You are on page 1of 397

ჯემალ ქარჩხაძე

ქარავანი

...კიდევ ერთხელ დადგა თორმეტი ნოემბერი.

გარეთ გაავებული ქარი ქროდა და ყვითელი ფოთლები დაღლილი პეპლებივით


ფარფატებდნენ ჰაერში. აბელი სკამის საზურგეს გადასწოლოდა, სიგარეტიანი
ხელი ფანჯრის რაფაზე ედო, ბოლს რგოლებად უშვებდა და მდუმარედ
გასცქეროდა ბაზრის მოედანს.

ასლანი სადღეგრძელოს ამბობდა, წახნაგოვანი ჩაის ჭიქა წახნაგოვანი


სათითურივით ეჭირა ვეება ხელში. რა სადღეგრძელო იყო, აბელს აღარ ახსოვდა
და არც ასლანის ლაპარაკი ესმოდა. ამიტომ ისე უყურებდა, როგორც
დაზიანებულ ტელევიზორს, რომელიც გამოსახულებას კი აჩვენებს, მაგრამ ხმა
არა აქვს.

თეიმურაზ კილაძეს ორივე ლამაზი ყბა ცხვრის მწვადით გამოეტენა, თვალები


მიელულა და მშვენიერ სახეზე ნეტარება ეწერა.

რომან ადეიშვილი ჩანგლის ტარით ყურძნის წიპწას დასდევდა სავსე ჭიქაში.


წიპწა ოსტატურად უსხლტებოდა რეჟისორის გამოცდილებას და ლაღად
დაქროდა ღვინოში წრიულ ორბიტაზე.

აბელმა შუბლი მოისრისა.

ასლანის გამოსახულებამ მარცხენა წარბი და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი


ზეაღმართა, წამით შეყოვნდა ამ პოზაში, მერე ჭიქა დაცალა და წარბი და
თითიც დაუშვა.

თეიმურაზ კილაძე ნებიერად იცოხნებოდა და ლუკმის გადაყლაპვას არ


ჩქარობდა.

რომან ადეიშვილმა ნეკა თითი მოიშველია და წიპწა შეიპყრო.

აი, ამ დროს მოხდა ის, რაც აბელის ცხოვრებაში კინაღამ საკვანძო მოვლენად
იქცა.

თითქოს ისეთიც არაფერი: უბრალოდ, ლუდხანის კარი გაიღო და კაცი


შემოვიდა, კაცი ასე ოცდაათი წლისა იქნებოდა. მაღალი იყო, გამხდარი, მოგრძო
სახე ჰქონდა, სუფთა, თითქმის ქალური კანი, სწორი, თხელი ცხვირი, პატარა
ულვაშები და მაღალი შუბლი. პალტოს საყელო აეწია, კეპიანი ქუდი მოეხადა
და იღლიაში ამოეჩარა.

შემოსული შეჩერდა, ხელთათმანები წაიძრო და ცნობისმოყვარე მზერა გააყოლა


ვიღაც მთვრალს, რომელიც თანაბარი და დახვეწილი, ლამის ხელოვნების
სიმაღლეზე ასული ბანცალით მიიწევდა კარისაკენ და გაცხოველებული
ჟესტიკულაციით რაღაცას უმტკიცებდა საკუთარ თავს.

- ეს ლადო მენაბდე არ არის? - მსუბუქი გაკვირვებით იკითხა რომან


ადეიშვილმა და ხელიც კი მოიჩრდილა.

აბელი შეკრთა და მთელ სხეულში მწვავე აფორიაქებამ დაუარა, თუმცა რომან


ადეიშვილის ნათქვამს მხოლოდ მას შემდეგ ჩასწვდა, რაც მის მზერას თვალი
გააყოლა და სითბოთი, ყაყანითა და თამბაქოს კვამლით სავსე დარბაზში ლადო
მენაბდის ცოტა ბუნდოვანი, ცოტა არარეალური ფიგურა გაარჩია.

აბელი ერთხანს უაზროდ, თვალგაშტერებით მისჩერებოდა ლადოს. მერე


ხმადაბლა, თითქოს თავისთვის, ოდნავ გაკვირვებითა და ოდნავ გაჭიანურებით
თქვა: - მომეცით, თუ სადმე დიდი სასმისია...

თავი პირველი

ჩვენ განუწყვეტლივ მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ


იქ არის, სადაც დავტოვეთ.

წარსული ჩვენი ფესვებია. ფესვები არ ჩანს და ამიტომ გვგონია, თითქოს


რეალურად არც არსებობს.

არაფერი არ არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.

ჩვენ წარსულის ქმნილებანი ვართ და უხილავი ძაფი გვაკავშირებს მის ყოველ


წერტილთან. ძაფი რომ გაწყდეს და ეს წერტილები დაგვეკარგოს, რაღა დარჩება
ჩვენგან?

წარსული ისეა ჩვენს უკან ჩამწკრივებული და გაშეშებული, როგორც კადრები


კინოფირზე. ბოლოში რომ გავალთ და უკანასკნელ კადრსაც გავივლით,
უხილავი მექანიკოსი ამ ფირს შავ კოჭზე დაახვევს და ცეცხლგამძლე კარადაში
შეინახავს.

მექანიკოსს, რომელსაც, ვინ იცის, პლატონი არ წაუკითხავს, შეუძლია, როცა


მოესურვება, მაშინ დაატრიალოს ფირი. ჩვენ კი სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ
გვეძლევა საშუალება ნათლად დავინახოთ წარსულის რეალობა. ეს მაშინ ხდება,
სიკვდილის ზარი რომ ჩამოჰკრავს და ამ სოფლიდან აყრის ნიშანი მოგვეცემა.
ზარის ხმაზე, გაშლილ ფირს რომ ცალ მხარეს ხელს გაუშვებენ და ერთბაშად
დაეხვევა, ასე ერთბაშად, დიდი სისწრაფით გავირბენთ უკან, გავივლით ჩვენი
წარსულის კადრებს და იქ დავბრუნდებით, საიდანაც წამოვედით. მაგრამ ეს
მხოლოდ ერთხელ ხდება და თუ ამის შემდეგ კიდევ გავიშალეთ, უკვე სხვა
ფირად გავიშლებით.

თუმცა ზოგჯერ, ცხოვრების საკვანძო მომენტებში, გონებისა და კიდევ რაღაც


ნახევრად არსებულის თვალით გავხედავთ წარსულს და, მართალია, ასეთ დროს
რეალურობის შთაბეჭდილება ბუნდოვანი და გამოუკვეთელია, კავშირებს მაინც
ვამჩნევთ, პიროვნების ერთიანობაში მაინც ვრწმუნდებით.

მექანიკოსს ალბათ ისიც ეცოდინება, იყო თუ არა აბელის წარსულში ისეთი რამ,
რაც ყვავილებს დააკრეფინებდა და თაიგულად შეაკვრევინებდა.

მაგრამ მექანიკოსის ცოდნა ჩვენ არ გვარგია. ჩვენი ჩვენი ცოდნა უნდა ვიკმაროთ.
ის უნდა ვიკმაროთ, რაც ჩანს.

თაიგული არ ჩანდა. გაზაფხულის ფერებით აჭრელებული მინდვრები ჩანდა,


მაგრამ თაიგული არ ჩანდა.

სულ ბოლოში, იქ, სადამდეც მზერა სწვდებოდა, ჩანდა კითხვები და


ექსპერიმენტები. ცოტა აქეთ - ნატო, მირიანი, მარიკა და წვრილმანები.

გარდა ამისა, ჩანდა კავშირები - პიროვნების მთლიანობის იდეა.

ნათესავებისგან ხშირად სმენია, მამაშენი ვაჟკაცი იყო და აბა შენ იცი, თუ


გამოემსგავსებიო.

აბელს სჯეროდა, რასაც ეუბნებოდნენ, რადგან პატარას ყოველთვის სჯერა


უფროსების ნათქვამი, და სიამოვნებით დაემსგავსებოდა თავის ვაჟკაც მამას,
როცა დიდი გაიზრდებოდა, მაგრამ ერთი რამ, რასაც ვერავის უმხელდა,
ყოველთვის აფიქრებდა და საგონებელში აგდებდა. მამა როგორი იყო, არ
ახსოვდა. ერთადერთი, რაც მამის მოგონებას უკავშირდებოდა, ის იყო, რომ
ზოგჯერ, შუაღამისას, ძილში ხმაური ჩაესმოდა და ხმაურს ღვინისა და დიდი
ხნის გამოუცვლელი წინდების მჭახე სუნი ასდიოდა. მამისაგან მეხსიერებას მეტი
არაფერი შემორჩენია. ვაჟკაცობა კი, აბელის აზრით, ისეთი რამ იყო, რაც
ადამიანის ყველა წერტილსა და ყველა წამს განსაზღვრავდა. როცა ეუბნებოდნენ,
მამაშენი ვაჟკაცი იყოო, ეს ორი სიტყვა, „მამა“ და „ვაჟკაცი“, როგორც მტკაველი
მტკაველს, ისე უნდა მორგებოდა ერთიმეორეს. არაფერი არ უნდა ყოფილიყო
ერთ მათგანში ისეთი, რაც მეორეში არ იქნებოდა. თუ მამა ვაჟკაცი იყო (და,
ცხადია, ვაჟკაცი იყო, რაკი უფროსები ასე ამბობდნენ), ყველაფერი, რაც მასთან
იყო დაკავშირებული, ვაჟკაცობა უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, ღვინისა და
წინდების სუნიც, მამის ერთადერთი სახსოვარი, ვაჟკაცობა გამოდიოდა. ეს კი იმ
წარმოდგენაში, რომელიც ვაჟკაცობაზე ჰქონდა აბელს, არაფრით არ თავსდებოდა.
მაგრამ ამ ეჭვებსა და შეშფოთებას იგი ვერავის უმხელდა, რადგან გუმანით
გრძნობდა, რომ ღვინისა და წინდების სუნზე ხმამაღალი ლაპარაკი არამც და
არამც არ შეიძლებოდა.

ახლა, როცა ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა და ყოველივე ამას


ირონიული და ოდნავ სევდიანი ღიმილით ვუყურებთ, ნათელია, რომ აბელის
შეუვალი მაქსიმალიზმი მცდარი, წმინდა ბავშვური წარმოდგენა იყო.
სინამდვილეში ვაჟკაცობა სულაც არ მოიცავს ვაჟკაცის მთელ ცხოვრებას.
ვაჟკაცობა ადამიანის ერთ-ერთი თვისებაა, ვინ იცის, გვარიანად პატარა და
უმნიშვნელოც, და მას არაფერი საერთო არა აქვს ღვინისა და წინდების სუნთან.
ამდენად, ადვილი შესაძლებელია, მამა მართლა ვაჟკაცი იყო, თუმცა არც ისაა
გამორიცხული, რომ აქ საქმე გვქონდეს ნათესავების კეთილშობილურ
სურვილთან, მაგალითის, თუნდაც არარსებული მაგალითის, მეშვეობით ობოლი
ბიჭის აღზრდას სწორი გეზი მისცენ.

დედა არასოდეს ყოფილა ახალგაზრდა, რადგან ასაკი განისაზღვრება არა


წლებით, არამედ ჩვენი დამოკიდებულებით. ნათესავები დედაზე ამბობდნენ,
წელებზე ფეხს იდგამს, რომ შენ კაცი გამოხვიდეო. ეს მართლაც ასე იყო და ამ
მხრივ აბელს არასოდეს ეჭვი არ გასჩენია. დედა მუდამ დაღლილი ჩანდა. მუდამ
დაღლილი და მუდამ ნაზი. და ზოგჯერ, ღამღამობით, ტიროდა. აბელი
კედლისკენ იწვა ხოლმე. დედის ჩუმი ტირილი რომ ჩაესმებოდა, გულში
უცნაური სიმხურვალე დაუტრიალდებოდა და მერე ეს სიმხურვალე ყელში
მოებჯინებოდა, მაგრამ რაღაც ძალა, რაღაც დიდი და გაუცნობიერებელი ძალა,
აიძულებდა, თავი მოემძინარებინა და არ გაემჟღავნებინა, რომ დედის ტირილი
ესმოდა.

ზაფხულობით დედა სოფელში გზავნიდა, სადაც ნათესავების მთელი ლაშქარი


ჰყავდა. იქ თანატოლი გოგო-ბიჭები ციცაბო ფერდობზე წვერცანცარა თხებს
აძოვებდნენ, ხოლო მიწის უცნაური სუნი, ცივი მდინარე და მწვანე სილამაზე,
ძალიან უცხო და ამავე დროს ძალიან მახლობელი იყო.

აბელმა წესიერად არც კი იცოდა, ვინ იყო ნამდვილი ნათესავი და ვინ არა ამ
ხალხში, რომელიც მუდამ ყაყანით ლაპარაკობდა, დარში და ავდარში
ფეხშიშველა დადიოდა, მუდამ რაღაცა ახალისებდა, მუდამ რაღაცაზე
დაგცინოდა და სიცილისა და დაცინვის დროს ისეთი შესახედაობა ჰქონდა,
თითქოს სკივრს თავი აეხადა და დამალულმა განძმა გამოანათაო.

მეხსიერებას ყველაზე უკეთ პაპა შემორჩა.

პაპას აპრეხილი და ვერძის რქებივით დაგრეხილი ულვაშები ჰქონდა და ოჯახში


ცოტას, მაგრამ შეუვალი კილოთი ლაპარაკობდა. როცა ხუმრობდა, მაშინაც კი
უაღრესად სერიოზული იყო და ამიტომ მის ხუმრობაზე ყოველთვის
მოწიწებითა და თავშეკავებით იცინოდნენ. მის გამოჩენაზე ბავშვები თამაშსა და
აყალმაყალს წყვეტდნენ და შიშითა და მოკრძალებით გაისუსებოდნენ, როგორც
მოგვიანებით დირექტორის გამოჩენაზე ხდებოდა სკოლის დერეფანში.

მეზობლები რჩევის საკითხავად მოდიოდნენ.

პაპა მსხლის ძირას იჯდა ხოლმე დაბალ, სამფეხა სკამზე. იჯდა ზვიადი,
წელგამართული, ულვაშებდაგრეხილი, ფეხები შემოეკეცა, ხელისგულებით
ბარძაყებს ეყრდნობოდა და თვალებმილულული უსმენდა მეზობელს. მეზობელი
მორიდებით ახველებდა და წვრილად უხსნიდა თავის გასაჭირს, რომლის
მოსაგვარებლად საკუთარი ჭკუა არ ეყო და ამიტომ უფრო მაღალი ჭკუის
სამსჯავროზე გამოიტანა. პაპა მოთმინებით უსმენდა და მილულული თვალებით
სადღაც შორს იყურებოდა. მეზობელი რომ მოყოლას დაამთავრებდა, დიდი
სიჩუმე ჩამოვარდებოდა. თავიდან ეს სიჩუმე უძრავი იყო, ყოველ შემთხვევაში,
აბელს ეჩვენებოდა, თითქოს სამყარომ სუნთქვა შეიკრა. ცოტა ხნის შემდეგ
სამყარო ისევ ამოძრავდებოდა, რადგან პაპა ნელა, აუჩქარებლად გახსნიდა
ხვანჯარზე ჩამოკონწიალებულ ქისას, რომელშიც ერთ მხარეს თუთუნი იყო,
მეორე მხარეს კი ლამაზად დაჭრილი „პაპიროსის ქაღალდი“. პაპა დინჯად
ამოიღებდა ქაღალდებს, ერთ ცალს აარჩევდა, დანარჩენს უკანვე ჩააწყობდა,
არჩეულს ორად გაკეცავდა, ერთმანეთზე უსვამდა და სრესდა, სანამ ღარივით არ
მორკალავდა, მერე ორი თითით თუთუნს ამოიღებდა, ამ რკალში ჩაყრიდა,
გულმოდგინედ გაათანაბრებდა და დაიწყებდა დახვევას. კარგად დაახვევდა,
დარჩენილ ნაწიბურს სამჯერ გაისვამდა ენაზე და დააწებებდა. ამასობაში აბელი
ან სხვა რომელიმე ბავშვი სამზადისკენ გარბოდა, რათა საკეცით ნაკვერჩხალი
მოეტანა. პაპა პაპიროსს აანთებდა, გააფუტებდა, თვალს გაახელდა და ისე
შეხედავდა მეზობელს, თითქოს არაფერი მსგავსი თავის დღეში არ ენახა. მერე
კიდევ გააფუტებდა, შორეულ სივრცეს ჩააცქერდებოდა და ერთხანს კიდევ
ჩუმად იჯდა. რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ მის რჩევასა და განაჩენს
გაცილებით მეტი ფასი და დამაჯერებლობა ექნებოდა.

აბელი მუდამ მონუსხული უსმენდა. იყო რაღაც იდუმალი და გრანდიოზული


პაპის ზვიად სიდინჯეში, ღრმააზროვან დუმილსა და შთამბეჭდავ ულვაშებში.

სადილად რომ დასხდებოდნენ, პაპა ყოველთვის იგვიანებდა. ბებია სუფრას


გაშლიდა, დასხამდა დიდ-პატარას გრძელი, დაბალი ტაბლის ირგვლივ,
თვითონაც დაჯდებოდა და ყველანი ერთად ელოდნენ პაპას. კეცებიდან ახლად
აყრილ ცხელ მჭადებს ოხშივარი ასდიოდა, ამოლესილი ლობიოს დამბნედავი
სუნი პირდაპირ სანერწყვე ჯირკვლებს უღიტინებდა და დიდი ვაჟკაცობა
გჭირდებოდა, რომ როგორმე დაგეოკებინა ხელები, რომლებიც ჯიუტად
მიიწევდნენ მჭადისაკენ. პაპა ამ დროს მუდამ რაღაცას საქმიანობდა: ხან ხარდანს
თლიდა, ხან ურმის თვალს ჩარხავდა, ხან რას აკეთებდა და ხან რას. თუმცა
ისიც უნდა ითქვას, რომ დიდხანს არასოდეს იგვიანებდა. მალევე მიატოვებდა
სამუშაოს, ხელებს გადაიბანდა, სუფრის თავში, თავის მუდმივ ადგილზე
დაჯდებოდა, ღმერთი შეგვეწიოსო, იტყოდა და მჭადს გადატეხავდა. მხოლოდ
ამის შემდეგ იწყებოდა პურობა.

როცა პატარა ხარ და ავტორიტეტის ძალა დიდია, ბუნდოვან მკრეხელურ ეჭვებს


გონებამდე არ უშვებ, სათავეშივე სპობ, თორემ, სულო ცოდვილო, აბელს
დროდადრო ეჩვენებოდა, თითქოს პაპა სადილობისას განზრახ მოისაქმიანებდა
ხოლმე თავს, რაღაც სამუშაოს მოიგონებდა და გამიზნულად იგვიანებდა. ახლა,
ამ სიშორიდან, ეჭვები საბუთიანი ჩანს და მთელ ამ პატრიარქალიზმს
თეატრალური სუნი ასდის. უბრალოდ, ადამიანებს არ შეუძლიათ კერპისა და
მაგალითის გარეშე ცხოვრება და პაპა ვიღაც უხილავი რეჟისორის მიერ
დანიშნული იყო ამ კერპისა და მაგალითის როლზე. და, შესაძლებელია, პაპამ
თავადაც არ იცოდა, რომ მისი როლის უძველესი ზნეობრივი დანიშნულება იყო,
სუფრაზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით სულწასულობა აღეკვეთა და
თავშეკავება, პრაქტიკული ცხოვრების ეს უპირველესი კანონი,
შთამომავლობისათვის აეხსნა.

ბებია ნაკლებად ახსოვდა აბელს, რადგან ბებია პიროვნება კი არ იყო, არამედ


პაპის ერთგვარი დანამატი, ფონი, ანტურაჟი, რომლის მიზანია ხაზი გაუსვას,
გამოკვეთოს, უფრო მკაფიოდ და რელიეფურად წარმოაჩინოს მთავარი გმირი.

თანატოლები დავიწყების ბურუსში გაიხსნენ. მხოლოდ რამდენიმე ჯგუფური


სურათი, ისიც დროისაგან წაშლილი და გაბუნდოვანებული, დარჩა მეხსიერებაში.
სურათები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაკრული ალბომში და
კავშირების უწყვეტობას ნიშნავს.

ის სურათი, რომლის ფონზეც შვიდი წლის აბელმა თავისი პირველი


ღირსსახსოვარი ეპიზოდი გაითამაშა, შედარებით უკეთაა შემონახული.

პირველი ეპიზოდი (რაც, თუ გავითვალისწინებთ მეხსიერების შეზღუდულ


შესაძლებლობებს, სავსებით პირობითი ცნებაა), იყო ავტოპორტრეტის პირველი
შტრიხი, პირველი ხაზი, მართალია, ბავშვურად მოუქნელი და სასაცილო, მაგრამ
ასევე ბავშვურად უშუალო და უკომპრომისო. გედეონ რევიას თქმით, კაცის
სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი
სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და
მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად
ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არა აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში, ისეთი
სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს
გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებლად თბილი ღიმილით
იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს,
შესაძლებელია, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს,
როცა შემოქმედებაში ფარგალი, სახაზავი და გონება ჩაერევა.

იმ დილით, ჩვეულებისამებრ, აბელმა მარჯვენა ხელში წკეპლა დაიჭირა,


მარცხენაში - ხაჭაპურის ნატეხი, გაიგდო წინ ბებიას წვერცანცარა თხა და
ფეხშიშველა, მაისურის ამარა ტოლამხანაგებთან ერთად სამწყემსურში წავიდა.

ორი თუ სამი საათის შემდეგ იგი ტყეში, ფერდობზე იჯდა და ხელში მარწყვით
სავსე კოთხო ეჭირა.

წაბლის, თელისა და რცხილის მაღალი ტყე განიერი ტოტებით გადაფარებოდა


გვიმრითა და ანწლით მოფენილ ფერდობს. ფერდობი ციცაბო იყო და შუა
წელზე, სწორედ აბელის უკან, მთელ სიგრძეზე ვიწრო ბილიკი გასდევდა.
ქვემოთ, ბოლოში, უსწორმასწორო ქვებს შორის პატარა ნაკადული მიწანწკარებდა.
გაღმა, ხელმარჯვნივ, ბექობი იყო, ბექობის თავზე - ყვავილებით აჭრელებული
დამრეცი მინდორი, უფრო ზემოთ - კვლავ მაღალი და დაბურული ტყე.
ხელმარცხნივ, ქვემოთ, შორს, გადაჭიმულიყო ვრცელი, დიდ მანძილზე გაშლილი
ველი, რომელსაც შუაში მდორედ ჩაუდიოდა განიერი და ღრმა მდინარე.

ბექობის თავზე, ჭრელ მინდორზე, ბავშვები ლახტს თამაშობდნენ. დილით


მშვილდ-ისრები დათალეს, სროლაშიც ივარჯიშეს, მერე მოსწყინდათ და ლახტის
თამაში ამჯობინეს. აბელს რამდენიმეჯერ გამოსძახეს, მოდიო, მაგრამ აბელს არ
ეცალა და იმათაც თავი დაანებეს.

აბელს იმიტომ არ ეცალა, რომ მარწყვს კრეფდა.

კოთხო სახელდახელო კალათია და მისი გაკეთება ყველას იოლად შეუძლია.


ამისათვის საკმარისია, მოკლე შარვლის ჯიბეში ერთი ძველი, მორყეული და
ჟანგიანი ჯაყვა გეგდოს. ხეს (თელაა ზედგამოჭრილი) ორი თანაბარი სიდიდის
ქერქს ააჭრი, ჯვარედინად დადებ და ორივეს მორკალავ. გვერდები რომ
წიბოებით ერთმანეთს მიედება, ირგვლივ წინასწარ გამზადებულ წვრილ წნელს
ან მაგარ ბალახს შემოუჭერ და კოთხოც მზად არის. კრიფე მარწყვი და ჩაყარე
შიგ, კრიფე და ჩაყარე...

აბელმა დიდხანს იარა ტყეში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ხეები


შედარებით მეჩხერად იდგა და ამიტომ მზის სითბო უხვად აღწევდა მიწამდე,
და, ბოლოს და ბოლოს, კოთხო პირთამდე გაავსო. მერე წავიდა და ფერდობზე,
ბილიკს ქვემოთ, დიდი რცხილის ძირას დაჯდა. ფიქრობდა თუ არა რამეს (და
თუ ფიქრობდა, კერძოდ, რას), ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ
დიდხანს იჯდა იქ და დიდხანს დასცქეროდა მარწყვით სავსე კოთხოს. მერე
ერთბაშად, ჭიქას რომ მოვიქნევთ, რათა წყალი შორს გადავღვაროთ, ისე მოიქნია
კოთხო და სიმწრით ნაგროვებ მარწყვს, მთელი დილის ნაშრომ-ნადაგს, ციცაბო
ფერდობის ბოლოს, მიუვალ ეკალბარდებში გადაუძახა.

ვინ იცის, თვითმკვლელობისას, დროის იმ თითქმის არარსებულ მონაკვეთში,


რომელიც რევოლვერის სასხლეტის დაშვებასა და ცნობის წართმევას შორისაა,
კაცს საშინელი, ყოვლისდამთრგუნველი სურვილით უნდება სასიკვდილოდ
აშვებული ტყვიის უკან დაბრუნება და ტყვია კი არ კლავს, არამედ იმის განცდა,
რომ ეს სურვილი ამაოა და აღარაფრის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება.

სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა, ყველაფერი იოლია. განზრახვის


ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა.

სინანულმა მწარედ უკბინა გულზე აბელს და ტკივილმა მთელ სხეულში


დაუარა. მაგრამ იმავე წამს სინანული სიამაყემ განდევნა. მერე, როგორც საპატიო
ყარაულში განწესებული ჯარისკაცები, სინანული და სიამაყე ერთხანს
მორიგეობით ენაცვლებოდა ერთმანეთს. იყო ისეთი წამიც, როცა აბელმა იგრძნო,
რომ თვალის სიღრმეში ცრემლი გაჩნდა, და კბილი კბილს მაგრად დააჭირა,
რათა დაძრულ ცრემლს გარეთ არ გამოეჟონა. ბოლოს, მოდუნებულ,
ძალაგამოცლილ სხეულს სიცოცხლე დაუბრუნდა. აბელი წამოდგა, კოთხოც
ქვემოთ მოისროლა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. გაკრეფილი თხილის
ხეივანი ჩაიარა, ნაკადულს გადაახტა, ბექობს აუყვა და ჭრელ მინდორზე ავიდა.
ბავშვები გახურებულ ლახტის თამაშში იყვნენ. აბელმა თავს ძალა დაატანა და
თამაშში ჩაება, მაგრამ გამოთიშული იყო, უგულისყუროდ თამაშობდა და მაგრად
აუხურეს კანჭები.

კაცი არ აარიდებდა თავს საგმირო საქმეს, რომ იცოდეს, რამოდენა ზნეობრივი


ჯილდო, რამოდენა მორალური კმაყოფილება მოჰყვება ამას. კანჭების აწვა რა
სათქმელია! მას შემდეგ, რაც სიამაყემ საბოლოოდ დაამარცხა სინანული, არ
არსებობდა ისეთი ტკივილი, აბელის დიდი გამარჯვებისთვის ჩრდილი
მიეყენებინა.

თუმცა ამ გმირულ საქციელს ერთი რამ აკლდა: აღიარება. მრავალი წლის


შემდეგ კი გავიგებთ, რომ აღიარება და ეგრეთწოდებული პოპულარობა
ავადმყოფური კმაყოფილებაა, რომელიც ღამღამობით, ძილის წინ,
გამოფიტულობისა და სიცარიელის განცდას იწვევს და საკუთარ თავს გაძულებს.
მაშინ ეს ჯერ კიდევ არ ვიცოდით. მაშინ აღიარება გამარჯვების ბუნებრივ
დაგვირგვინებას ნიშნავდა, თუმცა აბელი გუმანით მაინც გრძნობდა, რომ
ჭეშმარიტმა გმირმა ამაზე უარი უნდა თქვას, ოღონდ იმასაც გრძნობდა, რომ ამ
უარის თქმას ახალი, შესაძლოა, წინანდელზე უფრო დიდი გმირობა
სჭირდებოდა. იდგა აბელი წრეში, უყურებდა თანატოლებს, რომლებიც
გამეტებით უტყლაშუნებდნენ ქამარს კოჭებში, და ფიქრობდა, გაემხილა თუ არა
მათთვის თავისი დიდი საიდუმლო.

იფიქრა და გადაწყვიტა, არ გაემხილა.

მაგრამ ეს გმირობა არ იყო.

უბრალოდ, ატყობდა, რომ მის საქციელს ბავშვები სწორად ვერ გაიგებდნენ და


სიცილსაც დააყრიდნენ, რადგან ამ სოფელში წესად ჰქონდათ: რაც თავად არ
ესმოდათ, ყველაფერს დაცინვის საგნად აქცევდნენ.

საღამო ხანს, როდესაც გამაძღარ და ფერდებდაბერილ თხებს უკანვე


მიერეკებოდნენ, აბელი ბოლოში, განმარტოებით მიაბიჯებდა და ცდილობდა
წარმოედგინა, იქნებოდა თუ არა იგი აბელი და, თუ იქნებოდა, როგორი აბელი
იქნებოდა, ის მარწყვი რომ შეეჭამა და არ გადაეყარა. მაგრამ ამის წარმოდგენა
შეუძლებელი აღმოჩნდა.

წყაროსთან, სადაც გზები იყრებოდა, წვერცანცარა თხამ, როგორც ყოველთვის,


თვითონვე გადაუხვია მთავარი გზიდან და სახლისკენ მიმავალ უმოკლეს
ბილიკს დაადგა. აბელიც გამოეთხოვა ტოლ-ამხანაგებს და უკანვე გაჰყვა თხას.
ბილიკს ორივე მხარეს სიმინდის ყანა მისდევდა.

როგორც კი ბილიკს შეუდგა, აბელი უეცრად მიხვდა, რომ ერთადერთი კაცი ამ


სოფელში, ვინც მის დღევანდელ საქციელს სწორად შეაფასებდა, ყოველ
შემთხვევაში, მასში სასაცილოს გარდა, რაღაც დიდს, საპატიოსა და, ალბათ,
იდუმალსაც დაინახავდა, პაპა იყო.

პაპას უყვარდა აბელი და, როცა მარტო დარჩებოდნენ სადმე - ვენახში, ტყეში,
წისქვილში თუ საკუთარ ეზოში, ზოგჯერ ლაპარაკის საღერღელი აეშლებოდა
ხოლმე. ოღონდ ლაპარაკობდა არა სმა-ჭამაზე, არა მიწის დამუშავებაზე, არა
კეთილმეზობლობის მოფრთხილების მეთოდებზე, არა ყოველდღიურ წვრილმანსა
და უინტერესო თემებზე, არამედ ისეთ პოლარულ ცნებებზე, როგორიცაა
დაბადება, სიკვდილი და ღმერთი. ასეთ დროს პაპა თვითონაც სხვანაირი იყო,
რბილი, არამიწიერი, შორეული. თვალებში უცხო, აუხსნელი შუქი ჩაუდგებოდა
და ხშირად ისეთი იდუმალი, მომნუსხველი და ცოტა ჟრუანტელისმომგვრელი
კილო გამოერეოდა, რომელიც სულის ყველაზე ღრმა ფენებს სწვდებოდა.
განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას აბელზე ღმერთის შესახებ საუბარი
ახდენდა. ამგვარი საუბრის შემდეგ, ლოგინში რომ ჩაწვებოდა და
თვალებდახუჭული ძილს ელოდებოდა, მკაფიოდ ხედავდა თეთრ ღმერთს,
რომელიც ეზოში ნარნარად, ნახევრად ფრენით დადიოდა, შავ სიბნელეს
მიარღვევდა და უკან ღრუბლის მოცისფრო კვალს ტოვებდა.

მრავალი წლის შემდეგ, დიდი რომ გავიზრდებით, წვალებითა და რუდუნებით


დავაგროვებთ ცოდნას, ამ ილუზიურ განძს, რომელსაც სევდიანი სიამაყით
ვუწოდებთ სიმდიდრეს, და სამყაროს საკუთარი სარკმლიდან დავუწყებთ ცქერას,
ნათელი შეიქნება, რომ პაპას ერთობ თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ღმერთზე:
და თუმცა ეს აღმოჩენა ისეთ განცდას იწვევს, თითქოს რაღაც არსებითი
დავკარგეთ და ამ დაკარგულს ვერაფერი შეგვიცვლის, ჩვენი შეუვალი ცოდნა
გვაიძულებს, ბოლომდე ერთგულად ვზიდოთ გონიერების ტვირთი და
მოგონილი გულგრილობით შევნიშნოთ, რომ ეს ეპიზოდები ღმერთის
ცხოვრებიდან, რომლებსაც ასეთი იდუმალგულშიჩამწვდომი ხმით გვიამბობდნენ
და ასეთი შიშნარევი მოწიწებით ვისმენდით, ღვთისმეტყველურ ლიტერატურაში
არ დასტურდება.

და მოულოდნელად იბადება აზრი, რომელიც ახლაც კი, ამ სიშორიდან,


შემაშფოთებელი და მკრეხელური ჩანს: პაპა, ეს უზარმაზარი პიროვნება,
თითქმის მეფე, თითქმის ღმერთკაცი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმხილველი,
სოფლის დიდი მსაჯული და მეზობელთა გამრიგე, ეს შორეული და არამიწიერი
პაპა, საგანგებოდ ეძებდა პატარა აბელთან მარტო დარჩენის შემთხვევას, რადგან
აბელი იყო ერთადერთი, ვინც „სწორად შეაფასებდა“ მისი არსებობის ფარულ
მხარეს, „სწორად გაიგებდა“ მის ფანტაზიას და მის ნალაპარაკევში სასაცილოს
არაფერს დაინახავდა. ამ თვალსაზრისით პაპა იმავე ტაფაში იწვოდა, რომელშიაც
აბელი თავისი გმირული, თუმცაღა გვარიანად უცნაური, საქციელის შემდეგ.

ცხადია, მაშინ, მრავალი წლის წინ, ასეთი აზრი ვერ გაიჭაჭანებდა.

დიდი ყანის შუაში გამავალ ვიწრო ბილიკზე აბელს თანდათან რეალური


ეჩვენებოდა შესაძლებლობა, რომ პაპისთვის გაემხილა ის, რაც ყელში ჰქონდა
მობჯენილი და უხმო კივილით მოითხოვდა გამხელას.

მაგრამ პაპის არაბუნებრივად დახვეული ულვაშები და მსაჯულის მიუდგომელი,


ხაზგასმულად სერიოზული სახე რომ დაინახა, ვეღარ გაუბედა თქმა.

ერთი ხანობა იმედი ჰქონდა (ახლა ნათელია, რომ ეს ოცნება იყო და არა იმედი),
რომ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმხილველი პაპა თვითონვე შეამჩნევდა
ყველაფერს, რაც ბიჭის გულში ხდებოდა, განზე გაიხმობდა და ეტყოდა, „შენ
რაღაც დარდი გაქვს გულში და მალავ, აბა, ჩამოყაჭე!“ მაგრამ არაფერი მსგავსი
არ მომხდარა.

ამასობაში აბელის გმირობა როგორღაც გაბუნდოვანდა, თანდათან ჩვეულებრივ,


მიწიერ, არაგმირულ კალაპოტში მოექცა და, თუმცა ეს გაუგებარი და
დაუჯერებელი ჩანდა, მალე დავიწყებას მიეცა.

დავიწყება, რა თქმა უნდა, გაქრობას არ ნიშნავს. უფრო მეტიც: ნამდვილი


ავტოპორტრეტი სწორედ იქ იქმნება, სადაც დავიწყებული ფერები და ხაზები
ინახება.

მომდევნო ზაფხულს აბელმა თავისი პირველი სერიოზული ექსპერიმენტი


ჩაატარა.

მართლაცდა, კაცმა რომ იკითხოს, რატომ ბრუნდება ადამიანი ყოველთვის უკან?


ან რის მიხედვით აგნებს იმას, რაც „საკუთარის“ სახელითაა ცნობილი
(„საკუთარი სახლი“, „საკუთარი მიწა“, „საკუთარი ქვეყანა“)? რატომ სულ
პირდაპირ არ მიდის? რა ძალა მოქმედებს ასეთი, რა ბიძგი, რა იმპულსი? ვინ
მისცა ადამიანს ეს ბიძგი და ეს იმპულსი? და თუ ვინმემ მისცა, რატომ ისეთი
ბიძგი არ მისცა, რომ ადამიანს არასოდეს აზრად არ მოსვლოდა, უკან
დაბრუნება თუ შეიძლება და სულ პირდაპირ ევლო, ერთხელ აღებული გეზით?
რით ხელმძღვანელობს ის, ვინც იმპულსებს არიგებს? რას ეყრდნობა მისი
არჩევანი? შემთხვევითობას? მიზანდასახულობას? ანდა რამდენად ძლიერია
ადამიანში უკან დაბრუნებისკენ მიდრეკილება? არ შეგვიძლია, გადავლახოთ ეს
მიდრეკილება და მთელი სიცოცხლე ვიაროთ წინ, ერთი მიმართულებით?

მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ ყველაფერი უკან ბრუნდება და,
საერთოდ, სამყაროს არსებობა მარადიული უკან დაბრუნებაა. შესაძლებელია,
ამის ცოდნას შეცვლით არაფერი შეეცვალა, მაგრამ საკითხს გლობალურად
დააყენებდა და ამით მკაფიოდ წარმოაჩენდა ავტოპორტრეტის კიდევ ერთ
მნიშვნელოვან შტრიხს.

მრავალი წლის წინ ეს კითხვა, ცხადია, ამგვარი ღრმა ფილოსოფიური აზრით არ


დასმულა. ასეთი სახე გვიან მიიღო, როცა მეხსიერების ფარული შრეებიდან
ამოტივტივებული ხაზები და ფერები ცოდნის ბასრ კლანჭებში მოექცა.

აბელს ბავშვობაში ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, რომელიც, საერთო აზრით,


სასიკეთოს არაფერს უქადდა: მარტო ყოფნა უყვარდა, თვითონ არ იცოდა, თუ ეს
ჩვევა იყო და სახელად მარტო ყოფნის სიყვარული ერქვა, და არაფერს
განსაკუთრებულს, არც ავსა და არც კარგს, ამაში არ ხედავდა. უბრალოდ, როცა
ტოლ-ამხანაგებთან ერთად სადმე მიდიოდა, ვთქვათ, სკოლაში, ექსკურსიაზე,
ტყეში, სამწყემსურში, თავისდა უნებურად კარგა მანძილით ჩამორჩებოდა და
თავისთვის მიჩანჩალებდა მარტო. ზოგჯერ თამაშშიც ემართებოდა ასეთი რამ.
ვთქვათ, გახურებული ფეხბურთის დროს ფიქრებში წავიდოდა და ბურთის
აღება დაავიწყდებოდა. ამიტომ გუნდის კაპიტნები, რომლებიც თვითონვე
ირჩევდნენ თავს კაპიტნებად ფიზიკური ან ფსიქოლოგიური უპირატესობის
წყალობით, მხოლოდ მაშინ ათამაშებდნენ, როცა „კაცი აკლდათ“.

აბელი ამას დიდად არ განიცდიდა.

დედა ჩიოდა, ცხოვრების ალღო არა აქვს და არ ვიცი, რა ეშველებაო. ბებია


დარწმუნებული იყო, გულისყური აკლიაო, და სასტიკად უკრძალავდა ახალი
ნიგვზის ჭამას მარიამობა დღემდე.

„ცხოვრების ალღოს“ უქონლობა აბელს არ აწუხებდა, რადგან ამას არავითარი


პრაქტიკული ზიანი არ მოჰქონდა. რაც შეეხება „უგულისყურობას“, ეს უფრო
მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რამდენადაც ახალი ნიგვზის ჭამას
უკავშირდებოდა. აბელმა არ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა „გულისყური“. ცალ-
ცალკე გულიც იცოდა და ყურიც, მაგრამ ის, რაც მათი შეერთებით გამოდიოდა,
რაღაც ბუნდოვანი იყო, არარეალური და არახელშესახები. სოფელში ყველა
ბავშვს მშვენივრად ესმოდა, რომ მარიამობა დღემდე კაკლის მოწყვეტა და
გატეხა მათ გულისყურის დაკარგვით ემუქრებოდა, მაგრამ ამ ხიფათს არავინ
უწევდა ანგარიშს და მიუხედავად ამისა, ეტყობა, ჩინებული გულისყური
ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, აბელს არავისგან გაუგონია რაიმე ეჭვი ან
შეშფოთება მათი გულისყურის გამო. ამ დაკვირვებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა,
რომ თუ მას მართლა აკლდა გულისყური, ამის მიზეზი სადმე სხვაგან უნდა
ყოფილიყო საძებარი, არხეინად განაგრძობდა ახალი ნიგვზის ჭამას, თუმცა,
ეშმაკს დიდი თვალები აქვს და, ცდილობდა, ნაჭაში ამოთხვრილი ხელები
მაინცდამაინც ცხვირწინ არ აეფრიალებინა ბებიასათვის.

ერთადერთი პაპა არ ეთანხმებოდა საერთო აზრს. აბელმა საკუთარი ყურით


მოისმინა, როგორ უთხრა პაპამ თავისი მშვიდი, დინჯი, ოდნავ დაბოხებული
ხმით დედას, ბებიასა და მამიდას, როცა ეს სამეული ხმამაღალი ყაყანით
განიხილავდა აბელის მომავალს და ვერაფერ სანუგეშოს იქ ვერ პოულობდა: -
ნუ ჩხავით ყვავებივით. მაგნაირი ვყოფილვარ მეც პატარაობაში, მაგრამ კი
ხედავთ, ვერ შემჭამა ცხოვრებამ.

და აბელი სიამაყით აივსო (თუმცა შორეული და ძალიან ბუნდოვანი ეჭვი, რომ


პაპას ერთობ გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, მაშინვე
გაუჩნდა).

უფროსები უმთავრესად საკუთარ გამოცდილებასა და ახლობელთა მაგალითს


ემყარებოდნენ, გულუბრყვილო თავდაჯერების გამო ეგონათ, რომ გამოცდილების
ეს მათთვის ხელმისაწვდომი ჩარჩო ყველაფერს იტევდა და ის, რაც ამ ვიწრო
ჩარჩოს გარეთ დარჩა, უბრალოდ, არ არსებობდა. მხოლოდ ისეთი რჩეული,
განსაკუთრებული ადამიანები, როგორიც იყო პაპა, ფანტაზიის ძალით
არღვევდნენ შაბლონურ ჩარჩოს და ამიტომ არატიპიურ დასკვნებს აკეთებდნენ.

ძნელი სათქმელია, ვის მხარეს იყო სიმართლე, აბელს ამ კითხვაზე ნათელი


პასუხი არ გააჩნდა. ისე კი გრძნობდა, რომ მაინც გამოცდილება და მაგალითი
ღაღადებდა სიმართლეს, რადგან ის, რითაც პაპა გამოცდილებას
უპირისპირდებოდა, იყო არა სიმართლე, არამედ სილამაზე. ეს კი სულ სხვაა.

განმარტოების სიყვარულს, „ცხოვრების ალღოს“ უქონლობასა და გულისყურის


ნაკლებობას აბელისათვის მართლა არაფერი სიკეთე არ მოუტანია. თავსატეხი და
მწუხარება კი მუდამ თან ახლდა. მართალია, ამ მწუხარებაში იყო რაღაც ისეთი,
რაც არავითარ სიხარულზე არ გაიცვლებოდა, მაგრამ ეს წამიერი და
მოუხელთებელი განცდა ერთს დაუვლიდა ხოლმე ელვასავით თავით ფეხამდე
და მყისვე უკვალოდ გაქრებოდა.

უპასუხო კითხვებიც განმარტოების შვილები იყვნენ.

აბელი საკუთარი თავისაგან განმარტოებასაც ახერხებდა. ეს ღამღამობით


ხდებოდა. დასაძინებლად რომ დაწვებოდა და თვალებს დახუჭავდა, ფიქრები
თავში რაღაც ხვრელს პოულობდნენ და გარეთ გამოდიოდნენ. მოდუნებული
სხეული უძრავად იდო საწოლზე, ფიქრები კი სადღაც ზემოთ, ბნელი ოთახის
კუთხეში განმარტოვდებოდნენ და ხმამაღლა თათბირობდნენ.

იმ წელიწადს ფიქრები იმის თაობაზე თათბირობდნენ, თუ რატომ ბრუნდება


ადამიანი უკან.

აბელი მაშინ უკვე ცხრა წლისა იყო და იცოდა, რომ კაცის სიცოცხლე დროში
შეზღუდულია. ადამიანი მოკლე დისტანციაზე დარბის და თავისი უსაზღვრო
ცნობისწადილის მთლიანად დახარჯვას, ცხადია, ვერ მოასწრებს. მაგრამ
უბედურება ისაა, რომ ამ ძუნწად გამოყოფილ დროსაც ვერ ვიყენებთ ისე,
როგორც საჭიროა. ათასჯერ უკან მობრუნებულები, ათასმეერთეჯერ კიდევ უკან
ვბრუნდებით და ათასჯერ ნანახს ათასმეერთეჯერ ვნახულობთ იმის მაგივრად,
რომ სულ წინ ვიაროთ, ყოველი ახალი ნაბიჯი ახალ ცოდნაში ჩავდგათ და იმ
მცირე დროში, რომელიც მოგვეცა, რაც შეიძლება მეტი პასუხი ჩავტიოთ.

ადამიანი კი მუდამ უკან ბრუნდება.

რატომ?

მთელი სასწავლო წლის მანძილზე, შემოდგომის დასაწყისიდან გაზაფხულის


ბოლომდე, აბელი ხშირ-ხშირად უბრუნდებოდა ამ კითხვას, ფიქრობდა,
წვალობდა, ტვინს იჭყლეტდა, პასუხს ეძებდა და ვერ პოულობდა. ის
„უმრავლესობის ავტორიტეტი“, რომელსაც არათუ ბავშვობაში, სიბერის წლებშიც
ვერ ვიშორებთ, ეუბნებოდა, რაკი ყველა ასე იქცევა, ალბათ ასეა საჭიროო,
მაგრამ ბრმა ნდობა აბელს არ აკმაყოფილებდა. აბელს პასუხი სჭირდებოდა.

უფროსი ძმა რომ ჰყოლოდა, ყველაფერს აუხსნიდა და, შესაძლებელია,


ექსპერიმენტი აღარც ჩატარებულიყო. უფროსი ძმა სამი წლით უფროსი აბელი
იქნებოდა და, საკმაო ცოდნაც აღმოაჩნდებოდა საიმისოდ, რომ სამი წლით
უმცროსი აბელის კითხვებზე პასუხი გაეცა. აბელს ოცნებაში არაერთხელ
წარმოუდგენია არარსებული უფროსი ძმა და მისი მეშვეობით უცდია თავის
უპასუხო კითხვებზე პასუხის პოვნა, მაგრამ ეს მაინც სამი წლით უმცროსი
აბელის ოცნება იყო და მას არ შეეძლო სამი წლით უფროსი აბელის როლი
ღირსეულად შეესრულებინა.

ამიტომ შეიქნა საჭირო ექსპერიმენტი.

სასწავლო წელი რომ დამთავრდა, დედამ, ჩვეულებისამებრ, სოფელში გაგზავნა.

სოფლის მშვიდმა სუნთქვამ, ჭრელმა მინდვრებმა, ტყეში ხეტიალმა, მთის ცივმა


მდინარემ, ლახტისა და რიკტაფელას თამაშმა, წვერცანცარა თხამ,
ულვაშებდაგრეხილმა პაპამ, მუდამ თავსაფარწაკრულმა ბებიამ, ცხელმა მჭადმა
და ჭყინტმა ყველმა ერთხანს მთლიანად აავსეს ის სივრცე, რაც აბელის
არსებობას განსაზღვრავდა, და თავსატეხი კითხვა დროებით დავიწყებას მიეცა.
მერე და მერე, როცა სიახლის გრძნობა გახუნდა, თავსატეხმა კითხვამ ისევ
გამოარღვია შთაბეჭდილებათა ფენები და ზედაპირზე ამოყო თავი.

რატომ ბრუნდება ადამიანი უკან?

უფროსი ძმა არ არსებობდა, პაპას კი მოწიწების მომგვრელი ულვაშები და


მიუკარებელი ბრძნული გამომეტყველება ჰქონდა. ამ მიუკარებლობას მხოლოდ
მაშინ ჩამოიბერტყავდა ხოლმე, როცა თვითონ დასჭირდებოდა აბელი, რათა
თავისი მოზღვავებული ფანტაზია დაეხარჯა და ისეთი ეპიზოდები მოეთხრო
ღმერთის ცხოვრებიდან, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გამოირკვეოდა,
რელიგიურ ლიტერატურაში, არც წერილობითში და არც ზეპირ გადმოცემებში,
არ დასტურდება.

აბელი საკუთარი თავის ამარა იყო დარჩენილი.


და გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, რათა საკუთარი გამოცდილებით
გაეცა პასუხი იმ კითხვაზე, რომელზეც სხვანაირად პასუხის გაცემა ვერ
მოხერხდა.

ექსპერიმენტის იდეა მოულოდნელად დაიბადა.

როგორც ითქვა, აბელი მთელი წელიწადი უტრიალებდა და ჩხრეკდა თავის


უმძიმეს კითხვას. მაგრამ არასოდეს უფიქრია, პასუხი პრაქტიკული
გამოცდილების გზით მოეპოვებინა.

როდის ან როგორ გაჩნდა ეს გრანდიოზული იდეა, ისტორიას არ ახსოვს.

თავად აბელმა კი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ თურმე რა ხანია იცის
პასუხის მიღების საუკეთესო და, ფაქტიურად, ერთადერთი გზა.

თავიდან ენთუზიაზმის ცეცხლი მოედო. მერე, როცა განხორციელების გეგმაზე


მიდგა საქმე და ათასმა წვრილმანმა წამოყო თავი, ცეცხლი მინელდა და
რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაქრობის პირას იყო. ბოლოს ისევ
მოულოდნელად აბრიალდა და აბელი გზას გაუდგა.

წინა დღეს ხელჯოხი გამოთალა და თავისი ჟანგიანი ჯაყვით ლამაზად ააჭრელა,


მაგრამ ეჭვი რომ არავის გასჩენოდა, შინ არ წამოუღია, ბუჩქებში დამალა ისეთ
ადგილას, სადაც მისი ექსპერიმენტის მარადიული გზა გადიოდა. დილით დრო
შეარჩია, როცა შინ არავინ იყო, ჩუმად შეიპარა სახლში, ფეხსაცმელები და
ხალათი ჩაიცვა და ფრთხილად გავიდა ეზოდან.

ერთი გზა უკან მიდიოდა, რკინიგზის სადგურისაკენ. ეს გზა აბელს არ


აინტერესებდა, მეორე გზა ტყეს მიჰყვებოდა. აბელი ტყეშიც მრავალჯერ იყო
ნამყოფი პაპასთან ერთად. დიდი ექსპერიმენტისათვის ყველაზე უფრო
მიზანშეწონილად მესამე გზა იქნა მიჩნეული. მართალია მდინარემდე აქაც
ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ მდინარის გაღმა უკვე ახალი, უცხო სამყარო
იწყებოდა, სადაც აბელს ჯერ არასოდეს დაედგა ფეხი.

ძველ სასაფლაოსთან ბავშვებს გადაეყარა. ბავშვებმა გაკვირვებით შეხედეს მის


ფეხსაცმელებს (თვითონ, ცხადია, ფეხშიშველები იყვნენ) და, სად მიხვალო,
ჰკითხეს. აგერ მივდივარ, საქმეზეო, დაუდევარი კილოთი უპასუხა აბელმა.
იცოდა, არ ჩაეძიებოდნენ და მართლაც არ ჩასძიებიან. ჩვენ ციხეზე ვიქნებით და
რომ დაბრუნდები, იქ ამოდიო, დაუბარეს. ამოვალო, აბელიც დაჰპირდა. თან
გულში გაეცინა. რა იცოდნენ, რომ უკანასკნელად ხედავდნენ აბელს! რა
იცოდნენ, რომ აბელი ისეთ გზას ადგა, რომელიც მხოლოდ წინ მიდის და უკან
არასოდეს ბრუნდება!

ბავშვები წავიდნენ. აბელმა თვალი გააყოლა.

ძველისძველი სიმაგრის ნანგრევები, ანუ, როგორც სოფელში მოკლედ ეძახდნენ,


„ციხე“ ბავშვების საყვარელი ადგილი იყო. ერთი კედელი ხელუხლებლად
გადარჩენოდა დრო-ჟამს და, როცა ზემოთ, ქონგურებზე აფორთხდებოდი,
ფეხებში შიშისა და სიამოვნების უცნაურად არეული ჟრუანტელი დაგივლიდა.
ციხე მაღლობზე იდგა. ქვემოთ, დიდ სივრცეზე გადაჭიმული მინდორი
მორღვეული ლოდებით იყო მოფენილი. ცალ მხარეს ღელე ჩაუდიოდა. ციხის
უკან, ოდნავ მოშორებით, ცივი წყარო ამოჩუხჩუხებდა, იმის იქით კი
დაბურული, ნესტიანი ტყე იწყებოდა.

აბელმა თვალი აარიდა ბავშვებს, მიტრიალდა და ერთხელ და სამუდამოდ


არჩეულ გზას დაადგა.

სოფელს გასცდა, აღმართი აიარა, საურმე გზა გადაჭრა და ბილიკს ჩაუყვა


სიმინდის ყანასა და ბექობს შუა. ბექობს შქერი და იელი მისდევდა. ალაგ-ალაგ
მიწა მორღვეული იყო და შქერის ამოშვერილი ფესვები გველის წიწილებს
ჰგავდნენ.

შუა ფერდობზე ბილიკიდან გადავიდა, მონიშნულ ბუჩქს მიადგა, ჩამალული


ხელჯოხი აიღო და ისევ ბილიკზე დაბრუნდა.

მზე უკვე გვარიანად აჭერდა.

აბელი მხნედ, მსუბუქად მიაბიჯებდა.

მდინარესთან მცირე ხნით შეჩერდა, ფეხთ გაიხადა, წყალდაწყალ გავიდა გაღმა,


იქ ქვაზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელები ისევ ჩაიცვა.

აქეთ ახალი, უცნობი სამყარო იყო.

ნამდვილი ექსპერიმენტიც აქედან იწყებოდა.

აბელი წამოდგა, უკან მიტრიალდა, მშობლიურ სანახებს კიდევ ერთხელ მოავლო


თვალი და მტკიცე ნაბიჯით შეუდგა უცნობ აღმართს.

მარჯვნივ თხილის მეჩხერი ჭალა იყო, მარცხნივ - ვაშლის ბაღი. შუაში ბილიკი
გადიოდა. თუმცა, აბელის ვარაუდით, ეს უფრო ნიაღვრის მიერ გაჭრილი
კალაპოტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ადამიანის მიერ გაკვალული ბილიკი.

მზეს მხურვალება მოემატა. შუბლზე ოფლის წვეთებმა გამოჟონა.

აბელი მაინც მხნედ მიაბიჯებდა.

აღმართი უკვე თავდებოდა და ფართო საურმე გზას უერთდებოდა, როცა წინ


მოულოდნელი დაბრკოლება გადაეღობა. დაბრკოლება კარგა მოზრდილი გველი
იყო, რომელიც გაუნძრევლად იწვა ბილიკის გარდიგარდმო.

აბელი შედგა და გაიტრუნა. ჯერ მკვდარი ეგონა, მაგრამ მერე, როცა


დაკვირვებით გააყოლა თვალი კუდიდან თავამდე, მიხვდა, რომ ცოცხალი იყო.
შიშით არ შეშინებია. შარშან უკვე მოკლა ერთი გველი და საჭირო
გამოცდილებაც შეიძინა. მართალია, მაშინ მარტო არ იყო, მაგრამ ამას რა
მნიშვნელობა აქვს! მთავარია, თავში დაუმიზნო.

მაინც ბრძოლის თავიდან აცილება ამჯობინა. რომ მოეკლა, მერე ჯოხიც უნდა
გადაეგდო და ახალი ჯოხის გასათლელად დრო დაეკარგა. ამიტომ კარგა
მანძილით დაიხია უკან, კოლბოხი აიღო, დაუმიზნა და ესროლა. კოლბოხი
წელში მოხვდა და დაფეთებული გველი თხილის ჭალაში მიიმალა. აბელმა
თვალი გააყოლა და ბალახის მოძრაობით მიხვდა, რომ მტერი დიდ მანძილზე
გაეცალა ბრძოლის ველს. გზა თავისუფალი იყო.

საურმე გზაზე რომ გავიდა, შედგა და უკან მიიხედა. ცივი და ჩქარი,


ქაფმოდებული მდინარე, რომელიც ორ სამყაროს შუაზე ყოფდა, აქედან ძლივსღა
მოჩანდა და მისი ხმაურიც ოდნავ სწვდებოდა სმენას, როგორც შორეული და
სუსტი შრიალი. გაღმა, ფერდობის თავზე, სათამაშოებივით იდგა სოფლის
რამდენიმე განაპირა სახლი.

საურმე გზაც აღმა მიდიოდა.

ყანებსა და ვენახებს ალაგ-ალაგ დაბურული ტყეები ცვლიდა, მერე ისევ ყანები


და ვენახები იწყებოდა.

მთელი საათი ისე იარა აბელმა ამ საურმე გზაზე, ძეხორციელი არ შეხვედრია,


ბოლოს ერთი ცხენოსანი შემოეყარა. მხედარს ნელი ჩორთით მიჰყავდა ცხენი და
აბელს ისე ჩაუარა, ზედაც არ შემოუხედავს. მაგრამ მცირე მანძილზე რომ
გასცდა, ერთბაშად შეაჩერა ცხენი და მოაძახა: - ეი, ბიჭო!

აბელი შეჩერდა და მიტრიალდა.

- მამაშენი ცოლშვილიანია? - ჰკითხა კაცმა.

აბელი დაიბნა და პირდაღებული მიაჩერდა უცნობს, მაგრამ უცნობი პასუხს არ


დალოდებია. ეტყობა, აბელის სახეზე წაიკითხა, რომ მისი მახვილგონივრული
კითხვა მწირ და უნაყოფო ნიადაგზე დაეცა, და თვითონვე განმარტა თავისი
ხუმრობის მარილი: - ცოლშვილიანი იქნება, აბა რა იქნება!

ამ სიტყვებზე ხმამაღლა გადაიხარხარა, ცხენს ქუსლი ჰკრა და გააქროლა.

აბელმა მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო.

მალე გზა თავქვე დაეშვა და სოფელი გამოჩნდა.

ზემოთ, ტყიან ფერდობზე, თხები დაინახა და გაახსენდა, ბიჭებმა რომ შეიპირეს,


როცა დაბრუნდები, ციხეზე ამოდიო.

ბიჭები შორს იყვნენ, ციხეც შორს იყო და აბელიც აღარ დაბრუნდებოდა.

სოფელში შევიდა.

ორღობეში ჯერ სამი გოგო დაინახა, თითქმის ჩახუტებულები მიდიოდნენ და


თან ხმამაღლა კისკისებდნენ.

აბელმა ამრეზით გააყოლა თვალი.

ცოტა ხნის შემდეგ დედაბერი შემოხვდა. მხარზე ძონძები დაეფინა, ზედ


პირთამდე სავსე სველი კოკა ედგა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.

ბოლოს ერთი ბერიკაცი შემოეყარა. ბერიკაცი ცარიელ ურემს მოუძღოდა და


პაპას მსგავსი ულვაშები ჰქონდა. ოღონდ პაპას ულვაშები უფრო კოხტა და
უფრო დაგრეხილი იყო.
სხვა არავინ შეხვედრია.

მოწყენილი და სიცხისაგან მოთენთილი ძაღლები აბელის დანახვაზე ერთბაშად


მოცოცხლდებოდნენ, გააფთრებული ყეფით ეძგერებოდნენ ღობეს და, რაკი
გარეთ ვერ გამოდიოდნენ, ჭიშკრის ქვემოდან გამოყოფდნენ დრუნჩს და ასე
სულელურად უყეფდნენ.

აბელი ძაღლებს ყურადღებას არ აქცევდა. იცოდა, რომ ძაღლი ვერაფერს


დაგაკლებს. ღიაც რომ დახვდეს ჭიშკარი და ორღობეში გამოგივარდეს, კბენას
მაინც ვერ გაგიბედავს, თუ შიშმა არ წაგახდინა. ძაღლი იოლად ატყობს, გეშინია
თუ არა და მისი გაბედულება შენს გაბედულებაზეა დამოკიდებული (მრავალი
წლის მერე, როცა გამოცდილებათა სერია ცოდნად დაკრისტალდება, ამ უბრალო
დაკვირვებიდან შორს მიმავალი დასკვნები გაკეთდება).

აბელი სოფელს გასცდა და გზაჯვარედინს მიადგა. ჯერ მარცხნივ გაიხედა, მერე


მარჯვნივ და პირდაპირ წავიდა. აქედან გზა ისევ აღმართში მიდიოდა. ეს
აღმართი რომ აათავა, წინ მრავალი ბორცვი გამოჩნდა. გზა ტალღისებურად,
აღმა-დაღმა გადადიოდა ამ ბორცვებზე და თანდათან მაღლდებოდა.

მზე დასავლეთით გადაიხარა. აბელმა დაღლილობა იგრძნო და დასასვენებელ


ადგილს დაუწყო ძებნა. მალე გზის პირას, პატარა მდელოზე, პანტა მსხალი
შეამჩნია და მის წაგრძელებულ ჩრდილში შევიდა.

როგორც კი მსხლის ძირას, ბალახში ჩაჯდა, მაშინვე მიხვდა, რომ „თადარიგის


დაჭერა“, პირველ ყოვლისა, საგზლის წამოღებას ნიშნავს.

გამოცდილება, როგორც წესი, დაგვიანებით მოდის.

ჯერ დამჯდარმა შეათვალიერა მსხლის ტოტები, მერე წამოდგა, ირგვლივ


შემოუარა, ყურადღებით შეისწავლა და საბოლოოდ ხუთი ცალი ნაყოფი
აღმოაჩინა. თავისი ლამაზი ჯოხი სასროლად დაენანა და ჭოლოკს დაუწყო ძებნა.
მოშორებით ხმელი ტოტი იპოვა და მკლავის სიგრძეზე გადატეხა. მიზანი კარგი
ჰქონდა და მალე ხუთივე მსხალი ჩამოაგდო.

ხუთივე რომ შეჭამა, მაშინღა მოიფიქრა: ორი ცალი, ან, უკიდურეს შემთხვევაში,
ერთი მაინც უნდა მოეტოვებინა და თან წაეღო.

ცოტა დაისვენა და გზა განაგრძო. მაგრამ ახლა უკვე იცოდა, რომ მთავარი
საფრთხე, რომელიც მოგზაურს ემუქრება, შიმშილია, ამიტომ დაკვირვებით
ათვალიერებდა მიდამოს, იქნებ ისეთ რამეს წასწყდომოდა, რაც საკვებად
გამოადგებოდა.

გზის ორივე მხარეს, სადამდეც კი თვალი სწვდებოდა, მხოლოდ თხმელები,


დაბალი, უჯიშო რცხილები და ეკალბარდებით დაბურული ბუჩქები იყო.

ამასობაში მზე ჩავიდა.

აბელმა მოისაზრა, რომ სანამ დღის სული იყო, მანამ უნდა ეშოვა რამე საჭმელი,
თორემ მალე აქ ისეთი სიბნელე ჩამოწვებოდა, ვაშლს თხმელისგან ვერ
გაარჩევდი და თხილს - შქერისგან. ამიტომ გზიდან გადავიდა და ქვემოთ
დაუყვა ტყიან ფერდობს. ერთხანს დაღმართში იარა. რაკი ვერაფერი იპოვა, მერე
გასწვრივ გაჰყვა ფერდობს. მალე ერთ კაკლისა და ერთ ვაშლის ხეს წააწყდა.
მართალია, ორივე ხე პირწმინდად გაკრეფილი აღმოჩნდა, მაგრამ ამან გუნება
ვერ გაუფუჭა. პირიქით, მხნეობა შემატა, რადგან საცა გაკრეფილია, იქ
მსხმოიარეც იქნება სადმე. მართლაც, ბოლოს და ბოლოს, ხანგრძლივი წანწალის
შემდეგ, ცოტა რამ იშოვა. კერძოდ, ტყეში რომ ბინდმა იწყო ჩამოწოლა და
შემდგომ ძებნას აზრი აღარ ჰქონდა, აბელის ნადავლს შეადგენდა ორი ვაშლი,
ერთი კაკალი და, რაც მთავარია, რამდენიმე მუჭა ტყის თხილი. ყველაფერი ეს
ხალათის უბეში ჩაიტენა და აღმართს შეუდგა, რათა დროულად
დაბრუნებულიყო გზაზე. ბინდი თანდათან მუქდებოდა. ტყეში ღამე წვებოდა და
თან რაღაც გაურკვეველი, მაგრამ უსიამო გრძნობა მოჰქონდა. აბელმა ჯერ კიდევ
არ იცოდა, რომ ეს შიში იყო. ამას გვიან მიხვდა, მაშინ, როცა აღმართში
დიდხანს იარა და გზა მაინც არსად გამოჩნდა. ჯერ ეგონა, უბრალოდ, ვარაუდი
ატყუებდა, მანძილი ვერ გამოზომა სწორად. მერე და მერე, რაკი ვერ იქნა და
გზას ვერ მიაღწია, ხოლო ტყეში უკვე კუნაპეტი ღამე ჩამოწვა, შიში უეცრად
შანთივით დაუტრიალდა სხეულში. აბელი შეჩერდა და შიშის ამ პირველ მძაფრ
შემოტევას ჩაწყნარება აცალა. მერე შეეცადა, მშვიდად, პანიკის გარეშე აეწონ-
დაეწონა ვითარება. გუმანით გრძნობდა, რომ ასეთ დროს ყველაფერი იმაზეა
დამოკიდებული, რამდენად შეძლებ შიშის დათრგუნვას და საღად, გულგრილად
აზროვნებას. რაკი ქვემოთ ჩამოუხვია, მაშასადამე, გზა ზემოთ დარჩა და, თუ
ზემოთ წახვალ, არ შეიძლება ისევ იმ გზას არ მიადგე. მაშ, რა ხდება? იქნებ
მართლა ვარაუდი ატყუებს, იქნებ მანძილი ეშლება, თავდაღმართში უფრო მეტი
იარა, ვიდრე აღმართში და, უბრალოდ, ჯერ ვერ მიაღწია გზას? შეუძლებელია.
პირველად ხომ არაა ტყეში! არა. თუ გზა სადმე იყო, აქამდე უნდა
გამოჩენილიყო. მაგრამ როგორ შეიძლება, გზა არ იყოს! სად წავიდოდა!.. და
უცებ აბელი მიხვდა, საღად აზროვნებამ თავისი ქნა. ეტყობა, სადღაც, იმ
ადგილის მახლობლად, სადაც აბელი ტყეში შემოვიდა, გზა მაღლა უხვევდა,
მარჯვნივ. აბელმა კი ფერდობის გასწვრივ იარა, იმ მოსახვევს გასცდა და,
ცხადია, აღმართ-აღმართ სიარულით იმ გზას ვეღარ მიადგება. ამ აღმოჩენამ
იმედი ჩაუსახა. თუ ეს ყველაფერი მართლა ასეა (და შეუძლებელია ასე არ იყოს),
საჭიროა არა მაღლა, არამედ ირიბად - უკან და ოდნავ მაღლა სვლა. აბელმა
გადაწყვიტა, ასეც მოქცეულიყო, მაგრამ უეცრად შეძრწუნებით აღმოაჩინა, რომ
აღარ იცოდა საითაა „წინ“ და საითაა „უკან“. სხეულის ფსკერიდან რაღაც
წამოვიდა და ყელში გაეჩხირა. აბელმა რამდენჯერმე სცადა ნერწყვით ჩაეტანა
უკანვე ეს „რაღაც“, მაგრამ, რაკი არაფერი გამოუვიდა, ქვედა ტუჩი
მტკივნეულად მოიკვნიტა, რათა თვალებში მოწოლილი ცრემლი უკუეგდო.
თავმოყვარეობა მაშინაც გვიკრძალავს ტირილს, როცა მარტო ვართ, რადგან
საკუთარი თავიც სახიფათო მოწმეა. ცრემლს, როგორც იქნა, მოერია, მაგრამ ასე
ერთ ადგილას დგომა შეუძლებელი იყო. რაღაც უნდა ეღონა. როდესაც მძიმე
არჩევანის წინაშე ვართ და გონებას არაფრის გადაწყვეტა არ ძალუძს,
ყოველთვის გვიჩნდება რაღაც გრძნობა, რომელიც ერთ-ერთი გზისკენ გვიბიძგებს.
და თუმცა სინამდვილეში ეს ალალბედზე სიარულია, ჩვენ მაინც იმ
გაუაზრებელ გრძნობას ვემორჩილებით, რადგან მას მცირე იმედი, ილუზიური,
მაგრამ მაინც იმედი, ახლავს. ცუდი ამ დროს ის არის, რომ უმაქნისი გონება
თავის დამარცხებას არ აღიარებს, არამკითხე მრჩეველივით ეჩრება იქ, სადაც
არაფერი ესაქმება, და გუმანის გადაწყვეტილებაში ეჭვებს თესავს. აბელსაც ასე
დაემართა. როგორც კი გუმანის მიერ ნაჩვენებ მიმართულებას გაუყვა, გონებამ
ეჭვი აადევნა. ეჭვი მკაფიოდ და მშვიდად ამბობდა: თუ გუმანი არ გვატყუებს,
კი ბატონო, მაგრამ, თუ გვატყუებს, მაშინ იმ ჩვენს სანუკვარ მიზანს კი არ
ვუახლოვდებით, არამედ უფრო და უფრო ვშორდებით. აბელის პატარა
გამოცდილებამ გონება და გუმანი ვერ მოარიგა და ამიტომ კომპრომისული
გადაწყვეტილება მიიღო: ნელა დაეთვალა ასამდე და თუ ამ ხნის განმავლობაში
გზას ვერ მიაღწევდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ გუმანი ატყუებდა, და
მაშინვე შეეცვალა მიმართულება. მართლაც, ამ გადაწყვეტილებით გაუდგა გზას.
რაც შეეძლო, ნელა ითვლიდა და კუს ნაბიჯით მიიწევდა წინ. დიდრონი ხეები
ასე თუ ისე ჩანდა, მაგრამ ბუჩქებს, ეკალბარდებსა და ხეებსა და ხეებს შორის
ჩახერგილ ხმელ ტოტებს ამ სიბნელეში სრულებით ვერ ამჩნევდა. ცალი ხელი
წინ ჰქონდა გაშვერილი და აქეთ-იქით აცეცებდა, მეორე ხელი მუცელზე მიეჭირა,
რათა ხალათი შემთხვევით რაიმეს არ წამოსდებოდა, სურსათ-სანოვაგე, რომლის
მოგროვებას ამდენი დრო და ამდენი შრომა შეალია, სიბნელეში არ დაპნეოდა.
ასამდე რომ დაითვალა, როგორც დათქმული ჰქონდა, შეჩერდა, მაგრამ მცირე
ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა, კიდევ ასამდე დაეთვალა. ამ გადაწყვეტილებას
თავის ჭკუაში იმით ამართლებდა, რომ წეღან ვერ გაითვალისწინა, ასე ტაატით
თუ მოუხდებოდა სიარული, თუმცა ბუნდოვნად კი გრძნობდა, რომ ეს თავის
მოტყუება იყო და არა თავის გამართლება. ამგვარად, აბელმა გზა განაგრძო.
გამოუსწორებელი ხიფათი იმ დროს შეემთხვა, როცა ოთხმოცდაათი დაითვალა
და ოთხმოცდათერთმეტზე გადავიდა. მორიგი ნაბიჯის გადასადგმელად
აღმართული მარჯვენა ფეხი დიდხანს ეშვებოდა ძირს და აბელი მაშინღა მიხვდა,
თუ რატომ ვერ მიაგნო ფეხმა მიწას, როცა წონასწორობა დაკარგა და შიშმა
გონებაში სიტყვა „უფსკრული“ გააჩინა. გონებამ სადღაც შესაძლებლობის
ზღვარზე დაკვესა, სხეული ერთიანად დაიძაბა და მომდევნო წამს აბელი, ორივე
ხელით რომელიღაც ხის მსხვილ ფესვებს ჩაჭიდებული, ხრამში ეკიდა და
გრძნობდა, როგორ მიცურავდა მისი საგზალი ამოჩაჩული ხალათის ქვეშიდან.
როცა უკანასკნელი თხილიც ჩავარდა და ყრუ შრიალით დაიკარგა სადღაც
ქვემოთ, აბელმა ფეხები შვეულ კლდეს მიაბჯინა, ცალი ხელი გაუშვა ხის ფესვს
და უფრო ზემოთ, სხვა ფესვს დაუწყო ძებნა. იპოვა, ჩაეჭიდა, სიმაგრე მოუსინჯა,
მერე მეორე ხელი გაუშვა და კიდევ უფრო ზემოთ მოაფათურა ახალი ფესვის
საძებნელად. ფეხები სხლტებოდა გლუვ კლდეზე და ჯიუტად ეძებდა უმცირეს
შვერილებს, რომლებზეც ოდნავ მაინც შეიძლებოდა დაყრდნობა. მთელი ენერგია
- ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, - კიდურებში იყო მოქცეული. და აბელი,
ბოლოს და ბოლოს, ამოფორთხდა. მიწაზე რომ დადგა, უკან-უკან წავიდა, შორს
გაეცალა სახიფათო ადგილს და გასავათებული, აკანკალებული, რომელიღაც
დიდი ხის ძირას მოწყვეტით ჩაეშვა ბალახში. თვალებში მოწოლილი ცრემლის
შეკავება ამჯერად უკვე დიდად აღემატებოდა აბელის ძალას. ცრემლი
ღაპაღუპით წამოუვიდა, მაგრამ იმას მაინც ცდილობდა, ჩუმად ეტირა, უხმოდ,
თითქოს აქ, ამ უღრან ტყეში ვინმე გაიგონებდა და თავი მოეჭრებოდა. ბოლოს
ტირილი მოათავა და თავის სავალალო მდგომარეობას დაუფიქრდა. საჭმელი
აღარ ჰქონდა. გზას ვერ მიაგნო. სიარული სახიფათო იყო. იჯდა დაღლილ-
დაქანცული, ზურგით ხის მსხვილ ტანს მიყრდნობოდა. და უეცრად მიხვდა,
რომ, თუნდაც ეპოვა გზა, ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა. სოფელი,
რომელიც გამოიარა, შორს დარჩა. წინ, ღმერთმა იცის, სად იქნებოდა
დასახლებული ადგილი. ასეთ დროს რა მნიშვნელობა აქვს, ტყეში იქნება თუ
ტყის შუა გამავალ გზაზე? ტყე ბნელი იყო, უღრანი, და საშიში დუმილით
დუმდა. აბელმა ერთი პირობა გადაწყვიტა ხეზე ასულიყო და იქ გაეთია ღამე,
მაგრამ ძილში გადმოვარდნის შეეშინდა. ძირს დარჩენაც სახიფათო ჩანდა: ვინ
იცის, რა ნადირი ბინადრობს ამ უცნობ ტყეში! ყველანი ღამით გამოდიან
საკბილოს საშოვნელად... დაღლილმა გონებამ ვეღარ გაუძლო გამოსავლის
დაძაბულ ძებნას და აბელს ჩაეძინა. სიზმარში ტურები ნახა. ტურები მთის
წვერზე გადმოდგნენ და დაიძახეს: „უუუ!...“ მერე ტურებს ჭინკების თავები
გამოესხათ და ახლა ჭინკებმა დაიძახეს ერთხმად: „აბიკო, უუუ!“ აბელი ძილში
შეკრთა და თვალი გაახილა. სიცივისა და შიშისაგან მთელი სხეული
უძაგძაგებდა. ჭინკების მზაკვრობა კარგად იცოდა. შინაურულად დაგიძახებენ,
დათაფლული ხმით დაგელაპარაკებიან და ისეთ უღრანებში შეგიტყუებენ, სადაც
ძეხორციელს არ დაუდგამს ფეხი. შორიდან მოგაჩერდებიან თვალებში, თითით
მიგიხმობენ და უკან-უკან წავლენ. შენც ძალაუნებურად გაჰყვები. არ გინდა
გაჰყვე, მაგრამ მაინც მიჰყვები, თან მონუსხული უყურებ თვალებში... აბელმა
ტყეს ყური მიუგდო, ირგვლივ სიჩუმე იყო. იქნებ ყველაფერი მართლა სიზმარში
ნახა? იქნებ ხმაც სიზმარში გაიგონა? სანამ აბელი ცდილობდა, ძალით ჩაეტენა
თავში ეს იმედიანი აზრი, ტყეში უეცრად ისევ გაისმა: - აბიკო, უუუ!

აბელს გააჟრჟოლა, ხმა ნაცნობი იყო და ძალიან ახლოდან ისმოდა. ნაცნობი რომ
იყო, ეს არ გაჰკვირვებია, - ჭინკა, ვისაც გინდა, იმას გამოაჯავრებს, - ახლოდან
რომ მოისმა, ამან გააკვირვა და შეაშინა. აბელი ხეს აეკრა და სუნთქვა შეიკრა,
თუმცა მშვენივრად ესმოდა, რომ ამით თავს ვერ უშველიდა. ამ დროს იმავე
ნაცნობმა ხმამ თქვა: - დავიძახო კიდევ?

ამას ჯერ ცხენის ხმადაბალი ფრუტუნი მოჰყვა, მერე კიდევ უფრო ნაცნობი და
ახლობელი ხმა: - ჭრაქი ასწიეთ მაღლა!

ამ მეორე ხმამ აბელს ჯერ თბილ ჟრუანტელად დაუარა ტანში და მხოლოდ ამის
შემდეგ გამოეცნაურა.

პაპას ხმა იყო!

იმავ წამს, ჭრაქის შუქმა რომ ხის ტოტებზე და ბუჩქებზე მკრთალი ჩრდილები
აათამაშა, აბელი ზეზე წამოვარდა.

- აგერ ვარ, აგერ! - არ განუზრახავს დაძახება, ისე აღმოხდა და საშინელი


ხრამიც დაავიწყდა, ეკლებიც, დაღლილობაც, მარდად, სირბილით აუყვა აღმართს.

პირველი ნათელი აზრი ის იყო, რომ თურმე გზიდან სულ ხუთ-ექვს ნაბიჯზე
ყოფილა.

გზაზე ცხენებზე ამხედრებული ოთხი კაცი დახვდა.

ჭრაქის შუქზე ჯერ პაპის დაგრეხილი ულვაშები აციმციმდა და აბელს მთელ


სხეულში საამო მოთენთილობა ჩაეღვარა. მერე დანარჩენებს მოავლო თვალი.
პაპას გარდა, აქ იყო ბიძა, ბებიას ძმისწული, ცნობილი უქნარა და ლოთი
შფოთი. და კიდევ ორი უცნობი კაცი, ერთი ხანში შესული და მეორე
ახალგაზრდა, რომლებიც ასაკით განსხვავდებოდნენ, თორემ ისე გაჭრილი
ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს.
აბელის გამოჩენაზე მხედრები სწრაფად ჩამოქვეითდნენ. პაპამ მარჯვენა ხელით
პირჯვარი გადაიწერა, მარცხენა აბელს მოხვია და თავისი მშვიდი, აუჩქარებელი
ხმით თქვა: - კიდევ კარგი, ხმა გაგვეცი. ამ წკვარამში ისე რა მოგაგნებდა.

უცნობმა კაცებმაც პირჯვარი გადაიწერეს. ეს ერთდროულად გააკეთეს და კიდევ


უფრო დაემგვანენ ერთმანეთს.

ბიძას დიდი კბილები გადმოეყარა და იცინოდა. მერე ახლო მივიდა აბელთან და


ჰკითხა: - სად მიდიოდი, რომ მიდიოდი?..

აბელმა ტუჩები მოკუმა და კბილი კბილს დააჭირა.

მხედრები ისევ ცხენებზე შესხდნენ, პაპამ აბელი წინ შემოისვა და ყველანი გზას
გაუდგნენ.

გზაჯვარედინს რომ მიაღწიეს, ბიძა ისევ მოუახლოვდა, ცხენიდან გადმოიხარა


და სიცილით ჰკითხა: - არა, მაინც სად მიდიოდი?

აბელმა გვერდზე გაიხედა, თუმცა სიბნელეში მის ამ საპროტესტო ჟესტს ვერავინ


შეამჩნევდა.

სოფელში ერთ ეზოსთან შეჩერდნენ. პაპა ხანში შესულ უცნობს მიუბრუნდა: -


აბა, დიდი მადლობელი ვარ, ჩემო ემანუელ, და ღმერთმა შემაძლებინოს შენი
პატივისცემის გადახდა.

- აჰ, რას ბრძანებ, ჩემო ბატონო! - შესძახა უცნობმა და პაპას ცხენდაცხენ


გადაუდგა წინ, - ამ შუაღამეზე სად გაგიშვებ! სახლი მაქვს და კარი მაქვს. ეს
ბავშვიც დაზაფრულია და მოსვენება უნდა.

- ქალი გადამერევა, ჩემო ემანუელ, ამბავი თუ არ ჩავუტანე დროზე.

- ოჰ! დილამდე რა უჭირს, შე კაცო! ხომ ხედავ, ბავშვს ფერი არ ადევს სახეზე.

აქ ბიძა ჩაერია გაწევ-გამოწევაში.

- მოდი, ასე ვქნათ, ბიძაჩემო, - უთხრა პაპას, - შენ და ეს მიკლუხო-მაკლაი


დარჩით აქ, ამ პატიოსან ხალხთან. მე წავალ. მარტო უფრო ჩქარა ვივლი.
ამბავსაც გავაგებინებ მამიდაჩემს და სამახარობლოსაც დავტყუებ.

საბოლოოდ ამაზე შეჩერდნენ.

- აბა, კარგად გნახეთ! - დაემშვიდობა ყველას ბიძა და ცხენს ქუსლი შემოჰკრა,


მაგრამ ოციოდე მეტრი არ ექნებოდა გავლილი, რომ აღვირი მოსწია, ცხენი
ყალყზე შეაყენა და უკანვე მოატრიალა. დანარჩენებმა, რომლებიც უკვე ეზოში
აპირებდნენ შესვლას, ეს რომ დაინახეს, შეჩერდნენ და დაელოდნენ. ბიძა ახლოს
მოვიდა.

- არა, მაინც სად მიდიოდი, მამის სულს გაფიცებ? - ჰკითხა აბელს, ხმამაღლა
გაიცინა, ცხენი შეატრიალა და გააჭენა.
აბელი ავახშმეს და ოჯახის ერთ-ერთმა დიასახლისმა დასაძინებლად შეიყვანა
დიდ ოთახში, სადაც უკვე ეძინა ოთხ ბავშვს.

აბელმა რომ გაიხადა და დაწვა, ქალმა საბანი გაუსწორა და, სანამ გავიდოდა,
ჰკითხა: - დედა, შვილო, სად მიდიოდი?

აბელმა ტუჩი მოიკვნიტა და კედლისკენ გადაბრუნდა.

მერე ძილ-ბურანში გვერდით ოთახიდან, სადაც პაპა და ის ორი კაცი ვახშამს


ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ, კიდევ ერთხელ მოესმა.

- სად მიდიოდა, ნეტა?

მეორე დღეს, შინ რომ დაბრუნდნენ, ბებიამ ჰკითხა, სად მიდიოდიო. მერე
სანახავად მოსულმა მეზობლებმა ჰკითხეს, ბავშვებმაც ჰკითხეს. ყველანი თითქოს
მოლაპარაკებული ყოფილიყვნენ, ერთსა და იმავეს ეკითხებოდნენ, იმას
ეკითხებოდნენ, რაზედაც აბელს არც შეეძლო პასუხის გაცემა და არც სურდა.
ერთადერთი, ვისაც ეს საშინელი შეკითხვა არ მიუცია და, საერთოდ, ის ამბავი
აღარ უხსენებია, პაპა იყო. რაც შეეხება ბიძას, ცნობილ დარდიმანდს, ლოთს,
უსაქმურსა და მთელი სოფლის საყვარელ კაცს, იგი წლების შემდეგაც კი, აბელი
რომ ათასში ერთხელ სოფელში ჩავიდოდა, სიცილით დაჰკრავდა ბეჭზე ხელს
და ჰკითხავდა: - არა, მაინც სად მიდიოდი მაშინ?

მერე და მერე, დრო რომ გამოხდა, შთაბეჭდილებები რომ გახუნდა, გონებამ


ბავშვური პრობლემები უკან რომ მოიტოვა და საბოლოოდ ირწმუნა, რომ
„წინ“ და „უკან“ თურმე ფორმალური ცნებები ყოფილა და მათი მეშვეობით
ისეთი რამის თქმას ვლამობთ, რაც ადამიანურ ენაზე არ ითქმის, აბელს
თვითონვე უკვირდა და ღიმილით კითხულობდა თავის გულში, მართლა სად
მივდიოდიო.

მაშინ კი ეს კითხვა, რომელიც ყველას პირზე ეკერა, აუტანელი ტკივილით


ავსებდა. სწორედ ამ კითხვის გამო იყო, რომ ის სამარცხვინო და
ავადსახსენებელი თავგადასავალი დიდხანს არ მიეცა სოფელში დავიწყებას.
როგორც კი ცეცხლი მინელდებოდა, მაშინვე გამოტყვრებოდა ვიღაც, ამ
გარდაუვალ კითხვას ხმელი ტოტივით შეუკეთებდა და ალიც წინანდელივით
ტკრციალ-ტკრციალით ავარდებოდა. იმ ხანებში აბელი მეზობელს ან ამხანაგს
რომ დაინახავდა, შეშფოთებული აკვირდებოდა და ცდილობდა, წინასწარ
გამოეცნო, მოსალოდნელი იყო თუ არა ის საშინელი კითხვა. თხაც კი, ბებიას
წვერცანცარა, სულელი თხაც, დროდადრო ისეთი გამომცდელი თვალით
შემოხედავდა, ეჭვი არაა, ლაპარაკი რომ სცოდნოდა, პირველ რიგში იმას
ჰკითხავდა, სად მიდიოდიო.

მაგრამ დრომ თავისი ქნა, სირცხვილი უწყინარ ხუმრობად იქცა, პრობლემას,


დავიწყების ფარდა ჩამოეფარა და თავგადასავლისაგან დარჩა მხოლოდ კავშირის
ნიშანი, პიროვნების მთლიანობის იდეა.

შემოდგომაზე, აბელი რომ ქალაქში დაბრუნდა, ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი


და დაკვირვებები და ექსპერიმენტები განახლდა. მართალია, ამჯერად
ექსპერიმენტების ტექნიკურ მხარეს უკვე აღარ ახლდა ისეთი საშიშროებანი,
როგორიცაა უფსკრულში გადაჩეხა, ღამე ტყეში მარტო დარჩენა, ჭინკა და მგელი,
მაგრამ ის მთავარი ხიფათი, რომელმაც მაშინ აგრერიგად შეაშინა დედა, არათუ
არ გამქრალა, შესაძლებელია, უფრო გამძაფრდა და გამოიკვეთა. მაშინ, აბელის
წასაყვანად რომ ჩამოვიდა სოფელში და ბებიამ, პაპის მძაფრი პროტესტის
მიუხედავად, დაწვრილებით და, ცოტა არ იყოს, ზედმეტად მუქ ფერებში უამბო
აბელის უდროოდ შეწყვეტილი მოგზაურობის ამბავი, დედამ იტირა და მერე
რამდენიმეჯერ ახსენა (არა შიმშილი, არა მგელი, არა ჭინკა) ორი უცნობი სიტყვა:
„ნევროპათოლოგი“ და „ფსიქიატრი“. აბელმა, რომელიც გვერდით ოთახში ჩუმად
ისმენდა მთელ საუბარს, ორივე სიტყვა დაიხსომა და ქალაქში ჩასვლისთანავე
მათი მნიშვნელობის დადგენას შეუდგა. მეთოდი მარტივი და საიმედო აირჩია:
ნაცნობებთან, განსაკუთრებით მოზრდილებთან (უფროსი ძმა რომ არსებულიყო,
ცხადია, გაცილებით გაიოლდებოდა საქმე), სასხვათაშორისოდ, ვითომ
შემთხვევით, ახსენებდა ამ სიტყვებს და მერე გულმოდგინედ აკვირდებოდა, რას
იტყოდა მოსაუბრე. მალე მართლაც მიაღწია საწადელს და ფრიად და ფრიად
გაკვირვებული დარჩა, როცა შეიტყო, რომ დედას, თურმე ნუ იტყვით, იმის შიში
ჰქონია, ვაითუ აბელი გიჟიაო.

აბელი გიჟი არ იყო. უბრალოდ, უფროსი ძმა არ ჰყავდა და ამიტომ იძულებული


ხდებოდა, ყოველი იდეა, რომელიც კი თავში მოუვიდოდა, თვითონვე
შეემოწმებინა. თუმცაღა, რაკი დედა ამ საქმიანობას სულ სხვა სახელს არქმევდა
(ხოლო, რასაც ერთხელ ამოიჩემებდა, იმას ვერავითარი მტკიცებითა და საღი
მოსაზრებით ვერ შეაცვლევინებდი), საჭირო იყო მკაცრი კონსპირაცია.
კონსპირაციის საქმეს აბელი იოლად აგვარებდა, რადგან დედა საღამომდე არ
ბრუნდებოდა სამსახურიდან.

პირველი განახლებული ექსპერიმენტი ფაქტიურად იმ ძველი, სამარცხვინოდ


დამთავრებული ექსპერიმენტის გაგრძელებას წარმოადგენდა. ერთ მშვენიერ
დღეს, როდესაც სასოწარკვეთილი ფიქრობდა, რატომ ხდება, რომ ადამიანი
ყოველთვის უკან ბრუნდებაო, უეცრად გაახსენდა, რომ ეს მხოლოდ სივრცეს
ეხება, დროში კი პირიქით ხდება, დროში ადამიანი მუდამ წინ მიდის და
არასოდეს უკან არ ბრუნდება. აბელი შეკრთა. დროისა და სივრცის თვისებათა
ასეთი დაპირისპირება უცნაური და გაუგებარი ეჩვენა. მართალია, დროსა და
სივრცეზე მაშინ ასაკის შესაფერისი წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ გუმანით
გრძნობდა მათი ერთიანობის აუცილებლობას, ხოლო სივრცეში მარადიული უკან
მობრუნება და დროში მარადიული წინ მოძრაობა, მისი აზრით, ამ ერთიანობას
დარღვევით ემუქრებოდა.

მაგრამ იქნებ მცდარი აზრია ეს აზრი? იქნებ დროშიც შეიძლება უკან მობრუნება?

ექსპერიმენტები ტარდებოდა ეზოს გადაღმა, მეზობლების უცნაურად


აჩონჩხლილი სათავსების უკან, სადაც ასფალტი არ ესხა და წვიმიან ამინდში
მიწაზე კვალი რჩებოდა, კვალს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა და ამიტომ
იდეალური ექსპერიმენტები ზამთარში ჩატარდა, როცა თოვლი მოვიდა.

თოვლზე სუფთა, მკაფიო კვალი რჩებოდა და აბელმა რამდენიმე სრულყოფილი,


თუმცა, აქვე ვიტყვით, უნაყოფო ცდა ჩაატარა.
როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა, მაშინვე იმ აჩონჩხლილი
სათავსების უკან გადიოდა. ცდისთვის შეგულებული მონაკვეთის თავში
შედგებოდა, გაიტრუნებოდა, საკუთარ არსებას ყურს მიუგდებდა, რათა
დაედგინა და კარგად დაეხსომებინა, როგორი იყო ეს არსება ახლა, ამ მომენტში.
მერე წავიდოდა, მიდიოდა თავაწეული, ზომიერი, მტკიცე ნაბიჯით, მონაკვეთის
ბოლოში წამით ისევ შეჩერდებოდა და უკუსვლით დაბრუნდებოდა ისე, რომ
ზუსტად გამოჰყოლოდა მისივე კვალს. საწყის პოციზიაში დაბრუნებული
ადრინდელივით შედგებოდა, გაიტრუნებოდა, საკუთარ არსებას ყურს
მიუგდებდა და ცდილობდა ამ არსების ახლანდელი მდგომარეობა
წეღანდელისთვის შეედარებინა. ხანდახან ეჩვენებოდა, თითქოს მართლა არაფერი
შეცვლილა და ახლანდელი მდგომარეობა იგივე იყო, რაც წეღანდელი, მაგრამ
მაშინაც კი, როცა ასე ეჩვენებოდა, რომელიღაც ულმობელი გუმანით გრძნობდა,
რომ ეს იგივეობა მოჩვენებითი იყო. სინამდვილეში ამ ორ მდგომარეობას შორის
გადაულახავი უფსკრული იწვა.

ამგვარად, ცდებს წარმატება არ მოჰყოლია. თუმცა პირველ, სოფელში


ჩატარებულ ცდას იმით მაინც სჯობდა, რომ არც არავითარი უსიამოვნება
მოუტანია (რაკი დედამ ვერაფერი შეიტყო). ცდებს წარმატება არ მოჰყოლია,
მაგრამ რაღაც გუმანი, რაღაც ალღო, რაღაც ინტუიცია დაბეჯითებით
არწმუნებდა, რომ იდეა სწორი იყო; უბრალოდ, ცდის ტექნიკა არ იდგა
სათანადო სიმაღლეზე. აბელს ეჩვენებოდა, რომ ადამიანს სადღაც სხეულსა თუ
სულში (ეს ორი ცნება არ ყოფილა მკაცრად გამიჯნული) პატარა ბერკეტი უნდა
ჰქონდეს. საკმარისია ამ ბერკეტს მიაგნო და გადასწიო, რომ ხელად შეიძინო ის
თვისება, რომელიც საჭიროა სივრცეში წინ და დროში უკან სვლისათვის. რაკი
ეს ბერკეტი სინამდვილეში ვერ იპოვა, აბელმა მოქმედების ადგილი ოცნებაში
გადაიტანა. ძილში ვინმე უცხო და უფორმო სულიერი გამოეცხადებოდა, იმ
ნანატრი ბერკეტის ადგილსამყოფელს უჩვენებდა და ისევ გაუჩინარდებოდა.
აბელი სასოებით გადასწევდა ბერკეტს და დილით ქვეყნიერებას განაცვიფრებდა
იმით, რომ სივრცეში არხეინად გაისეირნებდა წინ, და დროში არხეინად
გამოისეირნებდა უკან. ეს ოცნება კარგა ხანს ამარაგებდა აბელს სულიერი
საზრდოთი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ქვეყნიერება რომ საკმაოდ განცვიფრდა,
გრანდიოზულმა აღმოჩენამ რომ საყოველთაო აღიარება მოიპოვა, იდეა რომ
პრაქტიკაში დაინერგა (თუმცა დიდხანს არ ეთმობოდა სხვებისთვის, დიდხანს
მარტო თვითონ დადიოდა ახალი მიმართულებით, საბოლოოდ იძულებული
შეიქნა, საიდუმლო გაემხილა და ფარული ბერკეტი ყველასთვის ეჩვენებინა) და
ყოველდღიური მოხმარების საგნად იქცა, ოცნებაც ყოველდღიური და
ჩვეულებრივი გახდა, გახუნდა და ინტერესი დაკარგა. მაშინ დროისა და
სივრცის კვლევამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და ადგილი ახალ იდეას დაუთმო.

ერთხელ, პურის მოსატანად რომ გაგზავნეს, აბელი ეზოს გამოსცდა და ქუჩის


კუთხეში შეჩერდა. აქედან პურის მაღაზიამდე ორი გზა მიდიოდა: ერთი, უფრო
გრძელი გზა, მთავარ ქუჩას მიუყვებოდა, მეორე - შედარებით მოკლე,
ახლადაშენებული მაღალი სახლის ღია ეზოში გადიოდა. ამ გზებს შორის რაიმე
პრინციპული სხვაობა არ ყოფილა, ერთადერთი ის იყო, რომ მოზრდილები,
როგორც წესი, მთავარი ქუჩით დადიოდნენ პურზე, ბავშვები მოკლეზე
გადასვლას ამჯობინებდნენ. აბელი იდგა კუთხეში და ფიქრობდა. აქამდე
მხოლოდ დროის მოგებაზე ზრუნავდა და ამიტომ ყოველთვის მოკლე გზით
დადიოდა. ახლა კი უცებ საინტერესო აზრი გაუჩნდა: რა მოხდება, გრძელი
გზით რომ წავიდეს? შეიცვლება თუ არა ერთბაშად ყველაფერი: აბელის
მომავალი ცხოვრებაც, ქვეყნიერებაც, მთელი სამყაროც? რატომ ცხოვრებაშიც ისე
არ უნდა იყოს, როგორც ზღაპარშია: „ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ დაბრუნდეს,
ვინც იქით წავიდეს, გვიან დაბრუნდეს...“ თითოეული ნაბიჯი უნდა წყვეტდეს
კაცის ბედს. მარჯვნივ გადადგამ ნაბიჯს, ასე აეწყობა ცხოვრება, მარცხნივ
გადადგამ, ისე აეწყობა. არჩევანი შენს ხელთაა.

აბელმა გადაწყვიტა, ახლავე გამოეყენებინა არჩევანის თავისუფლება და


მკვეთრად შეეცვალა თავისი ცხოვრება. ამ მიზნით გრძელი გზით წასვლა
დააპირა, მაგრამ პირველი ნაბიჯი რომ უნდა გადაედგა, შეჩერდა. მართლა
გრძელი გზით წასვლა შეცვლის ცხოვრებას? მართლა ჩვენს ხელთაა არჩევანი?
იქნებ რაღაც ისეთი ძალაა საქმეში ჩარეული, რომელიც სამყაროს დარაჯობს და
ის გვაიძულებს მუდამ ისეთი გზით ვიაროთ, რომ არაფერი შეიცვალოს და
სამყარო რაიმე ხიფათს არ გადაეყაროს? იქნებ დღეს ისეთი დღეა, რომ სწორედ
მოკლე გზა შეუქმნიდა სამყაროს ხიფათს და ამიტომ შეაჩეჩეს აბელს ასეთი
ფიქრები! აიძულებენ, გრძელი გზით წავიდეს, რათა სამყარო გადაარჩინონ!

ეჭვებით შეპყრობილმა გადაწყვიტა, მოკლე გზით წასულიყო, მაგრამ ბოლო წამს


ისევ ყოყმანი დაიწყო. იქნებ სწორედ ახლა უშვებს შეცდომას? იქნებ წეღანდელი
გადაწყვეტილება სამყაროს უხილავმა დარაჯმა კი არ შემოაჩეჩა, არამედ
თვითონვე მოუვიდა აზრად? სამყაროს დარაჯმა კი მომდევნო ეჭვები გაუჩინა,
რათა სამყაროს შემცვლელ გადაწყვეტილებაზე ხელი აეღებინებინა? აბელი
დაიბნა (საქმე ისაა, რომ რეალურ გზაჯვარედინებს, ზღაპრული
გზაჯვარედინებისაგან განსხვავებით, წარწერები არა აქვს). ბოლოს ისევ გრძელი
გზით წავიდა. ნელა მიდიოდა, ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარ თავსა და
სამყაროს. უკანაც ასევე ნელა დაბრუნდა: ცვლილებები არ შეუმჩნევია. მეორე
დღეს სუფთა წერაში ორიანი მიიღო და ერთხანს დაბეჯითებით ცდილობდა, ეს
ფაქტი განეხილა, როგორც კარდინალური ცვლილებების დასაწყისი, მაგრამ მალე
იძულებული შეიქნა, ამ მოსაზრებაზე უარი ეთქვა. სხვა რომ არაფერი, წინა
კვირაში მიღებული ორიანი მჭევრმეტყველურად ღაღადებდა, რომ აქ
პრინციპულად განსხვავებული მიზეზები მოქმედებდნენ და გრძელი გზით
სიარული არაფერ შუაში იყო. ექსპერიმენტი თითქოს ამით უნდა
დამთავრებულიყო, მაგრამ აბელს იდეა არ ეთმობოდა და ჯიუტად განაგრძობდა
დაკვირვებებს ახალ-ახალი საშუალებებით. ხან ერთი გზით დადიოდა პურის
მოსატანად, ხან მეორე გზით. ხან სწავლობდა გაკვეთილებს, ხან არა. ხელს
იწევდა, როცა გაკვეთილი არ იცოდა, ამხანაგის ზურგს უკან იმალებოდა, როცა
იცოდა.

ცხოვრება კი არ იცვლებოდა. ცხოვრება ძველებურად დუნე იყო, უსახური და


მოსაწყენი. ვინ იცის, იქნებ იცვლებოდა კიდეც, იქნებ თავდაპირველი
ჩანაფიქრის მიხედვით, მძაფრი და ბობოქარი ცხოვრება უნდა გაევლო და
აბელმა თვითონვე შეცვალა იგი თავისი რომელიმე ნაბიჯით, რომელიც იმის
ნაცვლად, რომ მარჯვნივ გადაედგა, მარცხნივ გადადგა? თუ არჩევანი მართლა
შენს ხელთაა და შენი მომავლის შეცვლა შეგიძლია, მაშინ უნდა იცოდე კიდეც,
როგორია ეს მომავალი, რომელსაც შეცვლას უპირებ. იქნებ არც ღირდეს შეცვლა?
აბელის ექსპერიმენტები პასუხს ვერაფერზე ვერ იძლეოდა. ამაფორიაქებელი
კითხვა იდგა, როგორც მტრის ციხესიმაგრე, რომლის აღება აბელის ძალ-ღონეს
აღემატებოდა. ამ კითხვაზე რომ პასუხი გაიცეს, ან წარწერები უნდა იყოს
გზაჯვარედინზე, ან არადა, უნდა შეგეძლოს ერთდროულად გრძელი გზითაც
წახვიდე პურის მაღაზიაში და მოკლე გზითაც. თუ შედარების საშუალება არ
მოგეცა, ვერასოდეს ვერ გაიგებ, შენ თვითონ იღებ გადაწყვეტილებას და, საითაც
მოგესურვება, იქით დგამ ნაბიჯს თუ შენს არჩევანს რაღაც უცხო ძალა
წარმართავს, რაღაც უცხო ძალა გაიძულებს იმ გზით იარო, რომელიც
იმთავითვე გაიჭრა შენთვის.

ამგვარად, კითხვა კითხვად დარჩა.

და მაინც, აბელი დიდხანს განაგრძობდა თავის უიმედო დაკვირვებებს და


ალბათ კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელებდა, მის ცხოვრებაში რომ
მოულოდნელად ჭექა-ქუხილი არ ამტყდარიყო.

თავი მეორე

ჭექა-ქუხილმა ისე უეცრად მოუსწრო, წარღვნამ ისე ერთბაშად მოსწყვიტა მიწას


და გაიტაცა, რომ აბელმა გაკვირვებაც ვერ მოასწრო, თორემ კეთილსინდისიერ
ექსპერიმენტატორს არ შეიძლებოდა ასეთ დროს ეჭვი არ გასჩენოდა: იქნებ ეს
ექსპერიმენტის შედეგია, ნანატრი ცვლილებაა, და იგი რომელიმე მარცხნივ
გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია? მაგრამ წარღვნამ ფიქრის დრო არ დაუტოვა.
წარღვნამ ელვის უსწრაფესად აღგავა პირისაგან მიწისა ყველაფერი, რაც მანამდე
იყო, და ელვის უსწრაფესად აავსო მთელი სამყარო.

წარღვნა, რომელსაც სახელად ნატო ერქვა, სიყვარულის სახით მოვიდა...

მეზობელმა ახალი ბინა მიიღო.

პატარა, ოვალური ფორმის, მოასფალტებული ეზოს ირგვლივ ექვსი ოჯახი


ცხოვრობდა. რაც აბელს თავი ახსოვდა, ამ ძველებურ, ორსართულიან სახლში
არც არავინ მომკვდარა, არც არავინ დაბადებულა, არც არავინ გადასულა და არც
არავინ გადმოსულა. ჩვევა და ყოველდღიური პრაქტიკა ისეთი რამაა, არათუ
ბავშვებს, ჩვენც კი, ჭკუადამჯდარ ხალხს, ხშირად გარდაუვალობისა და
მარადიულობის ილუზიას გვიქმნის. მეზობელთა ნაცნობი სახეები აბელისათვის
ისეთივე მოუშორებელი და აუცილებელი ნიშანი იყო, როგორც წყლის ონკანი
ეზოს ბოლოში, როგორც საღებავგადაცლილი შუშაბანდები, როგორც ახორხლილი
სათავსები.

მაგრამ ეს, ცხადია, მცდარი შთაბეჭდილებაა და მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს,


მეზობელმა, რომელიც აბელის მოპირდაპირე მხარეზე ცხოვრობდა, ისე, რომ
ვიწრო ეზოთი გაყოფილი მათი შუშაბანდები თვალებში უყურებდა ერთმანეთს,
ახალი ბინა მიიღო.

მეზობელი გადავიდა და მეორე დღეს ახალი მეზობლები გადმოვიდნენ.


შუადღისას საბარგო მანქანა ღმუილით შემოვიდა ეზოში და ბარგი შემოიტანა.

აბელი შუშაბანდის ფანჯრიდან უყურებდა, როგორ გადმოჰქონდათ ბარგი


მანქანიდან და როგორ შეჰქონდათ სახლში შავგვრემან, გრძელულვაშა, ჯანიან
მუშებს.

ახალი მობინადრეები ცოლ-ქმარნი იყვნენ. კაცი, დაბალი, სქელი, ქაჩალი,


ფეხებში ებლანდებოდა ახოვან მუშებს და ხელს უშლიდა. ქალი ქმარზე ცოტა
უფრო მაღალი იყო, ცოტა უფრო გამხდარი და ცოტა უფრო ლამაზი. და იმ
ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ ბარგს აბინავებდნენ, ყველაფერი მოასწრო,
მუშებსაც კარგად უხელმძღვანელა, რათა ბარგი მთელი და უვნებელი შეეტანათ
სახლში, ქმარსაც ეჩხუბა და მეზობლებიც გაიცნო.

ბოლოს საქმე მოთავდა, ბრგე მუშები მარდად აცვივდნენ ძარაზე და მანქანა


ღმუილით მიეფარა თვალს.

ცოლ-ქმარმა კარი დაკეტა და სადღაც წავიდა. საღამოს ტაქსით მოვიდნენ და


ჩემოდნები, ჩანთები და სხვა წვრილმანი ბარგი მოიტანეს.

მაგრამ ამჯერად მარტო არ მოსულან. თან ერთი ახალგაზრდა გოგო ახლდათ,


რომელიც, როგორც შემდეგ გამოირკვა, მათი შვილი იყო და რომელსაც, როგორც
შემდეგ გამოირკვა, სახელად ნატო ერქვა.

ახალმა მეზობლებმა მშვენივრად შეავსეს ის ჩარჩო, რომლიდანაც ძველი სურათი


იქნა ამოღებული და მალე ისეთივე ნაცნობი, ახლობელი და ილუზიურად
შეუცვლელნი გახდნენ, როგორიც მათი წინამორბედები იყვნენ.

ერთი სიტყვით, გადანერგვის ოპერაციამ თითქოს მშვიდობიანად ჩაიარა.

სხვებისთვის თითქოს კი არა, მართლა მშვიდობიანად ჩაიარა.

ოღონდ არა აბელისათვის.

აბელის გულში ერთ მშვენიერ დღეს (თუკი ამას „მშვენიერი დღე“ შეიძლება
ეწოდოს) ნატომ გრძნობათა ისეთი კორიანტელი დააყენა, შუადღის სიცხეში
სოფლის შარაგზაზე საბარგო მანქანა რომ ჩამოგიქროლებს, მტვერში გაგხვევს და
მერე ერთხანს, როგორც ბურანში, ისე დააბიჯებ ამ ბინდივით ჩამოწოლილ
ბუღში.

მაშინ აბელი ათი წლისა იყო, ნატო - ცხრამეტის.

აბელს თავდავიწყებით შეუყვარდა ნატო.

სად, როდის და რატომ დაიბადა სიყვარული, ცნობილი არ არის. საერთოდ, არ


არის ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან
კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებით
დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.

სამაგიეროდ მეხსიერებამ სათუთად შემოინახა ის ეპიზოდი, როცა აბელმა


პირველად გაიცნობიერა სიყვარულის ტკბილი, მძლავრი და დამარეტიანებელი
ბიძგი.
ეს მოხდა ზაფხულის ერთ თბილ საღამოს, როცა ნატომ საერთო სახლის პატარა,
ოვალურ ეზოში, თავის თანატოლებზე მსუბუქად, უმწეოდ და ცოტა სასაცილოდ
გაბრაზებულმა, შუბლი შეიჭმუხნა, ფეხი გაცხარებით დააბაკუნა და მხრები
აიჩეჩა (უფრო აიწურა, ვიდრე აიჩეჩა). აბელი ამას თავისი შუშაბანდის
ფანჯრიდან უყურებდა.

ნატო და მისი ტოლი გოგო-ბიჭები „სიტყვობანას“ თამაშობდნენ. ეს ცოცხალი და


საინტერესო თამაში აბელსაც ძალიან უყვარდა. ვინმე რაიმე სიტყვას ჩაიფიქრებს
და იტყვის ამ სიტყვის პირველ ასოს. მეორე მეორე ასოს იტყვის, მესამე -
მესამეს და ასე შემდეგ. ვისზეც სიტყვა დამთავრდება, ის წაგებულია (ამიტომ,
როცა, მაგალითად, ნათქვამია „თარ“ და შენი ჯერია, კი არ უნდა დაიბნე და
„ი“ კი არ უნდა თქვა, არამედ უნდა გაიხსენო, რომ სიტყვა „თარის“ გარდა,
არსებობს სიტყვა „თარგიც“. იტყვი „გ“ -ს და გადარჩები). ერთხელ თუ წააგე,
„შ“ ხარ, მეორე წაგებაზე „შტ“ ხარ. ხუთჯერ რომ წააგებ, უკვე დასრულებული
„შტერი“ ხარ და თამაშიდან გადიხარ. მოფიქრების ვადა ოცამდე დათვლაა. სანამ
შენ ფიქრობ, მსაჯი ხმამაღლა ითვლის.

თამაში ხალისიანად, ხმამაღალი სიცილ-ხარხარით მიდიოდა.

- „ფ“ - დაიწყო მორიგი სიტყვა ერთმა.

- „ა“„ - განაგრძო მეორემ.

- „რ“ - თქვა მესამემ და სიტყვა უკვე გამოიკვეთა. მესამეს ეჭვი არაა,


„ფარი“ ჰქონდა მხედველობაში.

- „დ“! - წამოიძახა მეოთხემ იმ დროს, როცა მსაჯმა თორმეტამდე დაითვალა.

მეხუთე ნატო იყო.

ნატო დაფიქრდა, თითი შუბლზე მიიდო და სივრცეს გახედა.

მსაჯი ითვლიდა.

ნატო აწრიალდა.

- ჩვიდმეტი, თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი! - დაამთავრა მსაჯმა.

იმავ წამს ნატომაც წამოიძახა.

- „უ“, „უ“! ფარდული!

- რაღა დროსია! - მიაძახეს აქეთ-იქიდან. - „შტე“ ხარ!

და მაშინ ნატომ, ამხანაგებზე (შესაძლებელია, თავის თავზე) მსუბუქად, უმწეოდ


და ცოტა სასაცილოდ გაბრაზებულმა, შუბლი შეიჭმუხნა, ფეხი გაცხარებით
დააბაკუნა და მხრები აიჩეჩა (უფრო აიწურა, ვიდრე აიჩეჩა).

ახლა, როცა ამ სიშორეს ვართ და ყველაფერი ცოდნის ულმობელი არშინით


იზომება, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამ ფეხის დაბაკუნებასა
და მხრების აჩეჩვაში მსუბუქი გაბრაზებისა და უმწეო პროტესტის გარდა, იყო
წმინდა ქალური კეკლუცობაც, შესაძლებელია, გაუცნობიერებელი და სარკის წინ
დაუმუშავებელი, მაგრამ მაინც კეკლუცობა. იმ დროს კი, როცა აბელი ათი
წლისა იყო და შუშაბანდის ფანჯრიდან იყურებოდა, ნატოს ქცევაში დაინახა
მხოლოდ მომნუსხველი შინაგანი სიწმინდე, თითქოს სული გამოსულიყოს
სხეულიდან და სხეულის ფორმა მიეღოს.

იმ ღამეს აბელმა დიდხანს იტრიალა ლოგინში და შუაღამე ალბათ კარგა ხნის


გადასული იყო, როცა ჩაეძინა. მეორე დილით კი არითმეტიკის გაკვეთილზე
ბეჯითად და გაცხარებით უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ ნატო გუშინ კი არ
შეჰყვარებია, არამედ ადრეც უყვარდა, ყოველთვის უყვარდა. მართალია, ეს
დასკვნა სწორედ იმით იყო საეჭვო, რომ მტკიცება სჭირდებოდა, მაგრამ აბელს
მაშინ ამდენი არ ესმოდა და ამიტომ ისტორიის გაკვეთილზეც გულმოდგინედ
განაგრძობდა მათემატიკის გაკვეთილზე დაწყებულ მტკიცებას.

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით ის, რაც დღეს კარგადაა ცნობილი: ერთი
შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია უღრმესი და
თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს. და, საერთოდ, სიყვარული მუდამ ასეთ
უბრალო და შეუმჩნეველ დეტალებზე აღმოცენდება ხოლმე. აბელმა ეს არ
იცოდა და ასე ეგონა, ფეხის ბაკუნზე და მხრების აჩეჩვაზე დამყარებული
სიყვარული შეურაცხმყოფელი სიყვარულია. იგი ნატოს შეურაცხყოფდა. ნატო
გუშინს აქეთ ხატად იქცა და მისი შეურაცხყოფა არ შეიძლებოდა. ხატს
დარაჯად უნდა დაუდგე, რათა არაფერი უხეში, არაფერი მდაბალი, არაფერი
ყოველდღიური და თუნდაც ადამიანური არ მიეკაროს, ხატს მტვერი უნდა
გადაწმინდო და, როცა კედელზე გიკიდია, კედელსაც უნდა გადაწმინდო მტვერი.
ხატის ირგვლივ ყველაფერი სუფთა უნდა იყოს.

და აბელი, ფხიზელი რაინდი, ერთგულ დარაჯად დაუდგა სატრფოს ხატს.

(სამწუხაროდ, დარაჯს ყველაფერი არ შეუძლია, მაგალითად, ნატოს მამა,


რომელიც შაბათობით, როგორც წესი, მთვრალი მოდიოდა და სანამ შინ
შევიდოდა, ერთხანს საერთო ეზოში უწყინარი და გულკეთილი ღიმილით
იგინებოდა, ხატის აშკარა შეურაცხყოფა იყო. აბელი ვერაფრით ვერ აკავშირებდა
ამ კაცს, ვისაც ასეთი ბილწი სიტყვები ამოსდიოდა პირიდან, ხატის
სიწმინდესთან და ეს უპასუხო კითხვა დიდხანს აწვალებდა).

ამგვარად, აბელი სიყვარულის წარღვნამ წაიღო და სიყვარულის ტალღებზე


აატივტივა.

დაიწყო სამიჯნურო სპექტაკლი, უთვალავჯერ ერთი და იმავე რეჟისორული


ხერხებით დადგმული, უთვალავჯერ გამოსახვის ერთი და იმავე საშუალებებით
შესრულებული, მარად ძველი და მარად ბანალური და მაინც ყველა
გამოცდილების წამლეკავი, გულისშემძვრელი და თავბრუდამხვევი, მარად ახალი
და მარად ერთადერთი.

სათვალთვალო კოშკი შუშაბანდი იყო. უფრო ზუსტად, ფარდასა და ფარდას


შორის დარჩენილი ვიწრო სამზერი. აბელი ამ სამზერთან დაბანაკდა და ამის
შემდეგ თავისი ახალგაზრდა სიცოცხლის დიდ ნაწილს იქ ატარებდა.
მოპირდაპირე შუშაბანდი აქედან ხელისგულივით ჩანდა. იქ ფარდა იშვიათად
ჰქონდათ გაფარებული და აბელი თავისი საიმედო საფრიდან ხშირად უყურებდა
ნატოს. უყურებდა, როგორ კითხულობდა ნატო, როგორ საუბრობდა, როგორ
იცინოდა და როგორ ამშრალებდა თეფშებს. ორჯერ (ო, ღმერთო!)
პერანგისამარამაც კი გაიელვა შუშაბანდის სიღრმეში და აბელმა ორივეჯერ
სწრაფად აარიდა თვალი (რადგან სიყვარული წმინდაა და ამაღლებული). როცა
ნატო კიბეზე გამოჩნდებოდა, აბელი მყისვე ტოვებდა სათვალთვალო კოშკს და
ეზოს მიაშურებდა. თუ ნატო ფრენბურთის სათამაშოდ ჩამოდიოდა ეზოში,
აბელი ყოველი ღონით ცდილობდა მის გუნდში მოხვედრილიყო და, თუ
საწადელს მიაღწევდა, ბურთს ყოველთვის მას აწვდიდა.

თუ ბედი არ გაუღიმებდა და მოწინააღმდეგე გუნდში აღმოჩნდებოდა, ხანმოკლე,


მაგრამ ბობოქარი შინაგანი ბრძოლის შემდეგ (მძიმე ბრალდებაა, მაგრამ
სიმართლეზე თვალს ვერ დავხუჭავთ) საკუთარ გუნდს ღალატობდა და ვითომ
ვერ იღებდა ბურთებს, რომელთა მიღება სინამდვილეში ადვილად შეეძლო.
საბედნიეროდ, თანაგუნდელები ყველაფერს მის მოუქნელობას აბრალებდნენ და
საშინელ სიმართლეს ვერ ამჩნევდნენ. როცა ნატო საგარეოდ ჩაცმულ-დახურული
გამოვიდოდა, აბელი მაშინვე ტოვებდა საფარს და კისრისტეხით გამორბოდა
ეზოში, რათა გამარჯობა ეთქვა და ახლოდან შეეხედა თავისი ღვთაებისათვის,
ხოლო თუ ნატო გამოელაპარაკებოდა, იმდენი მოეხერხებინა, რომ ჭიშკრამდეც
მიჰყოლოდა.

ნატოს ყოველ დანახვაზე ენით გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა და


სულიერი და ფიზიკური ძალების ისეთ მოზღვავებას გრძნობდა, რომ მზად იყო,
თუნდაც ასჯერ გაგზავნოდა დედას მაღაზიაში.

ერთადერთი დარდი მომავალი ზაფხული იყო.

მართალია, წინ თითქმის მთელი წალიწადი იდო, მაგრამ გრძნობდა, ეს „მთელი


წელიწადი“ თვალის დახამხამებაში გაირბენდა: არდადეგების დრო დადგებოდა,
სოფელში გაგზავნიდნენ და მთელი სამი თვე ვერ ნახავდა თავისი გულის
დარდს. ამის გაფიქრებაზე აუტანელი სევდა შემოაწვებოდა და თვალზე ცრემლი
მოადგებოდა.

თვითონ ნატო რაღას ფიქრობდა?

მასაც უყვარდა აბელი თუ აბელის სიყვარული ცალმხრივი და უიმედო იყო?

თავიდან აბელს გულუბრყვილოდ სწამდა, რომ მისი სიყვარული, ცალკე,


დამოუკიდებლად აღებული, უკვე ნიშნავდა ბედნიერებას და ეს საეჭვო კითხვა
ასე პირდაპირ არასოდეს დაუსვამს. ვინ იცის, იქნებ ეშინოდა ამ კითხვის, ან
იქნებ ეს კითხვაც მკრეხელობად და ხატის შებღალვად მიაჩნდა.

როცა ღრუბლებში დავცურავთ, მართლა კი არ გვავიწყდება, არამედ მხოლოდ


ვუმალავთ თავს, რომ დაბლა მიწა გველოდება. ეს უვიცობით მოგვდის, რადგან
დამალვა შეუძლებელია. საერთოდ, ცნება „დამალვა“ ხელოვნური, მოგონილი
ცნებაა.

ამიტომ ეს საშიში კითხვა ყოველთვის არსებობდა. ბუნდოვნად, ნახევრად


გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც არსებობდა. არსებობდა, როგორც სახლიდან
გაგდებული ძაღლი, რომელიც გამწარებული აფხაჭუნებს კარზე და შემოსვლას
ცდილობს.

უყვარდა თუ არა ნატოს აბელი?

ახლა ეს კითხვა სევდიან ღიმილს გვგვრის. ახლა, ამ სიშორიდან, ცოდნისა და


გამოცდილების გარდაუვალი ცოდვებით დამძიმებულები იმასაც კი ვვარაუდობთ,
რომ ნატომ ქალური ალღოთი იგრძნო აბელის სიყვარული, რომელსაც
სინამდვილეში, შესაძლებელია, სხვა სახელი უფრო შეეფერებოდა. იგრძნო და
გაუცნობიერებლად, ისევ ქალური გუმანით, ისეთი მიზეზების გამო, რომლებიც
ქალის ფსიქიკის უღრმეს ფენებშია ჩამარხული, ჩაეჭიდა ამ მორწმუნე
სიყვარულს, არ გაუშვა და დრომდე და ვადამდე შეინარჩუნა, მტკიცედ დაიჭირა
ანგარებიანი ხელით ის თოკი, რომელზეც ერთგული ძაღლი იყო გამობმული.
რისთვის სჭირდებოდა ეს, რატომ გააკეთა, ღმერთმა იცის. თუმცა ყოველივე ეს
მერმინდელი ვარაუდია. მაშინ კი ასეთი მკრეხელური აზრები, ცხადია, აბელის
გულს არ გაეკარებოდა და არც გაჰკარებია. აბელი არ მოითხოვდა პასუხს, აბელი
მხოლოდ ბუნდოვნად ნატრობდა რაღაცას, რაც ღვთის წყალობას უფრო ჰგავდა,
ვიდრე სატრფოს პასუხს.

ასეთი ნატვრა ლოცვაში ჰპოვებს ხოლმე სადინარს.

აბელმა არ იცოდა, როგორ ლოცულობდნენ ეკლესიაში, მაგრამ ღამით, ძილის


წინ, თავის პატარა ოთახში, თვალდახუჭული წარმოიდგენდა ღმერთს და
ლოცულობდა ისე, როგორც, მისი აზრით, ლოცულობდნენ ეკლესიაში.

ლოცვის ფორმულები არ შემონახულა. თუ ზოგადი შინაარსის მიხედვით


ვიმსჯელებთ, აბელი მოითხოვდა, რომ ღმერთს თავისი მფარველობის ქვეშ
ჰყოლოდა ნატო, ეს ამაღლებული და წმინდა არსება, ეს მტვერში ამოსული
ვარდი, მოწყალების კალთა გადაეფარებინა და ყოველი ღონე ეხმარა, რათა ეს
უმშვენიერესი არსება მარად ამაღლებული, მარად წმინდა და მარად ბედნიერი
ყოფილიყო. გარდა ამისა, ღმერთის მოვალეობაში შედიოდა, დროდადრო
აბელისათვის საშუალება მიეცა ხატის ხილვით დამტკბარიყო.

(უნდა ითქვას, პირველ ხანებში ღმერთი ამ მისიას მართლაც ღვთაებრივი


კეთილსინდისიერებით ასრულებდა).

ნატო რაღას ფიქრობდა? თანაუგრძნობდა თუ არ თანაუგრძნობდა აბელის დიდ


სიყვარულს?

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მოგვეპოვება. სამაგიეროდ ქალ-ვაჟის


ურთიერთობიდან ცნობილია ზოგიერთი ისეთი დეტალი, საიდანაც
დაინტერესებულ მკითხველს გარკვეული (თუმცა, ცხადია, არა სავსებით
სარწმუნო) დასკვნების გამოტანა შეუძლია.

კერძოდ, ცნობილია, რომ იმ მარადმოსაგონარი საღამოს შემდეგ, როცა ნატომ


შუბლი შეიჭმუხნა, ფეხი დააბაკუნა და მხრები აიჩეჩა, იგი აშკარად და
დაუფარავად ანიჭებდა უპირატესობას აბელს დანარჩენი ბავშვების წინაშე:
თამაშის დროს პირველ რიგში ირჩევდა პარტნიორად, ღიმილით ესალმებოდა და
ხშირად ემასლაათებოდა კიდეც. ორჯერ კინოშიც წაიყოლია. როცა მაღაზიაში
მიდიოდა, ხშირად თან იახლებდა ხოლმე. და არა მარტო მაშინ, როცა აბელი
საფრიდან გამოვარდებოდა, რათა შეხვედრის შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვა.
არაერთხელ, აბელი რომ რაღაც მიზეზის გამო სათვალთვალო კოშკში არ
იმყოფებოდა, ნატოს თვითონ დაუძახია და უთხოვია, ამა და ამ ადგილას
მივდივარ და თუ გცალია (თუ გცალიაო, ღმერთო!), წამომყევი, მარტო წასვლა
მეზარებაო. ზოგჯერ საღამოობით შინაც ესტუმრებოდა და მთელი საათი
რჩებოდა აქ აბელთან და დედამისთან.

ცხადია, ამ მონაცემებიდან (განსაკუთრებით, თუ ამ მონაცემებს ერთად


თავმოყრილს განვიხილავთ) მართლა შეიძლებოდა შორსმიმავალი დასკვნების
გამოტანა, მაგრამ აბელი მთლიანად თავის სიყვარულში იყო გახსნილი და მის
არსებაში პიროვნება აღარ დარჩენილა. ხოლო თუ პიროვნება არ გაგაჩნია, მაშინ
არც ის პატივმოყვარეობა გაგაჩნია, რომელმაც შენთვის სასარგებლო დასკვნები
უნდა გააკეთოს. აბელი მხოლოდ იმას გრძნობდა დროდადრო, რომ ფერად
ღრუბლებში იწვა, როგორც გიგანტურ ჰამაკში, და ნეტარი გრძნობით ირწეოდა
სამყაროში.

გვაგონდება კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელმაც კინაღამ ამომწურავი პასუხი


გასცა იმ მომაკვდინებელ კითხვას.

ერთხელ ნატო და აბელი საიდანღაც ერთად დაბრუნდნენ. ეზოში მოზრდილი


გოგო-ბიჭები თუთის ქვეშ, მერხზე ისხდნენ და მხიარულად მასლაათობდნენ.
ნატოს და აბელის დანახვა-ზე ერთმა მათგანმა ხმამაღლა წამოიძახა: - შეხედეთ,
შეყვარებულები მოდიან!

აბელი შეკრთა, გაწითლდა, იქვე მოისაზრა, რომ გაწითლება უფრო


გაამჟღავნებდა მის ხვაშიადს და შეეცადა, სიწითლე სახიდან ჩამოერეცხა. ამის
გამო კიდევ უფრო გაწითლდა. თანაც გულში საიდუმლოს გამჟღავნების ხიფათის
გარდა შეურაცხყოფის ბალღამიც ტრიალებდა: სიტყვა „შეყვარებული“ შეიძლება
სხვებისთვის შესაფერისი გამოთქმა ყოფილიყო, მაგრამ ნატოს, ხატსა და
ღვთაებას, იგი ჩვეულებრიობისა და ყოველდღიურობის ჩირქს სცხებდა.

ნატომ გაიცინა. გაიცინა მხიარულად, გულღიად, ლაღად.

- გასკდით გულზე, შურიანებო!

აბელი ვერ მიხვდა, ეს პასუხი უხეშად, ადამიანთა ენაზე რომ ვთქვათ,


„ჰოს“ ნიშნავდა თუ „არას“. აბელს სული უცახცახებდა, მის გაუცნობიერებელ
არსებას უდიდესი შიშით ეშინოდა, ეს საუბარი არ გაგრძელებულიყო, და
უდიდესი ნატვრით ენატრებოდა, ეს საუბარი არ შეწყვეტილიყო.

საუბარი სხვა თემაზე გადავიდა.

ამ ყოვლისმომცველ და (როგორც აბელს სწამდა) მარადიულ სიყვარულს ერთი


ხინჯი ახლდა: ნატო აბიკოს ეძახდა. ეს მწარე და გარდაუვალი ტკივილი იყო.
იმის თქმას, ცხადია, ვერ ბედავდა, აბელი დამიძახეო. ერთადერთი ისღა
დარჩენოდა, თავის ფიქრებსა და ოცნებაში დუმილით აევლო გვერ-დი ამ
საჩოთირო პრობლემისათვის.
ბურუსში შეხვეული ნეტარება კარგა დიდხანს გაგრძელდა. მაგრამ, როგორც
ვიცით, ცხოვრებას ასეთი წესი აქვს: ერთ ჭიქა შარბათს შეგასმევს, მერე ერთ
ჭიქა სამსალას მიგაყოლებინებს.

განსაკუთრებული სიმკაცრითა და თანმიმდევრულობით ცხოვრება ამ წესს


სატრფიალო-სამიჯნურო ჟანრში იცავს.

ის ლაზღანდარა მეკონდიტრე, რომელმაც ფქვილში ამოგანგლული გრძელი,


თეთრი ხალათითა და უტიფარი ღიმილით შემოაბოტა აბელის სიყვარულში,
მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა.

აბელი მარტო იყო ეზოში და კნუტს ეთამაშებოდა. დაჭმუჭნულ,


დაგორგოლავებულ ქაღალდზე გრძელი ძაფი ჰქონდა მობმული: ძაფის ბოლო
ხელში ეჭირა. ქაღალდს მიწაზე დადებდა, კნუტი ფორთხვით, სიფრთხილის
ყველა ზომის დაცვით წამოეპარებოდა ქაღალდს, მაგრამ სულ ახლოს რომ
მივიდოდა, თავს აღარ ესხმოდა. გაწვებოდა ქაღალდის წინ, ნახტომისთვის
გამზადებული, და უცნაური გამომეტყველებით, თითქოს რაღაც უკვირსო,
მიაჩერდებოდა. მაშინ აბელი ძაფს მოსწევდა. კნუტი, რაკი დაინახავდა, ქაღალდი
გაქცევას აპირებსო, სწრაფად ისკუპებდა და დაედევნებოდა. თუ დაიჭერდა, სულ
ცოტა ხანს ათამაშებდა წინა თათებით და ისევ გაუშვებდა, რათა კვლავ
დადევნების საშუალება ჰქონოდა. ორივენი - აბელიცა და კნუტიც, მშვენივრად
ერთობოდნენ, როცა უეცრად აბელის გულმა ძგერას უმატა. გული პირველი
გრძნობდა ნატოს გამოჩენას. მართლაც, აიხედა თუ არა აბელმა, დაინახა ნატო,
რომელიც სახლიდან გამოსული-ყო და კიბეზე ეშვებოდა.

- გამარჯობა, აბიკო! - შემოსცინა ნატომ.

- გაგიმარჯოს, - მიუგო აბელმა, რომელიც ამ დროისათვის უკვე ბედს


შერიგებული იყო და „აბიკოს“ შედარებით მშვიდად ისმენდა.

- შენია ეგ კნუტი? - ნატო ახლოს მივიდა.

- არა. გუშინ საღამოს გამოჩნდა საიდანღაც და აქ დარჩა. პატარაა ჯერ, ამ


დილით რძე დავალევინე.

- რა ლამაზი ყურები აქვს! - ნატო კიდევ უფრო ახლოს მივიდა, - ფისო, ფისო...

კნუტმა მტრულად შეხედა და უკან დაიხია. ნატოსაც აღარ გამოუდვია თავი,


ისევ აბელს მიუბრუნდა: - წამო, საკონდიტროში წამომყევი, ნამცხვარი მინდა
ვიყიდო, წამომყვები?

- კი, - აბელი წასასვლელად გაემზადა.

- ხელები გადაიბანე, კატის ბეწვები არ გქონდეს.

აბელს გული უკვდებოდა, როცა ნატოს დამოკიდებულებაში ისეთი ინტონაცია


და ისეთი ქცევა იჩენდა თავს, რომელიც დედას აგონებდა. ბოლოს და ბოლოს,
დედა დედაა და სატრფო სატრფოა. მაგრამ უკვე იმდენი გამოცდილება ჰქონდა
დაგროვებული, რომ იცოდა, სიყვარული ისეთი რამაა, რაც ღვთაებრივი
ნეტარების საფასურად ყოველდღიურად ითხოვს მსხვერპლის გაღებას. ამიტომ
უხმოდ და მორჩილად მივიდა ონკანთან, ხელები დაიბანა და ხალათზე
შეიწმინდა.

საკონდიტროში არავინ იყო, არც მყიდველი და არც გამყიდველი, მაგრამ


როგორც კი ნატო და აბელი შევიდნენ, დახლს უკან კარი გაიღო და
თეთრხალათიანი ბიჭი გამოვიდა. აბელმა მაშინვე იცნო. ზედა ქუჩაზე
ცხოვრობდა და საღამოობით ფეხბურთს თამაშობდა უბნის სტადიონზე.

- ლამაზ ქალიშვილებს ურიგოდ ვემსახურებით, - უტიფარი ღიმილით თქვა


ბიჭმა.

აბელს გულმა რეჩხი უყო და მუცლის არეში რაღაც უცნაურმა სიმხურვალემ


დაუარა. ეს ბიჭი იქაც არ მოსწონდა, სტადიონზე, თუმცა გულში იძულებული
იყო ეღიარებინა, რომ ფეხბურთს კარგად თამაშობდა. რაღაც ორგანულ
ანტიპათიას გრძნობდა მის დანახვაზე. რას ემყარებოდა ეს ანტიპათია, არ იცოდა.
არც ახლა იცოდა, რატომ იყო მისი ქათინაური ასე უსიამოვნო, მაგრამ
ბუნდოვნად ხვდებოდა, რომ ასეთი მდაბალი და ჭუჭყიანი ქათინაური წმინდა
ხატს შეურაცხყოფდა.

ეჭვიანობაზე ჯერჯერობით არავითარი ცნობიერი წარმოდგენა არ ჰქონდა.

ყველაზე მწარე მაინც ის იყო, რომ ნატომ მეკონდიტრის ნათქვამზე


უდარდელად გაიცინა.

- როცა რიგი დგას, მაშინაც ურიგოდ ემსახურებით?

- ყოველთვის, - მტკიცედ მიუგო მეკონდიტრემ. მეტი დამაჯერებლობისთვის


თავიც გაიქნია და დაუმატა, - ყოველთვის, ყოველ წუთს, ყოველ წამს.

- გამყიდველად დაგაწინაურეს? - ღიმილით ჰკითხა ნატომ და ეს ღიმილი მწარე


ტკივილად ჩაეღვარა აბელს გულში. იმავ წამს მიხვდა, რომ ნატო და ეს ბიჭი
ერთმანეთს იცნობდნენ. ამან ჯერ თითქოს შვება მოჰგვარა, მერე კი უფრო
ააფორიაქა.

მეკონდიტრე უტიფარი ღიმილით მისჩერებოდა ნატოს.

- დამცინით, - თქვა ბოლოს და რატომღაც საანგარიშოზე ერთი კოჭი ჩააგდო, -


მაგრამ თქვენ ყველაფერი გეპატიებათ.

- ნახევარი კილო ქადა და ნახევარი კილო ნაპოლეონი, - უთხრა ნატომ.

- ჯერჯერობით ფქვილის ტომრებს ვათრევ მანქანიდან საცხობამდე, - თქვა


მეკონდიტრემ და კიდევ ერთი კოჭი ჩააგდო, - მაგრამ ზაფხულში
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარებ და ხუთ წელიწადში საქართველოში
პირველი ინჟინერი ვიქნები. გზების მშენებელი ინჟინერი - თან პარკი აიღო და
შიგ ნამცხვრის ჩალაგება დაიწყო. - საგანგებოდ თქვენთვის გავიყვან საუკეთესო
გზას და ზედ ფიანდაზად გაგეგებით.

ნატომ ისევ გაიცინა.


აბელს გულ-მუცელი უდუღდა. ასეთ ბრიყვულ მდგომარეობაში ჯერ არასოდეს
ჩავარდნილა. შენს წმინდა ხატს შენივე თანდასწრებით ეარშიყებიან, შენ კი
სულელივით დგახარ პირდაღებული და არ იცი რა ქნა: გინდა ჩაერიო, მაგრამ
გრძნობ, ამით თავს უფრო სასაცილოს გაიხდი.

(აბელი თავის გულს ასკდებოდა, ის კი არ იცოდა, რომ ასეთი სიტუაციაში


მერეც კი, როცა მრავალი წელი გაივლის და დიდი გავიზრდებით, ვერ ვატყობთ
ხოლმე, სად გადის ის ზღვარი, როცა უკვე შეგვიძლია საქმეში ჩავერიოთ და
იმის შიში არ გვქონდეს, ვაითუ სასაცილოები შევიქნეთო).

ამ დროს ლაზღანდარა მეკონდიტრე აბელს მიუბრუნდა.

- ბიჭი, შენს გაზრდას, ერთი ის პატარა გირი მომაწოდე...

სიბრაზისა და შეურაცხყოფისაგან აბელს თვალთ დაუბნელდა.

მაგრამ მთავარი საშინელება მერე მოხდა.

როცა გონებამ შეურაცხყოფა მთელი სიგრძე-სიგანით გაიაზრა, აბელმა საშინელი


ტკივილით აღმოაჩინა, რომ გირი უკვე მიეტანა და მიეწოდებინა
მეკონდიტრისათვის.

გულ-მუცელი ისე დუღდა, როგორც ცეცხლზე შემოდგმული ლობიო.

და აბელს ახლა არაფერი უნდოდა, გარდა იმისა, რომ ამ ბილწსა და


ლაზღანდარა მეკონდიტრეს კიდევ დაევალებინა რამე, კიდევ ერთხელ
დაესაქმებინა. რეაბილიტაციისა და შურისძიების სხვა გზას აბელი ვერ ხედავდა.

მაგრამ მეკონდიტრეს აბელი აღარ გახსენებია. ნამცხვარი აწონა, ნატოს ფული


გამოართვა და უთხრა (თან საანგარიშოზე მესამე კოჭი ჩააგდო): - იცოდეთ, ჩემი
სიყვარული უკვდავია.

აბელს უკვდავი მხოლოდ თავისი სიყვარული ეგონა.

მაგრამ ეს უკვდავი სიყვარული ახლა შეურაცხყოფილი და გაწბილებული იყო.

საკონდიტროდან რომ გამოვიდნენ, ერთგული ქურუმი ფეხათრევით გაჰყვა


გვერდით თავის შეგინებულ ხატს.

აბელმა იცოდა სევდაცა და დარდიც, ტანჯვაცა და წუხილიც, ტკივილიცა და


წამებაც, მაგრამ დღეს ცხოვრებამ განსაკუთრებით დიდი სასმისით შეასვა
სამსალა. ახლა მთელი სხეული შხამით ჰქონდა გაჟღენთილი. დანა პირს არ
უხსნიდა. ცოცხალ-მკვდარი მდუმარედ მიაბიჯებდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა,
თითქოს მხრებზე რაღაც აუტანლად მძიმე ტვირთი ედო, რომელიც სადაც იყო,
წააჩოქებდა და გასრესდა. ცხოვრება იყო ბნელი და განუკურნებელი სენით
შეპყრობილი. თურმე ვიღაცას უთქვამს, ქალი სანდო არ არისო, მაგრამ აბელს
დღემდე არ სჯეროდა. ყოველ შემთხვევაში, ის კი მაინც ღრმად სწამდა, რომ ეს
ნათქვამი ნატოს არათუ არ ეხებოდა, ახლოც კი ვერ გაეკარებოდა. თურმე რა
მწარედ ცდებოდა!
ნატომ მალე შეამჩნია აბელს უგუნებობა და ჰკითხა: - რა იყო, აბიკო, რა
დაგემართა?

და ამ შეკითხვის უდარდელ-გაკვირვებულ კილოზე აბელი საბოლოოდ


დარწმუნდა, რომ ქალი ყველა ქალია და არც ერთი მათგანი სანდო არაა.

აბელმა განზე გაიხედა.

- არაფერი, - მიუგო ოდნავ ყრუ ხმითა და ისეთი გულგრილი ტონით, რომელიც


ნიშნავდა: „კმარა თვალთმაქცობა! შენ უკეთ უნდა იცოდე, რაც დამემართა!“

მაგრამ ნატომ არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში, თავი ისე ეჭირა, ვითომ არ


იცოდა, და ამჯერად ხმაში შეშფოთების კილო (ჰმ!..) გამოურია: - ხომ არაფერი
გტკივა?

აბელმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და გუნებაში მწარედ, ძალიან მწარედ გაეცინა.


უნდოდა ეთქვა, გული მტკივაო (ოღონდ დაბეჯითებით არ იცოდა,
„გული“ აჯობებდა თუ „სული“), მაგრამ თავი შეიკავა. რა აზრი აქვს ლაპარაკს,
როცა იცი, მაინც ვერ გაგიგებენ!

აბელი თბილად იყო გახვეული თავის დარდსა და შეურაცხყოფაში და ცოტა


გაკვირვებული და ცოტა შეფიქრიანებული ატყობდა, რომ ეს დარდი და
შეურაცხყოფა თანდათან რაღაც ისეთს ჰგვრიდა, რაც ძალიან ჰგავდა სიამოვნებას
(ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბავშვი მწუხარებას გაზვიადების გზით
ნეტარებად აქცევს და ვინც ამ თვისებას მერეც შეინარჩუნებს, ის მერეც ნეტარია).

ხოლო ნატომ, რაკი პასუხი ვერ მიიღო, ხელი მკლავში გამოსდო (ო, ეს ქალები,
ეს ცრუ და ორპირი არსებანი! მაინც რა ალღოთი პოულობენ იმ ერთადერთ
საშუალებას, რომელიც გვაიძულებს, მათი სიცრუე და ორპირობა, ესოდენ ცხადი
და ეჭვმიუტანელი, ერთბაშად დავივიწყოთ?!) და ბეჭით მიეკრო. და რამდენს არ
ეცადა აბელი, თავისი დიდი შეურაცხყოფა და გულის (ან, შესაძლებელია,
სულის) ტკივილი შეენარჩუნებინა, ცხადად, ლამის ფიზიკურად ხედავდა,
როგორ შრებოდა ეს ტრაგიკულად მშვენიერი, ამაღლებული ტანჯვა და როგორ
იკავებდა მის ადგილს სულელურად აკუნტრუშებული სიხარული.

სიყვარული გადარჩა. მაგრამ იმ დღეს აბელმა პირველად იგრძნო ადამიანის


სიძულვილი. ის გაუცნობიერებელი ანტიპათია, რომელიც ლაზღანდარა
მეკონდიტრის მიმართ ადრევე ჰქონდა, სახედასრულებულ სიძულვილად ექცა.
აბელი მეკონდიტრეს მოსისხლე მტრად თვლიდა და როგორც ეს მომავალ
შემოქმედს შეეფერება, არაერთხელ გასწორებია მას მკაცრად და ულმობლად
თავის ოცნებაში.

რეალურ ურთიერთობას ცოტა სხვაგვარი სახე ჰქონდა. იმ დღის შემდეგ აბელი


საკონდიტროში აღარ შესულა. ცდილობდა, საკონდიტროს წინაც კი არ ჩაევლო.
როცა მოსისხლე მტერს სადმე შეეყრებოდა, თვალს არიდებდა. ეს გაუგებარი და
შემაშფოთებელი ფაქტი იყო და თუმცა აბელი გულმოდგინედ გაურბოდა ამაზე
ფიქრს, ბოლომდე გაქცევას მაინც ვერ ახერხებდა. იცოდა, რომ თვალს
სიძულვილის გამო არიდებდა, მაგრამ ზოგჯერ ეჩვენებოდა, თითქოს ამ
სიძულვილს შიშის ფერი დაჰკრავდა. ცხადია, შიში გამორიცხული იყო.
შესაშინებელი რა სჭირდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ მეკონდიტრემ
ხომ არ იცოდა აბელის გულისნადები! მაშასადამე, არც მისი რაყიფობა იცოდა.
არა, შიში გამორიცხული იყო. მაშ რა ერქვა იმ ღრმა, შორეულ, ქვენა გრძნობას,
რომელიც აბელის სიძულვილში იყო შერეული და აბელის პიროვნებას (ბევრიც
რომ ვმალოთ, მაინც არაფერი გამოვა, რადგან დამალვა, როგორც ითქვა,
მოგონილი ცნებაა) სამარცხვინო ლაქად ედო?

(ამ მართლაც ძალიან ღრმად დაფარული, კარგად შენიღბული ბერკეტის მიგნება


მაშინ, მრავალი წლის წინ, შეუძლებელი იყო. ახლაც კი, მრავალი წლის შემდეგ,
საკმაო გაბედულება გჭირდება საიმისოდ, რომ საკუთარ თავს თვალი გაუსწორო
და ხმის აუკანკალებლად თქვა: როცა შეურაცხყოფილი თვითონ გაურბის
შეურაცხმყოფელთან შეხვედრას, ეს იმის ნიშანია, რომ მისგან ინტელიგენტი
იზრდება.) ცხოვრება უცნაურად აჩონჩხლილი ჯაჭვია. ერთხელ ის ლაზღანდარა
მეკონდიტრე ისე სცემეს, ძვალი და რბილი გაუერთიანეს.

საღამოვდებოდა. დიდი ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ უბნის სტადიონზე.


პატარები მოედნის პირას ისხდნენ, მაგრამ არა იმდენად საყურებლად,
რამდენადაც იმის იმედად, რომ იქნებ დიდებს მალე მოეთავებინათ თამაში და
თვითონაც მოესწროთ ცოტა ფეხის გამართვა. მაგრამ დიდებს გოლის გატანა
უჭირდათ და, როცა თამაშს მორჩნენ, უკვე ბინდი წვებოდა.

მოთამაშეთაგან ზოგი მაშინვე წავიდა, დანარჩენები მოედნის კუთხეებში


მიმოიფანტნენ, ბალახზე დასხდნენ და ოფლის შეშრობას ელოდებოდნენ.
ლაზღანდარა მეკონდიტრემ თავისი ტანსაცმელი აიღო, წამოვიდა და თითქოს
ჯიბრზე, პატარების იმ ჯგუფის მახლობლად დაჯდა, სადაც აბელი იყო. აბელი
უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ოდნავ უკანაც კი გაჩოჩდა. კიდევ კარგი,
მეკონდიტრე მათკენ ზურგშექცევით დაჯდა. იჯდა ასე ოდნავ უკან გადაწეული
და ზურგს უკან ხელებით მიწას დაყრდნობილი.

ამ დროს მოედანზე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ხუთი ბიჭი შემოვიდა.


მართალია, სულ სხვადასხვანაირები იყვნენ - ერთი უფრო მაღალი, მეორე უფრო
დაბალი, მესამე უფრო მსუქანი, მეოთხე უფრო გამხდარი - მაგრამ ხელები
ერთნაირად ეწყოთ ჯიბეებში, ერთნაირად მოირწეოდნენ და სახეზე ერთნაირად
ხაზგასმული უდარდელი გამომეტყველება ჰქონდათ. ნელა მოდიოდნენ,
აუჩქარებლად. კარის ძელთან მოლაპარაკებულებივით შეჩერდნენ, მერე ერთი
თავგადახოტრილი, კეფაგაბრტყელებული, ყურებდაცქვეტილი ბიჭი გამოეყო
დანარჩენებს, წამოვიდა და ისეთივე ნაბიჯით, ისეთივე გამომეტყველებით, ისევ
ისე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიუახლოვდა ლაზღანდარა მეკონდიტრეს.
მეკონდიტრეს არ შეუმჩნევია, სადღაც ზემოთ იყურებოდა.

- მეგობარო! - ისეთი გაბრტყელებული კილოთი, ისე მარცვალ-მარცვალ


ამოღერღა თავგადახოტრილმა, თითქოს პირიდან წყვეტილი ხაზი ამოიძროო.

აბელი მიხვდა, რომ აქ რაღაც ანგარიშსწორება გაიმართებოდა და გულში


სიამოვნების ნაპერწკალი აუკიაფდა. მის მოსისხლე მტერს თავად ღმერთმა
მოუვლინა დამსჯელი ექსპედიცია.
მეკონდიტრემ ნელა მოაბრუნა თავი და ახედა. პასუხი არ გაუცია. მაშინ
თავგადახოტრილმა მხრები რაღაც უცნაურად შეჰყარა, იდაყვში მოხრილი
მარცხენა მკლავი მაღლა ასწია, ხელის მტევანი გაფარჩხული თითებით ოდნავ
შეარხია და წყვეტილი ხაზის მომდევნო მონაკვეთი ამოიძრო პირიდან: - სიტყვა
მაქვს შენთან.

მეკონდიტრე არ შერხეულა, ერთხანს უხმოდ უყურა. მერე ისე მოულოდნელად,


ისე ერთბაშად, ერთიანი მოძრაობით წამოხტა ზეზე, რომ თავგადახოტრილი
შეკრთა, მაღლა აწეული ხელი ჩამოუვარდა და უნებურად ნაბიჯი უკან გადადგა.

- რას მიბრძანებთ? - ჰკითხა მეკონდიტრემ და გაუღიმა.

- რა უნდა გიბრძანო... - წყვეტილი ხაზი ნელა, ტაატით ამოდიოდა პირიდან, -


შენ იმ გოგოს თავს არ დაანებებ?

მეკონდიტრე, რომელსაც თავგადახოტრილის ამალა ჯერ არ შეემჩნია, ღიმილით


უყურებდა. ბოლოს ჰკითხა: - ცხვირს შენ თვითონ მოიხოცავ, თუ მე მოგხოცო?

წყვეტილი ხაზი შედარებით სწრაფად ამოცურდა პირიდან: - შენ როგორ


მელაპარაკები! - ამჯერად თავგადახოტრილმა მარჯვენა მკლავი იდაყვში მოხარა
და მუშტი საკუთარ ბეჭთან მიიტანა.

- რა იყო, კოტორ? - გაისმა ამ დროს და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ოთხეული


მოქმედების ადგილისაკენ წამოვიდა.

მეკონდიტრემ მაშველ რაზმს გახედა, იმავ წამს ღიმილი მოშორდა სახეზე და


კოტორას მოწყვეტით ლეწა ყბაში.

კოტორა დაეცა. მაშველმა რაზმმა ჯიბიდან ხელები ამოიღო და სირბილით


წამოვიდა.

მეკონდიტრე დიდხანს ყოჩაღად იბრძოდა, მაგრამ რიცხობრივმა სიჭარბემ მაინც


თავისი ქნა. ცოტა ხნის შემდეგ იგი ძირს ეგდო, ირგვლივ გაცოფებული
ხუთეული ეხვია და გამეტებით ურტყამდა წიხლებს. თან (ალბათ აზარტი რომ
არ დასცხრომოდათ) დროდადრო რომელიმე მათგანი ხმამაღლა შესძახებდა: -
მოკალი, მაგის!..

შურისძიების სიამოვნება უკვალოდ გაქრა. აბელი ახლა ცივ ოფლში ცურავდა,


გული გამალებით უცემდა და მთელი სხეული უხურდა. მეკონდიტრე რომ
წაიქცა და მოწინააღმდეგეები ირგვლივ შემოეხვივნენ, მოედანს მოავლო თვალი
და გაოცებითა და უცნაური ტკივილით შენიშნა, რომ დიდი ბიჭები ერთიანად
გაკრეფილიყვნენ. როდის წავიდნენ, ვერ მიხვდა.

და უცებ თვითონ კი არა, მის არსებაში მოულოდნელად აღმოცენებულმა რაღაც


უცხო ძალამ ხმამაღლა დაიძახა: - მილიცია მოდის!

იმავ წამს ხუთეული დაიშალა, ხუთივე სხვადასხვა მხარეს გაიქცა. გარბოდნენ


სწრაფად, კისრისტეხით, უკანმოუხედავად, და მალე თვალს მიეფარნენ.
სცენაზე დარჩა ლაზღანდარა მეკონდიტრე. იგი პირქვე იწვა. მოკუნტული იყო,
ხელები თავზე აეფარებინა და არ ინძრეოდა.

მოედანზე რამდენიმე პატარა ბიჭიღა იყო დარჩენილი და არც ერთმა მათგანმა


არ იცოდა, რა ეღონა.

ბოლოს მეკონდიტრე შეინძრა და ნელ-ნელა წამოჯდა. ერთხანს იჯდა უძრავად,


თვალდახუჭული, მერე წამოდგა, მოედნის გვერდით ონკანთან მივიდა, პირი
დაიბანა, უკანვე მობრუნდა თავის ტანისამოსთან, ხალათით შეიმშრალა სახე,
ტანთ ჩაიცვა და ბიჭებს მიუახლოვდა. აბელმა ახლაღა გაარჩია მისი
დალილავებული, შეშუპებული სახე.

მეკონდიტრემ ბიჭები შეათვალიერა და გაიღიმა. უცნაური სანახავი იყო ღიმილი


ამ სახეზე, რომელიც სახეს აღარ ჰგავდა.

- რომელმა დაიძახეთ, მილიცია მოდისო?

აბელი მიწას დასჩერებოდა. მის მაგივრად სხვამ უპასუხა: - ამან, - ხელი


აბელისკენ გამოიშვირა.

მეკონდიტრე აბელს დააკვირდა.

- კაი კაცი ხარ, - უთხრა.

და ნელი, დაღლილი ნაბიჯით წავიდა.

ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში აბელს გულში საამოდ უღიტინებდა


ტკბილი სიამაყე, გამოწვეული იმით, რომ განსაცდელში ჩავარდნილ მოსისხლე
მტერს დახმარების ხელი გაუწოდა. ოღონდ ეს იყო, ამ სიამეს ერთგვარ ჩრდილს
აყენებდა სირცხვილის უცნაური შეგრძნება. აბელმა არ იცოდა, რა იყო ამაში
სამარცხვინო, მაგრამ ფაქტია, რცხვენოდა, რომ ერთხელ დაძრული
კეთილშობილური გრძნობა ვეღარ შეაკავა და ლაზღანდარა მეკონდიტრის
სიძულვილი საერთოდ ამოიძირკვა მისი გულიდან.

ნატო კი არც აბელს გაჰყოლია ცოლად, არც ლაზღანდარა მეკონდიტრეს და არც


ყურებდაცქვეტილ კოტორას. სულ სხვას გაჰყვა - ვიღაც ჰალსტუხიან და შლაპიან
აყლაყუდას.

აბელმა რომ გაიგო, ნატო თხოვდებაო, არ დაიჯერა, მაგრამ ერთ დღეს, სასიძო
უნდა მოვიდესო და, მთელი ეზო დიდ-პატარიანად შუშაბანდების ფანჯრებს
მიაწყდა. უფრო აქტიური და უცერემონიო დედაკაცები ეზოშიც გამოეფინენ.
სასიძო მართლა მოვიდა - შლაპიანი, ჰალსტუხიანი და ინდაურივით
გაფხორილი. თან მოხუცი ქალებისა და კაცების მთელი ხროვა ახლდა. აბელი
თავისი სამალავიდან უყურებდა ბედნიერ მეტოქეს და გული უკვდებოდა.
ბოლოს, როცა ქორწილის დღე დაითქვა და იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც
ჩაქრა, აბელმა გადაწყვიტა, გლოვა გამოეცხადებინა. გადაწყვეტით კი გადაწყვიტა,
მაგრამ შესრულება, ცოტა არ იყოს, ძნელი გამოდგა. საქმე ისაა, რომ
ოფიციალურ ენაზე ნატოს მაინც უცხო ერქვა (ო, ღმერთო!). ესა და ზოგიერთი
სხვა (მათ შორის ასაკთან დაკავშირებული) გარემოებანი აშკარა გლოვასა და
დაღუპული სიყვარულის ხმამაღალ დატირებას გადაულახავ დაბრკოლებად
ეღობებოდნენ. მაშინ აბელმა ფარული გლოვა გამოაცხადა. მალე დარწმუნდა,
რომ ეს უკეთესიც იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნად ისეთი კაცი მაინც
არ მოიძევებოდა, ვინც მის ვარამს გაიგებდა. საკერებლების ძველ ფუთაში შავი
ხავერდის ნაჭერი იპოვა, მრგვალად, პალტოს ღილისოდენად გამოჭრა და
სასკოლო ფორმის პიჯაკს შიგნიდან გამოაკერა (იქნებ, საერთოდ, ასე სჯობდეს
კიდეც! უკეთესი არაა, შავი ნაჭერი, გლოვის სიმბოლო, გულთან რომ ახლოს
იქნება?!) და გლოვას შეუდგა. დადიოდა სახემოქუფრული ნელი ნაბიჯით (როცა
აგონდებოდა, ხელებს ზურგს უკანაც იწყობდა ხოლმე), სუნთქავდა მძიმედ, ისე,
რომ დაკვირვებულ კაცს მასში ოხვრის ნიშნები შეემჩნია, ლაპარაკობდა დაბალი,
სევდიანი ხმით, არ თამაშობდა, არ იცინოდა და ყოველმხრივ ცდილობდა,
მნახველზე ავადმყოფის შთაბეჭდილება მოეხდინა (ამაში აშკარად უშლიდა ხელს
სახის ჯანმრთელი ფერი, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა და ამიტომ სარკეში
საკუთარი გამოსახულების დანახვა სინდისის ქენჯნას ჰგვრიდა). ცხადია, გლოვა
იოლი არ არის, როცა ხედავ, რომ სხვები ხმამაღალი ჭყივილით დასდევენ
ბურთს, ყირაზე გადადიან და, საერთოდ, მშვენივრად ატარებენ დროს. მაგრამ
სამაგიეროდ ისიც ცნობილი შეიქნა, რომ გლოვა, რაც უფრო ძნელია, მით უფრო
საპატიოა. გლოვამ უმაღლეს წერტილს ქორწილის დღეს მიაღწია. სუფრა ეზოში
იყო გაშლილი. ისმოდა სიმღერა, ყაყანი, სიცილ-ხარხარი. აბელი კი, მარტოსული
კაცი, მტრისა და მოყვრისაგან მოძულებული, გალიაში გამომწყვდეული
ნადირივით მიმოდიოდა თავის პატარა ოთახში და შუშაბანდში გასვლასაც კი
მკაცრად უკრძალავდა თავის თავს. იმას, რასაც მაშინ განიცდიდა, გულში
„მოუშუშებელ ჭრილობას“ უწოდებდა. რაღაც უცნაური, უსახელო და
მოუხელთებელი ძალა მთელ სხეულში დაძრწოდა და სხეულის ერთიანობას
საშინელი ტკივილით არღვევდა და თიშავდა. ცხადი იყო, ამ ტკივილს აბელი
დიდხანს ვერ გაუძლებდა. ხოლო, რაკი ვერ გაუძლებდა, მაშასადამე,
მოკვდებოდა. და ეს გრძნობა, სიკვდილის სიახლოვის გრძნობა, შურისძიების
უცნაურ სიამოვნებას ანიჭებდა. მოვიდოდა თმაგაშლილი ნატო აბელის
საფლავზე (სიძე, დარცხვენილი და სინანულით შეპყრობილი, საფლავთან
მისვლას ვერ გაბედავდა და შორიახლო შედგებოდა თავჩაქინდრული), ცალ
მუხლზე დაიჩოქებდა, გაირინდებოდა მწუხარე და შესაბრალისი (თავის კუბოში
არხეინად გაშოტილი აბელი რაღაც უცნაური, მწუხარე სიამოვნების ღიმილით
უყურებდა ყოველივე ამას ქვემოდან), მერე თვალებიდან ორად ორი ცრემლი
(თითო თვალიდან თითო) ჩამოუვარდებოდა და იმ ადგილას, სადაც ეს
ცრემლები დაეცემოდნენ, ორი ვარდი ამოვიდოდა...

ქვემოთ, ეზოში, მხიარულად ხმაურობდნენ მექორწილეები, ხოლო ზემოთ


აბელის პატარა ოთახი უნუგეშო სევდით იყო სავსე. აბელმა ფანჯარაც კი ჩაკეტა,
რომ ეს სევდა არსად წასულიყო. დადიოდა ცოცხალ-მკვდარი, დაათრევდა აქეთ-
იქით თავის გაუხარელ ყმაწვილკაცობას და ცდილობდა იმით ენუგეშებინა თავი,
რომ ნატო ბედნიერი იყო (სიყვარული ხომ თავგანწირვაა, და თუ ნატო
ბედნიერია, აბელი უშიშრად შეეგებება სიკვდილს და მშვიდი მორჩილებით შევა
მის მარადიულ წყვდიადში).

მეორე დღეს აბელმა შეძრწუნებით შენიშნა, რომ მის დიდ განცდას, მის „მარად
მოუშუშებელ ჭრილობას“ სიმძაფრე დაჰკარგვოდა. რაღაც დაკლებოდა, რაღაც
გაუფერულებულიყო, რაღაც დაპატარავებულიყო, როგორც ნაწვიმარი გუბე
დაპატარავდება, მზე რომ დააჭერს. ამ მოულოდნელმა აღმოჩენამ
სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. დიდხანს ბეჯითად და თავგანწირვით ცდილობდა
უკანვე მოეხმო, აღედგინა და შეენარჩუნებინა თავისი მომაკვდინებელი დარდი.
უცნაური კია, მაგრამ ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს აქამდე სწორედ ის
დარდი აცოცხლებდა, რომელსაც რაც შეიძლება მალე უნდა მოეკლა. აბელი
გააფთრებით ებღაუჭებოდა „მარად მოუშუშებელ ჭრილობას“. წარმოიდგინა
თავისი დიდი სიყვარულის უსახელო დამხობა, ცხოვრების ამაოება, მარტოობა,
სულიერი ობლობა. მაგრამ რამდენს არ წვალობდა, „მარად მოუშუშებელი
ჭრილობა“ ულმობლად, დაუნდობლად შუშდებოდა. მესამე დღეს დიდი და
ნეტარი სევდისაგან ფერმკრთალი აჩრდილიღა დარჩა. მერე ისიც გაქრა. აბელი
საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებოდა, რომ ქვეყნად არაფერი მარადიული არ
არსებობს. სიყვარული ჭორი ყოფილა. მართალია, ერთხანს კიდევ ასაზრდოებდა
თავის მწუხარებას იმით, რომ ნატოსთან შეხვედრას გაურბოდა, მაგრამ ბოლოს,
როცა ეს შეხვედრაც შედგა და ნატომ (შეცვლილი ჩანდა, გამოხედვა თითქოს
უფრო ნაზი ჰქონდა და სახეზეც რაღაცნაირი, თბილი იერი გადაჰფენოდა)
ღიმილით უსაყვედურა, რატომ არ მოხვედი ქორწილში, განა ჩემი ბედნიერება
არ გაგიხარდაო (ო, ბედნიერებავ! როგორ ირქმევ ასეთ სახელს შენ, ვინც სხვის
უბედურებაზე ხარ აღმოცენებული!), უკანასკნელი ნუგეშიც გაქრა და ცხოვრებამ
ყოველდღიური, უფერული, უინტერესო სახე მიიღო.

ორი დღის წინ იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ აბელს თუნდაც
ნახევარი საათი ეცოცხლა ისე, ნატო არ გახსენებოდა და ამ გახსენების
ყოვლისწამლეკი სიხარული სამყაროს მხიარულ და ხასხასა ფერებად არ
მოსდებოდა. ორი წლის შემდეგ კი უკვე იმის წარმოდენა იყო შეუძლებელი, რომ
ნატომ, ამ ფაფუკღაბაბიანმა, ფაშფაშა დედაკაცმა, სიმსუქნისაგან თვალები
ძლივსღა რომ უჩანდა, ამ მარადიულმა დიასახლისმა, ტყუპი ქალის დედამ,
რომელიც საღამოობით ქმრის ხალათით, ქმრის ფეხსაცმელებით და კმაყოფილი,
მაძღარი სახით ჩაჯდებოდა ხოლმე დანარჩენ დედაკაცებში, ხმამაღლა ჭორაობდა
და უცნაურად დაბოხებული და რაღაც უსიამო, თითქოს უცენზურო ხმით
იცინოდა, ერთ დროს აბელის გულში ასეთი მძაფრი ქარიშხალი ააყენა და
ესოდენ მშვენიერი და ესოდენ ტრაგიკული განცდები უბოძა.

ამის შემდეგ, სანამ ძველი, მშობლიური სახლი არ აიღეს და მეზობლების


ნაცნობი სახეები მთელ ქალაქში არ მიმოიფანტა, აბელის ცხოვრებაში ყველაზე
მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდი მირიანთან მეგობრობა იყო.

თავი მესამე

აბელი მეშვიდე კლასში იყო, როცა მირიანი მის სკოლაში გადმოვიდა.


სექტემბერში, სწავლის დაწყებისას გადმოვიდა, დეკემბერში უკვე აბელის
მეგობარი გახდა, სასწავლო წლის ბოლომდე იმეგობრა და მოკვდა.

პირველ სექტემბერს ბავშვები, ჩვეულებისამებრ, შედარებით ადრე მივიდნენ


სკოლაში, ერთმანეთი მიიკითხ-მოიკითხეს, იყაყანეს, გასული არდადეგების
მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენეს და ის იყო, ზარის ხმაც გაისმა, რომ კარის
ზღურბლზე უცხო ბიჭი გამოჩნდა. ბიჭი მაღალი იყო, სათვალიანი და
უსაშველოდ გამხდარი. სახეზე ისეთი ფერი ედო, თავის დროზე ამაოდ რომ
ნატრობდა შეყვარებულის ღალატით სასოწარკვეთილი აბელი. ზედ ზღურბლზე
წამით შეჩერდა, კარზე გაკრულ ფირნიშს („მე-7ბ“) ახედა და ბოლოს შემოვიდა.
აქ, ძნელი სათქმელია, ფირნიშის მონაცემებს არ ენდო თუ უბრალოდ, რაღაც
რომ ეთქვა, იკითხა: - ეს მეშვიდე „ბ“-ა, არა? - და შეკითხვა რომ უმისამართო
არ გამოსვლოდა, მარიკას შეხედა, რომელიც ამ დროს კართან ყველაზე ახლოს
იდგა.

მარიკამ თავისი დიდრონი, ბრიალა თვალები შეანათა.

- კი, - უთხრა, - მეშვიდე „ბ“ -ა, - თან თვალი არ მოუშორებია.

ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია მარიკას ცნობისმოყვარე მზერას, ნელა მიტრიალდა.


აუჩქარებლად გაიარა მთელი საკლასო ოთახი და სულ ბოლო მერხთან შეჩერდა.
ჩანთა მერხზე დადო.

კლასში სიჩუმე იყო. ყველანი უცხო ბიჭს მისჩერებოდნენ. ბოლოს დიდთავა


გერონტიმ, რომელიც ერთხელ მესამე კლასში იყო დარჩენილი, ერთხელ -
მეოთხეში და ერთხელაც - მეექვსეში, ყველას მაგივრობა იკისრა, უცნობს
მიუახლოვდა და ჰკითხა.

- შენ ვინა ხარ?

- ადამიანი ვარ, - მიუგო ბიჭმა და ახლა თვითონ ჰკითხა: - აქ ზის ვინმე?

- არა, - უთხრა გერონტიმ. იგი ცოტა დაბნეული იყო. - რა გქვია?

- მირიანი. შენ?

- გერონტი, - უთხრა გერონტიმ და გაწითლდა. იგი ყოველთვის წითლდებოდა,


როცა სახელს ეკითხებოდნენ.

ამასობაში გაკვეთილიც დაიწყო. პირველი ისტორია ჰქონდათ. ისტორიის


მასწავლებელს კლასის ხელმძღვანელიც შემოჰყვა, ბავშვებს მიესალმა, ახალი
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სიტყვა წარმოთქვა (კიკნაველიძემ
ეს სიტყვაც ჩაიწერა და მერე, შარშან წარმოთქმულ სიტყვას რომ შეადარეს, ერთი
წინადადება აღმოჩნდა შეცვლილი). ბოლოს თქვა: - წელს ერთი მოსწავლე
შეგემატათ. - და მირიანს მიუბრუნდა: - გაიცანი უკვე ახალი ამხანაგები?

მირიანი წამოდგა.

- გავიცნობ თანდათან. ჯერჯერობით, აგერ, ბიკენტი გავიცანი.

კლასში გამაყრუებელი სიცილი გაისმა. ისტორიის მასწავლებელი სწრაფად


შეტრიალდა და ფანჯარაში დაიწყო ცქერა. კლასის ხელმძღვანელი დაძაბული
ცდილობდა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა. გერონტი ჭარხალივით
გაწითლებული იჯდა, მომუშტული ხელები მერხზე ეწყო და სულელურად
ახამხამებდა თვალებს. თვითონ მირიანი - მაღალი, უფერული, სათვალიანი,
უცხოდ იდგა, გულგრილ სახეზე ოდნავი გაკვირვება ეხატა და ვერ მიმხვდარიყო,
რომ ისტორიული შეცდომა დაუშვა, რომელიც კიდევ დიდხანს იცოცხლებდა მას
შემდეგ, როცა თვითონ ამქვეყნად აღარ იქნებოდა.

სიცილი რომ მიწყნარდა, ხელმძღვანელმა აუხსნა: - მაგას ბიკენტი კი არა,


გერონტი ჰქვია.

- გერონტი? ა! დიახ, დიახ, გერონტი, - და ოდნავ მიტრიალდა გერონტისაკენ. -


მაპატიე, შემეშალა.

გერონტიმ გადაწყვიტა, არ ეპატიებინა. როგორც კი გაკვეთილი დამთავრდა,


ხელები დემონსტრაციულად დაიკრიფა მკერდზე და გამოზომილი ნაბიჯით
მიუახლოვდა მოწინააღმდეგეს.

- შენ რა თავს იგდებ, თუ იცი?!

მირიანმა ნელა მიაბრუნა მისკენ თეთრი, გულგრილი სახე და ოდნავ აიჩეჩა


მხრები.

- არ ვიცი.

გერონტი დაიბნა.

- რა არ იცი, თუ იცი?!

მირიანმა უხმოდ შეხედა. ოდნავ ნაღვლიანი მზერა ჰქონდა, მაგრამ შიშისა


არაფერი ეტყობოდა.

- შენ ვის იგდებ, რო იგდებ მასხრად?

გერონტი, რომ იტყვიან, მოთელვას გადიოდა. იგი რაჭველი იყო და ერთი


აკადემიური საათი გასაბრაზებლად არ ჰყოფნიდა. ამიტომ ცდილობდა, ახლა,
კინკლაობის პროცესშივე გახურებულიყო და გაბრაზებულიყო. მაგრამ
საწადელისთვის რომ მიეღწია, მირიანსაც უნდა გამოეჩინა ცოტაოდენი
აქტიურობა. მირიანი კი აქტიურობას არ იჩენდა. მან მშვიდად და გულგრილად
უთხრა: - რა ვქნა, შემეშალა.

გერონტიმ ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვა და, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულმა


უთხრა: - ჰოდა, აწი აღარ შეგეშალოს, იცოდე!

მირიანს აღარ შეშლია, მაგრამ ამის საჭიროება აღარც იყო.

მეორე დღეს, გერონტი რომ საკლასო ოთახში შევიდა, დაფაზე დიდი ასოებით
და სამი ძახილის ნიშნით ეწერა: „ბიკენტი!!!“ გერონტიმ დამწერს ხმამაღლა
შეუკურთხა და წარწერა წაშალა. შემდეგი წარწერა მერხზე დახვდა. გერონტიმ
კვლავ შეუკურთხა და ისიც წაშალა. ამ დროს ოთახში ვიღაცამ შემოიჭყიტა,
დაიძახა - „ბიკენტიი!“ და თუმცა გერონტიმ სწრაფად მიიხედა, უკვე ვეღარავინ
დაინახა. ხოლო, როცა მათემატიკის მასწავლებელმა დღიური მოსთხოვა და
გერონტიმ დღიურის ყდაზე დიდი, წითელი მელნით დაწერილი
„ბიკენტი“ წაიკითხა, მართლა გაცოფდა, მაგრამ ახლა გაცოფებას აზრი აღარ
ჰქონდა, რადგან ვისზე ეყარა ჯავრი, არ იცოდა.
ამის შემდეგ გერონტის სამუდამოდ შერჩა მეტსახელად „ბიკენტი“. და თუმცა
„გერონტისა“ და „ბიკენტის“ შორის ობიექტურად თითქოს არ უნდა იყოს ასეთი
საშინელი განსხვავება, გერონტის ყოველთვის ძალიან სწყინდა, „ბიკენტის“ რომ
დაუძახებდნენ.

ახალმა მოწაფემ თავიდანვე მიიქცია აბელის ყურადღება. პირველ ხანებში აბელს


ამ თავისი ინტერესის მიზეზი ვერ გაეგო. ის, რომ მირიანი მასზე ორი წლით
უფროსი იყო, თავისთავად, ცხადია, არაფერს ნიშნავდა. ასე, გერონტი ბარე სამი
წლით იყო უფროსი. ცალკე აღებული არც მისი საოცარი სიგამხდრე ნიშნავდა
რამეს, არც სათვალე, არც ავადმყოფური იერი. მაგრამ ყოველივე ეს ერთად
თავმოყრილი, ერთმანეთთან ურთიერთკავშირში, ისეთ უჩვეულო თვისებად
მჟღავნდებოდა, რომ დაუოკებელ ინტერესს აღუძრავდა.

მირიანი წყნარად იჯდა ხოლმე ბოლო მერხზე და კლასის საერთო ცხოვრებაში


ნაკლებად ერეოდა. თუ დაელაპარაკებოდი, დაუზარებლად, მაგრამ აშკარად
უინტერესოდ გაგეპასუხებოდა, თუ არადა, იყო თავისთვის. დილით, იღლიაში
ჩანთაამოჩრილი, უცხო, სახედაფიქრებული, თითქოს ირგვლივ ვერაფერს
ამჩნევსო, მოდიოდა სკოლაში და ასევე უცხო, სახედაფიქრებული მარტოდმარტო
მიაბიჯებდა შინისაკენ გაკვეთილების შემდეგ და ამ განმარტოებულობაში აბელი
ხედავდა არა იმ ჩვეულებრივ, ბუნებრივ უცხოობასა და შებორკილობას, ახალი
გარემო რომ გვიჩენს ხოლმე, არამედ რაღაცას განსხვავებულს, ამაღლებულსა და
ხაზგასმულს, რაღაც ამაყ დამოუკიდებლობას, რომელსაც ურთიერთობები არ
სჭირდება, რადგან სავსებით ჰყოფნის საკუთარი თავი. მირიანი ხელს არასოდეს
იწევდა, თუ გაიძახებდნენ, აუჩქარებლად წამოდგებოდა, მარჯვენა ხელის
ცერითა და არათითით სათვალეს გაისწორებდა და ისე ნელა, ისეთი
დაფიქრებული გამომეტყველებით ყვებოდა გაკვეთილს, გეგონებოდათ სათქმელს
გზადაგზა იგონებსო. ყვებოდა ყოველთვის განსხვავებულად, თავისი ენით,
თავისი სიტყვებით. დაჯერებით, თავისუფლად გამოთქვამდა საკუთარ აზრს,
რომელიც ხშირად განსხვავდებოდა სახელმძღვანელოს ოფიციალური აზრისაგან,
ხანდახან უპირისპირდებოდა კიდეც და თუ ასეთ დროს მასწავლებელი
შეუსწორებდა, არაფრით არ დაუთმობდა, თამამად შეეკამათებოდა (რაც
ამხანაგების გაკვირვებასა და ცივ მოწიწებას იწვევდა) და თავისი მოსაზრების
გასამაგრებლად ისეთ ავტორიტეტებს დაიმოწმებდა, რომლებიც არა მარტო
აბელს, ხანდახან მასწავლებლებსაც არ გაეგონათ. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ
დაშინებულმა პედაგოგებმა აითვალწუნეს იგი და, არასასურველი დისკუსიები
რომ აერიდებინათ, იშვიათად იძახებდნენ. მირიანის გამოისობით
მასწავლებლების ავტორიტეტი საეჭვოდ იწყებდა რყევას, ამიტომ მათი შიში
სავსებით ბუნებრივი და გასაგები იყო. ერთხელ მათემატიკის მასწავლებელს,
ძალიან ლამაზ, ოღონდ უკვე ასაკში შესულ ქალს, რომლის ბობოქარი
ახალგაზრდობის შესახებ პიკანტური და ძნელად დასაჯერებელი ლეგენდები
დადიოდა, შენიშვნა მისცა. მასწავლებელი ახალი ტიპის მაგალითს უხსნიდა
ბავშვებს და ნიმუშად ერთი მაგალითი დაფაზე გამოიყვანა. როცა მთელი დაფა
ააჭრელა და ბოლოში გავიდა, მირიანმა ნელა და მკაფიოდ თქვა: - უფრო
მარტივადაც შეიძლებოდა გამოყვანა.

მასწავლებელმა ლამაზი, თუმცა უკვე ნაოჭებშეპარული სახე მოაბრუნა და


იკითხა: - რომელი იყო ეს?
- მე ვიყავი, - წამოდგა მირიანი.

მასწავლებელმა ჯერ მირიანს შეხედა, მერე გამოყვანილ მაგალითს დააცქერდა.

- უფრო მარტივად, არა?

- დიახ.

- გამოდი.

მირიანი გავიდა.

მასწავლებელმა ცარცი მიაწოდა.

- აბა, გამოიყვანე, ერთი, უფრო მარტივად, - სიტყვები „უფრო


მარტივად“ ხაზგასმით თქვა.

მირიანმა გამოიყვანა. ჯერ დაფა საფუძვლიანად გაასუფთავა და მერე გამოიყვანა.


უფრო მარტივად და უფრო მოკლედ.

სანამ მირიანი წერდა, მასწავლებელი მკერდზე ხელებდაკრეფილი, წელში


გამართული, ჯერ კიდევ ტანადი და ლამაზი, ირონიული ინტერესით უყურებდა.
მირიანმა რომ წერა დაამთავრა, გამოყვანილი მაგალითი შეამოწმა და
გულგრილად შეაქო: - კი, ასეც შეიძლება. ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ.

ოღონდ, როცა აქებდა, შავი, ნუშის ფორმის თვალები შეკავებული ბრაზით


უელავდა. ამის შემდეგ ახალი მასალის ახსნისას ყოველთვის ფხიზლად იყო და
დროდადრო ეჭვით გააპარებდა თვალს ბოლო მერხისაკენ, სადაც ავტორიტეტის
შემარყეველი ხიფათი ეგულებოდა.

მირიანმა ქართულის მასწავლებელიც გვარიანად დააფრთხო.

იმ დღეს გაკვეთილად აკაკი წერეთლის ბიოგრაფია ჰქონდათ. მასწავლებელმა,


მსუქანმა, ასთმიანმა ქალმა, რომელმაც ხვნეშითა და სვენებ-სვენებით ლაპარაკი
იცოდა, შეკითხვა დასვა: - აბა, როდის დაიბადა აკაკი წერეთელი?

და თავისდა ჭირად, მირიანი გამოიძახა.

- შენ მიპასუხე, როდის დაიბადა აკაკი წერეთელი?

მირიანი წამოდგა და მიუგო: - არ ვიცი.

- არ გიყვარს ხომ აკაკი წერეთელი? აბა, ვინ იტყვის? შენ თქვი, - სხვას
მიუბრუნდა ახლა.

იმ სხვამ თქვა. მასწავლებელმა ნიშნის მოგებით შეხედა მირიანს და უთხრა: -


უნდა იცოდე. დაჯექი.

მირიანმა მხრები აიჩეჩა.

- რა საჭიროა... - თქვა და დაჯდა.

მასწავლებელმა ქშენა დაიწყო.


- ადექი!

მირიანი ადგა.

- აბა რა არის, საჭირო, შენი აზრით? გაკვეთილის სწავლა არაა, ხომ, საჭირო?!

- აკაკი წერეთელი 1840 წელს დაიბადებოდა თუ 1841 წელს, ამას რა


მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რატომ დაწერა „მზემან სხივი მომაფინა“ და
არა, ვთქვათ, „მზემან შუქი მომაფინა“. ესაა საინტერესო და ამას უნდა
ვსწავლობდეთ.

მასწავლებელმა ფეხები გან-გან გადგა, დოინჯი შემოიყარა და მირიანს


გაკვირვებით მიაჩერდა. ბოლოს ამოიხვნეშა.

- შენ ასწავლი, ბიჭო, განათლების სამინისტროს, რა გასწავლოს და რა არა!

განათლების სამინისტრო ისეთი კოზირი იყო, რომელიც არ იჭრება.

მაგრამ მირიანმა მხრები აიჩეჩა და ეს გაუჭრელი კოზირიც გაუჭრა.

- თუკი საჭირო იქნება, რატომაც არ ვასწავლი...

ეს მკრეხელობა იყო და მასწავლებელმა დაიქუხა: - დაჯექი მანდ!

ამ სიტყვებზე თვითონაც დაჯდა და დიდხანს იქშინა, რადგან მის თვალში


განათლების სამინისტროს ლაქა მოეცხო.

ერთადერთი, ვინც მირიანთან კამათს არ გაურბოდა, ისტორიის მასწავლებელი


იყო. არათუ არ გაურბოდა, ხანდახან ისე ჩაეფლობოდა ხოლმე, რომ მთელი
კლასის სასიხარულოდ ძველის გამოკითხვაც ავიწყდებოდა და ახლის ახსნაც.
მაგრამ წლის ბოლოს იგი სადღაც გადაიყვანეს და მისმა შემცვლელმა მკაცრად
და უხეშად უთხრა მირიანს: რასაც გასწავლიან, ის ისწავლე, დანარჩენ ისტორიას
უშენოდაც მოევლებაო.

აბელი თავიდანვე კი დააინტერესა ახალმა მოსწავლემ, მაგრამ პირველ ხანებში


ეს ზოგადი, უმიზნო ცნობისმოყვარეობა იყო. აკვირდებოდა, ყველაფერი
მოსწონდა მისი და ნატრობდა, თვითონაც ასეთი ყოფილიყო, ასეთი წყნარი,
გულგრილი და დაჯერებული, ასეთი გამხდარი, ფერდაკარგული და სათვალიანი,
ასეთი უცხო, ასეთი მტკიცე და ასეთი მარტოსული. ნატრობდა და თან
გრძნობდა, რომ ეს აუხდენელი ნატვრა იყო. ის, რაც მირიანისთვის ხასიათის
სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენა იყო, აბელისთვის უბრალო სიჯიუტე და
ჭირვეულობა იქნებოდა, რადგან რწმენა ალბათ თავისთავად კი არ არსებობს,
როგორც ადამიანის თვისება, რწმენას ის დიდი ცოდნა და განსწავლულობა
ბადებს, რომელიც ასე უხვად ჰქონდა მირიანს და რომელიც, კაცმა არ იცის, რა
გზებითა და საშუალებებით შეიძლება შეიძინო.

ბოლოს და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მირიანმა თქვა, კარლ მოორს
პრაქტიკული ჭკუა ჰქონდაო, აბელის ზოგადი, უფორმო ცნობისმოყვარეობა
კონკრეტულ სახედ ჩამოიქნა.
ეს ამბავი ასე მოხდა: დილით, როდესაც აბელი საკლასო ოთახში შევიდა,
საინტერესო კამათს შეესწრო. ბავშვებს წრე შეეკრათ დაფასა და მასწავლებლის
მაგიდას შუა და სმენად იყვნენ ქცეულები. ცენტრში მირიანი და თვალებბრიალა
მარიკა იდგნენ. აბელი გაკვირვებული შეჩერდა და ყური მიუგდო. ამხანაგებში
გარეული მირიანი აქამდე არასოდეს ენახა. კამათი, რომელიც, ეტყობოდა, კარგა
ხნის დაწყებული იყო, შეეხებოდა შილერის „ყაჩაღებს“, კერძოდ, პიესის ფინალს,
რომელშიაც კარლ მოორი გადაწყვეტს, თავისი სიკვდილით ვიღაცებს ფული
აშოვნინოს. მირიანი ჩუმად იდგა და ყურადღებით უსმენდა ენად გაკრეფილ
მარიკას. მარიკა ქაქანებდა. ქაქანებდა ხმამაღლა, ცხარედ, შეუჩერებლად. აბელი
ახლოს მივიდა. „ყაჩაღები“ წაკითხული ჰქონდა და კარლ მოორის უცნაური
საქციელი მისთვის გაუგებარი იყო. ამიტომ კამათმა ძალიან დააინტერესა.
მარიკამ, რომელიც დანარჩენი გოგოებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ
ბიჭივით ჭკვიანი და საზრიანი იყო, მიწასთან გაასწორა კარლ მოორიც, მთელი
„ყაჩაღებიც“, თავად შილერიც. კარლ მოორის საქციელს „სულელური“ და
„დაუჯერებელი“ უწოდა, აღშფოთებით დაგმო „საკუთარი სიკვდილით
ვაჭრობა“ და, საერთოდ, ბევრი საერთო და არასაჭირო სიტყვა დახარჯა.

როცა ეს გრძელი და პათეტიკური მონოლოგი დაამთავრა, მირიანმა წყნარად,


ხმადაბლა უთხრა: - შენ ღრუბლებში ცხოვრობ. კარლ მოორს პრაქტიკული ჭკუა
ჰქონდა.

ასეთი გამოთქმა აბელს არასოდეს გაეგონა. წარმოდგენითაც კი ვერ


წარმოიდგენდა, რომ ეს ორი სიტყვა, „პრაქტიკული“ და „ჭკუა“, ერთიმეორისაგან
ესოდენ განსხვავებული, ასე დაუკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ასე მკაფიოდ
და ეფექტურად გამოხატავდნენ აზრს, რომლის გამოსახატავად აბელი ალბათ
უამრავ დროსა და უამრავ სიტყვას დახარჯავდა და ისეთ შედეგს მაინც ვერ
მიაღწევდა, რასაც მირიანმა ორად ორი სიტყვით მიაღწია.

ამ გამოთქმის მნიშვნელობას რომ მიხვდა, არა მარტო მირიანის პატივისცემა


მოემატა, არამედ წამით გონებაში თითქოს ის გზაც მოიხელთა, რომელიც
უხილავ, ჯადოსნურ სამყაროში მიდიოდა, სადაც სიტყვათა შორის კავშირები
ცხადი და ხელშესახები უნდა ყოფილიყო.

კარლ მოორის საქციელის შეფასებაში აბელი უფრო მარიკას ემხრობოდა. კარლ


მოორის გაუგებარი და მოულოდნელი გადაწყვეტილება აღიზიანებდა და მძაფრ
შინაგან პროტესტს იწვევდა, ოღონდ ამ გაღიზიანებისა და სტიქიური
პროტესტის მიზეზებში ვერ ერკვეოდა. მხოლოდ ბუნდოვნად გრძნობდა, რომ
კარლ მოორის საქციელით რაღაც ამაღლებული მდაბლდებოდა, რაღაც ლამაზი
უფერულდებოდა, რაღაც უჩვეულო ჩვეულებრივდებოდა, მიზეზების მოძებნაში
მარიკაც გვარიანად მოიკოჭლებდა. დიდი გზნებით კი იქაქანა და კარლ მოორის
საქციელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ეს განაჩენი არც ერთი
კონკრეტული საბუთით არ გაუმაგრებია. მირიანი კი სწორედ იმით იყო ძლიერი,
რომ ყველაფერი ბოლომდე გააზრებული ჰქონდა, რასაც გრძნობდა, მკაფიოდ და
გასაგებად ამბობდა.

და აბელი მიხვდა, რა უნდოდა. მას მირიანთან მეგობრობა უნდოდა. მირიანი


იყო ის, ვისაც „უფროსი ძმის“ სახით მთელი სიცოცხლის მანძილზე ნატრობდა.
აბელს ერთბაშად გაუნათდა გონება და ახლა ის უკვირდა, ან აქამდე როგორ
ვერ მოიფიქრა, რომ მირიანი იყო უფროსი ძმა, მირიანი ყველაფერს გაიგებდა და
ყველაფერს ნათელს მოჰფენდა, მირიანთან ყველაფერზე შეიძლებოდა ლაპარაკი,
უსახელო ექსპერიმენტებზეც, დამხობილ სიყვარულზეც, მეკონდიტრის
სიძულვილის უცნაურ გაქრობაზეც, მამის წინდებზეც კი.

აბელმა მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა.

მაგრამ სისრულეში მოყვანა არაა ისე იოლი, როგორც გადაწყვეტილების მიღება.


ის ასაკი, როცა ერთმანეთს მხოლოდ ფორმალურად, სხვათა წაბაძვით
უმეგობრდებიან, როცა, ასე ვთქვათ, კი არ მეგობრობენ, არამედ ერთგვარ
„სამეგობრო ხელშეკრულებას“ დებენ, რადგან ნამდვილი მეგობრობის არაფერი
გაეგებათ, აბელმა დიდი ხანია გაიარა და კარგად იცოდა, რომ, თუ თავისით არ
მოვიდა მეგობრობა, ძალით ვერ მოიყვან.

მოულოდნელად ამ საქმეში ბედი, შემთხვევა თუ თავად მირიანი დაეხმარა.

ერთხელ სკოლიდან შინისკენ მიმავალს გზად მირიანი წამოეწია.

აბელი მარტო მიაბიჯებდა თავისთვის და, რაკი დამეგობრების რეალური გზა


ჯერჯერობით ვერ ეპოვა, ოცნებაში მეგობრობდა მირიანთან. წარმოიდგინა,
ვითომ ისა და მირიანი განუყრელი, ფიცვერცხლით შეკრული მეგობრები იყვნენ,
რომელთაც სიკვდილის მეტი ვერაფერი დააშორებდა. მირიანის დიდი ცოდნა და
განათლება მასაც გადაედო და უკვე თავისუფლად ახერხებდა, თავისი რთული
და ღობე-ყორეს მოდებული განცდები მკაცრ სიტყვიერ ფორმაში მოექცია. მუდამ
ერთად იყვნენ და ორი მძლავრი გონების შეერთებით უკვე რამდენიმე
საკვირველი მეცნიერული გმირობაც ჩაიდინეს, როცა გვერდიდან, ზედ ყურთან
გაისმა: - აქეთ ცხოვრობ?

აბელი შეკრთა, მიიხედა და თავისი მომავალი განუყრელი მეგობარი დაინახა.


მაღალი, გამხდარი, ფერმიხდილი, იღლიაში ჩანთა ამოეჩარა.

- კი, - აბელი შეეცადა სიხარული დაემალა, მაგრამ ვერ დამალა. - აქეთ


ვცხოვრობ. შენ?

- მეც, - მიუგო მირიანმა. - მე იმ სახლში ვცხოვრობ.

- მაღალში? - თვალები გაუბრწყინდა აბელს. ეს ის სახლი იყო, რომლის ეზოზეც


უმოკლესი გზა მიდიოდა პურის მაღაზიისაკენ.

- ჰო.

- მე, მაგ სახლს ზემოთ რომ კერძო სახლია, ეზოიანი, იქ ვცხოვრობ.

- ხუთი ნომერი?

წვრილმანიც კი იცოდა!

- ჰო.

- მეზობლები ვყოფილვართ.
აბელს უცებ საშინელმა აზრმა გაუელვა: ხომ შეიძლებოდა მირიანს იმ სახლში
არ მიეღო ბინა! მაშინ არც აბელის სკოლაში გადმოიყვანდნენ და მეგობრობა კი
არა, შეიძლება თვალითაც არ ენახათ ერთმანეთი. ამ ფიქრმა თავისი ძველი
ექსპერიმენტები გაახსენა. რაკი ერთმანეთს არ შეხვდებოდნენ, მირიანი ალბათ
სხვა მირიანი იქნებოდა და აბელი სხვა აბელი იქნებოდა, რადგან მათ
შეხვედრას ბევრი რამ უნდა შეეცვალა.

აბელმა მირიანს ახედა და ნაადრევი მოეჩვენა ექსპერიმენტზე ლაპარაკი. ჯერ


თეორიულად უნდა აიწონ-დაიწონოს ყველაფერი. და ჰკითხა: - იმ დღეს
ქართულის მასწავლებელს რომ უთხარი, სულერთი იყო, აკაკი წერეთელი
როდის დაიბადებოდაო, ისე უთხარი თუ მართლა სულერთი იყო?

- როდის? - მირიანი დაფიქრდა, - ა! კი, მე მგონია, სულერთი იყო.

აბელი ყოყმანობდა. ბოლოს მაინც თქვა: - წინა დღით რომ დაბადებულიყო, ან


მომდევნო დღეს, ვითომ ზუსტად იგივე აკაკი წერეთელი იქნებოდა?

მირიანმა მოიხედა და ყურადღებით დააცქერდა.

- შენ ასტროლოგიის გჯერა?

აბელმა არ იცოდა, რა არის ასტროლოგია. ყოველი შემთხვევისთვის მხრები


აიჩეჩა.

- ასტროლოგია ზღაპარია, - დარწმუნებით თქვა მირიანმა.

აბელი თვალდახუჭული მიიკვლევდა გზას. გულით უნდოდა ეკითხა, რა არის


ასტროლოგიაო, მაგრამ მომავალი მეგობარი ისე უბრალოდ და სასხვათაშორისოდ
ლაპარაკობდა ამ საგანზე და ისე აშკარად გულისხმობდა მის ცოდნას
თანამოსაუბრის მხრივაც, რომ აბელმა კითხვა ვერ გაბედა და ისევ ნაცად
ეშმაკობას მიმართა: - იქნებ არაა ზღაპარი.

- ზღაპარია, აბა რა არის! თუ ადამიანის ბედი მართლა იმაზეა დამოკიდებული,


როგორაა ცაზე განლაგებული მნათობები მისი დაბადების დროს... - აბელის
ეშმაკობამ გაჭრა. ასტროლოგიის საიდუმლო ამოცნობილ იქნა. მაგრამ
სიხარულთან ერთად, ისიც იგრძნო სინანულით და სირცხვილით, რომ
ყოველივე ეს მანამ უნდა სცოდნოდა, სანამ თავის ბავშვურ ექსპერიმენტებს
წამოიწყებდა... ამასობაში მირიანმა აზრი ასე დაამთავრა: - მაშინ რითი ავხსნათ
ის ფაქტი, რომ ტყუპებს ხშირად ხასიათიც განსხვავებული აქვთ, უნარიც და
ცხოვრების გზაც?

ეს შეუვალი არგუმენტი იყო.

რამდენი რამე იცოდა მირიანმა! თან რა მკაფიოდ, რა ზუსტად გამოხატავდა


აზრს! აბელს წამით მათი მეგობრობა უიმედო ოცნებად მოეჩვენა.

ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ. აბელის ტვინი გამალებით მუშაობდა. ბოლოს


ჰკითხა: - სხვა საუკუნეში რომ დაბადებულიყო?
- აკაკი წერეთელი? მაშინ, რა თქმა უნდა, სულ სხვა იქნებოდა. მე ახლომახლო
წლები მქონდა მხედველობაში, თორემ სხვა ეპოქაში დაბადებული სხვანაირი
იქნება.

- რატომ?

- იმიტომ, რომ კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს.

რა მშვენივრად ლაპარაკობდა!

მაგრამ უეცრად აბელის დათრგუნვილმა ტვინმაც გამოიღო ხელი და საინტერესო


აზრი გამოჭედა. აბელმა ყოველი შემთხვევისათვის კარგად აწონ-დაწონა ეს აზრი,
სანამ იტყოდა. მერე თქვა: - მაშინ ერთ ეპოქაში დაბადებულები რატომ ყველანი
ერთნაირები არ არიან?

გულმა ძგერას უმატა და გულის გარდა, კიდევ რაღაც თრთოდა სხეულში.

მირიანმა გაიღიმა.

- მარტო ეპოქა ხომ არ განაპირობებს! სხვაც ბევრი რამ მოქმედებს. მე როცა


ვამბობ, ეპოქა განაპირობებს-მეთქი, იმას ვგულისხმობ, რომ ეპოქას თავისი
კორექტივები შეაქვს („კორექტივები შეაქვს“!)... როცა, ვთქვათ, პურს თესავენ, ან
სიმინდს, ნოყიერ ნიადაგზე კარგად ხარობს, მწირ ნიადაგზე - ცუდად.
ადამიანიც ასეა: მწირ ეპოქაში თვითონაც მწირია და ნაკლებად ავლენს თავის
შესაძლებლობებს, უკეთეს ეპოქაში უკეთესად ავლენს.

რა მეგობრობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა თქვენ შორის გაუვალი უფსკრულია?


სად შენ და სად ის, ვინც მწირი ეპოქების შესახებ ასე ლაპარაკობს! აბელი,
საკუთარი არარაობის განცდით დათრგუნვილი, ფეხებს ძლივს მიათრევდა და
ლამის იყო ტირილი მორეოდა.

ამ დროს იმ მაღალ სახლს მიადგნენ და მირიანმა მოულოდნელად შესთავაზა: -


წამო, თუ გცალია, ჩემთან ავიდეთ.

ეს გაუგონარი წყალობა იყო. აბელის ვარაუდით, მირიანი, ასეთი ჭკვიანი და


ყოვლისმცოდნე, კარგა ხანია უნდა მიმხვდარიყო, რა საცოდავ ჭიასთან ჰქონდა
საქმე და ცივად და ამაყად ეთქვა უარი მასთან შემდგომ ურთიერთობაზე. მან კი
არათუ უარი თქვა, სახლშიც კი შეიპატიჟა!

აბელი სიხარულით დათანხმდა. მით უფრო, რომ დედა ჯერ არ დაბრუნდებოდა


სამსახურიდან.

მირიანი მერვე სართულზე ცხოვრობდა. კარი თავისი გასაღებით გააღო.


შევიდნენ თუ არა, საიდანღაც ქალის ხმა მოისმა: - შენა ხარ, მირიან?

- მე ვარ.

- ხომ არ დაიღალე, დედა?

- არა, რა დამღლიდა, - და დედამისი რომ გამოჩნდა, აბელი წარუდგინა, - ეს


აბელია, დედა, ჩემი კლასის ამხანაგი.
მირიანის დედამ თბილად გაუღიმა აბელს.

- ძალიან კარგი. მაშ, ჩანთები დააწყეთ და ხელები დაიბანეთ. მამაც ეს წუთია


მოვიდა და ბარემ ერთად ვისადილოთ.

აბელს უარი უნდოდა ეთქვა. ჯერ ერთი, მისი აზრით, წესი და რიგი კარგად
აღზრდილი კაცისაგან მოითხოვს, პირველ შეპატიჟებაზე უარი თქვას. მაგრამ
მთავარი ეს არ იყო. მთავარი მეორე მიზეზი იყო, რის გამოც ფორმალურად კი
არა, მართლა უნდოდა უარის თქმა. ეს მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობდა,
რომ, როგორც გამოირკვა, მირიანის დედ-მამაც მათთან ერთად აპირებდა
სადილობას. მარტო მირიანთან თავისუფლად იქნებოდა და სიამოვნებითაც
ისადილებდა, მაგრამ სუფრასთან რომ უფროსებიც ისხდებოდნენ, შებოჭილი
უნდა ყოფილიყო და ჭამა სატანჯველად გადაქცეოდა, მით უმეტეს,
დარწმუნებული არ იყო, რომ სუფრაზე ქცევის წესების ყველა პარაგრაფი
სათანადოდ ჰქონდა შესწავლილი. სწორედ ამიტომ უნდოდა უარის თქმა. მაგრამ
ვითარებას ის ართულებდა (და არა მარტო ართულებდა, არამედ გამოუვალს
ხდიდა), რომ უარის თქმის მარტო ერთი მიზეზი იცოდა: „გმადლობთ, ახლახან
ვისადილე“. ეს მიზეზი კი ახლა აშკარად გამოუსადეგარი იყო, რადგან ყველა
ხედავდა, პირდაპირ სკოლიდან მოდიოდა და, მაშასადამე, „ახლახან“ ვერსად
ისადილებდა. ასეთ მძიმე საფიქრალს რომ იყო მიცემული და გაუბედავად
წრიალებდა ადგილზე, მირიანმა ხელი მოხვია, წამო, ხელები დავიბანოთო,
უთხრა და ასე ხელგადახვეული წაიყვანა სააბაზანოსკენ.

მირიანის მამა სასადილო ოთახში დახვდათ. მირიანივით მაღალი იყო,


მირიანივით გამხდარი და მირიანივით სათვალიანი. ფანჯარასთან იჯდა და
გაზეთს ათვალიერებდა. ბიჭები რომ შევიდნენ, ფეხის ხმაზე თავი ასწია და
მოიხედა.

- ოჰ, სტუმარი გვყოლია!

აბელმა „გამარჯობათო“, ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და გაუბედავად შეჩერდა.


მირიანის მამა წამოდგა, დიდივით ჩამოართვა ხელი და მერე ორივე სუფრასთან
მიიწვია.

- დასხედით. აგერ, აქ, ერთმანეთის გვერდით დასხედით, - ამ სიტყვებით


თვითონაც დაჯდა და აბელს მიუბრუნდა: - რა გქვია?

- აბელი.

- აბელი? - თითქოს გაუკვირდა მირიანის მამას. - კაენის ძმა ხარ?

- არა, - მიუგო აბელმა. - ძმა არა მყავს. დედისერთა ვარ.

მირიანსა და მირიანის მამას გაეცინათ. მირიანის დედამ, რომელიც ამ დროს


სამზარეულოდან გამოვიდა და ცხელი კერძი გამოიტანა, აბელს შეხედა და
თბილად გაუღიმა.

აბელი ვერ მიხვდა, რა იყო სასაცილო, და ცოტა დაიბნა. მირიანმა განუმარტა: -


აბელი და კაენი ბიბლიური ძმები იყვნენ, ადამის შვილები. აბელი კეთილი იყო,
კაენი - ბოროტი...
- ასე ხელაღებით ბოროტი არ ყოფილა, - ჩაურთო მირიანის მამამ.

- თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც ჩაიდინა...

- ბოროტი მაინც არ ყოფილა. ბოროტება სხვა რამეა.

- ყოველ შემთხვევაში, კეთილი არ იყო, - მირიანი ისევ აბელს მიუბრუნდა. - და


კაენმა შურიანობის გამო მოკლა აბელი.

აბელს ბიბლია გაგონილი ჰქონდა და თუმცა ამ საგანზე გულდაგულ არასოდეს


უფიქრია, რომც ეფიქრა, ალბათ, იმავე დასკვნას გამოიტანდა, რასაც ბუნდოვნად
და ჩამოუყალიბებლად ისედაც გრძნობდა: ბიბლია რაღაც უცხო სამყაროა,
მიუწვდომელი, ხელშეუხებელი. თითქმის ზღაპრული. აბელისა და მისი მსგავსი
ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ბიბლია მხოლოდ სიტყვაა, ხოლო ის, რაც ამ
სიტყვის მიღმაა, მათთვის დაფარულია. აბელი და მისი მსგავსი ჩვეულებრივი
ადამიანები არათუ ბიბლიას ვერაფერს გაუგებენ, იმ რამდენიმე მოხუც, წვეროსან,
რჩეულ ადამიანსაც კი ვერ ნახავენ, რომელთაც ბიბლიისკენ მიმავალი გზები
იციან, რადგან ეს ადამიანებიც მიუწვდომელნი და თითქმის ზღაპრულნი არიან.

ასე ფიქრობდა აბელი აქამდე. მირიანი და მირიანის მამა კი ისე ლაპარაკობდნენ


ბიბლიაზე, თითქოს არაფერი უჩვეულო და წარმოუდგენელი ამაში არ
ყოფილიყოს.

მირიანის მამამ ამ დროს გაიღიმა და თქვა: - ჩვენს აბელს იმ ბიბლიური აბელის


ხიფათი არ ემუქრება, რადგან თავისი კაენი არა ჰყოლია.

თეფშების გვერდით ნაჭრის თეთრი, ქათქათა ხელსახოცები ეწყო. მირიანის მამამ


თავისი ხელსახოცი აიღო, გაშალა და ცალი კუთხით საყელოში ჩაიფინა.
მირიანმა თავისი მუხლებზე გადაიფარა. ამის შემხედვარე აბელი დაიბნა. ვერ
გაიგო, მირიანი მოიქცა სწორად თუ მამამისი (მირიანის დედა ჯერ არ
დამჯდარიყო სუფრასთან და ამიტომ მისი ხელსახოცი ხელუხლებელი იდო),
თვითონ კი ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება არ გააჩნდა. ორივეს რომ
საყელოში ჩაეფინა, ან ორივეს რომ მუხლებზე გადაეფარებინა, ყველაფერი
ნათელი იქნებოდა და აბელიც, ავად თუ კარგად, მათ მიბაძავდა. ახლა კი აღარ
იცოდა როგორ მოქცეულიყო. საყელოში ჩაფენა, მისი აზრით, პატარა ბავშვებს
სჭირდებოდა, რომელთაც თავიანთი ხელით ჭამა არ იციან და დედები აჭმევენ,
მუხლებზე გადაფარება კი, საერთოდ, არ გაეგონა. საგონებელში ჩავარდნილმა
რამდენჯერმე გაუბედავად მოჰკიდა ხელი თავის ხელსახოცს, მაგრამ ისევ გაუშვა.
ამასობაში მირიანის დედამ სუპი ჩამოარიგა. მირიანმა კოვზს ხელი დაავლო.
ჭამა რომ უნდა დაეწყო, დედამ წყნარად უთხრა: - მირიან.

