დღეს ბატონმა ცოლეულების1 ნახვა მოიწადინა და ყმას უბრძანა:
– ურემი შეაბი და ზედ ჩემი ცოლ-შვილი დასხი, მე კი კარგი საჯდომი ცხენი შემიკაზმე, გაღმა,
მოყვრებში უნდა წავიდეო.
გზად მდინარეზე უნდა გადასულიყვნენ, ყმამ ეს იცოდა და ურემში კამეჩები შეაბა. დაინახა
ბატონმა და დატუქსა:
– კამეჩებს წინ ხარებიც მიუბი, შე რეგვენო, თავადიშვილი ვარ და სოფელზე მარტო უღელი
კამეჩებით რომ გავიარო, ვინ რას იტყვისო?
ყმამ გაამზადა ურემი და ეზოში დააყენა. გამოიყვანა თავლიდან ცხენიც და შეკაზმა. ბოლოს
გამობრძანდა ბატონიც, ცოლ-შვილი ურემში ჩასხა, თვითონ ცხენზე შეჯდა და ურემს გვერდით
ამოუდგა.
გაიარეს სოფლები და მიადგნენ მდინარეს. მდინარე მოდიდებული იყო და ნაპირზე
გადმოვარდნილიყო, მაგრამ ბატონმა უკან გამობრუნება იუკადრისა და ყმას უბრძანა:
– შეიყვანე ურემი წყალში და მეც უკან მოგყვებიო.
ყმამ ფრითხილად შეაცურა ურემი მდინარის მღვრიე ტალღებში, მაგრამ ადიდებულ წყალთან
სიფრთხილე რას უშველიდა? შესვლისთანავე წყალი ურემს კოფომდე2 მისწვდა და აატივტივა. ახლა
კი იკადრა ბატონმა და ცხენი საჩქაროდ გამოაბრუნა, თან შეშინებულმა ყმას გასძახა:
– არიქა, ხარებს წინ დაუარე და ურემი როგორმე ისევ უკან შემოაბრუნეო!
ყმამ ახალუხი გაიხადა და მაშინვე წყალში გადაეშვა. დიდხანს და თავგამეტებით ებრძოდა
აბობოქრებულ მდინარეს, ბოლოს, როგორც იქნა, შესძლო წინა ხარების შემობრუნება და
თვალცემლიანი ქალბატონი და აწივლებული ბავშვები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანა.
ბატონი ცას ეწია სიხარულით და მივიდნენ თუ არა შინ, ყმას უთხრა:
– რაკი ცოლ-შვილი დაღუპვას გადამირჩინე, მინდა სამაგიერო გადაგიხადო და მითხარი, რას
ისურვებდიო?
ყმამ ქუდი მოიხადა, ხელები გულზე დაიკრიფა და უპასუხა:
– დიდო, ბატონო, კარგად მოგეხსენებათ, რომ საწყალ ყმას მიწისა და თავისუფლების მეტი
სხვა სათხოვარი არა აქვს რა და თუ მიბოძებთ, მადლობელი და თქვენზე მლოცავი ვიქნებიო.
– მომიცია მიწაც დათავისუფლებაც, მაგრამ მითხარი, მიწა რამდენი გინდა, რამდენი დღიური3
მოგცეო?
ყმას სახე გაუნათდა, თავი მოიფხანა და გაუბედავად მოახსენა:

1 ცოლეულები – ცოლის მშობლები და და-ძმები და სხვა ნათესავ-ახლობლები


2 კოფო – დასაჯდომი, გარა, დანდალი
3 დღიური მიწა – რაც ერთ დღეს მოიხვნის

1
ქართული ხალხური ზღაპრები
წყარო: წიგნი – „იყო და არა იყო რა“
გადმობეჭდა დავით ღონღაძემ

– ბატონო, შენი ჭირიმე, რაკი ასეთი გულუხვი ხარ, მოდი და, რასაც სირბილით შემოვუვლი, ის
მიწა მომეციო.
– მომიციაო! – კვლავ მიუგო ბატონმა.
ყმამ ისევ გაიხადა ახალუხი და გაიქცა. მირბის და რაც ძალი და ღონე აქვს, მირბის, მაგრამ
სიბერისა და მუშაობისაგან არაქათგამოცლილი მალე დაიღალა, ოფლი ღვარად დასდინდა და
სუნთქვაც გაუჭირდა, მაგრამ მაინც გარბის. გაჰყურებს მინდორს და სულ უფრო სულწასულად
გარბის, რომ რაც შეიძლება, მეტი მიწა დაისაკუთროს.
სიხარბეატანილმა ვერც კი გაიგო, როგორ მოეჭრა მუხლი და დაუბნელდა თვალები. უცბად
გული გაუსკდა, პირქვე დაეცა და სული განუტევა.
მოკვდა საწყალი ყმა და აუხდემელი სურვილი საფლავში ჩაიტანა. ტყუილად კი არ არის
ნათქვამი:
ბატონის ხელში ყმა გლეხი ნუ ელის გახარებასაო.

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,


ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

You might also like