You are on page 1of 34

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა

საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE
ფრანც კაფკა
შიმშილის ხელოვანი

პირველი მწუხარება

ტრაპეციის ოსტატმა, თავიდან სრულყოფისკენ სწრაფვის მიზნით,


შემდგომ კი ტირანიაში გადაზრდილი ჩვევის გამო, თავისი ცხოვრება
ისე მოაწყო, რომ ამ თეატრში მუშაობის განმავლობაში ტრაპეციიდან
არც დღე, არც ღამე არ ჩამოდიოდა. ცნობილია, რომ ეს ხელოვნება,
რომელსაც ოსტატები ვარიეტეს მაღალ გუმბათებში ეუფლებიან,
ყველაზე რთულია ადამიანის მიერ მიღწეულთაგან. მის არც ისე ბევრ
მოთხოვნილებას მსახურები ასრულებდნენ ერთმანეთის
მონაცვლეობით. ისინი დაბლა სდარაჯობდნენ და ყველაფერს, რაც
მაღლა იყო საჭირო, თვითნაკეთი ჭურჭლით ეზიდებოდნენ ზემოთ-
ქვემოთ. ოსტატის ცხოვრების ასეთი წესი გარშემომყოფთათვის
განსაკუთრებულ სირთულეებს არ ქმნიდა. მხოლოდ პროგრამით
გათვალისწინებული სხვა ნომრების შესრულების დროს იყო ოსტატი
ოდნავ შემაწუხებელი - ის ამ დროსაც ტრაპეციაზე რჩებოდა და
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად სიმშვიდეს ინარჩუნებდა,
პუბლიკიდან მზერა მაინც ხშირად გაურბოდათ მისკენ. მაგრამ ამას
დირექცია გაგებით ეკიდებოდა, რადგან ოსტატი მართლაც
არაჩვეულებრივი, შეუცვლელი ხელოვანი გახლდათ. ამასთანავე,
ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ ასე ცხოვრება სიჯიუტით არ იყო
გამოწვეული, ის მხოლოდ მუდმივ ვარჯიშში ინარჩუნებდა თავს,
მხოლოდ ამგვარად იყო შესაძლებელი ამ სრულყოფილი ხელოვნების
ფლობა. ამასთანავე, მაღლა ყოფნა სასარგებლოც გახლდათ.
შედარებით თბილ სეზონზე კი, როცა მთელ შემოგარენში გარე
ფანჯრებს ხსნიდნენ და მზე სუფთა ჰაერთან ერთად მძლავრად
იჭრებოდა დაბნელებულ სივრცეში, იქაურობა მშვენიერიც ჩანდა.
ადამიანებთან ურთიერთობა ოსტატს, რა თქმა უნდა, შეზღუდული
ჰქონდა. მხოლოდ ხანდახან თოკის კიბით თუ აძვრებოდა მასთან
რომელიმე გიმნასტი კოლეგა. ისინი სხდებოდნენ ტრაპეციაზე,
მარჯვნივ და მარცხნივ თოკებს მიყრდნობილები, და იწყებდნენ
ყბედობას. ხდებოდა ხოლმე, ოსტატს სახურავის შესაკეთებლად
ამძვრალი მუშები გამოელაპარაკებოდნენ ღია ფანჯარაში, ხან კი,
საგანგებო განათების შესამოწმებლად, ზედა გალერეაში ამძვრალი
მეხანძრე შესძახებდა რამე საპატიოს, მაგრამ ოსტატისთვის გაუგებარს.
უმეტესად კი მის ირგვლივ სიჩუმე იდგა. მხოლოდ ხანდახან,
ნაშუადღევს, ცარიელ თეატრში მობორიალე რომელიმე თანამშრომელი
თუ მიაშტერებდა მზერას თითქმის თვალუწვდენელ სიმაღლეს, სადაც
ტრაპეციის ოსტატი (რომელმაც არ იცოდა, რომ უთვალთვალებდნენ)
ვარჯიშობდა ან ისვენებდა. ასე უზრუნველი იქნებოდა მისი ცხოვრება,
რომ არა ის აუცილებელი მგზავრობები, როცა თეატრს ერთი
ადგილიდან მეორეზე გადაადგილება უწევდა. ეს ოსტატისთვის
განსაკუთრებულად მტანჯველი გახლდათ. იმპრესარიო ყველანაირად
ცდილობდა, შეემსუბუქებინა მისთვის ხანგრძლივი ტანჯვა: ქალაქებში
მგზავრობისთვის სარბოლო ავტომობილებს იყენებდნენ, რომლებიც
ღამის თუ დილის საათებში ცარიელ ქუჩებში უმაღლესი სიჩქარით
დაჰქროდნენ, მაგრამ ოსტატის მოუთმენლობისთვის ეს მაინც მეტად
ნელი მოძრაობა გახლდათ. მატარებელში მისთვის მთელი კუპე იყო
დაჯავშნილი, სადაც ის, მართალია მეტად საცოდავად, მაგრამ თავისი
ჩვეულებრივი ცხოვრების შესაფერისად - მაღლა, ბარგის შესანახ
ბადურაში მოთავსებული მგზავრობდა. მომდევნო თეატრში ტრაპეციას
ოსტატის ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე ამზადებდნენ. თეატრის
შენობაში შემავალი ყველა კარიც ფართოდ იყო გაღებული და
დერეფნებიც გათავისუფლებული. ყველაზე მშვენიერი კი
იმპრესარიოსთვის ის წუთები გახლდათ, როცა ოსტატი,
ბოლოსდაბოლოს, თოკის კიბეზე პირველ ნაბიჯს დგამდა და თვალის
დახამხამებაში ისევ ზემოთ, ტრაპეციაზე ეკიდა. რაოდენ
წარმატებულიც უნდა ყოფილიყო იმპრესარიოს მოგზაურობები,
ყოველი მომდევნო მათგანი მაინც არასასიამოვნო აღმოჩნდებოდა
ხოლმე, რადგან მგზავრობა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
ოსტატის ნერვებზე გამანადგურებლად მოქმედებდა.ერთხელაც, ისევ
ერთად მგზავრობდნენ, ოსტატი საბარგო ბადურაში იწვა და
თვლემდა. მოპირდაპირე მხარეს, ფანჯრის კუთხეს მიყრდნობილი
იმპრესარიო წიგნს კითხულობდა. უცებ ოსტატი ხმადაბლა
ალაპარაკდა და იმპრესარიომაც მთელი ყურადღება მაშინვე მისკენ
მიაპყრო. ოსტატმა ტუჩი მოიკვნიტა და გამოაცხადა, რომ დღეიდან
სავარჯიშოდ ჩვეულებრივი, ერთი ტრაპეციის ნაცვლად უკვე ორი,
ერთმანეთის საპირისპიროდ დაკიდებული ტრაპეცია დასჭირდებოდა.
იმპრესარიო მაშინვე დათანხმდა. ოსტატმა კი, თითქოს უნდოდა
ეჩვენებინა, როგორი უმნიშვნელო იყო ამ შემთხვევაში იმპრესარიოს
თანხმობა ან უარი, თქვა, რომ აღარასოდეს, არანაირ პირობებში აღარ
ივარჯიშებდა მხოლოდ ერთ ტრაპეციაზე. ფიქრიც კი იმაზე, რომ ეს
ოდესმე კიდევ შეიძლებოდა მომხდარიყო, მას აშკარად ზარავდა.
იმპრესარიო ყოყმანითა და ეჭვით მიაცქერდა ოსტატს და კიდევ
ერთხელ დაუდასტურა თავისი სრული თანხმობა იმის შესახებ, რომ
ორი ტრაპეცია ჯობდა ერთს და რომ ეს ახალი მოფიქრება ისედაც
უფრო მომგებიანი უნდა ყოფილიყო, რადგან ეს თეატრის პროგრამას
კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებდა. ამ დროს ოსტატი
მოულოდნელად ატირდა. იმპრესარიო შეძრწუნებული წამოხტა და
ვითარების გარკვევას შეეცადა. რადგან ოსტატისგან პასუხი ვერ
მიიღო, სკამზე ახტა, ოსტატს მიეფერა და სახით სახეზე ისე
მიეყრდნო, რომ ოსტატის ცრემლები სხეულზე ჩამოუგორდა. ბევრი
კითხვისა და მლიქვნელური მუდარის შემდეგ ოსტატს ქვითინით
აღმოხდა: „მთელი ცხოვრება ეს ერთი ჯოხი მიჭირავს ხელში - ასე
ცხოვრება აღარ შემიძლია!“ ამ სიტყვებმა იმპრესარიოს მისი
დამშვიდება გაუადვილა. მან ოსტატს პირობა მისცა, შემდეგივე
გაჩერებაზე დეპეშის სახით ეუწყებინა მასპინძელი თეატრისთვის
მეორე ტრაპეციის შესახებ. თავს იდანაშაულებდა იმის გამო, რომ
ამდენი წელი ოსტატს მხოლოდ ერთ ტრაპეციაზე ვარჯიშის საშუალება
მისცა, ემადლიერებოდა და აქებდა მას იმისთვის, რომ
ბოლოსდაბოლოს მიახვედრა შეცდომას. ასეთნაირად, იმპრესარიომ,
როგორც იქნა, შეძლო ოსტატის დამშვიდება და ეს უკანასკნელიც
თავის კუთხეს დაუბრუნდა. თავად კი ვერაფრით მშვიდდებოდა.
გულდამძიმებული, წიგნს მიღმა ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდა ოსტატს.
თუკი ასეთი მტანჯველი ფიქრები ერთხელ მოაწვა, შეიძლებოდა კი
მათი ძირფესვიანად აღმოფხვრა? იქნებ ეს ფიქრები მომავალში უფრო
გამძაფრებულიყო? ისინი ხომ სიცოცხლისთვის სახიფათო გახლდათ?
და იმპრესარიომ თითქოს ნათლად დაინახა, როგორ გამოეკვეთა
პირველი ნაოჭები ბავშვურ შუბლზე ოსტატს, რომელიც ამ დროს
თითქოს უკვე მშვიდად თვლემდა და აღარც ტიროდა.

პატარა ქალი
ის ერთი პატარა ქალია. გამხდარია, თუმცა სხეულზე მჭიდროდ
შემოჭერილი თასმებიანი კორსეტი აცვია. მუდამ ერთსა და იმავე
კაბაში ვხედავ. რუხი ყვითელი, ნაფოტისფერში გადასული
მატერიისგან შეკერილი, რუშებითა და ამავე ფერის ღილებისმაგვარი
ასხმულებით გაწყობილი. ქალი ყოველთვის უქუდოდაა. მის
ღიაოქროსფერ, სწორ თმას დასავარცხნი არ ეთქმის, თუმცა
ყოველთვის მოუწესრიგებელია. მჭიდრო თასმების მიუხედავად, ქალი
მაინც თავისუფლად მოძრაობს. ეს თავისუფლება, რა თქმა უნდა,
ხელოვნურია. უყვარს დოინჯით სიარული და ტანის ერთი მოქნევით,
საოცრად სწრაფად უხვევს გვერდზე. იმ შთაბეჭდილების გადმოცემას,
რომელსაც მისი ხელი ახდენს ჩემზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში
მოვახერხებ, თუ ვიტყვი, რომ არასდროს მინახავს ხელი, რომელზეც
თითები ისე შორიშორს ყოფილიყოს განლაგებული, როგორც მისაზე.
თუმცა ამ ხელს რაიმე ანატომიური უცნაურობა არ ახლავს. ერთი
ჩვეულებრივი ხელია. ჰოდა, ეს პატარა ქალი მეტად უკმაყოფილოა
ჩემით. მუდამ რაღაცას მოითხოვს, მუდამ არასამართლიანობაში მდებს
ბრალს, ჩემს ყველა მოქმედებაზე წარამარა ღიზიანდება. მთელი
ცხოვრების დაქუცმაცება და მისი თითოეული ნაწილის
საგულდაგულოდ შეფასება რომ შეიძლებოდეს, მისთვის ყველა
ნამცეცი გამაღიზიანებელი იქნებოდა. ხშირად მიფიქრია, ასე რატომ
ვაღიზიანებ. ეტყობა ჩემი არსება ეწინააღმდეგება მისეულ
წარმოდგენას მშვენიერებაზე, სამართლიანობაზე, ეწინააღმდეგება მის
თვისებებს, შეხედულებებს, მის იმედებს, ხომ არსებობენ ასეთი
ურთიერთსაწინააღმდეგო ნატურები... მაგრამ რატომ სტანჯავს ეს
ქალს? ჩვენ ხომ არაფერი გვაკავშირებს ისეთი, რის გამოც ის
იძულებული იქნებოდა, ჩემთან ურთიერთობით დატანჯულიყო. მას
ხომ შეუძლია, გადაწყვიტოს და ისე აღმიქვას, როგორც მისთვის
სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც კიდეც ვარ, ამიტომ ამგვარი
აღქმა არათუ გულისდამწყვეტი იქნებოდა, არამედ კიდეც
მივესალმებოდი ამას. მან მხოლოდ გადაწყვიტოს და დაივიწყოს ჩემი
არსებობა, რაც მისთვის თავს არასდროს მომიხვევია და არც ვაპირებ.
მოახერხოს ეს და მთელ მის ტანჯვასაც ბოლო მოეღება. ჩემს თავს
აღარ დავეძებ, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი ქცევა
გამაღიზიანებელია. ამას არ ვჩივი, რადგან კარგად მესმის, რომ ჩემი
გაღიზიანება არაფერია ქალის ტანჯვასთან შედარებით. ამასთანავე,
ისიც კარგად მესმის, რომ ეს ტანჯვა სიყვარულით არაა
განპირობებული. ქალის სურვილი ჩემი გამოსწორება როდი გახლავთ.
მით უმეტეს, რომ ის ყველაფერი, რაც მას ჩემში არ მოსწონს, არ
წარმოადგენს დამაბრკოლებელ თვისებებს ჩემი მომავალი
წარმატებისთვის. მაგრამ ჩემი წარმატება მას სწორედაც რომ არ
ადარდებს. მისი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება იმ
ტანჯვისთვის, რასაც ჩემ გამო განიცდის, და მომავალში ამ ტანჯვის
თავიდან აცილება. ერთხელ როგორღაც მივანიშნე, როგორ უნდა
მოეღო ბოლო ამ უკიდეგანო სიბრაზისთვის, მაგრამ ამით ისე
გავამძვინვარე, რომ შემდეგ სამუდამოდ ავუკრძალე თავს მსგავსი
მცდელობები. უნდა ითქვას, რომ რაღაც დონეზე მეც ვარ დამნაშავე.
რაც უნდა უცხო იყოს ჩემთვის ეს ქალი და რაც უნდა ვაბრაზებდე
(უფრო სწორად, თავად იბრაზებდეს თავს) მას იმ ხანმოკლე
ურთიერთობით, რაც გვაკავშირებს, მაინც არ მაქვს უფლება,
გულგრილად ვუმზერდე ამ აშკარა ტანჯვასა და ბრაზს, რაც მასზე
უკვე ფიზიკურადაც აისახება.ბოლო დროს ხშირად მომდის ხმები, რომ
ერთ დილით ქალი თავის ტკივილით დატანჯული, ფერმკრთალი,
გამოუძინებელი და თითქმის შრომისუუნარო ყოფილა. მის
ახლობლებს ეს ამბავი მეტად ადარდებთ, სად არ ცდილობენ მისი
მდგომარეობის მიზეზების პოვნას, მაგრამ ვერაფერს ხდებიან. მიზეზი
მხოლოდ მე ვიცი. ეს გახლავთ საუკუნო და მუდმივად განახლებადი
ბრაზი. მოკლედ, მე არ ვიზიარებ მისი ახლობლების ნერვიულობას.
