You are on page 1of 449

ლევან გოთუა

გმირთა ვარამი წიგნი II

I ძმები
თავჩაქინდრული უსმენდა ალექსანდრე კახთ ბატონი შერმაზან
ჩოლოყაშვილის წვრილ თხრობას. მცხეთის იძულებითი სტუმრობა
მწარე სიცხადით თვალწინ ეშლებოდა, ხოლო მისი ანარეკლი და
ნაძალი ღაწვებზე ხან ფითრად, ხან კი წითლად ეფინებოდა.
გულშიაც დიდი ძიძგილ-ჭიდილი ჰქონდა. თორღვას ალექსანდრე
ეჯიქურებოდა დიღმისა და მარტყოფის ალექსანდრეს, ხოლო მათი
საქციელის გამო კრთებოდა და სირცხვილით იწვოდა მაყვლიანის
ალექსანდრე.
თითო სახელი ერწყმოდა საქმეს და სახელ-საქმედ ქმნილი თითქოს
ცალკე იდო, როგორც აბრეშუმის ჭიის მოცვლილი კანი.
„რამდენჯერ უნდა ამოვიდე ახალ კანში, რამდენჯერ?“ - ფიქრობდა
იგი და სიბრძნის კბილებს აღრჭიალებდა.
შემობრუნებულ, „ნასტუმრალ“ ლაშქარს სურსათი უბოძა და გრემს
მოუსვლელად დაათხოვნინა სარდალს. დავით ჯანდიერი იახლა და
კარის ეკლესიაში მიაკითხა ზოსიმეს.
ბერი ღვთისმშობლის ნიშში დახვდა. საკარცხულზე გულაღმა
მიმჯდარ-მიწოლილიყო და საზურგეზე კისერგადაკიდებული მძიმედ
სუნთქავდა.
- უძლურად გახლავთ!.. მეფევ ბატონო! - ჩუმად მოახსენა მესაწოლე
ბერმა დოროთემ და ბერდიდს წყალი ასხურა, თავ-სხეული შეუსწორა,
საფეთქლები ძმრით დაუზილა.
ზოსიმემ მძიმედ გაახილა თვალები. წამოწევა სცადა, მაგრამ ვეღარ
დასძრა ქანცული სხეული. ჯანდიერმა ხელი შეაშველა, თავი
შეუმაღლა. თვალშეღლილმა ბერმა დიდ ულვაშებზე იცნო ჯანდიერი.
- ყველასთან რომ მართალი ვიყო, შენთან მაინც მტყუანი ვარ… ცილი
დამიწამებია! ცოდვა ამიღია! - ამოიოხრა ბერმა და თვალები ისევ
მილულა.
მეფე არც შეუმჩნევია ბერდიდს.
ალექსანდრემ სასახლეში გადააყვანინა სნეული. დოსტაქრები
დაასია.
გულისყრას ხურვება მოჰყვა, მაღალი სიცხე და ხანშეშვებით აზრის
მისხლეტაც. ბერ-ეპისკოპოსნი ღამეს უთევდნენ. უწირეს კიდევაც.
„მე ვეღარ გავიმეტე და ნუთუ ახლა ხელში უნდა ჩამაკვდეს მაინც?!“ -
ფიქრობდა შეშფოთებული კახთ ბატონი. მოითავებდა თუ არა
მიუცილებელ საქმებს, გამზრდელს მიაკითხავდა, დაუჯდებოდა
თავთით სავარძელში და შიშნეულად უსმენდა ბერის უსწორო

1
სუნთქვას, ხშირ ამოკვნესა-ამოძახილებს. თავისი სახელიც ხშირად
სმენია ალექსანდრეს, ბერის ბოდვებში ლოცვასავით მოხსენებული.
კიდევ ერთ სახელს იხსენიებდა ავადმყოფი, მაგრამ ვერა და ვერ
გაარკვია მეფემ… ბოლოს მიხვდა. გულმა და გონებამ ერთად უგრძნო.
გაბრუნდა სასახლეში. თავის საწოლში შეიკეტა. ყველა დაითხოვა.
ფიქრში ჩაჯდა, ჩაძიებით წვლილა… ვერ ამოსწურა ფიქრისა და ეჭვის
ჯურღმული. ახლა ზოსიმეს შედგენილი მატიანე ამოებორკა ხელში.
შუაღამემდე ფურცლა. თითქოს აქედან სურდა, ზრახვით
მაღალზნეობრივი, ზოგადადბრძნული, ხოლო საქმის ძალითაც
მართებული და უზიანო პასუხ-საქციელი ამოეგო, ამოეკითხა.
- ეს „სამთაგანა“ მკლავს! რა ვქნა, რომ ვერ შევათვისე, ვერ
მივუსადაგე ურთიერთს?! - და ისევ ბერდიდისეულ „ალაზნის გულანს“
ხმამაღლა კითხულობდა თარიღშერჩევით.
ძუნწ სიტყვებში და ქორონიკონ-თარიღებში იყო ჩაჭედილი
ახალმატიანე.
„ქორონიკონი: ჩფკ - 1520 წელი. გამეფდა კახეთს ლევან ბატონი და
ისვა თანამეცხედრედ - თინათინ ასული გურიელისა, ყოვლითა
სათნოებითა შემკული“.
„ქორონიკონი: ჩფნ - 1558 წელი… გარნისს გაუმარჯვდა ქართლის
ლაშქარს ყიზილბაშთა ზედა… ხოლო მოიკლა ომში ლუარსაბ დიდი და
გამეფდა ქართლს სვიმონ ძე ლუარსაბისი, უფროსი… და ესვა სვიმონს
დედოფლად - ნესტან-დარეჯან, ასული ლევან კახთა მეფისა, ნაშობი
შამხლის ქალისაგან, რომელიც ისვა ლევან ბატონმა შემდგომ
თინათინისა“.
„ქორონიკონი: ჩფთ - 1569 წელი… სვიმონ მეფე ქართლისა ტყვედ
ჩაიგდეს სპარსთა, შეამწყვდიეს ალამუთის ციხეს, რამეთუ არ ისურვა
განდგომა რჯულისაგან“.
„ქორონიკონი ჩფოდ - 1574 წელი… მიიცვალა სახელოვანი მეფე
კახთა ლევან და იქნა მის შვილთა ძმათაშორისი შუღლი და ომი…
თორღვას მისცა გამარჯვება ღმერთმან ალექსანდრეს და გაბატონდა“.
„ქ-ნი ჩფოც - 1578 წელი. ლალა-ფაშა შემოესია სამცხეს. სრულად
დაიპყრო. ქართლიც დაიჭირეს ოსმალთა… ხოლო დაუზავდა კახთ
ბატონი მტარვალთა და ათავისუფლეს სვიმონ მეფე ირანელთა
საწინააღმდეგოდ ხონთქრის ლაშქრისა და მოვიდა იგი ქართლს, ხმალი
აიღო ოსმალთა წინააღმდეგ…“
„ქ-ნი ჩფპ - 1580 წელი. იქნა ომი შამხალთან და ერთობლივ სხვა
მურზებთან თუ ჩერქეზთ ბატონებთან და გაუმარჯვდათ კახთა“.
„ქ-ნი ჩფპბ - 1582 წელი, ალექსანდრემ კახთ ბატონმა ფარულად
გაილაშქრა…“

2
ხელნაწერი აქ წყდებოდა… და სწორედ ის იყო სათაკილო ვაივარამი
- რა ჩაიწერებოდა ამის შემდგომ… და ჯერ დაუწერელ, თეთრ,
თვალაუხელ სტრიქონში თავისი ბრმა და შავი ნასაქმარი თვალნათლივ
დაინახა.
ალექსანდრემ დახურა „ალაზნის გულანი“, სარკმელში გაიხედა.
გრემის ციხე-დილეგი და გალავანი ალაზნის მატიანეს თითქოს
აგრძელებდა, კირ-სისხლით დაწერილ სტრიქონივით გაჰყოლოდა ცისა
და მთის კაბადონს.
- ჩვენც ჩავწეროთ! - დაასკვნა, ხელი მოაფათურა, თითქოს ეჭვის
აბლაბუდა მოიშორა და ნიშან-შუქი გადგა სარკმელში.
მალე დილეგის სარკმელშიაც აენთო საპასუხო შუქი.
დიდ ხალს უკან შეფარული განჯინა და შიდა კარი გამოაღო, ნაბადი
მოიგდო და საიდუმლო გვირაბში შუქი და ყაბალახი შეიძღვანია.
ფართოდ განშტოებული ქსელიდუმალა სავალი იყო გრემ-ციხე
ქალაქსა და ორთავ სასახლეს შორის. ალექსანდრეს ჯერ კიდევ
მამისაგან ჰქონდა გაგონილი: „მეფის საწოლის ბუმბული - საიდუმლო
სავალიაო“.
ჯერ დაბლა ეშვებოდა გვირაბი, მერმე ვაკედ ვიდოდა წვეთის
წყარომდე. აქ იყრებოდა სამი ხვრელსავალი - მთავარანგელოზის
საყდარ-ციხისაკენ, გრემ-დილეგისაკენ და ტყისაკენ, თუ ზედა
სასახლისაკენ.
ალექსანდრე ხვრელ-კიბეს აჰყვა, დილეგს მიადგა ქვევიდან.
- წვეთის წყარო!
- ასი ხმალი!
კარი გაიღო. კიბის თავში დავით ჯანდიერი ელოდა. ალექსანდრემ
ყაბალახით სახე შეიბურა და შეჰყვა.
დავითს გულმა უმცდარად უაზრა, უკითხავად გაუღო საჭირო
საკანი. „ჭეშმარიტად მართებული ჰყოფილა ჩემი საქციელი! უკეთუ
სხვებისთვისაც ნათელია უსიტყვოდ!“ - გაიფიქრა ალექსანდრემ და
საკანში შევიდა.
მამით ძმები ურთიერთს უმზერდნენ და ვერა სცნობდნენ.
ქაიხოსრომ უეცარ შუქს თვალი რომ გაართვა, პირახვეული
ნაბდოსნის დანახვაზე უფრო აეტმასნა ნოტიო კედელს.
- ვინ?!
- ვინც არ… - არც ალექსანდრემ დაამთავრა სიტყვა.
ქაიხოსრომ პირველ შეკრთომას სძლია:
- ვინც არ უნდა იყო - ქრისტიან-ადამიანი ხარ… მაშასადმე, მაინც ძმა
ხარ ჩემი… ძმად მიგიღებ და გრაცხავ, რარიგ სავალალოც არ უნდა
იყოს მოსვლა შენი!
დავითმა სანთელი ნიშში გაამაგრა და გავიდა, კარი გაიხურა.

3
მეფეს სული შეეხუთა. მეხსიერების ჯურღმულებიდან ნაცნობი სახე-
ფიქრები წამოეშალნენ… ბავშვობა… დედინაცვალი… ნახევარძმები…
მამის სიკვდილი… თორღვას გამარჯვება… სიამენი და სიმწარენი
ერთად, ჩაუღლებულად და ჩაყევარებულად ვიდოდნენ… ერთად
სჩქეფდნენ, ერთად მოღელავდნენ.
ავად ინიშნა პატიმარმა დაძაბული სიჩუმე სახეშებურულ
ნაბდოსანისა.
- მაშ?!. - სუნთქვა აღარ ეყო ქაიხოსროს, ჯაჭვმოგდებული
მკლავგულზე იფარა. ალექსანდრე კი სდუმდა. აქეთ რომ მოდიოდა,
ყველაფერი ადვილად უჩნდა; აქ კი - იდგა და არ იცოდა საიდან ან
როგორ დაეწყო.
- რასა მთხოვ? - მოულოდნელად შეეკითხა პატიმარს.
ახლა ქაიხოსროს დაება ენა. მან ერთი სიკვდილი მაშინ განიცადა,
როდესაც საზიარებლად აღარ მოუვიდა მოძღვარი. ხოლო აზრისა და
კვლევის თვალით ხელახლად რომ განსჭვრიტა უკანასკნელი შეხვედრა
ბერდიდთან, მიხვდა, რომ მისი დღეები ამჟამად კი დათვლილი იყო.
- რასა მთხოვ? - კვლავ შეეკითხა ნაბდოსანი.
- მხოლოდ ზიარებას! - დაბალი ხმით მიუგო ტყვემ.
- კიდევ?
ქაიხოსრომ ახლა უფრო დაბეჯითებით შეხედა სახეშეფარულ
მოსაუბრეს, მერმე ირგვლივ მოავლო მზერა, თითქოს ემშვიდობებოდა
ძველი სამოსივით შეჩვეულ საკნის კედლებს. ხელიც მოსწია, ბორკილი
მოიჩხრიალა:
- ამ ჯაჭვს… თუ უფლება გაგაჩნია?!
- ვერ მიცან? - და ალექსანდრემ ნაბდის ღართი ჩამოიხსნა,
ყაბალახსაც გადუგდო კუშტული. მოუზომავად მოუვიდა, უცაბედად
წამოამხო, ჩააქრო სანთელი. ახლა შავი ნაბადი თითქოს საკანსაც
გადაეფარა.
- ვერა, ვერ გიცან! თვალი ვერ შეგასწარ ხეირიანად… ან მეტად
გამოცვლილხარ, ან არაოდეს მცნობიხარ!
ქაიხოსროს ხმაში ალექსანდრემ ინიშნა მამისეული ხმის ნატამალი,
ოდნავი ხშული და ხრინწი.
- გამოვცვლილვარ? დიდმა დრომ განვლო! - და ალექსანდრეს საკნის
სიბნელეში მოაგონდა თავის საფეთქლებთან აჩენილი ჭაღარა, შუბლზე
გადავლებული ღარი და თვალების უპეებში დროის აბლაბუდის
ნაქსოვი. ხელი მოაფათურა, კარი გამოაღო. ახალი სანთელი მოაშველა
ჯანდიერმა, მაგრამ საერთოდ ძმად მიჩნეული, ხოლო კერძოდ ვერ
ნაცნობი ძმა აღარ შებრუნდა საკანში. გუნება აერია. ისევ გვირაბს
მიაშურა.

4
- რას მითათბირებ? - ყრუდ შეეკითხა დავითს, - შენი ნაალაფარია…
შენივ სამწყსო!
- არა ჩემი, ზოსიმე ბერდიდის სამწყსო გახლავთ… ბატონო!
დავითმა ხაროს კარი გამოუღო, კიბე ჩაუნათა და უფრო ბეჯითად
დასძინა: - უეჭვოა… უხიფათო!
კახთ ბატონმა იცოდა, ეს „უხიფათობა“ ტყვეს შეეხებოდა, არა ბნელ
სავალს.
- რას მომთხოვ საუფლისწულოს?
- არაფერს, ჯაჭვის გარდა…
- რას ჩააცივდით ამ ჯაჭვს?! - გაწყრა ალექსანდრე, - მე სწორედ იგი
მინდა გავაცალო!
მაგრამ ჯანდიერმა იცოდა, რომ ეს საამო წყრომა იყო და არც შეეპუა
ბატონს:
- თავსა ვდებ, მეტი არა ითხოვოს რა…
- მიეცი… დილით იქ იყვეს, თავის მოძღვართან! - ხელი ჩაიქნია
ალექსანდრემ, ხაროს კიბეში მოხრილად წარგო თავფეხი და საუბარი
განაგრძო:
- ვერ მიცნო! და განა მე კი ვცნობ ჩემს თავსა?
ჯანდიერმა უმალ გამორაზა კარი. მეფეს სასტიკად სძულდა მისი
ხმამაღალი ფიქრების თუნდაც უნებური მოწმე, გამოცდილმა
ქონდაქარმა სარკმელში შერჩენილი ნიშნის შუქი ჩააქრო და ისევ
პატიმარს მიაკითხა.
საკანში რომ შევიდა, ქაიხოსრო მუხლმოდრეკილი დახვდა.
ლოცულობდა ფერწასული, მაგრამ სიკვდილის ზაფრას
შებრძოლებულ-შერიგებული.
არც წამომდგარა, ისე შეხედა დავითს:
- მოძღვარი ვერ მომხედავს?
- აბრძანდით, ბატონიშვილო!
ქაიხოსრო მხრებში შეტოკდა. შვიდი წელია მისთვის ასე არ
უწოდებია ჯანდიერს. „ბატონიშვილი“ ხომ წოდება და
სახელდაკარგული „თორღვაული“ იყო… ახლა კი… „ან სიკვდილი - ან
თავისუფლება!“ ერთი მკაფიო ფიქრიღა შერჩა, დანარჩენი კი სიზმარ-
ბურანს ჰგავდა…
კედლის ძირის ჩაჟანგებული ბოქლომ-საკეტი ხმაჩაზანყებით
გაიხსნა. ჯაჭვი ხელში შერჩა ტყვეს… მერმე იგი კი არ მიდიოდა
სიბნელიდან, არამედ ნათელი ოთახი თავად მოვიდა და გარს
შემოადგა ჯაჭვათრეულს. მჭედლები უტეხდნენ რკინის საკოჭურებს.
მათი უროთა დგანდგარი თავის გულის ძგერაში ვერ ერჩეოდა
თავგზააბნეულს.

5
დილეგის გარეთ ქარმა თავბრუც დაახვია. უჩვეულოდ
შემსუბუქებულ ტანზე უნებურად ხელი დაისვა. სიშიშვლის გრძნობა
ჰქონდა… აი თითქოს სამოსი კი აცვია, მაგრამ სულ დედიშობილად
შიშველია… უსაფარველო, უჯაჭვო, უქერქო, უჩონჩხო და პირდაპირ
გულის პერანგს ირგვლივ უსაშველო სივრცე შემოსდგომია. თავქვეზე
გაუჭირდა სვლა. გადაჩვეოდა სიარულს. უჯაჭვო ფეხი ხან ეთრეოდა,
ხან წინ უსწრებდა - უკარგავდა წონასწორობას.
შუა ქუჩაში ჩაჯდა, მაგრამ თავი აღარ ჩაღუნა. პირიქით - ზეცას
შეხედა. ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ სულ გაასიზმრა ყველაფერი…
თვალები დახუჭა და ვარსკვლავებს მაინც ხედავდა. მერმე ვიღაცამ
წამოაყენა და გაიყოლა. ულვაშის ჩრდილზე ჯანდიერი იცნო. რაღაცას
ეუბნებოდა საამოს, მაგრამ არაფერი გაუგია. ათასი ხმაური ესმოდა
სიჩუმეს ჩვეულს. ათასი სხვადასხვა სურნელი შემომდგარიყო და
შემომტკბარიყო ობისა და შმორის სუნით გათანგულ ნესტოებს
ირგვლივ. ათას ფერებს ხედავდა, მიუხედავად შუაღამისა.
ქუჩაბანდებსა და ფოლორცებს კი ვერ არკვევდა. შენობები ჩრდილებად
ეჩვენებოდა და პირიქით - გზაზე დაწოლილ ჩრდილებს ფეხს
არიდებდა. რაღაც გრძელ შენობას რომ მიაყენეს, ფართო კიბეზე
შეყოყმანდა. მერმე შუქმა მოსჭრა თვალი. შეკავებული ბარბაცით ავლო
და ვიდრე ღარზე გადმონადენ წყალის ჩუხჩუხმა არ მოუსალბუნა
გული, თვალის ჩინი არც ჩასდგომია. სავსე ავაზანში უნებურად
ჩაიხედა და შეკრთა - ვიღაც უცხო აბურდულ წვეროსანი უმზერდა
წყლის ანარეკლიდან… მაგრამ ღარი უხვად მოუშვა მექისემ და
ანარეკლი ტალღაში გალხვა.
- ევალაჰ! გიცანი, მირზა ბატონო! შვიდი წყლის ჭუჭყის გაცლას
წყალი ბევრი უნდა! რახიმ-აღა გახლავართ, თქვენი ძველი მექისე!
როდესაც ნააბანოევს ქათქათა ზეწარი მოახურა მექისემ, ქაიხოსრომ
ცივი წყალი ისხურა და აზრების დალაგება სცადა.
- ვაიმე, ჯაჭვი? - მხოლოდ ახლა მოაგონდა, მარმარილოს
სარეცელისაკენ შემობრუნდა. მექისე აღარსად იყო. სამოსის
განჯინასთან ორი ბოხჩა იდო.
- ჩემთვის დაუტოვებიათ! - გახსნა პირველი. მდიდრული აბრეშუმ-
ხავერდის შალვარ-ქულაჯა იდო შიგ. სულ ისეთი, წინათ,
ბატონიშვილობისას, რომ უტარებია. არა ერთი უცვეთია, მოხუჭა
თვალი და ქულაჯის ხაოს ხელი შეახო, ბეწვდაყოლებულ გულისპირს
პეწი გაუსინჯა, ლბილ ნატის საცვეთებს, ოქრომკედულ ჩახსაკრავებს
გუმანით ნაკეთობა მოუწონა… შეაცბუნა წარსულის გრძნობამ, მაგრამ
ეს ძველკეკლუცა სამოსი თავის სხეულზე უკვე ვეღარ წარმოიდგინა,
თვალი გაახილა და ახლა მეორე ბოხჩას მიჰყო ხელი.

6
თალხი კეთილნაკერი ბერული ჩოხა და კუნკულა აღმოჩნდა
ბოხჩაში. კიდევ იყო შიგ რაღაც მძიმე და დრეკადი, ცალკე ნახვევი.
- ჩემია! აქ ვარ! - და აჩხრიალებული საკნისეული ჯაჭვი გულში
ჩაიკრა. შიშველ სხეულზე ჯვარედინად ორთავ მხარეზე გადიტარა,
წელზე ქამრად შემოიკრა-შეიბა და უეცრად დადინჯდა… ნაჩვევი ცივი
ყალიბი ტანზე მოადგა. ისევ თან ახლდა მისი ჯაჭვის ოცდაჩვიდმეტი
მარჭვალივე… მაგრამ ახლა არა როგორც ბორკილი, არამედ როგორც
სულის აბჯარი.
უმალ გადაიცვა საცვალი და ბერული ჩოხა. ვიღაც ალბათ
უთვალთვალებდა. მაშინვე დალაქი ეწვია. დანა-მაკრატელი და სარკე
მოართვა. ქაიხოსრომ მხოლოდ სავარცხელი ითხოვა, თავად
ჩამოისწორა თმა-წვერი. სარკეში ჩაიხედა. უკვე ჭაღარაშეპარული ბერი
ედგა თვალწინ. ქაიხოსროს ამნაირები არა ერთგზის უნახავს
წვიმაჩამოდენილ, ძველ საყდრის კედლებზე ნახატი. ხელი შეუტოკდა,
სარკე გაუვარდა, ათას ნამსხვრევად მოეფანტა აბანოს იატაკს.
- თქვენი ჭირი წაუღია, ბატონიშვილო!
კართან დავით ჯანდიერი მოწიწებით იდგა და ელოდა.
ახალფეხადგმულივით მიჰყვებოდა ქაიხოსრო თავის ყოფილ
მედილეგეს და გულამოსკვნით გრძნობდა უკან დარჩენილს,
წეღანდელ სარკესავით დალეწილ ახალგაზრდობას.
სასახლის კართან გულის ფრიალი იგრძნო, ხოლო ზოსიმე მოძღვრის
საწოლთან ცრემლიც ამოერია - ეამბორა ნასიცხარს.
- შვილო! ქაიხოსრო ხარ?! - ძლივს იცნო ზოსიმემ, - დიდება უფლის
სახელს!
ჩაჩოქილმა, ზოსიმეს მკერდზე დამხობილმა ქაიხოსრომ თავი რომ
წამოსწია, სნეულის თავთან ვიღაც მკაცრსახიანი შავჭაღარა შეამჩნია.
ყურადღებას არც მიაქცევდა, მაგრამ მარცხენა თვალ-წარბი
უთამაშებდა შუბლშეკრულს.
- დოსტაქარო, ვნებას ხომ არ ჩავდივარ სნეული მოძღვრის მიმართ?
არ გაურთულოს ღელვამ! - ხმადაბლა შეეკითხა ქაიხოსრო.
- ვერც ახლა მიცან?
- ალექსანდრე?!

II სულაყის ჭალებში
ჩრდილო დაღესტანი შერეულად მზე-ჩრდილიანი იყო. მთის ნისლს
უკვე ველისა და კასპიის ოხშივარი სცვლიდა, ქედებს - შემცირებული
ღრანტები და გორაკები. სულაყის ჭალებშიაც და ხევხერგილებშიაც
შერეულად ჩაწოლილიყო მთა-ბარი… ხან უეცარი ქიმი, ხან ეკალ-
ბარდიანი ტაფობი.

7
კვერნაქებზე შეკიდებულ ტყეებს წინსაფრებად ფერდჩამოშლილი
ქვაყრილები აჰკროდათ. უფრო ქვევით კი წვერკიკინა ჩალიანები
მოვლებოდნენ ქობებად.
ამ „აღარც მთა-აღარც ბარში“ ჩვეულებრივად დიოდა ტანსავსე და
მჩქეფარე მდინარე. ჩვეულებრივად შრიალებდნენ ნამიანი ფოთლები.
სასირობდნენ უამრავი ველური იხვები, გძელნისკარტა წყლის
ქათმები. მაყვლიანებში დილდილობით კრიახობდნენ ხოხბები.
ზაზას კი ყოველივე სხვა ხმითა და სხვა სახით ესმოდა და
ელანდებოდა. ან კი რა მოუვიდოდა ათი წლის გრემელ ანაბანა ბიჭს,
ასე მთას იქით, მოუსავლეთში გადაკარგულს.
მას ხეირიანად აღარც კი ახსოვს, რამდენი დღე-ღამე იბორიალა აღმა-
დაღმა. რამდენი შიში და გულსახეთქი შეხვდა. ყველაფერს უფრთხოდა
- სულიერსა და უსულოს, მაგრამ ყველაზე უფრო კი მაინც გზას
გაურბოდა. იქ ეგულებოდა ყველაზე უფრო სახიფათო ნადირი.
თვალწინ წეღანდელივით ედგა ალაზნის ჭალა, ლეკების თარეში,
მოულოდნელი ტყვეობა, ასლან-მურზას კოშკი, ურდული, ბორკილები,
გამოქცევის შავწვიმიანი ღამე. მამის წინმავალი ლანდი, მდევარი…
დაბოლოს ეს მდინარე - მათი ერთადერთი მაშველი თუ მღუპველი.
თვალ-გულში ჩარჩა შეცურებული კუნძი, გაწამებული მამის სველი
თავკისერი და უეცრად… როგორც თავზარი… გველვეშაპის
ზურგივით ხერხემალა კლდე.
აქ კი ყველაფერი ირეოდა: ყალყზე შემდგარი კუნძი, ღრმა
ყურყუმალი, თავგზააბნეული წყალჭიდილი.
ისევ ალაზნურმა ილეთმა იხსნა… იხსნა, მაგრამ მამა?
ესეც ენამოწეწკილი ნიკაპდაკრული ნაპირი. უცხო, უმამო, ალბათ
უღვთოც… სრული მარტოობა, იქნებ ობლობაც?!
- არა, არა… მამა! - უკვე დაღლილ კვნესად ამოსდიოდა ათასჯერ
ნამეორევი ამაო ძახილი.
გახდა, გაძვალტყავდა, ხმა ჩაეხლიჩა. ხოლო ცრემლი და ნერწყვი რომ
ამოუშრა, მეტი რა გზა იყო, უგზოუკვლოდ დაჰყვა ნაპირს.
ახლა მას ამ უცხო სამყაროში არავინ გააჩნდა, გარდა უბეში
შერჩენილ დედისეულ ციცქნა ჯვრისა და მამისეულ „სიტყვის კონისა“.
ახლა ესენი იყვნენ მისი დედ-მამა, იმედ-ნუგეში.
თვალის ჩინივითაც უფრთხილდებოდა მაინც „სიტყვის კონას“, მამის
ჩიტნიშნებიანსა და მათი ზრახვების მესაიდუმლესა და თვითტომს.
ძლივს გამოაშრო მზის გულზე და უბის არეში.
ფრთხილად ვიდოდა, მაგრამ შიმშილმა ძალა გამოაცალა და კვირის
ბოლოს იმავ სახიფათო და მზაკვრულ გზაზე გამოაგდო ჯვრისა და
კონის უბადრუკი პატრონი.
დახედულად მოიპარებოდა, ოთხმხრივი ყური გამოიბა.

8
უკანიდან მოსწვდნენ ცხენოსნები. უმალ წაწვა, მიწა-კაჭაჭს გაეკრა,
გზის მიღმიდან თვალი გააყოლა. ლეკები იყვნენ, მაგრამ ჩვეულებრივი
შიში აღარ უგრძვნია ზაზას, უფრო ძლიერად სხვა ფიქრი აბორჯებდა:
„ხურჯინში ალბათ საჭმელი აქვთ?!“ - მონუსხულ ნადირივით აედევნა
მათ ზაზა.
გზაჯვარედინზე, ქვის ღარიან წყაროსთან დადგნენ და წაიხემსეს
ლეკებმა. მათი წასვლის შემდგომ ზაზა მიიჭრა წყაროსთან. ქერის
პურის ნატეხები და ყველის ნაფცქვენი ნახა. არც ერთი ნამცეცი არ
გაუშვია. მერმე წყაროს თავთან ჩამოსულ ბუჩქნარიან ღარდას შეაფარა
თავი. წყარო გაიხადა სათვალთვალო ფარგად.
ახლა აღმა აიარეს მგზავრებმა. ისინიც შედგნენ წყაროსთან.
შეისვენეს. მათაც დარჩათ ნატეხ-ნამცეცები, გაუხრავი ძვლები,
ქვამარილის კვნიტი და სხვა ამდაგვარი უგემრიელესი რამ.
ზაზა აღარ მოშორდა წყაროს, თავის ბუნაგში მიწვა და მალე
მეფურად შენაყრებულს ჩაეძინა კიდევაც.
ცხენების ფრუტუნმა და ხმაურმა გამოაღვიძა.
უკვე ღამე იყო. წყაროსთან ვიღაცეები ჯარად იდგნენ და ხმამაღლა
საუბრობდნენ.
არა, ლეკების ენას არა ჰგავდა. ლეკები, სხვა მთიელნიც არც
ასტეხდნენ ტყეში ღამიანად ასეთ ხმამაღალ საუბარსა და გნიასს.
მისულნი არც სამოსით ჰგავდნენ ლეკებს. ჩოხები კი ეცვათ, მაგრამ
სხვა ყაიდისა და არც ყველას. ქალების ხმაც ისმოდა შიგადაშიგ.
„ტყვეები თუ მოჰყავთ?“ - გაიფიქრა ზაზამ და უფრო გაინაბა. კრიჭა
შეკრა, კბილების კაწკაკის ხმა რომ არ მისწვდენოდა მოსულთ.
მალე რამდენიმე ადგილზე ცეცხლი დაანთეს, დალაგდნენ მოსულნი.
გაშალეს ნაბდები და საგზალი. ზაზამ ცეცხლის შუქზე შენიშნა -
მხედრებმა სამპოტიკად დააყუდეს თოფები ორმხრივ და გუშაგები
დააყენეს.
მალე კარვებიც გაშალეს. ტვირთი ჩამოხსნეს ცხენებს.
ერთი კოცონი ზედ წყაროსთან, გზისპირზე ენთო. ცეცხლი რომ
აეკიდა, ულვაშებჩამოფაფხული კაცი შეამჩნია ბიჭმა. ყველას ის
უჩვენებდა ადგილს. მისი რიხიანი ხმა ყველგან გაისმოდა.
კუშტულიანი ქუდი გვერდზე მოეგდო, ასევე თავგვერდული ქოჩორიც
მოეშვა.
„ეს თუ არის მათი ბელადი?“ - გაიფიქრა ზაზამ და შიშმა აიტანა.
ბანაკში აშკარად არამებრძოლი ხალხიც ჩანდა, ქალებით. მათმა
სითამამემ და მაღალმა კისკისმა გააკვირვა კიდევაც ზაზა.
ულვაშდაფაფხულმა სულ ახლოს ჩაუარა ჩასაფრებულ ბიჭუნას.
არა, ლეკს სრულიადაც არა ჰგავდა ბელადი, ცხვირპაჭუა გამოდგა და
ჭაღარანარევი ქერა. მაგრამ აზრი ებლანდებოდა ზაზას - ცეცხლზე

9
შემოდგმულ ქვაბებს ჯადო ძალის ოხშივარი ასდიოდათ. ვახშმობდნენ
ზოგნი.
„ჰოი, რამდენი ნამცეცი დარჩება ამოდენა ხალხს?!“ - ფიქრობდა ზაზა.
მაგრამ შიმშილის საწადელს ცნობისმოყვარეობაც ლოკოკინასავით
შეაფორთხდა: „ღმერთო, ვინ არიან?!“
შიში მაინც იოკებდა გაწვრილებულ მოთმინებას და ანაბანა ბიჭი
თავისი ბუნაგიდან არ იძროდა, ათრთოლებული ნესტოებით ყნოსავდა
ჰაერს.
ბანაკში კი მოითავეს ვახშმობა. ბელადმა პატარა დოლი აარაკრაკა
ჯოხებით. ყავარზე დაცვენილ ხოშკაკალს ემსგავსა ხმიანი. მის
გაგონებაზე გუშაგებიც გამოიცვალნენ. ყველა მიწვა-მოწვა. უეცრად
გაყუჩდა ბანაკი. „დახე, რა ძალა ჰქონია ამ პატარა დოლს, ზარის
სამაგიერო არ ყოფილა? - ფიქრობდა ზაზა და გაფაციცებით
აკვირდებოდა ყოველ წვრილმანს.
თანდათან რული მოეკიდა ბანაკს. მოხუცი ბელადი ცეცხლთან
მიჯდა, იქნებ წასთვლიმა კიდევაც.
მაშინ მოხდა ზაზასათვის ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი. ჯერ იყო
და ცხვირი ხმიანად დააცემინა მოხუცმა, მერმე ცერა თითი ცალ
ნესტოზე მიიდო და უფრო ხმიანად „ცალნესტოურად“ დააქუხა,
მოიხოცა.
„არა, ეს მთიელი არაა! ასე მთაში არავინ იხოცავს ცხვირს!“ - დაასკვნა
ბალღმა და უფრო დააკვირდა უცხოს.
მოხუცს ახლა კი აშკარად რული შეეპარა, დაამთქნარა… ისიც
ხმიანად და ღია პირს ჯვარი გადასახა. ეს ნათლივ დაინახა ზაზამ.
უბეზე იტაცა ხელი. იქ მასაც ხომ ჯვარი აქვს? იქვე „სიტყვის კონაც“,
ქართული „სიტყვის კონაც“ ხომ გააჩნია? - მისი „უბის საქართველო!“ იქ
წერია, დიახ, ახსოვს - მთას აქეთ… ქრისტიანად მხოლოდ „რუსი“
წერია… „ალბათ, რუსები არიან! ქრისტიანები!“
კინაღამ ზეზე წამოიჭრა, მაგრამ ისევ დასძალა შიშმა. თავისებური
სიბრძნეც შემატა: „რომ შევცდე? გათენდეს… დილით კარგად ვნახავ!“ -
და თვალს ვეღარ აშორებდა ულვაშა ჯვაროსანს.
დიდი ხანია ბანაკს ტკბილად სძინავს, მხოლოდ გუშაგები
ჩრდილებივით მიმოდიან.
ბუჩქების ბუნაგში ზაზაც ძილფხიზლობს. ეს არის რომ ღელვა-
შიშისაგან დაღლილ სხეულს რული ერევა.
მთვარეც ზანტად მოგორავს ცაზე. ნიავიც ნაზად აჩქროლებს
ბუჩქნარს. ქუთუთოებს კი სიმძიმე ემატებათ.
სიზმარმა მისტაცა ფიქრი: მამა იხილა… უცნობი ცხვირპაჭუა
ულვაშაც… მერმე გრემი წარმოუდგა თვალწინ. ზართ ბატონი - ფილო
მნათე ორთავ ხელით რეკავდა ზარებს. ეზოს კარზე ჯიღაურიანთ

10
ხალიანა სტიროდა. სულ მაღლა კი დედა იყო - წიწილებს უყრიდა
საკენკს.
ბუჩქნარის ახლო შრიალმა გააღვიძა, გამოაფხიზლა. უმალ აზრი
იკრა. ნადირივით გაისუდრა. ეჭვი არ იყო, დილა-ბინდში გაარჩია -
მიყუჩებულ ბუჩქნარში ვიღაც ფრთხილად იკვალავდა სავალს. უკან
მეორე ჩრდილიც მოჰყვა, მიწახოხურით მიდიოდნენ… და სულ ახლოს
ლეკური ჩურჩული ისმინა ზაზამ:
- დროა?
- არა, ცოტაც ინათოს… ჯერ გუშაგი… უხმოდ…
დამფრთხალ ზაზას აქაც თავის გამტაცებლის და პატრონის ასლან-
მურზას ხმა მოელანდა. ვერხვის ფოთოლივით ათრთოლდა.
აღმოსავლეთით კი აისი ფეხმარდად დგებოდა. ძილში ჩაბუბნული
ბანაკისათვის ბაცი მტრედისფერი გაეკრა. ზაზას ირგვლივ თითქოს
გაცოცხლდნენ დანამული ბუჩქები, ფარული სიავით აშიშინდნენ.
ლეკები ხოხვით გარს უვლიდნენ მძინარეთ. ცეცხლის პირას მაღალი
ხვრინვა ისმოდა. გუშაგები კი ზანტად ლასლასებდნენ ბანაკის
თავბოლოში.
უეცრად ერთი გუშაგი გაქრა, თითქოს მოიცელა. შეშრიალდა
ბუჩქნარი და უმალ ჩადუმდა. არავის არაფერი გაუგია. ზაზა მიხვდა
მხოლოდ. ალღომ თუ წამოაგდო, ფიქრზე უსწრაფეს, ერთი ნახტომით
ჩასრიალდა წყაროსთან, ლეკურად გახოხდა და თავს წაადგა ცეცხლის
პირას მძინარე მოხუცს.
- ლეკები! ძია რუსო, ლეკები! - ხმადახშულად მიაძახა, ხელებით
შეაღვიძა. რუსმა თავი წამოჰყო, გაკვირვებით შეხედა ჩაძონძილ
ჭაბუკს.
- არიქა, მოდიან! - აჩქარებდა ზაზა, ხელებს შლიდა, გულში იცემდა,
რითაც სულ გააოცა ნამძინარევი რუსი ბერიკაცი.
ზაზამ იაზრა, ვიდრე ისინი გაუგებდნენ ურთიერს, ლეკები თავს
დაესხმოდნენ, დაარბევდნენ მძინარე ბანაკს. ზარის მაგიერი დოლი
მოაგონდა, მიეჭრა თოფ-ხარიხებზე ჩამოკიდებულსა და ასავსავებული
მუშტები დაჰკრა. არა მწყობრად, მაგრამ ძლიერად აახმიანა.
ბანაკში უმალ განგაში ჩავარდა. რუსმა ხელი უტაცა. მაგრამ ზაზას
დოლჩაგრიალამ მიზანს მიაღწია, წამოჭრილი მებრძოლები უკვე
აჟღარუნებდნენ იარაღს. მოხუცმა გულმოსულად შეუძახა და ყურში
სწვდა ზაზას. ამ დროს გუშაგის თოფიც გავარდა.
ცოტაც და თოფების გრიალი და ყიჟინა გარს შემოადგა აშლილ
ბანაკს.
ლეკებმა მაინც სცადეს გზაზე გამოჭრა, მაგრამ ფეხად ასწრებულმა
კაზაკებმა უკუაგდეს.

11
ბრძოლაში დაათენდათ. მზე რომ მაღლა აიწვერა, მაშინღა გაეცალნენ
ლეკები. ათიოდ ცხენი მაინც გაეტაცნათ. გუშაგიც მოეკლათ.
დაჭრილებიც იყვნენ რუსთ ბანაკში.
დაშოშმინების შემდეგ კაზაკები ზაზას შემოადგნენ ირგვლივ.
რაღაცას ეუბნებოდნენ. ის კი იდგა და ცრემლებს ყლაპავდა. ისევ
მოხუცმა იხმო, ხელი მოჰკიდა და მაჯაზე შერჩენილი ბორკილის
ნაწყვეტი გაუსინჯა. ახლა უბე გადუხსნა… პირველად „სიტყვის კონა“
მოედო ხელში, დიდხანს ატრიალა. ისევ ზაზას გულის პირს
მიუბრუნდა, ციცქნა ჯვარიც უპოვნა.
- გურჯი?!
- ჰოდე გურჯი! ქართველი ვარ… კახი! - ბოლოს ერთი სიტყვა მაინც
გაიგო ზაზამ და ისევ ცრემლი მოერია.
მოხუცმა ბაღდადით ამოუწმინდა თვალის უპეები, ჩაცვენილი
ღაწვები. ცეცხლის პირას დასვა და თავის კანტურით პური მიაწოდა.
ზაზას ყველაფერი დაავიწყდა, ორთავ ხელით სწვდა პურსა და
დაუღეჭავ ლუკმას ცრემლი ჩაატანა. უმალ შეტრიალდნენ კაზაკები -
ზოგმა ხორცი მოუტანა, ზოგმა ხაჭო-ყველი, ერთმა არაყიც კი
შესთავაზა, მაგრამ მოხუცმა არ დაანება.
- აბა, ნოგირინ, რა გაიგე? ვინ არის? - ჯგუფს ასისთავი დანილოვ-
რუსინი წაადგა. მათე ნოგირინი გაეჭიმა ასისთავს და რუსულადვე
მოახსენა:
- ქართველია, ლეკთა ტყვეობიდან გამოქცეული! ამან ასტეხა განგაში!
გვიხსნა!
- ყოჩაღ! - ასისთავმა ხუჭუჭ ქოჩორზე ხელი გადაუსვა ბიჭს.
შენაყრებული ზაზა ახლა გონებას ატანდა ძალას. მიხვდა, რომ რუსთ
ბელადი ეს ახოვანი, ქერა მხედარი იყო და არა ულვაშა მოხუცი.
მალე აიყარა ბანაკი. ყველას თავისი საქმე ჰქონდა და ზაზა მარტო
დარჩა მიფერფლილ ცეცხლთან.
ყველანი რომ ამგზავრდნენ, ისევ მოხუცმა მათე ნოგირინმა
ცხენდაცხენ მიაკითხა ჭაბუკს. დიდხანს ეუბნა უშედეგოდ. არა
ერთგზის საჩვენებელი თითი დახეულ გულის პირზე უბაკუნა.
- ზაზა მქვია, ზაზაი! - ბოლოს მიუხვდა ბალღი.
- ნუ, ზაზაი, ტაკ ზალეზაი! - და ნოგირინმა ცალი უზანგი დაუთმო,
ცხენზე შემოისვა უკვე მაძღრად დაპურებული და ნუგეშნაცემი ზაზა.
იშთარხნელი ასისთავი ეგნატე დანილოვ-რუსინი თავისი
მეთოფურებით შირვან-შემახას აბრეშუმის შესაძენად წამოსულ რუს
ვაჭრებს ბადრაგობდა. მას საიდუმლო დავალებაც ჰქონდა, კავკასიონის
ჩრდილო კალთებისა და სამხრეთის სავაჭრო თუ სამხედრო
მნიშვნელობის გზები დაეზვერა. რუსი ტყვეებიც გამოესყიდნა, მათ
შორის ტოლმაჩმოენეებიც შეერჩია. მაგრამ ვაჭრებს ტარკას

12
მახლობლად შამხლის მხედრები გადაუდგნენ, აღარ გაუშვეს. დარბევა
ვერ მოუხერხეს, მაგრამ გზა კი შეუფერხეს. უკან გამობრუნდნენ რუსი
ვაჭრები.
თერგზე სანაო ჰქონდათ რუსებს, გაღმა კი თავისუფალი, უფრო
სწორედ - თავისნება კაზაკების სტანიცა-სოფლები იყო.
სუნჯა-თერგის ხერთვისში ჯერაც იყო იოანე მრისხანეს მიერ
ჩადგმული, ხოლო შემდგომ მოშლილი ციხის ნანგრევები.
ციხის მოშლა ყირიმისა და სტამბოლის თურქთა დასამშვიდებლად
იყო განზრახული. ეს „დამშვიდება“ დიდი ციხის დანგრევასა და მეფის
მსროლელთა წასვლაში გამოიხატა. არსებითად კი თერგის ციხეს კვლავ
საკმაოდ მტკიცე გალავანი დარჩა. მის ქონგურებზე თავისნება
კაზაკების დარაჯები ისევ ახმიანებდნენ საგუშაგო სარაკუნებს და
თურქთათვის, თითქოს თავისი ნებით, ისევ ხშავდნენ შამხალ-
დარუბანდის გზას.
სანაოზე გასვლის შემდგომ რუსთა ქარავანი შედარებით
სამშვიდობოს ითვლებოდა. აღარ ჩქარობდნენ. თერგის მყუდრო,
ჩალიან ნაპირზე შეისვენეს.
- აბა, როგორ ხართ შენ და შენი ტყვე? - ეკითხებოდნენ მათე
ნოგირინს კაზაკები.
- არა ტყვე, არამედ ჩვენი მხსნელი! არ აეტეხა განგაში, ვნახავდი
თქვენს გახვრეტილ ცარიელ თავებს! - დაუტატანებდა მათ ნოგირინი.
- მართალია, მაგრამ ეგ ქოჩორა… შენი ტყვეა მაინც!
- არა ტყვე, არამედ შვილობილი, დიახ, ღმერთმა მეც მომხედა,
მაკმარა მარტოდ ხეტიალი.
დასვენებისას მათემ თერგზე ჩაიყვანა თავისი შვილობილი,
სიცხედამცხრალ დაისის დროს წყალი საამო იყო. მგზავრები თერგის
ტალღებში შეცურებულიყვნენ და ჟივილ-ხივილით ბანაობდნენ. მათე
თავისი უეცარი შვილობილით დინჯად მიდიოდა ნაპირ-ნაპირ. ზაზა
გაკვირვებით შეჰყურებდა ბრგე კაზაკებს, რომლებიც ქალებთან ერთად
ბანაობდნენ. ერთი ხარხარი და ჭყუმპალაობა ჰქონდათ.
კახელ ბიჭს მოაგონდა, ალაზანზე ჩაპარული გოგონები რა წიოკს
შექმნიდნენ ხოლმე, თუ სადმე ახლოს ანაზდად ბიჭები ჩაივლიდნენ.
- მათე! აქეთ მოდექით, აქეთ! - შესძახეს ქალებმა მათ დანახვაზე.
- აქ მოიყვანე… ჩვენ გავბანთ შენს ხუჭუჭა ბიჭუნას! - და ორი
დედაკაცი, თითქმის დედიშობილად, ამოეგება მდინარიდან.
- იქნებ მართლა? კეთილი საქმეა! - და მამობილი ზაზას მოუბრუნდა,
მაგრამ იგი ხელიდან გაუსხლტა და ჩალიანს შეაფარა თავი.
მათე სახტად დარჩა. მერმე დედაკაცებს შეუტია:
- აიტ, თქვე უსირცხვილოებო! ბიჭუნას გადამირევთ, გამეცალენით! -
და შიშვლებს წკნელი მოუნაცვლა.

13
ხორხოცა გნიასი გაღმა ნაპირს გასწვდა, გარეული იხვები გააფრთხო.
მათემ ჩალიანში იპოვა თვალჭკვიანი და ქცევაუცნაური ბიჭუნა.
დაუყვავა და მყუდრო ადგილას ჩაიყვანა თერგში. საპონი მისცა,
ზურგიც დაუზილა, თავიც დაბანა. ბორკილ-სამაჯურის გაცლა
დაუპირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ზაზა უსიტყვოდ ემორჩილებოდა
უცხო მამობილს და მის ნორჩ გულში მშობელი მამის ხილვის
სურვილი ცრემლებად გუბდებოდა. ბოლოს ტირილად და ზლუქუნად
იფეთქა.
თავს რომ ვეღარ მოერია, მიუხედავად წყალშიშიანობისა, მაინც
სიღრმივ ჩაეყუდა თავიანად… და როდესაც ამოყვინთა - აღარ
სტიროდა.
მათემ ასე მოულოდნელად გაჩენილ შვილობილს თავისი მარქაფა
პერანგი ჩააცვა. ქვევითაც მობანავეებს გადასძახა:
- აბა, ხუჭუჭა ბიჭს, ჩვენს მხსნელს, თითო რამ შესამოსი გამოუღეთ…
ოღონდ ტანზე ჩაიცვით - ისე არ მოხვიდეთ!
…და სულ მოკლე ხანში, მგზავრობის ხელმოკლეობაში უცნაურად
გამოწყობილი ზაზა ხის ძირში იჯდა და ირგვლივ რუსები
შემოსდგომოდნენ.
შალვარი ერთად აურჩიეს, მაგრამ მაინც დიდი აღმოაჩნდა.
თათებწაკეცილი ჩააცვეს. ცალ-ცალი წინდებიც უშოვნეს ქალებმა.
ფეხსაცმელად კი არყის ქერქის ქალამნები მოუწნეს სახელდახელოდ.
ზაზას ჩაკონკილი ძველმანი მათე რუსმა თავად გასინჯა და, ციცქნა
ჯვრისა და „სიტყვის კონის“ გარდა, ყველაფერი გადაყარა, ხელნაწერი
კი გადაშალა და წიგნის ხამის უნებური კრძალვით დიდხანს ფურცლა.
- რა, რა არის ესა? რად გინდა? - მეასეჯერ ეკითხებოდა და თავს
უქნევდა.
ზაზამ აბა რა იცოდა რუსული, მაგრამ გაუგო:
- წიგნია… „სიტყვის კონა“… ქართული…
- ციგნა? კარტულა? - იმეორებდა რუსი და ვერაფერი გაეგო.
- ნუთუ კითხვა იცის ამ ღლაპმა? - იკითხა ასისთავმა, - აბა ვნახოთ? -
კონა საალალბედოდ გადუშალა, პირველ სტრიქონს თითი დაადო:
- ნუკა?!
ზაზა მიხვდა, წაიკითხა:
- ქუდი…
- კუდი?! - გაიმეორა დანილოვ-რუსინმა… - იშ, ტი… სცოდნია!
- კუდი კი არა, ქუდი, აი! - და რადგან თავისი არ გააჩნდა, მამობილის
ქუდს შეეხო.
- შაპკა?! - შესძახა მათემ და ამაყად გადახედა მსმენელთ.
- შაპ… კა… - დამარცვლით გაიმეორა ზაზამ, - შაპ… კა. - მიმოიხედა,
მამობილს ჩექმის ყელში ხის კოვზი დაუნახა. ამოაძრო და სილაზე მისი

14
ტარით ქართული ასოებით დასწერა: „შაპკა“.
ხალხი სასწაულივით უმზერდა ქართულ ასოებს.
- ანუკა! ერთი მეც! - ჩანთა მოიგდო, პური ამოიღო ცალწარბა კაზაკმა.
- ხლებ! პიში! დაწერე!
- ადგილი! ადგილი! - რკალი გააფართოვა მათემ. ხალხის ნაჯეკნი
სილა ხელისგულით გაასწორა და ახლა თავად მიაწოდა კოვზი.
- ხლებ-პური! - სილაზე დასწერა ზაზამ და კონა გადაშალა.
- პური… აი! - ყველამ ცნობისმოყვარეობით ჩახედა უთავფურცლო,
სიძველისაგან გაცვეთილ მთასიქითა წიგნს.
წარწერიანი ქვიშა-სილიანი მოედანი თანდათან ფართოვდებოდა,
სიტყვების რაოდენობა მატულობდა. ყველას სურდა, მისი ნათქვამი
სიტყვა ენახა ქართული ასოებით სილაზე ნაწერი.
მხოლოდ ბინდმა გაჰყარა თერგისპირა მწიგნობრები. სულ ბოლოს
მათე და მისი შვილობილი გასცილდნენ ქვიშა-სილის წიგნს.
ძილის პირზე ერთად ილოცეს. შუაღამისას კი, მამაშვილურად
ჩახუტებულნი, მშვიდად ფშვინავდნენ ორთავე.
ზაზაც მიყუჩებულიყო მოხუცი კაზაკ-რუსის გვერდით, რომელიც
არაფრით არა ჰგავდა მამამისს და ამავ დროს, თითქოს რაღაც ძირეული
ჰქონდა საერთო.
დილით მათემ რომ გაიღვიძა, ზაზა არსად ჩანდა. უცოლშვილობაში
მარტოხელად ჩაბერებულმა მათემ ახლა კი გულსაოცარი სიცარიელე
იგრძნო. უმალ წამოდგა, ძებნა დაუწყო ზაზას. ყველგან გაიკითხა.
ჭაბუკი არსად ჩანდა.
მალე მთელი ბანაკი წამოიშალა და უფრო ბეჯითად დაუწყეს ძებნა
დაკარგულს.
- გაფრინდა შენი მეცნიერი! - ეუბნებოდნენ მათეს.
- ნო-ნო! არ იქნება ეს! არ იქნება! - უკვე შფოთავდა მათე. - აბა რა გზა
აქვს ნატყვევარს?!
- მე გეტყვი, სად იქნება! აბა იქ ნახე, მდინარის პირას, სილიანთან, -
მოისაზრა დანილოვ-რუსმა.
- მართლაც! მართლაც! იქ იქნება! - და ყველანი იქითკენ დაიძრნენ.
ბუჩქნარებს რომ გასცდნენ, დაინახეს ზაზა. იგი ხან სილაზე ნაწერს
უმზერდა, ხან თავის ხელნაწერში ინიშნავდა რაღაცას.
ისევ მიჯრას აპირებდნენ მგზავრები, მაგრამ მათე წინ გადაუდგა,
ხელი ტუჩზე დაიდო და ჩუმად წასჩურჩულა თავმოყრილთ:
- ვერა ხედავთ, მშობლიურ ენაზე წერს, ლოცვასავით საქმეა, ხელი არ
შეუშალოთ. წადით აქედან!
ყველანი გარეკა, თავად კი შორიახლოს მიჯდა და გულმოდგინედ
დაელოდა, სანამ ჭაბუკმა სილაზე ნაწერი სიტყვები თავის „უბის
საქართველოში“ არ გადიტანა.

15
III შავი თხის აჩრდილი
როდესაც სათინომ კითხვა-კითხვით მიაღწია ასლან-მურზას კოშკს,
მამუკა ფრიად მძიმე მდგომარეობაში დახვდა. იგი ახალმოყვანილი
იყო სულაყის მხრიდან. ნაგვემი და ზარდაცემული, ხელფეხშეკრული
ეგდო კოშკის ზედა სართულში და წყლის მიმწოდებელი არავინ
ჰყავდა. თუმცა მამუკა თითქმის ვერც გრძნობდა საკუთარ ტკივილებს,
გარინდებული ჩავარდნილ და ჩასიცხულ თვალებით შეჰყურებდა
ჭერხოს სავალს და შვილის ჩრდილი ელანდებოდა, სულაყის
ტალღებში ყალყზე შემდგარი მორი და ზედ გააფთრებული,
გალუმპული ზაზა…
ამ მორმა დაღუპა მამუკა… თავზე დაემხო, გააბრუა, ქვეშ მოიქცია…
მაგრამ მანვე გადაარჩინა. ჯაჭვი გამოსდებოდა როკებს, მორთან
ერთად, წყალნაყლაპი მამა ნაპირზე გაერიყა ტალღას. მდევრებიც აქ
მისწვდნენ, სულ მიასიკვდილეს გვემით.
გონზე რომ მოვიდა, ისევ ზაზა იკითხა. ტალღებზე მიუთითეს და
კვლავ მოუნაცვლეს ბარე ორი. ერთი ამოიგმინა უბედურმა მამამ და
გარინდდა. მერმე აღარც ცემა უგრძვნია, აღარც უკანა გზის დუხჭირი.
ანაზდად ციებ-ცხელებამაც დარია ხელი.
მოყვანისთანავე შეკოჭეს და კოშკში ჩაკეტეს.
ასლან-მურზა ჯერაც არ იყო მობრუნებული, როდესაც სათინომ
ზუჰრას მეშვეობით მიაგნო მამუკას კვალს.
საზარელი იყო მათი შეყრა. სათინოს არაფერი უთხრეს - ისე შეუშვეს
კოშკში. ჯერ ვერც იცნო თავისი ცოლი გულჩაკლულმა და სიცხიანმა
მამუკამ. ან კი რას წარმოიდგენდა?
დარდისა და ბინდის ნარევში ზაზას ლანდს ღია კარის შუქზე
უეცრად სხვა მახლობელის ლანდი აეფარა…
კარი გაიხურა, მაგრამ ქალის ლანდი აღარ გაქრა.
მამუკამ გუმანშებზარულად იგრძნო, რომ იგი ხედავს და ბოდავს…
ბოდავს და ხედავს… სცნობს კიდევაც და სიტყვებიც კი გაარკვია
თავისივე ნაბოდვარისა…
- სათინო! შენ თუ ხარ, ქალო?! ხმა გამე…
ნიდაყვებზე ძლივს წამოიწია შეკოჭილი.
სათინო სდუმდა… აქეთ-იქით აცეცებდა კილოშეშლილ თვალებს -
ზაზა არსად ჩანდა.
მამუკამ ვეღარ აიტანა, თავი იატაკზე დაუვარდა, ბორგვა და ბოდვა
აერია:
- არა… შეუძლებელია! საიდან სადა?! საიდან სადა?.. ჰოდა, მადლობა
ღმერთსა… თორემ ახლა რა პასუხს გავცემდი? რა პასუხს! მე ცოცხალი,
ის კი…

16
- ზაზა?! - ძლივს ამოიტანა სიტყვა სათინომ.
- დავიღუპეთ!.. - და მამუკამ ისეთი ძალით დაახალა კეფა ქვის
იატაკს, რომ თვალთ სრულიად დაუბნელდა, სიცხეში და ბრუში
გაეხვია. ამომშრალ ხახაში გმინვა ჩაუგუბდა და კრიჭა შეუკრა.
მერმე… კარგა ხნის შემდგომ შუბლზედა უბეში სალბუნი იგრძნო…
გონზე თანდათან მოდგა. თითქოს ბნელი ორმოდან ნელ-ნელა
ამოდიოდა. თავქვეშ რაღაც რბილ-სანდომი, სითბო-ნაცნობი
სასთუმალი იგრძნო. იქ, მთის იქით დარჩენილი, თითქოს სიცოცხლის
მიღმიდან წარმომდგარი, მზრუნველი ჭირისუფლის ხელისა და
კალთა-მუხლის განუმეორებელი გრძნობა… გული ამოუჯდა, ისევ
წამოვარდნა დააპირა.
- იწექ… იწექ, ჩემო! იყუჩე… აჰა, მოსვი!
მამუკამ დამშხალულ ტუჩებზე დოქის გრილი იგრძნო. ხარბად
მოსვა, სულმოუთქმელად.
- ჰოიტ, ღმერთო! ვინა ხარ მადლიანი?
უეცრად იგრძნო - ხელები ზურგზე კი აღარ აქვს მტკივნეულად
ჩაკოჭილი და ჩაბუჟებული, არამედ გულისპირზე უწყვია. ისევ დოქს
წაეპოტინა, მოსვა, ბევრი მოუვიდა, კისერშიაც ჩაედინა და სასულეშიაც
გადასცდა… ისევ სულაყის ტალღების ბორიალი აერია თვალწინ,
მაგრამ ვიღაცამ გულისპირი ამოუმშრალა, დოქიც გააცალა… თითქოს
სულაყის ტალღები გაარიდა…
- ვინ ხარ? ნუ გადამრევ!
სათინო ქალური გუმანით მიხვდა, რომ ყველაფერი ერთად და რაც
შეიძლება მოკლედ უნდა უთხრას გაოგნებულ მეუღლეს.
- სათინო ვარ! თქვენს გამოსასყიდლად მოვსულვარ. იყუჩე, ჯანღონე
მოიღე! შინ შვილი დამიტოვებია! - ერთი ამოსუნთქვით მიაძახა
სათინომ და უფრო ახლო დაიხარა.
- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! - გულაღმა მწოლიარე მამუკა
მუხლებში უფრო ჩაეკრო თავის ცოლს, ხელიც კისრამდე აწვდინა, თავი
დაახრევინა, მაგრამ მამაკაცის გულმა იგრძნო, არ დაყვა ქალი… მათ
შორის უხილავ ბზარად ზაზას ჩრდილი იყო ჩაწოლილი.
- შინ?! ვაი, შვილო! - უხმოდ აზლუქუნდა მამუკა.
- შინ შვილი, სიაუში დაგვრჩენია… მეტს ნურას გამაგონებ, ნურას!
ქალს მუხლები უთრთოდა, მაგრამ არ ტიროდა… გაკერპებული,
გაკუშტებული ქალი. ხმადაბლა უჩურჩულებდა ქმარს:
- იყუჩე! კარს იქით დარაჯი დგას, ნუ აჩვენებ დაძაბუნებას! მტრებში
ვართ! გული გაიმაგრე!
მამუკამ ტუჩზე იკბინა. ტკივილმა შეახსენა, რომ კბილებიც
ჩამტვრეული აქვს, ისევ სათინოს შეაჩერდა. სარკმელში სხივი
ჩამომდგარიყო.

17
უკვე კარგად გამოდარებულიყო, ან უფრო, სასონაპოვნს თვალის
ჩინი მობრუნებოდა. ქალის დანისლულ თვალებში თანაგრძნობასა და
ძველებურ გულისხმიერებას ეძებდა მამუკა. და მართლაც - ყველაფერი
იყო, თავდაჭერილობა, გულშეზრდილი სიყვარული, დიდი
მზრუნველობაც, მაგრამ უტყვი საყვედურიც იგრძნობოდა.
გულთაშორისი საუბარი არ გამოსდიოდა ცოლ-ქმარს. თითქოს მათ
მიღმა და მათდა უნებურად ასეთი უხმო საუბარი მწარმეტყველებდა:
- მე შვილს მოვითხოვ!
- ყველაფერი თავზე შემოვავლე, ვერა გავხდი რა…
- არ ვიცი… შენ ცოცხალს გხედავ!
- ვაგლახ, ჩემს შავეთობას ვარჩევდი, მაგრამ ზეციერმა ასე ინება!
- უბედურო, მე ზეციერს კი არ ვთხოვ პასუხს - არამედ მამას!
შავეთობას კი არ გთხოვ, არამედ შვილს, პირმშოს!
და მამის გული დადუმდებოდა, არ იყო განკითხვა დედისაგან.
დანარჩენი უფრო ადვილად მოგვარდა. დასახიჩრებული ტყვე
ადვილად დაახსნეს სათინოს. მობრუნებულმა ასლან-მურზამ არცთუ
დიდი სახსარი გამოართვა ჭირისუფალს. ყადორამდე
ხელუხლებლობის ნიშნად თავისი დაღიანი, მამუკასავე გამოყვანილი
ნატის ფარატინი მისცა.
სათინოს მადლიანმა მოვლამ ორიოდ კვირაში წამოაყენა მამუკა.
მეტი დაყოვნება არც იქნებოდა.
უკანა გზაზე ზუჰრას გაუარა სათინომ. მამუკა სოფლის გარეთ
დასტოვა. ალღომ უკარნახა. ზუჰრას უკვე გაეგო ზაზა-მამუკას ამბავი.
შეცრემლებით შეეგება, მაგრამ კოცნას აერიდა. მისთვის სათინო უკვე
ქმარნაპოვნი დედაკაცი იყო. ესე იგი ქალურად მასზე ბედნიერი და,
მაშასადამე, სადღაც, რომელიღაც ფიქრში თუ გრძნობაში - მტერიც და
მეტოქეც. და ალბათ თავისი ღვარძლის სამჟღავნებლად შეეკითხა:
- როგორ არის შენი კაცი? გაგიჭირდება გადაყვანა? - ზედა ჩარბზე
ხელი ულვაშჩამოყრილად ჩამოისვა და წელში ნიშანდობლივად
მოიკუზა.
სათინომ კვიმატ კილოზე ამოიცნო ლეკური სიტყვის მნიშვნელობა,
სოფლის ბოლოს მთაზე ასული ქმარი შორიდან დაანახა.
- ადრე გადავალთ, ახლა კარგად არის… მადლობა ღმერთსა! -
პირჯვარი ისახა და ცერი ყინჩად ასწია.
გაყრისას ზუჰრამ მაინც გულში ჩაიკრა კახელი დედაკაცი.
სათინო ეზოდან არ იყო გადასული, როდესაც მას ზუჰრას ვაჟი - ვას-
მეჯიდი დაეწია, ფერხთით დაბორკილი შავი თხა დაუგდო და მის
დასაკლავად დანა აღმართა. სათინომ იგრძნო ეს ნიშანიც.
დაღესტანშიაც, საქართველოსდაგვარად, წყალში დამხრჩვალის სულს
შავ თხას უკლავდნენ ხოლმე.

18
გლოვის გაზიარების გარდა ამ თანაგრძნობაში სხვა რამ, მხოლოდ
ქალთათვის საგულისხმო, ნიშნისგებაც იყო ჩაქსოვილი. ეს ის ყელი
იყო, სადაც ზუჰრა სჭარბობდა და სჯაბნიდა სათინოს.
გულმა არ უყო სათინოს. იგი გუმანში დაღუპულად არასგზით არა
სთვლიდა ზაზას. ხელში სწვდა ვას-მეჯიდს, დანა შეუჩერა, თხას
ყელზე მოეფერა და ფეხები შეუხსნა. უბიდან ზაზასათვის სიმწრით
ნაქსოვი ლამაზჭრელი თათმანები ამოიღო, ვას-მეჯიდს გაუწოდა:
- ზაზას სახელობაზე ატარე… შენი ტოლია - ღმერთმა ორივე
ბედნიერად გამყოფოთ! - და ეზოდან გავიდა.
ზუჰრას სახლის ბანიდან უკვე ზრუნი მოისმოდა… ხმადაბლა,
მაგრამ მკაფიოდ, მთვარის სატირალის კილოზე მოთქვამდა ლეკის
ქალი.
სათინოსაც შეეცრემლა თვალები. ფეხს აუჩქარა, თითქოს თავის
ცრემლსა და შავ აჩრდილს გაურბოდა.
სოფლის ბოლოში სათინოსა და მამუკას კიდევ ერთხელ მოსწვდა
ვას-მეჯიდი, საბელზე გამობმული შავი თხა კუნტრუშით დააწია,
ნობათად გაატანა.
ზულეიხა ქვრივთან დიდი ხანია ქედელი დედაკაცი ელოდა თავის
თანამგზავრს. საბედოს სამგზავრო, ლეკურ კაბის ქვეშ, ქართული კაბა
ისევ წაღმა ჩაეცვა და თავის გამოსყიდულ შვილს - სოსიას კაბის
კუდიდან არ იშორებდა.
რამდენიმე დღის შემდგომ ყადორის ყელი უკან გადავლეს კახელმა
მგზავრებმა. წინ სოსია მიდიოდა, მას ყველაზე უფრო მიეჩქარებოდა
სამშობლოში. უკან საბედო მიჰყვებოდა, მეორედ დაბადებულ თავის
შვილს შეჰხაროდა, მაგრამ კახელ დედაკაცს დარდს რა გამოულევდა?
ახლა სათინოს დარდსა ჩიოდა და დაღესტნის ყველა მდინარის „აღმა
წასვლას“ შესთხოვდა ზეციერს.
ფეხდუნედ მავალ სათინოსა და მამუკას კი, როგორც ზაზას დარდის
აჩრდილი, ოდნავ დაკოჭლებული, ზუჰრასეული შავი თხა ფეხდაფეხ
მოსდევდა.

IV ბერთა ბერული
„ჩემს დას, ნესტანს, ქართლის დედოფალს“ - ზოსიმეს რჩევით
სწერდა ქაიხოსრო ტფილისს გასაგზავნ უსტარს. ალექსანდრეს
დასტური ჰქონდა მიცემული. უფრო მეტიც - „დიღმური
შეურაცხყოფისათვის“ მოიარებითი ბოდიშად ჟღერდა ქაიხოსროს
წერილის შინაარსიც და შინააზრიც, - „ძმამან ჩვენმან ალექსანდრე კახთ
ბატონმა შეგვინდო წარსულის ცოდვანი… აქ გვათავისუფლა, ისევ
ძმად მიგვიღო…“ ბოლოს მოკითხვაც კი ჩასწერა ალექსანდრესაგან: „აწ
ხათრიჯამობა და კეთილი სურვილები ქართველობისთვის ბრძნულად

19
და ქველად მებრძოლ სიძეს სვიმონ მეფეს ქართლისა და მის ღირსეულ
თანამეცხედრეს“. ხოლო ზოსიმეს სახელით: „დალოცვა და ღირსეული
ქება შეასხა მათ სვეტიცხოველის სიბრძნის გამო…“
ქაიხოსრომ ზოსიმეს სარეცელთან გადასცა ალექსანდრეს
დაულუქავი გრაგნილი. კახთ ბატონს ეამა გრაგნილის პირხსნილობა,
მაგრამ არც გაუშლია, არც უთქვია რამ, უმალ ჯანდიერი ახმობინა,
ქაიხოსროსა და ზოსიმეს თანდასწრებით გრაგნილი წაუკითხავად
დაალუქინა, თავისი ბეჭედიც დაასვა და ტფილისს მალემსრბოლით
წარგზავნა.
ზოსიმემ ღირსეულად შეაფასა ეჭვიანი ალექსანდრეს ასეთი ნდობა
თავისი ახლადშერიგებულ ძმისადმი.
ავადმყოფის სარეცელთან ხშირად ხვდებოდნენ ძმები ურთიერთს,
მაგრამ უფრო სდუმდნენ… რიდი ჰქონდათ ურთიერთისა.
ზოსიმესთან უამრავი მნახველი მოდიოდა, მოსაკითხავად თუ ღამის
სათევად, ალბათ, ქაიხოსროს სანახავადაც… მაგრამ ზოსიმე
ბერმონაზვნების გარდა არვის იღებდა. ხოლო როგორც კი
მომჯობინდა, მაშინვე შეუდგა თავის მრავალ საქველმოქმედო და
სამწიგნობრო საქმეთა კვეცა-მოთავებას.
ჯერ არვის გაუმხილა გულისნადები. სიკვდილის მიჯნაზე ყოფნამ
და მძიმე ავადობამ აგრძნობინა მკაცრ ბერს, რომ წლები მოუმრავლდა.
ხოლო თავისი პირადსაღვაწი და სალოცი ძველებურად
ხელუხლებელი რჩებოდა.
ბოლო დროის ამბების ნაშრევიც ვერ მოიშორა გულიდან. ერთიც
იყო: ქართლ-კახეთის შეთანხმება-შეერთების საქმე ამჟამად ისეთ
რთულ ვითარებაში იყო მოქცეული, რომ მხოლოდ ალექსანდრე-
სვიმონის უტყვი შერიგებით თუ ამოიწურებოდა. ამ საკითხში კი
ქაიხოსროს შუადგომა სავსებით საიმედოდ გამოჩანდა. კერძოდ,
კახეთის ბედს კი ალექსანდრე უზოსიმეოდ უკეთ გაუძღვებოდა. და
ერთხელ, როდესაც კვლავ ეწვია მეფე, ბერდიდი უკვე ფეხზე დახვდა.
- მადლობა უფალსა, ზეზე გხედავ!
ზოსიმემ დალოცა იგი და მცირე სენაკში შეიყვანა.
- მეფევ ბატონო! გულისხმიერებას ვითხოვ…
ალექსანდრემ წარბი შეიკრა.
- ქაიხოსრო ბატონიშვილი შემოგბედავთ, ბერად აღკვეცა
განუზრახავს. თქვენ გეაჯებათ ნებართვასა… მისი მეფეც ბრძანდებით
და ოჯახის თავიც.
- შენ რას მითათბირებ?
- განვასწავლე ყოველ მხრივ… დიდად იგულმოდგინა
ღვთისმეტყველებაში… ზნეობრივი სიმტკიცე და სიფაქიზეც
გამოეწრთო… მიფიქრია, ოდესმე ვით კეთილი ქართველი ღირსეულად

20
ამოგიდგება გვერდში, მხარსაც დაგიმშვენებს, ვით სულიერი და
ზნემაღალი მამა კახთა სამწყსოსი!
ალექსანდრემ უკვე იცოდა დიდბერისა და ახალბერის სურვილი, ამ
განზრახვის მაღალაზრიანობა უმალ ინიშნა, თავის მხრივაც უფრო
შორს გაუმიზნა:
- თანახმა ვარ! პირველგზისვე საეპისკოპო კათედრას ჩავაბარებინებ!
- მეფე წამოდგა, მაგრამ ბერდიდმა კიდევ დააყოვნა:
- ერთი აჯაც, შვილო და ბატონო! ჟამი მომიჭარბდა… ბერულიც
ბერულსა მთხოვს. მეტი ქვეყნად ყოფნა აღარ ძალმიძს… გეაჯები,
გამიშვი, სადმე შორეულ ქვაბ-სენაკში შევდგები. ლოცვასა და
მწიგნობრობას შევალევ დარჩენილ დღეებს!
- ვერა, ვერ გაგიშვებ, მამაო! - ხანგრძლივი სიჩუმის შემდგომ მძიმედ
უპასუხა მეფემ.
- გამიშვი, ღვთის გულისათვის, გეაჯები! დედათქვენის, ნეტარ
თინათინის ნათელ სახელს გაფიცებ! მის წინაშე აღთქმული პირობა
აღვასრულე, - ბერი წინ წამოდგა და უსასო გაწბილებულის ჩივილის
კილოთი განაგრძო. უფრო მიცვალებულ დედოფალს ესაუბრებოდა,
ვიდრე ცოცხალ მეფეს.
- დედით ობლის აღზრდას, ტახტზე მორჭმით ჯდომას მოვესწარ…
რაც შემეძლო და გამაჩნდა, არაფერი დამიშურებია და ახლა ჩემი
სულის საოხადაც მცირე ჟამი აღარ მეკუთვნის?!
- ვინც ქვეყანას ჭირისუფლობს, თავის თავს აღარ ეკუთვნის, მამაო,
შენგან მისწავლია ეს მარად სიბრძნე! ვერ გაგიშვებ!
- კაცი რომ სამოც წელს გადააბიჯებს, მერმე სულ სხვა სიბრძნის
თვალით გახედავს სამყაროს… და თუ ქვეყნის ჭირ-ვარამი აცლის,
სულის სიმშვიდე შორეულ დედასავით მოენატრება!
ნაავადარ ბერს ძალაცა და მოთმინებაც გამოელია… და უკვე
ჭირვეული ხმით დასძინა:
- ნურას მაიძულებ, მეფეო! ჩემი აქ ყოფნა მაინცდამაინც არაფრად
გჭირდება ამჟამად…
სიტყვების უკუფენაში საყვედურის კილოცა და ძლეულ
განხეთქილების ნალექიც იგრძნო კახთ ბატონმა.
მაყვლიანიდან მობრუნების შემდგომ მათ ბოლო შეხლაზე არც ერთი
სიტყვა აღარ თქმულა… თითქოს ორივემ სიცოცხლიდან ამოიშალეს ეს
აუგსახსოვარი. ახლა კი ალექსანდრეს სადღაც გულის კუნჭულში
ამოჰკრა ხიწვმა და ნაშრევმა… მაგრამ უწინდებურად კი არ გააფიცხა,
არამედ დაასირცხვილა. ბოლოს და ბოლოს მარტო ჭაღარა წვერი,
ზოგადი ზნეობა და ანაფორა ხომ არ არის ზოსიმე - ისიც ადამიანია…
ნაკვთებისაგან და ძარღვებისგან შემდგარი, ნაავადარი, დაღლილი და
თავისი სიხარულ-ნაღველისა და ბედის მქონე!

21
- კეთილი! ამჟამად… ოღონდ ამჟამად! უკეთუ ქვეყნის ჭირ-ვარამმა
არ გვაცალა, უმალ მოგიხმობ! არც დამძრახო! - და რომ ბერს აღარაფერი
ეთქვა, ალექსანდრე კარისაკენ გაემართა.
დერეფანში ქაიხოსრო შემოხვდა.
- ხოსრო! - უკვე შინაურულად შეეკითხა მას, - სად ირჩევ
ხელდასხმას?
ქაიხოსროს სახე გაუნათდა, ბერად შედგომის ჟამს გულზე მაინც
მოეფინა ბავშვობის სახელი.
- მადლობა, ძმაო, ნებართვისათვის! სადაც მოძღვართ მოძღვარი
მირჩევს.
ეს იყო პირველი ძმური სიტყვა ძმათა შორის.
უეცრად ეჭვი გაეღვიძა ალექსანდრეს. მან იგრძნო, სულიერად
ქაიხოსრო უფრო ახლო დგებოდა მის მასწავლებელთან.
„ნუთუ თან წაიყვანს?! იქნებ შეთანხმდნენ წინასწარ?“ - გამოყოლილ
ბერდიდს უკან მოხედა და, თითქოს სხვათა შორის, ჩააგდო სიტყვა:
- მოძღვართ მოძღვარი თავადაც აპირებს სოფლის ამაოებისაგან
გაცლას!
- ნუთუ?! - შემკრთალად გაიკვირვა ქაიხოსრომ და ბერდიდს
მიუბრუნდა.
- მართალია, შვილო და ძმაო!
ეჭვი უმალ გაუქრა ალექსანდრეს და როგორც ხშირად მოსდით
ხოლმე ეჭვიანებს, ფიქრმა პირუკუ სვლა მიიღო: „იქნებ უმჯობესიც
იყოს, ერთად რომ წავიდნენ?“ სავარაუდოდ ნაფიქრი უმალ ყალიბში
ჩაჯდა: „ყველასათვის კარგი იქნება… მათთვისაც, ჩემთვისაც და
ვგონებ ქვეყნისათვისაც!“
- მამაო! თან ხომ არ იახლებდი ჩვენს უმცროს ძმასა? ვიდრე
საეპისკოპოსო საჯდომი მოიცლებოდეს?
ბერდიდი სდუმდა.
- მოძღვართ მოძღვარო?! - მავედრებლად აღმართა ხელები
ქაიხოსრომ.
- დრომდე… ვიდრე… აგრე დავთქვათ, მეფეო და მეფის ძმაო!
ნასიამოვნები ალექსანდრე ოდნავ თავჩახრილი, ნაჩქარევი ნაბიჯით
გავიდა დერეფნის კარშიაც, მერმე სათქმელი მოაგონდა, დიდი ხნის
სათქმელი, მაგრამ დღემდე შინაგანად შეფერხებული.
- ქაიხოსრო, მარიამ ძალომ შემოგითვალა - ოჯახში გვეწვიეო. შენი
ძმისწულებიც მოგელიან, ხოსრო!
კილოს უხერხულობაში გულწრფელობა იგრძნო ქაიხოსრომ.
- მოვალ… უსათუოდ მოვალ!

V საძმო-სამეგობრო

22
მარიამ დედოფალი დიდ ღელვა-კრთომაში იყო. დღეს მაზლი უნდა
სწვევოდა ოჯახში, ნამტირალი და ნაპატიმრალი მაზლი. შინაურ
ჩიხტი-კოპში და სადა ქართულ კაბაში გამოეწყო. ჯერ კიდევ
ლამაზიერიან სახეზე ოდნავი ფერ-უმარილი გაიკრა და მზარეულები
შეასახელა:
- აბა, თქვენი ჭირიმე! მასახელეთ! მაზლ ბატონი, ვისაც გაეგება.
მამამთილზე უფრო საყვარელია!.. სახსნილო და სამარხვო - ყველაფერი
იყოს. პირველი მოსვლაა. რა ვიცი, რას ინებებს. მერმე კი მეცოდინება! -
თავისი ფეხადგმული და ადრე ატიტინებული ნესტანი გადიებს
დასაძინებლად გადააბარა და ახლა ვაჟებს მიხედა, თითოეულს სამოსი
შეურჩია - შეუსწორა… ყველაფერი გაარიგა და ყველა დაარიგა:
- ძია ქაიხოსრო იქნება! უნდა აკოცოთ - მამის ძმაა! პატივიც ეცით,
მაგრამ არც გაერიდოთ. ახლო, სულ ახლობელი ნათესავია. მაგრამ არც
თავი მოაბეზროთ. შენ მაინც, გიორგი! გესმის? აბა, თუ მიგდებს ყურს?!
- მესმის, დედიკო, ძია ქაიხოსრო! მაგრამ… საიდან გაჩნდა? რომ არ
იყო? - ხოლო დედას დაბნევა რომ შეატყო, უფრო დაბეჯითებით
ჩაეძია: - აკი არსად ჰყოლია მამას ძმა?
- იჰ, შენ რა იცი, - ხელი ჩაიქნია ერეკლემ.
- თორემ შენ კი იცი? - აგდებულად შეედავა დავითი.
- ვიცი, მაშა!
- თქვი!
- არ ვიტყვი… - უფრო დადინჯდა ერეკლე.
- რატომ?.. თუკი იცი, თქვი!
- არა, ზედმეტი ლაპარაკი არ არის საჭირო. აგრე არაა, დედა?
- აგრეა, შვილო, და ვინც შენ გითხრა რამე - იმასაც გააგებინე ეგ
სიბრძნე!
- მაშ არ მეტყვი? - აჭირვეულდა დავითი, - მე თავად გავიგებ!
დედას უკვე ტკბილეული მოჰქონდა შვილების დასამშვიდებლად, იმ
დროს მოახლემ ბატონისა და ბატონის ძმის მობრძანება მოახსენა.
ზედაც ალექსანდრე და ქაიხოსრო მოჰყვნენ.
შვილები უმალ შემოეხვივნენ მამას.
- აი, უბიძობას რომ ჩიოდით, აჰა, ესეც თქვენი ბიძა - ნამდვილი და
მკვიდრი…
- ქაიხოსრო ბიძია? - წამოიძახა გიორგიმ, - აი, დედა რომ
გვეუბნებოდა - პატივი ეცითო, მაგრამ თავი არ მოაბეზროთო, ისაა?!
- სწორედ ისაა, - გაეღიმა ალექსანდრეს.
ქაიხოსრო მარიამ დედოფალს მორიდებულად მიეახლა და გულის
პირზე ეამბორა. დედოფალმა შუბლზე აკოცა თავის მაზლს.
ქალთათვის დამახასიათებელი სისწრაფით საერთო მზერაც გაჰკრა -
აწონ-შეადარა და ისევ ქალური გუმანით და პირველი შთაბეჭდილების

23
უმცდარობით უმალ ინიშნა: არა, ეს უკვე თავმომწონე, ამპარტავანი
ბატონიშვილი როდიღა იყო, ოდესმე, თავის პატარძლობის დროს რომ
ენახა მარიამს, არამედ მოკრძალებული, პირფითრი, ჭაღარაშეპარული
ბერ-წვეროსანი. და რატომღაც ისევ თავისი ბავშვები მოაგონდა
დედოფალს. ისინიც ხომ ბატონიშვილები იყვნენ. ოთხში სამს მაინც ან
მძევლობა, ან პატიმრობა ელოდა უკუღმართი დროისა და გარემოების
ცხოვრებაში. იქნებ უარესიც?! „ვაი და არა! ვაი და არა!..“
ამ ფიქრებით შემკრთალი დედოფალი შვილებს აცნობდა თავის
მაზლს. სახელებიც კი აერია უცაბედად.
ქაიხოსრომ გადაკოცნა ძმისწულები. მას ყველაზე უფრო ერეკლე და
კონსტანტინე მოეწონა. უფროსი ფაქიზი და ზრდილი ჩანდა. იდგა და
თანაგრძნობით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა ნაპატიმრალს, ხოლო
სულ უმცროსი ბიჭუკელა - თმახუჭუჭა კონსტანტინე, ხელად მიეჭრა,
თალხი ჩოხის კალთაში ჩაავლო ხელი და შესძახა: - უიმე! რა ღარიბი
ბიძიაა! არც ხანჯალი და არც ლამაზი საცმელი არა აქვს!
ალექსანდრემ უნებურად გადიხარხარა და ბავშვს ქოჩორი
მოუქიჩმაჩა, მაგრამ ეს თითქოს ნიშანი იყო. ახლა დავითი მიეჭრა
ქაიხოსროს და ჯიქურად შეეკითხა:
- აქამდე სად იყავ, ქაიხოსრო ბიძიავ?
ყველანი სახტად დარჩნენ.
- ვლოცულობდი, შვილო… სენაკში! - ცოტა დაბნეულად და
ყოყმანით უპასუხა ქაიხოსრომ და დავითს უფრო დაკვირვებით
შეხედა.
ხამხამა, ხიწვიანი თვალები ეჭვიანად უმზერდნენ „სენაკიდან
მოსულ“ ბიძიას.
- მამა ზოსიმესთან… მოძღვართ მოძღვართან ერთად… არა?.. ხოსრო
ბიძია!
ვიღაცა წამოეშველა ქაიხოსროს. უნებურად მოახედა, ერეკლე იყო -
სახეღია და ფაქიზი.
- დიახ… ჩემო!
- ლოცვა კარგია, ბიძია, მაგრამ ომი თუ იცი? - ახლა გიორგი
გამოეხმაურა. - აი მე კი ბზეკალ-კოდალი მაქვს! ნიშანშიაც ვარტყამ!
მარიამ დედოფალმა შვილები ჩამოაცალა მაზლსა და სუფრაზე
მიიწვია. ერეკლემ მოკრძალებით შეახო ხელი ბიძიას და წინ წაუძღვა.
ოჯახური სადილი იყო. უცხო არვინ მოეწვიათ. ორიოდ მოახლე
ემსახურებოდათ. მარიამ დედოფალი ყველას თავად თავაზობდა
საჭმელს, ბავშვების ყოფა-ქცევასაც ყურს უგდებდა, არ აცლიდა
საჩოთირო შეკითხვების მიცემას ისედაც თავბრუდახვეული
ბიძისათვის.

24
ხუთი წლის კოსტალამ ცოტა აუშალა სუფრა… მამის მუხლზე
მოინდომა ჯდომა და პირდაპირ მისი თეფშიდან ჭამა.
- მოდი, შვილო, მოდი! - და კალთაზე შეფორთხებულმა ბიჭუნამ
ხელად თავი წააცალა მამის თეფშზე დადებულ კალმახს.
სუფრა მრავალფერი იყო. თავად მარიამი მარხულობდა… უხვი
სამარხვო მოართმევინა მაზლისათვისაც. ბიძის თანაგრძნობით არც
ერეკლე გაეკარა სახსნილოს. იგი ქაიხოსროს გვერდით დაჯდა და
სწავლულ ბიძას მწიგნობრული საუბარი გაუბა, იოანე სინაელის „ქებაი
ქართულისა ენისას“ ზეპირად უთხრობდა.
დანარჩენთ კი შემწვარ-მოხრაკულები და პირსაპატიო კერძები
მოართვეს. დავითი ცოტას ჭამდა, უმადოდ და უგემურად
აცმაცუნებდა ტუჩებს, მხოლოდ გიორგი ლაზათიანადაც ილუკმებოდა
და ლაპარაკსაც ასწრებდა. ჯერ გაიცინებდა, მერმე მოჰყვებოდა
სიცილის მიზეზს.
- ხა-ხა-ხა… მამა, იცი კოსტალამ დღეს ფეფო გამდელს დო მოსთხოვა!
რძე და კარაქი აღარ მინდაო - ყელსა მტკენსო!
- ნეტა, სად გაიგო დოს სახსენებელი?! - გაიკვირვა დედამ.
- დო მინდა, დო! - გააბა ძახილი გათამამებულმა კონსტანტინემ, -
მამა, არაფერი არ ჭამო! აი დოს მოგვიტანენ და მე შენც გაჭმევ…
წამალივით გაყლაპინებ! - წვერში ხელი წაავლო მამას და ჩანახიანი
თეფში გააცალა.
- რას ამბობ, შვილო!.. ახლა დოყლაპიობა უნდა დამაწყებინო?
საერთო სიცილმა პირველშეყრის უხერხულობა მოსპო. სუფრასაც
პირი გაუხსნა, მეფის საყდრიონში ოჯახური მყუდროება და
უბრალოება გაამეფა.
უფროსებს მოჭედილ ვერცხლის ფიალებში დაუსხეს ღვინო,
უმცროსებს კი - მცირე ჭიქებში.
- ერეკლესაც ჯამ-ფიალა მოართვით! - გასძახა ალექსანდრემ და
თავადვე აუვსო პირმშოს: - აბა შვილო! კახეთში მეფემ, გარდა სხვა
მრავალ სიმარჯვისა, კარგი თამადობაც უნდა იცოდეს! დავით
აღმაშენებელი შენზე უფროსი არც იყო, სრულიად საქართველოს
ტახტზე რომ ავიდა…
- მეც მინდა დიდი ფიალა! - წამოიძახა დავითმა.
- შენ მუდამ ჭირვეულობ! ნუ ჩქარობ, შენი დროც მოვა!
დავითმა მამას ვეღარ გაუბედა პასუხი და ისევ დედას ჯიუტად
წასჩურჩულა:
- მაშინ მე ორ-ორს დავლევ! მეც დავითი მქვია!
კახთ ბატონმა ერეკლეს გადასცა ჯამ-ფიალა:
- აბა ერთი… ბიძაშენი მიდღეგრძელე!

25
ერეკლე ცოტა შეწიფინდა სახეზე… წამოდგა, მამას ფიალა
ჩამოართვა…
უმზერდა ნაპატიმრალი და ბერად მიმავალი ქაიხოსრო თავისი ძმის
ოჯახის ბედნიერ ყოფას და გულში მიფერფლილი სურვილები და
გრძნობები თაველობდნენ, იტვიფრებოდნენ, მაგრამ ტანზე შემოკრულ
ციხისეულ ჯაჭვის აბჯარს ვეღარ სძლევდნენ.
- ჩვენო… აქამდე უცნობო… აწ საყვარელო ბიძია ქაიხოსრო!.. -
შეთრთოლებული ხმით, მაგრამ დინჯად წამოიწყო ერეკლემ, მერმე
უცბად ჩაიბოხა ხმა, - ქაიხოსრო ბატონიშვილო, კეთილი იყოს თქვენი
ხელახალი და გულმართალი შემობრძანება ჩვენს ოჯახში.
- ჰო, შვილო… ეგრე! ეგრე! - კვერს უკრავდა ალექსანდრე და ეს
აღელვებული „ეგრე“ ქაიხოსროს უფრო შეეხებოდა, ვიდრე ერეკლეს.
ნორჩი თამადა კი გაჩერდა, სუფრაზე მსხდომთ მორცხვად გადახედა
და ხმადაწეულად განაგრძო:
- დღეს ჩვენს ოჯახში დიდად ბედნიერი დღეა… ამას მე დედასაც
ვატყობ, მამასაც და ვგონებ თქვენცა, ბიძაჩემო!
მარიამ დედოფალი ვეღარ ფარავდა გულშეჩუყებულ ღიმილში
შერეულ ცრემლებს. ალექსანდრეს კოსტალას ჩვილ ხუჭუჭში ჩაერგო
სახე-ტუჩი… ქაიხოსროს გულის ფეთქვა კი მკერდზე შემოხვეულ
ჯაჭვს სწვდებოდა და თითქოს შინაგანად აჟღერებდა. ერეკლემ
იგრძნო, რომ უნებურად მტკივნეულ სიმებს წამოჰკრა ხელი. აირია და
აღარ იცოდა, როგორ დაემთავრებინა სიტყვა.
- ბედუჩრდილობასა და დღემზიანობას აწ გისურვებთ ერთობლივ
ჩვენა: დედა… მამა… დავითი, გიორგი, კონსტანტინე და… ის… იქ რომ
სძინავს, - ღელვისაგან პატარა დის სახელი დაავიწყდა.
- ნესტანი! ვაშა! - ლუკმაშეშლილ ხმით წამოიძახა გიორგიმ და
საყვარელ უფროს ძმას წელზე ხელი მოხვია, - მართალია! მართალი!!
- თავისი თავი კი დაავიწყდა! - ბუტბუტებდა დავითი, - თავისი
თავი!
- ხოსრო… ეჰ, ძმაო, რაც იყო… იყო… - ამოიოხრა ალექსანდრემ, -
წავიდა წარსული, ალაზნის წყალმა წაიღო! მოდი. მაკოცე, დახშული
გული გადმიხსნია. ამიერით ერთად ვზიდოთ ქვეყნისა და მამისეულ
ოჯახის ვალი, ღვინოცა და ჭირიც ერთად, ერთი ჯამიდან შევსვათ…
საძმო-სამეგობრო! საძმო-სამეგობრო! აი, ჩემი პირმშოსა და სხვა
შვილების წინაშე!! - თავის ჯამ-ფიალას პირზე დანა მოუტარა, ღვინოში
ვერცხლი ჩაათალა, პირჯვარი ისახა, შესვა და ჩანახევრებული თავის
ძმას, აწ ძმადნაფიცსაც გაუწოდა. მისი მონასვამი ფიალა კი გამოართვა
და გულიანად დაეწაფა, დასცალა.

VI ამბავი მთისა და ბარისა

26
თუმცა ქალაქი და სასახლე სულ ახლომახლოში მდებარეობდნენ,
მათ ფრიად შორი-შორი, თავისთავადი ცხოვრება გააჩნდათ.
ქალაქი დღეისით, აწმყოთი უფრო ცხოვრობდა: შრომობდა,
ვაჭრობდა, ჭორმართლობდა, ქეიფობდა თუ გლოვობდა. არც დღეობას
იკლებდა, არც ლოცვასა თუ ნათლობა-ქორწილებს. და ისევ შრომობდა.
ცოტა უდარდელად, ცოტა თავმიდებულად მიჰყვებოდა
მიხედულობას, ქალაქის გალავნის იქით მაინცდამაინც გაუხედავად.
ხანდახან აქ უბნის წვრილმანებს უფრო მეტ დროსა და ყაყანს
ანდომებდნენ, ვიდრე ქვეყნის დიდ ავ-კარგს.
ახლაც სათინოსა და მამუკას ჩამობრუნებამ, სოსია მენახირის
თავგადასავალმა სრულიად დაფარა და მალე დაავიწყა ხალხს კახთ
ბატონის უცაბედი და ხელმოცარული ლაშქრობა ქართლში. უკვე
მონელებული იყო ბერდიდის შერისხვა-შერიგება, ქაიხოსრო
ბატონიშვილის გათავისუფლება და ბერად შედგომა. მისი ახალი უკვე
ბერული სახელი - ნიკოლოზ მალე ისევ ძველს დაუკავშირეს და ახლა
ნიკო-ხოსრო შეარქვეს. მერმე ისიც მიივიწყეს.
ქალაქს ისიც დაავიწყდა, რა სასოებით მოისმინა ზოსიმე ბერდიდის
უკანასკნელი ქადაგება მთავარანგელოზის საყდარში, ხოლო შემდგომ,
როგორ გაემგზავრნენ შორეულ ბორბალოს გამოქვაბულებში - გმირთა
სავანეში მიმავალი ბერდიდი და ახალი ბერი, თუ მათი მეგზური -
ქედელი ოქრო-პაპა.
ძველთაძველ სავანეში მიმავალთ თვით მეფე-დედოფალი და
ბატონიშვილები კარგა მანძილზე ფეხით გაჰყვნენ, დიდი გამოჩინებით
გააცილეს.
სასახლის ცხოვრება კი სულ სხვა ფხაზე და ძირზე იყო ნაგები. აქ
უფრო ან წარსული იყო, ან მომავალი, მუდამ დამძიმებული, ფარული
ღრუბლებით დაყურსული ჰაერი. ჩრდილგაკრული მაღალჭერი და
იატაკი. პირმოთნეობა და ჩასაფრულობა. ურთიერთშურით
დაკარგული უბრალოება. კოშკის წიბოებივით ჩახავსებულ-
ჩაქვავებული გარიგებანი.
მართალია, კახთ ბაგრატოვანთა სასახლეს აკლდა ტფილისის
სასახლეთა ბრწყინვალება, მაგრამ სჯობნიდა მათ შემონარჩუნებულ
მონაგარ-სიმდიდრითა და ოჯახურ დოვლათით.
არსებითად, კახთ ბატონთ არც გააჩნდათ სატახტო დიდქალაქი,
ისინი სასახლისა და სოფლის მეფენი უფრო იყვნენ. მაინც მას შემდგომ,
რაც მსხვილი ერისთავობა მოისპო და წვრილმოურავობა დადგინდა და
ტახტის ბალავრად იქცა.
კახთ მეფენი ყველაზე უფრო „გლეხთა მეფენი“ იყვნენ ქართველ
მეფეთა შორის. ალბათ, ამიტომაც იყვნენ ყველაზე მტკიცედ

27
დამცველნი თავისი ადგილ-მამულისა და ყველაზე ნაკლებად
მიმხვდურნი სხვაგან.
კარგი თავისიც ბლომად ჰქონდათ კახეთში, სხვისას კი აღარ
ეტანებოდნენ… მაინც დასალაშქრი ადგილი ერთ ქალამნის გასაცვეთ
მანძილს თუ აღემატებოდა, იქით ხომ სულ აღარ მიუწევდათ გული.
მაგრამ სასახლე, ცხადია, ვერ იქნებოდა ქალაქივით თუ სოფელივით
სახელდახელოდ მოფუსფუსე, ვერც მიხედულობის მიმყოლი.
გულმოდგინე მართვის საშუალებასაც კარჩატეხილი ალაზნის ჩიხი არ
აძლევდა.
ზოსიმეს წასვლის შემდგომ ალექსანდრემ სულ შემოიფარგლა
სამოქმედო ასპარეზი. იორ-ალაზნის იქით აღარც იხედებოდა. სულ
იმის ცდაში იყო, კახეთი და მხოლოდ კახეთი გადაერჩინა ოსმალთა
შემოსევისაგან. იგი კარგად გრძნობდა, რომ სრულიად საქართველოს
საქმეს შორდებოდა, ვერას არგებდა. მაგრამ სულ ეს შეგონება ჰქონდა
სათქმელად:
- მე მირჩევნია ალაზნის კამეჩის რქაში თავისუფლად ჯდომა, ვიდრე
სრულიად საქართველოს ძვირფას ტახტ-ხალიჩაზე წოლა და სხვის
ფერხთით ყოფნა!
მაგრამ კამეჩის რქაშიც არავინ აყენებდა. ოსმალო ფაშას ირანელი
ხანი სცვლიდა. ელჩების დაქნილ ენას სარდლების დალესილი
მახვილი მოსდევდა. ყველა ხარკსა და მძევლებს ითხოვდა. ნეკისა და
არათითის თავსატეხი არჩევანი მუდამ თვალწინ ედგა მეფესა და მამას.
სურხაი-შამხლის ფარული გუნდები კი ქურდულად სძარცვავდნენ
სოფლებს.
ალექსანდრე იბრძოდა გაშმაგებით, თავდაწერილად. ხან ხმალს
იქნევდა, ხან საჩუქრებს, ხან დაპირებებსა და ხაფანგებს ქსელავდა,
ღვედივით წირეხობდა, მძევლებს კი ვერა სთმობდა. - „მაგრამ
როდემდე? როდემდე?“ - თავს ეკითხებოდა, პასუხს კი გულს
არიდებდა.
ხოლო ალაზანი დიოდა, დრო მიჰქონდა. დღე-ღამე, ზამთარ-
ზაფხული, წლები… ზოგს ჭაღარას და დარდს უმატებდა, ზოგს
ულვაშებს უკოკრებდა - იმედსა და სიხარულს უნერგავდა. მაგრამ
კახეთის ჩიხისათვის არავითარი შვება არ მოჰქონდა. გარეგნულად -
იგი კვლავ მზის პირის ბანაში, მთაზე გადმომდგარ ცისარტყელებში,
ტყე-უღრანებში და ყანა-ვენახებში იყო ხვავით ჩახატული. მაგრამ ეს
მოჩვენებითი მშვიდობიანობა იმ ხიდს ჰგავდა, რომელსაც წყალქვეშ
აღარც ერთი საყრდენი არ გააჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით არც
იძირებოდა.
ალექსანდრემ მყარად იცოდა, სამცხისა და ამერეთ-იმერეთის
შემდგომ თურქთ მოძალება კახეთსაც გადათელავდა. ამიტომ

28
დღენიადაგ შინაგან და გარეშე საყრდენის ძებნა-ძიებაში იყო.
და ვიდრე ირან-ოსმალეთი ურთიერთ ომით იყვნენ გართულნი,
კახთ ბატონმა კიდევ ერთხელ იზრახა მთის ზურგის მობმა.
ნაცად ხერხს მიჰმართა:
- ყაფლან ჩემო! ყურშიტასაგან შამხლის ქალთა ქება არა ერთგზის
გამიგონია. მეც ვაჟები მეზრდებიან. იქნებ დამოყვრება ვცადოთ? ან
სურხაი-შამხალთან, ან მის ძმასთან - ელიმ-შამხალთან? მოვსინჯოთ
საქმე. ან დავიმოყვროთ, ან შიგნიდან ავშალოთ „კრაზანების ბუდე“.
ყაფლან ვაჩნაძემ მოიწონა განზრახვა. გამოწვლილვით ითათბირეს,
ოთხში ამოზომეს შესაძლებელი ზრახვები და ვარაუდები. დინჯად
გაამზადეს ტარკას წასასვლელი ელჩიონი. შეარჩიეს ხალხიცა და
საჩუქრებიც.
მთაში ელჩობას ჩვეულებრივ დიდი ხიფათი სდევდა, იგი ფარულ
მცირე ომსა და „ბაასიან თარეშს“ უფრო ჰგავდა. ხოლო ელჩის
საჩუქრებს ამაყი და ეჭვიანი მთიელნი იმდენად ღირებულებით კი არ
აფასებდნენ, რამდენადაც ნაჩუქრის ქარაგმულ მნიშვნელობით.
გადაიზამთრეს და მთის გზები რომ გაიკვალა, მთის ელჩიონის
სამზადისი ყოველ მხრივ გასრულებული იყო.
ყაფლანმა ყურშიტას გარდა თავისი ვაჟები - ბებურ და თამაზ
წაიყვანა. ბელქან თუში და თედო ბაცაცაისძეც იახლა - ვით ადგილისა
და ენის კარგი მცოდნენი, დაღესტანს მსტოვრებად არაერთხელ
ნამყოფნი.
კახ ელჩებს ქაიხოსრო ბერ-ბატონიშვილის უსტარიც მიჰქონდათ
მთაში. ეს უსტარი ალექსანდრემ ბორბალოს ქვაბულიდან იოველ
ბერშიკრიკს ჩამოატანინა. ქაიხოსროს დედა ყარა-მუსალ შამხლის
ასული იყო. ასე რომ, ბერად შემდგარი ბატონიშვილი სურხაი-
შამხალსა და ელიმ-შამხალს ნათესავად ერგებოდა.
ქაიხოსრო მთის ნათესავთ თავის კეთილად ყოფნასა და ალექსანდრე
ძმასთან შერიგებას ატყობინებდა. კახეთ-საშამხლოს შორის მუდმივ
დაზავებაზე, ურთიერთ უვნებლობაზე და „ძველებურად
დამოყვრებაზე“ უთვლიდა სიტყვას. ალექსანდრეს მოზარდ ვაჟებს
უქებდა - ერეკლეს, დავითს, გიორგის. „ვინძლო დამოყვრებამ ერთ
პირზე მოაყენოს პირაქეთი და პირიქითი! ორთავ საკეთილდღეოდ!“
უსტარს მისამართი არ ეწერა, თავად ყაფლანს ადგილზევე უნდა
გადაეწყვიტა - სახელდობრ ვისთვის გადაეცა უსტარი, სურხაი-შამხალ
ტარკელისათვის თუ ელიმ-შამხალ ბუინაკელისათვის.
მთა მშვიდობით გადალახეს. დაღესტანში საკმაოდ დიდი ამალა
გადაჰყვა ყაფლან ვაჩნაძეს. თავიდან შიშის ზარი იყო საჭირო. მერმე
ბოდიშიანი და პატივიანი სჯა-საუბარი.

29
თავდაპირველად სოფლებში მოხუცები დაიჭირეს მძევლებად,
ხოლო ახალგაზრდები ყაზი-ყუმუხამდე იძულებ-დაყვავებით
გაიყოლეს. თვით ყაზი-ყუმუხში კი ანაზდად შეიჭრნენ - მეჩეთს
მიაშურეს, ვისაც მისწვდნენ, დასჩიხეს და მრავალგზის აძახებინეს
ყურშიტასა და ბელქან თუშს ლეკურად, ავარულად თუ ყუმუხურად:
- სამშვიდობოდ მოვსულვართ, ხალხნო! შამხლის სტუმრები ვართ!
საჩუქრები და მეფის რაყამი მოგვაქვს!
მერმე მოხუცებს - აკსაკალებს მოუწოდეს და მათ ყაფლან ვაჩნაძე
თავად ესაუბრა, გამყოლი და ხიდზე შიკრიკის გაშვება სთხოვა თემს.
საჩუქრებიც აღუთქვა და შეფარული ქადილიც აგრძნობინა. მალე
დარიგდნენ. მძევლებიც მისცეს ურთიერთს.
შუადღისას ბელქან თუში და ერთი ლეკი მეგზური მცველებით
ხიდზე გავიდნენ და ტარკასაკენ გაჰქუსლეს.
ყაფლანი მაღალ მთების ბატონსა და შამხალს კახთ ბატონის
ელჩობის მოსვლას აცნობებდა და მრავალ საჩუქრის ჩამოთვლის
შემდგომ უვნებლობასა და მძევლებს მოითხოვდა „არა სათაკილოდ,
არამედ საქმის მნიშვნელობის აღსანიშნავად“. მძევლად - ვაჟი ანდია და
უმცროსი ძმა - ელიმ-შამხალი სთხოვა.
სამ დღეში, მართლაც, ამოუვიდათ მესტუმრენი და მძევლები.
ანდია ლამაზი და სხარტი ახალგაზრდა გამოდგა. იგი თამაზმა
ისტუმრა და თან წაიყვანა თავის სადგომში. ელიმ-შამხალი ყურშიტამ
შეიმასპინძლა და დიდხანს ესაუბრა. ყაფლან ვაჩნაძემ კი შორს
დაიჭირა თავი, იცოდა, დიდი შამხლის მსტოვრები უჭვრეტდნენ მის
ყოველ ნაბიჯს.
ტარკაში ყაფლანმა გაიყოლა თავისი უფროსი ვაჟი ბებურ, რომელსაც
დავალებული ჰქონდა ტარკას ციხისა და გზა-მისავლების დათარჯვა.
აგრეთვე გაჰყვნენ ყურშიტა ჩერქეზი, ბელქან თუში და მხლებელ-
მესაჩუქრენი.
ყაზი-ყუმუხიდან უკვე მლაშე ტბები და მერმე ზღვაც გამოჩნდა.
მეორე დღეს გაივაკეს და ტარკას მიადგნენ.
მრავალი სახნავ-სათესი მიწები ჩანდა ირგვლივ, მთის კალთებზე ტყე
იყო შეფენილი. ხშირი წყარო-ღელეები ჰკვეთდნენ თემშარას, ცხენებს
ფეხქვეშ უძვრებოდნენ შხუილით. აქა-იქ ბუჭულა წისქვილები
ხმიანობდნენ… ხოლო ზედ ტარკასთან კოდმაღალა დოლაბებიც
ჩამჯდარიყვნენ გზისა და მდინარის წვრივში.
შამხლის სასახლეს ციხე-კოშკიანი გალავანი ერტყა და, უეცრად
ატეხილ მთაზე შემდგარი, ამაყი და ძნელად ასაღები ჩანდა. მცირე
გალავანი თვით დაბასაც გააჩნდა.
- ეჰე, მთის კრაზანების ბუდე! - ალექსანდრეს ნათქვამი გაუმეორა
კახთ ყაფლანმა, - თავშეკავებასა და სიფრთხილეს მოვითხოვ, კახნო!

30
ამათაც თავისი ვაჟკაცობა, საქმის ილათიანობა, ამპარტავნობა და
გაიძვერობაც ახლავთ. ყველაფერში უნდა მოვუგოთ!
სურხაი-შამხალს საზეიმო შეხვედრის მოწყობა არ სურდა კახთ
ბატონის ელჩებისათვის, მაგრამ არც უმაგისობა ვარგოდა. ციხეში
საზეიმო პირის არიდება ძნელი იყო. ისევ ნადირობა მოიხელმარჯვა და
გზაში თითქოს უცაბედად „გადაეყარა“ ელჩებს ქორ-შევარდნებითა და
მწევარ-მეძებრებით შემოგარსული.
და აი აქ მოხდა ის თითქოს უბრალო შემთხვევა, რომელსაც
ათასგრეხილი უამურობა და ძნელაუგი მოჰყვა. თვით ეს „შემთხვევაც“
ნიშანდობლივი იყო. იგი კიდევ ერთხელ ამჟღავნებდა, თუ რა ძნელი
იყო მთასა და ბარს შორის ბილიკის გაჭრა, ხიდის გადება.
ტომობრივად ახლობლობისა და სულიერი სამყაროს არსებითად
იგივეობის მიუხედავად.
საჩუქრებს შორის, რომლებიც კახთ მიჰქონდათ შამხლისათვის,
დედალ-მამალი ფარშავანგიც იყო. ჰოდა, ძაღლების ყეფაზე საოცარი
ყივილი ასტეხეს ფარშავანგებმა. სურხაი-შამხალს ახალგაზრდობა
ირანის კარზე გაეტარებინა, ფარშავანგის უსიამო ყივილი ავად ჰქონდა
დაცდილი. სიბრაზე მოერია, ძაღლები მიაშვებინა ბაზიერთ. ჰოდა,
გზაზე კახთ ელჩიონი რომ გამოჩნდა, ძაღლები ყეფითა და ღავღავით
შემოესივნენ.
ყაფლანის ნიშანზე თვალი არ შეუხრიათ ელჩიონთ. გზა განაგრძეს -
თითქოს სოფლის ავყია ძაღლები უყეფდნენ, ქარავანი კი მიდიოდა.
ერთი კაველა მწევარი, განსაკუთრებით ავი და ბღეზი, ცხენზე
მიუხტა მესაჩუქრეს ფარშავანგის მტარებელს. კბილიც კი გაჰკრა
ქუსლზე. მათრახი აღმართა კახმა.
- ხელი! მონადირის პატივისცემა ძაღლზე უფრო ვრცელდება, კახო!
შეგონებაა ასეთი! - განზრახ ხმამაღლა გასძახა ყაფლანმა.
ზედაც გზაზე ცხენი თავად სურხაი-შამხალმა გამოაგდო. ელჩიონი
და მონადირენი თითქოს ანაზდად შეიყარნენ.
შამხალს ქართულის მცოდნენი ახლდნენ, უმალ მოახსენეს ყაფლანის
ნათქვამი. ორლესულობა უგრძნო:
- ელჩის პატივისცემა ყველასათვის სავალდებულოა! საყვარელ
ძაღლსაც არ ვაპატიებ უმსგავს საქციელს! - უმალ დაუბრუნა სიტყვა
შამხალმა და მოშალა ნადირობა.
ერთად მობრუნდნენ მოსულ-დამხვდურნი.
შამხლის ციხის გალავანთან კახთა ელჩიონს თავმოკვეთილი ძაღლი
დაუგდეს ფერხთით. კაველა მწევარი იცნო ყაფლანმა, ნასიამოვნები
სახე მიიღო.
- შამხლის ციხის კართანვე იგრძნობა მთის ბატონის ძალა და
სამართალი! - დამნაშავე დასჯილია, პირველმიზეზის განსჯა კი ჩვენზე

31
იყოს! - პირველი დაქვეითდა, გულხელდაკრეფით თაყვანი სცა
შამხალს.
ელჩიონი გაწვრთნილნი ჰყავდა ყაფლანს, ბებურმა წარბის ძვრაში
შეატყო, რა სურდა პირველელჩს. ბელქან თუშს წასჩურჩულა და ვიდრე
შამხალი დაქვეითდებოდა, მის ფერხთით თავწაცლილი მამალი
ფარშავანგი აფართხალდა.
- იგი იყო, რომ ყიოდა, შამხალ ბატონო! - განზრახ პირმოთნე
ღიმილით თავი დახარა ყაფლანმა.
- წეს-სამართალი აღდგენილია, დიდო თავადო! კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება! - შამხალმა ხელი ჩამოართვა ყაფლანს, ხოლო
ჩუმად კი გაიფიქრა: დღეს ორმაგი ზარალი ვნახე - ჩემიც დავკარე და
ნაჩუქარიც! რა ბებერი მელა გამოუგზავნია ისკანდერ კახთ ბატონს!
სიფრთხილე მმართებს!“
მთის პურ-მარილი მოიუხვა სურხაი-შამხალმა. მეჯლისს ნადირობა
სდევდა, ნადირობას - ზღვაზე გასვლა იალქნიან ნავებით, ცხენოსანთა
ნავარდი, ფარიკაობა თუ შუშპარი. ყველაფერს თავისი შორს
გამიზნული შეგონება და ზრახვა ჰქონდა.
სურხაი-შამხალს არა მარტო მთის ბატონს, მთის ობობასაც
უწოდებდნენ თავად მთიელნი. ქსელისა და ფანდების დიდი ოსტატი
იყო, გამჭრიახი და მეტყველი. მთა-ბარის დაზავებაზე ჩამოუგდებდა
თუ არა ყაფლანი მნიშვნელოვან საუბარს, უმალ მიუფადილებდა აზრს,
ცხენჯირითსა და ფარიკაობას აჩვენებდა. სტამბოლ-ყირიმულ
ხელთოფებს ასინჯვინებდა მოიარებულ ნიშნის საგებად. ძველ
მოყვრობის განახლებაზე რომ დასძრავდა სიტყვას, საჯარო ლხინსა და
შუშპარს აწვევდა ელჩიონს. სახიერი და ტანადი მთის ხათუნები,
ფერხულში ჩაწყობილნი, კასპის მიყუჩებული ტალღებივით
ნარნარებდნენ. ცალკეულ ლეკურ თუ დარღულ ცეკვებში კი მთის
ჩანჩქერებს სიმკვირცხლეში ედავებოდნენ.
- ის ტანადი და სახურნი შამხლის ქალებია! გასათხოვარნი! -
ხელმოფარვით, თითქოს სურხაი-ბატონის უჩუმრად უჩურჩულებდნენ
ელჩებს მთიელი მურზები. ხათუნები კი ვიდოდნენ ხან ცალფა, ხან
ორფა ფერხულში თუ ლეკურში წყობილნი. იმახსოვრებდა ყაფლან,
ზომავდა, ვარაუდობდა. სილამაზესა და წლოვანებას უფარდებდა, თან
განაგრძობდა თავაზიან საუბარს.
ერთი რამ ჰქონდა კიდევ გამოსარკვევი. სიფრთხილისათვის ისევ
ბებური დაიხმარა.
სურხაი-შამხლის მრავალ ძეთა შორის გალაღებულ ბებურს თითქოს
სხვათა შორის შეაკითხვინა:
- ელიმ-შამხალს, ბუინაკის მფლობელს ჰყოლია ასული ქართველ
ქალისაგან ნაშობი, მართალია? ის ხომ არ არის შავთვალწარბა? -

32
მოჩიტებულ გოგონაზე წარბით მიუთითა მან.
ასული ნაზად მიირხეოდა ფერხულში და ცნობისმოყვარეობით
უცქერდა გადამთიელთ. ნატიფ ფარგში ამოღებული სახე-ტანი
უჩვეულო, ჯერ მთლიანად გაუფურჩქვნელი სილამაზით ბრწყინავდა.
ამ რჩეულ ლამაზებს შორის მაინც გამოირჩეოდა. რა იცოდა მან, რომ ამ
წუთიდან იგი უფრო გალამაზდა და დიდ საქმეთა ფერხულში ჩაება,
თავისდა უნებურად ჩაეხლართა.
- სალიჰა ჩერქეზი ქალისაგან არის ნაშობი. ქართველი ქალი არ
ჰყოლია ელიმ-შამხალს. - მაგრამ ბებურ უკვე სხვაზე საუბრობდა. მან
გაიგო გასაგები და რაც უფრო უშედეგო და ამაო ხასიათს იღებდა
საერთო მოლაპარაკება სურხაი შამხილთან, ყარღლანს მით უფრო
მოსწონდა კახთა სარძლოდ ელიმ-შამხლის ასული სალიჰა.
მოთათბირება კი ჩიხში მოექცა. კახ ელჩისათვის ისევ აშკარა შეიქნა,
რომ ჩრდილოეთის დიდი და მზარდი მეზობლის - რუსეთის თერგზე
გამოჩენამ დიდად შეაშფოთა შამხალი და მისი გეზი საბოლოოდ
განსაზღვრა. ხოლო შამხლის ძველი მეპატრონის - ირანის
დაქვეითებისა და დამარცხების შემდგომ ოსმალო და მხოლოდ
ოსმალო იყო მისი ბუნებრივი და საიმედო მოკავშირე.
ყირიმი და სტამბოლი - აი, შამხლის ორი თვალისჩინი. კახეთთან
ურთიერთობა კი მელიასა და ჩიორას მეგობრობად ესმოდა სურხაი-
შამხალს. იოლ საშოვარისა და საოსმალოს მოკლე გზად სურდა კახეთი.
მით უფრო ახლა, როდესაც თერგ-ყირიმის გზა ფრიად საეჭვო და
სახიფათო გახდა.
კახნი კი სწორედ ოსმალთა წინააღმდეგ ფიქრობდნენ „მთის ზურგის
მობმას“. ასეთ განჭვრეტისას აბა რის მაქნისი იყო ტარკას მფლობელის
ასულთა სილამაზე?!
ყაფლანმა სულ დაითაფლა ენა, ქაიხოსრო ბატონიშვილის უსტარი კი
ელიმ-შამხლისათვის შემოინახა.
დიდ მეგობრებად შორდებოდნენ ურთიერთს ყაფლან და სურხაი-
შამხალი. ბოლოს ირანთან ურთიერთობაზე საუბრობდნენ და ორთავთ
იცოდნენ მიზეზი: აღარც კახეთსა და აღარც საშამხლოს ირანი
უშუალოდ აღარ ესაზღვრებოდა. და ეს გუშინდელი მძვინვარე ბატონი
ამჟამად შორით საჭვრეტი და ჯერჯერობით სხვებზე უხიფათოდ
გამოჩანდა… შამხალ-კახეთის საერთო ენის ნახვაც ამ ნიადაგზე
ადვილი იყო.
წასვლისას სამაგიერო საჩუქრები უხვად გაუგზავნა მთის ბატონმა
ალაზნის ველის ბატონს. თვით საჩუქრები უმთავრესად ოდესმე
კახეთის საყდრებიდან გამოტაცებული ხატ-ჭურჭელი იყო.
თავის მხრივ სურხაი-შამხალი კახ-თურქთა შუამავლობას თავობდა
და სთავაზობდა თავის ბარის ძმას.

33
„კრაზანის თაფლი მიგვაქვს“, - თავისთვის ფიქრობდა ყაფლანი და
ახალ ხაფანგს აგებდა ამ ბუდის მოსაშლელად.
მშვიდად ამოვლეს უკანა გზა კახეთის ელჩებმა. ყაზი-ყუმუხში
ყაფლანი დიდხანს ესაუბრა თავის საპატიო მძევალს - ელიმ-შამხალს.
ქაიხოსროს უსტარიც მას გადასცა. აქამდე ფრთხილად ნაქსოვ ლანძვებს
თავები მოუკვერცხა. საიდუმლო შეთანხმების საფუძველი ადვილად
გამოინახა.
ბუინაკის მფლობელი ელიმ-შამხალი კახთ ბატონის დახმარებით
ჩაიგდებს ხელში ტარკას და უფროს შამხლად დაჯდება… მომავალში
მთიდან ზურგს მოაბამს კახეთს. შეთანხმების ბალავრად მოყვრობის
დუღაბი უნდა დაეგოთ. ელიმ-შამხლის ასული სალიჰა უნდა შეერთო
ერთ-ერთ კახელ ბატონიშვილს. ყაფლანი ცდილობდა არ განესაზღვრა,
სახელდობრ რომელ ბატონიშვილს გულისხმობდა იგი, მაგრამ ელიმ-
შამხალი შეყოყმანდა… გარკვეულობას მოითხოვდა. მას ამ საკითხში
სურდა კახელთა გულწრფელობა და განზრახვის ბეჯითობა
შეემოწმებინა. ყაფლანმა ეს იგრძნო და როგორც ნაბრძანები ჰქონდა,
უფროსი ბატონიშვილი - ტახტის მემკვიდრე - ერეკლე დაასახელა.
ელიმ-შამხალი უმალ მოლბა და ყველაფერზე თანხმობა მისცა.
მომავალ წელს საიდუმლო ნიშნობა უნდა მოეწყოთ, ხოლო შემდგომ -
როგორც საქმის ძალა დაანახვებდათ.
საიდუმლოს შესანახად ყაფლანისა და ელიმ-შამხლის შეხვედრანი
ფარულად მოეწყო, სამაგიეროდ - მთის პატარძალი მთისა და ბარის
დაზავების ბედნიერ ნიშნად ოდესმე გრემ-დიდის სასახლეში დიდი
ზეიმით დედოფლად უნდა შებრძანებულიყო.

VII ბორბალოს სტუმრები


მთის ამბავმა ასიამოვნა ალექსანდრე… ესღა იყო „მთის სიამეს“
„ბარის ორმხრივი და ორმაგი“ აუგი ფეხდაფეხ სდევდა.
ირან-თურქეთის ომი და ქიშპობა ზედახლო მოეძალა კახეთის
საზღვრებსაც. არც გადამწყვეტი ბრძოლა ჩანდა, რომ საბოლოოდ
გარკვეულიყო - რომელი რომელს მოერეოდა. ალექსანდრესაც
გამარჯვებულის „მხარი და ხათრიჯამობა“ ეკისრნა, მხოლოდ „ყოვლად
აუცილებელი“ გაეწირა, „უმთავრესი თუ მეტი წილი“ კახეთისა და
საკუთარი ოჯახისა გადაერჩინა. ამ ორთა შუა კოზაკობით კი უფრო
მეტი მსხვერპლის გაღება არ გამოსვლოდა საბოლოოდ.
მართალია, ვიდრე საშუალება ჰქონდა - დიდ მეზობელთა ბრძოლის
მიღმა მტკიცედ ეჭირა თავი და თავის განზე დგომის ფასს ორთავ
მებრძოლთ ადებინებდა. მაგრამ არე თანდათან იწურებოდა… ჯერ
ელოლიავებოდნენ ორივენი. თითოეული კალთას აგლეჯდა, სარფითა
და კეთილ პირობებით იბირებდა. მაგრამ კახთ ბატონმა კარგად

34
იცოდა, რომ ასეთ განდგომას არავინ აცლიდა და ალბათ, მალე ორივ
მხარე ყელში სწვდებოდა, მხარის გარკვევასა და „უღალატოდ
თანადგომის“ მსხვერპლის გაღებას აიძულებდა.
მართლაც, თითქმის ერთდროულად, დამთხვევით ორი ცნობა
მოუვიდა ალექსანდრეს. ერთი ძეგამიდან - ირანის ელჩობის მოსვლას
უთვლიდა მოურავი, მეორე - თელავიდან, იქ კი თურქ-ჩაუში
გამოსულიყო.
- ღმერთო, შენ გვიშველე! - ღვთისმშობლის ხატისაკენ გაიხედა
ალექსანდრემ, შეკრთა; ღვთისმშობელი თითქოს გაეფარა
თვალთაგან… აი, მცირეწლოვან მაცხოვარს კი ხედავს მშობლის
კალთაში, მაგრამ მისი სახეც ხან ერეკლესას ემსგავსებოდა, ხან
დავითისას თუ გიორგისას, უფრო კი მცირეწლოვან კონსტანტინესას.
ერთიღა დარჩენოდა ნუგეშად, ეს კი ზუსტად გაარკვია - არც ერთ
ელჩობას ჯერჯერობით საკახეთო ლაშქარი არ ედგა საზღვარზე… მაშ
ელჩობის „გრძელჭიანურის“ საშუალება მას კიდევ ჰქონდა… მაგრამ
ლაშქრის ამოსვლა ცისმარე დღეს იყო შესაძლებელი, ასე რომ მძიმე
საფიქრალი მაინც უნდა გადაეჭრა. მუშტში ჩაიბღუჯა წვერი და
ჭმუნვამიძალებულ ფიქრში ჩაჯდა: „ოჯახვარაუდს ვგონებ ვეღარ
წაუვალ… ყველას თავისი გზა და გეზი უნდა მივცე… სამძევლო და
საქორწილო უნდა განვსაზღვრო!“ - და კახთ ბატონს ისეთი გრძნობა
წამოაცხრა, თითქოს შიშველი სატევრით თავის ოჯახში შეიჭრა და
შვილთა გასაწყვეტად დაბორიალდა.
დიდხანს იფიქრა ცეცხლჩათხრობით და ძროშეძრულად… თუმცა
გარეგნულად გარინდებულად იჯდა. მერმე გულ-ღვარძლი ამოიბრუნა
და ელჩ-ჩაუშს ძეგამ-თელავს ხანგრძლივი შეფერხება შეუთვალა „კახთ
ბატონის შეუძლობისა გამო“. თავად კი ყაფლან ვაჩნაძე გაიყოლა და
დედოფალთან მრგვალდარბაზა სასახლეში გასწია.
გვიანი შემოდგომა იყო. ტყეში რუხი და ყვითელი ფერი სჭარბობდა.
ხეებს ჩრდილები შემოსცრეცოდათ, დაცვენილ ფოთლებს კი ჩუმი,
ხმასევდიანი ჩუჩუნი გაჰქონდათ.
წარბულას რომ აატანეს, უეცრად ხმამრავალი კივილი შემოესმათ.
მალე ტყიდან ფეხშიშველა გოგონები გამოვარდნენ. ცხენოსანთა
დანახვაზე უფრო შეჰკივლეს, ბილიკზე წაბლით სავსე ჩანთა-ტომრები
დააგდეს და თავქვე ახალნაზარდ ტყეში თავგამეტებულად ჩაიხიზნენ.
მათ ფეხდაფეხ მოსდევდა ვიღაც… მაგრამ მდევარმაც თვალი მოჰკრა
ცხენოსნებსა და უკან დადრკა, ძახველებს გაეფარა.
ალექსანდრეს მახვილ თვალს რა გამოეპარებოდა - დავით
ბატონიშვილი იცნო. ყაფლანს მრუდედ გაეღიმა, მაგრამ არა თქვა რა,
თვალი გაარიდა… კახთ ბატონს კი ამან უფრო აურია გუნება - „ჩანს,
ცნობილია ეს ამბავი!“

35
- მე კი არა ვიცოდი რა… ადრე აღერღია სამრუშო! - ხმამაღლა
დასძინა და ცხენს მათრახი გაჰკრა.
სასახლეში მისვლისთანავე ყველა დაითხოვა, ყაფლანიც… მარტო
ეწვია დედოფალს.
მარიამი შეკრთა, არ მოელოდა ასე ადრე, ისიც წარბშეკრულს.
იგი ქმრის სახეზე სულის ძვრებს ისე კითხულობდა, ვით ღია წიგნში
დიდ სათაურებს.
- ხომ არაფერია ცუდი?!
- არა! - ცოტა ყრუდ და თვალის არიდებით უპასუხა ალექსანდრემ,
ატიკტიკებულ ნესტანს აკოცა და გადიას გააყოლა.
- ვაიმე! - ცუდად ინიშნა დედოფალმა და ხელი გულზე იტაცა.
- არა-მეთქი… პირიქით! - ახლა უფრო ბეჯითად ამეტყველდა
ალექსანდრე. - ვაჟები მინდა ზოსიმე მოძღვართან გავაგზავნო… მესამე
წელი მიდის…
- ოთხივე?!
მეფე დადუმდა. მაგრამ ოჯახვარაუდი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა:
- ოთხივე, დიახ, ოთხივე! - და მერმე ხმადაბლა განაგრძო, - ერეკლე
უკვე დავაჟკაცდა… პასუხიც მომივიდა მთიდან… ელიმ-შამხლის ქალს
ყაფლანი მეტად აქებს… საქმეც მოითხოვს…
- ჩემი ერეკლე! - დედოფალმა ისე წარმოთქვა, რომ ალექსანდრემ
ვერც კი გაიგო, ეწყინა დედას ეს ამბავი თუ გაეხარდა… ალბათ ორივ
გრძნობა იყო ჩაქსოვილი ამ შეძახილში.
- დავითიც… დროა, მის ნიშნობაზეც ვიფიქროთ… ადრე ონავრობს, -
ოდნავ გაჯავრებული კილოთი ჩაათავა და უმალ მოლბა, - მარიამ
დედავ! მუხრანბატონიანთ ოჯახზე მიფიქრია! აშოთანს ჰყავს
გასათხოვარი… ქებაც მსმენია… ქაიხოსროს გაშვებას ვფიქრობ
ქართლში… მაინც რუსთაველ-მარტყოფელობა მას უნდა ჩავაბარო…
ჰოდა, იქვეა.
ალექსანდრემ სულ დაუწია ხმას.
- დასაც მოინახულებს და საქმესაც გამოაწყობს… როგორ ფიქრობ?
- აგრე, ჩემო… უმჯობესი სასიძო ვინ ეყოლებათ?! ჩემი დავითი!
გიორგი და კონსტანტინეც გავაყოლოთ… ნახონ ბიძა და მოძღვარი!
- ისინი რაღათ? ისინი რაღათ? - გულამოსკვნილად იკითხა დედამ.
მან ვერც შეამჩნია, როგორ დაზრდია ბარტყები… ზოგთა
დასაფრენადაც მოსჭარბებია დრო… მუდმივ ზრუნვასა და
სიყვარულში მთავარი გამორჩენია… მუდამ ბავშვებად სთვლიდა… და
ახლა - ნიშნობაზეა საქმე!
- კი მაგრამ, უმცროსები?! გიორგი და კოსტალა რაღათ? ჯერ დედის
კალთის ჟამი არ მოულევიათ! ჯერ ჩემებია! - ქმარს მუდარით შეხედა.
ისიც იცოდა, ალექსანდრეს მეტად გაუკვირდებოდა მისი

36
წინააღმდეგობა… ეწყინებოდა კიდევაც მის ალექსანდრეს,
რომლისათვისაც აროდეს არ შეუბრუნებია სიტყვა. მაგრამ აქ კი შეცდა
მარიამ დედა და ამ შეცდომამ უფრო შეაშინა.
- კარგი! ჯერ დედის კალთაზე იყვნენ! გულს ნუ იღონებ! ვაჟები
მოგვესწრნენ… სადაცაა რძლები უნდა დავისხათ! დედოფლები! უჰ,
მომწყურდა… ხახა გამიშრა, მასვი რამე, - უეცრად დაამთავრა
ალექსანდრემ, რითაც სულ დააბნია თავისი მგრძნობიარე მეუღლე.
მეორე დღეს, ნასაუზმევს, შორეულ ბორბალოს მთისაკენ გასწია
კარგა მოზრდილმა ჯგუფმა. უფროს ბატონიშვილებს, მწურთვნელ-
მასწავლებელთა გარდა, მცველთა ამალაც ახლდა.
გზა ალაზანს აღმა მიჰყვებოდა. უღრუბლო სიცხე იდგა. საღამოს კი
პანკისის ხეობაში აგრილდა.
ბატონიშვილები ნავარდობდნენ. დავითის ჯიქურ-მეტოქური
ხასიათი აქაც მჟღავნდებოდა, მუდამ ცდილობდა ერეკლეს წინ
წასწრებას. მაგრამ ერეკლე შესანიშნავ საუფლისწულო თეთრა იაბოზე
იჯდა და თუმცა ლაგამი მიეშვა ნებაზე, თვით ბედაური არ უთმობდა
გზასავალს და პირველობას არც დავითს, არც მის აჯილღას.
ფიქრით სულ სხვაგან იყო ერეკლე… მან უკვე იცოდა, რომ სადღაც
შორს, მთის იქით მისი სახელით დაეწინდათ მისუნუხავი თუ
მზისუნახავი სალიჰა. ბებურ ვაჩნაძემ ქალი მეტად აქო - დაწვრილებით
აღუწერა… მაგრამ ვერასგზით ვერ წარმოიდგინა ერეკლემ თავისი
საცოლე. დედის კალთას მიჩვეულს, ჩუმსა და მორიდებულს საერთოდ
ვერ წარმოედგინა ცოლი-მეუღლე, ისიც გადამთიელი სადედოფლო…
თანაც ცნობისმოყვარეობა ერეოდა… სწვავდა იდუმალებისა,
უჩვეულობისა და უნახველობის ჯერ განუცდელი ცეცხლი. ხოლო
შეკოკრებული ულვაშები კი შინაგანად ეძიძგილავებოდნენ… ჰოდა,
მართლაც… ყველამ ყველა წინასწარ ნახა… შეუყვარდა… ტარიელმა -
ნესტან-დარეჯანი, ავთანდილმა - თინათინი, რამინმა - ვისი, მეჯნუნმა
- ლეილა… კიდევ ათასი სახელის ჩამოთვლა შეუძლია განსწავლულ
ერეკლეს, მაგრამ მერმე რა, მას არ უნახავს! არა!..
გუნებაში სახელი დიდი ხანია შეუმოკლა. „სალი“… მერმე
ქართულად შეუკნინა - „სალიკო“. მაგრამ ხორცი ვერ შეასხა სახელს.
ვერც გული, სასიყვარულოდ გამზადებული გული ვერ მიუძღვნა
უნახავ სატრფოს.
ბახტრიონთან შეისვენეს, წაიხემსეს. ერეკლე ცოტას ჭამდა,
დაღლილიყო კიდევაც. ღამის თევა აქვე ციხესთან სწადდა, მაგრამ
დავითმა დაიჩემა, თავისი გაიტანა და ისევ განაგრძეს აღმა სვლა.
ერეკლეს მწურთნელი - გორჯასპ ენდრონიკაშვილი ცხენს აჩქარებდა
და გუნებაში სწყევლიდა დავითის ახირებას. არც თავის გაზრდილ-
განსწავლული რჩებოდა უსაყვედუროდ.

37
„არა, იგი საწმინდანოდ, სამწიგნობროდ უფრო არის გაჩენილი,
ვიდრე კახთ ბატონად“! - ამ ფიქრს სიმწარეც მოჰქონდა და სიწყნარეც.
ბოლომდე გულწრფელი ურთიერთობა არაოდეს დამყარებულა
მწურთნელსა და მოწაფეს შორის. დიდად განსწავლული, მაგრამ
ფრიად პატივმოყვარე ერისთავყოფილი გოჯასპი ჯერაც ვერ
შერიგებოდა თავის „სამკვიდრო უფლებათა“ შეზღუდვას. მუდამ
ჩასაფრებული იყო. ერეკლეს მემკვიდრეობას პირად ამაღლების ბედსაც
უკავშირებდა. ხოლო მომავალი ბატონის რბილხელიანობა იქნებ უფრო
სარფაც გამომდგარიყო პირადად მისთვის.
დავითის მამამტე ომან ჩოლოყაშვილი დაყვავებით და მზრუნველად
აკავებდა დავითს, მაგრამ ქილვაშებში სიხარულის ღიმილი უნებურად
ეპარებოდა… მისი აღზრდილი რაინდობაში აშკარად სჯობნიდა
უფროს ძმას. ამას კი ოდესმე სათვალისწინო მნიშვნელობა მიეცემოდა.
არც ომანი იყო სარფის გარეშე, იგიც ხომ ერისთავყოფილი იყო. თავისი
ზრახვები სხვაზე ჭარბად, მაგრამ ყველაზე ფარულად ჰქონდა.
მხოლოდ შერმაზან სარდალი დინჯი და ხვავიანი ლაფშურით
მიჰყვებოდა მათ და ძმათა ჯერ უვნებელ მეტოქეობასა და ხასიათის
სხვაობას მონადირულ სიტყვით სახავდა:
„ერთი ჯიხვია, მეორე - ჯიქი! სამეფოდ კი… ალექსანდრეს ვერც
ერთი ვერ შესცვლის!“
თუმც შერმაზანი ალექსანდრე მეფესაც უმჩნევდა მრავალ კილს,
მაგრამ არც მის ძარღვსა და მარილს ივიწყებდა.
გზა ტყიან მთას აეკიდა. აღმართში ჩაწვრილდა, ჩაბილიკდა. ნისლიან
საძოვრებზე აღოღდა და მრავალ ძაფებად ჩაქუცმაცდა… ქედების
ზურგებს წიწვნარის ტყე-ზოლები ჯაგარივით გადასდევდნენ.
ღრანტეებში, ნისლთან ერთად, ჩრდილიც იწვა… ხოლო მაღლა,
კავკასიონის მწვერვალები თოვლის პაპებივით წამომჯდარიყვნენ.
გვერდმაღალთან დაიღამეს. კარვები გაშალა ამალამ.
ღამე გრილოდა. თოვლიანი ქედების სუნთქვა იგრძნობოდა. სუფრა
ცეცხლთანვე გაშალეს. ერეკლე ადრე შევიდა კარავში, დავითი კი ახალ-
ახალ სადღეგრძელოებს იგონებდა. ახმეტური ღვინო ეამა და იმეტა.
კალმახიც იგუნება და ღამიანადვე ალაზნის სათავეებში ჩაგზავნა
მხლებლები. მათ მოსვლამდე იბორგა და ღვინონაძალს ცეცხლთან
გაუხდელად ჩაეძინა. ომანის ბრძანებით აქვე მოახურეს ნაბდები და
ზედ უძრო კარავი გადაადგეს.
ადრიანად, ბატონიშვილების ადგომამდე, გორჯასმა ბორბალოს
ქვაბულში ბერებთან წინმავალი გაგზავნა.
სტუმრებმა ბორბალოს ფრიალოს ძირში, ცხენბილიკის დასასრულს
რომ მიაღწიეს, კლდიდან ჩამოსული ბერები შემოხვდნენ კურთხევით.

38
ტკბილი იყო მათი შეყრა. ერეკლე ხომ მაინც სულ ცას ეწია.
სათითაოდ და მრავალგზის ეამბორა ბერებს.
ზოსიმე მახვილი თვალით სჩხრეკავდა ორთავე ბატონიშვილს,
დაურიდლად, ხმამაღლა აშედეგებდა ამ სამი წლის მანძილზე მომხდარ
ცვლილებებს.
- კარგა დროს გაუვლია… ერეკლეს ულვაშები დაკოკრებია! შვენის!
ხასიათში კი მეტი მოთმინება და სათნოება ემჩნევა… მეოცნებედ კი
დარჩენილა… ეგეც კარგია - გულკეთილობას ნიშნავს… მაგრამ არც
გულკეთილობაა მუდამ კარგი… თუ ჩვილფხიანობაში ჩადგება.
დავითს კი შუბლზე ფიქრის ნაოჭები გასჩენია!.. თვალის უპეების
ჩაბინდება მაკვირვებს და მაფიქრებს… ადრე დავაჟკაცებულა, მკაცრმა
ხასიათმა იცის… კარგზე მიმართული ესეც კარგია და საჭიროც!
ბერდიდი ისე იხილავდა ბატონიშვილების სახე-ნაკვთებს, თითქოს
მათ სულიერ სურათებს ხედავდა.
- ერთი გიორგიცა და კონსტანტინეც მაჩვენა! ნეტავ ისინი როგორიღა
დადგნენ?! - ინატრა ბერმა, - ან თავად… თავად?!
ბერი დადუმდა, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ ეს „თავად“ ალექსანდრე
მეფე იყო.
თვით ბერდიდს ჭაღარა უფრო შესთოვლოდა. ხოლო ქაიხოსრო კი
ფრიად გამოცვლილიყო… ციხის შემდგომ მთის ჰაერს საოცრად
ემოქმედნა. სახე დასწვოდა. ადრეული ჭაღარა თითქმის ჩაჰკარგოდა
საოცრად მოზრდილ წვერ-ულვაშში. მხარ-თეძოშიაც გამდგარიყო და
მხოლოდ შერმაზან სარდლის გამოცდილმა თვალმა შეამჩნია, რომ იგი
ნაჯაჭვარ კიდურს მაინც ითრევდა, ხოლო ჯვალოს ჩოხის ქვეშ
აბჯარივით შემომდგარი ჯაჭვი კვლავ ტანზე ეხვია.
მოკითხვისა და მოსიყვარულების შემდგომ ბარათებს მიმართეს
ბერებმა.
ამასობაში კარვებიც დადგეს, მაგრამ ზოსიმემ არ ინება მდიდრულ
კარავში შესვლა.
- არა, შვილო! აქ მირჩევნია, მზეზე! - და ალექსანდრეს უსტარი
გაშალა. სწერდა ალექსანდრე:
„მამაო და მოძღვარო, გვაკურთხე ოჯახითურთ და ქვეყნითურთ!
გვიცნობებია რუსთველ-მარტყოფელის მიცვალება. ეპისკოპოსად ჩვენი
ძმა ქაიხოსრო, აწ ნიკოლოზ ბერი გვიზრახავს ჩვენცა და ეკლესიის
მამათაცა. შენს კურთხევას ნუ მოაკლებ… გზაც მალე დაულოცე. ვიცი
შეგიმძიმდება, მამაო, მაგრამ სხვა საქმეც მაჩქარებს. ქართლში მინდა
წარვგზავნო, კეთილ შუამავლად, ქვეყნის საქმეთა გამო“.
…და კიდევ სწერდა ალექსანდრე:
„ერეკლესა და დავითს გავედრებ. მათი დაოჯახების ვარაუდებს ნუ
მიიჩნევ ამა სოფლის ამაოებად. რჩევა მიეც და კიდევ იფიქრე…

39
იფიქრე… კერძოზე და საერთოზე. მარტო მატიანეს წერა არ კმარა,
მატიანეს გაკვალვა უნდა… და კიდევ - არათითისა და შუათითის
ამბავზე იფიქრე!..“
ბერმა დიდხანს უმზირა თავის ხელებს… თითებს… კარგად იცის, რა
თითების ამბავიც აწამებს კახთ ბატონს.
„ორს სამოყვროდ და ორს სამტროდ?! რა წყეული ანგარიშია!“ -
ჩუმად თითები ჰკეცა შეძრწუნებულმა ბერმა. მაგრამ ჩაკეცილმა
თითებმა ისეთი კაუჭები ამოსდეს გულ-ღვიძლში, რომ თავისი ხელი
და თითები თეთრ წვერში ჩამალა, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავენი.
ორი დღე დაჰყვეს ბორბალოს ფიქალ-გვერდის ძირში სტუმრებმა.
დაღამებისას ბერები ამაღლდებოდნენ ხოლმე თავის ქვაბულსენაკში.
დილაადრიან კი ისევ ჩამოეშვებოდნენ, ადგომამდე ჩამოასწრებდნენ
სტუმრებს.
მაღლა სენაკში ზოსიმემ აღუკვეთა ასვლა მოსულებს. იქ მისი და
ნიკო-ხოსროს სამყარო იყო, ამიერით კი მხოლოდ მისი.
ასე გადასწყვიტა ზოსიმემ - ეპისკოპოსად ზრახული ახლავე უნდა
გაჰყოლოდა მოსულთ. ქართლ-კახეთის ხელახალი დაახლოვების
შესაძლებლობა ახარებდა და აჩქარებდა ბერდიდს.
გაყრის წინ, მთელი ღამე არ უძინიათ მოძღვარ-მოწაფეს.
ერთად ილოცეს, ისაუბრეს, გასტეხეს ბერული პური. მოიგონეს
შფოთიანი წარსული, ციხე-პატიმრობა, თითქმის სამი წლის
განმარტოება აქ, „გმირთა სავანეში“. სულის სიმშვიდისა და
მყუდროების მოპოვება. ჩუმი მწიგნობრობა. მაღალსათნო და
დაუცადელი ლოცვა.
- ახლა ჩვენი გზა იყრება… შენ ცხოვრების დიდ სარბიელს
უბრუნდები! მეორედ იწყებ… თავიდან… ახლა კეთილი გზით იწყებ…
ღვთისა და ქვეყნის სამსახურით! „გმირთა სავანე“ გულში მარად ატარე,
შვილო! ჯაჭვის აბჯარი ის კი არ არის, შენ რომ გარტყია ტანზე -
მაღალზნეობრივი შეგნებაა ჭირისუფლისა!
ზოსიმემ თავისი ჯვარი ჯერ გადასახა, მერმე გადაჰკიდა მიმავალს.
ბაასში დაათენდათ. დილით კვლავ ეამბორნენ ურთიერთს. და
ბერდიდმა თავისი ერთადერთი საუნჯე - წიგნთა სკივრი გადაუხსნა:
- დამილოცნიხარ!
ნიკო-ხოსრომ მხოლოდ მის მიერ ახლად გადაწერილი „დაბადება“
წაიღო… და კიდევ - „კახეთის ახალმატიანეს“ პირი.
როდესაც ბორბალოს სტუმრები მთის კალთებს თავდაღმა
მიჰყვებოდნენ, ფიქალ-გვერდის თავზე, გმირთა სავანის სენაკის წინ
იდგა ბერდიდის მაღალი და მდუმარე ჩრდილი.

VIII გადამთიელნი და არალეკნი

40
იმ დღეს შაქ-შემახის გზაზე კახეთის საზღვრებს ფიდო ბაცაცაისძეს
ჯგუფი იცავდა.
შემახიდან გრემში იდუმალი ცნობა მოეტანა მსტოვარს -
ჩრდილოეთიდან გადამთიელნი მოსულიყვნენ შირვანს. „არც ლეკნი,
არც ჩერქეზნი, არც ყირიმელნი“ და რაც მთავარია: „გარკვეულად არც
ელჩნი, არც მხედარნი, არც ვაჭარნი“, თითქოს ყველაფერს
საქმიანობდნენ ცოტ-ცოტად. სხვათა შორის - „კახეთის გზასა და
ვითარებასაც“ იკვლევდნენ უცხონი.
ჯანდიერმა ფიდო ბაცაცაისძეს შათირად და შემწედ მისი ძმა - თედო
ბაცაცაისძე გაუგზავნა.
ასე შეიყარნენ ორნი ძმანი ბაცაცაისძენი შაქის ზღვარზე. მათ
ურთიერთი კარგა ხანია არ ენახათ. ორივე მეფის სამსახურში იყვნენ და
ხან ალთას საქმობდნენ, ხან ბალთას.
კახეთის მიჯნაზე, გზის პირას მიიჩრდილეს… საგუშაგოს ვარაუდიც
დაიჭირეს, ურთიერთისა და შინაურების ამბავიც მოიკითხეს… რაღა
თქმა უნდა, მცირე სუფრაც გაშალეს… კარგი ძმობა ჰქონდათ და არც
ამას სჭირდება დიდი მტკიცება, ტიკის ალერსში ზომა ვერ დაიცვეს,
ნახევარი ტიკი ზედმეტი მოუვიდათ… თითო-თითოდ სხვა
მონაპირენიც მიისუფრეს და მალე კახეთის საზღვარზე კარგა
ლაზათიანი პურ-მარილი გაიშალა.
მზის გადაწვერვისას მოულოდნელად მგზავრები წამოადგნენ თავზე.
შებრუჟებულ მონაპირეთ კი ეუცხოვათ მოსულთა სამოსი და
გარეგნობა, მაგრამ ამ წვრილმანისათვის სუფრა აბა ვის აუშლია!
ძმებმა უმალ მიიწვიეს მოსულნი:
- აქეთ მობრძანდით, აქეთ! პურ-მარილი გასტეხეთ, ღვინო იხმიეთ! -
ხმამაღლა გასძახა თედომ და დევის მტკაველა ყანწი აღმართა.
- დაიცა, ბიჭო… ეს რა ხალხია? - შებრუჟებული აზრი ძლივს
მოიკრიფა ფიდომ და ფეხზე წამოვარდა.
მგზავრებმაც ცხენები მოაყენეს.
ოთხნი იყვნენ. წინმავალს ქერაულვაშა და წვერნაპარს ბრგე ვაჟკაცს
ჩაკეცილი წითელ კუშტულიანი კრაველის ქუდი ეხურა, ტანზე ჩოხა
ეცვა. ფიდომ, მიუხედავად სიმთვრალისა, შეამჩნია - ჩოხა ჩერქეზულს
ჰგავდა, მაგრამ ჩერქეზული მაინც არ იყო. ხოლო ყველაზე უფრო
ზურგზე ყაითანჩამობმულმა ყაბალახმა გააკვირვა.
- გამარდჟობ! - რიხიანად მიაძახა მოსულმა, მაგრამ ეს ქართული
სალამი ისეთი უცხო კილოთი იყო ნათქვამი, რომ ვერც ერთმა კახელმა
ქართულ სიტყვად ვერ მიიჩნია.
- რას ამბობს, კაცო?! - წამოიძახა ფიდომ და მიეგება. ახლა მეორემაც
მოაძახა ალბათ სალამი. ეს კი უკვე ჭაღარა ცხვირპაჭუა და ტანჯმუხა
კაცი იყო.

41
- ჩამობრძანდით! დაგვეწვიეთ! - ერთიც მიაძახა თედომ, მაგრამ
აზრზე მოვიდა, რომ ვერ გაუგებენ და ისევ ხელით ანიშნა სუფრაზე
წვევა.
- რა ვქნა, ეს რა ცხვირაღმა ხალხია! - ჩუმად ჰკვირობდა ფიდო და
სუფრაზე ადგილს უმზადებდა შემოსწრებულთ.
- დახე მაგათა, ყველას ახალთოფები არა აქვთ?
- ეს ვიღაა? ეგ კი ჩვენებური ჩანს!
ცხენზე ჭაბუკი იჯდა - შავთვალწარბა და თმახუჭუჭა.
- ჩვენებური ვარ! ჩვენებური! - ატაცებით წამოიძახა მან. ცხენიდან
გადმოხდა, მიწაზე დაემხო, თავი ბალახში წაჰყო და ქვითინი ამოუშვა.
- ნო!.. ნო!.. - ჩაუბოხა ჯმუხა მოხუცმა, ჭაბუკი წამოაყენა, თვალები
ამოუმშრალა, გვერდში მოისვა, გაუგებარ ენაზე დიდხანს დაყვავებით
ეუბნა.
- მამა-შვილი თუა?.. მაგრამ სულ რომ არ ჰგვანან? - კვირობდნენ
შეფხიზლებული კახნი.
მეოთხე მხედარი ცხენზე დარჩა და საგუშაგოდ გადგა განზე.
- სწორედ ისინი უნდა იყვნენ… შემახას რომ სწვევიან! - ფიდომ
წასჩურჩულა თედოს.
- ახლა გავიგებთ!.. - და სავსე ყანწი უხუცესს მიაწოდა.
მაგრამ მან არ მიიღო, ქერაზე მიუთითა.
- იგნატ პეტროვიჩ!
- ეგნატეო?.. ეს ყოფილა უფროსი? - და ყანწი ახლა მას გაუწოდა.
ეგნატემ ყანწი ჩამოართვა, შეხედ-შემოხედა… ედიდა… თავი გაიქნია
და ისევ მოხუცს გადასცა. მოხუცი ყმაწვილს შეეკითხა, ხელი
მოინაცვლა, პირჯვარი ისახა, დაყნოსა ყანწი.
- ნუ… ბუდემ… ურა! - ერთი ამოიროხროხა და ყანწი ერთბაშად
გადააყუდა ხახაში. ღვინო შეეფეთქა სახეში, მაგრამ მოხუცმა ერთი
დაიფრუტუნა, ჩაწრუპვით შესვა, ულვაშ-ქილვაშიც ჩაწუწნა და
მერმეღა მოითქვა სული:
- ხო… ხო… დაა!
- გაამოს… გაამოს! - მიაძახეს კახელებმა.
- ქრისტიანები ყოფილან!
თედომ ახლა ქერას მიართვა ღვინო. ახლა კი ეგნატემაც შესვა.
- ჭაბუკო, ვინ ხართ, გაგვაგებინე… - ვეღარ მოითმინა ფიდომ.
- რუსები არიან! - უპასუხა თვალცრემლიანმა ჭაბუკმა და სუფრაზე
დებული კახური შოთი გულში ჩაიკრა.
- ნო… ნო… ზაზაი! - სიტყვა გააკმენდინა მოხუცმა.
კახელები მიხვდნენ, რომ საუბარს ერიდებოდნენ მოსულნი,
ჭაბუკსაც უკრძალავდნენ. ისევ ღვინოსა და პურ-მარილს დაწვდნენ…

42
ენის ამხსნელი და ამცრელი ამაზე უკეთესი რა უნდა ეღონათ, მით
უფრო - თავადაც მაღალ ეშხზე იყვნენ.
სულ მოკლე ხანში დაშინაურდნენ უცხო სტუმრები. ყანწმა
სახელდახელოდ უშუალობა ჩამოაგდო უცნობთ შორის. მოხუცმა
გულიც კი მოიღეღა და სასმელს მოუხშირა. ჭაბუკსაც „ეხიდებოდა“
ღვინოში. თმახუჭუჭა კი კახურ პურსა და ნიორწყალში მოხარშულ
ქათამს მისდგომოდა დახარბებულად ილუკმებოდა… და სიხარულის
უნებური ცრემლი გრძელ წამწამებზე უკიაფებდა.
ზაზას ქართული საუბრის ერთი სული ჰქონდა. თავისიანების,
გრემის ამბების გაგების სურვილს ძლივს იკავებდა. მაგრამ სასტიკად
ნაბრძანები ჰქონდა - ზედმეტი სიტყვა არ დაეძრა დრომდე. ასისთავ
დანილოვ-რუსინისა და თავისი მამობილის - მათე ნოგირინის რიდით
და კრძალვით სდუმდა და თავისი მოსდიოდა, იმდუღრებოდა, მაგრამ
ხათრსა და ბრძანებას არ სტეხდა.
მალე ღვინომ გაათანაბრა რუს-ქართველი. ენის უცოდინარობაც აგრე
რიგად საჩოთირო აღარ აღმოჩნდა სუფრაზე. ხელს როდიღა უშლიდათ
მაინცდამაინც… და მზე რომ ჩავიდა, კახურ მოძახილს რუსული ბანიც
შეუდგა და ახლომახლო ტყის ნადირი გააფრთხო.
კახელებმა ცეცხლი წამოანთეს. ერთ-ერთი მენაპირე სოფელშიაც
ცხენდაცხენ ჩაგზავნეს ახალი ტიკის ამოსატანად.
სულ მალე გაიგეს კახელებმა ზაზასა და რუსების ვინაობა, კახეთში
მოსვლის მიზეზიც.
- მაშ გრემში მოდიხართ? აშთარხნის ბაზრობაზე კახ ვაჭართა
მისაწვევად!
- დახე, სად გასულა გრემ-ქარვასლების ხმა?! - კვირობდნენ კახნი და
რუს-კახთა პირველ შეხვედრას ღვინით უხვად რწყავდნენ.
მათე ნოგირინი მაინც სულ კარგად გაეწყო ყანწ-ტიკჭორას -
მერიქიფობაც მანვე ჩაიბარა. უნაგირები მოაჩოჩა, ერთიმეორეზე
შეაწყო, ზედ გადააწვინა ახალი ტიკი… არც სხვას აკლებდა და არც
თვითონ იკლებდა ნუნუას. რაც უფრო მეტს სვამდა - უფრო
დინჯდებოდა.
კახელებმა სიმშეწყვეტილი ფანდური გააჩინეს.
- დაუკა, კამეჩის ცოხნას მაინც სჯობია, ქიზიყელო! ცალი ძალი რა
ბედენაა!
ქიზიყელმა დაუკრა სათამაშო. სხვებმა ტაში შემოჰკრეს. ძმებმა
დინჯი დავლური დაუარეს, მერმე ფიცხი ცერული დაჰკრეს. ყველას
თავისი წაჰკიდა ღვინომ. ზაზა სიხარულისაგან იბნიდებოდა.
დანილოვ-რუსინი უკვე ნაბადზე მიწოლილიყო და ხვრინავდა. მათე
მოხუცი დინჯად, მუყაით-საქმიანად ავსებდა მორიგ ყანწსა და ტიკის
ფუყფუყს ეჭვიანად თვალსა და ყურს ატანდა. მხოლოდ ერთი რუსი

43
გუშაგი იდგა განზე მწყურვალი, მას ასისთავისაგან სასტიკად ჰქონდა
აკრძალული სუფრაზე მოსვლა, წვეთის მიღება.
როდესაც ცეკვით ყველანი მოიქანცნენ და ფეხზე თუ აზრზე
ძლივასღა იდგნენ, მათე რუსმა კიდევ ერთხელ ჩამოატარა ყანწი,
თავადაც შესვა და ზაზას თვალი უყო. შვილობილი მიუხვდა
მამობილს, ფანდური გამოართვა ქიზიყელს და რუსული საცეკვაო
ააწყო. გაყუჩებული კახელები გადამთვრალი ჩაჯინებით უსმენდნენ
თავისთვის ახალ კილოს, ვერც შეამჩნიეს მათე რუსის წამოდგომა და
უნაგირებთან ბორიალი.
- ეხ მა! ტა-ტა-ტა, რატა-ტა! რატატა! - უეცრად საზარელი ხმარიხით
დასჭივლა „ყოვლად დინჯმა“ მოხუცმა და კახელნი შეაკრთო.
მათე რუსი ცეცხლის პირას გავარდა, ბუხრის ქუდი მიწაზე
დაანარცხა და მის ირგვლივ დაბორკილ ცხენივით აბაგუნდა. ცალ
ხელში ერთ თასმაზე აცმული სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის
უზანგები ეჭირა.
ბორგვისა და საცეკვაოს ხმაზე აჟღერდნენ უზანგებიც.
გაუგონარ საკრავის ხმა მოედო ჩაღამებულ გარემოს.
კახელებს ცეკვის ცეცხლი ისევ მოედოთ
- მთელი ქვეყანა არ ააჟღერა ამ რუსმა!
- დახე, კაცო! ყველა უზანგი არ მოუგროვებია! ჩემიც შიგ ურევია..
ხმაზე ვცნობ… ხმაზე! - ხარხარებდა ფიდო, - რა ყოფილა ეს „ყოვლად
დინჯი!“
კახელები თითქოს გამოფხიზლდნენ, ღონე იძალეს… ყველანი
ერთბაშად წამოცვივდნენ და მათე რუსის ირგვლივ უმეცრად და
ფეხშეუწყობლად აბორგდნენ. ნოგირინმა ცოტა აცალა. გამომწვევ
თვალით შეაფასა მათი ბაჯბაჯი, პაჭუა ცხვირი უფრო აიმრიზა, უფრო
ააჟღარუნა რუს-ქართული უზანგები და საოცარ ყაიდის ჩაბმულ
ბუქნით ცეცხლს ირგვლივ მოუარა, ნაპერწკლები გაადინა… ბუქი და
ბდღვირი შეაყარა ხარხარისგან გადაბიბინებულ კახელებს.
ღამე იქვე ნაბდებზე გაითენეს. მხოლოდ ასისთავი მოასვენეს
კარავში. ზაზა დიდხანს უმზერდა ვარსკვლავებით მოჭედილ კახეთის
ცას და თავადაც ცას ეწეოდა სიხარულით. თავქვეშ ჩანთა ედო, შიგ
ხელს უფათურებდა ხშირ-ხშირად. იქ იყო მისი უახლოესი მეგობარი,
მესაიდუმლე და შემწე, უცხოობაში ნაქონი და ნატარი „უბის
საქართველო“ - სიტყვის კონა.
იგი ახლა უფრო გაზრდილიყო, ყდაშიც ჩაესვა. შიგაც ქართულ
სიტყვებს ახლა რუსული შესატყვისებიც მრავლად ასდგომოდა.
ამ წიგნთან ერთად შემოიარა ზაზამ ლეკთა ტყვეობა, გაქცევა, თერგის
რუსობა, კავკასიონის ჩრდილო მხარე… და ახლა ისევ კახეთის
ზღვარზე, მშობლიური ვარსკვლავების ქვეშ… კახურ ჭალატყის ჩქამიან

44
და სურნელოვან ჩრდილებში წევს და ისიზმრება… თავქვეშ „უბის
საქართველო“ თუ საქართველოს უბე-მიწა ჩუჩუნებს… ამ კონის
სიტყვებშია ჩაქსოვილი მისი თავგადასავალი.
ისევ კახეთს მოსწვდა „ჯაჭვი სიტყვისა“ და თითქოს
„სიტყვასიტყვით“ უკან მოსძახის ზაზას… ახალს ანუგეშებს… ძველს
აგონებს.
…მათე ნოგირინმა სუნჯა-თერგის ნაციხარზე მიიყვანა თავისი
შვილობილი. აქ სახლობდა ოდესღაც შიდა რუსეთიდან გადმოხვეწილი
თავისნება კაზაკი. მისი მოძმენი მაინცდამაინც არავის უდებდნენ თავს,
მათ შორის არც რუსეთის მეფე-ბატონებს, ასე იარაღასხმულად
გაჰქონდათ თავისი ცხოვრება.
მათე ნოგირინი მარტოხელა კაცი იყო. კერა-ოჯახობაში დაუდევარი,
ხელაღებული მოხეტიალე. აქ თერგის ნაციხარში შეხვდა მას რუსთ
მეფის მეთოფეთა ასისთავი ეგნატე დანილოვ-რუსინი, რომელიც
აშთარხნიდან დავალებით ჩამოვიდა თერგზე.
რუსინმა გამოცდილი კაზაკი უმალ თავისთან აიყვანა მოენედ და
მეგზურად. უკვე ერთად, წინასწარი დაზვერვის მიზნით მოვლეს
დიდი და მცირე ყაბარდოს სამთავრონი, საშამხლო, ბუინაკი და სხვა
მოსკოვისათვის ჯერაც კარგად არცნობილი, მაგრამ უკვე
თვალდატანებული ადგილები.
ამ აშთარხნელ ასისთავსაც ძირითადად სუნჯა-თერგის „ნაციხარ“
ციხეში ჰქონდა სადგომი.
მათე ნოგირინმა უშვილო და უნათესავო მოხუცის დაგვიანებულ
გრძნობით შეიყვარა ზაზა. ბიჭს უჩვეულო ნიჭი რომ შეატყო, ხელს
უმართავდა. ხშირად აკითხებდა ხოლმე ქართულ სიტყვარსა და
გაკვირვებას ვერა ჰფარავდა.
- ამას დამიხედეთ! ერთი ღლაპია… ისიც არარუსი და რარიგ
კითხულობს ნაწერს, თითქოს მღვდელი იყოს!
ხოლო როდესაც ზაზამ ქართული ასოებით რუსული შესატყვისების
ჩაწერა იწყო, სულ ცას ეწია მოხუცი მებრძოლი. აქამდე თოფხმალის
მეტი საქმე არა ჰქონდა რა, ახლა კი ახალი საზრუნავი გაუჩნდა -
რუსული სიტყვების ახსნა-განმარტება. „რას ამბობ, კაცო! შეცდომა რამე
არ მომივიდეს? წიგნში იწერება ჩემი ნათქვამი… სიტყვა ბეღურა კი არ
არის! სიბრძნეა!“
და მათეს სადგომში დღენიადაგ გაისმოდა:
- რუკა!.. ნოგა!.. გოლოვა!.. ჟივოტ! - და ყოველ ნაკვთსა და ნაწილს
შესაფერისად ასურათხატებდა ოფლში გაწურული მოხუცი მებრძოლი.
მაგრამ როდესაც ნაკვთები და ახლო ნივთები შემოაკლდა, მერმე კი
ქეჩო მოიფხანა და დიაკვანს მიჰგვარა ზაზა.

45
- ასწავლე… რუსულ წერა-კითხვას ითხოვს… მე კი სადა მაქვს მაგისი
თავი?! გადაგიხდი… ოღონდ ასწავლე!
მაგრამ სულ მალე დიაკვანმაც უარი განაცხადა:
- ძალიან ბევრი სწადს… ხარბია! ისე მალე სწავლობს - კეთილი არ
გამოვა ბოლოს! წაიყვა შენი ეშმაკი, არარუსი!
სამიოდ წლის დასასრულს ზაზამ უკვე კარგად იცოდა რუსული
წერა-კითხვა და ლაპარაკი. უკვე არზებს „ნაციხარ ციხეში“ მას
აწერინებდნენ, არა დიაკვანს.
გაიზარდა, ტანი აიყარა. თვალ-წარბი ეშხით აევსო. ეს იყო, ოჯახისა
და სამშობლოს დარდი არ ასვენებდა.
ხშირად, სულ ხშირად ავიდოდა ხოლმე სუნჯის ნაციხარის
დანგრეულ ქონგურებზე და გასცქეროდა შორს, ცის მიჯნაზე თეთრ,
მიუკარებ ოცნებად გადატიხრულ კავკასიონს.
სადღაც იქ… იმის იქით იყო მისი მშობლიური კახეთი და დედა.
მამის მოგონება კი აკრთობდა, ფიქრის ეშინოდა, ირიდებდა… და თუ
მაინცდამაინც აეკვიატებოდა ფიქრი, ჯერ მჩქეფარე სულაყი
მოაგონდებოდა. ხელზე დახვეული ჯაჭვი… მერმე ყალყზე შემდგარი
მორი და უმალ „სიტყვის კონას“ გადაშლიდა, უბე-ფურცლებს
შეაფარებდა გულსა და ფიქრებს.
რუსეთის მეფე იოანე მრისხანის სიკვდილის შემდგომ დანილოვ-
რუსინი ისევ აშთარხანს წავიდა, ხოლო მათე ნოგირინი თერგის
ნაციხარში დარჩა. იქვე მასთანავე დარჩა ზაზაც. მის შფოთიან
ცხოვრებას შეეჩვია. ბევრი ნახა, მხარეც გაიცნო.
წლის თავზე კვლავ დაბრუნდა დანილოვ-რუსინი და მცირე
ჯგუფით კვლავ იწყო მთისა და ბარის უფრო შესახელებული და
ბეჯითი ზვერვა-კვლევა. ახლა მათე ნოგირინთან ერთად
დაჭაბუკებული ზაზაც თან დაჰყავდა.
ბოლოს ზაზას ბედად „აბრეშუმის გზას“ სამხრეთით გამოჰყვნენ,
ვაჭრობა-აღებმიცემობით გამოვლეს ტარკა და ბუინაკი, დარუბანდი,
ბაქო, შირვან-შემხა. მოზრდილი აბრეშუმ-ქარავანი და ვაჭარ-მხედარნი
იქ დასტოვეს და მცირე ჯგუფად კახეთს გამოვიდნენ.
და ჰა, ისევ თავის ზღაპრულ კახეთში მობრუნდა ზაზა, ისევ
ალაზნის ჭალებშია… მისი მზისა და ნამის არეში. მისი სიო-ნიავის
წიაღში… დღისა და ღამის უბეში… და თითქოს ეს ცაც ამ „სიტყვის
კონის“ ასოებითაა გადაჭედილი.
დილაადრიანად, ნაბახურევს, სახელდახელოდ ისაუზმეს და კახ-
რუსთა ჯგუფი ძეგამისაკენ დაიძრა. ახლა უკვე ყველა თავისი საქმის
ჩარჩოში ჩაჯდა და შემოიფარგლა. თავისი უზანგი ისევ თავის უნაგირს
შეაბა ყველამ.

46
დანილოვ-რუსინი დინჯად მიაცორვებდა თავის დიდ ცხენს.
ბეჯითი დაკვირვებით ატანდა თვალს გზასა თუ შენობებს. ხშირად
ჰკითხავდა, ან აკითხვინებდა ზაზას, მაგრამ ბაცაცაისძენიც უფრო
სდუმდნენ. ან მოკლედ პასუხობდნენ. დავით ჯანდიერის
გამოზრდილები ფრთხილობდნენ უცხო სტუმრებთან.
ძეგამშიაც არ შეჩერებულან, თუმც დანილოვ-რუსინმა ბაზარში
გასვლა და ძახილ-გამოცხადებაც მოისურვა აშთარხანში დიდ
ბაზრობაზე ძეგამელ სოვდაგრების წვევის შესახებ. მაგრამ თედო და
ფიდო განზე გადგნენ. მოითათბირეს და თავი შეიკავეს.
- ჯერ გრემს მიბრძანდით! ძეგამს კი ყოველთვის მოესწრებით! უკანა
გზაც ხომ აქეთ გექნებათ?
დანილოვ-რუსინი დაეთანხმა, ისევ ცხენს მოახტა.
ისევ გრემძეგამის გზაზე ვიდოდა ზაზა და თითქოს ისევ სამი წლის
წინათ შეწყვეტილ გზას განაგრძობდა… აი ის ადგილიც… აი აქ არ
შეაჭრა ტოტი ტყემალს?! შტო წამოზრდია უკვე… მხოლოდ ნაროკალი
ეტყობა, ადამიანის გულიც რომ ასე იყოს! აი თითქოს ბალახიც იგივეა,
კლანჭა და შალაფა იყო… აქამდე მოვიდა, მამას რომ უჯდა ცხენზე
ზურგსუკან… აქედან გაიტაცეს მამასთან ერთად ლეკებმა. ჰოი, იმის
შემდეგ… რამდენი ქვეყანა მოვლო ზაზამ! რამდენი სანახავი ნახა,
დარდი იდარდა, ნატვრა ინატრა! ახლა ისევ ამავ გზაზე მოდის… უკან
ბრუნდება… უკვე საკუთარ ცხენზე აღმჯდარი, საკუთრივ რუსულ
თოფით აღჭურვილი, საკმაოდ განსწავლული… ისევ გრემში მიდის…
შინ! მაგრამ ჰოი, რა სიამით უარს იტყოდა ყოველივეზე, ოღონდ ისევ
მამის ზურგს უკან იჯდეს იმ აკვანივით საამო ჯაგლაგა ცხენზე!
- ნო! ნო! რა ცხვირი ჩამოუშვი, ჭაბუკო! - რუსულად შეუძახა მათემ, -
აკი დაგპირდი, სამშობლოში მიგიყვან-მეთქი! აჰა… ახლა შენზეა
პირობა! მე თაფლი და თაფლუჭი მიყვარს! - ჩაუხუმრა კიდევაც და
ხელიც მხარზე მოხვია, - მაგრამ ცხვირი არ ჩაჰკიდო! ნო-ნო,
ქართველებს ისედაც ქვევით გაქვთ ღრეცილი! აბა თაფლი შენზეა! -
თვალიც ჩაუკრა, მაგრამ კეფაც გულდაგულ მოიფხანა: - არა, იცი რა
გითხრა? ეს ღვინო კი მადლიანი გქონიათ! რის თაფლი, რა თაფლუჭი!
„გვინო კარგი!“ - ქართულად მოიმარჯვა სიტყვა და ისეთი გულიანი
ხარხარი დააგოდრა, რომ ყველანი აიყოლია.
ალაზნის ველზე რომ გავიდნენ და თვალსაწიერი უფრო ახლოდან
მოიხილეს, განცვიფრდნენ რუსები.
- აი სად ყოფილა სამოთხე! ბევრი ქვეყანა მინახავს, მაგრამ ასეთი?
ახლა მივხვდი… აკი იმიტომაა… რომ ყველანი ეტანებიან! - ამ
„ყველაში“ დანილოვ-რუსინი თვით დიდ რუსეთსაც გულისხმობდა. -
გასაგებია! გასაგები! - და გულისპირში ჩაკერილი, კახთ ბატონისადმი
განკუთვნილი რუსთ მეფის საიდუმლო სიგელი მოისინჯა.

47
თითქოს ცხენებიც ახალისდნენ. მიიჩქაროდნენ.
კახელები მაინც უმატებდნენ სვლას. გარდა საერთო წესისა, სიჩქარის
კერძო საბაბიც ჰქონდათ. ხვალინდელ კვირა დღეს, გრემში ცხრაკარის
ხატის დღეობისას გრემელებმა დიდ სტუმრიანობის გარდა, ჯარად და
ჯიქურად დიდ ბურთის ფიცხელი თამაში იცოდნენ.
ყველაზე უფრო კი, რა თქმა უნდა, ზაზა ჩქარობდა. სული
უსწრებდა… ჯერაც ვერაფერი გაეგო თავისიანების შესახებ და ყოველ
შეფერხებას გულის ტკივილით განიცდიდა.
ერთგან მაინც დაღლილნი და დასიცხულნი დიდი კაკლის ქვეშ
ჩრდილს შეეფარნენ და შეისვენეს. ახლო მოსახლეს წყალი სთხოვეს,
მასპინძელმა თავანკარა ღვინო მოართვა. ამის შემდგომ, ზაზას
სავალალოდ ხშირი წყურვილი დასჩემდა მათე რუსს…
მეორე დღეს, ნასამხრევს, შორს მთის თხემზე მრგვალდარბაზა
სასახლე გამოჩნდა, ხოლო მის კალთაზე - გრემ-ციხე და
მთავარანგელოზი.
ზაზას გააზრებულად აღარაფერი ახსოვდა და რუსთ შეკითხვაზე
აღგზნებულად გაიძახოდა:
- გრემ-ციხე! გრემ-სასახლე! გრემ-საყდარი! გრემ-ქალაქი!..
ხოლო მის ყურამდე გრემის ზარების ხმა რომ მოსწვდა, ბალღური
მოგონებანი მტრედებივით წამოუფრინდნენ…
- გრემ-დიდი! დედო-ზარი! ზართ ბატონი! ფილო მნათე! მტრედები!
ოქროს ემბაზი! ბატონიშვილის ნათლობა! რა დაარქვეს? ჰო -
კონსტანტინე! აკი გადასძახა… - და ქალაქის გალავანს რომ
მოუახლოვდნენ, იგი ისე იყო ატაცებული და თავფიქრარეული, რომ
სულიერსა და უსულოს ვერ არჩევდა… ყველასა და ყველაფერს სულსა
და გულში იხუტებდა… მეხსიერებაში დარჩენილ სახეებს როგორც
ყალიბებს ისე უდარებდა კვლავ დანახულსა და გულისხმაგაკრულს…
თითქოს არაფერი არ გამოცვლილა… ისევ ისეა… ნამგალა მერცხლების
ბუდეებით დაჭრუვებული გალავანი… კამარაზე მტევანშეტეხილი
ჩუქურთმა… კლდე… ლეღვის ბუჩქიც კი იქვეა.. ოღონდ უფრო
გაზრდილა და ჩაზნექილა. მთავარანგელოზის სამრეკლოდ ისევ ის
ტკბილ-ხალასი ზარის ხმა ისმის. დღეს ხომ ცხრაკარობაა. ქალაქგარეთ
დიდ მოედანზე უნდა გაგორდეს ბურთი… ზედანი, ზაზას უბნელები
სჯობნიდნენ ქვედას…
და მართლაც, ბროწიანთ ჭალას რომ გასცდნენ, ასპარეზზე მრავალი
ხალხი შენიშნეს.
- აი მობურთალნიც! ჰა, წაიღეს ბურთი, წაიღეს! ზედაუბნელებმა!
იცის ზაზამ, მათ ქალაქის კარიბჭეში უნდა ჩააგდონ ბურთი… ა, აკი
მოაქვთ, მოაქვთ კიდევაც… ხმაური და ჟივილ-ხივილი ფოთლიან
ნალოსავით მოჰყვებოდა ბურთის წამომღებს… ჰე, გალავნისაკენ

48
წამოეტანა ხალხი… ახლა უფრო კარგად არჩევს… ეცნობა კიდევაც
მრავალთავა ხალხის იერი… ბურთის წამომღებსაც სირბილზე
სცნობს… მაგრამ რომ ვერ იგონებს ასე ტანაყრილს… ასე ვეფხურ
ნახტომით გაჭრილს, ერთი მოიხედოს! სახეს ვერ არჩევს, თორემ
ყველაფრით ნაცნობია… მიხრა-მოხრით… ყიჟინითაც კი…
- ზემოუბნელთა ყიჟინით არ მოდის! - ზაზამ ცხენი წინ გააგდო და
ერთი თავისებურად, ძველ-ბალღურად დაუსტვინა.
ერთი წუთით ძლიერმა სტვენამ დაჰფარა ყიჟინისა და სრბოლის
ხმაური. ბურთის წამღები სხარტად მობრუნდა, „ზედაუბნელთა“
სტვენისაკენ მიმართა გეზი. სიწითლე და ოფლი გადაღვროდა
სახეზე… ახლა სჭიროდა მაშველი… ქანცი გასდიოდა. აი მოირბინა,
სულ ახლოს გზის პირს გაუსწორდა, იცნო, იცნო ზაზამ.
- ქიტა! ქიტა ბიჭო! ჯიღაურო, შენი ჭირიმე! - ერთი შესძახა… ღელვამ
გადმოსტყორცნა ცხენიდან.
ქიტამ გადმოვლო გზა და ბურთის გადმოგდება დაუპირა, მაგრამ
თავის უბნელად რომ ვერ შეიცნო - შეფერხდა, თვალები აცეცა და
დაიბნა:
- მაშველი… ზედაუბნელებო! - ერთიც შესძახა გულამოვარდნილმა,
მაგრამ დრო დაკარგული იყო. ფეხდაფეხ სხვებიც მოსწვდნენ.
ქვედაუბნელების მდევარი მოახტა ზურგზე… დასცა… ბურთიც
გასტაცა, მაგრამ ახლა მთელი გუნდი თავს დაედო წაქცეულთ.
მობურთალთა უშველებელი გორი გაგორდა გზაზე… აირია
თავფეხი, კისერ-კიმკიმა. ულოდნელად ხელგარტყმული ბურთი
კურდღელივით გამოვარდა შარაზე. ზაზამ დააპირა ნახტომი, მაგრამ
დანილოვ-რუსინის მტკიცე ხელი იგრძნო მხარზე. წუთიც და ისევ
ზედაუბნელებმა უსწრეს ბურთს. ბურთის ზვირთმა ქარიშხალივით
ჩაუქროლა სტუმრებს. ახლა მაყურებელთა ჭრელტალღა შემოაწყდათ…
ხალხი არეულ ყიჟინ-ხმიანით მოსდევდა მარბენალთ და თითქოს
ყველაფერი მირბოდა… ბურთი, გზა, ასპარეზი, გალავანი, ქვენა და
ზენა… მზეც კი… ზაზას გაოგნებულ თვალებში ნაცნობი სახეები და
ქოჩრები ელავდნენ და ირეოდნენ… რომელიმეზე შეჩერებისა და
გამოცნობის თავი და გული აღარ ჰქონდა თვალანთებულსა და
გულშებურთავებულს…
- ზაზა! - ანაზდად შემოესმა ძახილი და ვაზის ყლორტივით ფაქიზი
მკლავები ყელზე შემოეჭდო ჭაბუკს. უეცარი კოცნაც პეპელასავით
გაეკრა ტუჩზე. ზაზას წინაშე უსაზღვრო სიხარულით თვალანთებული
ეშხიანი გოგონა იდგა.
- ზაზა! - კიდევ ერთხელ შესძახა გოგონამ, მაგრამ ამ დროს ხალხის
ახალმა ტალღამ ჩამოინამქერა, გათიშა ისინი და გოგონა ნაფოტივით

49
გაიტაცა, ცოცხალ ღვარში და გუგუნში ჩასძირა გოგონას ხმაცა და
ნასახიც.
ხალხი რომ გაილია, გოგონა აღარსად ჩანდა. ატაცებული ზაზაც
აედევნა ხალხს… კარგად შეეხედა მაინც, ხალი თუ ჰქონდა გოგონას!
ქალაქის კარიბჭესთან დაეწივნენ მას რუსები.
- აბა დინჯად, შვილო! - რუსულად ჩაულაპარაკა თავად
აცმუტებულმა მამობილმა, - კიდევ ცოტაც და ყველას ნახავ!
- ყველას! ყველას! - ციებაშენაპყარივით ცახცახებდა ზაზა და წინ
ილტვოდა.
კარიბჭეში აღარავინ დახვედრიათ. ბურთი უკვე ქალაქში შეეტანათ
ზემოუბნელებს.
გრემის მთავარი კარიბჭე მთელ სიფართოვეზე ღია იყო. აღარც
დარაჯები უდგნენ და აღარც ბაზრის ტარუღები. ზემო უბანში ყველა
გაეტაცნა ბურთის ტალღას.
დანილოვ-რუსინმა გამოცდილი თვალით შეამოწმა კარიბჭის
სიმტკიცე და ქონგურები… აინუნში დაუჯდა, მაგრამ ღიად სხვაფრივ
გაზომა საქმე:
- სადაც ასე უდარდელად თამაშობენ ბურთს, იქ ბაზრობაც კარგი
ეცოდინებათ! ჰა, რას იტყვი, მოხუცო?
- სადაც კარგი ღვინოა, იქ ბურთაობაც კარგი იციან და ვაჭრობაც!
ხანჯლები კი ყველას ჰკიდია!.. კარგი კოხტა ქალაქი ყოფილა გრემი! -
მიუგო მათე რუსმა.
თარსა-გალავანს რომ მიაღწიეს რუსებმა, ბაზრობა დაშლის პირზე
იყო. თედო ბაცაცაისძემ, ვიდრე ჯანდიერის პასუხი მოუვიდოდა,
სასტუმრო ქარვასლაში მიიყვანა ისინი. ვიდრე მდივან-სოვდაგარი
თარსა სომხიშვილი მონახეს, ახალმოსულნი ფართო კიბით მაღლა
ბანის აივანზე ავიდნენ და იქიდან გადახედეს ქულბაქებს.
ბაზრის თავში ისევ ორომტრიალი და ხალხის გუგუნი შეიქნა.
- ალბათ ბურთია ისევ! - შემობრუნდა დანილოვ-რუსინი, მაგრამ
ამჯერად ხალხის წინ ვიღაც თავშიშველა ჭაღარა დედაკაცი მორბოდა…
უკან კი ამქარ-ხელოსნები და მოქალაქენი ხელების ქნევით
მოსდევდნენ.
ბანის კიბესთან მოიჭრა ტალღა.
- დედა! - შესძახა ზაზამ და კიბიდანვე ნახტომი დაჰკრა, პირდაპირ
უბეში ჩაუვარდა-ჩაეკონა სათინოს.
მერმე ყველაფერი აირია - ვინ სტიროდა, ვინ ვის ჰკოცნიდა, ვინ
უსიტყვოდ იცრემლებოდა! ისმოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები და
უწყვეტი შეძახილები.
- შვილო, მამასაც მიხედე! ახლა მამას! - ისევ სათინო მოვიდა გონს.
ისევ მას მოესმა კიბის ძირიდან ახლახან მოვარდნილ მამუკას

50
თავშეუკავებელი გოდება.
- მამას?! მამუკას?! - ზაზას თვალისა აღარ სჯეროდა. მამის
გამოშვერილ ხელს ეცა. იმ ხელს, რომელზედაც მას ჯერაც კიდევ
ბორკილი ელანდებოდა, მერმე გადაეხვია მხარიღლივ და თითქოს ისევ
სულაყის მორევში გადაეშვა… სულიც ისევე შეეხუთა… მამუკა კი
ტანში შეიძრა და მეზობლები რომ არ მიშველებოდნენ, ალბათ
დაგორდებოდა კიბეზე.
- შენა ხარ! შენ! შენა! - აჩემებულად, ენააბორკილად გაიძახოდა და
გულში იკრავდა ნატყვევარსა და ნაბორკილევ შვილს.
- შინ წავიდეთ… შინა! - შესძახა სათინომ. მამა-შვილს ხელი სტაცა და
ოდნავ გონზე მოიყვანა.
- შინ! მალე შინ… სიაუშთან! - ხმა ამოიდგა ზაზამაც და მხოლოდ
ახლა მოაგონდა მამობილი და ასისთავი.
- მამა… მე მარტო არა ვარ! ჩემთან არიან ჩემი მხსნელები…
- წავიყვანოთ, შვილო! ყველანი წავიყვანოთ!
- ყველა! ყველა! - იგრიალა ამქრობამ და ვიდრე ზაზა რაიმეს
მოიფიქრებდა, კიბეზე მანასე ჯიღაური და ჯაბა ოსტატი
დაწინაურდნენ, რუსები ხელმეტყველად იხმეს. იწვიეს.
დანილოვ-რუსინი შეყოყმანდა, მაგრამ მათე ნოგირინმა ფარული
ცრემლი ცხვირის მოხოცვაში გაატარა, კიბეზე ჩაირბინა და
დაწინაურებულ შვილობილსა და მის მშობლებს მიჰყვა. ხოლო ახლა
სხვა ხელოსნებიც რომ შემოადგნენ დანილოვ-რუსინს, აშთარხნელი
ასისთავიც მათ ნებას დაემორჩილა.
ყველანი მამუკაანთ სახლისაკენ გაემართნენ.
ელვის სისწრაფით მოედო ამქრობას მამუკასა და სათინოს
ბედნიერება, ზაზას მობრუნება, რუსი სტუმრების მოსვლა, ხელად,
ვისაც რა გააჩნდა, სახელდახელოდ თუ სასტუმროდ გამზადებული -
ტკბილი და მცხვარი, მგბარი თუ მწვარი - სათინოანთა
მიარბენინებდნენ.
ხელუხვობის ჯიბრში ჩადგნენ სირაჯები და სალახები, მამუკაანთა
გაგზავნეს ტიკებ-ბატკნები. სტუმრები და მეზობლები ჯერ ეზოს
სავალიდან სამზად ოთახში შევიდოდნენ, პურ-მარილში შეეწეოდნენ,
მხოლოდ მერმე მიაკითხავდნენ შიდა ოთახებს, სადაც უკვე დიდი
სუფრა გაშლილიყო. ზოგს პირდაპირ სუფრაზე შეჰქონდა ჩურჩხელები
და ლეღვის ჩირი.
ფილო მნათემ ვეებერთელა საზამთროც კი პირდაპირ ოთახში
შემოაგორა.
- ამ ყარფუზის ოდენა ბედი და ბარაქა ამ ოჯახს! ხალხნო! სად არის…
ერთი დამანახეთ ჩემი მოშაირე.
ამბობენ, ჩემსა ზაზასა

51
ვერვინ უწუნებს გაზრდასა!
მართლა ასეა? ერთი დამანახეთ, ხალხნო… თვალს დამაკლდა…
ხელი მომაკიდებინეთ… ხელი!
ზაზა კი ხან დედას ეხვეოდა, ხან მამას, ხან წამოზრდილ სიაუშს, ხან
სუფრაზე შემოსწრებულ მეზობლებს. თვალით კი გაფაციცებით აქეთ-
იქით იცქირებოდა, თითქოს აკლდა ვიღაც, რომელიც უსათუოდ აქ
უნდა ყოფილიყო, ხოლო ის „ვიღაც“ კი არსად ჩანდა.
რამდენი ალერსი და კოცნა ერგო დღეს მას, უკან დაბრუნებულს…
რარიგ ბედნიერია… მაგრამ ის პეპელასავით შემოფრენილი
პირველკოცნა… იქ, ბურთის სარბიელზე, გრემის კარიბჭესთან… ის
მაინც სხვა იყო, ზედ დარჩა ბაგეებს წარუშლელი და გამოუთქმელად
ტკბილმაძგერი.
- ხალიანა სად არის? - თავისდა უნებურად იკითხა.
- მოვა, შვილო, იქ გვეხმარება… ამდენ სტუმრებს რას
გავწვდებოდით… იმან გვახარა… იმან… დაილოცა მისი გაჩენის დღე!
და როდესაც დავით ჯანდიერი თედო ბაცაცაისძისა და თარსა
სომხიშვილის თანხლებით მოვიდა რუსი სტუმრების მოსაკითხავად,
მამუკაანთ სახლის ირგვლივ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. იყო ერთი
შესვლა-გამოსვლა. რაღა თქმა უნდა, აქვე იყვნენ ანაბანა ბიჭის
თანატოლი ზემოუბნელი გოგო-ბიჭები, მეზობელი დედაკაცები და
ფეხქვეშ არეული წვრილფეხობა. ხოლო შიგ კი ტაშ-ფანდურას დოლის
გრიალი სცვლიდა. მამუკა და მათე რუსი ერთად ბუქნაობდნენ ერთი
ქართულად, მეორე რუსულად. ხოლო ერთად კი, როგორც ფილო
მნათე გაიძახოდა, „ძლივსღა ვხედავ, მაგრამ ხმაზე ვატყობ - კამეჩური
გამოდისო“.
გვიან ღამით ნაამები და ღვინონაძალი რუსი სტუმრები თარსა
სომხიშვილმა თავის სტუმართ სადგომში წაიყვანა. ხოლო ზაზა შინ
დარჩა. ასე გაარიგა ჯანდიერმა. თარსა მდივან-სოვდაგარს კი ასეთი
რიგი დაუწესა:
- ხალხს ჯერ მაინცდამაინც ნუ შეახვედრებ რუსებს… გვიანამდე
იძინონ, მერმე აბანოში წაიყვანე, საღამოთი ზაზა კახნიაური მიჰგვარე
და სადმე ბაღებში ცალკე მოუწყვეთ სადილ-ვახშამი. ამასობაში მეც
გაცნობებთ შემდგომს. ბატონს მოვახსენებ.
რუსი სტუმრების წასვლის შემდეგ ჯანდიერმა მამუკას ზაზა ცალკე
ოთახში ახმობინა, მისი თავგადასავალი მოისმინა, რუსთა ვინაობაზე
და მათ განზრახვაზე ჩამოუგდო სიტყვა.
- რუსული უსწავლია, რუსული! ამას დამიხედეთ! დახე სიტყვის
ძალასა! - და მამუკამ დავითს ზაზას „სიტყვის კონა“ გადუშალა,
მრავალი რუსული შესატყვისი აჩვენა.

52
ჯანდიერმა „კონა“ ხელში შეიტოვა. ზაზას მეტისმეტი დაღლა შეატყო
და თავი გაანება.
მართლაც, ნამგზავრი და ღელვა-შთაბეჭდილებით
თავბრუდახვეული ზაზა ფეხზე ძლივს იდგა და ჯერ კიდევ სტუმრები
არც კი იყვნენ მთლიანად წასულ-წამოსულნი, როცა დედამ საწოლ
ოთახში შეიყვანა ზაზა და თავის ადგილზე, საწერი დაზგის
მახლობლად მდგარ სკივრზე ლოგინი გაუშალა.
ნალ-საბანი ემცირა ზაზას, მაგრამ ხელის გაკარებისთანავე გული
სიხარულით აუძგერდა - იცნო თავისი ბავშვობის საგებელი.
- შვილო! შენ გენაცვალე, ამაღამ ამაში დაწექ… ხვალ კი ახალს
გაგიწყობ… აბა რა ვიცოდი, ასე გაიზრდებოდი? - და ერთხელ კიდევ
გულში ჩაიკრა ზაზა. ახლა კი დაიმარტოხელა, აქ აღარავინ შეეცილება
მას, დედას… ამდენ ხანს გამოტანჯულსა და წამებულს… ყველამ…
იქნებ მამუკამაც გამოიტირა და გამოიგლოვა დაკარგული შვილი… მან
კი არა… მუდამ სჯეროდა… თითქოს იცოდა, რომ მისი პირმშო
ცოცხალია და ერთ ბედნიერ დღეს მაინც მოვიდოდა… მაგრამ როცა
მოვიდა… ახლა კი გაუკვირდა, ბედნიერებას ვეღარ მოერია, და
რატომღაც ახლა ეშინოდა მისი ნამდვილი დაკარგვისა… და კიდევ -
ასეთ გაზრდილსა და ტანაყრილს არც მოელოდა, თითქოს ვერც
შერიგებოდა, ეუხერხულებოდა კიდევაც… აღარც იცოდა, როგორ
მოქცეოდა… როგორც ბალღსა, თუ როგორც ვაჟკაცს… და თუ მამუკასა
და დედა-შვილს შორის ჯერ ვერ გამოინახა გარკვეული ურთიერთობა,
მით უფრო, რომ თავად ზაზაც სხვა უფროსებთან და მამასთანაც
დინჯობდა და მოზარდკაცობდა, დედასთან კი ისევ საოცრად
ბალღობდა და გულჩვილობდა.
- შვილო, ფეხები დაიბანე… ლოგინში ჭალის ტალახი არ შეიტანო…
- კი, დედა, ახლავე… წყალს მოვარბენინებ… ხომ იქვეა?
- ვაი ჩემს თავს!.. არა, შვილო… ახლა ხომ ჩექმები გაცვია…
ფეხშიშველა ხომ აღარა… აი, როგორც წინათ!
- არა უშავს რა… დედა… გამიოფლიანდებოდა ნამგზავრს… რომ
იცოდე, რა შორიდან ვარ მოსული?!
- უი, ჩემო თავო! სულ დამავიწყდა… აბა, სიარულ-სტუმრობაში
მაინც! ტანს დაგბან… ცხელი წყალი მაქვს… ხალიანას ვეტყვი,
მომეხმარება… ტაშტი, გოგო! თუნგ-ტაშტი! - ღრეჭა კარში გასძახა
სათინომ.
- აბა, ტანზე გაიხადე!
- რას ამბობ, დედა! განა კიდევ ბალღი ვარ? აბანოში წავალ ხვალ, - და
ზაზამ შემოხსნილი ქამარი ისევ შემოიჭირა წელზე, თითქოს შეეშინდა,
ტანზე ძალად არ გამხადონო.

53
დედამ შეამჩნია ეს მისთვის უცნობი მოძრაობა, გონზე მოვიდა,
შვილს სულ ახლო სახეში ჩააკვირდა, ხელი ლოყაზე იმტკიცა:
- უიმე, ღინღლი არ ამოსვლია საულვაშეზე!
ზედაც კარი გაიღო და ხალიანამ თუნგი და სპილენძის დიდი ტაშტი
შემოიტანა. ზაზა წამოიმართა და მის სახეზე დედის წამოძახილით
წამოჭრილი ღიმილი თანდათან განცვიფრებაში გადავიდა. ისევ იგი -
„კარიბჭეული“, საოცარი სილამაზისა და სინატიფის ტანმოჩიტული
ხათუნა იდგა მის წინაშე და სპილენძის დიდ ტაშტს როგორც მზეს
ამოფარებოდა.
- ხალიანა ხარ? - ენა ძლივს ამოიდგა ზაზამ.
სათინომ ჯერ თავის სახეანთებულ ვაჟს შეხედა, მერმე ხოხობივით
განაბულ გოგონას და ცოტა შეკვიმატებული ხმით გასძახა:
- დედა შვილობასა, ერთი იმ ჩემს კაცს დამიძახე! შენ გეუბნები,
გოგო, მამუკასა! - კვლავ დასძინა ხალიანას გულისყურში
დაეჭვებულმა.
- რათა, დედა?! - გულნაკლულად შეეკითხა ზაზა, - იყოს!
მაგრამ ხალიანამ ტაშტი კედელს მიაყუდა და კარს გაეფარა. ტაშტი
დაგორდა და ზაზას გულის ძგერასთან ერთად მაღალ ხმაზე დიდხანს
ჟღერდა მისი სპილენძი.
სათინომ უმალ აშალა სკივრზე გაშლილი ლოგინი. ახლა შუა
ოთახში, პირდაპირ იატაკზე გაშალა ფარდაგი, ზედ მამუკას ქვეშსაგები
გადმოიტანა, ორი სასთუმალი გამართა და შემოსულ მამუკას
მიუბრუნდა:
- ამაღამ ერთად მოისვენეთ… გაგვზრდია ვაჟკაცი… რაღა დროს
მაგისი სკივრზე წოლაა! ხვალ კი ახალი ტახტი გამართეთ. აი, ცხელი
წყალიც აქაა! აბა ახლა თქვენ იცით, მამაკაცებო! - და თავად სიაუშის
ლოგინს მიაკითხა. ხელში აიყვანა მძინარი და სხვა ოთახში, თავის
ლოგინში გადაიყვანა.
დიდხანს, მეტად დიდხანს ისაუბრა მამა-შვილმა, როდესაც ლოგინში
ჩაწვნენ თითო სიტყვა მრავალ მოგონებებსა და განცდებს
წამოუშლიდა. მათი საუბარი ირწეოდა პირიქით და პირაქეთ, ალაზანსა
და სულაყს შორის.
და შვილს რომ ჩაეძინა, მამუკამ აღარც მაშინ ჩააქრო ჭრაქ-შუქი.
ხშირად წამოჯდებოდა ხოლმე, დახედავდა მძინარეს, მერმე ხელს
სათუთად შეახებდა შვილის ნაჯაჭვარ მაჯას და ისევ მიწვებოდა.
ბოლოს მაინც ვერ გასძლო ლოგინში, წამოდგა… სკივრზე, ნაზაზარ
ლოგინზე მიჯდა, შვილი მთლიანად მოიქცია ხედვის არეში და ასე
მიყუჩდა.
არცთუ დიდხანს გაუვლია, კარი ჩუმად გაიღო, ფეხშიშველა, გრძელ
თეთრ პერანგგადაცმული სათინო აჩრდილივით შემოვიდა ოთახში,

54
შვილს დახედა, მერმე მამუკას მიუჯდა გვერდში… შუბლზე ხელი
გადაუსვა და მხარზე მიეკრა. მამუკამ ძველებური, სათინოური სითბო
იგრძნო… სითბო, ზაზას დაკარგვის შემდგომ რომ აღარ ღირსებია
სათინოსაგან. მარცხენა ხელი მოხვია გაწამებულ-გაბედნიერებულ
მეუღლეს და ასე გულიგულ მიკრულები შეჰყურებდნენ თავის
დაბრუნებულ დაჭაბუკებულ შვილს.
მძინარე ზაზას კი ღიმი შემოსდგომოდა პირისახეზე და საამო
სიზმარში წასული იქნებ არც დედაზე ფიქრობდა, არც მამაზე, არამედ
დიდ მზისოდენა სპილენძის ტაშტის უკან აპარპალებულ ხალიანას
ქუთუთოებზე.

IX რაიმე ნათელი…
ნაშუადღევს აბანოდან მობრუნებულ მამა-შვილს თედო ბაცაცაისძე
დახვდათ სახლში და ვითარების განუმარტავად ცხრაკარის საყდარში
წაიყვანა ორთავე.
სამოსწავლოში მდივანბეგი იასონ ჭავჭავაძე დახვდათ. ზაზას მეტად
გაეხარდა თავისი სამდივნოს მწურთნელის ხილვა. ეახლა და ხელზე
ეამბორა. იასონმა გულში ჩაიკრა. მამუკას შვილის პოვნა მიულოცა და
თინათინისეული სენაკისაკენ წაუძღვა.
სენაკთან იოველ ბერ-შიკრიკი დახვდათ, ჩაუღიმა, კარს გაეფარა და
მალე სამივენი მიიწვია.
თინათინის სენაკში განის ვიწრო სარკმლისა და კანდელის შუქის
ბინდბუნდი იდგა. ბერ-შიკრიკმა დიდ შუა სარკმლის ფარდა გადასწია
და სინათლე უხვად ჩამოიღვარა სენაკში. მზის ათინათი დაადგა
კედელხატულებს. ზაზას, პირველ ყოვლისა, ღვთისმშობლის დიდი და
კეთილშემკული ხატი მოხვდა თვალში. ხატი კედლის ჩუქურთმაში
იჯდა, ხოლო მის ქვემოთ, მარჯვნივ, მუხლმოდრეკილი მანდილოსანი
გამოეხატა მხატვარს.
მანდილოსანს საყდრის მცირე ფარგი ედო ცალ ხელისგულზე, ხოლო
მეორე ტანმაღალ და ხმალშემორტყმულ ახალგაზრდისაკენ მიემართა -
თავის შობილს ავედრებდა ღვთისმშობელს.
ზაზას გაგონილი ჰქონდა ამ სენაკისა და კედელხატულის შესახებ,
ისიც იცოდა - შემონაზვნებული თინათინი და მისი პირმშო
ალექსანდრე იყვნენ, აქ გამოხატულნი.
სარკმელთან დაფადაქანებული მერხ-მაგიდა იდგა, მას
ჭაღარაშერეული კაცი უჯდა. ზაზამ უმალ შეამჩნია, მიუხედავად წვერ-
ულვაშისა, იგი საოცრად ჰგავდა კედელზე გამოხატულ ახალგაზრდას.
„მეფე ალექსანდრე!“ - გაიფიქრა მან და მამუკას ზურგს ამოეფარა.
მხრების ტოკვაზე მამასაც შეატყო ღელვა. ამან უფრო ააფორიაქა.
ალექსანდრე წამოდგა და შემოეგება მოსულთ:

55
- აბა ერთი შემახედეთ, როგორია ეს რუს-კახელა?! - მაგრამ წინ
ქუდმოხდილი, თავჩახრილი მამუკა დახვდა. - შენა ხარ მამუკა
კახნიაური? მახსოვხარ კი - ტყვედყოფილი „კოჭლი სოვდაგრის“
მცნობი… ჯანდიერმა მომახსენა…
- მე გახლავარ, მეფევ ბატონო! - მამუკა სამოსის კალთაზე
სამთხვევად წასწვდა, მაგრამ ალექსანდრემ ხელი აუქნია.
- ეს კი ჩემი შვილი გახლავს… თქვენი მადლი და მფარველობა ნუ
მოუშალოს ღმერთმა! - დაბნეულად ალუღლუღდა მამუკა და განზე
გადგა.
ზაზა ალექსანდრეს წინაშე აღმოჩნდა. დაიბნა, სალამიც კი ვერ
მოახერხა, მხოლოდ იმის ცდაში იყო, ღაწვებისა და კისრის ძარღვების
ძიგძიგი და შეჭარხლება შეეჩერებინა. აზრი კი სადღაც კარს მიღმა თუ
მამის ზურგს უკან დარჩა.
- მაშ შენა ხარ ზაზა რუსი? აბა ერთი კარგად დამენახვე, - და რა
შეატყო ჭაბუკს აღელვება, ხუჭუჭა თმაზე ხელი გადაუსვა. - ვეჟო!
ლეკების ტყვეობას გაუძელი, უცხოობაში არ დაიბენი და ჩემი
შეგეშინდა?! - გაეხუმრა, გაათამამა, მოეწონა ჭაბუკი. მამის გულმა
უნებურად თავის წამოზრდილ შვილებს შეუტოლა და შეუდარა.
საერთოდ, ბოლო დროს შემღვრეულ გუნებაზე იყო ალექსანდრე,
კახეთის გარევითარება უფრო და უფრო იხლართებოდა. თელავს
თურქთა ჩაუში, ხოლო ძეგამს - ირანის ელჩები ჯერაც ისხდნენ. კახთ
ბატონის „გამოჯანმრთელებას“ თუმცა მოთმინებით, მაგრამ ჯიუტად
ელოდნენ, მათი მოთხოვნა ერთ კალაპოტზე გამოყვანილ ჩექმასავით
ჰგავდა ურთიერთს… რა პასუხი უნდა გაეცა? განა მარტო ხარკსა
სთხოვდნენ, არამედ შვილებსაც! განა მარტო მორჩილებას
მოითხოვდნენ, არამედ ციხეებსაც, საომარ გზასაც და ლაშქარსაც
სწორედ ურთიერთის წინააღმდეგ.
ახლა კიდევ ეს რუსი ასისთავი გამოჩნდა და ვინ იცის, რას
მოასწავებს მისი ულოდნელი მოსვლა.
- რამდენი წლისა ხარ, ჭაბუკო?
- თხუთმეტისა, მეფევ ბატონო!
- ჩემი დავითის ტოლი ყოფილხარ!.. აბა, ერთი ეს წამიკითხე რა
წერია? - ალექსანდრემ ჭაბუკი მერხთან მიიყვანა და „სიტყვის კონის“
გადაშლილ ფურცელზე ხელი დაუდო.
ზაზა უმალ თავის ყალიბში ჩავარდა. ღელვას მოერია, მითითებულ
ადგილს თვალი გაჰკრა, მეტი არც სჭირია ისედაც ზეპირად ნაცოდნს.
- პტიცა - ქართულად ფრინველსა ნიშნავს.
ალექსანდრემ დინჯად შეამოწმა ქართული ნაწილი და ახლა სხვაგან
დაადო ხელი.
- შჩიტ… ფარია საბრძოლო! - უკვე თამამად მიუგო ზაზამ.

56
- აქ ვისი მინაწერია?.. ქართული ასოებით… რუსული სიტყვა?
- ჩემია, - ზაზამ მამასა და იასონ მდივანბეგს გადახედა, თითქოს
თავისი პირველი მასწავლებლების წინაშე ბოდიშს იხდიდა: - ცუდი
ხელია… ხან ფრიად მეჩქარებოდა… ხშირად არც კალამ-მელანი
გამაჩნდა შესაფერისი.
- ხოლო ეს… რუსული ასოებით?
- ჩემივე… მერმე ვისწავლე… ვერ გავასრულე ოღონდ…
მეფემ კარგად ვერც გაიგო, ეს „ვერ გასრულება“ „სიტყვის კონას“
შეეხებოდა, თუ რუსული წერა-კითხვის სრულ განსწავლას. ეჭვის
თვალით გადახედა თვალანთებულ ჭაბუკს, ქაღალდი აიღო - მთელი
რიგი პირველმობორკილი სიტყვებისა ქართულად დასწერა.
- აბა ერთი… ამაზე შესატყვისები მიმიწერე ქართული და რუსული
ასოებით.
ზაზამ ქაღალდი გამოართვა.
- როდის მოგართვას, ბატონო? - შეეკითხა იასონ ჭავჭავაძე.
- არა! აქვე, ახლავე… აბა დაჯექ!.. - და ალექსანდრემ თავის ადგილზე
ძალით დასვა შეყოყმანებული ჭაბუკი.
- იასონ ჩემო! აბა „სიტყვის კონა“ აიღე და ერთად შევამოწმოთ ჩვენი
მორუსულე! ავადმყოფ ყურშიტას ნუღარ შევაწუხებთ.
და ვიდრე ზაზა სიტყვებს თარგმნიდა, ალექსანდრე მამუკას
მიუბრუნდა:
- რას შემკრთალხარ, მოხუცო? შვილი კი კარგი გყოლია. აბა, ერთი
შენი მამა-პაპის ვინაობაც მოგვახსენე…
- მამა ადრე მომკვდომია, ბატონო… ღარიბობაში ჩავარდნილ-
ჩახელოსნებულ აზნაურს ეტყოდნენ… არც სიგელ-გუჯრები
შემოგვენახა და არც ქონება… ჩემი მეორე ვაჟი - სიაუში თქვენი
კონსტანტინეს ტოლიცაა და ნათლობის ძმაც… დანარჩენი
მოგეხსენებათ, მეფევ ბატონო…
მამუკა დაბნეულად დადუმდა. ზაზას გახედა, თითქოს აქედან
მოელოდა შველას და მართლაც, ზაზას უკვე შეესრულებინა სათარგმნი
და ოქროს ვარაყში გაწყობილი მეფის კალამი მოწიწებით დაედო,
იასონმა „კონას“ შეუდარა:
- სწორედ აგრევე უნდა გახლდეს, ბატონო! მეფე და მისი მდივანბეგი
არ ჩაგვჭრას ამ პირტიტველმა მწიგნობარმა!
ალექსანდრემ ღიმილიან ყურადღებით ჩაათვალიერა
მრგვალწაბმულად ნაწერი უფხო ასოები, ზაზას ნატიფი ხელი მოეწონა:
- კარგად გისწავლია! ბარაქალა, ჭაბუკო! - ხელი მხარზე დაჰკრა, - მაშ
ყოველთვის არა გქონდა შესაფერისი საწერ-კალამი? აჰა! ეს ჩემი
პირველ საჩუქრად გქონდეს! - და ზაზას ფარშავანგის ოქრორთული
ფრთა-კალამი გაუწოდა.