და მირიანმა რომ თავი ასწია, ჩუმად რაღაც ანიშნა.

- უჰ! კინაღამ დამავიწყდა! - მირიანი წამოდგა, ხელსახოცი დაუდევრად მიაგდო


სკამის საზურგეზე და სამზარეულოში გავიდა.

სამზარეულოს კარი ღია იყო და აბელს მისდაუნებურად იქითკენ გაექცა თვალი.


მირიანმა განჯინიდან ბოთლი გამოიღო, ღვინის ჭიქაში რაღაც მოწითალო სითხე
დაისხა და დალია.
მირიანის დედამ აბელის მზერა შენიშნა.

- მირიანი ცოტა სუსტი გვყავს და გასამაგრებელ წამალს ვასმევთ.

აბელს შერცხვა. „დიახო“, უაზროდ და გაუგებრად ჩაიბუტბუტა და თავი დახარა.

მირიანი დაბრუნდა, სუფრას მიუჯდა და ხელსახოცი ისევ მუხლებზე გადაიფარა.

სუპი შინაც ხშირად ჰქონდა, მაგრამ იქ უცხო თვალს არ გრძნობდა და არ


აკვირდებოდა, რამდენად სწორად იცავდა კოდექსით გათვალისწინებულ წესებს.
არასოდეს უფიქრია, მაგალითად, იმაზე, სუპში კოვზი აქედან იქით უნდა
ამოესვა თუ იქიდან აქეთ, ახლა კი ეს პრობლემა ერთბაშად დადგა დღის
წესრიგში და ამიტომ, სანამ საქმეს შეუდგებოდა, ქურდულად გახედა მირიანს.
მირიანი თავისკენ უსვამდა კოვზს და აბელიც ასე მოიქცა. მაგრამ აქ იმის
შეეშინდა, ხმაურით არ დავხვრიპოო და ამ ხიფათის თავიდან ასაცილებლად კი
არ შეისრუტა სუპი, არამედ კოვზით ჩაისხა, რის გამოც რამდენიმე წვეთი
ნიკაპზე ჩამოეღვარა. აბელმა მექანიკურად იტაცა ხელი ნიკაპზე, მყისვე მიხვდა,
რომ წესი დაარღვია, გაწითლდა და სწრაფად მოავლო თვალი სუფრაზე
მსხდომთ. საბედნიეროდ, მისკენ არავინ იყურებოდა. მაშინ ხელსახოცი აიღო,
ნიკაპი ფრთხილად მოიწმინდა და უკანვე დადო, ოღონდ ისე, რომ სუპით
დალაქავებული მხარე ქვემოთ მოაქცია. ცალკე დაძაბულობის და ცალკე ცხელი
წვენის გამოისობით შუბლი ოფლით დაეცვარა და ტანზეც ოფლმა დაასხა. შინ
რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად მოიწმენდდა შუბლს ხელსახოცით, მაგრამ აქ
ასეთი საჭოჭმანო ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. ერთი სიტყვით, როგორც
თავიდანვე მოელოდა, სადილობა მძიმე და მომქანცველი საქმიანობა გამოდგა.
ზოგიერთ რამეზე, რომელთა ჭამა, მისი აზრით, განსაკუთრებულ სიფრთხილეს
მოითხოვდა, საერთოდ უარი თქვა. ასეთი იყო, მაგალითად, ლეღვის მურაბა.
ლეღვის მურაბა ძალიან უყვარდა და გულით უნდოდა, პირი ჩაეკოკლოზინებინა,
მაგრამ იძულებული შეიქნა თავი შეეკავებინა, რადგან მოზრდილ-მოზრდილი
ლეღვები იყო, ერთიანად ვერ ჩაიდებდა პირში, დაქუცმაცებისა და ნელა,
მეთოდურად ჭამის წესები კი მისი მცირე ცოდნის მიღმა იმყოფებოდა.

ჭამა რომ მოათავეს, აბელს გულში უკვე მტკიცე ფიცი ჰქონდა დადებული,
დღეის ამას იქით არასოდეს არავის სადილად არ სწვეოდა (ცხადია, ეს ფიცი
სულ მალე გატეხა, კერძოდ, ორი დღის შემდეგ, როცა მირიანს ხელმეორედ
ესტუმრა. სამაგიეროდ სასწავლო წლის ბოლოს უკვე იცოდა ერთადერთი წესი,
რომელიც ჭამის დროს უნდა დაიცვა, არის: ყურადღება არ მიაქციო იმას, თუ
როგორ ჭამ).

ნასადილევს მირიანმა აბელი თავის ოთახში შეიყვანა, სადაც პატარა, კოხტა


საწერი მაგიდა ედგა, წიგნებით სავსე რამდენიმე თარო, ტახტი, ორი სავარძელი
და ორი უბრალო სკამი. აბელს ეს ოთახი, ისევე როგორც ყველა და ყველაფერი
ამ ბინაში, ძალიან მოეწონა.

- აუჰ, რამდენი წიგნი გქონიათ! - თაროები შეათვალიერა აბელმა.

- ეს ჩემი წიგნებია. ძირითადი ბიბლიოთეკა მამაჩემის ოთახშია. თუ დაგჭირდება,


გათხოვებ ხოლმე.
აბელმა უხმოდ დაუქნია თავი და ხარბად დაუწყო თვალიერება წიგნებს. მერე
უცებ ერთ თაროსთან შეჩერდა. უცხო წიგნებმა მიიქცია მისი ყურადღება.

- ეს რა არის?

- რომელი? ა! ეს ინგლისური წიგნებია.

- იცი? - აბელს ცოტა ხმა ღალატობდა.

- კი. პატარაობიდანვე მასწავლიდნენ.

- სკოლაში რომ გერმანულზე ხარ?

- მერე რა?

- რატომ ინგლისურზე არა ხარ, თუკი ინგლისური იცი?

- ინგლისური ვიცი და რაღა მინდა ინგლისურზე!

აბელი რეტდასხმული იდგა. და მასთან მეგობრობა უნდა მას, უვიცსა და არარას!

და უცებ ჰკითხა: - ბიბლია წიგნად არსებობს?

მირიანმა გაიცინა.

- როგორ არ არსებობს!

აბელი მის სიცილზე მიხვდა, რომ გულუბრყვილო და სულელური რაღაც


უკითხავს.

- გინახავს? - რატომღაც ხმას დაუწია.

მირიანმა ხელი მოხვია და უთხრა: - წამო.

აბელი ვერ მიხვდა, სად ეპატიჟებოდა მირიანი, ოთახიდან რომ გამოვიდნენ,


მირიანმა დაიძახა: - მამ!

- რა იყო, მირიან? - რომელიღაც ოთახიდან გამოეპასუხა მამამისი.

- აბელს ბიბლიის ნახვა უნდა, შეიძლება?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. შემოდით.

მირიანის მამის ოთახი მირიანის ოთახს ჰგავდა, ოღონდ წიგნები იყო


გაცილებით მეტი.

- დაჯექი, - სკამი გამოუწოდა მირიანის მამამ აბელს.

აბელი ფრთხილად დაჯდა. აქ, ამ ოთახში, სადაც ბიბლია უნდა ყოფილიყო,


ისეთ მოწიწებას გრძნობდა, რომ თავისუფლად სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა.

მირიანმა თაროდან ორი სქელი, შავი წიგნი გადმოიღო, აბელს წინ დაუწყო და
სიცილით უთხრა მამამისს: - აბელმა არ იცოდა, ბიბლია წიგნად თუ არსებობდა.
აბელი გაწითლდა და ოდნავ, სასოებით შეეხო ერთ-ერთ შავ წიგნს.

მირიანის მამას არ გასცინებია. სათვალე შეისწორა ისე, როგორც მირიანმა იცოდა


- მარჯვენა ხელის ცერითა და არათითით და თქვა: - რა გასაკვირია! დღეს,
სამწუხაროდ, ჩვენში დიდმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, რა არის ბიბლია.
ბევრს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და მხოლოდ ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც
წაუკითხავს და, ასე თუ ისე, სწორად გაუგია. აბელს კი ავუხსნათ, რომ
საქართველოში ბიბლიის თარგმნას, ისევე როგორც საერთოდ თარგმნას, ძალიან
ძველი და ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. მერე და მერე, ნაწილობრივ ჩვენი
სულიერი გამოფიტულობის, ნაწილობრივ ობიექტური მიზეზების გამო, ეს
ტრადიცია დავკარგეთ. - აქ თბილად გაიღიმა, - მაგრამ თუ თავს გავანძრევთ და
ხელსაც გამოვიღებთ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინა გვაქვს.

მირიანის მამის ნათქვამიდან აბელმა ბევრი ვერაფერი გაიგო. მაგრამ ამ საუბრის


დასასრულს ერთბაშად, მოულოდნელად და წამიერად გაუჩნდა მკაფიო გრძნობა
იმისა, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თვითონ არ იყო, როგორც აქამდე
ეგონა. არსებობდა რაღაც, დიდი და უსახელო „რაღაც“, რაც სადღაც, მაღლა
იმყოფებოდა და უფლება ჰქონდა ეკარნახა, და არა მარტო ეკარნახა, ებრძანებინა
კიდეც აბელისათვის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, ხოლო აბელი მოვალე იყო,
ამ ბრძანებას უსიტყვოდ დამორჩილებოდა. ამ გაუგებარმა, მაგრამ ძლიერმა
გრძნობამ თითქოს ხელში აიყვანა აბელი, დააკვირდა და უკანვე დასვა.

აბელმა ფრთხილად, სათუთად გადაშალა ერთ-ერთი შავი წიგნი და გულში


გაოცებით შენიშნა, რომ რასაც ბიბლიას ეძახიან, იმას, თურმე, მთლად ბიბლია
არ ჰქვია. ზემოთ დიდი ასოებით ეწერა - „დაბადება“ ხოლო „ბიბლია“ ეწერა
ქვემოთ, გაცილებით უფრო პატარა ასოებით და თანაც ფრჩხილებში.

აბელმა გადაფურცლა. იქ, სადაც ტექსტი იწყებოდა, ნახატს წააწყდა. ამან კიდევ
ერთხელ გააკვირვა. თუმცა მისი ცოდნა ამ საკითხის ირგვლივ უსასრულოდ
მცირე იყო, რატომღაც ეგონა, რომ ბიბლიას ნახატი არ შეეფერებოდა.

„წიგნი პირველი შესაქმე. წიგნი ქმნისა აღწერილი მოსესი კაცისა ღვთისა


შჯულის მდებლისა და წინასწარმეტყველისა. თავი ა. დასაბამად ქმნა ღმერთმან
ცა და ქვეყანა. ხოლო ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ: ბნელი იყო ზედა
უფსკრულთა: და სული ღვთისა იქცეოდა ზედა წყალთა. და თქვა ღმერთმან:
იქმენინ ნათელი, და იქმნა ნათელი...“

რა საინტერესო იყო, რა შორეული და რა გაუგებარი!

მერე, როცა მირიანმა წიგნები თავიანთ ადგილას დააწყო და ორივენი ოთახიდან


გამოდიოდნენ, მირიანის მამამ უთხრა: - ხშირ-ხშირად მოდი. მრავლის
უმრავლესი თავსატეხი კითხვა დგას ჩვენს წინაშე და იქნებ ერთობლივად
გადავჭრათ.

აბელმა ვერ გაიგო, ეს ხუმრობით ითქვა თუ სერიოზულად. თავი ჩაღუნა,


ყოველი შემთხვევისათვის გაუგებრად ჩაიბუტბუტა „დიახო“, ხალათით კარის
სახელურს წამოედო, წაიბორძიკა, გაწითლდა, ხალათი ძლივს გაითავისუფლა.
როდესაც ისევ მირიანის ოთახში განმარტოვდნენ, აბელმა ყოყმანით ჰკითხა: -
წაკითხული გაქვს?

- რა?

- ბიბლია.

- ჯერ არა. გაისად წავიკითხავ. თუ გინდა, ერთად წავიკითხოთ, გინდა?

- კი, - აბელს ყელში ისე მოაწვა რაღაც, რომ ეს ორასოიანი სიტყვა ძლივს
ამოათრია.

შინ წასვლა რომ დააპირა, მირიანმა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

- თუ გინდა, აირჩიე რამე წიგნი და წაიღე.

- არა, - მიუგო აბელმა. - ახლა არა. სხვა დროს წავიღებ.

ახლა მართლა ვერაფერს აირჩევდა. უცხოობის გრძნობა და მრავალფეროვანი


შთაბეჭდილება ირგვლივ თითქოს ბურანივით ერტყა, წიგნების დასახელებები
უთავბოლოდ დახტოდნენ, და ერთმანეთში ირეოდნენ, და დარწმუნებული არ
იყო, რომ სწორედ ისეთ წიგნს აირჩევდა, რომელიც მართლა გულით უნდოდა.

მირიანმა გამოაცილა და უთხრა: - ხვალ თუ გამომივლი, ერთად წავიდეთ


სკოლაში. ცხრის თხუთმეტ წუთზე ჩამოვალ ძირს.

- გამოგივლი, - სიხარულით დაჰპირდა აბელი.

საღამოს დედას აღგზნებული უყვებოდა იმდღევანდელ შთაბეჭდილებებს.


კარგად იცოდა, რომ ეს გადაჭარბებული აღგზნებულობა რაღაცნაირ ჩრდილს
აყენებდა, და ლაპარაკის დროს თან სულ იმას ცდილობდა, როგორმე
დამშვიდებულიყო, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა.

მეორე დილით, იმის შიშით, რომ მირიანს არ გაესწრო, ჩვეულებრივზე ადრე


გავიდა სახლიდან და ერთი ხუთი წუთი მოუხდა ცდა, სანამ მირიანი
ჩამოვიდოდა.

სკოლაში ერთად წავიდნენ და უკანაც ერთად დაბრუნდნენ, მეორე დღესაც


ერთად წავიდნენ და ერთად დაბრუნდნენ. მესამე დღეს აბელი ხელახლა
ესტუმრა შინ მირიანს და სადილობისას კიდევ ერთხელ გაიღვარა ოფლად,
მაგრამ სამაგიეროდ წიგნი ინათხოვრა.

ამის შემდეგ მუდამ ერთად დადიოდნენ სკოლაში, წიგნებიც ხშირ-ხშირად


მოჰქონდა (ზოგჯერ, თუმცა იშვიათად, მირიანის მამა თავის ოთახში შეიყვანდა
ბიჭებს და დიდებივით ესაუბრებოდა), და ადრინდელი შიში და გაკვირვება
იმის გამო, რომ მირიანი, ასეთი ჭკვიანი და განათლებული, მასთან მეგობრობას
არ თაკილობდა, როგორღაც თავისთავად გაქრა.

ზოგჯერ მირიანიც მოდიოდა აბელთან და ახლა აბელს ის აკვირვებდა, რომ


ასეთი სუფთა, ასეთი კრიალა, წიგნებით, აზრითა და ცოდნით სავსე ბინის
პატრონი აღტაცებული იყო აბელის უბრალო ბინითა და აბელის უბრალო
დედით. განსაკუთრებით კი იმან აღაფრთოვანა მირიანი, რომ აბელს სახლში
გიტარა ჰქონდა და დაკვრა იცოდა.

მაგრამ ყოველდღიურ ურთიერთობას ხელს უშლიდა რაღაც უცნაური რეჟიმი,


რომელსაც მირიანი მტკიცედ იცავდა (უფრო სწორად, აცვევინებდნენ) და
რომლის მიზეზი აბელს ვერაფრით ვერ გაეგო: კვირაში ორჯერ რამდენიმე
საათით, ხოლო ორ კვირაში ერთხელ მთელი დღის განმავლობაში მირიანს არც
არსად უშვებდნენ და არც მასთან მიმსვლელ სტუმრებს იღებდნენ. ეს მირიანის
დედამ ღიმილით, ტაქტიანად აუხსნა აბელს. აბელმა განრიგი დაიხსომა, მაგრამ
ცნობისმოყვარეობა მოსვენებას არ აძლევდა. დიდხანს ვერ ბედავდა მირიანთან
ამ თემაზე ლაპარაკს (თუმცა რა აკავებდა, წესიერად არ იცოდა) და მხოლოდ
გვიან, როცა ნამდვილი და განუყრელი მეგობრები გახდნენ, ჰკითხა, თუ რა იყო
ამ გაუგებარი რეჟიმის მიზეზი. მირიანმა ხელი ჩაიქნია და აგდებით თქვა: -
ექიმების კაპრიზია. რაღაც მჭირს ვითომ და სულელურ პროცედურებს
მიტარებენ, მმკურნალობენ თავიანთი ჭკუით.

ამ სიტყვებზე კიდევ ერთხელ ჩაიქნია ხელი იმის ნიშნად, რომ ეს საკითხი


სალაპარაკოდ არ ღირდა.

აბელმა ცნობისმოყვარეობა ვერ დაიკმაყოფილა, მაგრამ კითხვა აღარასოდეს


გაუმეორებია.

სამაგიეროდ ერთ მშვენიერ დღეს ხელჩართული ბრძოლა გაუმართა კარლ


მოორის საფინალო საქციელის გამო.

ეს ამბავი გაზაფხულზე მოხდა, აპრილის თვეში. ამ ხნის განმავლობაში, ცხადია,


აბელის მოწიწებული აღფრთოვანება, რომელსაც მირიანის მიმართ გრძნობდა,
იოტისოდენადაც არ შერყეულა, და არც მასთან მეგობრობის სიხარულსა და
სიამაყეს მოჰკლებია რამე. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა მირიანს, მით
უფრო ხვდებოდა, რომ ცოდნა და აზროვნების სიმარჯვე სხვაა, სიმართლე კი -
სხვა. ადრე ასე არ ფიქრობდა. ადრე ეგონა, სიმართლე იმის მხარეს იყო, ვისაც
ცოდნა ჰქონდა. ეს იმდენად ეჭვმიუტანელი ჭეშმარიტება ჩანდა, რომ ერთხელ,
როდესაც მსგავსი ბრძოლა მარიკამ გადაიხადა, უყოყმანოდ აღიარა მირიანის
სიმართლე, თუმცა გულში თვითონაც მარიკას აზრს იზიარებდა. ახლა კი, იმ
ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ცხადი შეიქნა, რომ მირიანმა მაშინ მარიკა
ცოდნით დაამარცხა და არა სიმართლით. როლები რომ გაეცვალათ, ეჭვი არაა,
მაინც მირიანი გამოვიდოდა გამარჯვებული. ეს საკითხი დიდხანს აწვალებდა
აბელს და დიდხანს ემზადებოდა გადამწყვეტი შერკინებისათვის. მართალია,
კარლ მოორზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც ჰქონდა მირიანთან ერთად
გადასაწყვეტი, ვთქვათ, თავისი ექსპერიმენტები ან ნატოს სიყვარული, მაგრამ ამ
მთავარ პრობლემებზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა მეგობრობა
უმაღლეს წერტილზე ავიდოდა და სრულ ჰარმონიას მიაღწევდა. ეს კი, აბელის
აზრით, მანამ არ მოხდებოდა, სანამ მეგობრებს რომელიმე პრინციპულ საკითხზე
ესოდენ განსხვავებული შეხედულებები ექნებოდათ. ამიტომ აბელმა, როგორც კი
მირიანის წყალობით თვითონაც მიიღო ცოტაოდენი ცოდნა, მჭევრმეტყველების
ანბანშიც გაერკვა და თავი მზად დაიგულა, მეგობარს დაუყოვნებლივ გადაუგდო
ხელთათმანი.
მირიანი წყნარად და აუღელვებლად იცავდა კარლ მოორს. აბელი ცხარობდა,
ყვიროდა, ხელებს იქნევდა.

როგორ?! როცა ასეთი დიდი განცდა გაქვს, როცა მიჯნური (აბელის სიტყვაა)
საკუთარი ხელით გამოასალმე სიცოცხლეს, როცა ყველაფერი, რითაც
სულდგმულობდი, დაგემსხვრა და ცა თავზე გემხობა, რა დროს იმის ფიქრია,
რომ ვიღაც ღატაკსა და გაჭირვებულ კაცს ფული აშოვნინო!

ნამდვილი ვაჟკაცობა სწორედ ის არის, უმძიმესი განსაცდელის ჟამსაც არ


დაივიწყო შენი ადამიანური ვალი და შენი სიკვდილიც კი იმისთვის გამოიყენო,
რომ ვინმეს სიკეთე უყო. ამას მანამ ვერ მივხვდებით, სანამ რომანტიკული
ბურუსიდან არ გამოვძვრებით და ყალბ გმირობასა და პრაქტიკულ სიკეთეს
ერთმანეთისგან არ გავარჩევთ. აბა ის საქციელია კარგი, რაც ნიკოლოზ
გოსტაშაბიშვილმა ჩაიდინა?

რატომაც არა! რაინდული, კეთილშობილური საქციელია!

კეთილშობილური (ოდნავ აგდებული კილო და ოდნავ ირონიული ღიმილი) ის


არის კეთილშობილება, რომ გახურებულ ომში სიცოცხლე აჩუქო მოსისხლე
მტერს, რომელმაც საუკეთესო თანამებრძოლები დაგიხოცა! რა მშვენიერი ვაჟკაცი
ყოფილხარ, ყიზილბაშო! აფსუსია შენი მოკვლა. მიდი და ხოცე ქართველები,
სანამ შეგიძლია! თურმე ნუ იტყვით, ეს არის კეთილშობილება და არა ის, რომ
კარლ მოორმა იმ დროს, როცა „ცა თავზე ემხობოდა“ (ისევ ოდნავ ირონიული
კილო), მაინც იპოვა ზნეობრივი ძალა, საწყალი, წვრილშვილის პატრონი
კაცისთვის ხელი გაემართა და ცხოვრების სახსარი გაეჩინა!

შუა კამათში აბელისთვის უკვე ნათელი შეიქნა, რომ დამარცხება არ ასცდებოდა.


იგი, როგორც ჩანს, ზედმეტად ენდო ამ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძენილ
ცოდნასა და გამოცდილებას და მოწინააღმდეგე ღირსეულად ვერ შეაფასა. არადა,
ეს ცოდნა და გამოცდილებაც ხომ ფაქტიურად მისგან ჰქონდა მიღებული! აბელს
ზომიერების გრძნობამ უღალატა. აბელი თავდაჯერებას აჰყვა. მაგრამ კამათის
პროცესში ყველაფერი თავ-თავის ადგილას დადგა. აბელი როგორ უნდა
გამკლავებოდა ასეთ მოპაექრეს, ვისაც მყარი, კარგად მოფიქრებული და
ბოლომდე შემოწმებული აზრი ჰქონდა სიკეთეზეც, რაინდობაზეც, ადამიანის
მოვალეობაზეც, ყალბ გმირობაზეც, რომანტიკულ ბურუსზეც, ვისაც ფიქრიც კი
არ სჭირდებოდა, ისე მოჰყავდა დაპირისპირებისათვის საჭირო მაგალითები.

და აბელი, რასაკვირველია, დამარცხდა.

აბელი დამარცხდა, მაგრამ გულში მაინც დარჩა ბუნდოვანი გრძნობა იმისა, რომ
როგორც მირიანი ამტკიცებდა, მართლა ისე არ იყო ყველაფერი.

და თუმცა საპირისპირო შეხედულებები ამგვარად საპირისპირო


შეხედულებებადვე დარჩა, აბელმა ამ კამათიდან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა
გამოიტანა: შეხედულებები სხვაა, მეგობრობა კი - სხვა, და იმ ჰარმონიისათვის,
რომლისკენაც აბელი მიისწრაფოდა, სულაც არ იყო აუცილებელი, მეგობრებს
ყველა საგანზე ერთნაირი აზრი ჰქონოდათ. უფრო მეტიც, აბელს ისეთი
შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს შეხედულებათა დაპირისპირება არათუ
ასუსტებს მეგობრულ კავშირს, არამედ უფრო ამტკიცებს და აძლიერებს.
მაგრამ ასეთი სასარგებლო დასკვნის მიუხედავად, აბელს ჯერჯერობით მაინც
ვერ გაებედა მირიანთან თავის ფილოსოფიურ და სამიჯნურო ექსპერიმენტებზე
საუბარი. მირიანის დიდი ცოდნისა და მძლავრი აზროვნების წინაშე ყოველივე
ეს როგორღაც უფერული, უინტერესო და ბავშვურად სასაცილო ეჩვენებოდა. არა,
საბოლოო უარი არ უთქვამს თავის განზრახვაზე, უბრალოდ, გადაწყვიტა,
საგანგებო საუბარი არ მიეძღვნა ამ თემისათვის და ისე, სასხვათაშორისოდ
ჩამოეგდო სიტყვა, როცა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა.

სანამ აბელი ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა, ზაფხულის არდადეგებიც მოვიდა


და მეგობრების გზები გაიყარა. მირიანი სწავლის შეწყვეტისთანავე რომელიღაც
სახელგანთქმულ კურორტზე წაიყვანეს, აბელი კი დედამ, ჩვეულებისამებრ,
სოფელში გაგზავნა.

იმ ზაფხულს პაპა გარდაიცვალა.

რაც სოფელში ჩავიდა, აბელი ერთთავად თავის შორეულ მეგობარზე ფიქრობდა.


ცდილობდა წარმოედგინა ის კურორტი, რომლის სახელი ვერ დაიხსომა და
რომელიც, მისი აზრით, სადღაც მთებში უნდა ყოფილიყო, ნაძვებისა და
ფიჭვების ტყით გარშემორტყმული. თეთრი, სუფთა, მაღალფანჯრებიანი
სანატორიუმი მწვანეში იდგა, ირგვლივ სუფთა და ლამაზი ეზო ერტყა. დიდ,
ნათელ, კრიალა ოთახში ცხოვრობდა მირიანი და დროდადრო აბელს იგონებდა.

ამ მნიშვნელოვანი საქმით დაკავებულს არ შეუნიშნავს, პაპა თუ ავად იყო.


იმისთვისაც კი არ მიუქცევია ყურადღება, რომ მოულოდნელად დედა ჩამოვიდა,
თუმცა, რამდენადაც აბელმა იცოდა, ჯერ შვებულება არ უნდა ჰქონოდა.
მხოლოდ შემდეგ, როცა მოსახდენი მოხდა, ყველაფერი აღდგა მეხსიერებაში.
შემდეგ გაახსენდა, რომ დედა, ბიძა და ბიცოლა ერთმანეთში რაღაცას
ჩურჩულებდნენ ხოლმე და პაპას ან ბებიას გამოჩენაზე შეთქმულებივით
გაჩუმდებოდნენ. ბოლოს, მრავალდღიანი საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ,
პაპას გამოუცხადეს, შეუძლოდ ხარო და უბრძანეს ლოგინში ჩაწოლილიყო. ამაზე
პაპამ უპასუხა, მოგცლიათ ერთიო, და ბრძანებას არ დაემორჩილა. მაგრამ
რამდენიმე დღის შემდეგ მაინც ჩაწვა. შუადღის ხანს მთელი ოჯახის
თანდასწრებით გაიხადა ბლუზა და შარვალი და თეთრი პერანგისა და კოჭებთან
ზორტებით შეკრული თეთრი ნიფხვის ამარა მორჩილად დაწვა. საბანი რომ
დაიფარა, თავი მოაბრუნა, რატომღაც მაინცდამაინც აბელს შეხედა ნაღვლიანი
ღიმილით და თითქოს ბოდიშს იხდისო, ისე თქვა.

- შემაწუხა, ხომ იცით, ამ ტკივილმა.

უფროსებმა, როგორც ჩანს, იცოდნენ, რა სტკიოდა პაპას. ბავშვებმა არ იცოდნენ,


არც თვითონ პაპამ იცოდა. პაპა ხან კუჭს იტკივებდა, ხან გულს, ხან ბეჭებს.
ერთი სიტყვით, რაღაც მოხეტიალე ტკივილი ჰქონდა, რომელიც დღითიდღე
ძლიერდებოდა. პაპაც დღითიდღე უმატებდა ოხვრას. ერთხელ, როცა ტკივილმა
ზენიტს მიაღწია, რაღაც წამალი მოუტანეს. ბებიამ უთხრა, ა, ეს დალიე და
დაგიამებსო. პაპამ წამალი დალია, თვალები დახუჭა, დიდხანს იყო ასე და მერე,
როდის-როდის ამოიღო ხმა. თვალი არ გაუხელია. ისე თქვა მშვიდი, წყნარი,
კმაყოფილი ხმით: - უჰ, ძლივს არ მოვისვენე!
ამ სიტყვებზე ჩაეძინა და ძილში გაიპარა.

ბებიამ კივილი ატეხა, რათა პაპას გარდაცვალება მეზობლებისთვის


შეეტყობინებინა. მერე დაიწყო ფუსფუსი. ვიღაცები მოდიოდნენ, ვიღაცები
მიდიოდნენ, ვიღაცები თათბირობდნენ, რაღაცას წერდნენ, კამათობდნენ და
ყაყანებდნენ. მეორე დღეს სურსათ-სანოვაგის მომზადება დაიწყეს. მალე ორი
მსუქანი მზარეული გამოჩნდა, რომელთაც თეთრი ხალათები ეცვათ და თეთრი
ჩაჩები ეხურათ.

დასაფლავების დღეს უთვალავი ნათესავი ჩამოვიდა. ვერაფრით ვერ


წარმოიდგენდა აბელი, ამდენი ნათესავი თუ ჰყავდა. უცნობი ქალები ნაზად
კოცნიდნენ და უცნობ ბავშვებს უჩვენებდნენ, უცნობი კაცები თავზე ხელს
უსვამდნენ და ამბობდნენ, რამხელა გაზრდილაო, ან ზედგამოჭრილი მამამისიაო.
ეზო ხალხით იყო სავსე. მიმოდიოდნენ, ფუსფუსებდნენ, საუბრობდნენ, ეწეოდნენ,
ტიროდნენ და იცინოდნენ. ყველაზე ხშირად მაინც ტირილი და სიცილი ისმოდა
და აბელი, რომელსაც აქამდე დასაფლავება არასოდეს ენახა, მიხვდა, რომ გლოვა
ტირილისა და სიცილის მკაცრად კანონზომიერი მონაცვლეობაა. პაპა კი ამ
დროს იწვა თავისთვის და ისეთი სახე ჰქონდა, ლაპარაკი რომ შესძლებოდა,
ალბათ, ახლაც ისევ ისეთი მშვიდი, წყნარი, კმაყოფილი ხმით იტყოდა: „უჰ,
ძლივს არ მოვისვენე!“

ბოლოს ეს გაჭიანურებული ზაფხული, როგორც იქნა, გავიდა და ოცდათერთმეტ


აგვისტოს აბელი დედასთან ერთად თბილისში დაბრუნდა.

სწავლის დაწყებას არასოდეს ასეთი სიხარულით არ შეგებებია. მართალია,


საერთოდ, პირველი სექტემბერი სასწავლო წლის ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო,
რადგან ამ დღეს არავინ გაგიძახებდა და მასწავლებლებიც უფრო ადამიანები
იყვნენ, ვიდრე მასწავლებლები, მაგრამ ხვალინდელი პირველი სექტემბერი ამ
ფონზეც კი მკვეთრად გამოირჩეოდა. ხვალ აბელი სამი თვის უნახავ მეგობარს
უნდა შეხვედროდა. თანაკლასელებს შურდათ, რომ მირიანი ჭკვიანი,
განათლებული, ერთადერთი მოწაფე, ვინც მასწავლებლებთან მეცნიერულ
ორთაბრძოლებს მართავდა, წყნარი, ფიქრიანი, მარტოობის მოყვარული და ამ
მარტოობის წყალობით ცოტა იდუმალი და გაუგებარი, აბელის მეგობარი იყო.
განსაკუთრებით მარიკას შურდა. მარიკას, თუ აბელს გუმანი არ ღალატობდა,
უყვარდა კიდეც მირიანი. ამიტომ იყო, რომ ბოლო ხანებში აბელს სულ
უბღვერდა და უღრენდა. აბელს კი გულში ეამაყებოდა მირიანის მეგობრობა. და,
რაც უფრო შურდათ ამხანაგებს, მით უფრო ეამაყებოდა. ოღონდ, ცხადია, თავი
ისე ეჭირა, ვითომ საამაყო და განსაკუთრებული აქ არაფერი იყო. ხანდახან,
როცა ოცნებას ვეღარ მოთოკავდა, წარმოიდგენდა, ვითომ მირიანის მეგობრობაში
მართლა არაფერი იყო განსაკუთრებული. რაკი მირიანმა აბელი აირჩია,
მაშასადამე, აბელიც ისეთივე ჭკვიანია, ისეთივე ფიქრიანი და სხვებისთვის
ისეთივე მიუწვდომელი.

სამი თვის განშორებამ აბელს კიდევ უფრო შეაყვარა მირიანი. უფრო მეტიც:
ზაფხულში საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი მხრივ სულელური და თავისი
არსით მეგობრობის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, როცა საიდუმლო
ექსპერიმენტებისა და საიდუმლო სიყვარულის გასამხელად ხელსაყრელ
შემთხვევას ეძებდა. არავითარი ხელსაყრელი შემთხვევა ამას არ სჭირდებოდა.
განუყრელ მეგობარს ყველაფერი შეგიძლია უთხრა. იმაზე, რაზედაც სხვები
გაიცინებენ, განუყრელი მეგობარი არ გაიცინებს. განუყრელი მეგობარი
ყველაფერს გაგიგებს...

აბელი გვიან ღამით ჩამოვიდა და მაშინვე დასაძინებლად დაწვა, მაგრამ რული


დიდხანს არ მიჰკარებია. მოახლოებული შეხვედრის მოლოდინით
აფორიაქებული, ლამის გათენებამდე ტრიალებდა ლოგინში და გონებაში
ხვალინდელი დილის სურათებს ხატავდა. სკოლაში მისულს მირიანი საკლასო
ოთახში დახვდებოდა, განუყრელი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვეოდნენ და
გადაკოცნიდნენ. მაგრამ დეტალების შემუშავებისას ამ სურათის ქვეშ ეჭვის ჭია
ჩანდა. გადაკოცნიან კია ერთმანეთს? აბელი და მისი კლასელები პირველ
სექტემბერს ყოველთვის კოცნიდნენ ერთმანეთს, მაგრამ მირიანი სხვანაირი ბიჭი
იყო და მის ხასიათს არაფრით არ ეხამებოდა გრძნობათა ასეთი გამომჟღავნება.
მირიანი, ალბათ, ხელსაც კი არ ჩამოართმევდა ამხანაგებს, საერთო სალამს
იტყოდა და მშვიდი, ფიქრიანი, განმარტოებული, თავისი მერხისაკენ წავიდოდა.
ხოლო თუ სხვებს არ გადაკოცნიდა, გამონაკლისს ვერც აბელისთვის დაუშვებდა,
რათა კლასში უხერხული ვითარება არ შექმნილიყო. არადა, კოცნის გარეშე
შეხვედრა აბელს ვერ წარმოედგინა. მეგობრობა თუა, მეგობრობა უნდა იყოს.
ამაზე დიდხანს იმტვრია თავი და, მისდა სასახელოდ, ბოლოს ჩინებული
გამოსავალი იპოვა: ცხრის თხუთმეტ წუთზე სახლის წინ დაელოდებოდა
მირიანს, როგორც ამას წინა წელს აკეთებდა. მართალია, მოლაპარაკება ამ წელზე
არ გავრცელებულა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეხვედრა არ დაუთქვამთ, მაგრამ
მერე რა! როცა მეგობრები ხართ, სულაც არაა აუცილებელი ყველაფერი წინასწარ
დაითქვას. იქ, სადარბაზოს წინ, ეჭვიანი თვალებისაგან მოშორებულები,
გადაკოცნიდნენ ერთმანეთს და მერე შეიძლება საკლასო ოთახში აბელსაც
მირიანივით მხოლოდ საერთო სალამი ეთქვა და მშვიდი, ფიქრიანი,
განმარტოებული, წასულიყო თავისი მერხისაკენ.

მეორე დილით აბელი, გამოუძინებელი და თვალებდაწითლებული, ცხრის ათ


წუთზე უკვე მირიანის სახლთან იდგა და მეგობარს ელოდა. გონებით
მშვენივრად იცოდა, რომ არაფერი სამარცხვინო იმაში არ არის, მეგობარს
წინასწარ შეთანხმების გარეშე დაელოდო სადარბაზოსთან, მაგრამ გულში მაინც
რცხვენოდა და ეჩვენებოდა, თითქოს გამვლელ-გამომვლელები ეჭვითა და
ირონიით უყურებდნენ, თუმცა, ცხადია, მათ არ შეიძლებოდა სცოდნოდათ, რომ
აბელი წინასწარი შეთანხმების გარეშე იდგა აქ და მეგობარს ელოდა. როგორც კი
ლიფტის კარი გახმაურდებოდა, აბელი რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევდა და
მერე ნელა წავიდოდა წინ, რათა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, ვითომ ახლა
მოდიოდა სახლიდან. სადარბაზოდან ნაირ-ნაირი ხალხი გამოდიოდა, მირიანი კი
არ ჩანდა. ბოლოს აბელი მიხვდა, სკოლაში იგვიანებდა, იფიქრა, ალბათ უკვე
წავიდაო (ეს ვარაუდი იმით გაამართლა, რომ პირველ სექტემბერს შედარებით
ადრე მიდიან სკოლაში), და პოსტი მიატოვა.

მირიანი სკოლაში არ დახვდა.

საკლასო ოთახში რომ შევიდა, პირველ რიგში მეგობრის მერხისკენ გაიხედა.


მირიანი იქ არ იჯდა. მერე, სანამ ამხანაგებს ესალმებოდა, კოცნიდა და
მექანიკურად პასუხობდა სულელურ შეკითხვებზე, ოთახი საფუძვლიანად
მოათვალიერა. მირიანი ოთახში არ იყო. მაშინ კარს დაუწყო თვალთვალი.
მირიანის შემოსვლა რომ არ გამოჰპარვოდა, ამხანაგებს კი, რომლებიც მისი
მეგობრები არ იყვნენ, კვლავ მექანიკურად და უაზროდ ესალმებოდა.

მირიანი არ მოვიდა.

ამგვარად, შარბათად დაგუბებული დღე აბელს შხამად ექცა. გულში ობლობის


მძიმე სევდა ჩაუსახლდა. სევდა მისთვის ახალი ხილი არ ყოფილა, მაგრამ ეს
სევდა ადრე გადატანილი ყველა სხვა სევდისაგან მაინც განსხვავდებოდა რაღაც
არსებითი ნიშნით, რომლის დადგენა აბელს არ შეეძლო. აბელი ერთ ადგილას
ვერ ისვენებდა. სხეულში უცხო, გაუგებარი ძალა მოძრაობდა, რომელიც
სხეულსაც აიძულებდა გამუდმებით ემოძრავა. ამ ნიადაგზე თითქმის ყველა
მასწავლებლისგან მიიღო თითო შენიშვნა. მაგრამ ამ შენიშვნებს ყურადღებას არ
აქცევდა. ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა გაკვეთილები, რომ
იქაურობას გასცლოდა. გაკვეთილები კი, უსაშველოდ გაჭიმული და
გაჭიანურებული, არ იქნა და არ დამთავრდა. აბელი გულდამძიმებული იყო და
რამეს რომ ჰკითხავდნენ, ხმის ამოღება უჭირდა. ერთი-ორჯერ მარიკამ თავისი
შავი, ბრიალა თვალები შემოანათა, თითქოს ეუბნებოდა, ეგეც შენ, ხომ არ
მოგივიდა მეგობარიო. ბოლოს დაადგა საშველი და უკანასკნელი ზარი დაირეკა.
აბელმა ჩანთას ხელი დაავლო, სკოლიდან გავიდა და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა
ქუჩას. გადაწყვეტილი ჰქონდა, სანამ შინ დაბრუნდებოდა, მირიანთან შეევლო,
მაგრამ მეგობრის სახლს რომ მიუახლოვდა, ერთბაშად დაეჭვდა ამ
გადაწყვეტილების სისწორეში და ყოყმანი დაიწყო. მაშინ ნაბიჯი შეანელა, რათა
დრო მოეგო და ეს უადგილო ეჭვები მანამ მოეშორებინა, სანამ მირიანის
სადარბაზოს მიადგებოდა. ეჭვები კი თანდათან ძლიერდებოდა. სადარბაზოს რომ
მიაღწია და შეჩერდა, უკვე საბოლოოდ იყო დაბნეული და აღარ იცოდა, ასვლა
ერჩივნა თუ აუსვლელობა. იდგა სადარბაზოსთან, ყოყმანობდა და თან იმასაც
მტკივნეულად განიცდიდა, რომ ასე უსაქმოდ ტკეპნიდა ერთ ადგილს. ერთი
პირობა, საკუთარი სილაჩრის გასამართლებლად თავის მოტყუება დააპირა და,
რაც შეეძლო, მტკიცედ და დაჯერებით გაიფიქრა: „არ იქნებიან ჩამოსულები“,
მაგრამ თავი არ მოიტყუა: თუ არ იქნებიან ჩამოსულები, კარს არავინ გაგიღებს
და ამით დამთავრდება ყველაფერი. გამობრუნდები და წამოხვალ. სინამდვილეში
სწორედ იმის ერიდებოდა, რომ ჩამოსულები იქნებოდნენ და კარსაც გაუღებდნენ.
კარს მირიანის დედა გააღებდა და, ვინ იცის, გულში გაევლო „ნეტა ვინ
დაპატიჟა, რომ ააღირა თავი და მოგვადგა?“ აბელს შერცხვა, რადგან ცხადზე
უცხადესი იყო, რომ მირიანის დედა ასეთ რამეს არ გაიფიქრებდა. მირიანის
დედა თბილი ღიმილით შეეგებებოდა და გულწრფელი სიხარულით
შეიპატიჟებდა შინ. ერთი სიტყვით, აუსვლელობის ვერავითარი მოტივი ვერ
მოძებნა. მიუხედავად ამისა, ასეთი მოტივი მაინც არსებობდა. იგი სადღაც,
ლოგიკური აზრის მიღმა არსებობდა და აბელი ზანტად, ფეხათრევით გაუდგა
გზას შინისაკენ.

ეს დღე აბელის ცხოვრებიდან უკვალოდ ამოიშალა, როგორც მკვდარი,


არარსებული. ამ დღეს სიცოცხლე უმიზნო და გაუგებარი იყო.
მეორე დილით, ცხრის ათ წუთზე, აბელი კვლავ პოსტზე იდგა, სადარბაზოს წინ,
და მეგობარს ელოდა. და იმ დროს, როცა გუშინდელივით იგრძნო, სკოლაში
იგვიანებდა და გზის გაგრძელება დააპირა, უეცრად, თავისდა მოულოდნელად,
სადარბაზოში შევარდა და ლიფტი გამოიძახა. მირიანის კარზე ღილაკს რომ
თითი დააჭირა და ზარმა დარეკა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს. შეკრთა და
გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს შიგნიდან ფეხის ხმა მოისმა. აბელი
მონუსხულივით გაშეშდა ადგილზე. რა ექნა, აღარ იცოდა.

ამასობაში კარიც გაიღო. ზღურბლზე მირიანის დედა იდგა. პირველი, რაც


აბელმა იგრძნო, ეს იყო უცნაური სიცარიელე, რომელიც მით უფრო საკვირველი
ჩანდა, რომ სახლში ყველაფერი თავის ძველ ადგილას იდგა, ისე, როგორც
აბელს ახსოვდა, მაგრამ აბელმა ვერც კი მოასწრო გაკვირვება ამ უცნაური
ჩვენების გამო, რადგან მისი ყურადღება იმავ დროს მირიანის დედამ მიიქცია.
მირიანის დედა საშინლად გამხდარიყო, შავი კაბა ისე ადგა, თითქოს საკიდზე
ეკიდა, ლოყები ჩასცვენოდა, თვალები ჩასწითლებოდა და საოცრად
დაუშნოებული ჩანდა.

ყოველივე ამან ელვის უსწრაფესად ჩაიქროლა აბელის ტვინში. გააზრებით


ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო. ეს იყო მხოლოდ, რომ გულმა გაუგებარი
რეჩხი უყო.

იმავ წამს მირიანის დედას სახეზე სუსტი და შორეული, მაგრამ ძველებურად


თბილი ღიმილი აღებეჭდა.

- მოდი, შვილო, - რაღაცნაირი ყრუ, თითქოს ნაძალადევი ხმით უთხრა, დაიხარა


და აკოცა.

აბელმა რომ შუბლზე ცივი ტუჩები იგრძნო, ტანში გააჟრჟოლა. იმას კი ვერ
მიხვდა, თუ რატომ ჩაჰკიდა თავი და რატომ იდგა ასე საცოდავად, თითქოს
რაღაც საშინელი დანაშაული ჩაედინოს.

- ვინ არის, თამარ? - მოისმა ამ დროს მირიანის მამის ხმა და აბელს მოეჩვენა,
რომ ცოლ-ქმრის ხმა შემაშფოთებლად დამსგავსებოდა ერთმანეთს.

- აბელი მოვიდა, - მიუგო მირიანის დედამ.

მირიანის მამა გამოჩნდა. მირიანივით მაღალი იყო, გამხდარი და სათვალიანი.


მოვიდა და ხელი გამოუწოდა აბელს.

- გამარჯობა, აბელ, - და როცა აბელმა, თავჩაქინდრულმა, საცოდავმა, უმწეოდ


აკანკალებულმა ხელი ჩამოართვა, დაუმატა: - მოდი, დაჯექი, გავიხსენოთ
წარსული.

მირიანის დედას ტირილი წასკდა. ცხვირსახოცი ამოიღო, შეტრიალდა, ცრემლებს


იმშრალებდა და ცდილობდა დაწყნარებულიყო. ქმარმა ხელი ნელა გადახვია
მხარზე და საფეთქელზე აკოცა. აბელმა თავის სიცოცხლეში პირველად ნახა, რომ
კაცმა ქალს სხვისი თანდასწრებით აკოცა. მირიანის დედა თანდათან დამშვიდდა,
ცხვირსახოცი კაბის ჯიბეში ჩაიდო.

აბელი ყველაფერს მიხვდა.


ამან მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე და ორჭოფული გახადა. გულზე
რაღაც დააწვა, მუხლებში ძალა გამოეცალა. მერე ერთი წამით მოეჩვენა, თითქოს
საკუთარ თავს გამოეყო და გარედან შეხედა. შეხედა თავჩაღუნულს, საბრალოს,
უსუსურს. მეხსიერებაში ერთბაშად ამოტივტივდა პაპის პანაშვიდი. მოაგონდა,
როგორ მოდიოდა ხალხი. მძიმე, სერიოზულ სახეებზე ოდნავ მკაცრი, ოდნავ
საზეიმო და ოდნავ იდუმალი გამომეტყველება ეხატათ. მოდიოდნენ მწკრივად,
მოდიოდნენ დინჯად, კარგად გამოზომილი ნაბიჯით, ხაზგასმული მოწიწებით
ართმევდნენ ხელს ჭირისუფლებს და დაბოხებული ხმით ეუბნებოდნენ:
„ვიზიარებ თქვენს მწუხარებას“, ან „მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების“. ერთი-
ორმა უბრალოდ თქვა: „მეწყინა“. და ამ სიტყვასაც კი, რომელსაც თითქოს
კომიკური ელფერი უნდა დაჰკრავდეს, ვითარების ამაღლებული ხასიათის გამო,
კომიკურობის ნიშანწყალი არ ეცხო. პაპის პანაშვიდი დიდებული სანახაობა იყო.
აბელი კი როგორღაც ბრიყვულად მოვიდა, ბალღური, უმეცარი მოსვლით.
მოვიდა და უხერხულობის ისეთ ლაბირინთში აღმოჩნდა, საიდანაც თავის
დაღწევა წარმოუდგენელი ჩანდა. მართალია, გასამართლებელი საბუთი კი
ჰქონდა, რადგან, როცა მოდიოდა, არ იცოდა, მაგრამ მაშინ ეს უნდა ეთქვა, უნდა
ეთქვა, რომ არ იცოდა. ხოლო, რაკი ამის თქმა ახლანდელ ვითარებაში დიდად
აღემატებოდა აბელის შესაძლებლობებს, მირიანის მშობლები, ცხადია,
იფიქრებდნენ, რომ აბელმა ი ც ო დ ა და მაინც ასეთი უმწეო და საცოდავი
მოსვლით მოვიდა. რას არ მისცემდა აბელი ახლა, ოღონდ იქაურობას დროზე
გასცლოდა. მაგრამ ეს ფუჭი სურვილი იყო. მირიანის მამა მის პასუხს არ
დალოდებია, შეიპატიჟა თუ არა ოთახში, შეტრიალდა და წინ გაუძღვა. ამიტომ
აბელიც იძულებული შეიქნა, ჩანთა შემოსასვლელში დაეტოვებინა და უკან
გაჰყოლოდა.

დიდ ოთახში შევიდნენ. მირიანის მამა დაჯდა, მირიანის დედაც დაჯდა. აბელიც
დასვეს.

წამით აბელს მტკივნეულად გაუელვა ფიქრმა, მირიანიც რომ აქ იჯდეს,


ყველაფერი კარგად იქნებოდაო. იმავ წამს თმის ძირებში ოფლმა გამოჟონა.

იჯდა თავჩაქინდრული, ძალაგამოცლილი, სხეულის შორეულ სიღრმეში რაღაც


უკანკალებდა და არ იცოდა, რა ექნა. როცა მირიანი გვერდით ჰყავდა, მის
მშობლებთან მაშინაც უხერხულად გრძნობდა თავს. ახლა კი არათუ მირიანი არ
ჰყავდა გვერდით, მის მშობლებს, ალბათ, ისიც კი ეგონათ, რომ აბელმა, როცა აქ
მოდიოდა, ი ც ო დ ა... აბელს ერთბაშად მოაგონდა, რომ მათ არაფერი უთქვამთ
იმის შესახებ, რაც მოხდა. ხოლო რაკი არაფერი უთქვამთ, ცხადია, ფიქრობდნენ,
რომ აბელმა ი ც ო დ ა...

- სოფელში იყავი მთელი ზაფხული? - დაარღვია დუმილი მირიანის მამამ.

- დიახ, - ჩაილუღლუღა აბელმა და ბუნდოვანი გაკვირვება იგრძნო იმის გამო,


რომ მირიანის მამა ასეთ დროს ესოდენ უმნიშვნელო რამეზე ლაპარაკობდა.

აბელს უნდოდა ეთქვა, პაპა მომიკვდაო. სხვა ვითარებაში იტყოდა კიდეც. არა
იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკი სიამოვნებდა ან ამით მსმენელებს საკუთარი
პიროვნების პატივისცემას აღუძრავდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ რამე
ეთქვა, რამე მონაწილეობა მიეღო საუბარში. მაგრამ გუმანი კარნახობდა, რომ
სიკვდილზე ლაპარაკი ახლა არ შეიძლებოდა.

- მირიანმა მითხრა, რომ სოფელში იყავი, - ისევ დაილაპარაკა მირიანის მამამ


და კედელს შეხედა, მერე ოდნავ შეცვლილი ხმით განაგრძო, - დარდობდა,
რატომ მისამართი არ გამოვართვიო. წერილის მოწერა უნდოდა.

სინათლეს თითქოს ბინდი ჩამოეფარა. ყელში ქვემოდან რაღაც მოაწვა.

და აბელს მოულოდნელად ტირილი აუვარდა.

ტიროდა და ტირილის რცხვენოდა. იცოდა, მამაკაცს არ შეჰფერის ტირილი.


ცდილობდა, დამშვიდებულიყო და თავს ვერაფერს უხერხებდა. აგონდებოდა,
რამდენჯერ მწარედ, ტკივილით გაიფიქრა ზაფხულის განმავლობაში, რატომ არ
მომაგონდა, ერთმანეთისთვის ჩვენ-ჩვენი მისამართი მიგვეცა და წერილები
გვეგზავნაო. აგონდებოდა და ცრემლებს ვერა და ვერ იკავებდა.

მირიანის მამამ თავზე ხელი დაადო, თითები მოუსვა, თითქოს მოფხოჭნა (და
აბელმა რაღაც გაუგებარი, აქამდე განუცდელი და ამავე დროს თითქოს
დაუმსახურებელი და მოპარული სითბო იგრძნო), კარგი, გეყოფაო, ჩავარდნილი
ხმით უთხრა, იმავ წამს სწრაფად წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ერთხანს
ასე იდგა აბელისკენ ზურგშექცევით.

როგორც იქნა, აბელი დაწყნარდა და ტირილი შეწყვიტა. სამაგიეროდ


სირცხვილისაგან ალმური ასდიოდა და მთელი სახე უხურდა.

ტირილი, ცხადია, შეუფერებელი საქციელი იყო, მაგრამ ამ შეუფერებელმა


საქციელმა მოულოდნელად მთავარი პრობლემა გადაჭრა: აქედან წასვლის,
ლაბირინთიდან თავის დაღწევის პრობლემა. ვერც კი გაიგო, თუ წამოდგა, ისე
ბუნებრივად და თავისუფლად წამოდგა ამ ტირილის შემდეგ. მირიანის დედაც
წამოდგა, მირიანის მამაც მოტრიალდა და ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ
აბელი წასვლას აპირებდა.

მირიანის მშობლები კარამდე გამოჰყვნენ. აბელმა ჩანთა აიღო,


გამომშვიდობებისას მირიანის მამამ მხარზე ხელი გადახვია (თითებიდან
წეღანდელივით გამოსდიოდა უცნაური და დაუმსახურებელი სითბო) და უთხრა:
- ნუ დაგვივიწყებ. შემოგვიარე ხოლმე. წიგნები თუ დაგჭირდეს, არ მოგერიდოს.

აბელმა დასტურის ნიშნად რაღაც წაილუღლუღა.

სადარბაზოს რომ გასცდა, წამით იმ ადგილას შეჩერდა, სადაც გუშინ დილით


და დღეს დილით მირიანს ელოდა. უეცრად ძალიან უცნაური, აუხსნელი და
არაბუნებრივი ეჩვენა ის ამბავი, რომ ორი დღეა ელოდა მეგობარს, რომელიც
არასოდეს მოვიდოდა.

მირიანის მამის თხოვნა არ შეუსრულებია. მხოლოდ ერთხელ, როცა სკოლაში


გაიგეს მირიანის გარდაცვალების ამბავი და მასწავლებელმა მთელი კლასი
წაიყვანა, აბელიც მივიდა. მაშინ იყო, გერონტი რომ გოგოსავით გულამოსკვნით
ქვითინებდა და ამ სანახაობამ აბელს წამით ეჭვი გაუჩინა, იქნებ არც ისე
სამარცხვინო საქმეა მამაკაცისთვის ტირილიო.
ამის შემდეგ აღარ მისულა. სულ აპირებდა და სულ ფეხს ითრევდა. ვერაფრით
ვერ მოეხერხებინა მისვლა, თან მიუსვლელობა ტანჯავდა, რადგან დროდადრო
აგონდებოდა მირიანის მამის თბილი თითები და ჩავარდნილი ხმა.

ოქტომბრის ბოლოს აბელი სხვა სკოლაში გადავიდა. მისი და მისი მეზობლების


ძველ სახლს ბულდოზერები მიაყენეს. ნაცნობი სახეები მთელ ქალაქში
გაიფანტნენ.

აბელსა და აბელის დედას ახალ უბანში, მაღალ სახლში მისცეს ბინა.

თავი მეოთხე

მაღალ სახლში ყველა თავისთვის ცხოვრობს.

აბელს დიდხანს ახსოვდა ძველი სახლის აღმოსავლური საღამოები. ასე, აპრილის


შუა რიცხვებიდან, დათბებოდა თუ არა, ნასადილევს მთელი სახლი, დიდიან-
პატარიანად, ეზოში გამოეფინებოდა ხოლმე. ქალები ცალკე გუნდად
დასხდებოდნენ, გატაცებით ჭორაობდნენ, ხმამაღლა კისკისებდნენ და ბარძაყებზე
ხელებს იტყაპუნებდნენ. ბავშვები დაღამებამდე ფრენბურთს ან კალათბურთს
თამაშობდნენ, მერე კი, სიბნელე რომ ჩამოწვებოდა, „ქალაქობანაზე“ ან
„სიტყვობანაზე“ გადაერთობოდნენ. მაისურისამარა კაცები ნარდითა და ღვინით
იქცევდნენ თავს. ასეთ დროს ვინმე უცხო რომ შემოსულიყო ეზოში და რამე
ეკითხა, ყველა ერთად, ყაყანით გასცემდა პასუხს, რადგან „ყველა“ იქ მთლიანი,
განუყოფელი პიროვნება იყო, რომელსაც, უბრალოდ, მრავალი სახე ჰქონდა, და
აზრად არავის მოუვიდოდა, ერთი მეზობელი მეორისაგან გამოერჩია. იქ მთელი
ეზო საერთო ოჯახად ცხოვრობდა და ყველანი ამ ოჯახის თანაბარუფლებიანი
წევრები იყვნენ. ამიტომ იყო, რომ დილაობით, როცა აბელი სკოლაში მიდიოდა,
ხოლო დედა სამსახურში, კარს არ კეტავდნენ. უბრალოდ, გამოიხურავდნენ, კატა
რომ არ შეპარულიყო, აქ კი, მაღალ სახლში, ყველა საკუთარ ბუდეში იყო
შეყუჟული. ყოველ კარს ორ-ორი საკეტი ჰქონდა და ერთი წუთით რომ
გასულიყო პატრონი, ორივე საკეტს გულმოდგინედ კეტავდა. მეზობელი
მეზობელთან უსაქმოდ არ დადიოდა, ხოლო თუ რამე დასჭირდებოდა და
დაგიკაკუნებდა, თან რომ გადაჰყოლოდი, შინ არ შემოვიდოდა. ძალიან თუ
ჩააცივდებოდი, უხერხულიაო, გეტყოდა, საშინაოდ ვარ ჩაცმულიო. ეს
მრავლისმეტყველი მიზეზი იყო. მეზობელთან მისვლა ისე, როგორც ძველ
სახლში ხდებოდა, შინაურულად, უბრალოდ და უსაქმოდ, იმ აღმოსავლური
საღამოებივით წარსულს ჩაბარდა. აქ მეზობელთან მისვლა სტუმრობას ნიშნავდა.
აბელს არაერთხელ შეუნიშნავს, რომ დედა, როცა რამე საქმეზე მეზობელთან
მისვლას დააპირებდა, ფოსტლებს გაიხდიდა და ფეხსაცმელს ჩაიცვამდა,
წინსაფარი თუ ეკეთა, მოიხსნიდა, კაბასა და თმას გაისწორებდა, თითქოს
სამეზობლოდ კი არა, დარბაზობაზე იყო წასასვლელი... ბავშვები, ასე თუ ისე,
მაინც ახერხებდნენ ურთიერთობას, დიდები კი თავიანთ ნაჭუჭში ისხდნენ. ან
განსაკუთრებული უბედურება უნდა მომხდარიყო, ან განსაკუთრებული
ბედნიერება, რომ მეზობლები ერთად შეყრილიყვნენ.
მართალია, მერე და მერე, მას შემდეგ, რაც დიდხანს ზვერავენ და
უთვალთვალებენ ერთმანეთს, ყოველი ოჯახი უახლოვდება ორ-სამ სხვა ოჯახს,
მაგრამ, ჯერ ერთი, ეს ხდება დიდი ხნის შემდეგ და, მეორეც, ასეთ სეპარატულ
მეზობლობას, ასეთ დაჯგუფებებს არაფერი აქვს საერთო იმ ძველ, აზიურ
მეზობლობასთან, რადგან იგი კი არ აახლოებს მეზობლებს, არამედ უფრო
თიშავს და ცალკეულ ჯგუფებს ერთმანეთს უპირისპირებს.

აბელი და დედამისიც ძალაუნებურად საკუთარ ნაჭუჭში ისხდნენ და ოთხი თუ


ხუთი თვის განმავლობაში თითქმის არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ
მეზობლებთან. აბელი უკვე შეეჩვია ამ ამბავს და ეგონა, მუდამ ასე იქნებოდა.
ამიტომ დიდად გაკვირვებული დარჩა, როცა ერთ საღამოს ზარი დაირეკა და
მეზობლის ქალი შემოვიდა პატარა ბავშვით ხელში. ეს ქალი აბელს ერთი-ორჯერ
კიბეზე შეხვედრია. მუდამ ერთი და იგივე შავი კაბა ეცვა და ხელში მუდამ
ბავშვი ეჭირა, პატარა, ქერა, ბუთხუზა ბავშვი, რომელიც, როგორც კი მისი
მხედველობის არეში მოექცეოდი, მაშინვე ცნობისმოყვარედ, სერიოზულად და
უხმოდ მოგაჩერდებოდა.

აბელი დარწმუნებული იყო, სტუმარი მარილს ითხოვდა, ან სოდას, ან რაღაც


ამდაგვარს და მაშინვე წავიდოდა, მაგრამ, როგორც გამოირკვა, არაფრის თხოვნას
არ აპირებდა, ისე, უსაქმოდ მოსულიყო, დედასთან სამუსაიფოდ. მოგვიანებით,
როცა ვიზიტი დამთავრდა, აბელმა დედისაგან შეიტყო, რომ ეს იყო ლოლა,
მშვენიერი ქალი, ზრდილი, თავაზიანი, კარგი ოჯახიშვილი, რომელიც ზედა
სართულზე, სწორედ მათი ბინის თავზე ცხოვრობდა დედ-მამასთან და ერთი
წლის ქეთისთან ერთად. შავი კაბა თურმე იმიტომ ეცვა, რომ ქვრივი იყო. ქმარი,
ნიჭიერი ქიმიკოსი, ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, წამოსადეგი, ლამაზი,
სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ვაჟკაცი (როგორც თავად ლოლა ახასიათებდა),
საავიაციო კატასტროფაში დაღუპულა, ქეთის დაბადებამდე ოთხი თვით ადრე.

სანამ შემოვიდოდა, ლოლამ მორიდებული ღიმილით იკითხა, ხელს ხომ არ


შეგიშლითო. დედამ სწრაფად გაუქარწყლა უხერხულობა, რას ბრძანებ, პირიქით,
პირიქითო, და ოთახში შემოიპატიჟა. ლოლა აბელს მიესალმა, მერე ისევ დედას
მიუბრუნდა, თქვენ ყოველთვის ისეთი თბილი შეხვედრა იცით, ქალბატონო
ქეთევან, რომ ადამიანს უსაქმოდ სტუმრობას გააბედვინებთო. მერე გაიცინა და
დაუმატა, ასეა, კეთილშობილებით ბოროტად ვსარგებლობთ და ვინც ყველაზე
მეტად უნდა დავინდოთ, ყველაზე მეტად იმას ვაწუხებთო. რას ამბობ, ჩემო
კარგოო, დედამ მიუგო, ეს შეწუხება კი არა, სიამოვნებააო, მე და აბელი
დანატრებული ვართ მეზობლობას. საიდანაც გადმოვედით, იქ ექვსი მოსახლე
ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით, იმის შემდეგ აქ გამოყრუებულებივითა ვართო.
აქ დედამ საუბრის თემა შეცვალა, ეს რა კარგი შვილიაო, ქეთის მოუჩლიქა ენა,
მისი პაწაწინა ხელები თავის ხელისგულებზე დაიწყო და აათამაშა.

ქეთი მართლა საოცარი რამ გამოდგა. იჯდა დედის კალთაში ბუთხუზა,


სასაცილოდ გაფუყული და თავისთვის ერთობოდა. მისჩერებოდა რაღაცას,
უყურებდა დაკვირვებით, სერიოზულად, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს
ფიქრებშია წასულიო. მერე უეცრად ერთს ხმამაღლა დასჭყივლებდა და, თუ მის
ჭყივილს დიდები ყურადღებას მიაქცევდნენ, გულიანად ახითხითდებოდა.
ქეთიმაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა აბელზე და ლოლამაც. ლოლა თხელი,
მოხდენილი ქალი იყო, შავი, ნუშის ფორმის თვალები ჰქონდა და რაღაცნაირი
სათნო სახე. ამ სათნოებას თითქოს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს ის, რომ
კალთაში ქეთი ეჯდა. ეს სურათი - მოღიმარე ლოლა, რომელსაც კალთაში
თეთრი, ფუმფულა ქეთი უზის - მერეც არაერთხელ გახსენებია აბელს და ყოველ
გახსენებაზე თბილი და ნათელი გრძნობა უჩნდებოდა (ახლა ამაზე სევდიანად
და ცოტა ირონიულად გვეღიმება).

ლოლამ იმ საღამოს ორჯერ ახსენა ქმარი. ერთხელ მაშინ, როცა დედამ მურაბა
გამოიტანა. ლოლამ ჩაიზე უარი თქვა და დედა მარტო მურაბით გაუმასპინძლდა,
მურაბიანი ვაზა მაგიდის შუაში ჩადგა და პატარა ლამბაქები ჩამოარიგა. ერთი
ლოლას დაუდგა, ერთი - აბელს, ერთიც თავისთვის დაიდგა. მურაბის დანახვაზე
ქეთიმ ტაში შემოჰკრა, ყიჟინა დასცა და მოუთმენლად აფართხალდა.

ლოლა მოფერებით გაუჯავრდა: - აი, შე ღორმუცელა, შე ხარბო!

დედას გაეცინა.

- რა ცოცხალი და ხალისიანი ბავშვია! - ამ სიტყვებით კოვზი მურაბის წვენში


ამოავლო და გაალოკინა.

ქეთი სიამოვნებით აკრუტუნდა. ლოლამ კი სევდიანად გაიღიმა და დედის


ნათქვამზე შენიშნა: - ჯერ არ იცის, რომ ობოლია.

- მაგას ნუ იტყვი, - უთხრა დედამ. - სანამ ბავშვს დედა ჰყავს, ობოლი არ


ეთქმის.

ლოლამ ამოიოხრა.

- ეეჰ, ქალბატონო ქეთევან! მე ისეთი ქმარი დავკარგე, ცოცხალი რომ ვარ, ისიც
საკვირველია.

მეორედ წასვლისას ახსენა, მაშინაც სევდიანად გაიღიმა და თქვა: - სახლიდან


რომ გამოვალ და მერე უკან ვბრუნდები, ყოველთვის ისეთი გრძნობა მაქვს,
თითქოს გოგიმ უნდა გამიღოს კარი.

დედამ ალერსით მოუთათუნა მხარზე ხელი.

- დარდს ნუ აჰყვები. ახალგაზრდა ქალი ხარ და ცხოვრება წინა გაქვს.

საერთოდ კი მრავალ რამეზე ილაპარაკეს. როგორც გამოირკვა, ლოლა მხაზველი


ყოფილა და, ქეთი რომ ცოტა წამოიზრდებოდა, სამსახურში გასვლას აპირებდა.
დედამთილი არ ჰყოლია (ლოლამ თქვა, არ დამხვედრიაო და აბელმა აქედან ის
დასკვნა გამოიტანა, რომ ადრე გარდაცვლილა), მამამთილი დიდი ხნის წინ
გაყრია ცოლს და მას შემდეგ ოჯახთან არავითარი კავშირი აღარ ჰქონია.

საუბარი აბელსაც შეეხო.

ლოლამ იკითხა: - აბელი რომელ კლასშია?


აბელს არ სიამოვნებდა, მის ამბავს რომ მისივე თანდასწრებით სხვას
ეკითხებოდნენ, თითქოს თვითონ ლაპარაკი არ იცოდა.

- მერვეშია, - მიუგო დედამ.

- უკვე დიდი ბიჭია, - გაიღიმა ლოლამ და ახლა თავად აბელს მიმართა, -


როგორ სწავლობ?

- ისე რა... - აბელმა მხრები აიჩეჩა.

- ცუღლუტია, - თარგმნა დედამ აბელის ნათქვამი, - მათემატიკური საგნები


უყვარს და რიგიანადაც სწავლობს. დანარჩენებს ისე ეპყრობა, ვითომ მაგას არ
ეხებოდეს.

- მთავარია, რაც უყვარს, ის ისწავლოს კარგად, - თქვა ლოლამ.

აბელმა კარგად იცოდა, რომ ეს, უბრალოდ, სტუმრის თავაზიანი ფრაზა იყო.

ამ დროს დედამ ლოლას ჩუმად, ხელით ანიშნა, ქეთის შეხედეო.

ქეთი ფიქრიანი სახით, ოდნავ მოჭუტული თვალებით მისჩერებოდა აბელს.

აბელმა კარგა ხანია შენიშნა, რომ ქეთი მისმა პიროვნებამ დააინტერესა.


რამდენჯერმე ადრეც მოხედა და დიდხანს უყურა. თავიდან აბელმა ერთი-
ორჯერ გაუღიმა, თვალიც ჩაუკრა, მაგრამ ქეთიმ რომ ამას ყურადღება არ
მიაქცია, უკვე აღარ იცოდა, რა ექნა და იძულებული გახდა თავი ისე დაეჭირა,
ვითომ მის დაჟინებულ და ცნობისმოყვარე მზერას ვერ ამჩნევდა. ახლა, რაკი
გოგონას დაინტერესება დედამ და ლოლამაც შენიშნეს, ისევ გაუღიმა და ისევ
ჩაუკრა თვალი.

დედამ ხელი ხელში მოჰკიდა ქეთის, მეორე ხელი აბელისკენ გამოიშვირა და


უთხრა: - ეს აბელია, - მერე შეცვლილი ხმით, ვითომ ქეთის მაგივრად, დაუძახა,
- აბელ!

აბელი მიხვდა, რომ რაღაც ინიციატივის გამოჩენა იყო საჭირო. წამოდგა, ახლოს
მივიდა, ხელები გაუწოდა და უთხრა: - მოდი ჩემთან.

ქეთიმ დასჭყივლა და მთელი სხეულით გადაიწია აბელისაკენ.

- კაცებზე გიჟდება, - გაიცინა ლოლამ, - არ ვიცი, რა მეშველება.

დედამაც გაიცინა.

- გოგოებს კაცები უყვართ.

აბელმა ქეთი აიყვანა და გაუღიმა. ქეთი დააკვირდა, უყურა, უყურა და უცებ


ორივე პაწაწინა ხელით აქეთ-იქით ლოყებში ჩააფრინდა. აბელს გაეცინა, ლოლა
შეწუხდა.

- ნუ, დედა, - უთხრა შვილს, - ეტკინა აბელს. ცოდოა აბელი.

- არ მეტკინა, - თქვა აბელმა.


ქეთიმ აბელს ლოყებში ხელები გაუშვა, დედას მიხედა, ისევ აბელს მოუბრუნდა,
კიდევ მიხედა დედას და მოულოდნელად ლოყებზე, იმ ადგილას, სადაც წეღან
ჩაფრენილი იყო, ნაზად მოუსვა ხელები.

- ღმერთო, რა ჭკვიანი ბავშვია! - თქვა დედამ.

აბელმა ტუჩები და ნიკაპი მკერდზე მიუსვ-მოუსვა. ქეთი ახითხითდა. აბელმა


გოგონა ტახტზე დასვა, თვითონაც იქვე დაუჯდა და ორივენი მშვენივრად
გაერთნენ. აბელს უკვე აღარ ესმოდა, რაზე საუბრობდნენ დედა და ლოლა. ქეთი
თვალებს უჭუტავდა, როგორც ჩანს, თავს აწონებდა და უფლებას არ აძლევდა,
თუნდაც წამით სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. აბელმა ეს შენიშნა და
დროდადრო თავს მოიკატუნებდა, ვითომ ქეთი დაავიწყდა. გოგონა მყისვე
დასჭივლებდა და აბელიც მაშინვე მისკენ მიტრიალდებოდა. ბოლოს ქეთიმ დედა
მოითხოვა. აჭიჭყინდა და, როცა აბელმა ხელში აიყვანა დასამშვიდებლად, ცალი
ხელი მხარში ჩაავლო, მეორე კი დედისკენ გაიშვირა. ლოლამ გოგონა ჩამოართვა
აბელს და ისევ კალთაში ჩაისვა. ქეთიმ დაუყოვნებლივ ჩაისველა.

- ოი, ოი, ოი! - კომიკური გაზვიადებით შეიცხადა ლოლამ, - შევრცხვით.


საქვეყნოდ მოგვეჭრა თავი, - მერე აბელს მიუბრუნდა და ვითომ ქეთის
მაგივრად უთხრა: - ასეთი უწესო და უზრდელი გოგო ვარ, აბელ. როდის რა
უნდა ვისწავლო მე სულელმა!

- სულელი კი არა, ჭკუის კოლოფი ყოფილა! - გაიცინა დედამ. - მაშინვე დედა


მოიკითხა.

- ეგ კი იცის. ყოველთვის დედა უნდა ასიამოვნოს. აბა, წავედით, წავედით,


ადრეა ჩვენთვის სტუმრად სიარული.

სანამ ლოლა გავიდოდა, ქეთი დედის მხარზემოდან უყურებდა აბელს და


თვალებს უჟუჟუნებდა, მერე კი, როცა აბელმა ხელი ხელს შემოჰკრა და ფეხები
ააბაკუნა, ვითომ მოგდევო, გულიანად ახითხითდა.

ამის შემდეგ ლოლას ხშირ-ხშირად მოჰყავდა ქეთი. აბელი და აბელის დედაც


ადიოდნენ ხოლმე მათთან. ერთი სიტყვით, დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ.

ქეთი პირდაპირ გაგიჟებული იყო აბელზე. მის მეტი ქვეყანაზე აღარაფერი


უნდოდა. დაინახავდა თუ არა, ჭყივილით იწევდა მისკენ, აეტორღიალებოდა და,
როცა აბელი ხელში აიყვანდა, ჩაეკრობოდა და მკლავებს მაგრად შემოხვევდა
კისერზე. მერე თავის ენაზე, რომელიც აბელს უკვე მშვენივრად ესმოდა, თამაშს
ითხოვდა. აბელიც დასვამდა, სიამოვნებით ეთამაშებოდა და არასოდეს მასთან
თამაში არ სწყინდებოდა. გოგონაში იყო რაღაც განსხვავებული, რაღაც ისეთი,
რაც დიდებს არ ჰქონდათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ. ამაში აბელი მანამ
დარწმუნდა, სანამ მიხვდებოდა, რომ ეს რაღაც არის ბავშვის სამყარო, ლაღი,
უშუალო, წმინდა სამყარო, სრულიად თავისუფალი მოზრდილების გარდაუვალი
პირობითობებისაგან, როცა ალალ-მართალი, საკუთარ თავში დარწმუნებული,
შეუვალი ბუნებრიობა ყალბი სირცხვილის გრძნობით არ არის დამახინჯებული
და ამ აზრით ჭამა, კოცნა და ჩასველება ერთ ზნეობრივ სახეშია მოქცეული. ამ
ამოხსნილი მომხიბლაობის გარდა ქეთის ჰქონდა ერთი ამოუხსნელი
მომხიბლაობაც, რის გამოც აბელი თავდავიწყებით მიეცემოდა ხოლმე
გოგონასთან თამაშს. ეს იყო უცნაური ანდამატი, რომლის ერთი ბოლო ზოგჯერ
ბებიას წვერცანცარა თხას აგონებდა, ან უჭკუო კნუტს, რომელსაც იქ, ძველი
სახლის ეზოში ეთამაშებოდა, ხოლო მეორე ბოლო სადღაც არამიწიერ,
არახორციელ, თვალშეუდგამ სფეროებში იკარგებოდა. აბელი ატყობდა, რომ ესეც
ბავშვის საერთო-თავისუფალი სამყაროს ნაყოფი იყო და არა ქეთის პიროვნული
თვისება, ოღონდ გონებაში ჩამოყალიბება და მისთვის სახელის დარქმევა ვერ
მოეხერხებინა. ახლა, ამ სიშორიდან, ჩვენ იოლად ვიტყვით, რომ ეს არის
მძლავრი ქალური საწყისი, რომელიც ჯერ სქესის ბიოლოგიურობად არ
დაკონკრეტებულა და ამით უფრო მშვენიერია, ვიდრე საამო. მაგრამ აბელის
აზრი, ცხადია, მაშინ ესოდენ ღრმა შრეებს ვერ მისწვდებოდა.

მალე ქეთიმ აბელის სახელიც ისწავლა და, თვალს მოჰკრავდა თუ არა, მაშინვე
დასჭყივლებდა: „ა-ბეჰ!“ „ა“-ს გრძლად ამბობდა, კარგა დიდხანს აჭიანურებდა,
მერე კი ერთბაშად მოჭრიდა: „ბეჰ!“ ზოგჯერ, თურმე, როცა ვერ ხედავდა,
მაშინაც ეძახდა. ლოლამ თქვა, ხანდახან, როგორც კი გაიღვიძებს, ერთს მიიხედ-
მოიხედავს, მერე მომიბრუნდება და მეკითხებაო: „ა-ბეჰ?“ აბელი, ქეთის ჭყივილს
რომ გაიგონებდა, თვითონაც მისივე კილოთი შეეხმიანებოდა: „ქე-თიჰ“, რაც
ქეთის ძალიან ახარებდა.

ლოლას დედ-მამა ძალიან მოხუცები იყვნენ და და-ძმასავით ჰგავდნენ


ერთმანეთს. მუდამ ერთად, გვერდიგვერდ ისხდნენ და ისეთი პოზა ჰქონდათ,
თითქოს სურათის გადასაღებად ემზადებიანო. ერთმანეთს ყველაფერში
ეთანხმებოდნენ. ერთი რომ ადგებოდა, მეორეც ადგებოდა, ერთი თუ წყალს
დალევდა, მეორეც დალევდა, სადილ-ვახშამს ერთად აკეთებდნენ, მაღაზიაში
ერთად დადიოდნენ, ერთ ვიწრო საწოლში ეძინათ და, საერთოდ,
გაუცალცალკევებლის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. სლოკინიც კი ერთად
აუტყდებოდათ ხოლმე.

აბელი ყველაზე მეტად ქეთის მამის სურათებით დაინტერესდა. ლოლამ


პირველი სტუმრობისთანავე მოუტანა აბელსა და დედამისს ფოტოქაღალდის
დიდი, სქელი პარკი, რომელიც მისი ქმრის სურათებით იყო სავსე. ერთ
სურათზე მაგიდას უჯდა და რაღაცას წერდა, მეორეზე ქუჩაში მანქანასთან იდგა
და ვიღაცას ხელს უქნევდა, მესამეზე ცხენზე იჯდა. მეოთხეზე
ზურგჩანთააკიდებული ციცაბო კლდეზე ადიოდა... ზოგან ამხანაგებში იყო,
ზოგან მარტო, ზოგან ნავში იჯდა და ნიჩბებს უსვამდა, ზოგან დიდი ყანწი
ეჭირა ხელში და სადღეგრძელოს ამბობდა. და რაც მთავარია, უკლებლივ ყველა
სურათში იღიმებოდა, ნათელი, ხალისიანი, თამამი და ბედნიერი ღიმილით.
აბელს გული შეეკუმშა და სევდა დაეუფლა. საოცრად გაუგებარი და
არაბუნებრივი ეჩვენა, რომ ასეთი კაცი დაიღუპა. მირიანის გარდაცვალება
მწარედ განიცადა, მაგრამ ასეთი გრძნობა მაშინ არ გასჩენია. ერთი დიდი
სურათი ლოლას საწოლის თავზე ეკიდა. გრძელი ულვაშები ჰქონდა, მაღალი
შუბლი და რაღაცაზე ლაღად, გემრიელად იცინოდა.

მაშინ აბელს ლოლა ძალიან შეეცოდა, მერე წარმოიდგინა, თვითონ როგორ


მოკვდებოდა და მისი შავკაბიანი მეუღლე როგორ აჩვენებდა მახლობლებს მის
მოღიმარე სურათებს.
ამის შემდეგ, როცა კი სტუმრად ამოვიდოდა, აბელი ყოველთვის ცდილობდა,
წინა ოთახში, რომელიც სასტუმროს მოვალეობას ასრულებდა, ისეთ ადგილას
დამჯდარიყო, რომ მეორე ოთახში, საწოლის თავზე დაკიდებული დიდი,
სიცოცხლით სავსე პორტრეტი მუდამ მხედველობის არეში ჰქონოდა. გულით
ეწადა, შავ პარკში შენახული სურათებიც კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა,
მაგრამ თხოვნას ვერ ბედავდა, რადგან იცოდა, რომ ქმრის მოგონებას ლოლა
ყოველთვის მძიმედ განიცდიდა. საწოლის თავზე დაკიდებული პორტრეტის
ყურებას კი საგანგებო ნებართვა არ სჭირდებოდა. საკმარისი იყო, სასტუმრო
ოთახში მაგიდის კუთხეში დამჯდარიყო, საწოლ ოთახში გამავალი ღია კარის
პირდაპირ, და თავისუფლად შეეძლო თან ქეთისთან ეთამაშა და თან, როცა
მოესურვებოდა, მაშინ შეეხედა სურათისათვის. აბელი, თუ შემთხვევით ვინმე არ
მოასწრებდა შერჩეული ადგილის დაკავებას, ასეც იქცეოდა, იჯდა, ქეთის
ეთამაშებოდა, შიგადაშიგ იმ სურათს შეხედავდა და ყოველ შეხედვაზე ხელახლა
რწმუნდებოდა, რომ ლოლას იოტისოდენაც კი არ გადაუჭარბებია, როცა ერთხელ
დედას უთხრა, მე ისეთი ქმარი დავკარგე, ქალბატონო ქეთევან, ცოცხალი რომ
ვარ, საკვირველიაო. აბელი ცდილობდა ლოლას ნათქვამი „ისეთი“ გაეშიფრა და
ნათლად წარმოედგინა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს კაცი ცოცხალი და
ხორცშესხმული. აბელის რწმენით (რაც რამდენიმე სტუმრობის შემდეგ მყარად
ჩამოყალიბდა), ლოლას ქმარი იყო მაღალი, წარმოსადეგი, კარგად ჩამოსხმული
და ბეჭებგანიერი, ჰარმონიულად განვითარებული, თანაბრად ძლიერი,
ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად, გულკეთილი და გონებამახვილი,
ხალისიანი და მხიარული კაცი, რომელსაც საკუთარი ძალის სჯერა, კაცი,
რომელიც დარწმუნებულია, რომ ცხოვრება მისთვის შექმნილი ასპარეზია და მან
ამ ასპარეზზე დიდი საქმე უნდა გააკეთოს და ღრმა კვალი დატოვოს
შთამომავლობის სამზერად და აღტაცებაში მოსაყვანად. და ყველაზე სულელური,
ყველაზე აბსურდული, ყველაზე გაუგებარი, რაც კი მის ცხოვრებაში
შეიძლებოდა მომხდარიყო, იყო საავიაციო კატასტროფაში მოყოლა და
უსახელოდ დაღუპვა.

ეს საიდუმლო აბელმა ვერ ამოხსნა. მისი სულიერი განვითარების ხაზი ამ დროს


ისეთ სტადიაში იმყოფებოდა, როცა ყველაფერი, რაც ხდება, განიხილება
როგორც მკაცრი და გარდაუვალი კანონზომიერების შედეგი. მაგრამ ლოლას
ქმრის დაღუპვა ვერავითარ კანონზომიერებაში ვერ თავსდებოდა. მართალია,
მოგვიანებით, ერთი წლისა თუ წელიწად-ნახევრის შემდეგ, აბელს ისეთი
გრძნობა გაუჩნდა, თითქოს მიაგნო იმ ღრმად ჩამალულ, ფარულ მიზეზს,
რომელიც იდუმალ კატასტროფას საერთო კანონზომიერების ფარგლებში აქცევდა,
მაგრამ ეს მაინც ბუნდოვანი გრძნობა იყო და აბელმა ვერ გაბედა მისი
ბოლომდე დაჯერება და აღიარება.

წელიწადზე მეტი გავიდა.

ერთხელ, სკოლიდან დაბრუნებულს, ლიფტი დაზიანებული დახვდა და ფეხით


აუყვა კიბეს. თავის სართულს რომ მიაღწია, უცებ ქეთის ტირილი შემოესმა. იმავ
წამს კიბეზე ლოლა გამოჩნდა, რომელსაც ხელში აყვანილი ქეთი მოჰყავდა. ქეთი
კისერზე შემოხვეოდა დედას, ნიკაპი მის მხარზე ჩამოედო და ძალისძალად,
აშკარად ვალმოსახდელად ტიროდა.
- ქეთი, რა გატირებს? - შეეკითხა აბელი, როცა დედა-შვილი ახლო მოვიდა.

ქეთი არ მობრუნებულა. ოღონდ წამით ტირილი შეწყვიტა და გაიტრუნა. აბელი


მძლავრი ცდუნება იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტირილი ამჯობინა.

- რა მოგივიდა, ქეთი? - გაუმეორა კითხვა აბელმა.

- ცუდი გოგო ვარ, აბელ, და იმიტომ ვტირი, - ქეთის მაგიერ მიუგო ლოლამ.

ქეთიმ ამაზე ფეხები ააფართხალა და ტირილს უმატა.

- მოდი ჩემთან - უთხრა აბელმა - არ გინდა შენი ა-ბეჰ?

ქეთი ისევ გაიტრუნა, თუმცა მოხედვით არც ახლა მოუხედავს. ყოყმანობდა და


ვერ გადაეწყვიტა, გაეგრძელებინა ტირილი, რომელიც ესოდენ დიდ სიამოვნებას
ანიჭებდა, თუ ახალ სიამოვნებაზე გადართულიყო, აბელის სახით რომ იდგა
მისკენ ხელებგამოწვდილი.

აბელმა, ქეთის ყოყმანი რომ დაინახა, წელში მოჰკიდა ორივე ხელი და კიდევ
ერთხელ შესთავაზა: - მოდი ჩემთან, თორემ იცოდე, მეც ვიტირებ.

ქეთიმ აბელის მიზიდულობას ვეღარ გაუძლო, მაგრამ სანამ საბოლოოდ


დანებდებოდა, ერთი ფორმალურად კიდევ გაიბრძოლა. ტანი გაიქნია, თითქოს
აბელის ხელები უნდა მოიშოროსო და დედას მიეკრო, რის გამოც აბელის
მარჯვენა ხელის თითები ზურგის მხრით ლოლას მკერდს მიედო. აბელს ტანში
უცხო ჟრუანტელმა დაუარა, იგრძნო, როგორ აუკანკალდა ხელი,
დაბნეულობისაგან ქეთი მძლავრად მოსწია თავისკენ და ხელი რომ მკერდს
მოშორდა, შემკრთალმა ლოლას შეხედა. მოეჩვენა, თითქოს ლოლას სახეზე
ელვის სისწრაფით გადაიარა რაღაცამ და წამსვე გაქრა, და მყისვე აარიდა
თვალი. ქეთიმ დედას ხელები გაუშვა და აბელთან გადაინაცვლა. აბელმაც
უხერხულობის დასაფარავად მაშინვე გაუბა ლაპარაკი, მაგრამ ატყობდა, რომ
მისი ქცევა არაბუნებრივი იყო.

ამ შემთხვევამ ლოლასთან დამოკიდებულებას მძიმე დაღი დაასვა. ყოველდღიურ,


ათასგზის გამეორებულ სიტუაციებში, რომლებშიაც აქამდე იმპულსურად,
მექანიკურად მოქმედებდა და ამიტომ მისი მოქმედება ბუნებრივი და
ძალდაუტანებელი იყო, ახლა მყისვე ის უცნაური გამომეტყველება
მოაგონდებოდა ხოლმე, მაშინ რომ ლოლას ელვის სისწრაფით გადაურბინა
სახეზე. ეს გამომეტყველება ერთთავად თვალში ეჩხირებოდა და იძულებულს
ხდიდა, კონტროლი გაეწია თავისი საქციელისათვის. ამის გამო
დამოკიდებულება დაჭიმული და ნაძალადევი გამოდიოდა. ატყობდა თუ არა
ლოლა ამას, აბელმა არ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, ლოლას არაფერი ემჩნეოდა.
მისი დამოკიდებულება იოტისოდენადაც კი არ შეცვლილა. ძველებურად ლაღი,
ძველებურად ბუნებრივი იყო და ნაძალადეობისა არაფერი ეცხო.

მალე კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.

საღამოს ლოლა ჩამოვიდა და ქეთი ჩამოიყვანა. ქალები ცალკე მუსაიფობდნენ,


აბელი და ქეთი თავისთვის თამაშობდნენ, ჭყიოდნენ და ერთმანეთს
დასდევდნენ. ბოლოს, წასვლის დრო რომ მოუვიდათ, ლოლამ ქეთი ხელში
აიყვანა. მას შემდეგ, რაც ქეთიმ ფეხი აიდგა, ლოლას ხელში აყვანილი იშვიათად
დაჰყავდა. თუმცა განსაკუთრებული, ცხადია, ამაში არაფერი იყო. ქეთის თვალი
აბელისკენ რჩებოდა. ლოლამ, ეს რომ შენიშნა, გაიცინა და აბელის დედას
უთხრა: - ამ მაიმუნს არ უყურებთ? აბელის მეტი ქვეყანაზე აღარაფერი უნდა! -
მერე შვილს მიუბრუნდა: - გამაგებინე, ვისი ხარ? ჩემი თუ აბელის?

ქეთიმ აბელს მოხედა, ისევ დედას მიუტრიალდა და მორცხვად გაიცინა.

- აი, ხომ ხედავთ! - თქვა ლოლამ, - რახან აბელი გირჩევნია, აბელის იყავი. აჰა,
აბელ, შენი იყოს ქეთი, - გოგონას ხელები იღლიებში ამოსდო და ჰაერში
დაიჭირა.

- ჩემი იქნები, ქეთი? - ჰკითხა აბელმა.

ქეთი გატრუნული იყო.

მაშინ აბელი მივიდა და ლოლას ხელებს ქვემოთ, წელში მოჰკიდა ხელები.

- მერე დედა ცოდო არაა? - თავი შეაბრალა შვილს ლოლამ.- არა, არა! დედასია
ქეთი! - ამ სიტყვებით გოგონა გულში ჩაიკრა. მაგრამ აბელმა ხელების გაშვება
ვერ მოასწრო და ლოლამ შვილთან ერთად მისი ხელებიც ჩაიკრა გულში.

აბელს რეტი დაესხა და ალმური წაეკიდა. ლოლა კი უფრო მაგრად იკრავდა


გულში თავის გოგონასა და აბელის ხელებს და სიცილით ამბობდა: - ჩემია
ქეთი! აბელისა არ არის!

ერთადერთი, რასაც აბელის გონება ჯერ კიდევ ანგარიშს უწევდა, იყო შიში
იმისა, რომ დედას არ შეემჩნია მისი სამარცხვინო მდგომარეობა. მაგრამ ეს შიში,
როგორც ჩანს, უსაფუძვლო იყო, დედა ლოლასთან ერთად იცინოდა და
უწყინარი თამაშის მეტს აქ ვერაფერს ხედავდა.

დამბლადაცემულ აბელს კიდევ ერთხელ გაუტყდა ძილი. აღგზნებული


ტრიალებდა ლოგინში, გახურებულ სხეულში ჟრჟოლა უვლიდა და ხელის
ზურგებით კიდევ დიდხანს გრძნობდა ლოლას მკერდს. პირველად სწორედ იმ
ღამეს გაუელვა თავში ეჭვმა, რომ ლოლას ქმარი, შესაძლებელია, სულაც არ იყო
იმ თვისებებით შემკობილი, რომლებსაც მისი ფანტაზია მიაწერდა.

რამდენიმე დღის შემდეგ თვალითაც იხილა ის მკერდი, რომელმაც ორჯერ ასე


დაარეტიანა.

კარი ლოლას დედ-მამამ გაუღო.

- მოდი, შვილო, - უთხრა ლოლას დედამ.

- მოდი, შვილო, - უთხრა ლოლას მამამაც.

- ვინ არის, დედა? - მოისმა საწოლი ოთახიდან ლოლას ხმა.

- აბელია, - მიუგო დედ-მამამ.

- აქეთ მოდი, აბელ, - გამოსძახა ლოლამ.


ლოლა საწოლზე იჯდა. წინ, დაბალ მაგიდაზე, საკერავი მანქანა ედგა და
რაღაცას კერავდა. ქეთი ირგვლივ დაცუნცულებდა, ფეხებში ებლანდებოდა და
ხელს უშლიდა.

აბელი რომ კარის ზღურბლს მიადგა, ლოლამ შემოსცინა, მერე შვილს


მიუბრუნდა: - აი, აბელი მოვიდა და მომაშორებს შენს თავს ცოტა ხნით.

ამ სიტყვებით კერვა განაგრძო.

აბელი მივიდა, დედის ფეხებთან ჩაცუცქული ქეთის ასაყვანად დაიხარა და ამ


დროს ლოლას კაბის ჩახსნილი საკინძის ქვემოდან თეთრმა, ქათქათა მკერდმა
შემოანათა.

ლოლამ მოხედა, კიდევ ერთხელ შემოსცინა და საკინძე გაისწორა.

გაზაფხულზე უჩვეულო სიცხეები დაიჭირა და მაისის შუა რიცხვებში ქეთი


ბებიამ და პაპამ სოფელში წაიყვანეს.

მაისის ბოლოს აბელის ბებია გარდაიცვალა.

დედამ სკივრიდან შავი კაბა ამოიღო, გარეცხა, გააუთოვა და ბებიას


დასაფლავებაზე წავიდა. აბელს გამოცდები ეწყებოდა და შინ დატოვა. წასვლის
წინ დედამ სამი დღის სამყოფი საჭმელი გაუკეთა და დაუბარა, თუ ვინიცობისაა,
რამე დაგჭირდეს, ლოლა მოგხედავსო. ლოლასთვის დაებარებინა, აბელს
ყურადღება მიმიქციეო.

ლოლამ მეორე დილასვე შემოიარა, ხომ არაფერი გჭირდებაო, ჰკითხა და, რაკი
აბელს არაფერი სჭირდებოდა, შეჰპირდა, საღამოსაც მოვალო.

მართლაც მოვიდა.

- როგორა ხარ? - იკითხა შემოსვლისთანავე.

- კარგად, - მხრები აიჩეჩა აბელმა.

- ისადილე?

- კი.

- თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს.

- რა უნდა დამჭირდეს...

- რა ვიცი, - და ღიმილით დაამატა: - შენი თავი მე ჩამაბარა დედაშენმა.

- დედაჩემს კიდევ პატარა ვგონივარ.

- დედებმა ასე იციან... - აბელი ნელა აათვალიერ-ჩაათვალიერა და უცებ გაიცინა.


- საცა სამართალია, ჩემი თავი უნდა ჩაებარებინათ შენთვის. - და ცოტა
მორცხვად დაატანა, - იცი, რა მშიშარა ვარ?

- რისა გეშინია? - გაუკვირდა აბელს.


- რა ვიცი. სანამ დედაშენი აქ იყო, თითქოს უფრო იმედიანად ვიყავი. წუხელ კი
მთელი ღამე რაღაც ხმები მესმოდა. გარეთ დერეფანში ვიღაცები დადიოდნენ.

- მოგეჩვენებოდა.

- ჰო, ალბათ მომეჩვენა. მაგრამ რა, გული კი გადამელია შიშით და... - აქ ისევ
გაიღიმა. - საბანი თავზე გადავიფარე. ჩემი ჭკუით, დავიმალე. შენ არ გეშინია?

- ოჰ, მეშინია არა, ის! - აგდებით თქვა აბელმა. ცოტას კი აჭარბებდა, მაგრამ
მშიშარა მართლა არ იყო.

- დადიოდნენ დერეფანში და ჩურჩულებდნენ... მაგ დროს რომ დამეძახა,


გაბედავდი ამოსვლას?

- რა გაბედვა მაგას უნდა! - უმისამართო დაცინვით თქვა აბელმა.

- რა ვიცი... რახან ასეთი ყოჩაღი ხარ, ამაღამ დაგიძახებ, თუ კიდევ მომესმა


ხმები. ამოხვალ?

ლოლას სიტყვებს უკან თითქოს გრძელი, შავი ჩრდილები მოჰყვებოდა.

- ამოვალ.

- თუ ძალიან არ შევშინდი, არ დაგიძახებ. თუ ძალიან შევშინდი, ფეხს


დაგიბრახუნებ ზემოდან. თუ დაგიბრახუნე, ესე იგი ძალიან მეშინია და ამოდი.
კარგი?

- კარგი.

- ფხიზლად იყავი, იცოდე.

გასვლისას ლოლამ რაღაც უცნაურად შემოხედა და აბელმა უეცრად, ერთბაშად


აღმოაჩინა, რომ ლოლაზე მაღალი იყო.

როდესაც კარგად დაღამდა, აბელი საგონებელში ჩავარდა.

ჯერ ერთი, არ იცოდა, როდემდე უნდა ეფხიზლა. თავიდან რატომღაც მიიჩნია,


რომ, თუ შეშინებაა, ლოლას ღამის თორმეტ საათამდე უნდა შეშინებოდა და
მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა ამ ვარაუდის უგუნურობას. რატომ უნდა
შეშინებოდა მაინცდამაინც თორმეტ საათამდე, და არა, ვთქვათ, ნაშუაღამევის სამ
საათზე?

მაგრამ ეს ეჭვები ცოტა ხანს აწვალებდა, რადგან იგი მალე უფრო


მნიშვნელოვანმა, უფრო მწვავე და ამაღელვებელმა ეჭვებმა შეცვალა. აბელს
გაახსენდა ლოლას უცნაური, გაუბედავი შემოხედვა, გაუგებარი, თითქოს
ალერსიანი და თან შეშინებული ღიმილი და გახშირებული სუნთქვა, რომელიც
გრძელ ჩრდილებად მოჰყვებოდა უკან მის სიტყვებს. და რაც უფრო მეტს
ფიქრობდა აბელი, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ის, რასაც ლოლა შიშს ეძახდა,
იყო არა შიში, არამედ რაღაც სხვა, რაღაც მძლავრი და დაუოკებელი, ვულკანის
ამოფრქვევასავით შეუკავებელი და ყოვლისწამლეკავი. აბელი ვერ ბედავდა
საკუთარი თავისთვის გაემხილა, რომ მას ქალი ეძახდა და არა ლოლას შიში.
ამის გამხელას ვერ ბედავდა, მაგრამ ბუნდოვანი ფიქრი ქარბორბალასავით
ტრიალებდა, ყველაფერს ავსებდა, სხეულსაც, სულსაც, ოთახსაც. ყველაფერი ამ
ბუნდოვანი ფიქრით იყო გაჟღენთილი.

აბელი მოუსვენრად წრიალებდა და ხშირ-ხშირად უყურებდა საათს.

თავის ტოლ-ამხანაგებში დღემდე ერთადერთი ბიჭი ეგულებოდა, ვინც ქალთან


იყო ნამყოფი. იმ ბიჭს (იგი აბელის კლასში სწავლობდა) ერთხელ, როცა სახლში
არავინ ყოფილა, შინამოსამსახურე, სახელად გალია, დაემარტოხელებინა და
მასთან ერთდღიანი რომანი გაეჩაღებინა. ამ ამბავს ამხანაგებს დიდი
სიამოვნებითა და გატაცებით უყვებოდა. ძალიან შორიდან იწყებდა ხოლმე, იმ
დროიდან, როცა გალია შინამოსამსახურედ აეყვანათ. დაწვრილებით ყვებოდა
ყველაფერს და თვითონვე ტკბებოდა იმით, რომ თანდათან უახლოვდებოდა
მთავარ ამბავს. მთავარ ამბავს განსაკუთრებით წვრილად ყვებოდა, ერთსა და
იმავეს რამდენჯერმე იმეორებდა და ყველა დეტალს, ყოველ წვრილმანს
გულმოდგინედ უხსნიდა გაუნათლებელ და პირდაღებულ ამხანაგებს. ერთხელ
იმ ქალის სურათიც კი მოიტანა ჩუმად, მაგრამ დიდი სიამაყით აჩვენა ბავშვებს.

იმ თავის თანაკლასელს აბელი ისე უყურებდა, როგორც კაცს, რომელსაც


სასწაული შეემთხვა, რადგან ქალი, მისი აზრით, იყო რაღაც შორეული, რაღაც
იდუმალი და მიუწვდომელი, რომელიც, შესაძლებელია, არსებობს, მაგრამ
სადღაც ჰორიზონტს მიღმა იმყოფება.

ახლა კი, როცა ლოლასთან შეყრა ესოდენ რეალური ჩანდა, აბელს ვერ
დაეჯერებინა, რომ ეს სწორედ ის იდუმალი და წინასწარ გამთანგავი შეერთება
უნდა ყოფილიყო, თუმცაღა მრავალი ფრიად და ფრიად საეჭვო ნიშანი,
როგორიც იყო მისი ხელის გულში ჩახუტება, საკინძის გასწორება, უცნაური და
მოალერსე ღიმილით, იდუმალ-გაუბედავი, თითქოს რაღაცის მთქმელი და
რაღაცის დამმალავი შემოხედვა, გახშირებული, სურნელოვანი სუნთქვა,
ყოველივე ეს ერთ მძაფრ ფოკუსში იყრიდა თავს.

ელოდა და ეშინოდა.

ელოდა დათქმულ ნიშანს და ეშინოდა დათქმული ნიშნის. ვერაფრით ვერ


გარკვეულიყო, რა ერჩივნა.

პირველი დაიწყო, როდესაც ლოლას შეეშინდა.

ზემოდან ყრუ ბრახუნი მოისმა.

აბელი შეკრთა. ჯერ ეგონა, მომეჩვენაო. მერე, როცა მიხვდა, არ მომჩვენებიაო,


იფიქრა, იქნებ განგებ არ დაუბრახუნებია, უბრალოდ, ხელიდან რამე გაუვარდაო.
მით უმეტეს, რომ ბრახუნი ყრუ და ხმადაბალი იყო.

აბელი ეჭვობდა და არ იცოდა, რა ექნა, ლენჩივით იდგა და ჭერს მისჩერებოდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ბრახუნი განმეორდა. უფრო ძლიერად და მკაფიოდ.

აბელი კანკალმა აიტანა. რატომღაც ფეხაკრეფით გაიარა ოთახი და


შემოსასვლელი, წყნარად, უხმაუროდ გამოაღო კარი და, როცა გავიდა, ასევე
წყნარად, უხმაუროდ გაიხურა. ჩუმად, ქურდულად აიარა კიბე. ლოლას
სართულზე რომ ავიდა, ყოველი შემთხვევისათვის მიმოიხედა. ირგვლივ სრული
სიჩუმე იყო. მაშინ კარს მიადგა და აცახცახებული ხელით ზარი დარეკა. მთელი
სხეული სიცხიანივით უხურდა.

- შენა ხარ, აბელ? - მოისმა შიგნიდან ჩურჩული და აბელს მოეჩვენა, თითქოს


ლოლას ხმას ოხშივარი ასდიოდა.

- ჰო, მე ვარ, - ჩურჩულითვე მიუგო აბელმა და დიდი ჯაფა დაადგა იმისათვის,


რომ ყელის ვიწრო ხვრელში გაჩხერილი სიტყვები ზემოთ ამოეთრია.

ლოლამ კარი გაუღო.

- შემოდი...

აბელი შევიდა.

ლოლას გრძელი საღამური ხალათი ეცვა, რომელიც თოვლივით ქათქათა მკერდს


სანახევროდ უფარავდა.

- გარეთ არავინაა? - იკითხა ლოლამ.

- ვინ უნდა იყოს!.. - აბელმა დააპირა ეს ფრაზა აგდებულად და ცოტა


დამცინავად ეთქვა, მაგრამ დაცინვას ვინ დაეძებდა, სიტყვები ლამის ყელში
გაეჩხირა.

- რა სულელი ვარ! - თქვა ლოლამ, - ეტყობა, ისევ მომეჩვენა და ტყუილად


გაგაღვიძე. გეძინა?

- არა, - მიუგო აბელმა. ის აღარ უთქვამს, რა დროს ძილია, ჯერ არ


დავწოლილვარო. რცხვენოდა, რომ სიტყვები უძალიანდებოდა და ხმა უცნაურად
ჩავარდნილი ჰქონდა.

- აქ არც მე მესმის, - თქვა ლოლამ, - საკვირველია, საწოლ ოთახში ისმის და აქ


კი არა. აბა, წამოდი.

ლოლა წინ გაუძღვა და საწოლ ოთახში შევიდნენ. ლოგინი გაშლილი იყო,


საწოლის თავზე ლოლას ქმარი იცინოდა.

- ჩუ! - შეჩერდა უცებ ლოლა, - გესმის?

- არა. - მიუგო აბელმა. აბელი თრთოდა.

ლოლა გატრუნული იდგა და ყურს უგდებდა რაღაცას.

- აი, აი, კიდევ! - შეშინებული ხმით დაიჩურჩულა, ხელები მხრებში ჩაავლო, -


აგერ! - და მხრით მიეკრო.

აქ თამაში დასრულდა.
ჯერ მხრით მიეკრო, მერე მკერდით, მერე მუცლითა და მთელი სხეულით.
შემოეჭდო, შემოეკონა, შემოესკვნა, მთელი ძალით ჩაბღუჯა, ყელში აკოცა,
ტუჩებში აკოცა, გაშმაგებით დაუწყო ლოკვა.

მომდევნო სცენაში გონება აღარ მონაწილეობდა, ამიტომ მეხსიერებას ცალკეული


ფრაგმენტებიღა შემორჩა.

ლოლამ ცალი ხელი გაუშვა აბელს და თავისი ხალათის ღილებს დაუწყო გახსნა.
მერე აბელს ეშველებოდა გახდაში. მერე ლოგინში რაღაც დაუნაწევრებელ
ბგერებს გაიძახოდა, ხანდახან ხმამაღლა შეჰკივლებდა.

და ყოველივე ეს იყო შორეული და ბუნდოვანი ფონი რაღაც საოცარი სიტკბოსი,


რაღაც არამიწიერი ნეტარების, რომელიც მოწოდებულია, ყველაფერი მოსპოს და
ყველაფერი გაამართლოს.

ნაშუაღამევს ეს არამიწიერი ნეტარება თითქოს თანდათან დაილია და აბელს


ძილი მოუნდა, მაგრამ ლოლა მინავლულ ცეცხლს კვლავ და კვლავ უკეთებდა
და, ისე გათენდა, თვალი არ მოახუჭვინა.

საწოლის თავზე კი ლოლას ქმარი ეკიდა და მხნე, ლაღი, ბედნიერი სიცილით


იცინოდა.

ლოლამ დილაადრიან გამოისტუმრა აბელი.

კარი გააღო, თავი გაყო, მიმოიხედა, მერე მობრუნდა, სწრაფად აკოცა ტუჩებში
და უთხრა: - ღამე ამოდი.

აბელი ავიდა და კვლავ ჩაიძირა არამიწიერ თავდავიწყებაში, რომელიც ისეთი


რამ ყოფილა, რაც ყოველივეს საკუთარ თავში იწოვს, არსებობის დანაწევრებას,
სიცოცხლის დღეებად და ფაქტებად დაყოფას ამთლიანებს და ერთ,
ყოვლისმომცველ, განუყოფელ ნერვად აქცევს.

აბელი თანდათან გაიწაფა და რამდენიმე ხნის შემდეგ ინიციატივა, რომელსაც


პირველ ხანებში მთლიანად ლოლა ფლობდა, ნაწილობრივ თავის ხელში აიღო.

ნელ-ნელა გამოიცვალა. გრძნობდა, როგორ ემატებოდა თავის რწმენა, როგორ


დააბიჯებდა უფრო მყარად და დაჯერებულად და თითქოს ამას მაინც არაფერი
კავშირი არ უნდა ჰქონდეს ქალთან, უფრო ღონიერი ბიჭები, რომლებიც
ჩვეულებრივ დაუფიქრებლად სარგებლობენ თავიანთი უპირატესობით და
უმიზეზოდ ჩაგრავენ შედარებით სუსტებს, ვაგლახად ვეღარაფერს უბედავდნენ.

ზოგჯერ იმ თანაკლასელივით მოუნდებოდა ეტრაბახა თავისი სამიჯნურო


თავგადასავლით, ყოფილა შემთხვევა, პირიც კი გაუღია, რომ ლაპარაკი დაეწყო,
მაგრამ ბოლო წამს მუდამ აჩერებდა რაღაც უცნობი და გაუგებარი ძალა.

რაკი ერთი გაიკვლია გზა, ლოლას უკვე ვეღარც თავისი დედ-მამა აკავებდა და
ვეღარც აბელის დედა. ყოველთვის პოულობდა შესაფერის დროსა და ვითარებას.

მაგრამ ერთ დღეს, როდესაც აბელი ნაჩვევი ბილიკით მივიდა წყაროსთან,


ლოლამ უარი უთხრა დარწყულებაზე. აბელი გაბრაზდა და შეუღრინა (ეს
მოულოდნელი და თითქოს უცაბედი რეაქცია თვითონვე უკვირდა მერე და
მისთვის ვერავითარი ახსნა ვერ მოეძებნა), ლოლამ გაიცინა, ბავშვივით დაუყვავა
და შუბლზე აკოცა. აბელი ლამის დაახრჩო შეურაცხყოფის გრძნობამ. მაგრამ
ლოლამ იოლად მოახერხა მისი დაშოშმინება და პირში ჩალაგამოვლებული
გამოისტუმრა. აბელი დიდხანს ვერ მიხვდა, რა დაემართა ლოლას, რადგან
ერთადერთი, რაც მათი ურთიერთობის განმავლობაში მოხდა, ის იყო, რომ
ლოლამ მუშაობა დაიწყო. ამას კი აბელი, ცხადია, ვერ აკავშირებდა გაშმაგებული
ლოლას მოულოდნელ ჩაცხრობასა და გაციებასთან (მხოლოდ მოგვიანებით
გახდება ნათელი ასეთი კავშირის ბუნებრიობა და ლოგიკურობა). ამის შემდეგ,
თუმცა თვითონვე გრძნობდა, რომ ეს უიმედო ცდა იყო, ერთი-ორჯერ კიდევ
მიაკითხა ლოლას, თანაც ერთხელ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ
აცრემლებულიყო.

აბელი მეათე კლასს ამთავრებდა, როცა ლოლა გათხოვდა და ქმრის ბინაში


გადავიდა. ქეთი, პატარა, თეთრი ანგელოზი, ხან დედასთან იყო, ხან ბებიასთან
და ბაბუასთან.

თავი მეხუთე

შემოქმედება საკუთარი თავის გამომზეურებაა. ოღონდ, როდესაც შემოქმედმა,


საკუთარი თავი რომ თოკზე გადაკიდა, ქვემოთ მაყურებელი შენიშნა, შეცბა და
ამ „საკუთარ თავს“ შელამაზება დაუწყო: წარბები გამოიქნა, თვალები მინაბა,
ბზარები საგოზავით ამოივსო, გაცრეცილი ადგილები გაიფერადა, ფერ-უმარილი
წაისვა, ნიღაბი გაიკეთა და თვალში ნაცარი შეგვაყარა. ამით ვიღაც-ვიღაცები კი
მოატყუა, მაგრამ შენ რას მოგატყუებს! შენ, სიყალბეს რომ ამჩნევ, შუბლს
იჭმუხნი. ყველაზე საინტერესო (და ცოტა სასაცილოც კი) ის არის, რომ
შემოქმედმა მშვენივრად იცის, შენ ვერ მოგატყუებს და მაინც ვერ უძლებს
ცთუნებას, რომ არ იკეკლუცოს და თავი იმაზე უკეთესად არ მოგაჩვენოს, ვიდრე
სინამდვილეშია. ცთუნებას ვერ უძლებს, თორემ ისე შემოქმედის მიზანი
პატიოსანი და კეთილშობილურია: თავისი სისხლი გაჩვენოს და მასში შენი
სისხლი დაგანახვოს. ამ მიზანს თუ მიაღწია, მაშინ აბელი, რომელიც მხოლოდ
შუამავალია და კავშირის საშუალება, მისი ორეულიც იქნება და შენიც. თქვენ ამ
ორეულს, როგორც საერთო მამრავლს, ფრჩხილებს გარეთ გაიტანთ, დასხდებით
და დინჯად, დაკვირვებით შეისწავლით.

აბელი არ არსებობს. იგი მე შევქმენი ერთგანზომილებიან სისტემაში საკუთარი


ნიმუშის მიხედვით. აქ ყველაფერი მე ვარ. თუ ვინმე ქვას ისვრის, მე ვარ. თუ
ვინმეს ქვას ესვრიან, მე ვარ. თუ ვინმე წარბებს იქნის და ფერ-უმარილით
ითხუპნება, ისიც, სამწუხაროდ, მე ვარ.

აბელი არ არსებობს, რადგან იგი პერსონაჟია. მაგრამ, ჩვენ თუ პერსონაჟები არა


ვართ, ვითომ ვარსებობთ? არსებობა ურთიერთობებია. არც მეტი, არც ნაკლები.
გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია,
თითქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათი მჟღავნდება,
ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა,
მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა, რომ მის
ჭეშმარიტებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს სულის მეტი. სული კი, რასაც გვეუბნებიან,
თუ სიმართლეს გვეუბნებიან, სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა დგას და,
ამდენად, მატერიალური პასუხისმგებლობა არ აკისრია.

როდესაც აბელი თავის თავზე ფიქრობდა (ადამიანი კი არასოდეს სხვა რამეზე


არ ფიქრობს), მან საკუთარი არსებობიდან მეხსიერებაში ისეთ ეპიზოდებს
მოუხმო, რომლებმაც ყველაზე აქტიური როლი ითამაშეს მის შექმნაში და
ყველაზე მკაფიო ხაზები გაავლეს. ნებაზე რომ მიმეშვა, ალბათ, ყველაფერს
დეტალურად გაიხსენებდა. ამით, ერთი მხრივ, სახე უფრო ფერხორციანი
გამოვიდოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ნაკლებმნიშვნელოვანი ეპიზოდების აღწერით
მეც დავიღლებოდი და მკითხველსაც თავს მოვაბეზრებდი. თუმცა ისიც უნდა
ითქვას, რომ ზოგჯერ არც ისე იოლი გადასაწყვეტია, რამდენად მნიშვნელოვანია
ესა თუ ის ეპიზოდი. ასეთია, მაგალითად, ის ეპიზოდი, რომელშიაც აბელმა ავი
ნადირივით შეუღრინა ლოლას, როდესაც ამ უკანასკნელმა გაკვალული და
ნაჩვევი ბილიკით მისულს დარწყულებაზე უარი უთხრა. აბელი ამ მომენტს
გაკვრით შეეხო. მე კი იგი უფრო სერიოზული ყურადღების ღირსი მგონია. ჯერ
ერთი, საინტერესოა ამ უჩვეულო რეაქციის მოულოდნელი ხასიათი. აბელს
თავის თავში იმგვარი არაფერი ეგულებოდა, რაც შეიძლებოდა ასეთ ცხოველურ
სიავედ გამოვლენილიყო. ამიტომ თვითონვე შეცბა და მოეჩვენა, თითქოს ვიღაც
სხვამ, ვიღაც უცხომ დაიღრინა მისი პირით. საინტერესოა ისიც, რომ ყოველივე
ამის გაცნობიერების შემდეგ არც კი უცდია მოებოდიშებინა ან სხვა რაიმე
საშუალებით გაეფანტა უხერხულობა. პირიქით, მამაკაცურმა თავმოყვარეობამ
(რომელიც, კაცმა არ იცის, რა არის) აიძულა, სწორედ შეცბუნება დაემალა და
თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ეს პირუტყვული ღრენა სავსებით სწორი და
წინასწარ გამიზნული რეაქცია ყოფილიყოს. ლოლას ამ გამოხდომისათვის დიდი
ყურადღება არ მიუქცევია. თვითონ კი მოგვიანებით დაინახა, თუ როგორ
დაილექა მისი მაშინდელი ღრენაცა და შეცბუნების შენიღბვაც სირცხვილის
გრძნობად. ამის შემდეგ, კარგა ხანს, როცა კი ეს ეპიზოდი მოაგონდებოდა,
სულში უსიამოვნო განცდა უჩნდებოდა და სახე წამოუხურდებოდა ხოლმე. მერე
და მერე, როცა ლოლასთან ურთიერთობის მოგონება გაბუნდოვანდა და
ემოციური ხაზი გაწყდა, სირცხვილის გრძნობაც გაუქრა. მაგრამ ვის შეუძლია
თქვას, რომ ეს ღრენაც, ის შეცბუნებაც, იმ შეცბუნების დამალვაც, მომდევნო
სირცხვილის გრძნობაცა და სირცხვილის გრძნობის თანდათანობითი გაქრობაც
მისი პიროვნებისა და მისი არსების მნიშვნელოვან ნაწილად არ იქცა?

ამასობაში სკოლა დაამთავრა. დედამისმა ერთხელ თქვა, მათემატიკური საგნები


უყვარს და რიგიანადაც სწავლობსო. ეს არ იყო მთლად სწორი. მართალია,
მათემატიკურ საგნებს რიგიანად სწავლობდა, მაგრამ სიყვარულით მარტო
ფიზიკა უყვარდა. უფრო სწორად, არა თავად ფიზიკა, არამედ ის გამოუცნობი
და მიმზიდველი ნათება, რომელსაც ფიზიკა საკუთარი თავის ირგვლივ ქმნის,
ფიზიკის ის ქაოსურად მბრუნავი ნაწილი, რომელიც მეცნიერული ჩარჩოს
გარეთაა, რომელიც ფანტაზიას ასაზრდოებს, მაგრამ ცოდნას არ ამდიდრებს და
რომელიც უკვე აღარაა ფიზიკა, ან, ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არაა ფიზიკა,
ერთი სიტყვით, ის, რაც საშუალებას გვაძლევს თამამად ვივარაუდოთ, რომ
ერთი მხრივ სამყარო არის ცოცხალი ორგანიზმი, ადამიანი კი ამ ორგანიზმში
დაბუდებული მიკრობი, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის შემადგენელი ყოველი
ატომი თავადაა უსასრულო სამყარო, რომელიც სავსეა გალაქტიკებითა და
დასახლებული პლანეტებით. და ეს ორი სამყარო შეიძლება იყო სრულიად
იდენტური, ისე, რომ მასშტაბებითაც კი არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

ასეთი ფიზიკა, ცხადია, უფრო ხელოვანის ფიზიკაა, ვიდრე ფიზიკოსისა.

აბელმა ეს არ იცოდა და ფიზიკის ფაკულტეტზე შევიდა. შევიდა კარგად,


თამამად და ყოჩაღად, როგორც ნაცნობ ტყეში, სადაც ადრე არაერთხელ ყოფილა,
მაგრამ პირველსავე კვირეებში მიხვდა, რომ იქ არ მისულა, სადაც მიდიოდა.
რეალური ფიზიკა, რომელიც ნანატრი ფანტასტიკური ფიზიკის ნაცვლად
შესთავაზეს უნივერსიტეტში, სულ სხვა რამ გამოდგა, მისი სულის გაურკვეველ
შიმშილს ვერ აკმაყოფილებდა. ამიტომ, ზამთრის სესიები რომ მოახლოვდა,
სწავლას თავი დაანება.

სინამდვილეში ეს მიზეზი არც ერთადერთი იყო და, შესაძლებელია, არც


მთავარი. იმ ხანებში აბელი რაღაც აუხსნელმა სევდამ, უსასოობის გაურკვეველმა
განცდამ შეიპყრო. გულში ზანტად, მაჯლაჯუნასავით დაიზლაზნებოდნენ
უცნაურად აგორგლილი, სრულიად გაუგებარი ძალები, რომლებიც სულს
ამძიმებდნენ და სიცოცხლის რიტმს ადუნებდნენ. ამაოების გამთანგველი
გრძნობა დროდადრო თვითმკვლელობის სურვილად სახიერდებოდა და აბელის
სულში შიშს თესავდა.

აბელმა ბევრი იფიქრა, დიდხანს ეძია თავისი უცნაური მელანქოლიის მიზეზები.


ბოლოს, მისი აზრით, როგორც იქნა, მიაგნო იმ გასაღებს, რომელიც ამ
გაუსაძლისი ტყვეობიდან დაიხსნიდა, და, თუმცა თვითონვე გრძნობდა, რომ ამ
„მიგნებაში“ ძალდატანება და უჯიათობა მეტი იყო, ვიდრე მიგნება, თავისდა
გასაოცრად შენიშნა, რომ სწავლის თავის დანებებამ მართლა მოჰგვარა სიმშვიდე.

სესიების შემდეგ, საბუთების გამოსატანად რომ მივიდა, დერეფანში ერთი


თანაკურსელი გოგონა შეხვდა, რომლის სახელი ახლა აღარავის ახსოვს (არადა,
ვინ იცის, უკვე სადოქტორო დისერტაციას ამზადებს), ის კი გვახსოვს, რომ
გამხდარი გოგო იყო, მაღალი, მდიდარი და კარგი ოჯახიშვილი. ზვიადი მიხრა-
მოხრა ჰქონდა, ამაყი მზერა და თავდაჯერებული ღიმილი. როცა
გელაპარაკებოდა, სახეზე შეუვალი უპირატესობა ეწერა. შეხვდა ეს გოგონა
დერეფანში, ამაყად მიესალმა და ჰკითხა, მართლა დაანებე თავი სწავლასო.
აბელმა დაუდასტურა. გოგონამ რატომღაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. რა
ბზიკმა გიკბინაო, ჰკითხა და სახე ცოტა მოიმკაცრა. აბელს არც თავდაჯერება
მოსწონდა ამ გოგოსი, არც ოჯახიშვილობა და არც მეტისმეტი სიმაღლე. ამიტომ
არხეინი კილოთი მიუგო, თეატრალურზე უნდა ჩავაბაროო, და, როცა გოგონამ
პირი ოდნავ გააღო, მისი ამ მცირეოდენი დაბნეულობით ისარგებლა, ყველანი
მომიკითხეო, დაუბარა და გაკვირვებული მიატოვა შუა დერეფანში.

საღამოს, ეს ეპიზოდი რომ გაახსენდა, ჯერ გაეღიმა, მერე მუცლის არეში


სიმხურვალე იგრძნო, მერე დაინტერესდა, მერე დაფიქრდა, მერე აფორიაქდა.
მერე სახლიდან გავიდა და შუაღამემდე იბორიალა ქალაქის ქუჩებში.
კვირის თავზე ერთი პრობლემაღა ჰქონდა გადასაჭრელი. როგორ ეთქვა
დედისთვის, რომ უნივერსიტეტი მიატოვა და თეატრალურ ინსტიტუტში
აპირებდა შესვლას. დედას ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო მონაპოვარი უზომოდ
ახარებდა და ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო, მონაპოვრის დაკარგვა უზომოდ
აწუხებდა. მიუხედავად ამისა, თქმა აუცილებელი იყო. აბელმა ბევრი იფიქრა,
დიდხანს უტრიალა, ბოლოს, როგორც იქნა, შესაფერისი დრო შეარჩია და უთხრა.
ის არ უთქვამს, რომ უნივერსიტეტს თავი დაანება, ვაპირებო, უთხრა. ჯერ იმაზე
ილაპარაკა, რომ წელიწადის დაკარგვა ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ, თუკი ამის
საფასურად ადამიანი თავის ჭეშმარიტ მოწოდებას მიაგნებს, მაშინ ეს
დანაკარგად არ ითვლება. მერე მოკლედ შეეხო გარდასახვის რთულსა და
საინტერესო ხელოვნებას. ბოლოს, დიდი მსახიობების სახელოვან ცხოვრებას რომ
მიადგა და ეშხში შევიდა, დედამ შეაწყვეტინა. დედამ სულ მთლად
გაჭაღარავებულ თმაზე ნელა გადაისვა ხელი და უთხრა, როგორც გიჯობდეს,
შვილო, ისე მოიქეცი, უკვე დიდი ხარ და შენს ცხოვრებას აწი შენ უნდა
გაუძღვეო.

ამ დღიდან მოყოლებული აბელი თავის ცხოვრებას თვითონვე უძღვებოდა.


ზაფხულში თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სამსახიობო ფაკულტეტზე
ჩაირიცხა და ორი თუ სამი წლის განმავლობაში ფიზიკა საერთოდ არ
გახსენებია. რომ ვთქვა, მთელი არსებით თეატრალურ ცხოვრებაში დაინთქა-
მეთქი, მთლად სწორი არ ვიქნები, მაგრამ თუ ხელოვნებასა და მეცნიერებას
შორის მართლა არსებობს რაიმე უჩინარი მიჯნა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ
ამ მიჯნას არ გადაცდენილა. სამაგიეროდ ამ მიჯნის აქეთ ყველაფერი
აინტერესებდა. ხანდახან თვითონვე უკვირდა, როგორ ასწრებდა ამდენ რამეს,
როგორ ახერხებდა, რომ საათობით იდგა უსაქმოდ ინსტიტუტის წინ
ამხანაგებთან ერთად და ლაზღანდარობდა, გაუთავებლად დახეტიალობდა
ქალაქში და ქალაქგარეთ. დადიოდა მუზეუმებში და გამოფენებზე, კინოში და
თეატრში, სტუდენტურ წვეულებებზე, გატაცებით უკრავდა გიტარას და
მღეროდა, კამათობდა ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაირ-ნაირ პრობლემებზე
და ამავე დროს კითხულობდა ბევრს. კითხულობდა არა იმიტომ, რომ რამე
მიზანი ჰქონდა, რამეს მიელტვოდა, რაიმესათვის ემზადებოდა, არამედ იმიტომ,
რომ კითხვისას მეტ სიცოცხლეს გრძნობდა, მეტ თავისუფლებას, სამყაროსთან
უფრო მჭიდრო კავშირს.

ერთგვარი შებორკილობა და მორიდებულობა, რომელიც ბავშვობიდანვე


მოჰყვებოდა, უკვალოდ გაქრა. ახლა სხეულს იოლად და ძალდაუტანებლად
ფლობდა და არც შინაურებთან და არც უცხოებთან საკუთარი ხელები უკვე
აღარ ეჩვენებოდა რაღაც ზედმეტ ტვირთად და ძნელად დასამორჩილებელ
მტრად. შარშანდელი სულიერი სიმძიმეც შარშანდელი თოვლივით დადნა.
სხეული და სული ერთ მთლიან ჰარმონიაში მოექცა.

თანაკურსელებთან მშვიდობიანი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მართალია, ეს


იყო ჭრელი ახალგაზრდობა სხვადასხვაგვარი ნიჭით, სხვადასხვაგვარი
საზრუნავით, სხვადასხვაგვარი მიზნებითა და ამ მიზნების მისაღწევად
სხვადასხვაგვარი საშუალებებით, მაგრამ აბელს ნაკლებად აინტერესებდა
ამხანაგების ზნეობრივი თუ ინტელექტუალური კლასიფიკაცია, მათთან მხოლოდ
ზერელე, წვრილმანი ძაფები აკავშირებდა და ამიტომ ერთნაირად უყურებდა
იმასაც, ვინც კარიერის ძიების ეკლიან გზაზე ენერგიულად დაფუსფუსებდა
კულისებში, და იმასაც, ვინც ბიბლიოთეკაში აღამებდა და ათენებდა და
წარმატების კიბეზე მუდამ ერთსა და იმავე საფეხურზე იტკეპნებოდა.

მეგობარი ერთი ჰყავდა, ლადო მენაბდე, სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი.


აბელსა და ლადო მენაბდეს შორის თავიდანვე წარმოიქმნა შეუმჩნეველი,
მოუხელთებელი მაგნიტური ველი, რომელზედაც მალე, როგორც საიმედო
საძირკველზე, მეგობრობა აიგო. ეს არაფრით არ ჰგავდა იმ მეგობრობას, წლების
წინ რომ მეტეორივით გადაიქროლა აბელის ცაზე. მირიანთან მეგობრობა
ამაფორიაქებელი და ტრაგიკულად რთული იყო, შიშით, ნატვრითა და ეჭვებით
სავსე, ლადო მენაბდესთან ურთიერთობა კი ნათელი და უბრალო, თავისუფალი
ყოველგვარი იდუმალი ხვრელებისაგან. ეს იყო თანაბარუფლებიანი, მშვიდი და
უდისტანციო მეგობრობა, უანგარო კეთილმოსურნეობა და რაღაც ნათესაური,
მშობლიური მხარში დგომა, რამაც პირველად აბელი ფრიად ააღელვა და, ცოტა
არ იყოს, სანტიმენტალურ გუნებაზე დააყენა.

ლადო მენაბდე პრეტენზიული ბიჭი იყო, ღრმად სწამდა თავისი ნიჭიერება და


ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მალე მთელ თეატრალურ სამყაროს აალაპარაკებდა.
მაგრამ მისი ასეთი თავდაჯერება რატომღაც არავის სწყინდა. შესაძლებელია,
უმრავლესობა ვერც კი არჩევდა, ლადო სერიოზულად ლაპარაკობდა თუ
ხუმრობდა. საოცარი უნარი ჰქონდა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა.
აბელის დედა პირველი ნახვისთანავე მოხიბლა. გაიცინა, გააცინა, იხმაურა,
აბელი ხან შეუქო და ხან გაულანძღა, კომიკურად წარმოადგინა ფიზიკოსის
საინტერესო „გარდასახვა“ მსახიობად, გემრიელად ისადილა და რაც ჭამა,
ყველაფერს პათეტიკური ოდა მიუძღვნა. ბოლოს თქვა, აქაურობა ისე მომეწონა,
ამის შემდეგ ჩემს სახლში აღარ ვიცი რა გამაძლებინებსო, და საბოლოოდ მოიგო
დიასახლისის გული.

მეორე კურსის ბოლოს აბელს ნია რობაქიძე შეუყვარდა (თუმცაღა, ეს


უკანასკნელი სიტყვა, როგორც მალე დავინახავთ, უფრო პირობითი ცნება
გამოდგა, ვიდრე აბსოლუტური). ნია რობაქიძე იმ დროს პირველ კურსს
ამთავრებდა.

ადრე გაზაფხულის ერთ კვირა დღეს ფაკულტეტმა ექსკურსია მოაწყო ყინწვისში.


ძირითადად პირველი, მეორე და მესამეკურსელები იყვნენ. ავტობუსი მთის
ძირში დატოვეს, ბიჭებმა გოგოების ზურგჩანთები საკუთარ ზურგჩანთებთან
ერთად აიკიდეს და ფერდობს შეუყვნენ. ზემოთ რომ ავიდნენ, ზურგჩანთები
მოიხსნეს, ეზოს კუთხეში დაყარეს და ხმაურით შეცვივდნენ ტაძარში. აბელი
ყინწვისში ადრეც იყო ნამყოფი ლადოსთან ერთად და აქაურობას კარგად
იცნობდა. ტაძარში ყველანი დაწყნარდნენ და ფრესკებს დაუწყეს თვალიერება.
ყველაზე დიდხანს, რაღა თქმა უნდა, ანგელოზის ცნობილ ფრესკასთან
ჩერდებოდნენ, ჩუმად უყურებდნენ და ხმადაბლა უზიარებდნენ ერთმანეთს
თავიანთ აზრს. აბელმა შემოიარა ტაძარი და ბოლოს ისიც ანგელოზის
ფრესკასთან შეჩერდა. აქ უკვე მთელი ჯგუფი იდგა, მათ შორის, სწორედ აბელის
წინ, ნია რობაქიძეც. ერთხანს უხმოდ უყურებდნენ. მერე უცებ ნია რობაქიძემ
თქვა: - არც ისეთი ყოფილა ეს ანგელოზი, როგორც გვაწონებენ.
- ჰო, - შენიშნა აბელმა - თანამედროვე ანგელოზების ფონზე ცოტა
ძველმოდურია.

ნიამ თავი მოაბრუნა, აბელს ამოხედა და ამრეზით აიბზუა ცხვირი.

აბელს გოგონას წყენინება აზრად არ ჰქონია. ამიტომ ნიას ამრეზამ ცოტა შეაწუხა
და გადაწყვიტა როგორმე გამოესყიდა ეს უნებლიე დანაშაული.

ტაძრის დათვალიერებას რომ მორჩნენ და გარეთ გამოვიდნენ, შესაფერისი


შემთხვევაც მიეცა. მთელი ჯგუფი წყაროსკენ წავიდა. გზა ბექობსა და პატარა
ხევს შუა მიდიოდა. უცებ ნიამ ტაში შემოჰკრა და, გოგოებო, შეხედეთ რა
ლამაზი ყვავილიაო, იკივლა. აბელმა ზემოთ, კლდის თავზე, მწვანე ბალახში,
ცისფერი ყვავილი შენიშნა. კლდე ძნელი ასასვლელი იყო, მაგრამ აბელი მაინც
ავიდა. ქვის შვერილებსა და ხის ფესვებს მოეჭიდა, აფორთხდა, კლდეს თავზე
მოექცა, ის ცისფერი ყვავილი მოწყვიტა, ფრთხილად ჩამოიტანა და, ვითომ არ
იცოდა, ისე იკითხა, აბა, რომელი იყო, ამ ყვავილის დანახვაზე რომ წივილ-
კივილი ატეხაო. მეო, ნიამ მიუგო, თან ყვავილს თვალებით ჭამდა. აბელმა თავი
ცერემონიულად დაუკრა, გოგონას ხელი ხელში ნაზად აიღო, ნაზად და
თეატრალურად აკოცა და ყვავილი მიართვა.

რაკი ამ რაინდული საქციელით წეღანდელი არარაინდული საქციელი


გამოისყიდა, სინდისის ქენჯნამ გაუარა და ნია რობაქიძეც, როგორც თვითონ
ეგონა, მიავიწყდა.

საღამოს, როდესაც შინმობრუნებულმა ზურგჩანთა ამოალაგა და გაბერტყა,


უეცრად მოაგონდა, როგორ ეჭირა ნია რობაქიძის ხელი ხელში, და მოეჩვენა,
რომ ნიას ხელი რაღაცნაირი იყო. თბილი - თავისთავად. ნაზიც - თავისთავად.
მაგრამ ამ ხელს კიდევ ჰქონდა რაღაც თვისება, რაღაც ისეთი თვისება, რომ
დროდადრო თავს გაგახსენებდა. აბელს გაუკვირდა, რომ ეს ამბავი ახლა შენიშნა
და არა მაშინ, როცა ნიას ხელი ხელში ეჭირა.

მეორე დღეს, ინსტიტუტში, ლექციებს შორის შესვენებისას, დერეფანში შეხვდნენ


ერთმანეთს და ორივეს გაეღიმა. გაეღიმათ როგორც შეთქმულებს, გაეღიმათ ისე,
თითქოს წუხელ სიზმარში ერთმანეთი ენახოთ.

მერე, დიდ აუდიტორიაში, პოლიტეკონომიის ლექციაზე, როდესაც ლადო


მენაბდეს კრეისერობანას ეთამაშებოდა, გახურებულ თამაშში გუშინდელი
ექსკურსია წამით კვლავ აღდგა მეხსიერებაში. მთავარმა მომენტებმა სწრაფად,
კინოფირივით გაიარა გონებაში, ნია რობაქიძემ ანგელოზის ფრესკა და აბელის
უწყინარი შენიშვნა დაიწუნა და ცხვირი აიბზუა. გუშინ ეს პატარა ეპიზოდი
ამით დამთავრდა და აბელს განსაკუთრებული მასში არაფერი შეუნიშნავს. დღეს
კი, ლექციაზე, მოეჩვენა, თითქოს ნიას ამრეზილ, გამომწვევ შემოხედვას უკან,
როგორც ფონი, მოჰყვებოდა რბილი და თბილი სუნთქვის მძლავრი ტალღა,
რომელმაც ახლაღა მოაღწია აბელამდე, სწრაფად გაიარა მის სხეულში და იქ
სიხარულის ელვისებური განცდა დატოვა. იქნებ ამის ბრალიც იყო, რომ ლადო
მენაბდემ მის მთავარ კრეისერს შიგ შუბლში მოარტყა და ჩაძირა, ხოლო
ლექტორმა ორივე მებრძოლი მხარე აუდიტორიიდან გააძევა.
მალე აბელის არსებაში ნიამ გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა. თუ პირველ
ხანებში იშვიათად და მოულოდნელად დგებოდა ისეთი მომენტი, როცა ფიქრში
ნია ამოტივტივდებოდა, მერე და მერე უკვე ისეთი მომენტი დგებოდა იშვიათად,
როცა ფიქრებში ნია არ ჩანდა. ახლა ნიამ ყველაფერი დაიპყრო. ყველგან ნია იყო.
ნიას მოქნილი ტანი, თეთრი, შემოკვართული შარვალი, ყვითელი ყვავილებით
მოქარგული ღია მწვანე, გადმოფენილი ხალათი, ნიას თვალები, მეტყველი,
თბილი, ნიას ღიმილი, თან გულღია და ალალი, თან ჩუმი და იდუმალი,
შეთქმულის ღიმილი.

ნიას გარეშე არაფერი აღარ არსებობდა. წიგნის კითხვისას თვალსა და წიგნს


შორის ნია იდგა და ყოველი ფრაზა ნიას გავლით შემოდიოდა გონებაში,
შემოდიოდა ნიას სურნელით, ნიას ღიმილით, ნიას შემოხედვით გაჟღენთილი.
საგამოფენო დარბაზებში კედლიდან ნია იყურებოდა. კინოფილმი იმით იყო
საინტერესო, რომ გმირ ქალსა და ნიას შორის საერთოსა და განსხვავების
დადგენა შეიძლებოდა.

ინსტიტუტის წინ უსაქმოდ დგომა და ამხანაგებთან ლაზღანდარობა ადრე თუ


თავისთავად იყო სასიამოვნო და საინტერესო, ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში
ჰქონდა ფასი, თუ ნიაც იქ იმყოფებოდა, ან ინსტიტუტში მაინც ეგულებოდა
აბელს და, მაშასადამე, ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა.

ნიას დანახვა ნამდვილი დღესასწაული იყო. და ამ პერიოდში აბელს


იოტისოდენადაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მშვენივრად იცოდა, თუ რა
არის ბედნიერება. ბედნიერება ისაა, რომ სულ მუდამ ნიას უყურო. იჯდე სადმე
შენთვის, ფანჯარასთან და მთელი სიცოცხლე უყურო ნიას.

ლადო მენაბდეს, რომელთანაც ძველებურად მეგობრობდა, დროდადრო


დასანახავად ვერ იტანდა. ლადო ატყობდა, რომ აბელის ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ამ ცვლილებების მიზეზსაც ხვდებოდა,
მაგრამ ყოველივე ეს სრულებითაც არ მიაჩნდა საკმაო საფუძვლად იმისათვის,
რომ ლექციებიდან არ გაპარულიყვნენ, როცა ქალაქში ახალ, საინტერესო ფილმს
აჩვენებდნენ, უცხოეთთან ურთიერთობის სახლში ფრანგული წიგნის გამოფენა
იხსნებოდა ან უბრალოდ, ცაზე გაზაფხული გამოჩნდა და ასეთ დროს
ქალაქგარეთ, აყვავებული ტყემლის ძირში წამოწოლას არაფერი სჯობდა. აბელს
ტყემალი არ აინტერესებდა, ცის ცქერას ნიას ცქერა ერჩივნა და არაფრით არ
ეთმობოდა ლექციებს შორის ათწუთიანი შესვენებები, როცა შესაძლებელი იყო
დერეფანში ნიას გადაყროდა და გამოლაპარაკებოდა. ამიტომ დროდადრო, როცა
იძულებული ხდებოდა ლადოსთან ერთად ქალაქგარეთ წასულიყო, მაშინ
როდესაც ნია ქალაქში ეგულებოდა, თავისი ერთადერთი მეგობარი ჩუმი
სიძულვილით სძულდა.

ნიას აბელის გამოჩენაზე სახე გაუბრწყინდებოდა ხოლმე და ნაბიჯს აუჩქარებდა,


თითქმის სირბილით წამოვიდოდა. ამ დროს აბელი ნეტარების ღრუბლებში
ცურავდა და თვითონაც ნეტარების ერთ-ერთ ღრუბლად იქცეოდა.

ასე გრძელდებოდა მთელი ერთი წელიწადი. მთელი ერთი წლის განმავლობაში


სამყაროსა და ნიას შორის იგივეობის ნიშანი იყო გავლებული. ნია იყო
სიცოცხლის არსი. ნია რომ არა, მკვდარი და ცარიელი სამყარო, უსიცოცხლო და
უაზრო გუნდა, გამომშრალი და გამოფიტული, ეჭვი არაა, სადმე უფსკრულში
გადაიჩეხებოდა და დაიმსხვრეოდა. ნია განსაზღვრავდა ყოველივეს, ნიათი
არსებობდა ყოველივე. თავად აბელიც ნიას გამოძახილი იყო. აბელის სიცოცხლე
იმას ერქვა, ნია რომ სუნთქავდა, აბელის არსებობა იმას ერქვა, ნიაზე რომ
ფიქრობდა. რა თქმა უნდა, იყო მეორეხარისხოვანი საგნები და მოვლენებიც,
ვთქვათ, გამოცდები, დედა, მეგობრობა, მაგრამ ეს საგნები და მოვლენები
სადღაც ცნობიერების მიღმა, მექანიკური რეაქციის სფეროში იმყოფებოდნენ და,
ამდენად, მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა.

იმ წელიწადს აბელმა კიდევ ერთხელ მოხსნა პირი ფანტაზიის ძველისძველ


გუდას, კიდევ ერთხელ შემოჰკრა დეზი ოცნების ფრთოსან რაშს, გადაეშვა
ნეტარების ფერად ბურუსში და იქ, ძილ-ღვიძილის მოუხელთებელ და ტკბილ
საზღვარზე შექმნა სურათი, დიდი, საამო, კმაყოფილებისფერი სურათი. სურათზე
იყო ოჯახი, ბედნიერი, იდილიური, მოღიმარე. იყო ცოლ-ქმარი, ერთიმეორის
ნაზად მოყვარული და ერთიმეორის ღრმად პატივისმცემელი. იყვნენ ბავშვები
(ორიდან ოთხამდე), ბუთხუზები, ლამაზები, ცნობისმოყვარეები. ცოლი -
მოხდენილი, განათლებული და ინტელექტუალი, ნიჭიერი თეატრალური
კრიტიკოსი, ქმარი - თვითნაბადი ტალანტი, თეატრალური სამყაროს მეფე. იყო,
რა თქმა უნდა, მეგობართა ვიწრო წრე, მდიდარი სულის, ფართო განათლების,
მაღალნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დროდადრო შეიკრიბებოდნენ ამ
ყველასათვის სამაგალითო ოჯახში და გვიანობამდე საუბრობდნენ ღრმა,
საჭირბოროტო ეროვნულ თუ საერთაშორისო პრობლემებზე. ზოგჯერ (ალბათ,
მრავალფეროვნებისათვის) ოჯახის თავზე პატარა ჩრდილიც გადაივლიდა.
თეატრის დარბაზში მჯდომი რომელიმე ახალგაზრდა ქალი, წარმოსადეგი,
ტანადი, მკვრივი, ხშირი გიშრისფერი თმით, სქელი, ვნებიანი ტუჩებითა და
ღრმად დეკოლტირებული კაბით, არ დასჯერდებოდა მაყურებლის
მოკრძალებულ როლს და ცთუნების ჟრუანტელისმომგვრელ გზას დაადგებოდა.
მაგრამ ქმარი, მოისმენდა რა აღსარებას (ქალი ქალია და შეხვედრას ყოველთვის
მოახერხებს), დიდი ტაქტით, უბრალო და თბილი სიტყვებით დააშოშმინებდა
კალაპოტიდან ამოვარდნილ ქალს და მერე, შინ მისული, ამ ამბავს ცოლს
უყვებოდა... და, ცხადია, იყო გასტროლები, ძლევამოსილი და თავბრუდამხვევი
გასტროლები. ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ავსტრალია, ფეშენებელური
სასტუმროები, მაყურებელთა ოვაციები, დიდებული დარბაზობები, ცოლმა
მრავალი ენა იცოდა და ქმარს თარჯიმნობას უწევდა. რომეო, ჰამლეტი, ოტელო,
იულიუსი, ლირი... კომედიები, ფალსტაფი, რეცენზიები, პორტრეტები ჟურნალ-
გაზეთებში (ცოლთან ერთად) შეხვედრები აეროპორტებში, რეპორტიორების ზღვა,
ავტოგრაფები, საუბარი სახელმწიფოს მეთაურებთან, დაძაბულობის შენელება.
მრავლის უმრავლესი ინტერვიუ. ამერიკის ტელევიზია. შემოქმედებითი და
ზნეობრივი კრედო. მსოფლმხედველობა. ადამიანის დანიშნულება.
ტელეეკრანებთან მიჯაჭვული მრავალრიცხოვანი მაყურებელი, მერე
მოგზაურობის შთაბეჭდილებები („იქნებ რაიმე შეგემთხვათ კურიოზული?“),
ვალმოხდილობა, ერისკაცობა...

ახლაც, როგორც ბავშვობაში, ფანტაზია ნელ-ნელა იწურებოდა და, როცა ყველა


სიმაღლე დაპყრობილი აღმოჩნდებოდა, ყველა წარმატება მოპოვებული, ყველა
საქმე გაკეთებული, ოცნება ფერს კარგავდა, ხუნდებოდა, სისხლის გადასხმას
საჭიროებდა. ამ მიზნით ზოგჯერ, რაკი ირგვლივ ხელმოსაჭიდი აღარაფერი
ჩანდა, მოქმედების ადგილი სადმე სხვა პლანეტაზე ან სულაც სხვა გალაქტიკაში
გადაინაცვლებდა. მაგრამ იქ ფეხს ვერ იკიდებდა. იქ ფანტაზია, მკვდარ
კრატერებში გამომწყვდეული, ფრთებს ისე ლაღად ვერ შლიდა, ამიტომ კვლავ
დედამიწაზე ბრუნდებოდა და, რაკი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე
გაკეთებული იყო, ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ძილი უმთავრესად შუა ოცნებაში წამოეწეოდა ხოლმე და მის აშლილ ფიქრებს,


როგორც უპატრონოდ მიმოფანტულ წიწილებს, მსუბუქად გადააფარებდა თავის
თბილსა და საიმედო ფრთებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ძილი იგვიანებდა,
ოცნება ასწრებდა საკუთარი თავის ამოწურვას და იფიტებოდა. ასეთ დროს
აბელს თავადაც გამოფიტულობის განცდა ეუფლებოდა და უმწეობის
უმწვერვალესი ტკივილით, რომელსაც გარდაუვალობის წინაშე შიში ბადებს,
გრძნობდა, რომ რეალურის საზღვარს მიადგა და იმის იქით არარაობის
ხახადაღებული უფსკრული იყო, რომელშიაც როგორც კლდეს მოწყვეტილი ქვა,
აუცილებლობის გზით მიექანებოდა ყოველი სულიერი, ამ უფსკრულის
დანახვაზე აბელი ატყობდა, რომ ყველაფერი, რასაც მისი ოცნება და ფანტაზია
ხატავდა, ამაოება იყო, და გული ეკუმშებოდა, მაგრამ რაღაც მომნუსხავი ძალა
ამოწურულ ოცნებას აიძულებდა, კვლავ საწყისი მდგომარეობა მიეღო და
ყველაფერი თავიდან დაეწყო, თუმცა ცხადი იყო, რომ საბოლოოდ ისევ იმ
უფსკრულს მიადგებოდა.

მიუხედავად ასეთი შინაგანი ორომტრიალისა, აბელს არც უცდია პრაქტიკული


ნაბიჯი გადაედგა. მართალია, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ხშირად
ხვდებოდა ნიას, ერთად დახეტიალობდნენ ქალაქის ძველ უბნებში, ერთად
დადიოდნენ კინოში, ისე თავისუფლად და კარგად გრძნობდნენ თავს
ერთმანეთთან, რომ სხვა არავინ სჭირდებოდათ (ლადო დროდადრო ცოფებს
ყრიდა). მაგრამ ყოველივე ამას მაინც თვითდინების ხასიათი ჰქონდა, სადმე,
ინსტიტუტში ან ინსტიტუტს გარეთ შემთხვევით შეხვდებოდნენ ერთმანეთს და
იდეაც იქვე, ექსპრომტად იბადებოდა. პაემანი, როგორც ასეთი, არასოდეს
დანიშნულა. პაემანი უკვე პრაქტიკული ნაბიჯი იყო, ეს კი აბელის გეგმაში არ
შედიოდა.

თუმცა ეს ნათქვამი მთლად ზუსტი არ არის. აბელს არავითარი გეგმა არ ჰქონია


და ამიტომ არც იცოდა, რა შედიოდა მის გეგმაში და რა არა, იცოდა, რომ
პრაქტიკულ ნაბიჯს არ დგამდა, მაგრამ რატომ იქცეოდა ასე, წარმოდგენა არ
ჰქონდა. სავარაუდოა, რომ აქ რამდენიმე მიზეზი ერთდროულად მოქმედებდა.
ჯერ ერთი, შესაძლებელია, იმედი არ ჰქონდა. ობიექტურად ეს იმდენად მცდარი
მოსაზრებაა, სასაცილოდაც კი ჟღერს. მაგრამ ასეთ საკითხში ობიექტურობა
თვალებდათხრილია. ვინც გიყვარს (ამ მოსაზრებას, ღრმად თუ ჩავუკვირდებით,
კაცის თანდაყოლილი ეგოიზმი ასაზრდოებს), მას შენდა უნებურად ისეთი
ზღაპრული ფერებით ამკობ და ისეთ უნაკლო არსებად წარმოიდგენ, რომ
სრულიად მიუწვდომელი გეჩვენება და ვეღარ დაგიჯერებია, როგორ შეიძლება
ამ ღვთაებამ, ამ ანგელოზმა შენისთანა პროზაული არარა შეიყვაროს. მეორე,
აბელი, ეტყობა, შეეჩვია თავის ოცნებას, როგორც არაერთხელ მოსვლია, და მისი
ხელყოფა, შესაძლებელია, აღარც კი უნდოდა. და ბოლოს, გამორიცხული არ
არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება ბუნდოვნად იგრძნო, მიკვლევით
კი ვერ მიაკვლევ, რადგან იგი ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და ლოგიკური
აზროვნების გარეთაა (უკანასკნელი მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს ამ
ეპიზოდის ფინალი).

ლადო მენაბდე ბრაზობდა. ბრაზობდა იმიტომ, რომ, ვთქვათ (დამახასიათებელი


მაგალითი რომ მოვიყვანოთ), რამდენიმე საათით ხელში ჩაიგდო წიგნი,
რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს, და აბელს დაუწყებდა
ძებნას, რათა ერთად წაეკითხათ, მაგრამ ვერსად იპოვიდა, ან, კიდევ უარესი,
იპოვიდა და შინ ვერ წაიყვანდა. აბელი რომ გაჯიქდებოდა, იმას ადგილიდან
ვეღარაფერი დაძრავდა. და, ცხადია, ლადო ბრაზობდა. მის სიბრაზეს უფრო ის
უკიდებდა ცეცხლს, რომ იცოდა აბელის გაჯიქების მიზეზი და ხმას ვერ იღებდა.
ერთი-ორჯერ კი გადაუკრა სიტყვა, მაგრამ აბელი გაღიზიანდა და ღრენით
გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე. მაშინ ლადო იძულებული შეიქნა, პირში
წყალი ჩაეგუბებინა და ისე, უმისამართოდ ეყარა ცოფები.

მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი განვითარება და ეს ეპიზოდი, რომელსაც


შეიძლება ეწოდოს და შეიძლება ვერც ეწოდოს სამიჯნურო ეპიზოდი, რაღაცად
უნდა გამოვლენილიყო, თორემ უკვე გავიდა მისთვის განკუთვნილი ხაზის
ბოლოში და ერთ ადგილას ტკეპნას იწყებდა, რითაც საეჭვოდ ემსგავსებოდა
აბელის ოცნებას, საკუთარი თავის ამოწურვის სტადიაში შესულს. განსხვავება ის
იყო, რომ ოცნება შეგიძლია თავიდან დაიწყო და რაღაც ახალი, თუნდაც სულ
მცირე და უმნიშვნელო ნიუანსებით გაამდიდრო, რეალურ ეპიზოდს კი თავიდან
ვერ დაიწყებ, რეალური ეპიზოდი მხოლოდ ერთხელ გათამაშდება და ფინალში,
თუ რამე არ მოახერხე, უაზროდ იწყებს ტრიალს საკუთარი თავის ირგვლივ.
აბელიც გრძნობდა, რომ განვითარება დასრულდა და საჭირო იყო დასკვნების
გაკეთება. მართლაც გვიან შემოდგომაზე ამ ამბების გაცნობიერებას შეუდგა.
გაცნობიერებას რომ მორჩა, შემდეგი ნაბიჯიც გადადგა - ერთ საღამოს დედას
ოჯახის თაობაზე გაუბა საუბარი და დარწმუნდა, რომ იგი სიხარულით
შეხვდებოდა აბელის დაქორწინებას.

აბელმა გადაწყვიტა ნიასთვის ხელი ეთხოვა.

იმ დროს ინსტიტუტი ემზადებოდა გრანდიოზული ღონისძიებისათვის,


რომელსაც ერქვა „ჩვენ - სტუდენტები“. ეს იყო ერთგვარი საჯარო გამოცდა,
სტუდენტების მიერ საკუთარი ამხანაგებისა და სტუმრებისათვის ანგარიშის
ჩაბარება. ჩანაფიქრის მიხედვით, საღამო უნდა ყოფილიყო თეორიული
კონფერენციისა და აქტიორულ და რეჟისორულ ნამუშევართა პრაქტიკული
ჩვენების ნაზავი.

საღამოს უნდა ჰყოლოდა სამი წამყვანი: ერთი სამსახიობო ფაკულტეტიდან,


ერთი - სარეჟისოროდან და ერთიც - თეატრმცოდნეობიდან. თეატრმცოდნეობის
ფაკულტეტიდან საღამოს წამყვანად დანიშნული იყო ნია. ამ გარემოებამ აბელი
აიძულა საბოლოო ნაბიჯი დროებით გადაედო და მხოლოდ ამ დიდი
თეატრალური საღამოს შემდეგ გადაედგა, რათა ზედმეტი საფიქრალითა და
მღელვარებით არ დაეტვირთა ნია ასეთი სერიოზული მოვალეობის წინ.

დადგა საღამოს ჩატარების დროც - ნოემბრის პირველი შაბათი. საღამოს ექვსი


საათისთვის დარბაზი ისე იყო გაჭედილი, რომ იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა.
ღია სცენაზე დარბაზიდან ხელმარცხნივ, სულ განაპირას, წამყვანთა მაგიდა იდგა.
ხელმარჯვნივ, მაგიდის სიმეტრიულად - როიალი, შუაში კი, ავანსცენაზე -
მიკროფონი.

საღამო დაიწყო. კულისებიდან წამყვანები, ნია და ორი ვაჟი, გამოვიდნენ და


მაგიდისკენ გამოემართნენ.

ნიას გრძელი, კოჭებამდე ჩამოშვებული შავი ქვედა კაბა და გრძელსახელოებიანი


და ფართოსაყელოიანი წითელი ხალათი ეცვა.

ნიას გამოჩენისთანავე, მანამ, სანამ შიშველ ემოციას გონება შეუერთდებოდა და


ვითარების წესრიგში მოყვანას შეუდგებოდა, აბელს გული შეეკუმშა, თავით
ფეხამდე ცივმა ტალღამ დაუარა და თითქოს იქიდან რაღაც მნიშვნელოვანი და
აუცილებელი გაიყოლაო, სხეულში სიცარიელის სევდა დარჩა, იმავ წამს გონება
უკვე ჩაერია საქმეში და ერთიანი, აბურდული შთაბეჭდილებიდან წვრილ-
წვრილი ძაფების ამოძრობა დაიწყო.

ნია შუაში მოდიოდა. აქეთ-იქიდან ბიჭები მოჰყვებოდნენ, ერთი - მომავალი


მსახიობი, მეორე - მომავალი რეჟისორი. ნიამ, ჩვეულებრივ, მყარი და
დაჯერებული სიარული იცოდა. ახლა კი ამ დაჯერების უფრო მეტად ხაზგასმა
მოეწადინებინა თუ რა იყო, ისე მოდიოდა, რომ მის სიარულში დაჯერების
მაგივრად დაქადნება იგრძნობოდა.

ხელებს ენერგიულად, ჯარისკაცივით იქნევდა. სცენის მესამედი არ ექნებოდათ


გავლილი, რომ თანამგზავრებს მთელი ორი ნაბიჯით გაუსწრო. როგორც კი ეს
შენიშნა, მოწყვეტით შედგა, დარბაზს მკაცრად და ცოტა გამომწვევად მოავლო
თვალი, მზერა სადღაც ბოლო რიგზე შეაჩერა და ამხანაგებს დაელოდა.
დაშვებული მკლავები ისე უტოკავდა, თითქოს ინერციის დაძლევა უჭირსო.
ამასობაში ბიჭები წამოეწივნენ და მათთან ერთად განაგრძო გზა მაგიდისაკენ.
თვალი შორეულ წერტილს მოაშორა, მზერა მხარმარცხნივ მომავალი ბიჭის
ფეხებზე გადაიტანა და ნაბიჯი მის სიარულს შეუთანხმა. მერე მხარმარჯვნივ
მომავალ ბიჭს მიუბრუნდა და ფიცხი ჟესტიკულაციითა და ამ
ჟესტიკულაციასთან შეუთანხმებელი მიმიკით ხმადაბლა საუბარი გაუბა. ბიჭმა
გაკვირვებით მოხედა, დაბნეულად გაიღიმა და წარბები აათამაშა.

ბოლოს, როგორც იქნა, მოგზაურობა დასრულდა და სამივემ მშვიდობით მიაღწია


დანიშნულების ადგილს. ერთ-ერთმა ბიჭმა სკამი გამოუწია ნიას. ნია
გამართულად დაჯდა. იდაყვები მაგიდას დააყრდნო და ხელის თითები
ერთმანეთს გადააწნა. ბიჭები აქეთ-იქით მოუსხდნენ. დარბაზში სიჩუმე იყო.
მაყურებლები ელოდნენ. პირველი სიტყვა ნიას ეკუთვნოდა. მცირე პაუზის
შემდეგ ნიამ გაიღიმა. გაიღიმა ისე, რომ გეგონებოდათ (ყოველ შემთხვევაში
აბელს ასე ეგონა), ერთი ნიღაბი მოიხსნა და მეორე აიფარაო, და წამოდგა.

- ძვირფასო მეგობრებო! პატივცემულო სტუმრებო! - უცხო, უცნაურად


მომრგვალებული და მოკვეთილი ხმით დაიწყო მან და სიტყვები ისე წამოვიდა
დარბაზში, აბელს მოეჩვენა, თითქოს თავზე კაკალს აბერტყავდნენ, -
დღევანდელი საღამოს იდეა გაჩნდა ამ სამი-ოთხი თვის წინ, როდესაც
ინსტიტუტში დისკუსია დაიწყო თანამედროვე თეატრალური ხელოვნების
გზებისა და მიმართულების შესახებ. დისკუსიაში ჩაბმული აღმოჩნდნენ როგორც
სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები. მაშინ გადაწყდა, ეს საინტერესო
პრობლემა ვიწრო, შინაურული ჩარჩოებიდან გამოგვეტანა და ფართო
მსჯელობის საგნად გვექცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იდეა მხოლოდ
შედეგით ფასდება და თეორიული მოსაზრების სიცოცხლისუნარიანობას
პრაქტიკა არკვევს. ამიტომ... - აქ ნიამ ყელი მოიღერა, იდაყვში მოხრილი ხელები
განზე გადაშალა და ხელისგულები ოდნავ მორკალული თითებით ისე დაიჭირა,
თითქოს ზედ სანთლები ედგა და ეშინოდა არ გადმოცვივნოდა. ერთხანს უხმოდ
გაშეშდა ამ პოზაში. მერე ლაპარაკი განაგრძო. ბოლოს, როცა ზოგადი მიმოხილვა
მოათავა და საღამოს პროგრამის გასაცნობად სიტყვა გვერდით მჯდომი
ბიჭისთვის უნდა მიეცა, პოზა შეიცვალა, მარჯვენა ხელი მკერდთან ახლოს
მიიტანა, ისე, რომ მტევანი ლამის ეხებოდა მარჯვენა ძუძუს, მარცხენა ხელი კი
ორი მართი კუთხით (ერთი იღლიაში და მეორე იდაყვში), გამართული,
ერთმანეთზე მიტყუპებული თითებით, მაღლა, თავს ზემოთ შემართა.

ამ პოზაში იდგა და რომელიღაც მავედრებელ ფრესკას განასახიერებდა, როდესაც


აბელი წამოდგა.

- სად მიხვალ? - თავმოუბრუნებლად ჰკითხა ლადომ.

- მონასტერში.

აბელმა იგრძნო ლადოს მწყრალი და გაკვირვებული მზერა, მაგრამ არ


მიუხედავს, უხმოდ გაიკვლია გზა მისი საქციელით უკმაყოფილო მაყურებლებს
შორის, ჩქარი ნაბიჯით გაიარა დარბაზი, გასცდა უკაცრიელ ფოიეს, ჩაათავა
უკაცრიელი კიბე და მეგარდერობე ქალების ცნობისმოყვარე მზერის ქვეშ ქუჩაში
გავიდა.

აქ ერთხანს უძრავად იდგა და იმაზე ფიქრობდა, თუ საით წასულიყო. სევდა


მწვავე ტკივილად დადიოდა სხეულში. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
ძვლებზე ფრჩხილებს უფხაჭუნებდნენ.

ბოლოს, როდესაც გადაწყვიტა მარჯვნივ წასულიყო, მარცხნივ შეტრიალდა და


ნელა გაუყვა გზას. ცდილობდა მშვიდად და თანაბრად ესუნთქა, მაგრამ ამ
მცდელობიდან არაფერი გამოდიოდა. ხელ-ფეხი დროდადრო ისე უდუნდებოდა,
არ ეგონა, თუ არ წაიქცეოდა.

ქვის სოკოსთან შეჩერდა და წყალს ხარბად დაეწაფა. სითხემ ცივი კლაკვნით


გაიარა გახურებულ გულ-გვამში და წამიერი სიცოცხლე შეიტანა იქ, მაგრამ
თვითონაც მალევე გახურდა, საერთო ტემპერატურაში დაიკარგა და სიცოცხლის
ნიშანიც გაქრა.

ბაღში შევიდა, ჩაბნელებული კუთხე მოძებნა და განმარტოებით მდგომ მერხზე


დაჯდომა დააპირა, მაგრამ ამ განზრახვაზე იქვე აიღო ხელი. ხანდახან გონებაში
ნიას მოღერებული ყელი, გადაშლილ მკლავები და კეკლუცი გამოხედვა
ჩნდებოდა. ასეთ დროს სევდის ტკივილი ძლიერდებოდა, ძვლებზე უფრო
სწრაფად უფხაჭუნებდნენ ფრჩხილებს და, თითქოს რაღაც უხილავი საგუბარი
გახსნესო, მთელი სხეულიდან ერთბაშად ჟონავდა ოფლი.
აბელი ბაღიდან გამოვიდა, ქუჩა გადაჭრა და აღმართს შეუდგა.

უეცრად სახლი მოენატრა. რაღაც უცნაურად, მწარედ მოუნდა თავის ოთახში


ყოფნა. ფანჯრებს დაკეტავდა, კარს ჩაკეტავდა, შუქს ჩააქრობდა და იქნებოდა
ბნელაში თავისთვის, მარტოდმარტო, ვერც ვერავინ დაინახავდა, ვერც ვერავის
გამოელაპარაკებოდა.

მაგრამ ამ ძლიერი სურვილის მიუხედავად, გეზი არ შეუცვლია, გზა განაგრძო


და მალე მთაწმინდაზე ავიდა. აქ ერთხანს იწრიალა, იბორიალა, ბოლოს
გულხელდაკრეფილი გადმოდგა მთაზე და შორს, ქვემოთ, ელექტროშუქებით
განათებულ ქალაქს დააკვირდა. გულში სასოწარკვეთა, სიცარიელე და ამაოების
გაუსაძლისი სიმძიმე ედგა.

უეცრად აბელი მიხვდა, რომ არსებობდა წამალი, რომელიც ერთბაშად


დააყუჩებდა მის ტკივილს და ზლაზვნითა და ტაატით მიმავალ დროზე აღარ
იქნებოდა დამოკიდებული. ეს წამალი თვითმკვლელობა იყო.

თვითმკვლელობის ბუნდოვანი სურვილი ჯერ კიდევ ამ სამიოდე წლის წინ


გაუჩნდა, როცა ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მაშინ ამ სურვილს
ბუნდოვანების საბურველი ვერ ჩამოხსნა. იგი რატომღაც შორეული ოცნება ეგონა,
ფუფუნება, რომელზედაც იოლად ვერ მიგიწვდება ხელი. ახლა იგივე სურვილი
შიშველი სახით წარსდგა მის წინაშე და იმდენად რეალური, იმდენად იოლი და
საამოც კი ჩანდა, რომ აბელს გაუკვირდა, როგორ ვერ შებედა მაშინ, ფიზიკის
ფაკულტეტზე, ხელი ჩაევლო და ჩამოეგლიჯა ეს ბუნდოვანების საბურველი.

რაკი გზა იპოვა და გადაწყვეტილება მიიღო, ცოტა გუნებაც გამოუკეთდა. ისე


აუტანლად აღარ უფხაჭუნებდნენ ძვლებზე ფრჩხილებს და სიცარიელეც ისე
მტკივნეულად აღარ უჭერდა მარწუხებს.

აბელი დაფიქრდა. თუ ამაღამვე დააპირებდა განზრახვის სისრულეში მოყვანას,


ამისათვის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობდა - წყალი. მაგრამ იყო კია
აუცილებელი ამაღამვე მოეთავებინა საქმე? ახლა, როცა გადაწყვეტილების
მიღებამ ცოტა შვება მოჰგვარა, თითქოს მოცდაც შეიძლებოდა, მეთოდების აწონ-
დაწონა და მათგან საუკეთესოს არჩევა. მეთოდი კი, წყლის გარდა, კიდევ ბევრი
ეგულებოდა: თოკი, ტყვია, დანა, საწამლავი... გარდა ამისა, ალბათ, საქმეების
მოწესრიგებაც საჭირო შეიქნებოდა. ერთი ან ორი დღით ხომ არ მიდიხარ კაცი!
იქნებ ნიასაც უნდა შეხვედროდა, ზოგი რამ აეხსნა და სიკვდილის წინ კეთილი
რჩევა მიეცა... ნიასთან შეხვედრა ისე, საკითხის დასმის წესით გაიფიქრა,
დარწმუნებით ჯერ არ იცოდა, საჭირო იქნებოდა თუ არა.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აჩქარება და წინდაუხედაობა ამ საქმეში


არ ივარგებდა. ეს ერთი ღამე როგორმე უნდა გაეძლო, ყველაფერი კარგად
გაეანალიზებინა, ყველაფერი თავ-თავის ადგილას დაეწყო და ხვალ მშვიდად და
წყნარად გაეკეთებინა გასაკეთებელი.

მთაწმინდიდან ნელა, აუჩქარებლად დაუყვა ბილიკს, ფერდობი ჩაათავა, გზაზე


გავიდა, ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული ბუჩქების მთელი წყება გალია,
რუსთაველი ფეხით გაიარა და კარგად რომ დაიღალა, მაშინღა ავიდა ავტობუსში.
კარი რომ გააღო, ხმაურზე დედამ გამოიხედა.

- მოხვედი, დედა? სადა ხარ აქამდე?

- არსად, საქმე მქონდა, - აბელმა ოდნავ უკმაყოფილო კილო გამოურია ხმაში,


რათა შემდგომი კითხვები აერიდებინა, მაგრამ ამ დროს შენიშნა, რომ დედა
მარტო არ იყო. ოთახში მაგიდასთან ლადო მენაბდე იჯდა და თხილს შეექცეოდა.
წინ ნაჭუჭებით სავსე თეფში ედგა. თეფშის გვერდით თხილის სამტვრევი იდო.

დედა აღელვებული ჩანდა, ლადო - გაბრაზებული.

- სად იყავი? - ლადოს თავი არ აუწევია, თხილი აიღო, სამტვრევში ჩადო და


გატეხა.

- მთაწმინდაზე.

- მთაწმინდაზე? - ახლა კი მოიხედა ლადომ, თუმცა საქმიანობა არ შეუწყვეტია,


გატეხილ თხილს ორივე ხელით არჩევდა, - რატომ?

- იმიტომ.

- ველად გაიჭერი?

- მთად.

ლადომ ათვალწუნებით შეხედა და ერთხანს უყურა. მერე დედამისს მიუბრუნდა:


- დეიდა ქეთევან, საწოლის ფეხზე გამოვაბამ და ქამრით ვცემ.

- გამოაბი, შვილო, და სცემე, - ისე მშვიდად და უბრალოდ დაყაბულდა აბელის


დედა, რომ აბელსაც კი გაეცინა.

- მერე თავქუდმოგლეჯილი რომ გარბოდი, ერთი მაინც გეკითხა, იქნება მეც


მინდოდა მთად გაჭრა?

- მთად გაჭრა მარტო უნდა. კარგად ჩაიარა საღამომ?

ლადო ისევ აბელის დედას მიუბრუნდა.

- საღამო დაწყებული არ იყო, რომ წამოვარდა უცებ გიჟივით და


უკანმოუხედავად მოკურცხლა. თურმე ნუ იტყვით და, ამას რომ გოგო მოსწონს,
იმ გოგომ კარგად ვერ გაიარა სცენაზე და ასეთი ჟესტი გააკეთა, - ლადომ
მარჯვენა ხელი მკერდთან მიიტანა და მარცხენა, იდაყვში მოხრილი, მაღლა
აიშვირა, - იმის მაგივრად, რომ გაეკეთებინა, ვთქვათ, ასეთი ჟესტი, - ლადომ
ხელები შეცვალა, ამჯერად მარცხენა მიიტანა მკერდთან და მარჯვენა აიშვირა
მაღლა.

- ისეთი ეჭვი მაქვს, ლადო, რომ მაგას პირველად არ ყვები. ერთი რეპეტიცია
ჩემს მოსვლამდე გაქვს გავლილი, - თქვა აბელმა, - მეც მინდა თხილი.

- აგერ, დედა, - დედამ თეფში და სამტვრევი მოუტანა.


- შენა ხარ შუა საუკუნეების რაინდი, - უთხრა ლადომ, - რომელიც
მაქსიმალისტია არა რწმენით, არამედ იმის გამო, რომ რეალურობის გრძნობა არ
გააჩნია. ცოტა გულუბრყვილო რაინდი, ცოტა შერეკილი და კომიკურობამდე
პატიოსანი.

- სახე უკვე გახსნა, - დედას მიმართა აბელმა და თავით ლადოზე ანიშნა, - ახლა
მოქმედების ხაზს დამიზუსტებს და მერე კონკრეტულ მიზანსცენებზე გადავა.

- ზღარბი ხარ შენ, შუა საუკუნეების რაინდო, - უთხრა ლადომ.

- მაგას რა ჭკუა აქვს, დედა, - აბელს მიუბრუნდა დედამისი, - სცენაზე როგორ


გაივლის და ხელს როგორ აიშვერს! მთავარია, ისე როგორია და ისე თურმე
ძალიან კარგი გოგო ყოფილა. ზედმეტი...

- სია შეადგინეთ? - შეაწყვეტინა აბელმა და თხილის გული პირში ჩაიდო.

- რა სია? - გაუკვირდა დედას.

- ხალხის, დასაპატიჟებელი ხალხის, ხომ უნდა ვიცოდეთ, რამდენ კაცს


ვპატიჟებთ ქორწილში, რომ მერე ამის მიხედვით სურსათ-სანოვაგის თადარიგი
დავიჭიროთ, - ამ სიტყვებით ლადოს მიუბრუნდა, - ხელისმომკიდე შენ იქნები?

- წავედი, - თქვა ლადომ, თხილის სამტვრევი მაგიდაზე დადო და ზეზე


წამოდგა.

- ჰო, - ქუშად გამოეპასუხა აბელი, - ძილის დროა უკვე.

- აბელ! - საყვედურით უთხრა დედამ.

- ეჩქარება კაცს, - მხრები აიჩეჩა აბელმა.

- ნახვამდის, დეიდა ქეთევან, - ღიმილით დაემშვიდობა ლადო, - მაგას ხვალ


მოვუვლი.

- გააცილე, აბელ, - ჩუმად უთხრა დედამ, როცა ლადომ კარი გამოაღი.

- იცის გზა, - ხმამაღლა, ლადოს გასაგონად მიუგო აბელმა.

ლადო ღიმილით დააცქერდა აბელს, მერე, ღამე მშვიდობისაო, თქვა და წავიდა.

- რამ გაგაფხუკიანა, დედა, ასე...

აბელმა ხმის კილოზე შეატყო, რომ დედა გრძელი მონოლოგის თქმას აპირებდა
და შეაწყვეტინა: - მაპატიე, დედა, სამეცადინო მაქვს.

დედას ეწყინა, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია.

აბელი თავის ოთახში შევიდა. ცოტა სინდისი კი ქენჯნიდა, დედას რომ


გამზადებული მონოლოგი წყალში გადაუყარა, მაგრამ ეს ამბავი იქვე
გადაავიწყდა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა გადასაწყვეტი.
ოთახში შესულმა პირველ რიგში ის ძლიერი და გაუგებარი წადილი აისრულა,
რომელიც ცოტა ხნის წინ მთაწმინდისაკენ მიმავალს დაეუფლა: კარი ჩაკეტა,
შუქი ჩააქრო და სიბნელეში დარჩა.

ტახტზე ჩამოჯდა, ზურგით კედელს მიეყრდნო, ხელები მკერდზე დაიკრიფა და


მაშინვე ის საზარელი ეპიზოდი გაახსენდა, ნია რომ სცენაზე შემოვიდა. რა
ყალბად მოდიოდა, რა არაადამიანურად! ბოლოს რა ჟესტით დააგვირგვინა ეს
ყველაფერი! თურმე რა მწარედ ვცდებით, როცა გვგონია, ადამიანს ვიცნობთ! რა
გულუბრყვილოდ, რა დაუფიქრებლად ვენდობით ჩვენს თავს! აბელს ათასი
სიტყვა შეეძლო ეთქვა ნიას შესახებ, ათი ათასი სიტყვა შეეძლო ეთქვა და
არასოდეს აზრადაც კი არ მოუვიდოდა, რომ ეს გოგო საგანგებოდ იდგა ხოლმე
სარკის წინ და ხმის კილოსა და ჟესტ-მიმიკას ამუშავებდა. აბელს დაჯერებაც კი
უჭირდა, რომ ეს ნია იგივე ნია იყო, რომელიც სახეგაბრწყინებული ეგებებოდა,
იგივე ნია, რომელსაც არასოდეს შეტყობია იმაზე დაფიქრებულიყოს, თუ როგორ
გადაედგა ნაბიჯი, ან ხმის კილოსთვის რამე საგანგებო გამომსახველობა
მიენიჭებინოს. იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ სცენაზე ადამიანის ფსიქიკა
ყირაზე დგება და იქ სტანისლავსკის სისტემა მოქმედებს და არა ღვთის მიერ
ბოძებული ბუნებრივი სისტემა? თეატრალურ ინსტიტუტში ჩვეულებრივ ხალხს
იღებენ და მერე მათგან სტანისლავსკის სისტემით ხელოვნური ხალხი
გამოჰყავთ.

აბელი წამოდგა და ჩაბნელებულ ოთახში გაიარ-გამოიარა. საშუალება ბევრია.


წყალი, თოკი, ტყვია, საწამლავი, ფანჯრიდან გადახტომაც საშუალებაა... რა
ბედნიერებაა, რომ ადამიანი უკვდავი არაა და ყოველთვის აქვს ერთი
გამოსავალი. თავის დახსნის ერთი გზა. საშინელება იქნება, კაცი რომ
უსასრულოდ ცოცხალი იყო და ძვლებზე უსასრულოდ გიფხაჭუნებდნენ
ფრჩხილებს.

ისევ ტახტზე დაჯდა, გონებას ერთ ადგილას მოუყარა თავი და დაფიქრდა,


რათა საშუალებათა მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ბოლოს და ბოლოს
რომელიმე ამოერჩია. წყალი, თოკი, ტყვია, დანა, საწამლავი, ფანჯარა...
დაკვირვებით და შეუცდომლად რომ ამოერჩია, ჯერ კარგად, დეტალურად
წარმოიდგინა ყველა პროცესი. წყალი, ყელზე ქვა უნდა გამოიბა, თორემ
სიცოცხლის ინსტინქტი გადამწყვეტ მომენტში ზედაპირზე ამოგაგდებს. სუნთქვა
შეგეკვრება, ყურები დაგიგუბდება, წყლის ყლაპვას დაიწყებ, გაიბერები,
ამოსუნთქვის დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდება. სიკვდილ-სიცოცხლის
ზღვარზე სასოწარკვეთილი, პანიკური შიშით შეპყრობილი, ყელზე გამობმულ
ქვას ჩააფრინდები. უკანასკნელი, განწირული ძალით შეეცდები მოიგლიჯო...
ცუდია. თოკი. ფეხს ჰკრავ და წააქცევ სკამს, რომელზედაც იდექი. ერთადერთ
საყრდენს. ბოლო იმედს. ყველაფერს, ალბათ, ტყვია სჯობს, მაგრამ რევოლვერი
სად გინდა იშოვო?

უეცრად აბელს თვალწინ წარმოუდგა ნია, რომელმაც გაიგო, რომ აბელმა თავი
მოიკლა. აბელი ტომარასავით ჰკიდია თოკზე. უკვე აღარ ფართხალებს, მხოლოდ
ოდნავღა ქანაობს ინერციით. ნიამ ჯერ სარკის წინ ივარჯიშა. შეარჩია მისი
აზრით ყველაზე უფრო გამომსახველი ჟესტი და მერე მოვიდა. შემოვიდა
ოთახში, ერთი კი გამოიხედა აბელისკენ და ის მომზადებული ჟესტი გააკეთა:
მარჯვენა ხელი გაშლილი, გაფარჩხული თითებით სახესთან მიიტანა, ისე, რომ
ხელის ზურგი სახისკენ ჰქონდა მიქცეული. მარცხენა ხელი ასევე გაშლილი,
გაფარჩხული თითებით ოდნავ უფრო წინ და ოდნავ უფრო მაღლა დაიჭირა და
ერთხანს გაშეშდა ამ პოზაში, თან ტრაგიკული ხმით თქვა: „ოჰ!“

ამ ხილვამ აბელი შეაძრწუნა და უცებ დაეჭვდა: იქნებ არ იქცევა სწორად?


სასაცილო ხომ არ შეიქნება ხალხის თვალში? აგდებული ღიმილით ხომ არ
იტყვიან, რისთვის მოიკლა თავი ამ სულელმა, ქალს სერიოზულად როგორ
უნდა უყუროო! ანდა ნია ხომ არ იამაყებს კიდეც იმით, რომ მის გამო ვიღაცამ
შუბლში ტყვია დაიხალა ან ყულფში თავი გაყო? საერთოდ, ნუთუ
შესაძლებელია ადამიანი იმიტომ დაიბადოს, რომ ცხრამეტი წლისამ თავი
მოიკლას? ესეც არ იყოს, ღალატი ხომ არ არის თვითმკვლელობა?
სულმდაბლობა, სილაჩრე, იოლი გამოსავალი. ვერ აგიტანია, ვიღაც რომ ძვლებზე
ფრჩხილებს გიფხაჭუნებს, ვერ გაგიძლია ტკივილისთვის და თავს იკლავ! რა
ვაჟკაცობაა!

მაგრამ... აბელი წამოდგა. ნელა გადაიარა ოთახი. წიგნების თაროს მიადგა და


დააკვირდა, ისე, უაზროდ დააკვირდა, გარჩევით ამ სიბნელეში მაინც ვერაფერს
გაარჩევდა, - მაგრამ იქნებ თავად ეს ეჭვი გააჩინა შიშმა, სიკვდილის შიშმა.
იქნებ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მეთოდები და საშუალებები რომ ცხადად და
მკაფიოდ წარმოუდგა თვალწინ, სიცოცხლის ინსტინქტმა გაიღვიძა, ჯაჭვის
პერანგი ჩაიცვა, ჩაჩქანი დაიხურა, ფარიც აიღო და კარიც ჩაკეტა?

აბელი დაიბნა. გადაწყვეტილება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მტკიცე, სწორი
და ერთადერთი ეგონა, ახლა საეჭვო და საჭოჭმანო გახდა, რადგან სერიოზული,
საფუძვლიანი მოსაზრებები ძნელად გადასალახავ დაბრკოლებად გადაეღობა.
მაგრამ ამ „საფუძვლიან მოსაზრებებსა და ძნელად გადასალახავ
დაბრკოლებას“ თავად ეღობება წინ ეჭვი იმისა, რომ ყოველივე ეს, მთელი ეს
მიზეზები და საბუთები სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ნიღაბი, გონების
მიერ გამოჩორკნილი. შიში. თავის მოკვლა ვერ გაგიბედია, მაგრამ არ გინდა
გამოტყდე და ცდილობ, ეს გაუბედაობა გონიერებად გაასაღო.

აბელი გულწრფელად ცდილობდა ვითარებაში გარკვეულიყო და ბევრი ფიქრის


შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მისი შიში (თუკი მართლა ეშინოდა)
სიკვდილის შიში კი არ იყო, ტკივილის შიში იყო. ამიტომაც არჩევდა ასე
გულმოდგინედ „საშუალებებს“, ამიტომაც უარყო წყალი, თოკი, ფანჯრიდან
გადახტომა. ამიტომაც ეძებდა უმტკივნეულო გზას.

თუ ეს ყველაფერი მართლა ასეა, მაშინ მარტივი არჩევანი ჰქონია. არჩევანი ორ


ტკივილს შორის. და ეტყობა, სიკვდილის წინარე ტკივილს ეს ტკივილი ერჩივნა,
ახლა რომ განიცდიდა და კიდევ არაერთხელ რომ მოუწევდა განცდა ცხოვრების
გზაზე.

აბელი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და გადაიხედა. სიმაღლე


შეამოწმა. მერე მობრუნდა და შუქი აანთო.

და უეცრად, რაღაც უცნაური სიცხადით და ჯიუტი თანმიმდევრობით


მეხსიერებაში რიგრიგობით ამოტივტივდნენ მირიანის მამა, მირიანი, მათი
წიგნები. მირიანი და წიგნები, თითქოს ჯაჭვს ორი რგოლი მოსწყდაო, მყისვე
ისევ გაქრნენ. დარჩა მირიანის მამა ისეთი, როგორიც მირიანის სიკვდილის
შემდეგ ნახა აბელმა: მწუხარე და მშვიდი. იდგა იგი, მაღალი, სათვალიანი.
ნაღვლიანად დაფიქრებული. იდგა და რაღაც იცოდა ისეთი, რის გამოც მისი
მწუხარება ისე იდო გაუგებარ სიმშვიდეში, როგორც სურათი შავ არშიაში.

ამ სურათმა აბელის აფორიაქებულ სულში რაღაც უცხო ჰარმონია შეიტანა.


აბელი დამშვიდდა, წიგნების თაროს მიადგა, შეჩერდა, კარგა ხანს იდგა ასე.
თითქოს რაღაცას იგონებს და ვერ მოუგონებიაო. ბოლოს გაიღიმა. გაიღიმა
თავისუფლად, შვებით. აქ, თაროს ამ შორეულ კუთხეში, აინშტაინი იყო. ბორი,
ბორნი... ის წიგნები, რომლებისთვისაც თითქმის სამი წელიწადია ხელი არ
უხლია. და ამ სამი წლის განმავლობაში თურმე ისე ენატრებოდა, როგორც
სახლი მოგენატრება შორეულ მოგზაურობაში მყოფს.

აუჩქარებლად გადაარჩია, რამდენიმე მათგანი აიღო და მაგიდაზე დადო.


თვითონაც მაგიდას მიუჯდა. იმ არჩეულებიდან ერთი გადაშალა და კითხვა
დაიწყო.

დილამდე იკითხა. დილით ადგა, დაიბანა, ისაუზმა, დედას ლოყაზე აკოცა,


ოთახში შებრუნდა და შუადღემდე ისევ იკითხა. ნასადილევს ლადოსთან წავიდა,
ისაუბრეს, ქალაქში იხეტიალეს, კინოში შევიდნენ, კინოს მერე კიდევ იხეტიალეს
და ისაუბრეს. შინ მობრუნებული ნავახშმევს კვლავ თავის მაგიდას მიუჯდა და
შუაღამემდე იკითხა. ნაშუაღამევს დაიძინა, დილით ინსტიტუტში წავიდა,
შესვენებაზე დერეფანში ნიას შეხვდა და დარწმუნდა, რომ სიყვარულის
ნარჩენები, როგორც კვამლი ჩამქრალი ხანძრის შემდეგ, ნელ-ნელა იფანტებოდა
და ქრებოდა.

თავი მეექვსე

მომდევნო ორი წლის განმავლობაში აბელის სახეს ახალი შტრიხი აღარ


შემატებია. ეს გასაგებიცაა. ცხრამეტი-ოცი წლის კაცი უკვე ჩამოყალიბებულია
როგორც პიროვნება. ძირითადი ხაზები გავლებულია, ძირითადი ფერები
წასმულია და, ასე ვთქვათ, მთავარი სამუშაო მოთავებულია. მართალია, მასში
ერთხანს კიდევ შეიმჩნევა არამდგრადობა და ცვალებადობისაკენ ლტოლვა,
მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი შთაბეჭდილებაა, ასეთ დროს კაცი საგამოცდო
ვადას გადის, როგორც ახლად დამთავრებული სახლი, რომელსაც დრო
სჭირდება, სანამ საბოლოოდ დაეფუძნებოდეს საძირკველს და საკუთარ სხეულს
შეეჩვეოდეს. ახალი უკვე აღარაფერია მოსალოდნელი, მხოლოდ არსებული
ხაზები და ფერები განიცდიან ოდნავ ცვლილებებს: ზოგი მათგანი უფრო
გამოკვეთილი და რელიეფური ხდება, სხვები მკრთალდება და მეორე პლანზე
გადადის და ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულ ფორმას იღებს, როგორც
სიმინდი, როცა გობს შეანჯღრევენ, რათა მარცვლები მჭიდროდ ჩასხდნენ
ერთმანეთის გვერდით და ცარიელი ადგილები შეძლებისდაგვარად შეივსოს.

როდესაც დიდი თეატრალური საღამოს შემდეგ ნია რობაქიძეს შეხვდა და


დარწმუნდა, რომ მისი სიყვარული ხანძრის შემდეგ დარჩენილ კვამლს ჰგავდა,
ეგონა, ეს კვამლი სულ მალე გაიფანტებოდა, მაგრამ მოტყუვდა. როგორც
გამოირკვა, კვამლი ნედლ მუგუზალს ასდიოდა და ეს ნედლი მუგუზალი
დიდხანს ბოლავდა, შიშინებდა, იცრემლებოდა, ხრჩოლავდა და ცხვირსა და
თვალებს სწვავდა. ნიას დანახვაზე გული ძველებურად შეუტოკდებოდა ხოლმე,
მაჯისცემა ძველებურად უხშირდებოდა, მაგრამ ახლა ამ მღელვარებაში, როგორც
ნაწვიმარი წყლის მღვრიე ნაკადი, შხუილით შემოდიოდა იმ შემზარავი საღამოს
შხამიანი მოგონება, რომელიც სიყვარულის მღელვარებას სიძულვილის მომწვანო
ფერით აზავებდა და საწამლავის მწარე გემოს აძლევდა. სიყვარულისა და
სიძულვილის ეს უცნაური ნარევი უსიამო, მაგრამ გარდაუვალ აღგზნებას
იწვევდა და ავ, დაუნდობელ ირონიად მჟღავნდებოდა. აბელი შეგნებულად
არასოდეს ცდილობდა, როგორღაც თავისთავად გამოსდიოდა, რომ ნიას ყოველი
შეხვედრისას კენწლავდა, სიტყვას დიდ თეატრალურ საღამოზე გადაუკრავდა და,
რაც შეეძლო, ამწარებდა. ნია ვალში არ რჩებოდა და ირონიას ირონიით
პასუხობდა.

დიდხანს გაგრძელდა ეს დაძაბული და აღგზნებული სიძულვილ-სიყვარული,


მაგრამ ბოლოს და ბოლოს მუგუზალი ჩაქრა, კვამლი გაიფანტა, სიყვარულიცა
და სიძულვილიც ერთდროულად ამოიძირკვა და ნია იქცა ერთ ჩვეულებრივ
გოგოდ, რიგით ნაცნობად, რომელიც არაფრით არ განირჩეოდა სხვა რიგითი
ნაცნობებისგან. თითქოს ეს ამოდენა ვნებათა ღელვა, კინაღამ თვითმკვლელობით
რომ დამთავრდა, საერთოდ არ ყოფილიყოს.

სანამ ამ უჩვეულო სიძულვილ-სიყვარულის სიმხურვალე არ განელდა, აბელი


ჯიუტი გატაცებით, რაღაცნაირი ჟინით ანთებული, დღისით და ღამით
კითხულობდა ორი თუ სამი წლის წინ დავიწყებულსა და მერე ისევ
გახსენებულ წიგნებს. აღარც ლექციებზე ყოფნა უნდოდა, აღარც ხეტიალი, აღარც
კინო, აღარც ამხანაგები. ერთი სული ჰქონდა, შინ დაბრუნებულიყო, თავის
ოთახში ჩაკეტილი მაგიდას მიჯდომოდა და მთელი არსებით დანთქმულიყო ამ
წიგნებში. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ამით რაღაც კომპენსაციას
პოულობდა იმ თავზარდამცემი იმედგაცრუების სანაცვლოდ, რომელიც ნია
რობაქიძის თეატრალობამ მოუტანა. მერე და მერე, როცა ტრაგედია წარსულად
იქცა და ნელ-ნელა ფარსის სახე მიიღო, მართალია, ის გატაცება და ჟინიც
ჩაუცხრა, მაგრამ ჩაუცხრა როგორც ჯიბრი და კომპენსაციის ძიება, თორემ
გახსენებული წიგნები აღარასოდეს დავიწყებია და მათი მშვიდი, უბრალო
სიყვარული სამუდამოდ დარჩა. ამის შემდეგ აინშტაინი და სტანისლავსკი
თანაარსებობის მშვიდობიან პოლიტიკას დაადგნენ და ერთმანეთს ხელს არ
უშლიდნენ.

აბელმა ინსტიტუტი დაამთავრა და ერთ პატარა პროვინციულ ქალაქში იქნა


გამწესებული.

თერთმეტ ნოემბერს ორ მომცრო ჩემოდანში ჩაალაგა მთელი თავისი


ავლადიდება, გიტარა მხარზე გადაიკიდა, ნაშუაღამევს ჩაჯდა ყვითელ
მატარებელში და პროვინციაში გაემგზავრა.

განაწილების თანახმად, სამსახურში გამოცხადების ვადა ათი სექტემბერი იყო,


მაგრამ აბელი დედის ავადმყოფობამ შეაფერხა. ზაფხულში დედა შეუძლოდ
შეიქნა. ექიმებმა დიდხანს უკირკიტეს, დიდხანს იკვლიეს, დიდხანს აწვალეს და
საბოლოოდ ფილტვის კიბო დაუდგინეს. კიბო არავითარ ანგარიშს არ უწევდა
ადამიანების სამსახურებრივ მოვალეობას და მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს
მოითავა საქმე. ოქტომბრის ბოლოს მშობლიური ნიადაგიდან ამოვარდა
უკანასკნელი ფესვი და აბელი, საბოლოოდ დაობლებული და საბოლოოდ
განთავისუფლებული, წავიდა პროვინციულ თეატრში, რომელიც ყოველდღიური
ერთფეროვნებით მოქანცულ ადამია-ნებს ნემსივით უკეთებდა მრავალფეროვნების
ილუზიას.

მანქანაში, სადგურისაკენ მიმავალი, თვალგაშტერებით მისჩერებოდა მძღოლის


ტყავის ქურთუკს, რომელიც მარცხენა ბეჭს ქვემოთ მრგვალად იყო გამომწვარი,
ისე, რომ ნეკათითი თავისუფლად შეეტეოდა, გულზე მსუბუქი სევდა აწვა და
ცდილობდა წარმოედგინა უცნობი ქალაქი, სადაც მისი ცხოვრების მრავალი
ეპიზოდი უნდა გათამაშებულიყო.

პროვინცია ყვავილნარში ჩაფლული სიმყუდროვეა. შემოღობილი მწვანე ეზოები,


ღობის ძირას მაღალი ვარდები, ყელმოღერებული გოგოები ვარდებივით
იყურებიან ღობიდან და გულუბრყვილო ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ
გამვლელებს. ქალაქის ირგვლივ - ფერდობები, ფერდობებზე - ვაზი, ზემოთ -
ზვიადი მთები, შორს - მაღალი მწვერვალები და მარადიული თოვლი. შხაპუნა
წვიმა, გრილი სისველე და ბავშვობის ბუნდოვანი მოგონება, როგორც სამყარო
შეჭირხლული ფანჯრიდან. წვიმაში ვაზი, სველი მტევნები, ცივი ყურძენი,
რბილი მიწა, შიშველი ფეხები, ყვავილების თაიგული...

მატარებლის კუპეში არავინ დახვედრია და არც მერე შემოსულა ვინმე. ამან


გაახარა. უცხო, შემთხვევით ხალხთან მუსაიფი არ უყვარდა, მით უმეტეს ახლა,
როცა გულზე მშობლიურ ქალაქთან განშორების ცრემლიანი სევდა ჰქონდა
შემოწოლილი, მარტო ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.

მატარებელი რომ დაიძრა, ლოგინი გაიშალა, დაწვა და ფიქრში წასულს არ


გაუგია, როდის ჩაეძინა.

გამთენიის ხანს გამოეღვიძა. გარეთ მღვრიე, თეთრი ბურუსი იდგა. მატარებელი


ტრიალ მინდორზე მიქროდა. კარგად რომ დააკვირდა, სიმინდის ძირები გაარჩია
და მიხვდა, რომ ეს ტრიალი მინდორი სინამდვილეში ნაყანევი იყო.

ტანთ ჩაიცვა, პირი დაიბანა, მერე კუპეში სარკმელთან დადგა და უცნობ


სივრცეს დაუწყო თვალიერება. ბურუსი ნელ-ნელა იფანტებოდა.

ბოლოს უხილავი ჭიშკარი გაიღო და ყვითელი მატარებელი სტვენითა და


კივილით შევარდა პატარა პროვინციულ ქალაქში, სადაც აბელს თეატრალური
ფრთები უნდა გაეშალა.

მატარებლიდან გადმოვიდა, ჩემოდნები ძირს დადგა და დაკვირვებით


მიმოიხედა.

ხალხი ნელა, ტაატით გადმოდიოდა მატარებლიდან და ნელა, ტაატით


მიედინებოდა ქალაქისაკენ, როგორც მდორე წყალი, როგორც უქარო ღრუბელი,
რომელსაც არსად ეჩქარება.
არავის არსად არ ეჩქარებოდა. ირგვლივ ყველაფერი ისე ჩანდა, როგორც
შენელებულ კინოკადრში. აბელმა მხრები აიჩეჩა, ჩემოდნებს ხელი დაავლო და
მკვირცხლად, მხნე ნაბიჯით მიაშურა შემნახველ საკანს.

ჩემოდნები დატოვა, ქალაქში გამოვიდა, ვაგზლის პატარა, ჭუჭყიანი მოედანი


გადაკვეთა და ალალბედზე დაადგა ერთ-ერთ ქუჩას.

ყელმოღერებული ვარდები და გრძელკაბიანი ცნობისმოყვარე გოგონები არსად


ჩანდა. ირგვლივ მხოლოდ ყვითელი ფოთლები იყო. ყვითელი ფოთლები
დიდხანს, უხალისოდ ტრიალებდნენ ჰაერში და მერე ზანტად ეშვებოდნენ ძირს.
ქარი უბერავდა და თეთრ ღრუბლებს უხილავი ფარეხისაკენ ერეკებოდა.

ვაგზლის მახლობლად სულ ორ და სამსართულიანი სახლები იყო. ძველებური,


ულაზათო, მოსაწყენი სახლები, რომელთა დანახვაზე კაცს ვეებერთელა, ბნელი
და გრილი, დარაბებიანი ოთახი გახსენდება, სადაც მზე და სინათლე ცოტაა და
ამიტომ ერთთავად ავადმყოფი გგონია თავი.

ციოდა. აბელმა ქურთუკის საყელო აიწია და ღილებიც შეიკრა. ადრიანი დილა


იყო და ქუჩაში ხალხი კანტიკუნტად ჩანდა.

ვაგზალს რომ კარგა მანძილზე გასცდა, ხელმარცხნივ გაუხვია, ვიწრო ქუჩაში.


ქუჩის პირას, ტროტუარსა და სამანქანო ნაწილს შორის, პატარა არხში წყალი
მიწანწკარებდა. ქუჩას ორივე მხარეს მოზრდილი ჭადრები და აგურით ნაგები,
ლამაზი, ეზოიანი სახლები მისდევდა. ვარდები და ვარდივით გოგონები არც აქ
ჩანდნენ.

აბელმა ეს ქუჩაც ჩაათავა და უფრო ფართო ქუჩაზე გავიდა. ჭადრები აქაც იყო,
მაგრამ წყალი არ მიწანწკარებდა და პატარა, კერძო სახლებს აქა-იქ, როგორც
აქსელირებული თანამოძმეები, გვერდით ამოსდგომოდნენ თანამედროვე მაღალი
სახლები.

ერთი საათი ასე იხეტიალა, ხან მარჯვნივ გაუხვია, ხან მარცხნივ, ათვალიერებდა
ქუჩებს, სახლებს, ეზოებს. ბოლოს კიდევ ერთ მოსახვევს მიადგა.

ეს იყო ძალიან ვიწრო, ქვაფენილი ქუჩა, დაბზარული, ჭუჭყიანი, ალაგ-ალაგ


აყრილი ტროტუარით. ქუჩა დამრეცად ეშვებოდა ქვემოთ ორასი-ორას
ორმოცდაათი მეტრის მანძილზე, მერე მარჯვნივ უხვევდა და სახლების უკან
იკარგებოდა. აგურის ფორმისა და აგურის ზომის რუხი ქვები, გარდიგარდმო
მჭიდროდ და მკვიდრად ჩალაგებული მთელ თავდაღმართზე, იქაურობას
თითქოს რაღაც უცხო იერს ანიჭებდა. ქუჩის ორივე მხარეს, თავიდან ბოლომდე,
ჩამწკრივებული იყო დუქნები და ნაირ-ნაირი სახელოსნოები. დუქნების თავზე,
ასევე ქუჩის მთელ სიგრძეზე, პირდაპირ შუა ქუჩაში გადმომდგარიყვნენ ხის
აივნები რიკულებიანი მოაჯირებით, რომლებიც თითისტარის ფორმის პატარა
მუცლიან სვეტებს ეყრდნობოდნენ. ქუჩის სივიწროვის გამო აივნები ისე ახლო
იყვნენ ერთმანეთთან, რომ მოაჯირზე გადმოყრდნობილ მეზობლებს შეეძლოთ
ჩურჩულით ელაპარაკათ.

დუქნები და სახელოსნოები რიგი ღია იყო და მუშტარს ელოდებოდა, რიგი


ახლა იღებოდა და რიგს ჯერ კიდევ ბოქლომი ედო. ხარაზი, რომელსაც ქუჩის
ზედა თავში მოეწყო ფარდული, ადრიანად მოსულიყო და უკვე გამოეფინა
თავისი საქონელი - ნაირ-ნაირი ფერის, ნაირ-ნაირი ფორმისა და ზომის წაღები.
წაღების ნაწილი თხილის წნელისგან დაწნულ ორ მოზრდილ ჩელტზე ეწყო,
ნაწილი ფარდულის კედლებსა და კარზე ეკიდა. თვითონ, პირხმელი, ხშირი
შავი თმით, ჯაგარა ულვაშებითა და ლურჯი წინსაფრით, ფეხმორთხმით იჯდა
ჩელტებს შუა თხის გრძელბეწვიან ტყავზე და გასანთლული ძაფით ახალ წაღებს
კერავდა. სახარაზოს გვერდით ფართლეულის დუქანი იყო. პატარა, პირმრგვალი,
ღიპიანი მედუქნე, რომელიც წვრილ თვალებს ისე აცეცებდა, თითქოს ვიღაცას
უთვალთვალებსო, ის-ის იყო მოვიდა, კარი გააღო და საქონლის გამოფენა
დაიწყო. ახალმოსულები და დამხვდურები ხმამაღლა ესალმებოდნენ ერთმანეთს
და ხმამაღლა კითხულობდნენ ერთმანეთის ოჯახისა და საქმიანობის ამბავს.
ამიტომ მთელ ქუჩაში ყაყანი ისმოდა. სახარაზოსა და ფართლეულის პირდაპირ,
ქუჩის გადაღმა მხარეს, ფარდებჩამოფარებული, დაკეტილი დუქანი იყო. მის
გვერდით გაურკვეველი ეროვნების კაცი, მაღალი, ჭაღარა მოხუცი, ხის
მოხატული ყულაბებით, ჯამებითა და კათხებით ვაჭრობდა. სადალაქოში
თეთრხალათიანი, შავი, გრძელცხვირა დალაქი ღიღინით ლესავდა სამართებელს
და თან ცალი თვალი ქუჩისკენ ეჭირა. ცოტა ქვემოთ სამჭედური იყო.
სამჭედურის წინ ტანმაღალ, ჩამოსხმულ, შავგვრემან, ხუჭუჭთმიანსა და
წვერგაუპარსავ ახალგაზრდა კაცს ცხენი ლაგამით ეჭირა. სამჭედურში პატარა
ბიჭი, ჩაფსკვნილი და ჯანიანი, საბერველის ტარს მშვიდად, რიტმულად
ამოძრავებდა, საბერველი ქშინავდა და ვეშაპის ლაშს ჰგავდა. ვიწრო, ნახევრად
ბნელი სასადილოს წინ ქალი სპილენძის მაღალი სურიდან წყალს უსხამდა კაცს
და ზედ ტროტუარზე აბანინებდა ხელ-პირს. ქუჩაში მრავალი დუქანი და
ფართო ასორტიმენტის საქონელი იყო: წვრილმანები, ძველმანები, რკინეულობა,
თიხა, ტანსაცმელი, ქუდები, ტკბილი წყალი და ათასი ხარახურა. ქვემოთ, ქუჩის
ბოლოდან ურემი მოდიოდა. ურემში ცალი კამეჩი იყო შებმული. კოფოზე
მოხუცი გლეხი იჯდა. დიდი, ჭაღარა ულვაშები ჰქონდა, ფართო შუბლი და
დაფანჩული წარბები. ხელში წკეპლა ეჭირა და კამეჩს დროდადრო ხმამაღლა
უწრუპუნებდა.

ქუჩაში რაღაც გაურკვეველი სუნი იდგა. ეტყობა, ყველაფერი ერთად იყო


არეული: გავარვარებული რკინა, დილის გრილი და გამჭვირვალე ჰაერი, ძეხვი,
ახალშეკერილი წაღები, აქაფებული საპონი, ნამგზავრი ცხენი, მტვერი, ოფლი...
ყოველივე ეს ერთმანეთში ირეოდა და გაურკვეველ სუნად იდგა, რომელიც
რაღაც მოგონებას აღვიძებდა და ვერც აღვიძებდა.