ქალი საკმაოდ ძლიერი და შეუპოვარია. ვისაც ასეთი სიბრაზე ძალუძს,
მას ალბათ ამ სიბრაზისგან გამოწვეული შედეგების გადატანაც უნდა
შეეძლოს. იმასაც კი დავუშვებ, რომ ქალი, ყოველ შემთხვევაში,
ნაწილობრივ მაინც, მხოლოდ თავს აჩვენებს დატანჯულად, რათა
ამით გარშემომყოფთა ყურადღება ჩემკენ მოაპყროს. ის ზედმეტად
ამაყია იმის აღიარებისთვის, რომ ჩემი არსებობა სტანჯავს.
სხვებისთვის დახმარების პირდაპირ თხოვნა მისთვის ძალიან
დამამცირებელი იქნებოდა. მხოლოდ ზიზღით, უკიდეგანო,
მუდმივად თანმდევი ზიზღითაა განმსჭვალული ჩემ მიმართ. ამ
მღვრიე ამბის სხვების წინაშე გამომზეურება მისთვის ზედმეტად
სასირცხვილო იქნებოდა. ამავდროულად, ამ გაუსაძლისი
მდგომარეობის ჩუმად ატანაც უჭირს. ამიტომ, მთელი თავისი ქალური
ეშმაკობით პატარა დათმობაზე მიდის და მდუმარედ, მხოლოდ ოდნავ
შესამჩნევი ტანჯვით ცდილობს ვითარების გამოტანას ქვეყნის
სამსჯავროზე. იქნებ იმის იმედიც აქვს, რომ ხალხის ყურადღების
ჩემკენ მოპყრობით მათი საერთო რისხვა დამატეხოს თავს, რაც
გაცილებით მძლავრად, საბოლოოდ, მთლიანად გამანადგურებს,
ვიდრე ეს მის უსუსურ პირად ბრაზს ძალუძს. ამის შემდეგ ის უკან
დაიხევს, ამოისუნთქავს, და ზურგს მაქცევს. თუმცა ამის იმედი
ტყუილად აქვს. ხალხი მის როლს არ იკისრებს. ხალხი ვერ იპოვნის
ჩემში იმდენ ნაკლს, რამდენსაც ეს ქალი ისურვებდა, თვით მისი
ლუპის ქვეშაც რომ გამატარონ. არც ისეთი გამოუსადეგარი ადამიანი
ვარ, როგორც მას ჰგონია. თავის ქებას არ მოვყვები, მით უმეტეს, ასეთ
ვითარებაში, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულსაც რომ არ
წარმოვადგენდე, არც უკანასკნელი ადამიანი ვარ. მხოლოდ მისთვის,
მხოლოდ მის გამრისხანებულ მზერაში ვარ ასეთი, ამას სხვას ვერავის
დააჯერებს. გამოდის, რომ ამ მხრივ მაინც არაფერი მაქვს
სანერვიულო? არა, არა მგონია ასე მარტივად იყოს. როცა
გამოაშკარავდება, რომ ამ ქალს ჩემი ქცევებით ასე ავადმყოფურად
ვტანჯავ - და ზოგიერთი ყურადღებიანი ჭორიკანა ხომ მზადაა ან თავს
აჩვენებს, რომ მზადაა, ეს საქმე გამოიძიოს - ადვილი შესაძლებელია,
ხალხმა პასუხი მომთხოვოს იმაზე, თუ რატომ ვტანჯავ ამ პატარა ქალს
ჩემი საშინელი არსებით, რატომ განმიზრახავს მისი სიკვდილის პირას
მიყვანა და ბოლოსდაბოლოს როდის მოვალ გონს და მოვუხმობ
ადამიანურ გრძნობებს, როდის შევწყვეტ ამ ქალის ტანჯვას. ხალხის ამ
შეკითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი არ იქნება. ხომ არ ვაღიარო, რომ
სინამდვილეში არ მჯერა ქალის ავადმყოფობის? მაგრამ ასე შეიძლება
ეგონოთ, რომ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად სხვას ვდებ ბრალს
და თანაც ასეთი ბინძური მეთოდით. საერთოდ, რამდენად
გულახდილი შეიძლება ვიყო და ვთქვა, რომ კიდეც რომ მჯეროდეს
მისი ავადმყოფობის, ოდნავადაც არ თანავუგრძნობდი მას, რადგან ეს
ქალი აბსოლუტურად უცხოა ჩემთვის და ჩვენ შორის ასეთი
დამოკიდებულებაც მისი შექმნილია და მხოლოდ მისგან
მომდინარეობს. იმას როდი ვამტკიცებ, რომ არავინ დამიჯერებს ან
პირიქით. ალბათ უფრო არც ერთი. ვითარება არც მივა აქამდე. მაგრამ
ამ სუსტი და ავადმყოფი ქალის მიმართ ჩემს პასუხს ხომ
დააფიქსირებენ და არა მგონია ეს ჩემთვის ხელსაყრელი იყოს. ახლაც,
როგორც ყოველთვის, ხალხი უძლური იქნება, ასეთი შემთხვევა
სასიყვარულოდ არ აღიქვან, თუმცა დღესავით ნათელია - არავითარი
სიყვარული აქ არ არსებობს და რომც არსებობდეს, ის ჩემგან
გამომდინარე უფრო იქნებოდა. მზად ვიქნებოდი, აღფრთოვანებაც
გამომეთქვა მისეულ კატეგორიულ შეფასებებსა და სასტიკ დასკვნებზე,
თავად რომ არ ვიყო მისი ამ თვისებების მსხვერპლი. ჩემს მიმართ მის
დამოკიდებულებაში კი მეგობრულობის ნატამალიც არ იგრძნობა.
ამაში ის ნამდვილად გულწრფელი და მართალია. სწორედ ამას
ეფუძნება ჩემი ბოლო იმედიც. ასეთი დამოკიდებულების
ხელოვნურად შექმნა და თავის საბრძოლო გეგმაში შეტანაც რომ
მოინდომოს (ხალხისთვის თვალის ახვევის მიზნით), იმდენად
უსუსურია, ამას მაინც ვერასდროს შეძლებს. მაგრამ ამ მიმართულებით
საზოგადოება ხმას არასდროს აიმაღლებს, ის მუდამ ჩემ წინააღმდეგ
იქნება და აზრს არასდროს შეიცვლის.
ისღა დამრჩენია, თავის დროზე, სანამ ხალხი ჩარეულა, ჩემი თავის
შეცვლაზე ვიზრუნო. იმას კი არ ვამბობ, რომ პატარა ქალის
გაღიზიანება აღარ დავუშვა - ეს წარმოუდგენელია - არამედ იმას, რომ
ეს გაღიზიანება ოდნავ მაინც შევარბილო. მართლაცდა, ნუთუ ისე
მაკმაყოფილებს ჩემი თავი, რომ მისი შეცვლა არ მსურს? იქნებ
შესაძლებელიცაა გარკვეული ცვლილებების შეტანა ჩემს ხასიათში
(თუნდაც ჩემთვის არსებითად უმნიშვნელო ცვლილებების), თუნდაც
პატარა ქალის დასამშვიდებლად? მე ეს მართლაც გულწრფელად
ვცადე, ძალ-ღონე არ დამიშურებია, თითქმის სახალისოც კი იყო
ჩემთვის. გარკვეულ ცვლილებებს კიდეც მივაღწიე, ეს ისე აშკარა იყო,
რომ ძალისხმევაც არ დამჭირვებია ქალის ყურადღების მისაქცევად -
ის ხომ ყველაფერს ჩემზე ადრე ამჩნევს, ჩემი მცდელობის მიზანსაც კი
ხვდება. წარმატებას კი მაინც ვერ მივაღწიე. ან კი როგორ უნდა
მიმეღწია? მისი ჩემდამი უკმაყოფილება, როგორც ახლა ვხედავ,
პრინციპულია. ამას ვერაფერი გააქრობს. თვით ჩემი ლიკვიდაციაც კი.
ჩემი თვითმკვლელობის ამბავი ხომ მის უკიდეგანო ბრაზს
გამოიწვევდა. ხოდა, ვერ წარმომიდგენია, რომ ის, ასეთი მიხვედრილი
ქალი, ყველაფერს ისევე ზუსტად არ აფასებდეს, როგორც მე - არ
ესმოდეს როგორც თავისი მცდელობების უიმედობა, ასევე ჩემი
უდანაშაულობა, ის, რომ ჩემს ძალებს აღემატება, მის ყველა
მოთხოვნას ვაკმაყოფილებდე. რა თქმა უნდა, კარგად ესმის
ყველაფერი, მაგრამ როგორც მებრძოლი სულის ადამიანს, ბრძოლის
ჟინმორეულს ყველაფერი ავიწყდება. ჩემი უბედურება კი იმაში
მდგომარეობს, რომ ყველას, ვინც სიბრაზისგან წონასწორობას კარგავს,
მინდა ყურში დასამშვიდებელი სიტყვები ჩავჩურჩულო. ეს ჩემი
ხასიათის ის თვისებაა, რომლის შეცვლაც, სამწუხაროდ, არ შემიძლია,
რადგან დაბადებიდან ასე მომეცა. რა თქმა უნდა, ასე ერთმანეთს
ვერასდროს გავუგებთ. დილის ბედნიერ წუთებში შინიდან გასულს
მუდამ ეს, ჩემ გამო შეწუხებული სახე უნდა დამიდგეს თვალწინ, ეს
უკმაყოფილოდ მომუწული ტუჩები, ეს გამომცდელი, ჩემკენ
მომართული, წინასწარ გამკიცხავი მზერა, თუმცა ზერელე, მაგრამ
მაინც ყველაფრის შემამჩნეველი. მწარე ღიმილი, პატარა გოგოს
ღაწვებში ჩალურსმული, ზეცისკენ უკმაყოფილოდ მიპყრობილი
მზერა, აღშფოთებისგან აკანკალებული, გაფითრებული ხელები,
წონასწორობის შესანარჩუნებლად დოინჯი რომ შემოუწყვია.
რამდენიმე ხნის წინ, ჩემდა გასაკვირად, პირველად დაველაპარაკე ამ
ამბავზე ერთ მეგობარს. რაღა თქმა უნდა, სრულიად სხვათა შორის,
ორი სიტყვით და ძალიან მსუბუქად აღვუწერე ყველაფერი და
შევეცადე, კიდევ უფრო უმნიშვნელოდ მეჩვენებინა ეს ჩემთვის ისედაც
ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს,
მეგობარმა, მიუხედავად ყველაფრისა, ამ ამბავს სულ არ წაუყრუა.
უფრო მეტიც, მნიშვნელოვნადაც კი მიიჩნია და საუბრის სხვა თემაზე
გადატანაც არ მაცალა. კიდევ უფრო გასაკვირი კი სხვათა შორის ის
გახლავთ, რომ გადამწყვეტ მომენტში მან მაინც ვერ აღიქვა ჩემი
მდგომარეობა და სამოგზაუროდ წასვლა მირჩია. ამაზე სულელურს
ვერაფერს მეტყოდა. არადა, ყველაფერი ისე მარტივია, რომ
მონდომების შემთხვევაში, აუცილებლად შეძლებდა ამ ამბის
განჭვრეტას. ამავდროულად ეს ამბავი არც ისე მარტივია, რომ ჩემი
სამოგზაუროდ წასვლით რამეს, ან თუნდაც ყველაზე არსებითს მაინც
ეშველოს. პირიქით, არსადაც არ უნდა წავიდე. თუკი საერთოდ რაიმე
გეგმის დასახვა მსურს, აუცილებლად ამ ვიწრო, გარესამყაროსთვის
შეუღწეველ ჩარჩოში უნდა დავრჩე, როგორც აქამდე ვრჩებოდი,
მშვიდად, განსაკუთრებულად თვალშისაცემი ცვლილებების გარეშე.
აქედან გამომდინარე, ამ თემაზე არავისთან მმართებს საუბარი,
იმიტომ კი არა, რომ ეს საშიშ საიდუმლოს წარმოადგენს, არამედ იმის
გამო, რომ ეს წმინდა პერსონალური, პატარა და ადვილად დასაძლევი
ამბავია და ყოველთვის ასეთად დარჩება. ამ თვალსაზრისით,
მეგობრის რჩევები არც თუ უსარგებლოა, მართალია, ამ რჩევებმა
ახალი არაფერი მომცა, მაგრამ ჩემს ძირეულ შეხედულებებში კიდევ
ერთხელ დამარწმუნა. როგორც ზოგადი დაკვირვებით აღმოვაჩინე,
ცვლილებები, რომლებსაც დროთა განმავლობაში ვითარება თითქოს
განიცდის, რეალურად, ცვლილებები კი არა, მხოლოდ ჩემეული
წარმოდგენაა ამ ვითარებაზე, რომელიც ცვალებადია. ეს წარმოდგენა,
თუ ერთი მხრივ გაწონასწორებული და მყარი ხდება, სიმართლეს
უახლოვდება, მეორე მხრივ - გაუთავებელი, თუნდაც მსუბუქი
შფოთვის გავლენით, სულ უფრო ემოციური ხდება. უფრო მშვიდად
აღვიქვამ მოვლენებს, როცა ვაცნობიერებ, რომ გადაწყვეტილების
მიღების წუთი, რაც უნდა მეჩვენებოდეს, რომ მოახლოვდა, ჯერ მაინც
შორსაა. ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხშირად
ცდებიან, როცა ეს წუთი ახლოს ჰგონიათ. როცა ერთხელ ჩემი პატარა
მსაჯული ქალბატონი, ჩემი მზერით დასუსტებული, სავარძელში
გვერდულად ჩაეშვა, ერთი ხელით მის საზურგეს ჩაეჭიდა, მეორეთი
კი კორსეტის თასმის შეხსნა დაიწყო, ხოლო ღაწვებზე რისხვისა და
სასოწარკვეთის ცრემლები ჩამოუგორდა, ვიფიქრე, რომ აი, დადგა
გადამწყვეტი წუთი, ახლა კი მიხმობენ და პასუხს მომთხოვენ-მეთქი.
მაგრამ არავითარმა პასუხისგებამაც არ მომიწია. ქალები ხშირად
მიზეზობენ, ხალხი კი ყველა მათგანს დროს ვერ დაუთმობს. და მაინც,
რა ხდებოდა მთელი ეს წლები? არც არაფერი იმის გარდა, რომ ასეთი
შემთხვევები მუდმივად მეორდებოდა, მეტ-ნაკლები სიმძაფრით. ახლა
კი მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. და ვიღაცები განუწყვეტლივ
ტრიალებენ ირგვლივ და ერთი სული აქვთ, როდის მიეცემათ
საშუალება, ამ ამბავში ჩაერიონ. მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ.