57
- მდივანბეგო! მამა-შვილს დაახმარეთ მდივნები და ეს „კონა“
გადამიწერეთ ყველა მინაწერებით. მამუკავ, აზნაურობასაც აღგიდგენ,
წყალობასაც არ მოგაკლებ… შვილს კი ეპატრონე… არ გაათამამო! ხომ
გესმის… ესაო და ნიჭიერი ვარო, ბევრი ვიციო, მინახავსო…
ამპარტავნობა არ შეეყაროს… ქართველობაში მოგვდგამს, განა! -
ალექსანდრემ „კონა“ დახურა და ფერგადაკრულ ზაზას გადასცა: - აგრე,
ჭაბუკო! აგრე… აბა შენ იცი… დანარჩენს მერმე გიბრძანებ…
მდივანბეგო! რუს სტუმრებს ნება დართეთ აშთარხნის ბაზრობაზე
კახთ სოვდაგრები იწვიონ… მერმე გაუშვით უკან… შენ კი, ვეჟო,
სათარჯიმანოდ შეემზადე… აბა ქულბაქებში გამოჩნდება შენი
რუსულის ცოდნა.
ალექსანდრე წამოდგა. იასონ მდივანბეგმა და მამუკამ მდაბალი
სალამი სცეს და კარისაკენ გაემართნენ, ზაზამ კი ფეხი მოითრია და
ჩადაბლებული ხმით მეფეს მიმართა:
- მეფევ ბატონო! სიტყვა მაქვს საიდუმლო, თუ არ გამიწყრებით!
ამ ნათქვამში ჭაბუკური დიდმნიშვნელობაც იყო და ბალღური
მიამიტობაც. ალექსანდრეს გაეღიმა:
- საიდუმლო?.. მერმე რატომ არ იტყვი?
ზაზამ მამუკასა და იასონ ჭავჭავაძეს გადახედა და დადუმდა.
ალექსანდრე უფრო ბეჯითად ჩააკვირდა ზაზას ჩაფიქრებულ
თვალებს, ახლო იხმო, მამუკა და იასონი კი დაითხოვა.
- გისმენ, ყმაწვილო!
- ცალკე უნახველად ნუ დაითხოვთ რუს ასისთავს, მეფევ ბატონო!
დავალება აქვს შეფარული შათირია…
ალექსანდრემ გაკვირვებით შეხედა საოცრად დადინჯებულ ჭაბუკს.
- არც ჯანდიერს, არც სომხიშვილს არაფერი მოუხსენებიათ ჩემთვის
ამის შესახებ.
- არც ეტყოდა… ფრთხილობს… იცის, მრავალი ჩუმი მაცნენი,
„კოჭლი სოვდაგარისა“ არ იყოს, არიან ბაზრებში… ოქროს ბეჭდიანი
ბარათი აქვს თქვენს სახელზე ბოძებული…
- ვისგან?
- თეთრ, ქრისტიან მეფისაგან! ამის მეტი მე არ ვიცი რა. თავად
იტყვის.
ალექსანდრემ კვლავ ეჭვის თვალით შეხედა ზაზას. აქამდე ნიჭიერი
მოზარდი იდგა მის წინაშე, ახლა კი?..
კახთ ბატონმა სარკმელს გახედა. იქნებ იმიტომ, რომ იქ მზის
ათინათი ისევ ციაგობდა, ირგვლივ კი შავ ჩალმასავით ქუფრის კუდები
შემოხვეოდა. ამობრუნებულმა ფიქრმა ამ ქუფრის კუდებში მრავალი
დიდ-პატარა მოძალადე ამოულანდა ალექსანდრეს, სხივის ნათელ-

58
ათინათი უფრო იმედისფრად დაანახა - „იქნებ რაიმე ნათელი! რაიმე
ნათელი“.
- თეთრი… ქრისტიანი?! - ჩურჩულით გაიმეორა და შეთქმულივით
მიმართა ზაზას: - შენ კი არავისთვის გითქვამს ეს ამბავი?
- არა… საიდუმლო შევინახე!
- კეთილი… ახლაც ნურავის ეტყვი… რუს ასისთავს კი ვიხმობ, -
ალექსანდრემ ზურგზე დაიწყო ხელები და სენაკში გაიარ-გამოიარა, -
საიდუმლოს შენახვა კარგი გცოდნია, ეს სიბრძნეზე მეტს ნიშნავს
ხშირად!
მეფემ ზაზა უკვე უფროსივით გაისტუმრა, ისევ იასონ ჭავჭავაძე და
ჯანდიერი ახმობინა.
- სამდივნოდ გამომიწურთნეთ ეგ ჭაბუკი. დიდი ნიჭისა და
მოსაზრებისა ჩანს! - დაავალა ალექსანდრემ მდივანბეგს და ახლა
ჯანდიერს მიუბრუნდა: - ისე მაწვიე რუსები, არავინ გაიგოს… მავნემ…
განსაკუთრებით კი თურქთა ჩაუშმა. იქნებ სასახლის გარეშეც
სჯობდეს, ელჩები ხომ არ არიან?!
და რაც უფრო უკვირდებოდა ალექსანდრე კახთ ბატონი რუსთ მეფის
შათირის მოსვლის გარემოებას, მით უფრო ეშურებოდა მის ნახვას.
ალექსანდრემ უკვე დაწვრილებით იცოდა, რომ შემახას რუს
ასისთავს მდიდარი აბრეშუმ-ქარავანი და რუს მეთოფეთა მოზრდილი
გუნდი დაეგდო და ისე, „სხვათა შორის“ გადმოსულიყო კახთ
ბაზრებზე და ზაზას ქვეყანაში. ამ საქციელში შათირის გამომგზავნთ
დიდ გამჭრიახობასა და შორს განზრახვას გრძნობდა… „არც ჩვენთვის
სურთ ხელის შეშლა, საქმის გართულება და არც თავად სწადიან
ნაადრევად საქმეში ჩაბმა… იქნებ რაიმე ნათელი სხივი? რაიმე
ნათელი?!.“
- იქნებ ქარვასლის კარის შეყრა გამოვიყენოთ? - უთათბირა
ჯანდიერმა.
- კარგი ნააზრია! საზომ-სამართალიც ვყოთ… ვიდღეობოთ და რუსთ
შათირიც იქ, როგორც ვაჭართ მძღოლი, ისე მივიღოთ… ხალხსაც
ვაჩვენოთ რუსნი, ჩვენც ლაღად ვეჩვენოთ.
იმ დღეს სხვა საქმეებიც დაასკვნა ალექსანდრემ. თელავს ჩაუშთან
გორჯასპ ენდრონიკაშვილი გაგზავნა, ხოლო ძეგამს ირანელ ელჩთან
ომან ჩოლოყაშვილი. ერთნაირი დავალება მისცა ორთავეს:
- დააბით ადგილზევე, ქარვასლის კარის შეყრაზე აქ არ გვეწვიონ…
ცხრა უღელა გუთნეული ჩაუბით, არაფერი კი მოუხნათ. ენები
დაიქარგეთ… დახლართეთ ამო საუბარი… არც ერთ პირობას ძირი არ
მოუკიდოთ… დრო მოიგეთ, დრო! მერმე გაცნობებთ, რაიმე ნათელი
გამოჩნდეს იქნებ! - თავად კი ცხენზე შეჯდა და მცირე ამალით
სახელფარულად მარტყოფში წავიდა.

59
დიღმის მარცხის შემდგომ ერიდებოდა ალექსანდრე მარტყოფს,
მოგონებაზე სიწითლე შემოაწვებოდა და გულს უოჩნებდა. არც მაშინ
გაჰყვა, ბორბალოდან ჩამოსული ნიკო-ხოსრო რომ დიდი გამოჩინებით
გაისტუმრა მარტყოფს. ამჯერად კი თავსა სძლია და ძმას - აწ
რუსთველ-მარტყოფელ ეპისკოპოსსა და გარე კახეთის დროშის
მპყრობელს ჩუმად მიაკითხა.
ნიკო-ხოსრო ბეჯითი მოძღვარი და სამწყსოს მოამაგე გამოდგა.
მარტყოფისა და დავით გარეჯის საყდარ-მონასტრებს მოუარა…
ნაოხარი ბერ-სადგომები ისევ დაასახლა და სარჩო გაუჩინა. მრევლსაც
ფრიად არგო, ზნემაღალ მამად და მზრუნველად მოევლინა.
მეფე-ძმის მოსვლის გაგებისთანავე შორს წინ შეეყარა, ტკბილად
მიიღო, აკურთხა და ეამბორა კიდევაც.
- ზოსიმე ბერდიდის ჭირიმე… როგორ გამიმთელა გული! ხოსრო
ჩემო, ძმა არ მომიპოვა! - ალექსანდრეს სიხარულის დაფარვა უფრო
ცუდად ეხერხებოდა, ვიდრე სევდისა, ალბათ, იმიტომ, რომ უფრო
იშვიათად მოემთხვეოდა.
- თუ ძმა ხარ… არვინ მაწვიო! სახელფარულადა ვარ… შენთან
მასაუბრე, მარტო შენთან მამყოფე… ხალხს გამოვექეცი… დარბაზსა და
ლხინს… მარიამ დედოფალს შვილებზე რაც არ უნდა ვუთხრა, კარგი
თუ ცუდი - სულ ერთია, გულს იხეთქავს… ზოსიმე შორსაა… შენღა
დამრჩი… წამო, აი როგორც ბალღობისას, ბაღში ვიხეტიალოთ…
ყველა ჩამოიშორეს. მარტონი დაადგნენ შემოდგომის ბაღის ბილიკს,
დაკრეფილ ვენახში გავიდნენ. თივის ბულულს წაადგნენ ჰაერში
ჩაყვითლებული და ჩაფიცხებულ ხილნარჩენისა და ბალახ-ფოთლების
სურნელი იდგა, ბადაგივით მაბრუებელი და მოლამუნე.
- ნუ დამძრახავ, ძმაო, ეს ბულული უნდა გაზარალო, შემომაწიე! -
ალექსანდრემ ბულულს თავი მოუშალა და ზედ მოსხლეტით მიწვა.
- მოდი, მოდი… ერთ სამეფოში ვერ ვეტეოდით მაშინ, ახლა ერთ
ბულულზეც კი დავეტევით! ამის მეტი მაინც არცა ღირს ჩვენი
ცხოვრება!
როდესაც ნიკო-ხოსროც მიწვა ბულულზე, ანაფორის ქვეშ ჯაჭვი
აუჩხრიალდა.
- ჰა! ისევ ატარებ?! გამძარცვე, ხომ, ჩემი წაიღე და მაჯობე?! ღვთის
წინაშე, მშურს და ვერას გავხდი! რა ვქნა, ნუთუ ყველაფერში შურიანი
ვარ? - ალექსანდრემ თავი ჩაბურა ახალ თივაში და ხარბად შეიყნოსა
მისი სურნელი.
- უჰ, ერთობლივ საქართველოს მიწის სურნელი ასდის და ნუთუ
იმიტომ არის ასე ბადაგივით, რომ უხვ სისხლით არის შეჯერებული.
ნიკო-ხოსრო კი ჩუმად იჯდა და შორს მთიანეთს გაჰყურებდა. იქნებ
ბორბალოს მთას ხედავდა გუმანის თვალით და გულით.

60
უეცრად ალექსანდრემ თავი აიღო:
- ქართლში როდის წახვალ?! - და პასუხს აღარც მოუცადა, - მალე, ამ
კვირია წადი, დაც მოინახულე, - და ალექსანდრემ ისევ თივაში ჩაჰყო
სახე.
ნიკო-ხოსრომ დიდხანს უმზირა ძმას.
- გული ხომ არ გეთანაღრება?! იქნებ ეჭვიანობ? არ წავალ მაშინ!
- არა, წადი! უსათუოდ წადი… სხვა საქმეც მაქვს… ქალი შეურჩიე
დავითს… იღვაწე ძმისწულისათვის… აშოთან მუხრანბატონს უქებენ
ასულს… ნუ ითაკილებ ბერობითა, ოჯახის საქმე ღვთიურია! ერეკლეს
შევურჩიე - მოგეხსენება… დავითიღა დამრჩა… დანარჩენები კი…
კახთ ბატონმა სიტყვა ისე გაწყვიტა, ბულულს ლომურად კლანჭი
გაჰკრა, თავი უფრო მოუშალა.
- ირან-ოსმალოს ელჩები კახეთის თავბოლოში მელოდებიან… ხომ
იცი, რასაც ნიშნავს ეს უთავბოლო მოძალება?! - ალექსანდრემ აზრი
აღარ დაამთავრა, ძმის დუმილში მან იგრძნო, რომ ნიკო-ხოსრო
ყველაფერს უსიტყვოდაც ხვდება და გულთან ყველაფერს, საერთოს
თუ კერძოს, ფრიად ახლო იღებს.
- ჩვენსას ვეცადოთ და ვიყვეთ ნათელ ჯვარის მოიმედენი!
- ნათელ ჯვარის?! რაიმე ნათელის?! იქნებ თეთრი ნათელის? -
ფიქრიანად მარცვლავდა სიტყვებს ალექსანდრე, თითქოს ნაჭუჭს
სტეხავდა, გულს დაეძებდა. „თეთრი ნათელი“ იპოვა - „თეთრი მეფე“
იგულისხმა, მაგრამ სისხლი და ხორცი აკლდა, საფუძვლიანი
დღეისობა არ ჰქონდა ჯერ ჩამოუწრთობ ოცნებით ნაზრახს… ფეხქვეშ
კი ნიადაგი იყო საჭირო, გზის გასაკვალად, თუნდაც ადგილზე
სატკეპნად…
- იწვის ბულული… უკვამლოდ იწვის… და ვაითუ უკვალოდ და
უსწოროდ… ჩაუქრობლად იწვის?! რაიმე ნათელი რომ ჩანდეს - კიდევ
ჰო! თეთრი დასაყრდენი, თუნდაც შორს, მაგრამ კეთილსაიმედო…
მაშინ ყველაფერი გამართლებულია, ძველი და ახალი მსხვერპლი…
გაუთავები ბრძოლაც, მძევალთვარაუდიც… თავგანწირვაც, ასე
გასინჯე, ამ ბულულის თავის მოშლაც კი! - ახლა წიხლი გაჰკრა თივას
და ზეზე წამოვარდა, თითქოს ბულულს მართლაც ცეცხლი ეკიდა.
წამოდგა ნიკო-ხოსროც, მკერდის ჯაჭვი უნებურად ააჩხრიალა.
ალექსანდრემ კვლავ ყური მოჰკრა, უცბად სადღეისო საქმის კილოზე
მოდგა:
- მაშ წახვალ ტფილისს? შენ იქნები დიღმისა და მარტყოფის შურის
შემდეგ პირველი ძმურად შეჯაჭვული მერცხალი ალაზნის მხრიდან!

X ქარვასლის კარის შეყრა

61
კახთ ბატონებს საუკეთესო ქარვასლა ჰქონდათ გრემში. ეს კიდევ
ძველთაგან მოდიოდა. ალექსანდრემაც განაგრძო. მას ქარვასლა და
ქულბაქები არა მარტო გრემსა და ძეგამში ჰქონდა, არამედ სხვა
მნიშვნელოვან დაბებშიაც. სარგებელიც დიდი იყო და შინაური
საქმეების წარსამართებლადაც ფრიად ხელსაყრელი საშუალებაც.
წესით და ადათით ალექსანდრე კახეთში არა მარტო მეფე ბატონად,
არამედ პირველ სოვდაგრად და პირველ ხელოსნადაც ითვლებოდა.
უფლებაც მის ხელში იყო და ბაზრის მაზანდაც.
ქარვასლის კარსაც ჰქონდა თავისი გარიგება, თავისი დღესასწაული,
შემოდგომის ბაზრობის ბოლოს. ამ დღეს ვაჭარ-ხელოსნები მეფის
ქარვასლაში შეგროვდებოდნენ. ბჭობდნენ, სარჩელ-საჩივრებს
არიგებდნენ. მსაჯულად და მეგამრიგედ თავად კახთ ბატონი უნდა
დამჯდარიყო.
ჰოდა, ეს დღეც დადგა. დილიდანვე გაცხოველდა აღებ-მიცემა. ამ
დღეს ყოველი ჩაწოლილი თუ ხელშემონახული საქონელი
ფასდაკლებით გადიოდა. სოვდაგრები და ხელოსნები ან თავნს რასმე
უმატებდნენ ნაწარმს, ან „სახალისოს“ უკლებდნენ მსყიდველთ.
დიდი ნარდიბაზრობა იყო. ჯერ მეფის ქარვასლამ მისცა სახალისო
ფასდაკლების ნიშან-ნიმუში. არც თარსა-გალავანი ჩამორჩა… მერმე კი
მთელი ბაზრობა აჰყვა და აღებ-მიცემა მართლაც გახალისდა და
გაცხოველდა.
ბაზრის კიდეებში მუშაითები და ჯამბაზები ამოძრავდნენ.
ქულბაქების ბანებზე მესაყვირენი და მაძახურნი. ტარუღებიც
გადმოდგნენ - ქარვასლის დიდი საყვირი გამოიტანეს. გამოცხადების
მსურველნი თავის ნიშნებს გამოაჩენდნენ საყვირის ბანზე. საყვირს
დააქუხებდნენ და თავისი ქვეყნის საქონლის სიკეთესა და მაზანდას
აუწყებდნენ ხალხს.
იმ დღესაც ბევრი იძახეს ძეგამ-გრემელ-ტფილელმა ვაჭრებმა…
წმიდა გიორგის ჯვარ-დროშები გამოაფინეს. შირვანიდან, განჯიდან,
თეირანიდან ამოსულიყვნენ სოვდაგრები. ხმალაღმართულ,
მზედადგმულ ლომებით მოხატული ფარჩები გადმოაფინეს ქულბაქის
თავზე.
რუმელ ვაჭრებს ახალმთვარიანი მწვანე დროშა გაეშალათ, არზრუმ-
სტამბოლის სახელით გაჰყიოდნენ თურქ-ქართულად.
მაგრამ ყველას ყურადღება მაინც რუსმა მაძახურებმა მიიპყრეს.
საყვირთან ფარივით მრგვალი, ჩხაზე გადაჭიმული დროშა ეკიდა. ზედ
ოქროსფერი დიდ ორთავა არწივი ეხატა. არწივს ჯვარი ჰქონდა
თავებზე.
რუსინსა და ნოგირინს მხედრული სამოსი შეენახათ და მიუხედავად
სიცხისა, რუსულ-ვაჭრული ძვირფას ბეწვიანი ქურქები ჩაეცვათ.

62
თავზეც ადლის სიმაღლე ბეწვისავე ქუდები დაეხურათ. მათ ნათქვამს
ზაზა კახნიაური სიტყვასიტყვით თარგმნიდა.
- აშთარხანს მოსული ყოველი სოვდაგარი გრემ-კახეთ-საქართველოს
მიწებიდან… დიდი რუსეთის, ქრისტიან… თეთრი მეფის სტუმარია!
მფარველობა და სიკეთე არ მოგაკლდებათ! დიდი სარგებელი! დიდი
მოგება!
ჰქუხდა საყვირი… ედებოდა და სცილდებოდა ბაზრის, ქულბაქებისა
და ქარვასლების ფარგლებსა და საზღვრებს.
- ჩაჰბერე, რუსო! ჩაჰბერე! ე მაგ ორთავა არწივმა იქნებ ე ვერანა
ჭრელ-ვაჭარა ჭილყვავი გაფანტოს! - გაიძახოდა ოქრო-პაპა. ისიც აქ
იყო, სხვა ქედელ გლეხებთან ერთად. აქვე იყო ხოსიტა შილდაური,
ხაპრო, ქოხსალამურა, კაკა მეველე, სხვანიც. დედაკაცებს ხომ აბა რა
გააჩერებდა დიდ ბაზრობაზე მოუსვლელად.
საერთოდ, გლეხობაც ბლომად მოსულიყო. კახთ გარდა, მთიდან
ჩამოსულიყვნენ აბჯარ-ჩაჩქანში ჩამჯდარი თუშ-ხევსურნი.
ელის თათრები მოერეკებოდნენ თათრულა ცხვრებს. ბელაქნელი
მშვიდობიანი ლეკები აბორიალებდნენ გასაყიდ ნაბდებს. კახეთში
შემოხიზნული და დამკვიდრებული სომხები, გრძელწვერა ებრაელები,
მრავლად სხვა ტომისანი ერთად ირეოდნენ და ერთად უსმენდნენ
რუსთა ძახილს. აქვე ფუსფუსებდნენ ჩიხტიკოპიანი, მანდილიანი და
თავსაფრიანი ქალები, ყურთმაჯებიანი მოქალაქენი და ხელოსნები.
- ჩაჰბერე, რუსო! ჩაჰბერე! ქრისტიანები ყოფილან, ხედავ ჯვარსა?!
ახლა გლეხობა მიაწყდა ქულბაქებს.
გალავნის გარეთ ჯგროდ ირეოდნენ დასაპალნული აქლემები, მთაში
ნასუქი ცხენები, თარაქამა ხარები და მრავალი სხვა ხვაგადი და
წვრილფეხობა.
- ბიჭო, სოსია! თმაქოჩორა რომ იძახის - აი, იმაზე ამბობენ, ლეკებთან
იყოო ტყვეობაში, სწორედ შენს დროსა… მამუკაანთ ზაზა ყოფილა -
ქოხსალამურამ მიუთითა სოსია მენახირეს.
- რას ამბობ, ბიჭო! - ერთი შესძახა სოსიამ და თავისი დედის -
საბედოს საძებრად გავარდა ხელოსანთა რიგებში.
- დედაჩემო! რა დროს ეგეებია! - კვერცხებში გადაცვლილი კოკა
კინაღამ ხელიდან გააგდებინა, - მოსულა! მოსულა!
- ვინა, შვილო? დამაცალე, რამ გადაგრია?
- ზაზაი! მამუკაანთ ზაზაი!
საბედომ ახლა კი მართლაც კინაღამ გასტეხა კოკა, მთელი ქედელები
შეჰყარა, სათინოს საბედნიერო ძღვენი მიუტანა, მისი სიხარული
გაიზიარა, მაგრამ ერთად კუშტად ნადარდალებს სიხარულიც
მრავალცრემლიანი გამოსდიოდათ.

63
მეფის ქარვასლა საზეიმოდ იყო მორთული, აივანზე ხალფარდაგები
ეკიდა, კიბეებზეც ეფინა… თაროებზე საჩინო საქონელი წამოეწიათ,
კარ-დარაბები ყვიცშეპარულ მუხის ფოთლებით იყო შემკული.
მთავარი სავაჭრო - დიდი ფუნდუკი კი პირიქით, სულ გაეცალათ
საქონლისაგან და ფსონის პურის დიდი სუფრა გაეშალათ.
მისავალთან, ფართო კიბის თავში, მსაჯულთ საჯდომი იყო
გამართული, აქვე იდო გრდემლ-ჩაქუჩი. დიდსასწორიც აქვე
გაემართათ.
აქვე, კიბის ხარიხებზე ჩამოწყობილი იყო ყველა ზომის საწონები,
საწყაულები, კოდები, კოკები, ჩაფები, ლიტრები, ხელადები და სხვა
ზომა-წონის დამოწმებული ერთეულები… ცალკე თაროზე იყო
ვერცხლის ადლი და ოქროს ლანგარი.
ამ დღეს აქ მოწმდებოდა ყველა ხელოსან-მოვაჭრეთა წონა-ზომანი.
უვარგისთ აქვე გრდემლზე ამტვრევდნენ პატრონისა და ხალხის
წინაშე, ხოლო პატრონს პირმოსაწმენდი გადახდებოდა მეფისა და
ფსონის პურის სასარგებლოდ.
ქარვასლის კარზე რომ მობრძანდა კახთ ბატონი, ჯერ კიდევ
ჭურჭელ-საწყაულთა სინჯვა არ იყო მოთავებული, კიბის თავში, მაღალ
ტახტზე მოიმუხლა, ხალხს დაენახვა.
დღეს მასაც ყართმაჯებიანი ქალაქური კაბა ეცვა და როგორც პირველ
ქარვასლის პატრონს, ოქროს გასაღები ეკიდა წელზე. მას მახლობლად,
სამეფო საქმეებში, მისი მდივანი, ხოლო საქარვასლოში - მისი მეტოქე -
მათარსა სომხიშვილი უჯდა.
მათარსას - როგორც მეორე ფარდის სოვდაგარს - ვერცხლის გასაღები
ეკიდა. დანარჩენ სოვდაგრებს თითბრის გასაღები ჰქონდათ, ზოგთ
კრიალოსანში ჩაბმული, ზოგთ კი ბაღდადის ყურში გამოსკვნილი.
ოსტატ-ხელოსნებს კი თავთავიანთი საამქროს ნიშნები ძეწკვებით
ეკიდათ მკერდზე, ან მაჯაზე. აქვე იყვნენ: მდივანბეგი იასონ ჭავჭავაძე,
სარდალი შერმაზან ჩოლოყაშვილი, ყაფლან ვაჩნაძე ვაჟებითურთ,
ჯანდიერი, სხვა დიდებულნი. მალე დიდ-პატარა ბატონიშვილებიც
მოვიდნენ.
კიბის მარჯვნივ, შემაღლებულ ფორეზე, ზაზას რუსი სტუმრები
აეყვანა. ისინი კვლავ ვაჭრულად იყვნენ გამოწყობილნი…
გაფრთხილებულნი იყვნენ - ყოველ წუთში მოელოდნენ მეფესთან
„სასალამოდ და ქარვასლის ფსონის პურზე“ წვევას.
ხალხი საქმეებს ხელმოჩქარებით ითავებდა და მეფის ქარვასლისაკენ
მიეშურებოდა. მთავარი სანახაობა აქ ელოდა მოსულთ.
ჯერ გახურებული ნარდიბაზრობა არ გათავებულიყო, რომ ქალაქში
ხმა დაირხა - ზედა უბანმა „ყეენი“ გამოუშვაო. ბაზარს უფრო მოემატა
ცეცხლი. ყველა ჩქარობდა, მსყიდველი აღარ ჩასდევდა წვრილ ფულს.

64
ფეხზე ვაჭრებმაც და ხელმარჯვე ხელოსნებმაც უფრო მოაშეღავათეს
ფასები. ყველას სიჩქარის ოფლი დააცხრა. განსაკუთრებით
ქვედაუბნელები შეწუხდნენ:
- გაგონილა?! ბურთშიაც ზედაუბნელებმა გვჩაგრონ. ახლა ყეენიც
გამოუშვან?! ფიე, ჩვენ რაღა? ე რა ბაჩაჩუნები ვყოფილვართ!
- ბერიკებო! მოშაირენო! თავი მოიქაჩალეთ, ქვედა უბნის აბრუ არ
დასცეთ!
ზედა უბნიდან კი მართლაც მოდიოდა „ყეენი“, მაღალ, ყინჩმრუდე
აქლემზე შემჯდარიყო, თავზე თეთრი დოლბანდი მოეხვია. მისი ბოლო
კი აქლემის კუდზე გამოებათ, ტანზე ყვითელფორეჯებიანი გრძელი
კაბა ეცვა, წელზე სპილენძის ლაკანი ეკიდა. თავისი ქალამნები
აქლემისათვის წინა ფეხებზე ჩაეცვა, თავად კი შიშველ ფეხებზე აკვნის
შიბაქები დეზებად დაება. ზურგზე გუდა მოეკიდა. ნიღაბების დასტა
მოეგდო. ხელში სამადლიანი საყევარის შოლტი ეპყრო და წარამარა
ატლაშუნებდა. აქლემს დიდად გაბერილი ხურჯინიც ეკიდა. უკან
მეზრუნეები, მესაკრავენი და მათი დამქაშები დაკვრითა და
ღრიანცელით მოსდევდნენ.
„ყეენის“ ტალღამ გლეხებიც გაიტაცა.
- ჰაი დედასა, რა ყოფაში არიან! - გადასძახა ოქრო-პაპამ კაკა
მეველეს.
- ერთი ამათ ჩვენი ბერიკაც აჩვენათ!
- ჰოდა, რა! იცი, რა იქნება! ერთი ჩვენებურადა, კამეჩურადა,
გლეხკაცურადა! ჰა! - და ქედელებიც საერთო ტალღას აჰყვნენ.
„ყეენი“ უკვე ქარვასლის ფოლორცზე გასულიყო. კრიჭადაკრეჭილად
შოლტს ჰაერში გაშმაგებით ატლაშუნებდა.
- ყეენი ჯავრობს! გაგონება იყოს! სმენა და გაგონება! - ახმიანდნენ
დამქაშები, მაგრამ მოზვავებული ხალხი ვიდრე მიდგებ-მოდგებოდა
და კარგად საჭვრეტ ადგილს მონახავდა, „გაგონების“ დამყარება ვერ
მოხერხდა.
გაჯავრებულმა ყეენმა დეზად ამოკრული შიბაქი სპილენძის ლაკანს
შემოჰკრა, შოლტის ტარიც მიაშველა და ისეთი ვაი-უშველებელი
ხმაური ასტეხა, რომ ბობოქარ ხალხის ყურთასმენაც კი წაიღო.
- რა ამბავი, ყეენჯან?! - შესძახეს ხელოსნებმა, - რა იქნა?! რა მოხდა?!
- ფუტკარმა იყარა! ფუტკარმა! თაფლს დაედო! - და უფრო დასცხო
ლაკანს. ხალხი უფრო მიაწყდა მოედანს.
- სად არის მერმე?! ან ფუტკარი?! ან თაფლი?!
- სად? სად? - გაიძახოდნენ უკანანი და მხრებზე ასხდებოდნენ
წინანებს.
- ფუტკარი თქვენა ხართ, ხალხნო! მე კი თაფლი! ჯანი გაგვარდეთ,
ქვედაუბნელებო, ამომლოკეთ! ამომლოკეთ! და გზაც მიტიეთ!

65
ახლო მდგომი ხალხი დაგრიალდა და მიდგა-მოდგა, მოედნის შუაში
შეუშვა „თაფლოსანი“.
- გვაჭამა მაგ ენაბილწმა, გვაჭამა! უკან, ხალხნო! კრაზანის თაფლია…
მწარ-მწარა!
მაგრამ ყეენს ახალ-ახალი ტალღა მიასკდა. აქეთ-იქიდან მიაძახეს:
- ყეენ, ფეხშიშველა რათა ხარ? ქალამნები რა უყავ?!
- აქლემს ჩავაცვი! რეგვენებო, აქლემსა! ზემოთ რომ მომჩერებიხართ -
ქვეშ შემომხედეთ! - მიდიოდა, გზადაგზა პასუხებს ძირკვიმატად
აფრქვევდა ყეენი.
- რათა მერე, შენ ჩაგეცვა! ჩლიქიანი ხომ არა ხარ? - არც ხალხი
აკლებდა ხელს.
- მე ზედ ვზივარ! ქუდი მხურავს! კუდს მიბია!
- მერმე რა გამოდის, ყეენ დიდო?! - ბანებიდან ეკითხებოდნენ
ქალები.
- მერე რა? ერთად რა იქნება?!
- ექვსფეხა და ორთავა! აბა დამითვალეთ! მეტი რაც მიპოვნოთ -
თქვენი იყოს, სამემკვიდროდ მიჩუქნია, გრძელთმიანებო, კალთიანებო,
თავში ტკბილებო, ბოლოს მწარებო!
და ყეენი აქლემის კუზზე აიჩაჩხა, ქალების ქოქოლასა და ყაყანს
ყური აღარ უგდო. ყვითლად შეღებილ-დაბურდული მატყლის
ლომნიღაბი აიფარა, ახლა სხვა მხრისაკენ მიბრუნდა და ერთი
ომახიანად აბუბუნდა.
- ვინ ხარ? - უმალ შესძახეს აქედანაც.
- არც მხეცი, არც კაცი! - ნიღაბმოუხდელად გასძახა და უფრო უმატა
მუღრობასა და ბუბუნს.
- ეჰე! ეგრე როგორ იქნება! მაინც? - ახლა ხალხიც აჰყვა და
ღრიანცელი შექნა.
- თავი ლომისა მაბია… ფეხები ნეხვისა! - ყეენმა მნიშვნელოვნად
ჩაახველა, ბანებისაკენ გაიხედა. - შუალაცა ვთქვა?!
- სთქვი! სთქვი! - შესძახეს ამქრებმა.
- ნუ იტყვი, ნუ! არა! არა! - აკრიახდნენ ბანებზე გადმომდგარი
ქალები.
- ჰოდე… ზრდილობისთვინაო… ფასი დამდეთ… იგრე. უთქმელი
დარჩეს…
ყველამ თავის დაიღაროს,
როგორც სურდეს, მოიხმაროს…
ოღონდ გული გაიხაროს!
- არა, მაინც რა?! - ეკითხებოდნენ მოჯრილი გლეხები, რომლებიც არ
ყაბულობდნენ ქალაქელების „იგრე ნათქვამს“.
- მაინც რა? ჯერ არ არის? აგრე როდი იქნება! მაინც რა?!

66
- შიბაქი! შიბაქი! - შემოძალებულთ გადმოსძახა ყეენმა და დეზ-
შიბაქი შემოჰკრა ლაკანს, კუზზე შედგა, მაღლა აიწია… თითქოს
ხარხარის ტალღაზე ამაღლდა.
- სად იწევ? სად მიდიხარ? - შესძახეს დამქაშებმა.
- მზეზე…
- რათა?
- გამწყრალი ვარ, ჭკუა უნდა ვასწავლო - ადრე ამოდის, გვიან ჩადის!
სხვას ხვავს აძლევს, მე თავს არ მიკრავს!
- დახე, რა ჰქონია გუნებაში ამ ზარმაცსა! - ახმიანდნენ გლეხები.
- რომ არ დაგიჯეროს?
- შევჭამ…
- მოუკელ! კუჭი რომ დაგწვას?
- ალაზანს დავლევ…
- ჰაი გიდი! რომ არ გეყოს?
- იორსაც დავაყოლებ!
- რომ გაგბეროს?! - ახლა ერთხმად მიაძახეს გლეხებმა.
- შიბაქი! შიბაქი! - და ისევ დეზი დაჰკრა ლაკანს. აქლემიც დასძრა,
წინ წააყენა. ქარვასლის კიბისაკენ მიაბრუნა. ახლა სხვა
გრძელნისკარტა ნიღაბი აიფარა და გაიფხორა.
- ახლა ვინ ვარ? მიცანით და გავაფრენ! მიცანით და გავაფრენ!
- სთქვი რაიმე სანიშნო! ნიშანი! ნიშანი! - მიაძახეს მოქალაქეებმა. აქ
უფრო მეტი ვაჭრები და ამქრები იყვნენ თავმოყრილნი.
ყეენმა ლექსად დაამღერა და ტანში აიგრიხა დამქაშების დოლის
ხმაზე.
ნიშანი და ქვიშიანი…
ნაცარ-გარდაქეშანი,
უჭკუო და გულქანა,
მიცან კილო-ხმაშია - დამინახე ცაშია!
ქვით-კირი და ქვით-ხურო!
ქვით-კირი და ქვით-ხურო!
- უი, ფრინველია?! ჩიტი? - ბანებზე ჩურჩულს ქუჩაბანდებში ქაქანი
ჰყვებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა ენამწარე ყეენის ჩანგალზე
წამოგებისა.
- უიმე, გავიგე! გამოვიცან! ვთქვა განა! არ გამამასხროს! - ქალის
უფრო გარკვეული ხმა დაირხა ბანიდან.
- მიცანი და გავაფრენ! - კვლავ გამომწვევად გადასძახა მოედანს
კუზზე აჩაჩხულმა ყეენმა.
აბა, ქალო! აბა, ქალო! ე მაგ მაღალ ბანიდანა…
თუ ამიცან - გამოვაფრენ ამ ყეენის თავიდანა!..

67
ნისკარტიანი ნიღაბი უფრო აათამაშა, ხელი თავში წაიშინა და ახლა
კიბის თავზე მჯდარ მეფისა და დიდებულებისაკენ გასძახა:
თავში სამი ჭკუა მქონდა თავითგანა!
სამივე თუ გამიფრინდა თავითგანა…
ამის მეტი რა გამოვა ამ ჩემს ყეენ თავითგანა?!
ქვით-კირი და ქვით-ხურო! ქვით-კირი და ქვით-ხურო!
- მწყერი! მწყერი! - სადღაც ქუჩაბანდის ბოლოში გავარდა ძახილი და
ხალხს თავზე გადმოუარა.
- მართალია! მართალი! მწყერი! მწყერი! ჰოდე, ეგ არის! ამოხსნილია.
ახმიანდა დიდ-პატარა. აქლემ-კაცმა ნიღაბი გადააგდო, ხელები
შეჰყარა, თავში ვაი-ვიშით წაიშინა:
- ამის მეტი რა გამოვა ამ ჩემ ყეენ თავითგანა!! - ქუდის ზედა კოსრო
დოლბანდთან ერთად გადაიძრო, შიგ ჩამალული, გვირგვინად
შეკრული პურის თავთავები გამოაჩინა… იქიდან კი ყველასათვის
მოულოდნელად სამი მწყერი ფართხალით გადმოფრინდა.
განცვიფრებულ მოედანს გადაევლო და თავს უშველა.
- გააფრინა! მწყრები გააფრინა ყეენმა! - აროხროხდა ხალხი.
- რა მოხდა, რა?! - კითხულობდნენ უკანანი, რომლებიც საერთო
სიცილს კი აჰყვნენ, მაგრამ მიზეზისა არა იცოდნენ რა და ახლა
ძიობდნენ და იჭაჭებოდნენ.
- მწყერები გააფრინა! მრავლად ჰყოლია! - და ვიდრე ხმა
ფოლორცების ბოლოს მისწვდებოდა, სამი მწყერი უკვე ასად იქცა.
- უი, ქა! ამ პოპლიკა თავშია ასი მწყერი სად ჩაეტია!
- მა რის ყეენია? ასი მწყერი რა ბედენაა… ასი ბატი უნდა ჩაიტიოს!..
მეტი რა ჩარა აქვს - ყეენია! - დაობდნენ და ხარხარებდნენ ბანებზე თუ
შუკებში. დოლმა ხმა უფრ‑ გამოიღო, მეზურნეებმაც საკრავები
ააჭყვიტინეს.
- ტაში ყეენს! - შეხმიანებულ ხალხს თავად გადასძახა ყეენმა და
აქლემის ცალ კუზზე ფეხმარდად აცეკვდა. ყოველ შემობრუნებისას
ახალ ნიღაბს იფარებდა… ხან ქონდრისკაცი იყო, ხან დევჩანჩურა, ხან
მგელ-თხა, ხან დიდყურა ჩოჩორი. ნიღაბისდა შესაფერისად
ბაჯბაჯებდა, ბდღვინავდა და ჰბაძავდა… ჰოდა, ჩოჩრულად რომ
აჩოკინდა და ყროყინიც ამოაბა, მას ქვედა უბნიდან მართლაც ვირის
ყროყინი აჰყვა.
ეს კი უკვე ნამდვილი, ნაღდი და უთაღლითო ვირის ხმა იყო.
- ამოიცნო! ამოიცნო! იმანაცა… ჯილდო ეკუთვნის, ჯილდო
დიდყურასა! - ახარხარდა ხალხი, მაგრამ უეცრად ქვევით რაღაც
მოძრაობა იშვა, ტალღასავით მიექან-მოექანა, ზევითაც ამოედო
ხალხს… კიბეზეც კი მისწვდა დიდ-პატარა სოვდაგრებსა და
მაღალმოხელე სტუმრებს.

68
- განი! განი! გზა! მოდის! მოდიან ქვედაუბნელები!
- ხონთქარა! ხონთქარა მოდის!
გზაზე ხალხი მიდგა-მოდგა და შუა მოედანზე თეთრ ვირზე
აღმჯდარი „ხონთქარა“ გამოატარა.
მაღალსა და გამხდარ, ტანწოწოლა კაცს გრძელი ფეხები მიწაზე
ეთრეოდა, ჭრელ ძონძებში ჩაცმულს გულზე მოზრდილი ბრჭყვიალა
ნამგალა მთვარის მსგავსი ეკიდა, ზედ ვირის ავშარა იყო გრძლად
გამობმული. თავზე ცხენის ძუის თუღ-დოლბანდი გაეწყო, განზე
გაფარჩხულ ფეხებზე მოზრდილი ახალ მთვარედ ამოთარგული
ფლოსტები ამოეკრა.
- ოჰმე, ახალ მთვარეზე არ ყოფილა გაჩენილი ეს გამჩენძაღლი! -
აქლემის სიმაღლიდან დააძახა საბრძოლოდ მომზადებულმა ყეენმა, -
დამაცათ ძველიც დავივიწყო!
- დაგვენახე! დაგვენახე! - ახმაურდნენ უკანანი. ბალღები ხეებზე
შეძვრნენ, ბანებს დაეტანა ხალხი, - დაგვანახეთ! გამოაჩინეთ!
გამოაჩინეთ! ვინ მოვიდა?
- ახლავ, გეთაყვათ! ხალხნო და ჯამაათნო! ამ საათში! დამაცადეთ,
მუხლი გავშალო - ყეენი წავშალო! ვირზე ავმაღლდე - აქლემს
დავედარო!.. - მიწყობილად ამეტყველდა ხონთქარა და ვირზე შედგა
ახლა უფრო გამოჩნდა მისი სიმაღლე და სიგამხდრე. მაგრამ ამ ახალ
კაც-ნიღაბს წელთან სამოსი გამობეროდა, უფრო მეტიც, გამობურთოდა
და ბალღიპად, დაბალგავასქლად აჯდა და ტანწოწოლას ვეება
კვირისთავს ამსგავსებდა.
- აქლემზე ავმაღლდე - ცას გავეკარო! მაღალბუქნა დავუარო, ხალხის
გული გავახარო!
ვირზე წამომდგარი მთესავივით ფანტავდა სიტყვებს.
ახლა უკანანიც ხედავდნენ და გაფაციცებით უმზერ-უსმენდნენ ამ
ახალ მოვლენილ სანახაობას.
ყეენი თუ აქლემკაცა ყველას დაავიწყდა, თუმც იგიც აქვე, ხონთქარას
წინ იდგა თავის აქლემიანად და ყურადღების შემობრუნებას
ცდილობდა, მაგრამ სიტყვის კავი და თასმა ხონთქარას ხელში იყო:
- ცას ხელი შევჭიდო… მზე ჩამოვიღო - მთვარე ჩამოვკიდო!
ვარსკვლავები მივაჭედო… ღრუბლებს თვალი დავთხარო… ელვა
ვათამაშო! დამაცადეთ ერთი, ხონთქრის ლოცვა ვთქვა
მომეშველენით… მომეხმარენით… ხელი გამიმართეთ, თავზე
დამისვით… ჯერ თავზე წამოგაჯდეთ, მერმე დედას გიტირებთ!
დაუჯდომელს შეგყრით… მეხსა და სეტყვას არ მოგაკლებთ… თქვენცა
განა, ზედაუბნელებო!
- ეჰე! დახე მაგასა, რას სურვილობს. ეს დოღრიალა გველაძუა! -
აჟრიამულდა ამქრობა, - აგვიკლებს, მა რა იქნება?! ხელი მიე, ხელი!

69
- ბაკუკები! ბაკუკები! - უეცრად გამყინავი ხმით დაიყიჟინა
ხონთქარამ და ქვედაუბნელ დამქაშების მიერ მიწოდებული
ხუთადლიან სიმაღლის ორჩოფეხები დააყუდა. ბაკუკებს საფეხურებად
სამსამი როკი ჰქონდა ზეშემაღლებულად შუაზე მაღლა ჩადგმული.
ხონთქარამ ვირის ავშარა დაიგრძელა, კისერზე გადაიგდო და
სახედრის ზურგიდან პირდაპირ ბაკუკებზე შედგა - შემაღლდა, ვირი
ლაჯებს ქვეშ მოიტოვა და ხალხის თვალის წინ იწყო ტაატითა და
ფეხშენაცვლებით „ცაზე ასვლა!“ და „ხონთქარას ლოცვა“ წამოიწყო:
აკიბული-ჩაკიბული…
ჩანგალა და ნამგალა…
ჩოჩორა და ავშარა…
ჭუკები და ჩოკინები,
კუკები და ბაკუკები! ჰიო!
მეორე საფეხურზე რომ შედგა, აქლემ-კაცს გაუსწორდა, მესამეზე კი
ყეენს ზემოდან მოექცა, ბაკუკების სამკლავურები ღლიავებში მოიგდო,
ცხვირი ხმიანად მოიხოცა და ყეენს გადააწვინტლა.
- აჯობა! სიმაღლეშიაც აჯობა! - შესძახა ხალხმა და გაფაციცდა.
მაღლა ჰაერში გადამწყვეტი წუთი დგებოდა. ორი გაფხორილი
მეტოქე უნდა სძგერებოდა ურთიერთს. ზედა და ქვედაუბნელებიც
მოიზიდნენ. ხონთქარამ ახლა ავშარზე იტაცა ხელი:
- ვირი კისერზე მკიდია! გრემის ზედაუბნელებო, თქვე
პირდაუბანელებო! მირჩიეთ, ზეცაზე ავიყვანო, თუ ყეენს ვაჩუქო?
- რა ჭირად მინდა! ქვედაუბნელებს სამწვადედ გაუგზავნე! - შესძახა
ყეენმა, მაგრამ ხონთქარა უფრო აღრიალდა:
- ხალხნო! თქვენ გაარიგეთ, თქვენი დასტური მომეცით!
- აჩუქე! აჩუქე! - ერთხმად შესძახეს მახლობლებმა, მაგრამ
ზედაუბნელებმა ასტეხეს განგაში.
- ჰოდა, მართალია! დიდყურას მაღლა რა უნდა! - ერთიც მჭახედ
შეიძახა ხონთქარამ და ბანებზე თუ ქუჩებში ჯერ ღრიანცელი არც იყო
ჩაკლებული, რომ მან ბაკუკა ნაბიჯი წასდგა და ავშარას მარყუჟი ყეენს
ერთი მოქნევით თავზე გადააცვა.
- აბა გაქირი! მუტრუკული გაქირი! - ქვევით ჩასძახა ხონთქარამ.
ქვედაუბნელებიც ამას ელოდნენ, ვირი კუდით დაითრიეს.
ავშარამოდებულმა ყეენმა აასავსავა ხელები და აქლემის კუზიდან
ახარხარებულ ხალხში ჩაიფარცხა.
- არიქა, დაამაგრეთ! ხელი სტაცეთ… ხელი! - შეიქნა დაგვიანებული
ძახილი.
- რა ვუყოთ, კაცო! ჯერი არ არის, ჯერი! - ყვიროდნენ
ზედაუბნელები, მაგრამ გვიანღა იყო… უყეენო აქლემიღა იდვა

70
მოედანზე და ისიც ყურებწამოქაჩულად გაკვირვებით შეჰყურებდა
ბაკუკებიან მაღალკაცს.
- მწყრებს გააყოლა! თავის მწყრებსა! უჯობნია! - შეფრფენით
ხარობდნენ და იჭაჭებოდნენ ქვედაუბნელები.
ხონთქარამ კი გამარჯვებულად მოიზეიმა და ახმიანებულ
საკრავების ხმაზე ბაკუკ-დავლური ჩამოუარა და ჩამოუმღერა:
ხონთქრის ყვავის გალობითა…
ბაკუკების კვალობითა…
ქვედა უბნის წყალობითა…
გლოცავთ, ზედაუბნელებო:
ბიჭებს - დორბლი, დორბლიაო!
ქალებს - ჭორფლი, ჭორფლიაო!
ზედაუბნელების გაჯავრება ხარხარსა და სიცილში იძირებოდა.
ხალხის გატაცება თანდათან მატულობდა. თავდავიწყებულ
მანდილოსნებს ჩიხტი-კოპები მობრეცოდათ, პირდაღებული
შეჰყურებდნენ ცაში შეკუნტრუშებულ ხონთქარას. ჩასუქებულ
სოვდაგრებს სიცილისაგან ცრემლები მოსდგომოდათ და ხარხარის
ძალა-ტოკვაზე აწყობილი ღიპები საბერველებივით ადი-
ჩამოდიოდნენ.
მეფეც და დიდთავადნიც სანახაობას მოეხიბლა. ყველაზე
გაკვირვებულნი მაინც რუსი სტუმრები იყვნენ. მათთვის ეს სრულიად
ახალი სანახაობა იყო. მართალია, ზაზა თავად იბნიდებოდა და
თარგმნას სანახევროდ ვერ ასწრებდა, მაგრამ ყველაფერი
ნიშანდობლივი და გასაგები იყო.
დანილოვ-რუსინი ხმაჩაბრუნებულად, ჩაკუჭუჭებულად იცინოდა,
ხოლო მათე მოხუცი კი ქამარში ხელჩავლებული ისევ „ვახახაიას“
ხმაზე გრგვინავდა, რომ უნებურად სხვებსაც აცდუნებდა და აცინებდა.
- სთქვი რამე! სთქვი! ყეენი თუ გააგდე - სიტყვაშიაც აჯობე! -
ჯიბრობდნენ ზედაუბნელები, - ვინ ხარ? ვინ?
მესაკრავენი დაბალ კილოზე გადავიდნენ. ხონთქარამაც უკლო
როკვას.
მე ვინაო? მე ვინაო?
არ გამაჩნია ბინაო…
თუ მიცან წინდაწინაო,
ცხვირიმც დამაცემინაო…
ფრთებიც ამასხმევინაო!
ხონთქარამ მხრები ააფათქუნა და აიფხორა. თვალი მოავლო ბანებს,
ერთი გოგო ამოინიშნა და ბაკუკურად მიუბუქნა. ზაზამ თვალები
გააყოლა, „ამონიშნული“ იცნო - ხალიანა ჯიღაური იყო.

71
„რაღა ის შენიშნა ამდენ ხალხშია? - გაიფიქრა და თავადვე დაასკვნა, -
ალბათ, სილამაზის გამო“.
უმალ დაეთანხმა არჩევანს და უფრო გაფაციცდა.
ხონთქარამ კი ხალიანას საქილიკო თუ გამოსაცნობი ლექსი
მიუმღერა:
გოგო ლამაზბუტიაო,
გამიკეთე ბუდეაო!
გუგუ! გუგუ! გუგუ!
ხალიანა აილანძა, მართლაც ლამაზად გაიბუტა და დედას ამოეფარა,
მისი ლეჩაქის ბოლო აიკრა სახეზე.
ზაზას ახლა უფრო მოეწონა იგი. ბაკუკ-კაცი კი ახლა უკვე სხვა
ბანთან იყო, ქვემოთ მჯდართ პირდაპირ გადაალაჯა და ახალბედა
ნაქვრივალს - სალომეს მიუმღერა:
გოგო კუდირეცხიაო…
ჩეკე ჩემი კვერცხიაო! გუგუ!
- გუგუ! გუგუ! გუგუ! - აიტაცა ხალხმა და აქეთ-იქით ქუჩაბანდებში
ააგუგუნა.
- ქა რა თავში ვიხლი! შე არგასაშვებო, შენა! ეს რა მითხრა! არ
გამამასხრა! გამატრიზავა ქალი! შენი ყადრი ნახე! - დაუტატანა, ორთავ
ხელებით ქოქოლა მიაყარა ნაქვრივალმა.
- გუგუ! გუგუ! - გაიძახოდა და ხარხარებდა ხალხი, ერთობლივ დიდ-
პატარა.
- აბა თუ მაგან არ გამოიცნოს?! ნახე, თუ არა!
ქალო, ქალო, ქანქალაო,
გამიზარდე ბახალაო!
ახლა ჯაბა ოსტატის ოჯახობას შეაწია ლექსი ხონთქარამ.
- გუგუ! გუგუ! - ადი-ჩამოდიოდა კიბე-თავნებზე, ბან-ქუჩებზე.
- უი, ქა! გუგული იქნება, მა რა? - გადასძახა ხონთქარას ჯაბას
ოჯახობამ და ნაგვიანევად პირზე ხელი მიიფარა.
ხონთქარასაც, ჩანს, ეს უნდოდა, ბაკუკები გალაჯა და ნიშნად
გამოცნობისა, ერთი ლაზათიანად, შეყოვნებითა და შეზვიადებით
ცხვირი დააცემინა. წელშიაც განგებ მოიხარა, სწორედ იმდენად, რომ
კუდის რიკის არესთან გავასქელი შარვლის ნაოჭი გადახსნილიყო,
იქიდან კი ნამდვილი, ცოცხალი გუგული გადმოფრინდა.
- უი, ქა! სად ჰყოლია?! - მიამიტად წამოიძახა სალომე ნაქვრივალმა.
- ქვეშეთ ბერავს! ქვევიდან გამოდის, - ქვედაუბნელი!
- უჯობნია! უჯობნია! - ახმიანდა ხალხი.
- დამფრთხალი და გაოგნებული გუგული კი ქარვასლის თავზე
შემოჯდა, ფრთა-ბოლო დაფაფრა და გაკვირვებულ ხმაზე ნამდვილი,
ბუნებრივი „გუგუ“ გადმოსძახა ქარვასლის კარის შეყრას.

72
- გუგუ! გუგუ! - გრგვინვაში გადასულ ხარხარით აჰყვა მას მთელი
ქალაქი.
- აბა თუ მეფის ქარვასლაში არ დასდოს კვერცხი! - გაიძახოდნენ
ნირშეშლილი ზედაუბნელები.
- მეფეს ეგ მასალა არ აკლია! დახე, რა ვაჟები მოესწრნენ! -
პასუხობდნენ ქვედაუბნელები. მეფის დიდსასახლე ქალაქგარეთ იყო
და იგიც ქვედაუბნელად ითვლებოდა.
ქარვასლის კარის შეყრისას ღირსეულს თავად მეფე აჯილდოვებდა.
ახლაც გაამზადა მჯობნის ქისა და მუხის ფოთლების გვირგვინი. მას
სახიობა დამთავრებული ეგონა. ასევე ეგონა ხალხსაც. ალბათ, თვით
ყეენ-ხონთქარსაც, მაგრამ მოულოდნელად ხალხურ თეატრონს ახალი
გაგრძელება აღმოაჩნდა. ხონთაქარას დასტას ჯერ „ხონთქარული“ არ
დაემთავრებინა, რომ თარსა-გალავნის მხრიდან ისეთი რიხიანი
ღოროტოტოს ხმა მოისმა, რომ ყველამ ყური სცქვიტა.
- ეს რაღა არის? ვინ არიან?
- გზა! გზა! - შორიდანვე გაისმა ძახილი და ზედაც ბერიკულ მრუდ
სიმღერის რიხიანი კილოც მოსწვდა შეყრას.
გუნდის სიმღერაში ღოროტოტოც მონაწილეობდა, სტვირიც და
დოლ-ბუკის მგრგვინავი ხმაც გაისმოდა.
- ტახში არ ჩამჯდარა!
- ტახბერიკა! ტახბერიკა! - მაღალი ბანებიდან მოისმა ძახილი.
ბანიდან ბანზე მოხტოდნენ მოზარდნი. ისევ ამოძრავდა მოედანი.
- ვინ არიან?! სადაურები?! ვინა ხართ, კაცო?!
- ქედელები ვართ! ქედელები! გზა! გზა ბერიკასა!
- გლეხები! ქედელები ყოფილან! - ყიჟინი დაბორიალობდა გრემის
თავზე.
- აბა… ახალი საკბილო დამანახეთ! მომშივნია! რაც ყეენს დავმართე,
ამას მეტი წავკიდო! - გაიძახოდა ხონთქარა, თავის ბაკუკებს
აბაკუნებდა, ღობე-ყორეს ედებოდა… მაგრამ მას უკვე აღარავინ
აქცევდა ყურადღებას, მისი „გუგულიც“ გაფრენილი იყო.
მრუდმღერალთა ქარგაზე ვიღაც მაღალ, პირდაპირ გულიდან
ამოღებულ საამო ხმით ქარგავდა კილოს.
- სუ! ჩუმად! - დაუტატანეს ურთიერთს და უფრო შეხმიანდნენ
მოედანზე.
- ჰეი, შენ! ემან ბაკუკებიდან თუ ჩამოგიღეთ! - მიაძახეს ხონთქარასაც
და ჩააჩუმეს. იგიც ყეენის აქლემს მიეყუდა და დაცხრა.
საამო კილო და ტკბილი ხმა უმალ დაეუფლა მსმენელთ.
- ვინ არის, ბიჭო?! საიდან გამოტყვრა? რომელ უბნიდანა? -
ხონთქარამ მოხედა შემკითხველს. აქლემს ამოფარებოდა მის მიერ
„დამარცხებული“ ყეენი.

73
- არ ვიცი, ძმაო! ტახში ჩამჯდარა ვიღაც!
მალე ხალხის კედელი გაიპო და მოედანზე ნიკორა კამეჩი გამოჩნდა.
ზურგზე ბზით სავსე გოდორი ედგა. ამ გოდორ-ბუდეში ტახბერიკა
ჩამდგარიყო, სახეზე ეშვებიანი ტახის ნიღაბი ჩამოეცვა, ტანზე
გადმობრუნებული ძველტყაპუჭი ჩაეცვა - ღორისა და დათვის ნარევს
დამსგავსებოდა. ცალ ხელში დინგის თოკი მოედო, მეორეში კი -
ფიწალი.
- რა ყოფილა! დახე! დახე! ეს კუდალა კამეჩი სადღა გამონახა?! -
ჰკვირობდა ხალხი. მართლაც კამეჩს ერთი ციდა, მოკვეთილი, მეტად
მოძრავი კუდი გააჩნდა.
- ჰერი-ჰა! ჩემია! ჩვენები არ ყოფილან! - იცნო ნინიკამ თავისი რიყეზე
დაგდებული კამეჩი. თავადაც გაიწია და ოქრო-პაპას თაოსნობით
მომავალ გლეხების ჯგუფს შეუერთდა, კამეჩს წაეტანა.
ეს ლაღი რქოსანი, უკვე დაკამეჩებული, ოდესმე ქედელ მენახირეებს
შორის ცნობილი ნინიკაანთ კუდალა ზაქი იყო.
- ქოხსალამურა ოინბაზობს? - ჩუმად შეეკითხა ოქრო-პაპას ნინიკა, - ე
მანდ კამეჩი არ დამიფრთხოს!
- ჰოდე, აცალე! სახელია… ნახე, რა დაათიოს!
- ბიჭო, არ დაიბნე, ნირი არ შეიშალო! - ჩუმად ახლა ქოხსალამურა
შეათამაშა პაპამ და სოსიას ნიშანი მისცა. მკერდში და ყბებში
გასრულებულმა სოსიამ ისევ დააქუხა სოფლის ღოროტოტო, ოქრო-
პაპას მიერ სოფლიდან საგანგებოდ ჩამოტანილი. მას ქოხსალამურაც
გამოწურთნული ჰყავდა. მაჩუჩა ახლა უკვე ის ბუთხუზა და
ტანდაბალა მენახირე კი აღარ იყო, არამედ კარგა წამოზრდილი,
ულვაშწამოშლილი ახალგაზრდა. საშუალო ტანის დადგა, მაგრამ
მხარგაშლილი და შემძლე. ჭორფლი მაინც ქონდა სახეზე. სახელად კი
სამუდამოდ ქოხსალამურა შერჩა. ის უკვე ახლომახლო სოფლებში
განთქმული მოლექსე-მომღერალი, დამკვრელი და ბერიკა-მაქციერა
იყო.
ტახ-ბერიკამ გზისპირული უკევ მოათავა, მაგრამ შეყრის ხალხმა
კარგად ვერ გაიგო, ხელად ახმიანდა:
- თავიდან! თავიდანა სთქვი! გზის პირი დაილოცე!
- არ მიგიღებთ ისე… არ მიგიღებთ! გულის გასაღები! გულსალხინო!
ტახ-ბერიკამ დინგის თოკს ჩამოჰკრა და ეშვიანი ყბები ააკაპუნა. თან
თვალის ჭუჭრუტანიდან ოქრო-პაპას გადახედა.
- თავიდან დაიწყე! - თვალი უყო ოქრო-პაპამ და სოსიას ღოროტოტო
დააშვებინა. ახლა მეზურნეები დაბალ კრინზე შეასახელა.
ქოხსალამურას შესანიშნავი სამოძახილო ხმა დასდგომოდა. მკაფიო
მეტყველ-წამღერებით წამოიწყო:
იოოდაა…

74
კუდალა კამეჩიო და… ცოხნაში ასე ჩიოდაო…
ერანი თუ თურანიო - ძერანი თუ ყორანიო…
ყეენი თუ ხონთქარაო - ორივ ერთად არიაო…
ალია და ოსმანაო - ორივე თათარიაო…
- მართალია! შენ გიშველა ღმერთმა! ეს კუდალა კამეჩი ბრძენი
ყოფილა! კარგი უთქვამს! მართალი უთქვამს!
- სწორედ სახლთუხუცესად გამოდგება! ჩვენ ახში ვიცით, თავადებს,
ძველ ერისთავებს გააგონე!
- სუ, ჩუმად! თუ გაგიგეს!..
ერთად შეხმიანდა გულშეხსნილი ხალხი.
- ახლა ისა სთქვი - ვინა ხარ? საიდან მოსულხარ? რა მოგაქვს?
- გზისპირული კარგი იყო. ახლა ვინაობისა სთქვი! ვინაობისა!
ოქრო-პაპამ თვალი ახლა კაკა მეველეს უყო. კაკამაც თავისი ვეება
ყბები ზანდუკივით გააღო და ისეთი ღრიალი ამოუშვა, მთელი
მოედანი გააშეშა:
- სმენა იყოს! და გაგონებაა!
- ყეენ-ხონთქრის გაგორება! - კაკას ღრიალს ლექსად აადევნა ტახ-
ბერიკამ, მაგრამ აქ კი ზედა და ქვედაუბნელების ხალხ-ფალავნები
გაერთიანდნენ.
- ვინაობა სთქვი! ვინაობა! არ გაგიშვებთ! ქილიკის ჯერი არ არის
უწესოა! უწესო!
ახლა ბაზრობაზე მრავლად მოსული გლეხობა ტახ-ბერიკას ქომაგად
ახმიანდა:
- დააცალეთ! დააცალეთ! თავად უკეთ იცის! გლეხ-ბერიკაა!
ოქრო-პაპამ ისევ კაკას გაჰკრა ნიდაყვი. წასჩურჩულა კიდევაც.
მეველემ ისევ მოურღვია ყბები:
- კამბეჩაური წესია… - და ისევ ქოხსალამურამ აიტაცა ძახილ-
სიმღერა:
თავში ჰკარ - უმჯობესია!
მერმე ამოჰკარ რბილოსა…
სამასხრო-სასაცილოსა…
ქალაქელების კილოსა…
მა რა გეგონა, შვილოსა?!
ქოხსალამურამ დინგის თოკი აამუშავა, ეშვები ააკაპუნა. მოედანზე,
მაინც გლეხთა შორის, ცოცხალივით გაგორდა ხარხარი.
ოქრო-პაპამ ცოტაც აცალა, გულს ვიდრე მოიფხანდა ხალხი და
როგორც კი ინიშნა სიცილის კლება - ხელად წარბი შეუთამაშა სოსიას.
დავაჟკაცებულმა მენახირემ ღრმად შეისუნთქა, საბერველივით
აივსო მკერდი და ღოროტოტოს დაეწაფა. ქალაქელებმა ყურებზე
იტაცეს ხელები:

75
- ქა!.. ე… რა მეხის ხალხი მოსულა!
ბერიკამ „ვინაობის ლექსიც“ სიმღერითა სთქვა:
…სულიერი და ცხოველი…
დღე მზე ვარ, ღამე - ღამურა…
ჩამოდექ კაცი ყოველი,
ტახში ჩამჯდარი მოველი…
ქედელი ქოხსალამურა,
ბერიკა - კამბეჩოველი!
- დიდი ვინმე ყოფილა! ესეც კარგად სთქვა! გააფასა ყეენ-ხონთქარი -
კიბიდან გადასძახა ფილო მნათემ.
- გააფასა! გააფასა! - დაეთანხმა ნაამები ხალხი.
- აბა ეშვისა სთქვას, თუ ასეა! - ერთხელ კიდევ ამოიღო ხმა ხონთქარ-
ბაკუკებიანმა.
ტახ-ბერიკამაც არ დააყოვნა:
ალაზნის წყალში ნაბანი,
ნურც მე გგონივართ ჯაბანი!
სიცილის მალაღობელი,
ღვინის დამლევი პეშვითა,
დოყლაპიები მცნობელი
ტახ-ბერიკული ეშვითა!
- ეგეც შენ ეშვისა! გაჰკრა! ეშვი გაჰკრა! გააბურთავა! - აყვირდა ხალხი.
- ახლა ძღვენისა სთქვი! - გაჰკიოდნენ ზედაუბნელები.
- ამოცანისა! ამოცანისა! - მისძახოდნენ ქვედანი.
- ორივეს ვიტყვი! - ქოხსალამურამ ღორის დინგი ზევით - კეფისაკენ
გადაიწია და სახე გამოაჩინა.
ახლა ტახი ცას შეჰყურებდა, ბერიკა კი - ხალხსა და მეფეს.
ყვითელ-ყვითელი, მზისდარი,
ნაყოფი გლეხის გარჯისა…
ირგვლივ - ვაკეზე ნატარი,
ბოლოს გამცვეთი კაჟისა…
თუ გამოიცნობთ - მოგიძღვნით
მეფის სალაროს ხარჯისა!
- აგრე იყოს! აგრე! კარგი დახლი დამიდგება! - გასძახა კახთ ბატონმა,
რომელსაც საერთოდ უყვარდა მახვილსიტყვაობა, - საბერიკო ქისა
მზად არის!
- ოქრო! ფული! აგრეა?! ყვითელ-ყვითელი… ვაკეზე ნატარი… ყოველ
კაჟისა და სიმართლის გამცვეთი! ჰოდე?!
- ადვილისაა! ჭკუის კოლოფო! ყეენ-ხონთქარისა უმჯობესი იყო! -
ხმამაღლა მარჩიელობდნენ, ვარაუდობდნენ, დაობდნენ მოედანზე,
ბანებზე, კიბის ხარისხებზე, ქოხსალამურა კი განაგრძობდა:

76
მრავალ თითებში ნასხლეტი,
ამო ნიავის ძალითა,
ჭკუის კოლოფო - რას მეტყვი,
მოგართვა ამ ფიწალითა?!
და ფიწალი ჰაერში შეატრიალა ქოხსალამურ-ტახ-ბერიკამ.
- მაშ ოქრო არ ყოფილა?! მე კი მეგონა მეფის ქისა დამრჩა-მეთქი!
- გამოიცან და დაგრჩება! გამოიცან! - ურთიერთს აქეზებდნენ
ხელოსნები.
- ბზე! ბზე! - ახალგაზრდული გატაცებით წამოიძახა კახთ ბატონმა, -
მეფის „საბერიკო ქისა“ მე დამრჩა! ქისა მე, ხოლო ბზე - მაგათ! ყეენ-
ხონთქარს მიაყარე! ხალხსაც არგუნე, ჭკუის მოსაყვანია!
- ჰერი-ჰა რა ჭკუამახვილი მეფე გვყოლია კახეთშია?! გიშველოს
ღმერთმა! - გაჭედილ მოედანს გადასძახა ქოხსალამურამ, გოდორშიაც
ამოუსვა ფიწალი და მეფის ნაბრძანები გულმოდგინედ შეასრულა. ჯერ
აქლემის ჩრდილში შეყუჟულ ყეენ-ხონთქარს უწია ბზემრავალი.
ცასწეული ხარხარი ბზესთან ერთად აიტაცა და აათამაშა ნიავქარმა.
- კარგი, ჰოდე - გვეყო! გიჯობნია! განა ბზეჭამიები ვართ!
- მართლა რქოსანი საქონელი ხომ არ გგონივართ?! დაგვაყენე! - სახეს
არიდებდნენ და აქლემქვეშ იმალებოდნენ ყეენ-ხონთქარა და მათი
ახლო დამქაშები.
- დააპურა! დააპურა! მზე აჭამა! ბზით აზიარა! აბზიარა! -
გაიძახოდნენ შეთამამებული გლეხები.
- აქლემში გააძვრინა! - ბანს აძლევდნენ ყასბები და სალახები.
- შეაწია თავნითა და სარგებლითა! - არც ქეთხუდები იშურებდნენ
ყია-ხმასა. ხოლო ბზიანი ფიწალი, ახლა ხალხს რომ გადაუქნია ბერიკამ
და ბზე მათაც უხვად გადააყარა, წინანი ყიჟინ-ხარხარით უკანა რიგებს
მიაწყდნენ და ერთი ჯახ-მოძრაობა შექნეს. ბერიკამ ბზე ახლა ქალებსაც
გაუწია ბანებსა და ღობის ძირებში.
- უი, შენ კი დაგევსო და დაგვებზევა თვალები! ქა! ლეჩაქი არ
გამიბზეიანო!
- ლეჩაქები! ქალებო, ლეჩაქები ამოიფარეთ! - მოედნის ოინბაზებმა
შეჰქმნეს ახალი ძახილი: - ბზეწვიებო! ლეჩაქები!
ირგვლივ ისეთი ლაღობა და სიცილ-ხარხარი იყო გამეფებული, რომ
ახლა უკვე ყოველი სიტყვა თუ ქცევა ტახში მჯდარისა ხარხარის ახალ
ტალღას იწვევდა. სიცილი თავად ბადებდა სიცილს. თავშეკავების
საზღვრები დაკარგული იყო.
ქოხსალამურა თითქმის ხელსახებად გრძნობდა, რომ იგი უხილავად,
მაგრამ განუსაზღვრელად ჰფლობდა შეკრულ მოედანს, სიცილში
გაჭაჭულ მის მრავალ სახესა და გულს, მეფიდან უკანასკნელ
მენახირემდე. აი ახლა, უეცრად მოსწყვეტს, გააშეშებს ყალყზე შემდგარ

77
ხარხარს… ყველას კისერს წააგრძელებინებს… ფეხის თითებზე
შეაყენებს დიდ-პატარას, კაცსა თუ ქალსა… ბატონსა თუ გლეხსა…
მერმე კი ისევ შეაცურებს სიცილის მორევში.
ტახ-ბერიკამ ღორის დინგიც შეიტოვა თავზე, ხოლო სახეზე ახალ
„ქათამნისკარტა“ ნიღაბიც აიფარა. ღორ-ქათამას საოცარი ნაერთი მხეც-
ფრინველი ბორგავდა კუდალა კამეჩის ზურგზე შემოდგმულ ბუდეში.
- კაკა! კაკაკა!! კაკაკა! - მაღალ ხმაზე აკრიახდა და აწრიალდა ღორ-
ქათამა.
- ჩუმად, ხალხნო! კვერცხსა სდებს! რაიმე ოინი იქნება! - აყიჟინდა
ბანიდან ხეზე გადამძვრალი ქიტა ბიჭი, - არ გაგვაცრუოს ამ ღორ-
ქათამამა? ჭკუით, გრემელებო!
ხარხარი ერთბაშად აშიშინდა და ისე უკვალოდ ჩაქრა, თითქოს
წყალი გადაასხეს ცეცხლსა და ნაღვერდალს. ახლა მხოლოდ ღორ-
ქათამას კრიახი და კაკანი ისმოდა. ქოხსალამურა წელში ჩაიწურა და
ბუდეში ჩაცუცქდა. ოქრო-პაპამ სოსიას წაჰკრა ხელი, კაკაც შეამზადა.
სოსიამ ახლა ყიყლიყოს ხმაზე დააგრიალა საყვირი.
- სუ! გააჩუმეთ! რა დროს ეგაა?! ხელს ნუ უშლით!
- არ ჩაატყდეს! არ ჩაატყდეს! - ახრიალდა ხალხი, ზოგი ოინბაზობდა,
მაგრამ ზოგი ალბათ გულწრფელად სწუხდა. თანდათან ირეოდა
მრუდ-მართალი, ყველაფერი შეუცნაურებულად და შეზვიადებულად
გამოჩანდა.
- ფიქრი ნუ გაქვთ, სოფლის ღოროტოტოა! მაშველია! დიდი კვერცხი
იცის! - ყბები განახვნა კაკამ.
პირდაღებული და მოზიდული ხალხი სასწაულივით მოელოდა
„კვერცხის დადებას“, სანახაობა უკვე ჯადოქრულ შემოქმედებაში
გადადიოდა.
ქოხსალამურამ დაითმინა და ღოროტოტო რომ მიჩუმდა, ბუდე
მოჰქექა და კრიახს ლექსი ააყოლა:
კრუხმა იკრუხა-მაკრუხა,
დამიდო კვერცხი შავტუხა…
ნეტავი რა ვქნა - რა იყოს?
ვინც გამოიცნოს, წაიღოს!
- გვიჩვენე… დაგვნახავე! რა დასდე, რა! - ერთპირად შეჰღრიალა
ხალხმა.
ქოხსალამურამ განზრახ სიმძიმით, ორივ ხელით „ძლივს“ ამოიღო
ბუდიდან კარგა მოზრდილი, მრგვალი, შავ-მწვანედ ჩათასმული
გოგრა. მაღლა ასწია და ხალხს დაანახვა.
- აჰა, ხალხნო! თქვენი საჩუქარი იყოს! - დახე მაგასა! მაგის დამდებს
კარგი კუკუზნაკ-კურტუმო გქონია!

78
- უი… გოგრა! გოგრა! სად გააჩინა?! - ბანებზე გაჰკიოდნენ ქალები. -
რად გვინდა გოგრა-კვერცხი საჩუქრადა?
- მაშ არა და პირდაპირ ერბო-კვერცხს დაგიდებდა?! მა რა გეგონა! -
ხორხოცებდნენ ხელოსნები.
ოქრო-პაპას დასტელებმა საცეკვაო დაუკრეს და ბერიკა მაღლა
ბუდეში გოგრიანად აროკდა და ამღერდა:
…გოგრა… გოგრა… გოგრიაო.
რა შვილობილს მომგვრიაო!
იწილო და ბიწილო…
ჩემო ოთხფეხ წიწილო!
- ოთხფეხი წიწილიო?! მოიცა, ხალხნო… ე მანდ კიდევ რაღაცა ჯადო-
კაური უნდა იყოს!
- კიდევ გვატყუებს, მოგვაღორებს ე ცრუქათამა! არ წამოეგოთ, არ
წამოეგოთ! - აფრთხილებდნენ ურთიერთს მოქალაქენი.
- ამ გაქსუებულმა გლეხის ბიჭმა სულ თავის ჭკუაზე არ გვათამაშა?! -
წყენანარევად ხითხით-ჩურჩულებდნენ კიბეზე მდგარი დიდებულნი.
ყველამ გაფაციცებით მიუგდო ყური ლექსის შინაარსსა და შეფარულ
ქარაგმას. რუსები ხომ ყველაზე მეტად გაფაციცდნენ. ზაზას
ჩაფრენოდნენ ჩაქებში და ერთი რუსულ-ქართული ჩარბულალა
ჩაებათ.
ქოხსალამურა კი თავისას ლანძვავდა:
…გოგრა… გოგრა… კვანჭიაო,
შიგ რა გიზის - რა ჭიაო?!
- არ ვიცით! არ ვიცით! - გაიძახოდა შეეჭვებული ხალხი, თან
ცნობისმოყვარეობით იწვოდა.
- …სთქვი, შე ენამანჭიაო,
რა სახის კუდრაჭიაო?!
- არ ვიცით, არა! ვერ დაგვიჭერ! გელიქეშად ნათქვამია! -
გუგუნებდნენ ირგვლივ.
ყურფამფალა ჭაჭიაო,
უკან მაღალ-კანჭიაო…
ტყეში გააქვს ფხაჭიაო…
- არ ვიცით! ვერ გამოვიცნობთ! ფხაჭანი გაიტანოს! ფხაჭანი!
ხალხს უკვე მხოლოდ სანახაობა და სიცილ-ხარხარი სწყუროდა.
მოფიქრების არც სურვილი და აღარც ძალა აღარა ჰქონდა.
ქოხსალამურას უჯერმაჯერად ჩაეღიმა:
- აბა განი!.. - და „გოგრა-კვერცხი! შუა მოედანზე აქლემის
მიმართულებით გადააგდო. ხალხმა უმალ უგანა და თითქმის ყველამ
კარგად დაინახა, როგორ დაასკდა ქვაფორეს და შუაზე გადიპო „გოგრა-
კვერცხი“… შიგნიდან მოზრდილი ბაჭია ამოხტა.

79
- ბაჭია! ბაცაცი! კურდღელი! არიქა, არ გაუშვათ! დაიჭირეთ! - ბედია!
ბედი! - გავარდა მრავალხმიანი ყივილი და მერმე ყველაფერი აირია.
კურდღელი აქლემს გაუძვრა ფეხებში. ატალღებული ხალხიც
მისწვდა აქლემს, კინაღამ გადათელა, ყეენი და ხონთქარა ხომ უმალ
გაიტაცა და სადღაც მოედნის კიდეში გარიყა. დაფეთებული და
გაოგნებული კურდღელი აქეთ-იქით ეცა, მაგრამ აბა სად წაუვიდოდა
ამოდენა ხალხს, გასწვრივი სახლის კიბეზე მიიჩიხა, მერმე ზედ შეხტა.
კიბის თავზე კაბაშილიფად მჯდარ დედაკაცს შეუვარდა კალთის ქვეშ.
იკივლა ქალმა, კიბეზე დაგორდა.
- დახე, სად ეძებდა სოროსა?!
- დაინავსა! დაინავსა!.. ბაჭია! - კიბესთან მიქანდა ხალხი.
კურდღელმა ერთხელ კიდევ იცვალა მხარი და ახლა მეფის
ქარვასლის მარმარილოს კიბეზე შეიჭრა.
- მეფესთან წავიდა საჩივლელადა! - ჰქუხდა კაკა.
ახლა თავადები და ღიპიანი სოვდაგრები წამოიშალნენ, ყურთმაჯები
გადიყარეს. მოედანზე აღუწერელი ღრიანცელი და ორომტრიალი
ბორიალობდა, თითქოს ათას კურდღელს მისდევდა ათი ათასი
მონადირე. მხოლოდ ოქრო-პაპას ირგვლივ მომდგარი ქედელები
იდგნენ და ხარხარებდნენ. ქოხსალამურასაც ქათმის ნიღაბი კისერზე
ჩამოეგდო და ახლა იგიც გულიანად ხარხარებდა.
კიბის შუაწელზე მისჩიხეს და დაიჭირეს გულგახეთქილი
კურდღელი. ცხრა ხელი მაინც სწვდა ერთდროულად. მათ შორის
მეფისა და მათარსას ხელიც ერია…
- მეფეს მივართვათ!
- არა, სიცილის მეფეს! მან თავად გადასწყვიტოს - ვისია კურდღელი!
ვისაც სურს, აჩუქოს! - ძლივს აბამდა სიტყვებს სიცილისაგან
ნეკნებნატკენი კახთ ბატონი, - თავად კი აქ მომგვარეთ! ყველასათვის
უჯობნია! ეს რა ყოფილა!
- ყველასათვის! - ერთობლივ ედასტურებოდა ხალხი.
- ბერიკას ქისაც მაგისთვის ალალია!
- ალალია! ალალი! - ზედა და ქვედაუბნელებმა ცას უწიეს ძახილი.
ქოხსალამურამ უკან მოგვრილ კურდღელს ყურებში წაავლო ხელი
და მეფეს მიეახლა.
- უმცროს ბატონიშვილს, მეფევ ბატონო! კონსტანტინეს!
- ჩემია! ჩემი! - უმალ ხელში ეტაკა კოსტალა და კურდღელი გულში
ჩაიხუტა.
- რა ახალგაზრდა ხარ! - გაიკვირვა ალექსანდრემ, - დიდბერიკა კი
ყოფილხარ სწორედ!
- დიდბერიკა! - ხელად აჰყვა მთელი მოედანი.

80
- ესეც შენ, მჯობნის ქისა! ბარაქალა! - ალექსანდრემ გადუგდო და
ზეზე წამოდგა. ახლა ფსონის პური უნდა დაწყებულიყო.
- ბარაქალა! - გუგუნებდა ხალხი. ხმიანობდა, ქოთქოთებდა,
ჟრიამულობდა და ქოხსალამურას მიერ დამღერებულ ახალ ჰანგებსა
თუ ლექსებს იმეორებდა თავის უბნებში თუ სოფლებში, უსახელოდ,
ხალხურად გაჰქონდა.
ალექსანდრე ლაღი და ნასიამოვნები შევიდა ქარვასლაში. მხოლოდ
იასონ მდივანბეგი და ჯანდიერი იახლა. დანარჩენნი სახლთუხუცესის
მიწვევას ელოდნენ დღევანდელ დღეს. ქარვასლის ფსონიც სასახლის
კარის გარიგების მიხედვით წარიმართებოდა.
დიდ დარბაზში, სადაც სხვა დროს ფართალი ელაგა თაროებზე და
ნოქარ-მუშტრის ჟრიამული იდგა, ახლა დიდი სუფრა იყო გაშლილი.
მესტუმრენი და მერიქიფენი სტუმრების მოლოდინში ფუსფუსებდნენ.
ალექსანდრემ ჩაათვალიერა სუფრა.
- სახლთუხუცესს უბრძანეთ - სუფრის თამადობა მიულოცეთ,
სტუმრები მიიწვიოს, არვინ გამოგრჩეთ საპატიო… ქედელი გლეხებიც
არ დაავიწყდეს - მეტად მაამეს.
მეფის ქარვასლას თავისი სამორინოც ჰქონდა. აქ, საგანგებო
ბრწყინვალებით მორთულ მცირე დარბაზში, ხშირად თავს იყრიდნენ
დიდვაჭრებიც, ქალაქის მეგამრიგენიც და უცხოელ სოვდაგრებს
ესაუბრებოდნენ… ყალიონსა და თერმონს სთავაზობდნენ…
ჭადრაკსა… ნარდსა თუ განჯაფას ეთამაშებოდნენ, თან სავაჭრო
საქმეებს ვარაუდობდნენ, ხსნიდნენ და ხლართავდნენ.
არაერთი სხვა საქვეყნო საქმეც ასევე ვაჭრობის საფარველით
გარიგებულა.
იასონ და დავით სამორინოს კართან შედგნენ, მეფის ბრძანებას
დაელოდნენ.
- რუსთ შიკრიკებს მომგვრი, განის კარიდან დერეფნით მაახლე!
ჯანდიერმა თავი დახარა და უსიტყვოდ გავიდა.
- იასონ ჩემო, ჭადრაკი დადგი, კარგა ხანია არ გვითამაშნია.
კახთ ბატონი მეფის საჯდომში აღარ ჩაბრძანდა. ჭადრაკის მაგიდას
მიუჯდა. იასონს გაუკვირდა, რატომ მოიხალისა ბერიკობით ნაამებმა
მეფემ ახლა ჭადრაკის დადგმა. მერმე რუსთ შიკრიკების შეფარულ
მიღებას დაუკავშირა. იგი გრძნობდა, რომ ეს სხვათაშორისი ჭადრაკის
ხელი შესაძლოა სულ ახალ „ჭადრაკის“ ხელად გათამაშებულიყო
კავკასიაში და საერთოდ ახლო თუ შუა აღმოსავლეთში.
ალექსანდრე კარგად თამაშობდა ჭადრაკს, მახვილად და
ჩახლართულად, საერთოდ ჩქარობდა ოდნავ. ახლა კი მით უფრო,
დამჯდარ ხელისათვის არც დრო ჰქონდა, არც გუნება… მაგრამ არ
იმჩნევდა. სპილოს ძვლის, ირანული ყაიდის ქვიშრები ცოცხლებივით

81
მოძრაობდნენ სადაფ-გიშრის უჯრედებზე, მაგრამ ფიქრში სხვა იყო:
„თუ თეთრი მეფის შიკრიკი მოვიდა, ოქროსბეჭდიანი სიგელი
მოიტანა… არა უბრალო მოკითხვის ბარათია, არა მხოლოდ და
მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობის საქმეა!“ - ამ ფიქრებით გართულმა
უკვე ერთი შეცდომა დაუშვა და თავისი ლაზიერი სახიფათო
მდგომარეობაში ჩააგდო.
- ქიშ მეფეს! - ახლა უშუალოდ შავების მეფეზე მიიტანა იერიში კახთ
ბატონმა და დრო მოიგო. ამ დროს რუსი სტუმრების მოსვლაც მოახსენა
ჯანდიერმა. მეფემ პაიკი გადადგა და თავი ასწია.
დანილოვ-რუსინმა და მათე ნოგირინმა რუსული წესით სცეს სალამი
კახთ ბატონს. წელში მოიხარნენ და მარჯვენა ხელი შეახეს იატაკს.
მდივანბეგი წამოდგა. ახლა მარტო მეფე იჯდა ჭადრაკის დაფასთან.
შეხვედრა სხვათაშორისი და გარეგნულად მნიშვნელობას მოკლებული
იყო, ჩანს, ორივ მხარეს ერჩია ასეთი წვევა. რუსი მხედრებიც
მდიდრულ სავაჭრო სამოსელში იყვნენ გამოწყობილი და მათმა
თბილბეწვეულმა თითქოს სიგრილეც კი შემოიტანა ქარვასლის კარის
სამორინოში.
ბოხ რუსულით ამეტყველდა აშთარხნელი მეთოფეთა ასისთავი,
მათე ნოგირინიც თავსა ხრიდა უეჭველ დასტურის ნიშნად. ენის
გამგები კი არვინ იყო.
- თარჯიმანი?! - შეეკითხა ჯანდიერს მეფე.
- ვერ ვიშოვნე, ბატონო! ყურშიტა ჩერქეზი ავად გახლავთ… არც
მინდოდა თქვენი ნებართვის გარეშე… მეორე კი ჭაბუკობით უფეროა -
ვერ გავბედე, მეფევ ბატონო!
- თარჯიმანი ენის ცოდნით ფასდება და არა წლოვანებით.
- ახლავ გაახლებთ.
ვიდრე ჯანდიერი სამორინოში შემობრუნდებოდა, დანილოვ-
რუსინმა გრაგნილი ამოიღო უბიდან და ორივ ხელით ალექსანდრეს
მიართვა.
იასონ ჭავჭავაძე მიეახლა, მაგრამ რუსინმა თავი გაიქნია, თავაზიანი
მობოდიშებით გაუღიმა მდივანბეგს და ისევ მეფისაკენ წარსდგა ბიჯი.
ალექსანდრემ თავად გამოართვა დალუქული გრაგნილი, მაგიდაზე
რომ გადაატარა, ზედ დაკიდებული ოქროს მცირე ბეჭედი ჭადრაკის
ქვიშრებს წამოედო და ხელი შერია. დაფაზე თითქოს ახალი ფალავანი
ჩამოდგა.
მეფე დააკვირდა ბეჭედს - ორთავა არწივი აქეთ-იქით იხედებოდა,
ბრჭყალებიც აქეთ-იქით გაეშალა, თითქოს რაღაც ეჭირა კიდევაც
ბრჭყალებში.
კახთ ბატონი ადგა, სარკმლიდან გრემს გაჰხედა. ცაზე არწივის
ფრთის მსგავსი ღრუბელი გადაშლილიყო. მოედანზე ხალხი ჯერ

82
კიდევ ფუსფუსებდა. კიდევ ისმოდა მათი ჟრიამული, ტახ-ბერიკას
ლექსების ნაწყვეტ-ნაწყვეტ გადამღერება. ასევე ნაწყვეტ-ნაწყვეტ და
როგორღაც განდაგან, მესამე პირში ფიქრობდა ალექსანდრე: „რა მათი
საქმეა? თითქოს არც ეხებათ, ირან-ოსმალოთა ელჩების ავი მოლოდინი
ძეგამსა თუ თელავში. არც ეს ჩრდილო ფარულშიკრიკიც მათთვის ჯერ
არაფრადა ჩანს… ალექსანდრემ უნდა აგოს პასუხი… ხარკით და
ხორცით… ცოცხალი, ღვიძლი ხორცით… მაგრამ ვაი, რომ ეს ყოველივე
სწორედ ყველას ეხება! ყველას ეხება, ამიტომ ყველამ თავისი უნდა
ზიდოს, აკეთოს!“
კარი გაიღო, ჯანდიერმა ზაზა შემოიყვანა.
- ყმაწვილო, გადაუთარგმნე - მადლობას მოვახსენებ რუსთ მაღალ
მეფეს! სიგელს გავეცნობით, პასუხსაც არ დავაყოვნებთ. ახლა კი
სთხოვე - ფსონის პურზე გვეწვიონ. შენც დარჩი, რუს სტუმრებს ნუ
მოაწყენ, მამაშენიც მოიშველიე.
ალექსანდრე ყურადღებით უსმენდა, როგორ დინჯად და
სიტყვაგამოუცდენლად თარგმნიდა ზაზა მის ნათქვამს. ჭაბუკს არც
გასჭირვებია თარგმნა, მხოლოდ ეს „ფსონის პური“ ვერ გააგებინა
რუსებს. მერმე უბრალოდ „საჯარო წვეულებად“ უთარგმნა.
- კიდევ, ყმაწვილო! ესეც ურჩიე - ჯერჯერობით ნურც სადმე
გაამხელენ ჩემთან წვევის ამბავს.
რუსებმა ისევ მდაბალი სალამი სცეს მეფეს და ზურგშეუქცევლად
გაჰყვნენ ჯანდიერსა და ზაზას.
ალექსანდრემ გრაგნილს ბეჭედი ახსნა და ხელნაწერი გაშალა.
- ეს უმჯობესი! ბერძნულად ყოფილა ნაწერი, - და ალექსანდრემ
თვალი ჩააყოლა გრაგნილის ოქრო-სინგურით ნაწერ ასოებს.
ზოსიმეს წყალობით ალექსანდრემ კარგად იცოდა ბერძნული. ჩუმი
კითხვა დაიწყო. მერმე სულ დადუმდა. რაც უფრო ქვევით ჩაჰყვა,
უფრო შეკრა წარბები, უფრო ჩაუღრმავდა შუბლის ღარი და რადგან
ჭადრაკის დაფაზე შერჩენილი ქვიშრები უშლიდნენ - ხელი გადაუსვა
მათ.
იასონ ჭავჭავაძემ ჩუმად აიღო იატაკზე დაცვენილი, ირანული
ყაიდის ნატიფ-ნახელავი პაიკები და სკამზე დააწყო.
შემოვიდა ჯანდიერი, კართან დადგა. დიდი დარბაზი უკვე
სტუმრებით იყო სავსე. დიდსოვდაგრები და თავი მოქალაქენი მეფის
გამობრძანებას ელოდნენ.
ალექსანდრეს თავი არ აუღია, ჩაიკითხა ბოლომდე.
- თედორე იოანეს-ძე! - ფიქრში წასულად გაიმეორა ხელრთვა.
სიგელიანად გაიარ-გამოიარა. მერმე მდივანბეგს მიუბრუნდა: - დღეს
რა დღეა? რიცხვი და თარიღი მითხარ?

83
- ქრისტესით 1885 წელი, ღვინობისთვის 14… დღე - პარასკევი…
თქვენი მეფობის მეთერთმეტე ინდიქტიონი, - ჩათვლით მიუგო
მდივანბეგმა. იგრძნო თარიღის მნიშვნელობა.
- დღევანდელი დღე ან დიდად ბედნიერი აღმოჩნდება კავკასიონის
პირაქეთასთვის, ან დიდად უბედური! - გულფიქრიანად აღმოხდა
ალექსანდრეს, მერმე სიგელი იასონ ჭავჭავაძეს გადასცა, - წაიკითხე,
ღრმად ჩაუკვირდი… ჩასწვდი დროის ნიშანს და წვრილად
მომახსენე… გულდაგული აზრი მინდა, ყოველგვარ წვრილმანის
გარეშე… ნათელი რამ, სადღეისოდაც და შორს ნაჭვრეტიც… - მერმე
ჯანდიერს მოუბრუნდა და ფსონის პურზე გაჰყვა.

XI ხატის კენჭი
მეფის ამალას ბოლოში მიჰყვებოდა ჯანდიერი. ამჯერად იგიც
დააბნია კახთ ბატონის ასეთმა მოულოდნელმა გამგზავრებამ
ბორბალოს მთაზე. „ერეკლე და დავითი რომ გაგზავნა ზოსიმესთან და
ნიკო-ხოსროსთან, ეს გასაგები იყო. ახლა თავადაც მიდის, გიორგიცა და
მცირეწლოვანი კონსტანტინეც კი მიჰყავს?! რას უნდა ნიშნავდეს?“ -
ფიქრობდა სამეფოს თითქმის ყოველი საქმის ვითარების მცოდნე
ჯანდიერი.
ქარვასლის შეყრისას გული დიდად ილაღა მეფემ. ფსონის პურზე კი
გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული იყო. ჩვეულებრივზე მეტიც შესვა
ღვინო, მაგრამ დავითმა იცოდა, არა დალხენისა იყო ეს ზედმეტობა.
რუსეთის მეფის შიკრიკი რომ ამ საქმის შუაში იყო, ამას არ ეჭვობდა
ჯანდიერ ქონდაქარი… მაგრამ ზოსიმე ბერდიდი რაღა შუაში იყო?
საქმეში ჩაუხედავ კარის მოხელეთათვის არც გამოცვლილა
ალექსანდრე მეფე. იგი ისევ საკმაო ხალისით ნადიმობდა, ნადირობდა.
ძეგამშიაც მოასწრო ყოფნა, ირანელი ელჩები მოინახულა, მაგრამ კვლავ
არც დაითხოვა, არც პირობებზე მისცა დასტური. თელავშიაც იყო,
იქაური საქმეებიც გაარიგა. თურქთა ჩაუშსაც ესაუბრა, ისიც გაჟეჟილი
პასუხით ადგილზევე დააფადილა.
დავითი კი მეორედი და ნაკლებ მჩენი, მაგრამ უფრო უმცდარი
ნიშნების მიხედვით გრძნობდა, კახთ ბატონი მძიმე სასწორ-
ვარაუდებში იყო. არც ვის უმხელდა… თუმცა ამ ბოლო დროს
მოუხშირა იასონ ჭავჭვაძესთან განმარტოებულად ჭადრაკის თამაშს.
ხოლო რამდენჯერ შეუმჩნევია ჯანდიერს ქვიშრები შერეულად იყვნენ
წყობილნი. მერმე ყაფლან ვაჩნაძესთან დაიწყო მეფემ „ჭადრაკობა“,
თუმცა იგი ფრიად ცუდი მოთამაშე იყო და მუდამ ნარდსა და განჯაფას
არჩევდა.
აქ, ეჭვიც არ იყო, ბატონიშვილების მძევლობის საკითხიც წყდებოდა,
მაგრამ ჯანდიერი იმასაც გრძნობდა - აქ კიდევ სხვა, ახალი რამ კვანძი

84
იყო ჩაქსოვილი. ტყუილად კი არ აჩქარებდა ბატონი ზაზასეული
„სიტყვის კონის“ სრულ გადაწერას.
დღე და ღამე უსხდნენ ნაწილ-ნაწილად გახსნილ კონის ფურცლებს
თავად ზაზა, მამუკა, შანშე და საბა მდივნები. ერეკლე ბატონიშვილიც
თითქმის ყოველდღე მათთან იყო, მამის სახელით აჩქარებდა,
ახალისებდა, შველოდა კიდევაც თავადაც კარგი ხელის პატონი. არც
მოშორდა, ვიდრე არ გაასრულეს საარაკოდ მოკლე ხანში. ჰოდა,
ჯანდიერი ყველაფერს ხედავდა და თავის დასკვნებს აკეთებდა; მაინც
ვერ გაეგო - რა უნდოდა მეფეს ზოსიმე განდეგილთან.
ტყიან აღმართზე გაუჭირდათ სვლა. კონსტანტინე კინაღამ
ჩამოვარდა ცხენიდან. გიორგიმ კი თავად წააქცია ცხენი ოღროჩოღრო
ადგილზე.
მზის დაისობისას ალაზნის სათავეები ქვევით დარჩათ. ტყის ზედა
დასალიერს ააღწიეს. მათ თვალწინ ვეებერთელა კედელ-ფიქალი იდგა.
მეფის კარავი გაშალეს. ალექსანდრე უვახშმოდ წამოწვა და ამო ნიავზე
ჩაეძინა. გიორგი და კონსტანტინე კი გაკვირვებით შეჰყურებდნენ
შემართულ პიტალოს. კლდის შუაგულში გამოქვაბული გამოჩნდა.
- იქ კაცი ცხოვრობს თუ ფრინველი? - კითხულობდა კონსტანტინე.
- ზოსიმე ბერდიდი იქაა!.. ჩემი მასწავლებელი, არ გახსოვს თეთრ
წვეროსანი, თეთრი წარბებიანი?! - უხსნიდა გიორგი.
- წვერი არა, თეთრი წარბები კი მახსოვს!
„ალბათ დილით ინებებს ბერდიდის ჩამოწვევას?“ - ფიქრობდა
ჯანდიერი. მზარეულთ აჩქარებინებდა ვახშამს, მაგრამ დაღამებისას,
ნავახშმევს ალექსანდრემ ყველა დაითხოვა, ბატონიშვილთ ძილი
უბრძანა, თავად კი ჯანდიერი და ერთი მემაშხალე იხმო და აღმართს
შეუდგა.
ეს კლდე-ბილიკი დღისითაც სახიფათო სავალი იყო, მაგრამ
ჯანდიერმა სიტყვის დაძვრაც ვერ მოასწრო - ალექსანდრე დაწინაურდა
და იწყო კლდეზე საოცარი სისწრაფით ზესვლა.
კლდის ტერფთან ჩაბინდებულ ჩრდილებში გაუჭირდათ, ჩირაღი
იშველიეს, მერმე კი მთვარემ უშუქათ. დაბოლოს ალექსანდრემ
მეჩირაღეც კი დაითხოვა. „დილამდე აღარ აპირებს ჩამოსვლას!“ -
გაიფიქრა ჯანდიერმა და უფრო ახლო ფეხდაფეხ მიჰყვა.
კარგა ხანს ჩუმად იარეს.
- დავით, ხვალ დილით ამომგვრი შვილებს. მარტო შენ შემოჰყევი -
არაფერი არ მოუვათ! - სიტყვა გასწყვიტა და ისევ სიჩუმეში განაგრძო
სვლა.
ჩუქურთმიან ჯვარს რომ მიაღწიეს, ისევ მობრუნდა ალექსანდრე და
წეღან გაწყვეტილი საუბარი განაგრძო:

85
- კოსტალას გაუჭირდება, მაგრამ არა უშავს რა - ვინძლო
დაამახსოვრდეს… მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვეს… ბორბალოს
აღმართის მადლი, „გმირთა სავანის“ სახელი!
მერმე ჯანდიერიც დაითხოვა.
- აქ ფიქრი აღარ არის, მარტოც ავალ… ჩემს ზოსიმესთან მივდივარ -
მტერთან ხომ არა! გამყოლი რად მჭირდება! - მოაძახა შეყოყმანებულ
დავითს და კლდე-ბილიკის მაღალ შიბზე გაუჩინარდა.
ქვაბის კარი ღია დახვდა. სანთელი ენთო. ბერდიდი ლორფინზე
იჯდა და თითქოს ელოდა. ჩრდილი რომ წამოადგა თავზე, უმალ იცნო
და თითქოს ოდესმე გაწყვეტილი საუბარი განაგრძო:
- ბავშვობაშიაც ასე იცოდი… არ ეპუებოდი ღამეს! - წამოდგა,
აკურთხა, მერმე შუბლსა და მხარზე ემთხვია. ალექსანდრე შვილივით
მოეხვია ბერდიდს. მარცხენა თვალი მოიწმინდა მალულად.
ბერი პირველ სიხარულის შემდგომ შეფიქრიანდა:
- რამ მოგიყვანა?
- ისევ „იმან“ და სხვამაც! ჯერ ეს წაიკითხე… მოკლედ ვთქვათ, ღამე
არ გვეყოფა.
ზოსიმემ თვალი დაიშორა, ისე შეხედა ალექსანდრეს. ცვლილება
შეატყო: ახალი ნაოჭები შეუმჩნია შუბლზე, ხმაშიაც ახალი დარდი და
სიბრძნე ჩასწოლოდა - ცოტა ხრინწიც. ოქრობეჭდიანი გრაგნილი
უსიტყვოდ გამოართვა და სანთლის შუქზე გაშალა:
- ბერძნული ყოფილა!
ალექსანდრეს ხმა აღარ გაუცია, იგი ღრმად მიჯდა ლორფინზე და
ყურადღებით აკვირდებოდა ზოსიმეს სახის ნაკვთებს. მათი მიხედვით
სურდა შთაბეჭდილების ამოცნობა.
„აი ახლა თაურ სახელდებას კითხულობს… რამსიგრძეა! რამდენი
ქვეყნის მეფე - ხელმწიფე, დიდი მთავარი და მფლობელი ყოფილა
ღვთის შეწევნითა!“ ზოგი დაამახსოვრდა კიდევაც. ჩაძიებული,
კირტიმალი მეხსიერება აქვს, უცხო სიტყვებიც ჩარჩა: „სრულიად
რუსეთისა, ვლადიმირისა, მოსკოვისა, სმოლენსკისა, ტვერისა…
ნოვგოროდისა… მეფე ყაზანისა და აშთარხნისა… სრულიად
ციმბირისა… ჩერქეზ-ყაბარდოსა და სხვა თერგის სამთავროთა თავადი,
მფლობელი და მესაკუთრე აღმოსავლეთის, დასავლეთის და
ჩრდილოეთის სხვა მრავალ ქვეყანათა…“ არც გამოითქმის
სულმოუთქმელად! რა დიდი სახელმწიფოა! როგორ წერია?! „ჩვენს
ქვეყანაში მზე არ ჩადის - ისე ვრცელია! მაშ მთელი აღმოსავლეთ-
დასავლეთი მისი ყოფილა?!“ - მეასეჯერ ეკითხებოდა თავს ალაზნის
ველის ბატონი, რომელიც სწორედ ალაზნის სათავესთან იყო, თითქმის
მისი შესართავიდან ამოსული… - ჩემს ქვეყანას კი ალაზანი სწვდება,
თავით ბოლომდე… მორჩა და გათავდა! - ფიქრობდა ალექსანდრე და

86
ბერდიდს შეჰყურებდა - ჰო, ახლა შუბლი გაეშალა - ალბათ რუსთ
ქრისტიანობაზე კითხულობს. მოსკოვი მეორე კონსტანტინოპოლიაო
და მესამე რომიო… ქვეყნად ყველა მართლმადიდებელთა ბურჯი და
მფარველი! ჭაღარა წარბები შეჰყარა, აჰა! ახლა იქ არის… „გვსმენია
თქვენი მარტოდ ბრძოლა, რჯულისათვის თავდადება, ივერიის
ქრისტიანულ მიწათა დუხჭირი და მაჰმადიანთა მოძალების გამო
დაქსაქსულობა…“ „ღვთის სახელით და ნებით, უანგარო
მფარველობასა და შეწევნას ვიზრახავთ, ყველა თქვენი მტრის
მიმართ…“
„ყველა მტრისა“… და ალექსანდრეს გონების თვალწინ,
ხორცშესხმულად ელჩ-ჩაუშებისა, თუ ლაშქარ-მარბიელთა სახით…
ჰინით შეღებილ წვეროსანთა თუ ფრჩხილოსანთა სახით ჯგროდ
წარმოუდგნენ - ირან-თურქნი… შამხალ-ყირიმელნი… დიდ-პატარა
სხვა მრავალი მოძალადენი.
„ალბათ, ისინიც ამავეს გულისხმობენ! ალბათ ამათვე?!
„რამეთუ თქვენი მტრები - ჩვენი მტრებია! ხოლო მაშველ ხელისა და
ნუგეშის ცემა მართლმადიდებელთა წმინდა ვალია!“
ახლა აქა… ალბათ ამიტომ სულ ახლო შუქთან მიაქვს სიგელი…
ალბათ თვალს აღარ უჯერის ბერდიდი… თავად სიგელიც თითქოს
ახალ შუქად ბრწყინავს ამ ვიწრო, შავკუმეტა თაღებს შორის.
ზოსიმემ ჩაათავა კითხვა და პირჯვარი ისახა:
- ვგონებ მოგვხედა ღმერთმა!
- მეც ასე ვფიქრობ! ასე მწამს და ნუთუ ახლაც ვცდები! -
ალექსანდრემ ვეღარ დაფარა აფორიაქება და გულის ღელვა. ზოსიმემ
ახლა ოქროს არწივი გასინჯა ბეჭედზე. არკი სწყენია, მაგრამ მხოლოდ
ჯვარი ან წმიდა გიორგი რომ ენახა ქარგაზე ნასახი, უფრო
გაეხარდებოდა ბერდიდს, ვიდრე ამ ოქროს მტაცებლის ჭვრეტა.
- ვინ მოიტანა? რუს ელჩებმა?
ალექსანდრემ მოკლედ უამბო დანილოვ-რუსინის მოსვლა, ზაზა
კახნიაურის დაბრუნება და ახლად გადაწერილი, რუსული
შესატყვისებით შევსებული „სიტყვის კონა“ მიაწოდა.
ზოსიმე ზაზას პოვნამ უკვე ფრიად გაახარა, „კონას“ სახელდახელოდ
ჩაფურცვლამ კი სულ მოხიბლა.
- ამას დამიტოვებ?!
- შენთვის გადავაწერინე…
- გმადლობთ! ღმერთმა გიზღოს სამაგიერო! - და თვალი ქვის
თახჩისაკენ უნებურად გაეპარა. იქ „ალაზნის მატიანეს“ გასრულებული
ხელნაწერი ედო… ალექსანდრეს მეფობის მატიანე, თარიღების
წვრილად აღნიშვნით… მაგრამ ბერმა არაფერი უთხრა მეფეს.
- ბატონიშვილები როგორ გყვანან?

87
- ორი უფროსი ხომ ნახე, ორნიც აქ არიან ქვევით. დილით
მოგინახულებენ.
ზოსიმეს მოუსვენრობა დაეტყო. არაფრად ეამა ბავშვების ამსიშორეს
მოყვანა. აუგი რამ უგრძნო გულმა.
- ავი რამ ხომ არა არის რა? - ყრუდ შეეკითხა და ხატებს სასოებით
გადახედა.
- ძეგამს ირანის ელჩია, თელავს - თურქეთის… ხარკსა და მძევლებს
მთხოვენ ორთავე… მე კი ერთ-ერთის მიცემა აღვუთქვი: ან ხარკი, ან
მძევლები!
- აღუთქვი?!
- მეტი გზა აღარ იყო… ამანაც არ გასჭრა - მაინც მძევლებს მთხოვენ, -
ყრუდ დასძინა ალექსანდრემ და პირი იბრუნა. ქვაბულსენაკს მოავლო
თვალი, მაგრამ ირგვლივ ბნელოდა. წყვილი სანთელი მათთან ენთო.
წყვილიც ხატებთან.
სადა, ყოველ მოჭედილობის გარეშე მეტყველი ხატები სევდიანად
უმზერდნენ მიახლოებულ ალექსანდრეს. ერთი წმიდა ნინოსი იყო,
მეორე ღვთისმშობლისა მაცხოვრითურთ.
- ეგ ხატ-ძლიერები იყვნენ მამა-შვილთა მფარველნი! - წაიჩურჩულა
ბერმა, ხატებს უკან ამოფარება სცადა, მაგრამ იგრძნო, როგორი მჭიდე
თანდათანობით ისევ ამოერია თურმე სიღრმეში მიჩქმალული,
თითქოს მორეული გრძნობა იმავ ამაო ცხოვრებისეულ საქმეებზე
ჭმუნვა-ზრუნვისა.
- რა იღონე?! რა განზრახვა გაქვს?!
- საიდუმლო ელჩობა მინდა გავგზავნო რუსეთს.
ზოსიმემ არ გაიკვირვა პასუხი. შინაგანი კავშირი გაუზომა:
- საიდან გავლენ მერმე?
- მთაზე გადივლიან საშამხლოზე… ყაზიყუმუხის გზით ან
დარუბანდით.
- საშამხლოზე სახიფათოა… ვერ გავლენ… სწორედ შამხალი არ
გაუშვებს.
- რუს ასისთავს გავაყოლებ, მას მხლებელ-ბადრაგი ჰყავს შემახას.
რუსი ვაჭრებიც არიან, ჩვენებიც მათ გაჰყვებიან ფარულად. მძევლებსაც
გამოიყვანენ წინასწარ.
- კარგად გიფიქრია… უმჯობესს ვერაფერს გირჩევ.
ალექსანდრეს მწარედ ჩაეღიმა. ბერმა განცვიფრებით შეხედა, მიხვდა
- ეს გარექარგა არ იყო მთავარი რჩევის საგანი და საკითხი. ისიც ინიშნა:
კახთ ბატონის ყოველ საქციელსა და ნაზომს ხანდაზმული
დაბრძენებისა და გამოცდილების ნიშანი ედო.
- ვის გზავნი?..

88
- კირილე ბერძენ ბერს… კარგი მწიგნობარია, ჩვენი ერთგულიც.
ბერძნულიც კარგად იცის და ქართულიც. არცა კახია - თუ
მაინცდამაინც - ეჭვიც ნაკლები იქნება!
- ბრძნულად არის განსჯილი! კიდევ?
- ყურშიტა ჩერქეზს - რუსული იცის. ზაზა ჭაბუკსაც გავაყოლებ,
უკეთ დახელოვნდეს. მომავალში გამოგვადგება… ჰოდა, მდივნებს
გავაყოლებ კიდევ… სოვდაგარსაც… ეგ მხარეც მოვსინჯოთ.
ალექსანდრე დადუმდა. ახლა მეფე და ბერი ერთ სანთლის
შარავანდედში იყვნენ, მოქცეულნი. ერთ აზრის განხილვაში ისხდნენ
და თითქოს ზეპირად კითხულობდნენ ურთიერთის აზრებს.
- ეს კეთილი, მაგრამ… პირველელჩი?
- ვერა… იასონ ჭავჭავაძეს ირანს ვგზავნი, - ყაფლან ვაჩნაძე აქ
მჭირდება - შამხლის საქმეში ჩაბმული. გორჯასპი თურქთათვის
დამჭირდება, ომანს ბოლომდე არ ვენდობი, სადმე ანგარებას
გამოიჩენს. სხვა კი იქნებ შენ მირჩიო, რუსეთს ყოვლად გამოცდილი
თვალი მჭირდება, ყოვლის მხედველი. მთლიანქართულად გამჭრიახი,
გამიგე მთლიანქართულად! აკი ასევე წერია, - სიგელზე მიუთითა კახთ
ბატონმა, - ივერიის მიწათა უმთავრესოო! იქნებ მათი შეწევნითა და
მფარველობით მართლაც, - აზრი გაწყვიტა ალექსანდრემ. მან კარგად
იცოდა ზოსიმეს გულის საჟღერებელი და ოდესმე მისი ნათქვამ-ნააზრი
დაუბრუნა: - თუ ჩვენში გამთიშავნი სჭარბობენ მაერთებელთა, მე
აღარაფერი დამრჩენია ამ ქვეყნად საიმედო და საჩალიჩო!
ზოსიმე შეირხა და წამოდგა:
- მაცხოვარო, იქნებ ჩრდილო ქრისტიანთა დახმარებით ხვალ…
ზეგ… დაკარგული ერთიანობაც ვპოვოთ?! - თეთრი წარბები
აუთამაშდა ბერდიდს. მისი მზერაც თითქოს ყიამეთად ბინდ ღამეებსა
და დროის იქით გადაიტყორცნა.
- დღეს კი… დღესვე ირან-თურქთა აღარც მძევლები მივცეთ! თქვენ
მე მომავლის იმედი მომეცით და აწმყოს ბრძოლა და მადლი ჩემზე
იყოს! მე რუსეთში ყოვლისმხედველი, უმცდარი თვალი მჭირდება…
იქვე ნახოს, კბილი და მუხლი გაუსინჯოს… მომავალიც გამიზნოს!
ალექსანდრემ სიგელს წაავლო ხელი:
- ამ ოქრობეჭდის ორთავა არწივის ჭვანგის ძალაც ნახოს, მხარის
ღონეცა და სურვილებიც მოიკვლიოს, მათი ზრახვებიც ამოიცნოს და
ჩვენსას შეუთანაბროს. მე აღარავისი მჯერა! აღარავისი! თავად უნდა
წავიდე!- უეცრად მოსჭრა კახთ ბატონმა.
- აჰ! როგორ იქნება?! გაიოცა ბერმა, - ასე შორს? ასეთ სახიფათო
გზაზე? სრულიად უცნობ ქვეყანაში?! მერმე ერთი-ორი წლით მაინც?
არას გზით! - უკვე ძველებური სიმტკიცით ამეტყველდა, სიმკაცრეც კი
წამოეტოტა სათნოდ განდეგილს, - არც გაიფიქრო! კახთ რა მოუვათ

89
უშენობით, ნუთუ ამაზე არც გიფიქრია? ან რაღა საიდუმლოა, -
ქვეყნიდან მეფის ამდენი ხნით წასვლა? - ყოველი კითხვის შემდგომ
ოდნავ ხარვეზს აგდებდა ზოსიმე, პასუხს მოელოდა, მაგრამ
ალექსანდრე სდუმდა. ზოსიმემ კი იცოდა - მისი გაზრდილის დუმილი
თანხმობას არასოდეს არა ნიშნავდა. ცეცხლი ემატებდა ბერდიდს, ახალ
საბუთებს იმარჯვებდა.
- ან ხალხზე, ან ოჯახზე არ გიფიქრია? ვინ გითათბირა ასეთი რამ?
რომელმა მტერმა? ან მთასა, ან ირანსა და ოსმალოთ რა პასუხს აძლევ?
ან ტახტს ვის ანდობ? და ვინ იცის ჯერ - იქიდანაც რას ჩამოიტან? არას
გზით! დედის ნათელ სახელს გაფიცებ! არასგზით!
- მაშინ შენ უნდა წახვიდე! - უცბად გზა მოუჭრა ალექსანდრემ.
ბერი სახტად დარჩა. ბუნდად გრძნობდა, რაღაცას უმზადებდა მისი
გაზრდილი და ნამოწაფარი, მაგრამ ამას კი არ მოელოდა.
- მე?!
- დიახ, შენ, ზოსიმე ბერდიდი!
- მე… მწირი-განდეგილი… ცხოვრების მიღმისეული ბერი
გახლავართ, არ იქნების ესე! - ხმის ბორძიკით ძლივს ჩაათავა ზოსიმემ.
უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. ალექსანდრე კვლავ სდუმდა, მაგრამ
ზოსიმემ ახლა კი უმცდარად იცოდა ამ დუმილის მნიშვნელობა.
ერთი სანთელი ჩაიწვა და აპარპალდა. ნატისუსალის სუნი გავარდა
სენაკში. ბერმა ახალი მიუნთო და მიამაგრა. მერმე ღამურა
შემოპარპაშდა ღრჭიალით, მისი ოკრობოკრო ჩრდილი გადაევლო
კაცებსა და ხატებს, ღრჭიალითვე გაფრინდა ღამურა და ისევ სიჩუმე
ჩამოადგა სანთლებს. ზოსიმემ თავი ჩაღუნა და ყრუ ხმით განაგრძო:
- ხელი მიშვი ღვთის გულისათვის! საამქვეყნოსაკენ ნუღარ
მომაბრუნებ… ლოცვაში და ღვთის დიდებაში მწადს დავლიო
შემორჩენილი წუთსათვალავი! ყველაფერი შემიწირავს - ლოცვაღა
დამრჩენია!
- აბა რა სათქმელია… თორემა… შენზე მეტს ვწირავ… ორი მოწმე -
იქნებ მოწამე - აქ ქვევით მელოდება!
- ვინ? - ვეღარ მიუხვდა ფიქრშეშლილი ბერი.
- ხვალ დილით მოგვადგებიან, თავად ნახავ! - ალექსანდრეს ხიწვი
და ხრინწი შეეპარა ხმაში.
- ერთი რჩევაც მინდა გკითხო - ძველსაკითხავია, არახალი. რომელი
ირანს მივცე და რომელი ოსმალთ?.. ვარჩიოთ, ვილოცოთ… ან განზე
გავდგეთ… დავასკვნათ, რომ არ იქნების! მრავალი შეგვიწირავსო!
ზოსიმე მოიკრუნჩხა - ისევ მტკივნეულ ადგილს გაჰკრა ჭვანგი
ალექსანდრემ, არც უღვარძლოდ გაჰკრა, არც უსაბუთოდ. თავადაც
სტკიოდა და ახლა ტკივილის ძირში მოხვდა.
კახთ ბატონი კი განაგრძობდა:

90
- მე ვფიქრობ, ირანს გიორგი გავგზავნო - უფრო წლოვანია, უფრო
მტკიცე ჩანს, ვერც გაასპარსელებენ, სათამაშოდ ვერ გაიხდიან.
კონსტანტინე კი სტამბოლს გავცეთ, ვიდრე გაიზრდება - ვინძლო
სტამბოლის ძლიერებაც შეიზღუდოს იმავ რუსეთის ძალით, ან იქნებ
პირიქით სჯობდეს?! მითათბირე, გულცივად და მიუდგომლად ავწონ-
დავწონოთ. რა ვუყოთ, რომ ჩემი შვილებია! - ალექსანდრემ ისეთი
ყინვა ჩაიდო ხმაში, რომ ზოსიმეს გააჟრჟოლა.
- რაღა მე? განა მარტო ჩემთვის ვაძლევ ამ მძევლებს?! თუ მარტო მე
შემეხება, როგორც, ვთქვათ, აი შენი ლოცვა?! მე ნუ
გადამაწყვეტინებთ… მარტო მე! ყველაფერს მარტო მამას ნუ დაატეხთ
თავზე! განა მარტო ჩემია კახეთი? სხვამაც გადასწყვიტოს, მე კი კვერს
დავუკრავ, კვერს! მე გავიმეტე - ორი ერთად! ახლა თქვენ გადაწყვიტეთ
- რომელი რომელ თონეში ჩავაკრათ! - და რადგანაც ზოსიმე სულ
დადუმდა, ალექსანდრემ ისევ განაგრძო: - არის კიდევ ერთი გზა…
საშუალება… ბედს მივენდოთ… აი თუნდაც კენჭი ვყაროთ! აი
ბავშვობაში… იწილობიწილო! ხომ ახლაც ბავშვებს შეეხება?! აბა რა
ცოდვას ვეწიოთ?
ზოსიმემ იგრძნო, რომ ალექსანდრეს ნერწყვი გადასცდა სასულეში
და სუნთქვა შეეკრა. არც ზოსიმეს ადგა კარგი დღე. ვერც მას დაეძრა
ხმა… ან კი რა უნდა ეთქვა?!
ყველაფერ შველაზე უარით გაბოროტებული მამა არც თავის თავს
ინდობდა, არც მას, ოდესმე მის ზნეობრივ მასწავლებელსა და
მოძღვარს.
ალექსანდრემ თავი იბრუნა. ისევ ორი ხატი მოხვდა მისი მზერის
არეში:
- ზოსიმე ჩემო, მაჩუქე ეს ხატები… განა ჩემთვის - შვილებისათვის,
სამძევლოთათვის. ამ ხატძლიერებმა გაუწიონ მფარველობა - როგორც
წეღან დაგვლოცე… სხვა ორს გამოგიგზავნი, უფრო მდიდრულად
შემკულს.
- ინებე! შეეწიოთ ამათი მადლი!
ალექსანდრემ პირჯვარი ისახა და ხელი დაადო ორთავე ხატს.
- ღვთისმშობელი - საირანოა, წმიდა ნინო - სათურქო! ხატმა
გადასწყვიტოს, ხატმა! ხატის კენჭი!
- რას ჩადიხარ? მკრეხელობაა… მეფევ შვილო! ხატების გმობაა!
მწვალებლობა! - ახლა კი ძველებურად წამოიშოტა მკაცრი ბერი.
- ჰო, კარგი, კარგი! - უეცრად მოდრკა ალექსანდრე, - კი მაგრამ,
ვინმემ მირჩიეთ რამე? მეც ადამიანი ვარ, ბოლოს და ბოლოს… მამობას
თუ მიკრძალავთ, ადამიანობა მაინც შემარჩინეთ! - ალექსანდრე
წამოდგა და ჩაღვენთილი, მრუდედ ჩახრილი სანთელი ჩააქრო.

91
გარედან უკვე სინათლე შემოდიოდა. ისე დაათენდათ თავზე - არც
ერთს არ გაუგია.
- აი დაგვათენდა! სადაცაა მოვლენ! შენ მაინც, ბერ-მოძღვარო, არც
ერთზე გამცემ პასუხს, არც მეორეზე? საშველი კი არ არის! უნდა
გადავწყვიტო… იქნებ იქ წასვლამ მრევლობიდანაც გვიხსნას და
ერთიანობაც მოგვცეს? ჰა, იქნებ? - ალექსანდრემ ხელი ქეშად
გამოჩენილ კავკასიონისაკენ გაიშვირა და მერმე პირდაპირ,
გულდაგულ უთხრა ბერს: - შენ ოდესმე მაჯობე ზნეობაში და მეც
მოვდექ… ქედი მოვიდრიკე… ნებაზე დაგყევ! ახლა კი, ვგონებ,
შემიბრუნე ჭაპანუღელი, უკუღმა ვხნავთ. ზნეობისა და სიმართლის
ჭირნახული სადღა მოვიმკათ?!
ზოსიმე სდუმდა, მან გრძნობისა და გონების თვალით თითქმის
ნათლივ დაინახა მის წინაშე უჩვეულოდ ამაღლებულ ალექსანდრეს
შუბლის აღალმაზე წამების ნათელი შარავანდედი ედგა… ბერი კი
პილატესავით გამდგარი ხელს იბანდა და სდუმდა…
ამ დროს გარედან ბავშვის ხმა და კისკისი მოისმა.
- კოსტალა! - წამოიძახა ალექსანდრემ, - მოვიდნენ!
ზოსიმეს გულზე მოეშვა, მას აღარ შეეძლო მარტოდ ყოფნა
ალექსანდრესთან. ახლა საბაბიც მოეცა და უმალ გარეთ გავიდა,
მოსულთ შეეგება.
ქვაბულის ხაროში შემოსული ჯანდიერი შენიშნა. მას მხარზე შეესვა
აღმართში დაღლილი კონსტანტინე. ამ აჩუათი გახარებული ბალღი
ონავრობდა, ფეხებს დეზსაკრავად იქნევდა და მაღლა კისკისებდა. მათ
უკან მარჯვედ და ფეხაწყობით მოსდევდა გიორგი.
ზოსიმეს დანახვაზე ჯანდიერმა ბალღი მიწაზე ჩამოსვა და ქუდი
მოხადა, გიორგიც ასე მოიქცა.
ზოსიმემ აკურთხა მოსულნი, კოცნა დაუპირა, მაგრამ ალექსანდრე
როგორღაც გვერდულად დაწინაურდა და შვილებს მიაძახა:
- მამა ზოსიმემ საჩუქრები მოგართვათ… ორი ხატი… აბა ვინ
რომელს ირჩევს… ვინ რომელს? - ხატები სენაკის წინ ქვაზე აუყუდა
შვილებს და თავად ხმა გაიკმინდა.
„ხატმა გადასწყვიტოს! ხატის კენჭი!“ - შემზარავ ზუზუნად
გამოესმოდა ბერდიდს ალექსანდრეს გაკმენდა და გარინდება.
- ჩემია! რა კარგი ბიჭუნაა! - უმალ წამოიძახა კონსტანტინემ და
ღვთისმშობლის ხატს ხელი სტაცა.
გიორგის წმიდა ნინო დარჩა.
- მაცხოვარო… ყოვლად ძლიერო! - აღმოხდა ბერს და ბავშვებთან
ვეღარ მივიდა საკოცნელად. გამობრუნდა, სენაკში შეიხიზნა, უხატო
ქვაჯვართან დაეცა მუხლებზე.

92
მოგვიანებით, როდესაც ალექსანდრე, დავითი და ბავშვები სენაკში
შევიდნენ, ზოსიმე წამოდგა ლოცვიდან და როგორც ოდესმე,
მაყვლიანში, იმავ სიტყვებით, ვგონებ კილოთიც, ალექსანდრეს
მიჰმართა, თითქოს უკან დაუბრუნა ნათქვამი:
- იყავნ ნება შენი! იყავნ ნება შენი!

XII გულსამხილავი
რუსებს ფრიადზე ფრიად მოეწონათ კახეთი: „მიწა შესანიშნავი და
ნაყოფიერი, მაინც - მდინარე ალაზნის ველზე. ტყე ბევრი, მთა უფრო
მეტი. ჰავა საამურად ცხელ-ზომიერი და უმჯობესი. ყველაფერი
მოდის: პური და ბოსტნეული, მაინც ხილი - სახილავად უცნობი,
სათვალავად უანგარიშო. საქონელი უთვალავი. მაინც ცხვარი სავსე
მთვარისოდენა დუმებით. კიდევ ცხენ-ბედაურები - არგამაკები გრძელ
ფაფრიანნი. კიდევ საკვირველი სანახავი - შავი, ხარზე დიდი მუშა
რქოსანი. შესახედავად საზარელი, მაგრამ სრულიად უვნებელი, არც
იკბინება, არც ირქინება, არც წიხლი იცის. ბევრი აბრეშუმი და მატყლი,
მაგრამ ყველაზე მეტი ღვინო - წვენი ყურძნისა. სასმელად თაფლუჭზე
უმჯობესი და ვგონებ თვითნახად არაყზე უმაგრესი. და ღვინის გარეშე
არაფერი საქმე აქ არ იქნება, ხალხი ძველქრისტიანი, სტუმართმოყვარე
და მტერთმებრძოლი. უცხოდ მოცეკვავე, მოსიმღერე-მოსახიობე. იციან
ტყვეების ტაციაობა-შოვნა, ყიდვა-გამოსყიდვა და არ იციან ქურდობა.
ესეც საკვირველ არს!“ ასე აწერინებდა ზაზას დანილოვ-რუსინი
ელჩობის დავთარში შესატან მასალას. ზოგ რასმე, მაგალითად, კახეთის
„მთავარისა თუ ბატონის“ შესახებ, ან სხვა „არასავაჭრო“
ურთიერთობაზე აღმოსავლეთის ქვეყნებთან მხოლოდ იმახსოვრებდა.
ზაზას უკვე კახთ ბატონის მოხელედ სთვლიდა. თავად ასისთავი
წიგნს, თუმც ენაწეწკით, მაგრამ მაინც ჰფლობდა, მაგრამ წერა სულ არ
მოსდიოდა იარაღს ჩვეულ მკლავში. მდივან-მწერალი ათანასე დიაკი
კი შემახას ჰყავდა დატოვებული.
ხშირად მათე ნოგირინსაც ავალებდა ზოგ რაიმეს დამახსოვრებას,
მაგრამ მოხუცმა მებრძოლმა განსაკუთრებით ღვინის სიმრავლე და
ხასიათ დოვლათიანობა დაიმახსოვრა. იგი დილიდანვე გავიდოდა
ხოლმე ქულბაქების მისწვრივ - ღვინის რიგში. ჩამოჰყვებოდა მოკლულ
მებრძოლებივით დაგორებულ რუმბებსა და ტიკებს, თავს ბრძოლის
ველზე წარმოიდგენდა და პირველ გლეხსა და ტიკს ზაზასაგან ნასწავლ
ორიოდ ქართულ სიტყვას ჯიქურად მიაძახებდა:
- გამარდჟობ!.. როგორ გვინო? - ხელს დონდლო და ყაპყაპა ტიკის
პოლორჭიკს გადაუსვამდა.
- მოდი, რუსო, ჯერ ჭაშნიკი ნახე… დაილოცე!

93
- აა, ჩაშნიკ?! მოჟნო… მოჟნო! - გაიმეორებდა ქართულ
სიტყვამიკლებული მათე მოხუცი და ციდა ყანწს კბილებზე
დაიწრუტავდა. - იშ, ტი! - ულვაშებზე გადაისვამდა ხელს.
- იშტიანი სასმელია, ჰოდე! - დაეთანხმებოდა გლეხი.
- აბა ერთი ჩვენიც გასინჯე! - ახლა სხვა გამოუწვდიდა სასმისს. და,
მაშინ მტკავლიანი ყანწი მოდიოდა საჭაშნიკოდ და დასალოცად. შუა
რიგზე უკვე მაგრად შებრუჟული იყო ხოლმე.
რიგის ბოლოში კი, სადაც მეჭურჭლეების ჩიხი იწყებოდა,
ნამარნალზე, მაღლა წამოგდებული გატეხილი დიდი ქვევრი
დაითავხელა თავიდან… იმას მიუჯდებოდა და რუსულ სიმღერებს
ჩასძახებდა.
ჯერ ხალხი გროვდებოდა, ირგვლივ შემოადგებოდა… მერმე
მიეჩვივნენ მექულბაქენი, ამ ადგილს რუსის ქვევრი დაარქვეს. თუ
შეაგვიანდებოდა მათე რუსს შინ მობრუნება, აქ მოაკითხავდა მას
მამუკა, ზაზა, ან თავად დანილოვ-რუსინი.
- რაღა ამ „ვეშაპის ხახაში“ ჩამღერი?! რას ამოიჩემე?! - ეკითხებოდა
ასისთავი.
- რუსული სიმღერა აქ არავინ იცის… და აბა რა ვქნა? ამას კი, -
ქვევრის ხახაში ხელს ალერსიანად ჩაჰყოფდა, - ჩემზე უკეთ სცოდნია!
სწორედ სასწაულია! მოდი და ნუ დალევ, ან ნუ იმღერებ!
როდესაც რუსეთში წასვლის დრო მოახლოვდა, მათეს არაფრად ეამა
ეს გარემოება:
- ზაზაც აქ მრჩება და ეს ქვევრიც… მე სადღა უნდა წავიდე ბეხრეკი
და მარტოხელა?! - ხშირად ჩასძახებდა ხოლმე იგი თავის სიმღერის
ამფსონს და დარდს ისევ ღვინით იქარვებდა.
გრემში მუდმივ საცხოვრებლად დარჩენის არზის მირთმევაც კი
განიზრახა, მაგრამ დანილოვ-რუსინმა აუკრძალა - გაანდო ამბავი: -
ზაზაც ჩვენთან მოდის, კახ ელჩებს გამოჰყვება. რომ ჩამობრუნდება
უკან კახეთში, მერმე შენ იცი და შენმა გატეხილმა ქვევრმა! -
ღიმნარევად უჯავრდებოდა, გულის სიღრმეში კი სავსებით
ეთანხმებოდა მოხუცი კაზაკის ვარაუდს.
უკან გამობრუნების სამზადისი მოთავებული იყო. დანილოვ-
რუსინმა იცოდა, რომ კახთა ელჩიონი ფარულად უნდა გაჰყოლოდა
მას, მერმეც, ვიდრე აშთარხნამდე, ფარულად უნდა ეტარებინა.
ალექსანდრე მეფემ ყველაფერი გაუთვალისწინა. რუსები ძველი
ნაცნობების - ძმათა ბაცაცაისძეთა და ზაზა კახნიაურის თანხლებით
უნდა წასულიყვნენ ძეგამს. იქ საზღვარზე მათ შეუერთდებოდნენ
ყურშიტა ჩერქეზი, ბერძენი ბერი; საბა მდივანი, ერთი ნასომხარი კახი
სოვდაგარი და კიდევ ერთი ვიღაც, რომლის არც ვინაობა და არც
დანიშნულება მეფეს არ გაუმხელია. აქვე კახეთის საზღვარზე რუს

94
ვაჭართა და მხედართა სამოსი უნდა ჩაეცვათ კახთა, მაგრამ უფრო
სარწმუნო და უშიშარი რომ ყოფილიყო გზა, ალექსანდრემ
დაწვრილებით განუმარტა რუსთ გზადაგზა მძევლების გამოყვანის
ძველი წესი და ერთობ დასაჩუქრებულნი დაითხოვა.
მოულოდნელად გართულდა ზაზას საქმე. მამუკამ გაითვალისწინა
თავისი შვილის მოსკოვს გამგზავრების მნიშვნელობა, საერთოდაც და
კერძოდ თვით მოზარდ მწიგნობრისათვისაც, და მამის გული გაიყუჩა.
მაგრამ სათინომ თავი ქვას ახალა და ცივ უარზე დადგა.
ყური არავის უგდო, ისევ გადმოიბრუნა კაბა, მარიამ დედოფალს
ეახლა, ფეხებში ჩაუვარდა:
- სად გაგონილა? დედას ძლივს ნაპოვნ შვილს ისევ მართმევენ და
სადღაც ყინულეთში გზავნიან?! ისევ ლეკობაა?! შენი მუხლების
ჭირიმე… შველა მომეც - დედა ხარ… შვილის დარდი და ყადრი იცი!
მარიამ დედოფალს ესღა აკლდა, თვალცრემლიანი მიუვიდა
ალექსანდრეს.
კახთ ბატონი უსმენდა მეუღლეს და სულ სხვა ფიქრებში იყო
გართული. ბოლოს წყნარად მიუგო:
- ზაზა კი დაუბრუნდება დედ-მამას, მაგრამ აი, ჩვენი შვილები თუ
წავიდნენ ირან-თურქეთს, ვინღა იცის, დაგვიბრუნდებიან კია… ან
როგორ დაგვიბრუნდებიან?! ილოცე, რომ კეთილად მოიმგზავრონ
ზაზამ და სხვებმაც… კეთილი ამბავიც მოგვიტანონ.
მარიამ დედა სულ არია ასეთმა პასუხმა, ელდა ეცა. ირან-თურქების
ელჩების კახეთს ყოფნა მანაც იცოდა. დანარჩენს კი უმალავდა მეუღლე.
დედის ალღომ გააბა და ჩააქუფრა ელდანაცემი ფიქრი, მაგრამ
ალექსანდრემ ისევ მიუფადილა სათქმელი:
- დაწყნარდი… ვაჟები დასანიშნად მომიმზადე, მოკლე ხანში
ვარიგებ საქმეს. იმ დედაკაცს კი უთხარ - ზაზას ბედს ბატონიშვილები
შენატრიან-თქო! სიყვარულიც ბრძნული უნდა, უგნური სიყვარული
არც დედას არ ეპატიება-თქო! ტყვეობაში ან მძევლობაში ხომ არ
მიდის?! ჩვენ შვილობილად მიდის, სადაც ჯერ არს, მაღალ და
ქრისტიანულ სწავლის მისაღებად, თავისი დედ-მამისა და ქვეყნის
სასახელოდ! შეაგნებინე… ასე უთხრა, მაშინ დამძრახოს!
ამან დააწყნარა და გარდაუვალ ბედს შეარიგა მარიამ დედაცა და
სათინოც.
მაგრამ კიდევ იყო ერთი სულიერ-ხორციელი, რომელიც არას გზით
არ იყო თანახმა ზაზას წასვლისა. მართალია, მას არავინ არც
ეკითხებოდა, და იქნება არც საკითხავი იყო, მაგრამ იგი შეურიგებლად
წინააღმდეგი იყო მაინც. ეს იყო ხალიანა.
- რა მოგდის, გოგო? - ეკითხებოდა მას დედა, - რა სულ ტუჩებს
იკვნეტავ და თითქოს გეტირება?!

95
- არაფერი, - და უმალ გაერიდებოდა თვალთაგან.
ხალიანა იმ ასაკში იყო, როდესაც გოგონა ქალწულობაში გადადის.
ყველა ძირეულ ალღოთა შორის, ვგონებ, ყველაზე უფრო სიყვარულის
ალღო იწყებს ღვივილს და ყველაფერს თავისებურ ნიშატს ადებს.
წლევანდელ გაზაფხულზევე ხალიანას ყველაფერი გაზვიადებულად,
გრძნობაში გაცრილად ელანდებოდა. უფრო სხვანაირი
მიმზიდველობით ჰყვავილობდნენ ბლები და ალუბლები… იასამანმაც
ჩოფურა და გულღიაღა ყვავილწვრილში უჩვეულოდ ამტაცი და
მიმბნედნი სურნელი დაიკმია. სამაისო და საზაფხულო ვარდები სულ
სხვა ნაირ-ფერშენაცვლებით კოკრდებოდნენ, იკვერცხებოდნენ და
იბადრებოდნენ. ყანებშიაც ჯეჯილ-თავთავი რომ წამოიზარდა, ისეთი
სასაცილო ფხა მოიკიდა, აი ტანწამოყრილ ბიჭებს რომ ამოუვათ ხოლმე
ჭორფლიან სახეზე პირველღინღლად. ხალიანა შეკურდღლავებულ
ჯეჯილს ხელს რომ გადაუსვამდა, სულ უმიზეზოდ ალმურივით
ამოეკიდებოდა ფერი და ხიცინ-სიცილი. ტოლ გოგონებში თამამი იყო
და ხუმრობის ამტანი, ყმაწვილებთან კი ჩუმი, მაგრამ ყურადღებიანი.
უცხო, მასზე უფროსი ჭაბუკი თუ დაუწყებდა საუბარს, ჯერ სიწითლე
იცოდა, მერმე წარბების შეკვრა. ხოლო როდესაც შეამჩნია, ჭაბუკები
აკიაფებულ თვალებს აყოლებდნენ, არჩევდნენ კიდევაც სხვა
გოგონებში, გაკვირვებისა და სიამის ლამაზი ფოსო გაუჩნდებოდა
მარცხენა ლოყაზე, მაგრამ არ იმჩნევდა, ტუჩის თვითნებური აბუტვაც
კი ისწავლა. მაგრამ ეს ზაზას მობრუნებამდე იყო. ხოლო ზაზას
გამოჩენისთანავე სულ გამოიცვალა ხალიანა. თითქოს ხილვისა და
ოცნების უეცარი სამყარო გადაეშალა თვალწინ. ჯერ ერთი და უმალ
იცნო. ბავშვობიდან ჩარჩენილი ზაზას სახე და ჩვილოცნება
ქალწულობაშიაც შეუმჩნევლად შეყოლოდა და პირველშეყრისთანავე
ზაზა ისეთ ახლობლად, ისეთ მიმზიდველად და სანდომად მოევლინა,
რომ გული მისტაცა. აქამდე უცნობმა ძალამ წაუბიძგა და როდესაც
გონს მოვიდა, თავისი თავი ზაზას ყელზე ხელმოხვეული და უფრო
მეტიც - ტუჩზე ნაკოცნი დაიჭირა.
შემკრთალმა და სახეალეწილმა ხელი უშვა. მერმე კი ხალხის
ტალღამ ანაზდად მოსწყვიტა და შეიხიზნა, როგორც ალაზნის დინებას,
მიჰყვებოდა ხალიანა ხალხის ტალღას და აფორიაქებულ გრძნობაში
ვერ გარკვეულიყო. უსაზღვრო, აღტაცებულ სიხარულის გარდა, ერთი
კიდევ უგრძნო ჯერ გულმა, მერმე ტუჩმა… ლორთქო თავთავის ფხის
შეხების გრძნობამ ხელი დარია… ეს იყო მისი უკანასკნელი ბავშვური
კოცნა… ამ კოცნის მიღმა რაღაც სხვა მწარ-ტკბილი სამყარო
იწყებოდა… ბავშვური კოცნის იქითა სამყარო.
შემდგომ განცვიფრებულმა კდემამ და მორცხვობამ დარია ხელი.
ტუჩების აბუტვა ფარულ შეღიმებად შეეცვალა. მისი ცვლილებისათვის

96
არავის არ მიუქცევია ყურადღება, ხოლო საოცრად რომ გალამაზდა და
რაღაც იდუმალი შუქით თითქოს შიგნიდან გაბრწყინდა, მაშინ კი
ყველამ უნებლიეთ შეამჩნია, ხოლო ყველაზე ადრე მაინც არა დედამ
შეამჩნია, არამედ მამამ.
„ახალი სადარდებელი გამიჩნდა… ქალისათვის სილამაზე
ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია!“ - თავისთვის ფიქრობდა მამა
და ქალაქელ ბიჭებს უკვე სასიმამროს თვალით უჭვრეტდა.
მანასე დოსტაქარი კარგა ხანია თავისიანებს - ქიტა ბიჭსა და
ხალიანასაც სააქიმო საქმეებში იშველიებდა. არჩევდა, სწურთნიდა.
შაკიკისა თუ სურავანდის აბების, ყვიცისა თუ ყვავილის შრატების,
დამზრალისა და საწერელის მალამოთა საიდუმლო ქიტა ბიჭს უნდა
მიეღო და განეგრძო მემკვიდრეობით, მაგრამ ხალიანა მეტ
მუყაითობასა და დამჯერობას იჩენდა. ვერავინ ვერ აკეთებდა ასე
სუფთად, ხელფაქიზად და ზედმიწევნით მოსაზელ თუ დასანაყ
წამლებსა და მალამოებს. ფერ-უმარილის კეთებაში ხომ ბადალი არა
ჰყავდა. მალე ბედნიერ ხელის სახელიც გაუვარდა. ასე რომ, მანასეს
ხშირად შეეხვეწებოდნენ ხოლმე სნეულები ან მათი ჭირისუფალნი:
- ი შენ ლამაზ გოგონას ბედნიერ ხელით გამოგვიგზავნე, გეთაყვა!
ანგელოზივით შემოანათებს ხოლმე ავადმყოფთან, ნუგეში შემოაქვს,
ბედნიერად გიტაროს ზეციერმა!!
ზაზას დაბრუნების შემდგომ წამლების კეთებას უკლო ხალიანამ,
ფერ-უმარილის კეთებას უმატა. აბა თავად კი რად სჭიროდა
შავთვალწარბას, ლოყაწითელასა და ხალიანსა, მაგრამ ქალური გუმანი
მაინც აქეთ ეწეოდა. ამ მათთვის უცნობ გარემოების შედეგი ფრიად
ახარებდა დედის მუშტრებს, გრემელ კოპწიებს, მოლამაზე
გასათხოვრებსა თუ ხანდაზმულ, მაგრამ სიბერის მებრძოლ
დედაკაცებს.
მანასე წინააღმდეგი იყო ყოველგვარ ფერ-უმარილისა და
სახეთოლვისა.
- ეს ჩემი საქმე არ არის… დაე ჩამჩი არაბმა აკეთოს და ივაჭრუკანოს,
მე კი გულზე ჯანის საქმე დამიწერია!
ამიტომ მისი ცოლი დარო, ოჯახში ხელის მოსამართავად, ხშირად
ქმრისაგან ჩუმად ამზადებდა ხოლმე „სილამაზის ნელსაცხებლებს“.
ხალიანასაც იხმარებდა.
- იჰ, რა იციან მამაკაცებმა ფულის ყაირათ-ყუათი! ლამაზ ქალის
ნელსაცხებელი, იცოცხლე, უფრო სარფაა, ვიდრე ხეიბრების
სისხლისმაწოვარი კოტოშები. ქა! ჩამჩი არაბის შემხედვარე რად უნდა
დარჩნენ გრემელი ქალბატონები? თანაც არც ჩვენ გვაწყენს მათი ფული,
ლუკმა გავარდეს - ჯამში ჩავარდეს!

97
…და ბოლოს დარომ მაინც თავისი გაიტანა, მანასე აღარ ერეოდა
„ქალების თხიპნაში“.
ხშირად, სულ ხშირად ხვდებოდნენ ზაზა და ხალიანა ურთიერთს.
მათი მეზობლობა და ოჯახების მეგობრობა მათ ხელახალ დაახლოებას
შესაფერ გარემოებას უქმნიდა. მათ ერთად ყოფნასა და ჩუმ კურკურს
ისე მიეჩვივნენ, რომ სრულიად ბუნებრივად სთვლიდნენ და გუმანში
ქალ-ვაჟის მშობლები უსიტყვოდ უთანაგრძნობდნენ. ესღა იყო
ჯერჯერობით, უსიტყვოდავე ნაადრევად მიაჩნდათ მათი ქალ-ვაჟად
ჩათვლა. უბანში გაჭორვასაც ერიდებოდნენ. სათინო და დარო
ფხიზლად, მაგრამ ურთიერთში უთქმელად, თვალს ადევნებდნენ, რომ
ახალ მოღერებულ მიმინოს დროზე ადრე არ გაეტაცნა შეკრიახებული
ვარიკა. თავად მოზარდებიც მეგობრობასა, მაგრამ მოკრძალებასაც
იჩენდნენ ურთიერთის მიმართ.
ხალიანა ზაზას დანახვაზე აენთებოდა, მერმე უეცრად ჩაქრებოდა,
გაინაბებოდა. სმენად და ყურადღებად იქცეოდა. ხოლო მარცხენა
ლოყის ფოსო ბოლომდე შერჩებოდა სახეზე.
ზაზა კი პირიქით - თავიდან ვერც შეამჩნევდა გოგონას ულოდნელ
ანთებას, მიხვედრის გარეშე რჩებოდა მისი განაბვაც… ლოყის ფოსოს
კი გაკრავდა თვალსა და შუა თხრობაში ენა შეუბორძიკდებოდა, ხოლო
შემდგომ კი პირიქით, მეტ ცეცხლსა და გულისხმიერებას იჩენდა
საუბარსა თუ ქცევაში.
ეს ისე, თავისთავად გამოსდიოდა, აკვირვებდა კიდევაც
გულშემთბარსა და თვალებშეცხოველებულს. ორთავენი უზადო,
ახალშებუთქულ ტრფობის ბაღში ღაღანებდნენ, იმ განსხვავებით, რომ
ქალწულს უყვარდა და იცოდა ეს გარემოება, ხოლო ჭაბუკს უყვარდა
და ჯერ კი არ იცოდა დანამდვილებით.
ხშირად ნამეცადინევს შემოუსხდებოდნენ ხოლმე მსმენელნი
„ნალეკარსა და ნარუსალ“ ყმაწვილს. იგიც უამბობდა თავგადასავალსა
და უცხოურ ამბებს. უთარგმნიდა მათე რუსის ლაპარაკს. ბეჯითად
უსმენდნენ შინაურ-მეზობელნი და თანატოლ-სტუმარნი, ბოლოს
ყველანი შემოეცლებოდნენ, მხოლოდ ხალიანა შერჩებოდა. მაშინ
მეათეჯერ უამბობდა უკვე ნათხრობსა და ამბავი უფრო ლამაზი და
ვაჟკაცური გამოსდიოდა.
მათე რუსს არ დარჩენია შეუმჩნეველი ზაზა-ხალიანას
კეკლუცმალულობა. და როდესაც შეასწრებდა ზაზას უფრო
აჟღერებულ სიტყვასა და ხელების ფარჩხვას, უმალ ჩაურუსულებდა:
- აქეთ მომხედე… ყვინჩილ-ბიჭო, არ აგატრაბახოს მაგ გოგონამ! აი
მითქვამს, ორი მამა გყავს და არც ერთს არ უყვარს ტყუილი და
ტრაბახი!

98
უმალ იბნეოდა ორი მამის შვილი. თავს უკვირდებოდა, დიდხანს ვერ
დაიჭირა თავისი „ტყუილი და ტრაბახი“ და ბოლოს მიხვდა, მამობილი
მართალი იყო. რასაც ყვებოდა, ყველაფერი მართლაც გადახდა,
მართლაც ნახა და განიცადა ზაზამ, მაგრამ ხალიანასათვის თხრობისას
ეს ჩვეულებრივი ამბები უჩვეულონი, თავმომწონენი ხდებოდნენ.
მაშინ სხვა საქციელსაც ჩაუკვირდა. თურმე მუდამ
ფიქრმიბორკილად ახსოვდა ხალიანა. მეცადინეობისა, თხრობისა თუ
ლაღობის დროს - განურჩევლად. შეკრთა ზაზა. ცოტა შეეშინდა
კიდევაც: „როგორ? რატომ?“ მაგრამ რაც უფრო მეტი ხანი გადიოდა და
ზაზას წასვლის დროც ახლოვდებოდა, ხალიანაზე ფიქრი არამცთუ ვერ
მოიშორა, არამედ უფრო მოეძალა, ვგონებ მისი სურვილის გარეშეც…
და მერმე ყველაფერს დაეტყო ეს მოძალება. სრულიად ახლებურად
აჟღერდა ნივთი თუ წიგნი. „ვეფხისტყაოსნის“ ყოველ ბოლოკიდურს
ხალიანა უჯდა თუ მზიურ სხივებში თინათინობდა… ყოველ სიზმრის
თავში - იგივ ხალიანა ჩამოუფენდა შავღაბუა ქუთუთოებს… ყოველი
ახალი და კარგი „ხილთა“ თუ „ანბანთქება“ ისევ და ისევ
ხალიანასათვის ჰქონდა და სურდა. ახლად გადაწერილ, წასაღებ
„სიტყვის კონის“ შემოწმების დროსაც მიმსგავსებულ სიტყვებში
ხალიანას სახე ებორკებოდა. განსაკუთრებით „კონის“ ბოლოში გაოცდა
გამოუცდელი ტრფიალი.
„ხალასად ნაკერი - ოქრომკედით, ხელნატიფრად, სუფთად ნაკერი.
ხალბადე - სამპირი ბადე.
ხალი - პირსახის შავი წინწკლი.
ხალისი - ნდომა - სურვილი, საამო და გულღია“.
ისევ ხმამაღლა ჩაიკითხა და თავი რომ ასწია, მის წინ ხალიანა
იდგა… მაგრამ არა ის - ფიქრებში ჩამჯდარი, უსხეულო ხალიანა,
არამედ ცოცხალი, ლოყებშეფერილი და თვალმინაბული. ისიც შეამჩნია
ზაზამ - თვალებში ცრემლმა გადურბინა ხალიანას.
- როდის მიხვალთ?
- ხვალ… - მოკლედ მიუგო და ხელი გაუწოდა, - იცი, გოგო, აქ შენზე
სწერია, ნახე? აბა ნახე? აქ ყველაფერი შენზე სწერია… ყველაფერი! -
სიტყვები ისევ ჩაუკითხა, მაგრამ ხალიანასათვის ეს სიტყვები სულ
ფუჭად ჟღერდნენ. იგი ზაზას ნათქვამს ფიქრშერეულად იმეორებდა:
- ხვალ?! აქ ყველაფერი ჩემზე სწერია? მაჩვენე, მე თავად ვნახავ! - იგი
თავის გულსაპასუხო სიტყვებს დაეძებდა… წიგნი გადაფურცლა და
იქვე სულ ახლოს იპოვნა:
- ხვალ - დღეის შემდეგ… - იმედგაცრუებულად წამოიძახა, ზაზას
ცხარედ შეხედა, მერმე ისევ ჩაღუნა თავი და ჩუმი მუდარით შეეკითხა:
- მე რას დამიტოვებ. … ჩამოსვლამდე?

99
ზაზამ აქაც ვერ გაიგო, სიტყვას გულისხმობდა ქალწული თუ
სამახსოვრო ნივთს.
- ხილთა ქებას! - თავისდა უნებურად წამოიძახა, მცირე ქაღალდი
აიღო და ატაცებულ, თუმცა მაინც ლამაზ ხელით, თავისთვის
მოულოდნელად დაწერა:
ხალ-მაყვალმა ჩათვალულმა
გრძნობა დამიალიანა…
ფიქრი გამიძალიანა…
თვალი დამიღალიანა…
ენა დამილალიანა…
გული დამიხალიანა…
ერთი ამოსუნთქვით ჩაუკითხა უცაბედი გულსამხილავი და სუნთქვა
შეეკრა. თითქოს ახლა ამოიცნო თავისი თავი და გრძნობა.
ახლა კი სულ სხვაგვარად, უკვე საცნაურად აჟღერდნენ „კონისა“ და
„ქების“ სიტყვები. მოიზიდა სულ ახლოს, ჩათვალულ მაყვლებში
ჩახედა გოგოს და ნამდვილად ახალი სამყარო აღმოაჩინა. კრძალვის
ფიქრზე უსწრაფესად პეპელას შეხების გრძნობამ გადაურბინა პირზე
და ზაზამ აღელვებული ტუჩები ხალიანას ბაგეებს შეახო. რაღაც
უსაზღვროდ თბილი და სანდომი დახვდა, ბაგეები ჩაუმძიმდა და
ჩაუსუსხა… არა, ეს ღაბუა პეპელას შემოფრენა როდიღა იყო.
ვეღარც თავი ააცალა და „კონიანი“ ხელიც გაექცა, თავად მოეკონა
ხალიანას წელს. ნაწნავების შეხებამ ხომ სულ გააგდებინა ხელიდან
„კონა“. ახლა აღარც სიტყვა იყო და აღარც ფიქრი… მაგრამ ხალიანა
გამოუსხლტა ხელიდან, თავი ჩაუხარა, ორთავ თვალი ამოუკოცნა და
გარეთ გავარდა.
აზრზე რომ მოვიდა ზაზა, ოთახში აღარავინ იყო, მაგრამ ჰაერში მზის
ათინათთან ერთად თითქოს ხალიანას უხილავი სხივ-სურნელი
ბორიალობდა. ხოლო ფეხქვეშ, მრუდედ ნაკეც-ნაფურცლი „სიტყვის
კონა“ ეგდო. გულსამხილავი „ხილთა ქება“ კი არსად ჩანდა.
მეორე დღეს, ზაზას გამგზავრებისას, ყველა მისმა ნათესავმა,
მოყვარემ თუ კეთილის მსურველმა მოიყარეს თავი. გზა დაულოცეს.
იყო ცრემლი და გამხნევება, შესახელება და ნუგეში, ჯვარის სახვა და
პირზე კოცნა. ხალიანა კი არსად ჩანდა. ისე წავიდა ზაზა, აღარც
უნახავს იგი. ვეღარც იკითხა, მხოლოდ ცხენზე რომ ჯდებოდა,
უმცროსმა ძმამ, რვა წლის სიაუშმა, რაღაც მცირე ნაკონი ხელმოფარვით
გადასცა ზაზას.
- ეს ხალიანამ გაჩუქა… თან ატარეო! - ჩუმად ყურში უჩურჩულა და,
ალბათ ამბის წასაღებად, სადღაც ეზოს მიღმა ბოსტნებისაკენ გაიქცა.

XIII ჩრდილოს გზა

100
ნაგიორგობევს გაემგზავრნენ გრემიდან ეგნატე დანილოვ-რუსინი,
მათე ნოგირინი, ზაზა და ძმანი ბაცაცაისძენი: ფიდო საზღვრამდე უნდა
გაყოლოდა მათ, თედო კი ელჩიონს მიჰყვებოდა მოსკოვს.
მათვე მიჰყვებოდა გრემელი სოვდაგარი - სარგის სომხიშვილი,
თარსა-გალავნის პატრონის უმცროსი ძმა. მას აშთარხანს ნიმუშად
მიჰქონდა კახური აბრეშუმის პირველი საპალნე.
ძეგამს მათ დავით ჯანდიერი წამოეწია. მას ახლდნენ: კირილე
ბერძენი ბერი, ყურშიტა ჩერქეზი, ჯაბა ოსტატი და ხუთიოდ
მხლებელი თუ მესაჩუქრე. ცხენ-ქარავანი გაწყობილი იყო გზის
ნუზლითა და მოსკოვს მისართმევი საჩუქრებით. ბაზიერთ წყვილ-
წყვილად ეჯდათ ხელზე ნაწურთნი და ნაზამთრალი კაპუეტ-
შევარდნები. სანობათო ბედაურებსა და სამგზავრო ცხენებს
აფრთხობდა გალიაკში ჩასმული ჯიქის ორი ბოკვერის ღნავილი.
ელჩიონი მზად იყო, ხალხითა და ცხენ-საპალნით გასრულებული.
გზაზე დამდგარი. პირველელჩი კი არსად ჩანდა.
- სად არის? - ზაზასა ან ყურშიტას საშუალებით ეკითხებოდა
ჯანდიერს დანილოვ-რუსინი.
- მოვა! თქვენ ჯერ შემახიდან გამოიწვიეთ თქვენი ბადრაგი, რუსული
სამოსიც მოატანინეთ.
ასისთავიც ასე მოიქცა - მათე ნოგირინი და თედო ბაცაიცაისძე
დააწინაურა.
ერთი კვირის ლოდინის შემდეგ დავითმა აცნობა რუსინს, რომ მას
შეუძლია ძეგამიდან საზღვრისაკენ დაძვრა.
ბაზარ-ქალაქს რომ გასცდნენ, კვლავ ჯანდიერი დახვდათ და წინ
წაუძღვათ. ერთ ადგილას ტყიანზე გადაიყვანა და სვლას უმატა. სულ
მალე მარტოხელა მგზავრს წამოეწივნენ. სახეშებურული მოხუცი
ნასუქალ, კეთილმავალ ჯორ-ცხენაზე იჯდა.
დავითმა მდაბალი სალამი სცა და რუსინი წარუდგინა, თავად კი
უკან ჩამორჩენილ კახთ ელჩიონს მოუბრუნდა, ხმადაბლად შეაგონა:
- პირველელჩი იოაკიმე ბერძენ მოძღვრის სახელით მობრძანდება…
ეს საიდუმლო მხოლოდ კახთ ელჩიონმა უნდა იცოდეს… სხვამ არამც!
ზაზავ, შენ ყველაზე უმცროსი ხარ!
ჭაბუკმა ვერაფერი ვერ გაიგო, მაგრამ პირველელჩს რომ
მიუახლოვდა, განცვიფრდა - ზოსიმე მოძღვართ მოძღვარი იცნო.
სხვა კახთაც დიდად გაუკვირდათ და ეამათ ბერდიდის ამგზავრება.
საზღვარზე შემობრუნებული მათე ნოგირინი რუსთ ბადრაგითურთ
დახვდათ. სახე აქვე იცვალეს კახელებმა. ქართული ტანსაცმელი
გაიხადეს და რუსული ვაჭრული კაფტანები ან მხედრული სამოსი
ჩაიცვეს, ბერები კი, მიუხედავად საკმაოდ შემთბარ გაზაფხულის
დღისა, ბეწვის გრძელ ქურქებში შეიბურნენ.

101
მაღალტანად ზოსიმეს დაშვენდა ქურქი, მაგრამ კირილე ბერძენი
ბერი დაბალი ტანისა და მსუქანი იყო, ახლა კი სულ დააჯუჯა და
დაამრგვალა ბეწვეულმა. ენამახვილმა თედო ბაცაცაისძემ ზოსიმეს
შესადარისად მას უჩუმად ბერპაწაწა უწოდა.
ზედ საზღვარზე, ჩალიანში ჩადუდუნე ნაკადულთან, დავით
ჯანდიერი ტკბილად დაემშვიდობა, კეთილ მგზავრობა უსურვა
სახეცვლილ ელჩიონსა და რუს სტუმრებს.
ზაზა ბოლოში მისდევდა რუს-ქართველთა ქარავანს. სამშობლო მას
მეორეჯერ რჩებოდა ზურგს უკან. ხელი ჩვეულად ისევ უბისაკენ
წაიღო. უნებურად გაეღიმა, მოაგონდა, ამჯერად ხატოვნად და
შემკულად გადაწერილი „სიტყვის კონა“ უბეში როდიღა ჩაეტეოდა. იგი
ელჩიონის გვაბანაკში იყო საიმედოდ ჩაფუთული. ხოლო უბეში კი
ძეწკვზე დედის ჯვარის გარდა ახლა ხალიანას ნაჩუქარი თილისმაც
ჰქონდა ჩამობმული. ალმასივით ბრწყინავდა მცირე გიშრის თვალში
ჩასმული ხალინას მიერვე ბავშვობაში მოცვლილი პირველი კბილი.
სწორედ ეს გულუბრყვილო, მაგრამ ფაქიზი საჩუქარი სიაუშის ხელით
გამოუგზავნა ზაზას მისმა კდემამოსილმა სატრფომ. არც „ყინულეთის
ქვეყნის“ გარემოება გამორჩენოდა დოსტაქრის ასულს, მოყინულობისა
და დამწვის უებარი, თურმანაული მალამოც ბლომად გაატანა კბილის
ავგაროზთან ერთად.
რუს ვაჭრებს განჯა, ბაქო, შირვანი მოევლოთ, აბრეშუმის
მოზრდილი ქარავანი დაეტვირთათ და კახ „ვაჭრების“ მოსვლისთანავე
გაუდგნენ დარუბანდის გზას. სიფრთხილითა და სვენებ-სვენებით
ვიდოდნენ. კავკასიონს აღმოსავლით შემოუარეს და „რკინის კარში“
გასვლის შემდგომ გული შედარებით მოიმშვიდეს, უფრო ხალვათად
ამოისუნთქეს.
ამ ვიწრო ყელში განსაკუთრებით საშიში და სახიფათო იყო თურქ
მეციხოვნეთა და ადგილობრივ მაჰმადიან ტომთა მოძალება. ახლა კი
ზღვისპირზე გასულთ, დარუბანდის მახლობლად ან სამურის
შესართავში, რუსთ ხომალდების ჩამოღწევის იმედი ჰქონდათ. სამგზის
სამ სხვადასხვა სავალით გაგზავნეს სუნჯის ნაციხარში შეიარაღებული
მაცნე ჯგუფები. ხომალდები დაიბარეს. თავად დარუბანდ-ქალაქის
მახლობლად დაბანაკდნენ. სანგრები შემოიგარსეს. ხომალდებს აქ
დაელოდნენ.
თვალფხიზლად დარაჯობდნენ მისავლებს. ღამ-ღამ საეჭვო ლანდები
შეპარვით უვლიდნენ ირგვლივეთს.
დარუბანდის ფაშამ საჩუქრები და მამულზე გავლის ჭარბი ბაჟი
მოსთხოვა რუსთ ვაჭრებს. საქონლის შემოწმება-გაჩხრეკისა და
მოქარავნეთა ვინაობის მოკვლევაც მოითხოვა.

102
ასისთავმა და სოვდაგრებმა მოითათბირეს. მობადრაგე კაზაკებს
სარგებელი და დღიური სარჩო მოუმატეს, ხოლო დარუბანდელს უარი
შეუთვალეს.
შეტაკება მოუხდათ კიდევაც, მაგრამ ერთსულოვანმა შებრძოლებამ,
მაინც ცეცხლსასროლი იარაღის ძალამა და ჭრამ უმალ გააბრუნა ბაჟისა
და რბევის სულწასული მსურველი.
თუმცა ყველამ იცოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ბედად რუსთ ხომალდებმა მოუსწრეს. ელჩ-ვაჭრები ხომალდებში
ჩასხდნენ. იქვე ჩატვირთეს სამოსკოვო საჩუქრები, აბრეშუმი თუ სხვა
ფასოვანი საქონელი. ხოლო ცხენები და ნაწილი მობადრაგეთა, უკვე
ხალვათად და ცხენმსუბუქად, ხმელეთით წავიდნენ. ზღვას,
შეძლებისდაგვარად, ნაპირ-ნაპირ გაჰყვნენ.
ასე ზღვითა და ხმელეთით - ორფად აიარეს კაიტაგ-ბუინაკი და
ტარკას მიადგნენ.
ზაზამ გარკვევით დაინახა მთის მაღალი ზეკარი, საიდანაც მან
ოდესმე ტყვეობიდან გამოქცევის დროს პირველად იხილა ზღვა. ახლა
კი იგი ამავ ზღვიდან შესცქეროდა მთასა და საერთოდ ხმელეთს. „არც
მაშინ უნდა გამტეხოდა გული და ალბათ არც ახლა მმართებს
გულზვიადად ყოფნა!“ - ზღვისა და ხმელეთის მოვლა გამოცდილების
ნაშრევს სტოვებდა ახალგაზრდის გუმან-გუნებაში.
თედო ბაცაცაისძემ შორიდან დაანახა კახთ ელჩიონს შამხლის ციხე-
სასახლე - „კრაზანების ბუდე“, სადაც იგი ყაფლან ვაჩნაძეს ახლდა.
ზოსიმემ დიდხანს ზვერა ქართლ-კახეთში ფარულ ბაცაცებად
მოთარეშე მთიულთა დასაფრენი დედო-ბუდე. გულს უწვავდა იმის
შეგნება, რომ ამ მრავალენოვან მთის ქვეყანაში სულ მესამე-მეოთხე
თაობა თუ იყო ქრისტიანობადაკარგული, მიძალებით
გამაჰმადიანებული, აწ უვერაგეს მტრად გადაქცეული ოდესმე თავის
განმანათლებელთა და ტომობით ყველაზე ახლო ნათესავთა მიმართ,
ქართველთათვისაც ახლა უნებურად გასაწირი და თავსატეხი.
ზოსიმემ სახე იბრუნა. მოღლილი ჩანდა. წელთა სიმრავლესაც
გაჰქონდა თავისი და ოდესმე ზღვაზე ნამგზავრს ჭავლის ჩვევა
სრულიად დაჰკარგოდა. ბორბალოს მყარ კლდეს მიჩვეული ძლივს
იტანდა მუდამ ტაატში და რყევაში მყოფ მცირე ხომალდის სვლას.
მაგრამ მწიგნობრობას არც დაღლა, არც უჩვეულო გარემოში ყოფნა
არ უშლიდა ხელს. ზოსიმე მისთვის ახალ რუსულ სიტყვათა
განმარტებებს აწერინებდა ზაზას.
„სტრუგ - რუსთ ხომალდი, ბრტყელძირა და მრავალნიჩაბა, გააჩნია
აფრაცა და გრძელი ჭაპანიც, ესე ხმელეთიდან სატარებლად“.
ბერდიდის წლოვანებისათვის უჩვეულო სიბეჯითით და
წარმატებით მიჰყო ხელი რუსულის შესწავლას, გრემს გადაწერილი

103
„კონას“ რუსული სიტყვები ჯერ კიდევ ბორბალოს ქვაბულ-სენაკშივე
შეითვისა და გაისრულა. შემახაში მოსვლისთანავე რუს დიაკ-მწერალს
შეუთანხმდა და რუსული ენის გატეხასა და სწორ გამოთქმას დაეწაფა.
ზაზასა და ყურშიტასაც იშველიებდა. მათაც აბეჯითებდა სწავლად და
წერად.
ტარკაში ხომალდიდან არ ჩამოსულან არც კახნი, არც რუს-ვაჭარნი.
მხოლოდ დანილოვ-რუსინი ჩავიდა ათიოდ მეთოფურით და ხმელეთ-
ხმელეთ მავალ ცხენოსანთა ჯგუფს დანიშნულ ადგილზე მიაკითხა.
ისინი უკვე მოსულნი დახვდნენ. გზაში ბარე ორჯერ დასხმოდნენ
ცხენოსნებს. წინ კი, თერგ-სუნჯის ნაციხარამდე, უფრო სახიფათო
ყოისუს ხეობა, სულაყის ჭალა და ველი იყო გადასაკვალი. და
მიუხედავად იმისა, რომ ზღვითა და თერგით მოვლა ერთი-ორად
აგრძელებდა გზასა და დროს, მაინც ერთხმად ხომალდებით სვლა
გადასწყვიტეს.
ასისთავმა ზოგი „ხმელეთის“ ბადრაგთაგანიც ხომალდზე აიყვანა,
ახლები „ჩაახმელეთა“ და მოკლე გზით გაუშვა. მათ გაჰყვა თედო
ბაცაცაისძეც, რომელსაც დავალებული ჰქონდა ყაზი-ყუმუხში
ფარულად ასვლა, ელიმ-შამხალის ნახვა და ყაფლან ვაჩნაძის
საიდუმლო ბარათის გადაცემა. ხომალდები კი ზღვა-ზღვა ჯერ
ჩრდილოეთისაკენ წავიდნენ და თერგის დაშლილ ხერთვისს წყალაღმა
- დასავლეთისაკენ შეჰყვნენ.
ზოსიმე, ყურშიტა და ჯაბა ოსტატი ნამყოფი იყვნენ ხევში -
სტეფანწმინდას, ნანახი ჰქონდათ თერგის ჩაბმულ-ჩაგრეხილი
ჩანჩქერები და დარიალის კარის ზათქი. ჰოდა, ახლა აღმა რომ აჰყვნენ
თერგს, განცვიფრდნენ. დაუჯერებელი იყო, რომ ამ თვალუწვდენელ
ჩალიანებში ჩუმად ჩამდგარი, ძლივს მოტაატე ლურჯი წყალი იგივე
ქართულ მთაში ნაშობი მგრგვინავი ლომეკი - თერგი იყო!
პირველ მოსაბრუნებშივე მცირე სანაოს მიადგნენ. აქ დახვდნენ
თერგის კალაპოტის მცოდნე რუსი ეტიკები და მენავენი. დანილოვ-
რუსინის მხედრები - იძულებითი მენიჩბეები ახლა შესცვალეს
თმაქოჩორა, ქერა-მწითურმა, უხვად ჭორფლიანმა ბრგე ვაჟკაცებმა.
- ესენი კი ჩვენი ჯეელები უნდა იყვნენ! თავუხლარა კაზაკები… ჰა,
ზაზავ? - შესძახა მათთან შეყრისას გაბადრულმა მათე რუსმა და
რუსულ სალამთან ერთად უწმაწური სიტყვაც გრძლად ჩაუგრიხა.
ხოლო როდესაც უგრძესი და უფრო ჩაგრეხილი მოუვიდა საპასუხოდ,
სიამით გადიხარხარა:
- ჩვენებია! - მიწვდომისას კი ყველანი სათითაოდ სამგზის და
ალმედად გადაკოცნა.
ახალმა მესაჭემ და მენიჩბეებმა კარგა აღმა რომ შეაცურეს
ხომალდები, ჭარბი ძალის დაუზოგავად შუა კალაპოტს ააყოლეს გეზი

104
და ცალხმაზე ნაწყობი რიხიანი სიმღერა წამოიწყეს.
ზოსიმე ყურადღებით უსმენდა მათ. სიტყვებს ვერ არჩევდა, ვერც
გაეგო. მაგრამ უკვე კარგად გრძნობდა მათი კილოს დაუდგრომელ
ძალასა და შინაგან მნიშვნელობას.
სუნჯის ნაციხარს რომ მიაღწიეს, ხმელეთით მავალნი უკვე იქ
დახვდნენ, რამდენიმე დღით მოესწროთ. მხოლოდ ბაცაცაისძე არ იყო
ჯერ თერგს გამოსული.
სუნჯის ნაციხარში კარგა ხანს დაისვენეს ელჩებმა და ვაჭრებმა.
აქედან გაუთავები ცხენსავალი გზა მიდიოდა აშთარხანამდე. იყო
მეორე გზაც - ისევ ზღვით, მაგრამ - ჯერ ერთი აქ ღია ზღვაში უფრო
დიდი და გაწყობილი ხომალდები იყო საჭირო, და მეორეც - გზაში,
ბიამან კუნძულებზე და მიუვალ ჭალაკებში, მრავლად ბუდობდნენ
თავგასული, ყველასაგან გამდგარი მეკობრე კაზაკები. ისინი
სწრაფმავალ ნავებით დაბორიალობდნენ ზღვაზე და განურჩევლად
სძარცვავდნენ ხომალდებს. ამიტომ დანილოვ-რუსინმა ამჯერად
ხმელეთის გზა არჩია.
ზაზამ ისევ მოინახულა ნაცნობი ადგილები. მან ზოსიმე ბერი და
სხვა კახნი დაატარა იოანე მრისხანის მიერ ოდესღაც ჩადგმულ დიდ
კიხის ნანგრევებში. ზოსიმემ გუმანის თვალით ეს ციხე აღდგენილად
წარმოიდგინა და უმალ თვალწინვე წარმოუდგა ალექსანდრე კახთ
ბატონი და მის ფერხთით დამხობილი და დაქცეული „კრაზანების
ბუდე“.
მალე თედო ბაცაცაისძეც გამოვიდა სუნჯას. მას ფარული ბარათი
გადაეცა ელიმ-შამხლისათვის. პასუხი კი სასიმამროს უშუალოდ
კახეთში უნდა გაეგზავნა.
ყველამ თავი რომ მოიყარა, ხომალდებიანად ისევ ცხენებზე
გადმოტვირთეს საქონელ-საჩუქრები. კვლავ დააფრთხო ცხენები
კახური ჯიქის ბოკვერების გაუკითხავმა ხმამ.
ივნისის სიცხეებში დაადგნენ შორეული მოქარავნენი
გავარვარებულსა და დამტვერილ გზას. კახელებს უკან რჩებოდათ
თვალი და გული. იქ შორს - ცის დასაცხრომს კიდევ მოჩანდა თეთრი
კავკასიონი, ზღვიდან ზღვამდე ვერცხლის ქამრად გადაჭიმული.
ახლა უკვე პირიქით იყო დაქსაქსულ და მიძალებულ საქართველოს
მიწა-წყალი. კერძოდ კახეთი, ცივ-გომბორი, ალაზნის ველი.
ალავერდის დიდი ტაძარი… იქ იყო, იმ „თეთრ ოცნების“ მიღმა…
ხოლო მისი შვილნი კი ზურგშექცევით შორს ჩრდილოეთისაკენ
მიდიოდნენ სამშობლოს ერთიანობისა და ხსნის საძიებლად.
ყველაზე დიდხანს კავკასიონს ზაზა და ზოსიმე ხედავდნენ. ზაზას
ახალგაზრდული თვალის ჩინი და ოცნება შველოდა, ზოსიმეს კი -
ბერიკაცული შორსმჭვრეტელობა და ჭირისუფლის გუმანის თვალი.

105
მდინარე ყუმი რომ გადალახეს, ისევ შემობერილ ზღვას წაადგნენ და
მოუარეს. მრავალი მლაშე ტბა და ბიცოვანი ტაფობი გავლეს. აქ
ყველაფერი მლაშე იყო… წყალი, ბალახი, ქარი… და ვგონებ მზის
უმოწყალო სხივებიც.
მალე თვალწინ დიდ ნოღაელთა უდაბნო-ვაკენი გადაეშალათ. აქ
თავად ზღვაც ამ დაბალ, დასილულ ნაპირთა გაგრძელება თუ იყო.
ოღონდ იგი ოდნავი ჭავლით და ლივლივით იყო შეძრული, ხოლო
ხმელეთზე კი, უქარო დარში, უსიცოცხლო ბიცისა და სილის სრული
უძრაობა სუფევდა.
- ეს რა ადგილია?! ასე უბედურად რამ მოაკალოვა აქაურობა? აბა თუ
თვალი წამოედება რასმე? ან ცის სიმაღლე, ან გზის ასავალ-დასავალი
რით უნდა გაიგნო? რას უნდა მიადარო… მიანიშნო? - საყვედურობდა
ოფლში გაწურული, ხახაამომშრალი ჯაბა ოსტატი.
- კაცო, გაგონილა? ამოდენა მიწა-წყალი გამოვკეცეთ და სულ
ერთიანი სილაყრილი და უნიშნო ვაკე როგორაა? მთა რამ გააქრო ამ
მხარეშია? ან მცენარეს რა ღმერთი გაუწყრა?
- ერთი შენცა! რა მცენარე იხეირებს… სულ ბიცად და მარილად არ
გადაგებულა ქვეყანა!
- მადლი აკლია, კაცო… თორემა მარილი ბლომად ყოფილა აქა! -
ოხუნჯობას ცდილობდა ბაცაცაისძე, მაგრამ დალეწილ შუშასავით
შეკიაფებული მარილის ხრეში მასაც უკლავდა ხალისს. - აფსუსი არ
არის ალაზნის ველი? მისი სახელის ჭირიმე! აკი იმიტომ არ არი, რომ
ყველანი გვეტანებიან!
- ესეც დავრწმუნდი, კავკასიონის აქეთ უბედური ყოფილა კაცი! არა,
თერგზე კიდევ ჰო - გასაძლისია, მერმე კი… არა, ძმაო! ეს თუ ქვეყანაა -
კახეთი სამოთხე ყოფილა, ჩვენ კი… აცხე-ჭაანნი… კიდევ
ვეუმადურებით! - ხმაწასულად ეჩურჩულებოდა საბა მდივანს სარგის
სომხიშვილი.
- კაცო, გამაგებინეთ… წინ მივალთ, თუ სულ ერთ ადგილზევე
ვბრუნავთ და ვბრუნავთ?
კახნი უსიხარულოდ მიერეკებოდნენ დასიცხულ ცხენებს და ოფლში
გაწურული საუბარი ისევე უხალისო იყო, როგორც მიდამო.
ხოლო სულ სხვანაირად ფიქრობდა ზოსიმე: „რა ვეებერთელა ძალას
უნდა შეიცავდეს რუსეთი… მოსკოვი… თუ ამ უსაზღვრო მანძილს
გადაკვალავს და შორზე შორეულ ქვეყნებს სწვდება სავაჭროდ თუ
საპყრობად“. და ხშირად ესაუბრებოდა რუსებს ხან თარჯიმანით, ხან
უშუალოდ. სიტყვების დამახინჯებასა და ცუდ გამოთქმას აღარ
ეპუებოდა. მას რუსულ სულში ჩაწვდენა და რუსის ზოგად ხასიათის
გაგება სწადდა. ხოლო ზოსიმეს აზრით, საბოლოოდ მაინც ერი
მრავალი სწყვეტდა აწმყოსა და მომავლის საკითხებს… ერი მრავალი კი

106
სწორედ მგზავრობაში, ფართო გზაჯვარედინებზე უფრო
გაიცნობოდა… ძირეული და ნიშანდობლივი აქ უფრო გაირკვეოდა,
ვიდრე ქლესა, ხშირად ობმოკიდებულ, თუმც ვარაყიან მაღალ წრეებში
და სასახლეებში.
სიცხისაგან გაბეზრებულსა და გასავათებულ ზაზას კი ეს ბიცოვანი
უდაბნო აღზნებულ მოლანდებას უჩენდა… და მაშინ თვალწინ
ალაზნის ჭალები და გრილი ჩქერები ესახებოდა, ხოლო ფიქრებში ჯერ
ხალიანა თაველობდა, შემდგომ დედ-მამა და სიაუში.
გზაში არაერთგზის მოუხდათ შეფერხება. ხან ცხენები დაუდგათ, ან
სულ დაუვარდათ. ხან ხორშამა ქარმა გადაუსერა სავალი.
რამდენჯერმე დაეცნენ მათ ურდოს ნარჩენი, მომთაბარე კალმუხები და
ნოღაელები… ან მთელი ქვეყნისაგან გამდგარი თავნება კაზაკ-
მეკობრენი, რომელთათვის სულ ერთი იყო - რუსი და თათარი, თავადი
თუ ვაჭარი, ოღონდ სარბევი და სავაჟკაცო ყოფილიყო რამე.
გზა ციხე-გალავნებსა ან მიწურ თხრილებით და ყრილებით
შემოვლებულ დაბების წვრილ და შორიშორა ძეწკვს მისდევდა.
ყველგან იარაღისა და სურსათის მარაგი იყო დაგროვილი,
მზადყოფილი. ყველგან იგრძნობოდა მაგარი და მდიდარი ხელი.
ყველაფრის დაკვირვების თვალით მჭვრეტი ზოსიმე უკვე აქ წააწყდა
ერთ თითქოს ნიშანდობლივ თვისებას - არც ერთ სულ უბრალო და
წვრილმან საკითხსაც არ სწყვეტდნენ ადგილობრივი ასისთავები, თუ
სხვა უფროსები: „არ მოუწერიათ! არ უბრძანებიათ! უფროსობის გარეშე
- არა ვიცი რა! იქ იციან, ზევით! მომწერენ - შევასრულებ!“
ხოლო „მოწერილს“ მართლაც საოცარ ზედმიწევნით ასრულებდნენ.
ზოსიმე ამ თითქოს ერთფეროვან გზაზე მრავალ სიახლესა და
მნიშვნელოვანს ხვდებოდა… ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
წარსულში გავლილი გზები - ამ ახალში იკრებდნენ თავსა და იყო ძველ
და ახალ გზათა ჭიდილი.
აშთარხანს რომ რამდენიმე დღის სავალზე დაუახლოვდნენ, უკვე
ვოლგის ჰაერი იგრძნეს რუსებმა, უფრო შეხალისდნენ. მათ
დამტვერილ სახეებზე, მომწვარ ტუჩებზე სანდომი მოლოდინის
ღიმილი ამოესახათ.
ცვლილება ბუნებასაც დაეტყო. ოდრიკელა ბორცვ-გორაკებიც
გაჩნდნენ, კეთილბალახოვანი ველები. მათ ბუჩქნარიც მოჰყვა და მალე
ტყენარევი მიდამო და ჩალიანი ახალ მხარის ზოლად და ზღურბლად
გადაიშალა. წელს ნაჩეკი ველური იხვების უთვალავი გუნდები სულ
ხშირად ეფეთებოდნენ დაღლილ მგზავრებსა და თავის ფრთებზე
თითქოს სალბუნი მოჰქონდათ.
უკანასკნელ დღეს წყალი შემოაკლდათ, მაგრამ აღარ შეეპუენ.
გაუჭირდათ დასიცხულთ, მაგრამ როგორც იქნა ივლისის პირველ

107
შაბათს მიაღწიეს საწადელს.
- ეჰე, ზღვა ისევ?! - შესძახა წყურვილისაგან დაწინაურებულმა ზაზამ.
იგი მოულოდნელად მაღალი ბექობიდან წაადგა წყლის მხარგაშლილ
სივრცეს.
- არა, ეს კი მდინარე ვოლგაა! მატუშკა-ვოლგა! - ყიჟინი შექნა მათემ.
ქუდი მოიშვლიპა, პირჯვარი ისახა, ჩაქვეითდა, ნაპირის შვავური
ჩაირბინა და წყალს ხარბად დაეწაფა.
- ეჰე! სულ არ შესვა! - გაეხალისნენ რუსი მოქარავნენი და საოცარ
სისწრაფით პანტაპუნტით ჩაგორდნენ ბექობზე.
მალე მაღალ ნაპირზე მარტო განცვიფრებული კახელები დარჩნენ.
- ესაა რუსეთის ალაზანი! - განუმარტა მათ ზოსიმემ.
- ალაზანი? - ოფლიანი კეფა მოიქიჩმაჩა ჯაბამ, - მე კი ზღვა მეგონა
და!
- რაც ვეება ადგილია, ის ვეება მდინარეც ჰქონიათ! დახე! გაღმა მხარი
ძლივს არა ჩანს? - ბაცაცაისძემ ყველა გაღმა გაახედა.
- დახე… დახე! ქალაქია თითქოს! აბა რა ჩანს იქა?
- ეს თუა აშთარხანი? - დაასკვნა ზოსიმემ და ყურადღებად იქცა.
გაღმა, ოდნავ წყალდაყოლებით, მართლაც, მოჩანდა ცისფერ ნავლში
და მდინარის ნაორთქლში გაცრილი დიდი გალავანი; მრავალქონგურა
კოშკები და ბრჭყვიალა ჯგუფად შემაღლებული მრგვალი გუმბათები.
- ეს საყდრებია ალბათ?
თითქოს ამის დასტურად, შორეული ზარის ხმა მოსწვდათ კახელებს.
მალე ხმა მოძლიერდა და სხვა უფრო მაღალი ხმებიც აიყოლია.
ზვიადმა სანახაობამ და ზარის ხმამ წყურვილიც კი დაავიწყა
კახელებთ.
- გრემის ზარის ხმას მაგონებს შორიდან! - აჩურჩულდა ზაზა. ხმა
არვის გაუცია. ამ გაუთავებ და თითქოს ასავალ-დასავალ დაკარგულ
გზის ბოლოში, ქრისტიანულ ზართა ჟღერა დიდ ნუგეშად მოევლინათ
კახთა.
- კვირაძალია! შეგეწიოთ იმისი მადლი! - ზოსიმემ დალოცა
თვისტომნი, - ახლა სულ საქრისტიანოა ეს ქვეყანა!
ქვემოდან, მდინარის მხრივ, მწყობრი და კეთილხმოვანი გალობა
შემოესმათ. რუსთ ტანზე გაეხადათ, მკერდამდე წყალში
ჩამდგარიყვნენ, თავზედაც ვოლგის წყალს ივლებდნენ და ზარის ხმის
გაგონებაზე, თითქოს მისივე კილოზე, შორეულ, მთის ქვეყნებიდან
მშვიდობიანად დაბრუნების საგალობელს გალობდნენ ერთხმად.
- დიდება შენდა, ღმერთო! ასეთია ადამიანი - გულით თავისი
უყვარს, სხვისას კი ეძებს - ეტანება! - ზოსიმემ უნებურად უკან
მოიხედა. იქ სადღაც, ერთი თვის მწარსავალს იქით კავკასიონის

108
თვალსაწიერი ეგულებოდა, - ზოგს მთა მიაჩნია მარცხიან ავგზად,
ზოგს კი ეს ზღვარდაკარგული ვაკე!
მალე მთელმა ქარავანმა - ცხენ-კაციანად - ვოლგის პირას მოიყარა
თავი. ცხენებს საპალნეები ჩამოხსნეს და მდინარესთან მიუშვეს.
ხმიერად ჭიხვინებდნენ ცხენები, მოისმოდა გამყოლთა და მექარავნეთა
ყიჟინი, გაიღვიძა ვოლგის ნაპირმა. ყოველი ხმა ნამრავლად და გაბმით
გამოისმოდა. მაგრამ კახელები გრძნობდნენ - ეს მთაში დარხეული და
უკან გამოტყორცნილი ჰუპუ როდი იყო, არამედ რაღაც ახალი და
მათთვის უცნობი ხმა გაზვიადებული ჟღერისა - სივრცისა და გლუვ
უსაზღვროების ნაერთი ხმიერება.
საერთო აღზნება კახელებსაც მოედოთ და მალე ისინიც ცოტა ზემოთ
აჰყვნენ ნარიყალს და თავადაც ვოლგაში საბანაოდ ჩავიდნენ.
ალაზნისპირელმა ყველამ იცოდა ცურვა.
- აბა, ზაზავ! ერთი ალაზნური! - გაიძახოდა თედო და მაღალ
მხარულით ჰკვეთავდა ვოლგის ტალღებს. აქვე იყვნენ დანარჩენებიც.
ბერდიდიც და ბერპაწაწაც განზე გასულიყვნენ, თავ-სახესა და ხელ-
ფეხს იგრილებდნენ.
სახე-ტანზე აკრული მტვერი მოიშორეს, შორეულმა მგზავრებმა
გული დაიამეს. გახალისდნენ. ზაზა ცურვაში ეჯიბრებოდა თედოს.
ჯაბა ბაყაყურად ცურავდა, საბერველივით ხმიანად სუნთქავდა და
იპურჭყებოდა. ნაპირთან ყურშიტა, სარგის, საბა მდივანიც კი და სხვა
კახნი ჭყუმპალაობდნენ.
- ეჰე! რა ღრმა ყოფილა! ძირს ვერ დავუწიე! - მაღლა ყიოდა ზაზა და
სახეზე გადმოწოლილ სველ ქოჩორს არხევდა.
- არა, შვილოსა, აქ ვერც ძირს დაუწევ და ვერც გაღმა გაუწევ! ჰაი
დედასა, სად მყავს ერთი ალაზნის კამეჩი… რატომ კუდში არ ჩავჭიდებ
ხელსა! აბა მაშინ გენახა, გავადენდი თუ არა გლეჯასა შიგ აშთარხანშია!
მაშა!
- არა, კაცო! გაგონილა! - გაიძახოდა ჯაბა, - ალაზანს რომ იორი
მოუმატო, ზედაც მტკვარი და რიონი დაადინო… ყველა ქართული
მდინარე ერთად რომ შეჰყარო, კიდევ ვერ მოვა ამის ნახევართანა!
სწორედ უსაშველო რამე ყოფილა! არა… რა წყარომ დაიდინა ამოდენა?!
ესმოდა ზოსიმე ბერდიდს ჯაბა ოსტატის ხმა და ვოლგის ლაღ
დუდუნში ეგზნობოდა „ყველა ქართული მდინარეთა ერთად შეყრის“
საშველი. ცისფერ ლივლივს აყოლებდა ოცნების თვალსა და თავბრუ
ეხვეოდა. ამ სანაპიროზე ხელახლა და ახლებურად იკვანძებოდა და
ნივთდებოდა საჭირბოროტო აზრი: „ვოლგის ქვეყანა თუ მოადენს,
ერთად შეჰყრის ქართულ მდინარეებსა და მხარეებს: იორ-ალაზნისას,
თერგ-არაგვისას, მტკვარ-რიონისას, ჭოროხ-ენგურისას“, ზოსიმემ

109
ვოლგის წყალითვე გაიგრილა საფეთქლები და მერმე სიღრმივ ამოიღო
და პეშვით შესვა… ჰოი, სწყუროდა, რარიგ სწყუროდა „ნაერთი წყალი“.
ნააბანოევს გამოირკვა, რომ კახური ჯიქის ერთი ბოკვერი
მომკვდარიყო. ზოსიმეს შეუცნებებულ გულს ხიწვად მოხვდა რუსეთის
გზაზე ალაზნის ტყიურის სიკვდილი.

XIV გამოუხსნელი ხლართები


კახთ ბატონი ფარული ელჩების გასტუმრების შემდგომ მხოლოდ
დაღამებამდე დარჩა ძეგამს. მისი აქ ყოფნა, გარდა ორიოდ კარისკაცისა
და მხლებლებისა, არავინ იცოდა. მთელი დღე და ღამე ეთათბირა
ბორბალოდან ჩამოსულ ზოსიმეს. ათასი რამ ივარაუდეს, განსაჯეს,
დაასკვნეს და ტკბილად გაიყარნენ. ზოსიმე ელჩიონს შეუერთდა.
ალექსანდრემ კი, საკმაოდ რომ შებინდდა, სახე შეიბურა და მცირე
ამალით გრემისაკენ გამობრუნდა.
„რა უბედურება მჭირს, - გულჩათხრობით ფიქრობდა იგი, - ჩემს
სამეფოში ფარულად და ქურდულად დავძრწივარ… ჩემს ელჩებს
ფარულად ვაგზავნი, სხვის ელჩებს ვემალები, მემკვიდრის ნიშნობაც
ფარულად უნდა გადვიხადო! წამოგდებულ კურდღელივით ვაბნევ და
ვხლართავ კვალსა…. ერთხელაც არის გაიხსნება ეს ფარული ნავალ-
სავალი… და მაშინ?!“ აქ ფეხს იკრავდა ფიქრი. „თუ კეთილად გაიხსნა -
ხომ კარგი, თუ არადა… შეუძლებელი უნდა შევძლო, შეუძლებელი!“
გზას ოდნავ გადაუხვია, ოქრომუხის ძველ საყდარში შევიდა,
სოფლის ხუცესი გააღვიძებინა და ერთი ფარული პარაკლისიც
გადაახდევინა.
- ჩრდილო საქმის წარსამართებლად! - აუხსნა შიშნაკრავ და
განცვიფრებულ ხუცესს. აღარც დიაკვანი ახმობინა. თავად აიღო
დავითნი, სხვა საღვთო წიგნებიც მოითხოვა და ვაზის ფოთლებით
ჩანიშნულ ფურცლებს შლიდა.
უსმენდა უკბილო ხუცესის ბლუკუნს, გულისტკივილით
შეჰყურებდა არაერთგზის რბეულ და ძარცულ საყორის სიღარიბეს და
იქნებ ამის გამო უფრო ელოცებოდა კახთ ბატონს. აქვე მოაგონდა ნიკო-
ხოსროს მიერ ქართლიდან გამოგზავნილი მართა-იერუსალიმელ
მონაზონის წერილის პირი:
„…წმიდა ადგილნი ნუ გასწირეთ… უპატრონობით… უსახსრობით…
ქართულ მონასტრებს გვძალავენ სხვანი… და ნუ დარჩება ეს ხმად
მღაღადებლისა…“
არ დარჩება, არა! სიტყვასა სდებს! ფიცავს! თუ მშვიდად და
იმედიანად ჩამობრუნდნენ მოსკოვს წასულნი - დიდ სახსარს
შესწირავს იერუსალიმის ქართულ სალოცავებს… თავის შვილებს
ფიცავს! მძევლობისაგან დასახსნელ შვილებს!

110
უკბილო ხუცესი პარაკლისობდა თავისთვის, ხოლო „დიაკვანი“
ფურცლავდა ხან ლოცვას, ხან ოთხათვს. შემჭკნარი ვაზის ფოთლებს
მისდევდა გუმანი: „მათე, მარკოზ, ლუკა, იოანე“… შერჩევით ჩაიკითხა
შიგადაშიგ, მაგრამ ვერ წააწყდა გულმაყუჩ სიტყვებს, ბოლოს
იოანესთან მიაგნო: „მე ნათელი სოფლისაი მოვედ, რაითა ყოველსა,
რომელსა ვჰრწმენე, ბნელსა შინა არა დაშთეს“… ოთხთავის „ნათელი“ -
ქრისტიანული ჩრდილოს ნათელად განიცადა და გულზე მოეშვა: „მე
მართალი ვარ, მე მწამს და ცდასაც არ ვაკლებ - მაშასადამე, უნდა იყოს
საშველი, უნდა!“ - ერთიც გადაშალა, უკვე ხმამაღლა ჩაიკითხა: -
„მართლიად მართალსა გეტყვი თქვენ, რამეთუ სტიროდით და
ჰგოდებდით თქვენ და სოფელსა უხაროდის, თქვენ ჰწუხდეთ, ხოლო
მწუხარებაი თქვენი სიხარულად გექნეს“.
ალექსანდრემ დახურა ოთხთავი. სადღაც სიღრმეში შვება იგრძნო.
არა, თავს არ იტყუებდა, არც განზრახ იფადილებდა ფიქრებს:
„ეს რა საოცარი წიგნია, რაც მაწამებს, მასაც და უფრო მეტსაც შიგ
ვპოვებ მუდამ! თითქოს მე არ მეხება უშუალოდ, ოღონდ მესალბუნება
კია!“
უკბილო ხუცესს ახალ ჯვარ-ხატის შესაძენად ქისა მისცა და ღამის
ლანდივით ისევ გაჰქრა-გაჰქუსლა.
გრემსაც უგანა, პირდაპირ თელავს წავიდა. თურქთ ჩაუში, ყოველ
მიზეზს გარეშე, უნდა გაეშვა, ვიდრე მათ ყურამდე „ჩრდილოს
ელჩობის“ ჭორ-მართალი მიაღწევდა.
თელავის ჩამოსწვრივ ტყეში კარავი დაადგმევინა, რამდენიმე კაცი
ჭალაში სანადიროდ ჩაჰგზავნა, თავად კი ესოდენ ნათათბირევი,
ღამეებნატეხი და ნამგზავრი მიწვა და დღე-ნახევარს თავი არ აუწევია.
„მაინც დაღლილა ჩვენი დაუღალავი ბატონი!“ - გაიფიქრა
ჯანდიერმა, რომელიც მხოლოდ აქ მოეწია მეფეს.
ადგომისას საკმაო ნანადირევიც მოართვეს. უმალ თელავის გზაზე
გავიდა და ხალხს ნადირობიდან დაბრუნებულად ეჩვენა.
ადრევე დაბარებულ გორჯასპ ენდრონიკაშვილს, თანახმად მეფის
ბრძანებისა, გიორგი ბატონიშვილი ამოეყვანა თელავს. აქვე, თელავს, ეს
კი მოულოდნელად, ნუგზარ ერისთავიც ეწვია. იგრძნო ალექსანდრემ
თურქთა მოძალების თვალწინ ვაჭრობასა და რაიმეს გამოძალვას
აპირებდა ნუგზარი.
„ნეტა რასა მთხოვ - ჩემს თიანეთს თუ თავისუფალი ხევის
დაპყრობის დასტურს? მიყელა, მაგრამ ჯერ კიდევ ვნახოთ… ხელს მეც
მოვითბობ, იქნება არცთუ ცუდად გამოჩნდეს, ჩაუშის თვალში,
ნუგზარის „მტკიცედ“ ჩემთან ყოფნა“. - ჩუმად დაასკვნა და ნუგზარი
ნანადირევზე იწვია. ომან სახლთუხუცესს კი თურქთა ელჩები
აწვევინა.

111
ნადიმ-თათბირი თელავის ციხე-დარბაზში მოაწყო. თავად
უმასპინძლა. სუფრაზე მხარმარჯვნივ ნუგზარი უჯდა, მარცხნივ -
გიორგი ბატონიშვილი, მერმე კი თურქი ელჩები და კახ დიდებულნი
დასხა.
ალექსანდრეს დინჯი ღიმილი ჰქონდა სახეზე, გულში კი ცეცხლსა
და ნაღვერდალს ირევდა. შვილი სუფრიდან ადრე დაითხოვა, მისი
ნორჩობა თვალსა სჭრიდა. თავის ახალგაზრდობას აგონებდა.
სიყრმისას მიმინოს დასაჭერად ხლებია მონადირეთ. ახლაც თვალწინ
უდგას და ღვარძლიანად აფიქრებს: „ჯინხვა ჩიტივით არ „ვუფეთქებ“
ბადისწინ ჩემს გიორგის ამ თურქ მტაცებლებს?!“
„ჩრდილო ნათელის“ იმედით საჩოთირო და დიდსაყოყმანო ნაბიჯი
ჰქონდა განზრახული. არსებითად არც ჰქონდა არჩევანი, რუსეთს რომც
არ გაეგზავნა ჩუმი ელჩიონი, მაინც ვერ ასცდებოდა თურქთა
გადამწყვეტ მუქარის წინაშე ქედის მოხრას. ეს არის - ახლა უფრო
იმედიანად სდგამდა „თმობის ნაბიჯს“ და დიდზე ჩათრევას ცოტაზე
ჩაყოლას არჩევდა.
მცირე ნადიმს ზედვე თათბირი მოაყოლა. ხარკისა და მდიდარი
მოსაკითხავების გადახდის თანხმობა ქართულ-თურქულ სია-ნუსხით
დაუდასტურა, რითაც უკვე ფრიად ასიამოვნა ელჩები. ხოლო როდესაც
„საყვარელი შვილის“ სტამბოლს სტუმრობაზე დახლართა საუბარი -
სულ დაითაფლნენ თურქი ელჩები. ალექსანდრე კი უმატებდა
ხლართულს:
- იმედად გვიჩანს ფიქრი, რომ მზეზე მაღალი სულთანი ჩვენს
კეთილმეზობლობას არ დაივიწყებს და მფარველობას გაუწევს ჩვენს
ღირსეულ ძეს - გიორგი ბატონიშვილს ამალით, რომელიც
განზრახული გვაქვს ვაწვიოთ ბრწყინვალე სტამბოლს და უწმიდესს
იერუსალიმს, რათა მაღალ სულთანსაც დავუმტკიცოთ ჩვენი
ერთგულება და ქართველთა წმიდა ადგილებსაც მივაწოდოთ სახსარი.
ელჩებმა უმალ აღუთქვეს სულთნის „მაღალი მფარველობა
ქართული მონასტრებისადმი, უკეთუ გურჯი ბატონიშვილი ინებებს
სტუმრობას სტამბოლს“.
ორი წლის ხელშემორჩენილ ხარკს ატანდა კახთ ბატონი ელჩებს.
თავმდაბალ სიგელს სწერდა მურად-სულთანს. დაქარაგმულ, ხატოვან
ქებას ასხამდა ახლახანს გახონთქრებულს. გიორგისათვის და ქართულ
სალოცავთა სახსრისათვის ამალისა და ბადრაგის წარმოგზავნას
შესთხოვდა „ვით კახთ მეფის ძესა და ცათა სწორის სულთნის
შვილობილს შეეფერება“.
გუნებაში კი ადარებდა ორივე „შორეთის გზას“: „მოსკოვი უფრო
ახლოა კახეთიდან თუ სტამბოლი? რომელი მოუსწრებს რომელს?“

112
თავად ელჩებიც უხვად დაასაჩუქრა და ახალი ელჩობის
შემობრუნებამდე მათ ჭაბუკი ბატონიშვილის უფრო დავაჟკაცების
იმედი მისცა. მომავალში კი „ახალ მთავრის შუქზე ხმალ-შუბის ერთად
მოქნევის“ სურვილიც გამოთქვა.
თურქთა ჩაუშებმა მოილხინეს - კახეთის უტეხი და ბასრი ბატონი
თითქოს ყველაფერში თურქულ გზაზე მოდგა. ეს დიდ გამარჯვებად
მიაჩნდათ, რადგან კახეთის ხმლით მოდრეკა, არც ისეთი უბრალო
ამბავი იყო, მით უფრო ახლა, როდესაც „დამარცხებული ქართლი
კიდევ მაინც იბრძოდა, დამატებით კი, როგორც „სუფრათათბირის
თვალიდან“ ჩანდა, ამჟამად ნუგზარ ერისთავიც - „მთის ქართველობის
ბატონი“ - კახთ ბატონს მორჩილებდა და „მტკიცედ“ გვერდში უჯდა.
და სწორედ იმ დროს, როდესაც ოსმალთ ელჩ-ჩაუშები თელავიდან
წასასვლელად ემზადებოდნენ, ალექსანდრემ ახლა ვერაგულად
მოძალებულ ნუგზარ ერისთავს მოუგო ხლართის ერთი ხელი.
გაუმაძღარმა მთის ბატონმა თავისუფალ ხევზე ლაშქრობისა და
საბოლოოდ თავისთვის დაჭერის მტკიცე სურვილი განაცხადა.
- ძველ ვალში ბრძანდებით, მუხრანის საზღვარზე იყო პირობა…
თიანეთზე… ახლა აღარც ერთს აღარა გთხოვ მთისა და ხევის გარდა!
ნაჩემარია, ისევ მოვიმტკიცებ! ჩვენს შორის ძველი პირის შეშლა ახალ
პირობით და კეთილი პატრონყმობით დავაგვირგვინოთ.
ალექსანდრეს საამოდ გაეღიმა, გულში კი გაჰკრა ფიქრმა: „იყნოსა
რამე „ჩრდილოური“ და ჩრდილო კარის მფლობელობა ამიტომ სწადს,
თუ მისთვის ჩვეულ ბრმა სიხარბეში ზის და ქართველებზევე
ჯიქურობს?“ მერმე თავისი ამგვარივე ჯიქურობა მოაგონდა და პირზე
აფარებული ღიმილიც გაუცუდდა. ერთიც ინიშნა - მას ნუგზარის
საქციელი ამჯერად ყველაზე უფრო ზნეობრივი თვალსაზრისით
აღშფოთებდა. უარიცა და გზის ასაბნევიც უმალ აუწყა:
- მე ახალ პირობას ვერც რას მოგცემ… საერთოდ ვერაფერს ვერ
გავცემ, რაც უშუალოდ ჩემს ხელთ არ არის… ხოლო ძველ პირობას კი
აღსრულება უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიზეზით არ ყოფილა
თავის დროზე ჩვენი საერთო ზრახვების გაწბილება… და მაინც
თიანეთს მოგცემ, შენს საარაგვოს შევუერთებ, ოღონდ მეტ სამსახურსაც
მოგთხოვ და კიდევ შინა წესის ოდნავ შეცვლას შევაპირობებ.
ნუგზარი სრულიად არ მოელოდა ასეთ პასუხს:
- რა შინა წესს?
- ერისთავთ ერისთავის წოდებას გიბოძებ, შიგ კი მოურავობა
შემოვიღოთ, ერთიან კახურ თარგზე, - ხელები გაშალა ალექსანდრემ
და ნუგზარის ჭაღარა ულვაშებს თვალი ჰკიდა, თითქოს სიგრძე
გაუზომა.