აბელი ნელა მიაბიჯებდა თავდაღმართში და ყურადღებით აკვირდებოდა ჰაერში


გადმოკიდებულ ჩუქურთმიან აივნებს, რომლებიც ორ-ორი საყრდენით იყო
გამაგრებული ისე, რომ საყრდენის ერთი ბოლო აივნის ერთ კუთხეს
ებჯინებოდა. მეორე ბოლო - დუქნის კედლებს კარს ოდნავ ზემოთ. ყურადღებით
აკვირდებოდა მაღლა აივნებს და დაბლა დუქან-სახელოსნოებს. და როცა
ყოველივე ეს, სპეციფიკურ და გაურკვეველ სუნთან შეზავებული, მთელ
არსებაში შემოვიდა, მოძალებულ ფანტაზიას წამით სადავე მიუშვა. მაშინვე
დრომ და სივრცემ სიმტკიცე დაკარგეს, დაიშალნენ და დაიფანტნენ, თითქოს
მთავარი ძარღვი გამოეცალათო და აბელს მოეჩვენა, ვითომ დრომ სადღაც
საკუთარ სიღრმეში გადაინაცვლა და ახლა ეს ქუჩა, ეს აყაყანებული, ლაღი,
მძლავრი და თან მშვიდი სიცოცხლით ცოცხალი ქუჩა, ეს ფერები, ეს სახეები, ეს
ხმაური, ეს სუნი, ყველაფერი ეს იყო რომელიღაც უცხო ქვეყანა, სადღაც
აღმოსავლეთში. შესაძლებელია, სპარსეთი, შესაძლებელია, თურქეთი,
შესაძლებელია, არაბეთი და დროისა და სივრცის ამ წამიერმა, უცნაურმა
გარდასახვამ ელვასავით სწრაფი, ელვასავით მყისიერი, ელვასავით კაშკაშა,
მაგრამ ელვასავითვე მოუხელთებელი გრძნობა გააჩინა: ნატვრისა თუ მოგონების
მსუბუქი, ნაზი სევდა, რომელიც სევდაა და არა სიხარული, რადგან ძალიან
ძლიერია და სიხარულის ვიწრო ჩარჩოში ვერ ჩაეტია.

ეს თითქოსდა უმიზეზო, მაგრამ საოცრად ტკბილი სევდა მყისვე ჩაქრა, ისე რომ
მოსვლასა და წასვლას შორის დრო არც გასულა, ოღონდ სხეულში მცირე ხნით
თბილი კვალი დატოვა, მაცთური კვალი, ამაო იმედი იმისა, რომ ნეტარი ელვა
ისევ დაკვესავს. მერე ეს კვალიც გაქრა.

აბელი ქუჩის ბოლოში ჩავიდა. აქ გზა მარჯვნივ უხვევდა. ერთხანს აღმართი


ისევ ქვაფენილი იყო, მერე კი ვაკე იწყებოდა და ქვაფენილსაც ასფალტი
ცვლიდა. მარცხნივ, ქვემოთ, საცალფეხო ბილიკი მიდიოდა. შორს, ფერდობის
ძირას მდინარე მიიკლაკნებოდა. გამოღმა ნაპირი არ ჩანდა, გაღმა კი ტირიფის
ჭალა მისდევდა. მდინარე განიერი იყო. ზანტად, მდორედ მიედინებოდა და
ტყით შემოსილ მთებში იკარგებოდა.

აბელმა მარჯვნივ გაუხვია. აღმართი აიარა და ვაკეზე გავიდა.

ქვაფენილზე ქუჩა თავისი რიკულებიანი აივნებით, პაწაწკინტელა დუქნებით,


მარადიული ფერებით, შინაურული ყაყანით და ბუნებრივი სიცილით ერთბაშად,
მოლანდებასავით გაქრა. ახლა ირგვლივ ისევ ეზოიანი სახლები იყო განიერი
ჭიშკრებითა და კოინდრით, და, შიგადაშიგ მაღალი, თანამედროვე შენობები,
თითქოს ქალაქს საკუთარი წარსულის შერცხვა და სხვისი ცხოვრებით დაიწყო
ცხოვრება.

ცივი ქარი ქროდა. ყვითელი ფოთლები დიდხანს დაფარფატებდნენ ჰაერში და


მერე ნელა, აუჩქარებლად ეშვებოდნენ ძირს.

აბელმა ალალბედზე განაგრძო გზა და მალე ვრცელ ბაღს მიადგა. ბაღში


დიდრონი, ბებერი ხეები და საღებავგადაცლილი მერხები იდგა. ერთი კაცი,
ერთი ქალი და ერთი ბავშვი, როგორც ჩანს, დედ-მამა და შვილი, გრძელტარიანი
ცოცხებით იქაურობას გვიდნენ.

აბელი ბაღში შევიდა და დიდი, განიერი მუხის ძირას მერხზე ჩამოჯდა.

მეეზოვეთა ოჯახი აუჩქარებლად იქნევდა ცოცხს და ნამწვავების, ქაღალდების,


მტვრისა და ყვითელი ფოთლებისაგან ათავისუფლებდა მოკირწყლულ ბილიკებს.
აბელი ერთხანს მექანიკურად, აზრმიუტანებლად უყურებდა მათ საქმიანობას და
უცებ გულზე ნაღველი შემოაწვა. მოეჩვენა, თითქოს ამ პატარა, უსახურ ქალაქს
ირგვლივ მაღალი გალავანი ერტყა, რომელსაც, როგორც ზღაპრებში ამბობენ,
ჩიტიც ვერ გადააფრინდება. რაღაც ძალამ, რაღაც უცნობმა ძალამ, ულმობელმა
და ყოვლისმცოდნემ, გულგრილად აწონ-დაწონა აბელის ნიჭი და უნარი,
ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრება და ფარგლით
შემოუხაზა ეს პატარა ქალაქი, როგორც მოქმედების არე და ასპარეზი. სხვას
უფრო დიდი ასპარეზი აქვს. კიდევ სხვას მთელი დედამიწა არ ჰყოფნის
ასპარეზად. და ეს ყველაფერი თავშივეა განსაზღვრული. ვიღაცამ წინასწარ იცის,
რომ შენ ასეთი და ასეთი ნიჭი გაქვს, ასეთი და ასეთი შესაძლებლობა და შენი
ნიჭისა და შესაძლებლობის კვალობაზე ასეთსა და ასეთ რადიუსში იტრიალებ
და მოცემულ ჩარჩოს ვერ გასცდები. აბელს გული შეეკუმშა. წარმოიდგინა,
როგორ გახდებოდა ეს უცხო ქალაქი ნაცნობი და მშობლიური, როგორ
გახდებოდნენ აქაური უცხო ადამიანები მახლობლები და შინაურები, როგორ
ჩაეფლობოდა აქ ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ ივლიდა სამსახურში და
მოვალეობასავით შეასრულებდა როლებს, რომლებსაც რეჟისორები
დააკისრებდნენ, დაოჯახდებოდა აქ, კერას გაიჩენდა, გახდებოდა პროვინციელი
ინტელიგენტი, დაბერდებოდა აქ ერთფეროვნებაში, მოწყენილობაში, ვიწრო
წრეხაზში. მოკვდებოდა და აქაურ სასაფლაოზე გაიჩენდა სამუდამო ბინას.
ნაღველი ქვასავით დააწვა გულზე. თბილისი მოენატრა. სახლი, ლადო მენაბდე
და ნაცნობ-მეგობრები.

წამოდგა. ეს მარწუხებივით შემოჭერილი მძიმე და აუტანელი ნაღველი რომ


მოეშორებინა, ჩქარი ნაბიჯით გავიდა ბაღიდან, ჩქარი ნაბიჯით გაიარა
რამდენიმე ვიწრო, ჭუჭყიანი ქუჩა. ბაზარს ჩაუარა. ბაზარში ტომრები, ხის
ყუთები და ხალხი ერთმანეთში ირეოდა. სოფლებიდან ჩამოსული გლეხები
დახლებზე ფენდნენ გასაყიდად ჩამოტანილ საქონელს - კარტოფილს, ყველს,
ხილს, მწვანილს. სასწორებს მართავდნენ და ხმამაღლა იწვევდნენ მუშტარს.
აბელი ბაზარს გასცდა და მოზრდილ მოედანზე გავიდა.

ეტყობა, ეს ქალაქის ცენტრი უნდა ყოფილიყო. მოედანი და ქუჩები, რომლებიც


მოედანს ერთვოდნენ, სუფთად იყო დაგვილი, გაზონები - ლამაზად გაკრეჭილი
და მოვლილი. ცენტრში შადრევანი ჩქეფდა. მოედნის ირგვლივ, ქუჩებსა და
ქუჩებს შუა, რამდენიმე არატიპიური, გემოვნებით აგებული შენობა იდგა.

ამან აბელს გუნება ცოტა გამოუკეთა. შეჩერდა. იქაურობა კარგად დაათვალიერა


და დარწმუნდა, რომ მართლაც ქალაქის ცენტრში იმყოფებოდა. ირგვლივ სულ
დიდ-დიდი, მნიშვნელოვანი დაწესებულებები იყო, მათ შორის, ადგილობრივი
მთავრობის სახლი - მკაცრი, შეკრული შენობა მკვეთრი კონტურებით, ლითონის
ჩარჩოიანი, ოთხკუთხა ფანჯრებით, და სასტუმრო - გაშლილი, ლაღი,
შესასვლელში მაღალი, აგურისფერი სვეტებით და ფანჯრების წინ პატარა,
კოპწია აივნებით.

სასტუმროს გვერდით აბელმა რესტორანი შენიშნა, გაახსენდა, რომ არ უსაუზმია


და შიგ შევიდა. რესტორანს დიდი დარბაზი ჰქონდა და მაღალი ფანჯრები,
რომლებიც პირდაპირ მოედანზე გადიოდა. დარბაზი თითქმის ცარიელი იყო,
მხოლოდ აქა-იქ იჯდა რამდენიმე კაცი და ჩუმად, თავჩაღუნული შეექცეოდა
საჭმელს. მიმტანები უსაქმოდ ისხდნენ ბუფეტთან.

აბელი ფანჯრის ძირას დაჯდა თავისუფალ მაგიდასთან. იმავ წუთს ერთ-ერთი


მიმტანი, მაღალი, სქელი ქალი, ქერა და ჭორფლიანი, წამოდგა და მასთან
მივიდა.

- ხაში უკვე გათავდა, - უთხრა ქალმა.


აბელს ხაში არ უყვარდა და გაეღიმა.

- სხვა რამე იყოს.

- ხარჩო გვაქვს და სოუსი.

- სოუსი მომიტანეთ.

- დალევთ რამეს?

- ლიმონათს.

ქალმა შეხედა და წამით შეაჩერა მზერა მის სახეზე.

- ახლავე, - თქვა მერე, შეტრიალდა და წავიდა.

სოუსი ცხარე და გემრიელი გამოდგა. ჭამა რომ მოათავა, აბელმა ფული


გადაუხადა მიმტანს და თეატრის გზა ჰკითხა.

ქალმა წეღანდელივით შეხედა, მერე უთხრა: - მოედანს გადაჭრით და იმ ქუჩაზე


გახვალთ, - ხელი გაიშვირა და ფანჯრიდან დაანახვა, - მანდვეა. კუთხეში რომ
სახლი დგას, იმის უკან.

აბელმა მადლობა გადაუხადა და რესტორნიდან გამოვიდა.

თეატრი მრგვალი იყო და ირგვლივ დიდი, ლამაზი ბაღი ერტყა.

შესასვლელში კარისკაცი იჯდა, ახალგაზრდა ბიჭი, თითქმის ბავშვი, ხელში


პურის ყუა ეჭირა და ილუკმებოდა.

აბელი მიესალმა და ჰკითხა: - დირექტორს სად ვნახავ?

კარისკაცმა სწრაფად გადაყლაპა ლუკმა და ცერი ზურგს უკან, მაღლა გაიშვირა.

- ზემოთ, მეორე სართულზე.

აბელი მეორე სართულზე ავიდა. წარწერის მიხედვით მიაგნო დირექტორის


კაბინეტს და კარი შეაღო. მაგრამ ეს კაბინეტი არ იყო, ეს წინა ოთახი იყო,
ვიწრო, პატარა. საწერ მაგიდას ასე, ოცდარვა-ოცდაათი წლის პირმრგვალი, შავი
ქალი უჯდა და საბეჭდ მანქანაზე ზანტად, ნელა აკაკუნებდა.

აბელს ვაგზალი მოაგონდა. ხალხი რომ ტაატით მიდიოდა ქალაქისაკენ. მერე


მბეჭდავ ქალს მიესალმა: - გამარჯობათ.

- ხო, - თავაუწევლად მიუგო ქალმა.

- დირექტორი არის?

ქალმა ახლა კი შემოხედა და ოხვრით თქვა: - კი.

აბელმა კარი შეაღო და წამსვე თვალში ეცა უცნაური, არაბუნებრივი უძრაობა.


თითქოს კაბინეტში კი არა, კაბინეტის ფოტოსურათში შესულიყოს.
ოთახში სამი კაცი იმყოფებოდა. ერთი მათგანი, წითური, ნაყვავილევი, მსუქანი,
დირექტორის სკამზე იჯდა და, ეჭვი არაა, დირექტორი იყო. მაგიდის წინ,
დირექტორისაგან ხელმარცხნივ, დევივით კაცი იჯდა. იგი მბეჭდავი ქალის ხნისა
იქნებოდა, გაშლილი ხელი მაგიდაზე ედო და ლამის ნახევარ მაგიდას ფარავდა.
აბელს არაფრად ეჭაშნიკა მისი ვეებერთელა, მასიური სახე, ვიწრო შუბლი,
ჯაგარა თმა და გადაბმული, შავი წარბები.

„ან ადმინისტრატორია, ან შოფერი“, - გაივლო გულში.

ადმინისტრატორის (ან შოფრის) მოპირდაპირე მხარეს, დირექტორისაგან


ხელმარჯვნივ, ბუნჩულა ბერიკაცი იჯდა, სქელი, ჭაღარა თმა ჰქონდა, სქელი,
ჭაღარა ულვაშები და პატარა მკვირცხლი თვალები ერთადერთი, რაც ამ ოთახში
მოძრაობდა, ეს თვალები იყო.

„მხცოვანი მსახიობი, - დაასკვნა აბელმა. - უნიჭო, ბეჯითი და გულუბრყვილო,


რომელსაც იუმორის გრძნობა არა აქვს და განურჩეველი სერიოზულობით ყვება
სულელურ ეპიზოდებს თავისი წარსულიდან. მოსმენით, ცხადია, არავინ უსმენს“.

ყველაფერმა ამან მყისიერად, შემოსვლისთანავე გაუელვა თავში. იმავე წამს


ზურგს უკან კარი მიხურა და დამხვდურებს სალამი უთხრა: - გამარჯობათ.

- ხო, - თქვა დირექტორმა და ნაყვავილევი სახე ნელა მოატრიალა. რაკი


სტუმარი ვერ იცნო, პირი ოდნავ გააღო, ცალი თვალი მოჭუტა და ცხვირზე
ცნობისმოყვარე ნაოჭები გაუჩნდა.

- თქვენს თეატრში ვარ განაწილებული, - უთხრა აბელმა და ქურთუკის ჯიბეში


საბუთებს დაუწყო ძებნა.

- სიგარეტი არა გაქვთ? - ჰკითხა დირექტორმა.

„კარგ დროს მოვსულვარ“ - გაიფიქრა აბელმა. საბუთების ძებნას თავი მიანება.


სიგარეტის კოლოფი ამოიღო და დირექტორს მიაწოდა. დირექტორმა კოლოფი
დაიქნია, ერთ ცალ სიგარეტს თავი ამოაყოფინა და პირდაპირ პირით ამოაძრო.
მერე კოლოფი ხელში შეატრიალა და მაგიდაზე დააგდო. კაცმა, რომელიც,
აბელის აზრით, ან ადმინისტრატორი უნდა ყოფილიყო, ან შოფერი, კოლოფი
აიღო, გულდასმით დაათვალიერა ყოველი მხრიდან და პატრონს დაუბრუნა.

- რა დროს დავანებე თავი! - ისეთი ხმით თქვა, თითქოს ფანჯრის ძირას


ტრაქტორმა გაიარაო - ფილტრიც ახლა მომრავლდა, ლამაზი კოლოფებიც ახლა
მომრავლდა. ყველაფერი ახლა მომრავლდა.

ამ სიტყვებზე აბელს შეხედა და უცებ ხმამაღლა, რაღაც უცნაურად, ხაზგასმით


გაიცინა. მისი სიცილი გრგვინვასავით გაისმა კაბინეტში.

„დიდი უსიამოვნო ტიპია!“ - გაიფიქრა აბელმა და თვალი აარიდა.

- დაბრძანდით, - უთხრა აბელს დირექტორმა.

აბელმა საბუთები მოძებნა, მაგიდაზე დააწყო და დაჯდა. დირექტორმა


საბუთებში ჩარგო თავი. ცოტა ხნის მერე ისევ ასწია.
- სექტემბერში მოგელოდით.

- დედა მყავდა ავად. მოგწერეთ კიდეც.

- ვიცი. ახლა კარგადაა?

- გარდაიცვალა.

დირექტორმა თავი ისევ სწრაფად ჩარგო საბუთებში. კაცი, რომელიც ან


ადმინისტრატორი უნდა ყოფილიყო, ან შოფერი, სკამზე შეიშმუშნა. ბუნჩულა
ბერიკაცმა ფეხი ფეხზე შემოიდო და თქვა: - დედას სხვა გზა არა აქვს.

აბელმა გაკვირვებით შეხედა ბერიკაცს და გაიფიქრა: „არც ისე ბუნჩულა ყოფილა,


როგორც მეგონა“.

- მშობლები იხოცებიან, შვილები რჩებიან, - თქვა დევმა. მერე მარცხენა ხელის


საჩვენებელი თითი და მარცხენა წარბი მაღლა ასწია და საზეიმო-პედაგოგიური
კილოთი დაუმატა: - ბუნების კანონი!

ყველა წარმოთქმული ფრაზა ყველა წარმოუთქმელი ფრაზის ელჩია, ხოლო


წარმოთქმის მანერა ჭუჭრუტანაა, საიდანაც სამყაროს შიდა ხედი ჩანს. საზეიმო-
პედაგოგიური ჭუჭრუტანიდან აბელმა დაინახა შიდა ხედი - მარტივი, სადა,
თავთხელი. და ვიწრო შუბლისა და გადაბმული, შავი წარბების უსიამოვნო
საბურველი ნელ-ნელა დაეშვა, როგორც გამოცვლილი ტყავი. პირველმა
შთაბეჭდილებამ რღვევა დაიწყო.

- მაყვალა! - იყვირა უცებ დირექტორმა.

ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ აბელი შეკრთა. ბერიკაცმა, რომელიც მთლად


ბუნჩულა არ გამოდგა, გულკეთილად და ცოტა ეშმაკურად ჩაიცინა და თქვა: -
სიცოცხლის შთაბეჭდილებას დისონანსები ქმნის.

„ზარი არ მუშაობს“. - გაიფიქრა აბელმა და ამ ფიქრმა ხელი შეუშალა იმაში,


რომ ბერიკაცის ნათქვამს ბოლომდე ჩასწვდომოდა. ამასობაში მაყვალამ, იმ
პირმრგვალმა, შავმა მბეჭდავმა, კარი შემოაღო და შეჩერდა.

- მოდი, - უთხრა დირექტორმა და აბელის საბუთები მიუჩოჩა, - ბრძანება


დაწერე.

მბეჭდავი უხმოდ გავიდა. გზადაგზა საბუთებს ათვალიერებდა.

- კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ოჯახში, - ბერიკაცმა ღიმილით გამოუწოდა


ხელი აბელს და აბელმა შენიშნა, რომ თვალის კუთხეებში ღიმილის გარდა
კიდევ იყო რაღაც ჩაგუბებული. რაღაც რთული და გამოუცნობი. შესაძლებელია,
ეშმაკობა. შესაძლებელია, უმისამართო დაცინვა, შესაძლებელია, ისეთი რამ,
ღიმილს რომ საკუთარი თავის არ სჯერა, ან კაცი რომ შაბლონურ
კლასიფიკაციაში ვერ თავსდება.

- გედეონ რევია, - გაისმა ამ დროს დირექტორის ხმა, - უხუცესი მსახიობი.


- და ჩვენი თეატრის სული! - დაუმატა დევმა და ამჯერად, ალბათ,
მრავალფეროვნებისათვის, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი და მარჯვენა
წარბი ასწია.

- ესეც ჩვენი თეატრის სხეული, - დევისკენ გაიშვირა ხელი დირექტორმა.

აბელს გაეცინა. ამ კაცისგან მართლა გამოიჭრებოდა ერთი პატარა თეატრის


მთელი შტატი.

დევმა კვლავ გაიცინა. არაბუნებრივად, მკაფიოდ და ხაზგასმით მერე აბელს


ხელი ჩამოართვა და საკუთარი თავი თვითონვე წარუდგინა.

- ასლან გორდაძე. მსახიობი.

„მსახიობი, - გაიფიქრა აბელმა, - და არა ადმინისტრატორი ან შოფერი.


ფსიქოლოგიამ კრახი განიცადა“.

- დაბინავდით სადმე? - ჰკითხა დირექტორმა.

- ჯერ არა.

- სექტემბერში რომ ჩამოსულიყავით, არ დაგჭირდებოდათ ლოდინი. ახლა... -


დირექტორი ასლან გორდაძეს მიუბრუნდა, - რამდენ ხანში მოუხერხებთ ბინას?

- ორ თვეში, - მიუგო ასლან გორდაძემ ისეთი კილოთი, რომელიც ეჭვისთვის


იოტისოდენა ადგილსაც არ ტოვებდა.

- მანამ კი...

- მანამ სასტუმროში ვიცხოვრებ, - აბელმა ცოტა უხერხულად იგრძნო თავი, ამ


უძრავ ხალხს რომ ამდენი საზრუნავი გაუჩინა.

მის სიტყვებზე სამივეს გაეცინა.

აბელი ვერ მიხვდა, რა იყო სასაცილო, მაგრამ კითხვა მოერიდა.

- სანამ ბინას გიშოვიდე, ჩემთან იქნები, - უთხრა ასლან გორდაძემ.

აბელს სასტუმროში ერჩივნა ყოფნა. ჯერ ერთი, უცხო ოჯახში ერთთავად


შებოჭილი უნდა ყოფილიყო, მეორეც, თუმცა პირველი შთაბეჭდილება უნიადაგო
გამოდგა და ფსიქოლოგიამ კრახი განიცადა, მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდა ეს
კაცი, რომელმაც თავიდანვე შენობით დაუწყო ლაპარაკი. მესამეც, არ უნდოდა,
ვინმეს ტვირთად დასწოლოდა და შეეწუხებინა.

- არა, გმადლობთ, - თავაზიანად მიუგო ასლან გორდაძეს, - ჩემი გულისთვის


რატომ უნდა შევიწროვდეთ.

- ასლან გორდაძე ის დევია, რომელსაც ყოველი მოჭრილი თავის ადგილას ორი


თავი ამოსდის, - თქვა გედეონ რევიამ.
თავად ასლან გორდაძემ კი შინაურულად დაადო ბეჭზე თავისი ვეება ხელი და
უთხრა: - თბილისში რომ ჩამოვალ, თქვენებურ ქუდს დავიხურავ და
სასტუმროში გავჩერდები. აქ კი ჩვენებური ქუდი უნდა დაიხურო. ასე სჯობს.

აბელი დარწმუნებული არ იყო, რომ ასე სჯობდა, მაგრამ შეატყო, დავა წყლის
ნაყვა იქნებოდა და გაჩუმება ამჯობინა.

- წაიყვანე ბარემ, - უთხრა დირექტორმა ასლან გორდაძეს და მერე აბელს


მიუბრუნდა, - მოეწყეთ, დაისვენეთ და საღამოს მოდით.

- კი ბატონო, - აბელი წამოდგა და გაახსენდა, რომ დირექტორს სიგარეტი არ


ჰქონდა. მთელი კოლოფი უნდოდა დაეტოვებინა, მაგრამ დირექტორმა არაფრით
არ ქნა. ერთი ღერი ამოიღო და კოლოფი უკან დაუბრუნა.

აბელი და ასლან გორდაძე კაბინეტიდან გამოვიდნენ.

- კენკავ? - მბეჭდავ ქალს ჰკითხა ასლან გორდაძემ და თავისი არაბუნებრივი


სიცილით გაიცინა.

მბეჭდავმა თავი ასწია და უტყვი მზერა წამით აბელზე შეაჩერა. მერე თავი ისევ
ჩაღუნა და „კენკვა“ განაგრძო.

დერეფანი განიერი იყო, მაღალი და ნათელი.

- შენობა კარგი გვაქვს, - თქვა ასლან გორდაძემ, - მეორეა ქალაქში.

- მეორეა?

- კი, პირველი სასტუმროა, მეორე ჩვენა ვართ.

ეზოში რომ გამოვიდნენ, აბელს უთხრა: - აქ დამელოდე, მანქანას გამოვიყვან, -


ამ სიტყვებით გასწვრივ გაუყვა შენობას და კუთხეში შეუხვია.

მალე მანქანის ხმა მოისმა და იმავ წამს ასლან გორდაძე „ვოლგით“ გამოვიდა
კუთხიდან. აბელის წინ დაამუხრუჭა და კარი გაუღო. აბელი გვერდით მიუჯდა.
ეზოდან გავიდნენ, რომელიღაც ფართო ქუჩას გაუყვნენ, ხიდი გადაიარეს და
გზაჯვარედინს მიადგნენ.

- ბარგი, ალბათ, სადგურში გექნება, - თქვა ასლან გორდაძემ.

- დიახ, შემნახველ საკანში დავტოვე.

ასლან გორდაძემ გზაჯვარედინი გადაკვეთა და პირდაპირ წავიდა.

ცა ღრუბლებით დაიფარა. ქარი ქროდა და ხეებიდან ყვითელი ფოთლები


ცვიოდა.

„ხომ არ ვკითხო, რატომ არ იყურებიან ღობეებიდან ვარდივით


ყელმოღერებული გოგონები?“ აბელმა თვალი გააპარა ასლან გორდაძისკენ და
სცადა წარმოედგინა, როგორ შეხვდებოდა ასეთ შეკითხვას ეს კაცი, ეს
გულუბრყვილო დევი, რომელიც მსახიობი გამოდგა და არა ადმინისტრატორი.
- არა ხარ ნამყოფი ჩვენს ქალაქში? - ჰკითხა ასლან გორდაძემ.

- არა, პირველად ვარ.

სანამ სადგურამდე მივიდოდნენ, ასლან გორდაძე გზაში სულ ვიღაცებს


ესალმებოდა. გაყოფდა მარცხენა ხელს მანქანის სარკმელში და მაღლა ასწევდა.

ბოლოს სადგურს მიაღწიეს. აბელის პროტესტის მიუხედავად, ასლან გორდაძეც


გადმოვიდა მანქანიდან, შემნახველ საკანში შეჰყვა, საკნის მორიგეს შინაურულად
წამოუტყაპუნა ბეჭზე ხელი და მერე ერთი ჩემოდანი თვითონ წამოიღო.
ჩემოდნები საბარგულში ჩაალაგეს, ჩასხდნენ მანქანაში და გამობრუნდნენ.

- მალე შეეგუები აქაურობას, - უთხრა ასლან გორდაძემ, - თბილისში რომ ხარ


მიჩვეული, ისეთი საზოგადოება იქნება ვერ დაგახვედროთ, - ამ სიტყვებზე
მოუტრიალდა და მარჯვენა ხელი და მარჯვენა წარბი ასწია, - მაგრამ ისე,
აქაურები გულიანი ხალხია და სტუმრის პატივისცემა იციან.

- აწი რაღა სტუმარი ვარ.

- ეგეც მართალია, - გაიცინა ასლან გორდაძემ.

გზაჯვარედინთან მარჯვნივ გადაუხვიეს, პატარა მოედანს შემოუარეს და ვიწრო,


წყნარ ქუჩაზე გავიდნენ. ქუჩის ბოლოში ორსართულიან კოხტა სახლთან ასლან
გორდაძემ სვლა შეანელა, მანქანა რკინის ფართო ჭიშკარს მიაყენა. სამჯერ მისცა
სიგნალი და მერე, შიგნიდან რომ ბავშვების გახარებული ჭყივილი მოისმა,
აბელს მიუბრუნდა: - ა, ესაა ჩემი ციხე-სიმაგრე.

ჭიშკარი გაიღო. აბელი ერთბაშად ვერ მიხვდა, რამდენი ბავშვი იყო ეზოში.
მანქანა რომ შევიდა, მოიხედა და ახლაღა დაითვალა. ოთხნი იყვნენ. ერთი გოგო,
ეტყობა, ყველაზე უფროსი, და სამი ბიჭი. ორ ბიჭს ჭიშკარი ეჭირა აქეთ-იქით.
უმცროსი, ცხვირ-პირმოთხუპნილი და წელსქვევით შიშველი, მანქანას მოსდევდა,
გოგონა გვერდზე იდგა და მშვიდი თვალებით იყურებოდა.

- ყველა შენია? - გაკვირვებით ჰკითხა აბელმა და გვიან მიხვდა, თუ რა


უბრალოდ და ძალდაუტანებლად დაელაპარაკა „შენობით“.

ასლან გორდაძემ ღიმილით გააყოლა თვალი მის მზერას.

- ყველა ჩემია, - მერე მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, ზემოთ, მეორე


სართულისკენ გაიშვირა ხელი და დაუმატა, - ისიც ჩემია.

აბელმა აიხედა. აივანზე ფეხმძიმე ქალი იდგა. ქალმა უცხო კაცის დანახვაზე
გაკვირვებული სახე მიიღო, თავშალი გაისწორა და, რამდენადაც თავისი
მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევდა, სწრაფად დაეშვა კიბეზე.

ამასობაში ბავშვები მამის ირგვლივ მოგროვდნენ და აბელს ცნობისმოყვარე


მზერა მიაპყრეს. წეღან რომ აქეთ-იქით ჭიშკარი ეჭირათ, ისინი ერთი
სიმაღლისანი იყვნენ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს და, ეჭვი არაა,
ტყუპები იყვნენ. პატარა, წელსქვევით შიშველი, მამის დიდ ფეხს მიადგა, ორივე
ხელი მოხვია, როგორც საიმედო ბოძს და ზედ მიეკრო. გოგონა, ეტყობა,
უფროსი შვილის რეპუტაციას უფრთხილდებოდა, ქარაფშუტა, სულწასულ ძმებს
არ აჰყოლია, წყნარად იდგა მოშორებით და მშვიდი, ნათელი თვალებით
უყურებდა აბელს.

ასლანმა უმცროსი შვილი თავის მარცხენა ფეხს მოწიწკნა, ხელები იღლიაში


ჩაავლო, მაღლა ასწია, კრიტიკულად შეათვალიერა და, ვითომ დაწუნების
ნიშნად, თავიც გაიქნია.

- ბიჭო, - უთხრა, - ან არ გრცხვენია, ან არ გცივა, ასე ტიტლიკანა რომ


დაკუნტრუშებ? რას გვახარბებ, რომ გვახარბებ, რა გაქვს ამისთანა შესახარბებელი?
- და მერე, როცა ბავშვმა მამის სიტყვების შესამოწმებლად თავის სიშიშვლეს
დახედა და რატომღაც ძალიან კმაყოფილი ღიმილით გაიბადრა, ყირამალა
ამოატრიალა და კიდევ უფრო მაღლა ასწია.

- რატომ არ მოვკვდები! - მორიდებული ღიმილით შეიცხადა ამ დროს ასლანის


ცოლმა, რომელსაც კიბე უკვე ჩამოეთავებინა, - რა უყო შარვალი ამ უხეირომ!
შენც რას აფრიალებ, ასლან, დასვი ძირს, სირცხვილია!

- სასირცხვილო რა არის! - თქვა ასლანმა, ცალი ხელი შეუშვა და შიშველ


უკანალზე წამოუტყაპუნა, - დაინახოს ქვეყანამ, რომ კაცია, - მაგრამ ბიჭი მაინც
დასვა, ხელი ცოლს გადახვია მხარზე და უთხრა: - გაიცანი, ნანო, ეს ჩვენი
ახალი მსახიობია. სასოებით ჩაგვაბარა გრიგოლმა; ასე შემოგითვალა, - ასლანმა
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი და მარცხენა წარბი შემართა, -
თვალისჩინივით გაუფრთხილდიო.

ცოლმა გაიღიმა, გამარჯობათ, ჩემო ბატონოო, უთხრა აბელს და ხელი გაუწოდა.


საშუალო ტანის ქალი იყო, მოგრძო, სწორი სახე ჰქონდა და ისეთივე მშვიდი,
ნათელი მზერა, როგორიც უფროს გოგოს. გრძელი კაბა ეცვა, კაბის ზემოდან -
ლურჯი კოფთა. თავზე თხელი თავსაფარი ეხურა, ნიკაპქვეშ გაკვანძული.

აბელმა ხელი ჩამოართვა და მობოდიშება დაიწყო: - არ მინდოდა თქვენი


შეწუხება...

ნანომ ისეთი ღიმილით შეაწყვეტინა, აბელს ცოტა ხნის წინანდელი სცენა


გაახსენდა, დირექტორის კაბინეტში რომ სასტუმროს ხსენებაზე გაეცინათ: - რას
ბრძანებთ, სტუმარმა რომ შეგვაწუხოს, რაღა მასპინძლები ვიქნებით! - მერე
გოგონას მიუბრუნდა: - ნინიკო, დედა, მოუძებნე ამ ჩურჩუტს შარვალი და
ჩააცვი.

გოგონამ ტიტლიკანას ხელი ხელში ჩასჭიდა.

- წამო, გოგიტა, - დაყვავებით უთხრა და გოგიტაც მორჩილად გაჰყვა.

- რა მშვენიერი კარ-მიდამო გქონიათ! - გულწრფელი აღტაცებით თქვა აბელმა.

- ყველაფერს დაგათვალიერებინებ, - მიუგო ასლანმა.

ამჯერად ასლანმა არც ერთი ჩემოდანი არ დაანება აბელს. მცირეოდენი


ბრძოლის შემდეგ ორივეს თვითონ დაავლო ხელი, სტუმარს მხოლოდ გიტარა
შეატოვა და ზედა სართულებზე აუძღვა.
აბელს კუთხის ოთახი მიუჩინეს, მოზრდილი ოთახი, მაღალი და ნათელი, კარი
და ერთი ფანჯარა ვეებერთელა საერთო აივანზე გადიოდა, მეორე ფანჯარა ეზოს
გადაჰყურებდა. კედლებზე ბაცი, ლიმონისფერი ნაზი შპალერი ეკრა, ჭერზე
ექვსკუთხედი ჭაღი ეკიდა ლიმონისფერივე აბაჟურით. ოთახში ძველებური,
მასიური ავეჯი იდგა: დიდი კარადა, დიდი საწერი მაგიდა, ფართო საწოლი.
ერთი ღრმა, მოხერხებული სავარძელი, რამდენიმე სკამი. ფანჯრის რაფაზე
მაგიდის ლამპა იდგა სოკოს ფორმის, ჭრელი, ხალისიანი აბაჟურით, ფანჯრებზე
ორმაგი ფარდები ეკიდა - ჯერ თეთრი, თხელი, ნაზი, გამჭვირვალე, მერე -
სქელი, მძიმე, დაბინდული ვარდისფერი, რომელიც თითქოს ერთმანეთთან
აკავშირებდა ლიმონისფერ კედლებსა და ყავისფერ ავეჯს. საწოლის წინ, იატაკზე,
გრძელბეწვიანი ტყავი ეფინა. რა ცხოველისა იყო, აბელმა ვერ გამოიცნო.

ასლანმა ჩემოდნები კარადასა და საწოლს შუა, კედელთან დააწყო. ნანო


ციბრუტივით დატრიალდა. საკვირველი იყო, რა მარჯვედ, რა ცოცხლად და რა
ხალისიანად ბზრიალებდა ეს პატარა, გამხდარი ქალი, რომელმაც ოთხი
გორდაძე შობა და მეხუთე მუცელში ჰყავდა.

სანამ ნანო ფუსფუსებდა და სტუმრისთვის ოთახს ამზადებდა, ასლანმა აბელს


სახლი და ეზო დაათვალიერებინა.

აივანს ორივე მხარეს ჰქონდა კიბე. ერთ-ერთი მათგანით, რომელიც აბელის


ოთახის მხარეს იყო, ქვემოთ ჩავიდნენ. მოპირდაპირე კუთხეში, პირველ
სართულზე ერთი დიდი ოთახი იყო. ბუხრიანი, დაბალი და მყუდრო,
შედარებით უბრალოდ და შინაურულად მოწყობილი.

- აქ ზამთარშია კარგი ქეიფი, - თქვა ასლანმა.

შემდეგ მოდიოდა მარანი. ეს იყო ნახევრად სარდაფი. რამდენიმე საფეხურით


ქვემოთ უნდა ჩასულიყავი. მარნის იატაკი თლილი ქვით იყო მოგებული.
ასეთივე თლილი ქვით იყო მოპირკეთებული კედლების ნაწილი, დაახლოებით
კაცის სიმაღლეზე. შუაში ერთიანი ხისგან გამოთლილი დაბალი ტაბლა იდგა და
ირგვლივ ერთიანი ხისგან გამოთლილი ექვსი დაბალი სამფეხა სკამი ჰქონდა
შემოწყობილი.

- აქ ზაფხულშია კარგი ქეიფი, - თქვა ასლანმა.

აბელს გაეცინა. ასლანი კი მეგზურის მშვიდი სერიოზულობით ლაპარაკობდა და


თავის ნათქვამში სასაცილოს ვერაფერს ხედავდა.

აივანს სიგრძივ რამდენიმე ხის სვეტი ჰქონდა შეყენებული. ქვემოთ, მთელ


სივრცეზე, ისეთივე ქვის იატაკი იყო, როგორც მარანში. მარნის წინ მრგვალი
მაგიდა იდგა შუა ღერძით, რომელიც ბოლოში სამ მორკალულ ფეხად
იშლებოდა. მაგიდის ირგვლივ ოთხი წნული სავარძელი იყო. კედელთან,
ოთახისა და მარნის ფანჯრებს შუა, ხის ტახტი იდგა და ზედ ძველებური ნოხი
ეფინა.

სახლის წინ ეზოს ნაწილი შიშველი იყო, მარტო ორი ხე იდგა - ერთი მსხალი
და ერთი კაკალი. იქით და იქით მეტი ჩანდა ხეხილი.
- ხეხილს გადაღმა ვაზი მაქვს, - წინ გაიშვირა ხელი ასლანმა, - სახლის უკან
ბოსტანი. ბოსტნის ზემოთ ფუტკარი მყავს.

- ფუტკარი? - აბელს რატომღაც გაუკვირდა.

- კი, შვიდი ძირი სკა მაქვს. ბავშვებს თაფლი სჭირდებათ, - მერე გაიღიმა
ფართო, გულკეთილი ღიმილით, ყველა კბილი გამოაჩინა, - ჩვენი ქალაქი
სოფელივითაა. ჩემს ფუტკრებს ჩემი ეზო ჰყოფნის. წამო. გაჩვენებ სკას.

მაგრამ ამ დროს აივანზე ნანო გადმოდგა.

- ასლან! ამოდით, წაიხემსეთ ცოტა.

- გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, - სწრაფად მიუგო აბელმა, - მე უკვე ვისაუზმე.

ასლანი აბელს დააკვირდა და გადაბმული წარბები თითქოს კიდევ უფრო


გადააბა ერთმანეთს.

- სად ისაუზმე?

- ქალაქში. ცენტრში.

- ბაზრის მოედანზე.

- არა მგონია. ბაზარი უფრო ქვემოთაა.

- კი, ცოტა ქვემოთაა. ადრე მოედანზე გამოდიოდა, მერე მშენებლობის გამო


გადაჭრეს და დაბლა ჩასწიეს, - ამ სიტყვებით ცოლს ახედა და უთხრა, -
ლუდხანაში უსაუზმია.

- ლუდხანა არ იყო.

- ლუდხანა იყო. ადრე იყო ლუდხანა. ჩვენ ახლაც ლუდხანას ვეძახით. მაგ
რესტორანს მალე უფრო დაწვრილებით გაიცნობ.

- რატომ?

- იმიტომ რომ ჩვენია.

- ჩვენი? ვისი?

- თეატრის. რა გაჭამეს?

- სოუსი.

- კარგი იყო?

- კი, ცხარე და გემრიელი.

ასლანმა კმაყოფილი ღიმილით დაუქნია თავი. მერე უთხრა: - წამო, თუ არა გშია,
ჩემი ხელით გამოხდილი არაყი მაინც გასინჯე.

აბელმა სახეში შეხედა და გაიღიმა.


- მე ისეთი ეჭვი მაქვს, მალე მაგ არყის დაწვრილებით გაცნობაც მომიწევს.

ასლანი აროხროხდა და ბეჭზე ხელი დაჰკრა.

- მოგიწევს, აბა არ მოგიწევს?! - მერე ისევ ცოლს ახედა: - არა მშიაო და რა


ვუყო?

- ჩაის მაინც არ დალევთ? - ჰკითხა ნანომ.

- ჩაის სიამოვნებით დავლევ.

ჩაი სატყუარა გამოდგა. ასლანმა თავისი ხელით გამოხდილი არაყი მაინც


გაასინჯა. მაღალფეხიან ვიწრო ჭიქებში დაასხა, ღმერთი შეგვეწიოსო, დაილოცა
და დალია. აბელმაც დალია. მაგარი არაყი იყო, მაგრამ სიფიცხე თითქმის
სრულებით არ ჰქონდა.

- გემრიელია, - თქვა აბელმა, - რისი არაყია?

- ფირმის საიდუმლოებაა! - მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი და მარჯვენა


წარბი ასწია ასლანმა.

თითო კიდევ დალიეს, მერე აბელმა ჭიქას ხელი დააფარა და თავი გაიქნია.

ასლანმა შეხედა. დასასხმელად გამზადებული ბოთლი ერთხანს კიდევ ეჭირა


ჰაერში. ბოლოს დადგა.

- როგორც გინდა.

ნასაუზმევს ასლანმა უთხრა: - დაისვენე, გამოიძინე, ნამგზავრი ხარ.

- არ მინდა, დღე ძილს არა ვარ მიჩვეული, თანაც ვიძინე მატარებელში.

- მაშინ წამო, ქალაქს გაჩვენებ.

როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ და ასლანმა ძრავა ჩართო, ბავშვები, რომლებიც,


ეტყობოდა, სადღაც ეზოს შორეულ კუთხეში თამაშობდნენ, მაშინვე კისრისტეხით
მოცვივდნენ. წინ ტყუპები მორბოდნენ. ისინი პირდაპირ ჭიშკარს ეცნენ, გააღეს
და აქეთ-იქით დაიჭირეს. გოგიტა მანქანის სარკმელს მოადგა. მას ახლა გრძელი
შარვალი ეცვა და უფრო დიდი ჩანდა. ნინიკო შორიახლო შეჩერდა და მშვიდი,
ნათელი, ცოტა სევდიანი მზერით გააცილა ეზოდან მიმავალი მანქანა.

ქალაქი თითქმის მთლიანად ის იყო, რაც დილით უკვე ნახა აბელმა. ვაგზალი,
ცენტრი, ერთი-ორი მოზრდილი ქუჩა, ორსავ მხარეს ჩამწკრივებული მაღალი
შენობებით და პატარ-პატარა, მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩები ეზოიანი კერძო
სახლებით. იყო კიდევ ტყე-პარკი, ველური, მოუვლელი, ზაფხულობით ალბათ
ძალიან სასიამოვნო, და ერთი ძველი ეკლესია. ქალაქი მთის კალთაზე იყო
გაშენებული და, როდესაც ყველაზე მაღალ წერტილში ავიდნენ, მისი შემოგარენი
აბელს უფრო ლამაზი ეჩვენა. სახლების სახურავებს გადაღმა, ქვემოთ, ჭალაში
ვერცხლისფერი მდინარე მიიკლაკნებოდა. უკან, ზემოთ, შიშველი მთა ტყის
დიდი ქუდით ბოლოვდებოდა.
ასლანი ყველაფერს, რაც მისი აზრით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,
აჩვენებდა და გულდასმით ათვალიერებინებდა. განსაკუთრებით ამახვილებდა
ყურადღებას რესტორნებზე, სასადილოებზე, სასაუზმეებზე, სახაშეებზე,
სამწვადეებზე, სალუდეებზე. ამის გამო აბელმა სიცილით შენიშნა: - ეტყობა, სმა-
ჭამას თქვენში ძალიან ეტანებიან.

რაზედაც ასლანმა ყურადღებით შეხედა და მერე სერიოზულად, ლამის


დიდაქტიკური კილოთი მიუგო: - საჭიროა.

სადილობის დრომ რომ მოაწია, შინ დაბრუნდნენ.

ტყუპებმა ჭიშკარი გააღეს და აქეთ-იქით დაიჭირეს, გოგიტა მანქანას აედევნა,


ნინიკომ შორიახლოდან დაუწყო ცქერა თავისი ნათელი, მშვიდი თვალებით,
ნანო ღიმილით მოადგა აივნის მოაჯირს.

აბელმა იკითხა: - არ უჭირს ამდენი ბავშვის მოვლა, ისიც ასეთ დროს?

ასლანმა მანქანა დაამუხრუჭა და მიუგო: - ნანო ყოჩაღი ქალია. ხვალ კი


სიდედრს ჩამოვიყვან სოფლიდან. - ამ სიტყვებით მარცხენა ხელის საჩვენებელი
თითი მანქანის ჭერს ატაკა. მარცხენა წარბიც ასწია და გაიცინა, - დამხმარე ძალა!

ნასადილევს აბელმა თავისი ბარგი-ბარხანა ამოალაგა, მერე ტანსაცმელი


გამოიცვალა, ეზოში ჩავიდა და პატარა გორდაძეები ახლო გაიცნო. ნინიკო,
რომელსაც გრძელი კაბა ეცვა, გრძელი ხშირი თმა დიდი ქალივით ეფინა
მხრებზე და დახვეწილი სახე და კრიალა, ნათელი თვალები ჰქონდა, მშვიდად,
დინჯად და ამომწურავად იძლეოდა პასუხს ყველა შეკითხვაზე. ტყუპებმა
მოულოდნელად დაირცხვინეს და ტყუპად გადგნენ განზე. სამაგიეროდ გოგიტა,
რომელსაც აბელმა ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, გაბადრული ღიმილით
წამოვიდა მისკენ, გამოწვდილ ხელზე ხელი დაჰკრა და დაუყოვნებლივ დაუწყო
ჭიდაობა. მალე ძმის საქციელით წაქეზებული ტყუპებიც დაეძგერნენ აბელს.
ნინიკომ ერთი კი თქვა, სირცხვილია, ბიჭოო, და მერე მშვიდი ინტერესით
ადევნებდა თვალს, თუ რით დამთავრდებოდა სამი ძმის ძიძგილაობა უცხო
ძიასთან. როდესაც აბელი „დამარცხდებოდა“ და გულაღმა წაიქცეოდა, პატარა
გოგიტა მაშინვე, როგორც ცხენს, ისე გადააჯდებოდა მკერდზე და ბეჯითად
ცდილობდა დაეხრჩო. ბოლოს აბელი დაიღალა და ზავი ითხოვა, მაგრამ
ბრძოლის ეშხში შესულ ბიჭებს ზავის გაგონებაც არ უნდოდათ. მანამ არ
დაშოშმინდნენ, სანამ ნანო არ გამოჩნდა და არ დაუტატანა.

მაშინ აბელმა ბრძოლა დამთავრებულად გამოაცხადა და პრიზები გაანაწილა: -


პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვეს ძმებმა გორდაძეებმა. ბოლო
ადგილი და თუნუქის მედალი მოიპოვა ბიძია აბელმა. მაყურებელთა კონკურსში
გაიმარჯვა უმშვენიერესმა ნინიკომ.

ნინიკომ გვერდზე გაიხედა და ღირსეულად შეინარჩუნა სერიოზული


გამომეტყველება.

თავი მეშვიდე
საღამოს ასლანი და აბელი თეატრში წავიდნენ. სანამ დირექტორის კაბინეტს
მიაღწევდნენ, ასლანმა გზად შემხვედრი რამდენიმე თანამშრომელი გააცნო.

მისაღებში მაყვალა არ დახვდათ. საღამოობით ალბათ არ ევალებოდა მოსვლა.


კაბინეტიდან ხმამაღალი, უკმაყოფილო ლაპარაკი ისმოდა.

- შეგვჭამა არიოსტომ, - ღიმილით თქვა ასლანმა და კარი შეაღო.

დირექტორმა მოიხედა და შეწუხებული, საგონებელში ჩავარდნილი სახე აბელის


დანახვაზე უცებ გაუბრწყინდა.

- ა, ბიჭო, აგერ არაა კაცი?! - შესძახა გახარებულმა. მარცხენა ხელი ჯერ შუბლში
იტკიცა და მერე აბელისაკენ გამოიშვირა, - ეს როგორ არ გამახსენდა!

კაბინეტში დირექტორის გარდა, კიდევ ორი კაცი იყო. ერთი, ასე, ოცდაათი-
ოცდათორმეტი წლისა, მოკლედ შეკრეჭილი, გვერდზე გადავარცხნილი შავი
თმით, ცისფერი თვალებით, ჯინსით და მხრებზე წამოსხმული ყავისფერი
ტყავის ქურთუკით, სავარძელში იჯდა, გადაჯვარედინებული ხელები მკერდზე
დაეკრიფა, ფეხი ფეხზე შემოედო და ზედა ფეხის ტერფს რიტმულად აქანავებდა.
მეორე სამოც წელს იქნებოდა მიტანებული, მაღალი იყო, გრძელი, ჭაღარა
ფაფარი მხრებზე ეყარა, დოინჯშემოყრილი, ცოტა გაჯგიმული იდგა და ისეთი
პოზა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მსმენელებისთვის რაღაც
ურთულესი ამოცანა მიეცა და დარწმუნებით იცოდა, სწორ პასუხს ვერავისგან
მიიღებდა.

დირექტორის შეძახილზე ორივემ მოიხედა. იმ მაღალმა, გაჯგიმულმა, აბელი


ეჭვით შეათვალიერა, უნდო მუშტარი რომ ბაზარზე ვაშლს შეათვალიერებს.

მერე დირექტორს მიუბრუნდა: - ეს ვინაა?

- ჩვენი ახალი მსახიობია. გაიცანით ერთმანეთი. ეს რეჟისორი არიოსტო


ხოფერიაა, - გაჯგიმულზე მიუთითა დირექტორმა აბელს. მერე სავარძელში
მჯდომისკენ გაიშვირა ხელი, - ესეც მთავარი რეჟისორი რომან ადეიშვილი.

გაჯგიმულმა წამით მოხედა აბელს.

- გამარჯობა, გენაცვალე, - უთხრა და ისევ დირექტორისაკენ შეტრიალდა.

რომან ადეიშვილი წამოდგა. აბელზე დაბალი იყო, მკვრივი და ჩაფსკვნილი. მან


ხელი ჩამოართვა აბელს და ჰკითხა: - სექტემბერში რომ უნდა ჩამოსულიყავით,
არა?

- დიახ, - მიუგო აბელმა.

- ძალიან კარგი.

არიოსტო ხოფერია მთავარ რეჟისორს მიუბრუნდა და მოუთმენელი კილოთი


ჰკითხა: - მითხარით ახლა, რას მიშვრებით?

- აგერ კაცი, - აბელისკენ გამოიშვირა ხელი რომან ადეიშვილმა, - საგანგებოდ


შენთვის ჩამოსულა და მეტი რაღა გინდა!
- მე შექსპირს ვდგამ, - ხაზგასმით, თითქმის მარცვალ-მარცვალ თქვა არიოსტო
ხოფერიამ, - „რომეო და ჯულიეტას“ ვდგამ მე. მე ტიბალტის როლს შემთხვევით
კაცს ვერ მივცემ.

- რას ქვია შემთხვევითი! - ხმას აუწია დირექტორმა, - თეატრალური


ინსტიტუტი დაამთავრა ადამიანმა!

- თუ შეიძლება, დაბალ რეგისტრში ილაპარაკე, - დამრიგებლური კილოთი


უთხრა არიოსტო ხოფერიამ, - თეატრალურ ინსტიტუტს ყველა ამთავრებს, ვისაც
არ ეზარება. ჩემთვის შემთხვევითია. ჯერ ხმა არ გამიგონია მაგისი და
ტიბალტის როლს როგორ მივცემ!

- არიოსტო, - უთხრა მთავარმა რეჟისორმა, - როგორც გაგვწვდება ეს ოხერი


საბანი, ისე გადავიფაროთ. ხომ ხედავ, მე სანახევროდ სცენის მუშები მყავს
დაკავებული.

- შენ ნუცას სკოლას დგამ. მე შექსპირს ვდგამ. „რომეო და ჯულიეტას“ ვდგამ მე.

- მერე მე უფრო ცოდო არა ვარ? შექსპირი, რომც ჩაგივარდეს, ლიტერატურა


მაინც იქნება და საწყალი ადგილობრივი დრამატურგის ნაცოდვილარი თუ
ჩამივარდა, შენ რომ ნუცას სკოლას ეძახი, მოგჭამა ჭირი, არაფერი აღარ დარჩება.

- ადგილობრივი დრამატურგის ნაცოდვილარი თუ ჩაგივარდა, პიესას


დაბრალდება. „რომეო და ჯულიეტა“ რომ ჩამივარდეს, რა ვქნა, შექსპირს
დავაბრალო? პიესა არ ვარგოდა-მეთქი, ვთქვა?

- კაცო, შენ იმაზე კი ნუ ფიქრობ, თავი როგორ იმართლო, - ჩაერია დირექტორი,


- იმაზე იფიქრე, სპექტაკლი როგორ გააკეთო.

- მსახიობი მჭირდება მე.

- წაიყვანე ჩემგან, ვინც გინდა, - უთხრა რომან ადეიშვილმა, - და მე


სამაგიეროდ ამ კაცს დავაკავებ.

- მაგ არ არის პასუხი.

- აბა, რა გინდა, კაცო?!

- შენი გამონაცვალი პერანგი მინდა, - მშვიდად, ტკბილად უთხრა არიოსტო


ხოფერიამ, - აგერ შენი დირექტორის გამონაცვალი პერანგი მინდა. კულტურის
განყოფილების გამგის გამონაცვალი პერანგი მინდა.

- კოლექციას თუ აგროვებ, არიოსტო, მილიციის უფროსს გამოუცვლია წუხელ


მაქმანებიანი პერანგი, - თქვა ასლანმა.

- შენ, ძმაო, - გაცხარებით მიუბრუნდა მას არიოსტო ხოფერია, - კაის ჭამ, კაის
სვამ და კი ხარ მუდამ ღრეჭის გუნებაზე. ერთი მეც მკითხე! - აქ ისევ
დირექტორს მიუტრიალდა, - მქონდა რამე პრეტენზია? ავიღე პიესა, გავანაწილე
როლები. მყავდა ტიბალტის როლზე მშვენიერი მსახიობი. რა ჩემი ბრალია, რომ
ის კაცი ბანდიტი გამოდგა!
- იმასაც რაღა ახლა მოუნდა ძარცვა-გლეჯა! - შენიშნა ასლანმა, - პრემიერამდე
მაინც მოეცადა.

- რა ვქნათ, რას მიპირებთ? - ისევ იკითხა არიოსტო ხოფერიამ.

- დასი მე და შენა გვყავს განაწილებული, - უთხრა მთავარმა რეჟისორმა, -


ნაწილი შენთანაა, ნაწილი - ჩემთან. ვინც შენთანაა, შენს ხელშია. ვინც ჩემთანაა,
იმათგან, რომელიც მოგწონს, დაადე ხელი და წაიყვანე. მე რამეს მოვახერხებ.
მეტი რა გიყო!

არიოსტო ხოფერიამ ამაზე ერთხანს ვერაფერი თქვა. დირექტორმა პაუზით


ისარგებლა და აბელს ჰკითხა: - თქვენ რას იტყვით ტიბალტის როლზე?

- ინსტიტუტში მაქვს ნათამაშევი, - მიუგო აბელმა.

- ა! - გაეხარდა დირექტორს.

- რა „ა“! - გაბრაზდა არიოსტო, - უარესი არაა?! როგორცა აქვს ჩაჭედილი თავში,


ისე ითამაშებს. იქნება მე სხვანაირ ინტერპრეტაციას ვაპირებ! - სიტყვა
„ინტერპრეტაცია“ ხაზგასმით, თითქმის მარცვალ-მარცვალ თქვა.

აბელმა ტუჩი მოიკვნიტა, დირექტორმა ამოიოხრა. მთავარმა რეჟისორმა თქვა: -


სხვა მე არაფერი შემიძლია. თუ არ გინდა, დაანებე თავი. მოვიწვევთ ვინმეს და
დავადგმევინებთ.

არიოსტო ხოფერია წამით შეცბა. მერე ხელი ჩაიქნია.

- მოვიდეს რეპეტიციაზე და ვნახავ. სხვა ხეირი თქვენგან მაინც არაფერი იქნება,


- ამ სიტყვებით შეტრიალდა, სწრაფად გავიდა და კარი გაიჯახუნა.

იმავ წამს კაბინეტში გედეონ რევია შემოვიდა. ერთხანს ზღურბლზე შედგა. ღია
კარი ხელით ეჭირა და უკან იყურებოდა. მერე მოტრიალდა, კარი მიხურა და
ისეთი ღიმილით, რომელიც ძნელი გასარჩევი იყო, დამხვდურებს ეხებოდა,
არიოსტო ხოფერიას თუ თვითონ გედეონ რევიას, იკითხა: - დაკბინეთ თუ
დაგკბინათ?

- კბენამდე არ მისულა საქმე, - თავაუღებლად თქვა დირექტორმა და ორივე


ხელით ყურის ბიბილოები დაიზილა, - მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს.

- მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. რა გაქვთ, კაცმა რომ თქვას, გასაყოფი!

- თქვენი არ ვიცი და, მე უკვე დამასნეულა, - შუბლი მოისრისა მთავარმა


რეჟისორმა.

გედეონ რევიამ მთავარ რეჟისორს შეხედა თავისი გამოუცნობი, უმისამართო


ღიმილით. მერე აბელს ჰკითხა: - სპექტაკლზე აპირებთ დასწრებას?

- დიახ.

- წინასწარ ვიცოდე, - ისევ გაიღიმა, - მონდომებით ვითამაშო და თავი არ


შევირცხვინო.
აბელმა ნათქვამი ხუმრობად მიიღო, თუმცა რაკი გედეონ რევიას ჯერ კარგად არ
იცნობდა, არც იმას გამორიცხავდა, რომ ეს საკუთარი სისუსტის ირონიული
აღიარება ყოფილიყო. გონებამახვილი ბერიკაცები ხომ თვითონვე ოხუნჯობენ
ხოლმე საკუთარ პატივმოყვარეობაზე.

ყოველ შემთხვევაში, სპექტაკლის შემდეგ აბელისათვის ერთი რამ ცხადი შეიქნა:


გედეონ რევია იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იმათ შორის, ვინც კი
ოდესმე ენახა.

პიესა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, არიოსტო რომ ნუცას სკოლას ეძახდა.


გედეონ რევიას როლი გვარიანად ყალბი იყო, გვარიანად სქემატური და, რაღა
თქმა უნდა, პათეტიკური, რადგან, როგორც ცნობილია, ნუცას სკოლის ავტორები,
რაკი თავადვე გრძნობენ, რომ გმირის ხასიათი სქემატური და ყალბი გამოსდით,
ხსნას პათეტიკაში ეძებენ ხოლმე. მიუხედავად ამისა, გედეონ რევია როგორღაც
ახერხებდა საკუთარი ხორცით შეევსო სქემა და მაქსიმალურად შეერბილებინა
სიყალბე და პათეტიკა. ხოლო იმ იშვიათ მომენტებში, როცა მისი გმირი პიესაში
ადამიანს უახლოვდებოდა, იგი იმდენად ბუნებრივი, იმდენად ლაღი, ცოცხალი
და დამაჯერებელი იყო, რომ აბელი განცვიფრებით მისჩერებოდა. საბოლოოდ
ბერიკაცმა ამაყად და ღირსეულად გაიარა მთელი სპექტაკლი.

მაყურებელი სულგანაბული უსმენდა სპექტაკლს, მთელი არსებით განიცდიდა


იმას, რაც სცენაზე ხდებოდა, იცინოდა, როცა მისგან სიცილს მოითხოვდნენ,
ოხრავდა, როცა ოხვრას მოითხოვდნენ, ტაშს უკრავდა, როცა ტაშს მოითხოვდნენ
და ფეხებზე ეკიდა სქემატურობაც, სიყალბეც, პათეტიკაც, საერთოდ, მთელი ის
უბედურება, რაც დრამატურგის, რეჟისორისა და მსახიობის თავს ტრიალებდა.
სპექტაკლი რომ დამთავრდა და ავანსცენაზე გამოსული მონაწილეები ღიმილით
ხრიდნენ თავს და მადლობას უთვლიდნენ მაყურებლებს, რომლებიც, თავის
მხრივ, დიდხანს და აღფრთოვანებით უკრავდნენ ტაშს, აბელს გული შეეკუმშა,
ისე შეებრალა მსახიობები, განსაკუთრებით ხანდაზმულები, და ისე შეეზიზღა
მაყურებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

ყველაზე მეტად ის სიხარული და კმაყოფილება აღიზიანებდა, რასაც მსახიობი


და მაყურებელი ერთმანეთს ანიჭებდა, ერთი - თავისი თამაშით და მეორე - ამ
თამაშის შეფასებით. მადლობის სათქმელად გამოსული მონაწილეები სულ წინ
და წინ მოიწევდნენ, ბოლოს და ბოლოს ავანსცენის კიდეს მოადგნენ და
პარტერს მოებჯინენ. თავის მხრივ, პარტერიც წინა რიგებს მიაწყდა, შეჯგუფდა,
შემჭიდროვდა და ავანსცენას მიებჯინა. იდგა იქ ორივე მხარე ლამის ერთ არსად
ქცეული, შეჰხაროდა ერთმანეთს, სახეში შესციცინებდა ერთმანეთს, ტაშს
უკრავდა ერთმანეთს და, ალბათ, ყველას გული უჩქროლავდა.

აბელს ძარღვები მოუდუნდა და საკუთარი თავი შეეზიზღა. სცენისა და


დარბაზის ექსტაზამდე მისული კმაყოფილება, რომელიც რაღაც გამოუცნობი
თვისებით ერთდროულად განწირულებასაც ჰგავდა და უცნაურ შეთქმულებასაც,
იმდაგვარად იფილტრებოდა აბელის სხეულში, რომ უღრმეს ფენებში, სადაც,
ეტყობა, იდეის გაცხადება ხდება, საკუთარი არარაობის გრძნობად ილექებოდა.
აბელს ვერ გაეგო, რა კავშირი ჰქონდა მას ყოველივე ამასთან, მაგრამ
რომელიღაც უცხო გრძნობით გრძნობდა, რომ მსახიობთა ყალბი თამაშიცა და
დარბაზის წრეგადასული აღტაცებაც მისი არარაობის უტყუარ საბუთს ძერწავდა
და ვინ იცის, იქნებ შეთქმულებაც ამაში მდგომარეობდა.

დარბაზიდან გამოვიდა, დერეფანში შეჩერდა და მიმოიხედა. ასლანი დერეფნის


ბოლოში იყო. იქ, ვრცელი ფოიეს კუთხეში, გამოჩენილი მსახიობებისა და
თეატრალური მოღვაწეების სურათებქვეშ, კედელზე მიმაგრებულ ხის მერხზე
იჯდა მთავარ რეჟისორთან და ვიღაც ახალგაზრდა ქალთან ერთად და, როგორც
ჩანს, აბელს ელოდა. ასლანის დანახვაზე აბელს მისი შვილები მოაგონდა. ნინიკო
- პატარა, მშვიდი ანგელოზი, ტყუპი - ორი ჯანმრთელი ბოკვერი, ორივე
გონიერი და თავდაჭერილი. გოგიტა - ნაბოლარა, ტიტლიკანა, სასაცილო,
რომელიც იმდენად პატარაა, რომ ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა
დამოუკიდებელ, ცალკე ადამიანად, ჯერ კიდევ მშობლებში და და-ძმებშია
გაბნეული და მათში უკეთ პოულობს საკუთარ არსებობას, ვიდრე თავის თავში.

აბელმა ერთი კი ჩაიღიმა, მაგრამ ეს წამიერი რეაქცია იყო. ბავშვების გახსენებამ


გული უფრო დაუმძიმა და გუნება უფრო გაუფუჭა, რადგან გახსენებისთანავე
წარმოიდგინა, როგორ გაიზრდებიან ისინი და როგორ ჩაებმებიან ამ შემზარავ
შეთქმულებაში. ზოგი ერთი მხრიდან, ზოგი მეორე მხრიდან. „ნინიკოს აქვს
რაღაც არტისტული“, - გაიფიქრა აბელმა. ნინიკო გამოვა სცენაზე და ყალბი,
განწირული პათეტიკით წარმოთქვამს რომელიმე სულელურ მონოლოგს.

აბელს ნია გაახსენდა. ამ გახსენებამ სევდიანი სიამოვნება შემოიტანა სხეულში.


მერე მოგონება ისევ გაქრა და აბელი იქით გაეშურა, სადაც ასლან გორდაძე
ელოდა.

- გაიცანი, მერი, - უთხრა რომან ადეიშვილმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასა


და ასლანს შუა იჯდა. - ეს არის აბელი, ჩვენი ახალი მსახიობი.

ახალგაზრდა ქალს გრძელი, სწორი შავი თმა მხრებზე სცემდა, ქუთუთოებზე და


თვალის უპეებში მუქი ცისფერი საღებავი ეცხო. მკვეთრად მორკალული,
წვრილი წარბები ჰქონდა, მუქი, პრიალა სახის კანი, მოზრდილი, ვნებიანი პირი
და თხელი ნესტოები. შავი ჩექმები ეცვა, ძალიან გრძელი ქვედა კაბა და
მაღალყელიანი, თეთრი, ფაფუკი ჯემპრი, რომლიდანაც მისი გამხდარი
ტანისათვის, ცოტა არ იყოს, შეუფერებლად მაღალი მკერდი ამობურცოდა.
მუხლებზე დაუდევრად გადაკეცილი ზამშეს პალტო ედო.

ქალმა, ძალიან სასიამოვნოაო, თქვა და ღიმილით გამოუწოდა ხელი აბელს. მერე


გულდასმით, საკმაოდ მოურიდებლად აათვალიერ-ჩაათვალიერა და, თვალი არ
მოუშორებია, ისე ჰკითხა: - და პირდაპირ არიოსტოს მიუგდეთ შესაჭმელად?

აბელს გაეღიმა. დღეს უკვე მესამედ ლაპარაკობდნენ მის შესახებ მისივე


თანდასწრებით.

- არიოსტოს სკოლას რომ გაივლის, სხვებთან უფრო გაუადვილდება მუშაობა, -


თქვა მთავარმა რეჟისორმა.

- „სხვები“ შენა ხარ? - კეთილმოსურნე ირონიით იკითხა ქალმა.


- თუნდაც მე, - დაუდევრად მიუგო მთავარმა რეჟისორმა, რომელიც მერხს
გადასწოლოდა, გაშლილი ხელები აქეთ-იქით ეწყო საზურგეზე და ფეხი ფეხზე
ჰქონდა შემოდებული.

- ნუ შემიშინებთ ამ კაცს, თორემ დაჰკრავს ფეხს და ამაღამვე გამექცევა


თბილისში, - შენიშნა ასლანმა.

- არა, ასლან, სად უნდა გავიქცე! - უთხრა აბელმა, - ბოლოს და ბოლოს,


შესაჭმელად თუ ვარ გაჩენილი, რა მნიშვნელობა აქვს, აქ შემჭამენ თუ
თბილისში, - ამ სიტყვებზე ქალს მიუბრუნდა, - ასე არ არის?

ქალმა ხმამაღლა გაიცინა.

მთავარმა რეჟისორმა სულ ოდნავ მოატრიალა თავი, წამით ქალს შეხედა და


მერე აბელს მიუბრუნდა: - მერიც არიოსტოსთანაა დაკავებული. ჯულიეტას
თამაშობს.

აბელს მოეჩვენა, თითქოს ოდესღაც სადღაც ენახა შექსპირის პორტრეტი,


რომელსაც სევდიანი და ცოტა შესაბრალისი გამომეტყველება ჰქონდა. ეს ჩვენება
რომ გაქრა, მთავარ რეჟისორს შეხედა და გაიღიმა. თავისმა ღიმილმა რატომღაც
გედეონ რევიას ღიმილი მოაგონა. მერე მერის უთხრა: - მაშ, არ ამცდება თქვენი
მიჯნურის ხელით სიკვდილი.

მერიმ ისევ გაიცინა.

- არ წავიდეთ? - იკითხა ასლანმა.

- წავიდეთ, - მიუგო მერიმ.

ეზოში გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ასლანმა მერი გვერდით მოისვა.


აბელი და რომან ადეიშვილი უკან დასხდნენ.

- სპექტაკლი მოგეწონათ? - ჰკითხა რომან ადეიშვილმა აბელს.

- არა, - მიუგო აბელმა, - არ მომეწონა.

რომან ადეიშვილს გაეცინა, ეტყობა, აბელის გულახდილობაზე. წყენით არ


სწყენია.

- რა ვქნათ! რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ.

ასლანმა დასახლებული კვარტალის სიღრმეში გადაუხვია, ერთ მაღალ სახლთან


დაამუხრუჭა და იკითხა: - ჩადის ვინმე ამ გაჩერებაზე?

რომან ადეიშვილმა კარი გააღო.

- ამოდით. შემოსწრებულის სადღეგრძელო დავლიოთ, - ხელი აბელისკენ


გაიშვირა.

- მაგ საქმისთვის მე ხვალინდელი დღე მაქვს შეგულებული, - უპასუხა ასლანმა.


მერე აბელს შეხედა, - თუ გინდა, ავიდეთ. ჩემისთანა ღვინო არა აქვს, მაგრამ
დალევით დაილევა.
- პირადად მე წინააღმდეგი ვარ, - გაიღიმა აბელმა, - ისე კი მანდილოსანმა
გადაწყვიტოს.

- მე მომხრე ვარ, - თქვა მერიმ და მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა, - იმისი,


ვინც წინააღმდეგია.

რომან ადეიშვილს თავი აღარ გამოუდვია. ხელი ჩაიქნია და თქვა: - მაშ, კარგად
იყავით.

- რომან! - მიაძახა უკვე მიმავალს ასლანმა.

რომანი მოტრიალდა.

- ხვალ არსად წახვიდე, მე დილით სოფელში ჩავირბენ, ნანოს დედ-მამას


ამოვიყვან. მერე მართლა გავმართოთ ლუდხანაში პატარა კონფერენცია.

- ან სახლში ვიქნები, ან თეატრში.

ასლანმა მანქანა დაძრა.

- მაშ, შენ ჩურჩხელებსაც ჩამოიტან სოფლიდან, - უთხრა მერიმ.

- ჩურჩხელები ჩამოუტანლადაც ბევრი მაქვს, მაგრამ შენ რაღაც მოგვიძულე ამ


ბოლოს დროს. ნანო ყოველდღე გკითხულობს.

- აღარ მოგიძულებთ, - თქვა მერიმ და ხმის კილოზე შეეტყო, რომ გაიღიმა.

მერი ცენტრიდან ცოტა მოშორებით, შემაღლებულ ადგილას ცხოვრობდა. მანქანა


ალაყაფის კართან გაჩერდა. მაღალი ღობიდან აგურით ნაგები სახლის მხოლოდ
ზედა სართული ჩანდა. ეტყობოდა, სახლის ირგვლივ კარგა მოზრდილი ეზო
უნდა ყოფილიყო.

- დიდი მადლობა, - თქვა მერიმ და მანქანიდან გადავიდა.

- გამოიარე! - მიაძახა ასლანმა.

მერიმ თავი დაუქნია, ჭიშკარი შეაღო და ეზოში გაუჩინარდა.

ნანოს არ ეძინა. ასლანს ამჯერად სიგნალი არ მიუცია. მანქანა გააჩერა,


გადმოვიდა. ჭიშკარი გააღო, ისევ ჩაჯდა მანქანაში და ეზოში შევიდნენ. პირველი
და მეორე სართულის გამყოფ ხაზზე, აივნის ძირას, დიდი ნათურა ენთო და
ეზო გაჩახჩახებული იყო. ზემოდან ნათურას რიკულებიანი მოაჯირი ეფარებოდა
და მისი შუქი აივანს მკრთალად ანათებდა. ამიტომ ნანო, როდესაც მანქანის
ხმაზე ოთახიდან გამოვიდა, ბინდბუნდში სილუეტად ჩანდა. ნანო მოაჯირს
მოადგა, მარჯვენა ხელი მაღლა ასწია და მისალმების ნიშნად გაიქნია. აბელს
წამით მოეჩვენა, თითქოს სახლი ხომალდი იყო, ხოლო ნანო - შორეულ
ქვეყნებში მიმავალი მგზავრი, რომელიც გემბანზე იდგა და ნაპირზე
დარჩენილებს ეთხოვებოდა. მერე ჩვენება გაქრა და აბელი ასლანთან ერთად
ზემოთ ავიდა.

- გშიათ? - იკითხა ნანომ.


- რაღა დროს შიმშილია! - იუარა აბელმა.

ასლანმა შეხედა.

- სულ არაფერი გინდა?

ასლანის ხმაში რაღაც უცნაური, საოცრად უბრალო და საოცრად შინაურული


კილო ისმოდა. და როცა ამ კილომ სხეულში ტალღასავით დაუარა, აბელმა,
სულ რომ არ მოელოდა, ისე თქვა: - ნახევარ ჭიქა არაყს დავლევ.

- აგაშენა ღმერთმა! - გაუხარდა ასლანს. მერე ბავშვური, გაბადრული ღიმილით


ცოლს მიუბრუნდა, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი და მარცხენა წარბი
ასწია და თქვა: - მოვაქცევთ ჩვენს რჯულზე!

დიდ ოთახში შევიდნენ. ნანომ არაყი და ხაჭაპური გამოიტანა. სხვა რამის


გამოტანასაც აპირებდა, მაგრამ აბელმა ხელები გაასავსავა. არც ასლანს შიოდა.
მაშინ ნანო თვითონაც მაგიდას მიუჯდა.

- შეეჩვიეთ აქაურობას? - ჰკითხა აბელს.

- რა ვიცი. შევეჩვევი, ალბათ.

- შეეჩვევით.

კაცებმა თითო ჭიქა არაყი დალიეს და თითო ლუკმა ხაჭაპური დააყოლეს. მერე
აბელი მასპინძლებს გამოეთხოვა და თავისი ოთახისკენ წავიდა, მაგრამ ერთხელ
კიდევ მოტრიალდა გზიდან.

- ხვალ გვაქვს რეპეტიცია?

- არა, ხვალ ორშაბათია. ვისვენებთ. ზეგ. ზეგ თერთმეტ საათზე, - აქ ცოტა


შეყოვნდა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი და მარჯვენა წარბი ასწია და
დაუმატა: - არიოსტო!

აბელი თავის ოთახში შევიდა, ჭაღი გამორთო, მაგიდის ლამპა ჩართო და


სავარძელში ჩაჯდა. ერთბაშად დაღლილობა იგრძნო. დილაადრიან რომ ქალაქში
იხეტიალა, მას შემდეგ პირველად ახლა დარჩა მარტო.

ერთხანს ასე იჯდა. დაბალი სავარძლის დამრეც საზურგეზე მთელი ტანით


გადაწვა, ფეხები გაშხლართა, ხელები ფართო, რბილ სახელურებზე დააწყო.
იჯდა მოშვებული, მოდუნებული, არც არაფერს ფიქრობდა, არც არაფერს
გრძნობდა. მისი სხეული ახლა თითქოს ცხრილი იყო, ხოლო სამყარო - ქარი და
მდინარე, რომლებიც ამ ცხრილს სრულიად ვერ გრძნობდნენ, თავისუფლად
შემოდიოდნენ და დაუბრკოლებლად გადიოდნენ მეორე მხარეს, ისე, რომ
თავიანთი არსებობის არავითარ კვალს არ ტოვებდნენ. მერე, როცა დასვენებული
წამოდგა და ტანთ გახდა დაიწყო, კულისებში ჩასაფრებული შთაბეჭდილებები
ერთბაშად ამოძრავდნენ, დაიძრნენ, წამოვიდნენ თავიანთი საფრიდან და
არეულად, უწესრიგოდ შემოლაგდნენ გონებაში. სასტუმროს ხსენებაზე
დამხვდურებმა გაიცინეს და აბელმა ვერ გაიგო მათი სიცილის მიზეზი და
დირექტორის ნაყვავილევი სახე ნელ-ნელა გამოეყო დანარჩენებს. სასადილოში,
რომელსაც თურმე ლუდხანას ეძახიან, ოფიციანტი, მაღალი, ჯანიანი, ქერა ქალი,
ისე მტკიცედ და დაჯერებულად მიმოდიოდა, ეტყობა, ღრმად სწამდა თავისი
უფლებების უსაზღვროება. ქალაქს არავითარი სახე არ ჰქონდა, არავითარ სტილს
არ ემორჩილებოდა და მხოლოდ ყველაზე მაღალი წერტილიდან - ფერდობის
თავზე გაშენებული პარკიდან - ჰქონდა ერთი ლამაზი გადასახედი. ნანოს
ლაქები ეყარა სახეზე და ისეთივე მშვიდი, სათნო გამომეტყველება ჰქონდა,
როგორც მის უფროს ქალიშვილს. ვიწრო, ჭუჭყიანი ქუჩა, რომელზედაც
ხელოსნებსა და ვაჭრებს დუქნები გაეხსნათ, თავისი ყაყანით, სიჭრელით, სუნით,
თითქოს შემთხვევით შემორჩენილი ნაპრალი იყო, საიდანაც გარდასული
საუკუნეები რომანტიკულ ილუზიასავით ჩანდა. ასლანს ცალი ხელის
საჩვენებელი თითი და ცალი წარბი მაღლა აეწია და ბავშვის გულუბრყვილო
ღიმილით იღიმებოდა. მერის, ვინც ალბათ საძაგლად ითამაშებს ჯულიეტას,
ჰქონდა გარეგნობაში რაღაც არისტოკრატულობა და იყო რაღაც ნაძალადევი ამ
არისტოკრატულობაში. არიოსტოს უმიზნო და ულოგიკო ჭირვეულობა ნიღაბს
ჰგავდა, რომელსაც მარტივი გამოცანა, რამდენადაც კი შეიძლებოდა, უნდა
გაერთულებინა. გედეონ რევია საერთო ფონიდან გამოიყოფოდა. აბელმა არ
იცოდა, რა ერქვა ამ გამოყოფას და როგორ შეიძლებოდა მისი დახასიათება.
უბრალოდ გამოიყოფოდა. ალბომში რომ მარკებს აკრავ და ერთი მარკა
ვერაფრით ვერ ჩაგიკრავს, რამდენჯერაც დააწებებ, იმდენჯერ აიზნიქება და
აძვრება.

ჯემპრი რომ წაიძრო თავიდან, მხედველობის არეში მაგიდაზე დაწყობილი


წიგნები მოჰყვა და სხეულში სითბომ ჩაიარა, თითქოს უცხო ქალაქში, უცხო
ხალხში მოხვედრილი, მოწყენილი და გაბეზრებული, მოულოდნელად ძველ
მეგობარს გადაეყარა. საცვლების ამარა მივიდა მაგიდასთან, სათითაოდ აიღო
რამდენიმე წიგნი, გადაფურცლა, დახედა, თითო-ოროლა სიტყვა წაიკითხა,
უკანვე დააწყო, დაწვა და მაგიდის ნათურა გამორთო.

პირველი დღე დამთავრდა. ხვალ მეორე დღე დაიწყება. სევდა კვლავ შემოძვრა
რომელიღაც ხვრელიდან. მალე ყველა პირველი დამთავრდება, შთაბეჭდილებები
განელდება და გატკეპნილი გზა გამოჩნდება. ხვალ ლუდხანაში პირველი
„კონფერენცია“ გაიმართება. მალე პირველად ნახავს ყველას, ვინც არ უნახავს და
ვისთანაც ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. პირველად გაისეირნებს ღამის ქალაქის
ცენტრში, პირველად ითამაშებს სპექტაკლში. პირველად ჩავა მდინარის პირას,
ტირიფის ჭალაში. პირველად შევა თავის ბინაში, რომელსაც ასლანი ორ თვეში
ჰპირდება. ასე გაივლის ყველა პირველი, დაიწყება მეორე, ყველაფერი
ჩვეულებრივი გახდება, ეს პატარა ქალაქი, რომელიც დღეს ახალია, ნაცნობი და
მოსაბეზრებელი გახდება.

აბელს ჩაეძინა.

ასლანის ორსართულიანი კოხტა სახლი თეთრი ხომალდი იყო და თანდათან


შორდებოდა ნაპირს. გორდაძეების მთელი ოჯახი, დიდიან-პატარიანად, გემბანზე
გამოსულიყო და ღიმილით უქნევდა ხელს ნაპირზე მარტოდმარტო დარჩენილ
აბელს, რომელსაც გულზე მძიმე ნაღველი აწვა. ეს ნაღველი ხომალდს იყო
გამობმული და რაც უფრო შორს მიდიოდა ხომალდი, მით უფრო იჭიმებოდა და
მტკივნეულად ეწეოდა გულზე. ბოლოს, როდესაც თეთრი ხომალდი ჰორიზონტს
მიადგა და ცისა და ზღვის შემაერთებელ ხაზს მიღმა თვალს მიეფარა, უხილავ
თოკს გამობმულმა ნაღვლის თოკმა უკიდურეს დაჭიმვას ვეღარ გაუძლო,
ტკაცანით მოსწყდა გულს და გატყორცნილი ისარივით დაედევნა გაუჩინარებულ
ხომალდს. აბელმა შვებით ამოისუნთქა და მდინარის პირას შედგა. ქვეყნიერებას
ჯანღი ჩამოსწოლოდა. ირგვლივ არაფერი ჩანდა. ყვითელ ფოთლებსაც კი,
რომლებიც მხიარული ფარფატით ეშვებოდნენ ძირს, მანამ ვერ შეამჩნევდი, სანამ
თვალწინ არ ჩაგიფრიალებდა. მდინარე ლოდებზე გადადიოდა, იზნიქებოდა და
დინჯი, მონოტონური დუდუნით მიემართებოდა სადღაც. ჯანღი კიდევ უფრო
შესქელდა, შედედდა და მდინარის თავზე კალაპოტის გასწვრივ დაეკიდა. მერე
უეცრად ორთქლი აუვიდა, გამოშრა, ნაცრის ბუღად იქცა და წყალს გადაეფინა.
აბელს ეგონა, ნაცარი ჯერ აამღვრევდა მდინარეს, მერე კი ფსკერზე
დაილექებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ზედაპირს რომ მიაღწია, ნაცარი შეერთდა,
შეიკრა, ქერცლიან ტყავს დაემსგავსა და ზემოდან გადაეკრა მდინარეს. ტყავი
დრეკადი იყო და, მართალია, მდინარე აღარ ჩანდა, მაგრამ მკაფიოდ ჩანდა მისი
მოძრაობა. ჩანდა, როგორ იზნიქებოდა, როგორ იკლაკნებოდა, როგორ ადიოდა
და ჩადიოდა. მისი დინჯი, რიტმული ხმაური ახლა ყრუ ოხვრად ისმოდა.
წყალი მთელი ძალით აწვებოდა ამ მოულოდნელ არტახებს, ცდილობდა
გამოერღვია და სინათლეზე გამოსულიყო. აბელი გაფაციცებით ადევნებდა
თვალს მდინარის ბრძოლას. ტყავი ალაგ-ალაგ დანაოჭებული და გადაქლეტილი
იყო. აბელი ყველაზე დიდსა და ყველაზე გადაქლეტილ ნაოჭს მისჩერებოდა. ამ
ადგილას ტყავი სწრაფად იცრიცებოდა, თხელდებოდა და მალე მართლაც გასკდა.
აბელი დარწმუნებული იყო, წყალი ახლა ამ ნაპრალიდან დაიწყებდა დენას,
თანდათან ზემოდან მოექცეოდა ტყავს და ჩაძირავდა, მაგრამ სულ სხვა რამ
მოხდა: როგორც კი პირველმა წვეთებმა გამოჟონა და გამსკდარ ადგილს შეეხო,
იქ მაშინვე სქელი, წებოვანი მასა წარმოიქმნა და ტყავმა სწრაფად შეიკრა პირი.
აბელი დიდად გააკვირვა ამ ამბავმა, მერე კი, როცა ტყავი სხვა ადგილას გასკდა
და იქაც იგივე განმეორდა, მიხვდა, რომ მდინარის ბრძოლა ამაო იყო. უგუნური
წყალი ვითომ თავის დახსნას ცდილობდა, სინამდვილეში კი თვითონვე
ამაგრებდა და მჭიდროდ იკრავდა ირგვლივ არტახებს. აბელს გაეცინა. მისი
სიცილი მდინარის ყრუ ოხვრის ფონზე კვნესად გაისმა, მერე წყალზე გადაკრულ
ტყავს დაეცა, დაიმსხვრა და შხეფებად ასხლეტილი ოთხივე მხარეს გაიფანტა.

აბელს გაეღვიძა. ერთბაშად, მყისიერად ამოვარდა ძილის სქელი ბურუსიდან,


თითქოს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. სიზმარი სადღაც შორს დარჩა.

სიბნელეს ჯერ თეთრი ჭერი გამოეყო, მერე ფანჯრის კონტურები, მერე მთელი
ოთახის მოხაზულობა და საგნებიც გამოჩნდა. აბელმა მაგიდის ნათურა აანთო,
ხელი უკან წაიღო, თავს ზემოთ, მაგიდას მისწვდა, მოაფათურა, საათი იპოვა,
ოთხი ხდებოდა. საათი ისევ თავის ადგილას დადო, ნათურა ჩააქრო, გვერდზე
გადაბრუნდა, ფეხები შემოიკეცა და თვალები დახუჭა. მალე თბილ, საამო
ბურანში ჩაიძირა და ის იყო, უნდა ჩასძინებოდა კიდეც, მაგრამ ამ დროს
ტვინში ელვასავით დაკვესა შიშმა, რომ სიზმარში ისევ ნახავდა პირშეკრულ,
არტახებში გამომწყვდეულ მდინარეს, და საბოლოოდ გამოფხიზლდა.

იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო და გაკვირვებული უგდებდა ყურს საკუთარ თავს.


ძილში ეს სიზმარი საშიში არ მოსჩვენებია. მართალია, მდინარეზე გადაკრული
ტყავი რომელიღაც ძველი, გადაშენებული ცხოველის სქელ, დაღარულ ტყავს
ჰგავდა, ან, შესაძლებელია, ადამიანის ხელისგულს, რომელსაც გამადიდებელი
შუშით უყურებ, და ამიტომ ოდნავ ზიზღს იწვევდა, მაგრამ ჯერ ერთი, ეს
ზიზღი არ იყო ისეთი, რომ კაცი შეძრას და აიძულოს, სანახაობას თვალი
აარიდოს და, მეორეც, ამ ზიზღში ერთგვარი ინტერესიც ერია. ამიტომაც
გააკვირვა შიშის ელდამ, რომელმაც სხეულის ყველა უჯრედი ერთბაშად
გამოაფხიზლა.

ხელახლა სცადა დაძინება, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა. მაშინ ისევ აანთო


მაგიდის ნათურა, ისევ გადაჰყო ხელი თავს ზევით და საათი მოძებნა - ხუთი
იყო.

როდესაც დარწმუნდა, რომ ძილი საბოლოოდ გაუფრთხა, ლოგინში წამოჯდა,


ფანჯარაზე გაფარებული ფარდის კუთხეს მისწვდა და ოდნავ გადასწია. გარეთ
ბნელოდა, ფარდის კუთხე ისევ დაუშვა და ხელები საბანს ზემოთ მუხლებზე
შემოიჭდო. ცოტა ხანს ასე იჯდა. მერე საბანი გადაიძრო და ფეხები ძირს,
გრძელბეწვიან ტყავზე ჩამოაწყო.

წამოდგა, ტანთ ჩაიცვა, ზემოდან ქურთუკი წამოისხა. ჯიბეში გარედან მოსინჯა


სიგარეტი და ასანთი, ფრთხილად გამოაღო კარი და აივანზე გავიდა. ნესტიანი
სიცივე იყო. ეტყობოდა, ცა საწვიმრად ემზადებოდა. ფეხაკრეფით, უხმაუროდ
გაიარა აივანი და კიბეზე დაეშვა.

ის ნათურა, სართულების გაყოფის ადგილას რომ იყო დამაგრებული, ახლაც


ენთო და მისი შუქი სახლის წინ კარგა მოზრდილ მონაკვეთს სწვდებოდა. ეზო
ვიწრო და გრძელი იყო. თავი და ბოლო არ ჩანდა, გვერდებზე კი ორთავ მხარეს
მაღალი რკინის მესერი ჩასდევდა. აბელი განათებულ ნაწილს გასცდა და
სიბნელეში შევიდა. ჩამოცვენილი ფოთოლი ძირს ხალიჩასავით ეგო და ფეხქვეშ
ჩუმად შრიალებდა. სიბნელეს რომ თვალი შეაჩვია, წინ, მოშორებით, დაბალი,
ტყრუშული ღობე დაინახა. იმ კაპიტალური მესერის შემდეგ, რომლითაც
გვერდებიდან იყო შემოზღუდული ეზო, ეს სოფლური ღობე უცნაურ
დისონანსად მოეჩვენა და გაუკვირდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს სამეზობლო
მიჯნა კი არ იყო, თავად ეზოს ყოფდა ორ ნაწილად. მართლაც, ტყრუშული
ღობის გადაღმა ვაზი გამოჩნდა, რომელიც შორს, ბოლოში, ისევ ისეთი რკინის
მესრით იყო შემოსაზღვრული. სოფლისა და ქალაქის ეს უცნაური შეხამება
აბელს, ერთი მხრივ, მოეწონა, მაგრამ, მეორე მხრივ, რაღაცა აუხსნელი სევდა
დაეუფლა, თითქოს ამ შეხამების გამოისობით ისედაც შორს დარჩენილი
დედაქალაქი თავისი რკინა-ბეტონით, ასფალტით, ხმაურითა და დროის
მხარდამხარ თავგანწირული სიარულით კიდევ უფრო შორეული და
მიუწვდომელი გახდა.

ტყრუშული ღობის წინ, მარცხნივ, კუთხეში რაღაც ნაგებობა იყო, სათავსო თუ


ბეღელი, წახნაგოვანი ციცაბო სახურავით. დაკეტილ კართან ფანჯრის გატეხილი
ჩარჩო და ხის მოზრდილი ბორბალი ეგდო. აბელმა მარჯვნივ გაუხვია, ღობეს
გაუყვა და კაკლის ძირში ხის კუსტარულად ნაკეთებ, მაგრამ მოხერხებულ მერხს
მიადგა. დაჯდა თუ არა, მაშინვე სიცივემ აიტანა, მაგრამ ადგომა დაეზარა და
გასათბობად სიგარეტი აანთო. სიგარეტს უზმოზე მყრალი გემო ჰქონდა და
ნაფაზის დარტყმისას ყელს უსიამოვნოდ ხეხავდა. სამაგიეროდ, ათბობდა, ან,
შესაძლებელია, თავს იტყუებდა, ვითომ ათბობდა, ამიტომ მოწევა განაგრძო.

ხეხილი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოდიოდა მღვრიე ნისლიდან და აბელს უცებ


არაბუნებრივი და, ცოტა არ იყოს, კომიკური მოეჩვენა ის გარემოება, რომ ეს
კარგად დამუშავებული, ნაყოფიერი და ბარაქიანი ეზო, ეს კარ-მიდამო, ეს
ფართოაივნიანი, ორსართულიანი სახლი მსახიობისა იყო. ჯერ ისედაც შეუსაბამო
ჩანდა ასეთი ეზო-გარემო ქალაქში და ეს შეუსაბამობა ორჯერ უფრო შეუსაბამო
ხდებოდა იმის გამო, რომ იქაურობის პატრონი კაცი, ვინც დინჯი ნაბიჯით
დადის, ალბათ, ვაზის მწკრივებს შორის და, თავადაც შაბიამანში ამოთხვრილი,
შაბიამანს ასხურებს ფოთლებს, ვინც პირბადეაფარებული, ფრთხილად,
შენელებული მოძრაობით თაფლს იღებს სკიდან, ვისაც ნალიის კართან ფანჯრის
გატეხილი ჩარჩო და ხის ბორბალი უგდია, მსახიობია და წელიწადში
რამდენიმეჯერ სხვადასხვა პერსონაჟად უნდა გარდაისახოს, ნაირ-ნაირი
ადამიანის ზნე და საქციელი უნდა მოირგოს. აბელის წარმოდგენაში მსახიობი
წმინდა ქალაქური ატრიბუტებისაგან შედგებოდა. მხოლოდ მას, ვინც მაღალ,
სართულებად აკოკოლავებულ სახლში ცხოვრობს და ყოველდღე ასფალტზე
დადის, შეეფერება და შეუძლია სხვისი სამოსი ჩაიცვას და სცენაზე სხვისი
სიტყვებით იმეტყველოს. სოფელი და სოფლური გარემო ნამდვილი
მსახიობისათვის უნდა იყოს არა ბუნების ნაწილი, არამედ ბუნებაში შეტანილი
შემოქმედება, მარმარილო, რომელიც კლდიდან მოწყვეტილი სიპი ქვის ყაიდაზეა
გათლილი, ესკიზის მიხედვით გაშენებული ბაღი, რომელიც ხელოვნების ერთიან
კანონს ემორჩილება და მშვენიერია იმით, რომ ბუნებრივი კი არ არის, არამედ
ბუნებრიობისაკენ მიისწრაფვის და ამიტომ ქალაქის სულს არასოდეს კარგავს.

გულში აგორებული სევდა ყელს მოებჯინა და აბელს ქალაქში მოუნდა გავლა,


ცენტრში, სასტუმროსთან, სადაც გუშინ დილით უკვე იყო. იმავ წამს მიხვდა,
რომ სინამდვილე-ში ქალაქში გავლა კი არ მონდომებია, თბილისი მოენატრა.

უცებ ფეხის ხმა მოესმა. ერთბაშად გამოერკვა ფიქრებიდან. თავი ასწია და


მისკენ ჩქარი ნაბიჯით მომავალი ასლანი დაინახა.

- მე საუკეთესო ოთახი დაგითმე, - შორიდანვე შეეხმიანა ასლანი, - და შენ


ეზოში ათევ ღამეს? დილა მშვიდობისა!

- დილა მშვიდობისა, - მიუგო აბელმა და წამოდგა, - ძილი გამიფრთხა და


ჰაერზე გამოსვლა ვამჯობინე.

- დაცდა იცის ახალმა ადგილმა. ჩემი ეზო არ მოგეწონებოდა, მაგრამ მალე


თოვლი მოვა და მაშინ ნახავ, რა ლამაზია.

- ახლაც ლამაზია.

- ზამთარია კარგი, ზამთარი და გაზაფხული. ყველაზე ცუდი გვიანი შემოდგომაა.

- მშვენიერი მეურნეობა კი გქონია.


- არა უშავს. თუ მოუვლი, დაგიფასებს. ვაზი მართლა კარგი მაქვს. გაგასინჯებ
მაგის ღვინოს და ნახავ. სოფელში მივდივარ ნასაუზმევს. სიდედრი და სიმამრი
მინდა ჩამოვიყვანო. ხომ არ წამოხვალ?

აბელი შეყოყმანდა. წასვლა მაინცდამაინც არ უნდოდა, თან უარის თქმაც


ერიდებოდა. ასლანმა შეატყო.

- შენ თუ გინდა, თორემ კი არ გაძალებ.

- მაშინ დავრჩები.

- დარჩი. მე ხელად ჩავვარდები და ჩამოვვარდები. ერთი საათი აქედან მინდა,


ერთი - იქიდან. სოფელშიც ერთ საათს მოვგვიანდები. ასე რომ, ცხრაზე წავალ
და თორმეტზე ისევ აქა ვარ.

- ოღონდაც ჩემი გულისთვის ნურც აუჩქარებ ნაბიჯს და ნურც მოუნელებ. მე


სტუმრის როლი უკვე მოვათავე და დღეიდან დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებ.

- ჰო, აბა რა! - თავი დაუქნია ასლანმა. - წამო, ხელ-პირი დავიბანოთ.

თავი მერვე

ნასაუზმევს ასლანი სოფელში წავიდა. ტყუპებმა ჭიშკარი გააღეს და აქეთ-იქით


დაიჭირეს. გოგიტა უკან აედევნა მანქანას და ქუჩამდე სდია. მერე მობრუნდა,
პირდაპირ აბელისკენ წამოვიდა, რომელიც ეზოში იდგა სახლის წინ, სულ ახლო
მოვიდა, შეჩერდა, დოინჯი შემოიყარა, თვალებში შეხედა და მკაცრად ჰკითხა: -
შენ ვინა ხარ?

აბელმა მძიმედ დაუკრა თავი და მიუგო: - მსახიობი გახლავართ. მსახიობი და


თქვენი ყურმოჭრილი ყმა.

ამ სიტყვებით ხელი გაუწოდა.

გოგიტამ გამოწვდილ ხელზე გამეტებით დაჰკრა ხელი. მერე ფეხი მოუქნია.

- სულელია, ბიჭო... - ხმადაბლა უთხრა ერთმა ტყუპისცალმა მეორე ტყუპისცალს


და უმცროსი ძმის მაგივრად თვითონ შერცხვა.

აბელმა გოგიტას მოქნეული ფეხი აიცდინა.

- დანამდვილებით იცი, რომ სულელია? - ჰკითხა იმ ტყუპისცალს და


სერიოზული, ცოტა სკეპტიკური გამომეტყველებით დააკვირდა გოგიტას. -
შევამოწმოთ. - ამ სიტყვებით ხელები აქეთ-იქიდან წაავლო თავში და ზემოდან
ყური დაადო. გოგიტამ სუნთქვა შეიკრა და გაიტრუნა. მერე, როცა აბელმა
„დაკვირვება“ მოათავა და ხელები გაუშვა, მოლოდინის გაფართოებული
თვალებით მიაჩერდა. - გატენილია-მეთქი, ვერ ვიტყვი, - ნელა, ყოყმანით
დაიწყო აბელმა განაჩენის გამოტანა, - მაგრამ რაღაც კი ლაყლაყებს შიგ. ჩემი
ღრმა რწმენით, ტვინი უნდა იყოს. მართალია, ჯერ პატარაა, აი, ამოდენა, - ცერა
და საჩვენებელი თითი თითქმის შეატყუპა, - მაგრამ თანდათან გაიზრდება და
მთელ თავს გაავსებს. - აქ სწრაფად წაავლო ხელი გოგიტას, ამოატრიალა,
ფეხებით დაიჭირა, მერე ისევ გაასწორა და ძირს დასვა. გოგიტა ახითხითდა და
აბელის ცემა გადაიფიქრა.

მაშინ აბელმა ბავშვებს სთხოვა, ეზო-გარემო კარგად დამათვალიერებინეთო, და


ამ საქმის მეთაურად გოგიტა დანიშნა.

გოგიტამ დავალება შეიფერა. ბავშვებმა ყველაფერი დაათვალიერებინეს, ყველა


ხისა და ყველა ბალახის სახელი უთხრეს, სკაც შემოატარეს, ტყუპებმა ხეზე
მარდად აცოცების ხელოვნებაც აჩვენეს. ბოლოს ბავშვები ნანომ სასაუზმოდ
მიიწვია.

აბელმა ტანთ გამოიცვალა.

- ქალაქში გავივლი და ასლანის დაბრუნებისას მოვალ, - უთხრა ნანოს.

- იცით, ცენტრში როგორ უნდა გახვიდეთ?

- კი. უკვე დავიხსომე.

აბელი ეზოდან გავიდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა კერძო სახლებს შუა მოქცეულ
ვიწრო ქუჩას. დილანდელი ნისლიდან კვალიც აღარ იყო დარჩენილი,
მოკრიალებულ ლურჯ ცაზე მზე კაშკაშებდა და თუმცა ჰაერში უკვე ზამთრის
სუნი იდგა, მაინც გვარიანად თბილოდა.

ეს გზა ორ-სამჯერ ჰქონდა გავლილი ასლანის მანქანით და იცოდა, რომ ცენტრი


ახლო იყო. სინამდვილეში კიდევ უფრო ახლო გამოდგა, ვიდრე ეგონა. სულ
რაღაც თხუთმეტ წუთში მთავარ მოედანზე გავიდა. სასტუმრო ახლა
გუშინდელზე უფრო მოეწონა. ფასადი აღმოსავლეთს გაჰყურებდა და, მზის
სხივებში გახვეული პატარა, კოხტა აივნები რომ დაინახა, ინანა, რატომ მეტი
სიმტკიცე და შეუპოვრობა არ გამოვიჩინეო. რამდენად უფრო თავის ნებაზე
იქნებოდა სასტუმროში!

მოედანს გასცდა და ალალბედზე დაუყვა რომელიღაც შედარებით ფართო და


სუფთა ქუჩას. მცირე მანძილი რომ გაიარა, წიგნების მაღაზიას წააწყდა და
შეჩერდა. ჯერ გარედან შეათვალიერა, ვიტრინებს აუარ-ჩაუარა, მერე შიგ შევიდა.

მაღაზიას ორი ვრცელი დარბაზი ეჭირა. ხალხი ცოტა იყო, ვინც იყო, იმათაც
უმთავრესად საკანცელარიო ნივთების განყოფილებასთან მოეყარათ თავი. ორი-
სამი კაცი მხატვრული ლიტერატურის განყოფილებასთანაც იდგა. ისინი
სკეპტიკურად იქნევდნენ თავს და ისეთი სახით ათვალიერებდნენ პოეზიის
სიახლეებს, თითქოს ვიღაცა გაცურებას უპირებდა.

აბელმა ჯერ მთელი მაღაზია შემოიარა და ზერელედ შეათვალიერა წიგნები,


ბოლოს სამეცნიერო განყოფილებასთან შეჩერდა და ფიზიკის კუთხეს
გულდასმით დაუწყო შესწავლა. ერთხანს ასე შორიდან აკვირდებოდა და
ყურადღებით კითხულობდა სათაურებს, მერე გამყიდველს - უსაშველოდ მაღალ,
უსაშველოდ გამხდარ კაცს, რომელსაც გრძელი ცხვირი, დიდი, ჟღალი წვერი და
ცისფერი თვალები ჰქონდა - ორი წიგნი გადმოაღებინა. წიგნები სათითაოდ
გადაფურცლა, შესავალს გადაავლო თვალი, კიდევ რამდენიმე ადგილას ჩახედა
და არ მოეწონა. ორივე დაუბრუნა და ახლა სხვა სთხოვა. გამყიდველმა მიაწოდა,
ხელები მკერდზე დაიკრიბა და მშვიდად დაუწყო ლოდინი. და მხოლოდ მაშინ,
როცა აბელმა ესეც დაიწუნა და წასვლა დააპირა, ამოიღო ხმა.

- დე ბროილზე რას იტყვით? - დაბალი, მსუყე და მშვიდი ბანით ჰკითხა.


პასუხს არ დალოდებია, წიგნი გადმოუღო და წინ დაუდო, თან მის ზურგს უკან
ვიღაცას თავი დაუკრა.

- მე რატომ ვერ დავინახე? - გაუკვირდა აბელს.

გამყიდველმა გაიღიმა და დიდი კბილები გამოაჩინა.

- ამას ავიღებ, - უთხრა აბელმა, წიგნი გადმოატრიალა და ფასს დახედა, - კიდევ


ხომ არაფერი გაქვთ ისეთი, რაც მე არ შემიმჩნევია?

- ამჟამად არაფერი.

აბელმა ფული გადაიხადა.

- ამღვრეულ წყალში ვცდილობთ ღმერთის დაჭერას? - გაისმა უცებ მის ზურგს


უკან.

აბელი შემოტრიალდა და გედეონ რევია შერჩა ხელთ. მოხუცი გაბადრული იდგა,


მთელი სახით იღიმებოდა და თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. გრძელი,
ლურჯი, ბოლომდე შეკრული ლაბადა ეცვა, რომელიც იდაყვებსა და ბეჭებთან
სიძველისაგან ლაპლაპებდა, მარჯვენა კალთა გახეული და მერე თეთრი ძაფით
დაკერებული ჰქონდა, ზემოდან მეორე ღილი აწყვეტაზე იყო, ხოლო ზემოდან
მესამე უკვე ასწყვეტოდა. თავზე ლაბადისავე ფერის ბერეტი ეხურა. ხელში ჯოხი
ეჭირა. არა ისეთი, სააფთიაქო მაღაზიებში რომ ენახა აბელს, არამედ სხვანაირი,
ეტყობა, ვიღაცის მიერ საგანგებოდ გამოთლილი.

- ა, ბატონო გედეონ! გამარჯობათ.

გედეონი ორივე ხელით ჯოხს იყო დაყრდნობილი.

- დევს ასე უქმად ყრუ პროვინციაში საჭირო წიგნი. კაცი არ აქცევს ყურადღებას.
მაჩვენეთ. - მოხუცმა ჯოხი იღლიაში ამოიჩარა და წიგნი გამოართვა. - მაგრამ
ერთხელაც იქნება დედაქალაქიდან ჩამოვა ჭეშმარიტი დამფასებელი და შეიძენს.
- გედეონს წიგნის თვალიერება არ დაუწყია, პირდაპირ გადახსნა შუაში, გვერდს
დახედა, სწრაფად გადმოფურცლა უკან, ისევ დახედა გვერდს, ახლა წინ
გადაფურცლა, ბოლოს შეჩერდა, ახლო მიიტანა თვალებთან, რაღაც თავისთვის
ამოიკითხა, წიგნი დახურა და აბელს დაუბრუნა. - კაცს ზოგჯერ სულის
საზრდო და სულის გამაღიზიანებელი ერთმანეთში ერევა.

აბელი ერთბაშად ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა მოხუცი, მაგრამ


ფიქრისთვისაც აღარ დარჩა დრო, რადგან აქ გამყიდველი ჩაერია საუბარში.
- გედეონ რევია, შენ სამყაროს მარტო გარეგანი თვალით უყურებ, თორემ კი
შეამჩნევდი, რომ ის წყალი, ამღვრეული რომ გგონია, სინამდვილეში კამკამაა და
გამჭვირვალე.

გამყიდველს ხელები მკერდზე ჰქონდა დაკრებილი და მშვიდი ბანით


ლაპარაკობდა. და მხოლოდ თვალებიდან აკვესებდა რაღაცას ისეთს, რაც
პოლემიკის მძაფრ წყურვილს ჰგავდა.

გედეონმა ერთი ცერად შეხედა გამყიდველს და ისევ აბელს მიუბრუნდა.

- ასლანი სადღაა? ასე უმეთვალყურეოდ როგორ დაგტოვათ?

აბელმა გაკვირვებით შეხედა, მერე გაეღიმა.

- სამეთვალყურეო რა მჭირს? დავიკარგები?

- გააჩნია ვისთვის. გამორიცხული არაფერი არ არის. მოათავეთ ვაჭრობა თუ


კიდევ ყიდულობთ რამეს?

- არა, მეტს აღარაფერს ვყიდულობ.

- მაშინ გავიდეთ, მზეზე გავთბეთ. თუ არსად გეჩქარებათ, ცოტა წავისაუბროთ


კიდეც.

- კი ბატონო.

კარს რომ მიაღწიეს, გედეონი გამყიდველს მიუბრუნდა.

- მაშ, კამკამა ხომ?

- დიახაც, კამკამა. - გამყიდველი ისევ ისე გულხელდაკრებილი იდგა. მაგრამ


ახლა ხმა ცოტა უფრო მოგუდული ჰქონდა.

- და გამჭვირვალე.

- დიახაც. გამჭვირვალე.

- აგაშენა ღმერთმა.

აბელმა კარი გამოაღო, ჯერ მოხუცი გაატარა, მერე თვითონ გავიდა და ზურგს
უკან კარი ისევ მიიხურა. მზე უფრო მაღლა წამოსულიყო და მთელ ქუჩას
ანათებდა.

- იმ კაცს მგონი კამათი უნდოდა, - თქვა აბელმა.

- თუ შეგიმჩნევიათ... თუმცა როდის უნდა შეგემჩნიათ! დაგიდგებათ დრო და


შეამჩნევთ, რომ, როცა მოულოდნელად გამოიდარებს, როცა უდროო დროს
გამოანათებს მზე, ადამიანს ყოველთვის ახალგაზრდობა გაგონდება. ეტყობა,
სისხლი რომ თბება და ძარღვებში უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, იმიტომ.
სითბოზე ხომ უფრო სწრაფად უნდა ამოძრავდეს ფიზიკის კანონების მიხედვით?
- გედეონმა თითი აბელის იღლიაში ამოჩრილ წიგნს მიაშვირა. - კამათი არ
უნდოდა იმ კაცს. ის კაცი დროდადრო ღმერთს ელაპარაკება.
- როგორ?..

- რა „როგორ“? რა ენაზე ელაპარაკება? ეგ არ ვიცი, ალბათ, ქართულად. არ


ეცოდინება, ვითომ, ღმერთს ქართული? შესაძლებელია, „გარეგანი“ ენით არც
ელაპარაკება. მთავარია, ერთმანეთს აგებინებენ. კამათი არ უნდოდა. როცა კაცი
ღმერთს ელაპარაკება, ის აღარ კამათობს. ის ქადაგებს, რადგან საკამათო უკვე
აღარაფერი აქვს.

ამ ამბავმა აბელი ძალიან დააინტერესა. წიგნების გამყიდველი წეღან, ცოტა არ


იყოს, სასაცილო ეჩვენა, უფრო სწორად, პაროდიულად სერიოზული. ახლა კი,
ესოდენ მოულოდნელი ცნობის შემდეგ, მისი სიგამხდრე, მისი სიმაღლე, გრძელი
წვერი, მკერდზე დაკრებილი წვრილი მკლავები, მისი მშვიდი ბანი, მთელი მისი
გარეგნობა და მთელი მისი პიროვნება ერთბაშად იდუმალების ბუნდოვან
გარსში გაეხვია.

- კარგად იცნობთ?

- აქ ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მალე თქვენც ყველას კარგად გაიცნობთ


და თქვენც ყველა კარგად გაგიცნობთ, - მოხუცმა ცერად გამოხედა აბელს და
განაგრძო, - ისე კარგად გაგიცნობენ, რომ საიდუმლოდ ვერაფერს შეინახავთ.
თქვენი ცხოვრების არც ერთი წერტილი არ დარჩება უცნობი. ყველაფერი
სააშკარაოზე გამოვა და საერთო მსჯელობის საგანი გახდება.

ამასობაში მოედანზე გამოვიდნენ. მოხუცი შეჩერდა და აბელს მკლავში ხელი


მოჰკიდა.

- თუ ძალიან არ გეჩქარებათ, მზეზე დავსხდეთ, - სკვერისკენ გაიშვირა ხელი.

- სად უნდა მეჩქარებოდეს!

- რა ვიცი. ასლანი არ დაგიწყებს ძებნას?

აბელმა მოხუცს შეხედა.

- ასლანი სოფელშია. სიდედრი და სიმამრი უნდა ჩამოიყვანოს.

- აა! აი, თურმე რა ყოფილა! თქვენც ისარგებლეთ შემთხვევით და გამოიპარეთ,


არა? კარგია, არც ერთი ხელსაყრელი შემთხვევა გამოუყენებელი არ უნდა
დატოვოთ...

ამასობაში ქუჩა გადაჭრეს, სკვერში შევიდნენ და მერხზე დასხდნენ.

- თქვენც კარგად გაგიცნოთ? - ჰკითხა აბელმა.

გედეონმა მოხედა.

- მე? - გაკვირვებით ჰკითხა და გაეცინა, - ჩემს გაცნობას რა უნდა! მე ერთი


ყბედი ბერიკაცი ვარ, ეს არის და ეს.

- ის კაცი მისტიკოსია? - ჰკითხა აბელმა.

- რომელი?
- წიგნების მაღაზიაში.

- აა! იმ კაცს სამსონი ჰქვია და შეიძლება წვერიც ამიტომა აქვს მოშვებული.


მისტიკოსია თუ არა, არ ვიცი. ამის დასადგენად საჭიროა ჯერ ის გავარკვიოთ,
თქვენ რას ეძახით მისტიკოსს, მე რას ვეძახი და თვითონ სამსონი რას ეძახის,
ხოლო ეს რომ ვერ დაგვიდგენია, ამას ვეძახით არაკომუნიკაბელურობას.
საძაგელი სიტყვაა, მაგრამ სწორედ ამ სიტყვის ბრალია, რომ ქრისტიანობა
უამრავ მიმდინარეობად და უთვალავ სექტად დაქუცმაცდა.

- აკი ერთმანეთს ყველა კარგად ვიცნობთო? - გაიღიმა აბელმა.

- ეგ თქვენი იქედნური შეკითხვაც არაკომუნიკაბელურობის... - აქ მოხუცმა


ღიმილით გადაიქნია თავი, - ენას იღრძობს კაცი... ერთი მაგალითია. ერთმანეთს,
რა თქმა უნდა, ყველა კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვიცნობთ ჩვენსავე ეზო-გარემოში,
იმ ფარგლებში, რომელსაც, სამსონის ტერმინი რომ ვიხმაროთ, გარეგანი მზერა
წვდება. იმიერქვეყანასთან რა საიდუმლო ურთიერთობები აქვს სამსონს, ეს ჩვენ
არ ვიცით, რადგან ჩვენი ხუთი გრძნობა ღობის გადაღმა ვერ იყურება.
სამაგიეროდ, შიგნით რა ხდება, ჩინებულად ვიცით. შიგნით ჩვენი თვალი და
ყური ბატონობს. თვალით ვუთვალთვალებთ. ყურით ვაყურადებთ, საქმემ თუ
მოითხოვა, ყნოსვასაც ავამოქმედებთ. არც შეხებას ვერიდებით. ვიკბინებით
კიდეც, რათა ერთიმეორის გემოზე ზუსტი წარმოდგენა შევიქმნათ. ვცხოვრობთ
ასე გუგულებივით და ვიცნობთ ერთმანეთს. ვიცით, ვინ რითი სუნთქავს და
როდის შეეკვრება სუნთქვა, ვის რა ბოღმა აქვს გულში და ვინ რა საშუალებით
მალავს თავის ბოღმას, ვინ ვის უთხრის ძირს და რამდენ ხანში მოითავებს ამ
საქმეს, ვის ჯერ არ გაუგია ცოლის ღალატი და ვინ უკვე გაიგო, მაგრამ თავი
ისე უჭირავს, ვითომ ჯერ არ გაუგია, ვინ ვის ელაქუცება და რა მიზნით, ვის
როდის მოხსნიან და ვის როდის დააწინაურებენ, ვინ ვისთან მეგობრობს და რას
გამოელის ამ მეგობრობისაგან, ვინ საღად და პრაქტიკულად უყურებს ცხოვრებას
და ვინ თავს იკატუნებს, ვითომ ცისფერ ღრუბლებში დაცურავს, ვინ რამდენ
წიგნს ყიდულობს წელიწადში და აქედან რამდენს კითხულობს, ვინ არის
ჭეშმარიტი თაღლითი და ვის არა აქვს თაღლითობის ნიჭი, რის გამოც
იძულებულია დარდი გულში ჩაიკლას და პატიოსან გზას დაადგეს. ვიცით, ვინ
როგორ ხვდება სტუმარს და ვინ რას ამბობს მისი წასვლის შემდეგ. ეს
ყველაფერი ცხოვრებას გვიადვილებს. როცა იცი, სინამდვილეში რას ფიქრობს
შენზე კაცი, რომელიც პირში გეფერება, ურთიერთობა უფრო გეადვილება,
არავითარი ეჭვები აღარ გაწუხებს და, საერთოდ, გაცილებით მყუდროდ და
კარგად გრძნობ თავს. ჩვენს სამსონს, მაგალითად, ღმერთი იმისთვის სჭირდება,
რომ ადამიანებზე ამაღლდეს და ერთგვარად შურიც იძიოს. როცა ასეთი მაღალი
და გაძვალტყავებული კაცი ბევრს ფიქრობს თავის გარეგნობაზე, არ შეიძლება
პესიმიზმმა არ შეიპყროს, დროდადრო სასოწარკვეთამდე არ მივიდეს და
საბოლოოდ მძიმე კომპლექსი არ ჩამოუყალიბდეს. ხოლო, როცა ყველაფერი ეს
მოხდება, საჭიროა გამოსავალის პოვნა. ან სრული კომპენსაცია უნდა მოიპოვო
რომელიმე სხვა სფეროში, ან თვითმკვლელობამდე მიგიყვანს სევდიანი ფიქრები.
თვითმკვლელობა იმთავითვე გამოირიცხა. ამ საქმეს სხვანაირი სულიერი წყობა
სჭირდება. დარჩა კომპენსაცია. სად ეპოვა სამსონს კომპენსაცია? რომელ სფეროში?
სოკრატე მაგისგან არ გამოვიდოდა და ბარაბაძის ქალი მაგას არ შეიყვარებდა.
რაღა დარჩა? დარჩა ღმერთი, ყველაზე იოლი, ყველაზე ხელმისაწვდომი
საშუალება. სამსონმაც ღმერთზე მიიტანა იერიში.

- ყველაზე იოლი და ხელმისაწვდომი? - ჰკითხა აბელმა. მას ოდნავ აღიზიანებდა


გედეონის ირონიული და ამავე დროს დაჯერებული კილო. ან, შესაძლებელია,
თავისი ორჭოფული მდგომარეობა აღიზიანებდა: ფორმალურად თითქოს
თანამოსაუბრე იყო, სინამდვილეში კი საუბარში ჩაბმა ვერ მოეხერხებინა და
სტატისტის როლს ასრულებდა.

- რა თქმა უნდა, - მიუგო გედეონმა, - ღმერთი ღობის გადაღმაა და იქ სამსონს


ვერაფერში ვერ შეეცილები, ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ, ვერავითარ
არგუმენტს ვერ მოიხმობ. იქ არგუმენტები არ მოქმედებს.

- ღობის გადმოღმა რაღა საბუთია იმისა, რომ იმ კაცის საქციელს მხოლოდ


ანგარიშიანობა უდევს საფუძვლად?

- ღობის გადმოღმა... - ნელა, დაფიქრებით, გაგრძელებულად თქვა გედეონმა და


აბელს მოეჩვენა, რომ ასეთი გაგრძელებით თითქოს კლაკნილი ხაზი გაუსვა ქვეშ
ამ სიტყვებს, - თქვენ მთლად სწორად ვერ გამიგეთ. ან მე ვერ ვთქვი მთლად
სწორად. ყოველ შემთხვევაში, აზრადაც არ მქონია ისეთი სურათი დამეხატა,
თითქოს სამსონი იჯდა და ანგარიშობდა: სოკრატე ვერ გავხდები და ბარაბაძის
ქალს თავს ვერ შევაყვარებ, ამიტომ, მოდი, ღმერთს დავუკავშირდები და მისი
მეშვეობით დავიპყრობ ქალაქსო. არა. არც მთლად ასე ერთუჯრედიანი ქალაქია
ჩვენი ქალაქი. ცხადია, გარკვეული აზრით, გამოსავალი ხელში უნდა მოგყვეს და,
სამსონს რომ ერთგვარი მიდრეკილება არ ჰქონოდა აქეთკენ, ასე მეზობლურად
ვერ მიუკაკუნებდა ღმერთს. მე მხოლოდ ისა ვთქვი, რომ ეს ის შემთხვევაა,
რომელზედაც თავად უფალი ბრძანებს: თესლის ნაწილი კლდეზე დაეცემა,
სადაც ნიადაგი მწირია, ამიტომ სწრაფად კი გაღივდება და ამოიყრის, მაგრამ
მზე რომ დააჭერს, მაშინვე დაჭკნება, რადგან მიწა არ ჰყოფნის და საშუალება
არა აქვს ღრმად გაიდგას ფესვები. მაგრამ, მე მგონია, ძალიან დიდი ენერგია
შევალიეთ სამსონს. ამდენიც არ დაუმსახურებია. თანაც წასვლის დროა, თორემ
ასლანმა თუ გაიგო, რომ მე აქ დაგაბრკოლეთ, ჯარიმას დამალევინებს.

სკვერიდან რომ გამოვიდნენ, სასტუმროს ქვემოდან შემოუარეს, რომელიღაც


ვიწრო ქუჩა გადაჭრეს და ბაღს მიადგნენ.

გედეონმა მკლავში ხელი მოჰკიდა და ბაღისკენ წაიყვანა.

ბაღი უკაცრიელი იყო. ისე გადაჭრეს სიგრძივ ვიწრო, მოწითალო ბილიკებით, ძე


ხორციელი არ შეხვედრიათ, გარდა ერთი სულიერისა, რომელიც აბელს ჯერ
ბავშვი ეგონა, მერე ქალი, საბოლოოდ კი დაიბნა და ვეღარ გაიგო, ბავშვი იყო
თუ ქალი. იერი თითქოს გოგონასი ჰქონდა, მაგრამ ასეთ დასკვნას ხელს
უშლიდა წითლად შეღებილი ტუჩები და შავად შეღებილი წამწამები. ამ გოგონა-
ქალს ბაღის შუა ნაწილში გადაეყარნენ. უაზრო, უტყვი სახით იჯდა მწვანე
მერხზე შადრევნის პირდაპირ. ერთიანი კაბა ეცვა, ყელდახურული და განიერი,
ამიტომ ძნელი სათქმელი იყო, მკერდი არ ჰქონდა თუ არ ეტყობოდა. გედეონმა
და აბელმა წინ ჩაუარეს მას და აბელმა ყველაფერი ეს - კაბაც, უმკერდობაც,
წითელი ტუჩებიცა და შავი წამწამებიც - გაკვრით შეამჩნია. თითქოს მეტი არც
არაფერი იყო შესამჩნევი, მაგრამ ბავშვის იერმა და ქალის საღებავებმა მისდა
უნებურად ეჭვი და ცნობისმოყვარეობა გაუღვივა და, მერხს რომ გასცდნენ,
წამით უკან მოიხედა. მისი მოხედვა და გოგონას დამანჭვა ერთი იყო.
საზარლად დაემანჭა: სახე უცნაურად შეიკუმშა და დაიჭმუჭნა, ცხვირზე ნაოჭები
დაიყარა, ქვედა ტუჩი გამოიშვირა და თვალები გადმოკარკლა. შეცბუნებულმა
აბელმა თავი სწრაფადვე მიატრიალა, თან მოეჩვენა, თითქოს ამ შემაძრწუნებელ
მიმიკაშიც შეზავებული იყო ბავშვის მიამიტობა და ქალის სიავე. გედეონს
გოგონა სულაც არ შეუმჩნევია, თავისთვის მიდიოდა, ნელა მიაბაკუნებდა ჯოხს
და სადღაც შორს იყურებოდა.

- ეს ქალაქი ხანგრძლივი სამყოფელია თქვენთვის თუ დროებითი ბუდე,


საიდანაც მერე, ფრთები რომ მოგიმაგრდებათ, უკეთეს ქალაქში გადაფრინდებით?
- მოხუცმა აბელს ცერად გამოხედა და დაუმატა, - უნდა მაპატიოთ ზედმეტი
ცნობისმოყვარეობა.

- შემეძლო თბილისში დავრჩენილიყავი, - აბელი ერთბაშად მიხვდა, რომ


ცდილობდა ამ უცნაურ მოხუცზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა, და საკუთარი
თავის შერცხვა. მართალია, რასაც ამბობდა, სრული სიმართლე იყო, მაგრამ ასე
ეგონა, ეს სიმართლე ახლა მაინც კვეხნასავით გაისმა. ამიტომ შეცბუნდა და
მიფუჩეჩება სცადა: - აქ ვარჩიე. რა ვიცი, არ ვაპირებ წასვლას და ვნახოთ.

- ცოლს შეგრთავენ აქ, - უადგილოდ დაასკვნა მოხუცმა. მერე ჰკითხა, - როლი


არ მოუციათ ჯერ?

- კი. „რომეო და ჯულიეტაში“ დამაკავა არიოსტო ხოფერიამ.

- ტიბალტის როლზე?

- დიახ.

- მდიდარი მემკვიდრეობა მიგიღიათ. არ გითხრეს, ვის უნდა ეთამაშა ეგ როლი?

- გვარი არ უთქვამთ. ისე კი, როგორც შევიტყე, ვიღაც ყოფილა დანიშნული და


მერე დაუჭერიათ.

- დაიჭირეს. გვარი დიდი არაფერი შვილი აქვს: უკლება. ყოჩაღი ბიჭი კი იყო.
წლინახევრის წინ ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში. ერთი ორლულიანი თოფი ჩამოიტანა,
რა სისტემისა იყო, არ ვიცი, თოფებში ვერ ვერკვევი, და ერთი ძაღლი
ჩამოიყვანა, დიდი ძაღლი, ბომბორა და ლამაზი. პირდაპირ თეატრში მოვიდა.
მშვენიერი დახასიათებით, რეკომენდაციებით. სმენა კარგი აღმოაჩნდა, ხმა კარგი
აღმოაჩნდა, მოქნილი იყო, პლასტიკური, წარმოსადეგი. ქალაქის ბოლოს, ქვემოთ,
მდინარესთან - მოხვდებით, ალბათ, იქით და ნახავთ იმ ადგილს - ერთ
მიტოვებულ, პატარა სახლში დაბინავდა. ბუნებასთან ახლოს მიყვარს ყოფნაო.
ჩინებული მსახიობი იყო. ტიბალტის როლს ამზადებდა, როცა დაიჭირეს.

- რაზე დაიჭირეს?

- ძარცვაზე. არ მითქვამს?

- არა.
- ძარცვაზე დაიჭირეს. როცა რეპეტიცია და სპექტაკლი არ ჰქონდა, ან
სანადიროდ დადიოდა, ან თავის მშვენიერ ძაღლს ქალაქის ცენტრში ასეირნებდა.
არა, ცხადია, რაღაც უცნაურობა თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ მაშინ ურემი ჯერ
კიდევ არ იყო გადაბრუნებული და ვერ ვამჩნევდით. ის კი ძარცვავდა ამ ჩვენს
ისედაც გაძარცულსა და გაძვალტყავებულ ქალაქს. გაძარცულები თეატრის
დარბაზში აღტაცებული უკრავდნენ ტაშს თავიანთ მძარცველს. მძარცველიც
ღიმილით ხრიდა თავს და მადლობას უძღვნიდა გაძარცულებს გულწრფელი
ტაშისათვის.

- ახლა სად არის?

- აქ არის. ქალაქში. სასამართლო ჯერ არ ყოფილა.

- ძაღლი?

გედეონი შეჩერდა, მოხედა, თითქოს რაღაცამ დააინტერესაო, და ისევ მიაბრუნა


თავი.

- ძაღლი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი გამოდგა ამ ფათერაკიან ამბავში.


აივანზე წევს და სახლში არავის უშვებს. ღამღამობით, როგორც მეზობლები
ირწმუნებიან - შორეული მეზობლები, თორემ ახლომახლო იქ არავინ ცხოვრობს
- ტირის თურმე. რას ჭამს, ან ჭამს თუ არა რამეს, კაცმა არ იცის. ერთი ხანობა
მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ შეეცოდათ და გადაიფიქრეს. იქნებ თვითონ
ურჩევნია კიდეც სიკვდილი, მის გულში ვინ ჩაიხედავს.

ამასობაში ბაღიდან გამოვიდნენ, მცირე მანძილი გაიარეს, ქვაფენილ ქუჩას


აუყვნენ და უეცრად, აბელი რომ სრულებით არ მოელოდა, იმ გზაჯვარედინზე
გავიდნენ, რომელზედაც გუშინ რამდენჯერმე მოხვდა ასლანთან ერთად.

- აქ იყრება ჩვენი გზები, - თქვა გედეონმა და შეჩერდა. - აგერ იქ არის თქვენი


ქუჩა.

- ვიცი, - მიუგო აბელმა, - აქ ნამყოფი ვარ. დილით ზედა მხრიდან წამოვედი. ეს


გზა, ბაღის გავლით, არ ვიცოდი. ამის შემდეგ მეცოდინება.

- ყველა გზა უნდა ისწავლოთ შეძლებისდაგვარად.

- თქვენ საით წახვალთ?

- მე უკან დავბრუნდები.

- უკან? - გაუკვირდა აბელს.

- ჰო, თქვენ გამოგაცილეთ აქამდე. მე ქვემოთ ვცხოვრობ, მდინარესთან.

- სადაც უკლება...

მოხუცს გაეღიმა.

- მთლად იქ არა. ეს ხელობა ჩემთვის დაგვიანებულია, - მერე სერიოზულ


კილოზე გადავიდა, - მე უფრო აქეთ ვდგავარ, ზემოთ. ერთხელაც იქნება,
სტუმრად მეწვევით და გაჩვენებთ ჩემს სასახლეს. აბა, კარგად იყავით.
არიოსტოსთან არ მოგწყინდებათ.

- კარგად ბრძანდებოდეთ...

მოხუცი შეტრიალდა და წავიდა. ნელა მიაბიჯებდა და ქვაფენილზე ყრუ ხმით


მიაბაკუნებდა ჯოხს. აბელი ერთხანს იდგა და დაფიქრებული მისჩერებოდა.
ბოლოს ისიც თავის გზას გაუდგა.

ასლანი უკვე დაბრუნებულიყო. აბელმა რომ ჭიშკარი შეაღო, ის თავის


სიმამრთან ერთად აივანზე იდგა. სიმამრი პატარა, გამხდარი კაცი იყო, ასლანს
ნიკაპამდე სწვდებოდა, მაგრამ მაღალი ბოხოხი ეხურა და ამაყი, შეუვალი სახე
ჰქონდა. ორივე ხელით აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა, წელში გამართული
იდგა, თავი მაღლა აეღო და როგორც მთავარსარდალი ბრძოლის ველს, ისე
გაჰყურებდა სივრცეს.

- სადა ხარ, კაცო, ამდენ ხანს, დაგვხოცე შიმშილით! - ღიმილით გადმოსძახა


ასლანმა. და თუმცა ხუმრობით საყვედურობდა, აბელმა უხერხულობა იგრძნო
და ნაბიჯს აუჩქარა.

- იცნობდე, მამა, - უთხრა ასლანმა სიმამრს, - ეს არის ჩვენი ახალი მსახიობი, მე


რომ გეუბნებოდი, - მერე აბელს მიუბრუნდა, - ეს ჩემი სიმამრია, ჩემი ნანოს
მამა.

- სევერიანე, ჩემო ბატონო, - მკაფიოდ და დიდი ღირსებით თქვა ასლანის


სიმამრმა, ხელი გაუწოდა აბელს და, თუმცა მორჩილი ტანის გამო ქვემოდან
ზემოთ ახედა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ზემოდან ქვემოთ უყურებდა.

„ნუთუ პაპაჩემიც ასეთი იყო?“ - გაუელვა თავში აბელს, მაგრამ ამ აზრის


განვითარება ვეღარ მოახერხა, რადგან იმავ წამს ასლანმა ხმამაღლა გასძახა
ოთახში: - დედა!

ოთახიდან სიდედრი გამოვიდა და ასლანმა ახლა მას წარუდგინა აბელი.


სიდედრი მსუქანი ქალი იყო, ღაჟღაჟა, ჯანიანი, და ეტყობოდა, ქმარს რომ
მოინელებდა, მას შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. მან აკაპიწებული მაჯა
გამოუწოდა აბელს, რადგან ხელი სველი ჰქონდა.

მერე სიდედრი ისევ ოთახში შებრუნდა და სიმამრი ისევ მთავარსარდლის


პოზაში დადგა.

- სად იყავი? - ჰკითხა ასლანმა აბელს.

- ქალაქში გავიარე. აგერ, წიგნი ვიყიდე.

- რა წიგნი იყიდე? - ასლანმა წიგნი გამოართვა, დახედა, წამით გაკვირვებული


მზერა ესროლა აბელს, ისევ წიგნს მიუბრუნდა, გადაფურცლა, ჯერ ნელა, მერე
უფრო სწრაფად. ბოლოს დაუბრუნა. - რად გინდა?

აბელმა წიგნი გამოართვა.

- მჭირდება.
ასლანმა ქვედა ტუჩი ნიჩაბივით გამოიშვირა და დაფიქრებით გადაიქნია თავი.

- მე მაგის წამკითხველი არა ვარ, ძმაო. მერე, ამდენ ხანს ყიდულობდი?

- გედეონ რევია შემხვდა. ერთხანს ვიმუსაიფეთ.

- იმუსაიფეთ?! - ასლანის ხმაში აბელისათვის სრულიად გაუგებარი გაკვირვება


და კიდევ უფრო გაუგებარი აღტაცება გაისმა, - რას მელაპარაკები! - აქ თავი
გადაიქნია და დაუმატა: - კაცის მასხრად აგდება, იცოცხლე, მაგის ხელობაა,
მუსაიფი კი ვაგლახად რომ ვინმეს გაუბას.

ამ დროს ოთახიდან ასლანის სიდედრის ხმა მოისმა: - მოდით ახლა, წაიხემსეთ.

ამის გაგონებაზე ასლანი დაფაცურდა.

- არიქა, შევიდეთ, შევიდეთ. წავიხემსოთ ცოტა. ნაშუადღევს, ხომ იცი, ცალკე


კონფერენცია გვაქვს დანიშნული, - „კონფერენციაზე“ საჩვენებელი თითი და
წარბი მაღლა ასწია, მერე სიმამრს მიუბრუნდა, - შევიდეთ, მამა.

- გეახლები, - მკაფიოდ და ღირსებით მიუგო სიმამრმა და ასევე ღირსებით,


აუჩქარებლად დაიძრა სასადილო ოთახისაკენ.

- ამას წახემსება ჰქვია, ასლან? - ხმადაბლა ჰკითხა აბელმა, როცა ოთახში შევიდა
და დახუნძლულ მაგიდას გადახედა.

- ოჰ! აბა რა ჰქვია! - მიუგო ასლანმა.

სუფრასთან მხოლოდ უფროსები ისხდნენ. ნინიკო ჯერ არ დაბრუნებულიყო


სკოლიდან, პატარებს კი, ეტყობა, მოზრდილებთან ერთად არ სვამდნენ.

„წახემსება“ რომ წახემსებას დამსგავსებოდა, ასლანმა თქვა, ღვინომ შეტყუება


იცისო, და არაყი მოატანინა ნანოს. აბელმა ერთი ჭიქა დალია და მერე უარი
თქვა. ასლანს ძალა არ დაუტანებია. სიმამრმა კი ხაზგასმული სიდინჯით,
რომელიც რაღაცით მის ბოხოხს ჰგავდა, შენიშნა, ზედმეტი არაფერი არ ვარგა,
მაგრამ ასეთ წმინდა არაყს ყოველ ჭამაზე ორ-სამ ჭიქას თუ დალევ, შენს
სიცოცხლეში წამალი არ დაგჭირდებაო. ეს ისე თქვა, მსმენელებს რომ გაეგოთ,
თუ როგორი იყო მისი აზრი ამ საკითხზე, თორემ დაძალებთ არც იმას
დაუძალებია.

„წახემსებას“ რომ მორჩნენ, ქალებმა სუფრის ალაგებას მიჰყვეს ხელი, კაცები კი


აივანზე გავიდნენ. აბელს თავის ოთახში შესვლა და მარტო ყოფნა უნდოდა,
მაგრამ სევერიანემ ნარდის თამაში შესთავაზა და უარი ვერ უთხრა. სამაგიეროდ,
გულში გადაწყვიტა, ორ ხელს ვითამაშებ, მერე მოვუბოდიშებ და ავდგებიო.
მაგრამ განზრახვა განზრახვად დარჩა. სევერიანე სრულიად მოულოდნელად
აზარტული მოთამაშე გამოდგა. სიდინჯე და გამოზომილი მიხრა-მოხრა წყალს
გაატანა, მოწყვეტით ისროდა კამათლებს, ხელს მკერდზე იცემდა და ხმამაღლა
და მწყრალად ითხოვდა ღმერთისგან შაშებს. ასეთ დროს კაცის მიტოვება აბელს
ეუხერხულა. საბოლოოდ იქამდე ითამაშა, სანამ თვითონ სევერიანეს არ
მოსწყინდა. სევერიანემ თავაზიანად მოუბოდიშა, ახლა ვიკმაროთ და სხვა დროს
ვითამაშოთ კიდევ, თორემ ნამგზავრი ვარ და, ცოტა თუ არ დავისვენე, საღამოს
გამიჭირდებაო.

ნარდი დახურეს და აბელიც თავის ოთახში შევიდა, დე ბროილი აიღო და


სავარძელში ჩაჯდა. ჯერ სარჩევს გადახედა გულისყურით, მერე ალალბედზე
რამდენიმე ადგილას გადაფურცლა და ჩახედა, ბოლოს ის იყო, პირველ თავზე
გადაშალა და, როგორც რიგი და წესია, კითხვას შეუდგა, რომ კარზე მოაკაკუნეს.
ასლანი შემოვიდა და გააფრთხილა, უკვე მივრეკ-მოვრეკე, საცა საჭირო იყო, და
ერთ საათში ლუდხანაში წავალთო. ამის შემდეგ აბელმა კითხვას გული ვეღარ
დაუდო. რაკი დრო განსაზღვრული ჰქონდა, თვალი სულ საათისკენ გაურბოდა.
ამიტომ მალე საერთოდ დახურა წიგნი, მაგიდაზე მიაგდო და ბოლთის ცემა
დაიწყო.

დანიშნულ დროს ასლანთან ერთად მანქანაში ჩაჯდა და ლუდხანაში წავიდა.

„კონფერენციას“ აბელის ნაცნობებიდან ესწრებოდნენ თეატრის დირექტორი,


რომელმაც ერთი საათის შემდეგ გადაუდებელი საქმე მოიმიზეზა და წავიდა, და
მთავარი რეჟისორი რომან ადეიშვილი, რომელიც თამადად აირჩიეს. იგი
წყნარად, პათეტიკისა და ორიგინალობის გარეშე თამადობდა, მაგრამ
პირწმინდად კი მიჰყვებოდა საქმეს. უცნობებიდან სამი კაცი იყო: ორი
თავიდანვე უჯდა სუფრას, მესამე მერე მოვიდა. ერთი ამ სამთაგანი, თეატრის
სადადგმო ნაწილის გამგე, კაკო ორჯონიკიძე, ლოყებღაჟღაჟა, სქელკისერა,
დაკუნთული, მკერდგადმოვარდნილი და თავბრტყელა ჯეელი, აბელის გვერდით
მოხვდა და სადღეგრძელოებსა და სადღეგრძელოებს შორის გატაცებით
უამბობდა თავის თავგადასავალს. წინათ მოჭიდავე ყოფილიყო, თავისუფალი
სტილის მოჭიდავე, და ჩინებული პერსპექტივაც ჰქონოდა. ოთხჯერ მოეპოვებინა
ქალაქის ჩემპიონობა და ერთხელ საქართველოს პირველობაზე საპრიზო ადგილი
აეღო. მერე ბეჭი ამოეგდო და იძულებული გამხდარა ვარჯიში მიეტოვებინა.
გული არ გასტეხია. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხელოვნება იმთავითვე ნაყვარება
და სპორტიდან პირდაპირ თეატრში მისულა.

მეორე უცნობი იყო თეიმურაზ კილაძე, მსახიობი, ტანმორჩილი, მაგრამ კარგი


აგებულების ბიჭი, რომელსაც ისეთი ლამაზი სახე ჰქონდა, საპნის ეტიკეტიდან
გეგონებოდათ გადმოსული. ღვინოს არ სვამდა, თავიდანვე განაცხადა, ხომ იცით
ჩემი ამბავიო, და არც არავინ გამოდავებია, რის გამოც აბელმა ვერ გაიგო,
კერძოდ, რა იყო ეს „მისი ამბავი“. სამაგიეროდ, ჭამდა რაღაც გააფთრებული
სიხარბით. ის ლამაზი ლოყები სულ ერთთავად გამობერილი ჰქონდა. ასე ჭამდა,
ალბათ, მისი შორეული წინაპარი, რომელიმე პირველყოფილი თეიმურაზ კილაძე,
რომელიც ორი დღის ამაო წანწალის შემდეგ, დაქანცული, დამშეული და
გამწარებული, ბოლოს და ბოლოს, რაიმე საკბილოს მოინადირებდა.

მესამე უცნობი, ეტყობა, დაპატიჟებული არ ყოფილა. სადილი ერთი ნახევარი


საათის დაწყებული იქნებოდა, როცა რომან ადეიშვილმა თვალი მოჰკრა მას,
გაიცინა და ასლანს უთხრა: - აგერ, თუ არ მოგვაგნო მშვიდობის მაძიებელმა!

იმავ წუთს „მშვიდობის მაძიებელმა“ სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა მათ მაგიდას და,
რომ გასცდა, მაშინღა შეჩერდა და მოტრიალდა.
- კაცო, თქვენ რა სულ ქეიფში და დროსტარებაში ხართ?

- მოდი, მოდი, დაჯექი! - უთხრა ასლანმა.

- არა, დასაჯდომად სად მცალია, ერთ ნაცნობს ვეძებ.

- დაჯექი, დაჯექი! - გაუმეორა ასლანმა, - იმ ნაცნობს დღეს ვერ იპოვი.

- რატომ, კაცო? - გაუბედავად თქვა „მშვიდობის მაძიებელმა“, მაგრამ მაინც


მოვიდა მაგიდასთან და თავისუფალი სკამის უკან გაჩერდა.

- დაჯექი, რომ გეუბნებიან, მართლა არ გაგიშვათ ახლა ნაცნობების საძებნელად,


- ამჯერად რომან ადეიშვილმა მოიპატიჟა, - იმის მაგიერ აგერ ეს კაცი გაიცანი, -
აბელზე მიუთითა, - ჩვენი ახალი მსახიობია. - მერე აბელს მიმართა, - ვანო
როსტიაშვილი, კულტურის სახლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და
წამყვანი მსახიობი. თვითონ დგამს, თვითონ თამაშობს და ხელფასსაც თვითონ
უწერს თავის თავს.

- ოჰ, კაი, კაცო! - დაირცხვინა ვანო როსტიაშვილმა, აბელს ხელი ჩამოართვა,


დაჯდა და აქტიურად ჩაება კონფერენციის მუშაობაში. ჯარიმა დაუსხეს,
როგორც შემოსწრებულს, და დალია. კიდევ დაუსხეს და კიდევ დალია. მერე,
რაკი შეატყო, მეტს აღარ აჯარიმებდნენ, თვითონ დაიჯარიმა თავი, დაგეწევით
ბარემ, სალაპარაკო რომ აღარაფერი იყოსო, წყვილი ჭიქა დალია და, არათუ
დაეწია, ცოტათი გაუსწრო კიდეც დანარჩენებს. მალე ყინწი მოსწყდა და შუა
ქეიფიდან გაიპარა.

ბოლოს, როდესაც სუფრა კარგად მოაოხრეს, თამადამ საყოვლადწმინდო თქვა და


აიშალნენ. დანახარჯი ასლანმა გადაიხადა. არავინ შესცილებია და ჩვეულებრივი
გაქაჩ-გამოქაჩვა არ დაწყებულა.

რომან ადეიშვილიც შეზარხოშებული იყო, მაგრამ თავი ყოჩაღად ეჭირა. ენა არ


ეშლებოდა, ნაბიჯი არ ეშლებოდა, ისევ დალაგებულად ლაპარაკობდა და ისევ
შეუცდომლად მღეროდა. ასლანს ნაღვინევისა საერთოდ არაფერი ეტყობოდა.

სიმღერით გამოვიდნენ და ასლანის მანქანაში ჩასხდნენ.

ასლანმა აბელი გვერდით მოისვა, დანარჩენები უკან ჩასხა და ყველანი სახლებში


ჩამოარიგა. მანქანა ისე დაჯერებულად დაჰყავდა, თითქოს წვეთი ღვინო არ
ჰქონოდა დალეული.

ბოლოს თვითონაც დაბრუნდნენ შინ. უკვე ყველას ეძინა, ამიტომ ჩუმად,


ფეხაკრეფით ავიდნენ ზემოთ. გამოთხოვებისას ასლანმა უთხრა: - ა, ეს იყო
ჩვენი მუდმივი თავშესაყარი. გარეთ რომ მოირყევა ხანდახან მეგობრობა, იქ
ხელახლა მტკიცდება, - ამ სიტყვებით შეტრიალდა და თავისი საწოლი
ოთახისაკენ მიმავალმა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მაღლა ასწია. აბელი
მიხვდა, რომ ამ დროს მარჯვენა წარბიც აზიდული ექნებოდა.

აბელი თავის ოთახში შევიდა და შუქი აანთო. წიგნები ობლად ეწყო მაგიდაზე
და ფანჯრის რაფაზე. უეცრად კვლავ შემოაწვა სევდა, რომელიც უკვე
რამდენჯერმე ეწვია, რაც ამ ქალაქში ჩამოვიდა. დე ბროილი აიღო, გადაშალა და
კითხვა დაიწყო. სიტყვები და ასოები ჭინკებივით დახტოდნენ და ერთმანეთში
ირეოდნენ, ტვინს კი ირგვლივ ბარიკადები აღემართა და წაკითხულის აზრი
ამაოდ ცდილობდა ხვრელის მოძებნას და ბარიკადების მიღმა შეღწევას. წიგნი
ისევ დახურა, სხვა წიგნებთან დადო და საკუთარ თავზე გული მოუვიდა. როცა
გაძალებენ, მაშინ ნამუსის მოსაწმენდი რაღაც გამართლება მაინცა გაქვს, მაგრამ,
როცა არ გაძალებენ, რა ძალა გადგას, რომ სვამ, მით უმეტეს, მთელი დღის
განმავლობაში იმას ნატრობ, თავისუფალი დრო გამოძებნო და ახლად შეძენილი
წიგნის კითხვას შეუდგე. „არა, - გაიფიქრა აბელმა, - საცა მიხვალ, იქაური ქუდი
დაიხურეო, სულელური ანდაზაა და უნებისყოფო კაცის მოგონილი იქნება. მე აქ
ისე უნდა ვიცხოვრო, როგორიცაა ჩემი ცხოვრების წესი“.

ამ გადაწყვეტილებამ ერთბაშად დაამშვიდა. სიბრაზემ გაუარა, ტანთ გაიხადა,


დაწვა და მაშინვე დაეძინა.

თავი მეცხრე

- ერთი-ორ რეპეტიციას კიდევ გავივლით მაგიდასთან, - თქვა არიოსტო


ხოფერიამ, - თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ აგერ ახალი კაცი შემოგვემატა, -
აბელისკენ გამოიშვირა ხელი, - და მაგას ვცეთ პატივი. ინსტიტუტში კი ჰქონია
ნათამაშევი ტიბალტის როლი, მაგრამ ჩვენს ინტერპრეტაციაში რომ გაერკვეს და
ანსამბლში ჩაჯდეს, ერთი-ორი სარეპეტიციო წერტილი უნდა შევწიროთ. რა
გამოვა, არ ვიცი. თქვენც პირველად ხედავთ და მეც. რა ვუყოთ! ერთი ანდაზისა
არ იყოს, ისე გავჭიმოთ ფეხები, როგორც საბანი გაგვწვდება, - აქ საათზე
დაიხედა და მერე ტექნიკურ რეჟისორს მიუბრუნდა, - ვინ გვაკლია?

ტექნიკური რეჟისორი, მაღალი, ზორბა, მხარბეჭიანი, მამაკაცური აგებულების


ქალი, რომელსაც მკაცრი და უტყვი სახე, მოუხეშავი მიმოხრა და ბოხი ხმა
ჰქონდა, სწრაფად წამოდგა და უპასუხა: - მერი გვაკლია და კოლია.

- კარგი, - თქვა არიოსტომ და, როცა ტექნიკური რეჟისორი თავის ადგილას


დაჯდა, განაგრძო, - ორმოცდამეცამეტე სპექტაკლს ვდგამ და ჯერ არ მახსოვს,
ჩემს გემოზე გამენაწილებინოს როლები. სულ კომპრომისებზე მიხდება წასვლა.
ეს პიესა შედარებით კარგად გავანაწილე, იმ ჩემი ცოდვით სავსე უკლებას რომ
მაინცდამაინც ახლა არ მონდომოდა ბანკის გატეხა. კიდევ მადლობა ღმერთს, ამ
კაცმა სულზე მოგვისწრო. რაც უნდა იყოს, ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. კი
ვიცი მე, - ირონიულად ჩაიცინა არიოსტომ, - რას ასწავლიან იმ ინსტიტუტში,
მაგრამ პროფესიონალი მაინც პროფესიონალია. ეს რომ არ ჩამოსულიყო, იქნება
ტიბალტის როლი კაკო ორჯონიკიძისთვის დაგვრჩენოდა მისაცემი.

ამაზე ყველას გაეცინა. არიოსტომ თვითონაც გაიცინა თავშეკავებით და ის იყო,


ლაპარაკი უნდა გაეგრძელებინა, რომ კარი გაიღო და მერი შემოვიდა.

- ბოდიშს ვიხდი, ბატონო არიოსტო, ცოტა შემაგვიანდა...

მერის კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ არიოსტომ შეაწყვეტინა: - მოდი, მოდი,
მერი, გენაცვალე, დაჯექი.
- გამარჯობათ, - ყველას მიესალმა მერი, მერე აბელი შენიშნა, გაუღიმა, ძველი
ნაცნობივით მოუჭუტა თვალები და გვერდში მოუჯდა, - შეუდექით უკვე
მოღვაწეობას? - ჰკითხა ჩურჩულით.

- საცაა შევუდგები, - ჩურჩულითვე უპასუხა აბელმა.

არიოსტო ხოფერია თავის წეღანდელ ხუმრობას მიუბრუნდა: - რაღაი კაკო


ორჯონიკიძეს გადავრჩით, მომავალს იმედის თვალით უნდა შევხედოთ.

ამ დროს კარი გაიღო და მეორე დაგვიანებული, როგორც ჩანს, კოლია, შემოვიდა.


ეს იყო ორმოცდაათ წელს მიტანებული კაცი, ავადმყოფურად ყვითელი,
გამხდარი, უკან გადავარცხნილი, გადაგლესილი თმით, მაღალი, კეხიანი
ცხვირითა და ზღარბის ეკლებივით წამოჯაგრული შავი ულვაშებით.

- შეიძლება? - იკითხა კარშივე, - ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ...

- კოლია, გენაცვალე, - წყნარად შეაწყვეტინა არიოსტომ, - წინასწარ


გაგვაფრთხილე, როდის გცალია, და იმ დროს დავნიშნავთ რეპეტიციას, - და
უცებ დაიქუხა: - რომელი საათია ახლა?!

აბელს არიოსტოს მოულოდნელი გააფთრება გაუკვირდა და ცალი თვალით


მერის გახედა. კოლიამ კი მხრები აიჩეჩა, ყვითელ სახეზე წყენა დაეტყო და
თქვა: - რა იყო, მე მაინც არა ვარ პირველ სურათში.

ამაზე არიოსტო სულ გადაირია.

- არ ვიწყებ მე პირველი სურათით!

- ნუ დაიწყებ, - ხმას დაუწია კოლიამ ყოველი შემთხვევისათვის, - რა გაყვირებს


მერე...

- რა ნამუსით მელაპარაკებიან შემოქმედებაზე ასეთ ვითარებაში! - ჩავარდნილი,


საწყალობელი ხმით თქვა არიოსტომ. მერე ტექნიკურ რეჟისორს მიუბრუნდა და
ისევ იქუხა: - დაწერ მოხსენებით ბარათს და მიართმევ დირექტორს!

კოლიამ კიდევ რაღაც წაიბურტყუნა, რამდენადაც აბელმა გაარჩია, წერე და


იკითხეო, მერე ერთ-ერთ მსახიობს თვალი ჩაუკრა, ისე რომ არიოსტოს არ
შეემჩნია, და მაგიდას მიუჯდა.

არიოსტომ ხელები მკერდზე დაიკრიბა. ფანჯრიდან ქალაქს გახედა და


რამდენიმე წამს ასე იყო გაშეშებული. მერე ფანჯარას ისევ მოაშორა თვალი და
ხელებიც ჩამოსწია.

- დავიწყოთ, - თქვა ისეთი მშვიდი კილოთი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

- საიდან დავიწყოთ? - ჰკითხა ტექნიკურმა რეჟისორმა.

- თავიდან, - იმავე კილოთი მიუგო არიოსტომ.

- არ ვიწყებ პირველი სურათიდანო... - ნიშნის მოგებით ჩაიბურტყუნა კოლიამ.


- კოლია, - ავის მომასწავებლად წყნარი ხმით უთხრა არიოსტომ, - რეპეტიციას
ჩავშლი იცოდე და ძვირად დაგიჯდება შენ ეს ამბავი!

მოხუცმა ქალმა, რომელიც გვერდით უჯდა, სახელოში წაავლო ხელი კოლიას,


დაბლა დაქაჩა და მწყრალი ჩურჩულით უთხრა: - გაჩუმდი, ბიჭო, და დააჭირე
ენას კბილი!

- რას მერჩის აბა, დაბალი ღობე მნახა?! - მწყრალი ჩურჩულითვე მიუგო კოლიამ
და გაჩუმდა.

არიოსტომ ერთხანს შეიცადა, რათა დაედგინა, კოლია კიდევ აპირებდა


ჭინჭყლობას თუ საბოლოოდ დაწყნარდა, და რაკი დარწმუნდა, საბოლოოდ
დაწყნარდაო, ერთხელაც თქვა: - დავიწყოთ! - აქ აბელს მიუბრუნდა, - შენ,
გენაცვალე, ეს როლი რომ ინსტიტუტში ითამაშე, მაგ ამბავი კარგი ნუ გგონია.
აქ ინსტიტუტი არაა. აქ თეატრია. ამიტომ, პირველ რიგში, რაც იქ გასწავლეს,
ყველაფერი ამოიგდე თავიდან.

- ტექსტიც? - აბელი ცოტა გაღიზიანებული იყო, თუმცა თავადაც არ ესმოდა


კარგად, კერძოდ, რა აღიზიანებდა.

მაგრამ არიოსტო ირონიას ვერ მიუხვდა: - ტექსტი არა, კაცო. ტექსტი


შექსპირისაა. რაც რეჟისორმა გირჩია, ის დაივიწყე, რაც შექსპირისაა, იმას ნუ
დაივიწყებ, - და მესამედ თქვა: - დავიწყოთ.

ბოლოს და ბოლოს, რეპეტიცია მართლა დაიწყო და, რაკი ერთი დაიწყო,


შეუფერხებლად გავიდა ბოლოში. მაგრამ აბელი გრძნობდა, რომ დღეს იქნებოდა
თუ ხვალ, არიოსტო ხოფერიასთან შეტაკებას ვერ ასცდებოდა. საქმე მარტო ის
ფამილარული ტონი და აგდებული დამოკიდებულება კი არ იყო, რომელიც
არიოსტომ თავიდანვე აირჩია მასთან ურთიერთობაში და მერე რაღაც ჯიუტი,
თითქოს მიზანდასახული ერთგულებით მისდევდა. გაღიზიანებით, რა თქმა
უნდა, ესეც აღიზიანებდა, მაგრამ თვითონვე ატყობდა, რომ ეს ზერელე,
არასერიოზული წვრილმანებით გაღიზიანება იყო და, როგორც კი არიოსტოს
შემოტევას რაიმე შეფარულ ირონიას დაუპირისპირებდა, მაშინვე ქრებოდა.
მთავარი სხვა იყო. ტიბალტის როლი ძალიან უყვარდა. მართალია,
სტუდენტობაში ნათამაშევ ტიბალტს ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა, მაგრამ
უმთავრესი, მისი ღრმა რწმენით, კარგად იყო გაკეთებული და მისი დარღვევა
აღარ შეიძლებოდა და სწორედ იმიტომ, რომ უმთავრესი გაკეთებული იყო,
უნდოდა კიდევ ერთხელ ეთამაშა ეს როლი, რათა ისიც ბოლომდე გაეკეთებინა,
რაზედაც გული ეთანაღრებოდა. მაგრამ ამას სხვა რეჟისორი სჭირდებოდა და
არა არიოსტოსთანა გაუგებრად ჭირვეული, ხელმოცარულის განწირული
თავდაჯერებით შეპყრობილი კაცი, რომელიც ხელაღებით უარყოფდა ყველაფერს,
ისე, რომ თავსაც არ იწუხებდა გაეგო, თუ რა იყო ის, რასაც უარყოფდა.

მაგრამ პირველმა რეპეტიციამ მშვიდობიანად ჩაიარა. უფრო მეტიც: რეპეტიცია


რომ დამთავრდა, არიოსტომ ბეჭზე ხელი მოუთათუნა აბელს და უთხრა: -
ვიმუშავებთ ჩვენ ერთად და ვაჩვენებთ ზოგიერთ გუდაფშუტა შარახვეტიას, რა
არის სპექტაკლი.
აბელი ვერ მიხვდა, რითი მოიგო არიოსტოს გული, რაც შეეხება „გუდაფშუტა
შარახვეტიას“, თუ გუმანი არ ღალატობდა, ეს ნატიფი დახასიათება რომან
ადეიშვილის მისამართით უნდა ყოფილიყო ნათქვამი.

საერთოდ, იმდღევანდელი რეპეტიცია ცოტა ფორმალური ხასიათისა იყო. ეტყობა,


მაგიდასთან მუშაობა მოყირჭებული ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, აბელმა მაინც
შეამჩნია, რომ მერი, როგორც ჩანს, უკეთ ითამაშებდა ჯულიეტას, ვიდრე გუშინ
მოეჩვენა, როცა პირველად ნახა თეატრის ფოიეში. მისი ჯულიეტა ბავშვი იყო,
რომელსაც სქესის სიმძაფრე ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული.
მისთვის სიყვარული სიყვარულობანას თამაში იყო, ხოლო რომეო - ცისფერი
ოცნების პარტნიორი. მოგვიანებით, როდესაც ბუნებამ გაიღვიძა და სხეულში
ქალი აწრიალდა, სიყვარულობანას თამაში ერთბაშად სიყვარულად იქცა. ამ
მოულოდნელი აღმოჩენის პირას ჯულიეტა წამით სახტად დარჩა, მერე კი
უკანმოუხედავად გადაეშვა თავდავიწყების მორევში. თეიმურაზ კილაძის რომეო,
ალბათ, ყალბი და უსახური გამოვიდოდა, როგორც თვითონ იყო კოპწია
გარეგნულად, ასე კოპწია რომეოს თამაშობდა, უფრო სწორად, კი არ თამაშობდა,
კეკლუცობდა და თავს იწონებდა, როგორც დრამწრეების პრემიერებმა იციან.
არიოსტო ხოფერიას არც მისთვის მიუცია რაიმე შენიშვნა. საერთოდ, თითქმის
მთელი რეპეტიციის განმავლობაში ჩუმად იჯდა, ეს იყო მხოლოდ, რამდენიმე
ეპიზოდის გამეორება მოითხოვა. მერე რეპეტიცია დამთავრებულად გამოაცხადა
და წავიდა.

ყველანი აიშალნენ. როდესაც მერიმ გასასვლელს მიაღწია, მას თეიმურაზ კილაძე


წამოეწია, მკლავში ხელი მოჰკიდა და რაღაც უთხრა. თან მავედრებელი, ცოტა
შესაბრალისი მზერა მიაპყრო. მერიმ ნახევრად დამცინავად, ნახევრად ზიზღით
შეხედა, რაღაც უთხრა მოკლედ და მოკვეთით და ოთახიდან გავიდა. თეიმურაზ
კილაძის სახეზე მავედრებელი გამომეტყველება წაიშალა და მხოლოდ
შესაბრალისი გამომეტყველება დარჩა. მერე თავი ჩაჰკიდა და ისიც გავიდა ნელი,
მძიმე ნაბიჯით.

აბელი არ ჩქარობდა. ყველანი გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა.


ოთახში დარჩა მაღალი, ბრგე, მხარბეჭიანი ტექნიკური რეჟისორი. მას წინ
სუფთა ფურცელი ედო, ხელში კალმისტარი ეჭირა და დაფიქრებული სახით
შესცქეროდა ჭერს. ალბათ, მუზას თუ ელოდა ყვითელი კოლიას თემაზე.

აბელმა გასახდელში შეიარა, ქურთუკი ჩაიცვა და თეატრიდან გავიდა. ეზოში


მერი იდგა და ვიღაც ახალგაზრდა ქალს ელაპარაკებოდა. მერის ყვითელი
ზამშის გრძელი პალტო ეცვა, თავზეც ყვითელი ბერეტი ეხურა, რომლის ქვეშ
მხრებზე დაფენილი სწორი, შავი თმა მკაფიო და თვალში საცემი იყო. აბელს
მერი ახლა უფრო ლამაზი ეჩვენა; ყოველ შემთხვევაში, ყვითელი, სწორი პალტო,
ყვითელი ბერეტი და შავი თმა, რომელიც ნაწილობრივ ღაწვებსაც უფარავდა,
ისეთ ეფექტს ქმნიდა, რომ გაიძულებდა, ყურადღება მიგექცია. ქალებს რომ
ჩაუარა და გასცდა, მერიმ მოაძახა: - აბელ!

აბელი შეჩერდა და მიხედა.

- დამიცადეთ, მეც მანდეთ მოვდივარ, - იმ ახალგაზრდა ქალს სხაპასხუპით


რაღაც უთხრა, სასწრაფოდ დაემშვიდობა, უკვე შენობაში შემავალს მიაძახა,
საღამოს დაგირეკავო, ღიმილით წამოეწია აბელს და შინაურულად, როგორც
ძველ ნაცნობს, ხელი მკლავში გამოსდო. აბელს წამით თბილი, ნათესაური
გრძნობა გაუჩნდა.

- ხომ არ შეგაშინათ არიოსტომ? - ღიმილით ჰკითხა მერიმ. იგი ნელა


ლაპარაკობდა თავისი ბავშვური ხმით და გაცილებით უფრო ახალგაზრდა ჩანდა,
ვიდრე გუშინ, თეატრის ფოიეში, როდესაც ასლანისა და რომან ადეიშვილის შუა
იჯდა.

- შემაშინა, აბა, რა ქნა! - მიუგო აბელმა, - ყოველგვარი საკუთარი აზრი


ჩამომართვა, როგორც პატიმარს ქამარს ჩამოართმევენ. თქვენც ასე გექცევათ, თუ
მე უბრალოდ იოლად ხელწამოსაკრავი ვგონივარ?

- ჩვენ შეჩვეულები ვართ. თქვენც შეეჩვევით.

აბელმა თავი გაიქნია.

- ვერ შევეჩვევი. თვალდახუჭული არიოსტო ხოფერიას კი არა, მამა ღმერთს ვერ


გავყვები.

- ხასიათსა ვართ შეჩვეული, თორემ თვალდახუჭული არც ჩვენ მივყვებით, -


გაიცინა მერიმ, - არის ერთი იოლი გზა, რომლითაც მორჩილებასაც აირიდებთ
და კონფლიქტსაც.

- არიქა, მასწავლეთ!

- გასწავლით. გააკეთეთ თქვენებურად, ოღონდ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ


მისებურად აკეთებთ. „ბატონო არიოსტო, თქვენ რომ ამას წინათ ჩინებული იდეა
მომაწოდეთ...“ „როგორ გამომადგა თქვენი გუშინდელი რჩევა, ბატონო
არიოსტო...“ „რამდენად ღრმა და ეფექტურია, ბატონო არიოსტო, თქვენეული
ინტერპრეტაცია...“ არიოსტოც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მისი კარნახით
კეთდება.

აბელმა უსმინა, უსმინა, მერე ერთბაშად მიხვდა, რომ ასე ვერ მოიქცეოდა და
გაეცინა.

- ხომ იოლია? - ჰკითხა მერიმ და პასუხს არ დალოდებია, ისე გადავიდა სხვა


თემაზე, - მასპინძლებს როგორ შეეგუეთ?

- რომელ მასპინძლებს, ა, ასლანს? შევეგუე, როგორც შეიძლება შეეგუოს სტუმარი,


რომელსაც დაბეჯითებით სთხოვენ, შინაურულად იგრძნოს თავი.

მერიმ ცერად გამოხედა. სახეზე ცოტა ეშმაკური ღიმილი ეხატა.

- გორდაძეების ძვირი თუ გინდათ თქვათ, ჩემთან ნუ იტყვით. ჩემი ნათესავები


არიან.

- მართლა?

- კი. ნანოს მამა დედაჩემის ბიძაშვილია.


- ბატონი სევერიანე?

- ბატონი სევერიანე, - მერიმ მარცხენა ხელი ასწია და ქუჩის გადაღმა მხარეს


მეგობრული ჟესტით მიესალმა ვიღაც კარგად ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს.

იმ კაცმა პასუხად შლაპა მოიხადა და მდაბლად დაუკრა თავი. აბელმა თვალი


გააყოლა და, როცა კაცმა შლაპა ისევ დაიხურა, მერის ჰკითხა: - რატომ თქვენ
არაფერი გითხრათ არიოსტომ? მე მგონია, თქვენი ჯავრიც იმ საწყალ კოლიაზე
იყარა.

მერის წამით გაუგებარმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მერე მხრები აიჩეჩა.

- რა ვიცი. არიოსტოს ჰკითხეთ. თავის საქციელს თვითონ უკეთ ახსნის.

ამასობაში გზის გასაყარს მიადგნენ და აბელი შეჩერდა, თუმცა ორივე მათგანის


სახლი მარცხნივ იყო.

- შინ არ მიდიხართ? - შეჩერდა მერიც.

- არა. პატარა საქმე მაქვს ქალაქში. მართლა, ხომ არ იცით, სად ცხოვრობდა
ძველი ტიბალტი?

- უკლება? - მერის ხმაში სულ ოდნავ შეერია აგდებული კილო, - რად გინდათ?

- არაფრად. ისე, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ვეცნობი.

მერიმ გაიცინა.

- ქვემოთ ცხოვრობდა, მდინარის პირას.

- ეგ ვიცი. ზუსტად მინდოდა გამეგო.

- წამოდით, აგერ იმ ბექობიდან უნდა ჩანდეს.

აღმართში ავიდნენ. აქედან ფერდობი ციცაბოდ ეშვებოდა და ქვემოთ მართლა


ყველაფერი ჩანდა.

- აგერ, - უთხრა მერიმ, - აქეთ, მდინარის მუხლს ხომ ხედავთ? გამოჰყევით


ოდნავ ჩვენკენ. სულ ცალკე რომ სახლი დგას, მდინარესთან ყველაზე ახლოს...

- მონაცრისფრო?

- ჰო. ეგ არის, - აქ მერიმ აბელს შეხედა და ცოტა ირონიულად, ცოტა თითქოს


გამომწვევადაც ჩაიცინა, - ექსკურსიაზე წასვლას არ გირჩევთ, მანდ ისეთი
მემკვიდრე დატოვა უკლებამ, რომ ცნობისმოყვარე მნახველებს ახლოს არ
იკარებს.

აბელმა ცოტა ხანს უყურა იმ სახლს. მერე ორივენი ჩამოვიდნენ ბექობიდან.

მერი გამოეთხოვა და წავიდა.

აბელმა თვალი გააყოლა. მერე შეტრიალდა და ქვემოთ, დაღმართში მიმავალ


ქუჩას დაუყვა. გზად მაღაზიაში შეიარა, ცოტაოდენი ძეხვი და პური იყიდა.
ბოლოს ერთ გზაჯვარედინს მიადგა. გზაჯვარედინი პატარა იყო და ოთხსავე
მხარეს ვიწრო, ჭუჭყიანი ქუჩები მიემართებოდა. მცირე ყოყმანის შემდეგ
მარცხნივ გაუხვია, იმ ქუჩას დაადგა, რომელიც, მისი ვარაუდით, მედუქნეებისა
და ხელოსნების უბანში მიიყვანდა. მთლად დარწმუნებული არ იყო, რომ სწორი
გზით მიდიოდა, მაგრამ ალღომ არ უმტყუნა, მალე მართლა გამოჩნდა ის
ნაცნობი ვიწრო, ქვაფენილი ქუჩა.

ძველ უბანში ყველაფერი ძველებურად იყო: იგივე სუნი, რომელიც ათასი სხვა
სუნისგან შედგებოდა, ჭუჭყიანი ტროტუარები, რომლებიც თითქოს მორცხვად
ცდილობდნენ კედლისკენ მიკუნჭულიყვნენ და, რაც შეიძლება, მცირე ადგილი
დაეჭირათ, კარღია დუქნები და სახელოსნოები, ჰაერში გამოკიდებული
რიკულებიანი აივნები და ჭრელი ხალხის ჭრელი ყაყანი.

აბელმა მაშინდელივით იგრძნო გაუგებარი და საამო აფორიაქება და ნელი


ნაბიჯით დაუყვა ქუჩას. ზოგი ვინმე, ვინც ამას წინათ ნახა, იცნო. მეწაღე იცნო,
დალაქი და პატარა, დაკუნთული ბიჭი, რომელიც რიტმული მოძრაობით
ამუშავებდა საბერველს.

ქუჩის ბოლოში წამით შეჩერდა. გზა მარჯვნივ მიდიოდა. აბელმა იცოდა, რომ,
თუ ამ გზას დაადგებოდა, ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე ქუჩა შეხვდებოდა,
რომლებიც ქვემოთ, მდინარისკენ ეშვებოდნენ, და შეეძლო, რომელიც უნდოდა,
ის აერჩია. თავდაპირველად ასეც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ახლა უეცრად
გადაიფიქრა და ვიწრო ბილიკს დაადგა. ამ ბილიკით გზა ერთიორად
მოკლდებოდა, თუმცა სავალი გვარიანად ძნელი იყო.

მალე ბილიკი ჩაათავა, ჩაივაკა, დასახლებულ ადგილას გავიდა, კერძო სახლებს


შორის პაწაწკინტელა, მოკირწყლული ქუჩებით იარა და ბოლოს გზატკეცილს
მიადგა. აქ ქალაქი თავდებოდა. გზატკეცილს გადაღმა, ბალახით დაფარულ
მიწის ვიწრო ზოლს იქით, დინჯად, მდორედ მიუყვებოდა განიერი მდინარე
თავის კალაპოტს.

აბელმა გზატკეცილი გადაჭრა, მდინარის პირას მივიდა, შემოტრიალდა, ზურგით


დადგა მდინარისკენ და ქალაქს დააკვირდა. მთავარი ქალაქი ზემოთ, პლატოზე
იყო გაშენებული. გზატკეცილის პირას, ფერდობზე, ეტყობა, ძველი ქალაქის
ნაწილი დარჩა, რომელიც, რაც დრო გავიდოდა, კიდევ უფრო დაძველდებოდა,
თანდათან მოსწყდებოდა ახალ ქალაქს და გაუკაცურდებოდა. დღესდღეობით,
როგორც ჩანდა, მაცხოვრებლები ჯერ კიდევ ებღაუჭებოდნენ მამაპაპეულ
სამკვიდრებელს.

აბელმა მალე შეამჩნია განცალკევებით მდგარი, დასახლებისგან გამოყოფილი


მონაცრისფრო სახლი და იქით გაეშურა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო
მკაფიოდ ჩანდა, რომ სახლი ნახევრად დანგრეული იყო. ეზო არ ჰქონდა და არც
არავითარი ნიშანი ეტყობოდა, რომ ოდესმე ჰქონოდა. ჩანაფიქრის მიხედვით,
სახლი სართულნახევრიანი უნდა ყოფილიყო. ქვემოთ ნახევრად სარდაფი და
ზემოთ - საცხოვრებელი სართული. წინ, მდინარის მხარეს, აივანი ჰქონდა. უფრო
სწორად, ეს იყო აივნის ჩონჩხი, რომელზედაც მერე სახელდახელოდ დაეყარათ
გაურანდავი ფიცრები.
სწორედ ამ აივანზე იწვა ძაღლი.

აბელი გზატკეცილის ნაპირს მიუყვებოდა. სახლს რომ გაუსწორდა, შეჩერდა.


ჩალისფერი, ბომბორა ძაღლი აივანზე იწვა, დიდი თავი წინ გამოშვერილ
თათებზე ედო და თვალები დაეხუჭა. ისეთი პოზა ჰქონდა, ვერ იტყოდით,
ისვენებდა თუ გადარაჯებული იყო.

აბელი გზატკეცილიდან გადმოვიდა და ნელი ნაბიჯით გაემართა სახლისაკენ.


მართალია, ღობე არ იყო, მაგრამ ეჭვი არაა, იქნებოდა რაღაც უხილავი მიჯნა,
ფრონტის ხაზი, რომლის იქით ყოველ უცხო კაცს საკუთარი სუნი ძაღლის
თვალში ავტომატურად აქცევდა მტრად.

ძაღლი გაუნძრევლად იწვა. აბელს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მან კარგა ხანია
იკრა სუნი, მაგრამ ამ სუნს ჯერჯერობით არ ჰქონდა ის სიმძაფრე, რომ მისი
მყუდროება დაერღვია. აბელი ნელა, მშვიდად მიიწევდა წინ და ცდილობდა არ
ეფიქრა ჯოხზე, ქვაზე ან თავდაცვის სხვა რაიმე საშუალებაზე. ასეთი ფიქრი მის
სუნს ვადაზე ადრე გაამძაფრებდა და ფრონტის ხაზს უფრო აქეთ გადმოსწევდა.

როდესაც სახლამდე მანძილი ოც-ოცდახუთ მეტრამდე შემცირდა, ძაღლმა


ზანტად გაახილა ცალი თვალი და შემოხედა. თვალი პირდაპირ აბელისკენ იყო
მომართული, ამიტომ ძაღლი არ შერხეულა, მხოლოდ ქუთუთო ასწია და ფარანი
პირდაპირ სახეში შემოანათა. ეტყობა, სახიფათო ჯერჯერობით ვერაფერი შენიშნა,
რადგან თვალი წამსვე ისევ დახუჭა, და აბელმაც მშვიდად განაგრძო გზა. მაგრამ
კიდევ რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა, ძაღლმა ხელახლა გაახილა თვალი,
ამჯერად უფრო დიდხანს უყურა ცივი ყურადღებით და ბოლოს ხმადაბლა,
უხალისოდ, მაგრამ გამაფრთხილებლად დაიღრინა. აბელი შედგა. ძაღლმა
ერთხანს კიდევ უყურა ეჭვითა და მოლოდინით, ბოლოს, რაკი დარწმუნდა,
მოწინააღმდეგე უფრო ახლოს მისვლას არ აპირებდა, დამშვიდდა და თვალი
ისევ დახუჭა. მაშინ აბელი იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ხელები ჯვარედინად დაიკრიბა
მკერდზე და ძაღლს მიაჩერდა. რამდენიმე წუთს ასე იყვნენ: ძაღლი
გაუნძრევლად იწვა აივანზე, აბელი გაუნძრევლად იჯდა ქვაზე. ბოლოს და
ბოლოს უცხო კაცის სუნმა და დაჟინებულმა მზერამ ძაღლი ცოტათი შეაშფოთა.
შეინძრა, თავი ოდნავ ასწია, ახლა უკვე ორივე თვალით შემოხედა და, თავისი
მზადყოფნა რომ ეგრძნობინებინა, ყურები დაცქვიტა. აბელს ეს
გამაფრთხილებელი ზომები აინუნშიაც არ ჩაუგდია. იჯდა მშვიდად და
მისჩერებოდა. ამან ძაღლი დააბნია. აბელის გამომწვევი მზერა აფორიაქებდა,
მაგრამ მოწინააღმდეგის სუნი - მთავარი გამაღიზიანებელი - ისეთი ძალით არ
აწვებოდა თავდასხმის ბერკეტს, რომ აქტიური მოქმედება გამოეწვია. არადა, სხვა
რა ეღონა, არ იცოდა. ახლა ისა და მისი უცნაური მოწინააღმდეგე, თუკი
მოწინააღმდეგე შეიძლება ეწოდოს მოწინააღმდეგეს, რომელიც ფრონტის ხაზს
აქეთ არ გადმოდის, თვალებში მისჩერებოდნენ ერთმანეთს. ძაღლისთვის ეს
მძიმე ბრძოლა იყო და დიდხანს ვერ გაუძლო. ზანტად წამოდგა, წინა თათები
მაგრად დააჭირა იატაკს, გაიზმორა და აივნის მეორე ბოლოსკენ წავიდა. არხეინი
ნაბიჯით მიდიოდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს მოწინააღმდეგეს არაფრად
აგდებდა, მაგრამ აბელს მისი მიამიტური ეშმაკობა არ გამოჰპარვია, მშვენივრად
ამჩნევდა, რომ ცალი თვალი ერთთავად მისკენ ეჭირა. ძაღლმა ერთი-ორჯერ ასე
გაიარ-გამოიარა აივანზე. მაშინ აბელმა, თუმცა დარწმუნებული არ იყო რომ
სწორად იქცეოდა, ხმადაბლა დაუწრუპუნა. ძაღლი ერთბაშად, მკვეთრად
შემოტრიალდა, დაიძაბა, სხეულზე კუნთები მკაფიოდ დააჩნდა და შემოუღრინა.
ეს წეღანდელ ღრენას არ ჰგავდა. ამჯერად ძაღლმა გააფთრებული სახე მიიღო,
გრძელი, წვეტიანი კბილები გადმოყარა და სრული საბრძოლო მზადყოფნა
გამოაცხადა იმის მოლოდინში, რომ მოწინააღმდეგე კვლავ დაუწრუპუნებდა და
ამით საბოლოოდ უბიძგებდა თავდასხმისაკენ. მაგრამ აბელს არც უფიქრია
სახიფათო ექსპერიმენტის გამეორება. მაშინ ძაღლმა თანდათან უკლო ღრენას.
ბოლოს გაჩუმდა და იმედგაცრუებულმა ბოლთის ცემა განაგრძო. აბელმა ძეხვს
ქაღალდი შემოაცალა, პური მოიტეხა და სადილობას შეუდგა. ძაღლი გაშტერდა.
ეტყობა, ასეთი უნამუსობა არასოდეს ენახა და არც ასეთი მდაბალი და ვერაგი
მეტოქე შეხვედროდა აქამდე. ერთხანს მონუსხული და ყურებდაცქვეტილი
მისჩერებოდა აბელს, მერე ყურები ნელა დაუშვა. ცოტა ხნის შემდეგ თავი
გვერდზე გადასწია და ასე უყურა, მაგრამ ეს ცნობისმოყვარე პოზა ეუხერხულა.
მოწინააღმდეგე კი იჯდა თავისთვის და მადიანად ილუკმებოდა. მაშინ თავს
ძალა დაატანა, შეტრიალდა და ფეხათრევით შევიდა სახლში.

აბელმა იცოდა, რომ ძაღლი უთვალთვალებდა, და რამდენიმე წუთს დაელოდა.


რაკი აღარ გამოჩნდა, წამოდგა, ძეხვი და პური იმ ქვაზე დადო, რომელზედაც
იჯდა, და უკან გამობრუნდა. ორიოდე ნაბიჯი რომ გამოიარა, მიიხედა. ძაღლი
აივანზე იდგა და უყურებდა. აბელის მოხედვაზე ყურები დაცქვიტა და
საბრძოლო პოზა მიიღო. აბელმა გაიცინა, შეტრიალდა და შინ წავიდა.

მეორე დღეს რომ მივიდა, ძეხვი და პური ხელუხლებელი დახვდა. ისევ ისე
იდო ქვაზე, როგორც დატოვა. ძაღლს ამჯერად მაინცდამაინც აღარ გაჰკვირვებია
მისი დანახვა. არც რაიმე მტრული განზრახვა გამოუმჟღავნებია. თავისთვის იწვა
აივანზე, თუმცა ერთთავად მხედველობის არეში კი ჰყავდა. აბელი გუშინდელზე
დიდხანს დარჩა. ბოლოს ქვაზე ძეხვის ახალი ულუფა დატოვა და წავიდა.

ამჯერად ძაღლს ცთუნებისთვის ვეღარ გაეძლო. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ


ვიზიტზე აბელს ძეხვი აღარ დახვედრია. ძაღლიც უფრო მშვიდი და, როგორც
აბელს მოეჩვენა, ლმობიერი თვალით უყურებდა. მაშინ აბელი ძველ საზღვარს
გადასცდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა სახლს. ძაღლი წამოხტა, წინა თათებით
აივნის იატაკს მყარად დაეყრდნო და თავი წინ წამოსწია. ღრენით აღარ
იღრინებოდა, მაგრამ აბელის ყოველ ნაბიჯს ფხიზლად და შეშფოთებით
აკვირდებოდა. აბელი თავადაც ფრთხილობდა, რომ ზედმეტი არ მოსვლოდა.
ხუთიოდე მეტრით მიუახლოვდა სახლს და რა შენიშნა, ძაღლის შეშფოთება
თანდათან იზრდებოდა, შეჩერდა. ახლა აქ დაუტოვა ძეხვი.

ერთი კვირის შემდეგ ძაღლმა აბელის გამოჩენაზე პირველად შეარხია კუდი.


მართალია, გაუბედავად შეარხია და, თითქოს თავისი საქციელის შერცხვაო,
სასწრაფოდ გააჩერა, მაგრამ თავი უკვე გასცა. კიდევ რამდენიმე დღეც და,
სტუმარ-მასპინძელი, ერთმანეთის გვერდით მეგობრულად მოკალათებულნი,
ერთად შეექცეოდნენ იაფფასიან, უგემურ ძეხვს.

ამასობაში აბელმა ძაღლის სახელიც გაიგო. სახელის დადგენა ძნელი არ იყო,


თეატრში ალბათ ბევრს ეცოდინებოდა, მაგრამ აბელი ფრთხილობდა, არ
უნდოდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოეწვია, მით უმეტეს, რომ უკლებას
ირგვლივ ატეხილი ხმაური და მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ არ ჩამცხრალიყო.
ძაღლის სახელი თეიმურაზ კილაძეს დასტყუა. ერთ დღეს ორჯერ მოაწევინა
სიგარეტი (ეს არ იყო მთლად ჩვეულებრივი ამბავი. თეიმურაზ კილაძე სიგარეტს
არასოდეს ყიდულობდა, მუდამ სხვას სთხოვდა, ხან შოულობდა, ხან ვერა. თუ
მისცემდნენ, ამადლიდნენ და მორალს უკითხავდნენ, თუ არ მისცემდნენ, ადრე
რომ მისცეს, იმას ამადლიდნენ და მორალს მაინც უკითხავდნენ. ასეთ
ვითარებაში აბელის საქციელი სერიოზულ გულუხვობად ჩანდა. ორჯერ
მოაწევინა სიგარეტი, ისე, რომ თხოვნას არ დალოდებია, ხოლო შესვენების
დროს ბუფეტში ჩაიყვანა და სოსისზე დაპატიჟა. როდესაც თეიმურაზი ჭამის
ეშხში კარგად შევიდა, აბელმა უკლებაზე ჩამოუგდო სიტყვა. თეიმურაზი
ხალისით აჰყვა და, როგორი კმაყოფილი და ნეტარი სახითაც სოსისს ჭამდა,
ისეთივე კმაყოფილი და ნეტარი სახით აგინა დედის სული უკლებას. თან
„მურდალი ტიპი“ უწოდა, „ბრექი“ და „გაფუჭებული“. „გაფუჭებული“ ცოტა
კომიკურად ჟღერდა და თეიმურაზის ხასიათის რაღაც ისეთ ნიშანზე
მიუთითებდა, რის გამოც მას ხან თეას ეძახდნენ, ხან თეონას, ხან თეკლას.
მაგრამ აბელს ახლა ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის და ფრთხილად შეაპარა,
ძაღლიც ჰყოლია, მგონი, სახელიც მითხრეს და დამავიწყდაო.

- ალი, - ზიზღით თქვა თეიმურაზმა.

- ჰო, ალი, ალი! - „გაახსენდა“ აბელს და კიდევ ერთი სიგარეტი შესთავაზა.

ამის შემდეგ აბელი ალისთან ერთად სახლშიც შევიდა და ინტერიერი


დაათვალიერა. პირველად რომ უხსენეს „მიტოვებული სახლი“, გაუკვირდა, ან
რატომ მიატოვეს, ან, თუკი მიატოვეს, რატომ უკლებამდე არავინ ჩასახლდაო.
ახლა დარწმუნდა, რომ ასეთ სახლში მხოლოდ ტიბალტის როლზე დანიშნული
მძარცველი თუ გაძლებდა, რომლის საქმიანობა განსაკუთრებულ სპეციფიკასთან
იყო დაკავშირებული. სახლის ქვედა ნაწილი, როგორც აბელმა თავის დროზე
ივარაუდა, სარდაფს წარმოადგენდა. უფრო სწორად, ალბათ ერთ დროს
წარმოადგენდა სარდაფს, ახლა კი ჩამოქცეული, ჩამპალი და ჩაოხრებული
ნასარდაფალი იყო. ზემოთ ორი ოთახი იყო. ერთი მათგანის ცალი კედელი,
ქალაქის მხარეს, კაცსა თუ სტიქიონს სრულიად დაენგრია. ამ სამკედლიანი
ოთახის დანახვაზე აბელს სცენა გაახსენდა და გაეცინა. ჭერი ორივე ოთახში
ჩამონგრეული იყო. იატაკი დამპალი, კედლები დახეთქილი. არც ერთ ფანჯარას
მინა არ ჰქონდა. ოთხკედლიან ოთახში ერთი ხის ტახტი დახვდა, ძველი,
მორყეული, ოღროჩოღრო ზედაპირით, ერთი ხის სკამი და ნახევრად
დანგრეული ბუხარი.

აბელი თითქმის ყოველდღე მოდიოდა რეპეტიციის შემდეგ და ოთხ-ხუთ


საათამდე რჩებოდა. მეტსაც დარჩებოდა, მაგრამ იცოდა, გორდაძეები სადილად
ელოდებოდნენ და მის მისვლამდე არ დასხდებოდნენ. თავიდან აბელი ამ
გადაჭარბებულ ყურადღებას ლამის ბორკილებივით გრძნობდა, მაგრამ ბოლო
ხანებში, მას შემდეგ, რაც ალის შეეჩვია და დაუმეგობრდა, უკვე ნაკლებად და
ნაკლებად აწუხებდა, რადგან გრძნობდა, რომ ის დაუოკებელი განზრახვა,
რომელიც თანდათან გამოდიოდა ბუნდოვანების ქაოტური სამყაროდან და
თვალსაჩინო და ხელშესახები ხდებოდა, ამ საშიშ სტუმართმოყვარეობასაც
ზღვარს დაუდებდა.
და აი, ერთ დღეს, როდესაც განზრახვა კარგად მომწიფდა და ურყევ
გადაწყვეტილებად იქცა, ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი განმარტების გარეშე
ასლანს გაუმხილა: - უკლებას ნასახლარზე უნდა დავსახლდე...

ასლანს ხელში პატარა, ბასრი ნაჯახი ეჭირა და ცალ მუხლზე დაჩოქილი ურმის
თვალს თლიდა, იმ თვალს, რომლის არსებობამ საერთოდ ქალაქში და, მით
უმეტეს, მსახიობის ეზოში თავის დროზე დიდად გააკვირვა აბელი.

ნაშუადღევი იყო, ციოდა. ცას მოთეთრო ღრუბლები აეფარებინა და სათოვლედ


ემზადებოდა.

ასლანს მაღლა შემართული ნაჯახი ჰაერშივე გაუშეშდა, სწრაფად, მკვეთრი


მოძრაობით მოატრიალა თავი, მაგრამ აბელის მშვიდი, არხეინი სახე რომ
დაინახა, გაიცინა, ისევ ბორბალს მიუბრუნდა და საქმე განაგრძო.

ასლანმა აბელის ნათქვამი ხუმრობად მიიღო. ამან აბელს რაღაც გაუგებარი


სიამოვნება მოჰგვარა და გადაწყვეტილება თითქოს კიდევ უფრო განუმტკიცა.

- ბარემ ხვალვე გადავალ, - თქვა მან.

ამჯერად ასლანმა ნელა, აუჩქარებლად, თითქოს ერთგვარი გამოზოგილი


სიამოვნებითაც მოატრიალა თავი. სახეზე ისეთი ღიმილი ეფინა, როგორიც უნდა
ჰქონდეს კაცს, რომელიც ამხანაგის გასაცუცურაკებლად სალაღობო
შეთქმულებაში მონაწილეობს და უკვე მომავალი მხიარული გართობის ეშხშია.
მაგრამ ბოლომდე რომ მოატრიალა თავი, ლაღ ღიმილს სითბო გამოეცალა.
აბელის მშვიდი მზერის უკან რაღაც შემაშფოთებელი დაინახა, რაღაც
ავისმომასწავებელი, ნაჯახი მოწყვეტით მიაგდო ბორბლის გვერდით, წამოიწია,
გაიმართა, გაიმართა, გაიმართა, თავისი დიდი, მასიური სახე ზემოდან ჩამოამხო
აბელს.

- გაგიჟდი?!

სხეული დაძაბული ჰქონდა, გაშეშებული, გაფართოებული თვალებიდან აბელს


ერთდროულად უმზერდა შეურაცხყოფილი მასპინძელი, ძმის ბედით
შეწუხებული ძმა, იმედგაცრუებული მომთვინიერებელი, კლიენტის
უმადურობით განაწყენებული ქველმოქმედი.

- ხვალ საღამოს გადავალ.

- სად, კაცო?! - ცოტა არ იყოს, ათრთოლებული ხმით დაიწყო ასლანმა, მაგრამ


სათქმელი უეცრად გადაიფიქრა, დაძაბული სხეული ისევ მოეშვა, სახეზე ნიშნის
მოგების მაგვარი გამომეტყველება გაუჩნდა და ხმაში თითქოს შურისძიების
სიტკბო შეეპარა. - ძაღლი რომ არ შეგიშვებს?

- შემიშვებს.

- არ შეგიშვებს. მოკლავ?

- შემიშვებს.
აქ ასლანმა უეცრად, ბავშვს რომ სათამაშოს წაართმევენ და საშველად დედას
უხმობს, ისეთი სახე მიიღო, სახლისკენ შებრუნდა და თავისი მგრგვინავი ხმით
დაიძახა: - ნანო!

ნანო გონიერი ქალი იყო. პირველი შეცხადების შემდეგ ემოციები მოთოკა და


აბელის განზრახვას საქმიანი, სერიოზული საბუთები დაუპირისპირა. კერძოდ,
რომ სახლი დანგრეული იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა, რომ
ირგვლივ ერთი კილომეტრის მანძილზე კაციშვილი არ ცხოვრობდა და რამე
რომ გასჭირვებოდა, წყლის მიმწოდებელი არავინ ეყოლებოდა, რომ ამ ზამთარს
სიცივისაგან გაიყინებოდა, რომ ჭამა-სმა პრობლემად ექცეოდა და სხვა. ბოლოს,
რაკი დაინახეს, აბელის სიჯიუტეს ვერ გატეხდნენ, ისევ ასლანმა იმარჯვა. მან
შეუვალი კილოთი მოითხოვა, რაკი შენი თავის მტერი ყოფილხარ, იყავი,
ბატონო, მაგრამ ერთი კვირა უნდა მაცალოო, ამჯერად აბელზე მეტად თვითონ
გაჯიქდა და ამ ნათქვამიდან ფეხი არ მოიცვალა.

- თუ არ გინდა სამუდამოდ დაგკარგო, ერთი კვირა მადროვე, რომ ბიჭები


წავიყვანო და ის ნანგრევები ცოტათი მაინც დავამსგავსო სახლს.

აბელი იძულებული გახდა, დაეთმო. სიმართლე რომ ითქვას, გულწრფელად კი


ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გუნებაში ნასიამოვნები დარჩა. სახლი მართლაც
სავალალო მდგომარეობაში იყო და, რაც იქ გადასვლა გადაწყვიტა, თვითონაც
არაერთხელ დაფიქრებულა ამ საკითხზე. გულში რაღაც გეგმებიც შეაკოწიწა.
მართალია, ეს ოცნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე გეგმას, მაგრამ, როცა სასტიკი,
ცივი და ფარღალალა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებოდა, იძულებული შეიქნებოდა
ხელი გამოეღო და მინიმუმის მინიმუმი მაინც გაეკეთებინა საიმისოდ, რომ, თუ
საცხოვრებლად ვერ მოიმარჯვებდა იქაურობას, გასაძლისი მაინც გაეხადა. ამ
საქმეს, ცხადია, ასლანის მითიური „ბიჭები“ გაცილებით უფრო ადრე
მოუვლიდნენ, ვიდრე ერთი და, ისიც საქმეში გამოუცდელი აბელი.

„ბიჭებმა“ მართლაც კარგად, გულდაგულ იმუშავეს, თუმცა პირველსავე დღეს


კინაღამ მთელი გეგმები წყალში ჩაიყარა. საქმე ისაა, რომ ძაღლი არავის
გახსენებია და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასლანი თავის მუშებთან ერთად
არხეინად მიადგა სახლს, გამოირკვა, რომ აბელის ფორმალურ ნებართვას ალის
ბეჭდის გარეშე არავითარი ძალა არ ჰქონდა. მაშინ ასლანი გატრიალდა და
აბელი პირდაპირ რეპეტიციიდან წამოიყვანა. აბელმა ალის დაუყვავა, აუხსნა,
რომ „ბიჭებს“ კეთილი განზრახვა ამოძრავებდა, და, როგორც იქნა, დაიყოლია.
ოღონდ იმ დღეს თვითონაც იქ მოუხდა დარჩენა. სამაგიეროდ, ალიმ მუშების
სუნი დაიხსომა, მეორე დღეს აღარ ახირებულა და საქმეც სწრაფად დაიძრა.
მორღვეული კედელი ამოიყვანეს, ფანჯრებში მინები ჩასვეს, ბუხარი გამართეს,
იატაკი გამოცვალეს, ჭერი და კედლები მოასწორეს, წყალი და ელექტროდენი
შეიყვანეს. ერთი სიტყვით, იქაურობა მართლა გამოაცოცხლეს, ასლანს უნდოდა,
პატარა ეზოც შემოეღობა სახლის ირგვლივ, მაგრამ აბელმა არ ქნა.

ერთი კვირის შემდეგ აბელი თავის ამ ახალ საბრძანებელში გადაბარგდა.


ასლანმა, მძაფრი პროტესტის მიუხედავად, მზითევში ერთი საწოლი გაატანა,
ერთი მაგიდა, პატარა კარადა და სამი სკამი, თან (აბელის თავმოყვარეობა რომ
არ გაეღიზიანებინა) უთხრა, დროებით წაიღე, როცა შენსას შეიძენ, უკანვე
დამიბრუნეო.

აბელის ნაბიჯს მისი ახალი ნაცნობები ეჭვითა და ამრეზით შეხვდნენ. გედეონ


რევიამ გამოუცნობი სახით ჩაიცინა და თავი გადაიქნია. რომან ადეიშვილმა
ქვედა ტუჩი წინ გამოიშვირა და თქვა: „ვითომ რაო?“ თეიმურაზ კილაძემ
ლამაზი სახე მოპრუწა და აგდებული გამომეტყველება მიიღო. თქმით არაფერი
უთქვამს. მხოლოდ მერის არ დაუნახავს ამ ამბავში არაფერი განსაკუთრებული
და, მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი. მართლა გადადიხარო? - ჰკითხა და,
დასტური რომ მიიღო, დაუმატა, ნეტა მეც გადამიყვანა სადმე და ამ ქალაქს
მომაშორაო. მერი ბოლო ხანებში რაღაცნაირი სევდიან-იდუმალი ჩანდა.

აბელი დილით გადავიდა. ორშაბათი დღე იყო და რეპეტიცია არ ჰქონდა.


ნასაუზმევს ჩაალაგეს ასლანის მანქანაში მისი ავლადიდება და გზას გაუდგნენ.
ასლანისა და აბელის გარდა, მანქანაში ისხდნენ ნანო და რომან ადეიშვილი.

ნანომ ბოლო წამს გადაწყვიტა წასვლა. როდესაც ყველაფერი მზად იყო და


კაცები მანქანაში სხდებოდნენ, უცებ გამოაცხადა, დამიცადეთ, გადავიცვამ და
მეც წამოვალო. თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კაცები სანდო ხალხი
არ არის და ქვეყნის რამე დაავიწყდებათ ისეთი, რაც ოჯახისთვის აუცილებელია.
მან საკუთარი თვალით უნდა ნახოს და შეამოწმოს ყველაფერი. საერთოდ, ნანო
აბელზე უკვე უფროსი დის თბილი, მაგრამ კატეგორიული უფლებამოსილებით
ლაპარაკობდა და აშკარად ხარობდა, რომ ასეთ ტონს მიაგნო. აბელი გრძნობდა
ამას და თავადაც ცდილობდა, უმცროსი ძმის როლი მოერგო და ისეთი არაფერი
ჩაედინა, რაც ნანოს მზრუნველი და საქმიანი დის ილუზიას გაუფანტავდა.

ბარგი აიტანეს, ბუხარი ააგიზგიზეს, შამპანური დააქუ-ხეს, იქაურობა მოწუწეს


და ახლად ანთებული კერიის სადღეგრძელო დალიეს. ასლანი ყურადღებით
ამოწმებდა „ბიჭების“ ნამუშევარს, ყველაფერს ხელით სინჯავდა და კმაყოფილი
იქნევდა თავს. რომან ადეიშვილი გულგრილი სახით წრუპავდა შამპანურს და
დროდარო ეჭვის თვალით გადახედავდა ალის, რომელსაც დიდად ახარებდა
საერთო ზეიმი, თუმცა ცოტა გაკვირვებული და დაბნეული კი იყო იმის გამო,
რომ რამდენიმე დღეა ამ მარტოობას მიჩვეულ სახლში სულ ხალხი ირეოდა და
არავის მტრის სუნი არ ასდიოდა. ნანომ ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა,
ბევრი რამ მოიწონა, ბევრი რამ დაიწუნა. ბოლოს ასლანს დაავალა, ერთი
ელექტროქურა მოვუტანოთ სახლიდან, თორემ ბუხარი ამ ზამთარში ორივე
ოთახს ვერ გაათბობსო. მერე მოითხოვა, ფანჯარაზე ფარდები ჩამოიკიდოს და
რაფაზე ქოთნით ყვავილები დაიდგასო. ფარდებზე აბელი დაყაბულდა,
ყვავილებზე კი უარი უთხრა, წყლის დასხმა დამავიწყდება და დამიჭკნებაო.
ნანო იძულებული გახდა, ამ საფუძვლიანი მოსაზრებისთვის ანგარიში გაეწია,
სამაგიეროდ, სარკის შეძენა დაავალა და, როცა აბელი შეჰპირდა, აუცილებლად
ვიყიდიო, უცებ გაახსენდა, რომ ყიდვა საჭირო არ იყო, რადგან მათ სახლში
ჰქონდათ რამდენიმე ზედმეტი სარკე, რომლებიც არ იცოდნენ, სად წაეღოთ.

მეორე ბოთლი შამპანური რომ გახსნეს, ასლანმა თქვა: - გაზაფხულზე სარდაფი


უნდა გაიწმინდოს, ოთახები შეიღებოს, აბაზანა გაკეთდეს, აივანი დამთავრდეს...

- ტელეფონია საჭირო, - შეაშველა ნანომ.


- ტელეფონი უნდა დაიდგას, - თქვა ასლანმა.

- მერე კი ცოლი უნდა შეირთო, - მოითხოვა უფროსმა დამ, - ოჯახიც უნდა


შექმნა.

აბელი სიცილით დაჰპირდა, აუცილებლად შევირთავ ცოლს, როგორც კი


ტელეფონი მექნებაო, მაგრამ, ნანომ რომ რაღაც მოიდუმალო-ეშმაკური სახით
უთხრა, საცოლეს შერჩევა ჩემზე იყოსო, შეკრთა, რადგან ნანოს ხმაში ისეთი
კილო მოესმა, არ გაუკვირდებოდა, მართლა რომ ჰყოლოდა ვიღაც შეგულებული.

ახალმოსახლეობის ზეიმი ბაზრის მოედანზე გაიმართა, რესტორანში, რომელსაც,


როგორც უკვე ვიცით, აქაურები ლუდხანას ეძახდნენ.

ამასწინანდელი კონფერენციისგან განსხვავებით, ეს კონფერენცია ხალხმრავალი


იყო, მაგრამ, თუ ვილაპარაკებთ არსებით და არა გარეგნულ განსხვავებაზე,
არსებითი განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად საზეიმო სუფრაზე, ყოველ
შემთხვევაში, მანამ, სანამ ღვინო თავისას იზამდა, ისეთი განწყობილება სუფევდა,
თითქოს ზეიმი, შეპყრობილი და გათოკილი, ძალად დასვეს სუფრასთან და
ძალადვე იჭერდნენ, რომ დრო არ ეხელთა და არ გაქცეულიყო. საქმე ისაა, რომ
აბელის დასახლებას უკლებას ნასახლარზე თითქმის ყველა უნდოდ და
სკეპტიკურად შეხვდა და ახლა, როცა ამაზე ლაპარაკობდნენ (ამაზე კი არ
შეეძლოთ, არ ელაპარაკათ, რაკი სუფრა აბელის ახალმოსახლეობას ეძღვნებოდა),
ცდილობდნენ აბელისთვის თვალებში არ შეეხედათ და, საერთოდ, ისეთი სახე
ჰქონდათ, პატიოსან კაცს რომ გარემოება ტყუილის თქმა აიძულებს. ასეთ
განწყობილებას თავად თამადამ, რომან ადეიშვილმა დაუდო სათავე. მან
პირველი სადღეგრძელო, აბელის ახალი კერიის სადღეგრძელო, ისე წარმოთქვა,
ისე ნელა, გაჭიანურებით, ისეთი მძიმე პაუზებით და ფიქრიან-სერიოზული
კილოთი ილაპარაკა, თითქოს კი არ ლოცავდა, არამედ ცდილობდა რაღაც
დანაშაულის გამო ნამუსი მოეწმინდა დამსწრეთა წინაშე.

აბელი ამან ცოტა გააღიზიანა. საბედნიეროდ, პირველი სადღეგრძელოს შემდეგ


მისი ახალი კერია აღარ უხსენებიათ და უხერხულობაც ნელ-ნელა გაიფანტა,
ხოლო მერე, ღვინო რომ მოეკიდათ, გახალისდნენ კიდეც და ნადიმიც ნადიმს
დაემსგავსა. კაკო ორჯონიკიძე დათვრა, თავისი სახელოვანი წარსული გაიხსენა,
გული ამოუჯდა და იტირა. ვანო როსტიაშვილი, რომელიც დაპატიჟებული არ
ყოფილა, „ნაცნობის საძებნელად“ მოვიდა, მაგრამ ის ნაცნობი მალე დაავიწყდა,
დაჯდა, გამოტყვრა და ისე გაიპარა, არავის შეუმჩნევია. თეიმურაზ კილაძე
შეუსვენებლად ჭამდა და კარგადაც გაიტიკნა. დირექტორი, გედეონ რევია და
ქალები (მერის გარდა) მალე წავიდნენ. ასლანმა ისინი ყველანი ერთად ჩასხა
მანქანაში და სახლებში ჩამოარიგა, ნახევარ საათში უკანვე მობრუნდა და
მოითხოვა, უჩემოდ თუ რამე დალიეთ, არ გამომაპაროთ, მეც დამალევინეთო.

შუაღამის ხანს ნადიმი დამთავრდა. მერი, აბელი და რომან ადეიშვილი ასლანმა


მანქანაში ჩაისხა. წინ მერი დასვა, უკან - აბელი და რომან ადეიშვილი.

პირველად აბელი მიიყვანა სახლში.

ალი ყურებდაცქვეტილი გამოვარდა, მაგრამ ეტყობა, შორიდანვე იგრძნო ნაცნობი


სუნი, კუდი ააქიცინა, ერთი ირგვლივ შემოურბინა მანქანას, მერე, აბელი რომ
უნდა გადმოსულიყო, იმ კართან შეჩერდა, წინა თათები მიწას მაგრად დააჭირა
და დაძაბული მოლოდინით აწრიალდა.

მერიმ აიხირა, ცოტა ხნით გადავიდეთ, მეც მინდა ვნახო აბელის სახლი, ვინ
იცის, კიდევ როდის მომეცემა ასეთი ხელსაყრელი შემთხვევაო. რომანმა
მოწყენით იუარა, რა არის სანახავი, სახლი სახლია, ანდა რა დროს სტუმრობაა
ამ ნაშუაღამევსო. ასლანმა სიცილით დაუკრა კვერი რომანს, ჰო, უხერხულია,
ალბათ, უკვე ყველას სძინავსო.

- გადმოდით, გადმოდით, - შეიპატიჟა აბელმა, თვითონ გადავიდა, ალის თავზე


გადაუსვა ხელი და მერის გაუღო კარი, - გადმოდით, ერთი ბოთლი შამპანური
კიდევ მაქვს.

- ბევრი გქონია, - ზანტად გაიღიმა რომან ადეიშვილმა, - არ გაგიფუჭდეს.