საკუთარი ყნოსვის იმედადღა რჩებიან, რომელიც, მათ
პატივმოყვარეობას კი აკმაყოფილებს, მაგრამ არანაირი სარგებელი არ
მოაქვს. პრინციპში, ყოველთვის ასე იყო - ყოველთვის არსებობდნენ
უსაქმური, ყნოსვაგამძაფრებული არამკითხეები, ხელსაყრელ დროს
რომ ელოდებიან, რათა ხელსაყრელ ადგილას გაჩნდნენ, შემდეგ კი
თავიანთი იქ ყოფნა მლიქვნელურად გაამართლონ და ნათესაურ
ვალად გამოაცხადონ. ამ ყველაფრის შედეგი კი მხოლოდ ის გახლავთ,
რომ ასეთი ხალხი დღემდე ბევრია. შეცვლით ის შეიცვალა, რომ მე
ისინი ამოვიცანი, სახეზეც ვცნობ. ადრე მეგონა, რომ ისინი სხვადასხვა
მხრიდან, თანდათან მოდიოდნენ, საქმის მოცულობა იზრდებოდა და
გადამწყვეტი წუთი ახლოვდებოდა. დღეს მე უკვე ვხვდები, რომ ისინი
უძველესი დროიდან არსებობენ და გადამწყვეტ წუთთან არაფერი აქვთ
საერთო. გადამწყვეტი წუთი. რატომ ვხმარობ ამ ხმამაღალ სიტყვებს?
როგორც უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ეს ხალხის საქმე არ არის,
მაგრამ ვთქვათ-და, ერთხელაც რომ (არა მაინცდამაინც ხვალ ან ზეგ,
ან იქნებ არც არასდროს) მოისურვონ სიმართლის დადგენა, მე ამ
ამბიდან მთლიანად სუფთა ვერ გამოვალ. თუმცა იმედი მაქვს,
აუცილებლად გაითვალისწინებენ იმას, რომ კარგად მიცნობენ, მათ
თვალწინ ვიცხოვრე ამდენი წელი და დასამალი არაფერი მქონია, მათი
ერთგული ვიყავი და, ასევე, ერთგულება მოვიპოვე. ეს პატარა მოწამე
ქალი კი შემდეგ გამოჩნდა. და აქვე ვიტყვი - ყველა ადამიანი უცებ
ამოიცნობდა მასში ბირკას და შემდეგ ყოველგვარი ხმაურის გარეშე და
ხალხისგან ფარულად, ფეხით გასრესდა მას. ასე რომ, ყველაზე უარეს
შემთხვევაში, ეს ქალი იმის მიღწევას შეძლებს, რომ ჩემს დიპლომს -
რომლითაც მე საზოგადოებისთვის ცნობილი ვარ, როგორც მისი
დიდად პატივსაცემი წევრი - ერთი პატარა, უშნო ჩუქურთმა
მიუმატოს. აი, ასეთია საქმის ვითარება დღეისათვის და მაშასადამე, ის
მე სრულებით არ მაღელვებს. წლების განმავლობაში ცოტა
გაუწონასწორებელი გავხდი, მაგრამ ამას საქმის არსებით
ვითარებასთან არაფერი აქვს საერთო. უბრალოდ, აუტანელია, როცა
ვიღაცას მუდმივად აღიზიანებ, თუნდაც იცოდე, ამ გაღიზიანებას
არავითარი საფუძველი არ გააჩნია. იწყება შფოთვა, გადაწყვეტილების
მიღების მოლოდინში ფიზიკურად იძაბები, თუნდაც გონით დიდად
არც გჯეროდეს, რომ რამე გადაწყდება ან გაირკვევა. ნაწილობრივ
მთავარი ამ დროს მაინც ასაკია. ახალგაზრდობა ყველაფერს კარგად
ფუთავს. ყოფიერების არასასიამოვნო წვრილმანები ახალგაზრდობის
ამოუწურავი ენერგიის მორევში იძირება... ახალგაზრდის
ჩასაფრებული მზერა გამაღიზიანებელი არ არის, მას ვერავინ ამჩნევს,
თვითონაც კი. რაც მორჩება, სიბერისაა. ამ მორჩენილის ყველა ნაწილი
მნიშვნელოვანია, ვერც ერთს ვერ შეცვლი, ყოველი მათგანი
თვალსაჩინოა და მასზე დაკვირვება შეიძლება... ამიტომაც მოხუცი
ადამიანის ჩასაფრებული მზერა გაცილებით აშკარა და ადვილად
ამოსაცნობია. მაგრამ არც ამ შემთხვევაში შეცვლილა რამე
უარესობისკენ. მაშასადამე, რომელი მხრიდანაც უნდა შევხედო,
ყოველთვის ცხადია (და მეც აქ ვდგავარ) - რაც უნდა ვეცადო და ეს
პატარა საქმე უცხო თვალს მოვარიდო, მე კიდევ დიდხანს,
ყოველგვარი გარე დაბრკოლებების გარეშე შემიძლია ვიცხოვრო ისე,
როგორც აქამდე მიცხოვრია. დაე, იბობოქროს ამ ქალმა.

შიმშილის ხელოვანი
ბოლო ათწლეულებში შიმშილის ხელოვანის მიმართ ინტერესი
განელდა. თუკი ადრე ასეთი დიდი წარმოდგენების გამართვა მეტად
ფასობდა, ჩვენს დროში ეს სრულიად შეუძლებელი გახდა. მაშინ სხვა
დრო იყო. მთელი ქალაქი მხოლოდ შიმშილის ხელოვანზე
ლაპარაკობდა და დაინტერესებულთა რიცხვი დღითი დღე
იზრდებოდა. ყველას უნდოდა, მოშიმშილე ხელოვანი დღეში ერთხელ
მაინც ენახა. შიმშილობის ბოლო ეტაპზე კი მაყურებელი მთელ დღეებს
ხელოვანის გალიასთან ატარებდა. ჩვენებები ღამითაც იმართებოდა,
როცა მეტი ეფექტის მოსახდენად გალიას ჩირაღდნებით ანათებდნენ.
კარგ ამინდებში გალია ქუჩაშიც გამოჰქონდათ, სადაც ხელოვანს
უმეტესად ბავშვები სტუმრობდნენ. თუკი უფროსებისთვის ხელოვანი
მხოლოდ გასართობი გახლდათ, რომელშიც ისინი ნაწილობრივ მოდის
გამოც იღებდნენ მონაწილეობას, შიშისგან ხელიხელჩაკიდებული,
პირდაბჩენილი ბავშვები განცვიფრებულები მისჩერებოდნენ
გაფითრებულ, მსახიობის ტრიკოში გამოწყობილ ხელოვანს, რომელსაც
სიგამხდრისგან ტანზე ნეკნები დაეთვლებოდა. მას სავარძელზე უარი
ეთქვა და გალიაში მიმოფანტულ ჩალაზე იჯდა, დროდადრო
ზრდილობიანად უკრავდა თავს მაყურებელს, ნაძალადევი ღიმილით
პასუხობდა მათ კითხვებზე და პერიოდულად - თავისი სიგამხდრე
ხელშესახები რომ გაეხადა - გისოსებიდან ხელს გარეთ ჰყოფდა.
შემდეგ კი ისევ თავის თავში ჩაძირული, ირგვლივ ვეღარაფერს
ამჩნევდა, იქვე მოტიკტიკე საათსაც კი, რომელიც ერთადერთი ავეჯის
მსგავსი ნივთი გახლდათ მის გალიაში. ასე, თითქმის
თვალდახუჭული იჯდა მთელი დღე, ხანდახან წყალს თუ მოსვამდა
პატარა ჭიქიდან, რათა გამომშრალი პირი ოდნავ მაინც დაესველებინა.
მუდმივად ცვალებადი მაყურებლის გარდა, გალიასთან ყოველთვის
იდგნენ პუბლიკის მიერ შერჩეული დარაჯები. რაოდენ გასაკვირიც
უნდა იყოს, ესენი ხშირად ყასბები (ერთდროულად სამნი) გახლდნენ,
რომლებსაც დღედაღამ დარაჯობა ევალებოდათ, რომ ხელოვანს ჩუმად
რაიმე სახის საკვები არ მიეღო. ეს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და
მხოლოდ ფორმალობა გახლდათ ხალხის დასამშვიდებლად, თორემ
რწმუნებულებმა კარგად იცოდნენ, რომ ხელოვანი შიმშილობის
განმავლობაში არასდროს, არანაირ ვითარებაში, ძალაც რომ
დაგეტანებინათ, ლუკმას არ შეჭამდა. ამ საქმისადმი მისი თაყვანისცემა
გამორიცხავდა ამას. მაგრამ ეს ყველა დარაჯს როდი ესმოდა. ასეთები
ხშირად მთელი ღამე ზერელედ დარაჯობდნენ - სადმე კუთხეში
ბანქოს სათამაშოდ მიმსხდრები, დარწმუნებულები, რომ ამით
საშუალებას აძლევდნენ ხელოვანს, დრო ეხელთა და ჩუმად
გადამალული მარაგიდან საკვები გამოეძვრინა. ხელოვანს ასეთ
დარაჯებზე მეტად არაფერი სტანჯავდა. ისინი მას სევდას ჰმატებდნენ
და შიმშილობასაც საშინლად ართულებდნენ. ასეთ დროს ხანდახან
ახერხებდა სისუსტის დაძლევას და მთელი ხნის განმავლობაში
მღეროდა მანამ, სანამ შეეძლო, რათა მათთვის ეჩვენებინა, თუ რა
უსამართლოდ შეჰქონდათ მასში ეჭვი. თუმცა ეს არაფერს ცვლიდა.
ისინი მხოლოდ განცვიფრებას გამოხატავდნენ ხელოვანის
მოხერხებულობის გამო, რისი წყალობითაც, მათი აზრით, ხელოვანს
სიმღერის დროსაც კი შეეძლო ჭამა. შედარებით მისაღებნი იყვნენ ის
დარაჯები, რომლებიც, გალიასთან მიმსხდრები, დარბაზის სუსტ
განათებას არ კმარობდნენ და ღამღამობით გალიას დამატებით ჯიბის
ელექტრონათურებითაც ანათებდნენ, რომლებითაც მათ იმპრესარიო
ამარაგებდა. ხელოვანს მკვეთრი შუქი არ აწუხებდა, ძილით ისედაც
ვერ იძინებდა, თვლემა კი ნებისმიერი განათების დროს და თუნდაც
ხალხით სავსე ხმაურიან დარბაზშიც კარგად შეეძლო. ხელოვანი მზად
იყო, ასეთ დარაჯებთან გაეტარებინა თუნდაც უძილო ღამეები, ეხუმრა
მათთან ერთად, მოეყოლა მათთვის ამბები თავისი მოხეტიალე
ცხოვრებიდან, მოესმინა მათი ნაამბობი, ყველაფერისთვის მზად იყო,
ოღონდ მათ ეფხიზლათ, ოღონდ დარწმუნებულიყვნენ, რომ გალიაში
არანაირი საკვები არ არსებობდა და ხელოვანი ისე შიმშილობდა,
როგორც ეს არც ერთ მათგანს არ შეეძლო. ყველაზე დიდი ბედნიერება
კი გათენებები იყო, როცა დარაჯებისთვის მის ანგარიშზე მდიდრული
საუზმე მოჰქონდათ და ისინიც, ჯანმრთელი კაცების მადით,
დარაჯობით დაძაბული ღამის შემდეგ, საჭმელს გამგელებულები
ეცემოდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ საუზმეზე დაპატიჟებაში
დარაჯების მოსყიდვის გაუგონარ მცდელობას ხედავდა, თუმცა ეს
უკვე მეტისმეტი იყო. კითხვაზე, სურდათ თუ არა მხოლოდ საქმის
სიყვარულის გამო, საუზმის გარეშე ედარაჯათ მთელი ღამის
განმავლობაში, ისინი უარს ამბობდნენ, მოსყიდვასთან დაკავშირებით
კი აზრს არ იცვლიდნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ამგვარი ეჭვები
გარდაუვალიც იყო. არავის შეეძლო მთელი ამ დროის განმავლობაში,
დღედაღამ ხელოვანის გვერდით ყოფნა და დარაჯობა, მაშასადამე,
დარწმუნებით ვერავინ იტყოდა, ნამდვილად და განუწყვეტლივ
შიმშილობდა თუ არა ხელოვანი. ამის ცოდნა მხოლოდ თავად
ხელოვანს შეეძლო, მხოლოდ მას შეეძლო თავისი შიმშილის ნამდვილი
და კმაყოფილი მაყურებელი ყოფილიყო. ის კი, სულ სხვა მიზეზის
გამო, კმაყოფილი არასდროს გახლდათ. იქნებ ამ შიმშილის შედეგად
არც იყო მისი სხეული ასეთი გამხდარი, რის გამოც მისი ყურება ბევრ
ადამიანს არ შეეძლო და ამიტომ წარმოდგენებსაც ბევრი, მათდა
სამწუხაროდ, ვერ ესწრებოდა. იქნებ მისი სიგამხდრე იმ მუდმივი
უკმაყოფილების შედეგი გახლდათ, რომელსაც ის საკუთარი
თავისადმი განიცდიდა. თვითონ ხომ ყველაზე კარგად იცოდა, რა
ადვილიც იყო მისთვის შიმშილობა - ყველაფერზე ადვილი ამქვეყნად.
ამას არც მალავდა, თუმცა დაჯერება არავისი შეეძლო. უკეთეს
შემთხვევაში, ამას თავმდაბლობაში უთვლიდნენ, უფრო ხშირად კი -
თვითრეკლამად მიიჩნევდნენ, ან უბრალოდ თაღლითი ეგონათ,
რომელმაც კარგად იცის, როგორ გაიადვილოს შიმშილობა და თან
თავხედობაც ჰყოფნის, ამის შესახებ ხმამაღლა ილაპარაკოს. მაგრამ
ყველაფერ ამას ხელოვანი ადვილად ეგუებოდა. წლების განმავლობაში
კიდეც მიეჩვია, შინაგანი უკმაყოფილება კი ვერაფრით მოეშორებინა.
მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ამ წლების განმავლობაში არ
ყოფილა შემთხვევა - და ამას ყველა ერთხმად აღიარებდა - რომ
მოშიმშილე ხელოვანს თავისი ნებით დაეტოვებინოს გალია.
შიმშილობის მაქსიმუმად იმპრესარიომ ორმოცი დღე დაადგინა. ამ
ვადაზე დიდხანს შიმშილობა ხელოვანს დიდ ქალაქებშიც კი
ეკრძალებოდა, და არცთუ უმიზეზოდ. გამოცდილება აჩვენებდა, რომ
ორმოცი დღის განმავლობაში რეკლამის ნელ-ნელა გაუმჯობესებით
ხალხის ინტერესის ამაღლება იყო შესაძლებელი. ორმოცი დღის
შემდეგ კი პუბლიკის ინტერესი და, შესაბამისად, მოთხოვნაც
მცირდებოდა. ქალაქები და სოფლები ამ მხრივ განსხვავდებოდნენ,
მაგრამ დადგენილი წესი - ორმოცი დღე - ქალაქსა და სოფელში
თანაბარი ძალით ხორციელდებოდა. ორმოცი დღის შემდეგ კი,
სასულიერო ორკესტრის თანხლებით, იღებოდა ყვავილებით
გარშემოწნული გალიის კარი, ამფითეატრი ივსებოდა
აღფრთოვანებული მაყურებლით, ხელოვანის გასასინჯად გალიაში
შედიოდა ორი ექიმი, რის შემდეგაც დარბაზს მეგაფონით აცნობებდნენ
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბოლოს მოდიოდა ორი ქალი -
ბედნიერები ამ პატივით - გამოჰყავდათ ხელოვანი გალიიდან,
ჩადიოდნენ მასთან ერთად საფეხურებს და მიაცილებდნენ მას
სუფრასთან, რომელიც სპეციალურად ავადმყოფისთვის იყო გაშლილი.