113
ახლა სულ დაიბნა ნუგზარი. აქ ხაფანგი იყო, თუ მეფის შეკრთომა და
სისუსტე?! არაგვ-თიანეთის ერისთავთ ერისთავი! ეს ამაყად ჟღერდა!
მაგრამ ეს „მოურავობა“ კი იმ ეჟვანს ემსგავსებოდა, რომელიც ტყიურ
შევარდენს თვინიერად ხდის! უეცრად თავი ვერ გაართვა ხლართებს:
- მოვიფიქრებ… შეგატყობინებ, მეფეო! - ყრუდ გაიმეორა ნუგზარმა
და ხმა გაიკმინდა.
ხევისა და მთის საკითხი ისევ ნისლში გაეხვია და თითქოს
გაუჩინარდა.
„სიხარბით მოსვლია, „ჩრდილოური“ ჯერ არაფერი იცის“, - ღრმად
ჩაისუნთქა ალექსანდრემ, ხოლო ოსმალთ ელჩები რუსთავს რომ
გასცდნენ, ნახევარ შვებით ამოისუნთქა კიდევაც. ერთი ვაჟი
ჯერჯერობით გადარჩენილი იყო.
ახლა ირანელ ელჩებს მიუბრუნდა დაუღალავი ბატონი. ისინი მეფის
მოწვევით უკვე გრემს ამოსულიყვნენ. ახლა უფრო დაქნილ ელჩებთან
ჰქონდა საქმე, მაგრამ ძალთა წყობის გარემოებანი აქ უფრო სარფად
ჰქონდა კახთ ბატონს. თურქების მიერ მიძალებული ირანი აგრერიგად
ჯიქურობის საშუალებას თავად მოკლებული იყო. მრავალწელთა
განმავლობაში გადაუხდელი ხარკის სიტყვიერად აღთქმას
მოითხოვდნენ, ვადის დადებას. თურქთა წინააღმდეგ უწინდებურად
მხარდამხარ დგომის დასტურს ელოდნენ და მძევლობის საკითხს
მხოლოდ ამ ერთგულებასა და ერთპირობას უკავშირებდნენ.
გრემში რთული მდგომარეობა დახვდა მეფეს. მიუხედავად სრული
იდუმალებისა, სადღაც, მთის გადაღმა, ვიღაც კაცების გაგზავნის ხმა
მაინც გავრცელდა კახეთში… დიდთავადებმა ავად ინიშნეს და იწყინეს
ეს ამბავი.
- ახლა ჩვენც თვალი და ყური ზურგზე უნდა გამოვიბათ! -
იღვარძლებოდა გორჯასპი, - ჩვენს ზურგს უკან ხდება რამ სანახავი და
სასმენი! - მაგრამ თუ „თავის ფარად“ ერისთავყოფილთ ჩაიხელთებდა,
მაშინ უფრო გარკვეულად საყვედურობდა: - თოფიანი რუსები თუ
ჩამოიყვანა ბატონმა, მაშინ ნახე ჩვენი სივიწროვე! მარტო მოურავობის
წესს ვინ გვაკმარებს!
ერისთავყოფილთა და სხვათა დიდგვართა ყრუდ შინაშეთქმულებას
ახალი მასალა და ღველფი მიეცა.
ნუგზარ ერისთავის თვალშიაც ხევის გზასა და მის დაპატრონებას
ახალი ფასი და სარგებელი გამოაჩნდა.
ჯანდიერმა ყველაფერი იცოდა. წვრილად მოახსენა ბატონს. მაგრამ
უფრო ცუდი იყო იასონ მდივანბეგის მოხსენება. ირანელ ელჩებთან
იგი აწარმოებდა წინასწარ მოლაპარაკებას, კარგად დაშედეგებულ
საქმეს უეცრად ახალი კილი და ბზარი აღმოაჩნდა. მძევლის
დაუყოვნებლივ წაყვანას დააწვნენ ირანელნი. განჯის სიახლოვე და

114
ბრმა ხუდაბანდა შაჰის მემკვიდრის აბას-მირზას კეთილსარდლობა
მოიხსენიეს. გადაკრული სიტყვებიც დაირხა თათბირზე შორეულ და
შეუფერებელ ელჩობის შესახებ. კახ თავადების შესაძლებელ
გაცივებაზე ჩრდილოეთის ქვეყნებში და ამ გაცივების მძიმე შედეგებზე
თვით კახეთში. ეს უკვე ომის მუქარა იყო.
ასეთი ცვლილება ისევ დავით ჯანდიერმა ახსნა. მზვერავებმა
აცნობეს - განჯიდან ახალი შათირი მოსვლოდათ ელჩებს.
დაწვრილებით მოკვლევის დროს გამოირკვა: განჯელი შათირი
შემახიდან გადმოსულა მესაქონლე ვაჭრის სახით, მერმეღა გამდგარა
განჯის გზაზე. გრემ-ქულბაქებშიაც არაერთზის სწვევია ნალეკარ
ქედხუდს - მურადაისძეს.
ჯანდიერს ენიშნა ეს გარემოება, მას მირვან სოვდაგრის დაკარგვისა
და ნაბდის საიდუმლოს ამოხსნის გუმანი კიდევ ჰქონდა, მით უფრო
ახლა, როდესაც ძაფი თითზე ეხვია. ცალ თვალს არ აშორებდა
მურადაისძეს, ხელად მამუკა კახნიაური იხმო და განჯელი შათირი
შორიდან დაანახა.
- მეცნობა კია, მირვან სოვდაგარსა ჰგავს. იმ მთიელ შეიხსაც მაგრამ
ეს კაცი ქერაა - ისინი კი ორივე შავგვრემანები იყვნენ! - ჩურჩულებდა
მამუკა, - ეჰ, რატომ ზაზა არა მყავს. აქა, ხელად გამოიცნობდა
უმცდარად, აბა მე კი…
მაგრამ დავითისათვის კი ყველაფერი უკვე უმცდარად ცხადი იყო.
ძველი და ახალი შემთხვევა-დამთხვევანი დიდ ულვაშზე დაიხვია.
- მაშ ძველი ოსტატი გვწვევია?! გასაგებია! მამუკავ, წადი და
ყველაფერი დაივიწყე.
თავად კი მეფესთან წავიდა და ყველაფერი მოახსენა.
მეორე დღეს თარსა-გალავანის პატრონმა მათარსა სომხიშვილმა
დაიბარა გრემის ზოგი ქეთხუდ-სოვდაგარი, მათ შორის მურადაისძეც.
- პატივცემულნო! მეფის ქარვასლამ თუ გაიტანა აშთარხანს
აბრეშუმი, ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ?! მოგეხსენებათ ჩემი ძმაც
ეახლა მათ. ახლა მწერს სარგის, დიდი სარგებელი აუღიათ! არც გზა
ყოფილა მაინცდამაინც სახიფათო და შორი, მაინც ზღვითა. ჰოდა,
აბრეშუმი ჩემზე იყოს, ქარავანს თუ ვინმე წაუძღვება თქვენგანი,
გენდობით, პირისწყლიანი ხალხი ხართ. კარგ წილშიაც გაგირევთ.
სარფიანი საქმეა! გამოცდილი ვაჭარი არც იქიდან წამოვა ცარიელი.
მოიდოვლათებს ხელისგულსა.
რადგან ასეთმა ფრთხილმა და სახელიან-საფასიანმა სოვდაგარმა
ათშარხანში აბრეშუმის გატანა დიდ „სარფიან საქმედ“ ჩასთვალა, რაღა
თქმა უნდა, ახმაურდნენ მექულბაქენი. აბრეშუმის მაზანდამ ხელად
აიწია. ბევრმა განაცხადა წასვლის სურვილი. მათ შორის
მურადაისძემაც. ხოლო ამბის უკეთ გასაგებად ნალეკარმა მათარსას

115
სარგისის წიგნი სთხოვა. თავად ნახა, ჯერ არ აძლევდა მათარსა, მერმე
დაანამუსა სიტყვის შენახვა და წააკითხა.
კეთილ ვაჭრობისა და მალე საქონლიანად დაბრუნების გარდა,
გილან-თეირანის ვაჭრების დიდ ქებას იწერებოდა სარგისი. ზოგი რამ
სხვაც, თავისთვის საყურადღებო, ამოიკითხა ნალეკარმა: რუსები
ყირიმელ თათრებს, სტამბოლის ხელქვეითთ, ეომებიანო, მთელი ძალა
და ყურადღება იქეთ აქვთო. ხოლო თურქები რუსებს ისევე სძაგთო,
როგორც ჩვენს ბატონ მეფესა. და ხალხსაო. დაბოლოს ასეც ეწერა:
გარდა ვაჭრობისა, არავითარი სხვა საქვეყნო საქმე აქ არ იქნებაო და
ირანელი შაჰის სანობათოებს როგორც შევიძენთ, უკან
გამოვბრუნდებითო… ენის უცოდინარობის შიში ნუ გექნებათო, აი,
ჩვენა ბერძენ-ჩერქეზ-სომეხ თარჯიმნებს ადვილად ვშოულობთო.
მურადაისძე მეტად კმაყოფილი იყო. მან შესანიშნავი ახალი ცნობები
მოიყნოსა.
ალექსანდრე მეფეს კი იმ ღამეს ჭაპანწყვეტა დაადგა. მისთვის
უჩვეულო საქმეს მოჰკიდა ხელი - თავის წინააღმდეგვე საქილიკოდ
გამკილავი ლექსი უნდა შეეთხზა. ვერვის ანდო ეს საქმე, „ეჰ, რას იზამ,
გაჭირვებამ ლექსიც უნდა დამაწერინოს, ისევე, როგორც სხვისი
წერილი!“
გარეთ დიდებულები ელოდნენ, იგი კი ქაღალდს ქაღალდზე
აფუჭებდა. ხან აზრი არ გამოსდიოდა, ხან ლექსთა წყობა. ბოლოს
ოფლი მოიწმინდა და ჩუმი, უჩინარი, მაგრამ უაღრესად სანდო შანშე
მდივანი იხმო.
- გადასწერე, გორჯასპს ჩაუგდე ხელში… მე არაფერი ვიცი,
გასაგებია? ქალაქში ნათქვამი ახალბერიკული ქილიკია, დანარჩენზე -
კრინტი! ვისაც ეცინება, დაგვცინონ!
შანშე მდივანმა მოწიწებით გამოართვა, ჩაიკითხა. ერთი ჩუმად
აფრუტუნდა და გარეთ გავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ გორჯასპ ენდრონიკაშვილი თითო-თითოდ
იხმობდა მუდამ შინშეთქმულთ და ძლივს შეკავებული ხითხითით
უკითხავდა:
კამეჩს რქები მოსტეხია,
ალაზანი ჩიოდაო,
ჩერქეზ-ბერძენ-სომეხია
კახეთის ბედს ძიობდაო!
აშთარხანში აბრეშუმი
გასასყიდად დიოდაო,
ყეენ-ხონთქრის სახარაჯოდ
ოქრო შემოდიოდაო!

116
დიდთავადები იბადრებოდნენ, იღიმებოდნენ, ხელმოფარვით
ხითხითებდნენ, სარგის სომხიშვილის წერილს იგონებდნენ. ამ ლექსს
ახალ საბუთად იღებდნენ. დაწყნარდნენ, ეჭვი თითქმის გაუქრათ:
- კარგი დახლი არ დაგვიდგება მავან-მავანი ხალხის გაგზავნითა!
- არა, ერთი კაცად-კაცი ვერ ინახა კახეთშია?! წასულნი კი არც
სავაჭროდ, არც ამბის მიმომტანად არ ვარგან!
ახალბერიკული მალე გავრცელდა გრემ-ქალაქშიაც. მურადაისძეს
ყურსაც სწვდა და სარგისის წიგნს დაემთხვა და შეავსო.
მეორე დღეს იასონ ჭავჭავაძემ ირანელი ელჩები რომ მოინახულა,
მათ შორის ახალი შათირიც შეამჩნია. ხოლო როდესაც თათბირად
დასხდნენ - განცვიფრდა მდივანბეგი. ელჩებმა ფრიად დაყვავებული
და საამო შეღავათ-საუბარი წამოუწყეს, მალე შეთანხმდნენ:
კონსტანტინე ბატონიშვილი შაჰ ხუდაბანდას ძის - აბას-მირზას პირად
სტუმრად და „ძმადმიღებულად“ ცხადდებოდა, ხოლო
მცირეწლოვანების გამო მისი გამგზავრება ირანს საგაისოდ უნდა
გადადებულიყო.
ირან-კახთა საერთოდ დგომაც ოსმალთ წინააღმდეგ
დადასტურებულად ჩაითვალა. აგრეთვე შეთანხმდნენ, სამი წლის
გადაუხდელი ხარკის საკითხშიაც. კახური აბრეშუმი ხარკის ანგარიშში
ირანულის სახელდებით უნდა წასულიყო აშთარხანს და ხარკის თანხა
იქ უნდა დაფარულიყო საშუალო მაზანდის თაბაოთით.
ელჩების გაშვების დროს მეფე ალექსანდრემ შეთანხმება დაამტკიცა,
ხოლო აშთარხანს აბრეშუმის გაგზავნა გადასდო. „უკვე უკანა გზაზე
დამდგარ კახ ვაჭრების ჩამოსვლამდე“.
ირანელი ელჩები არსებითად ხელცარიელნი წავიდნენ.
ახლა შვებით ამოისუნთქა მეფე-მამამ. მეორე ვაჟიც აგრეთვე
ჯერჯერობით გადაარჩინა მძევალთა ბედსა და ბადეს.
ახლა ჩრდილოეთზე იყო მიპყრობილი მთელი გულისყური.
- რა ისმის, ჯანდიერო? - და ხელი მეტყველად კავკასიონისაკენ
გადაუქნია.
- მათარსა მდივან-სოვდაგარს მიუღია ძმის წიგნი. მიკვირს თქვენ
არაფერი გაახლათ უშუალოდ.
- კიდევ? სხვა?! - უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი მეფემ.
დავითს გაუკვირდა მეფის გულგრილობა სარგისის წიგნის მიმართ.
„ალბათ უკეთ სცოდნია“, - გაიფიქრა და ახლა სხვა მოახსენა:
- სხვა, შორიდან არაფერი, ჩემო ბატონო! ახლო კი - ყრუდ
შეთქმულთა შორის ხელიდან ხელში ახალი ლექსი დადის, ასლს
მოგართმევთ, - და მეფეს ახალბერიკული გადასცა.
ალექსანდრემ ჩაიკითხა, გაიღიმა და უფრო გაოცებულ ჯანდიერს
მიმართა:

117
- იდუმალი ხლართებისა და იგავების ამომხსნელი თუ ხარ, სამი
ერთად დაჭერილ კურდღლის ვინაობასაც გამოიცნობ!
მარცხენა ქილვაშის ქვეშ ტუჩზე იკბინა ჯანდიერმა:
- ახლაღა მივხვდი, ბატონო! თვალი ამეხილა.
- მაინც…
- პირველი ირანელი ელჩია, მეორე - დიდთავადნი, მესამე
დაჭერილი კურდღელი კი ალბათ მე გახლავართ, მეფევ ბატონო! -
ვეება ხელები გაშალა ჯანდიერმა, - რას ვიფიქრებდი, რომ თავისი
საქილიკო ლექსებისა და ვაჭრის წერილის ერთნაირი მოხერხებით
წერა შესძლებია ბატონს?
- ეჰ, ვინ გვიფასებს, დავით ჩემო, ვინ, ან მაგას, ან სხვასა? ყველას
თავისი დარდი და ბედითობა გააჩნია, ჩვენ კი ყველასი უნდა
ვიტვირთოთ!
ახლა კი დაუღალავი ბატონი მეტად დაღლილი და
ძალაგამოფიტული გავიდა სასახლის ტალანში. გულმა მარიამ
დედოფლისაკენ გაუწია. გაუფრთხილებლად თავს წაადგა.
დედოფალი ჩახავერდებულ ბუმბულ-სარეცელზე ნებიერად
მიწოლილიყო და ირმის მოპირკეთებულ ბეჭზე ექვსი წლის ნესტანს
ანაბანას ასწავლიდა. იქვე გადაშლილი წიგნი ედო. ყოველი ახალ ასოს
გამოსახვაზე კუდრაჭა გოგონა გულიანად კისკისებდა.
მამის დანახვაზე ბავშვი შეკრთა. მას როგორღაც შიშნაკრავი
სიყვარულით უყვარდა მამა ბატონი. მამისა კი არ ეშინოდა, არამედ
მისი კულულ-ჭაღარა წვერისა, რომელიც კოცნის დროს სჩხვლეტდა
ხოლმე. და კიდევ იმ შიშისა და ჩოჩქოლისა, გადიები რომ შექმნიდნენ
მამა ბატონის მობრძანების დროს.
ახლაც მოიყუჟა და გარინდებული უმზერდა უმალ წამოწეულ
დედასა და კარში ფაცხაფუცხით გაძურწულ გადიებს.
- ოჰ, როგორ დავღლილვარ, მარიამ ქალო! - ალექსანდრე წამოწვა
სარეცელზე. მარიამმა იგრძნო, სულის მყუდროებას ეძებდა ქმარი.
ხელი შეაგება, ახლო მიიწვინა და ჩუმი, მუდარით აღსავსე ხმით
შეესიტყვა:
- ხომ მშვიდობაა?
- ღვთის ძალითა! - და ალექსანდრემ არა აღმოსავლეთით მიიბრუნა
პირი, სადაც სახატე ჰქონდა დედოფალს, არამედ ჩრდილოეთით.
მარიამ დედოფალმაც იქით გაიხედა. სარკმელში კავკასიონის
მისავლები ჩანდა, მაღლა კი განუჭვრეტელი ბურუსი იდგა.
ალექსანდრემ ახლა ნესტანი მიიზიდა. გულში მოიწვინა.
- ნესტან გოგო, აბა ერთი… როგორა წერ, ეგეც ვნახოთ, - ირმის ბეჭი
აიღო. დახედა დედა-შვილის ნაწერს, მაგრამ ხვეულ ასოებს თავი ვერ
გაართვა. თვალწინ ისევ აზრისა და საქმის ხლართები ელანდებოდა.

118
ხლართები ჩრდილოეთით, ხლართები შიგნით და გარეთ,
გამოუხსნელი, გამოუვალი ხლართები… თუ ჩრდილოეთმა არ
გაამართლა…
ნესტანმა ვეღარ მოითმინა მისი ნაწერის ამდენი ჩხრეკა,
კულულებიანი თავი მამას ხელებში შეუძვრინა და ბეჭს ჩახედა. მამის
აბეზარ ხლართებში თითქოს თავადაც მოექცა, მაგრამ უნებურად
გაჰფანტა კიდევაც:
- კარგია, კარგი. კახეთის ყვავილებსა ჰგვანან შენი ანაბანანი,
ღიმილის ასოებია! - ბავშვს მოეალერსა, ბეჭი გადასდო და ახლა წიგნს
ჩახედა. „ვეფხისტყაოსანი“ იყო.
- წამიკითხე, ჩემო მარიამ, თვალებში ასოები მეხლართებიან, - და
ბავშვის ფაფუკი ხელი თავის განიერ, უკვე საკმაოდ დაღარულ
შუბლზე მიიმთხვია, მალამოსავით გადაუსვა და თითქოს მხოლოდ
ახლა თავისად იგრძნო, ხლართების ტყვეობიდან გამოიხსნა.
დედოფალმა ტკბილ-დაბალი ხმით ჩაიკითხა მაღალი შაირი. მერმე
ხმა გაილაღა, თითქმის ზეპირად კითხულობდა. ხანდახან ჩადრეკდა
წიგნსა და მიყუჩებულ ქმარ-შვილს გადახედავდა.
გოგონას ფართოდ დაეჭყიტა თვალები, მამის ჭაღარაშეპარულ წვერს
ბავშვური სიბრძნითა და კრთომით უმზერდა. ალექსანდრეს კი
თვალები მოეხუჭნა და წინაპართაგან მოწვდენილ იმედიან ხმათა
ჯავარში წუთიერი მყუდროება ეგრძნო.

XV ორთავა არწივის ბუდე


დაღლილმა და დასიცხულმა მგზავრებმა ერთი კვირა დაჰყვეს
აშთარხანს. დაისვენეს. ხელახლად შემაგრდნენ და შემაგრდნენ ახალ,
უფრო უგრძეს გზისათვის.
აშთარხანის სარდალმა - ვოევოდა ლობანოვ-როსტოვსკიმ კარგად
მიიღო კახთა ელჩობა. ცალკე სადგომი შეურჩია მთავარი ციხის
მახლობლად. სრული თავისუფლება მისცა ელჩებს. ისინიც მთელი
დღე დადიოდნენ, ათვალიერებდნენ აშთარხნის ციხე-გალავანს. ძველი
ქალაქიც კი მოინახულეს, ვოლგის მარჯვენა ნაპირზე - ოცდაათიოდ
წლის წინათ იოანე მრისხანეს მიერ საბოლოოდ აღებული და
განადგურებული, ახლა მარცხნივ, ვოლგა-ახტუბას უზარმაზარ
ველხერთვისის ერთ-ერთ კუნძულზე გადანაცვლებული, ოქროს
ურდოსა და აშთარხნის სახანოს ოდესმე მდიდარი, აწ დანთხეული
ქალაქების ძველ ქვა-აგურით უკვე რუსების თაოსნობით აშენებული.
ყველაფერი მოვლეს კახ ელჩებმა: ძველი, დანგრეული მეჩეთებიც და
ახალი საყდრებიც, ღია და დახურული ბაზრები, კეთილმოწყობილი
ქუჩები და ნოღა-თათართა სადგომები. მთავარი ციხის აგურის
გალავანს ვეებერთელა სატივ მორების მესერ-კედლები აგრძელებდა

119
და ჰკრავდა. სანგარ-გალავნის გარეთ რუსული სლობოდის ძელის
სახლებს ალიზის ქოხმახები ან თექნაბადის ხარგები ემიჯნებოდნენ.
ასევე ჭრელი, დიდი, მაგრამ გარკვეულობამოკლებული
შთაბეჭდილება დასტოვა ზოსიმეზე აშთარხანმა და მისმა მიდამომ. აქ
თითქოს ყველაფრის მიჯნა იყო: წყლისა და ხმელეთის, ადგილზე
დამკვიდრებისა და მომთაბარობის, ძველისა და ახალის,
ქრისტიანობისა და მაჰმადიანობის…
- ეს აღარც აღმოსავლეთია და, ჩანს, არც დასავლეთი.
ჩრდილოეთადაც ალბათ ვერ ჩაითვლება! რაღაც ნარევია - ჯერ
შეურწყმელი და უთავისსახო.
- ეს უკვე რუსული ციხეა! - უხსნიდა მას დანილოვ-რუსინი ან მათე
ნოგირინი.
ქვის შენობების ნაკლებობა უკვირდათ კახელთ. არანაკლებ
უკვირდათ ხის შენობათა სიმრავლე, მით უფრო აქ - ათას აღაჯის
წრიულში მაინც არსად მოიპოვებოდა სამასალო ტყე.
- სულ ტივით ჩამოტანილია შორიდან ხეცა და აგურიც! - უხსნიდნენ
რუსი მეგზურები და დაჯერებულად ეღიმებოდათ, - ჩვენ შეგვიძლია!
ძალაცა გვაქვს, სიმრავლეც!
კახეთთან შედარებით, ბაღ-ხეხილებიც ნაკლებობდა. მაგივრად -
ბოსტნების სიმრავლე სწორედ ვოლგის სადარი იყო.
იქ მოწეული ნაყოფი კი გორებ-გორებად იდგა ბაზრის თავებში თუ
ვოლგის ნაპირებზე.
საერთოდ ბაზრები ფრიად მოეწონათ კახთა - თავის სიდიდით,
ნაირფეროვნებით და საქონელ-ფართლეულის თუ სანოვაგის
სიმრავლითა და სიიაფით.
მაინც თევზეულის ბაზარმა მოახდინა მათზე დიდი შთაბეჭდილება.
- ამოდენა თორუჯი და ცქვინი, ზუთხი და ორაგული, ფარგა და
ჭანარი რამ დაიჭირა, ან რა ხალხმა უნდა შეჭამოს?! - ჰკვირობდა ჯაბა
ოსტატი, რომელსაც მეტად უყვარდა თევზეული.
მარილწყალში გამოყვანილმა ხიზილალამ ხომ სულ გააოცა და
დააპირპატივა კახნი. ოღონდ ერთი კილი აქაც იყო - არაქათწამღები
ბუზების მორევი გარს ეხვია თევზეულს. ბუზები თითქოს სულში
უძვრებოდნენ კახთა, ხოლო ბაზრის ბოლოს გადაყრილი შეფუჭებული
თევზის კალოების ყროლვა და შმორვა ყველგან ბატონობდა ქალაქში.
ქულბაქებში მრავლად იყო უცხო საქონელი: ხვარამზისა და ბუხარის
ძვირფასი კრაველები, სამარყანდის აბრეშუმეული, ციმბირის
ბეწვეული: სიასამურები, ხაზიდები, ქაცვკინები, ყარყუმები,
მოსკოვური თეთრეული და რკინის ნაკეთობანი, სპარსული ნაქარგები
და ხალიჩები, ჰინდური ტვიფრულები, ოჭვილები და ზარნიშულები
ლითონებზე, მინანქრებზე თუ სპილოს ძვალზე.

120
ზედ ნაპირზე, სადაც ახლაც მომდგარი იყო რამდენიმე ძირბრტყელა
ხომალდი, გამოჩანდნენ გასაგზავნად გამზადებული მარილის თეთრი
გორაკები. კახელებმა პირველად აქ ნახეს მრავალდოლაბა რუსული
წისქვილები. მწკრივად ჩაბმულ ხომალდებივით იდგნენ მდინარის
კიდეში და ვეება ფრთაგორგოლებს წყალში ამოსმით აბორიალებდნენ.
კრემლის მთავარ კარიბჭესთან, ახლად მოთავებულ საზვერავ ციხე-
ქონგურის გასწვრივ ახალი საყდრის სამგუმბათი იყო ხარაჩოებში
ჩამჯდარი. „რუსნი ახალი ციხეებითა და ახალი საყდრებით
მოაბიჯებენ ჩვენსკენ!“ - ნუგეშიანად ფიქრობდა ზოსიმე.
მზე რომ გადიწურებოდა ვოლგის მიღმა, მთავარ ციხეზე ზარბაზანი
დაიქუხებდა. ეს ბაზრებისა და ქალაქის ბჭეების დაკეტვის ნიშანი იყო.
აშთარხნის ირგვლივ ბლომად თარეშობდნენ დაუმორჩილებელი,
უბინადრო თათრები და ქურდ-ყაჩაღებად გასული კაზაკების ბრბოები.
ორი მათგანი ახლაც ეკიდა სახრჩობელაზე კარიბჭის მახლობლად.
ბჭესთან კი ორფეხდაკარგული ხეიბარი იჯდა და „ღვთისა და კაცის“
სახელით განკითხვას ჯიქურად მოითხოვდა, თან საკმაოდ ნახმარ ცალ
ჩექმას ჰყიდდა.
- მეორე ჯერ „იმას“ აცვია! - შეშფოთებულმა ზაზამ სახრჩობელისაკენ
მიახედა ბერი.
კახელებმა არც ჩექმა იყიდეს, არც უფეხო ხეიბარი გაიკითხეს. „რას არ
ნახავ კაცი ამ საოცარ მიჯნაზე? რა არ გადაგწყდება კაცს უცხო და
შორეულ გზაზე?“ - ფიქრობდა ზოსიმე და ხან აღმა გასცქეროდა
ვოლგას, ხან დაღმა.
კარგა ძნელი გზა და გაჭირვება ჰქონდათ გამოვლილი კახთა,
არაერთგზისი, თითქოს წვრილმანი ყოფითი სიძნელეებიც
უწყალებდნენ გაწვრილებულ გულსა და გუმანს. არაერთგზისი
„ფერისცვალებაც“ მოუხდათ. ჯერ იყო და რუსულმა სამოსმა შეაწუხათ.
კახურ მსუბუქ ჩოხა-საცვეთებს ჩვეულთ გაუჭირდათ მძიმე ჩექმებისა
და ხეშეშა-ხალვათად ნაკერ ჯუბა-ქურქების ტარება, მაგრამ ამას კიდევ
შეეგუენ, ხოლო ახლა საჭმელ-სასმელის „ფერისცვალებამ“ შეაწუხათ.
აშთარხანამდე ძველი მარაგი მოჰყვათ. თავის გემოზე აკეთებდნენ
ყველაფერს. ახლა კი გამოუთავდათ ნუზლი. დარჩენილ ჩირ-
ჩუჩხელებსა და მშობლიური ღვინოს ყადაღა დაადეს, მოსკოვისათვის
შეინახეს.
უღვინობამ ძლიერ შეაწუხა კახნი. ცხენის ყუმისს, რუსულ
ერთნახადა არაყსა და თაფლუჭებს, მეტი რაღა გზა იყო, შეეგუენ,
მაგრამ ვერ კი შეეჩვივნენ.
კვირის ძალს ლობანოვ-როსტოვსკიმ კახნი ვოლგის აღმა აამგზავრა.
- ვიდრე მოსკოვამდე ხომალდით! - უხაროდა ზოსიმეს, რომელსაც
მეტად ღლიდა ცხენდაცხენ სვლა.

121
ახლა მენიჩბეების ნახვისას კვლავ განცვიფრდნენ კახნი. საოცარი
ხალხი იყო. მკერდმოღეღილი, ღაჟღაჟა ქერა, წვერშებურძგული
ახმახები ნიჩბებს უნდილად უსვამდნენ, ტორებს მდევებივით
სცემდნენ უთავბოლო მდინარეს და დაგუბული ძალით ყრუდ
ღიღინებდნენ. მათი კილო იქ თერგზე მოსმენილ რუსულ სიმღერასაც
არა ჰგავდა. იქ სილაღე იყო, თავნებობა, დარდიმანდობა, აქ კი -
ჩათხრობილი სევდა, თავწადებული, გაბუსუნებული თვლემა და ჩუმი
დრტვინვა. თითქოს დაბორკილი ნაბიჯების მძიმე ხმა ისმოდა დაბალ
ბუბუნში.
გლეხთა, მდაბიოთა და სხვა ამბოკართა დიდ გაბოროტებულ
დუხჭირს გრძნობდა ზოსიმე.
„ბეჩავობა ამათი ნახე… ნუთუ უბადრუკებიც არიან ეს ცხვირპაჭუა
მდევები - ნიჩბებისა და ვოლგა-მდინარის ამარანი!“
მაგრამ მალე უფრო განცვიფრდა ზოსიმე, ხომალდი გაღმა - დაბალ
ნაპირს მიუახლოვდა და უეცრად ნიჩბოსნებმა უტიეს მოსმას,
ძონძებგაუხდელად წყალში გადახტნენ, დგაფუნით გასტოპეს
ნაპირამდე, ხომალდიდან გრძელჭაპანი აითრიეს, გაშალეს და ვიდრე
ხომალდს წყლის დინება შეაჩერებდა, თოკი მხრებზე გადაიტარეს,
დასჭიმეს და ნაპირზე ბაწარაღებით და წინდრეკილად აიძრნენ. ნელი
ტაატით ნაპირს აღმა აჰყვნენ, ხომალდიც აითრიეს წყალდაწყალ, მალე
ფეხი ააწყვეს, აიჩქარნენ, სიმღერაც გაარიხეს და აღმა-დაღმა გაახმიანეს.
- ამასა დახედეთ?.. ეს რა გუთნეული ჩააბეს?.. გაგონილა? -
ჰკვირობდნენ ხომალდზე გადმომდგარნი კახნი და გრძნობდნენ, თუ
რა ჭაპანმწყვეტი ძალით აღმა ხნავდა ვოლგას ამ ბედამაო ადამიანთა
გუთნეული.
- ბურლაკებმა გასწიეს ჭაპანი! - განუმარტა მათე რუსმა, -
დუბინუშკას მღერიან! ჰეი და უუხნემ! - თავისდა უნებურად ხმას
აყოლებდა იგიც. ზოსიმე ახლა კი თუმცა უმწიფარს, მაგრამ დიდ
შინაგან ძალასა და მუქარას გრძნობდა გუგუნა სიმღერაში.
- „დუბინუშკა“ კეტსა ნიშნავს, კომბალს. უხნემ კი - დარტყმას, -
ჩურჩულებდა ზაზა თუ ყურშიტა.
- აი ხალხი! დახე ძალასა! თუ მობრუნდნენ, ამათ რა თათარი, რა
ირან-თურქი გაუძლებს?! - ბუტბუტებდა ბერძენი ბერი კირილე თუ
ქართველი ოსტატი ჯაბა.
- ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლივ! ვერც ერთობლივ! - ჩუმად
ედასტურებოდა ზოსიმე. თანდათან სულ ახალი და უცნაური სამყარო
იშლებოდა დაკვირვებულ ბერდიდის წინაშე. იგი ყველაფერს
ინიშნავდა, იმახსოვრებდა, ეჭვიანად ზომავდა და მერმე მთის იქითა
სამყაროს ვარაუდებს უფარდებდა.

122
ვოლგის ნაპირები აქ მეჩხრად იყო დასახლებული. ძველ ოქროს
ურდოს ქალაქების ნანგრევებზე აქა-იქ ახალი რუსული თეთრი ციხე-
კრემლები გამოჩანდნენ.
ჩორნი-იარის შემდგომ კი უფრო მომრავლდნენ ახალი სოფლები,
ახალ დაბებში შორიდანვე გამოჩნდებოდა ძელის ეკლესია, მერმე
გაურანდავ მორებიდან წყობილი სახლები.
რამდენიმე ადგილას შეჩერდნენ კიდევაც, რუსთ ახალი სოფლები
მოინახულეს. ერთი-ორჯერ ღამეც კი ათიეს მათთან.
ყველგან გლეხებში დიდ სიღარიბეს, მაგრამ საოცარ ჯანმრთელობასა
და გულუტეხობას ხედავდა და გრძნობდა ზოსიმე. და ერთსაც კიდევ,
რაიც განსაკუთრებით გულს უხსნიდა ბერს - მრავალი ხატები იყო
ყველგან, თუნდაც სულ ღარიბულ ქოხმახებში. მარტივი,
გულუბრყვილო ხატები. ცულით გარანდულ მცირე ციფრებზე ზეთის
საღებავებით დახატული ქერა ქრისტე და ცხვირპაჭუა წმიდანები.
პერევოლოკში რამდენიმე დღე შეისვენეს. ბურლაკებიც
გამოიცვალეს, აქვე დაელოდნენ ნაპირ-ნაპირ მავალ ცხენ-ქარავანს.
ზოსიმეს შეკითხვაზე დანილოვ-რუსინმა აუხსნა, რომ ამ
პერევოლოკის გზით, ორი დღის სავალზე ხმელეთით, მდინარე დონზე
გაისვლება, საიდანაც ისევ სახომალდო გზა უკვე თეთრი ანუ აზოვის
ზღვით შავ ზღვაში ჩადის, ყირიმსა და სტამბოლს აღწევს.
ზოსიმემ გონების თვალით მოზომა - ეს იყო მარცხენა დიდი თათი
თურქეთისა. მარჯვენა კი - სტამბოლ-ტრაპიზონ-არზრუმ-გურგანის
ანუ კასპიის ზღვაზე ვიდოდა და სხვათა გარდა, ყველა საქართველოსაც
შიგ იტოვებდა, მათ ირგვლივ დიდ, სასიკვდილო მარყუჟად
იკვრებოდა.
ისიც გაიგო ზოსიმემ, რომ ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ სელიმ
სულთანმა სპა და მოხელენი გამოგზავნა პერევოლოკის გასათხრელად,
დონისა და ვოლგის შესაერთებლად. აშთარხნისაკენ სანაოსნო გზის
გასაკვლევად, ამ დიდმნიშვნელოვან ციხე-ქალაქიდან რუსთა
გასადევნად.
სელიმ-სულთანმა ვერც ერთი განახორციელა, ვერც მეორე. საფლავში
ჩავიდა, ანდერძად დაუგდო მემკვიდრეს - მურად სულთანს.
„ამ ვეება „ნაანდერძევ თათს“ მხოლოდ ვოლგის ქვეყანა და ეს
ბურლაკი ხალხი თუ აღუდგება და მოჰკვეთს“! - უფრო და უფრო
უმტკიცდებოდა ეს ფიქრი ზოსიმეს.
დრო კი ვიდოდა, გზა იშლებოდა და იკვეცებოდა… ხომალდის ქვეშ
მრავალმა წყალმა ჩაუარა შორეულ მგზავრებს. მაინც ჯერ შუაგზაზე
თუ იყვნენ. კახთ ყურადღება და ცნობისმყვარეობა მოუდუნდათ.
უსაშველო მანძილი ღლიდა მათ და ნაპირებზე ყველაფერი

123
ერთფეროვნად ეხედებოდათ. ან გაუთავები დაბლობი იყო, ან
უთავბოლო ტყე-ბუჩქნარი, იშვიათად ტყე.
მხოლოდ ყველაზე მხცოვანი და ყველაზე ახალგაზრდა - ზოსიმე და
ზაზა - არ დაჰყვნენ ამ საერთო მოდუნებას და ძველებურად
განაგრძობდნენ შეუნელებელ დაკვირვებასა და რუსულის სწავლას.
სარატოვი ჯერ უდიდციხო, მოუწყობელი ქალაქი აღმოჩნდა, მაგრამ
ყველა აქამდე ნახულ დაბაზე უფრო სუფთად რუსული. ძელდაფენილ
ქუჩებით და დიდმორება „იზბა“-სახლებით, ხის ჩუქურთმებში
ჩასმული ჭიშკრებითა და მისავლებით.
- აქ მალე დიდი ციხე აშენდება, ქალაქი მაშინ ნახე! - განუმარტა
რუსინმა.
აქვე დაელოდნენ ცხენ-ქარავანს. აქვე უნდა გაჰყროდნენ ისევ. აქამდე
თუ შორიახლოს ვოლგას მოჰყვებოდნენ ხმელეთით მავალნი, ახლა კი
ხმელეთის გზა მოკლეზე - პენზა კასიმოვზე მიდიოდა. ეს „მოკლე გზა“
კი მთელ კასპიის ზღვას თავით ბოლომდე დაიტევდა.
- მერმე სად შევიყრებით ისევა?! ამ ზომააუღებ ქვეყანაში სად უნდა
მოვნახოთ ერთმანეთი? - სწუხდა მხარნაცვალი ბაცაცაისძე, რომელიც
კახურ ბედაურებით ცხენ-ქარავანს უნდა გაჰყოლოდა.
- ნუ გეშინია, გნახავთ… კასიმოვში შევიყრებით! - ამშვიდებდა მას
მათე რუსი.
ელჩების ხომალდი კი ისევ აღმა ვიდოდა. ვოლგა აქ
აღმოსავლეთისაკენ იდრიკებოდა.
აიარეს ყაზანი, არცთუ დიდი ხანია, იოანე მრისხანეს მიერ
დაპრობილი და დამხობილი თათართა სახანო.
ყაზანის ზემოთ შესამჩნევად იკლო ვოლგამ. რამდენიმეჯერ
ხომალდიც კი გაურჩათ მეჩეჩზე. ერთგან წყალიც კი შეუდგა ნაბზარში,
ამოსახაპავად ყველამ, მოხუცი ელჩების ჩათვლით, გამოიღო ხელი.
წვალებ-წვალებით მიაღწიეს ნოვგოროდამდე. აქ დადგნენ, ვიდრე
საფუძვლიანად არ შეაკეთეს ხომალდის ძირ-ბაქნები.
ნიჟნი ნოვგოროდის ძველ საყდარ-მონასტრებმა დიდი
შთაბეჭდილება მოახდინეს ზოსიმეზე და „ბურლაკთ ქვეყანას“ ახლა
„მართლმადიდებლობის ახალბურჯის!“ სახელწოდება მოუხვეჭეს
ბერის გულში.
კახ ელჩებს ვოლგის მდინარეზე ჩაელიათ ხელში ზაფხული და
შემოდგომის დამდეგს ნოვგოროდის აღმა, ვოლგის შენაკადს - მდინარე
ოკას აჰყვნენ. ბოლოს კასიმოვს მიაღწიეს.
ბაცაცაისძე ცხენ-ქარავნით უკვე იქ დახვდათ. ზოსიმემ გზის გეზი და
გავლილი ქალაქების შესახებ გამოჰკითხა. კავკასიონის პირაქეთა და
პირიქითა ბილიკებისა და მტკვარ-ალაზნის გაუვალი ჭალების უებრო
ოსტატი და მეკვლე ახლა დაიბნა, ხელი ჩაიქნია:

124
- მამაო! ამ ვაკეებისა და ტყუსპიცალა დაბა-ქალაქების ნახვით
ყველაფერი ამერია. ვერც ამ რუსული ენისა ვერაფერი გავიგე და ვერც
ამ გაუთავებელი ქვეყნისა! ადგილზე ხომ არ ვტრიალებთ,
დალოცვილისშვილებო!
ენკენისთვის შუა რიცხვებში ჯერ კიდევ თბილოდა, კოლომნიდან
მოსკოვ-მდინარეს რომ აჰყვნენ.
- წყალაღმა თუ დაღმა მივალთ? - ახლა სულ აირია ბაცაცაისძე.
მდინარეს მართლაც არ ეტყობოდა ძვრა. ნიჩბები ზომიერად
წვებოდნენ და დგებოდნენ რბილ სარკის ზედაპირზე და ხომალდს
ვერცხლის ხნული რჩებოდა მოკლე ნაწიბურად, მერმე ისიც ჰქრებოდა
და ისევ უძრავი სარკე იყო ირგვლივ.
მალე მოსკოვ-ქალაქის გარე გუშაგებმა შეაჩერეს.
შორით მოსკოვის კრემლი აჩნდა.
- მაშ ეს არის ორთავა არწივის ბუდე, რომლისაკენაც ამდენი ხანია
მოვალთ და მოვალთ, მაშ ეს არის ახალი ათენი და მეორე იერუსალიმი,
მართლმადიდებელთა ახალი ბურჯი და მრავალსაქართველოთა
შესაძლო შემკრებელ-მფარველი! - ზოსიმე თვალს ვერ აშორებდა ახალ
ხილვასა და სინამდვილეს.
შორიდან კრემლის აღალმას თეთრი იერი გაჰკრავდა, ხოლო მის
თავზე ოქროს ჯვარი სხივმიჯრილად ბრწყინავდა… მზეც მის უკან იყო
და თითქოს ცის ასავალ-დასავალიც.
ბერდიდმა სასოებით ისახა პირჯვარი:
- ნეტავ რას გვიქადის ეს ოქროს ბრწყინვალე ჯვარი - მფარველობასა
და ნუგეშს, თუ ახალ ჯვარცმას?!

XVI საიდუმლო ნიშნობა


ალექსანდრემ აბეზარი ელჩ-ჩაუშები გაუშვა თუ არა, ახლა შინაურ
საქმეებს მიჰყო ხელი.
ტახტის მემკვიდრეს - ერეკლეს უკვე თვრამეტი წელი შეუსრულდა.
არ შეეფერებოდა დაუნიშნავად ყოფნა. ისევ ყაფლან ვაჩნაძე იხმო:
- ერთი საფეხურითაც წავაგდოთ საქმე! მთიდან არა ისმის რა?
დაგვიგვიანდა პასუხი. კიდევ ვიღონოთ რამე. საქმეს მცდელობა
უყვარს. არც დროზე ადრე ვარგა, მაგრამ… დროზე გვიან - უარესია, ჰო,
ყაფლან ჩემო, მონადირევ ჩინებულო!
მაგრამ ყაფლან ვაჩნაძე იდგა და სდუმდა. მას „ჩინებულ მონადირეს“
და არანაკლებ „საქმის მცდელსა“ და ილათიანს, თავისი თადარიგი და
ჩვევები ჰქონდა. კახთ ბატონსაც „დროზე ადრე“ საქმის მსვლელობისას
არაფერს არ ეუბნებოდა და როგორც კარგ მოთამაშეთ მოსდით ხოლმე -
თავისი ოსტატობის გამჟღავნება არცთუ მაინც და მაინც ეჩქარებოდა.
ახლაც ელიმ-შამხლის პასუხი უბეში ედო, მაგრამ ფეხს ითრევდა,

125
ნუკბაობდა თავის „ნატიფ ნახლართით“ და მნიშვნელოვან ამბებს
სხვათა შორის უმნიშვნელოდ მოაყოლებდა.
- ჩვენს ელჩიონს კარგა ხანია აუვლია ტარკაზე… ბაცაცაისძეს
გადაუცია უსტარი. საქმე წინწაგდებული გამოდის, მეფევ ბატონო!
მაგრამ ახლა ალექსანდრე სდუმდა. მან იცოდა, ყაფლანს კიდევ
ექნებოდა „რამ სანუკბარო“. და მართლაც, ყაფლანმა ცოტაც დააყოვნა,
არც დროზე ადრე, არც დროზე გვიან და უბიდან დალუქული
გრაგნილი ამოიღო:
- ესეც ელიმ-შამხლის პასუხი გახლავთ!
ალექსანდრემ დაუფასა ოსტატს ხელის დახვეწილობა:
- ერთი ჯიხვით წინა ხარ, მონადირევ! გიჯობნია! - და გრაგნილის
ლუქი გასტეხა, გადაშალა. ქართული ასოებით ნაწერი ლეკური
წერილი იყო. თავი ვერ გაართვა კახთ ბატონმა.
- უსტარი გაუხსნელი იყო, მაგრამ უხსნელიც ყოფილა, ოსტატო!
ყაფლანს ოდნავ ჩაეღიმა:
- ასე შევთანხმდით, ნიშნადაც დავდეთ.
- მეორე ჯიხვით წინა ხარ! მჩაგრავ, მაშ მომახსენე! - და გრაგნილი
ისევ უკან გადასცა.
- ნიშნობაზე თანხმობას გვითვლის, ოღონდ ძმის - სურხაი შამხლის
ეშინია. პირის ნახვასა და ნიშნობა-ხადილის საიდუმლოდ მოწყობას
ითხოვს.
- საიდუმლო ნიშნობას?! კეთილი, ჩვენც ასე გვიფიქრია… ეს
სატევარი ისე უნდა გავჭედოთ, დროზე ადრე ხმა არ უნდა გავიდეს
სამჭედლოდან, ქორწილიც უფრო გაცხადდება მაშინ! - ცოტა
ნაძალადევად გამხიარულდა ალექსანდრე, - ადგილს თუ ასახელებს?
- ადგილსაც ნიშნავს სავარაუდოდ - წახურის წმინდა გიორგის ხატს!
კახთ ბატონმა ლეკების მთებს გახედა სარკმელში.
- ზედ ქედის თავზე რომ არის… სამოსაზღვრო და სადავო?
- სწორედ იგი გახლავთ, ბატონო! - დაუდასტურა ყაფლანმა,
რომელსაც ყველაფერი მოსაზრებული და გათვალისწინებული
ჰქონდა, გარდა ერთისა, - ეს აღარც ვიცი - რა წესით და ადათით
დავნიშნოთ ქრისტიან-მაჰმადიანი.
კახთ ბატონმა ქართლიდან მარტყოფში ახლახანს დაბრუნებულ
ნიკო-ხოსრო ეპისკოპოსთან აფრინა შათირი. ალექსანდრემ უკვე
იცოდა, რომ ქართლის მეფე-დედოფალმა დიდი სიხარულით და
გულთაშვებით მიიღეს ბერ-ბატონიშვილი. მრავალი პარაკლისი და
ნადიმი გადაიხადეს. მუხრანბატონიანთ გვართანაც კახთ ბატონთა
დამოყვრების განზრახვაც მოუწონეს და ხელიც ფრიად მოუმართეს.
მუხრანშიაც ამ ამბავს სიამით შეხვდნენ. აშოთან მუხრანბატონის
უფროსი ქალი დედისიმედი სამცხის ათაბაგს ჰყავდა, ხოლო სულ

126
უმცროსი ქეთევანი ჯერ ცამეტი წლისა იყო. არც სასიძო - დავითი იყო
სრულწლოვანი, ამიტომ არც მუხრანში და არც გრემში მაინცადამაინც
არა ჩქარობდნენ. ურთიერთს მოსაკითხავ საჩუქრებს სთავაზობდნენ
და მომავალ დამოყვრების სიტყვა-პასუხებს დინჯად აზუსტებდნენ.
ერთი კვირის შემდგომ ნიკო-ხოსრო ეპისკოპოსი გრემში ამოუვიდა
ძმას და ქართლის ამბები დაწვრილებით უამბო. არც კარგი დაუფარავს,
არც ცუდი. გულღიად და სიტყვაშემოუტოვებლად მოუთხრო ყოველი.
კახთ ბატონი დიდად ნასიამოვნები დარჩა. „მართლაც გულდაგულ არ
ამომიყენა გვერდში ძველმტერი ძმა?!“ - ფიქრობდა იგი და ზოსიმეს
იგონებდა. ერეკლე ბატონიშვილის საიდუმლო ნიშნობის
ქრისტიანულ-საწესო მხარის მოგვარებაც ნიკო-ხოსროს მიანდო.
- ბიძა ხარ და ბერ-ეპისკოპოსი. ერეკლეს მამობილობა და მოძღვრობა
ყველაზე უფრო შენ გეკუთვნის. თვით ღმერთს ასე უბრძანებია! გზას
გილოცავთ, ძმაო და მამაო!
თავისი პირმშო მას ჩააბარა და დანიშნულ დროს წახურის წმიდა
გიორგის ხატში საიდუმლო პირსანახავად და დასანიშნად გაგზავნა.
ზაფხულის მიწურულს წახურის ხევი გადავლო ცხენოსანთა
ჯგუფმა, მთა-საბალახოებსა და ხელშეუხებ სათიბებს შეჰყვა. ჯგუფი
მცირე იყო, მაგრამ ცხენ-უნაგირითა თუ სამოს-ნაბდებით დიდად
გაწყობილი.
კავკასიონის მთავარქედი აქ აზურგულ საბალახოებად და ჩადრეკილ
იალაღებად გაშლილიყო. კლდე-შვავები მეჩხერ ღრძილებად და
ღოჯებად გარს ადვნენ თხემ-კიდეებს. დეკიანები და ღვიანები
ხალებად ჩაჰკროდნენ ფლატეებს. განამული და გაუტკეპნავი ლუშტი
საძოვრები მიმდგარ ყანებივით ლივლივებდნენ და თეთრფაფარა
ნისლებს მწვანედ და ფირუზად ეგებოდნენ.
მთელ თვალსაწიერზე არც ერთი ფარა ან ბინა არსად იყო. მხოლოდ
ქედის უბეში მცირე რამ ხატი და დაბალგალავანი ჩანდა. ეს იყო
წახურის წმიდა გიორგის ძველთაძველი სალოცავი, დაღესტნისა და
კახეთის უხვედრ მიჯნაზე, ყველას მიერ რიდდადებული. უწინ
მრავალგზის გატაცებულა საქონელი ამ ბალახბარაქიან კალთებიდან.
კახთა და ლეკთა არაერთი ვაჟკაცის ამაო და უაზრო სისხლი
დაღვრილა ამ სადავო ადგილზე. ბოლოს ყველამ თავი დაანება,
მიატოვა ხატიცა და მისი კალთებიც.
სასიძოს ჯგუფმა ხატს რომ ააღწია, დაწინაურებულ კახ მესტუმრეებს
უკვე ორი კარავი დაედგათ ხატის მარჯვნივ, ხოლო ლეკ მესტუმრეებს -
ხატის მარცხნივ. ორივ მხრივ ცეცხლი ენთო და სამზადისის ჩუმი
ქოთქოთი იგრძნობოდა. სახელდახელოდ დაწნულ და შემაღლებულ
ლასტებზე ქათქათა აბრეშუმის სუფრები გაეშალათ, ოჭვილი ჭურჭელ-
სამწდეურები გაეწყოთ, ირგვლივ ქეჩა-ნაბდები გაეშალათ, ხოლო

127
ავდრის თადარიგად, ფართო ჯეჯიმ-ფიჩვები და კარვის საფენები
მოემზადებინათ.
დარი კი შესანიშნავად გრილ-თბილი და მყუდრო იდგა.
საპატარძლო, ელიმ-შამხალი და მისი წარჩინებულნი ჯერ არსად
ჩანდნენ. ლეკ-ქართველნი ისე საქმიანობდნენ, თითქოს ურთიერთს
ჯერ ვერც ხედავდნენ. არავინ არავის არაფერს არ ეკითხებოდა.
ნიკოლოზ ეპისკოპოსი მაშინვე ხატში შევიდა. მცირე ნიშში
ძველხატულა წმიდა გიორგის ხატი ახლაც ესვენა. არავის არ ეხლო
ხელი მისთვის - არც მტერს, არც მოყვარეს. ეს ხატიღა იყო ერთადერთი
ქრისტიანული ნიშანი ამ მოსაზღვრე სამლოცველოში. დანარჩენით კი
იგი წარმართულ სამოგვეს უფრო ჰგავდა. შიგნითაც ქვის
სამსხვერპლოზე და გარეთა კუთხეებში თუ ჩაფილაქნებულ სახურავზე
მრავლად ეყუდა და ეყარა ირმის, ჯიხვისა თუ არჩვის ქარახსები.
ხოლო უფრო ქვემოთ - დაბალ გალავანზე და მიმონგრეულ კერაზე
მრავლად ეწყო ნაზვარაკა ყოჩების დაგრეხილი რქები. ზედ ხატთან
ძაფდახვეული თითისტარი და მამლის გაჩხიბული ნისკარტჭვანგი
გამოსჩანდა. გარე დვირზე კი მცირე უენო ზარი ეკიდა.
ეპისკოპოსმა ოდნავ მოარჯულ-მოაქრისტიანა ხატის შინამო.
მოასუფთავებინა. მწეებს სახელდახელო ამბიონი დაადგმევინა, თან
მოტანილი ღვთისმშობლის ხატი, ჯვარ-ბარძიმი და ლოცვანი დასდო.
სანთლები და ორი კელაპტარი აანთებინა, შეიმოსა, მცირედი
პარაკლისი გადაიხადა, საკმელი აკმია, აიაზმის წყალი ყოველკუთხივ
აპკურა. მივიწყებული ხატ-სამლოცველო ისევ ქრისტიანული წესით
გაანათლა.
ერეკლე არ შორდებოდა თავის ბიძას. იგი გაურკვეველი
თრთოლვითა და კრთომით მოელოდა პირველ ნახვასა და ნიშნობას.
საპატარძლოს ქება ხშირად სმენია. ყველას ცალ-ცალკე ჰკითხავდა,
უფრო კი მის ნაიბებს - თამაზსა და ბებურს. თამაზს თავად არ ენახა
სალიჰა, მაგრამ მისი ქება სმენოდა ძმისაგან. ბებურს კი თავად
არჩევანშიაც ჰქონდა წილი:
- ჯერ ნახეთ - მერმე დამძრახეთ! მამაჩემმაც კი ვერ უპოვა რამ კილი
და მანკი მის დახვეწილ სილამაზესა და სიფაქიზეს! - არწმუნებდა იგი
ერეკლეს.
თვით ყაფლანმაც არაერთგზის უქო ქალი შეწითლებულ სასიძოს,
მაგრამ ერეკლეს თავის ოცნებაში ჩამოძერწილი სახე-ტანისა თუ ქცევა-
ხასიათის სადედოფლო ჰყავდა გუმანში. ეს ნაძერწი, ოცნების ნახელავი
ხატება ცოტა ავთანდილის თინათინსა ჰგავდა, რომელიც ერეკლეს
ნესტან-დარეჯანზე უფრო მოსწონდა, და კიდევ ერთი თინათინი იყო
მისთვის დედოფლის სილამაზისა და სათნოების განსახიერება. მისი
საკუთარი ბებია - მამის დედა, თინათინ გურიელის ასული, რომელსაც,

128
მართალია, იგი არც მოსწრებია, მაგრამ რომლის სათნოებისა და
სილამაზის შესახებ ერთხმად მეტყველებდნენ კახეთის საყდარ-
მონასტრებისა თუ სასახლეების კედელხატულები და ცოცხალი
მოწმენი.
აქ კი, იმ დაღესტნიდან, საიდანაც მხოლოდ მარბიელნი და ვერაგი
დედინაცვლები გადმოდიოდნენ, მისი სათნო და საოცნებო
დედოფალი, მისი და ქვეყნის ვარამის მენახევრე და გვერდში მდგომი
როგორღა უნდა გამოსულიყო?! ისიც არაქრისტიანი?! ხოლო ერეკლე
კახთ ბატონისშვილებს შორის ყველაზე უფრო მორწმუნე და
ღვთისმოსავი იყო.
„ჯერ გაქრისტიანება, მერმე გაქართველება, მერმე გადედოფლება!“
მას შემდეგ, რაც მისი „მთის სიძობა“ გადაწყდა, ბევრი უფიქრია ამ
თავსატეხის ირგვლივ თუ სიღრმივ.
მან იცოდა, რომ „მსხვერპლი“ იყო საჭირო და ამ ნიშნობა-ქორწილსაც
როგორც „მსხვერპლს“ ისე უცქერდა და იღებდა. უშუალოდ ცოცხალ
არსებაზე, რომელიც მისი თანამეცხედრე უნდა გამხდარიყო,
გულდაგულ არც კი უფიქრია. დღეს კი, აი, დღეს უნდა ნახოს ძე-
ხორციელი, პირისპირ შეეყაროს, შარნა მისცეს! მართალია, ჯერ
საიდუმლოდ, მაგრამ მაინც ღვთისა და ზოგ რჩეულთა წინაშე გვერდში
ამოიყენოს!
ღელავდა ერეკლე, მაგრამ ყველა თავის სამზადისში იყო და
შეფორიაქებული სასიძოსათვის არვის ეცალა.
კახთაგან სუფრის თავად შერმაზან ჩოლოყაშვილი იყო ნაზრახი,
ალბათ, იმიტომ, რომ სუფრა მრავალსიტყვიანი არ ყოფილიყო. იგი
უკვე საერთო სუფრას აშლევინებდა მოხელეთ.
ყაფლან ვაჩნაძე მესტუმრე ლეკებთან გადასულიყო ლეკ-კახთ ადათ-
ჩვეულებათა შესარწყმელ-შესათანხმებლად. ბებურ და თამაზ ყოველ
შემთხვევისათვის დარაჯებს ანაწილებდნენ საზვერავ და საყელავ
ადგილებზე. ყველანი მშვილდოსნები იყვნენ. საერთო
ცეცხლმსროლელი იარაღი არ წამოეღოთ კახთა. ქორწილზე თუ
ნიშნობაზე ავად ჰქონოდათ დაცდილი. ეს ადათი წახურელ ლეკებსაც
წესად ჰქონდათ და დღევანდელ შეყრაზეც დაეცვათ.
ხატის უკან მცირედ შეფენილი არყნარი იდგა. - ძველთაგანვე
შეუვალი ხატის ტყეს კრძალვა ჰქონდა დადებული. არც კახთა და არც
ლეკთა ფიჩხიც კი არ გამოუტანიათ იქიდან. ერეკლემ სწორედ აქ
მონახა მყუდრო ადგილი.
ხშირდაბალა ტყის ნოტიო მოსდევდა შუაზე, უფრო ზემოთ კი ეხად
გადმომდგარ ტინს წინწკლებად მოწვეთავდა მცირე, დაშლილი წყარო.
მწვეთარას ირგვლივ თომის ბიბინა მწვანე ჰქონდა არშიად

129
შემოვლებული. ზედ ნაწვეთი ალმასები ბზინავდნენ და ცოცხლებივით
ირხეოდნენ.
მწვეთარას თავზე, ჩახავსებულ ბუჩქებთან ერეკლემ განაბული როჭო
შენიშნა. მისი ჯაჭვედა, ჩაპეპლილი ყელ-ზურგი ჩახატულივით იჯდა
ხავსის მწვანე ვარაყში. მოხიბლულმა ერეკლემ ნელად ფეხი წარსდგა.
სულ ახლოს მიუშვა როჭომ, მერმე უცბად აფართხალდა მხარლამაზი
და ფეხწითელა. ხატსა და სუფრას გადაევლო, ქვედა ფერდოს ჩაეფარა.
გული ჩამოსწყვიტა ერეკლეს. რომ გამობრუნდა, ცხენოსნების თქარუნი
მოესმა. საპატარძლოს მაყრიონი მოსულიყო.
ისინიც ცოტანი იყვნენ. ლეკების კარვებშიაც შეიქნა ფუსფუსი.
მოსულთა ჯგუფს ორნი გამოეყვნენ და მცირე ხატოვან კარავს
შეეფარნენ.
კახნი არ შეგებებიან მოსულთ. იგულისხმებოდა, რომ აქ ორივ მხარე
მასპინძელია. „მეზობლური“ შეყრა საერთო კერასა და სუფრის პირას
უნდა მომხდარიყო.
კახნიცა და ელიმ-შამხლის ამალისანიც თავიანთ კარვებში
შეყუჩდნენ, მათ შორის მიმოსვლა მხოლოდ მსახურთ ჰქონდათ.
ჯერ კახელებმა გაუგზავნეს მთიელთ სამეზობლო ხილ-ძღვენი:
ყურძნის ჯაგნები და ატმები, ლეღვი და ახალი ჩურჩხელები.
სასიდედროს საგანგებოდ მოხარშული ნეგო და ჩამიჩ-ფუსტუღი
მიართვეს, როგორც წესი - ორი ტოლი პური ზედ დაადეს ძღვენს.
ახლა კახთ მოუვიდათ იმავე გზითა და იმავ ხურჯინ-
ჭურჭლეულით: ახალნაკრეფი, ჯერ კიდევ ნამიან-სურნელოვანი
მარწყვი და ჟოლო, მოცვისა და შტოშის მურაბები, თაფლის ხინკლები,
შაქარნადუღი ხალული თხილი, ტკბილსასმელები და ხაბიძგინა-
ქადები, ზედაც ახალი ლეკური ორი ტოლი პური იდო.
ახლა სასიმამროს მიართვეს საჩუქარ-ძღვენი კახთა. მეფისაგან
ნაჩუქარი კახური ბედაური მიჰგვარეს ელიმ-შამხალს. ორი მეჯინიბე
ძლივს აკავებდა ურას. მეფის რემათა დამღა - აქოჩრილი ვარსკვლავი
ახალ დამღით გადაეშალათ კახთა. ახლა ზედ ელიმ-შამხლის
სოკონიშანი აჯდა. ოქრომჭედელი უნაგირის ტახტაზე ხალიჩანაქსოვი
ხურჯინი იყო ჩაკრული, ცალ ყურში ოქროსირმული სამოსი იდო,
მეორეში - შარბათები და საწესო ორი ტოლი პური.
ახლა საპასუხო საჩუქრები მიუვიდათ კახთ. შესანიშნავ ყაბარდულ
ულაყს იგივ ხურჯინი ეკიდა. ცალკერძ კრაველის ბოხოხი და ქურქი
იდო, მეორეში კი თაფლის სასმელი, ზუთხის დოშ-ზურგიელი,
ხიზილალა და ორი პური.
ამასობაში მზეც სადაისოდ გადააწვა უკვე გაშლილ საერთო სუფრას.
- დროა! - ნიშანი მისცა შერმაზან სუფრის თავმა.

130
ბებურმა კარვის ფრთა ასწია, აქედანვე ხატის ზარს ისარი სტყორცნა,
გაბმულხმიანად ააჟღერა უენო.
მთიელთა კარვებიც გაიხვნენ და კახთა შესახვედრად გამოიშალნენ
ქალისანნი. წინ ელიმ-შამხალი მოაბიჯებდა, უკან მისი უფროსი ვაჟი
სალთან-ბეგი და სამიოდ სანდო მახლობელი. ქალი ჯერ არსად ჩანდა.
მაგრამ ჯერ არც ერეკლე გაუშვა ეპისკოპოსმა ბიძამ.
ყაფლან ვაჩნაძე და ელიმ-შამხალი ჯერ შორიდან მიესალმნენ
ურთიერთს. დაახლოვებისას ხელი ჩამოართვეს, მერმე კი, მოყვრულად
მკერდი მკერდს შეახეს და მკლავებიც ალმედად გადააჭდეს. სხვებმაც
მათ მიხედეს და მიბაძეს.
აქ კი შერმაზან სუფრისთავი წინ წამოდგა, როგორც ყველას
მასპინძელი. სეფე კარვისაკენ მიიწვია დაღესტნელნი. მათი
მოსვლისთანავე ნიკო-ხოსრო ეპისკოპოსი გამობრძანდა და ყველანი -
ქრისტიან-მაჰმადიანნი ერთობლივ აკურთხა, მერმეღა შემობრუნდა და
ერეკლე გამოიხმო. ოდნავ ფერგადაკრული ერეკლე გარეთ გამოვიდა
და თავის სასიმამროს შორიდან თავდაკრული სალამი სცა.
ერეკლეს ისედაც კარგად გაწყობილ პირისახისათვის ნამგზავრობასა
და შინაგან ღელვას მით უმჯობესი ფერი მიეცა. მის დანახვაზე თვალში
ახალი სხივი ჩაუდგა ელიმ-შამხალს.
ყაფლან ვაჩნაძემ, როგორც მთავარმა შუამავალმა, ვერცხლის
ლანგარზე დაწყობილი შარნის ნიშნები გამოიტანა. აქ იყო:
მარგალიტის დიდი გულამბარი, ალმასყრილი ოქროს სამაჯურები,
სამკუთხედ ლალფირუზებით შემკული საყურეები. ხოლო ორი
ერთნაირი, ნიშნის ბეჭედი კი ერეკლეს თავად ეკეთა - საჩვენებელ
თითზე და ნეკზე.
ახლა ელიმ-შამხალმა ყველას მოუწოდა და ხატულ კარვისაკენ
გასწია. ყველანი გაჰყვნენ. მხოლოდ ეპისკოპოსი ჩამორჩა, მან
ბერმსახური გაიყოლა და სალოცავში შევიდა შესამოსად.
ელიმ-შამხალი მიდგა კარავთან და განზრახ ხმამაღლა მიიწვია
სტუმრები:
- თქვენი ფეხი ჩვენს ოჯახში… - ლეკურად წამოიწყო და შუა
სიტყვაზე დადუმდა.
ბედის მომტანი და სასიძოს მომყვანი! - უკვე ქართულად განაგრძო
ყაფლანმა.
კარვის კალთა თავად ელიმ-შამხალმა ახსნა.
ერეკლემ მაღალტანადი ხანში შესული მანდილოსანი დაინახა. ეს
იყო ელიმ-შამხალის უფროსი ცოლი, სალიჰას დედა. ძველი სილამაზე
კვლავ შერჩენოდა მას, ფურირემივით ყელი მოეღერებინა, თითქოს
ნუკრს თავისი სხეულით ჰფარავდა.

131
ყაფლანი ძველ კახურ წესით ცალ მუხლზე ჩადგა და დედის უკან
ამოფარებულ ხათუნას ლანგარი გაუწოდა:
- აქა მშვიდობა და მშვიდობაში! - ქართულად შეესიტყვა კახეთის
მომავალ დედოფალს.
დედა ქალმა ჯერ წარბშეკრულად შეათვალიერა მოსულნი,
ერეკლეზე შეაჩერა მჩხრეკავი, ყოველ მანკის დამნახავი მზერა, მერმე
თანდათან გაეშალა თვალ-წარბი, განზე გადგა და კარვის ნაჩრდილში
თავით ფეხამდე ოქროქსოვილ და ვერცხლისწინწკლებიან
დარაიაგადაფარებული ასული გამოაჩინა. ჯაჭვედა, ჩაპეპლილი
საბურავი ეოცა ერეკლეს. გამჭვირვალე დარაიას ქვეშ იგრძნო
შემკრთალი საპატარძლოს სახის სინატიფე და ნაკვთების სიფაქიზე. „ეს
არის ჩემი ბედი?!“ - გაიფიქრა და თავადაც შემკრთალმა თავი დახარა.
თვალში ახლა წითელი ნატის ქოშ-მაშიები მოხვდა. ნაწვეთარას თავზე
განაბული ჯაჭვედა და ფეხწითელა როჭო მოაგონდა. „აი, ახლა
იფრთხიალებს და გადაფრინდება ეს საოცარი ზმანებაც!“ და მართლაც,
დედამ ერთი მოსმით დარაია ფრთებივით აუშალა და უფრო
შემკრთალ ქალწულს ნიშნის გულამბარი კისერზე შეაბა. სამაჯურებიც
აუჩქარებლად ჩამოაცვა. საქალწულო მარწყვა საყურეები შეხსნა და
სასიძოს მოტანილი შეაბა.
სალიჰა არავის უმზერდა, ნუშად ჩამჯდარი თვალების ხშირი
წამწამები ჩახროდა, პირთეთრა სახეს განცვიფრება და შეკრთომა
ვარდისფერ შარავანდედად ადგა.
მამის დანახვაზე ოდნავ დაშოშმინდა ქალწული. ხოლო ამდენ უცხო
ხალხში რომელი იყო მისთვის ნიშნის მომტანი, აქამდე ვერ გაერკვია.
ვერც შეხედვა გაებედა როჭოსავით განაბულს, მხოლოდ დედამ რომ
კარვიდან გამოიყვანა და ტანწერწერა ვაჟს გვერდში ამოუყენა - მაშინ
გაგებაზე უფრო ტანმა უგრძნო, რომ „იგი“ იყო.
ყაფლანმა და შერმაზანმა ახლა ხატისაკენ მიიწვიეს ყველა. შიგ
ძლივს დაეტივნენ, კახელებმა ქუდები მოიხადეს. მთიელებმა კი
პატივისცემის ნიშნად გულხელი იკრიფეს.
მუხლები უთრთოდა საპატარძლოს. ხატის ზღურბლზე ფეხიც კი
წაიკრა. მაშინ იგრძნო ვაჟის ხელი. ამ შეხებამ შეაკრთო ორივე.
ნიკო-ხოსრო უკვე შემოსილი დახვდათ და მაჰმადურ ჯამეში ნალოც
ქალწულს ოქროს სამოსში ჩამჯდარი ჯვარაღმართული შავჭაღარა
ეპისკოპოსი ზღაპრულ მოჩვენებად მოევლინა.
ყველაფერს კელაპტრების აკანკალებულ შუქში და თავის
მილულულ წამწამებში გაცრილად ხედავდა. არც ერთი შეკითხვა არ
ესმოდა და ყველაფერზე თანხმობის ნიშნად თავს ხრიდა. მცირე
ლოცვის შემდგომ ეპისკოპოსმა ჯვარს აამბორა ახლად მოქცეული და

132
მცირე ვარაყ-ალმასა ჯვარი, ეს უკვე მისი ნაჩუქარი, ყელზე დაჰკიდა,
ქრისტიანობა ახარა.
ერთხელაც შეკრთა სალიჰა - ბეჭედი რომ წამოაცვეს არათითზე.
ერეკლეს ნეკის ზომაზე გამოყვანილი ბეჭედი მაინც ფამფედ მოერგო
საპატარძლოს.
- არ დაჰკარგო! - ჩასჩურჩულა დედამ და ხელი უმალ მოაკუმშვინა.
გარეთ რომ გამოვიდნენ, მზე უკვე ჩაფარული იყო და დასავლეთის
ცაზე ეტყობოდა სხივის ხვავიანი ნაფაცხი. მთის ახლოს კალთას
ფარატინა ნისლი შეჰყროდა, ხოლო ხატის ტყეში, ნაწვეთარასთან,
როჭოს შეფორიაქებული ჭრიახი ისმოდა.
ახლა სუფრის თავმა მიიწვია ყველანი. ელიმ-შამხალმა ნება დართო
და შერმაზანმა საპატარძლო და სასიძო ქართული წესით
გვერდიგვერდ დასვა სუფრაზე, დედა-შვილმა დღეს პირველად
დაარღვია ლეკთა წეს-ჩვეულება, მამაკაცებთან ერთად სუფრას
კრძალვით მოუსხდნენ.
- მთის ჩუმ ნიშნობას თავის დროზე მთა და ბარში საქვეყნოდ
გაცხადებული ქორწილი მოჰყვება! - პირველსმური წამოიწყო და დიდ
ულვაშზე დაიწურა შერმაზანმა.
- ამინ! ამინ!
- მართალსა მართლისად იტყვი! - გაიძახოდნენ ლეკ-კახელნი.
მალე საერთო სიმღერაც წამოიწყეს.
შუაღამეს აღარ გადასცილდება ხადილი. დილაზე კახნი უნდა
წახურს ყოფილიყვნენ ჩაღწეულნი, ხოლო დაღესტნელი - ყაზიყუმუხის
თემში მაინც, საიდუმლო ნიშნობა გაუმჟღავნებელი რომ
დარჩენილიყო.
გაყრისას საპატარძლოს პირადი საჩუქრები მიართვეს ერეკლეს:
სადაფით შემკულ დაირაზე ეწყო ნიშნობისას ნაქონი ოქროკემსული
ქამარი ქალწულისა და მისი ხელითვე ნაქარგი ბაღდადი. დაირის
გულში, შიგნიდან, სურათის მხოლოდ ჩარჩო იყო ჩუქურთმულად
მოხატული. იგულისხმებოდა, რომ ერეკლე თავის სახეს ჩაახატვინებდა
შიგ და დანიშნულს დაუბრუნებდა დაირას.
ჯერ მთიელნი წავიდნენ. სასიძომ გააცილა საპატარძლო, ცხენზე
შეჯდომაც უშველა. ერეკლემ მუხლისთავზე და ხელისგულზე რომ
იგრძნო წითელი ნატის ქოშ-მაშიების მსუბუქი შეხება, გული
ერთბაშად აუძგერდა და ეს აძგერება არა შეკრთომისა იყო, არამედ
რაღაც სხვა უფრო ძლიერი, ალღოს ძირამდე ჩაღწეულ გრძნობისა.
ხოლო შემდგომ, შორს ქვევით ჩამავალი ერეკლე ჩუმ-ჩუმად უკან
ხატის მთისაკენ იხედებოდა… იქ - ხატის კართან კიდევ ჩანდა
მბჟუტავი კერა… და ერეკლემ ქვეშეცნეულად, თითქმის უმცდარად
იცოდა, რომ აი ამ წუთში, ამავ მბჟუტავ კერას ჩრდილი ფერდობიდან

133
მასავით კრძალვით უმზერს… როჭოსფერ საბურავში განაბული მისი
საიდუმლო დანიშნული.
იმ კერის ნაკვერცხალი ორივეს გულში ჩავარდნოდა და მყარად
ჩარჩენოდა.

XVII კრემლის ჰაერი


მოსკოვ-ქალაქის განაპირას მოფანტულად ნაშენი ძელ-მორების
შენობები დახვდათ კახელთ. აქა-იქ მაღალი ფიცრულ-ღობეები…
წოწოლად აღმართული ჭის ოწინარები… ხიდე-ბოგებზე თუ
გზისკიდეებზე, ხალხის სავალად ფიცრის ფენები იყო დაგებული.
საერთოდ აქ ყველგან ბატონობდა ხე და ფიცარი. „ველებისა და
ტყეების ქვეყანას სატახტოც ასეთი უნდა ჰქონდეს - გასაგებია!“ -
თავიდანვე ასკვნიდა ზოსიმე.
ერთხელ კიდევ გადმობარგდნენ კახი ელჩები, მოსკოვის გარე
გუშაგებმა მოჰგვარეს სათანადო ცხენ-ურმები და მეგზურები. მალე
მთავარ გზას გადაუხვიეს და ალექსანდრე ნეველის ძველ მონასტერს
მაღალ ფიცრულით შემოტიხრულ ეზოს მხრიდან მიადგნენ.
- ხოზნიკოვის ფუნდუკია! საპატიო ქრისტიან მგზავრთა სადგომი
ნეველის მონასტრის საოსტიგნესთან, - განუმარტა დანილოვ-რუსინმა.
საპატიო ყარაული დაუტოვა და თავად დაუყოვნებლივ კრემლში -
დესპანთა პალატაში გაემგზავრა.
კახელები კარგად მიიღეს ფუნდუკში. თვით ხოზნიკოვი დახვდა,
ცალკე მინაშენ ოთახებში მოათავსა. უმალ აბანო გაახურებინა,
დალაქები და მრეცხავები დაახვია.
ორთქლის აბანოსა და ცოცხებს უკვე გზაშივე გაცნობოდნენ კახნი.
კირილე ბერსა და ზოგს სხვათაც მოსწონდათ კიდევაც რუსული აბანო,
ხოლო ჯაბა ოსტატი კი ვერას გზით ვერ ეგუებოდა:
- გაგონილა! თავი თავად ორთქლში შევრგო, ზედაც თავადვე
გავიცოცხო?! ვითომ რათა, თორემ კიდევ ჰო!
ნააბანოევს კახელებმა ისევ თავისი კახური სამოსი მოინახეს,
გაამზეურ-გააჯანდვრინეს და „ადამიან-ქართულად“ გამოეწყვნენ.
პირველი პურის გასატეხად ასევე გავიდნენ.
ხოზნიკოვი მონასტერს შეკედლებული მსხვილი ვაჭარი იყო,
დიდმორწმუნეცა და მსოფლიო საქმეთა მცდელიც. ზორბა აღნაგობისა,
პირბუდაღა და ქერას სახეზე მუწუკივით პაჭუა ცხვირი აჯდა და
ნესტოების ბერვით გამოირჩეოდა. ყბებზე გრძელ-წოწოლა ჟღალი
წვერი ეკიდა, ზევით კი - აგრეთვე გრძელი და ისიც წოწოლა ბეწვის
ქუდი ეხურა, ხელებზე მოქარგული ტილო გადაეშალა. ზედ თეთრი
აფუებული პური და მარილი ედო.

134
ზოსიმემ აკურთხა პურ-მარილი, დალოცა ხოზნიკოვი და
პირველძღვენიც ჩამოართვა, ხოზნიკოვმა ბეწვის ქუდი მოიხადა,
ღლიავში ამოიდო და მელოტი შუბლის კიმკიმადან - ღიპის თავამდე
და აჩაჩულ მხრების კიდებამდე გადაჭიმული პირჯვარი ისახა და
ხელზე ემთხვია ზოსიმეს. დანარჩენთ მიწამდე ხელდახრით სალამი
სცა და სუფრაზე მიიწვია. თავადაც ჩაუჯდა და „შორეულ
ძველქრისტიანე ძმებს“ გულდაგულ უმასპინძლა.
კრემლიდან მობრუნებულ რუსინს პალატის დიდმოხელე თედორე
ბალამუტოვი მოყვა. ესეც ბრგე და ქერა კაცი იყო. მდიდრულ საზეიმო
ქურქის ქვეშ აგრეთვე მდიდრული რუსული ყაიდის კაფტანი ეცვა,
ფეხებზე კი - ყელჩამოკეცილი ჭვინტაბზეკილი ჩექმები. მძიმედ
შემოვიდა, საერთო სალამი სცა სუფრიონს და უმალ განკარგულებებზე
გადავიდა.
ზოსიმემ შენიშნა, როგორ აიწურა და სუფრიდან გადგა ხოზნიკოვი.
როგორი ფეხაკრეფით დაიწყეს სიარული მოახლეებმა. უმალ ჩაიხუთა
და ჩაირღვა სადა გულდაგული პურ-მარილი და გარეგნულად
შეზვიადებულ მასპინძლობაზე გადავიდა.
„შორეული ძველქრისტიანე ძმები“ უკვე უცხო ქვეყნიდან რუსთ
მეფესთან მოსულ სტუმრებად იქცნენ, ხოლო მათ მიღებასა და მათთან
ქცევას კი თავისი სასტიკი წესი ჰქონდა.
ორი კვირა ისვენებდნენ კახნი. ამ ხნის განმავლობაში არცთუ სადმე
გასულან ქალაქში. თედორე ბალამუტოვი სულ თავს დასტრიალებდა
მათ. დიდ მზრუნველობას იჩენდა, მაგრამ მეტად ბორკავდა კიდევაც.
დიდი თავაზით, მაგრამ გადაჭრით უშლიდა სადმე წასვლას ან ვინმე
უცხოს მოსტუმრებას.
თავისუფლებას ჩვეულნი კახნი ჯერ განცვიფრდნენ, მერმე სიფიცხეც
კი მოეკიდათ. პირველელჩი კი დინჯობდა, აშოშმინებდა ყველას:
- ვიდრე დიდ მეფეს არ მოხსენდება და ჩვენც არ ვინახულებთ მას…
სხვებთან… თუ სხვაგან არც რაი გვაქვს და არც რა გვესაქმება! პირველი
სიბრძნე მოთმინებაა! მერმე კი - ბრძნულად ქმნილი!
ოქტომბრის პირველ კვირაში მათ ახლა დესპანთა პალატის
მდივანმწიგნობარი ეწვია. ანდრია შჩელკალოვი შუა ტანისა, წითური
და ღაწვებმაღალი იყო. ღია ცისფერ თვალებს სიდინჯე და გამჭრიახობა
უთბობდა და თითქოს უმუქებდა. მისმა გვერდზე გადმოვარცხნილმა
ქოჩორმა ხომ სულ გააკვირვა კახნი:
- მელოტი დაუფარავს, ეს მოუხერხებია! მაგისი საუბარი ხომ
როგორი ხლართიანი და თავდაფარცხული იქნება! - საბა მდივანს
ეჩურჩულებოდა ჯაბა ოსტატი.
შჩელკალოვმა კი ყველა კახი გაიცნო სათითაოდ. თარჯიმნად
ყურშიტა მოიშველია, რუსული უქო. თითო-ოროლა ტკბილი სიტყვა

135
ყველას შეაწია. ზოგი მართლაც საამო, ზოგი კი სხვათა შორის
საკითხავი, ყრუდ მოსაკვლევი. მათი სია შეადგინა: ვინაობა,
მოხელეობა, წოდებას მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. მერმე
პირველელჩს ესაუბრა. ზოსიმე ბერდიდი აქაც ბერ-მოძღვარ იოაკიმედ
ითვლებოდა. ასევე ეწერა სიგელებში.
შჩელკალოვმა რწმუნების სიგელებისა და სიტყვიერი დავალების
შესახებ სიტყვა ჩამოუგდო. მეფესთან წვევის წესი და დრო შეუთანხმა.
საჩუქრების სია-ნუსხის პირი ჩაიბარა.
მიღების დღისათვის ჩინებულად მოირთვნენ კახნი. ბერთა გარდა
ყველამ სადარბაზო ჩოხა-ქულაჯები ჩაიცვა, ოქრო-ვერცხლით ნაჭედი
და ზარნიშული ქამარ-ხანჯალები შემოირტყა.
ცხენები მეფის საჯინიბოდან მოჰგვარეს, ბერებს მდიდრულად
მორთული ეტლი მოართვეს. მაგრამ ზოსიმემ არ ისურვა ელჩიონის
გათიშვა ან გაგრძელებულად, სხვის ნებაზე სვლა. მაშინ მონასტრის
დინჯი იაბოები მოჰგვარეს მასა და კირილე ბერს.
ყველაფერი მზად იყო, მაგრამ თედორე ბალამუტოვი დაძვრის
ნიშანს ელოდა.
შუადღისას კრემლის მხრიდან ორჯერ ზედიზედ დაიქუხა
ზარბაზანმა. ბალამუტოვმა ნიშანი მიცა ელჩიონს.
- რატომ ორჯერ? - შეეკითხა ზოსიმე დანილოვ-რუსინს, რომელიც
აგრეთვე უნდა ხლებოდა მათ.
- დღეს ორ დესპანს თუ მიიღებს მეფე.
ბალამუტოვმა კი შეკითხვზე ორჭოფული პასუხი გასცა:
- მრავალი ქვეყნის ელჩები მოსდიან დიდ მეფეს! ალბათ სხვა
ელჩიონიც არის! იქ ვნახავთ, სასახლეში!
ბალამუტოვს კახთა ელჩიონი გრძელი გზით, მთავარი ქუჩებით
მიჰყავდა. წინ შუბებაღამართული საპატიო მცველები მიუძღოდნენ და
მოჯარულ ხალხსა ან გზაჯვარებზე შემხვდურ ცხენ-ურმებს
აჩერებდნენ, ელჩიონს ფართო გზას უთავისუფლებდნენ.
- ბელგოროდ! არბატ! - ხმამაღლა განაცხადა ბალამუტოვმა.
ელჩიონმა ჯერ კიდევ ხარაჩოებში ჩამჯდარ ქვათეთრ კედელს
მიაღწია და დიდი კარიბჭე განვლო.
- მოსკოვის სიმაგრეების პირველი დიდი ქამარი! ახლა შენდება…
ოცდაცხრა კოშკი - გალავნით შეკრული! - ამაყად აუხსნა თავადაც
სანახაობით მოხიბლულმა დანილოვ-რუსინმა.
აქამდე თუ მხოლოდ ძელ-ფიცრული შენობები იყო, ახლა უკვე ქვა
და აგური შეერია შენობათა წყებას. სახელოსნოები და სავაჭროებიც
გამრავლდნენ. მდიდარ საწყობებს დაეღოთ ალაყაფები და ნარდი-
საქმიანობა ტრიალებდა.

136
მალე შენობების თავზე და მიღმა მხარგაშლილი თეთრი კედელი
გამოჩნდა. შიგადაშიგ მორგვალებულად წამოზიდული ქუდწოწოლა
კოშკები თითქოს მორთხმით ისხდნენ კედელზე. ნათლილი კირქვა
შორიდან ვეება თეთრ ქამრად ეკვროდა ქალაქის დიდ ნაწილს.
- ეს, ჩანს, მეორე ქამარია? - შეეკითხა რუსინს ზოსიმე.
- კიტაი-გოროდ! თორმეტი კოშკი!
ოთხკუთხი, მრავალკუთხი, მრგვალი თუ კვერცხისებრი კოშკების
რიგი ბურჯად უდგა მოსკოვის ყველაზე უფრო დასახლებულ ნაწილს.
აქ მორებისა და ძელფიცრების შენობები ქვამ და აგურმა შესცვალა და
სართულებიც მოიმრავლა. მთელი ქუჩის სიგრძე-სიგანეზე ძელფენილი
იყო დაგებული და კახთ ისეთი შთაბეჭდილება ქონდათ, თითქოს
გაუთავებელ ბოგაზე მიდიოდნენ. ხოლო როდესაც ნამდვილად ხის
ხიდზე შედგნენ, ეს კი ვეღარ გაიგეს. მით უფრო, რომ ხიდის მარჯვნივ
თუ მარცხნივ მდიდრული სავაჭროები იყო უხარვეზო მწკრივად
ჩადგმული. სავაჭროებს - ხელოსნების რიგები მოსდევდნენ.
- აი, სად ყოფილა ხელოსანთა სიმრავლე! - ჰკვირობდა ჯაბა.
- ამდენ სიმაგრეებს დამიხედე! გარეთ ციხე… შიგნიც ციხე… გზაზე
ციხე… მაღლა ციხე! - თავისთვის ჩურჩულებდა ბაცაცაისძე.
- რამდენი ეკლესიაა?! სათვალავი ამერია! - ჩიოდა კირილე ბერი.
ყოველ საყდართან ჩავლისას პირჯვარს ისახავდა და ტატილას
მარცვლავდა.
- თქვენ დიდკაცობასა და დიდვაჭრობას დამიხედეთ! -
თავმოუბრუნებლივ ჩურჩულებდნენ სარგის და ყურშიტა. ზაზა კი,
ამდენი უცხო სანახაობით თავგზააბნეული, ყველაფერს ეწაფებოდა და
გაბრუებული ზედახლო მისდევდა ზოსიმეს.
მხოლოდ ბერდიდი ვიდოდა ჩუმად, დაკვირვებით და ყოველი
საყდრისა, ციხისა თუ დიდი სახელოსნოს დანახვაზე „ჩრდილოს
იმედი“ თანდათან გულში უჯდებოდა, უმტკიცდებოდა და
ეუფლებოდა მის აზრს.
მოსკოველებიც თავის მხრივ ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ უცხო
ელჩობას, მათ თავისებურ სამოსს, ცხენებზე აღმჯდარ ბერებს.
უბელოდ მავალ შესანიშნავ ბედაურებს, აღმოსავლეთის სხვა
საჩუქრებს… განსაკუთრებით კი ჯიქს.
გზაში უკვე გაზრდილი და გაჯიქებული ბოკვერი იქცევდა საერთო
ყურადღებას. იგი ცხენ-ურემზე შედგმულ, მოზრდილ გალიაკში იჯდა
და ამდენი ხალხითა და ხმაურით დაფეთებული ავად ბორგავდა.
ხალხის ესოდენი მიტანება უცხო სანახაობისადმი არც გაკვირვებია
ზოსიმეს, მხოლოდ ერთი რამ ეუცხოვა: როგორც შეძახილებზე მიხვდა,
ხალხს რატომღაც კახური ჯიქი, კარგად გარკვევამდე, გალიაკში
ჩაგდებულ „ტყვე-ყაჩაღად“ ეჩვენებოდა.

137
ბოლოს ელჩები დიდ მოედანზე გავიდნენ. წინ კრემლი გამოჩნდა -
ზვიადი და მომხიბლავი ძალის მქონე. აქ ხელოვნური ტბები და არხები
ჰკვეთდნენ კიტაი-გოროდს. ძირითადი ციხე - კრემლი ცალკე იდგა
მოსკოვ-მდინარით და დიდი არხებით შემოსაზღვრული.
- პოკროვ-სობორ! ვასილი ბლაჟენი! ცხრაგუმბათა! - აქ თავად
ბალამუტოვმა წამოიძახა და პირჯვარი ისახა.
კახელებმაც იქით მიიხედეს და მიჰბაძეს.
ხელმარცხნივ მაღლა ატოტვილი, მზით გაბრწყინებული,
მრავალთავა, ფერადგუმბათება ლავრა ჩანდა. ზოსიმეს ერთ წამს
ზეცამდე ადგმული ცხრა ანთებული კელაპტარი აელანდა თვალწინ,
მაგრამ უმალ გაუქრა შინაგან მსგავსებით დაჭერილი სურათი.
- ეს მოსკოვის ალავერდია! - ჩურჩულებდნენ კახნი.
ზოსიმეს კი ეს ცხრაგუმბათა გოლიათი აზრის თვალით უკვე
ცხრათავა მდევად წარმოუდგა. მერმე შორეული, ისიც ცხრა - გრემის
ცხრაკარის საყდარი მოაგონდა.
რამდენად მცირე და მყუდრო იყო იგი ამ ამაყად აზიდულ
ლავრასთან შედარებით, რომელიც ყაზანისა და აშთარხნის სამეფოთა
დაპყრობის ძეგლად აღაშენა რუსთა მრისხანე მეფემ - იოანემ.
გუმბათების ნაირსხვაობამ და მრავალფერადობამ თათრული
ჩალმების მსგავსება აფიქრებინა მკაცრ ბერს - ბორბალოს სენაკში
განდგომილს. ხოლო გუმბათზე აღმართულ ოქროს ჯვრებს ზვიადი
ძალისა და ზღაპრული სიმდიდრის ლაპლაპი უფრო ჰქონდათ, ვიდრე
ჯვარსასოებისა და სათნო მლოცველობის იერი.
- იქ რაღა ამბავია! - ზაზამ მოედნის გასწვრივ ხალხის მოძრაობას
მიაქცია ყურადღება.
ზოსიმემ პირი იბრუნა, დიდი ელჩიონი შეამჩნია. სამოსისა და
ჩალმების მიხედვით იცნო - სტამბოლიდან მოსული თურქთა ელჩობა
იყო. ზოსიმეს სრულიადაც არ სურდა აქ მათი შეყრა. სვლას უკლო.
სხვებმაც მოსწურეს აღვირები. ხოლო ბალამუტოვმა თურქთა ელჩიონი
რომ დაინახა, უფრო უმატა სვლას. მას ნაბრძანები ჰქონდა -
შორიახლოს შეეყარა თურქნი და ივერნი. მაგრამ ზოსიმემ დიდი
მლოცველობა გამოიჩინა პოკროვის ღვთისმშობლის ლავრის წინაშე და
რუსი მესტუმრეც იძულებული გახდა ცხენი შეეჩერებინა.
ხოლო როდესაც ისევ დაიძრნენ კახნი, თურქთა ელჩიონი უკვე
კრემლის კარიბჭეში შედიოდა.
მათი შესვლისთანავე ჯაჭვზე ჩამობმული ხიდი აიწია და კრემლში
შემავალი გზა დაიხშო.
- კრემლი! ფროლოვსკიე ვოროტა! - ერთიც დაიძახა ბალამუტოვმა და
მკაცრ-მხედრულად გაიწვართა ცხენზე, ჩამოდგა, ელჩებს გზა უტია.

138
ვიდრე ჯაჭვის ხიდი ჩამოეშვებოდა, რუსინმა კრემლის რვა კოშკის
სახელები ჩამოუთვალა ზოსიმეს.
აქ უკვე სხვა წყობა შეამჩნია ბერმა, უფრო ძველი. ძირს ისევ იგი
ქვათეთრი იყო, მერმე კი აგური მოჰყვებოდა მთლიანად, ხოლო შუა
ქამრად ისევ თლილი ქვათეთრი ულამაზებდა მის აღნაგს. სამრიგა
სათოფურებს მთელი მიდამო ჰქონდათ სახედველში -
ტყვიამისაწვდომში.
აქამდე თუ კოშკების რაოდენობა აკვირვებდა ზოსიმეს, ამჟამად
ციხის მშენებლობის ზომამ და ხარისხმაც გააკვირვა ბერდიდი.
კახეთი საერთოდ ციხე-ბურჯების ქვეყანად ითვლებოდა და კახთა
გაკვირვება ამ მხრივ არცთუ ადვილი იყო. მაგრამ აქ კი სიმაღლე,
სილამაზე და ძალა ისე იყო შერწყმული, რომ უნებლიეთ თვალი
მოეჭრათ კახთა.
ზოსიმემ ჯაჭვის ხიდი რომ განვლო და კარიბჭესთან მიდგა, დიდი,
ხუთადლიანი წმიდა გიორგის ტვიფრული შენიშნა ბჭის თავზე.
- წმიდაო გიორგი, ძალმფარველო! შენ შეგვიძეხ ამ კარიბჭეში! -
წაიჩურჩულა მან და ფროლოვ-კოშკის თაღსავალში შევიდა.
კარიბჭიდანვე პალატების ფართო კიბემდე და ზედ შეყოლებით
ორმხრივ გაწვართულად სეფე ლაშქარი იდგა. რჩეული სპა და
მდიდრულ-საზეიმო სამოსი ერთიმეორის სადარი იყო. გაკრიალებული
თოფები მზეს სჭრიდნენ თვალს.
კახელებს კრემლის მესტუმრენი მოეგებნენ. მსუბუქად და სხარტად
ჩაცმულ კახელებთან შედარებით ბეწვის ქურქებში გამოწყობილი
მასპინძლები სქელ-დაბალა მდევებად გამოჩანდნენ.
დაქვეითდნენ კახნი. ზოსიმემ თვალი გააყოლა ჩამწკრივებულ სპას
და წინ წიბოსწორი ჩაკუთხული ორსართულა შენობა შეამჩნია. უფრო
სწორად შენობის ნაწილი, რადგან აქ - კრემლის შიგნით - მრავალი
შენობა ერთიმეორეს მიჯრითა და მიბმით თუ გარდიგარდმო
საზღვრავდა და ფარგლავდა.
თავზე უზარმაზარი სამრეკლო და საყდრები გადმოსდგომოდნენ.
ზედვე კოშკების ქონგურები, გალავნის შიდა ასავალ-დასავალ
ქვაკიბეები სვეტებიანი მისავლებით.
კახელებმა კრემლის შიგნით ჰაერის ნაკლებობა იგრძნეს. მთის ციხე-
სასახლეებს ჩვეულთ აქ გარემო ხედი აკლდათ, ხოლო კრემლის წინამო
კი ისე იყო ჩატვირთული მრავალსახოვან შენობებით, რომ მათ შორის
ზღვარ-ჩრდილი წაშლილიყო. თითქოს ამ უსაზღვრო ზომისა და
ფართობის ქვეყანას ტაძრებისათვის და სასახლეებისათვის ადგილი
აკლდათ. ალბათ ამიტომ - აქ ზოგი შენობა სიმაღლით პირველობდა,
ზოგი სიგანით, ზოგიც გუმბათების სიმრავლით, გარეკაზმულობით
თუ კიბეთა სიფართოვით. ხოლო შერწყმულად კი უშლიდნენ

139
ურთიერთს. კრემლის ჰაერში - ბრწყინვალე და ნათელ მაღალ
მხარესთან ერთად - მრავალი ჩრდილიც იყო ქვედა ნაწილში
გამეფებული.
იდგნენ კახნი და შეჰყურებდნენ მძიმე ზვიადობას. მესტუმრეებმაც
აცალეს, კრემლის შთაბეჭდილება წარუშლელად რომ ჩარჩენოდათ აქ
მოსულ „გადამთიელებს“.
ზოსიმე პირველელჩმა კი განზრახ იდინჯა, მესტუმრეთუხუცესი
იწვია და ბერძენი თარჯიმანის საშუალებით შეესიტყვა:
- გთხოვთ სხვაგან მოგვასვენოთ, ვიდრე ჩვენ წინ მოსული ელჩობა არ
გასცილდება მეფის დარბაზს. ჩვენს ქვეყანაში ასეთი წესი გახლავთ,
დარბაისელო!
მესტუმრეთუხუცესმა ნიშნად თანხმობისა თავი დახარა.
- დესპანთა პალატაში გვეწვიეთ, პატივცემულნო! - საპატიო
ყარაულმა ახლა სადესპანოსაკენ იცვალა მწკრივი. აქ მათ უკვე ნაცნობი,
სადესპანოს დიდმოხელე ანდრია შჩელკალოვი შეეგება.
ვიდრე კახელებმა სიგელ-მოსაკითხავნი მისართმევად გაამზადეს,
დიდ ოქროპალატაში წვევის მესტუმრენიც მოუვიდათ.
პირველელჩმა კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ელჩიონს და
ნიშანი სცა.
კახური ჩვეულების თანახმად მესაჩუქრენი დააწინაურა. სულ წინ
ზაზა მიდიოდა და ორთავ ხელით მაღლა აწეული ზარ-ჯვარი
მიჰქონდა. მის შემდგომ კირილე ბერს - ალავერდის წმიდა გიორგის
ძვირფასი ხატი მიჰქონდა. ასე ჩაბმით და ჩაგრძელებით გადიოდნენ.
ფრიად საჩინო, ფაქიზად ნარჩევ პირველმოსაკითხავს უგზავნიდა
კახთ ბატონი რუსთ მეფეს.
დაბოლოს საბა მდივანს ზეაღმართულად საჩუქრების გრძელი
სიანუსხა მიჰქონდა.
ყველამ რომ ჩაიარა, მაშინ ზოსიმემაც დარჩენილ კახთ ჯგუფისა და
რუს მესტუმრეთა თანხლებით გასწია ოქროპალატისაკენ. მას ახლდა
ანდრია შჩელკალოვიც.
კრემლის მთავარანგელოზის საყდრიდან შუა კიბეს აჰყვა საზეიმო
მსვლელობა. გზაში თუ კიბეებზე ძვირფას სამოსში გამოწყობილი სეფე
აზნაურობა, ბოიართ ძენი და დიდმოხელენი ხვდებოდნენ ელჩებს.
თვით დარბაზში კი თედორე მეფესთან ბოიარები იყვნენ მრავლად
წვეულნი.
ზაზამ ოქროდარბაზში ფეხი რომ შედგა, გული აუჩქროლდა. თუმცა
გარეგნულად ჰფარავდა ღელვას, მაგრამ ზარ-ჯვარის ვერცხლის
ზინზილაკებს აბა რას გამოაპარებდა! ისინი საქვეყნოდ ამჟღავნებდნენ
მას, ჟღურტულით საამურად ხმიანობდნენ - შორეულ სამრეკლოთა
რეკვის შთაბეჭდილებას ჰქმნიდნენ.

140
დარბაზი ჩუმად უმზერდა შემოსულთ.
სპილოს ძვლის ტახტი დიდი დარბაზის ერთადერთ
მოჩუქურთმულსა და მოვარაყებულ სვეტის ძირში იდგა. თედორე
იოანეს ძე ოდნავ ნაღვლიანი და მოწყენილი იჯდა ტახტზე და
კრიალოსანს მარცვლავდა. ზინზილაკების ხმის გაგონებაზე თვალები
მილულა და პირჯვარი ისახა. ბოიარებმაც უმალ მიჰბაძეს.
- ივერიის ჯვარი, ის კი ხატი წმიდა გიორგისა… ალბათ
სასწაულმოქმედი? ბორის ჩემო… ჰა, რას იტყვი? - დაბალი ხმით
ეკითხებოდა თედორე იოვანეს ძე მის გვერდით, ოდნავ უკან მდგარ
შავწვერულვაშა და სახოვან გოდუნოვს.
- ჩემო ხელმწიფევ, ძველ ქრისტიან წმიდა მიწიდანაა! -
თავდახრილად უპასუხა ყოვლის შემძლე ცოლის ძმამ, უპირველესმა
მრჩეველმა, შთამაგონებელმა და აღმასრულებელმა.
- სწორედ დროზეა! შენ იცი, რა არის საჭირო. თურქების შემდეგ არ
გაგვნათლა ამ ზარ-ჯვარის ხმამ და წმიდა ხატების ხილვამ?
თედორე მეფე დიდად მორწმუნე, მმარხველი და სათნო მლოცველი
იყო და მის მამას - იოანე მრისხანეს - უფროსი ვაჟი ივანე, თავისი
ხელით რომ არ მოეკლა, თედორე, ალბათ დიდად ბედნიერი,
სასულიერო მოღვაწეობას შეუდგებოდა, მაგრამ მამის კვერთხის
დარტყმამ მას მეფობა და საერო ამაოება არგუნა.
როდესაც ელჩებმა თავისი ადგილი დაიკავეს, ანდრია შჩელკალოვმა
ხმა აღიმაღლა:
- ელჩები ივერიის ქვეყნიდან!
მხოლოდ ახლა იბრუნა თავი თედორე იოანეს ძემ, კახთა ელჩებს
გადახედა. ზოსიმე ბერდიდის დანახვაზე ოდნავ გაიკვირვა. იგი ალბათ
ვინმე სარდალსა ან დიდ თავადს მოელოდა… ხოლო მაღალი, მკაცრად
დახვეწილ სახის მოხუცი რომ იხილა, უფრო ეამა.
ოდნავ წინ წამომდგარმა ზოსიმემ ჯერ აკურთხა რუსთ მეფე, რითაც
სავსებით მოხიბლა თედორე, ხოლო შემდგომ გულზე ხელი იკრიფა და
მდაბალი სალამი სცა. პირველი სიტყვა ქართულად წარმოთქვა, მერმე
თავადვე ბერძნულად სთარგმნა, ხოლო ბერძნულის თარჯიმანმა უფრო
სრულად და შეზვიადებულად უკვე რუსულად აუწყა მეფესა და
ბოიართ.
- ნებითა ღმრთისაითა, თედორე იოანეს ძევ, დიდო ხელმწიფეო და
დიდო მთავარო სრულიად რუსეთისა, ვლადიმირისა, მოსკოვისა,
ნოვგოროდისა, მეფევ ყაზანისა, აშთარხნისა და სხვა მრავალ მიწათა
მეფე და მფლობელი… აღმოსავლეთით, დასავლეთით თუ
ჩრდილოეთით… ივერიის მიწათა მეფე ალექსანდრე დიდ ხელმწიფეს
მდაბლად მოგესალმებათ!

141
თედორეს წეღანდელი ზარ-ჯვარის საამო ხმიანივით ესმოდა
ზოსიმეს ქართულ-ბერძნული. თარგმანი კი არც მოუსმენია. მთელი
ტანით შემობრუნდა, თავი დაუკრა ზოსიმეს, წამოიწია კიდევაც, მაგრამ
არ ადგა, ისე შეეკითხა:
- როგორ გახლავთ ივერიის მთავარი ალექსანდრე?
- ღვთის შეწევნითა კეთილად ბრძანდებოდა თქვენს მაღალ კარზე
ჩვენი გამომგზავრების ჟამს! - უპასუხა ზოსიმემ და კახთ ბატონის
სიგელ-გრაგნილები მიართვა.
მეფემ შჩელკალოვს ანიშნა მათი მიღება, თავად კი ხელთან მიუშვა
ელჩები.
ზოსიმემ ახლოდან დაკვირვებით შეათვალიერა თედორე მეფე. მის
სადა, სანდომიან სახეზე არც სიმკაცრე და არც სიმტკიცე არ
ბინადრობდა, ოდნავ წამოტვიფრულ ღაწვებს კი ხშირი ლოცვის
ფითრი გადაჰკრავდა. თითქოს სამაგიეროდ, მისი ღიმილის ჩრდილში
მდგომს დიდ ბოიარინსა და მეფის ცოლისძმას - ბორის გოდუნოვს
შუბლის კოპებშივე ეტყობოდა გონების სიმძლავრე და ალბათ მტკიცე
ნებაც. „იგია ნამდვილი ძალის მპყრობელი… ჩანს, მართალს
ჩურჩულებენ კარგად ჩახედულნი! - და უფრო დააკვირდა: -
ნათათრალსა ჰგავს, მაგრამ თათარს აღარა! მაშ მანდ იქნება მთავარი
სიტყვა?!“
ზოსიმემ ახლა სხვებსაც გადახედა: შჩელკალოვი კახთ ბატონის სიას
ხმამაღლა კითხულობდა, ყურშიტა კი აჩენდა მეფისა და ბოიართა
სანახავად.
ქართულ მრავალსვეტებიან დარბაზებს ჩვეულ ზოსიმეს გაუკვირდა,
რომ ვეება რუსეთის სატახტო დარბაზის ჭერი მხოლოდ ერთ
კვარცხლბეკზე იდგა. ჭარბად ხატული და მოპირკეთებული კედლების
გასწვრივ ბოიარები ისხდნენ ან იდგნენ ჩამორიგებით, წოდებისა და
გვარ-პატივის მიხედვით.
კედლის ზედა ნაწილში გისოსაკრული და მიფარებული სამზერიც
არ გამოპარვია ზოსიმეს ჩუბინ თვალს. მაჰმადიან ხელისუფალთა
სასახლეებში ჰქონდა ნანახი. ასეთ ფარულ სამზერიდან მათი ცოლები
უჭვრეტდნენ ხოლმე სასახლის ზეიმებს.
„ნუთუ არც აქ უშვებენ მანდილოსნებს დარბაზში?“ - გაიფიქრა
ზოსიმემ და კიდევ გადახედა ბოიარებს.
არც ერთი მანდილოსანი არა ჩანდა დარბაზში.
„აქ თათრული წესები კიდევ მრავლად იგრძნობა თურმე!“ - დაასკვნა
ზოსიმემ და თავის ელჩობას მიაბორკა გულისყური.
შელკალოვი უკვე სასახლეში ვერ წარმოსადგენ საჩუქრების სიას
კითხულობდა.

142
- არგამაკი - ბედაურები კახურ ჯიშისა: უნიშნო შავი, ლურჯა და
საღარი. ირანული ფარშავანგები - დედალ-მამალი და ცხრა კვერცხი
გზაში დადებული…
მეფემ გაიცინა. ბოიარებმა გადაიხარხარეს. ზოსიმემ შენიშნა - რა
დიდი ყურადღებით ათვალიერებდნენ ბოიარები „აღმოსავლურ
საკვირველ ნობათებს“, „ჩვენი დიდ თავადებისა არ იყოს, ამათაც ხარბი
თვალი უჩანთ“, - გაიფიქრა ზოსიმემ.
- ჯიქი ბოკვერი… ორში - ერთი ცოცხალი, გალიაკში პყრობილი.
მეორესი კი ტყავი მხოლოდ… - და რუსთ მეფეს ფერხთით ალაზნის
ჯიქის ტყავი დაუფინა.
საჩუქრების ჩათავებისას თედორემ მადლობა უბრძანა ელჩებს და
მათ წარმომგზავნელს. მოლაპარაკების წარმოება იმავ შჩელკალოვს
დაავალა, თავის „შორეულ კეთილ სტუმრებს - ძველ ქრისტიანებს“
უხვი ულუფა და კეთილი საცხოვრისი გაუჩინა და ადგა.
პირველი მიღება დამთავრებული იყო. რუსთ მეფემ ფეხი წარსდგა,
ალაზნის ჯიქის ტყავი გადავლო და ოქროპალატის მოოჭვილ კარს
მიეფარა.

XVIII ფუძის ანგელოზი


კახთ ბატონი ალექსანდრე მტკიცედ იდგა თავის სამეფოს ძირითად
წესზე. არა მარტო იმიტომ, რომ მამამ, ლევან მეფემ ასე უანდერძა,
არამედ საქმემაც დაანახა, ცხოვრებამაც გაამართლა. ერისთავობის
მოშლამ და მოურავთ წესის შემოღებამ ფრიად გაამაგრა და გაამტკიცა
კახთ სამეფო. რა თქმა უნდა, შიდაწოდებრივი ჭიდილა არ მომსპარა,
მაგრამ რღვევისა და დაქუცმაცების მღვრიე წყაროს სათავე შენგრეული
იყო.
ერისთავყოფილნი, დიდთავადნი ჩასაფრებულად და ჩუმ
მოქიშპეებად დარჩნენ, მაგრამ დიდი მეტოქეობის საფუძველი
გამოცლილი ჰქონდათ: აღარც დროშა ეპყრათ, აღარც სადროშო.
კახთ ბატონს აღარც ის ეჩოთირებოდა, რომ გულჩახვეული
ერისთავყოფილნი მას გაკილვით „გლეხთა და მოურავთა მეფეს“
უწოდებდნენ. არსებითად ენიშნებოდა კიდევაც. საქმესაც ასეთ
უზურში ზომავდა. ამიტომ უფრო აწუხებდა გლეხობაში მოარულივით
მოდებული ხმასაყვირი: „მოურავი ახალ ჯურის მკალიაო“.
იმასაც გრძნობდა, რომ არც უმაგისობა იყო. ახლა კი ორმაგ, ირან-
თურქთა ხარკისა და სამეფოს სხვა ხარჯების დასაფარავად ყველასაგან
ახალი სახსარი იყო გამოსაღები, ხოლო ყველაზე უფრო, ისევ და ისევ
გლეხობისაგან. იმ წელს კი ვაგლახად მკალიანობა და თაგვიანობა
მოედო კახეთს. ზოგი სამოურავო ძალზე დაზარალდა.

143
მრავალი რამ იღონა კახთ ბატონმა. მრავალი თავისი დასდო,
მოურავებსა და დიდ სოვდაგრებს ეთათბირა. ბოლოს დიდთავადებიც
დაისვა, თუმცა კარგად გრძნობდა მათი გულის ნადებს. ისიც იცოდა,
რომ ხალხის ასამღვრევად გაშვებული მრავალი ჭორ-მუქარა მათი
ნაღვაწი იყო.
მაინც ერთმა ავზრახვიანმა ნათქვამმა გაამწარა. სადაც წავიდა,
ყველგან ხალხში უთქმელად დახვდა, შუბლის შეკრულ კოპებში
მჯდარი, ჩახრილ თვალების ჩინზე თითქოს ნაწერი, დამუშტულ
ხელებში ნაგრძნობი: „რაც თაგვსა და მკალს გადაურჩა - გამრავლებულ
მოურავების კერძია!“
შეფარული ენამზრავლობა და აშკარა ქისაძვირობა „შეაწიეს“ მეფეს
დიდმა თავადებმა. სახსარი კი უსაშველოდ საჭირო იყო. კახთ ბატონი
კი ერიდებოდა ახალ გამოსაღების დაწესებას. კარგად იცოდა, მეფე თუ
ერთმაგს აიღებდა, დიდ-პატარა მებატონენი, მისი სახელით და
საფარველით, ორმაგს აართმევდნენ ყმა გლეხობას. თანაც
ზედდართვით, მეფესა და ხალხს შორის გათიშვისა და შფოთის
საბაბად გამოიყენებდნენ, ამ შეფარულ ძარცვას მოურავებსა და
„მოურავთ მეფეს“ გადააბრალებდნენ.
ბოლოს ასე იღონა: ზოგი გრემძეგამი ვაჭრებს გამოართვა, თავისი
ქარვასლები ჩაუგირავა. ახალ ხერხსაც მიმართა. ცალკე გამოსაღები არ
დააწესა, არც რიცხვ-რაოდენობა მოუმატა, არამედ ძველასაღები საწყაო
ნახევარი ციდით გაზარდა. ახალ საწყაოს ზომა სასტიკად დააწესა,
დარღვევისათვის კი უმძიმესი სასჯელი განაკუთვნა.
ზოგიერთმა ერისთავყოფილმა და ჩუმმა მტერმა მაინც იბნელსაქმა,
საწყაოს ზრდა მოურავებს დააბრალა.
აქა-იქ მართლაც გაჩნდა უსწორო, წაჭარბებული საწყაო, რამაც ზოგან
გლეხთა შორის შფოთი და დრტვინვა გამოიწვია.
კახთ ბატონმა გადასწყვიტა სამოურავოების პირადად შემოვლა და
საქმის გარიგება, ბოროტმოქმედებისა და შფოთის ძირშივე ამოკვეთა.
მდივანბეგი, მწიგნობარ-მდივნები და ქონდაქრები გაიყოლა.
ჯანდიერი ხომ სულ განუყრელად ახლდა.
გაღმა მხრიდან მოჰყვა. მკაცრად სჩხრეკდა ყოველ საქმეს.
დამნაშავეთ შეუბრალებლად სჯიდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო: გლეხი,
აზნაური თუ მოურავი. დიდ თავადებსაც სწვდებოდა მოიარებით.
ისინიც გრძნობდნენ და მოიარებითვე თავს არიდებდნენ.
სამაგიეროდ, გლეხებთან უშუალობა ერჩივნა მეფეს. ხშირად
ჩაუჯდებოდა ხოლმე ხანში შესულ გლეხებს. გულახდილად
ესაუბრებოდა… სოფლის ჭირს ჰკითხავდა, ქვეყნის ვარამს აგებინებდა.
ჯერ გაღმა მხარი არ ჰქონდა შემოვლილი, როცა მათთან
ვარდისუბანში შათირი მოიჭრა და ჯანდიერი გაიხმო.

144
- რა ამბავია? - შეეკითხა გლეხებში მჯდარი მეფე.
- ცალკე მოგახსენებთ, ბატონო!
- ჩვენ წავალთ, შენი ჭირიმე… თქვენს შეწუხებასა! - წამოდგა
მოხუცი, ოდესმე ხევსურეთიდან ჩამოსახლებული ბახუტა
ჭინჭარაული.
გლეხები წამოიშალნენ და წასვლა დააპირეს, მაგრამ ალექსანდრემ
გააჩერა.
- არა… დაჯექ, ბახუტავ! თქვენც დასხედით! თუ სოფლისა და
ქვეყნის ჭირ-ვარამს ვარჩევთ, ახალი ამბავიც ერთად მოვისმინოთ!
ფრიად ნასიამოვნები გლეხები უხმოდ, მაგრამ მეფესთან უფრო
მჭიდროდ დალაგდნენ. შორიახლოს ღობე-შუკებში მდგარმა ხანში
შესულმა დედაკაცებმაც თავსაფრები შეისწორეს, მეფესთან და სოფლის
თავკაცებთან ახლო მოდგნენ.
- მოკლედ მოგვახსენე, ჯანდიერო! ესენიც ჩვენებურები არიან.
ერთობლივ კახელები არა ვართ განა?! სამეფოს საზიანოს არავინ
მოინდომებს, ერთობლივ ჩვენი ზიანია!
- აგრეა, შენი ჭირიმე… აგრე! - ახმიანდნენ გლეხები და უფრო
მოდგნენ.
- ჰოდე, კახთ ბატონო ჩვენო… აბა სამეფოს ზიანი ვის უნდა? დიდ
თავადებს თუ ერჩით გული… თორემ ჩვენა… არა, შენი ჭირიმე…
კამეჩის ქედივით გამტანები ვართ, პირშეუშლელნიც! გლეხების
საერთო შეძახილი ბახუტამ ჩაათავა, ერთიც თავისი დასძინა: - საერთო
ჭირ-ვარამის უგულველობა მდიდარ ქულაჯიან ხალხს უფრო სჭირს,
განა ქალამანდაცვეთილებსა…
ჯანდიერი წინ წამოდგა, მაგრამ შემოჯრილ გლეხობას რომ
გადახედა, მაინც შეყოყმანდა.
- თქვი! - შეუძახა გლეხის სიტყვით ნაამბებმა კახთ ბატონმა. მას
გლეხებში ასე ჩადგომისას მუდამ რაღაც უხილავი ძალის გრძნობა
წამოეძალებოდა, გულს შეუხსნიდა და შეუმტკიცებდა კიდევაც.
ხშირად თავისი სურვილის წინააღმდეგ ამოქმედებდა. არა, ნებას კი არ
უდუნებდა, თითქოს მრავალთა ნებასა და სიბრძნე-უძლევლობას
ისრუტავდა.
- თქვი, თქვი, - შეამხნევა ჯანდიერი.
- მოუკლავთ, ბატონო! ქედელებს კოზმა მოურავი მოუკლავთ.
- როგორ თუ მოუკლავთ?! - გულზე ეცეცხლა ალექსანდრეს. ეს უკვე
აშკარა ამბოხი იყო. კახთ ბატონს ავად აემღვრა ხასიათი. - დახე, რა
ჰქონიათ გუნებაში?! იქნებ სხვებსაც? მოუკლავთო? - მეფემ ხალხს
მოავლო მწყრალი თვალი, მერმე ბახუტას მიახალა: - ეს არის, მოხუცო
ბერაძუავ, „კამეჩის ქედივით გამტანობა, პირშეუშლელობა“?

145
სიჩუმე ჩამოვარდა, ალექსანდრეს უფრო და უფრო ეკიდებოდა
სიბრაზე. ახლა იგი თავადაც მზად იყო მათრახითა და კინწისკვრით
გაერეკა გარს შემომდგარნი, ღჯუდ ჩაჩუმებული გლეხები. მათი
დუმილი ახლა სულს უხუთავდა ალექსანდრეს. ამ დუმილსაც რაღაც
გამოუთქმელი ძალა ჰქონდა.
- რას დადუმდით?! - თვალი და სიტყვა მათრახივით მოუნაცვლა
თავჩაქინდრულ გლეხობას.
- მოგახსენებთ, ბატონო! - დინჯად წამოდგა ბახუტა და კომბალზე
დაყრდნობით თვალი გაუსწორა მეფეს. - ნუკი გამიწყრები, შენი
ჭირიმე… და… ის მოურავი მოსაკლავი იქნებოდა, ბატონო!
ალექსანდრეს ყელში ეტაკა სიბრაზე:
- როგორ თუ მოსაკლავი? რაებს როშავ?! ამას დამიხედე, ამასა?!
იქნებოდაო?! საიდან ჩანს?!
- ამასაც მოგახსენებთ, ბატონო, - ისევ იმ დინჯი კილოთი განაგრძო
ბახუტამ, - ქედშია… ოქრო-პაპაი ტყუილუბრალოდ კაცის ცოდვას არ
დაადებინებდა სოფელს… ერთსა კი გთხოვ, თავად წაბრძანდე, თავად
მოიკვლიო… სხვას ნუ გაუშვებ… მაშინ ნახავ, ჩემი სიტყვა
გამართლდება თუ არა! არც ამალა გინდა, არც მდივან-
მოსამართლენი… ტყუილუბრალოდ ნუ დააწიოკებ სოფელს!
ალექსანდრე ისე გააკვირვა ასეთმა დაჯერებულმა კილომ, რომ
უეცრად დაცხრა, დაებნა სიბრაზე.
- ორი ცხენი! - მეჯინიბეთ გადუგდო სიტყვა.
- მე თავადაც მყავს ცხენი, ბატონო! ჩვენებური, გლეხურია, მაგრამ
არკი ჩამოგრჩებათ, გეთაყვა… სხვისაზე კი არა ვარ ჩვეული ჯდომასა…
შენი კვნესამე!
ალექსანდრე ისევ გაკვირდა:
- კი მაგრამ, რა იცი, რომ შენ გიპირებ წაყვანასა?
ბახუტას ჭაღარა წვერში ჩაეღიმა.
- ძალზე ბრაზმორეული კაცი… ისიც მეფეი უეცრად თავს რომ
მოერევა და სიბრაზეს დაიცხრობს - დიდი სიბრძნის ნიშანია, ბატონო
ჩემო! ჰოდა, ბრძენი კაცი კი ახლა ქედშია შენსა და ჩემს მეტს არც ვის
გაგზავნიდა. იქაც დაშოშმინდებოდა საქმე და აქაცა!
ბახუტამ თავჩაქინდრულად მოჯრილსა და მოღუშულ გლეხობას
თვალგამჭრიახად გადახედა… მეფესაც სიტყვის მიღმა ნაგულისხმევ
აზრით აგრძნობინა. ალექსანდრე გარეგნულად სრულიად დაწყნარდა.
ფიქრიანად გაეღიმა კიდევაც:
- თუ ოქრო-პაპაც ასეთი გონიერია ბერ-ეშმაკო, შენი სიტყვა დიახაც
გამართლდება, არადა… ვაი, მათი დედის მზესა!
ალაზნის ფონამდე მეფესა და გლეხს ჯანდიერი და რამდენიმე
მხლებელი გაჰყვა. დაღამებისას გაიყარნენ.

146
- დილაადრიანად ქედში გაჩნდები სარანგებითა. თუ არა გაცნობე რა,
საქმეს სასტიკად გამოიკვლევ. მთელ სოფელს შეჰყრი, შეახურებ,
მკვლელებსა და თავკაცებს შეიპყრობ და გრემში მომგვრი, - უბრძანა
ალექსანდრემ და ჯანდიერიც დაითხოვა.
ორთა შესტოპეს ალაზანში. გაღმა გავიდნენ, თქეში წვიმა წამოეწიათ,
მაგრამ სოფელი არცთუ შორს იყო.
მალე ორი ნაბდოსანი ჩრდილი ოქრო-პაპას ეზოში ჩავიდა და
ჩაქვეითდა. წვიმამაც გადიკარა, მაგრამ ჯერ მთვარე არ ამოსულიყო და
ძალზე ბნელოდა.
- მე ვარ, ბახუტა ჭინჭარაული… ვარდისუბნიდანა! - კრძალვით
მიაკაკუნა და მიუჩურჩულა გლეხმა.
კარი უმალ გაიღო და ოქრო-პაპა მოეგება მოსულთ.
- ალბათ დიდად საპატიო სტუმარი მოგყავს, ძმობილო?! - შეეკითხა
ოქრო-პაპა, კარის ზღურბლში მეორე ნაბდოსანის ჩრდილიც რომ
ჩამოდგა. - ახლავ ჭრაქს ავანთებ.
მაგრამ ალექსანდრემ შეაჩერა:
- რატომ გგონია საპატიო?! - ყრუდ შეეკითხა და ნაბადში უფრო
შეიბურა.
- ათი წელი უბრადა ვართ… ხომ აგრეა, ბახუტავ?
- აბა რაღა მოსაგონებელია…
- არა, მაინც… - უფრო დაეჭვებულად ჩაეძია ალექსანდრე.
- შინ გაზრდილი ძაღლი მომიკლა ალაზანზე მეველეობის დროს.
მერმე თავადვე ისირცხვილა… თავს მარიდებდა… ახლა კი ამ
ავდარსკვარამშია…
ოქრო-პაპა ბნელ ბინაში წინ წაუძღვა სტუმრებს.
- ჯალაბი სად არის? - იკითხა ბახუტამ, მინაშენ ოთახებშიაც რომ
ვერც შუქს ჰკრა თვალი და ვერც ოქრო-პაპას ნამრავლის ხმა გაიგო.
- ხოსიტაანთა არიან წასულნი. ახალსახლობას იხდის, ფუძის
ანგელოზს ამწყალობებს.
ოქრო-პაპა ქუდ-ნაბადის ჩამოსართმევად მიეახლა უცნობ სტუმარს.
- აქეთ მობრძანდით, აქ ტახტია. ახლავ გავაჩენ შუქსაც.
მაგრამ უცნობმა არც ნაბადი მოიხადა და არც შუქის გასაჩენად
გაუშვა მასპინძელი.
- ვინ მოჰკლა მოურავი? - მკაცრად, მაგრამ ხმადახშულად შეეკითხა.
სიბნელეში სიჩუმე ჩამოვარდა.
- სოფლის თოფმა! - დაყოვნებით დაირხა დინჯი პასუხი.
- ვისი ბრძანებითა? ვისი სახელით?!
- კახთ ბატონისა! დაილოცა მისი სამართალი!
ამას კი სულ არ მოელოდა ალექსანდრე.

147
- მაჩვენე! საბუთიც გექნება! - გამკილავად ჩაეხრინწა ხმა კახთ
ბატონს.
- ახლავ, სტუმარ-კაცო! ვინც არ უნდა იყო! თქვენ ჯერ აქ, ტახტზე
ჩამოიმუხლეთ. ბახუტავ, შენ მაინც, ჩვენებურად, გლეხკაცურად. - და
ოქრო-პაპამ განის კარი გააჭრიალა.
გარეთ ღრუბლებიდან გამოგორებული სავსე მთვარე აკაშკაშდა.
- იდარებს, ნაბდები აღარ დაგვჭირდება, - თითქოს სხვათა შორის
ჩაილაპარაკა ბახუტამ.
- დაგვჭირდება! - მკაცრად უპასუხა ალექსანდრემ.
ოქრო-პაპა მალე მობრუნდა. მაგიდაზე უსწორმასწოროდ მხრჩოლავი
და მჭვარტლავი ჭრაქი დადგა. ახლა გამოჩნდა, მეორე ხელში დოქი და
ხბოს ტყავი ეჭირა.
უცნობ სტუმარს რომ შეხედა, უმალ იცნო. შეკრთომისა და
გაკვირვების ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. ხელის ჩამორთმევა ვეღარ
გაბედა. უსიტყვოდ ხბოს ტყავი გაუშალა.
გაშოლტილ, მაგრამ გამოუქნელ ტყავზე წენგოს ფერით რაღაც ეწერა.
ალექსანდრე შუქთან მიადგა და ჩახედა.
„განაჩენი კახთ ბატონის სამართალისა“ მსხვილი ბატისფეხურით
ეწერა თავშივე. „მეფისა და სოფლის სახელითა მოურავის თავზე
ვყავით ასე: საქვეყნო ბეგარის მითვისებისათვის, საწყაოს ერთი
მტკაველით დაჭარბებისათვის, დამწვარი ეკლესიის აღსადგენ ქვა-
აგურის წაღებისათვის, ხატის ვენახის დათავისებისათვის, სოფლის
წისქვილის ქვის ჯიბრით გატეხისათვის, ობოლ გოგოს ნამუსის
ახდისათვის, მეფისათვის მირთმეულ საჩივრის არზის დახევისათვის
ერთობლივ - სიკვდილი კახთ ბატონის სამართლის ძალითა“.
კახთ ბატონმა ჩაძიებით ჩაიკითხა. ხელის მოწერანიც ჩაათვალიერა.
ხბოს მთელი ტყავი ჩაქებიანად მონაწერებს დაეჭირა. აქ სახელიცა და
გვარიც იყო, მხოლოდ სახელიც, უბრალოდ ჯვრებიც - ნიშანი
უწიგნურობისა. - პირდაპირ, შეჭვარტლულ ცერის ნაკვალევიც.
- ესენი ვინ არიან?
მთელი სოფელი…
- გვამი სად არის?
- თავის სოფელში, ჭირისუფალს ჩავუსვენეთ… თოფს შემოაკვდა-
თქო.
- ამ ყველაფრის ჩამდენია? - ხელი ხბოს ტყავს დაადო მეფემ.
- სოფელს ვკითხოთ! - ოქრო-პაპამ მცირე რქაში არაყი ჩამოასხა, - აქვე
ახლოს არიან… აქ გაახლოთ… თუ წამობრძანდებით? - არაყიც
მიაწოდა. - ჭაჭისაა, ბატონო! ნუ გვიწყენ, ჩვენებურია - გლეხური.
კეთილ ფეხზე მობრძანებისა იყოს! წესზე და ადათზე დგომა მეფეს თუ
გლეხს ერთნაირად ეკუთვნის განა, სამართლის ძირია!

148
ალექსანდრეს გაწყრომა სურდა, მაგრამ ოქრო-პაპას ყოველ სიტყვაში
იმდენი ბრძნულ-უშუალობა იყო, რომ კახთ ბატონს გული არ
უშვრებოდა სიმკაცრეს. უსიტყვოდ გამოართვა და გადაჰკრა არაყი.
ნამგზავრ ტანში თბილ ჟრუანტელად დაუარა ჭაჭის ძალამ.
- სად იქნებიან?
- ხოსიტაანთა… აი, გაიდარა კიდევაც. ცხენს ინებებთ, თუ? ახლო კია,
ესღა მიბორკავს ხელსა, მეფე რას მოიგუნებებს, არ ვიცი, - საუბარს შუა
ოქრო-პაპამ არაყიც ჩამოატარა.
- ფეხით წავიდეთ! - ნაბადი კვლავ შეისწორა ალექსანდრემ.
- მაშ ერთიც ინებეთ, ბატონო! ორფეხობისა იყოს!
- სად გადავრჩი! ცხენით წასვლა რომ მეთქვა… ოთხფეხობისას
მომთხოვდი?! ეჰ, ხანგასული ბერიკების ხელში რომ ჩავარდება კაცი -
მერმე ყველაფერი ხრიკი უნდა ითმინო! - დაბალ ხმაზე საყვედურობდა
კახთ ბატონი, მაგრამ ქადილი და სიბრაზე წყალივით ეცლებოდა
ხელიდან.
ერთიც რომ გადაჰკრა, უფრო მოეხალვათა გუნება, ხმიანად
ამოიწმინდა ყელი და წელში გაიმართა, გარეთ გავიდა.
შავღაბუა ღრუბლები დროდადრო კიდევ ეფარებოდნენ მთვარეს.
სოფელი ცვალებად ჩრდილში და ყვიცის ფერში იყო ჩახატული. წვიმას
სოფლის თავზე ზოლად გადაევლო, ასე რომ ქვევით სიმშრალეც
დახვდათ და ნელთბილი სიოც.
ოქრო-პაპამ ცხენები დააბინავა და დაწინაურებულ სტუმრებს უმალ
დაეწია. მოკლეზე გადაიყვანა. არცვინ შეხვედრია და რომც
შეხვედროდა, ნაბადში და მწყემსურ გრძელბეწვა ქუდში შებურულ
მეფეს ვერვინ გამოიცნობდა, ამგზავრებული თუში მეცხვარე
ეგონებოდა.
მალე ხმიანი საუბარი და ხარხარი მოესმათ. უფრო ახლოს რომ
მიდგნენ, ხალხის გნიასი ალაზანივით დუდუნებდა.
- დახე, რა სახლი წამოუჭიმია ხოსიტას?! - გაიკვირვა ბახუტამ, - სულ
შენი მადლი კია, ოქრო-პაპავ!
ბინდში, კაკლის ჩრდილის მიღმა, მაღალაივნიანი კირშელესილი
ქვის შენობა თეთრად გამოჩანდა.
ეზოში და კაკლის ჩრდილში ხალხი იდგა, ალბათ მთელი სოფელი.
ხარხარი და ამო ჟრიამული გამოდიოდა ეზოდან.
- რა ყოფაში არიან, რა უხარიათ? - გრძელბეწვიანი ქუდი სახეზე
ჩამოიფარა ალექსანდრემ.
- ალბათ ჩრდილებს აკეთებს მაჩუჩა.
- ეგ ვინღაა?
- ჩვენებურად ქოხსალამურა… თქვენ კი დიდბერიკა უწოდეთ
ქარვასლის შეყრის დღესა, - და რადგან მიხვდა, რომ მეფემ ვერაფერი

149
ინიშნა, უმალ დასძინა: - სოფლის ხალისია, ადამიანად დაბადებული,
ქოხისა და სალამურის ამარა.
ოქრო-პაპა და ნაბდოსნები ჩავიდნენ ეზოში.
- ხალხნო და ჯამაათნო! - ხმა აღიმაღლა ოქრო-პაპამ, მაგრამ
ალექსანდრემ სხვაფრივ იაზრა, ხელში სწვდა ქედელ მოხუცს და
თავადაც კაკლის ჩრდილში მიდგა. შეფერხებულ ქოხსალამურასაც
შესძახა:
- განაგრძე! განაგრძე!
ოქრო-პაპა მიხვდა, მეფეს არ სურდა თავის მჟღავნება, ხელად
სიტყვაც შეაწია.
- ჰოდა, ჩვენებურო, ე მან კაკლის ჩრდილიდან უკეთა ჩანს! - და
მოახლებულ ხოსიტას წინ გადაუდგა.
- ოქრო-პაპავ, მოხვედი? კაცო, შენ გელოდებით… აბა უშენოდ რა
ფუძის ანგელოზს დავამწყალობებდი! ეს სახლიც შენი მადლის
მონაგარია! - ხოსიტა ხონჩით და ყანწით მიადგა ოქრო-პაპას.
ახლა იგი გულმოკლული, მთელ ქვეყანაზე გაბუტული, მარტოხელა
ბოგანო როდიღა იყო, არამედ აზრიანი და ყაირათიანი, ბეჯითი და
შემძლე ოჯახის პატრონი გლეხი, სოფლის თავკაცთაგანი.
- ჰო, კარგი, კარგი! აბა ხალხს მიხედე, მე კი არსად გაგექცევი! ჯერ
ადრე მოსულებს დაუარე - დაალოცვინე! - დაუყვავ-დაუტია ოქრო-
პაპამ ხოსიტას და უკან გააბრუნა, თავად კი ალექსანდრეს გვერდში
ამოუდგა.
ბინდბუნდში და ხალხიანობაში არვის გაუგია უცხო სტუმრის
მოსვლა.
- აბა, გუცავ, დავიძრათ, ხალხს პატივი ვცეთ! - არაყის დოქი მას
გადასცა ხოსიტამ, თავად კი ქამარში დიდ-პატარა ყანწები გაიყარა და
პირჯვარი ისახა. - შენ ხონჩა წამოიღე, თაკო! - თავისი დაზრდილი
გერები გვერდში ამოიყენა ხოსიტამ და ხალხს დავლა უწყო.
- აბა, ფუძის ანგელოზი დამილოცეთ, დამიმწყალობეთ, მეზობლებო!
დედაკაცო, - თუთიას გასძახა, - პირველი სიტყვა შენია, ვის მივართვა?
- ქოხსალამურასა, ქა! რა ვუყოთ, რომ ახალგაზრდაა… ხალისს
მოიგვრის და სოფელსაც მოჰგვრის! ჩრდილიც უკეთ გამოუვა და
ლექსიცა… აბა თუ არა, - და თავის, უკვე ხოსიტასთან შენაძენ
ნაბოლარა ბიჭის ხელით მეორე სავსე ხონჩაც მიაშველა.
- ჰოდა, ეგრე, ეგრე! ქოხსალამურასა - დიდბერიკასა! თავად კახთ
ბატონმა აგრე არ ბრძანა გრემშია! - მიაძახა ხალხმა.
ქოხსალამურამ გამოართვა ყანწი. ისევ კირშელესილ კედელთან
მიდგა და ყანწი მთვარეს უსწორა, ხმაც აღიმაღლა:
ფუძისეული ვინ არის?
მოდექით ბარაქისანნი!

150
ხალხს შეეკითხა და თუთიას მოწოდებული ანთებული სანთლები
წინ მომდგარ ახალგაზრდებს ცალი ხელით ჩამოურიგა.
- ჩვენა ვართ! ჩვენა! ყველანი! ყველა! - შესძახეს ირგვლივ.
თვალმაჩხიანი ვინ არის,
გაღმა-გამოღმა მხრისანი?
კვლავ შეეკითხა ხალხს. სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი
სდუმდნენ. ალექსანდრეს თავზე კაკლის ჩრდილი შრიალებდა. კახთ
ბატონს ისედაც გულში მოხვდა ეს „თვალმაჩხიანობა“. იგი ხომ არცთუ
„ფუძის ანგელოზის დასამწყალობლად“ იყო აქ გაღმიდან იდუმალად
მოსული.
- არავინ! არავინ, ფუი ეშმაკს! - ბოლოს მიაძახა ოქრო-პაპამ.
ქოხსალამურამ ახლა უფრო ლაღად აუკიდა ხმას:
დაიდგა ფუძე-ძირია…
ქვამრუდი არ გაირია,
ბურჯად აიცხო კირია…
დავუმწყალობოთ პირია!!
არაყი მოსვა, ნარჩენი სახლის ფუძეს შეაპკურა, მერმე ფრჩხილზე
დაირეკა ყანწი და ხოსიტას დაუბრუნა.
- ჰო, შენი ჭირიმე, ეგრე! ეგრე! - გაიძახოდა ხოსიტა და არაყს
ატარებდა ხალხში. ჯერ სანთლებიან ფერხულში ჩაბმულთ ჩაუარა
არაყ-ხონჩიანად, ყველას ასვა, პურიც გაატეხინა… ახლა მოჯრილ
მეზობლობას ჩაუარა.
- თუთია ქალო! ოჯახის დედა ხარ… დოლს შემოჰკარ! როგორ
საკრავსაც დაგვიკრავ - ისევე დაგიროკდებით! - გასძახა ქოხსალამურამ
და უმალ შეხმიანებულ დოლის ხმაზე თავისი ლექსიც ააწყო,
ფერხულიც შეჰკრა და ააროკა.
ქვასიპი და ქვასწორი…
კეთილ ბედის სასწორი…
- სასწორი! სასწორი! - აჰყვნენ მროკველნი.
ქვარგვალი და ქვაკუთხი,
ოთხივ მხრიდან ნაკურთხი!
- ოთხივ მხრიდან ნაკურთხი! - იმეორებდა ფერხულის რკალი.
ამ მთისა და ბარისა,
პირგაბადრულ მთვარისა…
ორთვალისა - ორგზისა,
ფუძის ანგელოზისა… ალილო ახალ სახლობას!
ქოხსალამურა ფერხულის რკალის შუაგულში ჩადგა, ფეხები გაუსვა
და დაბალ ალილოს კილოზე შემღერებულ მროკველთ ლექსიც მალიად
მიუწყო, ხელდახელ სთხზავდა და ზედ აყოლებდა:
მზიანი და დარიანი… გზიანი და ჯარიანი…

151
ვენახი ხელხვავიანი… ბოსელ-ხვასტაგ-ხარიანი…
პურ-ხორბალ-თავთუხიანი… აბრეშუმ-ჯავარიანი…
ხოსიტა კი სულ უვლი-უვლიდა, არაყს არიგ-არიგებდა, ხონჩის პურ-
მარილსა და ქადა-ნაზუქეულს სთავაზობდა ეზოში, ყორეზე თუ
ბანებზე თავმოყრილ მეზობლებსა და სტუმრებს.
- ხოსიტავ! აბა აქეთაც ჩამოატარე! - მიაძახა ოქრო-პაპამ.
- ახლავ, შენი ჭირიმე! არა, სიტყვაზე რომ ვთქვათ… პირფერობაში ნუ
ჩამომართმევთ და… ჩემს დღეში არ მითქვამს… დღეს კი სწორედ ჩემი
დღეა! ჰოდა, ნუ მიწყენთ, მეზობლებო… არა, მაინც იმ მოურავის
ცოდვა-ბრალი რომ დაატყდა სოფელს… მეც ახალსახლობა და
ანგელოზობა ჩამეშლებოდა მეგონა… ჩემთვის ვიღასა სცხელა-მეთქი…
მეზობელ-სტუმრები აღარ მომივლენ-მეთქი! თქვენ გენაცვალეთ, რომ
კაცად ჩამაგდეთ, მომხედეთ და დამლოცეთ…
ამასობაში ოქრო-პაპამ თავადაც გადაჰკრა და ერთიც დაასხმევინა,
ქადის ნატეხიც აიღო და ჩრდილში მდგარ ალექსანდრეს მიაწოდა.
- ესეც იმ ჭაჭისაა! თუ ინებებთ დალოცვასა?
ხოსიტამ კი ოქრო-პაპა რომ ვეღარ დაიმარტოხელა, სხვა ყანწი იძრო
ქამრიდან და ისევ წინა ჯგუფებს მიაკითხა.
ქოხსალამურას როკვა დაემთავრებინა. სახლის თეთრ, კირშელესილ
კედელთან მიმდგარიყო და მთვარის შუქზე ჩრდილებს აკეთებდა…
ხან ცხვირს ოინბაზურად დაიგრძელებდა, ხან თმა-ზილიფს აიშლიდა.
ალექსანდრემ შეამჩნია, ჩრდილის მკეთებელს მატყლის ფთილა
ჰქონდა ხელში და მისი საშუალებით საოცარ სახეცვლასა და
გაჩრდილვას ახდენდა. ხან თმას იგრძელებდა, ხან წვერს.
- ეს ვინაა? - და ქოხსალამურამ ტუჩები წინ გაჰყარა, წვერი ორ
კიკინად ჩაუშვა. ჩრდილი საოცრად მეტყველი გამოვიდა.
- დრუნჩა პოპიაა! ჩვენებიანთ პოპია!
- ჰა, პოპიავ… ხარ თუ არა? - ხარხარით გაიძახოდნენ მეზობლები.
- ვარ, ვარ! კედელზე არ გამაკრა მაგ შეჩვენებულმა! - ყველაზე
ხმამაღლა გაიძახოდა არცთუ ნაწყენი პოპია.
- ესა? სულ ცას რომ უმზერს, ალბათ თავზე ჩამოქცევის თუ ეშინია? -
ჩრდილის ოსტატმა ახლა თმა-წვერი აიშალა და ჩრდილს
პირშეღებულად მაღლა აახედვინა.
- უიმე… ხარატაანთ პაპაი! სად მიამსგავსა! - ხმიანობდა ქალკაცი,
ჟივილ-ხივილობდნენ მოზარდები.
- აბა, ერთი კაკა მეველე დაგვანახე, მოგვნატრებია! - გაიძახოდნენ
ერთნი.
- ხაპრო გამოსახე… ხაპროი! მაინც ძველი ანგარიშები გაქვთ! -
ჰყვიროდნენ მეორენი.

152
ქოხსალამურა არ აყოვნებდა, რაღაც ნიშანდობლივს და
მიმსგავსებულს გამოტვიფრავდა ხოლმე ნაჩრდილში.
სანახაობამ, ცოტა არ იყოს, ალექსანდრეც გაიტაცა. ოქრო-პაპას
მიწოდებული არაყი გადაჰკრა, ქადაც ჩაკბიჩა და მჩრდილავს ერთი
მანაც მიაძახა:
- აბა, ერთი კოზმა მოურავი გაჩრდილე! მოურავი!
ქოხსალამურა შეკრთა, შეჩერდა. შემძახებლის ხმაც ეუცხოვა და
გუშინწინ მოკლულ მოურავის გაჩრდილვა არაფრად ეპრიანა. ხალხიც
შეტალღდა. კაკლის ჩრდილისაკენ შემობრუნდა. უეცარი სიჩუმე
ჩამოვარდა. თითქოს რაღაც ჩრდილი მართლა დააწვა ყველას. ბინდიც
ჩაიქუფრა.
- გაჩრდილე და გაასაუბრე კიდევაც, შვილო! - გაამხნევა ოქრო-პაპამ,
მაგრამ ქოხსალამურას ენა დაება. მკაფიოდ გამორჩეულ კაკლის
ფოთლების შრიალში ვიღაცის გმინვა ჩაიქსოვა.
- ის უბედური, ისა… გაჰქრეს მისი სახსენებელი!
წეღანდელ უდარდელ სიცილს უეცარი ჭმუნვა და ვარამი
დაენაცვლა.
ქოხსალამურამ უმალ იგრძნო ეს:
- მერმე როგორ, ოქრო-პაპავ! განა იქნება?
- კი, შვილო, კი… როგორც იყო… როგორც გვახსოვს და გაახერხო…
დარდიც უფრო გამონელდება სოფელს! დასაფარავი კი არა გვჭირს რა!
- კვლავ შეამხნევა ოქრო-პაპამ.
- მაშ გავაცოცხლო?!
- არა, კაცო! რას ამბობ, რასა?! ძლივს მოვიშორეთ ჭირი! არა, გეთაყვა,
არა, - ახრიალდა სოფელი. ამ წუთში, ზოგ მათგანს, ალბათ, სჯეროდა,
რომ ჯადოქარ ქოხსალამურას მართლაც შეუძლია მკვდრის
გაცოცხლება.
- არა, ხალხნო! იგრე, განა! ყასიდად, განა მართლა! ჩრდილზეპირად!
- ღელავდა შელხენილ-შეფორიაქებული ხალხი. მროკველებმა
სანთლები ჩააქრეს. თეთრ კედელთან განი დაიკავეს.
ცას პირწმინდად გადაეკრა. სოფლის თავზე ირიბად შემდგარი სავსე
მთვარე ქოხსალამურას ნაჩრდილს უფრო მკაფიოდ ხატავდა კედელზე.
ოსტატმა ცხვირქვეშ აფხორილად მატყლი ჩაიჩარა. ჯაგრად
ჩაულვაშდა. ცალი ღრანჯი გაბრიცა, თმა ყალყზე შეიყენა და კოზმა
მოურავი კედელზე გაჩრდილა. ხალხი ჩრდილის დასანახავად მიდგა-
მოდგა.
ახლო მდგომნი უშუალოდ ქოხსალამურას სახესაც ხედავდნენ.
უკანანი კი მხოლოდ ჩრდილს უმზერდნენ.
- კაკლის ძირიდან კარგად ჩანს! - დაიძახა ვიღაცამ და უკანანი სულ
ალექსანდრეს სიახლოვეს მიქუჩდნენ.

153
- დახე ოსტატსა! არ გააცოცხლა მოურავი! დახე ღრანჯიანსა,
ულვაშჯაგარასა!
- უიმე, ის არის! ზედგამოჭრილი! გაჰქრა მაგის სინსილა და
სახსენებელი! - ახლა ქალები აკივლდნენ.
შიშნაკრავად და გლოვა-სიცილ ნარევად ხმიანობდა სოფელი.
- ჩუმად, თქვე ცინგლიანებო, თქვენა! - გაჭაჭულ რიხით დასჭყივლა
ხალხს ქოხსალამურამ, - თქვე პატრონ… გამოღამებულებო!
ჯერ მთლად დაფრთხა ხალხი. ხმა იკმინდა, მერმე კი უფრო შესკდათ
სიცილი.
ალექსანდრემ არა მარტო იცნო კოზმა მოურავის ჩრდილი, არამედ
მისი ხმის კილოც ინიშნა.
- თქვენ არამზადებო, თქვენა! მუქთახორებო! ღორის შვილებო! თქვე
ჩემის…
- არ შეიგინო, არ შეიგინო… მოურავულად! ფუძის ანგელოზობას ნუ
წაბილწავ! - და შეჰკივლა თუთიამ.
ქოხსალამურამ მოურავულისაგან თავი შეიკავა და ისე დაუტატანა
ხალხს:
- ხვალ ვნახავ თქვენსა დღესა! აი ამოვიდნენ გრემიდანა! რაო, რაო?
შფოთს მიწყობთ, ამბოხსა? მეურჩებით კიდევაც! რა მერმე ვისა -
მოურავ ბატონსა?!
- სწორედ ეგეთი არ იყო იმ შავბედიან დღის წინა? სწორედ ეგრე არ
იძახდა, ეგრე იქცეოდა… - ბუბუნებდა კაკა მეველე და ყველას ძახილს
ჰფარავდა.
- ვინ მომკლა მე? ვინა? რა პასუხს მისცემთ მეფის კაცებს?! -
ულოდნელად შეეკითხა კოზმა-ქოხსალამურა მართლაც დამფრთხალ
ხალხს და ისე გაფათრა და გაფარჩხა ჩრდილი, რომ ნამდვილად
სამარიდან წამომდგარ ღრანჯა მოურავად წამოელანდა ზარდაცემულ
სოფელს.
ისევ მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ კაკლის ფოთლების შრიალი
ისმოდა. ახლა ვეღარავინ ხედავდა ქოხსალამურას, ყველას შეძრული
გულისყური „გაცოცხლებულ“ მოურავის ჩრდილზე იყო მიბორკილი.
ჩრდილმა დაფარა მჩრდილავი.
- ვინა-მეთქი? ვინ მომკლა… ვინ მესროლა?!
- სოფლის თოფმა! - უეცრად ერთხმად აგრიალდა ჩრდილდაკრული
სოფელი. იმდენი რიხი და ერთპირობა იყო ამ ძახილში, რომ კახთ
ბატონს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ჰოი, საოცრებავ!.. თავისდა
უნებურად გული მისტაცა, ეამა კიდევაც.
- ვისი სახელით! ვისი ბრძანებით?! - არ ცხრებოდა ჩრდილი.
- მეფისა და სოფლისა! კახთ ბატონისა და ხალხისა!

154
ახლა უკვე შეთამამებულად და ხმაშერყეულად აყაყანდა მომდგარი
ერთობა.
- რათა-მეთქი? რათა? თქვე…
ქოხსალამურამ სიტყვა აღარ დაამთავრა, დაბალ კილოთი თუთიას
შეეკითხა:
- ერთი დავიგინო, ჰა, მოურავულად? ისე მისი მარილი აკლია. არც
გაცოცხლდება, არც ცხონდება! ჰა, თუთია ქალო?!
- არა, არა! ისეც ვიტყვით, რად ჩაგაქვავეთ! - ქოქოლა მიაყარა
თუთიამ, მას სხვა ქალებიც აჰყვნენ.
- ჰოდა, მაშინ თქვით ბარემა! თორემ ღრანჯი მეტკინა, განა!
- საწყაოსათვის! დიდ მტკავლისათვის… დოლაბისათვის!
- ხატის ვენახისათვის, მეფისა და ხალხის გაცრუებისათვის!
- ობლის ნამუსის ახდისათვის… მაშ შეგრჩებოდა გეგონა? -
ხმაშერეულად გაჰყიოდნენ ყველანი.
კაკლის ქვეშ და მის ირგვლივ ბობოქრობდა ხალხი, თითქოს
მართლაც მეფის კაცების წინაშე პასუხს აგებდნენ.
ალექსანდრე მეფეს მეტიც მოეჩვენა. ზოგმა თითქოს ქება-გორახი
აიტაცა გაცოცხლებულ კოზმა მოურავის ხელახლა ჩასაქოლად.
- არზა ვერ დასწერეთ? არზა-საჩივარი მდივანბეგთან ან კახთ
ბატონთან? - ჩიოდა მოურავი.
- დავწერეთ! დავწერეთ! შენ არ მოგვტაცე, თავზე დაგვახიე?!
უკვე როგორც ცოცხალს ისე ედავებოდნენ და ეჩხუბებოდნენ
დიდბერიკას შეთხზულ ჩრდილს გლეხები.
მოურავს კი ღრანჯი უფრო მოეგრიხა, ხმა თითქმის ჩაუვარდა:
- კი მაგრამ… როგორღა მომკალით… რომელმა?..
- ერთობლივ! ერთობლივ ყველამა! - შესძახა გარემომ, ახალსახლმა,
კაკლის ჩრდილმა, - ერთობლივ ყველამა!
- გალექსე! გალექსე! - გასძახა ოქრო-პაპამ. მან ყველაზე უკეთ იცოდა
ქოხსალამურას ნიჭი და ლექსის ძალა.
დიდბერიკამ ერთი კი მაჩუჩურად, ბალღურ ყაიდაზე ქეჩო მოიქექა
და შეტრიალდა. ცალ ხელში შავი ბაღდადი წამოიხვია და კედელზე -
მოურავის წინ გაჩრდილა, თავსაფრიან დედაკაცს დაამსგავსა.
ახლა თეთრ კედელზე ორი - ურთიერთ მზირალი ჩრდილი ჩანდა.
სოფელ-სოფელ კაცი დადის, ნეტავ, დედა, რაო?!
მოურავის ჩრდილი შეეკითხა თავისი დედის ჩრდილს.
თოფის წამალს აგროვებენ, ვაი შენს დედასაო!
ხმაშეცვლილად და ჩრდილთამაშით გაეპასუხა დედა-ქოხსალამურა
თავის შვილს - მოურავის ჩრდილს.
სამჭედლოსთან ხალხი ჯარობს, ნეტავ, დედა, რაო?
შენთვის ტყვიას იქ ასხამენ, ნეტავ, დედა, რაო?

155
მოხუცები თოფს ფერავენ, ნეტავ, დედა, რაო?
შენს მოსაკლავად სტენავენ, ვაი შენს დედასაო!
ქოხსალამურა თავადაც ოდნავ ატოკდა და ჩრდილებიც ხმის რხევას
ტაატით ააყოლა. განაბული ხალხიც ნელიად შეინძრა მხრებში.
მწყობრად შეეგულისხმა სიტყვასა და რხევას. უგრძნოდ ტაატობდა და
ლექსის ყოველ ბოლოში, როგორც შორეული ჰუპუ, ჩაბმით
ჩააყოლებდა ხოლმე: „ნეტავ, დედა, რაო?“ „ვაი შენს დედასაო!“
ქალები რომ თოკსა გრეხენ, ნეტავ, დედა, რაო?
ჩახმახ-სასხლეტს შეაბამენ, ვაი შენს დედასაო!
კაკლის ქვეშაც მოწიფული და ხანდაზმული გლეხებიც „ვაი შენს
დედს“ ხმაზე აირხნენ. ალექსანდრეს მოეჩვენა, თითქოს იგიც ირხეოდა
ან კაკლის ხის ჩრდილში ცახცახებდა და ტაატობდა ირგვლივეთში.
ხალხი ღობესთან მომდგარა, ნეტავ, დედა, რაო?
…იმ თოფს შენ თუ გიმიზნებენ…
- … ვაი შენს დედასაო! - ოხრავდა და დუდუნებდა ხალხი. ქალების
კილოში ცრემლიც კი იგრძნო კახთ ბატონმა.
მე რომ საწყავს მოვუმატე, ნეტავ, დედა, რაო?
- ნეტავ რაო? - კახთ ბატონმა გვიან იგრძნო, რომ ვგონებ მანაც
წაილუღლუღა სხვებთან ერთად.
ოქრო-პაპა მას მოუბრუნდა, ალბათ მიხვდა და ბახუტას გადახედა.
მაგრამ ბნელაში კერძოდ არვინ ჩანდა, ყველა ერთობლივად იყო
გაჩრდილული.
შენს ზნეს ცუდად აჰყოლიხარ… ვაი შენს დედასაო!
გაიძახოდა ხალხთან ერთად დედის ჩრდილიც.
მეფის არზას აქ რომ ვხევდი… ნეტავ, დედა, რაო?
ისევ ჩაძიებით კითხულობდა ღრანჯმოქცეული მოურავი, მაგრამ,
კარგა ხანია აღარავინ იცინოდა, ყველა გულჩათხრობით თავიდან
განიცდიდა გუშინწინდელ ამბავს.
მაშინ აღივსო ქედელების მოთმინება. უსწორო საწყაულით აღებული
გადასახადი მოიტანეს, ჩააბარეს მოურავს, მაგრამ აღარც წავიდნენ.
შენს ბედს გასთამამებიხარ, ვაი შენს დედასაო!
მე რომ ფაშვებს ვეღარ ვივსებ, ნეტავ, დედა, რაო?
შენს წერას აუტანიხარ, ვაი შენს დედასაო!
- აუტანია! აუტანია! - უკვე ხმამაღლა წამოიძახა კახთ ბატონმა და
ოქრო-პაპას ხელი ჩასჭიდა. იგრძნო, რომ მისი მკლავიც ისევე
ცახცახებდა, როგორც გლეხი ბერიკაცის შემხმარი, მაგრამ გამტანი
მარჯვენა. ისევ რაღაც უცნობი ერთიანობის გუმან-გავლენა ეძალებოდა
„გლეხთა და მოურავთა“ მეფეს, თითქოს იგიც „ფუძის ანგელოზობის“
მაჯისცემაში ჩაიძირა და იბრძნო.

156
- დიდება შენდა, ამათ დამიხედე! - ბუტბუტებდა და ნელ-ნელა უკან
ჭიშკრისაკენ იწევდა.
ალექსანდრეს წასვლაც სხვას არვის გაუგია. ეზოს რომ გადასცდა,
უკან მოიხედა. ოქრო-პაპა და ბახუტა ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ და
თითქოს სიზმარეულებივით ირხეოდნენ.
კედელ-ჩრდილები აღარ ჩანდა, მაგრამ ხმა და ხალხის
გულღვიძილში ნარევი და ნამრავლი გუგუნი ფეხდაფეხ მოსდევდა
კახთ ბატონს.
ბაწარაღებით ჩამდგარან, ნეტავ, დედა, რაო?
თოფზე სოფელი მობმულა, ვაი შენს დედასაო!
უცებ ცამ რომ დაიქუხა, ნეტავ, დედა, რაო?
- ხალხის სამართალი! - გზაზე ხმა აღმოხდა კახთ ბატონს და
თითქმის მის უკან ფუძის ანგელოზის ეზოში მეფის აზრი ერთობლივ
ყველამ გაიმეორა…
ხალხის სამართალი არის, ვაი შენს დედასაო!
ისევ ოქრო-პაპას სახლში რომ მობრუნდნენ, მეფემ მელანი ითხოვა.
ნაცვლად წენგოს წვენი მოართვა მასპინძელმა.
ალექსანდრემ სოფლის სიგელი გაშალა, თავისი ბეჭედი უხმოდ
დაასო. მერმე არაყი ითხოვა, თანისთან გადაჰკრა, „ჩრდილ-ტაატი“ და
„ფუძისეული“ მაჯისცემა მაინც ვერ დაიცხრო. ოთახში ვეღარ დადგა,
გარეთ გავიდა. საბძელთან ახალი თივის ზვინი იდგა. თითქოს ზვინიც
ოდნავ ტაატებდა „სოფლის სამართლისა“ და „ფუძის ანგელოზის“
ხმაზე.
ალექსანდრემ თავად გადმოუშალა თავი ზვინს, ნაბადი დაიფინა და
ზედ მიწვა.
- არ გამაღვიძოთ დილამდე! არც ვის უთხრათ… ფუძის ანგელოზობა
არ მოშალოთ!
ძილფხიზლობის საზღვარზე კიდევ იგრძნო, სასთუმალს
უმარჯვებდა, გლეხურ საბანს ახურავდა ოქრო-პაპა.
ზვინის ძირას ორმა მოხუცმა თეთრად და უბრად სტეხეს ის ღამე.
კარგა გათენებული არც იყო, რომ ღოროტოტოს ხმამ მთელი
სოფელი, გარდა ზვინზე მძინარისა, გააღვიძა, დააფეთა და დამწვარ
საყდართან შეჰყარა. ჯანდიერი ცხენოსნებით სოფელში
დაბორიალობდა, დიდ-პატარას ჯარობაზე ერეკებოდა.
- ყველა აქ არის? - მკაცრად შეეკითხა და შემკრთალ სოფლელებს
თვალი მოავლო, - ოქრო-პაპა?
უმალ ცხენოსნები აფრინა და ისიც ჩამოაყვანინა. ხალხს შუბოსნები
შემოარტყა და მუქარით შეეკითხა:
- ვინ მოჰკლა მოურავი?

157
- სოფლის თოფმა! - ერთბაშად აღმოხდა დიდ-პატარას. თითქოს ისევ
ქოხსალამურას გაჩრდილვა და გალექსვა გრძელდებოდა.
- ვისი სახელით… რომელი სამართლის ძალით?! - მათრახი აღმართა
ჯანდიერმა. შუბის ალყა მოაწურვინა სარანგებს.
ახლა კი დადუმდა სოფელი. სხვა ჩრდილი აღიმართა მათ თვალწინ.
- მეფისა და სოფლისა! - უპასუხა ოქრო-პაპამ.
- საბუთი?! - სჭექა ჯანდიერმა და ოქრო-პაპასთან გამეტებულად
მიაგდო ცხენი. ქალ-ბავშვები დააწიოკა.
- აი, ბატონო! - ხბოს ტყავი გაშალა და სოფლის სიგელი ფარივით წინ
მოიჩრდილა ოქრო-პაპამ.
ჯანდიერმა გამოართვა, ჩაიკითხა, ხელის მოწერანიც ჩაათვალიერა.
სულ ბოლოში, ჯვრებსა და ცერის ნიშნების ქვევით მეფის ბეჭედი
შენიშნა.
- დაიშალენით! ხეირი ნახეთ! სამართალი წესიერი ყოფილა! -
გადასძახა ხალხს და თავად ოქრო-პაპას ქვეითად გაჰყვა.
მაგრამ აშლილ ზვინთან რომ მივიდნენ, არც ბახუტა და არც
ალექსანდრე იქ აღარ დახვედრიათ.

XIX მომავლის ზრახვები


საკმაოდ გაუგრძელდათ კახთ ელჩებს მოსკოვს ყოფნა. არც რუს
მოხელეებს ეჩქარებოდათ მათი გაშვება და არც ზოსიმე ბერი
ეშურებოდა ხელცარიელ უკანა გზას. დანარჩენი კახნი კი დიდი ხანია
ტკბილ ალაზნისაკენ მიიწევდნენ. მაინც იმის შემდეგ, რაც
შემოზამთრდა და მოსკოვური ყინვები დაიწყო. ბერი კი მოუტეხი და
დაუღალავი იყო:
- ყველაფერს დააკვირდით, შეისწავლეთ. ნახეთ, რაც სანახავია, -
ყოველ დილით არიგებდა იგი თავის მოუთმენარ ამალას, - დიდი ერია,
უზარმაზარი სახელმწიფო, თავისებური ხალხია, უნდა ვიცოდეთ,
კარგად გავიცნოთ - ვისთან გვექნება საქმე.
- გვექნება კია? აბა ამ სიშორეს?! - გაიძახოდა ბაცაცაისძე, რომელსაც
უსაშველო სიგრძის გამოვლილი გზა თვალწინ რომ წარმოუდგებოდა,
არა სჯეროდა „ასე შორს - ჩრდილოეთით გახედვა“. მისი მოქმედების
ზღვარი საშამხლოსა და თერგის იქით აღარ მიდიოდა.
- მოგვიხდება, უთუოდ მოგვიხდება! გვსურს ჩვენ ესა თუ არა… დღეს
თუ არა ხვალ… ან ზეგ! - ძუნწად უზიარებდა სხვა კახთ თავისი
გუმანით ნაჭვრეტ აზრებს ზოსიმე. უფრო კი ჰკითხავდა მათ ყოველ
წვრილმანს. ყველა დაავალდებულა, ყოველი ახალნახული რამ, მით
უფრო ნიშანდობლივად შემჩნეული, აუცილებლად უნდა ეთქვათ
მისთვის.

158
მეფესთან წვევის შემდგომ კახთ ელჩები იმავ მონასტრის უფრო
მდიდრულ ბინაში გადაიყვანეს. რჩეული სუფრა და ულუფა გაურიგეს.
აქაც ხოზნიკოვი ემსახურებოდათ, მაგრამ უკვე შეზვიადებული
მოკრძალებით, მრავალ მესტუმრეთა შეწევნით. ხშირსტუმრიანობაც
შეექმნათ… მრავლად დიოდნენ ბოიარები თუ დიდმოხელენი,
აღმოსავლეთის საქმეთა გამკვლევნი კახელებთან დაახლოებასა და
აღმოსავლეთის ამბების გამოწვლილვით შეტყობას ცდილობდნენ.
თანაც საჭირო იყო კახთა მოჯადოება, მოსკოვის სამეფოს ყოვლად
ძლიერების შთაბეჭდილების შექმნა და ჩაბეჭდვა.
საქმის ძირში და თავში ბორის გოდუნოვი იდგა, თუმცა არსად არ
ჩანდა. ივერიის პირველი მერცხლის მოფრენა სავსებით ემთხვეოდა
მის შორსმიმავალ აღმოსავლურ განზრახვებს.
მოლაპარაკება კი დინჯად და აუჩქარებლად მიმდინარეობდა.
ალექსანდრე კახთ ბატონის სიგელის დედააზრში და ზოსიმეს
ფრთხილ საუბრებში რუსები გრძნობდნენ: თუ კახნი მოსკოვის
სიძლიერეში და დახმარების სურვილში დარწმუნდებოდნენ - თავს
დაუკრავდნენ ორთავა არწივს. მაჰმადიანთა მუდმივ რბევასა და
მოხარკეობას ქრისტიანული რუსეთის ხელდადებასა და მფარველობას,
რა თქმა უნდა, არჩევდნენ.
მიჩენილი მოხელე-მესტუმრენი მოსკოვის სიძლიერეში მეტად
თავისებურად არწმუნებდნენ კახელებს. ელჩებს შედარებით
თავისუფლებას აძლევდნენ, როდესაც ეს გარეგნულ, ზეიმურ მხარეს
შეეხებოდა, მაგრამ ყოველთვის უკრძალავდნენ ხალხში გასვლას.
კახელებმა კი მეტად კარგად იცოდნენ ხელისუფალთა წარმავლობა და
გონება-გუმანით რუსი ხალხისაკენ მიიწევდნენ. ამ მხრივ მოხერხებასა
და ფარულად მოქმედებასაც არ ერიდებოდნენ.
რუს-მესტუმრეებმა ზოსიმეს და კირილე ბერს, პირველყოვლისა,
მოსკოვის დიდი ეკლესია-მონასტრები შემოატარეს.
კრემლის ტაძრებმა თავისებურად წარუშლელი შთაბეჭდილება
დასტოვეს ზოსიმეზე. განსაკუთრებით თავისი გარეგნულ
ზვიადობითა და შიგ დაცული ოქრო-ხატებითა და სხვა განძეულით.
ჩუქურთმებისა და კედელხატულობის ნაკლები ნატიფობა და
ხელმიკლებაც არ გამოპარვია თვალჩუბინ ბერს.
დიდხანს უცქირა მოსკოვში უმაღლესს, ივან დიდის სამრეკლოს.
გონების თვალითაც სჭვრიტა. თითქოს აქ მიაგნო რაღაც არსებითს
მოსკოვისათვის, იქნებ მთლიანად რუსეთისათვის ნიშანდობლივსა და
ძირახასიათურს - ახალგაზრდულად მოჭარბებულ ძალის ნედლი, ჯერ
დაუხვეწავი ლტოლვა შეზვიადებული ზომებისაკენ. შემჩნეულ
„ზომიერებისა და გრძნობის უთანაბრობას“ ზოსიმემ „დიადურობა“
შეარქვა.

159
- ივან დიდი! მეფე-სამრეკლო! - განუმარტა თარჯიმანმა და მაღლა
შემავალ კიბეს აჰყვა. სამრეკლო ჯერ ხარაჩოებში იჯდა, თუმც
დამთავრებული ჩანდა. ესეც ენიშნა ზოსიმეს - აქ თითქოს ყველაფერი
ხარაჩოში და ლტოლვაში იყო - სამრეკლოცა და ხარაჩოზე მყოფნიც.
ოცდაათ ჩაკიდებულ ზარს შორის ზოსიმემ ოთხი უზომო სიდიდისა
ნახა. პირდაღებულ ვეშაპებივით ეკიდნენ, ხოლო ერთზე, მათ შორის
უდიდესზე, მართლაც ვეშაპი თუ ნიანგი იყო გამოტვიფრული.
ზოსიმემ უკვე გუმანით იცოდა, რომ ეს სახლისოდენა ზარი - მეფე-
ზარად იქნებოდა სახელდებული.
ზაზა, რომელიც ახლაც ახლდა ბერს, ზარდაცემული შეჰყურებდა ამ
სპილენძის ცარგვალს. ამ ზართა ზარისათვის მისი საყვარელი დედო-
ზარი ენადაც არ კმაროდა… საერთოდ მტრედისოდენად თუ
გამოჩნდებოდა.
ივან დიდის სიმაღლიდან დანახული მოსკოვი მართლაც დიდებული
სანახავი იყო. მრგვალად შემოგარსული ჯერ კრემლი, მერმე კიტაი-
გოროდის ციხე-კედელი… მერმე ჯერ დაუმთავრებელი, ხარაჩოებში
მჯდარ ბელგოროდის თეთრი ქვის ქამარი, ხოლო ამ შემოციხულ
ქამრებს ახლა მოსკოვ-მდინარე და ვერცხლის სხვა წყალ-ქამრები
სერავდნენ და უფრო ხატავდნენ. რკალებში კი ოქროს კუნძულებივით,
ჯგუფ-ჯგუფად ატოტებული უამრავი საყდრების გუმბათები,
კოშკები… მათ ფერხთით იყო ჭივჭავივით მიყრილი ძელფიცრებისა და
მორების სახლების სამყარო.
არც მთა, არც კლდე, არც კახური თვალისათვის ჩვეული ბაღ-
ვენახობა. შორს კიდეებში წიწვნარევი ტყე იგრძნობოდა და თავისი
შავმწვანე იერით კახთათვის შემოძაძულად აჩენდა გარემოს.
ზოსიმე გრძნობდა, რომ თავისთავად ზვიადი იყო ეს გარემოხედი,
მაგრამ როგორ არ ჰგავდა იგი მრგვალდარბაზა სასახლის ბანიდან
დანახულ გემსა და ალაზნის ველს, ან მთაწმინდიდან თუ მეტეხის
ციხიდან დანახულ ტფილისსა და მტკვრის ნაპირებს, ან ბაგრატის
ტაძრის სამრეკლოდან თუ უქიმერიონის ციხიდან დანახულ
ქუთათისსა და რიონის ჭალებს?! ბუნებაც, ხალხიც და მათი ნაღვაწ-
ნამოქმედარიც დიდად განსხვავდებოდა ურთიერთისაგან.
რა დიდი საჭიროება, სურვილი და მოვლენათა დამთხვევა უნდა
შეთანაბრებულიყო, რომ ამ ძველსა და ახალ ქრისტიანებს შორის ხიდი
გადებულიყო და ამ ხიდზე სიმართლესა და სათნოებას კვალი გაევლო.
ბევრი რამ ხიბლავდა და იმედს აძლევდა ჭირში მყოფ, შორეულ
სამშობლოს მოამაგეს. ბევრი რამ აფიქრებდა და ვერ აეხსნა. ბევრსაც
სულ ვერ იღებდა მისი გული და გუმანი.
ის ზღაპრული სიმდიდრე, რომელიც მან იხილა საყდარ-
სასახლეებში, იმ ოქრო-ვერცხლის, თვალმარგალიტის, ტყავ-

160
ბეწვეულის ზვავი და ღვარი ვით შეეფარდებინა იმ საოცარ
სიღარიბესთან, რომელიც აგრეთვე მეტყველად ღაღადებდა ყოველ
ხალხურ მიჯნაზე!
„მდიდარ-ღარიბი, გლეხ-თავადი, დიდებულნი და მდაბიონი სად არ
ყოფილან, - ფიქრობდა ზოსიმე, მაგრამ ასეთი ამოუვსები ზღვარი?“
მეფის სასახლეში, „სუფრის პალატში“, ოქროს სალტეებით
შემოჭედილი ვერცხლის ვეება კასრი იხილა ზოსიმემ. შიგ რვა ჩაფი
თაფლი და თაფლუჭი ჩადიოდა. თორმეტ კაცს ძლივს მოჰქონდა
სუფრაზე. „კიდევ ერთი მეფე - მეფე-კასრი?!“ - გაიფიქრა ზოსიმემ და
მოაგონდა მთელი უბანი მოსკოვისა, თიხის ულაზათო ქოთნებითა და
ხის ჯამებით რომ ამარაგებდნენ მრავალზე მრავალ ტკეჩ-ქალამნებიან
მოქალაქეებს.
ან რით ახსნას, როგორ შეიწყნაროს ასეთი დაუჯერებელი რამ… ასეთ
მდიდარ, უზარმაზარ ქალაქში ღამე სიარულის აკრძალვის წესი.
ყველგან ჩაკეტილი ალაყაფები, ვეება ურდულები, ცხრაკლიტული
სავაჭროები და ბოქლომდადებული ეკლესიები.
ერთხელ გაღმა უბნის ხანძარს შეესწრო. ცეცხლის ქარბორბალა ცაში
ავარდნილიყო და მთელ ქალაქს უთვალავ ნაპერწკლებს აყრიდა.
ხალხი სახურავებზე იჯდა და თითქოს ჩამორღვეულ ვარსკვლავიან
ცას ებრძოდა… გუგუნებდა მრავალფეროვანი ალი. მაშხალებივით
ტკრციალებდნენ და ცეცხლად შადრევნობდნენ ფიჭვის სახლები.
ხალხი გაშმაგებით ერკინებოდა წითელფაფარა ზღვასავით აშლილ
სტიქიონს. უსიტყვოდ, თავგანწირულად, გაბოროტებით შერბოდნენ
ალმოდებულ ბეღელ-სადგომებში ქალ-კაცნი… ხშირად იწვოდნენ და
მაინც შერბოდნენ და ხორაგ-ავეჯი გამოჰქონდათ… მაგრამ ყველაზე
უფრო იმან გააკვირვა ზოსიმე და სხვა კახნი, რომ წყალს კი არ
ეტანებოდნენ უმეტესნი, არამედ - ჯერ ცეცხლმოუდებ სახლებს
ანგრევდნენ რაღაც შმაგური გატაცებით.
ორი ათასი სახლი იმსხვერპლა ხანძარმა და ბოლოს გადამწვარზე
უფრო მეტი დანგრეული სახლი აღმოჩნდა გაღმა უბანში.
ან კიდევ, თეთრი ქალაქის ახალი კედლის ამოყვანას უმზერდა
გაკვირვებული ბერი. ზორბა-ზორბა, თეთრი თლილი ლოდები ისე
გადადიოდნენ ხელიდან ხელში და არბოდნენ ხარაჩოებზე, თითქოს
ბამბისანი ყოფილიყვნენ.
კედელიც ზღაპრული სისწრაფით იზრდებოდა. უხილავ ძალას
თვალსა და ხელს შუა ცაზე შეჰქონდა კამარა. „ნგრევისა და
აღმშენებლობის დიდი ჯადოქარი ერთდროულად ზის ამ ხალხში!“ -
თავისთვის ასკვნიდა ზოსიმე.
იყო კიდევ ერთი, ზოსიმესთვის, როგორც ბერისათვის, საჭოჭმანო
საკითხი. მას ვერაფრით ვერ აეხსნა საყოველთაო სიყვარული და

161
პირდაპირ თაყვანისცემა იუროდივ-დამთხვეულების მიმართ. ყოველ
საყდართან, ხატთან თუ ნიშთან, ხიდის ყურეში თუ ბაზრის თავში -
ყოველთვის მრავლად ხვდებოდა ჩაკონკილ და ჩახეიბრებულ ღვთის
გლახებს. ისინი ჯარად ეხვეოდნენ მლოცველთ თუ გამვლელთ, ან
გარინდებულად ისხდნენ ხატის ფერხთით. ზოგთ აქვე ეძინათ
ურცხვად გამოშიშვლებულ ხეიბარ სახსრის ჩენით. უმრავლესნი კი
ქადაგობდნენ, წინასწარმეტყველობდნენ, იწყევლებოდნენ…
შუბლდახლითა და გაშმაგებით ლოცულობდნენ, ან მეორედ მოსვლას
თუ ქვეყნის დაქცევას გაჰკიოდნენ. მათ ქცევაშიაც და მათდამი
სიყვარულშიაც რაღაც არაქრისტიანულს გრძნობდა მკაცრი ბერი. ვერც
შესადარისი უპოვა მრავლის ნანახმა ბერმა. მათ ქართულ წარმართ
დეკანოზ-დასტურების თუ ქადაგების თავისებური სიბრძნე და
ადათის თავობა არ გააჩნდათ. არც მაჰმადიანი დერვიშების
ჭკუამახვილობა და გაიძვერობა ჰქონდათ, მაგრამ ფანატიზმით,
შეუპოვრობითა და გავლენით სჭარბობდნენ ყველას, სიმრავლე ხომ
უანგარიშო იყო.
მაინც სულ გაოცდა ქართველი ბერი, როდესაც გაიგო, რომ უდიდესი
პოკროვის სობორო, ღვთისმშობლის სახელზე აშენებული, სულ
მიიტაცა მის კართან ნაგლახაკევმა იუროდივ-დამთხვეულმა ვასილ
ნეტარმა, რომელმაც აქვე დაიმკვიდრა თავისი სასუფეველი, სამარხი და
თავისი სახელიც დაანათლა ღვთისმშობლის ლავრას.
და არც შემთხვევითი იყო ალბათ, სწორედ ამ ლავრის წინ მრგვალი
ქვაფორე დაედოთ საჯალათოდ, „შუბლის ადგილად“, სადაც
დღენიადაგ ხალხი გროვდებოდა და უმზერდა საგულისხმო
სანახაობას - თავის მოკვეთას, ოთხად გაბასვრას, ნეკნით კიდებას,
სარზე დასმას, და კიდევ სხვა საოცრად მოგონილ სასჯელს. „არა,
სახსრის დაკლება-დასხეპვა, თვალთ ამოშანთვა, ციხიდან
გადახტუნება, თავის წაცლა სად არ ყოფილა… კახეთშიაც… მაგრამ ასე
მრავლად? ასე დღისით და მზისით?.. ასე ყოფაში გადასულად?!“ -
ჰკვირობდა ზოსიმე და ახსნა-გამართლებას უძებნიდა: „ახალგაზრდა,
საოცრად მზარდი, აურაცხელად ხალხმრავალი ერია… მონღოლთა
საუკუნოვან უღელს ახლახანს გადარჩენილი… ურდოს სულთან
ბრძოლას დრო უნდა და იქნებ სიმკაცრეც!“
თავისათვის კი ხსნიდა და ზოგადად მოხიბლული ამართლებდა
კიდევაც ბევრ რამეს, მაგრამ რა ეთქვა მაგალითად ჯაბასათვის,
რომელმაც გაიგო, რომ არაყისა, ლუდისა სხვა სასმელთა გამოხდის
უფლება მხოლოდ რუსთ მეფეს ჰქონდა. აბა რა წარმოსადგენია, რომ
კახეთში მეფეს ყადაღა დაედო ხალხის მიერ ჭაჭის გამოხდაზე, ან
ღვინის დაწურვაზე!

162
მოლაპარაკება კი ჭიანურდებოდა. კახელებმა იგრძნეს, რომ აქ მათ
სრულიად ივერიის მიწების ელჩებად სთვლიან… თავიც ასე დაიჭირეს.
არსებითად ეს ასეც გამოდიოდა.
მოსკოვში სურდათ და ელოდნენ, რომ ალექსანდრეს ელჩები
მფარველობას ითხოვდნენ თავმდაბლად. კახნი კი არ ჩქარობდნენ,
გარეგნულად მაინც. ზოსიმეც თავის მხრივ ელოდა წინადადებას და
სურდა გაეგო, თუ რამდენად ამოუდგებოდა კახეთს გვერდში ეს
ახალქრისტიანი, შესაძლებელი მფარველ-მოკავშირე.
ხანგრძლივმა დაკვირვებამ და ფრთხილმა გამოკითხვამ კახელები
დაარწმუნა, რომ რუსეთში ცოლისძმის მეფობა იყო, ხოლო თავად
ცოლისძმა - ბორის გოდუნოვი - სდუმდა და თითქოს არ ერეოდა
ივერთ საქმეებში. ბევრ ძველ გვაროსან დიდკაცთათვის რუსეთში
გოდუნოვი ჯერ კიდევ ნათათრალი მეჯინიბე იყო იოანე მრისხანის
შემდგომ მის მებრძოლ კვალად ჩამორჩენილი. ამ გაქრისტიანებულმა
და საოცრად დაწინაურებულმა გვარმა უკვე იოანე მრისხანის დროს
მიაღწია დიდ წარმატებას. კერძოდ, ბორის გოდუნოვი, მისი
„მეუზანგე“, ხოლო შემდგომ „მეფის მეჯინიბე“ და უახლოესი
მრჩეველი იყო. ხოლო მრისხანის მიერ შვილს - ტახტის მემკვიდრის
მოკვლამ ბორისს მთელი სახელმწიფო ხელში ჩაუგდო. ჰოდა, ასეთ
„მეუზანგეს“ ზოსიმემ თავიდანვე დიდი ყურადღება მიაპყრო მაგრამ
საკითხავი იყო, თუ რამდენად გამოადგებოდა ეს „თათარყოფილი
გვარეული“ ქრისტიანობის საფუძველზე მფარველ-მოკავშირის
ძიებისას? „მართალია, - ფიქრობდა ზოსიმე, - ყოველ რუსს ცალ
თვალში ჯერ მოუნელებელი მონღოლი უზის… მაგრამ გოდუნოვი
იქნებ ჯერ ორთავ თვალით თათარია? ვინ იცის, რა იმალება ამ ოდნავ
მრუდე ფეხებზე შემდგარ მოსულ ტან-მკერდის შიგნით? ამ შავყარყუმა
წვერ-ულვაშში რა ღოჯები აქვს დამალული! ამ სანდომიან
დადინჯებულ ღიმილს რა უძევს საფენლად? ამ კილოვიწრო, მჭვრეტავ
თვალებში რა ელვას სძინავს?!“
ზოსიმემ გადასწყვიტა, ჯერ იოვს - რუსთ გაპატრიარქებულ
მამამთავარს სწვეოდა, მერმე გადაედგა უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი. მას
ალექსანდრე მეფის სიგელიც ჰქონდა მოსკოვისა და სრულიად
რუსეთის პატრიარქისათვის, მაგრამ იოვი ავადობდა და ვერ იღებდა
ვერავის.
ზოსიმემ მისი თანამოსაყდრე მოინახულა, სიგელი და მოსაკითხავი
გადასცა, სიტყვაც შეუთვალა:
- არა წარმავალ ზეიმისათვის და ამაო სიმდიდრის სანახავად
მოვსულვარ მოსკოვს, არამედ რბეულ ძველ ქრისტიანთა
შემოსავედრად, ქრისტეს მიერ ძმაო, უწმიდესო და უნეტარესო!

163
მეორე დღესვე იოვ პატრიარქმა კერძოდ იწვია ზოსიმე. სათნოდ
მიიღო. თავად ჩამოართვა ნობათი - ალავერდის ბზა და მცხეთის
მირონი. ამბორი ჰყვეს, ურთიერთი აკურთხეს. კეთილად
შეხმატკბილდნენ. იოვსაც სცოდნოდა ბერძნული. ყველა დაითხოვა.
თავად უმასპინძლა. ბევრი იბაასეს, გარდასული დრონი და
რჯულისთვის წამებულნი მოიგონეს, მოიხსენიეს, წინაპართ საუკუნო
ნეტარება უსურვეს და ვით ათას წლის გაყრილმა ქრისტეს მიერმა
ძმებმა ურთიერთის ჭირ-ვარამი მოიკითხეს, გაიზიარეს. აქ უფრო
გულახდილი იყო ზოსიმე.
- აღმოსავლეთში ბევრნი გადაუდგნენ ქრისტეს. მაჰმადიანობაში
თავიც გამოიდეს, ვით სჩვევიათ ახალრჯულმიღებულთ… ნეტავ ეს
ჩვევა აქაც თუ ჰპოვებს მაგალითს? თუნდაც დიდ გვართა შორის?
- იოვ პატრიარქი მიუხვდა ზოსიმეს, სარკმელში გაახედა, ივან
დიდის მეფე-სამრეკლოს ხარაჩოზე მიუთითა:
- აშენებს… ახალქრისტიანი… ამას და კიდევ სამ საყდარს, სხვა რომ
არა ვთქვათ რა! დიდი ბურჯია ქრისტეს რჯულის, ოქროპალატისა და
საერთოდ ახალ რომისა!
- ძველ ქრისტიანების ბილიკებიც აქეთ ილტვიან!
- გზას გილოცავთ! შეწევნასაც არ დავიშურვებთ! არც დავაყოვნებთ!
მეორე დღეს ანდრია შჩელკალოვმა იწვია ბერდიდი და ბორის
გოდუნოვის წვევა გადასცა.
ზოსიმემ მთელი ღამე წურთნა ზაზა სათარჯიმნოდ. მარტო მისი
წაყვანა იზრახა. სათარგმნი საუბრის დედააზრი განუმარტა და
რუსულად გაამართვინა.
მეფის ცოლისძმამ თავის საკუთარ სადგომში მიიღო ბერი. თავი
მდაბლად დახარა, კურთხევა სთხოვა. სუფრაზეც იწვია. ხატების ქვეშ
დასვა. ღვთისმშობლის ხატთან ალავერდული ბზის ნაწილი შეამჩნია
ბერმა.
მცირე პურ-ღვინო იხემსეს და იხმიეს.
ზაზა და გოდუნოვის ბერძენი თარჯიმანი განზე იდგნენ.
მიუხედავად მომზადებისა, მაინც ღელავდა ზაზა, ეს იყო მისი
პირველი დიდთარჯიმნობა. მსახურებმა სუფრა გააცალეს მეინახეთ და
ახლა სხვა მაგიდა შემოდგეს. ზედ შავი ნატის ყდაში ჩასმული დიდი
წიგნი იდო. ოქროს ასოებით მოხატული და ვარაყმოვლებული. ასოები
ძლივს ამოიკითხა ზაზამ - „კნიგა ბოლშოგო ჩერტეჟა“ - დიდი ნახაზის
წიგნი იყო.
გოდუნოვმა გადაშალა და უხერხულად ჩაფურცლა. ფერადად
ნახაზმა რუკამ მთელი მაგიდის სიგრძე დაჰფარა.
გოდუნოვმა შუაგულში ციხის ნიშანს თითი დაადო.
- მოსკოვი… კრემლი… ახალი რომი!

164
ზოსიმე მიუახლოვდა ნახაზს, ვოლგის ცისფერსა და კლაკნილ ხაზს
თვალი გააყოლა, ზღვამდე ჩავიდა, თითი დაადო, ზაზას მიუბრუნდა:
- ხვალინსკოე მორე! - შორიდანვე ამოიკითხა ზაზამ.
- მოლოდეც - ყოჩაღ! - ახმიანდა უგვირგვინო მეფე, ზაზას შეაკვირდა
და ზოსიმეს დინჯი რუსულით შეესიტყვა: - მაგის ხნისამ მე უზანგის
მეტი არა ვიცოდი რა… გადაუთარგმნე, ახალგაზრდავ! - და ფართო
ძარღვიანი ხელი რუსეთის რუკას მტკიცედ დაადო.
„არა, იგი სრულიადაც არ ჰფარავს თავის არცთუ ბრწყინვალე
წარმოშობას, არც ძარღვიან ხელს… გამჭრიახობის ნიშანია!“ - გაიფიქრა
ზოსიმემ და ნათარგმნს უპასუხა:
- ასე უთხარი, შვილო, კარგი ხელობა ჰქონია, თუ უზანგის ცოდნამ ამ
სიმაღლე ბედაურს შეაწვდინა! - ზოსიმემ რუსეთის დიდ ნახაზს
მეტყველად გადახედა. ზაზამ აღელვებულად, მაგრამ ზუსტად
გადაუთარგმნა.
გოდუნოვმა ხელი აშორა რუკას, ამო ღიმილი მსხვილ თითებში
ჩამალა, ზაზა ახლო იხმო, თავისი თარჯიმანი კი დაითხოვა.
ბერმა კასპიის ზღვას ჩააყოლა თვალი და თერგის ხაზს მიაღწია. აქ
წყვეტილ რუხად ქედი იყო მიხატული… ხოლო ქედს იქით, სადაც
სანუკვარი კახეთი და სხვა საქართველოების საცხოვრისი იყო, რუკის
თარგზე ცარიელ ადგილად იყო გარჩენილი.
გოდუნოვმა ნახშირ-ფანქარი მიაწოდა ზოსიმეს:
- გამარკვიეთ, სად არის ივერია?
ზაზას ყველაფერი დაავიწყდა, თარგმნაც, გოდუნოვის კრძალვაც, იგი
გაფაციცებით უმზერდა ზოსიმეს ხელს, მის მადლიან მონაქნევში
როგორ იბადებოდა კავკასიის ქედი, მერმე გრემ-კახეთი, ჩაკლაკნილი
ტკბილი ალაზანი, მერმე ტფილისი დადგა, ციხე-რკალად ქვეყნის
შუაგულში ჩამყარდა. მტკვარმა შეჰკრა ალაზნის დენა. მერმე
ქუთათისი, რიონი და შავი ანუ პონტოს ზღვა შემოევსო დაქსაქსულ
სამშობლოს.
- უთარგმნე ახლა!
- დამიწერეთ, - ითხოვა გოდუნოვმა, - შესძლებ, ახალგაზრდავ? - და
ზაზას მხარზე ხელი მოუთათუნა.
გრემელი „ანაბანა ბიჭი“ უმალ წაწვა მაგიდაზე, სწორედ ისე, თავის
სახლში, მამუკას დაზგაზე „ხილთა ქების“ თუ „როსტომიანის“
გადაწერის დროს რომ წაწოლილა. ენა-ტუჩი ოდნავ ჩაიკვნიტა და
ლამაზი რუსულით მიაწერა…
- ახლა კი წამიკითხე და ამიხსენ!
„წიგნის მოყვარული ჩანს“, - თავისი დაასკვნა ზოსიმემ, ვიდრე ზაზა
ჩანაწერებს ჩაუკითხავდა.

165
ბორისი უმალ გაერკვა. ზოსიმემაც ინიშნა, თუ მის ყოვლისშემძლე
მოსაუბრეს შესანიშნავი მეხსიერება და მიხვედრილობა აქვს. ახლა
უფრო გაბედულად განაგრძო თხრობა. დაუსურათა კავკასსიქითა
ქვეყნები და მათ შორის ძალთა განწყობილება. თურქთა შემოსევა და
ორი მთავარი გზა-სავალის არსებობა სტამბოლიდან ვიდრე
აშთარხანამდე, განსაკუთრებით მეორე გზა ჩააზუსტა, დააწერინა
კიდევაც ზაზას. სტამბოლ-ტრაპიზონ-არზუმ-საქართველო-შემახა-
დარუბანდი და საშამხლოს გზა ვოლგის შესართავამდე. შამხალ-
კახეთის ურთიერთობაზე სიტყვა მოიმკვეთრა. არც ირანი დაივიწყა,
სავაჭრო და საბრძოლო გზა-კვანძელი და გეზები აღნიშნა. დიდი
ყურადღებით უსმენდა გოდუნოვი თვით ზოსიმესაც და ზაზას
სიტყვამიყოლებულ თარგმანს. ზოსიმე კი უფრო და უფრო შედიოდა
თხრობის ეშხში:
- ვინც ყაზანი აიღო, ის აშთარხანს მისწვდა… ვინც აშთარხანშია
მყარად - კავკასიონის ჩრდილო კერძოს ბატონ-პატრონია, -
ჩამარცვლით მეტყველებდა ზოსიმე. გოდუნოვის ყურადღების
მიხედვით ბერი გრძნობდა - სასურველ კალაპოტში დიოდა საუბარი.
უფრო გაიმახვილა ენა: - იულიოს კეისრის განდიდება რუბიკონ
მდინარის გადასვლით დაიწყო, ახალ რომის შემოქმედის რუბიკონი
თერგია ამჟამად! მომავალი გვიჩვენებს, თუ ეყოფა თეთრ საკეისროს
ძალა და ჭვრეტა!
- თერგი… თერგი… - ფიქრიანი ხმით ჩაიმეორა ბორისმა და ისევ
„დიდ ნახაზის“ რუკას მიუბრუნდა, - ქედიდან - ზღვამდე! - თითიც კი
ჩააყოლა. - ძალა?! ძალა ახლაც ეყოფა! საჭვრეტი კი კიდევ რა არის? -
ბოლომდე გარკვეულობას მოითხოვდა გოდუნოვი.
- ვინც თერგს გადავა, უმალ მისია საშამხლო - ეს მეორე ფეხი,
თურქთა დასაყრდენი ზღვის აქეთ რუსთ საწინააღმდეგოდ…
- პირველ ფეხად ყირიმს გულისხმობ?! - გამოცხოველდა ბორისი.
- დიახ, ყირიმს!
რაც უფრო იხლართებოდა საუბარი, მით უფრო უჭირდა ზაზას,
მაგრამ მით უმჯობესად, ხანდახან უთარგმნელადაც კი უგებდნენ
ურთიერთს მაღალ გუმანის მოსაუბრენი.
- ვინც საშამხლოს აიღებს, უმსხვერპლოდ და უბრძოლველად მისია
დარუბანდი, პირველი კარი კავკასიისა!
- მეორეც არის!
- არის - დარიალი, მაგრამ იგი ჩვენს ხელშია! - ზოსიმემ აჩვენა
ნახაზზე. ჯვარიც კი დაუსვა მიახლოვებით, - მერმე კი ივერიის მიწები
იწყება, ზოგი თავისუფალი და ზოგიც თურქთა მიერ მიტაცებული.
დარუბანდის იქით კი ბაქო და შემახაა. მერმე ისევ ქართული მიწები!

166
- იქით რაღაა? - თვალები მოჭუტა ბორისმა და ახლა უფრო ამჟღავნა
თავისი არცთუ შორეული ნათათრალობა. კითხვაზე ეტყობოდა,
გოდუნოვმა კარგად იცოდა „იქით“ რა იყო, მაგრამ „იქითაური“
კაცისაგან მაინც ელოდა დასტურს.
- ვინ რას დაეძებს! - შორით დაუჭირა ბერმა.
- აი… თუ ვაჭრობას? - ბორისმაც შორიდან მოუარა. ზოსიმემ მაშინვე
ინიშნა, რომ სადღაც ახლოს იყო მთავარსათქმელი.
- აბრეშუმი, მადნეული, ოქრომჭედლობა, სურნელოვანი
ნედლეული, ენდრო და სხვა საღებავები.
- თუ ქრისტიანობას?
- თუ ძველ ქრისტიანთა ხსნას?.. - ოდნავ კითხვა შეასხვაფერა, თავის
კალაპოტში მიუშვა ბერმა, - იქით არის ქართველთა მრავალი ტომი…
სომხები… ასურელნი… რბეულ ბერძენნი… შებღალულნი წმიდა
ადგილები…
- თუ უფრო დიდ ზრახვებს? - წამოიწია გოდუნოვი.
- ამაზე უფრო დიდი ზრახვა არა არის რა ქრისტიანთათვის! ასე
ფიქრობს მთელი ჯვაროსანი კაცობრიობა, ძველიცა და ახალი
ქრისტიანიც! - მკვეთრად ჩამარცვლა პასუხი ბერმა და ზაზაც
შეასახელა: - ზუსტად გადაუთარგმნე - ახალი-თქო, ახალი
ქრისტიანიც! ხოლო ვისაც ღვთით ნიჭებული ძალა შესწევს, იმისათვის
კავკასიის იქით ხსნილია გზები, - ბერმა შეუცადა ზაზას, ვიდრე
თარგმნას ჩაათავებდა, მერმე ჩათვალა: - ირან-ინდოეთისა, არზუმ-
ბაღდადისა თუ იერუსალიმისა, ტრაპიზონ-სტამბოლის, - ეს ჩამოთვლა
გადაუთარგმნელად გაიგო ბორისმა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ზოსიმე გრძნობდა, ფიქრში მოჰყვებოდა
თანამოსაუბრე. ხოლო კიდევ ახალი საბუთები იყო საჭირო, მალე
მრწმენობა არ ახასიათებდა მეფის ცოლისძმას.
- მოგეხსენებათ, თურქთ მაჰმადიანთა დაიპყრეს ქრისტეს საფლავი,
დასცეს კონსტანტინოპოლი, აქ ჩაჰკეტეს აღმოსავლეთი სულით და
ხორცით! - ზოსიმე წამოდგა, ახლა იგი მთავარანგელოზის ტაძარში
გადმომდგარ მქადაგედ ეჩვენა ზაზას.
- ჩვენ ყველას, აღმოსავლეთის ძველ ქრისტიანთ, ახალი რომის დიდ
მიზნად და ჩვენ დიდ საიმედოდ წმიდა ადგილების ხსნა და
სტამბოლის აღება გვესახება!
გოდუნოვი გატაცებით უსმენდა ენამჭევრსა და სახემეტყველ ძველ
ქრისტიანს, რომელიც უცხო ენაზე, მოსკოვის კრემლში არა ერთგზის
მოარულ აზრებს ახალი მიზანჭვრეტით ადასტურებდა.
ზოსიმემაც კარგად იცოდა, რომ იგი ნახნავს ხნავდა, მაგრამ მერმე
უხნავზეც გადავიდა.

167
- ივერია ერთად მოდგება და ერთად და ერთიანად აღდგება! ჰოდა,
ერთად შეყრილი ივერიაც დიდი ძალაა! - ამას ვგონებ თავისთვის
უფრო ამბობდა ბერმეოცნებე.
- დიდი ძალაა? - რუკას დახედა ბორისმა, გოჯით გადაზომა ბერის
მიერ მოხაზული ორ ზღვათაშორისი და მერმე რუსეთს გადაავლო
ცხრა ტკაველი, მაგრამ ბერმა აღარ აცალა.
- დაქსაქსული რუსეთიც დიდი იყო, მაგრამ მონღოლებმა ადვილად
დაიპყრეს და საუკუნეები იბოგინეს. პირველ რომის ვეება საკეისრო
დაიშალა! იმავ მონღოლთა თვალუწვდენელი სახელმწიფო აღარ
არსებობს… გაცამტვერდა ოქროს ურდო… ჩვენს ახლო დაეცა დიდი
ბიზანტია… საქართველო კი მარტო დარჩა - მაგრამ მაინც დარჩა!
ჯერაც დგას! სისხლისაგან იცლება. მაინც იბრძვის! იქსაქსება - მაინც
იმედს არ ჰკარგავს! იგი უკანასკნელი და ერთადერთი ჯერაც მღვივანი
კერაა ქრისტიანობისა მაჰმადიან აზიის აზვირთებულ ზღვაში! როგორი
ყოფილა?! - ზოსიმე შედგა, თვალებში შეხედა ამდგარ ბორისს.
- არ ყოფილა მცირე ძალა.
- ათკეცად იჭარბებს, თუ იმედი ექნება დიდი რუსეთისა - ახალი
ძალისა! მე სწორედ მანდ მაქვს სათქმელი! - და ზოსიმემ ერთი
„უხნავი“ აზრიც აწვია თავის მაღალ მოსაუბრეს.
- იცით ბოლოს და ბოლოს რად დამარცხდნენ ჯვაროსნები? -
გოდუნოვი სრულიადაც არ მოელოდა ამ კითხვას. გარდა ამისა, მას
მაინცდამაინც არცა ჰქონდა და არც ხიბლავდა წარსულის ცოდნა. იგი,
თავად „უწარსულო“ კაცი, აწმყოსა და მომავლის მცდელი და მოიმედე
უფრო იყო.
- არა, არ ვიცი…
- დასავლეთიდან მოდიოდნენ! ზღვიდან, ზურგმოუბმელად!
გოდუნოვმა წარბები შეჰკრა - ეს უკვე მის უეცარ მიხვედრას
აღემატებოდა, მაგრამ ზოსიმემ ისევ კითხვა დააწია:
- თქვენ იცით, რად გაიმარჯვეს თურქთა? რატომ აიღეს და
შეინარჩუნეს იერუსალიმი, დაამხეს ბიზანტია… იპყრეს
კონსტანტინოპოლი… და ქრისტიანთა სამარცხვინოდ აია-სოფიას
ჯვარზე ახალმთვარე გააკრეს?! აღმოსავლეთით მოდიოდნენ!
ხმელეთით, ზურგმობმულად! - ზოსიმემ პასუხიც დააყოლა კითხვას
და შედეგიც გამოუკვანძა: - საქართველო აღმოსავლეთის გასაღებია!
ივერიის გზით, დახმარებით და ზურგის მობმით რუსეთის ახალი
ძალა წმიდა ადგილებსა და სტამბოლს გავა… ცისკარსაც გახსნის და
ზღვის კარსაც! ქრისტიანობასაც დიდ ღვაწლს დასდებს და თავადაც
ნახევარ სამყაროში გაბატონდება!
ბერი დადუმდა, ახლა იგი უსმენდა ბორისს.

168
რუსეთის ნამდვილ მესაჭეზე მკვეთრი შთაბეჭდილება მოახდინა ამ
დიადმა გეგმამ, მაგრამ ბუნებრივმა სიფრთხილემ და
თავდაჭერილობამ არც აქ უღალატა.
- მომავლის ზრახვები ფრიად საჩინოა, სათნოც! - დინჯად,
დაფიქრებით თქვა მან, - მაგრამ უფრო ახლოს? ამჟამად?
- დახმარებას ვითხოვთ, პირშეუშლელ მოკავშირეობას და
ქრისტიანულ მფარველობას მაჰმადიანთა მოძალების წინააღმდეგ…
უფრო ნიშანდობლივ - თურქთა წინააღმდეგ… ხოლო სულ კერძოდ,
რაზედაც თქვენ ხელი ამჟამადაც მიგიწვდებათ - შამხლის
წინააღმდეგ…
- ხელი ჩვენ შორს მიგვიწვდება! მფარველობას გაგიწევთ! - საერთოდ
განაცხადა ბორისმა, მაგრამ ზოსიმეს გარკვეულობა სურდა, ხალასი
დათქმა და არა ზოგადი სიტყვა.
- ჯერ რუს-ივერთ შორის გზა არის საკაფავი… იქამდე კი მოსკოვი
შორსაა ჩვენგან, სტამბოლი და ისპაჰანი კი ახლოს!
ივერიის ბერისა და პირველელჩის ეს განცხადება რუსთ ძალისადმი
უნდობლობით მიითვალა გოდუნოვმა:
- მიმოიხედეთ - ჩვენ თუ გვაკლია ძალა?! აი თუნდაც, ვისაც თვალი
აქვს, დაინახოს! - სარკმლისაკენ მიუთითა. აქ ივან დიდის აშოტვილი
უზარმაზარი აღნაგობა შუამდე ჩანდა, მერმე სადღაც ცისიერში
იკარგებოდა. - მეფე-სამრეკლო! აია-სოფიას ღირსად ნაზრახი!
ზარებსაც ნახავდით, მეფე-ზარსა! ათასი ფუთი! ხვალ-ზეგ ნახავთ
მეფე-ზარბაზანს, გამოიტანენ სალითონოდან. ორიათას ოთხასი ფუთი!
მეფე-ქალაქს ხომ ხედავთ, რა კედლები უშენდება, რა მომავალი.
ზოსიმემ არც აცალა თარგმნა:
- მეფე-წიგნიც ვნახე - აი თქვენს წინ! კედლის კათედრალში ჭაღიც
ვნახე… სწორედ ქართული კალოსოდენა, მეფე-ჭაღი! მეფე-კასრიც
ვნახე ოქრო-ვერცხლისა… თორმეტ კაცს მოჰქონდა!
- არის! - დაუდასტურა ბორისმა.
- მეფე-ბარაბანიც ვნახე დიდ აღლუმზე… ოთხი ცხენი ეწეოდა, რვა
მედოლე ერთდროულად უკრავდა… ვის არ მისცემს ზავთს მისი
გუგუნი?!
- არის, მართალია! - ამაყად დაუდასტურა ბორისმა.
ზოსიმე ახლა ზაზას მოუბრუნდა:
- ერთი შეეკითხე, შვილო, რამდენი მეფეა რუსეთში?! ესეც აუწყე -
სიდიდე კიდევ ძალას არ ნიშნავს-თქო! ასე იტყვიან კავკასს იქით.
ზაზამ ღიმილი გადაყლაპა და ზუსტად სთარგმნა.
გოდუნოვი სახტად დარჩა. ჯერ თავი ჩაღუნა, შეკრულმა წარბმა
ხშირი შავჯავარი გამოაჩინა. მერმე გაეშალა შუბლის კუნთი და
სრულიად ულოდნელად ღიად, სანდომიანად გადაიხარხარა, ახლა

169
ზოსიმე ბერი დარჩა სახტად… მით უფრო განცვიფრდა, რომ მის
თვალში ალაზნისპირელი მეფის, ალექსანდრე კახთ ბატონის
მიმსგავსებულმა აღალმამ გაიელვა. რაღაც საერთო ჰქონდათ ბორისსა
და ალექსანდრეს და ეს „საერთო“ გულს უხსნიდა ზოსიმე ბერს
ბორისის მიმართაც.
- მართალია! - გოდუნოვმა დახურა „დიდ ნახაზის“ მეფე-წიგნი, - მაშ
რა ნიშანია საჭირო, კავკასს იქით ჩვენი ძალა ირწმუნონ, გულით
მოგვიდგნენ?
- ახალი ციხის ჩადგმა თერგზე, შამხლის დალაშქვრა, ჩვენსკენ გზის
კაფვა!
- იყოს ესრეთ!