- ჩვენ არაფერი, - გადმოვიდა მანქანიდან ასლანი და კარი ჯახუნით მიხურა, -


მაგრამ მერის დაპატიჟება ერთ ბოთლ შამპანურზე კაი ვაჟკაცობაა. თუ არ
გაგიგონია, ბარაბაძის სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო?

აბელი წამით თითქოს გამოფხიზლდა. მერე გაკვირვებით მიაჩერდა მერის.

- შენ ბარაბაძე ხარ? - მერი ღიმილით უყურებდა, - ეს შენა ხარ ცნობილი


„ბარაბაძის ქალი“?

- ჰო, მე ვარ, რა, ცუდი ვარ თუ?

- მშვენიერი ხარ, - აბელს მოულოდნელობის გაკვირვებამ და დაბნეულობამ


გაუარა, - კიდევ უკეთესი ხარ, ვიდრე აქამდე იყავი. - ეს ისე, უაზროდ
წამოროშა და მხოლოდ მერე მიხვდა, რომ ამ წუთს მართლა ძალიან ლამაზი
ეჩვენა. მერი ის იყო, მანქანიდან გადმოდიოდა. ჯინსი აეკეცა და ყავისფერი
ჩექმების ყელები გამოეჩინა, ტყავის გრძელი პალტო გახსნილი ჰქონდა და ქვეშ
მაღალყელიანი თეთრი ჯემპრი ეცვა, ბერეტი ოდნავ გვერდზე მოქცეოდა და
ღიმილით უყურებდა აბელს. სახე ცოტა ჩიტს მიუგავდა და, შესაძლებელია,
იმდენად ლამაზი არ იყო, რამდენადაც მიმზიდველი. საერთოდ, მერის
სილამაზეს ჰარმონია აკლდა, და ამ ჰარმონიის ნაკლებობა ზოგჯერ თითქოს
ხელს უშლიდა, ზოგჯერ კი პირიქით, უფრო ეფექტურს ხდიდა მის გარეგნობას.

- არ მიკბენს? - ალისკენ გაიშვირა ხელი მერიმ.

- ნუ გეშინია, - დაამშვიდა აბელმა.

ალიმ მერის ჩექმები დაყნოსა და ეტყობა, კმაყოფილი დარჩა.

- ამის გამოჩენაზე ხალხი იმალებოდა. ასე როგორ მოარჯულე?

- არ უნდა შეგეშინდეს. შიშს ისეთი სუნი ასდის, რომ ძაღლს აღიზიანებს.

- მართლა? ხელი რომ გადავუსვა თავზე?

- გადაუსვი.
- მეტისმეტად ნუ გაუშინაურდები, - ურჩია რომან ადეიშვილმა, - რაც არ უნდა
იყოს, მაინც ძაღლია.

მერი დაიხარა და თავზე ხელი გადაუსვა. მერე ყველანი მაღლა ავიდნენ და


აბელმა შამპანური გახსნა.

- აქ როგორ უნდა გაძლო? - გაუკვირდა მერის.

- ორიგინალობს, - თქვა რომან ადეიშვილმა და, ეს ნათქვამი რომ აბელს


ზედმეტად სერიოზულად არ მიეღო, ჭიქა მიუჭახუნა.

აბელი ორიგინალობას ვერ იტანდა. რომან ადეიშვილმა კი, მიუხედავად იმისა,


რომ ჭიქა მიუჭახუნა, ეს ბრალდება, ეჭვი არაა, მაინც სერიოზულად წამოაყენა.
ალბათ, ამის გამო მოხდა, რომ აბელი, როდესაც სტუმრები გააცილა და ზემოთ
ამობრუნდა, არ დაწოლილა, თუმცა უკვე ღამის ორი საათი იყო. ცეცხლი აანთო,
ელექტროქურა ჩართო (იგი ნანოს დავალებით შუადღისას მოუტანა ასლანმა) და
ბოლთის ცემას მოჰყვა. ალი ბუხრის პირას იწვა, ზანტად ადევნებდა თვალს
თავის ახალ პატრონს და, როცა ეს უკანასკნელი გვერდით ჩაუვლიდა, ოდნავ
შეარხევდა კუდს, რაც უფრო ინსტინქტური მისალმება იყო, ვიდრე საპასუხო
რეაქციის რაიმე იმედი, რადგან კარგად ესმოდა, რომ აბელი თავის ფიქრებში
იყო დანთქმული და მისთვის არ ეცალა.

აბელი ნელი ნაბიჯით მიმოდიოდა ოთახში, ფიქრობდა და ხანდახან თავის


ფიქრებს უარის ნიშნად თავს გაუქნევდა. ბოლოს ბუხრის პირას დაჯდა, ალის
თავზე ხელი გადაუსვა და, როცა ამით შეთამამებული ძაღლი კუდის ხალისიანი
ქიცინით ახლოს მოხოხდა, უთხრა: - ხვალიდან ღვინოზე უარს ვიტყვით და
საქმიან ცხოვრებას დავიწყებთ. ორიგინალობა კი მცდარი ბრალდებაა. ფიზიკოსი
და მსახიობი ისეთი ცნებებია, ერთმანეთის გვერდით რომ მოათავსო, ორივე
სასაცილო გამოჩნდება, მაგრამ ეს ტაკიმასხარობაა და არა ორიგინალობა. ასე
არაა?

ალიმ თანხმობის ნიშნად ერთგულად გააქიცინა კუდი.

თავი მეათე

ჩვეულებრივი დღე გათენდა, როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ, სამი დღის წინ.
ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ისეთი ჩანდა, განსაკუთრებულს არავის
არაფერს უქადდა. ხევში თეთრი ნისლი იწვა და მისი სქელი საფარველის ქვეშ
ბუნდოვანი, ცოტა იდუმალი და არარეალური მდინარე ჩუმად მიედინებოდა.
ციოდა, როგორც უნდა ციოდეს შუა დეკემბერში. ცა უკვე ორი კვირაა
სათოვლედ ემზადებოდა, მაგრამ რაღაც აკავებდა და საბოლოო გადაწყვეტილება
ჯერ კიდევ ვერ მიეღო. გზატკეცილის პირას ჩამწკრივებულ ხეებს ფოთლები
სულ მთლად დასცვენოდა და იდგნენ ასე იარაღაყრილი ტყვეებივით
გაძარცულები, შემცივნულები, მოწყენილები.

დილა ყოველთვის ჩვეულებრივი თენდება და თავის გეგმებს საიდუმლოდ


ინახავს. ან გულთმისანი უნდა იყო, რომ წინასწარ გაიგო, რა იმალება ამ
მოჩვენებითი ჩვეულებრიობის ნიღაბქვეშ, ან არადა, ქვეწარმავლის
მგრძნობიარობა უნდა გქონდეს, რომ მიწისძვრის მოახლოება არ გამოგეპაროს.
ხოლო თუ გულთმისანი არა ხარ, თუ ქვეწარმავალი არ ხარ, თუ მხოლოდ
ახალბედა მსახიობი ხარ და თანაც წუხანდელი ნადიმის შემდეგ თავი
დამძიმებული და გაბრუებული გაქვს, ცხადია, წინასწარ ვერ მიხვდები, რას
გიმზადებს დღევანდელი დღე.

არიოსტო ხოფერიასთან შეტაკება რომ არ ასცდებოდა, ეს ნათელი იყო, მაგრამ


გადამწყვეტი ბრძოლა თუ დღეს გაიმართებოდა, არ იცოდა, რადგან კონფლიქტი
ჯერ კიდევ არ ეგონა სათანადოდ მომწიფებული. სხვაფრივ ბრძოლისათვის მზად
იყო. ბოლო ხანებში მათი ურთიერთობა თანდათან იძაბებოდა. მართალია,
პირველ რეპეტიციაზე არიოსტო ხოფერიამ დაუყვავა და მფარველის პოზა
მიიღო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ არიოსტო უპრინციპო კაცი იყო. ის ხმაური,
ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ტეხდა, ულოგიკო ჭირვეულობა და დროდადრო
ხმამაღლა, რიხით წარმოთქმული ისეთი მრისხანე სიტყვები, როგორიცაა, ვთქვათ
„ინტერპრეტაცია“, სხვა არაფერი იყო, თუ არა გაცნობიერებული უნიჭობის
გულუბრყვილო შენიღბვა. გარდა ამისა, არიოსტოს ჩუმი ომი ჰქონდა
გაჩაღებული რომან ადეიშვილის წინააღმდეგ და თავის სიმპათიებსა და
ანტიპათიებს ამ ცივი ომის პოზიციიდან არიგებდა. მას, როგორც აბელმა
თეატრის მრავალრიცხოვანი ჭორიკანებისაგან შეიტყო, თავის დროზე მთავარი
რეჟისორობის პრეტენზია ჰქონია, ერთი ხანობა თურმე სხვანაირად თავაღერილი
დადიოდა, გადაჭრით ერეოდა თეატრის ცხოვრების ყოველ წვრილმანში და,
საერთოდ, ისე ეჭირა თავი, თითქოს უკვე მთავარი რეჟისორი ყოფილიყოს.
სწორედ ამ დროს დაუნიშნავთ მთავარ რეჟისორად რომან ადეიშვილი. ეს
არიოსტოსათვის მძიმე ტრავმა გამომდგარა. ხოლო როდესაც ბოლოს და ბოლოს
მარცხს შეჰგუებია, შიში დასჩემებია, რომ რომან ადეიშვილი ეცდებოდა, იგი,
როგორც პოტენციური მეტოქე, თავიდან მოეშორებინა. სწორედ ამიტომ,
შეშინებულმა და ამ შიშით წაქეზებულმა, გამოუცხადა ფარული ომი.
„ინტერპრეტაცია“ არ აინტერესებდა და, რამდენადაც აბელი ატყობდა, არც
ესმოდა. მისთვის მთავარი იყო მომხრეები და მოწინააღმდეგეები. აბელი
მოწინააღმდეგე იყო. თავიდან ეცადა, მიემხრო (სწორედ ამას ისახავდა მიზნად
მხარზე ხელის მოთათუნება პირველი რეპეტიციის ბოლოს), მაგრამ, რაკი
ხშირად ხედავდა რომან ადეიშვილთან, მოწინააღმდეგედ ჩათვალა და მტრად
გაუხდა.

რეპეტიციების დროს რამდენიმეჯერ წალაპარაკდნენ. არიოსტო მშრალ


მითითებებს იძლეოდა, აბელი კი დასაბუთებას ითხოვდა და თავის
შეხედულებას იცავდა.

ერთი სიტყვით, კონფლიქტი მწიფდებოდა და იმ უცნაურ, თარს დღეს,


რომელიც გარეგნულად სხვა დღეებისაგან არ გამოირჩეოდა და თითქოს
განსაკუთრებულს არავის არაფერს უქადდა, არიოსტომ, ბოლოს და ბოლოს,
იფეთქა.

ღამით, როდესაც აბელი ნირწამხდარი, დალილავებული და გამოფიტული შინ


დაბრუნდება, გულში დარწმუნებით იტყვის, რომ ყველაფერი, რაც იმ დღეს
მოხდა, დილით უკვე ტრიალებდა ჰაერში, როგორც შფოთიანი განწყობილება,
მაგრამ ასეთ ნაგვიანევ მიხვედრას ფასი არა აქვს. არც იმ მოსაზრებას აქვს ფასი,
თითქოს დღევანდელი მღელვარე დღე ამ დილით კი არ დაწყებულა, არამედ
გუშინ დაიწყო, ნადიმზე, როცა ახალ კერიას ულოცავდნენ და თან თვალს
არიდებდნენ. ასეთ საეჭვო ჯაჭვს რომ რგოლი-რგოლ გავყვეთ, შეიძლება
პირველმა რგოლმა აბელის დაბადებასთან მიგვიყვანოს, ხოლო თუ სულ მთლად
ავიღებთ ხელს გონიერებაზე და იმ პაწაწინა რგოლებს გამოვეკიდებით,
რომლებისგანაც ჯაჭვის დიდი რგოლები შედგება, მთლად აბსურდამდე მივალთ:
ეს დღე მაშინ დაიწყო, როცა ქვეყნად პირველი ადამიანი გაჩნდა. ასეთი დასკვნა
კი, სწორიც რომ იყოს, მაინც სისულელეა. უნიადაგო შესაძლებლობათა
ლაბირინთში, სადაც აბელს არაერთხელ დაბნევია გზა, ჩვენც დაგვებნევა გზა და
დავიკარგებით. ამიტომ მოვეშვათ ამას და ფაქტებს მივდიოთ. ფაქტი საიმედოა,
ნამდვილი და მყარი.

იმ დღეს, რეპეტიციის დაწყების წინ, საოცარი და, როგორც მოგვიანებით აბელს


მოეჩვენა, ცოტა საეჭვო სიზუსტით განმეორდა მერისა და ყვითელი კოლიას
დაგვიანების სცენა. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად მოქმედება დარბაზში
ხდებოდა. თერთმეტს უკვე გადაცილებული იყო და ტანადი ტექნიკური
რეჟისორი წამდაუწუმ შემოსასვლელ კარს გასცქეროდა. თორმეტის ათ წუთზე
გამოჩნდა მერი. მაშინდელივით სწრაფად შემოვიდა, მაშინდელივით მოიბოდიშა
და, როცა არიოსტოსაგან მაშინდელივით მიიღო პასუხი, მოდი, მერი, მოდი,
გენაცვალეო, მაშინდელივით ღიმილით მიესალმა ყველას. ერთი წუთის შემდეგ,
თითქოს მერის მოსდევდაო, კოლიაც შემოვარდა და კარიდანვე დაიწყო
მობოდიშება, მაგრამ არიოსტომ სიტყვა შუაზე შეაწყვეტინა, დამცინავად გაიღიმა
და თქვა: - აგერ, კოლიასაც გაუღვიძია, - მერე თავად კოლიას მიუბრუნდა,
საეჭვოდ დაუწია ხმას და შემპარავი, ავისმომასწავებელი კილოთი უთხრა: - რა
გეჩქარებოდა, კოლია, გენაცვალე, ასე გამოუძინებელი რა რეპეტიციას გაივლი
ახლა შენ?

კოლიამ მხრები აიჩეჩა და გაბუტულმა წაიბურტყუნა: - რა იყო, პირველ


სურათში მაინც არა ვარ.

- არ ვიწყებ მე პირველი სურათით! - იფეთქა არიოსტომ და ახოვან თანაშემწეს


მიუბრუნდა, - დაწერ მოხსენებით ბარათს და მიართმევ დირექტორს! - აქ ისევ
კოლიას შეხედა, - სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით უკვე მიიღე
ამას წინეებზე. ახლა მოგხსნით სამსახურიდან და იძინე მერე, რამდენიც გინდა.

- ვნახავ ერთი, რომელი სურათით დაიწყებ, - წაიბურტყუნა კოლიამ.

- კოლია, არ ჩამაშლევინო რეპეტიცია! - მთელი ხმით დაიღრიალა არიოსტომ.

აი, ამ დროს, დაძაბულ, სამარისებურ სიჩუმეში გაისმა აბელის მშვიდი ხმა: -


ძველქართულად ამას თვალღებას ეძახდნენ.

ღამით, როდესაც ნირწამხდარი, დალილავებული და გამოფიტული დაბრუნდება


შინ, დიდხანს იფიქრებს, მაგრამ ვერაფრით ვერ მიხვდება, რამ გაახსენა ეს
„თვალღება“. მაშინ კი, დილით, დარბაზში, რეპეტიციის დაწყების წინ, მისმა
ნათქვამმა სიჩუმე თითქოს კიდევ უფრო დაძაბული და კიდევ უფრო
სამარისებური გახადა. ბოლოს არიოსტო, ცოტა დაბნეული, ცოტა გაკვირვებული,
ცოტა შემკრთალი, მიუბრუნდა და ჰკითხა: - რას?

- ტენდენციურობას, - აბელმა არიოსტოს შეხედა, თვალი თვალში გაუყარა.


სიბრაზის ქაოტურად მბრუნავი ბურუსით გარშემორტყმული საოცრად მკაფიოდ
გრძნობდა, რომ ზედმეტად მშვიდად ლაპარაკობდა, - იმას, რომ ერთი და იმავე
დანაშაულისათვის ზოგი ისჯება და ზოგი არა.

სიჩუმე უკვე ფიზიკურად საგრძნობი, მტკივნეული გახდა. აბელს ისევ სიბრაზის


ბურუსი ერტყა და ამ ბურუსს იქით მაინც საოცრად ცხადად ხედავდა
გახევებულ სახეებს, რომელთა პატრონები ვერ მიმხვდარიყვნენ, აბელის ნათქვამი
კოლიას უფრო ეხებოდა თუ მერის.

არიოსტომ დაძაბული ჩურჩულით, ოდნავ აკანკალებული ხმით, თქვა: - შენ ვინ


გირჩია, სხვის საქმეში ჩარგე ცხვირიო?

- არავინ, - სიბრაზის მბრუნავი ბურუსი აბელს თვალებზე გადაეფარა და ცოტა


ხედვას უშლიდა, - ვინც იოლი დასაჩაგრია, უნდა დაჩაგრო, ორმაგად უნდა
დაჩაგრო, რათა იმის ჯავრიც იყარო, ვისზედაც ხელი არ მიგიწვდება.

არიოსტო მსახიობებს მიუბრუნდა. გაფითრებული იყო, მაგრამ ხმა მშვიდი


ჰქონდა.

- თავისუფალი ხართ ყველანი, რეპეტიცია არ ჩატარდება, - მერე წამით ისევ


აბელს შეხედა. შეკავებული გააფთრებისა და უსაზღვრო ზიზღის უკან თითქოს
ხელჩაქნეული კაცის სიმწარეც ჩანდა. წამით შეაჩერა მზერა მის სახეზე და
რაღაც უცხო კილოთი გამოსცრა კბილებშუა: - შე ღლაპო, შენ! - და დარბაზიდან
სწრაფი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გავიდა.

დარბაზში დარჩა სიჩუმე. აუტანელი, გულის გამაწვრილებელი სიჩუმე, რომელიც


თითქოს ფეხისგულებში გიღიტინებს და ეს ღიტინი ისე გადაეცემა მთელ
სხეულს, ყველა ასოს, ყველა უჯრედს, რომ აღარ იცი, თავს როგორ უშველო.
აბელი გაუნძრევლად იჯდა. სიბრაზის ქაოტური ბურუსი უხმოდ, მაგრამ დიდი
სისწრაფით, ქარბორბალასავით ტრიალებდა ირგვლივ და თავის გზაზე
მიაქანებდა ფიქრებსა და აზრებს, რომლებიც დაბადებას აპირებდნენ.
შესაძლებელია, ეს სულაც დაფანტული, ბუდიდან გადაცვენილი ფიქრებისა და
აზრების ქარბორბალა იყო. ცოტა ხნის შემდეგ ღრმა და გაუვალ სიჩუმეში აბელს
ყრუ ხმა შემოესმა. ჯერ გაუკვირდა და ყური მიუგდო, მერე იცნო და, რაკი
იცნო, მიხვდა, რომ სიჩუმე მოჩვენებითი იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში
მისი გული თურმე ასე სწრაფად, ასე აშკარად, ასე ყრუ ბაგაბუგით სცემდა.
აბელმა ახლომახლო მსხდომნი უჩუმრად დაზვერა. უანგარიშო შიში ჰქონდა,
მისი გულისცემა არ გაეგოთ და მისი მღელვარება არ გამჟღავნებულიყო.
გაუაზრებლად გრძნობდა, რომ ამით თავმოყვარეობა შეელახებოდა.

კიდევ ცოტა ხნის შემდეგ დაქუცმაცებულმა აზრებმა შეკოწიწება და ნელ-ნელა


მათთვის განკუთვნილ ადგილას დალაგება დაიწყეს. მაგრამ ამ პროცესში
უცნაური ის იყო, რომ, რაც უფრო ლაგდებოდნენ აზრები და რაც უფრო
ფხიზლდებოდა ტვინი, აბელს მით უფრო მკაფიოდ ეჩვენებოდა, თითქოს
თვითონაც დანარჩენების გვერდით იჯდა, დანარჩენებივით მაყურებელი იყო,
დანარჩენებივით შეშფოთებული, აღგზნებული და დაინტერესებული სახე
ჰქონდა, გარედან უყურებდა საკუთარ თავს და ვერ მიმხვდარიყო, მისი ნათქვამი
კოლიას უფრო ეხებოდა თუ მერის.

მერი მარცხნივ, განაპირა სკამზე იჯდა, ორი რიგით წინ. აბელი გამუდმებით
გრძნობდა მის მზერას და ცდილობდა, იქით არ გაეხედა.

ბოლოს ამდენ დაძაბულობას ვეღარ გაუძლო, ნელა წამოდგა და ფოიეში


გამავალი კარისკენ წავიდა. ამაოდ ცდილობდა თავისუფალი ნაბიჯით ევლო და
უდარდელი გამომეტყველება ჰქონოდა. სხეული შიგნით სულ ერთიანად
უთრთოდა, თითქოს უდუღდა, და იცოდა, გაფითრებული იყო.

ფოიეში გავიდა და ბოლთის ცემა დაიწყო.

ამასობაში დარბაზში დარჩენილები თანდათან გამოფხიზლდნენ და ამ


უსიამოვნო ამბავში თავიანთი უეჭველი სარგებელი დაინახეს. ცხადია, მათ
კარგად ესმოდათ, რომ ყოველი სკანდალი თეატრში, მიუხედავად იმისა, ვინ
მტყუანია და ვინ მართალი, გულთან ახლო უნდა მიეტანათ და უნდა
განეცადათ, რადგან ამას მათი პროფესიული ერთგულება მოითხოვდა, და ასეც
მოიქცნენ. მაგრამ, თუ სკანდალი უშუალოდ შენ არ გეხება, გულისტკენისა და
განცდის ვადა რომ გავა, უკვე სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლია შეუდგე იმ
რამდენიმე გაუთვალისწინებელი საათის გამოყენებას, რომელიც რეპეტიციის
ჩაშლამ საჩუქრად მოგიტანა.

პირველად ისინი წამოიშალნენ და გამოვიდნენ ფოიეში, რომლებსაც თეატრში


აგდებით (შესაძლებელია, ცოტა შურითაც) შემთხვევით ხალხს უწოდებენ და
რომლებზედაც ამბობენ, ხელფასისთვის მუშაობენო.

ამ მეწინავე რაზმის ერთ-ერთი წევრი წამით აბელთან შეჩერდა, ერთი


ქურდულად მიმოიხედა, მერე მაჯაში ჩაავლო ხელი, მაგრად მოუჭირა და
სწრაფად ჩაუჩურჩულა: - ყოჩაღ შენ! კარგად მიაწექი მაგ ნაგავს!

ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ მიმოიხედა და სწრაფად გაშორდა.

რაც დრო გადიოდა, აბელს უფრო და უფრო ეუფლებოდა ისეთი გრძნობა,


თითქოს რაღაც სამარცხვინო რამ ჩაიდინა და ამის გამო საქვეყნოდ გამოაჭენეს
და გაამასხარავეს. ახლა ქურდულმა მილოცვამ ეს გრძნობა კიდევ უფრო
გაამძაფრა და გააძლიერა.

აბელი ნელი ნაბიჯით მიმოდიოდა ვრცელ ფოიეში და საკუთარი სიმხურვალის


ოხშივარი თითქოს ღრუბლის რკალივით ეკრა ირგვლივ.

როდესაც მაყურებელთა დარბაზიდან, ბოლოს და ბოლოს, თანმიმდევრობით


იწყეს გამოსვლა ნაკლებშემთხვევითებმა, საქმის ერთგულებმა და თეატრისთვის
თავგადაკლულებმა, მეორე სართულზე ამავალი კიბიდან, რომელიც კუთხეს
ეფარებოდა და აქედან არ ჩანდა, ვიღაცის ხმა მოისმა: - აბელ!

- ბატონო! - გაეპასუხა აბელი.

- დირექტორი გეძახის.
ფოიეს იმ ნაწილს რომ მიაღწია, საიდანაც კიბე ჩანდა, აბელმა თვალი მოჰკრა
არიოსტო ხოფერიას. არიოსტომ სწრაფი ნაბიჯით ჩამოათავა კიბე და მარჯვნივ,
გასასვლელისკენ გაუხვია, სახე აჭარხლებული ჰქონდა, გეგონებოდათ, ცეცხლი
უკიდიაო.

მაყვალა საბეჭდ მანქანას უჯდა და ზანტად აკაკუნებდა.

- გამარჯობა, მაყვალა, - მიესალმა აბელი.

- ხო, - თავაუღებლად მიუგო მაყვალამ და კაკუნი განაგრძო.

კაბინეტში დირექტორი და მთავარი რეჟისორი დახვდნენ. რომან ადეიშვილი


სავარძელში იჯდა, ფეხი ფეხზე შემოედო და ხელები ჯვარედინად დაეკრიბა
მკერდზე. დირექტორსაც მკერდზე ჰქონდა დაკრებილი ხელები, მაგრამ არ იჯდა.
სადირექტორო ადგილიდან გამოსულიყო და მაგიდის წინ იდგა.

აბელმა სალამი თქვა და შუა ოთახში შეჩერდა.

- დაჯექი, - უთხრა დირექტორმა და როცა აბელი დაჯდა, ჰკითხა, - რა იყო, რა


მოხდა?

- არაფერი... - ყოყმანითა და ისეთი კილოთი თქვა აბელმა, როგორითაც ვამბობთ


ხოლმე ამ სიტყვას, როცა მის ნამდვილ შინაარსს კი არ ვგულისხმობთ, არამედ
უბრალოდ სიტყვის მასალად ვხმარობთ, ერთგვარ შესავლად, რომელსაც
დაწვრილებითი ახსნა-განმარტება უნდა მოჰყვეს. მაგრამ აბელი ამ შესავლის
მერე გაჩუმდა და უეცრად მიხვდა, რომ ჩიხში იყო მოქცეული და არაფრის თქმა
არ შეეძლო იმის შესახებ, რაც დარბაზში მოხდა. მარცხისა და შერცხვენის
გაუგებარი და თითქოს უმიზეზო გრძნობა ცოტა ხნის წინ რომ გაუჩნდა, ახლა
კიდევ უფრო მჭიდროდ ჰქონდა შემოკრული, როგორც არტახები და საშინელი
ძალით აწვებოდა ყოველი მხრიდან. ოღონდ ტკივილს კი არ აყენებდა, არამედ
უცნაურად ჩხვლეტდა და უხიცინებდა. დირექტორის ერთი შეხედვით მარტივი
და ბუნებრივი კითხვა ამ არტახებს ირგვლივ რკინის სალტესავით შემოერტყა.
აბელისათვის ახლა სავსებით ნათელი იყო, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ
არსებობდა, რადგან, რაც არ უნდა ეპასუხა, ყველა პასუხი ტყუილი იქნებოდა.
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი საქციელის ნამდვილი მიზეზი და
ნამდვილი მიზანი არ იცოდა. არა. რომც სცოდნოდა, ვერ იტყოდა. და რომც
სცოდნოდა და რომც ეთქვა, ისიც ტყუილი იქნებოდა. აბელი ბუნდოვნად
გრძნობდა, იდუმალი გუმანით წვდებოდა ნამდვილ მიზეზს და იდუმალი
გუმანითვე ხვდებოდა, რომ ეს მიზეზი ისეთი რამაა, რაც შემთხვევით და
წამიერად ქარის სისინივით შემოვარდება შენი არსების ყველაზე ღრმა, ყველაზე
ბნელ ჯურღმულში, და სანამ გაქრებოდეს, შეიძლება მართლა გახდეს რაღაცის
მიზეზი. მაგრამ იგი მხოლოდ იქ არსებობს, გამოუთქმელად და უჩინრად, ხოლო
როგორც კი ზემოთ ამოიყვან, როგორც კი სიტყვაში მოაქცევ, როგორც კი მზის
სინათლეზე დადებ, მაშინვე სახეს იცვლის, სულ სხვა რამედ იქცევა და
სრულიად შეუძლებელია იმის მიზეზი იყოს, რისი მიზეზიც იყო. ის, მყისიერი
და ნამდვილი, რაც ქარის სისინივით გაივლის შენს არსებობაში, მიუკვლეველი
საბუდრიდან მოდის და შენ არ გეხება, მაგრამ თუ მისი შეპყრობა და
განსაზღვრა დააპირე, უკვე შენია და პასუხსაც აგებ. ყოველ ნორმალურ კაცს
სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაემართება ისეთი რამ, როცა, ვთქვათ, უსაყვარლეს
ადამიანს დროის ერთი მოუხელთებელი დაკვესების განმავლობაში კუბოში
მწოლარეს წარმოიდგენს, მაგრამ არც ერთი ნორმალური ადამიანი ამ
თვალშეუვლებ, თითქმის არარსებულ მომენტს ცნობიერებაში არ შემოუშვებს და
აზრის ძაფით არ მოქსოვს, რადგან ეს ბნელი გაელვება აზრად ქცევისთანავე
ნიშან-თვისებებსაც იძენს და არა მხოლოდ ზნეობრივ მახასიათებლად,
შესაძლებელია, სახიფათო რეალურ ძალადაც იქცეს. აბელი შეშფოთებული და
დაბნეული უყურებდა დირექტორს და თანდათან მიხვდა, რომ ამ მიზეზს,
რომელიც გადაულახავი, მაგრამ ამავე დროს გამოუთქმელი იყო, ემატებოდა
მეორე მიზეზიც, უფრო რეალური და პროზაული: მის მიერ დატრიალებულ
ამბავში მერიც იყო გარეული და შეუძლებელი ჩანდა, აქ, თეატრის
ხელმძღვანელთა წინაშე, ისე წარმოედგინა ეს ამბავი, რომ ეს მერის მიმართ
ელემენტარული მაბეზღარობა არ ყოფილიყო. ამიტომ მცირე ყოყმანის შემდეგ
უკვე ნათქვამ „არაფერს“ ესღა დაუმატა: - გეტყოდათ, ალბათ, თვითონ...

- ის, რაც არიოსტომ გვითხრა, - თითქმის შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინა


დირექტორს სახეზე, - ძირითადად შენი დახასიათება იყო. შეიძლება რაღაც-
რაღაცებში არც შემცდარა, მაგრამ, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ, რაც იმან თქვა,
ყველაფერი მართალი გამოდგეს.

აქ რომან ადეიშვილსაც გაეღიმა. აბელს უცებ საშინლად მოუნდა სიტყვასიტყვით


გაეგო ყველაფერი, რა ილაპარაკა არიოსტომ მის შესახებ, მაგრამ ეს სურვილი
წამსვე დათრგუნა.

- მაგას მონა უნდა და არა მსახიობი.

- ის რაც არის, ვიცით, მაგრამ შენც მოეშვი ამ დონკიხოტობას, - მშვიდად და


გულგრილად თქვა რომან ადეიშვილმა, - მონა კი არ უნდა, მიზეზს ეძებს, რომ
სკანდალი ატეხოს. დაჯდება ახლა სახლში და გამოგვიცხადებს ომს.

დირექტორმა მაყვალას მოუხმო და კოლიას გამოძახება დაავალა. მერე


დაფიქრებული სახით გაიარ-გამოიარა ოთახში, ბოლოს აბელს მოუბრუნდა და
უბოროტო კილოთი უთხრა: - ამ თვეში რომ სპექტაკლი ვერ გამოვუშვათ, შენც
მოგხსნი და არიოსტოსაც, - აქ უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მარჯვენა
ხელის ზურგი მარცხენა ხელისგულს დაჰკრა, - არ შეიძლება, ძმაო, კვარტალის
ბოლოს არიოსტო ხოფერიას გაღიზიანება. ოქტომბერში დაეტაკე, ნოემბერში
დაეტაკე. ეს ოხერი დეკემბერი დაანებე, მისი იყოს.

- ნუ გეშინია, - თავისი გულგრილი კილოთი უთხრა რომან ადეიშვილმა, -


სპექტაკლის დამთავრებას ხუთი-ექვსი რეპეტიცია უნდა. წინ კი მთელი ორი
კვირა გვაქვს. რამდენ ხანს იქნება გაბუტული?

- მოვხსნი, - თქვა დირექტორმა, - არადა, მე მომხსნიან. წინა კვარტალი ვერ


შევასრულეთ და საყვედური მტკიცეს. მე მინდობენ, რომ სხვა დავინდო?! ხვალ
თუ არ მოვიდა რეპეტიციაზე, მოვხსნი.

რომან ადეიშვილს პოზა არ შეუცვლია, ოღონდ ეს იყო, ფეხის წვერი ოდნავ


ააქიცინა ჰაერში.
- ვერ მოხსნი. ასე ვერ გააგდებ კაცს, - აქ წამით შეყოვნდა, თითქოს ვერ
გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა, და დაუმატა, - ვანო როსტიაშვილი მოხსნეს გუშინ.

დირექტორმა მოხედა. მთავარი რეჟისორი მშვიდად იჯდა, ფეხის წვერს


აქიცინებდა და კედელს უყურებდა.

ამ დროს კარი გაიღო. კოლია ზღურბლზევე შეჩერდა. ღია კარი ხელით ეჭირა,
განზე იყურებოდა და ცდილობდა თვალებში არავისთვის შეეხედა. აბელს იგი
კიდევ უფრო გამხდარი და პატარა ეჩვენა.

- მოდი, - უთხრა დირექტორმა და როცა კოლიამ კარი მიხურა და ისე


ფრთხილად წამოვიდა, თითქოს ეშინოდა, მისი ფეხის ხმას ვინმე არ შეეწუხებინა,
დაუმატა, - დაჯექი.

კოლია დაჯდა. თვალებს თითქოს ერთ ადგილას არ აჩერებდა. გამუდმებით


აქეთ-იქით აცეცებდა.

- მოგვიყევი, ერთი, კოლია, რა მოხდა რეპეტიციაზე, - უთხრა დირექტორმა.

და კოლიამ სრულიად მოულოდნელად (ამ მოულოდნელობას განსაკუთრებით


უსვამდა ხაზს მისი წეღანდელი ფრთხილი, ფეხაკრეფილი სიარული) მაღალი,
მკივანა ხმით და გაცხარებული ჟესტიკულაციით დაიწყო: - რა მოხდა და
არაფერი ისეთი არ მომხდარა...

დირექტორმა შეაწყვეტინა: - წყნარად ილაპარაკე, კოლია.

კოლია თითქოს რაღაცას დაეჯახაო, წამით დაიბნა. მერე განაგრძო: - ბოდიში.


არაფერი ისეთი არ მომხდარა. ცოტა შემაგვიანდა და ბატონმა არიოსტომ
შენიშვნა მომცა, - აქ, ეტყობა, დირექტორის მითითება დაავიწყდა და ისევ
აყვირდა, - არავის აპეკუნობა არ მჭირდება მე! თუ შემაგვიანდება, მე და
არიოსტო მოვრიგდებით. დამცველები და ვექილები...

დირექტორმა ისევ შეაწყვეტინა: - რას ჰქვია, შენ და არიოსტო მორიგდებით! ეს


შენი და არიოსტოს დუქანი კი არაა!

- ბოდიში, - წამით შეცბა კოლია, - თქვენ, რა თქმა უნდა, და აგერ,


პატივცემული რომანი, რა თქმა უნდა... მაგრამ ვისაც არ ეკითხება, ის რას ეჩრება
მეცამეტე... მე სხვას არ ვედრები და მე თუ დავიგვიანებ, რაც მეკუთვნის...
როგორც მეკუთვნის... თუკი დავიმსახურე...

- შენ ხომ იცი, კოლია, - უთხრა დირექტორმა, - რომ მოსახსნელების სიაში


პირველი ნომერი ხარ?

- კი ბატონო. - რაღაც უცნაური, თითქოს ამაყი მორჩილებით დაუკრა კვერი


კოლიამ.

- კარგი. თავისუფალი ხართ ორივე, მაგრამ გეგმა რომ ჩაგვივარდეს, არც ერთი
არ ელოდოთ დანდობას.

რომან ადეიშვილი ფეხიფეხშემოდებული, გულხელდაკრებილი იჯდა სავარძელში


და მდუმარედ, გულგრილად ადევნებდა თვალყურს ამ საუბარს.
აბელი და კოლია ადგნენ. აბელი კართან წამით შეყოვნდა, კოლია წინ გაატარა
და მერე გავიდა. მაყვალა ზანტად, უხალისოდ უკაკუნებდა.

დერეფანში კოლია შეჩერდა და აბელს დაელოდა. როცა ეს უკანასკნელი


წამოეწია, უთხრა: - კი არ გეწყინოს, ხომ იცი დირექტორი... ხელმძღვანელობა.

- ვიცი, კოლია, - მიუგო აბელმა, - დირექტორი... ხელმძღვანელობა.

კარისკაცის სკამზე, კარისკაცის მაგიდასთან, იჯდა მერი, ჩაცმულ-დახურული და


ერთი შეხედვით წასასვლელად გამზადებული. მის დანახვაზე აბელი შეკრთა.
წამით მტკივნეული სიცხადით ჩაუქროლა თვალწინ ყველაფერმა, რაც დღეს
მოხდა. მოაგონდა თავისი სულელური მდგომარეობა, მარცხის მწარე,
ჟრჟოლისმომგვრელი გრძნობა, არიოსტო ხოფერიას ღრმა ზიზღითა და მწარე,
უიმედო ტკივილით ნათქვამი - „შე ღლაპო“, მერის დაჟინებული მზერა. ერთი
სიტყვით, ყველაფერი ის, რასაც შემდეგ რომან ადეიშვილმა ჩვეული გულგრილი,
უემოციო კილოთი დონკიხოტობა უწოდა. ამ გახსენებამ გულ-მუცელი გაუხურა,
სისხლი სახეს მოაწვა და ალმურის წითელ ორთქლად გამოჟონა. მერე
მოულოდნელად გონების თვალმა რომან ადეიშვილზე გადაინაცვლა. რომან
ადეიშვილი იჯდა უშფოთველი სახით, როგორც შორეული მაყურებელი, ხელები
მკერდზე დაეკრიბა და ფეხი ფეხზე არხეინად შემოედო. და აბელი ახლაღა
მიხვდა, რომ ამ კაცს არც გარეგნობა ჰქონდა და არც ხასიათი. ზოგი მაღალია,
ზოგი დაბალია, ზოგი ლამაზია, ზოგი უშნოა, ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტია,
ზოგი ხელგაშლილია, ზოგი ხელმოჭერილია... რომან ადეიშვილი არანაირი არ
იყო. არავითარი თვისება არ ჰქონდა, არავითარი ნიშანი. ზოგს ნიშანი და
თვისება რომ არა აქვს, სწორედ ეს არის ნიშანი და თვისება, მისთვის კი არც
უნიშნობა და უთვისებობა იყო რაიმე ნიშანი და თვისება. იგი ისეთი ჯურის
ხალხს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ათჯერ ნახავ და მეთერთმეტედ, ქუჩაში რომ
შეგხვდება, მაინც ვერ იცნობ.

გონების თვალი რომან ადეიშვილს დასტრიალებდა, მხედველობის არეში კი


მთელი ამ ხნის განმავლობაში მერი იყო.

- შენ გელოდი, აბელ, - წამოდგა მერი.

აბელს აზრად არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა მერი დალოდებოდა, თორემ


ალბათ რამე ღონეს იხმარდა ამ შეხვედრის თავიდან ასაცილებლად.
დირექტორთან როგორღაც გადაურჩა ახსნა-განმარტების მძიმე და
შეურაცხმყოფელ პროცესს, ახლა ვეღარ გადაურჩებოდა. არადა, ერჩივნა ათასი
საშინელი უბედურება დასტყდომოდა თავს, ვიდრე დღევანდელი საქციელი
აეხსნა და თავი ემართლებინა.

მაგრამ სინანული საქმეს ვეღარაფერს არგებდა და აბელი, ძარღვებმოდუნებული


და ბედს შერიგებული, მერისთან ერთად გამოვიდა თეატრის შენობიდან.

ზამთრის ცას, ბოლოს და ბოლოს, მიეღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.


უხვად ბარდნიდა. მსხვილ-მსხვილი ფანტელები უწყვეტად ეშვებოდა ძირს და
მიწას უკვე დამჩნეოდა თოვლის თეთრი კვალი.
აბელს ერთი წამით ყველა დარდი გაუქარდა და სახე ხარბად შეუშვირა ჰაერში
მოფარფატე ფიფქებს.

- საახალწლოდ დიდი თოვლი გვექნება, - თქვა მერიმ, - გიყვარს თოვლი?

მერი იმიტომ არ ელოდა ამდენ ხანს, რომ თოვლის სიყვარულზე ელაპარაკა. და


ამ ფორმალურმა შესავალმა აბელი ცოტა გააღიზიანა. გაღიზიანება რომ დაემალა,
ერთხანს შეყოვნდა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა: - ისე, რა.

თეატრის ეზო უხმოდ გადაიარეს და ქუჩაში გავიდნენ. ასფალტზე თოვლი


ჯერჯერობით ვერ იკიდებდა ფეხს.

აბელს ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა მერი ლაპარაკს. მერიმ კი ხელი
მკლავში გამოსდო და რატომღაც საჭიროდ დაინახა, ეს საქციელი აეხსნა: -
მეშინია, ფეხი არ დამიცურდეს...

აბელს მოეჩვენა, თითქოს მერი განზრახ აჭიანურებდა საქმეზე გადასვლას და


თავი ძლივს შეიკავა, რომ კბილები არ გაეღრჭიალებინა.

ბოლოს, როგორც იქნა, მერიმ ჰკითხა: - რას ერჩი იმ საწყალ არიოსტოს?

ეტყობა, ძალიან შორიდან აპირებდა შემოვლას. ამიტომ აბელმა გადაწყვიტა,


დაესწრო და თავად გადავიდა შეტევაზე: - ვერ ვიტან, ხალხს რომ „ბარაბაძის
ქალებად“ და „არაბარაბაძის ქალებად“ ჰყოფენ.

მერიმ შემოხედა და გაიღიმა. მარტო თვალებით იღიმებოდა, თბილად,


შემპარავად და ალერსიანად.

- აბა რა ქნან?

- ადამიანი ადამიანია, - თქვა აბელმა.

- ერთ თარგზე უნდა გამოიჭრას ყველა?

- შენ სხვა რამეს ამბობ, მე სხვა რამეს ვამბობ, - აბელს მოეჩვენა, რომ ეს ფრაზა,
ცოტა არ იყოს, ზედმეტად ცივად თქვა, გამოსწორებაც კი დააპირა, მაგრამ
სათქმელი ვერაფერი მოიფიქრა.

- მამაჩემი ყველაზე მდიდარი კაცია ამ ქალაქში, - მერიმ თავისუფალი ხელი


ჰაერში გაიწოდა და თოვლს შეუშვირა. დიდი, თეთრი ფანტელი ხელისგულზე
ისე დაეშვა, როგორც დიდი თეთრი პეპელა, - და ამიტომ ყველაზე გავლენიანიც.
ეშინიათ მისი, ანგარიშს უწევენ. ერთადერთი კაცი, - სახეში შეხედა და
ხაზგასმით თქვა, - ჩემს გარდა, - მერე ისევ ძველებური, წყნარი ხმით განაგრძო,
- ვინც მამაჩემის გავლენას არ ცნობს და დამოუკიდებელია, არის გედეონ რევია.

- სამსონი?

- სამსონი ვინაა?

- სამსონი. თეოსოფი. წიგნების გამყიდველი.


- აა! - მერის გაეღიმა, - უკვე გაიცანი? სამსონიც დამოუკიდებელია, მაგრამ მის
დამოუკიდებლობას ფეხები უკან რჩება, როგორც სახლიდან გაგდებულ ძაღლს,
და პატრონის დაწრუპუნებას ელოდება. რას მიყურებ? ავი ვარ, ხომ?

- ჭკვიანი ხარ, - ღიმილით უთხრა აბელმა.

- ადამიანი ადამიანია, - ირონიული კილოთი თქვა მერიმ, - აბელიც ადამიანია,


ამიტომ ერთს ფიქრობს და მეორეს ამბობს. - აქ შეჩერდა, მთელი ტანით
მოტრიალდა აბელისაკენ, ისე კი, რომ მკლავში გამოდებული ხელი არ გაუშვია,
თვალი თვალში გაუყარა და ცოტა მკაცრად და გულმოსულად თქვა, - ავი არა
ვარ, გაავებული ვარ. - მერე ისევ წყნარი, ოღონდ ცოტა ირონიული კილოთი
განაგრძო, - მე დედისერთა ვარ. განებივრებული, გათამამებული. მამაჩემს მზე
და მთვარე ჩემზე ამოსდის. მეც ბოროტად ვისარგებლე მისი სიყვარულით და
სრული თავისუფლება მოვიპოვე. რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. მაგრამ, როგორც
ირკვევა, ეს არ კმარა, თურმე ნუ იტყვი, არიოსტოს თავისუფლებაც მე უნდა
მოვიპოვო, კოლიას თავისუფლებაც და საერთოდ, ყველას თავისუფლება, ვისაც
კი თავისი სიბრიყვის გამო მამაჩემის ეშინია. რა ჩემი ბრალია, რომ საცა ბუჩქი
შეირხევა, ბატკანს ყველგან მგელი ელანდება! რა ესაქმება მამაჩემს არიოსტოსა
და კოლიას თავისუფლებასთან? სამსახურიდან რომ მომხსნან დაგვიანებისთვის,
მამაჩემი ყურს არ შეიბერტყავს. იცის, რომ ჩემს საქმეში არ უნდა ჩაერიოს. რა
ვქნა მე, არიოსტოს თუ ჩრდილის ეშინია? მე ისიც მეყოფა, რომ ყველას
ვუყვარვარ. წარმოიდგინე ერთი, თავი ჩემს ადგილას და ნახავ, როგორი ასატანია,
როცა ყველას უყვარხარ და ყველას უყვარხარ მხოლოდ იმიტომ, რომ „ბარაბაძის
ქალი“ ხარ! შენ კი სკანდალს ტეხ და, ადამიანი ადამიანიაო, გაიძახი. არიოსტოს
სიამოვნებს, კოლიას რომ სჯის და მე „ხელს მაფარებს“. უფრო მეტს გეტყვი:
კოლიასაც სიამოვნებს. არა გჯერა?

ამ დროს ქუჩის მეორე მხარეს ვანო როსტიაშვილი გამოჩნდა. მოდიოდა


ზემოდან ჩქარი ნაბიჯით, პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, საყელოაწეული,
კაშნეში ნიკაპჩარგული, თავჩაღუნული. მერი და აბელი არ შეუმჩნევია. აბელი
თვალგაშტერებული, გაუგებარი ყურადღებით მისჩერებოდა ვანოს, სანამ ეს
უკანასკნელი მათ არ გასცდა.

- მჯერა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ეს ცოტა გადაჭარბებულია... - თქვა აბელმა.


აქ უეცრად მოტრიალდა და უკვე კარგა შორს მიმავალ ვანოს ხმამაღლა გასძახა,
- ვანო!

ვანო მოტრიალდა.

- ა! გამარჯობათ! - ნაძალადევი მხნეობით დაუკრა თავი ორივეს.

- დამიცადე, საქმე მაქვს შენთან, - დაუძახა აბელმა.

ვანომ ცალი ხელი ამოიღო ჯიბიდან, კაშნე გაისწორა, ნიკაპი უფრო ღრმად
ჩარგო შიგ და მერე ხელი ისევ ჯიბეში ჩაიყო.

მერიმ აბელს შეხედა. უყურა, უყურა და ოდნავ გაიღიმა. მერე ეს ღიმილი ნელ-
ნელა მთელ სახეს მოედო. ბოლოს მკლავში გამოდებული ხელი გამოაცალა და
უთხრა: - დიდხანს ნუ ალოდინებ. თხელი პალტო აცვია და გაცივდება. - ამ
სიტყვებით ხელი გაუწოდა და ისევ ისე თბილი, შემპარავი, ალერსიანი
ღიმილით გაუღიმა, - ნახვამდის.

- ნახვამდის, - უთხრა აბელმა, სინდისის ქენჯნა იგრძნო და ცოტა გაჭირვებით,


ნაძალადევად დაუმატა, - მართლა გადაუდებელი საქმე მაქვს.

მერი წავიდა. აბელი მოტრიალდა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა ვანოსთან, ხელი


გაუწოდა და მაგრად, გულითადად ჩამოართვა.

- მომილოცავს, ვანო! გავიგე, თურმე სამსახურიდან დაგითხოვეს.

ვანომ თვალები გადმოქაჩა.

- მილოცავ, კაცო?! მილოცავ?! - ხმა აუკანკალდა და მწუხარე სახეზე, რომელსაც


გრძელი, ჩამოკიდებული ცხვირი კიდევ უფრო მწუხარე იერს ანიჭებდა,
შეკავებული ბოღმა წითლად მოაწვა.

- კი, გილოცავ, - მშვიდად უთხრა აბელმა, - სულითა და გულით გილოცავ.


სამსახური მთელი სიცოცხლე თოკივით გაქვს კისერში ჩაბმული. სულ იმის
ნატვრაში ხარ, როგორმე ეს თოკი გადაიგდო, მაგრამ ხელფასს ვერ შელევიხარ
და გადაგდების მაგივრად უფრო მაგრად იჭერ. ასე იწვი ორ ცეცხლს შუა, ნელ-
ნელა და გამუდმებით. ერთი ნუგეში ისღა რჩება, რომ იქნებ ბედმა გაგიღიმოს,
როგორც შენ გაგიღიმა, ვინმე ღვთისნიერი კაცი გამოჩნდეს და სამსახურიდან
გამოგაპანღუროს. უცებ მიხვდები, როგორ აგეხსნა ბორკილები და შვებით
ამოისუნთქავ. თოკი გაწყდება, ბეკეკა ერთს მხიარულად დაიკიკინებს
თავისუფლების ჰიმნს და კუნტრუშ-კუტრუშით გაიქცევა, საითაც მოესურვება.

- ეგეც კი არის, ხომ იცი... - ვანო როსტიაშვილს მწუხარე თვალებში წამით


მოულოდნელი აღმოჩენის გაკვირვება და აღტაცება ჩაუდგა. ეს გაკვირვება და
აღტაცება, მართალია, მაშინვე გაქრა, მაგრამ მისი ცისფერი მოგონება ჯერ კიდევ
ჟღერდა, როგორც შორეული და უიმედო ოცნება, მომდევნო ფრაზაში, რომელიც
უკვე ნაღვლიანი კილოთი და მწარე რეალიზმით ითქვა, - ეგეც კი არის, მაგრამ...
ფულის შემომტანი თუ არა ხარ, ისე ვის რად უნდიხარ ოჯახში...

ვანომ თავი ჩაჰკიდა, გამხდარი, ნაადრევად დანაოჭებული სახე თითქოს კიდევ


უფრო დაუნაოჭდა, მარჯვენა ფეხი ისე მოიმარჯვა, გეგონებოდათ, იმით რაღაცის
დაწერას აპირებსო. ყვითელი, გაქუცული ფეხსაცმლის ჭვინტი სველ ასფალტს
დააჭირა და ჩიჩქნა დაუწყო.

აბელი მიხვდა.

- გამოგაგდეს სახლიდან?

ვანოს მთელი ყურადღება მარჯვენა ფეხზე ჰქონდა გადატანილი. ფეხსაცმლის


ჭვინტი უფრო ენერგიულად აამუშავა, თითქოს სიგარეტის ნამწვი გასრისაო.
ბოლოს თავი ასწია, მოწყენილი მზერა ფიფქებით სავსე სივრცეს მიაპყრო და
ყრუ, ჩავარდნილი ხმით თქვა: - გამომაგდეს, - აქ ცოტა შეყოვნდა და დაუმატა, -
სიდედრმა გამომაგდო.

- გცემა? - მექანიკურად წამოისროლა აბელმა და მერეღა ინანა.


ვანომ ცალი მხარი აიჩეჩა. შესაძლებელია, ეს აჩეჩვა კი არა, უბრალოდ ნერვული
თრთოლა იყო. მერე თავი ჩაჰკიდა და საკუთარ ფეხებს დაუწყო ცქერა. ერთხანს
ასე იდგა. ბოლოს თავი ისევ ასწია, სასოწარკვეთილის ხელჩაქნეული
გადაწყვეტილებით პირდაპირ თვალებში შეხედა აბელს და უთხრა: - ორჯერ
დამარტყა ცოცხი. ერთხელ ბეჭებში და ერთხელ კისერში. ტკენით იმდენად არ
მტკენია, მაგრამ მაინც... - უცებ გაიმართა, თვალებში უცნაური, თითქოს
ვიღაცისგან ნანათხოვრები სიამაყე ჩაუდგა და ხმამაღლა, პათოსით განაგრძო, -
სიდედრი როგორ მომერევა ამხელა კაცს, მაგრამ ქალს ხომ არ შევუბრუნებ ხელს!
- აქ პათოსი ისევ ისე მოულოდნელად ჩაქრა, როგორც აინთო, და კვლავ
მწუხარე, ჩავარდნილი ხმით დააბოლოვა, - სახლი მისია და...

- აქეთ სად მიდიოდი?

ვანომ კეფა მოიფხანა.

- არსად... - თქვა გაუბედავად და დაირცხვინა, - ერთი ნაცნობი მყავს სანახავი.

- თუ ძალიან არ გეჩქარება, ლუდხანაში შევიდეთ, თითო ჭიქა ღვინო დავლიოთ.

ვანო მოცოცხლდა.

- რა მეჩქარება... იმის ნახვას მერეც მოვასწრებ.

ლუდხანაში თბილოდა.

აბელმა ორი ბოთლი ღვინო და საჭმელი შეუკვეთა. მომტანი, გამხდარი, ქერა,


ცისფერთვალება ახალგაზრდა ბიჭი, ჯარასავით დატრიალდა და თვალის
დახამხამებაში გააწყო სუფრა.

დარბაზში ხალხი ცოტა იყო. აბელმა ჭიქები შეავსო, ვანოს მიუჭახუნა,


გაგვიმარჯოსო, და დალია. მერე, ვანომაც რომ დალია, ჰკითხა: - რისთვის
მოგხსნეს?

- გაგიკვირდება, რომ გითხრა, - ვანო უკვე კარგ ხასიათზე იყო, - ლოთობისთვის.


- და, სანამ აბელი მოიფიქრებდა, რა იყო ამაში გასაკვირი, აუხსნა კიდეც, -
ყველაზე გვიან მე ვჯდები სუფრასთან და ყველაზე ადრე მე ვდგები. ლოთი
მაინც მე მქვია. მითხარი ერთი, ოცდაოთხი საათი რომ სვამენ, ისინი არ არიან
ლოთები და მე ვარ?

მესამე ჭიქაზე ვანო სულ მთლად გახალისდა და ენერგიულად შეუდგა


სიდედრის გინებას. კუდიანიაო, მე მაგის დედა და მამაო, ეგ მირევს ოჯახს,
თორემ ცოლი უბატონოდ ხმას როგორ გამცემდაო...

აბელმა კიდევ ორი ბოთლი მოატანინა.

ცოტა მოშორებით რამდენიმე კაცი ქეიფობდა. ჭრელი ხალხი ჩანდა, სხვადასხვა


წრისა და სხვადასხვა ასაკის. აბელმა თავიდანვე შეამჩნია, რომ ვანო
როსტიაშვილის დანახვაზე ერთმანეთს რაღაც უთხრეს და გაიცინეს. მერეც,
დროდადრო, მოიხედავდნენ, რაღაცას იტყოდნენ და გაიცინებდნენ.
განსაკუთრებით ორი, შედარებით ახალგაზრდა კაცი აქტიურობდა. სიცილით
იჭაჭებოდნენ, ხანდახან თითსაც იშვერდნენ მათი მაგიდისაკენ. აბელმა ჰკითხა
კიდეც ვანოს, ვინ არიანო, მაგრამ ვანომ, არ ვიცი, ერთი მაგათი დედაცო, ხელი
ჩაიქნია და ოდნავ შეიცვალა პოზა, რათა მოქეიფეებისაკენ სულ მთლად
ზურგშექცევით მჯდარიყო. ბოლოს იმ ორი ახალგაზრდიდან ერთი წამოდგა,
სავსე ჭიქა აიღო და მათკენ წამოვიდა. დიდმუცლიანი იყო, წვრილთვალებიანი
და წვრილწარბებიანი. სახე ბუნჩულა და კეთილი ჰქონდა. სულ ახლო მივიდა,
გამობერილი მუცელი მაგიდას მიაბჯინა, წვრილი თვალების ეშმაკური მზერა
ვანოს მიაპყრო და ღიმილით უხრა: - ვანა, შე ბედოვლათო! მიაგენი ხომ,
როგორც იქნა, იმ შენს ნაცნობს, დილიდან რომ დოღის ცხენივით დარბოდი და
გამწარებული ეძებდი? - ვანომ ერთი მწუხარე ზიზღით ამოხედა და თეფშში
ჩარგო თავი. - ბიჭო, შე წყალწაღებულო, შენი დღე და მოსწრება რომ ნაცნობებს
ეძებ და სხვის პურმარილზე პარპაშებ, ერთი შენი პურმარილი გვაჩვენე.
დაგვიძახე ტალიკ-ტალიკ ბიჭებს, დაგლოცავთ, კაი სიმღერას გეტყვით,
მოგალხენთ და გაგახალისებთ. - აქ ეტყობა, აბელის მზერა იგრძნო, წამით
მიუბრუნდა, - ბოდიშს ვიხდი, თუ მყუდროება დაგირღვიეთ, - ისე,
სასხვათაშორისოდ, იქნებ ცოტა სალაღობოდაც კი, მოიბოდიშა, რომ
მობოდიშებას არც ჰგავდა. აბელს ხელი თავის სავსე ჭიქაზე ეკიდა და
აწვალებდა. უცნობი კი განაგრძობდა, - რაღაცა აღნიშნე, შე მამაცხონებულო. შენი
დაბადების დღე ვიღას ახსოვს, შენი დაბადების დღე დაიქცეს, მაგრამ ცოლი
გყავს, შვილები გყავს... სიდედრს მაინც გადაუხადე, ბიჭო, დაბადების დღე. კაცმა
რომ გკითხოს, მისი ფასი ქვეყანაზე არაფერი გყავს, მზე და მთვარე იმაზე
ამოგდის, მოიხედე აქეთ, შე ლოთო და გადაგვარებულო, რომ გელაპარაკები!
შენი სადღეგრძელო მინდა დავლიო. ერთი მოიხედე, იმ კაი სიდედრს გაფიცებ...

აქ აბელმა შეაწყვეტინა. სწორედ იმ დროს, როდესაც წვრილთვალებიანმა


სიდედრი დააფიცა ვანოს, აბელის სხეულში დამთავრდა გაუგებარი ბრძოლა. ეს
ბრძოლა, რაკი მასში ცნობიერი აზრი არ მონაწილეობდა, ისეთი იყო,
უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვები რომ უთავბოლოდ დაერევიან ერთმანეთს.
საბოლოოდ (მაშინ, როდესაც ვანო როსტიაშვილს სიდედრი დააფიცეს) თითქოს
ყველაფერი დაიწმინდა, ბრძოლა დამთავრდა და ერთი მოუხელთებელი წამის
განმავლობაში მთელმა დღევანდელმა და, შესაძლებელია, არა მარტო
დღევანდელმა სიმწარემ ამ წვრილთვალებიან, კეთილ სახეზე მოიყარა თავი.
აბელმა ერთი კი ახედა ამ სახეს მანძილისა და მიმართულების დასადგენად და
სავსე ჭიქა ელვის სისწრაფით, მოწყვეტით, მთელი ძალით გაიქნია.

მიზანმა არ უმტყუნა. უცნობს ღვინო ტყლაშანით შეესხა შიგ ცხვირ-პირში და


იქიდან ასხლეტილი შხეფები შორს გაიფანტა.

წვრილთვალებიანს რეაქცია დაუგვიანდა. უკან კი გადახტა ინსტინქტურად,


მაგრამ ამ ნახტომს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ღვინო უკვე წურწურით
ჩამოსდიოდა პირისახიდან. მისი თანამესუფრეები მყისვე მოტრიალდნენ,
თითქოს უნდა წამოცვენილიყვნენ კიდეც, მაგრამ რატომღაც არ წამოცვივდნენ და
განცვიფრებულები ერთ ადგილას გაშეშდნენ.

ცისფერთვალებიანი ოფიციანტი და სქელი, ოთხკუთხა მებუფეტე თვალის


დახამხამებაში გაჩნდნენ აბელისა და ვანო როსტიაშვილის მაგიდასთან. ორივე
დაძაბული იყო, გაფითრებული და გასაშველებლად გამზადებული.
დარბაზში ხალხი ცოტა იყო, ვინც იყო, ყველამ შეწყვიტა ჭამა-სმა, მობრუნდა და
მოსალოდნელი ჩხუბის საყურებლად მოემზადა.

მთელი ამ დავიდარაბის მიზეზმა, წვრილთვალებიანმა ბუნჩულამ, ორივე ხელით


ჩამოიწმინდა სახიდან ღვინო, მერე ცხვირსახოცი ამოიღო და ახლა იმით შეუდგა
უფრო საფუძვლიან წმენდას. თვალის უპეები ამოიმშრალა, შუბლი მოიწმინდა,
ცხვირი, ტუჩები, ნიკაპი და ის იყო პიჯაკზე აპირებდა გადანაცვლებას, რომ
მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. ყოველ შემთხვევაში, გაკვირვებით გაიხედა
დარბაზის შემოსასვლელისაკენ, თითიც გაიშვირა და უცებ ხითხითი აუტყდა.
მისი თანამესუფრეებიც თითქმის იმავ დროს ახარხარდნენ. აბელმა, პირველ
ყოვლისა, ის იფიქრა, რაღაც ოინს მიწყობენო, მაგრამ თვალი მაინც გაექცა.

ვანო როსტიაშვილის მოხრილმა, შეშინებულმა ზურგმა ერთი გაიელვა


გასასვლელში და გაუჩინარდა. აბელი ინსტინქტურად მოტრიალდა ვანოს
სკამისკენ, თითქოს საკუთარ თვალს არ დაუჯერაო, მერე ბუნჩულა
მოწინააღმდეგეს შეხედა, რომელიც ლამის ჩაბჟირებულიყო სიცილისაგან და
თვითონაც გაეცინა.

მებუფეტე და ოფიციანტი მიხვდნენ, რომ მთავარმა ქარიშხალმა გადაიარა,


მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, გამოიდარა თუ არა. ამიტომ ფეხი არ
მოუცვლიათ პოსტიდან, თუმცაღა თავისუფლად კი ამოისუნთქეს. ამ დროს
მოქეიფეთა მაგიდიდან ნელა წამოდგა ერთი კაცი. მაღალი იყო, ტანადი,
ბეჭებგანიერი. მოკლედ შეკრეჭილი, წინ ჩამოვარცხნილი ჭაღარა თმა ჰქონდა,
აზიდული წარბები და არწივისებური ცხვირი. თუმცა შესახედავად ყველაზე
ხნიერი ჩანდა, ათლეტის აგებულება ჰქონდა: ჩამოსხმული ტანი, მაღალი მკერდი,
წვრილი წელი და დიდი ხელები. იგი ბუნჩულასთან მივიდა, ლოყაზე თბილად
მოუთათუნა ხელი, სიყვარულით მიატრიალა და თავისი მაგიდისაკენ გაუშვა.
თვითონ კი დოინჯი შემოიყარა და აბელს მიაჩერდა ისეთი სახით, რომელზედაც
გარკვევით არანაირი განზრახვა არ ეწერა. აბელი სკამიანად მიბრუნდა მისკენ და
თვალი გაუსწორა. რაღაც იყო უცნობში უაღრესად სასაცილო და რაღაც იყო
უაღრესად სიმპათიური.

მებუფეტე და ოფიციანტი, რომლებიც უცნობს აქეთ-იქით და ოდნავ, ნახევარი


ნაბიჯით უკან ედგნენ, მიხვდნენ, რომ ყველაფერი ახლა წყდებოდა, და
დაიძაბნენ. უცნობმა აბელისათვის გაუგებარი რომელიღაც გრძნობით შეამჩნია
მათი მომზადება და წყნარად, ისე რომ არ შერხეულა და აბელისთვის თვალი
არ მოუშორებია, თქვა: - წადით, თქვენს საქმეს მიხედეთ, მე ვარ აქ. - და როცა
მებუფეტე და ოფიციანტი მორჩილად მიტრიალდნენ და წავიდნენ, ისევ ისე
წარბშეუხრელად, მშვიდად, შესაძლოა, ოდნავ დამრიგებლური კილოთი უთხრა
აბელს, - როსტიაშვილების ქომაგს პირველ რიგში როსტიაშვილები გამოჭრიან
ყელს.

ამ სიტყვებით შებრუნდა და თავის მაგიდას მიაშურა.

აბელი უაზროდ მისჩერებოდა ორ სავსე ბოთლს, რომლებიც საცოდავად,


თითქოს ცოტა მოწყენილები იდგნენ, რადგან ერთი მომხმარებელი გაიქცა და
მეორე მარტო დატოვა, მერე ჭიქა აივსო, ნელა, ყლუპ-ყლუპად დალია, ბოლოს
ცისფერთვალებიან ოფიციანტს ხელით მოუხმო, ანგარიში გაუსწორა, წამოდგა და
გასასვლელისაკენ წავიდა.

გარეთ ბარდნიდა და ბარდნიდა. მსხვილად, მშრალად, უხვად. არემარე


გადათეთრებული იყო. ქუჩებსაც უკვე თოვლის თხელი ფენა დასდებოდა.

ციოდა. აბელმა ქურთუკის საყელო აიწია და დაბლა დაეშვა. სანამ სამსონის


მაღაზიას გაუსწორდებოდა, დარწმუნებული იყო, შინ მიდიოდა. სამსონის
მაღაზიას რომ გაუსწორდა, მაშინღა მიხვდა, შინ წასვლას არ აპირებდა, თურმე
სულ სხვა გეგმა ჰქონია.

მაღაზიაში შევიდა. სამსონი - მაღალი, აწოწილი, გამხდარი, - დახლთან იდგა და


ახალგაზრდა ქალს ემსახურებოდა. ქალმა წიგნი გამოართვა, გადაშალა და
სათვალე შიგ ჩარგო.

- გამარჯობათ, სამსონ! - მიესალმა აბელი.

- ა! გამარჯობათ! - გაუღიმა სამსონმა, დიდი კბილები გამოაჩინა და ხელი


გამოუწოდა, - დიდი ხანია არ გამოჩენილხართ.

- ხომ არაფერი მიგიღიათ საინტერესო?

- სათქვენო არაფერი. ჯერჯერობით არაფერი.

- ავიღებ, - თქვა ქალმა და ფული გაუწოდა. სამსონმა ხურდა დაუბრუნა და


ქალი წავიდა.

სამსონი ისევ აბელს მოუბრუნდა.

- ჯერჯერობით არაფერი, - გაიმეორა ერთხელ უკვე ნათქვამი. მერე გადმოიხარა,


იდაყვებით დახლს დაეყრდნო, სახე ახლო მოუტანა, - აქ რა უნდა მივიღო
საინტერესო! - ცერა თითი უკან, მხარზემოთ გაიშვირა, - ათასში ერთხელ თუ
გამოჩნდება რამე სახეირო. - აქ ხმას დაუწია, - სახლში მაქვს ნამდვილი
ლიტერატურა. - და კიდევ უფრო დაუწია ხმას, - სულიერი ლიტერატურა. თქვენ
ჯერ კიდევ დაგაინტერესებთ.

- ჯერ კიდევ? - ვერ მიუხვდა აბელი.

- სანამ ამ ბილწ ქალაქს თავის აშმორებულ ჭაობში არ ჩაუთრევიხართ. თუ


ჩათრევა მოასწრო, მერე მორჩა, შმორის სუნი გაგიტკბებათ. ეს ქალაქი კაცუნების
ქალაქია. - აბელს, ღმერთმა იცის, რა ასოციაციით, უცებ მოაგონდა, წუხელ რომ
ალის დაჰპირდა, ხვალიდან ღვინოს აღარ დავლევო და სინდისის ქენჯნა
იგრძნო. სამსონი კი ჩუმად, საიდუმლოდ განაგრძობდა, - ეს სათამაშო ქალაქია
და ავტომატური, სამართავი კაცუნებითაა დასახლებული.

- ვინ მართავს? - აბელი გულწრფელად დაინტერესდა.

- რა ვიცი, ვინ მართავს! ვითომ საყვარელიძე, ვითომ ბარაბაძე, ვითომ ძაღლი და


ვითომ მამაძაღლი. სინამდვილეში არიმანის ბოროტი ნება მართავს.
საყვარელიძის საშუალებით იქნება ეს, ბარაბაძის საშუალებით, პეტრეს
საშუალებით თუ ივანეს საშუალებით, მაგას რა მნიშვნელობა აქვს! ერთადერთი
კაცი კაცუნების ამ ხროვაში გედეონ რევიაა, - აბელმა გაკვირვებით შეხედა.
გედეონ რევიას ქებას მისგან არ მოელოდა. სამსონმა განაგრძო, - მაგრამ ისიც
გზასაცდენილია, განათლებამ დაღუპა და ააცდინა გზას. თვითონაც კი ატყობს,
რომ გზასაცდენილია, მაგრამ არ იმჩნევს. ხომ შეგინიშნავთ, როგორ არიდებს
ჩემთან კამათს თავს? რატომ, თუ იცით? ეშინია. ეშინია, სწორ გზაზე არ
დავაბრუნო. მთელი სიცოცხლე მრუდე გზით იარა და მრუდე გზის მტვრად
იქცა. ახლა, ამ სიბერეში, მტვრიდან წამოდგომას და ახალი ცხოვრების დაწყებას
ისევ ბრუნდად სიარულს ამჯობინებს. თავს აღარ უტყდება, რომ ტყუილ-
უბრალოდ გალია სიცოცხლე. ვითომ ცინიკოსია, ვითომ მატერიალისტია, ვითომ
მართლა სჯერა თავისი განათლების. მე რას მომატყუებს! მე ხომ ვიცი, რომ
უკუღმართად გავლილი ცხოვრება ჩუმად ტანჯავს და გულში შიში აქვს. ძალიან
კი ცდილობს, ის შიში ცხრაკლიტულში გადამალოს, მაგრამ ტყუილი იმედია.
ერთხელაც იქნება, ეს ჩვენი გედეონი მე თუ არა, თავის თავს მაინც გაუმხელს,
რომ ბრუნდი და უკუღმართი გზით იარა. ასეა... გისმენთ, ქალბატონო! არა,
სახელმძღვანელოები საერთოდ არ გვქონია. სკოლებში გაიყიდა... სხვებზე ხომ
რაღა გითხრათ: მთელი ეს თქვენი მოწონებული გორდაძეები და
როსტიაშვილები და ადეიშვილები და გიორგობიანები და წამალაშვილები და
ბანძელაძეები და რა ვიცი, მთელი ეს კაცუნები ხორცზე არიან დაგეშილები და
ხორცის გარდა ვერაფერს ხედავენ. ხორცს უვლიან, ხორცს ეფერებიან, ხორცს
ჭამენ, ხორცით სუნთქავენ, ხორცი უყვართ და ხორცით არიან. სულის ხსენებაზე
სიცილით იჭაჭებიან, ამიტომაც არიან ბრიყვები. რევიას რომ ეცინება სულის
ხსენებაზე, რევიას თავისი განათლება მაინც შეუძლია დაგიპირისპიროს. ამათ
ესეც არ შეუძლიათ, ამ უბადრუკებს. მალე ოთხზე დადგებიან, ზოგი კი დადგა
უკვე. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როსტიაშვილმა რომ ლუდხანიდან სასტუმროს
კუთხემდე ოთხით იარა... გისმენთ, ქალბატონო! მხატვრული ლიტერატურის
განყოფილებაში მიბრძანდით, ქალბატონო! იქ ექნებათ. არაფერს... ახლა ისეთი
პერიოდია, უჭირს ქვეყნიერებას. სამყარო არიმანის ბატონობის ხანაშია.
სულიწმიდამ დროებით მიგვატოვა და ადამიანი გადაგვარების გზაზეა
დამდგარი. ახლა გვმართებს ვაჟკაცობა, რომ არ გავკირკაჟდეთ და მარტო
ხორცის ამარა არ დავრჩეთ. სულიწმიდას მალე ნიშანი მიეცემა მაღლით და ისევ
დაგვიბრუნდება, მაგრამ, თუ ამასობაში საბოლოოდ წავიწყმიდეთ, არიმანს თუ
ჩავბარდით და სულის ნატამალი აღარ შეგვრჩა, წასულია ჩვენი საქმე. მძორით
ხომ ვერ მივიღებთ სულიწმიდას? ლეშით ხომ ვერ მივიღებთ? ამიტომ მზად
უნდა ვიყოთ. სული უნდა გადავირჩინოთ. შემოიარეთ ჩემთან სახლში,
ვილაპარაკოთ. ოღონდ ძალას ნუ დაატანთ თავს. ძალდატანებით არაფერი გამოვა.
ტვინით ღმერთთან ვერ მივალთ. ღმერთთან გულით უნდა მივიდეთ... გისმენთ,
ბატონო! კი ბატონო, ინებეთ, მანეთი და ათი კაპიკი. ხურდა არა გაქვთ ათი
კაპიკი? ჰოო, ძალიან კარგი... აგერ დაგიწერთ ჩემს მისამართს. გქონდეთ და თუ
დაატყობთ, რომ გჭირდებით, მოდით. ძნელი მოსაგნები არაა. ბოლო სახლია მაგ
ქუჩაზე. სულ ზედა სართულზე ვდგავარ.

- საღამოობით ხართ შინ?

- კვირას - მთელი დღე, ისე - საღამოობით. მალე მივატოვებ სამსახურს და


მთლიანად ჭვრეტაზე გადავალ. მაშინ უკვე სულ სახლში ვიქნები.

აბელმა ქაღალდი გამოართვა, გაკეცა და ქურთუკის გულჯიბეში ჩაიდო.


- აბა, მაშ ნახვამდის.

- ნახვამდის, - სამსონმა გულკეთილად გაუღიმა, დიდი კბილები გამოაჩინა და


ხელი გაუწოდა.

აბელი მაღაზიიდან გამოვიდა და აღმართს შეუყვა. ახლა იცოდა, რომ სახლში არ


წავიდოდა, მაგრამ სად მიდიოდა, არ იცოდა.

გადაუღებლად თოვდა. ყინვამ მოუჭირა, ფეხებქვეშ მშრალი თოვლი აჭრაჭუნდა


და რაღაც ბუნდოვანი და საამო მოგონებები გააღვიძა.

სასტუმროს გასცდა. ზემოთ აუხვია. ნელა მიაბიჯებდა, გულისყურით უსმენდა


თოვლის ჭრაჭუნს, ხანდახან კვალსაც აკვირდებოდა და თუ კვალი მკაფიო
აღმოჩნდებოდა, როგორც კარგად დაბეჭდილი ფოტოსურათი, ბავშვივით
უხაროდა.

ქუჩა რკალად უხვევდა მარცხნივ. მანქანები ნელა, ფრთხილად მოძრაობდნენ


მოლიპულ გზაზე. ხალხი საყელოამოწეული, ქუდჩამოფხატული დადიოდა.

იარა აბელმა, იარა და მაშინღა გამოერკვა, როცა ქუჩის პირას მერი ბარაბაძის
სახლი იცნო. გაკვირვებით შედგა და მიიხედ-მოიხედა. ვერ მიხვდა, რა უნდოდა
აქ, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ რაღაც შეუცნობელმა იმპულსმა წამოიყვანა ამ
გზით. „ბარაბაძის ქალი“, - გაიფიქრა და გუნებაში გაეღიმა, - „ნეტა სამსონსაც
თუ უყვარს?“

თოვლში ბუნდოვნად ჩანდა მეორე სართულის თაღოვანი ფანჯრები. „ხომ არ


შევიდე?“ - გაიფიქრა აბელმა, იმავ წამს გზა განაგრძო და ერთბაშად მიხვდა,
რომ გორდაძეებთან მიდიოდა, თუმცა გორდაძეებთან მისვლა უფრო მოკლე
გზითაც შეიძლებოდა.

გზა რომ განაგრძო, უცებ ისევ გაახსენდა არიოსტო და წამით თვალწინ დაუდგა
მისი სახე, რომელზედაც ზიზღი, ტკივილი და სიმწარე იყო აღბეჭდილი. და ისე
მკაფიოდ მოესმა კბილებშუა გამოცრილი „შე ღლაპო“, რომ
მოულოდნელობისაგან შეკრთა და მიმოიხედა. მერე არიოსტოს გამწარებული
სახე თითქოს სხეულში ჩაუსახლდა და მთელი გზა ისე განვლო, ვერანაირად
იქიდან ვერ გამოაძევა. მხოლოდ მაშინ, როცა ასლანის სახლს მიუახლოვდა,
არიოსტოს უსიამო ჩვენება გაქრა და ისეთი გრძნობა გაუჩნდა, როგორიც
შეიძლება გაუჩნდეს კაცს, რომელმაც შიშითა და ხიფათით სავსე, ავად
გატრუნული ტყე გამოიარა და სამშვიდობოს გამოვიდა.

ჭიშკარი შეაღო თუ არა, შიგ შუბლში თოვლის გუნდა მოხვდა და იმავ წამს
გოგიტა და ტყუპები საომარი ყიჟინით დაესხნენ თავს.

აბელმა რის ვაივაგლახით მოიგერია შემოტევა, თავი დააღწია გააფთრებულ


მოწინააღმდეგეს, ნინიკოს მიაშურა, რომელიც ნეიტრალურ პოზიციაზე იდგა და
შორიახლოდან ადევნებდა თვალს ბრძოლას, ხელი მოხვია, საფეთქელზე აკოცა
და უთხრა: - ომის წესები არ იციან ამ ურჯულოებმა, - მერე ბიჭებს მიუბრუნდა,
რომლებიც ახალი იერიშის წამოწყებას აპირებდნენ, ენერგიული და მოკვეთილი
მოძრაობით თითი გაიშვირა მათკენ და მკაცრად თქვა, - ომის წესები არ იცით
თქვენ, ურჯულოებო!

„ურჯულოებმა“ აშკარად ვერ აუღეს ალღო მოწინააღმდეგის ხმის კილოსა და


ჟესტიკულაციას, დაიბნენ, შეკრთნენ, შედრკნენ, შეჩერდნენ და საბოლოოდ
მონუსხულებივით მიაჩერდნენ მათკენ მრისხანედ და თეატრალურად მიშვერილ
თითს. აბელმაც დაუყოვნებლივ ისარგებლა ჩამოვარდნილი სიჩუმით,
პარალიზებულ მოწინააღმდეგეს გონს მოსვლა აღარ აცალა და სასწრაფოდ
წაუკითხა პატარა პათეტიკური ლექცია იმის თაობაზე, რომ ომის
გამოუცხადებლად თავდასხმა ლაჩარი და გულდედალი ხალხის საქმეა. ომში
მთავარია მოწინააღმდეგის რაინდული პატივისცემა. სანამ შეტევაზე
გადახვიდოდე, საჭიროა მოწინააღმდეგეს ნოტა გაუგზავნო და აცნობო, ომს
გიცხადებ და თუ ვაჟკაცი ხარ, დამიხვდიო. მაგრამ თუ ომის წამომწყები მხარე
ისეთი უწიგნურებისა და ჩერჩეტებისაგან შედგება, როგორებიც არიან აბელის
ამჟამინდელი მოწინააღმდეგეები, რომელთაც არც წერა იციან, არც კითხვა იციან,
საერთოდ, ინჩიბინჩი არ გაეგებათ და მაშასადამე, ვერც ნოტას შეადგენენ, ასეთმა
უწიგნურებმა და ჩერჩეტებმა თავიანთ განათლებულ დას უნდა მიაკითხონ, მისი
დახმარებით შეადგინონ ნოტა და ასე გამოაცხადონ ომი. ლაპარაკის დროს
აბელი დროდადრო ნინიკოს იმოწმებდა და ისიც ღიმილით ემოწმებოდა.

ამ დროს აივანზე ასლანი გამოჩნდა, ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო, გაბადრული


ღიმილით გადმოსძახა ზემოდან და შესაგებებლად წამოვიდა.

აბელმა ამაყად, ღირსებით ჩაუარა საგონებელში ჩავარდნილ და თავიანთი


უვიცობის გამო, ცოტა არ იყოს, დარცხვენილ მოწინააღმდეგეებს და კიბისკენ
წავიდა. გოგიტამ მაინც ვერ მოითმინა, ყველა წესი და ყველა კანონი დაარღვია
და უკვე კიბეზე მიმავალ აბელს ომის გამოუცხადებლად და ნოტის
გაუგზავნელად მიაყოლა ზურგში ერთი დიდი გუნდა.

ნანოსა და ასლანს აბელის სტუმრობა გულით გაუხარდათ. ასლანი ხშირ-ხშირად


წამოუტყაპუნებდა ბეჭზე ხელს და ღიმილით აქებდა, კარგი ბიჭი ხარ, რომ
გაგვიხსენეო. ნანომ, როგორც უფროს დას შეეფერება, წვრილად გამოკითხა მისი
ამბავი და, თუმცა აბელი, რაც შეეძლო, ნათელ ფერებში უხატავდა თავის
ცხოვრებას ახალ სახლში, სკეპტიკურად იქნევდა თავს.

- გაიყინები იქ ამ ზამთარში.

- რა გამყინავს! ბუხარი მაქვს, ელექტროქურები მაქვს.

- გათოშილი რომ მიხვალ, შენ შენი დაგემართება, სანამ ის ბუხარი და


ელექტროქურები სახლს გაგითბობდეს.

დათოვლილი ეზო ახლა უფრო ლამაზი ჩანდა. სოფლური იდილია როგორღაც


უფრო გამოკვეთილი და ხელშესახები გამხდარიყო. თოვლით თანაბრად,
მშვიდად დაფარულ ეზოს რომ უყურებდა, აბელს სილაღისა და მოსვენების
გრძნობა ეუფლებოდა.

ფარდულის წინ ურმის თვალი აღარ იყო და აბელმა ასლანს ჰკითხა.


- ურმის თვალი რა უყავი?

- შიგნით შევიტანე, თოვა რომ დაიწყო. რაზე მეკითხები?

- ისე. დღეს არიოსტოს ვეჩხუბე.

- რას მელაპარაკები! რაიმე სერიოზულია?

- რა ვიცი. შე ღლაპოო, მითხრა და რეპეტიცია ჩაშალა.

- სერიოზული ყოფილა. მაინც რა მოხდა?

აბელმა უამბო.

- არ უნდა გექნა, - თავი გაიქნია ასლანმა, - არ იყო შენი საქმე. - აქ ღიმილით


დააცქერდა და დაუმატა, - მერე? მაგის აღსანიშნავად დალიე ამ შუადღისას?

- დავლიე?

- იქნება არ დაგილევია?

- დავლიე, ვანო როსტიაშვილი ნაცნობს ეძებდა და ცოტა დავლიე.

- შენ ისეთი სტარტი აიღე, მალე ყველას უკან მოგვიტოვებ.

- ვანო როსტიაშვილმა მართლა იარა ოთხზე ლუდხანიდან სასტუმროს


კუთხემდე?

- ვანო როსტიაშვილი ხშირად დადის ოთხზე.

- მოხსნეს.

- ვიცი.

- სიდედრს გაულახავს და სახლიდან გამოუგდია.

ასლანმა აბელს შეხედა. უყურა, უყურა და უთხრა: - ამ ქალაქში ვინც მოკვდება,


ყველა შენი დასამარხი ნუ გეგონება.

- კარგი. დღეის ამას იქით მაგ ბრძნულ რჩევას არ გადავალ.

ასლანმა ამაზე გულკეთილად გაიცინა და მხარზე დაჰკრა ხელი.

ნანო ძველებურად ციბრუტივით ტრიალებდა, თუმცა უკვე მეცხრე თვეში იყო.

სადილად სამნი დასხდნენ. ნანოს დედ-მამა სტუმრად ყოფილიყო წასული.


ასლანმა დოქით ღვინო მოიტანა, მაგრამ აბელმა იუარა, ღვინო არ მინდა, თუ
კიდევ დაგრჩა, ის შენი ფირმის არაყი დამალევინეო. ასლანს ბავშვივით
უხაროდა, აბელი რომ ასე თავისუფლად და შინაურულად გრძნობდა თავს.
ღვინო გვერდზე გადადგა და არაყი მოიტანა. ნანო ცოტას, მორცხვი
პატარძალივით იციცქნებოდა და ალერსიანი ღიმილით უყურებდა აბელს.
ბოლოს უთხრა, უნდა დაგაქორწინოო. აბელმა გაიცინა, დამაქორწინე, ოღონდ
ისეთი ქალი შემირჩიე, იმ დასაკარგავში წამომყვესო. ნანომ უთხრა, ისეთ ქალს
შეგირჩევ, იმ დასაკარგავისკენ აღარც კი გაიხედავო.

მთელი დღე ერთად გაატარეს, დიდხანს იმუსაიფეს, აბელმა ბავშვებთან


თამაშითაც იჯერა გული და ღამის ათ საათზე შეჭიკჭიკებული და
გუნებაგახსნილი წავიდა.

რამდენს არ ეხვეწა ასლანი, მანქანით წაგიყვანო, არაფრით არ ქნა.

რატომ უარობდა ასე ჯიუტად, არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში, თავის საქციელში


ბედისწერის ხელი არ შეუმჩნევია.

თავი მეთერთმეტე

თოვამ გადაიღო და ყინვამ კიდევ უფრო მოუჭირა. სიჩუმე იყო, ჩქამი არსაიდან
ისმოდა. თეთრად გადასუდრული მიწა გატრუნული იწვა ძილის მოლოდინში.
ცა შავი იყო და ამ სიშავეს თითქოს საგანგებოდ უსვამდა ხაზს ოქროსფრად
მოკიაფე ვარსკვლავები, რომელთა სხივები ცივ, გამჭვირვალე ჰაერში ნაზად
ირწეოდა, ცახცახებდა და უცხო ნამსხვრევებად იმსხვრეოდა.

აბელმა გადაწყვიტა, ბაღის გავლით წასულიყო. ბაღში მრავალი დიდი და პატარა


ნაძვი იდგა და ეს ნაძვები, ახლა თოვლის ლამაზ, აშოლტილ ზვინებად ქცეული,
ქვეშ დაგებული თოვლის ხალიჩის ფონზე, ელექტრონის შუქით აკიაფებული,
ალბათ ზღაპრული სანახავი უნდა ყოფილიყო.

ქუჩებში კაცი არ ჭაჭანებდა. ყინვას ხალხი თბილ-თბილ ბუდეებში შეერეკა.


აბელს არ სციოდა. ქურთუკის გრძელბეწვიანი სარჩულისა და ასლანის საფირმო
არყის წყალობით თბილად, მყუდროდ გრძნობდა თავს და საყელოაწეული,
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, არხეინად მიაბიჯებდა.

ბაღს რომ მიუახლოვდა, პირველად მაშინ შემოესმა ადამიანის ხმა. რამდენიმე


ბგერა გაიგონა, ცალკეული, ყრუ, გაურკვეველი. ეტყობოდა, ხმა ბაღიდან
მოდიოდა, რადგან თანდათან მკაფიო და მკაფიო ხდებოდა. ბოლოს, როდესაც
რკინის ფართო და მაღალი, ღია ჭიშკარი გაიარა, სიტყვებიც გაარჩია: - მორჩი
ახლა გრეხას და, რომ გეუბნები, წამოდი!

ბიჭის ხმა იყო, ჯერ კიდევ პატარა, ახლად დაყვინჩილებული ბიჭის ხმა, პირველ
ყიყლიყოს რომ წარმატებით გაართმევს თავს და გახარებული ვარიებზე
სანადიროდ გაეშურება.

აბელს გაეღიმა. ამ დროს მეორე ყვინჩილას მუქარიანი და ჭიჭყინა ხმა მოისმა: -


ხომ იცი, ძალით წაგათრევთ.

აბელი შეჩერდა და მიიხედა, მაგრამ სიბნელეში მოქმედი პირები ვერ გაარჩია,


იმავ წამს პასუხიც გაისმა: - თქვენი წასათრევი სახლში გეგდებათ, თქვე
დამპლებო!
აბელი შეკრთა და სხეულში წამით ისეთმა ტკივილმა გაუარა, თითქოს იქ
შეკუმშული ზამბარა ერთბაშად, მოულოდნელად ბიძგით გაიხსნა და გაიშალა.
თვალებიც კი დახუჭა და გაირინდა, სანამ ტკივილი გაუვლიდა. მერე, ტკივილმა
რომ გაუარა, ისევ გაახილა და მაშინღა მიხვდა თავისი უცნაური შეკრთომის
მიზეზს: რაღაც ღრმა და საშიში უფსკრული, საბედისწერო და გაუგებარი
შეუთავსებლობა იყო ხმასა და სიტყვებს შორის. თითქოს ვიღაცის ბოროტმა
ნებამ ორი მაგნიტი ძალისძალად შეაერთა ერთნაირი პოლუსებით და ეჭირა ასე
ჯიბრიანი, ავი ღიმილით.

ხმა რბილი იყო, ფაფუკი, ღრმა, თანდაყოლილი სითბოსა და ალერსის გარსში


გახვეული, წრფელი, ბავშვური, გულუბრყვილო. სიტყვები კი მჭახე, ველური,
ტალახში ამოთხვრილი.

აბელი გაშეშებული იდგა და ძარღვებგაყინული იყურებოდა იმ მხარეს, საიდანაც


ლაპარაკი ესმოდა.

- წამოდი, შენი!.. - შეკავებული ბრაზით თქვა ჭიჭყინა ხმამ და იმავ წუთს


მოქმედებამ სცენის შედარებით განათებულ მხარეს, მაღალი ნაძვის ძირას
გადმოინაცვლა.

ნაძვი მართლა ისეთი იყო, როგორსაც აბელი ვარაუდობდა: შუბის ვეებერთელა,


თეთრ ბუნიკს ჰგავდა, რომლიც ასეთივე თეთრი, ქათქათა ხალიჩიდან
ამოშვერილიყო, და ყოველივე ეს, უკნიდან ირიბად დაცემულ ელექტრონის
შუქზე, ზღაპრის ცოტა საშიშ, მაგრამ იდუმალსა და მაცდუნებლად მომხიბლავ
სამყაროს ქმნიდა.

ნაძვის ძირას ჯერ ჩრდილები გამოჩნდა: ორგანზომილებიანი თავები,


ორგანზომილებიანი ტანები, ორგანზომილებიანი ფეხები. ჩრდილები თანდათან
გრძელდებოდნენ, იზრდებოდნენ და ზამთრის გატრუნული ღამის ცივ ფონზე
თითქოს რაღაც ჩუმი სიჯიუტით, ფარული მუქარით მოიწევდნენ აბელისაკენ.
ბოლოს, ჩრდილებმა რომ აბელს მიაღწიეს, მათი დედნებიც გამოჩნდნენ: ორი
ბიჭი და ერთი გოგო. ის ბიჭი, რომელსაც მკლავში ხელი ჩაევლო გოგოსთვის და
მთელი ძალით ეწეოდა, ჭიჭყინა ხმის პატრონი უნდა ყოფილიყო. მსუქანი იყო,
ჩამრგვალებული, შეუფერებლად წვრილი თავი ჰქონდა, მეზურნესავით
დაბერილი ლოყები. გამხდარი არც მეორეს ეთქმოდა, მაგრამ პირველთან
შედარებით მაინც უფრო თხელი იყო, ცოტა უფრო მაღალიც. კაშნე რამდენიმე
ფენად შემოეხვია ყელზე, მარცხენა ლოყაზე მოზრდილი ტყირპი ჰქონდა. იგი
ცოტა შეცბუნებული ჩანდა და ოდნავ უკან მოჰყვებოდა გოგოსა და პირველ
ბიჭს.

გოგო აბელმა ერთი შეხედვისთანავე იცნო. ამ ქალაქში ალბათ სხვას არავის


ექნებოდა ასე მყვირალა წითელი ფერით მოთხუპნილი ტუჩები, ასე უღმერთოდ
მბზინავი საღებავით ჩაშავებული თვალის უპეები და წამწამები, ასე
გაურკვეველი ასაკი, რომლის გაურკვევლობას ახლა კიდევ უფრო გაუსვა ხაზი
ხმისა და სიტყვების შეუთავსებლობამ.

სინათლეზე გამოვიდნენ თუ არა, გოგომ მსუქან ბიჭს მუშტი დაჰკრა მაჯაში.


- ხელი გამიშვი, შენი დედა!.. - და თავისი თბილი, ლმობიერი, ბავშვური ხმით
უწმაწურად შეაგინა.

- უხ, შენი! - კბილები გააღრჭიალა მსუქანმა, მაგრამ ხელი არ გაუშვია.

- გაუშვი, თავისით წამოვა, - თქვა ტყირპიანმა.

გოგო ახლა იმას მიუტრიალდა.

- ბებიაშენისამ, წამოვალ, როგორ არა! ჯერ, რაც მერგება, ის მომეცით.

- რა გერგება?! - მსუქანმა ჭიჭყინა ხმა მოგუდა, გააბრტყელა, გაახელოვნურა და


გაშლილი საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუტრიალა გოგოს.

- არ მერგება? - გამომწვევად იკითხა გოგომ.

ტყირპიანი, ეტყობა, ძალადობის მეთოდს ნაკლებად ენდობოდა. ვინ იცის, იქნებ


ეშინოდა კიდეც.

- გერგება და, ერთად მოგცემთ მერე, - შემრიგებლური კილოთი უთხრა გოგოს.

- როდის მერე? დიდი რომ გაიზრდები და სამსახურში ჩადგები? - გოგოს


ალერსიან, ღუღუნა ხმაში ღვარძლიანი დაცინვა მოისმა, - დედიკომ რაო? არ
მოგცემ ბოზებში სასიარულო ფულსო, ხომ?

მსუქანმა გოგოს მკლავი მოწყვეტით დაიქნია. გოგომ შეჰყვირა, წონასწორობა


დაკარგა, მთელი სხეულით გადმოიხარა და რომ არ დაცემულიყო, მეორე
ხელით მასვე ჩააფრინდა მხარში. ბიჭმა უკანვე უბიძგა, ისევ გაასწორა,
თავისუფალი ხელი მომუშტა და მოუღერა.

- თუ გლეწე ერთი!...

გოგომ ზლუქუნი დაიწყო.

- ჩემი ფული მომეცით, თქვე დამპლებო, და თავი დამანებეთ, თორემ მილიციას


დაგაყენებთ თავზე!

ტყირპიანი შეკრთა და მიიხედ-მოიხედა.

მსუქანმა პირის ჭრილი ირიბად დააქანა და სახეზე დამცინავი ღიმილი


აღებეჭდა.

- დაგვაყენე, დაგვაყენე, ვნახოთ ერთი, შენ წაგაბრძანებენ სამორიგეოში თუ ჩვენ.

აქ აბელი ჩაერია საქმეში. ნაძვის ჩრდილიდან სინათლეზე გამოვიდა თქვა: -


ძილის დროა, ბიჭებო.

მოულოდნელობისაგან სამივე სახტად დარჩა. თუმცაღა დაუპატიჟებელი


სტუმრის გამოჩენას სხვადასხვანაირად შეხვდნენ - ტყირპიანს თვალები
გაუფართოვდა, შიგ შიში ჩაუდგა, ტუჩი მოიკვნიტა და ნაბიჯიც კი გადადგა
უკან. მსუქანს ხელი არ გაუშვია გოგოსთვის და, პირველმა დაბნეულობამ რომ
გაუარა, ისეთი სახე მიიღო, როგორიც შეიძლება მიიღოს საკბილოსთან მარტო
დარჩენილმა მგელმა მეორე მგლის გამოჩენაზე. გოგომ ტირილი შეწყვიტა და
გულწრფელი გაკვირვებით, პირდაღებული მიაჩერდა აბელს.

აბელი ნელა გაემართა მათკენ, სულ ახლოს მივიდა და შეჩერდა. „ორმოცი


წლისაა“, - თავისდა უნებურად გაივლო გულში.

ხანმოკლე მუნჯური სცენის შემდეგ პირველმა გოგომ ამოიღო ხმა.

- შენ ვიღასი ტიკი-ტომარა ხარ? - იკითხა გაკვირვებით, ზიზღით და თბილი,


ალერსიანი ხმით.

- ენა ჩაიგდე! - წყნარად უთხრა აბელმა და გაიფიქრა: „ოცისაც არაა“. მერე ასევე
წყნარად მიუბრუნდა მსუქანს, - გაუშვი ხელი და წადით აქედან.

მსუქანმა კბილები გააკრაჭუნა და ღრჯოდ თქვა: - ვინ გკითხავს, ბალი ათი...

აბელმა შეაწყვეტინა: - კიდევ ნახევარ სიტყვას იტყვი და პუტკუნა ლოყებს


ჩაგიჩუტავ.

მსუქანმა ცოტა ხანს უყურა აბელს, მერე ნელა გაუშვა ხელი გოგოს, ერთხელაც
გააკრაჭუნა კბილები, შეტრიალდა და ტყირპიანთან ერთად, რომელიც მისი
გადაწყვეტილებით აშკარად ნასიამოვნები დარჩა, უკანვე გაბრუნდა, იმ მხარეს,
საიდანაც მოვიდნენ.

გოგო მიმავალ ბიჭებს გასცქეროდა. მერე, როცა ისინი თვალს მიეფარნენ, აბელს
შეხედა, ერთხანს დაკვირვებით, მუშტრის თვალით უყურა და უცებ ისევ
ტირილი მორთო.

- რას ეჩრები სხვის საქმეში უტარო კოვზივით? - მოთქვამდა ზლუქუნ-


ზლუქუნით, - ვინ დაგნიშნა უფასო ვექილად? ვერ წაეთრევი შენი გზით?..
ფულის მომცემი არიან აწი ეგენი?.. დაგაყენებ თავზე მილიციას და ნახავ,
როგორ უნდა ხალხის დაშინება!..

აბელს გაეღიმა. გოგომ თავისი მბჟუტავი ჭკუით ვითომ ფსიქოლოგიური შეტევა


წამოიწყო. ეტყობა, აბელის გარეგნობაში ან ლაპარაკში რაღაც ისეთი შენიშნა,
რომ მისი მილიციით შეშინება იოლ ხრიკად მიიჩნია.

- იცი, რას ჰგავხარ? - უთხრა აბელმა და თუმცა, ცხადია, პასუხს არ მოელოდა,


გოგო ტირილით შეეხმიანა: - რას?

- შეღებილ საფრთხობელას. ქვაზე დახატულ ეშმაკს. ღამის მოჩვენებას.

- შენ ხომ მყავხარ აპოლონ ბულდოზერელი!

ეჭვი არაა, სასაცილოა ამის მოსმენა დეკემბრის ღამეს, თოვლის


თვალისმომჭრელი სითეთრითა და ელექტრონის შუქით იდუმალ-ზღაპრულად
განათებულ დათოვლილ ბაღში, როდესაც ძირს უცნაური ფორმის ჩრდილები
ოდნავ ირხევა და ზემოდან ვარსკვლავებით მოოჭვილი შავი ცა დაგყურებს.

სასაცილოა. მაგრამ აბელს არ გასცინებია. ამ საშინელი გოგოს პოზაში,


გამომეტყველებაში, კილოში იმდენი სიამაყე იყო, ცოდნის, განათლების ფუჭი და
უგუნური სიამაყე, თავის გამოჩენის ისეთი სურვილი, ისეთი ბავშვური,
გულუბრყვილოდ გამომწვევი ტრაბახი და ამავე დროს ისეთი ღრმა რწმენა იმის
უმცდარობისა, რასაც ამბობდა, რომ აბელს გულზე რაღაცამ მწარედ უკბინა.

- რამდენი გერგება?

გოგომ ერთბაშად შეწყვიტა ტირილი.

- ოცი მანეთი. ათი ერთისაგან, ათი - მეორისაგან.

- მე მოგცემ, - აბელმა ხელი ჯიბეში ჩაიყო. გოგო ხარბად მისჩერებოდა. აბელმა


ფული ამოიღო და დახედა.

- თხუთმეტი მანეთია, მეტი არ მქონია.

- იყოს, - გოგო სწრაფად წაეტანა ფულს, თითქოს შეეშინდა, არ გადაიფიქროსო.


დაითვალა, პალტოს ჯიბეში ჩაიდო და მერე უკვე წყნარად, შემრიგებლური
კილოთი ჰკითხა, - შენ ვინ ოხერი ხარ?

- მე ღმერთი ვარ, - მიუგო აბელმა, - ეს წუთია ჩამოვფრინდი ციდან,


ცოდვილები უნდა დავსაჯო.

- ღმერთი არა, ფეხები, - ჩაიცინა გოგომ, წითლად შეთითხნილი ბაგეები გახსნა


და, თუმცა ლამაზად ჩაწიკწიკებული კბილები გამოუჩნდა, ამ სიცილის
წყალობით მისი შეღებილი სახე უფრო შემზარავი გახდა, - ღმერთი ხარ და ოცი
მანეთი არა გაქვს?

- შენ ადუღებულ კუპრში ჩაგაგდებ.

- ადუღებულ კუპრში ბებიაშენი ჩააგდე, - გულკეთილი კილოთი უთხრა გოგომ.


მერე უცებ დაუმატა, - ფული არა გაქვს, თორემ წაგიყვანდი.

აბელს გაეცინა.

- შენისთანა მახინჯთან რა მინდა! მე ქათქათა ანგელოზებში დავდივარ. წადი


სახლში, პირი დაიბანე.

ამ სიტყვებით შეტრიალდა და წავიდა. გოგო გაუნძრევლად იდგა და


თვალმოუშორებლად უყურებდა. ამას ისე მკაფიოდ გრძნობდა აბელი, თითქოს
კი არ გრძნობდა, ხედავდა.

ბაღი რომ გადაიარა და გასასვლელს მიუახლოვდა, ბილიკის ორივე მხრიდან


სიბნელეს რამდენიმე ბიჭი გამოეყო. რამდენი იყვნენ, ერთი შეხედვით ვერ
დაადგინა, მაგრამ როგორც კი მათ შორის წეღანდელი ყვინჩილები დაინახა,
გულმა რეჩხი უყო და თვალი ინსტინქტურად გაექცა უკან, ხოლო როცა იქაც
ბიჭები შენიშნა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ალყაში იყო მოქცეული,
გაიფიქრა: „თუ არ მომკლეს, არა უშავს.“ იმავ წამს გონებაში მკაფიოდ იგრძნო
რაღაც უცნაური ცვლილებები, თითქოს ტვინი მუშაობის ახალ რეჟიმზე
გადაერთო.
მსუქანსა და ტყირპიანს შუაში ერთი მაღალი ბიჭი ედგათ. თბილი ქუდი უკან,
კეფაზე გადაეწია, მოკლე პალტო გაეხსნა და ამ ყინვაში მკერდი ერთიანად
მოეღეღა. იდგა დოინჯშემოყრილი და კმაყოფილი ღიმილით უყურებდა აბელს.
დგომის მანერით, უტიფარი და თავდაჯერებული მზერით, ჩაცმულობითაც კი
მასში უშეცდომოდ გამოიცნობდი ფარის ყოჩს. ამ მოსაზრებას ნათლად
ადასტურებდა ფონიც - თავად ფარის უსახური ერთსახოვნება.

ახალ რეჟიმზე გადართული ტვინი ისეთი სისწრაფით მუშაობდა, რომ მისი


სიგნალების აზრად გაშიფვრა ვერ ესწრებოდა და ცნობიერებაში ზოგადი
განწყობილების ბიძგებადღა შემოდიოდა. აბელმა თვალი თვალში გაუყარა ყოჩს
და თქვა: - ეტყობა, ისტორია ტყუის. ჩვენი წინაპრები რომ მართლა ისეთი
ვაჟკაცები ყოფილიყვნენ, როგორც გვეუბნებიან, თქვენისთანა მემკვიდრეებს არ
დატოვებდნენ.

ყოჩს ძარღვი არ შეტოკებია სახეზე. უხმოდ და მშვიდად მოუსმინა და მხოლოდ


მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ აბელმა ლაპარაკი მოათავა, უთხრა: - შენ ახლა
დაიჩოქებ, ფორთხვა-ფორთხვით მიხვალ ამ ორ ბიჭთან, - მსუქანსა და
ტყირპიანს აქეთ-იქით გადახვია ხელები, - ჯერ დაუკოცნი ბათინკებს და მერე
კარგად, ლამაზად გაულოკავ. ამ საქმეს ისე თუ გააკეთებ, რომ თავი მოგვაწონო,
იქნება მაგარ გალახვას დაგჯერდეთ და მეტი არაფერი გიქნათ. აბა ჰე, დავიწყოთ.
ერთი, ორი და საამი!

- უბედურება ის არის, - თქვა აბელმა, - რომ სანამ თქვენ არსებობთ, მე


საყდარში არ შემიშვებენ. თქვენ საქართველოს აბრკოლებთ, ბიჭებო.

ყოჩმა მსუქანსა და ტყირპიანს მხრებზე მოხვეული ხელები მსუბუქად უბიძგა და


ორივე წრეში შეაგდო. თვითონ ისევ დოინჯი შემოიყარა.

„სულელი ვარ“, - გაიფიქრა აბელმა, როდესაც მსუქანმა ყბაში შემოჰკრა. ხელის


შებრუნება არც უფიქრია, ტვინიდან წამოსულ ბუნდოვან სიგნალებს
ემორჩილებოდა და გააზრების გარეშე ატყობდა, რომ ასე იყო საჭირო.

მესამე თუ მეოთხე დარტყმაზე წაიქცა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ლოყაზე და


საფეთქელზე თოვლის სისველე რომ იგრძნო, გადაიფიქრა. თავი და სახე
ხელებით დაიფარა და დარჩა ასე. ბიჭები ყოჩაღად ურტყამდნენ. ფარა თანდათან
ახმაურდა, გახალისდა და ეშხში შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ მსუქანის
დარტყმებს ძალა მოაკლდა. ან დაიღალა, ან მობეზრდა. სამაგიეროდ, ტყირპიანი
ციბრუტივით ტრიალებდა, თავს არ ზოგავდა. როგორც ჩანს, წეღანდელი შიშის,
სიფრთხილის, თავდაჭერილობის, აქეთ-იქით დამფრთხალი ცქერისა და,
საერთოდ, თავისი განუკურნებელი გულდედლობის ანაზღაურებას ახლა
ცდილობდა. წლების განმავლობაში უჩუმრად ნაგროვებ ბოღმას, ყველასა და
ყველაფრის ჯავრს ერთად იყრიდა. გამეტებით ურტყამდა „ბათინკებს“,
შეუსვენებლად იგინებოდა და სულ იმას ცდილობდა, სახეში დაემიზნებინა.
ამასობაში ფარა საბოლოოდ გახურდა და აბელმა უცნობი ფეხებიც იგრძნო.
ცხადია, ყოჩი არ იქნებოდა, ყოჩი თავის ღირსებას ბოლომდე შეინარჩუნებდა. ეს
ფარის რიგითი წევრები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც ყოველდღე და ყოველ
ფეხის ნაბიჯზე არა აქვთ კაცის ასე უხიფათოდ და უმტკივნეულოდ გალახვის
საშუალება.
აბელი ტკივილს უკვე ვეღარ გრძნობდა. ტკივილის ადგილას ახლა იყო
უსაშველო, გაუსაძლისი დაღლილობა. დარტყმებს შორეულ, ყრუ ხმად აღიქვამდა
და ერთადერთი სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ ბოგინებდა ჩაქრობის პირას
მისულ ცნობიერებაში, იყო სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება მალე
გათავებულიყო ყველაფერი ეს. დასასრული მართლა ახლოს უნდა ყოფილიყო.
აბელი ყოველ დარტყმაზე მოელოდა, რომ ახლა კი დაკარგავდა გონს.

უეცრად იქაურობა სასტვენის მჭახე ხმამ გააყრუა. აბელს ეგონა, ალბათ უკვე
გულწასული ვარ და მეჩვენებაო, მაგრამ ფარამ რომ გაფანტვა დაიწყო, რაზედაც
ფეხების სწრაფი ბრაგაბრუგი მეტყველებდა, თვალი გაახილა.

ფარა გარბოდა. ყოჩი ჯერ კიდევ თავის ადგილას იდგა, ოღონდ უკვე
შეტრიალებული და წასასვლელად გამზადებული. აბელთან მისი უშუალო
მტრებიღა იდგნენ. ტყირპიანი იმდენად იყო ეშხში შესული, რომ სასტვენის ხმა,
ეტყობა, არც გაუგია.

- დავითესეთ! - უთხრა მსუქანმა და მაჯაში ჩაავლო ხელი.

აბელი მარტო დარჩა. თავი ოდნავ წამოსწია, გვერდზე გადაბრუნდა, ორივე


ხელით დათოვლილ მიწას დაეყრდნო და ძლივძლივობით წამოჯდა. მთელი
სხეული დამტვრეული ჰქონდა. სველ ტუჩებზე ხელი მოისვა. ქვედა ტუჩი
გახეთქოდა. სისხლიანი ხელი თოვლით გაიწმინდა. მერე კიდევ აიღო თოვლი,
მოსრისა და სველი ხელები შუბლზე მოისვა. ტუჩს ისევ მოედო სისველე და ის
იყო, გაიფიქრა, სად არის აქამდე ეს მილიციელიო, რომ უკნიდან ვიღაცამ
მხარზე ხელი დაადო. ეს მილიციელის ხელი არ იყო. თუმცა მთელი სხეული
დამტვრეული და დაბუჟებული ჰქონდა, მაინც მკაფიოდ გრძნობდა, რომ ეს
პატარა ხელი იყო, მსუბუქი, და როგორც გამადიდებელი შუშა კრებს მზის
სხივებს ერთ ფოკუსში, ასე შედიოდა მხარში ამ ხელიდან გამომავალი
სიმხურვალის წვრილი ძაფი. აბელმა ცერად ჩამოხედა უცხო ხელს და მყვირალა
წითელი ფერის ფრჩხილები რომ დაინახა, შეცბუნებულმა მკვეთრად მოატრიალა
თავი, თუმცა ეს მწვავე ტკივილის ფასად დაუჯდა. ერთხანს გაკვირვებით უყურა
კლოუნის გაფერადებულ სახეს, მერე, როდესაც დაინახა, როგორ გამოჟონა
ნიღაბქვეშ თანაგრძნობამ და სიბრალულმა, გაეცინა. გამსკდარი ტუჩი კიდევ
უფრო გაიწია, ჭრილობამ პირი დააღო და სხეულში ძლიერმა ტკივილმა დაუარა,
მაგრამ სიცილი ვერ შეიკავა. თან სტკიოდა, თან იცინოდა. იცინოდა ამ
მოულოდნელ სიბრალულზე და თანაგრძნობაზე. ბოლოს თქვა: - ღამის მოჩვენება!
შენ დაუსტვინე?

წამით ყველაფერი დავიწყებას მიეცა, ტკივილიც, სისხლიანი ტუჩიც, სქელი


საღებავის ნიღაბიდან მორიდებით გამომზირალი სიბრალულიც. და სადღაც
დროისა თუ სივრცის უღრმესი ფენებიდან, როგორც ძველისძველი,
ფერგადასული ნახატი, ამოტივტივდა შორეული მეკონდიტრის ბუნდოვანი
ხილვა. მერე ეს ხილვა ისევ გაქრა, რადგან ღამის მოჩვენებამ ჯიბიდან
ცხვირსახოცი ამოიღო და გამოუწოდა.

- მოიწმინდე.

ცხვირსახოცი ზედ თვალებთან ფრიალებდა და აბელმა თავი უნებურად გასწია.


- სუფთაა, - თქვა ღამის მოჩვენებამ, - სულ ახალი გარეცხილია.

შორს, გადასაკარგავში, მრავალი სქელი, უხეში და ჭუჭყიანი ქანის ქვეშ, პატარა,


კლოუნური თავმოყვარეობა მწუხარედ შეიშმუშნა. შეიშმუშნა მალულად,
მორიდებით. მაგრამ თავი მაინც გასცა, რადგან მისი ბიძგი მისდა უნებურად
სიტყვებსაც გადაედო მსუბუქ თრთოლად.

აბელს გული შეეკუმშა და წამით ყველა სხვა ტკივილი დაავიწყდა. ცხვირსახოცი


გამოართვა: შუბლი მოიწმინდა, თვალები მოიწმინდა, გახეთქილი ტუჩი
მოიწმინდა და თქვა: - ადუღებულ კუპრში ჩაგაგდებ.

- მაინც მოგდის სისხლი, - თქვა გოგომ, - სიგარეტი არა გაქვს?

- ეწევი?

- თუთუნი დაიდე. სისხლს შეგიჩერებს.

აბელმა მის მოთხუპნილ სახეს შეხედა. ვერაფრით ვერ დაადგინა, საიდან


ჟონავდა ეს თანაგრძნობა. მერე სიგარეტი ამოიღო, ერთი ღერი გადატეხა,
თამბაქო გამოაცალა, ტუჩის კუთხე კიდევ ერთხელ მოიწმინდა ცხვირსახოცით,
ზედ თამბაქო დაიდო და ხელი დააჭირა. სისხლის დენა მალე მართლა
შეუჩერდა. მაშინ აბელი წამოდგა. წამოდგა წვალებით, ტანჯვით, ერთი
დაკვნესება ქვეყანას ერჩია, მაგრამ ეს შეღებილი საფრთხობელა მაინც ადამიანი
იყო და მოერიდა.

- წამოგყვები, თუ გინდა, - უთხრა საფრთხობელამ.

აბელს გაეცინა.

- ძაღლს შემიშინებ. ჩემს ძაღლს ნატიფი გემოვნება აქვს. შენ რომ დაგინახოს,
ყმუილი აუტყდება.

გოგომ აგდებულად შეხედა და თანაგრძნობა და სიბრალული გაუქრა.

- კისერი გიტეხია!

- წადი, პირი დაიბანე, - უთხრა აბელმა, - რაც წყალმა არ ჩამოგრეცხოს, დანით


ჩამოიფხიკე. თმას წელიწადში რამდენჯერ ივარცხნი?

- არაა შენი ჭკუის საკითხავი.

აბელი წავიდა. ნელა მიდიოდა, მძიმედ, გაჭირვებით. ორიოდე ნაბიჯი რომ


გაიარა, მოუტრიალდა გოგოს და უთხრა: - შენ მახინჯი ხარ, მაიმახი, უშნო,
მათხოჯი, ბოსტნის საფრთხობელა, კლდის ეშმაკი, ცირკის მასხარა, საღებავში
ამოვლებული ვირთხა, ლენჩი, უტვინო, უვიცი, უზრდელი... - გოგო გატრიალდა
და სწრაფი ნაბიჯით წავიდა, - ურცხვი, უტიფარი, - უფრო ხმამაღლა მიაძახა
აბელმა. მერე, რაკი გოგო უკვე საკმაოდ შორს იყო, თავი დაანება.

შინ გვიან ღამით დაბრუნდა. ალის მიეფერა, ბუხარი აანთო, ელექტროქურები


ჩართო, სველი ტანსაცმელი გამოიცვალა, სარკის წინ დაჯდა და თავის
მოწესრიგებას შეუდგა. მთელი სხეული სტკიოდა, მაგრამ ამას არ დაეძებდა.
მთავარი იყო, სახისთვის მოევლო, რათა ხვალ ცნობისმოყვარეებისა და
ჭორიკნებისათვის მაინცდამაინც დიდი სულიერი საზრდო არ მიეცა. სახე კარგა
ძნელი მოსავლელი გამოდგა. გახეთქილი ტუჩი გასიებული ჰქონდა, მარჯვენა
თვალი - ჩალურჯებული და შეშუპებული, მარცხენა ლოყა და ცხვირი -
გადაქლეტილი. გაჭრილი ადგილები სპირტით მოიწმინდა და იოდი წაიცხო,
თვალზე ჩაის საფენი დაიდო. საკუთარი თავი ლანძღვით აიკლო იმის გამო, რომ
ამ ადამისდროინდელ სახლში დასახლდა და უარი თქვა წესიერ ბინაზე, სადაც
ახლა ცხელი აბაზანის მიღება შეიძლებოდა.

ბოლოს, როდესაც ყველა ხელმისაწვდომი მანიპულაცია მოათავა და თავს, ასე


თუ ისე, დამაკმაყოფილებელი სახე მისცა, დაწვა და დაიძინა.

თავი მეთორმეტე

ადამიანურ ურთიერთობათა გვარი და სახე უსასრულო და ამოუწურავია.


ადამიანი არ მეორდება. ისევე როგორც შეუძლებელია ორი იდენტური
გარეგნობა, შეუძლებელია ორი იდენტური ურთიერთობაც. ეს ყველამ ვიცით.
ისიც ყველამ ვიცით, რომ საქმის გასაიოლებლად და წესრიგისაკენ
თანდაყოლილი მისწრაფების დასაკმაყოფილებლად ლოგიკური შაბლონი
შევქმენით და ურთიერთობათა მრავალფეროვანი სიმრავლე კლასებად დავყავით.
ეს დაყოფა, ცხადია, პირობითი და ფორმალურია, რადგან ამდაგვარი
კლასიფიკაციისას ვხელმძღვანელობთ რამდენიმე საერთო ნიშნით და არავითარ
ანგარიშს არ ვუწევთ სხვა უთვალავ ნიშანს, რომლებიც არანაკლებ
მნიშვნელოვანია. ამიტომ, როდესაც ვახსენებთ, ვთქვათ, მტერს ან მოყვარეს, ამ
განსაზღვრებაში ყოველთვის ვგულისხმობთ იმ რამდენიმე საერთო ნიშანს,
თორემ ყველა მტერი იმდენად სხვადასხვანაირი მტერია და ყველა მოყვარე
იმდენად სხვადასხვანაირი მოყვარეა, რომ ხშირ შემთხვევაში მათ შორის არც კი
ხერხდება მკაფიო საზღვრის გავლება.

ეს ყველაფერი ვიცით და მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული გვაქვს, მაგრამ ეს


მხოლოდ შედეგის გაცნობიერებაა. ურთიერთობათა ხასიათი დავადგინეთ ან
ვეცადეთ, დაგვედგინა. იმის შესახებ კი, თუ რა არის თავად ეს ურთიერთობა,
როგორ ხორციელდება, რა ფიზიკური მექანიზმი მოქმედებს, არაფერი ვიცით.

მერე და მერე აბელი ამ საკითხზე ბევრს იფიქრებს და გედეონ რევიასთან


ერთად არაერთ მცდარ ჰიპოთეზას განიხილავს. იმ დილით კი, როდესაც ტანში
საშინლად ამტვრევდა და დიდი ჯაფა ადგებოდა საიმისოდ, რომ გამართულს
ევლო და ტკივილისაგან არ ეკვნესა, როდესაც მარჯვენა თვალის ირგვლივ
სილურჯე ჯერ კიდევ არ გამქრალიყო და თუ კარგად დააკვირდებოდით,
გახეთქილ ტუჩსა და გადაქლეტილ ლოყასაც შეამჩნევდით, იმ დილით მას
ადამიანურ ურთიერთობათა ფიზიკურ საფუძვლებზე ჯერ კიდევ არავითარი
წარმოდგენა არ ჰქონდა. ამიტომ თეატრში მისულს (გზაში, სიარულისას,
ტკივილს ნელ-ნელა შეეჩვია და მტვრევამაც თითქმის გაუარა) ჯერ ის
გაუკვირდა, რომ მერი ბარაბაძე უკვე იქ დახვდა, მერე (უფრო მეტად) ის, რომ,
როდესაც მერი მისკენ გამოეშურა, სულ ახლოს მოვიდა, შემპარავად ამოხედა და
თვალებში ალერსიანი ღიმილი ჩაუდგა, აბელმა თითქოს სხვა თვალით დაინახა
მისი მკერდი, რომელიც სხეულის სრულიად პერპენდიკულარული იყო.

მერის შემპარავი მზერა და ალერსიანი ღიმილი არ მოშორებია, ისე ჰკითხა: -


ხომ კარგადაა ვანო როსტიაშვილი?

აბელმა მკერდს თვალი მოსწყვიტა, თავში სწრაფად და კმაყოფილებით გაუელვა


აზრმა, რომ მერის მის სახეზე არაფერი შეუმჩნევია და გაიცინა.

- გამექცა.

მერიმ შუბლი შეიჭმუხნა და თანაგრძნობის გამომხატველი სახე მიიღო. მერე


ისევ გაიღიმა, მარჯვენა თვალში დაკვირვებით ჩახედა, საჩვენებელი თითი
მოულოდნელად ტუჩის კუთხესთან მოუსვა და თქვა: - სანამ გაიქცეოდა, კარგად
კი უმუშავია, თუ ეს მისი ნამუშევარია.

აბელს მოეჩვენა, თითქოს მერის არსებაში გაუგებარი გულწრფელობა შენიშნა და


როდესაც თავის მიამიტურ რწმენაზე, რომ მის ნაცემ სახეს ვერავინ შენიშნავდა,
გუნებაში გაეცინა, ასე ეგონა, ამ სიცილსა და მერის გაუგებარ გულწრფელობას
შორის უხილავი კავშირი არსებობდა.

არიოსტო ხოფერია რეპეტიციაზე არ მოვიდა.

დირექტორს და მთავარ რეჟისორს მორიგეობით უცდიათ ტელეფონით


დალაპარაკებოდნენ და ან ტკბილი სიტყვით, ან მუქარით როგორმე მოეყვანათ,
მაგრამ ვერც ტკბილი სიტყვის თქმა მოუსწრიათ და ვერც დამუქრება. როგორც
კი მათი ხმა გაუგონია, არიოსტოს უსიტყვოდ დაუკიდია ყურმილი. მაშინ
გედეონ რევიასთვის უთხოვიათ, შენ დაურეკე, შენ ხათრს ვერ გაგიტეხსო.
კულისებში ფიქრობდნენ, რომ არიოსტოს მხრივ „ხათრის გაუტეხაობის“ იმედი
იმდენად არ ჰქონდათ, რამდენადაც გედეონის სიბრძნისა და ტაქტის. გედეონს
მართლაც გამოლაპარაკებია. კერძოდ, უთქვამს, შენც მაგათი ლაქია გახდი ხომ,
შენი სწავლა-განათლებაც კი... -ო და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკიდია ყურმილი.

რეპეტიციის მომლოდინე მსახიობებს მოთმინება გამოელიათ და რეჟისორის


თანაშემწეს მოსთხოვეს, ბოლოს და ბოლოს დაედგინა, ჩატარდებოდა თუ არა
რეპეტიცია. თანაშემწემ მთავარ რეჟისორს დაუწყო ძებნა, დირექტორის
კაბინეტში მიაგნო, მალე დაბრუნდა და ორი ცნობა მოიტანა: ერთი, რომ
რეპეტიცია არ ჩატარდებოდა და ხალხი თავისუფალი იყო, მეორე, რომ აბელს
დირექტორი ეძახდა.

სამივენი, ვინც ამაოდ სცადა არიოსტო ხოფერიასთან დიპლომატიური


ურთიერთობის დამყარება, დირექტორის კაბინეტში იყვნენ. შეაღო თუ არა კარი
აბელმა, დირექტორმა შორიდანვე დაიწყო: - შენი გაფუჭებული საქმე შენვე უნდა
გამოასწორო.

ამ დროს გედეონ რევიამ, რომელიც თეთრ, ფუნჩულა წარბებს ქვემოდან


დაკვირვებით მოსჩერებოდა, ჰკითხა: - ვინ გაგლახათ, აბელ?

აბელს გაეღიმა.
- კაენმა, ბატონო გედეონ.

- მოიხედე! - გაკვირვებით და ცოტა მწყრალად უთხრა დირექტორმა და როცა


აბელმა სახე მისკენ მიატრიალა, ჰკითხა, - მართლა გაგლახეს?

- არა, - მიუგო აბელმა და კმაყოფილებით შენიშნა, რომ უაღრესად ბუნებრივად


ცრუობდა, - ფეხი დამიცურდა ყინულზე და ცუდად დავეცი.

- ჰოო... - თქვა დირექტორმა და მერე, ეს თემა რომ მოეშორებინა, ვალმოხდის


კილოთი დაუმატა, - ყინულზე ფრთხილად უნდა იარო, - და ისევ საქმეზე
გადავიდა, - გამოასწორე, ძმაო, შენი გაფუჭებული საქმე. მიდი სახლში
არიოსტოსთან და დაელაპარაკე.

რომან ადეიშვილი ფეხიფეხშემოდებული იჯდა და ისეთი სახით უყურებდა,


რომელიც არაფერს გამოხატავდა.

- ასეთი რა დავაშავე, - თქვა აბელმა, - რომ ვეახლო და ბოდიში მოვუხადო?

- ბოდიშის მოხდას არავინ გავალებს, - მშრალად მოჭრა დირექტორმა.

- არიოსტო მგრძნობიარე კაცია, - თქვა გედეონ რევიამ, - მტერი რომ სახლში


მიაკითხავს, ბოდიშის მოუხდელად მოულბება გული.

აბელმა ვერაფრით წარმოიდგინა, როგორ უნდა მისულიყო არიოსტოსთან და


რომც მისულიყო, რა უნდა ეთქვა.

- ხვალაც რომ ჩაიშალოს რეპეტიცია, - თითქოს მის ფიქრებს უპასუხა


დირექტორმა, - ორივეს მოგხსნით და მერე პრეტენზიები ნუღარ გექნებათ.

წუხანდელი ცემის შემდეგ აბელი ჯერ კიდევ გამწარებული და ყველაფერზე


გულაყრილი იყო, ამიტომ დირექტორის მუქარას არ შეუშინებია. სამაგიეროდ
უცებ მიხვდა, როგორ მივიდოდა არიოსტოსთან და რას ეტყოდა. თამამად
მივიდოდა და ეტყოდა ყველაფერს, რასაც ფიქრობდა. უბრალოდ, აუღელვებლად
და დალაგებით ეტყოდა, რომ ცხოვრება, ლუკმაპურის შოვნა, თუნდაც დიდი
კარიერის გაკეთება იმად არ ღირს, რომ კაცმა სინდისი გაყიდოს და ადამიანები
უსამართლოდ დაახარისხოს. ეტყოდა, რომ ეს ისეთივე ცოდვაა, როგორიც
ქურდობა. ეტყოდა, რომ არიოსტოსნაირი ხალხი პაწაწკინტელა კაცები არიან და
თავიანთი დათრგუნული ფსიქიკით, თავიანთი პატარა კაცობით ხელს უწყობენ
ეგრეთ წოდებული დიდი კაცების შექმნას. ეტყოდა, რომ... ერთი სიტყვით,
ყველაფერს დაუფარავად ეტყოდა, მერე მოხსნას დირექტორმა. მაინც ყელში
ამოუვიდა ეს დაწყევლილი ქალაქი. წავა აქედან, თბილისში წავა. სულ დაანებებს
თავს მსახიობობას, მით უმეტეს, რომ მსახიობობა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი
ყველაზე უფრო მცდარი ნაბიჯი იყო.

- წავალ, - თქვა აბელმა.

- წადი, - უთხრა დირექტორმა. მას, ერთი მხრივ, გულზე მოეშვა, რაკი აბელი
დაითანხმა, მეორე მხრივ, ეტყობა, გრძნობდა, რაოდენ უთანასწორო ომში
გზავნიდა და ნაძალადევი მხნეობით გაუღიმა, - წადი და აბა შენ იცი! როგორმე
ეს სპექტაკლი გამომაშვებინეთ და ახალი წლიდან მაგის ჭაჭანება არ იქნება ჩემს
თეატრში. გავუშვებთ ეგერ, კლუბში, ვანო როსტიაშვილის ადგილას. იყოს იქ
თავის ნებაზე და როგორც უნდა, ისე აუშვას ოფოფები.

აბელი გამოვიდა. მაყვალა მონოტონურად აკაკუნებდა.

ის იყო, თეატრის შენობას გასცდა, რომ ჭიშკარში ასლანი შემოგრიალდა თავისი


მანქანით და ზედ მის გვერდით მოწყვეტით დაამუხრუჭა.

- სად მიხვალ, აბელ? - მანქანიდანვე გამოსძახა, მერე კარი გააღო და გადმოვიდა.

- არიოსტოსთან მივდივარ, - მიუგო აბელმა, მაგრამ ასლანს ამ პასუხისთვის


ყურადღება არ მიუქცევია, გაკვირვებითა და შეშფოთებით დააკვირდა სახეზე.

- ეს რა არის? იჩხუბე?

აბელმა ხელი ჩაიქნია.

- არაფერია, ცოტა წამითაქეს.

- ვინ? - ასლანს ყბებზე კუნთები დაასხდა და თვალებში სიავე ჩაუდგა. ასეთი


რამ აბელს არასოდეს შეუმჩნევია.

- რა ვიცი, - თავი გაიქნია აბელმა და აგრძნობინა, რომ ყველაფერი ეს


ლაპარაკად არ ღირდა, - ვიღაც ბიჭბუჭები იყვნენ.

- წუხელ?

აბელი მიხვდა, რომ ასლანს იოლად ვერ მოიშორებდა და მოკლედ უამბო, რაც
მოხდა. ასლანმა ერთხანს უხმოდ უყურა, მერე ჰკითხა.

- არიოსტოსთან რა გინდა?

- მოსალაპარაკებლად გამგზავნეს. აბა, წავედი.

არიოსტო ხოფერია მეორე სართულზე ცხოვრობდა. კარზე აბრა იყო გაკრული,


ზედ გოგებაშვილის შრიფტით ეწერა: „ა. ი. ხოფერია“. აბელმა დარეკა და
იგრძნო, რომ ღელავდა. წინასწარ მომზადებული არასოდეს მისულა ვინმესთან
საჩხუბრად.

ჯერ საჭვრეტიდან გამოიხედეს, მერე გასაღები გადაატრიალეს, მერე კარი ოდნავ


გააღეს, ისე, რომ ჯაჭვი, დამატებითი საკეტი, არ აუხსნიათ. ღრიჭოში ქალი
გამოჩნდა. ძალიან მოხუცი იყო და ძალიან სიმპათიური. ოღონდ გამოხედვა
ჰქონდა ცოტა დაძაბული, თითქოს რაღაცას იგონებსო.

- გამარჯობათ, ქალბატონო, - მიესალმა აბელი, - ბატონი არიოსტოს ნახვა მინდა,


თუ შეიძლება.

ქალმა გაიღიმა, მაგრამ ღიმილი თვალებს არ გადასდებია. მზერა ისევ ისეთი


დაძაბული ჰქონდა. მერე ჯაჭვი ახსნა და კარი ყურთამდე გააღო. გამხდარი იყო,
ცარიელი ძვალი და ტყავი და სულ მთლად ჭაღარა. თმა ერთ მსხვილ ნაწნავად
დაეწნა და მარცხენა მხარეს, ლავიწის ძვალთან ედო.
- მო... ო... ა... არ... ა... ი..., - დაძაბული კი იყურებოდა, მაგრამ რაღაცით აშკარად
კმაყოფილი იყო. ტუჩის კუთხეებში დუჟი მოადგა.

აბელი დაიბნა. ამ დროს შიგნიდან არიოსტოს ნერვიული ხმა მოისმა: -


რამდენჯერ გითხრა, დედა, შენ ნუ გააღებ-მეთქი!

ამ სიტყვებზე თვითონაც გამოჩნდა. გრძელი, ყვითელზოლებიანი, რუხი ხალათი


ეცვა, წელზე წითელი ნაჭრის ქამრით შეკრული. უქუსლო ფოსტლებს
მოაფრატუნებდა და მოდიოდა. აბელის დანახვაზე შეცბა, ფერმაც კი გადაჰკრა.
შეჩერდა, შეხედა, თვალით გაზომა, მერე ქალს მიუბრუნდა: - რას დამდგარხარ
აქ!

ქალმა რაღაც ბოდიშისმაგვარი გამომეტყველება მიიღო, ხელი პირზე აიფარა და


გატრიალდა, თუმცა აბელს მოეჩვენა, რომ რაღაცით მაინც კმაყოფილი დარჩა.

არიოსტომ ცალი ხელი კარის სახელურს ჩაავლო, ერთხანს კიდევ უყურა აბელს,
როგორც უყურებენ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს,
ბოლოს მეორე ხელით შეპატიჟების ცოტა ხაზგასმული, ცოტა თეატრალური
ჟესტი გააკეთა და ისეთი კილოთი თქვა, მობრძანდითო (თან თქვენობით),
აბელისათვის ცხადი შეიქნა, რომ მასპინძლის მოვალეობამ სულ ოდნავ
გადასწონა დაუპატიჟებელი სტუმრის კინწისკვრით გაგდების სურვილი.

აბელი შევიდა. არიოსტომ კარი მიხურა, გასაღები გადაატრიალა, კიდევ ერთხელ


გაიმეორა შეპატიჟების წეღანდელი ჟესტი და თავადვე გაუძღვა წინ.

აბელის ქადილსა და წინდაწინ დაწყობილი გეგმას უკვე წყალი ჰქონდა


შეყენებული. მიჰყვებოდა უკან ვიწრო, ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში
არიოსტოს ჭრელ ხალათს და გონებიდან არ ამოსდიოდა ის მოხუცი ქალი,
ჭაღარა, სიმპათიური. თვალწინ ედგა მისი დაძაბული მზერა და ამ მზერასთან
შეუთავსებელი ღიმილი, ისეთი ღიმილი, ბავშვი რომ თავის პაწაწკინტელა,
გულუბრყვილო ეშმაკობას გადაჭარბებულად აფასებს, და დანაწევრებული
მეტყველების თავგანწირული, მაგრამ ამაო, ჟრუანტელისმომგვრელი ცდა.
მოხუცი მხოლოდ ცალკეულ, დაუკავშირებელ ბგერებს უშვებდა პირიდან და
აბელი ვერ მიხვდა, მართლა უნდოდა რაიმეს თქმა და ვერ ამბობდა, თუ ეს
შემთხვევითი, უაზრო ბგერები იყო, რომლებსაც არც ტვინში ჰქონდა რაიმე
კონსტრუქციული და გონივრული საწყისი.

ამასობაში დერეფანი გაიარეს და ერთ პატარა, მაღალჭერიან, ღია ცისფრად


შეღებილ ოთახში შევიდნენ, რომელსაც ერთი ფანჯარა ჰქონდა გვერდზე
გადაკეცილი დარაბებით. ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის ყრუ კედელი
მოჩანდა. კუთხეში როიალი იდგა. როიალზე მტვერი იდო. ოთახში ერთი
ნიკელის საწოლი იყო და ერთი დიდი მაგიდა. ამ მაგიდას უჯდა გოგონა, უფრო
სწორად, ახალგაზრდა ქალი, ასე, თვრამეტი-ცხრამეტი წლის. გოგონა ლამაზი
იყო, სწორი, მოგრძო სახე ჰქონდა და მოკლედ შეკრეჭილი თმა. არიოსტოსაც
ჰგავდა და იმ მოხუც ქალსაც. ამ გოგონას დანახვაზე აბელი უცებ მიხვდა, რა
ლამაზი, რა სიმპათიური კაცი იყო არიოსტო და გულში გაუკვირდა, რომ ეს
აქამდე არ შეუმჩნევია. გოგონას ხელში გრძელი მაკრატელი ეჭირა და ქაღალდის
კაცუნებს ჭრიდა. ერთი ფურცლისაგან რამდენიმე ერთმანეთზე გადაბმული
კაცუნა გამოდიოდა. მაგიდაზე კაცუნების მთელი ლაშქარი იდგა. სანამ რაიმეს
გააზრებას მოასწრებდა, აბელს ჯერ გული შეეკუმშა და უეცრად მკაფიოდ და
ნათლად დაინახა, რომ ეს გოგონა ოთახში კი არა, სადღაც უსასრულო სივრცეში,
ჰაერში გამოკიდებულ სავარძელში იჯდა და სივრცე, სანამ თვალი მისწვდებოდა,
ქაღალდის კაცუნებით იყო სავსე.

ფეხის ხმაზე გოგონამ თავი ასწია და მოიხედა. მოხედვა ალბათ არც ეთქმოდა
ამას, რადგან თვალებში არაფერი ჰქონდა ისეთი, რითიც რაიმეს დანახვა
შეიძლებოდა. აბელს გააჟრჟოლა. გოგონამ კი უცხო კაცის დანახვაზე მაკრატელი
მაგიდაზე დადო, სწრაფად წამოდგა, ნახევრად არისტოკრატიულად, ნახევრად
ჯარისკაცულად გაიმართა, გამარჯობათო, ბოხი ხმით თქვა და გაიღიმა, ყოველ
შემთხვევაში, აბელს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს გაიღიმა, თუმცა ამ
ღიმილის შემხედვარეს ძარღვები მოუდუნდა და მთელ სხეულში სისუსტემ
დაუარა. გოგონამ ტუჩები წინ წამოყარა და ისე თანაბრად, ისე სიმეტრიულად
გადაიკეცა, თითქოს მექანიზებული თოჯინა ყოფილიყოს. მერე კვლავ დაჯდა,
მაკრატელი აიღო და თავისი საქმე განაგრძო.

შემდეგი ოთახი არიოსტოსი იყო. ამ ოთახსაც ერთი ფანჯარა ჰქონდა


გადაკეცილი დარაბებით და იქიდან იმავე მოპირდაპირე სახლის იგივე ყრუ
კედელი მოჩანდა. ფანჯრის ძირას ძველებური საწერი მაგიდა იდგა, კედელთან -
წიგნების კარადა, მეორე კედელთან - ტახტი, ყავისფერი, ჭუჭყიანი და ძველი,
ალაგ-ალაგ ზედაპირი გახეთქილი ჰქონდა და ზამბარები ამოჩრილიყო. იმ კარის
გარდა, საიდანაც შემოვიდნენ, ოთახს კიდევ ჰქონდა მეორე კარი, რომელიც
გამოხურული იყო.

- დაბრძანდით, - კვლავ თქვენობით მიმართა არიოსტომ და ის იყო, ორივენი


დასხდნენ, რომ გამოხურულ კარს იქიდან ქალის ავადმყოფური, საწყალობელი
ხმა მოისმა: - არიოსტო!

- ბატონო, - ხმადაბლა გაეპასუხა არიოსტო.

- ვინ იყო?

- მსახიობია ერთი.

- წავიდა?

- არა. აქ არის.

ლაპარაკი შეწყდა და სამაგიეროდ კვნესა მოისმა. ხმამაღალი, გულის


გამაწვრილებელი. „ოოი-ოოი-ოი-ოი-ოი! ოოი-ოოი-ოი-ოი-ოი!“

- აბა, გისმენთ, - უთხრა არიოსტომ აბელს, - რას მიბრძანებთ?

კარს იქით ქალი სასოწარკვეთილი კვნესოდა და ეს კვნესა აბელს ხელს უშლიდა


აზრის მოკრებაში. ბოლოს, როცა დუმილის ყველა ვადა ამოიწურა და
აუცილებელი შეიქნა რაღაცის თქმა, ისევ მოისმა ქალის ხმა: - არიოსტო!

- ბატონო.
- მერე მაგ ოთახში რომ შემოიყვანე სტუმარი, რას ფიქრობ, ესიამოვნება ვითომ
ჩემი კვნესის მოსმენა?

- კარგი, დაწყნარდი, - მკაცრი დაყვავებით უთხრა არიოსტომ.

- შენ რა გიჭირს. კი ხარ დაწყნარებული, არაფერი გტკივა და არაფერი გაწუხებს,


- აქ ისევ აკვნესდა, მერე წამით გაჩუმდა და ისევ დაიძახა, - არიოსტო!

- ბატონო.

- რა ხანია გითხარი, წყალი მომიტანე-მეთქი, დაგავიწყდა, ხომ?

- ახლავე მოგიტან.

- კაი ახლავეა, ორი საათი გავიდა.

- ახლავე, - უთხრა არიოსტომ. მერე აბელს მიუბრუნდა, - ახლავე. - წამოდგა და


წინა ოთახში გავიდა.

მარტო რომ დარჩა, აბელი სკამზე გასწორდა, შეეცადა თავისუფლად


დამჯდარიყო, ძალდაუტანებლად. ფეხი ფეხზე შემოიდო, მარჯვენა იდაყვი
სკამის საზურგეს ჩამოსდო. თავისუფლად მაინც ვერ იჯდა და მიხვდა, რომ
ვერც დაჯდებოდა, რადგან ამაში ისეთი რაღაც უშლიდა ხელს, რასაც
დაჯდომასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. ფეხი ისევ ჩამოიღო, ფანჯარაში
დაიწყო ყურება, მოპირდაპირე სახლის ყრუ კედელს ყრუდ და უაზროდ
მიაჩერდა. კედელი ჭუჭყიანი და მწუხარე ეჩვენა. მალევე აარიდა თვალი და
ოთახში მიიხედ-მოიხედა. აქ ყველაფერი ისე ძველი იყო, რომ სიძველის სუნიც
კი იდგა. სხეულში უცებ უცხო ბიძგის მოულოდნელმა და გაუგებარმა ტალღამ
დაუარა და ერთბაშად მთელი სიცხადით იგრძნო საკუთარი უსუსურობა,
საშინელი, გაუვალი, აბსოლუტური უსუსურობა. საიდან მოდიოდა ეს გრძნობა,
ვერ გაიგო, მაგრამ წამით მოეჩვენა, რომ თავისი თავი შორიდან დაინახა. მისი
ფიზიკური, გონებრივი და სულიერი ძალა სასაცილოდ პაწაწკინტელა იყო,
სასაცილოდ უმწეო და უმაქნისი, და ისე უსხლტებოდა მზერას, როგორც მტვრის
უმცირესი ნაწილაკი, რომელიც, რაც არ უნდა დაძაბულად ადევნო თვალი, მაინც
დაგეკარგება და სხვა ნაწილაკებს შეერევა. ირგვლივ თითქოს სიბნელე ჩამოწვა
და აბელი მიხვდა, რომ ხაროში იჯდა. ვიღაცამ თუ რაღაცამ, ცბიერმა,
გველაძუამ, ისარგებლა მისი უილაჯობით, ჭკუამოკლეობით, სულმოკლეობით,
მისი მიამიტობითა და სისულელით, თავის სამფლობელოში შეიტყუა და ბნელ
ხაროში ჩააგდო, საიდანაც ამოსვლა შეუძლებელი ჩანდა. თვითონ კი ის ბოროტი
ძალა, უსხეულო, უფორმო, უხილავი, მაგრამ მაინც მატერიალური და
ხელშესახები, ხაროს პირას გამარჯვებას ზეიმობდა, დახტოდა, ხორხოცობდა,
ნიშნის მოგებით იშვერდა თითს აბელისაკენ და დაუნდობლად დასცინოდა მის
უსასოო ფართხალს, ხაროდან თავის დაღწევის განწირულსა და ამაო მცდელობას.

არიოსტო ჭიქით ხელში შემოვიდა და უკანა ოთახში გავიდა. აბელისაკენ არ


მოუხედავს. იმავ წამს ოთახიდან გაურკვეველი ჩურჩული მოისმა. ცოტა ხნის
შემდეგ არიოსტო უჭიქოდ გამოვიდა, დაფიქრებით გაიარ-გამოიარა, ფანჯარას
მიადგა, ყრუ კედელს უყურა და როდესაც ბოლოს და ბოლოს თავის ძველ
ადგილას დაჯდა და მოლოდინის თვალით შეხედა აბელს, უკანა ოთახიდან ჯერ
საწოლის ენერგიული ჭრაჭუნი მოისმა, მერე კიდევ უფრო ენერგიული კვნესა და
სანამ აბელი რაიმეს თქმას მოასწრებდა, კარიც გაიღო.

აბელმა მიიხედა.

მაღალი ქალი იყო, გამხდარი, ოღონდ ისე გამხდარი, ძალა უფრო რომ
იგრძნობოდა, ვიდრე სისუსტე. სილამაზით დანარჩენებს აშკარად
ჩამოუვარდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ გამოხედვა ჰქონდა ისეთი, ცამდე
მართალი რომ ყოფილიყავი, არ შეიძლებოდა დანაშაულის გრძნობა არ
გაგჩენოდა. შუბლი თეთრი თავსაფრით ჰქონდა გაკრული. ტანზე არიოსტოს
ხალათის ტყუპისცალი ეცვა.

- გამარჯობათ, ბატონო, - ავადმყოფის გაწამებული ღიმილით მიესალმა აბელს, -


უკაცრავად კი ვარ, ხელი შეგიშალეთ, მაგრამ ხომ იცით, უჭირისუფლო
ავადმყოფის ამბავი, ხან უნდა გავიდეს, ხან უნდა შემოვიდეს.

აბელმა მობოდიშების პასუხად რაღაც „რას ბრძანებთ, ქალბატონოს“ მაგვარი


წაილუღლუღა.

ქალი ახლა არიოსტოს მიუბრუნდა: - შეგიშალეთ ხომ ხელი, არიოსტო?

- არა, არა, არაფერია, - წყნარად მიუგო არიოსტომ.

ქალის გაწამებულ ღიმილს ცივი ირონიის ელფერი შეემატა.

- ჰო, შენთვის არაფერია. იმან იკითხოს, ვინც შაკიკისაგან მომსპარია, ვისაც


აღარც ღვიძლი უვარგა, აღარც გული, აღარც თირკმლები, - აქ ისევ აბელს
მოუტრიალდა, - მადლობა ღმერთს, წყნარი ავადმყოფობა ვიცი და არავის
ვაწუხებ. ვაგდივარ ჩემთვის საცოდავად, - და ისევ არისოტოს შეხედა, -
დედაშენი სად არის?

- იქით იქნება, თავის ოთახში.

- ისვენებს ხომ? - მწარედ ჩაიცინა ქალმა, - ოოი-ოოი-ოი-ოი-ოი! - ასე კვნესა-


კვნესით გავიდა წინა ოთახში. იქ კვნესა ერთბაშად შეწყვიტა და ხმამაღლა და
ისეთი კილოთი, სიყვარული რომ თავის კალაპოტში ვეღარ ეტევა, დაჰკივლა: -
უი, შენ კი გენაცვალე, ჩემო ოქრო! შენ, შენ, შენ! მპწააჰ!

ამაზე მაკრატლიანმა გოგონამ, ვინც ამ დაუოკებელი ალერსით დააჯილდოეს,


ისეთი კმაყოფილებით ჩაიღრუტუნა, აბელს გააჟრჟოლა და იგრძნო, როგორ
გამოჟონა ოფლმა თმის ძირებში.

ქალმა ისევ კვნესა დაიწყო. კვნესის ხმა თანდათან შორიდან და შორიდან


ისმოდა და ბოლოს მიწყდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოისმა. ჯერ შორეული,
ძლივსგასაგონი ხმები. მერე ხმები ნელ-ნელა გაძლიერდა და ყველაფერი აავსო.
კულმინაციას რომ მიაღწია, წამით შეწყდა, მის მაგივრად კვლავ სიყვარულის
აფეთქების ხმა გაისმა. ზუსტად ისეთი, როგორიც წეღან: „უი, შენ კი გენაცვალე,
ჩემო ოქრო! შენ, შენ, შენ! მპწააჰ!“ ამას მოჰყვა გოგონას კმაყოფილი ღრუტუნი,
რომელიც ისევ მძლავრმა კვნესამ ჩაახშო და ქალი დაბრუნდა.
- მე აღარ ვვარგივარ, არიოსტო, - თქვა მან, - და შენ უჩემოდ რითი
გაუმასპინძლდები ახლა ამ უცხო სტუმარს?

აბელმა ლუღლუღით უპასუხა. ამჯერად რაღაც „გმადლობთ, ქალბატონო,


არაფერი არაა საჭიროს“ მაგვარი რაღაც ჩაილუღლუღა.

- წადი, დაწექი, - ტკბილად უთხრა არიოსტომ.

ქალმა წეღანდელივით ირონია შეურია ღიმილში.

- წავალ, ნუ გეშინია, არ დაგიჯდები აქ, - ამ სიტყვებზე ერთი ამოიოხრა, ისევ


კვნესა ატეხა და უკანა ოთახში შევიდა. კარი ღია დატოვა. ოთახიდან ერთხანს
საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა, მერე კი აბელის წასვლამდე მონოტონური,
გაუთავებელი „ოოი, ოოი-ოი-ოი-ოი“.

აბელი მალე წავიდა. როგორც კი პირისპირ დარჩა არიოსტოსთან, მაშინვე


დაიწყო: - დიდხანს არ გაგაცდენთ. ისედაც ბევრი დრო წაგართვით. მე იმიტომ
მოვედი, რომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ და პატიება გთხოვოთ, - არიოსტოს
სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, სკამზე აწრიალდა, გულწრფელად, ადამიანურად
დაიმორცხვა. აბელს გაუკვირდა და განაგრძო, - ვიცი, უტაქტოდ და უზრდელად
მოვიქეცი, მაგრამ მერწმუნეთ, დაუფიქრებლობის ბრალია.

- ოჰ, კარგი ერთი, კაცო... - თავი ჩაღუნა არიოსტომ.

- თუ გნებავთ, საჯაროდ მოგიხდით ბოდიშს, ყველას თანდასწრებით.

- არა, კაცო, ვის რად უნდა ეს საჯარო-მაჯარო ბოდიშები! - აქ ცოტა შეყოვნდა,


თითქოს შეყოყმანდა კიდეც და უცებ, პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში,
და საერთოდ, მთელი მათი ნაცნობობის მანძილზე, ხმაში ნაღველი გამოერია, -
არც მე ვარ ცუდი კაცი, მაგრამ ხომ ხედავ, სამი სული პირში მყავს
მოჩერებული... - აქ თითქოს გამოერკვაო, ისევ აწრიალდა. დაფაცურდა, - რამე...
ერთი ჭიქა...

- არა, არა, გმადლობთ, - აბელი წამოდგა.

გამოთხოვებისას, სადარბაზო შემოსასვლელთან, არიოსტო მოცოცხლებული და


გახალისებული ჩანდა.

- რეპეტიცია ხომ დანიშნეს ხვალისთვის? - მხნე კილოთი იკითხა.

- კი, როგორ არა. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ და დიდი მადლობა.

- კარგად იყავი, კარგად.

აბელმა კარი გამოიხურა, კიბე სწრაფად ჩაიარა და ქუჩაში გავიდა. თან


გაურკვეველი, მაგრამ თავდაუღწეველი გრძნობა გამოჰყვა. იგი გაურკვეველი იყო
იმის გამო, რა შეურიგებელ, ერთმანეთში უცნაურად გარდამავალ
წინააღმდეგობათაგან შედგებოდა. ჯერ ერთი, ეს იყო რაღაცნაირი მოტკბო
მხნეობა, რომელიც საკუთარ თავს ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ
მიუხედავად ამისა, ან იქნებ სწორედ ამის გამო, უფრო მეტი მონდომებით
მოიწევდა წინა პლანზე და ცდილობდა დღის სინათლისკენ საღი გვერდი
მოექცია. ამავე დროს, ამ თავგამოდებულ მხნეობასთან ერთად და (თუკი ამის
წარმოდგენა შეიძლება) ამ მხნეობის ადგილას იყო უსასრულო სიცარიელე,
მტკივნეული უფსკრული. სიცარიელე, რომელიც, ერთი მხრივ, თითქოს
ყველაფერს სწვდებოდა და ყველაფერს თავის დაღს ასვამდა, მეორე მხრივ კი
გლუვი იყო, ჩაკეტილი, არ ძალუძდა საკუთარი თავიდან გამოსულიყო და
თავისი ცარიელი საცეცებით ირგვლივ მყოფ საგნებსა და მოვლენებს
მისწვდენოდა. დაბოლოს, აქ იყო სისულელის მძაფრი განცდა. ხელმოკლე და
ღატაკი აზრი ყოჩაღად კი ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ, მაგრამ მისი
მოქმედების არე სასაცილოდ მცირეა, ხოლო მისი სურვილი და შესაძლებლობა -
კომიკურად შეუსაბამო.

ეს გაურკვეველი გრძნობა იყო ძლივს გასარჩევი კვალი, იმ სამყაროს სუნი,


საიდანაც აბელი გამოვიდა, ქვეყნიერებას მოწყვეტილი და ქვეყნიერებაში
უსასრულოდ განფენილი სამყაროსი, სადაც შავი ჩრდილები შავად
ჩასაფრებულან და გატრუნული ელოდებიან მსხვერპლს, რათა მახრჩობელა
გველებივით შემოეხვიონ და სული გამოსწოვონ, და სადაც უხმაუროდ და
უჩინრად დადის არიოსტოს გაუგონარი სიმშვიდე და გამოუცნობ წესრიგს
ამყარებს.

რა იოლად, რა უგუნური თავდაჯერებით მსჯელობს ერთი კაცი მეორეზე! რა


ბრიყვულად სჯერა, რომ შეუძლია დაშალოს, ააწყოს, იცოდეს. როგორ შეიძლება
იცოდე, რა არის არიოსტო ხოფერია! რაოდენ სულელი უნდა იყო, რომ
არიოსტოს დარდს, სიმწარეს, გააფთრებას, არიოსტოს თითქოსდა ყოველგვარ
ლოგიკას მოკლებულ ჭირვეულობას ერთმნიშვნელოვანი ახსნა მოუძებნო! ვის
დაუნახავს ან ვის შეუძლია დაინახოს, რა სიღრმიდან და რა ტკივილით ამოაქვს
არიოსტოს ძაფები, რომლებითაც თავისი უფსკრულიდან გამოსული გარე
სამყაროსთან აბამს კავშირს? ვის შეუძლია გაითვალისწინოს, რომ არიოსტოს
არსებაში გამუდმებით ზის სამი უაზრო არსება და სამივე თავ-თავიანთ კვალს
ამჩნევს, თავ-თავიანთ დაღს ასვამს მისი ნაბიჯის სიმტკიცეს, მისი სუნთქვის
სიხშირეს, მისი ხმის ინტონაციას, მის გამწარებას, მის უბედურებას, მის
სიცოცხლეს! აბელს გაახსენდა, როგორ დააპირა ამ დილით სინდისზე და სხვა
მაღალ მატერიებზე ელაპარაკა მასთან და სახეზე სირცხვილის ალმურმა
გადაუარა, რადგან წამით წარმოიდგინა, რა იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება რომ
მართლა შეესრულებინა. ვინ ოხერი ხარ შენ, რომ სინდისზე ილაპარაკო, მით
უმეტეს, ისეთ კაცს ელაპარაკო სინდისზე, რომელზეც არავითარი წარმოდგენა
არა გაქვს, არ იცი, რომ სინდისიც, მთელი სიცოცხლეც და ყველაფერი, რაც კი
ადამიანის სიცოცხლეში შედის, მას უკვე გაცემული აქვს და თვითონ აღარ
ეკუთვნის. ის რომ ერთ მშვენიერ დღეს გადაბრუნდეს და მოკვდეს, მის უსულო
გვამში სამი სულიერი არსება დარჩება უპატრონოდ, უსასოოდ, უგონოდ.

თავი მეცამეტე

არიოსტო ხოფერიასთან სტუმრობამ აბელზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა


და კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნაცნობობა და ხასიათი სავსებით პირობითი
ცნებებია, რომლებშიაც ჩვეულებრივ იგულისხმება გარეგნობის მსხვილი, თვალში
საცემი შტრიხები (რომლებიც შეიძლება სულაც არ გამოდგეს არსებითი) და
სულიერი ცხოვრების ზოგადი, ბუნდოვანი გეზი (რომელიც შეიძლება
დროებითი კალაპოტი აღმოჩნდეს). სინამდვილეში ეს არის
თვალსაჩინოებისათვის გამარტივებული სქემა და იგი არავითარ წარმოდგენას არ
იძლევა პიროვნების ინდივიდუალობაზე, რადგან ინდივიდუალობა
ურთიერთობათა ურიცხვ ხლართებშია გაბნეული. როგორ შეიძლება, ვთქვათ,
არიოსტო ხოფერიაზე ლაპარაკი, მისი პორტრეტის დახატვა იმ სამი ქალის
გაუთვალისწინებლად, სამი შავი აჩრდილივით რომ დადის მის სახლში, მის
გულში, მის სისხლში, მის ტვინში! მეტიც, ამ ქალებთან ურთიერთობა ისეთ
რთულ კომბინაციებს ქმნის არიოსტოს არსებაში, ისეთ იმპულსებს ბადებს და
ხასიათის ისეთ ფერებად იქცევა, რომლებსაც უკვე აღარავითარი გარეგნული
კავშირი არა აქვთ თავიანთ წარმომშობ მიზეზებთან და სრულიად
დამოუკიდებელ ძალებად მოქმედებენ. ამიტომ, თუ გინდა არიოსტო ხოფერიას
ნამდვილი პორტრეტი დაიკიდო საწოლის თავზე, ჯერ კარგად უნდა შეისწავლო
მისი ყველა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, გარდაუვალი და შემთხვევითი
ურთიერთობა, რადგან ეს არის ტკივილისა და სიხარულის წყარო, ზნეობრივი,
ფიზიკური, გონებრივი ცხოვრების მთავარი ბიძგი. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ლაპარაკი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს „თვალღება“ ძველქართულად, იქნება
არა მისი სურათი, არამედ უნებური ავტოკარიკატურა, შენი უვიცი
თავდაჯერების საცოდავი პორტრეტი. ანდა ავიღოთ ვანო როსტიაშვილი. განა
შეიძლება რამდენადმე სწორი წარმოდგენა იქონიო მასზე, სანამ არ ნახავ მის
სიდედრს, რომელსაც ცოცხი უჭირავს ხელში და საწყალ სიძეს, დაჭმუჭვნილს,
მთვრალს, გაუბედურებულს, სახლიდან გვის, როგორც აბლაბუდას?

ყველაზე მეტად აბელს აკვირვებდა ის ერთი შეხედვით (ალბათ თავისი


გარდაუვალობის გამო) ბუნებრივი და უბრალო ფაქტი, რომ ყველა ესენი -
სიდედრები, ცოლები, დედები, შვილები, არიოსტო, გედეონი, კოლია,
გულმოღეღილი ყოჩი, რომელიც სიამოვნებით გესვრის თოფს, მაგრამ არასოდეს
სამალავიდან არ გესვრის, ტყირპიანი, რომელიც აგრეთვე სიამოვნებით გესვრის
მხოლოდ სამალავიდან - ყველა ესენი თავის დროზე ბავშვები იყვნენ, პატარები,
ბუთხუზები, სიცოცხლითა და სიკეთით სავსენი, ისეთები, როგორიცაა მშვენიერი
ქეთი, ნათელი და ცოტა სევდიანი ნინიკო, სულელი და საყვარელი გოგიტა.
მაშასადამე, არავის ძალუძს წინასწარ თქვას, რომ გოგიტასგან არ გამოვა
რომელიმე კოლია ან კაკო ორჯონიკიძე, ხოლო ქეთისაგან - ის მაკრატლიანი
გოგონა, ცარიელი თვალებითა და ტანში გამბურძგლავი ღრუტუნით.

ზამთარში, როდესაც ღამე გრძელია, შენ კი აგუზგუზებული ბუხრის პირას


ზიხარ და ცეცხლს ჩასცქერი, ასეთმა ფიქრებმა შეიძლება ძალიან შორს
გაგიტაცოს, მთელი ქალაქისა და მთელი ქვეყნის მცხოვრებლები სახლებიდან
გამოგარეკინოს და გონების თვალწინ გადაშლილ ვრცელ მინდორზე ერთად
შეგაყრევინოს საჭვრეტად და საკირკიტოდ. არც ეს გაკმაროს, კიდევ უფრო
ღრმად შეგატოპინოს და ისეთი მკრეხელური რამ გაფიქრებინოს, როგორიცაა,
ვთქვათ, შემაშფოთებელი აზრი იმის შესახებ, რომ არიოსტო ხოფერიას
მაკრატლიანი გოგონა თავისი ერის კანონიერი შვილია და, მაშასადამე, რაღაც
კუთხითა და რაღაც დოზით მისი ბუნების მატარებელი. იმ ქვეყანაში, სადაც
ფორმალური პატრიოტიზმის კულტი ძალიან ძლიერია, ასეთი რამის თქმა
შეუძლებელია, მაგრამ არც ისაა იოლი, რომ ტვინში შემოხეტებული აზრი
ძალისძალად გააგდო. საბედნიეროდ, ამ დაუშვებელ ფიქრს იქვე აქარწყლებს
(ამსუბუქებს მაინც) სხვა ფიქრი, კერძოდ ის, რომ იგივე ერი დროდადრო
თევდორე მღვდელსაც შობს. ხოლო აქედან გამომდინარე უეჭველად დაისმება
კითხვა: ასეთ წინააღმდეგობრივ ვითარებაში მაინც რა განსაზღვრავს ერის სახეს,
შვილების უბრალო არითმეტიკული თანაფარდობა თუ პოლარული
ამოფრქვევები? ანდა რა დამოკიდებულებაა ერსა და ერის შვილებს შორის? ერს
იმთავითვე, ერთხელ და სამუდამოდ აქვს მინიჭებული გარკვეული პოტენცია,
მისია და გეზი და ამის მიხედვით უშობს ეპოქას შვილებს თუ შვილების
სულიერი და გონებრივი მიდრეკილებები ქმნის ერის სახეს? ზოგადი ისტორია
გვასწავლის, რომ ქართველობა არის ხმალამოღებული და მომღერალი ერი,
მაგრამ დღეს, როცა ხმალი რკინად იქცა, ხოლო სიმღერა საკონცერტო ნომრად,
ეს განსაზღვრება ცოტა სასაცილოც კი ჩანს. მაშ, რა ვიფიქროთ ბუხრის პირას
ზამთრის გრძელ ღამეში? ვიფიქროთ, რომ ერი მრავალწახნაგოვანი ცნებაა და
ყოველ ცალკეულ მომენტში ერთი რომელიმე წახნაგი აქვს მზისკენ მიქცეული,
დღეს ეს წახნაგი არც ხმალია და არც სიმღერა. რაღაც სხვა არის, კერძოდ, რა?
რით, რა ძირითადი ნიშნით ხასიათდება ის წახნაგი, რომელიც ამჟამადაა წინა
პლანზე წამოწეული? რა სულიერმა ძვრებმა მოიყვანა სწორედ ამ
მდგომარეობაში? ვინ განსაზღვრავს დღეს მის სახეს? ვინ ატარებს დღეს ამ
წახნაგის მუხტს? გედეონ რევია? სამსონი? კაკო ორჯონიკიძე?

ჩვენ, ჩვენის მხრივ, აბელის ამ უპასუხო კითხვებს კიდევ რამდენიმე უპასუხო


კითხვას დავუმატებთ. კერძოდ: თავად აბელი ვინაა? რატომ მაინცდამაინც ეს
სამი კაცი დაასახელა? რატომ ჰგონია, რომ ერის დღევანდელი სულიერი მუხტი
რომელიმე მათგანშია საძებნელი და არა, ვთქვათ, დათიკო ბარაბაძეში, თუმცა
სწორედ დათიკო ბარაბაძეა ის კაცი, ვისაც, როგორც ამბობენ, ქალაქის ყველა
სადავე უჭირავს ხელში, ხოლო ლოგიკის ძალით მთელი ქვეყნის სადავეც მის
რომელიმე უფროს ძმას უნდა ეპყრას? ანდა რატომ არ დაასახელა ასლან
გორდაძე, რომელიც საერთოდ არ გახსენებია?

უპასუხო კითხვები უპასუხო კითხვებია, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებს და


ნელ-ნელა, ჯიუტად, გულმოდგინედ, როგორც წვეთ-წვეთად ჩამომდინარე წყალი
ბურღავს კლდეს.

მერე რა მოხდება, კლდე რომ მართლა გაიბურღოს, არავინ იცის. ყოველ


შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ აბელის ფიქრები და საქმიანობა ერთ საერთო
კალაპოტში მიედინებოდა. მეტიც: ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, თითქოს ეს
ფიქრები უსაგნო ფიქრები იყო, რომლებიც თავიანთი საბუდარიდან აშალა
არიოსტო ხოფერიასთან სტუმრობის მძიმე შთაბეჭდილებამ. მართლაც, ამ ამბის
შემდეგ კარგა ხანს გაჰყვა საკუთარი სისულელის განცდა და სირცხვილის
გრძნობა, რის გამოც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს ვერ
უსწორებდა არიოსტო ხოფერიას.

უცხო ქალაქთან შეხვედრის პირველი შთაბეჭდილება განელდა. გაცნობის


ცერემონიალი დამთავრდა, ურთიერთობათა ძაფები გაიბა და დადგა ჟამი, როცა
სტუმარი მასპინძლად იქცევი, თავს საკუთარ სახლში გრძნობ და ვინმემ რომ
გკითხოს, სადაური ხარო, უბრალოდ და მშვიდად მისცემ ერთადერთსა და
თავისთავად ცხად პასუხს - აქაურიო.

აბელი, ამ პატარა ქალაქის უცხო დინებაში მოქცეული, ერთხანს კი გრძნობდა


განსხვავებულ ტემპერატურას, მაგრამ თანდათან შეეგუა და მალე მიღებულ იქნა
საერთო ძმობაში, რომელიც არც ჩამოყალიბებულა და არც არასოდეს
ჩამოყალიბდება და რომელშიაც ერთმანეთს უფრთხილდებიან, ერთმანეთი
უყვართ და ერთმანეთს ჭამენ. აბელმა საბოლოოდ მოიკიდა ფეხი ახალ მიწაზე
და თბილისი, სახლი, წარსული მხოლოდ ათასში ერთხელ თუ შეახსენებდა თავს,
როგორც რევმატიზმი ამინდის მკვეთრი ცვალებადობის დროს.

რეპეტიციები ხალისიანი გახდა. ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ


არიოსტო ხოფერია აშკარად გამოიცვალა. მართალია, ცდილობდა, ძველებურად
ჭირვეული ყოფილიყო, მაგრამ ახლა მის მწყრალ თავდაჯერებაში გაცილებით
უფრო მკაფიოდ ჩანდა თეატრალური ნიღაბი და ზოგჯერ, როცა საკუთარ თავს
საჭირო კონტროლს ვერ უწევდა, მის უკან ლმობიერება ჟონავდა. აბელს
თითქმის სრული თავისუფლება მისცა, ყოველ შემთხვევაში, დიდად
გაუფართოვა მოქმედების არე, ვრცელ მინდორზე გაუშვა საკუნტრუშოდ და
საბალახოდ. სადავეები თვითონ ეჭირა ხელში, მაგრამ არც მის მოწევას
ჩქარობდა, თუ ცხენი მაინცდამაინც ღობიდან გადახტომას არ მოიწადინებდა.
ასეთმა თავისუფლებამ მინავლული ცეცხლი აბელს ისევ გაუღვივა და თამაში
მოანატრა. მსახიობის უტყუარი ალღოთი გრძნობდა, რომ როლი გამოსდიოდა და
ეს კიდევ უფრო ახალისებდა. ამ პერიოდში ცხოვრება სხვა მხრივაც კარგად
აეწყო. მართალია, იმაზე ფიქრი არ შეიძლებოდა, რომ კვირას ისე გაევლო,
სუფრაზე არ მოხვედრილიყო, რადგან ამ ქალაქში სუფრა იყო არა მხოლოდ სმა-
ჭამა და დროსტარება, არამედ სიცოცხლის ერთ-ერთი აუცილებელი, თუმცა
ძნელად გასაგები, პირობა, მაგრამ ვაჟკაცურად იგერიებდა თანამესუფრეთა
შემოტევებს და არ თვრებოდა. თავისუფალ დროს თითქმის ერთთავად შინ
ატარებდა და ნელა, სიამოვნებით, ყურადღებით კითხულობდა. თავდაპირველად
კითხულობდა იმას, რაც თან ჩამოიტანა, ანდა ამ ქალაქში, ძირითადად,
სამსონთან შეიძინა. სამკითხველო და ბიბლიოთეკა ბავშვობიდანვე სძულდა.
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გედეონ რევიას დაუახლოვდა და მასთან ისეთი
ურთიერთობა გააბა, რომელსაც უკეთესი სიტყვის უქონლობის გამო შეიძლება
მეგობრობა ვუწოდოთ, ამ მხრივ მშვენიერი ასპარეზი გადაეშალა და კარგად
ისარგებლა, ჯერჯერობით კი იმით კმაყოფილდებოდა, რაც შინ ჰქონდა. რაც
მთავარია, კითხვა სიამოვნებას ანიჭებდა. აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში
შეშფოთებით აკვირდებოდა, რომ მიუხედავად საკუთარი თავის მიმართ
ერთგვარი ძალადობისა, წიგნებს გულს ვერ უდებდა. საბედნიეროდ, მალე
გამოირკვა, რომ ეს დროებითი კრიზისი იყო, გამოწვეული ახალ ცხოვრებასთან
შეხვედრის მძაფრი შთაბეჭდილებებით. მერე, როცა შთაბეჭდილებები დაცხრა,
კითხვის სიყვარული კვლავ დაუბრუნდა. სტუმრად თითქმის არავისთან
დადიოდა და მასთანაც თითქმის არავინ მოდიოდა. ერთადერთი გამონაკლისი
გორდაძეები იყვნენ. ასლანი ორ-სამ დღეში ერთხელ უეჭველად შემოივლიდა.
გორდაძეებთან თვითონაც დადიოდა. აქ ურთიერთობათა ფორმალური
შუქნიშნები ჩამქრალი იყო და თავს ბუნებრივად და თავისუფლად გრძნობდა.
ნანოს გაუთავებელ გეგმებს მისი მომავალი დაქორწინების შესახებ სიცილით
ისმენდა და ცოტათი სიამოვნებდა კიდეც, რაღაცნაირი ნახევრად სერიოზული
სიამოვნებით. ნანო კარგი იყო, ხალისიანი, ცოცხალი და გამრჯე. იმითაც კარგი
იყო, რომ უჩვეულო სიყვარულით უყვარდა ქართული პოეზია, კითხულობდა
უკლებლივ ყველა პოეტის ყველა ლექსს და აღტაცებით ამტკიცებდა, ქართველი
პოეტი ცუდიც კი კარგიაო. რაც შეეხება ასლანს, ვინც კი მოსწონდა და
შინაურად ეგულებოდა, მისთვის გულის კარი ყურთამდე ჰქონდა ღია.
თავისუფლად შეგეძლო შესულიყავი და კარგად დაგეთვალიერებინა იქაურობა,
მარტივი მოწყობილობა, სადა, მიამიტური, მაგრამ სუფთა, ფაქიზი და მკაფიო.
ყველაზე მეტად აბელს მაინც ბავშვებთან ყოფნა და თამაში სიამოვნებდა.
როდესაც ბიჭებს ეჭიდავებოდა, ნინიკო მაყურებელი იყო, რათა მერე
მაყურებლისთვის დაწესებული სილამაზის პრიზი მიეღო. ჭიდაობის გარდა
თამაშის პროგრამაში შედიოდა ზღაპრები, რომლებსაც ბავშვებით
გარშემორტყმული აბელი სახელდახელოდ იგონებდა, აგრეთვე ლექსების თქმა,
გუნდაობა და სიმღერა. ნინიკოს მშვენიერი სმენა ჰქონდა და აბელთან ერთად
ჩინებულად მღეროდა. ტყუპებსაც არა უჭირდათ, მაგრამ სულელი გოგიტა რომ
გაიჭიფხებოდა და აჭყივლდებოდა, თვით ბატონი სევერიანეც კი ვერ იკავებდა
ღიმილს.

როდესაც აბელი ენთუზიაზმით, იმედებითა და სტანისლავსკის სისტემით


კბილებამდე შეიარაღებული კეთილშობილი, დამპყრობივით მოდიოდა ამ პატარა
ქალაქზე სალაშქროდ, მისი ნაცადი ოცნება გონებაში მრავალ საინტერესო
ეპიზოდს ხატავდა. ოცნებაში თავად ქალაქიც უჩვეულო იყო - ლამაზი, კოხტა,
აყვავებული, რბილი და სიზმრისეული, ბევრი მზით, ბევრი ყვავილითა და
ფერადი ღობეებით. და ამ ქალაქში აბელს ელოდა მეგობარი, რომელსაც ერთი-
ორი შტრიხი ლადო მენაბდისა ჰქონდა, ძირითადად კი ფანტაზიის
უსაზღვროებაში იქმნებოდა. აბელი თავადვე გრძნობდა საკუთარი ფანტაზიის
უნიადაგობას და სიმართლე რომ ითქვას, დიდად არ გასცრუებია იმედები, როცა
იდეალური ქალაქისა და იდეალური მეგობრის ნაცვლად იპოვა უსახური,
მოსაწყენი პროვინციის ზანტი და ზერელე ცხოვრება, რომელიც თავის წვრილმან,
ყოველდღიურ საზრუნავში იყო ჩაფლული და თუკი ამ საზრუნავიდან რამე
გადარჩებოდა, მხოლოდ ეს გადარჩენილი შეიძლებოდა გამოემეტებინა შენთვის.
მეგობარი, ცხადია, არ დახვედრია. იმიტომ, რომ ეს მეგობარი თვითონ მოჰყავდა
თავისი ოცნების ხურჯინით და სინამდვილეში იგი სხვა არავინ იყო, თუ არა
საკუთარი ფანტასტიკური ორეული. დახვედრით, როსტიაშვილებსა და
ორჯონიკიძეებზე რომ არ ვილაპარაკოთ, დახვდა ასლანი, თეიმურაზ კილაძე,
გედეონ რევია, რომან ადეიშვილი. ასლანი, თქმა არ უნდა, ძალიან კარგი კაცი
იყო, ალალი, კეთილი, მიამიტი, მაგრამ მისი გონებრივი და სულიერი
ჰორიზონტი სრულებით ვერ შეეფერებოდა ოცნების მოთხოვნას. თეიმურაზ
კილაძე, ვიტრინის თოჯინასავით კოპწია და ლამაზი, პატარა, წვრილმანი,
მფრთხალი, მუდამ ხელიდან სხლტებოდა, როგორც საპონი და ისე არ გაგიბამდა
ურთიერთობას, რომ იქვე, გვერდით საიმედო სორო არ ჰქონოდა დაგულებული,
სადაც საშიშროების ჟამს სწრაფად შეეძ ლო შემძვრალიყო და დამალულიყო.
რომან ადეიშვილს კაცი ვერაფერს გაუგებდა. საიდანაც უნდა შეგეხედათ, ერთ
ცოცხალ ფერს ვერ შეამჩნევდით. თითქოს მოძრავიც იყო, მარჯვეც, სპორტულიც
კი, საუბრობდა, ოხუნჯობდა, სვამდა, მღეროდა, მაგრამ ყოველივე ეს
მოჩვენებითი და დროებითი სიცოცხლე იყო. ბარაბაძის ქალი, ისევე როგორც
თეიმურაზ კილაძესა და მრავალ სხვას, მასაც უყვარდა, მაგრამ ეს სიყვარულიც
ინერტული და უსიცოცხლო იყო. მერი ბარაბაძე რომ ყველას უყვარდა, ეს
განსაკუთრებული ამბავი არ იყო. მერის რაღაც იდუმალ მომხიბლაობას ანიჭებდა
მისი ბუნების მკვეთრი და სწრაფი ცვალებადობა. ერთი ხანმოკლე საუბრის
განმავლობაში შეეძლო თანმიმდევრობით ყოფილიყო სერიოზული, დამცინავი,
ჭირვეული, სანტიმენტალური, ცივი და მიუკარებელი, ქარაფშუტულად
მხიარული, ამპარტავანი, მიამიტი. ამის ყველაზე მარტივი და რეალური ახსნა
თითქოს ის უნდა ყოფილიყო, რომ მერი მდიდარი ოჯახის ერთადერთი
ქალიშვილი იყო, ფუფუნებაში გაზრდილი და განებივრებული, მაგრამ ამ ახსნას
ხელს უშლიდა ის უცნაური გარემოება, რომ გარეგნობაც ასევე ცვალებადი
ჰქონდა. სხეულის ნაწილები თითქოს ერთმანეთს არ ეკუთვნოდნენ და
ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებული. ყოველი მათგანი თავის
განსაკუთრებულ ნიშანს უსვამდა ხაზს, თავის განსაკუთრებულ ნიშანს
წამოსწევდა წინა პლანზე და ეს ისეთ არეულობას ქმნიდა, გეგონებოდათ,
მორჩენილი ნაწილებისგან აუწყვიათო. მაგრამ მეორე წუთს ამ დამოუკიდებელ
ნაწილებს რაღაც საერთო ძარღვი, რაღაც შეუმჩნეველი ჰარმონია შეკრავდა და
ისეთი სილამაზე წარმოგიდგებოდათ თვალწინ, მართლა ძნელი იყო, კაცს არ
შეყვარებოდა. ცხადია, გარეგნობაში (ისევე როგორც ხასიათში) უცვლელი
ნიშნებიც ჰქონდა, მაგრამ ეს ნიშნები ზოგადი ხასიათისა იყო და მხოლოდ
ტიპოლოგიური დაჯგუფებისთვის თუ გამოდგებოდა. კონკრეტულ
შთაბეჭდილებას დეტალები ქმნიდა. დეტალები კი უცნაური და საპირისპირო
იყო. თხელი, ნაზი ცხვირით, ჩამუქებული თვალებით, სახის სწორი ოვალით,
ხორბლისფერი კანის და ყვრიმალების მკაცრი, ნატიფი ხაზით ხან რომელიღაც
იტალიელ კინოვარსკვლავს ჰგავდა და ხან სოფლელ გოგოს, რომელიც ეს წუთია
დაბრუნდა სამწყემსურიდან. აბელმა მამამისის შესახებაც ბევრი რამ შეიტყო.
ქალაქის ამ ლამის უგვირგვინო მეფეს თავისი კარიერის გზაზე სულ ციცაბო
აღმართით, უმოკლესი გზით უვლია. ჯერ ფეხსაცმელების სახელოსნო გაუხსნია,
მერე ეს სახელოსნო ფაბრიკად გადაუკეთებია, მერე ამ ფაბრიკისთვის სხვა
ფაბრიკა შემოუერთებია და საბოლოოდ, რაც კი ქალაქში იჭრებოდა, იკერებოდა,
ირთვებოდა, იქსოვებოდა, ყველაფრის გამგებელი გამხდარა და ყველაფერი
თავის ხელში მოუქცევია. ამ ტრივიალურ ამბავში საინტერესო ისაა, რომ
წაგებული არ არსებობდა. დამლაგებლიდან მოყოლებული სახელმწიფოთი
დამთავრებული ყველა მოგებული იყო. გეგმები სრულდებოდა, პროდუქციის
ხარისხი ეჭვს არ იწვევდა და, როგორც ამბობდნენ, დათიკო ბარაბაძეს ყველა,
ვინც კი მის გაერთიანებაში მუშაობდა, პირდაპირ სულში იძვრენდა, რადგან
ოფიციალურთან ერთად თურმე არაოფიციალური ანაზღაურებაც ჰქონდა. ასეთი
საქმიანობა მუდამ ფხვიერ, არასაიმედო ნიადაგზეა დაფუძნებული და საკმარისია
ერთი მძლავრი შებერვა, რომ ეს ილუზიური ციხესიმაგრე ჩამოიქცეს და
მრავალი ვინმე დაიტანოს ქვეშ. ამგვარ ვითარებაში მეციხოვნე იმდენად დიდ
რისკს ეწევა, რომ პირადი გამდიდრების სურვილით ამის ახსნა ძნელი იქნება.
აბელს ზოგჯერ უკვირდა, რომ ასეთი ციხესიმაგრეები მაინც დიდხანს ძლებენ,
მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ ეს არც ისე საკვირველია. პატარა გაერთიანებები
კი არა, ისტორიამ სახელმწიფოები იცის, რომლებიც ასევე ფხვიერ, არასაიმედო
ნიადაგზეა დაფუძნებული, სიცრუის, დაშინების, ძალადობის ნიადაგზე, ყველა
ნიშნის მიხედვით, თითქოს მალე უნდა დაიქცეს და დაიშალოს, მაგრამ რაღაც
გაუგებარი ძალის წყალობით მაინც დგას და მაინც ძლებს.
ოცდაცხრა დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მთავარი ამბები გვიან მოხდა, თუმცა
ორი ეპიზოდი, არც ისე მნიშვნელოვანი, რომ დეტალურად აღიწეროს, მაგრამ
არც ისე უმნიშვნელო, რომ დუმილით ავუაროთ გვერდი, პრემიერამდე
გათამაშდა. ერთი მათგანი ვანო როსტიაშვილს ეხებოდა. ვანო როსტიაშვილი
ოჯახმა მალე შემოირიგა და შინ დააბრუნა. ამაში განსაკუთრებული და ახალი
არაფერი ყოფილა. ოჯახის უღირსი მამა ადრეც არაერთხელ გაუძევებიათ და
არაერთხელ შემოურიგებიათ. ახალი და განსაკუთრებული ვანოს მოულოდნელი
გარდაქმნა იყო. ასეთი რამ ქალაქს არ ახსოვდა. ერთ მშვენიერ დღეს თოვლით
თეთრად გადაპენტილ ქუჩებში გამოჩნდა სულ სხვა ვანო - სუფთა, ლამაზი,
მოვლილი, ინტელიგენტური შესახედაობის ვანო, გაუთოებული შარვლით,
გაპრიალებული ფეხსაცმელებით, გაწმენდილი პალტოთი, გახამებული თეთრი
პერანგით. ჰალსტუხიც კი ეკეთა, რაც აქამდე, მისი ტანჯული და ცოდვიანი
სიცოცხლის მანძილზე, არასოდეს მომხდარა. მანერებიც შეეცვალა. ახლა
გამართული დადიოდა, თავაწეული და ყველას დიდი ღირსებით ესალმებოდა.
ერთხელ ლუდხანაში ასლანის სუფრაზე მოხვდა. ეს ის შემთხვევა არ ყოფილა,
„ნაცნობის“ ძებნაში რომ რომელიმე სუფრას „უცაბედად“ გადააწყდებოდა.
„ნაცნობებს“, როგორც ჩანს, უკვე აღარ ეძებდა. უბრალოდ, ასლანი, აბელი და
კიდევ ორი-სამი კაცი თითო ჭიქის დასალევად მიდიოდნენ ლუდხანაში, გზად
ვანო შემოხვდათ და თან წაიყვანეს. ვანო უარობდა, მაგრამ ეს ძველებურ,
მოჩვენებით უარად ჩაუთვალეს და ძალისძალად წააწიალეს. ჭიქები რომ შეავსეს,
ვანომ ღვინის მაგიერ ბორჯომი დაისხა და გვარიანად გრძელი და
მაღალფარდოვანი სიტყვა წარმოთქვა ალკოჰოლის მავნებლობის თაობაზე.
თანამესუფრეები სახტად დარჩნენ. ვანომ კი ღვინო ახლოს არ გაიკარა,
ცოტაოდენი ბორჯომი და ცოტაოდენი ლიმონათი დალია, ათის ნახევარზე
რაღაც სხვანაირად შუბლშეჭმუხნილმა საქმიანად დახედა საათს, ისევ ისე
მაღალფარდოვანი სიტყვებით მოიბოდიშა - სახლში მელიან, დროზე რომ არ
მივიდე, შეეშინდებათო და წავიდა. წავიდა ღირსებით სავსე, ამაყი, თავაწეული,
ფხიზელი და ჰალსტუხიანი. ერთი სიტყვით, რამდენიმე დღის განმავლობაში
ვანო როსტიაშვილი ქალაქის მთავარ სასაუბრო თემად იქცა.

მეორე ეპიზოდი, რომელმაც არანაკლები ყურადღება მიიპყრო, ის იყო, რომ ერთ


დღეს აბელმა ალი ქალაქში სასეირნოდ გამოიყვანა. ალი დინჯად,
დარბაისლურად მიაბიჯებდა აბელის გვერდით და გამვლელ-გამომვლელს
არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. რაც შეეხება თავად გამვლელ-გამომვლელებს,
ისინი ორ განსხვავებულ ბანაკად იყვნენ გაყოფილნი. ერთი ნაწილი, ვინც ალის
პირველად ხედავდა, თვლიდა, რომ აბელის მხრივ ეს იყო დიდი ბომბორა
ნაგაზით უბრალო თავმოწონება და კეკლუცობა. ამ კეკლუცობის მიმართ
თავიანთ აგდებულ დამოკიდებულებას მიმიკის ოდნავი შეცვლით
გამოხატავდნენ და მხოლოდ ის აღიზიანებდათ, რომ მოულოდნელი ხიფათის ან
გაუთვალისწინებელი შერცხვენის თავიდან ასაცილებლად ტროტუარიდან უნდა
გადასულიყვნენ და ძაღლისთვის დაეთმოთ გზა, თანაც, ღირსება რომ არ
დალაქავებოდათ, ეს უსიამოვნო ცერემონიალი ისეთი სახით უნდა
შეესრულებინათ, ვითომ ტროტუარიდან საკუთარი სიამოვნებისთვის
გადადიოდნენ და არა ძაღლის შიშით. მეორე ნაწილი, რომელმაც იცოდა, რომ
ძაღლი ავაზაკ უკლებას ეკუთვნოდა, აბელის საქციელში უტიფარ გამოწვევას
ხედავდა. ამ ნაწილს დღემდე ვერ ეპატიებინა თავისთვის, რომ ხელისგულის
გადაქლეტამდე უკრავდა ტაშს ბოროტმოქმედს, რომელიც კმაყოფილი ღიმილით
მიითვლიდა მათ ალალსა და მიამიტურ აღტაცებას, გულში კი, ვერაგი და
მზაკვარი, იმას ანგარიშობდა, ამაღამ რომელი გაეძარცვა ამ ტაშის
დამკვრელთაგან. მოქალაქე, რომელიც ღირსებას უფრთხილდება, გაძარცვას
შეგარჩენს, მაგრამ ტაში რომ დაგიკრა, იმას არა. უკლებას კი არათუ ტაშს
უკრავდნენ, შეხვედრებს უწყობდნენ, სუფრებს უშლიდნენ, ხელისგულზე
ატარებდნენ. როგორც გამოძიების დროს დადგინდა, ერთმა მისმა გაძარცულმა
ოფიციალურ შეხვედრაზე სიტყვით მიმართა, მეორემ, უკვე ასაკში შესულმა,
მაგრამ კარგად შენახულმა ქალწულმა, რომელსაც უკლებამ თურმე სახლში
თორმეტი ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს ბეჭედი, ოთხი ოქროს ყელსაბამი
და ორი ბრილიანტის თვალი აღმოუჩინა, საკუთარი ლექსი წაუკითხა, მესამემ
ზღაპრული სუფრა გაუშალა თავის სახლში და თვითონვე დაათვალიერებინა
ყველა ოთახი და კუთხე-კუნჭული, მეოთხემ, მოყვარულმა კრიტიკოსმა,
საგაზეთო წერილში მას ქალაქის ესთეტიკური მებაირახტრე და ზნეობრივი
სარკე უწოდა. როგორც გამოძიებისას აღიარა, დიდხანს კი უფიქრია თურმე და
რამდენიმეჯერ დაუპირებია კიდეც „ზნეობრივი სარკის“ ამოღება, მით უმეტეს,
რომ ამას წერილის თემასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია. რა ეშმაკი შეუძვრა
და რა ეშმაკმა დაატოვებინა, ამ მოყვარულმა კრიტიკოსმა არ იცოდა. ვინც არ
გაუძარცვავს უკლებას, მართალია, ისეთი სახით იქნევდნენ თავს და ისეთი
კოლეგიალური კილოთი იგინებოდნენ, თითქოს გაძარცულ ძმებზე შესტკიოდათ
გული, თორემ თვითონ საწუხარი არაფერი ჰქონდათ, სინამდვილეში თავადაც
გაძარცულად გრძნობდნენ თავს და სწორადაც იქცეოდნენ, რადგან მათი
გადარჩენა იღბალი და ბედის წყალობა იყო და არა საკუთარი დამსახურება.
უკლებას ან, უბრალოდ, დრო არ ეყო და მათთვის ვერ მოიცალა, ან არადა,
მათმა ქონებრივმა ცენზმა ვერ დააკმაყოფილა. ამგვარად, გაძარცულები და
გაუძარცვავები, ერთმანეთთან ღრმა შინაგანი კავშირით დაკავშირებულები,
ერთიან, განუყოფელ ბლოკს ქმნიდნენ, ერთნაირად იყვნენ დაკოდილები შიგ
გულში და ერთნაირი იმედით შეჰყურებდნენ დროს, რომელსაც ერთადერთს
შეეძლო მათ გაბზარულ გულს მალამოდ დასდებოდა და სამარცხვინო
წარსულისთვის დავიწყების მტვერი წაეყარა. ასეთ ვითარებაში ალის გამოჩენა
იგივე იყო, გინდამც ჭრილობიდან სახვევი აგეგლიჯათ. ხალხი აიმრიზა, ხალხი
აღელდა, ხალხი გაწიწმატდა. რამდენიმე განსაკუთრებით მგრძნობიარე კაცს,
როგორც შემდეგ გამოირკვა, ისიც კი დაუპირებია, საგანგებო საჩივარი დაეწერა
და ქალაქის ხელმძღვანელობისთვის მოეთხოვა, ცენტრალურ ქუჩებში ძაღლების
სეირნობა აეკრძალათ, მაგრამ ამ განზრახვაზე მერე ხელი აუღიათ, რადგან
ისეთი ფორმა ვერ გამოუნახავთ, რომელიც საშუალებას მისცემდათ, ნამდვილი
მიზეზი დაემალათ და თავი ისე ეჩვენებინათ, ვითომ საქმე ალის კი არ ეხებოდა,
არამედ წესრიგს. აბელს თავიდან უკვირდა ამგვარი რეაქცია, მერე კი, როცა
მიზეზს მიხვდა, ამ ამბავში მშვენიერი გასართობი დაინახა და თავისი
დაკვირვება სიცილით გაუზიარა ასლანს. ასლანმა თავშეკავებით გაიღიმა და
საუბარი სხვა საგანზე გადაიტანა.

პრემიერა აბელმა ისე ითამაშა, თვითონვე გაუკვირდა. მართალია, ბოლო


რეპეტიციებზე სიამოვნებით, ლაღად, დაუძაბავად თამაშობდა, სცენაზე ისე
მიმოდიოდა, როგორც მამაპაპეულ სამოსახლოზე, ისიც მართალია, რომ
გენერალური რეპეტიციის შემდეგ ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელმა,
რომელიც საგანგებოდ იყო ჩამოსული ახალი სპექტაკლის სანახავად და
საქეიფოდ, ნამდვილი ოდა უძღვნა მის თამაშს, სიჩქარისა და აღგზნებულობის
გამო ერთი-ორჯერ დორბლიც კი გადმოსტყორცნა პირიდან და როცა
დაიმარტოხელა, თბილისში გადასვლა შესთავაზა (რაზეც აბელმა თავაზიანი
უარი უთხრა), მაგრამ პრემიერამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
როდესაც სპექტაკლი დაიწყო, აბელი ჯერ კიდევ ფიქრობდა იმაზე, რაზეც
ფიქრობდა ხოლმე ჩვეულებრივ, თეატრშიც და თეატრს გარეთაც: ამ პატარა
ქალაქზე, ურთიერთობებზე, ლუდხანაზე, ასლან გორდაძის ბავშვებზე, ალიზე,
იმაზე, რომ მდინარე გზატკეცილს გადაღმა მდორედ მიედინებოდა და ორივე
ნაპირი მაღალი, თანაბარი, თეთრი თოვლით იყო დაფარული. მერე და მერე,
რაც უფრო ახლოვდებოდა სცენაზე გასვლის დრო, ფიქრები ნელ-ნელა, უჩუმრად
ტოვებდნენ, როგორც ჭირისუფალი ტოვებს ავადმყოფს, რომელმაც ბოლოს და
ბოლოს ჩაიძინა. ბოლოს სულ მთლად გაიკრიფნენ და არსად არაფერი აღარ
დარჩა, ხოლო როცა კულისებს გასცდა და სცენაზე შედგა ფეხი, საგნებმა და
მოვლენებმა ერთბაშად, ძალიან უბრალოდ და გასაგებად, რაღაც გარდაუვალი
აუცილებლობის გამო, თითქოს აქამდე ყველაფერი მხოლოდ საამისო მზადება
იყო, ადგილები გაცვალეს და ასე ეგონა, ახლა კი არ გაუჩნდა, ყოველთვის
ჰქონდა ეს ეჭვმიუკარებელი ცოდნა, ცოდნა იმისა, რომ ერთადერთი რეალური,
ჭეშმარიტი ასპარეზი სცენა იყო, ნამდვილი ამბები მხოლოდ აქ ხდებოდა, ის კი,
რაც სცენის გარეთ დარჩა - დარბაზი, ქალაქი, ქვეყანა, თავდაუღწეველი სამყარო
- იყო ილუზია, მხოლოდ ტვინში, მხოლოდ ფიქრში, არარეალურად და
არამატერიალურად არსებული. აბელს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
ხანგრძლივი და უმიზნო ხეტიალის შემდეგ, როგორც იქნა, თავი დააღწია
ილუზიას და ნამდვილ ქვეყანაში მოხვდა.

დარბაზში, როგორც ეს პრემიერის წესია, ელიტა იჯდა, ხალხი, ვისაც თეატრი


ესმის თავისი განსწავლულობის, სულიერი მიდრეკილების ან თანამდებობრივი
მდგომარეობის წყალობით, ხალხი, ვისაც ყველა საკითხზე აქვს უტყუარი აზრი
და ამ უტყუარ აზრს მკაფიოდ, კარგად დამუშავებული დიქციით წარმოთქვამს,
ხალხი, ვინც დანამდვილებით იცის, რომ თანამედროვე ხელოვნებაში მხოლოდ
ის არის ფასეული, რაც მის გემოვნებას პასუხობს, დანარჩენი ყველაფერი
ზედმეტია და კარგი იქნება, თუ გაიკვირტება.

მას შემდეგ, რაც თეიმურაზ კილაძემ მოკლა, აბელი სპექტაკლის დამთავრებამდე


განმარტოებით იჯდა კულისებში და საკუთარ თავს, აღგზნებულსა და უცნობი
მუხტებით დამუხტულს, ყურადღებით აკვირდებოდა. ილუზია და სინამდვილე,
როგორც ონავარი ბავშვები, რომელთაც მორიგი ოინი დაამთავრეს, თავ-თავიანთ
ადგილს დაუბრუნდნენ. ახლა სცენა სცენა იყო და დარბაზი - დარბაზი, მაგრამ
აბელს, კაცს რომ უჩვეულო სიზმრის განწყობილება გამოჰყვება, ისე გამოჰყვა
სცენის რეალურობისა და სინამდვილის წეღანდელი ყოვლისმომცველი განცდის
თან საამო და თან შემაშფოთებელი კვალი. ეს კვალი იმდენად მკაფიო იყო,
აბელი სერიოზულად უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ ყოველივე ეს კი არ
მოეჩვენა, მართლა ასე იყო: წეღან მართლა სცენა იყო რეალური, ხოლო დარბაზი
ფანტაზიის ნაყოფი, ახლა კი დარბაზი და ქვეყნიერებაა რეალური, სცენა და
სპექტაკლი კი ფანტაზიის ნაყოფი. მხოლოდ მაშინ, როცა სპექტაკლი დამთავრდა
და მადლიერმა მაყურებელმა მსახიობები მქუხარე ტაშით გამოიხმო სცენაზე,
ფოკუსი გასწორდა, საგნები და საგანთა ჩრდილები საბოლოოდ დაემთხვნენ
ერთმანეთს, ყველაფერი საკუთარ სახეს დაუბრუნდა, სხეული ზედმეტი
აღტკინებისაგან განთავისუფლდა და აბელი ცოტა დაღლილი, ცოტა
მოდუნებული და უმიზეზოდ თუ რაღაც გაუგებარი მიზეზით იმედგაცრუებული
უხალისოდ გაჰყვა დანარჩენებს, რათა მა-ყურებლისთვის თავი დაეკრა და
მადლობა ეთქვა უხვად გამომეტებული ტაშისათვის.

დარბაზი ფეხზე იდგა და აბელმა ის აღგზნება, რომელიც თვითონ უკვე აღარ


ჰქონდა, ახლა მაყურებელთა სახეებზე დაინახა.

დიდხანს იდგნენ ასე ერთმანეთის პირისპირ სინამდვილე და ილუზია, ტაშს


უკრავდნენ ერთმანეთს, ხარობდნენ ერთმანეთის სიახლოვით და ისეთ
შთაბეჭდილებას იქმნიდნენ, თითქოს განზომილებათა შორის უფსკრული
ამოივსო და ორი განსხვავებული სამყარო დაუბრკოლებლად შედიოდა
ერთიმეორის არსებაში.

მერე სცენაზე არიოსტო შემოვიდა და ტაშმა იმატა. არიოსტო გამართული


მოდიოდა, როგორც დასაჯილდოებლად გამოძახებული ჯარისკაცი, შუა სცენაზე
შედგა, მდაბლად, მაგრამ ღირსებით დაუკრა თავი მაყურებელს, ისევ გაიმართა,
მსახიობებს მიუბრუნდა, ჯერ ჯულიეტა გადაკოცნა, მერე რომეო, მათ შუა ჩადგა,
აქეთ-იქით ჩაჰკიდა ხელი ორივეს, მათთან ერთად ავანსცენაზე გამოვიდა და
კიდევ ერთხელ ისევ ისე მდაბლად და ისევ ისე ღირსებით დახარა თავი.
დარბაზს ეს სცენა ძალიან მოეწონა და ოვაციები დიდხანს არ დამცხრალა.

ბოლოს, როდესაც ფარდა უკანასკნელად დაიხურა და მაყურებლები სირბილით


მიაწყდნენ გასასვლელს იმ იმედით, რომ ერთმანეთს დაასწრებდნენ და პალტოს
ასაღებად რიგში დგომას გადარჩებოდნენ, სცენაზე თეატრის თანამშრომლები
ამოვიდნენ. ახლა მათ ატეხეს ხვევნა-კოცნა. ყველანი აქ იყვნენ: დირექტორიც,
მთავარი რეჟისორიც, გედეონ რევიაც, ასლანიც... მთელი თეატრი აქ იყო,
ულოცავდნენ მონაწილეებს, ეხვეოდნენ, ხარობდნენ და ზეიმობდნენ. ირგვლივ
ისეთი განუყოფელი ხალისი სუფევდა, ამის შემხედვარე ვერაფრით ვერ
დაიჯერებდით, რომ აქ ვინმეს ვინმე სძულდა, ვინმე ვინმეს კრიჭაში ედგა, ვინმე
ვინმეს თავიდან მოშორებას ლამობდა ან ვინმეს ვინმესი შურდა.

ის იყო, ამ მარადიულმა ეპილოგმა განვითარების ეკვატორი გაიარა და ნელ-


ნელა დაეშვა დაბლა, რომ სცენაზე უცხოები ამოვიდნენ ერთი ლამაზი ქალი და
ერთი ლამაზი კაცი. დაინახავდით თუ არა, მაშინვე მიხვდებოდით, რომ ცოლ-
ქმარი იყვნენ, ისე უხდებოდნენ და ისე ავსებდნენ ერთმანეთს. ქალი თხელი,
მაგრამ მკვრივი იყო, თითქოს მიწიერსა და არამიწიერს საერთო ენა
გამოუნახავთ და შეხების წერტილი მოუძებნიათო. მოხდენილი ტანი ჰქონდა,
რბილი, მოქნილი ხაზები, სავსე მკერდი და სავსე თეძოები, მაღალი, სუფთა და
ქათქათა ყელი, სწორი ნაკვთები, გრძელი წამწამები, ოდნავ გამობურცული და
გადატკეცილი შუბლი. წაბლისფერი თმა გულდაგულ გადაეჭიმა და უკან,
კეფასთან ჩაეხვია და ჩაემაგრებინა. გრძელი, ერთიანი, მუქი ცისფერი კაბა ეცვა
ძალიან მოკლე სახელოებით და ზომიერად ამოჭრილი გულისპირით. ყელს
ქვემოთ, თეთრად მოელვარე ლავიწის ძვლებთან, ნაზად, მსუბუქად ეფინა
კისერზე ორფად შემოვლებული ოქროს ძეწკვი, მარცხენა ხელზე ლაღად
მორგებული ვერცხლის ნაჭედი სამაჯური ეკეთა. მთელი მისი აღნაგობა,
გამომეტყველება, სიარულის მანერა, ღიმილი, ერთსა და იმავე დროს
გაგრძნობინებდათ ქალსაც, ოჯახსაც, დედოფალსაც.

ქმარი ცოლის ღირსეული პარტნიორი იყო. მაღალი, წარმოსადეგი, სიმპათიური,


იგი სრულებით არ იჩრდილებოდა ასეთი მშვენიერი ცოლის გვერდით. ოდნავ
კეხიანი, მაღალი ცხვირი ჰქონდა, აზიდული წარბები, მტკიცე გამოხედვა.
მოკლედ შეკრეჭილ, გვერდზე გადავარცხნილ თმაში ცოტაოდენი ჭაღარა
გამორეოდა, რაც ხაზს უსვამდა სოლიდურობასა და იმ ასაკს, როდესაც მამაკაცი
სიმპათიურობისა და მომხიბლაობის ზენიტს აღწევს. სახე სუფთად ჰქონდა
გაპარსული, თმა ისე ფაქიზად დავარცხნილი, ერთი ზედმეტი ბეწვი არსად
უჩანდა. მუქი ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, ფართოუჯრედებიან, ღია ნაცრისფერ
პერანგზე ჭრელი, მაგრამ არა მყვირალა, სქელნასკვიანი ჰალსტუხი ეკეთა.

თანამშრომლებმა მილოცვის ცერემონიალი შეწყვიტეს, მიიწ-მოიწიეს და


ახალმოსულებს მოწიწებით დაუთმეს გზა. ქალმა პირველს არიოსტოს გაუწოდა
ხელი (არიოსტომ ღირსებით დაუკრა თავი, გამოწვდილი ხელი აიღო და ნაზად
ეამბორა), მერე ღიმილით პირდაპირ მერისკენ გაეშურა, გადაკოცნა და უთხრა: -
ღვთაებრივი იყავი.

ხმა ცოტა წვრილი, მკივანა აღმოაჩნდა, თუმცა საერთო შთაბეჭდილებისთვის


ამას დიდი ზიანი არ მიუყენებია. მერის შემდეგ თეიმურაზ კილაძეს ჩამოართვა
ხელი (თეიმურაზი ცოტა ზედმეტად მოიკაკვა წელში), მერე აბელს მიუბრუნდა,
მომხიბლავი ღიმილი შეაფრქვია, ხელი გაუწოდა და უთხრა: - თქვენი ტიბალტი
სპექტაკლის მშვენება იყო! დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს.

- გმადლობთ, - მიუგო აბელმა, წამით გაიფიქრა, მეც ხომ არ მეკოცნა ხელზეო,


მაგრამ ეს აზრი იქვე უარყო. ქალმა ამასობაში სხვა მონაწილეებისაკენ
გადაინაცვლა.

ქმარი უკან მიჰყვებოდა და იმავე თანმიმდევრობით ასრულებდა მილოცვის


რიტუალს. ჯერ არიოსტოს ჩამოართვა ხელი, მერე მერის აკოცა და შინაურულად
მიეფერა, მერე თეიმურაზს მიულოცა (თეიმურაზი წეღანდელზე უფრო მეტად
მოიკაკვა). აბელთან ცოტა ხნით შეჩერდა, მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა
(ხმა დაბალი ჰქონდა, სასიამოვნო, ნელა, მკაფიოდ ლაპარაკობდა): - მოხარული
ვარ, რომ ჩვენს თეატრს ასეთი სერიოზული შემოქმედებითი ძალა შეემატა.
სამწუხაროდ, ყველას, ვინც კი უმნიშვნელო წარმატებას მიაღწევს, თბილისისკენ
უჭირავს თვალი. როგორც შევიტყვე, - აქ ღიმილით შეხედა აბელს, - უკვე
უცდიათ თქვენი გადაბირება, მაგრამ უარი გითქვამთ. მადლობელი ვარ
ერთგულებისათვის. სამაგიეროდ ჩვენის მხრივ ყოველნაირად შეგიწყობთ ხელს.
დღეს ნიჭიერი მსახიობი პერიფერიას უფრო სჭირდება, ვიდრე ცენტრს.

აბელი მიხვდა, რომ ეს კაცი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც


თეატრის ბედიც ეხებათ და ხელშეწყობის საშუალებაც აქვთ, მაგრამ ის ვეღარ
გაიგო, საიდან უნდა შეეტყო მას, რომ აბელის გადაბირება სცადეს. როდესაც
ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელი ამ თემაზე ელაპარაკებოდა, მათ გარდა იქ
არავინ ყოფილა.
სპექტაკლის მონაწილეები რომ მოათავეს, ცოლ-ქმარმა დირექტორსა და მთავარ
რეჟისორს ჩამოართვეს ხელი, დანარჩენებს ერთად მიულოცეს, სიტყვიერად და
ხელის ჩამოურთმევლად. წასვლის წინ აბელთან ერთხელ კიდევ, ამჯერად
ორივენი ერთად, შეჩერდნენ და ქალმა უთხრა.