ამ დროს ხელოვანი ყოველთვის ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია.
მართალია, დამჯერად აგებებდა ძვლამდე გამხდარ მკლავებს
ქალბატონების გამოწვდილ ხელებს, მაგრამ ადგომა მაინც არ სურდა.
არ ესმოდა, რატომ უნდა შეეწყვიტა შიმშილობა მაინცდამაინც ახლა,
ორმოცი დღის შემდეგ, როცა კიდევ დიდხანს, განუზომლად დიდხანს
შეეძლო შიმშილობის გაგრძელება. რატომ უნდა შეეწყვიტა
მაინცდამაინც ახლა, როცა შიმშილობის საუკეთესო სტადიაში
იმყოფებოდა? რატომ ართმევდნენ მას პატივს, გამხდარიყო არა
მხოლოდ მსოფლიოს უდიდესი მოშიმშილე - რომელიც უკვე იყო -
არამედ თავის თავზე ამაღლებისთვისაც მიეღწია, რადგან თვითონ
შიმშილობის ხელოვნების საზღვრებს არ სცნობდა. რატომ არ ჰქონდა
ხალხს, რომელიც ამავდროულად აღფრთოვანებული იყო მისით,
მცირეოდენი მოთმინება? თუკი თავად მას, ხელოვანს შეეძლო
შიმშილობის გაგრძელება, მათ რატომ არ შეეძლოთ მოთმენა?
ამასთანავე, ძალიან იყო დაღლილი იყო და ჩალაზე ძალზედ
მოხერხებულად იჯდა, მას კი წამოდგომას და საჭმელად წასვლას
აიძულებდნენ, რისი წარმოდგენაც გულისრევის შეგრძნებას ჰგვრიდა
და მხოლოდ ქალბატონების მიმართ პატივისცემა აიძულებდა, ეს არ
შეემჩნია. თვალს უსწორებდა ამ ერთი შეხედვით სათნო,
სინამდვილეში კი დაუნდობელ ქალბატონებს და დამძიმებულ თავს
აქეთ-იქით აქნევდა. შემდეგ კი, როგორც ყოველთვის, შემოდიოდა
იმპრესარიო. ის მდუმარედ (მუსიკის ფონზე მისი ხმა მაინც გაუგებარი
იქნებოდა) აღაპყრობდა ხელებს ხელოვანის თავზე, თითქოს ზეცას
თავისი ქმნილების - ჩალაზე მჯდომი ამ წამებული არსების (რაც
ხელოვანი კიდეც გახლდათ, ოღონდ სულ სხვა გაგებით) სანახავად
მოუხმობსო. შემდეგ იმპრესარიო ხელოვანს გამხდარ წელზე ხელს
შემოხვევდა - განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა ყველას
თვალნათლივ დაენახა, რა ადვილადმსხვრევად არსებასთან ჰქონდა
საქმე. შემდეგ, სხვებისთვის შეუმჩნევლად, ხელოვანს ოდნავ
შეარხევდა (რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აქეთ-იქით ბარბაცს
იწყებდა) და ასე გადასცემდა მას უკვე ფერწასულ ქალბატონებს. ამის
შემდეგ ხელოვანს წინააღმდეგობის გაწევა თითქმის აღარ შეეძლო.
თავი გაუნძრევლად ედო მკერდზე, თითქოს მხრებს უკვე მომწყდარი
და ჩამოვარდნისგან მხოლოდ სასწაულის ძალით შეკავებული.
სხეული მთლიანად გამოჰფიტვოდა, მუხლები ინსტინქტურად
ერთმანეთზე მიეტყუპებინა და ისე დააბიჯებდა, თითქოს ფეხქვეშ
მიწას ვერ პოულობსო. გამოფიტული ტანის მთელი სიმძიმე
ქალებიდან ერთ-ერთს დასწოლოდა ტვირთად. ქალი უმწეოდ
აცეცებდა თვალებს. მთელი ძალით ცდილობდა, ყელი წინ გაეშვირა
და ასეთნაირად სახე მაინც აერიდებინა ხელოვანის შეხებისგან. მაგრამ
ვერც ეს მოახერხა. მის შედარებით ბედნიერ მეგობარს კი დახმარების
სურვილი არ აღმოაჩნდა. მას ხელოვანის ხელი (ეს ძვლების შეკვრა )
წინ გაეშვირა და, ბედნიერად აცახცახებული, უკან მიჰყვებოდა. ამ
დროს პირველმა ქალბატონმა თავი ვეღარ შეიკავა (ასე როდი
წარმოედგინა ამ საპატიო მისიის შესრულება), დარბაზის
აღფრთოვანებული სახეების ფონზე გულამოსკვნით ატირდა და
ხელოვანი საგანგებოდ იქვე მდგომ მსახურს გადასცა. ამის შემდეგ
ჭამის დროც დადგა. იმპრესარიო პირში საჭმელს ტენიდა გულყრის
პირას მყოფ ხელოვანს და თან ხმამაღლა ლაყბობდა, რათა პუბლიკას
ხელოვანის ასეთი მდგომარეობა არ შეემჩნია. შემდეგ მან, თითქოს
ხელოვანის თხოვნით, პუბლიკის მისამართით სადღეგრძელო
წარმოთქვა. ამ ყველაფერს ორკესტრის დიდი ტუში ახლდა ფონად,
მაყურებელი თანდათან იშლებოდა და არავის ჰქონდა უფლება,
ნანახით უკმაყოფილო დარჩენილიყო, არავის, გარდა მოშიმშილე
ხელოვანისა, რომელსაც უკმაყოფილების შეგრძნება არასდროს
ტოვებდა. ასე ცხოვრობდა ხელოვანი წლების განმავლობაში, პატარ-
პატარა შესვენებების თანხლებით, ხალხისგან აღიარებული, დიდებით
მოსილი, მაგარმ მაინც მუდამ და სულ უფრო სევდიანი იმის გამო,
რომ ამ სევდას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ან რითი შეიძლებოდა
მისი დანუგეშება? რა შეიძლებოდა მისთვის ესურვებინათ? ხოლო თუ
შემთხვევით გამოჩნდებოდა რომელიმე კეთილისმსურველი და
თანაგრძნობით შეაპარებდა, ეს სევდა სავარაუდოდ შიმშილით არის
გამოწვეულიო, ხელოვანი, განსაკუთრებით შიმშილობის ბოლო
ფაზაში, შეიძლება ისე აღშფოთებულიყო, რომ ყველას გასაკვირად,
გალიის კედლები მხეცივით აეზანზარებინა. იმპრესარიოს ასეთ დროს
დასჯის თავისებური მეთოდი ჰქონდა, რასაც ის კიდეც მიმართავდა:
მაყურებელს ხელოვანის სახელით უბოდიშებდა და ცდილობდა
აეხსნა, რომ ასეთი ნერვული შეტევა, რარიგ უცხოც არ უნდა
ყოფილიყო ეს დანაყრებული ადამიანისთვის, ხანგრძლივი
შიმშილობით იყო გამოწვეული და ამიტომ ეპატიებოდა ხელოვანს.
ამასვე უკავშირებდა იმპრესარიო ხელოვანის დაჟინებას, იმაზე
დიდხანს ეშიმშილა, ვიდრე განსაზღვრული ოყო. იმპრესარიო აქებდა
მის მისწრაფებას, წრფელ სურვილს, აფასებდა თვითკრიტიკას,
რომელიც იგრძნობოდა ხელოვანის განცხადებაში, ამავდროულად კი
ცდილობდა, საწინაღმდეგო დაემტკიცებინა და პუბლიკას უჩვენებდა
ფოტოებს (მათ იქვე ყიდიდნენ), რომლებზეც დაუძლურებული,
საწოლში მყოფი ხელოვანი შიმშილობის მეორმოცე დღეს იყო
აღბეჭდილი. ხელოვანს სინამდვილის ასეთნაირად წარმოჩენა (თუმცა
უკვე შეჩვეული იყო ამას იმპრესარიოსგან) ყოველ ჯერზე უფრო მეტად
აღიზიანებდა - რაც სინამდვილეში შედეგი გახლდათ შიმშილობის
უდროოდ შეწყვეტისა, იმპრესარიოს მიზეზად წარმოეჩინა. ხელოვანის
არავის ესმოდა. ამ ვერმიხვედრილთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა კი
შეუძლებელი იყო. ყოველ ჯერზე მაინც დიდი იმედით უსმენდა
იმპრესარიოს დაწყებულ სიტყვას, გალიის გისოსებს ჩაფრენილი,
მაგრამ ფოტოების გამოჩენისთანავე გალიას ხელს უიმედოდ უშვებდა
და ისევ ჩალაზე ეშვებოდა. დამშვიდებულ პუბლიკას კი ისევ შეეძლო
ახლოს მისვლა და მისი თვალიერება.
როცა რამდენიმე წლის შემდეგ დამსწრეები ამ სცენას იხსენებდნენ,
თავიანთი თავის უკვირდათ - ამ რამდენიმე წელიწადში თითქმის
მოულოდნელად, დიდი გარდატეხა მომხდარიყო. ამას უთუოდ ღრმა
ფესვები ჰქონდა, მაგრამ მათი გამოკვლევით თავს არავინ იწუხებდა.
ასეა თუ ისე, განებივრებულმა ხელოვანმა ერთ მშვენიერ დღეს
გართობისმოყვარული პუბლიკისგან თავი მიტოვებულად იგრძნო.
მაყურებელი ახალ-ახალი სანახაობებისკენ ისწრაფოდა. იმპრესარიომ
კიდევ ერთხელ შემოიარა მასთან ერთად ნახევარი ევროპა, იმედით -
იქნებ სადმე კიდევ ჰქონოდათ ინტერესი შიმშილის ხელოვანი მიმართ,
თუმცა ამაოდ, თითქოს პირი შეკრესო, შიმშილობის სანახაობის
მიმართ გული ყველას ერთიანად აეცრუებინა. სინამდვილეში კი ეს
უბრალო დამთხვევა როდი გახლდათ. ახლა, შორიდან, ადვილად
შეიძლებოდა სხვადასხვა დამაბრკოლებელი საფრთხის შემჩნევა,
რომელიც თავის დროზე, დიდებისგან თვალმოჭრილებმა, უბრალოდ
ვერ შეამჩნიეს. მაგრამ ახლა რამის გამოსასწორებლად გვიანი იყო.
მართალია ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ შიმშილობის დრო ოდესმე
ისევ დადგებოდა, მაგრამ მოკვდავთათვის ეს ვერაფერი ნუგეში
გახლდათ. რა ელოდა შიმშილის ხელოვანს? ოდესღაც ასეთი დიდებით
მოსილი, ბაზრობის ბალაგანთა მონაწილედ ვერ გაიხდიდა თავს,
პროფესიის შესაცვლელად კი ხელოვანი არა მხოლოდ ბებერი,
ამასთანავე, თავისი საქმის ფანატიკურად ერთგულიც გახლდათ.
ამრიგად, ის დაემშვიდობა იმპრესარიოს - თავისი ცხოვრების
განუმეორებელ თანამგზავრს - და ერთ დიდ ცირკში მოეწყო ისე, რომ
თავისი მგრძნობიარე ბუნება გაითვალისწინა და ხელშეკრულების
პირობებისთვის არც დაუხედავს. ცირკს, სადაც უამრავი ადამიანი,
ცხოველი თუ აპარატი ირევა და ავსებს ერთმანეთს, ნებისმიერ დროს
ნებისმიერი ადამიანის სათავისოდ გამოყენება შეუძლია, მათ შორის,
შიმშილის ხელოვანისაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირობების
გათვალისწინებით. შიმშილის ხელოვანის შემთხვევაში კი დიდ როლს
ასრულებდა მისი ძველი დიდება და სახელი. ამ შემთხვევაში ვერ
იტყოდით, რომ ხელოვანმა (რომელის ხელოვნებასაც ასაკის მატების
მიუხედავად არაფერი აკლდებოდა), დიდების მწვერვალიდან
დაშვებულმა ოსტატმა, ცირკში მშვიდ თავშესაფარს მიაშურა.
პირიქით, მისი მტკიცებით ( და მას დიახაც დაეჯერებოდა)
შიმშილობა ადრინდელივით კარგად შეეძლო, იმასაც კი ირწმუნებოდა,
რომ თუკი დააცდიდნენ (რასაც უმალვე დაჰპირდნენ კიდეც), სწორედ
ახლა აპირებდა მსოფლიოს განცვიფრებას. თუმცა ეს აზრი
სპეციალისტებს ღიმილს ჰგვრიდა - ხელოვანს ყველაფრის მოსწრება
სურდა, ის კი ავიწყდებოდა, რომ დროება სრულიად გამოცვლილიყო.
,თუმცა რეალობის შეგრძნება ბოლომდე არც მას ჰქონდა დაკარგული
და სრულიად ბუნებრივად მიიჩნია ის ამბავი, რომ მისი გალია მანეჟის
შუაგულში კი არ დადგეს, როგორც ბრწყინვალე ნომერი, არამედ
გარეთ, საკმაოდ მოხერხებულ ადგილას, თავლას მიუდგეს გვერდით.
გალიაზე აკრული დიდი ჭრელი აფიშები აუწყებდა მაყურებელს, თუ
რა ხდებოდა გალიაში. ანტრაქტების დროს ცხოველების
მოსანახულებლად აჩქარებული მაყურებელი ხელოვანის გალიას
გვერდს ვერ უვლიდა და მცირე ხნით მასთანაც ჩერდებოდა. უფრო
დიდხანსაც დაყოვნდებოდნენ, რომ არა ამ ვიწრო დერეფანში
საჯინიბოსკენ მიმავალი ხალხის მასა, რომელსაც ვერ გაეგო, რატომ
ყოვნდებოდნენ ადამიანები გალიასთან. ეს ზედახორა მოშიმშილე
ხელოვანის ხანგრძლივად დათვალიერებას შეუძლებელს ხდიდა. აი,
ამიტომ იწყებდა კანკალს მუდამ მაყურებლის მოლოდინში მყოფი
ხელოვანი - მაყურებელი მისი ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა -
ყოველთვის, როცა გალიას პუბლიკა უახლოვდებოდა. პირველ ხანებში
ის ძლივს ძლებდა ანტრაქტამდე და აღტაცებით შესცქეროდა
მოზღვავებულ ბრბოს, სანამ ჯიუტი, თითქმის შეგნებული
თავდაჯერებულობა მალე სინამდვილემ არ დაუმსხვრია და არ
მიახვედრა, რომ მთელი ეს ბრბო, უკლებლივ ყველა, მხოლოდ
თავლისკენ - ცხოველების მოსანახულებლად მიიჩქაროდა. მათი
შორიდან ყურება მშვენიერი იყო. ხოლო როგორც გალიას
უახლოვდებოდნენ, მათი გამაყრუებელი ყვირილი და ლანძღვა-გინება
აუტანელი ხდებოდა. ამ დროს ისინი ორ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთნი
- ესენი ხელოვანს განსაკუთრებულად სძაგდა - რომლებსაც მისი
მშვიდად დათვალიერება ეწადათ, მაგრამ არა ინტერესის, არამედ
მხოლოდ და მხოლოდ სიჯიუტისა და ახირების გამო, და მეორენი,
რომლებიც თავლისკენ მიმავალი გზის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ძირითადი მასის ჩავლის შემდეგ კი მოდიოდნენ დაგვიანებულები, და
მიუხედავად იმისა, რომ მათ არავინ უშლიდა ხელს, გალია კარგად
დაეთვალიერებინათ, მაინც წინ, ცხოველების სანახავად მიიჩქაროდნენ
უკანმოუხედავად, დიდი ნაბიჯებით. არც თუ ხშირად, მაგრამ ისეც
ხდებოდა, რომ ოჯახის მამას შვილები მოჰყავდა გალიასთან, მათ
მოშიმშილე ხელოვანზე უთითებდა და დაწვრილებით უხსნიდა, რა
ხდებოდა შიგნით, უყვებოდა წარსულზე, როცა თვითონაც ხშირად
იყო შიმშილის ხელოვანის დიდებული წარმოდგენების მომსწრე.