XX ოცნებათა და საოცრებათა სავანე


ალბათ, მოსკოველ მკვიდრებს რომ გაეგოთ ქართველი ოსტატის
სიხარულის მიზეზი, ფრიად გაუკვირდებოდათ და მართლაც, შორეულ
სამხრეთელსა და მცივანს, კახთ პირველ ელჩიონის ერთ-ერთ წევრს
ჯაბა ოსტატს რად უნდა გახარებოდა მოსკოვური ზამთრის გამკაცრება
და დიდთოვლიანობა?
მაგრამ ეს მაინც ასე იყო, გრემელ მჭედელ-მელითონის სიხარულს
თავისი მიზეზიც ჰქონდა… თოვლიც მოვიდა, მაგრამ „ქალბატონი
მიზეზი“ მაინც იგვიანებდა, არა, იგი არც სულიერი არსება იყო, მაგრამ
ჯაბასათვის უსულოდაც ვერასგზით ვერ ჩაითვლებოდა.
მეფე-ზარბაზნის კრემლში გადმოტანა საახალწლოდ იყო
განზრახული. მართალია, იგი ჯერ კიდევ ზაფხულში ჩამოასხეს,
მოაპირკეთეს ქვემეხების ეზოში, მაგრამ თოვლის მოსვლამდე მისი
დაძვრის იმედი არა ჰქონდათ. იგი ორიათას ოთხას ფუთს იწონიდა და
მისი გადმოტანა მხოლოდ საცურავებით თუ იყო შესაძლებელი.
ქალაქში ამის თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო. გასაგებია, რომ
შორეულ კახელთაც მეტად გულცხარედ სწადდათ უდიდესი ქვეყნის
უდიდესი მეფე-ზარბაზნის ნახვა. განსაკუთრებით ხომ ჯაბა ოსტატი
ღელავდა. მან კარგა ხანია დაიარა რუსი ხელოსნები, იარაღის
მკეთებელნი. ახალი თოფებიც ნახა. ისინი დიდი არაფრით
განსხვავდებოდნენ ყირიმის თუ სტამბოლის თოფებისაგან, ხოლო
ზარბაზნები კი მხოლოდ შორიდან იხილა ჯაბამ. ქვემეხების ეზოში
უცხოელებს არ უშვებდნენ. სული კი სულ იქით ჰქონდა გრემელ
ოსტატს.
ზარბაზნისა არა და, ზარის გამოცდილება მასაც ჰქონდა.
მთავარანგელოზის დედო-ზარი ხომ მისი ჩამოსხმული იყო,
მართალია, აქ მოსკოვს ისეთი ზარები ნახა, გრემის დიდი ზარი რაღა
სახსენებელი იყო, მაგრამ ეს ზომისა და ლითონის სიმრავლის საკითხი

170
იყო და არა ხელობანატიფობისა. აქ კი გრემელი ოსტატი ქედს არ
იხრიდა.
და ჰა, სანუკვარი დღეც დადგა. კიტაი-გოროდში, ქვემეხების ეზოს
დიდ ალაყაფთან, დილიდანვე უამრავი ხალხი შეგროვდა.
მოსკოვში ცნობილი ნათლიღების ყინვები იწყებოდა. სახურავებზე
კარგა დიდი თოვლი იდო, ხოლო ქუჩებში დატკეპნილი თოვლ-
ყინულა დალესილიყო და გლუვ სავალს ჰქმნიდა. ქუჩის ორსავ მხარეს,
სავაჭროებისა და ხელოსნების რიგების წინ, შემაღლებულ ფიცრულ
ბოგირებზე ხალხი კედლად იდგა. კახელები მარცხენა მხარეზე
შეყუჟულიყვნენ. უჩვევნი მაინც იყინებოდნენ, თუმცა თბილ
ბეწვეულში იყვნენ შებურულნი. მხოლოდ ჯაბა იყო ღელვისაგან
აღგზნებული. გრემული ნაბადი შილიფად მოეგდო და კარიბჭეს
თვალს ვერ აშორებდა. მას ცხრა უღელი ხარ-კამეჩი დასჭირდა
მთავარანგელოზის გორზე დედო-ზარის ასატანად. ახლა კი… ორიათას
ოთხასი… მთელი სამრეკლოს წონაა! აღგზნებული იქნებოდა, აბა რა
მოუვიდოდა ძველ ოსტატს, რომელიც სწორედ ამიტომ გამოგზავნა
კახეთის მეფემ ალექსანდრემ მოსკოვს.
- შენ იცი, ჯაბავ! უთოფ-ზარბაზნოდ აღარ ვარგივართ, კაცო! გაიხედ-
გამოიხედე, ხელცარიელი არ ჩამოხვიდე, ახალი ხელობა და ნიმუში
ჩამოიტანე რამე!
აუსრულებს, აუსრულებს კახთ ბატონს ნაბრძანებს. არა, ბრძანებაც რა
ბედენაა, განა თავად არ იცის, რომ ახლა მხოლოდ თოფ-ზარბაზნის
ხელობა თუ იხსნის მის სამშობლოს, ვაზებისა და ომიანობის ქვეყანას.
არა, ხელცარიელი არც ახლაა - თოფ-ზამბულაკების ახალი ნიმუშები
მოიკვლია, მაგრამ ზარბაზნის ჩამომსხმელებს ვერ მიუდგა. აქ კი
ჯერჯერობით ხელცარიელია ჯაბა გრემელი. ყველაფერი კი იცის,
შეიტყო, ქვემეხების ეზოშიაც თავი ოსტატი არა უცხოელი, არამედ შინ
გაზრდილი, უბრალო გლეხი - ხელოსანი, ჯაბასავით კაცი ანდრია
ჩოხოვი ყოფილა.
ხალხმა რაღაც განგაში შექმნა, მიმოიძრა და ფეხის წვერებზე შედგა,
გაშეშდა. კარიბჭე ფართოდ გაიღო და ორი მეწინავე ცხენი გამოჩნდა.
აქეთ-იქით თითო-თითო მეჯინიბე ჩასდგომოდა ცხენებს. პირველ
წყვილს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. კარიბჭიდან დიდი ჯაჭვი
იჭიმებოდა, ზედ წყვილ-წყვილად ცხენები იყო ჩაბმული. შიგადაშიგ
თითო ცხენზე მხედარიც იჯდა, ერეკებოდა თავის ყევარს.
- ნეტავ რამდენია? - ჩაილაპარაკა ჯაბამ და თვლა იწყო, მაგრამ მალე
აერია. სულიც კარიბჭისაკენ უსწრებდა - არიქა, ზაზავ! აი იმ
ფაფარკრეჭილასთან ოცდასამი წყვილი იყო, თვლა გამიგრძელე! -
გასძახა და თავად წინ წარსდგა.

171
ცხენები კი სულ დიოდნენ, გაუთავებელ, ფაფარაყრილ
მდინარესავით. ჯაჭვიც - მსხვილი, მრავალმარჭვალად ნაჭედი ჯაჭვი -
ჩხრიალითა და ჭრიახით მოისახსრებოდა, იჭიმებოდა.
- სამოცდაერთი, სამოცდაორი, - სთვლიდა ზაზა.
- რა ამბავია, კაცო? გაგონილა? ვინ დამიჯერებს გრემშია?! ტრაბახში
ჩამითვლიან! - გაიძახოდა გაოცებული ჯაბა.
ოთხმოცდაათი წყვილის შემდგომ სათვალავი ზაზასაც აერია… უკან
რომ გახედა, ცხენთა თავბმული სადღაც ქუჩის ბოლოში იკარებოდა.
ამ დროს თოვლის მოძლიერებული ჭრიალი მოისმა. ჯაჭვმა ერთი
საოცრად დაიგმინა და მშვილდის ლარივით დაიჭიმა. ცხენები წელში
გაიწურნენ, ერთი შეძახილიც და ჯაჭვის ბოლოში ჩაბმული ვეება
მორების მარხილ-საცურავი გამოჩნდა. საცურავებზე ჭიაურის
დევმუხის ტანოდენა შავრუხი მეფე-ზარბაზანი გადაწოლილად იდო
და ნელ მოძრაობაში თითქოს უფრო იზრდებოდა.
ჯაბამ ჯერ არც დაუჯერა თვალებს, ალაყაფისაკენ მოიხედა… იქიდან
ვიღაც ხელშეხვეული კაცი გამოვარდა, საცურავზე ახტა და ზარბაზანს
შვილივით ხელი გადაადო, მის ომახიან ბრინჯაოს ტანზე მიხატულს
დაემსგავსა.
- ნუთუ იგია ჩოხოვი? - წამოიძახა ჯაბამ და უფრო ახლო მიდგა.
ოსტატი თავის ზარბაზანთან ქონდრის კაცისოდენა გამოჩნდა.
მორებზე გართხმული მრგვალი ვეშაპის სისქე ყელამდე სწვდებოდა
თავის შემოქმედს, ხოლო სიგრძე, სულ ცოტა, ცხრა ადლი მაინც
იქნებოდა, ალავერდთან ბოგად გადასწვებოდა ალაზანს. ნაკეთობა
გლუვი და ვარაყიანი ჩანდა. რაღაც ტვიფრულიც კი შეამჩნია ჯაბამ.
- გენაცვალე, ოსტატო! გიჯობნია! რა მარჯვენამ გააკეთა? შეხე კაცო!
ჰაი, გრემელო ოსტატებო. რად არ უცქერით ამ ბრინჯაო-სასწაულს?
არა, შესახედავად რომ ასეთია… ეს რომ გავარდეს, სულ არ ამოიბუგა
მთელი თურქეთი! - ჯაბა ზედახლო მისდევდა ზარბაზანს და ისეთი
თავდავიწყებით გაიძახოდა, რომ უკან ადევნებულ ხალხს ისიც ამ
ზარბაზნის ოსტატი ეგონა. ჯაბა კი ქადაგად დავარდნილივით უფრო
და უფრო შედიოდა ეშხში:
- მადლ-სასწაულიანი ხელი არ ჰქონია?! მაგის მარჯვენა ერთ
სახელმწიფოდ ღირს… მე და ჩემმა ღმერთმა!
- რაღა მარჯვენა… ვერ ხედავ, ზედ არ შეულევია? - მიაძახა თედო
ბაცაცაისძემ, რომელსაც, მიუხედავად თავისი დამტვრეული
რუსულისა, ხალხში კითხვა-გამოკითხვით მაინც გაეგო, რომ ანდრია
ჩოხოვს ჯერ კიდევ ზაფხულში, ამ ზარბაზნის ჩამოსხმის დროს,
მარჯვენა ხელი დაეწვა და ჯერაც არ მორჩენოდა.
- რას ამბობ, კაცო?! აფსუსი არ არის?! - ჯაბა სულ მიეტანა ზარბაზანს
და ხელის შევლების სურვილს ვეღარ იკავებდა, - მერმე ექიმები რაღას

172
უყურებენ? აი გიდი, თურმანაანთ მალამო! ხელად არ მოვარჩენდი… აი
მაგისათვის კი უპრიანია! თავს დავდებდი! დედასა, სად არის ჩვენი
გრემელი დოსტაქარი - მანასე ჯიღაური? არა, შენ ზარბაზანს მიხედე,
ეს ქვასაც გაისვრის და ლითონის ყუმბარასაც! - მაინც მისწვდა სხვის
ნახელავს, კრძალვით ხელი გადაუსვა მის შავრუხ, მრგვალ ტანს…
ვეება ხახაშიაც ჩაიხედა, - შენ გენაცვალე, დათვის ომანოს არა ჰგავს?! რა
სარკესავით ნახელავია შიგნიდანაც! - ახლა ფალიასა და საყრდენებსაც
მისწვდა, მაგრამ ამ დროს გრძელი ქარავნის თავში რაღაც ჩოჩქოლი და
ყიჟინა შეიქნა. წინსვლა შეფერხდა. ზარბაზანი შედგა. ქარავანს დიდ
მოსახვევისათვის მიეღწია, ახლა მთავარ ქუჩაზე უნდა გასულიყო,
იქიდან კი კრემლის ბჭეც საპირდაპიროდ იყო. მოსახვევში დაჭიმულ
ჯაჭვს ცხენები მოესხლიტა. სვლა აირია. ვერც შეძახებამ, ვერც
შოლტებმა ვეღარ უშველეს. ზარბაზნის სიმძიმე სჭარბობდა
ყველაფერს, ჯაჭვს სჭიმავდა და ცხენქარავნის შუა წელს შორით
შემოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
ჯაბას თვალწინ ისევ მთავარანგელოზის აღმართი აღუდგა.
ხარკამეჩებს რომ გაუჭირდა დედო-ზარის ატანა, ახლა თავად
გრემელები მიეძალნენ ჭაპანს, მხარდამხარ ჩაუდგნენ ცხრაუღელს.
მართალია, აქ ზომაც და წონაც გაცილებით დიდია, მაგრამ ხალხიც
მეტია!
- ჰო, რუსებო!.. აბა ერთი გრემულად! გრემულად - ჯაბამ რიხიანი
ქართულით გადასძახა მოჯრილ ხალხს, თავისი ნაბადი ზარბაზანზე
შეაგდო და ბოლო ცხენების შუა ჩადგა, ჯაჭვს ჩაეჭიდა - გრემულად!
გრემი, რუსო!
- გრემიმ ტაკ გრიანემ! - ძახილი აიტაცეს ირგვლივ და მართლა
ყოველ მხრივ იგრიალა ხალხმა. ცხენკაცი აირია და აიხუნზლა ჯაჭვის
ლარზე.
- აბა ერთად! ერთად გასწით… გრემულად! ხარ-კამეჩსაც შეუძახეთ! -
საერთო გუგუნში როყიოდ გაისმოდა ჯაბას ბანი.
- ხარ-კამეჩსაო?! - ატაცებულად როხროხებდა ბაცაცაისძე. იგი
ზაზასთან ერთად ჯაბას გვერდში ამოსდგომოდა და მთელი ძალით
ჯაჭვს ეწეოდა.
თედო ბაცაცაისძე საერთოდ ოხუნჯობისა და ოინბაზობის გუნებაზე
იყო, ხოლო საოინბაზო სწორედ ახლა ჰქონდა - ამდენი ცხენკაცი ერთ
ჯაჭვზე იყო დახვეული.
ოსტატო! გუთნის დედავ! რუსულად შეუძახე, რუსულად! განა
ქართულიც იციან! ვერც საქონელს არჩევენ, მაგათ ცხენები ჰგონიათ!
ჰამ-ჰო, თქვე უპატრონოებო, თქვენა!!
- იციან! იციან! აკი გადმომყვნენ! ერთად! ერთად ჰოი! - ჯაბას
ძახილი ხალხის ომახიან გნიასში იძირებოდა.

173
- შენი ხათრით უსწავლიათ! აბა კიდევა… ერთი ხმა გაე… ცოდნა არ
მოაკლო, გაწევა კი ჩემზე იყოს… ფთვე-ჰოოო! - ხალისიანად
ოხუნჯობდა, მაგრამ გულდაგულადაც ეწეოდა თედო.
ხალხ-ცხენთა ნაერთი ძალით მეფე-ზარბაზანი ქუჩის მუხლს
შემოატარეს და მოედანზე გაიტანეს. ამის იქით აღარც შეფერხებულა
ქარავანი, მაგრამ ხალხი აღარ ეშვებოდა ჯაჭვს. ერთი ყიჟინითა და
გუგუნით, ძალამოუზოგავად ეწეოდა ამ საოცარ ზარბაზანს. ჯაბა
გრძნობდა, თითქოს ჯაჭვზე კი არ ეკიდა ხელი, არამედ პატრუქზე და
ამ გულთაშორის პატრუქს ცეცხლი ჰქონდა გაკიდებული ზარბაზნიდან
ჯაჭვის თავამდე.
კრემლის ბჭემდე მიაცილა ხალხმა ზარბაზანი.
ქუჩის ბოლოდან უმზერდა ამ სურათს ზოსიმე ბერი. აზვირთებულმა
ხალხის ტალღამ ისიც კინაღამ გაიტაცა… ჯერ ვერაფერს ხედავდა,
გარდა ცხენ-კაცების გრძელზვავისა, რომელიც ვეება ზარბაზანძალის
უტყუარ ნიშნად ესახებოდა თვალგამჭრიახს. ოდესმე ათენში ყოფნისას
ნანახი ძველხატული მოაგონდა, აქაც ერთად ნარევი ცხენ-კაცები
კენტავრებივით მოაბოტებდნენ.
უფრო თვალაზრიანად რომ შესძლო დაკვირვება - შეამჩნია, ჯაჭვის
საყევარში დედაკაცებიც იყვნენ ჩამდგარნი.
- ჰოი, რა ძალაა ქალ-კაციანად! დიდ მომავლიანი ხალხია… და ჩვენი
საშველიც აქ იყოს იქნებ!
კრემლის კარიბჭესთან სარანგებმა ძლივს ჩამოაშორეს ხალხი ცხენ-
ქარავანს. ჯაბა ხომ ისე იყო გატაცებული - ვეღარც დაღლას გრძნობდა,
ვეღარც სიცივეს. ჩოხოვმა ჯანსაღი ხელით ნაბადი გადმოუგდო
ზარბაზნიდან, შეხვეული მარჯვენაც აუქნია, დოგა ბანით გადმოსძახა:
- სპასიბო, ბრატ! - და მერმე ზარბაზნიანად გაეფარა კრემლის
კარიბჭის მახლობლად სახელდახელოდ გამართულ ფიცრულ ღობეს.
- აფსუს, მარჯვენავ! რა ცეცხლმა გაგიმეტა!.. აი დედასა, ერთი
თურმანაული! - ბოღმიანად ამოიოხრა ჯაბამ.
- მე მაქვს თურმანაული მალამო, ხალიანამ გამომატანა, -
წასჩურჩულა ზაზამ, - მოყინულსა და მომწვარს ერთნაირად უხდება!
- შენც აგაშენა ღმერთმა და იმის გამომტანებელიც! აი ეს მარჯვენაც ამ
მალამოს მორჩენილი არაა?! - ჯაბამ ხელი სტაცა ზაზას და ზოსიმე
ბერისაკენ გაეშურა.
იმ საღამოსავე ჯაბა ქვემეხთა ეზოს მიადგა და ალაყაფს კრძალვით
მიაკაკუნა. ნაბდის ქვევიდან ტიკის ყური და ხანჯლის ტარი
იხედებოდა. ოსტატი შეიშმუშნა და ნაბადი უკეთ მოიგდო. მოძრაობაში
და გამოხედვაში უხერხულობა ემჩნეოდა. მისი წამოსვლა,
პირველელჩის გარდა, მხოლოდ ზაზამ და თედომ იცოდნენ. ჯაბა ხომ
ამ ორთან ერთად იდგა სადგომში. დანარჩენები კი გვერდით

174
ცხოვრობდნენ, აგრეთვე სამ-სამად მოთავსებულნი, გარდა ბერებისა,
რომელთაც სენაკ-სამლოცველო ცალ-ცალკე ჰქონდათ.
ადრევე ავახშმებდა ხოლმე მათ მასპინძელი - ხოზნიკოვი და
კრემლის მესტუმრე - ბალამუტოვი. მოკრძალებით, მაგრამ ზუსტად
შეამოწმებდნენ ხოლმე ყველას შინყოფნას, ნების ძილს უსურვებდნენ
და წავიდოდნენ. სამონასტრო სადგომის გარე კარი უმალ იკეტებოდა.
ზოსიმემ ადრევე შეამჩნია, რომ მოსკოვში მოსულ სხვა ქვეყნის
ელჩებს მუდამ შემოფარგლული ჰქონდათ ხოლმე თავისუფლების არე.
აღმოსავლეთისათვის ეს ჩვეულება, გარდა ომის შემთხვევისა, უცხო
იყო. მაგრამ ზოსიმემ ისიც შეამჩნია, სხვებთან შედარებით კახ ელჩიონს
რა ფართო თავისუფლება და მზრუნველობა არგუნეს და სდუმდა.
აქაური ქუდი დაიხურა. სხვა კახნი კი ჩუმ-ჩუმად არღვევდნენ ამ წესს.
ხან თედო გაიპარებოდა ქალაქში სახეტიალოდ, ხან სარგის ჩუმად
წავიდოდა რუს ვაჭრებში… ამჯერად დარბაისელმა ჯაბამაც თავი ადრე
მოიმძინარა და მეგობრების დახმარებით, მონასტრის კარის
დაკეტვამდე გაასწრო ქალაქში. თავად დილამდე ვეღარ
დაბრუნდებოდა სადგომში. მაგრამ ეს გარემოება კი არ აწუხებდა
ოსტატს. ღამეს გაათევდა სადმე… ბოლოს და ბოლოს ერთი ღამე,
თუნდაც რუსული ყინვიანი ღამე რა ბედენაა, მაგრამ იმ გარემოებას
როგორღა შემოუაროს, რომ გრემელი სალაყბოს ენაწყლიანი და ამო
მასლაათის კაცი აქ, რუსეთში მუნჯია! დიახ - სრულიად მუნჯი!
ყველამ ასე თუ ისე ისწავლა რუსული. განა ცოტა დრომ განვლო?!
ნახევარი წელიწადი მხოლოდ რუსეთის გზას მოუნდნენ, ახლა აქ
მოსკოვშიც დაფერხდნენ… ჰოდა, მაგალითად, ნიჭიერი ზაზა
შესანიშნავად დახელოვნდა რუსულში. ყურშიტაც… ზოსიმე ბერ-
მოხუცსაც ესმის ყველაფერი, თუ დასჭირდა მოკლე სიტყვასაც სძრავს
უმცდარად. კირილე ბერძენმა და სხვებმაც ისწავლეს საყველპურო
რუსული. ეს ქვეყნის ყბა თედო ბაცაცაისძე ხომ იხტიბარგაუტეხავად
„პარუსკობს“ უსწორმასწოროდ, მას კი, ჯაბას არაფერი არ ეშველა.
ანაგებად არ გაეკარა მის გულსა და ენას რუსული კილო. სულ ვერ
ისწავლა. „რა ჯანდაბამ შემიკრა პირი?.. მაჰმადიანური სპარსულ-
თურქული მისწავლია, ამ ქრისტიანულ რუსულზე რაღამ მომიწყვიტა
ენის კლიტე?! ახლა რაღა ვქნა?!“ - თავს გულმიწეწკილ საყვედურით
ეკითხებოდა ჯაბა. კარიბჭის იქით კი ფეხის ხმა ისმოდა ალაყაფში
დარაჯი ჩამოდგა.
- ჩოხოვი! - თავგანწირულად მიაძახა ჯაბამ, - ანდრო ჩოხოვი! მეტი
არაფერი მკითხო, რუსო! - და ვიდრე დარაჯი გაარკვევდა მის
სხაპასხუპს, კარში შეიჭრა.
- ლეკარ ჩტოლი? - დარაჯმა დაბალ, ძელურ შენობაზე მიუთითა.
- ლეკური კი არა, ქართველი, კახი გრემიდანა!

175
ვინ იცის, რითი დამთავრდებოდა მათი ასეთი საუბარი, რომ ახალ
გარემოებას სრულიად არ შეეწყვიტა იგი. შუქჩამდგარ სარკმლიდან
კაცის ბოხი მოთქმა-ყვირილი მოისმა. ჯაბამ იცნო ჩოხოვის ხმა. კარს
ნახტომით მიაშურა და უკითხავად შეაღო. ვიწრო მისავალში მოხვდა,
კიდევ ერთი კარიც შეაღო და შინ შევიდა.
შუაგულ მაგიდაზე შიშველი მკლავი გადაედო ჩოხოვს. აქეთ-იქიდან
ორ კაცს დაძაგრულად ეჭირათ მისი მკლავი, დოსტაქარი კი
გახურებულ მაყაშით ჩაბებრებულ და დაფუთქულ ტყავ-ხორცს
აცლიდა დაშავებულ ადგილს. ანდრიას სახე-კისერზე სიმწრის ოფლი
გადასდიოდა, დაზაფრულად გმინავდა. კარგამოღებულ ღუმელთან კი
თვალცრემლიანი დედაკაცები მორიგ მაყაშს ახურებდნენ, მოთქმით
ლოცულობდნენ და ქვითინებდნენ.
ჯაბას თავად ნამწვნევი ჰქონდა დამწვრის სიმწარე, მაინც
დაშავებული ადგილის ხელახლად დაწვა და ნაფუთქის ჯიჯგნა.
გაწყრა გრემელი ოსტატი. ასე უტიფრად და უღვთოდ როგორ
ექცეოდნენ ასეთ მარჯვენას!
ფეხი წადგა, ნაბადი მოსმით გადიგდო, ტიკჭორა მაგიდაზე დააგორა,
და მაყაშზე ხელი აუკრა რუს დოსტაქარს. ფრიად ეცხელა მაყაში, ამან
უფრო გააგულისა და რადგან ენა არ ემორჩილებოდა, მკლავის ენა
მოიმარჯვა, ოსტატის გაქაჩული მარჯვენა მუჯლუგუნით ააშვებინა.
ჯერ ყველანი ახმიანდნენ და ამოძრავდნენ, გარდა თავად ანდრიასი,
რომელიც დადუმდა და გაკვირვებით შეჰყურებდა ხან ჩოხა-ხანჯლიან
სტუმარს, ხან მაგიდაზე დაგორებულ ოთხფეხა და უთავო დიდმუცელა
ცხოველს.
ჯაბამ ზაზას მიცემული კოტოში ამოიღო და მალამო ყველას დაანახა.
ახლა კი ენა იყო საჭირო, ესენი კი რაღაცას ეჩხუბებოდნენ, კეტებს
დაეძებდნენ. დარაჯსაც კი დაუძახეს. ყინჩად წამოეფეთენ კიდევაც.
ჯაბამ ერთი დაუბრიალა თვალები მისკენ მოწეულ კაცებს და ხანჯალი
იძრო. ყველანი დადრკენ. ხმა გაიკმინდეს. ჯაბას გაუკვირდა კიდევაც,
მათ მიერ ასე უეცარი ენის ჩაგდება. მას ხანჯალი საძგერებლად ხომ არ
ამოუღია… არა, პირიქით, ენის ამოსადგმელად, სიტყვის გასარკვევად.
- ჩემი ხელით, ამ ჩემი გაჭედილი ხანჯლით მოვიჭრი ხელსა, თუ
ერთ თვეზე არ მოგარჩინო ამ წამლით!
ხელ-ხანჯალ-კოტოშით ისე დაასურათხატა ჯაბამ ქართული სიტყვა,
რომ უმალ გააგებინა ანდრია ჩოხოვს.
- კტო ტი?! - ვინა ხარ? - რუსულად ამაოდ ეკითხებოდა ანდრია, -
ბასურმან?!
ეს კი გაიგო ჯაბამ: - ქრისტიანი ვარ! ქართველი! - კუთხეში
ჩამოკიდებულ ხატებისაკენ მიბრუნდა და პირჯვარი ისახა.

176
დედაკაცებმა უმალ სკამი მოუდგეს და დასვეს, ხოლო ანდრიამ
თავის მტანჯველებს გადახედა, რუსულად შეესიტყვა. ჯაბა თითქმის
მიხვდა მის ნათქვამს, თავადაც ასე ეტყოდა.
- ერთი ესეც ვსინჯოთ! თქვენ ოთხი თვეა მაწვალებთ, ლამის ხელი
სულ მომიწვათ… ეს კი თავის მარჯვენას მიდებს საწინდრად! რომელი
თქვენგანი გაბედავს ამას? ეს კი ჩემი კეთილისმსურველი ჩანს… იქაც
დამეხმარა ზარბაზანთან… მისი ჩოხა-ნაბადი მახსოვს… ახლა ვიცან!
აშკარად მიხვდა ჯაბა. რუსული ასე ულოდნელად უსწავლია! ასე
ეტყოდა, მაშ როგორ? აკი გასჭრა კიდევაც.
ანდრიამ სათითაოდ შეხედა თავის მტანჯველ დოსტაქრებს. სამივენი
ჩამოდგნენ და გარეთ გავიდნენ.
ჯაბამ ეს ანდრიას დასტურად მიიღო და ღუმელთან მიდგა. ქვაბში
ადუღებული წყალი მოიკვლია. ხუფი დაახურა და გარეთ, თოვლში
გასაგრილებლად გაიტანა. თან ნაბიჯ-ნაბიჯ იგონებდა და იმეორებდა
გრემელი დოსტაქრის - მანასე ჯიღაურის საქციელს, როდესაც იგი მას -
ჯაბას ურჩენდა დანაწვავს.
შინ რომ შემობრუნდა, ქალებს უკვე ცრემლები მოეწმინდათ,
ტიკჭორას შემოსდგომოდნენ და პოლორჭიკის შემხედვარე
შეკავებული სიცილით იგუდებოდნენ. ანდრიას მტკივანი ხელი მაღლა
აეწია, მარცხენით კი ჯაბას ხანჯალს ფხას უსინჯავდა. მაგიდაზე უკვე
რუსული არაყი და პურ-მარილი იდო.
მოსკოველმა ოსტატმა, მიუხედავად ხელის ტკივილისა, უმასპინძლა,
არაყი დაუსხა. მაგრამ გრემელ ოსტატს სწორედ ახლა მოაგონდა, თუ
როგორი ღვთის რისხვა დაატეხა მას მანასე ჯიღაურმა, წამლობის
დროს არაყის სუნი რომ უგრძნო პირში. არაყის სმა სასტიკად
აუკრძალა, ღვინისა კი ნება დართო, ისიც ზომიერად, არა უმეტეს
ნახევარი ხელადისა დღეში.
ჯაბა საერთოდ ზრდილი, დარბაისელი კაცი იყო. ასეთად იცნობდნენ
მას გრემში. მაგრამ აბა რაღა ზრდილობაა უენოდ? არც აცივა, არც
აცხელა, ანდრიას არაყიანი ჭიქა გამოსტაცა და ღუმელში შეასხა. მერე
ხანჯალი მოუქნია და ბოთლს თავი ისე წააცალა, რომ არც წაქცეულა
ბოთლი. აქ კი გრემელმა ოსტატმა უსიტყვოდ ორი კურდღელი
დაიჭირა - არაყის სმაც ნიშანდობლივ აუკრძალა ჩოხოვს და გრემული
ხანჯლის ფოლადის ფხაცა და ხელობაც მოაწონა მოსკოველ ოსტატს.
- ტი ჩტო?! - გაიკვირვა ანდრიამ.
- ფიშტო კი არა, გრემული ხანჯალია, სატევარი! - და თავმომწონედ
გაუწოდა ანდრიას.
სატევარი ახლა უფრო დაკვირვებით გასინჯა რუსმა ოსტატმა, თან
თავმოჭრილი ბოთლი შორს გადადგა. დედაკაცები კუთხეში
მიჩუჩქდნენ, ყბებზე ხელები შემოიდგეს და სულგანაბულად

177
უცქერდნენ ამ ახალ დოსტაქარს, რომელიც მხოლოდ ხანჯლის ენით
ლაპარაკობდა.
ჯაბამ გაგრილებული წყალი შემოიტანა, ბატის სუფთა ფრთით
ანდრიას ფრთხილად გაუბანა და დაუამა ხელი. მერმე ოდნავ შეუშრო
და თურმანაული თეთრი მალამო თხელ ფენად დასცხო. თან იგონებდა
მანასეს საქციელს. ახლა ახალ დოლბანდს დასცხო უფრო ხვავიან
ფენად და ნამწვავზე შემოადო, ზევიდან სუფთა პირსახოცი დაახვია.
დაამებული ანდრია ჰკვირობდა უმტკივნელობას და იღიმებოდა.
ჯაბა კი პატრონივით დადიოდა ბინაში და რაღაცას დაეძებდა. ბოლოს
იპოვნა, დიდი ჯამ-ჭიქა აიღო და ტიკს პირი მოუხსნა, ოდნავ ჩაჰბერა
შიგ და მადლიანი კახური საფერავი ჩამოასხა.
დედაკაცები ფეხაკრეფით წინ წამოდგნენ და გაფართოებული
თვალით უმზერდნენ ამ ჯერ არნახულ უთავო ცხოველს და მის თავზე
ახალი დოსტაქრის ჯადოქრობას. ხოლო როდესაც ჯაბამ სავსე ჯამ-ჭიქა
ანდრიას მიაწოდა, ერთხმად კივილი შექნეს ქალებმა და თავის
„ანდრეიკო“ უკან დასწიეს.
ჯაბა თავისებურად მიუხვდა შიშის მიზეზს. ერთი ქართულად
დაილოცა, მარჯვენის მორჩენა უსურვა რუს ოსტატს. ქალების
დასაწყნარებლად პირჯვარიც გადაიწერა და ღვინო გადაჰკრა. ნაამებმა
ულვაშებზე ხელი გადაისვა. კარგა ხანია აღარ ესვა ასეთი ღვინო. ეს
უკანასკნელი ყადაღადადებულ მარაგიდან იყო, სახელოვანი რუსი
ოსტატისათვის გამეტებული.
ახლა ისევ დაასხა და მიაწოდა. ანდრიამ სადღეგრძელოზე და
პირჯვარზე უფრო ულვაშზე სიამით გადასმულ მარჯვენას დაუჯერა
და უცხო სასმელი ოდნავ მოსვა, მაგრამ ტუჩი ვეღარ მოაშორა, ძირამდე
ამოწრუპა და ღიმილით გაებადრა სახე.
შეშინებული ქალებიც დაწყნარდნენ, უცნაურ სტუმარს ხელი
დააბანინეს და რუსული ნამცხვრები და ხორცოვანები მოართვეს.
მადლიანი წამალი კიდევ ორ-ორჯერ შესვა დოსტაქარმა და სნეულმა.
მათ შორის გაუგებრობა უკვე გარკვეული იყო, ხოლო ქალებს კი
ვერასგზით ვერ გაეგოთ, ამ უთავო და დიდმუცელა ცხოველის სისხლი
დამწვრის წამალი თუ იყო, ამ დოსტაქარს რაღა ჰქონდა დამწვარი, რომ
ასე სურვილით სვამდა ამ წამალს?!
მხოლოდ ცოტა ხნის შემდგომ დოსტაქარ-სნეულმა მუნჯურ საუბარს
რუსულ-ქართული სიმღერები რომ წამოაბეს, მაშინღა ინიშნეს ქალებმა
წამლის სიავკარგე. ამ ოთხი თვის განმავლობაში გმინვის მეტი არაფერი
სმენიათ ანდრიასაგან. ახლა კი… მღეროდა იგი და მტკივან ხელს ხან
მაღლა იქნევდა, ხან კი თავის ახალ დოსტაქარს მხარზე ხვევდა.
ამ სხვადასხვა ეროვნების ოსტატებს კი სულ საოცრება სჭირდათ,
აქამდე თუ უენობა და ფხიზლობა უშლიდა ურთიერთის გაგებას, ახლა

178
ნაქეიფრებს შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთის გუნება და სიმღერა.
მესამე დიდი ჯამ-ჭიქის შემდგომ ჯაბამ ისევ მანასე ჯიღაური
მოიგონა და ტიკჭორას თავი მოუკრა.
ბორის გოდუნოვთან შეხვედრის შემდგომ რუს-კახთა მოლაპარაკება
სულ სხა სისწრაფითა და განწყობილებით წარიმართა. ზრდილი,
მაგრამ შორსდამჭერი შჩელკალოვი ფრიად მეგობრული და
გულისხმიერი გახდა. უკვე გამომუშავდა და შეთანაბრდა საფუძველიც,
„ივერთ მიწათა ბატონი და მფარველი ალექსანდრე ითხოვს, ხოლო
რუსთ ხელმწიფე თავს იდებს მართლმადიდებელ მიწათა
მფარველობას“. ურთიერთ დახმარებისა და საერთო დაცვის პირობების
დასადგენად რუსეთს საპასუხო ელჩები უნდა გაეგზავნა კახეთს.
ზოსიმემ უკვე იცოდა, რომ კრემლში მართლაც ამზადებდნენ ელჩობას.
წერდნენ რწმუნების სიგელებს, ადგენდნენ მათთვის სამოქმედო
დანაბარებს. ზოსიმეს უთანხმებდნენ ალექსანდრეს „ფიცის წიგნის“
წინასწარ ცალს. არჩევდნენ „საპასუხო“ საჩუქრებს.
რუს-ქართველთა ელჩების უკანა გზა, რაღა თქმა უნდა,
გამჟღავნებული იქნებოდა, ამიტომ დიდი სიფრთხილე და
წინდახედულობა იყო საჭირო. სამხედრო ბადრაგიც შესაფერისი უნდა
გაჰყოლოდა. ერთი სიტყვით, გარდა ჩაღწევისა, რუსთ ელჩების
ჩასვლას კახეთში უკვე სამხედრო დახმარების მნიშვნელობაც უნდა
ჰქონოდა. ეს კახეთს შინაც სჭიროდა და გარეთაც. ხოლო მალევე
თერგის ახალ ციხესა და შამხლის დალაშქვრას სულ უნდა
განემტკიცებინა მფარველშეფარებულის კავშირი.
თერგამდე რუსები იყვნენ მასპინძლები, თერგის შემდეგ იყო
ძნელგზა საკვლევი. წინდახედულმა ალექსანდრემ ამიტომ უფრო
ჩარიცხა ელჩიონში ყურშიტა ჩერქეზი. მან ზედმიწევნით იცოდა
კავკასიონის ჩრდილო კალთების და ველების მრავალ მთავართა ყოფა
და ურთიერთ კავშირ-გათიშულობა. იგი და შჩელკალოვი ერთად
საქმიანობდნენ. ალექსანდრეს დანაბარები „მძევლის წესურით“ სვლა
დაიდეს ხერხად და შესაძლებელი სავალის გეზებს ვარაუდობდნენ.
შესაფერის სიგელებსა სთხზავდნენ, გზად გავლის საჩუქრებს ცალკე
ამზადებდნენ.
კახელებს იმედი მოეცათ, გაზაფხულისათვის უკან
გაემგზავრებოდნენ და არცთუ ცარიელნი მიუვიდოდნენ მეფესა და
ხალხს.
იმედს გაზვიადების თვისება აქვს საერთოდ. კახნი ერთხმად
ოცნებობდნენ და ხარობდნენ.
- საქართველო მიჯაჭვული ამირანია! რუსეთის ძალა დასწყვეტს ამ
ჯაჭვსა და მაშინ ნახავთ, ივერია რა ძალა არის! - გაიძახოდა ყველაზე

179
ახალგაზრდა და ყველაზე აღფრთოვანებული ზაზა. სხვებიც
ეთანხმებოდნენ.
თვალით დანახულ რუსეთის ესოდენ ძლიერებას უკვე კახეთ-
ივერიაში მოვლენილად რაცხდნენ, „ამირანის ჯაჭვს“ კი დაწყვეტილად
სთვლიდნენ.
მხოლოდ ზოსიმე გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ თერგის -
რუბიკონის გადალახვა რუსეთისათვის ჯერჯერობით არც ისე ადვილი
საქმე იყო. და არა მარტო სიშორისა, ან სხვა გარე მიზეზების გამო,
არამედ რთული შინაური მდგომარეობის გამოც.
იოანე მრისხანეს საოცარი სიმკაცრით შექმნილ „ერთიანობას“ შიგ
კიდევ მრავალი ჩაშლილი საფეხური გააჩნდა და ყოველ ნაბიჯზე
იგრძნობოდა.
მოსკოვს მოსვლის შემდგომ ერთი რამ კი უეჭველი გახდა
ზოსიმესათვის: „რუსეთი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია, ვიდრე
თურქეთი ან ირანი“. არა, ზოსიმე თავს არ იტყუებდა, ფრთხილად
ათანაბრებდა სამთა ძალას და კახ-ივერის თვალით ზომავდა.
„თურქეთიც აგრეთვე უდიდესი ძალის სახელმწიფოა, მაგრამ
საკუთრივ შემოქმედებასა და უნარს მოკლებული… მისი ძალა - ხმლის
ძალაა, მხოლოდ დამთრგუნავი და წარმავალი… ამჟამად
შევიწროვებული ირანი - მაინც დიდი ძალაა, თუმც შებზარული,
მაგრამ დიდი და ძველი შემოქმედების მქონე. ძველკობურობა ნიშნად
ახლავს! მესამე ძალა კი ახლებური, მზარდი ძალაა… მაგრამ არის კია
სრულწლოვანი საახალრომოდ?“ - თავის თავს ეკითხებოდა ბერი და
ორგზის პასუხს აძლევდა: - არის! - უყიოდა სურვილი და იმედი - ჯერ
არა, არა! - უჩურჩულებდა სიფრთხილე და ცივი გონება.
გამჭრიახ ბერის თვალისათვის ჯერ მაინც დაუდუღებლად
გამოჩანდა იგი მზარდი, შიგნიდან ამოუვსებად, თავის მოწოდებისა და
ნიშან-სახის ჯერ მიუგნებლად…
- მალე დადუღდება და მაშინ?! - აქაც ეჭვი ეჭიდებოდა ბერის გულს, -
არა, საოცარი ძალისა კი დადგება… არც შორსაა ეგ დრო, მაგრამ…
მაშინ ჩვენი მფარველი დასჯერდება კია „ჩვენს სურვილს“, მხოლოდ
მფარველობას?!
მთელი ღამეები ჭრაქს აღარ აქრობდა ზოსიმე. ფიქრობდა, აჯამებდა,
აშედეგებდა. ეჭვებსა და იმედებს უბრიდა, თავს ედავებოდა,
აღსარებასაც კი ამბობდა თავისი სინდისის წინაშე. დიდ
პასუხისმგებლობას კისრულობდა, ახალი ძალის მოსვლას კავკასიონს
იქით ყველაფრის თავყირა დაყენება შეეძლო. აქ ყოველი ნაბიჯი და
საქმე მომავლის თავსატეხი ამოცანა იყო და „თავს იტეხდა“ ზოსიმე
ბერდიდი.

180
ერთი საოცრებაც დაემართა - ლოცვას უკლო. არ ელოცებოდა ჭარბად
და ურგოდ ოქრო-ვერცხლით გადაჭედილ ზვიად საყდარლავრებში. ამ
მდიდრულ და კეკლუცად ნახატ ქერა ხატებს რაღაც ხატობრივობა და
სისადავე აკლდათ. იქ, შორს… ალაზნის მხარეში, ძველნაწერი და
ნაჭედი ხატები სხვა საამო იერითა და სათნოებით იყვნენ
მირონცხებულნი. ან იქ, სულ სადა, ყოველგვარი სიმდიდრის გარეშე…
ბორბალოს ქვაბულში, სადაც სულის ჭეშმარიტ მყუდროებას ეძიებდა
და ჰპოვა კიდევაც.
- ნუთუ არსებობს ძველ ბიზანტიურ-ქართული და ახალ
ბიზანტიურ-რუსული ქრისტიანობა?!. - მაგრამ ამ სხვაობას ვერ იღებდა
მკაცრი დოგმატიკოსი ბერი. - ღმერთი ერთია! ამინ და ამინ! - და ისევე
„ამირანისეულ ჯაჭვს“ ეჭიდებოდა, ალექსანდრეს უკანასკნელ ნათქვამს
იგონებდა: „საქართველო შიდა ძალებით ვეღარ მოერია თავის
დაქსაქსულობას… სამცხე დაიღუპა… ქართლი იღუპება… იმერეთ-
სამეგრელო ურთიერთს შეაკვდნენ და ორივე მონებად იქცნენ… კახეთი
ორთავ ფეხით კოჭლობს - ბეწვის ხიდზეა! მთა ზვავმა ჩაჩიხა და
გააყრუა. ბარი - მაჰმადიანობის ღვარმა წალეკა… აი, ცივი განსჯა სად
მიგვჩიხავს?! საჭიროა ძლიერი მფარველი, აუცილებლად საჭირო… და
რაც შეიძლება უფრო მალე… თორემ იქნებ საბედისწეროდ
დაგვიანდეს! წადი და ნახე რუსეთი, ნახე, არის ასეთი მფარველი და
მაშველი ძალა თუ არა!“
აი მოვიდა და ნახა! და ახლა პასუხი უნდა გასცეს, გადამწყვეტი
პასუხი. აქ ასე კი არ შეიძლება, ნახევრად კარგი, ნახევრად ცუდი… ან
ჰო, ან არა!
ზოსიმეს გული გაუბასრა ხატის არჩევანის, ხატის კენჭის მოგონებამ.
ახლაც ჭრაქს უკან „მისი“ გატანჯული სახე ელანდება, ხოლო
სარკმელში განთიადის შორი ნათელი სამძევლო ბატონიშვილთა
ღიმილს აგონებს. ამ „მძევლების“ უკან მარტო მეფის ოჯახი როდია,
არამედ მთელი კახეთი! ხოლო უფრო ღრმაჭვრეტილად - მთელი
ქართული სამყაროს ბედი!
- „მძევლობას“ იქნებ „გერობამ“ აჯობოს? - წამოიძახა ზოსიმემ…
მერმე ისევ ფიქრებში ჩაიბრუნა თავთან ბაასი. - „ორ ძნელ გზაში
უმცირესს - უკვე ნაკლული სიკეთე ჰქვია!.. დღეს ჩვენ… მაჰმადიანთა
მძევლობასა და ტყვეობას ქრისტიანთა მფარველობა გვერჩიოს!“ - ასე
დაასკვნა ბერმა, გულხელი იკრიფა, წამოდგა, მაგრამ კიდევ წამოსწვდა
შინაგანი კითხვა, ბოლომდე აღარ მიაყურადა, უმალვე გაეპასუხა:
- თუ აქაც მოვტყუვდით, მაშინ ესღა დაგვრჩენია სათქმელად -
გაბაბრებასა და გაფოცხვერებას გაარწივება გვერჩიოს… მით უფრო, ამ
არწივს ჯვარი ასახია და მომავალიც აქეთა ჩანს! - მაგრამ ეს სიმწრის
დასკვნა იყო, უკიდურესი. აქ ყოველი ფიქრი ეურჩებოდა… ქართული

181
„შევარდნობა“ სრულიადაც არ ეთმობოდა… არც ბერდიდსა და არც
ივერთა მიწების პირველელჩს. - არა! აქამდე არ მიატანს, შინაგანი
ქართული ძალა განახლების თავთავს ჰპოვებს! უთუოდ ჰპოვებს!“ -
ამის შემდგომ კი ლოცვა იწყებოდა არა ხატზე, არა სანთელზე, არამედ
ბნელში, როდესაც დახუჭულ თვალებით, დაოკებულ გულით აწმყოს
მოსწყდება კაცი და შორს წარსულში თუ მომავალში შეიხიზნება,
რწმენა-წამებაში ყველა დროის ქართულ ღმერთებს, ივერთწამებულთ
და თავდადებულთ მოიგონებს და იმედს მოიცემს.
- ღმერთი ერთი არს! ამინ და ამინ! - თვალებს გაახელდა და ახლა კი
ჯვარცმის ხატზე ლოცულობდა მკაცრი ბერდიდი.
რუს-ქართველთა თათბირობა კი სულ უფრო და უფრო
შეხმატკბილებულად ვიდოდა.
კეთილად ვიდოდა ჯაბას დოსტაქრობაც. სამ დღეში ერთხელ
აკითხავდა ხელდამწვარს. სამი რამეც აუკრძალა: არაყის სმა, აბანოში
წასვლა და დოსტაქრის ვინაობის გამჟღავნება.
თანდათან იცლებოდა ტიკი. უფრო და უფრო მეტ ხანს უხდებოდა
დოსტაქარს სულის ჩაბერვა. სამაგიეროდ ხელიც შესამჩნევად
უშუშდებოდა ჩოხოვს. მას უკვე შესანიშნავი ძილიცა და მადაც
მოუბრუნდა.
მეტად დამეგობრდნენ. დინჯად საუბრობდნენ, ერთი ქართულად,
მეორე რუსულად. ერთი ალთას იყო, მეორე ბალთას. დაბოლოს სულ
რომ ვერ გაიკარებდნენ მიხვედრის ბაიბურს, გულღია ხარხარი
აუვარდებოდათ ორივეს.
ეს კი გააგებინა ჯაბამ, რომ ისიც ოსტატია. მაშინ უფრო
დამეგობრდნენ. ანდრიამ ხანჯლის ნაკეთობა და ფოლადი უკვე
მოამქრის თვალით გასინჯა. ფრიად მოუწონა. ცერს მაღლა აწეულად
უჩვენებდა. ჯაბამ ხელად შეიხსნა და ქამარ-მათარითურთ აჩუქა.
ანდრიამ თოფხანაში წაიყვანა. მრავალი თოფი აჩვენა. ჯაბას ერთი
„დასავლური ჩახმახა“ მოეწონა. ხელში შეათამაშა თვალანთებულად.
ჩოხოვმა თოფი ტყავბუდიანად აჩუქა ჯაბას.
მესამე კვირაზე დოსტაქარმა კიდევ ერთხელ შეუხსნა მკლავი. ქორფა,
ლეღვის კანივით ჩვილი ტყავი გადაჰკროდა მთელ იარას. პირი
შეკრული ჰქონდა დანაწვავს. ანდრიას სიხარულს საზღვარი არ
ჰქონდა. მარჯვენა უბრუნდებოდა ოსტატს. მისი შინაურები ხომ სულ
ჯაბას მზეს ლოცულობდნენ. მან კი ისევ წაუსვა მალამო და შეუხვია,
თითებზე ჩამოუთვალა:
- შვიდი დღის შემდეგ მე თავად წაგიყვან აბანოში და მორჩა! მერმე კი
შენ იცი და შენმა ზარბაზნებმა! მტერი საერთო გვყავს და აბა ჰა! - თანაც
გულში მჯიღი დაირტყა ჯავრიანად, - ოჰ, ერთი ამასთან საუბრით
მაჯერებინა გული!

182
კვირის ბოლოს ისევ ზოსიმეს მიეახლა, კრძალვით შეევედრა. ზაზას
წაყვანის ნება სთხოვა.
- ოღონდ თავის დროზე მობრუნდით!.. ან ზაზა ადრე გამოუშვი! -
უმალ ნება დართო ზოსიმემ, - ოცნებათა და საოცრებათა ქვეყანაში
ვიმყოფებით, რასაც ნახავთ და შეისწავლით - ყველაფერი
ნიშანდობლივია, თანაც საჭირო! - დანარჩენი სათქმელი კი ფიქრში
გადაიტანა ზოსიმემ: „რუსები კი გვპირდებიან ზარბაზნის ოსტატებს,
მაგრამ კიდევ ვინ იცის როდის… ჯაბა კი თუ რაიმეს ისწავლის,
სწორედ ჩინებული საქმე იქნება!“
ორ მეზარბაზნეს შორის დიდ გაწამაწიაში ჩავარდა ახალგაზრდა
თარჯიმანი. ორივე ერთდროულად და ორივე თავისას გაიძახოდა.
მრავლად დაუგროვდათ სათქმელი: დამწვრისა თუ წამლისა, თოფისა
თუ ხანჯლისა, ზარისა თუ ზარბაზნისა, რუსეთისა თუ ივერიისა. და
ყველაფრის გაგება ერთად სწადდათ. ჭირის ოფლი გადასწყდა ზაზას.
გოდუნოვისა და ზოსიმეს საუბრის თარგმნა არ გასჭირვებია ასე.
შინაური დედაკაცები უმზერდნენ ამ სურათს. კვირობდნენ და
იცინოდნენ… ბოლოს ანდრიას სახლობამ ვეღარ მოითმინა, თავისი
ზორბა ტან-ხელები გაფარჩხა და ორთავ ოსტატს დაუტატანა:
- აცალეთ მაგ ხუჭუჭას! ნეტა ასეთი რა დაუშავებია, ლამის
გაგლიჯოთ ჭაბუკი!
ჩოხოვი ჯერ გაუწყრა ცოლს, მერმე გადიხარხარა. თითქმის
მორჩენილი ხელი მხარზე დაჰკრა ზაზას:
- წავიდეთ საზარბაზნოში, იქ გაჩვენებთ ამის მორჩენილი ხელის
ოსტატობას! - და თითქოს თარგმანს არ ენდო, ჯაბას თავად წაავლო
ხელი და დიდ საამქროში შეიყვანა.
გრემელი ოსტატი გულდაგულ დაეწაფა მისთვის სანუკვარ
სანახაობას. დიდ ეზოში ორი სალითონე ფარდული იდგა. დიდი
სამჭედური, საყალიბო, საწყობები. აქვე ეყარა ლითონის ჯართი. დიდი
ყაფანი იდგა, ახლოსვე ბორბალსაქაჩიანი ჭა. განზე კი ძელურ ფორეზე
ზარბაზნები ეწყო. დიდი ქვემეხები ქვედამხობილ საწნახლებს
ჰგავდნენ. უფრო მორჩილნი წაქცეული კოდებივით ხახაღიად
იმზირებოდნენ. ზოგი კი მზეზე ალაპლაპებული ორაგულივით იყო
ხმელეთზე გაშხვართული.
ჯაბას თვალში ეს ზარბაზნები ერთობლივ ადგნენ, ირან-
თურქეთისაკენ იბრუნეს პირი და დაიქუხეს.
- აი დედასა, ზაზავ! ჩვენ ხალხს მისცა ამ მეხის ძალა! შენ მაშინ გენახა
გრემის სახელი!
მეორე მხრივ ზარების რიგი მისდევდა ეზოს კიდეს. დიდ ზარს
ჭუჭულებივით შემოსეოდნენ მომცრო და მცირე ზარები. ზოგიერთი

183
გატეხილი ამობრუნებულად ეგდო და კახელებს საოცრად აგონებდა
მიწიდან ამოღებულ გატეხილ ქვევრებს.
როდესაც დახურულ საყალიბოში შევიდნენ, უეცრად თვალი
მოსჭრათ გავარვარებული ლითონის ნაკადულმა, რომელიც დიდი
ღუმელიდან ყალიბში ჩადიოდა.
- მცირე ზომის ზარებსა და ზარბაზნებს უკვე ზამთარშივე ვასხამთ, -
ამაყად განუმარტა მთავარმა ოსტატმა და თავის მრავალ მოწაფეს
გადახედა.
მეორე ღუმელში ლითონს ჰყრიდნენ. აქვე იყო დაფაც, ზედ
შენადნობის წონაშეფარდება ეწერა.
- ჩაწერით ვერაფერს ჩაგაწერინებთ, წესი არ არის… ისე კი, რასაც
დაიმახსოვრებთ, თქვენი ხეირი იყოს, ქრისტიან-ძმობილებო! - და
ვიდრე ზაზა გრემელ ოსტატს უთარგმნიდა მოსკოველი ოსტატის
ნათქვამს, მან გულიანად დასძინა: - არ გამომიშვებენ, თორემ თავად
წამოვიდოდი იმ ვაზებისა და საყდრების ქვეყანაში, ზარბაზნები და
ზარები მაშინ გენახათ!
- კაცი ეგ ყოფილა! - შესძახა ჯაბამ, - ზაზავ, დაიზეპირე,
დაგვჭირდება, ულვაშს ვფიცავ!
ზაზა დაფას მიაყენა, თავად კი ღუმელი ჩაძიებით დაათვალიერა,
შეიგულისხმა.
ერთხელ კიდევ დააზეპირებინა ჯაბამ ზაზას, როდესაც დენთის
საამქროში ნახშირისა და გვარჯილის შეთანაბრების ცხრილს წააწყდა.
- დახე, დახე! რუსული თოფის წამალი სხვა ნარევისა ჩანს! ესეც
ვცადოთ! ჰაი დედასა, მომავალში გრემული ზარბაზნისათვის
გამოგვადგება!
ჩოხოვი გულდასმით უხსნიდა თავის სტუმრებს ცეცხლის იარაღის
ოსტატობას მაჰმადიანთა რჯულის გასაწყვეტად.
სამჭედლოში კი ჯაბამ გადიგდო ჩოხა და შეგირდის ტყავ-საფარი
იფარა. ხელმარჯვედ ხმალი გამოწკეპა და წრთობის გორდა-
ხევსურული წესი აჩვენა. თოფხანაში კი ლულის დაზარნიშების
გრემული ოსტატობა გაუზიარა.
- ბარი-ბარში ვართ, ძმობილო! ბარი-ბარში! - ჯაბამ ტყავ-საფარი
წამოიძრო და ახლა ზაზას შეეჭვებულად შეეკითხა, - ბიჭო, რუსულად
გამოგივა „ბარი-ბარში?“
- გამოვიყვან! ტაკ ნა ტაკ გამოვიყვან!
- ჰოდა, აბა მიდი… გრემული ზარბაზანი კი ჩემზე იყოს!
დღევანდელი დღე, აღდგომა იყო ჯაბასათვის, მაგრამ იგიც
დამთავრდა. ნასიამოვნები მასპინძელ-სტუმრები გვიან მობრუნდნენ
სადგომში.

184
ჩოხოვის ოჯახობამ უხვი წვენი და ცხიმეული, ლორები და უამრავი
ხორცოვანპურები თუ ყველცხობილები დაახვედრა. გორებად დაალაგა
მაგიდაზე და თაროებზე. ჯაბამ უკანასკნელად გაბერა დაჩუტული
ტიკი და ჭურჭელში ჩამოსწურა. პურის ჭამა გაუგრძელდათ. მარჯვენის
მორჩენის აღსანიშნავად ეშმაკის გუდის სისხლიც თითო-თითო ჭიქა
დედაკაცებსაც აგემეს.
კარგად რომ შენაყრდნენ და შექეიფიანდნენ, ჯაბამ მკლავი შეუხსნა
ზარბაზნების ხელოვანს, დოლბანდ-წამალი გააცალა და მის
გამრთელებულ მარჯვენას კახური ღვინო აპკურა:
- მშვიდობაში, ჩრდილო ძმა! ათასი ზარი და ზარბაზანი! შენს
ლოცვებში და საქმეში ივერიული ყურძნის წვენისა და თურმანაულის
მადლი არ დაგვიწყებოდეს!
მაგრამ ანდრიამ ასეთი „გაბანვა“ არ აკმარა თავის დოსტაქარს.
სახლობას ზეწარ-პირსახოცები და არყის ხის ცოცხები მოატანინა და,
თანახმად პირობისა, კახელები რუსულ აბანოში წაიყვანა.
ყინვა მომკაცრებულიყო. სახეზე ჭირხლის ბუსუსიც კი მოეკიდათ
მავალთ, თუმც ახლოვე აღმოჩნდა აბანო.
მისთვლისთანავე განცვიფრდნენ კახნი. აბანოს ეზოში, შეშებთან,
მინაქარ თოვლის გორა იდგა. აბანოს დაბალი კარი ზარბაზნის
ტუჩივით იმზირებოდა: ზედაც წამდაუწუმ იღებოდა… ჯერ ორთქლი
და ოხშივარი იბოლქვებოდა, მერმე ნამდვილ ყუმბარასავით
გამოვარდებოდა წითლად გამოთუთქული დედიშობილა ადამიანი და
ხარხარით თავს წარგავდა თოვლის გორაში… ახლა თოვლის ბუქსა და
აბანოს ორთქლს არევდა.
- ჩვენი მეზარბაზნენი ბანაობენ და ერთობიან, - განუმარტა რუსმა.
- შენ ამ ხალხს დამიხედე! მართლა ყუმბარა ხალხია! ამათთან არ
დავიკარგებით… დიდება შენდა! - თავისი მტერმომრავლებული
სამშობლო მოაგონდა, - ახლა ამას დამიჯერებენ გრემშია?! - ერთხელ
კიდევ განცვიფრდა ჯაბა და ზაზას წაავლო ხელი: - გადაუთარგმნე იმ
დიდს, კრემლში წაღებულს ვინ დაარქვა-თქო მეფე-ზარბაზანი?
- თედორე იოანეს ძემ და გოდუნოვმა, თორემ მე სხვა მქონდა
გუნებაში, - თვალი აბანოსაკენ გადუკრა ანდრიამ.
- ზარბაზან-ხალხი!.. ხალხის ზარბაზანი! - უმალ დაუდასტურა მისმა
შემოქმედმა და აბანოს მიაშურა.
კახელებიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ და რუსულ ორთქლის აბანოში
წარგეს თავები.
აბანოსწინაში ათიოდ კაცი დახვდათ, ტანზე იცვამდნენ. აბანოდანაც
ჟრიამული და წყლის ჩხრიალი გამოდიოდა. ჯაბამ იაზრა, რომ დრო
ისედაც ჭარბად იყო გასული. ზოსიმეს სიტყვა მოიგონა და ზაზა
ელჩიონის სადგომში გაუშვა.

185
ოსტატებმა კი აქვე გაიხადეს და აბანოში შევიდნენ. საკმაოდ
მოზრდილი ხის შენობა იყო, კედელ-კედელ ჩავლებულ ძელსკამებით.
საორთქლე ქანდარა ჭერამდე ადიოდა. დაორთქლილი შუშის უკან
ანთებული სანთლისა და მცირე სარკმლის ნარევი შუქი იდგა.
მობანავენი აქეთ-იქით მიმჯდარიყვნენ, მალე იმათაც დაამთავრეს
ბანაობა და გაიკრიფნენ.
ანდრიამ ღუმელის უბეში გახურებულ ქვებს ასხურა წყალი და
ისეთი ბუღი დააყენა, რომ მხედველობიდანაც კი დაეკარგა ჯაბას.
აბანოს ნათმენი რუსი ოსტატი სიამით გაეხვია ორთქლში,
შემაღლებულ ქანდარაზე ავიდა, ზედ წამოწვა და გახურებულ
სხეულზე ცოცხი დაიშინა.
ჯაბა კი ვერ ეგეუბოდა „რუსულ ბუღსა და ცოცხს“. იქვე ღართან
მიჯდა, ყურიან გობურში წყალი ზომიერად გაანელა და თავ-პირი
გაისაპნა.
გრილი ჰაერის მონაბერზე და გობურების ხრიალზე მიხვდა, რომ
აბანოში ახალი მობანავენი შემოვიდნენ. მაგრამ ჩვეულებრივი ყაყანის
ხმა არ გაუგია, ამიტომ არც მიუქცევია ყურადღება. ვიღაცამ უცაბედად
ხელიც კი გაჰკრა და ცხელი წყლის ღარს თავისი გობური მიუდგა. ჯაბა
თვალგაუხელელად განზე გაიწია, მაგრამ აქაც მოედო ვიღაცის
ორთქლიანსა თუ ოფლიან სხეულს. ჩანს, ძელსკამზე აქეთ-იქიდან
უჯდნენ მობანავენი. ჯაბას ისედაც სული ეხუთებოდა ამ ორთქლში.
დაუჩქარა, ცივ წყალსა სწვდა და თვალები ამოიბანა.
ორთქლის ბუღი შეთხელებულიყო, მაგრამ ანდრია ჯერაც არ ჩანდა.
იქ, ზევით, ორთქლი ძველებურად ბამბის ნისლად იდგა. თავის
ირგვლივ მობანავეებს თვალი რომ მოავლო, რაღაც ეუცხოვა… ჯერ
ერთი და მეტად ტანპატარები ეჩვენა, თანაც ჩუმად, თითქოს
მორიდებულად ბანაობდნენ. და რაც მთავარია, წვერები როგორღაც
ზურგზე ჰქონდათ გადაყრილი… უფრო რომ დააკვირდა, ელდა ეცა.
კიდევ ისხურა თვალებში ცივი წყალი… არა, თვალი არ ატყუებს… მის
ირგვლივ მობანავენი აშკარად ქალები იყვნენ და თავადაც მათ შორის
დედიშობილად იდგა.
- აჰაი! - უნებურად აღმოხდა დაბნეულ გრემელ ხელოსანს. გარეთ
გავარდნა დააპირა, მაგრამ დედაკაცების უმეტესობა სწორედ იქ იდგა.
მათაც შეამჩნიეს ბანჯგვლიანი მამაკაცის დაბნევა და ჩაგუბებული
ხითხითი შხეფის ხმასავით გაედო გობურების ხრიალს.
- ანდრია! - ერთი შესძახა ჯაბამ და ორთქლის თაროს მიეტანა.
- ჰაუ! -ზევიდან ხმა გასცა რულმორეულმა მეზარბაზნემ, ხელიც
გამოუწოდა, სველგალიპულ და გახურებულ თაროზე ასვლა
გაუადვილა.

186
სულთამხუთავი ოხშივარი მყარად შემოადგა ჯაბას და თვალის ჩინი
დაუკარგა, გაოგნებული და აღშფოთებული ჯაბა ჯერ ჭერს მიეხალა
თავით, მერმე მოსხლეტით მიუწვა ანდრიას და თვალებში
ჩამოღწეული საპნის ქაფი ხელით მოიცილა.
- რას ჰგავს ეს?! - ქართულად ეკითხებოდა ხმამოხუთული და
თვალებამწვარი გრემელი. მოსკოველს კი ვერ გაეგო ჯაბას შეკრთომისა
თუ შეშფოთების მიზეზი… საყვარელ ორთქლისაგან საამო
მოქანცულობას გრძნობდა, პირღიად ფრუტუნებდა და ცოცხს
ფერდებზე ნება-ნება იცემდა.
ისევ ხმა გაიკმინდა ჯაბამ, არავინ იყო მისი გამკითხავი. სული რომ
მოითქვა და თვალების წვაც დაუამდა, ქვევით გადაიხედა… მადლობა
ღმერთს, ორთქლის საფარს დაეხშო სამზერი. მხოლოდ საოცრად
დაბრეცილი ლანდები ხან ჭლიკებს გამოაჩენდნენ ოხშივარიდან, ხან
ბლიკვებს.
- ჯოჯოხეთში ჩავვარდნილვარ და ისაა! ჰოდა, ვიხარშები კიდევაც!
ახლა ამას დამიჯერებენ გრემში?!
მაგრამ აი კიდევ გამოიღო აბანოს კარი და შემომკრთალ სხივის
ფარგში ჯაბამ შეამჩნია ამ ჯოჯოხეთში შემოსულთა ახალი ჯგუფი.
ამჯერად მამაკაცები იყვნენ, ხმა-საუბარზე გაარკვია. გაახსენდა
კიდევაც რომ ეუბნებოდნენ და არკი სჯეროდა, რუსეთში დედაკაც-
მამაკაცთა ერთად ბანაობა ჩვეულებრივი ამბავიაო.
„აბა ახლა რაღას ვიზამ? უნდა მოვითმინო“, - თავს იგულიანებდა
სიცხისაგან შეხუთული ჯაბა. თავის თავთან გახუმრებაც კი სცადა: „აი
ამას ჰქვია, - გაჭირვებამ რუსულ აბანოში შემაძვრინაო!“
სიგრილის ძებნაში კედელს მიაწვა, მაგრამ კედელიც ცხელი და
გლისპი იყო. მეტად დასცხა. ოფლი ხორკლებად ეფრქვია მთელ
სხეულზე, მაგრამ ითმენდა. ფეხი როგორღა ჩაუცდებოდა ქვევით. „ჰაი
დედასა, ერთი ალაზნის წყალი?.. რა სალბუნი იქნებოდა!“
ხანდახან ჭერზე წვეთად ქცეული გაცივებული ორთქლი
ჩამოვარდებოდა და მის გახურებულ სხეულს ლურსმანივით
დაერჭობოდა. ტკივილამდე დასულ სიამოვნებას ჰგვრიდა. ხან
სწყევლიდა ორთქლსა და ოხშივარს, ხან კი - პირიქით,
დამდუღრულად ნუგეშობდა: „კიდევ კარგი, რომ ორთქლი მფარავს,
თორემ გრემში აღარ გინდოდა თვალის გახელა?!“
ითმენდა, თან ანდრიას აჩქარებდა. ზედაც ქვედა ქანდარა აჭრიალდა
და ორთქლის ბურში ვიღაცის აჩრდილი გამოთავთავდა:
- ვაიმე, ახლა კი სადღა მიხვალ?! - წამოიძახა ჯაბამ. ბედად შეამჩნია,
რომ ამოსულს გრძელი, ჭაღარა წვერ-ულვაში ჰქონდა. თმაც გრძელი
მოუჩანდა და გამხდარ, ჩავარდნილ მკერდზე ჯვარიც ეკიდა.

187
„მადლობა ღმერთს, ბერია აშკარად!“ - გაიფიქრა ჯაბამ, მერმე უფრო
დაიბნა.
- ბერი… ამ ქალებთან?! - დაეჭვდა, მაგრამ მეორე და მესამე
ამომძვრალ მობანავეს რომ შეხედა, დარწმუნდა - მოსულნი ბერები
იყვნენ.
ანდრიამ, როგორც იქნა, გული იჯერა ორთქლ-ცოცხით და ქვევით
წყლის გადასავლებად ჩაჩოჩდა.
შიშველ ბერებში ჩამჯდარი, სულშეხუთული ჯაბა ოდნავ დაწყნარდა
კიდევაც - ბოლოს და ბოლოს ამ ბერების ქანდარაზეც ხომ არ
შემოეხეტებოდნენ ეს ჯირგადა დედაკაცები!
ერთმა გარემოებამ ისევ დააეჭვა ჯაბა… აბანოში თავშეყრილ
ქალებისათვის ჩვეულებრივი ყაყანი როდი ისმოდა ქვევიდან:
- რა ვქნა, ბერები და ქალები ხომ არ ავრიე! ხომ არ დამსიცხა,
ორთქლმა?!
მაგრამ აქაც მოტყუვდა გრემელი ოსტატი.
ანდრია როგორღაც თვალსა და ხელს შუა დაჰკარგა. გაღებულ კარში
გრილი სიო შემოკრთა, ორთქლიც გაათხელა და გაამჭვირვა… ქვევით
თმაგაშლილი „აშკარად“ დედაკაცები ბანაობდნენ. მათ შორის კი
ბერებიც ერივნენ, ესენიც „აშკარად“ ბერები იყვნენ… ხოლო ვინ - ვის
უზელდა ზურგსა და უტყაპუნებდა ცოცხს, ეს კი ვეღარ გაარჩია
გაოგნებულმა ჯაბამ.
- დახე, ამ წვერძაღლებსა! - ერთი წუთით თავის გვერდით ზოსიმე
ბერდიდი წარმოიდგინა. - ჰაი-ჰაი, რა დღეს დააყრიდა მათ! - თავადაც
გაწყრა გრემელი დარბაისელი მოქალაქე. - ჰაი დედასა! უენობა რომ არ
უშლიდეს, ეტყოდა საკადრისს ამ „კალთადაკარგულებსა და
ულვაშშერცხვენილებს“… მაგრამ ახლა უენობამ უსიამობა უხმოდ
უნდა აყლაპინოს!..
ამ დროს ვიღაც დედაკაცი მოადგა თაროს და ორთქლის ქანდარაზე
მყოფთ რუსულად რაღაც დაუტატანა. ბერებმა იღლიაქვეშ ამოიჩარეს
ცოცხები და ქანდარიდან ფაცხაფუცხით ჩავიდნენ. ახლა დედაკაცები
შემოესივნენ ქანდარას. ეს კი მეტისმეტი იყო, მასხარადაც თუ იგდებენ
გრემელ ხელოსანს…
- სად მოხვალთ, თუ იცით! - ზეწამოიჭრა ჯაბა… მაგრამ ფეხი ვერ
მოიკიდა გალიპულ ძელზე, ჩასხლდა და ქანდარის კიბეზე ზღართანი
მოადინა… გობურებსაც ფეხი წაჰკრა… აბანოში ერთი ხრიალ-ხრიალი
შეიქნა… მიჯრით მავალი ქალები დადრკნენ და გაშხვართულ ჯაბას
თავს წაადგნენ. ახლა ისინი სულ ნათლივ ჩანდნენ გაწითლებულ-
გასაპნულები… ზოგს თმა წინ შუბლზე დაეკოსებინა, ზოგს კი სველ
ნაწნავებად ჰქონდა ყელზე ჩამოყრილი… მაგრამ ყველას კი ჯვარი
ეკიდა მკერდზე… ამ ძეწკვების ქვევით კი… ინამუსა და თვალი აღარ

188
ჩაუყოლებია ჯაბას… დედაკაცებს შორის ღრმა მოხუცებიც იყვნენ. ეს
კარგად შეამჩნია წაქცეულმა… მით უფრო, რომ აბანოს კარიც ღია იყო
და იქიდან სხივი და გრილი შემოდიოდა. თითქოს მაშველიც იქიდან
მოუვიდა - ვიღაცის ბრაზმორეული ბოხი დაგუგუნდა აბანოში,
ყველანი აირივნენ… უტიეს ჯაბას ცქერასაცა და ბანაობასაც… ჯაბამაც
იდროვა, უხერხულად წამოდგა, წინ გობური იფარა და ისევ თავის
ძველ საფარს - ზედა ქანდარას შეეხიზნა. აქედან კი უკვე სულ მკაფიოდ
შენიშნა, ღია კარში ტანჩაცმული ბერი იდგა და მობანავეთ შოლტით
გარეთ ერეკებოდა. ტკაცუნზე და შეკივლებაზე ნაამები გრემელი
მიხვდა, რომ შოლტი დედაკაცებსაც ეწვნიათ უწვნევ ადგილზე.
ბოლოს ყველა რომ გაიკრიფა, ჯაბამაც შვებით ამოისუნთქა და ის
იყო ჩამოსვლას აპირებდა, რომ შოლტიანი ბერი ახლა ჯაბას მოეტანა
და ქვევიდანვე უსუსხა შოლტი. ჯაბა დაჭრილი ვეფხვივით წამოვარდა,
ბერს ხელში მოდებული გობური სტყორცნა. წელში უწვდინა, ახლა
თავადაც გადმოხტა და ვინ იცის რითი დამთავრდებოდა ბერისათვის
„შოლტის სუსხი“, რომ ტანჩაცმულ ანდრია ჩოხოვს არ შემოესწრო,
წელათრეული ბერი გარეთ არ გაეყვანა და თავად კარში არ
ჩამდგარიყო.
ანდრია იგუდებოდა თავშეკავებული სიცილით, ჯაბა კი გულზე
სკდებოდა სიბრაზით და სხვა რომ ვერაფერი იღონა, დაორთქლილ
სხეულზე ცივი წყალი გადივლო, გობური ქანდარაზე სტყორცნა და
რიყეზე გავარდნილ თევზივით აქოშინდა.
ხოლო ცოტა ხნის შემდგომ, ტანს რომ ჩაიცვა და დიდ დერეფანში
გავიდა, საოცარ სურათს წააწყდა… ხატების კუთხეში ბერები და
ქალმონოზნები ურთიერთ გათიშულად იდგნენ და მხურვალედ
ლოცულობდნენ… იქვე იდგა მათი გამშოლტავი მოძღვარიც.
- ღმერთო, ნუ გადამრევ! ბერ-მონოზნები არ ყოფილან…
ერთიანად… ქალ-კაციანად?! - და ჯაბა ანდრიასთან
დაუმშვიდობებლად გაიქცა საერთო აბანოდან.
თავისი აღშფოთება ზოსიმე ბერს შესჩივლა ჯაბამ, სხვას კი არვის
გაუმხილა.
- ეჰ, ჯაბავ ჩემო… 1551 წლის რუსული საეკლესიო კრების
დადგენილებათა „ასთავში“ საგანგებოდ აკრძალულია ბერ-მონოზან,
მამათა და დედათა ერთად განბანვა… მაგრამ ჩვეულება რჯულზე
უმტკიცესია… მას აქეთ ოცდათხუთმეტი წელიწადია… ოღონდ ჯერაც
ვერ მოუშლიათ ძველი ჩვევა… ამიტომ გამოუყრია ისინი მოძღვარს!
განა ჩვენში კი ცოტაა ისეთი ჩვეულება, რომელიც რუსს გააოცებს?..
დაწყნარდი და დაივიწყე ეს შემთხვევა!.. - არიგებდა ჯაბას ზოსიმე.
თავისათვის კი ვერც ივიწყებდა და სხვა შემჩნეულ საოცრებათ ამასაც
უმატებდა… „ბოიართა და დიდვაჭართა ქალები ფატას ატარებენ,

189
მაჰმადიანთა გვარად, არსად იშორებენ პირსაბურავს. გარდა
საყდრისა… სახეს არავის უჩვენებენ. აბანოში კი ერთად ბანაობს
ხალხი… ქალკაცი, დიდ-პატარა, ბერ-მონოზნებიც კი!.. სულ სხვა
სამყაროა… სულ სხვა! ურთიერთს გათიშული… და მაინც ძლიერებით
აღსავსე… საერთოდ „ოცნებათა და საოცრებათა სავანე“, ჩვენთვის კი
იმედის ძირი“.
მოლაპარაკება კი კეთილად გვირგვინდებოდა.

XXI ალაზნის თოფი


რუსეთიდან არავითარი ჩამიჩუმი არ ისმოდა. ზოსიმეს ელჩობა
თითქოს ჩაყლაპა ჩრდილოეთმა.
დრო კი ვიდოდა… დაიზამთრა და გაიგაზაფხულა კახეთმა,
ზაფხულიც ჩამოდგა. უკვე ერთ წელსაც გადასცდა. ყველა უშორესად
დათქმული ყავლიც კი გადაცილებული აღმოჩნდა. თურქთა და
ირანელთა უფრო გვიან წასული ელჩები, რაღა თქმა უნდა, კარგა ხანია
ჩაღწეული იქნებიან თავთავიანთ სატახტოებში. ალბათ ისევ
გრემისაკენ დაიძრნენ ახალი მუქარებითა და მოთხოვნებით.
ჩრდილოეთიდან კი სდუმს ცაში ზვიადად შემდგარი კავკასიონი და
იმის იქითა ქვეყანა ჯერ ისევ „კრაზანების ბუდედ“ ევლინება კახეთს
და არა „იმედის ძირად“.
„ნუთუ მოსკოვი გაცილებით შორსაა სტამბოლსა და ისპაჰან-
თეირანზე?“ - ჩათხრობით ფიქრობდა კახთ ბატონი და ეს ფიქრი
სხვადასხვა ფერად წვეოდა საფეთქლებზე, კეფაზე თუ შუბლზე. ზოგან
თეთრ აბრეშუმად მოდგებოდა, ზოგან ნალისოდენა მელოტად, ზოგან
ახალ ნაოჭებად და ფითრად.
ჩრდილოეთის რაიმე ნათელის იმედით ჩახლართული კვანძები
ახლა ხაფანგების სახეს იღებდნენ და მის გამკვანძავს ყველაზე უფრო
ემუქრებოდნენ. და ისევ არსაით ჩანდა ნათელი… მაინც ამ ბოლო
დროს კახთ ბატონს შიგნითაც აეფუნგა საქმე. გარე ლეკიანობას ვინ
ჩივის, შიდა გლეხთა შორის შეიქნა შფოთი… ჯორჯაძიანთა და
ენდრონიკაანთ ძნები გადასწვეს… მაყაშვილებს საქონელი დაუჩეხეს…
აბელიშვილებს ზვარი გაუკაფეს… შირაქში ჩასულ თუშებს ცხვარი
დასტაცეს და მეფის მწყემსებს მიუგდეს… ჯანდიერ-მოურავები
თავქუდმოგლეჯილნი დაბორიალებდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ
გაარკვიეს. დიდთავადები კი ერთხმად სამართალსა და ანაზღაურებას
მოითხოვდნენ, ან ხელთავისუფლებას შინა ლეკიანობის წინააღმდეგ…
ალექსანდრემ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ეს ხელთავისუფლება და
თავად არკვევდა საქმეს. ვერ იქნა და ვერ მიაგნო, ვისი ხელი ურევდა.
ყველაზე უფრო მაინც თუშების ცხვარის მოტაცებამ გააკვირვა:

190
- ვიღაც ბარის გარდა ქართულ მთის გადაკიდებასაც მიპირებს! არ
გამოუვა ეს, არ გამოუვა! ვინც არ უნდა იყოს, მივაგნებ! და მრავალ
მსტოვრებსა და მაცნეებს აგზავნიდა ამ შინა ლეკიანობის გასარკვევად
და აღმოსაფხვრელად.
ერთ დღეს კი ორი საჭოჭმანო საქმე დაემთხვა ურთიერთს. ჯერ ერთი
და ქედში ისევ მოჰკლეს ახლად გამწესებული მოურავი და მეორეც
სრულიად მოულოდნელად ნუგზარ არაგველი ეწვია კახთ ბატონს.
ქედში ჯანდიერი აფრინა ალექსანდრემ, სასტიკი ძიება უბრძანა,
სოფლის თავკაცების შეპყრობა და გრემში მოგვრა. თავად კი ნუგზარ
არაგველი იწვია. ისევ ბაღში მიიღო. „ცრემლის ავაზნის“ ტალავარში
ორთა სუფრა გააშლევინა.
ქვის ირმის თვალთაგან ძველებურად სდიოდა ცრემლის წყარო.
ავაზანში კალმახები ცურავდნენ. თალარზე შემსხვილებული ისრიმი
ეკიდა. ყველაფერი ისევე იყო. ოღონდ მათთან არ იყო ზოსიმე ბერი და
არც იცოდა ალექსანდრემ, მობრუნდებოდა კია მისი სიყრმის
მასწავლებელი, მოწიფულობის მოძღვარი და თანამდგომი, მომავლის
იმედის შორეული მაძიებელი.
- ნუგზარ ჩემო! ამ ადგილზე ცხრა წელია აღარ შევყრილვართ…
ირმის თვალთაგან რამდენმა ცრემლმა ჩაიარა!
ნუგზარმა ზურგს უკან თითებზე ჩამოთვალა წლები. „მაშინ
ქრისტეით 1578 წელი იყო, ახლა 1587 წელია“.
- ჭეშმარიტი ბრძანებაა, კახთ ბატონო! ცხრა წელია, ქართლში რომ
ვაპირებდით ლაშქრობასა!.. და მაშინ ზოსიმე ბერდიდიც აქ
გახლდათ… მაშ… აღარ ჩამოდგა ბორბალოს ქვაბიდან, სულ აგვაღო
ხელი? - სხვათა შორის იკითხა ნუგზარმა.
- აბა ხომ… ბერობისა და ღვთის საქმეს აგრერიგად ვერ
გაითვალისწინებს კაცი… თუნდაც მეფე და თუნდაც ერისთავი! - კახთ
ბატონმა განზე ჩაუტარა საუბარი და სხვაზე გადუწია სიტყვა, მაგრამ
ნუგზარი ისე იყო გართული თავისი ზრახვებით, რომ გულის მიღმა
დარჩა ეს „განური“. ორივემ შორი და ზოგადი ამბები წამოიწყეს. ბევრი
ჭამეს, უფრო მეტი სვეს.
ბოლოს ნუგზარმა საუბარში სხვა კილო გაატარა:
- ყმები შფოთს მიწყობენ მთისა და ხევის თავისნება თემების
წახედულობით… საბატონოსა და საპატრონოს მიჭერენ… ზოგნიც
მთაში გამირბიან!
- კახეთშიაც ვატყობ ამის ნიშნებს, - დაუდასტურა ალექსანდრემ. მან
უკვე ინიშნა და უმცდარად იცოდა, რა სწადდა ნუგზარს… ეს
არაგველის მუდმივი, გულმიბორკილი მიზანი იყო - მთისა და ხევის
მფლობელობა. ამასვე სთხოვდა წინათაც - აქვე, ამასვე სთხოვდა
თელავში შარშანწინ. და არც გასაკვირია, ახლაც რომ იგივე ითხოვოს.

191
მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა? კახთ ბატონმა ფერდარბაისლური
ქულაჯის კალთაზე შემოდოინჯებულ ნუგზარის დიდ ხელს შეხედა:
„ეს ხომ არ არის ხელი ამრევი? შინა ლეკიანობის მთესი?“
- მეც გამითამამდნენ გლეხები. ალბათ გაიგებდი, ქიზიყში ამბოხი
მომიწყვეს! - შორს ნაზომად იცრუა ალექსანდრემ, - ბოდბის ხევში
ეკლესია გამიტეხეს, დიდთავადებიც დამიზარალეს.
ნუგზარმა გაკვირვება გამოთქვა:
- ეს შემთხვევები არ გამიგია… ნუთუ?! მაშ მარტო ჩემთან არ
ჩამოგესლილა მთიდან ურჩობა?!
კახთ ბატონმა კარგად შეაფასა ნუგზარის „ეს შემთხვევები“ - მაშ,
„სხვა შემთხვევები“ კარგად მოეხსენება არაგვის ბატონს, - გაიფიქრა მან
და უფრო გაუფინა ბადე:
- თიანელნი გამიურჩდნენ ყველაზე უფრო, არაგვიდან ხომ არ
გადმოედოთ? მოურავები მომიკლეს… ასე გასინჯე… არაგვზე ალბათ
გამოვიდოდა ეს ხმაც?
ნუგზარი ოდნავ შეყოყმანდა. ეს ეჭვიც იყო და თითქოს არც იყო ეჭვი.
- მოურავის სიკვდილის შესახებ მსმენია, მაგრამ მოურავებისა, ისიც
თიანეთის, არაფერი არ ვიცი.
ალექსანდრეს მეტი აღარც სჭიროდა ძიება. არაგვიდან დაშორებულ
ქედში წუხელ მოკლულ მოურავის ამბავი ჯერ კახეთშიაც არ იცოდა
არავინ, ხოლო არაგვს მისი ცოდნა გარკვეულ შუქსა ჰფენდა ამ
მკვლელობას.
- ერთად ვიღონოთ რამე, ბატონო, ურჩების წინააღმდეგ. ამად
მოვსულვარ! - უფრო ბეჯითად განაგრძო ნუგზარმა, - ცხრა წლის
წინათ მუხრანზე დამპირდი საარაგვოს საზღვრის დებას… არ
გაგვიმართლა, სხვა მდგომარეობა შეიქმნა და არა მითქვამს რა. ახლა
მუხრანის საზღვრებს ადვილად მივიღებდი სხვისი ხელიდან, მაგრამ
არა მსურს რა თქვენი ხელის გარეშე და მით უფრო თქვენი მომავალი
მოყვარე-მძახლის შევიწროებას ვით ვიკადრებდი?! - დინჯად,
დალაგებით შლიდა ბაასს ნუგზარი.
„ყველაფერი მოფიქრებული, წინასწარ ნავარაუდევი აქვს, - შეატყო
კახთ ბატონმა, - მუხრანის ადვილად მიღებაც ქართლის მეფისკენ
გადადგომის ფარული მუქარაა. ჩემი მომავალი დამძახლება აშოთან
მუხრანბატონთან უკვე სცოდნია. ახლა ხევს მომთხოვს დასალაშქრად,
საბატონებლად. ჩემი თანხმობაღა უნდა, თორემ ლაშქარი უკვე მზად
ჰყავს, გაბრუნდება და უმალ მუზარადს დაიხურავს“, - უსმენდა
ნუგზარის მარაგიან ბაასს და ნაჭუჭს აცლიდა, გულს უშიშვლებდა
ნუგზარაული კაკლის გორებას.
მაგრამ ალექსანდრეს ხევი და მთა თავისუფალი ერჩია და სჭიროდა
ჯერ ერთი, თავად ნუგზარის საწინააღმდეგოდ… ისედაც გოროზობდა

192
არაგველი, ხოლო „მთის ბატონი“ ხომ სულ არ მოუდრეკდა თავსა და
ქედს ალაზნის ბატონს. გარდა ამისა, ახლა იქნებ ღმერთმა ინებოს და
ჩრდილო ელჩები მობრუნდნენ რუსეთიდან. ჰოდა, ვიდრე საშამხლო
ურყევად დგას, ერთადერთ გზად დარიალის კარი იყო წარმოსადგენი.
ნუგზარი კი განაგრძობდა:
- შარშანწინ თელავს თიანეთი და ერისთავთ ერისთავობა
შემომთავაზე, მწყალობელო ბატონო, მაგრამ შინაწესების სხვაობამ
ხელი შეგვიშალა. ახლა ირკვევა, მოურავობას ვერ შესძლებია გლეხთა
ურჩობის მოტეხა.
ნიშნად თანხმობისა თავი დახარა კახთ ბატონმა. „გასაგებია… აი სად
გამოჩნდა შიგ ამრევი ხელი… დამოკლება უნდა ამ ხელს, დამოკლება!“
- ალექსანდრეს სწრაფი მოსაზრება აქ კი გამოადგა:
- მაშ ხევია შფოთისა და ურჩობის ბუდე?!
- დიახ, კახთ ბატონო, ეგრე გახლავთ!
- უნდა დაილაშქროს, მაგრამ მე არა მცალია - თიანეთს მომიხდება
წასვლა, - და პირდაპირ შეხედა ნუგზარს.
- ამ თქვენს სამსახურს მე ვითავებ… ჩემზე იყოს. ურჩებს თავს
მოვადრეკინებ თქვენ წინაშე, ხევ-არაგვის გზასაც დავიკავებ. თქვენს
სამსახურში მუდამ მიგულეთ! - სიამე ვეღარ დაფარა ნუგზარმა და
ულვაშებზე ფართოდ გადაისვა… „ამრევი ხელი“, - გაიფიქრა
ალექსანდრემ, - „ადრე ისვამ! იქნებ საწიწკნი გაგიხადო…“ მას უკვე
ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა, მაგრამ ყოყმანი მაინც დაიმჩნია:
- ნადირობას ვაპირებ ამკვირია. ვინადიროთ, მოვისაუბროთ.
დავთათბირდეთ… თქვენი ვაჟი ბაადურიც ვიწვიოთ.
- დიდად გმადლობთ, მეფევ ბატონო, - სიტყვის სარჩულიც
თავისებურად გაუგო ნუგზარმა, - ვაჟს გაახლებთ. მე კი…
მოგეხსენებათ მთის გზა, სამზადისი…
ბოლომდე უთქვამ-ნათქვამი შეთანხმება მიღწეულ იქნა. მაგრამ
ალექსანდრეს ახლა მთის ლაშქრობის დროის გაგება სურდა.
- როდის მაწვევთ ბაადურს, ჩემს ერეკლეს გაეხარდება!
- ხვალვე, ბატონო!
- მაშ შენს თავს ნუ მომაკლებ ვაჟის მოსვლამდე…
ნუგზარმა თავაზიანად ხელ-მკლავი გაშალა და თანხმობის ნიშნად
თავდაუხრელად გადრიკა კისერი. ასეთ სალამს მხოლოდ იგი
უბედავდა კახთ ბატონს.
ნუგზარი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო თავისი
ფანდების ძალაში, მაინც მეტ წინააღმდეგობას მოელოდა კახთ
ბატონისაგან. „გლეხთა ურჩობის მეტისმეტად შეშინებია… ხოლო
ჩრდილოეთთან კი მართლაც უბრალო ვაჭრობის ანგარიშები ჰქონია,
თორემ ასე ადვილად არ დამყვებოდა ამ გზის პყრობაზე!“ - გაიფიქრა

193
მან. მართალია, მის ვაჟს - ბაადურს „იმძევლებდა“ კახთ ბატონი, მაგრამ
ეს მძევლობა ხევში ნადავლის წილში დგომად ესახებოდა ნუგზარს.
მესტუმრეებმა ნუგზარი რომ საამო სადგომში მოასვენეს,
ალექსანდრე მაშინვე თავისი საწოლიდან საიდუმლო სავალით
დილეგს გავიდა. ქედიდან მობრუნებული დავით ჯანდიერი უკვე იქ
დახვდა.
- რა გაარკვიე?
- ვერაფერი ბატონო, მოკლული ხანჯლითაა ზურგში. შიგვე ჩარჩენია
მტარვალს, სოფელი უარზეა.
- ვინ მოიყვანე?
- ოქრო პაპა, ხოსიტა შილდაური, ხაპრო ყანდარელი, კაკა მეველე და
მაჩუჩა, ქოხსალამურად წოდებული.
- ხანჯალი მაჩვენე…
დავითმა თახჩის ჯეჯიმი გადასწია, სოფლის თოფი და სატევარი
მაგიდაზე დასდო. მეფემ სატევარი ყურადღებით გასინჯა. დიდ
სამღარიან სატევარს შემხმარი სისხლი ახლაც ემჩნეოდა ღარებში.
- კახურ ნაჭედობას არა ჰგავს! - დაასკვნა მეფემ და დავითს შეხედა.
- არა, ბატონო, არა ჰგავს.
- სად არიან, მომგვარე, - აქეთ-იქით შეაბრუნა სატევარი,
თავჩახრილად ჩაზომა და ჩაფიქრდა: „ხევსურულსა ან არაგვულსა
ჰგავს… გული არ მატყუებს - ნუგზარის ხელობაა!“
თავი რომ ასწია, მის წინ ხელშებორკილი და თავშიშველა ქედელები
იდგნენ.
- ხევსური არის ვინმე თქვენს სოფელში ან მეზობლად? - ყრუდ
ჰკითხა კახთ ბატონმა.
- არა, ბატონო, ჩვენ სოფელში არა. ალაზნის გაღმა, ვარდისუბანში კი
გახლავთ - ბახუტა ჭინჭარაული… აი სწორედ იგი, თქვენ რომ მაშინ
იახლეთ ფუძის ანგელოზობაში, - ოქრო-პაპამ სიტყვა გასწყვიტა, თავიც
დახარა.
- მაშინაც მოურავის საქმეზე, - ფიქრიანად ჩაუდასტურა
ალექსანდრემ და ახლა ჯანდიერს მიუბრუნდა, - გაგზავნეთ!
ჩამოაყვანინეთ!
- ნუ ინებებთ, ბატონო! ამ საქმეში არც ჩვენ გვიდევს ბრალი… ის კი
სულ ბაიბურ-არაფერშია.
მაგრამ ალექსანდრემ ყური არ ათხოვა ოქრო-პაპას ნათქვამს.
- უცხო, საეჭვო ხომ არვინ გინახავთ თქვენს სოფელთან? - კვლავ
შეეკითხა და ქედელებს შეაჩერდა… არა, არ იყვნენ დამნაშავენი, ამას
აშკარად გრძნობდა ალექსანდრე, მაგრამ ახლა ეს არც აწუხებდა კახთ
ბატონს, სხვაგან იდო მისი ფიქრი და აზრი.
- არავინ გვინახავს, მეფევ ბატონო… ცოდვას ვერ დავიდებთ!

194
- არაგველი განა არ გინახავთ ახლომახლოში? - ისე ჩაეძია, თითქოს
მას თავად ჰყავდა ნანახი არაგველი ქედის მახლობლად.
ყველანი სდუმდნენ. კაკა მეველემ ჩაახველა:
- თუ ნებას მომცემთ, ბატონო და… აი ზემო არაგველი არა და…
ერთი ჟინვანელი კი ვნახე… სამი დღის წინ… ალაზნის პირას… ცხენი
ეყიდნა კახეთშია.
- არის საბუთი! - ენიშნა მეფეს, - არაგველი და ჟინვანელი რამ
გაარიგა? მერმე?
- ჰოდა, მეტი არაფერი, ჩვენო ბატონო მბრძანებელო! ოქრო-პაპა კი
ამბობს - არ არის საბუთიო!
- აგრე, მოხუცო?
- აგრე გახლავთ, მეფევ ბატონო! არ არის საბუთი! არც ჩვენ ვართ
დამნაშავენი, მაგრამ იმ ჟინვანელზეც ვერაფერს ვიტყვით!
- ეს როგორ არის, პაპავ… შენი საბუთი საბუთია… ჩემი საბუთი კი არ
არის საბუთი! მე და შენ ძველი ანგარიშები გვაქვს, განა ხბოს ტყავი
დაგავიწყდა?! - და დავითს უბრძანა ბორკილები გაეცალა
გლეხთათვის.
- კაკა მეველე ახლავე გაუშვი სოფელში… სხვები კი აქ დარჩნენ…
საქმე მაქვს მათთან, - მეფე წამოდგა და ისევ ქედელებს მოუბრუნდა, -
მეორე მოურავის სიკვდილში თქვენ არ გიდევთ ბრალი… პირველი კი
თქვენს სინდისზე იყოს!
ქედელები დააბნია ასე უეცრად შებრუნებულმა საქმემ. მეფე უკვე
კარის რაფაში იყო, ოქრო-პაპა გონზე რომ მოვიდა:
- სოფლის თოფი, ბატონო?
- სოფლის თოფს მეველეს გაატან, - დავითს მოუბრუნდა
ალექსანდრე, მაგრამ ჩაფიქრდა და თავი შეიკავა, - თუმცა არა… თოფი
აქ დარჩეს ოქრო-პაპასთან! ბახუტა რომ მოიყვანონ… იგი და ოქრო-პაპა
ერთად დამახვედრე აქ!
კახთ ბატონს ყური აღარ უგდია გლეხების დალოცვა-
მადლობისათვის, იმავ გზით, გაბრუნდა და ცოტა ხნის შემდგომ
თავისი სასახლის სამორინო დარბაზში ნუგზარ არაგველს დინჯად
ეთამაშებოდა ჭადრაკს. ერთი ხელი წააგო, მეორე მოიგო… და როდესაც
დარბაზის კარში დავით ჯანდიერი დაინახა, დრო იკითხა და სტუმარს
ძილი ნებისა უსურვა.
იმ ღამეს ერთხელ კიდევ აიარა საიდუმლო სავალი მეფემ. დილეგის
ცალკე საკანში ჯანდიერმა ოქრო-პაპა და ახლად მოყვანილი ბახუტა
ჭინჭარაული დაახვედრა.
- მკვლელი ნუგზარ არაგველის მოგზავნილია. ვერაგული ზრახვები
აქვს, ჩემი და თქვენი გადაკიდება სურს. გულში კი უფრო დიდი
ვერაგობაც უზრახავს. მთისა და ხევის დაპყრობას აპირებს, ხევს უნდა

195
დაეცეს ამ კვირია! ნუ შეჭამთ მის ჯავრს! აი ჩემი ბრძანებაცა: ოქრო-
პაპავ, ბახუტავ, ქედელები აქ ვინც არიან, წაიყვანეთ, თოფის წამალსა
და ტყვიას, სხვა იარაღსაც გაგატანთ. შიოლა ხევისბერს ჩაუტანთ
სტეფანწმიდაში. ამბავიც აცნობეთ ჩემგან. მაგრამ საიდუმლო ამ
კედლებივით უნდა შეინახოთ თქვენცა და იმათაც! - თითი ასწია
ალექსანდრემ, - აქ სხვა თამაშია! რაღაც ახლო დღეობას უფარდებს
ალბათ ნუგზარი, თორემ აგრე რიგად არ აჩქარდებოდა! თქვენ უნდა
დაასწროთ, გააფრთხილოთ. ბრძოლაშიაც ჩაეშველებით, კახელობასაც
არ შეარცხვენთ, ბეხრეკებო! თქვენი ქედმართლობისა და გაქირის
ამბავი კარგად ვიცი, - ხმა ჩაურბილა ალექსანდრემ, თავადაც ჩაიხარა
და ისიც საოცრად დაემსგავსა ამ ბეხრეკებს.
ბერიკაცები სდუმდნენ, დინჯად უსმენდნენ და მიუხედავად იმისა,
რომ ალექსანდრე დადუმდა, მათ იცოდნენ, რომ ბრძანება ჯერ კიდევ
არ დაემთავრებინა კახთ ბატონს.
- პანკის-ბორბალოზე გახვალთ, ოქრო-პაპამ იცის. მახსოვს ზოსიმეს
ახლდა. - ალექსანდრე კვლავ შეფიქრიანდა, თითქოს რაღაც მოაგონდა,
მერმე წარბქვეშ გახედა ოქრო-პაპას, - ზოსიმე ბერი არ შეაწუხოთ,
ქვაბში არ ახვიდეთ! ამის დრო არ არის, მისწრებაზეა საქმე!
ხევსურეთის გზა შატილზე და არხოტიონზე ბახუტას ეცოდინება…
- აგრე, ბატონო, ვიცი მაშა! შველასაც მისცემენ ხევსურნი… ხევში
სამებობაა ამ კვირია… ბეთლემ-სამებობა!
- ჰოდა ხვალ დილა უკვე გზაში უნდა გაგითენდეთ! - დაასკვნა
ალექსანდრემ და ადგა, - სიგელს არა ვწერთ, თოფის წამალს რომ
ჩაუტანთ, დაგიჯერებენ… ამასაც გადასცემ ნიშნად, - და ოქრო-პაპას
სატევრის ხერხისპირიანი შვილაკი გადასცა.
- სოფელში შესთვლით - მკვლელის საძებნელად პანკისს წავედით-
თქო! აბა, ვგონებ ყველაფერი ითქვა, გასაგებია!
- გასაგებია, ბატონო! - მოკლედ უპასუხა ოქრო-პაპამ.
- და ერთიც კიდევ, - ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა და
სარკმელში გაიხედა, - ჩრდილო მხრიდან თუ ვინმე მოვიდა ჩემი
სტუმარი… ერი თუ ბერი… რუსი თუ ქართველი და ნუგზარმა არ
გამოატარა არაგვზე… ერთი ამბის მომტანი თქვენ გადმოიყვანეთ,
თქვენი გზით. დანარჩენები კი მანდ ხევშივე დადგნენ. ჩემს პასუხს
დაელოდონ. შიოლასაც ასე გადასცემთ… თქვენი გამობრუნების ჟამს
ეტყვით მხოლოდ.
ოქრო-პაპამ ბოლომდე ვერ გაწვლილა მეფის ნათქვამი,
გაურკვევლობას კი ვერ ითმენდა მისი მცდელი, მიხვედრილი ჭკუა:
- ამ „ერსა თუ ბერს“, „რუსსა თუ ქართველს“ კი ყველაფერი ვუთხრა?
- მოიარებით შეეკითხა.

196
- ყველაფერი, ოღონდაც! დანარჩენებმა კი არავინ არაფერი არ უნდა
იცოდეს! აი ჯანდიერის სამყოფელში ვართ, გამთქმელს…
- ენისა და თავის დაკლება! - ერთიმეორის სიტყვა შეავსეს ოქრო-
პაპამ და ბახუტამ.
- დასტური! სოფლის თოფი კი თან წაიღე - ახლა იგი ალაზნის
თოფია, მოხუცო! - თოფი თავად გადასცა ოქრო-პაპას და ახლა დავითს
მიუბრუნდა: - დანარჩენი შენზეა!.. უხვად ყველაფერი! ტყვია…
დენთი… სხვა რამ მჭრელ-ბასრი… ცხენ-ხურჯინები… რაც ითქვა!
ერთი სიტყვით ძღვენი ჩინებული… მოხუცების… ქედელ-
ვარდისუბნელის ელჩობა არ შემირცხვინო! თუ ხატობაა… როგორც
შეჰფერის ისე უმასპინძლონ ხალხსაც და ნუგზარ უტიფარსაც!..
მეგობრებს - მეგობრულად, ვერაგს კი ვერაგულად!..

XXII უკანა გზა


აპრილის შუა რიცხვებში დაიძრა უკან კახთ ელჩიონი. უკანვე
მოჰყვებოდნენ ასისთავი ეგნატე დანილოვ-რუსინი და მათე ნოგირინი.
ამჯერად ელჩები მარხილებით მიდიოდნენ ნოვგოროდამდე, სადაც
რუსთ ელჩებისათვის უნდა მოეცადათ.
ზარ-ზინზილაკების წკრიალით მიჰქროდნენ ცხენები და უხვად
დასაჩუქრებულ ელჩებს შორის, კავკასიონისაკენ მიაქროლებდნენ.
აქედან თითქოს ნუგეში მიჰქონდათ, მაგრამ რა დახვდებოდათ იქ,
მთის იქით… ალაზნის პირას, ბორბალოს ძირში. ცივ-გომბორის აქეთ
თუ იქით. და საერთოდ ქართულ მიწა-წყალზე?!
რამდენი ადგილები გამოიარეს, რამდენი რამ ნახეს - საოცარი და
უზომო, უცხო და უნახავი, ზვიადი და მდიდარი, მაგრამ ახლა უფრო
უყვარდათ თავისი სამშობლო, ახლა უფრო აფასებდნენ მის მადლსა და
მშვენებას.
- კაცო, ჩვენში უკვე ნუში და ჭერამი ჰყვავის!
- ტყე იფოთლება, ია და იასამანი სურნელს აფრქვევს!
- აქ კი დახე თოვლსა და ყინვასა! ჯერ მდინარეებიც არ აშვებულან!
ნოვგოროდში კარგა ხანს მოუხდათ შეფერხება. ჯერ ვიდრე ყინული
დაიძვრებოდა და ჩაივლიდა მთელ ვოლგას, მერმე კი რუსთ ელჩებს
ელოდნენ.
სულ საოცარი იყო ვოლგის დაძვრა. ჯერ ტბები მოიფინა ყინულის
ზედა პირმა, მერმე ხრტილები და ბზარები გაიჩინა, ფერი და ნირი
ჩაიმუქა, უძრავადვე დაიქუხა და თითქოს ქვევიდან ამოაწვა
ჯადოძალა, გაცოცხლებული ყინული ყალყზე შედგა, ურთიერთს
შეაჯდა, თეთრი აქლემ-კუზები მოიკიდა. ერთბაშად აიჯაგრა გლუვი
სარკე და წაბმული ჯახანისი და გუგუნის ხმა დაეუფლა სივრცეს. ვეება
ვეშაპივით გაიკლაკნა ყინულის ჩალეწილი სარკე-ტანი. მსხვრევითა და

197
ზათქით დაიძრა… ათასი ხახა დააღო და თეთრ-ცისფერა კრიჭას
ქვევით მოძრავი ჩრდილი და რუხი ააჩინა. ათას კუნძულად
დაჩეჩქვილ ყინულის დაძვრას ლეღმა და ხერგი მოაყოლა
წყალდიდობამ. ვოლგამ თითქოს დაჰკარგა ნაპირები. შეჰყურებდნენ
კახნი ამ დიად სანახაობას და მათი გუმანიც სადღაც ქვევით
მიჰყვებოდა დალანქერებულ ტალღებსა და ყინულებს.
მაისის დამლევს მოვიდნენ რუსი ელჩები. გოდუნოვის გამოცდილი
ხელი იგრძნობოდა ყოველ წვრილმანში. მდიდრულად გამოეწყოთ
ელჩობა. ხალხიც შესაფერისი შეერჩიათ. პირველელჩობდა მაღალი,
ტანადი, შუბლგაშლილი, მრეში-ქერა წვერ-ულვაშით გაწყობილი
როდიონ ბირკინი. იგი არა ერთგზისი ელჩი იყო რუსეთისა შორეულ
ქვეყნებში.
მას მხარს უმშვენებდა პოლონეთიდან ახლახანს დაბრუნებული
სქელი, ოდნავ მხრებაჩეჩილი პეტრე პივოვი. ცხვირნოღა, ჟღალწვერა
მედავთრე სტეფანე პოლუხანოვი, ბერძნულ-თურქული მოენე ივანე
კოლუდალოვი. სხვა მხლებელ-გამყოლნიც ბლომად ჰყავდათ ელჩებს.
დიდი მარაგითა და საჩუქრებით მოდიოდნენ რუსები. ვოლგის
დაყოლებით ყველგან ჰქონდათ მკაცრი მინაწერი. ნოვგოროდს, ყაზანს,
აშთარხანს… ყველგან გამოჩინებულად ხვდებოდნენ რუსქართველთ,
საპატიო თუ დამცველ დიდ ბადრაგს აყოლებდნენ.
აშთარხანში, ვოევოდე ლობანოვ-როსტოვსკის თათბირით, ზღვით
მგზავრობა გადაწყდა, რადგან ხმელეთის გზაზე კულმუხებისა და
კაზაკების ბრბოები დაძრწოდნენ. ნაწილი ამალისა და ბადრაგისა მაინც
ხმელეთის გზით გაგზავნეს.
თედო ბაცაცაისძე ხმელეთით წავიდა, გაეხარდა კიდევაც, თუმცა არ
იფერებდა, მაგრამ ხომალდზე თავს ვერ გრძნობდა კარგად, ღელვაში
გულს ეზიდებოდა.
- ეს ღვიძლი და ნაღველი თუ აქ დავტოვე, არც ჩემი სარგებელია და
არც რუსებს დაუდგებათ კარგი დახლი… მაშ არა და, მარტო
ნაპურჭყალები რა ოხრად მინდა კახეთშია? - იხტიბარს არ იტეხდა,
ოხუნჯობდა, მაგრამ მაინც ხმელეთით სვლა არჩია. გარდა ამისა, მას
დავალებული ჰქონდა, თერგის ნაციხარიდან, სადაც იგი ზღვით
წასულებს მიასწრებდა, ფარულად უნდა გასულიყო საშამხლოში და
ელიმ-შამხალი კვლავ ენახა.
ზღვისგზელებს ავდარი და პირქარი შეხვდათ. გაიტანჯნენ ზღვას
უჩვეულნი. დროის მხრივაც შეფერხდნენ. შიშიცა და ჭირიც ბევრი
ნახეს. მეკობრეებსაც გადაეყარნენ გზაში, მაგრამ კეთილად გააღწიეს.
ყუმის შესართავს რომ ჩასცილდნენ, გაიდარა, ზღვაც დაშოშმინდა.
უმალ გაეხსნათ გული კახელებს. მოსკოვის ყინვების შემდგომ ძლივს
გაითბეს ძვლები, ბოლოს დასცხათ კიდევაც.

198
ზურგის ქარმა სულ გაახალისა შორი მგზავრები. აფრები აუშვეს.
მოღლილ მენიჩბეებს დიდი შეღავათი მიეცა, მხარ-მკლავები მოიშუშეს.
კახელებს ყოველ საღამოს შორით კავკასიონი ელანდებოდათ, მაგრამ
ყოველ დილით ირკვეოდა მათი შეცდომა. და ბოლოს კი ცისა და
ზღვის შეყრის ნაწიბურში ელვასავით დაკბილული ალმასთეთრა
ტიხრი რომ გაწვა, ყველას ისევ მოწყურებული და მოცბუნებული
თვალის კატაბანი ეგონა.
დილით კი კავკასიონი უკვე მკაფიოდ ჩანდა.
კახელები ერთობლივ ამღერდნენ. მღეროდნენ: მიუკარებ
მწვერვალების სიმაღლეზე, ზვიადობაზე… ჩანჩქერების სისწრაფეზე
და ხალისზე… ნისლნამიანი საძოვრების სილაღეზე და ცხვრის
ფარების სიმრავლეზე… ნადირით სავსე, გაუვალი ტყეების ჯავარზე,
ველ-ზეგნების ბარაქაზე… ვენახის სიტკბოზე და დოლის პურის
ხვავზე… დატანჯულ, მაგრამ მაინც მხნე და გამტან ხალხზე…
შემაღლებულ სიმღერის მუხლებსა და მოძახილს მოდიდებულ
ალაზანივით მოგუგუნე ბანი მოსდევდა.
უსმენდნენ რუსები და მრავალხმიანი, შეხმატკბილებული ქართული
სიმღერა ლოცვა-სადიდებელი ეგონათ… თუმც იქნებ მართალიც იყო.
თერგის შესართავში რომ შეაღწიეს და აღმა მისცეს თავი, ახლა
გახალისებულმა ნიჩბოსან-კაზაკებმა დააგუგუნეს რუსული სიმღერა.
ახლა უკვე ესმოდა ზოსიმე ბერს პირველად თერგზე მოსვლისას
გაგონილი უცნობი ძალის სიმღერა. ახლა იცოდა მისი ძირი და
შინაარსი. თავისთვის სთარგმნა კიდევაც, ზაზას ოდნავი დახმარებით:
არა გედები ველად ხმიანობენ
არა არწივნი ცაში გაჰყივიან…
ეს კაზაკები მეფეს შეჰკითხავენ,
თვით იოანეს - მეფეს მრისხანეს:
- რას გვიწყალობებ ჩვენ, რას მოგვიკითხავ? -
- მე თქვენ გაჩუქებთ დიდებულ მდინარეს,
ამაყ თერგს, ნადენს ქედიდან ზღვამდე…
ქედიდან ზღვამდე, ლურჯ კასპიამდე!
ასე მღეროდნენ ნიჩბოსანი კაზაკ-რუსები და ნაჩუქარ თერგს
ქედიდან ზღვამდე უკვე თავისად სთვლიდნენ.
კახელებსაც ახარებდათ თერგის წყალი, ეს ხომ მაინც ქართულ
ქედიდან ნადენი მდინარე იყო.
ივლისის პაპანაქებაში მიაღწიეს თერგის ნაციხარს,
ხმელეთისგზელები, მართალია, ბრძოლით და სრბოლით, მაგრამ
შედარებით უზიანოდ, კარგა ხანია უკვე მოსულიყვნენ.
თედო ბაცაცაისძე უკვე, როგორც მათე ნოგირინი ამბობდა,
თავფეხიანად გადაკარგულიყო თერგგაღმა.

199
რუს-კახელმა ელჩებმა ადგილობრივი მდგომარეობისა და გზების
მოკვლევა იწყეს. ან ტარკა-ყაზი-ყუმუხის გზით უნდა ევლოთ, ან
ჩერქეზ-დარიალის გზით. გადამწყვეტი ბაცაცაისძის ცნობები უნდა
ყოფილიყო, იგი კი არსად ჩანდა.
რუსქართველ დიდი ელჩიონის მოსვლა ელვის სისწრაფით მოედო
მთელ სათერგოს და ათასი ჭორი და მრუდი გაავრცელა. ნაციხარის
ირგვლივ საეჭვო ბრბოებმა იწყეს ხეტიალი. დანგრეულ ყორეზე და
თხრილის თავებზე გუშაგები გაამრავლეს კაზაკებმა. ყველანი მზად
იყვნენ მისაშველებლად.
ერთ ღამეს სროლა მოისმა, სანაოსა და ფონს შუა იყო ამბავი. განგაში
შეიქნა. ჩაშველებულმა კაზაკებმა გააბრუნეს ლეკების თარეში. ფონის
დარაჯებმა მკლავში დაჭრილი ბაცაცაისძე მოიყვანეს, ძლივს
გამოსცლოდა გაღმა ჩასაფრებულ ლეკებს.
თედომ მრავალი ამბავი მოიტანა. ელიმ-შამხალი საიდუმლოდ
იტყობინებოდა, რომ სურხაი-შამხალს ბოლოს გაუგია კახ ელჩთა
ფარული ავლა, ხოლო ახლა მრავალი საჩუქარითა და ელჩ-
დაპირებებით ჩამობრუნება, გზის მიცემა უზრახავს, ხოლო მთაში
ვერაგულად თავდასხმა და ხელში ჩაგდება.
ამ ცნობამ გადასწყვიტა სვლის შემდგომი გეზი. ისევ ყაბარდოს
მთავარს ალკას ჩერქეზს სთხოვეს გზა და რუსთ მეფის სამსახური.
მეფის სიგელი და ბეწვის ქურქი მიართვეს გულგასახსნელად.
ფრთხილად, წინდახედულად, მძევალ-საჩუქრების გზაკვლევით
დაადგნენ თერგ-დარიალის გზას. ალკას ჩერქეზმა თავად გააცილა
რუს-კახელი ელჩები. ძაუგთან კავკასიონს უშუალოდ მიადგნენ და
თერგის ხეობას აჰყვნენ. ჰოი, როგორ არა ჰგავდა ეს თერგი იქ, ქვევით
ჭაობებში ჩახირულ ზღვისპირა თერგს! და თუ იქ შესართავთან
კახელები კვირობდნენ, ახლა რუსებს აოცებდათ თერგის ესოდენი
ზათქი და ჩაბმული ჩქერი.
რუს ელჩებს საერთოდ ახლოდან დანახულმა კავკასიონმაც ზარი
დასცათ. შორიდან მთა თეთრი და ლამაზი ჩანდა… ახლო კი თვალის
მომჭრელი და კლდესაზარელი გამოდგა.
ღამე ჯარიეხში ათიეს მგზავრებმა. ხვალ უკვე დარიალის ვიწრო კარი
უნდა გაევლოთ.
ხვალ უკვე დაქსაქსული და გაწამებული საქართველოს მიწა-წყალი
იწყებოდა.

XXIII სამების ხატობა


ბორბალოს მთასთან რომ აიარეს, ოქრო-პაპამ ხელი მოიჩრდილა და
შორს, მაღლა კლდეს გახედა. ძველი გმირთა სავანე და აწინდელი
ზოსიმე ბერდიდის ქვაბ-სადგომი კარგად ჩანდა.

200
ბევრი უთვალთვალეს მგზავრებმა, მაგრამ ქვაბულში სიცოცხლის
ნიშანწყალი არ იგრძნობოდა. არც სანთლის შუქი ჩანდა ქვაბულის შავ
თვალში, თითქოს სენაკის კარიც დახშული იყო.
- აი დედასა, არ გვეჩქარებოდეს, აბა ამ წმიდა ადგილს ასე აივლიდა
კაცი? რა რჩევა-დარიგებას მოგვცემდა… აზრსა და გულს
გაგვიხსნიდა… თვალს აგვიცრიდა სათნო ხელით! - ოქრო-პაპამ
ბახუტას გადახედა, მაგრამ ბახუტა სულ სხვა ფიქრით იყო გართული.
იგი ისევ თავის ხევსურეთში მიდიოდა, საიდანაც აგერ ოცი წელია, რაც
ბარში ჩამოსახლდა და უკვე ათი წელია, თავის სალოცავშიაც -
შატილის ხატში - არ ყოფილა. ახლა გული უჩქროლავდა ჭინჭარაულს.
- რას იტყვი ჰა, ბახუტავ? ვითომ რომ ავიდეთ, მეტად
დავგვიანდებოდით, განა? - ახლა ქოხსალამურა შეეხმიანა ბახუტას. მას
ქვაბულში ასვლის განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, ოქრო-პაპას
ყოყმანსაც გრძნობდა.
- მეფე ბატონმა ბრძანა, არ ახვიდეთო! - მოკლედ მოსჭრა ბახუტამ და
ცხენი დააწინაურა.
- მართალია! აგრე ბრძანა! - ფიქრიანად დაუდასტურა ოქრო-პაპამ და
ერთხელ კიდევ ჩაიტრიალა აზრის თვალი. თვალები კი სულ დახუჭა
და ცხენს მიენდო. „რატომ ბრძანა! ვითომ… მარტო ჩვენი სისწრაფის
გამო?“ - ათასი ფიქრი და საგონებელი აებურდა ამ ბოლო დროს, ახლაც.
მაგრამ ბერიკაცული გამჭრიახობა ძაფს არ ჰკარგავდა: - ბიჭო,
ქოხსალამურავ! როგორ იძახდნენ გრემ-ბერიკაულ ლექსსა, აი,
აშთარხანში წასვლის შესახებ?
კამეჩს რქები მოსტეხია…
ალაზანი ჩიოდაო. -
ჩერქეზ-ბერძენ-სომეხია
კახეთის ბედს ძიობდაო!..
აშთარხანში აბრეშუმი
გასასყიდად დიოდაო…
ყეენ-ხონთქრის სახარაჯოდ
ოქრო შემოდიოდაო!
უმალ ზეპირად უთხრა ქოხსალამურამ, - მერმე რა?
- არაფერი… ისე!.. დავეწიოთ! - და ოქრო-პაპამ შეუძახა ცხენს. აბა
რომელ „ერზე თუ ბერზე, რუს თუ ქართველზე“ მეუბნებოდა მეფე -
ჩუმად ჰკვირობდა ოქრო-პაპა და ახალი გუმანით გაჰყურებდა ზოსიმეს
ქვაბულს.
- ასე თუ ვიარეთ, სამების ხატობას ვერ კი ავუსწრებთ! - ბუზღუნებდა
ბახუტა და დაღამებისას, ხევსურეთის ყელს რომ გადაადგნენ, გულმა
აღარ მოუთმინა: - ახლავ დავეშვათ… აგერ არღუნის ხეობა! ჯერ რა

201
დიდი გზა გვაქვს… ჰო, ჰო… მუწო… შატილი… არხოტი… კიდევ
კავკასი… მერმეღა გადავალთ ხევშია!
ქოხსალამურა მარგალიტებივით იჭერდა ბახუტას სიტყვებს და
ზღაპრული ხევსურეთის მთა-ხეობებს დაწაფებით გადასცქეროდა.
- ბურსაჭირი და გუდამაყარი საით არის?
- აგერ იქით! - ბახუტამ ხელმარცხნივ გააჩვენა და თითქოს ოქრო-
პაპას უთქმელ შეკითხვასაც გაეპასუხა, - არა, ნუგზარი ასე ვერ
გაბედავს გადმოსვლასა… ჯვარსა და გუდაზე გადავა!
ჩამორჩენილი ხაპრო და ხოსიტა წამოეწივნენ მაღლა ასულთ. გზა-
ბილიკი მარჯვნით, თავყირად ეშვებოდა. ქვევით თავვაკე თხემი -
ველკეთილი მწვანე ფეინდაზად გადაშლილიყო, უფრო მაღლა და
მიღმა აწუნთა და თოვლ-ყინულად შეაბჯრული ომახი თებულო.
პირდაპირ, არწივსიმაღლის თავწამახვულ წვეროს ღრუბლის ფთილა
წამოჰგებოდა. ხეობაში ჩახლართულ არღუნის გაღმა კალთა-ციცაბო
კლდეები ატოტვილიყვნენ, მხრებზე და უბეებში სათიბები შეეგდოთ
და ახალწყება მთების ზღვრები გადაეშალათ. სულ ზემოთ კი,
ღრუბლის ჩრდილის თავზე, ცაში ხერხად შემდგარ ჩაუხებს
მხარმიჯრილი ფერხული ჩაებათ და თითქოს ირხეოდნენ კიდევაც.
თუმც, ალბათ, ღრუბელი იძროდა მათ ძირში. უფრო კი თავად
თავბრუნახვევი ქოხსალამურა ტოკავდა და თვალებსაც აპაჭუნებდა.
ალაზნის ველზე გაზრდილს კავკასიონის მთების სიმაღლე და
ძნელმისავლობა კი წარმოედგინა, მაგრამ ასე უშუალოდ და ახლო
გადასავლიდან დანახული უფრო მაღლებად და ციცაბოებად მოეჩვენა.
ბახუტა ჩამოქვეითდა, ცხენს საძუე ჩაუსწორა, ხურჯინი შეუთანაბრა
და დაკიდებულ ბილიკს ფეხაჩქარებით ჩაჰყვა. ყველანი ასე მოიქცნენ.
საპალნიან ცხენებსაც ცალები შეუსწორეს და ბახუტას ჩაჰყვნენ.
პირველ ნაშვავთან ქვების ნიშად ამოყვანილი წყარო ნახეს. ბახუტამ
ერთი ფიქალი მოიყოლია და თავი მოუმაღლა წყაროს.
- ასეთი წესი არს, წყარო მიცვალებულის სულის სადგომია!
ამ უცნობის სულის სადგომს ხუთი ქვა-ფიქალი შემატეს მგზავრებმა.
ის იყო და ის, მეტი არც გაჩერებულა წინმავალი ბახუტა. მხოლოდ
ყოველი შეფერხებისას გაიძახოდა:
- ასე თუ ვიარეთ… იქაც ჩქარობენ! მოდიან ნუგზარაულნი!
მოსწრებაზეა საქმე! - და ისევ იჩქაროდა.
დაუღამდათ კიდევაც, მაგრამ ხეობაში ჰაიჰარად ჩაასწრეს. ჩელტის
ხიდზე დიდი სიფრთხილით, სათითაოდ გაიყვანეს ცხენები. ქვეშ
არღუნი ჰქუხდა, ხიდი სულ ვიწრო და უმოაჯირო იყო. ხარვეზებში
ნაშხეფები აღწევდნენ შეფრუტუნებულ ცხენებს. მერმე სულ წყლის
პირს ჩასდევდა კლდეში გამოტეხილი სავალი. ტალღების ნატყორცნ
თქორში მიდიოდნენ კახნი. ურთიერთის ხმა-ძახილი არც კი ესმოდათ.

202
უჭირდათ კახურ ცხენებსაც, ფეთებითა და ფრუტუნით ყნოსავდნენ
ბინდბუნდში მოგუგუნე კლდესავალს.
ანატორ-აკლდამების მიჯნაზე განშორდნენ არღუნს და გზანის კალას
გაჰყვნენ. აქ სავალიც უფრო ადვილი იყო.
მთვარე რომ ამოვიდა, ქოხსალამურამ სიზმარივით გალანდა მაღლა
კლდეზე ურთიერთს მისადაგებული, შეჯმუხული კოშკები. ქაჯთა
ციხედ ან დევების სადგომად მოეჩვენა.
- შატილი! - ჩურჩულით აღმოხდა ბახუტას და უფრო აჩქარდა.
ქვის ყორესთან უეცრად შედგა, ხურჯინს თავი მოუხსნა და
კახეთიდან წამოღებული კურატის რქები ამოიღო:
- შატილის ხატო! ჩემო სალოცავო! ათი წლის სანთელ-მარილი და
საკლავ-საწირავი მაპატიე! შენი მადლით მატარე… მე ვიცოდე და ჩემმა
ვაჟკაცობამ! - ცალ მუხლზე ჩადგა და რქები ხატის ყორეზე აღმაწვერით
დაამაგრა.
მხოლოდ ამის შემდგომ თავი ნაპატიებად იგრძნო და თავისი
გვარისკაცის - მგელიკა ჭინჭარაულის კოშკს მიადგა. ყველანი
უსიტყვოდ მიჰყვნენ ბახუტას. აქ - ხევსურეთში ის იყო მათი
მასპინძელი და ბელადი.
მგელიკამ კახელ სტუმრებს მთელი კოშკი დაუთმო, მოასვენა.
უმასპინძლა, მაგრამ არ დადგნენ სტუმრები, გათენებას აასწრეს და ისევ
გზას გაუდგნენ, მგელიკას მოსწრებული ვაჟის ეტიკობით, ხოლო
თავად მგელიკა, ბახუტა და ოქრო-პაპა შეყოვდნენ, შატილიონელ
მოხუცებს ეთათბირენ.
- ხევი თუ დასძლია ნუგზარმა, ახლა აქ დააყენებს სისხლის წვიმას…
გუდამაყარსა და ხევსურეთზე მოდგება რიგი…
- ასე არს! ასე!
სათქმელი მოკლედ თქვეს, უთქმელი ინიშნეს. დასაფარი დაჰფარეს,
დათათბირდნენ. ხევის დაქომაგებაც ერთობლივ ისურვეს. შეყრის
ბორჯალშიაც შეთანხმდნენ და გზა აირეკეს წარმავალთა.
წინ წასულთ მალევე დაეწივნენ, არხოტიონის სოფლები წყალგაღმა
დააგდეს მგელიკას ვაჟი გაუშვეს მაცნედ, თავად კი გადასავალს
შეუდგნენ.
თოვლ-ყინულებში შეუფერხდათ სვლა. გაუჭირდა ცხენებს. ზოგან
მგზავრებმა ზურგით აზიდეს ტვირთი და გრემიდან წამოსვლის
მეხუთე დღესვე თერგის ხეობაში გავიდნენ.
სიონსა და სტეფანწმიდაში ხატობის დიდი სამზადისი დახვდათ.
მიუხედავად ავდრისა და ნისლისა, ყველა ხატობაში მიიჩქაროდა.
საკლავ-საწირავებს მიერეკებოდნენ. სოფლებში არაყს ხდიდნენ, ლუდს
ადუღებდნენ, ქადებ-ხაბიზგინებს და ხორცოვანებს აცხობდნენ. მტრის
თავდასხმის ბაიბურიც არ იყო.

203
კახელების ჯგუფიც ხატობაზე მოსულებად მიითვალეს, არც ვისმე
მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება.
ოქრო-პაპამ თადარიგი დაიჭირა, ნაადრევად არა გაუმჟღავნა რა
ხალხს. სტეფანწმიდაში არც დამდგარა, თავისი ტვირთითურთ
გერგეთისაკენ გაიჩქარა. ეგონა იქ მიუსწრებდა შიოლა ფიცხელაურს,
მაგრამ არც იქ აღმოჩნდა ხევისბერი. ისევ მთას შეუდგნენ კახნი.
სამებაზე ისე ავიდნენ, ნისლს არ გადუყრია, არც საყდარი ჩანდა და
არც მყინვარწვერი.
ახლოს რომ მივიდნენ, ხალხის სიმრავლემ გააკვირვათ. მრავალ
მლოცველთ ნაბდისა და ქეჩის კარვები დაედგათ. სალუდე და
სახინკლე ქვაბები ფილაქნის კერებზე გაემართათ, წივა-ქურთი და
მსხვილი ჩინჩხვარი მრავალ ადგილას ენთო და ხრჩოლავდა. მწე-
დეკანოზები უკვე ამწყალობებდნენ ადრე მოსულთ და ხატის
კურატებს აკვლევინებდნენ დასტურთ.
საკმაოდ მაღალგუმბათიან საყდარ-სამრეკლოს ყორეს თავში მცირე
ხატნიშიც იდგა, იქ უკვე ახალდაკლული საკლავების რქები ჯგროდ და
ხუხულად შემდგარიყო, სიმაღლეში ხატის თავისათვის წაეჭარბებინა.
ცალკე ირმისა და უფრო კი ჯიხვის რქები ეწყო. ეს უკვე მონადირეთა
შენაწირავი იყო.
ყორე-გალავნის შიგნით ტყაპუჭებ თუ ნაბდებ მოხურული მოხუცები
ქვაში გამოკვეთილებივით ისხდნენ და ურთიერთს სიჩუმეში თუ
ძუნწსიტყვაობაში ეჯიბრებოდნენ. გალავნის მიღმა კი ქალ-ბალღები
ყაყანებდნენ და მათი ჟრიამული გაღმა - სტეფანწმიდამდე აღწევდა.
ქვევიდან კი მრავალ ბილიკით სულ აღმა დიოდა და დიოდა ხალხი და
შესაწირავი.
კახელებმა ცალკე გაშალეს თავისი ნაბად-კარავი და დაბანაკდნენ.
ოქრო-პაპამ ხელად გაანაწილა ხალხი. ზოგი ცხენებსა და ბარგს
მიუყენა, ცეცხლის თადარიგიც მიანდო. ხოსიტა ფარულად მოტანილ
თოფ-იარაღსა და და დენთ-ტყვიას მიუყენა გუშაგად. ქოხსალამურა
ხალხში გაუშვა ამბისა და მითქმა-მოთქმის გასაგებად. ხაპროს ფული
ჩაუთვალა და ყოჩის სასყიდლად გაგზავნა.
- ხატობა თუ არის, ხატობა იყოს! არც ჩვენ გვაწყენს სამების ხატ-
მადლი და საკლავი.
ხაპროც, რომელსაც ასეთ დოღგაჭენებულად სვლაში ცოტა ღიპი
შეჰბერტყოდა, უმალ დაეთანხმა:
- კიდევაც… თორემა ხონჯარი და ჩოხის ჩაქებიღა დავრჩი ქვევრის
ჩამტევი კაცი!
ქოხსალამურამ მალე მოუტანა ამბავი:
- ბეთლემს წასულა შიოლა ხევისბერი ხევის დროშის მოსატანად…
არცვინ წაუყვანია და არც წესი ყოფილა იქ ასვლისა… არც

204
ჩამობრუნდება თურმე გვიან ღამემდე… მარტოკამ უნდა ილოცოს
დროშიანად!
ოქრო-პაპამ დინჯად მოუსმინა, მაგრამ სწრაფად და სხვანაირად
განსაჯა… სოფლის თოფი აიღო და ბახუტას მიუბრუნდა:
- წავიდეთ!
- შენ ბორბალოს ქვაბი არ გეგონოს, ბეთლემი გველეშაპის კლდეზეა
განა!
- წელზე უნდა დავიდგათ ფეხი! ჯაჭვის ბოლოს მაინც მივწვდეთ,
თავად ჩამოვიყვანოთ.
- აგრე კიდევ ჰო! - დაეთანხმა ბახუტა და გეზი მყინვარწვერისაკენ
აიღო, მაგრამ ოქრო-პაპამ აქაც უგანა სავალს, ხალხს რომ ეჭვი არ აეღო,
ნისლს გაეფარნენ. მერმე უსწორეს. ჯერ ბილიკი მისდევდა და კარგად
იკვლევდნენ სავალს. უფრო მაღლა კი ბილიკიც ჩაელიათ, ტერფებქვეშ
ახლა უხვად დანამული ბალახი ეფინებოდათ. ჟვავმა ქალამან-პაჭიჭები
დაუსველათ. მალე კლდეზე გავიდნენ. ჩქარობდნენ აღმართზე, ცხარე
ოფლი დაიდინეს, თითქოს ფეხდაფეხ გრძნობდნენ ნუგზარის დევნას.
სულ გაუდარებელ ნისლში მოუხდათ სვლა, მაგრამ ბახუტამ გაიკვლია
გეზი.
გველეშაპის კლდის ძირს რომ მიადგნენ, თვალჩუბინმა ბახუტამ
მარიამწმიდის ჭიუხებში ქვახვარი გალანდა და ამის მიხედვით
ბეთლემის ჯაჭვის ჩამოშვების ადგილსაც მიაგნო.
მაღლა ხსენივით ნისლი იდგა. არაფერი ჩანდა. სულ ხუთიოდ
ადლის ზემოთ უჩინარდებოდა ჯაჭვიც და მისი შეჟანგებული
მარჭვლები ისე იდგა ჰაერში, თითქოს ქვევიდან ზევით ყოფილიყო
აყუდებული.
ოქრო-პაპამ ოფლი მოიწმინდა და ჯაჭვს ორთავ ხელით ჩამოჰკრა,
სადღაც შუა წელში კლდეს მიანარცხა. ამ ნისლით წაბამბულ სიჩუმეში
ზვიადად გაისმა ჯაჭვის ჟღერა.
- ვინ ამოსულა, რომელი ხარ წესის დამრღვევი?! ფიც მადლის ურგო!
- ზევიდან ქვასავით ჩამოვარდა ძახილი.
- ბარის სტუმრები ვართ! აქ ჩამოდი, აქ! საბრძოლო დროშაც წამოიღე!
ჯაჭვი შეტოკდა. ზევიდან ახლა კი ნამდვილი ქვა-ღორღი
ჩამოცვივდა ხრიალით. ოქრო-პაპა და ბახუტა განზე გადგნენ. კისერი
მოეღალათ ზევით მზერით. ქვაცვენა მატულობდა, გაბმულ ტოკვაში
და ჩხრიალში იყო ჯაჭის სახსარი, ბოლოს ნისლში რაღაც დიდი,
ფრთაგაშლილი ჩრდილი გამოჩნდა, რაღაც ბორიალობდა და
წკრიალებდა… ორბის ფრთისა, მაგრამ მერცხლის ჭიკჭიკის მქონე
სულიერი თანდათან ეშვებოდა მაღლიდან.
- რა არის კაცო?! - გაკვირდა ოქრო-პაპა.
- დროშაა ზინზილაკებიანი!

205
ოქრო-პაპამ ახლა კი კარგად გაარჩია. ხევისბერს ჩამოშლილი დროშა
ზურგზე გრძელ ფრთასავით მოეგდო, თავად კი ორივ ხელი
ჯაჭვისთვის ჩაეჭიდა. ზორბა ტანი გაედრიკა, ბანდულებიანი ფეხები
შვეულ ფიქალისათვის გალაჯულად მიებჯინა და გვერდულად
ეშვებოდა. ნისლი აზვიადებდა სანახაობას და შიოლა ხევისბერის
ბეთლემიდან ჩამოსვლას ციდან მოვლენილ სასწაულად აჩენდა.
ხოლო ახლო რომ ჩამოდგა ხევისბერი, პირიქით, მცირე ტანისა და
ხმელ-კაჭაჭა ბერიკაცი აღმოჩნდა. ზევიდან გადმოღერებული კუშტი
სახე და კაუჭა ცხვირი ირაოდ გადმოქროლილ მიმინოს ამსგავსებდა,
ხოლო ჩამოშლილი დროშა მართლაც მოზიდულ ფრთებს ჰგავდა.
ჯაჭვის ბოლოს რომ ჩამოაღწია, კლდეზე მიდგა, დიდი სატევარი
შეისწორა და დამხვდურნი მწყრალად შეათვალიერა:
- ხატის ლოცვის შემშლელთ გამარჯობა არ ეთქმის! რაისთვის
ამოსულხართ? ბეთლემსამების მადლი არ გწამთ-კე? თემის წესი არა
გსმენიათ? ან თოფის ამოტანა აქ ვით იქნების?! - ამ პატარა ბერიკაცის
ხმაში მოსულებმა ბეთლემის ჯაჭვის ჟღერა და ჭედილხმა იგრძნეს.
ბახუტა დადრკა და თავი დახარა, მაგრამ შორიგზითა და ბეთლემის
აღმართით დაღლილ ოქრო-პაპას ბოდიშებისათვის აღარ ეცალა:
- გამარჯვება ჯერ მართლაც არ გვეთქმის, ვიდრე მტერი ზვიადად
მოდის! დავჯდეთ… სიტყვა ვთქვათ… ბარიდან მოვსულვართ,
კახეთიდან!
შიოლამ დროშა ჯაჭვის მარჭვალში გაუყარა, ზედ შეატოვა. თავად კი
წვერი ჩამოისწორა და იქვე ჯაჭვის ძირში ქვაზე ჩამოჯდა. ოქრო-პაპაც
ახლო მიუჯდა, ბახუტა კი ხევსურთ წესით ცალ მუხლზე ჩადგა.
ალექსანდრე კახთ ბატონის ხსენებაზე წამოიწია შიოლა:
- ნიშანი?
ოქრო-პაპამ სატევარი გადიბრუნა და ხერხისპირა შვილაკი დააძრო,
შიოლას მიაწოდა.
- სარწმუნოა! კეთილ სტუმრები ყოფილხართ. რა ამბავი
მოგიტანიათ?
- ავი სტუმრის ამბავი… ნუგზარი მოდის!
არც შერხეულა შიოლა, დაახანა კიდევაც. დინჯად წარმოსთქვა:
- მოვიდეს… დავხვდებით!
მაგრამ როდესაც საქმის ვითარება წვრილად გაიგო, დაჭრილი
ვეფხვივით წამოიჭრა.
- მაშ ამ ხატობას ელოდა ნუგზარი?! ბეთლემსამების ძალაო! - ხელები
აღაპყრო შიოლამ, ბეთლემის ჯაჭვი დაარხია. სატევარი გაიძრო, ჯაჭვს
აალესა და ხმიანად ისევ ჩააგო ქარქაშში.
ოქრო-პაპაც წამოდგა. ნისლი უკვე გადაყრილიყო და შიოლას უკან
მკაფიოდ ჩანდა შორს მაღლიდან ნაკიდი ჯაჭვი. შეტოკებული

206
მარჭვლები ახლა უფრო ხმიანად ჟღერდნენ და არხევდნენ ხატისა და
ხევის საბრძოლო დროშას. ქვეით კი ქედის ბოლოში სამება ჩანდა…
ირგვლივ ჭიანჭველებად ხალხი ეხვია… უფრო ქვევით კი მთელი ხევის
თემი ხელისგულზე იდო.
- მაშ იქ ჯერ არავის არაფერი სცოდნია?! მოუშლელია ხატობა!
- არა გვითქვამს რა! - ახლა ბახუტა გაეპასუხა ხევისბერს, მაგრამ
შიოლა აღარავის უსმენდა, იგი ბეთლემის ჯაჭვზე ალესილ სატევრის
კილოზე იყო.
- თქვენ ახლავ ჩადით… აი იმ ნისლს ჩაეფარეთ… საიდუმლო ასე
უკეთ შეინახება, მეც მალე მოვალ. ღამე კი დარი იქნება, ვატყობ. აბა,
წადით, იქ დამხვდით! - უკვე ბრძანების კილოთი მოუჭრა სტუმრებს
და საბრძოლო დროშა ჯაჭვიდან ჩამოიღო.
უკანა გზაზე ისევ ნისლი წამოედოთ. ერთიანად დაფარა ბეთლემი,
ჯაჭვი თუ ბარის სტუმრები.
სამების კარზე ჩამოსვლისთანავე ბეთლემის სტუმრები ნაბდებზე
მიწვნენ, დაისვენეს. მეტად დაღლილებს პურის ჭამას ძილი ერჩიათ.
სამების ირგვლივ კი ისევ ჟრიამული და ხატობის სამზადისი იყო.
ხალხიც უფრო მომრავლებულიყო, მაგრამ ხევისბერის მოსვლამდე
ერიდებოდნენ დიდ პურადობასა და ცეკვა-თამაშს.
წესით ბეთლემიდან დაღამებისას უნდა წამოსულიყო ხევისბერი.
ღამიანად ჩამოაღწევდა ხოლმე სამებას. სანთლებითა და ჩირაღებით
უნდა შეხვედროდა ღამის მათევარი თემი. ამიტომ ადრე საღამოს პირს
რომ გამოჩნდა შიოლა სამების თავზე, ყველას გაუკვირდა,
ახალგაზრდები ჟივილ-ხივილით შეეგებნენ… ხოლო სამების
გალავანში ჩამჯდარმა მოხუცებმა არც დაიჯერეს ხევისბერისა და თემ-
დროშის ასე ადრე მობრძანების ამბავი, არც დაძრულან ადგილიდან.
ისიც გაუკვირდათ მოწესეებს, რომ ხევისბერს დროშა მაღლა აწეული
მოჰქონდა. არც დაუმწყალობებია ხალხი, მხოლოდ გამარჯვებისა და
კეთილხატობის გადახდის სურვილ-იმედი სცა ხალხს.
გალავანში რომ შედგა ფეხი, ბერიკაცებმა გაკვირვებით გადახედეს.
მაინც ფეხზე წამოუდგნენ… არა შიოლას, თითოეული მათგანი
არანაკლები ხნისა იყო და არც ნაკლებ ხევისბერობას გასწევდა, მაგრამ
თავის არჩეულსა და თემის დროშას წამოუდგნენ მოხუცნი.
შიოლამ თვალი მოავლო რკალად შემომდგარ ბერ-ჭაღარებს და
საყდრისაკენ უხმოდ იხმო. ყველანი გაჰყვნენ.
ქუდმოუხდელად შევიდა საყდრის ბჭეში შიოლა. არც სხვებს
მოუხდიათ გრძელბეწვიანი, მეცხვარული ქუდები.
საყდარში ხუცესი და დასტურ-მსახურები საქმიანობდნენ. შიოლამ
დაითხოვა ისინი და ხევის თავკაცების შემოსვლის შემდგომ კარი
შიგნიდან ჩაარაზინა.

207
მოხუცებს ჩრდილი დაედოთ სახეზე. კედლებიდან და თაღ-
გუმბათიდან ძველი, გამოხუნებული, მკაცრ სახიანი წმიდანები
იცქირებოდნენ, ქვევით კი სიბერისგან წელში მოხრილი მოხუცები
ჭმუნვით შეჰყურებდნენ თავის ხევისბერსა და პასუხს მოელოდნენ.
შიოლამ სამჯერ დაჰკრა საყდრის შუა ფილაქანზე თემის დროშის
ბუნი და ზინზილაკები ააჟღერა.
მოხუცები წელში გაიმართნენ, სატევრებიც შეისწორეს. შიოლამ
დროშა წმიდა გიორგის ხატს მიაყუდა და საკურთხევლის ძგიდეზე
მორთხმით ჩაჯდა. ირგვლივ დალაგდნენ ყველანი და ჩახრილ
თავებით რკალი უფრო შეკრეს. მოკლე და ჩუმი ბაასი გააბეს. წვერების
ცმაცუნზე თუ ეტყობოდათ საუბარი.
არავის არაფერი გაჰკვირვებია, თუ არ უმჟღავნებია გაკვირვება.
- თემის სტუმრები - ბარელები გვაწვიეთ! ხალხმა კი დააჩქაროს
ხატობის სამზადისი. გივარგი, გახავ!
კარის ახლო მჯდომნი - გივარგი და გახა გარეთ გავიდნენ და
როდესაც გახა ხალხს ხატობის სამზადისს აჩქარებინებდა, გივარგი
პატივისცემის ნიშნად თემის სტუმრებს - ახლახანს გამოღვიძებულ
ოქრო-პაპასა და ბახუტას - წყალს უსხამდა, ხელ-პირს აბანინებდა.
კახელებმა ხურჯინები მოიგდეს და გივარგის გაჰყვნენ.
ოქრო-პაპამ საყდარში შესვლისთანავე ქუდი მოიხადა და მოხუცების
რკალის შუა ხურჯინი დასდო. სხვა კახელნიც მიჰყვნენ.
- დაგიფასებთ ამ საჩუქარსა, ბეთლემ-სალოცავი და ხატის დროშა
იყოს მოწმე! - შიოლამაც ქუდი მოიხადა, დროშის ძირში დასდო,
მკლავებზე ჩოხის სახელოები აიკაპიწა და პირველ ხურჯინს თავი
მოხსნა, კახური ტყვია-წამალი პეშვით პირდაპირ ქუდებში ჩაურიგა
ხევის მოხუცებს და წეღან საყდარში თუ ქუდდახურულნი შემოვიდნენ
მოხევენი, საყდრიდან უკვე ქუდმოხდილნი გამოდიოდნენ.
ბოლოს ხევისბერიც გამოვიდა და სამრეკლოდნ მოჯარული ხატიონი
დაამწყალობა. ხვალინდელი სამებობა და სამხატობა წინასწარ
დაუმფარველა. ღამის თევა და დიდი ლამპარ-სამზადისი უბრძანა.
ქალთაც კი მისცა უფლება გერგეთის თავზე, ხატის ტყეში უცულოდ და
უწალდოდ ჩასულიყვნენ, ჩინჩხვარი და ხმელნაცვენი ფიჩხი
ამოეტანათ, ცეცხლი და ჭიაკოკონა რომ მოემრავლებინათ სამების
მთაზე მტერ-მოყვრის მიერ თემის ძალისა და ლაღობის სანახავად.
შიოლამ ხევის ზარი დინჯად სახატობოდ აახმიანა. მთელ ხევს
ბედნიერი ლოცვა-ხატობის განაგისი ამცნო.
თემში სრული სიწყნარე და უშფოთველობა სუფევდა, ხოლო
შებინდებისთანავე მამაკაცები და შეულვაშებული ჭაბუკები ნელ-ნელა
და მოხერხებით ისე გაჰკრიფეს მოხუცებმა, რომ არც ერთ დედაკაცსა
და მოზარდს არაფერი გაუგია.

208
შიოლას ნათქვამი გაცხადდა: წყნარი, უნისლო ღამე გადმოეხურა
ხევსა და მწვერვალებს. ვარსკვლავებით მოღაღანე ცა ანთებული
ჭაღივით იყო გაღმა-გამოღმა ქედების მხრებზე ჩადგმული. მარადიულ
თოვლს სითეთრე დაეკარგა, ახლა იფქლის ფერი უფრო გაჰკრავდა.
მხოლოდ მყინვარწვერის მაღალფერდი კლდე-გველვეპაში იყო
ძველებურად შავრუხი და მოზიდული.
შუაღამისას თემის ლაშქარი უკვე ქაბარჯინას ვიწროებში იყო
ჩამჯდარი. ყველგან იყო დაგზავნილი ჩუმი მაცნე. გერგეთელ და
არშელ თოფოსნებს გვერდში ამოუდგნენ ჯიხვის რქის მშვილდებით
აღჭურვილი სნოველები, შეაბჯრული აჩხოტელები, მარხ სატევრიანი
კარკუჩელნი, მეწინავობდნენ მარდი ცდოველები.
ღამიანადვე ხევსურეთიდან ჩამოუსწრო შატილონ-არხოტიონმა.
თრუსოს მხრიდან ოსებიც ჩამოეშველნენ.
თვით შიოლა ხევისბერი თემის დროშით სტეფანწმიდელებისა და
სიონელების თანხლებით ძირაგზის პირას იყო ცხენ-იარაღით
მოზიდული. აქვე იყვნენ კახელი სტუმრებიც. ალაზნის თოფი ახლა
თემის დროშას დარაჯობდა.
ნაშუაღამევს მობრუნდნენ გადმოსავალზე გაშვებული მზვერავები.
მთის ყელი უგრძნობლად გადმოევლო ნუგზარის ლაშქარს. ჯერ
ფრთხილად ევლოთ, დაყოფილად, მაგრამ სამების გორზე მრავალ
ცეცხლის დანახვისთანავე თამამად შეყრილან. ხატობაზე
უგრძნობლად დაცემის ვარაუდი გამართლებულად ჩაუთვლიათ და
ჯიქურად წამოსულან. მოკლეებზე ძლივს ჩამოასწრეს მაცნეებმა.
ზედაც ნუგზარისანნიც მოიჭრნენ, ვიწროში შემოუშვეს მოხევეებმა და
მერმე ყოველმხრივ ზარი და საგორვები დასცეს. თოფები დაახალეს,
ისრები სტყორცნეს. ჯერ საფარებიდან მისცეს ზიანი. თავიდანვე
შეჰრიეს და შეშალეს.
საგორავების გრუხუნი რომ ჩათავდა, ახლა დროშა ააჩხრიალა
შიოლამ და ცხენი ყიჟინით მიუშვა. ყველანი მიჰყვნენ.
მთაში ნამრავლმა ყიჟინამ და ცხენების თქერმა საგორავების ხმას
გადააჭარბა. ფხაშერეული არაგველები ახლა სულ დაიბნენ. ზურგი
უჩვენეს. მოხევენი მათ დაედევნენ, დაერივნენ, წინ გაირეკეს. ზოგი
კლდეზე გადასჩეხეს, ზოგიც თერგის პირისაკენ მიიწყვდიეს.
ნუგზარის ამალა და აბჯროსნები კიდევ იბრძოდნენ, ვიდრე ცხენი არ
გამოუკლეს ნუგზარს. მაშინ კი ისინიც შეირივნენ, პირი არიდეს
წაგებულ ბრძოლას.
დევნაში დაათენდათ. არაგველები, ჯგუფ-ჯგუფად დაქსაქსულნი,
მთისკენ იხევდნენ, გახელებული შიოლა დროშა-ხმლით უვლიდა
ცხენ-დავლურს და თემის ლაშქრიონს ბრძოლის გეზს უმართავდა.

209
მას შორიახლოს ოქრო-პაპა და სხვა კახნი მოჰყვებოდნენ. თანაც
კარგი ბრძოლა გადაიხადეს. ალაზნის თოფის გუგუნი არა ერთგზის
გაეხმიანა თერგის ხეობას. სატევარი კი არ უშიშვლია ოქრო-პაპას,
გულმა მაინც არ უყო. ბოლოს ქედელი მოიხუცი მიიჭრა შიოლასთან და
გზა გადუღობა:
- გვეყო, შიოლავ ჩემო! ჯავრი არ ვჭამეთ! ახლა ისიც მოვიგონოთ…
ისინიც ქართველები არიან მაინცდამაინც! ახლა ხატის და თემის
გამარჯვების პური ვჭამოთ და ნურც დამძრახავ ამ სიტყვაშია!
შიოლამ ცხენი ყალყზე შეაყენა. ტუჩზე იკბინა, მაგრამ შედგა,
ანთებული თვალები უცბად ჩაიქრო.
- მართალს ამბობს! - თითქოს თემის დროშას გაესაუბრა და ოქრო-
პაპას მიუბრუნდა, - კარგ გითქვამს სტუმარ-ძმობილო! ბრძენი ხალხი
ბარშიაც არ გამომწყდარა! - ხმალი ჩააგო, მხრიდან ჯიხვის რქის
ნამგალა საყვირი შემოიბრუნა, დააძახა, დევნაც გაწყვიტა და
თერგისაკენ გადაჩიხულ არაგველთაც გაცლის გზა უტია.
უკან რომ გამობრუნდნენ, ოქრო-პაპამ თავისი ხალხი მოიკითხა.
ყველანი აქ იყვნენ, გარდა ქოხსალამურასი. აქეთ-იქით ეცნენ, გზის
პირს მასაც წააწყდნენ. თავისი ცხენი ბალახზე მიეშვა და ბრძოლაში
მოკლულ ცხენს ატყავებდა.
- რაისთვის გინდა, კახელო?! - შეეკითხა გაკვირვებული შიოლა.
- თემს საქალამნედ უნდა დავურიგო! - თავაუღებლად მიუგო
ქოხსალამურამ.
- განა აგრე ღარიბები გგონივართ?!
- ნუგზარის ცხენია! ვიდრე ამისი ქალამანი არ გაცვდება, ნუგზარ
ერისთავს ხევისაკენ გული და პირი ვერ უპრიანებს!
- ჭაბუკო, გულის სიბრძნე გქონია! ხევისბერსაც მარგუნე ერთი
საქალამნე, ნუგზარაული! - შიოლა დაქვეითდა. ხანჯლის შვილაკი
ამოიღო და ცხენის ტყავებაში შეეშველა.
ახალგაზრდებიც დაედვნენ და სულ მალე ნუგზარის ცხენი
ლეღვივით გაფცქვნეს. ცხენის თავიც შუბზე წამოაცვეს და ისე
დაიძრნენ უკან.
მალე ნაბოლარა მდევრებიც მოეწივნენ. მგელიკამ ძლივს დასთხოვა
ხევსურები მთის იქით დევნას.
გამარჯვებული თემის ლაშქარი ხატობაზე მობრუნდა. სოფლელები
ზეიმითა და და ლოცვით ხვდებოდნენ. ახალ საკლავებს აყოლებდნენ.
ახალ შესაწირავებსა და ტაბლა-ხონჩებს გზავნიდნენ სამებაზე.
ხატობაზე დარჩენილი ქალ-ბალღობა და ერთობლივ თემის ხალხი
სტეფანწმიდასა და გერგეთს ჩამოეგება მხედრობას. წეს-ლოცვისა და
დამწყალობების შემდგომ ისეთი თავაშლილი ზეიმი და ღრეობა

210
გაიშალა, რომ მისი რიხი სამების მთიდან მთელ ხევს ედებოდა და
თერგის გუგუნს ედავებოდა.
თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა ხატობა. მრავალი ლუდი და არაყი
შეისვა. მრავალი ცხვარ-მოზვერი დაიკლა. მრავალი მწვადი და
ხინკალი, ხაბიძგინა და ხორცოვანი შეიჭამა.
ფარჩხზე გაკრული ნუგზარის ცხენის ტყავი და თავი ხატის და
თემის დროშების ფერხთით იყო სამრეკლოზე გადმოდგმული.
კახელები ყველგან სანუკვარი და სასურველი სტუმრები იყვნენ.
დიდი ჯამ-იერიშებიც მიიტანეს მათზე მოხევეებმა. არცთუ კახნი
დახვდნენ ჯაბნად. ხაპრო ყადარელი სმითა და არაყგამძლეობით
აკვირვებდა ხალხს, ოქრო-პაპა სიბრძნით, ბახუტა და ხოსიტა
სიდინჯით, ხოლო ყველას მაინც ქოხსალამურამ წააჭარბა. ფანდურს
ხელი გაჰკრა, მოხევეებს პირი დააღებინა, ხოლო ლექსიც რომ
დააყოლა, ხომ სულ ყველას დაუხსნა გულის ბჭეები.
…ბედაურს უბარებია…
არ დამიწუნოთ ფერშია,
ნუგზარ ერისთვის ცხენობას…
მე ქალამნობა მერჩია!..
სიმიდან სიმზე, ფანდურიდან ფანდურზე გადაფრინდა „ბედაურის
დანაბარები“, ბაგიდან ბაგეს გაედო, გულში მოხვდა, შეუცინა.
შეუხიცინა. კვინიხამდე აუშალა ლაღობის საღერღელი. ხატიონის
ხალისმა და ხარხარმა მყინვარწვერს უწია.
- ნუგზარს რაღა უთქვამს? ნუგზარ ბედოვლათსა? - მიაძახეს
მოლექსეს. მანაც არ დააყოვნა პასუხი:
ნუგზარი მწარედ ჩიოდა…
მომიკლეს ცხენი-მერანი,
იმის ტყავს აღარ დავეძებ,
ჩემი არ დამრჩეს ვერანი!
ახლა მთელი ხატობა შემოაწყდა ქოხსალამურას. სუფრიდან
სუფრაზე იტაცებდნენ. ხელში აყვანილს დაატარებდნენ.
- თავიდან! თავიდანა თქვი! - გაიძახოდნენ ბერიკაცები და
ახალგაზრდები, გასათხოვარი ქალები და დედაბრები.
- თავიდან მოაყოლე! ჩვენც გაგვაგონე!
ახლა სხვა კილო ჩამოჰკრა ქოხსალამურამ. იგი იშვიათად იმეორებდა
თავის ნათქვამს. როგორღაც თავად იცვლებოდა ლექსი და კილო.
სიჩუმე და გაგონება ჩამოვარდა. მხოლოდ შორს ქვევიდან თერგის
შხუილს თუ შემოახტუნებდა ნიავ-ქარი. ხანდახან ყუროს მხრიდან
ქვაცვენის ხრიალი მოისმოდა, ან მყინვარწვერიდან თოვლის ზვავის
შორეული გუგუნი სწვდებოდა ხატობას.

211
ყოველ ხმასა და ბგერას ხარბად ისმენდა, ისრუტავდა ქოხსალამურას
მახვილი გულისყური და თავისდა უნებურად მისი ნიჭის ფხაში
განცდილად და გაცრილად ლექსში გადადიოდა… კილოში
გაუსხლტებოდა და იყო ასე.
- ხმამაღლა თქვი! ჩვენც გაგვაგონე! - იძახოდნენ უკანანი.
- აცალეთ, ხალხნო! მყინვარწვერმა ჩაუფუჩუნოს, თერგმა
ამოსძახოს… სასულეს ჩამოუდგეს სათქმელი! ახლა სთხზავს განა! -
მიეშველა ოქრო-პაპა, - განა თემის ზარია - შემოჰკრა და დარეკოს!
კაცია, ხალხნო! ძე-ხორციელი!
არა… ქოხსალამურას ლექსი უკვე ჩამოუდგა „სასულეს“,
მოსხლეტაზეა. ხოლო სახელი დაავიწყდა… აი იმის - ცხენის პატრონის!
აი, წეღან რომ თქვა… ასჯერ რომ გაიმეორა!
- ვინ ჩიოდა მწარედ? - ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი.
- ნუგზარი! ნუგზარი!.. მაშ ვინღა?! - შეაძახა ხალხმა.
- ჰოდა, ნუგზარი! - ოდნავ შეკრთა კიდევაც ქოხსალამურა და
ფანდური მისმა-მოსმით აახმიანა. ხალხი გაინაბა.
ნუგზარ, ხევზე რომ ილაშქრე,
დღე გაგითენდა მწარეო…
ცხენი და გული მოგიკლეს,
თავი ტალახში მალეო…
წელზე ხონჯარი შეგაწყდა,
ულვაში მოიხმარეო…
ჯორს შემოუჯექ მეაბჯრეს,
გორს იქით გაიპარეო…
რაც ხევმა შიში გაჭამა,
არაგვს ვერ გაიბანეო!!
- ვერ გაიბანს!.. ვერა! - აერთხმიანდა ხალხი, აჟრიამულდა.
- შენი ჭირიმე, სალამურო! ვაშა, ძმაო! კარგი ვაშა!
თემის გუგუნი თერგს დაედარა, მისი გულუხვობა კი ზვავს.
ქოხსალამურას უხვად მოსდიოდა სირჩები, ძღვენ-მოსაკითხავები. მის
წინ სუფრაზე მრავალნაირ ხორაგისა და დოვლათის გორა იდგა. იგი კი
ახლო-ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, ვერაფერს გრძნობდა… მაღლა
მყინვარწვერს ეტყოდა, გაღმა ყუროს, დაბლა თერგსა და დარიალს.
უკვე მთელი თემის სახელით მეტყველებდა:
სისხლის წვიმების დროსაო,
ნუგზარ ერისთვის დროსაო…
თუ თავის ქება ინება -
ნურც ჩვენი დააკლოსაო!
- ნურც ჩვენი! ნურც ჩვენი! ჩვენიცა თქვას უკლებლივ! - ხალხმა
ხელში აიტაცა მოლექსე და მაღლა ჰაერში შეათამაშა.

212
- სადოღეზე! პირველ ბედაურზე შესვით! - დასჭყივლეს არაყისა და
ლუდის სმით შეღაჟღაჟებულმა მოხუცებმა, - ლექსის ვაჟკაცი ყველგან
ვაჟკაცი არს.
ხალხი ერთობლივ იქით დაიძრა. მედოღენი ნაპატიებ ცხენებს
მოახტნენ და სადოღედ გაემზადნენ.
მგელიკას მოყვანილი ხევსურები აბა რას ჩამორჩებოდნენ. ხელად
მოასხდნენ ყურწალურსულ, კოჭმაგარა ცხენებს.
ერთი ცხენრჩეული ქოხსალამურასაც მოჰგვარეს.
- ჯილდო დათქვით! ჯილდო! - გაიძახოდნენ დოღში გასულნი.
- ნუგზარის ცხენის საქალამნე! - გადასძახა მათ ხევისბერმა.
- კარგია, კარგი! - და ახალგაზრდობა ცხენის ტყავსა სწვდა,
სადოღეზე გამოათრია. აჭრისას ოთხი კარგი შოლტი თავისი
ანაჭრებით გამოვიდა. ზურგის შოლტი შეინახა, სამი კი წყვილი
საქალამნედ დააჭრევინა და საჯილდოოდ წამოაყენა.
დეკა-ღვიითა და მრავალ ფერ ყვავილებით გადახატულ სათიბებზე
ყიჟინითა და ძახილით მიჰქროდნენ გახელებული მედოღენი. ვაკეზე
სისწრაფეში მოხევეები სჯობნიდნენ. უგზოუკვლო სვლაში კი
ხევსურებს არა ჰყავდათ ბადალი. ცალი შოლტი მათაც ერგოთ.
ხატობის მიწურულამდე გაგრძელდა დოღი. ბოლოს „კუდის დოღი“
გაიმართა. ამჯერად იგი ორმაგად ამართლებდა თავის სახელს. ჯერ
ერთი და საბოლოო წასვლის დოღი იყო და მეორეც „კუდის დოღის“
ჯილდოდ ნამდვილადაც ნუგზარის ცხენის კუდი იყო წამოყენებული.
ქოხსალამურამ კიდევ ერთხელ ზედ ცხენზე აიტაცა ფანდური და უკვე
სავსე, ეშხში შესული ხმით დაიძახა:
ომში და ლხინში ნაკვესო,
თემის პირო და ძალაო.
შენს ბედზე იაც დავთესე,
ვარდებიც გაიშალაო.
ის-ის იყო დოღი უნდა დაწყებულიყო, რომ გაღმა სტეფანწმინდის
საგუშაგო კოშკზე ცეცხლი აბრიალდა და ბოლის სვეტი შეაყენა, ყველამ
სიონისა და არშის ციხისაკენ გაიხედა, მაგრამ იქ ჩამიჩუმი არ იყო.
- აქეთ! - წამოიძახა ვიღაცამ და ხალხი დარიალისაკენ მიაბრუნა.
ხეობის თავშიაც კვამლი იდგა.
- ახლა დარიალის მხრიდან?! ქისტები?! - ერთბაშად ახმიანდა ხალხი
და ერთბაშადვე დაჩუმდა. სიტყვა ხევისბერს ეკუთვნოდა.
- რაც ნუგზარს დავმართეთ - უარესს მოელოდეს, ვინც არ უნდა
იყოს! - შიოლამ ისევ თემის დროშა ააფრიალა.
- ცხენებზე! კაცი ქუდზე! - და თავადაც მოახტა ლურჯას, - ვინც
ქვეითად ხართ, მოკლეზე ჩამოდით თერგის პირას! დაგვეწევით, შეყრა
დავითის ციხესთან! თემის ზარიც დაარისხეთ! აბა, მომყევით!

213
შიოლამ თავქვე მიუშვა ცხენი, ცხენოსნები მიჰყვნენ, თითქოს ისევ
დოღი იყო, მაგრამ უკვე სხვა მიმართულებით ზოგნი აქვე
საბალახოებზე იჭერდნენ ცხენებს და უბელოდ გადამჯდარნი თემის
დროშას უკან მისდევდნენ. მთელი ხევი სამების ზარის დარისხების
ხმაზე აიძაგრა და ამოძრავდა.
ხატის ტყესთან რომ ჩააღწია დროშიონმა, შენიშნეს, დარიალის
მხრიდან ცხენი ოთხით მოჰყავდა მაცნეს. მალე შეიყარნენ:
- მტერი დარიალს! კარის ხიდთან მოადგა! უცხო ტომია… ვერ ვიცან!
ჩვენები ხიდის ჩასაშლელად ჩავარდნენ, მე აქეთ გამომგზავნეს -
გულამოვარდნით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჰყვებოდა მაცნე. ოფლში
გაწურული ცხენი კი ცმუტავდა, კვლავ გასავარდნად იწევდა.
- მაშ ხიდს ჩაშლიდნენ? კარგია! ხევისბერმა ახლა უფრო იდინჯა.
ჩამორჩენილთ დაელოდა. ბევრნიც წამოეწივნენ, მათ შორის ხევსურ-
კახელნიც. გზა თავქვე იყო. მანძილი არცთუ დიდი. ხდეს რძისფერ
წყალთან რომ ჩავიდნენ, ხევისბერმა მოზრდილი ჯგუფი ხდის ხეობის
თავში ჩაასაფრა, მეთოფენი და მოისარნი კი თერგგაღმა მთაზე
შემდგარ დავითის ციხეზე წარგზავნა. თავად კი ძირა ჯგუფით
დარიალის კარისაკენ დაეშვა. ვიწროში შესვლისთანავე მოხევენი
სახტად დარჩნენ. კარის ხიდი ძველებურად იდგა. ზედ მტერი
თავისუფლად გამოდიოდა. მეწინავეთ კი უკვე ჩასაგრული ვიწრონიც
გამოევლოთ. მათი თოფებისა და შუბების ბჭყვიალი მკაფიოდ
გამოჩნდა.
- ღალატი! - წამოიძახა ხევისბერმა, - ვინ გამოუშვა? ბეთლემსამების
მადლო და სამართალო!
და ვიდრე მტრის მთავარი ძალა ხიდზე გადმოუსვლელი ეჩვენა,
მათი ცხენ-იერიშით გაქელვა განიზრახა. ხალხი შეაჯგუფა, შეუძახა და
თემის ძალა ზვავად თავქვე, დარიალის ხიდისაკენ დააგორა.
თერგის გუგუნი და თემის ყიჟინა ახლა ერთ ხმაზე ჟღერდა.
ახლო რომ მიატანეს, ერთმა გარემოებამ ყველა გააკვირვა - მტერი
ისევ დინჯად და ბაწარაღებით მოდიოდა. წინ ქვეითნი მოიჩქაროდნენ,
ხოლო სულ წინ - მაღალი, თავშიშველი, გრძელწვერა, შავოსანი
დინჯად მოიბიჯებდა ჯვარიან არგანს.
- ბერი?! - შიოლამ ცხენი უკანა ფეხებზე დასვა.
- ჩვენებია! ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე… ზოსიმე ბერდიდი! -
ოქრო-პაპა ვიწრო მოსახვევში შეძგერებულ ცხენებს არ დაერიდა,
გადაიჭრა და ზოსიმესაკენ ხელგაშლილი გაექანა.

XXIV სამშობლოს კართან


ხვალ უკვე საქართველოს მიწა-წყალი იყო. შფოთიანად ეძინათ
ელჩებს: ქართველებს - ხვალინდელ დღის მოლოდინში, რუსებს კი -

214
უჩვეულო მთებისა და ვიწროების შემხედვარე.
ადრე აიყარნენ. დარიალის პირში ჯანღი დახვდათ. თერგი
დაგუბულ ხმაზე ბუბუნებდა. ჩამოსველებული პიტალოები ტაატა
ნისლში შეტეხილიყვნენ, აზიდულიყვნენ, თავზე დასამხობად
გადმომდგარიყვნენ და რუს ელჩებს კარგად ვერც კი გაერკვიათ, მათ
თავზე სადმე ცა არის თუ კლდის ხარო-გვირაბში „ჯოჯოხეთის გზაზე“
მიაბოტებენ. მერმე აზევდა ნისლი. თითქოს ამ ნისლს კლდეებიც
მიჰყვებოდნენ სიმაღლეში. ბოლოს სულ გაუჩინარდა ნისლი. კლდეები
კი, ცამდე აზიდული, შიშველი კლდეები - შვეულ ვიწროში დარჩნენ და
ცა შავ, პირუსწორ ჩარჩოში ჩასვეს. ამ ვეება ჩარჩოს ხანდახან
ნაპრალები სერავდა. და მაშინ თოვლით და ყინულით დაყურსული
მწვერვალები ზედ თავზე წამოადგებოდნენ ჭიანჭველისოდენა
მგზავრებს.
შუა დარიალში რომ შევიდნენ, მიუხედავად მზიან დარისა, ნოტიო
ჩრდილი ჩამოწვა. თერგის გრუხუნმა ხომ სულ დაუხშოთ სმენა და
საუბრის საშუალება. როდიონ ბირკინი ბეჯითად და ყურადღებით
აკვირდებოდა გარემოს. ეს დავალებულიც ჰქონდა და ბუნებითაც
გონებაგახსნილი კაცი იყო. „აბა სადღა არის ჩვენი ველების
მხარგაშლილობა და უსასრულო სივრცე“; აქ ახერგილი და
მოჯორგილია ყველაფერი… ერთიმეორეზე შემდგარი და
თავდამსხვრეული… პირველყოფილი ქაოსია! სწორედ ქაოსი! აქ
როგორ უნდა იცხოვროს კაცმა? ჰაერიც არ მყოფნის… ჰაერიც! აბა ეს რა
ქვეყანაა?! არა, თერგს სამხრეთით აღარ ვარგებულა მხარე, აღარაფრად
ღირს!“ ჩუმად, თავისთვის ფიქრობდა რუსთ პირველელჩი და ოდესმე
კახელების ნათქვამსა და ნაფიქრს „თერგის ჩრდილო მხარეზე“ თითქოს
უკან უბრუნებდა „ან თერგს რაღა მოუვიდა? ნუთუ ეს ადუღებული
რძისა და კუპრის ნარევი ღვართქაფი სწორედ ის მდინარეა,
რომელზედაც ჩვენ ხომალდებით, ისიც აღმა მოვდიოდით?! როგორ
დავიჯერო?“ - ჰკვირობდა ბირკინი.
მართლაც უჩვეულო გასაჭირი დაადგათ მოსკოველ ელჩებს.
პირველად სულ ვერ შეუგუეს მთას ვერც სვლა, ვერც სუნთქვა.
უმთავრესად კი თვალი იყო დამნაშავე. ყოველი კლდე ეს-ეს არის
წამოსაქცევად ეჩვენებოდათ, ყოველი ქვა-შვავი ჰაერში
გამოკიდებულად, ყოველი ბოგა წკიპზე მდგარად, ყოველი ბილიკი
თითქოს ჩქერში ჩატეხილი იყო და ყოველი ჩანჩქერი მოქნეულ
ხმალივით ეკიდა ზეცაზე.
მაღლა-მაღლა დაძაბული მზერის გამო გული უფრიალებდათ.
ქვევით გადახედვით კი თავბრუ ეხვეოდათ, სული ეხუთებოდათ. ცივ-
ცხელი ოფლი ასკდებოდათ სახე-ტანზე. ვერც სამოსი შეუგუეს,

215
ბეწვქურქეულში სცხელოდათ, გაიხდიდნენ და უმალ
შესცივდებოდათ.
არც ვაკის ოსტატური, რუსული ცხენოსნობა გამოადგათ; ვეღარც
ტანს იმსუბუქებდნენ და ხან ჯიდაოზე გადააჯდებოდნენ ცხენებს და
ხან გავაზე დაუცურდებოდათ უნაგირი.
რუსულ დიდცხნებსაც უჭირდათ სვლა, ხშირად ფეხს იკრავდნენ,
იჩეხებოდნენ შვავ-ხრიოკებში. ვერ იმართებოდნენ ლოდებს შორის
გახლართულ ბილიკებში.
ელჩები ჯერ ჩერქეზულ, მთანაჩვევ ცხენებზე გადააჯდნენ, მაგრამ
რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ - უფრო ვიწროვდებოდა ხეობა, უფრო
მატულობდა თერგის დორბლი და გუგუნი, მით უფრო უჭირდათ
უჩვეულთ. თვალს ვეღარ უსწორებდნენ ვერც კლდე-მწვერვალებსა და
ვერც ლოდებში დაჩანჩქერებულ ღვართქაფს.
ვიწრო ბილიკი კი სულ ბეწვის კიდით მიიწკიპებოდა.
ბოლოს სულ დაქვეითდნენ რუსები. მხოლოდ როდიონ ბირკინი
ახოვნად და ბურჯად იჯდა ცხენზე და არ ჩამოდიოდა, რადგან ზოსიმე
ბერი ჯერ კიდევ იჯდა ცხენზე და ადრე დაქვეითებას ივერთ პირველი
ელჩი ალბათ მთით გაოგნებაში ჩაუთვლიდა მას - მოსკოვის
პირველელჩს. თავგანწირული ჯიუტობით იჯდა და თავისი
ჩერქეზული ცხენის საოცრად მოძრავ ყურებს დასცქეროდა, თითქოს
ყურთა ნიშნით სურდა გზის ავკარგიანობისა და განსაცდელის
შორიახლობის გათვალისწინება. ხანდახან მოსახვევში თვალი
უნებურად ცხენის ყურ-ფაფარს აუცდებოდა და თერგის ფაფარს
ჩაუსხლტებოდა. უმალ დახუჭავდა თვალებს… არა შიშისა, თვალის
მოჭრის გამო.
დაბალსა და ჩასუქებულ პეტრე პივოვს კიდევ უფრო უჭირდა და
ვერც ჰფარავდა არც გასაკვირ დაბნეულობას.
- სად მივალთ? ეს რა ქვეყანაა? ასეთი რა დავაშავეთ ღვთის წინაშე?
მაინც რომ აღარ თავდება… ბოლო სადღა აქვს ამ საშინელ ყირავ-
ტრიადს?!
იგი დიდი ხანია ქვეითად მიდიოდა, ხოლო როდესაც აღმართზე
გული საყელოსთან ამოუჯდა, ხელი ცხენს სტაცა კუდში და აგრე აჰყვა.
ჩერქეზული ცხენი კარგად არჩევდა სავალს, ვეება ლოდებს შუა
ოსტატურად მიმოავლებდა ფეხებს.
- დახე მაგასა? თითქოს ყოველ ფეხზე თვალი აბია! - ჰკვირობდა
პივოვი და თავის აფსიორებულ თვალებზე უფრო საიმედოდ ცხენის
თვალ-ფეხი მიაჩნდა. თავის გამოცდილებას პოლუხანოვსაც
უზიარებდა:
- დერჟის! გამაგრდი, სტეფანევ! ეს, ძმაო, ნოვგოროდის ბაზრობა არ
გეგონოს, კავკასიაა! კუდი მონახე, კუდი!

216
მაგრამ ერთ ადგილზე ბილიკი ფეხქვეშ ჩაუშვავდა მის ცხენს. ძნელი
სათქმელია მეტის დაბნევითა თუ ვაჟკაცობით მოუვიდა პივოვს, მაგრამ
ცხენის კუდს არც ახლა შეუშვა ხელი. ფეხები ლოდებს შუა გაფარჩხა
და დაბარგული ცხენი კუდით დაამაგრა.
- გამაგრდი, პეტრევ! გაუძელ, კუდი არ გაუშვა! - თავისთავი
გაამხნევა, გული და ძალა მოიცა და ცხენი პირდაპირ თერგში
გადაჩეხას გადაარჩინა.
პივოვს მარჯვე კაცის სახელი გაუვარდა. მთაში ნაცადმა სუნჯის
კაზაკებმა ხელად აიტაცეს პივოვის უნებური ნათქვამი და ახლა ყოველ
გასაჭირისას ხელად გავარდებოდა ძახილი:
- გამაგრდი, გაუძელ! კუდი არ გაუშვა, კუდი!
ძახილს სიცილ-ხარხარი მოჰყვებოდა. გაჭირვებაში კი სიცილი,
ჭირის მონახევრის შემდეგ, ყველაზე უკეთესი მეგობარია.
მალე რუსულმა ცხენებმა დავარდნას მოუხშირეს. ჯერ მარქაფა
ცხენებზე გადაანაწილეს ტვირთი. ბოლოს მსროლელებმაც და
მხლებლებმაც მოიკიდეს ცალები. კახელებიც წაეშველნენ. დიდი ჯაფა
დაადგათ კაზაკებსაც, მაინც მათე ნოგირინს, რომელიც მეორეჯერ,
ახლა უკვე დასარჩენად მოდიოდა ივერიაში. აქ „ივერიის მთაშიაც“
თავს უკვე მასპინძლებში სდებდა.
როდიონ ბირკინი კი სდუმდა და ცხენზე იჯდა. არც მაშინ
უმჟღავნებია შეკრთომა, მისი ცხენი ფილაქანზე რომ დასხლტა და
მუხლები დაიტყავა, ხოლო ელჩის წოწოლა ქუდი ფრიალოდან
გადავარდა და აქაფებულ თერგში შთაინთქა.
თავბრუ დაეხვა ქუდდაკარგულს, გაღმა-გამოღმა კლდეები ალმედად
იკეცებოდნენ, თერგი აღმა მიიზათქებოდა, მთის ქარავანი
დაწალიკებით მიიხლართებოდა ამ ქაოსსა და სტიქიონებში შეწეწკილ
ბილიკზე.
არც კახელებს ადგათ კარგი დღე. სამშობლოს ნახვის სურვილით
აჩქარებულთ მალე მოერიათ დაღლა, ხოლო შემდგომ რუსთ
გამყოლებსა და მსროლელთ მთის ხამობა და ხელმარცხობა რომ
მოეძალათ, ისევ მათ - მთის მასპინძელთ მოუხდათ ელჩ-ქარავნის
წინამძღოლობა და მთავარმწეობა.
ბოლოს ბილიკი თერგისა და ფრიალო კლდის შორის გაიჩხირა.
კლდეში გამოტეხილ ნაწიბურს გაჰყვა.
აქ ზოსიმეც ჩამოხტა ცხენიდან. ქვეითად და თავისი ფეხით სურდა
საქართველოს კარის შევლა.
დაქვეითდა ბირკინიც. იგი მუდამ დიდი ყურადღებით
აკვირდებოდა ივერიის პირველელჩის საქციელს, ხოლო მისთვის
უჩვეულო გარემოში მოხვედრის შემდგომ, ხშირად ჰბაძავდა კიდევაც.

217
ბილიკი კი ხაროდ გამოსულ კლდეს ძლივს გაუძვრა ქვეშ და თერგის
ქაფში ძველ ნახიდართან გადაიჩეხა.
აქვე მახლობლად ვიწრო, უმოაჯირო ხიდი დახვდათ, გრძელ
მორებზე ჩელტად დადებული, მიწაწაყრილი ჩინხვარი და ფილაქნები
ეწყო. ქვეშ კი თერგი დიოდა.
რუსულ ბოგირებს შეჩვეულ ბირკინს თმები ყალყზე დაუდგა…
ხიდზე ორი ქურქიანი კაცი ვერც კი აუვლიდა ურთიერთს. აქ კი
ცხენტვირთით უნდა გასულიყო ქარავანი!
ზოსიმემ ბერული ქუდიც მოიხადა, ქართველები იხმო.
- დარიალის ხიდი! სამშობლოს კართან ვართ! აქა მშვიდობა
ყოველთა! - ჯვრიანი კვერთხი დაიბჯინა და ხიდზე ფეხი შედგა.
სწორედ ამ დროს გავარდა თოფი. თერგის გუგუნში კარგად ვერც
გაირკვა, სად გავარდა, ან ვინ ისროლა. მაგრამ გაღმა კლდის თავზე
შეფარული საგუშაგო კვამლში რომ გაეხვია, გასაგები გახდა.
მერმე ისარი დაესო შუა ხიდს, თითქოს სავალი შეჰკრა.
დაწალიკებულ ქარავანში ჩავარდა. რუსებმა იარაღზე იტაცეს ხელი.
გაღმა საგუშაგოზე ახლა ცეცხლის კოცონი აბრიალდა, მაღალი სვეტ-
კვამლი აიბა. ხუთიოდ კაციც ჩამოხდა და ხიდის კოჭებს ცულდაცულ
ეცა.
ზოსიმემ უჩვეულოდ აიჩქარა, შუა ხიდზე დასობილი ისარი
მოთხარა, გაღმა გაიტანა:
- ქართველები ვართ! ქრისტიანები! მშვიდობა მოგვიტანია! - ისეთი
მოწოდებრივი ხმით გადასძახა, თითქოს თერგსაც წააჭარბა.
მოხევეები შედგნენ, იარაღი დაუშვეს, საგუშაგოზე კი სანიშნო
კვამლი იბოლქვებოდა, ხოლო მაცნე უკვე ხეობის აღმა თავში
მიაჭენებდა ცხენს.
- ვინ ხართ?.. ქართველებს ამ მხრიდან რა უნდათ? მხარი ხომ არ
გეცვალათ?
- კახეთის ელჩები ვართ! მეფე ალექსანდრესი!.. ეს ისარი კი
მტრებისთვის შეინახეთ! - და ზოსიმემ ქართულ მიწაზე შედგა ფეხი.
ისარი მოხევეს გადასცა, თავად თერგთან ჩავიდა და ორთავ მუხლებზე
ჩაიჩოქა, ცალი პეშვით მიწა აიღო, ცალითაც - წყალი.
- ქართული მიწა-წყალია! შეგეწიოთ მისი მადლი! - ლოცვასავით
უთხრა გვერდში ამომდგარ კახელთ.
წყალი მოსვა, თვალის უპეში გაპარული ცრემლი მოირხია და
მხოლოდ შემდეგ ქართულ მიწიანი მარჯვენით ისახა პირჯვარი.
უეცრად შეკრთა ბერი - ღვთის, ზეციერის სახელის ხსენებაც კი
დაავიწყა სამშობლოს სიხარულმა და მიწის გრძნობამ.
- ღმერთო ძლიერო, ღვთის მშობელო, ჩვენო მფარველო,
კეთილწარმართე ჩვენი კვალი ჩრდილოეთიდან შემოდგმული ქვეყნის

218
სახსნელად!
დარიალის ხიდზე რუსთ ელჩიონი გამოდიოდა. როდიონ ბირკინს
ახლა უფრო მაღალი, სადარბაზო ბეწვის ქუდი დაეხურა, თავი მაღლა
აეწია და ისედაც ახოვანი მოსკოველი პირველელჩი თერგის მაღალ
ხიდზე გადმომდგარი უფრო მაღალ-ზვიადი გამოჩანდა. მისი ჩრდილი
ხიდს სცილდებოდა და თერგის ბობოქარ ჩქერს ედებოდა.
ზოსიმე ქვაზე წამოჯდა, ელოდა ყველას გამოსვლას. ფერხთით
თეთრი, მომცრო ბროლქვა შეამჩნია. აიღო და საქართველოს კარის
სანუკვარ სახსოვრად უბეში შეინახა.
ხიდზე კარგა ხანს დაბანდდნენ. დიდი გაჭირვებით გამოჰყავდათ
ცხენები. ზოგთაგან ტვირთის ჩამოხსნაც კი დასჭირდათ.
მოხევეებმა გააფრთხილეს ზოსიმე, რომ კახ-რუსთა უეცარი მოსვლის
გამო თემში შფოთი და საბრძოლო განგაში ჩავარდა. ამიტომ აიჩქარა
ბერმა, დაწინაურდა. ცხენზე მაინც აღარ ისურვა შეჯდომა. რამდენჯერ
ნანატრი, აწ ფერხთით დაფენილი ქართული მიწა აღარ ეთმობოდა.
ხეობის ვიწროს ოდნავი განი დაეტყო. მაღლა ყელში კი დავითის
ციხეც გამოჩნდა. აქვე შეამჩნია იარაღაჯაგრული ზვავად დაგორებული
თემის ძალა.
ახლო რომ მოიჭრნენ მოიერიშენი, ჯვარ-კვერთხი აღმართა ზოსიმემ.
დანარჩენი ელვის სისწრაფით მოხდა.
თემის ლაშქარი მოსხლეტით შედგა.
- მამაო ზოსიმე! შენი ჭირიმე… მივხვდი განა! ბორბალოსთანავე
მივხვდი!.. ხომ მშვიდობით? - და ოქრო-პაპა მუხლებში ჩაუვარდა
ბერდიდს.
- ოქრო-პაპავ?! - ზოსიმემ შეძრულ ხელით წამოაყენა და გულში
ჩაიხუტა მოხუცი. ახლა სხვებიც მოსწვდნენ და ასე მოულოდნელად
შეყრილნი ცრემლ-სიცილით ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ურთიერთს.
მოახლოებული რუსი ელჩები განზე იდგნენ და ჰკვირობდნენ:
- ალბათ ყველანი ერთმანეთის ძმები ან ახლო ნათესავები არიან?!
დახე, როგორ უხარიათ! გულდადებული, გატაცებული სიყვარული
სცოდნიათ!
მათ რა იცოდნენ, რომ ასეთივე ერთმანეთის ძმები და ახლო
ნათესავები სულ ხუთიოდ დღის წინათ ისევე გულდადებით და
გატაცებით ხოცავდნენ ურთიერთს.
ზოსიმე ბერდიდის სახელი კარგად იყო ცნობილი ხევშიაც. თემის
ლაშქარი დაქვეითდა. შიოლა ხევისბერმა თემის დროშა წინ დაუხარა.
მან აკურთხა და მაღლა ააწევინა.
რუს-კახთა ელჩების მოსვლამ კიდევ რამდენიმე დღით გააგრძელა
ხატობის ღრეობა. სამებაში ახლა უკვე ქრისტიანულ წესით ზოსიმემ

219
თავად სწირა. თემის ბერიკაცები უკვე ქუდმოხდილები უსმენდნენ მის
ღაღადისს.
- არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბესი და არც ყოფილა
საქართველოსთანა ნაკურთხი მხარე კავკასს ჩრდილოეთით!
ხოლო რუსი ელჩები უსმენდნენ თავისათვის გაუგებარ, თუმც
ქრისტიანულ წირვასა და ქადაგებას. ათვალიერებდნენ ქართული
საყდრის ყოველ ნიშსა, ხატსა თუ კედელხატულობას და ჰკვირობდნენ.
- აქ შავგრემანი ხატებიც ისეთივე წარბშეკრულები და
მკაცრსახიანები არიან, როგორც ბუნება და გასაკვირია, ხანჯლები არ
არტყიათ წმიდანებსაც, - პეტრე პივოვი უჩურჩულებდა ბირკინს.
ელჩობის მედავთრე პოლუხანოვი კი გუნებაში უკვე ინიშნავდა
სადავთროდ. „ჯერ ჯოჯოხეთის ჯურღმულებში ვიარეთ… ახლა
ზეცაზე ავედით… ცათა მრავალი წყება და სხვადასხვა ფერის
ღრუბლები ქვევით დაგვრჩა… ალბათ საუკუნო სასუფეველში
მოვხვდით… აქ კი ეკლესიაა და მაინც ცოცხალი ხალხი… მგალობელი,
მოლაღობე, მოცეკვავე… კიდევ ზევითა, ალბათ მეშვიდე ცაც რომ
იხსნება… თვალის მომჭრელად ვხედავთ ხოლმე, დგას ვეება ალმასის
გუმბათი. ამბობენ - მყინვარის გველვეშაპის და ბეთლემის მთა არისო.
ცისარტყელას კი ზედა მხრიდანაც შვიდი ფერი ჰქონია! ქვევით კი
ქვეყანა არ არის, მხოლოდ მთებია და კლდეები. და კიდევ ჩინებული
ლუდი სცოდნია ხანჯლიან ხალხსა…“
ღამით კი მოხევურ-კახურ-რუსულმა ღრეობამ ჯიხვები არშის
გადაღმა გადარეკა.
ოქრო-პაპამ დაწვრილებით უამბო ზოსიმეს კახეთისა და ხევ-არაგვის
საქმენი. ალექსანდრე მეფის დანაბარებიც გადასცა.
ზოსიმემ ივარაუდა:
- შენი სიტყვით, ნუგზარის შვილი გრემს უნდა იყოს?
- აგრე გახლავთ, მამაო!
- მაშინ გაგვატარებს ნუგზარი! ხევსურეთზე კი ამდენ ხალხსა და
ტვირთს ვერც ახლა, ვერც მერე ვერ გადავატარებთ! ამბავს კი შენზე
უკეთ აბა ვინ წაიღებს!
ოქრო-პაპა თავისი ჯგუფით მეორე დღესვე წავიდა კახეთში.
ხევსურნიც გაბრუნდნენ.
შიოლა ხევისბერი ნუგზარის ცხენის უნაგირსა და ზურგის ანაჭერ
საქალამნე შოლტს უგზავნიდა კახთ ბატონს, თან კახთა და რუსთა
ელჩების პატივსა და ყოველმხრივ ხელის შეწყობის პირობას სდებდა.
და მართლაც, ელჩ-გამყოლებს ახალ მარქაფა ცხენები მოჰგვარეს.
დაასვენეს, დააპურეს და მთა გადაატარეს.
ახლა კი როდიონ ბირკინი მიდიოდა წინ. მხარგაშლილ იალაღებზე
რომ გავიდნენ, გული გაეხსნა პირველელჩს, და თუ დარიალსა და

220
საერთოდ თერგსამხრეთ ქვეყანას დახუთულობასა და სივრცის
უქონლობას უსაყვედურებდა, ახლა იალაღების სილაღემ და ყვავილთ
ფერსურნელმა განაცვიფრა და მოხიბლა.
ზედ გადასავალზე კი ჯერ თოვლი იდო. ამან სულ გააკვირვა
თოვლისა და ყინულების მხარის შვილი.
- შუა ზაფხულში თოვლი?! - იქ ზევით, მწვერვალებზე კი ჩანს
თოვლი და ბჭყვიალა ყინული, მაგრამ აბა რა ვიცი. აქ ყველაფერი
უცნაური და დაუჯერებელია! ცა ქვევითაა და ბალახ-ყვავილები კი
ზევით. იქნებ ის თოვლიც ნისლისა და ღრუბლების სითეთრეა, მაგრამ
აი ეს თოვლია ნამდვილი, ჩვენებური თოვლის მსგავსი! - ხელით
ჩიჩქნიდა ჩამოქვეითებული ბირკინი თოვლსა და არანაკლებ
განცვიფრებულ პეტრე პივოვს ესაუბრებოდა.
- იძახიან, ცხელი ქვეყანა არისო და შუა ზაფხულში თოვლი?! -
ადარებდნენ რუსები ამ კიდეგაშლილ სივრცეებს ველის უსაზღვროებას
და მხრებს იჩეჩავდნენ. კავკასიონის ხან პირიქით, ხან პირაქეთ
იხედებოდნენ:
- აქ ყოველი ახალი ნაბიჯი ზევით ახალი საფეხურია. იგი თურმე
ახალ ცასა და მის კიდურს ნიშნავს!
მაგრამ მოსაუბრეთ მალე თვალები აუწვა კავკასიონის ყინვარებზე
ასხლეტილმა მზემ. ისევ თავქვე ჩასვლა არჩიეს.
- აქ სულ დაბრმავება შეიძლება. მეც მეწვის თვალები, - ბუტბუტებდა
პივოვი და ქუთუთოების ფშვნეტით მისდევდა პირველელჩს.
მთის იქით პირველ სოფელში - გუდაში გამოეთხოვნენ მათ
მოხევენი. შიოლა ხევისბერმა სათითაოდ ჩამოართვა ყველას ხელი და
კეთილი მგზავრობა უსურვა.
ელჩები აქვე სოფელში დაბანაკდნენ და ნუგზარ ერისთავთან
ყურშიტა ჩერქეზი და პოლუხანოვი გაგზავნეს. ელჩებთან ზოსიმეს
ყოფნა კი ჯერ ფარულად უნდა დარჩენილიყო.
ბირკინი რუსთ ელჩიონის მოსვლას უთვლიდა ნუგზარ ერისთავს,
კახეთისაკენ გზასა და უვნებლობას სთხოვდა.
ბირკინის მოციქულებს ნამარცხალი ნუგზარი მლეთის ციხეში
დახვდათ. იგი ავ გუნებაზე იყო. ისევ ლაშქრობას ამზადებდა. ყურშიტა
ჩერქეზის გამოცხადებამ და ნაამბობმა დიდ საგონებელში ჩააგდო:
„აქ თუ იყო ჩემი დამარცხების მიზეზი? შველა თუ მისცეს? ახლა ჩემი
დასაკლავი დანა გავლესო? თოფ-ზარბაზნიანი რუსები გავატარო
კახეთში?“
მაგრამ არგატარებაც კახთ ბატონისაგან აშკარა განდგომას ნიშნავდა,
რაც არცთუ მიზანშეწონილად მიაჩნდა, მით უფრო ახლა ხევში
ნამარცხალს, თანაც თავისი პირმშოს გრემში საპატიო მძევალ-
სტუმრად ყოფნის დროს.

221
თავად შეჯდა ცხენზე და ამალითურთ უცხო ელჩებს ეახლა.
როდიონ ბირკინმა თავის კარავში მიიღო. წინ სტეფანე პოლუხანოვი
შეახვედრა. თავად კი პეტრე პივოვთან ერთად იჯდა.
თარგმნიდა ყურშიტა ჩერქეზი.
ნუგზარმა უკვე თვალი გაჰკრა ელჩის ქარავანს. ისიც გაიგო,
ზარბაზნები არ ჰქონდათ რუსთა. მდიდარ ვაჭრებად მიითვალა და
ვიდრე ალექსანდრემ არ იცოდა მათი აქ მოსვლა, დროის სათრეველიც
და სარგებლის სანახავიც ხელთა ჰქონდა.
- თქვენ დიდ რუსთ ხელმწიფისაგან კახთ ბატონთან მიბრძანდებით,
ხოლო გზად ჩემი მამული გიძევთ… გაქვთ თუ არა თქვენი მეფის
სიგელი ან შესაფერისი მოსაკითხავი ჩემს სახელზე მობოძებული? -
განაცხადა ნუგზარმა და ამაყად მოისვენა დაბალ საჯდომზე.
ბირკინმა აუხსნა, რომ ელჩიონს სხვა გზა ჰქონდა განზრახული,
ხოლო საჭიროებამ ხევ-არაგვის გზა მოითხოვა. თან აღუთქვა არაგვის
ერისთავის ღვაწლის მოხსენიება გრემსა და მოსკოვს მისვლისა და
მობრუნების შემდგომ.
მაგრამ ნუგზარმა საბაბი იშოვნა და ჯიბრში ჩადგა - თავსაც
იფასებდა და გამოსარჩენსაც მოელოდა.
მაშინ ბირკინმა ივერიის პირველელჩი იწვია საშუამავლოდ.
„ყურშიტა ჩერქეზით ვერაფერს გახდა, ახლა ბერძენი ბერი უნდა
მომგვაროს… მერმე ალბათ სომეხსაც არ დამაკლებს! - ღიმილით
ფიქრობდა ნუგზარი, - ვაჭრობაა - ვაჭრობა იყოს! არც მე მაწყენს
რუსული საქონელი!“
მაგრამ კარვის კალთა რომ აიშალა და მის წინაშე ზოსიმე ბერდიდი
აღმოჩნდა, ნუგზარის განცვიფრება თავზარს უფრო ჰგავდა. უნებურად
ზეზე წამოიჭრა და თვალები აახამხამა.
ბირკინმა ქერა ულვაშებში ძლივს ჩამალა ღიმილი.
- მამაო ზოსიმე, თქვენ?! - ძლივს ამოღერღა სიტყვა არაგველმა.
- მე გახლავართ, ნუგზარ ბატონო! აბა, იმედია უკვე შეთანხმდით?
გზა და გზა ვისაუბროთ…
- დიახ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ…
ნუგზარი ნელი მოსაზრების კაცი იყო. ეს თავადაც იცოდა და
მოფიქრების დროის ამოსავსებად მუდამ ჰქონდა სიტყვის მასალა,
რომელიც არც ჰოს ნიშნავდა, არც არას. მაგრამ ახლა აშკარად დაიბნა
არაგველი. არც გასაკვირი იყო. ბორბალოს გამოქვაბულში
დაყუდებული ბერდიდი მოსკოვის მხრიდან რუსთ ელჩებით
ბრუნდებოდა კახეთში! „ჰერი-ჰა, სად გასულა საქმე?! რის ვაჭრობა, რა
ვაჭრობა!“ და ნუგზარს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს აშთარხანს
გაგზავნილი აბრეშუმი მისთვის მახრჩობელ თოკად დაგრეხილიყო და
ახლა უკან ბრუნდებოდა.

222
- აბა რაღა თქმა უნდა… განა რას ვიფიქრებდი… ახლავ
გავბრუნდები… და ყველაფერს დავაჩქარებ… ჩემი შვილის პირით
გაახლებთ პასუხს!.. - ბოლოს ძლივს მოლამბა სიტყვის მასალა.
- თქვენი შვილი - ბაადურ ალექსანდრე მეფესთან ერთად შეგვეყრება
კახეთ-არაგვის მიჯნაზე. ალბათ მოისურვებდა ასეთი ძლევამოსილი
მამის ნახვას, მით უმეტეს სახელოვანი ბრძოლის შემდეგ! - ენამწარედ
დაგესლა ზოსიმემ და მკაცრად შეხედა ნუგზარს.
- გვაკურთხე, მამაო! - უეცრად მოაგონდა ნუგზარს, - „ესეც სცოდნია!
ბორბალოს ბერდიდი კი არა, დიდქაჯი ყოფილა, ჩემს თავს ვფიცავ!“ -
ფიქრობდა ნირშეშლილი და აღრენილი ნუგზარი, თან ნაძალადევად
იღიმებოდა.
- გადაუთარგმნე რუსთ ელჩებს! დიდად მოხარული ვარ!
მიმსახურონ!.. გზა განაგრძონ… თუნდაც ახლავე! - ყურშიტას
მიუბრუნდა ერისთავი, ბერსაშინელს კი გაქცეული კურდღლებივით
გაარიდა თვალები, - მე თავად გეახლებით… ჩემს ბატონთან და ჩემს
შვილთან შესაყრელად!
ოთხი დღე, ვიდრე საარაგვოს ჩაივლიდნენ, არ მოშორებია ზოსიმესა
და რუსთ ელჩებს ნუგზარი. სწადდა რაიმეს გაგება, მაგრამ ყველანი
მრავალს ჰყვებოდნენ მოსკოვსა და რუსეთზე, მაგრამ არც ერთ სიტყვას
ელჩობის საქმეზე.

XXV მესამე ფალავანი


კახეთის ცხოვრება კი ძველებურად ალაზანივით დიოდა.
გარეგნულად არაფერი შეცვლილა, მაგრამ საქმეში ჩახედულნი დიდი
გაჭირვებისა და ძნელბედობის მოახლოებას გრძნობდნენ.
საქართველოთა მდგომარეობა თითქმის გამოუვალი ჩანდა.
მრავალგან შეირყვნა ქართველობაცა და ქრისტიანობაც. ოსმალობის
სულთამხუთავი შავბადე მოედო ლიხის ქედს იქით და აქეთ.
მრავალი თავგანწირვა და ღალატი, სულის სიზვიადე და
მდაბლობაც, ვაჟკაცობა და სიფლიდეც დახვდა დამპყრობელს ქართულ
მიწა-წყალზე.
დაქსაქსულ საქართველოს ყოველ კუთხეს უჭირდა ერთობლივიც და
კუთხურიც… ხოლო ყველაზე უმჯობეს მდგომარეობაში კიდევ კახეთი
იყო. იქ უშუალოდ ჯერ ვერც თურქთ მიეღწიათ საძალადოდ და
ირანსაც ძალადობის ხელმოკლეობა შეყროდა. ალექსანდრემ ამ ორ
დიდ ფალავანთა ურთიერთ ბრძოლის სასწორზე თავისი საეჭვო
„წონასწორობა“ გამონახა, მაგრამ ეს მხოლოდ ზვავზე ჯდომად
ესახებოდა კახთ ბატონს, მან კარგად იცოდა, რომ ირან-ოსმალო ცალ-
ცალკე თუ ორივ ერთად თავის ჭვანგიან ტორებს გადმოუსვავდნენ
ალაზნის მხარესაც.

223
რუსეთიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალექსანდრე ამის გამო უფრო
მძიმედ განიცდიდა ამ ზვავზე ჯდომას.
ქმრის შემხედვარე არც მარიამ დედოფალს ადგა კარგი დღე. იგი
უშუალოდ არ ერეოდა სამეფოს საქმეში, მაგრამ ყველაფერს, რაც ქმარ-
შვილსა და კახეთს შეეხებოდა, უშუალოდ განიცდიდა,
ერთმანეთისაგან არც ანაწილებდა. და თითო რამეს წუხილში მუდამ
იყო. უკანასკნელ შვილოსნობის შემდგომ ავადობაც დასჩემდა.
მიუხედავად ამისა, დიდი სასოებით მარხვასაც ინახავდა და
დღენიადაგ ლოცულობდა. შესაწირავებსა და ხატ-სახსარსაც ხშირად
უკითხავდა ეკლესია-მონასტრებს. დიდგუმბათიანი ტაძრის აღშენებაც
დაიწყო გრემიდან არცთუ შორს, წყალდაყოლებით, განიერ რიყის
გაღმა, ძველთა ძველ, უკვე საკმაოდ დანგრეულ სამლოცველოს
გვერდით.
თავისი ექვსი წლის ნესტანს კოპწიად გამოაწყობდა, მოჩარდახულ
ცხენ-ურემს შეაბმევინებდა და მშენებლობაზე ჩავიდოდა. ნესტანს
არიგებინებდა ხოლმე წვრილ ფულსა და სხვა საჩუქრებს.
დასაჩუქრებულთა და თავის გოგონას სიხარულით ხარობდა. მხოლოდ
ნესტან-გოგოღა შერჩა ხელში, თორემ ვაჟები უკვე დაიზარდნენ და
თანდათანობით განშორდნენ დედას, მამის კერძო გახდნენ. თვით
კონსტანტინეც კი, რომელსაც მხოლოდ ეს-ესაა შეუსრულდა ათი წელი,
მეუღლემ რატომღაც ოჯახს მოსწყვიტა და მთელი ზაფხულით
გაგზავნა მთაში. გიორგი სასწავლებლად იყო იასონ ჭავჭავაძის ოჯახში.
დავით ხომ კარგა ხანია, თავისი ძველი მასწავლებლის და მამამტეს
ომან ჩოლოყაშვილის ივრისპირა სასახლეში იყო. მხოლოდ ერეკლეს არ
იშორებდა კახთ ბატონი. შიგადაშიგ უკვე აჩვევდა კიდევაც სამეფო
საქმეებს.
დედა სულ მუდამ დანატრული იყო თავისი შვილებისა და ის
აწუხებდა, რომ მათი დაზრდა დედისაგან დაშორების მნიშვნელობას
შეიცავდა, იქნებ ურთიერთ შორისაც გათიშვას და, ღმერთმა ნუ ქნას,
და მამასთანაც დაძვირებას. დედის გული ისევ ისე - თითქმის
მოლოგინების დროინდელ სიცხოველითა და გულღვიძლობით -
განიცდიდა თავისი ჩვილების მოჩიტებას, დაჭაბუკებას. ახლა კი
უფროსების შევაჟკაცებასაც. მაინც ამ ბოლო დროს მძაფრად
განიცდიდა ერეკლეს საიდუმლო ნიშნობას.
- რას არ მოიგონებენ ეს მამაკაცები, რომ ერთმანეთს აჯობონ
ფანდებში, გულზვავობის ჟინი მოიკლან! არც იმ საბრალო მთის
პატარძალზე უფიქრიათ, არც ჩემს სიყრმის შვილზე. მიიყვანეს,
ქურდულად დაანახეს ურთიერთი, შეაყვარეს და მაშინვე დააშორეს
გულის მოსაკლავად!.. ეს ჩემი რომ ამ დღეშია, ნეტავ ის უბედური რაღა

224
დღეში იქნება?! - ჩუმად, სახელების უთქმელად, მხოლოდ თავისი
ქმრის გასაგონად საყვედურობდა დედოფალი.
ალექსანდრეს სევდიანად გაეღიმებოდა და ეს ჩუმი საყვედური
უფრო აყვარებდა ცოლს. გუმანში ეთანხმებოდა კიდევაც, მაგრამ
სდუმდა. აბა რა ექნა, ხომ არ ეტყოდა, რომ კოსტალა სწორედ იმიტომ
გაგზავნა მთაში, რომ მის შინ არყოფნას შეაჩვიოს უბედური დედა და,
მიუხედავად ყველა ცდისა, მაინც რომ ვეღარ აიცდინოს მისი
გამძევლება, მაშინ ხომ უფრო მძიმე იქნება დედა-შვილისათვის! იგივე
შეეხება გიორგისაც. „გიორგისაც?!“ აქ თავადაც სცდიდა თავს. ეს
მკვრივად ჩასკვნილი, სახელაზათიანი ჭაბუკი, კარგა ხანია სხვა
შვილებზე უფრო დაეპატრონა მამის გულს. რცხვენოდა კიდევაც მამას
შვილთაშორისი არჩევანი. ღვთის წინაშე - არც უსმენია გულისათვის
მძევალთა არჩევანის დროს… მაგრამ გული მაინც გულია! მისი
სიმარჯვეც მოსწონს, ადრეული ცხენოსნობაც, მხედრული ხელიც, ღია
სიცილიც და შუბლშეკრული სიდინჯეც მოსმენის დროს.
და კიდევ ჰქონდა ერთი ძველი ამონაჭდევი გულზე. გიორგი იყო
მისი გადამწყვეტი გამარჯვების თავისებური მოწმე… გამარჯვება
დანათლული. იქ ალაზანზე, თორღვას ბრძოლის შემდგომ… თვალს
დახუჭავს და ისევ თვალწინ უდგას ძველი ამბავი - იგი…
ალექსანდრე… ნათლიღების დღეს შემობრუნებული… ალაზანზე
მრავალი ხალხი… სამღვდელოება… დედოფალ-შვილები… და ისევე
შეაბჯრული, გამარჯვებული ალაზანში რომ ჩადგა, ლაშქართან,
ხალხთან ერთად… მაშინ ხომ პირდაპირ ალაზანში მონათლა,
გამარჯვება დაანათლა თავის ჩვილ გიორგის… ახლაც გამარჯვების
ნიშნად რომ მას გულობს გული! ერეკლეს შესახებ კი სწორს ამბობს
მარიამ დედა. თავადაც შეამჩნია, იმ საიდუმლო ნიშნობის შემდგომ
როგორ გამოიცვალა პირმშო… გულჩათხრობილი გახდა, მარტო
მეოცნებეობა დასჩემდა… მაგრამ აბა რას იზამს, აქ აჩქარება არ
შეიძლება… აი თუ მობრუნდნენ რუსეთს წასული ელჩები… თუ
სანუგეშო ამბავი მოიტანეს… თუ გაუმართლდა მთის ზრახვები…
თუ?!… ჰოი, რამდენი თუა?!
ჩრდილოეთის მხრივ კი არა ისმოდა რა. იყვნენ ელჩები და აღარ
არიან!
- მარიამ ჩემო! ერეკლესი ნუ გედარდება. მას ახლა უფრო ახლოს
ამოვიყენებ მხარში. გონიერი და სათნო დადგა. მე დავითი უფრო
მაფიქრებს, კვიმატი დგება, არც ჯანი უწყობს ხელს!
ხშირად, როდესაც მიდუმდებოდა დიდსასახლის ფუსფუსი და
ნადიმ-წვევა, კახთ ბატონი და დედოფალი მოიშორებდნენ ზეიმ-
საზრუნავებს და დედ-მამა ურთიერთს უზიარებდა შვილთა ზრდის
საზრუნავს. მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, ურთიერთ ღია

225
გათიშვის გარეშე მეფე-დედოფლის შორის რაღაც უცნაური
განკერძოება მოხდა. და ეს მხოლოდ შვილთა საზრუნავს შეეხებოდა.
უკვე უწინდებურად კნინ სიტყვებითა და თვალის კილოებში ვეღარ
უგებდნენ ურთიერთს. რადგან დედას ბალღთა წარსულის სიყვარული
ალაპარაკებდა, ხოლო მამას - მათივ მომავლის შიში და კრძალვა.
დედისათვის ბალღები მუდამ ბალღებად დარჩნენ, მამისათვის კი
წამოიზარდნენ მემკვიდრენი, თანამდგომნი, იქნებ მეტოქენიც?!
ამ თავისებური გაუგებრობის გამონაკლისი მხოლოდ ნესტანი იყო.
პატარა, თვალჟუჟუნა გოგონა სავსებით „დედის შვილი“ იყო და მის
აღზრდაში მამა სრულიად არ მონაწილეობდა. ვაჟების ბედზე ფიქრი
კი, სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ თან ჰქონდა, როგორც გულის
არეში წამოშლილი ნადარდალი: „ვინ მოუსწრებს ამ ზამთარს? ამ
გაზაფხულს? ამ ზაფხულს? ამ შემოდგომით? რუსეთიდან
დაბრუნდებიან და გარკვეულ საშველსა და მაშველს მომგვრიან, თუ
ირან-ოსმალონი მოვლენ ჩემი შვილების წასაგვრელად?!“
უკვე მარიამობის თვეც დადგა. დღე მრგვალდარბაზა სასახლეშიაც
ცხელოდა, ღამე კი გრილ-საამური ჩამოწვა, კახთ ბატონმა ერეკლე
იხმო, ღამისა და დილის განკარგულებანი მას დაავალა, თავად კი
სასახლის ბანზე ავიდა. ღამის კახეთს გადახედა.
მთვარიანი ღამე იყო, გრემ-გალავანი მკაფიოდ ჩანდა, ქალაქის
შუქჩაბინდულ ქუჩაბანდებს თავზე მთავარანგელოზი და კოშკი
მფარველად და დარაჯად ადგა. ირგვლივ კი კახეთის მადლიან-
ბარაქიანი კალთაველი იყო გაშლილი. ბინდს რომ თვალი შეაჩვია, მისი
მეფობის დროს მნიშვნელოვნად მოშენებული ქალაქი ყვიცგაკრულ
ბინდბუნდიდან მკაფიოდ ამოიტვიფრა. აქ მისთვის თითქმის ყოველი
სახლი და საყდარი ნაცნობი იყო, ყოველ უბანს რაღაც გარკვეული
ადგილი ჰქონდა მის გულში და საქმეში… ჰოი, რამდენი აქვს კიდევ
საშენი და სამაგრი?!
და ერთ წამს რატომღაც ეს ყოველივე, პირიქით, დანგრეულად,
ნაცარტუტად ქცეულად მოეჩვენა. ტანში შეაჟრჟოლა და
შეძრწუნებულმა ახლა ზეცას ახიზნა თვალი. ურიცხვი ვარსკვლავებით
მოჭედილმა ცამ დააშოშმინა და ის იყო დასაძინებლად ჩასვლას
აპირებდა, რომ სასახლის კარიბჭესთან ცხენების თქარუნი და
გუშაგების შეძახილი შემოესმა:
- ვინა ხართ? რა დროს მოსვლაა?!
- ოქრო-პაპა ვარ, ქედელი! მეფეს მოახსენეთ!
„აქ მარტო ნუგზარის ამბავი არაა! ოქრო-პაპამ ყადრიც იცის და
ამბავის ფასიც!“ - გაიფიქრა ალექსანდრემ და კედლის მილში ჩასძახა:
- ერეკლე ბატონიშვილმა მიიღოს მოსულნი, მოხუცი კი მე მაახლოს
ახლავ!