- მე დროდადრო პატარა საღამოებს ვმართავ, სრულიად უბრალო, მოკრძალებულ


საღამოებს. მერის საშუალებით დაგიკავშირდებით და, იმედია, სტუმრობაზე
უარს არ მეტყვით.

- გმადლობთ, - დაბნეულად თქვა აბელმა და გაკვირვებითა და ცოტა არ იყოს,


მსუბუქი შურით შენიშნა, რა იოლად და კარგად ათავსებდა ორივე ცოლ-ქმარი
ერთ განუყოფელ ჰარმონიად ისეთ თითქოსდა განსხვავებულ ცნებებს,
როგორიცაა თავაზიანობა და კატეგორიულობა.

ამის შემდეგ სტუმრები მასპინძლებს გამოეთხოვნენ, მერი წაიყვანეს და წავიდნენ.


როდესაც ეპილოგი საბოლოოდ ჩათავდა, ასლანმა ბეჭზე დაადო ხელი აბელს და
უთხრა: - არ გამოდიხარ?

- კი.

- ნანოც იყო სპექტაკლზე, ხომ იცი?

- რას მეუბნები?! სადაა მერე?

- შერცხვა და სცენაზე არ ამოვიდა, ამდენ ნაცნობში ასე როგორ გამოვჩნდეო.


გარეთაა, მანქანაში.

მანქანა შემოსასვლელთან იდგა. ნანომ კარი გააღო და ცქვიტად გადმოხტა.

- მომილოცავს, ძამიკო! - ხელები მხრებში მოჰკიდა აბელს და ლოყაზე აკოცა, -


მთელი დარბაზი შენზე ლაპარაკობდა. ჩვენ გვერდით ბიჭი და გოგო ისხდნენ.
რომეომ რომ მოგკლა, იმ ბიჭმა ხმამღლა თქვა, ეს მოკლეს და აწი რაღას
ვუყუროთო.

- დაჯექი, წაგიყვან, - უთხრა ასლანმა.

- არა, ფეხით წავალ, გავივლი ცოტას.

- გაგლახავს ვიღაცა, - გაეცინა ასლანს.

აბელსაც გაეცინა.

ამ დროს გედეონ რევია წამოადგათ თავს.

- ეს გორდაძეები მალე მთელ საქართველოს წალეკავენ, - თქვა და ღიმილით


შეხედა ნანოს გამობზეკილ მუცელს.

- კი არ წალეკავენ, - მიუგო ასლანმა და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი და


მარცხენა წარბი ასწია, - გადაარჩენენ.

- ყოველი ხუთი ქართველიდან რომ ორი მოღალატეა? - თქვა გედეონმა.


- გორდაძე არ უღალატებს სამშობლოს! - პათეტიკურად შესძახა ასლანმა.

- თეატრალური გორდაძე თეატრალურ სამშობლოს, - გაიღიმა გედეონმა და


აბელს მიუბრუნდა, - შინისაკენ მოდიხართ, აბელ?

- დიახ.

- მანქანით წაგიყვანთ, ბატონო გედეონ, - შესთავაზა ასლანმა.

- ჩემს ასაკში მანქანით სიარულს უნდა ერიდოს კაცი.

- გულით მინდოდა სამსახური გამეწია. აბა, მაშ, კარგად იყავით.

დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ნანო და ასლანი წავიდნენ.

- ჩემი გულისთვის ხომ არ გადაიფიქრეთ მანქანით წასვლა? - ჰკითხა გედეონმა,


მარტო რომ დარჩნენ.

- არა. ადრევე ვუთხარი უარი.

- კარგი კი იქნებოდა.

- რა?

- ჩემი გულისთვის გეთქვათ უარი, ვიტრაბახებდი, - გედეონმა ცერად გამოხედა


აბელს, - თქვენ ახლა სერიოზული შემოქმედებითი ძალა ხართ და სპექტაკლის
ნამდვილი მშვენება.

აბელმა ღიმილით აიჩეჩა მხრები.

- რას მერჩით! მე არც ერთის ნათქვამი დამიჯერებია და არც - მეორის.

- ერთისაც უნდა დაგეჯერებინათ და მეორისაც. ორივემ სრული სიმართლე თქვა.


სხვა საკითხია, ეს ნაკლია თუ ღირსება.

აბელმა კითხვის თვალით შეხედა. თოვლით გადათეთრებულ, ელექტრონის


შუქით სუსტად და ცოტა იდუმალად განათებულ ეზოში იგი წამით უცნაურად
უცხო და შორეული და ამავე დროს მტკივნეულად ახლობელი ეჩვენა. ალბათ,
ასეთი გრძნობა გაუჩნდებოდა, ახლა რომ რაღაც ჯადოქრობის წყალობით
მკვდრეთით აღმდგარიყო და გვერდით დასდგომოდა საკუთარი მამა, რომელიც
არ ახსოვდა და რომელთანაც თითქოს არაფერი აკავშირებდა. გედეონს რუხი
ფერის გრძელი პალტო ტანზე ისე შემოკვართოდა, გეგონებოდათ შიგ
საგანგებოდ, რაც შეიძლება მჭიდროდ შეუხვევიათო. საყელო აწეული ჰქონდა,
ყელზე შემოხვეული კაშნეს ერთი ბოლო წინ გადმოეფინა. თავზე შავი ბერეტი
ეხურა. მარჯვენა ხელში განუყრელი ხელჯოხი ეჭირა, რომელსაც ყველაფერში
იყენებდა - დასაბჯენადაც, ჟესტიკულაციისთვისაც, კეფის მოსაფხანადაც კი.
ძნელი დასადგენი იყო, რა უფრო სჭარბობდა მასში - ცუღლუტი ბერიკაცი,
სიბრძნით დამძიმებული მოხუცი თუ პროვინციელი ინტელიგენტი, რომელიც
სამყაროს თავისი პროვინციის საჭვრეტიდან ზომავს.
- ნაკლია თუ ღირსება? - ჰკითხა ბოლოს აბელმა, თან ეცადა ხმაში ღიმილი და
სიმსუბუქე შეეპარებინა.

- თუ ადამიანის დანიშნულება თავის გატანაა, მაშინ ღირსებაა, - მიუგო


გედეონმა ისე, რომ მისი ხმის კილოსთვის ყურადღება არ მიუქცევია, - თუ
ადამიანის დანიშნულება თავის შეცნობაა, მაშინ ნაკლია. თეატრი არის ღატაკთა
თავშესაფარი, რაც უფრო კარგად შეეგუები იქაურობას, მით უფრო მალე
დაგავიწყდება, რომ ეს თავშესაფარია. ჭეშმარიტი მსახიობი, ის, ვისაც
მოწოდებით მსახიობს ვეძახით, დეზერტირია, რომელიც საკუთარ თავს თვალს
ვერ უსწორებს და ამიტომ ნიღბების ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად.

- მაგ თვალით თუ შევხედავთ, გამოდის, რომ ისა სჯობია, კაცი თეიმურაზ


კილაძე იყო.

- პირადად მე თეიმურაზ კილაძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ ამ თვალით თუ


შევხედავთ, ის კი არა სჯობია, თეიმურაზ კილაძე იყო, ისა სჯობია, გაბედო და
საკუთარ თავს თვალი გაუსწორო.

- მაყურებელი?

- მაყურებელი ერთობა. მაყურებლისთვის შენი ტრაგედია სეირია, გულის


გადასაყოლებელი საშუალება, თუმცა ეს გააზრებული არა აქვს.

- ტაკიმასხარები ვართ?

- ტრაგიკული ტაკიმასხარები, - გულკეთილად გაიღიმა გედეონმა.

ცენტრი უკეთ იყო განათებული.

მარჯვნივ ჩაუხვიეს, ქვემოთ დაუყვნენ ქუჩას.

- და ეს არის ხელოვნება? - იკითხა აბელმა, - შექსპირიც ტაკიმასხარაა?

გედეონი შეჩერდა ჯოხი მაგრად დააბჯინა მოყინულ ტროტუარს და შემოხედა.


ცოტა გაკვირვებული სახე ჰქონდა, ცოტა მწყრალი.

- შექსპირი... - და გაიცინა. გაკვირვებაც გაუქრა სახიდან და სიმწყრალეც, -


რომელიც, სხვათა შორის, ცუდი მსახიობი ყოფილა, საკუთარ სიზმრებს ყვებოდა,
ამიტომ თავისი თავის არ ეშინოდა. მე და თქვენ კი სხვის სიზმრებს ვყვებით,
რადგან ჩვენი სიზმრებიდან აზრი ვერ გამოგვაქვს.

სამსონის მაღაზიას გასცდნენ და აბელმა ჩაბნელებულ ვიტრინებს შეხედა. მერე


ყოყმანით თქვა: - თქვენ იმ კატეგორიას ეკუთვნით, ვინც მოწოდებით მსახიობია.
თუკი მართლა გჯერათ, რასაც ამბობთ, როგორღა გამოდიხართ სცენაზე?

გედეონმა ჩაიცინა, ჩაიცინა ისე, თითქოს საკუთარ თავს დასცინა, მაგრამ


დასცინა მსუბუქად, შეგუებულად, უბოროტოდ.

- ადამიანს აქვს ერთი ამოუძირკვავი თვისება, რომელიც ხან უძნელებს


ცხოვრებას და ხან უიოლებს - მისი სიტყვა და საქმე შორიშორს დგანან
ერთმანეთისაგან. დედამიწის ზურგზე ჯერ კაცი არ დაბადებულა, რომელსაც
მხოლოდ ის ეკეთებინოს, რასაც ფხიზელი გონება და საღი აზრი კარნახობდა.

- მერე ეს გამართლებთ? - აბელი შეკრთა და სიამოვნება იგრძნო. შეკრთა იმის


გამო, რომ უტაქტო და დაუფიქრებელი საყვედური წამოაყრანტალა, სიამოვნება
იგრძნო იმის გამო, რომ ამ დაუფიქრებლობითა და უტაქტობით თითქოს რაღაც
ყალბი და ზედმეტი მორიდების საზღვარი გადალახა.

გედეონმა ისევ ჩაიცინა.

- აბელი შეტევაზე გადადის, რათა თავი უკეთ დაიცვას. თუ სისტემატურად


ივარჯიშებთ, ჩინებული სოფისტი დადგებით, - მერე უფრო სერიოზული
კილოთი და თითქოს უფრო მწყრალადაც განაგრძო, - ეს, რა თქმა უნდა, არ
მამართლებს. საერთოდ, ადამიანს გამართლება არა აქვს. სამაგიეროდ, მამშვიდებს.
მაგრამ იმისათვის, რომ ხელიდან არ გაგვისხლტეს ის, რაც მთავარია, მოდი,
სამიზნეები ცოტა გადავაადგილოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს საუბარი თქვენ
უფრო გეხებათ, ვიდრე მე. მე ხანგრძლივი ფიქრისა და დიდი გამოცდილების
შედეგად მოვიპოვე ცოდნა. ეჭვმიუტანელი ცოდნა მოვიპოვე, მაგრამ დამაგვიანდა.
მე უკვე მოხუცი ვარ და ბერწად მოვკვდები. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ
შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ვინმეს
გავუზიარო და დახმარება გავუწიო.

- თუკი კმარა სხვისი გამოცდილება... - ჩაურთო აბელმა.

- მშვენივრად იცავთ თავს. ჩუმი გააფთრებით. მაგრამ ნუთუ არ იცით, რომ


ყოველი კაცის ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წინამავალთა
გამოცდილებაა? თეორიული მაქსიმუმი, რაც პიროვნული გენიისთვისაა
დარჩენილი, არის ერთი პროცენტი და ვინც ამ ერთ პროცენტს სრულად
გამოიყენებს, სწორედ ის არის გენიოსი, - აქ კილო შეცვალა, ოდნავ იდუმალი,
ოდნავ შემპარავი გაუხდა, - ახალი ჩამოსული რომ იყავით, მახსოვს, ერთი წიგნი
იყიდეთ. უტაქტო ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამომართმევთ და, რაიმე კავშირი
გაქვთ ფიზიკასთან? თუ ისე კითხულობთ, როგორც ახლა კითხულობენ
სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას, ფანტაზიის გასაღიზიანებლად?

აბელს გაეღიმა. მოხუცი კიდევ უფრო ცბიერი და ჭკვიანი მოეჩვენა.

- თუ გაწყვეტილ კავშირს მაინც შეიძლება კავშირი ერქვას, მაშინ მქონია კავშირი.


ცოტა ხანს ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მეგონა, ფიზიკა მიყვარდა. მერე
მივხვდი, რომ ფიზიკა კი არა, თეატრი მყვარებია, - ბოლო ფრაზა ცოტა
გამომწვევად თქვა.

- გასაგებია, - გედეონმა რამდენიმეჯერ დაიქნია თავი, - სწორედ მაგას დავარქვი


ჩემი დიდი გამოცდილების შედეგად დეზერტირობა. ღრმად, რაც შეიძლება
ღრმად უნდა ჩაეშვათ საგანთა და მოვლენათა ბუნებაში. ვინ იცის, იქნებ
თეატრი კი არ გყვარებიათ, ფიზიკამ დაგაფრთხოთ და ფიზიკის სიყვარული
თეატრალურ სიყვარულად აქციეთ. იმის მაგივრად, რომ სიღრმისკენ
წასულიყავით, სიღრმიდან წამოხვედით.

- თეატრალურ ხელოვნებას არ სჭირდება სიღრმე?


- ეგ „სიღრმე“ ქართველებს თანდაყოლილი გვაქვს.

აბელმა იცოდა, რომ რისკს სწევდა, მაგრამ მოტივი სჭირდებოდა და მაინც


გაბედა თქმა: - დღეს, როგორც კი სცენაზე გამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ
სცენა იყო რეალური სამყარო, ნამდვილი სიცოცხლე, ხოლო დარბაზი -
მოჩვენება და ილუზია.

- ეს თქვენი მიხვედრა ცოდნა არ ყოფილა და ამის დამტკიცება იოლია.


სიცოცხლის არსებობის ერთადერთი უტყუარი საბუთი არის სიკვდილი. სცენაზე
კი სიკვდილი არ არსებობს.

- ამიტომ თეატრი...

- თეატრი, - შეაწყვეტინა გედეონმა, - ტლანქი და ცოტა უსახური ტერმინი რომ


ვიხმაროთ, არის მეორადი ხელოვნება. მეორადი ხელოვნების მეშვეობით
საკუთარ თავს ვერ შეიცნობ.

- საკუთარი თავის შეცნობა ერთადერთია, რაც ადამიანს სჭირდება?

- აი, ეგ კი არ ვიცი, - გაიცინა გედეონმა, - სამაგიეროდ ის ვიცი, რომ ქონების


მოგროვება არ სჭირდება, რადგან რამდენადაც სასიამოვნოა ყოველდღიური
შეძენა და დახვავება, იმდენადვე გულდასაწყვეტი იქნება ბოლოს იმის განცდა,
რომ თან ვერ წაიღებ.

- სხვას რას წაიღებ თან?

- კითხვის დასმაში ყოჩაღები ვართ. პასუხის გაცემაში მოვიკოჭლებთ.

- არც იმაზე გვაქვს პასუხი, თეატრები უნდა დაიხუროს თუ არა? - ეს რომ თქვა
აბელმა, შემრიგებლურად გაიღიმა.

- საქართველოში უნდა დაიხუროს, - ღიმილით, მაგრამ დაბეჯითებით მიუგო


გედეონმა, - ყოველ შემთხვევაში, მინიმუმამდე მაინც უნდა შემცირდეს.
საქართველოში უნდა იყოს იმდენი უნივერსიტეტი, რამდენიც თეატრია და
იმდენი თეატრი, რამდენიც უნივერსიტეტია. იმიტომ, რომ განათლება ძალიან
გვაკლია და თეატრალობა თავზე საყრელად გვაქვს. თეატრები ჩვენთვის იმას
ჰგავს, ზღვის პირას რომ საცურაო აუზები გახსნა. ალბათ, ყოფილხართ
სატირალში და გინახავთ, რა სპექტაკლია, რა პომპეზური დეკორაციები, რა
ზუსტი მიზანსცენები, რა დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობა და არ
დაგავიწყდეთ, მე აქ მხედველობაში არა მაქვს პროფესიონალ მოტირალთა
ინსტიტუტი, რომელიც უკვე აშკარად ზღვის პირას გაშენებული აუზია. ან
ჩვენებური ზეიმი აიღეთ თავისი თამადით, თავისი რიტუალებით, თავისი
პათეტიკითა და თავისი მასხარითაც კი. ჩვენი შაირები? ჩვენი კაფიები?
ნატირალები? ევრიპიდესა და სოფოკლეს მონოლოგებს სცენაზე წარმოთქვამდნენ,
ჩვენებურ ნატირალებს კი საფლავის პირას. სხვათა შორის, ჩვენში იმიტომაა
პროზასა და პოეზიას შორის ამოდენა უფსკრული, რომ პოეზია, პროზისაგან
განსხვავებით, თავისი ბუნებით თეატრალურია. გინახავთ, იმერეთში კარის
მეზობელი რომ მოვა ფქვილის სასესხებლად, რა დახვეწილი თეატრალური
ორთაბრძოლა იმართება თავაზიანობაში? ორივე მხარემ იცის, რომ ეს თეატრია -
არც მაყურებელი სჭირდებათ და არც რეჟისორი, აქვთ უხსოვარ დროში
დაწერილი პიესა და თამაშობენ დიდებულად. რად გვინდა ჩვენ თეატრები? ჩვენ
უნივერსიტეტები გვინდა.

მოხუცს მაღალი ხმა ჰქონდა, მაგრამ ლაპარაკობდა წყნარად, მშვიდად


ყოველგვარი გატაცების გარეშე, შესაძლებელია ცოტა არხეინადაც კი და
არაფერში ეტყობოდა, რომ ის, რასაც ლაპარაკობდა, ოდნავ მაინც აინტერესებდა.
აბელი დაძაბული იყო, ყურადღებით უსმენდა და ერთიანად შეეპყრო
გაუაზრებელ, უანგარიშო გრძნობას, რომელიც აიძულებდა თანამოსაუბრის არც
ერთი აზრი ახლო არ მიეკარებინა, ყველაფერს დაპირისპირებოდა და რაიმე
საშუალებით უარეყო. არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რას
იტყოდა გედეონი. მთავარი იყო, არაფერში არ დასთანხმებოდა, თითქოს ამ
უანგარიშო წინააღმდეგობით საფრთხეში ჩავარდნილ თავისუფლებას იცავდა.
აბელი ატყობდა, რომ ეს უაზრო წინააღმდეგობა შეცდომაც იყო და მარცხიც,
მაგრამ იგი აბჯარივით ჰქონდა ასხმული. ცალკეულ მომენტში ელვასავით
აკვესებდა კიდევ უფრო უცნაური გრძნობა და აბელს ეჩვენებოდა, რომ მოხუცი
თვითონ კი არ ლაპარაკობდა, არამედ მისივე აზრების აბურდული ხლართიდან
აძრობდა ძაფებს, მისივე ფიქრებს, გაუმჭვირვალე გარსში შემალულს, ამ გარსს
აცლიდა და აშიშვლებდა.

ამასობაში გედეონის სახლსაც მიაღწიეს და ორივენი შეჩერდნენ. სახლი


ერთსართულიანი იყო. ვიწრო სადარბაზოში ადიოდა ხუთ თუ ექვსსაფეხურიანი
ქვის კიბე, რომელიც მაღალი, მოჩუქურთმებული კარით ბოლოვდებოდა. კარის
ორსავე მხარეს ქუჩაში გამოდიოდა თითო ფანჯარა.

- ნუთუ თეატრალობა ასეთი მომაკვდინებელი შხამია? - ჰკითხა აბელმა.

- რაც არ მითქვამს, იმას ნუ დამწამებთ, - ღიმილით მიუგო მოხუცმა, - თუ


შედარებაზე მიდგება საქმე, თეატრალობა უფრო მარილია. მარილით კერძი
უნდა შეაგემო, მაგრამ მარილი კერძის მაგივრობას ვერ გასწევს. ჩვენ კი, რაკი
მარილის საბადოები უხვად მოგვეპოვება, გადავწყვიტეთ იოლად გავიდეთ და
კერძი აღარ ვეძიოთ. აი, ეს მინდოდა მეთქვა. და კიდევ ის მინდოდა მეთქვა,
რომ თუ პატივს დამდებთ და შინ მეწვევით, სასურველი სტუმარი იქნებით.

- ახლა?

- ახლა. რა იყო, ცუდი საღამოა სტუმრობისთვის?

- არა, - გაიღიმა აბელმა, - მაგრამ... გვიანი არ არის? თქვენ იქნებ...

- მე - არა. მე არ მეძინება, თუკი ამის თქმას აპირებდით. მე, ხომ ხედავთ, რა


გამხდარი ვარ. ძილიც ცოტა მყოფნის, ჭამაც და დასვენებაც. ზოგჯერ დილამდე
ვფხიზლობ. ასე რომ, თქვენ თუ არ გეძინებათ... - მოხუცმა კითხვის თვალით
შეხედა.

- არა. მე არ მეძინება.
- მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა. მით უმეტეს, რომ შემიძლია ყავით
გაგიმასპინძლდეთ. თუ სამზარეულოს კარგად მოვჩხრიკეთ, ვინ იცის, იქნებ
სადმე ნამცხვრის ნაჭერსაც გადავაწყდეთ.

გედეონმა კარი გააღო და შევიდნენ. პატარა ჰოლს სამ მხარეს ჰქონდა


გასასვლელი. პალტოები გაიხადეს და მასპინძელი ვრცელსა და მაღალჭერიან
ოთახში შეუძღვა სტუმარს. ოთახის ოთხივე კედელი, თუ არ ჩავთვლით
შემოსასვლელ კარსა და უკან, ეზოში გამავალ ორ ფანჯარას, მთლიანად,
იატაკიდან ჭერამდე, წიგნებით გამოტენილი თაროებით იყო დაფარული. შუა
ოთახში საწერი მაგიდა და უბრალო სკამი იდგა, კუთხეში ორი ღრმა,
ძველებური სავარძელი და მათ შუა დაბალი ტაბლა.

აბელმა თვალი მოავლო წიგნებს და თქვა: - თქვენი ბიბლიოთეკა უკვე მიქეს.


ძალიან მიქეს და მეგონა, გადააჭარბეს-მეთქი. ეტყობა დაუკლიათ.

- მაგ ქათინაურს ყოველგვარი ცრუმოკრძალების გარეშე მივიღებ. დაბრძანდით, -


სავარძელზე მიუთითა, - ბიბლიოთეკა კარგი მაქვს. იმდენად კარგი, რომ
სიკვდილის წინ ალბათ გული ამიჩუყდება.

აბელი დადიოდა და ხარბად ათვალიერებდა, მაგრამ იმის გამო, რომ ყველაფერი


ერთბაშად უნდოდა ენახა, ვერაფრის ნახვას ვერ ახერხებდა.

- განათხოვრება თუ გიყვართ?

- რატომაც არა! განათხოვრება კი არა, ზოგჯერ, თუმცა გულახდილად რომ


გითხრათ, იშვიათად, გაჩუქებაც ვიცი. ეს მაშინ, როცა დავინახავ, რომ მომავალი
პატრონი ჩემზე უფრო ღირსეული გამოდგება. დავლიოთ ყავა?

- თუ არ შეწუხდებით...

- არ შევწუხდები. რომც შევწუხდე, რა უჭირს. მასპინძელს უხდება შეწუხება,


მით უმეტეს, თუ ისეთი სტუმარი ჰყავს, ვისაც დღეს ბრწყინვალე დებიუტი
ჰქონდა.

ეს ისე თქვა, თითქოს მისი კილოს მსუბუქი ირონია აბელს კი არა, თვითონ მას
შეეხებოდა.

აბელი ცოტა ხნით მარტო დარჩა. მან იცოდა, რომ გედეონი ნაკითხი და
განათლებული კაცი იყო, მაგრამ ახლა, ამ წიგნებს რომ უყურებდა, მოხუცი
მასპინძელი მის თვალში თითქოს შეიცვალა, რაღაც არსებითი თვისება შეემატა
და ეს არსებითი თვისება ხელს უშლიდა იგი სცენაზე წარმოედგინა ისე,
როგორც არაერთხელ უნახავს.

აბელი ახლა უფრო მშვიდად და დაკვირვებით ათვალიერებდა წიგნებს; მალე


დალაგებაში კანონზომიერებაც აღმოაჩინა, თემატური და დარგობრივი
კანონზომიერება. მხატვრული ლიტერატურის გარდა, რომელსაც ყველაზე მეტი
ადგილი ეკავა და რომელიც, ეტყობოდა, ისე იყო დალაგებული, რომ ის, რაც
პატრონს უკეთესად მიაჩნდა, უფრო ქვემოთ ეწყო, ნაკლები ღირებულებისა კი
ზემოთ, ერთი დიდი კუთხე ეჭირა ფილოსოფიურ ლიტერატურას, სადაც, ისევე
როგორც სამეცნიერო ლიტერატურის კუთხეში, ბევრი წიგნი გერმანულ და
ფრანგულ ენაზე იყო. სამეცნიერო ლიტერატურა განსაკუთრებით უხვად იყო
წარმოდგენილი ბიოლოგიით, არქეოლოგიით და მედიცინით. საისტორიო
თხზულებები, თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედიას, ძველი
იყო, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანისა. მხატვრობასაც, დიდ, შესანიშნავად
გამოცემულ და კარგად მოვლილ ალბომებს, მოზრდილი ადგილი ეკავა. ბოლოს
აბელი ერთ ისეთ კუთხეს მიადგა, რომელსაც ვერაფერი გაუგო. აქ ძირითადად
ქართული წიგნები ეწყო. ერთი-ორი რუსულიც ერია. წიგნები აქაც კარგად იყო
დალაგებული და მოვლილი, მაგრამ ის კანონზომიერება, რაც მთელ
ბიბლიოთეკას ეტყობოდა, ამ კუთხეზე თითქოს არ ვრცელდებოდა. მხატვრული,
სამეცნიერო, სასკოლო, ყველაფერი ერთად იყო, რამდენიმე ჟურნალიც იდო.

მასპინძელი შემოვიდა და ყავა და ნამცხვარი შემოიტანა.

- ხომ გითხარით, ნამცხვარსაც აღმოვაჩენთ-მეთქი!

ყავა დიდებული იყო და აბელმა, ერთი მოწრუპა თუ არა, თქვა: - დიდებული


ყავაა.

- ეს არის ერთადერთი, რითაც ყოველთვის შემიძლია გაგიმასპინძლდეთ.


წელიწადის ყოველ დროს, თვის ყოველ რიცხვში და დღე-ღამის ყოველ საათს.

- გმადლობთ, - გაიღიმა აბელმა. მერე კიდევ მოწრუპა ყავა და თქვა, - უცნაურია,


ბავშვობაში, როცა წიგნების განსაკუთრებული სიყვარული მქონდა, ჩემი
მომავალი საცხოვრებელი ადგილი ზუსტად ასე წარმომედგინა: დიდი,
მაღალჭერიანი ოთახი, კედლები წიგნებით სავსე, საწერი მაგიდა ერთი უბრალო
სკამით და სწორედ ასეთი ღრმა, რბილი სავარძელი.

- შეგიძლიათ მოიხმაროთ ისე, როგორც გენებოთ. თუმცა ბოლო ხანებში ბევრი


აღარაფერი მიმიმატებია. არჩევის დროს რაღაც ზედმეტად ვუკირკიტებ და
ზედმეტად ვცხრილავ. ეტყობა ძუნწი გავხდი.

- აი, ის რა კუთხეა, ბატონო გედეონ? ვუყურე, ვუყურე და ვერაფრით მივხვდი,


რა პრინციპით გაქვთ დალაგებული ეს წიგნები ერთად?

მოხუცმა კმაყოფილებით ჩაიცინა.

- ეს განსაკუთრებული კოლექციაა, რომელიც ჩინებულ წარმოდგენას გვაძლევს


საკუთარ თავზე. აბა, მოდით, გაჩვენებთ, - ერთი წიგნი აიღო, მაგრამ უკანვე
დადო, აბელს მიუბრუნდა და თვალებში შეხედა, - თანამედროვე ერის
კულტურა იწყება, წიგნის ბოლოში რომ პატარა ქაღალდი დევს, ზედ რომ
„შემჩნეულ შეცდომათა გასწორება“ აწერია, იმით. როცა ამ სამარცხვინო
ქაღალდს მოვიშორებთ, მაშინ დაიძრება გაყინული კულტურა ნულოვანი
წერტილიდან. ჩვენ კი ჯერ სადა ვართ! რომელი ქაღალდი დაიტევს ასეთ
„შემჩნეულ შეცდომებს“? - გედეონმა ის წიგნი ისევ აიღო, გადაფურცლა და
აბელს აჩვენა, - აი, ნახეთ.

აბელმა დახედა. ჯერ ვერ მიხვდა, რა იყო ასეთი საგანგაშო. მერე შეამჩნია,
ოცდამეთერთმეტე გვერდის შემდეგ პირდაპირ სამოცდამეორე მოდიოდა. აბელმა
მექანიკურად დახედა წიგნის ყდას, თითქოს სულერთი არ იყო, ან ავტორი ვინ
იქნებოდა, ან გამომცემელი. ასეთი კურიოზი ადრეც ენახა, მაგრამ ახლა
კოლექციის სიმდიდრემ გააკვირვა.

- ყველა წიგნი ასეთია?

- არა, - მიუგო გედეონმა, - ნაირ-ნაირია. აი, მაგალითად, ეს... - ის წიგნი თავის


ადგილას დადო და სხვა აიღო, - ასეთია, - გადაფურცლა და სრულიად ცარიელი,
სუფთა გვერდები აჩვენა. მერე კიდევ გადაფურცლა და ახლა სხვა ადგილას
აჩვენა ასეთივე სუფთა გვერდები, - ეს კიდევ... - ისევ შეცვალა წიგნი, - ასეთია, -
ოთხმოცდამეთექვსმეტე გვერდის შემდეგ მეოთხმოცე მოდიოდა,
ოთხმოცდათექვსმეტამდე გრძელდებოდა და მერე ასმეცამეტე იწყებოდა. - აი, ეს
ორი უნიკალური და ამიტომ განსაკუთრებით ძვირფასი ექსპონატია, - გედეონმა
ორი სხვადასხვა წიგნი აიღო, ოღონდ ამჯერად არ გადაუშლია, მხოლოდ
გარეკანები დაანახვა აბელს, - ამ ყდაში, - ერთი წიგნი აჩვენა, - ამ ავტორის
ნაშრომია, - მეორე აჩვენა, - ამაში კი ამის ლექსები. ცხადია, ეს გამონაკლისი
შემთხვევაა. უმთავრესად თხუთმეტი ან ოცდათი გვერდი აკლია ხოლმე. ან
აკლია, ან ზედმეტია.

- ეს, რა თქმა უნდა, უბედურებაა, - თქვა აბელმა, - მაგრამ... - აქ ცოტა


შეყოყმანდა, - სტამბების ცუდი მუშაობის ასეთი განზოგადება...

- ეგ არის ტიპიური შეცდომა და მე ვიცოდი, რომ თქვენ ამ შეცდომას


დაუშვებდით, - აბელმა იგრძნო, როგორ გაეკენწლა თავმოყვარეობა იმის გამო,
რომ „ტიპიური“ შეცდომა დაუშვა, უფრო მეტად კი იმის გამო, რომ გედეონი
თურმე ამ ტიპიურ შეცდომას მოელოდა კიდეც. გედეონმა კი განაგრძო, - სტამბა
აქ არაფერ შუაშია. მე საკმაოდ კარგად ვიცნობ სტამბის მუშაკებს, სხვებზე
უკეთესები თუ არიან, თორემ არავის ჩამოუვარდებიან. უბრალოდ, არ შეიძლება
ხალხის კულტურამ ყველა სფეროში არ იჩინოს თავი.

- მაპატიეთ, მაგრამ ერთი ნაგლეჯით ხომ არ შეიძლება მთელზე ლაპარაკი.


ისტორია თუ არ გავითვალისწინეთ, ისე ტენდენციურობას ვერ გავექცევით.
ყოველ ეპოქას თავისი ნიშნები აქვს და ეს ნიშნები წარმართავს კაცის საქციელს.

- ეპოქის ნიშნები არაფერს არ წარმართავს. ეპოქის ნიშნები მხოლოდ იმას


აშიშვლებს, რაც არსებითი და თანდაყოლილია.

- მაშინ თევდორე მღვდელსა და რუსთაველს რაღა ვუყოთ?

- თევდორე მღვდელი და რუსთაველი არ განსაზღვრავს ერის სახეს. ერის სახეს


ვანო როსტიაშვილი და კაკო ორჯონიკიძე განსაზღვრავს. პოეტი, შესაძლებელია,
უკეთესი ლექსით იზომებოდეს, მაგრამ ერი უარესი შვილით იზომება. და სანამ
ვანო როსტიაშვილი ოთხზე დგას, იმის ილუზიას ნუ შეიქმნით, რომ თქვენ
გამართული დადიხართ. მართალია, ამ ბოლო ხანებში ჩვენი ვანო გარდაიქმნა,
ჰალსტუხი შეიბა და ცხვირი მაღლა ასწია, მაგრამ ეს ჩვენი არტისტიზმის
გამოვლენაა და ორი თვეც არ გავა, რომ ისევ ოთხზე დადგება. რაც შეეხება
რუსთაველს, რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი
ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ
არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები
ვართ? სამაგიეროდ რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით
და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ რუსთაველია ამაღლებული. კიდევ ხომ არ
დალევთ ყავას?

- არა, გმადლობთ. - აბელი დატუქსულივით გრძნობდა თავს.

- თუ მოგინდეთ, არ მოგერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ყავის მომზადება ჩემი


საყვარელი საქმიანობაა. - გედეონი სავარძელში ჩაჯდა და აბელიც მიიწვია, -
დაჯექით და ნუ მოიღუშებით. პროგრესი მაშინ დაიწყება, როცა ჩვენს
უვარგისობას შევიგნებთ... თუკი პროგრესი სულიერ და ზნეობრივ სფეროში
საერთოდ შესაძლებელია.

უეცრად შუქი ჩაქრა და სრული სიბნელე ჩამოწვა. ეს ისე მოულოდნელად


მოხდა, რომ აბელი შეკრთა.

გედეონმა წყნარად ჩაიცინა.

- წავალ, სანთელს მოვიტან. ასანთი ხომ არა გაქვთ?

- კი, - აბელმა ასანთი ამოიღო ჯიბიდან და თვითონაც დააპირა წამოდგომა, -


წამოვალ, გაგინათებთ.

- არა, - მიუგო გედეონმა, - მიუჩვეველი ხართ იქაურობას, რამეს წამოედებით. მე


მოვიტან, - ასანთი გამოართვა და სიბნელეში ნელი, მაგრამ დაჯერებული
ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.

აბელმა ფანჯარაში გაიხედა. ეზოში თოვლის თეთრი საფარველის გარდა


არაფერი ჩანდა. თოვლის ანარეკლმა ნელ-ნელა ოთახშიც შემოაღწია და მის
მქრქალ შუქზე წიგნის თაროები უფორმო ურჩხულებივით გადმოეყუდნენ
ზემოდან.

გედეონი მალე შემობრუნდა. წინ გამოშვერილ მარჯვენა ხელში სამსანთლიანი


მაღალი შანდალი ეჭირა. სამივე სანთელი ენთო, ალი ლიცლიცებდა, ირხეოდა
და სიჩუმეში, რომელსაც შუქის გამორთვამ თითქოს ხაზი გაუსვა, იდუმალი
ჩრდილები ამოძრავდნენ. მერე, როცა გედეონმა შანდალი საწერ მაგიდაზე დადგა,
ალმა რხევა შეწყვიტა, ვერტიკალურად ასვეტილი გაშეშდა და ოთახში ოდნავ
მომთენთავი და ძილის მომგვრელი, წყნარი, საამო შუქი ჩამოწვა.

გედეონი თავის ადგილას დაჯდა და ასანთი აბელს დაუბრუნა.

- შეიძლება სიგარეტი მოვწიო? - იკითხა აბელმა.

- რა თქმა უნდა. საფერფლე თქვენს უკან დევს, თაროზე.

აბელმა საფერფლე გადმოიღო, წინ დაიდო და სიგარეტი აანთო.

- თქვენ, მგონი, არ ეწევით.

- მე, ხატოვნად რომ ვთქვათ, - მოხუცმა გულკეთილად გაიღიმა და სანთლის


შუქზე მისი ღიმილი აბელს გაცრეცილი და იდუმალი ეჩვენა, - ჩემოდნებზე
ვზივარ და მატარებლის გასვლას ველოდები. ზოგ-ზოგი ვინმე ამტკიცებს, - ამის
შესახებ, თუ გაინტერესებთ, უფრო წვრილი ცნობები სამსონისგან შეგიძლიათ
მიიღოთ, - ამქვეყნიური სურვილები იმ ქვეყნად მიგვყვება, ოღონდ იქ მათი
დაკმაყოფილების საშუალება აღარ გვექნებაო. მართალი რომ გამოდგეს, დიდი
ვერაფერი სიამოვნებაა. ამიტომ ყველა ზედმეტი სურვილი წინდახედულად
მოვიშორე. ერთადერთი ყავა დამრჩა.

აბელმა სიგარეტის ბოლი სქელ ბოლქვად გამოუშვა პირიდან და თვალი


გააყოლა.

- ვერ ვხვდები, როდისა ხართ ირონიული და როდის - სერიოზული.

- ვითომ ასეთი მნიშვნელობა აქვს? ანდა ირონიულობა და სერიოზულობა ასე


კატეგორიულად გამორიცხავს ერთმანეთს?

- შეიძლება ადამიანის დანიშნულება ის იყოს, რომ ყავა და სიგარეტი მიატოვოს?

გედეონმა გაიცინა.

- არაფერი არაა გამორიცხული.

- ამდენი წიგნი რომ გაქვთ, არც ერთში არ წერია, რა არის ადამიანის


დანიშნულება?

- ყველაში წერია. მაგრამ, სამწუხაროდ, მართალი არც ერთი არაა. ადამიანის


დანიშნულება ადამიანის გარეთაა საძებნელი. თუმცა თავისი თეორია ყველას
შეუძლია ჰქონდეს. ჩემი თეორიის მიხედვით, ადამიანს არავითარი დანიშნულება
არა აქვს. უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და
ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს. ეს სურვილი კი სასაცილოა,
რადგან ხვალ მე და თქვენ სცენაზე გავალთ და სეირის საყურებლად
მოგროვილი ბრბოს წინაშე სერიოზული სახით მოვყვებით კუნტრუშს.

- შეიძლება დღესვე წავიღო ერთი-ორი წიგნი?

- ჩათვალეთ, რომ ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია.

- იქნებ სამსონია მართალი...

- ან გერმანული რაციონალიზმი.

დილის ოთხ საათზე კიდევ დალიეს თითო ფინჯანი ყავა. მერე აბელმა
პლატონის შედარებით სრული გამოცემის პირველი ორი ტომი იღლიაში
ამოიჩარა, მასპინძელს დაემშვიდობა და დილაუთენია, იმ დროს, როცა რიჟრაჟი
ელექტრონის ბოძებს პირველობისათვის ებრძოდა, საყელოამოწეული და
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნელა აუყვა მოყინულ ქუჩას.

ალიმ ფორმალურად გააქიცინა კუდი და საყვედურნარევი სიყვარულით შეხედა


დაგვიანებულ პატრონს. უკვე კარგად იყო გათენებული, აბელი რომ დაწვა. სამი
თუ ოთხი საათი იძინა და გამოღვიძების წინ უცნაური სიზმარი ნახა: ნათელი
დღე იყო, კრიალა, ლურჯი ცა, კაშკაშა მზე, საამო სითბო. მსუბუქი, გამჭვირვალე
ჰაერი ოდნავ ირხეოდა და შინ მზის სხივები ოქროსფრად ლივლივებდა. ძირს
ხასხასა მწვანე ბალახის თვალუწვდენელი ხალიჩა იყო გაფენილი ზედ
ამოქარგული ნაირფერი ყვავილებით. უეცრად ყველაფერი ეს გაქრა. აბელი ვერ
მიხვდა, მიწა გაირღვა თუ სხვა რამ მიზეზით გამოეცალა ფეხქვეშ საყრდენი.
მხოლოდ ის იგრძნო, რომ დიდი და უხიფათო სისწრაფით ჩაეშვა სადღაც
ქვემოთ, უფსკრულში. ერთი კი შეუქანდა გული, მაგრამ იმავ წამს, როგორც კი
ბნელ გვირაბში აღმოჩნდა, მღელვარებამ გაუარა. მხოლოდ ლაჟვარდი ცისა და
თბილი, კამკამა ჰაერის ბუნდოვანი ხსოვნა შემორჩა და ისიც სწრაფად,
თვალდათვალ ქრებოდა. სამაგიეროდ გაჩნდა ბნელი გვირაბის გარდაუვალობის,
ერთადერთობისა და ჩვეულებრიობის განცდა. აბელმა რომელიღაც ცოდნით
იცოდა, რომ ეს გვირაბი უნდა გაევლო. მართალია, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად
თავდებოდა იგი, რამსიგრძე იყო, რა დრო დასჭირდებოდა, მაგრამ უკნიდან
რაღაც ბიძგს გრძნობდა, რაღაც ძალა აწვებოდა და ისიც გზას გაუდგა. გვირაბი
თითქოს საგანგებოდ მისთვის გაეჭრათ. მხრებით ლამის კედლებს ებჯინებოდა
და თავით ჭერს. თუმცა ეს ცნებები - „მხრები“ და „თავი“ - მერე გაჩნდა, როცა
სიზმარი დამთავრდა, მაშინ კი არავითარი მხრები და არავითარი თავი არ
არსებობდა. სხეული უფორმო იყო, უსახო, დაუნაწევრებელი, მიხვეულ-
მოხვეული გვირაბი ხან ფართოვდებოდა, ხან ვიწროვდებოდა, ხან მაღლა
მიემართებოდა, ხან დაბლა ეშვებოდა. აბელი დროდადრო გვერდებზე
შვერილებს ედებოდა და ამ დროს ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, თითქოს რაღაც
ცოცხალს, მსუნთქავს, მასავით რბილსა და მასავით უფორმოს ეხებოდა.
შეხებისას მისი ცომივით სხეული იზნიქებოდა და თუ რომელიმე შვერილს
კვლავ იმავე ადგილით არ წამოედებოდა, ასე შეზნექილი რჩებოდა. დიდხანს
იხეტიალა ამ უცნაური სიცოცხლით ცოცხალ გვირაბში, მერე უცებ მიხვდა, რომ
მისი რბილი სხეულის მომავალი ფორმა აქ იქმნებოდა, ამ გვირაბის კედლებზე
შეხების შედეგად, და გაიფიქრა: „ფრთხილად თუ არ ვიარე, ასე უთავბოლოდ
თუ წამოვედე ყველაფერს, ვინ იცის, რა ურჩხულის სახით გავალ აქედან“. ამის
გაფიქრებაზე იმ უფორმო სხეულში შიშმა დაუარა და გამოეღვიძა. თვალი
გაახილა თუ არა, გაშეშებულმა საკუთარ თავს მიუგდო ყური: მხრებიც იგრძნო,
თავიც, ხელებიც მთელი სხეული იგრძნო. მიხვდა, რომ ყველაფერი ეს სიზმარი
ყოფილა, და შვებით ამოისუნთქა.

მერე გედეონ რევია გაახსენდა.

გედეონ რევია, რამდენადაც აბელს შეეძლო ემსჯელა, რთული პიროვნება იყო,


საინტერესო და ხშირად გაუგებრად არათანმიმდევრული. ყოველთვის მშვიდს,
მოღიმარსა და ირონიულს, მარადიული წინააღმდეგობისა თუ მარადიული
კვლევის მოუსვენარი, ერთთავად მოძრავი სული აიძულებდა ყველა წერტილი
კითხვის ნიშნად ექცია და ყველაფერი ეჭვის ქვეშ დაეყენებინა. საკმარისი იყო
კამათისას მისი პოზიცია გეღიარებინათ, რომ წამსვე თვითონაც შეცვლიდა გეზს
და ახლა იმ პოზიციას შეუტევდა, რომელსაც წუთის წინ იცავდა, თითქოს
ჭეშმარიტების დადგენა კი არ აინტერესებდა, მოსაუბრის ინტელექტის ძალას
იკვლევდა. ამიტომ იყო, რომ მასთან კამათს ერიდებოდნენ.

თვითონ არავის ერიდებოდა, არავის ეპუებოდა და თავისი შემპარავი, ერთი


შეხედვით მიამიტური შეკითხვებით, ყველას საკამათოდ იწვევდა. ისეთ
რაღაცაში შეიტანდა ეჭვს, რაც დაბადებიდან გქონდა შესისხლხორცებული და
არასოდეს აზრად არ მოგივიდოდა მისი ჭეშმარიტება საკამათო გაგეხადა. ასე
დაემართა, მაგალითად, კაკო ორჯონიკიძეს. კაკო ორჯონიკიძე, რომელიც მას
შემდეგ, რაც სპორტული კარიერა მიატოვა და სმა-ჭამას მიეძალა, როგორც წესი,
სამი-ოთხი ჭიქის დალევამდე გუგულივით წყნარი იყო და ისე ჩუმად იჯდა
თავისთვის, მის არსებობას ვერც კი შეამჩნევდით. სამ-ოთხ ჭიქას რომ დალევდა,
ღვინო უკვე აღწევდა იმ ადგილს, სადაც პათეტიკის ბუშტია მოთავსებული,
ხვრეტდა ამ ბუშტს და დაგუბებული მაღალფარდოვნება გულისამაჩუყებელ
ნიაღვრად იწყებდა დენას. იმ დღეს პათეტიკის ბუშტი უკვე დაფლეთილი იყო,
როდესაც თამადამ თანამესუფრეებს სამშობლოს სადღეგრძელო შესთავაზა. კაკო
ორჯონიკიძეს თვალები პროჟექტორებივით აენთო, წამოდგა, ღიპი მაგიდაზე
შემოსდო, ჭიქა აიღო, იდაყვი განზე გასწია და მხრის სიმაღლეზე დაიჭირა, ნეკა
თითი წესისამებრ გაფშიკა, მეორე თავისუფალი მუშტი მკერდზე დაიბრაგუნა და
აღელვებულმა, ცრემლმორეული ხმით, ჯერ მარტო თავისი სახელით, მერე
სუფრისა და ბოლოს მთელი ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა იმის
შესახებ, რომ ერი არის ხატი, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ლოცვა გვმართებს,
რომ ერს ცრემლი უნდა შევუმშრალოთ და სხვა. როდესაც ფიცი დადო, თუკი
ერის კეთილდღეობა მოითხოვს, ერთს არ შევყოყმანდები, თვალის
დაუხამხამებლად გავწირავ თავსო, გედეონ რევიამ ჩანგალი თეფშზე ააჩხაკუნა
და ამით გაკვირვებულმა კაკო ორჯონიკიძემ წამით რომ ლაპარაკი შეწყვიტა,
უთხრა: - კარგი და, ვთქვათ, არ დაგჯერდა თავგანწირვას და უფრო მძიმე
მსხვერპლი მოგთხოვა. რას იზამ?

კაკო ორჯონიკიძე გვერდულად, გაკვირვებული ძაღლივით მიაჩერდა გედეონს.

- თავგანწირვაზე მეტი რაღა უნდა მომთხოვოს?! - შესძახა მერე და სუფრას ისე


მოავლო თვალი, თითქოს მხარდაჭერას ითხოვსო.

- თავგანწირვა ადვილია, კაკო. ძელები თუ სხვამ გამოგითალა, სახრჩობელა


სხვამ დაგიდგა, სკამი სხვამ მიგიდგა, სხვამ აგიყვანა ზედ და თოკი სხვამ
ჩამოგიბა, ყულფში თავის გაყოფას რაღა უნდა! მაგრამ ერთიც ვნახოთ და, იმ
შენმა სათაყვანებელმა ერმა თავგანწირვის ნაცვლად ასეთი რამ გთხოვა: კაკო
ორჯონიკიძე, ნუ დაცლი მაგ ჭიქას. საერთოდ, ნაკლები სვი, ნაკლები ჭამე, ღიპი
მოიშორე, გახდი, მეტი იფიქრე, მეტი იკითხე. მე, შენს მშობელ ერს, ახლა
ყველაზე უფრო ის მჭირდება, რომ შენს თავში თავისუფლების იდეა გაჩნდეს.
შეასრულებ?

- რატომაც არ შევასრულებ! - გულმოსული ხმით თქვა კაკო ორჯონიკიძემ, ისე,


რომ გედეონისთვის სახეში არ შეუხედავს, და ჭიქა დაცალა.

რა თქმა უნდა, გედეონს მახვილი თვალი და ცბიერი ჭკუა ჰქონდა, სულის


უმცირეს მოძრაობას ამჩნევდა და არასოდეს გამოეპარებოდა ფარდის უკან
მიმალული ხვაშიადი. ამას ვერავინ უარყოფს. მაგრამ მისი მთავარი კოზირი,
რითაც მთელ ქალაქს შეაძულა თავი, ეს არ ყოფილა. შემჩნევით ჩვენც ბევრ
რამეს ვამჩნევთ. საქმე ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთის დანდობა ვიცით, და როცა
ერთმანეთს ისეთ რამეს დავუნახავთ, რისი დანახვაც უხერხულია, ამაზე არ
ვლაპარაკობთ, ისე ვიქცევით, ვითომ არ დაგვინახავს. გედეონი ასე არ იქცეოდა.
არც თვითონ მალავდა რამეს და არც შენ დაგამალვინებდა. ჩვენ რომ ერთმანეთს
ვუფრთხილდებით, ამას იმიტომ კი არ ჩავდივართ, თითქოს ერთმანეთზე მზე
და მთვარე ამოგვდიოდეს, შიში გვაქვს და იმიტომ ჩავდივართ. მე თუ
გამოვამზეურე, რასაც შენ მალავ, შენც გამოამზეურებ, რასაც მე ვმალავ. გედეონს
ამის შიში არ ჰქონდა. ამიტომ ნაცნობებსა და ეგრეთ წოდებულ ახლობლებს თან
სძულდათ, თან ფარისევლურად უღიმოდნენ და თან მუდამ დაძაბული იყვნენ,
რათა თავი არ გაეცათ. ერთადერთი კაცი, ვინც შეუპოვრად იწევდა მასთან
საკამათოდ, სამსონი იყო, მაგრამ ის ერთადერთი კაციც სამსონი იყო, ვისაც
გედეონი არასოდეს ეკამათებოდა. სამსონთან კამათი წყლის ნაყვად მიაჩნდა,
რადგან სამსონი ღრუბლებში დაფრთხიალებდა, ლოგიკის ჯაჭვებს ისე ახტებოდა,
როგორც პატარ-პატარა ღელეებს, და მუდამ უცნობი ღმერთის სახელით
ლაპარაკობდა.

იმ ღამეული ვიზიტის შემდეგ აბელს ეუცხოებოდა გედეონის სცენაზე ნახვა.


ეუცხოებოდა და უკვირდა. ცოტა ეცოდებოდა კიდეც.

თავი მეთოთხმეტე

საახალწლოდ მართლა დიდი თოვლი მოვიდა. ოცდაათ დეკემბერს, ნაშუაღამევს


რომ დაიწყო ბარდნა, მთელ მომდევნო დღესა და ახალი წლის ღამეს არ
შეწყვეტილა. ოცდათერთმეტში აბელს სპექტაკლი არ ჰქონდა და მთელი საღამო
შინ გაატარა. ბევრს ეხვეწა ასლანი, ჩემთან წამოდი, ახალ წელს ერთად
შევხვდეთო, მაგრამ ვერ დაიყოლია. მაშინ უთხრა, ნუ დაიძინებ მაინც და ღამის
პირველი საათისთვის მე თვითონ ჩამოგაკითხავო. აბელმა ესეც გაუპროტესტა,
გაიჩხირები სადმე ასეთ თოვლშიო, რაზეც ასლანმა სიცილით მიუგო, შენ მაგის
ჯავრი ნუ გაქვს, ჩემი მანქანა ტანკის ნაწილებისგანაა აწყობილიო. აბელს
გაეღიმა და ხელი ჩაიქნია. არც კი გაუკვირდებოდა, რომ მართლა ასე ყოფილიყო.

მანამ კი, დილით თეატრში მივიდა და იქ დიდი გამოცოცხლება დახვდა.


თანამშრომლების ერთი ჯგუფი მთავარ ფოიეში შეყრილიყო და რაღაცაზე
ხმამაღლა, აღფრთოვანებით ყაყანებდა. გამოჩნდა თუ არა აბელი, რამდენიმე
კაცმა ერთად შეაგება კითხვა, დღევანდელი გაზეთი თუ ნახეო და მისი უარით
ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ეტყობა, აღარ ელოდნენ, რომ ისეთი კაცი
გამოჩნდებოდა, ვისაც ჯერ კიდევ წინ ედო ის დიდი სიამოვნება, რაც თვითონ
უკვე იგემეს. გაზეთში რეცენზია აღმოჩნდა ახალი სპექტაკლის შესახებ და ამით
იყვნენ ასე გახარებულები. განსაკუთრებით აქტიურობდა და აქებდა სტატიის
ავტორს მიმოზა შარტავა, რომელმაც ამ სპექტაკლში გადია ითამაშა. ქალბატონი
მიმოზა ოდნავ გადამწიფებული, მაგრამ კარგად შენახული მანდილოსანი იყო.
თავის თავს თვითონვე ახასიათებდა, როგორც გადამწიფებულს, ოღონდ იქვე
კომენტარს უკეთებდა: მსხალი ყველაზე გემრიელი მაშინ არის, როცა სიმწიფეს
გადასცდება, მაგრამ ლპობა ჯერ კიდევ არ დაწყებიაო. მის შემხედვარეს არ
შეგეძლო, ეს აზრი არ გაგეზიარებინა. ასაკის სიმსუქნე ისეთი დოზით ჰქონდა
შეპარული, რომელიც სხეულს თითქოს აახალგაზრდავებს და წინანდელზე მეტ
მომხიბლაობას ანიჭებს, მით უმეტეს, როცა ამას ემატება სისხლსა და ხორცში
ღრმად გამჯდარი ზომიერი სიკეკლუცე და თანდაყოლილი მიამიტობა.
ქალბატონმა მიმოზამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა და ყველა საშუალებით
ცდილობდა, ეს უკანასკნელი აფეთქების პერიოდი რამდენადაც შეეძლო
გაეხანგრძლივებინა. ამ საქმეს წარმატებითაც ართმევდა თავს. მარტოხელა ქალი
იყო. ერთ დროს, შორეულ ახალგაზრდობაში, ქმარი კი ჰყოლია, მაგრამ მალევე
დასცილებიან ერთმანეთს. შვილი არ დარჩენია და საკუთარი თავის მეტი
საფიქრალი და საზრუნავი არავინ ჰყოლია. საყვარელს ორ-სამ წელიწადში
ერთხელ იცვლიდა და, სანამ გამოიცვლიდა, მისი უერთგულესი იყო.
საყვარლებიც, თავიანთი მხრივ, ღირსეულად უფასებდნენ ერთგულებას და
მოვლა-პატრონობას არ აკლებდნენ. სანდომიანი ქალი იყო, ცოცხალი, ხალისიანი,
გულკეთილი, ზოგჯერ, როცა საკითხი მის აქტიორულ პატივმოყვარეობას
ეხებოდა, ჭირვეული, მაგრამ ჭირვეულობაშიც კი გულუბრყვილო და
მომხიბლავი. პატარა გოგოს ხმა ჰქონდა და ესეც, ეტყობა, ხელს უწყობდა, რომ
ქალობის აქტიური პერიოდი გაეხანგრძლივებინა.

- აი, ეს არის რეცენზია! - ხმამაღლა ამბობდა ქალბატონი მიმოზა თავისი


წკრიალა ხმით. - ეს არის თეატრის ცოდნა. არა, მიშა? რეცენზიის წერა ის კი
არაა, ბიჭბუჭები რომ გამოხტებიან, არაფერი უნახავთ, არაფერი წაუკითხავთ და
შეთითხნიან რაღაცას, რისი თქმა უნდათ, ვერ გაიგებ. რეცენზია რომ დაწერო,
სპექტაკლის ნახვა უნდა იცოდე, - ქალბატონმა მიმოზამ კეკლუცად და
თეატრალურად გაშალა ხელები, - ეს ყველას კი არ შეუძლია. თეატრალი უნდა
იყო. რეცენზიები ასეთმა ხალხმა უნდა წეროს. არა, მიშა? რა კარგად ესმის
თეატრი! ან კალამი როგორ უჭრის!

მიშა და დანარჩენებიც უყოყმანოდ ეთანხმებოდნენ ქალბატონ მიმოზას


რეცენზიის შეფასებაში, განსაკუთრებით კი იმაში, რომ ავტორს „კალამი კარგად
უჭრიდა“.

სტატიას, რომელსაც მეოთხე გვერდის მთელი ზედა ნახევარი ეჭირა, სათაურად


ჰქონდა - „მარადიული სიყვარულის საგალობელი“ და ხელს აწერდა „ვ.
აჩაბელი“. როგორც აბელს იქვე აუხსნეს, ეს ვ. აჩაბელი ყოფილა გაზეთის
რედაქტორის, ვასილ გარაყანიძის ერთ-ერთი ფსევდონიმი. სულ გარაყანიძეს
თერთმეტი ფსევდონიმი ჰქონია და მათი უნარიანი რეგულირების წყალობით
ყველა ვრცელსა და სერიოზულ სტატიას, ყველა საკვანძო, განმაზოგადებელ და
შემაჯამებელ წერილს თავისი გაზეთისათვის თვითონვე წერდა. ცხადია, ამას
ფართო და მრავალმხრივი განათლება სჭირდებოდა. რაკი ამ მხრივ ყველაფერი
რიგზე ჰქონდა, უმწიფარ ჩიტკორესპონდენტებს არ ენდობოდა და, თუმცა ეს
დაძაბულ, თავაუღებელ შრომას მოითხოვდა, ყველაფერს თვითონ აშუქებდა,
იქნებოდა ეს მეთაური წერილი, სოფლის მეურნეობის პრობლემატური
საკითხები, სოციოლოგიური თემატიკა, აღზრდა-განათლება, დანაშაულთა
წინააღმდეგ ბრძოლა თუ თანამედროვე ხელოვნების განვითარების გზები და
თავისებურებანი. უკლებას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას ვრცელი სტატია
მიუძღვნა, ზომიერად ირონიული, ღრმააზროვანი და სუსხიანი სტატია, სადაც
უკლებას ბოროტმოქმედების კერძო შემთხვევა თანამედროვე ადამიანის
ზნეობრივ სახეზე ფართო და საფუძვლიანი მსჯელობის ამოსავალ წერტილად
გამოეყენებინა, დღევანდელ საზოგადოებაში დანაშაულთა აღმოცენების
ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივები დაწვრილებით განუხილავს და იმ
დასკვნამდე მისულა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაჭრელად
საჭიროა ოჯახის, საზოგადოებისა და წარმოება-დაწესებულებათა ერთობლივი და
შეთანხმებული მუშაობა.
ეს ყველაფერი აბელმა გვიან გაიგო. იმ დროს კი, როცა ახალი გაზეთი მიაჩეჩეს
და მოუთმენლად ელოდნენ, როდის ჩაათავებდა აჩაბლის წერილს და როდის
შეუერთდებოდა მათ აღფრთოვანებას, ჯერ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა
გარაყანიძის გაქანებისა და მასშტაბის შესახებ.

რეცენზიამ ვერ მოახდინა ის შთაბეჭდილება, რასაც კოლეგები მოელოდნენ.


აბელის აზრით, გარაყანიძე-აჩაბელს სპექტაკლი იმდენად არ აინტერესებდა,
რამდენადაც საკუთარი პერსონის წარმოჩენა და თავისი ენამზეობითა და
ერუდიციით მკითხველის გულის მონადირება. კერძოდ, რეცენზიის მხატვრულ
სიძლიერეს მოწმობდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: „სიყვარულის თავანკარა
წყარო“ (ორჯერ), „სულიერი ძალისხმევა“ (ოთხჯერ), „ვნებათაღელვის უსიერი
ტყე“ (ორჯერ), „დაკოდილი გულის უნუგეშო სიმღერა“ (ერთხელ) და სხვა,
პროფესიულ ერუდიციას - „გამჭოლი მოქმედება“ (ოთხჯერ),
„ანსამბლურობა“ (ორჯერ), „გაუცხოების ეფექტი“ (ერთხელ), „ეპიკური თეატრის
პრინციპები“ (ექვსჯერ), „არლეკინო“ და „კომედია დელ’ არტე“ (თითო-
თითოჯერ) და სხვა. გარდა ამისა, ბლომად იყო ზოგადი განათლების
მაჩვენებელი სიტყვები და გამოთქმები და ყველაფერი ეს, როგორც აბელს
მოეჩვენა, ნახმარი იყო ისეთ ადგილას, საცა მათი არავითარი აუცილებლობა არ
ყოფილა. აბელის აზრით, ყოველივე ეს ნათლად მეტყველებდა ავტორის ცუდ
პროფესიონალიზმსა და ღრმა დილეტანტიზმზე, თუკი საერთოდ შეიძლება
დილეტანტიზმს რაიმე სიღრმე ჰქონდეს. რაც შეეხება სპექტაკლის შეფასებას, აქ
გარაყანიძე-აჩაბელი, ერთი მხრივ, ტენდენციური იყო და მეორე მხრივ -
შაბლონის გატკეპნილ გზას მიჰყვებოდა. მთლიანად სპექტაკლს ახასიათებდა,
როგორც „თეატრის მორიგ გამარჯვებას“, მოკლედ და გაკვრით ეხებოდა
რეჟისურას („ანსამბლურობა“, „მიზანმიმართება“, „სისადავე“), კიდევ უფრო
მოკლედ - მხატვრობასა და მუსიკას („ორგანულად ერწყმიან სპექტაკლის
საერთო სტილისტიკას და ხელს უწყობენ იდეის მკაფიო გამოკვეთას“), ორიოდე
სიტყვით აქებდა თეიმურაზ კილაძეს („დამაჯერებლობა“, „განცდის სიმძაფრე“)
და თავდაუზოგავად ასხამდა ხოტბას „ჯულიეტას როლის
შემსრულებელს“ („თავანკარა“, „სულიერი ძალისხმევა“, „უსიერი ტყე“,
„დაკოდილი გულის სიმღერა“, „გაუცხოების ეფექტი“, „ეპიკური თეატრის
პრინციპები“, „საოცარი პლასტიურობა“, „მომენტალურად გარდასახვის
განსაცვიფრებელი უნარი“, „დიდი გარეგნული მომხიბლაობა“ და სხვა).
ქალბატონი მიმოზა ერთი ფრაზით იყო შექებული („კიდევ ერთხელ გაგვახარა...“).
აბელს მთელი აბზაცი ჰქონდა დათმობილი (აქაც „დამაჯერებლობა“, „ეპიკური
თეატრის პრინციპები“, „პლასტიურობა“ და ბოლოს ერთი წინადადება,
რომელმაც აბელი დააბნია და გააოცა: „მისი სახით თეატრს სერიოზული
შემოქმედებითი ძალა შეემატა“). დასკვნაში ავტორი ღრმა რწმენას გამოთქვამდა,
რომ „თეატრი სწორ გზას ადგას და მისგან ახალ-ახალ გამარჯვებებს უნდა
მოველოდეთ“. ერთი სიტყვით, რეცენზიაში ყველაფერი იყო გარდა იმისა, რასაც
აბელის აზრით, ანალიზი ერქვა. დაუჯერებელიც კი ჩანდა (და ერთგვარად
ავტორის სპეციფიკურ ნიჭზე მიუთითებდა), რომ ამოდენა წერილი დაწერო და
სინამდვილეში არაფერი თქვა.

აბელმა კითხვა დაამთავრა, მაგრამ თავი არ აუღია. გრძნობდა, როგორ


მოსჩერებოდნენ ყოველი მხრიდან გაბრწყინებული თვალები და არ იცოდა, რა
ეთქვა. სათქმელი რა ჰქონდა კი იცოდა, მაგრამ ვერ გაებედა კოლეგების
ანთებულ ცეცხლზე წყალი გადაესხა. კოლეგები, თქმა არ უნდა, მარდად
გახტებოდნენ განზე და აიცდენდნენ წყალს, მაგრამ აბელს ასეთი საქციელი
ალბათ მეტიჩრობად ჩაეთვლებოდა. თუმცა მთავარი თითქოს ესეც არ იყო.
მთავარი რაღაც გაუგებარი უხერხულობა იყო, რომელიც ბორკავდა და
გამბედაობას უჩლუნგებდა. ამიტომ იდგა, მოგონილი ყურადღებით დასცქეროდა
გაზეთს და ცდილობდა, ერთი ბეწო ღირსება მაინც ეპოვა რეცენზიაში, რათა მის
ხარჯზე გასულიყო და არც სინდისისთვის ეღალატა და არც აღტაცების
მომლოდინე კოლეგები გაეწბილებინა.

ბედად, ამ დროს გედეონ რევია გამოჩნდა და აღფრთოვანების იერიში წამსვე


მისკენ იქნა მიმართული.

- გედეონ! - ყველას დაასწრო ქალბატონმა მიმოზამ, - წაიკითხე დღევანდელი


გაზეთი?

- კი, - მიუგო გედეონმა, - ორი კვირის წინ წავიკითხე.

- დაიწყო ამან თავისებური! - შესძახა ქალბატონმა მიმოზამ პატარა გოგოს


წკრიალა ხმით და ამ ხმაში აღშფოთება კი იყო, მაგრამ ისეთი აღშფოთება იყო,
რომელსაც არ ძალუძს ხალისიან განწყობილებას შეელიოს, - ვასოს რეცენზია.
წაიკითხე, წაიკითხე. ნახე, როგორ ესმის თეატრი, როგორ უჭრის კალამი.

- უჭრის ხომ გარაყანიძეს? - გაიღიმა გედეონმა. მერე აბელს მიუბრუნდა, - თქვენ


უკვე წაიკითხეთ, აბელ?

- კი.

- მერე რას ატყობთ? უჭრის გარაყანიძეს თუ უჭირს?

- უჭრიალებს, - გაიღიმა აბელმა.

- ჰო! - მოეწონა გედეონს, - სწორია, - და ისევ ქალბატონ მიმოზას მიუბრუნდა, -


ეს რეცენზია, ჩემო მიმოზა, კიდევ უფრო ადრე მაქვს წაკითხული. თუ გინდა,
მოგიყვები, რა წერია.

- არ გამიგონია მე ყველაფრის მასხრად აგდება! - ხელები გაიქნია ქალბატონმა


მიმოზამ და რატომღაც ძალიან მხიარულად გაიცინა, - ვინ გყავს უკეთესი? მერე
რა კაცია! არა, მიშა? რა შესახედავია! - ქალბატონმა მიმოზამ დაფიქრებული
ღიმილით გახედა სივრცეს.

- ეგ მართალია, - დაეთანხმა გედეონი, - მართლაც რომ ჩინებული შესახედარია.

- ფუ, რა ყიამყრალი ბებერი ხარ! - გაიცინა ქალბატონმა მიმოზამ, - შენი


მოსაწონი ქვეყანაზე არაფერი არაა. მითხარი ერთი, რამე მოგწონს? - ხელები
გაშალა და გამომწვევად შეხედა გედეონს.

გედეონმა ჰაერში გაშეშებული მისი ხელი აიღო, გადმოაბრუნა და ღიმილით


აკოცა.
- შენ, მიმოზა. შენ მომწონხარ, შენი ხალისიანი და ჭირვეული ხასიათი მომწონს.
შენი მომხიბლავი მიამიტობა, შენი ახალგაზრდული სული, შენი დაუჭკნობელი
ქალობა, შენი კოხტა ცხვირი და შენი მხიარული კისკისი.

- ოჰ, შე სატანა! შე მაცდურო! - ჩაკუჭკუჭდა ქალბატონი მიმოზა, რომელსაც თან


სიამოვნებდა ქათინაურები, თან სიცილად არ ჰყოფნიდა, თან ყველაფერი
სჯეროდა, რასაც გედეონი ეუბნებოდა და თან იცოდა, რომ ყველაფერი ხუმრობა
იყო და შესაძლებელია, სწორედ ამით ადასტურებდა გედეონის აზრს მისი
დაუჭკნობელი ქალობის შესახებ.

გედეონი კი კვლავ აბელს მიუტრიალდა.

- თქვენზე რას წერს გარაყანიძე?

აბელს გაეღიმა.

- ჩემი სახით თეატრს სერიოზული შემოქმედებითი ძალა შეემატა.

- ეს ცხადია.

- ცხადია? მაშ ის კაცია გარაყანიძე, პრემიერა რომ მოგვილოცა?

გედეონმა გულწრფელი გაკვირვებით შეხედა და ერთხანს თვალი არ


მოუშორებია. მერე თავი გადაიქნია.

- აბელ! აბელ! ის კაცი საყვარელიძეა. ის ქალი კი მისი ღვთაებრივი მეუღლე


სალომე. ასეთი შეცდომა მეორედ არ მოგივიდეთ.

- კი მაგრამ ეს ფრაზა... მართალია, შაბლონური ფრაზა კია, მაგრამ... ასე


ზუსტად...

- თქვენი იდეურ-პოლიტიკური მომზადების დონე დამაფიქრებელია, აბელ.


მარტო პლატონით შორს ვერ წახვალთ.

იმ დღეს კიდევ ბევრი მხურვალე და აღტაცებული სიტყვა ითქვა ამ რეცენზიის


გამო და გარაყანიძის პოპულარობის გაუმდინარე ტბას რამდენიმე გულწრფელი
წვეთი შეემატა. აბელს სწორედ ეს გულწრფელობა უკვირდა. თავისი
ახალგაზრდობის მიუხედავად, მას ასე თუ ისე ესმოდა იმ ხალხის, ვინც ერთს
ფიქრობს და გარკვეულ, შესაძლებელია, სავსებით საღ მოსაზრებათა გამო, სულ
სხვას ამბობს. გარაყანიძის სტატია კი მართლა მოსწონდათ. გარაყანიძის
სტატიით მართლა აღფრთოვანებულნი იყვნენ და ვერავინ ატყობდა, რომ ამ
ხმაურიანი და ბრჭყვიალა სიტყვების ნამდვილი მიზანი სიმდიდრის გამოჩენა კი
არ იყო, არამედ სიღატაკის მიჩქმალვა. მკითხველთა აღტაცება იმდენად დიდი
იყო, აბელი რომ თავისი საპირისპირო მოსაზრებით მარტო დარჩენილიყო,
შესაძლებელია, საკუთარ სიმართლეში ეჭვი შეჰპარვოდა. მადლობა ღმერთს,
გედეონ რევია აღმოჩნდა მის გვერდით. ერთი თანამოაზრე უკვე დიდი ნუგეშია,
რადგან ამით მთავარ მტერს, განაპირებისა და გარიყვის შიშს ამარცხებ, ხოლო
თუ ეს თანამოსაუბრე გედეონ რევიაა, ფხიზელი და ბასრი ჭკუის პატრონი,
მაშინ შენს რწმენას, რომელსაც კინაღამ ნიადაგი გამოეცალა, ისევ უმაგრდება
ფესვები.
საღამოს აბელი ადრე დაბრუნდა შინ. გზად ორი ბოთლი შამპანური იყიდა და
მთელი საახალწლო სამზადისი ამით მოათავა. მან მშვენივრად იცოდა, რომ
არავითარი ახალი წელი არ არსებობს. იგი ადამიანებმა მოიგონეს. ადამიანებმა
მოილაპარაკეს და დათქვეს, რომ ახალი წელი დაერქმიათ იმ წამისათვის, როცა
ოცდათერთმეტი დეკემბერი თავდება და პირველი იანვარი იწყება. მაგრამ, როცა
ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, აბელს არ შეთანხმებიან და მისი დასტური არ
გამოუთხოვიათ, ამიტომ სრული უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა მათ დანიშნულ
წამზე და თავისი საკუთარი ახალი წელი დაენიშნა, რადგან დედამიწის
მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა მარადიულ ახალ წელში მოგზაურობა. ის ორი
ბოთლი შამპანურიც იმიტომ კი არ უყიდია, თითქოს ტრადიციას კუთვნილი
მიუზღო და რაღაც ხარკი მოუხადა, უფრო იმიტომ იყიდა, რომ იცოდა, ასლანი
სიტყვას არ გადავიდოდა და, თუ მართლა თოვლში არ ჩაეფლო სადმე, ღამის
პირველ საათზე უეჭველად მოგრიალდებოდა თავისი მანქანით.

შინ რომ მივიდა, ბუხარი აანთო, ელექტროქურებიც ჩართო, ჩვეულებრივზე


უფრო მეტ ხანს ეთამაშა ალის, რადგან ალი დილიდანვე რაღაც უხასიათოდ
ჩანდა, ბოლოს მაგიდას მიუჯდა და პლატონის კითხვას შეუდგა. პლატონმა ამ
ორი დღის განმავლობაში მთელი მისი არსება შეისრუტა და თავის უჩვეულო
სამყაროში შეიტყუა. ეს იყო მაცდუნებელი სამყარო, რბილი, მშვიდი შუქით
განათებული, თან კვიმატი, თან გულითადი, სადაც უსასრულობის თბილი შიში
ანდამატივით გიზიდავდა, გნუსხავდა და თეთრი ღიმილით გიღიმოდა. სანამ იქ
შეხვიდოდი, ყოველდღიური საზრუნავის, ყოველდღიური წუხილისა და ფიქრის
ქერცლიან ტყავს თითქოს იხდიდი და გარეთ ტოვებდი, როგორც ტანსაცმელს
ვტოვებთ ნაპირზე წყალში შესვლისას. და უკვე იმის მიხედვით, თუ რა
რჩებოდა ნაპირზე, შეგეძლო გევარაუდა, რა არის ყოველდღიური, წვრილმანი და
შემთხვევითი. ფილოსოფიურ განსწავლულობას აბელი ვერ დაიტრაბახებდა,
მაგრამ ის ფრაგმენტული ცოდნა, რაც თავისი ცხოვრების მანძილზე შეიძინა,
ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიდა, თითქოს თანამედროვე ფილოსოფიური
აზროვნება წარმოადგენდა სამყაროსაგან მოწყვეტილ, უმკაცრეს, დახშულ,
სტერილურ ლაბორატორიას, სადაც კასტის სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი
ფილოსოფოსი-ქურუმები იღებდნენ სუფთა, ყოველგვარი მინარევებისაგან
თავისუფალ აბსტრაქტულ ცნებებსა და კატეგორიებს და მთელის დაშლისა და
შეერთების რეაქციებს სწავლობდნენ. თავადაც სუფთა, ყოველგვარი
მინარევებისაგან თავისუფალი სახით შედიოდნენ ლაბორატორიაში, თავიანთი
არსების მხოლოდ ის ნაწილი შეჰქონდათ, რომელიც ექსპერიმენტისთვის იყო
საჭირო. ამიტომ ექსპერიმენტატორის მთლიანი, ნამდვილი არსება ექსპერიმენტში
მონაწილეობას არ იღებდა და შედეგთანაც არაფერი ჰქონდა საერთო. პლატონი,
მათგან განსხვავებით, არ ცდილობდა ცნება მინარევებისაგან გამოეყო. მისთვის
სამყარო იყო ლაბორატორია. მიმოდიოდა ამ სამყაროში და ყველაფერს ბუნებრივ
მდგომარეობაში აკვირდებოდა. თვითონაც ბუნებრიობას ინარჩუნებდა, ქურუმის
ტანსაცმელს არ იცვამდა და ცხოვრებას და აზროვნებას ერთმანეთისაგან არ
მიჯნავდა. მან იცოდა, რომ ის ზედმეტი, რაც ცნებებსა და კატეგორიებს
მინარევების სახით ახლავს, მათს აბსტრაქტულობას კონკრეტულ სიცოცხლეს
ანიჭებს, ხილულსა და ხელშესახებს ხდის და პრაქტიკული ცხოვრებისაკენ
უკვალავს გზას. ამიტომ დალია სოკრატემ საწამლავი. პლატონი უსასრულობისა
და უკვდავების სანახავად ცაში კი არ ადიოდა, მიწიდან ჭვრეტდა
უსასრულობასა და უკვდავებას. ამ მხრივ ისა და შექსპირი ახლო ნათესავები
იყვნენ.

აბელი დიდხანს კითხულობდა. კითხულობდა მანამ, სანამ ალის ეზოში გასვლა


არ მოუნდა და წრიალი არ დაიწყო. ალი კართან მივიდა, თათი ასწია,
ბრჭყალები მოუფხაჭუნა და აბელს მოხედა. აბელმა თავი აიღო.

- რა იყო, ალი?

ძაღლმა წრიალს უმატა და კიდევ მოუფხაჭუნა ბრჭყალები კარს.

- რა გინდა გარეთ ამ ყინვაში? - წამოდგა აბელი.

ალი ცახცახებდა, თითქოს ნერვიულობდა. ეჩქარებოდა გასვლა. გარედან ადვილი


იყო შემოსვლა: კარი შიგნით იღებოდა და თათით ოდნავი მოწოლაც კმაროდა,
გასვლა კი დაუხმარებლად არ ხერხდებოდა.

- დღეს რაღაც გუნებაზე ვერა ხარ, - უთხრა აბელმა და თავზე გადაუსვა ხელი,
რაზეც ალიმ კუდის ქიცინით უპასუ-ხა, - წადი, ოღონდ მალე დაბრუნდი, არ
გაითოშო.

ოდნავ გამოაღო თუ არა კარი, ძაღლი მაშინვე ძუნძულით გავარდა. აბელმა კარი
ისევ მიხურა, ოთახში გაიარ-გამოიარა, ფანჯარას მიადგა და გაიხედა. ისე თოვდა,
თითქოს ცაც თოვლით ყოფილიყოს დაფარული. ირგვლივ ყველაფერი
გადათეთრებული იყო და მხოლოდ მდინარე ჯერ კიდევ ილანდებოდა ფიფქებსა
და ფიფქებს შორის. აბელი მობრუნდა, მაგიდას მიუჯდა და ისევ წიგნში ჩარგო
თავი.

დიდხანს იჯდა ასე თუ ცოტა ხანს, ბოლოს რაღაც ძალამ უბიძგა და გამოარკვია.
რაღაც ძალამ, რაღაც ცივმა ტალღამ მყისიერად შეაკრთო. რა ძალა იყო, ვერ
მიხვდა. ხმაური არსაიდან არ შემოსმია. პირიქით, თუკი ეს ტალღა რაიმე
გარეგანი ბიძგი იყო, იმ დაძაბული, თითქოს გადარაჯებული სიჩუმის
გამოძახილი უნდა ყოფილიყო, რომელიც ამ ცივ ტალღასთან ერთად იგრძნო
ზურგს უკან.

გაუაზრებლად, ინსტინქტურად აიღო თავი და სწრაფად შეტრიალდა სკამზე


მთელი სხეულით.

ალის თავი ამაყად აეღირა და ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც შეიძლება ჰქონდეს
გენერალს, რომელმაც ეს-ესაა გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო და ახლა
ხელმწიფისაგან დამსახურებულ ჯილდოს მოელის. გვერდით ახალგაზრდა კაცი
ედგა და აბელი, ეტყობა, სწორედ ძაღლის მოზეიმე გამომეტყველების წყალობით,
როგორღაც ერთბაშად, ყოველგვარი ანგარიშისა და ლოგიკური გამომდინარეობის
გარეშე მიხვდა, რომ ეს კაცი უკლება იყო.

აბელის სიმაღლე იქნებოდა, მაგრამ უჩვეულოდ განიერი ბეჭები ჰქონდა.


შემოკვართული ჯინსი ეცვა, სქელი, უყელო ჯემპრი და მოკლე, თბილი,
გახსნილი ქურქი. ხელში სამგზავრო ჩანთა ეჭირა. ფართო შუბლი ჰქონდა,
აზიდული, ენერგიული წარბები, სწორი ცხვირი და ზედმეტად დიდი ნიკაპი,
რომელსაც თაფლისფერი თვალების მშვიდ, კეთილ გამომეტყველებაში თითქოს
ერთგვარი უსიამო დისონანსი შეჰქონდა.

- გამარჯობათ, - დაბალი, სასიამოვნო ხმით თქვა უკლებამ და აბელმა იგი


წამით ტიბალტის როლში წარმოიდგინა, - მე უკლება ვარ.

- ვიცი, - მიუგო აბელმა. თან ის უკვირდა, რომ უკლება მოგზაურს უფრო


ჰგავდა, ვიდრე ციხიდან გამოქცეულს.

- შეიძლება ცოტა ხანს დავრჩე? - ჰკითხა უკლებამ და იქვე დააზუსტა, -


თორმეტ საათამდე.

აბელი თვალს არ აშორებდა. მოგზაური, რომელიც ბოლო მატარებელს ჩამოჰყვა


და სასტუმროში ადგილი ვერ იშოვა.

- ეს თქვენი სახლია... - თქვა ბოლოს და მხრები აიჩეჩა.

- ჩემი არც ადრე ყოფილა, - უკლებამ გაიღიმა, მისი თაფლისფერი თვალების


სიმპათიური გამომეტყველება და დიდი ნიკაპის უსიმპათიო შთაბეჭდილება
კიდევ უფრო მძაფრად აირია ერთმანეთში, - სხვა გზა არა მაქვს, თორემ ვიცი,
საფრთხეში გაგდებთ. თუ გაიგეს, რომ აქ ვიყავი, შეიძლება უსიამოვნება
შეგემთხვეთ.

აბელი ვერ მიხვდა, ეს მობოდიშება იყო თუ გაფრთხილება და თავის თავზე


გაეღიმა.

- გაიხადეთ. დაჯექით, გათბით, დაისვენეთ.

უკლებამ ჩანთა ძირს დადო, ქურქი გაიხადა და სკამზე მიაგდო დაუდევრად.


ჯემპრში მხრები კიდევ უფრო განიერი გამოუჩნდა. ბუხართან მივიდა, ხელები
ცეცხლს მიუფიცხა და მოუხედავად თქვა: - კარგად გითამაშიათ ტიბალტი.

- იქაც მოაღწია ჩემი დიდების ამბავმა? - აბელმა წარმოიდგინა, როგორ


კითხულობდნენ პატიმრები გარაყანიძის სტატიას და გაეცინა.

- იქაც ეს ქვეყანაა, - ისევ მოუხედავად თქვა უკლებამ.

- ეტყობა, - დაფიქრებით მიუგო აბელმა და თავიც კი დააქნია, თუმცა უკლება


მისკენ ზურგშექცევით იჯდა, - მაგრამ დავიჯერო, ტანსაცმელსაც არიგებენ?

- რა ტანსაცმელს? - ვერ გაიგო უკლებამ.

- საგარეო ტანსაცმელს. ციხიდან გასაქცევს.

- აა! - და მოტრიალდა, ახლა ზურგი მიუფიცხა ცეცხლს, - ეს ტანსაცმელი აქ


გამოვიცვალე.

- სად აქ? - გაუკვირდა აბელს.

- აქ. ქვემოთ ერთი სამალავი მაქვს. ტანსაცმელი იქ მქონდა და,- თითი


ჩანთისკენ გაიშვირა, - რაღაც იარაღები. ისეთი სამალავია, კაციშვილი ვერ
მიაგნებს. თუ გინდათ, გაჩვენებთ, იქნებ რამეში დაგჭირდეთ.
- მე? მე რაში უნდა დამჭირდეს?

- კაცმა არ იცის. არც მე მეგონა, თუ დამჭირდებოდა.

- თქვენ ისეთ საქმეზე გიკიდიათ ხელი...

უკლებამ ცერად შემოხედა.

- ეს საქმე მე სრულყოფილად ვიცი. არსად არასოდეს კვალი არ დამიტოვებია.

- ფაქტი?

- ეს ფაქტი არ არის. ეს ბრმა შემთხვევაა, - ბუხარს მოშორდა, ოთახი ნელი


ნაბიჯით გაიარა და ფანჯარას მიადგა, - ბრმა შემთხვევა არ არჩევს დამნაშავესა
და უდანაშაულოს... როგორ თოვს!.. მაშ, არ გინდათ სამალავი?

- არა, - მიუგო აბელმა და მცირე დუმილის შემდეგ დაუმატა, - მოშიებული


იქნებით.

უკლება სწრაფად შემოტრიალდა. სახეზე რაღაც უცხო ტალღამ გადაუარა,


რომელმაც ნიკაპის უსიამოვნო შთაბეჭდილება წამით სრულიად წაშალა და
მარტო თაფლისფერი თვალების კეთილი გამომეტყველება დატოვა.

- მოშიებული არა ვარ: სახლში გაკეთებულ საჭმელს კი ვარ მონატრებული,


მაგრამ... - აქ გაიღიმა და ხმაში სინანული შეეპარა, - მარტოხელა კაცს რა უნდა
გქონდეთ...

- რატომ? ღვთისა და კეთილი ხალხის წყალობით ცოტა რამ მეშოვება.

აბელი სუფრის გაშლას შეუდგა. თეფშები და ჩანგლები გამოიღო, პური, ჯამით


ლობიო, თეფშით მხალი, ქათმის ხორცი.

- თქვენც გშიათ? - ჰკითხა უკლებამ.

- არა.

- მაშ, ხორცი არაა საჭირო.

- რატომ?

- არა ვჭამ... - აბელს უკლებას ხმაში რაღაც მორიდებულ-გაუბედავი კილო


შემოესმა და მოეჩვენა, თითქოს ამ კაცმა წამით ჩაკეტილი სარკმელი გამოაღო
და თავის საიდუმლო სამალავში შეახედა.

აბელმა ხორცი ისევ განჯინაში შეინახა, მარილი და მწვანილი გამოიღო და


ბოლოს ერთი ბოთლი შამპანური დადგა მაგიდაზე.

- მე ვერ დავლევ, - თქვა უკლებამ, - ვერიდები სასმელს.

აბელი გაკვირვებით და ცოტა ეჭვით მიაჩერდა. მერე შამპანურის ბოთლს ხელის


ზურგით მიაწვა, გვერდზე მისწია და თქვა: - მთელ ქალაქს თქვენი სახელი
აკერია პირზე. რას არ ამბობენ თქვენზე, მაგრამ ასკეტიაო, ჯერ არავის უთქვამს.
- ეს რა ასკეტობაა! - აგდებით ჩაილაპარაკა უკლებამ და მხალი გადაიღო. მერე
დაფიქრებით თქვა, - რა უცნაურია! მორბენალი ან მოჭადრაკე თუ არ სვამს
ღვინოს, ეს არავის უკვირს. იმას კი არ იტყვიან, ასკეტიაო. ფორმა უნდა
შეინარჩუნოსო, იტყვიან. თითქოს ჩემი ხელობა უფრო იოლი იყოს და მე
მორბენალზე ნაკლებად მჭირდებოდეს მუდამ ფორმაში ყოფნა. უჰ, რა
დიდებული მხალია!

- ნანოს ნახელავია. ასლან გორდაძის ცოლის.

- მართლა? - უკლებამ წეღანდელივით გაიღიმა, ღიმილმა რომ ნიკაპის


უსიამოვნო შთაბეჭდილება წაშალა, - ნანო გასაოცარი დიასახლისია. მეხუთე
ბავშვი ჯერ არა ჰყავთ, მგონი, არა?

- დღე-დღეზე ელიან.

- ასლანი ინტუიციას ენდობა და ეტყობა, სწორადაც იქცევა, - უკლება დაფიქრდა,


მერე გაიღიმა, - ესეც ალბათ ასლანის საქმეა, ეს სახლი რომ სახლისთვის
დაგიმგვანებიათ.

- ასლანი არ გაგიძარცვავთ? - ჰკითხა მოულოდნელად აბელმა.

უკლება არ შერხეულა, მხოლოდ გაკვირვებული მზერა ესროლა.

- ასლანი რატომ უნდა გამეძარცვა?

აბელი ვერ მიხვდა, რა იგულისხმებოდა ამ პასუხში. თუკი სხვებს ძარცვავდა,


ვითომ ასლანი რა წითელი კოჭი იყო? ნუთუ რაღაც განსაკუთრებული პრინციპი
ჰქონდა და იმ პრინციპის მიხედვით ზოგს ძარცვავდა და ზოგს - არა?

ეს კითხვები კი გაუჩნდა აბელს, მაგრამ ხმამაღლა თქმა ვერ გაბედა. მართალია,


წეღანდელი უტაქტო შეკითხვით - ასლანი თუ გაგიძარცვავსო - თითქოს
ურთიერთობას პირობითობის საბურველი ჩამოგლიჯა, მაგრამ ის შეკითხვა
თვითონვე ეჩოთირა და მიხვდა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ეუხერხულებოდა.
ახლა რომ მის ადგილას გედეონ რევია ყოფილიყო, არხეინად გამოიკითხავდა
ყველაფერს და საჩოთიროს ამაში არაფერს დაინახავდა.

მისდა გასაოცრად უკლებამ თვითონ ახსნა თავისი ნათქვამი: - ასლანის


გაძარცვას აზრი არა აქვს. ჯერ ერთი, წვრილშვილის პატრონია. მაგრამ ეს არ
არის მთავარი. ასლანი ქონებას არ აგროვებს. თავისი სიმდიდრე მთელ ქალაქში
აქვს დაბანდებული. როცა დასჭირდება, მაშინ იღებს და რამდენიც დასჭირდება,
იმდენს იღებს. ესეც არ არის მთავარი. რაცა აქვს, სეიფში არც იმას ინახავს. კარს
მუდამ ღიას ტოვებს და მთელი ავლადიდება ფანჯრის რაფებზე უწყვია. ღამე
რომ გასაძარცვად მისული დაგინახოს, სუფრას გაგიშლის, - უკლებამ ჭამა
შეწყვიტა, ჩანგალს ხელი მაგრად მოუჭირა და აბელს დააცქერდა, - კაცი ისე
უნდა გაძარცვო, რომ გამწარდეს, იტიროს, თმა დაიგლიჯოს.

- რატომ? - ჰკითხა აბელმა და თავის გულში შენიშნა, რომ უკლებას აქამდე


მოდუნებული სხეული წამით დაიძაბა და თვალებში ელვის სისწრაფით
გადაუქროლა რაღაც უცნაურმა გამომეტყველებამ, იმდენად უცნაურმა, რომ
აბელს იგი ერთსა და იმავე დროს სიხარულადაც მოეჩვენა და რისხვადაც.
- რისგანაა არ ვიცი, მაგრამ ძარცვას კაციშვილი არ თვლის პროფესიად, -
აზიდულ წარბებს შუა უკლებას ორი წვრილი ვერტიკალური ნაოჭი გაუჩნდა.
მერე, ჯამით ლობიოს რომ გადასწვდა და ცოტაოდენი გადაიღო, ორივე ნაოჭი
ისევ გაქრა, - ეს ლობიოც ნანოს გაკეთებულია?

- კი.

უკლებამ ლობიო გასინჯა და კმაყოფილი ღიმილით გაეღიმა.

- ეტყობა. - მერე თავი ასწია და კვლავ აბელს შეხედა, - როცა კაცი კარგად
შეიგნებს, რომ ძარცვა ისეთივე ხელობაა, როგორიც ყველა სხვა, რასაც კი
ხელობას ვეძახით, მაშინ ბევრი რამე ნათელი გახდება.

- რა გახდება ნათელი?

- მაგალითად, რატომ არ უნდა გაძარცვო ის, ვინც ადვილი გასაძარცვია და


რატომ უნდა გაძარცვო ის, ვინც ძნელი გასაძარცვია.

- გამოდის, რომ საშოვარი არ ყოფილა მთავარი.

უკლებამ გულკეთილი დაცინვით გაიღიმა, ისე, როგორც ვიღიმით ბავშვის


მიამიტობაზე.

- დაუფიქრებლობის ბრალია, ეს აზრი რომ ასე გავრცელებულია. ადამიანს


დაშტამპული აქვს ტვინი, თორემ რა დიდი ანგარიში იმას უნდა, რომ
საშუალოდ ნიჭიერი და საშუალოდ ხარბი დახლიდარი ათჯერ მეტს შოულობს
ათჯერ ნაკლები რისკის ფასად. მსახიობი რომ მსახიობია, საწყალი, ღატაკი,
საბოლოო ჯამში მისი შემოსავალიც კი მეტი თუა, თორემ ნაკლები არაა.
რომელი სულელი დათანხმდება, რაღაც ორი გროშის გულისთვის მუდმივ
ხიფათში იცხოვროს. ბევრიც რომ იშოვოს, რაში უნდა გამოიყენოს? ბავშვთა
ბაგის სამშენებლო ფონდში გადარიცხავს თუ ღარიბ ნათესავებს სტიპენდიას
დაუნიშნავს? ვის გაუგია ისეთი ქურდი, რომელიც ცოლ-შვილისთვის ან დედ-
მამისთვის იპარავდეს, ან, საერთოდ, რაიმე ეკონომიური მიზანი ჰქონდეს! არა,
ძარცვა შემოსავალს არ იძლევა. თუმცა არის ბედნიერი გამონაკლისები, როცა
პროფესიული ოსტატობა იდეალს უახლოვდება და ამის წყალობით მცირე
რისკით შეგიძლია ბევრი იშოვო. მე ვარ, მაგალითად, ასეთი გამონაკლისი. მე
სრულყოფილად ვიცი ჩემი საქმე... ტყუილად ჩაიღიმეთ, არ ვტრაბახობ. პირიქით,
იდეალს უახლოვდება-მეთქი რომ გითხარით, ეს თავმდაბლობა უფროა, ვიდრე
ტრაბახი. სინამდვილეში იდეალს კი არ მივუახლოვდი, მივაღწიე. თქვენ იცით,
რა და რა სჭირდება მძარცველს?

- რა და რა?

- ფიზიკური ძალა, მოქნილობა, მარჯვე ხელი, იარაღის ხმარების ტექნიკა,


ელვისებური რეაქცია, სწრაფი აზროვნება, ვითარების შეფასება და
გადაწყვეტილების მიღება მეათედ წამში. ამ საქმეში ერთი კაცი ვერ მაჯობებს.
შეიძლება ვიღაცას ჩემზე მეტი ფიზიკური ძალა ჰქონდეს, სამაგიეროდ
მოქნილობაში და აზროვნებაში ვერ შემედრება. შეიძლება ჩემზე უკეთესად და
უფრო სწრაფად აზროვნებდეს, მაგრამ მე ფიზიკურად უფრო ძლიერი
გამოვდგები და იარაღის ხმარებაში ვაჯობებ. ერთი სიტყვით, რაღაცაში შეიძლება
ვინმემ მაჯობოს, მაგრამ მთლიანობაში ვერავინ შემედრება. თუმცა ეს, გითხარით
კიდეც, გამონაკლისია და მაგალითად არ გამოდგება, როგორც შექსპირი არ
გამოდგება მაგალითად, მწერლობაზე რომ ლაპარაკობდე. არა, ძარცვის მიზანი
გამდიდრება არ არის.

- მაშ, რა არის? სპორტული ინტერესი? მწვავე განცდების სიყვარული?

- ნაწილობრივ კი. ერთიცა და მეორეც, მაგრამ, მთავარი სხვაა. მთავარი ისაა,


რომ ამ საქმეში კაცის დანიშნულებას დიდი ასპარეზი აქვს.

- იცით, რა არის კაცის დანიშნულება? - აბელს მხოლოდ გულში და ისიც სულ


ოდნავ გაეღიმა, მაგრამ ეს ფარული ღიმილი მაინც დაეტყო ხმის კილოს.

- თქვენ არ იცით?

აბელს კვიმატმა აზრმა გაუელვა თავში.

- მე ვიცი, რომ კაცს დანიშნულება არა აქვს. აქვს მხოლოდ სიცოცხლის იმპულსი,
რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს აჩენს.

უკლებამ სწრაფად შეხედა.

- ასე მალე დაუჯერეთ რევიას?

„იცის, - გაიფიქრა აბელმა, - უსაუბრიათ“.

უკლებამ კიდევ ჰკითხა: - როცა ცდილობთ კარგად ითამაშოთ როლი, რატომ


აკეთებთ ამას?

აბელმა ვერ მოასწრო გააზრება, თუ რატომ უთხრა ის, რასაც არ ფიქრობდა.

- მაქსიმალური სიხარული და სიამოვნება მინდა მივანიჭო მაყურებელს.

უკლებას წამით სახე შეეცვალა, წარბებშუა ისევ გაუჩნდა ის ორი ვიწრო ნაოჭი.
ერთხანს ჩუმად იჯდა და თავის თეფშს დასცქეროდა. მერე ისევ ასწია თავი და
შემოხედა. რაღაცნაირი სახე ჰქონდა, თითქოს ნაწყენი, თითქოს შეურაცხყოფილი.

- მაყურებელი ფეხებზე გკიდიათ და ეს კარგად გეცოდინებათ, თუ საკუთარი


სინდისისთვის თვალი გაგისწორებიათ.

აბელს ცოტა შერცხვა. კაცი სერიოზულად ეკითხებოდა.

- მართალია, - წყნარად თქვა, - ჩემი აზრით ადამიანს რაღაც შინაგანი ძალა


უბიძგებს, საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოხატოს რაიმე საშუალებით,
ალბათ, მოწოდებით, თუკი ამ მოწოდებას მიაგნო, რათა თავი შეიცნოს და ამ
გზით ცხოვრების აზრი და დანიშნულება გაარკვიოს. თავად დანიშნულება რა
არის, არ ვიცი.

- მე კი ვიცი. არავითარი საკუთარი თავის გამოხატვა და შეცნობა თქვენ არ


გაწუხებთ. თქვენ უბრალოდ ცდილობთ სხვას აჯობოთ. ეს არის კაცის
ერთადერთი დანიშნულება. სპორტში ეს იდეა განსაკუთრებით მკაფიოდაა
გამოხატული. არ არსებობს ისეთი სპორტსმენი, რომელსაც მეტოქის გამარჯვება
უნდოდეს. აი, ესაა ადამიანი. ადამიანის სიცოცხლე მარადიული შეჯიბრია.
ჯობნა, უპირატესობის გრძნობის დაკმაყოფილება. ყველას ეს ამოძრავებს, ოღონდ
ზოგს გაცნობიერებული აქვს და ზოგს - არა. მე გაცნობიერებული მაქვს. გინდათ
გიამბოთ, როგორ მივედი ამ დასკვნამდე და როგორ გავხდი პროფესიონალი
მძარცველი?

- მართლა ისეთ სრულყოფას მიაღწიეთ, როგორც წეღან ამბობდით?

უკლებამ გაიღიმა. თავდაჯერებაც იყო ამ ღიმილში, შემწყნარებლობაც,


გულკეთილობაც.

- პატარა, სქელი ფიცარი არაფერი გაქვთ? - იკითხა, თვითონვე წამოდგა და


ბუხრის გვერდით, შეშის გროვაში დაიწყო ქექვა. მალე მართლაც იპოვა
კვადრატული ფორმის კარგა სქელი ფიცარი, ასე თითო მტკაველი სიგრძისა და
სიგანის. ჯიბეები მოიჩხრიკა, ფანქარი ამოიღო. აბელი ცნობისმოყვარე თვალით
უყურებდა მის საქმიანობას. ვერ გაეგო, რას აპირებდა სტუმარი. უკლებამ
ფიცრის მთელ ფართობზე ფანქრით წრე შემოხაზა, მერე ორი
ურთიერთპერპენდიკულარული დიამეტრი გაავლო და ფანქარი ისევ ჯიბეში
ჩაიდო. ფიცარი აიღო და ოთახის შორეულ კუთხეში ოდნავ დამრეცად ააყუდა.
ჩანთა გახსნა, იქიდან ხუთი სხვადასხვანაირი დანა ამოიღო და ხუთივე თავისი
თეფშის ირგვლივ უთავბოლოდ დაყარა მაგიდაზე. თვითონაც მაგიდასთან
დაჯდა თავის ადგილას და თქვა, - უნდობლობა კაცის ბუნებაა. რაც შემიძლია,
ყველაფრის ჩვენება ძნელია, არც დროა საამისოდ, არც ადგილი და არც
ვითარება, - ამ სიტყვებით ჩანგლით მხალს მისწვდა, ცოტაოდენი აიღო და
პირში ჩაიდო, - ნაწილს გაჩვენებთ. ნაწილს რაკი ნახავთ, დანარჩენსაც
დაიჯერებთ. ასე არ არის?

აბელი მიხვდა, რომ ფიცარი სამიზნე იყო და უკლება ახლა ამ სამიზნეს დანებს
ესროდა. დაინტერესდა და საყურებლად მოემზადა. ჯერჯერობით უკლება
ზურგით იჯდა ფიცრისკენ. ეტყობა, აბელის პასუხს ელოდა და მერე
შეუდგებოდა საქმეს.

- ვნახოთ, - თქვა აბელმა, მაგრამ ეს სიტყვა დამთავრებული არც კი ჰქონდა, რომ


უკლებამ უეცრად ჩანგალს ხელი გაუშვა და აბელმა წამით ხუთივე დანას
ჰაერში მოჰკრა თვალი. მერე ხუთივე დანა ფიცარში ჩარჭობილი დაინახა, ერთი
- დიამეტრისა და დიამეტრის გადაკვეთის წერტილში, დანარჩენი ოთხი -
დიამეტრებისა და წრეხაზის გადაკვეთის წერტილებში. უკლება ისევ ისე იჯდა
და ხელები მაგიდაზე ეწყო. ეს ისეთი სისწრაფით მოხდა, ალბათ „ელვის
სისწრაფე“ შედარებისთვის არც გამოდგება. აბელი სახტად დარჩენილი,
თვალებგაფართოებული იჯდა და იმაზეღა ფიქრობდა, მართლა დაინახა დანები
ჰაერში თუ მოეჩვენა.

უკლებას არ მიუხედავს, არ დაინტერესებულა შედეგით. ეტყობა, კარგად იცოდა


საკუთარი თავის ამბავი.

- ამით რომ თავდებოდეს მთელი ჩემი ოსტატობა, ალბათ მსოფლიოს საუკეთესო


ათეულშიც ვერ მოვხვდებოდი. - ამ სიტყვებით წამოდგა, ნელი ნაბიჯით გაიარა
ოთახი, ფიცარი აიღო, ნიკაპის სიმაღლეზე დაიჭირა ისე, რომ დანები ქვემოთ
იყო მიქცეული. მერე ხელი ერთბაშად გაუშვა და იმავ წამს მარჯვენა, გაშლილი
ხელი ჰაერში მოიქნია. ფიცარი შუაზე გაიპო. ცენტრში ჩარჭობილი დანა მოძვრა
და ყველაფერი, ეს დანაცა და ორად გაპობილი ფიცარიც შიგ გარჭობილი ორ-
ორი დანით მის ფეხებთან დაცვივდა. - თუ ამასაც დავუმატებთ, - თქვა უკლებამ,
დანები დააძრო და ფიცრის ნამტვრევები შეშის გროვასთან დაყარა, -
თავისუფლად შევალ საუკეთესო ხუთეულში. - დანები ჩანთაში ჩააწყო და თავის
ადგილას დაჯდა, - როგორც დანას ვხმარობ, ასე ვხმარობ ყველა სხვა იარაღსაც.
გარდა ამისა, თუნუქის სახურავზე ისე გავივლი, ერთ ჩქამს ვერ გაიგონებთ. ეს
ცოტა არ გეგონოთ. ეს უკვე სამეულში მოხვედრის შანსია. დაუმატეთ ამას ის,
რომ თავისუფლად ვხტები ორი მეტრისა და თხუთმეტი სანტიმეტრის
სიმაღლეზე და ას მეტრს ათ წამში გავრბივარ. დაუმატეთ ამას აზროვნების
სისწრაფე და ინტელექტი, რომელიც ცხადია, ჰეგელთან შედარებით ვერაფერი
შვილია, მაგრამ ჩემს საქმეში დიდ უპირატესობას მაძლევს. დაუმატეთ ამას
გაბედულება, არტისტიზმი, საქმის სიყვარული და თქვენ თვითონ
დარწმუნდებით, რომ ძნელად თუ ვინმე გამიტოლდება.

- და ყველაფერი ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ სხვებს აჯობოთ და


უპირატესობის გრძნობა დაიკმაყოფილოთ? - აბელი სტუმარს უყურებდა და
ფიქრობდა, თმა რომ ამოუვა, სახე შეიძლება იმდენად შეეცვალოს, ძნელი
საცნობი გახდესო.

- ნარდი ხომ ისეთი თამაშია, არც ღონე გჭირდებათ, არც ინტელექტი, არც
სიმარჯვე და არც მოქნილობა, მოგივა კამათელი - მოიგებ, არ მოგივა - ვერ
მოიგებ და ამ სულელურ თამაშშიც კი გამწარებული იბრძვი მოგებისათვის,
რათა ილუზიური უპირატესობა მოიპოვო. თქვენ ზერელედ უყურებთ ჩემს
ნათქვამს. აბა, გულში შეუშვით და იქ დააკვირდით. ნახეთ, თუ არ
დარწმუნდებით, რომ მართალს ვამბობ. თქვენი გედეონ რევია ამტკიცებს, კაცს
სიცოცხლის იმპულსი აქვს და ეს იმპულსი ბადებს დანიშნულების ძიების
სურვილსო. საბუთი კი არაფერი აქვს. მე ვამტკიცებ, რომ კაცი
უპირატესობისათვის იბრძვის და სწორედ ეს არის სიცოცხლის იმპულსი. ამის
დასაბუთება არ მჭირდება, რადგან ჩვენი სიცოცხლის ყოველი წამი ამის
საბუთია. ეს კანონი რომ აღმოვაჩინე, სულ რაღაც რვა თუ ცხრა წლისა ვიყავი.
ერთმა თანაკლასელმა მაგრად მცემა. ტანადაც ჩემზე დიდი იყო, ღონეც მეტი
ჰქონდა, სისწრაფეც. დავიწყეთ თუ არა ჩხუბი, ცხადი შეიქნა, რომ იოლად
მომერეოდა. ჩემს ყოველ მოქნეულ მუშტს იცდენდა და მისი ყოველი მოქნეული
მუშტი მხვდებოდა. რამდენს არ ვცდილობდი, კარგად დამემიზნებინა, დამესწრო,
რა ხერხს არ ვხმარობდი, მისი მუშტები ამეცდინა, არაფერი გამომდიოდა. ეს
მამწარებდა, საკუთარ გულს ვასკდებოდი და ამის გამო კიდევ უფრო
უთავბოლოდ ვიქნევდი მუშტებს და კიდევ უფრო იოლად ვეგებოდი მის
ხრიკებზე. სიმწრისაგან გულ-მუცელი მეწვოდა. ტკივილი იმდენად არ
მაცოფებდა, რამდენადაც შეურაცხყოფა, და შეურაცხყოფა იმდენად არ
მაცოფებდა, რამდენადაც საკუთარი უილაჯობა. ბოლოს და ბოლოს ამ
სასოწარმკვეთმა უილაჯობამ მთელი ჩემი არსება აავსო და მე უკვე აღარაფერი
არ ვიყავი, გარდა უილაჯობისა, რომელიც ხსნას ვერსად ხედავდა, რადგან არ
არსებობდა ხსნის არავითარი შანსი. ეს საშინელი განცდაა. ისეთი განცდაა,
ლიანდაგზე რომ იყო აკრული და ხედავდე, როგორი გარდაუვალი მუქარით
მოქრის შენკენ მატარებელი. საზარელი, აურიდებელი ძალა, რომელსაც ვერსად
გაექცევი. შეიძლება ჭკუაზე შეცდე. არ ვიცი, იქნებ სხვებს არც მოსდით ასეთი
რამ და მე უბრალოდ ზედმეტად მქონდა გაღიზიანებული თავმოყვარეობა. ასეა
თუ ისე, იმ დღეს მტკიცედ გადავწყვიტე, შური მეძია და დაუყოვნებლივ
დავიწყე ვარჯიში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს სამაგიეროს გადახდის
სურვილი კი არ იყო, არამედ უპირატესობის მოპოვების, ჯობნის სურვილი.
გალახვას იოლად შევარჩენდი, ჯობნას - ვერა. მას მერე დიდი დრო გავიდა. ხან
კრივში ვივარჯიშე, ხან სიმძიმეების აწევაში, ხან ჭიდაობაში, ხან კულტურიზმში.
მოგვიანებით აღმოსავლურ სისტემებს გავეცანი და ამ სისტემების ათვისებას
მივყავი ხელი. მაგრამ, რაშიაც ვივარჯიშე, ყველგან უკმარისობის გრძნობა
მქონდა. ყოველ ვარჯიშს რაღაც ღირსება ჰქონდა და რაღაცას მმატებდა, მაგრამ
არც ერთი არ იყო ისეთი, რომ მთლიანად დავეკმაყოფილებინე. ამასობაში
წამოვიზარდე, ყველაფერი კარგად შევაჯერე ერთმანეთთან და საბოლოოდ
საკუთარი სისტემა მოვიგონე. მას აქეთ ამ საკუთარი სისტემით ვვარჯიშობ და
თან თავად სისტემასაც გამუდმებით ვხვეწავ...

- იმ თქვენს გამლახავს რა უყავით?

- ორი წლის მერე გავლახე. გავლახე ისეთი უპირატესობით, როგორითაც ადრე


თვითონ გამლახა. ჩემდა გასაოცრად ამან ის კმაყოფილება ვერ მომგვარა, რასაც
მოველოდი. თავიდან, ცოტა არ იყოს, შევცბი, მაგრამ მალევე მივხვდი, რაშიც
იყო საქმე: შურისძიების გრძნობა ორი წლის განმავლობაში დაჩლუნგდა, ხოლო
ის, რაც თავიდან მიზანი მეგონა, მხოლოდ ბიძგი ყოფილა. იმ ბიჭის გალახვა და
მის წინაშე ჩემი უპირატესობის დამტკიცება ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავდა,
მე თავს უფრო დიდი, უფრო სერიოზული უპირატესობისათვის ვამზადებდი.
ჩემი სისტემა კარგი გამოდგა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვვარჯიშობდი
თავდავიწყებით, არაფერი ქვეყანაზე არ მინდოდა ვარჯიშის გარდა.
ვვარჯიშობდი მუდამ. როცა ვისვენებდი, მაშინაც კი ვვარჯიშობდი. თეორიულად,
გონებაში. ახლა ჩემი სხეულის ყველა ასო, ყველა კუნთი, ყველა ნაწილი,
შინაგანი ორგანოების ჩათვლით, გაწვრთნილია და ისე ვფლობ, როგორც თქვენ,
ვთქვათ, თქვენს საჩვენებელ თითს. როდესაც შესაძლებლობის მაქსიმუმს
მივაღწიე და მკაფიოდ ვიგრძენი ჩემი უპირატესობა, საჭირო შეიქნა ამ
უპირატესობის დამტკიცება, რათა რასაც მე ვგრძნობდი, სხვებსაც ეგრძნოთ. ჯერ
ვიფიქრე, სპორტისათვის მომეკიდა ხელი და მსოფლიო რეკორდი დამემყარებინა,
მაგრამ მალევე გადავიფიქრე. სპორტი თეატრივითაა. ყველაფერი მოგონილია,
ყველაფერი არანამდვილია. მხოლოდ პირობითი წინააღმდეგობის გადალახვა
გიხდება და არავითარი ხიფათი არ გემუქრება. გამარჯვებას კი მაშინ აქვს ფასი,
თუ დამარცხება მართლა დამარცხებაა. თამაში რას მიქვია! სპორტული
ფარიკაობა პატარ-პატარა კაცების საქმეა. ფარიკაობას მაშინა აქვს აზრი, როცა
ვიცი, რომ მე თუ ვერ მოვასწარი ჩხვლეტა და მოწინააღმდეგემ მომასწრო,
სისხლი გამომივა. ხიფათის გარეშე ნამდვილ უპირატესობას ვერ დაამტკიცებ და
ვერც უპირატესობის ნამდვილ გრძნობას დაიკმაყოფილებ. ასეთ ვითარებაში,
ადრე თუ გვიან, უეჭველად უნდა მივსულიყავი ძარცვის იდეამდე. მძარცველს
ფართო ასპარეზი აქვს და იქ კარგად ჩანს, რა შეუძლია და რა არა.

- მუხრუჭი?
- რა მუხრუჭი? - თავი ასწია უკლებამ და წარბებშუა კვლავ გაუჩნდა ის ორი
წვრილი ნაოჭი.

- კანონი. სახელმწიფო.

უკლებამ ტუჩის კუთხეები ოდნავ ჩამოუშვა.

- როცა კანონები მოიგონეს, ჩემთვის არ უკითხავთ, თუ მოგწონსო. საერთოდ,


სახელმწიფოსთან არავითარი ხელშეკრულება არ დამიდვია. მე თავისუფალ
პიროვნებად დავიბადე და არ ვაპირებ კანონის თოკი გამოვიბა ყელზე.
სახელმწიფოს თავისი ციხეები ჩემთვის არ აუგია.

- მაინც რომ ჩაგსვეს?

უკლებამ გაიღიმა.

- მერე ვერ წამოვედი? არ გეგონოთ, აქამდე რომ დავრჩი, იმიტომ დავრჩი,


გაქცევა ვერ მოვახერხე. არა, იქაურობამ დამაინტერესა, თორემ წამოსვლით, რა
წუთას მინდოდა, იმ წუთას წამოვიდოდი. ციხეში ციხის უფროსზე უკეთ
ვიცოდი, რა ხდებოდა გარეთ და თუკი რამე კავშირი მჭირდებოდა ქალაქთან,
მქონდა. ამაღამ, პირველის ათ წუთზე, აგერ, აქვე, მოსახვევთან მანქანა
მომაკითხავს და ქალაქიდან წამიყვანს. ამის თქმა ახლა შეიძლება, რადგან ამ
გეგმას ვერაფერი ჩამიშლის. თუმცა, რაღა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან არ იქნება
სწორი, გამომყვეთ და ის მანქანა დაინახოთ. იმიტომ, რომ შეიძლება მერე
იძულებული გახდეთ ნომერიც თქვათ. თუმცა ის ნომერი, ცხადია, შეცვლილია,
ალბათ, სინდისი მაინც შეგაწუხებთ... - და მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა, -
კანონი რომ ჩემს წინააღმდეგაა, ეს ძალიან კარგია, მთელ სახელმწიფოს
ვუმტკიცებ ჩემს უპირატესობას. ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუ რწმენა და
ნამდვილი სურვილი აქვს.

აბელს ეჩვენებოდა, რომ გადაპარსული თმა რაღაც არსებითს მალავდა და ხელს


უშლიდა მკაფიოდ და ნათლად დაენახა ეს კაცი.

- ყველა უპირატესობას რომ მოიპოვებთ, მერე მაგით რაღას მიაღწევთ?

- მეტს არაფერს. ეს არის ის, რასაც უნდა მივაღწიო.

- თუ იცით, რომ ქალაქში ყველას სძულხართ?

- როგორ არ ვიცი! - უკლებამ გაიღიმა და სახეზე გულწრფელი სიხარულის


მსუბუქმა ტალღამ გადაუარა, - სწორედ სიძულვილია ის, რითაც ქალაქი ჩემს
უპირატესობას აღიარებს, რაც უფრო ვძულვარ, მით უკეთესია. აბა, თეიმურაზ
კილაძეს რომ არ ვძულდე, სირცხვილით თავი სადღა გამოვყო?

აბელს მოაგონდა, რა გაწიწმატებით აგინებდა თეიმურაზ კილაძე უკლებას.

- ნაძარცვს რას უშვრებით?

- არაფერს, - უკლება გაჩუმდა და დაფიქრდა. მერე თავის ფიქრებს გაუღიმა,


ნელა ასწია თავი და აბელს შეხედა, - ერთი პირობა დავაპირე არსენას გზას
გავყოლოდი: ვისაც ჰქონდა, მისთვის წამერთმია და ვისაც არ ჰქონდა, მისთვის
მიმეცა. მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ეს გზა რომანტიკოსების მოგონილი
ზღაპარია. შეუძლებელია ვინმეს რამე მისცე. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის
წართმევა ადვილია, მიცემა გაცილებით ძნელი. არავინ არაფერს არ იღებს.

- თაკილობენ?

- ეშინიათ. აშკარად რომ მისცე, ამ საქციელს დამაჯერებელი ახსნა სჭირდება.


დამაჯერებელი ახსნა კი არ არსებობს. ან კი რა დამაჯერებელი ახსნა გინდა
მოუძებნო გულკეთილობასა და უანგარობას? სიცილად არავის ეყოფი. ჩუმად
შეაპარებ და შიშით ახლოს არ ეკარებიან. მაშინვე მილიციას ეძახიან. ეჭვი არ
ეპარებათ, რომ ვიღაცა ხაფანგს უგებს. არა. დახმარება ურთულესი ხელოვნებაა
და თუ ვინმე ამას შეძლებს, მე იძულებული გავხდები მისი უპირატესობა
ვაღიარო... - უკლებამ საათს დახედა, - თორმეტი ხდება, - და აბელს მიუბრუნდა,
- ალი უნდა წავიყვანო.

- თქვენია... - ცალი მხარი აიჩეჩა აბელმა და გულში რაღაც ჩასწყდა, რადგან


დაინახა, რომ ალიმ, რომელიც უკლებას სკამთან იწვა, თავისი სახელის
გაგონებაზე კუდი სხარტად ააქიცინა და პატრონს დრუნჩი წვივზე აუსვა.

- რომც დავტოვო, არ დარჩება.

- დიდებული მსახიობიაო, თქვენზე ამბობენ, - აბელს ალიზე ლაპარაკი სევდას


გვრიდა და საუბრის თემა შეცვალა.

უკლებამ აბელს თვალი აარიდა, სივრცეს გახედა მის მხარზემოთ და მცირე


დუმილის შემდეგ დაფიქრებით თქვა: - ტიბალტი ბოლომდე მინდოდა მეთამაშა.
არ ვიცი, რა გამოვიდოდა, მაგრამ ისეთი ტიბალტის თამაშს ვაპირებდი,
რომელსაც ადამიანის სიყალბე ყელში აქვს ამოსული და მტერი და მოყვარე
ერთნაირად ეჯავრება. აღიზიანებს ადამიანები, რადგან ერთმანეთს უღიმიან და
გული ბოროტებით აქვთ სავსე. სიკეთეც აღიზიანებს, რადგან ყოველგვარი
სიკეთე ბოროტების ნიღაბია. რომეოც სძულს და ჯულიეტაც. მონტეგებსაც
სიამოვნებით გაჟლეტდა და კაპულეტებსაც. სიცოცხლე მისთვის სიკვდილის
ძებნაა, - აქ გაიღიმა და დაუმატა, - არ დამცალდა, - მერე ისევ საათს დახედა, -
თორმეტია, - და სწრაფად წამოდგა, - გილოცავთ ახალ წელს.

- თქვენც გილოცავთ.

- წავედი. წავედით, ალი.

ალი წამოხტა, კუდი ააქიცინა, აწრიალდა, აღარ იცოდა, როგორ გამოეხატა


სიხარული.

უკლებამ ქურქი ჩაიცვა, ქუდი დაიხურა, ჩანთა აიღო.

- ზნეობრივ მხარეზე არასოდეს გიფიქრიათ? - ჰკითხა უეცრად აბელმა.

- რაზე? - უკლებამ, ეტყობა, მართლა ვერ გაიგონა.


- სიცოცხლე ხომ გასხეპილი ხე არ არის, რომ მარტო ერთი პლანი და ერთი
მიმართულება ჰქონდეს. ხომ არსებობს სიკეთე, ხომ არსებობს ზნეობრივი
კანონები, რომლებიც სახელმწიფოს არ მოუგონია.

უკლება, წასასვლელად გამზადებული, იდგა და ისეთი სახით უყურებდა აბელს,


რომელშიაც გაკვირვება და დაცინვა უცნაურად ირეოდა ერთმანეთში.

- ზნეობრივი კანონები სახელმწიფოს არ მოუგონია. სიკეთე და ზნეობა პატარა


კაცუნებმა მოიგონეს, რომელთაც სხვა კოზირი არ ჰქონდათ, მოწინააღმდეგის
უპირატესობა რომ გაეჭრათ. რა ვქნა, ასე მწამს და ასე მჯერა. აბა, კარგად
იყავით. - ამ სიტყვებით შეტრიალდა, მაგრამ კარის ზღურბლზე კიდევ ერთხელ
მობრუნდა და სანამ საბოლოოდ გაქრებოდა, თქვა, - დამიმტკიცეთ, რომ სიკეთე
და ზნეობა მართლა არსებობს და მაშინ დაგიჯერებთ. შეირთეთ ცოლად
ხოფერიას ქალი და დაგიჯერებთ.

ალი მოუსვენრად წრიალებდა კარის ზღურბლზე, თითქოს ეშინოდა, წასვლა არ


გადაეფიქრებინა პატრონს და უკანვე არ შებრუნებულიყო. აბელისკენ არც
ერთხელ არ გამოუხედავს...

ასლანის მანქანას მუსიკალური სიგნალი ჰქონდა. თუმცა აბელი მანქანებში და


მათ სიგნალებში მაინცდამაინც ვერ ერკვეოდა, ამიტომ დაბეჯითებით არ იცოდა,
სიგნალი იყო მუსიკალური თუ უბრალოდ ასლანი ახერხებდა, ჩვეულებრივი
სიგნალი მუსიკალურად დაეკრა. ასე თუ ისე, სახლის წინ რომ ხმამაღალი,
ჭყვიტინა საცეკვაო გაისმა, აბელმა გაკვირვებით აიღო თავი და საათს დახედა.
ორის ხუთი წუთი იყო. არადა, რომ გეკითხათ, ერთს არ შეყოყმანდებოდა, ისე
გიპასუხებდათ, უკლება და ალი ეს წუთია გავისტუმრეო.

ამასობაში საცეკვაო მუსიკა შეწყდა, კიბეზე ბრაგაბრუგი გაისმა და აბელი


მიხვდა, რომ ასლანი მარტო არ იყო. იმავ წუთს კარიც გაიღო. ზღურბლზე იდგა
ასლანი თავის ოთხივე მემკვიდრესთან ერთად. პირველი ნინიკო შემოვიდა.
ხელში პატარა კალათი ეჭირა, ვაშლით, მანდარინით, კაკლით, ჩურჩხელებითა
და გოზინაყით პირთამდე სავსე. მოციმციმე თვალებში სიხარული ედგა და
უმიზეზო, ზღვის მონაბერი სუსტი ნიავივით მსუბუქი, გაუგებარი სევდა,
რომელიც მის ლამაზ, ბავშვურ, მაგრამ უკვე უაღრესად დახვეწილ სახეს რაღაც
გამოუთქმელ მომხიბლაობას ანიჭებდა.

- ძია აბელ, მოგილოცავთ ახალ წელს! - ხმამაღლა, მკაფიოდ წარმოთქვა გოგონამ


აშკარად წინასწარ მომზადებული ფრაზა.

აბელი დაიხარა, გოგონა კალათიანად აიყვანა ხელში და საფეთქელზე აკოცა.

- შენც მოგილოცავ, ჩემო მზეთუნახავო.

გოგონა ისევ დასვა, გოგიტას აკოცა, ტყუპებს, ბოლოს ასლანს ხელი ხელზე
მაგრად დაჰკრა და ისიც გადაკოცნა.

- რამ წამოგიყვანა ასეთ ამინდში?! - თავი გაიქნია აბელმა.

- გმირებსა და ვაჟკაცებს, - ასლანმა თითი და წარბი ასწია, - ვერაფერი ამინდი


ვერ შეაშინებს! - ამ სიტყვებით მაგიდას გადახედა და ორი თეფში რომ დაინახა,
ეშმაკური ღიმილით გადაიტანა მზერა აბელზე, ეტყობა, თავში კვიმატმა
ვარაუდმა გაუელვა.

ბავშვებმა თბილი პალტოების გახდა დაიწყეს. ხმაურით, ჟრიამულით იხდიდნენ


და აბელს წამით მოეჩვენა, თითქოს უხილავ ნაკადულს გადაკრული უხილავი
ყინული გალღვა და უხილავი წყალი ხალისიანი ჩუხჩუხით ამოძრავდა უხილავ
კალაპოტში.

ის იყო, აბელმა თავისი და უკლებას თეფშები აიღო, სუფრა ხელახლა გაშალა


და შამპანურის გახსნა დაიწყო, რომ ერთ-ერთმა ტყუპისცალმა იკითხა: - ძია
აბელ, ალი სად არის?

აბელმა ბოთლის გახსნა წამით შეწყვიტა. მერე ისევ განაგრძო.

- წავიდა ალი. ფა-ფუ!

- სად წავიდა? - ახლა მეორე ტყუპისცალმა ჰკითხა და ორივე ტყუპისცალი


ერთნაირად პირდაღებული მიაჩერდა. ნინიკომაც მოიხედა. გოგიტამ კი შუბლი
დიდი კაცივით შეიჭმუხნა და შეწუხებულმა გაკვირვებით ჰკითხა: - აღარ არის?

- აღარ არის. მომწყინდა შენთან ყოფნაო, მითხრა და თავის პატრონთან წავიდა.

ბავშვებს ერთი კი აღმოხდათ სინანულისა და იმედგაცრუების ხმა, მაგრამ იქვე


მიავიწყდათ ალი და ოთახს მოედვნენ. სამაგიეროდ ახლა ასლანი დაინტერესდა.
ასლანმა ხმადაბლა ჰკითხა: - რა უყავი?

- პატრონმა წაიყვანა. - აბელმა საცობი მოარყია და ბოთლი ჰაერში დაიჭირა.


ასლანისკენ არ მიუხედავს.

- რომელმა პატრონმა? - გაიკვირვა ასლანმა.

აბელმა მხრები აიჩეჩა.

- უკლებამ. სხვა რომელი პატრონი ჰყავდა.

- ხუმრობ თუ...

ამ დროს საცობი ბათქით მოსძვრა ბოთლს, ჭერს მოხვდა, იქიდან ასხლეტილი


ჯერ მაგიდაზე დაეცა და მერე, უკვე ძალადაკარგული, იატაკზე გადმოვარდა.
აბელმა, შამპანური რომ არ დაღვრილიყო, სწრაფად დაიწყო ჭიქებში ჩამოსხმა.

- სად იყო უკლება?

- აქ იყო.

- გამოიქცა?

- ჰო, - აბელმა ჭიქები შეავსო. ერთი ჭიქა ახლოს მიუჩოჩა ასლანს, მეორე
თვითონ აიღო და მიუჭახუნა, - აბა, გაგვიმარჯოს, სიკეთე მოეტანოს ახალ წელს.

- გაგვიმარჯოს, - მექანიკურად გაეპასუხა ასლანი და ასევე მექანიკურად დაცალა


ჭიქა.
ფიქრით, ეტყობა, სხვა რამეზე ფიქრობდა.

- შენ ნახე? აქ შემოვიდა?

- ვავახშმე კიდეც. - ასლანმა ამის გაგონებაზე სწრაფად მოათვალიერა მაგიდა,


მაგრამ აბელისა და უკლებას თეფშები იქ უკვე აღარ იდგა.

აბელმა კი განაგრძო, - ხორცს არ ჭამს თურმე. ლობიო და მხალი კი ძალიან


მოეწონა, თუმცა საერთოდ ცოტა ჭამა. - აბელი ბავშვებს მიუბრუნდა, - ჰეი,
ამორძალო! ჰეი, რაინდებო! მე ვერაფერი დაგახვედრეთ, მაგრამ თქვენს მოტანილ
ხილს მაინც შეექეცით, - ხელი მაგიდის შუაში ჩადგმული კალათისაკენ გაიშვირა.

მიპატიჟება მხოლოდ გოგიტამ მიიღო, დანარჩენებმა უა-რი თქვეს. გოგიტა წამსვე


ეძგერა კალათს, სამი ცალი მანდარინი ამოიღო, ორი აქეთ-იქით შარვლის
ჯიბეებში ჩაიდო, მესამეს კი გაფცქვნა დაუწყო. ნინიკომ ჩუმად უჩქმიტა
მკლავზე და მწყრალად უთხრა რაღაც ხმადაბლა, რაზეც გოგიტამ იდაყვი აუქნია
და კმაყოფილმა გაიცინა.

ასლანი უხმოდ მისჩერებოდა აბელს. ბოლოს, ერთბაშად, თავისი მგრგვინავი


სიცილით გაიცინა, ბოთლს ხელი დაავლო და ჭიქები ხელახლა აავსო.

- ყველას თავისი გზით გაუმარჯოს! - თავისი ჭიქა აბელისას მიუჭახუნა. მერე


დაცალა, დადგა და აბელმაც რომ გაუმარჯოსო, და დალია, უკვე მხიარული
კილოთი განაგრძო, - დაკითხვას ვერ აცდები, მაგრამ ეგ არაფერია. ციხეში
უარესი ამბავი დატრიალდება. სამი-ოთხი შტატი ისე გამოთავისუფლდება,
როგორც არაფერი, - ჭიქები ისევ შეავსო, - აბა, თითოც დავლიოთ და ჩემთან
წავიდეთ. ხომ შეხვდი ახალ წელს საკუთარ სახლში, მეტი რაღა გინდა! ახლა
წავიდეთ და ვიქეიფოთ. რომანი მყავს და კიდევ ერთი-ორი კაცი. უცხო არავინაა.

აბელმა წაუსვლელობის მიზეზი ვერაფერი იპოვა. მით უმეტეს, რომ საქმეში


წამსვე ბავშვები ჩაერივნენ. ტყუპმება ყელის გაწვდენით დაუწყეს ხვეწნა: -
წამოდით რა, ძია აბელ! წამოდით რა!

ნინიკო ჩუმი მოლოდინით უყურებდა, გოგიტამ კი მკლავები დაიკაპიწა და


მუქარით შეუტია: - ერთი არ წამოსულხარ!

და აბელმაც მიზეზის ძებნას თავი მიანება. გოგიტას შიშით შეხედა, მხრები


აიწურა და დამფრთხალი ხმით თქვა: - მოვდივარ, მოვდივარ!

ბავშვები ამ გამარჯვებას მხიარული ყიჟინით შეხვდნენ, აბელი კი ასლანს


მიუბრუნდა.

- გედეონისთვის კი მინდოდა მიმელოცა ახალი წელი.

- გავიაროთ მერე! მაგაზე ადვილი რა არის!

- დავგვიანდებით. სახლში თუ სტუმრები გელიან...

- მელიან არა! რას მელიან! გულდაგულ სმაში არიან. ნანო იქ არის, სიმამრი იქ
არის და სიდედრი იქ არის. დილამდე რომ არ მივიდე, კაცი არ მომიკითხავს.
- თუ ასეა, გავუაროთ გედეონს.

- გავუაროთ, ოღონდ რაღაცა წავიღოთ ტკბილად დასაბერებელი.

აბელს თვითონ არაფერი ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტეს, გორდაძეების მოტანილი


ტკბილეულის ნაწილი წაეღოთ. ცოტ-ცოტა ყველაფერი ჩაყარეს მოზრდილ თიხის
ჯამში და წავიდნენ. აბელი ასლანის გვერდით დაჯდა, ბავშვები უკან დასხდნენ
და მაშინვე ძიძგილაობა დაიწყეს. ოთხივენი თავისუფლად ეტეოდნენ, მაგრამ
მაინც ჭიჭყინებდნენ, იდაყვებით აწვებოდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ,
სხვებზე მეტი ადგილი დაენარჩუნებინათ.

გედეონის სახლთან ასლანმა მანქანა გააჩერა და ყველანი გადმოვიდნენ. ასლანმა


ზარი დარეკა. შიგნიდან რომ ფეხის ხმა მოისმა, წინ ბავშვები დაიყენეს.
პირველი აქაც ნინიკო იყო, რომელსაც ხილითა და ტკბილეულით სავსე ჯამი
ეჭირა ორივე ხელში.

გედეონს გაეხარდა, თვალები, ჩვეულებრივ, ეშმაკურად აუციმციმდა, ყველანი


გადაკოცნა, ბავშვებს თბილად მიეფერა და გამოთქვა მოსაზრება, რომ
ქართველები ევროპაში მიდიან და თან აზიის მწვავე ნოსტალგია მიჰყვებათ.
აბელი ვერ მიხვდა, რა საბაბი იპოვა მოხუცმა ან რას გულისხმობდა ამ
ნათქვამში. რაც შეეხება ასლანს, ასლანი არც დაინტერესებულა, ცალ ყურში
შეუშვა და მეორედან გაუშვა. გედეონმა სტუმრები დიდ ოთახში შეიპატიჟა,
შამპანურის ბოთლი გამოიტანა და ასლანს ჩააბარა, შენ გახსენი, ამის ოსტატი
შენა ხარო, თვითონ კი ბავშვებს მიხედა. აბელისაგან განსხვავებით იგი
მზრუნველი და წინდახედული მასპინძელი გამოდგა, ბავშვებს შოკოლადის
ფილები ჩამოურიგა და იმათაც დაუყოვნებლივ მოითხვარეს ცხვირ-პირი. მერე
ლიმონათი დააყოლებინა. ბიჭები გაიწუწნენ და გაიჭყიპნენ, ნინიკო უფრო
თავშეკავებულად იქცეოდა. ასლანმა შამპანური გახსნა, მერე, ახალი წელი რომ
მიულოცეს ერთმანეთს და თითო ჭიქა დალიეს, გედეონიც თავისთან დაპატიჟა.
გედეონმა უარი უთხრა და თავის მხრივ ყავა შესთავაზა სტუმრებს. ის ბოთლი
დაცალეს, ყავა დალიეს და მასპინძელს გამოეთხოვნენ. გედეონმა ქუჩაში
გამოაცილა სტუმრები და მადლობა გადაუხადა. ნინიკოს თეატრალური
მოწიწებით აკოცა ხელზე და უთხრა, ამ ხნის მოვიყარე და ასეთი კარგი მეკვლე
ჯერ არ მყოლიაო. ნინიკომ მშვიდად შეანათა თავისი მოციმციმე თვალები და
ღირსეულად გაუძლო ქათინაურს.

- ახლა ვის გავუაროთ? - ღიმილით იკითხა ასლანმა, როცა მანქანა დაძრა.

- სამსონს, - თავისდა მოულოდნელად მიუგო აბელმა.

- მართლა?

- არა. ისე გითხარი.

ცენტრს რომ გასცდნენ, ასლანმა ზემოთ, ვიწრო ქუჩაში შეუხვია.

- სად მიხვალ? - გაუკვირდა აბელს.

- სამსონთან.
- რას ამბობ, კაცო! ვიხუმრე.

- საახალწლო სურვილები უნდა შესრულდეს! - ასლანმა მარცხენა ხელი საჭეს


გაუშვა და საჩვენებელი თითი მანქანის ჭერს ატაკა.

- გეფიცები, ვიხუმრე, რა მინდა სამსონთან!

ასლანმა მის ფიცს ყურადღება არ მიაქცია. ბავშვებიც აყაყანდნენ, წავიდეთ


სამსონთანო. არც ერთი მათგანი სამსონს არ იცნობდა, მაგრამ სტუმრად
სიარული უხაროდათ და მზად იყვნენ, მთელი ღამე კარდაკარ ევლოთ.

- ხელცარიელი ხომ არ შევალთ ახალ წელს! - აბელი თავს უხერხულად


გრძნობდა და წაუსვლელობის საბაბს ეძებდა.

- რა უჭირს, - თქვა ასლანმა.

ამ დროს უკან გოგიტა აწრიალდა. იწრიალა გოგიტამ, იწრიალა და ბოლოს თქვა:


- მე რომ მაქვს, ის მივულოცოთ?

- შენ რა გაქვს? - გაეცინა ასლანს. აბელსაც გაეცინა. გოგიტას და-ძმებიც


აკუჭკუჭდნენ.

გოგიტას ნირი არ შეუცვლია. სერიოზული, საქმიანი, თუმცა ცოტა


შეფიქრიანებული სახით დაიწყო ჯიბიდან თავისი ავლადიდების ამოლაგება.
კარგახანს იხვნეშა და საბოლოოდ კალთაში გადმოალაგა ორი ცალი მანდარინი,
ერთი შუაში გადატეხილი ჩურჩხელა, ერთი ვაშლი, ერთი პატარა ფილა
შოკოლადი და ოთხი შოკოლადის კანფეტი.

- აი! - თქვა ბოლოს, როცა საქმეს მორჩა.

- სად მოაგროვე, ბიჭო, ამდენი რამე? - ჰკითხა ასლანმა.

გოგიტა, ეტყობა, ელოდა ასეთ კითხვას და პასუხიც მზად ჰქონდა.

- პაპა გედეონმა მომცა.

- პაპა გედეონმა კი! არავისაც არ მოუცია. მოიპარა. - თქვა ერთმა ტყუპისცალმა.

გოგიტა გულდაგულ მოემზადა სატირლად. ეჭვი არაა, მშვენივრად ესმოდა, რომ


სხვა საშუალებით ამ ბრალდებას ვერ მოიხსნიდა, მაგრამ აქ აბელი ჩაერია
საქმეში.

- ჯერ ერთი, კი არ მოუპარავს, უბრალოდ აიღო, - და გოგიტას მადლიერი


მზერა რომ შენიშნა, გაეღიმა, - მეორეც, თქვენ რა იცით, იქნება გული
უგრძნობდა, რომ დაგვჭირდებოდა და არ გვექნებოდა.

- მიგრძნობდა, - შეფიქრიანებული გამომეტყველებით დაუდასტურა გოგიტამ.

- აი, ხომ ხედავთ! უგრძნობდა. მესამეც, რა გულუხვი უნდა იყო კაცი, რა


გულკეთილი, რა გმირი, რა ვაჟკაცი, რომ ვიღაც სამსონისთვის ამდენი
ტკბილეული გაიმეტო!
გოგიტა გაიბღინძა, ტირილი გადაიფიქრა, წვითა და დაგვით მოგროვილი
სიმდიდრე უკლებლივ მიუთვალა აბელს და მერე მთელი გზა ამაყი, ღირსეული
სახით იჯდა. ისე იყო გატიკნილი საკუთარი დიდსულოვნებისა და
ხელგაშლილობის ღრმა შეგნებით, რომ და-ძმებს ზედაც არ უყურებდა.

აღმართის თავში იდგა დიდი, ათსართულიანი და ოთხსადარბაზოიანი სახლი.


სამსონმა ერთხელ აბელს უთხრა, ბოლო სართულზე ვცხოვრობო, მაგრამ ეს
ცნობა მთლად ზუსტი არ გამოდგა. სინამდვილეში, როგორც გამოირკვა, სამსონი
ცხოვრობდა ათსართულიანი სახლის მეთერთმეტე სართულზე. მეათე სართულზე
ფართო, ღია კიბე იცვლებოდა ბლოკის კედლებს შორის მოქცეული ვიწრო,
ციცაბო და კლაკნილი კიბით. ეს კიბე ადიოდა ბრტყელსა და ვრცელ ბანზე,
რომელიც მობეტონებულ ეზოს უფრო ჰგავდა, ვიდრე სახურავს. ამ ბეტონის
ეზოს ერთ კუთხეში იდგა პატარა, დაბალი, თეთრი ოთახი ვიწრო, ცალფა
კარითა და კვადრატული ფორმის მომცრო სარკმლით. ცხადია, არც სამსონსა და
არც სხვა ვინმეს სახურავზე ოთახის აშენების უფლებას არავინ მისცემდა.
როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად ტექნიკური დანიშნულების რაღაც სათავსს
წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანებით, რაღაც მანქანების წყალობით, იქცა
სამსონის სახლად, სამსონის ბინად, სამსონის სენაკად. ამ ფაქტში უკვე იყო
ერთგვარი იდუმალება და არარეალურობა, მით უფრო გასაკვირი არ არის, რომ
ახალი წლის თოვლიან ღამეს აქ, მოულოდნელ გარემოში, ბეტონის ვრცელ
მოედანზე, რომელიც სამსონისთვის ეზო იყო, ხოლო სახლის ყველა დანარჩენი
მობინადრისათვის სახურავი, აბელს სწორედ არარეალურობის, იდუმალებისა და
გაუგებარი სიმყიფის უცხო და უცნაური გრძნობა დაეუფლა.

გადაუღებლად თოვდა. თეთრი პეპლების მსგავსი დიდრონ-დიდრონი


ფანტელები ფარფატით ეშვებოდნენ ქვემოთ და სადღაც ხევში იკარგებოდნენ,
ხოლო უფრო ქვემოთ, ხევის ძირას, მიწაზე გართხმული ქალაქი ჩანდა და არც
ჩანდა. ქალაქი სუსტად ბჟუტავდა თოვლის სქელი, თეთრი ფარდის მიღმა. ქუჩის
ფარნებისა და სახლების ფანჯრებიდან გამომავალი შუქი უღონოდ მიისწრაფოდა
ერთმანეთისაკენ, ერთმანეთში ირეოდა და ილესებოდა და ისე იყო განდღრეული
მთელ ქალაქში, თითქოს ეს ნამდვილი ქალაქი კი არ ყოფილიყოს, არამედ
წყლის ზედაპირი, რომელიც ირწეოდა და ნამდვილი ქალაქის შუქს
არაბუნებრივად ირეკლავდა.

ოთახი ბნელში იყო გახვეული. ეტყობა, სამსონს უკვე ეძინა. ასლანმა უკან
გაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ აბელმა არ ქნა. რაკი მოვედით, გავაღვიძოთ,
არაფერი უჭირსო და კარზე დააკაკუნა.

- რომელი ხარ? - მოისმა იმავ წამს შიგნიდან. ხმას ნამძინარეობისა არაფერი


ეტყობოდა.

- მეკვლეები ვართ, - მიუგო აბელმა.

ოთახში შუქი აინთო. შუქი სარკმლიდან გადმოიღვარა და სახურავზე


დადებული თოვლი ააბრჭყვიალა. სამაგიეროდ განათებული ადგილის იქით,
სახურავის კიდესთან, სიბნელე უფრო მკაფიო და თითქოს უფრო მკვრივიც
გახდა.
კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა სამსონი, მაღალი, მოღიმარი,
დიდკბილებიანი. კოჭებამდე ჩამოგრძელებული, წელზე ქამრით შეკრული,
უსაყელო ხალათი ეცვა.

- მობრძანდით, - თქვა მასპინძელმა და ერთი ნაბიჯით დაიხია, რათა


სტუმრებისთვის გზა მიეცა.

პირველი ამჯერად აბელი შევიდა. აბელს მარცხენა ხელი მკერდზე ჰქონდა


მიდებული და ზედ გოგიტას ნაწყალობევი მოსაკითხი ეწყო.

- აქა მშვიდობა და მოგილოცავთ ახალ წელს, - აბელმა თავისუფალი მარჯვენა


ხელი გაუწოდა სამსონს.

აბელს ბავშვები შეჰყვნენ და მოლოდინის წინააღმდეგ, წყნარად მიდგნენ


კუთხეში. ბოლოს ასლანი შევიდა. ახლა იმან მიულოცა: - მოგილოცავ, სამსონ,
ახალ წელს.

სამსონმა ორივეს ჩამოართვა ხელი და თქვა: - ახალი წელი ილუზიაა, ისევე


როგორც მთელი გრძნობადი სამყარო. ჭეშმარიტად რეალური არის მხოლოდ
ბრაჰმას დღე და ბრაჰმას ღამე.

- ჩვენ ასე ვართ მიჩვეული, - მიუგო ასლანმა.

აბელმა ერთხანს ვერ მოიფიქრა, სად დაეწყო ტკბილეული. კარის მოპირდაპირე


მხარეს, ოთახის ბოლოში, ყვითელფარდაგადაფარებული ტახტი იდგა და
კედლიდან კედლამდე მთელ სივრცეს ავსებდა. ტახტის წინ ძველი, გვარიანად
გაქუცული ხალიჩა ეფინა. სარკმლის ძირას გვერდიგვერდ ორი ტაბურეტი იდგა.
ტახტს ზემოთ, კედელზე, მაცხოვრის ხატი ეკიდა. ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს
თავი ოდნავ გვერდზე ჰქონდა გადაგდებული. მაცხოვრის მახლობლად ვიღაც
კაცის სურათი იყო. კაცს ენერგიული სახე ჰქონდა და მოელვარე თვალები.
სარკმლის პატარა რაფაზე შანდალი იდგა ნახევრად ჩამწვარი სანთლით. კარზე
სამკაუჭიანი საკიდი იყო მიმაგრებული და სამივეზე ტანსაცმელი ეკიდა. მეტი
ოთახში არაფერი იყო.

- ეს ტკბილეული გოგიტამ მოგიკითხათ, - უთხრა აბელმა სამსონს და


თავისუფალი ხელი გოგიტას გადაუსვა თავზე.

- დიდი მადლობა. აგერ დავაწყოთ, - სამსონმა ძღვენი ფრთხილად, ორ გზობაზე


ჩამოართვა და სარკმლის რაფაზე დააწყო შანდლის ორივე მხარეს. მერე გოგიტას
შეხედა, გაიღიმა და დიდი კბილები გადმოყარა, - ეს მოსაკითხი ღვთის
წყალობაა და მადლიერებით მივიღებ. ამ ბავშვში ღმერთს სძინავს. ამათშიც.
ყველა ბავშვში. ჩვენშიც ეძინა. ყველაში სძინავს და გაღვიძებას ელოდება. თუ არ
გავაღვიძეთ, ცარიელი ხორცი დავრჩებით. ოდენ სხეული. სხეული ტანისამოსია
მხოლოდ, რომლის საშუალებითაც სული ფიზიკურ არეში მჟღავნდება. ბავშვები
ერთად იდგნენ კუთხეში და გაკვირვებული უყურებდნენ. გოგიტას ჰქონდა ცოტა
განსხვავებული გამომეტყველება, ისეთი, თითქოს შეგინებას აპირებდა, მაგრამ
ჯერ ყოყმანობდა. ასლანი უყურადღებოდ ათვალიერებდა ოთახს, ცალი წარბი
მაღლა მიუდიოდა და მერე ისევ დაბლა ეშვებოდა. - ტანისამოსი ჭეშმარიტ
ცოდნას არ იძლევა. შეგრძნების ორგანოებით მიღებული ცოდნა ისევე
განსხვავდება ჭეშმარიტი ცოდნისაგან, როგორც დოქტორის ბრძანებისა არ იყოს,
- ამ სიტყვებით წამით რაღაც უცნაური, ღრმა მოწიწებით გახედა იმ სურათს,
რომელიც მაცხოვრის ხატის გვერდით ეკიდა, - ბრძოლის აღწერა თავად
ბრძოლისაგან.

- გათბობა თავიდანვე გქონდა თუ მერე გამოიყვანე? - ჰკითხა ასლანმა.

- მთავარი მილი შემოდიოდა, რადიატორი მერე დამიყენეს.

- კარგად კი თბილა, - მოწონებით დაიქნია თავი ასლანმა, - ეს ფანჯარა იღება?

- კი, იღება, - მიუგო სამსონმა, ფანჯარას რატომღაც თითი მიუკაკუნა და


განაგრძო, - მაგრამ ეს ყველაფერი, გათბობის რადიატორიც და ფანჯარაც,
მეორეხარისხოვანი საგნებია, რადგანაც მხოლოდ ფიზიკურ არეში მოქმედებენ.
გათბობის სისტემას ისა სჯობია, საკუთარი სისხლის მიმოქცევა დაიმორჩილო და
მისი მოძრაობა შენს ნებაზე ცვალო. ადამიანი ერთიანი კოსმიური ენერგიის
ნაწილია. მართალია, იზოლირებული კია, მაგრამ რა უდგას წინ? დაძლიე ეს
იზოლაცია და შეუერთდი შენს ნამდვილ არსს. ჩვეულებრივ პირობებში, როცა
ეგოიზმი და პატივმოყვარეობა აყვავების ზენიტშია, ცხადია, ეს ძნელია. მაგრამ
ადამიანმა უნდა იპოვოს შინაგანი ძალა, რათა დაძლიოს არიმანის გავლენა და
ჭეშმარიტებისკენ იბრუნოს პირი. ჭეშმარიტება კი მაშინ გამოჩნდება, როცა
შევძლებთ პალტოსავით მოვიშოროთ ფიზიკური სხეული, ჯემპრივით წავიძროთ
ეთერული სხეული, ღამის პერანგივით გავიხადოთ ასტრალური სხეული და
წმინდა არსით შევაბიჯოთ ზეგრძნობად სამყაროში. ეს ძნელი გზაა და მძიმე
გამოცდა მოგველის. ზეგრძნობადი სამყაროს ბჭეს რომ მიადგები, ზეგრძნობადი
სამყაროს ზღურბლს რომ მიუახლოვდები და მთელი შენი ადამიანური
უძლურება, შენი ეგოიზმი, პატივმოყვარეობა, ფარული და შენიღბული
სურვილები სურათებიანი წიგნივით გადაგეშლება თვალწინ, შეშინდები,
შედრკები, პანიკაში ჩავარდები, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა გზა
ჭეშმარიტებისაკენ არ მიდის. დღეს უმთავრესი პრობლემა არის ერთიანი
მსოფლიო-საკაცობრიო რელიგიის შექმნა. სინამდვილეში ყველა რელიგიის
გულისგული ერთი და იგივეა...

- წავიდეთ, თორემ ძალიან დავგვიანდით, - თქვა ასლანმა

- რომელი საათია? - იკითხა სამსონმა.

აბელმა საათს დახედა.

- სამის ნახევარია.

სტუმრები კარისკენ დაიძრნენ. სამსონმა ისინი სახურავის კიდემდე გააცილა.

- ...უბრალოდ ყველა ხალხმა ამ ერთიან გულისგულს ირგვლივ საკუთარი


ეთნიკური და ფსიქიკური გარსი შემოაკრა და ის, რაც ნამდვილი იყო, ამ გარსის
ქვეშ მოექცა. ქრისტეს მოძღვრება ქრისტიანებმა შერყვნეს. საჭიროა მოიძებნოს ის
საერთო საწყისი. მაშინ ყველას, ქრისტიანებსაც, მაჰმადიანებსაც, ბუდისტებსაც,
ინდუისტებსაც, ყველას ერთი ჭეშმარიტი რელიგია ექნება, რომელიც ადამიანს
ერთი ჭეშმარიტი გზით წაიყვანს. ყველა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი
სწორედ ამას ქადაგებდა, მაგრამ ადამიანებს არ ესმოდათ მათი, რადგან
ადამიანები ცდილობდნენ, გონებით ჩაწვდომოდნენ იმას, რასაც შეუძლებელია
გონებით ჩაწვდე. დროისა და სივრცის კანონებით შემოსაზღვრული გონება, რაღა
თქმა უნდა, ვერ გაიგებდა ზედროულ და ზესივრციერ იდეებს. აბა, კარგად
იყავით.

ბავშვები ჩუმად მიაბიჯებდნენ კიბეზე. მანქანაშიც ჩუმად ისხდნენ, არ


ხმაურობდნენ, არ ძიძგილაობდნენ. იქნებ სამსონი არც არაფერ შუაში იყო,
უბრალოდ დაიღალნენ და ეძინებოდათ. ამ მოსაზრების სასარგებლოდ
ლაპარაკობს ის, რომ შინ მისვლისთანავე საწოლ ოთახს მიაშურეს და დაწვნენ
თუ არა, მაშინვე ღრმა ძილით დაეძინათ.

სტუმრები ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ ასლანისა და აბელის გამოჩენას.


თამადამ, რომან ადეიშვილმა, ორივე მათგანი თითო დიდი ყანწით დააჯარიმა.

თავი მეთხუთმეტე

ცხოვრების მდინარემ ტრიალ მინდორს მიაღწია, გაივაკა და ერთი ხანობა


მდორედ, მშვიდად და უხმაუროდ მიუყვებოდა თავის კალაპოტს. თუმცა, თუ
შედარებას ბოლომდე ვენდობით, ისიც უნდა ითქვას, რომ მდორე ადგილას
მდინარეს მეტი სიღრმე აქვს, ვიდრე კლდე-ღრეებში, სადაც ყურისწამღები
ხმაურით მიხტუნავს. და თუნდაც შედარება არასანდო იყოს, ფაქტი მაინც მის
სასარგებლოდ ლაპარაკობს: ამ წყნარი, ჩუმი, შეუმჩნეველი პერიოდის
განმავლობაში აბელმა თავის პორტრეტს რამდენიმე საინტერესო (და, ვინ იცის,
იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანიც კი) შტრიხი შემატა.

მაგრამ შედეგებზე ჯერჯერობით ნუ ვილაპარაკებთ. თანმიმდევრობით მოვყვეთ


ყველაფერი, რისი მოყოლაც აუცილებელი ან უკიდურეს შემთხვევაში,
მიზანშეწონილია. დავიწყოთ იმით, რომ უკლებას გაქცევამ ქალაქს სუსხიანი
ქარივით გადაუქროლა. ვისაც ეძინა, გააღვიძა, ვისაც ეღვიძა, ააფორიაქა. ატყდა
მითქმა-მოთქმა, ჩურჩული, ჭორაობა. ყველას თავისი შეხედულება ჰქონდა,
თავისი ვარაუდი, თავისი ზღაპარი. თუმცა მთელ ამ ალიაქოთში, რომელსაც
უფრო გახურებული გული კვებავდა, ვიდრე ფხიზელი გონება, მკაფიოდ
გამოსჭვიოდა ერთი საერთო აზრი: რომ უკლებას „ვიღაც-
ვიღაცები“ ეხმარებოდნენ, თორემ ისე ციხიდან ვერ გაიქცეოდა. ამ ვერსიის
გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ ქალაქის
ხელისუფლებამ ეს „ვიღაც-ვიღაცები“, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც,
კერძოდ, ციხის ადმინისტრაცია, დაუყოვნებლივ დაითხოვა სამსახურიდან.
ოფიციალურად ადმინისტრაციას ბრალად ედებოდა უნიათობა და
უყურადღებობა, მაგრამ ჭორი ისეთი რამაა, სიღრმე და წვრილმანები არ
აინტერესებს. მისთვის მთავარია ზოგადი, ფორმალური კავშირები. პატიმარი
გაიქცა და ადმინისტრაცია დაითხოვეს. მაშასადამე, ადმინისტრაციამ პატიმარი
გააპარა. თავად სამსახურიდან დათხოვნილი ციხის უფროსი შინაურ წრეებში
როყიოდ, ბოღმიანად იცინოდა და მწარე ირონიით ამბობდა, ერთი საყვარელიძე
ყოფილიყო ჩემს ადგილას, მაგასაც ვნახავდი, როგორ დააკავებდა უკლებასო.
მერე საქმიანი, ცოტა იდუმალი და ცოტა შურისა თუ პატივისცემის
გამომხატველი კილოთი ამტკიცებდა, უკლება ისეთი კაცია, ცხრაკლიტულში
ჩასვი, თუ გინდა ათი გალავანი შემოარტყი და, რაც ქვეყანაზე
ზედამხედველებია, ყველა დარაჯად დაუყენე, გაქცევა თუ მოინდომა, მისი
დაკავება ტყუილი საქმეაო. შესაძლებელია, ციხის უფროსი განზრახ ამუქებდა
ფერებს, რადგან უკლებას ყოვლისშემძლეობა ერთგვარად მის შერცხვენასაც
აქარწყლებდა, ქალაქისთვის კი ეს ცეცხლზე ნავთის გადასხმას უდრიდა.
ქალაქისთვის ციხის ადმინისტრაციის გამოცვლა დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. ან
კი რაღა აზრი ჰქონდა გამოცვლას: მთავარი ავაზაკი თავისუფლად
დანავარდობდა და, ვინც ციხეში დარჩა, იმას ძველი ადმინისტრაციაც
მშვენივრად მოუვლიდა. პანიკაში ჩავარდნილი ქალაქი თავდასაცავად მოემზადა.
ორი დღის განმავლობაში გაიყიდა ყველა კლიტე, ისიც, რაც მაღაზიაში იყო, და
ისიც, რაც იმ წვერგაუპარსავ, ფართოკეპიან შავ კაცებს აქვთ ხოლმე, რომლებიც
საყელოამოწეულები, ბეჭებში ოდნავ მოხრილები, ცოტა დამფრთხალი
თვალებითა და ხელში ძველებური, გაქუცული ჩანთებით დასუნსულებენ
მაღაზიების წინ. ქალაქი დაემსგავსა ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს,
რომელშიაც ყველა კარი ჩარაზულია და ყველა ფანჯარა ჩაურდულებული.
ლოგიკას თუ მივყვებით, უკლება, ცხადია, ქალაქში არ დადგებოდა, პირიქით,
რაც შეიძლება შორს გადაიხვეწებოდა, მაგრამ, ჯერ ერთი, შიშმა ლოგიკა არ იცის
და, მეორეც, სიფრთხილე არასოდეს არ არის ზედმეტი.

აბელი მეორე დღესვე დაიბარეს დაკითხვაზე. გამომძიებელი ვეებერთელა საწერ


მაგიდას უჯდა და სავსებით ქაჩალი იყო. არც თმა ჰქონდა, არც წვერი, არც
ულვაში. წარბები რა არის, წარბებიც კი არ ჰქონდა. და თუ ბალანი რაიმე
არსებითის გამომხატველი ნიშანია, ეს ნიშანი ამ კაცში წარმოდგენილი იყო
მხოლოდ და მხოლოდ წითური წამწამებით. სხვა მხრივ ღაჟღაჟა იყო და
მაგიდასთან ისე მყარად და მორგებულად იჯდა, თითქოს ამ სკამზე
დაბადებულა, არასოდეს ამ სკამიდან არ ამდგარა, და თუ როდისმე სიკვდილი
ეწერა, ამ სკამზე მოკვდებოდა. დაკითხვა, აბელის მოლოდინის საწინააღმდეგოდ,
ფორმალური გამოდგა. გამოძიებას ფაქტიურად მხოლოდ ორი საკითხი
აინტერესებდა: რომელ საათზე მოვიდა უკლება აბელთან და რა ეცვა. ბოლოს
გამომძიებელმა მოუბოდიშა, შეგაწუხეთ და დრო დაგაკარგვინეთო, და დაუმატა,
თუ საქმის მსვლელობისთვის აუცილებელი შეიქნა, შესაძლებელია კიდევ
ერთხელ მოგვიხდეს თქვენი შეწუხებაო. აბელი გაკვირვებული და კმაყოფილი
დარჩა. მართალია, მან დილითვე იცოდა, რომ დაკითხვაზე იყო მისასვლელი,
მაგრამ ნასვამსა და დაღლილს ფიქრის თავი არ ჰქონდა, სრულიად
მოუმზადებელი გამოცხადდა გამომძიებელთან და დაკითხვის დამთავრების
შემდეგაც არ იცოდა, რა პასუხს გასცემდა, გამომძიებელი რომ დროის იმ
მონაკვეთით დაინტერესებულიყო, რომელიც უკლებამ აბელთან გაატარა, და
დაწვრილებით გამოეკითხა მათი საუბრის შინაარსი.

აბელი მეტად აღარ გამოუძახიათ.

საერთოდ, უკლება მალე დავიწყებას მიეცა. როდესაც პირველი შიში და


მღელვარება მიწყნარდა, ქალაქმა ერთი მნიშვნელოვანი და ოპტიმისტური
დასკვნა გააკეთა: ციხეში მჯდომ უკლებას თურმე გაქცეული უკლება სჯობდა.
ციხე ქალაქში იყო და, სანამ უკლება ციხეში იჯდა, ქალაქს, უნდოდა თუ არა,
მუდამ უნდა ეფიქრა პერსპექტიულ ხიფათზე, რომელიც სადღაც იყო
ჩასაფრებული და ერთთავად ასაფეთქებლად გამზადებული. ახლა კი, როდესაც
პირველი, როგორც გამოირკვა, უაზრო და უგუნური, შიში მინელდა, იმის
რწმენაც გაჩნდა, რომ გაქცეული პატიმარი ამ ქალაქისკენ პირს აღარ იზამდა.
სხვაგან კი რაც უნდოდა, ის ექნა. ბოლოს და ბოლოს, ყოველი ქალაქი, ისე
როგორც ყოველი ადამიანი, მხოლოდ საკუთარი სიმშვიდისათვის ზრუნავს.

მატერიალურ შედეგებზე შეგვიძლია გაყიდული კლიტეების რაოდენობით


ვიმსჯელოთ, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ შედეგებს, მათი მათემატიკური
დაანგარიშება შეუძლებელია, თუმცა ერთი ეპიზოდი, რომელიც აბელის
თვალწინ გათამაშდა, იმდენად მკაფიო და მეტყველი იყო, რომ გარკვეული
სიზუსტით ზოგიერთი ფსიქოლოგიური შედეგის გაზომვისა და აწონის
საშუალებასაც იძლევა. უკლებას გაქცევისთანავე თეიმურაზ კილაძემ საეჭვოდ
დაიწყო აბელის ირგვლივ ტრიალი. ლანდივით დასდევდა. საცა არ ეგონა, უცებ
თავს ამოჰყოფდა, საუბარში ჩაებმებოდა და თან სულ აბელს შესცქეროდა.
აბელმა ვერ გაიგო, რა უნდოდა თეიმურაზს. უთვალთვალებდა? ზვერავდა?
რაღაც სერიოზული ჰქონდა სათქმელი და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა?
აბელმა თავი ისე დაიჭირა, ვითომ ვერაფერს ამჩნევდა. თეიმურაზმა კი იწრიალა
ნერვიულად, იწრიალა და ერთხელ, მარტო რომ დაიგულა, უცებ ჯიბიდან
სიგარეტი დააძრო და შესთავაზა. აბელისთვის ცხადი შეიქნა, რომ რაღაც
მართლა უაღრესად მნიშვნელოვანი ხდებოდა. გაკვირვება არ შეიმჩნია,
გამოწვდილი კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და გააბოლა. თეიმურაზმა
სიგარეტი ისევ ჯიბეში ჩაიდო, ხელები მოიფშვნიტა და რაღაცის სათქმელად
მოემზადა. მაგრამ ბოლო წამს ისევ შეყოყმანდა და უმნიშვნელო წვრილმანებზე
დაიწყო ლაპარაკი. ცოტა ხნის შემდეგ ახალი, კიდევ უფრო მოულოდნელი
ნაბიჯი გადადგა: აბელი ბუფეტში დაპატიჟა. საუზმე და ხილის წვენი რომ აიღო
და ჭამას შეუდგნენ, ერთხანს კიდევ ილაპარაკა უმნიშვნელო და უინტერესო
წვრილმანებზე. მერე უკლებას გაქცევა ახსენა და აბელმა ყურები ცქვიტა, რადგან
თეიმურაზს პროფესიულმა ოსტატობამ უღალატა და უკლებას ხსენებაზე წამით
ამოვარდა უმიზნო მუსაიფის არხეინი კალაპოტიდან. ამის შემდეგ კარგა ხანს
ერთ ადგილს ტკეპნიდა. აღარც მოეშვა ამ თემას და ვეღარც განვითარება
მოახერხა. ბოლოს ჰკითხა, ძაღლი თუ წაიყვანა თანო, და დასტური რომ მიიღო,
ის ამბავი გაიხსენა, აბელს რომ ალის სახელი „დაავიწყდა“. გახსოვსო? - ჰკითხა.
მახსოვსო, უპასუხა აბელმა და იგრძნო, რომ ახლა თეიმურაზი გასაღებს
გადაატრიალებდა და საიდუმლო კარს გააღებდა. მართლაც იმავ წუთს
ყველაფერს ნათელი მოეფინა. თეიმურაზმა წყალში გადაყარა სტანისლავსკის
მთელი სისტემა, თავი მოსჭრა თავის სამსახიობო ნიჭსა და განსწავლულობას,
სრული პროფესიული დისკვალიფიკაცია მოუვიდა, გაწითლდა, ენა დაება,
გაუგებრად და უთავბოლოდ აბლუკუნდა და საბოლოოდ, როგორც იქნა, თქვა,
რომ მაშინ გუნებაზე ვერ იყო, თორემ უკლებას როგორ შეაგინებდა, უკლებას
შესაგინებელი და სალანძღავი რა სჭირს, პირიქით, თეიმურაზი ყოველთვის
პატივს სცემდა მას და აფასებდა. ის მაშინდელი გინება გინებად არ ჩაითვლება
და არაა საჭირო, ვინმემ გაიგოს. ვინმემ რომ გაიგოს, იფიქრებს, თეიმურაზ
კილაძე უკლებას მართლა აგინებდაო... თეიმურაზს საწყალობელი სახე ჰქონდა.
აბელს შეეცოდა და შეეზიზღა. მერე უთხრა, ძაღლის სახელი რომ მომაგონე, ის
კი მახსოვს, მაგრამ, რომ გეგინებინოს არ მაგონდებაო. არც მიგინებიაო, წამსვე
აიტაცა თეიმურაზმა, ისე რაღაცა გაკვრით ვთქვი, შეიძლება მთლად კარგად ვერ
მოვიხსენიეო. აბელმა თავი გაიქნია, არ მახსოვსო. თეიმურაზი დამშვიდდა და
ამით დამთავრდა ყველაფერი. რა იცოდა საბრალო თეიმურაზმა, რომ უკლება ამ
დროს ცხრა მთას იქით იყო, და მას ვერასოდეს შეხვდებოდა, თორემ ან ამოდენა
ხარჯს როგორ გასწევდა, ან თავს ასე როგორ დაიმცირებდა!

ამით მოთავდა უკლებას თემა. ამას იქით ქალაქი უკვე უკლებას გარეშე
ცხოვრობდა და გაცილებთი უკეთაც გრძნობდა თავს.

ნაახალწლევს აბელი ახალ როლზე დაინიშნა რომან ადეიშვილის სპექტაკლში და,


პრემიერა რომ ითამაშა, კიდევ უფრო განიმტკიცა ნიჭიერი მსახიობის სახელი.
ქალაქში უკვე მტკიცე საფუძველი ჩაეყარა მის პოპულარობას და მაყურებლის
პირველი კერძო წერილიც მიიღო. წერილი, რაღა თქმა უნდა, სულელური იყო,
მაგრამ აბელს მისი კითხვისას გული უტოკავდა, სახე და სხეული უხურდა,
აღგზნებული იყო და მერე, მთელი დღე, ლაპარაკის დაუძლეველ
მოთხოვნილებას გრძნობდა. ხანი რომ გამოხდა და აღგზნება ჩაუცხრა, შერცხვა
და შეწუხდა. თეორიულად მან უკვე მშვენივრად იცოდა, რომ პოპულარობა და
სახელი ილუზიაა, ქვიშაში აგებული ციხე-კოშკი. განა შეიძლება ისეთი არშინი
არსებობდეს, რომლითაც პოპულარობა გაიზომება? პოპულარობა ხომ
დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე!
ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე,
შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და
თვალდახუჭულმა საკუთარ თავს უმტკიცო, რომ ვისაც მოსწონხარ, სწორედ მასა
აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება. გედეონ რევიამ მშვიდად გასწია განზე
ეს ბანგშერეული შარბათით სავსე ფიალა. აბელმა არ იცოდა, რა გზა გამოიარა
გედეონმა, რა გამოცდილება დააგროვა, რა ომი გადაიხადა (ან გადაიხადა თუ
არა) საამისოდ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ დღეს იგი სრულიად გულგრილად და
ირონიულად უყურებდა თავის სახელს, თავის პოპულარობას, თავის წარმატებასა
და წარუმატებლობას. და რაც მთავარია, ეს იყო ნამდვილი, ბუნებრივი, საღი
გულგრილობა. აბელი თვითონაც ცდილობდა გულგრილად შეეხედა თავისი
წარმატებისათვის და ზოგჯერ ახერხებდა კიდეც, მაგრამ მისი გულგრილობა
ნაძალადევი იყო, ხელოვნურად შეკოწიწებული. აბელს შურდა გედეონის და
მტკივნეულად განიცდიდა საკუთარ უღონობას. ჩვენ ახლა ვიცით (რადგან
საკმაო გამოცდილება გვაქვს), ხოლო გედეონ რევიამ ალბათ ჩვენზე უკეთ იცოდა
(რადგან მეტი გამოცდილება ჰქონდა), რომ ტკივილი ბრძოლის ბიძგია, ბრძოლა
კი გამარჯვების ერთადერთი საწინდარია (თუკი მართლა გამარჯვებაა ის, რაც
აბელს გამარჯვებად ესახებოდა და რის იდეალსაც გედეონ რევიას პიროვნებაში
ხედავდა.. იქნებ ეს ტკივილი და შინაგანი ბრძოლა ერთ-ერთი მიზეზიც გახდა
იმისა, რომ გედეონმა, ამ ირონიულმა, ჭკვიანმა და ცოტა გაუგებარმა ბერიკაცმა,
ყურთამდე გაუღო სახლის კარი. თავიდან აბელს გედეონის მიპატიჟება
ფორმალური თავაზიანობა ეგონა, რომელიც შეუსრულებლობას უფრო
მოითხოვდა, ვიდრე შესრულებას. მერე და მერე მიხვდა, რომ ფორმალური
თავაზიანობა, რის მეშვეობითაც ადამიანები ურთიერთკავშირს ინარჩუნებენ და
საზოგადოებას ქმნიან, გედეონს სრულებით არ აწუხებდა. იგი ამბობდა იმას,
რასაც ფიქრობდა და არა იმას, რისი თქმაც მისი, ასე ვთქვათ, სოციალური ვალი
იყო. რაკი ეს გაიგო, აბელიც უფრო თამამად დადიოდა და ცოტა ხნის შემდეგ
იქ თითქმის ისევე კარგად გრძნობდა თავს, როგორც გორდაძეებთან.
„თითქმის“ იმიტომ, რომ გედეონსა და აბელს შორის მაინც იყო ერთგვარი
დისტანცია, რომელსაც ქმნიდა მასპინძლის განსწავლულობა, აზროვნების
ხასიათი, ასაკი და ალბათ კიდევ რაღაც ისეთი ნიშანი, რომლის მიგნება აბელს
უჭირდა. თუ შედარებას მოვიშველიებთ, ეს ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ
მოწაფისა და მასწავლებლის ურთიერთობას, როცა მათ შორის ყველა ზღვარი
წაშლილია, გარდა იმისა, რომ ერთი მასწავლებელია და მეორე მოწაფე. მთელი
მათი ნაცნობობის მანძილზე გედეონი მუდამ თქვენობით ელაპარაკებოდა.
აბელის აქტიორულ წარმატებებს კეთილმოსურნე ირონიით იხსენებდა ხოლმე.
თითქოს ცალ ხელს წამქეზებლურად უტყაპუნებდა ბეჭზე და მეორე ხელით
ლაგამს სწევდა. ხანდახან მაგალითებიც მოჰყავდა გამოჩენილი ხალხის
ცხოვრებიდან. ეშმაკური კმაყოფილებითა და უმისამართო ნიშნისმოგებით
ლაპარაკობდა დარვინის უკიდეგანო თავმდაბლობასა და აღიარების
სიძულვილზე, აინშტაინის მიერ საკუთარი უნიჭობის საქმიან და თავგამოდებულ,
ლამის მათემატიკურ მტკიცებაზე. მაგრამ ნაკლს არც იმას აპატიებდა, ვინც
ღირსების მაგალითად მოჰყავდა, რადგან ნაკლსა და ღირსებას, მისი აზრით,
ერთიმეორის გაბათილება არ შეეძლოთ, ნაკლი ნაკლია, ღირსება - ღირსება,
ადამიანისთვის ერთიცა და მეორეც თანაბრად ორგანულია და შესაძლებელია
თანაბრად საჭიროც. ერთხელ, როდესაც პლატონით აღფრთოვანებულმა აბელმა
ქება-დიდების კორიანტელი დააყენა და რამდენჯერმე თქვა სიტყვა „გენიალური“,
გედეონმა გაიღიმა და თვალები აუციმციმდა.

- „სახელმწიფოც“ წაიკითხეთ? - დასტური რომ მიიღო, ღიმილი მოიშორა,


ერთხანს სერიოზული, ცოტა გაკვირვებული გამომეტყველებით უცქირა, მერე
ისევ გაიღიმა, - იცხოვრებდით ამ გენიალურ სახელმწიფოში, თქვენი ნება რომ
იყოს? აბა, კარგად გაიხსენეთ.

აბელმა გაიხსენა და მოეჩვენა, რომ ქება მართლა გადაჭარბებული მოუვიდა. მას


არც უფიქრია, პრაქტიკულად შეეხედა იმისთვის, რაც წაიკითხა. არადა, როცა
სახელმწიფო წყობაზეა ლაპარაკი, სხვანაირად როგორ უნდა შეხედო? გედეონმა
ყოყმანი რომ შეატყო, ჰკითხა: - იცით, რა არის დემოკრატია?

ილაპარაკეს დემოკრატიაზე, ილაპარაკეს თავისუფლებაზე, ილაპარაკეს ადამიანის


ინდივიდუალურ ორგანიზაციაზე, ფსიქიკასა და ნებაზე. ბოლოს, როდესაც
აღმოჩნდა, რომ პლატონის სახელმწიფო რობოტების სახელმწიფოა, ჰკითხა: -
სულელის მეტი მოიგონებდა ვინმე ასეთ სახელმწიფოს?

აბელი გაშტერდა.

- თქვენი აზრით პლატონი სულელია?

გედეონმა გაიღიმა.

- ყოველი გენიოსი სულელია, აბელ, და თუ ჩვენ ჭკვიანები ვართ, არც ერთ


გენიოსს მისი კუთვნილი სისულელე არ უნდა დავუკარგოთ. როგორც კი თქვენ
ნაკლს მიჩქმალავთ და ღირსების იდეალიზაციას მოჰყვებით, მაშინვე გამოჩნდება
ვიღაც, ვინც იმავე მეთოდით საპირისპირო ეფექტს მიაღწევს: ღირსებას
მიჩქმალავს, ნაკლს გაბუქავს და იმ ჩვენს გენიოსს ტახტიდან გადმოგვიგდებს.
ადამიანს ყველაფერი კუთვნილებისამებრ უნდა მიუზღო. ეს ადამიანისავე
ინტერესებშია.

თვითონ ყველას ყველაფერს კუთვნილებისამებრ მიუზღავდა. ისტორიულ


პირებსაც, ლიტერატურულ პერსონაჟებსაც და საერთო ნაცნობებსაც. თუმცა წესს
თავისი გამონაკლისიც ჰქონდა. ერთი კაცი მაინც იყო ისეთი, ვისაც (ყოველ
შემთხვევაში, აბელი ასე ფიქრობდა) მისაგებელს არ მიაგებდა. ეს კაცი სამსონი
იყო. სამსონში ვერავითარ ღირსებას ვერ ხედავდა. ან არ ხედავდა. საერთოდ,
სამსონზე არ ლაპარაკობდა. როცა აბელი ახსენებდა, მოსალოდნელ საუბარს
ერთი აგდებული ღიმილით ან ერთი აგდებული სიტყვით გადაუკეტავდა გზას
და მაშინვე სხვა თემაზე გადავიდოდა. ზოგჯერ აბელს ეჩვენებოდა, თითქოს ამ
აგდებული დამოკიდებულების უკან რაღაც ღრმა, ფარული მიზეზი იმალებოდა,
მაგრამ ეს ეჭვი წამიერი და ბუნდოვანი იყო და არავითარ ხელმოსაჭიდ საბაბს
არ იძლეოდა. არადა, სამსონს ხშირად სრულიად გამიზნულად ახსენებდა,
ცდილობდა მოხუცი სალაპარაკოდ გამოეწვია და დაწვრილებით გაეგო მისი
შეხედულება სამსონის შესახებ. საქმე ისაა, რომ სამსონმა ძალიან დააინტერესა
თავისი უცნაურობით, თავისი გაუგებრობით, თავისი განაპირებით, თავისი ჩუმი,
უხმაურო, უპრეტენზიო და ამავე დროს (სწორედ ამ უხმაურობისა და
უპრეტენზიობის წყალობით) ამაყი, ქედმაღალი, გამომწვევი განდეგილობით,
რომელიც თან რაღაცას გაყვედრიდა, თან ზემოდან დაგცქეროდა, თან თავს
გაცოდებდა. თავდაპირველად აბელს ეგონა, სამსონის უცნაურობაში მთავარი და
მისი აზრით ერთადერთი ძარღვი აინტერესებდა: სამსონი გულწრფელად
აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა, გულწრფელად ამბობდა იმას, რასაც ამბობდა,
გულწრფელად ცხოვრობდა ისე, როგორც ცხოვრობდა, თუ ყველაფერი ეს თამაში
იყო, დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობის ილუზიური საზღაური, თავისი
განკერძოებულობის, განუმეორებლობის, ერთადერთობის ყოველგვარი ხერხითა
და საშუალებით დამტკიცების სურვილი. მაგრამ იმ საახალწლო დარბაზობის
შემდეგ აბელი მიხვდა, რომ ასეთი სწორხაზოვანი და ერთმნიშვნელოვანი კითხვა
პრობლემის ნამდვილ არსს ვერ ამოწურავდა, მისი ინტერესები უფრო რთული
იყო, უფრო ღრმა და მრავალმხრივი, და ამ გაუცნობიერებელ ინტერესებში
თითქოს რამდენიმე სახიფათო და, ვინ იცის, საბედისწერო ძაფიც იყო
ჩატანებული. მაშინდელმა სტუმრობამ მძაფრი შთაბეჭდილება დაუტოვა.
მეხსიერებაში დროდადრო იელვებდა სურათი, რომელზეც გამოსახული იყო
მაღალი სახლის სახურავი ზედ მერცხლის ბუდესავით დაშენებული პატარა
ოთახით, სადაც აყლაყუდა, დიდკბილებიან, კეთილად მოღიმარე სამსონს დაედო
ბინა და საიდანაც იგი ძირს რუქასავით გაშლილ ქალაქს გადმოსცქეროდა, და ეს
შთაბეჭდილება, იმის მაგივრად, რომ თანდათან განელებულიყო,
გაფერმკრთალებულიყო და ბოლოს გამქრალიყო კიდეც, როგორც
შთაბეჭდილების წესია, უფრო გაცხოველდა, უფრო გამოიკვეთა, თითქოს
წყლიდან მარილი გამოიყო და ჭიქის ფსკერზე კრისტალებად დაილექა, და მალე
აშკარა გახდა, რომ სამყაროს მიზიდულობამ მთავარ ძალებს მაღალი სახლის
სახურავზე, სამსონის პატარა სენაკში მოუყარა თავი. იმ ხანებში რომ
აბელისათვის გეკითხათ, მაინც რა არის ეს ძალა, ასე მძლავრად რომ გეწევაო,
უყოყმანოდ გიპასუხებდათ, არ ვიციო. სამსონი მენატრებაო, ვერ იტყოდა.
მეცოდებაო, ვერც ამას იტყოდა. ის საკითხები მაინტერესებს, რომლებზეც
სამსონი ასე გატაცებით და თავდავიწყებით ლაპარაკობსო, ვერც ამას იტყოდა.
უზომო ცნობისმოყვარეობაც გამორიცხული იყო. ან მართლა არ არსებობდა
მიზეზი, ან, თუ არსებობდა, ლოგიკური აზროვნების გარეთ იმყოფებოდა, ხოლო
თუ ლოგიკური აზროვნების გარეშე იმყოფებოდა, ისეთ ღრმა ფენებში იყო
მიმალული, რომ იქ შეღწევა აბელს არ ძალუძდა. აბელი მხოლოდ ერთ რამეს
გრძნობდა და იმასაც უცხო, ბუნდოვანი გრძნობით: ამ დაუოკებელ
მიზიდულობაში იყო რაღაც არაჯანსაღი, სახიფათო საწყისი. მაგრამ ეს გრძნობა
მიზიდულობის ძალას ვერაფერს აკლებდა. ამიტომ ერთ მშვენიერ საღამოს
(საღამო მართლა მშვენიერი იყო. შუა აპრილი, როცა ნაზამთრალ ქალაქში
სიგრილე ჯერ კიდევ საბოლოოდ არ გატეხილიყო, მაგრამ ტყემალი და ნუში
უკვე ყვაოდა და გატრუნულ ჰაერში გაზაფხულის სუნი იდგა) სამსონს ეწვია.
როგორც კი კარი გაიღო და სამსონის გრძელი, კეთილად მოღიმარი სახე
დაინახა, სხეულში წამსვე მწვავე სიცარიელე იგრძნო და ერთბაშად მტკივნეული
გაკვირვებით და უცხო, გამოუკვეთელი შიშით მიხვდა, რომ ის მიზიდულობა,
რომელიც ასეთი საბედისწერო გარდუვალობით ეწეოდა აქეთკენ, აღარსად იყო.
თუ არსებობდა რამე ძალა, ეს განზიდულობის ძალა უნდა ყოფილიყო, რადგან
აბელს ახლა ისე არაფერი უნდოდა, როგორ აქედან წასვლა.

- კარგი ქენით, რომ მოხვედით. შემოდით, შემოდით, - უთხრა სამსონმა.

ოთახში რაღაც მძაფრი სუნი იდგა. აბელს მოეჩვენა, რომ იგი ძველი იყო, მთელ
ოთახში, ყველა კუთხე-კუნჭულში გამჯდარი, და გაუკვირდა, რომ პირველი
სტუმრობისას არ უგრძვნია. რისი სუნი იყო, ვერ მიხვდა. თითქოს საკმევლის,
თითქოს რეზინის, თითქოს ოფლის. შესაძლებელია, სულ სხვა რამის, ან
ყველაფრის ერთად. მალე ყნოსვა იქაურობას შეეჩვია და სუნიც გაქრა
(შემდეგშიც, ყოველ მოსვლაზე, გაიღებოდა თუ არა კარი, ეს გაურკვეველი სუნი
ერთბაშად დაეტაკებოდა და მერე, ცოტა ხნის შემდეგ, გაქრებოდა). სხვა მხრივ
ოთახში ყველაფერი ძველებურად იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პატარა
განჯინას, რომელიც კუთხეში, ტანსაცმლის საკიდის გვერდით იდგა და
რომელიც პირველ მოსვლაზე არ შეუმჩნევია. განჯინას ფარდა ჰქონდა
ჩამოფარებული. ფარდაში მავთული იყო გაყრილი და აქეთ-იქით კედლებზე
ლურსმნებით დამაგრებული. სარკმელი ჩაკეტილი იყო. აბელი რომ შევიდა,
სამსონმა კარი მიხურა და ქადაგად დაეცა. ბოლოს, როცა აბელმა მასპინძელს
თავი დააღწია და წავიდა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ აქეთკენ აღარასოდეს პირს
აღარ იზამდა. მისდა გასაოცრად, ერთი კვირის შემდეგ გულმა ისევ გამოუწია.
ის სიცარიელე და იმედგაცრუების გრძნობა, რომელიც წინა მისვლისას გაუჩნდა
და რომლის წყალობითაც მაშინ მთელი საათნახევარი ეკლებზე იჯდა, ერთხანს
წარმატებით ებრძოდა ხელახალი სტუმრობის ამ ავბედით სურვილს, მაგრამ
სურვილმა თანდათან დაძლია ეს დაბრკოლება და აბელი კვლავ ეწვია სამსონს.
ამჯერად (და ეს ემართებოდა მერე ყოველ მისვლაზე) სიცარიელისა და
იმედგაცრუების გრძნობა ადრევე დაეუფლა, იმ დროს, როცა უკანასკნელი
სართული აათავა და სახურავისაკენ მიმავალ ვიწრო კიბეს შეუყვა. ისეთი
შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ის, რაც შორიდან მნიშვნელოვანი და
ესოდენ მიმზიდველი ჩანდა, ახლოდან რომ შეხედავდი, ნამდვილ სახეს იღებდა,
მოჩვენებით მნიშვნელობასა და მიმზიდველობას კარგავდა და მოსვლის
სიხარული მოსვლის სინანულით იცვლებოდა. ეს უცნაური თამაში დიდხანს
გაგრძელდა. ყოველთვის, როდესაც სამსონის მორიგი ქადაგების შემდეგ
დაცარიელებული და იმედგაცრუებული შინ წავიდოდა, მტკიცედ გადაწყვეტდა,
არასოდეს აღარ მოსულიყო. ერთი კვირის შემდეგ ამ გადაწყვეტილებაში
დაეჭვდებოდა, ორი კვირის შემდეგ მოუსვენრობა შეიპყრობდა და
აფორიაქდებოდა, სამი კვირის შემდეგ ისევ მიდიოდა, რათა კვლავ მოესმინა
ქადაგება და დაცარიელებული, იმედგაცრუებული და საკუთარი
უნებისყოფობით გამწარებული უკან დაბრუნებულიყო მტკიცე გადაწყვეტილებით,
რომ ეს ბოლო სტუმრობა იყო...

სამსონმა ყველაფერი იცოდა, ყველა საიდუმლო, რომელთა ამოხსნას


კაცობრიობამ ამაოდ დაანთხია ტვინი. იცოდა, რომ სამყაროს არსებობა ციკლური
ბუნებისაა. თითოეული ციკლი წარმოადგენს წრეხაზს და რამდენიმე მუხლად,
ანუ, როგორც თავად სამსონი უწოდებდა, რამდენიმე ცივილიზაციად იყოფოდა.
როდესაც ციკლი იწყება ახლადშობილი არსი, რომელიც ამავე დროს
თვითშემეცნების იმპულსია, სპირალური მოძრაობით ეშვება წარმოსახვითი წრის
რკალზე და რეალურად ქმნის ამ წრეს. ეს არის არსის თანდათანობითი
მატერიალიზაციის გზა. იგი თავდება წრეხაზის ქვედა წერტილში, სადაც
მატერია გამოვლინდება მაქსიმალური სიმკვრივით. ამის შემდეგ იწყება აღმასვლა,
რომლის ბოლოში არსი უბრუნდება საკუთარ თავს და ციკლიც სრულდება.
დღევანდელი კაცობრიობა იმყოფება წრეხაზის უკიდურეს ქვედა სეგმენტში,
სადაც მატერიის სიმკვრივე მაქსიმალურია, სადაც არიმანის გავლენის სფეროა,
სადაც სული უკვე მთლიანად მატერიაშია ჩაფლული, გასაქანი აღარა აქვს და
მის ადგილს გონება იჭერს. გონება თავისი პირვანდელი დანიშნულებით არის
სულის იარაღი, რომლის მოვალეობაა მიზეზი და შედეგი ერთმანეთთან
დააკავშიროს. აქ კი, სულის პასიურობის გამო, იარაღი თვითონ ხდება
მდგომარეობის ბატონ-პატრონი, საშუალება იქცევა მიზნად, თითქოს დაღლილ
მძღოლს საჭესთან ჩამოეძინა და მანქანა უთავბოლოდ მიჰქრის, უაზროდ
თელავს ყველაფერს, რაც კი გზაზე ხვდება. საბედნიეროდ, მალე ახალ
ცივილიზაციაში გადავალ, სული გაიღვიძებს, ნელ-ნელა გამოფხიზლდება, საჭეს
ხელს მოჰკიდებს და უპატრონოდ მიტოვებულ მანქანას კვლავ თავის ნებას
დაუმორჩილებს. ასევე კარგად იცოდა სამსონმა ინდივიდუალური სულის
განვითარების გზა და ეტაპები. იცოდა, რომ ხორციელი სიკვდილის შემდეგ
სული თითო-თითოდ გაიხდის თავის რამდენიმე სხეულს, რომლებიც
სიმკვრივითა და სიმძიმით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, და შიშველი და
თავისუფალი თავის კოლეგებს შეუერთდება სულთა საუფლოში, სადაც
მშვენივრად ატარებს დროს, სანამ ხელახალი განსხეულების ჟამი დაჰკრავდეს.
როდესაც აღნიშნული ჟამი დაჰკრავს, სული იწყებს მიწიერი ცხოვრებისათვის
მზადებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ დაკვირვებით ეძებს ისეთ სხეულს,
რომელიც ამომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის გამოადგება. სულმა იცის, რა
მოელის მას, როგორც ხორციელ ადამიანს და ამის შესაბამისად ირჩევს სხეულს.
ყველაფერი ეს (და არა მარტო ეს) სამსონმა იცოდა მტკიცედ, ეჭვმიუტანლად და
როცა ამაზე ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა მწყობრად, დალაგებულად,
მჭევრმეტყველურად, თუმცა ცოტა ზედმეტი გატაცებით. ეს იყო ჩინებული
სისტემა, ჩამოყალიბებული, დალაგებული, კომპოზიციურად შეკრული და
ლოგიკურად ასხმული. მაგრამ ამ სისტემას ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა:
სამსონმა არ იცოდა, რისთვის ხდებოდა ყველაფერი ეს. მიზანი არ იცოდა; თავსა
და ბოლოს ვერ ხედავდა. ცხადია, არ ვიციო, არ ამბობდა. საერთოდ, არ ვიციო,
არაფერზე არ ამბობდა, უბრალოდ, ეს ჩანდა მისი ნალაპარაკევის მიღმა. და
თუმცა ენა არ მოგიბრუნდებოდათ, ამ მშვენიერი, გამარული თეორიისათვის
ტყუილი გეწოდებინათ აბელს მაინც რჩებოდა ტყუილის შთაბეჭდილება და
ბუნდოვანი სევდა ეუფლებოდა. ცუდი ის იყო, რომ გამოეთხოვებოდა თუ არა
სამსონს და დაეშვებოდა თუ არა ვიწრო, ხვეულ კიბეზე, ეს განწყობილება ნელ-
ნელა ქრებოდა, როგორც სუნი ან როგორც მიზიდულობის ძალა, და მალე ისევ
მოუნდებოდა სამსონთან საუბარი, თუმცა კარგად იცოდა, რომ ის
თავისმოტყუებისმაგვარი განწყობილება ისევ იქ დახვდებოდა (აბელს ამ
სფეროში ცოტა რამ წაკითხული ჰქონდა და თუ დაბეჯითებით არა, ბუნდოვნად
მაინც იცოდა, რომ სამსონის მოძღვრებაში საკუთრივ სამსონისა არაფერი იყო,
მაგრამ, როდესაც გედეონ რევიას მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით ეს
სისტემები ახლო გაიცნო, თავისდაგასაოცრად აღმოაჩინა, რომ ეს უცნაური
განწყობილებაც კი, იმედგაცრუებისა და მიზიდულობის ეს გარდაუვალი
მონაცვლეობაც, რასაც მისი ღრმა რწმენით სამსონის პიროვნება იწვევდა, თურმე
სისტემის თვისებიდან მომდინარეობდა).

სამსონის მოძღვრებას რომ თავ-ბოლო არ ჰქონდა, ეს არ იყო მთავარი. ბოლოს


და ბოლოს, ყოველგვარი მოძღვრება წრეხაზსა ჰგავს, სადაც ნებისმიერი
წერტილი წინა წერტილის გაგრძელება და მომდევნო წერტილის დასაწყისია და
არ არსებობს არც ერთი ისეთი წერტილი, რომ მხოლოდ მომდევნო წერტილის
დასაწყისი იყოს, თვითონ კი დასაწყისი არ ჰქონდეს. ასეთ ვითარებაში
ყოველგვარ მოძღვრებას, თუკი მას შინაგანი ლოგიკა ახლავს, არსებობის
თანაბარი უფლება აქვს. მთავარი სხვა იყო, ჯერ ერთი, როგორღაც თავისთავად
ბადებდა ეჭვს ის გარემოება, რომ სამსონმა ყველაფერი იცოდა. ყველაფრის
ცოდნის წინაშე აბელს გაუცნობიერებელი შიში ჰქონდა, ბუნდოვანი გრძნობით
გრძნობდა, რომ ყველაფრის ცოდნა ყველაფრის დასასრულს ნიშნავს. ამიტომ
ეჭვი ჩნდებოდა უნებურად, როგორც თავდაცვის ინსტიქტი. გარდა ამისა სამსონს
შეკამათება აღიზიანებდა. მართალია, მათი ურთიერთობის დასაწყისშივე უთხრა,
ის ჭეშმარიტება, რომელიც მე დიდი წვითა და დაგვით მოვიპოვე, შენისთანა
უბირი კაცისთვის შეიძლება უცხო იყოს, ამიტომ ნუ მოგერიდება, თუ რამე
გაუგებარი მოგეჩვენოს, მკითხე, თუ რამე დაუჯერებელი მოგეჩვენოს, შემედავეო,
მაგრამ, როგორც გამოირკვა, ამ განცხადებიდან მხოლოდ პირველი ნაწილი -
„მკითხე“ - იყო გულწრფელად ნათქვამი, „შემედავე“ კი ლიტონი სიტყვა
გამოდგა. შეკითხვაზე მართლა იძლეოდა პასუხს, შეკითხვა ახარებდა კიდეც.
კამათს ვერ იტანდა და ამაოდ ცდილობდა გაღიზიანება დაემალა. აბელმა სულ
მალე იწვნია ეს გაღიზიანება, რადგან შეკითხვებს თავიდანვე კამათი ამჯობინა.
პირველი (და ფაქტიურად ერთადერთი) კამათი გაიმართა სულის ხელახალი
განსხეულების თაობაზე, როდესაც აბელი განსხეულების ტექნოლოგიას გაეცნო
და დაადგინა, რომ სამსონის მოძღვრების მიხედვით შვილს მხოლოდ ფიზიკური,
სხეულებრივი კავშირი აქვს მშობლებთან, სული კი ამ კავშირის გარეშეა, არ
დაიჯერა ეს ამბავი და გულდანდობით წამოიწყო დინჯი, გეგმაზომიერი კამათი.
თუ ეს ყველაფერი მართლა ასეა, საიდან გაჩნდა მემკვიდრეობითობა? რატომ
გადაეცემა ბავშვს მამის მუსიკალური სმენა, რომელიც თანდაყოლილია და არ
გადაეცემა, ვთქვათ, ინგლისური ენის ცოდნა, რომელიც შეძენილია? საიდან
მოდის სულიერ თვისებათა მემკვიდრეობითობა? სამსონმა სცადა ეს ფაქტი
აეხსნა იმით, რომ სული ფიზიკური სხეულის არჩევისას ზრუნავს არა მხოლოდ
თავის მომავალ სხეულზე, არამედ იმაზეც, რომ მშობლებთან ერთგვარი
სულიერი ნათესაობაც იქონიოს. კამათი რომ გახურდა და ასეთი ახსნა საკმარისი
არ გამოდგა, სამსონმა თანდათან გაღიზიანება დაიწყო, შეიძლება ამის გამო
აზრის ძაფებიც დაებნა, ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნის შემდეგ თქვა: სული
აბსოლუტურია და თვისებები საერთოდ არა აქვსო. მაშინ აბელმა მოითხოვა, თუ
ასეა ამიხსენი, ან სევდა რისი თვისებაა, ან სიყვარული, ან ხელოვნების
გრძნობაო. სამსონი იძულებული გახდა, ყველაფერი რაღაც ფიზიოლოგიურ
ცვლილებებზე დაეყვანა ისე რომ ვერც გრძნობდა, როგორ მიექანებოდა სულ
სხვა მხარეს. აბელმა უთხრა, თუკი ფიზიოლოგიით შეიძლება ყოველგვარი
სულიერი მდგომარეობის ახსნა, მაშინ ვილაპარაკოთ ფიზიოლოგიურ
მდგომარეობაზე, სული რაღაში გვჭირდება, ავდგეთ და საერთოდ გამოვრიცხოთ
მისი არსებობაო. საბოლოოდ სამსონის გაღიზიანებამ ზღვარს მიაღწია და
წონასწორობიდან გამოსულმა კამათი ასე დაამთავრა: - ვერ გავიგე, რას
მეკამათები! მე ყველაფერი ჭეშმარიტების წიგნში მაქვს წაკითხული.

ამის შემდეგ კამათს, ცხადია, აზრი აღარ ჰქონდა. რაღაა სადაო, თუ კაცს
ყველაფერი ჭეშმარიტების წიგნში აქვს წაკითხული! შესაძლებელია ამ წიგნში
ყველა წვრილმანი არ იყოს ახსნილი, ამიტომ ზოგი რამ ვერ გაიგო და საეჭვო
მოგეჩვენოს, მაგრამ ეს ეჭვი წამსვე გაქრება, როგორც კი გაიხსენებ, რომ ეს წიგნი
ჭეშმარიტების წიგნია. თუ რამე გაუგებარია, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი
მოუმზადებლობის ბრალია. სამსონს შემდგომშიც არაერთხელ მოუშველიებია ეს
უტყუარი არგუმენტი. ხან ამბობდა, ჭეშმარიტების წიგნში მაქვს წაკითხულიო,
ხანაც - იქა მაქვს წაკითხულიო. როცა ამბობდა, ჭეშმარიტების წიგნშიო, მარჯვენა
ხელის საჩვენებელ თითს მოსაუბრეს მიაშვერდა, როცა ამბობდა, იქო, იმავე
თითს მაღლა ასწევდა. სამსონი მოსაუბრისაგან კამათს კი არა, დასტურს
მოითხოვდა. კამათის ეშინოდა. გულის სიღრმეში ეგებ თვითონვე არ სჯეროდა
ბოლომდე საკუთარი თავის და ბუნდოვნად გრძნობდა, რომ მის მართლაცდა
წვითა და დაგვით აგებულ შენობას მთლად მტკიცე ბალავერი არ ჰქონდა. იმ
გაკვეთილის შემდეგ აბელი აღარასოდეს შეკამათებია. არც ეკამათებოდა და არც
კვერს უკრავდა. ასეთი ურთიერთობა ორივეს აძლევდა ხელს. აბელს ისეთი
გრძნობა ჰქონდა, თითქოს სამსონისა და მისი ქადაგების მიღმა რაღაცას
აკვირდებოდა. სამსონი კი ოფიციალურ დასტურს დიდად არ დაგიდევდათ. რაკი
მოსაუბრე წყნარად უსმენდა, მისთვის ეს უკვე ნიშნავდა დასტურს. თუ
ორჭოფობას შეამჩნევდა, ან მოეჩვენებოდა, რომ შეამჩნია, მაშინვე გაღიზიანებას
იწყებდა და ზოგჯერ, ჯიბრიანი ბავშვივით, რომელიც არგუმენტად უფროს ძმას
იშველიებს, ისეთი სფეროებიდან მოჰქონდა თავისი ნათქვამის დამამტკიცებელი
საბუთები, ამ ნათქვამთან რომ არაფერი კავშირი არ ჰქონდა. როცა უსმენდა,
აბელს ყველაფერი მტკნარ სიცრუედ მიაჩნდა, როცა დაშორდებოდა, საიდანღაც
ჩნდებოდა უცნაური ეჭვი, რომ სამსონის ნალაპარაკევში, სამსონის აზროვნებაში,
სამსონის მთელ ცხოვრებაში იყო სიმართლის მარცვალი, რომელზეც
შესაძლებელია თვითონ სამსონს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა.
რამდენჯერმე სამსონმა თავისი რაღაც „ზებუნებრივი ძალა“ ახსენა. ამ ძალას ისე,
გაკვრით ახსენებდა ხოლმე და საუბარს მაშინე სხვა საგანზე გადაიტანდა. მაგრამ
აბელმა რომ თავისი ეჭვი აგრძნობინა, გადაწყვიტა ამ ზებუნებრივი ძალის
პატარა ნაწილი ეჩვენებინა. და მართლაც აჩვენა. ერთ მშვენიერ დღეს თავის
ტახტზე გაიშოტა, მარცხენა ხელის მაჯა აბელს შეაჩეჩა და პულსი გაიჩერა.
მფეთქავი ძარღვი სამსონის მაჯაზე გაჩუმდა და მთელი ერთი წუთის
განმავლობაში არ შერხეულა. აბელი სახტად დარჩა. სამსონმა მისი სახტად
დარჩენით დიდად გაიხარა და შესაძლებლად მიიჩნია ეთქვა, რომ ეს არაფერია,
ეს სულ უბრალო ექსპერიმენტია, სინამდვილეში მას გაცილებით მეტი შეუძლია,
მას შეუძლია საერთოდ მოკვდეს, ესე იგი სხეულიდან გავიდეს და თავის ნებაზე
ინავარდოს. მერე ამაყად დაუმატა, ძალიან ხშირად ვიქცევი ასე, რაც კი
საიდუმლო ცოდნა მაქვს, სულ ამ გზითაა მოპოვებულიო.

სამსონთან ვიზიტის ამბავს აბელი გედეონ რევიას არ უმხელდა. რატომ არ


უმხელდა, არ იცოდა. ცდილობდა არც ეფიქრა ამაზე, თითქოს გაუცნობიერებელი
შიში ჰქონდა იმისა, რომ ამაზე ფიქრი, ამის გამოკვლევა და დადგენა რაღაც
უცნობ და უსიამო სიმართლეზე წამოაკვრევინებდა ფეხს. თუ გამოუკვლევლად
ვილაპარაკებთ, დროდადრო ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, სპორტსმენი რომ
მწვრთნელის მალულად სიგარეტს ეწევა.

სხვა მხრივ აბელის ცხოვრება მიდიოდა მშვიდად და, როგორც ჩანს, კარგადაც.
უხვად სარგებლობდა გედეონის ბიბლიოთეკით, კითხულობდა ბევრს,
კითხულობდა დაკვირვებით, ცდილობდა ბოლომდე გარკვეულიყო ყველაფერში,
რასაც კი წაიკითხავდა.

ცხოვრება რაღაცა ნიშნის მიხედვით იყო დაყოფილი და დამოუკიდებელ


შრეებად დანაწილებული. როდესაც თავის ნაუკლებარ სახლში განმარტოებული
ნაშუაღამევს. წიგნს მიუჯდებოდა, ეს ერთი შრე იყო. როდესაც გედეონ რევიას
ესტუმრებოდა, სავარძელში იჯდა მძიმე მაგიდასთან, ყავას შეექცეოდა და
მასპინძელს ესაუბრებოდა, ეს სულ სხვა შრე იყო. კიდევ სხვა შრე იყო
გაჩახჩახებული სცენა, სადაც სხვისი სახით გადიოდა, სხვისი ცხოვრებით
ცხოვრობდა და სხვისი სიტყვებით ელაპარაკებოდა სიბნელეში გატრუნულ
დარბაზს. სხვა იყო ლუდხანაში გაშლილი სუფრა, სხვა იყო ყოველდღიური
ცხოვრება თეატრში, სხვა იყო სტუმრად ყოფნა გორდაძეებთან, სხვა იყო
მერისთან ხანმოკლე, ოღონდ გაუგებარი ხელოვნურობით ხელოვნური საუბარი.
მაგრამ ყველა ამ შრეს ჰქონდა უხილავი ძაფი, რომელიც ყოველივეს კრავდა,
აკავშირებდა, ერთ ცხოვრებად ამთლიანებდა.

ახალი წლიდან არიოსტო ხოფერია კულტურის სახლის დირექტორად


გადაიყვანეს. აბელს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს მთავარი რეჟისორის ინტრიგა
იყო და თავს დამნაშავედ გრძნობდა, რადგან ამ ინტრიგას თვითონ გაუჩინა თუ
მიზეზი არა, საბაბი მაინც. ერთი პირობა გადაწყვიტა, ყველა ღონე ეხმარა და
რომან ადეიშვილის ჩანაფიქრი ჩაეშალა, მაგრამ მალე სიბრაზემ გაუარა. როგორც
გამოირკვა, თავად არიოსტო მშვიდად და გულგრილად შეხვედრია ამ ამბავს.
აბელი ატყობდა, რომ ამ სიმშვიდის უკან შეკავებული ბოღმა იმალებოდა, მაგრამ
შეტყობა რას კმარა, კაცი თუ თვითონ არ გამოგიტყდა. არიოსტო კი არ
გამოუტყდა. ძალიან კარგიო, მიუგო, როცა აბელმა სამძიმრის კილოთი ჰკითხა,
მართალია, რომ კულტურის სახლში გიპირებენ გადაყვანასო, ჩემი თავის ბატონ-
პატრონი მევე ვიქნები და ყველა სულელის დაკრულზე არ მომიხდება ცეკვაო.
ამის შემდეგ აბელმა განზრახვაზე ხელი აიღო, მაგრამ გულის მოსაოხებლად
რომან ადეიშვილს მაინც უთხრა, ასე გეშინია არიოსტო ხოფერიასი, რომ
თავიდან იშორებო? რომან ადეიშვილმა ზანტად შეხედა, ტუჩის კუთხეები ოდნავ
დაუშვა და დამრიგებლური კილოთი უპასუხა: - ჯერ ერთი, მე არავისი მეშინია,
მით უმეტეს არიოსტო ხოფერიასი. მეორეც, მე კი არ ვიშორებ, თვითონ
მშორდება, და მესამეც, უკეთესი იქნება ყველამ ჩვენ-ჩვენ საქმეს მივხედოთ.