ბავშვები კარგად ვერ ხვდებოდნენ - ეს მათთვის არც სკოლაში, არც
ცხოვრებაში არავის აეხსნა - რა იყო შიმშილი. მაგრამ მათი კითხვებით
სავსე თვალების ელვარებაში ხელოვანი მომავალ, ახალ, უფრო
მოწყალე ცხოვრებას ჭვრეტდა. იქნებ - ფიქრობდა ხელოვანი
თავისთვის - თავლასთან ასე ახლოს რომ არ მოვეთავსებინე, საქმე
უკეთესად ყოფილიყო, ხალხს არჩევანის მეტი საშუალება ჰქონოდა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავლას არასასიამოვნო სუნი, ღამით
ცხოველების მოუსვენრობა, მხეცებისთვის უმი ხორცის აქეთ-იქით
ტარება, კვების დროს ცხოველების ღრიალი, გაუთავებლად
აღიზიანებდა და თრგუნავდა ხელოვანს. ამის მიუხედავად,
დირექციაში ჩივილს მაინც ვერ ბედავდა. მაყურებელი ხომ სწორედ ამ
ცხოველების წყალობით ჩაუვლიდა ხოლმე მის გალიას და იქნებ ამ
მასაში ის ნამდვილი მაყურებელიც გამორეულიყო ოდესმე. ანდა ვინ
იცის, სად შემალავდნენ მის გალიას, ხელოვანი რომ თავის
არსებობაზე ალაპარაკებულიყო და ამით იმაზეც შეეხსენებინა, რომ
მისი გალია მხოლოდ და მხოლოდ დაბრკოლებას წარმოადგენდა
ცხოველებისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ეს დაბრკოლება დროთა
განმავლობაში სულ უფრო მცირდებოდა. ხალხი შეეგუა დირექციის
უცნაურ აჩემებას, ამ დროში მათი ყურადღება ვიღაც მოშიმშილე
ხელოვანისკენ მიეპყრო. და ამ შეგუებით ხელოვანის ბედიც გადაწყდა
- მას შეეძლო, რამდენიც უნდოდა, იმდენი ეშიმშილა, და
განაგრძობდა კიდეც შიმშილს, იმედი კი აღარაფრის უნდა ჰქონოდა -
ხალხი მის გალიას გვერდს უვლიდა. სცადე და აუხსენი მათ, რას
ნიშნავს შიმშილის ხელოვნება! ვინც ამას თავად ვერ გრძნობს, ის
მაინც ვერაფერს მიხვდება. მის გალიაზე აკრული მშვენიერი აფიშები
გაცვდა და დაისვარა, ისინი ჩამოგლიჯეს, მათი შეცვლა კი არავის
უცდია. პატარა დაფა, რომელზეც თავიდან შიმშილობის ყოველი დღე
მზრუნველად აღინიშნებოდა, უკვე დიდი ხანი იყო, აღარავის ახსოვდა
- დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ცირკის თანამშრომლებს ეს უბრალო
საქმეც ყელში ამოსვლოდათ. ასე განაგრძობდა ხელოვანი შიმშილს,
როგორც ოდესღაც ოცნებობდა კიდეც - ყოველგვარი ძალდატანების
გარეშე - შიმშილობის დღეებს კი აღარავინ ითვლიდა, აღარავინ...
თავად ხელოვანმაც კი აღარ იცოდა რამდენად დიდი იყო მისი
წარმატება, ეს მის გულს სულ უფრო ამძიმებდა. და როცა გალიის წინ
რომელიმე უსაქმური ჩერდებოდა, დაფაზე ძველ ციფრებს დახედავდა,
სასაცილოდ იგდებდა და ყალბად აცხადებდა მათ - ეს გახლდათ
ყველაზე დიდი ტყუილი, რაც კი შეიძლება შეთხზას ადამიანურმა
გულგრილობამ და თანდაყოლილმა ბოროტებამ, რადგან ხელოვანი
სწორედაც რომ სრულიად გულწრფელად ასრულებდა თავის საქმეს,
აი, ცხოვრება კი ნამდვილად ორგული იყო, როცა სანაცვლოდ
მხოლოდ ცილს სწამებდა. ასე გადიოდა დღეები, სანამ ერთხელაც ესეც
არ დამთავრდა. ერთ-ერთ მეთვალყურეს ხელოვანის გალია თვალში
მოხვდა და მსახურს ჰკითხა, რატომ არის გამოუყენებელი ასეთი
გამოსადეგი გალია, რომელშიც მხოლოდ დამპალი ჩალა ყრიაო.
პასუხი ვერავინ გასცა, სანამ ვიღაცამ დაფას არ მოჰკრა თვალი და
მოშიმშილე ხელოვანი არ გაახსენდა. ჩალა ჯოხებით გადაქექეს და იქ
ხელოვანი იპოვნეს. „შენ რა, ისევ შიმშილობ?“ - ჰკითხა მეთვალყურემ
- „ბოლოსდაბოლოს როდის უნდა მორჩე?“ „ყველას გთხოვთ,
მაპატიოთ“, - დაიჩურჩულა ხელოვანმა. მისი სიტყვები მხოლოდ
მეთვალყურემ გაიგო, რომელსაც ყური გალიაზე მიედო. „რა თქმა
უნდა,“ - თქვა მეთვალყურემ და თითი შუბლზე მიიდო, რათა
თანამშრომლებისთვის ხელოვანის მდგომარეობაზე ასეთნაირად
მიენიშნებინა - „გვიპატიებია.“ „ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი
შიმშილით აღტაცებაში მომეყვანეთ,“ - განაგრძო ხელოვანმა. „ჩვენ
აღტაცებულები ვართ,“ - სწრაფად მიუგო მეთვალყურემ. „არა, არ
გმართებთ აღტაცება,“ - თქვა ხელოვანმა. „კარგი, როგორც გენებოთ -
ესე იგი არ ვართ აღტაცებულები,“ - თქვა მეთვალყურემ - „მაგრამ
იქნებ აგვიხსნათ, რატომ არ გვმართებს აღტაცება?“ „იმიტომ, რომ მე
ყველა შემთხვევაში ვიშიმშილებდი. სხვანაირად არ შემიძლია,“ -
უპასუხა ხელოვანმა. „ამას დამიხედეთ,“ - თქვა მეთვალყურემ -
„ვითომ რატომ არ შეგიძლია სხვანაირად?“ „იმიტომ, რომ,“ - უპასუხა
ხელოვანმა, თავი ოდნავ წამოსწია, თითქოს საკოცნელად
გამობურცული ტუჩები მეთვალყურეს ყურთან მიუტანა, რათა სიტყვაც
არ დაკარგულიყო მისი ნათქვამიდან, და ჩაილაპარაკა, - „იმიტომ რომ
ვერ ვიპოვნე ცხოვრებაში საჭმელი, რომლის გემოც მომეწონებოდა.
რომ მეპოვნა, დამერწმუნე, ყოველგვარი პრანჭვის გარეშე
გამოვძღებოდი, როგორც შენ, როგორც ყველა“. ეს იყო მისი ბოლო
სიტყვები. გაბზარულ მზერაში კი ისევ იკითხებოდა მტკიცე, თუმცა
არა ძველებურად ამაყი თავდაჯერებულობა, რომ ხელოვანი შიმშილს
განაგრძობდა.
„ახლა კი ყველაფერი მოაწესრიგეთ!“ - თქვა მეთვალყურემ და
მსახურებმა ხელოვანი ჩალიანად დამარხეს, ხოლო მის გალიაში
ახალგაზრდა ავაზა შეუშვეს. ყველაზე იდიოტებისთვისაც კი
შვებისმომგვრელი აღმოჩნდა აქამდე გამოუყენებელ გალიაში ამ
ველური მხეცის აწრიალება. ავაზას არაფერი აკლდა. გემრიელი
საკვები დარაჯებს დაუფიქრებლად მოჰქონდათ. თითქოს დაკარგულ
თავისუფლებაზე ოდნავაც არ დარდობდა. თითქოს ამ დიდებულ,
თითქმის სრულყოფილ, სიცოცხლით აღსავსე სხეულს თავისუფლებაც
თან დაჰქონდა, ელვარე კბილებში გაჩრილი. ხოლო სიცოცხლის
სიყვარული ისე მხურვალედ გადმოსჩქეფდა მისი ხახიდან, რომ თავის
შეკავება ძნელი იყო. თუმცა მაყურებელი თავს ძალას ატანდა, გალიას
გარშემო ეხვეოდა და გზის გაგრძელებას არ აპირებდა.

მომღერალი იოზეფინე ანუ თაგვების მოდგმა


ჩვენს მომღერალს იოზეფინე ჰქვია. ვისაც მისთვის არ მოუსმენია,
არასოდეს უგრძვნია სიმღერის ძალა. არ არსებობს ადამიანი,
რომელსაც არ იპყრობს მისი სიმღერა, რაც მით უფრო დასაფასებელია,
რადგან ჩვენს მოდგმას არ უყვარს მუსიკა. ჩუმი სიმშვიდე ჩვენი
ყველაზე საყვარელი მუსიკაა. ჩვენ მძიმე ცხოვრება გვაქვს და მაშინაც
კი, როცა ყოველდღიური საზრუნავისთვის თავის არიდებას
ვცდილობთ, არ შეგვიძლია ისეთ განყენებულ თემებს შევწვდეთ,
როგორიც მუსიკაა. თუმცა ამაზე ბევრს არ ვწუწუნებთ; აუცილებელი
პრაქტიკული ცბიერება, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდ უპირატესობად
მიგვაჩნია და ამ ცბიერების ღიმილით დავიმშვიდებთ თავს მაშინაც კი,
როცა ერთხელაც (თუმცა ეს არასოდეს ხდება) გაგვიჩნდება წყურვილი
ბედნიერებისა, რომელიც, ალბათ, მუსიკიდან მოდის. მხოლოდ
იოზეფინეა გამონაკლისი. მას უყვარს მუსიკა და იცის, როგორ
გადმოსცეს იგი. ის ერთადერთია. მისი სიკვდილით მუსიკა (არავინ
იცის, რამდენ ხანს) გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან. ხშირად
დავფიქრებულვარ იმაზე, თუ როგორია ჩვენი რეალური
დამოკიდებულება მუსიკისადმი. ჩვენ ხომ არამუსიკალურები ვართ.
როგორ ხდება, რომ იოზეფინეს სიმღერას ვიგებთ ან, რადგანაც
იოზეფინე ამას უარყოფს, მინიმუმ, გვჯერა მაინც, რომ ვიგებთ.
ყველაზე მარტივი პასუხი იქნებოდა: ამ მელოდიის ძალა იმდენად
დიდია, რომ ყველაზე მინავლებულ შეგრძნებასაც კი გააღვიძებდა.
მაგრამ ეს პასუხი არ არის ამომწურავი. ეს რომ მართლა ასე
ყოფილიყო, მისი სიმღერისას თავიდანვე და ყოველთვის
განსაკუთრებულობის შეგრძნება უნდა გვქონოდა. შეგრძნება, რომ ამ
ყელიდან ჟღერს რაღაც ისეთი, რომლის მსგავსი ადრე არასოდეს
მოგვისმენია და რომლის მოსმენის უნარიც საერთოდ არ გაგვაჩნია;
რაღაც ისეთი, რომლის მოსმენის ძალას მხოლოდ იოზეფინე გვანიჭებს
და სხვას არავის ძალუძს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არ შეესაბამება
სინამდვილეს, მე ვერ განვიცდი ამას და არც სხვებისთვის შემინიშნავს
რაიმე მსგავსი. უახლოეს ადამიანთა წრეში ჩვენ ვაღიარებთ, რომ
იოზეფინეს სიმღერა სულაც არ არის რაღაც განსაკუთრებული. არის კი
ეს საერთოდ სიმღერა? არამუსიკალურობის მიუხედავად, ჩვენ მაინც
გვაქვს სიმღერის ტრადიციები. უძველეს დროში ჩვენს ხალხსაც
ჰქონდა სიმღერა. ლეგენდები ყვებიან ამის შესახებ და თვით
სიმღერებიც კია შემორჩენილი, რომელთაც აღარავინ მღერის. ასე რომ,
წარმოდგენა გვაქვს, რა არის სიმღერა და ეს წარმოდგენა სულაც არ
შეესაბამება იოზეფინეს უნარს. იქნებ ეს მხოლოდ სტვენაა? სტვენა კი
ყველამ ვიცით, ეს ჩვენი მოდგმის განსაკუთრებული უნარია, ან უფრო
მეტიც, არავითარი უნარი, ეს ცხოვრების გამოხატვის
დამახასიათებელი ფორმაა. ჩვენ ყველანი ვსტვენთ, მაგრამ, რა თქმა
უნდა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ხელოვნებად გაასაღოს. ჩვენ
ვუსტვენთ გაუაზრებლად, დიახ, ვერც კი ვამჩნევთ და ბევრმა
ჩვენგანმა არც კი იცის, რომ სტვენა ჩვენი თავისებურებაა. იოზეფინე
კი არ მღერის, მხოლოდ სტვენს და თანაც, როგორც მე მეჩვენება,
ჩვეულებრივი სტვენის საზღვრებსაც ოდნავ თუ სცდება. დიახ, იქნებ
მისი ძალა, არაერთხელ, ჩვეულებრივი სტვენისთვისაც კი არ ყოფილა
საკმარისი. მაშინ, როცა რიგითი მიწის მთხრელი მუშაობისას
სრულიად ძალდაუტანებლად, შეუჩერებლად სტვენს. ეს ყველაფერი
მართალი რომ იყოს, იოზეფინეს მოჩვენებითი ხელოვნება კი
საკამათოდ იქცევა, მაგრამ მაშინ მისი დიდი ზემოქმედება მაინც
ნამდვილ გამოცანად დარჩება. არა, რასაც ის აკეთებს, ნამდვილად არ
არის სტვენა. რომ დადგეს ვინმე მისგან საკმაოდ შორს და ყური
დაუგდოს, რათა შეადაროს იოზეფინეს ხმა სხვებისას, როცა ის
სხვებთან ერთად მღერის, ან მიზნად დაისახავს მისი ხმის ამოცნობას,
არაფერს განსაკუთრებულს არ მოისმენს, მხოლოდ ჩვეულებრივ,
მაქსიმუმ, სინაზითა და სისუსტით ცოტათი გამორჩეულ სტვენას.
მაგრამ დგახარ მის წინ და ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ სტვენა.