226
სულ მალე ბანის თავზე ერეკლე ბატონიშვილი და ოქრო-პაპა
ეახლნენ კახთ ბატონს. ერეკლეს თავად მოჰქონდა შუქი, მოხუცს კი
ხურჯინი მოეკიდნა.
- მშვიდობა და კეთილი ამბავი მოგვიტანია, მეფევ ბატონო! - ოქრო
პაპამ ჩაჩოქება და კალთის ამბორი დაუპირა, მაგრამ ალექსანდრემ
ხელი აუქნია:
- ამბავი?!
- დამარცხდა ავის მზრახველი, აი, ბატონო, ერთობლივ თემმა
მოგართვა მისი საბრძოლო ცხენის უნაგირიც, ტყავის შოლტიც
საქალამნედ! - და შოლტი ფერხთით გაუშალა კახთ ბატონს.
- მტრის ცხენის საქალამნეს დიდი ფასი აქვს, მოხუცო… მაგრამ ჩვენს
გასაჭირს ახლა მარტო „ქალამნიანი“ საქმე ვერ უშველის… კიდევ რაა -
მთავარი?
- „ჩექმიანი საქმეც“ გეახლათ, მეფევ ბატონო! - და ოქრო-პაპამ
ერეკლე ბატონიშვილს გადახედა.
- თქვი! - მიუხვდა ალექსანდრე.
- ზოსიმე ბერდიდი გეახლათ ხევში… რუსთ ელჩებითა და მრავალ
მოსაკითხავებით!
შვებით, ღრმად ამოისუნთქა ალექსანდრემ და ერთხელაც აღაპყრო
თვალი მოჭედილ ზეცას.
- სამახარობლო ოქრო-პაპას! უღელი კამეჩი, ძნის ურემი! ერეკლევ,
სხვა ქედელებიც არ დაივიწყო! - მერმე მოკლედ გამოჰკითხა ხევისა და
ელჩების ამბავი, მოსვლის თარიღები გამოარკვია.
- ერეკლე ჩემო! ხვალ დილით დარბაზში მაწვევ ომან ჩოლოყაშვილს,
იასონ მდივანბეგს, ჯანდიერს, შერმაზან ჩოლოყაშვილს. ბაადური არ
მოიშორო, თან იახლე დილიდანვე, სულ შენთან იყოს. თადარიგს
შეუდექი, ხვალ არაგვისაკენ გავწევთ დიდი ამალით… და კიდევ აქ
გაგონილზე არავის არც ერთი სიტყვა!
ერეკლე რომ გაისტუმრა, ოქრო-პაპა ახლო მოისვა, ყველაფერი
თავიდან და ზედმიწევნით მოაყოლინა ნანახი, ნასაქმი, მოხუცის
გულით ნაგრძნობი და ზოსიმე ბერდიდის დანაბარები.
ხოლო მეორე დღეს საზეიმოდ გამოწყობილი დიდი ამალითა და
აღალით გასწია თიანეთისაკენ. თან ბაზიერ-მონადირენი მწევრებითა
და მეძებრებით გაიყოლა.
„თუ სანადიროდ მოვალთ, რად გვინდა ასეთი სამოს-სიმდიდრე? თუ
საქორწილოდ და… ნეფე-დედოფალი სად არის?!“ - ჰკვირობდნენ და
თავისივე ჭორებში იბნეოდნენ ამალის წევრები, მაინც ახმეტაშიაც რომ
აღარ დადგნენ, გავლეს კვეტერას დიდი ციხეც… შეხვეტილას დიდ-
ტყიანი მთაც… თიანეთსაც გააწიეს და მხოლოდ ხარჭაშოს

227
მახლობლად, ბიამან ტყეში, ამო სამყოფელი ველები ამოირჩიეს და იქ
დასცეს ბანაკ-კარავი.
მეფისა და დიდებულთ სადგომები მდიდრულად მორთეს.
სახალისოდ და ყასიდად სანადიროდაც გაუშვეს ზოგნი.
დარაჯ-გუშაგნი კი ისე გააწესეს ახლო და შორს მიდამოში, უცხო
თვალი ვერსად გაიჭაჭანებდა.
კახთ ბატონმა რუსთ ელჩების პირველ შესახვედრად ომან
ჩოლოყაშვილი და იორამ აბელიშვილი გაგზავნა. მათ ორმოცდაათამდე
აზნაურიც და ასიოდ თოფოსანიც გააყოლა. ხოლო ცალკე - კერძოდ
ზოსიმე ბერდიდს და კახთა ელჩების პატივსადებლად, მშვიდობით
დაბრუნების მისალოცად ერეკლე ბატონიშვილი გაუშვა, მასვე აახლა
ბაადურ, არაგველის ძე. ელჩებს იორღა ბედაურები მიართმევინა,
ხოლო მათ დამხვდურ მესტუმრეთ ელჩების დასაბინავებელ ადგილად
ხარჭაშოს საყდრის გალავანი და სადგომები დაუთქვა. ერეკლეს კი
ზოსიმე და სხვა კახნი დაუყოვნებლივ აქვე ტყის სადგომში უნდა
მოეყვანა.
მარიამობა დღეს მოაღწიეს რუსთ ელჩებმა არაგვ-თიანეთის
საზღვარს. ნუგზარ ერისთავი თავად მოჰყვათ. შვილის წამოყვანის
მომიზეზებით გრემს ხლება გადასწყვიტა. თავი მოიქაჩლა გოროზმა.
რუსთა მოსვლის მიზეზ-შედეგის წვრილად გაგება ჰქონდა უზურში.
მაგრამ აქაც არაფერი გამოუვიდა. შვილი თავად შემოეგება საზღვარზე
და კახთ ბატონის დანაბარები კეთილ სამსახურისათვის მადლობა და
არაგვს მშვიდად განცხრომის სიტყვა გადასცა.
მეტი რაღა გზა იყო - არაგველი მამა-შვილი უკან დაბრუნდა.
„კახთ ბატონის მაცნეებს ფრენა ხომ არ უსწავლიათ, - ჭმუნვით
ფიქრობდა ნუგზარი, - ნეტა ან ალექსანდრემ რა იცოდა რუსთ ელჩების
ხევში მოსვლა, ან ზოსიმე ალქაჯმა რა იცოდა ბაადურის სტუმრობა
გრემში? ან ისე დაბარებულივით როგორ მოვიდნენ კახნი რუსთ
ელჩების შესახვედრად?“ - თავის შვილსაც ჰკითხავდა, მაგრამ მან, რა
თქმა უნდა, არაფერი არ იცოდა.
ზოსიმე და სხვა ნამოსკოვარნი მოკლე გზით გაემგზავრნენ
ალექსანდრესთან. რუსებმა კი, ომან ჩოლოყაშვილის თანხლებით,
განაგრძეს გრძელი გზა. კახთ ბატონის ზუსტი დავალება ასეთი იყო:
ელჩები ერთი კვირა უნდა დაებანდებინათ გზაში. მაინცდამაინც არც
დაბებზე ან დიდ სოფლებზე არ უნდა ევლოთ. უფრო ძველ და ახალ
ნაშენ ეკლესია-მონასტრების მახლობლად უნდა ეტარებინათ.
დაბოლოს ისევ ხარჭაშოს გალავაში ფილიპე ეპისკოპოსის საზაფხულო
სადგომში უნდა მიეყვანათ. აქედან მეფის „ტყის სადგომამდე“ ნახევარი
დღის სავალიც აღარ იყო.

228
ტკბილი და მამაშვილური იყო ზოსიმე ბერისა და ალექსანდრეს
შეყრა. მრავალგზის ეამბორნენ ურთიერთს. ფარული ცრემლიც
იწმინდეს. მერმე ოქრომკედულ ჩარდახში შეიფარნენ და გრძელი,
ბეჯითი და ზედმიწევნით ჩაყოლილი თხრობა-თათბირი ჰყვეს.
სამი დღე არცვინ მიუღიათ, არც გამოსულან გარეთ. ზოსიმესათვის
სადგომ-სამლოცველოც აქვე მეფის ჩარდახთან იყო გატიხრულ-
შეერთებული.
როდესაც თხრობა-შეკითხვები მოთავდა, ახლა ზოგადსა და კერძო
დასკვნებზე გადავიდნენ.
- რუსეთი ზომით უსაზღვროა და ყოველ მხრივ იზრდება კიდევ!
საოცარი შემძლეცა ჩანს, თუმც ჯერ დაუდუღებელი ძალიც იგრძნობა.
კავკასიონისაკენ ნელი სვლით, ურმით მოიწევს. ყაზანი აიღო -
მოიმტკიცა… აშთარხანი აიღო - მოიმტკიცა… ახლა აშთარხნის ქვედა
მხარეს იმტკიცებს. დრო კი დასჭირდება, მაგრამ რუსული ურემი
ბოლოს ამ მთასაც გადმოლახავს და ჩვენში მოვა… ირან-თურქეთს
ერთი ხელით გაუსწორდება…
- მაგრამ თავისთვის, არა ჩვენთვის! - ჩააწვეთა ალექსანდრემ.
- ჩვენ თუ არჩევანი გვაქვს - მე საქართველოს გაერთიანებას და
შინაგან გაძლიერებას საკუთარი ძალებით ვირჩევ!.. ჩემი მუდმივი
საზრუნავიც ეს იყო, მოგეხსენებათ! - ზოსიმე იდგა, ისე მეტყველებდა,
ალექსანდრე კი კარვის სვეტებს შორის ჩაჩიხულივით
უსწორმასწოროდ დადიოდა.
- ეგ ამაო ოცნებაა! დღეს მაინც… ჩვენთვის მაინც… ჩვენს ბედში
მყოფი ვარამს ვგონებ ვეღარ ასცდება! - იგიც შედგა და ნაღველიდან
ატანილი ხმით, დამაშვრალად ჩაიღიღინა: - ჭირში ვზი, ჭირს
გამოვსახავ, ზემოდან ჭირ მახურია… მაშ უმცირეს ნაკლიან გზას უნდა
ვეძებდეთ და ვარჩევდეთ, ვიდრე ამის საშუალებაც არ დაგვიკარგავს!
სხვა ძირა აზრს მე ვერ მივაგენ! - ხელჩაქნეულად დაასკვნა კახთ
ბატონმა და ისევ სვეტებს შორის მიმოტრიალდა.
- იქნებ მცირე სიკეთე მოვნახოთ და ვნახოთ კიდევაც ამ თერგის
გზაზე! მე ყველაფერი მოგახსენეთ მოსკოვ-რუსეთისა, ავიცა და
კარგიც… დიდი, მდიდარი, ძლიერი, ქრისტიანული სამყაროა, მაგრამ
ჩვენთვის ჯერ უცხო!.. ირან-თურქული, მაჰმადიანური სამყარო
არსებითად ჩვენთვის უფრო ახლოა… ამას მე ბერი ვამბობ! - გულში
მჯიღი ჩაირტყა ზოსიმემ, - მაგრამ იქ - თერგის იქით არის ერთი რამ -
იქ მომავალი საუკუნეა! ჩვენი შესაძლებელ განახლების საფუძველიც, -
ზოსიმემ სახეზე ორთავ ხელი აიფარა და ოცნების ჩუმი ხმით
დაასრულა: - განახლების საუკუნე! ძველ თავანკარა ღვინოს ახალ
ქვევრში რომ გადიღებენ! - არჩევანი კახთ ბატონზეა.

229
ყველაფერი თქმული იყო, მაგრამ ალექსანდრე კიდევ მოითხოვდა
ახალ-ახალ აწონ-დაწონას. იგი ყოველ მხრივ უჭვრეტდა ამ ახალ
ქვევრს თუ გუდას, ჯერ სულ შორს - მომავალში ითვალისწინებდა,
მერმე უფრო ახლოს, ბოლოს სადღეისოდ სინჯავდა. ზოსიმესაც
არაფერს არჩენდა უთქმელს. წინ დაუდგა, ახლო სვეტს ხელი მოხვია:
- მე ზოსიმე ბერდიდის აზრის საბოლოო დვრიტა მინდა… აი გულის
სისხლიდან და ნაღველიდან რომ გამოჟონავს. არჩევანი ჩემზეა, მთავარ
კენჭს მე ვყრი! არსად არ უნდა აჯდეს ლიბრი! ეს მითხარ, მაშ რუსეთი
ჩვენს ირგვლივ ირან-თურქეთის ძალას ჯერჯერობით გაათანაბრებს?
- ჯერ კი, მერმე დასძლევს! - ზოსიმემ ხელები ჩამოიღო, - დროს ვერ
ვიტყვი, შედეგი კი არ მეეჭვება!
- მაშ ახალთანაბრობა მომავალში ისევ ჩვენს ხარჯზე უნდა
დაირღვეს?! - არ ეშვებოდა ალექსანდრე, მაგრამ არც ზოსიმე ეპუებოდა.
აქ სადღაც კიდევ იყო მათ შორის ბზარი.
- ალბათ ასე იქნება, თუ იქამდე სხვა რამ ძალა არ მოინახა.
გამრთელებული და განახლებული სხეული თავის სარგო და საჭირო
აბჯარს, ვფიქრობ, ჩვენ ვარამიან თაობაზე უკეთ მიაგნებს!
დღევანდელი საკითხი კი უნდა გადაწყდეს არა კუდმიჭრილ
სარგებლიანობის, არამედ მაღალზნეობრივი სასწორის ჭვრეტით, არა
კახთ ბატონისა, არამედ ივერიის მიწათა-მეფე-ჭირისუფლის თვალით!
ასეთადვე გთვლიან მოსკოვს.
- დამაცალე! - გააწყვეტინა ალექსანდრემ. იგი ვერას გზით ვერ
შეეჩვია ზოსიმეს ძველ ჩვეულებას, ხელად ზნეობის სასწორზე რომ
შეაგდებდა: - რომ ვერ გამონახოს ძალა… აბჯარი, მაშინ?
- მაშინ?! - ზოსიმე ჩაფიქრდა, თითქოს აზრის მკაფიოდ გამომსახველ
სიტყვებს ეძებდა, - სიკვდილი თუ მიწერია, გამარჯვების გზაზე მაინც
ვარჩევ გულით დაცემას!
- ეგ არ კმარა ჩემთვის საბუთად! სიკვდილი მარცხია უკვე…
- მე ჩემი სინდისის წინაშე ამ საკითხზე ასეთი პასუხი გავეც. ბარისა
და ფოცხვერის გაუთავებელ ჯიჯგნას მირჩევნია ორთავა არწივს
მხრებზე ავეკიდო… მით უფრო, რომ ჯერ უეჭველად საშველს
მომცემს… მერმე კი… ამ არწივის მოფრენა მაინც გარდუვალია! -
ზოსიმე სარკმელს მიუბრუნდა. ალექსანდრემაც უნებურად პირი
იბრუნა და სარკმელში ჩამოწოლილი სხივი არწივის ჩამოშლილ
ფრთად მოეჩვენა.
- მაშ არჩევანი არსებითად არც კი ყოფილა?!
მაგრამ ზოსიმე ალბათ თავის ფიქრს გაჰყვა:
- ღმერთმა ნუ მაჩვენოს სხვა საქართველონიც სამცხის დღეში! ეს
დრო კი დგება, თუ რაიმე არ ვუსაშველეთ!

230
კახთ ბატონმა თავი ჩაქინდრა, ძირს დაგებულ ხალიჩას უხედველად
დიდხანს უმზირა. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რა დროც დგებოდა.
- ერთიც, - უფრო ყრუ ხმით განაგრძო კახთ ბატონმა. ახლა გივი აღარ
დაობდა, აღარ იძიებდა, საყვედურობდა უფრო, - ნუთუ ჩვენი
გაერთიანება მხოლოდ თავისუფლების ხარჯზეა შესაძლებელი? ასეთი
რა გვჭირს შინაგანი? ან რა არის „ივერთ თვალით“ უფრო
მიზანშეწონილი და ზნემაღალი - თავისუფალი დაქსაქსულობა და
თუნდაც უთანასწორო ბრძოლა, თუ ერთიანობა და ახალი მფარველის
უღელის დადგმა? ნუთუ თავისუფლების ლტოლვა ახალი მფარველის
თავისუფალი არჩევის ლტოლვითღა უნდა შევიცვალოთ?
ბერს არ გაუცია ხმა. ეს კითხვები ერთდროულად პასუხგაცემულნიც
და უპასუხონიც იყვნენ.
ალექსანდრე კი მისთვის ჩვეულ ხმამაღალ ფიქრს განაგრძობდა:
- მესამე ფალავნის ჩამოსვლამ სულ არ აფუნგოს რის ვაი-ვაგლახითა
და რა მსხვერპლით ძლივს შეკოწიწებული საქმე!.. დიდ თამაშს ის
აგებს ხოლმე, ვისაც არ ძალუძს მეტი ლოდინი… ჩვენ კი ყოველმხრივ
გვაწვიმს და გვსეტყვავს!
გულხელდაკრეფილმა ალექსანდრემ დიდხანს იფიქრა და შორეულ
ხილვადანახულივით აღმოხდა:
- მე კი წავაგებ აქ თავს… მაგრამ იქნებ ჩემს შვილებსა და ხალხს რამე
ეშველოს!
თავი კენჭი თუ თავის კენჭი ნაყარი იყო.
კახთ ბატონმა საგანგებო, ვიწრო თათბირი იხმო. დაისწრო: ერეკლე
ბატონიშვილი, იასონ მდივანბეგი, გორჯასპ ენდრონიკაშვილი,
შერმაზან სარდალი, დავით ჯანდიერი, ზაალ ჯორჯაძე და ანდერმან
ვახახიშვილი.
ზოსიმე ბერდიდმა ჩრდილოს ვითარება და ელჩობის შედეგები
მოახსენა ბჭობას. ყურშიტა ჩერქეზმა და კირილე ბერმა შეავსეს და
დაადასტურეს მისი ნათქვამი.
დიდი ყურადღებით უსმენდნენ ძველი და ახალი თავადნი უცხო და
საერთოდ მოულოდნელ ამბებს. ყველასათვის ცხადი იყო, რომ რაღაც
ახალი და დიდი ამბავი იწყებოდა.
რუსეთს წასულ ელჩობის ირგვლივ, მაინც მას შემდგომ, რაც მეტად
დააგვიანდათ უკან მობრუნება, ათასი ჭორ-მართალი მიჰყვებოდა
ალაზანს. აქ რაღაც საიდუმლოება რომ იყო, ამას კარგად გრძნობდნენ
ყრუდ შეთქმულნი - დიდთავადნი, მაგრამ ბორბალოში
განმარტოებულ, სამოქმედო ასპარეზიდან გასულ მკაცრ ბერის
ხელახალ აღდგომას, ისიც რუსეთიდან მობრუნებას აბა რაღას
მოიფიქრებდნენ.

231
ალაზნის ბატონის სასახლეში ნემსის ყუნწი არ იმალებოდა თვალის
გაუყრელად. ახლა კი ასეთი დიდი ამბავი საიდუმლო მეხად დაეცათ
თავზე!.. მაინც ზოსიმეს მონაყოლმა ხომ სულ გაოცებაში ჩააგდო ყველა.
ზოგნი არ იფერებდნენ, თორემ სულ დაიბნენ კაიდევაც.
ალექსანდრემ წარმართა ბჭობა:
- ამიერით მესამე დიდი ფალავანი ჩამოდის კავკასიის სარბიელზე,
ირანსა და თურქეთს რუსეთიც ჩამოემატა! - კახთ ბატონი ფრთხილად
ზომავდა და ლამბავდა საუბარს. იცოდა, ზოგი მოთათბირე ყოველ მის
ნათქვამს ეჭვიანად გაუსინჯავს კბილს. ჯერ თავის სარფიანობის
თვალსაზრისით გაზომავს საქმეს, მერმე საერთოსაც თვალს გაუყრის
და, ვინ იცის, ამ სამ ფალავანს შორის რომელს ირჩევს სათავისოდ… და
ვით გაიგოს, როდის ან რა გზაზე გაუჩნდება მას - კახთ ბატონს
მოღალატედ, მეტოქედ თუ სხვა გზის მაძებრად?! დიახ, აქაც, ამ
რჩეულთა შორისაც, არა ჰქონდა ყველას იმედი. პირველივე
მნიშვნელოვანი ფეხის წაკვრა დაფარულ ღოჯებს გამოუჩენდა
მრავალთ.
- კახეთი დღეს ერთადერთი საქართველოა, სადაც ჯერ არც
ოსმალონი და არც ყიზილბაშნი არ თარეშობენ. თურქობა ამჟამად ჩვენი
უდიდესი მტერი და მოძალადეა არა მარტო კახეთისა, მთლიანად
ქართველობისა! - ჩააზუსტა კახთა ბატონმა და თვალი მოავლო თავის
მოთათბირეთ, - გაიხსენეთ სამცხე - დიდებულთ მიწა ჩამოართვა,
თავის მხედართ დაურიგა… აზნაურნი და გლეხნი ან გაათათრა, ან
დაარბია… ქართლსა და იმერეთს რა დღე ადგიათ, ესეც კარგად
მოგეხსენებათ. ჰოდა, მტრის მტერი… მოყვარეა! თურქთა მეტოქე და
მებრძოლი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა!
ახლა მოთათბირენი რუსეთის ხსენებასა და ქებას მოელოდნენ.
მაგრამ ალექსანდრე უფრო ფრთხილი იყო.
- ამიტომ ვიდრე იბრძოდა, მხარში ვუდექით ირანს… ახლა ახალი
ძლიერი მოკავშირე და მფარველი გამოგვიჩნდა… ჩვენი მთავარი
მიზანია შუამავლობა გავწიოთ რუსთ-ირანელთა შორის ოსმალოთ
წინააღმდეგ… ჩვენთვის კი - თუ ხმალი არა - ფარი მაინც შევქმნათ!
ალექსანდრე დადუმდა. სდუმდნენ მოთათბირენიც.
- და არის მეორე, უფრო მეტიც, მაგრამ ჩვენთვის აგრეთვე არსებითი
მიზანი - შამხალ-დაღესტნის მოდრეკა, ლეკიანობის საბოლოოდ
ამოკვეთა. თერგის რუსთ ციხე და მოკავშირეობა ჩრდილოეთით
მაგარსა და ქრისტიანულ ზურგს მოგვაბამს. ბიზანტიის დაცემის
შემდგომ ჩვენ ასეთი ერთმორწმუნე და ძლიერი მოკავშირის ყოლის
ბედი აღარ გვქონია!
ასეთ ფარგლებში წარმართული თათბირი საოცრად მოკლე და
ერთხმა აღმოჩნდა. ვისმე თუ ჰქონდა მალული ღოჯი, რუსთ ელჩების

232
მოლოდინში ისიც მიიმალა. სადაც ზოსიმე ბერდიდი თავად აღმოჩნდა
ელჩების მომყვანი, სადაც ნუგზარ ერისთავმა თავად გამოაცილ-
გამოატარა ელჩები, სადაც გორჯასპ ენდრონიკაშვილი, თურქთა საქმის
მოჩალიჩე და „ოსმალთა ბაიათების“ მოყვარული, სდუმს - სხვა
მოსასწორე და თავის დარის მომლოდინე თავადებმაც უტყვი თანხმობა
არჩიეს.
დანიშნულ ვადაზე ომან ჩოლოყაშვილმა რუსი ელჩები ხარჭაშოს
მონასტერში დააბინავა, იორამ თავადი მესტუმრედ მიუჩინა.
რამდენიმე დღე მოასვენეს ელჩები, გაბანეს, დალაქები და
მრეცხავები დაახვიეს, აავსეს ხორაგითა და ხილ-ტკბილეულით.
ელჩებმა, თავის მხრივ, რუსთ მეფის საჩუქრები გაწმინდეს,
გაამზეურეს. სადარბაზო სამოსი მოირგეს, დანაბარების დავთრები
ხელახლად გადასინჯეს.
მალე კვლავ ეწვიათ სახლთუხუცესი და ალექსანდრე მეფის
დარბაზად წვევა გადასცა ელჩებს.
ბირკინის ერთადერთი პირობა იყო - მათი მიღებისას კახთ ბატონთან
არ ყოფილიყო სხვა სახელმწიფოს ელჩი. ასე ჰქონდათ აღნიშნული
დანაბარებში.
- მეფე სანადიროდ გახლავთ კარავ-სადგომში… მას მხოლოდ
წარჩინებული დიდებულები ახლავს და არცვინ უცხო! - დაარწმუნა
ომანმა და მეფის გამოგზავნილ ცხენებზე შესვა.
ალექსანდრე მეფემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელჩებზე. არა
სიმდიდრითა და სამოსით… ამ მხრივ რა გააკვირვებდათ კრემლის
ოქროპალატის დიდ მოხელეებს, არამედ თავისი მეფური
თავაზიანობით, ხასიათგამოკვეთილ და აზრის მაჩვენებელ
უშუალობით. არა, ეს ხელისუფალი სრულიადაც არ ჰგავდა მათ დიდ
ხელმწიფეს, მეფესა და დიდ მთავარს სრულიად რუსეთისა და სხვათა
მრავალთა ქვეყანათა მფლობელს თედორე იოანეს ძეს, რომლის
სახელითაც აქ ასე გოროზად მეტყველებდნენ.
ოქრომკედული კარავი სავსე იყო დიდებულებითა და აზნაურებით.
ალექსანდრე მეფე ფეხზე მდგარი დახვდა დიდი ხელმწიფის ელჩებს.
ელჩებმა კი თავის მხრივ ჭეშმარიტი რუსული, მიწამდე ხელხრილი
სალამი სცეს ივერიის მიწათა მფლობელს. ელჩობაც რუსულ წეს-
გარიგებით გამართეს… დიდი ხელმწიფის სახელით კახთ ბატონის
ჯანმრთელობა მოიკითხეს და დანაბარების მიხედვით სიტყვა
გაიმეორეს. პოლუხანოვი აქვე ფურცლავდა დავთარს და შევიწყებულ
ადგილს ჩუმ-ჩუმადაც შეახსენებდა ხოლმე ბირკინსა და პივოვს. მერმე
საჩუქრები მოართვეს მეფეს. პოლუხანოვი ბანით მეტყველებდა,
ყურშიტა სთარგმნიდა.

233
- ორმოცი ყარყუმი, ასი მანეთის საღირალისა… ორი მელა, შავმურა,
ორმოცდაათი მანეთისა.
კარავში რუს მოხელეებს შემოჰქონდათ ათეულებად აცმული
საოცარი ჩრდილობეწვეული. ოქროჩარდახის ცალი კუთხე კი
ჭერფარდამდე ივსებოდა.
- კარგი მონადირე ყოფილა რუსთ ხელმწიფე… ან.
- …ან ტყავის გაძრობა კარგად სცოდნია, - ჩუმად ჩურჩულებდნენ
დიდთავადნი.
ერთმა რამემ კიდევ გააკვირვა აღმოსავლელი დიდებულნი:
- ფასის დასახელება რუსული ზრდილობაა? ჩვენში ან ირან-
თურქეთში სად გაგონილა? საჩუქარი სასყიდელსა ჰგავს უფრო.
- მოსკოველები დიდი სოვდაგრები არიან! - თავადებს
უდასტურებდა სარგის სომხიშვილი.
- ათი კბილი თევზისა! დიახ, თევზისა! - დამატებით დაადასტურა
მთარგმნელმა, - აბჯარ-მუზარადი მოსკოვური ნახელავი! - ფასი აღარ
უთარგმნია ყურშიტას, გრძნობდა მანეთების ხსენება ცუდ
შთაბეჭდილებას ახდენდა კახთ ბატონზეც.
აბჯარ-მუზარადი კი ყველამ მოიწონა.
პირველ საჩუქრების სიუხვემ დიდად შთაბეჭდა დიდებულები.
მეფემ ხელთან მიუშვა ელჩები და მერმე აქვე, დიდ კარავში, სუფრაზე
იწვია.
რუსებს რომ გადაუთარგმნეს მეფის წვევა, მათ ერთხმად დააფასეს
ესოდენ მაღალი პატივი.
კარვის მარცხენა, მოხატული კალთა აიშალა და საჩუქრები უმალ
გაქრა, ხოლო მესტუმრეებმა გრძელ-დაბალი, უკევ გაწყობილი სუფრა
შემოიტანეს. ზედვე ყანჩის სიმაღლე და მსგავსი სურები შემოაყოლეს.
ხოლო მოტანილმა ვეება სამწდეურებმა და ყანწებმა რუსთ ელჩები
დაარწმუნეს, რომ ამ ქვეყანაშიაც ჭამა-სმა და პირის პატივი არცთუ
ცუდი სცოდნიათ…
თვეზე მეტი გასტანა მოლაპარაკებამ. საქმე არსებითად თავიდანვე
გადაწყვეტილი იყო, მაგრამ წინდახედულება მრავალ შესწორებებსა და
შეთანაბრებას მოითხოვდა.
ალექსანდრეს თავისებურად ესმოდა რუსთ ხელმწიფის
მფარველობა. ეს მდგომარეობა არცთუ ახალი იყო კახეთისათვის. ასე
„მფარველობდა“ კახეთს ჯერ ირანი, ვიდრე თურქნი არ ჩადგნენ კახეთ-
ირანს შორის და კახეთის „მფარველობას“ ახლა თავად ამაოდ არ
იჩემებდნენ.
გარკვეული ხარკ-მძევლობა, გარკვეული საჩუქარ-მოსაკითხავები,
გარკვეული მხარ-ზურგის მობმა ომის დროს.
ასევე გადაჰქონდათ კახთა ეს ცნება „მფარველობა“ რუსეთზედაც.

234
მაგრამ ეს არა ყმობა იყო, არამედ ორთა შეთანხმება. ამიტომ როდესაც
გულუმრუდობისა და კეთილყმობის ჯვარსაფიცზე მიდგა საქმე,
ალექსანდრემ რუსთ ელჩებისაგანაც შესაფერისი ფიცი ითხოვა
მფარველი ხელმწიფის სახელით იმავ ხატზე დებული.
ელჩებმა კიდევ ერთხელ გადაშალეს თავისი დანაბარების დავთრები
და ალექსანდრეს პირობა ვერ დააკმაყოფილეს „უბრძანებლობისა
გამო“.
- და ოდესაც აახლებთ დიდ ხელმწიფესა და მფარველს ჯვარსაფიცის
წიგნს, დიდი ხელმწიფე თედორე იოანეს ძე თქვენს სიმართლეს
დაინახავს და თავის მხრივ ოქროს ბეჭდიან წყალობის სიგელს
მოგიბოძებთ… საგანგებო ელჩებით გაახლებთ. ბრძანებულებათაც
გასცემს აშთარხნის ვოევოდა - სარდლებისადმი შენი და შენი ქვეყნის
დასაცავ-დასაფარავად ყველა მტრისაგან! - ბოხი ხმით მეტყველებდა
ბირკინი და როგორც კი ყურშიტა ჩაათავებდა თარგმანს, ახლა პივოვი
გააგრძელებდა სიტყვას:
- თერგის ციხის აგება კი უკვე ბრძანა დიდმა ხელმწიფემ, მაგრამ ეს
ასე სწრაფად არ მოხერხდება. ამიტომ ვართ ესოდენ შორს
გამოგზავნილნი, დახმარებისა და მფარველობის საშუალებანი
შევათანხმოთ-შევათათბიროთ.
ალექსანდრეს არ სურდა ფიცის დადება, ვიდრე ციხე არ ჩადგებოდა
თერგზე. ელჩები მიმოდიოდნენ თავის სადგომსა და ოქრომკედულ
ჩარდახს შორის, სტუმართმასპინძლობა გრძელდებოდა, პირობების
წიგნის შეთანხმება კი უფრო და უფრო იხლართებოდა.
რუსები არ ჩქარობდნენ. კახთა კი დანისპირზე ჰქონდათ საქმე.
ალექსანდრეს სწორედ ახლახანს მოუვიდა ცნობა ირანიდან, ბრმა
შაჰხუდაბანდას ვაჟმა - უკვე სიმარჯვითა და მედგრობით ცნობილმა
აბასმა - თავისი მამის ტახტი ხელთ იპყრო და თითქმის მთელი ირანი
შემოიმტკიცა.
შაჰ-აბასის ტახტზე ასვლა ირან-თურქეთის ომის განახლებას
ნიშნავდა. კახთ ბატონმა ისიც კარგად იცოდა, რომ, პირველ ყოვლისა,
ახალი შაჰი კახეთზე მოძალებით დაიწყებდა თავისი ტახტის
დაკარგული ბრწყინვალების დაბრუნებას. რუსთ ელჩების გამოჩენაც
კავკასიაში ორთავე ფალავანს ჩააფიქრებდა და სამოქმედოდ
ააჩქარებდა.
ყველაფერი აჩქარებდა ალექსანდრეს, მაგრამ არ იმჩნევდა და ახალ-
ახალ უფრო დაქნილ წინადადებას სთხზავდა.
დიდთავადები უსმენდნენ, თვალს ადევნებდნენ კახთ ბატონის
დახლართულ სვლებს და გადაჭრით ვერ გაერკვიათ, როგორც
გორჯასპი ამბობდა, რა კვერცხი დაიდებოდა ამ ახალი ხმის კაკანში!
იგი ელჩების რუსულ ბაასს ახალ ხმას ეძახდა.

235
სხვა დროს უმეტესნი დიდთავადნი გაცლას არჩევდნენ, თათბირზე
არდასწრებას და ვინიცობა შემთხვევაში ხელის დაბანას. მაგრამ ახლა
ჯანდიერს ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მეფის ბრძანებით
რუსი ელჩების მოსვლისა და თათბირის შედეგების დროზე ადრე
გამომჟღავნების თავიდან ასაცილებლად ტყის ბანაკ-სადგომიდან და
ელჩთა სამყოფელიდან არავის არა ჰქონდა წასვლის უფლება. ხოლო
ახლო და შორ მისავლებში შესაფერისი სარანგ-ბადრაგიც ჰყავდა
დაყენებული.
შეთანხმება ჯერ მიღწეული არ იყო, როდესაც კახთ ბატონმა
ჯანდიერს ბელქან თუში მოაყვანინა და ისპაანს ყოვლად საიდუმლო
შათირად გაამზადებინა. ამის გაგონებაზე ყოვლად აუღელვებელ
ჯანდიერსაც ულვაშები აუცმაცურდა.
ალექსანდრეს გაეღიმა:
- უმჯობესია ჩვენც დავასმინოთ ჩვენი თავი, თორემ სხვების, -
დასმენა უფრო აგვირევს საქმეს!
სიგელს კი განზრახ ბრმა შაჰხუდაბანდას სწერდა კახთ ბატონი.
აცნობებდა რუსთ ელჩების მოსვლას და რუსეთ-თურქეთის
ურთიერთობის გამწვავებას. აგრეთვე მათ შესაძლებელ დახმარებას
კახთათვის თურქთა წინააღმდეგ და ძველ მოკავშირესა და მფარველს -
შაჰინშაჰს რუს-ირანის შუამავლობაში დაუზარებელ მცდელობას
პირდებოდა.
რუს ელჩებთან შეთანხმება ბოლოს მიღწეულ იქნა: რუსთ ხელმწიფე
დაუყოვნებლივ ციხეს ჩადგამდა თერგზედ, დალაშქრავდა შამხალს,
გზას გაიკაფავდა კახეთისაკენ. მფარველობასა და სამხედრო
დახმარებას აღმოუჩენდა მას ყველა მტრის წინააღმდეგ.
ალექსანდრე მეფე, ივერიის მიწათა ბატონი, რუსთა ხელმწიფის
მაღალმფარველობასა და ხელდებას იღებდა. თავის მხრივაც, საჭირო
შემთხვევაში სამხედრო დახმარებას აღუთქვამდა და ყოველწლიურად
თერგის ციხის საჭირო მარაგის ნაცვლად მდიდრულ მოსაკითხავებს
გაუგზავნიდა - ოქრომკედულ ქსოვილებს, ძვირფას ხალიჩებს,
ბედაურებსა და რაც რომ მის მამულში უმჯობესი აღმოჩნდებოდა.
ალექსანდრე და როდიონ ბირკინი კერძოდ შეთანხმდნენ, რომ რუსთ
პირველელჩი დაუყოვნებლივ კახეთიდანვე მისწერდა აშთარხნელ
ვოევოდას შეთანხმების მიღწევისა და თერგის ციხის აგების
დაჩქარების შესახებ.
და ენკენისთვის დამლევს ფილიპე ეპისკოპოსმა ჯერ ხარჭაშოს
საყდარში გადაიხადა წირვა, ხოლო მერმე საზეიმოდ შემზადებულ
ელჩებს წარუძღვა და ტყის სადგომში ეწვია კახთ ბატონს.
ოქრომკედული ჩარდახი დღეს უფრო გაეხსნათ, კარვის სალოცავის
ტიხრი აეწია.

236
დიდი ლოცვა-ზეიმით გადაიხადეს პარაკლისი. ალექსანდრეს
ძველქართული კაბა-სამოსი ჩაეცვა, ხოლო ზემოდან ნაჩუქარი
სიასამურთა თეთრბეწვიანი ბისონი წამოესხა. გვერდს ბატონიშვილები
უმშვენებდნენ. აქ იყვნენ ყველანი, გარდა მცირეწლოვანი
კონსტანტინესი. თავად-აზნაურნი და სამღვდელოებაც ბლომად აწვია,
გარდა ავადმყოფ ალავერდელისა. ამბიონზე დადებული ჯვარსაფიცის
წიგნი რუსულ-ქართულად ჩაიკითხეს, ზედ ჯვარი დაასვენეს და
ალექსანდრემ ფეხი წარსდგა…
- არა ჩემთვის, არამედ ჩემ შვილთა და ხალხისათვის ვდებ ამ
ჯვარსაფიცს! ვფიცავ, უფალო! - პირჯვარი ისახა, ჯვარს ეამბორა და
სიგელს ოქროხოხბის ფრთით თავისი სახელი მიაწერა, ბეჭედიც
დაასვა. მერმე მიჰყვნენ ბატონიშვილნი: ერეკლე, დავითი, გიორგი.
უფრო ქვევით კი დიდებულნი: იასონ მდივანბეგი, გორჯასპ, შერმაზან,
ზაალ და ანდერმან.
ჯვარსაფიცი ჯვარნაფიცად გადაიქცა.
ოქრომკედულ ჩარდახის მიღმა იგივ უღრანი ტყე იყო
შემორტყმული. ცაზეც შემოდგომის მზე ძველებურად ვიდოდა,
თითქოს არაფერი გამოცვლილა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ
ამბიონზე რაღაც დიდი ამბავი დატრიალდა. ხოლო ეს კი ალბათ
არავინ, იცოდა - საბედისწერო თუ საკეთილბედო ამბავი იდო
ამბიონზე.
და როდესაც ბირკინმა ჯვარნაფიცი სიგელი ყდაში ჩასდო და
დალუქა, კახთ ბატონს ისე მოეჩვენა, თითქოს ძველი საქართველოს
ციხე-გალავანი ჩაინგრა-ჩაიხარჯა და ჟამთაწერის ახალი წიგნი
გადაიშალა… ხოლო რა ეწერა ამ თავფურცელზე - საქართველოს
საშველი და გაერთიანება, თუ უსაშველობა და კიდევ ერთი, იქნებ
საბოლოო მარცხი?!

XXVI გზისპირული
ღვინობისთვის დასაწყისში დაიძრნენ ტყის სადგომიდან მეფიონ-
ელჩიონნი. ახლა უკვე ღიად და ზეიმ-ზეიმით მოდიოდნენ. კახთ
ბატონსა და მის მრავალრიცხოვან სტუმრებს ყველგან დიდი
სიხარულითა და პურ-მარილით ხვდებოდნენ.
ტყიან მთას რომ გადმოსცდნენ და ალაზნის ველს გადმოადგნენ,
რუსთ ელჩები სულ მოიხიბლნენ სანახაობით. ალექსანდრე მეფემ
განგებ შეაჩერა ცხენი, იცოდა შორიდან ალაზნის ველის ხილვის
ჯადოძალა.
როდიონ ბირკინს წვერების სწორება აუვარდა, წარბი გაშლოდა,
ზოლ-ფერადებად ჩაყოლებულ ბაღ-ვენახებს, საყანეებს, ატეხილ
ჭალებს უხმოდ დამზერდა და გულხალვათობა უნებურად

237
ეუფლებოდა. პივოვი უფრო აღფრთოვანებული და ღია ხასიათისა იყო.
იგი ხშირად ვერც ჰფარავდა სიამ-უამურობის გრძნობას.
- აი სამოთხე სადა ყოფილა! ერთი ჩვენ დიდ ხელმწიფეს ცალი
თვალი გადმოახედა, რა მარგალიტი ემატება მის მონომახის
ქუდგვირგვინს!
- და ეს ყველაფერი ყურძენიაო? - ხელებს შლიდა პოლუხანოვი.
მედავთრე განსაკუთრებით მოხიბლა სუფრაზე ხშირ-ხშირად
მორთმეულმა ხილმა, ხოლო ხილთა შორის ყურძენმა. და ახლა
ყველგან ვენახი ელანდებოდა.
- დახე, დახე!.. ჩვენ კი ვიძახდით, თერგსა და ქედს იქით ქვეყანა
არაფრად ვარგებულაო. აბა ვინ იცოდა, აბა ვინ?!
- არავინ… დანილოვ-რუსინი და მათე ნოგირინი კი ამბობდნენ,
მაგრამ აბა ვის სჯეროდა? - უდასტურებდა პივოვი.
- სჯეროდა! - ჯიუტად ახმიანდა ბირკინი.
- აბა ვის?
- დიდ ბოიარინს, მეფის ცოლისძმას… ბორის გოდუნოვს!
- მართალია, კიდევაც იმიტომ… ასეთი დიდი ელჩობა…
რუსები დადუმდნენ და ჩუმად განაგრძეს გზა. მაგრამ მალე პივოვი
ისევ აღელდა, როდესაც პირველ ვენახს წაადგნენ და რუსებმა ვაზ-
ფოთოლნარში ქარვაჩადგმული მტევნები შენიშნეს.
- მართლაც აქ იზრდება თურმე! მე კი ინდოეთიდან შემოტანილი
მეგონა! დახე, სტეფანე, შენი საყვარელი!
პოლუხანოვმა კი ცხენი ზედ მიაყენა ღობეს:
- ღმერთო ჩემო! როგორია და რამდენია! - ხელები გაშალა და ღობეზე
გადიფარჩხა, მაგრამ პირველელჩის წარბის გადაქნევამ უმალ შუა
გზაზე გამოაგდო წესის დამრღვევი.
- რუსთ ხელმწიფის ელჩს არაოდეს არაფერი არ უნდა უკვირდეს! -
ღჯუდ ჩაუჩუმათა, ხოლო პირზე საამო ღიმილი გაიკრა. მაგრამ ქვევით
თავადაც გაუჭირდა ამ წესის დაცვა. არც გასაკვირია, ვენახებს
გაჩაღებული რთველი გასდებოდა.
ყურძნით სავსე გოდრები და გოდროხები თითქოს თავისთავად
დარბოდნენ ვაზებს შორის. შეუჩვეველ თვალისათვის ხალხი არც კი
ჩანდა ზვარში. სიმღერაცა და სიცილიც სადღაც ფოთლების შრიალში
შარიშურობდა და ინთქმებოდა. მზე, სიხარული და მწიფობა სუფევდა
ირგვლივ. გაფიცხებული, მტკბარი სურნელი ჰაერში ბადაგად იდგა.
ქვევით, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე, დიდ ზვართან, მარნის კედელი
გამოჩანდა. აქვე შებმული ურმები ჯგროდ იდგნენ. დასიცხულ
ენაწამოგდებულ კამეჩებს კაკლისა და ნუშის ჩრდილებში თავ-ყურები
წაეყარათ და სთვლემდნენ. აქ ჭავჭავაძიანთ მამული იყო და ჭალის
ჭიშკართან დაწინაურებული იასონ მდივანბეგი დახვდათ საპატიო

238
მგზავრებს, რთველის დალოცვა და ზვარ-მარანში ფეხის დადგმა
სთხოვა მეფესა და ჩრდილო სტუმრებს.
- რომც არ გეთქვა იასონ ჩემო, აგრე რიგად არ ჩაგივლიდით!
დაგვასწარ! ზვარ-ბარაქა გიშენოს და გიმრავლოს ღმერთმა!
ვენახში შესვლისთანავე მდივანბეგიანთ მანდილოსნები მოეგებნენ
მეფესა და ელჩებს, რთველში იწვიეს.
რუსები და ნარუსეთალები გულდაგულდ მიესივნენ ვენახს.
პოლუხანოვის სიხარულს ხომ მაინც საზღვარი არა ჰქონდა. უმალ
ჩამოქვეითდა, ყველას ჩაასწრო. პირველ ხარდანს მისწვდა და
ყველაფერი დაავიწყდა. სამი ბარაქიანი მტევანი ზედიზედ იხმია,
მხოლოდ მერმე მიმოიხედა. სხვა ჭიგოზე უკეთესი ყურძენი მოეჩვენა.
ახლა იმას მიატანა… იმის იქით კი უკვე ნამდვილ ქარვისა იყო. ისიც
რომ შეჭამა, ახლა ოქროსფერი დაინახა… მერმე შავწითელი, იქით,
სულ შავი და ათას სხვა ფერისა და ალბათ გემოსიც… დაბოლოს
თვალი რომ გაუძღა, უკან მოიხედა, მაგრამ ირგვლივ კაცთაგანი
ვეღარავინ დაინახა, მხოლოდ მრავალთვალიანი მტევნები
შემოსცინოდნენ ყოველმხრივ. უხვად შეფოთლილ, მაღალი კაცის
სიმაღლე ვაზებში არავინ ჩანდა, მხოლოდ შრიალი და გადაძახილი
ისმოდა.
ტკბილ-მაძღარა ყურძენმა ფერდი უფრო მალე გაუძღო, ვიდრე
თვალ-გული. სურდა და ვეღარ ჭამდა, როგორც საერთოდ იცის ხოლმე
ვენახმა.
- რა ყოფილა? რამდენია? რა სანახავია? - ჩურჩულებდა ვაზის ხამი
სტეფანე და ვენახში დაბადუნობდა.
შიგადაშიგ ატამს წააწყდა, ვაშლსა და მსხალს, ნუშსა და კიდევ ვინ
იცის რას. ამდენი ხილთა ცოდნა აღარ ეყო ელჩის მედავთრეს. მაგრამ
ყველაფერს კი სინჯავდა. ზოგი ხაოიანი იყო და კურკაც ჰქონდა,
ზოგიც უკურკო და ხახვის მსგავსი. ერთმა უსწორო ვაშლის დარმა და
მსგავსმა სუნელით მოხიბლა, მაგრამ კინაღამ დაახრჩო, გულზე დაადგა
და ცრემლიც ბლომად აყრევინა. ახლა კბილებდაკრეჭილმა პირწითელა
ხილმა ჯერ მოხიბლა, მერმე კბილები მოჰკვეთა… ერთი რაღაც
საოცრებაც ნახა, მრგვალი იყო, ქლიავს ჰგავდა. ზემოდან შავმწვანე
ქერქი ჰქონდა. ჩაკბეჩისას საოცარი სიმწარისა გამოდგა, მაგრამ ისეთი
უზარმაზარი და ფოთოლლაზათიანი ხე ადგა თავზე, რომ დაეჭვდა.
ჩუმი ლანძღვისაგან თავი შეიკავა და მწარე ხილი გასტეხა, ნაჭუჭი
გააცალა და თეთრი გული შეჭამა. ფრიად მოეწონა და ჯიბეებიც აივსო.
ბოლოს დაიღალა და ხალხს დაუწყო ძებნა.
მკრეფავებს წააწყდა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყვნენ. მივიდა და
რუსული ლაპარაკი დაუწყო. ყველანი იცინოდნენ და ახალ-ახალ
ჯაგნებს სთავაზობდნენ. ასე ჯაგნებდახუზნული დადიოდა

239
პოლუხანოვი მხარგაშლილ ზვარში და თავისიანებს დაეძებდა.
ადგილი კი კარგი იყო, აქ სულ არჩევდა დარჩენას, მაგრამ ვენახში
დაბნევას პირველელჩი არ აპატიებდა. ბოლოს იკადრა და რუსული
ყიჟინიც კი დაჰკრა.
ბედად ზაზა გამოეხმაურა და მოუვიდა. ზურგზე მოზრდილი
გოდორი მოეგდო, ხელში კი კალათი ჰქონდა.
- შენც ჰკრეფავ?
- მომენატრა! განა ამაზე უკეთესი არის რაიმე? - მიუგო
თვალაპრიალებულმა ზაზამ.
- მართლაც! მართლაც! - დაეთანხმა მედავთრე და კალათი
გამოართვა, ჯაგნები ჩააწყო და კიდევ ჩაკრიფა, - გაგვატანენ?
- რასა? სად? - ჯერ ვერ მიხვდა ზაზა.
- გზაში საჭმელად?
- ჰო! რა თქმა უნდა, თუკი მოისურვებთ.
მათ რუსულ ლაპარაკზე უმალ მოგროვდნენ მკრეფავები და რთველს
მხარ-ნაპირი გაუსწორეს.
- პირწმინდად! პირწმინდად! - გაიძახოდა მეგოდრე, - ამ რუსმა არ
გვაჯობოს, დახე, რა დატაცებით კრეფს!
პოლუხანოვმა კალათი რომ აავსო, ზაზამ სავსე გოდორი ისევ
მოიგდო და რუსი მარნის ბილიკზე გაიყვანა.
მარნის ირგვლივ ფართო, დაბალი კედელი იყო შემოვლებული.
სახურავად კი კაკლის ხის ძალოვანი ტოტები ჰქონდა გადადგმული.
შიგ რომ შევიდნენ, რუსმა შენიშნა, ცალ კიდეში ვეებერთელა
ამოჭრილი მორი ხომალდივით იდო, ზედ მკლავგადახვეული, ქოჩორა
ახმახები გაშმაგებით დახტოდნენ, ერთ ადგილზე იტკეპნებოდნენ. რომ
დაუკვირდა, შეამჩნია - მათ ფეხები შიშველი ჰქონდათ და ვგონებ
სისხლიანიც.
- დააშავეს რამე, თუ ცეკვავენ?
მაგრამ ზაზამ პასუხის ნაცვლად უმალ მიაძახა და წინ, მიწურ
იატაკზე დაახედა.
- ფრთხილად! არ ჩავარდეთ!
ირგვლივ მრგვალ-მრგვალი ორმოები ყელამდე მიწაში ჩაფლულ
ზარბაზნებივით იმზირებოდნენ, ხოლო ერთი ორმოდან კაცმაც კი
ამოჰყო თავი. „მაშ აქაც სცოდნიათ დამნაშავეთა მიწაში ყელამდე
ჩაფლა?“ - გაიფიქრა პოლუხანოვმა. ახლა იგი აღარ ეჭვობდა, რომ
საჯალათოში მოხვდა. მაგრამ „მორზე დასჯილებთან“ რომ მივიდა,
უფრო გაოცდა. ხომალდივით მორი პირამდე ყურძნით იყო სავსე და ეს
მართლაც დასასჯელი ახმახები ტკეპნიდნენ და აფუჭებნენ ასეთ
ყურძენს!

240
- რას სჩადიან? - კიდევ უნდა ეკითხა რაღაც, მაგრამ ზაზამაც თავის
გოდორი ფეხქვეშ დაუცალა ახმახებს და ახლა მას შემოუბრუნდა.
რუსმა ორივე ხელი სტაცა კალათს, არ დაანება.
ამ დროს მარანში კახთ ბატონი, რუსი ელჩები, ზოსიმე ბერი და სხვა
დიდებულნი შემოვიდნენ. მასპინძელმა საოცარი ხომალდის კიდეში
მიიწვია სტუმრები. პოლუხანოვმა თვალი დაატანა და ღარი შენიშნა
ხომალდის ბოლოს, ზედ ჩუხჩუხით ფერადი წყარო გადმოდიოდა და
წეღან რომ ორმოს გადურჩა, ისეთში ინთქებოდა.
მედავთრემ აზრი ვეღარ გაართვა ნანახს. სცხელოდა კიდევაც,
თავბრუც ეხვეოდა, თითქოს ყელიც უშრებოდა. საამო, უფიქრულ
ხასიათზეც იყო. ახლა კიდევ ალბათ ახლო ნაყარი ფუტკარიც
უბზუოდა ირგვლივ. კალათ-გოდრებიანი გოგო-ბიჭები
ფუტკარნაკბენებივით წამდაუწუმ შემორბოდნენ, თაფლდადენილ
ყურძენს ხომალდში ყრიდნენ და ყრიდნენ… ის ქოჩორა ახმახებიც
ტკეპნიდნენ და ტკეპნიდნენ. ფოთლებში ჩამოცრილ სხივდაკრულნი -
ყალყზე შემდგარ, დათასმულ ვეფხვებს ჰგვანდნენ, აკი ვეფხვებივით
ბუბუნებდნენ კიდევაც… მოდი და ახლა ელჩობის დავთარში ჩასწერე
ამბავი!
- წავიდეთ… ჩვენც დავლიოთ! - შესთავაზა ზაზამ და ღარისაკენ
მიუთითა.
იქ კი პირველელჩი ამაყად, ბოხით მეტყველებდა:
- ყურძენი ჩვენშიაც ბევრია… მოსკოვის სასახლეში, მაგრამ არა
ასეთი, ბაჯაღლო ოქროსი!
- ყურშიტავ ჩემო, გადაუთარგმნე - ოქროს ყურძნიდან ტკბილი და
ღვინო არ დადგება-თქო!.. აქ ოქრომჭედლობა არ შველის… ბუნებრივი
მადლიან-დალოცვილი ყურძენია საჭირო!
ღართან მოხატული ჯამ-ფიალები ხელიდან ხელში გადადიოდა.
ბირკინი ისევ ყოვლად აუღელვებლად იქცეოდა. თითქოს მეფის
ხათრითა და პატივისცემით შესვა ჯამ-ფიალა… მაგრამ წარბების
გაშლაზე მისმა მედავთრემ უმალ შეატყო, დაასკვნა, რომ ღარზე ფრიად
საამო რამ ჩამოდიოდა. განსაკუთრებით კი მაშინ მოისწრაფა სურვილი,
როდესაც პეტრე პივოვმაც შესვა. მას ხომ არაყის მეტი არა სასმელი არ
უყვარდა, აქ კი ულვაშ-ქილვაშების ნაჟურიც კი ჩაწუწნა სიამით. და
მეფე-ელჩები როგორც კი გავიდნენ, მედავთრეც კალათითურთ
ღართან მიჰყვა ზაზას, მაგრამ პირველი ჯამის დაცლისთანავე
უსიტყვოდ მობრუნდა და დათავისებული ყურძენი მანაც სხვებივით
შიშველ ფეხებქვეშ ჩაუყარა მოცეკვავეებს, მომღერლებს და ერთობლივ
სიტკბოების ღმერთ-კაცებს.
- დასტკეპნეთ, ახმახებო, თუკი ასეთ წვენს გაადენთ! - კალათს ახლა
ჯამი დაუნაცვლა და რაც მაშინ წავიდა, კაკლის ქვეშ გაშლილ სუფრაზე

241
რომ მიიწვიეს. მალე ერთი ამფსონიც გაუჩნდა - მათე ნოგირინი. იგი
უკვე მესამეჯერ უბრუნდებოდა საწნახელს. სუფრაზეც მოასწრო
ლეღვის არაყის „საფუძვლიანად“ მირთმევა და ახლა იმდენად არა
ღარს, რამდენადაც ქვევრს დაეძებდა.
- იქ, გრემშია… ბაზრის ბოლოში… გატეხილი ქვევრი მაქვს… რა
სიმღერასაც ჩავძახებ - უკან ამომძახებს… ხელად ბანს მეტყვის ხოლმე.
მე იქით, ის აქეთ. რუსული იცის განა?! - სლოკინით, მაგრამ
დაბეჯითებით უამბობდა პოლუხანოვს.
- მორჩა და გათავდა! ხმა აღარ გამაგონოთ! ერთჯერ - ძალაძალა
გამომაბრუნეს კახეთიდან - დიდი საქმე არისო! ახლა კი მორჩა! უკან
მომხედავი აღარ ვარ! გავსინჯოთ კიდევ… ჰა?! ტიტო-ტიტო! ტიტო-
ტიო! - ამ „თითოს“ კი უკვე ქართულად ამბობდა და ახლა ზაზას
ეფერებოდა: - ჩემო შვილობილო! მე რა მეშველებოდა, შენ ლეკებს
ტყვედ რომ არ ჩაეგდეთ? შენი გულისთვის წამოვედი პირველად
კახეთში! - დანარჩენს კი უკვე მარნის პირღია ქვევრებს ეუბნებოდა და
საწნახელის ბიჭებს მრავალჟამიერში ხმას უსწორებდა.
და როდესაც წასვლის დრო მოვიდა - ნოგირინმა კიდევ მოიპოვა
კაზაკური გამძლეობა და ძალა, ხოლო დავთარარეული მედავთრე
სამმა კაცმა ძლივს შეაგორა ცხენზე.
ალაზანში რომ გაფონეს, გაღმა უკვე ხალხი იყო მოჯარული. მეფიონს
წინ ხმა და შიკრიკები უსწრებდნენ. ყველას უნდოდა მეფისა და რუს-
ქრისტიანების ნახვა.
ზაზაზე ყველაზე უფრო ალაზანმა იმოქმედა. უკან ჩამორჩა. აქ
ყველაფერი მშობლიური იყო. მისი შეჩქარებული დენა, ანკარა წყალი,
რიყე და დასაწრეტი ტოტები, ნაპირზე შემომდგარი ჭალები,
გუმბათებად გადმოსული თელები და მუხები, შიგ გადებული სურო
და მაყვალი. ისევ და ისევ ალაზანი, შეჩვეული თვალით იქნებ ვერც
დანახული, ხოლო დანატრულებულ გულში დაუტევარი,
სათქმელადაც ტკბილი და სასმელადაც!
ვიღაცამ ცხენზე მათრახი მსუბუქად გადაუკრა.
- რამ ჩაგაფიქრა, მამუკაანთ ვაჟო? ალაზანი მოგნატრებია?!
ზაზას ერეკლე ბატონიშვილი წამოსწეოდა:
- წამო, ცალკე ვიაროთ, მომღალა ამდენმა ხალხმა! ისევ რუსეთზე
მითხარ რამე.
ერეკლე სულ ორიოდ წლით იყო ზაზაზე უფროსი და მიუხედავად
წოდებრივი განსხვავებისა, მათ შორის ჯერ კიდევ ზაზას რუსეთში
გამგზავრებამდე დამყარდა თბილი ურთიერთობა. ხოლო
ჩამობრუნების შემდგომ ხშირად იყვნენ ერთად. მრავალი რამ უამბო
ზაზამ ბატონიშვილს. ერეკლე ჩინებული მსმენელი იყო. მომთმენი და
დაკვირვებული. თავად კი სდუმდა. სამეფო საქმეთა ხშირმა

242
იდუმალებამ ხშირ დუმილს მიაჩვია. თუმც არც მარტო ეს იყო მიზეზი.
ჩამობრუნებულმა ზაზამ უმალ იგრძნო ერეკლეს ჭარბი გარინდება.
მაგრამ ისედაც უფროსსა და ბატონიშვილს შეკითხვას ვით
შეჰბედავდა.
ახლაც კვლავ წამოუწყო ამბავნი ნამოსკოვარნი, მაგრამ ერეკლემ
ულოდნელად გაწყვეტინა:
- ჰო, ერთი რამ უნდა გითხრა, - ცხენი სულ ახლოს ამოუყენა და ასე
დიდხანს იარეს ჩუმად. ბოლოს ისევ განაგრძო ერეკლემ: - ზოსიმე
ბერდიდმა შენი ქება მითხრა… საიდუმლოს შენახვაც იცისო, - ერეკლე
ისევ შეყოყმანდა და დადუმდა. უეცრად გზაზე გადაუდგა და
გამოცვლილი კილოთი შეესიტყვა: - ჰო, მართლა, შენ ხშირად
გკითხულობდა… დედაჩემთან მინახავს გრემ-სასახლეში…
ნელსაცხებლები მოჰქონდა… შავგვრემანი ქალწული…
- ხალიანა? - უნებურად წამოიძახა ზაზამ და ყურებამდე გაწითლდა.
ერეკლეს სევდიანად გაეღიმა, თავი იბრუნა, დაინდო უმცროსი
მეგობარი, თითქოს ვერც კი შეამჩნია მისი შეფორიაქება. ისევ გზა
განაგრძო… მაგრამ სწორედ ამ ყურთა სიწითლემ მასაც გაუხსნა გული -
ყველასათვის დახშული.
- შენ რა გიჭირს! ვინ გყავს ხელის შემშლელი. მე კი… ვნახე, სიზმარი
იყო, მოჩვენება! იმის შემდეგ თვალწინ მიდგას ყველგან. მზეს შევხედავ
თუ ალაზნის ტალღებს… თუ… - და უეცრად თავადაც დასცხა. იგრძნო,
რომ გაწითლდა. ალბათ ისიც ყურის ძირებამდე. ცხენს დეზი ჰკრა.
მაგრამ მალე ისევ მობრუნდა და ჩამორჩენილ ზაზას მოუცადა.
ახლა მეტად გაფითრებული ეჩვენა იგი ზაზას.
- სხვებისათვის არ მითქვამს! ვერ გამიგებენ და ჩუმ-ჩუმად
დამცინებენ. შენ კი… არა მგონია, გული გენდობა. როგორ თქვი… ჰო,
ხალიანა! - ახლა კი თვალი აღარ აარიდა ზაზს, თუმცა ჭაბუკს კიდევ
აეწიფა ღაწვები, - ხალიანას ტრფიალი გამიგებს! არც ვისმეს ეტყვის!
- ვფიცავ, ბატონიშვილო! - თავი დახარა ზაზამ და თავს
მოულოდნელი განცვიფრებით შეეკითხა: „მაშ მე ხალიანას ტრფიალი
ვყოფილვარ? აი რა ყოფილა?“ ახლა გაარკვია აქამდე ბუნდად
ნაგრძნობი გულის წადილი, ფიქრების მიბორკვა. ახლა მიხვდა, თუ იქ
მოსკოვის უშორეს გზაზე ხალიანას სახე სულ მუდამ თან რატომ
ახლდა, რატომ იყო, რომ შემხვდურ ხალხში უფრო გოგონებს
ათვალიერებდა. მათ ნაწნავებს შორის მოსკოვურ კოპწია
თავსავარცხელას ეძებდა. ხევიდან ქოხსალამურას ხელით საჩუმათოდ
თავის პატარა ძმას - სიაუშს რომ გაუგზავნა. თუმცა ბიჭუნას აბა
თავსავარცხელა რად სჭიროდა?
უსმენდა ზაზა ერეკლეს თხრობას, გულით უსმენდა და თავისი
გატრფიალების მოულოდნელ აღმოჩენას ფიქრით ზომავდა. მაშ ეს

243
ყოფილა სიყვარული? მას კი უფრო სხვა რაღაც… არა, მეტ-ნაკლები კი
არა… არამედ სულ სხვა რაღაც ეგონა… გამოუთქმელი და აზრითაც
გამოურკვევი… რაღაც ვეებერთელა ყოვლის შემძლე ნიჭისდაგვარი!
ერეკლე კი თავის საიდუმლო ნიშნობას უამბობდა:
- პატარა, გამოკვეთილი ხელი ჰქონდა… ჩემი ნეკის ზომაზე ნაჭედი
ბეჭედი არათითზე ეფოლხვებოდა… საოცარი სილამაზისა იყო… ახლა
ვეღარც აღვწერ, თვალწინ კი მკაფიოდ მიდგას, დიდი წამწამები
ჰქონდა… მეტად დიდი!
- დიდი წამწამები?!
- ჩემ გვერდით რომ იდგა, ვგრძნობდი… ძლივს იდგა ფეხზე… მისი
თროთოლვა მეც მედებოდა… თვალში კი კანდელის სხივი დავუნახე…
- კანდელის სხივი?!
- მერმე კი ჩაიყლაპა… მთის იქით წაიყვანეს და გათავდა ჩემი
ზღაპარი. გაფრინდა… აი ისე… როჭო რომ აფრინდება ხოლმე და
გადაიკარგება ფერდობში სადმე.
ერეკლე დადუმდა, მაგრამ თითქოს შეეშინდა, იქნებ არ დამიჯეროს,
მართლა ზღაპრად ჩამითვალოს ნათქვამიო, ჩოხის უბიდან ნატიფად
ნაქსოვი დაბალხაოიანი აშია-ქამარი ამოიღო: - აი ესღა შემრჩა… მის
წელის სამკაული! ნიშნად ჩემი საბედობისა! თორემ მეც ზღაპარი
მეგონებოდა.
ზაზა შეაშფოთა ერეკლეს ნათქვამმა. წარმოიდგინა კიდევაც მთის
საპატარძლოს სახე, მაგრამ აქაც განცვიფრდა. მისი წარმოდგენა
ზედმიწევნით ხალიანას ჰგავდა.
შერცხვა თავისი მიკერძოებისა და ერეკლე ანუგეშა, როგორც
შეეძლო. მაგრამ ერეკლე აღარ უსმენდა მას. იგი ისევ თავისი
საიდუმლო ნიშნობის ხილვაში ჩაიძირა და ცხენის სვლასა და ოცნების
სრბოლას თავგამეტებით მიეცა.
ზაზაც მიჰყვა, მაგრამ მისი ცხენი აბა რას დაეწეოდა ერეკლე
ბატონიშვილს ბედაურს.
საღამოს პირი იყო, როცა დაეწიენ მეფიონს. აღარც გრემი იყო შორს.
უკვე გამოჩნდა მთაზე ჯიღად დადგმული მრგვალდარბაზა სასახლე.
ქვედა ბორცვზეც როგორღაც უეცრად გაჩნდა მთავარანგელოზი და
ალექსანდრეს კოშკი.
ზაზას გული უსწრებდა. მეფიონი კი თითქოს განზრახ დინჯად
ვიდოდა.
ალექსანდრე არ ჩქარობდა. ჩაფიქრებული იჯდა თავის სააღლუმო
ცხენზე, დინჯი ლაფშურით მიაცორვებდა საღარს. კახთ ბატონს ისე
ხშირად უხდებოდა ცხენზე ჯდომა, რომ ცხენზე ფიქრსაც მიეჩვია და
ცხენის ფლოქვებქვეშ ჩაკეცილი გზა თითქოს ფიქრის უხილავი

244
ბილიკების გარბენასაც უადვილებდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს
ლხინსავსე, ზეიმური სვლა გრემში გათავდებოდა.
იქ დაიწყებოდა ახალი, უფრო ცხარე და სასტიკი, უფრო გადამწყვეტი
ბრძოლა კახეთის არსებობისათვის. ესეც იცოდა, რომ ახლა ამ გზაზე
გვერდში ამომდგარი რუსი ელჩების სახით მომავალი მფარველი ჯერ
შორს იყო. და ალაზნის ველი და წყალი, ალბათ, ჯერ კიდევ ბევრ
კახურ სისხლს შეირევდა, ვიდრე მაშველი მოვიდოდა. მაგრამ სხვა
გზით სულ არ მოდიოდა მაშველი!
გზის ფიქრი არაოდეს არ უნელებდა ალექსანდრეს გარე ყურადღებას,
თვალის სიმახვილეს. ანდაზაც ჰქონდა ამოჩემებული:
„თვალმახვილობა განსაკუთრებით მეფესა და მონადირეს სჭირიაო“,
ხოლო ალექსანდრე ორივე იყო, ახლაც შეაემჩნია - რუსთ პირველელჩი
რაღაცას გაცხოველებით ეკითხებოდა ყურშიტას. მეფემ ოდნავ შეანელა
სვლა. თარჯიმანი უმალ მოეახლა:
- ამბობს, ბატონო, ყოველ ფეხის გადადგმაზე, ყოველ გორაკზე,
ყოველ ხეობაში საყდრები ვნახეთო. სათვალავი დიდი ხანია აგვერიაო.
ხევშიაც ასე იყო, არაგვზედაც, თიანეთშიაც… აქ ხომ თვლა აღარ არისო.
ამდენს ვინ აშენებსო?
- ჯერ სად არის! მაგას ქართლსა, სამცხეს ან ლიხთიმერს გაახედა -
რაღას იტყოდა? ასე უთხარ, ძველი ქრისტიანები, დიდი ქრისტიანები
ვართ-თქო! ჩვენში ყველა აშენებს საყდარს - ერი და ბერი, მეფე, თავადი
თუ თემი… ზოგს კარის ეკლესია აქვს, ზოგს ციხისა თუ თემის… ვინ რა
ხსნას შესთხოვს ზეციერს. რა ცოდვებს ინანიებს სიბერის ხანს…
ყურშიტამ სიტყვასიტყვით გადაუთარგმნა, პასუხიც მოისმინა და
გაეცინა.
- რაო, ყურშიტავ ჩემო?
- მაპატიეთ, მეფევ ბატონო!.. როგორც ჩანს, ქართველები ბევრს
სცოდავენო, უკეთუ ამდენი ეკლესია-მონასტრები სჭირდებათო
სანანიებლად.
ალექსანდრეს გაეღიმა, მაგრამ ნათქვამის სიმართლე გულში მოხვდა.
- არც უმაგისობა გვჭირს! - გადულაპარაკა მოახლებულ ზოსიმეს და
ისევ ყურშიტას მიუბრუნდა, - ასე მოახსენე პირველელჩს, მსმენია-თქო
რუსნიც დასწაფებიან უზომო სიმდიდრისა, თანაც ცხრა გუმბათიანი
საყდრების შენებას… ახალხელდებულთათვის, ნეტავ, თუ მიიჩნევა ეს
სანუგეშოდ?
როდიონ ბირკინმა უმალ გაუგო კახეთის მეფის სიტყვას
ფარულმარაგი. მოსაბრუნებში, გზის პირას, მორიგი საყდრის
დანახვაზე პირჯვარი ისახა და მეფეს მორჩა.
საყდარს შეზიანებული გალავანი ერტყა, ზედ ბიჭი იყო
გადმომჯდარი. ცხენოსნების დანახვაზე იგი წამოხტა და ხელების

245
ქნევით გალავან-გალავან გაიქცა.
ალექსანდრემ გზაზე ყმაწვილი ქალი შენიშნა. ლამაზ ქართულ კაბაში
ტანკენარი ჩანდა. სახე კარგად ვერც გაარჩია კახთ ბატონმა, რადგან
მოზარდმა გალავნის ძგიდეს აფარა თავი, ოღონდ ლამაზი სავარცხელი
შეუნიშნა თმახუჭუჭს. გზის პირას ყვავილებით სავსე კალათი იყო. „აი
ნამდვილად ბედნიერი ისაა, ვისთვისაც ეს ტყიური ყვავილებია
დაკრეფილი!.. - ხედავ, სად გამოსულა შესახვედრად!“ - ჩავლისას
გაიფიქრა ალექსანდრემ და ამალას გადახედა - ერეკლე მოხვდა
თვალში. თავჩაქინდრული იჯდა ცხენზე და ყვავილკალათს თვალს
ვერ აშორებდა. მიუხვდა მამა შვილის გულის ძგერას, დედოფლის
საყვედურიც მოაგონდა, მაგრამ რა ექნა, რომ საიდუმლო ნიშნობასა და
გაცხარებულ ქორწილს შორის კავკასიონის ქედი და ათასი ხვანჭი იყო
აღმართული.
მამამ ცალდეზი აკადრა საღარს. შვილი კი, პირიქით, ჩამორჩა, ზაზას
შეუცადა. იგიც მალე მოეწია, მაგრამ გალავნიდან ვიღაცამ დაუძახა და
სხარტი ნახტომით კედლიდან გადმომხტარი ბიჭი ზაზას ფეხზე სწვდა.
ტანზე კატასავით შეახოხდა, მოეხვია.
- სიაუში ვარ, ვერ მიცან?! - ახლა ტუჩები უწვდინა ჩამოხრილ ძმას,
ჯერ აკოცა, მერმე წასჩურჩულა: - ჩამოდი! იქ გელოდება! - ხელი
გალავნისაკენ გაუქნია.
ერეკლე ზაზაზე უფრო ადრე მიხვდა სიაუშის ჩურჩულის ფარულ
აზრს. ჩუმად მოაბრუნა ცხენი, უფრო ჩახარა თავი და ამალის
დასაწევად გასწია. ზაზამ კარგად ვერც კი გაიგო, რა უთხრა ძმამ, მაინც
ჩამოქვეითდა, მაგრამ, ვიდრე მოიფიქრებდა რასმე, მას ერთხელ კიდევ
გადაეხვია სიაუში, მერმე ზაზას ცხენს შეაფრინდა.
- მე კი მახარობლად წავალ! ჯილდო შენზეა! - ცხენი ჭენებით
დასძრა, გზას უგანა, მოკლეზე ჩაფრინდა, უმალ უყელა მეფიონს.
დაწინაურდა და გრემისაკენ ძახილ-ძახილით გაჰქუსლა.
- მოდიან! მოდიან! - შორიდანვე ესმოდა მისი ხმა ზაზას.
ფეხი რომ წარსდგა, მხოლოდ მაშინღა შეამჩნია კალათი - ყვავილები,
იმასთან… ხალიანასთან ერთად რომ უკრეფია ტყე-მინდორში და უკვე
დაჭაბუკებულმა გულმა ამცნო, რომ მას ახლა თვით ლამაზფერადი და
სურნელოვანი მცენარე კი აღარ ახარებდა, არამედ გულშეჭიდებული
მოგონება პატარა ხალიანი გოგოსი.
კალათი ემძიმა ხელში. ყვავილები მისწი-მოსწია და შუაგულში
ჩახედა.
- ქილა?! - კაკლის მურაბა?! - ახლა კი გულიანი სიცილი ვეღარ
შეიკავა ზაზამ, - ხალიანა! - თავისდა უნებურად წამოიძახა და
გალავანს მიეტანა.

246
ძგიდესთან სახეანთებული ხალიანა იდგა. მასაც კაკლის
მურაბასავით თვალები ჰქონდა.
ზაზა მიიჭრა, ხელებიც კი გაშალა.
ხალიანას ტუჩები უცმუტავდა, ღაწვებზე ფერიფური გადასდიოდა.
მკლავებიც წამოწევას ლამობდნენ, მაგრამ ცაცია ხელით გულისპირი
ძლივს დაიოკა და მარჯვენა უსიტყვოდ გამოუწოდა ზაზას. მანაც ხელი
ჩამოართვა, გაწითლდა და გაწბილდა. არა, ეს არ იყო იმ პირვანდელი
შეხვედრისთანა… და როგორ გაზრდილა, გამშვენიერებულა.
ზაზამ ვეღარ გაარკვია თავისი გრძნობა, სიხარული იყო თუ
ნაწყენობა. უმზერდა და უღიმოდა, მაგრამ სულ სხვანაირ შეხვედრას
ელოდა და ალბათ ლამობდა კიდევაც.
- ტყვეობიდან დაბრუნებულს თურმე უფრო გულთბილად ხვდებიან,
ვიდრე ელჩობიდან! - წაილუღლუღა და როდესაც თქვა, მერმე მიხვდა,
რომ თავიდანვე საყვედური ახვედრა ხალიანას.
ყმაწვილმა ქალმა თავი ჩახარა. ზაზამ მხოლოდ ახლა შეამჩნია ის,
რასაც შემხვდური ხალხის დანახვისას ასე თვალხარბად დაეძებდა.
ნაწნავებით დაშოშმინებულ ხუჭუჭ თმაში მის სატრფოს მოსკოვური
თავსავარცხელი ეკეთა და უხდებოდა კიდევაც.
- დავიზარდენით, მაშ… ბავშვობის დრო წავიდა, განა? - ხელი
მოჰკიდა ხალიანას ხელს, - ჩვენ ხომ ძველებურად მეგობრები ვართ?
- ზაზა! - ვაჟის საკინძეს კრძალვით შეეხო ხალიანა, მერმე აიბნა,
აირია და ულოდნელად გაბუტული კილოთი დაამთავრა: - საყდარში
შევიდეთ… მშვიდობით დაბრუნების ლოცვა ვთქვათ!
კარი ღია იყო. ჩრდილ-ბინდური სუფევდა კარის მიღმა. წმიდა
გიორგის ხატთან კანდელი ბჟუტავდა. იქვე სანთლები ეწყო. ხალიანამ
ორი აანთო, ერთი ზაზას მისცა და თავის გვერდით დააჩოქა. ასე
ხელჩაკიდებულნი იყვნენ. ხალიანა ლოცულობდა, ზაზას კი უეცრად
ერეკლეს წეღანდელი ნაამბობი მოაგონდა, საიდუმლო ნიშნობა. გაჰკრა
ფიქრმა. თავისი და ერეკლეს ამბავი შეურია და შეუნაცვლა… მან
ჭაბუკური უშუალობით იგრძნო, რომ მისი გული როგორღაც ევსება,
ეხიბლება, მხრებზე ფრთები ესხმის და რომ ცხოვრება ნამდვილად
მხოლოდ ახლა იწყება… უნებურად მოეჭირა ხალიანას ხელს, გოგოს
სანთელი აუკანკალდა. წამოდგა, სანთელი ზაზასაც გამოართვა,
თავისას შეაგრიხა და ხატთან მიამაგრა.
- ახლა წავიდეთ! - უფრო თამამად მოუბრუნდა ჭაბუკს. მაგრამ იგი
არ იძროდა. კვლავ მუხლებზე იდგა. გოგო სულ ახლო მივიდა, სულ
უბრალოდ თავზე ხელი გადაუსვა, ზევით ამოახედა.
- წავიდეთ! - სიოს სიჩუმით უთხრა. ზაზა წამოდგა, გოდუნოვისაგან
თარჯიმანობაში მიღებული ნეკის ბეჭედი წაიძრო და ხალიანას

247
ათრთოლებულ თითებზე მოუსინჯა, რომელიღაც თითზე მოურგო.
ნიშანდობლივ რომელზე, ვეღარ გაარჩია თუ ვერ იმახსოვრა.
გოგო შეკრთა და ერთი წამით, სულ ერთი წამით, თავი მკერდზე
მიაყრდნო:
- დედა გიცდის! ყველანი გიცდიან! - და საყდრიდან გაიჩქარა.
საღამო ფეხდაფეხ მოსდევდა მათ. მალე გაუსწრო კიდევაც.
ჩუმად ვიდოდნენ. ზაზამ არ იცოდა, რა ეთქვა. ხალიანას კი ალბათ
სიჩუმე ერჩია. მერმე უეცრად შეეკითხა:
- მაშ დამიწუნე საჩუქარი? - კალათი გამოართვა, - კაკლის მურაბას
რომ ჰპარავდი დედაშენს და მე მაჭმევდი. ყველა ვიანგარიშე, აქ
დაგახვედრე, შინ მისვლამდე უნდა გავსწორდეთ, უნდა გაათავო.
- რას ამბობ, გოგო! - ხმის ამოღება გაეხარდა ზაზას, - ამდენს რა
შემაჭმევს? - მოხსნილ ქილას გაზვიადებულ შიშითა და სურვილით
დაეწაფა, - თუ ჩემი… ხარ, მომეხმარები! - სიტყვა „მეგობარი“ უნდა
ეთქვა, ენაზე ადგა და გამორჩა. გულმა თვითნებურად გამოურჩინა,
მაგრამ, ისე კი მეგობრობა, ერთხელ კიდევ, იქნებ უკანასკნელად, თავის
ბალღურ კალაპოტში ჩავარდა, ძველებურად უშუალო და ბუნებრივი
გახდა.
- მაშ მოგეხმარო? - გოგონამ თავისი ხელით ზაზას კაკლის მურაბა
პირში ჩაუდო. თითები ბაგეზე ქორფად ამოღინღლურ ულვაშებს
უნებურად შეახო. ორნივ შეკრთნენ. ზაზას კაკლის მურაბა ტკბილ-
ცხარე ეჩვენა. მან ახალი რამეც აღმოაჩინა თავისთვის. ცხადლივ
იგრძნო, რომ ხალიანას ახალი, საოცარი ძალა გასჩენია, მასზე
ზეგავლენის დიდი უნარი. როგორც სურს და სადაც უნდა გულს იქ
აუხსნის, ან აქ დაუბამს, შუქს ჩაუქრობს თუ მზეს აუჭიატებს
თვალებში. იგრძნო ეს და ამოდ ეურჩებოდა გულს. სადღაც ბალღობასა
და ყრმობას შორის გდებულ სასწორის უღელზე ქანაობდა შეოჩნებული
გრძნობა.
მურაბამ მალე აუყირჭა გული, მაგრამ ხალიანა სულ სთავაზობდა,
თან გაბრწყინებული თვალებით გრემის ახალ ამბებს უამბობდა.
მამუკას „ვეფხისტყაოსანი“ ჩინებულად გადაუწერია… ჭაღარაც
შეჰპარვია და გულმავიწყობაც. ზაზას თანატოლებს ყველას ზაზას
ეძახის თურმე. დედა - სათინო სულ თავისი ანაბანა ბიჭის მოგონებაში
ყოფილა. ისევ ისეთი პატარა ტუჩებზე მელანწაცხებული ჰგონია.
ჩრდილოეთში შეცივებულ შვილისათვის იმდენი წინდები დაუქსოვია,
რომ ქიტა ბიჭი, ხალიანას ოინბაზი ძმა, დას აჯავრებს ხოლმე: „რა ვქნა,
ზაზა რუსეთიდან ოთხფეხი ხომ არ უნდა ჩამობრუნდესო? აბა ამდენი
წინდები რაში დასჭირდებაო?“ კარგად ყოფილან მეზობლებიც, მამა
მანასე ახლა სასახლეშიაც ხშირად დადის, დოსტაქრობს, სახელი
გავარდნია.

248
- ჰო, მართლა, - ხელი შეაშველა ზაზამ და მორიგი კაკალი აირიდა, -
შენმა გატანებულმა თურმანაულმა დიდი სასწაული მოახდინა.
- სასწაული? ჩემი კბილი, კბილი სად არის? - და ხალიანამ მარცხენა
ხელით გულისპირი ძველი სითამამით შეუხსნა, თავისი ნაჩუქარი
თილისმა გაუსინჯა. ყელ-კისერზე შეხებულმა ხალიანას ხელმა ზაზას
სულ დაავიწყა თურმანაულიც, მოცვლილი კბილიც, კაკლის მურაბაც.
რის ხელის მორჩენა? რის ჩოხოვი? რა ზარბაზანი?
- აქ არის, ჩემო! - უეცრად თავის უბეში ხელი დაუჭირა, მეორეც
წელზე კრთომით მოხვია და მიიზიდა.
ქალწულს კაკლის მურაბა გაუვარდა და საკუთარ თილისმასთან
თავი ჩამალა.
ხოლო ზაზამ ნამურაბალი ტუჩები განაბულ გოგოს სადღაც დალალ-
ყურში უწვდინა, კოცნაც უწია და ჩურჩულიც:
- მიგონებდი მე? თუ გახსოვდი?
გოგოს პასუხი არ გაუცია, უეცრად კი აქვითინდა:
- რაზე, ჩემო, რა იყო? - ჩაეძია დაბნეული ზაზა.
- არაფერი… ისე… წავიდეთ, ღამდება… იქაც გელიან!..
და თითქოს მისი სიტყვის დასტურად გრემის მხრიდან ცხენის
თქარათქური მოისმა. სიაუშმა უეცრად მოაგდო გაოფლილი ცხენი.
- არიქა, ზაზავ! ერეკლე ბატონიშვილმა ბრძანა - დაგვეწიოსო…
სასახლეში მოვიდესო…
სიაუში სხარტად ჩამოხტა, გახურებული ცხენი მარჯვედ
შემოაბრუნა.
- ჩვენც დაგეწევით, მოკლეზე ჩამოვალთ… იჩქარე! - ახმიანდა
ხალიანა და სიაუშს ნაცრემლი თვალები აარიდა. მაგრამ ბიჭს ხალიანას
ცრემლი არც გამოპარვია და არც გაკვირვებია. ზაზას უბრალო
ხსენებაზეც ხალიანას თვალებში ცრემლი კურდღლაობდა და აბა
პირველ შეყრისას ხომ ალაზანი უნდა დადენილიყო!
სხვა რამემ უფრო გააკვირვა სიაუში. გზაზე მტვერში, მიუხედავად
სიბნელისა, კაკლის მურაბა შავი თვალივით ანათებდა.
ოდნავ მოკლებულ ქილას გადასწვდა:
- აკი ვამბობდი კაკლის მურაბა მე დამრჩება-მეთქი? ესეც ჩემი
სამახარობლო იყოს! - და ცხენზე შემჯდარ ზაზას მათრახი გადაუკრა.
ჭენებით გახურებული ცხენი ოთხით დაიძრა… უმალ გაეკრა
ბინდბუნდ წაკიდებულ მიწას და ხალიანას თითზე ბეჭედი რომ არ
დარჩენოდა, ალბათ ისიც ამ გზისპირულ შეყრას, ერეკლესი არ იყოს,
ამო სიზმრად მიიჩნევდა და მიითვლიდა.

XXVII აქოჩრილი ვარსკვლავი

249
ალექსანდრემ რუსი ელჩები მოკლე ხნით აზეიმა გრემში, მერმე
ძეგამს გაისტუმრა დასასვენებლად და ქვეყნის გასაცნობად. დანილოვ-
რუსინი კი ბირკინს მცირე გამყოლებით პირველშიკრიკად
გაასტუმრებინა უკან, თერგსა და აშთარხანს, თერგზე ციხის ჩადგმის
დასაჩქარებლად.
ბელქან თუშიც შედარებით ადრე მობრუნდა ირანიდან. დღე და ღამე
ესწორებინა გამოცდილ მალემსრბოლს.
შაჰ-აბასი თურქეთთან ომის განახლებისათვის ემზადებოდა და რომ
სულ არ ამოჰკვეთოდა ფეხი კავკასიაში, განჯა-ყარაბაღის ხანებს
„იმტკიცებდა,“ იქ გამოსაგზავნ დიდ სპას რაზმავდა. კახეთისათვის კი
საგანგებო ელჩობას ამზადებდა. გრემის კარზე რუსეთის ელჩების
გამოჩენამ უფრო დააჩქარა შაჰ-აბასი, მაგრამ შინაგანმა არეულობამ
მაინც შეაფერხა.
ახლა შაჰს ცუდი მემკვიდრეობა გააჩნდა. ტახტის
დათავისებისთანავე აბასმა თავის ბრმა მამა - შაჰხუდაბანდა ხორასნის
მმართველად დასვა, ხოლო თავად შიდა ირანში დაბორიალდა. მტკიცე
ხელი უმალ დაეტყო ირანს. შინაგანად მოდუნებული და წიწილაქად
აწეწილი საშაჰინშაჰო უმალ მოიმტკიცა. გათამამებული ხანები
მოდრიკა. მრავალი ტანი უთავოდ დასტოვა, მრავალი თავი -
უთვალოდ. არც შური დაიშურა, არც სისხლსა და ჟლეტას მოერიდა.
არც თავისი მამის ოჯახი დაინდო. მას პირველს გაავლო მუსრი.
ცოცხალი ძმები მეტოქეებად და მტრებად მიაჩნდა, საფლავში
ჩაწოლილნი კი - სანატრელად და საიმედოდ. არც დაცხრა, ვიდრე
მრავალი ძმა თუ ბიძაძმისწულები სანატრელად და საიმედოდ არ
გაიხადა. ამ საქმეში ყველა წინაპარს რომ გადააჭარბა, როგორც
თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, უმალ დიდი ბრძენისა და
ლმობიერის სახელი გაუვარდა.
შინ სისხლის კალო რომ მოილეწა, ახლა გარე საქმეებს მიაპყრო
ყური, კავკასიას, პირველ ყოვლისა. აქ კი უფრო ფრთხილად
მოქმედებდა, დასაწყისში მაინც, ვიდრე ამ მხარეში თურქობა სძალავდა
სპარსელთ.
ზოგან ოქრო-საჩუქრები იდესპანა, ზოგან ვერაგული ხანჯალ-
ზურგული, ზოგან ფარული მსტოვრები და სახელოვანი ელჩები
გზავნა. ხოლო მათი დაქნილი სიტყვა და თაფლის ცხება შეაბჯრულ
მუშტით შეამწარა და შეამყარა. ასე მოიქცა კახეთის მიმართაც, თავის
ელჩებს სპაც ააყოლა. „უჩვენ-მაჩვენ მიზნად“ განჯა დაუდო.
დამატებითი ლაშქარიც იქვე, კახეთის ახლო სამეზობლოდ უნდა
მოსულიყო.
კახთ ბატონმა ზედმიწევნით იცოდა ირანის ამბავი. ბელქან თუშმაც
მრავალი ამცნო. ჰოდა, ყოველმხრივ ემზადებოდა. სპასაც წურთნიდა,

250
ფანდებსაც ხლართავდა. იტყოდა მუქაფად: ფანდი ძალის ნაცვალია.
მაინც ჯანდიერს ყოვლად საიდუმლოდ დიდხანს ეთათბირა. წვრილი
გეგმა დაუწყო. ორი ჭორიც გაავრცელებინა. პირველი ოჯახური იყო,
კონსტანტინე ბატონიშვილის ავადმყოფობის შესახებ… მეორე კი -
თითქოს ვინმე რუსთ ელჩთაგანი ავი განზრახვის გამო გრემის
დილეგში ჰყოლოდეს ჩაგდებული.
… და მართლაც, რუსი ელჩების მიმართ ღია წყალობის პირი ფრიად
შეანელა. დანილოვ-რუსინის წასვლაც თავისი ჭორისთვის გამოიყენა.
- კბილოსანი ჩანს ახალი შაჰი… არც ჩვენა ვართ ფაფის მჭამელნი,
მაგრამ ძალა, ძალა გვაკლია!
ირანის ელჩებს დიდ სიცხეებში მოუხდათ სვლა. დაიხუთნენ.
ქანცმილეული აქლემები განჯას დააგდეს. ახლა ჯორ-ცხენებზე
გადატვირთეს ელჩ-ამალის ბარგი-ბარხანა. მდიდარი მოსაკითხავი
ეწყალობა შაჰ-აბასს კახთ ბატონისათვის.
განჯას რომ გამოსცდნენ, ჰავისა და მიდამოს იერი საგრძნობლად
გამოიცვალა. უკვე მტკვრის სიო ასალბუნებდა დასიცხულთ.
ჩრდილიანებში სული მოითქვეს, გახალისდნენ. მალე ბროწეულების
ხშირნაყარი წამოიწყო, მოძლიერდა, სულ მალე ტევრადაც იქცა.
ბროწიაანთ ღელის იქით კი სამუხის უღრანი იწყებოდა. წაბლისა და
კაკლის ტევრები ურთიერთს სცვლიდნენ. სურო და კრიკინა,
უსურვაზი და ფათალო დაუფლებოდა მზემდე შეწვდენილ წიფლებისა
და თელების ქვედა მხარგაშლილ ტოტებს. ნეკერჩხლები და ვერხვები
აფაფხულ ბუმბერაზებად იდგნენ და ათასწლოვან დევ მუხების
შეტოლებას ცდილობდნენ. ჭალაში მრავლად იყო ტყემალი და
ველური ლეღვი, კომში და პანტა, სხმარტლი და დაბარდული მაყვალი.
ჯიმშედ-ხანი ქართლში ნამყოფი იყო, ხოლო კახეთში კი პირველად
უხდებოდა ელჩობა. თვალს ატანდა ყველაფერს. არ იშორებდა
თანაშემწესა და მრჩეველს ალი-ხოჯა-მაჰმადს, თვით შაჰ-აბასმა რომ
გამოაყოლა საგანგებოდ.
იგი ხომ შესანიშნავად იცნობდა კახეთის და საერთოდ ქართული
სამეფო-სამთავროების შინა ვითარებას. ალ-მაჰმადს, ირანის შაჰის
„მარცხენა თვალს“ ქართლ-კახეთში, „კოჭლ სოვდაგარს“, „მთის შეიხს“
თუ ფარულ შიკრიკს ამჟამად ელჩის მრჩევლის ზვიადი სახე და ალი-
ხოჯა-მაჰმადის გაგრძელებული სახელი მიეღო.
სახემაქციერა და გაბედული მსტოვარი სწრაფად დაწინაურდა ახალი
შაჰის კარზე. პირად ფარულ ამალაში მოიკალათა. შაჰ-აბასი აფასებდა
და სწყალობდა თავისი „ყურის მესაიდუმლეს“, მაგრამ ირანის კარზე
ყველამ იცოდა, მათ შორის ხოჯა-მაჰმადმა სხვებზე უფრო გარკვევით,
რომ ერთი შეცდომა და შაჰ-აბასის რისხვა თავს ბოლოკივით
წააცლის… იცოდა და, როგორც სჩვევიათ ასეთი ჯურის ხალხს, უფრო

251
უყვარდა „მრისხანე მზის სწორი“. მისი ერთგულიც იყო. ისიც იცოდა,
ყველაფერი ბოლომდე არასოდეს არ უნდა ეთქვა პატრონისათვის. მისი
გამოცდილებით ახალ შაჰსაც მოხერხებული ხალხი უყვარდა და არა
გულწრფელი.
ალი-ხოჯა-მაჰმადს, გარდა საერთო ელჩობის დავალებისა, რთული
კერძო დავალებაც ჰქონდა შაჰისაგან. კახთ ბატონის გულის ნადების
გარკვევა, გრემში რუსთა ელჩობის მიზეზ-შედეგი და მომავალ დიდ
საქმეთა სამზადისი.
ხოჯა-მაჰმადს სრულიადაც არ სურდა, რომ კახთ ბატონს ნაადრევად
გაეგო მათი მოსვლა. ამიტომ ურჩია ჯიმშედ-ხანს და ვიდრე სანაპირო
კოშკს მიაღწევდნენ, მანამდე გავიდნენ მტკვარზე.
ხორანთას ველებს რომ მიატანეს, კახელების ჯოგები შეხვდათ.
ჭარბად იყო ნამრავლი საქონელი. შავტუხა, თმაქოჩორა მეჯოგეები
ეჭვის თვალით უმზერდნენ ირანელთ. ძლივს აკავებდნენ გაავებული
ძაღლებს, იოკებდნენ სატევრებისაკენ გაპარულ ხელებს. მაგრამ
ალექსანდრე მეფის ხსენება და შაჰინშაჰის რაყამი კახთ ბატონისადმი
უმალ აშოშმინებდა მათ.
ბარაქიან ველს ტყე და ხილნარშერეული ხეობები მოსდევდნენ, ბაღ-
ვენახებიც მოხშირდნენ.
- რას იტყვი, ხოჯა-მაჰმად? დოვლათიანი ქვეყანა ყოფილა კახეთი!
- დოვლათიანი…
- ტყე და ბაღნარი ყოფილა ერთიანად, - უფრო და უფრო ჰკვირობდა
ჯიმშედ-ხანი.
- ბაღნარი…
ხალხიც ამაყი და გაბედული ჩანს!
- გაბედული! - უმალ უდასტურებდა ჯიმშედ-ხანს თავის ფიქრებში
წასული მაჰმადი. იგი თავისას ითვალისწინებდა: ნალეკარი
მურადაისძე, გრემში გაჩენილი „თვალის თვალი“ უნდა წინასწარ, კახთ
ბატონთან ხლებამდე მოინახულოს. ხოჯა-მაჰმადს არ უყვარს ბრმად
ყოფნა, წინდაწინვე ყველა მნიშვნელოვანი შინა ამბავი უნდა იცოდეს…
მაშინ ელჩის სიტყვაც ღრმა დახლართული და შორს ნანიშნი გამოდის.
ღელობიანში დიდ რემას წააწყდნენ. კახ-არაბული ჯიშის ბედაურები
ლაღად ნავარდობდნენ ველ-ჩალიანში. ქამანდმოგდებული ჭაბუკები
უმალ მოევლნენ დაავშრულ ულაყებს და რემა აირეკეს. ერთი
ულვაშებმოჩიტული ყმაწვილი მათკენ გამოწინაურდა,
ხელმოჩრდილვით გამოხედა, ხოჯა-მაჰმადმა მოსვლა ანიშნა.
ყმაწვილმაც თამამად მიაგდო ცხენი.
- ბიჭო, ვისია ცხენები? - ჯიქურად შეეკითხა მაჰმადი.
კახელმა დაახანა პასუხი. თვალი კარგად შეავლო მოსულთ,
გადათვალა კიდევაც.

252
- შენ, გატყობ, ქართული ენა უფრო გიჭრის, ვიდრე სპარსული
თვალი! - მწყემსმა მოსხლიტა ცხენი, ახლა მარჯვნივ შემოაბრუნა, -
ვერა ხედავ „აქოჩრილ ვარსკვლავსა“… პატრონის ვინაობაც
გეცოდინება!.. - ქამანდის ბოლოთი ცხენის დაღზე მიუშვირა და დეზი
გაჰკრა ულაყს.
ალი-ხოჯა-მაჰმადმა იცნო ალექსანდრე მეფის დაღი - ქოჩორაყრილი
ვარსკვლავის მსგავსი ნიშანი, ცხენის ბარკალზე ჭდეული. ქილიკური
პასუხი აღარ გადაუთარგმნია ელჩისათვის, თავისი დასკვნა გაუზიარა:
- თამამად ყოფილა მეფე, თავის ცხენებს თუ ასე ახლოს აბალახებს
საზღვართან!
ალაზნის შესართავთან სპარს ელჩიონს ვიღაც ცხენოსანმა უყელა,
ალმეზად წასულ ტყებილიკზე გასხლტა და გაუჩინარდა.
ალი-ხოჯამ ქამანდი შეუნიშნა მხარზე.
- წავიდა მაცნე! ჩვენს მოსვლას ახლა მალე გაიგებს კახთ მეფე!
გამოცდილი მწყემსები ჰყოლია! - მოახსენა ჯიმშედს. დანარჩენი კი
თავისთვის გაიფიქრა: „ქართულად არ უნდა დამეძრა სიტყვა“.
პირველ მოზრდილ სოფელს რომ მიადგნენ, მამასახლისი და
თავკაცები გამოეგებნენ პურ-მარილით, ხოლო გზის ციხისთავმა
საპატიო ამალა გაყოლა შემდგომ ციხემდე.
ამალის თავად მენაპირე ფიდო ბაცაცაისძე იყო. იგი უკვე კარგა ხანია
კახთ ბატონმა აფრინა აქეთ ირანელი ელჩების ფარულ მომლოდინედ.
კახელებთან თარჯიმნის საშუალებით საუბრობდნენ მოსულნი.
თუმც ყველა გრძნობდა - თარჯიმანი ფარი იყო ორივე მხრისათვის.
ირანელებმაც მეტწილად იცოდნენ ქართული. არც კახნი იყვნენ
სპარსულსა ზედა უენოდ. აღარც ალი-ხოჯა-მაჰმადს დაუძრავს
ქართული სიტყვა. იგი საერთოდ გამოიცვალა. უეცრივ მიწყნარდა,
გაუჩინარდა, ელჩის ამალაში გაითქვიფა. მიუხედავად საკმაო სიცხისა,
ჩალმა უფრო ჩაიბურა. სახეს ყველას არიდებდა იგი იმ მეძებარს
დაემსგავსა, რომელმაც ნადირი იგრძნო, იყნოსა და ახლა ნაბულნაბულ
ეპარებოდა.
ფიდო გაფრთხილებული იყო ჯანდიერის მიერ კოჭლი სოვდაგარის
შესაძლებელი გამოჩენის თაობაზე და ახლა თვალის კილოში ეჭირა
ჩუმი სპარსი, რომელიც მართალია არ კოჭლობდა, მაგრამ იქნებ მისი
ძველი უცნობ-ნაცნობი იყო.
ჯიმშედ-ხანი კი განზრახი თავმდაბლობით საუბარს ცდილობდა
კახელ მენაპირეებთან. თარჯიმანი სიტყვასიტყვით მარცვლავდა
კითხვა-პასუხებს:
- როდის ვიქნებით გრემს?
- გააჩნია, როგორ ვივლით, ბატონო ჩემო! - პასუხობდა ფიდო.
- რა მანძილია გრემამდე?

253
- შორიახლოა… გააჩნია ვინ როგორ ზომავს - სამტროდ თუ
სამოყვროდ, ბატონო ჩემო!
- სად იქნება ახლა კახთ ბატონი?
- თავის სამეფოში, სადაც ინებებს, ყველგან ტახტი აქვს
ერთგულებაზე და სიყვარულზე დაფუძნებული, ელჩო ბატონო!..
„ნეტავ ვის გამოუწურთნია ასე? - უსმენდა და ფიქრობდა
გაკვირვებული ჩუმი სპარსი, - გრემში გავიგებ - ვინ ჰყავთ ფარულ
საქმეთა ოსტატი“.
თავისი ხელობა უყვარდა ალი-მაჰმადს… ჰოდა, სხვის ოსტატობასაც
აფასებდა და ჩუმად ამაყობდა კიდევაც.
პირველი კახური ღამე ყარაღაჯში ათიეს, მეორე წნორის წყალზე.
აქაურმა მოურავმა და გამყოლებმა აქ რამდენიმე დღით დასვენება
შესთავაზეს, ვიდრე მეფის მესტუმრე ამობრძანდებოდა.
ჯიმშედ-ხანს ეჩქარებოდა. მას საკმაოდ მობეზრდა ცხენის ზურგი და
გრძელი გზა. ხანში შესულს საკმაო ღიპიც მოჰკიდებოდა და
ფუფუნებას დანატრებოდა, ხოლო კახური ბაღნარის ჩრდილი და
განსაკუთრებით ვენახის წვენი, რომელსაც იგი შინაურობაში და
ჩუმათობაში ფრიად პატივსა სცემდა, გრემში მიაჩქარებდა მას. იქ
ექნებოდა გალაღების საშუალება, გზაში კი სულ მოზიდული უნდა
ყოფილიყო და მზის სწორის, შაჰინშაჰის დესპანის ამაყი და
მაღალფარდოვანი ნიღაბი უნდა ეტარებინა.
ჯიმშედ-ხანი დიდი გვარისშვილი იყო. მის ახლო წინაპრებს
ირანისათვის ჩვეულ ტახტის ძიების ორომტრიალში არა ერთი თავი
დაუკარგავთ და გვირგვინი ვერ უპოვნიათ. ჯიმშედ-ხანი კი
პატივმოყვარე უფრო იყო, ვიდრე უფლებამოყვარული, ამიტომ
გადურჩა შაჰ-აბასის რისხვას, რომელმაც მთელი უფლება თავრიზის
მემკვიდრეობითი მფლობელისა მას ჩამოართვა და შაჰინშაჰის პირად
დესპანობის პატივი უხვად მიანიჭა. საბოლოოდ ორივ კმაყოფილი იყო,
მაგრამ ხანმაც იცოდა, რომ მასაც, ისევე როგორც ყოველ დიდ მოხელეს
შაჰინშაჰისას, თავისი ჩრდილი მუდამ ახლდა. ამჯერად ალი-ხოჯა-
მაჰმადი ეჩრდილებოდა მას. ჯიმშედ-ხანი ისე მიეჩვია ასეთ წესს, რომ
სრულიადაც არ აწუხებდა ეს გარემოება. თვალის უპეებში და უხილავ
მოძრაობაში ატყობდა ჩრდილს სურვილის დრეკას და თუ ეს მის
პატივმოყვარეობას მაინცდამაინც არ ლახავდა - ყაბულს იყო ხოლმე.
ახლაც მასპინძლის თხოვნაზე თავაზიანი უარის თქმას აპირებდა,
მაგრამ ყურის კიდით მოგუბული ჩახველება ინიშნა. იცნო. საუბრის
კილო გააჭიანურა და ამალას თვალი მოავლო. მის მოხელეთა შორის
მიჩრდილული ალი-მაჰმადი კრიალოსანს მარცვლავდა და თავის
ოდნავი ჩაქნევით თითქოს ითვლიდა ნამარცვლს.

254
მასპინძლის ბეჯით თხოვნის მიხედვით ცხადი იყო, რომ
ალექსანდრე მეფე არ ჩქარობდა ირანელი ელჩების მიშვებას გრემში.
ალბათ, ამის მიზეზიც ჰქონდა; მაგრამ არც ხოჯა-მაჰმადს ეჩქარებოდა.
იმ მიზეზის გამორკვევა ელჩების ჩასვლამდე უფრო საჭირო და უფრო
ადვილიც იქნებოდა. ეს კი ხოჯა-მაჰმადის დარგი იყო და უარად
წამოწშებული სიტყვა ჯიმშედ-ხანმა ხერხიანად შეაბრუნა და
რამდენიმე დღით დასვენება ინება.
იმ დღესვე ორი შიკრიკი გაიგზავნა ირანელ ელჩთაგან. ერთს
ჯიმშედ-ხანისაგან განჯას მიჰქონდა ცნობა ელჩიონის კახეთს მშვიდად
ჩამოღწევის შესახებ, მეორეს კი ხოჯა-მაჰმადისაგან მიეცა საგანგებო
დავალება. ხორანთამდე პირველშიკრიკთან უნდა ევლო. მერმე კი
გადაცმულიყო და ალაზნის გაღმა გზით, ძეგამზე შემოვლით,
სასწრაფოდ გრემს ჩასულიყო, ნალეკარი მურადაისძე ფარულად ენახა,
მაჰმადის სიტყვა ემცნო და პასუხიც მოეტანა. ეს არცთუ ისე ძნელი
საქმე იყო. ირანელმა შიკრიკმა მაქსუდმა ქართული იცოდა. ხოლო
გრემძეგამის შარაგზაზე უამრავი ხალხი დადიოდა. უფრო ძნელი იყო
ფარულ მაცნის შეუმჩნევი ან სარწმუნო საბაბიერი შემობრუნება. მაგრამ
ამასაც მოევლებოდა. გზააბნეული შიკრიკის ფანდი უნდა გაეთამაშა
მაქსუდს.
სამიოდ დღის შემდგომ წნორზე მეფის მესტუმრედ იასონ ჭავჭავაძე
მოვიდა. მეფის სახელით მოიკითხა საპატიო სტუმრები და გრემში
წვევა სთხოვა.
ნიშნად პირადად მეფის სტუმარმასპინძლური ვალისა ალექსანდრე
„საკუთარი ხელით ნანადირევ ალაზნის ხოხბებსა და შველჯეირნებს“
უგზავნიდა „დიდად სასურველ ელჩებს, პირველი პურადობის წილ-
პატივად“.
- კარგი სროლა სცოდნია. გულიც ერჩის და თვალიც უჭრის, - ასე
განუმარტა ალი-ხოჯამ ჯიმშედ-ხანს ალექსანდრე მეფის ძღვენის
ქარაგმა.
გზაში მეფის მესტუმრემ სუფრა ალაზნის ხიდის თავში, დიდი
ჭადრის პირას, პირდაპირ მწვანობზე გაუშალა ელჩიონს. აქვე
შემოეყარათ მაქსუდ - გზააბნეული შიკრიკი.
ჯიმშედ-ხანმა შიკრიკი იასონ ჭავჭავაძის თანდასწრებით დაჰკითხა,
განჯის გზიდან უკან მობრუნების მიზეზი ათქმევინა. რაღა თქმა უნდა,
შიკრიკთ ალაზნის მოსაბრუნებშივე გზა არეოდათ. ბილიკის საძებრად
გაყრილიყვნენ, ხოლო დათქმულ ადგილზე მაქსუდს აღარ დახვდა
თანამგზავრი. მერმე ლეკებს გადაჰყროდა, ძლივს გამოესწრო უკან.
კახი მეგზურების გაყოლას შეპირდა იასონ მდივანბეგი, მაგრამ
ჯიმშედ-ხანი გაწყრა და ბედოვლათ შიკრიკს ოცი შოლტი უბოძა.
- შაჰინშაჰის შიკრიკებს გზა არ ებნევათ!

255
სუფრის ბოლოში მჯდომმა ხოჯა-მაჰმადმა სიამოვნებით გაკრა
კბილი მეფისეულ ხოხობს. საქმე კარგად მიდიოდა. ჯიბეში მაქსუდის
მოტანილი ქართული ჩოხის სამი მასრა ედო. ერთი შავი, ორი თეთრი.
შავში წერილი იყო. ხოლო თეთრი ქილები იმ შემთხვევისათვის იყო
დათქმული, უკეთუ შავის გადაგდება მოუხდებოდა მაცნეს. ორი
თეთრი ნიშნავდა ფრიად საყურადღებო ამბებს, რომელთაც
მურადაისძე მხოლოდ პირად ნახვის დროს ამცნობდა.
ნასადილევს მდინარის პირას ჩაიყვანა შიკრიკი ალი-მაჰმადმა,
წვრილად მოაყოლებინა ნანახი და ნათხრობი.
მურადაისძეს ფეხი სტკენოდა. მოკლე ხნით ლოგინზე ყოფილიყო
მიბორკილი. ოსტატმა შავ ქილას გააძრო თავი და სანთლის ლუქი
ასტეხა. ვიწრო, მაგრამ გრძელი ხვეულბარათი ამოიღო. ქართულ
ასოებით სპარსული სიტყვები იყო მარჯვნიდან მარცხნივ
გაყოლებული.
მურადაისძე ატყობინებდა „ურუსთ“ ელჩების ყოფნას კახეთში.
პირადად ნახვის დროს პირდებოდა მათ სრულ სია-ნუსხის გადაცემასა
და ფრიადი საიდუმლოს გამხელას. ალექსანდრე მეფეს უკვე
განეკუთვნებინა ჯიმშედ-ხანისა და მისი ამალასათვის ბინად „გრემის
მცირე სასახლე, ქალაქის გალავანს გარეთ“; ნალეკარი პაემანს შაბათ
ღამისათვის უნიშნავდა, თუკი ინებებდა ოსტატი, რადგან კვირას
შაჰინშაჰის მაღალი ელჩები საზეიმო პირველწვევაზე იქნებიან
მეფესთან.
„სწორად უანგარიშია! - დღეების ჩათვლის შემდგომ გუნებაში
დაასკვნა ოსტატმა, - ალბათ ხვალ, პარასკევს, გრემს ჩავალთ, შაბათს
დავისვენებთ, სწორედ მაშინ არის დრო!“ - ისევ წერილს მიუბრუნდა.
იქ ყველაფერი ზუსტად იყო გათვალისწინებული: „შაბათს
მარმარილოს აბანოში მიგიწვევენ, იქ მექისე რაჰიმა დაგხვდებათ…
ვაგლახ, მე თავად ვერ გეახლებით ფეხის გამო და თუ ინებებთ, მექისეს
გლეხკაცური ჩოხა ექნება თქვენთვის“. „ინებებს, როგორ არ ინებებს!
ამისთვის მოდის!“ - თავის თავზე მესამე პირში ჩაიდუდუნა ალი-
ხოჯამ, წერილი ბოლომდე ჩაიკითხა. ყველაფერი ოსტატურად იყო
ნავარაუდევი, ბინის ადგილმდებარეობა მისაკვლევად იყო ნანიშნი -
მეფის საჯინიბოს მახლობლად ზედა უბანში. შუქი მარცხენა
სარკმელში.
ცოლ-შვილიც სოფელში გაუშვია. მარტონი იქნებიან. გლეხის
მიმოსვლასაც ვერვინ გაიგებს და კახთ სარანგებს ისევ მარმარილოს
აბანოს ალაყაფით მოევლინება საპატიო სტუმარი - ელჩის მრჩეველი.
ალი-ხოჯა-მაჰმადმა კმაყოფილებით დაახვია მასრის ნუსხა და ახლა
შოლტი გაშალა.

256
- ყოჩაღ, მაქსუდ! დაგიფასებ! ახლა კი ელჩის ნაბრძანები! - ხელი
უყო, ჩაშაველებულ მოხელეთა დახმარებით, იქვე რიყეზე, ხიდქვეშ
წამოაქცევინა გაოგნებული შიკრიკი და გამოშიშვლებულ ტანზე
შოლტი დასცხო. შიკრიკი ძალზე ჯიუტი გამოდგა - ხმას არ იღებდა.
- რეგვენო! როცა გცემენ, მაშასადამე, სურთ, რომ იყვირო! - და უფრო
უსუსხა შოლტი. ახლა კი იკადრა ხმის ამოღება ნაშიკრიკალმა. ხიდზე
კი კახთა სარანგები და მგზავრი ხალხი გადმომდგარიყო. უმზერდნენ,
თუ როგორ დაუზოგავად სჯიდნენ ირანელნი შაჰინშაჰის გზააბნეულ
შიკრიკს.
გრემ-ქალაქის რიყის კართან ჯიმშედ-ხანს შეეგებნენ კახ
დიდებულნი, აზნაურნი და მეფის დროშის მეთოფენი. ცხენდაცხენ
შეიყარნენ. ომან ჩოლოყაშვილი წარუძღვა ელჩებს. ხოჯა-მაჰმადმა
თავიდანვე შენიშნა, ქალაქის დიდი კარიბჭე არ გაუღიათ. „ჩანს,
სწორად სცოდნია მურადაისძეს“ - დაასკვნა მან, როდესაც ქალაქი
ხელმარცხნივ მოიტოვეს, თავზე გადმომდგარ მთავარანგელოზს
შემოუარეს და გზა-ბაღნარებში შევიდნენ.
მაღალ ხეივნარში დიდნაშენი სასახლე ჩანდა. მოჩუქურთმული
კვარცხლბეკები და ბან-აივნები ჩაბურული იყო მწვანეში.
ახლო რომ მივიდნენ, მთლიანად შეფოთლილი გალავანი შენიშნეს.
კარიბჭესთან ხელთოფიანი დარაჯები ქვეძეგლებივით იდგნენ.
- მეფის სასახლე! - წასჩურჩულა ხოჯა-მაჰმადმა ჯიმშედს.
ამ სასახლესაც ჩაუარეს და ქალაქის წყაროსთან გავიდნენ. ვენახების
შუკებში მოხვდნენ. აღმართს შეეკიდნენ და უკვე აღმოსავლეთით
მიადგნენ ქედ-ქედ ჩამოკიბულ მთავარ გალავანს.
ზემოთ საგუშაგო კოშკი იყო გალავანში ჩაშენებული, მყუდროში კი
ტყებაღნარის წიაღში ლურჯი შორენკეცებით მოპირკეთებული
ორსართულიანი შენობა ჩანდა.
მასპინძლები ფართოდ გაღებული კარიბჭეში შეუძღვნენ სტუმრებს.
დაბურულ ნუშიანში დაქვეითდნენ. აქ უკვე შინამსახურნი მოეგებნენ.
მცირე სასახლის მხარგაშლილ და მოჩრდილულ აივანზე
ხალფარდაგებით დაფენილ კიბით იწვიეს.
„ალბათ დიდი ვინმე, მეფესთან დაახლოებული პირი უშოვნია ლეკს,
- ფიქრობდა ალი-ხოჯა, - როგორც მოიწერა, ჯერ ყველაფერი
ზედმიწევნით მიდის“.
შინამსახურებმა უმალ მოახსენეს, რომ გალავან-კოშკის მცირე კარით
სულ ახლო იყო ქალაქის ქულბაქები, არც მეჩეთი იყო შორს, უკეთუ
მოისურვებდნენ ლოცვას.
ხოლო შაბათს საღამოს ცხენ-ურმები მიართვეს, მარმარილოს
აბანოში იწვიეს.

257
ნელსაცხებლებით და ჰაეროვანი ქაფით შეამებული ალი-მაჰმადი
მარმარილოს ლორფინზე წამოწოლილი ნებივრობდა და კარგად
შეღამებას ელოდა. მექისემ გულმოდგინედ დაუზილა ზურგ-წელი,
ფაფუკ ქაფში შეაცურა.
- დიდ არს ალაჰ, რაჰიმ!
- დიდ არს! - ქისებწაუძრობლად ხელები აღმართა რაჰიმმა.
- ჩემს ტანს ახლა გლეხური ჩოხა უფრო მოუხდებოდა, ვიდრე საპნის
ბუშტუკები.
რაჰიმმა უფრო გაბერა დარაიას თოფრა და მუშკამბრის სურნელით
შეზავებული საპნის ქაფი გულ-მკერდზე გადააფრქვია ოსტატის
ოსტატს.
- გლეხური ჩოხა ადვილი საშოვნელია გრემში, პირობას და
ბრძანებას გააჩნია, დიდო ბატონო!
- მაშ დაუჩქარე, დანარჩენი შემდეგ იყოს, - და საპნის ქაფი აბრეშუმის
საბანივით გადიძრო.
- ნება თქვენი არს! აქ თუნდაც დილამდე არავის შემოვუშვებ! - თავი
მდაბლად დაუკრა მექისემ, ნელთბილი წყალი გადაავლო, ზეწრები და
ბოხჩა მოართვა. ალი-ხოჯა-მაჰმადმა აბრეშუმის საცვლებზე სადა
გლეხური ჩოხაახალუხი ჩაიცვა, წინდა-ქალამნები მოირგო და სარკეს
მიაშურა. შეათვალიერა თავისი სახე-იერი.
მოკლე, ოდნავ ჭაღარა წვერი მგზავრობაში წამოზრდოდა, კისერზე
და ყურის ძირებში გამობურდოდა. ჰინაც გამოხუნებულიყო. აბანოს
შემდგომ კი აღარც თუ ეტყობოდა. ჩალმის ქვეშ ნამალი თმა
წამოქოჩროდა, სახეს მრგვალად უჩენდა. ახლა ზედ ნაბდის ბუდე
ქუდი დაიკოსა, ცალი წარბი მაღლა შეაგდო, ლაშები ოდნავ
გადმობურთა, უსწოროდ შეკრა და გაეღიმა… თავადაც ვეღარ იცნო
შაჰინშაჰის თვალი მესაიდუმლე. სარკეში ერთი ბედოვლათი ტეტია
გლეხის სიფათი ისახებოდა.
რაჰიმმა უკანა კარით შეუმჩნევლად გაიყვანა და მთის კალთაზე
შეფენილ უბანზე მიუთითა.
ალი-მაჰმადმა შარაგზა სწრაფად გადასჭრა და ქულბაქების ქუჩას
აჰყვა. ხალხი კიდევ ბლომად იყო ქუჩაბანდებში და ფოლორცებზე.
თარსა-გალავანში ზურნის ჭყვიტინი და ლხინის ჟრიამული იდგა.
ამქრები ქეიფობდნენ. ცხრაკარის მხრიდან ხალხი ჯგუფ-ჯგუფად
მოდიოდა, ტეტია გლეხიც ამ ხალხში გაერია და ქალაქის ქუჩებს გაჰყვა.
მეფის ქარვასლასთან გავიდა, სომხების ეკლესიის მიჯნაზე აუხვია,
სამჭედლოები განზე მოიტოვა. გორის ძირში უკვე ურმის მოხელეები
სახლობდნენ. უღელგაყრილი, აყუდებული ახალი ურმები უსიტყვოდ
მლოცველებივით იდგნენ. აქ ქალაქის მთავარ გალავანში ნახირის კარი
იყო. ხელმარჯვნივ ყორით შემოვლებული მეფის საჯინიბო ჩანდა.

258
ხოჯა-მაჰმადმა ყორესთან გზა გაიმოკლა. გვერდის შუკაში ცხენებმა
ჭიხვინით ჩაუქროლეს. მეფის დაღი - აქოჩრილი ვარსკვლავი მოაგონეს.
შუკის ბოლოში ყარაულებს გაჰკრა თვალი, მაგრამ ისინი თავადაც
გაბრუნდნენ. „ალბათ ვერც დამინახეს“ - გაიფიქრა „გლეხმა“ და უფრო
თამამად აჰყვა გორისუბანს. მაღლა ქუჩის ბოლოში, ქედის თავზე,
დაბალ-განიერი ციხე-კოშკი მოჩანდა. ალი-მაჰმადმა კარგად იცოდა, იქ
დილეგი იყო.
გორის უბანში ოდნავ გზა აერია. ახალი სახლები მოშენებულიყო ამ
უბანშიაც. ბედად სარკმლის შუქ-ვარსკვლავი შენიშნა. გზას ის
უკვლევდა.
ეზოში შევიდა და კარს მიუკაკუნა.
უმალ გამოეგება მურადაისძე. ყავარჯენს უხერხულად იშველიებდა.
უცნობის დანახვაზე შედგა, ოდნავ შემკრთალი და შეცბუნებული ხმით
შეეკითხა:
- ვინ ხარ? რა გინდა?
ხოჯა-მაჰმადს მასპინძლის შემკრთალი კილო საამოდაც დაურჩა,
ოთახში შევიდა და მურადაისძეს თეთრი ქილები გაუწოდა.
- ოსტატო, ნუთუ? გელოდით და მაინც ვერ გიცანით! - ცალი
ყავარჯენი გადააგდო და ხელი ჩამოართვა, - ხატზეც დავიფიცებ და
ყურანზეც - ახლად დაბადება გინებებიათ! - კარი გამოიხურა და
ტახტისაკენ მიიწვია, - თავად უნდა გხლებოდით, მაგრამ, - ხმა
ჩაეხრინწა და ყავარჯენზე ხელი დააცურა. ხოჯა-მაჰმადმა შეამჩნია,
დანისპირივით გამხდარი და კეხიანი ცხვირის ნესტოები უთრთოდნენ
ნალეკარს. სპარსი ბუნებით გულადი იყო, შემკრთალი კაცის დანახვა
მხიარულ გუნებაზე აყენებდა, ანუგეშებდა კიდევაც.
„მხდალი მუდამ ზედმეტად ფრთხილია, ზედმეტ სიფრთხილეს კი ამ
საქმეში არა უშავს რა!“
- აბა მოკლედ… ჯერ სიანუსხა ურუსებისა…
- ინებეთ! - მურადაისძემ მცირე გრაგნილი გადასცა.
- სხვა ამბები?
ნალეკარმა სახელდახელოდ და სხაპასხუპით უამბო რუსთ ელჩების
ამბავი, საერთოდ კახეთის მნიშვნელოვანი ავკარგი. გულმოდგინედ და
აზრიანად აღენუსხა ყველაფერი. ალი-მაჰმადს გაუკვირდა კიდევაც,
ისეთ ცოდნასა და გამჭრიახობას იჩენდა ეს საშუალო ხელის ქეთხუდი.
იგი შიგადაშიგ თავისებურ ელფერსა და გაშუქებასაც აძლევდა
მოვლენებს. არაფერი გამორჩენია მახვილ თვალს: წლევანდელი უხვი
მოსავალიც, ბაზრის მაზანდაც, მეფის ოჯახის ადგილსამყოფელი,
ქართლ-კახეთის ჩუმი უბრობა, ნუგზარ ერისთავის მარცხი ხევში.
კახთა ლაშქრის მომრავლება და შინაგანი მომჯობინება. არც ის
გამოჰპარვია მაცნეს, რომ ვიღაც რუსი-ელჩთაგანი გრემდილეგში უზის

259
მეფეს. საერთოდ კახეთის მიტაცება სურვებიათ რუსებს, ალექსანდრე
კი თურქთა მებრძოლ მეკავშირეს დაეძებს. „ახლა შაჰინშაჰთან აპირებს
თურმე წაბრძანებას შველის სათხოვნელად, მეტად ნაამები ყოფილა
თქვენი მობრძანებით“.
- ჩემზე ხომ არ დაძრულა სიტყვა? ხომ არაფერი გსმენია მირვან
სოვდაგრის დროინდელი, ან შემდეგ?
მურადაისძემ უეცრად შემტკივნებული ფეხი ამოიზილა და
ამოიკუთა:
- არა, არაფერი… მხოლოდ ჯიმშენ-ხანს იხსენიებდნენ…
- კიდევ? - აჩქარებდა ფეხმტკივანს ფეხმარდი, იგი ხომ აბანოში
იმყოფებოდა. მართალია, აბა ვინ დააჩქარებდა ელჩის მრჩეველს,
მაგრამ უბრალო ეჭვსაც ერიდებოდა ოსტატი. ხოლო კახელები რომ
უთვალთვალებდნენ, ეს კარგად იცოდა.
- დანარჩენი მერმე! დრო გვექნება… - კარისკენ დაიძრა მაჰმადი, -
მალე მოიშორე ყავარჯენი… შენი მუხლი და მოხერხება დამჭირდება!
კარგი მაცნეები გაგიჩენია, შენი ნათქვამი ყველგან წინ მხვდება.
დაგიფასებ! - ალმაცერად გადაგდებულმა მოზრდილმა ქისამ ოქროს
რეჩხი გაიღო ტახტზე.
კარში რომ გავიდა, ერთიც შემოსძახა ხმადახშულად:
- მურად-ოღლი! მეფის მოხელეთა შორის ახლა ვის უნდა
ვუფრთხილდეთ ყველაზე უფრო?
- ისე იმას… ულვაშს! - ჩურჩულით უპასუხა აკანკალებულმა
ნალეკარმა და კარი დაიხშო.
- ულვაშს? - მხრები შეჰყარა სპარსმა, - რა ყველას ეშინია ამ
ულვაშისა. მე კი ჯერაც არ გადამყრია!
უკან იმავ გზით გამობრუნდა ნაამები. გულდამშვიდებით და
ნებიერად მოაბიჯებდა თავქვე. საღამოც კარგი იყო, საქმის პირიც. მას
ნააბანოევს საერთოდ უყვარდა კიდევაც გასეირნება.
საჯინიბოს ყორეს რომ გაუსწორდა, ვიღაცამ შესძახა. ზედაც
ჩრდილები წამოცვივდნენ, ყოველ მხრივ შესტაცეს ხელები. სანამ
აზრზე მოვიდოდა, კისერზე წამოგდებული თოკი იგრძნო, ხოლო
ზურგში მობჯენილი ხანჯლის წვერი.
- ჩაგვივარდი, ღდინძაღლო, გაგიტკბა მეფისეული?!
ელდანაკრავი ალი-მაჰმადი ჯერ დაიბნა, მერმე გაბრძოლება სცადა,
მაგრამ ხანჯლის წვერმა წასჩხვლიტა და უმალ დააშოშმინა. თოკიც
გასწია მეწინავემ. იგიც ძალაუნებურად მიჰყვა.
„ჩავვარდი“, - გაშმაგებით ბორიალობდა ფიქრი.
- რა გინდათ ჩემგან? - ძლივს ალუღლუღდა, - ერთი ქართლელი
გლეხი ვარ.
- მერმე და ამ გლეხსა ე მეფის ცხენები რამ შეგაყვარა?

260
ახლა სულ დაიბნა ხოჯა-მაჰმადი.
- მეფის ცხენებიო?! - ისევ გაჯიქდა, კისერზე მოდებულ ყულფში
ნიკაპი ჩაიგდო, - რას მერჩით, კაცო?.. მთვრალები ხართ, თქვენ გზაზე
იარეთ… ყაჩაღები ხართ, მე რა საძარცვი მნახეთ? რომ მახრჩობთ
გაგონილა?
- ენა მოიკვნიტე, ცხენის ქურდო! - თოკი უფრო წაეჭირა კისერში.
ასეთ ორჭოფულ და ყელწაჭერილ მდგომარეობაში რომ არ
ყოფილიყო, უსათუოდ გადიხარხარებდა. მას - შაჰინშაჰის მარცხენა
თვალს, დიდებული ელჩის მრჩეველს, მრავალი სიმდიდრისა და
ცხენის რემათა პატრონს ახლა ცხენის ქურდობას აბრალებენ!
- მაცალეთ! ე ცხენები რა შუაშია?
- კიდეშია! კიდეში! აგერ დილეგში მიგაბრძანებთ, იქ გამოირკვევა რა
შვილიცა ხარ!
სახუმარო საქმე არ იყო. თვით გაუგებრობა არ აწუხებდა. მაგრამ ვაი
თუ იცნეს?
- დავიხრჩვი! ცოტა სულზე მიმიშვით… აბა სად წაგივალთ? - და
როცა სული ამოიბრუნა, უმალ შეევედრა:
- ე მაგ საქმეში უბრალო ვარ… ევა.. - ევალაჰ უნდა ეთქვა, ენაზე
იკბინა, ღმერთი ახსენა, თანაც შეუმჩნევლად უბიდან რუსთა სიანუსხა
გრაგნილი გააგდო. ცოტა გულზე მოეშვა, უფრო ამუდარდა, მაგრამ მის
ვედრებას ყური არავინ უგდო და ბიძგებ-ბიძგებით ციხე-კოშკისაკენ
წაიყვანეს. ალაყაფს უგანეს და და მცირე, მოჭედილ კარს მიაკაკუნეს.
- გამიშვით! - კიდევ ერთხელ შეჰღაღადა გლეხმა, - ღმერთი არა
გწამთ? თქვენი სარგებელიც ჩემზე იყოს!
- სარგებელიც იქნება და ურებელიც! - მეწინავე გამოღებულ კარში
შევიდა და თოკი მოსწია. ალი-მაჰმადი ძალაძალა ბარბაცით შეჰყვა.
ქვევით ჩამავალ ვიწრო კიბეზე ბნელოდა, ბოლოში კი ღია კარიდან
სინათლე გამოკრთოდა. „ცხენის ქურდს“ სული შეეხუთა, საფეხურები
აეშალა. ვიღაცამ ფეხი გამოსდო. ალი-მაჰმადი ჩაგორდა, გაღებულ
კარში მოსხლეტით შეგრიალდა და იატაკზე გაიშხლართა.
თავი რომ წამოსწია, ელდა ეცა - მაგიდას ვიღაც მსხვილულვაშა კაცი
უჯდა.
„ულვაში!“ - სადგისივით ეძგერა ეჭვი. ნალეკარის სიტყვა მოაგონდა.
- ვინ არის? რას ერჩით? - დაგუბულ ბანით შეეკითხა მომყვანებს
დამხვდური, - ასე როგორ იქნება? ააყენეთ! - ულვაშმა თანაგრძნობით
გადახედა მოყვანილს.
მაჰმადმა აღარ დააცადა სიტყვა. ამოქმედდა. ახლა სჭირია ოსტატობა,
სახეთმეტყველება, ყველა სახერხი და უხერხი, თორემ ასე უაზროდ და
ანაზდად იღუპება თავი და საქმე!

261
- ბატონო, შენი მუხლების ჭირიმე! არა ვიცი რა. რად მომიყვანეს, -
მუხლებზე ხოხვით მიეახლა ულვაშოსანს.
- დამაცა, ფეხზე ადექ! - ახლა დამჭერს მიუბრუნდა.
- მეფის საჯინიბოსთან დავიჭირეთ, ყორეს თავში. სწორედ იქ, ნიშანი
რომ დაემალათ გუშინწინდელ ქურდებს.
- აჰა, გასაგებია! - ულვაშოსანმა შეკრა ისედაც ურთიერთს
გადასკვნილი წარბები, - აბა გაჩხრიკეთ! ისე კი რა ცუდ დროს
მომიყვანეთ, მეფეა ციხეში.
- მეფე?! - გაიკვირვეს მომყვანებმა და ცარიელი ჯიბე-უბე
გადმოუბრუნეს გლეხს.
- ჰოდე, მთავარ საკანშია, რუს-თარჯიმანიც შეიყოლა.
ხოჯა-მაჰმადმა, მიუხედავად თავისი დარდისა, ყური სცქვიტა. „რუს
პატიმართან მოსულა!“ - მოაგონდა მურადაისძესს ცნობა.
- სადაური ხარ? რა გინდოდა იქ? აბა დაიწყე. სიტყვა არ შერიო…
თორემ! - ულვაშოსანი მუშტით დაეყრდნო მაგიდას და ააჭრიალა.
მაჰმადს გააჟრჟოლა. ჭარბი ძალა და ნებისყოფა გამოსჭვივოდა ამ
მოხელის სახე-ქცევაში. ოსტატი იშვიათად სცდებოდა ხასიათის
გამოცნობაში. უფრო დაძაბა ყურადღება, სახე კი გათაფლა, ამეამიტა.
- დიღმელი ვარ, შენი ჭირიმე… ურმის მოხელე… გრემს სამუშაოდ
მოვსულვარ, - და თვალებში მონუსხულივით შეაჩერდა ულვაშას.
- გვარი, სახელი?
- სახელი…
- ჰო, ხომ არ დაგავიწყდა?
- ტატო… ტატოი. შენი კვნესამე… ბაძიაშვილი… - ხელდახელ იცრუა
ხოჯა-მაჰმადმა. ტუჩიც ჩამოიბრიცა, ცალი წარბიც მაღლა შეიგდო.
სწორედ ისე, აბანოში სარკის წინ რომ სჩხრეკავდა ტეტია გლეხის
სიფათს, თან გუნებაში ახალშეთხზულ სახელსა და გვარს იმეორებდა.
დავიწყების ეშინოდა.
- ბაძიაშვილი? - ჩაფიქრებით გაიმეორა და ეჭვიანი ღიმილით
გადმოხელა ულვაშამ ტატოს. მერე მოაგონდა, - მართალია, არის ასეთი
გვარი დიღომში.
- გიშველა ღმერთმა! გახლავთ, შენი ჭირიმე! - გულზე მოეშვა ტატოს,
რა კარგად მოუვიდა ნათქვამი.
- აბა, მოკლედ მოსჭერ, ბაძიაშვილო, მეფემ არ მოგვისწროს… მაშ
ურმის მოხელე ხარ?
კიდევ კარგი, რომ თვალებში უმზერს, არა ხელებში… აბა რა ურმის
ოსტატის ხელები აქვს? შეღებილი ფრჩხილები და მოვლილი თითები
ტატომ ჩოხის სახელოებში ჩამალა.
- რა გინდოდა მეფის საჯინიბოსთან? - დაკითხვას განაგრძობდა კახი.
ხოჯა-მაჰმადსა კვლავ მოიმაგრა გული. „სიგრძე მეტი ჰქონია ულვაშს,

262
ვიდრე გამოცდილება!“ და თავის დაღწევის იმედი მოეცა. ბოლოს და
ბოლოს მართლა ხომ არ მოუპარავს ცხენი?!
- გზად ჩამოვიარე… გორის უბანში ვიყავი. წმიდა გიორგის საყდარში
ვილოცე… ზიარებაც მივიღე…
- აბა დაიფიცე?!
- მე და ჩემმა ღმერთმა! - და სპარსმა დიდი სასოებით სამჯერ
ზედიზედ ისახა პირჯვარი.
ანაზდად ულვაშოსანი ადგა, თავს წამოეტოტა. მასზე გაცილებით
მაღალი აღმოჩნდა.
- ურმის მოხელე თუ ხარ, ეს გეცოდინება, რა არის? - უჯრიდან რაღაც
ნაჭედი ლითონი ამოიღო და მიაწოდა.
- ცოტა თვალს მაკლია. აბა ერთი შემახედე, ჩემო ბატონო. ამ საათში
მოგახსენებ წვრილადა.
დროს იგებდა სპარსი, თან გამოსავალს ეძებდა. ნივთი ჩამოართვა,
ირიბად გახედა. ციდისოდენი რკინა ქიმებგასულ
ვარსკვლავგვირგვინად იყო ნაგრეხი და ნაჭედი. ისევ მეხსიერებამ
იხსნა, ნახატობა იცნო: „მეფის ცხენების დაღი, აქოჩრილი ვარსკვლავი!
- გული აუჩქროლა ფიქრმა. უფრო ახლო გასინჯა. ყოველ ეჭვს გარეშე
ის დაღი იყო, რომლის ნაჭდევიც კახეთის საზღვრიდან მოყოლებული
არა ერთგზის ნახა ცხენის ბარკალზე. ასეთი რამ ოსტატს არც სცდება,
არც ავიწყდება. „მიგიხვდი, მიგიხვდი… აი სად მიგებ ფანდს -
შეგირცხვეს ულვაში! იჰ, ბალღური ხერხია!“ - გუნებაში შეთამამდა
მეურმე.
- ბატონო ჩემო! ჩემმა მზემ, იმდენი დღე თქვენ შეგემატოს, რამდენიც
მე ურემი გამითლია… მაგრამ ეს რკინა ურმის ხელობასთან არაფერ
შუაშია! მაჩვის ხაფანგსა ჰგავს!
კახმა ჩამოართვა რკინა:
- დიდი გაქექილი ჩანხარ… ტყუილს კადრულობ… მერმე არ ინანო!
საკუთარ ხაფანგში არ გაება! - ტაბიკისოდენა თითი დაუქნია, - მაშ,
აქოჩრილი ვარსკვლავი არც გაგიგია, არც გინახავს? აბა, მოიგონე!
- არა, შენი ჭირიმე, ღმერთია მოწმე! რეგვენობაში ნუ ჩამომართმევ და
ცის მეცნიერი არ გახლავართ… ჩემი ურემი დედამიწაზე ძლივს
დაბობღავს… აბა, ვარსკვლავები და ტაბიკებად გამომადგება, გინდ
აქოჩრილი იყოს და გინდ უქოჩრო?!
ულვაშოსანს გაეღიმა, დარაჯებმაც იბრუნეს პირი და აფრუტუნდნენ.
- ეს ვიღასია! - უეცრად ნაბადი გადმოუგდო ულვაშამ. ალი-მაჰმადმა,
როგორც ყაირათიან გლეხს შეეფერებოდა, დინჯად გაშალა ნაბადი,
გადააბრუნ-გადმოაბრუნა. „ჰმ, ახლა ნაბადს მიგებს, ნაბდის ფანდი მე
თავად დამიგია. აქვე, კახეთში“, - ძველი ამბავი მოიგონა, ნაბადი
დაკეცა და უკან დაუბრუნა.

263
- ეჰ, ნეტავი ჩემი იყოს! თუმცა გრძელი კია, მაგრამ ნაბადი სიგრძითა
და ქალი ახალგაზრდობით აბა ვის დაუწუნებია?! - ხუმრობაც კი სცადა
ტეტია მეურმემ, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ულვაშოსანმა
ქეჩოში წამოსცხო და პირქვე დაანარცხა.
- სად არის ცხენი?
თვალთ დაუბნელდა სპარსს, ხმამაღლა ბღავილი მორთო.
- სად არის-მეთქი?
- აბა რა ვიცი? რას ჩამაცივდით ამ ცხენებითა? ეს რა უბედურ
ქვეყანაში ჩავვარდი?!
- შოლტი!
მხლებლებმა უმალ ხარის ძარღვი მოართვეს კახს.
ახლა კი უფრო შეშინდა ხოჯა-მაჰმადი. არა, ხარის ძარღვის კი არ
ეშინოდა ოსტატს. შაჰ-აბასის სამსახურში არა ერთხელ თვითონაც
მოხვედრია და თავადაც დაურტყამს, გუშინწინდელი შიკრიკისა არ
იყოს. მაგრამ ცრუ მეურმესა და ძალაძალა ცხენის ქურდს
გაშიშვლებისა შეეშინდა. ტანზე ალბათ ჯერ კიდევ რაჰიმას
ნელსაცხებლის სურნელი ასდის. ესეც არ იყოს, დაკერებულ გლეხის
შარვლის ქვეშ წმინდა აბრეშუმის საცვლები აცვია. მართლა, სულ
ბრმები ხომ არ არიან?!
- აბა, მოემზადე… ან თქვი!
„მცდიან!“ - კიდევ იმედი მოიცა ხოჯა-მაჰმადმა და დასწრება სცადა.
- რა ვთქვა? სხვამ იქურდოს - მე ფეხები დამისივოთ? სადაური
ანგარიშია, - უმალ ქალამნები წაიყარა, - თქვენ სინდისზე იყოს.
- არა, შალვარი!
„ვაიმე, - ცივი ოფლიც კი გამოუმშრალდა ელჩის მრჩეველს, - ახლა კი
დავიღუპე! თუ გამიგეს ვინაობა, ცხენის ქურდობის ეჭვს ვინ
მაკმარებს… უმალ ჩამკლავენ, საქმე რომ ჩაიფარცხოს… შერჩებათ
კიდევაც… ვერც გაამხელს ჯიმშედ-ხანი… თუ გამომაცხადეს
საქვეყნოდ, მაშინ შაჰ-აბასი მაინც ამიგებს წესს“.
- იქით გამაცალეთ, კუთხეში, იქ უთაქეთ… ვიდრე სიმართლე არა
თქვას! - მხლებლებმა მაშინვე წამოჰკრეს ხელი. სხვისი ხელი რად
უნდა, ბნელ კუთხეში თავად მიხოხდება.
არც დააყოვნა, ჩუმი ხოტბაც შეასხა ალაჰს. ისევ ააწყო ფიქრები:
„სიმაგრე მმართებს, ბედი მწყალობს!“
ვიღაცამ ხონჯარი შეაწყვიტა. ვიღაცეებმა ხელ-ფეხზე მოსდეს თოკი
და შალვარი დაუწიეს. მაგრამ გული უკვე საგულეს ჰქონდა ხოჯა-
მაჰმადს… ამ კუთხეში ძლივსღა აღწევდა სინათლის შუქი.
სამიოდჯერ რომ უსუსხეს ძარღვი, ისევ აბღავლდა. შოლტის ქვეშ
თუნდაც გამოცდილი ოსტატი და გამძლე მაქციერა პირველყოვლისა
მაინც ნაცემი და ტკივილშეყრილი ძე-ხორციელი იყო.

264
- რას მერჩით, თქვე უკუღმართებო! აბა რომელი ცხენის ქურდი მე
მნახეთ? სად არის საბუთი? ასე არ იქნება… სამართალს მოვითხოვ!
მეფე ბატონთან გიჩივლებთ!..
- პირი აუხვიეთ! მეფემ არ გაიგოს!
ალი-ხოჯამ შეკრთომა შეატყო დარაჯებს და უმატა ყვირილს, ზედაც
სეფე სარანგი შემოიჭრა ოთახში.
- მეფე გიხმობს, ეს რა ყვირილიაო?
ულვაშა ნაბადი გადაუგდო თავის მოხელეებს.
- წააფარეთ! - თავად კი გავიდა, კარი ღრიჭოდ დააგდო.
ხოჯა-მაჰმადმა ახურებულ რბილოზე ნაბდის ხაო იგრძნო.
შეკოჭილი სხეულის ტკივილი რომ შეუნელდა, ახლა სიბრაზე
ახრჩობდა… როგორ უხეიროდ აიბურდა ასე ჩინებულად დაწყობილი
და დაწყებული საქმე. გუნებაში ყველა ქვეყნისა და დროის ცხენის
ქურდებს სწყევლიდა. ახლა ესეც აწუხებდა, მეფე არ წამოსდგომოდა
თავზე. გაგონილი ჰქონდა მისი თვალმეხსიერების ამბავი.
ამ დროს დერეფანში ლაპარაკი მოესმა და ხელად ყური სცქვიტა
მაცნემ. ულვაშას ხმა იცნო.
- არა, ბატონო ჩემო… ხელსახები საბუთი არაფერია!
- მაშ რად აწამებთ? რომელ სამართლის ძალით? რა გიბრძანეთ?
- ეჭვია ძლიერი…
- მარტო ეჭვით არ ისჯება კაცი. შენ, უმჯობესია, იმ რუს ჯაშუშს
ათქმევინე… რა ფანდებს გვიგებენ ჩრდილო მხრიდან, შამხალთან
ერთად?.. ხვალ დამჭირდება… შაჰ-აბასის ელჩებს რომ მივიღებ…
ყველაფერი უნდა გავაცნო წვრილად.
- ბატონი ბრძანდებით! ქვასაც ავალაპარაკებ!
- აგრე, თორემ… მისდგომიხართ ჩემს საჯინიბოსთან გავლილ
ტეტიას და ღდინს აცლით… აბა ერთი შემახედეთ.
კარი გაიღო. ამ წუთში ხოჯა-მაჰმადი ყველა ენაზე ლოცავდა მეფე
ალექსანდრეს. ჯერ ერთი და მხსნელად ევლინებოდა მას, მეორეც, - ასე
ულოდნელად, თავისი ყურით მოისმინა კახთ მეფის
კეთილგანზრახვანი… ამისათვის კი ღირდა შოლტის მიღება.
ვიღაცამ თავთან ოდნავ გადუწია ნაბადი. თავქვე დამხობილი,
ისედაც განაბული მელა მაცნე სულ გაისუდრა. მას კახეთის მეფე
უმზერდა - ის მეფე, რომლის წინაშეც ხვალ უნდა წამდგარიყო ჯიმშედ-
ხანთან ერთად.
- მოასულიერეთ და გაუშვით! ისე კია, მეტი აღარ მობრუნდეს
გრემისაკენ!
ისევ გაიღო კარი. ხოჯა-მაჰმადმა მხოლოდ მაშინღა გაბედა
ნაბადქვეშიდან ჩუმად გამოხედვა.

265
ალექსანდრე მეფე კარის დგიმში იდგა და ულვაშას ღიმილით,
ხმადაბლად ესაუბრებოდა. მელა მაცნემ კვლავ დაძაბა სმენა.
- დავით ჩემო! ხვალინდელ თადარიგს დროზე შეუდექი. საჩუქრებიც
რიგიანები იყოს. მაინც ჯიმშედ-ხანსა და ალი-ხოჯა-მაჰმადს
შეურჩიე… მათთან მეგობრობას ვეშურები… დიდად პატივცემული
გვამებია… ჩემი საჯინიბოდან საუკეთესო ცხენები მიართვით პირად
საჩუქრად.
- გულმშვიდად ბრძანდებოდეთ! - ჯანდიერმა გააცილა მეფე.
ხოჯა-მაჰმადს გული აუჩქროლდა: „ეს რა ხათა მჭირს… ახლა მეფის
საჯინიბოდან ცხენის ქურდობას მაბრალებენ, ღდინს მაცლიან… ხვალ
დილით კი თავად უნდა მომართვან ამავ საჯინიბოდან ამავე მეფის
ნაწყალობევი ცხენი?! ეს რა ჯადო-ძალაა ჩემს თავზე?“
დავით ჯანდიერი მალევე შემობრუნდა:
- აბა, ბაძიაშვილო! შენს ბედზე მოსულან შაჰინშაჰის ელჩები. თორემ,
ასე იოლად ვერ წაგვივიდოდი. რომ გახვალ - სადაც ეზიარე, სანთელიც
დაუნთე იმ ხატსა და ელჩობის ვარსკვლავს…
„ეს რა საოცრება ტრიალებს ჩემს თავზე?“ - გულწრფელად გაკვირდა
მაჰმადი, რომლის შებრუებულ გონებაში მეფისა და დავითის ყოველი
ნათქვამი სულ სხვა აზრსა და შინაარსს იღებდა.
- აბა დაღი! რომ მეტი ვეღარ შემობედოს გრემში! რამდენჯერაც მეფის
ცხენზე შეჯდეს - მოგვიგონოს!
- აბა ერთიც! - და დარაჯმა ისევ გადააძრო ნაბადი. ისევ ის,
წეღანდელი დაღი უკვე გახურებული აღმოჩნდა. გარედან შემოიტანეს
გრძელტარა მაყაშით.
„როგორ გაუწაფავს დარაჯები! - გაიფიქრა ოსტატმა. იგი გაშვების
მოლოდინში აღარაფრად აგდებდა მოსალოდნელ ტკივილსაც,
რომელიც ბოლოს და ბოლოს დაღუპვისაგან იხსნიდა მას. სიხარულს
ძლივს ფარავდა: - ჩემი ბედის ვარსკვლავიც ეგ ყოფილა და ეს არის“.
ერთი კი შეჰკივლა მწარე ხმით, როდესაც გავარვარებული სადაღე
დაადეს მარჯვენა რბილოზე. ოთახში ხრაკის სუნი გავარდა.
- მორჩა და გათავდა! აიწი შალვარი! - მიაძახა დარაჯმა და გააცალა
სადაღე.
- მალამო დასცხეთ! იქნებ კიდევ გამოადგეს ბატონს… ეგ ხომ ახლა
აქოჩრილი ვარსკვლავის დაღის კვიცია! - გადასძახა მაგიდასთან
მიმჯდარმა ჯანდიერმა.
დარაჯმა რაღაც საპოხავი დასცხო და თოკები შეხსნა.
- გაიყვანეთ!
უსიტყვოდ წამოდგა ხოჯა-მაჰმადი, ქალამნებში წაჰყო ჩაბუჟებული
ფეხები.

266
- ახლა მაინც თქვი, შენია ეს ნაბადი თუ არ? - სულ სხვა კილოთი
შეეკითხა ჯანდიერი და თავით ფეხებამდე მოზომა.
სუსხად დაუარა ულვაშას თვალმა ნაგვემ და ნადაღ ოსტატს.
- არა, ხატსა ვფიცავ, სხვის ნაბადს ვინ ჩივის, ჩემი ტყავიც აქ ჩავტოვე
კინაღამ! კიდევ დაილოცა მეფის სამართალი! უბრალოდ კი დამდაღეთ,
ვერაფერში გამოგადგებით, აი!
- ვნახოთ, დაღი შეამოწმებს! შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდება!
- არა მინდა რა, ოღონდ გამიშვით!
კარისაკენ ბიჯი რომ დასძრა, საშინლად აეწვა რბილო. უნებურად
ხელი მოისვა და გაღებულ კარში გვერდულად გავიდა. ტკივილს
სძლია, კიბეზე აიჩქარა. სარანგმა გარე კარი გაუღო და ალი-ხოჯა-
მაჰმადი ციხის გარეთ გაუშვა.
სპარსმა ღრმად ამოისუნთქა. მიუხედავად ქვედა ტკივილისა, დიდი
შვება იგრძნო. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. შედგა, სუნთქვა მოიბრუნა
და მიმოიხედა. უკვე შუაღამის მამლები ჰყიოდნენ. ქუჩებში აღარავინ
ჩანდა. სახლებშიც მხოლოდ აქა-იქ ბჟუტავდა შუქი.
ხოჯა-მაჰმადმა ნალეკარის ბინისაკენ გაიხედა. იქ ისევ ენთო
ბინდბუნდი შუქი. „რომ იცოდეს, რა დღეში ვიყავ? რას გადავრჩი?
ლამის მეც დამჭირდეს ყავარჯენი, ან ჩემმა ბედმა მიხსნა, ან ამათმა
ბედოვლათობამ“, - გაიფიქრა გულშინაშინა მოსულმა ოსტატმა და
ცერი ხელუკუღმად ჩაბურულ დილეგისაკენ მიიქნია.
მეფის საჯინიბოდან ჭიხვინის ხმა აწვდინა ნაქროლამ, გულს არ
უგრძვნია, მაგრამ თითქოს აქოჩრილი ნადაღარი უფრო აუწვა
მრჩეველს.
წელში გაიდრიკა, გადაიზნიქა და უნებურად ცას შეაფეთა თვალი.
იქიდანაც უამრავი აქოჩრდილი ვარსკვლავები, თითქოს ნიშნის გებით
უციმციმებდნენ.
ისევ ჩაღუნა თავი, შალვარი შეიფოლხვა და გვერდულ ძუნძულით
თავქვე, აბანოსაკენ დაეშვა.

XXVIII ულვაშის ჩრდილი


ალექსანდრე მეფის მიერ ირანის ელჩების მიღების წესი წინასწარ იყო
შეთანხმებული.
დიდი თავაზიანი მოხერხება და წინდახედული შორსმჭვრეტელობა
გამოიჩინა იასონ ჭავჭავაძემ. შაჰინშაჰის დესპანის დიდი პატივიც უნდა
ყოფილიყო დაცული და არც კახთ მეფის თავმოყვარეობა
დამდაბლებული.
ერთ საკითხში განსაკუთრებით გამწვავდა საქმე. ჯიმშედ-ხანი
მთელი ამალისათვის ცალკე, მომაღლოდ გამართულ საჯდომს
მოითხოვდა, როგორც შაჰინშაჰის ელჩებს შეჰფერის. ხოლო ჭავჭავაძის

267
განმარტებით - კახეთის მეფეთა კარის გარიგების მიხედვით - ელჩები
უნდა მდგარიყვნენ, გარდა ელჩთუხუცესისა, რომელიც მხოლოდ
მეფის მიწვევით დაიმუხლებდა, თავისი ქვეყნის ადათისა და
წესისდაგვარად.
- ხოლო ასეთ მოწვევას თქვენს პატივსაცემად უმალ არ დაიშურებს
მეფე! - დინჯად არწმუნებდა მდივანბეგი ჯიმშედ-ხანს. მაინც ვერ
დაითათბირა პირველელჩი. მაშინ ჭავჭავაძემ ნიადაგი სხვაგან მოსინჯა
- ალი-ხოჯა-მაჰმადს გაუბა საუბარი.
ელჩის მრჩეველმა გადასწყვიტა საქმე. იგი რაღაც მოსაზრებით ფეხზე
დგომის მომხრე გამოდგა. ჯიმშედ-ხანის შეკითხვაზე გაურკვევი და
მიფადილებული პასუხი გასცა, მაგრამ თანხმობის მიცემა
დაბეჯითებით უთათბირა.
ელჩების მიღება კვირას ნაშუადღევისათვის იყო დანიშნული.
ცხენები დილიდანვე მოართვეს. კახთ ბატონი მთელ ელჩიონს თავის
საჯინიბოში შერჩეულ ცხენებს უგზავნიდა. ხოლო ორი ბედაური კი
პირად საჩუქრად მოჰგვარეს დიდ დესპანსა და მის მრჩეველს.
ბედაურებიც და აღკაზმულობაც ნატიფად შეფერებული და
რჩეულთა შორის შერჩეული ჩანდა.
ჯიმშედ-ხანი მეტად ნასიამოვნები დარჩა ამ მეფური საჩუქრით.
ხოჯა-მაჰმადს კი თვალი მოსჭრა ცხენის დაღმა - აქოჩრილმა
ვარსკვლავმა. ხერხემლის ძირიდან მოსულმა ტკივილმა ავად შეახსენა
ჯანდიერის სიტყვა: „რამდენჯერ მეფის ცხენზე შეჯდე - ჩვენ
მოგვიგონო!“
ელჩის მრჩეველი შიშით ფიქრობდა, რომ მალე ამ ცხენზე უნდა
შეჯდეს და მეფეს ეწვიოს. მას ფეხით გასეირნება დიახაც ერჩია, მაგრამ
წესი წესია და მეტი გზა არ იყო. უნაგირი მოსინჯა. ნატიფად
მოსავადებულ მაღალ კეხზე ირმის ბეწვის მკვრივი ტყავ-ბალიში იყო
გადაკრული. ემაგრა ბალიში ახალ პატრონს, მით უფრო, როდესაც
შეამჩნია, ჯიმშედ-ხანის უნაგირს ტყავის ბალიშის ზემოთ ბუმბულის
მოხავერდებული სარბილო ეკრა. „რაღა ბუმბულის ბალიშით
განასხვავეს ჩემი და ელჩის ბედაურ-საჩუქარი?!“
სასახლეში გამგზავრების დროც დადგა. ამალა უკვე მზად იყო.
მისართმევი საჩუქრებიც გამზადებული. ჯიმშედ-ხანმა საზეიმო
სამოსზე შაჰ-აბასის ნაწყალობევი ბეწვ-ქობიანი ხალათი გადაიცვა და
აივანზე გავიდა. ალი-ხოჯა-მაჰმადიც მზად იყო, მაგრამ ფეხს
ითრევდა. სულ ბოლოს უნდოდა გასვლა. განსაკუთრებით ცხენზე
შეჯდომა.
გარეგნულად მან დიდი ცვლილება განიცადა. ჯერ კიდევ დილის
ძალზე დიდხანს იფარეშა სარკესთან. ხანჯლის ბუნივით ვიწრო,
სამკუთხული წვერი შეიტოვა, ჰინით შეიღება. ქილვაშებიც დაიმოკლა.

268
თავზე მაღალი ჩალმა-ქუდი დაიხურა და სარკეში ერთხელ კიდევ
შეითვალიერა თავი.
- არა, რაც უნდა თვალმეხსიერი იყოს ალექსანდრე მეფე, წუხანდელი
ცხენის ქურდის გამოცნობა შეუძლებელია! - ესაუბრებოდა სარკეში
თავის თავს შეცბუნებული ოსტატი. ნუგეშად ისღა ჰქონდა, რომ
წუხანდელი მარცხ-საოცრება მხოლოდ თავად იცოდა. ან იქნებ ეს
ყოველივე მხოლოდ დასიცხული უჟმურ-სიზმარი იყო? უნდა
დაივიწყოს კიდევაც. დაივიწყოს უცნაური და გაურკვეველი ზმანება.
მაგრამ გარკვეული და საცნაური ტკივილი უმოწყალოდ აგონებდა
სინამდვილეს. თავს მაინც ინუგეშებდა ალი-მაჰმადი: „ჰოდა, რა მოხდა,
ბოლოს და ბოლოს ერთი-ორი კვირა და იარაც მოშუშდება… არც ვის
ეცოდინება ხელუცაბედი დადაღვის ამბავი“. ესაა, აბანოში ვეღარ
წავა… უნდა ამოიკვეთოს ფეხი… მექისეს ვეღარ გაიკარებს… ვერავის
ენდობა… ავი საბუთია დაღი! ესაა თორემ, ისე მრავალი დიდი ამბავი,
მეფის გულში ნადები, გაიგო… შემთხვევით თუ დამთხვევით…
მართალია, რუსთა სიანუსხა კი გადააგდო, მაგრამ არც ეს არის
ბედენა… მურადაისძე აქ არ არის?!
- კიდევ ბედი მქონია! ბეწვზე გადავრჩი! - ხმამაღლა წამოიძახა და
ისიც გავიდა აივანზე.
ჯიმშედ-ხანის ნიშანზე ყველანი ეზოში ჩავიდნენ. ნუშიანში
მესტუმრენი დარახტული ცხენებით ელოდნენ. აქვე იყო საპატიო
ამალაც. ყველანი შეჯდნენ. ხოჯა-მაჰმადსაც მოჰგვარეს ბედაური. კახი
მეუზანგეც მიეახლა, მაგრამ ელჩის მრჩეველმა ჯერ არ ინება შეჯდომა.
აღვირი გამოართვა, ცხენს ხელი მოღერებულ კისერზე მოუთათუნა.
დაგულებული ყინვარ-შაქარი აჭამა. დროს იგებდა… ყველანი
დაითხოვა.
ბოლოს მოიხედა, ელჩიონი უკვე ალაყაფთან იყო. სასახლის
კიბესთან მხოლოდღა მსახურნი იდგნენ და მის წასვლას ელოდნენ.
შორიახლოს ნაშიკრიკალი მაქსუდი დაინახა. უმალ იხმო. აღვირი
მიუგდო და ალაყაფისაკენ ფეხით ჩაისეირნა.
კახთ მსახურთაგან რომ გაიმანძილა, მაქსუდს შეეკითხა:
- რად არ გიახლა ხანმა?
- მიზეზი მოგეხსენებათ, ოსტატო! - დავარდნილი კილოთი მიუგო
მაქსუდმა. ხოჯა-მაჰმადმა ახლა სულ სხვა თვალით მოხედა თავის
გაშოლტილ ნაშიკრიკალს.
- განა არ მოგირჩა? - თავდახრილ მხლებელს აღვირი გამოართვა.
ჰოი, რა სიამით დარჩებოდა მაქსუდთან ერთად, მაგრამ სხვა გზა არ
იყო. შემოაბრუნა ცხენი და უზანგში ფეხი შეჰყო. მაქსუდმა დაუჭირა
მეორე.

269
- ვარსკვლავივით ცხენია, ბატონო! - საუბარი სხვაგან გადუგდო
ნირშელახულმა მაქსუდმა. მან რა იცოდა, რომ ვარსკვლავის ხსენება,
ქოჩრიანისა თუ უქოჩროსი, სწორედ მტკივნეული ადგილას ხვდებოდა
ოსტატს.
ელჩის მრჩეველი თავისუფლად მოევლო ცხენს, მაგრამ უნაგირს რომ
გაეკრა, უნებური გმინვა აღმოხდა. კრიჭა შეწურა, უზანგებზე შედგა,
კეხ-გვერდულად შეიმსუბუქა თავი.
ნაშიკრიკალი გაკვირვებით უმზერდა თავის ოსტატსა და შოლტის
დამრტყმელს, მან არ იცოდა, რომ მისი ოსტატი ახლა მართლაც
„ვარსკვლავზე“ იჯდა.
- ხომ არ მიბრძანებთ რასმე?
- არა! - მერმე უბეზე გაიკრა ხელი, - აჰა შენ ქისა, მალამო ბლომად
იყიდე, კახელებმა იციან… მალე აშუშებს ნაშოლტარს, - ნაწყვეტ-
ნაწყვეტად ეუბნებოდა ქვეითს.
ცხენი ტოკავდა და ალაყაფისაკენ იწევდა. ტკივილი კვინიხამდე
ადიოდა.
- ოღონდ მეც მიჩვენე მალამო… ექიმბაშობას ვაპირებ! - ნაძალადევად
ჩაიხუმრა და ცხენი დასძრა.
ვიდრე დაეწეოდა ელჩიონს, სიმწრის ოფლი გადასკდა, მერე კი
ოდნავ გამოუყრუვდა ტკივილი. თანაც მის ბედზე, როგორც შაჰინშაჰის
ელჩებს შეეფერებოდა, ჯიმშედ-ხანი დინჯი ლაფშურით მიუძღოდა
ელჩიონს… ხოლო ნაჩუქარი ცხენი შესანიშნავი მატარებელი გამოდგა.
„კი ღირებულა ამისთანა ცხენის მოპარვა!“ - მწარედ ფიქრობდა სპარსი,
ნირშერეული ჩაჰყურებდა შარაგზას და მტკივან ნაწილს,
შეძლებისდაგვარად, არიდებდა უნაგირს.
სამაგიეროდ ჯიმშედ-ხანი გაბადრული და ნებიერი ღიმილით
მიმოსცქეროდა გარემოს.
ქალაქის ქედ-ქედ ჩამოსულ კედელზეც და მთავარანგელოზის
გალავანზეც ხალხი გადმომდგარიყო. გზადაგზა ბლომად იდგნენ
მოსალამენი. მეფის სასახლის კარიბჭესთან საპატიო სარანგთა
ორმწკრივი დახვდათ. შავსატევრიანები ცალკერძ იდგნენ,
ხელთოფიანები ცალკე. აბჯროსნები კი ხშავდნენ ალაყაფს.
მეფის სპა მაღალტანადი და მხარფართე რჩეული მხედრებისაგან
შედგებოდა. ხოლო დიდად საპატიო სტუმრებს ამათ გარდა, ქვეითად
ხვდებოდა სასახლის მცველთა გუნდიც.
ჯიმშედ-ხანი მოხიბლა მცველთა აღნაგობამ.
- ასეთი სარბაზები შაჰინშაჰსაც ეამებოდა! - გადიხარა ჯიმშედ თავის
მრჩევლისაკენ, რომელიც ბოლოს გვერდში ამოუდგა მას.
ჯიმშედ-ხანმა შეამჩნია - გუნებაზე ვერ იყო ხოჯა-მაჰმადი, სდუმდა,
ქვეწარბულად იხედებოდა, დილით შეუძლობასაც ჩიოდა.

270
„აბანოში თუ გაცივდა,“ - გაიფიქრა ხანმა.
ახლო ალაყაფთან კვლავ გაეხმიანა მრჩეველს:
- რა ვაჟკაცი ჩანს! - მათ შესახვედრად წამოწეულ ახოვან აბჯროსანზე
წარბებით მიუჩვენა.
ხოჯა-მაჰმადმა ულვაშებზე იცნო აბჯროსანი. შეტოკდა უნაგირზე.
საფეთქლები გაუცივდა… ოდნავ ჩამორჩა და ამოეფარა ჯიმშედ-ხანს.
გული საგულეს ისევ ჯანდიერმა მოუბრუნა. იგი სრულიადაც არ
ამჩნევდა შეფორიაქებულ სპარსს. პირიქით - უმალ ნიშანი სცა და
ელჩიონს სამგზისი ვაშა შეაგება.
კარიბჭის ზღურბლთან დაქვეითდნენ ყველანი, გარდა
პირველელჩისა და მისი მრჩევლისა.
აბჯროსნებმა გზა უტიეს და ორნი ცხენდაცხენ შევიდნენ კარიბჭეში.
რკინის ბჭესთან კართუხუცესმა მათ თეთრი ნაბდები დაუგო ცხენთა
ფერხთით, ხოლო კარს იქით კი ვიდრე სასახლემდე ხალფარდაგები
ეგო.
შუაგზაზე დაქვეითდა მრჩეველიც, ხოლო კიბესთან ელჩიც.
აქ შეეყარათ სახლთუხუცესი - ომან ჩოლოყაშვილი, ყრმა
ბატონიშვილნი: დავით და გიორგი, ზოგი სხვა დიდებულნიც.
„ჩვენი კონსტანტინე არ გვაჩვენეს!“ - გაიფიქრა ხოჯა-მაჰმადმა და
ელჩს მიჰყვა.
სახლთუხუცესი დარბაზისაკენ წარუძღვა საპატიო დესპანს.
სადარბაზოდ მეფეს სპარსული დარბაზი აერჩია. ორმაგად იყო
შეზომილი ეს არჩევანი. განსაკუთრებულ სპარსეთუმეობას
ამჟღავნებდა კახთ მეფე და ისიც იყო ხელსაყრელი, რომ მომრგვალო
სპარსულ დარბაზს კედელდაყოლიებით მომაღლო თახჩა-სავარძლები
გასდევდა ირგვლივ, ხოლო შუაში, ტახტის გასწვრივ, ელჩთა ადგილი
იყო, ფეხმორთხმით საჯდომად მორთული. ასე რომ, უკეთუ მეფე
მოისურვებდა ერთობლივ მოდარბაზეთა სხდომად წვევას, კახ
დიდებულნი სპარსთა უმაღლეს ადგილზე აღმოჩნდებოდნენ მჯდარნი.
დარბაზი მადლიან ყალმით იყო მოხატული. თაღს მაღალქობად
ჩახლართული ვაზის ჩუქურთმა ცისარტყელასავით გადასდევდა.
ტახტის თავზე ტვიფრულ შორენკეცებით გამოყვანილი კახ
ბაგრატოვანთა გვირგვინ-ნიშანი იყო ნასახი. თავმომრგვალებულ
ფერად სარკმლებიდან ხორცისფერ ფილებიან იატაკზე უხვი სხივი
იფრქვეოდა.
ელჩები შევიდნენ თუ არა დარბაზში, სახლთუხუცესმა მეფის
გაბრძანება გამოაცხადა.
მარჯვნივ მაღლაკარი გაიღო, ალექსანდრე დაოკებული ნაბიჯით
შემოვიდა, მაგრამ დარბაზში მოუჩქარა, ტახტთან მივიდა, რამდენიმე
საფეხურით შემაღლდა, მხოლოდ მაშინ ასწია თავი და დარბაზის

271
სალამს ზეზეურად პასუხი გასცა. გრძელი ძველქართული ბისონი
უფრო მაღალს აჩენდა. გვირგვინი კი არ ედგა მეფეს, რადგან ხელთან
მიშვება არ იყო თქმული გოროზ დესპანის მიერ.
ალექსანდრემ მარცხენა ხელის ოდნავ აწევით დარბაზობის დაწყების
ნიშანი სცა. ამჯერად, რომ მაინცდამაინც თავისი ქრისტიანობა თვალში
არ წაეჩხირათ, პირველმიღებას არ ასწრებოდნენ მღვდელმთავრები.
მხოლოდ ზოსიმე ბერდიდი უტყვ მოწმედ იდგა დიდებულთ შორის.
არც დედოფალი დაისწრო ალექსანდრემ. აქ კი საბუთად შეუცნობელი
გულისტკივილი ჰქონდა.
- დიდი დესპანი შაჰინშაჰისა! - გაბმულ ხმიანად გამოაცხად ომან
ჩოლოყაშვილმა და სახლთუხუცესის კვერთხი აღმართა.
ჯიმშედ-ხანი ნელიად და თავმომწონედ წინ წარსდგა და
აღმოსავლურად წესდაცული სალამი სცა მეფეს.
- მოგესალმებით, კახეთის მეფევ მფლობელო, ალექსანდრე ლევანის
ძეო, - მაღალფარდოვნად წამოიწყო მან, - დიდი ირანის დიდ
მპყრობელი შაჰ-აბასი, შაჰინშაჰი მეფეთა შორის და მზე მნათობთა
შორის თქვენს ჯანმრთელობას კითხულობს, თქვენთვისა და
ქვეყნისათვის სიკეთის სურვილები ნებავს, - ხატოვანი სპარსულით,
დათაფლულად, მაგრამ ამაყად ღაღადებდა ირანის შაჰის დესპანი…
სათნო დედოფალი - ხანუმ და ბატონიშვილები მოიგონა, „რომელთაც
თავისდა სავალალოდ ვერა სჭვრეტს პირველშეყრისას“.
კარგად გაუგეს ეს „ვერჭვრეტა“ კახელებმა. მძევლის წასაყვანად
იყვნენ მოსულნი სპარსნი.
ახლა ალექსანდრე მეფემაც მოიკითხა „დიდი შაჰი ირანისა, ძლიერი
მეზობელი და მფარველად სასურველი“. მოიკითხა აგრეთვე თვით
ჯიმშედ-ხანი - შაჰინშაჰის პირადი დესპანი და თავრიზის მფლობელი.
არც მისი თანამდგომი „სიბრძნით სახელმოხვეჭილი მრჩეველი ალი-
ხოჯა-მაჰმად“ გამორჩენია მეფეს.
სახლთუხუცესის ნიშანზე, დესპანის დასტურით, მხლებლებმა შაჰის
საჩუქრები მოართვეს მეფეს.
საჩუქრების სიმრავლით, ელჩობის მიმდინარეობით თუ კიდევ სხვა,
მხოლოდ მეფისათვის ცნობილ მიზეზით, ალექსანდრე გარეგნულად
მაინც, ფრიად ნასიამოვნები ჩანდა და, სახლთუხუცესის აზრით,
ზედმეტი თავაზიანობაც გამოიჩინა - ყველა სტუმარ-მასპინძელი
დასხდომად იწვია. პირველმიღების პირობით ასე არ ყოფილა
გათვალისწინებული.
„პატივი დამდო მეფემ, ჩემს პირვანდელ მოთხოვნაზე მოდგა!“
გაიფიქრა ჯიმშედ-ხანმა და მეტად ნაამები დარჩა. ხოჯა-მაჰმადს კი
არაფრად ეჭაშნიკა მეფის ზედმეტი მასპინძლობა. დაახანა კიდევაც
დაჯდომა. ხოლო როდესაც მიმოიხედა, კახთ დიდებულნი და დიდი

272
მოხელენი უკვე ისხდნენ კედელდაყოლებით… საერთოდ დარბაზში,
გარდა კარისკაცებისა, აღარავინ იდგა ფეხზე და თითქოს ყველა მას -
ოსტატსა და მრჩეველს - უყურებდა. ერთი წამით, ვგონებ, მეფემაც
შეხედა… უმალ მანაც მოიკეცა ფეხები და დესპანის გვერდით მიჯდა.
პირდაპირ ნადაღარზე მოუხდა დაჯდომა. სიმწრით ტუჩის შიდა
ნუნუები დაიკბინა… ვიდრე სისხლი არ ეტკბილა ენაზე. მაგრამ
გარეგნულად არც ერთი ძარღვი არ შერხეულა მის სახეზე.
ახლა დესპანის დავთარბაში წამოდგა, მეფეს მდაბლად თაყვანი სცა
და მაღალი ხმით საჩუქრების სია ჩაიკითხა.
მართლაც მდიდრულ მოსაკითხავს უგზავნიდა შაჰ-აბასი კახთ
მეფეს. აქ იყო: ხალათები ოქროქსოვილნი და ფარჩახატულნი, თვით
შაჰ-აბასის მაღალ მხრიდან სანობათოდ ბოძებულნი. აქ იყო:
ოქროცურვილი ხმალ-ხანჯალი, ზუჩი და დაშნა, ქარვა და ლალი,
სპილოს ძვლის ჭადრაკი და ჩოგანბურთი. ფარჩის კარვები და ცხენ-
აქლემის კეხ-უნაგირები, მოვარაყებული ლანგრები და სპარსული
ხალიჩები.
სახლთუხუცესის განკარგულებით აივანზე გასული მეფის
მესაყვირენი და მაძახურნი სასახლის წინ და ქალაქის გალავანზე
გადმომდგარ ხალხის გასაგონად იმეორებდნენ საჩუქრების სიას.
სულ უფრო და უფრო მაღალ ხმას უკიდებდა დავთარბაში,
ჰკვირობდნენ დარბაზში კახ დიდებულნი. ზეიმობდა ხალხი მოედან-
გალავანზე. უფრო და უფრო ებადრებოდა სახე ალექსანდრეს, მაგრამ
უფრო იქუფრებოდა და ეჭვით ივსებოდა მისი გული. „კონსტანტინეს
თავის ფასია! და არც დასჯერდეს იქნებ… შაჰ-აბასი არვის არაფერს
აჩუქებს უმიზნოდ… თავნით მოგვთხოვს, დიდი რამ უდევს გულში“.
- შაჰინშაჰის შთაგონებით იგავ-სალაღობოდ გამოწურთვნილი
სიბრძნის სახე! - გამოაცხადა დავთარბაშმა და ბოლო საჩუქარს
ჭრელად შეფერადებული ორხოვილი დარაია გადააძრო.
მოოქროვილ გალიაკში გულყვითელა და ბოლომწვანე თუთიყუში
სთვლემდა. შუქდაკრული ფრინველი შეფართხალდა და ენააკიდებულ
ფარსულით წამოიძახა: „ძრწოდე და გიხაროდეს, მზეო და ქვეყანაო
შაჰინშაჰისა!“
ყველას პირმრუდედ გაეღიმა. მეფემ ნიშანი უყო და ბაზიერმა
თუთიყუში ხელზე მოართვა. მეფე მოეფერა, დაუყვავა, ფრთა
გაუსინჯა.
- შაჰ-აბასის პირად სიტყვის მომტანი… უსათუოდ სიბრძნის სახეა
და, თქვენი მოწმობით, ფრიად ნიშანდობლივიც!
ახლა სპარს ელჩებს მოეფინა პირმრუდე ღიმი.
ალექსანდრე საერთოდ ფრთოსნების, კერძოდ ქორ-შევარდნების
მოყვარული და მცოდნეც იყო… ეს კი შეღებილ სათამაშოს უფრო

273
ჰგავდა.
- კონსტანტინე ბატონიშვილს მიჰგვარეთ! - კვიმატად აჭრიახებული
თუთიყუში ბაზიერს გადასცა. ფრინველმა ფრთა-ქოჩორი წამოშალა და
სხაპასხუპით გაურკვეველი სიტყვის ნაწყვეტები გადმოაფრქვია, ხოლო
ისევ გალიაკში რომ მოათავსეს, მაშინ კი მკაფიოდ წამოიძახა:
- ისმინეთ! ისმინეთ! ურუს იამან! ურუს იამან! ურუას იამან!
დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- საჩუქრებით დიდად გამოგვარჩია ჩვენმა უფროსმა ძმამ და
მფარველად სასურველმა! - ყელში მწარე სიტყვა ჰქონდა, მაგრამ თავს
მოერია. ჩაიბრუნა და მოკლედ მოსჭრა: - წერილობით თუ ინება რაიმე
შაჰ-აბასმა… თავიდანვე სახელოვანმა.
ჯიმშედ-ხანი დინჯად წამოდგა. წამოდგა მთელი ელჩობაც. დესპანმა
აბრეშუმის ბოხჩიდან დალუქული რაყამი ამოიღო, ორივ ხელით
თავზე მაღლა ასწია, თითქოს მისი სიმძიმით წელში მოიხარა და
მიეახლა მეფეს. ალექსანდრე წამოდგა. უმალ წამოიშალნენ კახ
დიდებულნიც.
მეფემ პირადად მიიღო შაჰის რაყამი. ეს იყო პირველი რაყამი შაჰ-
აბასისა, ალექსანდრეს სახელზე წარმოგზავნილი. მძიმე გრძნობით
მკერდთან და შუბლთან მიიტანა, მერმე სამეფო კვერთხ-გვირგვინთან
დაასვენა და ისევ დაჯდა. სხვათაც მოუწოდა.
ახლა კახთ მოართვეს საპატიო დესპანს და მის მრჩეველს პირად
მოსაკითხავნი მეგობრობის ახალ საწინდრად. სიას რატომღაც დავით
ჯანდიერი კითხულობდა. მას აბჯარი გაეხადა და ახლა თალხი ფერის
ქულაჯაში კიდევ უფრო დიდი და მხარგაშლილი ჩანდა. აივნიდან ისევ
იძახდნენ მესაყვირენი და მაძახურნი. გარდა თითო-თითო ცხენ-
ბედაურისა ძველ ქართულ აღკაზმულობით, სიაში იყო მოხსენიებული
მთიულური ნაკეთობის ოქროზარნიშიანი ქილა-ქამრები, ვენეტიკური
შანდლები. ჯიმშედ-ხანს - როგორც პირველ დესპანს - ოქროთი
მოვარაყებული ყალამიც მიართვეს, ხოლო მრჩევლის სიაში
„მოოჭვილი ყულაბა სიბრძნის ქილითურთ“ იყო მოხსენიებული.
ხოჯა-მაჰმადმა ვერც გაიგო, ვერც საჩუქრებს შორის დაინახა ეს
სიბრძნის ქილა. ტკივილით თავგაბეზრებულს არაქათი ელეოდა და
დარბაზობის მოთავებას სულწასული ელოდა.
„რაღა წუხანდელი უკუღმართობა და რაღა დღევანდელი ზეიმი… და
მერმე ხალხიც რომ იგივეა!“ ცნობის აღარ ეშინოდა, ესღა აწუხებდა,
ისევ ზედმეტი თავაზიანობა არ გამოეჩინა მეფეს და ელჩიონი დღესვე
სუფრაზე არ მიეწვია.
მის ბედად მეფემ მესტუმრეთ უბრძანა, სეფე სუფრიდან
ძღვენკეთილი მიერთმიათ მცირე სასახლეში.
დარბაზობა დამთავრებული იყო.

274
ალექსანდრემ მაღალკართან ჯანდიერს ჩაუარა, ჩაუჩურჩულა:
- სიბრძნის სახე - თუთიყუში ხომ მოგეწონა?
- სიბრძნის ქილაც არ იქნება ვგონებ ურიგო! - თავი ჩახარა დავითმა.
მეფის გასვლისთანავე სახლთუხუცესი ჯიმშედ-ხანს მიეახლა,
დარბაზიდან მასლაათით გააცილა.
ალი-ხოჯა-მაჰმადიც წამოდგა, ძლივს გაშალა ტკივილით
მიბუჟებული ტანი, ცალი ფეხი შეუტოკდა კიდევაც. მაგრამ ვიღაცამ
თავაზიანად შეაშველა ხელი.
- გმადლობთ დარბაისელო! - მოუხედავად გაეხმიანა თავის ენაზე.
- აბა რაის მადლობა, ბატონო ჩემო!
ხოჯა-მაჰმადი შეაკრთო ჩაბოხებულმა ხმამ და ქართულმა პასუხმა.
თვალის კილოებში ულვაშის ჩრდილი აებორკა. მის გვერდით
ჯანდიერი იდგა. ხერხემლის არეში ჭიანჭველებმა აურბინ-
ჩამოურბინეს, მაგრამ ოდნავადაც არ შერევია ნირი. არც ჯანდიერმა
შეაბეზრა თავი საუბრით. კრძალვით მიაცილა კარებამდე, თავაზიანად
განუმარტა.
- საჩუქრებს ცხენით გაახლებთ… ყულაბას კი პირადად
მოგართმევთ!
დინჯად, მეტად დინჯად ვიდოდა ხოჯა-მაჰმადი. დაწინაურებულმა
ჯიმშედ-ხანმა მოჰხედა „რა სულ უკან-უკან მრჩება ჩემი ჩრდილი?!“ -
გაიფიქრა და სვლას უკლო, რომ არ გათიშულიყო ამალა.
გარეთ უმალ მოართვეს ცხენები. ერთი უკვე საჩუქრებით იყო
დატვირთული.
დესპანსა და მის მრჩეველს, უკვე ცხენებზე მჯდართ, მოართვა
დავით ჯანდიერმა თითო ყულაბა.
დესპანის ყულაბაში ოქროვარაყული ყალამი იყო, ჯიმშედ-ხანმა
უმალ გადასცა მხლებელს. ხოლო მრჩეველი კვლავ შეაფიქრიანა
სიბრძნის ქილამ. თან ჯანდიერმა კვლავ სხვათა შორის ჩაუჩურჩულა:
- ეს გასაღებიც ინებეთ… შიგ ქილაც დალუქულია!
მრჩეველმა გასაღები ჩამოართვა. ყულაბაც ხელში შეიტოვა.
სპარსულად გადახდილ მადლობას კი ფიქრი ააყოლა: „ნუთუ ასე
უხვად აქვს კახთა მეფეს თვალმარგალიტი, რომ ასე უყოყმანოდ
ქრთამსაც მიბედავს?“
მცირე სასახლეში დაბრუნებისას შეუძლობა განაცხადა, დესპანს
დაეთხოვა. ტკივილით დაღლლ-დაქანცულმა თავის საწოლში კარი
შეიკეტა და შვებით ამოისუნთქა.
პირველი დარბაზობის აუცილებელი ვალი მოხდილი იყო, ახლა
მოავადებაც თავისუფლად შეეძლო.
ტკივილის ოდნავ დაამებამ გული მოუალხეინა და ყულაბა
ცნობისმოყვარეობით გაახსნევინა.

275
ზარი და ელდა ეცა. შიგ მის მიერ ღამის ტყვეობის დროს
გადაგდებული რუსთა სიანუსხა იდო.
ჯერ თვალებს არ დაუჯერა. გაშალა, ჩაიკითხა. ყოველ ეჭვს გარეშე
იგივ სია იყო და მხოლოდ იგი. ფიქრი ზამბარასავით შებზრიალდა.
„ნუთუ კახთ ბატონის ჩუმი მტერი ფიქრობს ჩემთან კავშირის გაბმას…
ისიც ულვაშა? იგი თუა მურადაისძეს მაცნე? მაგრამ მაშინ რად
მაფრთხილებდა?“
ხლართებში ერთიანად დაიბნა ოსტატი. ისევ ყულაბას მიუბრუნდა.
დალუქული ძვლის ქილაკი ამოიღო, ლუქი ასტეხა. მცირე უსტარში
სპარსულად ასე ეწერა:
„ასეთი სიბრძნე ითქვა - სიტყვა ისეთი ფასობს, ორი პირი ჰქონდეს -
ორივ ბასრი! ოსტატმა ამოხსნას - შუაღამის ჟამს კარში მოაკაკუნოს. ვერ
ამოხსნას - აქოჩრილ ვარკვლავის ლექსი და ვარაყი მზეზე მაღალს
მოხსენდეს - იგი ყოველ სიბრძნის ამომხსნელია!“
ხელს არავინ აწერდა. ან კი რა საჭირო იყო.
- ულვაშის ჩრდილი! - წამოიძახა გაოგნებულმა ოსტატმა. იგი ბოლოს
მიხვდა, რომ ორთავ ფეხებით ხაფანგში ყოფილა გაბმული.
ზეწამოიჭრა. რატომღაც სარკმელს მივარდა, გაიხედა. სადღაც ქვედა
სართულზე მსახურნი ფუსფუსებდნენ. ბაღის ჩაღმა ალვის ხის
დაგრძელებული ჩრდილები უზარმაზარ ულვაშებს ჰგვანდნენ.
ახლა კარს მიაწყდა, დერეფანში გავარდა.
კიბისთავთან საპატიო სარანგი იდგა. უმალ ყური სცქვიტა,
ულვაშებზე ხელი გადაისვა.
ხაფანგში გაბმულმა ისევ ჩაირაზა კარი. ზარდაცემულს ახლა
ყველგან დიდი, ფართედ გადაგრეხილი ულვაშები ელანდებოდა: ისევ
წერილს მისწვდა და ხელახლად გადაიკითხა. სპარსული ქარგული
ასოები დახტოდნენ, ულვაშებივით იგრიხებოდნენ.
ამოხსნა, როგორ ვერ ამოხსნა ოსტატმა სიბრძნის ქილა. იცის, როგორ
არ იცის, რომელ კარს უნდა მიუკაკუნოს. ულვაშის კარს, აი იმ კარს,
რომელსაც წუხელ გადაურჩა ეგონა… თურმე ვინ ყოფილა
ბედოვლათი! რის „ცხენის ქურდი“, მართლაც „დაღის კვიცი“ ყოფილა,
მართლაც!
- რა ორმაგი ბადეა დაგებული?! - უკვე ხმამაღლა შფოთავდა ხოჯა-
მაჰმადი. - არ მივაკაკუნებ და… მზეზე მაღალი… შაჰ-აბასია „ყოველი
სიბრძნის ამომხსნელი“… იმის ამოხსნილი სიბრძნე ამის დაკარგვას
ნიშნავს - და შაჰის „მარცხენა თვალმა“ თავში წაიშინა ხელი.
რაც მეტს ფიქრობდა, უფრო ბორგავდა და ჩაჩიხულ ნადირივით
ბორიალობდა. ბოლოს ჩაბღუჯა წერილი და ჯიმშედ-ხანთან მისვლა
დააპირა.

276
კართან რომ მიიჭრა, თვალწინ წარმოუდგა ჯიმშედ-ხანის ჩუმად
ნაამები სახე, რომელიც ბოლოს და ბოლოს ნასიამოვნებიც კი იქნებოდა
ხოჯა-მაჰმადის მოშორებით. უმალ ხუნდებდაყრილს გაისტუმრებდა
შაჰ-აბასთან. იქ კი საბუთს, უტყუარ საბუთს, მოუშორებელსა და
გაუბათილებელს, თავად - არა - ტანად მიუტანდა მბრძანებელს.
- არა, ეს შეუძლებელია! - ისევ მობრუნდა და ქანცმილეული,
მოსხლეტით ჩაჯდა სავარძელში. სულ დაავიწყდა მტკივნეული
უტყუარი საბუთის ადგილი. ისევ წამოვარდა ხმამაღალი გმინვით და
ახლა საწოლ-სარეცელის შავხავერდოვან ბალიშებში პირქვე ჩაემხო.
მან პირველად თავისი ოსტატობის სარბიელზე და სიცოცხლეში არ
იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
…და შუაღამისას ციხე-დილეგის კარი მიაკაკუნა ვიღაც
სახეშებურვილმა და უცნაურად მოკაკულმა კაცმა თუ ლანდმა…
ჩანს, ელოდნენ კაკუნს. კარი უმალ გაიღო და მოჭედილ რაფაზე
ულვაშის ჩრდილმა გადაირბინა.
მერმე დაიხურა კარი. კაცი თუ ლანდი გადაყლაპა.

XXIX თუთიყუშის ფრთა


კახ-ირანელთა მოლაპარაკება ორ კვალად მიმდინარეობდა. ერთი -
დღისით მცირე სასახლის დარბაზში, მეორე - ღამით ციხე-დილეგის
ფარულ საკანში.
იასონ ჭავჭავაძე და ჯიმშედ-ხანი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ
ხატოვან სიტყვობაში და თავაზში, თან კახეთ-ირანის ურთიერთობას
ახალი ფალავნის - რუსეთის გამოჩენის თვალსაზრისით იხილავდნენ
და ირან-თურქეთის ომის განახლების მოლოდინს უფარდებდნენ.
იგივე საკითხები და თვალსაზრისები უფრო „ნაღდად“ და ყოველ
ხატოვნების გარეშე ირჩეოდა ფარულ საკანში ჯანდიერსა და ხოჯა-
მაჰმადს შორის.
ალექსანდრე ყველგან იყო და არსად ჩანდა. მეფე ჩქარობდა,
მთიდანაც და ბარიდანაც ომის ქარმა ძალუმად დაჰბერა. საჭირო იყო
სასწრაფო ზომები და სამზადისი.
ღამის ელჩმა ხოჯა-მაჰმადმა დაღის იარის მოსარჩენად ულვაშასაგან
ოქროს მალამოც მიღო და თურმანაულიც. შაჰის მარცხენა
თვალობასთან ერთად მან ახლა კახის მარჯვენა თვალობაც იკისრა. რაც
იცოდა, ისიც მთლიანად აღიარა. ბელქან თუშის ცნობა დადასტურდა,
განჯაში შაჰის სპა ამოსულიყო, ახალსაც მოელოდნენ. ალაზან-გრემზე
ლაშქრობა კახეთში წასულ ელჩობას უნდა გადაეწყვიტა. თუ ნებით არ
დაჰყვებოდნენ კახნი, ძალით შემომტკიცება გარდუვალად დაედო
აბასს. ალექსანდრე მეფემ ახლა ზედმიწევნით იცოდა მისი ზრახვები.
ომის აცილების ზუსტი მიჯნაც მძევლის მიცემა და თურქთა

277
წინააღმდეგ თანადგომობა იყო. მაშინ რუსეთთან კახთა
„შუამავლობასაც“ ენამოწეწკილ კმაყოფილებით მიიღებდა შაჰი.
ჯიმშედ-ხანი კი, მართალია, ტკბილ შაქრულად და ენაწყლიანად,
მაგრამ გაცილებით მეტს მოითხოვდა. თუმცა ალექსანდრე მეფემ
„ღამის ელჩის“ წყალობით ძალიან მალე თავის კალაპოტში ჩააგდო
„დღის დესპანი“. მაგრამ საქმე უსაშველოდ იწურებოდა. მთიდან ელიმ-
შამხლისაგან კვლავ მოვიდა საიდუმლო მაცნე. მთელ დაღესტანში ხმა
გავარდნილიყო კახ-რუსთა თანადგომისა და ერთად მებრძოლობისა
მთის წინააღმდეგ. თავის მხრივ, შამხალი და დარუბანდშემახის ფაშები
კახთა წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის სამზადისს შესდგომოდნენ.
ქორწილის დაჩქარებასაც ითხოვდა ელიმ-შამხალი.
ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ ეს მოთხოვნა ელიმის
გაშამხლების დაჩქარებას უფრო გულისხმობდა, ვიდრე ერეკლე-
სალიჰას შეერთებას. მას ერთხელ კიდევ თვალწინ წარმოუდგა თავისი
პირმშოს ნაღვლიანი სახე, მაგრამ განა უფრო მძიმედ მეორე ვაჟის, სულ
უმცროსის, ბედ-საკითხავი არ ედგა ამჟამად? ამის შესახებ ფიქრიც
უჭირდა. მაგრამ უფიქრელობაც აღარ იქნებოდა. კონსტანტინეს ბედი
გადაწყვეტილი იყო. მას ახლა ვერც რუსთ მფარველობა უშველიდა და
ვერც ალექსანდრეს მორიგი ფანდი. რუსთ ელჩების მიბრუნებ-
მობრუნებას ორი წლის გზა მაინც დასჭირდებოდა. განჯაში კი
„საპატიო ამალად“ მოსული დიდი ლაშქარი ერთ-ერთ ბატონიშვილს
მოელოდა. სხვა, ძირითადი კი მიღწეული იყო - შაჰ-აბასი
ურიგდებოდა რუს-კახთა „დროებით“ მფარველურთიერთობას და
სიამით იღებდა თურქთა წინააღმდეგ თანადგომას. შამხალ-
დაღესტანთან შესაძლებელ ბრძოლაშიაც ირანი „ყუჩობას და ზურგის
მობმას“ ჰპირდებოდა.
- განა ცოტანი ყოფილან მძევლობაში? დაბრუნებულან… ტახტიც
მიუღიათ! რუსთა საშუალებით უკან გამოვითხოვ, ან მოსკოვს
წავაყვანინებ მფარველს. ოღონდ მაცალეთ, შემოვბრუნდე… სული
მოვითქვა, ჩემი შვილიცაა, განა მე ნაკლებ მიყვარს? -
გულჩაწყვეტილად ანუგეშებდა, არწმუნებდა ალექსანდრე ძლივს
გონზე მოსულ მარიამ დედოფალს.
ირგვლივ შინა ქალები ფუსფუსებდნენ, ძმრითა და ნიშადურით
უზელდნენ საფეთქლებსა და ნესტოებს.
- მოსვი, მარიამ ჩემო! - ალექსანდრე თავად ასმევდა წყალს, - ნურც
თავს იკლავ, ნურც მე მაკვლევინებ თავს და გულს! კოსტალას არაფერი
უჭირს, შაჰინშაჰის კარზე იქნება, უმცროს ძმად მიიღებს ფუფუნებაში
და ოქროხვავში გაიზრდება. უკვე მოჩიტდა, უდედმამობას მთაში
მიეჩვია. არ დაიჩაგრება… - ანუგეშებდა და თავადაც ნუგეშობდა მამა
და უეცრად გულზე უკბინა ფიქრმა: „ჩვენ ვიკითხოთ, ჩვენ… თორემ…“

278
- წამოვარდა, შემოფეთებული ავფიქრი მოისხლიტა და ისევ
დედოფალს მიუბრუნდა.
მარიამი უკვე გონზე მოსულიყო და ჩუმად, გულთაჩხრობილად
ქვითინებდა.
- ახლა ჩემი თხოვნაა, ბავშვს ცრემლს ნუ დაანახვებ… რას იფიქრებს?
თან დაარიგე, ხომ გესმის… - ალექსანდრემ გადიებმესაწოლენი
დაითხოვა, სულ ახლო მიუჯდა თავის დარდისა და გვირგვინის
მეუღლეს. შეჭაღარავებულ დალალზე ხელი გადაუსვა და უფრო
დაუწია კილოს, - რჯული და ნამუსი შეინახოს! ჩვენსა და მამულის
სიყვარულს გულიდან ნუ მოიშორებს! მე ვერც ვეტყვი, თავად ვუშვებ
და რა უნდა მოვთხოვო, რა პირით?! და მერმე - ჯერ ჩვილია, რომ
მამისა გაიგოს. დედისას უფრო იგრძნობს, უფრო დაიმახსოვრებს!.. შენ
გაუმხილე კოსტალას ისპაჰანს წასვლა… აი ისე, ჩვილს ბალღებს მწარე
წამალს ტკბილად რომ ასმევდი ხოლმე. ახლა ეს მწარეც როგორმე
მოუშაქრე… არ შეშინდეს, არც გაბოროტდეს… ნაჭდევი არ დარჩეს
გულზე, ნაჭდევი, - და ალექსანდრემ ისე მიიფარა გულის არეზე ხელი,
თითქოს თავისი ნაჭდევის დაფარვა სურდა. - მე კი ვეცდები, არ
ჩავტოვებ იქ, ფიცი მითქვამს!
დედოფალი უძრავად იწვა, თვალებზე ხელი დაედო, ქვითინიც
სადღაც უხმო გულის კუნჭულში გადაეტანა, მაგრამ ვერცკი ჩაეკლა.
ამ დღეს გაუფრთხოდა დღიდან პირმშოს ყოლისა და ეს აუცდენელი,
გარდუვალი დღეც დადგა… მაინც დადგა.
- კოსტალას გაფიცებ… ეს მაინც მითხარ, რაღა იგი აირჩიე? - ძლივს
გააბა სიტყვა ხმაამომჯდარმა დედამ. მერმე უფრო შეკრთა. - არა! მე კი
არც ერთი არ მემეტება, მაგრამ რაღა იგი? კოსტალას გაფიცებ!
ამ არჩევანის მოგონებამ მრავალმხრივ შეაძრწუნა ალექსანდრე.
მაგრამ ტკივილით გამახვილებულ გულისყურს მაინც არ გამოჰპარვია
ერთი, იქნებ სულ უბრალო გარემოება - აქამდე მარიამ დედოფალი მას
- მხოლოდ მას - ალექსანდრეს იფიცებდა… დღეიდან კი კოსტალათი
შეინაცვლა დარდ-საფიცარი. „ჩანს, დედის გული ვერაოდეს ვერ
მაპატიებს შვილის მძევლობას?!“ - გაიფიქრა მან… აბა რა უთხრას?
უამბოს ნეკისა და არათითის ამბავი: სამეფოისა და მამულის
გარდუვალი საჭიროება? ფანდის ფანდი? ზნეობრივი ვალდებულება
ერის წინაშე? დედოფლისათვის ეს ყოველივე გასაგებზე გასაგები და
დიდი ხნის ცნობილია… მაგრამ დედის გულისათვის „ყველაფერს
ამას“ შვილის ერთი მოსიყვარულების ოდენა ფასიც არ გააჩნია.
- ხატმა აირჩია! - და ალექსანდრემ უამბო ზოსიმეს ქვაბულში
მომხდარი ხატის არჩევანი. სანახევროდ უამბო, გიორგის წილ-ბედი
სულ გამოტოვა… მაგრამ მარიამი სწრაფლ წამოდგა, საოცარ გამჭრიახი

279
თუ გამქირდავი თვალებით შეხედა ქმარს და მოცელილივით
გადაესვენა ლოგინზე.
ალექსანდრემ მეტი ვეღარ აიტანა, ისევ დოსტაქრებსა და მესაწოლეთ
უხმო და თავად საკუთარ საწოლში შეიკეტა. გრძნობდა, რომ ხურვება
ეწყებოდა. ჯერ ხელები და ხერხემალი გაუცივდა, მერმე ცხელ-ცივი
ოფლი დაასხა შუბლზე. კისრის ძარღვი აუთამაშდა და სმენამ
დაგუბებული გუგუნი წამოუწყო… არა, არა, თურმე ნამდვილად
უკაკუნებენ… ისევ მარიამ დედოფალი სთხოვს მობრძანებას. არა, უკეთ
არისო… უკეთ! ასე არწმუნებენ მოახლენი.
როდესაც ალექსანდრე შევიდა, მარიამმა თვალები გაახილა.
დაღლილი, ჩამქრალი, უკვე უცრემლო თვალებით შეხედა თავის
არანაკლებ გატანჯულ მეუღლეს. შუბლის ოფლზე, წითლად
შეწინწკლულ ღაწვებზე ხურვებისა დასაწყისი შეუმჩნია. კიდევ ახალი
დარდი ჩაუწვა გულში.
მოახლეებმა კარი გაიხურეს. ცოლ-ქმარი ისევ მარტო დარჩა.
დედოფალმა ოდნავ წამოსწია წელი:
- მე ყველაფერს მივხვდი. მაშ გიორგიც… მერმე?
კიდევ დაიბნა ალექსანდრე. თურმე ამდენ ხანს ცოლთან უცხოვრია
და მისი გულისყურისა და მიხვედრის უნარისა არა სცოდნია რა! მას
ეგონა ხატ-არჩევანის უმსგავსო მკრეხელობამ შეაძრწუნა
სასოდმორწმუნე დიაცი. ვერც იცრუა, ვეღარც სიმართლე თქვა. ჩაღუნა
თავი, ხურვებამაც უმატა.
- ვაი ჩვენ უბედურთ! - ქმარს ხელი ჩასჭიდა დედოფალმა,
სარეცელიდან იატაკზე ჩამოცურდა და ჩაიმუხლა.
- ერთად გავაჩინეთ უბედურნი… ერთად ვილოცოთ… ერთადვე
მოვინანიოთ!
როცა ტიროდა მარიამი, ეს უფრო ადვილი ასატანი იყო. ახლა კი
აღარ ტირის და ყველაფერს იგებს ნათქვამ-უთქვამს… გულთმისნობს
კიდევაც და აუგ მომავალს ვალალად ხედავს! დედის გული
ყოვლისშემძლე ყოფილა… ყოვლისგამჭვრეტი… მომავლისა და
ლოცვის იქითაც დამნახავი.
მაგრამ არც ლოცვა დასცალდათ… საწოლში კონსტანტინე
ბატონიშვილი შემოიჭრა. იგი ახლა ხანს ჩამოეყვანათ გომბორიდან.
მზემოკიდებულსა და გალაღებულს მხარზე ნაჩუქარი თუთიყუში
შეესვა და მის ძახილს ახლა თავად აჯავრებდა.
- მამა… დახე რას იძახის? რა კარგად იძახის! „ძრწოდე და
გიხაროდეს, მზეო და ქვეყანაო შაჰინშაჰისა!“ - საოცრად
მიმსგავსებული ხმით გასცინა თუთიყუშს.
ალექსანდრე შეაძრწუნა ხმის მიმსგავსებამ.

280
სულ სხვამ შეაძრწუნა დედოფალი. კონსტანტინეს ყვითელ
ახალუხზე ცისფერი ქულაჯა ეცვა, ფოთლისფერი შალვარი და
წითელნატის მესტები. სხვებისთვის უხილავ ფერ-იერიში დედამ
შვილს ირანულ თუთიყუშთან მსგავსება დაუნახა თუ უგრძნო…
- გადააგდე ეგ ჯადო და აქ მოდი მალე! - მკაცრად უთხრა და პირი
იბრუნა. განებივრებულ კოსტალას გაუკვირდა დედის ასეთი უჩვეულო
სიმკაცრე, ტუჩი გაბუტა და გარეთ გავიდა.
- არ შეიძლება მისი გაშვება ირანს!
ალექსანდრემ იგრძნო, რომ ეს არა დედა მეტყველებდა, არამედ
დედოფალი და მის შემდეგ, რაც თავისი თანამეცხედრეს მისნურ
გამჭრიახობაში დარწმუნდა, დიდი მნიშვნელობა მისცა ამ
გაფრთხილებას. შეყოყმანდა. ისევ ყირაზე შეაყენა ძლივს დაწყობილი
ფიქრი და ვარაუდი.
- მაშ ვინ? რომელი გავგზავნო?
დედოფალი მოსტეხა ამ კითხვამ. დედამ აჯობა დედოფალს.
- ჩემთვის ერთია ყოველი შვილი… ვერც ერთს ვერ დავთმობ!
შენთვის და მამულისათვის განჭვრეტილად, სამერმისოდ იანგარიშე!
მერმე სულ დადუმდა დედაც და დედოფალიც.
ალექსანდრემ თვალ-წარბზე ხელი გადაისვა, თითქოს რაღაც
აბეზარი ფიქრი მოიშორა.
შეუძლებელია შეცვლა… უნდა კონსტანტინე წავიდეს!
კახთ ბატონმა აქაც იცრუა, ერთი მოკლე სიტყვა „ჯერ“
წინადადებიდან ამოაგდო, ენის წვერიდან მოიწყვიტა, მაგრამ თავის
მეუღლეს რომ შეხედა, მიხვდა, ესეც გაუგო ცოლმა.
ამ დროს ისევ გაიღო კარი და სახეშეცვლილი, თვალცრემლიანი
კონსტანტინე შემოვარდა:
- რაღა მე ამირჩიეთ? რაღა მე?
მამამ ვეღარ შეხედა შვილს.
- დედა გეტყვის, შვილო! გულით უსმინე… ყველაფერს გეტყვის და
აგიხსნის, დაუჯერე!
ალექსანდრე გარეთ გავიდა. დერეფანში კონსტანტინეს გადია
ჩაუვარდა ფეხებში.
- ბატონო, თქვენი ჭირიმე! მე წამომცდა… ცრემლი ვეღარ შევიკავე…
შევტირე… მე უბედურ დღეზე გაჩენილმა… თურმე ჯერ არ სცოდნია!
უსმენდა ალექსანდრე გადიას გოდებას და არ ესმოდა. ბოლოს
გუმანთან მიიტანა.
- ჰო, ეგა… არაფერი… შენც გაჰყვები, ქალო. სამზადისს შეუდექი.
ალექსანდრეს მცირე დარბაზში დიდებულნი და მოხელენი
დახვდნენ. მეფემ მათ კონსტანტინე ბატონიშვილის შაჰინშაჰის კარზე
გაგზავნის დასკვნა გამოუცხადა. ყურშიტა ჩერქეზი კი ცალკე იხმო.