რომან ადეიშვილი ცამდე მართალი იყო და აბელი გაჩუმდა.

თხუთმეტ იანვარს გორდაძეებს ტყუპი ქალი შეეძინათ. ამის აღსანიშნავად


ოცდახუთ იანვარს დიდი ლხინი გადაიხადეს. აბელმა პირველად სწორედ მაშინ
ნახა დათიკო ბარაბაძე. იგი მაღალი კაცი აღმოჩნდა, გამხდარი, დიდი
დაძარღვული ხელებით, მაღალი შუბლით და შეჭაღარავებული თმით, რომელიც
შუბლს ზემოთ გვარიანად გასცვენოდა, გრძელი სახით, ბავშვური, თითქოს
მიამიტური ღიმილითა და გულღია იერით, პატარა, ოთხკუთხედი, მოკლედ
შკრეჭილი ულვაშებით. ულვაშები იმდენად პატარა იყო და იმდენად მოკლედ
შეკრეჭილი, რომ მის დატოვებას ალბათ არც კი ჰქონდა აზრი. მარცხენა თვალი
ოდნავ, სულ ოდნავ გაურბოდა განზე, მაგრამ ეს თითქოს შეუმჩნეველი სიელმე
მაინც საკმარისი იყო საიმისოდ, რომ, როცა გიყურებდათ, დაბეჯითებით ვერ
იტყოდით, მართლა თქვენ გიყურებდათ თუ სხვა ვინმეს. ხმა ღრმა ჰქონდა,
ბოხი და სასიამოვნო. მერის დედა მსუქანი ქალი იყო, პირმრგვალი, და
გულკეთილი გამოხედვა ჰქონდა. წვეულებაზე ქალბატონი სალომეც მოვიდა,
ვიქტორ საყვარელიძის მომხიბლავი მეუღლე, ტანკენარი, ყელმოღერებული,
თავად ბატონ ვიქტორს, როგორც ყოველთვის, თათბირი ჰქონდა. და იმ
რამდენიმე ტანჯულის გარდა ვინც ამ უდროო თათბირს უნდა დასწრებოდა,
ქალაქის მთელი ელიტა აქ იყო. მათ შორის გარაყანიძეც, წარმოსადეგი და
თავდაჯერებული კაცი, რომელსაც არანორმალურად მაღალი ხმა ჰქონდა. მთელი
საღამო, სუფრასთან დასხდომამდე და სუფრასთან დასხდომის შემდეგაც, იგი
გაუთავებლად და ისეთი გატაცებით ლაპარაკობდა პოლიტიკაზე, აშკარა იყო,
ამაში დიდ სიამოვნებას პოულობდა. ხან თითო კაცს დაიმარტოხელებდა, ხან
მთელ გუნდს მიიმწყვევდა კუთხეში და დაიწყებდა: „ახლა ისეთი პოლიტიკური
ვითარებაა...“ თან ვერ იტანდა, ვინმე თუ არ უსმენდა, როგორც კი ლექციის
დროს რომელიმე მსმენელი კერძო საუბარს დააპირებდა, მწყრალად შეხედავდა
და მოუთმენელი კილოთი ტუქსავდა, ამას თქვენთვის ვყვები, თორემ მე რახანია
ვიციო. ვერც აბელი გადაურჩა მის მჭევრმეტყველებას. როცა ისინი ერთმანეთს
წარუდგინეს, გარაყანიძემ მოწყალე ღიმილით გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და
წამსვე გადავიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. აბელმა ერთხანს უსმინა, მერე
სამსონი მოაგონდა, მასზე დაიწყო ფიქრი და გარაყანიძეს მექანიკურად უქნია
თავი, სანამ დრო არ იხელთა, როცა რედაქტორი ახალ მსმენელებს უხმობდა, და
არ გაეპარა. სტუმრები რომ სუფრასთან მიიწვიეს, მერიმ ნებიერი ბავშვის
ჭირვეული კილოთი მოითხოვა, აბელის გვერდით უნდა დავჯდეო. ამ მიზნის
მიღწევა ჭირვეულობის გარეშეც იოლად შეიძლებოდა, თუმცა აბელს მისი
ჭირვეულობა არ გაკვირვებია. ოღონდ ეს იყო, რომ რაკი ამას მერის მშობლებიც
ისმენდნენ, თავი ცოტა კალაპოტიდან ამოვარდნილად იგრძნო და, როცა
ღიმილით მიიპატიჟა და უთხრა, შენ რომ არ დაგესწრო, ამას მე მოვითხოვდიო,
შეატყო, რომ მიუხედავად ღიმილისა და კილოს სიმსუბუქისა, თავაზიან
შეპატიჟებაში ცოტა ნაძალადეობამ გამოჟონა. დედამისმა მერის უეცარ
გამოხდომაზე წყნარად და სიყვარულით გაიცინა, მამამისს კი ან არ გაუგონია
შვილის ნათქვამი, ან არ შეიმჩნია, რომ გაიგონა.
- აბა, შენ იცი, როგორ კავალრობას გამიწევ! - შემოსცინა მერიმ, როგორც კი
სურვილი აისრულა და მის გვერდით დაჯდა.

- ცდას არ დავაკლებ, მაგრამ, თუ გამოუცდელობით რამე შემეშალა,


დიდსულოვნად უნდა მაპატიო.

- წინასწარ პირობას ნუ მიდებ. ხომ იცი, კაპასი ვარ, შეიძლება ყველაფერი


გაპატიო, შეიძლება არაფერი არ გაპატიო.

მერისთან შეხუმრებული საუბარი, თუნდაც მსუბუქი არშიყობა, სხვა შემთხვევაში


ჩვეულებრივი რამ იქნებოდა და აბელი ამას არავითარ ყურადღებას არ
მიაქცევდა. ახლა კი, მერის მშობლები რომ სწორედ მათ პირდაპირ ისხდნენ და
ალბათ ყველაფერი ესმოდათ, ურთიერთობას ცოტა ხელოვნურობისა და
სიმძიმის ელფერი დაჰკრავდა. დედა დროდადრო ღიმილით გადმოხედავდა
შვილს და ზოგჯერ მზერას აბელზეც შეაჩერებდა. მამა კი სუფრის საერთო
დინებაში იყო ჩართული, საუბრობდა, იცინოდა, სვამდა და მერისა და აბელს
არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

მარტის ბოლოს ვანო როსტიაშვილი ოთხზე დადგა და ლუდხანის


შესასვლელიდან სასტუმროს კუთხემდე ასე იარა. ამ მნიშვნელოვან ამბავს წინ
მოსამზადებელი საქმიანობა უძღოდა. კერძოდ, ერთი-ორი კვირით ადრე ვანომ
ჰალსტუხი მოიხსნა, ჭუჭყიანი პერანგითა და დაჭმუჭული კოსტუმით მოევლინა
ქალაქს და რესტორნებში და სასადილოებში „ნაცნობებს“ დაუწყო ძებნა. ბოლოს
და ბოლოს კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხზე დადგა.

აბელი ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო.

ერთი ისეთი უსიამოვნო დღე იდგა, მარტის თვეში რომ იცის ხოლმე ჩვენში.
სუსხიანი, ჯერ კიდევ გამოუზამთრებელი ქარი ქროდა, მზე ხან ღრუბლებს
მიეფარებოდა, ხან ისევ გამოანათებდა და ამას ისეთი სისწრაფით სჩადიოდა,
რომ სითბოს მონატრებულ ყოველ სულიერს გულის კოვზთან უამურად
უღიტინებდა და ნერვებს უშლიდა. გედეონ რევია და აბელი, რომლებიც ერთად
იყვნენ დაკავებული ახალ სპექტაკლში, რეპეტიციიდან მოდიოდნენ. ნაშუადღევი
იყო. ცენტრალურ მოედანზე რომ გამოვიდნენ, ლუდხანის კართან შორიდანვე
შენიშნეს ბლომად ხალხი. როგორც შემდეგ გამოირკვა, ესენი უმთავრესად
ლუდხანის სტუმრები იყვნენ, რომელთაც დროებით შეეწყვიტათ სმა-ჭამა,
სუფრები მიეტოვებინათ და სეირის საყურებლად გამოფენილიყვნენ. მათ
შემთხვევითი გამვლელებიც შეერთებოდნენ. ქუჩის პირას რამდენიმე მანქანაც
გაჩერებულიყო, მძღოლებს თავები გამოეყოთ სარკმლიდან, კმაყოფილი
იღიმებოდნენ და დროდადრო საზეიმო სიგნალს იძლეოდნენ. მოსეირეთა წინ,
შუა ტროტუარზე, ოთხზე იდგა ვანო როსტიაშვილი და, მუხლებსა და
ხელისგულებს დაყრდნობილი, თავჩაღუნული, ნელა, ხვნეშით მოფორთხავდა.
გაფარჩხულ ხელისგულებს სათითაოდ ასწევდა მაღლა და მერე ხმაურით
უტყაპუნებდა ტროტუარს, მუხლებს კი, თითქოს უკანა კიდურები წართმეული
აქვსო, მიწას არ აცილებდა და დამბლადაცემულივით მიათრევდა.

აბელი ვერ მიხვდა, რამ უფრო შეზარა - ვანო როსტიაშვილის სამარცხვინო


მდგომარეობამ თუ მოსეირეთა აღტაცებულმა სახეებმა. სწრაფად დაწინაურდა,
სირბილით მიუახლოვდა ვანოს, წინ გადაუდგა, დაიხარა და ბეჭზე ფრთხილად
დაადო ხელი. კუ რომ მოულოდნელ შეხებაზე შეკრთება და თავ-ფეხს ბაკანში
შემალავს, ასე შეკრთა ვანო როსტიაშვილი, შეკრთა, შეიკუმშა და გაშეშდა. თავი
არ აუღია.

- ადექი, ვანო, რას შვრები! - წყნარად უთხრა აბელმა.

ვანომ რაღაც დაუნაწევრებლად წაილუღლუღა. განძრევით არ განძრეულა. მაშინ


აბელმა ორივე ხელი იღლიებში ჩაავლო, ასწია და შეეცადა ფეხზე დაეყენებინა.
ვანოს დადგომა არც უფიქრია. მოწყვეტილი სხეულის მთელი სიმძიმით დაეკიდა
აბელს ხელებზე. ფეხები უსიცოცხლოდ აითრია ტროტუარზე. აბელმა უფრო
ღონივრად მოსწია და გამართა. ვანოს ფეხები ეკეცებოდა და ისევ მთლიანად
აბელზე იყო დაყრდნობილი.

- დადექი ფეხზე, ნუ გეშინია, - უთხრა აბელმა. მერე დაუმატა, - აბა, შემომხედე,


თუ მიცნობ?

ვანომ ამღვრეული, უტყვი თვალები უაზროდ მიაპყრო, ერთხანს გაუგებრად


ილუღლუღა, ბოლოს რის ვაივაგლახით თქვა: - გიცნობ... აბელი ხარ. მე შენი
დედა... - და შეაგინა.

ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ აბელმა წამით ხელიც კი შეუშვა. კიდევ კარგი
მყისვე მოეგო გონს და ისევ მიეშველა, თორემ საწყალი ვანო ტომარასავით
დაებერტყებოდა ძირს.

- წამო, შინ წავიდეთ, მხარზე გადამხვიე ხელი. - აბელმა ვანოს მარცხენა ხელი
კისერზე გადაიდო.

ვანომ ისევ შეაგინა, შეაგინა წყნარად, უბოროტოდ, ისეთი კილოთი, თითქოს


რაღაც ამბავს უყვებოდა.

აბელმა მშველელის იმედით მიმოიხედა. ლუდხანის წინ შექუჩულ მაყურებლებს


ახლა მკაცრი, მწყრალი სახეები ჰქონდათ. აბელმა მათ თვალი აარიდა და
გედეონს მიხედა. გედეონი ნელა მოსეირნობდა და ჩვეული, თან გულკეთილი,
თან ეშმაკური ღიმილით იღიმებოდა.

- მე შენი წესიერი დედა... - კიდევ ერთხელ შეაგინა ვანომ.

მაშინ აბელმა იგი ფრთხილად დაუშვა ძირს და გამოეცალა. ვანომ ცოტა


შეიცადა, მერე ძველებურად მოეწყო, მუხლებსა და ხელისგულებს დაეყრდნო და
გზა განაგრძო. აბელმა შუბლზე სახელოთი მოიწმინდა ოფლი და გედეონს
დაელოდა. ნაწყენი მოსეირეები ისევ გამხიარულდნენ, ისევ გაუნათდათ სახეები.
უფრო მეტიც: რაკი აბელმა საწადელს ვერ მიაღწია და სანახაობა ვერ ჩაშალა,
მათთვის ახლა აბელიც ამ სანახაობის შემადგენელ ნაწილად იქცა და, როცა
გედეონთან ერთად გვერდით ჩაუარა, მასაც ღიმილით გააყოლეს თვალი.

- ჩვენ ალბათ ის კი არა ვართ, - დაფიქრებით თქვა გედეონმა, ხელჯოხი ასწია


და მხარზემოთ უკან გაიშვირა, - ვინც ოთხზე დგას და ხვნეშით მოფორთხავს,
უფრო ისა ვართ, ვინც ამ სანახაობით თავს იქცევს.
აბელი გაგულისებული იყო. ვანო როსტიაშვილზე, მოსეირეთა ბრბოზე, საკუთარ
თავზე.

- ვინც ამ სამარცხვინო საქმეში ჩაერევა და საწყალი კაცის შველას დააპირებს? -


ეცადა გაბრაზება დაემალა, მაგრამ ვერ დამალა.

გედეონმა ცერად გამოხედა. ეშმაკური ღიმილი მხოლოდ თვალებში ედგა.

- „სამარცხვინო“ და „საწყალი“ თქვენს სინდისზე იყოს. ისე კი ვინც ჩაერევა,


კაცმა არ იცის, ისიც ჩვენა ვართ თუ არა. ერთი რამ, ყოველ შემთხვევაში,
ჩემთვის აშკარაა: ასეთი ჩარევა არა მარტო უაზრობაა, უტაქტობაცაა.

- მაშ, იაროს ოთხზე ვანო როსტიაშვილმა და იხორხოცოს სეირის საყურებლად


შეკრებილმა ბრბომ?

- ნუ ცხარობთ, აბელ! - გედეონმა ხელჯოხი ასწია და კეფა მოიფხანა, - სეირის


საყურებლად შეკრებილ ბრბოს ეს სანახაობა სიხალისეს მატებს, ენერგიას,
შრომისუნარიანობასაც კი მატებს. თქვენი განწირული, მე ვიტყოდი, ცოტა
კომიკური, ჩარევა რომ წარმატებით დაგვირგვინებულიყო და ეს მშვენიერი
კონცერტი ჩაგეშალათ, იმ ხალხს სიხალისე და ენერგია მომატების მაგიერ
მოაკლდებოდა. ცოდო არ არიან? რას ერჩით? რატომ უნდა შეეწიროს ასეთი
სანახაობა თქვენი უადგილო პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას?

- თქვენ გგონიათ, ეს პატივმოყვარეობამ გამაკეთებინა? - აბელმა გულწრფელი


გაკვირვებით შეხედა მოხუცს. მერე კილოში ირონია შეურია, - თუმცა
კაცთმოყვარეობას თქვენ ალბათ არ იცნობთ.

- ყველა რომ ზნემაღალი იყოს, აბელ, არავინ ლოთობდეს, ქუჩაში არავინ


არწყევდეს, არავინ ქურდობდეს, არავინ ცრუობდეს, სიგარეტსაც კი არავინ
ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად
ვიქცეთ, ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისაგან.

- და ამიტომ ტაშით შევეგებოთ ასეთ სისაძაგლეს!

- სისაძაგლე პირობითი ცნებაა. ჩვენ რომ სიცოცხლის მიზანი ვიცოდეთ, მაშინ ამ


მიზანს ავიღებდით ამოსავალ წერტილად და იოლად მოვახერხებდით
მოვლენების დაყოფას სიკეთედ და ბოროტებად. მაგრამ ჩვენ მიზანი არ ვიცით
და ამიტომ მოვლენებს საკუთარი ცხოვრების წესის მიხედვით ვაჯგუფებთ.
თავისი ცხოვრების წესი ყველას კარგი ჰგონია და საზომადაც მას იყენებს. ეს
უსამართლობაა, აბელ.

- მაშინ საზოგადოება რაღაა, თუ ყოველ კაცს თავისი წესი და კანონი აქვს?

- საზოგადოება არაფერი არაა. საზოგადოება არ არსებობს. არსებობს სახელმწიფო,


რომელიც ხელოვნური ცნებაა, და არსებობს ერი, რომელიც ბუნებრივი ცნებაა.
კანონი სახელმწიფოსა აქვს, მაგრამ ხელოვნურ ცნებებზე ლაპარაკი არ ღირს. რაც
შეეხება ერს, ერი პიროვნებათა ჯამია და ამიტომ თავადაც პიროვნებაა. მხოლოდ
მასშტაბით განსხვავდება შემადგენელი ნაწილებისაგან.
- მხოლოდ მასშტაბით? - აბელი ჯერ კიდევ გაგულისებული იყო, - ამას წინათ
ახალგაზრდა ბიჭებმა მცემეს. ბევრნი იყვნენ, რვა თუ ათი. ცალ-ცალკე ვიცი
მხდალები არიან, გულდედლები, კურდღლები. ერთად რომ შეიყარნენ, ისეთი
თვისებები გამოაჩინეს, რაც შემადგენელ ნაწილებს არ ჰქონდათ: მამაცები
გახდნენ, ყოჩაღები, კურდღლებს უეცრად მგლების ფსიქიკა გაუჩნდათ და
სისხლის დანახვაზე ლამის ყმუილი ატეხეს. სახლი აგურისგან შედგება,
ცემენტისაგან და გაჯისგან, მაგრამ არც აგურია, არც ცემენტი და არც გაჯი.

გედეონი ღიმილით უსმენდა და თავს უქნევდა. მერე, აბელმა რომ ლაპარაკი


მოათავა, თქვა: - შედარება, აბელ, ყოველთვის არ ნიშნავს დასაბუთებას. იმიტომ,
რომ შედარება მხატვრული მოვლენაა, დასაბუთება კი მეცნიერული. ჯამი არ
არის შესაკრებელთა უბრალო თავმოყრა, მაგრამ შესაკრებელთა მთავარ
თვისებებს ყოველთვის ინარჩუნებს. მე არ მჯერა, თითქოს თქვენი კურდღლები
მგლებად იქცნენ. ჯამი ასეთ სასწაულებს ვერ მოახდენს. საქმე სიმამაცე და
სიმხდალე კი არაა, არამედ ზნეობა, რომელიც არ შეცვლილა. ის თქვენი
გამლახველები ცალ-ცალკეც მამაცები იქნებიან, თუ მოწინააღმდეგედ პატარა
ბავშვები ეყოლებათ, და ერთადაც მხდალები იქნებიან, თუ მოწინააღმდეგედ
ერთი აბელი კი არა ათი აბელი გამოუჩნდებათ. სახლი ყველგან აგურით
შენდება, მაგრამ ერი თვისებაა და არა არსი. სახლი სახლისგან განსხვავდება
იმიტომ, რომ აგური განსხვავდება აგურისაგან. ერი არის არა სახლი, არამედ
აგურის სიმტკიცე, ცემენტის ხარისხი, კედლის სისწორე, ბალავერის სიმკვიდრე,
ჩუქურთმები. ერი შემოქმედებაა. ჩვენებურ სახლს ჩვენებური აგურის თვისება
აქვს. ჩვენებური აგური ვანო როსტიაშვილი და კაკო ორჯონიკიძეა.

- სხვა არავინ?

- როგორ არა. კონტრასტი ყველგანაა, ჩვენში უბრალოდ უკიდურესად მძაფრი


სახით იჩინა თავი. კონტრასტებს ადგილის მიჩენა უნდა. ჩვენ კი ყველაფერი
ერთად დავახვავეთ. ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ.
წაკითხვით არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარებს
ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი
ჰუმანიზმისათვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს
საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ
საძმო საფლავში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენს ჩამსხვრეულ
ფანჯრებში ქარი გადი-გამოდის.

- მით უფრო არა ვართ მოვალენი, ვანო როსტიაშვილი ფეხზე წამოვაყენოთ,


მყიფე აგური კარგად გამოვწვათ და მტკიცე აგურად ვაქციოთ?

აქ გედეონ რევიამ ცოტა მკაცრი სახე მიიღო.

- იქნებ ჯერ გამოწვა გვესწავლა და მერე გამოგვეწვა... იქნებ ჯერ ჩვენთვის


გაგვერკვია, რას ვუპირებთ ამ საწყალ ვანო როსტიაშვილს. რა გვინდა? ის, რომ
ვანო როსტიაშვილი ოთხზე არ დადგეს, თუ ის, რომ არავინ დაინახოს, ვანო
როსტიაშვილი რომ ოთხზე დადგება? თუ ჩვენ ის ხალხი არა ვართ, ვინც თავის
ნაკლს უფრო თავგამოდებით იცავს, ვიდრე თავის ღირსებას? - აბელმა მხრები
აიჩეჩა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გედეონმა ხელის ენერგიული
მოძრაობით შეაჩერა, - ნუ აჩქარდებით, აბელ, სანამ ცილისმწამებლობას
დამაბრალებთ, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ. ოღონდ გულწრფელად. მე ეჭვი არ
მეპარება, რომ გული გეტკინათ, როდესაც ვანო როსტიაშვილი, თქვენი
თანამემამულე, თქვენი ძმა, თქვენი სისხლი და ხორცი, ასეთ დღეში დაინახეთ.
მაგრამ მითხარით, განა უფრო არ გეტკინებოდათ გული, ამ ამბავს რომ
ინგლისიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფი შესწრებოდა? განა უფრო მწარედ
არ განიცდიდით? მიპასუხეთ. - და როცა აბელმა ნელა, ფიქრიანად დაუქნია
თავი, გედეონი ისევ შეჩერდა, წამით თვალები დახუჭა, მერე კილო ერთბაშად
შეცვალა და ხმადაბლა განაგრძო, - ეს არის, აბელ, ჩვენი პროვინციალობა, ეს
არის გადაბრუნებული ფსიქიკა, ეს არის ყირაზე დამდგარი ზნეობა. თორემ
მკვლელობა და ქურდობა ყველგან ხდება. რა უფლება გვაქვს ვანო
როსტიაშვილს ჭკუა დავარიგოთ, როცა ჩვენ თვითონაც ვანო როსტიაშვილები
ვართ!

ამის შემდეგ, სანამ გედეონის სახლს არ მიაღწიეს, არც ერთს ხმა აღარ ამოუღია.
გედეონი ჯოხის ბაკუნით მიდიოდა და სადღაც შორს იცქირებოდა. აბელს
შუბლი უხურდა და ცოტა გაბრუებული იყო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
სხეულში შხამიანი მუხლუხო დაძვრებოდა. მუხლუხო ზანტად დადიოდა და
ყვითელ კვალს ტოვებდა.

თავის სახლთან გედეონი შედგა.

- ყავაზე არ დამეწვევით?

- არა, - ყოყმანით მიუგო აბელმა, - შინ წავალ.

- წადით, - უთხრა გედეონმა და თვალებში შეხედა, - ჩვენი ხნის ერებმა


თავიანთი საქმე დიდი ხანია მოათავეს, აბელ. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი
საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიაც შემოქმედს
საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა.

ეს მოხდა მარტის ბოლოს, ხოლო მაისის ბოლოს, როცა ქალაქში ვარდისა და


მწიფე ბლის სურნელი ჭარბობდა, კაკო ორჯონიკიძემ აბელს საკუთარი
მოთხრობა წაუკითხა. ამ მიზნით სახლში მიიტყუა. მოთხრობა არ უხსენებია.
სახლს გაჩვენებო, ეზო-გარემოს დაგათვალიერებინებო, ოჯახობას გაგაცნობო.
აბელს ეს სტუმრობა არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ კაკო ორჯონიკიძე იმდენ
ხანს ეპატიჟებოდა, ისე თავგამოდებით, ლამის ცრემლმორეული, ემუდარებოდა,
რომ თავისი უსულგულობის შერცხვა. ბოლოს და ბოლოს, რა არის ერთი-ორი
საათის დაკარგვა, თუკი ამით ადამიანს გაახარებ!

კაკო ორჯონიკიძე, ისევე როგორც ქალაქის ძველ მკვიდრთა უმრავლესობა,


კერძო სახლში ცხოვრობდა. ზემოთ, გორაკზე, პარკის მახლობლად ედგა პატარა,
ერთსართულიანი სახლი ჭუჭყიანი თუ ჭუჭყისფერი კედლებითა და უკვე
დამპალი, კარგა ხანია გამოსაცვლელი მესერით შემოღობილი ციცქნა ეზოთი,
რომელშიაც ვარდებისა და იასამნის გარდა იდგა ერთი მაღალი, აშოლტილი
ბლის ხე და ერთიც შედარებით ახალგაზრდა კაკალი. კაკლის ძირას
ფიცრებისაგან შეკრული, საღებავგადაცლილი მრგვალი მაგიდა იდგა. სწორედ ამ
მაგიდასთან დასხდნენ სადილად მას შემდეგ, რაც კაკომ სტუმარს სახლი და
ეზო დაათვალიერებინა და თავისი მეუღლე გააცნო. კაკოს მეუღლე პატარა, შავი
ქალი იყო, გაკნაჭული და გაძვალტყავებული, გეგონებოდათ ფიცრისთვის ზომით
დიდი კაბა ჩაუცმევიათო. არადა, კაკოს თუ დაუჯერებდით, თავისი სპორტული
კარიერის გაფურჩქვნის ჟამს ამ ქალის გულისთვის ვინ იცის რამდენი
სიყვარულით გახელებული ქალიშვილისთვის მოეკლა ახალგაზრდა გული. ქალმა
კაკლის ძირას სუფრა გაშალა. თვითონ არ დაჯდა. აბელმა ამის გამო
უხერხულობა იგრძნო და, დაბრძანდითო, მიიპატიჟა. ამაზე ქალმა უთხრა: -
თქვენ მიირთვით, ბატონო. მე ახლახან გეახელით.

აბელი ცოტ-ცოტას, უგულოდ ჭამდა. კაკო თავგამოდებით აძალებდა, ერთხელ


თავისი ხელითაც კი გადაუღო შემწვარი ქათმის ფრთა. თვითონ მადიანად
ილუკმებოდა. აბელმა ერთი პირობა დააპირა, ღვინოს დავლევ და გუნება ცოტა
გამომიკეთდებაო. მაგრამ ღვინო ჭანგმოდებული გამოდგა და არ ესიამოვნა.

სანამ სადილობდნენ, კაკო თავის სპორტულ წარსულზე ლაპარაკობდა და


გადმოკარკლული თვალები უელავდა. თავს არ იქებდა. ყოველ შემთხვევაში,
ასეთი და ისეთი ვიყავიო, არ უთქვამს. უბრალოდ, ფაქტების ენით ლაპარაკობდა:
მოწინააღმდეგე ორ წუთსა და თვრამეტ წამში ორივე ბეჭით ხალიჩას გავაკარიო,
ოთხ წუთში დავდეო, წუთნახევარში მოვითავე საქმეო. სამაგიეროდ ყველა
მოწინააღმდეგე, ვინც კი წაექცია, ქებით ცაში აჰყავდა. ყველა „საოცარი
ფიზიკური ძალის“ პატრონი იყო, ყველას „საკვირველი ტექნიკა“ ჰქონდა, ყველა
„ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად“ ითვლებოდა. ნასადილევს ეს თემა უკვე
ყოველმხრივ იყო გაშუქებული და კაკოც, ვითომ სხვათა შორის, ახალ თემაზე
გადავიდა: ამჯერად თავისი დაკუნთული, სპორტული ხელი ხელოვნების მაღალ
ჭიშკარს ჰკრა და ჭრიალით გააღო. სადაცაა ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო.
პატარაობიდანვე გრძნობდა, რომ რაღაც უხილავი ძალა (ალბათ მუზა)
ხელოვნებისაკენ ეწეოდა. შუბლზე ხელოვნების ბეჭედი ჰქონდა დასმული და არ
შეიძლებოდა სანთელ-საკმეველს თავისი გზა დაეკარგა.

ბოლოს, როცა თავისი შემოქმედება ახსენა, აბელს გულმა რეჩხი უყო.

- პოეზია, - თქვა კაკომ, - ჩვენი მარჩენალი ძროხა. კაცმა არ იცის, საით


წაგიყვანს, რა უვალი გზებით გატარებს! - აქ ხმას დაუწია და ცოტა მეოცნებე
კილოთი განაგრძო, - ყოველი ქართველი პოეტია, ქართველი პოეტი ორმაგად
პოეტია. - ერთხანს შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა, თვალები მოჭუტა, ხმას კიდევ
უფრო დაუწია და გრძნობით წარმოთქვა ორი სტროფი ლექსი. ერთი სტროფი
გალაკტიონისა იყო, მეორე, ყველა ნიშნის მიხედვით, საკუთარი. დეკლამაცია
რომ მოათავა, თვალები ისევ დააჭყიტა და წამღერებით თქვა, - არა. გალაკტიონი
მაინც კარგია.

აბელი სიგარეტს ეწეოდა, მასპინძელს მისჩერებოდა და ფიქრობდა: „ეს ბრიყვია,


მაგრამ ეტყობა არც მე ვარ ნაკლები, რაკი ვზივარ და ვუსმენ... ნეტა
მაინცდამიანც მე რატომ ამირჩია მსხვერპლად? ნუთუ ამ ქალაქში ყველაზე
სულელი ვგონივარ? თუ დანარჩენები უკვე „გააკრა ხალიჩას ორივე ბეჭით“ და
რიგმა მე მომიწია“?

კაკო გამართული იჯდა. დაბალ, სქელ კისერზე პატარა, მრგვალი თავი ედო.
პუტკუნა ლოყები ჰქონდა, გადმოკარკლული თვალები, ვიწრო პირი, სქელი
ტუჩები და ერთი ციცქნა, თითქმის არარსებული ნიკაპი. დიდი მუცელი
მაგიდის კიდეზე მიებჯინა.

- როცა ასეთ ადგილას ცხოვრობ, - ისევ დაიწყო კაკომ, - და ასეთი გადასახედი


გაქვს, - ხელი გაიშვირა გადასახედისაკენ (და აბელმა გულში აღიარა, რომ
გადასახედი მართლა კარგი იყო), - არ შეიძლება პოეზიას არ ეზიარო. ქართველი
კაცი პოეზიით სულდგმულობს. მაგრამ მალე გულმა ეპიკური ჟანრისკენ გამიწია.
ჯერ დრამატურგიისკენ გამიწია. - აქ თავისი ვიწრო პირი კიდევ უფრო მოპრუწა
და აგდებით დაუმატა, - ჩვენთან რომ ზოგიერთი პიესა იდგმება, ისეთ პიესებს
მე ერთ ღამეში ვწერ. ბოლოს პროზას ვეზიარე და პროზაში დავიწყე მუშაობა. -
ამ სიტყვებით კაკო სწრაფად წამოდგა. - ახლავე მოვალ, - დაიბარა და
ძუნძულით წავიდა სახლისაკენ.

აბელი მიხვდა, რომ კაკო ორჯონიკიძის ტექნიკურ ილეთზე იყო წამოგებული.


ერთი პირობა დააპირა გავიპარებიო, მაგრამ შერცხვა და გადაიფიქრა.
მასპინძლის კი არ შერცხვა, იმის შერცხვა, რომ გაპარვით თავის უმწეობას
დაადასტურებდა.

ამასობაში კაკო ისევ მობრუნდა, ხელში საერთო რვეული ეჭირა. აბელს არ


გაკვირვებია. მისთვის ახლა ყველაფერი ნათელი იყო და, მასპინძელი
ხელცარიელი რომ დაენახა, ის უფრო გაუკვირდებოდა.

- დიდი არაა, პატარა მოთხრობაა, ხელად წავიკითხავ, - იმის დასამტკიცებლად,


რომ დიდი არ იყო, რვეული გაშალა და აჩვენა, - ძალიან დაგაინტერესებს. - აქ
ხმაში სიმორცხვე შეეპარა, - ცოტა ავტობიოგრაფიულიცაა.

მოთხრობას ერქვა „გრძნობით ანთებული“ და კაკომ ეს სათაური ისეთი


საზარელი ღრიალით წაიკითხა, ისე აენთო და ისე დააბრიალა თვალები, აბელი
ცოტა შეკრთა კიდეც.

მოთხრობა ავტობიოგრაფიული იყო. მთავარი გმირი, მოჭიდავე, სპორტის


ოსტატი, მაღალი, ბრგე, წარმოსადეგი, თმახუჭუჭა, თვალებბრიალა, ისეთი,
ქალები რომ დახურული დარაბების ჭუჭრუტანებიდან უმზერდნენ და ჩუმად
ოხრავდნენ, ერთი სიტყვით, ყველა სიკეთით შემკობილი „ქართველი ვაჟკაცი“,
მას შემდეგ, რაც ჩაბნელებულ ჩიხში ნაზად გამოეთხოვება სატრფოს და
დაპირდება, შენი ხატება მუდამ თვალწინ მეყოლება, ჩემო ყველავ და ჩემო
ერთადერთოო, მიემგზავრება კრასნოდარში შეჯიბრებაზე. იქ პირველივე
შერკინებისას რაინდულმა საქციელმა, ილეთების კორიანტელმა, მომხიბლავმა
ღიმილმა, მეტოქის პატივისცემამ და კოკობმა ულვაშებმა ისეთი პოპულარობა
მოუპოვა, რომ მეორე შეხვედრაზე დარბაზი ყურის წამღებად გაჰკიოდა:
„კარტველი! კარტველი!“ კაკოს პროტოტიპმა, რაღა თქმა უნდა, ფარდაგებივით
მიმოფინა ძირს ყველა მეტოქე და სულ გრიალ-გრიალით გავიდა ფინალში,
სადაც სიუჟეტური ხაზის მეტი დაძაბვის მიზნით პირველი ადგილისათვის
ადგილობრივ, კრასნოდარელ მოჭიდავეს უნდა შეხვედროდა. ამ დროს
„კარტველი“ ვაჟკაცის სახელი უკვე მთელ ქალაქს პირზე ეკარა. კაცები
აღტაცებით აყოლებდნენ თვალს ქუჩაში მის განიერ ბეჭებს, თავებს იქნევდნენ
მოწონების ნიშნად და ნეტა რა დედამ შობაო, გაკვირვებით ეკითხებოდნენ
ერთმანეთს. ქალები ხომ სულ მთლად დაგიჟდნენ და გადაირივნენ. ქალაქს
სიყვარულის ეპიდემიამ დარია ხელი. ტრიბუნიდან სეტყვასავით მოდიოდა
ყვავილები, იდგა ერთი წივილ-კივილი, სასწრაფო დახმარების მანქანების მთელი
კოლონა ძლივს აუდიოდა გულშეღონებულთა აკრეფას. ამასობაში ფინალის
დღეც დადგა. კაცები მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ერთის მხრივ,
აღტაცებას ვერ მალავდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ვეფხვივით დანავარდობდა
ჩვენებური მოჭიდავე არენაზე, მეორე მხრივ, პატრიოტიზმი და ქალაქის
სპორტული პრესტიჟი მათგან თავიანთი სპორტსმენის ქომაგობას მოითხოვდა და
როდესაც ამ თითქოსდა გამოუვალ ვითარებაში ერთმა ბრძენმა მოხუცმა,
რომლის სიტყვასაც ქალაქში დიდი გასავალი ჰქონდა, ღრმააზროვნად თქვა, დაე,
გაიმარჯვოს უძლიერესმაო, კაცებმა მყისვე სიხარულით აიტაცეს ეს ფრაზა და
პრობლემაც გადაიჭრა. რაც შეეხება ქალებს, ეს ქარაფშუტა არსებანი ნაკლებად
დაგიდევდნენ პატრიოტიზმს. ლამაზმანებს ჩვენი გმირი უყვარდათ და მისი
გამარჯვება ეწადათ. ყველას, გარდა ერთისა. მთავარი კი სწორედ ის ერთი იყო,
კრასნოდარელი ფინალისტის დანიშნული, ადგილობრივი პრიმადონა,
ზღაპრული მზეთუნახავი, რომლის სილამაზის ამბავი შორს გასცდენოდა არა
მარტო ქალაქს, არამედ მთელ კრასნოდარის მხარესაც. „კარტველი“ ვაჟკაცი
მართალია შორეულ საქართველოში დატოვებული სატრფოს ხატებას ხმარობდა
ფარად და მისი წყალობით ყოჩაღად იგერიებდა კრასნოდარელი ლამაზმანების
შემოტევებს, მაგრამ გულში მაინც ხინჯად ჰქონდა, რომ ის ერთი ქალი ვერ
გადმოიბირა. და აჰა, ფინალური შერკინებაც დამთავრდა. კრასნოდარელმა
მოჭიდავემ, აგრეთვე ბრგე, წარმოსადეგმა, ლამაზმა ვაჟკაცმა თავჩაღუნულმა
დატოვა სარბიელი. ჩვენებურმა კი გამაყრუებელ გუგუნში კოხტად დაუკრა თავი
დარბაზს ოთხსავე მხარეს, შევარდენივით გამოვიდა არენიდან და გასახდელს
მიაშურა, სადაც თავისიანების ალყაში მოექცა. ულოცავდნენ, კოცნიდნენ,
სიხარულის ცრემლებს იწმენდნენ. უცებ ხვევნა-კოცნა შეწყდა. ყველამ თითო
ნაბიჯით უკან დაიხია და მოწიწებით დაუთმო გზა ვიღაცას. გაიხედა ამ
ჩვენებურმა გმირმა და ხედავს: მისი მეტოქის დანიშნული მოდის. ხელში ერთი
ცალი წითელი მიხაკი უჭირავს. მოვიდა მზეთუნახავი, სულ ახლო მოვიდა, თავი
ასწია, მშვიდი მზერა მიაპყრო ამ ჩვენს ბიჭს, ის ერთი ცალი მიხაკი გაუწოდა
და ნაზი ჩურჩულით უთხრა: „Я вас лублю“. გმირის თვალწინ ჯერ მიჯნურის
ხატება გაჩნდა, მერე დამარცხებული მოწინააღმდეგე. გმირი სულ ერთი წამით
შეყოყმანდა. მერე თვალი თვალში გაუყარა ამ ციურ ანგელოზს, კოკობი
ულვაშები შეარხია, გულღიად გაუღიმა და მიუგო: „Вы мне лубите как брат „ ამ
განსაცვიფრებელი სიტყვებით ხელი ხელში ჩაჰკიდა და მეტოქის გასახდელისკენ
წაიყვანა. იქ ახლა მეტოქეს გაუღიმა და უთხრა: შენ, ჩემო ძმაო, კი დამარცხდი,
მაგრამ მაინც გამარჯვებული ხარ, რადგან ასეთ მშვენიერ ქალს უყვარხარო. მერე
დაამატა, თუ არ დამიწუნებ, ქორწილში მეჯვარედ წამოგყვებიო. და წეღანდელი
მოწინააღმდეგეები ძმურად გადაეხვივნენ ერთმანეთს.

ამას იქით აბელი აღარ უსმენდა, თუმცა კაკომ კიდევ დიდხანს იკითხა. ეტყობა
მერე სულ ქორწილები და სხვა საამო ეპიზოდები იყო და დასამთავრებლად არ
ემეტებოდა.

აბელი ახლა ხორხს მისჩერებოდა კაკოს ყელზე და მის მოძრაობას აკვირდებოდა.


ხორხი ხან ზემოთ ადიოდა, ხან დაბლა ეშვებოდა, ხან ყელის სიღრმეში
გაუჩინარდებოდა, ხან ისევ წამოიწევდა და ამოიბურცებოდა. როცა სიღრმეში
გაუჩინარდებოდა, კანი იჭმუჭნებოდა და ჩვარივით ეკიდა, როცა
ამოიბურცებოდა, კანი იჭიმებოდა, იტკიცებოდა და ლამის გადამსკდარიყო.

ავტორი განცდით კითხულობდა საკუთარ ნაწარმოებს. გატაცებით კითხულობდა,


გზნებით, პათოსით. ხმას ათრთოლებდა, თვალებს აბრიალებდა, მუშტებს
იქნევდა, ზოგჯერ კვნესოდა, ზოგჯერ ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა, ზოგჯერ
ისეთს დაიბღავლებდა, მართლა საკვირველი იყო, რომ გულგახეთქილი
მეზობლები ამბის გასაგებად არ მორბოდნენ.

კაკოს შავი ცოლი ორჯერ გამოჩნდა ეზოში და ორივეჯერ, როგორც კი ქმრისა


და მისი სტუმრის შემოქმედებითი თანამშრომლობის ადგილს მიუახლოვდა,
ფეხის წვერებზე შედგა, თავი გვერდზე მიაბრუნა და ფრთხილად, უჩუმრად
გაიარა, რათა ყურადღება არ მიეპყრო და კაცებისათვის მუშაობაში ხელი არ
შეეშალა.

კაკოს ხორხი აბელმა ზედმიწევნით შეისწავლა. ზუსტად დაადგინა მისი


მოძრაობის ხასიათი, მიმართულება, მაქსიმალური და მინიმალური მანძილი, ამ
მანძილების დამოკიდებულება ხმის კილოსა და სიმძლავრესთან. უკვე იცოდა,
რამდენი ნაოჭი ჩნდებოდა ყელზე, როცა ხორხი სიღრმეში ჩაყვინთავდა და
როგორი იყო კანის დაჭიმულობა, როცა ხორხი ბოლომდე ამოიბურცებოდა,
რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ ხორხის ცალკეული მოძრაობები
საერთო სქემაში მოაქცია და ამ მოძრაობათა ზოგადი კანონი იპოვა, რის
შედეგადაც უკვე წინა მოძრაობის მიხედვით შეუცდომლად შეეძლო ეთქვა, თუ
როგორი იქნებოდა მომდევნო მოძრაობა. ხოლო როცა ყველაფერი
ძირისძირობამდე შეისწავლა და კაკოს ხორხისაგან ახალი აღარაფერი იყო
მოსალოდნელი, ინტერესიც გაუქრა. ფიქრს ახალ თემაზე უნდა გადაენაცვლებინა,
ახალი გასართობი უნდა ეპოვა. ამ დროს იმ უმცირეს მონაკვეთში, რაც ახალი
თემის მოძებნას სჭირდებოდა, გონებაში მოულოდნელად ნიავის მსუბუქ
ქროლვასავით გაიარა საკუთარი ბავშვობის ოცნებათა ქარავანმა. აბელმა მუცლის
ღრუში უსიამოვნო წვა იგრძნო. ნიავივით გაჩენილი ქარავანი ნიავივით უხმოდ
გაქრა. მაგრამ თავის გზაზე უცნაური კვალი დატოვა. და აბელი უეცრად მიხვდა,
რომ ისა და მასპინძელი ერთნი, განუყოფლები იყვნენ და გუნება საბოლოოდ
მოეშხამა. არა. განსხვავებას, ცხადია, კარგად ხედავდა. განსხვავება უზარმაზარი
იყო, მაგრამ ეს განსხვავება იყო რაოდენობრივი და, მაშასადამე, პირობითი.
თვისობრივად კი ერთნი იყვნენ, ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი ედგათ,
ორივე მათგანის სულიერი წყობა ერთსა და იმავე მოდელზე იყო აღმოცენებული,
ორივე ერთსა და იმავე პალოზე იყვნენ გამობმული და, რაც არ უნდა
ეტრიალათ, საითაც არ უნდა გაქაჩულიყვნენ, ამ პალოს ვერ მოწყდებოდნენ და
ერთმანეთს დიდ მანძილზე ვერ გასცდებოდნენ. აბელი რომ გაგიჟებულიყო და
მოთხრობა დაეწერა, რაღა თქმა უნდა, ასეთ მიამიტურ სიბრიყვეს არ დაწერდა,
საკუთარი თავის ასეთ იდიოტურ იდეალიზაციას არ მოჰყვებოდა. მაგრამ
განსხვავება მხოლოდ რაოდენობრივი და მაშასადამე პირობითი იყო. განა აბელს
ეყოფოდა ის ძალა, რომელსაც სახელი არა აქვს, რომ ყოველთვის შიშველი
სიმართლე ეთქვა და არაფერი შეელამაზებინა?

ამასობაში კაკომ კითხვა დაამთავრა, რვეული დახურა, ხელისგულები მაგიდას


ისე დააბჯინა, როგორც დავაბჯენთ ხოლმე, როცა წამოდგომას ვაპირებთ, და
მოლოდინის თვალით მიაჩერდა სტუმარს. თვალები უელავდა, დაბერილი
ლოყები დაწითლებოდა, ცხვირის ნესტოები დაღლილი ცხენივით უთრთოდა,
ტუჩები მოეკუმა, პირში შეეწოვა და ჩაეტრიალებინა.

აბელი შეეცადა თავის ადგილას გედეონ რევია წარმოედგინა და მიმხვდარიყო,


ის რა პასუხს გასცემდა აღელვებულ ავტორს, მაგრამ ვერასგზით ვერ
წარმოიდგინა. ვინ იცის, იქნებ გედეონს მოსმენილიც ჰქონდა უკვე და პასუხიც
გაცემული ჰქონდა.

კაკომ დიდხანს ვერ გაუძლო დუმილს.

- რას იტყვი? - ხმა უთრთოდა და ამაოდ ცდილობდა მღელვარება დაეოკებინა.

აბელი წამოდგა.

- ეტყობა მე და შენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ, რომ ვთქვა ჩემი თავი
მომწონს-მეთქი, ტყუილი გამომივა.

კაკო ერთხანს ჩუმად იყო. თვალებზე შეეტყო, რომ სტუმრის ნათქვამზე


ფიქრობდა და ცდილობდა დაედგინა, ეს მოწონება უფრო იყო თუ დაწუნება.
ბოლოს ჰკითხა: - მაინც როგორია?

- პროზა ჩემი სპეციალობა არ არის. გარაყანიძეს წააკითხე.

- დაბეჭდავს? - კაკო აშკარად ოპტიმისტურ პასუხს ელოდა.

- რა ვიცი. მე რომ რედაქტორი ვიყო, არ დავბეჭდავდი, მაგრამ გარაყანიძე რომ


ვიყო, იქნებ დამებეჭდა კიდეც.

როდესაც კაკოს შავ ცოლს ეთხოვებოდა, შეატყო, რომ ქალი ქმრისა და სტუმრის
გამომეტყველების მიხედვით ცდილობდა გაეგო, როგორი წარმატებით ჩაიარა
ოპერაციამ.

კაკო ორჯონიკიძესთან სულიერი ერთიანობის მწარე გრძნობა დიდხანს არ


გაჰყოლია. სამაგიეროდ სხვა რამ დასჩემდა: დანარჩენ ნაცნობებში დაუწყო ძებნა
მსგავს სულიერ ნათესაობას. ყველას, ვისთანაც რაიმე ურთიერთობა ჰქონდა,
ყურადღებით, ზოგჯერ რაღაცნაირი გარინდებით, აკვირდებოდა, ცდილობდა
დაედგინა ფსიქიკის პირველადი ბიძგები, სულიერი საწყისები, მიზნებისა და
სურვილების მთავარი მამოძრავებელი ძალები, ეპოვა საერთო ფესვები და
საკუთარი თავი და მოსაუბრე ერთგვარ ზიარჭურჭლად წარმოედგინა. უნდა
ითქვას, ამ გზაზე დიდ წარმატებასაც მიაღწია. მალე დაადგინა, რომ თავისი
არსით იგი არა მარტო კაკო ორჯონიკიძე იყო, არამედ სამსონიც, უკლებაც,
ასლანიც, ვანო როსტიაშვილიც, თეიმურაზ კილაძეც, არიოსტო ხოფერიაც, რომან
ადეიშვილიც... ეს ყველაფერი შემზარავი იყო, მაგრამ ყველაზე შემზარავი მაინც
ის იყო, რომ გედეონ რევიას ვერ უპოვა ვერავითარი საერთო ფესვები. გედეონ
რევია თითქოს იმ წრის გარეთ იდგა, რომელიც ქალაქს ჰქონდა შემოვლებული,
და ამის გამო აბელს იგი ხან სძულდა, ხანაც მიუწვდომელ იდეალად
წარმოედგინა. სიძულვილით დროდადრო ყველა ნაცნობი სძულდა სათითაოდ.
თუმცა სიძულვილი ზუსტი სიტყვა არ არის. ეს უფრო ცუდი განწყობილების
წამიერი აფეთქება იყო, რომელსაც განსამუხტავად კონკრეტული ადრესატი
სჭირდებოდა. და როცა ამ უცნაური სიძულვილით ერთი სძულდა, თავს მეორეს
აფარებდა. თუ სამსონი სძულდა, გედეონთან გარბოდა, თუ გედეონი სძულდა,
სამსონს მიაკითხავდა, თუ მერი სძულდა, გული ასლანისკენ მიუწევდა... ზოგჯერ
ყველა ერთად სძულდა და ასეთ დროს, თუ აუცილებელი საქმე არაფერი
ჰქონდა, სახლიდან არ გამოდიოდა და შვებას წიგნებში ეძებდა. ხანდახან
ყველაფერი ეს - სიძულვილიც, ეჭვიც, საკუთარი არარაობის დამთრგუნველი
განცდაც - ისეთი ძალით შებოჭავდა, რომ წიგნები ვეღარ შველოდა. მძაფრი
სურვილი უჩნდებოდა თავისი ფიქრები ვინმესთვის გაეზიარებინა, მაგრამ ამ
ქალაქში, სადაც ყველანი ზედაპირზე დასუნსულებდნენ და საკვების ძებნით
იყვნენ გართული, ისეთი არავინ ეგულებოდა, ვისთანაც ამ ფიქრების გამხელა
შეიძლებოდა. არავინ ეგულებოდა გედეონ რევიას გარდა. გედეონ რევია კი
საშიში კაცი იყო. საშიში არა მარტო თავისი ცოტა გამაღიზიანებელი ირონიის
გამო, არამედ (და უფრო მეტადაც) იმის გამო, რომ შენს ბუნდოვან ეჭვებსა და
უსახელო შეშფოთებას, რომელიც მართალია მწვავე ტკივილს კი გაყენებდა,
მაგრამ თან თითქოს გამდიდრებდა კიდეც, მარტივ მამრავლებად დაყოფდა და
ისეთ პროზაულ სახელებს დაარქმევდა, რომ მათში არაფერი ფასეული აღარ
რჩებოდა, შენი შიში და სიმძიმილი უკვე კომიკურ გაზვიადებად გეჩვენებოდა
და ამის გამო სულში კიდევ უფრო მტკივნეული სიცარიელე ისადგურებდა.
მიუხედავად ამისა, გედეონ რევია ერთადერთი კაცი იყო და ერთხელ, როცა
აბელს ეჭვების ფიალა პირთამდე აევსო, თავისი აფორიაქება ისევ გედეონს
გაუზიარა.

ზაფხულის თბილი საღამო იყო. ზემოთ, ქალაქის პარკში, მწვანე მერხზე


ისხდნენ და ფერდობზე უწესრიგოდ მიმოფენილ სახლებსა და ქუჩებს
გადაჰყურებდნენ. გედეონს თეთრი კიტელი ეცვა, თეთრი შარვალი და თეთრი
ფეხსაცმელები. თავისი განუყრელი ჯოხი ფეხებშუა მოექცია და ზედ
ჩამოდებულ ორივე ხელზე ნიკაპით დაყრდნობილიყო.

აბელი კარგა ხანს ემზადებოდა. ბოლოს, როცა მისი აზრით შესაფერისი მომენტი
იპოვა, ყოველი შემთხვევისთვის ერთი წინდახედულად ჩაიცინა და თქვა: - ამას
წინათ კაკო ორჯონიკიძემ თავისი მოთხრობა წამიკითხა.

მოხუცი არ შერხეულა. იჯდა თავისთვის და მშვიდად გადასცქეროდა ქალაქს,


სადაც ნელ-ნელა წვებოდა ბინდი. ბოლოს გაიღიმა. გაიღიმა ისე, თითქოს თავის
ფიქრებს გაუღიმაო.

- მოუწონეთ?

- არა. მაგრამ თვითონვე ცდილობდა შეერბილებინა ჩემი ნათქვამი. ამიტომ


შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, ვითომ მოვუწონე. - აქ ცოტა შეყოყმანდა,
ერთი ცერად, ქურდულად გახედა მოხუცს და დაუმატა, - მე კი ისეთი
შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თავის თავი გადამიხსნა და შიგ ჩემი თავი
დამანახვა.

გედეონმა ახლა კი ასწია თავი, მოტრიალდა, აბელს შეხედა და ერთხანს


ყურადღებით უყურა.

- მადლობა მაინც თუ უთხარით?


- რისთვის?

- იმისთვის, რომ საკუთარი თავი გადაგიხსნათ და შინ თქვენი თავი დაგანახვათ.


უნდა გეთქვათ, აბელ, მადლობა. კაცი რომ ფარდას გადაგიწევს და წინ სარკედ
დაგიდგება, ამით მსხვერპლს იღებს და ქრთამს თუ არა, მადლობას მაინც
იმსახურებს.

- მაშ, მართალია, რომ მეც კაკო ორჯონიკიძე ვარ?

- რატომაც არა! ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად


გადავდივართ ერთმანეთში. ამაში საკვირველი არაფერია. ვისაც ეს ხელს არ
აძლევს, მან საკუთარი თავი უნდა უარყოს, რადგან თავისუფლება საკუთარი
თავის უარყოფით იწყება. თვისებებზე უნდა თქვას უარი და, თუ ამის შემდეგ
რაიმე დარჩა, იმას უნდა დაეპატრონოს და მოუფრთხილდეს. მაგრამ დარჩება
რამე? აი, ეს არის საკითხავი.

აბელი ერთხანს ჩუმად იყო. მერე თვქა: - ერთი ნიუტონი უნდა დაიბადოს
ჩვენში ან პლატონი. მაშინ შეიცვლება კლიმატი.

- პირიქით. ჯერ კლიმატი უნდა შეიცვალოს. ეპოქა, აბელ, ლიტონი სიტყვა არ


არის. წეღან აქ იულონ დიდიძემ ჩაიარა, დაინახეთ?

- იულონ დიდიძე ვინ არის?

- არ იცნობთ? განათლების შუქურაა. ქალაქში თუ რამე განათლებაა, სულ მისი


წყალობაა, რაც გაუნათლებლობაა, ის მისი ბრალი არ არის. საინტერესო
პიროვნებაა, აუცილებლად უნდა ნახოთ. პატარა კაცია, მოკლე, და ისეთი სახე
აქვს, თითქოს გუნებაში ძნელ გაკვეთილს იზეპირებდეს. ჩამოივლის უკან და
გაჩვენებთ. რაც შეეხება ნიუტონსა და პლატონს, ჩვენ რომ პოეზია გვეკმარა და
მაქსიმალიზმს არ გამოვკიდებოდით მინდორში... ხომ გითხარით! აგერ,
მოპაკუნობს ჩვენი პატარა განმანათლებელი, - გედეონმა ჯოხი თოფივით
მიუშვირა შორიდან მომავალ ტანმორჩილ, გამხდარ კაცს. მერე წამოდგა. -
წამოდით, წინ შევეჩეხოთ, თორემ ისე ჩაგვივლის, ვითომ ვერ შეგვამჩნია.

განათლების შუქურა მაინც აპირებდა ისე ჩაევლო, ვითომ გედეონი ვერ შეამჩნია,
მაგრამ გედეონმა გზა გადაუჭრა და არ გაუშვა.

- ბატონ იულონს ვახლავართ, განათლების ხელმწიფეს!

ბატონ იულონს ვიწრო შუბლი ჰქონდა, ჯაგარა თმა, და მართლა ისეთი სახით
მოდიოდა, გეგონებოდათ გულში რაღაცას იმეორებსო. გედეონის შეძახილზე
შეჩერდა და მოტრიალდა, ხოლო როცა გედეონმა „განათლების
ხელმწიფე“ უწოდა, რაღაც უცნაურად გაიცინა, „ჰიიი“ -ო, წამოიკივლა, თითქოს
მოპრუწული პირიდან წყლის წვრილი ჭავლი გადმოსტყორცნა, და გედეონს
ხელი ჩამოართვა.

- სასეირნოდაც მოიცალეთ, იულონ ბატონო?

- ეჰ! სეირნობას ვინ მაღირსებს! - პატარა კაცმა თავი მძიმედ გადაიქნია, - საქმე
მქონდა პარკის დირექტორთან.
- განათლების ფრონტზე რა ვითარებაა? გადაიჭრა უკვე ყველა პრობლემა?

- ჩინებულად მიდის საქმე. შესანიშნავი კადრები გვყავს, პროფესიულად


მომზადებულები, მომთხოვნები, დისციპლინირებულები და, რაც მთავარია,
პატიოსნები.

- კაი დაგემართოთ, - თქვა გედეონმა, - თორემ წუხელ ისეთი სიზმარი ვნახე


კინაღამ ეჭვი შემეპარა.

- სიზმარი? ჰიიი! რა ნახეთ ასეთი?

- ჩვენი სკოლების დირექტორები ვნახე. ტყეში იყვნენ. ნაბდები წამოესხათ,


ყაბალახები ეხურათ, პატრონტაშები შემოერტყათ, წელში აქეთ-იქით ორ-ორი
დამბაჩა გაერჭოთ. ბალახში ისხდნენ. ზემოდან მთვარე ანათებდა. შუაში
თვალმარგალიტი ეყარათ და ყაყანით ინაწილებდნენ.

- ჰიიი... - დაიწყო იულონ დიდიძემ, მაგრამ გედეონმა სიცილი შუა გზაზე


შეაწყვეტინა.

- თქვენ მოშორებით იდექით და გზას გაჰყურებდით, რომ მდევარი არ


წამოგპაროდათ. ხელში გლობუსი გეჭირათ და ვაშლივით თლიდით.

- ჰიიი! - გაიცინა დიდიძემ, - ქარი შეგპარვიათ, ბატონო გედეონ. საბანი


გადაგხდიათ. ჰიიი! აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. თქვენთან მუსაიფს რა სჯობს,
თქვენსავით მოცლილი რომ ვიყო. - ამ სიტყვებზე ისევ ისეთი სახე მიიღო,
თითქოს გულში გაკვეთილს იზეპირებსო, და წავიდა.

- ჩინებულად მიდის საქმე, აბელ, - ღიმილით თქვა გედეონმა, - შარშან,


გამოცდების წინ, ინტერვიუ მისცა გარაყანიძის გაზეთს და მაშინაც სულ ის
იძახა, შესანიშნავი კადრები გვყავს, მომზადებული, მომთხოვნი და, რაც
მთავარია, პატიოსანიო. უპატიოსნობა გაფურჩქვნის მწვერვალს მაშინ აღწევს,
როცა პატიოსნება გმირობად ითვლება. თქვენ კი ნიუტონებსა და პლატონებს
ითხოვთ. არა, აბელ. დღესდღეობით ჩვენ არც ისე ზნემაღალი ერი ვართ, რომ
გენიოსი ვშობოთ და არც ისე ზნედაცემული ერი ვართ, რომ მაცხოვარი ვშობოთ.

იმ წელიწადს, ახალი თეატრალური სეზონის დაწყებამდე, ზემოთ აღწერილი


ეპიზოდების გარდა კიდევ ის მოხდა მნიშვნელოვანი, რომ ასლან გორდაძემ
ერთხელაც შეუსია „თავისი ბიჭები“ უკლებასეულ სახლს და, რაც პირველ
შესევაზე დააკლო, ახლა გაასრულა.

თავი მეთექვსმეტე

ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მდგომარეობა, რაც უნდა ეფემერული


ჩანდეს იგი გედეონ რევიასა და სამსონ თეოსოფის სათვალთვალო კოშკიდან,
სავსებით რეალური და ანგარიშგასაწევი ფაქტია და ცხოვრების გზაზე მიმავალი
ზღაპრის გმირი რომ ტრადიციული წარწერის მაგიერ ასეთ წარწერას წააწყდეს:
„ვინც აქეთ წავიდეს, მაღალ საზოგადოებაში მოხვდეს“, საეჭვოა ცთუნებას
გაუძლოს და მაინც მოუსავლეთისაკენ გასწიოს, როგორც ამას ზღაპარი
მოითხოვს. ამ თვალსაზრისით - საზოგადოებრივი მდგომარეობის
თვალსაზრისით - ჩვენი გმირის აღზევება და დაცემა ერთსა და იმავე დღეს
დაიწყო.

ოქტომბერი იდგა, უმშვენიერესი დრო, როდესაც ქვეყანაზე ყვითელი ფერი


სჭარბობს, მზე ზომიერად აცხუნებს და ბაზარი შედარებით იაფია. საღამოს,
სპექტაკლის სათამაშოდ რომ მივიდა თეატრში, აბელს მერიმ პატარა, ოთხკუთხა,
ძალიან მაღალხარისხოვანი ქაღალდი გადასცა. ეს ქაღალდი აღმოჩნდა მოსაწვევი
ბარათი, რომელზეც ძირითადი ტექსტი სტამბური წესით იყო დაბეჭდილი,
ხელით მხოლოდ გვარი, სახელი და თარიღი ეწერა. შინაარსი მდგომარეობდა
იმაში, რომ ქალბატონი სალომე, ქალაქის უპირველესი მზეთუნახავი და
ოფიციალური დედოფალი, ხვალ 14 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, აბელს
სტუმრად იწვევდა. თუმცა ბარათის წაკითხვისთანავე გაახსენდა, რომ ქალბატონი
სალომესაგან მსგავსი დაპირება ერთხელ უკვე მოსმენილი ჰქონდა, აბელმა
დამატებითი განმარტება მოსთხოვა მერის. მერიმაც განუმარტა. ქალბატონი
სალომე (მერი „ქალბატონი სალომეს“ ნაცვლად „სალომეს“ ამბობდა და „ბატონი
ვიქტორის“ ნაცვლად „ვიქტორს“) თვეში ორჯერ პატარა საღამოებს მართავდა.
სტუმრებს სურვილისდა მიხედვით საჭმელად სთავაზობდნენ ბუტერბროდებს ან
ნამცხვარს, ხოლო სასმელად ჩაის ან ყავას. საღამოების მთავარი მიზანი იყო
საუბარი ხელოვნებასა და ლიტერატურაზე (ხელოვნება და ლიტერატურა
ქალბატონი სალომეს ჰობი ყოფილა), მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე, ფილოსოფიაზე,
რაც ღამის თორმეტ საათამდე, ზოგჯერ პირველ-ორამდეც კი გრძელდებოდა
ხოლმე.

- სტუმართა სიას, - თქვა მერიმ, - უმკაცრესი შერჩევით ადგენენ და მასში


მხოლოდ რჩეულები შედიან.

- მერე მე რა რჩეული ვარ? - გულწრფელად გაიკვირვა აბელმა.

- რაკი სალომემ მიგიწვია, ალბათ, რჩეული ხარ.

აბელმა მხრები აიჩეჩა და თავი გადაიქნია. მერე ღიმილით ჰკითხა: - შენც


რჩეული ხარ?

- მე შინაური ვარ.

აბელმა მერი შეათვალიერა. ვერაფრით ვერ დაადგინა ამ ქალის ცვალებადობის


მიზეზი. ხან ლამაზი იყო, ხან ულამაზო, ხან ვნებიანი, ხან ფლეგმატური, ხან
ჭკვიანი, ხან ცერცეტი. ახლა აბელს ეჩვენებოდა, რომ იგი სავსე იყო, მკვრივი და
მიმზიდველი. კარგად, მოურიდებლად აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა: - შენ
მართლა რჩეული ხარ.

მერიმ თვალებში შეხედა და თან მეგობრული, თან ეშმაკურ-დამცინავი


ღიმილით უთხრა: - სპექტაკლის წინ არშიყობა მაწყინარია.

მერე, სარკესთან რომ იჯდა და გრიმს ისწორებდა, ქალბატონი სალომეს ბარათი


აბელს უკვე დავიწყებული ჰქონდა.
პირველი მოქმედების ბოლოს (აბელი თამაშობდა ერთი თანამედროვე
დრამატურგის პიესაში, რომლის დასახელებისაგან ზოგიერთ ჰუმანურ
მოსაზრებათა გამო თავს ვიკავებთ), როდესაც მისი გმირი, ქვეყნის მოჩვენებითი
უპატიოსნობით გულამღვრეული და აღშფოთებული, ავანსცენიდან თავის პატარა,
ტრაგიკომიკურ მონოლოგს წარმოთქვამდა, აბელს უეცრად მოეჩვენა, თითქოს
შუბლში რაღაც მოხვდა. ჯერ ეგონა, დარბაზიდან ისროლეს რამე ან გზააბნეული
ბუზი სცენაზე შემოეხეტა და შუქით დაბრმავებულმა დაბრკოლებას გვერდი ვერ
აუქცია. მაგრამ მალე მიხვდა, რომ შეცდა. მართლაცდა, რამე რომ მოხვედროდა,
შეხების გრძნობა თანდათან უნდა გამქრალიყო, სინამდვილეში კი არათუ არ
გაქრა, პირიქით, თითქოს შუბლი გაუბურღა და მსუბუქად, მაგრამ მყარად
მიებჯინა ტვინს. გმირი თავის მონოლოგს განაგრძობდა, აბელი კი დაბნეული და
შეცბუნებული, პარალელურად ამ უცნაური გარემოების მიზეზს ეძებდა. ბოლოს,
მონოლოგი რომ დაასრულა და სცენის სიღრმეში გადაინაცვლა, ტვინზე
მიბჯენილი შუბიც ერთბაშად გაქრა.

ანტრაქტის დროს საგრიმიოროში განაგრძო პრობლემის კვლევა. საკუთარი


გამოსახულება დიდხანს და საფუძვლიანად ათვალიერა სარკეში და საბოლოოდ,
რაკი უცნაური მოვლენის ვერავითარი კვალი ვერ იპოვა, დაასკვნა, არაფერი
მომხვედრია, უბრალოდ რაღაც მომეჩვენაო.

ამ მოსაზრებას მეორე მოქმედების დაწყებისთანავე გამოეცალა ნიადაგი. გავიდა


თუ არა სცენაზე, ტვინს წამსვე მიებჯინა ის უხილავი და უსხეულო შუბი.
საფინალო ეპიზოდში, როცა სცენა თითქმის სრულიად ჩაბნელებული იყო,
მოეჩვენა, თითქოს იმ უცნაური შუბის ბოლო დარბაზში ეჭირა ვიღაცას.

სპექტაკლი რომ დამთავრდა და აბელი, ორმაგი ჯაფით დაქანცული, კულისებში


გავიდა, რეჟისორის თანაშემწემ თვალები საყვედურით მიაპყრო და თავისი ბოხი
ხმით უთხრა გაკვირვებულმა და ნაწყენმა: - დღეს რა ღმერთი გაგიწყრა, კაცო?!
ორი ფრაზა გამოტოვე, სამი მიზანსცენა შეცვალე... პირველად ხომ არ თამაშობ ამ
როლს!

აბელი აქამდე დარწმუნებული იყო, რომ სცენაზე ყველაფერს ისე აკეთებდა,


როგორც უნდა გაეკეთებინა. ამიტომ საყვედურმა გააკვირვა, მერე თანაშემწეს
შეხედა, ერთხანს მის მეჩხერ ულვაშებზე შეაჩერა მზერა, ბოლოს თბილად,
გულკეთილად გაუღიმა.

- რას მიცინი, რომ მიცინი, ნეტა ვიცოდე! - მწყრალად თქვა თანაშემწემ და


თავისი განიერი, ვაჟკაცური ზურგი დემონსტრაციულად შეაქცია.

შინ რომ დაბრუნდა, აბელს ისევ გაახსენდა მოსაწვევი ბარათი და ამის შემდეგ
აღარც დავიწყებია. მეორე დღეს, საღამოს, გაიპარსა, პირი დაიბანა, თმა ლამაზად
დაივარცხნა, ორი ხელი საპარადო კოსტიმიდან უკეთესი აარჩია და ჩაიცვა,
ჰალსტუხი შეიბა (თუმცა, სანამ შეიბამდა, ცოტა ხანს იყოყმანა, რადგან
ჰალსტუხი ჭირის დღესავით ეჯავრებოდა) და გზას გაუდგა იმ ვარაუდით, რომ
ადრე არ მისულიყო, მაგრამ არც ბევრი დაეგვიანა.

იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა საყვარელიძეების ორსართულიან,


წითელი აგურით ნაგებ მშვენიერ სახლს, რომელსაც თაღოვანი ფანჯრები ჰქონდა
და ბრტყელი სახურავი, სადაც (როგორც მოგვიანებით გამოირკვა) საცურაო
აუზი იყო. საყვარელიძეების სახლი იდგა ორი პატარა, წყნარი და სუფთა ქუჩის
კუთხეში. ირგვლივ მოზრდილი ეზო ერტყა. ქუჩასა და ეზოს ერთმანეთისაგან
ყოფდა მწვანედ შეღებილი მაღალი ღობე შუაში კიდევ უფრო მაღალი, ფართო,
ღია ყავისფერი ჭიშკრით. ჭიშკარი დაკეტილი იყო და აბელმა ზარის ღილაკს
დაუწყო ძებნა. მალე იპოვა კიდეც, ფრთხილად დააჭირა თითი და წკრიალი
რომ შემოესმა, მაშინვე აიღო. ცოტა ხნის შემდეგ ფეხის ხმა მოისმა, მერე
ჭიშკარმა გაიჩხაკუნა, გაიღო და გამოჩნდა ახალგაზრდა გოგო, სულ რაღაც
თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის, მრგვალი პირისახით, დატკრუცული, ჯანსაღი
ლოყებით, ჭორფლიანი ცხვირითა და შავი, ციმციმა თვალებით.

- გამარჯობათ, - უთხრა აბელმა.

- მობრძანდით, - მიუგო გოგონამ.

აბელი წამით შეყოყმანდა, მერე პიჯაკის ჯიბიდან მოსაწვევი ბარათი ამოიღო.

- მე დაპატიჟებული ვარ...

- მობრძანდით, მობრძანდით, - შეაწყვეტინა გოგონამ.

აბელი შევიდა. გოგონამ ჭიშკარი მიხურა და წინ გაუძღვა.

ჭიშკრიდან სახლამდე თლილი ქვით მოფენილი გზა მიდიოდა. გზის ორივე


მხარეს ბალახი ბიბინებდა. მთელ ეზოში ხილის ბაღი იყო გაშენებული.
ეტყობოდა, აქ ყველაფერს ფაქიზად უვლიდნენ. გზასაც, ბაღსაც, მოლსაც,
სახლსაც იდეალური სისუფთავე ეტყობოდა. ქვის განიერი კიბე მეორე
სართულზე უერთდებოდა დიდ, ფართო აივანს, რომელსაც ხის მოაჯირი ეკრა.
მოაჯირს სანახევროდ ფარავდა უხვად დატოტილი ველური ვარდი.

გოგონამ აბელი აივანზე აიყვანა, ფართო დერეფანში შეუძღვა, იქ მარცხნივ კარი


შეაღო, შესვლით არ შესულა, მარტო თავი შერგო და რაღაც თქვა. აბელმა
მხოლოდ „ქალბატონი სალომე“ გაიგონა. იმავ წუთს გოგონამ თავი ისევ გამოყო
და აბელს მიუბრუნდა: - მიბრძანდით.

აბელი ვრცელ დარბაზში შევიდა. სტუმრები, ყოველ შეთხვევაში, მათი დიდი


ნაწილი მაინც, უკვე შეკრებილიყვნენ. აბელს თვალები აუჭრელდა, ყველაფერი,
რაც მისი მხედველობის არეში მოხვდა, საგნებიცა და ადამიანებიც, ერთიან,
დაუნაწევრებელ მასად აღიქვა და უეცრად უცხოობა და სიმარტოვე იგრძნო.
საბედნიეროდ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავ წამს ერთიან
მასას მერის ნაცნობი და ახლობელი ფიგურა გამოეყო და უცხოობისა და
სიმარტოვის გრძნობა შვებამ შეცვალა. მერის ერთიანი, ღია წითელი ფერის კაბა
ეცვა, უმკლავებო, ღრმად ამოჭრილი გულისპირით. სახე, განსაკუთრებით
თვალები, კარგად დაემუშავებინა და ტანწერწეტა, ყელმოღერებული იმ
კინოვარსკვლავს ჰგავდა, რომელიც მთავარ როლს არ თამაშობს, მაგრამ რაღაც
ისეთი ხიბლი აქვს, რომ მთავარი როლის შემსრულებელზე მეტად
დაგამახსოვრებს თავს. შემდეგი, ვინც საერთო მასიდან გამოვიდა და
დამოუკიდებელ სხეულად იქცა, იყო თავად დიასახლისი. ყველაფერი ეს ელვის
უსწრაფესად მოხდა. აბელი შემოსული არც კი იყო, რომ ქალბატონი სალომე
თავისი მომხიბლავი, ალერსიანი ღიმილით შესაგებებლად გამოეშურა. ქალბატონ
სალომეს გრძელი, კოჭებამდე ჩამოშვებული, ნაოჭად დაფენილი ქვედატანი ეცვა,
რომელიც მის პროპორციულ სხეულს კიდევ მეტ სილამაზეს ანიჭებდა. ზემოდან
კაბაში ჩატანებული გრძელსახელოებიანი, მაღალსაყელოიანი, სალათისფერი
ნახევრად მამაკაცური ხალათი ეცვა. ხალათი ტანზე მჭიდროდ შემოტმასნოდა,
რის გამოც სავსე მკერდი ისე ჩანდა, თითქოს არტახებიდან გათავისუფლებას
ლამობსო. ხალათის ზედა ორი ღილი გახსნილი ჰქონდა და გულისპირი სწორედ
იქამდე იყო მოშიშვლებული, სადაც მკერდის ღარი იწყება.

- დიდად მოხარული ვარ, რომ ჩვენი უბრალო საზოგადოება არ იუკადრისეთ, -


შორიდანვე შემოაგება ქალბატონმა სალომემ. იგი მოდიოდა ნელი, გამოზომილი,
შესაძლებელია (ყოველ შემთხვევაში, აბელს წამით გაუჩნდა ასეთი ეჭვი), ცოტა
ზედმეტად ლაღი ნაბიჯით. მისი სიარულის მანერაში, ისევე როგორც ღიმილსა
და ხმის კილოში, ერია რაღაც ზვიადი და შეუვალი კატეგორიულობა, რაღაც
მეფური გარდაუვალობა, რაც ფრაზის თავაზიან შინაარსს წარმოთქმისთანავე
უარყოფდა და წმინდა ფორმალობის ყალიბში აქცევდა.

ქალბატონმა სალომემ ხელი გამოუწოდა. აბელმა გამოწვდილი ხელი აიღო,


წელში ოდნავ მოხრილმა ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. აქაურ რიტუალებზე
წარმოდგენა არ ჰქონდა. ხელზე კოცნა სულ უკანასკნელ წამს გადაწყვიტა.
საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქალბატონმა სალომემ ხელი ხელში
ჩაჰკიდა, მოკლედ წარუდგინა საზოგადოებას, მერე კი სათითაოდ გააცნო
სტუმრები. პირველად მიიყვანა ერთ ღრმა მოხუც, გამხდარ, ჭაღარა
მანდილოსანთან, რომლის ნაოჭებით დაფარულ სახეზე უცნაურ დისონანსად
ელავდა ცოცხალი და მოძრავი, ჭკვიანი თვალები. ალბათ, ნაწილობრივ მაინც ამ
თვალების ბრალი იყო, რომ აბელს დანახვისთანავე მოეწონა მოხუცი ქალი და
მის მიმართ ჯერ კიდევ უსაფუძვლო და გაუაზრებელი, მაგრამ აშკარა
სიმპათიით განიმსჭვალა. მოხუცმა ხელი გამოუწოდა, დაკვირვებით შეხედა და
უთხრა: - თქვენ მგონი ტიბალტი ითამაშეთ.

- დიახ, ქალბატონო, მაქვს ჩადენილი ასეთი ცოდვა, - აბელმა გაიღიმა, -


შექსპირი ალბათ უშვერი სიტყვებით ილანძღება. სალანძღავი სიტყვები,
მადლობა ღმერთს, ბლომადა აქვს.

- თქვენ არ გაგლანძღავთ, - ქალმა ტუჩები მოკუმა და თავი რამდენიმეჯერ


სწრაფად გაიქნია, - თქვენ კარგი ტიბალტი წარმოადგინეთ. ამ მშვენიერ მანეკენს
კი, - ამ სიტყვებით მერის მიუტრიალდა, რომელიც იქვე, მის გვერდით იდგა,
გაუღიმა და ლოყაზე სიყვარულით მოუთათუნა ხელი, - მართლა მოიხსენიებდა
ერთი-ორი რჩეული სიტყვით.

მერიმ შუბლი შეიჭმუხნა, თავი არტისტულად გადაიქნია და ისეთი


გამომეტყველება მიიღო, რომლითაც წარმატებით იგერიებენ ახირებული და
საყვარელი დედაბრების თუმცა უტიფარსა და დაურიდებელ, მაგრამ სრულიად
უწყინარ გამოხდომებს.

აბელი მერის მიუბრუნდა და შინაურულად აკოცა ლოყაზე. მერი ახლა იყო


ყველაზე ახლობელი ადამიანი, უგულითადესი მეგობარი და საიმედო საყრდენი,
ვინიცობისაა ამ უცხო გარემოში რაიმე მიზეზით ფეხქვეშ ნიადაგი გამოსცლოდა.
და ამ კოცნით, ამ გულწრფელი და უშუალო საქციელით, მადლიერების გრძნობა
გამოხატა იმის გამო, რომ მერი აქ იმყოფებოდა და შეეძლო მთელი საღამოს
განმავლობაში იმედად დაეგულებინა.

სტუმრებიდან ამ მოხუცი ქალის გარდა აბელს დაამახსოვრდა კიდევ ორი


ახალგაზრდულ ასაკს საკმაოდ გადაცილებული ქალი, რომლებიც არა
გარეგნულად, არამედ სხვა რაღაც ნიშნის მიხედვით ერთმანეთს ჰგავდნენ და
რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ მოვლისა და მზრუნველობის მკაფიო
კვალი ეტყობოდათ, მაინც ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს, თითქოს
წვეულებაზე პირდაპირ სამზარეულოდან წამოეყვანათ, სამი ახალგაზრდა, მეტ-
ნაკლებად ლამაზი, ოღონდ ერთნაირად პროვინციული იერის მქონე ქალი,
ადგილობრივი პოეტების მეფე, ასე ოცდათხუთმეტი წლის კაცი, რომელსაც
თხემამდე თმის ნასახი არ ჰქონდა, სამაგიეროდ თხემს იქით, მთელ კეფაზე
იმოდენა თმა მოეზარდა, რომ ბეჭებზე სცემდა. პოეტს პირში აუნთებელი ჩიბუხი
ჰქონდა გარჭობილი. ჩიბუხს ლაპარაკის დროს იღებდა, თასივით იჭერდა ხელში
და მერე, სათქმელს რომ იტყოდა, წამსვე ისევ პირში გაიჩრიდა. იყო კიდევ ორი
ელეგანტურად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი, რომელთაგან ერთს დიდი პირი
ჰქონდა და მეორეს - დიდი ცხვირი, ერთი მსუქანი, ხანშიშესული, მელოტი კაცი
და ერთიც გარაყანიძე.

ცხრის ნახევრამდე კიდევ ემატებოდნენ სტუმრები. ცხრის ნახევრის შემდეგ


აღარავინ მოსულა. თორმეტ საათზე დაიშალნენ.

მეორე დღეს, როდესაც აბელმა ეს საპატიო დარბაზობა გედეონ რევიასთან ახსენა,


მოხუცი ყურადღებით და თითქოს ცოტა გამომცდელად დააცქერდა, მერე
მძიმედ დააქნია თავი და ისეთი კილოთი, რომელშიაც გაკვირვებაც იყო და
მოწონებაც, ოღონდ ერთიცა და მეორეც ცბიერი ირონიით გაჟღენთილი, უთხრა -
ასეთი ტემპი ნაპოლეონსაც კი შეშურდებოდაო. მერე შემპარავი ხმით ჰკითხა,
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ქალბატონი სალომეს სალონმაო. ამ კითხვაზე
აბელს მკაფიო პასუხი არ ჰქონდა. საღამოს პირველ ნახევარში იგი ცოტა
დაძაბული იყო, სულ იმას ცდილობდა, მერი არ დაეკარგა მხედველობის არედან
და მარტო არ დარჩენილიყო. საღამოს მიწურულს შედარებით გახალისდა, ხოლო
წასვლის დრო რომ მოვიდა, გულიც კი დაწყდა.

რაკი საღამოს შესახებ ერთმნიშვნელოვანი აზრი არ ჰქონდა, გედეონის კითხვაზე


ყოყმანით თქვა, რა ვიციო, და მხრები აიჩეჩა.

- როგორ! - თქვა გედეონმა, - სამშობლო არ გეცნოთ? - და ქალბატონი სალომეს


სალონის ამბავი თვითონ უამბო საკუთარი ინტერპრეტაციით.

ქალბატონი სალომე ამ ქალაქში სამი წლის წინ ჩამოვიდა თავის მეუღლესთან,


ბატონ ვიქტორთან, ერთად. იმისათვის, რომ ბალანსი არ დარღვეულიყო,
ქალაქიდან წავიდა ქალბატონი ტატა (რომელსაც ცოდვიანი ქალაქი ზურგს უკან
ქალბატონ რატატას ეძახდა) და მისი მეუღლე, ბატონი ევგენი. ისინი წავიდნენ
იქ, საიდანაც ქალბატონი სალომე და ბატონი ვიქტორი მოვიდნენ. შესაკრებთა
გადანაცვლებით, როგორც ცნობილია, ჯამი არ იცვლება, თუმცა ეს წესი
განმარტებასა და დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, მართალია, ჯამი არ იცვლება,
მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებისას იცვლება სიტუაციები, დამოკიდებულებები,
კრიტერიუმები, შეხედულებები, მასშტაბები. ეს ცვლილებები, მიუხედავად იმისა,
რომ ჯამზე გავლენას ვერ ახდენს, თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ქალბატონი სალომე მაისში ჩამოვიდა, მაისის ულამაზესი ვარდები დაჩრდილა


და მკვდარი ქალაქი გამოაცოცხლა. მაშინ ქალბატონი სალომე კიდევ უფრო
ახალგაზრდა იყო და კიდევ უფრო მომხიბლავი. იმდენად ახალგაზრდა ჩანდა,
ბავშვი გეგონებოდათ და რომ არ გცოდნოდათ, ვის უღელში იყო შებმული,
სიტყვა „ქალბატონს“ ვერასგზით ვერ მიუსადაგებდით. ეგ კი არა და, შეიძლება
ლოყაზე ხელის მოთათუნება დაგეპირებინათ, მაგრამ რაკი ყველამ იცოდა, ვისი
მეუღლეც იყო, ხელის მოთათუნება არავის დაუპირებია და ყველანი
ქალბატონობით იხსენიებდნენ. თავად მეუღლეს, ჩვეულებრივ, სახელითა და
მამის სახელით მიმართავდნენ, უფრო იშვიათად ბატონ ვიქტორს ეძახდნენ,
ხოლო გამონაკლისის სახით (ასეთი გამონაკლისის უფლებას მხოლოდ ცოლი და
სიდედრი აძლევდნენ თავს, მაგრამ სიდედრი სხვაგან ცხოვრობდა და ამ ქალაქში
წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვიდოდა) - „ბიჭიკოს“.

ბატონმა ვიქტორმა პირველივე დღეს ფეხით მოიარა მთელი ქალაქი (მანქანა


გვერდით მისდევდა, როგორც გრძელ დისტანციაზე მორბენალ სპორტსმენს),
ყველაფერი ძირისძირობამდე დაათვალიერა. უკან ამალა მოჰყვებოდა, რომელიც
ნაშუადღევს გვარიანად დაიღალა, მაგრამ არ შეიმჩნია. იმ დღეს ქალბატონი
სალომეც თან ახლდა მეუღლეს და მასთან ერთად ეცნობოდა ქალაქს. ქუჩებში
ცნობისმოყვარეთა გუნდები გამოფენილიყვნენ და თავიანთი მხრივ, ქალაქის
სახელით, ბატონ ვიქტორსა და ქალბატონ სალომეს ათვალიერებდნენ. ერთი
კვირის შემდეგ ბატონმა ვიქტორმა სანადირო ადგილები მოინახულა და ის
პუნქტი შეარჩია, სადაც გადასაწვიმად თუ ღამის გასათევად ქოხი უნდა
აგებულიყო. ამჯერად ქალბატონი სალომე შინ დარჩა და საკუთარი პროგრამის
განხორციელებისათვის მზადებას შეუდგა. ქალბატონმა სალომემ მშვენივრად
იცოდა, რომ პერიფერიებში კულტურული ცხოვრების მაჯისცემა მოდუნებულია,
და მიზნად მისი აჩქარება დაისახა. ქალბატონი სალომე განათლებული ქალი
იყო, ფილოლოგიის ფაკულტეტი დაემთავრებინა, ჰქონდა მშვენიერი
ბიბლიოთეკა, სადაც ნახავდით ყველაფერს, მოყოლებული ქართული კლასიკური
ლიტერატურიდან ვიდრე ერიხ მარია რემარკამდე. ქალბატონმა სალომემ
გადაწყვიტა, დაეარსებინა პატარა სალონი და მოეწვია რჩეულთა შორის
რჩეულები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მისი შეგირდობის კურსს გაივლიდნენ,
თავად გამოდგებოდნენ სხვათა მასწავლებლად. უაღრესად ვიწრო წრეში,
სრულიად საიდუმლო ვითარებაში დიდხანს და გულმოდგინედ დგებოდა
სალონის მომავალ სტუმართა სია. ეს სია რამდენიმეჯერ იქნა გადაწერილი და
დაზუსტებული, მრავალი გვარი ყოველმხრივი შემოწმების შედეგად ამოიშალა,
ზოგი, შემთხვევით გამორჩენილი, ჩაემატა და ბოლოს და ბოლოს მიიღო
დასრულებული სახე. ცხადია, ეს სია შემდგომშიაც ხშირ-ხშირად იცვლებოდა,
ზოგი ამოვარდებოდა, ზოგი ჩაემატებოდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი მაინც
თითქმის უცვლელი რჩებოდა.

საღამოებს უნარიანად წარმართავდა ქალბატონი სალომე. ყველა დარწმუნებული


იყო, რომ ლაპარაკობდა მხოლოდ იმას, რაც საჭიროდ მიაჩნდა, კაციშვილი ვერ
ამჩნევდა, როგორ არეგულირებდა და როგორ კარნახობდა თემებს ქალბატონი
სალომე. საღამოები წმინდა სალონური იყო. ძალიან ცოტას ჭამდნენ. თითქმის არ
სვამდნენ და გატაცებით საუბრობდნენ ისეთ მაღალ მატერიებზე, როგორიცაა
მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, პატრიოტიზმი, მფრინავი
თეფშები, თითო უცხო ენის ცოდნის აუცილებლობა, ორგანული სიცოცხლის
წარმოშობა, ენის სიწმინდის დაცვა, სხვა პლანეტებზე მაღალგანვითარებული
ორგანიზმების არსებობის შესაძლებლობა, ზოგჯერ ახსენებდნენ კანტს (ამას
უმთავრესად გარაყანიძე სჩადიოდა), ფიზიკისა და ბიოლოგიის დარგში უახლეს
აღმოჩენებს, კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს, მღეროდნენ და ასე შემდეგ და
შემდეგ. კამათი გამორიცხული იყო. კამათი ცუდ ტონად ითვლებოდა და თუ
სადმე მაინც საეჭვო ცეცხლი წამოგიზგიზდებოდა, ქალბატონი სალომე სულის
ერთი შებერვით აქრობდა იმის წყალობით, რომ მას ყოველგვარ საკითხზე ვეტოს
უფლება ჰქონდა და მისი მოსაზრება მუდამ საბოლოო იყო, როგორც უმაღლესი
სასამართლოს განაჩენი. ეს მშვიდი და საამო, გულისა და გონებისათვის
სასარგებლო საუბრები მერე მკაფიო გამოძახილს პოულობდა სალონის წევრთა
სამსახურებრივ თუ კერძო საქმიანობაში და საბოლოო ანგარიშით მთელ ქალაქს
ეფინებოდა. ამგვარად ქალბატონი სალომე თავის მიზანს აღწევდა, სალონი იყო
ის რუპორი, რომლის მეშვეობითაც ქალაქს მისი ფაქიზი სული და მაღალი
კულტურა ეფინებოდა. ეს მით უფრო საჭირო და საშური საქმე იყო, რომ
ბატონი ვიქტორი, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ პრობლემებში თავით ფეხამდე
ჩაფლული, კულტურისთვის ვეღარ იცლიდა.

გედეონი ერთ-ერთ პირველსავე შეკრებაზე იქნა მიწვეული. რაღა თქმა უნდა,


როდესაც ქალბატონი სალომე სიას ადგენდა და ამ მიზნით ცნობებს კრებდა, მას
დაწვრილებით მოხსენდა გედეონის საეჭვო ღირსებებიც და უეჭვო
ნაკლოვანებებიც. მეტიც: ცნობილია, რომ ზოგიერთმა საქმეში ჩახედულმა პირმა
ურჩია კიდეც თავი შეეკავებინა მისი დაპატიჟებისაგან, მაგრამ ქალბატონმა
სალომემ ამაზე თურმე გაიღიმა და გედეონს მოსაწვევი ბარათი გაუგზავნა.
შესაძლებელია, სალონის დიდ დედოფალს გულში უხაროდა კიდეც პროვინციელ
ინტელექტუალთან ჩუმი გაპაექრება, რაც ცხადია, მისი გამარჯვებით
დაგვირგვინდებოდა, წინასწარ ტკბებოდა მომავალი სახელოვანი ლაშქრობით,
ღრმად დარწმუნებული, რომ ამ ახირებულ ბერიკაცს, რომელსაც ქალაქი ასე
დაუშინებია, თავის ჭკუაზე მოიყვანდა და ყელზე სალონის რიგითი წევრის
რიგით ნომერს ჩამოჰკიდებდა. სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ ვერ
გაითვალისწინა გედეონ რევიას უტაქტობის მთელი სიღრმე. გედეონი ისე
მივიდა საღამოზე, როგორც სამსახურში მიდიოდა, როგორც ლუდხანაში
მიდიოდა სახელდახელო სუფრაზე, როგორც ექსკურსიაზე, როგორც საზაფხულო
კინოში. ვერაფერი ვერ გაუგო ფაქიზ, სალონურ ურთიერთობებს, ისე იქცეოდა,
თითქოს ქალბატონ სალომეს ნატიფ გარემოში კი არა, სადმე არიოსტო
ხოფერიასთან, ან ვანო როსტიაშვილთან ყოფილიყო. ჯერ იყო და, მთელი
ნახევარი საათი უკირკიტა კარის კლიტეს, დაწვრილებით გამოიკითხა,
სადაურიაო, რა ღირსო, რა პრინციპზე მუშაობსო. ვერაფრით ვერ მოწიწკნეს,
სკამიც კი მიიტანა იქ და დაჯდა, რომ არ დაღლილიყო. კაცმა რომ თქვას,
კლიტე მართლა განსაკუთრებული რამ იყო, მაგრამ მაინც კლიტე იყო და გარდა
ამისა ამ დროს საუბარი სულიერ კულტურას ეხებოდა და არა მატერიალურს.
მერე კედელზე ჩამოკიდებული დიდი სურათი, რომელზეც ნადირობის სცენა
იყო გამოსახული, შუბლშეჭმუხვნით დაათვალიერა, ბოლოს გამოაცხადა, ამის
დამხატავს გემოვნების ნასახი არა ჰქონიაო და სრულებით ვერ მიხვდა, რომ
ამით პატრონის გემოვნებასაც აუგად იხსენიებდა. ამის შემდეგ სტუმრებს ზურგი
შეაქცია, კარადას მიადგა, ჯოხი მკლავზე ჩამოიკიდა და სათითაოდ დაიწყო
წიგნების გადმოღება, თან უკვე დათვალიერებულ წიგნს, საცა მოხვდებოდა, იქ
დებდა. როდესაც პატრიოტიზმზე ჩამოვარდა სიტყვა და სტუმრებმა სხივიანი,
შთაგონებული სახეები მიიღეს, საზეიმო კილოთი გამოაცხადა, ყოველი
ქართველი უპირველეს ყოვლისა საკუთარი კუჭის პატრიოტიაო. ქალბატონი
სალომე რომ ამ გამოხდომას საგანგებო ღიმილით შეხვდა და რბილად, მაგრამ
კატეგორიულად შეედავა, თავზარდამცემი პასუხი მიიღო: მე მამაკაცებს
ვგულისხმობ, ქალბატონო, თორემ ქალებს ისეთი მშვენიერი ფორმები აქვთ,
პატრიოტიზმი და სხვა ამდაგვარი სისულელეები სულ არ სჭირდებათო. მაშინ
ქალბატონმა სალომემ თავისი მრავალნაცადი და ყოვლისშემძლე ტაქტით
გამოცვალა საუბრის თემა და ლიტერატურაზე გადავიდა. გედეონი ერთხანს
გაჩუმდა და ჭაღის თვალიერება დაიწყო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, სტუმრებმა
რომ ხმაშეწყობილად დაიწყეს ჰემინგუეის ქება (უმრავლესობა
„ხემინგუეის“ ამბობდა), გედეონმა ამ ცნობილ მწერალს უწოდა მამაცი
ჟურნალისტი, რომელსაც მწერლობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ბოლოს,
როდესაც ქალაქსა და სოფელს შორის ზღვრის წაშლაზე ჩამოვარდა ლაპარაკი,
უწყინარი ღიმილით თქვა, ურბანიზაცია ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე
მხრივ ამან შეიძლება ფეხსალაგების ისეთი მაღალი ორგანიზაცია გამოიწვიოს,
რომ გარაყანიძის გაზეთმა თავისი მთავარი დანიშნულება დაკარგოსო, და
სალონური კარიერა ერთ ღამეში დაამთავრა.

თვითონ გედეონი, სალონს რომ ახასიათებდა, თავის სალონურ ოდისეას


დაწვრილებით არ შეხებია. მხოლოდ ისა თქვა, ერთ საღამოს მეც დავესწარი,
მაგრამ ეტყობა თვალში საცემად ამოვარდნილი ვიყავი საერთო სტილიდან და
ამიტომ მეტად აღარ მივუწვევივარო. მისი უწესო ქცევის ამბავი აბელმა
უმთავრესად მერისგან გაიგო. რაც შეეხება სალონის სკეპტიკურ, მეტიც,
აგდებულ დახასიათებას, ის, რაღა თქმა უნდა, მთლიანად გედეონს ეკუთვნოდა
და თუმცა აბელს ბევრი რამ მართლა ეცნო (კერძოდ ის, რომ ქალბატონი
სალომე გემის კაპიტანს ჰგავდა, რომელიც მთლიანად მობილიზებულია და
დიდი სიფრთხილით დაჰყავს თავისი ხომალდი, რათა წყალქვეშა რიფებს არ
წამოედოს, რომ ყოველივე ეს თეატრალურ სანახაობას ჩამოჰგავდა, რომ მთელი
სალონი ცოტა ფხვიერ ნიადაგზე იყო აღმოცენებული და მისი წევრები ზემოდან
სამართავი თოჯინების ბუნდოვან ასოციაციას იწვევდა), ეს დახასიათება
გადაჭარბებული და ზედმეტად გამუქებული ეჩვენა. ყოველ შემთხვევაში,
გედეონი მხოლოდ ნაკლს ხედავდა, ღირსებას კი შეგნებულად უვლიდა გვერდს.
ცხადია, ქალბატონი სალომე არ იყო ისე განათლებული, როგორც გედეონი,
საგანთა და მოვლენათა არსს ისე ღრმად ვერ სწვდებოდა, მაგრამ ბოლოს და
ბოლოს, კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა და საბოლოო ჯამში მთავარი
სწორედ ეს არის. ქალაქს სჭირდებოდა კულტურა, თუნდაც ცოტა ზერელე,
ქალაქს სჭირდებოდა სილამაზე, თუნდაც ცოტა მოჩვენებითი, ქალაქს
სჭირდებოდა სული, თუნდაც ცოტა ხელოვნური.

საღამოთი აბელი კმაყოფილი დარჩა. დასაწყისში, როგორც ვთქვით, ცოტა


შებოჭილი იყო და მერის აფარებდა თავს. მერე და მერე გარემოს შეეგუა,
თითქოს დაკეტილი კარი გაიხსნა და შეფასების ახალი საზომები გაჩნდა, და
მალე თავისუფლება და სილაღე დაუბრუნდა. ეტყობა ამაში დიდი წვლილი
შეიტანა მოხუცმა მანდილოსანმა, ქალბატონმა ხვარამზემ, რომელიც მართლა
საინტერესო ქალი გამოდგა, ჭკვიანი, განათლებული, ჩინებული მოსაუბრე.
სალონში საერთო და კერძო საუბარი ერთმანეთს ენაცვლებოდა. ერთი ასეთი
კერძო საუბარი გაიმართა ქალბატონ ხვარამზესა და აბელს შორის. ისინი
შემთხვევით ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ და ქალბატონმა ხვარამზემ
შექსპირზე დაიწყო ლაპარაკი. ცოტა ხნის შემდეგ გამოირკვა, რომ იგი შექსპირს,
როგორც სონეტების ავტორს, უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე შექსპირს, როგორც
დრამატურგს. თან ამ მოსაზრების დასასაბუთებლად მრავალი ადგილი გაიხსენა
სხვადასხვა სონეტიდან, ეტყობა მეხსიერება ისეთი ჰქონდა, ბევრს მასზე უფრო
ახალგაზრდას შეშურდებოდა. აბელი არ დაეთანხმა. მისი აზრით, მართალია,
წმინდა შექსპირული სახეები სონეტებში უფრო ძლიერია, სამაგიეროდ პიესები
გაცილებით მასშტაბურია, ყოვლისმომცველი და სავსე. ერთხანს ღიმილით,
თავაზიანად იდავეს, მერე შეუმჩნევლად გადავიდნენ სხვა საკითხზე და ბოლოს,
როცა ქალბატონი სალომე წამოადგათ თავს, შუაში ჩაუდგა, ორივეს ხელები
მკლავებში გამოსდო და ალერსიანი ხმით მიიწვია საერთო ფერხულში, აბელმა
აღმოაჩინა, რომ სავსებით თავისუფალი იყო შებოჭილობისაგან და მერის
მფარველი კალთა უკვე აღარ სჭირდებოდა. საუბარი უმთავრესად ტრიალებდა
ოჯახისა და საზოგადოების ურთიერთობათა ირგვლივ. გარაყანიძე ცდილობდა
პოლიტიკურ ასპექტში განეხილა ეს საკითხი და ამ გზით თანამედროვე
პოლიტიკურ ვითარებაზე ელაპარაკა. ამას ნაწილობრივ მიაღწია კიდეც. ნახევრად
ქაჩალმა ჩიბუხიანმა პოეტმა, დრო რომ იხელთა, ლექსი წაიკითხა, რომელიც
მშრალი და ცარიელი იყო, მაგრამ ვერსიფიკაციული თვალსაზრისით საკმაოდ
მაღალ დონეზე იდგა. ბოლოს ვიღაცამ სიმღერა ახსენა და ქალბატონმა სალომემ
გამოაცხადა, თუ მხარს დამიჭერთ, აბელს ვთხოვოთ რამე გვიმღეროსო. აბელს
გულწრფელად გაუკვირდა. მომღერლის პრეტენზია არასოდეს ჰქონია და არც
არასოდეს უმღერია სხვისი თხოვნით ან სხვის საამებლად. სტუდენტობისას
ამხანაგებთან ერთად მღეროდა, ექსკურსიაზე იქნებოდა, სუფრაზე, სახლში თუ
(ზოგჯერ ასეც ხდებოდა) ლექციაზე. სუფრაზე აქაც მღეროდა, ოღონდ
ქალბატონი სალომეს თანდასწრებით არასოდეს უმღერია. მართალია, ერთხელ
სპექტაკლში მოუხდა სიმღერა, მაგრამ ეს იყო არა მისი, არამედ პერსონაჟის
სიმღერა, სტილიზებული, სახასიათო და ერთგვარად გაუბრალოებული. ის
სიმღერა შეიძლება მოსმენილი ჰქონდა ქალბატონ სალომეს, მაგრამ იქიდან
არავითარი დასკვნის, ყოველ შემთხვევაში, არავითარი ისეთი დასკვნის გამოტანა
არ შეიძლებოდა, რომ საჯარო სიმღერა ეთხოვა. რჩებოდა ერთადერთი ვარაუდი:
ეს თხოვნა მოდიოდა მერისაგან და არა ქალბატონი სალომესაგან. მერის
გორდაძეებთან ჰქონდა მოსმენილი ერთი-ორჯერ აბელის სიმღერა. აბელი იქ
ზოგჯერ გიტარას აიღებდა და მღეროდა ასლანის უფროს გოგონასთან,
ნინიკოსთან, ერთად, რომელიც მოწმენდილ ცასავით ნათელი და მშვიდი იყო,
ჩინებული სმენა ჰქონდა და ზარივით ხმა. აბელი გატაცებით უკრავდა გიტარას,
ბანს ფონად იძლეოდა და ამ კონტრასტულ ფონზე ისე ჯადოსნურად რეკდა
გოგონას უწმინდესი, წკრიალა ხმა, აბელს ყველაფერი ავიწყდებოდა. რეალურ
გარემოს ეთიშებოდა და უცხო, ზღაპრულ სურათს ხედავდა: ვითომ ზაფხულის
თბილი საღამო იდგა. აბელი სოფლის ბოლოში პატარა, ანკარა ნაკადულის პირას
იჯდა. ნიავი არ იძვროდა. ბუნება გარინდებულიყო რაღაც უცხო, მშვიდი და
დიდებული, ბიბლიური გარინდებით. გაღმა, მაღალი ბალახის დაფარულ
ფერდობზე, ნახირი შეფენილიყო, ძოვდა და ერთიანი, ნელი, რიტმული
მოძრაობით მიიწევდა წინ. გამოღმა ფერდობზე დახუნძლული, სიმწიფეში
შესული ვაზი ბრწყინავდა, სიმინდის ყანა ყელყელაობდა, ოქროსფერი
გვირგვინით ცას შესცქეროდა, გეგონებოდათ, ლოცვას ამბობსო. ფრთხილად,
ფეხაკრეფით, თითქოს მოიპარებაო, უჩუმრად წვებოდა ბინდი და ამ იდუმალ
გარინდებაში, როგორც ანგელოზის გალობა, ციდან ეშვებოდა წკრიალა ხმა,
თბილ ტალღებად იღვრებოდა სხეულში და ძარღვებში. გამოუცნობი,
განუმეორებელი სიხარული შემოჰქონდა, ისეთი სიხარული, რომელსაც სხვა ვერა
ძალა ვერ მიანიჭებდა ადამიანს.

ასეთ დროს აბელი მხოლოდ იმიტომ მღეროდა, რომ ნინიკოს სიმღერაში


დანთქმულიყო. საზოგადოებაში სიმღერა, ვიღაცის თხოვნით თუ დაკვეთით,
ვერც კი წარმოედგინა. ამიტომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მე რა მომღერალი
ვარ, ჩემი სიმღერა ვის გაუგიაო, შეიცხადა და ოდნავ, რამდენადაც ამის
საშუალებას გარემოება და ტაქტი იძლეოდა, უკმაყოფილო სახეც კი მიიღო.
მაგრამ ქალბატონი სალომე არ მოეშვა. აბელმა რომ მეორედ უთხრა უარი, მან
კედლიდან გიტარა ჩამოიღო, თავისი ხელით მიუტანა, წინ გამოწვდილ,
ბოლომდე გამართულ ხელში დაიჭირა, ისეთი სახე მიიღო, რომელშიაც
საყვედური და ალერსი თანაბარი რაოდენობით ერია, ტუჩები პატარა
გოგოსავით გამობურცა, მარცხენა მხარი ოდნავ აიჩეჩა, მთელი თავისი პოზით
თითქოს ეუბნებოდა, ამას შენგან არ მოველოდიო, და კეკლუცი გაბუტვით
უთხრა: - აბელ!..

უფრო სწორად, თქვა „ააბელ!..“ და თავი გვერდზე გადახარა.

აბელმა გიტარა ჩამოართვა, ცერა თითით მექანიკურად შეამოწმა სიმების ჟღერა,


მერე იქვე, სკამის საზურგეზე მიაყუდა, ქალბატონ სალომეს ღიმილით შეხედა
და უთხრა: - თუ გნებავთ, ყველაზე გრძელ მონოლოგს წაგიკითხავთ ჩემი ბოლო
როლიდან.

ქალბატონმა სალომემ კეკლუცი განაწყენების სურათი რომ მთლიანი და


დასრულებული გამოსვლოდა, ფეხი საყვარლად დააბაკუნა.

აქ საქმეში ჩაერია მოხუცი ქალბატონი ხვარამზე.

- მეც ვთხოვდი, - უთხრა მან ქალბატონ სალომეს, - მაგრამ აზრი არა აქვს. შენ
გითხრა უარი, ასეთ ახალგაზრდასა და მომხიბლავს, და მე ხომ ალბათ სულაც
მასხრად ამიგდებს.

აბელმა მოხუცს შეხედა, ქალბატონ ხვარამზეს, ისევე როგორც ყველა სხვას,


ალბათ ეგონა, აბელი თავპატიჟს იდებდა, მაგრამ მის დანაოჭებულ სახეზე, მის
ცოცხალ, ოდნავ ნაღვლიან თვალებში სიმართლე და გულწრფელობა დაინახა.
იმავ წამს გუნება ისე გამოეცვალა, სრულიად გადაავიწყდა, რა მიზეზით
ამბობდა სიმღერაზე უარს. კაცი ხომ საცა უნდა იყო, ყოველთვის შენთვის მღერი
და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მარტო ხარ ამ დროს თუ შენს
ირგვლივ ხალხით გაჭედილი დარბაზია. გიტარა აიღო, ღიმილით მივიდა მაღალ,
ძველებურ სავარძელთან, რომელშიაც მოხუცი ქალბატონი იჯდა, წინ დაუდგა,
თავი ოდნავ დაუკრა და უმღერა. უმღერა თავიდან ბოლომდე, არც პოზა
შეუცვლია, არც თვალი მოუშორებია. ქალბატონ ხვარამზეს თვალები
გაუბრწყინდა, ჯერ ტაში დაუკრა, მერე კი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა
მომღერალს. პასუხად აბელმა მისი ხელი აიღო და თავაზიანად აკოცა.

მომდევნო სიმღერას სხვებიც აჰყვნენ. კერძოდ, მერის გარდა, სამივე


პროვინციული იერის ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც ისე კარგად იმღერეს, რომ
მათი პროვინციული იერიდან ნატამალიც აღარ დარჩა, ორივე ახალგაზრდა კაცი,
ერთი დიდცხვირიანი და მეორე დიდპირიანი და კიდევ რამდენიმე სტუმარი,
მათ შორის გარაყანიძე. ქალბატონი სალომე, ქალბატონი ხვარამზე და დანარჩენი
სტუმრები სულგანაბულნი უსმენდნენ. მხოლოდ ჩიბუხიანი პოეტი იყო
ერთგვარი გამონაკლისი. იგი ბეჯითად ცდილობდა ნასიამოვნები სახე მიეღო და
თავი ისე დაეჭირა, ვითომ ინტერესით უსმენდა მომღერლებს, მაგრამ არაფერი
გამოსდიოდა. სახე ცოტა დაუგრძელდა და ზედ შეწუხებული გამომეტყველება
გადაეფინა, ჩიბუხს ნერვიულად აწვალებდა, ხელები არ იცოდა, სად წაეღო და,
საერთოდ, სანამ სიმღერები მორჩებოდა და ისევ საუბარს დაუბრუნდებოდნენ,
დათრგუნული და კალაპოტიდან ამოვარდნილი ჩანდა.

საღამო რომ დამთავრდა, ქალბატონმა სალომემ უფლებამოსილი, მაგრამ რბილი


და მხიარული კატეგორიულობით აბელს მერის შინ წაყვანა დაავალა, თან ამ
დროს ცოტა ეშმაკური, ცოტა მეოცნებე, ცოტა გაუგებარი ღიმილით იღიმებოდა.

იმ ორი კვირის განმავლობაში, სანამ ახალი სალონური საღამო გაიმართებოდა,


აბელს გედეონ რევიასთან შეხვედრა აღიზიანებდა. ხანი რომ გამოხდა და მისი
სალონური ოდისეაც ბოლოს და ბოლოს კრახით დამთავრდა, ამ გაღიზიანების
ჭეშმარიტი მიზეზიც ფარული ხვრელებიდან გამოძვრა და მზის სინათლეზე
გამოვიდა. საქმე ის იყო, რომ პირველი საღამოდან აბელს ორგვარი
შთაბეჭდილება გამოჰყვა: ერთი მხრივ იყო მსუბუქი, უზრუნველი სიამოვნება,
რომელიც მოხდენილად უვლის გვერდს საჭირბოროტო საკითხებს, თავთხელ
წყალში ცურავს, არც არაფერს გთხოვს და არც არაფერს გავალებს, მშვიდი,
კმაყოფილი გარემო, სადაც არავის უჭირს და არავინ წუწუნებს, სულიერი
სიმაძღრე, რომელიც საკუთარ ტკივილებს გიყუჩებს და სხვის ტკივილებს
გავიწყებს. მეორე მხრივ იმავე საღამომ თან აადევნა სირცხვილის გრძნობა,
ბუნდოვანი ეჭვი იმისა, რომ რაღაც არსებითსა და მტკივნეულს მიწას აყრი, რომ
ჭრილობა არ დაინახო, აბაზანაში ჭყუმპალაობ, რადგან ზღვა ღრმაა და სიღრმისა
გეშინია. აბელი იმას ცდილობდა, ეს ბუნდოვანი ეჭვი მოეშორებინა და
უშფოთველად მისცემოდა ნეტარებას, გედეონი კი უფრო მეტად ამძაფრებდა ამ
ეჭვს. ერთხელ რომ ახსენა აბელმა სალონში გატარებული საღამო (და საკადრისი
პასუხიც მიიღო), მას შემდეგ ამ თემაზე კრინტი აღარ დაუძრავს და ერთთავად
გაფაციცებული იყო, რომ არც გედეონს ეპოვა რაიმე საბაბი ამაზე სალაპარაკოდ.

მომდევნო სალონურ შეკრებაზე ჩვენმა გმირმა სამი მნიშვნელოვანი და


რამდენიმე უმნიშვნელო რამ აღმოაჩინა. უმნიშვნელო აღმოჩენებს აქ არ
შევეხებით, რადგან ისინი უმნიშვნელონი არიან, მნიშვნელოვან აღმოჩენებზე კი
ორიოდე სიტყვით შევჩერდებით. პირველი ის იყო, რომ სალონის წევრები,
რომელთაც წინა საღამოს თავიანთი სიმრავლის გამო ერთიანი, დაუნაწევრებელი
მასის შთაბეჭდილება მოახდინეს, ამჯერად უკვე ცალ-ცალკე ინდივიდებად
დაიშალნენ და პიროვნული ნიშან-თვისებები გამოამჟღავნეს. გარაყანიძე
უთქმელად, მაგრამ ჯიუტად მოითხოვდა პატივისცემასა და მოწიწებას მისი
თანამდებობის, მისი გაზეთის, მისი ჭკუისა და ენციკლოპედიური განათლების
წინაშე. მას ღრმად სწამდა საკუთარი უპირატესობა და თავი ქალაქის
იდეოლოგიურ ნიშანსვეტად მიაჩნდა. ასეთი პრეტენზიების განსამტკიცებლად
დროდადრო ჰეგელს ან კანტს ახსენებდა ხოლმე. „როგორც მე მიმაჩნია,
ჰეგელი...“ ან „მე მთლიანად და სავსებით ვეთანხმები კანტს იმაში,
რომ...“ პოეტიც პატივისცემასა და მოწიწებას მოითხოვდა, მიუხედავად იმისა,
რომ სახელად ონოფრე ერქვა. მას ღრმა სიძულვილით სძულდა ყველა
თანამედროვე ქართველი პოეტი, უკლებლივ ყველა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი
იყო და როცა მისი თანდასწრებით რომელიმე მათგანს ახსენებდნენ, ტუჩის
კუთხეებს ზიზღით დაუშვებდა ხოლმე. დაბეჯითებით იცოდა, რომ რედაქციებსა
და გამომცემლობებში ურჩხულები სხედან, რომელთა ერთადერთი დანიშნულება
არის ჭეშმარიტი ტალანტის ჩახშობა. პატივისცემასა და მოწიწებას მოითხოვდნენ
დანარჩენებიც. ამ მხრივ ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენდა სამი ახალგაზრდა
ქალი, რომელთაც შუბლზე პროვინციალობის აშკარა ბეჭედი ესვათ და რაღაც
გაუგებარი მეტამორფოზის წყალობით ეს ბეჭედი უგზო-უკვლოდ ქრებოდა
მაშინვე, როგორც კი სიმღერას დაიწყებდნენ. აბელმა მოგვიანებით, გედეონზე
რომ ისევ მოუბრუნდა გული, გაკვირვებით უხსენა ეს უცნაური გარდაქმნა.

- იცით კია, საერთოდ, რა არის პროვინციალობა, აბელ? - ჰკითხა გედეონმა და


ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, განაგრძო, - კარგად არც მე ვიცი, მაგრამ ჩემი
აზრით პროვინციალობა, ყოველ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი,
ისაა, კაცს რომ თავისი მოდელი ეთაკილება და სხვისი მოდელით ცდილობს
იცხოვროს. ის თქვენი ქალები, ეტყობა, სიმღერის მეშვეობით უბრუნდებიან
თავიანთ მოდელს.

აბელმა გაკვირვებით და ოდნავი შურით შენიშნა, რომ გედეონი მართალი იყო,


თან მოეჩვენა, თითქოს თავადაც ასე ფიქრობდა, უბრალოდ, ვერ მოახერხა ამ
ბუნდოვანი მიხვედრის დაწმენდა და ჩამოყალიბება.

მეორე გარემოება, რომელმაც აბელის გუნება-განწყობილებაზე მნიშვნელოვანი


გავლენა იქონია, ის იყო, რომ ამჯერად სტუმართა შორის მოხუცი ქალბატონი
ხვარამზე არ დახვედრია. როგორც გამოირკვა (ღიმილითა და სინანულის
კილოთი უთხრა ქალბატონმა სალომემ), ქალბატონი ხვარამზე, ბატონი ვიქტორის
დეიდა, არათუ სალონის წევრი, საერთოდ ამ ქალაქის მკვიდრიც არ ყოფილა.
ხანდახან ჩამოდიოდა თურმე დისწულისა და რძლის სანახავად. ახლაც ორიოდე
დღით ჩამოსულიყო და რა ხანია უკანვე გაბრუნებულიყო. ამ ცნობამ აბელს
გუნება გაუფუჭა და მთელი საღამოს განმავლობაში საჭირო სალონური
სიხალისე რომ შეენარჩუნებინა, საკუთარ თავზე ცოტა ძალდატანება უხდებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე გარემოება იყო: ქალბატონი სალომე აბელს


მერის გარიგებას უპირებდა. პირველ საღამოს რომ სწორედ მას დაავალა მერის
შინ გაცილება, ეს აბელს არ გაჰკვირვებია და არც არავითარი ეჭვი გასჩენია. ისა
და მერი სპექტაკლებს თამაშობდნენ ერთად, რეპეტიციებს გადიოდნენ ერთად,
ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, კოლეგები იყვნენ, ახლობლები, თითქმის
მეგობრები და სავსებით ბუნებრივი ჩანდა, რომ მისი გაცილება აბელს დაევალა.
მაგრამ ამ მეორე საღამოზე ქალბატონმა სალომემ საეჭვო აქტიურობა დაიწყო.
ერთი-ორჯერ აქეთ-იქით გამოსდო ორივეს ხელი, ცალკე გაიყვანა, ვითომ
სასაუბროდ, მერე ერთიმეორეს შეატოვა და თვითონ სხვა ჯგუფს შეუერთდა.
აბელს არც ამისათვის მიუქცევია ყურადღება. პირველი ეჭვი მაშინ გაუჩნდა,
როცა ქალბატონმა სალომემ ერთმანეთის გვერდით მსხდარნი და რაღაცაზე
გულიანად მოცინარნი (რამდენადაც აბელს ახსოვს, მიმოზა შარტავას
გულუბრყვილო გამოხდომებს იხსენებდნენ) დაინახა, თვალები ააჟუჟუნა და
მეოცნებე კილოთი თქვა: - ნამდვილი გუგულები ხართ.

ერთხელ (მაშინ აბელი მეოთხე თუ მეხუთე კლასში იყო) გაკვეთილზე


მასწავლებელი რომელიღაც ცუღლუტ მოწაფეს ეშმაკობისთვის გაუჯავრდა.
კარგად რომ დატუქსა, ხელი აბელისაკენ გაიშვირა და უთხრა, აი, მიბაძე ამას,
ხომ ხედავ როგორ გუგულივით ზისო. ამ ამბის შემდეგ აბელს მთელი
წელიწადი გუგულს ეძახდნენ, თვითონ კი, საამისო საბაბი რომ რაც
შეიძლებოდა ნაკლებად მიეცა, სულ იმას ცდილობდა, გაკვეთილზე წყნარად არ
მჯდარიყო. ხოლო გუგული, რომელიც არც მანამ, არც მერე თვალით არ ენახა
და წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ ითვლებოდა სიწყნარის ეტალონად,
სამუდამოდ შესჯავრდა. ქალბატონი სალომეს ნათქვამმა ეს უსიამოვნო მოგონება
ერთხელ კიდევ წამოატივტივა და შესაძლებელია სიტყვებზე მეტად სწორედ ამ
მოგონების უსიამოვნებას მიუძღოდა ბრალი იმაში, რომ აბელმა ქალბატონი
სალომეს ჩანაფიქრის ბუნდოვანი კონტურები გაარჩია და ეჭვი გაუჩნდა. შემდეგ
ეს ეჭვი კიდევ უფრო განმტკიცდა. საღამოს დასასრულს მერის გაცილება
ქალბატონმა სალომემ ისევ აბელს დაავალა, აივანზე გამოჰყვა და ახალგაზრდები
რომ კიბეზე დაეშვნენ, ისევ ისეთი მეოცნებე კილოთი დაადევნა უკან: - ღმერთო,
როგორ უხდებიან ერთმანეთს...

ეტყობა ზედმეტი მოწადინების გამო ქალბატონ სალომეს ზომიერების გრძნობამ


უღალატა. ასე იყო თუ ისე, ამ ცოტა უტაქტოდ ნასროლმა ფრაზამ ის გამოიწვია,
რომ აბელმა სილაღე დაკარგა, კალაპოტიდან ამოვარდა, დაიძაბა და საუბრის
გაბმა გაუჭირდა. როგორც ჩანს, მერიზეც იმოქმედა ქალბატონი სალომეს
ნათქვამმა ან არადა აბელის დაძაბულობა გადაედო. მთელი გზა თითქმის
უბრად გაიარეს.

მეორე დღეს, თეატრში რომ მივიდა, აბელმა მისდა მოულოდნელად აღმოაჩინა,


რომ წუხანდელი დაძაბულობა უკვალოდ გამქრალიყო. დერეფანში, ფანჯარასთან
თვალი მოჰკრა მერისა და თეიმურაზს. თეიმურაზი შეწუხებული, საწყალობელი
სახითა და მავედრებელი თვალებით შესცქეროდა მერის. მერი პასუხად
ზვიადად, დამცინავად იღიმებოდა. ამ სურათის დანახვაზე აბელმა უეცრად,
რაღაც უცნობი ბიძგის წყალობით, ხმამაღლა შესძახა: - ღმერთო, როგორ
უხდებიან ერთმანეთს!

თეიმურაზს სიწითლემ გადაჰკრა და სახე მოექცა. მერიმ ხმამაღლა გაიცინა და


აბელს, რომელიც თავისი გზით აპირებდა წასვლას, დაუძახა: - აბელ, აქ მოდი
ერთი წუთით, - და როცა აბელი მივიდა, სიცილი ერთბაშად ჩამოირეცხა და
სერიოზული, დაფიქრებული კილოთი უთხრა, - შენ ხუმრობ და მე და
თეიმურაზს სულ არ გვეხუმრება.

- რა მოხდა?
- თეიმურაზს ვუყვარვარ, აბელ. სალოცავ ხატად ვეგულები. ჩემი სურათი ჰქონია
სახლში და ღამღამობით თურმე კოცნის. ამ ორ წელიწადში სამჯერ უკვე
გადამიშალა გული და ხელი მთხოვა. იქნებ შენ მირჩიო, რა ვქნა: თანხმობა
ვუთხრა თუ მეოთხე ცდას დაველოდო?

თეიმურაზს ისეთი სახე ჰქონდა, საცა იყო ცრემლები წასკდებოდა და აბელი


მიხვდა, რომ თავისი სულელური ფრაზა ტყვიასავით შიგ გულში მოურტყამს.
მერისაც მეტი არ უნდოდა, როგორც ჭიაყელას, ისე დააჭირა ფეხი და ნელა,
კმაყოფილი ღიმილით სრესდა.

- მაპატიეთ, ქალბატონო, - თქვა აბელმა, - აქ სხვისი ჩარევა მავნებელია. ასეთი


ინტიმური პრობლემები გულის კარნახით უნდა გადაწყდეს, - ამ სიტყვებით
თავი დაუკრა და წავიდა.

მერე, მარტო რომ შეხვდა მერის, უსაყვედურა: - ასე იცის ფუფუნებაში გაზრდამ.
შენ რომ საკუთარი თავის მეტი რამე გაინტერესებდეს და რამეს ხედავდე, იმ
საცოდავის უბედურებას იგრძნობდი და უფრო ლმობიერად მოეპყრობოდი.

- იქნებ მართლა გავყოლოდი. ლმობიერების გამო, - დაფიქრებით თქვა მერიმ და


ქვეშქვეშ გამოხედა.

- იცი, რას ამბობენ შენზე?

- რას? - გულწრფელად და ვითარების კვალობაზე ცოტა არ იყოს ჭარბი


ინტერესით დაინტერესდა მერი.

- უკლება სძულდაო. იმიტომ, რომ ერთადერთი კაცი იყო, ვისაც თავი ვერ
შეაყვარაო.

- ჰოო? - ნეიტრალური კილოთი თქვა მერიმ, - მგონი შენც ეგ ბედი მოგელის.

რამდენიმე სტუმრობის შემდეგ სალონი აბელის თვალში საბოლოოდ


ჩამოყალიბდა და დასრულდა. ქალბატონი სალომე იყო დედოფალი, რომლის
წინაშე ყველას ღრმა მოწიწება მართებდა. კლასიფიკაცია მხოლოდ ამის შემდეგ
იწყებოდა. კიბის ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა ერთი მსუქანი, ღაბაბიანი
მანდილოსანი, რომელიც ოქროს სამაჯურების, ოქროს ყელსაბამებისა და ოქროს
საყურეების ჩხარუნით დადიოდა. ის მხოლოდ ქალბატონი სალომეს წინაშე
იხრიდა ქედს, დანარჩენებისაგან თავად მოითხოვდა პატივისცემას. შემდეგ
მოდიოდა გარაყანიძე. გარაყანიძე ქალბატონ სალომესა და ოქროჩხრიალა
მანდილოსანს უხრიდა ქედს. მესამე ადგილი ეჭირა პოეტს (რაც აბელის აზრით
ცოტა საკვირველი იყო). პოეტი ეთაყვანებოდა ქალბატონ სალომეს და პატივს
სცემდა ოქროს მანდილოსანსა და გარაყანიძეს, რომლის გაზეთში ხშირად
იბეჭდებოდა მისი ლექსები. პოეტს მოსდევდა ღიპიანი, ქაჩალი კაცი, რომელიც
პროკურატურაში მუშაობდა... ბოლოს წინა საფეხურზე ერთად იდგა ორი
ახალგაზრდა კაცი, ერთი დიდცხვირიანი და მეორე დიდპირიანი, ხოლო სულ
ქვედა საფეხურზე - ის ქალები, რომლებიც მშვენივრად მღეროდნენ და ამის
გამო პროვინციალობის დაღი მათი შუბლიდან დროდადრო უკვალოდ ქრებოდა.
მერის სალონში თავისებური ადგილი ეკავა. იგი, ჯერ ერთი, ბარაბაძის ქალი
იყო, და მეორეც, ქალბატონი სალომეს ახლობელი, ამიტომ მისგან პატივისცემას
ვერ ითხოვდნენ. თავიანთ მხრივაც პატივისცემისა და იერარქიულობის
გამომჟღავნება იმ სახით, რა სახითაც ერთმანეთის მიმართ ამჟღავნებდნენ, ძნელი
იყო, რადგან საამისოდ არც ასაკი უწყობდა ხელს და არც თანამდებობა. ამიტომ
ამ კერძო შემთხვევაში პატივისცემას ცვლიდა სიყვარული და გულუხვი
ქათინაურები, რომლებიც უმთავრესად მის გარეგნობას ეხებოდა. აბელს პირველ
ხანებში დიდცხვირიანი და დიდპირიანი კაცების გვერდით მიუჩინეს ადგილი
და ტონიც შესაფერისი აირჩიეს, მაგრამ, როცა გამოირკვა, რომ სალონის ახალ
წევრს თავად დედოფალი მფარველობდა და არა მარტო მფარველობდა, არამედ
(ესეც მალე გამომჟღავნდა) მერის საქმროდაც ჰყავდა შეგულებული, პირვანდელი
გადაწყვეტილება შეცვალეს. საბოლოოდ აბელი კიბის გარეთ აღმოჩნდა,
ნეიტრალურ ზონაში, სადაც არც მოგაგებენ პატივს და არც მოითხოვენ. ცხადია,
იერარქიის პრინციპი მეტ-ნაკლებად ფორმალურობა იყო და ხელს არ უშლიდათ
ცოცხალ, ხალისიან, ამო საუბარში, რომლის დროსაც განიხილავდნენ
საჭირბოროტო ეროვნულ პრობლემებს, რასაც ეპოქა სვამდა და დროულ
გადაჭრას მოითხოვდა.

- დღეს ისეთი დროა, - ამბობდა მაგალითად ონოფრე პოეტი, - უთვალავი


ტურისტი შემოდის ჩვენში. დასუნსულებენ მთელ საქართველოში, ყნოსავენ
ყველაფერს და ამბავი მიაქვთ. აქ დიდი წინდახედულება გვჭირდება. ვისაც
ტურისტების მიღება და მათი მარშრუტების შედგენა ევალება, ფხიზლად უნდა
იყოს და ათასი რამ უნდა გაითვალისწინოს. ტურისტი ისეთი რამაა, დაჭყეტილი
თვალი და დაცქვეტილი ყური აქვს. ამიტომ მკაცრად შერჩეული მარშრუტებით
უნდა ვატაროთ. ვაჩვენოთ, ჩემო ბატონო, ამ ჩვენი კურთხეული ქვეყნის
წალკოტოვანი სილამაზე, ტყეები, მდინარეები, ლურჯი ცა, ავუხსნათ ჩვენი
მარჯვენადალოცვილი ხალხის ნიჭიერება, გავაცნოთ ჩვენი მდიდარი კულტურა,
ჩვენი გრანდიოზული წარსული. ცენტრალურ ქუჩებში გავიყვანოთ, სანიმუშო
ეზოები დავათვალიერებინოთ, ისეთ ხალხს შევახვედროთ, რუსული რომ იცის
და კულტურა აქვს. თორემ მაგათ მეტი კი არ უნდათ: წავლენ და იტყვიან,
ქართველები ქუჩაში იფურთხებიანო, ერთმანეთს თავზე ნაგავს აყრიანო,
გაუტანელი და უწიგნური ხალხიაო. სიფრთხილე, სიფრთხილე და სიფრთხილე!

- სრულ სიმართლეს ბრძანებთ, ონოფრე ბატონო, - კვერს უკრავდა პოეტს


ოქროჩხრიალა მანდილოსანი, - მაგრამ მარტო გარედან შემოსული ტურისტები
კი არაა პრობლემა, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, აქედან ვის ვგზავნით. ყველა არ
გაიშვება. უცხოეთში ისეთი კაცი უნდა გაუშვა, ვისაც მტკიცე მატერიალური
ბაზა აქვს. მაშინ არ დაიწყებენ ვაჭრობას და მამაძაღლობას და არ მოგვჭრიან
თავს.

თუ საკითხი ზედმეტად გაჭიანურდებოდა და რომელიმე უკიდურესობის, ან


დისკუსიის, ან მოწყენილობის, ნიშნები იჩენდა თავს, ქალბატონი სალომე
თავისი მომხიბლავი ღიმილითა და არანაკლებ მომხიბლავი ტაქტით შეცვლიდა
საუბრის გეზს და ახალ თემას შემოიტანდა. ახალი თემა უმთავრესად ხელოვნება
იყო, განსაკუთრებით ლიტერატურა. ლიტერატურა ქალბატონ სალომეს
გატაცებით უყვარდა. ახსენებდა (როგორღაც ძალიან ბუნებრივად, თითქოს
აქამდეც იმაზე ყოფილიყოს ლაპარაკი), ვთქვათ, ჟორჟ სანდს და სალონსაც
წამსვე ლიტერატურული იერი მიეცემოდა. საერთოდ, როცა სიტყვა
ჩამოვარდებოდა რომელიმე მწერალზე ან რომელიმე კონკრეტულ ნაწარმოებზე,
სტუმრები ორ ბანაკად იყოფოდნენ: ერთნი, ვისაც ეს ნაწარმოები წაკითხული
ჰქონდა, ყოველმხრივ ცდილობდნენ მონაწილეობა მიეღოთ საუბარში და რამე
ისეთი ეთქვათ, რითაც აშკარად და უდავოდ დაამტკიცებდნენ, რომ წაკითხული
ჰქონდათ. ვისაც წაკითხული არ ჰქონდა, ის ცოტა მოწყენილი იყო, ერთგვარად
ჩრდილში იდგა და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებოდა, რათა ისეთ
ნაწარმოებზე გადაეტანა საუბარი, რომელიც წაკითხული ჰქონდა. ნაკლებად,
მაგრამ არსებობდა ყველასთვის ნაცნობი, ყველას მიერ წაკითხული ნაწარმოებიც.
ასეთი იყო, მაგალითად, „ბასკერვილების ძაღლი“. იგი ყველას ჰქონდა
წაკითხული, ყველას უყვარდა და მისი ხსენება დიდ გამოცოცხლებას იწვევდა.
განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა ეს მოთხრობა ოქროცურვილ
მანდილოსანს. მასზე მუდამ აღტაცებით ლაპარაკობდა, ღამე რომ გამახსენდება,
ისე მეშინია, ტანში მბურძგლავსო, ღიმილით ამბობდა, თან კეკლუცად
ცდილობდა თეატრალურად წარმოედგინა ეს თავისი შიში. საზოგადოებას
მოსწონდა მისი დაუფარავი შიში და ყოველთვის, როცა საუბარი ამ
ლიტერატურულ ძეგლს შეეხებოდა, უეჭველად აამბობინებდნენ ტანში კეკლუცად
გაბურძგვნის ამბავს. გარაყანიძემ, რომელსაც ყველაფერი ემარჯვებოდა, ერთ
საღამოს (ეს აბელის გამოჩენამდე მომხდარა) დახატა კიდეც ვეებერთელა
წითელთვალებიანი ძაღლი და სახეზე ხელებაფარებული, შეშინებული, მაგრამ
მომხიბლავი მანდილოსანი. ეს ნახატი ალბომში ედო ქალბატონ სალომეს და
აბელმა თავისი თვალით ნახა.

ხანდახან, თუმცა კი ძალზე იშვიათად, როდესაც თავისი ეკონომიკითა და


იდეოლოგიით გადატვირთულ ცხოვრებას ცოტაოდენ დროს მოწიწკნიდა,
სალონში ერთი-ორი წუთით ბატონი ვიქტორიც შემოიხედავდა ხოლმე. მის
გამოჩენაზე სალონი ერთბაშად კარგავდა სალონურობას და რაღაც
მოუხელთებელი, მაგრამ ერთიანი, მკაფიო, თითქოს ნავარჯიშევი და ნაჩვევი
მოძრაობით უცებ საზეიმო სხდომად იქცეოდა. აბელი ერთი-ორჯერ შეესწრო
ამგვარ სურათს და ვერ დაადგინა, თვითონ ბატონი ვიქტორი უფრო იყო
ამგვარი უეცარი მეტამორფოზის მიზეზი თუ სტუმრები. ხან ასე ეგონა, ხან ისე.
ბატონ ვიქტორს სალონში შემოსვლისას ლამაზად დაღლილ სახეზე მუდამ
ღიმილი ეფინა, ღრმად ადამიანური, ოღონდ ცოტა დაბნეული ღიმილი, თითქოს
აქ იღიმებოდა, ფიქრებით კი სხვაგან იყო და იმ რამდენიმე წუთის მანძილზე,
რომელსაც სალონში ატარებდა, ამ თავისი მომხიბლავი ღიმილით, დახვეწილი
მანერებით, ზომიერი, ყველა სტუმარზე თანაბრად განაწილებული ყურადღებით,
თბილი და მსუბუქი იუმორით, აგრეთვე რამდენიმე თვითკრიტიკული
შენიშვნით, რომლებიც უმთავრესად ეხებოდა იმას, რომ მძიმე, თავაუღებელმა
შრომამ სალონურ გართობასა და ლაღ საუბარს სულ მთლად გადააჩვია,
სტუმრებს გალანტურობის, თავაზიანობის, თავმდაბლობისა და ადამიანური
გულისხმიერების შესანიშნავ გაკვეთილს უტარებდა. მეორე მხრივ, ამ სანიმუშო
თავდაჭერას თან ახლდა რაღაც უხილავი, მაგრამ ვეება და დამთრგუნველი ძალა.
როგორც ჩანს, ძვალსა და რბილში გამჯდარი ღირსება, თანამდებობა,
საზოგადოებრივი მდგომარეობა, უფლება, მზრუნველის უტყუარი უპირატესობა,
სადავეების საკუთარ ხელში მყარი გრძნობა, ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც
სხვებისაგან განარჩევდა, მისი სხეულიდან უნებლიეთ გამოყოფდა მძლავრ
ტალღებს. ეს უხილავი, მაგრამ ყველა ნიშნის მიხედვით მატერიალური ტალღები,
მთელ დარბაზს ავსებდა და სასიცოცხლო სივრცის ძებნაში ყოველი მხრიდან
აწვებოდა სტუმრებს, აწვებოდა მძლავრად და საამოდ, როგორც ჰაშიში გვაწვება
საფეთქლებში, აბრუებდა, ათრობდა და თრგუნავდა. ასეთ დროს დარბაზში
ყველანი მონუსხულებივით იყვნენ და მხოლოდ იმ მოძრაობას ასრულებდნენ და
მხოლოდ იმ სიტყვებს წარმოთქვამდნენ, რასაც ბატონი ვიქტორის უხილავი ძალა
მოითხოვდა მათგან. აბელი ცდილობდა ამ მოვლენის მიზეზებში გარკვეულიყო
და მისი დამაჯერებელი ახსნა მოეძებნა. რაღაც დასკვნები თითქოს მართლა
გამოიტანა, მაგრამ რაკი საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ენდობოდა, ერთხელ
გედეონთან წამოიწყო ამ თემაზე საუბარი. გედეონმა ყურადღებით მოუსმინა და
თქვა: - თანამდებობა და ავტორიტეტი ჰიპნოზის ნაირსახეობაა. ჰიპნოზის
ზემოქმედება კი მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეგვიძლია
დავუპირისპიროთ მას ჩვენი ინტელექტუალური თვითშემეცნება.

აბელს საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ბატონი ვიქტორის მომნუსხველი


ძალა და ამგვარმა ახსნამ მის „ინტელექტუალურ თვითშემეცნებას“ ჩრდილი
მიაყენა, ამიტომ გედეონ რევია კიდევ ერთხელ შესძულდა რამდენიმე ხნით.
მისი ნათქვამი კი უფრო მწვავედ ენიშნა, როცა ერთხელ ბატონმა ვიქტორმა იგი
მთელი სალონის გასაგონად შეაქო, მერე კი ხელი მკლავში გამოსდო, დარბაზის
შუაში მასთან ერთად გაისეირნა და დაღლილი ღიმილითა და ოდნავ
გულნაკლული კილოთი უთხრა: - ბედნიერი ხართ, რომ ხელოვნების ჭაპანს
სწევთ. მშურს. ნეტა შეიძლებოდეს, ადგილები გაგვაცვლევინა. თეატრი ჩემი
სიყვარულია, იქნებ ის მაინც მოხერხდეს, რომ პატარა თავისუფალი დრო
გამოვნახოთ, დავსხდეთ ერთად და საუბრით მაინც ვიჯეროთ გული.

აბელი კეთილსინდისიერად ცდილობდა ამ ეპიზოდის მიმართ ირონიული


დამოკიდებულება გამოემუშავებინა, ამიტომ საკუთარ თავზე ბრაზობდა, როცა
დროდადრო ეს ნათქვამი სირცხვილნარევი სიამოვნებით მოაგონდებოდა ხოლმე.

ბატონი ვიქტორი სულ რამდენიმე წუთს რჩებოდა სალონში, მერე ღიმილით


მოიბოდიშებდა, ცოტა თავსაც შეაცოდებდა საზოგადოებას, რომ იძულებული
იყო სასიამოვნო საუბარი დაემთავრებინა და მოსაბეზრებელ, ერთფეროვან
საქმეებს მისჯდომოდა და გავიდოდა. ამით საზეიმო სხდომა კი მთავრდებოდა,
მაგრამ სალონი იმ საღამოს თავის ძველებურ, ლაღ, თამამ სახეს ვეღარ
იბრუნებდა. დარბაზში ბატონი ვიქტორის უხილავი ძალა კვალს ტოვებდა.
დარბაზში მთელი საღამოს განმავლობაში ტრიალებდა ბატონი ვიქტორის სული,
თუკი საერთოდ დასაშვებია ბატონი ვიქტორის სულზე ლაპარაკი.

სალონში აბელი მალე სავსებით შინაური კაცი გახდა და ისე კარგად მოერგო
იქაურობას, რომ არათუ აღარ ნატრობდა მოხუც ქალბატონ ხვარამზეს, არამედ
ახლა მისი უეცარი გამოჩენა (ისევე როგორც გედეონ რევიას გამოჩენა, სასწაული
რომ მომხდარიყო და რომელიმე საღამოზე მოეწვიათ) შეაშფოთებდა კიდეც,
რადგან გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ იგი (ისევე როგორც გედეონ რევია)
მისი უკვე დადგენილი, შეგუებული და სავსებით დამაკმაყოფილებელი
ურთიერთობების მყიფე ფესვებს გამოაჩენდა. თვითონ კი ამ ფესვებს იოლად
არიდებდა თვალს. სალონის ვრცელ დარბაზში ისე დააბიჯებდა, როგორც
საკუთარ სახლში და ყველასთან, ვინც არ უნდა ყოფილიყო და იერარქიის
რომელ საფეხურზეც არ უნდა მდგარიყო, ერთნაირად შინაურული, ზომიერად
შეხუმრებული დამოკიდებულება ჰქონდა. გარაყანიძესა და მოოქროვილ
ქალბატონს ისე ელაპარაკებოდა, როგორც პროვინციელ ქალებს. ამგვარ
განსაკუთრებულ მდგომარეობას რამდენიმე გარემოება უწყობდა ხელს: პირველი
ის, რომ აბელი ქალბატონ სალომეს ხელდებული და მერი ბარაბაძის მეგობარი
იყო. გარდა ამისა, სალონის დანარჩენ წევრთაგან განსხვავებით, მისი პატარა და
უმნიშვნელო თანამდებობა მუდმივ ყურადღებას არ მოითხოვდა და მის
სალონურ ცხოვრებას თანამდებობის დაკარგვის შიში თავის დაღს არ უსვამდა.
ყოველივე ეს საშუალებას აძლევდა, იერარქიის კიბეზე აკრძალული
მარშრუტებით ევლო და ზედა და ქვედა საფეხურები ერთმანეთთან
დაეკავშირებინა. ცხადია, მესალონეებს მისი სილაღე და თავისუფლება შურდათ
და თუ ეს შური ბუნებრივი გზით სიძულვილში არ გადაიზარდა, იმის გამო,
რომ აბელის თავისუფლებაში მაგალითს ხედავდნენ, მაგალითი კი იმედს ბადებს.

თავი მეჩვიდმეტე

ხოლო იმ დროს, როდესაც აბელი, ხატოვნად რომ ვთქვათ, ქალაქის


საზოგადოებრივ ხეს კენწეროში მოქცეოდა და თვალებმილულული ნებივრად
ირწეოდა, ცბიერი ბედი მშვილდ-ისრით ხელში ბუჩქებიდან უთვალთვალებდა
და მარჯვე შემთხვევას ელოდა, რომ ყირამალა გადმოეგდო.

მარჯვე შემთხვევა თეატრში მწიფდებოდა.

ჩაბნელებული დარბაზიდან ნატყორცნი და პირდაპირ თვალს მიბჯენილი


უხილავი შუბი, რომელმაც აბელს თავის დროზე სამჯერ მიზანსცენა
შეაცვლევინა და ორჯერ რეპლიკის ნაწილი გამოატოვებინა, ნელ-ნელა
დავიწყებას მიეცა. მართალია, ორი თუ სამი თვის შემდეგ უცნაური შემთხვევა
კიდევ ერთხელ განმეორდა და აბელის სცენური ცხოვრება ისევ აიწეწა, მაგრამ
ამის შემდეგ ხანგრძლივი სიმშვიდე ჩამოვარდა, შიში თანდათან გაქრა, ის ამბავი
მეხსიერებიდან სრულიად ამოიძირკვა და მთელი ერთი წლის განმავლობაში
აბელის შინაგანი და გარეგანი მისწრაფებანი ჰარმონიულად იყო განაწილებული
თეატრსა და სალონს შორის.

მაგრამ ვერაგ ბედს თავის განზრახვაზე თურმე ხელი არ აუღია, ერთ მშვენიერ
საღამოს დარბაზში უეცრად კვლავ იელვა რაღაცამ და ცეცხლმოკიდებული შუბი
მაშინდელივით მიებჯინა ტვინში. იმ საღამოს „რომეო და
ჯულიეტას“ თამაშობდნენ და სწორედ ის დრო იყო, რომ თეიმურაზ კილაძის
მიერ განგმირული ძირს დაეცა. აბელი ატყობდა, დარბაზის რომელი მხრიდან
გამოიტყორცნა შუბი, მაგრამ უკვე „მკვდარი“ იყო, თანაც გულაღმა იწვა, ამიტომ
საშუალება არ ჰქონდა, თვალით მოენიშნა ის ადგილი. ამის შემდეგ ეს საოცარი
მოვლენა რეგულარულად მეორდებოდა და ყველაფერი ძველებურად აირია და
აიბურდა. აბელი ბევრს ფიქრობდა, თავს იმტვრევდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაეგო,
რა ხდებოდა. ფრთხილად, წინდახედულად, ისე, რომ დაეჭვების საბაბი არ მიეცა
და ზედმეტი სალაპარაკო არ გაეჩინა, სათითაოდ დაჰკითხა სპექტაკლის ყველა
მონაწილე და დაადგინა, რომ არავის მსგავსი არაფერი მოსდიოდა. ამან კიდევ
მეტად ჩააგდო საგონებელში. ხანგრძლივმა კვლევამ და დაკვირვებამ რომ ნაყოფი
ვერ გამოიღო და აბელი საბოლოოდ მიეცა სასოწარკვეთას, ერთ საღამოს უეცრად
დაასკვნა, რომ ეს რომელიღაც მაყურებლის მზერა იყო. ერთი კი გაუკვირდა,
მაგრამ დასკვნა სათუოდ არ გაუხდია. მაშინვე ეჭვი სამსონზე მიიტანა, რადგან
სამსონი იყო ის კაცი, ვინც ნორმალურ ადამიანურ ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა,
პულსს იჩერებდა, თავის არსებაში ჩაბუდებულ ზებუნებრივ ძალებს
უჩხიკინებდა, კოსმოსურ ენერგიას უერთდებოდა, აბსოლუტთან მისვლა-მოსვლა
ჰქონდა და ათას სხვა ნამდვილსა თუ მოგონილ უცნაურობას სჩადიოდა. რაკი
ყველაფერთან ერთად ჰიპნოზის უნარსაც იჩემებდა და თვალებს მუდამ რაღაც
სხვანაირად აბრიალებდა, სავსებით ბუნებრივია, რომ აბელმა ეს აუხსნელი
უცნაურობაც მყისვე მას მიაწერა. მეორე დღესვე შინ ეწვია და მას შემდეგ, რაც
მთელი საათი ნეიტრალურ თემებზე ესაუბრა, რათა თავი არ გაეცა და მოსვლის
ნამდვილი მიზეზი კარგად შეენიღბა, ჰკითხა: - წუხელ თეატრში ხომ არ
ყოფილხარ, სამსონ?

- თეატრში? - გაუკვირდა სამსონს და სახეში შეხედა, - ნუ გეწყინება, მაგრამ


თეატრში არ დავდივარ. ეს ჩემი ურყევი პრინციპია. თეატრი ლანდების სამეფოა.
ლანდი კი სხეულის ანარეკლია, სულს ლანდი არა აქვს. ჯერ სხეული რა არის,
რომ მისი ანარეკლი რა იყოს! სხეული ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ იმდენად,
რამდენადაც იგი სულის ტაძარია. მარადიული არსის დროებითი და წარმავალი
სადგური. სხეულს ისე უნდა მოვუაროთ, როგორც სახლს ვუვლით. სუფთა უნდა
იყოს, მყარი და ჯანსაღი, მაგრამ თვითმიზნად არ უნდა ვაქციოთ. ცნობიერება
მთლიანად სულზე უნდა იყოს დაუნჯებული. ცნობიერება გარე სამყაროს უნდა
მოვწყვიტოთ. რა გვიშლის ამაში ხელს? რა არის ის ძალა, რის გამოც ცნობიერება
გარე სამყაროსაა მიჯაჭვული? სურვილები. სურვილები რომ არ გაგვაჩნდეს, გარე
სამყაროც არ იარსებებდა, ცნობიერების ობიექტი მხოლოდ სული იქნებოდა და
სხეულში დამწყვდეული გრანდიოზული ძალები თავისუფლებას მოიპოვებდა.
გარე სამყარო ჩვენ შევქმენით და ჩვენვე შეგვიძლია გავაქროთ. გარე სამყარო...

აქ აბელმა შეაწყვეტინა. ამგვარი ქადაგება მრავალჯერ ჰქონდა მოსმენილი და


აღარ აინტერესებდა, თავის კითხვაზე კი უკვე მიიღო პასუხი და ეჭვმიუტანლად
დაადგინა, რომ მცდარ კვალს ადგა, სამსონი არ ყოფილა ის, ვინც ყოველ
საღამოს თვალით ბურღავდა.

- უცნაური ამბავი ხდება, - აბელმა გადაწყვიტა, რჩევა მაინც ეკითხა


სამსონისთვის, - დარბაზიდან ვიღაცა ისე მიყურებს, მგონია, ტვინში შუბს
მირჭობს-მეთქი. ყოველ სპექტაკლზე მოდის.

- და შენ გეგონა, მე ვიყავი, არა? - ცოტა არ იყოს თავმომწონედ თქვა სამსონმა.

- ასე მეგონა, - აღიარა აბელმა.

- მე თეატრში არ დავდივარ, - კვლავ, ამჯერად ერთგვა-რი სიამაყითა თუ ნიშნის


მოგებით თქვა სამსონმა.

- რა ხდება ნეტა? მეჩვენება თუ...

- გასაგებია, რაც ხდება.

- მართლა?
- აბა, კარგად გაიხსენე. ჯერ მარცხენა თვალში გრძნობ მსუბუქ ჩხვლეტას, მერე
ეს ჩხვლეტა დენივით შემოდის უფრო ღრმად, თვალს გაივლის, ტვინს მიაღწევს
და აღიზიანებს. გაიძულებს, მიიხედო.

აბელი დარწმუნებული არ იყო, რომ მაინცდამაინც მარცხენა თვალში გრძნობდა


ჩხვლეტას, მაგრამ ამჯობინა ამ საგნის ირგლივ დისპუტი არ გაემართა, მით
უმეტეს, რომ დანარჩენი სიმპტომები სამსონმა მართლა სწორად გამოიცნო და
დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.

- ჰიპნოზია, - დაჯერებით თქვა სამსონმა, - მაგრამ ამ ქალაქში რომ ჰიპნოზის


გამკეთებელი არავინ მეგულება? იქნებ ჩამოსულია ვინმე?

- ვინ უნდა ჩამოსულიყო საგანგებოდ იმისთვის, რომ ყოველ საღამოს თეატრში


იაროს და თვალებით შემჭამოს?

- გზანი უფლისანი... - ნელა, გაგრძელებით თქვა სამსონმა.

- შენ შეგიძლია ჰიპნოზი გამიკეთო? - ჰკითხა აბელმა.

- როგორ არ შემიძლია, - გაიღიმა სამსონმა, როგორც ბავშვის გულუბრყვილო


შეკითხვაზე გავიღიმებთ.

- გამიკეთე.

სამსონმა მძიმედ გაიქნია თავი.

- არ გამოსცადო... ზებუნებრივი ძალების ტყუილუბრალოდ გამოყენება არ


შეიძლება.

- რატომ ტყუილუბრალოდ. მინდა შევადარო და დავრწმუნდე, რომ ვიღაცა


მართლა ჰიპნოზს მიკეთებს.

- გეუბნები და მეტი რაღა დარწმუნება გინდა!

- ვინ არის?.. რა უნდა?..

- არც მაგის გაგებაა ძნელი. ჭვრეტის მეშვეობით ყველა კითხვაზე შეიძლება


პასუხის მიღება, იქ ყველაფერი წერია - სამსონმა თვალები მაღლა აღაპყრო, -
მაგრამ ასეთ წვრილმანებს ჩვენ ვერ გამოვეკიდებით.

სამსონისთვის ყველაფერი წვრილმანი იყო, რაც კი ამქვეყნიურ ცხოვრებას


შეეხებოდა. კაცობრიობის საარსებო პრობლემებზე აგდებით და
სასხვათაშორისოდ ლაპარაკობდა. ეროვნული საკითხები მისი აზრით საერთოდ
არ არსებობდა, რადგან ერი შემთხვევითი რამ მოვლენა იყო. სიყვარულის
პოზიციიდან შაჰ აბასი და დავით აღმაშენებელი ერთი და იგივე პიროვნებააო,
ერთხელ თქვა. რა გასაკვირია, რომ ეს კაცი არ დაინტერესებულიყო ისეთი
უმნიშვნელო და მართლა წვრილმანი ამბით, როგორიცაა ვიღაც მაყურებელი,
რომელიც სპექტაკლის დროს მსახიობს თვალით ბურღავს.

აბელს საკუთარი თავსატეხისთვის თვითონვე უნდა მოევლო და გადაწყვიტა,


ასეც მოქცეულიყო.
გედეონთან ამ ამბის ირგვლივ კრინტი არ დაუძრავს.

საკუთარ ძალებს დაეყრდნო, მოქმედების გეგმა შეადგინა და თავი იმით


ინუგეშა, რომ ადამიანის საქციელს ადამიანი, თუკი სერიოზულად მოიწადინებს,
უეჭველად ამოხსნის. გეგმა ასეთი იყო: როდესაც მზერას იგრძნობდა,
შეძლებისდაგვარად ზუსტად მოენიშნა ის ადგილი, მერე კი აქტისა ან
სპექტაკლის ბოლოს, შუქი რომ აინთებოდა, ფარდის ჭუჭრუტანიდან კარგად
დაეთვალიერებინა იქაურობა და ის ხალხი დაეხსომებინა, ვინც ამ საეჭვო
ადგილას იჯდა. როცა ასეთ ექსპერიმენტს რამდენიმეჯერ გაიმეორებდა,
ეჭვმიტანილთა რაოდენობა თანდათან უეჭველად შემცირდებოდა და ასე,
გამორიცხვის გზით, ბოლოს და ბოლოს მიაგნებდა იმას, ვისაც ეძებდა.

გეგმა უტყუარი იყო და არ შეიძლებოდა, წარმატება არ მოჰყოლოდა და


მართლაც აბელს სულ ორი ცდა დასჭირდა იმისათვის, რომ დამნაშავე ასე
ვთქვათ, დღის სინათლეზე გამოეყვანა. პირველ ცდაზე იგი სადღაც მეათე რიგის
დასაწყისში ივარაუდა და ამის შემდეგ მოუთმენლად მოელოდა სპექტაკლის
დამთავრებას. როცა ბოლოს და ბოლოს საფინალო მუსიკა გაისმა, ჭუჭრუტანას
გულისფანცქალით აეკრო. უნდა ითქვას, რომ ცოტა იმედგაცრუებული დარჩა,
რადგან მეათე რიგში სამი ჩვეულებრივი ადამიანი დაინახა. სულ განაპირას
იჯდა ახალგაზრდა ქალი, უფრო ალბათ ბავშვი, ვიდრე ქალი, რომელიც, რაკი
გარეგნობაში სხვა ღირსშესანიშნავი არაფერი ჰქონდა, აბელმა მოკლედ, ბიჭურად
შეკრეჭილი თმით დაიხსომა. მის გვერდით იჯდა შუახნის ქალი და მერე
შუახნის კაცი. ქალს ჭაღარა თმა და კეხიანი ცხვირი ჰქონდა, კაცს - გადაბმული
წარბები და დიდი ულვაშები. სხვა ახლომახლო არავინ იყო. აბელმა ძლივს
მოასწრო თვალის შევლება, იმავ წამს სამივენი წამოდგნენ, გასასვლელისაკენ
დაიძრნენ და დანარჩენ მაყურებლებს შეერივნენ. როგორც ეტყობა, აბელი რაღაც
განსაკუთრებულს მოელოდა. ყოველ შემთხვევაში, სამივე ეჭვმიტანილი იმდენად
ჩვეულებრივი და უფერული ეჩვენა, რომ მთელ თავის გეგმაში ეჭვი შეეპარა.

ეს ეჭვი ორ დღეს აწვალებდა და მესამე საღამოს (მეორე საღამოს სპექტაკლში არ


მონაწილეობდა) გაქრა.

ამჯერად საეჭვო ზონა ბოლო რიგის შუაში იყო და თუმცა ფარდა რომ დაიხურა
და შუქი აინთო, იქ ბლომად ხალხი აღმოჩნდა, აბელმა მყისვე შენიშნა ბიჭურად
შეკრეჭილი გოგო. წინა ექსპერიმენტის სამეულის დანარჩენი ორი წევრი არსად
ჩანდა. ამგვარად ყველაფერი ნათელი შეიქნა. როდესაც ფარდა ხელახლა გაიხსნა
და სპექტაკლის მონაწილეები თავის დასაკრავად გამოვიდნენ, გოგო უკვე ბოლო
და ბოლოსწინა რიგს შუა მიდიოდა და დანარჩენ სულსწრაფ მაყურებლებთან
ერთად გასასვლელისაკენ მიიჩქაროდა. ერთიანი სადა კაბა ეცვა, ღია ნაცრისფერი
ვიწრო საყელოთი და წვრილი ქამრით. ახლა მხოლოდ ზურგი და ბიჭურად,
მრგვალად გაკრეჭილი თავი მოუჩანდა, არც ერთი და არც მეორე აბელს
განსაკუთრებულს არაფერს ეუბნებოდა. ოღონდ ეს იყო, დარბაზს რომ გასცდა
და თვალს მიეფარა, მოულოდნელად მოეჩვენა, თითქოს ადრეც ენახა სადღაც.

ექსპერიმენტი რომ ყველა ეჭვისაგან გაეწმინდა, აბელმა კიდევ რამდენიმეჯერ


ჩაატარა ანალოგიური დაკვირვება და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მთელი
დავიდარაბის მიზეზი ეს ტანმორჩილი, გამხდარი გოგო იყო, რომელსაც,
როგორც ამ დამატებითმა ცდებმა ნათლად დაადასტურა, გარეგნობაში
განსაკუთრებული და ღირსშესანიშნავი არაფერი ჰქონდა და სამი-ოთხი ნახვის
შემდეგაც კი ქუჩაში მხოლოდ თმით თუ იცნობდით. ეს კი იყო, რომ ბუნდოვანი
გრძნობა, თითქოს ადრეც ენახა სადღაც, აბელს არ შორდებოდა.

აბელი კიდევ მეტად დაინტერესდა. ამ ამბის უკან რაღაც საიდუმლო


ელანდებოდა, თუმცა ყველაზე მარტივი ვარაუდი ის უნდა ყოფილიყო, რომ
ვიღაც ქარაფშუტა, ტუტრუცანა გოგომ თავი შეყვარებულად წარმოიდგინა და
რომანტიკოსობანას თამაში წამოიწყო.

აბელმა გადაწყვიტა, შეხვედროდა და გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ეს არც ისე


იოლი საქმე იყო. დამთავრდებოდა თუ არა სპექტაკლი, გოგო ერთ-ერთი
პირველთაგანი გადიოდა დარბაზიდან, აბელს კი გრიმის მოცილებასა და
ტანსაცმლის გამოცვლაში ქვეყნის დრო უნდა დაეკარგა. ერთხელ მაინც სცადა
ბედი. იმ დღეს თანამედროვე ახალგაზრდა კაცს თამაშობდა და გარდა იმისა,
რომ სახიდან ბევრი არაფერი ჰქონდა მოსაცილებელი, შარვალი და ხალათიც
საკუთარი ეცვა და მხოლოდ პიჯაკი ჰქონდა გამოსაცვლელი. სწრაფად
ჩამოიწმინდა საღებავი, ფაცხაფუცხით გამოიცვალა პიჯაკი და კისრისტეხით
გავარდა. გზად გედეონის ხმა შემოესმა: - აბელ!

აბელს ნაბიჯი არ შეუნელებია. თავი ისე დაიჭირა, ვითომ გედეონის ძახილი


ვერ გაიგონა, ტყვიასავით გავარდა შენობიდან და უკანა ეზოს მიაშურა, სადაც
მაყურებლების გასასვლელი იყო. მაყურებელთა ნაწილი უკვე გასცდენოდა
ჭიშკარს და ქუჩაში მიაბიჯებდა. გოგო არსად ჩანდა. ამასობაში ხალხმა იცნო
მსახიობი, რომელმაც წუთის წინ ოპტიმისტური კილოთი წარმოთქვა პიესის
საფინალო ტექსტი. ატყდა ჩურჩული და თითის შვერა. აბელი ამან ცოტა
გააღიზიანა, მაგრამ თავისი საქმე არ შეუწყვეტია. აქა-იქ ნაცნობებიც გამოჩნდნენ,
რომელთაც თავიანთ მოვალეობად ჩათვალეს, რაც შეიძლება ახლო ჩაევლოთ და
მისალმებოდნენ. ერთი დარდიმანდი, სადღაც სუფრაზე გაცნობილი, ამასაც არ
დასჯერდა, სხვების ყურადღება რომ მიექცია, ხმამაღლა, შინაურულად მიესალმა
და ხელი გაუწოდა. აბელმა მექანიკურად ჩამოართვა ხელი, თან ხალხის
თვალიერებას განაგრძობდა. დარდიმანდმა რაღაც იყბედა და თუმცა აბელი
მექანიკურად და უყურადღებოდ პასუხობდა, ირგვლივ მყოფთ მაინც საკმაო
თვალსაჩინოებით დაუმტკიცა, თუ რა ახლო ურთიერთობა ჰქონდა თეატრალურ
წრეებთან. ხელები მკერდზე დაეკრიფა და ხაზგასმულად ხმამაღლა
ლაპარაკობდა. აბელმა ეს ბოლოს და ბოლოს შენიშნა და როცა დარდიმანდმა,
მისი უყურადღებობით სულ ოდნავ შეწუხებულმა, ჰკითხა: - ვინმეს ეძებ?

აბელმა არხეინი, სასხვათაშორისო კილოთი მიუგო: - ჰო, უკლება დავინახე


დარბაზში და იმას ვეძებ.

- აა!.. - თქვა დარდიმანდმა, - ოო!.. აბა, კარგად გნახე, - და გაქრა.

ხალხი ნელ-ნელა გავიდა ეზოდან. უკანასკნელი მაყურებელიც რომ მიეფარა


თვალს, აბელი მოტრიალდა, ისევ წინა ეზოში გამოვიდა და თავის გზას გაუდგა.

მალე ცნობისმოყვარეობა დეტექტიურ ინტერესად ექცა და ბოლოს და ბოლოს,


რაკი შეხვედრის სხვა არავითარი გზა არ ჩანდა, უკანასკნელი, მაგრამ ყველაზე
საიმედო ღონე იხმარა: ერთ დღეს, სპექტაკლის დაწყებამდე ასე ორი საათით
ადრე, თეატრში დარეკა, ცუდად შევიქენი და იქნებ დღეს ჩემმა შემცვლელმა
ითამაშოსო, ხოლო იმ დროს, როცა თეატრში მესამე ზარი დარეკეს და
სპექტაკლი დაიწყო, სახლიდან გამოვიდა.

აბელი თეატრის გვერდით, პატარა სკვერში აპირებდა დადარაჯებას. ვერც ერთი


მაყურებელი ისე ვერ გამოვიდოდა თეატრიდან, რომ აქედან არ შეემჩნია.
თავიდან განზრახული ჰქონდა, სპექტაკლის დამთავრებისას მისულიყო, მაგრამ
მერე გადაიფიქრა. მართლაცდა, თუ ის გოგო მთლად გადარეული იყო,
შეიძლება არც დალოდებოდა სპექტაკლის დამთავრებას, რაკი აბელის მაგივრად
სხვა შემსრულებელი შერჩებოდა ხელთ, დაეკრა ფეხი და წამოსულიყო.

მართლაც, ის იყო აბელი სკვერს გაუსწორდა და შეხვევას აპირებდა, რომ


თეატრის ეზოდან ის მისი გოგოც გამოვიდა. აბელი რომ დაინახა, გაშეშდა და
თვალებგაფართოებული მიაჩერდა. გოგო სწორედ ნათურის ქვეშ შედგა, ყველაზე
განათებულ ადგილას და აბელს, სანამ უახლოვდებოდა, შეეძლო კარგად
დაკვირვებოდა. თხელი იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და ცოტა გაფითრებული.
მრგვალი პირისახე ჰქონდა (რომელიც სიგამხდრის გამო პირველ შეხვედრაზე
აბელს ცოტა მოგრძო მოეჩვენა), დიდრონი, შავი თვალები, გრძელი წამწამები,
მორკალული წარბები, თხელი ცხვირი და თხელი ტუჩები. ბიჭურად შეკრეჭილი
თმა ფერდაკარგულ სახესთან ერთად ცოტა ავადმყოფურ იერს აძლევდა. ტანთ
ეცვა იგივე ერთიანი ნაცრისფერი კაბა, კაბაზე - უხეშად ნაქსოვი მწვანე ჟაკეტი.
საერთოდ, უფრო საბაზროდ გამოწყობილს ჰგავდა, ვიდრე სათეატროდ.
შესახედაობა ისეთი ჰქონდა, ათჯერ რომ შეგხვედროდათ ქუჩაში, ერთხელ არ
მიაქცევდით ყურაღებას. თითქოს ცუდი არ ეთქმოდა, მაგრამ უცნაურად
უფერული და შეუმჩნეველი იყო, ეს კია, რომ მთელი მისი გარეგნობა აბელს
ამით მძაფრად მახლობელი ეჩვენა.

გოგო იდგა და თვალს არ აშორებდა. აბელი ამასობაში სულ ახლოს მივიდა,


შეჩერდა და დააცქერდა. გოგომ უეცრად წარბები შეჰყარა (რის გამოც შუბლი
დაუნაოჭდა და თითქოს ერთბაშად ასაკიც მოემატა) და ჰკითხა: - რატომ არ
თამაშობ დღეს?

აბელს ორგვარი გრძნობა გაუჩნდა. ერთი უკვე ნაცნობი გრძნობა იყო - თითქოს
ეს გოგო ადრეც ენახა სადღაც, მეორე კი გაკვირვება, გაკვირვება ასეთი
უცერემონიო მომართვისა და შინაურული კილოს გამო. მერე, როცა ორივე ამ
გრძნობამ გაუარა, ერთბაშად უჩვეულო სიმსუბუქე დაეუფლა.

- რატომ მიატოვე სპექტაკლი? - თავის მხრივ აბელმაც შეჰყარა წარბები.

გოგო ცოტა არ იყოს შეკრთა, მაგრამ მალევე მოერია თავს.

- აბა რომ არ თაAმაშობდი! რატომ არ თამაშობდი?

აბელმა ისეთი სახე მიიღო და ისე მიიხედ-მოიხედა, თითქოს რაღაც დიდი


საიდუმლო უნდა გაენდო და ეშინოდა, არავის მოესმინა.
- ავადმყოფობა მოვიგონე. აბა, რა მექნა: დამთავრდება თუ არა სპექტაკლი,
მაშინვე კისრისტეხით გარბიხარ, მაგრამ ახლა ხომ ვერსად გამექცევი! აბა,
მითხარი, რას დადიხარ ჩემს სპექტაკლებზე და რას მბურღავ თვალებით?!

გოგოს ცოტა შეეშინდა და შიში რომ დაეძლია ან დაემალა მაინც, აგდებული


კილოთი მიუგო: - გბურღავ არა ის!..

- ვინ ხარ და რა გინდა?

- ვინ ვარ? - გოგოს გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა, - ვერ მიცანი?

ეს ალალი და უსაზღვრო გაკვირვება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ აბელს


წამით თავისი პატარა, იმპროვიზებული სპექტაკლი გაუფუჭდა და დაბნეულმა
უპასუხა: - ვერა.

გოგოს თითქოს გაეხარდა. კმაყოფილმა გუღიმა. ამ ღიმილმა ერთი მხრივ რაღაც


ნათელი გადააფინა მის სახეს, მაგრამ მეორე მხრივ ლოყების ძირში, ტუჩის
კუთხეების გაყოლებაზე, ღრმა, გრძელი ნაოჭები გაუჩნდა და საოცრად
უსიმპათიო გახდა.

- ანი ვარ.

- ანი? - აბელი დაფიქრდა და შუბლი შეიჭმუხნა, - რომელი ანი?

გოგომ ტუჩები მაგრად მოკუმა, მაგრამ მისი მცდელობა, მოძალებული ღიმილი


და მოძალებული სიხარული უკუეგდო, ამაო გამოდგა. ერთმანეთში შეზავებული
ღიმილისა და სიხარულის შუქი, ბავშვურად ალალი, ბავშვურად კმაყოფილი,
ბავშვურად ყოვლისმომცველი, თვალებს მოაწვა, ციმციმით გადმოიღვარა და
მთელ სახეს მოედო. ტუჩის კუთხეებში, იმ ადგილას, სადაც წეღან
შემაძრწუნებელი ნაოჭები ჩაწოლილიყო, ახლა პატარა ფოსოები გაუჩნდა. ორი
პატარა ღრმული, რომლებსაც თვალებიდან გადმოფენილი სხივები სწვდებოდა.
ამის გამო თითქოს მოკუმული ტუჩებიც მონაწილეობას იღებდა ღიმილში და
სახე, წეღანდელი უსიმპათიო სახე, ახლა სიმპათიური, მომხიბლავი, საყვარელი
გახდა. სიხარულისა და ღიმილის ყოვლისმომცველ შუქში ეშმაკური
კმაყოფილება ერია, კმაყოფილება ბავშვისა, რომელმაც ისეთი საიდუმლო იცის,
შენ რომ არ იცი. ამ საიდუმლოს, ცხადია, დიდხანს ვერ შეინახავს, მაგრამ სანამ
გაგიმხელდეს, ჰგონია, ვითომ მისი ნებაა, გაგიმხელს თუ არა და ამ
უპირატესობით ტკბება. ხოლო ყველაფერი ეს, სიხარულის თბილი და მოელვარე
სხივი, უკანმოუხედავი, ბოლომდე ამოხაპული, თავშეუნახავი ღიმილი, ეს
უეშმაკო ეშმაკობა, მთელი ეს სახეზე გადმოღვრილი, გამომეტყველებად ქცეული
არსი ისეთ მყარ საფუძელზე იყო დაყრდნობილი, ისეთ ნიადაგში ჰქონდა
ფესვები გადგმული, რასაც ვერაფერი სწვდება, ვერაფერი ამღვრევს, რასაც ჭუჭყი
არ ეკარება და რის გამოც ადამიანი ყველაზე მძიმე, ყველაზე ბინძურ, ყველაზე
შემზარავ წუთებშიც კი ღვთაებრივი სინათლის სხივია.

გოგო იდგა და კარგა ხანს უყურებდა ასე, ტუჩებმოკუმული და მოღიმარე.


ბოლოს, პაუზით რომ გული კარგად იჯერა, თქვა: - არ გახსოვს, ბაღში რომ
დაგბეთქეს?
მიხვედრამ და გაკვირვებამ აბელს ერთიან, განუყოფელ ტალღად გადაუარა
გონებაში, იმავ წამს ეს ტალღა რაღაც სრულიად დაუდგენელი მიზეზების გამო
უანგარიშო სიხარულად იქცა და აბელმა, თვითონ რომ არ მოელოდა, ისე
ხმამაღლა შესძახა: - ღამის მოჩვენება! საფრთხობელა! დავიჯერო, მართლა შენა
ხარ?!

- შენა ხარ, - ცოტათი გაიბუტა გოგო და თვალი აარიდა, - ღამის მოჩვენებაც


შენა ხარ და საფრთხობელაც.

- მე? - კომიკურად შეიცხადა აბელმა და თეატრალური პათოსით დაუმატა, - მე


აპოლონ ბულდოზერელი ვარ!

- ბულდოზერელი კი არა, ბელვედერელი, - გულგრილი, ცოტა მობეზრებული


კილოთი თქვა გოგომ. მაგრამ ეს მოგონილი გულგრილობა დიდხანს არ ეყო,
აბელის დაჟინებული მზერის ქვეშ თავი დახარა, და აწრიალდა.

- საღებავი რა უყავი, ბელვედერელო? - ღიმილით ჰკითხა აბელმა, - გაგითავდა?

გოგომ უეცრად დოინჯი შემოიყარა, თავი აიღო, ყელი მოიღერა, აბელს ერთი
ზიზღით შეხედა და გამოთქმით უთხრა: - მშვიდობით, ჩემო ბატონო, მე
მივდივარ.

ამ სიტყვებით აბელს გვერდი აუქცია და ისეთი ნაბიჯით გაუდგა გზას,


რომელსაც, როგორც ჩანს, მომაკვდინებელი სიამაყე უნდა გამოეხატა.

- ე! ე! მოიცა! - აბელი დაედევნა და მკლავში წაატანა ხელი, - რას ჰქვია


მიდიხარ! ძლივს ხელში ჩაგიგდე, ასე იოლად როგორ გაგიშვებ!

გოგო არ გასძალიანებია, მაშინვე შეჩერდა. სამაგიეროდ წეღანდელივით ზიზღით


შემოხედა და ტრაგიკული პერსონაჟის მწუხარე ხმით უთხრა: - რა გნებავთ?

აბელმა სიცილი შეიკავა. მერე უცებ შუბლი შეიჭმუხნა.

- რას დაწანწალებ ყოველდღე ამ თეატრში! ხომ ხედავ, რას დაემგვანე!

გოგო მოულოდნელობისაგან როლიდან ამოვარდა, პირი ოდნავ გააღო და


თვალებგაფართოებული მიაჩერდა აბელს.

- რას დავემგვანე? - ჰკითხა მერე გაკვირვებით.

- „მშვიდობით, ჩემო ბატონო!“ - გამოაჯავრა აბელმა, - „რა გნებავთ, ჩემო


ბატონო?“ წესიერი ლაპარაკი აღარ იცი?

- მე ძალიან წესიერად ვლაპარაკობ, - ისევ მოიღერა ყელი გოგომ.

- ტუტუცო! - დაიყვირა მოულოდნელად აბელმა და თვითონვე შეკრთა.

გოგომ ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და ისე შეხედა. მის მზერაში


გაკვირვებაც იყო, წუხილიც და საწვიმარი ღრუბლებიც.

- მაპატიე, - აბელს წამით მთელი სხეული მოუდუნდა. მერე, მოდუნებამ რომ


გაუარა, ხელი ნაზად დაადო მხარზე, - მაპატიე. - აქ უცებ გაიცინა და კილო
ისევ შეცვალა, - მაპატიეთ, მოწყალეო ქალბატონო, - ამ სიტყვებით
ცერემონიულად დაიხარა, გოგოს ხელი ხელში აიღო და აკოცა.

გოგოს შეწუხებულ და გაკვირვებულ მზერაში შეკავებულმა ღიმილმა გამოჟონა.


მერე ერთი ჯიქურ შეხედა აბელს, მყისვე ისევ აარიდა თვალი და სწრაფად,
სხაპასხუპით თქვა: - შენ ყველაზე კარგი მსახიობი ხარ.

- სამწუხაროა, - გაიღიმა აბელმა.

- რატომ? - გაუკვირდა გოგოს და გაფართოებული თვალები შეანათა.

- იმიტომ, რომ მსახიობობა თურმე ღმერთის უარყოფა ყოფილა. ღმერთმა


ადამიანი შექმნა ასეთი და ასეთი. ის კი ადგა და გრიმი გაიკეთა.

გოგო დაბნეული უსმენდა და ბოლოს თქვა: - ვინ მოგახსენა?!

- გედეონ რევიამ, - დაუფიქრებლად მიუგო აბელმა.

- ბევრი იცის მაგ გედეონ რევიამ! - ამრეზით თქვა გოგომ და აბელმა წამით
თითქოს ნათლად დაინახა, რომ გედეონ რევიას უარყოფაც შეიძლება და
ამისათვის სულაც არაა აუცილებელი, ყველა ის წიგნი, რაც მას აქვს წაკითხული,
შენც წაკითხული გქონდეს.

- შენ თუ იცი, რომ ჰიპნოზიორი ხარ? - ჰკითხა გოგოს.

- ჰიპნოზიორი არა ის!..

- მართლა გეუბნები. არ შეგიმჩნევია?

- მასხრად ასაგდები შენს თეატრში მოიკითხე.

- მოვიკითხე და ბევრიც ვიპოვე, მაგრამ დამიგდე ყური. არ გაინტერესებს,


როგორ მოგაგენი დარბაზში?

- როგორ? - ეტყობა გოგოს ამაზე არ უფიქრია და ახლაღა მიხვდა, რომ აქ


შეიძლება რამე საიდუმლო იმალებოდეს.

- როგორ და, დარბაზიდან ვიღაცა ისე მიყურებდა, რომ მისი მზერა დროდადრო
ხანჯალივით მესობოდა ტვინში. დავაკვირდი და ღამის მოჩვენება შემრჩა ხელთ.
დავიჯერო, მართლა არ შეგიმჩნევია?

გოგო მიხვდა, რომ ეს მასხარად აგდება არ იყო, მაგრამ ამის მეტს ეტყობა
ვერაფერს მიხვდა და მხრები აიჩეჩა.

- რა ვიცი, მე ისე გიყურებდი.

- მგონი მართლა ღამის მოჩვენება ხარ, - გაიღიმა აბელმა, - ერთი დღისით უნდა
შეგამოწმო. ახლა სად მიდიხარ?

- სახლში. შენ?

- მე შენს სანახავად მოვედი. წამო, წავიდეთ.


გოგო უეცრად აწრიალდა. მერე, როგორც იქნა, თავი ცოტა მოთოკა, აბელს
წეღანდელივით მოავლო სწრაფი მზერა, მყისვე აარიდა თვალი, რაღაცას
მიაჩერდა სივრცეში და შემკრთალი, გაუბედავი და ალბათ ამის გამო
გადაჭარბებული სიმკაცრით უთხრა: - იცოდე, სახლში არ შემოგიშვებ.

უხმო სიცილმა და გაუგებარმა ტკივილმა აბელს ერთდროულად დაუარა


სხეულში. პირველი ფრაზა, რომელიც თავში მოუვიდა, იყო, ნუ გეშინია, არ
ვაპირებ შემოსვლასო, მაგრამ სულ ბოლო წამს, როცა ის იყო, პირი უკვე გააღო
სათქმელად, გადაიფიქრა. მის არსებაში რაღაცამ გაიხსენა, რომ ეს გოგო, უმწეო,
სასაცილო და უჭკუო, ქალი იყო. ამიტომ ხელი მხარზე მოხვია და უთხრა: -
კარგი, ნუ შემომიშვებ.

გოგომ სახლამდეც არ მიიყვანა. ბოლო მოსახვევში შეჩერდა და უთხრა: - ამას


იქით ნუღარ წამოხვალ, აგერ, იმ სახლში ვცხოვრობ.

- კარგი, - მიუგო აბელმა, - ხვალ მოხვალ სპექტაკლზე?

- კი.

- ოღონდ არ გაიქცე. სკვერში დამელოდე.

გოგომ ტუჩები მაგრად მოკუმა, როგორც იქ, თეატრთან, და როგორც იქ,


თეატრთან, თვალებიდან გადმოღვრილმა ღიმილმა რომ ამ მოკუმულ ტუჩებსა
და ორ პატარა ფოსოს მიაღწია და შუქივით მოეფინა, მისი სახე კვლავ
სიმპათიური, საყვარელი, ბავშვური გახდა, ისეთი გახდა, თითქოს ეს-ესაა ღვთის
ხელიდან გამოვიდაო.

...ანი შვიდი წლისა იყო, როცა ორი კვირის განმავლობაში დედაც დაეღუპა და
მამაც. ასეთ შემთხვევაში, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, ნათესავთა და
მოკეთეთა შორის ნამდვილი ომი იმართება იმის თაობაზე, თუ ვინ უპატრონოს
დაობლებულ ბავშვს. და ეს ომი მით უფრო ფიცხელი და მძაფრია, რაც უფრო
მეტი მატერიალური ფასეულობა დარჩათ განსვენებულ მშობლებს. ანის დედ-მამა
შეძლებული ხალხი იყო და გოგონას მშვენიერი სახლ-კარი და გვარიანი ქონება
დაუტოვეს. შესაბამისად ომი ხანგრძლივი და უშეღავათო გამოდგა. რაკი
მკვიდრი და ახლობელი ნათესავი არავინ ჰყავდა, ბრძოლაში გარე ნათესავები
და ოჯახის მეგობრები ჩაებნენ. დიდი ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა ერთ-ერთმა
შორეულმა ნათესავმა. მან გოგონა თავისთან წაიყვანა, ხოლო მთელი მისი
უძრავ-მოძრავი ქონება რომ არ დამპალიყო და გაფუჭებულიყო, ხელსაყრელ
ფასში გაყიდა იმ ვარაუდით, რომ მონაგები გოგონას აღზრდას მოხმარებოდა.
მეურვეებს ანის კბილა ტყუპი ვაჟი ჰყავდათ, რომელთათვისაც მამას, პატრიოტსა
და ეროვნული ლიტერატურის ტრფიალს, ტარიელი და ავთანდილი დაერქმია.
ტარიელი და ავთანდილი რომ თოთხმეტ-თოთხმეტი წლისანი შეიქნენ, ერთ
მშვენიერ დღეს, როცა მშობლები შინ არ იყვნენ, დრო იხელთეს, ანი სარდაფში
ჩაიტყუეს და იქ მორიგეობით იზეიმეს ბავშვობის დასასრული და მამაკაცობის
დასაწყისი. ამ ამბავმა ანი მძიმე დილემის წინაშე დააყენა: ან ყველაფერი უნდა
ეთქვა დედობილ-მამობილისთვის და საქვეყნოდ თავი მოსჭროდა, ან არადა
გაჩუმებულიყო და ბედს შერიგებოდა. ანი მთელი დღე იმდუღრებოდა და
ტარიელისა და ავთანდილის მუქარის მიუხედავად მტკიცედ ჰქონდა
გადაწყვეტილი, რაც მოხდა, დაუფარავად გაემხილა მეურვეებისათვის. მაგრამ,
როცა მეურვეები სასიამოვნო სტუმრობიდან მაძღრები და კმაყოფილები
დაბრუნდნენ შინ, ანიმ უეცრად აღმოაჩინა, რომ გამხელა ნიშნავდა ისეთი რამის
თქმას, რასაც ვერასგზით ვერ იტყვი ჩვეულებრივი სიტყვებით, იმ სიტყვებით,
რომელთა ხმარება უფროსებთან დასაშვებია. ამან გოგონა არია და დააბნია.
მაშინ გადაწყვიტა ღამით მომზადებულიყო, შესაფერისი ტექსტი შეერჩია და
მეორე დღეს ეთქვა სათქმელი. მეორე დღეს, გარდა იმისა, რომ შესაფერისი
სიტყვები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოძებნილი, სირთულეს კიდევ ერთი
დაბრკოლება დაემატა: ანი მიხვდა, რომ თუ თქმა იყო, გუშინვე უნდა ეთქვა,
თორემ ასე დაგვიანებული გამხელა მის მიმართაც უსათუოდ აღძრავდა ეჭვს.
საბოლოოდ გოგონამ გაჩუმება ამჯობინა. ამ გაჩუმებით ტარიელმა და
ავთანდილმა მშვენივრად ისარგებლეს: მთელი სამი წლის განმავლობაში
ყოჩაღად განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს და მამაკაცის ხელობაში გვარიანად
გაიწაფნენ. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მშობლებმა ეჭვი აიღეს,
შეშინებულებმა ეს ეჭვი ფრთხილად შეამოწმეს და რა დარწმუნდნენ მის
საფუძვლიანობაში, ჩუმი, მაგრამ მწვავე და ხანგრძლივი განსჯისა და ფაჩუნის
შემდეგ საგანგებო ზომები მიიღეს: ქალაქის განაპირას, ძველ უბანში, გირაოთი
იყიდეს ერთი პატარა, ალიზით ნაგები ნესტიანი ოთახი, რომელიც პატრონს
მთავარი სახლიდან მოშორებით ეზოს კუთხეში საგანგებოდ ფულის საშოვნელად
აეგო და გოგონა იქ დააბინავეს. თან მის მომავალზე ზრუნვა რომ საბოლოოდ
მოეშორებინათ თავიდან და სინდისიც შეძლებისდაგვარად დამშვიდებული
ჰქონოდათ, სართავ-სატრიკოტაჟო ფაბრიკაში მუშად მოაწყეს. სანამ საყოველთაო
მშვიდობა დამყარდებოდა, ტარიელმა და ავთანდილმა, რომელთაც ანის
შემცვლელი ვერ იპოვეს, ისევ ნაცადი, გაკვალული გზა ირჩიეს და ერთხელ
თვალებდანისლულებმა და გულგვამგახურებულებმა გოგონას ახალ
სამკვიდრებელში მიაკითხეს. ეს ვიზიტი ძმებს ძვირად დაუჯდათ. საქმე ისაა,
რომ გულხელდაკრეფილი არავინ ზის, სანამ ტარიელი და ავთანდილი
წრიალებდნენ, იღრინებოდნენ და გამწარებულები ეძებდნენ სხვა ქალს, ანის
ახალი პატრონი გამოუჩნდა ერთი ვინმე მუტრუკის სახით, რომელიც იმავე
ფაბრიკაში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად. ხსენებული მუტრუკი
ჯანისა და ღონის ნამდვილი განსახიერება იყო, ტყუპებს კი ბედმა უმუხთლა და
სწორედ იმ დროს მიაკითხეს ანის, როცა მისი ახალი მფლობელი თავისსავე
მოტანილ ერთ ბოთლ ღვინოს ნელა წრუპავდა და დინჯად, აუჩქარებლად
ემზადებოდა საამო პროცედურისათვის. როდესაც მზრუნველმა მამამ საყვარელ
შვილებს ადგილობრივ ექიმბაშთან მამასისხლად ნაშოვნი ყოვლისშემძლე
მალამოთი შეშუპებული, ჩალურჯებული თავ-პირი და დანაყილი,
ძვალრბილგაერთიანებული გვერდები მოუშუშა, ორივენი თბილისში წაასხა,
სადაც გარდა იმისა, რომ მოსალოდნელ ხიფათს გარიდებული იქნებოდნენ,
ინსტიტუტში შესასვლელადაც უკეთ მოემზადებოდნენ. ანი ერთხანს სრულსა და
განუყოფელ მფლობელობაში დარჩა სატვირთო მანქანის მძღოლს, მაგრამ მალე
ეს უკანასკნელიც გალახულ იქნა. იგი საკუთარმა ცოლმა გალახა. ეჭვიანმა
ცოლმა დიდხანს უთვალთვალა ქმარს, ბოლოს კვალს მიაგნო, ჩაუსაფრდა და
ერთ ღამეს გადამწყვეტი იერიში მიიტანა ალიზით ნაგებ პატარა, ნესტიან
ოთახზე. ცოლის მიერ ასეთი მუტრუკის გალახვა თეორიულად ალბათ მხოლოდ
ამგვარად შეიძლება წარმოიდგინო კაცმა: დამნაშავე ქმარი დგას მორჩილი და
თავჩაქინდრული, ცოლი კი ირგვლივ უვლის და გამეტებით უბრაგუნებს
მუშტებს. სინამდვილეში ასე არ ყოფილა საქმე. ქმარმა ხელი გამოიღო და
მამაცადაც იბრძოლა. ცოლი, უბრალოდ, მოერია. ეტყობა, გააფთრებამ შემატა
ძალა. ცოლმა წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ქმარი დაჩეჩქვა. სწორედ
ამ დროს მილიციაში სახლის პატრონის საჩივარი შევიდა იმის თაობაზე, რომ
ეზოში ჩამოსახლდა ერთი გავარდნილი, კახპა ქალი, რომელსაც ყოველღამე
კუროები დაუდის, გამუდმებული ჩხუბი და აყალმაყალი უდგას და პატიოსან
მშრომელ ხალხს ძილსა და მოსვენებას არ აცლიან. სახლის პატრონს ჩინებულად
მოფიქრებული გეგმა ჰქონდა. მისი ვარაუდით ხელისუფლება ანის გაასახლებდა
და ერთხელ გაყიდული ოთახი ხელახლა გაიყიდებოდა, მაგრამ, როგორც ასეთ
შემთხვევაში იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. საჩივრის შესამოწმებლად
მოავლინეს ერთი ახალგაზრდა თმახუჭუჭა მილიციელი. იგი გონიერი და
დაკვირვებული კაცი გამოდგა, კარგად აუღო ალღო ვითარებას და ყოველგვარი
გამწვავებისა და საგანგებო ზომების გარეშე დაამყარა წესრიგი. ეს წესრიგი რომ
სრული და საიმედო ყოფილიყო, იგი კვირაში ორჯერ ან სამჯერ მოდიოდა, ხან
დილამდე რჩებოდა, ხანაც ნაშუაღამევს წავიდოდა ხოლმე. მილიციელის მიერ
არჩეული მეთოდი მართლაც იდეალური გამოდგა: საცა მილიციაა, იქ ყაჩაღი ვერ
გაიჭაჭანებს. სახლის პატრონიც ჩივილს ვეღარ ბედავდა. ასე ჩამოვარდა
ხანგრძლივი მშვიდობა, თუმცა ანი ფაბრიკიდან მაინც დაითხოვეს, რადგან
სატვირთო მანქანის მძღოლის მეუღლე უაღრესად ენერგიული ქალი გამოდგა,
მაგრამ ამ დანაკლისს თმახუჭუჭა მილიციელის ზრუნვა სავსებით
აწონასწორებდა. მშვიდობა გრძელდებოდა მანამ, სანამ მილიციელი არენიდან არ
გაქრა. ამბობენ, ბანდიტების დევნისას დაიღუპაო. ანიმ ამის შესახებ
დანამდვილებით არაფერი იცოდა და მაინცდამაინც არც დაინტერესებულა.
მთავარი ის იყო, რომ კვლავ უპატრონოდ დარჩა. მცირე ფიქრის შემდეგ ანიმ
თავისთვის ხელახლა აღმოაჩინა ის გზა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის
მანძილზე ვინ იცის რამდენჯერ აღმოუჩენიათ. რეკლამის მიზნით ტუჩები
წითლად შეიღება, წარბები შავად, თვალის ქუთუთოები ლურჯად, სახეზე ფერ-
უმარილი წაისვა და ქალაქის ცენტრალურ ბაღში საღამოობით სანადიროდ
დაიწყო სიარული. მალე ჩინებული რეპუტაციაც მოიპოვა. ძირითადი ამპლუა
იყო ახალდაყვინჩილებული ბიჭები, რომელთაც ცოდნის შესაძენად და
გასაწაფავად გამოცდილი ოსტატის ხელი სჭირდებოდათ. ანი დიდხანს მუშაობდა
ამ ხაზით და არა ერთი და ორი ახალგაზრდა გამოიყვანა ასპარეზზე. ზოგჯერ
ატყუებდნენ, ზოგჯერ აწვალებდნენ, ზოგჯერ ჰონორარს დადგენილი განაკვეთის
მიხედვით არ უხდიდნენ, ან საერთოდ არ უხდიდნენ, ზოგჯერ სცემდნენ კიდეც,
მაგრამ საბოლოო ანგარიშით არა მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფარვას
ახერხებდა, არამედ პატარა კაპიტალიც კი მოაგროვა...

აბელს ლოლა მოაგონდა და ამ მოგონებამ გააკვირვა, რადგან ანისა და ლოლას


ამბებში არავითარი მსგავსება არ ყოფილა. ლოლა ახალგაზრდა დაქვრივდა და
მისი სავსე, ცეცხლოვანი სხეული დიდხანს გააფთრებით ებრძოდა საკუთარ
ბუნებას. ბოლოს, რაღა თქმა უნდა, დამარცხდა, მაგრამ დამარცხდა მას შემდეგ,
რაც ბრძოლის ყველა რესურსი ამოწურა.

მერხი პარკის განაპირას იდგა, ბექობის თავზე, ორი გაბარჯღული ბზის შუა.
ელექტრონის ბოძი შორს იყო და ლამპის შუქი სულ ოდნავ აღწევდა მერხამდე.
ტვინში ჯერ კიდევ ისმოდა ხმა, პატარა, მშვენიერი და საზარელი გოგოს ხმა,
რომელიც მიამიტური და დაუნდობელი გულწრფელობით, ისეთი ცივი,
უცნაური სიმშვიდით ყვება თავის უბედურებას, თითქოს ჭორად გაგონილ
ამბავს ყვებოდეს. ქვემოთ, შორს, ურიცხვ ვარსკვლავებად ენთო ქალაქი. აბელს
წამით მოეჩვენა, თითქოს ამ პატარა, ეფემერულსა და უსახურ ქალაქს ისა და
ანი კოსმოსური სიმაღლიდან გადასცქეროდნენ.

- მერე? - ყრუ ხმით იკითხა აბელმა ბოლოს.

- შენ დიდხანს იცოცხლებ, მაგრამ ბედნიერი ვერ იქნები, - თქვა ანიმ.

აბელმა მოხედა. ანი უცნაური დაჟინებით უყურებდა.

- რა იცი? - უნდო გაკვირვებით ჰკითხა აბელმა.

- ვიცი, - თქვა ანიმ და თვალი მოაშორა.

- მერე? - კვლავ იკითხა აბელმა, - მერე რაღა მოხდა?

- არ ვიცი, - მიუგო ანიმ და მცირე დუმილის შემდეგ, თითქოს რაღაცის გამო


ძალით სთხოვდნენ პასუხს, ცოტა გაჭირვეულებულმა დაუმატა, - რა ვიცი, რა
მოხდა! - მერე ისევ მშვიდად განაგრძო, - იმ დღეს, შენ რომ ბაღში შემოხვედი,
მივხვდი, რომ რაც იყო, დამთავრდა, ბაღშივე კი არა, სახლში რომ მივედი, მაშინ
მივხვდი, - აქ აბელს შემოხედა და უეცრად კილო შეცვალა, თითქოს რაღაცას
ებოდიშებაო, ისე უთხრა, - შენ კი არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ, იმ დროს იქ
იყავი, თორემ...

აბელს გული შეეკუმშა და იმ მიზეზს დაუწყო ძებნა, რომელმაც ანის ხმაში


მობოდიშების კილო გააჩინა, მაგრამ ვერ იპოვა.

- შენ თვითონ რამდენ ხანს იცოცხლებ?

- რა ვიცი, ჩემი ნება კი არაა!

ელნათურებით განათებული ქალაქი ისე ჩანდა, როგორც მოლივლივე ტბაში


გამოჩნდება მოწმენდილი ცა აგვისტოს ღამით.

აბელი ქალაქს ჩააცქერდა. მერე თქვა: - მაშინ რაღა გინდა იმ ალიზის ქოხში.
წამო, ჩემთან გადმოდი.

ანი მკვეთრად მოტრიალდა, აბელმაც ქალაქს თვალი მოსწყვიტა და ანის შეხედა.


ერთხანს მდუმარედ უყურებდნენ ერთმანეთს. ბოლოს ანის თვალებში ღიმილმა
გამოჟონა და ფოსოებსა და ტუჩის კუთხეებს რომ მიაღწია, გოგონა ღვთის
შვილს დაემსგავსა.

- რა სისულელეა!.. - თქვა მან.

მერე თვალებში ღიმილი ჩაუქრა. ახლა ანიმ სხვანაირად გაიღიმა, ტუჩები გაეპო,
კბილები გამოუჩნდა, სახეზე ნაოჭები დაეყარა და შემაზრზენი სანახავი გახდა
და ისევ თქვა: - რა სისულელეა!..
მეორე დღეს ანი, თითქოს რაღაც საგონებელს მისცემიაო, უცნაურად
გატრუნული იყო, გაუცხოებული სახით იჯდა აბელის გვერდით, შეკითხვებზე
მექანიკურად იძლეოდა პასუხს და დაძაბული ფიქრობდა რაღაცას. დროდადრო
გამომცდელ მზერას გამოაპარებდა აბელისაკენ და გაუგებრად აწრიალდებოდა.
ბოლოს, სრულიად უდროო დროს და უალაგო ალაგას, ერთბაშად წამოისროლა: -
კარგი, ოღონდ ერთი პირობით.

აბელი თავადაც ვერ მიხვდა, როგორ გამოიცნო, რომ ეს სიტყვები მის


გუშინდელ წინადადებას ეხებოდა. ფაქტი იყო, რომ გამოიცნო, და ჰკითხა: - რა
პირობით?

- შენ ძმა და მე და.

აბელს ის ვიწრო, დამრეცი, ოთხკუთხა ქვებით მოკირწყლული ქუჩა მოაგონდა,


რომლის ორსავე მხარეს ხელოსნებისა და ვაჭრების დუქან-ფარდულები იყო
ჩამწკრივებული და რომლისკენაც დროდადროო უცნაურად გაუწევდა ხოლმე
გული. ქუჩა თავისი ხმაურით, ყაყანით, ჭუჭყით შორეული გემივით შემოცურდა
მეხსიერებაში. ოღონდ ყველაფერი ისე იყო, როგორც სიზმარში, როცა ერთ საგანს
ხედავ და აშკარად სხვა საგანს გულისხმობ. ეს ქუჩა-გემი სინამდვილეში არც
ქუჩა იყო და არც გემი. ეს იყო ხალიჩა, ჭრელი, მოთელილი, გაცრეცილი,
ფერგადასული ხალიჩა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ასფალტით დაფარულ
სუფთა მოედანზე დაეფინათ.

ანი გაგულისებული თუ შეშფოთებული შემოსცქეროდა.

- ეგრე იყოს, - თქვა აბელმა, - მე ძმა და შენ და.

თავი მეთვრამეტე

პატარა ქალაქებში თეატრი განსაკუთრებული სიყვარულით უყვართ. აქ თეატრი,


ისევე როგორც სატირალი, წარმოადგენს თავშეყრის, რეკლამა-გამოფენისა და
ჭარბი დროის გონივრულად გამოყენების საშუალებას. სატირალთან შედარებით
თეატრს უპირატესობაცა აქვს, რამდენადაც იგი ერთგვარ სულიერ საზრდოსაც
იძლევა. ასეთ ვითარებაში სავსებით კანონზომიერია ის გარემოება, რომ აბელს,
უკვე აღიარებულ მსახიობს, კარგად იცნობდნენ ქალაქის ყველა ფენაში და ყველა
წრეში. იცნობდნენ, უყვარდათ და აფასებდნენ. მეორე მხრივ, პატარა ქალაქებში
ასევე კარგად იცნობენ პროფესიონალ მეძავებსაც, რადგან მათი რიცხვი
მაინცდამაინც დიდი არ არის. ოღონდ მსახიობებისაგან განსხვავებით, ისინი არ
უყვართ და არ აფასებენ, თუმცაღა მსახიობებთან შედარებით მათ გაცილებით
მეტი სარგებლობა მოაქვთ. ქალებს სძულთ ისინი და უშვერი პირით ლანძღავენ,
რათა თავიანთ უეჭველ ღირსებას ხაზი გაუსვან და საკუთარი პატიოსნების ღრმა
და მიუდგომელ ფენებში უნებურად შეფართხალებული შური საფუძველშივე
მოსპონ. კაცები კიდევ უფრო უშვერი პირით ლანძღავენ, რათა ამით ცოლების
კეთილგანწყობილება გაინაღდონ, და აღწევენ კიდეც მიზანს, რადგან, მართალია
ცოლებს ბოლომდე არ სჯერათ ქმრების აღშფოთება და გაწიწმატება, მაგრამ
დიდი სურვილი აქვთ დაიჯერონ.
ამიტომ, როდესაც აბელმა ანი თავის სახლში წაიყვანა, ეს ამბავი ქალაქში
მეხივით გავარდა. ტკბილ, ნეტარ სიზმრებში ნებიერად მონანავე მოქალაქეები ამ
შემზარავ ხმაზე დაფეთებული წამოცვივდნენ და ნიფხავ-პერანგის ამარა
მიაწყდნენ ფანჯრებს და აივნებს.

პირველი, ერთი შეხედვით სავსებით ბუნებრივი ვარაუდი, ის იყო, რომ აბელმა


ცოლად შეირთო ანი. მაგრამ ქალაქის სასახელოდ უნდა ითქვას, ეს ვარაუდი
სწრაფადვე იქნა უარყოფილი, როგორც სრულიად დაუჯერებელი და
არარეალური. ერთადერთი, ვინც ეს ვერსია იწამა, მიმოზა შარტავა იყო.
ქალბატონი მიმოზა, ფუნჩულა, უბერებელი და საყვარლად გულუბრყვილო, სხვა
მხრივაც ერთადერთი გამოდგა: მან პირველმა გაბედა ამ თემაზე
გამოლაპარაკებოდა აბელს.

- ცოლის შერთვა თუ გინდოდა, - უთხრა მიმოზა შარტავამ, - თეატრში რამ


დალია გოგოები! მე შენ გეტყვი, უარს გეტყოდა რომელიმე!

აბელს მიმოზა შარტავასთან ლაპარაკი ყოველთვის ეიოლებოდა.

- ცოლი არ შემირთავს, ქალბატონო მიმოზა, - მიუგო ღიმილით, - უბრალოდ,


ოთახი გავაქირავე.

ქალბატონი მიმოზა ისეთი გულუბრყვილო არ იყო, რომ ამგვარი სისულელე


დაეჯერებინა. ამიტომ აბელის პასუხზე დიდხანს და გემრიელად იკუჭკუჭა.
კუჭკუჭებდა გულიანად და ფუშფუშა, უბერებელი სხეული ერთიანად
უთიმთიმებდა.

როცა გაკვირვების პირველმა ტალღამ გადაიარა, ქალაქი გამოფხიზლოდა და


მომხდარი ამბის საქმიან გაანალიზებას შეუდგა. როგორც ითქვა, ანის ქალაქში
კარგად იცნობდნენ. ყმაწვილკაცები, მომავალი მეუღლეები, მომავალი მამები,
ოჯახის მომავალი უფროსები, პირველდაწყებით განათლებას ძირითადად მასთან
იღებდნენ, ასე ვთქვათ, მის ბუდეში ემზადებოდნენ ფართო ასპარეზზე
ასაფრენად. რაც შეეხება სიყმაწვილის ასაკიდან გამოსულ, სოლიდურობაში
ფეხშედგმულ მამაკაცებს, რომელთაც მეტი ფული, მეტი შესაძლებლობები და
უფრო ფართო არჩევანი ჰქონდათ და ქალთან საქმის დაჭერაც სატრაბახო საქმედ
აღარ მიაჩნდათ, ისინი თავს არიდებდნენ მუდამ სამზეოზე მყოფ, ყველასათვის
თითით საჩვენებელ ანის, მოფარებულ ადგილებს ეტანებოდნენ და სიმწრით
მოპოვებულ რეპუტაციას სასწორზე არ დებდნენ. რაღა თქმა უნდა, ქალაქი არც
ისე სულელი იყო, აბელსა და ხსენებულ სოლიდურ მამაკაცებს შორის
განსხვავება ვერ დაენახა. ქალაქმა მშვენივრად იცოდა, რომ ხელოვანი სხვაგვარ
თარგზე გამოჭრილი კაცია. არსებითად იგი ცოტა შერეკილია. ამიტომ ზოგიერთი
უცნაური გამოხდომა, რაც ჩვეულებრივი და ნორმალური არახელოვანი
კაცისათვის უღირსი საქციელია, ხელოვანს უბრალო ცელქობად ეთვლება და
ადვილად ეპატიება. ეს ქალაქმა დიაღაც რომ იცოდა, მაგრამ საზღვარი
ყველაფერს აქვს. აბელს რომ წამიერად დაეჭირა საქმე ანისთან, ამას ქალაქი
ლმობიერი ღიმილით შეხვდებოდა. მეტიც: ქალაქი იმაზეც კი თვალს დახუჭავდა,
ერთი (თუნდაც ორი!) ღამით სახლში რომ მიეწვია, მაგრამ ქუჩის ქალის ასე
ჩემოდნებიან-ლოგინიანად წაყვანა და თავის სახლში დაბინავება გამოწვევა და
შეურაცხყოფა იყო და ამას, ნურას უკაცრავად, ქალაქი ეგრე იოლად ვერ
მოინელებდა.

ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ჯერჯერობით კულისებში ისმოდა და აბელი, თუ


სადმე მოულოდნელად გამოჩნდებოდა, მხოლოდ გამოხედვის, გამომეტყველების,
უეცარი გაჩუმების მიხედვით ატყობდა ხოლმე, რა თემაზე იყო ლაპარაკი.
ხმამაღლა აზრის გამოთქმას ჯერ ვერავინ ბედავდა, თუ მხედველობაში არ
მივიღებთ მიმოზა შარტავას. მაგრამ მიმოზა შარტავამ, ჯერ ერთი, არ იცოდა,
თუ ამ თემაზე ლაპარაკი რაიმე უხერხულობასთან იყო დაკავშირებული და
მეორეც, მან ხმამაღლა თქმით საკუთარი გული ამოისუფთავა, რათა ამის შემდეგ
მისი ურთიერთობა აბელთან ძველებურად უხინჯო, შეხუმრებული და
კეთილმოსურნე დარჩენილიყო. სხვები ჩუმად იყვნენ, მაგრამ აშკარად ჩანდა
მკვეთრი ცვლილება. ეს ცივი ტალღა აბელმა პირველად თეატრში იგრძნო.
იგრძნო დირექტორისაგან, როცა ჩვეულებრისამებრ შინაურულად შევიდა მის
კაბინეტში და დაუკითხავად ჩამოუჯდა სკამზე. იგრძნო მთავარი რეჟისორისაგან.
იგრძნო სხვებისაგან. თითქმის ყველასგან. ასლანის მხრივ ცვლილება
დაბნეულობაში, არეულ, დაულაგებელ ლაპარაკში გამოიხატა. და კიდევ იმაში,
რომ ეს ვეება კაცი სასაცილოდ და შესაბრალისად გაწითლდა. მერი ცდილობდა
არაფერი შეემჩნია, მაგრამ ვერ ახერხებდა. უფრო არტისტული გახდა, უფრო
ყალბი და უფრო აღგზნებული.