მისი უნარის შეცნობისთვის არა მხოლოდ მისი მოსმენა, დანახვაც
აუცილებელია. მაშინაც კი, ეს რომ ყოველდღიური სტვენა ყოფილიყო,
მაინც უცნაურობად ჩაითვლებოდა, რადგან სრულიად ჩვეულებრივ
რამეს ვიღაც საზეიმოდ ასრულებს. კაკლების კვნეტა ნამდვილად არ
არის ხელოვნება, ამიტომაც ვერავინ გაბედავს, შეკრიბოს ხალხი და
მათ გასართობად კაკლები ღრღნას. თუ მაინც გააკეთებს ამას და
გამოუვა, ესე იგი საქმე ჩვეულებრივ კაკლის კვნეტას არ ეხება. ანდა ეს
კაკლების კვნეტაა, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ აქამდე მასში
ხელოვნება, რადგანაც ზედაპირული წარმოდგენა გვქონდა და
მხოლოდ ამ კაკლების ამ ახალმა მკვნეტელმა შეგვაცნობინა მისი
ჭეშმარიტი არსი. თანაც ეფექტისთვის აუცილებელიც კი იქნებოდა,
კაკლების კვნეტაში ბევრ ჩვენგანზე ნაკლებად გულმოდგინე რომ
ყოფილიყო. იქნებ რაღაც მსგავსია იოზეფინეს სიმღერაშიც. ის იმით
გვხიბლავს, რაც საკუთარ თავში სულაც არ გვაოცებს. სხვათა შორის,
ამ უკანასკნელ მოსაზრებას თვითონაც იზიარებს. ერთხელ შევესწარი,
ვიღაცამ ხალხის სტვენაზე მიაქცევინა ყურადღება, თუმცა ძალიან
მოკრძალებულად, მაგრამ იოზეფინესთვის ეს უკვე მეტისმეტი იყო.
ისეთი თავხედური, ქედმაღლური სიცილი არასოდეს გამიგია. ის,
ვინც გარეგნულად ასეთი სრულყოფილი სინაზეა, თვით ჩვენს,
მდედრებით მდიდარ ხალხშიც კი თვალშისაცემად სათუთი, მაშინ
ამაზრზენი ჩანდა. თუმცა თავისი განსაკუთრებული მგრძნობიარობის
გამო მაშინვე მიხვდა ამას და თავი შეიკავა. ყოველ შემთხვევაში, ის
უარყოფს ყველანაირ კავშირს თავის ხელოვნებასა და სტვენას შორის.
მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული წარმოდგენა აქვს, მხოლოდ
ზიზღსა და ალბათ გაუცნობიერებელ სიძულვილს გრძნობს. ეს არ
არის ჩვეულებრივი ქედმაღლობა, რადგანაც ეს ოპოზიცია, რომელსაც
სანახევროდ მეც მივეკუთვნები, არანაკლებ მოხიბლულია მისით,
ვიდრე დანარჩენები. მაგრამ იოზეფინეს მხოლოდ მოხიბლვა კი არ
სურს, არამედ სწორედ განსაკუთრებული აღფრთოვანება. მხოლოდ
გატაცება მას არაფერს აძლევს. და როცა მის წინ ზიხარ, გესმის მისი,
ოპოზიცია შორს რჩება. ზიხარ მის წინაშე და იცი: რასაც ის უსტვენს,
სტვენა არ არის. რადგანაც სტვენა ჩვენი მექანიკური ჩვევაა, შეგვეძლო
გვეფიქრა, რომ მსმენელები აჰყვებოდნენ. ჩვენ გვსიამოვნებს მისი
ხელოვნება და როცა თავს კარგად ვგრძნობთ, ვუსტვენთ. მაგრამ მისი
მსმენელები არასოდეს უსტვენენ, ისე ვართ გატრუნულები, თითქოს
მონატრებული სიმშვიდე გვღირსებოდეს. არ ვუსტვენთ, ვდუმვართ.
მისი სიმღერა გვხიბლავს, თუ უფრო მეტად ეს საზეიმო სიჩუმე,
რომელსაც მხოლოდ მისი სუსტი ხმა არღვევს? ერთხელ მოხდა ისე,
ვიღაც პატარა შეშლილმა, როცა იოზეფინე მღეროდა, სრულიად
უმანკოდ, სტვენა დაიწყო. ეს იგივე იყო, რასაც ჩვენ იოზეფინესაგან
ვისმენდით. ისმოდა იქ, წინ, რუტინულობის მიუხედავად, მაინც
მოკრძალებული – და აქ, პუბლიკაში, ბუნებრივი, ბავშვური სტვენა,
რომელთა შორისაც განსხვავების შემჩნევა შეუძლებელი იქნებოდა.
მაგრამ ჩვენ მაშინვე ავუტეხეთ ჩურჩული და სტვენა წესრიგის
დამრღვევს. თუმცა ეს სულაც არ იყო საჭირო, რადგან იგი მხოლოდ
შიშისა და სირცხვილის გამოც დაიმალებოდა, სანამ იოზეფინე თავის
ტრიუმფალურ სიმღერას ასრულებდა გაშლილი მკლავებითა და
მეტისმეტად დაჭიმული ყელით. საერთოდ, ის ყოველთვის ასეთია,
ყოველ წვრილმანს, თითოეულ შემთხვევას, ყოველ წინააღმდეგობას,
პარკეტის გაჭრაჭუნებას, კბილების ღრჭიალს, შუქის ჩაქრობას
შესაფერისად იყენებს თავისი სიმღერის ზემოქმედების
გასაძლიერებლად. იგი, მისი აზრით, ყრუების წინაშე მღერის.
აღფრთოვანება და ტაში არ აკლია, მაგრამ ჭეშმარიტ გაგებაზე,
როგორც მას მიაჩნია, დიდი ხანია უარის თქმა ისწავლა.
შესაძლებელია, ყველაფერმა, რაც მისი სიმღერის სიწმინდეს
უპირისპირდება, მსუბუქ ბრძოლაში ხელი შეუწყოს მასების
გამოღვიძებისა და გაგების თუ არა, ცუდი წინათგრძნობით
გამსჭვალული პატივისცემის სწავლებაში მაინც. მაგრამ ახლა
წვრილმანიც კი ისე ემსახურება, როგორც დიდი. ჩვენი ცხოვრება
ძალიან მღელვარეა, თითოეული დღე სავსეა მოულოდნელობებით,
შიშით, იმედებითა და ელდით, ამ ყველაფრის ატანა რომ ერთ
ადამიანს შესძლებოდა, დღითა და ღამით ყოველთვის მეგობართა
მხარდაჭერა არ დასჭირდებოდა; მაგრამ ხშირად ასეც კი ძნელია;
ხანდახან ათასობით მხარი თრთის ტვირთის ქვეშ, რომელიც, კაცმა
რომ თქვას, ერთისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ მოდის იოზეფინეს
დრო. უკვე დგას აქ, ნაზი არსება, მკერდი განსაკუთრებით უთრთის
შიშისაგან; ისეა, თითქოს ყველანაირი ძალა თავის სიმღერაში
მოუქცევია, თითქოს ყველაფერი, რაც უშუალოდ სიმღერას არ
ემსახურება, ყოველი ძალა, თითქმის ყველა სასიცოცხლო რესურსი
წართმეული აქვს, თითქოს გაშიშვლებულია, ბედის ანაბარადაა
მიგდებული, მხოლოდ კეთილი სულების იმედზეა დარჩენილი.
თითქოს ცივ ნიავსაც კი, სანამ ის ასე, სრულიად გაძარცვული,
სიმღერაში ცხოვრობს, შეხების გარეშე მოკვლა შეეძლოს. მაგრამ როცა
ასეთს ვუყურებთ, ვითომ მოწინააღმდეგეები ვამბობთ: „მან არ იცის
სტვენა. ის საშინლად იძაბება არა სიმღერისთვის – სიმღერაზე არ
ვლაპარაკობთ – არამედ ჩვეულებრივი სტვენისთვის“. ასე გვგონია, ეს
ნამდვილად არის ის, როგორც უწოდებენ, გარდაუვალი, მაგრამ
ზედაპირული, სწრაფად წარმავალი შთაბეჭდილება. მალე ჩვენც
ვიძირებით ბრბოს შეგრძნებაში, რომელიც მის პირდაპირ თბილად,
დამფრთხალი სუნთქავს. ჩვენი თითქმის ყოველთვის ცვალებადი,
ხშირად თითქმის გაურკვეველი მიზნების გამო აქეთ–იქით
გაფანტული ბრბოს შესაკრებად, ხშირად იოზეფინე იძულებულია,
უკან გადაგდებული თავით, ნახევრად ღია პირით, მაღლა
ატრიალებული თვალებით ის ადგილი დაიკავოს, რომელიც
მიანიშნებს, რომ სიმღერა განუზრახავს. მას შეუძლია ეს ისე გააკეთოს,
როგორც სურს. არაა აუცილებელი, ყველა მხრიდან ჩანდეს ეს
ადგილი, რომელიმე დამალული, წამიერი განწყობით ამორჩეული
კუთხეც გამოდგება. ცნობა, რომ მას სიმღერა სურს, სწრაფად
ვრცელდება და სწრაფად იზიდავს პროცესიას. ხანდახან
დაბრკოლებებიც იჩენს თავს. იოზეფინეს ურჩევნია, სწორედ მღელვარე
დღეებში იმღეროს. უამრავი საზრუნავი და გაჭირვება წასასვლელად
გვეწევა. დიდი სურვილის მიუხედავად, შეუძლებელია, ისე სწრაფად
შევგროვდეთ, როგორც ეს იოზეფინეს სურს. და ის დგას ამჯერად
თავისი დიდი მოთმინებით, ალბათ კარგა ხანს, მსმენელთა
არასაკმარისი რაოდენობით გარშემორტყმული. შემდეგ, რა თქმა უნდა,
ბრაზდება, მერე იწყებს ადგილის ტკეპნას, სრულიად შეუფერებლად
იწყევლება და იკბინება კიდეც. მაგრამ ასეთი საქციელიც კი არაფერს
ვნებს მის დიდებას. მისი მეტისმეტად დიდი პრეტენზიების ცოტათი
მაინც შეზღუდვის ნაცვლად, ცხრა ტყავში ძვრებიან, ოღონდ
ასიამოვნონ. გზავნიან შიკრიკს მსმენელთა მოსაყვანად და ამას არც კი
უმხელენ; გზადაგზა დარაჯები ხვდებათ, რომლებიც ხელს უქნევენ
გზაზე მომავლებს, კიდევ უფრო რომ აჩქარდნენ; ასე გრძელდება
მანამ, სანამ საკმარისი რაოდენობა არ მოიყრის თავს. რა აიძულებს
ხალხს, ასე გაისარჯონ იოზეფინესთვის? კითხვა, რომლის პასუხი
ისევე ძნელი საპოვნელია, როგორც პასუხი იოზეფინეს სიმღერაზე.
არადა, სწორედ მას უკავშირდება. შეიძლებოდა ხაზი გადაგვესვა
კიდეც და მთლიანად მეორე შეკითხვასთან გაგვეერთიანებინა, თუკი
დავამტკიცებდით, რომ ხალხი იოზეფინეს სიმღერას უსიტყვოდ
ემორჩილება. ეს კი ნამდვილად არაა ასე. უსიტყვო მორჩილება ჩვენს
ხალხს არ ახასიათებს. ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად უწყინარი
ცბიერება, ბავშვური უვნებელი ლაქლაქი უყვარს, მხოლოდ ტუჩების
ასაცმაცუნებლად. ასეთებს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ
უსიტყვო მორჩილება. ამას ალბათ იოზეფინეც გრძნობს და სწორედ ეს
არის ის, რასაც თავისი სუსტი ყელის ყველანაირი მცდელობით
ებრძვის. რა თქმა უნდა, დაუშვებელია, ასეთ ზოგად მოსაზრებებში
ღრმად შეტოპო. ხალხი მაინც ემორჩილება იოზეფინეს, ოღონდ არა
უსიტყვოდ. შეუძლებელი იქნებოდა, მაგალითად, იოზეფინეს
დაცინვა. უნდა ვაღიაროთ: ზოგჯერ სიცილსაც იწვევს და, კაცმა რომ
თქვას, ცოტა გვაკლია სიცილამდე. ჩვენი ცხოვრების ყველანაირი
უბედურების მიუხედავად, ჩუმი სიცილი აქა–იქ მაინც ისმის ჩვენს
სახლებში. იოზეფინეზე კი არ გვეცინება. ხანდახან შთაბეჭდილება
მიჩნდება: ხალხის დამოკიდებულება ასეთია – ეს
მოსაფრთხილებელი, სათუთი, რაღაცნაირად განსაკუთრებული, მათი
აზრით, სიმღერის წყალობით გამორჩეული არსება მათ ენდობა და
თავადვე უნდა იზრუნონ მასზე. ამის მიზეზი ნათელი არავისთვის
იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტადვე რჩებოდა. ხოლო მას, ვინც მოგენდობა,
არავინ დასცინის. მისი დაცინვა მოვალეობის დავიწყება იქნებოდა.
ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი იოზეფინეს მიმართ ჩაგვიდენია,
არის ის, თუკი ხანდახან ვიტყოდით: „ღიმილი გვეყინება, როცა
იოზეფინეს ვხედავთ“. ხალხი იოზეფინეს იმ მამასავით ექცევა,
რომელსაც ხელში აჰყავს შვილი, მისკენ ვედრებითა თუ დაჟინებული
მოთხოვნით პატარა ხელებს რომ იწვდის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ
ჩვენი ხალხი ასეთი მამობრივი მოვალეობებისთვის არ გამოდგება,
მაგრამ სინამდვილეში, ამ შემთხვევაში მაინც, სანიმუშოდ ასრულებდა
მათ. ცალკე ვერავინ შეძლებდა იმას, რაც ხალხს, როგორც
მთლიანობას, შეუძლია. ხალხისა და ცალკეული ადამიანის ძალთა
შორის ისე წარმოუდგენლად დიდი განსხვავებაა, რომ ეს საკმარისი
ხდება, რათა ხალხმა თავისი რჩეული სითბოთი მიიზიდოს და
დაიცვას კიდეც. იოზეფინესთან მსგავს საკითხებზე საუბარს ვერავინ
ბედავდა. „მე ვუსტვენ თქვენი მფარველობისთვის,“– ამბობს ის.
„დიახ, დიახ, შენ უსტვენ,“– ვფიქრობთ ჩვენ. და, მიუხედავად ამისა,
ეს ნამდვილად არ არის მისი უარყოფა. როცა ის ჯანყდება, რაც
უსათუოდ არის ბავშვობა და ბავშვური მადლიერება, მამის ოსტატობა
სწორედ ისაა, რომ ეს არაფრად ჩააგდოს. ეს უკვე იმაზეც მეტყველებს,
რომ იოზეფინესა და ხალხის ურთიერთობის ყველაზე დიდი სიძნელის
ახსნაც კი შესაძლებელია. იოზეფინეს საწინააღმდეგო აზრი აქვს: მას
სჯერა, რომ ის იცავს ხალხს. თითქოსდა მისი სიმღერა მძიმე
პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციიდანაც გვიხსნის და თუ
უბედურებას ვერ აგვაცილებს, ძალას მაინც გვაძლევს, მისი ატანა
შევძლოთ. ის ამას, არც ასე ამბობს, არც სხვანაირად. საერთოდ, ის
ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მდუმარედ ზის ენაჭარტალებს შორისაც
კი. მაგრამ მის თვალებში გაიელვებს სათქმელი, მის მოკუმულ (ჩვენ
შორის ცოტას თუ შეუძლია პირის დახურვა, მას შეუძლია) პირზე
იკითხება. ყოველი ცუდი ამბის გაგონებისთანავე (ზოგჯერ ერთმანეთს
მოჰყვებოდნენ. მათ შორის, მცდარიც და ნახევრად მართალიც)
წამოდგება მაშინ, როცა ჩვეულებრივ, იატაკზეა გართხმული.