281
- თუ შუბის წვერზე ვართ, სასწორის თავშიც ჩვენ უნდა ვიდგეთ! მე
„ალაზნის სასწორს“ ვგულისხმობ!.. ჯიმშედ-ხანის სახელით, ჩვენი
მეშვეობით რუსთ პირველელჩს ეწვევი ძეგამს… გრემში მოიწვევ -
სპარსელებთან შესახვედრად. მაგრამ ჩემი სახელით ურჩევ როდიონ
ბირკინს, შაჰინშაჰის დესპანი - პირიქით - ძეგამს იწვიოს. უფრო
საფეროა. ჩვენთვისაც უმჯობესი… ისიც ვიცი, ჯერ შორს დაუჭერს,
მერმე ეწვევა მაინც. თარჯიმანობას შენ გასწევ. ზაზა ჭაბუკიც წაიყვანე.
პასუხს იმას გამოატან, - კარში კიდევ შემოაბრუნა ყურშიტა… ხურვებას
მაინც დაერია ხელი და გულმავიწყობა დაემჩნია, - შამხალთან ომის
სამზადისს ამცნობ რუსთა. კონსტანტინეზე კი არც ერთი სიტყვა… თუ
საჭირო იქნება, მე თავად ვეტყვი.
ამის შემდეგ ყაფლან ვაჩნაძე და შერმაზან სარდალი იხმო. კარი
შეიკეტა და მთასთან ომის სამზადისს გულდაგულ შეუდგა. ხურვება
და ჯავრი მუშაობაში ჩაღალა და თითქოს დასძალა კიდევაც.
გვიან ღამით ნაჯირგალევ გულსა და სხეულს გაყუჩება მოსწყურდა.
უზომოდ დაღლილსა და ჭირაღებულ ადამიანს სულის მოთქმა და
თავდავიწყება მოეპრიანა. ყველაფრის მიუხედავად, ან სწორედ ამის
გამო, თავისი მეუღლის თბილი, მუდამ ფაქიზი გულისხმიერება,
ალერსი და მყუდრო სარეცელი მოეწადინა. დედოფლის სადგომში
გავიდა. მაგრამ კართან გაფრთხილებული მესაწოლე დახვდა.
- მეფევ ბატონო! თავისი შორს მიმავალი შვილი ჩაიწვინა ლოგინში
დედამ! ასე მიბრძანა - ვინც არ გვეახლოსო, არ მიიღოთო! ვინც არაო…
ბატონო ჩემო! კერძოდაც… - თავდახრილად ძლივს ასმინა მესაწოლემ.
დიდხანს იბორიალა კახთ ბატონმა თავის ჩაბნელებულ,
გარინდებულ სასახლის დერეფნებში. თავის სასახლედ აღარ გრძნობდა
მას, მისთვის იქ არსად იყო მყუდრო სამყოფელი და მოსვენება.
დედა-შვილი კი ერთად იწვა ლოგინში.
უკვე ათი წლის იყო კოსტალა. იუხერხულა პირველად. გადასჩვეოდა
დედის ლოგინს, ნაბოლარა ძის მუდმივ სამყოფელ თბილ ადგილს…
ვიდრე უმცროსი დაი ნესტანი ძმისდა სავალალოდ არ მოაფრინეს
ალაზნის ხოხმებმა თუ წეროებმა. მერმეც ჩაუძვრებოდა ხოლმე
ლოგინში დედას, მიეხუტებოდა მარცხენა ძუძუსთან და გაინაბებოდა.
თავის სიყვარულს შეატყობდა სხვანაირად შეძგერებულ დედის გულს.
უფრო ჩაეხუტებოდა, უფრო გაინაბებოდა. უკვე მძინარეს
გადიყვანდნენ ხოლმე გადიები.
მერმე კი დედის უფლება მთლიანად აბეზარა და მტირალა ნესტანმა
დაისაკუთრა.
დღეს კი ისევ რბილ ბუმბულში მარცხენა ძუძუსთან იწვა. ამან უფრო
აგრძნობინა თავისი ხვედრის დიდმნიშვნელობა. განაბული უსმენდა
დედას. გრძნობდა ბალღობის ჯერ დაუვიწყარ ჩვევებსა და სურვილებს

282
უბრუნდებოდა, ხოლო დედის ნათქვამი მომავლისაკენ ახედებდა და
აფრთხილებდა:
- შენ ქართველი ხარ! კახ-ქართველი და ქრისტიანი! ეს უნდა
გახსოვდეს მუდამ და ყველგან! - არა ერთგზის უმეორებდა. ძალა
გამოინახა, დედის ტკივილები დაითრგუნა, მიიჩქმალა. არც გული
უღონდებოდა, არც აზრი ერეოდა. მაინც ახლა, როდესაც აგრე სულ
ახლოს, ძუძუს ძირთან… როგორც უმალ გრძნობდა თავის ბიჭუნას…
კოსტალას მთელი სხეულით გრძნობდა და ბიჭი როცა შეირხეოდა -
თითქოს მუცელში იძროდა ჯერაც არ შობილი ძე და იქნებ უმჯობესიც
ყოფილიყო, რომ არც ეშვა! ვინ იცი, რა გზა, რა ტანჯვა, რა დამცირება
უწერია მძევლად შობილს? დედა უფრო შემოეხვეოდა შვილს, უფრო
ჩაიკრავდა გულში და ისევ მასვე უჩურჩულებდა: - ქართველი და
ქრისტიანი! არავის არასოდეს არ დაუჯერო, სხვა რამ რომ გითხრას,
სხვა მოგთხოვოს! სამშობლოზე არ აღმართო ხელი და ხმალი!..
არაოდეს, გესმის… არაოდეს! რაც უნდა მოხდეს! რაც არ უნდა
შეგპირდნენ! რა მუქარით არ დაგაშინონ!
მაგრამ ბიჭს როგორღაც ბუნდოვნად ესმოდა და ვერ წარმოედგინა ეს
ყოველივე. დღეს ბევრი იტირა, იჭირვეულა, ამრეზილი და აბუზული
იყო. დედის ალერსმა ოდნავ დააშოშმინა, მაგრამ ბავშვური
გაბუტულობა ვერ მოუშალა, ხოლო როცა იგრძნო, რაც უფრო
ჭირვეულობდა, მით უფრო იდაგებოდა და ეალერსებოდა დედა, უმატა
წუწუნს.
- ერეკლე… დავით… გიორგი… ნესტან… რაღა მე ამირჩიეთ? რაღა
მე? განა ყველაზე ნაკლებ გიყვარდით? - კერპად, თუთიყუშივით
იმეორებდა კონსტანტინე.
- სუ, შვილო! რას ამბობ, იცი, როგორ ვიტანჯებით მეცა და
მამაშენიც? რომ გაიზრდები, მაშინ გაიგებ… მაშინ გაგვსაჯე… მაშინ!..
ახლა კი დაგვიჯერე… მამამ თქვა - ადრევე დავაბრუნებთო… ფიცი
მომცა!
- იჰ… მამა… არც შემოვიდა! კარგად არც კი შემომხედა! - ეჭვნეულად
იმეორებდა შვილ-მძევალი.
- არა, შვილო, მე დამიბარა… დამიჯერე… მე - უბედურ დედაშენსა…
ამ ძუძუებით გაგზარდე, ამაზევე დაგიფიცებ! მამას ნუ დაემდურები
ნურაოდეს! ძმებსაც! - საბანი გადაიძრო, გულის პირი მოიღეღა და
გაჯიუტებული შვილი შიშველ მკერდში ჩაიხუტა.
- როდესაც წამიყვანენ, მერმე დამივიწყებთ…
- როგორ დაგივიწყებთ, ჩემო, როგორ?! - კვნესოდა დედის გული. აქ
არ უჯდა გულქვეშ. ახლაც აქ უზის… თუმც გაიზარდა, მამამაც
თითქოს წაიყვანა… მაგრამ აი ისევ აქ არ ჰყოლია? და მუდამ აქ
ეყოლება… სადაც არ უნდა წავიდეს, რაც უნდა მოუვიდეს!

283
- დამივიწყებთ! დამივიწყებთ! - გაიძახოდა ბიჭი და დედას ეკვროდა.
უკოცნიდა თბილ მკერდს. ირგვლივ ისედაც ბნელოდა, მაგრამ
თვალებს რომ დახუჭავდა, ბალღურ სამყაროდან ამომკრთალ
სურნელსა და დედის რძის განუმეორებელ სითბოს და სიტკბოს
თითქოს ისევ გრძნობდა ტუჩებზე. უეცრად თავისთავად შეეკრა კრიჭა
და ზედ გულთან, ძუძუს ძირში, მწარედ უკბინა დედას.
შეირხა მარიამი. ხმაჩამწყდარად ამოიკვნესა. გაცივ-გაქვავდა.
- აი ახლა კი აღარ დამივიწყებ… აღარა!
გაოგნებულ დედას თავისი შვილის უსიამო და უცნობი ხმა და
ხითხითი შემოესმა. მარიამ დედამ იგრძნო, რომ შვილს მშობლების
მიმართ ღვარძლი და ნაჭდევი მაინც რჩებოდა გულში.
უხმოდ და უცრემლოდ აქვითინდა. ახლა მას აღარც შვილის ალერსი
და აქ ყოფნა აღარ აწყნარებდა და აღარც მისი ხელახლად ნახვისა და
ბედნიერების იმედი ჰქონდა.
დიდხანს იყვნენ ჩუმად გალურსულნი დედა და შვილი. ხოლო
როდესაც დედამ კვლავ დააპირა შეგონება, შვილს ხმა სულ აღარ
გაუცია. მას დედის უბეში წყნარად და ტკბილად ჩასძინებოდა.
მარიამმა მარჯვენა ხელით საბანი შემოუსწორა. ტუჩებით შვილის
შუბლს შეეხო - ოდნავი ნასიცხარობა უგრძნო. უფრო ჩაიხუტა და ასე
შეურხევლად და თვალღიად იწვა, ვიდრე ფერად შუშაბანდში
ჩამოცრილი განთიადი თუთიყუშის ფრთასავით არ ჩამოწვა მათ
სარეცელზე.

XXX ალაზნის სასწორი


ალექსანდრე მეფე არც თავად ისვენებდა და არც სხვას აძლევდა
დასვენების უფლებას თუ საშუალებას. დღედაღამ სამზადისი იყო.
სასახლეში, გრემ-ქალაქში, ძეგამ-ბაზარს მოურავებთან, სარდლებთან.
ორი უცხო ელჩობა იყო გასტუმრებული. ორიც თავისი გამოსაწყობ-
გასაგზავნი. ზედაც ომის მოლოდინში მთაშიაც და ვგონებ ბარშიაც.
ჩანს, სხვებიც ჩქარობდნენ. შაჰ-აბასის საგანგებო შათირი მოუვიდა
ჯიმშედ-ხანს. ჯანდიერს მისი ულვაშის ჩრდილმა შაჰინშაჰის რაჰამის
ზუსტი ასლი მოართვა. ელჩობის დაუყოვნებლივ მობრუნებას
ითხოვდა შაჰი, კახთბატონიშვილის უცილობლად მოყვანას, რუსთა
ელჩებსაც იწვევდა თეირანს.
კახეთშიაც უკვე მზად იყვნენ. საირანო ელჩობაც თითქმის
გამოწყობილი იყო. კონსტანტინეს იასონ ჭავჭავაძე მიჰყვებოდა
მხლებლად, მრჩევლად და ელჩად.
კახთ ბატონი, თავის მხრივ, მდაბლად ულოცავდა „ახალ მზეს“
ირანის მაღალ ტახტზე სახელოვან აღმობწყინებას და აღუთქვამდა
თურქთა წინააღმდეგ რუსეთის დახმარებით ირანთან დგომას. რაღა

284
თქმა უნდა კეთილმეზობლობას საყვარელი შვილის ხლებითა და
მრავალი მოსაკითხავებით უდასტურებდა.
რუსთ ირანელთა ელჩების შეხვედრა კი მაინც თავის ჭკუაზე მოაწყო
ალექსანდრემ. ბირკინი, თავის მხრივ, ძეგამში იწვევდა შაჰ-აბასი
დესპანს.
ჯანდიერმა კიდევ ერთხელ იწვია ალი-ხოჯა-მაჰმადი.
გარეგნულად ფრიად სათნო და მეგობრული საუბარი დაჰქარგეს.
- ცხოვრება უკუღმართია და ოღროჩოღრო… მარტოხელა ადამიანი
რომ დაფიქრდეს - ერთი ჩხირის გათლაც არა ღირს ქვეყანაზე, -
მოწყენილად ჩიოდა ხოჯა-მაჰმადი.
ჯანდიერი კარგად გრძნობდა სპარსის სულისკვეთებას. ორი მტერი,
იგივ ორი მოსისხარი ოსტატი ერთ ჭერქვეშ იჯდა. მათ შორის ერთს
ხელში ჰყავდა ჩაჭერილი მეორე, ამის გამო უფრო გაავებული მტერი.
- ვაგლახ, აგრე გახლავთ! მარტოხელობა დიდ სეტყვაში
თავშიშველობას ჰგავს. მაგრამ რაც უფრო ბრძენია კაცი - მით უფრო
მეტ ბატონს იჩენს, რომ მათ ჩრდილში და ოქროს მარცვალში
იბედნიეროს! - მოიარებით უდასტურებდა ჯანდიერი საეჭვო
სიბრძნეს, თავისთვის კი სხვაფრივ სჯიდა: „მართლაც უკუღმართია
ცხოვრება და მისი პირისახე… ორი „სიმართლე“ უნდა იმარჯვოს
კაცმა… ერთი მტრისათვის, მეორე მოყვრისათვის და თავისათვის“.
ზეპირსაუბარი კი თავისი კალაპოტით ვიდოდა.
- მართალი ბრძანებაა! - ახლა ხოჯა-მაჰმადი უდასტურებდა დავითს,
- ორი ბატონი კარგია… ოღონდ თუ ერთმანეთში თვისობენ
ბატონკაცები! თუ არა და კეთილ ქოჩორს ვერ გადივარცხნის ორთა ყმა!
- სრული ჭეშმარიტებაა! მოგეხსენებათ, მაღალგონებიან ყმისაგან
არის მის ბატონთა შუღლიც და დაზავებაც! - და ჯანდიერმა ზოგადი,
ცაზე კვამლად გადებული საუბარი ისევ დედამიწაზე ჩამოაქვეითა და
სადღეისოს დაუკავშირა, - ბატონთა მეგობრობის საწინდარი - მძევალი
მიგყვებათ… შაჰინშაჰისათვის საუწყებლად კახთ ბატონის გულის
ნადები და რუსთა სია-ნუსხაც თან მიგაქვთ… მამა შაჰ-აბასსა და თქვენ
გაბარებთ თავის შვილს… საქმე საქმის წილ და ქოჩორი ქოჩრის წილ!
ახლა ქოჩრისა და არა ქოჩრის ამბები თქვენს ოსტატობაზეა… ჩვენი
პირობა კი ისევე მტკიცეა, ვით ჩვენი დაღი!
ალი-მაჰმადს კვლავ ნერწყვი დაადგა ყელზე. მართალია, რბილოს
იარა უკვე მოუშუშდა. აქაც სასწაული მოახდინა თურმანაულმა, მაგრამ
ხაფანგში მკვიდრად იყო ჩაჭედილი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ. ამიერ
ვიდრე კახთ ბატონი და ეს ულვაშა დევ-ქაჯი ცოცხლები იყვნენ, აღარ
იყო მისთვის არც განცხრომა, არც მშვიდი ძილი. ულვაშის ჩრდილი და
დაღი მარტო კახეთში ყოფნით არ თავდებოდა, ირანშიაც მიჰყვებოდა

285
კახურ ბორკილად. და ახლა იმ ლაწირაკი მძევლის ბედკეთილობაზეა
მიბმული მისი თავკისერი და კეთილყოფა!
ქედი მოიხარა, მაგრამ ღველფი შეჭამა და გულს უკან ჩაიფინა. ყველა
დავალება მიიღო. საიდუმლო ამბების მიმოგზავნაში შეთანხმდნენ და
ძველ მეგობრებად გაიყარნენ.
ძეგამს, თავის სასახლეში მოაწყო ალექსანდრემ რუს-ირანელთა
ელჩების შეხვედრა. ჯერ ცალკე შეჰყარა, თავის დაუსწრებლად.
ყურშიტა ჩერქეზი მიუჩინა თარჯიმნად. მერმე თავადაც ესაუბრა ორივ
პირველელჩს ერთდროულად. ბოლოს კი საერთო დიდი დარბაზობა
მოაწყო, ნადიმ-ნადირობაც და ასპარეზობაც ზედ მოაყოლა. ყველა
ნასიამოვნები, მოხიბლული და შეგონებული დარჩა. კახეთის
ბედისწერა კი ახალ თარგზე ასე აიწყო: ირანის ახალ მოძალებას რუსთ
მფარველობა და თურთქა წინააღმდეგ ერთად დგომა დაუპირისპირა,
ხოლო ვიდრე თერგს ციხე ჩაიდგმებოდა და რუსეთ-კახეთის გზა
გაიკაფებოდა - ირანში კონსტანტინე მძევალი ჩააყენა. თითქოს საერთო
გეზიც გასწორდა, რუსეთიც და ირანიც თურქთა წინააღმდეგ ორთავ
მხარს უმაგრებდნენ კახეთს. ურთიერთდამოკიდებულებასაც კახეთის
მიმართ ძალაუნებურად ათანაბრებდნენ. მათი შესაყარ-გასაყარი გზა
ალაზნის პირი იყო.
ამ ალაზნის სასწორის თავში კახთ ბატონი იდგა. ფრიად მერყევი იყო
სასწორი, მაგრამ თურქთა მიმართ კი თითქოს უდავოდ მტკიცობდა.
ხშირად ეთათბირებოდა ზოსიმე ბერდიდს, რომელიც ბორბალოს
ქვაბში აღარ გაუშვა. დაისვამდა თავის პირდაპირ და თავისი
ზრახვების უმცდარობას მასზე ამოწმებდა. ყოველთვის ყირამალა
აყენებდა ხოლმე საკითხს, აზრუკუღმად, განგებ შეაბრუნებდა თავისი
გულის ნადებს და თავის მოსაზრებებს ბერდიდის დიდი
გულმოდგინებით და ხანდახან გულცეცხლიანადაც ასაბუთებინებდა.
მერმე ჩაეღიმებოდა ხოლმე და დააწყნარებდა აღელვებულს.
ასე ჩაუყარა საფუძველი ალაზნის სასწორს. მის კვარცხლბეკზე ასე
ეწერა: „ყველაზე უფრო საშიში ძალა ერთიანად ქართველთათვის,
აგრეთვე კერძოდ კახთათვისაც ამჯერად თურქეთი არის! საკუთრივ
დგომა ალაზნის მხარესაც აღარ ძალუძს… ერთადერთი გზაა ორი
უფრო ნაკლებ საშიში ძალა ურთიერთ გათანაბრებით თურქეთის
მოძალებას დაუპირისპირდეს“.
იცოდა ალექსანდრემ - ბევრი რამ იწონებოდა და იყიდებოდა ამ
სასწორზე, სრულ თავისუფლების წილიდან ვიდრე ცოცხალ
ხორცამდე, და სიფთაზე გაყიდული ცოცხალი ხორცი მისი ღვიძლი
შვილი იყო.
კონსტანტინე მალე შეურიგდა თავის ბედს. შაჰინშაჰის მძევლობა
ბოლოს და ბოლოს არც ისე ცუდი რამ ჩანდა. გამოცხადდა თუ არა მისი

286
მძევლობა, გრემშიაც და ძეგამშიაც ყველა განსაკუთრებით ექცეოდა მას
- ამ ნაბოლარა ბატონიშვილს, ახლა ყველას მიერ გამორჩეულსა და
მოალერსებულს ძია შაჰ-აბასთან საპატიო სტუმრად წასასვლელად
ამზადებდნენ.
დედ-მამამ, ძმებმა თუ სხვა თავადებმა აავსეს საჩუქრებით. მაინც
გიორგი ბატონიშვილი ხომ სულ გადაჰყვა მას, აღარ სცილდებოდა.
კონსტანტინემ ამორჩევით სიყვარული იცოდა თავიდანვე. ჰოდა,
ძმებს შორის გიორგი მას გამორჩევით უყვარდა. ერეკლე სულ უფროსი
იყო, დიდი და გაუგებრად დინჯი. დავითი ფიცხი და ბრაზიანი,
უმცროს დას როგორღაც ტიკინებში ვერ არჩევდა და თანაც დედის გამო
ბალღური ეჭვი და შური ჰქონდა. ხოლო გიორგი არც ისე უფროსი იყო
მასზე… თანაც მუდამ სახალისოდ და საცელქოდ მოზიდული. ყველა
თამაშობაშიაც ირევდა კოსტალას. ნამდვილი ხმლის ქნევასაც
ასწავლიდა, ხელთოფელებსაც იგი უკეთებდა, ახლო სანადიროდაც
დაყავდა და ერთიც იყო მეტად თავისებური, იქნებ ყველაზე
მნიშვნელოვანი უცნაური მიზეზი: კონსტანტინეს ძალიან ეშინოდა
ხიცინის. სრულიად ვერ იტანდა. თავშეუკავები, ცნებისმიღმა ხარხარი
აუტყდებოდა ხოლმე. საკმაო იყო ერთი თითი და „ღუტუ-ღუტუ“,
უმალვე გულს მოუსავდებოდა. ძმები ხშირად დაედებოდნენ…
თითებს წამოუშვერდნენ, უხიცინებდნენ. და მხოლოდ გიორგი იყო
მისი მაშველი და მფარველი.
ჰოდა, ვიდრე გიორგი და სხვები ახალისებდნენ, მოწყენის
საშუალებას არ აძლევდნენ - მაგრობდა კონსტანტინე. ასე
ხალისგართობით ჩავიდნენ ძეგამს, ჯერ სასახლეში იყო, მერმე
ქალაქგარეთ, განჯა-ირანის შორეული გზის დასაწყისში ცალკე კარავი
დაუდგეს.
მაგრამ გამომშვიდობების ჟამს, როდესაც ყოველი სამზადისი
გასრულებული იყო, ყველა სათამაშო თუ საჩუქარი ჩაწყობილი,
ჯორაქლემებზე აკიდებული და შორეული ირანის გზაზე უკვე
დამდგარი, მაშინ თავშეუკავები ტირილი აუვარდა ბიჭს. ხელსახებად
იქნებ მხოლოდ აქ იგრძნო სამშობლოსა და თავისიანების მოწყვეტის
საშინელება… ვინ იცის, რა საოცრებანი აელანდა უეცრად შეშინებულ
ბიჭს. ვერ იქნა, ვერას გზით ვერ გააყუჩეს, ვერც გადია-გამყოლებმა,
ვერც იასონ ჭავჭავაძემ, რომელიც თან მიჰყვებოდა მას, ვერც მამამ.
ალექსანდრესაც აუცრემლდა და აუთამაშდა მარცხენა თვალი.
კარავგარეთ კი ირანის ელჩიონი ელოდა. ჯიმშედ-ხანი გოროზად
აღმჯდარიყო ნაჩუქარ ბედაურზე. მას მხარს უმშვენებდა, ისიც
მეფისეულ ცხენზე შემჯდარი, ალი-ხოჯა-მაჰმადი. ისინი
შაჰინშაჰისათვის მისართმევ მრავალი საჩუქრების „უძვირფასეს
მარგალიტს“ - კონსტანტინე ბატონიშვილს ელოდნენ. იგი კი კარვის

287
დედაბოძს ორთავ ხელით ჩასჭიდებოდა, ვაითა და ვიშით ჰგოდებდა
და გარეთ არასგზით არ გამოდიოდა. ყველანი დაიდაგნენ და
დაიბნენ… მართლა ხელდახელ ხომ არ გამოათრევდნენ მტირალს?
ასეთი ძალადობა გამკაცრებული მეფის ნებისყოფასაც აღემატებოდა.
ალექსანდრეს კრიჭა შეკვროდა, სახეზე სისხლის ნატამალი არ
ეტყობოდა. ერეკლე ჩუმად იცრემლებოდა და მამას რომ ეთქვა, უმალ
დაენაცვლებოდა მიმავალ მძევალს.
- გამობრძანდით, ბატონიშვილო! არ გეკადრებათ! - ამაოდ
ეჩურჩულებოდა იასონი.
- ნუ გვარცხვენ, ბიჭო! არ იფიქრონ, რომ გეშინია წასვლა! - ჯავრობდა
დავით ბატონიშვილი.
მაგრამ ვერ იქნა ბიჭის გაყუჩება, ან გარეთ გამოყვანა. არც ვის
იკარებდა. მეტი ცდა კი შეუძლებელი იყო. ელჩებმაც კაცი მოუგზავნეს
მეფეს. ალექსანდრემ ერთიც სძლია თავს:
- გიორგი სად არის?.. ჩქარა!
ალექსანდრეს ხმა ვეღარავინ იცნო.
კარვის გარეთიდან თვალებდასიებული გიორგი ბატონიშვილი
შემოიყვანეს. მას ვეღარ აეტანა უბედური ძმის მძიმე ცრემლობა და
გარეთ გავარდნილიყო. მამას რომ შეხედა, უსიტყვოდ მიხვდა… მისი
და კოსტალას მამა დამბლის პირს იყო. მტირალ ძმას მივარდა, მოეხვია,
ერთიც შესტირა და უნებურად თითი ჰკრა ღლიავში, ჯერ
აზრმიუცემლად ნეკნებზე ჩაუყოლა… უმალ შეჰკივლა ბიჭმა, გახევდა,
პირი დააღო… დედაბოძსაც ხელი შეუშვა. არანაკლებ შეკრთა გიორგიც,
მაგრამ ფიქრმა დაასწრო, ცალი ხელით ცრემლი მოუწმინდა ძმას,
მეორე კი ისევ უზრახ-განზრახად ნეკნებზე ჩამოუვლო, დათითულად
ჩამოუტარა.
სატირლად ჰაერი აღარ ეყო კონსტანტინეს. ჯერ გაუნელებელ
მოთქმის ხმაში აქოშინებული ხითხითი გაერია. მერმე რაღაც სიცილ-
ტირილის მსგავსი და საშინელი. გიორგის თითებს შუა თევზივით
აფართხალდა და ახარხარდა გადაფიჩინებული ძმა.
- შენც ასე, გიორგი! - ამის თქმაღა მოასწრო და კარვიდან
გულამომჯდარი ცრემლ-ხარხარით გავარდა.
ყველანი გაჰყვნენ. გარეთ უმალ სამგზავრო ზურნა აჭყვიტინდა,
ირანს მიმავალი ქარავან-ელჩიონი დაიძრა.
მხოლოდ გიორგი არ გასულა გარეთ. იგი იქვე, კარვის დედაბოძთან
კონსტანტინეს ნაცრემლავ ადგილზე მიჯდა, ახლა მან განაგრძო
ცრემლვა და გამწირავი თითების კბენა.
- მეც ასე! მეც ასე! - შეძრწუნებულად იმეორებდა კონსტანტინეს
უკანასკნელ სიტყვას და გარდა სულიერი ქენჯნისა, ამ სიტყვაში

288
თითქოს თავის მომავალსაც გრძნობდა. ამიერით ხომ იგი იყო უმცროსი
ბატონიშვილი და საჭიროების პირველსამძევლო.
ყველაფერი რომ ჩათავდა და მძევალ-ელჩიონი წავიდა,
შემობრუნებულმა კახთ ბატონმა კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი
თავის ქმედებას, ჩამოყარა ჯამი და ჯუმლი. შვილი კი წაუვიდა, ხოლო
ამდაგვარად მოპოვებულ მშვიდობას მყარი საფუძველი მაინც არ
გააჩნდა. მოსკოვ-აშთარხანი საწონასწოროდ ჯერ შორს იყო, ირანს კი
საკმაო ძალა შესწევდა კახეთის დასარბევად, მაგრამ არც იმდენი,
კავკასიაში რომ ოსმალებს ახლავ დაპირდაპირებოდა. ხოლო
ოსმალონიც რომ მალე გამოჩნდებოდნენ მძევლისა და ხარჯის
მოთხოვნით, ეს კი ეეჭვებოდა ალექსანდრეს. ამის გამო ერთი რამ
კიდევ იღონა: ვიდრე თერგის ციხე არ ჩაიდგმებოდა, რუსთ ელჩების
გაშვება შეაჩერა. კვლავ შიკრიკი და შეთანხმების მეორე პირი
გააგზავნინა - პირადად ბორის გოდუნოვი აახლებინა - „დიდ რუსთ
მეფის ყაზან-აშთარხნისა და მის აქეთა ქვეყნების ნაცვალს“. - თვით
ელჩებს კი ჯერ უგზოობა მოუმიზეზა, მერმე თავისი ელჩების
მოუმზადებლობა და მთის ომის მოლოდინი.
ალექსანდრე ჯერ კიდევ ძეგამს იყო, როდესაც მოულოდნელი ცნობა
მოუვიდა - მიუხედავად ახალ თოვლისა და ზვავებისა, ლეკთა ჯგუფს
გადმოევლო მთა.
გაკვირდა ალექსანდრე. საერთოდ სურხაი-შამხალი აბნევდა კვალს,
შეფარვით მოქმედებდა. დიდი თარეშის მოლოდინი გაგრძელდა,
თითქოს აღარც გამართლდა… მცირე თარეშები კი ადვილად
შეაფერხეს ალექსანდრეს სარდლებმა. ახლა კი ასეთი გვიანი, ზამთრის
თარეში სრულიად უცნაური იყო.
- შერმაზან ჩემო, ეს რას ნიშნავს? ჭკუა თოვლად თუ ექცათ
გულხადართ? უკან გაბრუნებას თუ აღარ ფიქრობენ? აბა უმასპინძლე,
თუ აგრეა!
შერმაზანს ჭაღარა უკვე ჭარბად შეჰპარვოდა და რაც უფრო
ემატებოდა თეთრი, თითქოს სიმძიმეც ემატებოდა ულვაშებს. უფრო
ქვევით-ქვევით მოუცოცავდა და თუ წინათ აღმა აბრუნებულ ნამგალს
ჰგავდა მისი ირაო, ახლა ეს ნამგალი დაღმა ლამობდა ჩაბრუნებას.
იქნებ ამის გამო ახლა უფრო ხშირ-ხშირად გადისვამდა ხოლმე ხელსა
და ძველებურად აღმა გამართავდა.
- იქნებ ახალციხეს ფიქრობენ გაჭრას. მაგრამ მაშინ მეტნი უნდა
იყვნენ, ვიდრე უნახავთ, ყოველ შემთხვევაში მასპინძლობა ჩემზე იყოს!
მიბრძანებთ რასმე, ბატონო?
მაგრამ ალექსანდრე აყოვნებდა. კიდევ მოელოდა ახალ ცნობებს.
ახალი მზვერავნი ჰყავდა გაშვებული, მათ თავისი ერეკლეცა და
დავითიც გააყოლა. უკვე ბრძოლებისათვის მოწიფულად სთვლიდა.

289
ერეკლე უკვე რამდენიმეჯერ იყო მცირე ბრძოლაში, ხოლო
დავითისათვის ეს პირველი ნავარდი იყო.
მალე ჩამობრუნდნენ მზვერავნი. დავითმა, როგორც მოსდევდა
ხოლმე, ხელი შეუშალა ერეკლეს თხრობას, თავად დაასწრო სიტყვა:
- რაღაც გაუგებარი ამბავია… დიდ გაბმულად მოდიან და ცოტანი კი
ჩანან! გავწყვიტოთ და მაშინ გავიგებთ!
მაგრამ ალექსანდრემ ერეკლეს გაბრწყინებულ თვალებში უფრო
მეტი ამოიკითხა.
- იცან ვინმე თუ?
- უფრო ვიგრძენ… ომისა და თარეშის ამბავი არაა… სხვა რამეა… -
და შეწიფინებული სახე იბრუნა, - ახლა უკვე მოსწვდებოდნენ ჩვენს
მეწინავეთ.
- აბა, შერმაზან, ახლა კი შეხვდი… შენს უკეთესს ვერც სარდალს
მივაგებებ, ვერც მესტუმრეს! ძეგამელ აზნაურთაც გაიყოლიებ,
მხედარნიც მზად ჰყავს ჯანდიერს. თუ სტუმრად მოვლენ, მასპინძლად
დახვდი… მტერს კი… შენ ულვაშსა და ხმალს მოჰკითხე! - მერე თავის
შვილთ გადახედა.
- შენც გაჰყევ, ერეკლევ!
- მეც, მამა! - წამოიძახა დავითმა.
- არა, შენ აქ დარჩები. გასაწყვეტი იქ არვინ ჩანს!
საღამოს პირს კი ყველაფერი გამოირკვა. სურხაი-შამხალს თავისი
ვაჟი ანდია-მურზა ელჩად გამოეგზავნა კახთ ბატონთან.
- თერგის ციხის შენება თუ დაუწყიათ რუსებს?! - დაასკვნა
ალექსანდრემ. მაგრამ კიდევ უფრო გაკვირდა, როდესაც ერეკლემ
ჩუმად ამცნო, რომ შამხლის შვილს ელიმ-შამხალი - ერეკლეს
სასიმამრო - თან ახლდა.
ერეკლე ვეღარ ფარავდა სიხარულს, მას კახური ქულაჯის ქვეშ უკვე
დაღესტნური გულქარგულა ახალუხი ეცვა. მხოლოდ ეს აწვალებდა -
ვერავისთვის ეთქვა „მქარგავისა და მესაჩუქრის“ ვინაობა. არაფერი ისე
არ თხოულობს სხვისთვის გაზიარებასა და თანაგრძნობას, როგორც
დიდი სიხარული. „ზაზა მაინც იყოს აქ, ის გამიგებდა.“ თავის ძმას
დავითს კი ვერ თვისობდა. იცოდა მისი გამკილავი ენის ამბავი, უმალ
„ქილილა და დამანას“ რომელიმე არაკს მოიგონებდა.
შამხლის ელჩები ძეგამს მიაყვანინა ალექსანდრემ. რუსთ ელჩების
სადგომიდან არცთუ შორს გაუჩინა ბინა. განზრახ რამდენიმე დიდი
მოხელისა და აზნაურის ოჯახებში ჩაანაწილებინა ამალა. ანდია-
მურზასა და ელიმ-შამხალსაც ცალ-ცალკე გაუჩინა სადგომი.
კარგად მიაღებინა, მაგრამ დარბაზწვევა კი დაუყოვნა. უქეიფობა
მოიმიზეზა, ხოლო მოხერხებულ დროს, ღამით, ყოვლად ფარულად
თავისი მომავალი მძახალი იხმო.

290
ბევრი რამ უამბო ელიმ-შამხალმა. რუსებს ციხე მართლაც ჩაედგათ
თერგის ხერთვისში. სურხაი-შამხალს დიდი შიში დასცემოდა. შვილს
აგზავნიდა ელჩად თუ მძევლად, ოღონდ რუსთ წვევა შამხლის
სარბევად როგორმე აეცდინა. ახლა დანასაც ლესავდა და ენასაც.
თერგზე ციხის ჩადგმამ ალექსანდრეზეც დიდი, არა - ფრიადი
შთაბეჭდილება მოახდინა. „მაშ აღარც თუ შორს არის! დაიძრა ჩრდილო
ყინულის ზვავი! - გაიფიქრა მან და რუსთ მფარველობას ახლა უფრო
გულდაგულ, იმედიანად ჩაეჭიდა, - სატევრის გაძრობასა და დარტყმას
შორის რაღა მანძილია! ჩვენ აგრე ვიცით, რუსთაც ასე ეცოდინებათ!“
კახთ ბატონის გახარებულ გულისყურს ერთი დარდიანი სიტყვაც
ასმინა ელიმ-შამხალმა.
- დამისნეულდა სალიჰა… ფარული ნიშნობის შემდეგ ძილი
დაეკარგა, მთვარის ჩრდილვა მოეძალა, ბოდვა დასჩემდა. სასიძოს
სახელიც კი უხსენებია ნასიცხარ თვლემისას, - ყრუდ მოუთხრობდა
მძახლად ნათქვამი მომავალ მძახალს.
ხმა გავარდნილა, სურხაი-შამხალს ეჭვი აუღია, სადედოფლო თავის
სასახლეში წაუყვანია.
ანუგეშა ალექსანდრემ ელიმი, ერთ წელიწადში ქორწილის ვადა
დაუდო.
ალექსანდრემ ივარაუდა, რომ ზოგი რამ ალბათ არც იცოდა ელიმ-
შამხალმა. კახთ ბატონისათვის აშკარა იყო, სურხაი-შამხალი არ
ენდობოდა თავის ძმას. ყოველ შემთხვევაში ეჭვი ჰქონდა და თვით
ელჩობაშიაც ამ ეჭვის გამოსარკვევად თუ გამოგზავნა, იქნებ
დაღესტნიდანაც მოიშორა დროებით?! მთის მესაიდუმლეს - ყაფლან
ვაჩნაძეს ესაუბრა, მისიც ისმინა.
- საოცარი ამბავია, ბატონო, მთიდან ასეთი დიდი ელჩობის და
ამდენი მოსაკითხავების მომსწრე მხოლოდ ერთხელ ვარ, მამათქვენმა,
ლევან ბატონმა ყარა-მუსალ შამხლის ქალი რომ შეირთო. მაგრამ მაშინ
დედოფალს მოჰყვნენ. ახლა კი, პირიქით, სადედოფლო უმძევლებიათ!
- შამხალს მაშინ უფრო ერიდე, როდესაც საჩუქრებითა და პატივით
გწყალობს, ყაფლან ჩემო. ერთი შენი ვეფხები აუშვი. თამაზ და ბებურ
გაგზავნე მთაში. ელჩობის ხასიათზე თუ მოდგა შამხალი, პირველად
თუ არა, მომყოლად მაინც ჩვენს იქით აფრენს ელჩებს. თურქთა
ხათრიჯამია!
მხოლოდ ნადირობის ჟამს, ისიც სულ მცირე ხნით შეიყარა კახთ
ბატონმა ანდია-მურზა, ელიმ-შამხალი და სხვა მთიელნი, მერმე
ყაფლან ვაჩნაძეს დაავალა მთის ელჩთა წვლილვა.
- შამხლის ღლაპთან გრძელი სიტყვა სჯობს. მთაში თოვს… თუ
გადმოსავლელია ვინმე, უნდა უჩქაროს. ჩვენ კი მოცდის საშუალება

291
გვაქვს. მალე ყველაფერი გამოირკვევა. ვნახოთ მათი გულწრფელობა
და ჭკუა!
მთიელნი კი მართლაც ჩქარობდნენ. პირველ თათბირზევე
ყველაფერი გადმოალაგეს. ახლა სურხაი-შამხალი შერიგებას
უთვლიდა ბარისა და ალაზნის ბატონს, ძველ მოყვრობას აგონებდა.
მდაბლად ითხოვდა მთასა და ბარს შორის დაუსრულებელი შუღლისა
და ომის მოთავებას.
„ნურცაღა ვისმე იწვევ ჩვენზე სალაშქროდ, არც ჩვენ ვიწვიოთ ვინმე
თქვენზე!“ საყვარელ შვილს გზავნიდა ნდობის აღსადგენად… თუნდ
სტუმრად, თუნდ მძევლად საანგარიშოდ. ძველის მიხედვით,
დამოყვრებასაც სთავაზობდა. „ორ ასულს გაახლებ, ერთს - ჩემსას,
ერთს - ჩემი ძმისასაც. ერთი მანდ შერთე შენს ვაჟს, მეორე კი ირანს
წარგზავნე, იქ წასული შენი ძის საცოლედ“.
„ჰოი, როგორ ბლანდავს მელაკუდა? - ზოგს ძალაძალა, ზოგს
გულდაგულ მითვლის, ზოგს კი ყასიდად. ეჭვების გასარკვევად, თავის
ზრახვათა დასაფარავად! ეს ალაზნის სასწორის პირველი სარგებელია.
ვნახოთ, კიდევ რას მოგვიწონის!“
ალექსანდრე ზედმიწევნით მიუხვდა შამხალს. ლეკთა დიდ ელჩობას
მალე ფარული ჯგუფიც მოჰყვა.
ასლან-მურზამ მცირე, მაგრამ შერჩეული გუნდით ბიამან
ბილიკებით გადმოლახა კავკასიონი და კახეთში დაეშვა. ამჯერად
მთიელნი დიდი სიფრთხილით ვიდოდნენ, შორს ერიდებოდნენ
სოფლებსაც და გზებსაც. ჩანს, სამარბიელო თვალი დახუჭული
ჰქონდათ.
ხეობის ტყეებში რომ ჩადგნენ ლეკები, თოვლიანი გზაც მოითავეს და
უკვალოდ გაქრნენ. აღარ იქნა მათი ასავალ-დასავალის მიგნება. ბებურ
და თამაზ დანაწილდნენ, ასე ორმხრივ დაუწყეს გუმანით დევნა.
არც გრემისაკენ ჩანდა ლეკთ ნავალი, არც ძეგამისაკენ.
ალექსანდრეს მოახსენეს.
- მაშ მცირე გუნდია?! იორზე დახვდით, სხვა გზა არა აქვთ. ერევან-
არზრუმს მიდიან, თურქებთან! შამხალის საჩივარი მიაქვთ ჩვენზე და
რუსებზე! - სარკმლიდან ჩაქუფრებულ ზეცას გახედა, თითქოს იქ
ღრუბლების ქულებზე კითხულობდა კვლების ასავალ-დასავალს, - არ
უნდა გავიდნენ! გესმის, ჯანდიერო! ცოცხლად მიშოვნეთ ფარული
ელჩიც და საჩივარიც. მჭირია, ხელში მჭირია! - ალექსანდრემ მოკუმშა
მარცხენა მუშტი, - თამაზ და ბებურ ფეხდაფეხ მიჰყვნენ ვარაუდით…
შენ კი იორზე დახვდი, ჯაჭვად გაშალე დიდი რაზმი… ხმაურიც
შექმენ. თუ ვერ დაიჭირეთ, უკან მაინც გამოაბრუნეთ… მერმე სადმე
მაინც დავჩიხავთ!

292
და მაშინ, როდესაც ყაფლან ვაჩნაძეს მოხატულ დარბაზ-სადგომში
თავაზიანი და შორს ნაზომი საუბარი ჰქონდა მთიელებთან, მისი
ვაჟები ფეხად თუ გვერდად უჩინმაჩინად სდევდნენ ლეკთა მცირე
გუნდს. ხოლო იორზე გაშლილი მეთოფენი და მოისარნი
„ხმაურობდნენ“ და ჯერჯერობით აურაცხელი ხოხბები და დურაჯები
მოჰკლეს და აფრთხეს.
…და უთვლიდა შერმაზან სარდალი კახთ ბატონს: „გადასავლებზე
დაღესტნელთა დიდი გუნდები ამოვიდნენ. ღია ბანაკები დასცეს. არც
იძვრიან, არც იბრძვიან. ელიან რაღაცას… ან განგებ ყურადღების
მოქცევა და ჩვენი აქ დაბმა სწადიათ! მთაში კი თოვს!“
…და უთვლიდა ბებურ და თამაზ:
„ლეკთა მცირე გუნდი იორისაკენ მიილტვის. დღე იმალებიან, ღამე
კი დიდი სიფრთხილით იკვლევენ სავალს“.
… და უთვლიდა დავით ჯანდიერი:
„ვდგევარ იორზე მხარგაშლილად, გაბმულად ვხმაურობ! ჯერ არვინ
სჩანს!“
- ყაფლან ჩემო, იგავ-არაკების თხრობას უმატე… დაუყვავე…
გრძელთამადური სუფრა გაუშალე!
კვირის ბოლოში კი ასეთი ამბავი მოხდა: ლეკებმა ივრის პირას რომ
გააღწიეს და „გაბმულ ხმაურს“ წააწყდნენ, მაშინვე შემობრუნდნენ,
შორიდან თავდავლა იწყეს. აქ კი ულოდნელად მდევრებს წააწყდნენ.
ისევ იცვალეს გეზი, მაგრამ მდევრები აქაც წინ აღუდგნენ. პირველ
შეხლაზევე თეძო მოსტეხეს ასლანს. ცხენზე გადმოეკიდა მხედარი.
ვერც სხვები წაუვიდნენ, მდევრებს. ზოგი მოიკლა, ზოგიც გაიბაწრა და
მძიმედ დაჭრილ ასლან-მურზასთან ერთად მიჰგვარეს კახთ ბატონს.
ლეკთა ბელადს სურხაი-შამხლის მიერ სტამბოლს მინაწერი სიგელი
აღმოაჩნდა „ორი გზით ფარულად გაგზავნილი, ორთავე გზის
დახშულობისა და უიმედობის გამო“.
„პირველი გზა - ტარკა-კახეთი-ერევანი-არზრუმი, მეორე კი - ტარკა-
თერგი-ყუბა-ყირიმი“, - ივარაუდა ალექსანდრემ და სიგელი ბოლომდე
ჩაიკითხა. რასაც მოელოდა, ის აღმოჩნდა სიგელში. მიახლოებით იგი
იყო, რასაც თვით ალექსანდრე სწერდა რუსებს, მხოლოდ პირუკუდ,
შებრუნებულად წარმოდგენილი. „გაქრისტიანების“ საშიშროებას
ჩიოდა შამხალი, რუსთა და კახთა შორის გახირვის გასაჭირს. მფარველ
თურქთაგან კახთ რბევას, ალაზანზე და თერგზე ციხეთა ჩადგმას
ითხოვდა.
…და უთვლიდა კახთ ბატონს შერმაზან სარდალი:
„მთაში დიდი თოვლი დასდო. დაღესტანთა ძალა უომრად
გაბრუნდა. მეც დავწიე ხევ-ხევ ჩემი სპა. ამჯერად აქედან თოვლმა
მოგვაბა ზურგი.“

293
ყველაფერი ალექსანდრეს მიერ განჭვრეტილ და თადარიგმიღებულ
გეზით მიდიოდა. მაგრამ უეცრად შეტრიალდა ამბავი:
უთვლიდა ჯანდიერი:
„ივრის ხელმარცხნივიდან არვინ გამოჩენილა ჩვენთან. თავსა ვდებ -
არც ვინ გაგვპარვია. ივრის მარჯვნივიდან კი ანაზდად წამოგვადგნენ
თურქთა მეწინავენი. არც ისინი მოელოდნენ. უეცარი ბრძოლა
შეგვხვდა. გავაბრუნეთ. აღარ ვდიეთ, თითქოს გაუგებრობაში
დავტოვეთ საქმე. ახლა მათი სარდალი და ხოსროვ-ჩაუში
წამოგვადგნენ. დარუბანდ-შემახისაკენ კახეთზე გავლით გზა
გვთხოვეს. არ მივეცით, თქვენი ბრძანების გარეშე“.
ახლა მეტად გართულდა საქმე. ალექსანდრე მეფემ შერმაზან
სარდალი მთიდან ახლა იორზე ჩაგზავნა. სტეფანოზ ნეკრესელს
თავისი სადროშოს მალი სპა გამოსთხოვა.
რუსთ ელჩებსაც ეთათბირა, ვითარება გაუზიარა, მომავალ
საქმიანობაში მათი უშუალო მონაწილეობა მოისადაგა.
სხვათა შორის, არც მთის ელჩიონი დაივიწყა, ანდია-მურზას
სადგომის წინ, ყაბახზე რუსთ მეთოფეთა ხშირ-ხშირად თოფის ცლასა
და მწყობრ ბათქაბუთქს აწყობინებდა.
- რუსული თოფის ხმა კარგი მრჩეველია მათთვის!
ყაფლანს კი უბეში შამხლის სასტამბოლო სიგელი ჩაუდო, საუბრის
კილო და ფესვი კი უფრო დააგრეხინა.
- არც უთხრა და ქეშად მიახვედრე! ელიმ-შამხალსაც არაფერი
ჩრდილი აყენო!
ჯანდიერთან შათირი აფრინა, გულად და ვაშად დგომა უბრძანა.
ივრის გაღმა თურქთა სარდალთან „გაუგებრობის გამოსარკვევად“
გორჯასპ ენდრონიკაშვილი წარგზავნა, თურქთა სარდალსა და
ხოსროვ-ჩაუშს პირადად იწვევდა გრემს საპატიო სტუმრებად, დიდ
სალაღობოდ და მცირე სათათბიროდ, კეთილი მეზობლობის
სადასტუროდ და ორივე მხრივ განსამტკიცებლად.
გრემს როდიონ ბირკინი თან გააყოლა მეფემ. ნეკრესში უკვე დახვდა
მალი ლაშქარი. ერეკლე ბატონიშვილი უთავა და იორზე წარგზავნა.
გზაში ეცადე გორჯასპი შეგხვდეს. თუ მას ხოსროვ-ჩაუში ახლავს,
კარგ გამოჩინებით ანახვე სპა. პატივიც დასდე და ნაწილით უკან
გამოჰყევ. თუ არა და, შენც იორზე ჩადექ, სადაც შერმაზან სარდალმა
გირჩიოს.
გრემს ჩასულმა ალექსანდრემ ზოსიმე ბერდიდი იხმო შუამთიდან,
ხოლო ანანურიდან ნუგზარ ერისთავი ვაჟითურთ იწვია ფრიად
საჭირო საქმისა გამო. ალექსანდრემ უმცდარად იცოდა, რომ
ამჯერადაც ეს გოროზი და სულთავისა ერისთავი მშვილდივით
მოხრილი ჰყავდა და წვევის უმალვე მოიჭრებოდა გრემ-სასახლეში.

294
რუსთ თვალში ამაღლებას ისურვებდა, ხოლო თურქთა წინააღმდეგ
მხარში კი ამომდგარი თუ ნამდვილს არა, მოჩვენებით ერთგულებას
მაინც დაიჩემებდა. ხოლო „ბერწი ქართველისაგან“, როგორც მას
თავისთვის უწოდებდა ალექსანდრე, ესეც კარგი იყო.
- მაშ, ზოსიმე ჩემო, გაქვს რუსეთის იმედი, შეწევნას მოგვცემს? უკვე
აშკარა კენჭსა ვყრი, იცოდე! - კითხვა დაახვედრა ბერდიდს.
ზოსიმეს კარგად მოესვენა შუამთაში. ჩრდილოური ფითრი მისი
სახისა კახეთის მზეს ისევ დაეწვა, თავთუხის ფერში ჩაეგდო.
- მაქვს იმედი! რაც მე ვნახე და გავიგე - მხოლოდ იმედი იყო!
მანძილის სიშორე კი ანგარიშში უსათუოდ მისაღებია!
ალექსანდრემ ხელი ჩაიქნია.
- ამ მომავლის იმედით მე ერთი შვილი უკვე მივეც. ახლა სამეოროდ
მოდიან! მე ხელში გატენილი თოფი მჭირია, მზა ზარბაზანი და არა
მხოლოდ მომავლის იმედი.
ზოსიმე სდუმდა. სდუმდა ალექსანდრეც. მათ ორთავ კარგად
იცოდნენ, რარიგ უჭირდათ ლოდინი, მაგრამ აქ მანძილ-ლოდინი იყო,
სხვა მხრივ კი მხოლოდ მოსალოდნელი უფსკრული.
„უნდა გავძლოთ! უნდა დავაჩქაროთ რუსთ ელჩების გაბრუნება!“ - ამ
დუმილში გადაწყვიტეს ორთა.
- მოიფიქრე, იქაური პირობები აწონ-დაწონე, რომელი დიდთავადი
შეეფერება და თავადაც შეიფერებს მოსკოვს ახალ ელჩობას? ხალხიც
შემირჩიე და სიგელ-ეპისტოლენიც გამიმზადე შესაფერისად.
ბერის დათხოვნის შემდგომ ყველა ნამოსკოვარი კახი: ყურშიტა,
ზაზა, თედო, სარგის ახმობინა და ჯაბა ოსტატთან თოფხანაში წავიდა.
მეფის საჯინიბოსთან გრემ-ქალაქის კუთხის კოშკი - სამერცხლე
თავისი შიდა ეზოთი თოფხანისათვის ჰქონდა დათმობილი კახთ
ბატონს. აქვე მოაწყობინა ჯაბას ახალი თოფებისა და ზამბულაკების
ჩამომსხმელი და გამჩარხავი სახელოსნო.
გალავანჩაყოლებით იდგა დაზგათა და ქურა-გრდემლთა რიგი.
ზეინკლები, მჭედლები და მედუგლუგენი ხელშეწყობილად
შრომობდნენ.
ჯაბა ოსტატი კარშივე მოეგება მეფეს. ახალნახელავი თოფი მოართვა.
- ჩვენი გველტუჩაც ნახეთ, მეფევ ბატონო!
- ეჰ, ჯაბავ! კარგი რამე ჩანს, მაგრამ ულვაშ-ქოჩორი რომ
შეგვარჩინოს, ბევრი გვჭირდება და არა თითო-ოროლა! გარდა ამისა,
ხომ იცი კიდევ რა?
- ზარბაზანი! - ყრუდ დაემოწმა ჯაბა, თავი ასწია, თვალებში შეხედა
მეფეს, - ბატონო ჩემო, მე პირნათლად ვარ მეფესთან! მრავალგზის
მომიხსენებია, კიდევ ვბედავ და ნუკი მიწყენ… ლითონი, ბევრი
ლითონია საჭირო! სპილენძი მომეცით! გრემ-ზარი გამიკეთებია, გრემ-

295
ზარბაზანსაც ჩამოვასხავ. ჩოხოვის ხელობას აქაც ვასახელებ! პურს ნუ
მომცემთ და სპილენძი მომეცით!
ახალჩამოსხმული ზამბულაკი გულდასმით შეამოწმა მეფემ, მერმე
ზედვე დაიმუხლა. გვერდში ჯაბა მოისვა. უმალ ყველა გაეცალა.
იცოდნენ, არა ერთგზის მოსულა აქ და მარტონი… მეფე და ოსტატი
ერთად ოცნებობდნენ დიდ გრემ-ზარბაზანზე, რომელიც ალექსანდრეს
კოშკში გრემის დიდ ზარს ძმად ამოუდგებოდა, რიხსა და ბანს
მისცემდა, ყუმბარის წონით დასძალავდა ალაზნის სასწორს. მაგრამ
ოცნება ცუდი ლითონი იყო. ილეკრო-ლითონი კი ზამბულაკებსაც
ძლივს ჰყოფნიდა.
ისევ რუსეთისაკენ იხედებოდა კახთ ბატონი და ზოსიმეს
მეზარბაზნეთა, ზარბაზანთა და ლითონის თხოვნის სიგელებს
აწერინებდა. თავადაც სპისა და იარაღის ნიადაგ სამზადისში იყო და
მოვლენათა განვითარებას ფხიზლად შეჰყურებდა.
ვიდრე განჯას ირანის სპა იდგა, აგრერიგად ჯიქურობას ვერ
დაიწყებდნენ თურქნი. ყოველ შემთხვევისათვის განჯას აფრინა
შათირი, მაგრამ ვიდრე პასუხი მოუვიდოდა, ხოსროვ-ჩაუში მოადგა
კარზე. მასვე ახლდა გორჯასპი. ერეკლეს გადაჰყროდნენ გზაშივე.
ბატონიშვილს მოეყვანა სასახლეში.
მაშინვე წვევა ითხოვა თურქმა. გზად ყოფნა და სწრაფმავლობა
იმიზეზა.
ენდრონიკაშვილმა იდუმლად გაგებული ამბებიც აუწყა კახთ
ბატონს. თურქნიც თერგზე ციხის ჩასადგმელად მიდიოდნენ
საშამხლოს.
ალექსანდრემ მიღებაზე როდიონ ბირკინიც დაისწრო.
ხოსროვ-ჩაუში ხმლის კაცი იყო, სასახლის კარის გარიგებანი არც
იცოდა, არც ეხერხებოდა. სიტყვა უტიფარი საყვედურით დაიწყო.
ცეცხლად მოსდებოდა იორზე შეფერხება. თურქთა სულთანისა და
არზრუმელ ფარხად-ფაშის სახელით გზას მოითხოვდა კახეთზე
შირვან-დარუბანდში გასასვლელად. სურსათ-მარაგიც მოინდომა.
ყინჩად და ავყიათ ეჭირა თავი და პირი.
კახთ ბატონმა მოითმინა. მით უფრო, რომ იგრძნო, სამძევლოდ არ
იყვნენ მოსულნი თურქნი. უსაქციელობა უგნურობაში ჩაუთვალა
ჩაუშს, გზაზე კი უარი უთხრა რუსთ მფარველობა და თურქთან ზავად
ყოფნა აღნიშნა, შირვან-დარუბანდისაკენ სხვა, უფრო იოლი გზა ურჩია.
- სხვა გზა არა გვაქვს, ვიდრე განჯა ისევ არ აგვიღია! - წამოსცდა
ჩაუშს. კახთ ბატონმა იგრძნო, რომ სტამბოლის ფირმანი ხელში არ აქვს
ჩაუშს და ხელად გადაუწურა წყალი. შეახსენა გათავხედებულ თურქს
რომ არც კახეთია „ისე აღებული“, რომ საკუთარ ზურგში ჩასაცემი დანა
მტერს თავად აულესოს.

296
ჩაუშმა სიბრაზისაგან სულ დაჰკარგა თავი.
- თურქნი ასე იქცევიან: სადაც არ აძლევენ გზას, იქ გზად აქცევენ
ყველაფერს! სტამბოლ-არზრუმი ახლოსაა, მოსკოვი კი სიშორითა და
სიბლაგვით ხელსა და ზურგს ვერ მოგითბობთ!
- თუ თავისნათქვამა ჩაუშს, „ხელისა და ზურგის მოთბობის“ გარდა,
კიდევ რამე მოეხსენება, უნდა იცოდეს - თერგზე უკვე ჩადგმული
რუსთა ციხე არზრუმზე უფრო ახლოს არის! ხოლო ხალხი ბევრზე
ბევრი და გმირზე გმირი! ქრისტიანი დიდი მეფე ჩვენ არ დაგვაგდებს
მარტო!
კახთ ბატონი იქნებ როდიონ ბირკინისათვის უფრო მეტყველებდა,
ვიდრე თურქ ჩაუშისათვის.
ხოსროვ-ჩაუში კი უხეშ მუქარაზე გადავიდა, ღორისჭამია გიაურებს
ყურის მოჭრას შეჰპირდა ალაზანზეც და თერგზეც.
დარბაზში აღშფოთების მითქმა-მოთქმა და ჩოჩქოლი შეიქნა.
- თუ სტუმარი უტიფრობს, პატივისცემას კარგავს! - ძლივს შეიკავა
თავი კახთ ბატონმა და ჩაუში დარბაზიდან დაითხოვა.
- ცრუობით გაბერილ ამ დათვის იმედი ტყუილადა გაქვს, გურჯო!
რუსთ ელჩის ასეთი შეურაცხყოფა აღარ მოითმინა კახთ ბატონმა.
დააპატიმრებინა თურქი და ხელგაკოჭილი რუსთ პირველელჩს
ფერხთით დაუგდო.
- თქვენი სიტყვა და ჩაუშის თავი.
მაგრამ ბირკინმა წინდახედულება გამოიჩინა. კახთ ბატონისა და
დიდებულთ რისხვას გადაარჩინა თურქი.
ალექსანდრე მეფემ პატივაყრილი ხოსროვ-ჩაუში სარანგთ ჩააბარა და
იორსგაღმა გაასმევინა.
ძეგამს კი სხვა ამბავი ტრიალებდა. ამხანად მთების შემოვლით,
დარუბანდ-შირვანას გზით ერთი მაცნე მოუვიდა ანდია-მურზას. მამა
შამხალი ელჩობის დაშედეგებას აჩქარებდა. საიდუმლოდ
ატყობინებდა, რომ თერგის ციხის შენება უკვე დაემთავრებინათ
რუსებს. კოშკზე ზარბაზნები აეტანათ. დამოყვრების გარდა, სურხაი-
შამხალი ახლა რუსეთის წინაშე შუამდგომლობასა და შუამავლობას
შესთხოვდა კახთ ბატონს.
ელიმ-შამხალმა უმალ წვრილად აცნობა ალექსანდრეს მთის ახალი
დრეკა. შამხლის ძმამაც და კახთ ბატონმაც კარგად იცოდნენ, რომ ეს
ახალი პირფერობა და ახალი ფანდი იყო.
- რუსთ ზარბაზანი ჯერ არკი ისვრის და ასე ჰქუხს, რომ გავარდება,
რაღა იქნება?! - აშოშმინებდა ალექსანდრე თურქებთან ურთიერთობის
გაუარესებით შეფიქრიანებულ დიდებულთ, - მარტონი აღარა ვართ!
ჩვენი დღეც დგება!

297
ასეთი ნუგეში და შეძახება მართლაც საჭირო იყო, რადგანაც ყველამ
კარგად იცოდა, რომ თურქნი აგრერიგად არ შეჭამდნენ ხოსროვ-ჩაუშის
გაწბილებას და დარუბანდ-დაღესტნის გზის უქონლობას.
იორზე მთელი ზამთარი იდგა კახთა სპა-რჩეული, მაგრამ მტერი
არსად ჩანდა. ანდია-მურზას მოციქულობას კი ალექსანდრემ არ
დააყენა საშველი. ამასობაში კახეთის ველზე გაზაფხული
მერცხალივით ფრთამარდად და მხიარული ჭიკჭიკით შემოფრინდა.
ხან ალაზნის ვერცხლს მკერდი გააკრა, ძირი მოუთბო. ხან მაღლა
გადიკამარა, მთასაც მისწვდა - ზვავებად და ნამქერებად ჩაგრიალი
ჩამოიტანა. მთის გზები ხომ სულ დაახშო და შეკრა. ტყე-ჭალებს
შეფეთქილი კვირტების მწვანე ცეცხლი გაუკიდა. ბუხრებში კვამლი
ამოლია, ნაყანევებში და ახოებში გადაიტანა.
თურქნი არ ჩანდნენ, ალექსანდრე მაინც არ შლიდა ივრის სანგარს.
ხალხს უნაცვლებდა მხოლოდ. მორიგეობით გზავნიდა სადროშოთ. ხან
ერთ ეპისკოპოსს ერტყა ხმალი, ხან მეორეს. ხან ცხენსახული, წინა
მხარის ალამი იდგა იორზე, ხან ათათულ ლომისა - გარე კახური,
გაღმამხრელთ რქადაგრეხილი ვერძი ესხათ ნიშნად, ხოლო ჰერელ-
ქიზიყელთ - კამეჩის რქებამოზრდილი ფარი და შუბი.
მაგრამ მთაში ზვავები როგორც კი ჩამოთავდა, ნაზამთრალმა და
დამშეულმა ლეკებმა იწყეს წვრილ-წვრილი თარეში.
კახთ ბატონმა ახლა ეს მოიმიზეზა და ანდია-მურზას უსიამო სიტყვა
შეუთვალა: „ჩანს, თქვენს სიტყვას არა დაეჯერება რა, ვით ვაჟკაცობად
ვერ ჩაითვლება ღამ-ღამე ქურდბაცაცობა! სამოყვრო თაფლი და
კეთილმეზობლური შაქარლამა ბევრი მახმიეთ სიტყვით, ხოლო საქმეს
სხვა კუდი და წიხლი უჩანს. ან ნუღარას მეტყვით და მითვლით… ან
ფიცით დამიდასტურეთ ყოველი თქვენი ნათქვამის სიმართლის ძირი
და ძალა!“
ყაფლანმა მეფის ნათქვამი სიტყვასიტყვით გადასცა მთიელთ.
ამის გამგონე ანდია-მურზა ნაწყენი კი არა, პირიქით, ნაამები დარჩა.
- ფიცი შარიათზე! - დანარჩენს კი ჩუმად ფიქრობდა: „ოღონდაც,
თუკი ასეთი რამ დასარწმუნებლად კმარა… რამეთუ ძველ და
ჭეშმარიტ მაჰმადიანთა უთქვამთ: დაიფიცე, უკეთუ ეს მაჰმადის
რჯულსა და საქმეს გამოადგება!“
ალექსანდრემ კი თავისი ვარაუდი და ძალა დროს შეუფარდა,
ზუსტად ჩაიანგარიშა: „წელს ზაფხულს განჯა-კახეთის საზღვარზე
ირან-თურქეთი კვლავ შეიბმის… შამხალ-დაღესტანიც ამ დროს ელის.
მთის ომი ჩემთვის გარდუვალია… მაშინ, ადრე მირჩევია
„კრაზანებთან“ საქმის მოთავება“.
ძეგამ-ბაზარის განაპირას, მაჰმადიანთა უბანში მათი სამლოცველო -
ჯამე იდგა. სწორედ აქ შეგროვდნენ საღამოს ნამაზის ჟამს კახ

298
დიდებულნი და რუს ელჩნი ერთი მხრივ, ხოლო ანდია-მურზა, ელიმ-
შამხალი, მთიელთ ამალის წევრნი მეორე მხრივ. ბოლოს კახთ ბატონიც
მობრძანდა.
თვალზე ლიბრგადაკრულ მოხუც მოლას შუა ჯამში უკვე ნამაზი
დაეწყო და ისე მოუჩქარებლად რხევითა და სასოებით განაგრძობდა
ლოცვას, თითქოს მის ჯამში ყოველდღე ასეთი საოცარი მლოცველნი
მოდენილიყვნენ.
კახთ ბატონი დაელოდა მოხუცის ლოცვის დასასრულს, მერმე იხმო
და მთიელთათვის ფიცის დების ნება და მაჰმადიანთ სრულ წესისაებრ
აღსრულება თავმდაბლად გამოსთხოვა.
შამხლის ვაჟი და ელჩი თავის და მამის სახელით შარიათის წესით
ყორანზე ფიცსა სდებდა…
- ჩვენი ნათქვამი სწორია… ჩვენი ნამოქმედარი უღალატოა…
შერიგებისა და დამოყვრების, შუამავლობისა და კეთილმეზობლობის
სურვილი გულწრფელი და ამ წმიდა ყურანივით მართალი! - სამგზის
იმეორებდა ანდია-მურზა. ცალი ხელი ყურანზე ედო, მეორე კი მაღლა
აღეპყრო, თითქოს ზეციდან თავისი ფიცის ურყევობაში ყველა
რჯულის ღმერთს იმოწმებდა.
- ვალაი!.. ბილაი!.. თალაი!.. - გაიძახოდა თვალლიბრიანი მისიანნი.
- ვალაი!.. ბილაი!.. თალაი!.. - სამგზის იმეორებდა ანდია და
მისიანნი.
დამსწრენი გაფაციცებით უმზერდნენ ამ თავისებურ სანახაობას და
ალბათ, გარდა თვალლიბრიან მოლასი, არ ვის სჯეროდა ფიცის
გულწრფელობისა.
ფიცის ჩათავებისას კახთ ბატონმა შამხლის მიერ გაგზავნილი
სასტამბოლო სიგელი წასაკითხავად გადასცა მოლას.
წაკითხვამ ლეკები დააბნია და ააღელვა, ხოლო რუსნი და
განსაკუთრებით მოხუცი მოლა აღაშფოთა კიდევაც.
- ყალბია! მამაჩემი არ არის ამის დამწერი! - ხმა აღიმაღლა
თავზარდაცემულმა ანდიამ.
- ყალბია? ღმერთმა ინებოს! იქნებ მე შემიყვანეს შეცდომაში? -
თავისიანებს მოხედა ალექსანდრემ.
- იქნებ… ვფიცავ! - წათამამდა ანდია.
ალექსანდრეს ოდნავ ჩაეღიმა:
- კიდევ ფიცი?! დიდი ფასი აქვს, მაგრამ მოხუცი მოლა დავღალეთ.
ალბათ აღარ გვეყაბულება!
მაგრამ როდესაც მოლა მაინც იყაბულა და ყურანი მაღლა აღმართა,
ალექსანდრემ ანიშნა ჯანდიერს:
- შემოიყვანეთ!

299
უმალ ჯამეს ღია კარში ყავარჯნებზე დაყრდნობილი ასლან-მურზა
გამოჩნდა. ახლა სულ ელდა ეცათ შამხლის ელჩებს.
- ჯერ ეს დააფიცეთ! - ასლან-მურზაზე ხელუკუღმა აჩვენა მეფემ.
- ვალაი!.. ბილაი!.. თალაი!.. - დავარდნილი ხმით გაიმეორა ასლან-
მურზამ, - ო, ეს წიგნი მე თავად სურხაი-შამხალმა ჩამაბარა. არზრუმს
ან პირდარ სტამბოლს გასატანად… ევალაჰ! ხელიც შემეშალა და ფეხიც!
- წაიფორხილა მისუსტებულმა ასლანმა და ჯამეს ზღურბლზე მიიკეცა.
- ხომ არაფერს შეეკითხებით, ცრუ მაფიცარნო?! - დამსწრეთ თვალი
მოავლო ალექსანდრემ.
ყველა სდუმდა.
- მაშ ნათელია! გაიყვანეთ! - ხელი უყო ამალას, - და აღარც ჩვენა
გვაქვს საქმე!
კარში რომ გადიოდნენ, ჯამედან თვალლიბრიანის საშინელი
წყევლა-კრულვა ისმოდა ანდიასა და ყველა შამხლელის მიმართ.
მეორე დღესვე დაითხოვა ანდია-მურზა ალექსანდრე მეფემ. არც
იწვია, ყაფლანის პირით შეუთვალა:
- სამგზის ვერაგნი და ცრუ მაფიცარნა არც მძევლებად მიღირს, არც
მოყვრებად მწამს. თქვენ ფიცზე მტკიცე რუსთ ციხეა - თერგზე
ჩადგმული!
ხოლო მთიელთა წასვლის წინაღამ სრულფარულად კვლავ ელიმ
შამხალი ინახულა.
- ახლა საქმე მოსწრებაზეა… ძმას კარგად ვიცნობ!
- სურხაი-შამხალი უეჭველად ჩვენზე მოვა. ლაშქარს ეახელ,
გვაცნობე სად იქნება, ხელში ჩაგვიგდე… ბრძოლიდან დიდ შამხლად
დაბრუნდები და უმალ ქორწილი! დაღესტან-კახეთის საუკუნო
მშვიდობა! რუსთ მეფესთან შუამდგომლობას ვკისრულობ… მთა და
ბარი თუ ერთად მოვაყენეთ, თავად იცი, რა ძალა და ფასი გვექნება
ჩვენა… ჩრდილოეთით თუ სამხრეთით!
ყველაფერში შეთანხმდნენ და ელიმ-შამხალი ღამის წყვდიადმა
შთანთქა.
ამის შემდგომ გახშირდა პირახვეული შიკრიკობა მთიდან:
- სურხაი-შამხალი მთელ დაღესტანს ამხედრებს კახთა წინააღმდეგ!
- სურხაი-შამხალი კვლავ თურქთა უთვლის შველასა და კახეთის
ლაშქვრას!
- სურხაი-შამხალს ჩემი სალიჰა ისევ თავის კოშკში ჰყავს ტარკას!
- თერგის შესართავთან რუსთ ციხეს ზღვით მოსდის სპა და სარჩო,
თერგს გაღმა მხარს უკვე პატრონობს თავად!
ალექსანდრე მეფემ ერეკლე ბატონიშვილსა და შერმაზან სარდალს
ჩააბარა დაღესტნის საქმე. გეგმა დაუსახა, ლაშქარს გამოსაყვანი
სადროშონი განუკუთვნა.

300
ჭაბუკურ ძალით ჩაება ერეკლე მთის ბრძოლის სამზადისში.
გულფიცხობდა კიდევაც. იწვოდა. მოუთმენლობას ამჟღავნებდა.
- დინჯად, დინჯად, ბატონიშვილო! - აშოშმინებდა მას შერმაზან, -
ბრძოლის მოგება პატარძლის მოპოვება ნუ გგონია! უფრო ძნელი
საქმეა… მით უფრო, სურხაი-შამხლის წინააღმდე, ისიც სრულიად
დაღესტნის სპასთან ბრძოლა!
მთის ომების გამოცდილი სარდალი ულვაშებში ჩაიღიმებდა.
შეატყობდა, ერეკლეს წითელი ლანძვი გადაურბენდა ღაწვებზე.
ორივემ კარგად იცოდა, რომ ამჯერად, გარდა საერთო საქმისა, მთის
ბრძოლის მოგება ერეკლესათვის სწორედ მთის პატარძლის
მოპოვებასაც უდრიდა.
პირშებურული შიკრიკები მთიდან უფრო გახშირდნენ:
- მთის გზები გაიხსნა ყველგან. დაღესტნის სპა უკვე გროვდება.
ასეთი მრავალი ლაშქარი ჯერ არ შეყრილა მთაში!
- შექ-დარუბანდის ფაშებმაც შეჰკრეს პირი და ძალა… მთავარი
დაკვრა ჯერ ძეგამზე იქნება…
- სტამბოლიდან ტარკას ამოაღწია ფარულმა ჩაუშმა, თურქნი იმედს
იძლევიან. მალე არზრუმელი ფარხად-ფაშა განჯაზე დაიძვრის!
ამჯერად სალიჰაზე აღარაფერს იტყობინებოდა ელიმ-შამხალი. ეს
დუმილი გულში ლახვრად ხვდებოდა ჭაბუკ ტრფიალს.
ალექსანდრე კი განჯაზე ფარხად-ფაშას ლაშქრობამ ფრიად ჩააფიქრა,
ხელად თავის მხრივ აფრინა შათირი იასონ ჭავჭავაძესთან. ავალებდა
შაჰ-აბასის გაფრთხილებას თავისი და რუსთ ელჩების სახელით.
თერგზე ციხის ჩადგმასაც ატყობინებდა და თურქთათვის ყირიმ-მანიჩ-
დარუბანდის გზის დახშობას ულოცავდა.
ესეც იცოდა კახთ ბატონმა, თუ როგორი დაშაქრული ტყემლის გემო
ჰქონდა ამ მილოცვას შაჰ-აბასისათვის.
ალექსანდრემ უკვე წვრილად იცოდა ელჩ-მძევლის მგზავრობის
გარემოებანი. იასონმა აცნობა კონსტანტინე-მირზას დიდებული
მიღება, შაჰ-აბასის მიერ მისი წყალობით ავსება.
ირანის შიდა მდგომარეობის გარდა ამასაც სწერდა იასონი:
- შაჰ-აბასს საიდუმლოდ თავისი დიდი ხანებისათვის უთქვამს -
რუსეთი ოსმალთ წინააღმდეგ დიდებული მეგობარიაო… ესეც
დაუძებნია - საერთოდ ასეთი მეგობარი ალაჰმა მოგცეს, ალაჰმავე
გაშოროსო!
ზაფხულის დასაწყისში კიდევ მოიჭრა მთის ფარული შიკრიკი.
გზიდან ეფრინა ელიმ-შამხალს. დაღესტანი, კაცი ქუდზე, კახეთის გზა-
ბილიკებზეა დამდგარი. სამი გზით მოვალთ: დარუბანდ-სამურშექის
მხრივ მოსულნი ძეგამს აღმოსავლეთით მოესევიან. ჩვენ კავკასის
გადმოვლით წილბანფიფინეთის მთით და გზით ძეგამს ჩრდილო-

301
დასავლეთით მოვევლებით… აქ ვიქნებით მეც და სურხაი-შამხალიც…
დიდი გუნდი ავარ-ყოისუ-ყადორით კახთა ლაშქრის დასაბანდებლად
გრემზე გაიტანს თარეშს, მაგრამ მთავარი წილბანფიფინეთის გეზი და
ლაშქარია. სურხაი-შამხალს ჩათითბრული ზეიდალი აცვია აბჯრად.
მუზარადზე ახალი მთვარე ახატია. ზედ ჯერ შეიხის ჩალმა ახვევია.
ქურანზე ზის. მე ჯაბალა მაცვია, ეკლებიანი, ჟანგისფერი. მუზარადად
ახალი ზუჩი მახურავს, შუბლროკიანი. ცხენი - თეთრონი ვირჩიე.
ჩემზე თითქოს აღარ ეჭვობს. სალიჰა კი ისევ თავის ოჯახში ჰყავს.
ახლა კი ალექსანდრე მეფემ პირადად უთავა ლაშქარს. შერმაზან
ჩოლოყაშვილს მარჯვენა ფრთა მისცა. ძეგამს გადუფარა
აღმოსავლეთით. მასვე გააყოლა ბოდბელი დროშიონითურთ და
დავით ბატონიშვილი. გრემის საფრად ანდერმან ვახახიშვილი
წარგზავნა სტეფანოზ ნეკრესელის დროშიონ-სარდლობით. თავად კი
ფიფინეთწილბანის თავზე მთის ბილიკები შეკრა. მაგრამ ისე, რომ
თვით ბილიკები სრულიად უეჭვო და თავისუფალი დასტოვა. ყოველი
ჩასაფრებანი და ადგილ-გადანაცვლებანი ღამღამობით, ფარვითა და
ხერხით გაასრულა.
- ალბათ, მზვერავები ჩამოვლენ მთიდან… სურხაი-შამხალი
პირველმოსვლაზე დიდი მელაკუდაა, მერმე გამგელდება ხოლმე!
ერეკლე ბატონიშვილი დაარიგა, უბრალო მებრძოლის სამოსი
ჩააცმევინა და მცირე ჯგუფის თანხლებით ზედ გადასავალზე აგზავნა.
შუადღისას ერეკლემ ჩამოიტანა ცნობა - მოხუცი დედაკაცი და
ჭაბუკი გადმოსულიყვნენ მთაზე. ერეკლე გარიდებოდა, მწყემსი
მიეგზავნა.
- ასლან-მურზას უფროს ცოლობას ამბობს მოხუცი. ხურჯინებით
დიდი სახსარი მოაქვს, ასლანის ტყვე-საფასური… ჩვენთან მოდის
გამოსასყიდლად.
ამ გარემოებამ ჩააფიქრა ალექსანდრე. დიდი სახსარი გულისხმობდა,
რომ მართლაც სწადდათ ასლან-მურზას გამოსყიდვა… მაგრამ ახლა…
დიდი ომისა და რბევის მოლოდინში მთიელნი არ დაიწყებდნენ ასე
ფუჭად დიდი სახსრის გაღებას. „ალბათ მზვერავები თუ არიან! -
დაასკვნა ალექსანდრემ, - ნუთუ სურხაი-შამხალმა ახლა ქალებით იწყო
ზვერვა?“
ჯანდიერი იხმო. წვრილად დაარიგა იგი და ერეკლე.
- შენ, შვილო, ახლა ძეგამს წახვალ. ჩემს თანამოსაყდრეობას გასწევ.
მე გრემში ვარ, არა, უფრო შორს, თელავში… თითქოს თურქნი
მოდიან… გესმის! ჯანდიერო, იმ დედაკაცის ვინაობა შემიმოწმე,
ერეკლეს მიჰგვრი ძეგამს. ასლან-მურზა კაცად და მებრძოლად მაინც
აღარ ვარგა, დიდ სახსარს თუ გამოიღებენ, განსაჯეთ და გააყოლეთ.

302
იქით-აქეთ, გზა-ბილიკებზე თვალი არ აუხვიოთ, მაგრამ სულ ბრმად
ატარეთ… არც ერთი მხედარი, არც ერთი კვალი, ჯანდიერო, შენ იცი!
- ჩემზე იყოს, ბატონო!
და ჯანდიერმა ოსტატურად გაათამაშა საქმე. მთიელ დედაკაცსა და
ჭაბუკს გზაში არც ერთი მხედარი არ შეხვედრიათ. გზის პირებში
ცხვარ-ნახირი სძოვდა, გლეხები საყანეებს ხნავდნენ.
ძეგამს მისვლისას ერეკლე ბატონიშვილი სასახლეში დახვდათ.
ლაღად მოლხენილი და სანადიროდ გამზადებული ჩანდა.
ჯანდიერმა მეხსიერება მოიჩიჩქნა, ზაზა და ბედად ძეგამს მყოფი
მამუკა მოიწვია, შორიდან დაანახა ასლან-მურზას უფროსი ცოლი. მამა-
შვილმა ერთხმად უარყო.
ცრუ ცოლი საკანში მიჰგვარეს ასლანს. შეიფერა ერთმაცა და
მეორემაც. სახსარი კი მართლაც ბლომად ჩამოეტანა დედაკაცს.
ასლანმა სარჩელი ითხოვა მეფისგან. ალექსანდრე თელავს აღმოჩნდა,
ერეკლე ბატონიშვილმა დანიშნა სამსჯავრო. მოსამართლედ ყაფლან
ვაჩნაძე დასვა. მომჩივნებად მამუკა და ზაზა, საბა ბოდბელი, მდივნად
თარსა სომხიშვილი, მფარველ მოპაექრედ ყურშიტა ჩერზექი. თავად
ერეკლეც დაესწრო სამსჯავროს. ასლან-მურზას ცრუ ცოლმა
დაუსწრებლობა ირჩია, საერთოდ იგი ძეგამში ჩამოსვლის შემდგომ
ჩადრში გაეხვია და გარდა „ქმრისა“, არვის ეჩვენებოდა.
ციხესა და ჭრილობას ფრიად მოეტეხა ასლანი. სადღა იყო მიმინოს
სისწრაფის და თვალნაკვერცხლიანი ბელადი. ძლივსღა იდგა
ყავარჯნებზე, ვიდრე ყაფლანმა დაჯდომის უფლება არ მისცა. ზედ
დააჯდა სახსარსავსე ხურჯინს და უეცრად ცხენ-დავარდნილ,
დაშავებულ ჩალვადარს დაემსგავსა.
სამართალი მოკლე იყო. დიდი საბუთიანობა არ იყო საჭირო. ჯერ
სიკვდილი მიესაჯა კახეთისა და ქართლის არაერთგზის ვერაგ
მარბიელს. ახლა რბევის და ზარალის საფასური ითხოვეს მომჩივრებმა.
„ძარცულ ეკლესიათა, ერთა და ბერთა“ სახელით საბა ბოდბელი
აღაღადდა.
ყურშიტა შეეთათბირა ბრალდებულს და მან უხვად დააბრუნა
თვალი პატიოსანი და ნაძარცვი ჯვარ-ოქრო.
ძარცულ ვაჭართა სახელით სარჩელი თარსა სომხიშვილმა ითხოვა,
და სასოვდაგრო წილი გრემისა და ძეგამ-ბაზრის ფსონის სალაროში
წაიღო.
ხალვათდებოდა ხურჯინი - უფრო დაბლა იწევდა ზედ მჯდარი
ლეკი. რბეულ სოფელთა წილი ძეგამის მოურავმა მიიღო მეფის
სალაროში შესატანად - კახ ტყვეთა გამოსასყიდლად. და ბოლოს
მამუკამ და ზაზამ ითხოვეს თავისი შრომისა და ტყვეობის სახსარ-
ზარალი.

303
მათაც რომ მიიღეს თავისი, ასლან-მურზა ლამის იატაკზე დაჯდა.
ხურჯინში თითქმის აღარაფერი იყო.
ახლა ყურშიტამ ასლან-მურზას სახელით სიცოცხლე და ტყვეობიდან
დახსნა ითხოვა. ისიც ისაბუთა, ასლან-მურზას როქის სპაში
საქართველოს მხრიდანაც მოუქნევია ხმალ-ხანჯალი.
სამსჯავრომ სისხლისა, ძარცვისა და ტყვეობის საფასური
განაღდებულად ჩასთვალა, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნება
დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ სამი პირობის აღსრულების შემდგომ:
მარჯვენა მკლავის დასხეპვა, რათა ცოცხლად დაგდებულმა ხმალი
ვეღარ მოიქნიოს ვერაოდეს, ფიცის დება, რჯულის მიხედვით, კახთა
და საერთოდ გურჯთა წინააღმდეგ უბრძოლველობისა და
უვნებლობის წინდად. ხოლო სათემო სიკვდილის ნიშნად - ცალი
ულვაშის მოპარსვა.
არჩევანი ასლან-მურზაზე მიდგა. დაიღმუვლა ვაჟკაცმა, მაგრამ
სიცოცხლე და ცალულვაშიანობა ირჩია.
განაჩენი დაიწერა და ერეკლემ აქვე მამის სახელით დაამტკიცა.
შესრულებაც დაუყოვნებლივ ბრძანა.
ყველაფერი უმალ ჩათავდა. დოსტაქარმა ნიდაყვს ზეით არტახი
გადუჭირა მისჯილს და სახსრის ძარღვი დაუსხეპა. ზედ აბლაბუდა და
იარის მალამო დაადო, სისხლის დენა მოუწყვიტა და მჭიდროდ
შეუხვია.
ხმა არ ამოუღია ასლანს. ახლა დალაქმა გააცალა ცალი ულვაში. ახლა
კი ყრუ გმინვა და კბილების ღრჭიალი გააყოლა პატრონმა.
ისევ ძეგამ-ბაზრელი თვალლიბრიანი მოლა იწვიეს ყურანითურთ,
ახლა სულ დავარდნილი ხმით ჩიფჩიფებდა საფიცარს ცალულვაშა.
ისევ ყურშიტა ჩერქეზმა მსჯავრმოხდილის სახელით ერთი ცხენის
შეძენის უფლება-დახმარება ითხოვა.
- ცხენი ჩემზე იყოს! - ერეკლე ბატონიშვილმა ახლა მესტუმრეს
გადააბარა ნატყვევარი, - ხელ-ფეხ დაკლებული მტერი უკვე სტუმარია!
ასე მსმენია მამათაგან! უმასპინძლეთ და მთაში გაისტუმრეთ, როდესაც
ინებოს და შესძლოს!
- დღესვე! - ძლივს აღმოხდა საბოლოოდ გატეხილსა და
განადგურებულ ნაბელადარს.
ჯანდიერმა განაგრძო თავისი საქმის თამაში. მთაზე გადავლილ
ასლან-მურზასა და მის თანამგზავრთ არც ერთი მხედარი ან საეჭვო
რამ არსად უნახავთ. პირიქით - მთაში ცხვარი ნაადრევად მიდიოდა,
ხოლო როგორც ძეგამს „ნამდვილად“ გამოარკვიეს, ალექსანდრე მეფე
თელავს იყო თურქთა წინააღმდეგ წასული.
დიდი ლოდინი აღარ დასჭირვებიათ კახთა. გათენებისას მეორე,
უფრო დიდი გუნდი გადმოვიდა და ხეობაში ჩაიმალა.

304
ალექსანდრე ითვლიდა და არ იძროდა.
ხოლო უკვე დღისით და მზისით მესამე, მთავარი და უკვე
გათამამებული გუნდი გადმოსცდა მთას და პირდაპირ ჯიქურად
ჩამოჰყვა ხეობას.
წინ ორი სარდალი მოუძღოდა ლაშქარს. ერთს, ქურანზე მჯდომს,
მუზარადზე ჩალმა ეხვია. ჩათითბრული ზეიდალი შორიდანვე
უბრწყინავდა. მეორეს კი ჟანგისფერი ჯაბალა ეცვა და თეთრონს
დარდიმანდულად მოათამაშებდა.
- ჰა, ჩამოვიდა სურხაი-შამხალ! ახლა კი დროა! - გრძელჭიანურად
წარმოსთქვა ალექსანდრემ, თითქოს კიდევ ითრევდა ფეხსა და ენას.
სარდლები იხმო:
- აი ის ჩალმოსანი! ცხენქურანა!.. ცოცხლივ დამიჭირეთ… თეთრ
ცხენოსანს კი ნუ შეაფერხებთ… უკანა გზა უტიეთ ყველგან! ჯილდო
მეფური! დანარჩენთ კი მუსრი უმოწყალო! - მეფე საბრძოლო ცხენზე
შეჯდა. მედგრად იყო, მაგრამ მის გულში კი მაინც ქანაობდა ალაზნის
სასწორი.

XXXI მთის ბრძოლა


ასლან-მურზასა და მზვერავების ამოტანილმა ამბებმა ცოტა
დააბნიეს სურხაი-შამხალი.
- ან მობერებულა და მოჩლუნგებულა კახთ ბატონი, ან საოცარი
ოსტატობით მოქმედებს! როგორ დავიჯერო, არ მომელის? არც იგია ასე
გულუბრყვილო, ვერც მე ჩამთვლის ასე უძლურად! ნამდვილად
მოძალებულან თურქნი!
ამ დასკვნამ ააჩქარა. წინ გზახსნილი და ულაშქრო ძეგამ-ბაზარი
ელანდებოდა.
აღარც დარუბანდ-შექის ლაშქრის კახეთში შეჭრის ცნობას დაელოდა.
მდიდარი ნადავლის შოვნის სურვილმა არცთუ მცირე ძალა და სიჩქარე
შემატა მთის მტაცებელს. აუცილებელად საჭიროს და ფრიად სარფას,
ახლა ადვილად შესაძლებელიც ენასკვებოდა. ვის არ შეაცდუნებდა
ასეთ მრავალ მიზეზთა მთხვევა. მაინც ასლან-მურზას მონათხრობმა -
ერეკლე-მირზას სამართალმა დაარწმუნა.
- არა, კახთ ბატონი არ არის ძეგამს! მაშინ დიდი ლაშქარიც სხვაგან
იქნება, არა, იქ - ძეგამს… მდიდარსა და სანდომს.
მთის გადასავალზე რომ ავიდა და კახეთს თვალი გადაავლო, მაშინ
შეუტოკდა გული. ეს უბრალო თარეში როდი იყო, არამედ ნაერთი
დაღესტნის ძალა უნდა ჩაეყვანა ძირს. იქ კი თვალუწვდენელი თეთრ-
ფაფუკა ღრუბლის ზღვა ეფინა. ვინ იცის, რას ფარავდა ღრუბელი?
„ბედსა და დოვლათს! ბედსა და დოვლათს!“ თითქოს უსისინებდა
ზეკარის სიო… სიო-მისანი თუ მაცდური სიო.

305
მართალია, ძლივს, მაგრამ მაინც აიძულა თავი - ქურანი შეაჩერა.
ერთი ბრძოლა გადახდა - არც გული უდგებოდა, არც ქურანი.
შეეჯიუტა გულს სიფრთხილე და წინდახედულება იკრიბა.
დაქვეითდა და ბელადთა თათბირი ბრძანა.
გუნდები გადადიოდნენ მთისკარს, რჩეული ბელადები კი შამხლის
კარავში თათბირობდნენ ასევე ჩააბჯრულ-მოზიდულნი. ბუდიდან
დასაფრენ არწივებივით ისხდნენ. კარვის აშლილი ფრთის ძირას კი
კახეთის თეთრი ზღვა ლივლივებდა და კურდღლაობდა.
სურხაი-შამხალი ერთსა და იმავეს ეკითხებოდა ყველას. მათი აზრის
გაგება სწადდა. უფრო კი თავისას ამოწმებდა:
- რას იტყვი, ანდიავ? დრო არის, თუ შევიცადოთ კიდევ?
შექდარუბანდელთ ჩამოდგომის ნიშანს ველოდოთ? ისევ დავჩხრიკოთ
გზები? ანდიავ, რა დაასკვენ - სად არის კახ ისკანდერი? დიდი ლაშქარი
რატომ არა ჰყავს ძეგამს?
კახეთში ნაელჩარ შვილს ოთხში იღებდა კითხვებით.
- დროზე დროა! უეჭველად თურქნი მოსდგომიან განჯა-კახეთის
საზღვრებს. ჩვენ კი ჯერ არ გველის… ისიც აქედან… დასწრებაზეა
საქმე! პირველისაა სახელ-სახრავი!.. გადმიშვი, მამავ… მე ყველაზე
უფრო მეტი მაქვს ჯავრი და შური!
- წადი!.. მაინც?! აქედან რად არ უნდა გველოდეს ძეგამს? - ახლა
ყაზი-ყუმუხელ ბელადს ეკითხებოდა სურხაი.
- მთის გზა ნაადრევია დიდი ლაშქრისათვის, ასე ფიქრობენ ბარში
კახნი. ჩვენც ეს გვინდა. გამიშვი, წავალ!
- წადი… არა მაინც, რა მიზეზით არ ჩანან კახნი? - ეძიებოდა ავარელ
ბელადს.
- ფარხად-ფაშა - აი მიზეზი! - მოკლედ მოუჭრა მანაც, - წავალ!
- წადი!
ყოველი ნაპასუხარი ბელადი ჩრდილად გადაეხატებოდა ღრუბელ-
ხარიჩას და ამ თეთრ ზღვაში მოჩვენებასავით ინთქმებოდა,
იძირებოდა.
- არა მაინცდამაინც… რატომ ფიქრობ, კახნი არ მოგველიან ჩვენ? -
ახლა ყაზინჩელ ბელადს აცივდებოდა შამხალი.
- ჩვენი მომლოდინე ასლან-მურზას არ გამოუშვებდნენ კახნი.
სახსარს აგრერიგად არ მიელტვიან გურჯნი…
- იქნებ განგებ?
- ცხვარს მთაში არ დასძრავდნენ… ჩვენს მოლოდინში…
- იქნებ ესეც განგებ?
- მძევლად წარგზავნილი შვილი დაგიბრუნა, მოყვრობაზე უარი
გითხრა, ყველაფერი განგებ? სტამბოლიდან წვევის ჩაუში ამოგივიდა -
ესეც განგებ? - მოთმინების აღვირი შეუწვრილდა ყაზანჩელს, - გამიშვი,

306
მეჩქარება, კახ ისკანდერს ჰგონია, ურუსთ ციხით თერგზე დაგვაბა
ყველა! ნახოს სიბრძნე თავისი საქმისა!
- წადი!
ელიმ-შამხალი გვერდით უჯდა სურხაის და რაც უფრო ცოტანი
რჩებოდნენ სეფე-კარავში, მით უფრო ეუფლებოდა შეშფოთება ელიმის
გაბზარულსა და შეეჭვებულ სულს. მას - ელიმ-შამხალს, ნახევარ
საშამხლოს პატრონს, უფროსის მომდევნო ძმას, ბუინაკის
მფლობელს… წესით პირველს უნდა შეჰკითხოდა უფროსი ძმა - დიდი
შამხალი, ტარკას მფლობელი. ახლა კი თითქოს ყველა, წვრილ
ბელადთაც კი გამოჰკითხა, ყველა გაისტუმრა, მას კი თითქოს ვერც
ამჩნევს აქა.
ბოლოს ძმები მარტონი დარჩნენ. ერთხანს სდუმდნენ.
ცხენბედაურთა გამომწვევი ჭიხვინი და თქერის ხმა შემოესმათ
გარედან. ლაშქარი სწრაფად გადადიოდა მთის ყელს, ასე ზვავივით და
ასე ნაკლებხმიანი სვლა მხოლოდ მთიელთ შეეძლოთ.
- ელიმ! მომდევნო ძმა ხარ ჩემი… დედაჩემი და დედაშენი მამა-
ჩვენის ცოლ-რჩეულები იყვნენ.
- აგრე ინება ალაჰმა და მამამ!
- მე რომ რამე შემემთხვეს… შენთვის მსურს საშამხლოს
გადმოლოცვა… ყველა ბელადი და აკსაკალი, ვფიქრობ, შენვე გირჩევს!
- წარბშეუხრელად და თვალდაუცდენლად უთხრა ძმას. მაგრამ არც
ელიმ-შამხალი დახვდა ხამად. ძმები კარგად იცნობდნენ ურთერთს.
ისიც იცოდა ელიმმა, რომ უფროს ძმას თავისი უფროსი ვაჟი სახლში -
ტარკას დაეგდო. სწორედ ამ „რაიმე შემთხვევის“ შემთხვევაში
გასაშამხლებლად.
- ალაჰი ნუ მომასწრებს შენს აუგს!
- ვიცი… ვიცი… რა საჭიროა!
იცის, განა არ იცის, რომ შეეძლოს თავად დააჩქარებდა „რაიმე
შემთხვევას“. ქვეშეცნეულად ახლაც იყნოსავს, რომელიღაც,
თავისთვისაც გაურკვეველ ნიშნებითა გრძნობს… აქ სადღაც
დონღუზის თავია ჩამალული, მაგრამ რომ ვერ მიაგნო?.. მართლაც
და… საალერსოდ მომწიფებული გოგოს ღამის ნატვრა-ბოდვაში გუჯი
ბატონიშვილის ხსენება აბა რა საბუთია?! მარტოდენ იგი არ კმარა…
სხვა რამესთან დაკავშირებით კი იდიდსაბუთებს. მაგრამ სწორედ ეს
„სხვა რამე“, თუნდაც მცირე საბუთი ვერ ჩაიხელთა. რა არ იღონა, ვინ
არ შეუჩინა… კახეთის კარზეც კი გაგზავნა განგებ… მაგრამ ამაოდ!
შამხალმა კარვის კალთას ხელი გაჰკრა, უფრო გაშალა.
თეთრღრუბელა ზღვას ამოწვერილი მზის მუზარადის სხივი
გაჰკროდა. კარავთან ორი ცხენბედაური ტოკავდა და ლაგამს ღრღნიდა.

307
ერთი ქურანი იყო, მეორე კი თეთრონი, კახეთის ცაზე გადაშლილი
ღრუბლის ფერი…
იქნებ ამიტომ… იქნებ რაიმე სხვა ფიქრსაწვდენ თუ ფიქრუწვდენ
მიზეზის გამო, შამხალმა ძველი წესი იაზრა, თავის ძმას მიუბრუნდა:
- ძმათა წესია… იარაღი გავცვალოთ დიდი ომის წინ!
- ძმა ბატონი ბრძანდები! - უმალ თავისი სიათა და მოჭედილი ხმალ-
ხანჯალი გადასცა შამხალს.
- არა, მაცალე!.. - ზეგრძნობამ ბრმად ფიქრის ლანძვას სხვა
ლანძვებიც ამოაყოლა. - შენი ცხენი თეთრონი მომწონს… ამ ღრუბლის
ფერია. მასზე მჯდომი თითქოს კახეთის ცის ღრუბლებზე მცორავსა
ჰგავს! - ოდნავ აღგზნებულად, მაგრამ სიტყვამარცვლულად შეეუბნა
გარინდებულ ძმას, - იცი რა… მოდი, საერთოდ გავცვალოთ აბჯარ-
ჩაჩქანი… ცხენ-იარაღი… დღეს შენ იშამხლე… ჩემთან, ერთად… ხვალ
კი, თუ… - სიტყვა გასწყვიტა, წუთით გაოგნებულ ძმას შეაკვირდა, -
რაო? ჩემი ბედი ხომ არ გაფიქრებს? ან გიმძიმს იქნებ? - და ფარული
ეჭვი ფოცხვერივით გამოუხტა თვალებში.
დაიბნა, აშკარად დაიბნა ელიმ-შამხალი. „ნუთუ იცის? გაიგო თუ
იგრძნო? სუნი იკრა. ფარული შიკრიკი თუ დაიჭირა… შანთის ქვეშ
ათქმევინა?! ან იქნებ სალიჰას… იქნებ კახეთიდან?“ - ვეღარაფერი
იაზრა, სიფითრის დასაფარავად ჩაფხუტი ჩამოიფარა სახეზე,
გადმოიძრო და ფერხთით დაუდო შამხალს. ახლა თავის ჯაჭვის
პერანგს დაეზიდა, თავზე გადმოივლო და შიგ განგებ გაეხირა, დაახანა.
გაუვლის, აბა რას იზამს, დაბნეული იერი და პირმკრთალობაა…
ვიდრე გადაიძრობს, გაუვლის ალბათ.
- ოლან! - შამხალმა თავისი მეაბჯრე იხმო.
„აი ახლა კი გაირკვევა. თუ მიმხვდარია - ყველაფერი უმალ მორჩება.
თუ არა და კიდევ ვინ იცის…“ - ელიმს შუბლ-საფეთქლის არეში
დგუშივით უბაგუნებდა ალღოაშლილი ფიქრი.
ვიღაც მოეხმარა, აბჯარსა ხდის, როდესაც გახდის, იქნებ თავიც
წააცალოს, რკინის ეკლებიან ჯაბალას გააყოლოს.
ელიმმა ჯაჭვის რგოლ-ფორეჯში გააპარა თვალი, ირიბად გახედა
უფროს ძმას. შამხალი თავად იხსნიდა ბუზმენტებს.
გული მოიოკა უმცროსმა: „არა, ვგონებ გადავრჩი!“
და როდესაც მეაბჯრემ ჯაბალა გადააძრო, ელიმ-შამხალი უკვე
დაოკებულ სახიანი იყო.
თავისი ხელით მიართვა აბჯარ-ჩაჩქანი და მისი მიმყოლი.
- ძმა ძმისთვის - ამ დღისთვის!
- დაგიფასებ, ევალაჰ, დაგიფასებ!
და ცოტა ხნის შემდგომ ძმები-შამხლები თავქვე დაეშვნენ. ორივეს
ჩაფხუტები უკვე საბრძოლოდ ჰქონდა ჩამოფარებული სახეზე. ხოლო

308
ოლან მეაბჯრის გარდა არვინ იცოდა მათი სახეცვლა თუ
ბედშებრუნება. და რომც გაეგო ვისმე, სულ ერთია, უკვე გვიან იყო მისი
ცნობება იქ, სადაც სჭირდებოდა ერთ-ერთ შამხალს.
ლაშქარს უფროსი შამხლის სახელით უშუალოდ ელიმ-შამხალი
განაგებდა, პირველსარდლობდა. თანაც მიბორკილებივით სულ ერთად
იყვნენ.
დაღესტნელებმა ჯიქურად ჩაქუსლეს ხეობა და როდესაც ღრუბელსა
და ვიწროებს ჩასცდნენ, უფრო უჩქარეს სვლას. გზაზე არვინ ჩანდა
შემფერხებელი. ახლა სულ გათამამდნენ მთიელნი და ხეობის ბოლოს
ჩადაბლებისას არც კი მოუცადეს დანარჩენ გუნდებს. უკვე ყველას
ეჩქარებოდა. საერთოდ პირველმიმსვლელნი - სისხლის გამღებნი,
მაგრამ ნაღების ამღებნიც იყვნენ. დღეს კი ყველაფერი
დიდნაღებიანობას ამორბედებდა.
მაგრამ სრულიად ულოდნელად, და სადაც ყველაზე ნაკლებად
შეიძლებოდა ამის წარმოდგენა - მეთოფეთა ძლიერ სანგარს წააწყდნენ
ლეკნი. პირველი სისხლიც ჭარბად გაიღეს. შეჩერების ძალა აღარ იყო.
დაცემულ მეწინავეთ უკანანი გადაევლნენ, სანგარს მიატანეს, მაგრამ
კახთ სანგრის წინ პირწაფარებული ორმოები გაეთხარათ. შიგ ჩაიჩეხა
ბევრი მომხვდური. აირია ცხენკაცი. დარჩენილნი შეფერხდნენ და
ილტვოდნენ უკან. ახლა შემოვლა სცადეს, დაბალ ტყეში შეიჭრნენ
ცხენდაცხენ. ჟოლოსა და ჭინჭრის ბუჩქნარნარევი ველობი ჩანდა შიგ,
იქით მიატანეს, მაგრამ უეცრივ შუბებით აიჯაგრა ჭინჭარი. წვრილი
ტყიდანაც გადმოდგნენ აბჯროსნები, ხოლო დამფრთხალ ცხენ-
მხედრებს მრავალი ისარი სწვდა ყოველ მხრივ.
ტყეწვრილში და ჯაგებში ვერ იმუშავა ცხენ-მხედარმა, ვერ გავიდა
ჯიქური იერიში. ასპარეზი ქვეითებს დარჩათ.
მაშინ იკადრეს ბელადებმა გამობრუნება და თავგზა აბნეული
ლაშქრის შემოკრება, უკანმავალი გუნდების ლოდინი.
როდესაც შამხალი ამ სურათს წააწყდა, უმალ მიხვდა, რომ კახ
ისკანდერმა აჯობა ფანდებში და იგი მთელი ლაშქრითურთ ბარში
ჩამოიტყუა.
- ფანდში მაჯობე, მაგრამ ახლა ხმალ-ცხენიც ვცადოთ! - გასძახა
სადღაც ტყის სანგრებში ჩამალულ, უხილავ ალექსანდრეს და თვისი
ლაშქარი დააჯგუფა, უკან დაიხია, რომ კახთ საფრებისათვის განის
ხეობით დაევლოთ. მაგრამ მთავარი მარცხი აქ მოემზადებინა კახთ
ბატონს. ხეობის ვიწრო წელში წეღან ჩამოვლილი მთის გზა უკევ
ჩახერგილი და მოჭრილი აღმოჩნდა.
„ეს რაღას ნიშნავს? ნუთუ ხაფანგში ვართ? საიდან ჩნდებიან ეს
უხილავნი კახნი?“ - შამხალმა ისევ შემოაბრუნა ლაშქარი და საოცარი
სისწრაფით აღმოსავლეთით გადმომდგარ უტყეო ხრიოკს მიაშურა.

309
ალექსანდრე მთის კერძო ზურგში უდგა მთიელთ. მაღლობიდან
ხელისგულივით დასცქეროდა ლეკთა ბორიალს და ძალაუნებურად
იხიბლებოდა.
- სხარტად კი იცვლიან მხარსა და გზა-კვალს! დახეთ, როგორი
ფრთაგანი გაჰკრეს! ახლა ცერად სვლა! მთაშიც სცოდნიათ
პირშეწყობილი ცხენ-დავლური. მაგრამ სადღა წაგვივლენ? მართლა ამ
უვალ ხრიოკზე ხომ არ ფიქრობენ ცხედაცხენ გადაფრენას?! ალბათ
ხრიოკის ბოლოებში უზრახავთ გაჭრა, - ალექსანდრემ განაბულად
მოზიდულ ამალას მოავლო თვალი: - თამაზ! იქ გაჩნდი, ქეშად
ჩაასწრებ… ბოლო სანგარს შველა მიეც… მარცხენა ფრთა მოსწურე…
ერთიც ამოვაბრუნოთ მტერი!
ვაჩნაძემ მარდად გაჰქუსლა, მარქაფა გუნდიც გაიყოლა.
მაგრამ აქ კი შეცდა კახთ ბატონი. უფრო სწორედ, იგი კი არ შეცდა,
არამედ შამხალმა თუ მისმა ლაშქარმა სასწაული მოიმოქმედეს.
ჯერ თვით სარდლები ცხენდაცხენ შეცვივდნენ უვალ ხრიოკზე.
თეთრონი და ქურანი კატებივით აებღოტნენ კლდეს, ნაშვავებ ღარში
აისწრაფნენ. მათ ლაშქარიც მიჰყვა, ყიჟინ-ძახილი და ქვათა ცვენის
ხრიალ-ხრიალი შეაყენა.
გახევებული კახნი უმზერდნენ, ამ საოცარ სანახაობას და არ
სჯეროდათ. ნუთუ ამ კლდე-ხრიოკზე შესაძლებელი იყო ცხენდაცხენ,
ისიც დიდ ლაშქრის აყვანა?!
- ჯიხვების დიდი ჯოგი მინახავს! ამასაც ვხედავ! დახე მაგათა, სად
შეფრინდნენ? ვერ ავლენ - ვერ დავიჯერებ! - ჰკვირობდა ალექსანდრე.
დაღესტნელი ცხენოსნები კი აღმა ილტვოდნენ, ზოგნი
გორდებოდნენ, ეცემოდნენ, ქვეითდებოდნენ. შიგადაშიგ ვეღარ
დგებოდნენ. ქვების ნაშვავი ხრიალობდა, კამარობდა ლაშქრის თავზე
თუ ზურგზე. ფაფარა ზვავი კი უსწორმასწოროდ, ხან გაშლილად, ხან
გაბაწრულად მაინც სულ ზევით მიილტვოდა, მიიხოკებოდა. სულ წინ
კი თეთრონი და ქურანი.
- ვაშა, ცხენ-ვაჟკაციანად ვაშა! ასე წაგვივლენ… რას ვიფიქრებდი…
ასეთ კლდეზე! წაგვივიდნენ და ისაა… აი მტერიც ასეთი უნდა! ამირანი
კარს აბამდა კლდეს… ამათ კი სავალი შეაბეს! მტრის ვაჟკაცობაც
დასაფასია! - ხეობის თავიდან ქეშა-ქვევით ჩაჰყურებდა ალექსანდრე
და სავალს ზომავდა. თავისი სადგომი და ხრიოკი ქედის ჩამავალ
ნიღრს რომ ჩაჰყოლოდნენ კახნი, იქნებ ზედ ხრიოკის ფაფარზე
მიესწროთ, გზა ეყელათ ლეკთათვის.
- ვერა, ვერ მივუსწრებთ! გადავლენ და კატეხის გზით გაგვეცლებიან!
- განსაჯა ალექსანდრემ და უეცრად დასცხა, - გადაგვასწრებენ და
მერმე? - ზარი დაეცა კახთ ბატონს. ზარი და ელდა, კი მაგრამ…
სრულიადაც რომ არ ისურვონ გაცლა? ხრიოკგადავლილ ლაშქრიან

310
შამხალს თვით ძეგამამდე ვინღა უდგას წინ? ვინღა? - მომყევით! -
გაბზარული ხმით შესძახა და ხრიოკი ქედის თავს ჩამოჰყვა ზემოდან, -
უნდა მივუსწროთ… აი იმ თხემ-კვეთილზე! უნდა… თორემა…
აღარ დაამთავრა, მათრახს გააყოლა სათქმელი. მთელი მარქაფა
მეფის სპა მიჰყვა. მაგრამ ცხენდაცხენ, თუნდაც თავქვე, ფრიად
საძნელო გამოდგა ხრიოკის ქედ-ქედსვლა, ფრთხებოდნენ და
ფერხდებოდნენ ცხენები. სავალი ეშლებოდათ ფლოქვებქვეშ, თანაც
ვიწრო, დანის პირივით ქედზე დაწალიკებით მოუხდათ სვლა. თხემ-
კვეთილს შორიახლოს რომ წაადგნენ, თეთრონი და ქურანა უკვე
თხემზე გასული შენიშნეს.
- ამოგვასწრეს ამ წყეულებმა! - და მუხლდასისხლული საღარი ისევ
ჩაახრიალა კლდეზე, - არიქა, კახნო! მისწრებაზეა ყველაფერი!
მაგრამ ზედ თხემის თავზე კიდევ შეფერხდნენ, ძნელად
შემოსავლელი ქვა-ცხვირი შეხვდათ, გაიხირნენ.
- ქვეითად ჩაუხტით, არიქა!
დაბოლოს თხემ-კვეთილზე რომ ჩაიჭრნენ, მთიელთა ლაშქრის
მთავარ ტანს უკვე გადავლილი ჰქონდა ხრიოკი. ახლა აღმოსავლეთის
ფერდის დიდ ნაშვავებზე თავქვე მიაჩქარებდნენ უკანა ფეხებზე
ჩამჯდარ ცხენებს.
თხემ-კვეთილზე და ხრიოკის დასავლეთ ფერდობზე მხოლოდ ქვით
დაკოდილთ ან ცხენდაკლებულთღა მოუსწრეს და მუსრი გაავლეს
კახთა. მაგრამ ეს არ შველოდა საქმეს. შეძრწუნებული ალექსანდრე
ჩაჰყურებდა შვავის კალთაზე თავადაც შვავად ჩაგორებულ მტრის
ლაშქარს. ხეობაში ზათქით ჩაშლიგინებულ ფაფარაყრილ გველეშაპს
ჰგავდა ხაფანგიდან თავდაღწეული მტერი. წინ კი აუცდენელ მარცხს
ლანდავდა მეფე. აქეთა მხარეს აღარც ერთი კახი არ იდგა საფრად.
დაიბნა კახთ ბატონი, ვეღარაფერი იღონა. მოქმედების უნარი
მოუსხლტა ერთი წამით.
- რას ვიფიქრებდი! ასეთ ხრიოკზე! ლოდები! - დაჭრილივით
დაიღრიალა, გადავარდა ცხენიდან, დიდი ლოდი დასძრა და ქვევით
დააგორა.
დაბორიალდნენ კახნი. აქ აღარ იყო გარჩევა… მეფე თუ გლეხი…
თავად-სარდალი თუ ყმა-მებრძოლი… ყველანი ლოდ-ფიქალებს
შლიდნენ ქედის ფაფარზე ან ქვევით, მოძრავ ფაფრებს შვავად და
მეწყრად აწევდნენ.
შეძლებისდაგვარად მარდად ვიდოდნენ ლეკნი. კახნი ჩამორჩნენ
თორემ, კახური ქვა თავდაღმართში მალე სწვდა მტრის ლაშქარს. ისევ
ყველაფერი აირია და ამოძრავდა… ქვა და ცხენი, ყიჟინა და ხრიალი.
შვავის გრუხუნი და ვაი კვნესა. დიდი ზიანი ჰქონდათ ლეკთა. მაგრამ
ალექსანდრემ იცოდა, რომ ეს უძლურების სიბრაზე იყო… ყოველივე

311
ამაოდ ქმნილი… ზურგში დაშენილი ქვა და ღორღი წინ ვერ
დახვდებოდა მტრის ლაშქარს. ხოლო ბარში გაჭრილი მტერი ძეგამსაც
აიკლებდა და ზურგშიაც ჩასცხებდა შერმაზან სარდლის ლაშქარს.
გველცეცხლი ეტაკა მეფეს, თითქმის აზრი მოუსხლიტა, მზად იყო
თავადაც გადაჰყოლოდა დაგორებულ ქვებს, ოღონდ წინ
გადასდგომოდა შამხალს. ზედაც ზამბულაკების შორეულმა გრუხუნმა
ამცნო, რომ შაქ-დარუბანდის ლაშქარსაც შემოეტია შერმაზანისთვის.
დაწყებულიყო ციხე-გალავნის წინასწარ ნაზრახი მეორე ხაფანგი,
მტრის ჩასაჩეხი ბრძოლა… ვაი რომ ახლა ყველაფერი უკუღმა
გამოდიოდა!
მძიმე ლოდი თითქოს ქვევით გადააგორა, მაშ ეს რაღა აწევს გულზე
და კვინიხზე?!
- მოშალეთ ყოველი საფარი! ძეგამს ჩაასწარით! ყველა ძეგამს!
მეფეს შათირნი ეხვივნენ ირგვლივ, მაგრამ არავინ დაძრულა.
ყველაფერი ამაო იყო. ფრთები იყო საჭირო, კახთა კი მხოლოდ გულები
ჰქონდათ.
დაღესტნის ლაშქარმა კი დიდი ნამარცხით ჩაათავა ხრიოკ-ნაშვავი
და გაივაკა. აქ შემოიკრიბა შამხალმა თავისი შეთხელებული, მაგრამ
მაინც მჭიდრო სპა.
- თუ გავცდით ხაფანგს, ახლა აღარავინ გვიდგას თვით
ძეგამბაზრამდე! - გადასძახა გუნდებს და პირდაპირ ძეგამისაკენ
დასძრა ცხენი.
ხრიოკის თავზე ალექსანდრეც მოახტა საღარს.
- ყველა ძეგამისკენ! ფეხდაფეხ მაინც… ყველა! - ერთიც შესძახა და
თავადაც ნაშვავზე ჩასხლიტა ცხენი.
ახლა კი ყოველმხრივ გაიფანტნენ შათირნი. კახნი უკან დაედევნენ
მტრის დაწინაურებულ ლაშქარს.
მაგრამ უეცრად ომის ბედი კვლავ შეტრიალდა.
- შესდექით! - ალექსანდრემ ცხენს ძალუმად უგრიხა კისერი.
ადგილზე დაასო: - ვაშა, სარდალო! თამაზ ვაჩნაძე ვაშა! ომი მოიგო
მაგან!
საბედისწერო ხრიოკი ქედის დავაკებული ბოლოძირიდან სრულიად
ულოდნელად კახთა მარცხენა ფრთა გამოიშალა. წუთიც და იგი ქეშად
ლეკთა ლაშქრის მეწინავეთ ეძგერა, გაჰკვეთა და პირველ
გაცეცხლებულ ცხენ-დავლურზევე ნირი შეურია.
მარცხენა ფრთის შესამტკიცებლად გაგზავნილმა თამაზ ვაჩნაძემ რა
იხილა მტრის ლაშქრის ხრიოკზე შეჭრა, შეშფოთდა. მან იცოდა, რომ
ხრიოკს მიღმა აღარ იდგა კახთა საფარი. იაზრა, გაბედა კიდევაც და
თავისი ნებით, მეფის განკარგულების გარეშე, მარცხენა ფრთა
გააშიშვლა, დასძრა, ხრიოკ ქედს ვაკეძირებით შემოუარა და ძეგამის

312
გზისკენ გადადგა ველის საფარად. მას არცთუ დიდი გუნდი ჰყავდა,
მაგრამ რიხით მიჭრამ კვლავ დააბრუა შამხალი.
„მაშ ისევ ხაფანგში ვარ?! ისკანდერ შაითანს აქაც ჰყოლია ლაშქარი?“ -
ეს უკვე სარდლისა და ლაშქრის გულთამხნეობის ზღვარი იყო. საღი და
განჭვრეტილი ომის წარმოება, გამარჯვების მცდელობა
ძირმოკვეთილი აღმოჩნდა. უმალ ვაჟკაცობაც მოისხლიტა და მაშინვე
ყველაფერმა გაზვიადებული ხასიათი მიიღო. ქვემოდან გავეშებული
ყიჟინა და მედგარი იერიში მოსდევდა-მოიჩეხებოდა, ზემოდან კი ქვა,
ცხენი, კაცი, ზვავი თუ ზათქი ერთად ჩამოდიოდა და ვიდრე მთის
გზისაკენ თითქოს კიდევ იყო წვრილი სავალი, თავის შველისა და
გადარჩენის შიშველი ალღო-ძირი ამოქმედდა, ყველაფერს დარია
ხელი.
- მთისაკენ! მთისაკენ! თავს უშველეთ! - ესღა გადასძახა შამხალმა
თავის არეულ ლაშქარს და თავადაც კავკასიონ-დაღესტნისაკენ იბრუნა
პირი.
ალექსანდრემ ახლა მთის შემკვრელნი უფრო მარცხნივ
გადმოანაცვლა. ყველა გასწვრივი ხეობის თავები და იალაღების
პირები შეკრა. ისევ ხაფანგს შიგნით აღმოჩნდა უკვე შეკრული და
წელგატეხილი მტერი.
ქვედა საფრებში დარჩენილნი კი წილბანის მთის ძირში იხმო. ახლა
უკვე უეჭველი გამარჯვების შემდეგ ამ მთაზე უნდა აენთო - აეშვა სამი
სვეტი კვალიმსა, შერმაზან სარდლისათვის სანიშნოდ.
ალექსანდრე გაფაციცებით დაეძებდა თავის ძველ, კინაღამ
გამარჯვებულ მტერს. ბოლოს თავ-ჯგუფში შეამჩნია ქურან-თეთრონი
ცხენოსნები.
- სურხაი-შამხალი თავად! აბა ახლა კი ხელში ჩავიგდოთ უნდა!
უკანდახეული მტერი კი ჯგუფ-ჯგუფად დანაწილდა. მთა-ბუჩქნარს
შეეხიზნა. სურხაი-შამხალმა ახლა კი ალღო აუღო, ცალკე უფრო
შესძლებდა გადარჩენას. ძმას უგანა და მცირე ჯგუფით მარჯვნივ
აეკიდა იალაღის მთას. შამხლის ბედის უნებური ნაცვალი კი ხეობას
შეეხიზნა.
- ჰე, დანაწილდნენ! მით უმჯობესი… აბა, ერეკლევ, შენ იცი! შენი
ხვედრია. ყველაზე უფრო შენ გეკუთვნის შამხლის პყრობა! თეთრონს
კი გზა მიეცით!
ერეკლე, ზაზა და სხვა ახალგაზრდა თავად-აზნაურნი ურთიერთს
ეჯიბრებოდნენ და გაშმაგებით მიჰქროდნენ მთა-მთა.
ერეკლემ თეთრონს გზა მოხერხებულად მისცა. შორიახლოდან
ნატვრაც კი გაატანა მთის იქით თავის იდუმალ დანიშნულთან. ხოლო
ხეობის თავისა და იალაღის ზღვარზე, თავის ჯგუფთან ერთად გზა
უყელა ლეკთ ბელადების ჯგუფს. ჯერ თოფი დასცეს ქურანს. ცხენი

313
ყალყზე შედგა და ოთხივ ფეხით ჩაჯდა… სისხლდადენილი ტუჩი
წაჰყო აღმართში.
ერეკლეც დაქვეითდა და მისი ამალაც. ერთად ეძგერნენ, დაატყვევეს
დაცემული მხედარი.
- დაგვრჩი, შამხალო!
ტყვემ ათრთოლებული ხელით გადიძრო მუზარადი.
განცვიფრებულ ერეკლე ბატონიშვილის წინაშე მისი სასიმამრო
ელიმ-შამხალი იდგა და ჭირის ოფლში იწურებოდა.
ზედაც ალექსანდრე მეფე მოიჭრა.
- ელიმ-შამხალ?!
- ვაგლახ! მე გახლავართ, კახთ ბატონო! ალაჰმა და ჩემმა უფროსმა
ძმამ ასე ინება!
ალექსანდრემ უმალ იაზრა:
- თეთრონი არ გაუშვათ! თეთრონი! ჯილდოდ გათავადება!
- თეთრონი! თეთრონი! - ძახილი ცეცხლშენთებული პატრუქივით
ასდევდა ხეობას, იალაღებს, აღმა ლტოლვილსა და მდევრებს. მრავალი
მებრძოლისა და ახალაზნაურის ცხენი შეეწირა ამ გათავადებას. მაგრამ
უკვე გვიან იყო, იალაღებზე აჭრილი თეთრონი მალე თეთრ ნისლში
ჩაილანდა, ჩაილია და სრულიად გაუჩინარდა.
- ეს დიდი გამარჯვება მარცხად ჩამითვლია! - დავარდნილი
კილოთი წამოიძახა ალექსანდრემ, - გამაცალეთ! - მათრახის ტარით
ბედოვლათ ტყვეზე მიუჩვენა. ახლა იგი მზად იყო, თავისი ხელით
გაემათრახებინა მომავალი მძახალი.
ერეკლე ბატონიშვილმა მარქაფა ცხენი მოართვა თავის საპატიო
ტყვეს.
თავჩაქინდრული ალექსანდრე თავქვე მიჰყებოდა ხეობას. იგი აღარც
კახთა ანთებულ თვალებს ამჩნევდა, არც აქა-იქ გავარდნილ ყიჟინასა
და ჯერაც მოუთავებელ დევნას; არც გზადაგზა დაყრილ-დაჩეხილ
მთიელთ სჭვრეტდა მისი ბასრი თვალი. აღარ უსმენდა უპატრონოდ
გაჭრილ იმ საოცარ ცხენების ჭიხვინს, რომელთაც წეღან ასეთი ხრიოკი
მხედრიანად გადავლეს და უეჭველი გამარჯვება კინაღამ ხელიდან არ
წასტაცეს კახთ ბატონს.
ეს ყოველივე აღარ უღებდა კრიჭას, აღარ უხმიანებდა საბრძოლო
გულს. „კიდევ წამივიდა ეს მელაკუდა! კიდევ!.. დიდი ბრძოლა
მოვიგე… და მერმე რა? ისევ თავიდან უნდა დავიწყო თამაშა! აქ ხომ ისე
არ წყდება საქმე - ვინ გაიმარჯვებს ერთ ბრძოლაში? არა, აქ ძირიანად
უნდა შეიცვალოს საქმე, თავით ბოლომდე… თავი კი წამივიდა. დიდი
გამარჯვება დამიტოვა, მაგრამ თავად წამივიდა!“
ხეობის ბოლოში შეფენილ ტყეს ჩხრეკდნენ და ცხრილავდნენ კახნი.
აქ მრავლად შეხიზნულიყვნენ გადამთიელნი.

314
ალექსანდრეს მუდამ ეზარებოდა ტყვეების დანახვა, მათი
თვალმათხოვრობა და წელმოხრილი გლახაკობა. პირი იბრუნა, გზა და
ფიქრი განაგრძო:
- ჩემი შეცდომაა, ჩემი! ორივეს დატყვევება უნდა მებრძანებინა! ომში
ვაჯობე და ბედში მაჯობა! დახე, სად გაუმართლა?! ომშიაც ცოტას
გასწყდა… ხრიოკის წკიპზე იყო საქმე… არ გადადგომოდა თამაზი! არ
გამოეჩინა… - და ფიქრი გასწყვიტა, აღრენილ გუნებაზე ყელში უამური
სიტყვა მოადგა. - არა, მაინც როგორ გაბედა თვითნებობა? - ცხენს
ლაგამი ჩამოჰკრა, მოსწურა, აიჩქარა - არ გაებედნა, ნახავდი ძეგამის
რბევას!
ამალა ჩამორჩა, განზრახ ჩამოშორდა, შორიახლოს მოჰყვებოდა.
ყველამ იცოდა მეფის ხმამაღალი ფიქრის მოწმის შერისხულობა.
ხევის ბოლოში, ფრიალო კლდის ყურეში, თოფის დიდი ბათქი
ისმოდა. ისრების სისინიც ამჟღავნებდა ჩაჩიხულთა სიმრავლეს. აქ
ლეკთა დიდი გუნდი შეხიზნულიყო. გზამოჭრილნი და განწირულნი,
სასიკვდილო ბრძოლაში უჯდნენ ქვის ძირებს და არ ნებდებოდნენ.
- კალოს ლეწავთ? - შეეკითხა ალექსანდრე კლდის ირგვლივ
შემომდგარ კახთა და ქვევით ჩაჰყვა, პასუხსაც არ მოუცადა.
ვაკის ბუჩქნარებში ჩაქვეითებულ ლეკთა დევნა უკვე კურდღლაობას
ჰგავდა.
აქვე შემოეყარა ცხენიანად ოფლში გაწურული, ხმალსისხლიანი
თამაზ ვაჩნაძე.
- მიპატიებია თვითნებური ბრძოლის განგება! - ღჯუდ მიაძახა
ალექსანდრემ, მერმე გაეღიმა, გული გაეხსნა, - ვაშა, სარდალო! დიდი
ვაშა მითქვამს! შენია დღეის ბრძოლა! - და თითქოს ღიმილმა
ყველაფერი აახმიანა ირგვლივ, ხოლო ყველაზე უფრო, ძეგამის
მხრიდან, ქარმოტანილი მყეფარე ხმა ზამბულაკისა.
ალექსანდრეს ისევ მოუღვივდა ბრძოლის ცეცხლი.
- აქ ბოლომდე მიიყვა საქმე, მერმე იქ გელი. მე კი მარჯვენა ფრთასა
და დანარჩენთ წავიყვან… დროა, შერმაზანს ჩავეშველოთ! ხომ გესმის,
ჯაბას ზამბულაკის ხმაა.
- მესმის, მეფევ ბატონო! იქ ალბათ ციხე-გალავანთან ჩაღდება
ბრძოლა! - და თამაზმა ცხენი მოსხლიტა, ჩაუქროლა მეფეს. ცხენის
ოფლის სუნმა ნესტოები აუთამაშა ალექსანდრეს. მანაც ცალი დეზი
შემოჰკრა საღარს.
წილბანის თავზე სანიშნო კვამლის ორი სვეტი უკვე ბოლავდა. მთის
ძირას შეგროვილ მარჯვენა ფრთასა და მესანგრეებს ცხენდაცხენ
ჩაუქროლა ალექსანდრემ და ძეგამის გზაზე გრიგალივით გაიყოლა.
ნიშნად გამარჯვებისა და მაშველად დაძვრისა შერმაზან სარდლის
დასანახავად და საგულისხმოდ ახლა მესამე ბოლ-სვეტი ავარდა

315
წილბანის თავზე.

XXXII ციხე-გალავნის ბრძოლა


ჯაბა ოსტატს, როგორც თვითონ ამბობდა, არც დასცალდა თავისი
ახლახან ჩამოსხმული ზამბულაკების ხეირიანად გაცივება, რომ
მოუხდა ბრძოლაში მათი გახურება. მოსკოვურმა გამოცდილებამ
უქმად არ ჩაუარა ოსტატს. ესღა იყო, ლითონი აკლდა ჯაბას ეზოს.
სპილენძის გასაჭირი იყო კახეთში. ოქროდ ფასობდა. ფულს
ენაცვლებოდა აღებ-მიცემის დროს. ხელის მოცვლას მაინც ახერხებდა
ოსტატი. ხან გატეხილ ზარს იპოვნიდა, ხან ძველ, უვარგის სალუდე
ქვაბებს შეაგროვებდა თემებში. ხან ქართლიდან ჩამოატანინებდა
მალულად. რამდენიმე ზამბულაკი ჩამოასხა. გაიწაფა ხელი და
ლითონის დნობა-ყალიბობის ოსტატობა.
ამას წინათ კი ალექსანდრემ ორი ძველი, უვარგისი ზამბულაკი
გადასცა, ერთი თურქული, მეორე ირანული. ამ დროისათვის
ქურდიდიც ააგო ჯაბამ და ორი უცხოურისაგან - ერთი შინაური
მომსხო ზამბულაკი ჩამოასხა. სცადა - ქვასაც სტყორცნიდა და
ლითონსაც.
ომის მოლოდინში მეფის განკარგულებით ძეგამის აღმოსავლეთ
მხრის შემკვრელ ციხის გალავანში ჩადგა. აქ უკვე იყო მისივე ნახელავი
ხუთიოდ უფრო მცირე ზამბულაკი.
ალექსანდრე მეფის მიერ ნაბრძანევი ბრძოლის რიგით აქ იყო
განზრახული შექ-დარუბანდელი ფაშების ლაშქრის შემოტყუება,
ზურგის მოჭრა და ჩიხვა. შერმაზან სარდალმა გამოცდილი ციხოვანნი
და მეთოფენი ამ გალავანში ჩააყენა. ზამბულაკები, საგორავები,
მდუღარე ფისი და ნავთის მარაგი აქ მოაგროვა.
თვით ციხე-გალავანი ძეგამისა და უფადრის საკმაოდ ჩახრამულ და
დატყიანებულ მოზრდილ ღელეებს შორის ვაკეზე იდგა. გარემო
წყლით სავსე ვეებერთელა, ხანდაკი ერტყა. მის თავზე კი გორაკად
შეყრილ მიწაზე ოთხმხრივი, კოშკებით შემოსილი მაღალგალავანი
შემოსდგომოდა.
შიგ ისეთი დიდი მოედანი იყო დაცული, რომ, ციხის სასახლისა და
სხვა სათავსოების გარდა, მთელი ძეგამ-ბაზრისა და ახლომახლო
სოფლების დახიზვნა შეიძლებოდა. ხოლო შიშიანობის დროს
საერთოდ აქ იმართებოდა ბაზრობაცა და ღვთისმშობლობაც. ამ ციხის
ჩრდილო ზურგში შორიახლოს იყო ამოფარებული საყდრის უბანიც,
დიდი ბაზარიც, ბაღ-ვენახოვანი მხარეც და ზამთრის ბინებიც, ეს ციხე-
გალავანი ჰკრავდა ძეგამის სამხრეთის მისავლებსა და ალაზნიდან
ძეგამზე გავლით ფიფინეთამდე გაშვილდულ დიდ გზას.

316
ციხე-გალავნის დაცემა ძეგამ-ბაზრის სრულ დარბევას ნიშნავდა.
ალექსანდრე მეფემ კი კიწრო თათბირზე სარდლებს სულ მოკლედ
დაუგდო მკვახე სიტყვა:
- ამ ბრძოლის სარდლობას მხოლოდ შერმაზანს ვანდობ… ძეგამის
აოხრებას კი მასაც მხოლოდ ბრძოლაში დაცემულს ვაპატიებ!
ერთიც პირადად უთხრა:
- ლაშქარს ცოტას გაძლევ! მომხვდურნი მეტნი იქნებიან… შენი
მხნეობისა და ოსტატობის იმედი მაქვს… სამ კვამლის ნიშნამდე უნდა
გასძლო, ჩალიჩ-ჩალიჩით იომე… ლაშქარიც დაინდე გადამწყვეტ
ბრძოლამდე, არც სოფლებზე მიუშვა მტერი. რახან შამხალი
ჩრდილოეთიდან მოდის ძეგამზე, ფაშები სამხრეთიდან, ალაზნის
მხრივ დაგვეცემიან. ვფიქრობ, არც თავად ეცდებიან, მაგრამ არც შენ
გამოატარო ალაზნის მარცხენა ნაპირზე.
- გიშ-ალაზნის ხერთვისში მიწის ციხეში დავხვდები, სულ გაღმა
შირაქის ბიამან ადგილებზე ვატარო.
- სამწყაროსთან კი გადმოუშვი ალაზანზე, იქიდან კი ორი აღაჯაა ამ
ციხემდე… აქ დამიბი… მთის შემდეგ… თუ მშვიდობაა… თავს
დავუვლი… ერთი კვამლის სვეტიც ელისნის კოშკ-სამრეკლოდან…
მერმე კი ხმალი დავაგდოთ ნიშნად!
- ჩემზე იყოს! - ულვაშებში ჩაეცინა შერმაზანს, გადასმაც კი დააპირა,
მაგრამ ალექსანდრემ ხელი დაუჭირა და მანაც ჩაუცინა:
- ძალა ან მოთმინება თუ არ გეყო, მაშინ კი ულვაშის სახელოვნება
მოიხმარე!
მაგრამ რადგან ულვაშის სახელოვნებაზე იყო საქმე - ლაშქარი თავად
აირჩია შერმაზანმა. ქიზიყელები ითხოვა, ბოდბელის მრევლი და
სადროშო. ბარში ვაშად მისვლა თუ ცხენქვეითად უკუბრძოლა
პირშეწყობილი და მედგარი იცოდნენ. ახლა კი სწორედ ეს სჭიროდა
შერმაზანს. შუბოსნებად ფეხმარდი და ხმარიხიანი გავაზლები ირჩია,
ხოლო საფარებში და უეცარ მოისრეებად და მეთოფეებად კაკ-
ელისნელები, რომელთაც ძეგამ-ირგვლივეთის ყველა ბილიკი და
ადგილმდებარეობა შესანიშნავად იცოდნენ და როგორც ადგილის
ხალხი თავდაწერილადაც იბრძოლებდნენ.
- კარგი, წაიყვა, - დაეთანხმა ალექსანდრე, - რუსთ ელჩებიც შენთან
იქნებიან, ციხე-გალავანში დასვი მზირალებად, დაე ნახონ ჩვენი ბოლო
ბრძოლა… დავით ბატონიშვილსაც გაგაყოლებ თავისი ამალით…
გამომიჩვიე, მაგრამ არავითარი დაყვავება და მორიდება! ომან
ჩოლოყაშვილიც მასთან იქნება…
- ბატონი ბრძანდებით! მაშ ნიშანი - წილბანის თავის სამი და
ელისნის - ერთი!

317
შერმაზანმა დააწინაურა ცხენოსანნი, კაკის მისავალ გზაზედაც დასვა
მზირალნი, თუმც აქედან არ იყო მოსალოდნელი მტრის ლაშქარი.
თავად კი გიშ-ალაზნის ხერთვისში ჩაიმალა. მიწის ციხეც გაიმაგრა. ამ
გზას ვერ ასცდებოდა მტერი. აქვე უნდა გადამწყდარიყო, ალაზნის
რომელი ნაპირით დაიძრებოდა მტერი. მთელ შემდგომ ბრძოლის
მიმართება და ილეთებიც აქ უნდა ჩასკვნილიყო. მონადირეები აარჩია,
გიშის გაღმაც და ალაზნის გაღმაც ფარულ მაცნეებად გაუშვა.
კარგა ხანს ელოდა, მაგრამ მტერი არსად ჩანდა.
- არ შეიძლება არ იყვნენ სადმე!
- არა, სარდალო! არ არიან! არც გიშის გაღმა, არც ალაზნის გაღმა, არც
კაკის გზაზე! - რიგრიგობით თუ გუნდურად ეუბნებოდნენ
შემობრუნებული მაცნეები.
- რას მიჰქარავთ! თქვენს გარდა მე სხვა მაცნეებიც მყვანან… ჰოდა,
ისინი სხვას მეუბნებიან… აბა გახედეთ! - სარდალმა გიშის ჩქერისაკენ
გაახედა მაცნეთა გუნდი.
ჩქერში ღორების კოლტი დაფეთებულად გამოდიოდა. ცოტა ქვევით
ირმებიც ჩამოდგნენ წყალში… სრული სურათი განმეორდა. გუშინწინ,
კახთ გუნდები რომ ჩადგნენ ხერთვისში, ნადირი მაშინ გაღმა გაიხიზნა.
ახლა კი უფრო დამფრთხალი და შებევრებული უკან ბრუნდებოდა.
- მაშ უფრო შორიდან გვივლიან… ციხის თვალსაწიერში სულ არ
გამოვლენ! - დაასკვნა შერმაზანმა.
ყველაფერი ნათელი იყო. მაინც მას შემდეგ, რაც ალაზანზეც იწყო
მოსვლა გაღმა გამფრთხალმა ნადირმა. შერმაზანმა ცოტაც დაიცადა,
უფრო ღრმა საზვერავში გაუშვა გუნდი. თავადაც ჩააყოლა ლაშქარი
ალაზნის მარცხენა ნაპირს… ქურმუხის შესართავამდე კარგი გზა იყო.
აქ მოუვიდნენ მაცნენი, მტრის დიდი ლაშქარი უკვე
გაწინაურებულიყო, უფადარის გასწვრივ გასულიყო, ალაზნის
მოშორებით დაეცა ფარული ბანაკი. დღე ისვენებდნენ, ღამიანად
მიიწევდნენ შირაქის ღია მინდვრებით. ფარულობასაც ინარჩუნებდნენ
და მანძილსაც იმოკლებდნენ.
შერმაზან სარდალმა უმალ დასძრა მთელი ლაშქარი, უფადარში
ჩაიყვანა. მაგრამ აღარც აქ დაუდგა გული, გაშორდა ალაზანს,
სოფლების გზას აჰყვა, მაგრამ ენგიაანი და ელისენი მარჯვნივ მოიტოვა
და პირდაპირ ძეგამის გზაზე ალაზნის ფონთან გადაუდგა უკვე ღიად
მოსულ მტერს.
აქედან ძეგამამდე ორი აღაჯა თუღა იყო.
მტერი მოსვლისთანავე გაშლილი მხარით ჩადგა ალაზანში.
შერმაზანმა ცოტაოდენ აქუხა თოფი, ისრები ატყორცნინა. მაგრამ
მხარგაშლილი ბრძოლა არ მიიღო და უკან დაწია ლაშქარი. მტერიც

318
შეთამამდა და გამოღმა გამოვიდა. აქ ტყე-ბარდიანობის გამო
მხარგაშლილად ვერ ივლიდა და ძეგამის გზაზე მოიყარა თავი.
შერმაზანმა უფრო ჩაიგრიხა ულვაშები და ჰერეთის კარამდე
დაახევინა თავის ლაშქარს. აქ გზაჯვარედინზე შედგა. შიში ჰქონდა,
აღმოსავლეთისაკენ, ელისნის გზაზე, ან დასავლეთისაკენ,
ბაწარაანთუბნისაკენ არ გასულიყო ძეგამის თავდასავლელად მტერი.
თითო გუნდი თოფოსნებისა მაინც ჩააყენა საფრად მარჯვნივ თუ
მარცხნივ.
- აბა ქიზიყელნო, მოკლედ ვთქვათ: ქეში ომი, კბილგაკრული…
დახაფრვის ამბავია, კუდზე მობმის… მერმე ნახეთ ოინი! ახლა კი ცხენ-
ქვეითურად მოგვიწევს. დოგა-დოგაზე არ გადახვიდეთ… ე მაგის
დროც მოვა! ჩემზე იყოს! გასაგებია?! თქვენ კი, გზის მცველნო,
სიკვდილის უფლება გაქვთ, უკან დახევისა კი არა… მეტი რაღა
გინდათ?!
- გასაგებია! - იგრიალა ლაშქარმა, - დიდი შეღავათია!
ჰოდა, ეგრე! ვინც ვერ გაიგო, ბუკ-საყვირს უსმინოს… იწილო-
ბიწილოს ამბავს ხელ-ხმალი აუწყვეთ!
- აგრე, მაშა, სარდალო! განა იგრე მივალთ… გზის მცველები
გადადგებიან, ჩვენ კი გავეთამაშებით, მაშა! - როხროხებდა კაკა
ქედელი მეველე.
- მხოლოდ დაჭრილ-დაკოდილები არ დაუტოვოთ მტერსა…
მეხრეები დაგვაკლდება, განა! - ღიმილით გადასძახა შერმაზანამ.
- ჰოდა, მართალია. გუთნის დედად ვარგებულხარ, სარდალო!
სხვებთან ერთად ქედელებიც ხარხარებდნენ. ისინიც აქ მოხვდნენ. აქ
იყო სოფლის ახალგაზრდობაც და მოწიფულნიც. ხოსიტაც კი
გამოჰყოლოდა აღალში კეხ-უნაგირის მოხელედ. ქოხსალამურა კი
მენაღარედ და მესაყვირედ ედგათ.
აქვე იყო დავით ბატონიშვილიც, მას თან ახალგაზრდა
თავადიშვილნი და აზნაურნი ახლდნენ - მდიდრულ-კოპწიად
გამოწყობილნი და ნატიფ იარაღით აღკაზმულნი. ისინი ფრიად
გამოირჩეოდნენ სადად და ძუნწად შეაბჯრულ და აღჭურვილ
ლაშქრისაგან.
ქარაოცა მებრძოლები არ უყვარდა ომში დაბრძენებულ და
დაკაჟებულ სარდალს. ახლა მათ გადასძახა:
- თქვენ, ჭაბუკებო, ზიზილ-პიპილები მოიშორეთ… რა ომში
გამოგადგებათ? მამაპაპურად ამოიკეცეთ ჩოხის კალთები! სიკვდილის
წინაშე კი ყველანი თანასწორები ვართ!
- აგრე… სწორედ აგრე გახლავთ! სარდლის ჭირიმე! ჰოდა, არა თუ?! -
გუგუნებდნენ ლაღობის მოყვარული ქიზიყელნი.

319
დავით ბატონიშვილმა კი იწყინა ეს გაგრიული ლაყაბი, მაგრამ არა
თქვა რა. დღეს მისი პირველი ომი იყო და თუმცა ვაჟკაცობდა, მაგრამ
სადღაც გულის კუნჭულში შიშის კურდღელიც შეჰპარვოდა და ყურებს
ლურსავდა. არა, მოშიშარი არ იყო დავითი. პირიქით - ზედმეტი
ბაქიაც. მაგრამ პირველი ომი მაინც პირველია და, გარდა ამისა,
დასახიჩრების რიდი ჰქონდა საცოლე რაინდსა, ხოლო ამონიშნულ
საპატარძლოს - მუხრანბატონიანთ ქეთინოს კი ხატის სილამაზისას
ამბობდნენ.
ცხენოსნები ოთხ ფრთად დაჰყო შერმაზან სარდალმა.
- მესაყვირეთ უსმინეთ! ბუკ-მენაღარეთ! იერიშული და უკუყრისა!
ჩემი სიტყვა არის - მენაღარეთ უსმინეთ, რა ბრძოლაშიაც არ უნდა
იყოთ! თითლიბაზური ომი იქნება!
ალაზანზე გადმოსვლის შემდგომ დაწინაურდნენ შექ-დარუბანდელი
ფაშები. მაგრამ ერეთის კართან კახთა ლაშქრის დანახვაზე შედგნენ.
ჩამორჩენილთ დაელოდნენ. ფრთა და მხარი გაუწყვეს ლაშქარს.
შერმაზანი მათ თვალდასანახავში გუნდებს აბორიალებდა, თითქოს
იერიშს ამზადებდა, ნამდვილად კი დროს ეთამაშებოდა. შექ-
დარუბანდელნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კახთა მთავარი
ლაშქარი მთიდან გადმოსულთ გადაუდგებოდა. მიუხედავად ამისა,
მაინც დინჯად და ფრთხილად მოქმედებდნენ. ვიდრე სულ არ
გამოშალეს მთელი ლაშქარი ჰერეთის კართან, არ დაიძრნენ, კახთა
იერიშებს ელოდნენ. ხოლო როდესაც კახთა შიში და გაუბედაობა
შეატყვეს, მიჯრით და ნელ-ნელა დაიძრენ ძეგამისაკენ.
შერმაზანმა ძეგამ-არხის მაღალი ნაპირიდან დაზვერა მომხვდურნი.
კარგა მოზრდილი ლაშქარი ჩანდა. საფუძვლიანად, მხარგაშლილად
მიიკლაკნებოდა, შუბებითა და სხვა იარაღით აჯაგრული. თითქოს
აღლუმად ეწყობოდა.
- აბა ავშალოთ და ავღერღოთ! ფეხი ოკრობოკროდ გვაცვლევინოთ!
ვგონებ, დროა! - შერმაზანმა მთებისაკენ გაიხედა.
წილბანის მაღალზე ერთი კვამლის სვეტი იდგა. იგი ბრძოლის
წარმატებით დაწყებას ნიშნავდა.
- იერიშული, მენაღარევ! - და ბუკ-ნაღარის ხმა ველს რომ გადასწვდა,
ცხენოსანთა პირველი ფრთა ხელმარჯვნივ განის ჩირგვნარიდან
გამოუშვა. თავად უთავა. აშიშვლა ხმალი.
- აბა, გავკენწლოთ!.. გაკრულ-დავლური!
ქიზიყელნი მტრის პირველწყებას გაეკვრნენ. ირიბ-მოქნეულად
ჩამოუქროლეს, ხმალ-შუბი გაჰკრეს, მეწინავენი გადათელეს.
შექელნი შეხვდნენ. ჯერ ჩადრკნენ, მერმე უსწორეს პირი.
ნირშერეულ მეწინავეთ ახალი ძალები წამოეხმარნენ და ის იყო

320
დოგადოგა ჩეხვა დაიწყო, რომ უკვე განზე გავარდნილმა შერმაზან
სარდალმა ისევ აიმაღლა ხმა:
- კმარა! პირველჭამად ვაკმაროთ! ბუკ-საყვირი უკუყრისა!
განცვიფრებულ მტერს ცხვირწინ ჩაუქროლა და თავისი პირველი
ფრთა ბრძოლის ველს უეცრად გააცალა, შორიახლოს დააქვეითა და
ჩაასაფრა. მაგრამ მტერი არ აჰყვა. შერეული ფხა გაისწორა და ისევ
მწყობრად და გაშლილ ფრთით წამოემართა. პირველ წყება ცოტა
ამრეცილ მინდორზე რომ გამოიშალა, შერმაზანი ახლა მარცხენა,
ტყიანი გორაკის კალთაზე აიჭრა.
- ნაღარა! იერიში მეორე ფრთისა!
ახლა მარცხნიდან დაგრიალდა თქერი და ვაშა. შექელი წინმავლები
უმალ გაბრუნდნენ. კახელებმა ჩასდიეს, ვიდრე მტრის მთავარი
ლაშქარი არ წამოდგა ბრძოლაში. ველის თავში ერთი მაგარი რკენა
დატრიალდა. კახელებმა არიეს მტრის ლაშქართწყობა და უკუყრის
ბუკის ხმაზე ისევ გამობრუნდნენ. ახლა კი დევნა უყვეს შექელებმა.
ველზე გამოსდიეს. თითქმის მოსწვდნენ კიდევაც. ცხენ-ფორიაქი
შეიქნა ჩალიან-ველიანზე. შორიდან გულბრძოლას ჰგავდა, თუმც ჯერ
ერთხელაც არ გავარდნილიყო თოფი. ჯერ ხმალი იყო სრული
ფალავანი, ხმალი და ცხენი. შერმაზან შმაგივით დაჰქროდა ყველგან.
ძლივს ეწეოდნენ ამალისანნი და მენაღარენი.
ოდნავ გან-განზე მსრბოლ დავით ბატონიშვილს თავბრუ ეხვეოდა.
მას სულ არ ესმოდა - რა ხდებოდა ირგვლივ. თუმც მარტო იგი როდი
იყო გაუგებრობაში. მრავალ სხვათაც ვერ გაეგოთ, რა სურდა სარდალს.
- კაცო, ეს ომი… ბუკ-ნაღარას კვრა… ცხენების ჭენება და ხმლის
შორიდან ქნევა ყოფილა?! - ჰკვირობდა ქოხსალამურა. იგიც პირველად
იყო დიდ ომში.
- მალი გაყრისა! - სჭექა შერმაზანმა და ვიდრე ქოხსალამურას ბუკზე
გამოჰყავდა გაყრის ვიში, შერმაზანი უკვე ველის ბოლო-ვიწროში
შემაღლებაზე შევარდა, უზანგებზე ატოტვილი, ხმალს მაღლა და განზე
იქნევდა. ცხენოსანთა ფრთა უმალ მიჰყვა და წარაფოვანი გორაკის უკან
გაუჩინარდა.
ხოლო როდესაც აზვავებული მდევარი მისწვდა და ჯიქურად
მიასკდა ვიწროს, იქიდან უეცარი თოფის ბათქი გამოგრიალდა.
დარუბანდელებმა სხვა გზა ირჩიეს, წარაფოვან გორაკს თავს
დაუარეს. აქ მოისარნი დახვდათ. ახლოდან სტყორცნეს, ჩამოჰყარეს
მეწინავენი. შეაფერხეს. დარუბანდელებმა ხმლებით გაიკაფეს
წარაფები. ფრთებიც შემოუკვერცხეს, მაგრამ შიგ აღარავინ
დახვედრიათ. კახნი უკვე მიაქროლებდნენ ცხენებს. ასევე გამეორდა
ღელის პირასაც, ძეგამ-არხის მუხლთანაც და ზედ გზაზედაც.
ცხენქვეითად იბრძოდნენ კახნი. ხან ეძგერებოდნენ ცხენდაცხენ, ხან

321
ქვეითად ჩაუსაფრთებოდნენ, უყელებდნენ ვიწროში თუ ჩალიანში.
მერმე ისევ ცხენდაცხენ გაეცლებოდნენ უკან.
- ეს რა ომია? - ღვარძლიანად ჰკვირობდა დავით ბატონიშვილი, - ასე
ხომ მალე ძეგამშიაც ჩავიყვანთ მტერსა?!
ციხე-გალავანი რომ გამოჩნდა გზაზე, შერმაზანმა მესამე ფრთაც
აშალა და შეამზადა. თავად ძეგამ-არხის მაღალ ყრილზე ააჭენა
ქაფგადენილი ცხენი. თვალი გაკრა მტრის ლაშქარს.
- მაინც ნელა მოდიან… ფრთხილობენ მაინც! - ულვაშებს თუ
ჩაესაუბრა და კავკასიონისაკენ იბრუნა პირი.
ზევით ნისლი იდგა. უფრო ქვევითაც ცვალებადი ნავლი ალაგ-ალაგ
ფარავდა კალთებს და ხევებს. გამოცდილი სარდალი იქაც მძაფრ
ბრძოლას გრძნობდა. თითქოს დევნისა და რკენის გაურკვევი ხმაც
მოისმოდა. ნიშნად კი წილბანის მთაზე კვამლის სვეტი იდგა და
სასწორის აბრასავით ქანაობდა. ნიშნის მიხედვით ჯერ ადრე იყო
ელისნის კოშკ-სამრეკლოსაკენ მზერა, მაგრამ თვალი მაინც გაეპარა. იქ
უნდა გაჩენილიყო… სამი მაღლა და ერთიც იქ - მტრის ზურგში. მერმე
მისია ბრძოლა!.. ჯერ კი პირით დგას მტერი, გვიანობს. იქ - მთაში კი
ხანგრძლივი ვერ იქნება ბრძოლა. „ჯერ ჩემთვის საჭირო ადგილს ვერ
ჩავითრიე… გარს შემოვლა არ მიწყოს, ციხე-გალავანს სულ არ აუქციოს
გვერდი?!“ ცალი ულვაში ფიქრიანად ჩაკვნიტა და მესამე ფრთის
სარდალი იხმო.
- ბებურ ჩემო! მტერი უთუოდ ციხე-გალავანთან უნდა ჩავლალოთ,
ჩავიტყუოთ, ჩავიპატიჟოთ. იქ დავაბათ. მარქაფიც არ უნდა შემოიტოვო
უკან. ხედავ! - წილბანის კვალზე მიუთითა, - ჩვენც უნდა ვუჩქაროთ,
განა! აბა შენ იცი ახლა! რას იტყვი… მპირდები რასმე?
- ჯერ მედგარ ბრძოლას, მერმე ჩვენს „დამარცხებასა და შიშის ზარს“,
- ჩაეღიმა ახალგაზრდა სარდალს, - მოვალანდებ, ფრთამოტეხილ
ხოხბებივით ვაფართხალებ ჩემს ბიჭებს! ოინბაზები მყვანან!
- აგრე! - ორივ თვალით ჩაუპაჭუნა შერმაზანმა, - ჯერ
დარუბანდელებზე მიდი, უფრო თამამები არიან. ლტოლვისას კი
შექელებს ჩამოუქროლეთ. სული წასძლევთ… ჭილყვავურად
გამოვდევენ. აბა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! გაყრის ნიშანი ჩემია! -
შერმაზანმა უკვე მოსხლეტილ ბებურს მიაძახა და თავადაც ქვევით
დაიძრა. გზაზე დავით ბატონიშვილი შეეჩეხა.
- მეც გამიშვი ბებურთან! აქედან ხომ აღარ მოვიცვლით ფეხსა? აქ
დავდებთ ბრძოლას!
- არა! შენ მეოთხე ფრთასთან მიდი… სარდალს აცნობე მზადყოფნა
და ბოლომდე იმასთან დარჩი, - და რადგან ღოჯა კბილის ჩენაზე
სიფიცხის ალმური და წყენა შეატყო დავითს, დაუყვავა, - თავი ბრძოლა
მეოთხე ფრთას ექნება! აბა ბუკ-ნაღარები! იერიშისა!

322
მესამე ფრთა შერმაზანის ძალის ძირი იყო. აქ კი გულდაგული
ბრძოლა გაჩაღდა.
დარუბანდელებმა ვაშას ძახილს ალაჰის სახელი დაახვედრეს,
ტყვიას - ტყვია. მაგრამ მთავარი რიგი ისევ მაჯასა და პირშებასრულ
რკინაზე მიდგა. დოგადოგა ომი მღვრიე ტალღასავით შეიძრა და
შებორიალდა. ერთი ვეება უსახო და ულაზათო არსებასავით
დაიკლავნა, დაიღველფა… ჯერ მორგვად მოდგა, მერმე თითქოს
სახსრებად დაწყდა და ისევ ერთ ვეება კალოში შევარდნილ მორევივით
შემოტრიალდა. ხმლების ქაფი და შუბების მრავალშხეფი მოიგდო და
თითქოს ამ სისხლისა და სხეულების მორევში გავეშებული მოქიშპენი
გახელებულ ცხენებს აბანავებდნენ.
პირველდარტყმა კახელებმა საოცარ ძალისა და სიფიცხისა იცოდნენ.
მერმე კი ჩაიმარტოხელებდნენ ამოჩემებულ მეტოქეთ და დინჯ,
წინდახედულ ომს წამოიწყებდნენ ხოლმე.
ამჯერად კი ბებურ ვაჩნაძემ შესცვალა წესი.
- ბოლომდე ფიცხელი ომი! მოკლე და ფიცხელი… ძალაუზოგავი!
ალაზნისღვარული!
დარუბანდელთ შექელნი წამოეშველნენ. მაქაფ შუბოსნებსაც
შეუძახეს. მაინც ვერ გაასწორეს ბრძოლის ყადრი. მაშინ
დარუბანდელმა ფაშამ თავისი ენგიჩრები ჩამოგზავნა ხმლების
არულში.
შერმაზან სარდალი არხის მაღლობიდან დაჰყურებდა
ხმალშეტრიალებულ ველს და ორივ წარბი უთამაშებდა, თითქოს
ისინიც ებრძოდნენ ურთერთს.
ნიორხევის ბორცვთან კი მეოთხე, ბოლომარქაფა ფრთა
შეფარებულად და ცხენ-იარაღ მოზიდული იდგა, ნიშანს ელოდა.
დროშის მპყრობელს - საბა ბოდბელს ბერულ ჩოხაზე ორალი
გადაეცვა, ხოლო წელზე ხმალი შემოერტყა, იგი ორთავ ხელით
მრავალგზის ჯვარ-კურთხევით სახავდა გაშმაგებულ და ჩასისხლულ
ბრძოლის ველს. ალბათ ლოცვასაც ღაღადებდა, მაგრამ მისი ლოცვის
სუსტი ხმა რას გასწვდებოდა ომის ზათქით თავაშლილ სულიერისა და
უსულოს ხმაურს.
ყველაზე უფრო კი დავით ბატონიშვილი ღელავდა.
- მამაო! გავგზავნოთ… დაჭრილნი გამოვიყვანოთ მაინც… მე წავალ!
- შენ ჯერ არა, შვილო! ხალხი კი გაგზავნე! - ხმადაბლა, როგორც
აღსარების მიღების დროს, უბნობდა ბოდბელი.
დავითმა ვეღარ მოითმინა. ცხენი ააგდო ნიორხევის ბორცვზე. მერმე
ველი გადასერა და შერმაზანს მიეჭრა არხის თავზე.
- დროა?!

323
- არა ჯერ, - შერმაზანმა მზეს შეხედა, მერმე წილბანის მაღლობს.
ახლა კვამლის მეორე სვეტი ამოსდგომოდა პირველს. „მაშ ერთი
სვეტიღა დარჩა!“ - ხმალივით შეუფრიალა ფიქრმა.
- დროა, დრო! უჭირთ ჩვენებს! აი გახედე! - აღგზნებულად
მეტყველებდა და ხელს იშვერდა ბატონიშვილი. მას ამ ღელვაში
ზედმეტი სამკაულები უკვე ჩამოეგლიჯა და ერთიანად ტოკავდა
ცხენკაცი.
- ახლა კი დროა! მართლაც დროა! - დაასკვნა შერმაზანმა, როდესაც
შენიშნა მტრის დიდი მარქაფის ჩამოსვლა ბრძოლაში, - რადგან თავად
ფაშები ჩამობრძანდნენ, მაშ მართლაც დროა! ახლა მოგვყვებიან -
გადამწყვეტი ბრძოლა ჰგონიათ! - დავითს მოუბრუნდა შერმაზანი,
მაგრამ დავითს არაფერი გაუგია გარდა ერთი სიტყვისა.
- დროა! - ცხენი ყალყზე შეაყენა და მეოთხე ფრთისაკენ ჩააქროლა.
მანაც მიატანა და ბუკის ხმაც მოსწვდა. მაგრამ ეს რაა? არა იერიშისას
ხმიანობდა ბუკი, არამედ მალგაყრისას, უკუქცევისას!
ცხენიანად გახევდა დავითი.
ბრძოლის ველზე სწრაფი ცვლილება მოხდა. ყველაფერი ყალყზე
შედგა. ხმა-ზათქი და სხეულთ კალო ერთიც შეფუვდა და გაიბზარა,
მერმე ჯებირმორღვეულივით ერთბაშად წამოზღვავდა.
- ეს რაღაა? ღალატი თუ ლაჩრობა? - დავითმა ცხენი ბოდბელთან
მიაგდო.
- დაწყნარდი, შვილო! შერმაზანმა იცის… უკეთ იცის!
რაღა დააწყნარებს დავითს. ბატონიშვილს… უკან ერთი ციხეღა
დარჩა… ისიც ადვილად შემოსავლელი და მერმე ძეგამი! კახნი კი
თითქმის გამარჯვებული ბრძოლიდან უკან იხევენ… დამფრთხალნი…
დაგლახებულნი… დაწიოკებულ ქათმებივით თავები მხრებში და
ღლივებში ჩაურგიათ… ხელებსა და მათრახებს შერეულად
ასავსავებენ… კუდებსა და კუზებს აჩვენებენ ვიღაც ფაშებს! აღარც
ვაჟკაცობა, აღარც თავმოყვარეობა, აღარც სირცხვილი! ზედაც მაღალი,
შიშნაკრავი ძახილი ჩავარდა გაბზარულ ბრძოლაში:
- ვაიმე! გვიშველეთ! ნუ მოგვკლავთ! ევალაჰ!
ეს კი მეტისმეტი იყოო… აქ იყოს დავით ბატონიშვილი… მეფის ძე…
და იქნებ ხვალინდელი მეფე! დიახ, მეფე! ვინ იცის! და აქ კი… იგი
იხსნის, იგი! ნახონ მისი ვაჟკაცობაც.
და ცხენს დეზი ჰკრა, მებუკეს მივარდა და ვიდრე ქოხსალამურა
რაიმეს მოისაზრებდა, ბუკი გამოსტაცა.
- მე მომყევით, კახნო - და თავად ბუკი აღმართა, მაღალხმიანი
იერიშული დააქუხა. ასევე ქუხება-ქუხებით დაეშვა ბრძოლის ველზე.
მეოთხე ფრთა ნიორხევის ჩრდილობს მოსწყდა და გუგუნ-ბუბუნით
უკან გაჰყვა.

324
ბრძოლის ველზე კვლავ ყველაფერი აირია. მესამე ფრთა ახლა ისევ
მიუბრუნდა მტერს, ერთურთს შეასკდა და ფხაშერეული მტერსა და
მოყვარეს შორის გაიხირა.
დაიბნა მტერიცა და მოყვარეც. მაგრამ მტერი უფრო მრავალი და
იერიშზე მოსული იყო. მეორე ფრთის პირველდარტყმას კი ცოცხალ
ღობედ შერეული მესამე ფრთა დახვდა.
დაწინაურებული დავითი ძლივს მისწვდა პირველ მტერს და ბუკი
თავზე დააფშვნა, გადათელა და მხოლოდ მერმე მოისაზრა ხმლის
გაძრობა. მაგრამ უეცრად წინ შერმაზან ჩოლოყაშვილის ვეება,
შეფაფრული ულვაში და ელვაგაკრული თვალ-წარბი გადაეხირა.
- უკან! რას ჩადიხარ, ბატონიშვილო?
მაგრამ დავითს ღიად დარჩენილ პირიდან ღოჯა კბილი გამოსჩროდა
და მჩხავანა ვაშას გულისყური ერთიანად წაეღო. მაჩხად გაქაჩულ
თვალის უპეებში შეუპოვრობა ესახა, ხოლო მოსაზრების ნატამალი
დაჰკარგვოდა. წუთიც და იგიც მტერ-მოყვრის ორომტრიალში
შთაინთქა.
შერმაზანი ისევ ძეგამ-არხის ყრილზე შევარდა, ბრძოლის ველს
გაჰკრა თვალი. ხელიდან გასხლეტილი ჰქონდა ბრძოლის სადავე.
- რა მიყო ამ ლაწირაკმა?!
ველს კი ღმუილი ასდიოდა. ისე შეიჯორგნენ და აირივნენ სპანი, ვინ
ვის ებრძოდა, თავის გართმევის ვარაუდი აღარც კი იყო. გულშეძრული
სარდლის თვალში ბრძოლის ველი თავის ნებაზე მიშვებულ
შეტბორებულ ზვირთებად და სალტე-სალტე ჭავლებად
ტორტმანობდა. ყოვლის მაქარწყლებელ სიცარიელეს გრძნობდა
შერმაზან სარდალი. ძირითადი მაკავშირები ლანძვი ათას ხმალს რომ
მიზანშეწონილად იქნევდა, ათას შუბსა, მშვილდ-ისარსა თუ თოფს
შეწყობილად ამოქმედებდა, ახლა გაწყვეტილი იყო. სარდალი ცალკე
იყო და ბრძოლის ველი ცალკე.
და ერთიც კარგად იცოდა სარდალმა - ბრძოლის ხელახალი გაყრა
საშინელი მარცხით დამთავრდებოდა. მაგრამ ისიც შეამჩნია, ველის
გარე სერიდან ცერად წამოსული მტრის დიდი მარქაფი გზას უჭრიდა
კახთ ლაშქარსა და ციხე-გალავნის შუა ჩადგომას ლამობდა. მაშინ
მარცხი იყო უფრო უცილობელი.
- დროშა მაახლეთ… დროშა! - გასძახა შემორჩენილ შათირთ და
თავად ციხე-გალავნის გზა-მანძილს ბრძოლის თვალსაზრისით გახედა
და განჭვრიტა.
კარგა დიდი მანძილის სავალი უსწორმასწორო ველ-ტყიანსა და
ღელე-ხევების ნარევს წარმოადგენდა. მარჯვნიდან ძეგამ-არხის
თხრილი და ყრილი, ხოლო მარცხნიდან ნიორხევის ღრმა ჩახრამული
ძაბრის კიდეებივით ფარგლავდნენ, თანდათან ავიწროებდნენ ველ-

325
ტყიანს. ვიწროში კი ციხე-გალავანი ხშავდა სავალს. მის უკან იყო ამ
ციხეს ამოფარებული და გატრუნული ძეგამი.
„ციხე-გალავანში თუ შევასწარით, კიდევ გამოვაბრუნებ ბრძოლას!
კიდევ ვიღონებ რასმე!“ ახლა სარდლის ყოველი აზრი და ზრახვა
ხმლის მოქნევასავით სწრაფი და მაჭდევარი იყო.
ჰოდა, როდესაც არხის გორაკზე დროშის მპყრობელი ბოდბელი
ამოიჭრა, შერმაზან სარდალი უკვე მოდინჯებული დახვდა:
- მამაო, დროშა გაშალე! თან ეახელ და მე მომყევით! - მიაძახა და
როდესაც შეკვამლულ და შებუბუნებულ ჰაერში ბაც შინდისფერ
აბრეშუმზე ამოქარგული რქებაყრილი ჯვარ-ფარი გაიშალა, სარდალმა
მგრგვინავი ხმით ველს გადასძახა:
- სარდალწთვევისა დაჰკარით! მერმე დროშისა! დროშისა! ყველამ
ერთად!
სხვებთან ერთად ქოხსალამურაც ნაღარას ეცა და მაღალ ხმაზე
შეაგრიალა მოქნეულ ხმლებსა და მუზარადიან თავებზე. ცხენების
ფაფრებსა თუ აქლემების კუზებზე სეტყვასავით დაგორდა მრავალ
ნაღარის ზავთი და ზათქი.
ყველაზე ადრე სახესისხლიანი ბებურ ვაჩნაძე მოიჭრა. გატეხილი
მუზარადი ზურგზე კუზივით ადგა, ნახევარი ქოჩორი სისხლში
ჩაბებკილი ჰქონდა.
- სარდალო, რად შეირია ბრძოლა? - ხრინწიანად მიაძახა და ხელ-
ხმალი ბრძოლის ველისაკენ გადუქნია, - გამიშვი! ძლიერ უჭირთ
ჩვენებს!
ზედაც ზაალ ჯორჯაძემ მოაგდო შეკოჭლებული ცხენი. თავადაც
ძლივს იჯდა სწორად. შეხეულ ჯაჭვის პერანგს სისხლი წითელ
ბაღდადივით ჩამოჰყოლოდა. აქ იყო იორამ თავადიც, მოხუცი აბელი,
სხვანიც.
- დავით ბატონიშვილი კი არსად ჩანს! - წამოიძახა ბოდბელმა.
- მე ძეგამს ვიცავ და არა უგუნურ ბატონიშვილს! - თავი ვეღარ
შეიკავა შერმაზანმა, - მეტი რიხი! დროშისა! მეხის დაფდაფი! -
მენაღარეთა დასტებს გადასძახა და ჩაუქროლა.
ნაღარას ახლა დაფიც აჰყვა. ერთი წუთით დაფარა ბრძოლის
დგანდგარი და ყველას გულისყურს მისწვდა.
- დროშისა! დროშისა! ყურადღება! - გავარდა გუნდისთავთა ძახილი.
ყველამ გორაკისაკენ იბრუნა გულისყური. უზანგებზე გამოიწივნენ
მებრძოლები, დაჭრილ-დავარდნილებიც ზეწამოდგნენ.
- დროშისა! ახლაა თავი ბრძოლა! - გაჰკიოდნენ სარდლის მწეები,
ოცისთავები, გზისა და ფრთის მებრძოლები.
სარდალმა კი ორი სიტყვით ახალი მიმართება მისცა ჯერ კიდევ
შერეულ ბრძოლას:

326
- დაფდაფ-ნაღარა! დროშისა და მედგარ იერიშისა!
და ოდნავ რომ შესწორდნენ კახნი, სარდალმა ისევ შესცვალა უკვე
ხელში დაჭერილი ბრძოლის გეზი და კვალი.
- მარტო დაფდაფი! გეზი დროშისაკენ! აბა მომყევით… დროშის
ირგვლივ! - შერმაზან სარდალმა ცხენი ქვევით დასძრა.
- ჯიქურად! ყველა ერთად! მისვლა დროშისაკენ! - ყოველმხრივ
ისმოდა ხმლების რეჩხში და კრიჭაში გაცრილი ძახილი.
შერმაზანმა უკვე დინჯად მოავლო თვალი მოახლოებულ სარდლებს
და ლაშქარს. მას შემდეგ, რაც ისევ მაჯაში იგრძნო ბრძოლის ფეთქვა და
ფაფარი, ისევ აღუდგა ფიცხელი გამჭრიახობა და თვალსიჩუბინე. მას
არ გამოპარვია არც ჯაჭვის პერანგების ჭარბი სიწითლე, არც ღაწვთა
ფითრი, არც ჩალეწილი ფარ-მუზარადების სიმრავლე, არც უმხედრო
ცხენების დამფრთხალი არული, არც სხვა სისხლიანი თუ მარცხიანი
ნიშნები მძიმე ბრძოლისა.
- ზაალ, შენ გალავანში შეხვალ. ბებურ, შენ კი მარჯვენა სანგარს
მიაშურებ. ძეგამ-არხზე არავინ გადაუშვა. ცხენდაცხენ ვერ გადმოვლენ.
ქვეითები კი თქვენი ხმლისა და თოფების კერძად მომიცია!
მუზარადებიც გამოიცვალე. დაგძველებია, ვეჟო! - მიაძახა უკვე
გაწინაურებულ ბებურს, - მარცხნივ… იორამ და მეორე ფრთის
ლაშქარი წავა! ნიორხევში ჩადგებით ჩვენ თავდასავლელად, იქით თუ
დაიძრა მტრის ფრთა. არამც და არამც არ გაატაროთ… ზურგს უკან…
- დიახ ძეგამია!
- ბოლო მებრძოლებსაც შენ მოიტოვებ, ციხეში შემაყვანინე ხალხი! -
და ცხენი ბრძოლის შუაგულში, როგორც მორევში, ისე შეაგდო.
დიდი ვიწროობა და ხელჩართული ბრძოლა ვეებერთელა წნეხივით
ირგვლივ შემოადგა, ცხენ-აბჯრიანად შეატორტმანა, მაგრამ გეზი ვერ
აურია. შერმაზან სარდალმა გზა ხმლითა და ცხენის მკერდით
გაიკვლია. ბრძოლას ძირითადი მიდრეკილება კალოს პირივით
შემოუბრუნა, მარჯვენა ფრთიდან შემოვლის საშიშროებას უგანა და
უზანგებზე შემდგარმა ერთიც უწვდინა თვალი ბრძოლის ჭავლსა და
ბზრიალას.
აი ახლა ისევ მასთანაა კახთ ლაშქარი. თითოეულმა ისევ იცის - სად
არის ბრძოლის თავი, ძირი და სად არის დროშა. უკვე მარტოხელად კი
აღარ იბრძვის თავგზა აბნეული მებრძოლი, არამედ ბრძოლის ერთ
ხმალშია გაწკიპული და გაწვართული, ერთი ანთებული პატრუქი
გასდევს ყველას ნებას.
სარდალი თავის ნაშიშვლ ხმლის ვადაში გრძნობდა თითოეულ
მებრძოლს და ხმლის წვერზე მოძალადის მედგარ იერიშს. ახლა კი
მოჰყვებიან… არც აირევიან… გაცლის დროც ხომ სწორედ ახლაა…
ყველაფერი ყალიბშია გამოყვანილი… წეღან აურიეს ხელი, თორემ…

327
უმჯობესი იქნებოდა ბრძოლის გვირისტი! ახლა კი დროა…
გამჭრიახობა და ხმა-ულვაშია საქმის საბოლოო ბედისუფალი!
- აბა, ახლა კი მალი გაყრისა! სარდლებო, უთავეთ თქვენ-თქვენს
ფრთებსა და გუნდებს! დაჭრილები და ცხენგამოკლულნი
პირველყოვლისა! უკან არავინ მოგრჩეთ… ბოლომებრძოლებად თქვენ
იარეთ, სარდლის მწეებო!
როგორც პირველშეყრისას, ისე გაყრის ჟამს ახალცეცხლი გაიკიდა
ბრძოლამ, ხმალ-აბჯართა ჯახში მალგაყრის ბუკ-საყვირი ისე
გაისმოდა, როგორც აბეზარა ბუზანკლის ხმა, მაგრამ ქიზიყელნი
რამდენადაც ჯიბრია და თავისნათქვამები იყვნენ სოფელში და თემ-
ლხინში, იმდენად დამჯერნი და სარდლის სიტყვაზე თავდაწერილნი
იყვნენ ბრძოლაში.
- აბა ერთიცა… გაყრის ჟამია! ცოტა მივწიოთ მტერი. ხალვათი გზა
გვჭირდება, განა! - ფარგაუძრობლად, მკლავით სახიდან ოფლი
მოიწმინდა ქედელმა კაკამ და ცხენი წინ დასძრა, სხვებიც მიჰყვნენ.
- აბა, დაჭრილი! - მიაძახა ქვეითმა და პერანგჩახეული,
დასისხლიანებული მებრძოლი ცხენის ჯიდაოზე გადაუკიდა.
- მოიყვა! ბიჭოს, სოსია ყოფილა! არა! ოლოლე თქვენა! ჩვენი
მენახირე კიდევ გვჭირდება! - ფარიანი ხელი წელზე დაადო და გზა
გაიკაფა. ქედელები ყაყან-ყიჟინით მიჰყვნენ.
მტერი საკმაოდ გააბრუა და მოღალა შერმაზან სარდლის ამდენმა
გვირისტებმა. ზადგომა-უკუდგომამ, გაკენწვლამ, დავლურმა თუ
ცხენქვეითმა ბრძოლამ. მაგრამ ბრძოლის შერევის შემდგომ ფაშებმა
აქვე, ველზე სცადეს თავის დავლა. თანდათან წათამამდნენ და
როდესაც კახნი უკუიქცნენ, ფაშები ლაშქარ-მარქაფ-აღალიანად უკან
მიჰყვნენ.
ხელმისაწვდომში უკვე ციხე-გალავანი ჩანდა. თუმცა მათი მზერა იქ
აღარ ჩერდებოდა. ციხის იქით იყო ძეგამ-ბაზარი - ქულბაქებ-
ქარვასლიანი, საყდარ-სახლიანი, საერთოდ უკვე ადვილად
მისაწვდომი და საშოვნელი სარბევი და საალაფო.
- პირველნი შევალთ! შამხალს შევასწრებთ! ჩვენზე ადრე უნდა
გადმოსულიყო, არა გვაცნობა რა! მაგრამ ჩვენ უფრო ადრე შევალთ!
დარუბანდელმა აღარ ინება წინასწარ განზრახული, შორი შემოვლა
ციხე-გალავნისა აღარ უჩნდა საჭიროდ. თუ მაინცდამაინც ახლოც
შეიძლებოდა შემოვლა… თუ პირველმისვლით ვერ აიღებდა ციხეს…
ციხე კი მაინც ასაღები იყო… მაშინ კი მოსცემდა არზრუმელ თურქ
მეციხოვნეთ შიგ ჩასაყენებლად.
ფაშამ გაქცეული კახთა ველ-ვიწროშიც შეაყოლა თავისი ლაშქარი.
შექელებიც ასე მოიქცნენ.

328
კახნი კი ციხე-გალავნისაკენ მიერეკებოდნენ ცხენებს. იორამის ფრთა
მძიმე ბრძოლით იხევდა. ხელდინჯად იბრძოდნენ ზურგის მფარავნი,
დროს იგებდნენ, ჩამორჩენილთ შველოდნენ. დავით ბატონიშვილიც
იმათ გაიყვანეს მტრის დარევიდან.
- რა იქნა! ამდენი წაჯექუკუჯექობა? ვომობთ თუ ბურთის თამაშია? -
ცხარობდა იგი და ხმალს ზედმეტი სიფიცხით ხშირად ამაოდ იქნევდა.
ციხისთავმა ალაყაფი ღია დაახვედრა შემობრუნებულ ლაშქარს.
კარიბჭესთან გაიყარნენ სარდლები. ბოდბელი დროშითურთ და
მეოთხე ფრთის მებრძოლნი გალავანში შევიდნენ. გარეთ
განწესებულნი კი მარჯვნივ და მარცხნივ წარაფ-მაყვლიანში
მიიმალნენ და ძეგამის ახლო შემოსავლელები გაამაგრეს.
შერმაზან კარიბჭესთან ბრუნავდა და ახალბრძოლის საქმეს
არიგებდა:
- აბა, გარე სანგრებში იმაგრეთ! მალე იქნება ნიშანი! გვიან სამხრობას
არ გადააცდენს მეფე! გალავნის მაღალი კოშკი დაისვით თვალის
წამწამზე. დიდი ალი და კვამლი საერთო მისვლის ნიშანია! მერე
კამეჩებივით მივაწვეთ, ქიზიყელებო! გაღმიდან ცივ-გომბორი
გვიმზერს. მის ყვავებს მტრის ხორცს ნუ გამოვულევთ!
სიტყვის ნაწყვეტები იკარგებოდა ფლოქვების თქერის ხმაში. ველის
მიწა დგანდგარებდა, ბუქის აფრას აფუებდა.
დაჭრილები ბლომად შემოიყვან-შემოზიდეს გალავანში. ათიოდ
ტყვე-დაკოდილიც მოასწრეს და გალავნის საკნებში ჩაჰყარეს. უკვე
ზურგის მფარველნიც მოსწყდნენ მტერს და ნიორხევში გაუჩინარდნენ.
დავით ბატონიშვილი კი არსად ჩანდა.
შერმაზანი ისევ კარიბჭეში იდგა და ულვაშს აწვალებდა. ისევ
დავითი უშლიდა ხელს.
ციხის თვალსაწიერში როგორღაც უეცრად გამოჩნდნენ მტრები.
შერმაზანმა ბრაზიანად გადააფურთხა:
- მე ძეგამს ვიცავ და არა, - ლოხმად მომდგარი სიტყვა ჩაიბრუნა და
მაღლა შესძახა, - კარიბჭის თავზე შეემზადენით! მისაწვდომში რომ
გამოჩნდნენ, ზამბულაკები დასცხეთ!
გზის მოსაბრუნებში ცხენდაკოდილი მხედარი დაწინაურდა.
შერმაზანმა დავით ბატონიშვილი იცნო. მას აღარავინ ახლდა.
უკანასკნელი მეაბჯრე გზაზე გამოშლილ მტრის ჯგუფს გადაუდგა,
შეაფერხა და იქვე ჩაწვა.
დავითს ხმალი ახლა მათრახად მოენაცვლებინა და ყუით სცემდა
მკერდსისხლიან ცხენს. კიდევ რამდენიმე ნახტომი შესძლო ცხენმა და
ჩაიკეცა. მხედარმა გადმოასწრო და გალავნისაკენ გამოიქცა.
მტრის მეწინავე ჯგუფმა შუბები წამოუსწორა და ათ ნახტომში
დაეწეოდა კიდევაც, მაგრამ ჯაბას „შინაურმა“ იგრიალა და თუჯის

329
ყუმბარა პირველ ჯგუფს შუაგულში ახეთქა. გზისპირი უკვე ნიშანში
ამოღებული ჰქონდა. მას დავით ბატონიშვილი არც უცვნია, ჯაბა
მხოლოდ მტერს ხედავდა და თავის ჩამოსხმულ დიდ ზამბულაკის
კორას. პირველი ყუმბარა ბეჭედში ჩასვა. სამიოდ ცხენკაცი დაგორდა.
დანარჩენებიც გზიდან გადაცვივდნენ და პირი იბრუნეს.
- ვაშა შენს ხელსა, ოსტატო! - ასძახა კარიბჭიდან შერმაზანმა. - შენს
ხატზე უნდა ილოცოს ბედოვლათმა გადარჩენილმა! აბა, ცხენი
მიართვით ბატონიშვილს!
და როდესაც სახედაღრეჯილმა ბატონიშვილმა მორთმეული ცხენი
გალავანში შემოაჭენა, შერმაზანმა უმალ კარიბჭის ჩარაზვა ბრძანა.
მერმეღა მოუბრუნდა გადარჩენილს, მაგრამ დავითმა როგორღაც
გვერდულად ისკუპა ცხენიდან და მიწაზე აფართხალდა… კუნთები
არტახებად დაეძაბა და კრიჭაშიც დუჟი ამოადგა.
- ძირს სადგომში შეიყვანეთ! - ბრძანა შერმაზანმა და ქონგურზე
აიჭრა; ციხე-გალავნის წინ უკვე მტერი იყო ჩამომდგარი, ხოლო ჯაბას
ზამბულაკები გაავებული ნაგაზებივით ხმახრიანწიანად ყეფდნენ.
შერმაზანმა პირი იბრუნა და ახლა წილბანის მაღლობს გახედა. იქ
უკვე სამი სვეტ-ბოლქვი იდგა. სარდალმა ულვაშები შედინჯებულად
ჩამოისწორა. „ახლა მოკლე ნადიმის სამყოფი დროღა არის საჭირო და
მერმე…“ - ფიქრი აღარ დააბოლოვა შერმაზანმა და თვალი უნებურად
მომდგარ მტრის ზურგს უკან, ელისნისაკენ გაუსხლტა. მაგრამ იქ
სამოყვრო არც კვამლი იყო და არც ზათქი.
მტერმა მოსვლისთანავე იერიში დაიწყო. ჯერ ძეგამ-არხისაკენ
გაიწია, ციხის დავლა იზრახა, მაგრამ კარგად გამაგრებულ არხის პირსა
და მეთოფეებს წააწყდა. ახლა ნიორხევისაკენ გაუშვეს მზვერავ-
მარბიელი. აქ ჯერ ფლატიანი დახვდათ, მერმე ცხენუვალი ფერდო.
ზევიდან კი მეთოფენი და მოისარნი სთესავდნენ სიკვდილს.
შექ-დარუბანდის ფაშები მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ ციხის
აუღებლად ძეგამ-ბაზარს გასვლა არც ისე ადვილი იყო. ისევ ციხეს
შემოეწყვნენ აღმოსავლეთით. აღალიდან ზამბულაკები მოიზიდეს და
ჯაბას შეეჭიდნენ. მაშინ ისახელეს თავი ჯაბას ზამბულაკებმა. მაინც
„შინაური“ დაერია გარეულებს. ახლო გზაზე არ გააჭაჭანა მტერი.
მაინცადამაინც ცხენოსანთა გუნდებში შეჰქონდა დიდი ზარი და შიში.
თუჯისა ან ლოდის ყუმბარას რომ შეუგორებდა ზუზუნ-ხროტინით
თავგზა ერეოდათ ცხენებს.
ფაშებმა ოდნავ შეასვენეს მებრძოლნი. ახლებურად დააჯგუფეს და
სულ ახლო ციხე-გალავანთან საფრები დასდგეს. განზრახ ღიად
კიბეებისა და ჩელთ-პატნეზების კეთებას შეუდგნენ. თან მაძახურებიც
მიგზავნეს ციხის ალაყაფთან: „კარიბჭის ნებით გაღება“ უბრძანეს.

330
„გზისა და სიცოცხლის ჩუქება“ აღუთქვეს. მაგრამ ფაშები გრძნობდნენ,
რომ მარტო ეს ღონისძიებანი არ კმაროდა.
- როგორიც განზრახვა გვქონდა, ევალაჰ, ისე უნდა გვემოქმედნა! -
დარუბანდელი ეტყოდა შექელს.
- შორსავე… ელისუს გზით ან ბაზარაანთ მხარით რომ მოგვევლო,
ახლა ძეგამ-ბაზარს ვიქნებოდით… ჩვენ კი ამ ციხეს მივადექით, აქ
ჩამოვსდიეთ!
- არც ახლა არის გვიან… შამხალი ჯერ არსაით ჩანს! უკან ვაფრინოთ
ცხენოსანნი… შემოუვლიან… ციხეზე იერიში კი მაინც მივიტანოთ!
ასე დათათბირდნენ, აჩქარდნენ კიდევაც.
და შერმაზანმა ციხე-გალავნის მაღალი კოშკიდან როდესაც გახედა
მტრის ბანკს, შეამჩნია, საიერიშო სამზადისს ამთავრებდნენ მოსულნი.
მაგრამ ეს არ აწუხებდა სარდალს. მან ცხენოსნების მოძრაობაც
შეამჩნია.
- ეჰე, ახლა მიხვდნენ! უფრო შორიდან შემოვლა სწადთ! არა,
დრომდე უნდა დავაბა!
უმალ ომან ჩოლოყაშვილი იხმო.
ომანი - დავით ბატონიშვილის მამამტე ახლაც თავს დასტრიალებდა
გულყრა შემთხვეულ ბატონიშვილს. მოსვლისთანავე ახარა შერმაზანს:
- ახლა უკეთ არის!
- ვინ?
- დავით ბატონიშვილი!
- ჰოო! კარგი, - ხელი ჩაიქნია სარდალმა, - ახლა სხვა საქმეზე გიხმე! -
ხმას დაუწია და ულვაშები ქვევით ჩამოიფარცხა შერმაზანმა.
მალე ციხე-გალავნის კარიბჭე გაიღო და გარეთ მცირე ჯგუფი
გავიდა. ქვეითად ვიდოდნენ: ომან ჩოლოყაშვილი, ყურშიტა ჩერქეზი,
მამუკა კახნიაური. სამივეს ნიშნად ქედის მოხრისა და საზავო
წინადადებისა კისრებზე ეკიდათ ხმლები. მებუკედ ქოხსალამურა
იახლეს. ყველა შექ-დარუბანდელი ტყვეც წაიყვანეს, მძიმედ
დაჭრილებიც კი ათრევინეს ჯანმრთელებს.
ქოხსალამურა დაწინაურდა და მცირე ბუკი სავედრებლად
აადუდუნა.
მაძახურნი და მესაფრენი უმალ მოიჭრნენ, გარს შემოეხვივნენ და
სარდლებისაკენ წაიყვანეს.
ნელა, თავჩაქინდრულად ვიდოდნენ დაზავების მოციქულნი, ციხის
დესპანნი. მომხვდურთ კი პირიქით, ეჩქარებოდათ და ელაღებოდათ,
მაგრამ ომანი სულ ადინჯებდა სვლას, ფეხათრეულად ვიდოდა.
მეწინავეთ მახარობელი აფრინეს ფაშებთან. მათაც შეაჩერეს
თავდასავლელი ლაშქრის გაგზავნა და სეფე კარავში დაელოდნენ
ხმალკისერა მთხოვნელთ.

331
შეხვედრა მოკლე იყო. ქიზიყელნი ითხოვდნენ უვნებლობის
სიტყვასა და გზას ქიზიყისაკენ. ჰპირდებოდნენ ციხე-გალავნის
მოცემას, რაიც ძეგამის მოცემას ნიშნავდა. ტყვეების გათავისუფლება კი
ბრძოლის გათავებას უდრიდა.
უმალ გაგოროზდნენ ფაშები. მედიდურად გადახედეს ქედმოხრილ
მოციქულებს და კარვიდან დაითხოვეს.
- მაშ მოუგია ბრძოლა შამხალს, თუ ასეთ დაზავებაზე თანხმდებიან
კახნი! ზურგის გზები მოუჭრია!
- ქიზიყისაკენ გზა მივცეთ მაშინ?
- რასა ვკარგავთ… რაც ჩვენს ხელთა არაა, ადვილია იმის მიცემა!
- რადგან ითხოვენ, ჩვენს ხელთ ჩაითვლება!
- რადგან ჩვენს ხელთ ჩაითვლება - მაშინ მივცეთ! ოღონდ ვიჩქაროთ,
თორემ შამხლის ტურა-ძერებმა თუ წაგვასწრეს ძეგამ-ბაზარს, აღარც
წიწილი დარჩება ჩვენდა წილად!
ციხე-გალავნელები იხმეს და თანხმობა განუცხადეს. მაგრამ აქ კიდევ
მოხდა შეფერხება. ომანმა ყურშიტას უთხრა, ყურშიტამ მამუკას
დაწერილი სიგელი გააშლევინა, ქართულად წააკითხვინა, ახლა
სთარგმნა. უვნებლობის სიგელი იყო და კახ-გურჯნი თავმდაბლად,
მაგრამ მეტად ბეჯითად ფაშების ხელის მოწერასა და ბეჭდების დასმას
მოითხოვდნენ.
- მე სხვისი ქაღალდის ხელის მოწერას ვერ ვაკადრებ ჩემს
გამარჯვებულ მარჯვენას! - გაწყრა დარუბანდელი ფაშა.
- მეც ასეთი ხასიათი მჭირს… ვერც ბეჭედს დავსვამ! უფრო
მართებული იყო თქვენს სარდალს ხარკის პირობა გამოეგზავნა! - ახლა
შექელმა ფაშამ აღიმაღლა ხმა და წარბები.
ომანმა აქ დაუგო მათ ახლა ჭიანურის კაკანათი.
- ხარკის პირობაზე უარს არა ვყოფთ! თანხაც თქვენგან უნდა ითქვას
და უვნებლობაც თქვენგანვე უნდა დადასტურდეს. სხვისი ქაღალდი კი
შესაძლოა ალაჰის ენაზე დაიწეროს თქვენი გამარჯვებული
მარჯვენისათვის თქვენივ მოლას მიერ.
ფაშები უფრო გაიბადრნენ. ისევ დაითხოვეს კარვიდან კახთ
მოციქულნი.
- ჩემს ხმალს რკინის ფარი ვერ უძლებს, უვნებლობის ფარატინა რა
ბედენაა? მივცეთ! - თავაზიანად ყელს იღერებდა შექელი.
- თუკი გამოვლენ ციხიდან, ხარკსაც ახლავ გაიღებენ. ოღონდაც
მივცეთ ქაღალდის ფარატინა, მერმე შუბის წვერსა და თოფის ბეჭედს
სხვა სიგელი დავაწერინოთ! - ამო ღიმილითვე პასუხობდა
დარუბანდელი.
და მოციქულნი ხელახლად რომ იხმეს, ახლა ხარკის დიდი თანხა
დაახვედრეს გადასახდელად.

332
- მეტად მძიმეა, მაგრამ მოვახსენებთ ჩვენს სარდალს… უკეთუ
უვნებლობის სიგელს ჩავიტანთ… თანხის მოგვარება შესამჩნევად
გაადვილდება.
დარუბანდელი და შექელი კეთილი ვაჭარნი იყვნენ, ასეთი ვაჭრობა
სავსებით კანონზომიერად ჩასთვალეს. მოლა ახმობინეს „ფარატინის“
დასაწერად და ვიდრე ყველაფერს გაასრულებდნენ, საკმაო დროც
გავიდა.
უკან კახთ მოციქულნი უკვე ხმალშემორტყმულნი ბრუნდებოდნენ.
დროც გაჭიანურებული იყო, ხოლო თავდასავლელი ლაშქარი ხომ
სრულიადაც შეჩერებული.
კახთ მოციქულთ, ფაშების მეგამრიგეთა გარდა, მრავლად ყაჩაღანა
მოლაშქრებიც აედევნენ, ხორაგისა და დავლის სუნი ეკრათ, მაგრამ
ციხეში მხოლოდ კახნი შეუშვეს. დანარჩენთ კი ცხვირწინ გამოუკეტეს
კარიბჭე.
ხოლო ცოტა ხნის შემდგომ საღერღელაშლილ მომხვდურთ ლაშქრის
წინაშე გალავნიდან ორი დიდი კუკი გადმოეკიდა. თითო გოგრას
თითო გაბერილი გუდა ჰქონდა მობმული. ხელ-ხელად ფლასის ძველი
დაეგრიხათ. გოგრებზე თვალ-პირი იყო მურით ნათხიპნი. ერთს
ვაცისა, ხოლო მეორეს ყოჩის რქები ჰქონდა გაკეთებული, ხოლო
კოსროზე ერთს თუ ღამართული ჩალმა ეხვია, მეორეს კი ყიზილფესკა.
ხელში უვნებლობის სიგელის თითო ნახევი ეპყრათ.
ერთი გოგრა-გუდა დარუბანდელ ფაშას სახავდა, მეორე კი შექელს.
ასეთებად ენახა ისინი ქოხსალამურას, ამ გოგრა-კუკების ოსტატს.
უმალ შეიცნო ისინი ფაშების ლაშქარმაც. ახლო მოდგნენ მრავალნი.
გალავნის კედელზე მესაკრავენიც გადმოდგნენ და სათამაშო
დაუკრეს. თოკზე ჩამოკიდებული გოგრა-კუკები კი ხელფეხის
სავსავით აცეკვდნენ. მაშინღა გამოირკვა, რომ ერთს ცხენის ძუა ეკიდა
გუდის პოლორჭიკზე, მეორეს კი ძროხის კუდი.
მეციხოვნენი და ციხეს შეფარებული მთელი ლაშქარი გალავანზე
გამოლაგდა. სიცილ-ხარხარით გაჰყურებდნენ გამასხრებულსა და
გაბასრულ მტრის ფაშა-კუკებს.
შექ-დარუბანდელი ლაშქარიც სულ ახლო მოდგა. სანახაობა ყველას
სწადდა, ყველას ხიბლავდა. თითქოს თავისებური დროებითი
დაზავებაც კი გააჩინა ამ გალავნის თეატრონმა. არც გალავნიდან, არც
ქვევიდან აღარავინ ისროდა თოფსა თუ ისარს. თვით ჯაბამაც კი
დაადუმა თავისი ზამბულაკები. ახლა ქოხსალამურას დარი იყო. იგიც
ღიად გადმოდგა გალავანზე და მაღალი ხმით, ერთობლივ მტრისა და
მოყვარის სასმენად წაუმღერ-წაუძახა:
რისთვისა და რაზედაო,
გოგრა-გუდის ხმაზედაო…

333
ორი ფაშა აფარფაშდა
ციხე-გალავანზედაო… გოგრა-გუდა!
- გოგრა-გუდა! გოგრა-გუდა! - იგრგვინა მთელმა გალავანმა.
მტრის ბანაკშიაც შედგა რამ ღრიანცელი.
- ვინ ხართ დარდიმანდიანნი? - გოგრა-გუდებს შეეკითხა
ქოხსალამურა და მერმე შეცვლილად „გოგრულ“ ხმით თავად
გაეპასუხა, დაამღერა:
- შექელ-დარუბანდიანი!
- სწორია… აგრეა!.. ჰგვანან! ათამაშე… აფარფაშე! - გუგუნებდა
გალავანი. ქოხსალამურამ ფერხულის ხმა ააყოლა საკრავებს. მთელი
ციხე-გალავნის ლაშქრობამ ერთი ტაში და გოგრა-გუდის შეწყობილი
ძახილი გამართა. გოგრა-კუკები კი ახლა უფრო ჩქარ-ჩქარა აასავსავა და
აამღერა ქოხსალამურამ:
გოგრის თავი გვაბიაო…
ვაც-ყოჩური რქები ზედა! გოგრა-გუდა!
გუდის ტანი გვიდგიაო,
ძონძის ხელ-ფეხები ზედა! გოგრა-გუდა!
თითო კუდიც გვკიდიაო,
ჭაკისა და ძროხის ქვედა! გოგრა-გუდა!
- გოგრა-გუდა! - ბანად გუგუნებდა გალავანი და მისი ხმა რიხად და
სისვად ედებოდა ყბად აღებულ ფაშებსა და მათ მლიქვნელთ. თორემ
ისე მტრის მრავალი მებრძოლიც სიამოვნებით უმზერდა მაღალ გუჯ
გალავანზე ოინბაზურად აცეკვებულ ფაშებს!
სანახაობა უფრო გაცხოველდა, როდესაც ფაშებმა ზამბულაკები
უფრო ახლო მოადგმევინეს, თოფ-ისრის სროლა-ტყორცნაც უბრძანეს
ლაშქარს. მიზნად ყველა გალავანზე გადმოკიდებული გოგრა-გუდები
ირჩია და ყოველ მორტყმაზე სიცილ-ხარხარის ახალი ტალღა
ეუფლებოდა გალავანსა და მის მიდამოს.
შერმაზან სარდალი კი ცალი თვალით მტრის ბანაკსა და
იერიშსამზადისს ჩხიბავდა. ხოლო მეორე ელისნის მხარესაკენ ჰქონდა
მიბორკილი, და როდესაც გაცეცხლებულმა ფაშებმა ცხენოსანთა
ფრთაც გაგზავნეს თავდასავლელად და თავისი ზამბულაკებიც ციხის
კარიბჭეს დასცხეს, სწორედ მაშინ ელისნის კოშკ-სამრეკლოზე კვამლმა
თავი მორცხვად წამოჰყო, მიმოიბოლქვა და მერმე შეყუჩებულ დარში
ცას სვეტად და იმედად შეუდგა.
- ჰაი, დედასა! კელაპტარივით არ აიწვართა მადლიანი! - ღრმად
სული ამოიღო სარდალმა და საბა ბოდბელი იხმო. რუსთ ელჩებიც
მოიგონა, - აბა ახლა კი ჩვენი დარიც დგება!
ოდნავ დაასწრო მოალყეთა ბრაზის იერიშს და თავისი ნიშანი მისცა.
ციხე-გალავნის კოშკზეც ავარდა ალი. ჯაბამაც „შინაური“ დააგრუხუნა.

334
ბუკ-ნაღარამ საიერიშო დაჰკრა და ყველამ კარიბჭეს მიატანა.
გალავნის თავანიდან ყველას გაჰყვა ხალისიანი ღიმილი და
ქოხსალამურას ლექსის თუ კილოს მარცვალჟღერა.
გალავნის წინ კი უეცრივ შეიცვალა შემომტევი ლაშქრის იერი. უკან
მიჯგუფდა და თითქოს გეზიც იცვალა. მალე კი აშკარად შებრუნდა და
წასვლა იწყო.
- ჩანს, ბოლოში დაჰკრეს გველხოკერას! თავი იბრუნა… ახლა ჩვენ
დავკრათ კუდში! გადაუთარგმნე, ყურშიტავ, რუსთ მზირალთ, ახლა
ნახონ მეფისა და სარდლის თავბოლო ნაგდები ბრძოლა!
შერმაზან სარდალი კარიბჭესთან რომ ჩავიდა, საბა ბოდბელს უკვე
დროშა გაეშალა და ცხენდაცხენ გაწყობილ ლაშქარს უქადაგებდა.
ყველა გარინდებული იდგა, მაგრამ სახეებზე ეტყობოდათ, მათ
გულისყურამდე მაინცდამაინც არცთუ აღწევდა დროშისა და ჯვრის
მპყრობლის ზვიადი ლოცვა. ელისნის კოშკზე დანახული ნიშანი და,
გალავნის გარეპირზე დაკიდებული ორი ფაშის გოგრა-გუდა
გულისპრიანს სხვაგან უდრეკდა. კუკების ხუშტურით შენაპყარებს
კუკის ფაშებზე და მის ლაშქარზე მისვლა ეჩქარებოდათ.
შერმაზანმა სარდლის ქვეშეცნეული გუმანით უმალ უგრძნო
ლაშქარს დიდსაწადელი.
ბოდბელს გვერდში ამოუდგა და წასჩურჩულა:
- უმოკლე, მამაო! დავგვიანდით! - და კარიბჭე გააღებინა.
ციხისწინა ველობი უკვე დაეგდო მტერს. ჯაბა ერთხელ კიდევ
დააქუხა. „შინაური“, ქვის ყუმბარა გაქცეულ მტერს ძლივსღა მიაწია.
შერმაზანმა საერთო იერიშის ნიშანი სცა და პირველმა გაახტუნა
ცხენი ციხის ირგვლივ წყალსაცავის ჩასაშვებ ბოგაზე. ყველა მიჰყვა.
ბევრმა პირდაპირ წყალში ასკუპა ცხენი. ველობზე გამოიშალა კახთ
ლაშქარი. შერმაზანი გაქცეულ მტერს რომ მისწვდა, ერთხელაც
შემოხედა თავისიანებს. უკან მხარგაშლილ ზვავივით მოსდევდა
ლაშქარი. ძეგამ-არხის თუ ნიორხევის მხრივაც უკვე გამოდიოდნენ კახ
მეთოფენი, მოისარნი თუ შუბოსნები. ხოლო წინ ძეგამ-ალაზნის გზაზე
შორიახლოს უკვე დიდი ომის ზათქი მძვინვარებდა.
ოთხმხრივ დაჩიხული მტერი გააფთრებით იბრძოდა. ფაშებმა
როგორც კი იგრძნეს, რომ ელისნის მხრიდან თავდავლილნი არიან
კახთა მიერ, უმალ გამობრუნდნენ აღალისა და ზურგის გადასარჩენად.
ალაზნისაკენ გაჭრა იზრახეს, მაგრამ გვიან იყო.
მეფე ალექსანდრე თავად მოუძღოდა გამარჯვებულ ლაშქარს. მთის
ბრძოლაში მხოლოდ ხელმძღვანელობდა, გზასა და გეზს უსახავდა
გუნდებს… აქ კი ყველაფერი გარკვეული იყო. ელისნის მხრივ მოვლისა
და ალაზნის გზის გადაკვეთის შემდგომ ჰერეთის კარი დახშული იყო.

335
ახლა მტრის სამუსრავი ილეთიღა იყო გეზის მიმცემი, ალექსანდრეც,
ვით ერთ-ერთი დაწყურებული მებრძოლი, ისე ჩაება მხნე იერიშში.
ზურგის მომაგრების ცდაში ჩაბმულ შექდარუბანდელთ ახლა ციხე-
გალავნიდან გამომხტარი ლაშქარი დაესხა. ახლა მას შემოუბრუნდნენ
შექ-დარუბანდელნი. მაგრამ ფერდებიდანაც რომ დაჰკრეს მეთოფეთა
და შუბოსანთა, მაშინ კი სულ აებნათ თავგზა. უკვე აღარავინ იცოდა,
სად იყო ზურგი, სად ფრთა და სად პირდაპირი. ისევ ირგვლივი
ბრძოლა მოიხაზეს ფაშებმა და შამხლის მოლოდინში დიდი მხნეობა
და ხერხი ამჟღავნეს, არაფერი დაუზოგავთ, მაგრამ ნაგვიანევ
თავგანწირვას იშვიათად თუ გაუსწორებია წინასწარი დიდი შეცდომის
მარცხი.
ხოლო შამხლის მწვანე, თეთრ ახალმთვარიანი დროშა რომ დაანახეს
კახთა, მაშინ სულ დაიზაფრნენ ჩიხში ჩავარდნილი მებრძოლნი.
გამარჯვების იმედი რომ სრულიად გაუქარწყლდათ, ახლა თავის
შველას შეუდგნენ. ზოგნი ალაზანზე ეცადნენ გაჭრას, ზოგნი
ელისენისაკენ, ზოგნიც სხვა მხრივ და ყველაფერი აირია.
სადღაც, გადათქერილ მტრის შუაგულში შეეყარა ურთიერთს
ხმალსისხლიანი მეფე და სარდალი. ირგვლივ გაბასრული ჩეხვა იყო.
ისინი კი ურთიერთს ცხენდაცხენ გადაეხვივნენ და ამბორი ჰყვეს.
- გამარჯვებას მოგილოცავ, სარდალო!
- თქვენის წყალობით, მეფევ ბატონო!
და როდესაც გამარჯვებულმა და ალაფიანმა კახთ ლაშქარმა ძეგამს
მობრუნებისას ციხე-გალავანს ჩაუარა, იქ მაღლა, გალავნის გარეპირზე,
ახლა უკვე ოთხი გორგა-გუდა ეკიდა.
ახალსა და ძველ კუკებს შორის ის განსხვავება იყო, რომ ორ ახალს
გოგრები გაცლილი ჰქონდათ, ხოლო ძონძ-კონკებისა და ძუა-კუდის
ნაცვლად ძვირფასი სამოსი ეცვათ.