თავიდან აბელი ყოველივე ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ გრძნობდა,


რომ ადრე თუ გვიან ეს ჩურჩული ხმამაღალ სიტყვად იქცეოდა და მზად უნდა
ყოფილიყო. ოღონდ ის აღარ იცოდა, მზადყოფნა რაში უნდა გამოხატულიყო.
ცხადია, სიმართლეს ვერ იტყოდა. სიმართლეს ვერ იტყოდა არა იმიტომ, რომ არ
დაიჯერებდნენ, არამედ იმიტომ, რომ სავსებით სწორი იქნებოდნენ, რომ არ
დაიჯერებდნენ. ვიცი, ეს შეუსაბამობაა. აბელმაც იცოდა, რომ ეს შეუსაბამობაა,
მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც ულმობელი, შემზარავად ფხიზელი ლოგიკით,
რომელმაც თავის დროზე დედამიწის მიზიდულობის ძალა შექმნა, ის, რაც
სიმართლეა, შესაძლებელია სიმართლე არ იყოს.

აბელმა უცადა, როდის გადაიქცეოდა ჩურჩული ხმამაღალ სიტყვად, როდის


გაუსწორებდნენ თვალს და მოსთხოვდნენ პასუხს, ბოლოს მობეზრდა ლოდინი,
ერთ მშვენიერ დღეს დაავლო ხელი ანის და გორდაძეებთან წაიყვანა სტუმრად
იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაც გაირკვეოდა, რაღაც ითქმოდა ან
აქეთ, ან იქით.

ანის დიდად არ ეპიტნავებოდა სტუმრად სიარული და, თუმცა ჩვეულებრივ


აბელს არაფერში ეურჩებოდა ხოლმე, შეშინებულმა ერთი პირობა გაუბედავი და
უიმედო უარის თქმაც კი დააპირა. ურთიერთობათა დიპლომატია მისთვის
უცხო რამ მეცნიერება იყო. ისიც კი არ იცოდა, ურთიერთობას თუ რაიმე
დიპლომატია სჭირდება, მაგრამ რომელიღაც ქალური, უტყუარი გუმანით
გრძნობდა, რომ ეს სტუმრობა მის წინაშე საჩოთირო და ძნელად გადასაჭრელ
პრობლემებს დააყენებდა. მას შემდეგ, რაც მეურვის ყოჩაღმა ვაჟიშვილებმა
ბავშვობის ნაზი ცისფერი ბურუსი და ახლად ფეხადგმული რომანტიკული
ოცნება თავზე გადაახიეს და ნაადრევად აქციეს ქალად, განვითარების
ბუნებრივი დინება შედედდა და ცალმხრივ კალაპოტში მოექცა. აქედან
მოყოლებული ანის ცხოვრების გზა ისეთ სივრცეებზე გადიოდა, სადაც
ორიენტირებად მხოლოდ გაშმაგებული მამაკაცები იდგნენ. ეს ორიენტირები ანიმ
მართლაც რომ საფუძვლიანად შეისწავლა, მამაკაცებთან ურთიერთობაში კარგად
გაიწაფა და დაოსტატდა, სამაგიეროდ გზამოჭრილი ბავშვობა ერთ ადგილას
გაყინული და დაკონსერვებული სახით გამოჰყვა წელთა დინებას. ამიტომ ეს
თითქოსდა მრავალჭირნახული, ცხოვრების მღვრიე მდინარეში გამოვლილი,
გამოცდილებით დამძიმებული ქალი არსებითად ისევ თოთხმეტი წლის გოგონა
იყო თავისი აზროვნების ხასიათით, ადამიანებთან დამოკიდებულებით,
გულუბრყვილობით და ეშმაკობით. აბელთან თავს ლაღად და თავისუფლად
გრძნობდა. აბელის არსებაში, ეჭვი არაა, რაღაც მსგავსება იპოვა, ბავშვობის
ხელუხლებლად შემორჩენილი რაღაც ნაწილი. თავად აბელს წარმოდგენა არ
ჰქონდა, თუ მას ბავშვობის ბურანიდან რაიმე შემორჩა, მაგრამ, როცა ანიზე
ფიქრობდა, ამ დასკვნამდე მიდიოდა. ან კი სხვაგვარად ეს უცნაური
ურთიერთობა როგორ აეხსნა? ბავშვის გარდა სხვას ვის შეუძლია ისეთი მყიფე
იდეების რეალური ხორცშესხმა, როგორიცაა ზღაპრული „შენ ძმა და მე და“? ეს
მსგავსება, ეს სულიერი ნათესაობა ანიმ, როგორც ჩანს, პირველი
შეხვედრისთანავე იგრძნო აბელისათვის გაუგებარი რაღაც მახვილი, მძაფრი
ინსტინქტით. აბელი უფრო ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იმ რწმენამდე,
რომელმაც ანი ასე ერთბაშად, მყისიერად დაიპყრო და მაშინ, როცა თავის
სახლში გადმოსვლა შესთავაზა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული ამ
შეთავაზების მთელი სიღრმე და არსი, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ანი მართლა
მისი და და სულიერი ნათესავი იყო.

აბელმა ერთხანს იმაზე იყოყმანა, გორდაძეებთან წაეყვანა ანი პირველად თუ


გედეონ რევიასთან. საბოლოოდ არჩევანი ისევ გორდაძეებზე შეაჩერა. ასეთი
სტუმრობის საჩოთირო ხასიათს კარგად გრძნობდა და თავისი ჭკუით
ყოველნაირი შეხვედრისათვის მზად იყო, მაგრამ, როცა ვიზიტი დამთავრდა და
უკან ბრუნდებოდნენ, იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ მთელი ეს
სამზადისი ფუჭი და უნაყოფო გამოდგა. მისი სამზადისი ემყარებოდა ნანოს
ხასიათს და შესაძლო ცვლილებებსაც ამ ხასიათის ფარგლებში მოელოდა. რას
იფიქრებდა, თუ ხასიათი შეიძლება კაცმა ყელსაბამივით მოიხსნა და მის
მაგივრად სხვა ყელსაბამი ჩამოიკიდო!

ჭიშკარი რომ შეაღეს, სტუმრები პირველად ბავშვებმა შენიშნეს და ხმამაღალი


ჟივილ-ხივილით შემოეხვივნენ. აბელმა ოთხივენი დაკოცნა, მერე ანის
მიუბრუნდა და ხელით ნინიკო აჩვენა, რომელიც არაერთხელ უხსენებია მასთან.

- აი, ეს არის ნინიკო.

ანიმ, როგორც ჩანს, ეს ოფიციალურ წარდგენად ჩათვალა, გოგონას ხელი


გაუწოდა და თქვა: - ანი.

აბელმა ღიმილი შეიკავა.

ამ დროს აივანზე ნანო გამოჩნდა და ანი რომ დაინახა, უეცრად უცნაური რამ
დაემართა. თითქოს უხილავ მოქანდაკეს ნამუშევარი დაუწუნეს და მანაც
სასწრაფოდ მიჰყო ხელი გადამუშავებას. ღაწვებზე ზედმეტი მარმარილო
ჩამოაშორა, ტუჩები მოუკუმა და ცოტათი დაუპატარავა, სახე დაუგრძელა, ნიკაპი
წაუწვეტა, წარბები აუზიდა, თავი უკან გადაუგდო, თვალები ოდნავ მოუჭუტა
და გამგმირავი გამომეტყველება მიანიჭა, მხრები გადაუშალა, წელში გამართა,
ცოტა უკან გადაზნიქა და საბოლოოდ თბილი და საყვარელი, სტუმართმოყვარე
დიასახლისის ნაცვლად გამოუვიდა აღმოსავლელი დესპოტი, ზვიადი და
ამპარტავანი, რომლის წინაშე დაფდაფების გამაყრუებელ ხმაურში მოჰყავთ
დამარცხებული ლაშქრის ტყვედშეპყრობილი მთავარსარდალი.

აბელს გულმა რეჩხი უყო, მაგრამ უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდა.
ახლა ერთადერთ იმედად ისღა რჩებოდა, რომ იხტიბარი არ გაეტეხა და იქნებ
წვრილმანი, მონური ლაქუცით მოელბო დესპოტის გული. ამ მიზნით, კიბის
ბოლო საფეხურს რომ მიაღწიეს, ნანოს ვითომ დარდიმანდულად, ვითომ
შინაურულად გაუღიმა და უთხრა: - როგორა ხარ, ნანო?

- გმადლობთ, არა გვიშავს, - ყინულივით ცივი ხმით მიუგო ნანომ, ისე, რომ
სახეზე ძარღვი არ შეტოკებია.

აბელი მიხვდა, რომ არათუ გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევაც კი ამაო ცდა


იქნებოდა, რადგან ეჭვი არაა, ნანო გამოწვდილ ხელს ჰაერში შეატოვებდა.
აბელმა ღიმილი მაინც არ მოიშორა სახიდან და, სულ ბოლო საფეხურიც რომ
აიარეს, უთხრა: - ეს ანია.

- ვიცი, - ნანოს ყინულოვან ხმაში ახლა ოდნავ აგდებული ინტონაცია შემოიპარა,


- ვიცნობთ შორიდან, - მერე ისეთი კილოთი, როგორითაც ამბობენ ხოლმე,
გაეთრიეო, თქვა, - მობრძანდით, - და გამართული, ცივი და ამაყი სასტუმრო
ოთახისაკენ გაუძღვა სტუმრებს.

საწოლ ოთახს რომ ჩაუარეს, აბელმა ღია კარიდან მაინც მოასწრო დაენახა
პატარა ტყუპები, ნანოსა და ასლანის მეხუთე და მეექვსე შვილი, რომლებიც ხის
პაწაწკინტელა საწოლებში იწვნენ და ტკბილად ეძინათ.

ის იყო, სასტუმრო ოთახში შევიდნენ და დასხდნენ, რომ ასლანიც გამოჩნდა.


ასლანი მორცხვად გაღიმებული მოდიოდა, მაგრამ ცოლის სახე რომ შენიშნა,
შეკრთა, ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა, ფეხი აერია და ერთი წაბორძიკება
წაიბორძიკა კიდეც, თუმცა ხელი ორივე სტუმარს ჩამოართვა.

უხერხული დუმილი გრძელდებოდა მანამ, სანამ კიბეზე ბრაგაბრუგი არ გაისმა


და ოთახში ბავშვები არ შემოცვივდნენ. მაგრამ ამ ხმაურს წამსვე დაუსვა
წერტილი ნანომ: - ვინ დაგპატიჟათ?! აბა, გასწით ახლავე ეზოში!

ბავშვები დარწმუნებული იყვნენ, რომ აბელის ყოველი სტუმრობის უმთავრესი


მიზანი მათთან თამაში იყო, ამიტომ წამით სახტად დარჩნენ, მაგრამ დედის
ხმაში ისეთი სიმკაცრე და უჩვეულო სუსხი გაისმა, რომ მაშინვე გაისუსნენ და
უხმოდ, ფეხაკრეფით გაბრუნდნენ უკან. მხოლოდ ნინიკო დარჩა. ნინიკო,
თითქოს დედის ბრძანება არ გაუგონიაო, იდგა, ორივე ხელი, ერთმანეთზე
გადაწნული თითებით, წინ მუცელთან ეჭირა და დიდრონი, მშვიდი, სათნო
თვალებით შესცქეროდა ანის.

- შენ არ გეხება? თუ ვერ გაიგე? - შეკავებული რისხვით მიუტრიალდა ნანო.


ნინიკომ ანის მოაშორა თვალი და მშვიდი, სათნო, განმაიარაღებელი
გამომეტყველებით ახლა დედას შეხედა.

- გავიგე, - თქვა მერე წყნარად, ნელა შეტრიალდა და აუჩქარებელი ნაბიჯით


გავიდა.

ოთახში ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ნანოს ფეხი ფეხზე შემოედო და


წელში გამართული კუშტად გასცქეროდა სივრცეს. სამაგიეროდ ასლანი
წრიალებდა, თითქოს სკამზე კი არა, გახურებულ ტაფაზე იჯდა, და სახეზე
დროდადრო სიწითლე გადაჰკრავდა. იგი მთელ თავის არაბუნებრიობას სცენაზე
ხარჯავდა და ნამდვილ ცხოვრებაში შექმნილი თეატრალური ეპიზოდებისათვის
აღარაფერი რჩებოდა.

აბელი ერთხანს ჩუმად იჯდა და მასპინძლების უხერხულ დუმილს


აკვირდებოდა, ბოლოს მობეზრდა და ღიმილით მიუბრუნდა ასლანს: - ის შენი
ცეცხლივით არაყი კიდევ გაქვს თუ უკვე გაგითავდა?

ასლანი მოცოცხლდა, ხელებიც კი მოიფშვნიტა, კიდევ უფრო სწრაფად


აწრიალდა სკამზე.

- მაქვს, როგორ არა... - ოღონდ ცალი თვალი ცოლისკენ ეჭირა და წამოდგომა


მაინც ვერ გაბედა. ამიტომ გამოცოცხლების აღმავალი ხაზი, რაკი შემდგომი
განვითარებისათვის ხელმოსაჭიდი საბაბი ვერაფერი იპოვა, ისევ დაღმა დაეშვა
და ასლანის ხმაში იმედგაცრუების სამარცხვინო კილო შეიპარა, - ჯერ რა
გაათავებს... კი, მაქვს...

აბელს შეეცოდა ასლანი და შეეშველა: - სხვა დროს იყოს, - ისეთი კილოთი თქვა,
თითქოს პატიჟით კალთებს ახევდნენ, - ახლა გვეჩქარება. სულ ერთი წუთით
შემოვირბინეთ, - აქ გაიღიმა და ნანოს შეხედა, რომელიც ცივი, უტყვი სახით
იყურებოდა სადღაც შორს, - ნანოს რომ არ ეფიქრა, სულ დამივიწყაო. წავიდეთ
არა, ანი? - ამ სიტყვებით ანის თბილად, ნაზად მოხვია მხრებზე ხელი.

ანი იმწამსვე წამოდგა.

ასლანმა უმწეოდ წაიბურტყუნა, რა გეჩქარებათო.

ნანო სტუმრებს კიბის თავამდე გამოჰყვა. იდგა იქ ამაყი, ქედმაღალი და


ულმობელი დესპოტი და ყინულივით ცივი მზერით მიაცილებდა მეზობელი
სახელმწიფოს დესპანებს, რომლებიც აქ ზავის სათხოვნელად მოვიდნენ, მაგრამ
მტკიცე უარი მიიღეს და ახლა პირში ჩალაგამოვლებულები, კუდამოძუებულები
ბრუნდებოდნენ უკან.

ჭიშკართან ბავშვები ისევ შემოეხვივნენ აბელს. ტყუპებმა ომახიანი ყიჟინით


მიიტანეს იერიში, გოგიტა მოწინააღმდეგის ფეხს შემოეჭდო და ჯაჯგური
დაუწყო. ნინიკო გვერდზე იდგა და ანის უყურებდა.

- კმარა, მეომრებო! - მჭექარე ხმით გამოაცხადა აბელმა და მეომრებმა რომ


წამით აქტიური მოქმედება შეწყვიტეს, დაუმატა: - ბრძოლა გადაიდო
გაურკვეველი ვადით, დაიშალეთ! - მერე ნინიკოს მიუბრუნდა ღიმილით, - ჩვენი
სიმღერაც გადაიდო, მზეთუნახავო. მაგრამ ჩვენ კიდევ ვიმღერებთ! ასე არაა?
ნინიკომ თავშეკავებით გაიღიმა და თავი დაუქნია. ჭიშკარში რომ გამოდიოდნენ,
ასლანმა ხელი გამოაპარა, აბელს უჩუმრად მოჰკიდა ხელში და მაგრად მოუჭირა.

აბელს კინაღამ სიცილი წასკდა.

ერთი ხანობა უხმოდ იარეს. მერე ანიმ უცებ იკითხა: - ძროხა არა ჰყავთ?

- არა, - მიუგო ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა აბელმა, - მე მგონი არა ჰყავთ.

- რა მშვენიერი ქალი ყოფილა ნანო, - წყნარად, ფიქრიანი ხმით თქვა ანიმ, - რა


ამაყი და რა დიდებული!

აბელმა შეხედა. იუმორის გრძნობა ანის არ ჰქონდა, ირონია რა იყო, არ იცოდა.


იგი მუდამ ფსიქიკის პირველყოფილ, შეურყვნელ ბიძგებს ემორჩილებოდა და
უშუალო, იმპულსურ შთაბეჭდილებებს გამოთქვამდა. მას ნანოს სახე არ
დაუნახავს. მისთვის ნანოს ნიღაბი იყო ნანოს სახე. ამიტომ „ამაყი“ და
„დიდებული“ აბელს არ გაჰკვირვებია. „მშვენიერი“ კი გაუკვირდა ცოტა.
ერთხანს შეკავებული ღიმილით უყურა ანის სერიოზულ, დაფიქრებულ სახეს,
წამით დააპირა კიდეც „მშვენიერის“ დამატებითი განმარტება მოეთხოვა, მაგრამ
მაშინვე გადაიფიქრა. განმარტების მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა. ანი განმარტებას
არასოდეს იძლეოდა. შესაძლებელია, ვერ იძლეოდა. შესაძლებელია, ის
პირველყოფილი ბიძგი, რომელიც მის აზრთა დენას განსაზღვრავდა, ინტუიციის
ბიძგი იყო და თვითონაც ვეღარ ამყარებდა მასთან ლოგიკურ კავშირს. ამის გამო
აბელი ერთი-ორჯერ გვარიანადაც დაიბნა და საგონებელში ჩავარდა. ერთხელ,
მაგალითად, საღამოს, როცა ბუხრის პირას იჯდა და აბელის ქუსლგამობდღვნილ
წინდას კემსავდა, ხოლო აბელი „სულის ფენომენოლოგიას“ კითხულობდა, უცებ
თავაუღებლად თქვა: - შავ ტყეს რომ გაივლი, არ უნდა გაჩერდე, თეთრი ტყეც
უნდა გაიარო და დიდი ზღვის პირას გახვიდე.

აბელმა წიგნს თვალი მოაშორა.

- რაო, ანი, რა მითხარი?

ანიმაც მოაშორა თვალი წინდას.

- შავ ტყეს რომ გაივლი, არ უნდა გაჩერდე, თეთრი ტყეც უნდა გაიარო და
დიდი ზღვის პირას გახვიდე.

აბელმა თვალები აახამხამა.

- რა ტყე, ანი? რა ზღვის პირი?

- რაც გაიგონე! - ცოტა გაგულისებით თქვა ანიმ და მონდომებით განაგრძო


კემსვა.

აბელმა ერთხანს უხმოდ უყურა მის პროფილს, რომელიც ბუხრის პირას, სადაც
შუქი ნაკლებად სცემდა, ცოტათი ფრესკას წააგავდა. მერე მხრები აიჩეჩა და ისევ
ფენომენოლოგიაში ჩარგო თავი.

გორდაძეებთან სტუმრობა ლაკმუსის ქაღალდი იყო, რომელსაც აბელისთვის


ქალაქის სათქმელი უნდა ეთქვა და საერთო დამოკიდებულება გაემჟღავნებინა.
მართლაც ამ სტუმრობის შემდეგ აბელმა უკვე საკმაო სიზუსტით იცოდა, თუ
რამდენად შორს გარიყა იგი ქალაქმა, რამდენად აითვალწუნა, რამდენად
შეიძულა. რაც შეეხება გედეონ რევიასთან სტუმრობას, ეს კერძო შემთხვევა იყო,
რადგან გედეონი ქალაქის საერთო სარკეში არ ირეკლებოდა, მას თავისი
საკუთარი სათვალთვალო კოშკი ჰქონდა და საკუთარი ჭოგრიტით გაჰყურებდა
ქვეყნიერებას.

გედეონთან სტუმრობამ მშვიდობიანად ჩაიარა. ანის დანახვაზე მასპინძელი


თითქოს გაახალგაზრდავდა, უფრო სწრაფად და ენერგიულად მოძრაობდა,
უფრო ცოცხლად ლაპარაკობდა. კარი რომ გააღო, სახე გაუბრწყინდა, ეს რა
დიდებული დღე გაუთენდა ჩემს ბებერ სახლსო, მხიარულად შესძახა, ანის
გალანტურად აკოცა ხელზე, ფართო ჟესტით შეიპატიჟა სასტუმრო ოთახში, დიდ
სავარძელში ჩასვა, ზოგადი და ზერელე საუბარი გაუბა, როგორც ეს
ახალგაცნობილ ქალთანაა საჭირო, თან ქათინაურების სეტყვა დააყარა. აბელმა
მის საქციელში ჩვეული, შესისხლხორცებული ირონიის ნატამალი ვერ დაინახა.
ანიზე კი გედეონის შუბლგახსნილმა დახვედრამ და დარდიმანდულმა
კავალრობამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. საბოლოოდ ეს შთაბეჭდილება
იმაში გამოიხატა, რომ ანიმ როლი შეიფერა, სავარძელს კარგად მოერგო, ფეხი
ფეხზე შემოიდო, წელში გაიშალა და ლმობიერი, შემწყნარებლური ღიმილითა
და საკუთარი ღირსების ერთბაშად და დიდი ძალით გაღვიძებული შეგნებით
დინჯად ჩაება გედეონთან საუბარში. ანი სასაცილო იყო, მაგრამ გედეონი ან ვერ
ამჩნევდა ამას, ან არადა თავის ერთ-ერთ საუკეთესო როლს თამაშობდა.

ერთხანს რომ იმუსაიფეს, მერე გედეონმა თქვა: - აბელი შინაური კაცია და


ბოდიშები არ მჭირდება. თქვენ კი ნუ დამძრახავთ, თუ საკადრისად ვერ
გიმასპინძლოთ. ყავა კარგი იქნება, ეს შემიძლია ტრაბახით ვთქვა. ალბათ
ცოტაოდენი ნამცხვარიც აღმოჩნდება სადმე. თუ კარგად მოვჩხრიკავთ
სამზარეულოს, გამორიცხული არაა, რომ შოკოლადიც ვიპოვოთ. რას იტყვით,
აბელ, ვითომ ვერ ვიპოვით?

აბელს გაეღიმა.

- თუ კარგად მოვჩხიკავთ, წესით უნდა ვიპოვოთ.

- რატომ წუხდებით, ჩემო ბატონო... - ნელა, მკაფიოდ, ოღონდ დათანხმების


მანიშნებელი კილოთი თქვა ანიმ.

- რას ბრძანებთ! ასეთი შეწუხება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა! - გედეონი


წამოდგა, ოდნავ დაუკრა თავი ანის, სამზარეულოში გავიდა და იქ, როგორც
ჩანს, მართლა სტუმართმოყვარე დიასახლისივით მოიქაჩლა თავი.

ანი ცოტა ხანს, შესაძლებელია ინერციით, შესაძლებელია იმის გამო, რომ როლი
მოეწონა, კიდევ იჯდა ამაყი და თავდაჯერებული არისტოკრატის პოზაში. აბელი
ღიმილით შესცქეროდა და ელოდა. ბოლოს ანის მოსწყინდა. ან იქნებ დაიღალა.
ერთბაშად მოდუნდა, ღრმად, თავისუფლად ჩაეშვა სავარძელში და აბელისაკენ
მოტრიალდა.

- რას მიყურებ?
- არაფერს. კატამ მეფეს შეხედაო...

აქ ანიმ უეცრად შეიცვალა კილო, ხმასაც დაუწია.

- ამ კაცს ეს წიგნები სულ წაკითხული აქვს?

- თითქმის.

- შენც?

- მე ჯერჯერობით ნაწილი მაქვს წაკითხული.

- დანარჩენიც უნდა წაიკითხო?

- რა ვიცი... ვაპირებ.

ანი დაფიქრდა.

- რად გინდა მერე, ამდენს რომ კითხულობ?

- ხომ უნდა გავიგოთ, რისთვის გავჩნდით ამ ქვეყანაზე.

ანიმ შუბლი შეიჭმუხნა და გაკვირვებით დააცქერდა აბელს.

- წიგნებიდან უნდა გაიგოთ?! - ესა თქვა და სინანულით გადაიქნია თავი.

გედეონი რომ დაბრუნდა, ანი გაიმართა და ძველებური პოზა მიიღო, გედეონმა


ყავა შემოიტანა, ნამცხვარი და შოკოლადი. როგორც ჩანს, სამზარეულოს „კარგად
მოჩხრეკამ“ შესაფერისი ნაყოფი გამოიღო.

შუა ყავის სმაში რომ იყვნენ, ანიმ ჰკითხა: - ჩემო ბატონო, ეს წიგნები მართლა
სულ წაკითხული გაქვთ?

გედეონმა წიგნებს მოავლო თვალი, მერე გამომცდელი მზერა წამით აბელზე


შეაჩერა და ოდნავ ამოიოხრა.

- რა ვუყოთ... - გულნაკლული კაცის კილოთი თქვა, - ასეთია ჩვენი ბედი. ეს


რომ მხოლოდ სისუსტე იყოს, რა გვიჭირდა. სამწუხაროდ, აუცილებლობაა.
უბრალო მოკვდავი იძულებულია ცხოვრებაში ისეთი ბლაგვი იარაღით
გაიკვლიოს გზა, როგორიცაა ინტელექტი.

- აა! - თქვა ანიმ. მერე ზურგს უკან გადასწია ხელი, ერთ-ერთი წიგნი აიღო,
დახედა, არ გადაუშლია, მხოლოდ ასწი-დასწია, თითქოს სიმძიმეს ამოწმებსო და
უკანვე დადო.

საღამოს, შინ რომ დაბრუნდნენ, აბელს სთხოვა, რაიმე წიგნი მომეციო.

- რად გინდა? - გაუკვირდა აბელს.

- წასაკითხად, სხვა რად უნდა მინდოდეს! - ისეთი კილოთი თქვა ანიმ, თითქოს
თავისი დღე და მოსწრება წიგნების კითხვის მეტი არაფერი ეკეთებინოს.

აბელმა შეხედა და ერთხანს უყურა.


- მაინც რა წიგნი გინდა?

- რა ვიცი, სულერთი არაა!

- სულერთი როგორაა! მხატვრული, მეცნიერული, პოლიტიკური...

- ოჰ, ნეტა ერთი!.. - შეაწყვეტინა ანიმ, გამომწვევად, ნიშნის მოგებით. მივიდა


წიგნის თაროსთან და არც შეუხედავს, ისე აიღო პირველივე წიგნი, რომელიც კი
ხელთ მოხვდა.

აბელს ყურადღება არ მიუქცევია.

საათისა თუ საათნახევრის შემდეგ ანიმ ორივე ხელით, ტკაცანით დახურა წიგნი


და იქვე, სკამზე მიაგდო.

- რა იყო? - გაეღიმა აბელს.

ანიმ ქვედა ტუჩი გამობზიკა და უხმოდ, ათვალწუნებით მიაჩერდა.

აბელმა სკამზე დადებული წიგნი ღიმილით აიღო და თაროზე თავის ადგილას


შემოდო.

ანის გადმოსვლის შემდეგ ქალაქში აბელის პოპულარობა საგრძნობლად


გაიზარდა და თეატრში მკვეთრად გახშირდა ტელეფონის ზარი, რომელსაც
მოსდევდა კითხვა იმის შესახებ, თამაშობდა თუ არა აბელი დღევანდელ
სპექტაკლში. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქცია იყო: იმ დროს, როცა ქალაქში სხვა
უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო არაფერი ხდებოდა, თეატრის წამყვანმა
მსახიობმა საყოველთაოდ ცნობილი კახპა დაისვა შინ. მეორე მხრივ, საქმეში
ჩახედულ ხალხს აქედან ის დასკვნა გამოჰქონდა, რომ აბელმა ყოველივე ეს
სწორედ ამ იაფფასიანი პოპულარობისთვის ჩაიდინა და ეს დასკვნაც სავსებით
ბუნებრივი და ლოგიკური ჩანდა. აბელს გულში ეცინებოდა, მაგრამ ამავე დროს
მოუთმენლად მოელოდა იმ დღეს, როცა ქალბატონი სალომეს სალონში მორიგი
შეკრება დაინიშნებოდა. აქ ბევრ რამეს უნდა მოჰფენოდა ნათელი.

ჩვეულებრივ, მოსაწვევი ბარათი შეკრების წინა დღეს თეატრში მოჰქონდა მერის.


ის „წინა დღე“ რომ დადგა, დილით თეატრში მიმავალი აბელი არცთუ
სახუმაროდ ღელავდა. მიიწვევდა თუ არა ქალბატონი სალომე ამ ამბების შემდეგ?
ხან ეგონა, მიიწვევდა, ხან ეგონა, არ მიიწვევდა, ხანაც თავს არწმუნებდა, რომ ეს
ჭუჭყიანი ჭორები და მითქმა-მოთქმა უბრალო და უმნიშვნელო რამ იყო და
ქალბატონი სალომეს მაღალ ყურამდე საერთოდ ვერ მიაღწევდა. გულის
სიღრმეში, შესაძლებელია, სწორედ ამ მესამე ვარაუდის ეშინოდა ყველაზე მეტად.

მერი რომ დაინახა, გულისცემა მოუხშირდა. მერი მიესალმა, რაღაც ჩაუქარაგმა


(იქნებ არც არაფერი ჩაუქარაგმებია, უბრალოდ მელას ის მოელანდა, რაც
დაესიზმრა), მოსაწვევ ბარათზე კრინტი არ დაუძრავს. იმ საღამოს სპექტაკლი
არც ერთს არ ჰქონდა, ამიტომ, თუკი მოსაწვევი ბარათი არსებობდა, იგი
რეპეტიციის დამთავრებამდე უნდა გადასცემოდა აბელს.

რეპეტიცია დამთავრდა, მერი წავიდა და აბელი მიხვდა, რომ „ზედა


ფენებში“ მისი საქციელი დაგმობილ იქნა.
შინისაკენ მიმავალმა გზად ბაზარში შეიარა და ხილი და ბოსტნეული იყიდა,
როდესაც სავსე პარკით ხელში ბაზრის ჭიშკარს გასცდა, უცებ ვანო
როსტიაშვილს გადაეყარა. ვანო თმაგაბურძგნილი, წვერგაუპარსავი,
გულგაღეღილი, შარვალჩაჩაჩული და, რაღა თქმა უნდა, მთვრალი იყო. აბელის
დანახვაზე სახე გაუნათდა, ფეხები გაჩაჩხა, მკლავები გაშალა და ასე შეჩერდა
შუა ტროტუარზე, თითქოს გზას უღობავსო.

- გენაცვალე ყანყრატოში! - ისეთი გრძნობით თქვა, ლამის გულ-მუცელი


ამოაყოლა. ტუჩები თითქმის არ გაუხსნია, ხმა მეტისმეტი მღელვარებისა და
დაძაბულობისაგან უკანკალებდა, მერე მარჯვენა ხელი იდაყვში მოხარა, მომუშტა
და საკუთარ ნიკაპთან ისე შეარხია, თითქოს ვიღაცას ემუქრებაო, - ჭირიმე შენი!
- ეს რომ თქვა, გადაეხვია და გადაკოცნა, თან ცდილობდა თავისი
გადმობრუნებული, საკოცნელად გამზადებული ტუჩებით პირდაპირ ტუჩებში
დასძგერებოდა, მაგრამ ბოლო წამს აბელმა მარჯვედ უგანა და ვანო ლოყაზე
კოცნას დასჯერდა, - ჯიგარი ხარ! - აქ მარჯვენა ხელი ისევ მომუშტა და
კბილებდაკრეჭილმა მარცხენა ხელისგულს რამდენჯერმე სანაყ ქვასავით ჩაჰკრა. -
ასე უნდა მაგ დამპლებს! გენაცვალე ყველგან! ძმა ხარ ჩემი! - აქ, ეტყობა,
ცეცხლი შემოელია, ერთბაშად პროზაულ კილოზე გადავიდა, - ახლა მე და შენ
თითო რამის დალევა მოგვიხდებოდა. აგერ, ბაზარში, კასრზე... თითო ქილა ისე
შეგვერგებოდა, როგორც დედის რძე... - როგორც ჩანს, აბელის სახეზე პროტესტი
შენიშნა, თქმა არ დააცალა, თვითონვე წაიღო უკან საკუთარი წინადადება, -
თუმცა შენ ახლა არ გცალია. ოჯახი ხრამია. სხვა დროს იყოს. - და ისევ
მოეძალა გრძნობა, - ჭირიმე შენი! ძმა ხარ! აბა, კარგად იყავი!

ასე გახდა ბაზრის წინ აბელი ვანო როსტიაშვილის ძმა.

ანი, ეტყობა, სერიოზულად დაინტერესებულიყო გედეონისა და აბელის


გატაცებით და, ამ გატაცების ავკარგიანობა რომ შეემოწმებინა, კიდევ ერთი
წიგნი გადმოეღო თაროდან, მაგიდას მისჯდომოდა და ბუტბუტით კითხულობდა.
აბელის შესვლაზე წიგნი სწრაფად დახურა და თაროზე შემოდო.

რვა საათი იქნებოდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. აბელმა და ანიმ, რომლებიც
თავ-თავიანთი საქმით იყვნენ გართული, ერთდროულად ასწიეს თავი და
ერთმანეთს გაკვირვებით შეხედეს. რაც ანი აქ გადმოვიდა, აბელის სახლში
სტუმარი არ გაჭაჭანებულა.

აბელმა კარი გააღო და ადგილზე გაშეშდა.

- მერი?!

- შეიძლება? - ცოტა არ იყოს ზედმეტად ხალისიანი კილოთი იკითხა მერიმ.

- მობრძანდი, - აბელმა უკან დაიხია და გზა მისცა.

მერი მაღალქუსლიან ყავისფერ ფეხსაცმელებზე იდგა და გრძელი, კოჭებამდე


ჩამოშვებული ჭრელი კაბა ეცვა დახურული გულისპირით და ფართო,
თავისუფალი სახელოებით. ეტყობა, დარბაზობისთვის საგანგებოდ
მომზადებულიყო, თმა აფუებული ჰქონდა, თვალის ქუთუთოები და წამწამები
საღებავით კარგად დაემუშავებინა, სახის კანი უბზინავდა. თან ცოტა
აღგზნებული იყო და ეს აღგზნებულობა რაღაც დამატებით პეწს აძლევდა.

ანი მის დანახვაზე სწრაფად წამოდგა და თითქოს რაღაცის შეეშინდაო,


შემკრთალი, აბუზული, რაღაცნაირად ფრთებჩამოყრილი მიაჩერდა.

- გამარჯობათ! - თქვა მერიმ ისევ ზედმეტად ხალისიანი კილოთი და ცალი


თვალით სწრაფად შეათვალიერა ანი, - ბოდიშს ვიხდი ამ უეცარი სტუმრობის
გამო. ალბათ ხელი შეგიშალეთ...

- პირიქით, - მიუგო აბელმა, - სტუმარს დანატრებული ვართ.

ანიმ სკამს დაავლო ხელი, მეტი გულმოდგინებისაგან ხელიც კი გადაუსვა,


თითქოს მტვერი გადაწმინდაო და ახლო დაუდგა.

- დაბრძანდით.

- გმადლობთ, - უაღრესად თავაზიანი ღიმილით უთხრა მერიმ, - თქვენ ალბათ


ანი ხართ, არა?

- კი, - გაუბედავად თქვა ანიმ, რომელიც ჯერ კიდევ კალაპოტიდან


ამოვარდნილი იყო, - ანი ვარ.

- მე მერი ვარ. მერი ბარაბაძე.

ანის თვალები გაუფართოვდა.

- ბარაბაძის ქალი?!

მერიმ წყნარად გაიცინა.

- ვერ იქნა და ვერ მოვიშორე ეს დაღი. რა ჩავიდინო, აბელ, ისეთი, რომ ხალხმა
მამაჩემის დანახვაზე თქვას: შეხედეთ, ბარაბაძის მამა მოდისო? - ანიმ გაუგებარი
და უნებლიე დანაშაული იგრძნო და სიწითლემ გადაჰკრა. მერიმ კი განაგრძო, -
რისთვის მოვედი და რისთვის დაგირღვიეთ მყუდროება: სალომემ მოსაწვევი
ბარათი გამომატანა და დამავიწყდა, რომ თეატრშივე გადმომეცა, - მერიმ ჩანთა
გახსნა, მოსაწვევი ბარათი ამოიღო და მაგიდაზე დადო, - რომ არ მომეტანა,
ვერც გადავურჩებოდი სალომეს.

- მე მეგონა, აღარ მიმიწვია-მეთქი.

- რამ გაფიქრებინა! - მერის ხმაში ძლივს შესამჩნევი ირონია გაისმა.

- ჩაის მოგართმევთ, - შესთავაზა ანიმ, მაგრამ მერიმ იუარა.

- არა, გმადლობთ.

- მერის ჩაი არ უყვარს, ანი, მერის შამპანური უყვარს, - ჩაერია აბელი.

- გაქვს? - გაიღიმა მერიმ.

- საპატიო სტუმრისთვის ყველაფერია, - ამ სიტყვებით სამზარეულოში გავიდა.


მერიმ ოთახში მიმოიხედა.

- როგორ დასტყობია აქაურობას ქალის ხელი! - მერე თითქოს ენაზე იკბინაო,


ისე განაგრძო, - არა, მე ერთხელა ვარ მარტო ნამყოფი... მარტოხელა კაცმა რაც
უნდა სუფთად და ლამაზად შეინახოს სახლი, მაინც შეეტყობა, რომ მარტოხელაა.
ახლა სხვანაირადაა მომყუდროებული აქაურობა.

აბელმა შამპანური და ჭიქები შემოიტანა. ბოთლი გახსნა და ჩამოასხა.

- გაცდენთ, - თქვა მერიმ და ჭიქა აიღო, - გაგიმარჯოთ. - ნახევრამდე დალია და


დადგა, თუმცა ხელი არ გაუშვია. მერე ხმადაბლა, თითქოს ეშინია, გამვლელებმა
არ გაიგონონო, ცოტა იდუმალი კილოთი თქვა, - განმარტოებული ხართ, ყველას
მოშორებული... რაც უნდა იყაყანონ ქალაქში, თქვენ მაინც თქვენთვის ხართ,
თქვენამდე ვერაფერი აღწევს. გაგიმარჯოთ. - და დარჩენილი შამპანურიც დალია.

აბელმა ისევ შეუვსო ჭიქა.

- დათრობას მიპირებ? - ალერსიანად, მოჭუტული თვალებით გაუღიმა მერიმ.


მერე უცებ, ხმამაღლა გაიცინა, - რა უბედური ხალხი ვართ! რა იქნება,
წელიწადში ერთხელ გულახდილობის დღე მოვაწყოთ, რომ ცოტა დავისვენოთ
და დავმშვიდდეთ? - ჭიქა აიღო, შამპანური მოსვა, ჩაიცინა და განაგრძო, -
როდის დამვიწყებია მოსაწვევი ბარათის დროზე გადმოცემა, რომ ახლა
დამვიწყებოდა! განზრახ გავაკეთე, აქ მოსვლის საშუალება რომ მქონოდა. თქვენი
ნახვა მინდოდა, ანი. - ანის თვალები დაეხარა და მუხლებზე დაწყობილ ხელებს
დასცქეროდა. - თქვენ ახლა ჩვენი სულელი ქალაქის მთავარი სალაპარაკო თემა
ხართ. რა მშვენიერი პროფილი გაქვთ! ნეტა მოგასმენინათ, როგორ ვანთხევთ
ბოღმას შურიანი დედაკაცები! და შუბლი გაქვთ საოცრად ლამაზი. როგორ
თვალსა და ხელს შუა აგვაცალეთ ასეთი სასიძო კაცი ამდენ გასათხოვარ ქალს! -
ჭიქა ასწია და ღიმილით გახედა შუქზე, - ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ
ერთმანეთს, - და ცოტა კიდევ მოსვა.

ანიმ თავი ასწია და თვალებში შეხედა მერის. შიშმა, შეკრთომამ თუ


სირცხვილის გაუგებარმა გრძნობამ, რომელიც მერის დანახვაზე დაეუფლა, უკვე
სავსებით გაუარა. ახლა მშვიდად შეჰყურებდა ნათელი და რაღაცნაირად
ლმობიერი თვალებით და აბელს მოეჩვენა, რომ ამ წუთას იგი ძალიან ჰგავდა
ასლანის ნინიკოს. და ანიმ უცებ თქვა: - მე და აბელი და-ძმა ვართ.

მერიმ პასუხად ნეიტრალური, ოფიციალური თავაზიანობით გაიღიმა და


მხოლოდ ამის შემდეგ, ცოტა არ იყოს დაგვიანებით, მიხვდა ანის ნათქვამის
აზრს. ღიმილი ფარდასავით ჩამოუვარდა, შუბლი შეეჭმუხნა და ისე მიაჩერდა,
თითქოს რაღაც რთულ სიტუაციაში გარკვევას ლამობსო.

- რა ხართ? - იკითხა ბოლოს.

- და-ძმა, - მშვიდად, დაყვავებით მიუგო ანიმ.

- როგორ თუ... - მერის აშკარად უჭირდა ამ მოულოდნელი და გაუგებარი


ინფორმაციის აღქმა და გააზრება, - და-ძმა რანაირად ხართ?

აბელს დასცხა და იგრძნო, როგორ გამოჟონა ბეჭებში ოფლმა.


- დაძმობა ვუთხარით ერთმანეთს, - რბილად, მაგრამ მკაფიოდ გაისმა ანის ხმა.

მერიმ აბელს მოხედა, მერე ისევ ანის მიაპყრო გამომცდელი მზერა.

- მასხრად მიგდებთ?

- მართალს გეუბნებით, - და მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა, - დედის სულს


გეფიცებით.

მერიმ კიდევ მოხედა აბელს.

- მართლა, აბელ?

- მართლა, - რამდენადაც შეეძლო მშვიდად, უბრალოდ თქვა აბელმა.

მერის ხელები ოდნავ აუკანკალდა და ეს რომ დაეფარა, ჭიქას მაგრად მოუჭირა.


საფეთქელთან ძარღვი უთრთოდა. ოთახში სიჩუმე იდგა. ბოლოს მერიმ
ხმამაღლა გაიცინა.

- გადავირევი! - თქვა სიცილით და ისევ გაჩუმდა. ცოტა ხნის შემდეგ ჭიქა აიღო
და ერთი ყლუპი შამპანური მოსვა. ჭიქა ისევ დადგა. სახე დაძაბული ჰქონდა,
თვალები დაფიქრებული და ცოტა დამწუხრებული. - ეს სახლი თავიდანვე
საიდუმლოებით იყო მოცული, - ხმადაბლა თქვა ბოლოს, ისე რომ არც
ერთისთვის არ შეუხედავს, - ჩემს მახსოვრობაში აქ არავის უცხოვრია. მე რომ
პატარა ვიყავი, უფროსებსაც კი არ ახსოვდათ, როდის მიატოვეს აქაურობა.
ბავშვებს გვიშლიდნენ აქ შემოსვლას, მოჩვენებები ცხოვრობენო, გვაშინებდნენ...
დაძმობა უთხარით ერთმანეთს... ვინ იცის, იქნებ მართლა ცხოვრობდნენ
მოჩვენებები. იქნებ ახლაც ცხოვრობენ. პირველი უკლება ჩასახლდა. ზღაპრის
გმირებივით დაძმობა უთხარით ერთმანეთს... ბედნიერი ხალხი ხართ, - აქ მერიმ
აბელს შეხედა, - მე რომ შენთან დაძმობილება მომენდომებინა, თქმით მაინც ვერ
გეტყოდი. ეს შეიძლება გულში გაიფიქრო. ხმამაღლა რომ იტყვი, სისულელე
გამოდის, თქვენ როგორ მოახერხეთ... - და ისევ აარიდა თვალი, -
დარწმუნებული ვიყავი, რომ გიცნობდი, აბელ, თურმე არ მცნობიხარ. შენ თურმე
დაძმობის თქმა შეგძლებია. მაგრამ ეს სახლი მაინც ახლოა ქალაქთან... არ
შეიძლება, მეც თქვენი დობილი გავხდე?

- როგორ არა! - სახე გაუნათდა ანის, მაგრამ რაღაცამ აიძულა, წამსვე


გაჩუმებულიყო.

- მართლა?! - აიტაცა მისი თანხმობა მერიმ, - შეიძლება? ოღონდ სადმე შორს


გადავიკარგოთ. მდინარის გაღმა, ზემოთ, ტყეში. ორი და ვიქნებით და ერთი ძმა
გვეყოლება. შენ რას იტყვი, აბელ, თანახმა ხარ? - მერის უცნაურად უბრწყინავდა
თვალები, - შეიძლება ბავშვებადაც კი გადავიქცეთ. - აბელი უხმოდ უყურებდა. -
არ გინდა? ხედავთ? - ანის მიუბრუნდა მერი, - არ უნდა, ჩემთან დაძმობილება
არ უნდა. მე ცუდი და ვიქნები...

- კარგი და იქნები, მერი, - წყნარად თქვა აბელმა.

- მაშ, რაღას ვუცდით! ბარემ ჩვენც ვუთხართ ერთმანეთს დაძმობა.


- ხვალ, - ისევ წყნარად უთხრა აბელმა, - ახლა გვიანია.

მერიმ შეხედა, თვალი თვალში გაუყარა, მერე აღგზნება დაუცხრა და. როგორც
ცოტა ხნის წინ, თვალები მოჭუტა და ალერსიანად გაუღიმა.

- ხვალ იყოს, - თქვა მერე სავსებით დამშვიდებულმა, - აბა, ახლა კი წავედი,


თორემ მართლა გვიანია.

სახლს ქვემოთ, გზის პირას მერის მანქანა ელოდა. დათიკო ბარაბაძის მოხუც
მძღოლს თავი საჭეზე დაედო და ეძინა. მერიმ მანქანის კარი გააღო.

- წავედით, ძია ვასო, - უთხრა ხმადაბლა.

მოხუცი იმწამსვე გამოფხიზლდა.

- წავედით? - იკითხა და გასაღები გადაატრიალა.

მერიმ ღიმილით მოხედა აბელსა და ანის და ხელი დაუქნია.

წყნარი საღამო იყო, თბილოდა. მთვარის შუქზე მდინარე ზღაპრულად ელავდა,


ნელა, მდორედ მიედინებოდა თავქვე და ხმადაბლა, თავისთვის ბუტბუტებდა
რაღაცას.

თავი მეცხრამეტე

მეორე დღეს, როდესაც აბელმა ქალბატონი სალომეს სასტუმრო დარბაზის კარი


შეაღო და შევიდა, სტუმრები ერთბაშად, შეთქმულებივით გაჩუმდნენ და უხმოდ
შემოაჩერდნენ.

უკვე ყველანი შეკრებილიყვნენ. აქ იყო ოქროს ქალბატონი, აქ იყო გარაყანიძე


ყელში წაჭერილი ჰალსტუხით, აქ იყო ონოფრე პოეტი, პროკურატურის კაცი,
რომელიც სატირული ჟურნალის ტიპიურ კარიკატურას ჰგავდა, დიდცხვირა და
დიდპირა ახალგაზრდა კაცები, მომღერალი ქალწულები... ყველანი აქ იყვნენ.
მერი დივანის კუთხეში იჯდა, გრძელი კაბის ქვეშ ფეხი ფეხზე შემოედო,
ხელები მუხლებზე შემოეწყო და რაღაც გამოუცნობი ღიმილით იღიმებოდა.

აბელმა ის კი მოახერხა, რომ ზურგს უკან კარი მიეხურა, მაგრამ


მოულოდნელად ჩამოვარდნილმა სიჩუმემ იმდენად შეაკრთო და დააბნია, რომ
ადგილზე გაშეშდა.

საბედნიეროდ, დუმილი, სანამ მძიმე უხერხულობაში გადაიზრდებოდა,


ქალბატონმა სალომემ დაარღვია. იგი სწრაფად გამოეყო სტუმრებს, გულღია
ღიმილით, მსუბუქად, მოხდენილი სხეულის ოდნავი რწევით წამოვიდა
აბელისაკენ.

- ჩვენი აბელიც მოვიდა! - ხალისიანი კილოთი თქვა მან. მერე გაბედული,


მაგრამ რბილი, კეთილმოსურნე ხუმრობით, რომელსაც საბოლოოდ უნდა
გაელღო ეს უეცარი დაძაბულობა, დაუმატა, - აბელ გულთამპყრობელი!
ამ სიტყვებით შემოეგება და ხელი მკლავში გამოსდო.

- დღეს განსაკუთრებული გრძნობით უნდა ვიმღეროთ, აბელ, - უთხრა და ნელი,


გამოზომილი ნაბიჯით წამოიყვანა სტუმრებისაკენ, - დღეს ქალბატონი
ციცინათელას დაბადების დღეა და ეს ამბავი საგანგებოდ უნდა აღინიშნოს.

ქალბატონი ციცინათელა მოოქროვილი ქალბატონი იყო. ქალბატონმა სალომემ


სწორედ მისკენ წაიყვანა აბელი და ახლოს რომ მიიყვანა, მკლავში გამოდებული
ხელი გამოაცალა.

- ნუთუ მართლა?! - იმავე კილოთი გამოეპასუხა აბელი, რომელმაც ივარაუდა,


რომ ქალბატონმა სალომემ ეს ცნობა უმთავრესად ვითარების განსამუხტავად
მიაწოდა, - ნება მომეცით მოგილოცოთ, ქალბატონო ციცინათელა!

ქალბატონი ციცინათელა გაფითრებული იყო და თვალებგაფართოებლი


მისჩერებოდა აბელს. ისე უცნაურად იდგა, თითქოს გაქცევა ეწადა, მაგრამ
ვიღაცას ფეხებით იატაკზე მიელურსმა. როდესაც აბელი საკმაოდ ახლო მივიდა,
ძალთა უკანასკნელი დაძაბვით მაინც აჯობა თავის მიმლურსმელს, ფიცხი
მოძრაობით დაიხია უკან რამდენიმე ნაბიჯით და ხელიც კი გამოიშვირა,
თითქოს ამით აბელის წინსვლა უნდა შეაჩეროსო.

- არა! - ყრონტისმიერი, ცივი ხმით წამოიძახა ქალბატონმა ციცინათელამ.

„იქნებ საგანგებოდ დადგმული სცენაა!“ - გაუელვა აბელს თავში.

ამ დროს საქმეში მერი ჩაერია და ღიმილით უთხრა ქალბატონ ციცინათელას: -


რამ შეგაშინათ, დეიდა ციცინათელა? ჩვენი აბელია, ბასკერვილების ძაღლი ხომ
არ არის!

ქალბატონმა ციცინათელამ მწყრალად მოხედა.

- მსახიობები, გენაცვალე, იოლად უყურებთ ყველაფერს. მე ოჯახი მაქვს! - ამით


ქალბატონმა ციცინათელამ საბოლოოდ დაამსხვრია სალონურ ურთიერთობათა
საამო ბორკილები და იქვე ისე დააგორა ფერდობზე, რომ ახლა სკანდალი
გარდაუვალი ჩანდა.

- სხვათა შორის, - დინჯად, ბრძნულად დაიწყო გარაყანიძემ, - დემოკრატია


ყველაფერის არევას და ათქვეფას როდი ნიშნავს, რაც არ უნდა ფართო იყოს
დემოკრატია, ქუჩა მაინც ქუჩაა, ოჯახი ოჯახია და საზოგადოება საზოგადოებაა.

აბელი გარაყანიძეს მიუტრიალდა და მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორ


აახამხამა უცებ თვალები გარაყანიძემ და როგორი სისწრაფით დაიხია უკან,
მიხვდა, რა სახე უნდა ჰქონოდა თვითონ. წამით თვალები დახუჭა, ალბათ
თავადაც ვერ იტყოდა, შეგნებულად გამოიწვია თუ უნებურად მოხდა, ეს კია,
რომ გონების თვალწინ ჯერ გედეონ რევიამ გაიელვა, მერე სამსონმა. ამის
შემდეგ თვალი ისევ გაახილა და მშვიდად, თითქმის უდარდელად გაიღიმა.

გარაყანიძე ამ დროს უკვე უხიფათო მანძილზე იმყოფებოდა, მაგრამ ყოველი


შემთხვევითვის მაინც შედარებით ხმადაბლა და ცოტა შემრიგებლური კილოთი
თქვა: - კაცი ან ქუჩაში უნდა ცხოვრობდე, ან საზოგადოებაში. იქაც და აქაც არ
შეიძლება.

- სიყვარულმა არ იცის გარჩევა! - გაუბედავად წამოიძახა ერთ-ერთმა


პროვინციელმა ქალწულმა და ჭარხალივით გაწითლდა.

- მაგ რომანტიკა, ჩემო ბატონო, პოეზიაშია კარგი, - ისევ გათამამდა გარაყანიძე, -


პოეზია სხვაა, ცხოვრება სხვა. აგერ, ბატონ ონოფრეს შეუძლია დაწეროს ლექსი,
ლექსი კი არა, ბალადა, იმის შესახებ, თუ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი
მაღალი და წმინდა სიყვარულით საკუთარი სხეულით მოვაჭრე გოგონას და
რომელიმე კეთილშობილ პრინცს. პრინცი სჯობს, იმიტომ, რომ... მმმ. - ხელები
გაშალა გარაყანიძემ და სახეზე გაურკვეველი, შეთქმულის თუ გულის
მესაიდუმლის გამომეტყველება გაუჩნდა, - წავიკითხავთ, გვეამება. ლექსი საშიში
არაა.

ონოფრე პოეტმა ჩიბუხი პირიდან გამოიღო და იმავე ხელის საჩვენებელი თითი,


რომლითაც ჩიბუხი ეჭირა, გარაყანიძეს მიუშვირა.

- ეგ კარგია, ხომ იცით!.. - უთხრა და მოწონების ნიშნად თავიც დაუქნია.

- აბელ! - დაიძახა ამ დროს მერიმ, რომელიც ჯერ ისევ დივანზე იჯდა


ფეხიფეხშემოდებული და იქიდან ადევნებდა თვალყურს ამბების განვითარებას.

აბელმა მიხედა. მაშინ მერი წამოდგა, მისკენ წამოვიდა, მიუახლოვდა, იდაყვში


მოჰკიდა ხელი და საზოგადოებას მიმართა: - რამ დაგაფეთათ, ხალხო! - და
აბელს მიუბრუნდა, - აქაო და ქვეყნის ნათრევი ქალი სახლში დაისვაო, ეშინიათ,
რამე სენი არ შემოიტანო, - მერე ისევ საზოგადოებას მიუტრიალდა, - თქვენი
შიში სრულიად უსაფუძვლოა და, საერთოდ, ტყუილად გგონიათ, ვითომ ის
ქალი, რაღაც ურჩხული იყოს. არაფერი ურჩხული არ არის. გუშინ ვიყავი და
ჩემი თვალით ვნახე. ერთი სოფლელი გოგოა, მორცხვი, მფრთხალი,
საწყალობლად აბუზული. და მე მგონია, არაფერი ისეთი არ უნდა სჭირდეს...
ხომ ასეა, აბელ? - ღიმილით შეხედა აბელს, მაგრამ იმავ წამს ღიმილი მოიშორა,
კოპები შეიკრა და კომიკური წყრომით, ვითომ გაბუტულმა უსაყვედურა, - რას
მიღრჭიალებ კბილებს! -თუმცა აბელს არ შეუმჩნევია, კბილები თუ გააღრჭიალა.
მერი კვლავ საზოგადოებას მიუბრუნდა, - ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს აბელსა
და იმ ქალს ინტიმური ურთიერთობა არა აქვთ. მათ პლატონური სიყვარულით
უყვართ ერთმანეთი. სულიერი მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან. თან
ყოველ შემთხვევისთვის, სულმა რომ არ წასძლიოთ, დაძმობა შეჰფიცეს
ერთმანეთს.

- მერი! - გამაფრთხილებლად წასჩურჩულა ქალბატონმა სალომემ, მაგრამ მერის


მისი ნათქვამი არ გაუგია, იდგა აღგზნებული, სახეგახურებული,
თვალებაელვარებული და თავისას განაგრძობდა: - ასე რომ, ნუ გგონიათ, ეს
ჩვენი აბელი თქვენისთანა და ჩემისთანა ადამიანი იყოს, რაღაც უბრალო და
ჩვეულებრივი. არაფერიც! რომანტიკოსია, მეოცნებე. მაღლა-მაღლა დაფრინავს
ღრუბლებში. მეც კი შემომთავაზეს, ჩვენი დობილი გახდიო.

აბელს ტუჩები მაგრად მოეკუმა, კბილი კბილზე დაეჭირა და ცდილობდა.


სიმშვიდე და საღი აზროვნება არ დაეკარგა. მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოერია
თავს და მწარე ღიმილით წასჩურჩულა მერის: - გეთქვა, ასე გამწარებული თუ
იყავი და შეგირთავდი.

მერი თეატრალურად სახეგაბრწყინებული მოტრიალდა მისკენ.

- მართლა? მართალს ამბობ, აბელ? - მერე იმედგაცრუებული კილოთი დაუმატა,


- აბა, რა ვიცოდი! - და ქალბატონ სალომეს მიუბრუნდა, - გესმის, სალომე?
ხელსა მთხოვს აბელი.

- მერი... - წეღანდელივით წყნარად, მაგრამ გამაფრთხილებლად უთხრა


ქალბატონმა სალომემ.

- დავთანხმდებოდი, მაგრამ მულმა რომ არ მიმიღოს?

ამ სიტყვებზე ვიღაცამ ერთი ჩაიფრუტუნა და წამსვე გაჩუმდა. მერი აბელს


მიუბრუნდა, თვალებში შეხედა და უთხრა: - ვერა, აბელ. ნუ გეწყინება და ვერ
გამოგყვები. თუ მაინცდამაინც რომანტიკოსზე და მეოცნებეზე გათხოვება
დავაპირე, ბარემ სამსონს გავყვები, ის უფრო მაღლა-მაღლა დაფრთხიალებს.

აქ კვლავ გაიცინა ვიღაცამ. ამჯერად უფრო მონდომებულად. სამსონის ხსენებამ,


საერთოდ, ვითარება თითქოს ცოტა განმუხტა. სტუმრებმა თავისუფლად
ამოისუნთქეს, ხოლო სატირული ჟურნალიდან ამოჭრილმა პროკურატურის კაცმა
თავისი ისტორიული სიტყვაც წარმოთქვა: - სამსონი ღმერთს ეკურკურება, იმას
ქალი როგორ შეაცდენს!

მერი ფიცხლად მიტრიალდა მისკენ. რაღაცნაირად აიზიდა, უფრო მაღალი


გამოჩნდა, უფრო ზვიადიც, უფრო ლამაზიც.

- თქვენ ქალი კარგად არ გცნობიათ, ბატონო ვარლამ, - უთხრა და თვალები


კიდევ უფრო აუელვარდა, - თორემ ქალსა და ღმერთს როგორ შეადარებდით!
საკმარისია ერთი დავუწრუპუნო მაგ თქვენს სამსონს, რომ იმწუთას ღმერთიც
დაავიწყდება და მისი ანგელოზებიც. თუ არ გჯერათ, დავნაძლევდეთ.

ქალბატონმა სალომემ წამსვე ისარგებლა იმით, რომ საუბარმა სხვა თემაზე


გადაინაცვლა და ჩვეული დაჯერებული ღიმილი დაიბრუნა.

- სანამ თქვენ იმ საბრალო სამსონის ბედს გადაწყვეტთ, მე და აბელი ცოტა


ხნით დაგტოვებთ. ასე ვთქვათ, პატარა თათბირს გავმართავთ.

თათბირის ხსენებაზე აბელს ბატონი ვიქტორი გაახსენდა, მაგრამ როგორც კი


ქალბატონმა სალომემ ხელი მკლავში გამოსდო, ის ჩვენება მყისვე გაქრა.

ქალბატონმა სალომემ აბელი გვერდით ოთახში შეიყვანა და კარი დახურა. ეს


იყო შედარებით პატარა, მოგრძო ფორმის ოთახი, ნაზი ცისფერი კედლებითა და
ასევე ნაზი ცისფერი, ოღონდ უფრო ბაცი ჭერით. იატაკი დაფარული იყო
ვეებერთელა ჭრელი, სქელი ხალიჩით. ოთახში ორი დიდი, ღრმა, ფაფუკი
სავარძელი იდგა, სავარძლისავე სტილის ტახტი, დაბალი მაგიდა,
ცისფერაბაჟურიანი ტორშერი, კიდევ ერთი, შედარებით უბრალო მაგიდა წნული
სკამით და ერთიც წიგნების კარადა. ოთახის ერთი კედელი თითქმის მთლიანად
ეჭირა მაღალსა და ფართო ფანჯარას, რომელიც ეზოში გადიოდა. ეზო
გაჩახჩახებული იყო რომელიღაც უხილავი ნათურით და ამ ხელოვნურ შუქზე
მისი სიმწვანე იდუმალი და ზღაპრული ჩანდა. ფანჯრის პირდაპირ, ცოტა
მოშორებით, მაღალი, აშოლტილი მსხლის ხე იდგა, რომელიც აბელს, სანამ
კარგად არ დააკვირდა, ალვის ხე ეგონა.

- დაბრძანდით, - უთხრა ქალბატონმა სალომემ და სავარძელზე მიუთითა.

აბელმა შეიცადა, სანამ ქალბატონი სალომე დაჯდებოდა და მერე თვითონაც


დაჯდა. ქალბატონი სალომე მოხერხებულად მოეწყო სავარძელში, ხელები მაღალ
მკერდზე ჯვარედინად დაიკრიბა და უხმოდ მიაჩერდა აბელს. მის მზერაში იყო
დედოფლის უფლებამოსილება, ხელოვნურად გაღვივებული ინტერესი და
საკუთარი ფიქრების გადაცემის ცოტა გულუბრყვილო და გვარიანად უიმედო
მცდელობა. აბელმა ერთი კი შეხედა და თვალი აარიდა, რადგან დარწმუნებული
არ იყო, რომ, მას შემდეგ, რაც დიდ დარბაზში მოხდა, ქალბატონი სალომეს ეს
დაჟინებული და ხაზგასმული მზერა მის სახეზე ზედმეტად გულწრფელ
პასუხად არ აირეკლებოდა.

ქალბატონი სალომე ეტყობა ამ მუნჯურ სცენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას


ანიჭებდა და დიდხანს არ მოუშორებია თვალი. ბოლოს ტკბილად, დაყვავებით
უთხრა: - მე იმედი მაქვს, აბელ, მერის აპატიებთ ამ ჭირვეულ გამოხდომას.
ქალი, მოგეხსენებათ, ქარაფშუტა არსებაა, - ამ სიტყვებზე ოდნავ კეკლუცად
გაიღიმა. შესაძლებელია, ქათინაურსაც ელოდა, მაგრამ აბელს გულზე ლოდი აწვა
და ყველა ქათინაური ამ ლოდქვეშ იყო მოქცეული, - გარდა ამისა, მერი
ემოციური ნატურაა, მძაფრად განიცდის ყველაფერს და მძაფრად გამოხატავს.
ეჭვი არ მეპარება, მერე თვითონვე ინანებს. ამიტომ უნდა ვაპატიოთ...

- საპატიებელი არაფერია, ქალბატონო სალომე, - მიუგო აბელმა, - რაც მერიმ


თქვა, სრული სიმართლე იყო.

ქალბატონი სალომე წუთით დაიბნა და მის მზერაში გამომცდელი დაეჭვება


შემოიპარა. მერე გაიღიმა და კვლავ საჭირო კალაპოტს დაუბრუნდა.

- თუნდაც ასე იყოს. აქ ხომ მთავარი ის არ არის, თუ რა თქვა. მთავარი ტონია,


დამოკიდებულება. მაგრამ პატიება მით უფრო უპრიანია, რომ მისი ირონიის
უკან სულ სხვა რამ იმალება. მე ვფიქრობ, უჩემოდაც უნდა ხვდებოდეთ, რომ
მერის... თუმცა ჯერ შევიცადოთ, ჯერ სხვა საქმეზე ვილაპარაკოთ. თქვენ,
რასაკვირველია, დანარჩენი საზოგადოების გაღიზიანებაც შეამჩნიეთ. ცხადია, მათ
საამისოდ სულ სხვა საფუძველი აქვთ. მას შემდეგ, რაც მოხდა, უფრო სწორად,
მას შემდეგ, - აქ მარტო თვალებით, შემრიგებლურად თუ შემწყნარებლური
მობოდიშებით გაიღიმა, - რაც ჩაიდინეთ, ისინი მოელოდნენ, რომ მე თქვენ ამ
ჩემს პატარა, უპრეტენზიო საღამოზე აღარ მოგიწვევდით, და, რომ დაგინახეს,
თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. რაღა თქმა უნდა, მე ჩემი შეხედულება მაქვს,
ჩემი გეგმები და ჩემი გემოვნება, - აქ თავი ოდნავ უკან გადაიგდო და ხმაშიც
სიამაყე გამოერია, - და არავის გავლენის ქვეშ არ მოვექცევი, მაგრამ რაკი
საზოგადოებაში ვცხოვრობთ, გვინდა თუ არა, ამ საზოგადოებას გარკვეული
ანგარიში უნდა გავუწიოთ. მე არ მინდა, რომ ეს ჩემი პატარა, უპრეტენზიო
საღამოები ჩამეშალოს, რადგან შესაძლებელია ესეც ქალური ჭირვეულობაა, -
ისევ ცოტა კეკლუცად გაიღიმა, - მაგრამ მგონია, ამით ცოტაოდენი სინათლე
შემაქვს ჩვენს ქალაქში, ასე ვთქვათ, პატარა ჭრაქს ვანთებ, და ამას ვერ შეველევი.
მეორე მხრივ, არც თქვენი დაკარგვა მინდა, აბელ. არამც და არამც. თქვენ ჩემი
პატარა წრის მშვენება ხართ. ჩემი სტუმრების უმრავლესობა დაშტამპული
ხალხია. თქვენ კი სულ სხვა ხართ. მერწმუნეთ, მე დიდად ვაფასებ თქვენს ნიჭს,
თქვენს განათლებას, თქვენს მაღალ სულს (სხვათა შორის, ვიქტორიც ამ აზრისაა).
ვერც თქვენ შეგელევით. რაღაც გზა უნდა გამოვნახოთ, აბელ. მე, თქვენ ეს
კარგად იცით, მეშჩანი არა ვარ და ცხოვრებას ისეთი წვრილმანი თვალით არ
ვუყურებ, როგორც ჩემი სტუმრების უმრავლესობა უყურებს. მე კარგად მესმის
ხელოვნების ბუნება და თქვენი გატაცებაც კარგად მესმის. ხელოვანს
დროდადრო განტვირთვა სჭირდება. ბოჰემაც სჭირდება. და საერთოდ ხელოვანი
იმ საზომით ვერ გაიზომება, რომლითაც სხვებს ვზომავთ. ოღონდ ეს კია, რომ, -
აქ თითქოს შეყოყმანდა, თითქოს დაფიქრდა, თითქოს საჭირო სიტყვას დაუწყო
ძებნა, - რაღაც ზომა მაინც უნდა დავიცვათ. ზოგი ამბობს, რომ ის, რაც თქვენ
ჩაიდინეთ, პოპულარობის გულისთვის ჩაიდინეთ. მე, ცხადია, ეს არ მჯერა.
თქვენ ეს არ გჭირდებოდათ. თქვენს პროფესიულ დონეს რომ თავი დავანებოთ,
პოპულარობისათვის განა ის არ კმაროდა, უკლებას ნასახლარზე რომ
დასახლდით, ან ის, რომ გედეონ რევიას, - აქ სულ ოდნავ გადაჰკრა სიწითლემ,
- განუყრელი მეგობარი შეიქენით? არა, ცხადია, ეს პოპულარობის გულისათვის
არ გაგიკეთებიათ. ეს გატაცებაა, ხელოვანის ბუნებრივი და სავსებით
გულწრფელი გატაცება, რომელიც მალე თავისითაც გაივლის. რა თქმა უნდა,
გაივლის. მაგრამ იქნებ ანგარიში გაგვეწია გართულებული ვითარებისათვის და
ცოტა დაგვეჩქარებინა... მე, ჩემის მხრივ, მუდამ თქვენკენ ვიქნებით და რაც
შემეძლება, დახმარებას არ მოგაკლებთ, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა
სხვისი შემწეობის იმედად ყოფნა ძნელია. საზოგადოება ისეთი რამაა, აბელ,
ანგარიში თუ არ გაუწიე, დაუნდობლად მიგჩიხავს და გაგრიყავს. საზოგადოება
მისივე წესებით უნდა მართო. მაშინ ყველაფერს გაპატიებს და თვითონვე
დაგემორჩილება. თქვენი საქციელი კი ისეთია, რომ, თუ დროზე არ მივხედეთ
საქმეს, თქვენს კარიერას მძიმე დაღს დაასვამს. თქვენ რომ ვინმე რიგითი,
საშუალო ნიჭის მსახიობი იყოთ, ამას არც ვინაღლებდი, მაგრამ ასეთი გაქანების
შემოქმედი მომავალზე უნდა ზრუნავდეს... თუმცა მთავარი იქნებ არც ესაა, -
ქალბატონი სალომე წამოდგა. იმწამსვე წამოდგა აბელიც, - მთავარი, წეღან რომ
დავიწყე და აღარ დავამთავრე, ისაა, - ქალბატონი სალომე ახლო მივიდა, აბელს
მეგობრულად, გამამხნევებლად მოჰკიდა ხელი მაჯაში და ხმადაბლა, თან
რატომღაც ცოტა დიდაქტიკური კილოთი უთხრა, - მერის თქვენ უყვარხართ,
აბელ, და ვინც ბრმა არ არის, ამას ყველა ხედავს, - აქ თვალი თვალში გაუყარა
და ცოტა ხანს რეაქციას დაელოდა, - არც თქვენ უყურებთ მერის გულგრილად,
მე ვერაფერს გამომაპარებთ. ერთი სიტყვით, ბედი კარზეა მომდგარი. გაუღეთ,
აბელ, ნუ ალოდინებთ, - ამ სიტყვებზე გაიღიმა და შეეცადა საუბარი უფრო
მსუბუქ კალაპოტში გადაეგდო, - სხვათა შორის, საქორწინო საჩუქარი უკვე
მზადა მაქვს, - როგორც ჩანს აბელის სახეზე ვერავითარი გარკვეული პასუხი
ვერ წაიკითხა და ისევ სერიოზულ კილოზე გადავიდა, - მეტი აქტიურობა, აბელ,
მეტი აქტიურობა! ქალი თქვენს ერთ სიტყვას ელოდება, რათა ორივენი
ხელიხელჩაკიდებული გვრიტებივით შეხვიდეთ სამოთხეში, თქვენ კი რას
სჩადიხართ? მთელი ქალაქის დასანახად პირდაპირ ქუჩიდან მოგყავთ ვიღაც
მეძავი, რომელიც ხიდის თავში დგას და მუშტარს ელოდება...
აქ ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ქალბატონ სალომეს ისეთი დაჯერებული და
ამაყად მოწყალე სახე ჰქონდა, რომ აბელს წამით მოეჩვენა, თითქოს მისი პატარა,
მრგვალი, ლამაზი თავი გადაიხსნა და გამოჩნდა პაწაწკინტელა ტვინი, რომელიც
უკიდურესი კლაკვნით იკლაკნებოდა და თავგანწირვით ცდილობდა იმაზე მეტი
რამ გაეკეთებინა, ვიდრე შეეძლო. ამ დროს აბელი სხვა რამეზე არ ფიქრობდა,
საკუთარ საქციელს კონტროლს ვერ უწევდა და ამიტომ არ გაუგია, როგორ
მოხდა, რომ მარჯვენა ხელის ცერი ქალბატონი სალომეს ნატიფ, სანთელივით
ჩამოქნილ, ქრესტომათიულ ცხვირს მიაჭირა და სიგნალი მისცა: - პი-პიი!

ძნელი სათქმელია, რა უფრო მძაფრად და მკაფიოდ აღიბეჭდა ქალბატონი


სალომეს ლამაზ სახეზე: განცვიფრება თუ შეურაცხყოფა. ის კი ფაქტია, რომ
ქალბატონმა სალომემ ერთი მსუბუქად, ხმადაბლა შეჰკივლა და იმავ წამს
გაშლილი მარჯვენა ხელი მთელი ძალით ლეწა აბელს ყბაში.

ტკივილისაგან აბელი გამოფხიზლდა და შეძრწუნებული ახლაღა მიხვდა, თუ რა


ჩაიდინა. ქალბატონი სალომე კი უკვე წელში ამაყად გამართული იდგა, როგორც
პირგამეხებული დედოფალი და ხელი ზვიადი ჟესტით კარისკენ გაეშვირა
(საჩვენებელ თითზე, თითქოს ისიც აღფრთოვანებულიაო, ელავდა და ცეცხლს
აფრქვევდა ბრილიანტის ბეჭედი).

- გაეთრიე აქედან, შე ვიგინდარა! - მოკუმული ტუჩებით, სისინით თქვა


ქალბატონმა სალომემ და თავის ზვიად, მეფურ პოზას, საერთოდ, მთელ
სალონურ ატმოსფეროს ამ გულის სიღრმიდან ამოხეთქილი ფრაზით წყალი
შეუყენა.

აბელი თავდახრილი, სახეალეწილი გაემართა კარისაკენ. ის იყო, სახელურს


ხელიც მოჰკიდა, რომ უკნიდან ისევ მოისმა ქალბატონი სალომეს ხმა: - მოიცათ!

აბელი შეჩერდა და ნელა მოაბრუნა თავი. ქალბატონი სალომე ახლა მეფურ


პოზაში აღარ იდგა, ხელი ჩამოეშვა და ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობოდა, რაღაც
სხვა საფიქრალი გასჩენოდა. მერე აბელისკენ წამოვიდა.

- კახპებში შეძენილი ჩვევები, - უკვე წყნარად, მშვიდად ლაპარაკობდა, -


საზოგადოებაში უნდა დავივიწყოთ, აბელ. მე ყოველმხრივ ვეცდები, რომ ამ
თქვენი საქციელის გამო უახლოეს მომავალში კისერი წაიტეხოთ. ახლა კი ყური
დამიგდეთ. ასე წასვლა არ შეიძლება. ცოტა ხანს დარჩებით და ისე მოიქცევით,
ვითომ არაფერი მომხდარა. მერე კი რამე საპატიო მიზეზს მოიგონებთ და
წახვალთ. აბა, გავედით სტუმრებთან, - ამ სიტყვებზე სახიდან ერთბაშად
ჩამოეწმინდა და ჩამოეწურა ყველაფერი ზედმეტი და იქ მხოლოდ ძველებური,
სალონური გამომეტყველება დარჩა: ზომიერი სიხალისე, ზომიერი სილაღე და
მშვიდი, კეთილმოსურნე ღიმილი. სცენაზე ასეთ გარდასახვას ვინ იცის, რამდენი
ვარჯიში და წვალება სჭირდება.

- კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, - ტკბილი ღიმილით მოათვალიერა


ქალბატონმა სალომემ სტუმრები, როცა აბელთან ერთად ისევ დიდ დარბაზში
გამოვიდა, - იმედი მაქვს, უჩვენოდ არ მოიწყინეთ.
- მოვიწყინეთ კი არა, ბევრიც ვიცინეთ, - გამოეპასუხა პროკურატურის კაცი,
რომელიც ასე ხალისიანი და სიტყვაუხვი არც ერთ საღამოს არ ყოფილა, - და
თქვენი დავალებაც შევასრულეთ.

- რა დავალება? - გაკვირვებით გაიღიმა ქალბატონმა სალომემ.

ამჯერად პროკურატურის კაცს გარაყანიძემ დაასწრო: - სამსონის ბედი


გადავწყვიტეთ, როგორც გვიბრძანეთ და სანაძლეოც დავდეთ.

- მერი... - კითხვის თვალით შეხედა ქალბატონმა სალომემ მერის.

- პაემანი დავუნიშნე, - გაიცინა მერიმ. იგი ისევ ისე აღგზნებული იყო, - კვირას,
საღამოს რვა საათზე, პარკში, საზაფხულო კინოს გვერდით. სამიჯნურო წერილი
უკვე შევადგინე. სტილის საკითხებში აგერ, ბატონი რედაქტორი მომეხმარა.
წლობით ვმალავდი სიყვარულს და გულში ვმარხავდი, მაგრამ ვულკანმა,
ბოლოს და ბოლოს, მაინც ამოხეთქა და წალეკვით ემუქრება ქვეყნიერებასა და
ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანიმუშო წერილი გამოგვივიდა. გაგზავნაღაა საჭირო.
აბელს გავატანდი, - მერი შეყოყმანდა, გაიღიმა და აბელი თავით ფეხამდე
შეათვალიერა, - ეგ და სამსონი ძველი მეგობრები არიან... - აქ ისევ შეყოყმანდა.
აბელს კი სახე წამოუხურდა და გედეონის ნათქვამი გაახსენდა, ამ ქალაქში
ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცითო. მერიმ განაგრძო, - მაგრამ ვერ
ვენდობი. მეშინია, გზაში არ დაკარგოს. ეგ არაფერია, მივაწვდი როგორმე.
სანაძლეო ასეთია: თუ სამსონი პაემანზე წვერგაპარსული გამოცხადდა,
მოგებული ვარ, თუ წვერგაუპარსავი გამოცხადდა, ან, მით უმეტეს, საერთოდ არ
გამოცხადდა, წაგებული ვარ. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სამსონმა ღმერთი
ამჯობინა ჩემს თავს...

- ძალიან ღრმად ხომ არ შევტოპავთ, მერი, ამ ცელქობით? - წყნარად ჰკითხა


ქალბატონმა სალომემ.

- ასე რომ, - მერის ყურადღება არ მიუქცევია ქალბატონი სალომეს ეჭვისათვის, -


კვირა საღამოს ყველას გეპატიჟებით პარკში, საზაფხულო კინოს გვერდით,
გაპარსული და გამოწკეპილი სამსონის სანახავად.

- თქვენ იცით, - თავი გადაიქნია ქალბატონმა სალომემ, - მაგრამ მე ეს ოინი არ


მომწონს, - მერე აბელს მიუბრუნდა, - ახლა კი, აბელ, დანაპირები შევუსრულოთ
ქალბატონ ციცინათელას და ერთი ტკბილი სიმღერა ვუთხრათ.

აბელი ამას არ მოელოდა.

- სიამოვნებით, ქალბატონო სალომე, მაგრამ სამწუხაროდ მეჩქარება.

- ისე სად გეჩქარებათ, რომ ხუთი წუთი ვერ გაიმეტოთ ქალბატონი


ციცინათელასათვის. არა, აბელ, ასე ვერ გაგიშვებთ.

- უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ უნდა წავიდე, - აქ ცოტა


შეყოყმანდა და მერე ღიმილით დაუმატა, - შინ ანი მელოდება.

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.


ქალბატონი სალომეს მშვენიერი სახე წამით მარმარილოს ქანდაკებად იქცა,
მაგრამ სალონის გამობრძმედილი დედოფალი მყისვე მოერია თავს, შეჩერებული
სისხლი ისევ ამოძრავდა ძარღვებში, მარმარილო კვლავ გაცოცხლდა და
ქალბატონი სალომე ღიმილით მიუბრუნდა საზოგადოებას: - გავითვალისწინოთ
ის გარემოება, რომ საქმე არტისტთან გვაქვს და ეს მიზეზი საპატიოდ
ჩავუთვალოთ. ნახვამდის, აბელ.

- მერე მე ვინ გამაცილებს? - მერიმ თვალი თვალში გაუყარა აბელს.

- წამოდი.

- მე რომ სახლში არავინ მელოდება?... - გათამაშებული, კომიკური სევდით თქვა


მერიმ, - სამსონი რომ მელოდებოდეს, კიდევ ჰო...

პროკურატურის კაცმა და ონოფრე პოეტმა ხმამაღლა გაიცინეს.

აბელი წავიდა.

- უკვე მოხვედი? - გაუკვირდა ანის, აბელი რომ დაინახა, - აბა, რომ თქვი,
პირველ საათამდე ვერ მოვალო?

- ვთქვი და ვერ შევასრულე სიტყვა. რა ვქნა? გავბრუნდე უკან?

- გაბრაზებული ხარ? - მზრუნველი და ოდნავ შეშფოთებული კილოთი ჰკითხა


ანიმ.

აბელი ამ მზრუნველობამ და შეშფოთებამ კიდევ უფრო გააღიზიანა.

- ვითომ რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული?! - ძალთა უკანასკნელი დაძაბვით


ცდილობდა, ყელში მოწოლილი ბოღმა უკანვე ჩაებრუნებინა და თავი რომ არ
გაეცა, მაგიდასთან მივიდა და წიგნებში დაიწყო ფათური, - ჰეგელი რა იქნა?

- ჰეგელი ვინ არის?

- გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხი. შავყდიანი წიგნი, გუშინ რომ ვკითხულობდი.

- მაგერ არ დევს, კუთხეში?..

მართლა იქვე იდო, ცხვირწინ და აბელს ახლა იმაზე მოუვიდა გული, რომ
თავისით ვერ შეამჩნია. მერე შეეცადა, რბილად ეთქვა: - წიგნებს ნუ
გადამიადგილებ, ანი.

- მტვერი გადავწმინდე, - მობოდიშების კილოთი მიუგო ანიმ.

„ძალიან შეიფერა დიასახლისობა“... - გაიფიქრა აბელმა. იმავ წამს იგრძნო,


როგორ მიებჯინა ტვინში შუბი, და რაღაცამ აიძულა ანისკენ მიეხედა. ანი
მწუხარე სახით, ტუჩებმოკუმული შემოსცქეროდა. მერე უცებ თქვა: - თუ გინდა,
წავალ.

- სად წახვალ?

ანიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები და თავი ჩაღუნა.


აბელმა ერთხანს უყურა, მერე უთხრა: - მეც წამოვალ, ანი. მოდი, მართლა
წავიდეთ აქედან. დავიხრჩვი ამ ქალაქში.

- შენ ვერ წამოხვალ.

- რატომ?

- იმიტომ.

„იმიტომ“ ანის ჩვეულებრივი საბოლოო პასუხი იყო.

საუბარი ჩაქრა. აბელი თავს უხერხულად გრძნობდა იმის გამო, რომ გარედან
შემოტანილი გაღიზიანება ანისაც მოახვია თავს, უფრო კი ის ერთი ფრაზა
უღრღნიდა გულს, რომელიც თავის გუნებაში წამოაყრანტალა და რომელიც ახლა
ჭინჭარივით სუსხავდა შიგნით, გულგვამში. აბელს უნდოდა, ყველაფერი ეთქვა
ანისთვის, რაც დღეს გადახდა, როგორმე აეხსნა, რომ მის უგუნებობას, მის
გაღიზიანებას სხვა მიზეზები ჰქონდა და ანი არაფერ შუაში იყო, რომ ეს პატარა
ადამიანების ჩვევაა, ბოღმას რომ ვერ მორევიან და განურჩევლად ანთხევენ
მტყუანსა და მართალს. მაგრამ რაღაც აკავებდა და ვერ ამბობდა. რომელიღაც
გრძნობით გრძნობდა, რომ ნათქვამი ისეთი არ გამოვიდოდა, როგორიც იყო
ნაფიქრი, და შეიძლება უფრო მეტად არეულიყო და აბურდულიყო ყველაფერი.

აბელი მთელი საღამო წრიალებდა და ანი მთელი საღამო თვალს ადევნებდა მის
წრიალს.

- წადი, ანი, დაიძინე. - უთხრა ბოლოს აბელმა.

- კარგი, - მიუგო ანიმ და მაშინვე გაემართა მეორე ოთახისკენ, მაგრამ გზაში


შეჩერდა, მოტრიალდა და აბელს მშვიდად შეხედა სახეში. სადღაც, უღრმესი
ფენებიდან დაძრული ღიმილი სხივებად გადმოიღვარა თვალებიდან, ნელ-ნელა
მოედო მთელ სახეს და პატარა ფოსოებსა და ტუჩის კუთხეებს რომ მისწვდა,
აბელს მოეჩვენა, თითქოს ანი ჰგავდა არა ბავშვის ხელით დახატულ სასაცილო
და საოცარ მზეს, არამედ იმ განცდას, რომელიც ეუფლება ბავშვს, როცა
სასაცილო და საოცარ მზეს ხატავს და მთელი არსებით ამ საქმეშია დანთქმული.

თავი მეოცე

შაბათს აბელს დილიდანვე აჰყვა სამსონზე ფიქრი და მთელი დღის


განმავლობაში ვერ იქნა და ვერ მოიშორა.

„რა ჩემი საქმეა!“ - გაგულისებით ამბობდა გუნებაში და ფიქრი სხვა საგანზე


გადაჰქონდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ სამსონი, მაღალი, აყლაყუდა, ჟღალი
წვერით, გრძელი ცხვირით, დიდრონი კბილებითა და ბავშვურად გულკეთილი
ღიმილით ისევ შემოიპარებოდა ფიქრებში.

თუ მერიმ წერილი მართლა გაუგზავნა, სამსონს იგი უკვე მიღებული და


წაკითხული უნდა ჰქონოდა. ხოლო რომ გაუგზავნიდა, ამაში აბელს ეჭვი არ
ეპარებოდა.
„რა ჩემი საქმეა! კისერი უტეხია ყველას!“ - ცხარობდა გულში, მაგრამ ეს
გაცხარება საქმეს ვერ შველოდა, რადგან ეჩვენებოდა (თუმცაღა ვერ გაეგო,
რატომ), რომ თვითონაც უნდა ეგო პასუხი. და რაც ყველაზე უცნაური და
ყველაზე სულელური იყო, პასუხი უნდა ეგო ორივე მხრიდან, მერის მაგივრადაც
და სამსონის მაგივრადაც.

თავიდან ყველაფერი მარტივი და იოლად მოსაგვარებელი ეჩვენებოდა. სამსონმა


ხომ ამაყად და საბოლოოდ შეაქცია ზურგი ამქვეყნიურ ცხოვრებას, სადაც
პატივმოყვარეობა და ეგოიზმი პარპაშებს, და თავისი საკნის დიდი სიმაღლიდან
აუმღვრევლად გადმოჰყურებს ადამიანთა უაზრო ფუსფუსსა და ვნებათაღელვის
ორომტრიალს. სამსონი წაიკითხავდა მერის წერილს, გულკეთილი ღიმილით
დახევდა და ნაკუწებს ფერფლივით მიმოაბნევდა ქვემოთ, რუკასავით გადაშლილ
ქალაქში, მერე და მერე, კარგად რომ დაფიქრდა და ზოგიერთი
მრავლისმთქმელი წვრილმანი გაიხსენა, თანდათან დაეჭვდა. ჩვეულებრივ,
ადამიანები, როცა რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, ყოველივეს აწონ-
დაწონიან, მყარ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხოლოდ ამის შემდეგ
გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯს. სამსონი, როგორც წესი, პირიქით, იქცეოდა:
გადაწყვეტილებას საერთოდ არ იღებდა. პირდაპირ პრაქტიკულ ნაბიჯს
გადადგამდა და მერე ასაბუთებდა და ამართლებდა ამ ნაბიჯს. გამართლება კი,
მით უმეტეს იმ საშუალებებით, რომლებსაც სამსონი მიმართავდა ხოლმე,
ყველაფრის შეიძლება.

სამსონის ხასიათის სწორედ ამ თვისებამ დააფიქრა და დააეჭვა აბელი. სამსონი


ღმერთს ეთათბირებოდა და მისგან იღებდა რჩევასა და მოქმედების ბიძგს.
ღმერთი კი, კაცმა არ იცის, როდის რას გირჩევს და როდის საით გიბიძგებს.

„რა ჩემი საქმეა!“ - კიდევ ერთხელ გაიფიქრა აბელმა და საღამოს ექვს საათზე
სახლიდან გავიდა...

- მობრძანდით! - მოისმა შიგნიდან სამსონის ხმა, როდესაც კარზე დააკაკუნა.

აბელმა კარი შეაღო და შევიდა.

პატარა სარკმლის თაროზე მრგვალი, ფეხიანი სარკე იდგა. სარკეში სამსონი


იცქირებოდა. მარცხენა ხელი ზემოდან ჩაევლო მარჯვენა ღაწვზე, საფეთქლის
ქვემოთ, კანს ჭიმავდა, თან ყბას გვერდზე იქცევდა და იღმიჭებოდა. მარჯვენა
ხელში სამართებელი ეჭირა. ცალი ლოყა გაპარსული ჰქონდა და ახლა მეორეს
ამთავრებდა. ნიკაპი, ეტყობა, ბოლოსთვის შემოენახა, იქ ჯერ კიდევ
კონწიალობდა შემორჩენილი წვერი და ამიტომ ცოტათი თხას ჰგავდა.

- ოჰ, აბელ, გამარჯობა! - მხნე კილოთი მიესალმა სამსონი, - დაჯექი, ახლავე


მოვრჩები, ორ წუთში.

შუა ოთახში სკამის ზურგზე ეკიდა მუქი ლურჯი პიჯაკი რუხი ფერის
ჯვარედინი ზოლებით, რომლებიც კვადრატული ფორმის უჯრებს ქმნიდა,
ასეთივე შარვალი და სქელნასკვიანი, ალისფერი, პრიალა ჰალსტუხი.

- რა ამბავია, სამსონ? - აბელი არ მოელოდა, სამსონს თუ ასე შუა სამზადისში


წაადგებოდა თავს, ამიტომ წამით კი დაიბნა, მაგრამ მერე ინტუიციას ენდო და
გადაწყვიტა, ჯერჯერობით საიდუმლოდ შეენახა თავისი ცოდნაცა და
სტუმრობის ნამდვილი მიზეზიც.

- მშვიდობა, - არხეინად, მაგრამ ცუდად შენიღბული კმაყოფილებით მიუგო


სამსონმა, სარკიდან შემოჰღიმა და დიდრონი კბილები გადმოყარა.

- მაინც?

- რა მაინც? - სამსონს, ეჭვი არაა, გული რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელით


ჰქონდა სავსე, მაგრამ არ ჩქარობდა და სიამოვნებას იზოგავდა.

აბელი ტახტზე ჩამოჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს.

- წვერს რატომ იპარსავ?

სამსონმა ოდნავ შეაბრუნა სარკე, ისე, რომ აბელის გამოსახულება შიგ მოექცია.

- ახლა, - თქვა და გაჩუმდა, რადგან უკვე ნიკაპის გაპარსვას შეუდგა და


იძულებული შეიქნა, პირი მაგრად მოეკუმა. მერე, როცა შემორჩენილი წვერიც
ჩამოიფხიკა, განაგრძო, - ახლა ასეა საჭირო. - თავი მაღლა ასწია, ნიკაპი წინ
გაიშვირა, სახე მიატრიალ-მოატრიალა და გაპარსული ლოყები ყურადღებით
შეამოწმა, თან შიგადაშიგ თვალს აბელისაკენ აპარებდა, - ამ წუთას მოვალ. შენ
უჩემოდ არ მოიწყინო, - დაიბარა ბოლოს, პირსახოცი აიღო, მხარზე გადაიკიდა
და გაპარსული წვერი ოთახიდან გაიტანა, რათა ქალაქში გადაეყარა.

სამსონი, თუმცა ბეჯითად კი ცდილობდა სიდინჯე შეენარჩუნებინა, აშკარად


აცუნდრუკებული ჩანდა. აბელი მიხვდა, რომ დაიგვიანა. წვერის გაპარსვამდე
რომ მიესწრო, იქნებ კიდევ რამე ეშველა, მოებრუნებინა იმ საბედისწერო გზიდან,
რომელზეც ფეხი უკვე მტკიცედ ჰქონდა შედგმული. ახლა კი, როცა წვერი უკვე
გაპარსული იყო და კოსტიუმი შეძენილი, აბელის აზრით საქმეს აღარაფერი
ეშველებოდა. სამსონი ახლა მარშით მიდიოდა პირდაპირ ხაფანგისაკენ. თავიდან
აბელს განზრახული ჰქონდა, ყველაფერი დაწვრილებით ეამბნა, რაც ქალბატონი
სალომეს სალონში მოხდა. სწორედ ამიტომ მოვიდა. მოვიდა და გადაიფიქრა.
აღარაფრის მოყოლას აღარ ჰქონდა აზრი. ოთახიდან გამავალ სამსონს რომ
უყურებდა, აბელს ჯერ ეგონა, თითქოს სიმართლის თქმა იმიტომ გადაიფიქრა,
რომ სამსონი შეეცოდა, ვერ გაიმეტა იმედგაცრუებისათვის ასეთი გრანდიოზული
მზადების, ასეთი დიდი მოლოდინის, ასეთი ძლივსშეკავებული სიხარულის
შემდეგ. მერე, როცა სამსონი გავიდა და კარი გაიხურა, მიხვდა, რომ შეცოდება
არაფერ შუაში ყოფილა. უბრალოდ, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. არა.
სამსონის ბედი უკვე გარკვეული იყო. ამაში აბელს ეჭვი აღარ ეპარებოდა. ახლა
აქ მოსვლას ნანობდა და წასვლა უნდოდა, მაგრამ წასვლაც ეძნელებოდა. რაკი
მოხვედი და ასეთი გარდასახვის მოწმე შეიქენი, ხომ უნდა გამოიკითხო
ბოლომდე მიზეზი? მით უმეტეს, რომ სამსონს პასუხი მზადა აქვს, ის პასუხი
გულში ვერ დაუტევია და სწორედ გამოკითხვას მოელის შენგან, ამიტომაც
გაეხარდა შენი სტუმრობა და რომც არ ჰკითხო, მაინც გიპასუხებს, შენს
მაგივრად თვითონ დასვამს კითხვას და, სანამ ბოლომდე არ იტყვის სათქმელს,
არ გაგიშვებს.
კაცმა რომ თქვას, აბელს ცოტათი აინტერესებდა კიდეც, რა გამართლება
მოუძებნა სამსონმა თავის საქციელს.

ამასობაში სამსონი შემობრუნდა. გაპარსული სულ სხვანაირი იყო. სახე


სასაცილოდ პატარა და გამხდარი გამოუჩნდა. ცხვირიც უფრო დაგრძელებოდა.
მხოლოდ ღიმილი ჰქონდა ძველებური.

- კოსტიუმიც გიყიდია, - უთხრა აბელმა.

- კი ამ დილით ვიყიდე. მოგწონს?

- მე მგონი, კარგია. ტანზე როგორა გაქვს?

- კარგად. ჩემი ზომაა.

აბელი ცოტა ხანს უხმოდ იყო. მერე უთხრა: - გეტყობა, ახალ ცხოვრებას იწყებ.

- ახლა ასეა საჭირო, - მძიმედ თქვა სამსონმა, აბელის წინ შეჩერდა, ფეხები
განზე გადგა და ხელები მკერდზე დაიკრიფა, - დღეს, როცა სამყარო არიმანული
სულით ასე ძლიერაა გაჟღენთილი და კაცობრიობის ბედი სასწორზე დევს,
უმაღლესი პრინციპი ჩვენგან თავგანწირვას მოითხოვს. მე, შენ ეს კარგად იცი,
იოლად შემიძლია მონობის ბორკილი დავამსხვრიო, ინტელექტის დუალიზმს
თავი დავაღწიო, ლოგიკის ზღუდე გავარღვიო და აბსოლუტის თვითჭვრეტაში
გავიხსნე, მაგრამ სანამ კაცობრიობა გლობალურადაა სანსარის ტყვეობაში და
მიზეზ-შედეგობრიობის რკალში ტრიალებს, ჩემი თავისუფლება სრული და
უხინჯო ვერ იქნება. ასეთ დროს მე უფლება არა მაქვს ინდივიდუალურ
თავისუფლებაზე ვიზრუნო. კაცობრიობის ყველა დიდი სულიერი მასწავლებელი,
იქნება ეს ბუდა, ქრისტე თუ ათასი სხვა, რომლებიც ადამიანებისათვის
შეუმჩნეველი და უცნობი დარჩნენ, იმიტომ იყვნენ დიდი და ჭეშმარიტი
მასწავლებლები, რომ მოპოვებულ თავისუფლებაზე უარი თქვეს და
ნებაყოფლობით დაბრუნდნენ კარმის წრებრუნვაში, რათა თანამოძმეებისათვის
ხვედრი შეემსუბუქებინათ და ჭეშმარიტი გზა ეჩვენებინათ. დღეს ჩემი
დაბრუნების ზარმაც ჩამოჰკრა და მე უნდა დავბრუნდე ფიზიკურ პლანში.
ბოლოს და ბოლოს, - ცოტა სევდანარევი გამომეტყველებით გაიღიმა, - ქრისტემ
ხორცი შეისხა და კაცად დაიბადა, ცოდვის გემო გაიგო და ილუზიის ტვირთი
საკუთარი ბეჭებით აწონა იმისათვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტ გზაზე
შეეყენებინა. მე რომ კოსტუმი ჩავიცვა, რა დიდი ამბავია. ერთი სიტყვით,
ხვალიდან საერო ცხოვრებას ვიწყებ, - ხელები ჩამოუშვა, ოთახში გაიარ-გამოიარა,
მერე სარკმელს მიადგა. ბოლოს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, არ მოუხედავს,
ისე თქვა, - ალბათ ცოლსაც შევირთავ.

„შეირთავ, როგორ არა!“ - გაიფიქრა აბელმა.

- ვის შერთვას აპირებ? - ჰკითხა მერე.

- ვნახოთ, - იდუმალი ორჭოფობით და ოდნავ ეშმაკური ღიმილით მიუგო


სამსონმა.

- კარგი, - თქვა აბელმა, - მაშ, შენ კიდევ ბევრი საქმე გექნება და აღარ გაგაცდენ.
წავალ.
- წადი, - უთხრა სამსონმა, - ქალაქში ალბათ დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა
ატყდება, მაგრამ შენ გეცოდინება, ვინ ვარ მე და რატომ დავბრუნდი.

„სხვასაც ბევრს ეცოდინება!“ - გაიფიქრა აბელმა.

სამსონისგან წამოსული თეატრის გზას დაადგა. ცოტა გულდაწყვეტილი იყო


იმის გამო, რომ სამსონის გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი და ნამდვილი
ფასი იცოდა და დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენდა
სამსონის მონოლოგი, ყოველივე ეს რომ არ სცოდნოდა. მიხვდებოდა, რომ
საამისო ბიძგი ქალაქიდან მოდიოდა, რომ სამსონს „დაუწრუპუნეს“ და ამის
გამო შეატრიალა კეხი ასე მკვეთრად და ასე ერთი მოსმით, თუ ვერ
მიხვდებოდა და ეგონებოდა, ვითომ სამსონის ცნობიერებაში მოხდა რაღაც
ობიექტურად უცნაური, მაგრამ სამსონისაგან ყოველ წამს მოსალოდნელი
გადატრიალება, და თავი მართლა „დიდ სულიერ მასწავლებლად“ წარმოედგინა?
ამ კითხვას აბელმა პასუხი ვერ უპოვა და თავი მიანება, ხოლო ცოტა ხნის
შემდეგ იმაზე დაფიქრდა, ხვალ ღამე რომ სწვეოდა სამსონს, უკვე პირში
ჩალაგამოვლებულს, გამასხარავებულსა და თავმოჭრილს, რას იტყოდა? ამ
ხელახალ შემობრუნებას რიღათი ახსნიდა?

მაგრამ ამასობაში თეატრს მიაღწია, მუდამ მხიარულ და მუდამ ხალისიან


თანამშრომლებში შეერია და სამსონი გადაავიწყდა.

აბელს არც უფიქრია კვირა საღამოს პარკში სეირის საყურებლად წასვლა, მაგრამ
რვის ნახევარზე რაღაცამ უბიძგა და თვითონაც რომ არ მოელოდა ისე, უეცრად
გადაწყვიტა წასულიყო და არა მარტო წასულიყო, არამედ ანიც წაეყვანა თან.

ანი უბრალო და ბუნებრივი მორჩილებით, არც ხალისით და არც უხალისოდ,


დაჰყაბულდა აბელის წინადადებას, მაგრამ მეორე ოთახში რომ გადიოდა
ჩასაცმელად, კართან შეჩერდა, მოტრიალდა და იკითხა: - რა ჩავიცვა?

ამ ორი კვირის წინ აბელმა ცისფერი, ლამაზი კაბა უყიდა და ორი კვირის
განმავლობაში ეს ცისფერი, ლამაზი კაბა უქმად ეკიდა კარადაში. ანის, როგორც
ჩანს, მისი ჩაცმა უნდოდა, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ვერ გაებედა.

აბელმა არაფერი შეიმჩნია.

- რაც გინდა, ის ჩაიცვი, ანი, - მერე ვითომ დაფიქრდა, - იქნებ ის ახალი კაბა
ჩაგეცვა. ძალიან გიხდება.

ანიმ თავი დაუქნია და სიხარულის ღიმილი ვერ დამალა.

რვას ხუთი წუთი აკლდა, რომ საზაფხულო კინოს მიადგნენ. სალონური


საზოგადოება უკვე შეკრებილიყო და სამსონის შესარცხვენად მონიშნულ ადგილს
შორიახლოდან უთვალთვალებდა. გუნდ-გუნდად დასეირნობდნენ, ხმადაბლა
საუბრობდნენ და ჯაშუშის მრავალმნიშვნელოვანი მზერა იქითკენ ეჭირათ,
საიდანაც მათი ვარაუდით სამსონი უნდა მოსულიყო. ყველანი აქ იყვნენ მერისა
და ქალბატონი სალომეს გარდა. ქალბატონმა სალომემ, ეტყობა, ღირსების
დამცირებად მიიჩნია ასეთ უხამს ოინში მონაწილეობა და მართალიც იყო. აბელს
არც ის გაჰკვირვებია, რომ მერი ვერსად დაინახა. ალბათ, მერი არც მოვიდოდა,
რათა შემთხვევით მართლა არ გადაჰყროდა სამსონს და გაუთვალისწინებელი
ახსნა-განმარტება არ დასჭირვებოდა.

ანის დანახვაზე საზოგადოება შეიშმუშნა და აიმრიზა. აბელმა კი სულ ახლო


მიიყვანა იგი და განზრახ დარდიმანდული ღიმილითა და ხაზგასმული
შინაურულობით მიესალმა ყველას. კაცებმა გაკვირვებითა და გაბრაზებით,
მაგრამ რაღაცნაირად მაინც დაუკრეს პასუხად თავი, ქალებმა კი ქმრების
ერთგული ტუჩები აიბზუეს და დემონსტრაციულად შეაქციეს ზურგი.

მარტო პროვინციალი ქალწულები მოიქცნენ სხვაგვარად. ანის დანახვაზე


აღტაცებული სახეები მიიღეს და აბელს ღიმილით შემოეხვივნენ.

- ეს არის, აბელ, ანი?

ანი დაფრთხა, მაგრამ აბელმა ხელი მოხვია და ისევ დამშვიდდა. ქალწულებმა


ხელი ჩამოართვეს ანის და, როგორც აბელმა მოგვიანებით გაიგო, ამის შემდეგ
არც ერთი მათგანი სალონში აღარ გაჭაჭანებულა.

ამასობაში რვა საათი გახდა. სამსონი არ ჩანდა. აბელი გაკვირვებული და


შეფიქრიანებული იყო. მისი ეს შეფიქრიანება ანის არ გამოჰპარვია და როცა
ერთი-ორჯერ შეშფოთებით შემოხედა, აბელი იძულებული შეიქნა იმაზეც
ეზრუნა, რომ საკუთარი განცდები ეკონტროლებინა. ცხრის თხუთმეტი წუთი
რომ შეიქნა და სამსონი მაინც არ გამოჩნდა, სალონის საზოგადოებამ ეს ამბავი
მერის დამარცხების მაუწყებელ სიგნალად მიიჩნია, ხოლო ცხრის ნახევარზე
დამარცხება უკვე უეჭველ ფაქტად იქნა აღიარებული და საზოგადოებაც ნელ-
ნელა გაიკრიფა.

მაგრამ ის, რაც სხვებისთვის ფაქტი იყო, აბელისთვის ფაქტი არ ყოფილა. მან
საკუთარი თვალით ნახა წვერგაპარსული სამსონი და იცოდა, რომ მერი არ
დამარცხებულა. იქნებ სამსონი ბოლო წამს გონს მოეგო და უარი თქვა თავის
დიდ ექსპერიმენტზე? მაგრამ გონს მოგება სამსონის ხასიათს მაინცდამაინც ვერ
ეგუებოდა, ამიტომ აბელმა ეს ვერსია მაშინვე უარყო, თუმცა სხვა უფრო
დამაკმაყოფილებელი ახსნაც არაფერი ჩანდა. ასეთი გაურკვევლობა თანდათან
უმისამართო ეჭვებად და ბუნდოვან შიშად იქცა და ამ ბუნდოვან შიშში
დროდადრო ელვასავით უეცრად და მოუხელთებლდ ფეთქავდა რაღაც ცუდი
წინათგრძნობა.

ერთხანს კიდევ იტრიალეს საზაფხულო კინოს ირგვლივ, მერე შინისაკენ


გაუდგნენ გზას. ერთი პირობა, აბელმა გადაწყვიტა, ანი წაეყვანა და პირდაპირ
სამსონთან წასულისო, მაგრამ ამ განზრახვაზე მალევე აიღო ხელი. ჯერ ერთი,
ინსტინქტური შიში აკავებდა, კაცმა არ იცოდა, რა ვითარება დახვდებოდა იქ,
მეორეც, ანი რაღაც უცნაურ გუნებაზე დადგა და მოწყენილი და თავჩაღუნული
უბრად მოსდევდა გვერდით. აბელი დარწმუნებული იყო, ანის არ გამოჰპარვია
სალონის ქალთა ზიზღიანი მზერა და მის უგუნებობას სწორედ ამას აბრალებდა.
ერთი-ორჯერ სცადა, გაერთო და გაემხიარულებინა, მაგრამ ამ ცდიდან სასიკეთო
არაფერი გამოვიდა. მისი ნაძალადევი ხალისიანობა ტლანქი და მოუქნელი იყო
და გულს არ ეკარებოდა.
ანი შინაც მოკუნტული, მობუზული, შესაბრალისად პატარა ჩანდა. აბელს თვალს
არ უსწორებდა და ცდილობდა, ლაპარაკისთვის თავი აერიდებინა. ბოლოს,
ჩვეულებრივზე გაცილებით ადრე, თავის ოთახში გავიდა და დაწვა.

გამთენიის ხანს აბელმა სიზმარი ნახა. ვითომ ციცაბო ფერდობზე ადიოდა.


ფერდობი ხრიოკი იყო, მშრალი, მტვრიანი, ძნელად სავალი. ფხვიერ ნიადაგზე
შიშველი ფეხის მოკიდება ჭირდა. ყოველ წამს შეიძლებოდა დაცურებულიყო და
უფსკრულში გადაჩეხილიყო. გადავარდნის შიში ფეხისგულებში უღუტუნებდა
და კიდევ უფრო უძნელებდა სიარულს. აბელი ცდილობდა უკან არ მიეხედა,
იცოდა, ამით შიში გაუმძაფრდებოდა, მაგრამ რაღაც ძალა არ ასვენებდა, თვალი
თავისთავად გაურბოდა უკან. ბოლოს ცთუნებას ვერ გაუძლო და მიიხედა. იმავ
წამს ფეხისგულებში ჭიანჭველები საშინლად აფუთფუთდნენ, სუნთქვა შეეკრა და
ძარღვები მოუდუნდა. ქვემოთ თვალუწვდენელი უფსკრული იყო და ციცაბო,
თითქმის შვეული, ფერდობი. ზემოთ ასევე შვეულ, დაკიდებულ აღმართს, ბოლო
არ უჩანდა. აბელი შუაში იყო და ახლა იცოდა, რომ ვეღარც ზემოთ წავიდოდა,
ვეღარც ქვემოთ. არ შეიძლებოდა, აქ თუნდაც რამდენიმე ნაბიჯი გაევლო ისე,
რომ ფეხი არ დასხლტომოდა და ქვასავით არ წასულიყო ქვევით. ხე არსად
ჩანდა ირგვლივ. ბუჩქი არსად ჩანდა, ბალახიც კი არ იყო, რომ ხელი მოეჭიდა
და მცირე იმედად მაინც დაეგულებინა. აბელს სისხლი გაეყინა, ცივმა ოფლმა
დაასხა, თვალები დახუჭა. რაღაც უნდა ეღონა, თორემ ასე ჰაერში
გამოკიდებული სანამ უნდა ყოფილიყო? სულერთია, ადრე თუ გვიან ერთ
ადგილას ყოფნითაც დაიღლებოდა, ან ჩაეძინებოდა და უფსკრულში გადაჩეხა არ
ასცდებოდა. ცოტა ხანს შეიცადა, იქნებ ფეხისგულებში ჭიანჭველების ფუთფუთი
შეწყდესო. შეწყვეტით არ შეწყვეტილა, მაგრამ ცოტათი კი შემცირდა. მაშინ
გამბედაობა მოიკრიბა, ხელებით ფხვიერ მიწას დაეყრდნო, ცალი ფეხი გულის
კანკალით ასწია და სულ ცოტათი წადგა წინ, მერე ეს ფეხი რამდენადაც
შეეძლო მყარად დააჭირა ნიადაგს და ახლა მეორე ფეხი წამოიღო. მერე ისევ
ხელები გადაანაცვლა შიშითა და კანკალით და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
ცოტა ხანს ასე იარა, მაგრამ მალე ფეხისგულებს ისევ შეესია ჭიანჭველების
ლაშქარი, ეს უცნაური, შემზარავი ჩხვლეტა თუ ღუტუნი მთელ სხეულს
გადაედო, ფეხქვეშ ნიადაგი გამოიშალა, ცალი ფეხი ჰაერში დარჩა, შეეცადა
მეორე ფეხითა და ხელით გამაგრებულიყო, მაგრამ მოძრაობა მკვეთრი
გამოუვიდა, მეორე ფეხიც მოსწყდა მიწას, მუცლითა და გაშლილი ხელებით
დაცურდა, წამით ყველაფერი გაქრა, მერე იგრძნო, რომ ცარიელ სივრცეში იყო,
ფერდობი აღარსად ჩანდა, ყოველ წამს მოელოდა, რომ სადღაც დაეცემოდა,
სადღაც ექნებოდა ბოლო ამ უფსკრულს. იმდენ ხანს ეშვებოდა, რომ შეეჩვია
კიდეც. ცოტა დამშვიდდა და ახლა უკვე წყნარი გაკვირვებით ფიქრობდა, რა
არის ეს უფსკრული ასეთი, რომ ბოლო არ უჩანსო. ამ დროს ანი წამოდგა და
თქვა: „მე უნდა წავიდე, აბელ“. „სად უნდა წახვიდე?“ - გაუკვირდა აბელს. „დღე
და ღამე ისეთია, როგორც აღმართი და დაღმართი, - თქვა ანიმ, - როგორც
აღმართი ვერ იქნება, თუ დაღმართი არ არის და დაღმართი ვერ იქნება, თუ
აღმართი არ არის, ისე დღე ვერ იქნება, თუ ღამე არ არის და ღამე ვერ იქნება,
თუ დღე არ არის. ამიტომ მარტო ღამეზე უარს ვერ იტყვი. ვისაც ღამეზე უნდა
თქვას უარი, იმან დღეზეც უნდა თქვას უარი და ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც
არც დღეა და არც ღამე.“ „სადაა მერე ასეთი ადგილი?“ - ჰკითხა აბელმა.
„წიგნებში არ არის, - ცოტა მორიდებით თქვა ანიმ, თითქოს ეშინია, არ
აწყენინოსო, - წიგნებში სიტყვებია და არა ადგილი“. აბელი ანის უყურებდა და
მთელი არსებით უნდოდა ისეთი რამ ეთქვა, რომ წასვლა გადაეფიქრებინა,
მაგრამ ვერაფერი მოიგონა. ბოლოს ჰკითხა: „შენ იპოვე ასეთი ადგილი?“ ანიმ
სახეში შეხედა, შორეული სიღრმიდან წამოსული ღიმილი ისე გადმოიფრქვა
თვალებიდან, როგორც სული, სახეს მოედო, ფოსოებსა და ტუჩის კუთხეებს
მიაღწია, და, როდესაც რაღაცამ დაკვესა და რაღაც უსახელო და უხილავი
განათდა, აბელმა მყისიერად, მოუხელთებლად, მაგრამ საოცარი სიცხადით
იგრძნო, რომ ბედნიერი იყო. ერთი იელვა, ჩაქრა და მორჩა. თითქოს გაელვებაც
და ჩაქრობაც ერთდროულად მოხდა. ანი მოვიდა, დაიხარა, საფეთქელზე აკოცა
და უთხრა: „მე შენ მიყვარდი, აბელ, და ამიტომ გითხარი დაძმობა. კაცებს
ცუდი სუნი ასდით. ჩემზე უკეთ ეს ვინ იცის. თუ როდისმე მტრედად ვიქეცი,
როცა ძალიან მოგენატრები, მარცხენა მხარზე ჩამოგიჯდები. მაგრამ ძალიან
მსუბუქი ვიქნები და შეიძლება ვერც გაიგო. მშვიდობით, აბელ“. ანი შეტრიალდა
და ნელი ნაბიჯით წავიდა. აბელი უყურებდა, როგორ მიდიოდა ანი და გული
ეკუმშებოდა. ბოლოს, როცა ანი სულ მიეფარა თვალს, თავი ვეღარ შეიკავა და
აქვითინდა. გრძნობდა, როგორ ზვავივით მოდიოდა ტირილი სხეულის
სიღრმიდან, როგორ ნიაღვარივით არღვევდა ჯებირს მკერდზემოთ და როგორ
ტალღასავით გადმოდიოდა გარეთ. შეკუმშული გული თითქოს მუჭაში ეჭირა
ვიღაცას, ვინც მტერი იყო, მაგრად უჭერდა ხელს და ცდილობდა, გაესრისა.
უეცრად ზარის შორეული ხმა გაისმა. წკრიალა ხმამ ნელა გადაიარა ჰაერი და
სადღაც მიიკარგა. აბელმა ქვითინი შეწყვიტა და ყური მიუგდო. მეორედ რომ
დარეკა ზარმა, ვიღაცამ, ვინც მტერი იყო, მუჭა გახსნა და შეკუმშული გული
გაუშვა. მერე ყველაფერი, ტყეც, მინდორიც, ცაც, ჰაერიც ერთმანეთს შეერია და
ერთიან უფორმო მასად იქცა. აბელს ეს მასა ირგვლივ ეკრა, როგორც ჭაობი და
ცდილობდა, თავი დაეღწია მისგან. ბოლოს და ბოლოს, დიდი წვალებით
ამოვიდა. ჭაობი გაქრა. ამ დროს კვლავ გაისმა ზარის ხმა და აბელი უცებ
უსაზღვრო სიხარულით მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და ანი
არსადაც არ წასულა. გული ჯერ კიდევ უფრიალებდა, ძილი ჯერ კიდევ
საბოლოოდ არ გადაწმენდილიყო გონებიდან, თვალი ძალისძალად გაახილა.
მერე ისევ დახუჭა, მთელი სხეული მოადუნა, შეეცადა, დამშვიდებულიყო და
როცა კიდევ ერთხელ დარეკა ზარმა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ტელეფონი
იკლავდა თავს.

საწოლიდანვე გადასწვდა, თვალის გაუხელელად მოაფათურა ხელი, ყურმილს


მისწვდა და აიღო.

- გისმენთ!

- სალომე ვარ, აბელ, - მოისმა ყურმილში.

აბელმა ერთბაშად გაახილა თვალები, დაბნეული სწრაფად წამოჯდა საწოლში


და შიშველ ბარძაყებზე მექანიკურად წაიფარა საბანი.

- გისმენთ, ქალბატონო სალომე!

- აბელ, ხომ არ იცით, მერი სადაა?

აბელს თავი უცებ ისევ სიზმარში ეგონა.


- მერი?.. რა ვიცი... სად უნდა იყოს...

წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ყურმილში ისევ გაისმა ქალბატონი სალომეს ხმა:
- წუხელ შინ არ ყოფილა.

აბელმა ფეხები ძირს გადმოყარა და ახლა ასე იჯდა საწოლზე.

- როგორ თუ... სადმე ამხანაგთან დარჩებოდა.

- ისე, რომ შინ არ დარეკავდა? არა, აბელ, მერი ღამე არასოდეს არავისთან
დარჩენილა. თქვენთვის ხომ არაფერი უთქვამს ისეთი, რომ საეჭვოდ
მოგჩვენებოდათ?

აბელმა მეხსიერებას გადახედა.

- არა. არაფერი.

- აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ... კარგი, აბელ, გმადლობთ, - ქალბატონმა


სალომემ ყურმილი დადო.

აბელი ერთხანს გაოგნებული იჯდა და ვერაფერი მოესაზრებინა. მერე იმანაც


დადო ყურმილი და სწრაფად, ფაცხაფუცხით ჩაიცვა ტანთ. სანამ სახლიდან
გავიდოდა, სიგარეტი აანთო და მეორე ოთახში გასძახა: - ანი! - და პასუხს არ
დალოდებია, ისე დაუმატა, - მე ერთ საათში დავბრუნდები.

ამ სიტყვებით სახლიდან გავიდა და ჩქარი ნაბიჯით შეუყვა აღმართს. ბედად


მალე ცარიელი მანქანა დაინახა და ხელი აუწია. მანქანა გაჩერდა. აბელი ჩაჯდა
და მძღოლს სამსონის მისამართი უთხრა.

არ უფიქრია, რა უნდოდა სამსონთან, არავითარი ვარაუდი არ დაუწყვია,


უანგარიშოდ აჰყვა ინტუიციის პირველსავე ბიძგს. როგორც ჩანს,
მისდაუნებურად ყველაფერი გუშინდელ ამბავს დაუკავშირა.

მხოლოდ მაშინ, როცა მანქანიდან გადმოვიდა და კიბეს შეუყვა, გონებაში ერთი-


ორჯერ ბუნდოვნად ჩაიქროლა კითხვამ, თუ რა უნდოდა სამსონთან, რა უნდა
ეთქვა მისთვის, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და ამიტომ ყურადღება
არ მიუქცევია. კიბე აიარა, ბანზე ავიდა, სამსონის სენაკს მიადგა და დააკაკუნა.
შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მეორედ რომ დააკაკუნა და პასუხი ვერც მაშინ
მიიღო, ინსტინქტურად მიაწვა კარს. კარი გაიღო. ოთახში არავინ იყო. აბელმა
იცოდა, რომ სამსონი, მას შემდეგ, რაც სამსახური მიატოვა, შუადღემდე არ
დგებოდა ხოლმე და ეს ამბავი ცუდად ენიშნა. ჯერ ზერელედ მოათვალიერა
იქაურობა, მერე კარგად მოჩხრიკა ყველაფერი. სამსონის მთელი ავლადიდება
ადგილზე იყო. არ იყო მხოლოდ ახალი კოსტიუმი. აბელმა ერთხანს უაზროდ
იტრიალა ოთახში, მერე გამოვიდა, კარი გამოიხურა და შინისაკენ გასწია.

შინ რომ მივიდა, დაღლილ-დაქანცული სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ დამჯდარმა


დიდხანს ვერ გაძლო. ისევ წამოდგა, ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. ბოლოს ანის
გასძახა: - ანი!

რაკი ანი არ გამოეპასუხა, კარი ფრთხილად შეაღო და შევიდა.


ანი ოთახში არ დახვდა. ლოგინი დალაგებული იყო. აბელი აივანზე გავიდა და
ეზო მოათვალიერა, მერე უკანვე გამობრუნდა, ახლა სახლის მეორე მხარეს,
ფანჯრიდან გადაიხედა. ანი არსად ჩანდა. მაშინ ისევ ოთახში შებრუნდა და
დაეჭვებით, რომელშიაც უკვე შიში შერეულიყო, იქაურობა ყურადღებით
მოავალიერა. მერე კარადა გამოაღო. ახალი კაბა კარადაში ეკიდა. მალე აბელი
დარწმუნდა, რომ ყველაფერი, რაც ანის გადმოსვლის შემდეგ იყიდა, აქ იყო, და
ყველაფერი რაც ანიმ თან მოიტანა, გამქრალიყო.

აბელს სიზმარი გაახსენდა. მერე სამსონთან წეღანდელი ყოფნა გაახსენდა,


რომელიც ახლა აგრეთვე სიზმარს ჰგავდა. თავში წამით ყველაფერი აერია.
ბოლოს ერთხელ კიდევ გამოვიდა სახლიდან. ამჯერად ანის ძველი ბინისაკენ
აიღო გეზი.

ჭიშკარი რომ შეაღო, ეზოში ერთი კაცი, როგორც ჩანს, სახლის პატრონი,
დაინახა. კაცი ღიპიანი იყო და ფერიმჭამელებით დაფარული სახე ჰქონდა.
სპორტული პიჟამა ეცვა, თავზე ჩაჩი ჩამოეფხატა, ხელები იდაყვებში სასაცილოდ
მოეხარა და ნელა, ქოშინით დარბოდა ეზოში.

- უკაცრავად... - მიმართა აბელმა.

კაცი შეჩერდა, ხელები დაუშვა, მოტრიალდა და ცოტა გაკვირვებით, ცოტა


გაბრაზებით შეათვალიერა აბელი.

- რა ამბავი?

- მაპატიეთ. ანი ხომ არ არის აქ?

- რომელი ანი? აა! ანი, მადლობა ღმერთს, კაი ხანია აქ აღარ ცხოვრობს.

- ეგ ვიცი, - უთხრა აბელმა, - მაგრამ ამ დილით ხომ არ მოსულა?

- არა, გენაცვალე! - მოწყვეტით მიუგდო კაცმა, ხელები ისევ მოხარა იდაყვებში


და სირბილი განაგრძო.

აბელი უკან გამობრუნდა. უკვე თეატრში წასვლის დროც იყო, ამ დილით


რეპეტიცია ჰქონდა. მაინც მოასწრო სახლში ჩარბენა. კიდევ ერთხელ
მოათვალიერა იქაურობა და კიდევ ერთხელ დაუძახა ანის, თუმცა ამჯერად ეს
დაძახება გაუბედავი იყო, ხმადაბალი და უიმედო.

მერე თეატრში წავიდა.

შესასვლელში კარისკაცმა შეაჩერა.

- დირექტორმა, როგორც კი გამოჩნდება, ჩემთან ამოვიდესო.

- კარგი, - მიუგო აბელმა, თან გაიფიქრა: „რა უნდა?“

დერეფანში ასლანი შემოხვდა. ასლანმა გაკვირვებით შეხედა.

- რა დაგემართა?
- არაფერი, - მშრალად მიუგო აბელმა და გულში უსიამოდ გაკენწლა ფიქრმა,
რომ შეშფოთება თურმე სახეზე ეწერა. შეეცადა, დამშვიდებულიყო, მაგრამ
ეტყობა ვერ მოახერხა, რადგან დირექტორის კაბინეტისაკენ მიმავალს გედეონ
რევია რომ შემოაყარა, ახლა მან ჰკითხა: - რამე შეგემთხვათ, აბელ?

აბელმა გედეონს შეხედა. ასეთ სერიოზულ გამომეტყველებას მის სახეზე


პირველად ხედავდა.

- ანი წავიდა.

გედეონი ისევ ისე სერიოზულად, თვალმოუშორებლივ უყურებდა.

- ეს მოსალოდნელი იყო, აბელ.

დირექტორი მარტო დახვდა. აბელი რომ დაინახა, თავი დაუქნია.

- აქ მოდი, - და როცა აბელი მიუახლოვდა, ხმადაბლა, თითქოს საიდუმლოს


უმხელსო, უთხრა, - ქალბატონმა სალომემ დარეკა. რეპეტიციას რომ მორჩება,
უსიკვდილოდ შემოიაროს ჩემთანო.

- გმადლობთ, - მიუგო აბელმა და გამოვიდა.

რეპეტიცია ცოტა უყურადღებოდ გაიარა და მთავარმა რეჟისორმა ერთი-ორჯერ


შენიშვნა მისცა. რეპეტიციის შემდეგ, სანამ ქალბატონ სალომესთან წავიდოდა,
კიდევ ერთხელ შეიარა შინ. გულუბრყვილო იმედი იმისა, რომ შესაძლებელია
ანი დაბრუნდა, ჯერ კიდევ ფართხალებდა გულის სიღრმეში.

ანი არ დახვდა და მაშინვე უკან გამობრუნდა.

დაღლილი იყო. ფიქრები ეფანტებოდა და ვერაფრით ვერ ახერხებდა ერთ


რომელიმე საგანზე შეეჩერებინა. თან რაღაც კომიკურ უგუნურობად ეჩვენებოდა
ის ამბავი, რომ დღეს ამდენს დარბოდა.

ჭიშკარი თავად ქალბატონმა სალომემ გაუღო.

- შემოდი, აბელ, - ქალბატონ სალომეს ხმა ნაღვლიანი ჰქონდა. სახე დაღლილი,


გამოხედვა თავშეკავებულად ლმობიერი და ზომიერად მეგობრული. ისეთი,
საერთო გაჭირვება რომ ძველ მტრებს შეარიგებს და დააახლოებს.

ეზოში ორი მანქანა იდგა. ერთი - შავი, - ფარდებჩამოფარებული


„ვოლგა“ ბატონი ვიქტორისა იყო, მეორე, აგრეთვე „ვოლგა“, ოღონდ მწვანე
ფერისა, აბელმა ვერ იცნო.

- ო, აბელ, რა გვეშველება! - ამოიოხრა ქალბატონმა სალომემ, როცა ეზო


გადაიარეს და ქვის კიბეს შეუყვნენ.

- ანიც გაქრა, - თქვა უცებ აბელმა, ისე, რომ თვითონაც არ მოელოდა.

- ნუთუ მართლა? - მსუბუქად გაიკვირვა ქალბატონმა სალომემ. მერე დაუმატა, -


თქვენი აზრით, ამას რამე კავშირი აქვს მერისთან?

აბელმა ხორხში უსიამოვნო სიმშრალე იგრძნო.


- არაფერი.

კიბე რომ აიარეს, ქალბატონმა სალომემ მარჯვნივ შეაღო კარი.

- მობრძანდით, აბელ.

აბელი მოზრდილ ოთახში შევიდა, რომელიც ეტყობა (აქ ყველაფერი, საწერი


მაგიდაც, კარადაც, დივანიც, სავარძლებიც რაღაც უცხო ელვარებით ელავდა),
ბატონი ვიქტორის სამუშაო კაბინეტი უნდა ყოფილიყო. ოთახში იყვნენ ბატონი
ვიქტორი და დათიკო ბარაბაძე. ბატონ ვიქტორს მუქი ლურჯი კოსტუმი ეცვა,
შავი, წვეტიანი ფეხსაცმელები, ფოთლებიანი, ზომიერად ჭრელი პერანგი. ასევე
ზომიერად ჭრელი ჰალსტუხი ეკეთა. დათიკო ბარაბაძეს რუხი კოსტუმი ეცვა და
შიგნით - ყელიანი ჯემპრი. ბატონი ვიქტორი დივანზე იჯდა და
შეფიქრიანებული გამომეტყველება ჰქონდა. დათიკო ბარაბაძე ფეხზე იდგა,
ხელები მკერდზე დაეკრიფა, ცოტა ფერდაკარგული იყო და ცალი თვალი
ზომაზე მეტად გაურბოდა განზე.

აბელის დანახვაზე ბატონი ვიქტორი წამოდგა.

- აა! აბელ! გამარჯობათ! - ხელი ჩამოართვა და დათიკო ბარაბაძეს მიუბრუნდა,


გაიცანი, დავით.

- ვიცნობ, - კეთილმოსურნე კილოთი თქვა დათიკო ბარაბაძემ, თუმცა ხმა ცოტა


ჩავარდნილი და მოგუდული ჰქონდა, - გორდაძეებთან შევხვედრივართ
ერთმანეთს, - ამ სიტყვებით ხელი გამოუწოდა.

- დაბრძანდით, - თქვა ქალბატონმა სალომემ.

იმავ წუთს კარი გაიღო და გოგონამ, რომელიც სალონის სტუმრებს ჭიშკართან


ეგებებოდა ხოლმე, სინით ოთხი ფინჯანი ყავა შემოიტანა. ქალბატონმა სალომემ
გოგონას სინი ჩამოართვა, ყავა თვითონვე ჩამოურიგა კაცებს, ერთი ფინჯანი
თავისთვისაც დაიდგა და ცარიელი სინი გოგონას დაუბრუნა, რომელიც კართან
ელოდებოდა.

ქალბატონი სალომე, ბატონი ვიქტორი და აბელი დასხდნენ. დათიკო ბარაბაძე


არ დამჯდარა, თავისი ფინჯანი აიღო და ასე ზეზეურად დაიწყო სმა.

- თქვენ ალბათ მიხვდით, რატომ შეგაწუხეთ, - უთხრა ბატონმა ვიქტორმა აბელს


და ყავა მოწრუპა, - წუხელ მერი სადღაც გაქრა. მთელი ქალაქი გადავაქოთეთ,
მაგრამ კვალს ვერსად მივაგენით. თქვენ მერის მეგობარი ხართ, ყოველ
შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, თვითონ თავის საუკეთესო მეგობრად
გთვლიდათ. ამიტომ ვიფიქრეთ, იქნებ რამე იცოდეთ, იქნე რამე ისეთი ვერსია
გაქვთ, რაც ჩვენ ვერ ვივარაუდეთ. სად შეიძლებოდა, წასულიყო? რა
მიმართულებით შეიძლება ვეძიოთ?

- დავითს ეჭვი აქვს, რომ ფულის გამოძალვის მიზნით მოიტაცეს, - თქვა


ქალბატონმა სალომემ.

- არ მოუტაციათ, - მიუგო აბელმა.


დათიკო ბარაბაძე მკვეთრად შემოტრიალდა მისკენ.

- რამე იცით? იცით, სად არის?

- სად არის, არ ვიცი, - აბელმა ბოლო ყლუპი დალია და ფინჯანი მაგიდაზე


დადგა, - მაგრამ ვისთან ერთად არის, ვიცი.

- ვისთან? - ერთდროულად შესძახეს ქალბატონმა სალომემ და დათიკო


ბარაბაძემ. მხოლოდ ბატონ ვიქტორს არ ამოუღია ხმა. იგი ოდნავ მოჭუტული
თვალებით დაკვირვებით შემოსცქეროდა აბელს, თითქოს რაღაც ისეთის
დანახვას ლამობდა, რაც ნათქვამის უკან უთქმელი დარჩა.

- სამსონთან ერთად წავიდა, - მშვიდად თქვა აბელმა.

დათიკო ბარაბაძემ ხელები უღონოდ ჩამოყარა. ქალბატონმა სალომემ მსუბუქად


შეჰკივლა და ლამაზი თვალები გაუფართოვდა. ბატონმა ვიქტორმა წყნარად
იკითხა: - სამსონი ვინაა?

- ერთი კაცია, რომელსაც ღმერთი სწამს.

- წიგნების მაღაზიაში რომ წვერებიანი გიჟი მუშაობდა?! - ისეთ ხმით იკითხა


დათიკო ბარაბაძემ, თითქოს დედა შეაგინესო და სახე უცნაურად აერია, - ხომ
არ გადაირიეთ!

- მოიცა, დავით, - უთხრა ქალბატონმა სალომემ, თუმცა თვითონაც ფერი


წაუვიდა. მერე აბელს მიუბრუნდა, - ნუთუ ის სულელური სანაძლეო... თქვენ
დარწმუნებული ხართ, აბელ?

- დარწმუნებული ვარ.

ბატონმა ვიქტორმა ტელეფონის ყურმილი აიღო და ნომერი აკრიფა.

- სასწრაფოდ მოძებნე ვინმე სამსონ... - აბელს მიუბრუნდა, - რა გვარია?

- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა აბელმა.

- გვარი არ ვიცით, - განაგრძო ბატონმა ვიქტორმა, - წიგნების მაღაზიაში


მუშაობდა... - აბელს კითხვის თვალით შეხედა.

აბელი მიუხვდა.

- მოედანზე.

- მოედანზე. სურათი მოძებნეთ და სასწრაფოდ გაამრავლეთ. როგორც კი მზად


იქნება, შემატყობინეთ, - და ყურმილი დადო.

დათიკო ბარაბაძეს ფერი აღარ ედო. მარცხენა თვალის კაკალი, თითქოს თოკზეა
გამობმული და ვიღაც ეწევაო, სულ კუთხეში გაცურდა.

- მოვძებნით, - თქვა ბატონმა ვიქტორმა.

- კაცს ორი შვილი მაინც უნდა გყავდეს, - ჩუმი ბოღმით, თავისთვის თქვა
დათიკო ბარაბაძემ, - ერთს რომ ყელს გამოჭრი, მეორე დაგრჩება.
- დავით! - შეძრწუნებით შესძახა ქალბატონმა სალომემ.

დათიკო ბარაბაძემ რაღაცნაირი უცხო გაკვირვებით შეხედა ქალბატონ სალომეს


და თვალი გაუშტერა. მერე თქვა: - ერთი რომ გყავს, იძულებული ხარ, შენ
თვითონ გამოიჭრა ყელი, - ამ სიტყვებით ტელეფონს მისწვდა, ყურმილი აიღო
და ნომრის აკრეფას შეუდგა.

აბელი წამოდგა.

- მე თუ აღარაფერში გჭირდებით, წავალ, - თქვა ისე, რომ კონკრეტულად


არავისთვის მიუმართავს, - დღეს ბევრი საქმე მაქვს.

ბატონი ვიქტორი და ქალბატონი სალომეც ადგნენ.

- გმადლობთ, - უთხრა ბატონმა ვიქტორმა, - და ბოდიშს გიხდით


შეწუხებისათვის.

დათიკო ბარაბაძემ ხელით ანიშნა აბელს, დამიცადეო, თან უკვე დაიწყო


ტელეფონში ლაპარაკი: - ალო! მე ვარ, სოფო. ნუ გეშინია, ნუ ფეთდები
ყველაფერზე. კი, ცოტა რამ გავიგე, - აქ აბელმა გაიგონა, როგორ გაისმა
ყურმილში ქალის შეშინებული ხმა: „ცოცხალია?“. - ცოცხალია, ცოცხალი.
დამშვიდდი. ცოცხალია და ეტყობა, ძალიან კარგადაცაა. მოვალ და ყველაფერს
გეტყვი. წყნარად იყავი და არ ინერვიულო. კი, მალე მოვალ. - დათიკო ბარაბაძე
ისეთი უმეტყველო კილოთი ლაპარაკობდა და ისეთი უმეტყველო სახე ჰქონდა,
ვერ გაიგებდი, იმასვე ფიქრობდა თუ არა, რასაც ამბობდა. ლაპარაკი რომ
მოათავა, ყურმილი დადო და აბელს უთხრა, - ერთად წავიდეთ, მანქანითა ვარ,
- მერე ბატონ ვიქტორს მიუბრუნდა, - აღარ გვინდა ძებნა, ვიქტორ.

- რატომ? - თქვა ბატონმა ვიქტორმა, - დავადგინოთ, სად არის. ნუ ჩავერევით,


თუ ასე გირჩევნია, მაგრამ თვალყური ვადევნოთ ყოველი შემთხვევისავის.

- არა, - მიუგო დათიკო ბარაბაძემ, - ალბათ, დღეს-ხვალ თვითონ დარეკავს.

- როგორც გინდა.

მასპინძლები ეზოში გამოჰყვნენ სტუმრებს. გოგონაც გამოვიდა, ჭიშკარი გააღო


და დათიკო ბარაბაძე და აბელი რომ მწვანე „ვოლგით“ გავიდნენ, ისევ მიხურა.

დათიკო ბარაბაძეს დიდი ხელებით ჩაებღუჯა საჭე და თვალგაშტერებით


იცქირებოდა წინ. ერთხანს ორივენი ჩუმად იყვნენ, ბოლოს დათიკო ბარაბაძემ
თქვა: - ასე ერთ წამში გენგრევა კაცს თავზე ყველაფერი, რასაც მთელ სიცოცხლე
აკოწიწებდი. თქვენ საით წაგიყვანოთ?

- აქვე ჩამოვალ, თეატრთან.

დათიკო ბარაბაძემ თავი დაუქნია. მერე განაგრძო: - შენს ჭკუაზე როგორ ივლის
ყველა... დედამისი ქვეყნის უკეთესს ეძებდა სასიძოდ... აი, თქვენი თეატრიც, -
ზედ შესასვლელთან გააჩერა მანქანა.

- გმადლობთ, - აბელმა კარი გამოაღო.


- ქორწილში ხომ მოხვალთ?

ხმის კილოცა და სახეც წეღანდელივით უმეტყველო ჰქონდა. ამიტომ აბელს


პასუხი არ გაუცია, მარტო ეს უთხრა: - კარგად ბრძანდებოდეთ.

თეატრში საქმე არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც შევიდა. უაზროდ შემოიარა


უკაცური დერეფნები და ფოიეები. სადღაც, რომელიღაც ოთახიდან, დომინოს
ჭახუნი ისმოდა და შესასვლელში კარისკაცი თვლემდა. სხვა არავინ შეხვედრია.
მალევე გამობრუნდა უკან და უმიზნოდ გაუდგა გზას. მოედანს რომ მიაღწია,
შინ წასვლა დააპირა, მაგრამ იქვე გადაიფიქრა, მარცხნივ აუხვია და ქალაქის
ბაღში შევიდა. ფერადი ქვებით მოკირწყლული ბილიკის პირას მწვანე მერხზე
ჩამოჯდა. გრილოდა და მზის სხივები ეამა.

უცებ გაახსენდა, რომ პირველად სწორედ ამ მერხზე ნახა ანი. აბელს მაშინ იგი
გიჟი ეგონა. ყველას ჩვენ-ჩვენი ჭკუა გვაქვს და რა გასაკვირია, ამ ჩვენ-ჩვენი
სათვალთვალოდან ერთმანეთი გიჟი გვეგონოს. არც ისაა გასაკვირი, მართლა
გიჟები ვიყოთ.

დათიკო ბარაბაძის ნეიტრალური კილო და ნეიტრალური სახე, ეტყობა, კარგს


არაფერს მოასწავებდა. წეღან, ქალბატონი სალომეს სახლიდან რომ გამოვიდნენ,
აბელი ერთი პირობა დაეჭვდა, იქნებ მერი და სამსონი სულაც არ წასულან
ერთად და ეს ხალხი შეცდომაში შემყავსო. იქნებ სამსონისა და მერის გაქრობა
უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს? ანიც ხომ გაქრა! მაგრამ ეს ეჭვი მაშინვე
გაიფანტა, როგორც კი გაიხსენა, რომ, როცა ამ ვერსიას ამბობდა, ისე ღრმად იყო
დარწმუნებული მის სიმართლეში, რომ ასეთი რწმენა არ შეიძლებოდა, მცდარი
გამომდგარიყო.

აბელი წამოდგა. ერთხანს ბაღში ვიწრო ბილიკებით იარა, მერე გასასვლელისაკენ


გაემართა, ჭიშკარს გასცდა და კვლავ ქვემოთ, მოედნისაკენ დაუყვა ქუჩას.

და უცებ უცხო, მაგრამ უტყუარი, არსებობამდე არსებული ცოდნით მიხვდა, რომ


ანის არ შეეძლო არ წასულიყო. როგორც მზეს არ შეუძლია, არ ჩავიდეს, ისე
ანის არ შეეძლო, არ წასულიყო. მან მეტეორივით გადაიქროლა თავის
მარადიულ ორბიტაზე, რომელიც ჯერ კიდევ დროის დაბადებამდე იყო
მონიშნული, და სრულიად შემთხვევით აბელის ცხოვრების გზა გადაკვეთა.
აბელს არ ესმოდა მისი, რადგან იგი სხვა ენაზე ლაპარაკობდა და სხვა
ღიმილით იღიმებოდა, ხოლო მისი ცხოვრება ამ ქალაქში მწირი ცნობიერების
ნაყოფია. ანიმ იმდენი ხანი დაჰყო აბელთან, რამდენიც სჭირდებოდა იმისათვის,
რომ მისი ცხოვრების გზა გადაეკვეთა, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასულიყო.
მას აბელთან არაფერი ესაქმებოდა. უბრალოდ, რაკი გზად შეეჩეხა, გაუღიმა. ეს
იყო და ეს. ამიტომ აბელმა გამთენიისას სიზმარი ნახა. ნახა კია? იქნებ სიზმარი
არ ყოფილა? ან იქნებ ყველაფერი სიზმარია? იქნებ მერიც სიზმარში გაიქცა
სამსონთან ერთად? იქნებ აბელი ახლა სოფელშია და ძველებურ, ხის
ოდასახლში გამზეურებულ ლოგინში წევს და ძილში მზის სუნს გრძნობს. მალე
ბებია გააღვიძებს, ხაჭაპურის ნაჭერს მისცემს და სამწყემსურში გაგზავნის.
სამწყემსური წყნარი არსებობის ნეტარი ჰამაკია, მაგრამ ამას არ ვჯერდებით და
გული სხვა, ფართო ასპარეზისაკენ მიგვიწევს, სადაც მარტივისა და ბუნებრივის
გართულება და გახელოვნურება ხდება.
ალიონზე აღმოსავლეთით დიდი, მრგვალი მზე ამოცურდება, ოქროს სხივებს
მაღლით გადმოაყრის მოთეთრო დილას. სხივები გრილ, მსუბუქ, გამჭვირვალე
ჰაერში გაიბნევიან, ნარნარად ირწევიან და ხალისიანი სიცილით ელვარებენ.
თხის კიკინი, ძაღლების შორეული ყეფა, სოფლის სუნი, მწვანე ბალახზე
აბრჭყვიალებული ცვარი, თხმელისა და კაკლის ფოთლების ნელი შრიალი
ისეთია, რომ შენი მთრთოლარე და უსაწყისო არსებობაც ამ თეთრ დილაშია
გახსნილი, ჯერ არ გამოყოფილხარ, ჯერ არ გამოცალკევებულხარ, ჯერ არ
გამკვრივებულხარ, ამიტომ საკუთარ არსებობას ისე განიცდი, თითქოს არც
არსებობა არსებობდეს და არც არარსებობა.

სხვა ყოველივე კოშმარული სიზმარი და კონტრასტული ფონია.

თავი ოცდამეერთე

მერისა და სამსონის გაქცევა ქალაქმა იმავე დღეს შეიტყო. რა თქმა უნდა, არა
აბელისაგან, არა დათიკო ბარაბაძისაგან, არა ბატონი ვიქტორისაგან, არა
სხვებისაგან, ვინც თავისი თანამდებობისა თუ ბარაბაძეების ოჯახთან სიახლოვის
გამო მოვალე იყო სცოდნოდა ეს ამბავი. ვინც მოვალე იყო ეს ამბავი სცოდნოდა,
მან ისიც იცოდა, რომ იგი საიდუმლოდ უნდა შეენახა. არა. ქალაქს სხვა წყარო
აქვს, სხვა არხი, რომელიც იმდენად იდუმალი და უხილავია, რომ ვერავინ
იტყვის, მართლა არსებობს თუ არა. იმ კაცს რომ დაუწყოთ ძებნა, ვინც
პირველმა გაიგო საიდუმლო და მერე დანარჩენებს აუწყა, ვერ იპოვით. არა
იმიტომ, რომ ძნელი საპოვნელია, უბრალოდ, ასეთი კაცი ქალაქში არ არის.
მეტიც, თანამედროვე მეცნიერების ყველა იარაღით რომ აღიჭურვოთ და
მეთოდურ კვლევა-ძიებას შეუდგეთ, რათა იპოვოთ ის იდუმალი არხი, საიდანაც
ქალაქი ცნობებს იღებს, სულ მალე ლოგიკა ხელში შემოგადნებათ და
იძულებული შეიქნებით, განცვიფრებითა და მხრების აჩეჩვით აღიაროთ, რომ
არავითარი არხი არ არსებობს. თუ მთლად თავდაგაკლული მატერიალისტი არა
ხართ, ბოლოს და ბოლოს დაასკვნით, რომ საძიებელი არხი არამატერიალური
ფენომენია და ისეთ სფეროს განეკუთვნება, სადაც ლოგიკურ მეცნიერებას ხელი
არ მიუწვდება.

ასეა თუ ისე, ქალაქმა ყველაფერი გაიგო და ისეთი სულიერი საზრდოც იშოვა,


რომელსაც ეჭვი არაა, კარგად ჩაატანდა გემოს და დიდხანსაც იმყოფინებდა.
მერიმ, ბარაბაძის ქალმა, ლამაზმა, მდიდარმა, ყოვლისშემძლემ, დაჰკრა ფეხი და
ვიღაც სამსონთან ერთად გაიქცა. ასეთი სენსაცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ
ხდება.

ამ ფონზე, რომელმაც ყველა ფანტაზია გააღიზიანა, ყველა მუნჯი აალაპარაკა,


ყველა დავრდომილი სახლიდან გამოაგდო, ყველა ააფორიაქა და ყველას
ჭორაობის საღერღელი აუშალა, ანის გაქრობამ სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა
და ორიოდე შინაურისა და ახლობლის გარდა (როგორც იყო, მაგალითად, ნანო,
რომელმაც დიდად გაიხარა და მყისვე მოუბრუნდა გული აბელზე), ამ
ამბისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
მერიმ მესამე დღეს დარეკა. უცნაური და საკვირველი ის იყო, რომ სანამ
დარეკავდა, ქალაქში უკვე დაბეჯითებით ლაპარაკობდნენ, სიძე-დედოფალი
სადღაც ტაშკენტში თუ ბუხარაში არიანო. მართალია, მერიმ სამარყანდიდან
დარეკა, მაგრამ ეს ამბავი ქალაქის ტელეპატიურ ნიჭს იოტისოდენადაც ვერ
ამცირებს. ჯერ ერთი, რა დიდი განსხვავებაა ტაშკენტი იქნება, ბუხარა თუ
სამარყანდი, ადგილსამყოფელი მაინც დიდი სიზუსტითაა გამოცნობილი და
მეორეც, როცა ქალაქი ტაშკენტზე და ბუხარაზე ლაპარაკობდა, ადვილი
შესაძლებელია, გაქცეულები ამ დროს სწორედ ტაშკენტში და სწორედ ბუხარაში
ყოფილიყვნენ.

ერთი სიტყვით, მერიმ დარეკა, დედამისს ელაპარაკა და აბელის და ქალაქის


ვარაუდი იმის შესახებ, რომ სამსონთან ერთად გაიპარა, დაუდასტურა.
გავთხოვდიო უთხრა, მე და სამსონს ერთმანეთი გვიყვარს და ერთმანეთთან
ბედნიერად ვგრძნობთ თავსო. ეს რომ მეთქვა და დამემშვიდებინე, იმიტომ
დავრეკეო. დღეს სამარყანდიდან მივემგზავრებით და ძებნას ნუ დაგვიწყებთო,
მეტს აღარ დავრეკავ, ტყუილად მოლოდინი არ გქონდესო, როცა საჭიროდ
დავინახავთ, ჩამოვალთო. აბა შენ იცი, არ იდარდო და არ ინერვიულოო.

დედა შეპირდა, არ ვინერვიულებო, და, ყურმილი რომ დადო, დამბლა დაეცა.


ერთი კვირა გონს არ მოსულა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გადაბარგდა კიდეც
იმ უცხო და როგორც ზოგიერთები ფიქრობდნენ, ნეტარ ქვეყანაში, რომელშიაც
ადრე თუ გვიან ყველანი გადავსახლდებით.

გასვენებაში უამრავი ხალხი მოვიდა.

დათიკო ბარაბაძეს, ისედაც გამხდარ კაცს, ლოყები სულ მთლად ჩაუცვივდა,


სახე ჩამოუგრძელდა და რაღაცნაირად ბეჩავი გაუხდა, მოიკუნტა, დაპატარავდა,
თითქმის მთელი მტკაველი დაიკლო სიმაღლეში. მარცხენა თვალის კაკალი ხომ,
გეგონებოდათ, ცხენმა ლაგამი გადაღრღნა და აიწყვიტაო, წავიდა, წავიდა და
სულ კუთხეში შეიმალა, თითქმის აღარც ჩანდა. სასაფლაოზე მან აბელი შენიშნა.
ენერგიულად მოიშორა აქეთ-იქით ამომდგარი კაცები, რომლებსაც ხელები
მკლავებში ჰქონდათ მისთვის ჩავლებული და სერიოზული, ღრმააზროვანი,
ცოტათი კუშტი სახეებით გასცქეროდნენ შორეულ სივრცეს. მოიშორა ორივე და
აბელისკენ წამოვიდა. აბელი შეჩერდა და დაელოდა. დათიკო ბარაბაძემ ხელი
მკლავში გამოსდო. ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ და აბელი გრძნობდა ხალხის
მზერას, რომელშიაც შური და მოწიწება ერთმანეთში იყო არეული, ბოლოს
დათიკო ბარაბაძემ უგემურად გაიღიმა და თქვა: - ბოლოს მაინც ყველა კვდება.

ეს შაბლონური ფრაზა რომ თქვა, აბელს ხელი გაუშვა და ისევ დაწინაურდა.


წეღანდელი კაცები, ეტყობა, დადარაჯებული იყვნენ, მყისვე ამოუდგნენ აქეთ-
იქით და ხელები მკლავებში ჩაავლეს.

დათიკო ბარაბაძემ დიდი ქელეხი გადაიხადა და ერთი კვირის შემდეგ თბილისს


გაემგზავრა. რამდენიმე დღეში ისევ დაბრუნდა, ცოლის საფლავზე გავიდა და,
როგორც ამბობენ (ქალაქს საიდუმლო საინფორმაციო არხი აქვს), იტირა.

კიდევ ერთი კვირა რომ გავიდა, ქალაქში ოთხი ჰალსტუხიანი კაცი გამოჩნდა.
ოთხივეს ღიპი ედო, ოთხივეს პორტფელი ეჭირა ხელში, ოთხივე დინჯად,
გამოზომილი ნაბიჯით დადიოდა და ოთხივე ჩამოსვლისთანავე ბატონი
ვიქტორის რეზიდენციისაკენ გაემართა.

ქალაქის გული და გონება ჯერ კიდევ ბარაბაძის ქალთან დაკავშირებული


მძაფრი შთაბეჭდილებებით იყო სავსე, დიდსა და პატარას ჯერ კიდევ მერისა
და სამსონის იდუმალი გაქცევის ამბავი ეკერა პირზე. და აი, ამ დროს, როცა
ბევრი რამ იყო სათქმელი, სავარაუდო, დასაზუსტებელი, მოსანელებელი,
გახურებულ ტვინში ცეცხლოვანი ნაკადულის ახალი ზვირთი შემოიჭრა:
გამოირკვა, რომ ის ოთხი დინჯი, სერიოზული და, თუ ღიპებითა და
პორტფელებით ვიმსჯელებთ, დარბაისელი კაცი, რომლებიც ისე მოულოდნელად
გამოჩნდნენ თითქოს ციდან ჩამოცვივდნენო, თურმე კომისია ყოფილა და ამ
კომისიას დათიკო ბარაბაძის საქმიანობა უნდა შეესწავლა.

ამას არავინ მოელოდა. მართალია წინა კვირას აქა-იქ, უაღრესად საიდუმლო


ვითარებაში გაისმა ხმები იმის შესახებ, რომ დათიკო ბარაბაძემ „დუქანი
დახურა“, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ამბავი თვითონ მთქმელებს არ სჯეროდათ და
მეორეც, თუნდაც ასე ყოფილიყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ ამას შეიძლებოდა,
„კომისია“ მოჰყოლოდა. ამიტომ, პირველად რომ გაისმა სიტყვა
„კომისია“ დათიკო ბარაბაძის სახელთან ერთად, არავინ დაიჯერა, შურის მიერ
შეკოწიწებული ჭორი ეგონათ.

მაგრამ სულ მალე ეჭვმიუტანლად დადგინდა, რომ კომისია სავსებით რეალური


რამ მოვლენა იყო და ახლა თავზარდაცემული ქალაქი გარინდებული და
გაოგნებული ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას.

კომისიამ სასტუმროში დაიდო ბინა, აქვე მოაწყო შტაბი და საქმეს შეუდგა. სამი
კვირის განმავლობაში ღიპიან-პორტფელიანი კაცები მუშაობდნენ შეუსვენებლივ
და უაღრესად სერიოზულად, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ სამი კვირის
განმავლობაში არც ერთხელ არ გაუღიმიათ, არ ერთხელ არ დამთვრალან და
არც ერთი წამით ღირსებისა და დისტანციის გრძნობა არ დაუკარგავთ.
დაკვირვებული თვალი უთუოდ იმასაც შეამჩნევდა, რომ ფინიშთან ცოტა
შეიბერტყნენ კიდეც. კომისია უფრო ხშირად შტაბში იმყოფებოდა და ნაირ-ნაირ
სტუმრებს იღებდა. მათ შორის ბევრი ისეთიც ერია, რომლებიც სასტუმროში
ფეხშედგმული აქამდე არავის ენახა. ზოგჯერ კომისია ობიექტებზე დადიოდა,
ხოლო კვირაში ორჯერ, ჩვულებრივ საღამო ხანს, ბატონ ვიქტორს ეწვეოდა
სამსახურში და იქ, მასთან ერთად, შუაღამემდე იყო ხოლმე ჩაკეტილი.

სამი კვირა რომ გამოხდა, თავიანთი პორტფელები აიღეს და ისევე ერთბაშად


გაქრნენ, როგორც გამოჩნდნენ. წასვლისას უფრო კუშტი სახეები ჰქონდათ,
ვიდრე ჩამოსვლისას.

ქალაქმა უკვე იცოდა, რომ ეს შესავალი იყო, წინასიტყვაობა, მთავარი სიუჟეტი


წინ იდო და მართლაც ორი დღის შემდეგ მოხდა ის, რასაც გულში უკვე ყველა
ელოდა, თუმცა ხმამაღლა თქმისა მაინც ეშინოდათ: დათიკო ბარაბაძე
დააპატიმრეს.

შემდგომი მოლოდინი აღარ გამართლდა. დათიკო ბარაბაძის გარდა არავინ


დაუპატიმრებიათ, თუმცა საქმეში ჩახედული ხალხი ვარაუდობდა, რომ სულ
ცოტა ათ-თხუთმეტ კაცს მაინც დაიჭერდნენ. რატომ გადატყდა ჯოხი მარტო
დათიკო ბარაბაძეზე, დიდხანს ვერავინ მიხვდა. მხოლოდ მაშინ მოეფინა ასე თუ
ისე ნათელი ყველაფერს, როცა სასამართლოზე კიდევ ერთი ბომბი გასკდა.

სასამართლოზე ბრალდებული მშვიდად იყო, კითხვებზე დინჯად, მკაფიოდ,


აუღელვებლად იძლეოდა პასუხებს და თვალიც ოდნავ, მხოლოდ ნორმის
ფარგლებში, გაურბოდა განზე. მარტო ერთ კითხვაზე არ გაუცია პასუხი. უფრო
სწორად, პასუხი კი გასცა, მაგრამ არა ისეთი მკაფიო და ამომწურავი, როგორც
სხვა კითხვებზე იძლეოდა.

კითხვა დასვა ბრალმდებელმა, პატარა, მრგვალმა ბრალმდებელმა, რომელსაც


ფუნჩულა ხელები მაგიდაზე დაეწყო, იდაყვები განზე გაეწია და ისეთი სახე
ჰქონდა, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ვარდისფერ გოჭს, რომელსაც სურს
ინდაურივით გაიფხოროს.

- ბრალდებულო ბარაბაძე! სასამართლოსთვის ცნობილია, რომ სიგნალი თქვენი


დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ზემდგომ ორგანოებს თქვენვე მიაწოდეთ.
რით შეგიძლიათ ახსნათ ასეთი საქციელი?

დარბაზში ერთი კი გადაიარა გაკვირვების ხმამაღალმა ტალღამ და მერე


სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ამას მართლა არავინ მოელოდა! თავის მოკვლას
შეიძლება კაცმა რამე გამართლება მოუძებნო, თავის დაბეზღება კი სრულიად
აუხსნელი და გაუგებარი იყო. სამაგიეროდ, ამით სხვა საიდუმლოს აეხადა
ფარდა: ცხადი შეიქნა, რატომ დააპატიმრეს მხოლოდ დათიკო ბარაბაძე. სანამ
„ზემდგომ ორგანოებს სიგნალს მისცემდა“, მან იმ ერთი კვირის განმავლობაში,
ცოლის დასაფლავებიდან თბილისს გამგზავრებამდე, ეტყობა, გულმოდგინედ და
მარჯვედ იმუშავა, რათა სხვა მონაწილეების კვალი წაეშალა და სახრჩობელაში
მარტო თვითონ გაეყო თავი.

დათიკო ბარაბაძემ ბრალმდებელს შეხედა და თქვა: - არ ვიცი, - აქ შეყოვნდა,


შუბლი შეიჭმუხნა, თითქოს ახლა აპირებდა იმის გარკვევას, რაზეც აქამდე არ
უფიქრია. მერე ბრალმდებელს თვალი მოაშორა და დარბაზში მიმოატარა მზერა.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ოღონდ ეს არც ქალაქს ეხებოდა და
არც დარბაზს. ეს მხოლოდ აბელისათვის იყო მნიშვნელოვანი. დარბაზში რომ
მიმოიხედა, დათიკო ბარაბაძემ იქ აბელი შენიშნა, წამით მასზე შეაჩერა მზერა
და როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, სახეზე ძლივსშესამჩნევმა,
თითქმის მოუხელთებელმა ღიმილმა გადაურბინა, რომელშიაც ისე უცნაურად
იყო შეზავებული წუხილი და შვება, თითქოს ეს ორი განცდა მხოლოდ სხვათა
თვალის ასახვევად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, თორემ სინამდვილეში
საერთო ფესვიდან იყოს აღმოცენებული და არსებითად ერთსა და იმავე განცდას
წარმოადგენდეს. ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. დათიკო
ბარაბაძემ ისევ ბრალმდებელს შეხედა და თქვა, - ალბათ, დავიღალე.

დათიკო ბარაბაძეს თხუთმეტი წელი მიუსაჯეს. ერთი თვის შემდეგ კი ბატონი


ვიქტორი და ქალბატონი სალომე წავიდნენ.

ქალაქი ბეჯითად ცდილობდა დათიკო ბარაბაძის საქმესა და ბატონი ვიქტორის


წასვლას შორის როგორმე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეპოვა. ამ თემაზე
დიდხანს და ბევრს ლაპარაკობდნენ, თუმცა დადგენით ვერაფერი დაადგინეს და
საკითხი იმის შესახებ, მართლა არსებობდა ასეთი კავშირი თუ უბრალოდ
გარემოებანი დაემთხვა ერთმანეთს, სამუდამო საიდუმლოდ დარჩა. ფაქტი ისაა,
რომ ბატონი ვიქტორი მშვიდად განაგრძობდა თავის საქმეს და მღელვარების
არაფერი შემჩნევია, არც გამოძიების პროცესში, არც სასამართლოს
მიმდინარეობის დროს და არც შემდეგ, ქალაქიდან წასვლამდე. რაც შეეხება
ქალბატონ სალომეს, ისიც რეგულარულად მართავდა სალონურ საღამოებს და
ქალაქში კულტურა შეჰქონდა. ეს კია, რომ აბელს ამ საღამოებზე აღარ იწვევდა.

ბატონი ვიქტორი შეცვალა ბატონმა ალექსანდრემ. ეს იყო ერთი ჯმუხი,


წვრილთვალებიანი, ბრტყელსახა და მელოტი კაცი, უხეში, მკვეთრი
ჟესტიკულაცით, ყრონტისმიერი ხმითა და კეთილი გულით. ქალაქში ათასში
ერთხელ თუ გამოჩნდებოდა, ამბობდნენ, ხანდახან თეატრში დადისო, თუმცა
ბატონი ვიქტორისაგან განსხვავებით, სცენაზე ამოსული არასოდეს უნახავთ.
ნადირობა ჭირის დღესავით ეჯავრებოდა, სტუმრად არავისთან დადიოდა და
თვითონაც იშვიათად რომ ვინმე დაეპატიჟნა.

ახალი კაცის მოსვლას, ცხადია, ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა და


ცნობისმოყვარე ქალაქიც მოუთმენლად მოელოდა ამ ცვლილებებს. ცოტა რამ
მართლა მოხდა. მაგალითად, გარაყანიძე გაზეთის რედაქტორობიდან გადააყენეს
და განათლების განყოფილების გამგედ დანიშნეს, ხოლო იულონ დიდიძე
განათლების განყოფილების გამგეობიდან დაითხოვეს და გაზეთის რედაქტორად
დანიშნეს. გარდა ამისა, იმ ხანებში თეატრში საეჭვოდ ხშირად დაიწყო გამოჩენა
კულტურის სახლის დირექტორმა არიოსტო ხოფერიამ, თან ყოველ გამოჩენაზე
ამაყი და რაღაცის მანიშნებელი სახე ჰქონდა, მაგრამ ეს ვიზიტები მალევე
შეწყდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც თეატრის დირექტორი პენსიაში გაუშვეს და
დირექტორობა მთავარმა რეჟისორმა შეითავსა, რომელსაც ამის შემდეგ
„დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი“ დაერქვა.

და კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. იგი ისევ და ისევ მხოლოდ აბელს


შეეხებოდა. თეატრში ახალ პიესაზე დაიწყეს მუშაობა და ყოფილმა მთავარმა
რეჟისორმა, აწ უკვე დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, აბელს პატარა,
ეპიზოდური როლი მისცა, თუმცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ აბელი
მთავარ როლზე დაინიშნებოდა, რადგან, გარდა იმისა, რომ სხვა უკეთესი არავინ
ჰყავდათ, ეს როლი თავისი ხასიათით ისედაც ზედგამოჭრილი იყო აბელისათვის.

და აბელმა უცებ, სრულიად მოულოდნელად, აღმოაჩინა, რომ მისთვის


სულერთი იყო, მთავარ როლს მისცემდნენ თუ პატარა ეპიზოდს. ერთი კი
გაუკვირდა გულში და ყველაფერი ამით დამთავრდა. ახლა ისიც იცოდა, რომ,
როცა პრემიერას ითამაშებდა, არც წარმატებასა და წარუმატებლობას შორის
იქნებოდა რაიმე განსხვავება და ერთსაც და მეორესაც თანაბარი სიმშვიდით
შეხვდებოდა. თუმცა ამ ცოდნიდან შორს მიმავალი დასკვნები არ გაუკეთებია და
თავი ილუზიისთვის არ მიუცია. ქებასა და ძაგებას, წარმატებასა და
წარუმატებლობას, საკუთარ სიდიდესა და სიმცირეს შორის განსხვავება მხოლოდ
კერძო შემთხვევაა, წვეთია ზღვაში და ბევრს არაფერს ნიშნავს, სანამ არსებობს
სხვა რიგის განსხვავებები, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა განსხვავება გედეონ
რევიასა და კაკო ორჯონიკიძეს შორის, ასლანსა და თეიმურაზ კილაძეს შორის,
ბატონ ვიქტორსა და ვანო როსტიაშვილს შორის და, რაც მთავარია, ანისა და
ანის შორის.

შესაძლებელია, ანი სწორედ იმიტომ წავიდა, რომ იმედი ჰქონდა, აბელი მის ორ
ბუნებას შორის განსხვავებას წაშლიდა, და სწორედ იმიტომ წავიდა, რომ აბელმა
ეს იმედი ვერ გაუმართლა.

ანის გახსენებაზე აბელს ხანდახან მძიმე დანაშაულის გრძნობა უჩნდებოდა. ავად


იყო თუ კარგად, მოსწონდათ თუ არა ეს სხვებს, ანის თავისი ცხოვრება
მოწყობილი ჰქონდა. იყო თავისთვის, არავის აწუხებდა, სამყოფ ლუკმაპურს
შოულობდა და ცრუ იმედით არ საზრდოობდა. აბელმა თავისი უალაგო
გამოჩენით ეს შეფარდებითი, მაგრამ მაინც მშვიდი ყოფა აუმღვრია, სიმწრით
შეკოწიწებული ცხოვრება მოუშალა, სამაგიეროდ კი ვერავითარი საყრდენი ვერ
მისცა და ჰაერში გამოკიდებული დატოვა. ძველი ცხოვრება ანისთვის მოკვდა,
ახალი კი არ დაიბადა. რა უნდა ექნა? სად უნდა წასულიყო? როგორ უნდა
ეცხოვრა?

მაგრამ უფრო ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძველი ინდოეთისა და


ჩინეთის ფილოსოფიას უკირკიტებდა და რელიგიურობის გრძნობაში
ფსიქოლოგიურ იმპულსებს ეძებდა (მერისა და სამსონის გაქცევის შემდეგ კი
უმთავრესად სწორედ ამით იყო გატაცებული), ეჩვენებოდა, რომ დანაშაული
მოგონილი სიტყვაა. სინამდვილეში ანი თავისი გარდაუვალი და ერთადერთი
გზით მიდიოდა, აბელი უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სადგური იყო, სადაც
ცხენებს იცვლიან ხოლმე. ეს კია, რომ ამ სადგურში ანიმ ღრმა კვალი დატოვა.
აბელი კიდევ დიდხანს გრძნობდა მის სუნს. შინ დაბრუნებული კარს რომ
აღებდა, კიდევ დიდხანს მოელოდა, რომ სახლში ანის ღიმილი დახვდებოდა,
უშორესი სიღრმიდან წამოსული, თვალებიდან გადმოფრქვეული ღიმილი,
რომელიც ტუჩის კუთხეებსა და ფოსოებს რომ მიაღწევდა, შესაძლებლობის
ზღვარს გადაცდენილი, სიხარულით ავსებდა გარემოს. დილაობით, ტანთ
ჩაიცვამდა თუ არა, ფეხაკრეფით მიადგებოდა მეორე ოთახს, ფრთხილად,
უხმაუროდ გააღებდა კარს, თითქოს ეშინოდა, ანისთვის ძილი არ დაეფრთხო,
შეიხედავდა და სანამ ცარიელ საწოლს დაინახავდა, გულის სიღრმეში მუდამ
შრიალებდა იმედი, რომ თეთრ ბალიშზე ანის მოკლედ შეკრეჭილ თმას
მოჰკრავდა თვალს. ამ დილის ჩუმ ვიზიტებს დიდი ხნის განმავლობაში ლამის
რელიგიური რიტუალით ასრულებდა. ხანდახან, კითხვით გართულს, სადღაც,
წარმოსახვისა და სინამდვილის ზღვარზე, ეჩვენებოდა, თითქოს ანი თავის
საყვარელ ადგილას იჯდა ბუხრის პირას, ბუხრისკენ ზურგშექცეული და
დაჟინებით შემოსცქეროდა.

ანიმ ეტყობა იჩქარა. ადრე მოუვიდა მოსვლა. ყოველ შემთხვევაში, თუ ამის


გადაწყვეტა მის ხელთ იყო, ჯობდა, ცოტა კიდევ შეეცადა, მაშინ აბელი იქნებ
მზად დახვედროდა. თუმცა სანამდე უნდა ეცადა?

თავი ოცდამეორე
მერი და სამსონი გაზაფხულზე ჩამოვიდნენ, როცა ქალაქში ტყემალი და
ალუბალი ყვაოდა.

მერი შეცვლილი იყო გამხდარიყო, დაუშნოებულიყო, ლოყები უგემურად


ჩაცვივნოდა, თითქოს ასაკიც მომატებოდა. სახეზე რაღაც საწყალობელი
გამომეტყველება ედო. მას გაგებული ჰქონდა მთელი ის უბედურება, რაც
მამამისის ოჯახს დაატყდა თავს და, შესაძლებელია, სწორედ ამან იქონია
გადამწყვეტი გავლენა იმაში, რომ მის ბუნებაში ჩაბუდებული მრავალი
მიდრეკილებიდან წინა პლანზე სიგონჯე და უსახურობა წამოწეულიყო.
მართალია, თვითონ იხტიბარს არ იტეხდა, თავი ყოჩაღად, ენერგიულად,
ხალისიანადაც კი ეჭირა, რათა მნახველებში მისი ბუნებისათვის სრულიად უცხო
და უჩვევი თანაგრძნობა არ გამოეწვია, მაგრამ ამ გადაჭარბებულ მონდომებაში
სერიოზული ბზარი იყო, რომელიც კონტრასტულ ფონს ქმნიდა და კიდევ უფრო
უსვამდა ხაზს მის სიბეჩავეს.

სამსონი მშვენიერი იყო. თავზე პატარა, მრგვალი, უზბეკური ქუდი ედო და


თავისი ჩვეული, წყნარი, გულკეთილი ღიმილით უმისამართოდ იღიმებოდა.

სიძე-პატარძალს სადგურზე ასლანი დახვდა. ასლანმა ისინი თავის აპარტამენტში


წაიყვანა და რამდენიმე დღე იქ შეიფარა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ცოლ-
ქმარი ერთოთახიან კომუნალურ ბინაში შეასახლეს.

მერის ადგილი თეატრში თავისუფალი იყო. მართალია ახალმა დირექტორმა


უარი თქვა მის მიღებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასლანი კაბინეტში ეწვია და
ერთი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი მასთან, რომან ადეიშვილმა
პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა და მერის მიწვევა გაუგზავნა.

სამსონსაც მალე გაუჩინეს სამსახური. ერთ მშვენიერ დღეს იგი კვლავ ჩადგა
დახლში. ოღონდ ამჯერად ეს იყო არა წიგნების მაღაზიის, არამედ საბაყლოს
დახლი. სამსონი ხორცის გამყიდველად დანიშნეს. იდგა იქ, სასწორთან, თავზე
უზბეკური ქუდი ეხურა, რომელიც რაც ქალაქში დაბრუნდა, მოხდილი არავის
უნახავს, თეთრი წინსაფარი აეფარებინა, ხელში ხან პატარა ნაჯახი ეჭირა, ხან
დიდი დანა, ხორცს ჭრიდა, ახარისხებდა, ანაწილებდა, ხელები და წინსაფარი
სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და მშვიდი მოთმინებით უხსნიდა რიგში მდგომ
სულწასულ, აყაყანებულ დიასახლისებს, რომ ხორცი როგორცაა დახარისხებული,
ასე უნდა გაიყიდოს, ერთი ნაჭრიდან მოცლა და მეორეზე დამატება მრავალ
გაუგებრობასა და არევ-დარევას გამოიწვევს, რომ უძვლო ძროხა არ არსებობს და
ვისაც ხორცი უნდა, ძვალიც უნდა წაიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი
მის, სამსონ თეოსოფის, კისერზე გადატყდება და მას, სამსონ თეოსოფს,
საკუთარი ჯიბიდან მოუხდება ფულის დადება, რომ დიასახლისმა დილით კი
არ უნდა გადაწყვიტოს კატლეტის გაკეთება და მზამზარეული
გადაწყვეტილებით კი არ უნდა წამოვიდეს ხორცის საყიდლად, არამედ ჯერ
იყიდოს ხორცი და იმის მიხედვით, თუ რა ნაჭერი შეხვდება, მერე მოიფიქროს
კატლეტის გაკეთება აჯობებს თუ ბორშჩის.

რა გაავებულ დედაკაცთანაც არ უნდა ჰქონოდა საქმე (დედაკაცები კი ცალკე


იმის გამო, რომ მის მიერ შორიდანვე ჩუმად შეგულებული ნაჭერი მის წინ
მდგომმა აიღო, ცალკე იმის გამო, რომ დღეს სტუმრებს ელოდა, ცალკე იმის
გამო, რომ მარტო დატოვებულმა პატარა ბავშვმა ვინ იცის გაიღვიძა და ტირის,
ზოგჯერ მართლა წარმოუდგენლად გაავდებოდნენ ხოლმე), სამსონი ხმას
არასოდეს აუმაღლებდა, მუდამ წყნარად, მუდამ გულკეთილი ღიმილით
ლაპარაკობდა და ამით გაავებული დედაკაცის გაავებაც არაერთხელ
შეურბილებია.

აბელი ერიდებოდა სამსონთან შეხვედრას, დარწმუნებული იყო, რომ სამსონი


საჭიროდ დაინახავდა და გატაცებითაც შეუდგებოდა თავისი ახალი შრომითი
საქმიანობის გამართლებას, ამ გამართლებისათვის საჭირო მიზეზებს სადღაც
აბსოლუტში მიაკვლევდა და ყველაფერს ისე წარმოადგენდა, თითქოს მან ჯერ
კიდევ ბავშვობაში იცოდა, რომ ამა და ამ წელს აქ, ამ საბაყლოს დახლში
მოუწევდა ჩადგომა და გამძვინვარებული დიასახლისების დაშოშმინება, მაგრამ
ერთხელ, როდესაც აბელს მაინც მოუხდა საბაყლოში შესვლა (თანაც ისეთ დროს,
როცა ხორცი არ იყო და ამიტომ არც მისი მაძიებელი დიასახლისები იყვნენ),
მისდა გასაკვირად სამსონს არაფრის გამართლება არ უცდია, უბრალოდ, ხორცის
დაჭრის ტექნიკასა და მეთოდიკაზე დაუწყო ლაპარაკი, აუხსნა, რომელი ნაწილის
დაჭრა ჯობს დანით და რომლის ნაჯახით. მერე იმაზე ილაპარაკა, როგორ ეჩვევა
თვალი აწონას და როგორ შეგიძლია ამ ასპარეზზე ისე დაოსტატდე, რომ როცა
კლიენტი გეტყვის, ამდენი და ამდენი ამიწონეო, ისე მოჭრა ხორცი, აღარც
დამატება დაგჭირდეს და აღარც დაკლება.

- ხომ ძნელი დასაჯერებელია? - დასვა კითხვა სამსონმა და თვითონვე უპასუხა,


- ძნელი დასაჯერებელია. თითქოსდა როგორ გინდა, ასე ზუსტად გაზომო
თვალდათვალ? მაგრამ, როცა მთელი სულიერი ენერგია ერთ საგანზეა
დაუნჯებული, ადამიანის „მეს“ პრაქტიკისა და გამოცდილების მეშვეობით
შეუძლია სასწაულები მოახდინოს.

აბელი ნირწამხდარი გამოვიდა საბაყლოდან. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს


რაღაც საყრდენი გამოაცალეს, რომელიც ბუნდოვანი და მიუწვდომელი, მაგრამ
ყველაფრის განმსაზღვრელი და გამამართლებელი იმედის ბიძგად ეგულებოდა.
სამსონი ახლა ჰგავდა თავმომწონე მხედარს, რომელიც სოფლის შარაგზაზე,
ყველას თვალწინ, ცხენიდან გადმოვარდა და მტვერში სასაცილოდ აფართხალდა.
არადა რა ამაყად მიაგელვებდა ფრთოსან რაშს უსასრულობის სათავისაკენ,
სადაც ჭეშმარიტება ისე მოუთმენლად ელოდა, როგორც ახალგაზრდა ცოლი
ელის ომში წასულ ქმარს. ახლა აბელს ისიც კი ეჩვენებოდა, თითქოს სამსონი იმ
ყაიდის შერეკილი იყო, ვინც განზრახ იგიჟიანებს თავს, რათა ამ გზით სხვები
ჭკუაზე მოიყვანოს, ვინც ტყაპანით ვარდება წყალში, რათა ნაპირზე მყოფთ,
რომლებსაც წყლის შიში ზაფრავთ, შხეფები მაინც მიაწვდინოს და მათი
გახურებული სხეული მაცოცხლებელი წვეთებით ცოტა მაინც დანამოს.

აბელი მიხვდა, რატომ ბეზრდებოდა ისე სწრაფად სამსონის ქადაგება იქ, მაღალი
სახლის სხვენზე და მერე როცა დაშორდებოდა, რატომ მიუწევდა გული კვლავ
ამ ქადაგების მოსასმენად.

არც მერისთან შეხვედრა ეპიტნავებოდა, მაგრამ, რაკი მერი თეატრში დაბრუნდა,


ეს შეხვედრა გარდაუვალი იყო. მერი ნერვიულად იცინოდა და ცდილობდა, ეს
ნერვიული სიცილი ხალისიან სიცილად გაესაღებინა. აბელი ასეთ დროს
ბეჯითად არიდებდა თვალს. მერისთან დამოკიდებულებაში სხვა რამეც იყო
გასათვალისწინებელი: ქალბატონი სალომეს წყალობით ბოლო ხანებში აბელს ისე
უყურებდნენ, როგორც ბარაბაძის მომავალ სიძეს, ამიტომ სამსონთან ერთად
მერის გაქცევა ნაცნობების თვალში ნიშნავდა აბელის ღალატს და ახლა
ცნობისმოყვარეობას ერთი სული ჰქონდა გაეგო, როგორ შეხვდებოდნენ ისინი
ერთმანეთს, როგორ განვითარდებოდა მათი შემდგომი ურთიერთბა, იძიებდა თუ
არა შურს აბელი და, კერძოდ, იქნებოდა თუ არა ეს შურისძიება იმდაგვარი,
რომ ქალაქს ერთ მშვენიერ დღეს სამსონი რქებდასხმული ეხილა.

ყოველივე ეს შემზარავი იყო, მაგრამ აბელმა მისდა გასაკვირველად სულ მალე


დაინახა, რომ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ცნობისმოყვარეთა
გადარაჯებულ მზერას.

სამაგიეროდ, როდესაც ისა და მერი ერთი-ორჯერ პირისპირ, მოწმეების გარეშე


დარჩნენ და გამოირკვა, რომ არც ერთსა და არც მეორეს სათქმელი არაფერი
ჰქონდათ, აბელი თანდათან მიხვდა, რომ ამ ქალაქში მარტო რჩებოდა, თითქოს
ყველაფერი, რაც აქამდე იყო, იყო გზა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე
ბოლომდე. ახლა ეს გზა უკვე გაიარა, ქალაქი უკან მოიტოვა და უდაბნოში
გავიდა. რაღა თქმა უნდა, სინამდვილეში ყველაფერი მთლად ასე არ ყოფილა.
თავი რომ დავანებოთ თეატრს თავისი რეპეტიციებით, სპექტაკლებით,
ბანკეტებით, ანეკდოტებით, ბოჰემითა და მარადიული კურიოზებით, ხომ
არსებობდა გედეონ რევია? გედეონ რევია დიახაც რომ არსებობდა და აბელს
ყველაზე ხშირად სწორედ მის გვერდით ნახავდით, იქნებოდა ეს სახლში,
თეატრში თუ ქუჩაში, მაგრამ აბელს ეჩვენებოდა, რომ გედეონ რევია უკვე იყო
არა შორეული და უცნობი შუქურა, არამდე ორიენტირი, რომლის იქით ახალი
ორიენტირის კონტურები იკვეთება. აბელი და გედეონი ძველებურად
საუბრობდნენ, ყავას სვამდნენ, ზოგჯერ კამათში ღამეებსაც ათენებდნენ და
თუმცა გედეონი, ეს ბებერი მელა, თავისი გამოცდილებითა და
გონებამახვილობით ძველებურად სჯაბნიდა აბელს, იგი მაინც უკვე წაკითხული
წიგნი იყო, გახსნილი კარტი, გატეხილი სეიფი.

გედეონ რევიას გარდა იყვნენ კიდევ გორდაძეები. ანის გაქრობის შემდეგ,


როგორც ვთქვით, ნანოს ხელადვე მოუბრუნდა გული აბელზე. მართალია, თავად
აბელს არ მობრუნებია გული, მაგრამ გორდაძეებთან ურთიერთობა მაინც
განაახლა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი იყო ასლანი. ახლა, როცა ქალაქი
უკან დარჩა, ასლანი მოულოდნელად უფრო მკაფიო და რელიეფური გამოჩნდა
და გაცილებით მეტი მიზიდულობის ძალა აღმოაჩნდა, ვიდრე აბელს შეეძლო
წარმოედგინა. მართლაცდა, ასლანის ინტელექტი მწირი, ერთსახა იყო,
განსაკუთრებით თუ გედეონ რევიას ფონზე წარმოიდგენდით, ასლანის სულიერი
ცხოვრება მარტივი და უპრეტენზიო იყო, განსაკუთრებით თუ სამსონის ფონზე
წარმოიდგენდით. აბელის ინტერესების სფერო თითქოს აქ მთავრდებოდა.
სინამდვილეში კი აბელი, რაც უფრო შორდებოდა ქალაქს, მით უფრო მკაფიოდ
ხედავდა ასლანში უცნაურსა და მძლავრ მუხტს, რომელიც მაღალ ინტელექტზე
მაღალი და ღრმა სულიერ მისწრაფებებზე ღრმა აღმოჩნდა. ეს იყო რაღაც
მეოთხე განზომილება, ბუნების საიდუმლო, რომელიც თავად არ ჩანდა, მაგრამ
ყველა სარკეში ირეკლებოდა. მიუხედავად თავისი სიმარტივისა და
სწორხაზოვნებისა, ასლანი არსებითად უცნაური კაცი იყო. ჯერ ერთი, იგი არ
ემორჩილებოდა დიალექტიკის კანონს და, როცა ირგვლივ ყველაფერი
იცვლებოდა, თვითონ უცვლელი რჩებოდა. თავდაპირველად, აბელი აუხსნელ
ეკონომიურ ბაზისს, რის გამოც ასლანს „ფეოდალს“ ეძახდნენ, თავის გუნებაში
ხსნიდა იმ მრავალმხრივი ნათესაური არხებით, რომლებითაც იგი დათიკო
ბარაბაძესა და ვიქტორ საყვარელიძეს უკავშირდებოდა. მაგრამ დათიკო ბარაბაძე
დაემხო, ვიქტორ საყვარელიძის ადგილი ალექსანდრე იაშვილმა დაიკავა. ასლანი
კი იგივე დარჩა, იოტისოდენადაც არ შეცვლილა. მოგვიანებით, როდესაც აბელმა
შეიტყო, რომ ასლანი ასეთივე ფეოდალი იყო ჯერ კიდევ ქალბატონი რატატას
დროს, ყოველივე იმ გაუგებარ მეოთხე განზომილებას მიაწერა. ასლანი მდინარის
ლოდს ჰგავდა, რომელიც ღრმადაა მიწაში ჩაფლული. როცა მდინარე დიდდება,
წვრილ-წვრილ კენჭებს აშლის, მიმოფანტავს და გადააადგილებს, მიწაში ღრმად
ჩაფლულ ლოდს კი ვერაფერს აკლებს და ირგვლივ უვლის. მაგრამ ასლანის
მიზიდულობის მთავარი წყარო და მისი უცვლელობის მთავარი ნიშანი იყო არა
„ფეოდალობა“, არამედ ბუნების მკვრივი ერთიანობა, რომელიც მჟღავნდებოდა
ძალდაუტანებელ სიკეთედ, გაუცნობიერებელ სიმართლედ და მომხიბლავ
მიამიტომად. წარბისა და საჩვენებელი თითის ხშირი აწევა და ხაზგასმული
მეტყველება, რომელიც კანცელარიის ბეჭედს ჰგავდა, იყო კომიკური და ამაო
ცდა იმისა, რომ სხვებივით ყალბი და არაბუნებრივი ყოფილიყო.

მეორე მიზეზი, რის გამოც აბელმა უყოყმანოდ განაახლა გორდაძეებთან


ურთიერთობა, იყო ნინიკო. ნინიკო წამოიზარდა და კიდევ უფრო მეტად
დაემსგავსა საყდრის ფრესკას. გამხდარი იყო, სუსტი, ოდნავ სევდიანი და
ფერიასავით არამიწიერი. ხმა ისევ შორეული ზარის რეკვას მიუგავდა და,
როდესაც აბელი გიტარას აიღებდა და ეზოში, სახლის წინ, სამფეხა სკამზე
ჯორკოებზე ჩამომსხდარნი წყნარად წამოიწყებდნენ ნაღვლიან მეგრულ ნანას,
ირგვლივ კი ბინდი ნელა, უხმაუროდ წვებოდა, სამყაროდან თითქოს ყველა ეჭვი
ამოიძირკვებოდა, ყველა კითხვის ნიშანი იშლებოდა, ყველაფერი, რაზედაც
ტვინი უჭყლეტია და თავი უმტვრევია ადამიანს, იმდენად მარტივი და ნათელი
იყო, რომ ამის სიტყვებით გამეორება ან სხვა რაიმე საშუალებით გადმოცემა
სრულიად წარმოუდგენელი ჩანდა. სიკვდილი და სიცოცხლეც კი, ადამიანის ეს
უმთავრესი და უმძაფრესი გამოცანა, ასეთ დროს პოლუსების თვისებებს
კარგავდა, რბილად და შეუმჩნევლად გადადიოდა ერთმანეთში და სამყაროს
მრავალსახეობას ერთ განუყოფელ ფოკუსში უყრიდა თავს, მაგრამ გედეონი და
გორდაძეები არ კმაროდნენ იმისათვის, რომ მარტოობის ჭაობის ბლანტ
ზვირთებს ჯებირად წინააღდგომოდნენ. მარტოობის ჭაობი პირს იკრავდა
აბელის ირგვლივ, ყოველი მხრიდან მოდიოდა მისკენ და თან მოჰქონდა ყრუ
ნაღველი, რომელშიაც, როგორც აუტანელ ღიტინში, პარადოქსულ ჰარმონიად
შერეულიყო მღვრიე, უსახური სიამოვნება. ამ მწარე განცდას მთავარი ბიძგი
მისცა (ყოველ შემთხვევაში, აბელს ასე ეჩვენებოდა) სამსონმა. სამსონი იდგა
მაღალი, აწოწილი, ხორცითა და ხორცის მოსურნე დედაკაცებით
გარშემორტყმული, თავზე უზბეკური ქუდი ეხურა, ხელები და წინსაფარი
ქონითა და სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და ჩვეული, უაზროდ გულკეთილი
ღიმილით იღიმებოდა. ეს სურათი რომ იხილა აბელმა, კაცმა არ იცის, რა
იდუმალი არხები და იდუმალი კავშირები უნდა ყოფილიყო, გედეონ რევია
თავისი მწყობრი გონიერებითა და კეთილმოსურნე ირონიით რატომღაც კიდევ
უფრო გამაღიზიანებელი გახდა. უფრო უცნაური ისაა, რომ რაც უფრო
გამაღიზიანებელი გახდა, აბელი რაღაც გაუგებარი ბიძგის წყალობით მით უფრო
ხშირად დადიოდა მასთან. და რაც უფრო ხშირად დადიოდა, მით უფრო
აუტანელი იყო იქ ყოფნა და მით უფრო ეწადა იქიდან გაქცევა და საკუთარ
თავთან განმარტოება, თითქოს საკუთარ თავთან დარჩენილი განმარტოებისაგანაც
განმარტოვდებოდა. სახლში დიდხანს მაინც არ უდგებოდა გული და ხეტიალს
შეეჩვია. დაეხეტებოდა ქალაქში და ქალაქგარეთ. და თუ სადმე ნაცნობს
მოჰკრავდა თვალს, ცდილობდა, თავი აერიდებინა. ყველაზე ხშირად
მედუქნეებისა და ხელოსნების ქუჩაზე დადიოდა. იქ, შუა დაღმართში,
ტროტუარზე ჩამოჯდებოდა, საათობით ადევნებდა თვალყურს ჭრელ ხმაურს და
ეჩვენებოდა, რომ სამყაროს ცხოვრებაში რაღაც ქრონოლოგიური შეცდომა გაიპარა.
ამ დროს ერთიანი, ძლიერი ნატვრით ენატრებოდა ისიც, რაც ათი ათასი წლის
წინ იყო და ისიც, რაც ათი ათასი წლის შემდეგ იქნებოდა.

ზოგჯერ მძაფრად, ტკივილივით წამოუვლიდა სურვილი, ერთ მშვენიერ საღამოს


შინ სწვეოდა მერისა და სამსონს, ენახა, რა ჰქონდათ საერთო, რაზე
საუბრობდნენ, როგორ ძლებდნენ ერთმანეთის გვერდით, როგორ თავსდებოდა
საერთო კედლებში შეუთავსებლობა. თუმცა გორდაძეები, რომელთაც ხშირი
მისვლა-მოსვლა ჰქონდათ მერისთან, ამტკიცებდნენ, ტკბილად და ბედნიერად
ცხოვრობენო, აბელს წამით არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს „ტკბილად და
ბედნიერად“ მხოლოდ იმ მხარეს ეწერა მედალს, რომელიც ქალაქისკენ იყო
მიქცეული.

როცა თეატრში შევიდოდა, აფორიაქება გარეთ რჩებოდა და თავის ეპიზოდურ


როლებს მშვიდად თამაშობდა. პირველი გაკვირვება, რაც მისმა უეცარმა
ჩამოქვეითებამ გამოიწვია თანამშრომლებში და მაყურებლებშიც, თანდათან
განელდა და ამ ამბავს მალე შინაურებიც და გარეულებიც მიეჩვივნენ. მუშაობით
ძველებურად მუშაობდა, ოღონდ ეს იყო, რომ შედეგს არ დაეძებდა, მაყურებლის
აზრი არ აინტერესებდა, რეცენზიებს არ კითხულობდა.

ასე გავიდა ორი უღიმღამო ზაფხული. გვიან შემოდგომაზე გორდაძეების


მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ გაიზარდა: ნანოს ვაჟი შეეძინა.

ეს მოხდა თერთმეტ ნოემბერს. ხოლო თორმეტ ნოემბერს ქალაქმა დაკარგა


ადამიანი, რომელზედაც დიდად იყო დამოკიდებული მისი ინტელექტუალური
დონე.

თერთმეტი ნოემბრის საღამო და ღამის დიდი ნაწილი აბელმა გედეონ


რევიასთან გაატარა. ნანო დილით წაიყვანეს და ნაშუადღევს მორჩა კიდეც.
აბელი სწორედ იმ დროს შევიდა სამშობიაროს ფართო ვესტიბიულში, როცა
სახეგაბადრული ასლანი მახარობელ ბებია ქალებს ოცდახუთმანეთიანებს
ურიგებდა. აბელი რომ შეამჩნია, მისკენ წამოვიდა, მარჯვენა წარბი და მარჯვენა
ხელის საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და დაიქუხა: - მამრია, მამრი! გიორგიც
მოევლინა ქვეყანას! - და აბელს არ დალოდებია, თვითონვე დაეძგერა, გადაეხვია
და გადაკოცნა.

ცოტა რომ დამშვიდდა, ექიმი ნახა, დაწვრილებით გამოიკითხა, რა იყო საჭირო


ცოლისა და ახალშობილისათვის, მიღებული დავალება რამდენიმეჯერ გაიმეორა
და კარგად დაიმახსოვრა. სამშობიაროდან ისა და აბელი ერთად გამოვიდნენ,
გზად რესტორანში შეიარეს, ერთი ბოთლი შამპანური დააქუხეს და ბიჭი
დალოცეს. მერე ასლანი მრავალრიცხოვანი დავალების შესასრულებლად წავიდა,
აბელი კი შინისაკენ გაუდგა გზას, ხოლო საღამოს გედეონ რევიას ესტუმრა.

- გაიგეთ? გორდაძეებს ვაჟი შეეძინათ, - უთხრა აბელმა შესვლისთანავე.

- ასე თუ განაგრძეს, მალე შეიძლება სათვალავი აერიოთ, - გაიღიმა გედეონმა.

- ეგ არ ვიცი, - აბელი სავარძელში ჩაეშვა, - მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მამაცი


ხალხია.

- მამაცი?

- ამდენ ბავშვს გაზრდა არ უნდა?

- გაიზრდებიან.

- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით, როცა სხვისია და გარედან უყურებ. ზოგს


ერთი ჰყავს და იმის გაზრდა უჭირს.

- გორდაძეები სხვა „ზოგში“ შედიან.

- რომელთაც არ უჭირთ?

- რომელთაც არჩევანი არა აქვთ, - და აბელმა რომ ცოტა გაკვირვებით, კითხვის


თვალით შეხედა, მოხუცმა ღიმილით განაგრძო, - მე ხომ ყველაფერზე საკუთარი
თავმომაბეზრებელი თეორია მაქვს! ჩემი აზრით, აბელ, ხალხი ორ კატეგორიად
იყოფა. ერთი ხვალინდელ დღეს ამზადებს, მეორე ხვალინდელი დღისთვის
ემზადება.

- მზამზარეულ სუფრაზე მიდის?

- არა, აბელ, - გედეონმა თქვა „აარა, აბელ“ და ამან ფრაზას ისეთი ელფერი
მისცა, თითქოს ეთქვას: „ცდები, ჩემო კარგო“. - მომავლისთვის მზადება ისეთივე
მძიმე შრომაა, როგორიც მომავლის მზადება. ვინც მომავალს ამზადებს, ის
თავისთვის კი არ ამზადებს მომავალს, სხვისთვის ამზადებს, და თუ ის სხვა არ
იქნა, შრომა ფუჭად ჩაუვლის. გორდაძეები მომავლისთვის ემზადებიან.

- მომზადებით ვინ ამზადებს?

- მე ყავას მოვამზადებ, - მოხუცი წამოდგა და ნელა, ფოსტლების ფრატუნით


გავიდა სამზარეულოში.

აბელს იგი მოტეხილი ეჩვენა. სანამ გავიდოდა, მის ბებრულ ზურგს


მისჩერებოდა. მერე თვითონაც გაჰყვა.

- ვინ დაავალა გორდაძეებს მომავლისთვის მზადება? - განაგრძო აბელმა


შეწყვეტილი საუბარი.

- თქვენ შეკითხვას კი არ იძლევით, აბელ, დაკითხვას აწყობთ, - მშვიდად მიუგო


გედეონმა, თან გრძელტარიანი კოვზით ჯეზვეში ყავა და შაქარი ჩაყარა, მერე
ჯეზვე ონკანს შეუშვირა, აავსო და დაუმატა, - რა ვიცი, ვინ დაავალა. ალბათ,
წილად ხვდათ. - ამ სიტყვებით გაზქურა აანთო და ჯეზვე შემოდგა.

- ვისგან ხვდათ წილად? - ჩაეძია აბელი.

მოხუცმა ყავას მოურია და თეთრ ულვაშში ეშმაკურად ჩაიღიმა. აბელისკენ არ


გამოუხედავს.

- ვიცი, საით მიგყავთ საუბარი. გამბედაობას გიქებთ. მაგრამ ჩემი მიჩიხვა


ადვილი არაა. ამოსავალი პრინციპია რაციონალური, ის კი, რაც თქვენ
ბედისწერის სახელით გინდათ მოიხსენიოთ, არის არა ბედისწერა, არამედ
უვიცობა. დამაკავშირებელი ძაფები უხილავია და გვგონია, არ არსებობს. -
მოხუცმა კიდევ ამოურია ყავას, მერე ჯეზვეს სახელურში მოკიდა ხელი და
ყურადღებად იქცა, რომ ყავა არ გადმოსვლოდა, - წვრილმანი გამოვლინებიდან
საწყისამდე შორი მანძილია, თორემ როგორც კი სუფთა ფურცელზე ორ
ურთიერთპერპენდიკულარულ ხაზს გაავლებ, უსასრულობა მყისვე კონკრეტულ
სახეს იღებს, თავისუფლება კი უკვალოდ ქრება, - გაზი გამოთიშა, ყავას კოვზით
ნაღები მოხადა და ფინჯნებში გაანაწილა, მერე ნელ-ნელა დაასხა. ხან ერთ
ფინჯანში ასხამდა, ხან მეორეში - არ არსებობს არც ერთი წერტილი,
დატყვევებული რომ არ იყოს და კოორდინატებით არ განისაზღვრებოდეს.
აიღეთ თქვენი ფინჯანი.

თავთავიანთი ფინჯანი აიღეს და სამზარეულოდან გამოვიდნენ. წინ აბელი


მიდიოდა, უკან გედეონი. სამზარეულოს კარს რომ გამოსცდნენ, აბელმა თქვა: -
ეს - როცა ხაზებს გაავლებ, სანამ გაავლებდე?

- ჰოპ! - შესძახა გედეონმა. მას ფინჯანი ოდნავ აუყირავდა და ყავა კინაღამ


დაეღვარა, მაგრამ ბოლო წამს მაინც შეინარჩუნა წონასწორობა და ყავაც
გადაარჩინა, - ხაზის გავლება ხაზის შექმნა ხომ არაა! ხაზის გავლება ხაზის
გათვალნათლივებაა.

ამასობაში სასტუმრო ოთახში შევიდნენ, სავარძლებში ჩასხდნენ და ყავის სმას


შეუდგნენ.

- და, ცხადია, ეს ფურცელი ყველაფერია. სხვა არაფერი არსებობს.

- სხვა - არაფერი, - გედეონმა ყავა მოწრუპა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა.

- მაშ, აზრი რაღად ცდილობს ფურცლის იქით გადასვლას და ისეთი რამის


ხილვას, რაც არ არსებობს?

- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა მოხუცმა. სახეზე უაღრესად გულწრფელი


გამომეტყველება ჰქონდა, - ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ენდობა შეგრძნების
ორგანოებს და იარაღად რიცხვს ხმარობს.

ამ დროს კარმა გაიჭრიალა, ორივემ, გედეონმაც და აბელმაც თავი ასწიეს და


მიაყურადეს. როცა შინ იყო, გედეონი შემოსასვლელ კარს ყოველთვის ჩაუკეტავს
ტოვებდა, მაგრამ აბელს არ ახსოვდა შემთხვევა, რომ ამის გამო ვინმე
დაუკაკუნებლად შემოსულიყოს.
- მგონი, ვიღაცაა, - თქვა აბელმა.

ამის თქმა იყო და ხმაც მოისმა: - გედეონ რევია!

ეს სამსონის ხმა იყო. სტუმარ-მასპინძელი უნებური მოძრაობით წამოდგნენ


სავარძლებიდან და გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს. იმავ წამს კარის
ზღურბლზე თავად სამსონიც გამოჩნდა. კეფაზე უზბეკური ქუდი ედო, ტანთ
საქორწინო კოსტუმი ეცვა, რომელიც გვარიანად შელანძღულიყო, ოღონდ
ჰალსტუხი არ ეკეთა. წვერი გაუპარსავი ჰქონდა. თუმცა შესაძლებელია, ამას
გაუპარსავი არც ეთქმოდა. ეს ისეთი სტადია იყო, როცა შემფასებლის
გემოვნებაზეა დამოკიდებული, რას დაარქმევს - წვერგაუპარსავს თუ
წვერმოშვებულს.

სამსონი ზღურბლზე შედგა და აბელს შეხედა. ეტყობა, მასთან შეხვედრას არ


მოელოდა და ამ გაუთვალისწინებელმა დეტალმა წამით შეაფერხა. მერე ნაბიჯი
წინ წამოდგა და დოინჯი შემოიყარა. სახე სერიოზული, ცოტა მკაცრიც კი
ჰქონდა.

- გედეონ რევია! - ისეთი ხმით თქვა, თითქოს ლოდს საყრდენი გამოეცალა და


კლდეს მოსწყდა, - რატომ არ მაღიარებ?! მე ხომ გაღიარებ!

- დაბრძანდი, სამსონ, - მშვიდად უთხრა გედეონმა, რომელსაც უკვე სავსებით


გაუარა გაკვირვებამ, - ყავას დალევ?

სამსონს მისი ნათქვამისათვის ყურადღება არ მიუქცევია.

- ჭუკჭუკობთ ხომ რაციონალურ ენაზე ლოგიკის ბნელ ნაჭუჭში? - იკითხა


ძლევამოსილი დაცინვით.

- თუ დალევ, არ მოგერიდოს, - მიუგო გედეონმა, - ხომ იცი, ყავის მოდუღება


ჩემი საყვარელი საქმეა.

- არ მინდა მე შენი ყავა! - ჭირვეულად თქვა სამსონმა, - შენ ის მითხარი,


რატომ არ მაღიარებ?

- მაშინ დაბრძანდი მაინც. აგერ დაჯექი, სავარძელში.

- სავარძელში თქვენ დაბრძანდით, ვინც სხეულის ნეტარებას ესწრაფვით, -


ამაყად თქვა სამსონმა, - მე აქ დავჯდები, - ამ სიტყვებით დივანზე დაჯდა,
მაგრამ წამსვე თოფნაკრავივით წამოვარდა და, თითქოს უკანალში რაღაც
შეერჭოო, იმ ადგილს დახედა, სადაც იჯდა, - ესეც სავარძელი ყოფილა! -
ზიზღით თქვა, - სკამი არა გაქვს სახლში, გედეონ რევია?

- როგორ არა! სკამსაც გიშოვი.

- არ მინდა! - შეაწყვეტინა სამსონმა, - აი, ყველაზე კარგი ადგილი! - იატაკზე


დაჯდა, მუხლები შემოიკეცა და ზედ მკლავები შემოაწყო. ახლა იგი გედეონს
ქვემოდან ზემოთ უყურებდა და აბელს მოეჩვენა, თითქოს ამან რაღაც
არსებითიც შეცვალა, - გამეცი პასუხი, გედეონ რევია, რომ გეკითხები: რატომ არ
მაღიარებ?! მე ხომ გაღიარებ?
- შენ საკუთარ თავს აღიარებ, სამსონ, და ამიტომ მეც მაღიარებ. მე საკუთარ
თავს არ ვაღიარებ და ამიტომ არც შენ გაღიარებ.

- ლოგიკა!.. - ტუჩაბზუებით თქვა სამსონმა, - აწყობილი, ასხმული,


დაგვირისტებული. ეგ ლოგიკა რომ გამოგელევა, მერე რას იზამ? გედეონ რევია,
იცოდე, წიგნებში არ არის ჭეშმარიტება, - დიდი ხელი ასწია და კედლებს
შემოატარა.

- არც წმინდა წიგნებში? - გულკეთილი ღიმილით ჰკითხა გედეონმა.

- არა, - ცოტა ყოყმანით თქვა სამსონმა. მერე ყოყმანმა გაუარა და უფრო


დაჯერებულად განაგრძო, - არც წმინდა წიგნებშია. მაგრამ წმინდა წიგნები გზას
გვასწავლის, ჭეშმარიტების გზას. ჭეშმარიტება გონების საკირკიტო არაა. გონება
შენი მოურავია, გედეონ რევია, შენ კი მოურავი ბატონად გაიხადე და თვითონ
დაუდექი მოურავად. თუმცა რის მოურავად! მოურავადაც კი არ დადგომიხარ.
ადგილ-მამული დაუტოვე იმ შენს მოურავს, მართვა-გამგებლობა ჩააბარე, შენ კი
ბნელ საკანში გამოიკეტე და ძილს მიეცი თავი. მაგრამ ტყუილად ცდილობ,
სულერთია, ვერსად დაიმალები. ჭეშმარიტების მახვილი თვალი შედედებულ
ნისლშია გახვეული, მაგრამ მალე ცეცხლისმფრქვეველი ხმალი გააპობს ნისლს
და ელვარე სინათლე გამოჩნდება. მე შენ გაღიარებ, გედეონ რევია, იმიტომ, რომ
შენ ამ ფაშვგადმოგდებულ ქალაქზე მაღლა დგახარ. შენ მაღლა დგახარ შენი
გონებით, მაგრამ რამდენადაც მაღალია შენი გონება, იმდენად ბრმაა შენი სული.
გაახილე სული, გედეონ რევია და იხილე შემოქმედი! არადა, რა ნათელია
ყველაფერი, რა ცხადი, რა მკაფიო! ოღონდ ესაა, სიტყვით არ გამოითქმის.
ამიტომ იგავად გეტყვი: ათასობით რადიოს უშვებენ ქარხნები ყოველდღიურად,
მილიონობით რადიოა ქვეყანაზე. ყველა ლაპარაკობს, ყველა მღერის, ყველა
იჭერს ტალღებს და ყველა გარდაქმნის ელექტროენერგიას რაღაც სხვა სახის
ენერგიად, მაგრამ რა არის რადიო? რა არის რადიოს არსებობა? სიმღერა და
ლაპარაკი? არა. ტალღების დაჭერა? არა. ენერგიის გარდაქმნა? არა. მაშ, რა?
რადიო არის მისი გამომგონებელი, მისი შემოქმედი. რადიოს არსებობის
ერთადერთი ჭეშმარიტება არის ის აზრი, ის იდეა, ის პრინციპი, რომელიც მის
შემოქმედშია. შეიძლება არსებობდეს რადიო რადიოს გამომგონებლის გარეშე? არ
შეიძლება. პრინციპი ერთია და იგი შემოქმედშია. იმავე დროს რადიო
უთვალავია და ყველა მათგანში არის პრინციპი, როგორც მათი ერთადერთი,
ჭეშმარიტი სიცოცხლე და არსებობა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპი
სათითაოდ ყველა რადიოშია, ეს არ არის სიმრავლე, რადგან პრინციპი ერთია.
ამავე დროს პრინციპი არ შეიძლება ერთი იყოს, რადგან იგი უთვალავ
რადიოშია. აქ ლოგიკა ხორცმეტია. იქნებ პრინციპი ერთია, მაგრამ მრავლად
იყოფა და ყველა ცალკეულ რადიოს სწვდება? შეუძლებელია. პრინციპი
განუყოფელია. როცა რადიო დაზიანდება, ის უკვე რადიო აღარ არის, მისი
პრინციპი შორდება მას და შემოქმედს უბრუნდება, ოღონდ ამით შემოქმედის
პრინციპს არაფერი ემატება, ისევე როგორც არაფერი აკლდება იმით, რომ
ქარხნებიდან გამოსულ ურიცხვ რადიოს სათითაოდ უჩნდება პრინციპი, რომლის
გარეშე იგი რადიო ვერ იქნება. აი, ეს არის რადიო. შემოქმედის პრინციპი, იდეა,
აზრი, რომელიც არა ერთია და არც მრავალი, არც ნაწილია და არც მთელი, არც
არსებობაა და არც არარსებობა. შენ რადიო ხარ, გედეონ რევია, შენ ლაპარაკობ,
მღერი, ტალღებს იჭერ, ერთ ენერგიას მეორედ გარდაქმნი. საუბედუროდ, შენი
არსებობა შენ სწორედ ეს გგონია. შენ შენი ნაწილების ლოგიკურ და მწყობრ
განლაგებაში ხედავ შენს არსებობას. მაგრამ ეს მხოლოდ ქარხნის ხელობაა,
ფიზიკური არსებობა, იდეის მექანიკური განხორციელება. რომელი ქარხანა
შეგქმნიდა და აგაწყობდა, რომ არ ყოფილიყო შემოქმედის აზრი, შემოქმედის
არსში რომ შენი იდეა არ შექმნილიყო? სანამ შენ შეიქმნებოდი, შენი მოდელი
არსებობდა, რომელიც შენზე სუფთაა. სანამ შენი მოდელი შეიქმნებოდა, ნახაზი
არსებობდა, რომელიც მოდელზე სუფთაა. სანამ ნახაზი შეიქმნებოდა, იდეა
არსებობდა, რომელიც ნახაზზე სუფთაა. ეს არის რადიოს არსებობა და
გამოვლენის გზა.