წამოდგება და თვალებით ეძებს თავის ფარას, როგორც მწყემსი – ჭექა-
ქუხილისას. რა თქმა უნდა, ბავშვებიც აყენებენ მოთხოვნებს
თავისებურად ველურად, თავშეუკავებლად. მაგრამ იოზეფინეს
პრეტენზიები ისე უსაფუძვლოც არაა, როგორც მათი. ის ვერ გვშველის
და ვერც ძალას გვაძლევს. ადვილია, იმ ხალხის მხსნელის ყალბი
როლი შეასრულო, რომელიც ტანჯვასაა მიჩვეული, დაუნდობელია,
გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს და ძალიან კარგად იცნობს
სიკვდილს; მხოლოდ მოჩვენებითად მშიშარაა, იმ სიმამაცის გარემოში,
რომელშიც ჩვენ მუდმივად ვცხოვრობთ, თან ისეთივე ნაყოფიერი,
როგორც გაბედული. ადვილია, იმ ხალხის მხსნელის როლი
შეასრულო, რომელმაც როგორღაც საკუთარი თავი რომ არ
გადაერჩინა, იმ მსხვერპლთა შორის იქნებოდა, რომლებზე
ისტორიკოსები(მათ ჩვენ არ ვაღიარებთ) შიშით ჩერდებიან. ასევე
სიმართლეა ისიც, რომ განსაცდელის ჟამს უფრო ვემორჩილებით
იოზეფინეს ხმას. საფრთხეების გამო, რომლთა წინაშეც ვდგავართ,
უფრო მშვიდები, თავმდაბლები, უფრო დამჯერები ვხდებით.
სიამოვნებით ვიკრიბებით, სიამოვნებით ვჭყლეტთ ერთმანეთს
იმიტომ, რომ მიზეზი გვაქვს, რომელიც სულაც არ უკავშირდება
მთავარ პრობლემას. ისე, თითქოს ბრძოლის წინ გამალებით
(იოზეფინეს არასოდეს ავიწყდება, რომ სისწრაფე აუცილებელია)
ვიკლავდეთ წყურვილს მშვიდობის სასმისებით. ეს კონცერტი კი არა,
უფრო სახალხო შეკრებაა, სადაც პატარა მსტვენელიც კი სავსებით
ჩუმადაა.
ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იოზეფინეს არ
აკმაყოფილებს. მისი ყველა ნერვიული უკმაყოფილების მიუხედავად,
რომელიც თავისი გაურკვეველი პოზიციის გამო ეუფლება, თავისი
თავდაჯერებულობით დაბრმავებული, ზოგიერთს ვერც კი ამჩნევს და
დიდი ძალისხმევა არ სჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბევრი
რამ ვერ დაინახოს (ამისთვის მლიქვნელთა ბრბო ყოველთვის მზადაა),
მაგრამ იქვე ახლოს, შეუმჩნევლად, შეკრებილი ხალხის კუთხეში
იმღეროს. ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის ცოტა სულაც
არ იქნებოდა, თავის სიმღერას მსხვერპლად ნამდვილად არ გაიღებდა.
მაგრამ არც სჭირდებოდა, რადგანაც მისი ხელოვნება არ რჩება
შეუმჩნეველი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სხვა რამეებით
ვართ დაკავებული და სიჩუმე მხოლოდ სიმღერის სიყვარულის გამო
არ გვიწევს, ზოგიერთი ჩვენგანი ზემოთაც არ იყურება, თავის
მეზობლის ბეწვში აქვს თავი ჩარგული და იოზეფინე მათ თავზემოთ
ტყუილად წვალობს, რაღაც მაინც აღწევს მისი სტვენიდან ჩვენამდე. ეს
არ არის მოჩვენებითი. სრულ სიჩუმეში ეს სტვენა თითოეულთან
ხალხის გზავნილივით მოდის. რთული გადაწყვეტილებების ჟამს
იოზეფინეს მსუბუქი სტვენა ჰგავდა ჩვენი ხალხის უსუსურ არსებობას
მტრულად განწყობილი სამყაროს ორომტრიალში. იოზეფინე
ამტკიცებდა, რომ ხმა არ ჰქონდა, რომ წარმატება არ ჰქონდა და მაინც
ქმნიდა ჩვენამდე მოსასვლელ გზებს. სასიამოვნოა ამაზე ფიქრი.
ჭეშმარიტ მომღერალს, თუკი ასეთი ოდესმე გამოჩნდებოდა ჩვენ
შორის, ნამდვილად ვერ ავიტანდით და ერთსულოვნად ვიტყოდით
უარს ასეთ უაზრო წარმოდგენაზე. ღმერთმა დაიფაროს იოზეფინე იმის
გაცნობიერებისაგან, რომ ჩვენი მოსმენა მისი სიმღერის საწინააღმდეგო
მტკიცებულებაა. ეს ეჭვი ალბათ მასაც გაუჩნდა. აბა, ასე დაჟინებით
რატომ უარყოფდა, რომ ვუსმენდით. მაგრამ მაინც მღერის, სტვენს.
მაგრამ კიდევ არის რაღაც მისთვის სანუგეშო: ნაწილობრივ, ჩვენ მას
ნამდვილად ვუსმენთ. ისე, როგორც მომღერალს უსმენენ. ის ისეთ
ეფექტს ახდენს ჩვენზე, როგორსაც მომღერალი ნამდვილად ვერ
მოახდენდა და ეს სწორედ მისი ნაკლოვანი მონაცემების
დამსახურებაა. ეს, სავარაუდოდ, ჩვენი ცხოვრების წესსაც
უკავშირდება. ჩვენში არავინ იცის, რა არის ყმაწვილობა, ბავშვობა.
თუმცა ხანდახან გარკვეული მოთხოვნებიც ჩნდება: ისურვებენ ხოლმე
ბავშვებისთვის განსაკუთრებულ თავისუფლებას, განსაკუთრებულ
ლმობიერებას მათ მიმართ, უდარდელობის უფლებას, ცოტა
სულელური გართობისა და ცოტა თამაშის უფლებას; ამ უფლებების
აღიარებასა და შესრულების ხელშეწყობასაც ისურვებდნენ. ასეთი
მოთხოვნები სულ ჩნდებოდა და ეს თითქმის ყველას მოსწონდა, ან რა
უნდა იყოს ამაზე კარგი. მაგრამ ასევე არაფერია ამაზე უფრო
მიუღებელი ჩვენს რეალობაში. ვიწონებთ მოთხოვნებს, ჩვენი აზრით,
ვატარებთ ცდებს, მაგრამ ყველაფერს მალევე ვივიწყებთ. ჩვენი
ცხოვრება ისეთია, რომ ბავშვი, როგორც კი აიდგამს ფეხს და სამყაროს
შეცნობას შეძლებს, იძულებულია, ისევე იზრუნოს საკუთარ თავზე,
როგორც ზრდასრულმა. ტერიტორიები, სადაც ეკონომიკური
წინდახედულობის გამო ვართ გაფანტული, ძალიან ვრცელია, ბევრი
მტერი გვყავს, რომელიც ყველგან გაუთვალისწინებელ ხაფანგს
გვიმზადებს. ჩვენ არ შეგვიძლია, არსებობისთვის ბრძოლაში დავიცვათ
პატარები. ამის გაკეთება მათთვის ნაადრევი დასასრული იქნებოდა. ამ
სამწუხარო მიზეზებს უკავშირდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი –
ჩვენი მოდგმის ნაყოფიერება. ერთი თაობა – და თითოეული
მეტისმეტად მრავალრიცხოვანია – მეორეს ავიწროებს. პატარებს არა
აქვთ დრო, პატარები იყვნენ. დაე, სხვები მოუფრთხილდნენ პატარებს,
მოაწყონ სკოლები მათთვის, ამ სკოლებიდან ყოველდღიურად
მოედინებოდნენ ბავშვები, ხალხის მომავალი. ასე გაგრძელდება
დიდხანს, ყოველდღიურად. ჩვენ არ გვაქვს სკოლები. სამაგიეროდ,
ჩვენი ხალხისაგან უმოკლესი ინტერვალებით მოედინებიან ჩვენი
შვილების თვალუწვდენელი ნაკადები, მხიარული სისინითა და
წრიპინით მანამ, სანამ სტვენას ისწავლიან; კოტრიალით, ზეწოლის
ძალით მიგორავენ, სანამ სირბილს ისწავლიან; თავიანთ ბრბოში
ხელისცეცებით იკვლევენ გზას, სანამ ჯერ კიდევ თვალები არ
ახელიათ, ჩვენი შვილები! და ისე კი არა, როგორც იმ სკოლებში,
ერთმანეთის ტოლი ბავშვები. არა, ისევ და ისევ ახლები,
დაუსრულებლად, შეუჩერებლად. დაიბადება თუ არა, უკვე აღარ არის
ბავშვი, უკვე მოჰქრიან მის უკან პატარების ახალი სახეები. ისინი არ
გამოირჩევიან ერთმანეთისაგან, მორბიან ქროლვისა და
ბედნიერებისაგან ავარდისფრებულები. თუმცა, რაც უნდა ლამაზი
იყოს ეს ყველაფერი და რაც უნდა სამართლიანად შურდეთ ჩვენი,
ჩვენს შვილებს მაინც არა აქვთ ნამდვილი ბავშვობის წლები – ამას
თავისი შედეგები მოაქვს. ჩვენი ხალხი აღწევს ჭეშმარიტად უკვდავ
ბავშვობას: ჩვენი საუკეთესო, უშეცდომო, პრაქტიკული ჭკუის
საწინაღმდეგოდ, ხანდახან ნამდვილი გიჟებივით ვიქცევით და თან
სწორედ ისე, როგორც ბავშვები იგიჟიანებენ თავს – დაუფიქრებლები,
მფლანგველები, დიდსულოვნები, ქარაფშუტები ვხდებით – და ეს
ყველაფერი ხშირად მხოლოდ პატარა სიამოვნების გულისთვის. და
თუმცა ჩვენს სიხარულს ბავშვური სიხარულის ძალა არა აქვს, რაღაც
ნაწილი მაინც ცოცხლობს მასში. ჩვენი ხალხის ამ ბავშვურობით დიდი
ხანია სარგებლობს იოზეფინე. მაგრამ ჩვენი ხალხი არა მხოლოდ
ბავშვურია, არამედ, ამავე დროს, გარკვეულწილად მოხუციც. ბავშვობა
და სიბერე სულ სხვანაირია ჩვენთან, ვიდრე სხვაგან. ჩვენ არ გვქვს
ყმაწვილობა, იმთავითვე ზრდასრულები ვხდებით და
ზრდასრულებად ვრჩებით დიდხანს. ნამდვილი დაღლილობა და
უიმედობა ღრმა კვალს ამჩნევს ჩვენი ხალხის შეუპოვარ და იმედიან
არსებობას. ალბათ ამასვე უკავშირდება ჩვენი არამუსიკალურობაც.
ჩვენ ბებრები ვართ მუსიკისთვის, მისგან გამოწვეული
აღგზნებისთვის. მისი აღმაფრენა არ შეეფერება ჩვენს სიმძიმეს,
დაღლილები ვეშვებით, სტვენაც კი გვავიწყდება. სუსტი სტვენა, ისიც
ხანდახან, ეს არის ყველაზე შესაფერი ჩვენთვის. ვინ იცის, იქნებ არის
ჩვენში მუსიკალური ნიჭი. ასეც რომ იყოს, თანამემამულეები მაშინვე
შეუშლიდნენ ხელს მის გაღვივებას. ამის საწინააღმდეგოდ, იოზეფინეს
უყვარს თავისი სურვილით სტვენა თუ სიმღერა, თუ როგორც ეძახის.
ეს არ გვეხამუშება, ამის ატანა მართლა შეგვიძლია. მასში მუსიკა რომ
ყოფილიყო, მის უმნიშვნელობას შეამცირებდა. რაღაც მუსიკალური
ტრადიცია კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ ისე, რომ ნაკლებად გვამძიმებს.
იოზეფინე ამ შემგუებელ ხალხს გაცილებით მეტს აძლევს. მის
კონცერტებზე, განსაკუთრებით, პირველ ხანებში, ჯერ მხოლოდ
ახალგაზრდებს აინტერესებდათ მომღერალი, მხოლოდ ისინი
შესცქეროდნენ გაოცებით, თუ როგორ გრეხდა ტუჩებს, როგორ
უშვებდა ჰაერს მომხიბლავი წინა კბილებიდან, აღტაცებული იყო
ბგერებით, რომელთაც თვითონ წარმოთქვამდა, ჩუმდებოდა და ამ
ჩაძირვას იყენებდა, რათა ახალი, ყოველთვის შეუცნობელი წარმატების
ცეცხლი დაენთო. მაგრამ ბევრი ბგერა – ეს ადვილი შესამჩნევი იყო –
იკარგებოდა. აქ, ბრძოლასა და ბრძოლას შორის პატარა
შესვენებებისას, ოცნებობს ხალხი - თითქოს თითოეული წევრი
გათავისუფლდა, თითქოს თითოეულს მიეცა უფლება, მოუსვენარს
ერთხელ, თავისი სურვილით, ხალხის დიდ, თბილ ლოგინში
გაშხლართულიყო. და ამ ოცნებაში აქა–იქ ისმოდა იოზეფინეს სტვენა,
ეს მისთვის ლივლივი იყო, ჩვენთვის – ბიძგი. მაგრამ, ყოველ
შემთხვევაში, მისი ადგილი სწორედ აქ იყო, ვიდრე სადღაც სხვაგან,
სადაც მუსიკა ვერ იპოვის მოლოდინით აღსავსე მზერას. საწყალი,
ხანმოკლე ბავშვობიდან და დაუბრუნებელი ბედნიერებიდან არის
მასში რაღაც დაკარგული, მაგრამ ასევე დღევანდელი, აქტიური
ცხოვრებიდანაც არის რაღაც, მისი პატარა, შეუცნობელი, მაგრამ მაინც
დაჟინებული და უკვდავი მხნეობით. და ამ ყველაფერს სინამდვილეში
ხმამაღლა კი არ აჟღერებს, არამედ მსუბუქად, ჩურჩულით,
საიდუმლოდ და ცოტათი ხრინწიანად. ბუნებრივია, ეს სტვენაა. აბა,
სხვა რა უნდა იყოს? სტვენა ჩვენი ხალხის ენაა. ზოგიერთი მხოლოდ
სტვენს თავისი ცხოვრების განმავლობაში და ეს არ იცის. მაგრამ აქ
სტვენა გათავისუფლებულია ყოველდღიური ცხოვრების
ბორკილებისაგან და ცოტა ხნით ჩვენც გვათავისუფლებს. ცხადია, ამ
წარმოდგენების დათმობა არ გვინდა. აქედან იოზეფინეს მტკიცებამდე,
რომ ის ავბედით დროს ძალებს გვაძლევს და ა.შ. და ა.შ., დიდი
მანძილია. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ხალხისთვის, და არა
იოზეფინეს მლიქვნელებისთვის. „როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად
ყოფილიყო“, – ამბობენ ისინი ჭეშმარიტად ბუნებრივი სითამამით –
„როგორ შეიძლება სხვანაირად ხალხის მოზღვავება ახსნა
(განსაკუთრებით მაშინ, როცა საფრთხე პირდაპირ გვემუქრება),
რომელსაც სწორედ საფრთხისაგან თავის დაცვაში შეუშალა ხელი“. ეს
უკანასკნელი, სამწუხაროდ, მართალია, მაგრამ იოზეფინეს დიდებას
არ მიეკუთვნება. განსაკუთრებით, თუ დავამატებთ იმას, რომ როცა
ასეთ შეკრებას მტრის გამოჩენა შლიდა, ბევრი ჩვენგანი სიცოცხლეს
ეთხოვებოდა. იოზეფინე კი, რომელიც ყველაფერში თვითონ იყო
დამნაშავე (დიახ, იქნებ სულაც მისი ხმა იზიდავდა მტერს), ისევ
თავის დაცულ ადგილას იდგა, თავისი თაყვანისმცემლის
მფარველობაში, უხმაუროდ და სწრაფად პირველი თავადვე ქრებოდა.