XXXIII მძვინვარე საფრთხე


დიდი ამბით იზეიმეს გამარჯვება.
კახთ ბატონმა უხვად დააჯილდოვა ლაშქარი. მაინც დიდი ქება-
გამოჩინება და საბოძვარი წილად ხვდა თამაზ ვაჩნაძეს, შერმაზან
ჩოლოყაშვილს, ჯაბა ოსტატსა და ქოხსალამურას. მაგრამ თავად კი
კმაყოფილი არ იყო ბრძოლის შედეგით.
- მთის აფთარს ყურ-კუდი დავაჭერით, თათ-ჭვანგები
დავუმტვრიეთ, მაგრამ თავი ვერ მოვკვეთეთ, თავი! კიდევ დაეზრდება
ბრჭყალები!
სურხაი-შამხლის ხელიდან წასვლას ნაღვლობდა ბარის ბატონი.
- ახლა მხოლოდ დიდი ბრძოლა ორგზის მოვიგეთ. შეურიგებელი
მოშურნე უფრო გავაავეთ. მაშინ კი, შამხალი ხელთ რომ გვეგდო, მთას

336
გავარიგებდით, ზურგსა და მოკავშირეს გავიჩენდით, - უხსნიდა იგი
გამარჯვების ნადიმზე დასწრებულ ბირკინს.
ნანადიმევს კი კახთ ბატონმა შექდარუბანდელ ფაშებისა და სხვა
წარჩინებულ თურქთა ნაშოვნი თავები განჯას ჩაგზავნა: „ირანის ახალ
მზესა და მბრძანებელს შაჰ-აბასს, ნიშნად თანადგომისა და საერთო
მტერთა მუსვრისა, - ფერადოვნად სწერდა მას ალექსანდრე, - რამეთუ
ოდესმე უთქვამთ, ულამაზესი და უსაყვარლესი ამ ქვეყანაზე არის
თავი - მოკვეთილი… ყველაზე უფრო საძულველ მტრისა! ამიტომაც
მოგვირთმევია“.
კახთ ბატონმა კარგად იცოდა, რომ განჯას სრულიადაც არ იყო, შაჰი,
მაგრამ დაე, ეჭვიან შაჰს ეგონოს, რომ კახთ ბატონი მუდამ ასე ახლოს
გულისხმობს ირანის ახალ მბრძანებელს. თან ესეც იცოდა, რომ
შაჰინშაჰის სახელზე ბოძებულ „ულამაზეს საჩუქრებს“ განჯის ხანი
უმალ გაგზავნიდა ირანს მით უფრო, კახთ ბატონი კვლავ
აფრთხილებდა შაჰ-აბასს თურქთა ახალი ლაშქრობის სამზადისზე
განჯისა და კახეთის წინააღმდეგ.
ლაშქრის დათხოვის შემდგომ გრემში ავიდა ალექსანდე. აქაც სრული
სიწყნარე და ზეიმგანწყობილება დახვდა. ყადორზე ვერც
გადმოსულიყვნენ ლეკნი. ანდერმან ვახახიშვილის გუნდს პირველ
მოსვლაზევე გაებრუნებინა მომხვდურნი.
ალექსანდრემ ახლა სარდლებიც დაასვენა. თავად კი ძველ საქმეებს
მიუბრუნდა. პირველყოვლისა ზოსიმე ბერდიდი იხმო.
- მოძღვარო ჩემო! რუსთ ელჩები დიდი ხანია უკან გაშვებას მთხოვენ.
ყველაფერი თავისი თვალით ვანახვე… ჩვენი ძალაცა და სისუსტეც…
თავგანწირვაცა და ვარამიც… ახლა მათი გაშვების დროა. ჩვენი
ელჩებისაც… პირველელჩად ვის მითათბირებ?
- ყაფლან ვაჩნაძეს!
- კარგია! - უმალ დაეთანხმა ალექსანდრე, - მით უფრო, რომ
საშამხლოს გზასა და საკითხს ყველაზე უკეთ იცნობს!
ზოსიმე მიხვდა, რომ ალექსანდრესაც დიდი ხანია ყაფლანი ჰყავდა
შერჩეული. მხოლოდ ამოწმებდა თავის არჩევანს. გუნებაში მოუწონა
კიდევაც სიბრძნე.
დანარჩენიც სულ მალე გარიგდა. ყველაფერი უკვე ნააზრი და
გამზადებული აღმოჩნდა.
რუსთ ელჩების ბოლო დარბაზობას ალექსანდრემ ნუგზარ
ერისთავიც დაასწრო. ხელმარჯვნივ მოისვა და ჩრდილო გზის საკითხი
ნუგზარის სახელით და სავალით მოაგვარა. ისევ არაგვსა და ხევზე
ირჩიეს უკანა გზაც.
ამჯერად ჯვარნაფიცი ხელდებულების სიგელისა და თეთრი
კეისრის სახელზე მდაბლად მირთმეული არზა-საჩუქრების გარდა,

337
ყაფლან ვაჩნაძეს აგრეთვე მიჰქონდა კახთ ბატონის პირადი საჩუქრები
და მოკითხვის ბარათი უგრძეს მოხსენებით: „მეფის
მეჯინიბეთუხუცესს, ცოლისძმასა და ნაცვალს ყაზან-აშთარხნის
სამეფოებში და მათ აქეთა ქვეყნებში, დიდ ბოიარინს ბორის
გოდუნოვს“.
ხოლო ზოსიმეს შთაგონებით ცალკევე იყო გამზადებული საფერო
საჩუქრები და ეპისტოლე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის
პატრიარქისადმი, ქრისტიან მეფე ალექსანდრესაგან და
ალავერდელისაგან წარგზავნილი.
ხელშინაურად კი ჯაბა ოსტატი თავის მხრივ სწერდა ჩოხოვს. ზაზას
არა ერთი კალამი მოაცვლევინა. ვიდრე თავისი გულითადი მოკითხვა
და გრემელი ოსტატების სალამი წვრილად არ დააწერინა ჭაბუკს. ერთი
ტიკი კახური საფერავისაც გაუგზავნა.
კახთ ბატონმა ყაფლან ვაჩნაძეს თან გააყოლა კირილე ბერი, ყურშიტა
ჩერქეზი, საბა მდივანი და შესაფერისად მხლებელ-მსახურნი, გზის
სახსარი და ცხენ-ხორაგიც ბლომად გაატანა. რუსი ელჩები ხომ
წყალობითა და საჩუქრებით აავსო.
ზაზა კი ამჯერად კახეთში დატოვა.
- ცოტა გალაღდეს მოზარდი, ახლა სპარსული და თურქული უნდა
ისწავლოს, - ასე უპასუხა ზოსიმეს, მაგრამ ზოსიმე აქაც მიუხვდა მეფეს.
ზაზა უკვე მისი პირმშოს - დაჩაგრული ერეკლეს გულის მესაიდუმლე
მეგობარი გამხდარიყო. მათ შორის ისეთი სულის ძმობა იყო
წარმოშობილი, როგორიც მხოლოდ თანატოლ და თანახვედრად
შეტრფიალებულ მოღერებულ ჭაბუკებს ახასიათებთ ხოლმე. ერეკლეს
ქორწილი კვლავ ჰაერში იყო გამოკიდებული და მამამისს გულმა ვეღარ
უქნა, შვილისათვის მეგობრული ნუგეშიც წაერთმია.
კიდევ ერთი, ძველი ელჩიონის წევრთაგანი დარჩა კახეთში. იგი კი
თავად ითხოვდა. არზებით ყველა შეაჯერა - რუსთ პირველელჩიცა და
კახთ ბატონიც.
- უკვე მოვხუცდი, დროა თბილსამყოფელიც ვნახო… რუსთ ჯარი
უჩემოდაც კარგად იბრძოლებს… თავნება კაზაკებიც მომიტევებენ. მე
კი ამაზე უმჯობეს ქვეყანას ვეღარსად ვნახავ. ამ სიბერეში და
მარტოხელობაში ერთადერთი შვილობილიც აქა მყავს. ჩემი ადგილიც
აქ არის.
და როგორც კი ორივ მხრივ დასტური მიიღო, უმალ გატეხილ ქვევრს
ეახლა და ახარა. რაღა თქმა უნდა გზად ღვინის რიგს
გულმოლხენილად და ჭაშნიკ-ჭაშნიკ ჩაუარა… ხოლო ბაზრის
ტარუღები მერმე ამბობდნენ, მათე ნოგირინის კახეთში დარჩენის
ამბავი ისე გახარებია გატეხილ ქვერს, რომ ჩაძახება-ამოძახებაში
გვერდიც კი უცვლიაო.

338
გამგზავრების წინ ალექსანდრე მეფემ როდიონ ბირკინი მარტო იხმო
და ზაზას დახმარებით დიდხანს ესაუბრა. კიდევ ერთხელ დაუდგა
თავდებად, რომ რუსთ მფარველობის მალი და სახელოვანი გამოჩენა
ყოველ ქართულ სამეფოს თუ სამთავროს პირს ჩრდილოეთისაკენ
აბრუნებინებდა.
მერმე ზაზა დაითხოვა და საიდუმლო სავალით დილეგში გაიყვანა
ბირკინი. პირველელჩი უსიტყვოდ მიხვდა, რომ ეს კახეთის მეფის
მხრივ უაღრესი ნდობის გამოხატულება იყო. ქარაგმაგახსნილად ეს
ნიშნავდა, რომ რუსთ ხელმწიფისაგან არავითარ საიდუმლოს აღარ
ჰფარავს კახთ ბატონი.
დილეგის კარის გაღებისას დავით ჯანდიერმა ფრიად გაიკვირვა,
თავიც კი ვეღარ შეიკავა:
- მეფევ ბატონო, ეს პირველი შემთხვევაა, უცხო კაცი მენახოს აქედან
მოსული!
ალექსანდრემ ხმაში ჩუმი საყვედური უგრძნო.
- არა უშავს რა, ჩემო დავით. ჩვენ ახლა დიდი და აშკარა გზა თუ
გვიხსნის და არა საიდუმლო სორო-სავალი! - სასწრაფოდ ყურშიტა
ახმობინა და თავად ელიმ-შამხლის საკანში შევიდა. რუსთ ელჩიც თან
შეიყვანა.
სწორედ ის საკანი იყო, სადაც ოდესმე მისი ძმა ქაიხოსრო, აწ
ნიკოლოზ რუსთაველ-მარტყოფელი ეპისკოპოსი მრავალ წელს იჯდა.
მაგრამ როგორ არ ჰგავდა მაშინდელ ბნელ ჯურღმულს ახლანდელი
სამყოფელი. სარკმლიდან ახლა შესანიშნავი გადასახედი იყო ქალაქზე,
მთავარანგელოზზე, დიდ სასახლეზე. საკანში მოპირკეთებული იყო,
ხალფარდაგებით მოფენილი, რბილი სავარძლითა და ქართული სკამ-
მაგიდით გაწყობილი. საპატიო პატიმრობაში ჰყავდა ალექსანდრეს
თავისი მომავალი მძახალი. სულაც არ აკადრებდა ციხეს, მაგრამ
სურხაი-შამხალი მაშინ ეჭვს აიღებდა და ელიმ-შამხალსაც ძალა
დაეკარგებოდა და მნიშვნელობაც.
სტუმარ-პატიმარი კარგ ფერზე და ჯანზე იყო. პატივი არ აკლდა და
ჰაერი. იმედი კი დიდი ჰქონდა. რუსეთ-კახეთს სურდა მისი
გაშამხლება, ეს კი ბევრს რასმე ნიშნავდა.
თარჯიმნად ყურშიტა იწვიეს.
ალექსანდრე ამ საკანში ჭადრაკის ახალ ხელს უწყობდა სურხაი-
შამხალს. ელიმ-შამხალს შუამავლად ჩაუდგა და ასეთი კვანძი შეკრა.
თერგის ციხიდან რუსნი ილაშქრებდნენ ტარკს, სურხაი-შამხლის
კრაზანების ბუდეს აიღებდნენ, სამხრეთიდან ალექსანდრეს კახნი
მისწვდებოდნენ მთასა და ორთა სურვილითა და ძალით ელიმს
გაადიდშამხლებდნენ.
ახალი შამხალი კი რუსთ მფარველობის ქვეშ შედგებოდა.

339
ასეთი საიდუმლო გეგმა შესთავაზა მოსკოვს ალექსანდრემ.
ბირკინი კმაყოფილად იშმუშნიდა ხელებს. ხელდებული კახთ
ბატონი მთის იქითაც ახალ ხელდებულებს უძებნიდა და ჰგვრიდა
თავის მაღალ ხელმდებელს. საშამხლოს ვითარება მაინც ფრიად
მომწიფებული და ადვილად მოსაგვარებელი ჩანდა.
მრავალი სხვა უფრო შორს მიმავალი, მაგრამ ჯერ მოუმწიფებელი
გეგმა ალექსანდრემ ყაფლან ვაჩნაძეს გაანდო და მათი ზეპირად
გამხელა დაავალა. ერთ-ერთი მტკივნეული და ფრთხილად მოსასინჯი
საკითხთაგანი იყო კონსტანტინეს შაჰ-აბასთან მძევლობიდან რუსთ
მეშვეობით გამოხსნა. მაგრამ ალექსანდრესაც და ყაფლანსაც კარგად
ესმოდათ, რომ ამჟამად ამაო და იქნებ მავნე ოცნებაც იყო ასეთი ცდა.
ნამარიობევს დიდი ზეიმითა და იმედებით გაისტუმრა ალექსანდრემ
რუსი ელჩები, კახ-ელჩიონიც თან გააყოლა.
ნუგზარ ერისთავმა თავად გააცილა, არაგვი და მთა გადაატარა.
ხევში შიოლა ხევისბერი შემოეგება და დარიალამდე მიაცილა. იქით კი
დიდი, საშველდაუდგომელი სიგრძის ჩრდილო გზა იწყებოდა.
ჯერ რუსთ ელჩობის კვალ-ნატერფალი არც იყო ამშრალი, რომ
განჯიდან აუგის მთხრობელი მოუვიდა ალექსანდრეს. ფარხად-ფაშა
არზრუმელი დიდი ლაშქარით მოსდგომოდა განჯას.
- ზარბაზნებით შეუდგა ციხის ნგრევას! - უთხრობდა განჯელი
შათირი. ჯავად-ხანი კი შაჰინშაჰის სახელითა და მოთხოვნით კახეთის
მფლობელისაგან სასწრაფო დახმარებას ითხოვდა განჯისა და კახეთის
კარის განუყრელობისა და უმტეხლობის განსამტკიცებლად.
ალექსანდრე მეფეს ეს განუყრელობა არაფრად ეპრიანებოდა, მაგრამ
კახეთის კარის უმტეხლობისა და განმტკიცების საქმე ყოველ მხრივ
ფრიად ცუდ გარემოებაში ექცეოდა.
თურქების შავი აჩრდილი, რომელიც სამცხეს უკვე განუყრელად
დაპატრონებოდა, ქართლ-იმერეთს სულ უფრო და უფრო სჯიჯგნიდა
და სძალავდა, ახლა კახეთსაც უშუალოდ ადგებოდა, მძვინვარე
საფრთხეს უქმნიდა.
ისევ ხმალი შეირტყა ალექსანდრემ. მაგრამ ეს კი იცოდა, რომ
თურქთა რჩეული სპა შამხალ-დაღესტნისა ან შექ-დარუბანდელი
ნარევი და თემ-თემ ძველკობურად ნაკრებ-აღჭურვილი ლაშქარი კი არ
იყო, თურქულ ზარბაზნებს კახეთის ძველი ციხე-კედლები და ჯაბას
ზამბულაკები ვერ დაუდგებოდნენ.
მაინც შეჰყარა ლაშქარი. მოსავლის გალეწვაც არ აცალა გლეხებს.
იმედის შიკრიკებიც აფრინა განჯას. გულს უკეთებდა ხანს, თორემ
ლაშქრით იქ ჩასვლა არც უზრახავს. გვიანიც იყო და მეტად
სახიფათოც.

340
ხოსროვ-ჩაუშის არგაშვება, შამხალ-დარუბანდელების კახეთზე
თავდასხმის შემდგომ ღია მტრობის საბუთად თურქებს მაინცადამაინც
არ გამოადგებოდათ. ყოველ შემთხვევაში თავსამართლებელი ჰქონდა
ალექსანდრეს. ხოლო განჯას თავისი სპით ჩასვლა დიდი
თურქეთისათვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ასეთი ღია სვლა კი
ჯერ შეუძლებელი იყო. განჯის ციხის კედლები თურქთა ზარბაზნების
მოძალებით უკვე საეჭვოდ ზანზარებდნენ და ხრიალებდნენ, ხოლო
რუსთ-კახთა ელჩები სადღაც, უსაშველოდ გაუთავებელ ჩრდილო
გზაზე ვიდოდნენ. არც შაჰ-აბასის მწე ლაშქარი იყო ახლოს.
ისევ ხორანთას ჩადგომა იზრახა.
„ირანმა თუ გაიმარჯვა, უმალ გამარჯვებულს მივეხმარები… თუ
თურქებმა და… ელჩებს მივუგზავნი… თუ დასჭირდათ - მეტი რა გზაა,
დარუბანდის გზასაც აღვუთქვამ. თუკი დამჯერდნენ ამას!“
გული გაკაწრა ამ ბოლო ფიქრმა. საყდარში წავიდა, მხოლოდ გიორგი
ბატონიშვილი იახლა. გულმოდგინედ ილოცა და შვილიც ალოცა.
და მართლაც ვიდრე მტკვარ-იორ-ალაზნის ხერთვისში ჩაიყვანდა
ლაშქარს, უკვე განჯის დაცემისა და ირანელთა დიდი მარცხის ცნობაც
მოვიდა.
„ჩვენ თავგზას რაღაც საზომი აქვს დაკარგული, კარგზე კარგს ვერ
იტყვი და ცუდზე - ცუდს. ვაისა და უის ამბავი ერთდროულად გვჭირს!
შაჰ-აბასის მეზობლობა ვერაფერი სიკეთის მომასწავებელი იყო, მაგრამ
მას ლუკმა მივეც და ჯერჯერობით მაინც გავაძღე… ეს ახალი
ფოცხვერი კი ახალ ლუკმას მომთხოვს!“ - გულჩათხრობილად
ფიქრობდა კახთ ბატონი და ფრჩხილი რომ ჩაეშლებოდა ფიქრს, მისი
სიშიშვლე შეაძრწუნებდა. ამ ლუკმაში თავის შვილებს ანგარიშობდა
გულშეძრული მამა.
- ესეც ალაზნის სასწორი! არა, არ გამოდის ერთდროულად სრულიად
ქართველობაც, კახთ მეფობაც და ოჯახის მამობაც… ერთ-ერთის
ხარჯზე ხდება ბოლოს და ბოლოს დროებითი გამორიგება! ვგონებ ორ-
ორის ხარჯზეც… ვაგლახ და ვაგლახ! - ერთდროულად სამ მდინარეს
ჩაუდუდუნებდა ალექსანდრე და ხან მტკვარზე იყო მისი ფიქრი, ხან
ალაზანზე, ხან იორზე… მაგრამ არც ერთგან არ იყო პასუხი.
განჯის მხრიდან ირანული ლაშქრის ლტოლვილნი მოაწყდნენ
კახეთს. თავად განჯელი ჯავად-ხანი შემოეხიზნა მტკვრის ჭალებს,
კახეთის მეფებატონს თავშესაფარი და შველა სთხოვა.
- ესღა აკლდა ჩვენს აფუნგულ საქმეს! - ყრუდ წამოიძახა
ალექსანდრემ.
- პირიქით, ბატონო! ფარხად-ფაშასთან პირსასწორებლად კარგი
იქნებოდა! - ჩააწვეთა ომან ჩოლოყაშვილმა.

341
ალექსანდრეს ისეთი გრძნობა წამოაცხრა, თითქოს გველმა ჩაუსისინა
ყურთან. კარგად მიუხვდა - რას სთავაზობდა ომანი, შემოხიზნული
სტუმრის ზურგზე ფონს გასვლას! აი რას! სახეზე ხელები იფარა
ალექსანდრემ. ოდესმე არც დაფიქრდებოდა მოსმით გადასჭრიდა ამ
საჭოჭმანო საკითხს. ახლა კი მამა, მეფე და ქართველი მასპინძელ-
ადამიანი ებრძოდა ურთერთს.
სამი მდინარის ხერთვისში იდგა ალექსანდრე და სამად
იბზარებოდა. „ზნეობისათვის სადღა არის აქ ადგილი? სადღა?“ -
ფიქრობდა იგი და დახუჭულ თვალებში ზოსიმეს გრძელი და თეთრი
წვერი ელანდებოდა.
- ბერდიდი მაახლეთ! - წამოიძახა და ხელი იშვა, თვალები გაახილა,
გაღმა უწვდინა… იქ ჯავად-ხანი იდგა და მის პასუხს ელოდა, - არა, არ
არის საჭირო, - ხელი ჩაიქნია ალექსანდრემ, - ნუღარ შეაწუხებთ
ზოსიმეს! - და უკვე გამოცვლილი კილოთი უბრძანა ჯანდიერს: -
ჯავად-ხანს შეხვდები, მოვაკნის ჭალაში დამალავ, კლდის საფარში…
მისი გადმოსვლა არვინ არ უნდა შეიტყოს… მე ჯერ ვერ მივიღებ!
ჯანდიერმა მტკვარში შეაგდო ცხენი. მას ხუთიოდ შერჩეული
მხლებელი მიჰყვა.
მტკვარი კი ამღვრეული დიოდა. კახელნი განაბულნი ელოდნენ
შემოსევას.
დროშის მპყრობელნი და სარდალ-მოურავნი პირდაპირ სამკალიდან
და კალოებიდან, შემწიფებულ ბაღ-ხილნარიდან თუ შეთვალულ
ვენახებიდან ჰგზავნიდნენ მეომრების ახალ-ახალ ჯგუფებს სამი
მდინარის ბანაკში. დიდი თავადები და წარჩინებული მოხელენი ცალი
ფეხით ბანაკში იყვნენ, მეორეთი კი სახიზრად ამზადებდნენ ცოლ-
შვილს. შიშიანობა და ჭორიანობა ჩავარდა ალაზნის პირზე, მერმე
მთელ ველს გაედო.
მალე მტკვრის გაღმა, გაჯა-შექის გზაზე თურქთა დიდი ლაშქარი
გამოიშალა. აქ გზა იყრებოდა. ერთი სანაოზე, ძნელ ფონს მოადგებოდა
და კახეთში გამოდიოდა. აქ კახთა მხარეზე სანაპირო კოშკი -
მტკვარსამზირი იდგა. ხოლო მეორე გზა, მტკვრის მარჯვენა ნაპირს
ჩასდევდა და კახეთის ნაკუდალის მოვლით შექ-შემახას გზას
უერთდებოდა.
განჯის აღების შემდგომ თურქთა ხელში ვარდებოდა ეს გზა, ასე რომ
მათ ახლა კახეთის გარეშეც შეეძლოთ შექ-დარუბანდში გასვლა.
მტკვრის მარცხენა ნაპირზე განაბული კახნი გულის ძგერით
უმზერდნენ, საით აიღებდნენ გეზს თურქნი. ცურვით გამოსულმა
გაღმამზირებმა ამცნეს ალექსანდრეს, რომ ათი ზარბაზანი და მრავალი
ზამბულაკი უკვე მოეტანა გაღმა ლაშქარს.
სანაოსთან და ძნელ ფონთან თურქნი შედგნენ და დაბანკდნენ.

342
მტკვარსამზირიდან ზვერავდა ალექსანდრე გაღმა ბანაკს. მის თვალს
არ გამოპარვია, რომ თურქნი ჯერ ტყეს დაერივნენ და სატივე ხეები
წამოაქციეს.
ალექსანდრე ლაშქარსაც ამზადებდა და ელჩებსაც არჩევდა, უფრო კი
ელოდა და ყოყმანობდა, რადგან არც ლაშქრობასა და არც ელჩობას არ
უჩანდა იმედის პირი.
შუადღისას გაღმიდან დაიქუხა ზარბაზანმა და ყუმბარამ
მტკვარსამზირის თავს გადაუარა. მაგრამ შემდეგმა ყუმბარებმა უკვე
ზედა მაშიყულები შეუნგრიეს კოშკს.
ალექსანდრემ ჩუმად უტია მტკვარსამზირს. ხალხიც ფარულად
გააცალა.
- მაშ ეგრე!.. არც მატყობინებს, რა სწადს?
- ელჩებს თქვენგან ელის, ბატონო! - ყრუდ მოახსენა შერმაზანმა.
- ვიცი და ვარჩევ…
ახლა კი იყო საჭირო გაიძვერა, ყოვლად გამოქნილი,
გველთევზასავით ლელვერდი და გლისპი ელჩი. ისევ ომან
ჩოლოყაშვილზე შეჩერდა. „მე ვერ მიმტრობს, საქმეს კი სხვაზე უფრო
გასჩარხავს… გაქნილობა დიდი აქვს და პატივმოყვარეობის
საშოვნელზე არც თავმოყვარეობა შეაწუხებს, შეურაცხყოფასაც სხვაზე
უფრო აიტანს, - წვლილვით ფიქრობდა ალექსანდრე და უკვე
სანახევროდ გადანგრეულ მტკვარსამზირს უმზერდა: „მიმტკიცებს,
ძალას მიმტკიცებს! ვაგლახ, ისედაც ვიცი!“
მტკვარს ზურგი შეაქცია და ბანაკიდან ომან ჩოლოყაშვილი ახმობინა.
ვიდრე ომანი ეახლებოდა, მტკვარსამზირი თითქმის მიწასთან იყო
გასწორებული.
- ეახელ ფარხად-ფაშას… გამოჰკითხე, რა სწადს? დახედე რის
შემძლეა! უომრობის პირობანი გაიგე და მისვლა-მოსვლა, ელჩობა-
თათბირებით დრო და ვითარების სრული გაგება მოგვაგებინე. გრემს
თუ მშვიდობით დავბრუნდით, მსახურთუხუცესობის სახელოსაც შენ
ჩაგაბარებ, ჩოლოყაანთ სადაო მამულსაც შენ გახვედრებ
დამსახურებით. ჯერ კი ოქროს კვერთხი მიიღე, - და მეფემ ოქროს
თავბურთიანი კვერთხი თავად ჩააბარა ნაამებ ომანს, -
სახლთუხუცესის ოქროკვერთხიანი ელჩობა დიდ პატივს დაგდებს
ფარხად-ფაშას თვალში… ახლა შენ იცი! მტკვარი თუ გადმოლახეს
თურქთა, პირველი შენი მამული აოხრდება უფადარს. აბა, ერთობლივ
კახნი შენი კვერთხისა და ხერხის შემხედვარენი ვართ, კეთილად
გაისარჯე!
და მალე მარცხენა შენაკადიდან მტკვარში მოზრდილი ტივი
ჩაცურდა. კახეთის ელჩი ომან ჩოლოყაშვილი ცხენდაცხენ იდგა ტივზე
და თავისი მცირე ამალით გაღმა ნაპირს ეშურებოდა.

343
და ვიდრე თურქთა ზარბაზნებმა არ შესწყვიტეს გუგუნი, ომანს
მაღლა აღმართული ოქროს კვერთხი არ დაუშვია.
მერმე კი ტივი მიადგა გაღმა ნაპირს.

XXXIV ამბავი ორი თავისა


ფარხად-ფაშა თურქთა ბანაკში არ აღმოჩნდა. კახთა ელჩი უპატიოდ
მიიღეს. უმალ განჯას გაგზავნეს. არც იქ დახვდნენ პატივით.
სასახლეში, სადაც ამას წინათ ჯავად-ხანი შაჰ-აბასის სახელით
გამგებლობდა, ამჯერად სახეჩოფურა და გრძელხელება ფარხად-ფაშა
ფეხმორთხმით იჯდა და გრგვინავდა.
დარბაზში თვალახვეული შეიყვანეს ომანი.
- აბა, ხოსროვ-ჩაუშ, ჯერ შენი კერძია!
მოესმა თვალახვეულს და ვიღაცამ კვერთხი წასტაცა, გულშიაც ხელი
ჰკრა.
- მე ელჩად მოვსულვარ! - წამოიძახა ომანმა და თვალსახვევი
ჩამოიგდო.
- მეც ჩაუშად ვიყავი დელი ისკანდერთან გრემს!
ომანის წინ ხოსროვ-ჩაუში იდგა და მძვინვარებდა. სამაგიეროს
უხდიდა. მაღალ ტახტრევანზე კი ფარხად-ფაშას ცალი თვალი
მოეჭუტა და ყბაღიად იღიმებოდა.
- მე დიდებულ სარდალთან, ფარხად-ფაშასთან მოვსულვარ და არა
უსაქციელო ხოსროვ-ჩაუშთან! - ღირსებით მიუგო ომანმა და ფეხი
წარსდგა, მაგრამ ხოსროვ-ჩაუში ისევ გადაეღობა.
- ხოხვით მიგიშვებ… ფერხთით! - შესძახა მან და წვერში ხელი
წაავლო. აქეთ-იქიდან ჩაფრები ეკვეთნენ და მუხლის თავებზე
დააგდეს. მაგრამ ომანი არ დაიბნა.
- ჩემი შეურაცხყოფა ფარხად-ფაშას შეურაცხყოფაა! მე მის კარზე
მოსული ელჩი ვარ და ჩემი ჭაღარა წვერი მის ულვაშსა და სახელს აბია
ამჟამად! შეურაცხყოფაც თქვენთვის გადმომილოცნია! - ომანმა ხელი
იტაცა წვერზე, მოზრდილი ბღუჯა ამოიგლიჯა და ფერხთით მიუგდო
ფარხადს. ისიც იგრძნო, რომ უზურში მოარტყა.
აღარ შეეპუა და ახლა ხოსროვ-ჩაუშს მიუბრუნდა:
- სახელდაკარგული ჩაუშის გონს მოსაყვანად კი ქართულად ასეთი
ანდაზა ითქვა: ბედაურის ვერ მომრევი უნაგირს ამაოდ
ეჯაჯგურებოდაო!
ხოსროვ-ჩაუშმა კვერთხი აღმართა დასარტყმელად, მაგრამ ფარხად-
ფაშამ წარბები შეჰკრა:
- ევალაჰ, მართალია… ააყენეთ! - ხელი აუქნია ჩაფრებს, - ხოსროვ-
ბეი, ისევ ჩაუშად გაჰყვები ამ საპატიო მოხუცს კახ ისკანდერთან… ჯერ
მუხლის თავები დაგიკოცნოს თავისი დიდებულებით, მერმე ჯავად-

344
ხანის თავი მოგართვას… მერმე ჩემს ერთადერთ სიტყვას ეტყვი -
მძევალი! ახლა კი მოვუსმინოთ, რა შემოსთვალა.
მაგრამ ახლა ომან ჩოლოყაშვილმა დაიფასა თავი.
- ახლა ვერაფერს მოგახსენებთ! ასეთი სახით ჩემს ხლებას ვერ
გაკადრებთ, დიდო სარდალო! - აშლილ წვერზე და სამოსზე მიუთითა
და უკან დადრკა. ფარხად-ფაშამაც შეიფერა პატივი.
- გააცილეთ… შესაფერისი პატივი ეცით!
და ვიდრე ომან ჩოლოყაშვილს პატივსა სცემდნენ მექისენი,
მესტუმრენი, პირისფარეშნი თუ სხვანი, მან უკვე თავისი ძველი
ნაცნობები - განჯელი სოვდაგრები, ირანელნი, სომეხნი თუ
ქართველნი, დაატრიალა და ბევრი რამ უკვე იცოდა. უმალ ფარული
მაცნე და ომანური სიტყვა აფრინა კახეთს.
„ავად მიმიღეს. ფარხად-ფაშა დარუბანდ-ტარკს მიდის შამხლის
მოწვევით, თერგზე ციხის ჩასადგმელად, რუსთ გასაძევებლად. კახეთი
გზად უნდა, ვფიქრობ, ხოსროვ-ჩაუშის ჩაგონებით, თორემ შექის გზას
ირჩევდა… ჩვენგან კი მძევალსა და ჯავად-ხანის თავს დასჯერდებოდა.
ძალა და ზარბაზნები ბლომად აქვთ. ბრძოლა ამაოა. ჩაუშად ხოსროვ
მტარვალი წამოვა, ჯერ თქვენ დასამცირებლად, მერმე კახეთის რბევის
უშუალო საბაბის მოსაპოვებლად.“
ალექსანდრე მეტად ჩააფიქრა ამ ომანურმა. ტყის კარვის კარი
გამოაღო და მტკვრის პირს მძიმედ ჩაჰყვა.
ბინდში ჩაბუბნული მტკვარი ცოცხალ არსებასავით იძროდა და
იზმორებოდა. მომდგარი უღრანი კი შავ აშიად გასდევდა მდინარის
ტანს. გაღმა, ქვევით მრავალი კოცონი ენთო და შორიდან მტკვრის
მარჯვენა ნაპირი ქვევით ჩამოვარდნილ ღამის ცას ჰგავდა. აქეთა,
მარცხენა მხარე კი პირიქით, გლოვის ბინდით იყო მოცული. აქ სადღაც
იდნენ კახნი და სევდიანად შეჰყურებდნენ ლამაზი ვარსკვლავეთის
სახით მოვლენილ უბედურებას.
ალექსანდრე ჩაჯდა მტკვრის პირას და უფიქროდ კენჭი აიღო
რიყიდან. მაინცადამაინც ორი შეხვდა. ამ თავისთავად უმნიშვნელო
შემთხვევამ შინაგან სათვალავს ამოუნიშნა რიცხვი და მტკივნეულად
განსჯილ განზრახვას დაუმთხვია. მეხსიერებაში ომანური გულის
კენჭების ჩხრეკით ისევ გადაცხრილა, გაზომ-გამოზომა, ერთ სირმაზე
ააცვა. ძირითადში თითქოს ყველაფერი გამოსდიოდა, გარდა ზნეობისა.
- ახლა რაღა საზომია?! - და ორივ კენჭი ტყუპად მტკვარში
გადაჰყარა. ოდნავ ჩაბოხებული ნაშხეფის ხმა მოისმა. ფიქრს ესეც ეყო, -
ღრმა ადგილია! - და როგორც ამ ფიქრის გაგრძელება, ჩუმად
წამოიძახა: - ორივ ერთად! ერთიმეორეს ათანაბრებს და აბათილებს…
ზნეობისათვის კი კიდევ არ რჩება არც დრო, არც საშუალება, არც
ადგილი! ღრმა მორევი ყოფილა!

345
ფიქრმა აღარ გაურკვია, რომელ მორევს გულისხმობდა, მტკვრისას
თუ ცხოვრებისას? თუ ორივეს ერთად?!
ზეწამოიჭრა, ფეხი დაჰკრა. უმალ ზურგს უკან, მუხის ჩრდილოში
მეაბჯრე აეტუზა.
- ჯანდიერი!
…და სულ მალე ორი სახეახვეული ჩრდილი ცხენდაცხენ აჰყვა
სამუხის ბილიკს. კლდის სამალავთან ჯანდიერი ჩუმად შეეხმიანა კახ
მზვერავებს და კლდის ხაროში შეატარა მეფე.
კლდესთან შეხამებულ კარს იქით სინათლით განათებული სადგომი
იყო. ალექსანდეს ჯავად-ხანი და მისი შეიხი ფეხზე ამდგარნი
შეეყარნენ. მოკლე სალამი თქვეს. არც ერთს არ უდგებოდა გული.
- ისკანდერ გურჯს დიდად დაუფასებს ყოვლისშემძლე შაჰინშაჰი
დახმარებასა და ჩემს ხსნას!
- ბედნიერი ვარ, ჩემი სიტყვა და საქმე ვანახვო ირანის მნათობს! -
ნაჩქარევად უპასუხა ალექსანდრემ და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, -
მაგრამ ბრძოლას ავი პირი უჩანს… თავად განსაჯეთ… - ალექსანდრემ
ხელები გაშალა. იგი თუმც კლდის ხაროში იჯდა, მაგრამ თვალწინ ისევ
ვარსკვლავებით მოჭედილი მტკვრის გაღმა მხარი ედგა.
„მეტად ცუდადაა საქმე, თუ ასე მოკლე სიტყვა მაკმარა პირველ
შეყრის ჟამს!“ - გაიფიქრა ჯავად-ხანმა და თავი ჩაქინდრა, მაგრამ
წყალწაღებულის ხავსს მაინც მოეკიდა:
- ვფიქრობ, შაჰინშაჰის მაშველი მალე მოვა.
- იქნებ დავაჩქაროთ მათი მოსვლა. საქმის ვითარებაც ვაუწყოთ დიდ
შაჰს! - ალექსანდრემ ჯავად-ხანის სიტყვას თავისი ნააზრის ნასკვი
გაუკეთა და გაუკვანძა, - მე გავარიგებ - ირანს უვნებლად ჩააღწიოს
ცნობის წამღებმა, - და რომ აღარც ყოყმანისა ან არჩევანის საშუალება
დარჩენოდა ჯავად-ხანს, გადაწყვეტილად დასძინა: - ახლავ თან
წავიყვან!
- დიდებული საქმეა… ოღონდ… თუკი… - ჯავად-ხანი მაინც
შეყოყმანდა.
- ეს ჩემზე იყოს… აქ დაგფარავ… მაშველის მოსვლამდე…
მოსაუბრენი ურთიერთის ფიქრებს უპასუხებდნენ - არა უშუალო
კითხვებს.
- ფარხად-ფაშას ჩემი თავი ურჩევნია განჯას…
კახთ ბატონმა ესეც გაუგო ჯავადს. ეს ნიშნავდა „ალექსანდრეს
ალბათ ჩემი თავის მიცემა ურჩევნია კახეთის აკლებას!“
მანაც კითხვა დაუპასუხა კითხვას:
- შაჰინშაჰს რომელი ურჩევნია - ეს არის მთავარი… განჯის ლაშქრის
ნარჩენის თუ სარდლის ჩაბრძანება ირანს?

346
- ლაშქარი ბევრი ჰყავს შაჰინშაჰს! - ამაყად მიუგო ხანმა. სარდლის
რჩეულობა სიტყვის გამორიცხვით აგრძნობინა კახთ ბატონს.
- სიტყვას ვდებ, თუ მიუცილებლად მომთხოვა - ნარჩენს მივცემ…
სარდალს კი მტკვრის გაღმა გავისტუმრებ მეგზურითურთ…
- შეიხ-მურად! - ახლა თავის მწერალსა და მრჩეველს მიუბრუნდა
ჯავად-ხანი, - საწერ-კალამი გაამზადე!
- თავადაც გაემზადოს… მასვე ვანდოთ შაჰინშაჰთან ხლება! -
შეფარული ბრძანების კილოთი დაასკვნა ალექსანდრემ.
- კეთილი აზრია! საღი არჩევანი!
ჯავად-ხანმა აქვე ალექსანდრეს თანდასწრებით უკარნახა შეიხ-
მურადს უმდაბლესი აჯა. რაღა თქმა უნდა, შიგ კახთ ბატონის დიდი
ქება ჩაიწერა: ირანთან თანადგომა, ომი თურქთა წინააღმდეგ. სპარსთა
მიერ საიმედო თავშესაფრის პოვნა კახთა დიდი ბატონის მაღალ
ჭერქვეშ. ბოლოს თხოვნა იყო მალმოშველებისა და საგანგებო რაყა
საჩუქრებისა კახ ისკანდერის სახელზე.
წასვლისას ალექსანდრემ თან გაიყოლა კახურ სამოსში გადაცმული
შეიხ-მურადი. თავად დაწინაურდა ჯანდიერთან ერთად.
- ახლა ყური მიგდე. მე ორ სიტყვით ვიტყვი, შენ კი ოთხი საქმე
ერთდროულად უნდა გააკეთო. ამ შეიხს ორიოდ დღით ტყეში
დამალავ. საიმედო კაცს ჩააბარე. არვინ გააკარო, მერმე ირანს
საიდუმლოდ გასაგზავნად დაგვჭირდება.
- ბრძანება თქვენია… ბელქან თუშს ჩავაბარებ!
- კარგია, - და ალექსანდრემ ახლა უფრო დაუწია ხმას, - შენ თავად
მცირე ჯგუფს შეკრავ. ყიზილბაშურ სამოსს ჩააცმევ… მტკვრის გაღმა
გახვალ… ნახიდურას უღრანში, თავქუხილასთან დაელოდები ვისმე…
ხვალ ნაშუადღევს იქ მოგივა… გასაგებია?
დავითი მოუბრუნდა თავის მეფეს და სულ ჩუმად უპასუხა:
- დიახ, მეფევ ბატონო… ჯავად-ხანი მომივა ხვალ ნაშუადღევს
თავქუხილას.
ალექსანდრეს უნებურად გაეღიმა. მიხვედრილი კაცი უყვარდა მას.
ახლა ერთი თავის ნაზრახიც გამოსცადა.
- მაშ შენ მერმეც გეცოდინება - რა მწადს, ჰა, გულთმისანო?
მაგრამ დავით ჯანდიერის გამოცდა არც ისე ადვილი იყო, მან
შესანიშნავად იცოდა, სად შეიძლებოდა მიხვედრა მეფის ზრახვებისა
და სად არა.
- არა, ბატონო, მეტი ვეღარაფერი მიფიქრია!
- იქ დაუდარაჯდებით… დღისით ფარხად-ფაშას ჩაუში და ომან
ჩოლოყაშვილი ჩამოივლიან გზად.
- ხოსროვ-ჩაუში?

347
- სწორედ იგი.. - და ალექსანდრეს ხიწვი ჩაუვარდა ხმაში, - ესეც
გასაგებია… ხოსროს კოსრო! - და ხელი ხმალივით მოიქნია ჰაერში,
მერმე სულ ახლოს მიაკრა თავისი ცხენი ჯანდიერისას, თითქმის
ყურში უჩურჩულა…
როდესაც მტკვრის პირზე გავიდნენ და გაღმა ნაპირზე მოჭედილ
ვარსკვლავებს გახედეს, ალექსანდრეს უფრო სიღრმისეულად და
მჭახედ აღმოხდა:
- არც სიტყვა გატყდეს, არც საქმე წახდეს, მწვადიც უნდა დაიწვას და
შამფურიც! - ალექსანდრემ თავისი დამბაჩა დავითს გადასცა, -
მხოლოდ ახლა ნაღდად… არა ისე, როგორც მაშინ… გახსოვს…
ოდესმე… ცარიელი სამარე?
დავითმა ხელის შეხებისთანავე იცნო. ისევ იგი - გურული ფიშტო
იყო, ოდესმე ზოსიმე ბერდიდის დასასჯელად რომ გადასცა კახთ
ბატონმა.
ამავ დროს განჯის მხრიდან მტკვრისაკენ მოიჩქაროდნენ ფარხად-
ფაშას წარმოგზავნილნი. წინ მაღალ იაბოზე აღმჯდარი ხოსროვ-ჩაუში
ამაყად ვიდოდა. ინით ნაღებ შეჟღალულ წვერს კოტიტა თითებით
ისწორებდა. ახლა კი მისი შურშესაბრუნი დროც დადგა. იცის, როგორ
დაამციროს უტიფარი კახ ისკანდერი და მისიანნი, რომელთაც ძალა არ
შესწევთ და ამაყობა კი არ დაუგდიათ. „ჰა, კარგად მოიგონა ფარხად-
ფაშამ, ხმალჩაქნეულად!“ არა, თავად ხოსროვ-ჩაუშმაც პირი აულესა ამ
ხმალს, სულ უბრალოდ ერთი სიტყვა გაასამა. მკაცრ სახეზე ღიმილი
ეპარებოდა ჩაუშს… „ჯერ მეფე-დედოფალმა მუხლზე დაჩოქილებმა
უნდა ითხოვონ პატივი ჩემგანვე… თურქთა დიდი ჩაუშის
შეურაცხყოფის გამო… მერმე კი… სხვა წვრილმანის გარდა. სამი
სიტყვა: მძევალი! ხარკი! გზა!“
იცის ჩაუშმა, რა შთაბეჭდილებასაც მოახდენს ჩაჩოქილებზე…
ამიტომ ეშურება. ომან კახთა ელჩმაც იცის, აკი ამიტომაა, ფეხები რომ
უკან რჩება, ბოლოში მოჩანჩალებს.
მართლაცდა ომანმა ყველაზე უკეთ იცოდა, რომ მარცხი აუცდენელი
იყო. ბევრი იჩალიჩა, მაგრამ ამაოდ. ფარხად-ფაშა ხოსროვ-ჩაუშს
გზავნიდა დამცირებით მონანიების დასამოწმებლად. ხოლო ფარხადი
და ხოსროვი კი არა, თვით ხონთქარი, შაჰინშაჰი და თეთრი კეისარი
თავს რომ წასდგომოდნენ ალექსანდრეს და მის ამაყ დიდებულთ,
მუხლებზე ვერ დააჩოქებდნენ. რბევა, აკლება, ფეხის მოტეხა ადვილად
შესაძლებელი იყო, მაგრამ მუხლებზე დაყენება, ისიც თავისი ნებით, კი
არა!..
„ბოლოს და ბოლოს კი არაფერია, - ფიქრობდა ომანი, - აი თავად
დიდებული, ოქროს კვერთხოსანი ელჩი, სახლთუხუცესი და
ერისთავყოფილი… ხომ იდგა მუხლებზე. მერმე რა დააკლდა? კიდევაც

348
დადგება, თუკი „მუხლზე დგომის“ შემდეგ უფრო ამაღლდება!
დიდების კიბეზე მუხლისჩოქვით უფრო ხშირად და უფრო ჩქარაც
ასულა და ადის ადამიანი!“
მაგრამ ალექსანდრე სხვა სიბრძნისაა და აკი მასაც და კახეთსაც
მარცხი ელის გარდუვალი.
ომან ჩოლოყაშვილმა ყოველ შემთხვევაში კეთილი ურთიერთობა და
ხათრიჯამობა დაამყარა ფარხად-ფაშასთან. ერთი-ორი საღი აზრიც
ჩააწვეთა სარდალს კახეთის შინა მდგომარეობასა და თავისი
„მომავლის“ შესახებ. არა, კახეთისათვის ყოველ მხრივ და
გულწრფელად გაისარჯა, კვლავაც გაისარჯება, მაგრამ თუ ვერრა
უსაშველა?! ვინღა გაუმტყუნებს, თუ მაინცდამაინც იგიც არ ჩაჰყვა
საფლავში? გარდუვალი მარცხი კი თავისი სურვილის წინააღმდეგ,
მაგრამ თავისი ფეხით მიჰყავს კახეთში.
მტკვართან დაათენდათ. ომანმა ფარულად გაიხედა გაღმა და იქ
გარდუვალი მარცხი მომხდარად იანგარიშა. არა, გულზე კი შემოაწვა,
მაგრამ ალექსანდრეს პირად მარცხად უფრო იანგარიშა იგი. მას
პირადად, მიუხედავად თავის წარჩინებისა, მაინცდამაინც არ უყვარდა
მკაცრი და მტკიცე ალექსანდრე. არ უყვარდა, როგორც თითქმის ყოველ
ერისთავყოფილს. ვერც მოურავობას ეგუებოდა და საქმის
შემობრუნების იმედიც ჯერ გადაწურული არა ჰქონდა.
არა, ალექსანდრე და მოურავობა თურქთ, რა თქმა უნდა, მაინც
ერჩია, მაგრამ თუ დამარცხება გარდუვალია, დიდმა თავადებმა იქნებ
მაინც გამოარიგონ რამე… ლუკმა გავარდეს - ჯამში ჩავარდეს!
- დღეს სიცხე ჩამოწვა და დაღლილი მგზავრები ვეებერთელა
მუხების ჩრდილებში დადგნენ, დაისვენეს. მზე რომ გადიწვერა,
გრილზე განაგრძეს გზა ნახიდურისაკენ. ირანელთა ძველ, აწ
უკაცრიელ ნაბანაკარში ათიეს ღამე და დილის ბინდბუნდშივე
დაიძრნენ. უჩქარეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრთხილეს კიდევაც
სვლას. მცველთა თავი, ახმახი და გაბედული ორუჯ-ოღლი, არა
ერთგზის ნამყოფი განჯასა და კახეთს, ტყიანში კარგად აკვლევდა
სავალს. თავქუხილას მზის ამოსვლამდე მიაღწიეს. დილაბინდის
ბურუსში ორუჯ-ოღლიმ რაღაც ინიშნა საეჭვო, ცხენს დეზი ჰკრა, წინ
გაიჭრა… მაგრამ დიდზე მოუვიდა ნახტომი. ზურგს უკან მოესმა
თოფის ხმა. ორუჯმა ციბრუტივით მოატრიალა ცხენი. თვალი შეასწრო
ხოსროვ-ჩაუშს, რომელიც მოცელილივით გადმოვარდა მაღალი
იაბოდან. ასე მხოლოდ უეცრად მოკლულნი ვარდებიან ხოლმე.
- მოჰკლეს?! - განცვიფრებულად წამოიყვირა მან და თავის მცველებს
შეუძახა. გზისპირში შერეული სროლა ატყდა, საფრებიდან
გადმოხტნენ ქვეითნი, მათ ცხენოსნებიც ულოდნელად წამოეშველნენ.

349
ყიზილბაშურმა ქუდებმა და სპარსულმა ძახილმა გაარკვია ორუჯ-
ოღლი.
- დაჰკა მაგათ! ჯავად-ხანის ტურები ყოფილან!
მაგრამ ვიდრე თავად მისწვდებოდა მომხვდურთ, მისი მცველები -
ზოგნი დავარდნენ, ზოგმაც ზურგი უჩვენა და თავს უშველა.
გაოგნებული ომან ჩოლოყაშვილი მოშორებით ხის ჩეროში იდგა და
ვერ მიმხვდარიყო, საიდან უნდა გაჩენილიყვნენ აქ ირანელნი.
„მაშველი ხომ არ მოუვიდა ჯავადს? ისე ჩასაფრებას ვით
გაჰბედავდნენ?“ ეს უკვე ახალი გარემოება იყო. მაგრამ მის გარკვევამდე
მაინც გაცლა არჩია. ცხენი უკან შემოაბრუნა. მასაც მოსწვდა ვიღაც. ის-
ის იყო ხმალი უნდა ეწვდინა, რომ მოულოდნელად გზა უტია და
გაეცალა. ომანმა მეტი აღარ აცდუნა ბედი, უკანა გზაზე გაწვართა
ცხენი. მაგრამ ახლა აქაც გაისმა თოფ-დამბაჩის ხმა და ტყიდან უკვე
კარგად გატიალებულ სახედავზე ბედაური გადმოიჭრა. მდიდრულ
აბჯარ-სამოსიანი მხედარი უნაგირზე უცნაურად ჩაზნექილიყო,
მუზარადი გადავარდნოდა, ცხენის მოღერებულ კისერზე უძლურად
ჩაეკიდნა თავი და მათრახიანი ხელი.
- ჯავად-ხანი! - იცნო ომანმა, უნებურად შესძახა.
ამ დროს ოტებული ორუჯ-ოღლიც წამოეწია ომანს. დანახვაზე და
გაგონებაზე დამბაჩა იმარჯვა და ცხენდაცხენ მიჰყვა ჯავად-ხანს. ჯერ
დამბაჩა დაახალა, მერმე მოკლეზე უყელა გამფრთხალ ბედაურს, ეკალ-
ბარდში მისჩიხა. როცა მისწვდა, ჯავად-ხანი უზანგზე თავყირა ეკიდა.
ორუჯმა კეფის თმაში სტაცა მარცხენა ხელი, ერთიც შეათვალიერა.
აბჯრის ზურგზე ჯავად-ხანს ორ ადგილას ჰქონდა ნაკრავი ტყვია.
- „ერთი ხომ ჩემია! მეორეს კი რა მნიშვნელობა აქვს?!“ - ფიქრზე
უსწრაფესად იშიშვლა ხმალი ორუჯმა და მკვდარ ხანს ერთი დაკვრით
თავი გააცალა. - დიდ საჩუქარს მივართმევ ფარხად-ფაშას! - და უკან,
თურქულ ბანაკისაკენ გაჰქუსლა.
ხოლო როდესაც თურქ მაშველნი მისწვდნენ თავქუხილას, ამ
უცნაური შეტაკების ადგილას რამდენიმე ირანელ და თურქ მცველთა
გვამებს შორის ხოსროვ-ჩაუშის გვამიც ნახეს. იმ განსხვავებით, რომ
ჯავად-ხანისა არ იყოს, არც მას აღმოაჩნდა თავი.
საქმის ასე უეცრად შებრუნებამ გაახარა და გააოცა ომანი.
„სასწაულია, სწორედ სასწაული!.. და თუ ღმერთია ამის მოქმედი,
მაშინ ალექსანდრე მეფე ზეცის მახლობელი ყოფილა!“ - ფიქრობდა
ომანი და ახალ ვითარებას აფასებდა. ახლა კი ხედავდა გამოსავალს.
უფრო მეტსაც - კახეთსაც გამოადგებოდა და თავის თავსაც. ომანი,
ორუჯ-ოღლი და სხვა გადარჩენილნი ისევ ფარხად-ფაშასთან
გამობრუნდნენ.

350
ჯავად-ხანის თავი დიდი სიამით მიიღო ფარხად-ფაშამ.
არზრუმელის ძველი მტერი იყო განჯელი. და მისმა მოკვეთილმა
თავმა სულ მალე და უმტკივნეულოდ დაავიწყა ხოსროვ-ჩაუშის უთავო
გვამი. მით უფრო, რომ იმავ დღეს ახალი ელჩი მოვიდა კახეთიდან.
ახლა გორჯასპ ენდრონიკაშვილი გამოეგზავნა ალექსანდრეს. ელჩს
კახეთში გადახვეწილ ირანელთა ასიოდე მოკვეთილი თავი მოეტანა
თურქთა სარდლისათვის.
- ჯავად-ხანი კი გამოგვექცა, თურმე თქვენსკენ მოიჩქაროდა…
ვხედავ თავად მოუტანია თქვენს ფერხთით დასაგორებლად საკუთარი
თავი… მეც მებრძოლები მოვუმატე განჯელ ხანსა და ირანელ
სარდალს!
ფარხად-ფაშა ფრიად კმაყოფილი დარჩა ამ „მებრძოლთა მომატებით“
და ალექსანდრე მეფეს მხოლოდ მძევალიღა სთხოვა ყოველ მიზეზს
გარეშე, ხოლო გზა და ხარკის სიდიდე უკვე სავაჭრო საგნად იქცა,
რამდენადაც კახნი თურმე არ უდგანან ირანელთ მხარში და პირიქით
ებრძვიან კიდევაც. ხოსროვ-ჩაუშის შეურაცხყოფა და ჯავრი კი უმალ
დაივიწყა ფაშამ. რა ფასი აქვს იმ თავის აზრსა და შეურაცხყოფას,
რომელიც არამცთუ თავის ტანს არ აბია, არამედ უგზოუკვლოდაც
დაკარგულა?
ომანი და გორჯასპი უკან გაუშვა ფარხად-ფაშამ, უხვად
დაჯილდოვებული და დაწინაურებული ორუჯ-ოღლი გააყოლა.
დიდი თათბირი აქვე მტკვრის ბანაკში მოაწყო ალექსანდრემ. ომანსა
და გორჯასპს მოუსმინეს. ორუჯ-ოღლიც იწვიეს. ფართოდ გაზომ-
გამოზომეს გაღმა-გამოღმა საქმე.
ხოსროვ-ჩაუშისა და ჯავად-ხანის ასე ბარი-ბარში დაღუპვამ სული
მოათქმევინა კახთა, მაგრამ სრული ხსნა, რა თქმა უნდა, მაინც არ იყო.
ალექსანდრეს ხომ მაინც არ ადგა საშველი. მისი ოჯახის წევრი
ბოლოს და ბოლოს მაინც უნდა შესწიროდა ამ ხსნას. კახთ ბატონი ამას
ყველაზე უკეთ ხედავდა და ყველაზე უფრო მძიმედ განიცდიდა.
- მე აღარას ვიტყვი… თუ ჩემგან არის საჭირო მსხვერპლი -
დაასკვენით! მაგრამ მერმე თქვენც ნუ დაიშურებთ მსხვერპლის
გაღებას!
გამარჯვების პირის მქონე ბრძოლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.
მაშასადამე, ერთ-ერთი ბატონიშვილის ბედი არსებითად
გადაწყვეტილი იყო. უფრო ნიშანდობლივ, გიორგი ბატონიშვილი
იდგა სამძევლოთა რიგში.
- რუსთ მეფის ხელდებული, შაჰ-აბასის მოკავშირე და მძევლის
მიმცემი… ახლა თურქთა ვით უნდა მივცე მძევალი? რა პირით უნდა
შევხედოთ ან ერთს, ან მეორეს, ან თუნდაც მესამეს?

351
ბოლო საბუთზე მისჩიხა ალექსანდრემ მძიმე პაექრობა. მაგრამ ეს
გრძნობის საბუთი იყო და არა ცივად განსჯილი საქმისა და ნამდვილი
ვითარებისა.
- მამისაგან განდგომილად… გაარშივებულად უნდა გამოვაცხადოთ
მძევლად წასული… მეტი გზა არ არის ვგონებ! - ფრთხილად გამოთქვა
აზრი გორჯასპმა.
- ეს თოთხმეტი წლის ჭაბუკი?! სრულწლოვანი მაინც იყოს! ვინ
დაგვიჯერებს?! - ერთიც წამოიძახა შინაგანად შეძრულმა მამამ.
ომან ჩოლოყაშვილს რაღაცა ენიშნა ამ მძიმე პაექრობაში.
სრულწლოვანი ბატონიშვილთაგანი ხომ მხოლოდ ერეკლე და დავითი
იყო.
დიდხანს ითათბირეს, იბჭეს, იდავეს კახთა, მაგრამ სხვა გზასაშველი
არა იყო რა. ასეც დაასკვნეს. გორჯასპის აზრზე მოდგნენ.
ომან ჩოლოყაშვილმა ითავა დანარჩენი:
- კახეთის გზაზე ხელს ავაღებინებ… დავითათბირებ ფშავ-
სარდალს… ხარკს პირად საჩუქრებზე შევაცვლევინებ…
ალექსანდრეს აღარაფერი ჰქონდა სათქმელი.
ისევ იწვიეს ორუჯ-ოღლი და მოკლე ელჩობის შემდეგ იგი და ომანი
ნავით გავიდნენ გაღმა. ისევ განჯას გაემგზავრნენ.
თავჩაქინდრულნი და ბოღმადალესილნი დადიოდნენ თავის ჩუმ
ბანაკში კახნი. მაინც ერეკლე ბატონიშვილი ხომ სიზმარეულივით
დაბორგავდა ტყეში და ვეღარავის უმზერდა თვალებში. თითქოს იგი,
სრულწლოვანი ბატონიშვილი იყო დამნაშავე თურქთა შემოსევაში ან
უწლოვანი ძმის უბედურებაში.
ალექსანდრემაც ხელი ითრია, მაგრამ საღამოს პირს ზოსიმეს
მისწერა, ყველაფერი გაუზიარა და გიორგი ბატონიშვილის მომზადება
და მოყვანა მას სთხოვა. გრემში დედოფლისათვის კი არაფერი
შეუთვლია, მას ისიც ეყოფოდა, რომ ციხე-გალავნის ბრძოლის შემდგომ
დავით ბატონიშვილი ზერა-ქვერად ავადობდა. დოსტაქრები ავ ზნესაც
კი უეჭვებდნენ მას. მალფიცხიანობა და სიანჩხლეც მოეძალა.
ალექსანდრემ დავითი მაშინვე მამამტეს - ომან ჩოლოყაშვილის
ოჯახში გაუშვა უფადარს. მყუდრო და საამო სამყოფელი იყო
დასაწყნარებლად. დავითიც წავიდა და პირს აღარავის უჩენდა. ახლაც,
მიუხედავად იმისა, რომ უფადარი მტკვრის პირიდან ერთი დღის
სავალში არც იყო, დავითი არც გამოჩენილა და მამასაც არ დაუბარებია
იგი მტკვრის ბანაკში.
როდესაც დაღამდა და მტკვარი ისევ ჩაიქუფრა, ჩაიჩრდილა და
ჩაიმურა, თავშიშველა კახთ ბატონი ისევ გავიდა მტკვრის პირას.
კოდმეზე ჩამოჯდა და შორს გახედა. მეტად შორს, რომ რაიმე დაენახა
მრუმის მეტი… ფიქრებშიც მრუმი იყო… არც თავის კახეთზე

352
ფიქრობდა, არც ახლა გასაგზავნ, უნებურად გულით რჩეულ შვილზე,
არამედ უკვე შარშანწინ გაგზავნილ კოსტალაზე. აწ ალბათ კოსტან-
მირზაზე… და სადღაც სიღრმივ გულმონარცხებული ფრიალით უფრო
ჩამურულ ფიქრებში თუ მტკვრის ტალღებზე ალაზნის ნათლიღების
ჭავლი ჭიაფრობდა და ისივ იძირებოდა.
მის მახლობლად ვიღაცამ მოკრძალებით ჩაახველა. ალექსანდრე
შეირხა.
- მოიტანე?
- დიახ, ბატონო!
და ალექსანდრეს ფერხთით რაღაც დამორგვილი დაგორდა. მან
ოდნავ, თვალის კილოებით შეხედა ხოსროვ-ჩაუშის თავს.
გაჭყლეტილი ლოკოკინასავით მიფქცვნილი, ბიბილოდაგრძელებული
ყური მოხვდა მზერაში; ცალი საყურის ნაცვლად ახლა გრძელი საბელი
ჰქონდა ჩაყრილი.
„ხოსროს კოსრო!..“ ძველბრაზიანი სიტყვა მიაწვა სასულეს, მაგრამ
უკან ჩაიბრუნა… ამ მიჯნაზე უკვე გადაბიჯებული ჰქონდა
გულვარაუდი. ახალმა სევდამ გამოუნელა ძველი სიბრაზე და
სიძულვილი.
- ჯავად… სტამბოლს წავიდა… ეს ირანს გავგზავნოთ… ასე, ჩემო
დავით… ვაგოროთ და აქეთ-იქით ვგზავნოთ მტრის თავები, ვიდრე
ჩვენ თავებსაც ვინმე არ დააგორებს და სადმე არ გაგზავნის!
ალექსანდრემ თავი იბრუნა და ისევ მტკვარს გახედა.
ზოსიმეს ბერულ ჩოხასავით გასუდრულიყო მტკვრის ტანი.
- ღმერთო ჩემო… აქ ზნეობა სად არის, სადა?!
და რადგან ღმერთი სდუმდა, ჯანდიერმა შეაწია ჩუმი სიტყვა:
- ზოსიმობა ადვილია, ალექსანდრობაა ძნელი!
კახთ ბატონი შეირხა ამ ბინდშიაც, ამ დახშულ ფიქრებშიაც ჩასწვდა
ეს საოცარი სარდალი, ქონდაბარი და ყველა საიდუმლოთა
მესაიდუმლე!
- შეიხ-მურადი სად გყავს? ხომ არაფერი იცი?
- არაფერი… სრულიად საიმედოა… ბელქან თუში ახლავს…
- ეს თავიც მას გაატანე! - დაღლილად მიუთითა და მოჭუტული
თვალები სულ დახუჭა ალექსანდრემ, - ეჰ, იქნებ იგი… ჩემზე
ბედნიერია - გულსა და ტანს აღარ აწვალებს მაინც!..

XXXV სამი მდინარის შუა


რის ვაი-ვაგლახით და გიორგი ბატონიშვილის მსხვერპლით
შეპირობებული და ძლივს დალაგებული საქმე უეცრად ისევ აირია.
ფარხად-ფაშამ თავის სადგომში იხმო ომან ჩოლოყაშვილი, მრავალი
წყალობა უყო. ბაჯაღლო ოქროს ძეწკვები და სამაჯურები მოუკითხა.

353
ხოლო თუ კახ ბატონიშვილს გაჰყვებოდა სტამბოლს, განდიდება და
მრავალსარფიანობა აღუთქვა. ხონთქრისა და საერთოდ ბრწყინვალე
პორტას შორსგამიზნული ყურადღება უწინასწარმეტყველა.
ომანმა ყური სცქვიტა - აქ ან ხაფანგი იყო, ან დიდი გამოსარჩენი.
მაგრამ ფარხად-ფაშა თავისებური სიფრთხილით აწარმოებდა საუბარს,
ალექსანდრე მეფის სასახლის კარის გარიგებასა და საერთოდ
ცხოვრებას ეხებოდა, ბატონიშვილებს, ნადიმებს, ნადირობას და
ბოლოს, სხვათა შორის, ჩაუსაუბრა:
- რა საჩუქრები ეამება ჩვენთვის სასტუმროდ გამზადებულ
ბატონიშვილს?
ფარხადს კარგად ახსოვდა სტამბოლიდან დანაბარები. „ჩვენ კახ
ბატონიშვილი არა უბრალო მძევლად, სტამბოლს განსაცხრომად
გვჭირდება, არამედ ჩვენ მომხრედ, კახეთში ჩვენს ჭკუაზე
გასამეფებლად!“
- რა საჩუქრები? გიორგი ბატონიშვილს? - და უეცრად აქ გაუელვა იმ
ზრახვამ, რომლის შესახებაც ზოგადად და უყალბოდ არაერთგზის
უფიქრია და ჩუმ-ჩუმად უოცნებია. აქ არის, სწორედ აქ, გასაღები
ფარხად-ფაშის ჭიანურა საუბრის ძირა აზრისა და აქვეა მისი - ომანის
ზრახვის ნაღდი სათავე და საწინდარი. საოცარია, რომ მას და ფარხადს
სულ სხვადასხვა სწადიათ, მაგრამ მათი საწადელი ურთიერთს
დიდებულად ესადაგება, ხელს უწყობს. სულ ცოტა რამ და სულ სხვა
ბედსა და გზას წამოაგდებს ახალი ომანური ფანდი.
- გიორგი ბატონიშვილს… - უფრო სათამაშოები სჭირდება… აი…
ბურთი… ჩოგანი… კვიცები… თურქული დოლები, - ომანმა ოდნავი
კილვის კილო გააკრა ნათქვამს და ფარხად-ფაშას წარბების შეკვრა რომ
შეატყო, უფრო მიამიტად განაგრძო, - საჭმელად რძე უფრო უყვარს,
შაქარლამა… ნუღლი… აი მისი უფროსი ძმები კი ტანკენარები და
სახეწყობილნი არიან… რჩეული ვაჟკაცებიც… ბრწყინვალე პორტას
ღირსეულად დაამშვენებდნენ.
ფარხად-ფაშა წამოდგა და უკვე მკაცრად ჰკითხა:
- რამდენი წლისაა გიორგი?
- სრულწლოვანი მაინც ყოფილიყო! - გაღმა, თათბირზე
ალექსანდრეს მიერ ნათქვამი გაიმეორა ომანმა. - ახლა თავისიც
დასძინა: - დავით და ერეკლე ბატონიშვილები კი სრულწლოვანები
არიან!
თავის გუნებაში კი ომანაურის ჩუმი ზრახვა დააწირეხა: „მათში
ერეკლეა უფროსი… ის რომ არ იყოს, ტახტის მემკვიდრედ ჩემი
გაზრდილი - დავითი იქნებოდა!“
ტკიპასავით ჩაჭიდებულმა ფიქრმა ენა აუკვიმატა ომანს:
- გიორგი ბალღია, ჩემო ბატონო! ყველახე ნაბოლარა!

354
ფარხად-ფაშას სიბრაზე წამოაცხრა:
- მე არც გადია გახლავართ, არც ნაბოლარების წამყვანი! ასევე აუწყეთ
კახ ისკანდერს. დანარჩენს ჩემი ზარბაზნები განუმარტავენ.
- სამი დღე მაცალეთ, დიდებულო სარდალო! და თუ მე აქ არ
გავჩნდი სრულწლოვანი ბატონიშვილის თანხლებით, მაზეგ საღამოს
თქვენი ზარბაზნების ხმით ჩემი სიტყვის ჭეშმარიტება დამიმოწმეთ,
კახთ მეფისა და დიდებულთა წინაშე.
ფარხად-ფაშამ ერთხელ კიდევ აზომ-დაზომა კახი თავადი, შეაფასა
მისი ნათქვამი და მოკლედ მოსჭრა:
- ზეგ საღამოს მე თავად ჩამოვალ მტკვარზე!
ომანი სულ მცირე ამალით და ოთხით მიჰქროდა მტკვრისაკენ. ორი
დღის სავალი ერთ დღეში მოილია. ღამე ცხენი გამოიცვალა,
მხლებლებიც დასტოვა. სულ სხვა ადგილზე ცხენცურვით, ფარულად
გადალახა მტკვარი. ალექსანდრეს ბანაკს შორიდანვე უგანა და ბიამან
ტყის ბილიკით ივრის ნაპირს მიაშურა. თავგანწირულად მიჰქროდა.
მტკვრის შემდგომ თითქმის მთლიანად გალუმპულს მხოლოდ
შებურული შუბლი ჰქონდა მშრალი. აკვიატებულ ფიქრს კი არც
ღველფიანი საბუთიანობა აკლდა… „რა მნიშვნელობა აქვს
კახეთისათვის, რომელი ბატონიშვილი წავა მძევლად სტამბოლს,
ოღონდ თურქთა შემოსევისაგან იხსნას… ჩემთვის კი მნიშვნელობა
აქვს… დიდი მნიშვნელობა!“
ჯერ კიდევ გათენებამდე მიაღწია უფადარს.
დაღლილი, მაგრამ მცდელი ხელით შეაღო თავისი სასახლის
ფარული კარი. აშვებული ნაგაზები უმალ დააშოშმინა და
ძილმორეული დარაჯი ჯერ დატუქსა, მერმე დაჰკითხა:
- სასახლეში უცხო ხომ არავინ არის?
- არა, ბატონო!
- დავით ბატონიშვილი სად ბრძანდება?
- წუხელ ზედმეტად გეახლათ ღვინო. ახლა თავის საწოლში
გახლავთ. იქ მოვასვენეთ.
- წამიძეხ! ჩემი აქ მოსვლა არც ვინ უნდა დაინახოს, არც ვინ უნდა
გაიგოს, ენა! - ომანმა კბილები მეტყველად დააღრჭიალა და პირზე ისევ
აიფარა.
ოთახში ღამის შანდალი ენთო. ბატონიშვილს საბანი გადახდოდა.
ბალიშიდან თავი ჩამოვარდნოდა და ფრუტუნით სუნთქავდა.
მთვრალსაც შფოთიანად ეძინა.
გამხდარსა და გაფითრებულს ახლა ღაწვებზე ღვინის სიწითლე
დასტყობოდა. ლამაზად აკოკრილი ულვაშები აშლოდა. გულნაღეღ
პერანგში ხვანჩიანი კისერი მოუჩანდა.

355
- გააღვიძე! - სიტყვა მიუგდო დარაჯს და თავად ახალი სანთელი
აანთო, გვერდის კარში შევიდა. აქ მისი საწოლი იყო.
კედელში ჩაფარულ და ჩარკინულ განჯინას მიაშურა. იდუმალი
საკეტი მოუნახა და გამოაღო. მცირე ქილაკები შეათვალიერა. იპოვნა
საჭირო წამალი, ოდესმე ჩამჩი ექიმისაგან საიდუმლოდ შენაძენი.
ისევ დავითთან შემობრუნდა.
დარაჯი ამაოდ ცდილობდა ნამთვრალევის გამოღვიძებას.
ბატონიშვილს ძილქუშისათვის თავი ვერ წაერთმია და ყრუდ
ლუღლუღებდა.
- არ იღვიძებს? კარგი, წადი… მიდარაჯე. არვინ შემოვიდეს, ვიდრე
აქა ვარ! - დარაჯი დაითხოვა, კარი ჩაიკეტა და ღვინის ფიალაში მცირე
ქილაკიდან ფხვნილი ჩაჰყარა, ღვინოც დაუმატა.
- ბატონიშვილო! - და რომ ვერა გააგონა რა, წყალი ასხურა,
შეაფხიზლა.
დავითი წამოჯდა ლოგინზე და ჯერ აზრჩაუმდგარი თვალებით
შეჰყურებდა თავის მამამტეს.
- აჰა, პირი შეიმშრალე და ყური მიგდე… მეჩქარება… გათენებამდე
უნდა გავასწრო აქედან, - პირსახოცი მიაწოდა ომანმა და პირდაპირ
შეუდგა საქმეს, - შენ გწადს თუ არა მეფობა კახეთში?
დავითის ოდნავ სიფხიზლეჩაწოლილ გუმანს ისევ ღვინის
გამოუნელებელი ბუღი მოედო და თავში აუვარდა.
- რაო? რა მინდაო?
- შენ გწადს მეფობა თუ არა? მალე მითხარ… საშურო საქმეა… აქ
მარტონი ვართ.
დავითს მოფიქრების საშუალება არც ჰქონდა, ვგონებ არც სჭიროდა.
- მინდა! - ნებიერად წაიღუღუნა.
- მაშინ დალიე! - და ხელში ფხვნილგახსნილი ღვინით სავსე ფიალა
მიაწოდა.
- რა არის!
- საწამლავი!
დავითი ახლა კი სრულიად გამოფხიზლდა, აზრზე მოვიდა, ფიალა
ფრთხილად დასდო და თავის მამამტეს თვალგატეხილად შეხედა.
- საწამლავი? მერმე რად უნდა დავლიო?!
- არა, არ მოგკლავს… ავად გაგხდის…
- ავად? მერმე… რა საჭიროა? მე ავადობა და სისუსტე ისედაც არ
მაკლია ვგონებ!
- ნუ მკითხავ… საიდუმლოს ვერ შემინახავ… თავს ამჟღავნებ, თავის
საქმეს წაახდენ!
- შეგინახავ საიდუმლოს… ჩემი თავისათვის ავი არა მწადს… ისე ვერ
დავლევ! - დავითი წამოდგა და ფოსტლებში წაჰყო ფეხები.

356
ახლა მაღალი და უფრო გამხდარი გამოჩნდა.
- ოდესმე დამიმადლებ… ტახტს მოგიტანს ეგ ფიალა!
- დაგიმადლებ, თუკი… - ჯერ ენა არ მოუბრუნდა დავითს, საბანი
სულ გადიგდო, თავის მამამტეს და მწურთნელს გულისპირში ხელი
ჩაავლო, - თუკი ტახტს მომიტანს ოდესმე… თუნდაც მოკლე ხნით!
მაინც დავლევ… რარიგ ცუდიც არ იყოს, - დავითს სლოკინი წამოაწვა,
გამოუნელებელი ღვინის სუნი ამოაქარვა, ომანის გულისპირში
ჩავლებული, გრძელთითება ნატიფი ხელი მოუთმენლად
უცახცახებდა.
ომანი აღარ ყოყმანობდა. მან კარგად იცოდა, რომ თავისი
გაზრდილის არცთუ ჯანსაღ სხეულში და ხასიათში თავისებურ
რაინდობასთან ერთად დიდი სახელსიხარბეცა და პატივმოყვარეობაც
ჭარბად ბუდობდა. არც თაკილობდა ამ მიდრეკილებათა გაღვივებას.
„განა ამ ქვეყნის დიდი საქმენი, უმეტეს წილად, სახელსიხარბისა და
პატივმოყვარეობის მკლავ-მუხლებით არ არიან გაქაჩულნი?“
- მოგიტანს! მოგიტანს! მე მოვატანინებ… მერმე ერთად ავაყვავოთ
კახეთი, დაჯექ, ყური მიგდე… ახლა ღრმად იგულისხმე, მერმე
ყველაფერი დაივიწყე, ვითომ არა თქმულა რა ჩვენს შორის.
ომანმა ლოგინზე დასვა დავითი და თავზე დაადგა.
- ერთ-ერთი ბატონიშვილი უსათუოდ უნდა წავიდეს მძევლად
სტამბოლს!
- დიახ… ვიცი, გიორგი მიდის, ასე გავიგე…
- გიორგის არ იღებს ფარხად-ფაშა… სრულწლოვანი, დავაჟკაცებული
ბატონიშვილი სწადს. ერთ-ერთს - ან შენ, ან ერეკლეს მოგიწევთ
წასვლა, გაარშივება და გაქცევა სტამბოლს!
- არ მესმის, - ხმაშეძრულად შესძახა დავითმა.
- განგებ… თითქოს მამას განუდგეს და სტამბოლს წავიდეს, კახეთის
ტახტის მაძიებლად… ეს ირანისათვის და რუსეთისათვის…
სტამბოლისათვის კი სასურველ მძევლად მიდის… ხოლო თავისთვის
კახეთსაც და ტახტსაც სამუდამოდ კარგავს… ვფიქრობ, დიდი დღენიც
არ უწერია!
- მესმის… გიორგი არ გამოდგა… ახლა ჩემზეა ჯერი? -
ხმაჩაკარგულად წაიჩურჩულა დავითმა.
- თუ ავად გახდი… - და ომანმა მეტყველად გადახედა ფიალას.
- თუ მე ავად… მაშინ… ერეკლეს?! - აზრაკვიატებულად ჩაეკითხა
თავის თავს. ჩაეძია კიდევაც - თუ მძიმე ავად?!
- მაშინ ტახტის მემკვიდრე… - დავითის აღგზნებულ აზრს საჭირო
კალაპოტი მისცა ომანმა.
- მეღა დავრჩები?! - სწრაფად ფიქრობდა, მაგრამ შენელებულად
აგრძელებდა სიტყვების მარცვლებს, თითქოს უთქმელიც ამავ

357
მარცვლებში იყო, - მაშ ან მე, ან იგი!
თავბრუ ეხვეოდა დავითს, ეხვეოდა და სწყუროდა. ხელი წაუწია
ფიალას, მაგრამ გველნაკბენივით უშვა.
- როდის? როდის უნდა გადაწყ… - ღოჯია კბილმა უბასრა,
გააწყვეტინა სიტყვა. სხვა ნათქვამი გამოუსხლიტა: - როდის უნდა
შევსვა?
- ახლავე! ხვალ საღამოს, ზარბაზნები რომ დაიქუხებენ გაღმიდან, შენ
უკვე მძიმე ავად უნდა იყო! თორემ ტივზე გაგსვამენ უეჭველად.
- ტივზე გამსვამენ? - დავითი წამოიჭრა და ტივზე გასმულივით
დატორტმანდა, თვალელამად მიმოიხედა, - ეჭვს ვერ აიღებენ?
- მხოლოდ ჩვენ ორთა ვიცით… შენ მძიმე ავადობას უმალ
დაიჯერებენ… ჯერ არცვინ იცის გიორგი ბატონიშვილის
მიუღებლობა… ელჩი მე ვარ… დანარჩენი კი ჩემზე იყოს! ავადობა კი
წინასწარ უნდა აცნობო მამას… არა, უმჯობესია დედას! - სიტყვა
შეასწორა ომანმა და უფრო შემოფარგლა დრო.
- მე ფეხს ავითრევ… და ვიდრე მივაღწევ მეფის ბანაკს, იქ უკვე უნდა
იცოდნენ შენი უმწეოდ ყოფნა!
დავითი ჩაემხო ბალიშში.
- მარტო დამტოვე! მაცალე ცოტა! - მერმე წამოვარდა, ისევ მიეჭრა
ომანს, - იქნებ მთხოვ რასმე?
- როდესაც გაგამეფებ… ოდესმე… მერმე გთხოვ… ერისთავობას,
პირველ დროშას დამიბრუნებ! ამაზე სხვა დროს. ახლა კი ჩემი
თანდასწრებით უნდა შესვა! შენ სიცოცხლეზე მე ვაგებ პასუხს მეფისა
და ჩვენი მომავლის წინაშე! - თავის წურთვნილს მიეფადილა ომანი,
გაუადვილა, - მერმე არ შეშინდე… ხურვებასა და ალხს დაგიწყებს…
გრემში გადააყვანინე თავი… ექიმები დაიხვიე… ფიქრი არ არის… იქ,
მტკვარზე, ტივზე გაჯდომა ბევრად უფრო სახიფათოა! წყალში
გადავარდნა გერჩიოს… აირჩიე - ტივი თუ ტახტი!
ამ შედარებამ საბოლოოდ მოსტეხა დავითი. უეცრად ეტაკა, ერთი
სულის მოთქმით შესვა მთელი ფიალა.
ჩვეულებრივი ძველი ღვინის გემო ჰქონდა. სულ ოდნავი ხელი
დაჰკრავდა, ძლივს შესამჩნევი.
დავითმა გაკვირვებით შეხედა თავის მამამტეს და უეცრად ეს
ყოველივე ნაბახურევ სიზმრად წარმოიდგინა. მაგრამ ომანის უკვე
შებურულ სახეს რომ შეხედა, ისევ იცხადა ყველაფერი.
ახლა უკევ შეთქმულნი იყვნენ.
- გახსოვდეს, ჩემი აქ მოსვლა არავინ იცის! - კვლავ გააფრთხილა
ომანმა.
- კი მაგრამ… დარაჯმა? - ეჭვი აეშალა შეთქმულ ბატონიშვილს.

358
- არც მას ეცოდინება! - უსალამოდ კარი გაიხურა და კიბეზე
ჩაინაცვლა. ზედ თავისი სველი კვალები შეამჩნია. „დილამდე ესეც
აშრება“! - გაიფიქრა და დარაჯი ფარულ კარს იქით გაიყოლა. სისხამ
აისის ფერზე მუქმწვანედ გამომზირალ ტყეს მიაშურა.
ცხენზე შეჯდომისას უზანგის დასაჭერად მოახლებულ დარაჯს
ხმალი გადუქნია, მკერდამდე ჩაჩეხა, უსულოდ დააგდო და ჭალებს
შეეფარა.
შუადღისას ისევ მტკვრის გაღმა იყო. მხოლოდ აქ ჩამოხტა, ცხენი
ბალახზე მიუშვა და თავადაც ქანცგაცლილ ძილს მისცა თავი.
კახთ ბანაკში მოუთმენლად ელოდნენ - გაღმიდან ომან
ჩოლოყაშვილს, ალაზნის მხრიდან ზოსიმესა და გიორგი
ბატონიშვილს.
- არ ჩანს ვინმე? - ხშირ-ხშირად ჰკითხავდა ხოლმე კახთ ბატონი
მაღლა ხეებზე შემძვრალ მზვერავებს. მაგრამ ჯერ არც ომანი ჩანდა და
არც ზოსიმე.
საღამოს დედოფლის მალემსრბოლი მოუვიდა ალექსანდრეს.
დავითის მძიმე ავადობას ატყობინებდა.
„თურმე უკვე ერთი კვირაა შეუბრუნებია გულისყრასა და ხურვებას.
ამჟამად მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა. ჯალამბარებზე
დაკრული მოჰყავთ გრემს… ახლა გიორგიც ზოსიმე ბერდიდს მიჰყავს
სადღაც“. მეტი ვეღარ წაიკითხა ალექსანდრემ, ჩანს, დედასაც ხელი
აჰკანკალებოდა, მამის თვალშიაც ამოძრავდნენ სტრიქონები. ისევ
ერეკლე ბატონიშვილი იხმო. სხვას აღარავის გაუმხილა. ლაშქარში
მყოფი მანასე ჯიღაური გააყოლა და დავითის სანახავად აფრინა.
- იქნებ უფადარს ჩაუსწროთ… ან გზაში დაეწიოთ… ნახე, უმალ უკან
ამობრუნდით, მაცნობეთ, რა ამბავია ჩვენს თავზე!
მხოლოდ ღამიანად მოვიდა კახთ ბანაკში ომან ჩოლოყაშვილი. აუგი
ამბავი მოიტანა.
- გიორგი ბატონიშვილს ყმაწვილობის გამო არ ყაბულობენ
თურქნი… სხვა ყველაფრი გარიგდა… ამ მხრივ არ მოხერხდა ფაშას
დათათბირება… სხვა გამოსავალი უნდა ვძებნოთ! მდგომარეობა მეტად
სავალალოა! - ომანმა სიტყვა დაამთავრა და ჩუმად მიჯდა.
შუაღამემდე გასტანა დიდმა თათბირმა. ვერაფერ გზას ვერ დაადგნენ
კახნი. ბოლოს ისევ ომანმა აღიმაღლა ხმა:
- მამისათვის ერთნაირად საყვარელია ყველა შვილი, ხოლო საშველი
არ არის. არც ჩანს გამოსავალი სხვა რამ და თუ ჩვენი ბატონი მეფე მამაა
დავითისა, მე უბედური, მოგეხსენებათ, მისი მამამტე და აღმზრდელი
გახლავართ… ერეკლე ბატონიშვილი მემკვიდრეა და ტახტის ბურჯი…
მაშასადამე, - ომანმა ხმა გასწყვიტა, ყველას მოავლო თვალი.
ალექსანდრე მეფესაც შეხედა. გულში იცა ხელი და დაიხარა, - შავი

359
წილი ჩემს გაზრდილსა ხვდა! მან უნდა გვიხსნას… მე თავად ვეახლები
უფადარს… შევუმცხადებ… მისი თავგანწირვა მოგეხსენებათ, უმალ
გეახლებით… ფარხად-ფაშასთანაც და სტამბოლშიაც თავად წავყვები.
მეტი აღარა დაგვრჩენია რა ქვეყნის საშველად! - ომანმა სული მოითქვა
და უფრო ხმადაბლა განაგრძო, - მხოლოდ დავითის მამა ბატონი
გამიგებს, რა ტრიალებს ახლა ჩემს გულში. ვგონებ ყველას
მწარსათქმელი მე ვთქვი - ესეც მე მერგო წილად!
ალექსანდრემ იცოდა, რომ ეს მართლაც ყველა მწარსათქმელი იყო,
მაგრამ ყველამ არ იცოდა ყველაფერი, მაგალითად, დავითის მძიმე
ავადმყოფობა. არა, ჯანზე რომ ყოფილიყო, უთუოდ დაასკვნიდა
შესაბამისად. სხვა საშველი არ იყო მართლაც. მაგრამ ახლა, როდესაც
ავად არის… ომანის თქმისა არ იყოს, თუ არც იგი და მაშინ ერეკლე -
ტახტის ბურჯიღა დარჩა!
და ერთიც იყო აქ ყოყმანის ღრმა და ფარული მიზეზი… ომან
ჩოლოყაშვილს ყველგან და ყველაფერში სრულიადაც არ ენდობოდა
ალექსანდრე. არც მაინცადამაინც თავისი კვიმატი დავითის
მაღალზნეობის იმედი ჰქონდა. „თავად სწადს წაყოლა? ბოლოს არ
გამართლდეს მოგონილი გაარშივება? არა, დავითი კი უნდა გავუშვა…
ასეთი რა სჭირს? დედის გაზვიადებული შიში უფრო იქნება. ალბათ
მოიკეთებს და მაინცადამაინც, გვაცლის ფარდახ-ფაშა. მაგრამ ამ
გაქუცულ მელას კი არ ვაახლებ სტამბოლს. ხაფანგი არ დამიგოს რამე!“
- სხვა გზა არ არის! ომანი მართალია! - დაასკვნა ალექსანდრემ, - და
რა გინდ მძიმეც არ უნდა იყოს მამისათვის და მამამტესათვის, ვაგლახ
ჩვენ, მაგრამ საქმეში კი ერთობლივი მხარდგომა გვმართებს. ომან ჩემო,
ხვალ გაბრუნდები განჯას და ჩვენს გადაწყვეტილებას აუწყებ
ფარხადს. დროც უნდა ითხოვო ახალ, სრულწლოვან ბატონიშვილის
გამოსაწყობ-გასამზადებლად!
- ხვალ საღამოს თავად ფარხად-ფაშა მობრძანდება მტკვრის პირას,
თურქთა ბანაკში. ამ დროსათვის გადაჭრით პასუხიც უნდა ვაუწყოთ
სარდალს. დროსაც არ მოგვცემს. ზარბაზნების მუქარაც იკადრა
სარდალმა! - დაბალ ხმაზე მეტყველებდა ომანი, თან ალექსანდრეს
აკვირდებოდა და ვერ გაეგო: „იცის თუ არა დავითის ავადობა? იცის -
დროს იმიტომ ითხოვს! არა, არ იცის - თორემ მე გამგზავნიდა
ავადმყოფთან!“ ალექსანდრეს სახეზე ვერაფერი ვერ ამოიკითხა ომანმა,
ღელავდა და გულიც მოსდიოდა ამის გამო.
თათბირი ჯერაც არ იყო დამთავრებული, როდესაც სეფე კარავში
ერეკლე ბატონიშვილი და ზოსიმე ბერდიდი შემოვიდნენ. გიორგი კი
გარეთ დარჩა. ჯერ ერთი, იგი არასრულწლოვანი იყო და მერმეც, კარის
გარიგების დაუწერავ, მაგრამ მტკიცედ დაცულ წესით, მძევლად

360
მიმავალი ბატონიშვილი ვერ დაესწრებოდა სეფე თათბირს. ამისათვის
მეფის კერძო დასტური იყო საჭირო.
ერეკლე მეფისწული შექუფრული სახით წარდგა მამის წინაშე.
- ბატონიშვილი გიორგი სეფე თათბირზე ხლების ნებას ითხოვს!
- ჯერ ეს მოგვახსენე, სად და როგორ არის დავით ბატონიშვილი? -
ალექსანდრე მთელი ტანით მობრუნდა შვილისაკენ.
„სცოდნია!“ - საფეთქლის ძარღვი შეუთამაშდა ომანს.
- მამა მეფეო! მოგახსენებთ… - ხმახანდაზმულად უპასუხა ერეკლემ.
მამამ გაუგო და შეკრთა. გულმა რეჩხი უყო. „თუ არც დავითი და…
მაშინ ერეკლეღა დარჩა!“
- სთქვი… საერთოდ მოგვახსენე!
- სულთმობრძავი დაგვხვდა… ექიმები ამბობენ… უკანასკნელ
დღეშიაო ჩემი ძმა… - ერეკლეს ცრემლი შეეპარა ხმაში და თვალის
კილოში.
- რას ამბობ! რათა?! - ერთად წამოიძახეს მოთათბირენმა. უნებურად
წამოიშალნენ, ხმაურ-მოძრაობა შექმნეს.
ყველაზე ხმამაღლა ომან ჩოლოყაშვილმა შეიცხადა და ვიშვიშით
წამოვარდა.
ერეკლე ბატონიშვილი გააკვირვა კიდევაც ამ საერთო, დაუფარავმა
შეშფოთებამ. მისმა ცნობამ თითქოს თავზარი დასცა ყველას.
„მამა კი გასაგებია… ომანიც… მაგრამ… აი მაგალითად, ყოვლად
დინჯსა და დავითის მომდურავ შერმაზან სარდალს ან სხვა
დიდებულთ რაღა მოუვიდათ?“ ერეკლემ იცოდა, რომ უკმეხი და
თავგასული დავით ბატონიშვილი არცთუ უყვარდათ მრავალთ. ხოლო
პირფერული არ იყო ჭმუნვა.
შეშფოთებას დაბნეულობა მოჰყვა.
- ეს რა კრულვაა ჩვენს თავზე?
- ახლა კი რაღა ვიღონოთ? რა წყალში ჩავვარდეთ?
უნებური ჩურჩული გაკრთა კარავში.
- არც დაგვიჯერებენ! ვაი-უშველებელი შეგვყრია სწორედ!
ერეკლე სულ დააბნია ამ ჩურჩულმა. ჯერ მამას შეხედა, მაგრამ მამამ
თვალი აარიდა, მჭმუნვარე სახეზე წარბების ხტომა შეუმჩნია შვილმა.
ახლა აშლილ კარავს მოავლო კვლევის თვალი. ყველანი მას - ერეკლეს
უმზერდნენ, თითქოს პირველად ხედავდნენ.
ხოლო ვისაც ნიშანდობლივ შეაკვირდა, ყველამ მტყუანივით აარიდა
და სადღაც ქვევით ჩამალა თვალიც და თითქოს სათქმელიც.
- როდის გამხდარა ავად დავითი? - უეცრად შეეკითხა ალექსანდრე
და ომანს გადაჰკრა თვალი.
მათრახივით ესუსხა მამამტეს თვალის ნასხლეტი, მაგრამ სმენამ
დაამშვიდა.

361
- თურმე ერთი კვირაა მძიმედ ავად. მალე გამორჩენის იმედით არ
შემოუთვლია, ასეთ დროს შეწუხება არ მინდოდაო.
- ახლა სად არის? თავად ვნახავ.
- მეც მიახელ, მეფევ ბატონო! მე უბედური! - უფრო ახლო მოდგა
ომანი.
- ხელჯალამბრებით მიჰყავთ გრემისაკენ… გზაში დავეწიეთ. მანასე-
დოსტაქარი ვაახლე, - და უცებ ერეკლეს მოეჩვენა, რომ არ უჯერებენ
მას, რატომღაც საეჭვოდ მიაჩნიათ მისი ნათქვამი. ეჭვობდა მამაც,
თითქოს მოთათბირენიც. დაიბნა ერეკლე, მდუმარე ბერდიდს
მიუბრუნდა: - ზოსიმე მოძღვარმაც ნახა თავად!
ახლა ყველამ ბერდიდს შეხედა.
ზოსიმე მიხვდა, რომ აქ რაღაც სხვა, დავითის მძიმე ავადობაზე
უფრო დიდი და საშფოთო ამბავი იყო დატრიალებული. ამიტომ
ფრთხილად მოზომა სიტყვა:
- დავით ბატონიშვილი მეტად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ,
ღვთის ძალით, მისი გამორჩენის იმედი ვიქონიოთ.
ზოსიმეს სიტყვამ უფრო მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.
- ხვალ ღამემდე ხომ ვეღარ გამორჩება იგი? - ვიღაცამ წამოიძახა და
თავი ჩახარა. მერმე ყველანი დადუმდნენ.
- მეფევ ბატონო, გიორგი ბატონიშვილი კარვის კართან დგას, სეფე
თათბირზე შემოსვლას ითხოვ და ელის! - ისევ შეახსენა ერეკლემ.
- ჰო, შემოვიდეს! - ყრუდ, თავაუღებლად უპასუხა ალექსანდრემ და
როდესაც გიორგი წარსდგა მამის წინაშე, მან ჩაღამებული მზერით
შეხედა თავის საყვარელ შვილს. აი, აგერ დგას მისი გულსანდომი,
როგორ გაზრდილა! ვერც შეამჩნია მამამ - ოდესმე ჩამორგვილი და
ძვალმსხვილი ბიჭუნა ახლა უკვე ზომიერი და ტანმოქნილი, კვარაჭინ
ქოჩრიანი ჭაბუკი დამდგარა. აი, დიდრონი, დედისეული გონიერ-
დარდიანი, მაგრამ მაინც მხნე თვალები, გაშლილი შუბლი,
მაღალყარყარა კისერი და ჯერ უღინღლო ღაწვები. აი დგას ოდესმე
პირველ გამარჯვება დანათლული მისი შვილი და ახლა იგი მარცხად
და აკლებად ევლინება მას.
ჯერ მის განწირვაზე და გამძევლებაზე იდარდა და გული იწყლულა.
ახლა კი მისი გაუგზავნელობა და უვარგისობა აქვს თავსატეხი! ახლა
დავითის მძიმე ავადობამ ხომ სულ არია და აბურდა საქმის პირი და
ბოლო. ვის? მართლა მემკვიდრეს, უფლისწულს ხომ არ გააარშივებს და
განწირავს კახთ მეფე, თითქმის თანამოსაყდრედ დასმულს… ქვეყნის
გამგებლად და გამრიგედ მომზადებულსა და თავის წურთნილს?
დღესვე რომ მოუვიდეს კახთ ბატონს ღვთის წყრომა, მემკვიდრე
ღირსეული, ზნემაღალი და ყველას მიერ აღიარებული გვერდში ჰყავს!
გვარსა და საქმეს ჩაუდგება… არც დაამდაბლებს! აბა მართლა ავ

362
დავითის შემხედვარე ხომ არ დააგდებს ტახტსა და ქვეყანას! მაგრამ
ახლა დავითიც საეჭვო დღეშია!
„ასეთი რა დავაშავე, ღმერთო?“
წინ გიორგი უდგას, მაგრამ შეშფოთებული მამას თვალებში გიორგის
გაფითრებულ სახეს ხან ერეკლეს სევდიანი სახე ენაცვლებოდა, ხან
ავადმყოფ დავითის ოფლიანი შუბლი და ცალღოჯად შეკრული კრიჭა.
- მამა მეფეო! დიდებულნო! მე მზად გახლავართ თქვენი სიტყვა
აღვასრულო, მამულს ისე გამოვადგე, როგორც თქვენ დაგისკვნიათ!
ზოსიმე მოძღვარმა მე ყველაფერი მაუწყა! - ჩუმი ხმით, მაგრამ
მტკიცედ განაცხადა გიორგიმ.
ამის გაგონებამ სულ ცეცხლი მოუკიდა მამას. ახლა უკვე
სიძულვილით შეხედა თავის საყვარელ შვილს. შაშარნაკრავივით
წამოიჭრა. ყველანი წამოდგნენ. სეფე კარავში თითქოს ჭერი ჩამოწვა…
როგორღაც დადაბლდა კარავი… ალექსანდრეს კი სულ ქვაბულად
მოეჩვენა იგი - ბორბალოს სენაკად. აი აქ ზოსიმე ბერდიდი დგას…
ხატები… ხატის კენჭის ყრა! ხატის არჩევანი!.. ერთი წავიდა უკვე…
ახლა კი გაცუდდა, გამტყუნდა ხატის სიტყვა! მერმე როდის და
რარიგად? როგორი ვერაგობა სცოდნია ხატსაც? შურის ძიებაც! მაშ რა
დაარქვას ამას, რა იფიქროს? რა გამართლება და გამოსავალი
მოუნახოს?
ალექსანდრე შეირხა. შეირხა კარავიც, სვეტიც, მოთათბირენიც, შორს
ნალანდი გამოქვაბულიც.
ფეხი წარსდგა ალექსანდრემ და უფრო შეტოკდა წელში. ერეკლე
უმალ გვერდში ამოუდგა. მისმა მკლავმა და საერთოდ შეხებამ უფრო
ააღელვა, მაგრამ გამოარკვია კიდევაც ალექსანდრე.
მოთათბირენი გულშეძრულად უმზერდნენ შებორძიკებულ მეფესა
და მის მესაყდრედ მიჩნეულს.
ახლო კუთხეში მდგარი ომანი კი მცდელად ფიქრობდა თავისას;
„ახლა კი ეტყობა, ყველაფერი ეტყობა სახეზე კახთ ბატონს!“ მან
ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ერეკლე ტახტის მემკვიდრე და დღეის
მოსაყდრე ხვალ მაინც განწირული იყო.
ალექსანდრემ მაინც მოიპოვა სიმტკიცე. მკაცრი, არწივული თვალით
გააშეშა ყველა და ცივად ჭედილ ხმით განაცხადა:
- დაისვენეთ, დიდებულნო! ხვალ ახალსათათბირო დღე და მძიმე
საქმე გვიძევს! დღეს კი ბანაკიდან არვინ გავიდეს! ომან, ხვალ დავითს
ეახლები. ელჩად კი გორჯასპ გაემზადოს. თათბირზე ან ხვალ
ნათათბირევს ყველაფერს გაუწყებთ… ღამე ნებისა!
„ხომ არ მიხვდა… იცის თუ არა? იქნებ მიხვდა… იყნოსა? არა, ვერ
უნდა მიმხვდარიყო ომანაურს! ვგონებ კარგად გამოეწყო საქმე!“ -

363
ეჭვებში იბნეოდა და თავის თავს ემკითხავებოდა სეფე კარვიდან
გამოსული ომან ჩოლოყაშვილი.
გათენებამდე არ უძინია ალექსანდრეს. მრავალს ცალ-ცალკე ესაუბრა
და დავალება მისცა. სარდლები ერთად იწვია. ხვალ საღამოსათვის
სრული მზადყოფნა უბრძანა. დროშის მპყრობელნი ეპისკოპოსნიც
დაიბარა მტკვრის პირს. მოურავები დაგზავნა ახალ - კაცი ქუდზე
ლაშქრის გამოსაყვანად, სურსათისა და აღალის გამოსაღებად.
თან ჩუმი გეგმა დასახა, მარცხის შემთხვევაში სად უნდა
დახიზნულიყო ხალხი.
მერმე ჯანდიერმა იხმო.
- ჩადი უფადარს… გაარკვიე, ხომ არ მოუწამლავთ დავითი? ცუდი
ღვინო უსვამსო - ასე დაუსკვნია ჯიღაურს.
ახლა კიზოსიმე ბერი იხმო მეფემ.
გათენებისას კი ალექსანდრეს მოახსენეს, რომ ერეკლე
ბატონიშვილმა დაარღვია მკაცრი ბრძანება და ცხენდაცხენ გაიჭრა
ბანაკიდან. ვერც დააბრუნეს და არც იციან, სად იმყოფება იგი ამჟამად.
ახლა კი ზოსიმე ბერი იხმო მეფემ.
- ნუთუ იმიტომ ჩამინერგე ზნეობის სიტკბო, რომ მწარედ მცადოს?
ბერი სდუმდა.
- ნუთუ იმიტომ მარწმუნე ხატის ძალა, რომ ჯვარზე მაცვას?
ბერი ისევ სდუმდა. მაგრამ ალექსანდრე უეცრად მოერია თავის თავს
და სულ გამოცვლილი, ძალად დადინჯებული ხმით განაგრძო…
- ვინ გავგზავნოთ სტამბულს? კონსტანტინე უკვე გაგზავნილია…
გიორგის არ იღებენ… დავითი სიკვდილის სარეცელზე წევს… ერეკლე
გაიჭრა ბანაკიდან! ლამის მე თავად ავდგე და წავიდე! არა და აოხრდება
კახეთი… რის ვაი-ვაგლახით დაცული ალაზნის მხარე!
- სტამბოლს წარსაგზავნს მე ვერავის გირჩევ… იერუსალიმს
წარსაგზავნს ზნემაღალსა და ღირსეულს კი გითათბირებ… სტამბოლს
წამსვლელსაც, ნამდვილად თუ განგებ გაარშივებულსაც, ზნეობრივ
მამხილებლად და სულიერ მოძღვრად დაუდგება.
ალექსანდრემ ჯერ ვერ გაუგო, თუ ვერ შეიგულისხმა ნათქვამი. მერმე
გვიან დაძრული მეხსიერებით აღიდგინა ბერის სიტყვა.
- ვის?
- ნიკოლოზ ეპისკოპოსს რუსთველ-მარტყოფელს!
- ჩემს ძმას? ნიკო-ხოსროს? ახლავ აფრინეთ კაცი. დიდ სახსარს
გავატან იერუსალიმს… წმიდა ადგილების ქართულ საყდრებს
შეეწიოს… სტამბოლს იქითაც… მაგრამ აქ ვინღა… აქ? სტამბოლს? -
ისევ მიაძახა უკვე წასულ ზოსიმეს.
გარეთ კი თენდებოდა. ალექსანდრე ძლივს იდგა ფეხზე.

364
ოჰ! ნეტავ მარიამ დედოფალი, ის მაინც იყოს ახლოს! ის გაუგებდა -
გულით და ღვიძლით გაუგებდა.
ერთიც წამოიჭრა და კარვის კალთას გაჰკრა.
- გიორგი ბატონიშვილი! - მაგრამ ვიდრე კალთის დაწევას
მოასწრებდა, გაფითრებული, თვალშეწითლებული გიორგი მის წინაშე
წარსდგა:
- აქ ვარ, მამა!
ალექსანდრე მიხვდა, რომ მის კარს არც მოშორებია ეს მტრის მიერ
დაწუნებული ბატონიშვილი.
- მე ვარ დამნაშავე… ყველაფრის მიზეზი… ხომ, მამა? აბა რა ვქნა…
გავიზრდები, მსხვერპლს არ დავიშურებ! არ დავიშურებ!
მამამ ხელი მოავლო შვილს, ზედ დაეყრდნო… მიიყვანა, ტახტთან
დასვა. თვით მიესვენა სარეცელზე და დაღლილი ხმით ესღა აღმოხდა:
- ვიცი… შენ არ მიღალატებ! არ მიღალატებ! ერთი ნათელმირონი
გვაქვს, ალბათ ერთი გზაც!
მერმე ბალიშზე თავი დაუვარდა და თითქოს წასთვლიმა. გიორგი
შეურხევლად იჯდა მამის თავთით, უხმოდ და უცრემლოდ, გულით
ქვითინებდა. ხოლო მამას კი მარცხენა თვალის უპეში გარჩენოდა
დაღლისა თუ დარდის კურცხალი.
კარვის გარეთ კი დიდთავადნი და სარდლები უკვე დილის
თათბირზე იკრიბებოდნენ.
უგზოუკვლოდ მიჰქროდა ჭალის ბინდში ერეკლე უფლისწული,
ნადირთ ბილიკებში ჩახლართული ეკალ-ბარდი უკაწრავდა სახესა და
ფერდებს. ნაშვერი შტოები ედებოდნენ ქულაჯის კალთებსა და ქობებს.
ბედაური მკვერდით მიარღვევდა წარაფებსა და ჩალიანებს.
ერეკლემ ნათათბირევს ყველაფერი გაიგო. ზაზამ ყველაფერი უთხრა.
მაშინღა მიხვდა, რამ დააბნია მოთათბირენი, რად ვერ უსწორებდა
თვალს ვერც ერთი, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა მამაც…
გულ-საფეთქელი გაეთიშა… წადილ-ფიქრი აერია… ვეღარ იაზრა
რა… ცხენს შეახტა, აღარავის შეეპუა, ტყეში გაიჭრა და აი ახლა
უგზოუკვლოდ დაჰქრის. აღარც იცის, სადღა არის კახეთი, სად
თურქეთი. ბედთან ერთად მხარიც ეცვალა. აზრი ერთს ეუბნება, ალღო
მეორეს, გული მესამეს. რომელს დაუჯეროს? რომელს?.. და აი დაჰქრის
ამ სამ მდინარეს შორის, აი ეს იორია… თბილი და თუმც შენელებული,
მაინც მოჩხრიალე… არცთუ დიდი. არცთუ დიდად ღრმა… ჩალიანებში
ჩაბუბნული.
წყალში რომ გასტოპავს, პეშვს ჩააწვდენს ცხენიდან. წყალს
თითებითაც ცნობს, უმცდარად იორია, გაუმეორებელი ალერსით
სავსე…

365
…და ისევ მიჰქრის ცხენი, ისევ უგზოუკვლოდ. ისევ მაყვლიანი,
ბროწეულების ტყე, ტყიურ ლეღვების რხევა, კომშის სურნელი… ისევ
მდინარე, არა, ეს კი უფრო დიდია. უფრო დადინჯებულად ნელიც.
გემოთიც ტკბილზე უტკბესი. უნაგირზე შემოადგა, მაგრამ როგორღაც
მშობლიურად, საამოდ. მუხლის თავებზე ეალერსება, ეფერება…
ფურირემი თავის ჩვილს რომ გადაუსვამს ხაოიან ენას. არც ცხენი
ერიდება, არც მხედარი… ეს ხომ ალაზანია. ერთობლივ კახეთის სათნო
დედა. ყოველი ჩაგრული ქართველის დედობილი… კახთ
ბატონიშვილისა მით უფრო.
და ისევ მიაქროლებს ფიქრსა თუ ბედაურს. ისევ ბროწეულებისა და
უსურვაზების ტოტ-ფოთლები ედებიან. მუხებისა და ცაცხვების
ძირები ებორკებიან, აბანდებენ… ხან პირიქით, აჩქარებენ… ცხენსა და
ფიქრს ერეკებიან. სად აჩქარებენ? ან რად აბანდებენ? და რასა ჰგავს
თავ-ტყის ტრიალი! აი ისევ მაღალი ნაპირი… სიო გრილი… ირგვლივ
გაშლილი, უკვე კარგად შემტრედებული სივრცე. აგე რიყე, ფლატე…
ჭავლის დუდუნი! ისევ მდინარეზე გასულა! ნუთუ რკალს არტყავს,
ირგვლივეთში ბორიალობს, ფრთაშეტეხილ წეროსავით ცალ ფეხზე
ბრუნავს?! უკვე აკოჭლებულ და არაქათგაცლილ ცხენს ჩარხში
აბორგებს?! და საერთოდ რა უჟმურშია ცხენბედაური თუ მხედარ-
უბედური!
ისევ დეზი, ისევ ნახტომი… დავლური წყალში. უნაგირზე შემოახტა
ტალღა, ჯიდაოზე გადაჰკრა ცხენს. მერმე უფრო ღრმისეული შეხმუხი
ტალღა მოეგება. უკვე აცურდა ცხენი. მაღლა ამაყად ჰყრის ჯიშიან
ტორებს. ცხენის დაოფლილსა და სველ ჯიდაო-ფაფარს ეხვევა
მხედარი. ეხვევა და გულში იკრავს… გულ-მკერდზე ედინება სევდა და
ტალღა… თითქოს შვება მოაქვს. აქ უფრო გრილია წყალი,
მხარგაშლილი. ეს უკვე მტკვარია! მტკვარი! მთელი საქართველოს
ჭირისუფალი დედა! მით უფრო ბაგრატოვანთ გვარის შვილისა!
არიქა! არიქა! მიჰქრის ცხენი თუ ფიქრი. თავის ბედს თუ გაურბის და
მაინც ბედითად ბრუნავს სამი მდინარის შუა… მათ ხერთვისში… მათი
შეყრის კვანძში!
აირია, ყველაფერი აირია შუქ-ბინდ შედედებულ და შედარდებულ
ტევრში - ალღო თუ იორი, გული თუ ალაზანი, აზრი თუ მტკვარი!
კარგა გათენებული იყო, ცხენი რომ დაუვარდა. ჩამოხეთქილ ლეღვის
ტოტივით დაასკდა მიწას.
ერეკლე ახლა უკვე ქვეითად ვიდოდა. უფრო ახლო, უშუალოდ
გრძნობდა სამთა ხერთვისის მიწას… სურნელებითა და ნაყოფით
შეჯერებულ მცენარეებს… ფრინველ-ნადირით აღსავსე ჭალებს…
მოჩუხჩუხე ღელე-წყაროებით დასირმულ კორდებს.

366
ველ-მაღლობზე მოხვდა. სამყურების ხალიჩა და მარწყვის სურნელი
მეფობდა ირგვლივ. დანამულ ბალახს დილის ცვრის ბროლ-საყურეები
ება და მათ კიაფში ათასი მზე ამოდიოდა. ცის კაბადონს მოხედა
დაბნეულმა ადამიანმა. თვალი მოსჭრა განთიადის სხივმა. იქ, მაღლა
და შორს კავკასიონის თეთრ მწვერვალებზეც ათასი მზე-სხივი
ანთებულიყო. სადღაც იქ, ფიქრში თუ სხივში, მთის წმიდა გიორგის
ხატი აილანძვა… ირმისა და ჯიხვის რქები… როჭოს ფართხალ-
კრიახი… ბუზმენთებისა და სამკაულების ჩუმი წკრიალი… მინაბული,
სანთლის კიაფივით მზერა… როჭოს ფეხებივით წითელი. კოპწია ქოშ-
მაშიები… ბროლში მოკვეთილი თითები.
მერმე შავ-თეთრა ღრუბელმა თუ ქვა-ღორღიანმა ზვავმა გადაბინდა
და გადათელა ყოველი.
გულმა უოჩნა, ნამიან ბალახში ჩაამხო ოცნებაგამწარებული
ადამიანი. კარგა ხანს უძრავად იწვა, ვიდრე ნამიანმა სამყურებმა
შეხურებული შუბლი და ღაწვები არ დაუამეს, ალერსისა და ამბორის
გრძნობა არ აწვიეს.
მაშინღა იკრიფა ახალი ძალა, ადგა. ახლა ხერთვისს იქით ველებს
გახედა… ზვრებს, ყანებს, ციხე-კოშკებს, საყდარ-მონასტრებს, დაბებს
და სოფლებს. ყველა დაინახა. ზოგი უშუალო ჭვრეტით, ზოგიც
გუმანის თვალითა და გულით.
ისევ გულს მიენდო, ბორგვნეულივით წავიდა, გზაში ყველაფერს
ხელს ახებდა… ლოლიავ-ლოლიავით ვიდოდა, ეალერსებოდა
ტანკენარ ალვებსა და თელებს, გადაფაფრულ ცაცხვებსა და
ნეკერჩხლებს, მუდამ მოშრიალე მუხებსა და ვერხვებს, ბობოწვერა
დაკიდებულ წიფლებსა და წაბლებს, სურო და უსურვაზ დახვეულ
თხმელებსა და ტირიფებს. არ ერიდებოდა არც ბროწეულის ეკლიან
ტევრებს, არც სხმარტლისა და მაყვლის ხიწვებსა და ბარდნარებს.
ახლა უკვე ძონძებად ეკიდა ქართული კოხტა ქულაჯა. შემოხეოდა
რუსულ სიასამურის ქობები. გასცვეთოდა ირანული წითელნატის
მესტები, საკინძე და ღილ-კილოები მოგლეჯოდა მთიელურ ახალუხს.
მაგრამ მაინც წინ მიილტვოდა. არც გზა იცოდა, არც კვალი. არც ის
იცოდა, სად უნდა მისულიყო… გრემში - რა პირით?! უკან - ბანაკში…
მამასთან, ლაშქართან. ხალხთან! მაგრამ ეს ხომ ნიშნავდა… კარგად
იცოდა ერეკლემ, რას ნიშნავდა ეს! მაგრამ მისი ტყედ გაჭრა, ბანაკიდან
გაქცევა - რაღას ნიშნავდა? რაღას? სადღაც მიუსავალში მიდიოდა
ერეკლე. გულს მიენდო და ახლა სადაც გული გაიყვანს!
დიდი ხანია შუადღეს გადასცილდა მზე. იგი კი მიდის, სულ მიდის.
რომ არც დაიღალა?! ასე ივლიდა, სულ ივლიდა მშობლიური ჭალების
წიაღში, ამ სამ მდინარეს შორის. მთელი სიცოცხლე ივლიდა ასე,

367
მთელი სიცოცხლის გზას გაივლიდა… მაგრამ რომ არ გამოდის… რომ
არა?
აღარსად ჩერდებოდა. ხანდახან თუ დაეწაფებოდა რამ ნაკადულს,
ტყეში ნაჟონ წყაროს. ყოველ წვეთში ჭალა-ტევრების სურნელსა და
სალბუნს იგრძნობდა და ისევ მიჰყვებოდა გულის გეზსა და ძახილს.
ბედისწერას ებრძოდა და აღარც ებრძოდა თითქოს. აქ რაღაც
ბედისწერაზე უფრო დიდი იყო დაწერილი და მომწიფებული!
ახლა კი სამი მდინარის ბუნება აღარ უშლიდა წინსვლას. პირიქით,
თითქოს ხელსაც უწყობდა. ბერხეები დახრილ დროშებივით
უბორიალებდნენ მისაწვდომ ტოტებს, ბუჩქნარები და წარაფები თვით
უშლიდნენ უბეებს, რბილსავალად უგებდნენ ძველ და ახალ
ფოთლების ხალიჩებს. თრიმლების ლეჩაქები, სვიას და ხვიარას
ფოჩებიანი თავშლები, ჩალიანების გაბმული ზრუნი სევდის მაყრებად
მიჰყვებოდნენ უნებურ მოგზაურს. ძეძვ-ეკლები ფერხთით ეგებოდნენ
და თავის ეკლებს აშორებდნენ ისედაც ეკლიანი სავალის
წილხვდომილს.
…და როდესაც საღამოს პირს გაღმიდან პირველი ზარბაზნის ხმა
დაგრიალდა, ერეკლე სულ ახლო მანძილზე აღმოჩნდა ბანაკიდან, იმ
ბანაკიდან, საიდანაც წუხელ გაიჭრა ასე უგზოუკვლოდ და
ფიქრგაურთმევლად, მაგრამ მაშინ აღშოთებული და ამაყი
ბატონიშვილი იყო, ახლა კი თავდახრილი, ძონძებ თუ ძაძებმოსილი
ყარიბი.
ზარბაზნის ხმის გაგონებაზე შედგა. იცოდა ერეკლემ, კარგად იცოდა,
რა მსხვერპლსაც ითხოვდა ეს გაღმური ხმა-უხიაგი. იცოდა და
ვიდოდა, ვიდოდა და ითვლიდა… ითვლიდა, ვით თავისი ბედისწერის
მძიმე ნაბიჯებს.
კახელებმა დილიდანვე შეამჩნიეს გაღმა მხრის სამზადისი. ქარი რომ
მხრიანად შემოუბერავდა, მკაფიოდ გამოისმოდა ხეთა ჭრისა და პობის
ხმა მრავალი. მომსკდარი ბერხეების ხმა კი ყოველ კახელის გულში
პოულობდა მტკივნეულ გამხმიანს.
- ემზადებიან!
- ტივებს ჰკრავენ! მტკვარს გადმოლახავენ… ზარბაზნებსაც
გადმოიტანენ! - ჩურჩულებდნენ კარვის წინ სარდალნი და
დიდებულნი.
ალექსანდრე კი აგვიანებდა თათბირს. არვის არ იღებდა. ან კი რა
უნდა ეთქვა?! ომის სამზადისი უბრძანა სარდლებს, მაგრამ თავად არა
სჯეროდა სიმტკიცისა. გამოსავალი კი არსად ჩანდა.
თათბირი კი ერეკლეს განწირვას მოსთხოვდა, ერეკლე კი გაიჭრა…
პირდაპირ რომ ითქვას, გაიქცა ბანაკიდან! ნუთუ ერეკლეშიაც
მოტყუვდა? არც სიმტკიცე ეყო, არც სიდინჯე, არც ზნეობა!

368
მამის გულს ის უფრო აბოროტებდა, რომ მიკერძოებისაგან ვერ
დაეღწია თავი. ვერც ჯავრობდა ჯეროვნად ერეკლეს საქციელზე, არც
ემეტებოდა… მაგრამ ვერც აპატიებდა თავის პირმშოს ასეთ საქციელს.
და თავის სიცოცხლეში პირველად დროთა მსვლელობას მიენდო. აი,
ისე ალაზანზე ჩაჩეხილი ხედიდი რომ წაუღია მოდიდებულ მდინარეს.
ჰოდა, მისი სამეფო უმხერვალო ტივივით მტკვრის ტალღებზე
ტაატობდა და დინებას მიჰყვებოდა. გაღმა კი სჭრიდნენ და ხერხავდნენ
სატივეებს.
მერმე ყიჟინი და კანტიკუნტი შელუღი მოისმა.
- ფარხად-ფაშა მობრძანდა მტკვრის ბანაკში! - ჩურჩულებდა ომან
ჩოლოყაშვილი, - ჩვენ კი დავითიც არ გვინახავს, რა დღეშია!
ფარხად-ფაშას მოსვლა თურქთ ბანაკში მალე დადასტურდა.
სარდლის კარავი გამოდგეს მაღლობზე.
ისევ შერმაზანმა შეჰბედა, მოახსენა ალექსანდრეს.
მეტი გზა აღარ იყო - ისევ თათბირი ბრძანა მეფემ.
დაგვალულ კალოს უთავბოლო ტრიალს ჰგავდა სეფე თათბირი.
ნაღვლიანად, მძიმედ უმზერდა კახთ ბატონი თავის თანამდგომთ. აქ
იყვნენ დიდთავადნი, მაღალმოხელენი, თავგანწირვაზე
ლაპარაკობდნენ, კარვის ღია კარში იხედებოდნენ, გაღმისაკენ მუშტებს
იშვერდნენ… ხოლო ბევრ მათგანს დარახტული ცხენი ყოველ
შემთხვევისათვის თავის კარავთან ება.
აქ იყვნენ დროშისმპყრობელნი ეპისკოპოსნი, მხცოვანი
ალავერდელიც მათ უდგათ გვერდით, მაგრამ მათ ხატ-ჯვარის იმედი
უფრო ჰქონდათ, ვიდრე თოფ-იარაღის. აქვე იყო ღამიანად მოსული
ქაიხოსრო-ნიკოლოზ რუსთველ-მარტყოფელი. იგი ზოსიმეს უჯდა
გვერდით. და რაც უფრო ხანი გადიოდა, ადრეული ჭაღარა უფრო
ემატებოდა ბერმცირეს. იგი უხილავ იერში და ქცევაში უფრო და უფრო
ემსგავსებოდა ბერდიდს და არა თავის გვირგვინოსან ძმას.
აქ იყვნენ კახეთის უფლებამოსილნი მესვეურნი და ჭირისუფალნი…
მაგრამ ალექსანდრე საოცარ მარტოობას გრძნობდა. მას მხარს აღარ
უმშვენებდა აღარც ერთი ბატონიშვილი. გიორგიც დაითხოვა, გულმა
ვეღარ აიტანა მისი თათბირზე ყოფნა.
კარავში სულდახუთული ვიწროობა იყო. მოთათბირენი
დაჩიხულებს უფრო ჰგავდნენ. ალექსანდრემ იცოდა, რომ ასევე იყო
სანგრებშიაც და საფარებშიაც, სამალებშიაც და საჩეხებშიაც…
მესვეურთა და სარდალთა დაბნეულობა მათაც ედებოდათ.
უმზერდა და უსმენდა ალექსანდრე მოთათბირეთ. აი ახლა ნიკო-
ხოსრო ლაპარაკობს:
- მე მზად გახლავართ, მეფეო და დარბაზო! დიდ სახსრითა და
გამოჩინებით ვეახლო ფარხად-ფაშას… მერმე სტამბოლს და ბოლოს,

369
უკეთუ ღმერთმა ღირსმყო, წმიდა ადგილებს… იერუსალიმსა და
სხვაგან… გაღმა მძიმე ელჩობას მე ვთავობ… მოგეხსენებათ, ოდესმე
მეც ბაგრატიონი გახლდით! გიორგი ბატონიშვილსაც წავიყვან, -
დინჯად, სულ უბრალოდ მეტყველებდა ჯაჭვშეჭედილი ბერმცირე, -
დავით ბატონიშვილის მძიმე ავადობას ვაუწყებ უცხო სარდალს…
დროს ვითხოვ… და სნეულის გამორჩენამდე ჩვენ და გიორგი
დავრჩებით თურქთა ბანაკში თუ სხვაგან, სადაც ინებებს თურქთ
სარდალი. მერმე კი, როდესაც დავით ბატონიშვილი წავა სტამბოლს,
მეც ვეახლები. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
- ამინ! - დააყოლა ზოსიმემ.
- ამინ! - აჰყვნენ მრავალნი.
ალექსანდრე ამ წინადადებას ჩაეჭიდა:
- რას იტყვით? ფარხად-ფაშა როგორ შეხედავს ასეთ ნაბიჯს? მიიღებს
ელჩებს? - ეკითხებოდა ყველას და თითოეულს სწორედ იმიტომ
ეკითხებოდა ასე ჩაძიებით, რომ თავად ეჭვობდა. იგი რომ ყოფილიყო
ფარხად-ფაშას ადგილზე, არც დაიჯერებდა, არც მიიღებდა ასეთ
ელჩობას. დაბოლოს თავად ალექსანდრეს თვალშიაც ეს თამაშს უფრო
ჰგავდა. მისი შვილები მართლაც ჭადრაკის პაიკები ხომ არ არიან, რომ
წინაუკმოდ სხას? ვაგლახად არც სხვა რაიმე გზა ჩანდა.
მოკარვენი სდუმდნენ.
- ომან, რას იტყვი? გვაცლიან? - ახლა პირდაპირ ნაელჩარს შეეკითხა
მეფე. მაგრამ ამ დროს გაღმიდან ზარბაზანმა დაიქუხა. ყუმბარამ
სადღაც თავზე გადაუარა სეფე კარავს და ტყეში ჩავარდა.
- აი პასუხი! - თითი ასწია ომანმა, - მე რაღა მეთქმის? ჩემი
გაზრდილის იმედი მქონდა… ვაგლახ, ავად გაგვხდომია! რომ
მივწვდებოდე - სიკვდილის სარეცელზე მყოფიც გამომყვებოდა
სამსხვერპლოზე! მაგრამ რადგან სრულწლოვანი ბატონიშვილები
გვერდს ვეღარ გიმშვენებენ, ესღა დაგვრჩენია, ზარბაზნებს მკერდები
მივუშვიროთ და ძვირადღა დავუფასოთ ჩვენი სიცოცხლე!
მეორედ უფრო ახლო, მაგრამ მაინც განზე დაეცა თურქთა ყუმბარა…
ხოლო ომანის ყუმბარა კი პირდაპირ გულში ხვდა მეფეს. მაგრამ ამაზე
უარესი ის იყო, რომ მეფემ აშკარად იგრძნო, მასა და კარავს შორის
სრული გათიშულობა გაჩნდა, რაღაც უხილავი ხიდი ჩატყდა და ახლა
გაღმა-გამოღმა არიან ერთ ვიწრო კარავში გადამწყვეტ თათბირად
მსხდარნი.
იგი აღარ უსმენდა ალავერდელის გრძელსა და სათნო ღაღადისს, არც
კარვის ირგვლივ შექმნილ მოძრაობას.
გაღმა მხრიდან კი მოხეთქილ მუხების ხმაზე ჰქუხდნენ თურქთა
ზარბაზნები. კამეჩის ზმუილივით მოხმიანე ყუმბარები გამოღმა
კიდესანგრებს ეხეთქებოდნენ. მალე თურქებმა სატივე ხეებიც

370
შემოაცურეს მტკვარში. შორიდან დანახული ტყავგაცლილი მორები
დახოცილ კახელ მეომრებად ეჩვენებოდა ალექსანდრეს. ზარბაზნების
აგუგუნება უკანასკნელ გაფრთხილებას ნიშნავდა. დღეს კიდევ
მოელოდნენ მძევალს. ხვალ დილით კი მთელი ლაშქრით
გადმოლახავდნენ მტკვარსა და დაიღუპა იორ-ალაზნის სამოთხეც!
თურქებმა, ჩანს, უკვე იცოდნენ, სად იყო კახთა მთავარსადგომი.
სულ უფრო ახლო და ახლო უწევდნენ ყუმბარებს, უფრო და უფრო
ღელავდნენ მოთათბირენი.
- სად არის?! სად?! - ჩახრილ ტუჩებს შორის შავ კატასავით დადიოდა
ყრუ ჩურჩული, - ისიც ავად? თუ გაიხიზნა? თავი გაარიდა? სად არის?
სად?!
ერთი ყუმბარა სეფე კარვის თავზე მოხრილ ვერხვს მოხვდა და
გადახეთქა. მისი შტოები კარვის აწეულ კალთასაც სწვდნენ და
ჩამოშალეს. ჩრდილი ჩამოწვა კარავში.
გარდა ალექსანდრესი, ყველა ზეზე წამოვარდა.
- დასხედით, დარბაისელნო! სიდინჯე! - ჩვეულად წამოიძახა მეფემ,
მაგრამ არავინ დამჯდარა.
- სად არის? - უკვე ხმამაღლა წამოიძახა ვიღაცამ, - ჩვენ აქ ვიჯდეთ,
ის კი გაიხიზნოს?
- მართლაც სად არის?
მრავალნი ახმიანდნენ კარვის ბინდში. არვის დაუსახელებია, მაგრამ
ყველამ იცოდა, რომ ერთსა და იმავე პიროვნებას გულისხმობდა ყველა.
- რასა გავს ეს? ამ განსაცდელის ჟამს? სად არის ბოლოს და ბოლოს?!
- აქ გახლავარ! - უეცრად დაირხა დინჯი სიტყვა.
ყველა კარვის კარისაკენ მიბრუნდა.
აწეულ კალთაში საზეიმოდ გამოწყობილი ერეკლე ბატონიშვილი
იდგა. მანაც იცოდა, რომ მას ელოდნენ ყველანი, მხოლოდ მას. და ამ
წუთს მიხვდა, რომ მას არც შეეძლო არ მოსულიყო, რომ თვით ის
გაჭრაც ბანაკიდან არა გაქცევა იყო, არა სიმუხთლე და შიში, არამედ
სიყვარული, უანგარო სიყვარული და უკანასკნელად ხილვის
დაუძლეველი სურვილი.
გაიჭრა, ძველებურად გაინავარდა. ყველას მოეალერსა, ჩუმი
მშვიდობა უთხრა… იორს… ალაზანს… მტკვარს… მაღლა - შორეულ
კავკასიონს, უფრო ახლოს - ცივ-გომბორსა და ულამაზეს ალაზნის
ველს… ჯავარ ვენახებსა და ომახიან კაკლებს… უღრან ჭალებსა და
ტევრებს… ყველაფერს თვალითა და ხელით შეეხო… თავისი სამოსის
ძაძა, გულისა და საკინძის ძაფი და ნატამალი შეატოვა და ახლა
მოვიდა… აი აქ, სადაც უნდა მოსულიყო… ყოველი ქართული ნერგისა
და შთანერგილის. ნანახისა და განცდილის სახით და სახელით… და
აი, დგას საზეიმოდ გამოწყობილი. დიახ, იმავ სამოსში იყო იქ, მთის

371
საიდუმლო ნიშნობისას… ახლა კი… ახლა თითქოს გაცხადებულ
ქორწილზე მოდის!
- დასხედით, დარბაისელნო! - დინჯი ხმითვე გაიმეორა მან მამის
ნათქვამი და ის, რაც მეფე ალექსანდრეს არ გაუგონეს, ერეკლესაგან
გარდუვალ ბრძანებად მიიღეს. ყველანი უმალ დასხდნენ. მხოლოდ
ალექსანდრე ადგა.
ახლა იგი ადგა. ადგაო? არა, ამაღლდა! უზარმაზარი სიმაღლე მოიცა!
მოვიდა მისი პირმშო, თავად მოვიდა და მერმე რა დროს?!
ალექსანდრემ იგრძნო, კისრის ძარღვებმა დაუწყეს თამაში.
ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ განზე გადგა და თავის მოახლებულ
პირმშოს მეფის საჯდომი დაუთმო.
- ვით კახთა მეფის მემკვიდრე და თანამოსაყდრე ყველას მხნეობასა
გთხოვთ. ხოლო გაღმა - ფარხად-ფაშას მე თავად ვეახლები, მერმე
ვეახლები მურად სულთანსაც, შორეულ სტამბოლს. ვისაც ეხება,
ვბრძანებ, მწუხრისას ტივი მზად იყოს! ელჩიონი ალბათ მზად არის? -
და მამას გადახედა ერეკლემ.
- მზად არის, შვილო!
ერეკლემ მამის მიწოდებული გრაგნილი დაკვირვებით
ჩაათვალიერა.
ანაზდად ომან ჩოლოყაშვილი წამოიჭრა, ერეკლეს ფერხთით ჩაიკეცა.
- მეც თან მიახლეთ, სულმაღალო! გულმოდგინედ გემსახურებით! -
და ხელებში ჩამალა სახე. მის ამოძახილში განცვიფრებაც იყო,
სიხარულიც და იქნებ გვიანი სინანულის ნაგერალა გრძნობაც.
- არა! შენ ჩემს ავადმყოფ ძმას მიხედე… იქნებ შეუმსუბუქო რაიმე
დავითს! გაღმა კი მხოლოდ ეპისკოპოსს - რუსთველ-მარტყოფელს
წავიყვან და აზნაურ ზაზა კახნიაურს… ორიოდ მეჯინიბეც და
მსახურნიც თუ დამჭირდება, დანარჩენები კი აქ დარჩებიან. დიდი
ამალა არც სჭირდება და არც შეჰფერის „გაარშივებულს!“
ერეკლემ გრაგნილი განზე გადასდო და ნიშანი სცა.
- ახლა ყველამ თავთავის საქმესა და ლაშქარს მიხედოს! პატივი
დამდონ, აქ დარჩებიან: ალავერდელი, ზოსიმე ბერდიდი, დროშის
მპყრობელნი ეპისკოპოსნი, შერმაზან სარდალი და გიორგი
ბატონიშვილი.
მოთათბირეთ მხოლოდ ახლა შეამჩნიეს, რომ კარვის კალთასთან,
თვალცრემლიანი გიორგი იდგა. ეს მან გამოაწყო „საქორწილოდ“
თავისი უფროსი და საყვარელი ძმა.
მუხლმძიმედ, ნელ-ნელა გადიოდნენ დიდებულნი, ვიდრე კარვის
კალთას არ გასცდებოდნენ, მოხიბლულ თვალებს ვერ აშორებდნენ
მეფის მოულოდნელ თანამოსაყდრეს.
ბოლოს მარტო თქმულნი დარჩნენ.

372
- მამავ, შენც ნუ! ნუ მიწყენ… მაპატიე ეს სულმოკლეობა!
- შვილო, შენ გაპატიო?! - მეტი ვეღარა თქვა რა ალექსანდრემ და
სწრაფი, მაგრამ უსწორო ნაბიჯით თავის სადგომში გავიდა.
ერეკლე ოდნავ შეარყია მამასთან საუბარმა, მაგრამ როგორც კი
გავიდა მამა, შვილმა ისევ მოიპოვა სიდინჯე.
- გიორგი, აბა გამოასვენე, მიართვი ალავერდელს!
გიორგი წინ წამოდგა და ოქროქსოვილში შებურული ბაგრატოვანთა
საბრძოლო ხატი გადასცა ალავერდელს.
მან უმალ ისაზრა. გარსაფარი გააცალა. სასოებით ეამბორა და
ხელმკერდზე ხატის პირის ჩენით მიისვენა.
- ვფიცავ, არ ვუმტყუნო ჩემს რჯულსა და ქვეყანას! არ ვუღალატო
ჩემს თვისტომთ! არამც და არამც!
ყველა სდუმდა. ამინიც კი გამორჩათ სათქმელად.
ერეკლესაც ერეოდა ღელვა. აკლდებოდა ფიცის სიტყვები. გრძნობდა
ამას და ჩქარობდა, უმოკლა სათქმელს:
- ვფიცავ… არამც და არაოდეს არ ვეზიარო მტრის ზრახვებს… არც
მოვიკვეთო შიში ღვთისა და სამშობლოს სიყვარული აწ და მარადის! აი
მარჯვენა ჯვარის მსახველი და ფიცის მოზიარე! - პირჯვარი ისახა,
ხატს ეამბორა და ახლა ძმას მიუბრუნდა, - დავით სნეულია… მამასა და
მამულს შენ გაბარებ, გიორგი! - ხელი მხარზე გადახვია, ჩააჩოქა, ხატის
ამბორი და ფიცი მასაც მიაღებინა. მერმე მობრუნდა და ნელი,
დაღლილი ნაბიჯით გავიდა კარვიდან.
კარგა ხანს იდგნენ ბაგრატოვანთ საბრძოლო ხატის ირგვლივ
გულშეძრულნი ბერ-ეპისკოპოსნი, მერმე ჩუმად, ნაგვიანევად სული
ამოითქვეს.
- ამინ! გისმინოს უფალმა!
ერეკლე აღარ იყო კარავში. იგი მტკვრის პირას გამდგარიყო, გაღმა
მხარს გასცქეროდა და კარავში ვეღარ დასრულებულ საფიცარს
მტკვარს უჩურჩულებდა, ხატთან თქმულზე არა ნაკლებ
გულმხურვალებით.
მტკვარს კი აღმა მავალი ღამის ბინდი შავი ტივივით
შემოსდგომოდა… მოდუდუნე ტალღებს ქვეშ ჰხუთავდა და თითქოს
ნთქავდა.
სდუმდნენ ზარბაზნები. მომრავლებული „გაღმის ვარსკვლავები“
ზედ კიდეს მოსდგომოდნენ და ბინდში მგლების თვალებივით
კიაფობდნენ.
და აღარც დიდხანს გაუვლია. ნაპირზე მოჯარულ, გარინდებულ
კახთა ლაშქრის წინაშე მტკვრის დენას ჩამოჰყვა ჩირაღებით
განათებული ტივი.

373
წინ თავშიშველი და თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ერეკლე
ბატონიშვილი იდგა. ცოტა უკან და გვერდით ნიკოლოზ რუსთველ-
მარტყოფელი, ზაზა კახნიაური და ხუთიოდ მხლებელი.
ორთაყვირებს ერეკლეს უახლოესი ძმადნაფიცები და ნიშნობის
მაყარ-მეჯვარენი - ორნი ძმანი ვაჩნაძენი უსხდნენ.
ტივზევე იდგნენ და შფოთავდნენ წამსვლელთ ცხენები.
ორ ჯგუფად ეწყო ვაშკარანი: ხურჯინები, ბოხჩები, გვაბანაკები,
ზანდუკები. პირველ ჯგუფში სულთნისა, ფარხად-ფაშისა და სხვათა
ხარკ-საჩუქრები იყო. მეორეში კი დიდი სახსარი, იერუსალიმისია და
სხვა წმიდა ადგილთათვის შესაწირავი.
ტივს ნაპირ-ნაპირ მოსაბრუნებამდე ფეხდაფეხ მიჰყვებოდა
ალექსანდრე თავისი ამალ-ლაშქარით. მას თალხი სამოსი ეცვა და
ბინდში ხელებწარზიდულ აჩრდილს ჰგავდა.
მოსაბრუნებში სამღვდელოება და სარდლობა იდგა. დახრილ
დროშებს მგლოვიარე დედებივით ლეჩაქები წინ წამოეყარათ, ხოლო
ალავერდელის ნაჩქარევ ლოცვას მგალობელნი უსწრებდნენ და
სევდიანი ხმა ტივის ჩრდილივით ეფინებოდა მტკვარსავალს.
მრავალ მოლაშქრეს ცრემლი და ოხვრა მორეოდა და მრავალნი
გულში იცემდნენ მჯიღებს.
მტკვრის მარცხენა ნაპირზე მრუმი და გლოვა იწვა. გაჩირაღებულ
ტივიდან უკვე არაფერი ჩანდა, მაგრამ ლაშქრის ზრუნი ისმოდა.
- საქორწილო წამოიწყეთ, საქორწილო! რას იფიქრებენ! გაღმაც
ესმით! - წამოიძახა შეძრწუნებულმა ერეკლემ, - ბებურ! თამაზ! ზაზა! -
აბა, ძმებო, როგორც იქ - მთაში!
- არ გამოგვივა, ჭირის ძმაო! ვერ ვიტყვით! - თავი იბრუნეს,
ორთაყვირებს დააწვნენ მეჯვარენი.
- მაშინ მეტივური ან სხვა რამ… სულ ერთია… ოღონდ არა ის! -
მარცხენა ნაპირისაკენ ხელი გაიქნია ერეკლემ. სმენა ღალატობდა და
მას, თურქობაში მიმავალს, სულთათანად მოესმოდა დაშორებულ
კახურ ნაპირის ლოცვა-გალობა და ვერ დაფარული გმინვა.
აღარც გაღმა ნაპირი იყო შორს. ჯგროდ გადმომდგარნი თურქნი
დაუფარავი ხალისით მოელოდნენ გაჩირაღებულ ტივს.
ბებურმა ალღო აუღო თავის ძმადნაფიც ბატონიშვილის სულის
კვეთებას, გული გაიქვავა, ძმას, ზაზას და სხვა კახთა ნიშანი სცა და მათ
შეგუგუნებულ დაბალ ბანზე კახურ-მეტივური გამოქარგა:
ტივო ხორანთას შეკრულო,
ჩამონაცურო მტკვარშია…
შენ, ჩემო ძმაო ბედკრულო,
შვება მომეცი გზაშია…
შემობრუნებაც მისურვე

374
ალაზნის ქვეყანაშია!

XXXVI ოქროს ბეჭდიანი სიგელი


დედოფალი თავად უვლიდა ავადმყოფს. ღამეებს უთევდა. მას
თავისი სნეულებაც და სისუსტეც დაავიწყდა.
დავითი კი მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო. ვერ იქნა, ვერ
მომჯობინდა. ექიმებმა ვერ გამოარკვიეს მისი ავადმყოფობის მიზეზი.
ზოგი, ჰაშიშის ხმარებას აბრალებდა, ზოგი უფადრის ხაშმიან წყალსა
და ჰავას. ერთმა შავნაღვლიანობა უწოდა ამ სენს, მეორემ გამძიმებული
სურავანდი.
რას არ აძლევდნენ: მოხარშულ ღვინოში გახსნილ მიხაკ-დარეჩინს,
კვერცხის გულზე შეზავებულ თაფლისა და ბროწეულის ქერქის
ნახარშს, არაყ-წიწაკის ნაჯერში ჩანაყილ ასკილსა და შინდის კურკას.
დიდხანს იავადა დავითმა. მორჩენის პირზე მიმდგარს ისევ
შეუბრუნებდა ავი ზნე.
თურქთა შემოსევის საშიშროება კარგა ხანია აიცილა კახეთმა.
ამჯერადაც გადარჩა. ერეკლე ბატონიშვილი უკვე სტამბოლს იყო. მისმა
„გაარშივებულმა ელჩიონმა“ დიდი ნაყოფი გამოიღო. ფარხად-ფაშა
სულ არ შეხებია კახეთს, მის ბოლოს მოუარა და მტკვარი შექის გზაზე
გადავლო. დარუბანდ-ტარკას ჩავიდა. თერგზე ციხის აგება
დაგვიანებული აღმოჩნდა. რუსებს დაესწროთ. თანაც ალექსანდრეს
მიერ ადრევე გაფრთხილებული კაზაკ-რუსები მზად დახვდნენ,
თავისი ზარბაზნების სიძლიერე და სიმრავლე თერგზე ისევე
დაუმტკიცეს, ვით თურქებმა მტკვარზე. და ისედაც დაგვიანებული
ფარხად-ფაშა დიდ ომს მოერიდა. უკან, არზრუმს გამობრუნდა.
ირან-თურქთა შორის საზავო მოლაპარაკება ჩამოვარდა. შაჰ-აბასი
კავკასიიდან სულ გაძევებული აღმოჩნდა. დროებით დათმობა და
დაჩუმება არჩია.
ხოლო ერთადერთი ჯერ კიდევ თავშენახული ივერთ მიწათაგანი -
კახეთი რუსეთის ხელდებულების გარდა, თურქების მოხარკეც გახდა.
დავით კი სულ ავადმყოფობდა. დედოფალმა თავი გასწირა და
ბოლოს მაინც ფეხზე წამოაყენა შვილი.
მისმა მძიმე მდგომარეობამ და სულთმობრძაობამ ერეკლეს წასვლის
ჭირიც კი უფრო ადვილად გადაატანინა. მხოლოდ ხანდახან
წაუტირებდა ხოლმე:
- ეჰ! ჩემი ერეკლე ახლა სად არის ნეტავ? როგორ არის? - და მერმე
ისევ ავადმყოფ დავითს გაორმაგებული თავდადებით უვლიდა.
ერთმა უბედურებამ მეორე გადაატანინა. მაგრამ თავად კი ძალზე
ჩამოდნა, გახდა. სისრულეში წასული ფაშფაშა ტანი ახლა ისევ
შეუწვრილდა წელში. მაგრამ უწინდებურ-ახალგაზრდულად კი აღარ

375
გამოეკვანწა, არამედ როგორღაც შემოახმა და დაეჩუტა. შემოაჭკნა
სილამაზეც. ღაწვები ჩაეღარა და ფაქიზი ნაოჭების აბლაბუდა აქამდე
კარგად შემონახულ სახეზე უეცრად დაეტყო და დაექსელა. ოდესმე
სამკაულების დიდი მოყვარული და მოსურვილე ახლა ერთობ
გამოიცვალა, თითქმის სულ აიღო მათზე ხელი. ზოგი თავის ცხრა
წლის ნესტანს გადაულოცა, ხოლო უმეტესი ეკლესია-მონასტრების
აღდგენას შესწირა.
ცოლ-ქმარს შორისაც იცვალა ურთიერთობა. სადღაც სიღრმეში მათ
გულთა შორის უტყვი უბრობა ჩამოვარდა.
ავადმყოფი დავითის სარეცელთან თუ შეხვდებოდნენ ურთიერთს.
ალექსანდრე თავისი მეუღლის ჩამქრალ თვალებში ჩუმ, მაგრამ მწარე
საყვედურს გრძნობდა:
„მე ვარსკვლავივით შვილები გაგიჩინე და გაგიზარდე… რა უყავ
მერმე? სადღა არიან ორნი?
ალექსანდრე თავს ვერ იმართლებდა მეუღლესთან. არც ძალა
ჰყოფნიდა, არც საბუთი. მან უკვე კარგად იცოდა, რომ დედის გულს
სხვა, მეტი და უფრო ნიშანდობლივი საბუთი სჭიროდა, ვიდრე ცივი
და მშრალი „სამეფოს საჭიროება“, „საქმის ვითარება“ თუ სხვა
მისთანანი… მტერთან ბრძოლაში დაღუპვასაც კი გაიგებდა.
შეაზარებდა მარცხი, სახეს დაიკაწრავდა სიმწარით. მაგრამ
გამოიტირებდა, გამოიგლოვდა ბოლოს და ბოლოს… მაგრამ ახლა,
როდესაც საღ-სალავათნი თავის ფეხით მიდიან მტერთან, მისივ
ბუნაგში… სადღაც შორს, სადაც, ვინ იცის, რა უბედურება და ხიფათი
არ მოელით. გადაგვარება, მშობლიურ ენის დავიწყება, რჯულის
დაკარგვა, გაღალატიანება, გამრუდება… იქნებ ვაჟკაცობის დაკარგვაც
და უჭირისუფლო სიკვდილიც… მუდამ საგლოვონი არიან
მძევლობაში წასულნი, საგლოვონი და საფათერაკონი. იცის, განა არა,
ალექსანდრემ, იცის, მაგრამ რა ქნას… რა ჯვარს ეცვას კიდევ?! განა
მოაკლო რაიმეს ან ხელი, ან გული, ან ცდა?!.
მაინც ამ მტკვრის ტივმა რაღაც უსაშველოდ დიდი მოსწყვიტა,
წაჰგლიჯა გულიდან და თითქოს სამაგიეროდ თუ ნიშანსაგებლად
წვერულვაშზე ახალი თეთრი ფთილა დაუტოვა, ტივის თეთრი.
კარგა დრომ განვლო. შემოდგომამ, ზამთარმა, გაზაფხულმა და მაინც
მარტო დარჩება თუ არა, თვალებს დახუჭავს და მტკვრის ჩაღამებული
დენა შიგნიდან ამოეკვერება ქუთუთოებს. ტივი… შავი ტივი…
მიჰყვება ტალღას.. შავი და გაჩირაღებული. ხორანთას შეკრული
ტივი… ყურშიაც ესმის მეტივური!.. ზედ კი ვერავის ხედავს, ვერავის!
ალექსანდრეს ბოლო დრო თავბრუს ხვევა დასჩემდა. ხელი აიღო
ნადირობაზე და გართობა-ნადიმებზე. ზოსიმესთან უხშირა საუბრებს.
აკითხინებდა საღვთო წიგნებს. თავადაც კითხულობდა ხმააბმით.

376
განმარტებასაც მოითხოვდა მრავალ სიბრძნისა და ღვთისმეტყველების
საკითხზე. ბოლოს კი მოულოდნელად, ხმაგატეხილად დასძენდა:
- ჩემი ოჯახი იმ სანთელსა ჰგავს, რომელსაც ორივე მხრივ ცეცხლი
უკიდია! იწვის, იწვის სანთელი… ზევიდანაც და ქვევიდანაც!
ბერდიდს ბინდი გადაურბენდა სახეზე და თავიდან მოაყოლებდა
სიბრძნის და ღვთისმეტყველების განმარტებებს.
ალექსანდრე კი ისევ „ქვევიდან“ იწყებდა გულჩათხრობილ ფიქრს
კონსტანტინეზე. იასონ ჭავჭავაძემ, რომელიც თურქების მიერ განჯის
აღების შემდგომ სულ მოსწყდა კახეთს და ირანში ჩაიჩიხა, თავის
დროზე საკმაოდ სანუგეშო და არანაკლებ უნუგეშო ცნობები მიაწოდა.
შაჰ-აბასს დიდი პატივით მიეღო თავისი „უმცროსი ძმა და შვილობილი
კოსტან-მირზა“. მძევალ მირზების ცნობილ მწურთნელ შეიხულ-
საფარლისათვის და ალი-ხოჯა-მაჰმადისათვის ჩაებარებინა.
ალექსანდრემ ჩინებულად იცოდა, რომ ასე იწყებოდა უბედურება.
ჯერ განებივრება-გაფუფუნება, მერმე შაჰ-აბასისა და ირანის
შეყვარება… შემდეგ რჯულის გამოცვლა, ჭაბუკობიდანვე
მრავალცოლიანობაში ჩაბმა და თანდათან შაჰინშაჰის ტახტის
საფეხურებზე ყურით მიბმა. ძველირანული სიბრძნე იცოდა
ალექსანდრემ: „დარწმუნებასა და სიყვარულს ორი ხელი აქვს - ერთს
მუშტი აბია, მეორეს კი ნებიერი ალერსი!“
„კოსტალა კი ბალღია, მასზე ჯერ ორივ ხელი იმოქმედებს! - და
ალექსანდრე ახალ „ზედა“ მწვავე ფიქრზე გადადიოდა, - აი ერეკლე
სხვაა! იმის იმედი მაქვს და ვაგლახ, რომ ამიტომ უიმედოდ ვარ!.. რა
დიდებული იყო კარავში! ნამდვილი მეფე!“
ალექსანდრეს გადატანილი სულიერი მღელვარების შემდგომ
ოდნავი მოდუნება დაეწყო, მაგრამ ხანგრძლივი ფეხის ამოკვეთის
შემდეგ, ისევ გადმოჭრილმა ლეკებმა აამოქმედა და მედგარ
საქმიანობას დაუბრუნა მეფე. კვლავ წამოდგა მთის საკითხიც. ელიმ-
შამხალიც გაშვებას ითხოვდა… მაგრამ ალექსანდრე ყაფლან ვაჩნაძეს
ელოდა რუსეთიდან და ჯერჯერობით თავს იკავებდა, იმედიანად
ელოდა და, რა თქმა უნდა, ეს უფრო ამხნევებდა, ვიდრე ზოსიმეს
ქადაგება-განმარტებანი. მაინც უსმენდა და აწყვეტინებდა:
- სასიძოც აღარა გვყავს კახეთში… აირია საქმე მთის იქითაც და
ზღვის იქითაც!
მაგრამ ამჯერად ზოსიმემაც უკუაგდო ქადაგება და სულ სხვა
უთხრა:
- იქნებ უმჯობესია, სტამბოლს გავგზავნოთ საპატარძლო? იქ
დაეწერათ ჯვარი! სულის სიმტკიცესაც შემატებდა… მსმენია, მეტად
შეყვარებია ერთხელ, ისიც საიდუმლოდ ნანახი!

377
ალექსანდრე გაკვირვებით უმზერდა ბერდიდს. მის ოდნავ ნაღვლიან
საუბარს უკვე გულდასმით უსმენდა და არაბერულ საქმეში მისი ჩარევა
აოცებდა.
- რატომ გიკვირს, მეფევ ბატონო! - უგრძნო ზოსიმემ, - ჭეშმარიტი
სიყვარული ზნეობის დუღაბია… ხოლო დედ-მამის დალოცვილი და
გაგზავნილი სანუკვარი მეუღლე სტამბოლის ჭირს გაუნელებს და
სულის სიმტკიცეს შემატებს მძიმე წილხვდომილს!
ალექსანდრე უმალ დაეთანხმა. მართალია, მან სხვა საბუთიც
მოიშველია, უფრო სამოქმედო ხასიათისა იყო. „საჭირო შემთხვევაში
სტამბოლს ელიმ-შამხალსაც გავგზავნი მის ასულთან ერთად და მისი
გაშამხლების საქმეში სტამბოლსაც ჩავრევ. აქეთა მხრიდანაც
დავუვლი… იქნებ ეს გზა უფრო ნაღდი გამოდგეს!“
რუსეთიდან ელჩების დაბრუნებას ყველაფერი უნდა გაერკვია… და
ალექსანდრე მოუთმენლად მოელოდა. თავისი მოხელეც კი გაგზავნა
ვოევოდა ხვოროსტინინთან თერგის ციხეში.
და ბოლოს, ენკენისთვის დამლევს, ნუგზარ ერისთავის შიკრიკი
მოიჭრა. საამო ცნობა მოიტანა: „რუსეთის დიდი და დიდებული
ელჩობა მობრძანდება, კახთ ბატონო! თავადი ყაფლან მათ ახლავს.
ზეიმითა და შესაფერ პატივით მივიღე. ღირსეულად გამოვისტუმრებ…
თქვენი სტუმრები ჩემი სტუმრებია!“
- მადლობა ღმერთს! - წამოიძახა ალექსანდრემ, ხოლო ნუგზარაული
უსტარი მეორედ რომ ჩაიკითხა, უმცდარად დაასკვნა: „დიდი
საჩუქრები მიურთმევიათ ნუგზარისათვის რუსებს… უსტარის
სიტყვებშიაც კი ჩხრიალებს ოქრო, ბეწვეულის სირბილე და
ძვირფასობაც მჟღავნდება!“
მესტუმრედ და პირველ მოსაუბრედ ალექსანდრემ ისევ თავისი
სახლთუხუცესი - ომან ჩოლოყაშვილი გაგზავნა. იგივ ოქროს კვერთხი
მისცა ხელში. ყაფლან და სხვა კახელები კი წინასწარ გრემს დაიბარა.
ომანმა დიდი ამალა შეამზადა. ორასამდე მხოლოდ აზნაურ-
მხედარნი იყვნენ.
კახთ ბატონის სახელით მრავალი მოსაკითხავი, ცხენბედაური, ხილ-
ტკბილეული, სურსათ-სანოვაგე და სხვა მიართვა შორეულ საპატიო
ელჩებს.
ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ ერეკლეს „გასტამბოლება“ არ
დაიფარებოდა. თავად ომანი ეტყოდა რუსთ, რომ თავისი და დავით
ბატონიშვილის მაზანდა აეწია ელჩების თვალში. ამიტომ ომანსავე
დაავალა ერეკლეს „გაარშივების“ გამჟღავნება რუსთათვის. ამბის
ფარგლებიც დაუდო: „ერეკლე მისჩვევია ხაშხაშის ხმარებას, გონება
მოსდუნებია და ერთი-ორი მხლებლით გაქცეულა თურქეთს. ახლა
თურმე სტამბოლს გდია, გაუკითხავად და უპატრონოდ.“

378
ოქტომბრის შუა რიცხვებში მოვიდა გრემს რუსთ ახალი ელჩობა.
ალექსანდრემ ყაფლან ვაჩნაძისა და ყურშიტას დახასიათებით
დაწვრილებით იცოდა მათი ავანჩავანი.
ხელდებულების ოქროს დიდბეჭდიანი სიგელი მოჰქონდათ გრემს
ბრიანსკის თავადს სიმონ ზვენიგოროდსკის და მედავთრეს ტორხა
ანტონოვს.
ელჩობაში ერთი მწიგნობარი ბერი ზაქარია სუხანოვი იყო,
რამდენიმე მღვდელი და დიაკონი, სამი მხატვარი - ხატის მწერალი,
ერთი ბაზიერი და ბადრაგი თოფოსნებისა.
- მეზარბაზნე? - უმალ იკითხა ალექსანდრემ, სია რომ ჩამოათავა.
- კვლავ ვერ გამგზავნეს მოუცლელობის გამო. ქალაქ ფსკოვს
ყოფილან წასულნი, - მიუგო ყაფლანმა.
ალექსანდრე მოიღუშა.
- ამ მღვდლებსა და სონღულებს კი მიგზავნიან… მაგრამ რაში
გამომადგებიან?! მაშ არც რუსთ ლაშქარი გინახავს შამხალზე
მომავალი?
- საკუთარ თვალით არ გვინახავს, პირობა კი მოგვცეს. ბრძანებაც
გამოგვატანეს აშთარხან-თერგზე.
- გჯერათ, რომ მოვლენ?
- გვჯერა! - უყოყმანოდ უპასუხა ყაფლანმა.
- ასეთი რამ შაჰ-აბასს რომ ეთქვა ან მურად-ხონთქარს?
ყაფლანმა წარბი შეკრა, უკვე სხვა მხრივ შეაფასა თავისი უყოყმანობა.
- არა, მაშინ არ დავიჯერებდი, მაგრამ იქ, რუსეთში… მოსკოვს! - და
აღმოსავლეთის გამოცდილ, უნდო კარისკაცსა და მრავალგზის
ნაელჩარს თვალებში მოხიბლულობის სხივი აენთო, სწორედ ისეთი,
ოდესმე რუსეთიდან დაბრუნებულ ზოსიმე ბერსაც, სხვა
ნამოსკოვართაც რომ შეამჩნია.
„რა არის ნეტავ? მართლაც ნახულის დიდი სიზვიადე თუ
დანატრებულ ქრისტიანულ სულის დიდი შვება და გალაღება? ალბათ
ერთიც არის და მეორეც! - თავისთვის ფიქრობდა ალექსანდრე, მაგრამ
სადღაც სიღრმეში ჩამჯდარი გამოცდილ და გატანჯული გულისყური
თუ გულისგული ეტყოდა, - ნამდვილად კი მესამეა… მესამე!
გაწირულობა ირან-თურქ ვეშაპთ შორის!.. მოსკოვის ხვალინდელ
აღმავალ ძალასა ვგრძნობ, დღევანდელი დაპირების სიმართლე
აგრერიგად კი არ მარწმუნებს, რამდენადაც ჩემი უბედურება
მაიძულებს, რომ დავიჯერო!“
დიდი ზეიმით მიიღეს გრემ-სასახლეში ახალი ელჩობა, რუსთ
ხელმწიფის გრძელ და ზვიად წოდებათა ჩამოთვლისას კახთ ბატონი
ფეხზე ადგა და ჩრდილოეთისაკენ რუსთ წესით მიწაზე ხელის

379
დაწვდენით სალამი სცა შორეულ თეთრ კეისარსა და სხვა მრავალთა
შორის ივერიის მიწათა ხელმდებელსაც.
ხოლო ოქროს ბეჭდიანი სიგელი ირანული წესით მიიღო
ალექსანდრემ, ჯერ შუბლზე მიიდო, მერმე ემთხვია და სამეფო
კვერთხთან დაასვენა.
რუსთ პატრიარქის მიერ მორთმეულ ხატებზე პირჯვარი ისახა,
ხოლო ერთს, რომელიც სახელდობრ ერეკლესათვის იყო
განკუთვნილი, ეამბორა და ისიც ოქრობეჭდიან სიგელთან მოათავსა.
სხვა საჩუქრებიც რჩეულ-რჩეული, ხოლო სონღულები
საკვირველნიც კი აღმოჩნდნენ.
ჯერი მათზე რომ მიდგა, რუს ბაზიერს ივანე სიჩოვს ერთი სონღული
მხარზე შეესვა, ასე მოეახლა მეფეს. ალაზნის მორჩილ სვავისოდენა და
მსგავს რუხწითელა მტაცებელ ფრინველს თავზე მოსირმული
შავხავერდის თვალსაფარი ქუდურა ჰქონდა ჩამოფარებული და მის
ქვეშ გამოყოფილი მტაცებლის კაუჭა ნისკარტი უფრო დიდი და უფრო
კაუჭა გამოჩანდა.
- სამი სონღული: წითელი, რუხწითელა და ნაწიწკლი… მორთმეული
სანადიროდ და სალაღობოდ! - წარმოთქვა რუსულად ტორხა
ანტონოვმა და ყურშიტას შეახედა. ისინი წინასწარ შეთანხმებული
იყვნენ. ყურშიტამ უმალ სთარგმნა. თანაც დასძინა:
- მეფევ ბატონო! ორი მათგანი გზაში დაიხოცა, - და ტორხას ნიშანზე
ორი სონღულის უკვე გაკეთებული ფიტული მოართვეს ალექსანდრეს.
მეფე-მონადირეს გული დასწყვიტა ამ თავისებურმა ზარალმა.
მიმინო-შევარდნებით ნადირობაში ხელოვანი იყო ალექსანდრე, მაგრამ
სონღულებით არაოდეს არ უნადირნია. ფიტულები თავის სანადირო
სასახლეში გაჰგზავნა, ხოლო ცოცხალს თავად შეუხსნა და ახადა
თვალსაფარი ქუდურა.
წითელი, ავ-ტყიური თვალები ჰქონდა სონღულს. თავი რომ იბრუნა,
დიდ ოქრობეჭედზე ტვიფრულ არწივს საოცრად ემსგავსა, მხოლოდღა
იმ განსხვავებით, რომ ოქრობეჭედზე ორთავა არწივი იყო.
- ნეტავი რას იჭერს ეს ჩრდილო მტაცებელი?
- გედებსა და ბატებს, ბატონო! - მოახსენა ყურშიტამ.
სონღულებს ბეწვეული მოჰყვა. არავინ არ დავიწყებიათ მოსკოვში.
არც დედოფალი, არც ბატონიშვილები, არც დიდებულნი. ერთი
უხერხულობაც კი შეიქმნა ამ ნიადაგზე. შარშან ზამთარში
გარდაცვლილ ალავერდელის ნაცვლად მიტროპოლიტად
სახელდებული, მაგრამ ჯერ ხელდაუსხმელი ნიკოლოზ
რუსთველყოფილი იყო. იგი კი ჯერაც სტამბოლს იყო ერეკლესთან
ერთად. ამ ამბის გამხელა რუსთათვის სრულიადაც არ სურდა კახთ
ბატონს. ამის გამო რუსი პატრიარქის ეპისტოლე-საჩუქრების მიღება

380
დააყოვნა და აღარც საეკლესიო კრება მოაწვევინა. ნიკოლოზ-
მიტროპოლიტი შორეულ წმიდა ადგილებში წასულად გამოაცხადა.
ხოლო სხვათა პირით მეფე-მიტროპოლიტის შორს ჯერ დაუმცხრალი
მდურვა ყურში ჩააწვეთა და მოცდა არჩევნინა, ვიდრე
დარიგდებოდნენ ძმები.
საჩუქრების მიღების ზეიმებს თათბირები მოჰყვა.
სიმონ ზვენიგოროდსკიმ დაარწმუნა ალექსანდრე, რომ შამხალზე
ლაშქრობა უკვე გადაწყვეტილია. ამან საზეიმო განწყობილება შექმნა.
თათბირებს ახლა ნადიმები წამოება.
ერთიც ძველებურად გალაღდა ალექსანდრე მეფე. კვლავ ყველგან
ასწრებდა ყოფნას. ისევ დატრიალდა ჯარასავით.
- თუ მართლა მოდიან რუსნი შამხალზე, მაშინ ჩვენც უნდა ავიდეთ
მთაში და ბარიდან გამოქცეულ შამხალს მთაშიაც მოვუსპოთ ბუნაგი.
ყაფლან ვაჩნაძე, შერმაზან ჩოლოყაშვილი და ზოსიმე, რომელთაც მან
გაანდო თავისი განზრახვა, ერთხმად დაეთანხმნენ.
ალექსანდრემ დიდი ლაშქართწვევა ბრძანა, ზუსტი თარიღიც
დასდო. ჯანდიერს კი ხმა დააგდებინა, თითქოს მხოლოდღა დიდი
აღლუმი, გართობა და ნადირობა ეწყობოდა რუსთათვის კახთა ძალის
საჩვენებლად და ლაშქრისათვის საჩუქრების დასარიგებლად.
ალექსანდრემ კიდევ ერთი რამ იღონა შამხლის წინააღმდეგ. ელიმ-
შამხლის გაშვება გადასწყვიტა, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის, მისი
ასულის ხელში ჩაგდება აუცილებელი იყო. ეს „დაადუღაბებდა“ ელიმ-
შამხლისა და ალექსანდრე მეფის საქმეს. ერეკლეს კი სანდომ
მეუღლისა და სულით ობლობის მაოხებლად მოევლინებოდა.
ალექსანდრემ საპატიო დილეგიდან ფარულად იხმო ელიმ-შამხალი.
- დროა, საქმეს მივხედოთ! ქორწილის საქმე ჩავათავოთ!
- გისმინოს ალაჰმა! მაგრამ ერეკლე-მირზა შორს არის ვგონებ?!
- არც ისე შორსაა, იქ ვერ ჩაუვიდეს დანიშნული… სურვილი და
სიყვარული გზასაც ამოკლებს და დარდსაც.
- ევალაჰ, ეგრეა! - კვერი დაუკრა ელიმ-შამხალმა და ყური სცქვიტა.
- შენი ძმა სურხაი არ ჩქარობს შენს გამოსყიდვას… იქნებ შენი ასული,
ჩემი პირმშოს დანიშნული აქ გადმოვიყვანოთ!.. სტამბოლს
გასაგზავნად! შენ კი მთაში წადი, დიდ ლაშქარსაც მოგცემ.
ჩრდილოეთიდანაც დაჰკრავენ.
ალექსანდრე ელიმ-შამხალს უკვე მახლობლად და თავისიანად
სთვლიდა, ამიტომ გულახდილად ესაუბრებოდა. არც ელიმს
დაუფარავს სიხარული, ალექსანდრეს თავისი დიდი ბეჭედი მისცა და
სალიჰატის გადასაცემი საიდუმლო ბარათიც დასწერა, სულ ორიოდ
სიტყვა იყო შიგ: „ეს ბეჭედი იცან, ამის მომტანს ენდე და გამოჰყევ,
მამასა და ქმარს იხილავ… ალაჰი იყოს შენი შემწე!“

381
კახთ ბატონმა ბარათი და ბეჭედი დავით ჯანდიერს გადასცა:
- სავაჟკაცო საქმეა… სახიფათო, მაგრამ საჭირო და სარაინდო!
ინახულე ბებურ და თამაზ, ისინი ახლდნენ ჩემს ერეკლეს ნიშნობაზე.
„იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია!“ - მწარე ღიმილით,
ზეპირად წარმოთქვა და ხმა ჩაეხიწვა. - ეჰ, არც ჩემი „ტარიელია“
ანგელოზებში!.. აბა, შენ იცი - სადედოფლოს მოტაცება „კრაზანების
ბუდიდან“… აი, რა უნდა შევძლოთ! მიდექ-მოდექით, საჭირო ხალხი
შეჰყარეთ და, - კვლავ ჩაფიქრდა ალექსანდრე, თითქოს საუბრის ძაფი
გაუწყდა. ამ ბოლო დროს დასჩემდა ეს, - და აღლუმსა და დიდ
ნადირობას ნუ მოაკლდებით, ამ დროისათვის გელით!
კიდევ ერთიც იღონა ალექსანდრემ. თერგის ციხის ვოევოდას
ხვოროსტინინს თავადაც მისწერა და რუს ელჩებსაც მიაწერინა. ხოლო
რუს შიკრიკთან ერთად თედო ბაცაცაისძეც გაგზავნა. თავად კი
მთლიანად ლაშქრის სამზადისს მიეცა. გლეხებს შეღავათი მიცა -
ზამთრის სარჩო-საბადებელი მოამარაგებინა. ელჩები ჭიაურში
გაგზავნა, თავად კი თორღვას გვასწია. აქ უნდა მოეწყო დიდი აღლუმი.
ოთხივ სადროშოს რჩეულნი შეეყარა. ამიტომ წინასწარ დააწყებინა
მრავალ კარვისა და საფარ-საბანაკოს გამართვა. სურსათ-აღალის
მოზიდვა-დამარაგება.
თორღვას მაგარი და დიდ ასპარეზიანი ციხე მაწიმის ხეობის
მაღალკლიტულში იყო. აქედან მთაზე გადასავალიც სულ ახლო იყო და
გრემძეგამის გზასაც თითქმის შუაგულში მიჯნავდა. არც ალაზან-იორ-
მტკვრის ხერთვისი იყო ძნელმისაწვდომი… ჰოდა, ალექსანდრეს ცალი
თვალი მთისაკენ ეჭირა, მეორე თურქეთისაკენ. ხოლო როდესაც ოდნავ
დაისვენებდა და გულისყურს საქმეს წაგლეჯდა, მაშინღა
მოაგონდებოდა ირანში ადრევე წარგზავნილი კონსტანტინე.
გული ეტკინებოდა, ოდნავ შერცხვებოდა კიდეც მამას. თავისი
ნაბოლარა ვაჟისათვის საფიქრებლად აღარ ეცალა. ყოველდღიურმა,
უფრო დიდმა ჭირ-ვარამმა სადღაც გულის კუნჭულში მიჩქმალა
დარდი კონსტანტინეს გამო.
მაინც ერეკლეს მხრივ უფრო იწვოდა სანთელი და ამ წვას ჯერ
ვერაფრით ვერ ანელებდა ოქროს ბეჭდიანი სიგელი.

XXXVII გაბზარული დაირა


დავით ჯანდიერმა უმალ მოინახულა ბებურ და თამაზ. ახალ
ჩამაჭრებულ ქვევრის პირს მოუსხდნენ და ფიქრს მიეცნენ. აქვე
იბარებდნენ, ვინც დასჭირდებოდათ.
ძნელი საქმე იყო, ფრიად ძნელი. ჯერ გამოტაცება, მერმე გამოსვლა
და ისიც კახეთზე ეჭვმიუტანლად. უგზოუკვლოდ უნდა
დაკარგულიყო სალიჰატ, ვითომ თავს აუტეხა რამე.

382
აქ არც ჯიქურობა და არც დიდი ძალა ვერ უშველიდა საქმეს, დროც
მიწურულში იყო.
- აქ მხოლოდ ერთია შეღავათი და ნუგეშის მცემი - ქალი თავად
წამოგვყვება, როგორც ხმას ვაწვდენთ! - თითქოს მაჭრის ქვევრს
ეუბნებოდა დავითი.
- ხმას როგორღა ვაწვდენთ, ეგაა საქმე!
ბოლოს ასე დასახეს: მცირე, თავგაწირულთა ჯგუფით, იდუმლად და
სახეცვლილად მთას გადავლენ, ზოგი ვაჭრად, ზოგი მოვაჭრედ,
მესაკრავედ, ხელოსნად… იქ კი თავად საქმე უჩვენებს საქმეს. უკან
გზად ვინიცობაა მთისაკენ ვეღარ იბრუნეს პირი, თერგის ციხეში -
რუსებთან გავლენ. საამსაქმოდ კაციც ივარაუდეს საგანგებოდ.
დაბოლოს კვირის ბოლოს გავაზ-საცხენისის თავზე მთის ტყეში
შეიყარა უცნაური მაყრიონი, როგორც ქოხსალამურამ უწოდა ამ
ჯგუფს. ჯანდიერმა იგიც წაიყვანა. წამოაღებინა დოლიც, ფანდურიც
და სტვირ-სალამურიც. ამათ მთიულური დაირაც დაემატა, რომელიც
ნიშნობის დროს უნობათა ერეკლეს საპატარძლომ. ერეკლეს დაირის
შიდა პირზე თავისი სახის დახატვინება კი მოესწრო, მაგრამ გაგზავნა
აღარ დასცლოდა.
- კი მაგრამ, ლეკური სიტყვა რომ არ ვიცი - ეს როგორღა იქნება? ან
სიმღერა ან ლექსი როგორ უნდა ვთქვა?! - ჰკვირობდა ქოხსალამურა.
- მუნჯობა მოგიწევს! სახის მეტყველებისა და ჩრდილების ოსტატი
კი ხარ, მაგით გახვალ ფონს… ლეკური საუბარი კი ჩვენზე იყოს!
ყველა მაყარი რომ შეიყარა და შეიმოსა, ურთიერთი ვეღარ იცნეს.
დავითს თავი შეიხურად მოეპარსა, ულვაში ჭარბ ჰინით შეეღება,
ქუდზე ჩალმა მოეხვია და მექიდან დაბრუნებულ ლეკ ბელადს
დაემსგავსა. თამაზ და ბებურ თურქი ასკერების სამოსში იყვნენ,
ნაახალციხარ მოთარეშეთ ჰგავდნენ. ქოხსალამურას მოხეტიალე
მუშაით-ჯამბაზის ფერადი შალვარ-ხალათი ეცვა, ყელზე ყაბალახი
მოეგდო და მის ფრთებზე მობმული საკრავების გნიასი უკან ფეხდაფეხ
მოსდევდა და მარქაფა ცხენს აფრთხობდა. ბელქან თუშს, ლეკურ-
ავარულის შესანიშნავ მცოდნე, შირვანელ ვაჭრის ფარფაშა და
ჩააბრეშუმებული სამოსი ჩაეცვა, ხურჯინებსა და კიდობნებში ნუზლი,
მარქაფა თოფ-წამალი და სხვა იარაღი ჩაემალა, ხოლო ზემოდან ზოგი
რამ სათვალთმაქცო ფართალი გადეშალა. მაგრამ ყველაზე ახირებული
მაინც მათე ნოგირინი იყო. გაბურდული ქერა და თითქმის
ჭაღარაურევი წვერ-ულვაში უფრო გაეფაფრა. კოსროზე მოთელილი
ოსური ლაპუ-ქუდი დაეხურა, ფართო, ხვანჯრიანი შალვარი ჩაეცვა,
ფეხებზე კი რუსული ვეება ჩექმები დაეტოვებინა. ერთობლივ კი
სხვადასხვა მხარეში ხელმომთბარ ბაცაცას ჰგავდა.

383
- იშ ტი! მაშ პატარ-ზალი მოვიტანოთ?! - დამტვრეული რუსულ-
ქართულით გაიძახოდა და ცხენს ფეხგაფარჩხულად მიაჩაკჩაკებდა.
ისიც უყოყმანოდ გამოჰყვა ჯანდიერს. ზაზას დიდ მეგობარ
ბატონიშვილის ხათრით შეელია ღვინის რიგსაც, გატეხილ ქვევრსაც,
ხალიანას ქადებსაც, „მათუშკა“ სათინოს გამომცხვარ დედის პურსაც და
ხაშლამასაც, მამუკას კალმის წრიპინსაც და ჯაბას დაზგა-უროთა
დგანდგარსაც. ახლა მიაჩქარებდა ცხენსა და ყველას სათითაოდ
იგონებდა. გრძნობდა, თუ როგორ შეეთვისა მათ, რა დიდი ადგილი
დაუკავებია ყოველ მათგანს აქამდე უთვისტომო და ფარღალალა
გულში.
მაყრები ცხენმარქაფად მიდიოდნენ. ასეთი წესი საოცრად აჩქარებდა
გზა-მანძილს. ხან პირველ ცხენს მოაჯდებოდნენ, ხან მარქაფას. არც
ჩერდებოდნენ. დღე და ღამე გაასწორეს. ყველა გადასავლებს უგანეს და
მთაზე ჯიხვების ნავალს გადაჰყვნენ. ოდნავ შეფერხდნენ პირიქითა
ხრიოკ ხევებში, მაგრამ ავარის ყოისუს ხეობაში მათი გასვლა არავის
შეუმჩნევია. ხოლო ამ საქმეში, როგორც ქოხსალამურა იძახდა, „ჩუმი
გადასვლა ნახევარი პატარძალიაო!“
მთის საბალახოები და პირველი სოფლები განზე შემოიტოვეს,
შემდგომ გზა-ბილიკებზეც გავიდნენ, უფრო ღამიანად ვიდოდნენ.
უტყეობა უძნელებდათ საქმეს, მაგრამ ხრამიან-ღორღიანი
ადგილმდებარეობა, მრავალი გამოქვაბულები და ხაროები ყოველთვის
ჰქონდათ თავშესაფარად. მერმე კი ისე გათამამდნენ, რომ დღეც
ვიდოდნენ და ლეკავარულ სალამითა და ალაჰის ხსენებით
უსწრებდნენ მგზავრებს, ეგებებოდნენ შემხვდურებს, ჩაუვლიდნენ
სოფლის ყრილობებს. ანდისყოისუც რომ გავლეს, მხოლოდ შემდეგ
შემობრუნდნენ. მთაგრეხილების ბილიკებს გადაჰყვნენ და ყაზანიჩს
მიატანეს.
- ჰო-ჰო, რომ გვიცნონ და გვიხელთონ, გუდებს არ გაბერავდნენ
ჩვენი ტყავისაგან! - ჰინიან ულვაშებში ჩურჩულებდა ჯანდიერი.
- ჩუმად, შეიხო, ენამ არ გიყივლოს, თორემ შენი გუდა მაგათთვის
ყველაზე უფრო უპრიანია! - პასუხობდა ნაასკერალი თუ შირვანელი.
შეუნელებლად იარეს, ვიდრე ცხენ-კაცთ ერთიანად არ ჩააწყდათ
ფერდები და ბოლოს დაღამებისას გავლეს ყაზანიჩის ციხე-სოფელი,
მერმე კი ქანცგამოცლილებმა მონახეს ბიამანი ადგილი და მთელი დღე
იძინეს.
- მართლა დავმუნჯდები, ბატონო! - ენაბორკილად უბნობდა
დაღლილი ქოხსალამურა. სამაგიეროდ მათე რუსი, რომელმაც გაიხსენა
თავისი დაუდეგარი ცხოვრება, სულ გაიძახოდა:
- დავაი, დავაი! არაფერია! ვოტ ტებე ი სალამური!

384
ყაფირ-ყუმუხში უკვე მხოლოდ ბელქან თუში და ქოხსალამურა
ჩავიდნენ. შირვანელი ქეთხუდი და მუნჯი მედაირე ცალ-ცალკე
დაძრწოდნენ ყაფირ-ყუმუხის მოზრდილ ბაზარში.
ყაფირ-ყუმუხი ტარკას შემდგომ ყველაზე დიდი დაბა იყო
საშამხლოში. აქ თავდებოდა მთა-ქედი და ბარიდან მოსასვლელად
საკმაოდ მაგარ ციხე-ადგილად ითვლებოდა.
მას შემდეგ, რაც რუსებმა თერგის შესართავთან ციხე ჩადგეს და
სულაყისაკენ მოიწევდნენ, ხოლო ზღვის პირებს თავისი ხომალდებით
ესხმოდნენ, შამხალმა ოჯახი და ძირითადი სადგომ-სახიზარი სწორედ
აქ გაიჩინა. სადედოფლო სალიჰა ახლაც შამხლის ოჯახში იმყოფებოდა,
მაშასადამე, აქ უნდა ყოფილიყო.
ბევრი აპუტუნა სალამური „მუნჯმა“ მესაკრავემ. არავინ არ აქცევდა
ყურადღებას. მხოლოდ ერთმა-ორმა დედაბერმა ჩაუდო ჩანთაში ქერის
პური. არც მაინცდამაინც შირვანელ ქედხუდს სწყალობდა ბედი. მეტად
ძვირად აფასებდა საქონელს… მაგრამ ერთი რამ კი გაიგო ბელქან
თუშმა და მაყრებს ახარა.
- მართლაც ქორწილზე მოვსულვართ, ყირიმელი ბატონიშვილი
მურად-გირეი სურხაი-შამხლის ქალს ირთავს. ამ კვირია ამოვა თურმე
ყაფირ-ყუმუხს პატარძლის წასაყვანად.
მაყრებმა ამ დღისათვის დაასკვნეს მთავარი მოქმედება. ბეჭედი და
მამის ბარათი ქოხსალამურას ჩააბარეს. მან ითავა ქალისათვის მათი
გადაცემა. დანარჩენებმა კი შორიახლოს მწყემსების ნაბინავარ
გამოქვაბულში გაიჩინეს ჩუმი ბუნაგი და დაბაში საზვერავად თითო-
თითოდ ჩადიოდნენ.
ქორწილის დღეც მალე დადგა. კახელებმა ბუნაგიდანვე შეამჩნიეს -
უამრავი ხალხი დაიძრა ყაფირ-ყუმუხის ციხე-სასახლისაკენ.
ჯერ დიდი ბაზრობა გაიმართა. კახელებიც მოემზადნენ, დარახტულ
ცხენებთან მარტო მათე რუსი დასტოვეს, რომლის გამთიელება მაინც
ფრიად საეჭვოდ გამოჩანდა. იგი ისევე ვერ დაემსგავსა დაღესტნელს,
ვით მისი ჩექმები არ ჰგავდნენ ბანდულ-ქალამნებს.
დანარჩენები კი სათითაოდ აქეთ-იქით შევიდნენ ბაზარში და ხალხს
შეერივნენ.
ქოხსალამურამ ამჯერად ყველა თავისი ხელსაწყო და საკრავი წაიღო.
მათ შორის პატარძლის დაირაც.
ნაშუადღევს სასახლის გალავნის ალაყაფი გაიღო და ქოხსალამურამ
მიჯრილ ხალხს იქით ეზოში დაინახა თავმოყრილი საპატიო
სტუმრები.
მალე ყირიმელი ბატონიშვილი მრავალი სტუმრისა და მასპინძლის
თანხლებით გამობრძანდა ბაზრის მოედანზე. ახლო-ირგვლივ მას
ახალგაზრდობა, საცოლეს დები და მდადენი ეხვივნენ. წესით სასიძოს

385
საჩუქრები უნდა მიერთმია მათთვის, ხოლო საჩუქრები თავად უნდა
აერჩიათ მდადეთ.
ყირიმელ ბატონიშვილისათვის ცოტა უცხო იყო ეს ჩვეულება.
ყირიმში ჩადრს ატარებდნენ ქალები, აქ კი… მართალია, რიდობდნენ
და მორცხვობდნენ ქალწულნი უშუალოდ მამაკაცებთან შეყრას, მაგრამ
თავ-პირს სრულიადაც არ იბურავდნენ, ხოლო ქორწილის დღეს
თამამობდნენ კიდევაც.
ბაზრის ხალხი მოკრძალებით უკან დადგა და გზა სიძე-მდადეთ
უტია. სავაჭრო კარვებმა და ფარდულებმა თუ ფეხზე ვაჭრებმა უმალ
გადმოაფინ-გადმოალაგეს, საუკეთესო რაც გააჩნდათ. ყირიმელ სიძეს
ზღაპრული სიმდიდრის მქონედ სთვლიდნენ. ახლა იწყებოდა
ნარდიბაზრობა.
ბელქან თუშმა კარგად შეათვალიერა ყველა მდადე. მათ შორის უნდა
ყოფილიყო სალიჰაც და მართლაც მდადეთა ჭრელ და ღიაფერებიან
სამოსთ შორის ერთი შავქობა სამოსიანი ფაქიზი ასული შეამჩნია, იცნო
კრაზანების ბუდეში, ყაფლანის ელჩობის დროს ნანახი, ახლა უფრო
ლამაზი და მოღერებული მოეჩვენა. ვარსკვლავივით გამოირჩეოდა
მარაქაში.
- ის არის! - წასჩურჩულა ქოხსალამურას და უფრო ახლოს მიდგა,
თავისი ოქროქსოვილები გადუშალა მდადიონს.
უმალ შემოადგნენ. აქეთ-იქით სწვდნენ ცქრიალა, შებუზმენტებული
ქალიშვილები და ფარჩა აუშალეს.
სალიჰა განზე იდგა. ქალურმა ცნობისმოყვარეობამ ისიც წამოსძლია,
მაგრამ თავის შავქობიან აშიას დახედა, მამის ტყვეობა მოაგონდა და
ისევ განზე გადგა.
მდადიონმა და ყირიმელმა სიძემ უმალ გასცალეს შირვანელი ვაჭრის
ბოხჩა და ახლა სხვებს მიეტანენ.
- აბა ახლა შენ იცი, - წასჩურჩულა ბელქანმა ბაზრის კიდეში
მიყუჟულ ქოხსალამურას და სხვა მაყრების ძებნას შეუდგა.
ქოხსალამურა კი მოემზადა, მოედნის ბოლოში მიჯდა, დოლი
ლაჯებში ამოიჩარა, ბადულების თასმებში დოლის წკირები გაიყარა,
გულზე ფანდური და პატარძლისეული დაირა დაიკიდა, ტუჩებით
სამლარჭიან სტვირ-სალამურს დაეწაფა და როდესაც სიძე-მდადენი
უკან გამობრუნდნენ, ერთბაშად დააგრიალა ყველა საკრავი. დოლს
ფეხის ქნევით უნაცვლებდა, მარჯვენა ხელს ხან ფანდურს
ჩამოჰკრავდა, ხან დაირას ააჟღერებდა, ლარჭებიან სტვირზე კილო
გამოჰყავდა. ერთად კი ისე გამოდიოდა, თითქოს მთელი დასტა
უკრავსო. ქოხსალამურამ მთელი თავისი გული და ოსტატობა
ერთობლივ საკრავებში ჩაატანა და მართლაც ხუშტურამღერღავი
ლეკური სათამაშო აახმიანა.

386
ჯერ მოზარდები მოესივნენ და პირდაღებული შეჰყურებდნენ პირ-
ხელ-ფეხ ათამაშებულ დამკვრელს. მერმე ქალებმაც შეამჩნიეს, სიძეც
მოახედეს და ირგვლივ შემოადგნენ საკვირველ სანახაობას.
ქოხსალამურა გაშმაგებით უკრავდა და თვალი შავქობიანი
ასულისაკენ ეჭირა. ისიც მოვიდა, მოჰყვა სხვებს, თუმცა სხვებზე შორს
დადგა. მისმა კდემამ და სილამაზემ განაცვიფრა ქოხსალამურა. უფრო
უმატა დაკვრას.
დიდი რკალი შემოადგა ამ ერთსახოვან დასტას. ყველანი
ჰკვირობდნენ, იღიმებოდნენ, ხარხარებდნენ, მაგრამ არ იძროდნენ, არ
ცეკვავდნენ. ეს კი ცუდი იყო. ხალხს რომ ააცეკვებდა, ქოხსალამურას
მერმე ჰქონდა ნიშნის მიცემის იმედი. აგრძნობინებდა რასმე…
გააგებინებდა, თან არც უნდა შეაშინოს, არც ულოდნელად გააოცოს
ფაქიზ-ვარსკვლავა ქალი. ოფლში იწურებოდა ქოხსალამურა და
უკრავდა. ფიქრი, ოფლი და ლეკურის კილო აერია, მაგრამ სათამაშო კი
ჩინებული გამოდიოდა. ამჩნევდა როგორ ცმუტავდნენ ჭაბუკები,
ადგილობრივ იკვანწებოდნენ ქალ-გოგონები. მხრებსა და წარბებს
აყოლებდნენ მოწიფულნი. ბოლოს ტაშიც გაჩნდა. ცეცხლივით გაედო
ხელებს, მაგრამ არვინ ცეკვავდა. დღეს პირველი საცეკვავი საპატიო
სიძისა იყო, ყირიმელმა ბატონიშვილმა კი აბა საიდან იცოდა ლეკური.
არც ქოხსალამურამ იცოდა ეს გარემოება, თორემ კიდევ იღონებდა
რასმე.
დაწყება იყო მთავარი, მერმე კი… დაცდილი აქვს ოსტატს, იცის
ცეკვის ძალა… ყველას თავის ჭკუაზე ააცეკვებს, თავისას მიაღწევს ან
სასახლეში მიაწვევინებს თავს.
ყირიმელი ბატონიშვილიც აქეთ-იქით იმზირებოდა. ისიც ხსნას
ელოდა.
ბოლოს ისევ ბელქან თუშმა უშველა ყველას. შემონახული ძვირფასი
არაბული ბაღდადი მიართვა სიძეს:
- მჯობნის მჯობნს ჯილდოდ დაშვენდებოდა ყირიმელი სიძის
სახელით!
ყირიმელმა უმალ ჯიბეზე გაიკრა ხელი. ბაღდადი კი შუა წრეში
ჩააგდო. ეს კი თანხმობისა და ცეკვის ნიშანი იყო.
აზრიალდა ხალხი. რკალში ათიოდ მოცეკვავე გადმოფრინდა.
ხელად მოწესენიც გაჩნდნენ, რკალი გაადიდეს. წყვილ-წყვილად
გაუშვეს ბაღდადის მოქიშპენი. ცეკვა რომ გახურდა, ქალებიც ჩაჰყვნენ
ცეკვაში.
ახლა მთელი ბაზრობა მოცეკვავეთ მოეჯარა. აქვე იყვნენ შეფარულნი
კახელნიც.
რკალის პირველ რიგში იდგა შავქობოსანი ასულიც. იგი უმზერდა
თავის თანატოლთა ნარნარს, მასაც გული უკვდებოდა საცეკვაოდ,

387
ხოლო თვალი ეცრემლებოდა. მრავალმა სთხოვა, მაგრამ არვის გაჰყვა
ცეკვაში. ყველა გააწბილა.
ახალ საგონებელში ჩავარდა ქოხსალამურა. მას იმედი ჰქონდა, ახლო
მაინც მოვიდოდა სალიჰა. არა, არც მოიწია, არც თავისეულ დაირას
ამჩნევს, არც ცეკვავს. ან კი რა აცეკვებს… მამანატყვევარს, საქმროს
ბედის არმცოდნეს… ნახევრად ტყვესა და ნახევრად მძევალს?!
ქოხსალამურა კი თავად ამოვიდა ოთხში. დაიღალა. მართლა დასტა
ხომ არ არის… ერთი ობოლი, მარტოხელა კაცია!
დაბოლოს ფიქრმა გაჰკრა… ერთი წუთით შეყოყმანდა - „გაბედოს
თუ არა?! რომ იცნონ სხვებმაც? არა, აბა ვინ იცნობს?“ მეტი ყოყმანის
საშუალებას არ აძლევდა არც დაკვრის ცეცხლი და არც კილო ცეკვისა.
უცბად წამოვარდა დოლიდან. სტვირი ტუჩებში შეიტოვა. დაირა ორივ
ხელით აიტაცა და ახლა დაირა-სტვირის ლეკური გააჩაღა, თანაც
თავად დაჰკრა ოინბაზური დავლური. ბანდულებში გაყრილი სადოლე
წკირები გრძელ დეზებად შერჩენოდა. თავად უკრავდა და თავადვე
ცევავდა.
რკალს ხარხარის ცეცხლი მოეკიდა. შეწყობილი ტაში დაუგრიალეს
ქალებმა. ოსტატმა კი შავქობოსან ვარსკვლავის წინ გასწყვიტა
დავლური და ფეხი კოხტად გაუსვა. გამოსაწვევად დააცქერდა ასულს.
„რა ნაზი და სათნო სახე ჰქონია!“ - ერთი ჰანგიც მოემატა ცეკვაში და
ჟღერაში ჩატაცებულ ქოხსალამურას… უმალ ლექსად ამოუფრიალდა
გულისთქმა.
შორიდან ვარსკვლავ სადარო,
ახლო მჯობნელო ხომლისა!
და ის-ის იყო პირი უნდა დაეღო, რომ მოაგონდა თავისი მუნჯობა.
ისევ სტვირის ირგვლივ შეკრა კრიჭა და თავი მოწიწებით დაუკრა
სალიჰას. ააცეკვებს, დაირას შიდა სურათს მოხერხებულად
დაანახებს… ნიშანს მისცემს. მაგრამ ქალმა თვალები დახარა და უფროს
ქალებს ამოეფარა. „ან კი რას ითამაშებდა ვიღაც ოინბაზ მოცეკვავე-
დამკვრელთან?!“ - თავს ნიშნი მოუგო ქოხსალამურამ და ქალური
კოპწიაობით შემობრუნდა, დაირა მარჯვენა ხელში შეიტოვა. მარცხენა
კი ქალურად გაშალა, თითქოს თავი არ გაიწბილა, უარის მთქმელის
მაგივრად თავად ათამაშდა პრანჭი-ქალურად და ხალხის ერთიანი
ხარხარი გამოიწვია.
ქოხსალამურამ კი ისევ იცვალა ილეთი. ახლა შუა რკალში,
ბაღდადთან ერთად ბოდბურად ჩაბუქნა, დაირა ჰაერში ააგდო,
მიწიდან ბაღდადი აიტაცა, მხარზე გადიგდო და ისევ ჰაერშივე
დაჭერილ დაირას ხელ-თითები უფრო ხმიანად მოუნაცვლა… აახმიანა.
ისევ ახარხარდა ხალხი.

388
- საღოლ! სანდა საღოლ! - მიაძახა ყირიმელმა სასიძომ. ხალხმაც
ბაღდადი ერთხმად მას არგუნა.
ქოხსალამურა კი ისევ დოლს დაუბრუნდა. იცოდა დაკვრის
ჯადოქარმა, რა ერთი აუშალა საღერღელი ხალხს, ახლა დაღამებამდე
არ მოჰყირჭდებათ. მაგრამ რა ბედენაა, მან კი თავისი საქმე ვერ
გააკეთა. ისევ შემოტრიალდა და ხალხის რკალს მოავლო თვალი. იქ -
სწორედ პირდაპირ, სალიჰა შეამჩნია.
„ან ახლა, ან არასოდეს!“ და ერთმა რომ დაამთავრა ცეკვა, ხოლო
მეორემ ჯერ ვერ დაიწყო, ქოხსალამურამ წკრიალით ააგორა დაირა.
პირდაპირი გეზი მისცა. თავად კი ხელში ფანდური მოიგდო, არც
დოლს მისცა საშველი. გახურებული მთიულური დოლ-ფანდურზე
გადაიტანა.
ხალხის რკალის მეორე თავში კი დაირა გამიზნულად
შავქობოსანთან მიგორდა და მის ფერხთით გულაღმა დავარდა,
თითქოს ეჟვნების წკრიალით და სანუკვარი სატრფოს ღიმილით
შეჰხარა.
ჯერ დაიბნა სალიჰა, მიწა კინაღამ გაუსკდა ფერხთით. თავი ხელთ
რომ იგდო, დაირა უკვე ხელში ეჭირა. არა, თვალი არ ატყუებდა, არც
გრძნობა. ნათავისარი და ნაიმისარი დაირა იყო. ყოველი ეჟვანი ამას
უჟღერდა და უდასტურებდა. ასე საოცრად შემობრუნებული და მისი,
ყველას შორის გამოსარჩევი სახის მომტანი დაირა.
ქოხსალამურამ დაინახა, როგორი მზე ჩაუდგა თვალებში
შავქობოსანს. ისედაც ლამაზმა უეცრად მზეთუნახავის სილამაზე
მოიცა. ყველა გააშავა.
სხვა ქალებიც შემოესივნენ დაირას.
ქოხსალამურა ფანდურს უნაცვლებდა თითებს, დოლს უბაგუნებდა.
ვიღაც ლეკები ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ. დაირა კი ხელიდან ხელში
გადადიოდა და უხილავ სიყვარულის ლანძვისა და სიმის დაგვარად
ჩუმად ჟღერდნენ და ჟღურტულებდნენ ზედ დაკიდებული ეჟვნები და
ზინზილაკები.
ბოლოს სასიძოს მიართვეს დაირა. იგი ოდნავ მოიღუშა. დაირაზე
სახული ბევრად სჯობდა მას - შუბლდაქანებულსა და ცხვირხორციანს.
მაგრამ გონებაგამჭრიახობა არ აკლდა ყირიმ-გრეის. ჭაჭვით ოქრო-
ვერცხლი დაჰყარა დაირაზე, ზედ სახული სილამაზე გააფასა და
ქოხსალამურას დაუბრუნა. იგიც დაეთხოვა დაკვრასა და მდაბალი
სალამი სცა. ხელით მადლობა და მუნჯობა ანიშნა.
- დელი-აშუღ! ლალ-აშუღ! ბეიუკ-აშუღ! - მიაძახა ხალხმა.
სიძე-მდადენი სასახლისაკენ წავიდნენ, ხოლო ქოხსალამურამაც და
სხვა ფარულმა მაყრებმაც შეამჩნიეს - თვალი უკან რჩებოდა
მდადიონის ულამაზეს შავქობოსან ასულს.

389
ნიშანი მოხვედრილიყო ნიშანში!
სალიჰას მოსვენება დაეკარგა. გული აღარ ეტეოდა გალავანში. ტოლ-
მეგობრებსა და მდადეებს გამოეთიშა. ვერც ვის გაუზიარა ნანახი და
მინახვედრი. არა, მაინც რას ნიშნავს ეს?! ან საიდან გაჩნდა აქ მისი
ნაქონი დაირა, იდუმლად დანიშნულისათვის გაგზავნილი; ვისი
სახელის ხსენებაც კი ვერ გაუბედავს, ბიძის - სურხაი-შამხლის შიშით.
ახლა მისი სურათით ამობრუნდა. უმალ იცნო, ერთხელ ცხადად და
ათასჯერ სიზმარში ნანახი, ნაოცნებარი. მისი მაღალი და გაშლილი
შუბლი, ფართო კულულება ქოჩრით შემოხატული, ლამაზად
ჩათლილი და ჩაფითრებული ღაწვები, ფაქიზად გამჭრიახი თვალები.
მერცხლის ფრთასავით წარბიც და ულვაშიც. ასეთი იყო ნიშნობისას,
ასეთი დარჩა ოცნებაში, ასეთი იხილა დაირაზე სახულიც!
გალავანში დიდი სტუმრიანობა იყო. ხელგაშლილი მასპინძლობა და
სამგზავრო სამზადისი. მზითევისა და საჩუქრების რჩევა-ჩაწყობა.
სურხაი-შამხალი დინჯად დადიოდა სუფრიდან სუფრაზე. ამაყ
თავაზით ესალმებოდა ყველას და ზრდილობიან საფარველში ნამალი
არწივის თვალით ყველაფერს ამჩნევდა.
ჰოი, როგორ ეშინია ამ თვალის თითქმის ობოლ სალიჰას. მან რომ
შეამჩნიოს დაირა, სულ სხვათა შორის რომ გაჰკრას თვალის კილო,
საკმაოა. მაინც იცნობს. მიხვდება და მაშინ?! მასაც რომ შეხედოს,
სალიჰას… აღელვებულსა და შემკრთალს… მაინც მიხვდება!
და სალიჰა მდადეებს აფარებდა თავს. მაგრამ ყურთასმენას რაღა
უყოს? ამდენ ლხინსა და ცეკვა-თამაშში, ამდენ საკრავის ჟღერაში მაინც
გამოისმის დაირის ხმა! გაირინდება, სმენად იქცევა! არა, ის დაირა არ
არის! ის სხვა იყო, სხვა ხმაზე ჟღერდა!
და ადგილს ვერ პოულობდა საბრალო ქალწული. უსმენდა, ყველგან
უსმენდა, ეძებდა საოცრად შემობრუნებულ დაირის ხმას.
საღამოს პირას, როდესაც აიშალა სტუმრობა და უფრო მაღალი
გნიასი შეიქნა, საიდანღაც სიომ გალავანსაც აწვდინა შორეული დაირის
ხმა.
„ეს არის!“ - სმენად იქცა სალიჰა. მართალია, დაირა სხვა კილოს
უკრავდა, მაგრამ სალიჰა უმცდარად გრძნობდა, ათას დაირაში
გამორჩეულად, რომ იგივ დაირა იყო! კილოც კი იცნო. ბარის, გურჯი-
დავლური იყო! იმისი მშობლიური ხმა! მოუწოდებს, ეძახის თავის
იდუმალ დანიშნულს! შორიდან, უსახელოდ, მაგრამ გულნიშნეულად
ეძახის და რაღა გააჩერებს მას?! ვის მოუცადოს? რას დაუდგეს?! ვის
დაელოდოს, როდესაც იქ გურჯი-დავლური მომწვევად ჟღერს,
სატრფოს დანაბარებსა და სიყვარულს უჩურჩულებს?! არა, ხმამაღლა
უმღერს ჯადოქრული ძალით და გზნებით. ისე ხმამაღლა, რომ ვაი, თუ
ყველას ესმის! ნუთუ აქ არის სადმე და ვაი, თუ სხვამაც ნახოს?

390
დაფორიაქებული ქალწული აქეთ-იქით აცეცებდა შემკრთალ
თვალებს. მაგრამ მისთვის არვის ეცალა. ხალხი გასავლისაკენ
მისდევდა წასულ ტალღას. ახლები კი მოდიოდნენ მოსალოცად და
სალაღობოდ.
დიდი ქორწილის კორიანტელში არვის ეცალა შორეული დაირის
ხმაზე აცეკვებული გულისათვის! სალიჰამ იდროვა, თალხი
წამოსასხამი მოიბურა და გალავნიდან გამსვლელთ გაჰყვა.
ჩაბინდებულ მოედანზე გავიდა. აქ კი აირია, აღარც დაირის ხმა
ისმოდა, არც მოდაირე ჩანდა! ადრე ბინდი კი ქუფრზე შექუფრული
ეჩვენა ქალწულს.
- სად მივალ? ხაფანგი არ იყოს რამე?
ირგვლივ ვიღაცეები მიმოდიოდნენ, ხალხი იდგა თუ იჯდა. მას კი
ყველანი ჩრდილებად ეჩვენებოდა! უსახო და უფეხო ჩრდილებად!
მაგრამ აი, დაირასავით კალო-ტკეპნილი მიყუჩებულ ბაზრის თავი! ის
ადგილია, სადაც დაგორდა და აჟღერდა დაირა! თვალზე და
მიხვედრაზე უფრო ადრე ისევ გულმა უგრძნო! რა ყოფილა ეს გული,
ჯერ ანუგეშა, მერმე გულსაყვედურად წამოედავა ნუგეშს! ეცეკვა მაინც
იმ დაირის ხმაზე. რაღაცას თვალებით ემუდარებოდა ჩოფურა
მედაირე, მუნჯი აშუღი! ეცეკვა მაინც! ალბათ კიდევ ენიშნებოდა რამე!
სალიჰა უფიქროდ მობრუნდა და განის შუკას აჰყვა. დიდ გზას უგანა
და ვიწრო და ბნელ შუკას კი აჰყვა! არა, რატომ უფიქროდ… არც
ალალბედად… განა ისევ არ დაირხა ამ შუკის მხრიდან იმ დაირის ხმა?!
და აი, ხან მინელდება ხმა, ხან უფრო მეტყველად და მოწოდებით
ჟღერს! ადგილსაც იცვლის! შუკიდან შუკაში, ბანიდან ბანზე გადადის
უხილავი და ფარფატა დაირ-ნაჭერი! აი, თითქოს მისწვდა, ხედავს
კიდევაც ჩოფურა მედაირეს. ირგვლივ ბალღები ახვევია. იქვე
ჩრდილებში დიდკაცებიც ჩანან. ერთი შეიხიც კია - ჩალმოსანი! არა, იქ
ვეღარ მივა, ვერ მიბედავს, არ იცნონ! მაგრამ, აი მედაირე თითქოს
თავად მოდის, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ ირიბულად გზას უჭრის
და თითქოს ნუსხავს შერბილებულ დაირ-ჩურჩულით. არა, უკან უნდა
გაიქცეს?! სად მოსულა?! აქ ხომ სოფლის განაპირაა! იქ, ყორის იქით კი
ვიღაცეები სხედან. ცხენების ჭიხვინიც ისმის. იქით მდინარეა და მთის
გზა! სად მოსულა, ბედისწერას აუტანია!
მობრუნდა სალიჰა, თითქოს ნაბიჯიც მოინაცვლა, მაგრამ გვიანღა
იყო. უკაცრიელ შუკაში დაიროსანი უკვე მის წინაშე იდგა. დაირის
გულ-სურათი ქალწულისაკენ მოებრუნებინა და ისე ოდნავ აჟღერებდა
ეჟვან-ზინზილაკებს. ირგვლივ ბნელა, არც მთვარეა, მაგრამ რად უნდა
სალიჰას შუქი ან ცის მნათობი, როდესაც დაირა მთვარობს მის წინაშე,
სულ ახლოს, ახლოს! გულისა და დაირის ზინზილაკებიც ამასვე
მეტყველებენ. მერმე მუნჯი მედაირეც ქართულად ალაპარაკდა:

391
- დედოფალო, მამისაგან - ელიმ-შამხლისაგან! - და ბეჭედში
გაყრილი ბარათი გადასცა სალიჰას.
ენის ცოდნა რა საჭიროა, მამის სახელი გაიგო, ბეჭედი შეხებითაც
იცნო, ბარათის წასაკითხად კი არც აღგზნებული თვალისჩინი ეყო, არც
სინათლე. გული აუჩქროლდა და ვიდრე შეკითხვას მოისაზრებდა,
ამეტყველებულმა მუნჯმა ისევ მუნჯურად, ხელით, ხმის
ამოუღებლობა ანიშნა, დაირა შეაბრუნა, ისევ ყორეზე შეხტა და ახლა
სხვა, საზეიმო ხმაზე ააჟღერა.
სალიჰას მუხლები აუთრთოლდა, გული ბუდიდან საყელოს შავ
ქობასთან ამოუფართხალდა და ალბათ დაეცემოდა, მაგრამ ვიდრე
თვალებს დახუჭავდა, იგრძნო, ვიღაცამ ნაბადი მოახურა მხრებზე, შიგ
მჭიდროდ გახვია, ხელში აიტაცა და ჩამოქროლებულ ცხენოსანს
გადასცა. ყორეზე კი ზეიმობდა დაირა! „ღმერთო და ალაჰ, თავად იგი
თუ არის, დაირაზე ხატული?!“ და გაოგნებულ-გაყუჩებული ქალწული
მაგარ მკერდსა და ნაბდის ბინდს მიენდო.
სანახევროდ მიბნედილსა და გულწასულს ყველაფერი აერია.
მხოლოდ ერთიღა დარჩა შეძრულ გულისყურში - დაირის ხმა! ამ ხმაზე
ძგერდა მისი გულიც, ცხენების თქარუნშიც იგივ ხმა ისმოდა, ჟღერდა
დედამიწასთან ერთად! ნაბდის ნაკეცში შემოჭრილი ქარის ზუზუნიც
დაირის ხმაზე იყო ნამრავლი. ირგვლივ ჩურჩულებდა, ხმიანობდა,
გრიალებდა ათასი დაირა… ერთ ხმაზე აწყობილი და ერთ სახეში
სახული!
და ისევ დაირ-დავიწყებას მიეცა სალიჰა.
გონზე რომ მოვიდა, თითქოს სხვა, უფრო მძიმე ხელში იგრძნო
თავისი თავი. საჰაეროდ მოხარვეზებულ ნაბდის პირში მთვარე
იცრებოდა და მის სხივზე ვეება ეშვივით ულვაშის ჩრდილი ჭენების
რხევაზე ფარფატებდა.
შეკრთა სალიჰა. არა, ეს სრულიადაც არ იყო მისი რჩეული და
საბედო!
მხედარმაც იგრძნო მისი შეკრთობა:
- ბებურ! თამაზ! - გასძახა და ოდნავ მოსწურა სადავე.
ცხენდაცხენ მოიჭრნენ ძმები:
- ჩვენ გახლავართ, დედოფალო! თქვენი მეჯვარენი! ბატონიშვილის
ოჯახში და მამასთან მიბრძანდებით! ოღონდ აქ გავასწროთ უნდა…
ნურაფერი გედარდებათ! - ორივ ერთად შეესიტყვნენ ლეკურად.
ქალწულმა იცნო ისინი. ჩუმი ქვითინი ამოუშვა და უფრო მიენდო
მეჯვარეთა სრბოლას.
ასე რომ, იმ ღამეს ორი მაყრიონი გავიდა ყაფირ-ყუმუხიდან. ერთი
ჩრდილოეთით - თერგისაკენ, მერმე ყირიმისაკენ, მეორე კი სამხრეთით
- კახეთისაკენ.