სამსონი წამით გაჩუმდა. გაფართოებული, მოელვარე თვალებით მისჩერებოდა


გედეონს და მღელვარებისაგან ოდნავ ქშინავდა.

გედეონმა პაუზით ისარგებლა (ან, შესაძლებელია, ჩათვლა, რომ მოხსენება უკვე


დამთავრდა) და თქვა: - ყავა თუ არ გინდა, ნამცხვარს მოგიტან. მაღაზიისაა,
მაგრამ გემრიელია.

აბელს გედეონის მაგივრად შერცხვა და თვალი მორიდებით, ქურდულად


გააპარა სამსონისაკენ. თავად გედეონი კი ურცხვად, გულკეთილი ღიმილით
უყურებდა სამსონს. მაგრამ სამსონს ყურიც არ შეუბერტყავს.

- მე ნამცხვარს არა ვჭამ. ნამცხვარი შენ ჭამე და შენს მოწაფეებს აჭამე, თუკი
იმათაც კუჭი ჰგონიათ არსებობის ძირი და გულისგული. - წყნარად,
დაფიქრებით თქვა სამსონმა. მერე წამოდგა, წამოიმართა, ხელები მკერდზე
დაიკრიბა და ზემოდან დახედა მასპინძელს. დიდი პირი ჰქონდა, დიდი ცხვირი,
დიდი კბილები. თავზე უზბეკური ქუდი ეხურა. - ჭეშმარიტი ადამიანი,
რომელიც ფიზიკურ პლანში არ არის გამოკეტილი და სულის
თავისუფლებისათვის ზრუნავს, საჭმელს კი არ ჭამს, საზრდოს იღებს, რათა
სხეული არ გაანებივროს, არ გააზულუქოს და თავზე არ დაისვას. სხეული
ძაღლივით უნდა გყავდეს გაწვრთნილი, ერთგულად გემსახურებოდეს და
მცირედით კმაყოფილდებოდეს. სხეული მონაა. მონა კი შემთხვევას ელის, რომ
ბატონად გაგიხდეს. ამიტომ გამუდმებული წვრთნა სჭირდება. გრძნობადი
სამყარო ცხრაკლიტულია, რომელშიაც ჭეშმარიტებაა დამწყვდეული. უნდა
გაარღვიო ცხრაკლიტული და სული სამშვიდობოს გაიყვანო. ამიტომ უნდა
დათრგუნო სხეული. ამიტომ უნდა მოსპო და მოიშორო სურვილები, გრძნობადი
ცხრაკლიტულის ეს ერთგული მცველები. ყველა სურვილი უნდა მოკლა, თუ
გინდა მიადგე თავისუფლების კარს.

- იმის სურვილიც უნდა მოვკლა, რომ ყველა სურვილი მოვკლა და


თავისუფლების კარს მივადგე? - მიამიტურად ჰკითხა გედეონმა.

- შენ გგონია, მაგ იქედნური კითხვით ლახვარი ჩამეცი! - დაცინვით თქვა


სამსონმა. მისი დაცინვა მკვრივი იყო, სწორხაზოვანი, ბავშვური, ამიტომ თავის
მოვალეობას ცუდად ასრულებდა. - სიტყვების კომბინაცია, შენი ფარი და ხმალი,
მხოლოდ გონების სფეროში ჭრის, სულიერი არსებობის პლანში კი, საიდანაც მე
გელაპარაკები, ძალა არა აქვს. შენი გონებამახვილობა ბერწია და ბლაგვი. გონება
ზღვარდადებულია და ყველაფერი, სადამდეც მას ხელი მიუწვდება, ასევე
ზღვარდადებულია. ხოლო რაც ზღვარდადებულია, ის ილუზიაა. როცა გონების
სამანებს გასცდები და უსაზღვროებაში შედგამ ფეხს, მაშინ დაინახავ, რა
უმნიშვნელო, რა წვრილმანი, რა უაზროა გრძნობადი სამყარო. ბუზები და
ჭიანჭველები ღმერთის იგავია და ჩვენდა სამაგალითოდაა შექმნილი. საკუთარ
სიცოცხლეს უმწვავეს ტკივილად განვიცდით. ჭიანჭველას გავსრესთ და
არავითარ ტკივილს არ ვგრძნობთ. რატომ? იმიტომ, რომ სხვა სიმაღლიდან
ვუყურებთ და მის ტკივილს ჩვენს ტკივილად ვერ მივითვლით. ეს არის
ცვალებადობა, მოძრაობა და შეფარდებითობა. სწორედ ასე უყურებს
თავდაღწეული სული უსაზღვროების მარადიული უძრაობიდან ჩვენს ცვალებად,
კონკრეტულ, წარმავალ ყოფას. საკუთარი სხეულის სიკვდილი სულისათვის
ისეთივე წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტია, როგორც გონებისთვის ჭიანჭველას
გასრესა. აი, ეს არის თავისუფლება, ეს არის უკვდავება და ჭეშმარიტი რეალობა.

გედეონმა რამდენჯერმე დაუქნია თავი. ამან აბელი გააკვირვა და დააინტერესა.

- მეტიც შეიძლება ითქვას, - დაფიქრებული სახით შეხედა გედეონმა სამსონს, -


სხეული არათუ წვრილმანი და უმნიშვნელოა, სრულიად ზედმეტიცაა. სხეული
ხელოვნური რამაა, სკაფანდრია, რომელიც სულს იმისთვის დასჭირდა, რომ
დროსა და სივრცეს მორგებოდა და კონკრეტულ სამყაროში გამოვლენილიყო.
სიცოცხლე და სიკვდილი სკაფანდრის არსებობის ფორმაა და არა - სულის.
სკაფანდრი გაცვდება და დაიშლება, სული კი ცქვიტად დაუბრუნდება თავის
საწყისს, თავის წყაროს. თუმცა ჩემს ნათქვამში ახალი არაფერია, - გაიღიმა
გედეონმა, - ეს იგივე რადიოს იგავია, შენ რომ გვიამბე, ოღონდ ცოტა
გადასხვაფერებული და სხვა სიტყვებით გამოთქმული.

სამსონის გაფართოებულ თვალებში აღტაცების ნაპერწკალი დიდი სისწრაფით


ინთებოდა და იბჟუტებოდა. სამსონი ვერ მიმხვდარიყო, გედეონი გულწრფელად
ლაპარაკობდა, თუ ეს მისი მორიგი ფანდი იყო.

გედეონი იმდენად სერიოზულად ლაპარაკობდა, სიტყვა „ცქვიტი“ რომ არა,


შეიძლება, აბელიც დაებნია.

თავად გედეონი კი ერთხანს გაჩუმდა, თითქოს ეფექტს ამოწმებსო, მერე თქვა: -


მაგრამ აქ ერთი გადაულახავი დაბრკოლებაა: როდესაც სასრულოვანის
მაგალითით უსასრულოზე ვლაპარაკობთ, ადამიანური არშინით ღვთაებრიობას
ვზომავთ, ლოგიკურ წანამძღვრებით ირაციონალურის შესახებ ვაკეთებთ
დასკვნას, ამით ხომ ფაქტიურად იმას ვემხრობით, ვინც ამტკიცებს, რომ ღმერთს
კი არ შეუქმნია ადამიანი, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი.

- მკრეხელი ხარ შენ, გედეონ რევია! - ნაპერწკლები დაკვესა თვალებიდან


სამსონმა და საჩვენებელი თითი თეატრალურად მიაშვირა მასპინძელს, -
მკრეხელი და ღვთის მგმობი. ცოდვილი ხარ და მაგ ცოდვების გამო მკაცრად
დაისჯები.

- შეუძლებელია, - ღიმილით გაებადრა სახე გედეონს, - ჩემი სული ხომ


აბსოლუტის პრინციპია, ერთი, მარადიული, განუყოფელი! როგორ უნდა
დაისაჯოს ერთი, მარადიული და განუყოფელი? შენ თუ სხეულს გულისხმობ,
სხეული დაისაჯოს. რადიოსა და სკაფანდრს რა მოუვა, ეგ მე რაში მეკითხება!
- არ არის ადამიანის საშველი... - დაფიქრებით და მწუხარედ თქვა სამსონმა, -
ქრისტე ღმერთმა შენი გულისთვის ხორცი შეისხა და კაცის სახით მოევლინა
ქვეყანას. შენი გულისთვის ეწამა, შენი გულისთვის ჯვარს ეცვა, შენი ცოდვები
იტვირთა, შენ კი როგორ უხდი სამაგიეროს...

- ჩემი ცოდვები იუდამ იტვირთა და არა ქრისტემ.

- იუდა ხარ შენ! - ხმას აუმაღლა სამსონმა.

- იუდამ აქცია იესო ნაზარეველი ქრისტე ღმერთად, - მშვიდად მიუგო გედეონმა,


- თუ ქრისტე მართლა ღმერთი იყო, სამსონ, მაშინ ჯვარცმა უბრალო
თეატრალური სანახაობაა, წარმოდგენა, თამაში, ისეთი, როგორსაც მე და აბელი
ყოველ საღამოს ვმართავთ. ეს კაცი კვირაში ორჯერ კვდება ტიბალტად და მერე,
ფარდა რომ დაიხურება, ისევ აბელად აღდგება. ღმერთი თუ ხარ, ჯვარცმა რა
დიდი გამოცდაა! გასცდები ჯვარცმას, ამაღლდები, ნახევარი მსოფლიო
მუხლებზე დაეცემა შენ წინაშე, თუკი ეს რამეში გჭირდება და ამოდენა ხალხში
ერთი არ გამოჩნდება ისეთი, სიკვდილის წინ რომ სინანულის სიტყვები
წამოგცდა, ის სიტყვები გაგიხსენოს და წამოგძახოს. იუდამ რაღა ქნას, ან იმ
საწყალმა ებრაელებმა, რომლებიც ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ „ჯვარს აცუ
ეგე! ჯვარს აცუ ეგე!“, რათა იესოს ქრისტედ გადაქცევაში თავიანთი წვლილი
შეეტანათ? იუდას გამცემლობა და ებრაელების სულმოკლეობა რომ არა, დღეს
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგია არ იარსებებდა. ერთი საბათაი ცევა
იყო, სამსონ, რომელმაც მესიად გამოაცხადა თავი და ეჭვი არაა, გახდებოდა
კიდეც მესია, მაგრამ კონსტანტინეპოლის ცბიერმა და შორსმჭვრეტელმა
ხელისუფლებმა ჭკუა იხმარეს და სიკვდილით არ დასაჯეს. იუდამ კარგად
იცოდა, რა მსხვერპლს იღებდა და გაბედულად მისცა თავი საწყევრად ისტორიას.
იუდამ იცოდა, რომ მისი დიდი ცოდვის გარეშე ადამიანი ღმერთს ვერ
მოიპოვებდა. და მისცა ღმერთი ადამიანს. ოცდაათი ვერცხლი გულგრილად
გადაყარა და „შიშთვილიბა“ მშვიდად, ისე, რომ ერთი სინანულის სიტყვა არ
დასცდენია. ჩვენი ყველა ცოდვა იუდამ იტვირთა. სწორედ იუდაშია
თავმოყრილი ჩვენი ორივე მისწრაფება - ღმერთის გაცემაც და ღმერთის
დამკვიდრებაც. რამდენი წმინდანი ჰყავს ქრისტიანულ ეკლესიას ისეთი, ვინც
იუდას ფრჩხილად არ ღირდა! იუდა კი არათუ წმინდანად არ შერაცხეს, დღემდე
კრულვით იხსენიებენ.

- სატანა! - ისეთი კილოთი შესძახა სამსონმა, გაბრაზებული ბავშვები რომ


ერთმანეთს მეტსახელს წამოსძახებენ.

- გიყვარდეს მოყვასი შენი... - მშვიდი ღიმილით შეაგება გედეონმა.

- მოყვასი ხარ შენ?! ამპარტავანო! გულზვიადო! მზვაობარო! შენ მოყვასი კი არა,


მტერი ხარ!

- შეიყვარე მტერი შენი... - იმავე კილოთი თქვა გედეონმა.

- კი, როგორ არა, სულში ჩაგიძვრენ! შენნაირები უფალსაც არ უყვარდა.


- მაშასადამე, ვერც უფალი მისდევდა თანმიმდევრულად საკუთარ მოძღვრებას.
იმიტომ, რომ ეს მოძღვრება არაბუნებრივია. მტრის შეყვარება შეუძლებელია,
სამსონ. თუ მტერია, ვერ შეიყვარებ და თუ შეიყვარე, მტერი არაა.

- გვმოძღვრავ, მწიგნობარო?! ქრისტეს ეტოქები, სატანავ?! თავი მოიდრიკე. ამაყი


თავი მოიდრიკე. ვინც აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს!

- მეც მანდა ვარ. ხოლო ვინც დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს.


ქრისტიანობამ პატივმოყვარეობის სენი ვერ მოიშორა. ბოლოში უნდა დაჯდე იმ
იმედით, რომ მასპინძელი შეგნიშნავს და თავში გადმოგსვამს. თავში ჯდომის
წყურვილი სოლივითა აქვს ჩაჭედილი ქრისტიანობას.

სამსონმა ნაღვლიანად გადააქნია თავი. მერე გედეონს მიაჩერდა. დიდხანს უყურა


მწუხარედ. ისე მწუხარედ უყურებდა, აბელს არ ეგონა, თუ თვალზე ცრემლი არ
მოადგებოდა. ბოლოს წყნარად თქვა: - ყველა საკუთარ კვალში დგას... არადა, რას
არ ვიზამდით! მთებს გადავაბრუნებდით შეერთებული ძალით. მაგრამ შენი
სული ჯურღმულშია, - სამსონი შებრუნდა და ნელი, მძიმე ნაბიჯით წავიდა.
კართან მოტრიალდა, კიდევ ერთხელ შეხედა გედეონს და უთხრა, - სასუფეველს
ვერ ეღირსები შენ, გედეონ რევია. - ამ სიტყვებით ოთახს გასცდა და თვალს
მიეფარა. ერთი წუთის შემდეგ მოისმა, როგორ გაიხურა კარი.

აბელი გედეონს მისჩერებოდა. გედეონი დაფიქრებული იჯდა, ბუნჩულა სახე


ჰქონდა და მოძრავი, მკვირცხლი თვალები.

ბოლოს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, აბელმა თქვა: - იქნებ რწმენის ორგანოც


არსებობს?

გედეონმა მოხედა.

- კიდევ ხომ არ დაგველია თითო ფინჯანი ყავა?

აბელს სახეზე ნელა გადაურბინა ღიმილმა.

- რატომ არ აღიარებთ სამსონს?

- მოდი, მემუარებს დავწერ. რას იტყვით, აბელ, როგორი აზრია?

- ჩინებული.

- ხვალიდანვე შევუდგები.

- ამაღამვე შეუდექით.

- ამაღამ ქაღალდი არა მაქვს.

- ჰოო... თუ ქაღალდი არა გაქვთ, ამაღამ ვერ შეუდგებით, მაგრამ სამსონს რას
ერჩით? რატომ ელაპარაკებით წაბლის გემოზე იმის მიხედვით, თუ როგორ
იჩხვლიტება წაბლის ბურძგალი?
- იმიტომ, რომ მაინტერესებს, მეტყვის თუ არა როდისმე: გავხსნათ, გედეონ
რევია, ეგ ბურძგალი და ისე დავადგინოთ წაბლის გემოო. მაგრამ არ მეტყვის.
ჩვენ გულები დიდი გვაქვს, თავები კი პატარა.

- რწმენის ორგანო არ არსებობს?

- არა მგონია. რწმენა სხვა რამეა. რწმენა, აბელ, ალბათ, ხიდია, რომელიც ჩვენს
ზღვარდადებულ არსებობას ჩვენივე ზღვარდაუდებელ არსებობასთან აერთებს,
მაგრამ ამ ხიდს რომ მიადგე, ცხრა ზღვა და ცხრა მთა უნდა გადაიარო. უნდა
დაიქანცო, უნდა დაიტანჯო, უნდა დაბერდე. ჩვენ ხშირად სისულელე და
ოპტიმიზმი ერთმანეთში გვერევა და ბოლო საფეხურიდან პირდაპირ კიბის
თავში გვინდა მოვექცეთ. შუაში კი ათასი საფეხურია. თავის დროზე, ბიბლიის
პირობითობას რომ მივმართოთ, სანამ ადამი შემეცნების ტკბილ-მწარე ნაყოფს
გემოს გაუსინჯავდა, რწმენა ბუნებრივი და თავისუფალი რამ იყო, როგორც კი
საგანთა ბუნება ორმაგი გახდა და უსასრულობას წერტილი დაუპირისპირდა,
გონებამ საკუთარ ხელში აიღო გამგებლობა და რწმენა თანდათან შეავიწროვა.
შესაძლებელია, სწორედ ეს არის წყევლა და სასჯელი. ამიტომ სამსონის
ფრთხიალი ახლა უაზრო ფრთხილია, ახლა ინტელექტმა თავისი თავი ბოლომდე
უნდა ამოწუროს, სხვაგვარად დაკარგულ რწმენას ვეღარ ვიპოვით. ამიტომ უნდა
დაიხუროს თეატრები და ამიტომ უნდა გაიხსნას უნივერსიტეტები.
ათასსაფეხურიანი კიბე შემეცნების ქანცგამწყვეტი გზაა. სულსწრაფობა არ
გვარგია. დღეს შეიძლება რომელიმე საფეხურს გადავახტეთ კიდეც და
გაგვიხარდეს, მაგრამ ხვალ უკან დაბრუნება მოგვიხდება, რათა ის
გამოტოვებული საფეხური გავიაროთ. უწიგნური ან მწირი ინტელექტის პატრონი
კაცი ჭეშმარიტ რწმენას ვერ მიაღწევს. რომელი ერთი გამოადგა ქრისტეს იმ
უბირი, წერა-კითხვის უცოდინარი მებადურებიდან, მოციქულებად რომ აირჩია?
მთელი სიცოცხლე მათთან გაატარა, ყველაფერი ასწავლა. იმ კაცს კი, ვინც
ჭეშმარიტი მოციქული აღმოჩნდა და ვინც ქრისტიანობა დიდ რელიგიად აქცია,
მასწავლებელი თვალით არ ენახა, რატომ? იმიტომ, რომ ის კაცი, დანარჩენი
მოწაფეებისაგან განსხვავებით, წიგნიერი და მოაზროვნე კაცი იყო. ცხადია,
ქრისტიანობამ სექტანტობის ვიწრო რკალი ჯვარცმის მეშვეობით გაარღვია,
მაგრამ პავლე მოციქული რომ არ ყოფილიყო, ასე ფართოდ ვერ გაიდგამდა
ფესვებს და ებრაელობის ქერქიდან ვერ გამოძვრებოდა. მაგრამ რელიგიას ერთი
დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გემო რელიგიაში ხშირად
რწმენას კი არა, თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ
პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსსა და ინტელექტის სიღარიბეს
მალავენ. სამსონი ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყია. ყოველ კაცს
განვითარების საკუთარი, პიროვნული ბილიკი აქვს, რომელიც ერთ საერთო
გზას უნდა უერთდებოდეს. და თუ არ უერთდება, ეს ბილიკი გაუქმებული
ბილიკია.

- ის საერთო გზა საითღა მიდის?

- აბა, რა ვიცი, აბელ, - გაიღიმა გედეონმა, - არც არავინ იცის.

- მაშინ სამსონს რას ერჩით? თუ საერთო მიმართულება არ ვიცით, იფართხალოს


თავისთვის ღრუბლებში.
- მიზნის უცოდინარობა იმის უფლებას არ იძლევა, რომ ქვენა გრძნობებს
გალიის კარი გავუღოთ. მეზღვაურმა შეიძლება არ იცოდეს ხომალდის კურსი,
მაგრამ ის ხომ იცის, რომ ხომალდს უნდა მოუაროს, კაიუტები დაასუფთაოს,
ვირთხებს ებრძოლოს, დაბზარული ადგილები შეაკეთოს? საითაც არ უნდა
მიდიოდეს გემი, მეზღვაურმა მეზღვაური არ უნდა მოკლას და არ უნდა
გაძარცვოს. ლეშის სუნი მომაკვდინებელია, აბელ, ჩვენ კი ხომალდის ქიმზე
ვსხედვართ და არხეინად, როგორც გვჩვევია, ვმღერით: კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი! იმდენ ხანს ვიმღერეთ, რომ სიმღერაში კარგად
დავოსტატდით, სამაგიეროდ, ამასობაში რისთვის ვმღეროდით, დაგვავიწყდა და
ლეკვები უპატრონოდ დაგვრჩა. ვინ დაზრდის ბედის ანაბარა მიტოვებულ
ლეკვებს? მართლა მგლებად რომ დაიზარდონ, მერე რაღა ვქნათ?

- რატომ იღებთ მაგალითებს მარტო მარცხენა ჯიბიდან?

- მარჯვენა ცარიელია. წარსულისკენ კი რაც შეიძლება იშვიათად უნდა გაიხედო.


წარსულის ცქერამ გაბრუება იცის.

- სამსონი იქნებ მართლა ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყია, მაგრამ ნუთუ


მარტო ლეშის სუნი გცემთ და ვარდის სურნელს ვერა გრძნობთ?

- ვარდის სურნელს? - გაუკვირდა გედეონს, - საიდან მოდის?

- არ ვიცი, შესაძლებელია, გორდაძეებიდან.

გედეონი უხმოდ, მაგრამ აშკარა ინტერესით დააცქერდა აბელს. ერთხანს უყურა,


ბოლოს თქვა: - მაშ, წავალ, კიდევ მოვადუღებ ყავას.

აბელი ნაშუაღამევის ორ საათამდე დარჩა, მეორე დღეს კი, დილის ათ საათზე,


კვლავ მიაკითხა, რათა თეატრში ერთად წასულიყვნენ. თერთმეტზე ორივეს
რეპეტიცია ჰქონდა.

მოხუცი, როგორც ყოველთვის, ცოცხალი, მოძრავი და ხალისიანი იყო. მარჯვედ


მიაბაკუნებდა თავის ხელჯოხს და ენერგიულად აქიაქებდა ნაცნობებსა და
ახლობლებს. ხან რომან ადეიშვილს მისწვდა, ხან ასლანს, ხან არიოსტო
ხოფერიას. ბატონი ვიქტორი და მისი მომხიბლავი მეუღლეც გაიხსენა. არც
ბატონი ალექსანდრე გამორჩენია.

მოედანს რომ მიუახლოვდნენ და წიგნების მაღაზიას გაუსწორდნენ, სადაც ერთ


დროს სამსონი მუშაობდა, გედეონი შეჩერდა და ორივე ხელით ჯოხს დაეყრდნო.

აბელიც შეჩერდა. ადრე აბელს გედეონის ეს ჩვევა - სეირნობისას შეჩერებულიყო


და მოსაუბრეც აეძულებინა, მასთან ერთად შეჩერებულიყო - ცოტა აღიზიანებდა.
მერე და მერე მიეჩვია. ახლაც, როგორც კი მოხუცი შედგა, ისიც შედგა და
მოხედა.

- წუხელ ბევრი ვიფიქრე, აბელ, - თქვა გედეონმა, - და გადავწყვიტე, მართლა


დავწერო მემუარები.

წუხელ, როდესაც გედეონმა მემუარების წერა ახსენა, ამ აზრმა ისე გაიარა


აბელის ცნობიერებაში, იქ არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ახლა კი ერთბაშად
დაინახა დაწერილი მემუარები, წარმოიდგინა, რომ ღამით ბუხრის პირას ზის და
გედეონის ცხოვრების ამბავს კითხულობს და ამან უცნაურად დააინტერესა და
გაახარა.

- მართლა?! წარმომიდგენია, რა სულმოუთქმელად წავიკითხავ.

- ცნობისმოყვარეობა, აბელ, ცნობისმოყვარეობა. ფარდის უკან შეჭყეტის


სურვილი... თუ მოვახერხე და დავწერე, ეს იქნება საკუთარი თავის
გასამართლება. დეტალურად უნდა აღინუსხოს ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივ
ვმალავთ ხოლმე იმის შიშით, რომ სხვების თვალში მართლა ისეთი არ
გამოვჩნდეთ, როგორიც სინამდვილეში ვართ. გაიხსნება ფარდა და სცენაზე
გამოვა პატარა კაცის ყველა თვისება. ლიანდაგზე გავლა გიცდიათ ბავშვობაში?

- კი.

- ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის


შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე
მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო,
მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ
და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და
რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და
ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი. მემუარების ერთადერთი ღირსება
გულახდილობაა. ამას თუ მივაღწევ, იქნებ ვინმეს მართლა გამოადგეს. მე
თვითონ მაინტერესებს, როცა ყველაფერი დაიდება სასწორზე, რა დარჩება ჩემგან.

მოედანს რომ გასცდნენ და თეატრისაკენ მიმავალ ვიწრო ქუჩაში შეუხვიეს,


მოხუცი კვლავ შეჩერდა.

- ქაღალდი მართლა არა მაქვს, - ღიმილით თქვა, - თქვენ აქ დამელოდეთ, აბელ.


ვიყიდი ქაღალდს და ახლავე დავბრუნდები, - ამ სიტყვებით ხელჯოხი ასწია და
ქუჩის მეორე მხარეს გაიშვირა, სადაც მაღაზიას დიდი ასოებით ეწერა
„კულტსაქონელი“.

თუ მემუარების დაწერა გნებავთ, უნდა გადაჭრათ ქუჩა და გადაღმა მხარეს


გადახვიდეთ, სადაც „კულტსაქონლის“ მაღაზიაა, მაგრამ, ახლავე დავბრუნდებიო,
ნუ დაიბარებთ, რადგან კაცი რომ ქუჩას გადაკვეთს, მან დანამდვილებით
არასოდეს არ იცის, დაბრუნდება თუ არა უკან.

გედეონ რევიამ ქუჩა გადაჭრა, „კულტსაქონლის“ დაღებულ ხახაში გაუჩინარდა


და ორიოდე წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდა საწერი ქაღალდით ხელში. სახეზე
ჩვეულებრივი, გულკეთილი და ცოტა ეშმაკური ღიმილი ეფინა, ხოლო
ქაღალდის სიმრავლე იმის მაუწყებელი იყო, რომ მემუარებისათვის მასალა
ბლომად უნდა ჰქონოდა.

გედეონ რევიამ შუამდე მოაღწია ვიწრო ქუჩას და უეცრად აღმოჩნდა


შემაძრწუნებელ სპექტაკლში, სადაც უარყოფითი პერსონაჟის თამაში დაეკისრა.

მანქანამ იკივლა და დაიღრჭიალა.


სამემუარო ქაღალდი მაშინვე ძირს დაცვივდა. პერსონაჟი კი სწრაფად გადახტა
უკან და მეორე, უფრო დიდ მანქანას ჩაუვარდა ბორბლებში, მაგრამ სანამ
ჩაუვარდებოდა, მოასწრო ყველაფრის აღქმა და მაყურებლამდე დიდი
სიმართლითა და დამაჯერებლობით მოტანა. ეს იყო უკანასკნელი „შეფასება“. -
ხელები წინ გაიშვირა იმ ვარაუდით, რომ მასზე მომავალი მანქანა შეეჩერებინა
(კომიკური შტრიხი უარყოფითი პერსონაჟის ხასიათში) და სახე მოეღრიცა.
დანარჩენი თვალებით გადმოსცა. თვალებით გადმოსცა გარდაუვალი სიკვდილის
შეგნება, კოსმიური პანიკა, აბსოლუტური, ყველაგზადახშული უმწეობა,
შებრალების აბსურდული მუდარა და სევდა, თითქოს უადგილო, მაგრამ მკაფიო,
ყოვლის გამმსჭვალავი და, შესაძლებელია, ცოტა მელოდრამატული სევდა.

მეორე მანქანამაც იკივლა და დაიღრჭიალა, მაგრამ როლი უკვე ნათამაშევი იყო.

როდესაც ცალ მუხლზე წამოჩოქილი აბელი მარჯვენა ხელით საკინძეს უხსნიდა,


ხოლო მარცხენით მისი თავი ოდნავ წამოწეული ეჭირა, მოხუცის
გაფართოებული, თითქოს ცოტა გაოცებული თვალები სახეზე ჰქონდა
მობჯენილი. მაგრამ ეს თვალები ახლა ისეთი იყო, ვერც კი დაიჯერებდით, თუ
მათში ოდესმე აზრის ნატამალი ჭაჭანებდა.

დასაფლავებას ლამის მთელი ქალაქი დაესწრო. ასეთ ერთსულოვნებას სამი


სერიოზული მიზეზი ჰქონდა: პირველი ის იყო, რომ გავარდა თუ არა ხმა
გედეონ რევიას დაღუპვის შესახებ, ქალაქის თვალში განსვენებულის აქციებმა
ერთბაშად აიწია. ქალაქი მიხვდა, რა კაცი მოუკვდა. მეორე მიზეზი ის იყო, რომ
მკვდარი გედეონ რევია საზოგადოების ყველა ფენას თანაბრად უყვარდა. ზოგს
იმის გამო, რომ სიცოცხლეშიც უყვარდა და პატივს სცემდა, ზოგს იმის გამო,
რომ სიცოცხლეში სძულდა და ეშინოდა... მესამე მიზეზი ის იყო, რომ ქალაქს
დიდი ხანია აღარ ჰყოლია საზოგადოებრივი მნიშვნელობის მიცვალებული და
ეგრეთწოდებულ საზეიმო-სამგლოვიარო მიტინგებს (რომლებიც, თუ
ძირისძირობამდე ჩავდევთ, მაინც უფრო საზეიმოა, ვიდრე სამგლოვიარო)
მონატრებული იყო.

ცხედარი თეატრიდან გაასვენეს. წინა ორ საღამოს სახლში გაიმართა პანაშვიდი,


დასაფლავების დღეს კი - თეატრის დიდ ფოიეში. იწვა იქ მარტოდმარტო,
როგორც ლახტის ქამარი და ირგვლივ, წრეზე, განუწყვეტელ ნაკადად უვლიდნენ
ქუდმოხდილი და არაბუნებრივად სერიოზული მოქალაქეები.

სიტყვით გამომსვლელები დამკრძალავმა კომისიამ ორ ნაწილად გაყო. სიტყვების


ერთი ნაწილი თეატრში წარმოითქვა, ხოლო მეორე ნაწილი - სასაფლაოზე,
სამარის პირას.

სასაფლაო საუკეთესო ადგილას იყო გაშენებული, ტყე-პარკის მოპირდაპირე


მხარეს, ქალაქის ბოლოში, მაღალი გორაკის წვერზე. პარკთან შედარებით
სასაფლაოს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ გადასახედი ოთხივე მხარეს იყო და
ქვეყნის ოთხივე ყურე დიდ მანძილზე ჩანდა. ქვემოთ მდინარე მიედინებოდა და
გვერდით ტირიფის ჭალა მისდევდა (მდინარეს თუ თვალს გააყოლებდით და
მერე მზერას მარცხნივ გადაიტანდით, გზატკეცილის გადმოღმა მხარეს აბელის
სახლსაც დაინახავდით). მდინარის გამოღმა, გორაკსა და პარკს შორის, დიდ
ნახევარწრედ გადაშლილიყო ქალაქი. უკან ვრცელი დაბლობი იყო, შორეული
სოფლები და შორს, ძალიან შორს, მარადიული თოვლით დაფარული
მწვერვალები. ერთი სიტყვით, ნამდვილი სამოთხე იყო, კაცი უკეთეს ადგილს
ვერ ინატრებდა.

მოახლოებული ზამთარი იგრძნობოდა. გვარიანად ციოდა და სუსხიანი ქარი


უბერავდა. საზოგადოების ნაწილს უკვე თბილი პალტოები ეცვა, ნაწილი კი (მათ
შორის ბატონი ალექსანდრე და ამის გამო ყველა მისი თანმხლები პირი) ჯერ
კიდევ თხელი ლაბადებით უმკლავდებოდა სიცივის შემოტევას. ვისაც თმა
ჰქონდა, ამ თმას ქარი უწეწავდა.

გედეონ რევია გამზადებული სამარის პირას დაასვენეს და სიტყვების


წარმოთქმას შეუდგნენ. სასაფლაოზე სიტყვები წარმოთქვეს ქალაქის კულტურის
განყოფილების გამგემ, თეატრის მთავარმა რეჟისორმა, განათლების
განყოფილების გამგემ და გაზეთის რედაქტორმა. ყველა მათგანი ლაპარაკობდა
ძალიან ნელა, ხმოვნებს (განსაუთრებით „ე“-სა და „უ“-ს) გაბმით წარმოთქვამდა,
რაც გლოვის საზეიმო განწყობილებას ქმნიდა.

პირველი კულტურის განყოფილების გამგე იყო. მან ლაბადის ერთი ჯიბიდან


სათვალე ამოიღო, მეორედან დაკეცილი ფურცელი და კითხვას შეუდგა. მისი
თეატრალურ-სამგლოვიარო ტონი, რომელსაც გულიდან ამოხეთქილი დარდის
შთაბეჭდილება უნდა შეექმნა, ცოტა კომიკურად ჟღერდა იმის გამო, რომ
ორატორი ამ „გულიდან ამოხეთქილ დარდს“ ქაღალდზე კითხულობდა.

ადეიშვილმა, დიდიძემ და გარაყანიძემ ზეპირად ილაპარაკეს და ამით


მსმენელებს პირველ ორატორზე მეტად მოაწონეს თავი.

როდესაც გედეონ რევია ფრთხილად ჩაუშვეს სამარეში და საზოგადოებამ


ქალაქისკენ ქნა პირი, აბელმა შენიშნა, რომ სამარის პირას მესაფლავეების გარდა
კიდევ ერთი კაცი დარჩა. ეს კაცი სამსონი იყო. იგი გულხელდაკრეფილი იდგა,
ერთხანს მდუმარედ, დაფიქრებით ჩასცქეროდა საფლავს, რომელსაც მუყაითად
ავსებდნენ ნიჩბებმომარჯვებული მესაფლავეები. ბოლოს ნელა, მძიმედ გადაიქნია
თავი, ამოიოხრა და თქვა: - ეეჰ! გედეონ რევია, გედეონ რევია...

დასაფლავების შემდეგ საზოგადოების რჩეული ნაწილი ლუდხანისკენ გაეშურა


და ჭირის სუფრას მიუჯდა.

მოგვიანებით, შინ რომ დაბრუნდა, აბელი დიდხანს იდგა ფანჯარასთან და


სიბნელეში ჩასვენებულ მდინარეს გასცქეროდა, მერე კი მაგიდას მიუჯდა, ზედ
იდაყვებით დაეყრდნო, ხელები ნიკაპსა და ლოყებზე შემოიჭდო და ჩამქრალ
ბუხარს მიაჩერდა. მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა რამდენიმე წიგნი, სუფთა
ფურცლების პატარა დასტა, წყლით ნახევრად სავსე გრაფინი, მაღალი ჭიქა,
კალმისტარი, რომელსაც ექვსი წვერი ჰქონდა და ექვს ფერად წერდა,
ნამწვავებით სავსე ნიჟარის საფერფლე, სიგარეტის კოლოფი და კვესი.

დიდხანს უყურა ჩამქრალ ბუხარს თუ ცოტა ხანს, ბოლოს ერთი ფურცელი


ახლო მოიჩოჩა, კალმისტარი აიღო, ექვსი წვერიდან ერთ-ერთს გამოაყოფინა
თავი და ფურცელზე, ზედა მარცხენა კუთხესთან, პაწაწინა შავი წრე შემოხაზა.
მერე კალმისტარს წვერი შეუცვალა და შავ წრეს მარჯვენა მხრიდან წითელი
ნახევარწრე შემოავლო. ისევ შეუცვალა წვერი კალმისტარს და ახლა, ამჯერად
მარცხნიდან, მწვანე ნახევარწრე შემოავლო. მწვანე ნახევარწრე წითელზე უფრო
მეტად იყო დაშორებული შავი წრიდან, ამიტომ მისი ბოლოები წითელი
ნახევარწრის ბოლოებს კი არ უერთდებოდა, არამედ ოდნავ სცდებოდა. ამის
შემდეგ კვლავ შეუცვალა წვერი კალმისტარს და ახლა ზემოდან და ქვემოდან
შემოავლო ასევე არათანაბრად დაშორებული ცისფერი და ყვითელი რკალები.
ერთხელ რომ მოილია ყველა ექვსი ფერი, თავიდან დაიწყო. როცა თითოეული
ფერის რკალი ხუთ-ხუთჯერ თუ ექვს-ექვსჯერ შემოავლო და ჭრელი წრეც
გვარიანად გაიზარდა, ბოლოს ისევ შავი წრე შემოხაზა და მთელი ნახატი შიგ
მოაქცია. აქ კალმისტარი ფურცელზე დადო და გარინდებული კვლავ ბუხარს
მიაჩერდა. ცოტა ხნის შემდეგ ხელახლა მოიმარჯვა კალმისტარი, დიდ შავ წრეზე
სხვადასხვა ფერისა და სხვადასხვა მიმართულების შემხები ხაზები გაავლო, მერე
რკალებს შორის დარჩენილი ვიწრო, ცარიელი ზოლების ამოვსება დაიწყო პატარ-
პატარა ირიბი ხაზებით. ამასაც რომ მორჩა და ჭრელმა წრემ ასე თუ ისე
დასრულებული სახე მიიღო, მის გასწვრივ, ოდნავ მოშორებით, შავი ფერით
დაწერა: „17 ნოემბერი“. მერე ამ „17 ნოემბერს“ დაუწყო დამუშავება. ერთიანის
ზედა და ქვედა წერტილიდან ორი, მაღლა და მარჯვნივ მიმართული თანაბარი
სიდიდის პარალელური ხაზები გაავლო და ამ ხაზების ბოლოები ერთმანეთს
შეუერთა. ხაზებს შორის მოქცეული არე გასწვრივი პარალელური ფერადი
ხაზებით ამოავსო. საბოლოოდ ერთიანმა მოცულობა შეიძინა და ნახატს
დაემსგავსა. ასევე დაამუშავა შვიდიანიც და „ნოემბრის“ ყველა ასოც. მერე
ყოველივე ამის ქვეშ ფურცლის თავიდან ბოლომდე ხაზი გაავლო და ქვემოთ,
მარცხენა მხარეს ისევ დაწერა „17 ნოემბერი“, ხოლო ამ წარწერის ქვემოთ, ის,
სადაც ჩვეულებრივ ახალი აბზაცი იწყება - „შენ“. ახლა ამ „შენს“ დაუწყო
დამუშავება, თუმცა არა ისე, როგორც წეღან „17 ნოემბერი“ დამუშავა. „შ“-ს
ირგვლივ რამდენიმე სხვადასხვა ფერის „შ“ შემოავლო. ასევე „ე“ -სა და „ნ“ -ს,
მერე ქვეშ ისევ გაავლო ხაზი და ამ ხაზს ქვემოთ უკვე გადაბმული ასოებით და
ცოტა გაკრული ხელით დაწერა: „მზით განათებულ შარაგზაზე ორი ჩრდილი
გვერდიგვერდ მიცოცავდა“. კალმისტარი ისევ ფურცელზე დადო და ის იყო,
კვლავ ბუხარში საცქერლად მოემზადა, რომ უეცრად გადაიფიქრა, კალმისტარი
ხელახლა აიღო და აბზაცით დაიწყო: „როცა ძალიან მოგენატრები, მაშინ
მოვალო, რომ დამიბარე, იმ წუთიდან მოყოლებული მუდამ ძალიან მენატრები.
შენ ალბათ ამას ვერ ამჩნევ. გგონია, რომ „ძალიან“ ჯერ არ დამდგარა.
სინამდვილეში ჩემი ნატვრა თავიდანვე ზღვრამდე იყო მისული, ჩემი ნატვრა
ერთიანი „ძალიანაა“ და შეუძლებელია, რაიმე მიემატოს. დღეს გედეონ რევია
დავასაფლავეთ. ყველა ადამიანი მოკვდავია. რევია ადამიანია. რევია მოკვდავია.
ჩრდილი და ჩრდილი გზად მიდიოდნენ. გედეონ რევია დიდი ზარ-ზეიმით
დავასაფლავეთ და მერე ლუდხანაში წავედით საქეიფოდ. სამსონი ისევ უშვებს
წვერს. თეიმურაზ კილაძე საეჭვოდ ცმუკავდა და წრიალებდა საფლავის
ირგვლივ. მგონი სიტყვის თქმა უნდოდა და ვერ გაბედა. ალბათ, რამე ისეთი
სიტყვა ჰქონდა მომზადებული, რომლითაც თავის მოწონება შეიძლებოდა, მაგრამ
ვერ გაბედა. უნდა გაებედა. ერთმა ჩრდილმა მეორეს უთხრა: „სამყარო,
რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რეალური სამყარო არ არის. იგი ოდენ ილუზიაა,
რეალური სამყაროს ანარეკლი. ჩვენ ჩრდილი და ემანაცია ვართ. ჩვენი
ნამდვილი სიცოცხლე ფიზიკურ პლანში მიედინება, სამგანზომილებიან
სამყაროში, რომლის წარმოდგენა ჩვენ არ ძალგვიძს. როდესაც მზე ჩავა და ჩვენ
გავქრებით, ჩვენ ეს სიკვდილი გვგონია. სინამდვილეში ამ დროს ჩვენს
შემოქმედს ვუბრუნდებით და ხვალ, მზე რომ ხელახლა ამოვა, კვლავ
გავჩნდებით“. გედეონ რევია ღირსეულად დავასაფლავეთ და მერე ლუდხანაში
შესანდობარი ვთქვით. თამადა რომან ადეიშვილი იყო, მაგრამ სუფრას ბატონი
ალექსანდრე ესწრებოდა, რომელმაც აქ ბატონი ვიქტორი შეცვალა, ამიტომ
აქცენტი მალე მასზე გადავიტანეთ და გედეონ რევია გულიდან გადაგვვარდა.
გზად მიმავალი ორი ჩრდილი ორი ქურდის ჩრდილი იყო. შენ წამით ინათე და
მყისვე ჩაქრი, რადგან მე მზად არ ვიყავი საიმისოდ, რომ ელვისთვის თვალი
გამესწორებინა. წერილს აზრი არა აქვს, რომც წაგიკითხო, ვერ გაგაგებინებ. ჩემი
ენა ბრგვნილია, ჩემი სიტყვები გაუთლელი ლოდებია. რა ვუყო...“

ამ ადგილას აბელმა წერა შეწყვიტა, კალმისტარი დადო, წამოდგა და ოთახში


ბოლთის ცემა დაიწყო.

თავი ოცდამესამე

გედეონ რევია უშვილძირო კაცი იყო. ნათესავი არ ჰყავდა და არც


მემკვიდრეობაზე განუცხადებია ვინმეს პრეტენზია. ამიტომ დასაფლავებიდან
რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ კომისია გამოგზავნა, რათა ყველაფერი,
რაც განსვენებულს დარჩა, აღენუსხა და ასე აღნუსხული სახით მიეღო და
ჩაებარებინა. აღწერას მოწმეებიც უნდა დასწრებოდნენ და ეს როლი, როგორც
ყველაზე ახლობლებს, დაეკისრათ რომან ადეიშვილს, ასლანსა და აბელს. არც
კომისიის წევრებსა და არც მოწმეებს ეს მომაბეზრებელი სამუშაო, რომელიც
ეჭვი არ იყო, დიდხანს გასტანდა, არაფრად ეპიტნავებოდათ, მაგრამ ბედმა
გაუღიმათ და საქმე დაწყებულიც კი არ ჰქონდათ, რომ დაამთავრეს კიდეც.
შესაძლებელია, ბედის წყალობის გარდა აქ თავისი სიტყვა თქვა კომისიის
თავმჯდომარის, ხმელ-ხმელი, ჭაღარა, სათვალიანი მოხუცის დიდმა
გამოცდილებამაც. თავმჯდომარემ პირველ რიგში პირადი საბუთების მოძებნა
მოითხოვა. პირადი საბუთები საწოლ ოთახში, საწერი მაგიდის უჯრაში იპოვეს.
საბუთებს გარდა აქ აღმოჩნდა ორი დაწებებული კონვერტი. ერთის ადრესატი,
როგორც ამას კონვერტის წარწერა იუწყებოდა, აბელი იყო, მეორეს კი მკაფიოდ,
დიდი ასოებით ეწერა: „ანდერძი“. „ანდერძი“ აღმოჩნდა კანონის ყველა
პარაგრაფით გაფორმებული ანდერძი, რომლის თანახმად, განსვენებული მთელ
თავის ქონებას აბელს უტოვებდა. კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა შვებით
ამოისუნთქეს, აბელს მილოცვის ნიშნად სათითაოდ ჩამოართვეს ხელი და
მუშაობა დაამთავრეს.

აბელი სახტად დარჩენილი იდგა. „ნუთუ იმ ღამეს იცოდა, რა მოელოდა მეორე


დღეს?“ გაუელვა თავში, მაგრამ მერე, როცა ხელახლა დახედა ანდერძს და ნახა,
რომ იგი მთელი ერთი წლის წინ იყო შედგენილი, გულში გაეცინა თავის
სისულელეზე.

კომისიამ სახლის გასაღები აბელს დაუტოვა და წავიდა. წასვლის წინ ასლანმა


მარცხენა ხელი ბეჭზე დაჰკრა აბელს, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი და
მარჯვენა წარბი მაღლა ასწია და ისე თქვა, თითქოს გამოჭედაო: - უყვარდი შენ!
რომან ადეიშვილმა ისე მიულოცა, კაციშვილი ვერ შეატყობდა, გაუხარდა ეს
ამბავი თუ ეწყინა.

მარტო რომ დარჩა თავის უცხო სახლში, აბელს მაშინღა გაახსენდა წერილი.
წეღანვე აპირებდა გახსნას, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ რომ დაუშალა (ჯერ
საქმეს მივხედოთო), ჯიბეში ჩაიდო, მერე კი ანდერძმა სულ გადაავიწყა.

კონვერტში დიდი ფურცელი იდო და ზედ პატარა ტექსტი ეწერა:


„იურიდიულად, აბელ, ყველაფერი, რაც ჩემი იყო, ახლა თქვენია, რაც შეეხება
მორალურ მხარეს, ეს თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. გედეონი“.

ეს იყო და ეს.

აბელმა რამდენიმეჯერ გადაიკითხა წერილი, მერე დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო,


გამოვიდა, შემოსასვლელი კარი ჩაკეტა და თავისი ძველი, ნაუკლებარი
სახლისაკენ გაუდგა გზას.

წერილმა საგონებელში ჩააგდო. გედეონმა მშვენივრად იცოდა, რომ კანონს


მხოლოდ იურიდიული მხარე ეხება, პიროვნებას კი - მხოლოდ ზნეობრივი
მხარე. ამიტომ კანონს იურიდიული დოკუმენტი დაუტოვა, აბელს კი -
ზნეობრივი დოკუმენტი. მაგრამ ეს დოკუმენტი ბუნდოვანი იყო და აბელის
საფიქრალსაც სწორედ ეს ბუნდოვანება წარმოადგენდა. მთავარი აზრი ეჭვს არ
იწვევდა: აბელს მხოლოდ მაშინ შეეძლო დანატოვარი დანატოვრად ჩაეთვალა,
როცა მემკვიდრეობის მორალური უფლება ექნებოდა. მაგრამ რას ნიშნავს
მორალური უფლება? რამდენადაც აბელმა იცოდა, გედეონ რევიას ზნეობის
სფეროში მყარი თეორიული პრინციპები არ გააჩნდა. დღეს რომ ლამის
წმინდანობას მოითხოვდა კაცისაგან, ხვალ შეიძლება ზნეობის დროშით
გარყვნილების თავგამოდებული დაცვა დაეწყო. აბელი ალბათ ამდენს არ
იმტვრევდა თავს და სულაც უარს იტყოდა ამ საჩოთირო მემკვიდრეობაზე,
მაგრამ გედეონმა ეს გზა იმთავითვე მოუჭრა, რადგან უარის თქმა უკვე
წერილის პასუხი იქნებოდა.

საბოლოოდ, ბევრი ფიქრის შემდეგ, აბელმა გადაწყვიტა, მანამ არ შესულიყო ამ


თავის ახალ სახლში, სანამ შინაგანი რწმენა არ გაუჩნდებოდა, რომ ამის უფლბა
აქვს. ბოლოს და ბოლოს, თავად გედეონ რევიაც ხომ სწორედ ასე აყენებდა
საკითხს!

ეს კი გადაწყვიტა, მაგრამ რაიმე ნაბიჯის გადადგმა და პროცესის შეგნებულად


დაჩქარება გულშიაც არ გაუვლია. პირიქით, ამ მხრივ გედეონ რევიას
სიკვდილის შემდეგ კატასტროფულად იწყო უკან-უკან სვლა. სმას მოუხშირა,
კითხვას მოუკლო, სახლი ერთთავად არეული ჰქონდა, ორჯერ ქუჩაში ჩხუბი
ატეხა, წვერს მხოლოდ შემთხვევიდან შემთხვევამდე იპარსავდა. ერთადერთი
ოჯახი, ვისთანაც ჯერ კიდევ ჰქონდა მისვლა-მოსვლა, გორდაძეების ოჯახი იყო.
მემკვიდრეობით მიღებულ სახლში ერთხელ მივიდა, რამდენიმე წიგნი წამოიღო,
სახლი კარგად დაკეტა და მიატოვა. წიგნები წამოიღო, მაგრამ წაკითხვით არ
კითხულობდა. ხანდახან აიღებდა, გადაშლიდა და ისევ მიაგდებდა. რაღაც რომ
აწუხებდა, გრძნობდა, მაგრამ რა აწუხებდა, არ იცოდა. ზოგჯერ, ორ კვირაში ან
თვეში ერთხელ, ძველ უბანში გაივლიდა, სადაც ხელოსნებისა და მედუქნეების
რიგი იყო, და იქ მართლა ეუფლებოდა რაღაცნაირი შვების, სიხარულის,
თავისუფლების განცდა. ერთხელ იქ სასადილოშიც შევიდა და მეარღნესთან
ერთად კარგად გამოიბრუჟა. ხშირად სიარულს ვერ ბედავდა, ეშინოდა, ის უცხო
განცდა არ გაუფერულებულიყო და არ გამქრალიყო.

ასე გავიდა ზამთარი. ზაფხულის ერთ საღამოს კი მოხდა, ვერ ვიტყვით, რომ
განსაკუთრებით უცნაური და მოულოდნელი, მაგრამ გვარიანად მნიშვნელოვანი
და საინტერესო ამბავი.

გვიანი საღამო იყო. აბელი შინ დაბრუნდა და ჩვეულებისამებრ მიადგა ფანჯარას,


საიდანაც ბინდში ჩაფლული მდინარის ცქერა უყვარდა, რომ უეცრად კარზე
კაკუნი გაისმა.

- მობრძანდით! - უკანმიუხედავად დაიძახა აბელმა და რატომღაც (თავადაც ვერ


მიმხვდარიყო რა სისულელის წყალობით) გაიფიქრა: „ალბათ, უკლება იქნება“.

კარი რომ გაიღო და დაიხურა, მაშინღა მიიხედა.

ოთახში სამსონი იდგა. მაგრამ ასეთი უჩვეულო სამსონი აბელს ჯერ არ ენახა.
ხაკისფერი ხალათი ეცვა და ხაკისფერი, მაღალი ტყავის ჩექმებში ჩატანებული
შარვალი. აბელს ეს ჯერ სამხედრო ფორმა ეგონა და გაოცებისაგან პირიც კი
დააღო, მაგრამ კარგად რომ დააკვირდა, მიხვდა, ასეთ შთაბეჭდილებას
უბრალოდ ჩექმები და შარვალ-ხალათის ფერი ქმნიდა. მარცხენა მხარზე სამსონს
ნახევრად სავსე ზურგჩანთა ეკიდა. მხოლოდ თავზე ეხურა განუყრელი
უზბეკური ქუდი და წვერი ჰქონდა გრძელი, როგორც გაპარსვამდე.

- გამარჯობა! - თქვა სამსონმა და ზურგჩანთა ძირს დადო.

- გამარჯობა, სამსონ! - აბელის გაკვირვებას ჯერ არ გაევლო, - ეს რა გაცვია?

- ცუდია?.. სუფთა ბამბაა, სქელი, გამძლე, აი, ნახე! - და მარჯვენა ხელის


ცერითა და საჩვენებელი თითით თვითონვე მოსინჯა თავისი ხალათი.

- დაბრძანდი, სამსონ, - სკამი გამოუწია აბელმა, - მიდიხარ სადმე?

- კი. იქ მივდივარ, - ცოტა იდუმალი, ცოტა საზეიმო კილოთი უპასუხა სამსონმა


და საჩვენებელი თითი ზემოთ აიშვირა.

აბელი დაიბნა. „თუ თავის მოკვლას გულისხმობს, ზურგჩანთა რად უნდა?“ -


გაიფიქრა გაკვირვებით. მერე გამბედაობა მოიკრიბა და ჰკითხა: - სად იქ?

- საცა საჭიროა.

- დაჯექი, - მეტი ვერაფერი მოახერხა აბელმა.

სამსონმა უხმოდ გააქნია თავი უარის ნიშნად. მერე უთხრა: - მას შემდეგ, რაც
გედეონ რევია მოინელეს, ამ მახინჯ ქალაქში შენა ხარ ერთადერთი კაცი,
ვისთანაც დალაპარაკება შეიძლება. ამიტომ გამოვიარე. შენ უნდა იცოდე, აბელ
რომ, რაც ჩამიდენია, ყველაფერი ღვთის ნება იყო და რასაც ჩავიდენ, ყველაფერი
ღვთის ნება იქნება. ვინც ღმერთის უმისოდ ცხოვრობს, ამას ვერ გაიგებს და
ბევრი რამ შეიძლება საეჭვო და საჩოთირო მოეჩვენოს. შენ, თუკი მოინდომებ,
გაიგებ. მე ახლა მივდივარ, რადგან ჩემი წასვლის ჟამმა დაჰკრა. თუ ღვთის
ნების აღმსრულებელი ხარ, დროდადრო დადგება ისეთი პერიოდი, როცა
ადამიანებს უნდა განერიდო, უნდა წახვიდე სადმე, ან ტყეში, ან მთაში, ან
უდაბნოში და რამდენიმე წელიწადი დაჰყო იქ, რათა შენი მომავალი მისია
გაარკვიო. მე ტყეში ვამჯობინე წასვლა. აგერ იქ, - სახლის მარცხენა კუთხისკენ
გაიშვირა ხელი სამსონმა, - სოფლებს გადაღმა უღრანი ტყეა. ყოფილხარ
როდისმე?

- არა, - თავი გააქნია აბელმა.

- იქ ერთი მღვიმეა. განდეგილისთვისაა ზედგამოჭრილი. იქ მივდივარ.

აბელმა შეხედა და თვალი თვალში გაუყარა.

- მერიმ იცის?

სამსონმა თვალი აარიდა და განზე გაიხედა.

- ეს საქალო საქმე არ არის. შენ, თუ გინდა, უთხარი. ახლა კი წავედი. იცოდე,


აბელ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. აბა, მშვიდობით! - ამ
სიტყვებით ხელი გამოუწოდა და გაუღიმა თავისი ფართო, კეთილი,
გულუბრყვილო ღიმილით.

აბელი კიბემდე გაჰყვა. მერე შინ შემობრუნდა, შუქი ჩააქრო, რათა თვალს უკეთ
გაერჩია, გარეთ რა ხდებოდა და ფანჯარას მიადგა. სამსონი მალე გამოჩნდა.
გზატკეცილზე გავიდა და მარცხნივ გაუხვია. მიდიოდა მტკიცე, ჯარისკაცული
ნაბიჯით, რომელშიც რაღაც გარდაუვალი, საბედისწერო სიამაყე იგრძნობოდა.
სანამ თვალს არ მიეფარა, აბელი ფანჯარასთან იდგა და გასცქეროდა.

იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს. დილით იბანავა, წვერი გაიპარსა, თმა ლამაზად


დაივარცხნა, თავისი საუკეთესო კოსტიუმი ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
რეპეტიციის დაწყებამდე ჯერ დიდი დრო იყო, მაგრამ მაინც გაჩქარებული
ნაბიჯით აუყვა ვიწრო ქუჩას. ჰაერში გაზაფხულის სუნი იდგა, ატმისა და
ტყემლის ყვავილები მზეზე ლამაზად ელვარებდნენ და ქალაქს ცოტა საზეიმო
ელფერი დაჰკრავდა.

აბელმა მოედანს მიაღწია, თეატრის გადასახვევს ისე გასცდა, არც კი მიუხედავს,


ზემოთ წავიდა, ბაღი გადაიარა და კულტურის სახლს მიადგა.

მოხუც კარისკაცს სკამი გარეთ გამოეტანა და დილის მზეს ეფიცხებოდა.

- დირექტორი აქ არის? - ჰკითხა აბელმა.

- კი, - მიუგო კარისკაცმა და სკამზე შებრუნდა, რათა ახლა მეორე გვერდი


მიეშვირა მზისთვის.

აბელმა მინის მაღალი კარი შეაღო, დერეფანში მიმოიხედა, ალალბედზე წავიდა


მარჯვნივ, თან ოთახების კარებზე წარწერებს აკვირდებოდა. მალე მიაგნო
დირექტორის ოთახს. კართან წამით შეჩერდა, მერე შეაღო და შეიხედა.

- შეიძლება, ბატონო არიოსტო?


არიოსტო ხოფერიამ კალმისტარს დაავლო ხელი და თავი მაგიდაზე დაწყობილ
ქაღალდებში ჩარგო, მაგრამ სანამ ასეთ საქმიან იერს მიიღებდა, აბელმა შეამჩნია,
რომ მანამ უაზროდ მისჩერებოდა ჭერს.

- მობრძანდით! - თავაუღებლად თქვა არიოსტომ.

აბელი შევიდა და მიესალმა: - გამარჯობათ.

- გამარჯობათ, - ისევ თავაუღებლად უპასუხა არიოსტომ, კალამი საქმიანად


გაუსვ-გამოუსვა ფურცელს და მერეღა მოხედა, - გამარჯობათ, - გაიმეორა კიდევ
ერთხელ და აბელი რომ მივიდა, არ წამომდგარა, ისე გამოუწოდა ხელი.

აბელმა ხელი ჩამოართვა.

- თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს, ბატონო არიოსტო.

- დაბრძანდით, - დაბოხებული ხმით და ცოტა შემწყნარებლური კილოთი


უთხრა არიოსტომ, კალამი ყოველი შემთხვევისათვის კიდევ ერთხელ
გაუფხაჭუნა ქაღალდს, მერე ფურცელზე დადო და საბოლოოდ მოემზადა
მოსასმენად, - გისმენთ.

- რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება ცოტა უცნაური მოგეჩვენოთ. მაგრამ რა


უცნაური უნდა მოგეჩვენოთ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებად ნუ ჩამითვლით. მე
ამაზე ბევრი ვიფიქრე, ყველაფერი ავწონ-დავწონე.

აბელის სერიოზულმა, ცოტა არ იყოს, მძიმე ტონმა არიოსტო როლიდან


ამოაგდო. მან გულწრფელი ინტერესით შეხედა სტუმარს და ბუნებრივი კილოთი
ჰკითხა: - რა იყო?

აბელი წამოდგა, სკამი მაგიდის ქვეშ შესწია და ორივე ხელით საზურგეს


დაეყრდნო.

- მე მხოლოდ ერთხელა ვარ ნამყოფი თქვენს ოჯახში, მაგრამ ზოგიერთი რამ


იმდენად თვალში საცემია, რომ მაინც შევამჩნიე...

არისტომ გაკვირვებით ამოხედა, წამით ფერმა გადაკრა, თითქოს რაღაცის


შეეშინდაო, მერე წამოდგა და ახლო მივიდა აბელთან.

- მოხდა რამე?

ეს ისეთი კილოთი იკითხა, რომ აბელი იძულებული შეიქნა, სასწრაფოდ


დაემშვიდებინა.

- არა, არა, არაფერი. - მერე ისევ ნელა, დაფიქრებით განაგრძო, - გარეშე კაცის
საქმე არ არის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ... უნდა მაპატიოთ. ის სიტუაცია, რაც
თქვენს ოჯახშია... მე ვგულისხმობ დედათქვენსა და თქვენს მეუღლეს... მთლად
ჯანსაღი არ არის.

- ვინ გკითხავს შენ ჩემი ოჯახის სიტუაციას?! - ხმას აუწია არიოსტომ და


თვალები ავად დააბრიალა.
- არავინ. მაგრამ მე ლაპარაკი მაქვს თქვენს ქალიშვილზე. ასეთი ვითარება, ასეთ
გარემოში ცხოვრება...

არიოსტოს სახე დაუგრძელდა. ახლა მის ხმაში წეღანდელი სიავის მაგივრად


ყრუ ნაღველი იყო.

- სად წავიყვანო?..

- მე წავიყვან.

- რაა? - არიოსტომ ვერ გაიგო და პირდაღებული და თვალებგაფართოებული


მისჩერებოდა აბელს.

- მთელი ჩემი ცხოვრების ერთადერთი აზრი ის იქნება, რომ მოვუარო და


ვემსახურო, თქვენთვის რომ...

საკუთარ თავზე რომ არ გამოეცადა, აბელი ვერაფრით ვერ დაიჯერებდა, ამ


სამოცი წლის კაცს თუ ასეთი ელვისებური რექაცია ექნებოდა. გაშლილი ხელი
ისე მოხვდა ყბაში, არც შეუმჩნევია, საერთოდ თუ დაძრა ეს ხელი ადგილიდან.
მეორე წამს არიოსტომ, წეღან რომ აბელი იჯდა, იმ სკამს წამოავლო ხელი. სკამი
არიოსტოს ზურგს უკან ნელ-ნელა იწევდა მაღლა და იმ დროს, როცა იგი
ვერტიკალურად აღიმართა თავს ზემოთ, აბელი გამოვიდა და კარი გამოიხურა.

კარისკაცი თვალდახუჭული ნეტარებდა მზეზე.

„რაც ამ ქალაქში მირტყეს, - ნაღვლიანად გაიფიქრა აბელმა, ქუჩაში რომ


გამოვიდა, - ამდენი მთელ სიცოცხლეში არ ურტყამთ ჩემთვის“.

წუხელ აბელმა მართლა ბევრი იფიქრა და როგორც თვითონ ეგონა, ყველაფერი


აწონ-დაწონა. თავიდან ფიქრი ტყე-ტყე მიმავალ სამსონს ედგა კვალში, მერე ნელ-
ნელა ჩამორჩა, ღობე-ყორეს მოედო და ერთხანს უგზო-უკვლოდ იხეტიალა, სანამ
ბოლოს და ბოლოს ახალ საგანს არ მიადგა. ეს ახალი საგანი თვითონ აბელი
იყო. აბელმა წინ დაიდო აბელი და გულდასმით, ოღონდ ცოტა ნერვიულად,
შეუდგა მის შესწავლას. ყოველი მხრიდან ჩხრიკა და უკირკიტა, ნაწილ-ნაწილ
დაშალა და ეს ნაწილები სათითაოდ ზომა და წონა. არ დაუტოვებია არც ერთი
კუთხე და არც ერთი კუნჭული. ვინ არის ეს აბელი? რა უნდა? რის მაქნისია?
სამსონს ამ კითხვებზე გაცემული ჰქონდა პასუხი. სამსონმა იცოდა, ვინ იყო
სამსონი. სხვა საქმეა, რამდენად სწორია ეს ცოდნა, მაგრამ ამის დადგენა
შეუძლებელია და რაკი შეუძლებელია, არცა აქვს აზრი. მთავარია, შენთვის
იპოვო პასუხი. რწმენაა მთავარი. აბელი მთელი ღამე დაძაბული ეძებდა თავის
პასუხს და გამთენიის ხანს თითქოს იპოვა კიდეც. გამთენიის ხანს, როცა
მდინარის თავზე რუხად ირიჟრაჟა, აბელი მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი
დანიშნულება არის თავგანწირვა, საკუთარი თავის სრული გაცემა, საკუთარ
სიცოცხლეზე უარის თქმა. ღამე და დღე ადამიანზე ფსიქოლოგიურად
სხვადასხვანაირად მოქმედებს და ის, რაც ღამე ურყევი ჭეშმარიტება და
სერიოზული აღმოჩენა გვგონია, დღის სინათლეზე სრულიად კარგავს ფასს,
მაგრამ აბელი დარწმუნებული იყო, მის მიგნებაზე დღისა და ღამის
ფსიქოლოგიური ცვალებადობა ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებდა. და იმ
დროს, როცა ჭეშმარიტება აღმოჩენილ იქნა და თავგანწირვის კონკრეტული
მისამართიღა დარჩა საპოვნელი, მეხსიერების ღრმა კუნჭული გაიხსნა და
ცნობიერებაში ამოცურდა ერთხელ, დიდი ხნის წინ, უკლებას მიერ ნათქვამი
(შესაძლებელია, სრულიად დაუფიქრებლად წამოსროლილი) ფრაზა. აბელს
ნათლად მოაგონდა, როგორ ღრუტუნებდა არიოსტოს ქალიშვილი და რა
მონდომებით ჭრიდა თეთრი ქაღალდიდან პატარ-პატარა მოცეკვავე კაცუნებს.
ფანტაზია ამუშავდა და არიოსტოს სახლში ნანახმა ამ სურათმა აბელის სახლში
გადმოინაცვლა, აბელის წარმოდგენაში მთელმა მისმა მომავალმა ცხოვრებამ ამ
სურათის ირგვლივ მოიყარა თავი. შეუნელებელმა ზრუნვამ, ალერსმა,
სიყვარულმა, მთელი მისი სიცოცხლის ერთი საგნის ირგვლივ თავმოყრამ, ანუ,
როგორც სამსონი იტყოდა, მთელი სულიერი ენერგიის ერთ საგანზე დაუნჯებამ,
ყოვლისმომცველმა სურვილმა, ლოცვის სიღრმემ და სიწმინდემ ნაყოფი გამოიღო
და აი ერთ მშვენიერ დღეს არიოსტოს ქალიშვილმა მაკრატელს ხელი გაუშვა,
კაცუნების გამოჭრას თავი დაანება, ცნობიერებაში აზრის სინათლე შეიჭრა და...
და ეს ღმერთის შესაფერისი საქციელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ღვთაებრივ
საქციელს შეუძლია არიოსტოს საბრალო ქალიშვილი ადამიანად აქციოს. და
მხოლოდ თავგანწირვა თუ შეგაძლებინებს ამას, რადგან მხოლოდ თავგანწირვას
შეუძლია გაამართლოს ის წვრილ-წვრილი სისაძაგლეები, რომლებსაც ნებსით თუ
უნებლიეთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩავდივართ. გამთენიის ხანს აბელი ასეთ
დასკვნამდე მივიდა და გადაწყვიტა, დილითვე ენახა არიოსტო. სამწუხაროდ,
დაძაბული ფიქრითა და ღამის ტეხით დაღლილმა გონებამ საქმის მხოლოდ
რომანტიკული და სანტიმენტალური მხარე გაითვალისწინა და სრულებით ვერ
გაუწია ანგარიში რეალურ ვითარებას, ხოლო არიოსტო, რომელსაც ცხადია,
არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა აბელის თეთრად გათენებულ ღამეზე,
მტკივნეულ ძიებაზე და მოწამებრივი გზების ზნეობრიობაზე, რეალური
ვითარების იქით საერთოდ არ იყურებოდა. აბელმა იცოდა, რა უნდა ეთქვა
არიოსტოსათვის, როგორ უნდა ეთქვა, რა ტონი უნდა აერჩია, რა სიტყვები
ეხმარა და რა სიტყვებს მორიდებოდა. იცოდა, როგორ უნდა აეხსნა
თავგანწირვის ლოგიკური პარადოქსი, როცა საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვის
სიცოცხლეს გადაარჩენ და თითქოს ამით არაფერი იცვლება, მხოლოდ
გადაადგილება მოხდა: ვინც უნდა დაღუპულიყო, გადარჩა, ვინც უნდა
გადარჩენილიყო, დაიღუპა. ლოგიკის პოზიციიდან ასეთი თავგანწირვა უაზრობაა,
სინამდვილეში კი ამ თითქოსდა უაზრო გადაადგილების შედეგად გამოიყოფა
დიდი ზნეობრივი ენერგია, რომელიც სიოსავით გადაიქროლებს, მთელ სამყაროს
შემოივლის, ყველას შეეხება და ყველგან რაღაც კვალს დატოვებს. ასეთი იყო
აბელის ფორმულა, მაგრამ ამ ფორმულამ გამოცდას ვერ გაუძლო, რადგან
არისოტოს თავისი ფორმულები ჰქონდა. აბელი მიხვდა, რომ მისი თავგანწირვა
საკმარისი არ იყო. თავგანწირვა თურმე ორმხრივ აქტიურობას მოითხოვს. შენ
შესაძლებელია მზად იყო მსხვერპლის გასაღებად, მაგრამ თუ მსხვერპლის
მიმღებიც არ იქნა მზად, ისე ზნეობრივი აქტი ვერ განხორციელდება.

„აქ რაღაც შეცდომაა, - გაიფიქრა აბელმა, - ამ შეცდომას მოძებნა უნდა“.

ამ დროს ვიღაცა ხმამაღლა მიესალმა და ფიქრის ძაფი გაუწყდა.

აბელმა ახლაღა შენიშნა, რომ თურმე უკვე თეატრში შესულიყო, ხოლო ის ვიღაც,
ვინც საკუთარ თავს მოსწყვიტა, იყო კარისკაცი, ყველასთან შეთამამებული
ახალგაზრდა ბიჭი.
- აბელს გაუმარჯოს!

- ა! გამარჯობა, სერგო.

- ადრე მოგივიდა მოსვლა.

- ჰო, - მიუგო აბელმა და სწრაფად გაეცალა.

კარისკაცის ბრტყელმა, კედელივით სწორმა სახემ, რომელზეც ერთადერთი


ამობურცული ადგილი იყო პაწაწინა, კონუსის ფორმის ცხვირი და უტიფარმა,
ურცხვად თავდაჯერებულმა მზერამ გაუგებარი კავშირის წყალობით თითქოს
კიდევ უფრო გამოაცალა ნიადაგი აბელის წუხანდელ ნაფიქრსა და
ნაცოდვილარს, ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა, დანიშნულებაც, თავგანწირვაც,
ზრუნვაცა და სიყვარულიც. რაზეც აბელი ისე სერიოზულად იმტვრევდა თავს,
იქიდან ახლა ეგოიზმის ფარული და დამცინავი ღიმილი იმზირებოდა, რადგან
კაცმა არ იცოდა, რა უფრო უკეთესი იყო არიოსტოს ქალიშვილისათვის, ბნელი
გონების ხაროში უზრუნველი ყოფა, სადაც სამყარო თეთრ კაცუნებში იყო
თავმოყრილი და კმაყოფილი ღრუტუნებდა, თუ აზრის ნათელი სხივი,
რომელსაც უთვალავი მწვავე ტკივილი მოაქვს თან.

სარეპეტიციო ოთახში არავინ იყო. აბელი კუთხეში მიჯდა და ფანჯარაში


დაიწყო ცქერა. გაზაფხულის ზეცა უფრო მომწვანო იყო, ვიდრე ლურჯი და ამ
მომწვანო თაღზე, თეთრში რომ ცოტაოდენი წითელი შეერევა, ისეთი ფერის
ვიწრო და მოგრძო ღრუბელი ზანტად დაცურავდა.

აბელს შესაძლებელია, ჩასთვლიმა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, როცა საკუთარ


თავს დაუბრუნდა, ოთახში მერი დაინახა. მერი მოპირდაპირე მხარეს იჯდა,
გრძელთასმიანი ჩანთა მუხლებზე ედო და აბელს შემოსცქეროდა.

აბელმა დაბნეული მზერა მოავლო მერის და თქვა: - წუთისოფელი ასეა, ღამე


დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია. ძვირფასო მერი!
როდესაც საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდი, ცოტა შეფერთხილი ჩანდი,
ცოტა მოტეხილი, ცოტა სიბერეშეპარული და ვისაც შენი ნორჩი სილამაზე ჯერ
კიდევ ნათლად ახსოვდა, გულისტკივილითა და ნიშნის მოგებით ადარებდა
ერთმანეთს წარსულსა და აწმყოს. ახლა კი, როგორც ჩანს, მშობლიური ქალაქის
ჯადოსნური ზემოქმედების წყალობით, კვლავ ძველებურად მშვენიერი ხარ.

მერის ძარღვი არ შეტოკებია, თითქოს აბელის სიტყვები არც გაუგონია.

- არ გიძინია წუხელ?

- არა, - თავი გაიქნია აბელმა, - მთელი ღამე არიოსტო ხოფერიას ქალიშვილზე


ვფიქრობდი.

მერის ახლა კი გაეცინა, ოღონდ შეეცადა ამ სიცილში ნაძალადევი ინტონაცია


შეეტანა, რათა ეგრძნობინებინა, რომ მისი ხუმრობა გონებამახვილურობით
მაინცდამაინც ვერ გამოირჩეოდა.

- სერიოზული საფიქრალი გაგჩენია, - უთხრა მერე.


- სერიოზული საფიქრალი ბევრი მაქვს, - მიუგო აბელმა, - უსერიოზულესი კი
მათ შორის ის არის, რომ მერი ბარაბაძე, ამ ქალაქში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე
ახლობელი ადამიანი, აგერ უკვე ორ წელიწადზე მეტია გათხოვილია და ის
უმთავრესი ცვლილება, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებულ საქმიანობას
აუცილებლობის გზით უნდა მოჰყვებოდეს, ჯერ კიდევ არ ჩანს. რას მიეწერება
ეს გაუგებარი უმოქმედობა? ვერ აგვარებთ შენ და სამსონი შთამომავლობის
საკითხს?

- ვერა, - თქვა მერიმ, თვალი გაუსწორა აბელს და ყინულივით ცივი ღიმილით


დაუმატა, - ხომ არ დაგვეხმარებოდი?

აბელმა ორჭოფობა გაითამაშა და მცირე პასუხის შემდეგ ყოყმანით მიუგო: - მე


არა, მაგრამ თეიმურაზ კილაძე რომ დაგახმაროთ?

მერიმ იმედგაცრუებული სახე მიიღო და უთხრა: - ეგ პასუხი ისედაც ცხადი


იყო შენგან. შეგეძლო, არც გეთქვა.

- ასე დავიშტამპე? - მოგონილი გაკვირვებით თქვა აბელმა, თუმცა მერის


სიტყვები მართლა მოხვდა გულში.

მერის აღარაფერი უთქვამს. ერთხანს ორივენი ჩუმად ისხდნენ. ბოლოს ისევ


აბელმა დაარღვია დუმილი: - წუხელ სამსონი იყო ჩემთან.

- რაო? - უინტერესოდ იკითხა მერიმ.

- წავიდა.

- გზაც იქით ჰქონია.

- იცოდი?

- რა?

- რომ წავიდა.

- ბრმას ცოლი მოუკვდაო...

- თუ მაინცდამაინც - ქმარი, - შეაწყვეტინა აბელმა, - ისიც იცი, სად წავიდა?

მერიმ შეხედა და ერთხანს დაჟინებით უყურა.

- რა გინდა, აბელ?

- არაფერი, - მიუგო აბელმა და თავი ოდნავ გადასწია გვერდზე, რათა ღია


კარში გაეხედა და შეემოწმებინა, ვისი ფეხის ხმა მოისმა დერეფნიდან. და იმ
დროს, როცა ზღურბლზე თეიმურაზ კილაძე გამოჩნდა, პატარა, ლამაზი,
თმახუჭუჭა, დაუმატა, - აგერ, მაშველი ძალაც მოვიდა.

- რა მაშველი ძალა? - მწყრალად იკითხა თეიმურაზმა.

- რომეო, - უთხრა აბელმა, - მახსოვს, ერთ დროს შენ მერი ბარაბაძის


სიყვარული შამფურივით გქონდა გაყრილი გვამში.
- შენი საქმე არაა, ვისი სიყვარული მქონდა და ვისი არა, ლამაზი პირი
მოღრიცა თეიმურაზმა. ზურგი შეაქცია აბელს და - დემონსტრაციულად გავიდა
ოთახიდან, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ უკანვე შემობრუნდა და ნახევრად
შემრიგებლური კილოთი, ისე რომ თავმოყვარეობა ნამეტანი არ შელახოდა,
ჰკითხა, - სიგარეტი არა გაქვს?

- როგორ არა, - მიუგო აბელმა, - შენისთანა ლამაზი და წინდახედული


ბიჭისთვის ყველაფერი მაქვს. - ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და გაუწოდა.

თეიმურაზმა ერთი ღერი სიგარეტი ამოაძრო კოლოფიდან, გაშლილ ხელებშუა


მოაქცია, დაატრიალა, მოსრისა და პირში გაირჭო. მერე უთხრა: - ასანთიც
გექნება.

აბელმა მოუკიდა. თეიმურაზმა ფანჯარა ოდნავ გამოაღო, კოხტა ცხვირ-პირი


გარეთ გაყო და ასე მოსწია სიგარეტი.

რეპეტიციაზე აბელი გონებადაფანტული იჯდა. ორჯერ პარტნიორებმა


გამოაფხიზლეს, როცა მისი ჯერი მოვიდა. მესამედ რომ დასჭირდა შეხსენება,
რომან ადეიშვილმა თქვა: - მოდი, თუ ძმა ხარ, ერთხელ და სამუდამოდ
შევთანხმდეთ: ღამე ვიძინოთ და დღე ვიმუშაოთ.

აბელმა შეხედა, თვალი გაუსწორა, გაუღიმა.

- დიდებული აფორიზმია! - და ტექნიკურ რეჟისორს მიუბრუნდა, - რას უცდი?!


ჩაწერე, სანამ დაგავიწყდებოდეს.

ოთახში მოლოდინის სიჩუმე ჩამოვარდა.

რომან ადეიშვილმა პირით ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სიბრძნის


კბილიდან რაღაც ამოიწოვაო. მერე მშვიდად თქვა: - კარგი. ამაზე მერე
ვილაპარაკოთ. აბა, განვაგრძოთ.

გედეონ რევიას დაღუპვამ და სამსონის წასვლამ აბელის მარტოობა კიდევ უფრო


გაამძაფრა. ეს მარტოობა გზადაბნეული იყო და ღობე-ყორეს ედებოდა. არიოსტო
ხოფერიასთან დარბაზობამ პათეტიკურ თავგანწირულებასა და ფუჭ
რომანტიკულობას ხელოვნური საბურველი ახადა, გააშიშვლა და კომედიად
აქცია. მერისთან ირონიულმა და ცოტა გესლიანმა საუბარმა, რომელიც მაშინ
ურცხვად ტკბებოდა თავისი ირონიულობითა და გესლიანობით, მერე გუნება
გაუფუჭა და უხერხულობის ტკივილი გაუჩინა. ამ ტკივილისათვის რომ
სადინარი მიეცა, რეპეტიციაზე რომან ადეიშვილთან კონფლიქტის წამოწყება
სცადა, მაგრამ მთავარმა რეჟისორმა გულგრილად დაუბრუნა უკან ნასროლი
ხელთათმანი და დუელზე უარი უთხრა, რამაც ტკივილს ტკივილი მიუმატა...

მაშინ აბელმა ცხოვრების სადავეები მიუშვა და დინებას მიჰყვა.

ამ გზაზე არა ერთი და ორი საინტერესო მოსახვევი იყო. კერძოდ, კიდევ


მრავალჯერ იჩხუბა უაზროდ და სულელურად, კიდევ მრავალჯერ დათვრა
უაზროდ და სულელურად. ერთხელ ცხოვრების დანიშნულება ამოიცნო და
ერთხელაც ვანო როსტიაშვილს დაბადების დღე გადაუხადა.
ჩხუბი და დათრობა იმდენად ჩვეულებრივ ეპიზოდებად იქცა, რომ მათზე
შეჩერება დროის უქმად დაკარგვა იქნება, ცხოვრების დანიშნულება კი ასე
ამოიცნო: ერთ საღამოს, შინ მიმავალი ის იყო მოედანს გასცდა და ვიწრო ქუჩას
დაუყვა, რომ უეცრად საკვირველ სურათს წააწყდა: ერთ-ერთი სახლის წინ, ზედ
ტროტუარზე, დიდი ჭადრის ძირას კაცები დომინოს თამაშობდნენ. პატარა
მაგიდას ოთხივე მხრიდან უჯდა ოთხი კაცი და გატაცებით უჭახუნებდნენ
დომინოს ქვებს.

საკვირველ სურათს წააწყდა-მეთქი. სინამდვილეში ეს სურათი არც საკვირველი


ყოფილა და არც იშვიათი. ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მთელ
ქალაქში ისმოდა დომინოს ჭახაჭუხი. ასეთ რამეს მრავალ ქუჩაში და მრავალ
ეზოში გადაეყრებით და ეს კაცები, მოთამაშეებიცა და თავიანთი რიგის
მომლოდინეებიც, ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, თუ საგანგებოდ არ
დააკვირდებოდით, შეიძლება მოგჩვენებოდათ, ვითომ ეს მრავალ ეგზემპლარად
გამრავლებული ერთი და იგივე სურათი იყო.

ადრე, ასეთი სანახაობისათვის რომ გვერდით ჩაუვლია, აბელს არაერთხელ


ასდევნებია ბუნდოვანი გრძნობა, თითქოს ის, რასაც თვითონ მთელი ცხოვრების
მანძილზე ზღვარზე გამავალი დაძაბულობით ეძებდა, ვიღაცას რა ხანია ეპოვა.
მაგრამ ამ გრძნობას, როგორც საკუთარი თავის უარყოფა, თან ახლდა ასეთივე
ბუნდოვანი ზიზღი და ეს ორი პოლუსი მანამ აბათილებდა ერთიმეორეს, სანამ
გონებაში ფეხს მოიკიდებდნენ და განსჯის საგნად იქცეოდნენ.

აბელი შეჩერდა. მან არ იცოდა, რომ აქ საკვირველი თავად სურათი კი არ იყო,


არამედ თვალთახედვის ის უცნაური, აქამდე უცნობი კუთხე, რომელშიაც ახლა
ეს სურათი მოექცა. ჭადრის ძირას გამართულმა სპორტულმა პაექრობამ წამით
საკუთარი ასპარეზი უსასრულოდ გააფართოვა და ისეთი რამ დაიტია, რაც
არაფერში არ ეტეოდა. აბელი წამით გაშეშდა, მერე მონუსხულივით
მიუახლოვდა მოთამაშეებს, თავზე დაადგა და როცა წაგებული წყვილი წამოდგა
და მის ადგილას ახლა სხვა წყვილი მოემზადა დასაჯდომად, მოულოდნელად
თქვა: - მათამაშეთ ერთი ხელი.

მებრძოლებმა, ბრძოლის მომლოდინეებმა და მაყურებლებმა, ყველამ ერთად


მოიხედა. პაუზა რამდენიმე წამს გაგრძელდა. ბოლოს ახალი წყვილის ერთ-
ერთმა მეწყვილემ ხელი გაუშვა სკამს, რომელზეც ის-ის იყო უნდა დამჯდარიყო
და უთხრა: - ითამაშე.

პირველი ხელი აბელმა და მისმა პარტნიორმა, რომელსაც ამირანი ერქვა, მოიგეს.


წაგებულები ადგნენ და სხვა წყვილს დაუთმეს ადგილი. მეორე ხელი აბელმა და
ამირანმა წააგეს და ახლა თვითონ ადგნენ. აბელმა წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ
ვერ წავიდა, სანამ წრიალებდა და ყოყმანობდა, ისევ მოუწია რიგმა.

შინ გვიან დაბრუნდა და თან ისეთი განცდა მოჰყვა, თითქოს სხეულის მაგიერ
სიცარიელე მოეტანოს, ვეება, შემაშფოთებელი და მაჯლაჯუნასავით მძიმე. მეორე
დღეს წუხანდელი თავგადასავლიდან ზიზღისა და სირცხვილის გრძნობა ჰქონდა
შემორჩენილი, რაც წესით იმის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფერი
მალე დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ დღე რომ მიიწურა, გულის კოვზთან
ღიტინი იგრძნო, მოუსვენრად აწრიალდა, იწრიალა, იწრიალა, ბოლოს თავისი
ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი გადაწყვეტილება იღლიაში ამოიჩარა
და მოქმედების ადგილისაკენ გაემართა.

კაცებს უკვე გამოეზიდათ ინვენტარი და ჭადრის ძირას მორიგი საღამო


გაეჩაღებინათ. აბელი რომ დაინახეს, ხმამაღალი, მხიარული, შინაურული
შეძახილებით მიეგებნენ, როგორც ძველ ძმაკაცსა და თანამოაზრეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა აბელი თავად აღმოჩნდა იმ მრავალ


ეგზემპლარად გამრავლებულ და მთელ ქალაქში მოფენილ სურათზე, მისთვის
ბევრი რამ გახდა გასაგები. სანამ ამ ხალხს შორიდან უყურებ, შეიძლება
მოგეჩვენოს, თითქოს ისინი უსაქმურები არიან. სინამდვილეში ეს მწარე
შეცდომაა. სოციალური თვალსაზრისით ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები
არიან. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ შეუცნობლად, საგანგებო შესწავლის
გარეშე მისდევენ აღმოსავლეთის სიბრძნეს, რომელიც გვასწავლის, რომ
შრომისაგან კულტი არ უნდა შევქმნათ. ეს ხალხი კარიერისათვის არ იკლავს
თავს, მცირეოდენით კმაყოფილდება და სულს არ დებს ეკონომიკაში, რადგან
სული სხვა რამისათვის სჭირდება. ეს ხალხი სულს დომინოში სდებს. მოიხდის
თუ არა მოვალეობას საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე, მთელი არსებით
ჩაეშვება დომინოში. დომინოში იხსნება მისი სული. ეს არის არა უბრალო
თამაში, არამედ რაღაც ისეთი, რაც რელიგიური აქტის განხორციელებას ჰგავს.
არაფერი არ არსებობს დომინოს გარეშე. დომინოში იყრის თავს ქვეყნის
მრავალსახეობა. ეს არის განდეგილობა, ეს არის, თუ გნებავთ, მედიტაცია. ეს
არის გზა საკუთარი თავის შეცნობისაკენ, უსასრულობაში გაჭრილი ბილიკი,
რომლის ბოლოში, რა მკრეხელურადაც უნდა ჟღერდეს ეს, ღმერთი დგას.

აბელი აღმოჩნდა ისეთ წერტილში, რომელზეც აქამდე მხოლოდ თეორიული


წარმოდგენა ჰქონდა და ამიტომ მისი რეალური არსებობა გულის სიღრმეში არც
სჯეროდა. ეს ის წერტილი იყო, ის კუთხე, საიდანაც პლატონს, შექსპირს,
გალაკტიონს უაზრო და კომიკური შესახედაობა ჰქონდათ და იმ ახირებულ
კაცებს ჰგავდნენ, რომლებიც ფეხშიშველები, შარვალდაკაპიწებულები,
მკლავებდაკარწახებულები, გაუგებარი სიჯიუტით მიაბიჯებენ ეკალბარდებით
დაფარულ ტყეში, მაშინ, როცა იქვე, გვერდით, მშვენიერი, ფართო გზატკეცილი
მიემართება.

როცა მაგიდას უჯდა და დომინოს თამაშობდა, ერთადერთი სურვილი ის


ჰქონდა, რომ ეს პროცესი მარადისობად ქცეულიყო და გულში რაღაც ტკივილით
სწყდებოდა, ნაშუაღამევს რომელიმე მოთამაშე რომ იტყოდა, გვეყოფა აწი,
დავიძინოთო, ხოლო როცა შინ ბრუნდებოდა, საკუთარი თავი ეზიზღებოდა,
იმდენად ეზიზღებოდა, რომ სახლში მისთვლისთანავე სააბაზანოში
შევარდებოდა და შხაპს იღებდა, თითქოს ამით ჭუჭყს ჩამოირეცხავდა. ღამე
დომინო ესიზმრებოდა. დილით კი გუნებაში ფიცს სდებდა, საღამოს სათამაშოდ
არ წავალო. მაგრამ დილით ფიცის დადება ადვილია, რადგან საღამო ჯერ არ
დამდგარა. საღამო რომ მოახლოვდებოდა, თრთოლა აიტანდა, ცახცახებდა,
გონებაზე ლიბრი ეკვროდა, ყველაფერი უაზრობად ეჩვენებოდა და ვერ გაეგო, ამ
უაზრობის გამო რატომ უნდა ეთქვა უარი ისეთ გატაცებაზე, რომლისკენაც
მთელი არსება დაუოკებლად მიილტვოდა.
საკუთარ თავთან ბრძოლა ამაო იყო. აბელი მკაფიოდ გრძნობდა, რომ სხეულზე
მჭიდროდ შემოკრული ეჭვის არტახები თანდათან, ფენა-ფენა სძვრებოდა. წელზე
გამობმული ჯაჭვი, რომელიც უკან ეწეოდა, დღითი დღე ცვდებოდა, ბოლოს
გაწყდა კიდეც და აბელი, ლაღი და თავისუფალი, ნებიერად გადაეშვა მის წინ
გაშლილ თბილ, საამო ზღვაში. ცხოვრებამ დასრულებული სახე შეიძინა,
ყველაფერი ნათელი და ცხადი შეიქნა, რადგან ყველაფერი, რაც ნათელი და
ცხადი იყო, მკვრივი, საამო ნისლის მიღმა დარჩა.

დაბინდული ნეტარება დიდხანს გრძელდებოდა და აბელს ეჭვი არ ეპარებოდა,


რომ უსასრულოდ გაგრძელდებოდა. სულ ექნებოდა საამო თრთოლა
მოწინაამდეგის სვლის მოლოდინში, მერე ჭახანით გაკეთებული საკუთარი სვლა,
ხოლო ხვალ რამდენიმე საათის შრომა, რათა ეს ნეტარება, ეს თავისუფლება
იყოს აუმღვრეველი და საიმედოდ დაცული ყოველგვარი შემთხვევითობისაგან.
და ეს იქნებოდა მუდამ, ასე იქნებოდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ
უკანასკნელი ზარი არ ჩამოჰკრავდა.

მაგრამ ერთ დღეს ბროლის კოშკი მაინც დაინგრა.

აბელი სახეახურებული, გულაჩქარებული, ბედნიერი იჯდა ჭადრის ძირას და ის


იყო მორიგი სვლა გააკეთა, რომ უცებ ქუჩის მეორე მხრიდან მანქანის გაბმული
სიგნალი მოისმა. გულმა რეჩხი უყო და დაინახა კიდეც ასლანი.

ასლანი მანქანიდან გადმოვიდა და იქვე შეჩერდა. სახეზე მოლოდინი და


ღიმილი ეწერა. ღიმილი ოდნავ დამცინავი იყო, მაგრამ ირგვლივ სიყვარულის
ისეთი ვარაყი ჰქონდა შემოვლებული, რომელსაც ამ დაცინვისათვის ზედმეტი
ნავარდის საშუალება არ უნდა მიეცა.

„რა უნდა?“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა აბელმა და ზანტად წამოდგა. მერე


გაიფიქრა: „რა ანგარიშია?“ - და საანგარიშოს დახედა. ისა და ამირანი წინ
იყვნენ მთელი ორმოცდაათი ქულით. ამან გუნება ცოტა გამოუკეთა და
შედარებით ხალისიანად გაიფიქრა: „ვეტყვი, არ მცალია-მეთქი“.

გადაწყვეტილება ურყევი იყო, მაგრამ ამ დროს მანქანის სარკმელს ანგელოზის


ფრესკა მოადგა და პატარა ცხვირი ზედ მოაჭყლიტა. ანგელოზს მშვიდი, სათნო
სახე ჰქონდა და დიდრონ თვალებში, სადაც ძალიან შორს, იქ, სადაც იქნებ
თვალები აღარც კია, ნაზი და მსუბუქი სევდა ედგა.

აბელი შეკრთა და შორეულ სივრცეს თვალი აარიდა.

ასლანმა გაუცინა და მხარზე დაჰკრა ხელი.

- შენთან ვიყავით ახლა. ეს ჭინკა ამიტყდა, რა ხანია ძია აბელი არ გამოჩენილა,


წავიდეთ, ვინახულოთო. მაგრამ ძია აბელს შენ იპოვი სახლში?

აბელმა მანქანის კარი გამოაღო, ჭინკას ღიმილით აკოცა საფეთქელზე, მერე


გვერდით მიუჯდა და თქვა: - წავედით.

ასლანმა მანქანა დაძრა. მცირე ხანს სიჩუმე იყო, მერე ნინიკომ აბელს შეხედა და
ჰკითხა: - გიყვართ, ძია აბელ, დომინოს თამაში?
ასლანმა წყნარად გაიცინა.

- არა, - თქვა აბელმა, - მძულს.

- აბა, რაღად თამაშობთ? - გოგონას გაკვირვებულ სახეზე ცოტა შეშფოთება


გამოეხატა, ეტყობა, იმის გამო, რომ ძია აბელს ვიღაც აიძულებდა ისეთი რამ
ეკეთებინა, რისი კეთებაც არ უნდოდა.

- იმიტომ, რომ მძულს, - თქვა აბელმა და თავისი ხმა უსიამოდ ეუცხოვა. მერე
გოგონას დაფიქრებულ, ცოტა დაბნეულ სახეს დააკვირდა და თვალების
შორეული სიღრმიდან წამოსული მსუბუქი, ნაზი სევდა გულში თბილი, მლაშე
ცრემლივით ჩაეწვეთა.

ამის შემდეგ აბელი იმ ქუჩით აღარ დადიოდა.

სამაგიეროდ მოგვიანებით, როცა მიმოზა შარტავამ მოეგზისტენციალურო


მონოლოგი წარმოთქვა და ამის გამო აბელს სულში ისევ აუწრიალდა რაღაც,
ვანო როსტიაშვილს ლუდხანაში დაბადების დღე გადაუხადა.

მიმოზა შარტავა, ჩათქვირებული და შარვალში გამოკვართული, მარტო იჯდა


სარეპეტიციო ოთახში, როცა აბელი იქ უმიზნოდ შეეხეტა.

- აა! ქალბატონო მიმოზა! უჭკნობო და უბერებელო!

მიმოზა შარტავამ კმაყოფილმა ჩაიკისკისა.

- რაღა უბერებელი დავბერდი და ესაა ტანზე მართლა ნაკლებად მეტყობა


მასაჟებს ვიკეთებ დღეს ლამარას დაბადების დღეა არ ვიცი რა ვიყიდო არაფერი
აღარ იშოვება ქალმა თავის მოვლა უნდა იცოდეს სარეცხის ქვაბი რომ სარეცხი
ქვაბია იმასაც ვერ იშოვი ხომ მარტო ვარ მაგრამ მაინც ქვეყნის სარეცხი
მიგროვდება აბაზანაც გამოსაცვლელი მაქვს ხელოსნები უნამუსო და მატყუარა
ხალხი გახდა ნეტა მალე მომიწევდეს პენსიის დრო ზღვაზე დავსახლდები სადმე
მიყვარს ზღვა უნდა გავთხოვდე საყვარელი როგორც კი სიბერეს შეგატყობს
მაშინვე მიგატოვებს ქალი რომ სიბერისკენ წავა უნდა გათხოვდეს რა მივუტანო
ლამარას დაბადების დღეზე რომ არ მივიდე არ ივარგებს სარეცხის მანქანა სულ
ღრჭიალებს და როდის გაფუჭდება არ ვიცი გუშინ ერთი კაცი ამეკიდა
სპექტაკლიდან რომ მოვდიოდი ეს ბეჭედი ჩუმად მოვიხსენი და მარჯვენა
ხელზე გავიკეთე გათხოვილი ვეგონები-მეთქი სახლამდე მომყვა ამოვალო
მეხვეწებოდა პირიდან ღვინის სუნი ამოსდიოდა ძლივს მოვიშორე ბავშვი უნდა
გამეჩინა თავის დროზე და კარგს ვიზამდი გუშინდელი ტოლმა მაქვს სადილად
მიყვარს წინა დღის ტოლმას რომ ტაფაზე შევბრაწავ ერთი კაცი მყავდა
მურაბებს მპარავდა და ჩუმად ჭამდა ღამე დგებოდა თურმე და ჭამდა ისე ეჭამა
დალოცვილს ვინ უშლიდა ქალმა ყოველ საღამოს უნდა იბანაოს კაცს
სისუფთავის სუნი უყვარს იქნება უნივერმაღში ვიშოვო რამე ლამარასთვის
სარეცხის ფხვნილსაც ვიყიდი ბარემ

მეორე დღეს აბელმა ვანო როსტიაშვილს დაბადების დღე გადაუხადა.

იმ ხანებში ვანო ნაირ-ნაირი ეროვნების მაწანწალებთან მეგობრობდა, ისეთი


ჯურის ხალხთან, რომელთაც საეჭვოს ეძახიან, თუმცა მათ საეჭვო არაფერი აქვთ.
ყველამ მშვენივრად იცის, რომ ესენი მათხოვრები არიან, მაგრამ მათხოვრობას
თაკილობენ, ქურდები არიან, მაგრამ ქურდობის შნო არა აქვთ, მკვლელები
არიან, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით. ამიტომ დასათრობ ფულს იმით
შოულობენ, რომ წვრილმან, შემთხვევით სამუშაოს ასრულებენ, ბარგს წაგიღებენ,
შეშას დაგიჩეხავ, რიგს დაგიკავებენ...

რეპეტიციიდან მომავალი აბელი ისეთ დროს გადააწყდა ვანოს, როცა იგი იმ


თავის მაწანწალების გუნდში იდგა ავეჯის მაღაზიის წინ და ბრძნული, ცოტა
ამპარტავნული სახითა და თეატრალური ჟესტიკულაციით რაღაცას უამბობდა
მათ. მაწანწალები გასუსულები, ყურადღებად ქცეულები უსმენდნენ და
მოწიწებით შესცქეროდნენ. მათ სავსებით ჰქონდათ შეგნებული ვანოს დიდი
უპირატესობა და უსიტყვოდ აღიარებდნენ თავიანთ ლიდერად ინტელექტის
სფეროში.

აბელს ძარღვებში სიმხურვალემ დაუარა.

- ვანო!

ვანოს აბელის დანახვაზე ოდნავ გადაჰკრა ფერმა, ერთი უმწეოდ მიმოიხედა,


ლექცია შეწყვიტა და მისკენ წამოვიდა.

- მომილოცავს, ვანო! - ხმამაღლა, ომახიანად შესძახა აბელმა, ჯერ ხელი


ჩამოართვა, მერე კი მაგრად ჩაიკრა გულში და გადაკოცნა.

ვანომ დარცხვენილი გაკვირვებით შეხედა.

- რას მილოცავ, კაცო?

- დაბადების დღეს. დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!

- დაბა... ჩემი... რა დაბადების დღე?

- რა თავმდაბალი კაცი ხარ, ვანო! ეგ თავმდაბლობაა, რომ გღუპავს. მე რას


მიმალავ! დღეს შენი დაბადების დღეა და ჩვენ ამას ლუდხანაში აღვნიშნავთ.

- უჰ! - შუბლში იტკიცა ვანომ ხელი, - სულ დამავიწყდა, ხომ იცი! - მაგრამ
მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაწითლდა და შერცხვა.

-ასე არა სჯობს! - გაამხნევა აბელმა, უთხარი შენს მეგობრებს და წავიდეთ.

ვანომ ხმას დაუწია.

- ამათი წაყვანა რა საჭიროა...

- ვანო! - თავი გადაიქნია აბელმა, - მეგობრების ღალატი არ ვარგა, - და


მაწანწალებს გასძახა, - წავედით, ძმებო!

აბელი დროშასავით გაუძღვა წინ ამ უცნაურ პროცესიას და მალე ლუდხანაში


შევიდნენ. რესტორანში ხალხი კანტიკუნტად იყო. აბელმა დარბაზის ცენტრში
აირჩია ადგილი, საკუთარი ხელით მიადგა ორი მაგიდა ერთიმეორეს, სკამები
შემოუწყო და სტუმრები თავაზიანად მიიპატიჟა.
მებუფეტესა და მიმტანებს მაინცადამაინც არ გაჰკვირვებიათ ეს უცნაური სერობა.
ისინი მიჩვეულნი იყვნენ აბელის მოულოდნელ გამოხდომებს. სხვები კი
ერთხანს გაკვირვებით ათვალიერებდნენ სუფრას. მერე ისინიც მიეჩვივნენ და
ყველამ საკუთარ თეფშში ჩარგო თავი.

აბელმა სანაქებო სუფრა გაშალა. ვანოს სადღეგრძელო ფეხზე ადგომით


წარმოთქვა. დიდხანს ილაპარაკა მის მაღალ სულსა და ნათელ გონებაზე,
თავდადებასა და მეგობრობაზე, ოჯახის სიყვარულსა და მოქალაქეობრივ
შეგნებაზე. იმდენი და ისე ბრტყლად ილაპარაკა, რომ ვანო გაამაყდა, გაიფუყა,
წელში გაიმართა და თანამეინახეებს ქედმაღლურად და ცოტა არ იყოს ზიზღით
დაუწყო ცქერა. თუმცა თანამეინახეებს ამისათვის არავითარი ყურადღება არ
მიუქცევიათ. თავიც კი არ აუღიათ. ისხდნენ და ჭამდნენ. და აბელის ომახიან,
პათეტიკურ ლაპარაკს ფონად მისდევდა თქლაფუნი, წკლაპუნი, ხრამუნი,
კრაჭუნი, წრუპუნი და კიდევ მრავალი ნაირ-ნაირი შეფერილობის ხმა.

ხანი რომ გამოხდა, აბელმა მომტანი მოიხმო და კიდევ შეუკვეთა საჭმელი,


რადგან შენიშნა, რომ სტუმრები რასაც ჭამდნენ, ხომ ჭამდნენ და დანარჩენს
მალულად ჯიბეებში იტენიდნენ. ზოგს ამისთვის საგანგებო ჩანთაც ჰქონდა.

რესტორანს ხალხი თანდათან ემატებოდა და ყოველი ახალი შემოსული თავის


მოვალეობად თვლიდა, სანამ მაგიდას მიუჯდებოდა, ჯერ ინტერესით და
ყურადღებით შეეთვალიერებინა აბელის სუფრა.

ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. აბელის სტუმრები დათვრნენ. დასკდნენ და


ახლა, საჭმელს რომ უყურებდნენ, სევდიანად ოხრავდნენ.

ბოლოს აბელმა კიდევ ერთხელ წარმოთქვა ვანო როსტიაშვილის სადღეგრძელო,


სერობა დაამთავრა და მომტანს დანახარჯი აანგარიშებინა. მერე თანამესუფრეებს
მიუბრუნდა: - აბა, წავედით, ბიჭებო!

ბიჭები წამოიშალნენ.

- მოიცათ! ეგრე არა. ორ მწკრივად მოეწყეთ!

ბიჭები ცოტა დაიბნენ, მაგრამ სწრაფად მოეგნენ გონს და სიმაღლეზე დაეწყვნენ.

- შენ არა, - უთხრა აბელმა ვანოს, - შენ მეთაური ხარ და გვერდით გაჰყევი, -
მერე შემდგომი განკარგულება გასცა, - ნაბიჯით იარ!

მთვრალი ბიჭები მთლად მწყობრად ვერ მიდიოდნენ, მაგრამ ძალიან


ცდილობდნენ და ამიტომ საბოლოოდ მაინც ღირსეულად გავიდნენ
ლუდხანიდან.

ქუჩაში აბელმა ვანოს მეგობრები სათითაოდ დაკოცნა და თავ-თავიანთი გზით


გაუშვა. მერე ვანოს ხელი გადახვია.

- ჩვენ ერთად წავალთ. მე შენ გაგაცილებ.

- არა, მე გაგაცილებ! - გაჭირვეულდა უცებ ვანო.


- ციც! - დატუქსა აბელმა და, თითქოს სანთელს სული შეუბერესო, ვანოს
ჭირვეულობა უცებ ჩაქრა.

ხელიხელგადახვეულები გაუდგნენ გზას.

აბელმა სიმღერა წამოიწყო: - ჩავუხტეთ და ჩავუხტეთ...

მაგრამ, როცა ვანო აჰყვა, წამსვე გაჩუმდა და ვანოსაც მხარზე გადახვეული ხელი
პირზე ააფარა, რადგან მიხვდა, რომ ეს საქმე განწირული საქმე იყო, სიმღერა არ
გამოვიდოდა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სიმღერა არ გამოვიდოდა, რომლის
შესახებაც მილიციელი, რომელიც მათ დაიჭერდა და განყოფილებაში
მილალავდა, უფროსს არ მოახსენებდა, ღამე ქუჩაში გამვლელებს აშინებდნენო.

სამაგიეროდ, საუბარი ჩინებულად აეწყო, თუმცა ენა არც ერთს არ


ემორჩილებოდა ისე, როგორც საჭიროება მოითხოვდა. ვანო აღგზნებული იყო,
გულაჩუყებული, ბედნიერი, და გატაცებით ლაპარაკობდა თავის თავზე.
დახასიათებისათვის ლექსიკურ წყაროდ იყენებდა აბელის მიერ ორგზის
წარმოთქმულ მის სადღეგრძელოს, ოღონდ სიმთვრალისა და ცუდი მეხსიერების
გამოისობით, აბელის ნატიფსა და ჩამოქნილ გამონათქვამებს ზედმეტად
თავისუფალ რედაქციას უკეთებდა, კერძოდ, ლაპარაკობდა „ნათელ
თავდადებაზე“, „ამაყ მეგობრობაზე“, „ერუდირებულ პატიოსნებაზე“ და ასე
შემდეგ. აბელმა ერთი კი სცადა, შესწორება შეეტანა და ამღვრეული წყალი
დაეწმინდა, მაგრამ რა შეატყო, ენა ცუდად ემორჩილებოდა, ხელი ჩაიქნია და
თავი მიანება.

ასე გაიარეს დიდი გზა.

სახლს რომ მიუახლოვდა, ვანოს ნელ-ნელა გუნება წაუხდა, თანდათან დაუწია


ხმას და ბოლოს სულ გაჩუმდა. ფეხს ითრევდა, ხშირ-ხშირად ჩერდებოდა,
თუმცა ალბათ თვითონაც იცოდა, რომ ხელმოსაჭიდი ხავსის ძებნა უიმედო
საქმე იყო და რამდენიმე წუთით თუ გადასწევდა ბედისწერის გარდაუვალ
ჩანაფიქრს, თორემ შეცვლით ვერ შეცვლიდა.

აბელმა თანამესუფრის ჩამქრალი ენთუზიაზმი რომ შეამჩნია, მისი გამხნევება


გადაწყვიტა: - ნუ შედრკები, ვანო! ხიფათს თვალი უნდა გავუსწოროთ, ძმაო!
სიკვდილს ამაყად უნდა შევეგებოთ!

- ნამდვილად! - თქვა ვანომ და მინავლული ცეცხლი წამით აბრიალდა, მაგრამ


იქვე ისევ ჩაიბჟუტა, - ეეჰ! - ამოიოხრა და გულ-ღვიძლი ამოატანა, - ვისაც
სიდედრი არა ჰყავს, მისთვის ადვილია ლაპარაკი.

- რომ გეშინია, ამიტომ გჩაგრავს ასე იოლად, - სიბრძნის ყულაბა გახსნა აბელმა,
- აბა, ერთი მაგრად დაუდექი!

- დავუდგები კიდეც, მე მაგის დედა!.. - ვანომ სცადა, გინებით გაემაგრებინა


გული, მაგრამ ეს გინებაც გაუბედავი და ფშუტე გამოუვიდა.

სადარბაზოში რომ შევიდნენ და კარს მიადგნენ, აბელმა საზეიმო, გაუთავებელი


ზარი მისცა, თან ცდილობდა, ზარის ხმით საცეკვაო მუსიკის მელოდია
გამოეყვანა. აბელს ჩინებული მუსიკალური სმენა ჰქონდა და ეჭვი არაა,
გამოიყვანდა კიდეც საცეკვაო მელოდიას, ვარჯიშისათვის რომ ცოტა მეტი დრო
დარჩენოდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მელოდია უნდა გამოკვეთილიყო, კარი
გაიღო და ზღურბლზე ვეება, დევივით ქალი გამოჩნდა. ეს ვანოს სიდედრი იყო.

სიდედრმა მსხვილი, მყარი ფეხები განზე გადგა, დოინჯი შემოიყარა და


მბურღავი მზერა შანთივით დაარჭო სიძესა და მის თანმხლებ პირს. სიდედრის
მარცხენა მხარს ზემოდან ვანოს ცოლი იყურებოდა. მასაც დედამისივით
ავისმომასწავებელი, პირქუში სახე ჰქონდა, მაგრამ ამ სიავეში, როგორც
გაყინული გულის გამალღობელი მხურვალე სხივი, ვიწრო ზოლად მოჩანდა
რომანტიკული სევდა, რომელიც არასოდეს არა აქვს სიდედრს, მაგრამ
ყოველთვისა აქვს ცოლს.

მცირე პაუზის შემდეგ აბელმა, რომელსაც ხელი ისევ ისე გადახვეული ჰქონდა
ვანოს მხარზე, გადაწყვიტა, სიტყვით მიემართა დამხვდურთათვის.

- მოწყალეო ქალბატონებო! - დაიწყო მან. თანაც სანაქებო მონდომებით


ცდილობდა, გამართულად ელაპარაკა, - ქართველი კაცი აღმოსავლეთისა და
დასავლეთის გამყოფი კედელია. მისთვის თანაბრად მახლობელია ერთიცა და
მეორეც. გული აღმოსავლური სიყვარულით გვაქვს სავსე, გონება კი დასავლეთის
რაციონალიზმით. ჩვენ გვინდა სიყვარულად დავიღვაროთ, მაგრამ გულის
გახსნას ხელს უშლის გონების სიფხიზლე. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ღვინო.
ღვინო, ქალბატონებო, ათავისუფლებს გონების ლაგამს და გულიდან
თავისუფლად იღვრება სიყვარული...

სიდედრმა შეაწყვეტინა. არც შერხეულა, არც თვალი მოუშორებია, არც ძარღვი


შეტოკებია. მხოლოდ ერთი, ერთადერთი სიტყვა თქვა: - მოიტა.

აბელი წამით დაიბნა. ვერც იმას მიხვდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა და ვერც იმას,
ვისი მისამართით იყო ნათქვამი. მხოლოდ მაშინ, როცა სიდედრის მარცხენა
მხარს ზემოთ ცოლის სახე შებრუნდა და ცოტა ხნის შემდეგ მხედველობის
არედანაც გაქრა, აბელმა შეძლო საუბრის დაკარგული ძაფი ეპოვა: - ჩვენში,
მოწყალეო ქალბატონო, მეფის დარბაზი სუფრაზე წყვეტდა ქვეყნის ბედ-იღბალს.
იყალთოს აკადემიაში წიგნი არ იყო იმდენი, რამდენიც ქვევრი...

ვანოს ცოლი ისევ გამოჩნდა. სიდედრს არ მიუხედავს, მხოლოდ მარჯვენა ხელი


მოიხსნა წელიდან და უკან გაიწოდა, როგორც კი ფეხის ხმა მოესმა. მერე ეს
ხელი რომ ისევ დაბრუნდა, აბელმა იატაკის ჯოხი დაინახა. ჯოხი თეთრი იყო
და ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდა.

- შე უკეთურო, - თქვა სიდედრმა.

აბელმა ოდნავ უბიძგა ხელი ვანოს და სახიფათო ზონიდან გააგდო. თვითონ


თავი უკან გადასწია და იატაკის ჯოხმა რომ ცხვირწინ ჩამოუქროლა, ბოლოებში
სწრაფად ჩაავლო ორივე ხელი როგორც მოტოციკლის საჭეს, როგორც ბურღს,
როგორც ხარის რქებს. სიდედრმა მძლავრად გაიქნია თავისკენ ჯოხი. აბელმა
მიუშვა, სანამ მკლავის სიგრძე ეყოფოდა, როგორც მეთევზე მიუშვებს თევზს,
რათა ამით ლარი გაწყვეტას გადაარჩინოს, მერე ისევ თავისკენ მოსწია.
სიდედრმა კიდევ რამდენჯერმე სცადა, ჯოხი გამოეგლიჯა, მაგრამ მიზანს ვერ
მიაღწია. მაშინ მცირე ხნით შეისვენა. ახლა ისა და აბელი თვალებში
შეჰყურებდნენ ერთმანეთს და იატაკის ჯოხით იყვნენ ერთმანეთზე
გადაბმულები.

აბელმა შესვენებით ისარგებლა და სცადა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით


მოეგვარებინა: - მოწყალეო ქალბატონო...

მაგრამ ბრძოლაში გამობრძმედილმა სიდედრმა, რომელსაც ეტყობა მდიდარი


ტაქტიკური არსენალი და ვითარების სწრაფი შეფასების შესაშური უნარი ჰქონდა,
ერთბაშად შეცვალა ბრძოლის გეზი. იმ დროს, როცა აბელი მოელოდა, რომ
თევზი ხელახლა დაჰკრავდა და ლარის გაწყვეტას კიდევ ერთხელ შეეცდებოდა,
სიდედრი შეტევაზე წამოვიდა და იატაკის ჯოხი უეცრად შუბად იქცა. აბელი
ასეთ სიმუხთლეს არ მოელოდა და მოუმზადებელი შეხვდა. ჯოხის ბოლო
მუცელში ისე დაეტაკა, რომ მუცელმა სიმწრისაგან ხმამაღლა დაიბუყბუყა.
აბელმა წაიფორხილა და ცუდად რომ არ დაცემულიყო, იძულებული შეიქნა,
ჯოხისთვის ხელი გაეშვა. ცალ მუხლზე წამოიჩოქა, წამსვე ისევ წამოხტა და
აღმართული ჯოხის დანახვაზე უკან დაიხია. სიდედრს ორივე ხელით ეჭირა
იატაკის ჯოხი და როგორც მრისხანე სამურაი მოწინააღმდეგისაკენ მოიწევდა.
სანამ შეტრიალდებოდა და გაიქცეოდა, აბელმა იმის შემჩნევაც მოასწრო, რომ
ვანომ, როგორც კი სიდედრის მიერ ამოქოლილი კარის ზღურბლი გაიხსნა,
წამსვე დურთა თავი და უკანმოუხედავად შევარდა სახლში. სწორედ ამ დროს
აბელმაც, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, და მტერს ზურგი უჩვენა. ვიდრე
სადარბაზოდან გააღწევდა, ბრაგუნი გაისმა და ეს მტრისთვის ნაჩვენები ზურგი
საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ იატაკის ჯოხი მართლა ჯანსაღი და
მაგარი ყოფილა.

აბელი ქუჩაში გამოვარდა. ერთი პირობა კი დააპირა, სირბილით დაშვებულიყო


ქვემოთ, მაგრამ თვალწინ რომ საშინელი და კომიკური სურათი წარმოუდგა, თუ
როგორ მირბის თავქუდმოგლეჯილი ქალაქის ცენტრში და როგორ მისდევს უკან
ყიჟინით ვანო როსტიაშვილის პირგამეხებული სიდედრი, ამ განზრახვაზე ხელი
აიღო და იქვე სახლის კუთხეს ამოეფარა. ბედად სწორედ აქ, ზედ კუთხესთან,
კედელს საწვიმარი მილი ჩამოსდევდა. მოწინააღმდეგის მანევრი რომ არ
გამოპარვოდა, აბელი კედელსა და საწვიმარ მილს შორის დარჩენილ
ჭუჭრუტანას აეკრო და აქედან დაუწყო თვალთვალი ბრძოლის ველს. იატაკის
ჯოხით შეიარაღებული სიდედრი სადარბაზოდან გამოვარდა და ინერციით
წამოვიდა ქვემოთ, მაგრამ აბელი რომ ვერსად დაინახა, მკვეთრად დაამუხრუჭა
და ახლა ზემოთ გავარდა. რაკი იქაც ვერ აღმოაჩინა მსხვერპლი, ისევ მობრუნდა,
სადარბაზოსთან შეჩერდა, იატაკის ჯოხი შუბივით დააყრდნო მიწას და მარცხენა
ხელით დაიჭირა. ერთხანს ასე იდგა გაჭიმული, როგორც სამეფო კარის მცველი,
მერე მარჯვენა ხელი მოიჩრდილა, ელნათურებით სუსტად განათებულ ქუჩას
ყოველ მხარეს მოავლო არწივის მზერა, ბოლოს ხმადაბლა თქვა რაღაც (აბელის
ვარაუდით უწმაწურად შეიგინა) და სახლში შევიდა.

აქ აბელი სამალავიდან გამოვიდა და სასაფლაოსაკენ გაუდგა გზას.

სასაფლაოზე გრილოდა და სიჩუმე იყო. აბელი გედეონ რევიას საფლავის


გვერდით გულაღმა დაწვა, მკვლავები აქეთ-იქით გადაყარა და მოწმენდილ ცაზე
ვარსკვლავებს დაუწყო ცქერა. რაკი ასტრონომიის დარგში მისი ცოდნა დიდი და
პატარა დათვით ამოიწურებოდა, ეს საქმიანობა მალე უაზრო შეიქნა და თვალი
გაუშტერდა, ხოლო იმ დროს, როცა გადაწყვიტა, ხვალვე წიგნს ვიშოვი და
დასაწყისისათვის იმდენ ცოდნას მაინც შევიძენ, რომ ვარსკვლავები
პლანეტებისაგან გავარჩიოო, ჩათვლიმა კიდეც. ის იყო, ღრმა ძილში უნდა
წასულიყო, უეცრად ტვინში ელვასავით დაკვესა რაღაცამ და ერთბაშად
გამოფხიზლდა. „ეს თავდაცვის ინსტინქტია“, - გაივლო გულში და წამოჯდა.
ერთი დაპირება დააპირა გედეონს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ გადაიფიქრა.
სულერთია, მაინც არაფერი გამოვიდოდა: ერთადერთი კაცი, ვინც ამ ქალაქში
სულებთან ურთიერთობას ახერხებდა, სამსონი იყო.

ბოლოს ადგა და წამოვიდა. თუმცა რამდენიმე ნაბიჯი რომ გამოიარა,


შეტრიალდა და გედეონს ხელი დაუქნია. ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ იფიქრა, ჩვენ
ხომ გარდაცვლილზე არავითარი წარმოდგენა არა გვაქვს და ვინიცობისაა
გედეონის სული ყველაფერს ხედავდეს, ასე უბრად წასვლა უზრდელობაში არ
ჩამომართვასო.

ქალაქში რომ ჩამოვიდა, შეჩერდა და დიდხანს იფიქრა იმაზე, სად წასულიყო.


ბოლოს ერთ-ერთ მოსაზრებას თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ღამის
თერთმეტ საათზე გორდაძეებს მიადგა.

გორდაძეებთან იდილია სუფევდა. ბავშვებს უკვე ეძინათ და იდილიაში


მონაწილეობდნენ მხოლოდ ნანო, ასლანი და მერი. ისინი აივანზე ისხდნენ, ჩაის
მიირთმევდნენ და ტკბილად მასლაათობდნენ. აბელმა იდილია მაშინვე შეამჩნია.
მერის დანახვა გაუკვირდა, მაგრამ გაკვირვება დიდხანს არ გაჩერებულა
გონებაში, რადგან იქ ალკოჰოლი მეფობდა, რომელიც ხანგრძლივად არავითარ
აზრსა და არავითარ გრძნობას არ აჩერებდა.

აბელმა ფრთხილად შეაღო ჭიშკარი და ასევე ფრთხილად, უხმაუროდ მიხურა.


კიბეზე ორჯერ წაიფორხილა, მაგრამ ორივეჯერ მოასწრო მოაჯირს ჩაფრენოდა
და გადარჩენილიყო. ბოლოს საფეხურს რომ მიაღწია, იდილიის მონაწილეებმა
მაშინღა შეამჩნიეს, მოიხედეს და რაღაც შესძახეს. რა შესძახეს, აბელმა ვერ გაიგო,
მის გონებას მხოლოდ ინტონაცია მისწვდა. ინტონაცია კი იყო გაკვირვებისა და
სიხარულის.

ასლანი და ნანო სწრაფად წამოდგნენ. მერი არ წამომდგარა.

- ასეთ დროს სტუმრობა უხერხულია! - კატეგორიული კილოთი თქვა აბელმა.

- შინაურისთვის არაა უხერხული, - ღიმილით შეაწყვეტინა ასლანმა, ხელი


მოხვია და ლოყაზე აკოცა.

- ასეთ დროს სტუმრობა შინაურისთვისაც უხერხულია, - თავისას მიერეკებოდა


აბელი, - ამას მე თქვენს გასაგონად ვამბობ, ქალბატონო, - თითი მიაშვირა მერის.

მერიმ გულიანად გაიცინა და მიუგო: - ყველამ ჩვენ-ჩვენ უხერხულობას


მივხედოთ.
- სწორია, - გაუხარდა აბელს, - სწორია. და ამიტომ საღამო მშვიდობისა... არა.
ღამე მშვიდობისა. არა. „ღამე მშვიდობისა“ მერე უნდა. ერთი სიტყვით, გვიანი
საღამო მშვიდობისა.

- მოდი, დაჯექი, - ასლანმა ისევ მოხვია ხელი და მაგიდასთან მიიყვანა.

- მოგესალმებით, ქალბატონო, - აბელი დაიხარა, მერის ხელი მოწიწებით აიღო


და აკოცა, - შეიძლება, აი, აქ დავჯდე, თქვენს პირდაპირ და სახეში გიცქიროთ?

- დაჯექი. ოღონდ ცქერა რომ მოგბეზრდება, არ მოგერიდოს, თამამად გაიხედე


გვერდზე.

- მოხარული ვარ, რომ იუმორის გრძნობით ყოფილხართ დაჯილდოებული. ეს


მე არ ვიცოდი, - ამ სიტყვებით დაჯდა, ცოტა დაფიქრდა, მოეჩვენა, თითქოს
რულიც წამოეპარა, მაგრამ უცებვე გამოფხიზლდა, - შენ გაუგებარი კაცი ხარ,
ასლან. დიალექტიკის კანონს არ ემორჩილები.

- აბა, რას ვემორჩილები? - გაიცინა ასლანმა.

- რა ვიცი. ეტყობა, შენ ემანაცია არა ხარ. დიალექტიკის კანონს ემორჩილება ის,
რაც ვლინდება მატერიაში, დროსა და სივრცეში. შენ არ ემორჩილები
დიალექტიკის კანონს, მაშასადამე, შენ არა ხარ გამოვლინება. შენა ხარ ტრანსც...
ტრანსცენდ... ერთი სიტყვით, ისა ხარ, რასაც ახლა სიმთვრალის გამო ვერ
ვამბობ.

- სად იწვიმა და იქუხა? - ღიმილით ჰკითხა ნანომ.

- ყველგან იწვიმა. ცა გაირღვა და ღრუბლები იწველებიან. კოკისპირულად წვიმს.


რაც შეეხება ქუხილს, როსტიაშვილებთან ქუხდა. საწყალი ვანოს სიდედრი
ქუხდა. რა უნდა აქ ამ ქალს? - ნანოს მიუბრუნდა უცებ და თითი მერისკენ
გაიშვირა.

მერიმ გაიცინა. ნანომ ღიმილით თქვა: - რას ერჩი ამ ქალს?

- ამ ქალის გარეგნობაში ერთიანი ღერძი გაჩნდა. ადრე ეს ღერძი დაბზარული


იყო. აქედან შეხედავდი, ლამაზი გეჩვენებოდა, იქიდან შეხედავდი, ულამაზო
გეჩვენებოდა. ახლა ერთიან ღერძზეა ყველაფერი აკინძული.

- ნუ მომკლავ, მითხარი ბარემ, ლამაზი ვარ ამ ერთიანი ღერძით თუ ულამაზო?


- ჰკითხა მერიმ.

- ლამაზი ხარ, ლამაზი, შენ შემოგევლოს რაც ქვეყანაზე მისტიკოსები და


თეოსოფებია!... აი, ახლა რომ ჩაი მოწრუპე, იმიტომ კი არ მოწრუპე, რომ
მოწრუპვა გინდოდა, იმიტომ მოწრუპე, რომ უხერხულობა იგრძენი და გინდოდა,
ეს უხერხულობა მოწრუპვით შეგენიღბა. - აქ ძველი პედაგოგის კილოთი
დაუმატა, - ამაო იყო შენი საქციელი. მე ასე იოლად ვერაფერს გამომაპარებ. - და
უცებ საუბრის თემა შეცვალა, - მე ახლა გედეონ რევიასთან ვიყავი.

- შენი მტერი იყოს გედეონ რევიასთან! - შეშფოთებით თქვა ნანომ.


- მე მტერი არა მყავს, ქალბატონო. მე მხოლოდ მეგობრები მყავს, რომლებიც ვერ
მიტანენ. გედეონ რევია ღრმად არის ჩაფლული სამარეში.

- რა საძაგლობაა! - შუბლი შეიჭმუხნა მერიმ.

აბელი მერის მიაჩერდა და ერთხანს უყურა.

- საძაგლობაა, ქალბატონო, - თქვა მერე, - მაგრამ ატომებს შორის ცარიელი


ადგილებია და გედეონ რევია იქიდან უჭვრიტინებს ზეცას.

- დალევ რამეს? - ჰკითხა ასლანმა.

- ჩაის დალევს, - თქვა მერიმ, - მეტი ახლა მაგისთვის არაფერი არ შეიძლება.

- შეიძლება, როგორ არ შეიძლება! - თითი დაუქნია აბელმა, - ასლანს ისეთი


არაყი აქვს, რომელსაც ვერავითარი ჩაი ვერ შეედრება.

ასლანმა ნანოს ანიშნა. ნანო ადგა, ოთახში შევიდა და არაყი და ორი ჭიქა
გამოიტანა. ასლანმა დაასხა და თავისი ჭიქა აბელისას მიუჭახუნა.

- გაგვიმარჯოს.

- ეს უცხოელები სულელები არიან, - თქვა უცებ აბელმა, - ყველაფერზე


იკრიჭებიან და თხასავით აქიცინებენ თავს. თვალებგადმოქაჩული დაწანწალებენ
და სულ ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ. მიათვალიერებენ, მოათვალიერებენ და
წავლენ კმაყოფილები, დარწმუნებულები, რომ საქართველო ნახეს. მაგ ჩერჩეტებს
საქართველო მართლა ის ჰგონიათ, რაც ჩანს. საქართველო, თქვე სულელებო,
ისაა, რაც არა ჩანს. საქართველო მე ვარ. მე თუ არ ჩამხედე გულში, აგერ, მერის
თუ არ ჩახედე... - ეს ბოლო სიტყვა ხმადაბლა, გაჭიანურებით თქვა, თან ისეთი
დაჟინებით დააცქერდა მერის ოდნავ მოღებულ მკერდს, რომ ეს უკანასკნელი
შეიშმუშნა და უნებურად ხელი აიფარა. - ის თუ არ დაინახე, რაც არ ჩანს, ისე
რას გაიგებ, საქართველო რა არის... არ დავლიოთ საქართველოს სადღეგრძელო?
- ასლანს მიუბრუნდა უცებ.

- დავლიოთ, - თქვა ასლანმა და ჭიქა ისევ მიუჭახუნა.

- გედეონ რევიას ჰგონია... - ისევ დაიწყო აბელმა, - ახლა იქნებ აღარც ჰგონია,
მაგრამ ადრე ეგონა, რომ საქართველოს სადღეგრძელო არის სუფრული
პატრიოტიზმი, რომელიც ქართველებს სახელს გვიტეხავს. აღმოსავლეთში კი
მიაჩნიათ, რომ თუ გინდა ღმერთი იხილო და მასთან მეზობლური
ურთიერთობა დაამყარო, როგორც ზოგიერთებმა დაამყარეს, ხშირ-ხშირად უნდა
იმეორო მისი სახელი. თუნდაც მექანიკურად, მაგრამ უნდა იმეორო. ამ თვალით
თუ შევხედავთ, საქართველოს სადღეგრძელო სუფრული პატრიოტიზმი კი არა,
ლოცვაა. სუფრაზეც თუ არ ვახსენეთ სამშობლო, შეიძლება სულ დაგვავიწყდეს
და გზაში რომ შეგვხვდეს, ვეღარც კი ვიცნოთ. თქვენ, ქალბატონო მერი,
იქედნურად ნუ იღიმებით და ნუ გგონიათ, თითქოს პატრიოტიზმი
პროვინციალობაა და მთავარია ზოგადსაკაცობრიო, გლობალური პრობლემები.
გლობალური პრობლემების გზა, ჩემო ძვირფასო და აწ უკვე მშვენიერო,
ეროვნულ პრობლემებზე გადის და როცა ვინმე ეროვნულ პრობლემებს
გამოტოვებს და პირდაპირ გლობალურ პრობლემებს დაახტება, ეს უტყუარი
ნიშანია იმისა, რომ ასეთი კაცი ილუზიით კვებავს საკუთარ არარსებობას. ასე
გადაეცი ჩემს მეგობარს, თუ როდისმე თავისი გამოქვაბული მიატოვოს და ამ
ქვეყნისკენ ქნას პირი. ისე კი იცოდე, ყველა უკან ბრუნდება. მე ამ დარგში
მრავალი ექსპერიმენტი ჩამიტარებია და საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ
ყველა უკან ბრუნდება, თუკი უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს. ამ ოჯახს
გაუმარჯოს! - თქვა უცებ და არაყი ერთ ყლუპად გადაუშვა.

- ამ ოჯახს თუ საქართველოს?

აბელმა მერის შეხედა. მერი ორად გაიყო, მერე ისევ შეერთდა. აბელმა თავს
ძალა დაატანა, რათა რაღაც გაეხსენებინა, რაც დავიწყებული ჰქონდა, ბოლოს
თქვა: - საქართველო არაა ეს ოჯახი?! დალიე, ასლან.

ასლანმა უხერხულობის ასარიდებლად უბრალოდ თქვა, გაუმარჯოსო, და დალია.

- აბელ, რატომ გედეონის სახლში არ გადადიხან? - ჰკითხა ნანომ.

- არ მიშვებს გედეონი, - მიუგო აბელმა.

- როგორ არ გიშვებს, ანდერძით დაგიტოვა მემკვიდრეობა! - გაუკვირდა ნანოს.

- არ მიშვებს. ახლაც ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად ვეწვიე. არაო, მითხრა.


ანდერძით კი დაგიტოვე, მაგრამ სანამ საქართველო არ შეგძულდება, მანამ
გადასვლის უფლება არა გაქვსო. რა ვქნა მე საწყალმა? კი მძულს, მაგრამ როგორ
გავამხილო?.. - აქ თავი ხელებში ჩარგო და გაჩუმდა. ერთხანს ასე იყო, მერე
უეცრად ასწია თავი, თითი მერის მიაშვირა და თქვა, - როგორ დავანებე სამსონს
ასეთი ქალი!

მერის გულიანი სიცილი აუტყდა. ნანო და ასლანი წამით შეცბნენ. მერე იმათაც
გაეცინათ. ასლანმა ტორი დაადო ბეჭზე აბელს.

- შენ კი რა გითხრა! სად იყავი მერე თავის დროზე!

- თუ ნებას მომცემთ, ქალბატონო, შინ გაგაცილებთ, - ელეგანტური კავალერის


თავაზიანობით უთხრა აბელმა მერის, - როგორც იმ უწყინარ და სულელურ
დროს, როცა ერთად დავდიოდით სალონში.

- სად გააცილებ? - თქვა ნანომ, - მერი ჩვენთან გადმოვიდა.

- როგორ თუ გადმოვიდა?!

- გადმოვიდა. მარტო იყო და გადმოვიდა.

- რა უფლებით! - კოპები შეიკრა აბელმა და თავის სისულელეზე თვითონ


გაეცინა, - იმ ოთახში ხომ არ დგას, მე რომ ვიდექი?

- სწორედ იმ ოთახში დგას, - მიუგო ნანომ.

- მაშ მერის გაუმარჯოს! - აბელმა არაყი დაისხა, მერე ასლანს დაუსხა, - თქვენ
გაგიმარჯოთ, ქალბატონო! ფერ-უმარილი არ მოგაკლოთ ღმერთმა! - ჭიქა დაცალა
და დადგა, - მაშ, მარტო მომიწია წასვლამ.
- დარჩი, სად უნდა წახვიდე! - უთხრა ასლანმა.

- არა, - თქვა აბელმა, - სახლში ჩემი მარტოობა მელოდება. ცოდოა მარტო.

- ნუ სულელობ, დარჩი, - ხელი მოხვია ასლანმა.

- ნეტა იცოდე, ასლან, როგორ მიყვარხარ! - აბელს გული აუჩუყდა, ლამის


ცრემლი მოერია. ასლანს გადაეხვია და გადაკოცნა, - უნდა წავიდე. მშვიდობით
გნახეთ. გაგამრავლოთ გამჩენმა და გაგახაროთ!

ასლანი და ნანო ბევრს ეხვეწნენ, მაგრამ აბელმა არ დაიშალა. მაშინ ასლანმა


მანქანით წაყვანა შესთავაზა და ამჯერად თვითონ არ დაიშალა.

მეორე დილით აბელი მაგიდას მიუჯდა და გილგამეშის ეპოსის კითხვა დაიწყო.


ერთხანს გატაცებით კითხულობდა, მაგრამ როდესაც გილგამეში უკვდავების
საძებნელად წავიდა, უცებ თავში გაუელვა აზრმა, რომ სუფრას თანამესუფრე
სრულებით არ სჭირდება. თუკი არსებობ შენ, როგორც სუბიექტი, და არსებობს
სასმელი, როგორც ობიექტი, სუფრის მთავარი არსი უკვე გამოკვეთილია.
თანამესუფრე მეორეხარისხოვანი მომენტია, რომელიც შეიძლება სასურველი
იყოს, მაგრამ აუცილებელი არ არის. ამ ფიქრმა თანდათან დაიპყრო მისი გონება
და იქიდან გილგამეში გამოდევნა. ბოლოს წიგნი დახურა, მაგიდის შორეულ
კუთხეში მიუჩინა ადგილი და გადაწყვიტა, თეორიული მოსაზრება
პრაქტიკულად შეემოწმებინა, მაგრამ იდეის ხორცშესხმაზე რომ მიდგა საქმე,
ობიექტის არჩევა გაჭირდა. გადაწყვეტილება თანაბარი ამპლიტუდით მერყეობდა
ღვინოსა და არაყს შორის. მაშინ ადგა და ორივე გამოიტანა. ორივე, ღვინოცა და
არაყიც, წინ დაიდგა და მიაჩერდა. უცქირა, უცქირა და ბოლოს არაყი დაისხა.
ერთი ჭიქა რომ დალია, თავისდა მოულოდნელად ორივე ბოთლი გვერდზე
გასწია, ქაღალდი და კალმისტარი აიღო და წერას შეუდგა.

„გუშინწინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მიმოზა შარტავა ჩემი ორეულია, შენ


კი ტყუილად ეჭვობდი. მე ხელად მივხვდი, როგორ იქეცი მტრედად და როგორ
ჩამომიჯექი მარცხენა მხარზე. ეს იმ წამს მოხდა, რა წამსაც ავეჯის მაღაზიის წინ
თვალი მოვკარი ვანო როსტიაშვილს. მარტოდმარტო იმიტომ კი არ დავრჩი, რომ
შენ წახვედი. ყველა წავიდა. ეჭვი არაა, რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი
მოხდება, ოღონდ როდის მოხდება, კაცმა არ იცის. ცოდნის შეძენა მავნებლობაა
და კიდევ კარგი სიკვდილი არსებობს. შეძენილი ცოდნა გალიაში დამწყვდეული
ჩიტია. ცოდნის შეძენის პროცესი მხოლოდ სიკვდილის წყალობითაა უსასრულო,
თორემ ყველა ჩიტი რომ გალიაში დავამწყვდიოთ, რა გაუძლებს მარადიულ
მოწყენილობას! ამ დღეებში ჩვენში რენესანსი დაიწყება და დიდი განსაცდელი
გველის. კოკრებიდან რომ ყველა ფერადი ყვავილი გამოიჩეკება და გაზაფხული
ზენიტს მიაღწევს, ამას იოლად არავინ გვაპატიებს. წინ მძიმე ბრძოლა გვიდევს.
თუ გადავრჩით... და ისმის კითხვა (როგორც ამბობს ლექტორი, რომელსაც
აზრიდან აზრზე გადასვლა არ ემარჯვება): მაინც რა ხომალდია ასეთი ეს
საქართველო (მერის სილამაზეში მართლა გაჩნდა ერთიანი ღერძი)? საით
მიცურავს? ვის ნებას ასრულებს? სადაა ის აღთქმული ნაპირი, რომელსაც უნდა
არ უნდა ოდესმე მაინც მიაღწევს? ჩვენ რაღას ვშვრებით, მეზღვაურებო? ცოტა
მივდგეთ-მოვდგეთ, ცოტა ხელი გამოვიღოთ, თორემ ვირთხები შეგვჭამენ და
ხომალდი უეკიპაჟოდ დარჩება. სმა უნდა მივატოვო და მოლოდინი გავიმძაფრო.
მარად შენი და მარად შენზე მლოცველი აბელი“.

წერას რომ მორჩა, მძულვარებით შეხედა არყისა და ღვინის ბოთლებს,


რომლებიც ამაყად ყელმოღერებულები იდგნენ წიგნების გვერდით. ბოლოს, ეს
ზიზღი და მძულვარება რომ თეორიული არ გამოსულიყო და გულში ეჭვი არ
ჩარჩენოდა, ერთი ჭიქა არაყი კიდევ დაისხა და გადაჰკრა...

თავი ოცდამეოთხე

ჩუმად, შეუმჩნევლად გადიოდა დრო. ისე გადიოდა, თითქოს ქარი


მიაქროლებდა და ამიტომ ხანდახან შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ჰგავდა.
აბელი, ოდნავ ზანტი, ოდნავ გაბრუებული და ამ სიზანტესა და გაბრუებას
შეგუებული, იდგა თავისი ნაუკლებარი სახლის ფანჯარასთან (ნაგედეონარი
სახლი დაკეტილი და მიტოვებული იყო) და გაჰყურებდა დროის დინებას.
ზოგჯერ ეჩვენებოდა, თითქოს დრო პირდაპირ კი არ მიქროდა, არამედ
წრიულად მოძრაობდა, როგორც პანორამა თეატრის სცენაზე, სადაც გამოცდილი
რეჟისორი ერთი და იმავე დეკორაციის მეშვეობით ჭკვიანსა და დამჯერ
მაყურებელს მრავალფეროვნების ტკბილ ილუზიას უქმნის.

იყო სუფრაც, იყო ტკივილიც, იყო სკანდალიც... ყველაფერი იყო. ყველაფერი იყო
და ყველაფერი მეორდებოდა.

დაძაბული ფიქრი ცდილობდა მუდამ წინ ევლო და ამისათვის დროდადრო უკან


მიბრუნება უხდებოდა.

ზოგჯერ, როდესაც პატარა ნანიკოსთან ერთად სევდიან მელოდიაში


დაინთქმებოდა, აგონდებოდა ანი.

ასე მიდიოდა დრო, სანამ ლადო მენაბდე შუა სმაში არ წამოადგა თავს და
ჰამლეტის როლი არ შესთავაზა.

ბურუსი ფარდასავით ჩამოვარდა და ყველაფერი ისეთი სისწრაფით დატრიალდა,


რომ აბელმა გონს მოსვლა ვერ მოასწრო და ვერ გაერკვა, ლადო მენაბდე
მართლა ამისთვის ჩამოვიდა, რისთვისაც ჩამოვიდა, თუ რაღაც ცბიერი და
მზაკვარი ძალის მიერ იყო მოვლინებული და ეს ამბავი თავადაც არ იცოდა.

ყოველ შემთხვევაში, აბელს მოეჩვენა, თითქოს გულის ძილიდან ერთბაშად


ამოაგდეს, მაგრამ გამოფხიზლება აღარ აცალეს და ჯერ კიდევ ბურანში მყოფს
დააყარეს ისეთი კითხვები, რომლებზეც მხოლოდ დაწმენდილ გონებას შეუძლია
პასუხის გაცემა.

თუმცა ეს ვარაუდი გვიან გაჩნდა, მაშინ, როცა ახსნის საჭიროება წარმოიშვა, იმ


დღეს კი ქვეყნიერებას თავიდანვე სხვანაირი შესახედაობა ჰქონდა. დილით
აბელს თან ნაცნობი და თან ბუნდოვანი გრძნობა აჰყვა, ასე ეგონა, რაღაც უნდა
გაეხსენებინა და ვერ იხსენებდა. ეს გრძნობა მთელი დღე არ მოშორებია.
საღამოს ასლანთან, რომან ადეიშვილთან და თეიმურაზ კილაძესთან ერთად
ლუდხანას მიაშურა და ფანჯრის ძირას მოგრძო, ოთხკუთხედ მაგიდას მიუჯდა.
მთავარ რეჟისორს, მას შემდეგ, რაც „დირექტორი და სამხატვრო
ხელმძღვანელი“ გახდა, თანამშრომლებთან იშვიათად ნახავდით სუფრაზე,
მაგრამ ასლანთან უარი ეგრერიგად არ გადიოდა და ზოგჯერ, როცა
დამაჯერებელ მიზეზს ვერ მოძებნიდა, წამოჰყვებოდა ხოლმე.

გარეთ გაავებული ქარი ქროდა და ყვითელი ფოთლები დაღლილი პეპლებივით


ფარფატებდნენ ჰაერში. აბელი სკამის საზურგეს გადასწოლოდა, სიგარეტიანი
ხელი ფანჯრის რაფაზე ედო, ბოლს რგოლებად უშვებდა და მდუმარედ
გასცქეროდა ბაზრის მოედანს.

ასლანი სადღეგრძელოს ამბობდა: წახნაგოვანი ჩაის ჭიქა წახნაგოვანი


სათითურივით ეჭირა ვეება ხელში. რა სადღეგრძელო იყო, აბელს აღარ ახსოვდა
და არც ასლანის ლაპარაკი ესმოდა. ამიტომ ისე უყურებდა, როგორც
დაზიანებულ ტელევიზორს, რომელიც გამოსახულებას კი აჩვენებს, მაგრამ ხმა
არა აქვს.

თეიმურაზ კილაძეს ორივე ლამაზი ყბა ცხვრის მწვადით გამოეტენა, თვალები


მიელულა და მშვენიერ სახეზე ნეტარება ეწერა.

რომან ადეიშვილი ჩანგლის ტარით ყურძნის წიპწას დასდევდა სავსე ჭიქაში.


წიპწა ოსტატურად უსხლტებოდა რეჟისორის გამოცდილებას და ლაღად
დაქროდა ღვინოში წრიულ ორბიტაზე.

აბელმა შუბლი მოისრისა.

ასლანის გამოსახულებამ მარცხენა წარბი და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი


ზეაღმართა, წამით შეყოვნდა ამ პოზაში, მერე ჭიქა დაცალა და წარბი და
თითიც დაუშვა.

თეიმურაზ კილაძე ნებიერად იცოხნებოდა და ლუკმის გადაყლაპვას არ


ჩქარობდა.

რომან ადეიშვილმა ნეკა თითი მოიშველია და წიპწა შეიპყრო.

აი, ამ დროს მოხდა ის, რაც აბელის ცხოვრებაში კინაღამ საკვანძო მოვლენად
იქცა.

თითქოს ისეთიც არაფერი. უბრალოდ ლუდხანის კარი გაიღო და კაცი შემოვიდა.


კაცი ასე ოცდაათი წლისა იქნებოდა, მაღალი იყო, გამხდარი, მოგრძო სახე
ჰქონდა, სუფთა, თითქმის ქალური კანი, სწორი, თხელი ცხვირი, პატარა
ულვაშები და მაღალი შუბლი. პალტოს საყელო აეწია, კეპიანი ქუდი მოეხადა
და იღლიაში ამოეჩარა.

შემოსული შეჩერდა, ხელთათმანები წაიძრო და ცნობისმოყვარე მზერა გააყოლა


ვიღაც მთვრალს, რომელიც თანაბარი და დახვეწილი, ლამის ხელოვნების
სიმაღლეზე ასული ბანცალით მიიწევდა კარისაკენ და გაცხოველებული
ჟესტიკულაციით რაღაცას უმტკიცებდა საკუთარ თავს.

- ეს ლადო მენაბდე არ არის? - მსუბუქი გაკვირვებით იკითხა რომან


ადეიშვილმა და ხელიც კი მოიჩრდილა.
აბელი შეკრთა და მთელ სხეულში მწვავე აფორიაქებამ დაუარა. თუმცა რომან
ადეიშვილის ნათქვამს მხოლოდ მას შემდეგ ჩასწვდა, რაც მის მზერას თვალი
გააყოლა და სითბოთი, ყაყანითა და თამბაქოს კვამლით სავსე დარბაზში ლადო
მენაბდის ცოტა ბუნდოვანი, ცოტა არარეალური ფიგურა გაარჩია.

აბელი ერთხანს უაზროდ, თვალგაშტერებით მისჩერებოდა ლადოს. მერე


ხმადაბლა, თითქოს თავისთვის, ოდნავ გაკვირვებითა და ოდნავ გაჭიანურებით
თქვა: - მომეცით, თუ სადმე დიდი სასმისია...

ასე გულწრფელად კარგა ხანია არაფერი გახარებია, მაგრამ იმასაც გრძნობდა,


რომ ამ სიხარულში იყო რაღაც ზედმეტი, რაღაც წრეგადასული. კერძოდ რა, ვერ
მიხვდა, რადგან ნათლად აზროვნებას ისევ სიხარული ეღობებოდა წინ.

ლადომ აბელი და რომან ადეიშვილი გადაკოცნა, ასლანსა და თეიმურაზ


კილაძეს ხელი ჩამოართვა.

- ამ სოფელში რამ ჩამოგიყვანა? - ჰკითხა აბელმა.

- მისიამ, - გაიღიმა ლადომ.

- ასეთი რა მისია გაგიჩნდა, რომ თბილისში ვერ დაატიე?

ლადომ ისევ გაიღიმა.

ასლანმა ოფიციანტი იხმო და სუფრა გადაახალისებინა. უცხო კაცის სტუმრობამ


ქეიფს ახალი ეშხი შემატა. აბელს იმ პირველმა სიხარულმა, გაუგებარმა და ცოტა
არ იყოს ბოჩოლასავით აკუნტრუშებულმა, გაუარა, ახლა მშვიდი ღიმილით
აკვირდებოდა ლადოს, ოღონდ გრძნობდა, რომ ის ტყუილად არ ჩამოსულა,
რაღაც ჩამოიტანა, რაღაც დიდი, ბუნდოვანი და უსარგებლო.

და მხოლოდ გვიან, როდესაც შუაღამე კარგახნის გადასული იყო და აბელი და


ლადო, რომელთაც ასლანის მანქანაზე გადაჭრით თქვეს უარი, ფეხით
მიუყვებოდნენ ელექტრონის შუქით მკრთალად განათებულ ღამეს, ხოლო
ირგვლივ, როგორც გზააბნეული ანგელოზები, უთავბოლოდ დაფრინავდნენ
ყვითელი ფოთლები, ლადო მენაბდემ თქვა: - „ჰამლეტის „ დადგმას ვაპირებ,
აბელ.

აბელს მოეჩვენა, თითქოს ტვინის რომელიღაც კუნჭულში რაღაც შეტოკდა და


ელვის სისწრაფით დაეშვა ქვემოთ, იქ სხვა რაღაცას შეერია, სხეულში გაიფანტა
და გაქრა.

- „ჰამლეტის“ დადგმას, - განსაკუთრებული გამბედაობა უნდა.

- ვიცი, - მიუგო ლადომ, - და ამ საქმეს არც მოვკიდებდი ხელს, ჰამლეტის


შემსრულებელი რომ საძებარი მყავდეს. მაგრამ მე ვიცნობ კაცს, ვინც ჰამლეტს
ითამაშებს.

აბელმა თავი გადაიქნია.

- შეუვალი რწმენა ცუდი ნიშანია. ვინ არის ის კაცი?


- ოფელიაც მყავს. ხვალ თბილისში მივდივართ.

- შენ და ოფელია?

- მე და შენ.

- მე და შენ?

ტვინის იმავე კუნჭულში ისევ შეტოკდა რაღაც. ლადო მენაბდე იდგა, როგორც
ჩრდილი, როგორც მირაჟი, როგორც საკუთარი თავის უმწეო მიბაძვა, და მის
ირგვლივ ყვითელი ფოთლები უცხო ნაპერწკლებად ცვიოდა პროვინციის
გახურებულ მიწაზე. მერე ლადო მენაბდე თავისსავე ჩრდილში შევიდა და
ღიმილით თქვა: - რას მომჩერებიხარ? შენ ჰამლეტი უნდა ითამაშო.

„რად არ მერღვევა ეს სხეული ესრეთ მაგარი“, - გაიფიქრა აბელმა და იმავ წამს


მიხვდა, რომ რომელიღაც სპექტაკლი დამთავრდა. ირგვლივ დაღლილობამ
დაისადგურა. სულს საყრდენი გამოეცალა, ქვეყნიერებას ბლანტი ღრუბელი
ჩამოაწვა და სამყაროს ცარიელი ხვრელები გაუგებარმა და უაზრო შიშმა ამოავსო.
აბელი გაკვირვებული ჩასცქეროდა საკუთარ სიღრმეს. ხოლო მაჯლაჯუნა
ღრუბლის სქელი ალყა თანდათან დავიწროვდა და გარეთ არაფერი აღარ
დარჩენილა, რადგან სამყარო იყო მრგვალი და საკუთარ თავში ჩაკეტილი...

სპექტაკლზე მუშაობა იანვარში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ


გაუთვალისწინებელმა გარემოებამ საქმე შეაფერხა: საახალწლო უქმეებისას
ოფელიას როლის შემსრულებელი ქმარმა საყვარელთან შეისწრო და ისე
გულდაგულ სცემა, რომ თეატრის გეგმაზომიერი საქმიანობა ორი თვით
ნორმალური კალაპოტიდან ამოაგდო. საბოლოოდ პირველი რეპეტიცია მარტის
დამდეგისთვის დაინიშნა. ამ დროს აბელი უკვე გრძნობდა, რომ პროვინციის
მიტოვების, ამ ცოტა ნაჩქარევი, ცოტა ინსტინქტური, ცოტა გაუგებარი ნაბიჯის
ნამდვილი მიზეზი ჰამლეტის თამაში არ ყოფილა. ნამდვილი მიზეზი, როგორც
ჩანს, ის იყო, რომ სანამ უკანასკნელად მოუსვამდა ფუნჯს და ავტოპორტრეტს
დაასრულებდა, მხატვარს დასჭირდა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია და
შორიდან დაკვირვებოდა სურათს, რათა დეტალების ურთიერთობა შეემოწმებინა
და ხაზის მთლიანობაში დარწმუნებულიყო. ეს გრძნობა, ეს ბუნდოვანი ცოდნა,
რომელიც მრავალ სხვა ცოდნაში იყო გაზავებული და ამიტომ ჩამოყალიბებული
სახე არ ჰქონდა, საბოლოოდ დასრულდა, დაიწურა და გამოიკვეთა პირველი
რეპეტიციის შემდეგ, როცა აბელისათვის სავსებით ნათელი შეიქნა, რომ
პრემიერა არ გაიმართებოდა. ახლა ეს ცოდნა იმდენად აშკარა და გარდაუვალი
იყო, თითქოს საქმე ეხებოდა არა მოსახდენს, არამედ უკვე მომხდარ ამბავს,
რომელიც გარემოებათა დამთხვევის გამო მივიწყების ბურუსიდან გამოცურდა
და მეხსიერების ცენტრში ამოტივტივდა.

პრემიერა არ გაიმართებოდა. მაგრამ შედეგის ცოდნა იმის მიზეზად ვერ


გამოდგება, რომ პროცესში ჩაერიო. პროცესი თავისთვის მიედინება და მაშინ
უნდა შეწყდეს, როცა მისი შეწყვეტის ჟამი დადგება.

ჟამი აპრილის ბოლოს დადგა. ამიტომ აპრილის ბოლომდე აბელი ისე დადიოდა
რეპეტიციებზე და ისე მონდომებით ამზადებდა როლს, ვითომ არ სცოდნოდა,
პრემიერა რომ არ გაიმართებოდა.
ახალ ნაცნობებთან და პარტნიორებთან მშვიდი და უბრალო დამოკიდებულება
ჰქონდა. თუმცა ერთხელ ბრჭყალების გამოჩენაც მოუხდა: ერთი ახალგაზრდა
მსახიობი, მაღალი, წარმოსადეგი, არანორმალურად ლამაზი კაცი, რომელსაც
თურმე ჰამლეტის თამაშის პრეტენზია ჰქონია და რაკი საწადელისთვის ვერ
მიუღწევია, ყოველი სულიერი, მამა ღმერთიდან ვიდრე ტექნიკურ რეჟისორამდე,
მთელი არსებით შესძულებია, აბელს თავიდანვე აგდებულად შეხვდა და არხეინ
კილოში ცუდად შეხვეული ირონია ისე დაუშინა, პატარა ბავშვები რომ ხის
ავტომატებით ომობანას თამაშობენ (თანაც ურთიერთობებში გამოუბრძმედავმა
მსახიობმა, იმის გამო, რომ აბელს არ იცნობდა და მის სუსტსა და ძლიერ
მხარეებზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა, ტიპიური შეცდომა ჩაიდინა:
თავისი ხის ავტომატი აბელის პროვინციალობას დაუმიზნა). აბელი ერთხანს მის
ირონიას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ბოლოს, როცა ოპონენტი,
რომელმაც მოთმინება და სილაჩრე ერთმანეთისაგან ვერ გაარჩია, ზედმეტად
შევიდა ეშხში, მუშტი ოდნავ გახსნა და ბრჭყალები დაანახვა, რის შემდეგაც
ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

მალე ისიც გამოირკვა, რომ ლადო მენაბდესთან მეგობრობა წარსულში


დარჩენილა და ახლა ისტორიული მნიშვნელობაღა ჰქონდა. დრო-ჟამს, რომელსაც
არც აბელი აინტერესებს და არც ლადო მენაბდე, თავისი გულგრილი და
უშფოთველი დინების გზაზე მრავალი წერტილი წაეშალა, რომლებიც აბელს
შეხების წერტილებად ეგულებოდა და მათ ადგილას სხვა წერტილები
წარმოეჩინა. ეს არც საკვირველი იყო და არც მოულოდნელი. მართალია, ჩვენ
ვიცით, რომ ცხრამეტი-ოცი წლის კაცი უკვე ჩამოყალიბებული და
დასრულებული ადამიანია, მაგრამ აბელმა ისიც იცოდა, რომ ყველა ეს ახალი
წერტილი ლადოს ხასიათში იმთავითვე არსებობდა, როგორც კვირტი, და
ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა, რათა გაფურჩქნულიყო. აბელი ამას თავის
დროზეც ამჩნევდა. ამჩნევდა და გაუცნობიერებლად არიდებდა თვალს, რადგან,
ჯერ ერთი, მეგობარი სჭირდებოდა და, გარდა ამისა, არ ეგონა, თუ ამ უმზეო
კვირტს გაშლა ეწერა. თუმცა ლადო მენაბდის ახალ თვისებებში ერთი ისეთიც
ერია, რომლის ჩანასახი ან არ არსებობდა, ან აბელს არასოდეს შეუმჩნევია: ნია
რობაქიძე, რომელიც კარგა ხანია გათხოვილიყო და ორი შვილიც ჰყავდა, ლადოს
საყვარლად ესვა და ამ თავისთავად არცთუ განსაკუთრებულ ამბავს არათუ არ
უმალავდა ქმარს, არამედ საგანგებოდაც კი ეძებდა შემთხვევას, რომ
გამჭვირვალე ქარაგმებითა და რაღაც უცნაური სიამოვნებით ეგრძნობინებინა
მისთვის, თუ რა კარგად ატარებდა დროს მის ცოლთან. აბელს ვერც ის გაეგო,
რა სიამოვნებას პოულობდა ამაში ლადო და ვერც ის, თუ რატომ ეჭირა ნიას
ქმარს თავი ისე, ვითომ ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა. საერთოდ,
ლადო მენაბდეს ამ შვიდი წლის განმავლობაში კარგად გაეშალა ფრთები. იგი
უკვე სახელოვანი რეჟისორი იყო და ამიტომ მისი სახელით უფრო ხშირად მისი
სახელი გელაპარაკებოდათ. ერთი სიტყვით, მეგობრობა სადღაც ძველ შტრიხებში
დარჩა გახლართული და ახლა აბელს იმის შიშიღა ჰქონდა, ვაითუ თავად
ლადოს ვერ შეენიშნა ეს ამბავი და ისეთი რამ მოეთხოვა აბელისაგან, რაც აბელს
აღარ ჰქონდა. საბედნიეროდ, შიში უსაფუძვლო გამოდგა. ლადო უხმოდ
დათანხმდა აბელის უხმო წინადადებას კონტრაქტის გაუქმების თაობაზე.
შესაძლებელია, უბრალოდ, დროც აღარ ჰქონდა მეგობრობისათვის. ასეა თუ ისე,
აბელი იოლად გათავისუფლდა მძიმე ტვირთისაგან, რომელიც მრავალ
უსიამოვნებას უქადდა.

რეპეტიციებზე ჩვეულებრივ დადიოდა.

მაგრამ რეპეტიციებზე მსახიობი დადიოდა, ხოლო მხატვარი, რომელსაც


ავტოპორტრეტი ჰქონდა მოსათავებელი, თავის საქმეს აკეთებდა.

თავისუფალ დროს თითქმის მუდამ შინ ატარებდა. სუფრაზე ძალზე იშვიათად


ნახავდით. შინ ყოფნა უყვარდა, რადგან ყველაზე უკეთ აქედან ჩანდა
ავტოპორტრეტი.

თბილისში იმ წელიწადს ერთი იმდაგვარი ზამთარი იდგა - ნესტიანი,


გაუგებარი, უღიმღამო - როცა ზამთარს თვითონვე სძულს საკუთარი თავი,
რადგან თან იცის, რომ ზამთარია, და თან ზამთარს არაფრით არა ჰგავს. აბელი
საათობით, ზოგჯერ მთელი ღამეც კი, იჯდა ხოლმე ცარიელ სახლში და
ძვირფას სტუმრებს იღებდა. ძველ, გადავიწყებულ, მტვერწაყრილ სტუმრებს.
ყველაზე ხშირად პაპა მოდიოდა. პაპა შორეული და გამოუცნობი ღიმილით
იღიმებოდა ვერძის რქებივით დაგრეხილ ულვაშში და სახეზე ღრმააზროვნების
იდუმალი შუქი ეფინა. აბელს გუნებაში თუმცა თავადაც ეღიმებოდა, რადგან
კარგად იცოდა, რომ არც შორეული და გამოუცნობი ღიმილის უკან იყო რაიმე
შორეული და გამოუცნობი, არც ღრმააზროვანი გამომეტყველების უკან იყო
რაიმე ღრმააზროვნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რამდენი არ ეცადა, პაპის
მარტივი სახე ვერაფრით ვერ გაწმინდა იდუმალებისაგან, რომელიც ვარაყივით
ჰქონდა მოვლებული. თავდაპირველად ეს უცნაური და საკვირველი ჩანდა,
რადგან ახლა, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გალიიდან აბელი კარგად
ხედავდა, რომ პაპა ერთი უბრალო, უწიგნური და უბირი კაცი, მთელ თავის
სიბრძნეს, ღრმააზროვნებასა და იდუმალებას სხვათა თვალის ასახვევად
იგონებდა. ხოლო რაც მოგონილია, რაც ფერუმარილივითაა წასმული, მისი
მოშორებაც იოლად შეიძლება. მაგალითად, სევერიანეს, ასლანის სიმამრს, მთელი
თავისი ღირსება პალტოსავით ეცვა და პალტოსავით შეგეძლო გაგეხადა. მაგრამ,
როცა ამ მაგალითზე ფიქრობდა, აბელი გრძნობდა, რომ მიუხედავად
ტიპოლოგიური მსგავსებისა, პაპასა და სევერიანეს შორის ღრმა უფსკრული იდო.
აბელმა დიდხანს იმტვრია თავი, სანამ ამ უფსკრულს სახელს დაარქმევდა და
ბოლოს მიხვდა, რომ პაპის იდუმალება მისივე სიმარტივის გაგრძელება იყო.
სიმარტივე საკუთარ სრულყოფას აღწევდა და აქედან რომელიღაც უცნობი
ბილიკით იდუმალებაში გადადიოდა. ხოლო განსხვავება სევერიანესა და პაპას
შორის იმაში მდგომარეობდა, რომ სევერიანე თავისი სიდინჯით,
ღრმააზროვნებით, თეატრალური პაუზებით, საკუთარი თავის ხაზგასმული
წარმოჩენით, სხვების მოტყუებას ცდილობდა, რათა თავისი ღირსება აეშენებინა,
პაპა კი საკუთარ თავს ატყუებდა, რათა სხვების ღირსება გაეღვიძებინა.
სევერიანეს თავისი მოგონილი ღირსება გულზე სალბუნად ედებოდა, პაპას კი
თავისი მოგონილი ღირსება მძიმე და მტკივნეულ ტვირთად აწვა. რასაც
სევერიანე სხვებისაგან მიითვლიდა, პაპა იმას სხვებს მიუთვლიდა.

ამგვარად, ზამთრის იმ ხშირი დარბაზობების შედეგად პაპა ერთხელ კიდევ


შეიცვალა. ის, რაც ბავშვობაში იდუმალება და ყოვლისმომცველი, ლამის
ღვთაებრივი სიბრძნის განსახიერება იყო და შემდეგ განუსჯელად, ხელაღებით
იქნა უარყოფილი, ამჯერად ახალ ჩარჩოში მოთავსდა, ახალ ადგილას ჩამოიკიდა
და, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს თავისი ნამდვილი სახე მიიღო.

პაპას ყოველ გამოჩენაზე თან ახლდა ბებია, ეპიზოდური პერსონაჟი, ანტურაჟი,


მთავარი გმირის უკეთ წარმოჩენის მხატვრული საშუალება, რომელსაც
თავისთავადი მნიშვნელობა არა აქვს და სიუჟეტის განვითარებაში მონაწილეობას
არ იღებს.

დედა მხოლოდ დედა იყო და სხვა არანაირი თვისება არა ჰქონია. ფეხაკრეფით
იცოდა შემოსვლა, უხმოდ დაჯდებოდა აბელის პირდაპირ და სიყვარულითა და
სევდით შემოსცქეროდა. სახეზე ღრმა ნაოჭები ეყარა და აბელს ამის გამო გული
სტკიოდა. დედა მსხვერპლად იყო შეწირული და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,
შვილმა ერთი ციცქნა სიხარული ვერ მიანიჭა. სამწუხაროდ, შვილები ამაზე
გვიან დავფიქრდებით ხოლმე, ან არადა დედები კვდებიან ძალიან ადრე. დედა
მსხვერპლად იყო შეწირული, თორემ ქალი, რომლისთვისაც პატიოსნება, ოჯახის
ერთგულება, შვილისა და ნათესავების მიმართ გაუბზარავი ზნეობრივი
მოვალეობა ბუნების ურყევი კანონია, ასე ახალგაზრდა არ უნდა დაქვრივდეს.
მამა, ეტყობა, დაბალი აზროვნების კაცი იყო, ეგონა თავისი სიცოცხლე მარტო
თვითონ ეკუთვნოდა და როგორც უნდოდა, ისე მოიხმარდა. ამიტომ ისე აიყარა
ამ ქვეყნიდან, საკუთარი თავის მეტი არავინ შეცოდებია.

ორ-სამჯერ მირიანი მოვიდა და აბელმა გაკვირვებით შენიშნა, რომ განუყრელ


მეგობარს მკაცრად მოკუმული ტუჩები ჰქონდა და თვალებშიაც, სათვალის უკან,
მკაცრი გამომეტყველება ედგა.

სხვებიც მოდიოდნენ. ყველა მოდიოდა, რადგან აბელს კარი მუდამ ღია ჰქონდა.
ლოლაც მოვიდა, ლოლას დედ-მამაც, ნატოც, მეკონდიტრე ბიჭიც, ნია რობაქიძეც,
ლოთი-შფოთი ბიძაც. ერთხელ ლადო მენაბდეც კი ეწვია, რათა შეწყვეტილი
მეგობრობის ზოგიერთი ფარული, აქამდე შეუმჩნეველი წვრილმანი
გაეცნობიერებინათ და საერთო კანონზომიერების ჯაჭვში თავის ადგილას
ჩაესვათ.

პატარა ქეთი არ მოსულა, მაგრამ პატარა ქეთი აბელმა ერთხელ ცხადლივ ნახა.
შეხედა თუ არა, მაშინვე იცნო. იცნო რაღაც ნიშნის მიხედვით, რომელიც
თითქოსდა გოგონას გარეგნობის არც ერთი დეტალიდან არ გამომდინარეობდა
და ამავე დროს ყველა დეტალში ჰქონდა ფესვი გადგმული.

სადარბაზოსთან შეეჩეხნენ ერთმანეთს. და იმ დროს, როცა გოგონამ გვერდით


ჩაუარა, აბელი შეეხმიანა: - ქეთი!

ქეთი შეჩერდა და მოხედა. რაკი ვერ იცნო, მომლოდინე ღიმილით მიაჩერდა.


მაღალი იყო, თხელი, ჩამოქნილი, ზღაპრიდან გადმოსული მზეთუნახავი. სუფთა,
დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა და თამამი, დაჯერებული, კეთილი ღიმილით
უყურებდა.

- ვერ მიცანი? - ჰკითხა აბელმა.


- ვერა, - თავი გაიქნია გოგონამ და კიდევ უფრო კეთილი ღიმილით გაიღიმა. ამ
ღიმილში არ იყო ასეთი შემთხვევისათვის ჩვეულებრივი მობოდიშება იმის გამო,
რომ ნაცნობი ვერ იცნო, მაგრამ ამ მობოდიშებას წარმატებით ცვლიდა ღიმილი,
რომელიც ირგვლივ სილამაზეს აფრქვევდა.

- მე აბელი ვარ, - უთხრა აბელმა, - შენ რომ პატარა იყავი, ძალიან გიყვარდი და
ასე მეძახდი: აა-ბეჰ!

გოგონამ ხალისიანად გაიცინა.

- ვიცი, ბებიასაგან გამიგონია. თქვენ მსახიობი ხართ და ჩვენს ქვემოთ


ცხოვრობდით.

აბელს სხეულში სევდის თბილმა ტკივილმა დაუარა. ის, რაც მისთვის ცოცხალი
მოგონება იყო, ქეთისთვის მხოლოდ ბებიას ნაამბობით არსებობდა.

- მსახიობი ვარ, - ღიმილით დაუქნია თავი აბელმა, - და თქვენს ქვემოთ


ვცხოვრობდი.

- სადღაც რაიონში მუშაობსო, ბებიამ. ახლა ჩამოხვედით?

- ცოტა ხნით ჩამოვედი, - მიუგო აბელმა, - მალე ისევ წავალ. შენ კი


შეცვლილხარ: პატარაობისას ანგელოზი იყავი, ახლა მზეთუნახავი გამხდარხარ, -
და გოგონამ რომ ისევ გაიცინა და ირგვლივ თბილი სილამაზეც მიმოაფრქვია,
დაუმატა, - ნახვამდის, ქეთი.

- ნახვამდის, - თქვა ქეთიმ. მერე უცებ დაატანა, - აა-ბეჰ! - და წავიდა.

ისე მიდიოდა, როგორც დედოფალი თავის საბრძანებელში.

აბელს სევდა შემოაწვა.

აპრილის დამლევს მსახიობებს შესაფერისი კოსტუმები ჩააცვეს და პირველი


ნამდვილი რეპეტიცია ჩატარდა.

ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო: აბელს ბიძამ მამა მოუკლა და
დედის სარეცელი შეუგინა. უბედური მამის ლანდი, როგორც სინდისის ხმა და
ქენჯნა, ყველგან მოუშორებლივ დასდევს შვილს და შურისსაძიებლად
მოუწოდებს. შვილი შურისძიებას აჭიანურებს, რადგან განათლებულია და
ჰუმანისტი. შვილი ცდილობს, კონკრეტული პრობლემა, რომელიც კონკრეტულმა
ცხოვრებამ წამოჭრა, ფილოსოფიისა და ზოგადი მსოფლმხედველობის
სამზერიდან განიხილოს. შეურაცხყოფის მიტევება სილაჩრე და სულმდაბლობაა,
ხოლო შურისძიება ბოროტება, რომელიც წამსვე შეურაცხმყოფელის გვერდით
მიგიჩენს ადგილს. მაგრამ შვილმა არ იცის, რომ მარადიული პრობლემები
გადაუჭრელია. სამაგიეროდ მარადიულ პრობლემას ეპოქა აკონკრეტებს, დროის
შემოსაზღვრულ პრობლემად აქცევს და წყვეტს კიდეც თავისი უმთავრესი ნიშნის
მიხედვით. ეპოქა აიძულებს შვილს, სათაყვანებელ ქალს თაგვივით მოუკლას
მამა, მახვილი სისხლით შეიღებოს და ამით საჭოჭმანო პრობლემაც ერთხელ და
სამუდამოდ გადაჭრას. ეპოქა აკეთებს ყველაფერს. შვილის ეპოქა კი ბნელი,
ბინძური დილეგია. დანია საპყრობილეა, სადაც სარეველა ბალახი ხარობს. აქ ისე
გაბატონებულა სიცრუე, ღალატი, ცილისწამება, ორპირობა, რომ ერთგული და
პატიოსანი კაცის დანახვა ეჭვს ბადებს. აქ ან გიჟი უნდა იყო, რომ ყირაზე
დამდგარმა პატიოსნებამ შეგივრდომოს, ან სისხლის გზით უნდა იარო და
ერთადერთ მიზნად შურისძიება დაისახო. ორივე შემთხვევაში მსხვერპლი ხარ
და ორივე შემთხვევაში სამსხვერპლოზე შენი თავისუფლება მიგაქვს. დანია
როზენკრანცებისა და გილდენსტერნებისაა. ისინი კი კმაყოფილი
გულმოდგინებით ძერწავენ ბიძებს.

რეპეტიცია რომ დამთავრდა, აბელი დაღლილი და გამოფიტული იყო. სხვა


დროს ასეთი რამ არ დამართნია. დაღლილობისაგან მუხლები ეკეცებოდა.
მიუხედავად ამისა, თეატრიდან გამოსული მაინც ფეხით გაუდგა გზას.
მართალია, ერთხანს კი იდგა გაჩერებაზე და ორჭოფობდა, მაგრამ ბოლო წამს
ვერ გაბედა სახეებითა და გამომეტყველებებით გაჭედილ ავტობუსში ასვლა.

გაზაფხულის მზე ჩახჩახებდა და თბილისი მოშხამული ჰაერისა და მტვრის


თხელ, გამჭვირვალე ბადეში იყო სათუთად გახვეული. აბელი ნელა მიდიოდა
და ეჩვენებოდა, თითქოს ირგვლივ უკუნი ღამე იდგა. ბნელ ჩიხებსა და
მოსახვევებში ლანდები დასუნსულებდნენ. ჰამლეტის ბიძა თითქოს ურიცხვ
წვრილ-წვრილ ბიძებად დაქუცმაცებულიყო, ბიძები კალიებივით მოსდებოდნენ
ქალაქს, მწევრებივით ყნოსავდნენ მიწას და მამების კვალს ეძებდნენ, ჯიბეები
საწამლავის შუშებით გამოეტენათ და ისეთი გამწარებით იბრძოდნენ
ძალაუფლებისათვის, თითქოს ძალაუფლება რომ არ ჩაეგდოთ ხელში, შიმშილით
დაიხოცებოდნენ. ბიძები ძლიერები იყვნენ, მაგრამ, მათი ძლიერება
ძმისშვილების უძლურებას ემყარებოდა, რადგან ძმისშვილებმა მთელი თავიანთი
ენერგია სცენაზე დახარჯეს წარმოსახვით ბიძებთან ბრძოლაში და ნამდვილი
ბრძოლისათვის ძალა აღარ შესწევდათ.

იმ ღამეს აბელმა ბოლო დარბაზობა გაუმართა თავის ძვირფასსა და მივიწყებულ


სტუმრებს, ხოლო მეორე დღეს, იმ დროს, როცა რეპეტიციაზე უნდა წასულიყო,
სულ სხვა გზას დაადგა. მისი სიცოცხლის იმ ნაწილს, რომელიც საგნებთან და
მოვლენებთან იყო დაკავშირებული და ამ კავშირის მეშვეობით არსებობდა.
ეგონა, რომ პატრონი და მბრძანებელი ალალბედზე მიდიოდა უმიზნოდ და
უანგარიშოდ. მაგრამ როცა გზა დასრულდა, გამოირკვა, რომ პატრონსა და
მბრძანებელს სიცოცხლის სხვა ნაწილი მიუძღოდა წინ, ის, რომელიც საგნებსა
და მოვლენებს არ ცნობს და სულ სხვა კავშირებზეა აღმოცენებული.

მას შემდეგ, რაც ძველი სახლი აიღეს და ერთ ოჯახად მცხოვრები მეზობლები
მთელ ქალაქში მიმოაბნიეს, აბელი აქეთ აღარ ყოფილა. და თუმცა იცოდა, რომ
ძველი სახლი იმიტომ დაანგრიეს, რათა იქ ახალი აეშენებინათ, მაინც უნებური
გაკვირვებით მისჩერებოდა ამ ახალ სახლს, მაღალს, კუთხოვანს, უსახურს. აქ
აბელს თავისი ბავშვობის მრავალი კვალი ეგულებოდა, მაგრამ მათი მოძებნა
უიმედო საქმე იყო. ბეტონის სქელი ბალავერის ქვეშ ჩამარხულებს მათ უკვე
მარადიული ძილით ეძინათ. აბელი სახლს მისჩერებოდა და უცებ მოაგონდა,
რომ ასეთივე დღე მოელოდა მის შორეულ, პატარა ქალაქში ერთ ვიწრო,
ქვაფენილ ქუჩას, რომლის ორივე მხარეს მიწისპირა სართულზე დუქნები და
სახელოსნოები ჩამწკრივებულიყვნენ, ხოლო მეორე სართულზე
მოჩუქურთმებული აივნები ჩიხტიკოპიანი ქალებივით გადმომდგარიყვნენ და
ერთმანეთს ძველ, მივიწყებულ, სურნელოვან დიალექტზე ებაასებოდნენ.

აბელი მიტრიალდა, სახლს ზურგი შეაქცია. აქედან პურის მაღაზიისაკენ ორი


გზა მიდიოდა. ერთ დროს, როდესაც პატარები და სულელები ვიყავით, ასე
გვეგონა, ჩვენი მომავალი ცხოვრებისა და შესაძლებელია, მთელი სამყაროს
ბედიც იმაზე იყო დამოკიდებული, რომელი გზით წავიდოდით დღეს პურის
მაღაზიაში. ახლა ამაზე სევდიანი და თბილი დაცინვით გვეღიმება, რადგან
მშვენივრად ვიცით, რომ გზა მხოლოდ პროცესია და თავისთავად არაფერს
ნიშნავს, ისიც ვიცით, რომ ერთი რიგითი ღმერთის პირით ჭეშმარიტებამ თავად
გვაუწყა საკუთარი ამბავი და გვითხრა: გზა უამრავია, მაგრამ ყველა მათგანი
ერთსა და იმავე წყაროსთან მიდის. თუმცა ეს რომ გავიგეთ, შემატებით არაფერი
შეგვმატებია, რამეთუ ისიც გავიგეთ, რომ უცოდინარობა რომანტიკის
ვარდისფერი იმედია, ცოდნა კი დაწრეტილი კალაპოტი.

რამდენიმე წუთის შემდეგ აბელი მეორე მაღალი სახლის სადარბაზოსთან იდგა,


გული გაჩქარებით უცემდა და ასე ეგონა, ხელში რომ მოსწავლის ჩანთა
სჭეროდა, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მრავალი წლის წინ იყო, როცა
აღელვებული და სახეახურებული იდგა აქ და ვერ გადაეწყვიტა, ასულიყო თუ
არა მეგობართან, რომელიც კარგა ხანია ცოცხალი აღარ იყო. საბედნიეროდ,
ყველა ცოდნის შეპყრობა და გალიაში ჩასმა, როგორც ჩანს, შეუძლებელია.
მაგალითად, ზოგი ჩვენგანი ისეა გაჭყეპილი ცოდნით, რომ ამ მოყირჭებული,
გულზე დამდგარი ცოდნისაგან ბოყინიც კი აუტყდება ხოლმე, მაგრამ ვერც ეს
ზოგი ჩვენგანი აგვიხსნის, თუ რატომ ხდება, რომ ხანდახან უბრალოდ და
ბუნებრივად ვფიქრობთ ჩვენს განუყრელ მეგობარზე, როგორც ცოცხალზე, ის კი
ამ დროს უკვე მთელი თვეა საფლავში წევს.

აბელი სადარბაზოში შევიდა, მერვე სართულზე ავიდა და ზარის ღილაკს თითი


დააჭირა. კარი მირიანის მამამ გაუღო.

- გამარჯობათ, ძია გიორგი!

- გამარჯობათ! - მირიანის მამის ხმაში ცოტა გაკვირვება და შემდგომი ახსნა-


განმარტების მოლოდინი მოისმა.

დაბერებულიყო, მოტეხილიყო.

- მე აბელი ვარ, - უთხრა აბელმა, - თუ გახსოვართ, მირიანთან ერთად


ვსწავლობდი... ბოლო წელიწადს.

- აა! - გაიღიმა მირიანის მამამ, - ვეღარ გიცანით, აბელ, ან კი რას გიცნობდით,


ამდენი ხანი გავიდა! მობრძანდით, - უკან დაიხია და აბელს გზა მისცა. მერე
კარი მიხურა, - აბელი როგორ არ მახსოვს! აბელი, რომელიც დედისერთაა და
ამიტომ თავისი კაენი არა ჰყავს. - აბელს გაუკვირდა, მირიანის მამას რომ ასეთი
წვრილმანები ახსოვდა და სევდიანად გაიღიმა. მირიანის მამამ კი უცებ კილო
შეცვალა, - თქვენს ტირილს რა დამავიწყებს, აბელ! თქვენ იქნებ აღარც გახსოვთ,
ჩვენთვის კი ის ტირილი დიდი შვება იყო, აქეთ მობრძანდით.

- დეიდა თამარი? - გაუბედავად იკითხა აბელმა.


- ეეჰ! - ამოიოხრა მირიანის მამამ, - დეიდა თამარმაც მიმატოვა. ყველამ
მიმატოვა. სულ მარტო დამაგდეს. მეც სიამოვნებით მივატოვებდი ჩემს თავს,
მაგრამ რა გინდა ქნა! სანამ თავში აზრი მოძრაობს, მისი მონა ვართ..

მირიანის მამა თავის სამუშაო ოთახში შეუძღვა აბელს. ოთახი ისევ ისეთი იყო,
როგორც მრავალი წლის წინ. საწერ მაგიდაზე წიგნები და ხელნაწერები ეწყო.
ოღონდ ახლა ეს ოთახი აბელს უფრო პატარა მოეჩვენა.

- დაბრძანდით.

აბელი იჯდა და ახლაღა შეამჩნია, რომ ოთახი მთლად ისეთი არ ყოფილა,


როგორც მრავალი წლის წინ. კედელზე მირიანისა და დედამისის სურათი ეკიდა.
მირიანს დედისთვის ხელი მოეხვია და ობიექტივს ორივენი ღიმილით
შემოსცქეროდნენ. აბელი წამოდგა, ახლო მივიდა სურათთან, დააკვირდა.

- რა საოცრად გგავდათ მირიანი!

მირიანის მამამ თავი დაუქნია.

- ძალიან მგავდა. უცნაური კია.

- უცნაური?

- მირიანი ხომ ჩემი და თამარის ღვიძლი შვილი არ ყოფილა. ახლა ამის


დამალვას რაღა აზრი აქვს. - აბელი გაკვირვებით მისჩერებოდა. მირიანის მამამ
კი ერთბაშად შეცვალა ხმის კილოცა და საუბრის თემაც, - მითხარით თქვენი
ამბავი. სადა ხართ, რას აკეთებთ...

აბელმაც უთხრა. ნელა, დაფიქრებით, წვრილად უამბო ყველაფერი, ცდილობდა,


არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გამორჩენოდა. მთელი თავისი ცხოვრება,
ერთი კოთხო მარწყვით დაწყებული და მიტოვებული ჰამლეტით
დამთავრებული, თითქოს დაკეტილ სკივრს ჰგავდა, რომელსაც ბოქლომად
ვეებერთელა კითხვის ნიშანი ადევს, და თუ გინდა, ხელოსანს გასაღები
შეუკვეთო, ბოქლომის ზუსტი აღწერილობაც უნდა მისცე.

მაგრამ მირიანის მამა ხელოსანი არ ყოფილა. უფრო მეტიც: მას საერთოდ არ


სწამდა ხელოსნის არსებობა. მირიანის მამამ ყურადღებით მოუსმინა, მშვიდად,
მოთმინებით, ინტერესით, ზოგიერთი ეპიზოდის ირგვლივ დამატებით
კითხვებიც მისცა და ბოლოს, როცა გარეთ ბინდმა იწყო ჩამოწოლა, თქვა: -
თქვენ პასუხს მოითხოვთ, აბელ, და ეტყობა, ეს არის თქვენი შეცდომა. ყოველ
შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი, კითხვაზე პასუხი არ არსებობს. იმიტომ, რომ
ყოველი ადამიანი კერძო შემთხვევაა. თუ მაინცადამაინც ჩემი აზრი
გაინტერესებთ, ჩემი აზრით მარადიულობა წარმავალშია. მე იმ კაცისა არა მწამს,
ვინც ჭაში ხტება. მე იმ კაცისა მწამს, ვინც ჭაში ჩადის. ხვალინდელი დღის გზამ
დღევანდელ დღეზე უნდა გაიაროს. მთავარია, დღევანდელი დღის დავალება
სწორად გავიგოთ. ასე მგონია მე, თუკი ჩვენს საქციელს მაინცდამაინც
თეორიული საფუძველი სჭირდება.

წასვლის დრო რომ მოვიდა, აბელმა, სანამ გამოემშვიდობებოდა, სთხოვა: -


შეიძლება მირიანის ოთახში შევიხედო?
- როგორ არა. მობრძანდით. - მირიანის მამა წინ გაუძღვა და ოთახის კარი
შეაღო. მერე შეჩერდა, რათა აბელი წინ გაეშვა.

პირველი, რაც ოთახში შესვლისას აბელს თვალში ეცა და რის გამოც სხვა
ყველაფერი თითქოს ბურუსში ჩაიძირა, მირიანის ჩანთა იყო. ჩანთა იატაკზე
იდო, საწერი მაგიდის ფეხს მიყრდნობილი. შიგ წიგნები და რვეულები ეწყო,
ოღონდ, ეტყობა, თანაბრად არ იყო განაწილებული, რადგან ჩანთის ცალი მხარე
უფრო მეტად იყო გამობერილი, ვიდრე მეორე. ჩანთა დაკეტილი არ იყო, ამიტომ
თავსახური, რაკი მისი სამაგრები საკეტის ბუდეებში არ იჯდა, უღონოდ ეკიდა
ცოტა გვერდზე მოქცეული. აბელი უხმოდ, თვალგაშტერებით მისჩერებოდა
ჩანთას, მირიანისა და მისი მეგობრობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს. ის, რაც
გარდასული და მივიწყებული იყო, ერთბაშად შეიშმუშნა და დაბინდულ
სივრცეში მოგონებები ამოძრავდნენ, როგორც ჩრდილები მთვარის შუქზე. წინა
პლანზე მირიანის ჩრდილი გამოჩნდა, მაღალი ჩრდილი, რომელსაც
დიდშუშებიანი სათვალის ჩრდილი ეკეთა და იღლიაში ჩანთის ჩრდილი
ამოეჩარა და აბელს წამით სავსებით კანონზომიერი მოეჩვენა ის ამბავი, რომ
მეგობრის მოკუმული ტუჩებისა და მოჭუტული თვალების ჩრდილს იერად
სიმკაცრის ჩრდილი გადაჰკრავდა. აბელი იდგა გაშეშებული, როგორც ქანდაკება
და მთელი თავისი მამაკაცური უსულგულობის მოხმობა დასჭირდა, რათა
თვალის სიღრმეში აგორებული ცრემლი უკანვე დაებრუნებინა.

დიდხანს იდგა უხმოდ და ბოლოს უხმოდვე გამობრუნდა. მირიანის მამამ


ოთახის კარი გამოიხურა.

იმ ღამეს აბელი თბილისიდან გაემგზავრა.

ყვითელი მატარებელი კივილით გამოეთხოვა დედაქალაქს და გეზი კვლავ


პროვინციისაკენ აიღო.

აბელი ფანჯრის ძირას იჯდა. დაფიქრებული გასცქეროდა სიბნელეს, რომელსაც


დროდადრო ელვასავით გაჰკვეთავდა შორეული ნათურების შუქი, და მთელი
ღამე თვალზე რული არ მიჰკარებია. სულ უცხო, აქამდე განუცდელ ჰარმონიას
აევსო, შინაგანი ძალები სრულ წონასწორობაში მოსულიყვნენ, სხეულს სიმძიმე
დაეკარგა და ისეთ ღრმა სიმშვიდეს მოეცვა, როგორიც გვინახავს ზღვა ალიონზე,
როცა სამყარო გატრუნულია და ნიავი არსაიდან იძვრის.

მერე ღამე ნელ-ნელა შეიმღვრა და სიბნელეს შეუმჩნევლად შემოეპარა


ნისლისფერი რიჟრაჟი, ხოლო როცა არემარე საბოლოოდ გამოეყო ბინდბუნდს,
მატარებელი კივილით შევიდა პატარა პროვინციულ ქალაქში.

ჩამსვლელებმა ბარგი-ბარხანა აიკიდეს და კარს მიაშურეს.

აბელი არ შერხეულა. გაუნძრევლად იჯდა ფანჯრის ძირას და ქალაქს


გაჰყურებდა. ეს იყო მხოლოდ, რომ სულის ღრმა სიმშვიდეში საამო, ცოტა
მომთენთავი სითბო ჩაეღვარა, რადგან ეს ქალაქი მისი მშობლიური ქალაქი იყო.

მატარებელმა ცოტა ხანს შეიცადა, მაგრამ რა დარწმუნდა, აბელი ჩასვლას არ


აპირებსო, კიდევ ერთხელ დაიკივლა, ამჯერად გამოთხოვების ნიშნად და გზა
განაგრძო.
აბელი მომდევნო გაჩერებაზე ჩავიდა. ეს იყო პაწაწკინტელა ბაქანი სოფლის
განაპირას.

სოფელი ლიანდაგის გასწვრივ, მაღალი მთის ძირას, ვიწრო ზოლად იყო


გადაჭიმული და აბელმა მთელი დასახლება რამდენიმე წუთში გადაიარა.

სოფელს რომ გასცდა, წინ ერთი დედაბერი შემოეყარა. დედაბერი წელში


მოკაკული იყო, მთელი სიმძიმით ხელჯოხს ებჯინებოდა და ნელა, ტაატით
მოდიოდა. აბელმა დედაბერი გააჩერა და ჰკითხა, დედი, ამ გზაზე მღვიმე ხომ
არსად გეგულებაო. არაო, დაიჩიფჩიფა დედაბერმა, აქაურობა ნაბიჯ-ნაბიჯ მაქვს
შემოვლილი და მღვიმე არსად მინახავსო.

აბელი დედაბერს გამოეთხოვა და გზა განაგრძო: იარა, იარა და მალე ორი


მონადირე შემოეყარა. მხარზე თოფები ეკიდათ, წელზე პატრონტაშები ერტყათ.
აბელმა მონადირეები გააჩერა და ახლა მათ ჰკითხა, აქეთ მღვიმე ხომ არ არისო.
არაო, მიუგო ერთმა მონადირემ და მეორეს მიუბრუნდა, შენ ხომ არ იციო. არაო,
თქვა მეორე მონადირემ, არც კი გამიგიაო.

აბელი მონადირეებსაც გამოეთხოვა და გზა განაგრძო.

იარა, იარა და ბოლოს ერთი ტყის მჭრელი შემოხვდა. ხელში ნაჯახი ეჭირა და
სახელოთი შუბლზე ოფლს იწმენდდა. აბელმა ახლა ტყისმჭრელს ჰკითხა, ამ
მხარეში მღვიმე ხომ არსად გეგულებაო. არაო, მიუგო ტყისმჭრელმა, არ არის,
თორემ სადმე რომ იყოს, უეჭველად მეცოდინებოდაო.

აბელი ტყისმჭრელსაც გამოეთხოვა და გზა განაგრძო.

ნაშუადღევს მთის წვერზე ავიდა და გადაღმა რომ გადაიხედა, კვლავ მთები


დაინახა. მღვიმე არსად ჩანდა.

აბელი მთიდან მთაზე გადადიოდა და ეძებდა. ბევრი ეძია თუ ცოტა ეძია, ერთ
დღეს, როცა იმედი საბოლოოდ გადაუწყდა, უეცრად დაინახა.

საღამო ხანი იყო. მზე დასავლეთით გადახრილიყო და ჰორიზონტის ხაზს


უახლოვდებოდა. აბელი მაღალი მთის წვერზე იდგა. გაღმა, შორს, მეორე მაღალი
მთა ჩანდა, ხოლო ამ მაღალ მთებს შორის, ერთი ისრის მანძილზე, ხევიდან
კიდევ ორი, შედარებით დაბალი მთა ამოზიდულიყო, რომლებიც ისე იყვნენ
გადაბმული ერთმანეთზე, გეგონებოდათ, სპილოს უკნიდან ვუყურებო. სპილოს
ლაჯები ქვემოთ, თვალუწვდენელ უფსკრულში ეშვებოდნენ, ხოლო ლაჯების
შეერთების ადგილას მუქ ლაქად მოჩანდა მღვიმის შესასვლელი. ორივე მაღალი
მთა შესასვლელს მინდვრის ვიწრო ზოლით უკავშირდებოდა და მღვიმის წინ
პაწაწკინტელა, მწვანე ტერასას ქმნიდა.

აბელმა ტყის ქოჩორი გადაიარა, სპილოს ლაჯებს რომ გაუსწორდა, ქვემოთ


ჩაუხვია, ჯერ ტყე-ტყე იარა და მერე - მინდორ-მინდორ და მალე მღვიმეს
მიადგა.

შესასვლელი მაღალი და ფართო იყო, მაგრამ უკვე საღამოვდებოდა და სინათლე


შიგნით მცირე მანძილზე სწვდებოდა.
აბელი შევიდა. სინათლისა და სიბნელის მიჯნას რომ მიაღწია, ჩანთიდან ფარანი
ამოიღო და გზა იმით გაინათა.

მღვიმის სიგრძე ორმოცდაათი ნაბიჯი იყო, სიგანე - თხუთმეტი ნაბიჯი,


სიმაღლე ასე რვა-ათი მეტრი იქნებოდა. აბელმა ყველა კუთხე-კუნჭული
მოათვალიერა. ერთ ადგილას, კედლის ძირში, ლეიბივით ეგო გამხმარი ბალახი,
გამოქვაბულის შუაგულში ნაცეცხლურს წააწყდა. ნაცარს, ნახშირს და ჩამწვარ
ტოტებს. ნაცეცხლური ძველი ჩანდა. მეტი მღვიმეში არაფერი იყო.

ამასობაში დაღამდა და აბელმა გადაწყვიტა, ღამე აქ გაეთია. ერთხანს


შემოსასვლელის წინ იჯდა, მერე შემობრუნდა, ხმელი ბალახის სქელ ლეიბზე
გულაღმა დაწვა და თვალები დახუჭა. ცეცხლისა და საწოლის კვალი თითქოს
იმის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომ სამსონი სწორედ ამ მღვიმეში
ცხოვრობდა, მაგრამ კვალი რომ ძველი იყო? წავიდა სამსონი? იქნებ სხვაგანაცაა
მღვიმეები? ეს მღვიმე საცხოვრებლად სახიფათო ჩანდა, რადგან ამოდენა
შემოსასვლელს ვერაფრით ვერ ჩაკეტავ და მტრისა და მოყვრისათვის მუდამ ღია
უნდა იყოს. ირგვლივ დუმილი იდგა და აბელს ჩაეძინა.

კოთხო მოწყვეტით გაიქნია, მარწყვი შორს გადაყარა და გულიც თან გაატანა. რა


სულელია! შეეჭამა!.. წელმოწყვეტილი ნელა წამოდგა, ფეხის წვერებზე აიწია და
ხევში რომ გადაიხედა, გაოცდა. ხევის მაგივრად ახლად გაჭრილი საფლავი
დაინახა, რომელშიაც ჰამლეტი და ლაერტი ძიძგილაობდნენ, რათა მარწყვის
აკრეფა ერთმანეთისთვის დაესწროთ. აბელმა შიშით თვალები დახუჭა, რადგან
შეამჩნია, რომ თავად საფლავის თავზე ეკიდა და მხოლოდ ცალი ხელით იყო
ჩაფრენილი ზემოთ, ბექობიდან გამოშვერილ ფესვს. ამ დროს მუშტების ბრაგა-
ბრუგი მოესმა და ფრთხილად გაახილა თვალი. ფეხბურთის მოედანზე კოტორა
და მისი ძმაბიჭები მეკონდიტრეს სცემდნენ. აბელს ჯერ მეკონდიტრეც ეუცხოვა
და კოტორაც, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მეკონდიტრე თვითონ იყო, კოტორა და
მისი ამფსონები კი - ყოჩი და მისი უსახური ფარა. ახლა ისღა უკვირდა, რომ
ბიჭებთან ერთად იჯდა და საკუთარ თავს თვითონვე უყურებდა. მალე ამ
გაკვირვებამაც გაუარა, რადგან ლოლამ ქეთი გამოუწოდა, აჰა, შენი იყოსო. და,
როცა აბელმა გოგონას წელში ხელები მოჰკიდა, ლოლამ, არა, ჩემიაო, და ბავშვი
აბელის ხელთან ერთად ჩაიხუტა გულში. აბელს ჭირის ოფლმა დაასხა. დედას
ამ სანახაობისათვის თვალი აერიდებინა და ფანჯარაში იყურებოდა. მაშინ აბელი
ფრთხილად წამოდგა. „სად მიხვალ?“ - ჰკითხა ლადომ. „აღარ შემიძლია ამ
საცოდაობის ყურება“, - მიუგო აბელმა. „რატომ? მშვენიერი საყურებელია!“ -
როგორღაც უწმაწურად გაიცინა ლადომ და აბელი მედუქნეებისა და
ხელოსნების რიგს ნელი ნაბიჯით დაუყვა. ყვითელმა კოლიამ კი ხმალი ძირს
დააგდო და მტერს დანებდა, რაზედაც რომან ადეიშვილმა ბევრი იცინა. ასლანი
გაჯგიმული მიაბიჯებდა წინ, უკან ნანო მიჰყვებოდა, მერე - ნინიკო და
დანარჩენი შვილები. თვალი ბოლომდე ვერ სწვდებოდა და ამიტომ ისეთი
შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დაუსრულებლივ მოდიოდნენ და
მოდიოდნენ. ვანო როსტიაშვილი ოთხზე იდგა და ხვნეშოდა, რადგან უჭირდა
მასზე ამხედრებული კაკო ორჯონიკიძის ტარება. მერი ნაღვლიანად იღიმებოდა,
მისი სილამაზე ერთ ფოკუსში იყო მოქცეული. ამაზე გედეონ რევიამ სამსონს
უთხრა: „ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ
არს ცხოვრებად და წარწყმედად. შენ ვინა ხარ, რომელი განიკითხავ
მოყუასსა?“ სამსონმა გულკეთილად გაიცინა და ფეხშიშველა, ტრუსების ამარა,
ზღვისკენ წავიდა. თავზე მრგვალი, უზბეკური ქუდი ეხურა. აბელს გაუკვირდა,
წიგნები და ბოთლები მაგიდის კუთხეში მისწია, სახე ხელებში ჩარგო და
გაიფიქრა: „მაინც რატომ ვბრუნდებით უკან, ან რას ნიშნავს ხაზის
მთლიანობა?“ აქ უცებ გაახსენდა, რომ თუ მთელი ცხოვრება ელვის სისწრაფით
გაირბენს გონებაში, ეს მოახლოებული სიკვდილის ნიშანია. ამის გახსენებაზე
ერთბაშად შეკრთა და თვალი გაახილა. მღვიმის ბნელი ხახიდან ორი
მანათობელი თვალი ავად უყურებდა. აბელი ზეზე წამოვარდა. თვალები
თითქოს ბურღავდნენ და ერთ ადგილას აჯაჭვავდნენ. არ ეცქირა, არ შეეძლო.
უცქერდა და ეშინოდა. შიში დაუბრკოლებლად შემოდიოდა და შემოდიოდა,
სანამ სულ ერთიანად არ გაჟღინთა. ავად მოელვარე თვალები ახლოვდებოდნენ
და უფრო მძლავრად, უფრო მტკივნეულად ანათებდნენ. აბელმა ნაბიჯი
ფრთხილად გადადგა უკან, მაგრამ უკან მღვიმის სქელი და გლუვი კედელი იყო.
უეცრად ჩუმი შრიალი გაისმა და მარცხენა მხარზე რაღაც ფრთხილად შეეხო.
იმავ წამს კანკალმა გაუარა, გაიმართა, თვალი გაუსწორა ავად მოელვარე
თვალებს და მისკენ დაიძრა. ავად მოელვარე თვალებმა უკან დაიხიეს. აბელს
მოეჩვენა, თითქოს სიბნელეში ურჩხულის გაუგებარი, ქაოსური კონტურები
დაინახა. ურჩხულმა ვერ გაუძლო აბელის მზერას, უკან-უკან წავიდა, ვიწრო
ტერასის კიდეს მიადგა და უფსკრულში გადაიჩეხა. აბელმა შვებით ამოისუნთქა,
მაგრამ უცებ შენიშნა, რომ ურჩხული ჰაერში, როგორც წყალში, ისე
ამოტივტივდა და ცურვა დაიწყო. სწრაფად, ფაცხა-ფუცხით მიცურავდა, მალე
სიბნელეს შეერია და თვალს მიეფარა. აბელი მღვიმეში შემობრუნდა და ისევ
ხმელ ბალახზე დაწვა. მერე სასაფლაოზე ავიდა და მაღლიდან გადმოიხედა.
უცნაური შუქით განათებულ უცნაურ მინდორში ხალხი უცნაურ ფერხულში
ჩაბმულიყო. აბელი დააკვირდა. პაპაც აქ იყო, ბებიაც, მირიანიც, დედაც, დათიკო
ბარაბაძის ცოლიც, გედეონ რევიაც... რამდენიმე ისეთი კაციც ერია, რომელთაც
აბელი ძალიან კარგად იცნობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერაფრით ვერ იცნო.

მზემ გააღვიძა. მთელი მღვიმე გაჩახჩახებული იყო. აბელი წამოჯდა. თვალები


მოიფშვნიტა და გაოცებით მოათვალიერა იქაურობა. ჯერ თავი ისევ სიზმარში
ეგონა. მერე მიხვდა, რომ მღვიმის მაღალი და ფართო შემოსასვლელი
აღმოსავლეთით იყო მიქცეული და დილის მზე მთლიანად ეტეოდა მასში.

აბელი წამოდგა, დღის სინათლეზე კიდევ ერთხელ დაათვალიერა მღვიმე და


გარეთ გამოვიდა. მწვანე ტერასა ახლა კიდევ უფრო პატარა ეჩვენა. მღვიმის
შესასვლელიდან მის კიდემდე სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო. შესასვლელის
გასწვრივ კი, სწორედ შუა ადგილას, ორად იყოფოდა ნაპრალით, რომელიც
ვიწრო, ვერტიკალურ ხევად ეშვებოდა ქვემოთ, დასაკარგავში. სწორედ ეს
ნაპრალი და ეს ხევი იყო, მთებს რომ ყოფდა და სპილოს ლაჯებს ქმნიდა.
ტერასის მწვანე ბალახს ბრჭყვიალა ცვარი ედო. აბელმა ხელები ცვარში
დაისველა და სახეზე მოისვა. ვეებერთელა მზე ზევით და ზევით მიიწევდა.
აბელი ტერასის კიდეს მიადგა და გადაიხედა. ჯაგითა და ეკალ-ბარდებით
დაფარული ფერდობი შვეული იყო და ისეთი ღრმა, თვალი ბოლომდე ვერ
წვდებოდა. აბელმა მუხლებში სისუსტე იგრძნო და უკანვე შემოტრიალდა. იმავ
წამს მოეჩვენა, თითქოს თვალს რაღაც ნაცნობი საგნის კვალი აჰყვა. აბელი
შეკრთა, ისევ მიბრუნდა, ტერასის კიდესთან ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და ფერდობს
თვალიერება დაუწყო. დიდხანს ყურადღებით ათვალიერა და ბოლოს ტერასის
პირიდან ორიოდე მეტრზე, მაყვლის ბუჩქის ძირას, ქუდი დაინახა, პატარა,
მრგვალი, უზბეკური ქუდი. სანამ აზრს მოიკრებდა, თვალებმა ინსტინქტურად
დაუწყო ძებნა იმას, რასაც ეს ქუდი უკავშირდებოდა. როცა აზრი მოიკრიბა,
ბალახში დაწვა, ფრთხილად გადაიწია, შეეცადა ქუდს ხელით მისწვდომოდა,
მაგრამ ვერ მისწვდა. მაშინ ჯოხი მოძებნა. იმით მისწვდა ქუდს, ამოსდო და
ფრთხილად ამოიტანა. ხელში აიღო, დააცქერდა, რამდენჯერმე უაზროდ
შეატრიალა, მერე ისევ შვეული ფერდობი მოათვალიერა. ბოლოს მიხვდა, რომ ეს
უნაყოფო საქმიანობა იყო, და წამოდგა. ჩანთა გახსნა და ქუდი შიგ ჩადო.

მზე მაღლა და მაღლა მიიწევდა.

აბელი დაფიქრებული იდგა. მერე უცებ უცნაური სიცხადით დაინახა პატარა,


პროვინციული, მოლოდინად ქცეული ქალაქი, რომელიც თეთრი ხომალდი იყო
და ღია ზღვაში მიცურავდა. გემბანზე მეზღვაურები გაშეშებული იდგნენ,
ნამძინარევ თვალებში დაბნეულობა ედგათ და ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს
ზარის შორეული რეკვა ესმოდათ და ვერ გაეგოთ, საიდან მოდიოდა ეს
მოულოდნელი ხმა.

აბელი თეთრ ხომალდს მისჩერებოდა და გულ-მუცელში ტკბილი და


ამაფორიაქებელი მხურვალება უტრიალებდა, როგორც პირველ პაემანზე მიმავალ
ჭაბუკს.

You might also like