392
მთელი ღამე შეუსვენებლივ ვიდოდნენ სამხრელნი. მარქაფ ცხენებს
ინაცვლებდნენ. კარგად გაიმანძილეს დილამდე. გათენებისას კი ისევ
გზის გადასწვრივ ეხში შეიყუჟნენ. ბელქან თუშსა და მათე რუსს
დაელოდნენ. ქალის მხოლოდ გამოტაცება კი არ იყო საკმაო, არამედ
უკვალოდ უნდა გამქრალიყო ელიმ-შამხლის ასული. სალიჰას
ქობასაბურავი ყოისუს პირზე მოხერხებულად უნდა გამოეკიდათ
ეკალზე, წყალში გადავარდნილად ჩაეთვალათ დაკარგული. ხოლო თუ
მაინცდამაინც გაჩნდებოდა მდევარი, გზა უნდა აებნიათ, რუსთ
ციხისაკენ წაეღოთ კვალი, თუნდაც თერგზე რომ მოსწეოდათ გასვლა.
მაგრამ ქორწილის ორომტრიალმა ხელი შეუწყო მოტაცების მაყრებს
და შუადღისას გზაზე მეთვალთვალედ დარჩენილმა ქოხსალამურამ
საფარში ბელქანი და მათე ამოიყვანა.
- მშვიდობა, სულ მშვიდობა!
- ახლა მხოლოდ სიჩქარეა საჭირო!
- ანდი-ყოისუს ხიდი კი ღამიანად უნდა გავვლოთ… იალაღებზე
გავასწროთ, მერმე ფიქრი არ არის! - ჩურჩულით თათბირობდნენ
მაყრები.
ყველა დაღლილი იყო, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა არც ერთს.
მხოლოდ სალიჰას ეძინა. იგი ეხის ყველაზე სიღრმისეულ, მიბინდულ
კუთხეში გაშლილ ნაბადზე მიყუჟულიყო და ძილ-ოცნების ტკბილ
ბურანში იყო წასული.
მას გარეგანი ახლა აღარაფერი ესმოდა. არც შიშობდა არაფერს.
იცოდა, მისი ერეკლეს ძმადნაფიცების ხელში იყო, ზღაპრულ კახეთში
მიდიოდა საოცნებო საქმროსთან და რამდენი ხნის უნახავ მამასთან…
ერთბაშად ყველაფერი! ბედის ასეთი უეცარი შემობრუნება მართლაც ამ
ცხენთა ჭენებას თუ ჰგავდა… უეცრად შემოხვეული ამ მამაკაცურ
ნაბადს… მთა და ბარს შორის გადაგორ-გადმოგორებულ დაირას!
ფერიფური მისდიოდა და ტკივილამდე დასული ტკბილი
ჟრუანტელი უვლიდა ძილის პირის ოცნებაში გატრუნულ ქალწულს.
საერთოდ ცხენნავარდს ნაჩვევს ახლა ცხენზე ცალკე ჯდომის თავი
და ძალა არ შესწევდა. და საღამოს პირას ისევ ნაბადში გახვიეს და
ხელდახელ ატარეს ძმადნაფიცებმა.
ადრე შუაღამისას მიადგნენ ანდი-ყოისუს ხიდს. აქ ვიწრო ყელი იყო
და მისი განზე მოვლა არ ხერხდებოდა.
ხიდზე ცხენები სათითაოდ იყვნენ გასაყვანი. ბელქან და მათე
დაწინაურდნენ. დაზვერეს ხიდი. მცირე კოშკი იდგა გამოღმა.
- ვინა ხართ? - ლეკურად შემოსძახა ხიდის მცველმა.
- ახლო მგზავრები! - ლეკურადვე მიაძახა ბელქანმა და ჩაქვეითდა.
დარაჯი ახლოს მოვიდა. ცხენის ოფლის სუნი იკრა. დაეჭვდა.

393
- ამ ღამიანად? ასე სად მიიჩქარით? ცხენები დაგიხოცნიათ, - უკვე
მათე რუსს ჩახედა სახეში, ხოლო უკან მავალი მოზრდილი ჯგუფი რომ
შეამჩნია, თოფი ამოაბრუნა და ძახილიც დააპირა, მაგრამ ბელქან თუში
ბოკვერივით მოახტა ზურგზე, პირი ხელით დაუხშო, ხერხემალში
ამოაბრუნა და თოფიანად ხიდის მიღმა გადაუძახა. მისი კივილი უმალ
ჩაახშო ყოისუს ჩქერმა.
- არიქა! - ბელქანმა აღვირში ჩაავლო ხელი თავის ცხენს და
მეწინავედ ვიწრო ხიდზე გაიყვანა. დანარჩენები დაუქვეითებლად
მიჰყვნენ. მარქაფა ცხენების გაყვანა მაინც შეფერხდა. ქოხსალამურა და
მათე რუსი დატრიალდნენ, გაიყვანეს. მაგრამ ახლა კოშკის დარაჯს
ჩაესმა ზედმეტი ხმაური, ხიდის მცველს გადმოსძახა. ხმა რომ არვინ
გასცა, დაეჭვდა. ხიდზეც ზედმეტი სიჩქარე შეამჩნია. უმალ თოფი
დასცალა. ხეობის ჰუპუმ თოფის ხმა გაღმა-გამოღმა გაიტ-გამოიტანა და
ამრავლა.
- აბა, გავასწროთ! - ცხენს დეზი ჰკრა დავითმა და ბებურს მარჯვნივ
ამოუდგა, ფაქიზი ტვირთი მას გადასცა, - შენ არ მოგვხედო! თამაზ,
შენც წინ აურეკე გზა! - და თავად იარაღი იმარჯვა.
სოფელში აქა-იქ უკვე შუქი ჩავარდა. ბანდაბან ყიჟინა აიბა. თითქოს
ფეხდაფეხ მოსდევდა გაქცეულთ. ხან უსწრებდა კიდევაც ჭენებას.
კახნი შეჯგუფდნენ, ფაქიზი ტვირთი ყოველ მხრივ დაფარეს როყიო
ტყვიისაგან. ასე გაქუსლეს სოფლის გული. საქმე წკიპზე იყო. აქა-იქ
უკვე გავარდა თოფი და ტყვიის ზუზუნმაც თავი დაუკრა მაყრებს.
სოფლის დასალიერს წინაც გადაუდგნენ ჩრდილები. მაშინ ხმლები
იშიშვლეს კახელებმა. მათე რუსმა კი ლეკთა დასაბნევად რუსულად
დასჭყივლა უკვე მათთვის ცნობილი „ურა“… სხვებიც აჰყვნენ.
უმალ გაიფანტნენ წინ დამხვდურნი. მაგრამ ზურგში კი მიაყოლეს
ტყვია და ისარი. ბოლოში ქოხსალამურა დარჩა. მას უწიეს, მხარშიაც კი
გაჰკრეს. ზურგზე მოკიდებულმა დაირამაც საოცარი დგაფანი გაიღო.
სალიჰას თითქოს გულში მოხვდა დაირის სხვა ხმა, ერთი შეჰკივლა,
თუმც უმალ ენაზე იკბინა და დადუმდა.
გათენებამდე იარეს ცხენმარდად. ბოლოს იალაღებზე გააღწიეს და
გალაღდნენ. ახლა უკვე თავი კავკასიონის კალთებზე იყვნენ.
მხოლოდ დილით გაამხილა მედოლემ თავისი ჭრილობა. უმალ
გაუსინჯეს. ბეჭის თავზე ჰქონდა არცთუ ღრმა გაკრულ-ნატყვიარი.
სისხლი კი ბლომად დასდენოდა. სახელდახელოდ შეუხვიეს. ცხენ-
კაზმულობაც მოისინჯეს. ქალმა კი დაირა მოითხოვა. როდესაც ნახეს -
განცვიფრდნენ. ნატყვიარი აღმოჩნდა დაირა. ნასროლს ალმედად
გაებასრა და გაებზარა ერეკლეს სახე. ზედ ქოხსალამურას სისხლის
ნაშხეფიც დასდენოდა.
გული ჩაუწყდა სალიჰას.

394
- სად არის იგი? როგორ არის? ხომ არა უჭირს რა… აუგი ან ბედის
ძალვა?! სიზმარეულივით ამეტყველდა და აკანკალდა. მისი მისნური
შიშნაკრაობა ყველას მოედო და ენა ჩაუგდო.
ამან უფრო დააფეთა სადედოფლო.
- ერთ-ერთი ბატონიშვილი დაგხვდებათ საზღვარზე! - ყრუდ
უპასუხა დავითმა.
სალიჰას ცრემლით აევსო თვალები, მაგრამ არ იტირა. ნაბადი
გადიგდო, მანდილის ყურით სისხლი ჩამოსწმინდა დაირის
დაზიანებულ გულს და ცალკე ცხენი ითხოვა. ვაჟურად მოაჯდა,
გრძელი კაბითა და ნაბდით იფარა წვივებთან გამომკრთალ შეიდიში
და იალაღის აღმართს მდუმარედ შეუდგა.
ახლა კი ერეოდა გზა და მხარი. წინ აღარ ესმოდა დაირის ხმა.
თითქოს აღარავინ ეძახდა… არვინ მოუწოდებდა სწრაფვას…
ყველაფერი დადუმდა: ყველაფერს ირგვლივ რაღაც უხილავი, მაგრამ
მთავარი დააკლდა… დვრიტა დაეკარგა… უნიშნო გახდა. მაღლა
გატიხრული მწვერვალებიც ცეკვაარეულ მოფეხულეთ დაემსგავსნენ…
და კავკასიონის პირიქით ცაზე ამოსული მზეც გაბზარულ დაირას
ჰგავდა.
მაყრიონიც უხმოდ და პირქუფრად მიჰყვებოდა მას. უკვე ნელა
ვიდოდნენ. ცხენებსაც უჭირდათ და ცხენოსნებსაც.
ჯანდიერმა იალაღებზე უგზოობა და შორით მოვლა არჩია. ხოლო
ბელქან თუში და ქოხსალამურა დააწინაურა, შიკრიკ-მახარობლებად
აფრინა.
მათი წასვლისას კიდევ ერთხელ შეფრთქიალდა ქალი,
ქოხსალამურას დაირა გამოართვა და ნაბდის ქვეშ ჩაიფარა. ასე
გაფითრებული სახითა და გულში ჩაკრული გაბზარული დაირით
გადაადგა იგი იმ ზღაპრულ კახეთს, სადაც ოდესმე დედოფლად უნდა
მისულიყო.

XXXVIII მონადირული იგავი


დათქმულ ვადაზე დიდი ლაშქარი შეიყარა თორღვას, ხუთასიოდ
კარავი კლდის თავზე, მაღალ გალავანში დაიდგა. დანარჩენნი მაწიმის
პირზე ხეობაში და ტყის ჩრდილოებში თუ წნულ კარვებში
დაბანაკდნენ.
ხუთასიოდ ცხენ-თოფოსანი ცალკე ედგა ალექსანდრეს. მათ
კაჟჩახმახა თოფები ჰქონდათ. თითქმის ამდენივე ძველ-პატრუქოსანნი
ქვეითად ბანაკობდნენ მახლობლად. აქ იყო ოთხივ სადროშოს რჩეული
თავისი დროშის მპყრობელებითა და სარდლებით. ათი ათასამდე
ცხენოსანი იდგა გალავნის დიდ მოედანზე და მის დასწვრივ ციხის
მთავარი ალაყაფის გარეთაც. მთის მისავალზეც, მაწიმამდე

395
ჩაყოლებული. მძიმე აბჯროსანნი და ხმალ-დაშნიანები ცალ-ცალკე
იყვნენ. ხუთი ათასამდე შვილდოსანნი და შუბოსანნი ქვეითნი ციხის
ქონგურებზე, გალავნის თავანებზე იყვნენ ჩაყოლებულნი. მენაღარენი,
შიკრიკ-მაცნენი, ჩახთაულნი თუ სხვა მნე-გამრიგენი ტრიალობდნენ
სეფე კარვებისა და სარდლების ირგვლივ. ჯაბა ოსტატსაც კვერცხის
ოდენა ტყვიების მსროლელი გრძელი თოფები ამოეტანა.
ლაშქარი მზად იყო. კახთ ბატონი ახლა თერგის ციხიდან მოელოდა
რუსთ ლაშქრის შამხალზე დაძვრის ცნობას. მაგრამ იქიდან არაფერი
ისმოდა, უმოქმედობას კი ვერ ჰგუობდა ქართული ლაშქარი.
კვირა დილით ალექსანდრემ ჯერ აქვე გალავანში მოაწყო ლაშქართ
შემოწმება. მერმე კი ველზე ჩაიყვანა და მაწიმის პირას დიდი აღლუმი
მოაწყო. რუსთ ელჩები და თავისი სარდლები იახლა. ზოსიმე ბერდიდს
სამეფო კვერთხი ჩააბარა და წინ ატარა. ახლა ბაგრატოვანთ დროშა-
ჯვრები მოაყოლა. მენაღარენი და მღერალ-მგალობელნი მიუყენა. ასე
ჩამოიარა მთელი გამოშლილი და ჩამწკრივებული ლაშქარი. ჩაძიებით
დაათვალიერა, გასინჯა… სვლაში და საფურველში გამოსცადა.
ცხენკეთილობა შეუმოწმა.
ჯერ დავით ბატონიშვილისა და ბოდბელ-ქიზიყელის თავლაშქარს
ეწვია. დავითი გამოჩინებულად დახვდა მეფესა და მის ამალას. კარგად
გამოეწყო და აღეჭურვა სპა. არც თავისი ქონება დაეშურებინა, არც
სხვისი. თავად კი მძიმე ავადობის შემდგომ სისუსტე დასჩემებოდა.
სახის ნაკვთებში ადრეული სიმკაცრე ჩასწოლოდა. შუბლისა და
ღაწვების სიფითრეს შავი თვალ-წარბის ეშხი წამოეჩინა; აბჯარ-
აღჭურვილობაც შვენოდა ტანადს. ეს კი იყო, არვის არ უმზერდა
თვალებში. უმრავლესობას თვალზევიდან ესაუბრებოდა, ზოგს კი
თვალდახრილად. მამას, ზოსიმე ბერდიდს, ომან ჩოლოყაშვილს და
თავის უმცროს ძმას გიორგის, შერმაზან სარდალსა და დავით
ჯანდიერსაც არიდებდა თვალს, შერმაზანს - ციხე-გალავნის ბრძოლის
გამო, ხოლო ჯანდიერს კი იმის შემდგომ, როდესაც მან ბატონიშვილის
ავადობის გარემოებათა გასარკვევად უფადარი მოჩხრიკა, ღამის
დარაჯის მოკლული გვამი აღმოაჩინა და მას, პირველ ბატონიშვილსაც
უტიფრად შეეკითხა. შესაფერისი პასუხიც მიიღო ახმახ-ჩახმახამ. თუმც
ამჯერად ჯანდიერი არ იყო ლაშქარში. სადღაც საიდუმლოდ გაეგზავნა
მამა მეფეს.
გაღმამხრელთ გიორგი ბატონიშვილი და სტეფანოზ ნეკრესელი
უდგნენ დროშის თავში. წინამხრელებს ამჯერად შერმაზან
ჩოლოყაშვილი უძღოდა. დროშა კი, ვიდრე ნიკოლოზ მიტროპოლიტი
იერუსალიმს იყო, ხარჭაშნელს ეპყრო.
შერმაზანმაც ვაშას ძახილითა და ზეიმით მიიღო თავისი მეფე.
დროშები ჯერ დაუხარა, მერმე აუფრიალა. ნაშიშვლი ხმალი ფერხთით

396
დაუდო. მერმე ამალაში ეახლა. ახლო მიიწვია ალექსანდრემ, ნაამებმა
გაუღიმა:
- ასეთი ლაშქრით გავიმარჯვებთ, აბა რა იქნება?
- გააჩნია, ვის ვებრძვით, ბატონო! მძლეველის მძლევი ვინ გამოლია
ქვეყანაზე! - და რა შეატყო თავის მეფეს წყენის იერი, უმალ ულვაში
ისწორა, - უხიაგ სიტყვას ნუ მიწყენ ბატონო… ეს ვერანა ენა იმ ჩემ
ნათესავ ომანივით ვერა მაქვს დაქნილ-დალესილი. სულ მან
დაითავისა ჩოლოყაანთ ენამჭევრობა! - შერმაზანმა ოფლი მოიწმინდა,
ბევრი მოუვიდა ერთბაშად ნათქვამი, ერთი ომის გადახდას უდრიდა.
შეატყო ალექსანდრემ და გაეღიმა:
- არა უშავს რა, სარდალო! ალესილი ხმალი უფრო ფასობს კახეთშია,
ვიდრე მე ვარ ფასის მიმცემი!
ამალას გადახედა. თავდახრილი დავითი ედგა გვერდში.
ალექსანდრე კი თითქოს ერეკლეს მოელოდა. გული ეტკინა, ფიქრი
შორს - ზღვის იქით გადაუსხლტა, მერმე მთის იქით. „ნეტავ რა ქნეს?!“
შერმაზანი გაიყოლა, ოდნავ გაშინაურდა, საუბარი სწადდა. მაგრამ
შერმაზანს პირ-ბაგე ულვაშებში მთლიანად ჩაებუბნა, თითქოს სიჩუმის
გალიაში ჩაესვა. იგი ბრძოლის კაცი იყო, არ უყვარდა აღლუმობა და
ხმალკოპწიაობა. მისი ლაშქართმცნება მოკლე იყო: „შეჰყარე, დაჰკარი,
გაათავე!“ ამაო მოლოდინი და უმოქმედო ლაღობა ღლიდა და
საბრძოლო გულს უყირჭებდა, მებრძოლთაც ატყობდა ამასვე.
„ლაშქარი მწევარივით ოდნავ მშიერი უნდა იყოს! გალაღება და
აღლუმ-ნადიმი კი გამარჯვების შემდეგ უნდა!“ - ფიქრობდა
თავისთვის და მეფის ამალას ათვალიერებდა.
თავადი სიმონ ზვენიგოროდსკი რუსთ-მხედრულად
გამოწყობილიყო, რამდენიმე რუსი ასისთავი და მხედარიც ეახლა,
დანარჩენი რუსები კი შერმაზანის თვალში გზად ჩამვლელ უცხო
სოვდაგრებს ჰგავდნენ.
- ამათ ვუმტკიცებთ რამეს, თუ შამხალს ვებრძვით, მეფევ ბატონო?
- ორივეს!.. ერთს ჩვენს ძალასა და მნიშვნელობას ვუმტკიცებთ,
მეორეს კი ნამდვილად ვებრძვით… თუ გამოვიდა… ისევ აგვიანებენ
თერგის შიკრიკნი, - მძიმედ დასძინა ალექსანდრემ, ლაშქარს უტია და
დედოფლის კარავს ეწვია.
უმალ მარიამ დედოფალი და ნესტანი გამოეგებნენ მეფეს.
ურთიერთს ზეიმ-სალამი სცეს.
აქვე თვალის დასანახავზე მოსწვდა ალექსანდრეს მთის შიკრიკი -
ბელქან თუში. კახთ ბატონმა თვალი გაჰკრა მაცნეს და უკვე იცოდა,
რომ მახარობელი იყო.
მაგრამ არცთუ სულ კარგი მახარობელი აღმოჩნდა ბელქანი.
საპატარძლო კი ბედნიერად გამოეყვანათ, მაგრამ დავით ჯანდიერი

397
იმასაც ატყობინებდა, რომ რუსთ ლაშქრობის არავითარი ხმა-
მოლოდინი არ იყო ყაფირ-ყუმუხში. პირიქით, ქორწილი და ლაღობა
იყო კრაზანების ბუდეში.
ალექსანდრემ უმალ დაითხოვა რუსი ელჩები, ხოლო მთელი
ლაშქრის ალაზნის პირა ჭალებში ჩასვლა ბრძანა. თავად ჩამორჩა
ლაშქარს და გიორგი ბატონიშვილი იხმო:
- ძმა ძმისათვის, აი ამ დღისათვის! შენ შეხვდები მის საბედოს…
ანუგეშებ, აუხსნი, რომ თავად ვერ შეეყარა საზღვარზე… აბა შენ იცი,
ტკბილად შეეყრები… ისიც დაჩაგრულია ბედით… დედას მიჰგვარე და
ნურც გაახმაურებთ ამბავს.
გიორგის გასტუმრების შემდგომ ალექსანდრემ თავადაც მიაშურა
ალაზანს. სამი დღე იყო დიდი აღლუმი, შელუღი და ცხენ-ჯომარდობა.
თავდაცვა. სანგარ-საჩეხის გამართვა ტყეში… წყლის გაფონ-გაცურვა…
ასპარეზობა. ალექსანდრე დაუღალავად სწურთნიდა თავის ლაშქარს.
თუ ახლა არა, მერმე მაინც გამოადგებოდა… მაინც თერგიდან ელოდა
ამბავს… არ შლიდა ლაშქარს.
მესამე დღეზე მარიამ დედოფალმა სთხოვა სასწრაფოდ მობრძანება
მანდილოსანთა კარავში.
აქ დახვდა სალიჰა. იგი უკვე ქართულ კაბაში იყო საპატარძლოდ
გამოწყობილი. ბაგეებზე ღიმილი ჰქონდა, ხოლო დიდრონი სევდიანი
თვალები ნათლად ღაღადებდნენ მის სულისკვეთებას.
მთა რომ გადმოლახეს და კახეთის მაღლობებს ჩამოსცილდნენ,
მალევე შეეყარათ გიორგი ბატონიშვილი ფარეშებითურთ… სხვათა
შორის, ხალიანაც წაეყვანა გიორგის.
მთის სადედოფლომ შორიდანვე შეამჩნია დამხვდურნი. კარვები
დაედგათ მათთვის. გული შეუჩქვიფდა ასულს, მაგრამ იგი უმცდარად
გრძნობდა, რომ ერეკლე არც აქ დახვდებოდა… არც აქ… მაგრამ სად,
სხვაგან სად? სადღა? გზის პირშივე შემოეგება გიორგი. მისი ხელები
გულზე მიიდო. თავად ჩამოსვა ცხენიდან. ცალი მუხლი მოიყარა და
კახეთის სადედოფლოს კალთის შავ-ქობას შეეხო ბაგეებით. სალიჰამ
თავის სამაზლოს მთიულური წესით მარჯვენა მხარზე აკოცა და ფეხზე
წამოაყენა.
მაშინღა შეხედა გიორგის. ეს ერეკლეზე უფრო ჭაბუკი იყო, უფრო
ჯანსაღიც, უფრო ხუჭუჭიც. იქნებ უფრო ლამაზიც, მაგრამ მისი
ერეკლეს სიფაქიზე და სინატიფე აკლდა. ის კდემა და მომხიბლაობა არ
გააჩნდა არც შუბლის გუმბათში, არც თვალ-წარბში, არც ოდნავ
დარცხვენილ ღიმილის უპეებში. გიორგიმ ცუდად იცოდა ლეკური.
ქართულად შეესაუბრა. კეთილ ფეხად მობრძანება უსურვა მის
სადედოფლო კახეთში. და მერმე თუმც დაიმედებით, მაგრამ
სევდიანად მოუთხრო ერეკლეს სტამბოლს წასვლის ამბავი.

398
არაფერი გაუგია სალიჰას. მაგრამ ერთი წამით თუ მყისით მის
სამაზლოს გაბზარული დაირა გადაეფარა სახეზე.
ბებურმა და თამაზმა მოკლედ უთარგმნეს გიორგის ნათქვამი.
სადედოფლომ თავი ჩაღუნა და მოახლებული ქალების ამალას თავის
კარავში წაჰყვა. აქ კი მძიმედ შეეცრემლა თვალები, მაგრამ ქვითინის
ხმა არც ბარის ქალებს გააგებინა.
მერმე გზაში თუ სასახლეში მრავალი მოფერება და ალერსი არგუნეს
მთის სადედოფლოს. მას კი ყველაზე უფრო მარიამ დედის, „იმის
დედის“ ცრემლი და ჩუმი ზარი დარჩა გულში თუ სმენაში.
არა, აქ - ბარში მართლაც ყველაფერი კარგი და საამო იყო, ბუნება თუ
ხალხი… ყველანი ანებივრებდნენ, მისი გაუმჟღავნებელი სურვილების
აღსრულების ფიქრში და ცდაში იყვნენ, მაგრამ ყველაფერს გაბზარული
დაირის ხმა და ბურანსახე ჰქონდა.
ალექსანდრემ შვილივით გულში ჩაიკრა ქალწული.
- ახლა კი მესმის, ერთი ნახვით რამ მოხიბლა ჩემი ჭკვიანი ერეკლე! -
და მისი პირმშოს საიდუმლო დანიშნულის ნახვამ ისევ გაჩირაღებული
ტივი ამოუცურა გულის სიღრმიდან და დახუჭულ თვალის გუგებზე
ქუთუთოებს მაგიერ გადაუფარა, - მამა აჩვენეთ ქალწულს… ელიმ-
შამხალი, - და თავად ვეღარ დადგა შინაურებთან. გიორგი გაიყოლა და
შეჩვილებული გულის მოსარევად ჭალაში ნადირობა ბრძანა.
- მეფევ ბატონო! - უმალ მოეახლა მოხუცი ბაზიერი, - ალაზნის
ძველნადენში ჩავიდეთ, ირანული ფარშავანგები მოფრენილან!
- კარგია, გიშველა ღმერთმა! ეს რუსული სონღულებიც გამოვცადოთ!
- წეღანდელი დარდი ოდნავ გულზე მოეშვა ალექსანდრეს.
ნადაღესტნარი ჯგუფი გაიყოლია, მთის ამბავი და მათი
თავგადასავალი წვრილად გამოჰკითხა.
ძველნადენის ჭალაში ჩასვლისთანავე საოცარმა სანახაობამ ყველა
გაიტაცა. ჩალიან-მაყვლიანებს და ზედ გადმომდგარ ვერხვებს უამრავი
გარეული ფარშავანგი დახვეოდა. შორიდან ვეებერთელა ჭრელ-
ცისფერა პეპლებს ჰგავდნენ.
სანადიროდ მხოლოდ მოისართა ლაშქარი მოიწვიეს. ჭალა სამი
მხრივ შეაკვრევინეს. მეოთხეზე ალაზანი ჩამოდიოდა, გაღმა კი
სოფელი იყო.
მონადირენი ჩავიდნენ თუ არა სარეკში, უფრო მომხიბვლელი გახდა
სანახაობა. ფარშავანგების ყივილსა და ირაოს ჭალის დანარჩენი გნიასი
და ფერადობა ჩაეხშო. გოგმანში გადაშლილი თუ ფრენაში
წაგრძელებული მრავალფერა ბოლოები უეცარ და უამრავ
ცისარტყელებად ევლებოდნენ ტევრსა და მდინარეს.
ახლომახლო გაღმა სოფლებში მრავალი ჭორი და მითქმა-მოთქმა
წარმოშვა ამ იშვიათ ფრინველთა სტუმრობამ. მოხუცებს ახალი

399
ომიანობისა და შინა შუღლის ნიშნად ჰქონდათ დაცდილი.
ელჩებისა და რუსი ბაზიერის სიჩოვის მოსვლამდე ალექსანდრემ
ველურ ფარშავანგებს მშვილდოსნები შეუსია.
ერთ ჩავლაზე ორმოცდაშვიდი ფარშავანგი მოართვეს მეფეს.
უწინდებურად გახალისდა ალექსანდრე. აღტაცებით შეჰხაროდა
ყოველ მარჯვედ ნატყორცნ ისარსა და ახალ ფარშავანგს. ხეზე თუ
მიწაზე მჯდარ ფრინველზე აკრძალა ისრის ხმარება.
- მხოლოდ გაფრენილს, მხოლოდ გაფრენილს!
ხოლო როდესაც რუსთ ელჩებიც მოვიდნენ, თავადაც ჩაჰყვა, სიჩოვს
სონღულის წურთნისა და სანადიროდ გასვლის ილეთები გამოჰკითხა.
დამფრთხალი ფარშავანგები მაყვალ-ჩალიანებში შემალულიყვნენ.
მეძებრები შეაშვებინა ალექსანდრემ. მამალი ფარშავანგი წამოაფრთხეს.
მარაოსავით გაიშალა და მაღლა აჰერში შედგა, ცაში დახატულ სურათს
დაემსგავსა. სიჩოვმა მოუსტვინა და თვალსაფარი ქუდურა წააძრო
სონღულს. ჯერ მხრებში ჩაიდრიკა მტაცებელი, წითელი თვალები
დააელვა, ფრთა ვიწროდ მოიქნია, უეცრად შევარდა მაღლა,
მხარმოწურულად ეწია და ეძგერა აყივლებულ ფარშავანგს.
ბრჭყალებით ლავიწებში ჩასწვდა, თავი ვერ დაუჭირა და გრძელ-
ჭრელი კისერი კი კაუჭა ნისკარტით გადაუწყვიტა. მძიმედ აიქნია
ფრთები და ჩალინის კიდეში ჩაჯდა, ფარშავანგის ფერად ტანზე
აბაჯბაჯდა.
ვიდრე ცხენდაცხენ მიიჭრა სიჩოვი, სონღულს სანახევროდ
გაებდღვნა ფარშავანგი. მოუწრუპუნა, ენაც დაუტკაცუნა ბაზიერმა.
სისხლიანი ხორცი მიუგდო. სონღულმა აიტაცა თუ არა, უმალ
თვალსაფარი ჩამოაფხატა და ისევ მხარზე შეისვა.
ხუთი ფარშავანგი ზედიზედ ინადირა სონღულმა. გააკვირვა მთელი
ლაშქარი, მეფეცა და ძველი მონადირენიც.
ანაზდად გადმოვლილი გედების გუნდიდან სამი ერთად ჩამოაგდო
მხრითა და კლანჭებით.
ახლა ალექსანდრემ თავად ინდომა ჩანადირება. ტყავის სამხარული
გაუმართა ბაზიერმა. მძიმედ დაედო კახთ ბატონს სონღულის
კლანჭები და წონა.
ძაღლებმა ახლა დედალ-მამალი ფარშავანგი წამოაგდეს
ოლეჯაგიდან. ალექსანდრემ თვალსაფარის სირმას ჩამოჰკრა ხელი და
თითქოს გორა გადაუვარდა მხრიდან. დედალი ფრთით ჩამოაგდო
ნადირობის ეშხში შესულმა სონღულმა, მამალს კი დაეწია, გზა მოუჭრა
და შემობრუნებულს ზედ ლაშქრის თავზე გაფარჩხული კლანჭებით
შეაცხრა გულ-მკერდში.
ალექსანდრეს ყველაფერი დაავიწყდა. გატაცებით დაჰქროდა
ძველნადენში და ნანადირევს იმრავლებდა.

400
ბოლოს ალაზნის პირს წაადგა. მაღალი ნაპირიდან გადახედა. ზედ
წყალთან ვიწრო ზოლად ჩავლებული ნარევი ჯაგნარი და ჩალიანი
ჩასდევდა მდინარეს.
- ჩაუშვით ძაღლები! - გასძახა თავის ბაზიერთ და მთელი ამალით
გადაადგა კოდმეს. აქ იყვნენ სარდლები და ეპისკოპოსნი, რუსთ
ელჩები და კახთ დიდებულნი. ლაშქარიც გამოლაგდა სანაპიროზე.
ჯერ დურაჯები წამოფრინდნენ ბროწიანიდან, მერმე ხოხბები. მაგრამ
ალექსანდრე ელოდა. იგი უკვე მხოლოდ დიდ ფრინველზე
ნადირობდა. ირანულ ფარშავანგს ელოდა კახთ ბატონი. და აი დიდი
მამალი ფარშავანგიც გამოვარდა რიყეზე. ჯერ გაირბინა და ზედ
ალაზნის პირთან ფრთა და ბოლო გაშალა, გაფრინდა. ალაზნის
შენელებულ დენას ხატულ ფარჩასავით გადაეფინა.
- აბა, ესეც! სად წავა, სპარს ფარშავანგებზე კარგად დაიგეშა! -
წამოიძახა ალექსანდრემ და ქუდურა წაგლიჯა სონღულს. ფრთები
აიქნია გალაღებულმა ფრინველმა, მაღლა მოუვიდა ირაო.
მდინარისაკენ რომ შემობრუნდა, მისი დიდი ფრთაგაშლილი ჩრდილი
ალაზანს გადააწვა. ტალღის სარკეზე თითქოს შავი ნაბადი მისდევდა
ჭრელფერადა ფარჩას.
ფარშავანგმა კი ყივილ-ყივილით გაღმისაკენ გაწვართა ფრენა. აღარ
შეეპუა სოფელს. სუროშეფენილ მსხლებამდე მიასწრო და სადღაც
ღობის ჩირგვებში შეაფარა თავი.
გაწბილებულმა სონღულმა ირაო დაჰკრა და სოფლის განაპირას
შეკრიახებულ შინაურ ქათმებსა და ბატებს დააცხრა. ერთი მამალი
ბატი ჩაჰკლანჭა და თავი ჩაუტეხა.
ქათმების კრიახი და ქალების კივილი შეიქნა სოფელში.
- თუ წაუვიდა უცხო, არც შინაურებს ინდობს თურმე სონღული! -
ვიღაცამ ყრუდ ჩაისაუბრა და თითქოს კახთ ბატონის წეღანდელი
ნათქვამი გააგრძელა.
ალექსანდრემ იგრძნო და ალმაცერად მოიხედა. მის უკან გიორგი
ბატონიშვილი იდგა. გაწყრა კახთ ბატონი, მაგრამ შვილის ნათქვამი
სადღაც ენიშნა და ამჯერად წაუყრუა ყურსაც და გულსაც. რუსი
ბაზიერი გაღმა გაგზავნა. დაზარალებულ პატრონს ბატში ფარშავანგი
უნობათა და ნადირობა მოშალა.
- გიორგი! - გასძახა და წინ გაიმაირტოხელა შვილი, - შენ ქარაგმული
საუბარი გისწავლია… იქნებ ფიქრობ, მე დამიჭირა რუსულმა
სონღულმა?
გიორგი არ დაიბნა, თითქოს მიიღო მამის გამოწვევა:
- მონადირული იგავი იყო! ახლა მეორესაც მოგახსენებ. ათი
ირანული ფარშავანგის დამჭერისათვის ერთი შინაური ბატიც
უპრიანია!

401
ალექსანდრემ გულიანად იხარხარა. მერმე სულ სხვა თვალით
შეხედა უეცრად დავაჟკაცებული შვილს. „გუშინ, გუშინწინ, აი,
ერეკლეს წასვლის დროს სულ ბალღი არ იყო? ახლა კი?“ რაღა სხვას
ეკითხება ხოლმე. მრჩევლებს არჩევს. მათთან ვარაუდობს და მუდამ
მრჩევლის კერძო ზრახვა, პირადი ანგარიშიც უნდა ჩააგდოს ან
გამორიცხოს სათვალავიდან… იეჭვოს და იყოყმანოს. აი ახლაც არ
იცის, რა ქნას, გაუშვას ლაშქარი თუ კიდევ მოელოდოს რუსთა შესევას
შამხალზე? ხან აღლუმს იგონებს, ხან ნადირობას, ხან ნადიმს.
- გიორგი! რას მირჩევ, რა ვუყოთ ლაშქარს? - წარბებშეკრულად
შეეკითხა და ჭაღარა წვერი შეისწორა.
- შენი ნებაა, რასაც ბრძანებ!
- ეგ ბატს დაუყარე… იმ დაჭერილ ბატს! - სიტყვა გააწყვეტინა მამამ, -
მე კი პასუხს მოვითხოვ! თუ პაექრულად და ბრძნულად გადამიკარ
სიტყვა, მაშინ გზაც მითათბირე! კიდევ დაველოდოთ თუ არა?
გიორგი მეტად ახალგაზრდა იყო, რომ დაეფარა თავისი ფიქრი.
- დაითხოვე ლაშქარი. რუსები ჯერ არ ფიქრობენ შამხლის
დალაშქვრას.
ალექსანდრე კვლავ გაწყრა, მაგრამ შვილს არც ახლა უთხრა რამე, და
გაწყრა იმიტომ, რომ ეს ყოველივე, რაც თავისმა ღლაპმა უთხრა,
დღესავით ნათელი იყო და იგი კი - ბებერი ბატი, გამოცდილი და
დაბრძენებული მეფე კიდევ ყოყმანობდა და მთის ლაშქრობის
მახარობელს ელოდა.
ცხენი მოაბრუნა, ომან სახლთუხუცესი იხმო. რუსი ელჩები
ნადირობიდან დაითხოვა და ისევ მოშორებით, ჭიაურაში
დაუყოვნებლივ გაგზავნა. შერმაზან სარდალს ნადირობის მოთავება
უბრძანა.
- ბატონო ჩემო, დავით ბატონიშვილი ახალ ნადირობას იწყებს
ლელიანში!
ალექსანდრემ გახედა, მეფის სონღული ახლა დავითს დაესვა მხარზე
და ლელიანში ჩადიოდა.
არც ეს მოეწონა ალექსანდრეს… „ადრე მბაძავს!“ - გაიფიქრა და
მენაღარეთ გასძახა: - საყვირები შეკრებისა! - თავადაც ამობრუნდა
ჭალიდან და გულიც მოიმშვიდა. „რა ფიქრიც გაწუხებს - ყველაფერში
მის ქარაგმას ხედავ და ყოველი მის-იგავურად გამოიმზერს!“ მაგრამ
არც ამ დასკვნამ უშველა, გუნება უკვე ამღვრეული ჰქონდა. ისევ
სახლთუხუცესი იხმო:
- დღეს მოულხინე, ანადიმე, კეთილად დააპურებინე ლაშქარი, ხვალ
კი ყველას შინ გავუშვებ, შეგიძლია გამოუცხადო.
ღამე ბანაკის კარავში დარჩა ალექსანდრე. მარტოობა ირჩია. შეიხურა
კარი და დიდხანს უსწორ ბოლთასა სცემდა. გარედან ნადიმის

402
ხმაგაშლილი გნიასი მოდიოდა. ლაშქარი უდარდელად ილხენდა მით
უფრო, რომ შინ მიბრუნების ბრძანება მაჭართან ერთად დაბორიალდა
ბანაკში.
შუაღამისას დავით ბატონიშვილმა ითხოვა მამასთან შესვლა
საქვეყნო, მეტად საჭირო საქმის გამო. ალბათ მაჭრის სუნი ასდის
წვევის მთხოვნელს იცის ალექსანდრემ, მთის ლაშქრობას მოითხოვს,
თუნდაც მარტო კახთა ძალებით. შამხლის შეპყრობას დაუდებს
პირობად. უკვე უფლისწულობს თავის გამოჩენის სურვილით
შენაპყარი.
არ მიიღო. დილამდე გადაადებინა საქვეყნო საქმე, მაჭრის
გამონელების შემდგომ.
შუაღამის შემდეგ კი გიორგი ბატონიშვილმა ითხოვა მამის სასწრაფო
შეწუხება. უმალ მიიღო, ზედაც მიაძახა მოახლებულს:
- ტყუილუბრალოდ არ შემაწუხებდი, გიორგი!
- შიკრიკი მობრუნდა თერგის ციხიდან! - და სამი დალუქული
გრაგნილი გადასცა მამას, - ერთი თქვენს სახელზეა, ერთი რუსთ
პირველელჩის. ესეც იასონ ჭავჭავაძემ გაახლათ თერგის ციხიდან.
- იასონმა… თერგის ციხიდან თუ ირანიდან?
- სხვა გზით ვერ გამოსულა ირანს ჩაჩიხული, ისევ რუს ელჩს
გაჰყოლია აშთარხანს. ახლა კი თერგზე ჩამოსულა.
- დიდება შენდა, ღმერთო! - პირჯვარი ისახა ალექსანდრემ, - აბა ჯერ
ეს ვნახოთ, - პირველს ასტეხა ბეჭედი და გაშალა, - რუსული
ჩანაწერია… ჩანს, დილამდე ვეღარაფერს გავხდებით… ცუდი კია…
- ყურშიტა გაწვიეთ, აქ გელოდებათ! - ხმადაბლა შეესიტყვა გიორგი.
- შენ გიშველა ღმერთმა! - ხასიათი აეწყო ალექსანდრეს. „ჰოდა,
მართლაც დილამდე როგორღა გადაიდება ეს საქმე… დილით უთენია
დაიშლება ლაშქარი… იასონის ბარათი კი მოითმენს… სამი წელი თუ
ითმინა, ცოტასაც მოითმენს… აქ კი რუსულ წერილში იქნებ…“ და
ალექსანდრეს თვალებში ისევ იმედის სხივი აკიაფდა.
მოკლედ თარგმნიდა ყურშიტა, გაჭიანურებულ სახელ-
სადიდებლებს გვერდს უვლიდა, ჰკეცავდა. იცოდა ალექსანდრეს
ხასიათი.
„თერგის ვოევოდა ანდრია ხვოროსტინინი ქართულ მიწათა
მპყრობელს, ალექსანდრეს ივერთა მეფეს… თქვენი შიკრიკი
სიამოვნებით მივიღეთ…“
- შამხალზე რას იწერება, შამხალზე! ეს იქნება სიამოვნება!
„ხოლო შამხალს ვავიწროვებთ… ახლა ყოისუზე ვფიქრობთ ციხის
ჩადგმას“.
- ფიქრობენ? მე ლაშქარი შემაყრევინეს, ისინი კი ფიქრობენ? აბა ეს
ნახე! - ალექსანდრემ მეორე ბარათი გადასცა ყურშიტას.

403
- რუსთ ელჩის სახელზეა. ამის გახსნა ჯერი არ არის ჩვენგან, მეფეო!
ალექსანდრე გაფიცხდა:
- უქმად ლაშქრის შეგროვება ჯერი არს?! ხვალ შინ მიდის ყველა.
ელჩებთან ამბის მიმოტანას და მათ მიმოყვანას რამდენიმე დღე მაინც
დასჭირდება. კიდევ ვინ იცის რას მეტყვიან! უნდა ვიცოდე… ბოლოს
და ბოლოს ვალდებული ვარ! მე არაფერს ვფარავ მათგან, რაც
უშუალოდ მათ შეეხება… მათგანაც ამასვე მოვითხოვ! აი ჩვენი
ზრდილობა! - გრაგნილის ბეჭედი ასტეხა და ყურშიტას გადასცა, -
წაიკითხე!
„რატომ დაიზამთრეთ მანდ?.. ჩერქეზი თავადების დახმარებით
დავლაშქრეთ ყაბარდო… დიდი ხელმწიფის ხელდებულები
გავხადეთ… შამხალთან კი ელჩების მიმოსვლა და ვაჭრობა ვარჩიეთ.
ყირიმელი ბატონიშვილი თავობს შუამავლობას. ალექსანდრე ივერთ
მეფის მთაში ლაშქრობის ამბავი კი გვაცნობეთ… მძევლები
გამოართვეს მთის მურზებს…“
ალექსანდრეს ისარივით მოხვდა გულში, გააწყვეტინა თარგმნა.
- გადასცემ რუსთ ელჩს, ეტყვი, რომ მე თავად გავხსენი… და რომ
ისინი უკან ვერ წავლენ, ვიდრე უფრო სანუგეშო ბარათს არ მიიღებენ
თერგიდან.
და როგორც კი ყურშიტა გავიდა, ალექსანდრემ პირველი გრაგნილი
დაჭმუჭნა.
- შენ მართალი ხარ, გიორგი, შინაურ ბატებად გვთვლიან!
მაგრამ გიორგის თითქოს არც გაუგია მამის მწყრალი შეძახილი, არც
ხმა ამოუღია, არც წასვლა უთხოვნია, არც დარჩენა. ალექსანდრე,
მიუხედავად გულმოსულობისა, ჩაუკვირდა თავისი შვილის ნაღვლიან
სახეს და მიხვდა, რომ მისი ფიქრი სულ სხვაგან იყო. ისევ მოიწეწკა ენა
- იასონ ჭავჭავაძის თერგს მობრუნება მოაგონდა, მის გრაგნილს
წაავლო ხელი.
- კონსტანტინე?..
- უკვე მიუღია მაჰმადიანობა. შათირმა თქვა…
- უკვე?! - ალექსანდრეს აღარც გაუხსნია გრაგნილი, დიდხანს იდგა
უძრავად, და ვინ იცის, რას სწვდებოდა მისი ფიქრი ჩაჩიხული:
აღმოსავლეთს, დასავლეთს თუ ჩრდილოეთს. ბოლოს ისევ მაგიდას
მიუბრუნდა, - ისინი ქრისტიანები მაინც არიან! მაინც! - რუსული
გრაგნილი გაშალა, ხელი გადაუსვა და უცხო ასოებით ნაწერ ბარათს
მაინც იმედიანად ჩააცქერდა.

XXXIX სხივის ბილიკი


სარკმლის იქით გისოსი იყო. გისოსს იქით ზღვა, ზღვა და
სტამბოლის ნაწილი. ზღვაზე სხივი ბილიკივით იდო,

404
აღმოსავლეთისაკენ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა, ბოლოში კი
ტალღების ლივლივზე მზე ფრთააშლილ როჭოსავით ღაღანებდა და
იწვერებოდა.
სარკმელს აქეთ კი ნატიფად მოვარაჟებულ, სოფიის კენჭით
მოპირკეთებულ მაგიდაზე წუხელ ორი სიგელი იდო. ერთი ქართული,
მეორე თურქული და იქვე თურქულივე წვრილ-დაკლაკნილი,
მტკავლის სიგრძე, ბასრი დანა, გველის წიწილის მსგავსი.
- რა საამოა ეს თბილი წყალი! რა კარგი ჩვეულება ჰქონიათ თურქებს!
სიგელში კი რაც ეწერა, ერეკლემ ზეპირად იცოდა:
„ჩვენ მეფე-ვალი კახთა და ჰერთა ერეკლე-ფაშა…“
მერმე ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში, ალბათ სხვაგანაც, არა
ერთგზის ნაცადი და ნამოქმედი… შვილი მამის წინააღმდეგ…
„ურუსთ“ შედგომისა და „მთიელ აღმოსავლეთის“ ღალატის გამო,
ალექსანდრე მეფის კახეთის ტახტიდან დათრგუნვის რაყამი…
ხელმოუწერელი, ბეჭედდაუსმელი… სამაგიეროდ მეორე, თურქული
რაყამი ხელმოწერილიცაა და მურად-სულთნის მიერ დამტკიცებულიც.
„ებრძანოს არზრუმის ვალის და ჩემს დიდ სარდალს ფარხად-ფაშას
იახლოს ჩემი უძლეველი ლაშქარი და განამტკიცოს კახეთის ტახტზე
ვალი-მეფედ ერეკლე-ფაშა“.
მხოლოდ ქართულ სიგელს აკლდა ხელის მოწერა, ბეჭდის დასმა,
დანარჩენი თავად მოხდება. ხოლო მაშინ ის სხივის ბილიკი უფრო
წითლად შეიღებება და კახეთამდე მიაღწევს არა და… აი გველთავა,
დაკლაკნილი, ენასანსალა დანა.
ასეთი არჩევანი არც მას რგებია პირველს, ალბათ არც უკანასკნელია
იგი. აქ მთავარია, ვინ რას ირჩევს?.. „ვინ“ კი არა, „იგი“ - ერეკლე რას
ირჩევს!
აი ის მზე, საქართველოდან რომ ამოდის და სადღაც სტამბოლს
იქით, ამ გისოსიან სარკმელს უკან რომ ჩადის, რამდენჯერ ამოსულა და
ჩასულა! დღეს კი სულ ამოვა და აღარ ჩავა, ან სულ არ ამოვა!
აქ, სტამბოლს მოსვლისას ბევრი ზეიმი ნახა, ბევრი ცდუნება, ბევრი
დაყვავება და სარფა პირობა. არაფერმა არ გაჭრა. მოუდრეკელი
აღმოჩნდა. მხოლოდ სულმნათი ნიკოლოზ ბერმცირეს რჩევა-
დარიგებას და ლოცვას ისმენდა. იგიც თითქოს მის სულში იჯდა.
მაღალზნეობასა და უღალატობაზე ესაუბრებოდა, ხან პირდაპირ, ხან
მოიარებით და ფაქიზად.
ზაზას მეგობრობაში პოულობდა სულის სიმშვიდეს. არც იშორებდა
ამ ორთა.
მაგრამ დრო მიდიოდა, უფრო აბეზარნი ხდებოდნენ სულთნის
კარისკაცნი, თავაზიანად აბეზარნი.

405
საქართველოდან კი არაფერი ისმოდა. თითქოს სულ აღარც
არსებობდა იქ, ზღვის იქით რომ საოცარი ქვეყანაა, მტკვრისა და
რიონისა… იორ-ალაზნისა… ჭოროხ-ენგურისა!
ერთი საოცრებაც დასჩემდა. ახლა მარტო კახეთს კი არ იგონებდა.
იტყოდა კიდევაც - კახეთი და შიგ კი მთელი საქართველო იყო. „ყველა
საქართველონი“ - პონტოს ზღვისა და კავკასიონის ქვეყანა! მერმე ისიც
იცვლიდა არა შინაარსს - არამედ ზომას, არა სახელს - არამედ სახეს.
ახლა შემჭიდროვდებოდა, ჩამკვრივდებოდა, ჩაკერძოვდებოდა, ერთი
თავისა და სახის ოდენობაზე მოდგებოდა და მაშინ - ეს მამა იყო… მამა
- იქ, სეფე კარავში ფიცის წინ რომ გაირინდა! მამა - მტკვრის პირზე…
გაჩირაღებული ტივის მიღმა რომ დარჩა! მერმე ისევ ყველაფერი
იცვლიდა სახეს და ახლა ნიკოლოზ ბერმცირე და ზაზა მწიგნობარი
იყვნენ მისი სამშობლო საქართველონიც, მშობლებიც და იორ-
ალაზანიც.
ბოლოს გაარიდეს ნიკოლოზ ბერმცირე. არა, კი არ აიძულეს,
პირიქით, იერუსალიმს წასვლაში ხელი მოუმართეს, ხომალდ-ქარავანი
გამოუწყეს. ხელშეუხებლობისა და შესაწირავთ უვნებლობის რაყამი
მისცეს. ერეკლესაც ხელი შეუშვეს, თითქოს შეურიგდნენ მის
უდრეკელობას და უბრალო მძევალ ბატონიშვილად მიითვალეს.
ცალკე, ამ გისოსიან სასახლეში მოათავსეს. თითქოს განგებ, სტამბოლის
სწორედ ბრწყინვალე ნაწილი ჩანს აქედან.
და ყოველ დილით შორეული სხივბილიკი საქართველოსაკენ
ზღვაზე მზით გავლებული მიუწვდომლად გაიწვართება და
თვალსაწიერს გაეპარება.
ჰოდა, მერმე ნიკოლოზ მოძღვარი შორეულ იერუსალიმს წავიდა.
წასვლისას მრავალგზის ეამბორა. მისი დალოცვისას წელზე შებმული
ციხის ჯაჭვი აჩხრიალა. მერმე ზაზასღა ჩააბარა მისი თავი და წავიდა.
მდიდარი სახსარი წაუღო ქართულ მონასტრებს შესაწირავ-
აღსადგენად.
მოძღვრის წასვლისთანავე ხელახლა მოეძალნენ ერეკლეს. რა არ
შესთავაზეს, რა არ შეთხზეს: რუსეთის ძალადობა კახეთის მიმართ,
ირანის მიერ ძეგამის დარბევა. ალექსანდრე მეფის მძიმე ავადობა და
ვგონებ სიკვდილიც. მაგრამ ერეკლე თავაზიანი ჯიუტობით
მოითხოვდა კახეთს გაშვებას. აღუთქვამდა ხარკსა და
კეთილმეზობლობას. მაჰმადიანობის მიღებაზე კი არასგზით არ
თანხმდებოდა.
მალე თავაზი და დაპირება მოთხოვნასა და მუქარაზე შესცვალეს.
საქართველოში ისეთი კვანძი შეიქმნა, რომელიც მალე გამოხსნასა ან
გადაკვეთას მოითხოვდა. ირანთან საზავო მოლაპარაკება დაიწყო,
ამიერკავკასიის სრულ დათმობას მოითხოვდნენ თურქნი. თავს აქ

406
ბატონებად გრძნობდნენ. დაქსაქსულ და დაფორიაქებულ
საქართველოში კახეთიღა იყო თურქთ ძალადობის გარეშე და ისიც
რუსთ მოიმედე და მემასპინძლე.
დაბოლოს ისევ მურად-სულთანს აწვიეს ბრწყინვალე პორტას.
ნიშანდობლივ ზეიმით მიიღეს. წყალობით აავსო ხონთქარმა,
ხომალდისა და ოქრო-იარაღის გარდა სამთუღიანი ფაშის ჩალმა-ქუდი
და წოდება უბოძა. ხალათი უწყალობა და თურქული, ოდნავ მოკლე,
მეტად ოდრიკალა და ოთხ თითისდადება სიბრტყის დაშნა-ხმალი
აჩუქა.
მურად-სულთნის შემდგომ აზამ-ვეზირი ესაუბრა. პირმოთნედ,
მოიარებითა და სიტყვის შიგნით გაცურებულ საგორავებით შეაგონ-
მიაწვდინა.
მერმე სტამბოლში კვლავ ჩამოსული ფარხად-ფაშა არზრუმელი
ესტუმრა სამგზის. თავი გააბეზრა.
ისევ ზაზასთან საუბრებში და მოგონებებში იოხებდა სულსა და
სათქმელს.
ფრიად გამოიცვალა ზაზაც. დადინჯდა, დავაჟკაცდა, ადრეულმა
დარდმა საფუძვლიან ფიქრს მიაჩვია. მეტი სიჩუმე და საზრისიანი,
შორს ნაზომი, ფრთხილი საუბარი ასწავლა. არა, არც გულწრფელობა
დაჰკარგვია, მაგრამ ის კი ადრე მიხვდა, რომ ქვეყანაზე გულწრფელობა
ისეთი სამკაული ყოფილა, რომელიც კერძოდ ძვირად ფასობს, მაგრამ
საერთოდ კი ავად ფასდება და ფათერაკთან ახლო ბუდობს.
ერეკლეს კენტმა ბრძოლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზაზაზე
და გარდა დიდი სიყვარულისა, ერთგული მეგობრობისა, ჭირთ
თანადგომის გრძნობაც განუვითარა. რაც უფრო იწურებოდა ერეკლეს
ირგვლივ გამოუვალი რკალი, მით უფრო ახლოვდებოდა ორი
მეგობარი.
- ზაზა, თავიდანვე ვიცოდი… ჭალაში გაჭრილმა, მერმე ტივზევე, -
ვერაოდეს ვეღარ დავბრუნდებოდი საქართველოში. რაც უნდა მოხდეს,
შენ მაინც დაბრუნდი, შენთვისაც და ჩვენთვისაც. ამბად წაიღე - ამ
მარჯვენამ არასგზით თურქული მახვილი არ აიღო საქართველოს
წინააღმდეგ და ჯავრად ესღა მრჩება, ვერც საქართველოსათვის
მოვიქნიე ხმალი ჯეროვნად! არც ეს დამცალდა! ახლა შენ თავად
განსაჯე ამ მარჯვენის ფასი. ერთი ხელის დადება მიწა მშობლიური
ალავერდისა თუ დაიმსახურა და დაიმკვიდრა თავის სახელზე!
გუშინ საღამოს პირს კვლავ ფარხად-ფაშა ეწვია და სურხაი-შამხლის
ქალის შერთვის მაჭანკლობა გაუბა. სამნათესაური დიდების სიბრძნე
დაუსახა. სტამბოლის მამობით შამხლის დამოყვრება და ყირიმელთა
დაქვისლება.

407
ეს სამპოტიკა შაშარი ერეკლეს განსაკუთრებით მტკივნეულ ადგილს
მოხვდა, სულ ააფორიაქა სალიჰას იდუმალი დანიშნული.
- მე მამაცა მყავს და სადედოფლოც! - მოკლედ მოუჭრა და სულ
სხვაგან გადაუგდო საუბარი. მაგრამ ფარხად-ფაშამ უფრო დახარა თავი
და ჩუმად, თითქოს საიდუმლოდ უჩურჩულა:
- ერეკლე-მირზავ! ალბათ დაგღალათ სტამბოლის ხმაურმა და
კახეთის სიშორემ. მე ამ დღეებში არზრუმს გავწევ. თუ
თანამგზავრობის პირობას მომცემ, უმაღლეს სულთანთან თავდებად
დაგიდგები და ჩვენ მხარეებს მივხედოთ, მირზავ!
ერეკლე მიხვდა, რომ გადამწყვეტი წუთი დგებოდა, კიდევ სცადა
დროის მოგება:
- ნიკოლოზ ეპისკოპოსი ჯერ არ დაბრუნებულა… მე მას
დაველოდები ყოველ მიზეზს გარეშე! - ეუბნებოდა ფარხადს და თან
ფიქრობდა: „აბა რაღა საჭიროა! სულ ერთია გარდუვალია…
შემოუბრუნებელი ამბავია! მოსახდენი უნდა მოხდეს!“ და მაინც… ზეგ
უმჯობესია, ვიდრე ხვალ… ხვალ კი უმჯობესია, ვიდრე დღეს! ხოლო
განწირულისათვის ერთხელ მზის მობრუნების ჟამიც საუკუნეა!“ -
უიმისოდ არ იქნების ჩემი გაბრუნება კახეთს!
ფარხად-ფაშა ჩაფიქრდა და უფრო ჩუმად უპასუხა:
- ნიკოლოზ-შეიხი?! იყოს ეგრე! თქვენი თანხმობა მხოლოდ
დააჩქარებს მის მოსვლას… მე მზად ვარ დაველოდო მას, ოღონდ… -
ფარხად-ფაშამ უფრო დახარა თავი. შეთქმულივით სულ ყურში
დაუპირა ჩურჩული.
გველის სისინად ჩაესმა ერეკლეს მაცდურის ხმა. ვეღარ მოითმინა,
თავი უნებურად აშორა, წამოდგა, ჩაბნელებულ სარკმელს გახედა.
სტამბოლის თავზე ზღვის ძირიდან საღამო ამოცოცებულიყო, მაგრამ
ჯერ კარგად მკაფიობდნენ შენობათა ფარგები. ერეკლეს აღგზნებულ
თვალში ას ორმოცი წლის ნათურქალ ბიზანტიონს ჯერაც არ
დაჰკარგოდა ქრისტიანული იერი და აია-სოფიის დიდებულ ტაძარს
ოქროს ახალმთავრე მეჭეჭად აჯდა.
როდესაც მობრუნდა, ფარხად-ფაშაც ამდგარიყო. ერეკლეს წინაშე
უკვე მოქნილი და გაიძვერა სტამბოლელი კარისკაცი კი აღარ იდგა,
არამედ შეუპოვარი და მრისხანე სარდალი, პირველად მაშინ იქ,
მტკვრის პირას ნანახი… გრძელხელება და ჩოფური… მაშინაც ასე
თვალებით მოზომეს ერთურთი, მერმე კი საამო სალამი უბოძეს
ურთიერთს.
ჰოი, მას შემდგომ რამდენმა წყალმა ჩავლო მტკვარში!
- ჩვენ მძევალი არ გვესაჭიროება სტამბოლს! ჩვენ ჩვენი მომხრე მეფე-
ვალი გვჭირდება კახეთს! - მტკიცედ მოჰკვეთა ფაშამ.

408
- კახეთს მეფე ჰყავს! მე გახლავართ მისი მემკვიდრე!.. ჯერ კი
მძევალი.
გრძელი საუბარი ისევ თავიდან იწყებოდა. ფარხადმა ხელი ჩაიქნია
და უკვე მრისხანედ ბრძანა:
- მე იმედი მაქვს, გონივრობა კიდევ განახებს ჩემს თავს! ყველა ასე
მოიქცეოდა… არც კახელი გურჯი იქნება გამონაკლისი!
ფაშა ზვიადად გამოესალმა ბატონიშვილს.
- ზაზავ, გააცილე! - გასძახა ერეკლემ.
ფარხადმა ახლა მოახლებულ ზაზას შეავლო თვალი, არ ეჭაშნიკა
მისი მტკიცედ შეკრული საწარბულები და ნატიფად ნაძერწი ბაგე.
„სულის მოძღვარი გავაცალეთ. ალბათ ახლა ესაა ნების მეგობარი!“ -
გაიფიქრა ფაშამ და ისევ ერეკლეს მიუბრუნდა:
- ეგ თქვენი კარისკაცი გამაყოლეთ ჩემს სადგომამდე… ნობათს
მოგართმევთ მნიშვნელოვანსა და თქვენთვის სარგოს!
- წაჰყევი, ზაზავ! არა, მოიცადე, - უმალ მიაძახა, როდესაც ფარხად-
ფაშას მხარაყრილი და ჯმუხი ზურგი კარს გაეფარა, მერმე ისევ
გადაიფიქრა, - წადი, ზაზავ, წადი!
ზაზა იდგა, არ იძროდა. რაღაც მძიმეზე მძიმე, ალბათ გამდნარი
ტყვია ჩაესხა მუხლებში.
- როდესაც მოხვალ, მერმე ყველაფერს გეტყვი! ახლა კი წადი, წაჰყევ!
- და ერეკლემ ხელი მხარზე დაჰკრა თავის უკანასკნელ მეგობარსა და
მხლებელს. მაგრამ ზაზა გარეთ გავიდა თუ არა, ერეკლემ იგრძნო, რომ
მერმე ვეღარაფერს ეტყვის ზაზას… ეს მერმე აღარც იქნება… ახლა კი
დარჩა რაღაც სათქმელი, მნიშვნელოვანი და საბედისწერო… ხოლო
რომ დაფიქრდა, ვერც ის მოიგონა, რა უნდა ეთქვა - სახელდობრ რა?
ნუთუ ფარხად-ფაშას უტიფრული მაჭანკლობა? არა, რაღაც სხვა იყო…
აუცილებლად სათქმელი, ვგონებ ანდერძსა და მარჯვენის ფასს
შეეხებოდა.
- ზაზა!
კარში თურქი მოხელე შემოდგა. აქაური შინამსახური იყო, მძევალთ
სასახლეში მცველად თუ მზვერავად შემოჩენილი.
- იქნებ მე მიბრძანოთ, მირზავ-ბატონო!
ერეკლემ პირი იბრუნა:
- არვინ ისტუმროთ მეტი!
მაგრამ ისიც იცის ერეკლემ, რომ მალე მოუვა ვინმე სტუმარი.
მსახვრალ ხელით ამ კარს მოუკაკუნებს. არც შეუძლია არ ისტუმროს.
ჰოდა, რადგან ასეა, არც შეკრთება. ღირსეულად მაინც ისტუმრებს ამ
დიდი ხნის მოსასვლელ სტუმარს. იგი მაშინაც, ტივის ჩრდილშივე
მოჰყვა, სახე არ უჩვენა მხოლოდ! მერმეც ემალება, მაგრამ მოჰყვება.

409
უკვე კარგა ხანია დაღამებულა. თურქმა მსახურმა სანთლები აანთო.
ახლა ჩრდილი გაჩნდა ოთახში, ისე კი არვინ არის, არც სტუმარი
მოდის, აღარც ზაზა ბრუნდება. მოლოდინით უფრო გაწვრილდა
გული!
მალე ვიღაცამ დააკაკუნა. არა, ეს ზაზას კაკუნი არ არის! ძვლის ხმაა!
ასეთი უნდა იყოს… მაღალი, ძვალჩონჩხა, ნეკნებშიშველი,
თვალებჩავარდნილი, კრიჭაშეკრული… არა, არ გაუღებს… თავად
არა… კარი ღიაა და თუ მოვიდა, შემოვიდეს კიდევაც! არც
მობრუნდება. რა კარგი სანახავი ის არის? ან რა კეთილი სტუმარი, რომ
შეეგებოს?!
ოდნავ სიომ დაჰბერა. მაშ გაუღია კარი… „იგი ვინმე“ უკვე შემოსულა
და აი აქ ზურგს უკან დგას… დგას და სდუმს.
ცალი სანთელი ჩამოვარდა შანდლიდან და ჩაქრა. ერეკლე
შემობრუნდა. მის წინაშე დაბალი, ჩია, თავმოტვლეპილი კაცი იდგა.
მიწამდე სლამი რომ სცა, სულ ერთი ციცქნა გამოჩნდა. ერეკლეს გულიც
კი დასწყდა.
- ნუთუ ეს? - ქართულად წამოიძახა.
- მე გახლავართ დოსტაქარი! ჩემი ხელობა შეგჭირვებიათ, დიდო
ბატონო! - დინჯი თურქულით, დაბალ ხმით ეუბნებოდა მოსული, -
ესეც მდაბლად მოგართვეს წინასწარ… სხვას თქვენი გურჯი მსახური
მოგართმევთ დილაადრიანად!
და მაგიდაზე მოწიწებით ორი სიგელი დასდო. მერმე თვალი
მოავლო დარბაზს, ძვირფას კედელ-ხალიჩაზე მურად-სულთნის
ნაჩუქარი დაშნა-ხმალი შენიშნა.
- ამ დაშნა-ხმლის ერთ საიდუმლოებასაც მოგახსენებთ დიდი
ფარხად-ფაშას დავალებით! - და ჩია მელოტმა კაცმა უკითხავად
ჩამოხსნა დაშნა, ემთხვია და ქარქაშის შიდა პირიდან გველის
წიწილივით დაკლაკნილი წვრილი დანა ამოიღო, სიგელებს გვერდში
ამოუდო. ერეკლე მონუსხულივით უყურებდა ჩიას ნელ, შემპარავ
მოძრაობას და ჰკვირობდა, ამ თავმოტვლეპილის მოსვლის მოლოდინი
უფრო საშფოთო იყო, ვიდრე თავად მოსვლა. რამდენჯერ უნახავს
დაახლოებით ასეთი დოსტაქარი? მაინც ბოლო დღეს, მისი ძმა -
დავითი რომ გახდა უეცრად ავად!.. რატომ უეცრად? და თავისთვისაც
მოულოდნელი დასკვნა გააკეთა: „კიდევ კარგი, რომ ავად გახდა,
თორემ იგი აქ… ვინ იცის, რას ირჩევდა! აი გიორგი კი არა!“ მაგრამ
უეცრად განზე გაძგიფულ აზრს მკაფიობა დაეკარგა… თავდაც ხომ არ
მოუხდენია არჩევანი? კიდევ ვინ იცის? სად? რა? ვინ? რომელი? როდის?
თუ რისთვის?
ჩია კაცი კი ქლესად და თავდრეკილად დაფუსფუსებდა სადგომში.
გარეთ მსახურთ გასძახა. სხვათა შორის, ღია კარში ენგიჩრებიც დაანახა

410
ერეკლეს. მაღალი, თითბრის თუნგი შემოატანინა. ღია ხუფიდან
ოხშივარი ამოდიოდა. უმზერდა ერეკლე თუნგს და ვერა გაეგო რა.
ენგიჩრები, გასაგებია რად სჭირია ქლესას… მაგრამ თუნგი?!
- შუაღამის შემდეგ დაგიკაკუნებთ, დიდო ბატონო! თუ ამ
დროისათვის კეთილ ინებებთ… - ჩია კაცმა მოთნედ თავი
სიგელებისაკენ გადაჰხარა, წელშიაც გაიდრიკა, - მაშინ გვიმსახურეთ,
როგორც გენებოთ! თუ არა და, პატიებას ვითხოვთ… ძარღვი, სულ
პატარა და შეუმჩნევი, - მარცხენა ხელზე მოწიწებით მაჯა გაუსინჯა და
სისხლის ძარღვი აჩვენა.
- თუ ჩვენი დახმარება დაგჭირდებათ, გემსახურებით! სხვა მრავალი
საშუალებანიც გაგვაჩნია, მოგეხსენებათ! - მურად-სულთნის დაშნა-
ხმალი ენგიჩრებს გადასცა და ხელები ფეინდაზად გაუშალა.
- ჩემი რჩევაა… წყალს ნუ გააცივებთ, მაშინ… ხელი ჩაასვენეთ…
არავითარი ტკივილი… პირიქით, საამო ოცნება, თითქმის განცხრომა!
ახლა კი უმდაბლესი ღამე მშვიდობისა!
ჩია ისევე ჩუმად გავიდა, ვით შემოვიდა. კი არ გავიდა, გაქრა, იყო ჩია
კაცი და აღარ არის! დარჩა მხოლოდ თითბრის თუნგი და იქიდან
ამოსული ოხშივარი.
ერეკლე მიხვდა, რომ ზაზას დილამდე აღარავინ მოუშვებს მასთან,
დილამდე… როდესაც ასე თუ ისე - ყველაფერი დამთავრებული
იქნება, - დახმარებით თუ დაუხმარებლივ… არა, არცთუ ასეა -
დახმარებით შუაღამისას გათავდება ყველაფერი… დაუხმარებლივ კი
დილამდე გასტანოს იქნებ?!
ალღომ ერთხელაც კართან მიაგდო. როგორც მოელოდა, გარედან
დაკეტილი აღმოჩნდა კარი. ბრწყინვალე სასახლე უმალ საწამებელ
ციხედ იქცა. სარკმელში გისოსი იყო, კარში გარე ურდული. წინ გველის
წიწილი ან ღალატის სიგელი - სრული ჩიხი, გამოუსავლეთი.
ალღომ კიდევ გაიბრძოლა ძალუმად… ღალატის ხმალიც მოაქნევინა
ბურანში… მაგრამ ხმალს დედის მოკვეთილი ხელები ეკიდა ვადაზე.
ასეთ ნადავლს უმძაფრესმა და უკერძოესმა ალღო-ძირმაც ვეღარ
გაუძლო, უმალ მოისხლიტა. საბორიალო ასპარეზიც აღარსად დარჩა.
გაყუჩდა, გაირინდა ერეკლე, თუმცა გულისცემა არამცთუ არ
დაუდინჯდა, პირიქით, თითქოს სისხლი უდუღს და სწორედ
მითითებულ მაჯაში უმატა ფეთქვას.
ქართული სიგელი ჩაიკითხა, მაგრამ ზედ თურქული ასოების
აბლაბუდა გადაეფარა და ვეღარ ჩაჰყვა ბოლომდე.
ახლა თურქული რაყამი გადმოიღო. ბოლოში აია-სოფიის თავზე
მეჭეჭად დანახული ფარგი ბეჭედად აჯდა რაყამს.
საწერ-კალამს წაავლო ხელი. არა, სიგელის დასამტკიცებლად კი არა,
წერილის დასაწერად, ყველასათვის მშვიდობის სათქმელად, მაგრამ

411
უმალ მიხვდა, რომ ამაო იყო ესეც. ჩია კაცი და ენგიჩრები დილით
დასჩხრეკდნენ და წაიღებდნენ ყველაფერს, მით უფრო ნაწერს.
ისევ გაირინდა და შეძრულ მეხსიერებაში თავისი ქვეყნის
წარმოდგენა სცადა, მაგრამ ვერ შესძლო. რაღაც ნაწყვეტ-ნაწყვეტები
ამოჰქონდა ძალაძალა ფიქრს… დიოდა ალაზანი, მერმე კავკასიონი
გადაეტიხრა ალაზანს, მერმე მთის ხატი… გაფრენილი როჭო,
შემკრთალი კანდელივით თვალები… მარიამ დედის ჭაღარა კავები და
ფაფუკი ხელები… მამის შუბლი, ზედ ქვეყნის ჭირისუფლის ძარღვი
შვეულად ტვიფრული და ერეკლემ თავადაც შუბლზე რომ გადაისვა
ხელი, იმავ ადგილზე შეშუპებული ძარღვი იგრძნო. აქამდე უგრძნობი
და უცოდნი. ეს ძარღვი თითქოს მაჯის ძარღვს ეჯიბრებოდა ფეთქვაში.
ძარღვი ძარღვს ედავებოდა და იქნებ ებრძოლა კიდევაც.
მთელ სხეულში და არსებაში ორ ძარღვსა გრძნობდა ერეკლე,
შუბლის ძარღვსა და მაჯის ძარღვს! რომელი დასძლევს, რომელი? ერთ-
ერთი უნდა გაწყდეს! ან შუბლისა და მაშინ ხელს მოაწერს, დაამტკიცეს
ღალატის სიგელს… ან მაჯისა და მაშინ…
აქ ჩერდებოდა ფიქრი და მატულობდა ორივე ძარღვის ფეთქვა.
მოულოდნელად სულ სხვაგან გაუსხლტა ფიქრი. „წყალი ხომ არ
გაცივდა, წყალი?!“ მოსინჯა, ხელი მიადო თითბრის თუნგს. უნებურად
მაჯა მიადო. ჯერ კიდევ ცხელი იყო თუნგი! ამ გარემოებამ შეაძრწუნა
და ერთდროულად დაამშვიდა კიდევაც. მერმე ახალი საზრუნავი
გაუჩინა. ხშირ-ხშირად სინჯავდა თუნგის სითბოს და ცვლილებას
გრძნობდა.
ახლა დამატებითი ეჭვი გაუჩნდა, თავის თავს აღარ უჯერებდა
ერეკლეს: „ან ხელი შევაჩვიე, ან მართლაც ცივდება!“ და რაც უფრო
ცივდებოდა წყალი, მით უფრო ებურდებოდა ფიქრი. მით უფრო
ეზრდებოდა სურვილი - თავწაღებული სურვილი ხელში კალმის
აღებისა! დიახ, არა გველის წიწილისა, არამედ ბატის კალმისა, ხელის
მოსაწერად, შუბლის ძარღვის გადასაშლელად…
„ახლავე, ახლავე, ვიდრე წყალი არ გაცივებულა!“ - თავის თავს
ემუდარებოდა ერეკლე. და სწორედ ამ „ახლავეს“ და „ვიდრეს“ შორის
რას გულისხმობდა, სწორედ ეს არ ჰქონდა გარკვეული.
ორ ძარღვსა და ორ სიტყვას შორის დაიბნა; წყალს კი ჯერ ოხშივარი
ასდიოდა, მერმე ყელი შეეორთქლა, სიმხურვალეც ნელ-ნელა
დაუვარდა.
აი ახლა თორღვას აბანოს ცხლად გამონადენ წყლის სიმხურვალე თუ
აქვს…
თორღვას აბანო! რამდენჯერ გაუტარებია იქ ზაფხული ერეკლეს!
აბანოს ქედზე რომ შესულა, მთელი კახეთი ხელისგულზე ჰქონებია
ხოლმე. ხელისგულზე თუ მაჯის ძარღვში?! რა ზვიადი სანახაობა იყო.

412
ყალმით დახატული, კალმით კი აღუწერელი… აღუწერელი თუ
მოუწერავი?
რა ბედენაა ბოლოს და ბოლოს ამ მზამზარეულ სიგელზე თავისი
სახელის დასმა? მართლა და მართლა, მას ხომ არ დაუწერია, მას ხომ არ
შეუთხზავს? და ხელი თავისთავად მოსწყდა თუნგს და კალამს
გაეკარა… ეცივა კალამი, გლისპ… ცივსისხლიან ქვეწარმავლად
მოეჩვენა, ისევ თუნგს შემოაჭდო ორთავ ხელი… ჰოი, წეღან თუ მისი
ბედის მონაცვლის, ავადმყოფ დავითის შუბლის სიმხურვალისა იყო
თუნგი, ახლა კი უკვე სხვა მხურვალება უგრძნო. აი ისეთი, ძმას,
გიორგის ცრემლიანი თვალები რომ მოსწმინდა და მამის კარავში რომ
წაიყვანა ფიცის მისაღებად!.. რა ფიცის? ეს იქ, სადღაც შორს, ზღვის
გაღმა, მტკვრის პირას იყო… მისი სიმლაშისა და სიმხურვალის
გრძნობას კი აქამდე მოუღწევია… ფიცი აღარ ახსოვს და ცრემლის
სიცხე-სიცხარე კი გულში ჩარჩენია!
წამოდგომა დააპირა, მაგრამ ტანში მოურევი სიმძიმე შეეჭიდა.
მაგიდას დაეყრდნო. ხელში სიგელი მოხვდა, აჰყვა ხელს, აეკრა
თითებს. უეცარი აღტკინებით დასახევად მოსწია გრაგნილი. ვერა, ვერ
გახია ხბოს ტყავი. „ან ძალა არ მეყო, ან ვისუსტე! ორივ ერთი არ არის
განა?!“ და ვიდრე მოიფიქრებდა, კალამს ეცა. არა, თავად კი არა - ვიღაც
სხვა… სხვა ერეკლე, იქნებ არც ერეკლე - კალამი თავად ეცა, შეუძვრა
თითებში, ხელი წასძლია…
და როდესაც ერეკლე გონზე მოვიდა, მისი სახელი სიგელს უკვე
ეწერა ბოლოში.
ამ დროს კაკუნი გაისმა. ერეკლე გამოარკვია კაკუნმა… თუ სულ
დააბნია. თითქოს კაკუნი თავად შემოვიდა ჯერ დარბაზში, მერმე
სულში და სიცოცხლეში ახლა თავმოტვლეპილი თუ უშუბლო ჩია კაცი
შემოვა, კაკუნს შემოჰყვება და ხელმოწერილ სიგელს წასტაცებს…
მერმე მაჰმადის ხმალი და რჯული… ხონთქრის ლაშქარი… ალაზანში
შერეული კახ-ქართული სისხლი და მამა მეფის მოკვეთილი ხელი,
შვილის მკერდზე დაკიდებული!
ახლა კი ეყო ძალა. მოსმით გადახია სიგელი. არც ეს აკმარა, ნაკუწ-
ნაკუწად აქცია და ღია სარკმელში გადაყარა… ქარსა და ზღვას მისცა.
განმეორდა კაკუნი.
- დახმარება არ დამჭირდება! - ქართულად მიაძახა ურდულს,
კაკუნს, ძალადობას, ყველა ქვეყნის ყველა ჩია კაცს და გველის წიწილი
აიტაცა. - მე თავად! გამეცალეთ! - უკვე თურქულად მიაძახა, -
გაიკმინდეთ ხმა!
კაკუნი შეწყდა.
ნუთუ გამოთავდა ყავლი? მართლაც სანთელი რარიგ ჩამწვარა,
დალეულა, ვით მისი დღენი. წყალიც უკვე გაგრილებულა.

413
- კი მაგრამ, რომელი ხელი მითხრა?! - ხმამაღლა შეეკითხა თავსა და
ორივეზე დაიხედა, - ჰო, მარცხენაო! - ძლივს მოაგონდა და ჯიუტად
დასძინა: - არა, მე კი მარჯვენას! - გველის წიწილი მოსმით გადაისვა
მაჯაზე და ვიდრე სისხლს დაინახავდა, ხელი თუნგში ჩაჰყო.
მართლაც ნელთბილი იყო წყალი… აი ისე, პაპანაქება ზაფხულში
ალაზანი რომ არის… ნელთბილი და საამოდ გრილიც…
და თითქოს მშობლიურ ალაზანში ხელს ურევს ერეკლე… მერმე
შეცურდა… მიყუჩდა… არც ტკივილსა გრძნობს, არც სინანულს…
სავარძელში მყუდროდ მოეწყო და შორეულ ოცნებას მიეცა, და რაც
უფრო ფერმკრთალდებოდა სახე, მით უფრო უცხოველდებოდა ოცნება.
ჯერ სიცოცხლის ცხოველური, ხორციელი შიში გადასცდა
გულისყურსა და არსის ალღოს… მერმე საჭირბოროტო
ყოველდღიურობა მოიშორა გულმა… მხოლოდ წარსული, მხოლოდ
საამო და ბრძნული უშფოთველობა დარჩა.
და კიდევ რომ მოისმა კაკუნი, აღარც გაუცია პასუხი. ეს სიკვდილი
კი არ უკაკუნებდა, როგორც წეღან, არამედ ჩია, უშუბლო კაცი…
ისევე, როგორც მისი მარჯვენიდან სისხლი კი არ სდის, არამედ
ალაზანი და მას, დაბრძენებულსა და გაჭირისუფლებულს, შუბლის
ძარღვის დიდი გრძნობაღა დარჩენია.
სარკმელში კი განთიადი იფურცლებოდა. კიდევ ცოტაც და
სავარძელზე მისვენებულის შემძიმებულ ქუთუთოებს საქართველოს
მხრიდან ამოსული მზე მოეალერსა და ზღვაზე გავლებული
სხივბილიკი ერთხელ კიდევ დაანახა.
ამ ბილიკზე მიდის ერეკლე… მიდის და მას არც სარკმლის გისოსი
უშლის ხელს… არც ზღვის სიღრმე… არც საოცნებო მხარის სიშორე…
სამშობლოს თუ გრძნობ, ყველგან თან გახლავს!
ოდესმე ნასმენი, მიფერფლილად ჩარჩენილი ძილისპირული ჰანგი
შემოესმა, დედის კალთა იგრძნო, მამის მარჯვენა… მერმე მათ სახეებს
ბერდიდის თეთრი წვერი გადაეფარა. ახლა ბერმცირეს ჯაჭვის
ჩხრიალიც შემოესმა. შორს გამძევლებული ძმის - კონსტანტინეს
ტირილის ხმაც მოსწვდა. და სულ ბოლოს სალიჰას სევდიანი,
კანდელივით თვალები…
ქუთუთოებს კიდევ მოერია და წამწამებში კიდევ გალანდა მზე.
მერმე მზემაც ფრთები გაშალა და ზღვის თუ მთის იქით როჭოსავით
გადაფრთხიალდა.

XL მუხრანის ციცინათელა
აშოთან მუხრანბატონის ციხე-სასახლეში დიდი სამზადისი იყო. არა,
ამჯერად თურქები კი არ ესხმოდნენ შევიწროებულ სამუხრანოს. არც
ეს იყო გასაკვირი, გაპარტახებული ქართლის ყოველ კუთხეში, ყოველ

414
წამს იყო მოსალოდნელი თურქთა თარეში. ტფილისის მეტეხის და
ნარიყალას გარდა კიდევ სხვა მრავალი ციხე მათ ხელში იყო.
გალომებული სვიმონ მეფე მხნედ განაგრძობდა გაუთავებელსა და
უთანასწორო ბრძოლას. ხან სად დახვდებოდა, ხან სად დაეცემოდა, ხან
სად უყელებდა თურქთა. მაგრამ საზღვარმორღვეული სამეფოს
ცხოვრება არ გამოდიოდა. მით უფრო, რომ არც შიგნით იყო ერთი
პირი. უმეტესნი დიდთავადნი და ერისთავნი თავთავიანთ კოშკებში
იყვნენ ჩამჯდარნი და ხან ძალით, ხან ხარკით, ხან მოთნეობით
ძლივსღა ინარჩუნებდნენ ქართველობასა და სიცოცხლის საშუალებას.
ნახევრად მოღალატენიც საოცრად გამრავლდნენ და მრავალნი დღე
სვიმონ მეფესთან იყვნენ, ღამე - თურქებთან, ან პირიქით.
არა, სტუმრიანობის დრო სრულიად არ იყო ქართლში… მაგრამ
ცხოვრება თავისას მოითხოვდა და რადგან ცოცხლები იყვნენ,
გამუდმებული ბრძოლა-ხიზვნის გარდა, სხვა ცხოვრებისეულ წესებსაც
ვერ გაუდგებოდნენ განზე.
ჰოდა, დიდი სამზადისი იყო მუხრანს. კარგ დღეებში არც ხამები
იყვნენ სტუმრიანობისა. მუხრანბატონიანთ დიდსუფრიანთაც
ეძახდნენ ხოლმე.
დღეს მაინც განსაკუთრებული რამ იყო - კახ ბატონიშვილებს
ელოდნენ მუხრან-მასპინძელნი.
ყველაზე უფრო კი, რა თქმა უნდა, მუხრანის ციცინათელა - ჟუჟუნ
ქეთო ღელავდა, ის იყო დასანიშნი.
ნიკოლოზ ეპისკოპოსის დაწყებული საქმე ომან ჩოლოყაშვილმა
გააგრძელა და დაასრულა. ქეთევანის მამა - აშოთან მუხრანბატონი
მეტად კმაყოფილი იყო, რადგან ერეკლეს გასტამბოლების შემდგომ
დავით ბატონიშვილი კახეთის ტახტის მემკვიდრედ რჩებოდა და
დაქსაქსულ საქართველოს ღირსეულ სასიძოთა შორის რჩეულად
ითვლებოდა. თუმც აშოთანის მართებული დასკვნით, სადედოფლოც
რჩეულთ რჩეული ხვდა წილად. ჰოდა, მით უმჯობესი: ფერი ფერსა და
მადლი ღმერთსაო!
ომან-აშოთანმა მალე შეკრეს პირი. თავთავიანთი გულისნადები
უთქმელად უთხრეს ურთერთს და საქმე გამოაგვირგვინეს. მით უფრო,
რომ ქართლის მეფე სვიმონი და დედოფალი ნესტან-დარეჯანი ხელს
უმართავდნენ ამ შეუღლებას. ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა
მდურვისა და გულცივობის შენელების საქმეში ამ დამოყვრებას
თავისი წვლილი უნდა შეეტანა.
ყველანი ჩქარობდნენ, მოძალებულ თურქიანობაში დრო და საქმე
მოსწრებაზე იყო. ნიშნობა შემოდგომაზე დათქვეს, რომ სააღდგომოდ
ქორწილიც მოესწროთ.

415
და აი ახლა, საქალებოს სარკმლიდან შარაგზა რომ მოჩანს, ამით
უნდა მოვიდნენ კახნი. სასიძო, სამაზლო და მათი მომყოლი ლაშქარი.
ქეთევანს მთელი სამუხრანოს ქალები შემოხვეოდნენ და რთავდნენ.
ზოგი კაბის ნაოჭებს გამოყვანილ წელში უკრეფდა, ზოგი ქობას
უკვეცდა, სახელოებს და ყობებს წამდაუწუმ უსწორებდა. სარკის წინ
აბრუნებდნენ… მოსწონდათ და ისევ გაფაციცებით რთავდნენ, კიდევ
უმჯობესი რომ ყოფილიყო. ახლა გულისპირსა და საკინძეს
იერნაკეთობას უხამებდნენ და უთავებდნენ. თავხურვასა და კავებს
ულოლიავებდნენ. გაუთავებლად აქებდნენ ისედაც მუხრანის
ციცინათელად წოდებულს.
იყო კიდევაც საქები მუხრანბატონიანთ უმცროსი ასული. წყნარად
და ნატიფად წყობილ თეთრ სახეს სწორი წარბებმოხატული შუბლი
ადგა. ქუფრად წაბლისფერი დალალი იმშვენებდა ჩიხტი-კოპის
ყაიდაზე ამოსხმულ სადედოფლო მცირე გვირგვინს. ბაგეებში,
სიმტკიცის ნიშნად, ჯერ ოდნავი კუშტობა უჯდა, მერმე კი
თავშეკავებულ გაღიმებისას კბილ-მარგალიტების რიგი. ყელ-კისრის
ფარგში უჩინარი, მაგრამ საგრძნობი სიამაყე შესდგომოდა. მის ღრმა და
ზედმეტად დინჯ თვალებს მუქი თაფლისფერი გადაჰკრავდა.
ბავშვობისას წკრიალა კისკისი იცოდა, მაგრამ მერმე, ქალწულობის
ასაკში რომ ჩადგა, ბალღური სიცილი და უდარდელობა დაეკარგა.
შინაგან სითბოს გარედან ოდნავი ცივი ძგიფი გაეკრა და სიხარული
მხოლოდ თვალებში აუკიაფებდა უეცარ სხივნათელს. მისი გამდელი -
ბაბო მესაწოლე, რომელმაც გაზარდა დედით ადრევ დაობლებული,
ჯერ ჟუჟუნა ქეთოს ეძახდა, მერმე კი გაღიმებულ ქეთევანს რომ
დაინახავდა, ჩუმად წაჰკრავდა ხელს თავის ქმარს - გოლას:
- შეხე, შეხე! ვენაცვალე, რა ციცინათელები გააფრინა თვალებიდან!
სასახლემ და სოფელმა აიტაცა ბაბოს თქმული და მუხრანბატონის
ულამაზეს ასულს მუხრანის ციცინათელა უწოდა. ეს მით უფრო
ენიშნებოდა ყველას, რომ ქეთევანი ოდნავ უკარება და თითქოს
უსითბოდ მანათობელი იყო.
მისი საყვარელი ქართულ ირიბ-მისებიანი კაბა მაღალსა და ხმელ-
ტანიანს აჩენდა. ნამდვილად კი არც ისე მაღალი იყო და არც ისე
ხმელი. ტანკენარი ერთ ბედნიერებას კიდევ ფლობდა - ჯანმრთელი
იყო, ბეჯითიც, განსაკუთრებით მწიგნობრობაში. ყველაფერში
თავშეკავებულსა და ფაქიზს, ორი უცნაურობა სჭირდა - არ უყვარდა
ჭრა-კერვა, ხელსაქმობა და გატაცებით უყვარდა ცხენოსნობა.
მამას გამორჩევით უყვარდა ნაბოლარა და მის სასიძოს დიდხანს და
გულმოდგინედ არჩევდა.
- სადედოფლოდ არის გაჩენილი ჩემი ქეთევანი. აკი შევახვედრე
კიდევაც! მაშ მოდიან?

416
- აგრე გახლავთ, ბატონო! მობრძანდებიან!
- მოურავო, სამახარობლო გოლას! ჩოხაახალუხი, ქამარ-ხანჯალი…
მაგას ისედაც ეკუთვნის, ამაგი აქვს ქეთოზე! თავადაც დაგიფასებს! - და
მუხრანბატონს გახარებულ სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, -
ჩავბერებულვართ, გოლავ! ნაბოლარას ვნიშნავ, ჰა? - ისევ სიხარულმა
სძლია, ყურთმაჯები გადაიყარა, ხელის ზურგით წვერი ქვევიდან
შეიბებკა და ფართო აივანზე გავიდა.
გალავანზე და სათავსო შენობათა ბანებზე გლეხ-მსახურნი
გადმომდგარიყვნენ და სტუმრებს შორით უჭვრეტდნენ.
- მოდიან! მოდიან! - გაიძახოდნენ საქალებოს სარკმელში
გადმოკიდებული შინა ქალები, მრავალი მდადენი და მესაწოლენი.
ქეთევანს არასოდეს არ ენახა დავითი, გაგონილი კი ბევრი ჰქონდა.
რა თქმა უნდა, უფრო უქებდნენ. მაგრამ მარტო გაგონილით ვის
მოსწონებია საქმრო! თავისი თვალით კი ახლა იხილავდა და ვაითუ არ
მოეწონოს! მათი შეუღლება განზრახული, გადაწყვეტილი და
დამტკიცებული იყო სულ სხვა მოსაზრებებით და საქმის ძალით, ამ
განზრახვებში ქალის გულზე და მოწონებაზე არავის უფიქრია და
კარგი, თუ გულ-ბედი საქმის ძალას დაემთხვა. არადა სიცოცხლე და
თუნდაც დედოფლობა ოქროს გალიაში ჩალამაზებული ჯოჯოხეთი
გამოვა.
„ვაითუ? მაშინ?!“ - ქალების ჟრიამულმა და ფორიაქმა დალაგებული
ფიქრიც გაუწყვიტა. თავბრუ დაახვია, სიდინჯე მასაც დაურღვია.
გზის მუხლში ცხენოსნების გამოჩენისას სულ შეცეტდნენ ქალ-
დედაბრებიც კი.
- უი, ქა… მთელი ლაშქარი არ მოდის!
- მა რა გეგონა? ბატონიშვილებს ისე ხომ არ გამოუშვებდნენ ამ
თურქების სათარეშო ქვეყანაში?
- დახე! დახე! ღმერთო, შენი ჭირიმე… წინ რომ მოდიან - ალბათ
ისინი არიან!
- შე ქალო, გამახედე… თავი მისწი, ქა! თავი, შე თავგასიებულო!
სასიძო ბატონიშვილის მზერაში სადედოფლო ყველას დაავიწყდა. იგი
კი სარკესთან იდგა. შიგ იჭვრეტდა და თავს კი ვერ ხედავდა.
- რომ არ მომეწონოს? მერმე? მერმე? - უფეთქავდა გული. სმენა კი
თონის ფიჩხივით შებზრიალებულ ტკრციალში იჭერდა რაიმე
ნიშანდობლივს, გულსაიმედოს და სარკეს არ აშორებდა მზერას.
- ისინი არიან… წინ ორნი!
- უიმე, ქა… ორი როგორ იქნება? ერთ-ერთი, აი, ის თუ არის,
ფეხკავშა ცხენზე რომ ზის… თეთრჩოხოსანი?
- არა, ქალო! მე კი ის შინდისფერი ქულაჯოსანი მგონია!

417
საპატარძლოს სარკეში თეთრ ჩოხას ახლა შინდისფერი ქულაჯა
ეფარებოდა. ქეთევანი უძრავად იდგა და საოცარ მარტოობას
გრძნობდა, თითქმის გაწირულობასაც. ამ წუთში, თითქოს ყველას მიერ
საყვარელი, მუხრანის ციცინათელას პირადი ბედი არავის აწუხებდა…
აქ საპატარძლოსთან თავმოყრილ მარაქასათვის ნიშნობა იშვიათი და
მომხიბლავი სანახაობა იყო. მათთვის სულ ერთი იყო, ის
თეთრხოჩოსანი თუ შინდისფერ ქულაჯოსანი აღმოჩნდებოდა სასიძო
დავითი და როდესაც გარედან მოღწეულმა სალამის შეძახილებმა
საქალებოს სარკმელშიაც ქალ-მანდილოსნები შეაკივლა, მაშინ კი
გაწყრა, მოთმინების ფიალა აღევსო, სარკეშიაც შეამჩნია თავს შეკრული
წარბები, აკიაფებული თვალები, და აქამდე სიჩუმით ცნობილმა მკაცრი
ხმა ამოიღო:
- აბა, გარეთ ყველანი! მარტო დამტოვეთ! სწრაფად-მეთქი!
პირველი ბაბო გამდელი შემობრუნდა და სხვებს დაუტატანა:
- არ გესმით, განა?! - გამდელმა უმალ წარმოიდგინა თავისი
გაზრდილის სულისკვეთება და როცა ყველა გააცალა, ერთხელ კიდევ
შემოურბინა ჯვარის სახვითა და ლოცვის ჩუჩუნით. და სარკეში
ჩაცივებულ მზერას რომ ვეღარ მოსწყვიტა გაკერპებული, ზედ სარკის
მინაზე უფარა ბებრული ხელი. - გეყო, შვილო… ამდენი სასარკო არა
გჭირდება რა… დაიქადნონ, უმჯობესი თუ ნახონ სადმე… ახლა შენც
გაიხედე სარკმელშია… შენი საჭირისუფლოა მოსული! ეჰ, ნეტავი რა
დარზე ადგა დღევანდელი მზე?! - და თავადაც ლოცვა-ჩიფჩიფით კარს
გაეფარა. იცოდა, მის იქ ყოფნაში სარკმელს არ გაეკარებოდა ქეთევანი.
თავისი სურვილებისა და ლტოლვების მტკიცედ დამორჩილებაც
იცოდა მუხრანბატონის ასულმა. მაგრამ ახლა ყველაფერი აერია.
ცხრამეტმა გაზაფხულმა და სასიძოს მალულად ჭვრეტის სურვილმა
მისდა უნებურად სარკმელთან მიიყვანა, გაახედა და ყველაფერი
აღგზნებული თვალის ჩინით დაანახა. სასახლის ფართო კიბესთან ორი
ცხენოსანი დაქვეითდა, როგორც ქალები იძახდნენ, თეთრჩოხა და
შინდისფერი ქულაჯოსანი.
„ნეტავ რომელია? - გაუკრთა ფიქრი დასანიშნს და უმალ მეორე
ნატვრიან ფიქრს გადაენასკვა, - ნეტავ თეთრი! თეთრჩოხოსანი!“
თავადაც ვერ გაართვა ანგარიში ამ უცნაურ ნატვრა-არჩევანს. რატომ
მაინცდამაინც თეთროსანი? იქნებ იმიტომ, რომ იგი უფრო კრძალვით
და მოწიწებით იდგა მისი მამის - მოხუცი აშოთანის წინაშე. იქნებ
იმიტომ, რომ იგი მათრახს არ აწვალებდა ხელში, როგორც
ქულაჯოსანი. იქნებ იმიტომაც, რომ თეთროსანს არც ამოუხედავს
საქალებოსაკენ, ქულაჯოსანმა კი ისე ამოაბრუნა თვალები, თითქოს
მთელი საქალებო მისი ყოფილიყო!

418
მერმე მოჯარდნენ სტუმარ-მასპინძლები და ქეთევანიც მოშორდა
სარკმელს. ახლა სარკეში რომ ჩაიხედა, აშკარად ღელვა ეტყობოდა
სახეზი. ჩაკეტა კარი და შემოხმიანებული ქალები აღარ შემოუშვა. ასე
კარგა ხანს იჯდა, ვიდრე კარში გაბედული კაკუნი და მამის ხმა არ
მოესმა. გაუღო. მხოლოდ მამა შემოუშვა.
- რას ჩაკეტილხარ, შვილო?! - მამამ ნასიამოვნები თვალით გადახედა
თავის ასულს. ახლო მიდგა. უხერხულად აკოცა და კარისაკენ
მიაბრუნა, - ბაღში გელიან სტუმრები!.. აბა, მანდილოსნებო, თქვენც
წამობრძანდით!
- არა, ქა! უიმე! აგრე როგორ იქნება! სასიძო უნდა მობრძანდეს, ან
შუამავლები მოაგზავნოს! თავი უნდა დაუძვირო! ამ მამაკაცებმა რომ
სულ არ იციან ნიშნობის ყადრი! - სხაპასხუპით მიაძახეს და ერთად
აყაყანდნენ მუხრანბატონიანთ დეიდ-მამიდები, ძალუა-ცოლისდები
და სხვა მრავალი მანდილოსან-გამდელები. მერმე ყველანი ერთბაშად
შემოლაგდნენ ქეთევანის დარბაზში.
ფერადმა კაბებმა და ლეჩაქ-მანდილების ფრიალმა თვალი აუჭრელა
აშოთანს.
- ჰო, კარგი, კარგი, გეყოფათ! ესაო და ქალები ვართო… ყველა ხომ არ
ინიშნებით?! - დაუყვავ-დაუტატანა აშოთანმა. იგი გვარის უხუცესი
იყო და ქალშინაურებში განზრახ ოდნავი უკმეხსიტყვაობა იცოდა, -
საქმე ასე რომ გავაჭიანუროთ, არ გამოგიხუნდეთ ამდენი ფერ-
უმარილი?! წამო, შვილო, წამო! - და კარში გასვლისას ისევ მოუბრუნდა
განაბულ მანდილოსნებს: - მე პატარძალს კი არ მივგვრი სასიძოს
პირველსანახავად, მამა უცხონდათ! არამედ სადედოფლოს შევყრი
მომავალ კახთ ბატონს! ჩემს ქეთევანს კი თავის დაძვირება აღარაფრად
სჭირდება! - და თავის შვილს წინ წაუძღვა.
ქეთევანი უსიტყვოდ გაჰყვა. წეღანდელი ღელვა ნებისყოფის
შინაგანი მოძალებით თითქმის მოთოკა. გაუკვირდა კიდევაც, რომ
თავის გულს მიწისძვრასავით მოდებულ ღელვაზე უფრო დიდი ძალა
აღმოუჩინა.
ბაღის ქვათლილ კიბეს რომ ჩაჰყვა და თალარში გავიდა, ისევ უმატა
ჩქროლვამ, მაგრამ ის ვეღარ აღწევდა ვერც ოდნავ ჩამკრთალებულ
ღაწვებსა და ვერც ნებიერად მოღერებულ ყელს.
ქვევით კახ დიდებულთა დიდი ჯგუფი იდგა. წინ კი ისევ ორნი.
ისევ ორი ფერი ებრძოდა ურთიერთს, თეთრი და შინდისფერი.
ახლაც თეთრი არჩია ქეთევანის გულმა. ალბათ იმიტომ, რომ მას არც
კეხიანი ცხვირი ჰქონდა და არც ოდნავ შეწეული, მოძრავი მხრები და,
მიუხედავად იმისა, რომ შინდისფერს ყველაფერი მკაცრად ნაკვეთი და
დახვეწილი ჰქონდა, ხოლო თეთრს თითქოს ნატიფობა აკლდა.

419
გულმა ისევ იქით დასძალა სასწორი და ღელვა ჩაიხვია. „ნეტავ
რომელი?“
ახლო რომ მივიდა, თეთრჩოხოსანს გაკვირვება და სიხარული
უგრძნო თვალებში და უკვე იცოდა, რომ გულმა უმტყუნა, შეუშალა
არჩევანი. ამის შემდეგ ქულაჯოსნის თვალებში დანახულმა აღტაცებამ
და ვეღარ დაფარულმა ღელვამ სრულიადაც არ გაახარა. უკვე
ყველაფერი ამაო იყო. გულმა არ მიიღო მის ბედზე მოსული. შემდგომ
ათასგვარი, გარდუვალი მოვალეობა იწყებოდა. მუხრანბატონის
ასულმა იცოდა, რომ ის ყველაფერს პირნათლად აასრულებდა, მაგრამ
გული-გულს დამთხვეული სიყვარული, ჩანს, სადღაც მისი ბედის
მიღმა დარჩა, რამეთუ მას, ქეთევანს, მხოლოდ ერთხელ სწამდა
ნამდვილი სიყვარული და შეუღლება, ხოლო მას რაც სწამდა - სწამდა
მტკიცედ და ბოლომდე!
დრო კურდღელ-მწევარივით გარბოდა ხმაურ-ჩურჩულში და
ლაღობა-სტუმრობაში.
კახნი განცვიფრებით შეჰხაროდნენ, თვალს ვერ აშორებდნენ
დანიშნულს.
ფასდაუდები საჩუქრები მოართვეს შარნად. ხმის სახელით გიორგიმ
პირადად აახლა თავის სარძლოს ოქრობუდიანი მარგალიტების დიდი
გულამბარი.
თავი რომ დახარა, ქეთევანმა უკან გადავარცხნილ, თმაკაუჭა
ქოჩორში ორი გვირგვინი შეუმჩნია სამაზლოს.
„ჩემი არ იყოს, არც იგი იქნება ბედნიერი უღელში!“ გაიფიქრა და
მანაც თავი დახარა.

XLI მარჯვენის ფასი


უკვე მეორე წელიწადი გასრულდა, ერეკლე ბატონიშვილისაგან კი
არავითარი ცნობა არ იყო.
სალიჰას მთის დარდი ბარის დარად შეეცვალა. ნუგეშად მხოლოდ
სამზადისი იყო. დარდობდა და ემზადებოდა სტამბოლს
წასასვლელად.
ამასაც გრძნობდა, ტკბილად, დიდი მოსიყვარულებით მიიღო და
მოიოჯახა მეფე-დედოფალმა მთის საპატარძლო და ეს უფრო
უწყლულებდა გზაშივე შეჭდეულ განწირულობის გრძნობას.
ფაქიზი და გონიერი, ჩუმად ჩადარდებული სალიჰა ყველას
უყვარდა. მარიამ დედამ ხომ შორს მყოფ ერეკლეს ადგილზე
დაინაცვლა. პატარა და მუდამ შემკრთალი ნესტანიც უცბად შეეჩვია,
ხოლო როდესაც სალიჰამ ქართულად ენა გაიტეხა, ხომ სულ არ
შორდებოდა და მის მიერ ჟღურტულით მოყოლილ მთის ამბებს
გატაცებით უსმენდა.

420
თავისებური ურთიერთობა დამყარდა სალიჰასა და ბატონიშვილებს
შორის. გიორგი ფაქიზად და კრძალვით ეპყრობოდა მას. ისინი
თითქმის თანატოლები იყვნენ. ხოლო ტოლობის დროს ქალი მუდამ
უფროსია.
კერძოდ, გიორგისათვის კი სალიჰა უფროსი და საყვარელი ძმის
სატრფო-სანუკვარი და იდუმალი დანიშნული იყო. და კიდევ, რაც
გიორგის თვალში დიდ მოწიწებასა და პატივისცემას უმსახურებდა
ქალწულს, ეს იყო შეუფერავი და ანკარა სიყვარული, რომელსაც
დანიშნული ყოველ წვრილმანში ამჟღავნებდა თავისი შორეული და
ერთხელ ნანახი ერეკლეს მიმართ.
გიორგი ამ მხრივ როგორღაც გვიან მომწიფდა და გრძნობის
სამყაროში სრულიად გულუბრყვილო და მიამიტი იყო. ქალ-ვაჟის
ტრფობით შეპყრობას ზეგარდმო ნიჭად და რჩეულთა ხვედრად
სთვლიდა, ხოლო სალიჰასა და ერეკლეს იმთავითვე ერთმანეთისათვის
გაჩენილად რაცხდა და ჰკვირობდა.
სულ სხვა ურთიერთობა დამყარდა დავითსა და სალიჰას შორის.
დავითი მუდამ თავს არიდებდა მთიელ სადედოფლოს. გულზე
დაჭდეული შინაგანი მტყუანობის გარდა, თავისებური ეჭვიცა და
შურიც ჰქონდა. განსაკუთრებით ვიდრე თავის დასანიშნ ქეთევანს
ნახავდა. სალიჰა ნატიფი სილამაზისა იყო, ხოლო მისი - დავითის
მომავალი საბედო, მაინცდამაინც, ჯიბრზე უმჯობესი სილამაზის უნდა
ყოფილიყო და ვაითუ გამტყუნებულიყო არჩევანი!
ალექსანდრემ სალიჰას უმალ მწიგნობრები და სულის მოძღვრები
მიუჩინა ქართული ანბანისა და საღვთო სჯულის სასწავლებლად.
ქართველი დედოფლის წესმაღლობისა და მანდილმოსილობის
პირის წყალი თავად მარიამ დედამ დაუნერგა, მთიური სალიჰა
ქართულ-ქრისტიანულ სალომედ შეუცვალა, ხოლო საალერსოდ სალი
დაანათლა.
მთიელთ წესზე განსწავლული სალი დიდი მონდომებით
დაუბეჯითდა ახალ დედა ენას, ახლა რჯულს და საერთოდ მისთვის
ახალ - ბარის სამყაროს.
მამასაც ხშირად ნახულობდა. ახალმოყვრებში გულმომთბარი და
თითქოს იმედცემული დაწყნარდა. „გაბზარული დაირის“ სახეს
მხოლოდ შემკრთალ სიზმრებში იხილავდა ხოლმე, არც ვის
უზიარებდა, გარდა თავიდანვე ახლოთვისად მიღებული ხალიანასი. ამ
მეგობრობაშიაც გადამწყვეტი ალბათ ის იყო, რომ ზაზაც სტამბოლს
იყო ერეკლესთან და იქ ერთად წასვლაზე არაერთხელ უოცნებიათ
ბედის მოზიარეთ.
ასე ჰქონდა განზრახული მეფე-დედოფალსაც. ამიტომ წამოზრდილ
და დაქალებულ ხალიანას სალის არ აშორებდნენ. დოსტაქრის

421
ქალიშვილი საერთოდ ხშირი სტუმარი იყო სასახლის საქალებოში.
ხოლო მისი დაოსტატება ფერ-უმარილის კეთებასა და ექიმთა
სიბრძნეში ხომ მის ყოფნას წარჩინებულ მანდილოსანთა შორის
ყველასათვის სასურველად ხდიდა. და დიდთავადთა მეუღლე-
ქალიშვილები მის უაზნობას მეტ წილად ვერ ამჩნევდნენ.
მაგრამ დრო ვიდოდა, სტამბოლს წასულთაგან კი არაფერი ისმოდა.
შავი ზღვა თითქოს უფრო გაშავდა და გათურქდა.
კახთ სამეფოს არც ტახტის მემკვიდრე ჰყავდა შინ და კახთ ეკლესიაც
უმწყსოდ იყო. ნიკოლოზ მიტროპოლიტი ყოველმხრივ საჭირო იყო.
რუსთ ელჩებსაც ჰქონდათ გადასაცემი იოვ პატრიარქის ეპისტოლე და
მის მიერ ქართული ქრისტიანობის შესამოწმებლად გამოგზავნილი
სწავლული მღვდელ-ბერები საეკლესიო კრებასა და სჯულის
საკითხების გარჩევას ელოდებოდნენ.
ერთი სიტყვით, სტამბოლის ამბავი ყველას გულისყურზე ეკიდა.
ამიტომ, როდესაც გრემს მტკვარსამზირის აღდგენილ საგუშაგოდან
შიკრიკი მოიჭრა, ყველა დაფორიაქდა. მაგრამ შიკრიკმა არაფერი თქვა.
ალექსანდრე არ იყო გრემში. იგი თელავს იყო, ქართლში გაშვებულ
ორივ ბატონიშვილს აქვე ელოდა.
მათი გაშვებისას საოცრად ღელავდა კახთ ბატონი. რამდენი ხანია
ქართლისაკენ პირი არ უქნია მას. მისი შვილები კი ხომ საერთოდ არ
ყოფილან, არ გადასულან ასე მახლობელ და ასე ყოველმხრივ
ღვიძლნათესაურ ქართლში.
იმ სამარცხვინო ნაალაფარის შემდგომ აგერ უკვე რვა წელმა
განვლო… რამდენმა წყალმა და მეწყერმა ჩაიარა მტკვრისა და ალაზნის
ველებზე, მაგრამ მაშინდელი მარცხისა და თავისი უსაქციელობის
მოგონება მუდამ ფერწითლობაში აგდებდა ალექსანდრეს.
მართალია, ზოსიმე ბერისა და ხოსრო-ნიკოლოზის მეშვეობით
ქართლ-კახეთს შორის აშკარა შუღლი მოისპო, მაგრამ არცთუ სრული
გულგაშლილობა და ხელმაშველობა სუფევდა.
ასე თავთავისად ცხოვრობდა, იბრძოდა, თანდათან მარცხდებოდა და
ქვეითდებოდა ეს, ერთი ტანის ორი, მტრის ვერაგობითა და მოყვრის
უგნურობით გათიშული ნაწილი!
ამას დაბრძენებული ალექსანდრე კახთ ბატონიც კარგად გრძნობდა
და მით უფრო მისი ნახევარი სიძე სიმონ ქართლის მეფე. მაგრამ
გამთიშავი ძალები გადამეტებით სჭარბობდნენ შემაერთებელ
ზრახვებს.
ახლა კი ალექსანდრე ქართლში გზავნიდა ორივე ბატონიშვილსა და
მოზრდილ საპატიო ამალა-ლაშქარს. ტფილისს ან იმავ დიღომს
მამიდასთან ხლების ნებაც დართო მათ, შემდეგ კი მუხრანს უნდა

422
ჩასულიყო ნიშნიონი. დავით ბატონიშვილს მუხრანბატონის ქალი
უნდა ენახა, დაენიშნა, ქორწილის თარიღიც დაედო.
- აღდგომას ნუ გადააცილებთ, რაც უნდა იყოს! - არიგებდა იგი
დავითს, ომან ჩოლოყაშვილსა და ნიშნიონში წამსვლელ სხვა
დიდებულთ.
დავითს გიორგისავით ჰაეროვანი და აღფრთოვანებული
შეხედულება როდი ჰქონდა მიჯნურობაზე. იგი უფრო ხორციელად და
ნებიერად უჭვრეტდა ტრფიალს. ადრე ვნებააღერილმა, თავქეიფა
ბატონიშვილმა არაერთი გოგო-მსახურის კალთის ცოდვა დაიდო.
ალექსანდრემ იცოდა, რომ ლაღად ყოფნა კიდევ ერჩია მის თავნება
შვილს, ამად აჩქარებდა კიდევაც მისი ოჯახით დაბმას.
გაისტუმრა თუ არა ნიშნიონი, კარგა ხანს დაყოვნდა თელავში. მერმე
გული აღარ დაუდგა, უკან გრემს გამობრუნდა.
გზაში შეეფეთა მტკვარსამზირის შიკრიკი, ნიკოლოზის დალუქული
გრაგნილი გადასცა. სულ მოკლე აღმოჩნდა უსტარი:
„მტკვარსამზირს ვიქნებით ამ კვირია. პირადად შეგაწუხებ, ძმავ
ბატონო. ნურვის იახლებ მრავალს. ღმერთი იყოს ჩვენი მეოხი… ჭირის
მომთმენი ძალაც მოგცეს უფალმა! ამინ!“
კახთ ბატონი შეირხა ცხენზე. კითხულობდა და ასოები დაუხტოდნენ
თვალწინ. მერმე თავი წასტაცა ცხენმა, წინ გაიტანა. ხელჩვეულად
აღვირი მოსწია და გრაგნილი შიგ ჩააჭყლიტა. ცხენი დაიოკა, მკერდზე
გადისწორა გრაგნილი და მაშინღა იგრძნო, რომ გული ამოვარდნაზე
ჰქონდა.
ვიდრე ამალა მოეახლებოდა, ჩაქვეითდა, მიაგდო ცხენი და გზის
პირზე გდებულ გადამსკდარ ვერხვზე დაჯდა. ისევ ჩაიკითხა. მერმე
მოპარულივით უცბად დაახვია და უბეში ჩაიდო, ჩაფარა, მაგრამ
გრაგნილის ასოები და ყალყზე შემდგარი სიტყვები საპარაკლისოდ
ანთებულ სანთლებივით მაინც უდგნენ თვალწინ. რაღაც დიდი
ამოუქარვებელი გადაუღეჭავ ლუკმასავით ამოადგა ხახაში. იძალა,
ჩაიბრუნა ლოხმად დამდგარი… სასალაკი ჩაიწყვიტა, მაგრამ არ
ამოუშვა გმინვა.
ამალა რომ მოეახლა, კახთ ბატონი ჩვეულებრივად ჩუმი და
ჩაფიქრებული დახვდათ. მხოლოდ ჯანდიერმა შეამჩნია, მარცხენა
თვალის გუგა-ქუთუთონი უთრთოდა ბატონს.
ალექსანდრემ ამალას გადაავლო თვალი, ბებურს და თამაზს
დაეძებდა… მოაგონდა, რომ დავითს აახლა მუხრანს. ინანა. ახლა
მარტო დარჩა ტივზე გასმული. ეს გადამსკდარი ვერხვიც ტივივით
ტაატებს… იძირება ალექსანდრე - კაცის სიმძიმით!.. არა, გრაგნილის
სიმძიმით… შიგ თუ თვალწინ დანთებული სანთლებისა თუ
მაშინდელი ჩირაღების სიმძიმითა და წვის ძალით!

423
მთელი ამალა დაითხოვა. გრემს წარგზავნა. მხოლოდ ჯანდიერი და
შიკრიკი დაიტოვა.
ამალაც გემის გზის უბეს გაეფარა და ალექსანდრეც ცხენს მოახტა.
- მტკვარსამზირს გამიყვანეთ… პირდაპირ… თუნდაც
უგზოუკვლოდ… ოღონდ არავინ შემახვედროთ! - შიკრიკის ცხენს
უსუსხა მათრახი, წინ გაიგდო და თავჩაქინდრულად უკან აადევნა
აღვირმიშვებული ცხენი.
მესამე დღეს მტკვრის პირას რომ გადგა ალექსანდრე, მაშინღა
იგრძნო ჭარბი დაღლილობა და წელის ტკივილი. წვერზე რომ ჩამოისვა
ხელი, ეხეშეშა, ხოლო კბილებში რომ ჩაიწეწკა, ემლაშა კიდევაც…
მტკვარსამზირის საგუშაგოსთან ზაზა შენიშნა, ხეირიანად ვერც კი
იცნო, გამხდარი, ნადარდალი და ცრემლმორეული.
- ზაზა თუ ხარ, არ დამანახვო ცრემლი! - გაუწყრა ალექსანდრე და
თავი იბრუნა. იქვე თავჩაქინდრული ნიკოლოზ ბერმცირე იდგა.
- ჩემი ერეკლე?! - აღმოხდა მამას.
ნიკოლოზმა ხელი მოჰკიდა ძმის ცივ ხელს და თავის უბეში შეიფარა.
ბერული ჩოხის ქვეშ ჯაჭვის მარჭვლები იგრძნო ალექსანდრემ. მაგრამ
ჯაჭვის გარდა კიდევ რაღაც, ერთი ხელის დადებისოდენა რამ ეკიდა
ნიკოლოზს ჯვართან. ხავერდის ხაო იჩოთირა კახთ ბატონმა, ვერ
მიხვდა, ვერა… მუდარით შეხედა თავის ძმას.
- მარჯვენა წამებულისა! - ჩუმად უთხრა მან.
- მარჯვენა?! - ალექსანდრემ ახლა მეორე ხელიც შეახო ხავერდის
პარკს. ნიკოლოზმა თავზე გადაიტარა შავი თასმა და შავ ხავერდში
შეკრული ნაშთი ახლა ალექსანდრეს ჩამოჰკიდა კისერზე.
გულხელი იკრიფა ალექსანდრემ, გულის პირში ჩაიფარა. აღარაფერს
კითხულობდა… არც უსმენდა არავის… ის რაც შორეულად აფიქრებდა
და აწამებდა, ახლა აქ… მკერდზე ჰქონდა ხელსახებად და გულსაოხად
მისვენებული.
ჯერ მაგრობდა ალექსანდრე, მაგრამ თანდათან მოიხარა წელში,
მკერდი ჩაედრიკა, მხარ-კუზი დაადგა… თითქოს უსაშველო მძიმე და
დიდი ტვირთი დაეკიდა კისერზე… მკერდზე ტივად დაედო… „ის“
ტივი და არა, ამ ტივზე გასმული, თავისი უბედური შვილის ხელი…
მხოლოდ მაჯის ქვედა… მარტო ხუთი თითი.
მტკვარსამზირის კოშკიდან გუშაგები მიმხვდურად და
ქუდმოხდილად უმზერდნენ სტამბოლიდან მობრუნებულთა და კახთ
ბატონის შეყრას.
ალექსანდრე გრძნობდა, მეტს ვეღარ აიტანდა გული. პირი იბრუნა
და მტკვრის მაღალ ნაპირს აჰყვა.
ნელა, სულ ნელა ვიდოდა… აი, მიცვალებულს რომ გაჰყვებიან
სასაფლაოზე. მუხლებმა რომ აღმართი იგრძნეს, აუჩქარა სვლას… ტყის

424
პირას უფრო უმატა. აი, ვიღაც ეწევა წინ… თითქოს გულის პირში…
არა, გულ-ღვიძლში ჩაუვლია ხელი… ხუთი თითი და წინ აღმართზე…
ტყის პირისაკენ ეზიდება… იქით… იქით… ნაბანაკარში, საიდანაც
ოდესმე მტკვრის ჩაქუფრული დენა გაჩირაღებულმა ტივმა გადასერა,
სიმღერით გადავლო… იმ ტივმა, რომელიც ახლა აგერ კისერზე
ჰკიდია…
და აღმართზე მიდის მამა. კახთ ბატონი ალექსანდრე მეფე და უფრო
დიდი მეფის - თეთრი კეისრის ხელდადებული და ერთმორწმუნე.
მიდის თითქოს ახალ გოლგოთაზე თავისი წამებული შვილის ხელზე
მკერდით გაკრული და ჯვარცმული. მიდის და თან რაღაც თხრობა
ესმის. მძიმე და ხმადაბალი. აი ისე, მტკვარმა რომ იცის ხანდახან ყრუ
დუდუნი, ნატივარმა მტკვარმა!
ძლივს გაარკვია ალექსანდრემ, ჯერ ნიკოლოზი იყო, ნიკო-ხოსრო.
აქებდა მის პირმშოს, საქციელსა და ვაჟკაცობას უწონებდა. მაღალ
ზნეობას უქებდა. ერეკლე თავდადებულს უწოდებდა, პირის წყალისა
და შუბლის ძარღვის სწორუპოვრობასა და სისპეტაკეს აღუნიშნავდა და
ისე, თითქოს ცოცხალზე ლაპარაკობდა, მტკვრის ტივზე საამოდ
გასმულზე. აი შემობრუნდება ტივი. გუთანივით შემობრუნდება და
შვილის ხელსა და ნახნავს იგრძნობს - ხუთ თითს!.. ახლა
იერუსალიმზე ლაპარაკობდა ხმაჩუმი მთხრობელი, წმიდა
ადგილებზე, წამებული მაცხოვრის საფლავზე და გოლგოთაზე. მერმე
გამოიცვალა ხმა თუ მთხრობელი. მტკვარი კი ისევ ისე დის,
დუდუნებს…
ახლა ახალგაზრდული, შეძრწუნებული ხმა ესმის და არც ესმის.
ჰო, ზაზაა… მისი თხრობა მოთქმასა ჰგავს. რას ამბობს?! განზრახ
წაიყვანეს? არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მან თავად გაგზავნა! ფარხად-
ფაშას სადგომში დილამდე დააკავეს, კლიტულში ჩასვეს. დილით,
როდესაც გაუშვეს და შინ მობრუნდა, უკვე ყველაფერი გათავებული
იყო. დარბაზი მილაგებული და სარკმელი ღია. ჩია-მელოტი
დოსტაქარი დახვდა. პირმოთნედ მიუსამძიმრა. გულხელდაკრეფილი,
სარეცელზე დასვენებული ბატონიშვილი აჩვენა. უეცარი სიკვდილის
მიზეზად სისხლის დანთხევა დაუსახელა; „თავისი ნებითა და
ყოველგვარ ძალადობის გარეშე!..“ „გველის წიწილი“ აჩვენა, მაჯის
ჭრილობა გაასინჯინა და ცხოვრების ამაოებაზე ქლესა და გველივით
ცივი, დაქნილი სიტყვები ასივილა.
უჭირისუფლო ბატონიშვილთა სასაფლაოზე სამარხის მზადყოფნა
აცნობა და თავის ნებით მიცვალებულის დასაკრძალავად
გაპატიოსნების დაჩქარება სთხოვა.
უმალ კუბოც გააჩინეს, ყვავილ-გვირგვინიც და ბერძენი მღვდელიც.
პანაშვიდის შემდგომ კი მარტო დატოვეს ცხედართან.

425
დიდხანს იფიქრა თავდადებულის გადასერილი მარჯვენის ფასზე.
მოიგონა წამებულის ადრევ თქმული ნატვრა ერთი ხელის დადება
ალავერდის მიწის დამკვიდრების შესახებ…
ხელჰყო, გულს მოერია და შებედა წმიდათა წმიდას… ძველ ფხოვურ
წესით მაჯაში გადაუხსნა მარჯვენა ხელის მტევანი, სამშობლოში
დასატირებლად, იქ დასაფლავად გაამზადა.
დაჭედილ კუბოს კი მზის ჩასვლამდე დააყარეს ძველქრისტიანული,
ხოლო ამჟამად ნათურქალი ლამი და მიწა.
მტკვარზე უკვე შავხავერდა ღამე ჩამოწოლილიყო და ტალღები
ბინდში ჩაშლილ ტივებს ჰგავდნენ.
უბედურმა მამამ ცას რომ შეხედა, სამყაროს განუსაზღვრელ
სივრცეში ვარსკვლავების მაგიერ მაჯაში გადახსნილი უამრავი ხელი
ეკიდა, სწორედ ისეთი, გულში რომ ჰქონდა ჩაკრული და ჩამძიმებული.

XLII მძიმე ტვირთი


ასეთი მძიმე გრძნობით, ამბით და ტვირთით ალექსანდრემ თავი
აარიდა გრემში მიბრუნებას.
მისი მდგომარეობა მით უფრო მძიმე იყო, რომ აშკარად ვერც
იგლოვდა გაარშივებულსა და საჯაროდ განკიცხულ შვილს.
თავად კიდევ დაფარავდა ამ გლოვასაც, როგორც აქამდე არა ერთი
დუხჭირი გულში ფარულად ჩაუბრუნებია, ჩაუხვევია, მოუნელებია ან
მოუნელებლად უტარებია. მაგრამ ამ ქალებს რაღა უყოს? დედას,
საცოლეს?
ისიც მოაგონდა, ნიკოლოზ მიტროპოლიტს რუსთ ელჩები და
მღვდელ-ბერები რომ ელოდნენ ძეგამს. ზაზა კახნიაური დრომდე
მტკვარსამზირის საგუშაგოში დატოვა, ხოლო თავად და ნიკოლოზ
ძეგამს წავიდნენ.
ნელა, აუჩქარებლად ვიდოდნენ ცხენები. თითქოს მათაც გადაედოთ
მხედრების სულისკვეთება და გლოვა. ეს მოგზაურობა შორეულ
დასაფლავებას უფრო ჰგავდა.
მამას შვილის გამხმარი ხელი ეკიდა გულისპირის სიღრმეში და
სულს უხუთავდა.
ძეგამს რომ მივიდა მეფე, სასახლის ფარეშნი ეწვივნენ. მაგრამ არც
აბანო ინება, არც წვერ-ულვაშის შემოსწორება დაანება დალაქს.
ჩრდილივით უკან მავალმა დავით ჯანდიერმა კი ისიც შეამჩნია,
მტკვარსა და ალაზანს შუა ჭაღარა როგორ მოუმრავლდა კახთ ბატონს.
ჩუმად მგლოვიარე მეფე ნიკოლოზ მიტროპოლიტს არ იშორებდა.
ზოსიმე ბერდიდიც ძეგამს დაიბარა. სხვა ეპისკოსპოსნი და
განსწავლულნი ბერ-მოძღვარნიც იხმო. ფხაშერეულად საქმიანობდა,
მაგრამ თავს ეძალავებოდა. მოუსვენრობა შეუდგა, ვერსად ვერ

426
პოულობდა ჩრდილსა და მყუდროებას. უჩინარი და უსიცოცხლო
ხელი კიბოსავით უფათურებდა მარწუხა თითებს.
ალექსანდრე დღე და ღამე არ იშორებდა თავისი შვილის ნაშთსა და
ხვედრს, გამუდმებულ გლოვის ბურანში იყო. სულ არ ეკარებოდა
ძილი და ცხრომა.
ზოსიმეს გარდა არავისთვის გაუმხელიათ ხელ-ცხედრის ზარი. ისიც
ბერმცირემ გაუმჟღავნა. ალექსანდრემ კი ძუნწივით დაითავისა
ძვირფასი ნეშტი და მთელი სამყარო თუ სამოქმედო შავ ხავერდში და
შიგ ჩადებულ გაფითრებულ თითებში გაცრილად გამოუჩანდა.
რომელიღაც უქმის ძალს რუსთ ელჩები იხმო და ნიკოლოზ
მიტროპოლიტის თანდასწრებით რუს-ქართველი სამღვდელოება
შეჰყარა. დარბაზის გვერდზე - კარის ეკლესიაში მთელი რუსთ ელჩობა
ნიკოლოზს დაალოცვინა.
აქვე საკურთხეველში ესვენა რუსი პატრიარქის მიერ
ნიკოლოზისადმი მოძღვნილი ჯვარცმის ხატი და ეპისტოლე.
საერთო წირვისა და რუსულ-ქართულ გალობის მოსმენა ისურვა
მგლოვიარე კახთ ბატონმა, მაგრამ რუსმა ზახია ბერმა არა სწირა და
მეფის წინაშე არც მიზეზი დაასახელა.
ალექსანდრემ იგრძნო, რუსთ სასულიერო პირთ ცალკე, საერო
ხელისუფალთა გარეშე სურდათ ბჭობა. თარჯიმანი დაუტოვა, თავადი
ზვენიგოროდსკი და ტორხა ანტონოვი დაითხოვა, თავადაც საწოლში
შევიდა მარტოკა. მაგრამ ვერ გასძლო. დაწოლა საერთოდ ადრე იყო.
სასახლის ციხის ბანზე გავიდა. მთელი გალავანი მოვლო. ჩაბინდებულ
ბაღში ჩავიდა. ხეები ფოთლებშევერცხლილნი აბუზულიყვნენ. ოთხი
დიდ-პატარა ურთხელა კი ცალკერძ მწვანედ იდგა. მათი მარად, მაგრამ
მკაცრად და მგლოვიარედ მწვანე წიწვები მკაფიოდ გამოირჩეოდნენ
შეზამთრებულ ბაღში.
ოთხივ ვაჟის სახელზე, თითო მათგანის გაჩენის დღეს იყო დარგული
თითო ურთხელა. ტოლფარდად მათი წლისანი იყვნენ ხეთა ძირებში
ჩაფლული, ღვინით სავსე საქორწილო ქვევრები.
ერეკლეს ურთხელა ყველაზე დიდი და თამამი იყო. ჯერ კიდევ
ალექსანდრეს უფლისწულობის დროს დარგული.
„ახლა ეს საქორწილო ღვინო ოცდასამი წლისაა!“ - სიმწრით
გაიფიქრა. ერეკლეს ურთხელას ჩრდილში, მშობლის თავზე, თითქოს
ჩრდილის ჩრდილი იყო წამომდგარი, ცალი ტოტი კი მამის უბეში
გახირული და დაწიწვული.
ხმამაღლად მებაღე იხმო:
- წვერი წააჭერი ამ ურთხელას! სიმაღლეში ნუღარ წავა, დანარჩენებს
მაინც ნუღარ დაუფარავს მზეს, მზეგრძელობას, - შეძრული სიტყვა
გაისწორა ალექსანდრემ, - ამ ქვევრის ღვინოს კი ქვრივ-ობლებს

427
დაურიგებ! - მიწას რომ ფეხი დაჰკრა, ტერფს ქვევიდან თითქოს ყრუ
გმინა ამოესმა, ხოლო გულის პირთან შეერხა ქვევრისა და ურთხელას
პატრონისა და თანატოლის მარჯვენა.
ალექსანდრე ისევ მობრუნდა სასახლეში. დარბაზთ ტალანში რომ
შესდგა ფეხი, სადესპანოდან მაღალი ხმა მოესმა. რუსქართველ მამების
ბჭობა კიდევ გრძელდებოდა.
„ამდენი რა აქვთ საბჭობი?“ - გაიფიქრა მეფემ და ეამა კიდევაც. აი
სად მოიპოვებს სულის მყუდროებას, ქრისტიანულ ნუგეშისცემას!
კარი გააღო და შევიდა. ყველანი წამოდგნენ.
ალექსანდრე განზე მიჯდა და ბჭობის განგრძობა სთხოვა.
ყურშიტა სთარგმნიდა ზახია რუს ბერის ნათქვამს. იგიც ფეხზე იდგა
და ნიშნის გებით თავს უქნევდა, რუსულ სიტყვას აშველებდა
ყურშიტას.
- კვლავ გიქებთ ძველ ქრისტიანულ წესსა… ოღონდ შეკითხვებსაც ნუ
გვიწყენთ, თუ გაქვთო განათლულ-ნაკურთხი ეკლესია-საყდრებიო და
რომელ წესითაო?
- აბა, მაშ როგორ იქნება?! ნაკურთხი… განათლული, მაშა?! - ერთად
უპასუხეს კახმა მამებმა.
- მაშ რაღად არისო, რომ წმიდა მოციქულების წესებს არ იცავთო?
საკურთხეველში ტრაპეზი წესზე არ არის გაწყობილიო… არც კვართია,
არც ჯვარი და არც სახარება თავის ადგილზეო… სამსხვერპლოზეც
საეკლესიო ჭურჭლებს ხატ-ჯვარი აკლიაო… ამათ გარეშე კი, საყდრის
განათვლა და წირვა შეუძლებელი არისო… გავნათლავთ და ვწირავთო!
სიტყვასიტყვით სთარგმნიდა ყურშიტა. ქართველი მამები ჯერ
განცვიფრებით, მერმე კი გულნაწყენად უმზერდნენ ერთმორწმუნე
რუს ბერებს და დიაკვნებს.
- ქრისტიანობა ჩვენში თითქმის ათას სამასი წელია რაც გვიწამებია!
საყდრები ბერძნული წესით გვაქვს განათლული… მეორეჯერ კი არ
იქნების, არა… ურიგოა! - შეედავა ფეხზე წამომდგარი ნიკოლოზ.
- ამინ! ამინ! - კვერს უკრავდნენ უკვე გაცხარებული ბერები. მაგრამ
ნიკოლოზმა ზოსიმეს გადახედა, ისევ მოიკრიბა წეს-სათნოება და
უფრო დინჯად განაგრძო:
- უკეთუ საყდრის განათლვა სურთ, კახთ ბატონს ახალი დიდი
საყდარი აქვს აგებული თორღვას, იგი განათლონ თავისი წესით!
ზახია ბერს არ უმზერდა ნიკოლოზი, ყურშიტას ეტყოდა
სათარგმნელად. ერთმორწმუნეთა შორის არ გამოდიოდა ერთი პირი.
ძველ და ახალ ქრისტიანეთ აშკარად არ ესმოდათ ურთიერთისა.
თავჩაქინდრული უსმენდა ალექსანდრე მეფე წმიდა მამების ცხარე
კამათს, თარგმნით კიდევ უფრო გაჭიანურებულსა და
გაბუნდოვანებულ პაექრობას. არა, არც აქ იყო გატანჯული სულის

428
მყუდროების მოსაპოვებელი ადგილი. აი ამ ახალ ქრისტიანებისაგან
ელოდა, ახლაც ელის ნუგეშსა და საშველს, დახმარებას. ახლა კახეთის
სამეფო მათი კეისრის ხელდებულია და აი ნუგეშად და მფარველად
მოსულნი იმას დაობენ, რა სიგრძე უნდა ჰქონდეს ოლარს, სახარება
სამსხვერპლოზე უნდა იდოს, თუ მის გვერდით საწიგნეზე! ამ
ქრისტიანობისათვის ძველთაგანვე წამებულთ და თავდადებულთ
ახლა რჯულს უსწორებენ, ალალი სისხლით განბანილ და უანგარო
მსხვერპლით გაწმენდილ საყდრების ხელახალ განათვლას მოითხოვენ!
ღმერთის სახელს იმოწმებენ. მასაც - ალექსანდრესაც შეუძლა
დაიმოწმოს მამა ღმერთი, სულიწმიდა და ძე ღვთისა, ჯვარცმული ძეც.
თავისი შვილიც დაიმოწმოს, აი აქ, გულთა რომ უდევს ხელდებულად
და ხელდებულების მძიმე სასაყვედურო საბუთად.
ალექსანდრე ვერც წმიდა მამათა პაექრობაზე დადგა. ჩუმად გავიდა
გარეთ. ყურშიტას ნათქვამი მოსდევდა გზადაგზა.
- საყდრის განათვლაზე ყველა უნდა დაესწრონო, მეფეც და
მამამთავარიც მთელი სამღვდელოებითა… თქვენ კი შორს, უდაბურ
ადგილს გვაგზავნით… ამ საყდრის განათვლა ჩვენგან არ იქნებისო!
„არა, ამ უცხო ბერებს ჩვენი ბედი და უბედობა ისევე არ აწუხებთ,
ვით იმ შორეული საყდრის განათლვა! - ჭმუნვით ფიქრობდა კახთ
ბატონი და ზახია ბერის ბანდაბალა ხმას მაინც ვერ აშორებდა სხვა
იმედგაგაწურულ სმენას, - ყოველ დიდ საქმეს ახლავს თავისი კილი და
ყოველ დიდ ხალხს ჰყავს თავისი ზახია-ჩრჩილები! და თუნდაც
სახვალიო, მაგრამ სწორი გეზი - უკვე დღეისათვისაც სანუგეშო
დრონაკლული გადარჩენაა! ამ ხელსა და მე კი ვგონებ აღარაფერი
გვეშველება!“
ვეღარც ძეგამში გასძლო მგლოვიარე მამამ. როდემდე უნდა ემალა
შინაურებისათვის ერეკლეს სიკვდილი? კახთ ბატონის ამდენ ხანს
გრემგარეთ ყოფნაც სულ არევდა სამეფოსა და ოჯახის საქმეს და,
პირველ ცეცხლისა და ვაის სიმწარე რომ ოდნავ გამონელდა, მაშინღა
ათხოვა ზოსიმე ბერდიდისა და ნიკოლოზ მიტროპოლიტის შეგონებას
გული და ყური.
- ერთი მოკვეთილი მარჯვენა გკიდია კისერზე, ხოლო რამდენი
ცოცხალი?! მიცვალებულსაც საუკუნო პატივი და განსვენება უნდა და
ცოცხლებსაც ყურის მიგდება! შვილის თავდადება ჩვენ სიცოცხლესა,
რჯულისა და ერის გამტკიცებას გვავალდებულებს!
მაგრამ ბერების ნათქვამს არ მოუხდენია დიდი შთაბეჭდილება
ალექსანდრეზე. იგი თავისმა გულმა ჩააგდო საგონებელში. თითქოს ორ
ხმად რეკავდა გული, ერთი ხმა უფრო ღრმად და განცდილად
განაგრძობდა შვილის გლოვას, მეორე კი თითქოს უნებურად, მაგრამ
განსჯილად ავკარგიანობის თვალსაზრისით ზომავდა და ზვერავდა

429
ახალ მდგომარეობას. რაღაც „გამოსარჩენსა და ხელის მოსათბობსაც“ კი
ეძებდა ამ შემობრუნებულ უბედურებაში.
ახლა იგი უმძევლოდ იყო თურქთა მიმართ, ესე იგი ხელხსნილი და
ნებისმიერი. აღარც გაარშივებული და საეჭვოდ გამდგარი ტახტის
მაძიებელი ბატონიშვილი ჰყავდა, მუდამ ხელწამოსაკრავი საბუთი
აღარ რჩებოდა აღარც ხელდებულ რუსთ ხელმწიფეს და აღარც ძველ
უფლებათა მაძიებელ და კახ მძევლის მპყრობელ შაჰინშაჰს. მაგრამ
ნაღდ საქმის თვალსაზრისითაც ტახტის ღირსეული მემკვიდრის
დაღუპვის გარდა სხვა უარყოფითიც ახლდა ამ მსხვერპლს.
ახალ შამხლის კვანძი აირია… თამაში გრძელდებოდა. მაგრამ სასიძო
მეფე თუ პაიკი დააკლდა თამაშს.
ასე რომ ვარაუდობდა, მაშინ მისი სჯა და გონება თავის პირმშოს
ხელივით ცივი და უსულო იყო. თავიც შესძაგდებოდა: „რა მჭირს ეს?!
სიბრძნეა თუ გულის მოცვეთა? დუხჭირის ძლევა თუ გველგაქსუება?!“
- ჰკვირობდა და მოქმედებდა ალექსანდრე. ძილი დაეკარგა და
ცეცხლმოკიდებულად გადააქცია ყოველი საქმე. იღებდა ხალხს,
მბრძანებლობდა, მოურავთ და სხვა მეგამრიგეთ ათას დავალებას
უსახავდა. სათვისტომოებს და დავრდომილთა თავშესაფრებს ახალ
მფარველად მოევლინა. გზებისა და საფუნდუკოების თავის ფეხით
შემოვლა-შემოწმება იწყო. ყველგან ასწრებდა. ქვეყანას ახლა თითქმის
სამი ხელით განაგებდა. „იგიც გვერდში მიდგას. მტკვრის ბანაკის
თანამესაყდრე“.
რუსთ ელჩებს მალე გაშვება შეჰპირდა. მათთან საბოლოო
მოლაპარაკება ყაფლან ვაჩნაძეს და უკვე ჩამობრუნებულ იასონ
ჭავჭავაძეს დაავალა.
იასონი ტკბილად მიიღო, მაგრამ თავისთვისაც გაუგებარი მიზეზის
გამო ირან-კონსტანტინეზე სრული საუბარი სამერმისოდ გადაუდო.
მას და ყაფლანს რუსებთან სათათბიროდ ახალი მიზნებიც დაუსახა.
- აცნობეთ რუსთა ჩემი გაარშივებული შვილის დაღუპვა
სტამბოლს… ისიც აცნობეთ, მათთან ერთად ჩემს ელჩებს კვლავ
გავგზავნი მოსკოვს, თან დესპანს გავაყოლებ რომის პაპთან და
ესპანეთის მეფესთან დახმარების სათხოვნელად თურქთა წინააღმდეგ.
ესეც აუწყეთ, წლებიც ჩაუთვალეთ… საკმაო დრომ განვლო-თქო, რაც
რუსთ ხელმწიფემ ხელი დაგვდო, შველა აღგვითქვა… მაგრამ ჯერ არა
ჩანს რა! ჩაასმინეთ, რომ იერუსალიმს წმინდა მთაზე,
კონსტანტინოპოლს საყდარ-მონასტრები და ქრისტიანობა ჰგოდებს,
დიდი ხელმწიფის მოსვლის იმედით სულდგმულობს! დაბეჯითებით
სთხოვეთ, დამიტოვონ თავის მეთოფეთა და ტყვეობიდან გამოსულ
რუსთა რიცხვიდან ოცი-ოცდაათი თოფოსანი… ესეც მიახვედრეთ, რომ
ჩვენ სპა არ გვაკლია, არც ის ოცი მეთოფე გვიზამს რასმე, ოღონდ

430
სახელად იყოს, რომ რუსთ ხელმწიფემ აასრულა თავისი სიტყვა,
თავისი ლაშქრით ჩვენ გვეხმარება. ერთხელ კიდევ აუხსენით, თუ
ჩვენზე მოღებული მადლი იხილეს, მთელი ქართველობა შავ ზღვამდე
რუსთ ხელქვეით მოდგება-თქო! საერთოდ კი ყოველგვარი პატივი
ეცით… რაც უნდა იყოს, დღეს თუ არა ხვალ მხოლოდ მანდეთ არის
ნუგეშ-იმედი! სააღდგომოდ გრემს მაწვიეთ… ესეც შეახსენეთ, ქრისტეს
რჯულის მოსავთ, ათას სამასი წელია, რაც ჩვენში ქრისტიანობაა…
მათში კი, ჰკითხეთ, რომ პირველნათლობის პერანგი იქნებ არც კი
შემოსცვეთიათ!
დანარჩენი საქმეებიც რომ შემოათავდა ხელში, ახლა კი
ხელათრეული, მაგრამ აუცდენელი საქმის ჯერიც დადგა. ძეგამს მყოფი
საპატიო მანდილოსნები, იასონ ჭავჭავაძის მეუღლე ელისაბედი და
დარეჯან ჩოლოყაშვილისა დედოფალთან გაგზავნა. უბედური დედის
შემზადება სთხოვა, ერეკლეს მძიმე ავადმყოფობა შეუთვალა. თუმცა
იცოდა, დედის გული უმალ მიხვდებოდა ყველაფერს… მაგრამ რა ექნა?
ქართლშიაც გაგზავნა მალემსრბოლნი, დავით და გიორგი გამტკბარ
სტუმრობიდან შუამთაში დაიბარა. ზაზაც მოაყვანინა და თან იახლა.
ძეგამი უკან მოიტოვა, გრემს მიმავალ დიდ გზასაც უტია, ალაზნის
გაღმა გავიდა და სოფლის შუკებითა და ტყის ბილიკებით შუამთისაკენ
წავიდა. თან იახლა ზოსიმე ბერდიდი, ნიკოლოზ მიტროპოლიტი და
მცირე ამალა.
შუამთაში რომ მივიდა, დედის საფლავი მოილოცა. მხოლოდ ახლა
დაუდო გული ლოცვას. მაგრამ აქაც საოცრება მოუვიდა… ღმერთსა და
წინაპრებს როგორღაც ურევდა ერთმანეთში.
დიდხანს უმზირა დიდებულ კედელხატულს, სადაც მისი მშობლები
იყვნენ ცოცხლებივით გამოყვანილნი. და განა მარტო დედისა და
მამისა, მისი - ალექსანდრეს სიყრმის სურათიც იყო კედელზე
სიცხოველით დახატული. გამხდარი, მაღალი, უწვერულვაშო ჭაბუკი
უდარდელად უმზერდა ალექსანდრეს. ჰოი, როგორ არა ჰგავდა იგი
ახლა აქ მდგარ ჭირისუფალს!
რამდენად ბედნიერია ის - იქ, კედელზე ხატული და მარადისობაში
ასე უდარდელად და ჭაბუკურად მზირალი!
ღამე მაინც ვერ გასძლო დედისეულ სენაკში. თეთრ შინდებში
დაადგმევინა კარავი. მართალია, ახლა შემოცხავულ-შემოძარცვული
იყო შინდნარი. დარმაც ქარი და წვიმა შეირია, მაგრამ აქ სენაკის
დახუთულობა არ იგრძნობოდა.
ისიც ეყოფა ხელტვირთიანს, რომ ამ ბოლო დროს ყნოსვისა და
შეგრძნობის ზღვარზე მიცვალებული ნაკვთის ჭანგ სუნს ვეღარ
იშორებს, აჩემებულად თან ახლავს ყველგან…

431
ქართლიდან დაბრუნებულ სტუმრობა-ნიშნობით ნაამებ შვილებს
აქვე დახვდა. სევდიანად შეეყარა… „ასეა მოწყობილი ცხოვრება, -
მხიარულ შვილების დანახვაზე ფიქრობდა უფრო შედარდებული მამა,
- ზოგი წამებაში კვდება, ზოგი დარდობს, ზოგი კი ინიშნება და
ხარობს… ყველაფერი თავისი გზითა და ნიშატით მიდის და ისევ
უცვლელია ქვეყანა!“
ახლა კი ალავერდისაკენ დაიძრნენ ყველანი. ქართლიდან
მობრუნებულ თავადებსა და დიდებულთ თელავში შეუერთდნენ სხვა
მრავალნი. ერეკლეს თავდადების ჩუმი ხმა მალე დაირხა და დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა დიდკაცობაზედაც და ხალხშიაც. ხმამაღლა
არვინ გოდებდა, ყველამ იცოდა, ალექსანდრე არ მოუწონებდა
საქციელს. ჩუმად, ქუდმოუხდელად მიჰყვებოდნენ ხელის მტვირთელს
ალავერდის სოფელმრავალ გზაზე.
ალექსანდრე აღარაფერს ამბობდა, თითქოს ვეღარც ამჩნევდა
გზადაგზა მომრავლებულ ხალხს.
ალავერდის გალავნის კარიბჭესთან გრემელი დიდკაცობა და
ამქრები შემოეყარნენ.
ნიკოლოზ მიტროპოლიტმა, ყველა კახ ეპისკოპოსთა მონაწილეობით,
სასოებითა და გამოჩინებით სწირა, უსახელო ანდერძი აუგო.
მოიარებით იქადაგა თავდადებულთა ღვაწლისა და ზნეობისათვის.
ყველას საკუთარ მარჯვენაზე დახედვა, სამშობლოზე სასოებით ფიქრი
ჩააგონა და ტაძრიდან დაითხოვა.
ჩუმად გადიოდა ხალხი. ეზოშიაც არვის დაუხურავს ქუდი.
პირიქით, მანდილოსნებაც მოიხადეს ლეჩაქ-მანდილები, თმები
გაიშალეს. ასე იდგნენ და სამრეკლოს შეჰყურებდნენ. თითქოს იგი იყო
ჩუმი გლოვის საგან-საბაბი.
ტაძარი დაცარიელდა. მგალობლებიც ჩამოვიდნენ მაღალ
ქოროებიდან. მღვდელმსახურნიც გაიკრიფნენ. დაბოლოს მხოლოდ
ხუთი უახლოესი ჭირისუფალი დარჩა.
მამის თხოვნით ბერდიდმა და ბერმცირემ კვლავ გადაიხადეს ჩუმი,
მაგრამ უკვე სახელდებული პანაშვიდი.
პირქუშად და დარდში გაკერპებულად იდგა ალექსანდრე
ალავერდის დიდი ჭაღის ქვეშ. აქვე მხარდამხარ უდგა მეხდაცემული
გიორგი. კართან კი ზაზა კახნიაური და დავით ჯანდიერი იდგნენ.
დავით ბატონიშვილი კი არსად ჩანდა. მას ჯერ კიდევ შუამთაში ამბის
გაგებისას მოუვიდა კრუნჩხვა.
ალავერდში ძლივს ჩამოჰყვა მამას. ხოლო აქ ლოგინად ჩავარდა და
ალავერდელის სადგომში მარტო ინელებდა ქენჯნას.
- ჩემთვის იყო, ჩემთვის განკუთვნილი ეს ხვედრი! მე ავიცდინე -
ძმას ვარგუნე… უფროს ძმას! - ჩურჩულებდა სასომიხდილად, თუმც

432
აქაც ეძიებდა გამართლებას: - რატომ მაინცდამაინც ჩემთვის?
გიორგისათვის! ის იყო… მასაც ასცდა, მეც… იმას კი ერგო, უფროს
ძმას… ტახტის მემკვიდრეს!
აქ კი ფიქრი აკოჭლებულ ცხენივით ოკრობოკროდ მიჰქროდა:
- ტახტის მემკვიდრეს! ახლა მაშ… მე ვარ მიმყოლი… ახლა მე ვარ
უფროსი! მემკვიდრე!.. დიახ, მე და მხოლოდ მე!.. ვაი ჩემს თავს
უბედურს! - ისევ გლოვა და სევდა დასძლევდა ნასიცხარ ნატვრას.
დიდხანს იბორგა. ხან ოცნება წამოაგდებდა აღმა, ხან ქენჯნა
დაამხობდა პირქვე. ერთი რამ კი ტკბილცეცხლად გასდევდა
ყველაფერს… ის იქ… მამას რომ ეკიდა კისერზე… აი ის, ძმისეული
იოგი… მისთვის ტახტი იყო! და ეს აქამდე ბუნდოვანი, ახლა კი
ყოვლად ნათელი გარემოება მასაც იოგებში შლიდა.
ნიავმა სარკმლის ჯეჯიმი შემობერა, ცოცხალივით აამოძრავა…
ლეჩაქი მოელანდა დავითს, თვალწინ თავისი ახალდანიშნული
ქეთევან მუხრანბატონის ასული წარმოუდგა. უეცრად დაცხრა და
გაისუდრა. „გვირგვინი როგორ დაშვენდება ჩემს ქეთევანს!“ - ახლა სხვა
მხრივ შემოუარა და გლოვას აჯობა პატივმოყვარე ფიქრმა. ლოგინიდან
წამოაგდო.
არვის დაუძახა, თავად ჩაიცვა და ბუხართან მიჯდა.
ამ დროს ჩუმი გლოვის ზარი ჩამორეკეს სამრეკლოზე. დავითი
წამოვარდა, პირჯვარი ისახა, გაფითრებული და თავშიშველი გარეთ
გამოვარდა, ტაძრისაკენ გაეშურა.
ეზოში დიდთავადნი, დიდმანდილოსანნი, ერნი და ბერნი ჩუმად
იდგნენ. უმალ გზა უტიეს ბატონიშვილს და უფრო მდაბლად დახარეს
თავი. დავითმა აშკარად იგრძნო, ტახტის მემკვიდრე მიბრძანდებოდა
ტაძარში! ოდნავი ფერი შეეპარა ღაწვებზე და თავაწეული შევიდა,
უფლებამოსილად შეაღო დახშული კარი.
ტაძრის შუაგულში, ერთგან იატაკის ფილაქანი შეერყა ფეხქვეშ.
უნებურად დახედა. არა, თვალი არ ატყუებს - ქვაზე ხელის მტევანი
იყო ამოკვეთილი. დავითი მამას ამოუდგა მარჯვნივ და ახლო
გვერდში. აქ იყო მისი ადგილი, თუმც ალექსანდრეს არც გაუგია მისი
მოსვლა.
ბერებმა დაბალ ხმით სულთათანა წამოიწყეს. ალექსანდრე შეირხა,
თავს ძალა დაატანა და კრიჭა გახსნა:
- დროა მამა-შვილის გაყრისა!
გიორგიმ დავითს შეახო ხელი და ანიშნა. დავითი შეკრთა, მაგრამ
მიჰყვა. გიორგი სწორედ ხელამოკვეთილ ქვასთან მივიდა და ხარვეზში
მცირე ლომკეტი ჩაუგდო. ქვა მოჰყვა. მხოლოდ მაშინ იაზრა დავითმა
„ხელის საფლავი!“ და შეეშველა გიორგის, მაგრამ მისი ხელი ქვაში
ამოკვეთილ თითებს რომ გაეკრა, ესუსხა მემკვიდრეს, თითქოს მის

433
ხელს უპირებდნენ მოკვეთას და აქ ამ ხელაღნიშნულ ქვის ქვეშ ჩაფლას!
უმალ თავისი ხელები ზურგს უკან დამალა.
ალექსანდრემ უბიდან შავხავერდით მოსილი ხელი ამოიღო,
გაუხსნელად ეამბორა და დავითს გადასცა. გაფითრებულმა დავითმა
ნაჩქარევად მიიდო ტუჩებზე და ალბათ, ხელიდან გაუვარდებოდა,
გიორგის რომ არ გამოერთმია.
ხელიდან ხელში გადადიოდა ხელი. მერმე ისევ მამას დაუბრუნდა,
მან ახლა ამბიონიდან აიღო შავი, მცირე ყუთი, თავდადებულის ხელი
შიგ ჩაასვენა და იატაკის ღრუდოში ჩასდო.
ძმებმა იგივე ქვა დაადეს ზევიდან. ისევ იატაკს გაუსწორეს.
ბერები, ზაზა და ჯანდიერი ანთებული კელაპტრებით ხელში ახლოს
მოდგნენ. ახლა უფრო ნათლივ გამოჩანდა ქვის ზედაპირზე
ახალმოკვეთილი ხელი. დავით უფლისწულს ქვა მოეჩვენა
გამჭირვალედ. შემკრთალმა მიმოიხედა.
ყველანი მუხლებზე იდგნენ. კელაპტრებიც დაეხარათ.
უფლისწულმაც ჩაიჩოქა.
ბერები დაბალ ხმაზე გალობდნენ.
გარედან დინჯი, გლოვის ზარი მოისმოდა.
გიორგიმ ზაზას გადახედა. მანაც უსიტყვოდ გაუგო, ამბიონის უკან
მოფარებული კათხა მოიწოდა. შიგ შეზავებული დუღაბი იყო.
ალექსანდრემ ერთი პეშვი შიშველი ხელით აიღო და ქვის კიდეში
დარჩენილ ბზარში ჩასდო.
თითო-თითო პეშვი, მიწის მაგიერი დუღაბი ყველამ შეაწია ერთი
ხელის დადება ალავერდის მიწის დანატრულს და მარჯვენის ფასი ასე
დაუფასა.
ახლა ქაფჩა აიღო გიორგიმ და სწორება დაუწყო დუღაბს, ბზარის
ამოვსება… ქვის ირგვლივ…
- მე თავად! მე თავად! - აჩურჩულდა ალექსანდრე, ქაფჩა გამოართვა
და მოასწორა დუღაბი.
ჯერ კარგად, საზრიანად უსწორა იატაკს, მაგრამ მალე ხელი შეაცილა
და ქვაზე მოკვეთილ თითებს დაუწყო ქაფჩის შეძრული მოსმა და
კაკუნი.
- მამავ, გაუშვი! - ქაფჩას ხელი სტაცა შეძრწუნებულმა გიორგიმ,
ძლივს გამოართვა გაქვავებული ხელიდან, წამოაყენა, მხარში შეუდგა,
გარე კარისაკენ წაიყვანა.
ზაზამ გაუღო კარიბჭე.
გარეთ რომ გადიოდნენ, უცნაური ქვითინის ხმა მოესმა გიორგის.
თავი იბრუნა. დავითს ისევ კრუნჩხვა მოსვლოდა. იატაკზე
დავარდნილიყო და ხელამოკვეთილ ქვას თავს ახლიდა.
- ომანი მიჰგვარეთ! - გასძახა ზაზას და მამა ტაძრიდან გაიყვანა.

434
სამრეკლოზე კიდევ რეკდა გლოვის ზარი. ტაძრის გალავანში
დიდძალი ხალხი გარინდული იდგა.
ყველას მარჯვენა ხელი შიშველ თავზე ოდნავ მაღლა აეწია, თითქოს
უსიტყვოდ უღალატობის ფიცსა სდებდნენ ამიერით ალავერდის ქვაში
ამოკვეთილ მარჯვენის წინაშე.

XLIII სხვის ცხენზე მჯდომი


მარიამ დედოფალი ლოგინად ჩავარდა.
ერეკლეს ავად ყოფნა აცნობეს თუ არა, უმალ ინიშნა დედის გულმა.
ვეღარაფრით ანუგეშეს, ვერც დააწყნარეს, ვიდრე გული არ შეალია
და შეღონებული არ ჩავარდა ლოგინად.
სალის მეტს არვის იკარებდა, თავის ნესტანსაც კი. საერთო
სასოწარკვეთას მიეცა.
სალი კი პირიქით, მედგრობდა, სევდიან-გაოგნებული თავთით
უჯდა ხმადაკარგულად მოვალალე დედოფალს და მთაში ტყვიით
გაბზარული დაირა უტრიალებდა თვალწინ… დაირის იქით არც
იხედებოდა. აქეთ კი ხმაც ჩაიგდო და ცრემლიც ჩაიბრუნა.
ალექსანდრე მეფე კი კვლავ თავს არიდებდა გრემს. არც ვაჟები
ბრუნდებოდნენ სასახლეში. მხოლოდ ზოსიმე ბერი მობრუნდა
ალავერდიდან. ჭირგატეხილად მიუსამძიმრა მარიამ დედას. ანუგეშა
როგორც შეეძლო. დაფარვას აზრი აღარ ჰქონდა. მისი პირმშოს
მოწამეობრივ-თავდადების ამბავი წვრილად მოუთხრო. მხოლოდღა
მარჯვენის საიდუმლოდ ჩამოტანისა და დასაფლავების ამბავი
დაუფარა. ეს კახთ ბატონის პირადი საიდუმლოება იყო. დედასაც
მეტისმეტი მოუვიდოდა. თხრობა ჩაათავა და სხვა შვილების
დღეგრძელობასა და სვებედის საზრუნავში ურჩია შვების პოვნა.
- მე რიღათი ვინუგეშო თავი, მე რაღა დამრჩენია, მამაო?! - ოდნავ
გასაგონი ხმით შეეკითხა სალი.
- შენ, შვილო… უბედურო!.. - და ზოსიმე დადუმდა, მძიმედ
ჩაფიქრდა. რა უნდა ეთქვა? ახალგაზრდობით? ახალ ბედით? სხვას ასეც
ეტყოდა. ენაზეც მოადგა, მაგრამ სალის შეთრთვილულ, დაზაფრულ
თვალებში იმდენი სევდა იგრძნობოდა, რომ ენა ვერ მოუბრუნდა
ბერდიდს.
სხვა დროს, სხვას ალბათ მონოზნობასაც ჩააგონებდა, მაგრამ ეს
ნორჩი და კოპწია ქალწული, მინანქარზე ამოჭრილ ბაგე-პირის
პატრონი ახალქრისტიანი, მონოზვნად ვერასგზით ვერ წარმოიდგინა
მკაცრმა, მაგრამ ლმობიერმა ბერმა.
- შენ, შვილო… აქ ახალი დედ-მამა გყავს და განუგეშებენ, არც ბედს
დააჩაგვრინებენ შენს თავს! მაგრამ ეს არც შეგონება იყო, არც ნუგეში.
ზოსიმემ ვერ მოახერხა პასუხი. სალიმ ეს კარგად იგრძნო და იქნებ ამ

435
წუთს გაბზარულ დაირას იქით გადახედა და უეცრად თავისთვისაც
მოულოდნელად მთიელური ზრუნი წამოიწყო.
ბერმა კი თავის მხრივ იგრძნო, რომ ქრისტიანული საფუძველი
შეებზარა ახალ მოქცეულს.
მალე დავით ბატონიშვილი მობრუნდა გრემს. იყო აღგზნებული და
ამავ დროს გულჩათხრობილი. ვერ იტანდა ქალების ვაი-ვიშს, მაგრამ
არც სცილდებოდა მათ. დედას ამხნევებდა, ეალერსებოდა, მისთვის
უჩვეულო სიფაქიზესაც იჩენდა. სალის კი შემჩნეულად თვალს
არიდებდა, შეუმჩნევლად კი ჩხრეკით აკვირდებოდა და თავის ახალ
დანიშნულს ადარებდა. მუდამ ნასიამოვნები რჩებოდა. „ამას სადა აქვს
ის ხატის აღალმა, ისეთი მარმარილოში ნაკვეთი წყობილი სახე, ამაყი
ეშხი?.. არა, ჩემი ასწილად სჯობს ერეკლეს დანიშნულს!“ მერმე
ფიაფალი ფიქრი ჩაუწყდებოდა და ისევ ქენჯნის ნაღვერდალი
უღვივდებოდა. ჩუმ-ჩუმად ისევ სმას მიჰყო ხელი. მერმე უჭარბა,
ბოლოს ტრფობის სულწასულობა შეეყარა და მგლოვიარეთ თავისი
ნიშნობის და დანიშნულის ამბავს აღფრთოვანებით უყვებოდა.
დედა ასიამოვნა და ატირა ერთდროულად, ხოლო სალის კი
უნებურად გული ჩაუკლა.
მამას და ძმას დააგვიანდათ გრემში ჩამობრუნება. დავითს კი
მგლოვიარეთ შორის აღარ უდგებოდა გული.
- სასახლეში ვის გაუგია დიდი ხნით გლოვა? - ხშირ-ხშირად
აგონებდა დავითს სახლთუხუცესი, მისი მესაიდუმლე ომანი,
რომელსაც ერთი სული ჰქონდა დაეგვირგვინებინა ქორწილი. რა დროს
გლოვა იყო, მისი „ომანური“ დარი დგებოდა.
სულ მალე გრემ-ქალაქში გაეჩვია დავითი ღამ-ღამ სიარულს და
თავის ამფსონებთან ღრეობა-სიღოდას. ხაშხაშის მოწევის მავნე
სიტკბოც იგემა და ხშირად სული იქით მისძლევდა ხოლმე.
ჩამჩი ექიმთან გაიბანგებოდა, მის ჭრელად მოხატულ დაბალ
სარდაფში მიწვებოდა და მძიმედ ჩამოწოლილი თაღები მეშვიდე ცის
სილაჟვარდედ ეჩვენებოდა. ხატოვან ოცნებების ფრთებით მიჰქროდა
იგი სავარსამიძის თეთრონზე შემჯდარი… არცა ჰყავდა ტოლი და
მეტოქე! ხელწამოწვდილი ჩრდილები დავითს მეორე აღმაშენებელს
ეძახდნენ და მიწის სიხშოდან წამომდგარი ხორცგაყრილი წინაპრები
თუ ხორცუსხმელი შთამომავალნი ზღვიდან ზღვამდე დავითის ქება-
შესხმას გაიძახოდნენ… იგი კი მიჰქროდა, ბროლის სასახლისაკენ
მიაცორვებდა თეთრონს… იქ მისი მზეთუნახავი ქეთევანი
მოუთმენლად მოელოდა გმირთა გმირსა და მეფეთა მეფეს!
მალე თვალღია ოცნება მომავალ სამეფო გვირგვინზე და მის
უმთავრეს სამკაულზე, მუხრანელ მარგალიტზე უბანგოთაც

436
ჩვეულებად გადაექცა, საკუთარ თვალში ასამაღლებელი საბუთიც
მისცა.
- აი ნამდვილი სიყვარული! ჭეშმარიტად მაღალი გრძნობა! -
ჩურჩულებდა და ცისმარე დღეს ქეთევანი თვალწინ ციცინათელასავით
უნათებდა.
მოხშირებულ ნადიმობისას ყანწის ღრუში მისი თვალები
ელანდებოდა და უფრო ეწაფებოდა „თვალებს“. ცეკვისას ბაღდადის
მოქნევაში ქეთევანის ტანი კენარი ჩამოენაკვთებოდა თვალწინ…
ნარნარად მოგოგმანებდა შუქმოფენილი… თავბრუს დაახვევდა და
გააშმაგებინებდა ნაღვინევ დავლურს. სულ გადამთვრალს
კალთამადლიან მხევალს რომ მოჰგვრიდა მისი გაიძვერა მხლებელი
ბესია, ხელბილწად ეალერსებოდა და თვალწინ კი ქეთევანის
ხელშეუბღალავი და მით უფრო სანდომი სახე-ტანი ედგა.
ხოლო ნაბახუსევს და ნაღრეობევს მონდომებით ხელს წამოჰკრავდა
„ქილილა და დამანას“ ირანულ ხელნაწერს, თარგმნას განაგრძობდა. ეს
მუშაობა კარგა ხანია მამის დავალებით დაწყებული ჰქონდა, მერმე
მიგდებული, ახლა კი ნიშნობის შემდეგ ისევ ხელი მიჰყო, რომ
ქორწილზე მასაც დიდ მგოსნურად ხელიხელ საგოგმანები საჩუქარი
მიერთმია თავისი სატრფოსათვის.
ახლაც მეტად მძიმედ მიჩოთირობდა თარგმანი. ეს კი იყო რომ,
ყოველ ალერსიან არაკის დროს ქეთევანის ხმა და კილო ესმოდა ყურში.
ქორწილისათვის დათქმული თარიღი არცთუ შორს იყო.
სააღდგომოდ ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ეს ერეკლეს სიკვდილის
გაგებამდე იყო. ახლა კი ვინღა იცოდა, რამდენ ხანს - თუმც ჩუმად,
მაგრამ მაინც იგლოვებს „ალექსანდრე და დედა?“ არა, დედას კიდევ
დაითანხმებს, მამას კი, რომელსაც გუნებაში ახლა ალექსანდრეს
უწოდებდა, უფრო ერიდებოდა. თუმც ომანი პირდებოდა საქმის
გამოგვარებას. იქამდე კი სიყვარულის სიხარულის მოსანელებლად
განაგრძობდა ღრეობას, ხაშხაშით თრობასა და ზერა-ქვერად
ავადმყოფობდა.
მძიმეზე მძიმე იყო ალექსანდრეს მობრუნება ოჯახში. დიდხანს
მარტონი უსიტყვოდ ისხდნენ სარკმელჩაბინდებულ საწოლში იგი და
მარიამ დედოფალი. დიდ სარკეზე თეთრი ტილო იყო ჩამოფარებული.
ხატებთან კანდელი ენთო და ძველ ბზაში ახლად მოჭრილი
ურთხელის მორჩილი ტოტი ერია. ალექსანდრემ გუმანით იცნო
ძეგამური ურთხელა.
მარიამი აღარ ტიროდა. ქარვასავით ჩაყვითლებულ ღაწვებსა და
ოდესმე ფაფუკ ლოყებს დარდისა და ცრემლის ღარები და ხნულები
ღრმად დასდებოდა, ძალზედ შეჭაღარავებულ კავების ირგვლივ
მკაფიოდ იძაძებოდა შავი ლეჩაქი.

437
- ღმერთო ჩემო, რამდენ დროსა და დარდს გაუვლია, როგორ
დაგვრევია ჭაღარა! - ჩუმად ახმიანდა ალექსანდრე. მერმე სულ ჩუმად
შვილის ხელის საიდუმლო გაუმხილა. საფლავის ადგილი და ნიშანიც
უთხრა.
დედოფალმა მხოლოდ თვალები დახუჭა და თავის უკვე მჭკნარი
ხელი გულის პირზე დაადო გაწამებულ მეუღლეს, თითქოს შვილის
მარჯვენა ახლაც იქ ეკიდა და დედის ალერსს ელოდებოდა.
და როდესაც ალექსანდრემ მძიმე სათქმელი მოათავა, ახლა, არა
ნაკლებ მძიმე, მაგრამ აუცილებლად სათქმელზე გადავიდა:
- მაგრამ გლოვისათვისაც რომ აღარა გვაქვს დრო? მალე აღდგომაა…
დავითიც ხელს გადაჰყვება… ჩვენ ჩუმად ვიგლოვოთ. იმან კი დაე,
იქორწილოს! შენი რჩევა მინდა! ჭირისუფლებში მაინც დედაა
უმთავრესი! - თავისთვის მოულოდნელად დაამთავრა კახთ ბატონმა
და ისიც მოიგონა, რომ უწინ ასე არ ფიქრობდა. არც მაინცდამაინც
უფიქრია ამის შესახებ. ახლა კი ყოველ აზრსა და მოვლენას ახალ
სიღრმესა და ფესვს უძებნის ხოლმე.
მარიამ დედოფალი დიდხანს თვალდახუჭულად და უძრავად იჯდა.
მერმე ძლივს ასწია ტყვიაჩასხმული ქუთუთოები:
- ღმერთო ჩემო! იქორწილოს… მე კი ხვალვე ალავერდს წავალ!
მეორე დღესვე გაფრინდნენ შიკრიკები მუხრანს, ტფილისს, ძეგამს,
თელავსა თუ არაგვს. აღდგომა აღარც შორს იყო. მემკვიდრე
უფლისწულის ქორწილს კი შესაფერისი მომზადება სჭიროდა.
კახთ ბატონმა ომან ჩოლოყაშვილი უმამობილა დავითს და თელავს
გაისტუმრა. ნაქორწილევს და ნააღდგომევს - მუხრანიდან აქ უნდა
მოეყვანათ ქეთევანი.
ალექსანდრე და მარიამი ქორწილს არ დაესწრებოდნენ. ხოლო
ნააღდგომევს, ერეკლეს სულის ახსნისას, მისი სახელობის დალაობა -
დიდი დოღ-ასპარეზობა იზრახა ალექსანდრემ. ადგილად გრემის
ქვევით მოედანი დასდო.
აქ უნდა მოსულიყო მუხრან-თელავის ქორწილიონი.
აქ უნდა შეჰყროდა თავის რძალს კახთ ბატონიც.
ახალგაზრდა თავადობა და აზნაურნი მრავლად გაისტუმრა კახთ
ბატონმა მუხრან-თელავს. საპატიო მოხუცნიც არ დააკლო.
მჭევრმეტყველი სათამადონიც შეურჩია, ღვინის მძლეთამძლე
მსმელნიც. ამო მღერალნი და სახიობ-მოთამაშენიც აახლა დიდ
მაყრიონში და სეფე ამალაში.
დავითის სახელზე ძეგამის ბაღში ჩაფლული ქვევრის ღვინოც
გაატანა და ქორწილის გზა დაულოცა, თავად კი მგლოვიარედ დარჩა
და დარჩა…

438
არანაკლებ მძიმე იყო ზაზას მობრუნებაც გრემში. შინ ყველა კარგად
და საღსალავათად დახვდა, მაგრამ გლოვის სულისკვეთება შეყრის
სიხარულმა ვერ დაჰფარა, ვერც დაარღვია.
მეფის ოჯახის შემდგომ ალბათ მამუკაანთ ოჯახში თუ განიცდიდნენ
უმძიმესად სტამბოლის მსხვერპლის ვარამს. კახნიაურთ სახლშიაც
თითქოს ხელმოკვეთილი მიცვალებული ესვენა… და მის ახლო ყოფნას
ზაზასთან ერთად და ალბათ მისი მეშვეობით ყველანი გრძნობდნენ -
წამოზრდილ სიაუშიდან დაწყებული მათე რუსამდე.
სათინო და მამუკა თავის ნავარამალ და მეგობარზე მგლოვიარე
შვილს უკვე სიფაქიზის გარდა, მოწიწებითაც ეპყრობოდნენ. იგი
მათთვის უკვე არა მარტო სიყრმის შვილი იყო, არამედ სამშობლოს
მოჭირნახულეც და კახთ ბატონის მიერ ფრიად გამორჩეული და
დაწინაურებული დიდმოხელეც.
უკანასკნელ გუჯარის მიხედვით ზაზას „ფრიადი და უანგარო
სამსახურისათვის მამულისა და მეფის ოჯახის წინაშე“ პირადი
თავადობა ებოძა.
ზაზას არც გაუმხელია ეს გუჯარი ოჯახში. გული სხვაგან ედო… იქ…
მართლაც შავ ზღვას იქით დაღუპულ ნათელ მეგობრის გლოვა-
სიყვარულში.
ზაზა ახლა სწორედ იმ უანგარო ასაკში იყო, როდესაც ვაჟკაცურმა
გულმა ყველაზე უფრო ძლიერად იცის მეგობრული სიყვარული. და
საოცარია, რომ ამ უანგარო ასაკს უფრო ადრე სიბრძნის ნაკლებობა
უშლის ხელს, უფრო შემდეგ კი სწორედ სიბრძნისავე გადამეტება!
ჰოდა, სწორედ სულით დაობლებას გრძნობდა ზაზა, არა,
შინაურებიც ყველანი ძველებურად საყვარელნი იყვნენ, მაგრამ
როგორღაც სტამბოლის მძიმე ხვედრის მეგობრის ეკლიან გვირგვინში
გაცრილი.
ზაზა კვლავინდებურად გლოვის ბურანში იყო და ასევე ღრმად,
გული ვეღარაფერს იკარებდა, განსაკუთრებით კი ხალიანას
სიყვარულს.
ამ საკითხში, გარდა საერთო ჩათხრობისა, ერთი კერძო მიზეზიც
ჰქონდა, მას თავისი ტრფობა ოცნებაში ერეკლე-სალიჰას ტრფობასთან
ჰქონდა დაკავშირებული, თავისებურად გასწვრივებული და ახლა
ხალიანასთან ერეკლე-სალიჰას ამორიცხვით შემურაზება დაღუპული
მეგობრის „ღალატად“ და ბედის დაჭარბებად მიაჩნდა. თავის
სულწასულობას აწერდა და გაურბოდა.
ხალიანამ პირველ შეყრისთანავე იგრძნო ეს, პირველად თვალის
დახრისთანავე. თავადაც მსგავსი გრძნობით იყო შენაპყარი, მაგრამ ამ
მსგავსებაში დიდი სხვაობაც იყო. ხალიანაც იწვოდა სალის ცოდვით,
რომელთანაც მეტად დაახლოვდა, მაგრამ მით უფრო მკაფიოდ

439
განიცდიდა თავის ბედსა და სიხარულს - ზაზას მშვიდობით
შემობრუნებით გამოწვეულს. ეს შურიანობით ან ანგარებით კი არ
მოსდიოდა, არამედ აცდენილი უბედურების ნიშანდობლობით. ამას
მის გულში ცალ-ცალკე გაეხსნა და გაეთიშა - სალის გლოვა და თავისი
სიხარული. გულწრფელადაც განიცდიდა ორთავ გრძნობას, ურთიერთ
ხელშეუხებლად.
იქნებ აქ ქალის ძირეულმა თვისებამ იჩინა თავი. ქალი ხომ
ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე
უფრო იტანს!
მან სასახლეში შიშითა და სიხარულით გაიგო ზაზას გათავადება.
უმალ შინ წასვლას დაეშურა. შინაც არავინ დახვდა ხმის გამცემი.
მეტად ეცარიელა ბავშვობიდანვე ჩვეული სადგომი. მამუკაანთ
ჩასვლას დაერიდა, რაღაც ახალი საჩოთირო გრძნობა კოღოსავით
ებუცა.
- ნუთუ?! - მაგრამ აზრი ბოლომდე აღარ ჩამარცვლა და ჭერს
შეახიზნა თვალი, იმ ჭერს, ბალღობის საწოლიდან რომ უმზერია და
რომლის მიამატი მოხატულობა პირველ საკვირველებად მიაჩნდა.
მაგრამ ახლა კი კარგად გრძნობდა, რომ ეს ჭერი ამქარ-მოქალაქის
მანასე ჯიღაურის ჭერი იყო და არა ახალთავადისა. ამ წუთს ზაზა ისევ
სტამბოლს ან მოსკოვს იქითაც გაცილებულად მოეჩვენა და რაც უფრო
ეშორებოდა და ეშინოდა, უფრო ეშურებოდა და უყვარდა! მაგრამ…
კდემაცა და კვდომაც ემატებოდა.
ბოლოს გაბედა და უჩუმრად აივნიდან გადახედა მეზობლებს.
მამუკაანი სადილად ისხდნენ. ზაზა ღია სარკმლისაკენ ზურგით
იჯდა, გვერდში მათე რუსი უჯდა. პირდაპირ მამუკა და სიაუში.
სათინო კერძს არიგებდა.
და უეცრად ოჯახური მყუდროების ისეთი სურვილი მოეძალა
ხალიანას გულს, რომ ცრემლებიც კი მოადგა თვალებზე. აი ასე
სათინოს ადგილზე ჩამჩით ხელში თავისი თავი წარმოიდგინა, მამუკას
ადგილზე კი ზაზა სამუდამოდ და განუყრელად მისი… მხოლოდ ეს კი
უეცრად ვეღარ წარმოიდგინა - სიაუშის ადგილზე ვინ უნდა
ყოფილიყო?!
კდემა-ღიმილმა ცრემლი შეუშრო. აბა რა აქვს საცრემლო, მადლობა
ღმერთს, ზაზა დაუბრუნდა. უბედურმა სალიჰამ იკითხოს, თორემა…
ახლა კიდევ უფრო დაწინაურდა ზაზა… მართალია, ტრფობისა და
შეუღლების საბოლოო გამხელას ერიდება, მაგრამ ეს პატიოსან-კაცური,
ვაჟკაცური მეგობრობის ხათრი და ყადრია! კი არ თაკილობს მას -
თავის ხალიანას, ერიდება… დაკარგული მეგობრის გამო ესევდება და
ეგლოვება! აი გამოიგლოვს, გამოიდარებს გული და მაშინ…

440
მამაკაცები ხომ ბალღებივთ არიან - ერთად არ შეუძლიათ გლოვაც
და სიხარულიც, სიყვარულიც და სიძულვილიც! თუ გლოვაში არიან,
ქორწილშიც სტირიან და სატირალშიც. თუ უხარიათ და ქელეხშიაც
მრავალჟამიერს აგუგუნებენ! არ შეუძლიათ ცხოვრებისეულად გლოვას
საგლოვო უსწორონ, სიხარულს კი - სასიხარულო! ზაზასაც უნდა
აცალოს. ერიდება, განა თაკილობს ზაზა! მაგრამ ეს ბოლო სიტყვა მაინც
კვიმატად მოხვდა გულის ყურს, ფრჩხილი ჩამოჰკრა, ეჭვი წამოუგდო:
- ნუთუ გათავადებამ?.. - და თავისი ხელოსან-მოქალაქის ჭერი
თითქოს გაიდრიკა. არა, ახლავე უნდა შევიდეს მამუკაანთა, უმალ
ყველაფერს იგრძნობს… გაიგებს, ზაზაზე კი ასე ეჭვიანად ყოფნა
ხალიანას არ შეუძლია!
- სიაუშ! - დაბალი ხმით გადასძახა და კარს შეეფარა, - ახალთავადი
შინ ბრძანდება? - შეუხედავად შეეკითხა, მისთვის ჩვეული ხმაურით
და კისრისტეხით შემოვარდნილ სიაუშს.
- ვინ ახალთავადი? ჩვენთან უცხო არავინ არის!
„არც კი უთქვამს? - გაიფიქრა ნაამებმა ხალიანამ. შერცხვა კიდევაც,
რომ ასე იფიქრა თავის ზაზაზე, - რის თაკილობა?!“
- არც გაუმხელია?! ჰო, კარგი, არაფერი, სიაუშ… ეს უნდა გამეგო
მხოლოდ…
მაგრამ სიაუშმა თავად ვერ გაიგო, რა გააგებინა ხალიანას და რა
ოინბაზი სიაუში იქნებოდა, რომ ჩამოშორებოდა. და რადგან მეტი
ვერაფერი ათქმევინა ხალიანას, შინ წაყვანა დაუპირა.
- წამო ჩვენთან. ზაზა ბიჭი გკითხულობდა - სათქმელი მაქვს! - უმალ
იცრუა, მაგრამ ისე არ მოსდევდა ტყუილის თქმა, ქალმა ხელად შეატყო
და გაუწყრა. თუმცა ხალიანას აფორიაქებულ ხასიათზე გაწყრომაც
მოუზომავი გამოუვიდა:
- ზაზა ბიჭი კი არა, ზაზა თავადი! ბიჭი კი შენა ხარ, თანაც
მატყუარა… მისი სათქმელი კი ვიცი, გუჯარში წერია!
სიაუშმა პირი დააღო, კეფა მოიფხანა, მოაგონდა - ზაზამ მოსვლისას
სიტყვის კონის ხელნაწერს რაღაც ახალი გუჯარი ქვეშ ამოსდო. უმალ
მოისაზრა, რომ აქ იყო კამეჩის რქა ჩაჭედილი და გარეთ გავარდა.
ხალიანა სარკმლის რაფას ვეღარ მოშორდა. თვალი შეასწრო - შინ
შევარდა სიაუში, წიგნების თაროს ეძგერა… რაღაც ფარატინი დაუდო
მამას. მამუკა უცბად წამოდგა და სარკმელთან მოიწია.
ხალიანამ უტია რაფას, გულისყური კი იქით დარჩა.
შეხმიანებული საუბარი მოისმოდა მამუკაანთ ბინიდან, მერმე მათე
რუსის როხროხა შეძახილმა და თითქოს გაჯავრებულმა კილომ
დაფარა სხვა ხმები და კარგა ხანს იგუგუნა. მისი გაწყვეტაც და
ხალიანას ოთახის კარის გაღებაც ერთი იყო.

441
- ქალო, სად დაიკარგე? - და მათე რუსმა დაურიდებლად ხელი
წაავლო ხალიანას. გაბრძოლებული ქალიშვილი თითქმის ღლიავში
ამოიდო და კარს გარეთ გამოსვა.
- ნინო! ბუდეტ… ბუდეტ… არაფერია! - მამუკაანთ ბინაში შეიყვანა
და კარი მნიშვნელოვნად გამოიხურა.
- უი, ქა! აგრე როგორ იქნება, რუსო?! - აქოთქოთდა, ხალიანას
წამოექომაგა სათინო. ჯერ გულში ჩაიკრა, მერმე კალთის უკან
ამოიფარა.
მაგრამ მათე რუსი არც ეწეოდა ქალს. მან ულვაშები გადაიფაფრა,
მუშტები დაიკოტავა და ისევ ზაზას მოსდგა, რუსულად შეუძახა.
ყველანი ფეხზე იდგნენ, მხოლოდ ახალთავადი თავჩაქინდრული
იჯდა. ხალიანას შემოსვლისას უფრო ჩახარა თავი.
დიდხანს იროხროხა რუსმა რუსულად. სირცხვილით იწვოდა ზაზა,
მიწის გასკდომა ერჩია. ესღა ჰქონდა ნუგეშად, მის მეტს არავის ესმოდა
რუსული. მათეს საოცარი წყრომა იქნებ საამურიც იყო, მაგრამ
უამურად და სალანძღავად ნათქვამი. ღელავდა მამობილი და ღვიძლ
მამაზე უფრო ჯავრობდა:
- აი, შე რეგვენო, შენა! ათას მოსაზრებას არ იფარებს?! არა, თქვი
მაინც! ხმა ამოიდგი! ესაო და წიგნმოუცლელობაო… ესაო და მეგობრის
გლოვაო… ესაო და სირცხვილიო! სირცხვილი სწორედ ეს არის, შენ
რომ ჩადიხარ… თავის მოჭრა! ქალს სიტყვა უნდა გადაჭრით უთხრა…
თორემ შენი კურკური და თვალმალული ბრეციაობა ვის რად უნდა?
შენი ენაქლესიაობა და გადაკრულ-გადმოკრული ქათინაურები და
ლექსები?! მოგწონს - დანიშნე! არ მოგწონს - ახლო არ გაეკარო! მორჩა
და გათავდა! - და მათემ მუშტი ისე დასცა მაგიდას, რომ გუჯარ-
ჯამებიანად ყველაფერი ზეზე შეხტა.
ზაზა კი სდუმდა.
- იქნებ არ მოგწონს? - კვლავ შეეკითხა, მაგრამ თავისმა სიტყვამ
უფრო გააჯავრა მათე, - რაო, რაო… როგორ თუ არ მოგწონს…
მზესუმზირასავით გოგოა! სილამაზე გინდა თუ პატიოსნება… თუ
ოჯახობა და ხელობა… გაზრდილობა თუ ჯილაგი! საუნჯეა სწორედ…
სპილენძის მთა! არა და შენ ჩემზე უკეთ არ იცი, თუ! არა, მე რომ
მაქებინებს და მახვეწნინებს! - მათე რუსმა ახლა მაგიდას მოუარა,
მამუკას გვერდში ამოუდგა და შორიდან თითი დაუქნია ზაზას - მე
შენი ახალთავადობისა და დიდკაცობისა არა ვიცი რა… შენ ჩემთვის
ისევ ის ლეკების ტყვეობიდან გამოქცეული, გაძვალტყავებული ბიჭი
ხარ, პურის ქერქი რომ გაჭამე და ცხენზე უკან შემოგისვი… მორჩა და
გათავდა! შენ მიფრთხილდი… ჩემთან ცუღლუტობა არ გაგივა! თუ
მორცხვობ, უკვე გვიან არის!.. ჯანი გაგვარდეს, მე ამიღია სირცხვილი!
თუ მეგობარს გლოვობ - ეგ არ არის საბუთი… ღვიძლ ძმასავით

442
მეგობარი ჩემი ხელით დამიმარხავს… ათი მეხი დამცემია… ათი ციხე
ხან ამიღია, ხან დამიცლია… ჩემი თავიც მეყოფა ბეხრეკი და
მარტოხელა!.. ცოლი სხვაა, მებრძოლ-მეგობრობა, ციხე თუ მეხი -
კიდევ სხვა! - ულვაშზე შეფუთქული ლეზვი ხელსახოცით მოიწმინდა,
სიტყვანაკლულობის გამო ენას აუკიდა და ახლა მამუკას ქართულად
შეესიტყვა, - ჰა, მამავ, რას იტყვი? მათუშკა, შენცა?
- ჰო, შვილო, მართალია! - უმალ დაუდასტურა მამუკამ, რომელმაც
სათინოს თვალში ცრემლები დაუნახა და მათე რუსის გაბმულ
როხროხზე უფრო ეს ინიშნა, - ამ გუჯარზე უფრო ეს გვეამება იცოდე!
ზაზას ახლა საუბრის გაქართულების შეეშინდა… რა დღეში
ჩავარდება თავადაც და მით უფრო ხალიანა, უმალ დაეთანხმა.
- ყველაფერი მართალია… მეც ეგ, - სიწითლემ ქართული სიტყვა
გააწყვეტინა და ისევ რუსულზე გადააგდო.
და რა მუშტით და ყბებით ჯავრობდა მათე რუსი, იგივ მუშტი
გაფარჩხა, ქერა-ბურძგა თითებით ზაზას ყბაზე ალერსიანად
წაულაწუნა, თავისი ყბებიც გამობადრა, მეჩხრად შერჩენილი კბილები
გამოაჩინა.
- ჰოდა, ეგრე! - მერმე ისევ ხალიანას მიეტანა, ხელი წაავლო.
განაბული ქალი ისევ სათინოს ამოეფარა, მისი თავსაფარის ყურს
შეახიზნა სახე.
- მიჰყე, შვილო, მიჰყე… სასიკეთოა! სამშვიდობო! - სათინომ წელზე
ხელი მოხვია ხალიანას, გულში ჩაიკრა და მათეს დახმარებით ზაზას
გვერდში ამოუყენა.
- რას გერჩიან, ზაზავ?! - ხმაშემკრთალად, სულ დაბნეულად
შეეკითხა.
- შენსას მერჩიან… მაგრამ განა დამნაშავე ვარ? - ზაზამ ძლივს
გაუსწორა თვალი ხალიანას, მაგრამ ქალი მორცხვად გაბრწყინებული
სახე-თვალი რომ იხილა და იგულისხმა, მიხვდა, რომ მართლაც
დამნაშავე იყო.
მამუკამ ეზოში ჩამოსული მანასე, დარია და ქიტესა დაინახა.
- აქეთ მობრძანდით, მეზობლებო… დახეთ, რუსი რა ყოფაშია! -
სარკმელში გადასძახა და გაეგება, იქნებ იმიტომაც, რომ თავისი
გულჩვილად ყოფნა დაეფარა.
მათემ კი სიაუშს ორთავ თვალი უყო - ეს დიდ ყანწს ნიშნავდა. და
მანასემ ოჯახითურთ მამუკაანთ კარში ფეხი რომ შემოდგა, მათე რუსმა
უმალ სავსე დიდი ყანწი აბჯინა კბილებში და ჩაუჩიქორთულა:
- ჩვენი ზაზა - თქვენი ხალიანა! მორჩა… სიტყვა და ნიშნობა! ქეიფი
და სიმღერა! ჰაი დედასა, სად არის ჩემი გატეხილი ქვევრი! იქ უნდა
ვიქორწილოთ, იქა!

443
ქორწილიანი აღდგომა გაუთენდათ მუხრანელთ. ლიტანიობას
ქორწილიც მოაყოლეს. მერმე დიდი სუფრა და მხარგაშლილი ნადიმი.
უამრავი ნანადირევი შეიწვა. მრავალი შინაური საქონელი დაიკლა.
ქვეყნის ღვინო შეისვა… ღრეობა… ლხინი… ცეკვა-თამაში…
ასპარეზობა, დოღი და ფალავანთ რკენა.
დავითი გვერდში უჯდა თავის სატრფოს და ცასწეულად ბედნიერი
იყო.
მაყრიონის რჩეულობაც ახლა გამოჩნდა. ღვინის სმაში ხომ კახელებს
ვინ მიუდგებოდა, მაგრამ ასპარეზობაშიც დაჩაგრეს მუხრანელნი.
დავითი ამ გარემოებითაც მეტად ნასიამოვნები იყო, ერთიღა ჰქონდა
ხინჯად - მისი ძმა გიორგი გამოირჩეოდა ყველგან.
- უი, ქა… ალმასივით არ ბრწყინავს? - ხელმოფარვით
ჩურჩულებდნენ მანდლოსნები, - არა, სიძეც კარგი ჩანს, მაგრამ… -
მართალია, მაგრამის იქით ვეღარ გაარჩია დავითმა ხელმოფარვით
ნათქვამი სიტყვა. მაგრამ რაღა საჭირო იყო, გულს ისედაც ესუსხა.
გიორგიმ კი ჭაბუკურ გატაცებით და გულწრფელად, ისევე როგორც
მოიგლოვა უფროსი ძმის დაღუპვა, ასევე ახლაც მოილხინა და გაიხარა
მეორე ძმის გაბედნიერება. მით უფრო, რომ ქეთევან რძალი მეტად
მოიწონა და უმალ დასავით შეიყვარა. თავს არ იზოგავდა, ხოლო ტან-
ხელში ყველაფერი სარაინდო მოსდევდა… ლექსმახვილობა, ცეკვა-
თამაში, ასპარეზობა თუ ჯომარდობა. დიდი ოსტატი იყო ხმალში თუ
ჩოგანბურთში. ისრის ტყორცნა და თოფის სროლა ხომ საოცარი
თვალჩუბინობისა ჰქონდა.
ჩამოაგდებდა თუ არა ყაბახზე თასს თუ ბაღდადს, ხმალს
გააგდებინებდა მოკენწლავეს თუ ნაბადს ამოიგებდა გადახტომაში,
უმალ მოეახლებოდა და ჭაბუკურ შეფრფენით ქეთევან რძალს
დაუწყობდა ფერხთით.
ვერც ძმის მრუდე მზერას ამჩნევდა, ვერც მუხრანელ ახალგაზრდა
ბანოვანთა თვალმალულა ალერსს.
ბოლოს დავითმა ვერ მოითმინა და თავადაც ისურვა თავის გამოჩენა.
ცხენისინდი იყო. თავის ქურანა მოაყვანინა. წამოიწია კიდევაც,
მაგრამ თავისი დედოფლის ოდნავი ხელის შეხებამ შეაჩერა. ქეთევანს
არა უთქვამს რა, მაგრამ თვალით დააბა.
თავთამამა დავითმა იწყინა. რას ნიშნავს ასეთი კადნიერება? ვინ
გადუდგება მის სურვილს? ვით ბედავს ახალი დედოფალი? ან იქნებ
მისი ვაჟკაცობის იმედი არ აქვს? ჩუმად ჯავრობდა, მაგრამ არ იძროდა
ადგილიდან. თითქოს მიიჯაჭვა, რაღაც მითვის უცნობი ძალა აკავებდა
მას.
„ეს თუ არის ნამდვილი სიყვარული? ალბათ, ეს!“ -
გულგადაყოლებით გაიფიქრა და დაწყნარდა. ან კი რა ეჩქარება? ვერ

444
მოასწრებს თუ თავისი ვაჟკაცობის დამტკიცებას? გარე სტუმრად ხომ
არ მოსულა… თან უნდა წაიყვანოს… ცოლ-დედოფლად დაისვას…
მთელი სიცოცხლე ერთად უნდა იცხოვრონ და იმეფონ, დიახ, იმეფონ!
რას მიქვია თასი და ბაღდადი… ხმალი და ნაბადი… იგი კახეთის
გვირგვინს მიართმევს თავის რჩეულს!
ოდნავ შეუფერხდათ კახთ მექორწილეთ წასვლის ვადის დაცვა,
მასპინძელმა ერთი კვირაც არ გამოუშვა ქორწილიონი მუხრანიდან.
დავითს ვერაფერი ვერ დააკავებდა, ასე ფიქრობდა გიორგი
ბატონიშვილი, მაგრამ ქეთევან რძალმა სულ ორიოდ სიტყვა უთხრა
დავითს და ერთი კვირით გააჩერა.
ბოლოს დიდი ზეიმითა და მაყრიონ-გამცილებლებით დაიძრნენ
თელავისაკენ. კახელებს მხედრობაც ახლდათ. აუცილებელიც იყო.
ქართლში დიდი შიშიანობა კვლავ მძვინვარებდა, მეტეხში თუ
ნარიყალაში, დმანისს თუ გორის ციხეში, თურქნი იდგნენ და თარეშ-
თარეშ დაჯირგალობდნენ ქართლის ბარში. ქართველები კი ქარავან-
ქარავან დადიოდნენ ქართულ ციხეებსა და მთა-ხევებს შორის.
ცხადია, დიდი მაყრიონიც შეაბჯრული და მზადყოფილი მიდიოდა.
საგურამოსთან მართლაც წააწყდნენ თურქების მოზრდილ თარეშს.
მაყრულს ჰკა მაგათა მოჰყვა. უეცრად შეიქნა ყიჟინი და ჩეხვა. თოფის
გრიალი და ზათქი.
დავითი ოდნავ დაიბნა. არ იცოდა, ბრძოლაში ჩაბმულიყო თუ
დედოფალთან დარჩენილიყო რაინდად და მცველად.
მდადეებმა და სტუმარ-მანდილოსნებმა კივილი შექნეს.
- ხმა! - გაწყრა ქეთევანი და ყველას კრინტი გააკმენდინა. მერმე
თვალსწორად შეხედა დავითს და მის ხმალს ხელი შეახო, - ახლა კი
გაგიშვებ.
- დედოფლის სახელით! - შეჰყივლა დავითმა და ხმალმიჯრილ
ბრძოლაში ცხენი შეახტუნა.
მეტად ბევრი ღვინო იყო შესმული - რაღა დაამარცხებდა ქართლ-
კახელთ?! ურთიერთის ჯიბრითა და თავმოწონებით იბრძოდნენ და
ისიც ახლა დედოფლისა და მდადეების წინაშე. რა თურქნი
გაუძლებდნენ?! პირველ მისვლაზევე გადათელეს.
დავითმა იმარჯვა - კეთილი ბრძოლა გადიხადა. გიორგიმ კი
ნადავლიც მოახერხა - მინბაშის მოკვეთილი თავი დაუგორა ქეთევანს
ცხენ-ფერხთით:
- მტერი ასე სანახავი სჯობია, ჩემო რძალო… მოყვარე კი ღმერთმა ნუ
განახოს ამგვარად თავმოკვეთილი!
ისევ მაყრული წამოიწყეს და ქართლ-კახეთის საზღვარზე
გადაატარეს.

445
მერმე მთის გზებით, ცხვარიჭამიაზე გადავლით იორზე მშვიდად
ჩავიდნენ, გომბორიც გადალახეს. აქ შეეგებნენ კახ მასპინძლები.
შუამთაში, თეთრ შინდებთან გაეშალათ მგზავრულ-საქორწილო
სუფრა.
თელავში კი უკვე დიდმასპინძლური დახვდათ.
მუხრანულ ღვინოს ახლა კახური დაენაცვლა, ბულაჩაურის ირმებს
კუდიგორის შვლები და მოვაკანის ჯეირნები, ნატახტარის როჭო-
კაკბებს ალაზნის დურაჯ-ხოხბები.
თელაველებმა თავი მოიქაჩლეს, სულში იძვრენდნენ ქეთევან
დედოფალს. ერთხმად მოიწონეს და მოიხიბლნენ.
- უი, ქა, რომ არ იღიმებოდეს, ხატი მეგონებოდა დალოცვილი!
- უყვარსო?! ეყვარება მაშ რა იქნება მზისსახიერი და ბროლში
ამოღებული! აბა სანაძლეოზე, თუ რამე კილს უპოვნი… რაშიაც გინდა!
- ადამიანო, რა ბედზე და ბუნებაზე გაშლილა ასეთი ვარდი!
ჩხრეკავდნენ, უთვალთვალებდნენ და ჭარტალობდნენ თელაველი
მანდილოსნები და ქუდოსნები. და როგორღაც თავისთავად მოხდა,
რომ ბატონიშვილის ქორწილის დედოფალს თავიდანვე კახეთის
დედოფალი უწოდა ხალხმა.
კვირის დამლევს საპატიო შიკრიკნი და მომლოცველნი მოვიდნენ
მეფისაგან. გრემს იწვევდა მექორწილეთ.
მამის სიტყვა მოახსენეს ბატონიშვილს. ერეკლეს სულის ახსნისა და
გლოვის სიხარულით დანაცვლების აღსანიშნავად გრემს დავითის
ქორწილზე დიდი ასპარეზობა და ცხენ-ბურთის თამაში იყო
განზრახული.
უმალ დაიძრა მთელი ქორწილიონი, მთელი თელავიც თან გაჰყვა
უკან. მთელი გრემი და ირგვლივეთი შეახვედრა ალექსანდრემ
ახალშეუღლებულთ.
ქეთევანის ქება ბევრი სმენოდა, მაგრამ გულის სიღრმეში სხვა შიში
ჰქონდა კახთ ბატონს. „დავითს ლამაზი ქალი კი არ სჭირია, არამედ
მტკიცე, რომ ხელი დასდოს და შეადინჯოს… ოჯახსაც უთავოს!“
მაგრამ როგორც კი შეეყარა და თავის ტუჩებზე ქალის სწორი შუბლი
იგრძნო, ნატიფად გამოყვანილ ბაგეებსაც თვალი შეასწრო, უმალ
სიხარული მოეფინა გულზე: „ეს მტკიცეცა ჩანს და ლამაზიც“!
დიდი ამბით მიიღო. ხალხს თავად გამოუჩვენა. სუფრა ალაზნის
პირზე დაახვედრა და შეზარხოშებული სტუმრები სასახლეში
შეუწვევლად პირდაპირ გრემ-ასპარეზზე გაიყვანა.
სასახლეში მაინც გლოვა იყო, იქ იყვნენ ალავერდიდან ახლახანს
ჩამობრუნებული მარიამ დედა და სალი.
დიდი ასპარეზობა მუდამ ფარიკაობით იწყებოდა. პირველ
ფარხმალს რომელიმე ბატონიშვილი დააჟღერებდა ხოლმე.

446
დავითმა აღარავის აცალა, არც ქეთევანს ათხოვა თვალი და ყური,
გადახტა ასპარეზზე.
- გიორგი, ჩვენ დავიწყოთ! ჩადი! - გასძახა ძმას და ხმლის ყუით
თავისი ფარი ააჟღარუნა.
გიორგი შეეგება, ფარი ფარს დაუხალა და უკუიქცა.
მედგრად შებრძოლდნენ, ორმხრივი დავლური დაჰკრეს. სისწრაფით
დავითი სჭარბობდა, ხმლის ცემაში და ილეთში გიორგი. ორივემ
ბრძოლის ალმური და ცეცხლი გაიკიდეს. მჯობნი ჯერ არვინ ჩანდა,
მაგრამ ქეთევანს არ ეამა ძმათა შორის ზედმეტად მედგარი რკენა და
თავად დააშლევინა. მანდილი გადუფინა ხმალთა შუა. რაინდები უმალ
დადრკნენ.
კახთ ბატონმა რაინდობაც მოუწონა შვილებს, მაგრამ უფრო კი
რძალს მოუწონა მიხვედრილობა.
მრავალ სხვა რკენათა და შეჯიბრებათა შემდგომ დოღი და
ცხენბურთი უნდა დაწყებულიყო. ალექსანდრე მეფის ნიშანზე
ერეკლესეული ცხენი თეთრა ბედაური შეკაზმეს და გამოიყვანეს. მასაც
უნდა მიეღო დოღში მონაწილეობა. სისწრაფეში თეთრა ბედაურს
მხოლოდ კახთ ბატონის ახალდარი თუ გაუსწრებდა.
ალექსანდრეს სადალაო ცხენზე ერეკლეს უკანასკნელი მეგობრის
ზაზა კახნიაურის შესმა სწადდა.
დავით უფლისწულს მაშინვე თვალი დარჩა თეთრ ბედაურზე,
მაგრამ თავს სძლია. „რად მინდა სხვისი ცხენი?! - გაიფიქრა და უმალ
გაწყრა, - როგორ თუ სხვისი? ტახტის მემკვიდრის ცხენია, ჩემი
ყოფილა!“
როდესაც კახთ ბატონმა ასპარეზზე დიდი ბურთი გააგდო, დავითმა
ჩოგანს სტაცა ხელი, თეთრა ბედაურს უკითხავად მოახტა და
მობურთალთა შორის შეიჭრა.
ალაზნის გაღმა-გამოღმელნი ეძგერნენ ურთიერთს. გიორგი
ბატონიშვილი გამოღმელების ქომაგი იყო და მათში ჩადგა. დავით
ჯიბრით გაღმელებთან გადადგა.
ბურთი გაღმელებმა დაითავხელეს და ცხენები დასძრეს, მაგრამ
შორს ვერსად წაუვიდნენ გამოღმელებს: გიორგიმ ცხენი აძგერა
ბურთის წამღებს და მატყლით გატენილ, ტყავნაკერ ბურთს ჩოგანი
გაჰკრა.
ბურთი შუა ასპარეზზე გაგორდა. ყველამ იქით მისხლიტა ცხენი.
მაგრამ აქ გამოირკვა თეთრა ბედაურის ნახტომი და ნავარდი… თავზე
გადაევლო წაქცეულ ცხენ-კაცს და ბურთს პირველყოვლისა დავითის
ჩოგანი მოედო, გამოიტაცა. კარგად წამოიღო, მაგრამ ნაღვინევობამ და
ზედმეტმა აღგზნებამ ააჩქარა, ხელი მოუცარა, ბურთი წინ გადატანის

447
დროს ჩოგნიდან ჩაუვარდა და ვიდრე ხელახლა დაუვლიდა, ცხენ-
კაცობა ყიჟინით მოესია.
მოუჯომარდა დავითმა, მაგრამ თავბრუს ხვევა იცოდა ცხენიდან
გადმოკიდებისას. ცხენ-ჯომარდობაში საღსალავათი გიორგი იყო
მარჯვე. ახლაც ჩამოუქროლა, ჩოგანი გვერდზე მოიგდო და დავითს
ცხვირწინ ხელით ბურთი ააცალა. ასევე ცხენის ფერდს გაკრულ-
ამოფარებული გაუსხლტა გაღმელებს და გაწინაურდა.
ბურთი თვალიდან დაეკარგათ ცხენოსნებს. აქეთ-იქით მიასკდნენ.
- გიორგის მიაქვს! არ გაუშვათ! - გაავებულად შესძახა დავითმა და
თეთრა ბედაური გაწვართა, მიაწია. წინ გადაუდგა, ჩოგანი გამეტებით
და მოუზომავად გიორგის ცხენს მკერდზე შეატეხა. ახლა ხელდახელ
ეტაკა ბურთში. დაფეთებული ცხენი განზე გახტა და როდესაც
მობურთალი ძმები გაითიშნენ, ბურთი ისევ ასპარეზზე ნებიერად
გაგორდა. ზედ ცხენოსნების ზვავმა ჩაიქროლა და ერთი ორომტრიალი
შეაყენა.
- ხელი ბურთს! - ბრაზიანად დასჭყივლა დავითმა, ჩოგანის ნატეხი
ცოცხალ კორიანტელს სტყორცნა და ცხენიც შეაძგერა. ახალგაზრდა
აზნაურები დაფრთხნენ, გაიფანტნენ. ხოლო ბურთი განზე დარჩენილ
გიორგი ბატონიშვილს გადაუგდეს. გიორგიმ ჩოგნითავე აიტაცა
ჰაერში, მაგრამ ვიდრე ცხენს შემოაბრუნებდა, სახეალეწილი დავითი
წინ წამოეფეთა, ჩოგანზე ნაშიშვლი ხანჯალი დაურტყა და
გადაუკვეთა.
ბურთი მიწაზე გაგორდა.
- რას სჩადი, დავით?! თამაშია! - შესძახა გიორგიმ და ერთიც
იმარჯვა, ცხენს ჩაეკიდა და ბურთს ხელი ჰკრა, კარგა წინ გაიგდო, - ჰა,
ბურთი, ჰა, მოედანი! - მოთამაშეებს ქვევიდანვე შესძახა და ცხენზე
შემაღლდა.
ყოველმხრივ წამოიწივნენ მობურთალნი, ცხენები სხლეტითა და
მაღალ ნავარდით დასძრეს, ერთი ყიჟინი გავარდა ასპარეზზე.
- ჩემია! - ყველას ხმა დაჰფარა დავითის აზრგადასულმა ყივილმა.
ჭენებაში გაწურულ ცხენიდან ჩაიდრიკა და ბურთს უპირდაპირა
თვალი.
ახლა იგი ბურთის მეტს ვერაფერს ხედავდა ირგვლივ.
გაღმაგამოღმელებმა კი უფლისწულის ხელში ნაშიშვლი სატევარი
შენიშნეს და მოსწურეს ლაგამ-აღვირები. ყველამ უგანა ბურთის
ფათერაკს.
დავითმა კი იდროვა, ჩაუქროლა, თავბრუ დაეხვა, მაგრამ მაინც
მოუჯომარდა, გადმოწვა უნაგირიდან და… იქნებ თავის ფიქრზე
უსწრაფესად, ხანჯალზე ააგო ტყავბურთი, მაღლა ასწია და დაოთხვით
გაჰქუსლა, მაგრამ არა გალავნის კარისაკენ, არამედ გორაკისაკენ, სადაც

448
სეფე-კარავი იდგა და საიდანაც კახთ ბატონი და ქორწილიონის
საპატიო სტუმრები უმზერდნენ მობურთალთ.
აქეთკენ დავით უფლისწულის დამწევი, მით უფრო ერეკლესეულ
თეთრა ბედაურზე მჯდარისა, რა თქმა უნდა, აღარავინ იყო.
გორაკთან გრიგალივით მიიჭრა დავითი და ხანჯალგაყრილი კახთ
ბატონის ბურთი თავის და კახეთის მომავალ დედოფალს ფეხთით
დაუგდო.
მეორე წიგნის დასასრული

449

You might also like