ძირითადად ესეც ყველამ იცოდა და, მიუხედავად ამისა, მაინც
გამალებით მიიჩქაროდნენ, როცა იოზეფინე ისევ ინებებდა სადმე და
ოდესმე სიმღერას. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იოზეფინე ლამის
წესებისა და კანონების მიღმა იდგა. მას უფლება ჰქონდა, ის
ეკეთებინა, რაც სურდა, მაშინაც კი, თუ ის სხვებისთვის სახიფათო
იყო, და ყველაფერი ეპატიებოდა. თუ ეს ასე იყო, მაშინ იოზეფინეს
პრეტენზიებიც გასაგები იქნებოდა. დიახ, გარკვეულწილად შეგვეძლო
თავისუფლებაში, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, ამ არაორდინალურ,
სხვა არავისთვის ნებადართულ, კანონების უარმყოფელ საჩუქარში,
აღიარება დაგვენახა, რომ ხალხი იოზეფინეს, როგორც ის ამტკიცებდა,
ვერ უგებდა, მის ხელოვნებას უსუსურად მიიჩნევდა, დაუფასებლად
გრძნობდა თავს. ეს ტკივილი, რომელიც იოზეფინეს ტანჯავდა,
სწორედ თავგანწირული მიღწევების გათანაბრებისკენ მიისწრაფვის და
ისე, როგორც მისი ხელოვნება შეუზღუდავია, ასევეა მისი პიროვნებაც,
რომლის სურვილებიც ხალხის ბრძანებებს არ ემორჩილება. არადა, ეს
სულაც არ არის მართალი. იქნებ ცალკეული ადამიანი ძალიან
სწრაფად განიარაღდება იოზეფინეს წინაშე, მაგრამ ხალხი, როგორც
არავის წინაშე, ასევე, მის წინაშეც, უსიტყვოდ არ ყრის ფარ–ხმალს.
უკვე დიდი ხანია, შეიძლება თავისი კარიერის დასაწყისიდანვეც კი,
იოზეფინე იბრძვის იმისთვის, რომ სიმღერის გამო ყოველგვარი
სამუშაოსაგან გათავისუფლდეს. იძულებულნი გავხდით,
ყოველდღიური ლუკმაპურისთვის ზრუნვა და ის ყველაფერი, რაც
არსებობისთვის ბრძოლას უკავშირდება, აგვეშორებინა და ეს ხალხს,
როგორც მთლიანობას, საკუთარ თავზე აგვეღო. იყვნენ ისეთებიც,
რომლებიც უმალვე ინუსხებოდნენ და მის მოთხოვნებსაც
იზიარებდნენ. მაგრამ ხალხს სხვა დასკვნები გამოჰქონდა და მშვიდად
უარყოფდა ამ მოთხოვნებს. მათი გაბათილება ძნელი არ იყო.
იოზეფინემ იცის, მაგალითად, რომ მუშაობისას დაძაბულობა მის ხმას
ვნებს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერასთან შედარებით, სამუშაოზე
დაძაბულობა უმნიშვნელო იქნებოდა, ის აძლევს შესაძლებლობას,
სიმღერის შემდეგ საკმარისად დაისვენოს და ახალი სიმღერისთვის
მოღონიერდეს. სრულიად ძალაგამოცლილია და, პირობების
მიუხედავად, ჯერ მწვერვალისთვის არ მიუღწევია. ხალხი უსმენს მას
და არ რეაგირებს. ასეთი გულჩვილი ხალხი, ზოგჯერ სულაც არ არის
ლმობიერი. მათი წინააღმდეგობა ზოგჯერ ისეთი მტკიცეა, რომ თვით
იოზეფინეც გაოცებული რჩება. თითქოს ემორჩილება კიდეც. მუშაობს,
როგორც ევალება, მღერის ისე კარგად, როგორც შეუძლია. მაგრამ ეს
ყველაფერი ძალიან ხანმოკლეა, შემდეგ ისევ იწყებს ბრძოლას ახალი
ძალით, რომელიც, როგორც ჩანს, შეუზღუდავად აქვს. ამჟამად
ცხადია, რომ იოზეფინე იმას არ ესწრაფვის, რასაც სიტყვით
მოითხოვს. ის გონიერია, არ ეშინია მუშაობის, მუშაობის შიში ჩვენი
ხალხისთვის საერთოდ უცნობია; მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების
შემთხვევაშიც კი, ის არაფერს შეცვლიდა, იცხოვრებდა ისევ ისე,
როგორც ადრე. მუშაობა სულაც არ უღობავს გზას მის სიმღერას და
სიმღერა უფრო მშვენიერიც კი გახდა. ის მხოლოდ მისი საჯარო,
ნათელი, სამუდამო, აქამდეც ცნობილი და კიდევ უფრო შორს წასული
ხელოვნების აღიარებას ესწრაფვის. სანამ მას სხვა ყველაფერის მიღწევა
შესაძლებლად მიაჩნია, ჯიუტად უარყოფს ამას. იქნებ შეტევა
თავიდანვე სხვა მიმართულებით უნდა წარემართა, იქნებ ახლა
თვითონ გააცნობიერა შეცდომები, მაგრამ აღარ ძალუძს შემობრუნება.
უკან დახევა საკუთარი თავის ღალატი იქნებოდა, ახლა ის ამ
მოთხოვნით უნდა იდგეს და დაეცეს. მას რომ მართლა ჰყოლოდა
მტრები, როგორც თავად ამტკიცებს, ისე გაერთობოდნენ ბრძოლით,
თითის დაკარებაც არ დასჭირდებოდათ. მაგრამ მტერი არ ჰყავს და
ზოგიერთს, რომლებსაც ხანდახან პროტესტის გრძნობა უჩნდებათ მის
მიმართ, ეს ომი არ ახალისებს. იმიტომ სულაც არა, რომ ხალხი თავის
ცივი, თავშეკავებული მოსამართლის სახეს უჩვენებს, ჩვენში ასეთებს
იშვიათად თუ წააწყდებით. და თუ ვინმეს ასეთი ქცევა ხიბლავს, ეს
მაინც გამორიცხავს სიხარულს იმის წარმოდგენაზე, რომ ოდესმე
ხალხს შეეძლო ასე მოქცეოდა მას. ეს არ ეხება როგორც უარყოფას,
ისევე მოთხოვნას. არამედ იმას, რომ ხალხს შეუძლია, თავისი
თანამემამულისთვის ასეთი შეუვალი გახდეს, და უფრო შეუვალი,
როცა მასზე მამობრივად და მამაზე უფრო მეტადაც კი ზრუნავს.
ხალხის ადგილას ვინმე ერთი ადამიანი რომ ყოფილიყო – შეიძლება
გვეფიქრა, რომ ეს ადამიანი მთელ დროს იოზეფინეს დაუთმობდა,
მუდმივად მწვავე მოთხოვნებში საბოლოოდ მოთმინებაც
ამოეწურებოდა. ზეადამიანურად ბევრს დათმობდა იმ ღრმა რწმენით,
რომ ლმობიერება თავის ჭეშმარიტ საზღვრებს მაინც იპოვიდა. დიახ,
დათმობდა უფრო მეტს, ვიდრე საჭირო იყო. მხოლოდ იმისთვის, რომ
ვითარება გაემწვავებინა, რომ იოზეფინე უფრო გაეთამამებინა და
უფრო და უფრო ახალი სურვილები გასჩენოდა მანამ, სანამ მართლა
უკანასკნელად მოითხოვდა რამეს. და ახლა მას ძალიან ადვილად,
რადგან დიდხანს ემზადებოდა, საბოლოოდ უარყო იგი. აი, მთლად
ასე მაინც არ ხდება, ხალხს არ სჭირდება ასეთი მლიქვნელობა, გარდა
ამისა, მისი თაყვანისცემა იოზეფინესადმი გულწრფელი და უტყუარია
და, კაცმა რომ თქვას, იოზეფინეს მოთხოვნა ისეთი კატეგორიულია,
ყველა მიუკერძოებელი ბავშვი იწინასწარმეტყველებდა დასასრულს.
მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია, რომ იოზეფინეს
შეხედულებაზე მსგავსი ვარაუდებიც დიდ გავლენას ახდენდა და
უარყოფის ტკივილს კიდევ უფრო უმწვავებდა. შესაძლოა მას ესეც
ევარაუდა, მაგრამ ამის გამო ბრძოლას არ შეუშინდებოდა. ბოლო
ხანებში გამწვავდა კიდეც ბრძოლა. აქამდე თუ მხოლოდ სიტყვებს
მიმართავდა, ახლა სხვა ფანდების გამოყენებაც დაიწყო, რომლებიც
უფრო ეფექტურად მიაჩნდა, ჩვენი აზრით კი, მისთვის უფრო საშიში
იყო. ზოგიერთის რწმენით, იოზეფინე იმიტომ გახდა ასეთი
მოუთმენელი, რომ უკვე ასაკს გრძნობდა, ხმა უსუსტდებოდა და
თვლიდა, უკვე დრო იყო, თავისი ბრწყინვალება ბოლომდე ეჩვენებინა
და უკანასკნელ ბრძოლაში აღიარება მოეპოვებინა. მე ეს არ მჯერა.
იოზეფინე იოზეფინე არ იქნებოდა, ეს რომ მართალი ყოფილიყო.
მისთვის არ არსებობს ასაკი და სისუსტე ხმაში. როცა ის რაიმეს
ითხოვს, იქამდე გარემოების გათვალისწინებით კი არა, არამედ
შინაგანი ლოგიკურობით მიდის. ის უმაღლეს გვირგვინს ეპოტინება
არა იმიტომ, რომ სწორედ იმ მომენტში არც თუ ისე მყარად ჰკიდია,
არამედ იმიტომ, რომ უმაღლესია. ძალა რომ ჰყოფნოდა, უფრო
მაღლაც დაკიდებდა. ამ გარეგნული სისუსტეების უგულებელყოფა მას
სულაც არ უშლიდა ხელს, უღირსი საშუალებები გამოეყენებინა. მისი
ძალაუფლება ეჭვმიუტანელი იყო, რაც იმაზე იყო დამოკიდებული,
როგორ აღწევდა მას. სწორედ ამიტომ, იმ სამყაროში, რომლის
ნაწილიც თვითონაც იყო, ღირსეული საშუალებები უარყოფილი უნდა
ყოფილიყო. იქნებ ამიტომაც, სიმღერის სფეროში ძალაუფლებისთვის
ბრძოლა სხვა, მისთვის ნაკლებად ძვირფასზე გადაიტანა. მისმა
თაყვანისმცემელმა მისი ის გამონათქვამები გაავრცელა, რომლებითაც
მას ისე შეეძლო სიმღერა, რომ საზოგადოების ყველა ფენისთვის,
ყველა ფარული ოპონენტისთვის მიენიჭებინა სიამოვნება. ნამდვილი
სიამოვნება ხალხის არსში კი არა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამას
კარგა ხანია გრძნობდა იოზეფინეს სიმღერაში, არამედ იოზეფინეს
მოთხოვნაში იყო. მაგრამ ამატებდა – ის, მწვერვალი რომ არ
გაყალბდეს და რიგითებს არ ემლიქვნელონ, ისე უნდა დარჩენილიყო,
როგორც იყო. თუმცა განსხვავებული იყო მისი ბრძოლა მუშაობიდან
გათავისუფლებისათვის. ეს იყო ბრძოლა მისი სიმღერისთვისაც,
მაგრამ აქ ის არ იბრძვის უშუალოდ ხელოვნების ძვირფასი იარაღით,
ყველა საშუალება ,რასაც ის იყენებს, ამისთვის საკმაოდ კარგია. ასე
გავრცელდა, მაგალითად, ჭორი, რომ იოზეფინეს განზრახული აქვს,
თუკი არ დავუთმობთ, კოლერატურის შემცირება. მე კოლერატურის
არაფერი გამეგება, მის სიმღერაში არასოდეს შემიმჩნევია რაიმე
განსაკუთრებული. მაგრამ იოზეფინეს უნდოდა კოლერატურის
შემოკლება, მოშორება კი არა, შემოკლება. მან ვითომ შეასრულა
თავისი მუქარა, მე პირადად არანაირი განსხვავება არ შემიმჩნევია წინა
კონცერტებთან შედარებით. ხალხი უსმენდა, როგორც ყოველთვის,
ისე, რომ არაფერი უთქვამს კოლერატურასთან დაკავშირებით, და
იოზეფინეს მოთხოვნისადმი დამოკიდებულებაც არ შეცვლილა.
საერთოდ, იოზეფინეს როგორც გარეგნობაში, ისე აზროვნებაში,
ხანდახან უდავოდ აქვს რაღაც გრაციოზული. მაგალითად, მან ერთ–
ერთი წარმოდგენის შემდეგ ისე, თითქოს გადაწყვეტილება
კოლერატურის შესახებ ხალხისთვის ძალიან რთული და
მოულოდნელი იყო, განმარტა, რომ შემდეგში კოლერატურას ისევ
სრულყოფილად შეასრულებდა. მაგრამ მომდევნო კონცერტის შემდეგ
ის სხვანაირად ფიქრობდა. ეს დიდი კოლორატურების დასასრული
იყო და იოზეფინესთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებში აღარასოდეს
მობრუნებულა. ხალხი უსმენს ამ ახსნა–განმარტებას,
გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებათა ცვლილებებს, როგორც
ზრდასრული ადამიანი უგდებს ყურს ბავშვის ტიტინს, ძირითადად,
კეთილგანწყობით, მაგრამ უმოქმედოდ. იოზეფინე არ ნებდება.
ახლახან ასე ამტკიცებდა, მაგალითად: მუშაობისას ფეხი დაიზიანა,
რის გამოც კონცერტზე ფეხზე დგომა უძნელდება და რადგანაც
მხოლოდ ფეხზე მდგარს შეუძლია სიმღერა, იძულებულია, სიმღერები
შეამოკლოს. მიუხედავად იმისა, რომ კოჭლობს და თავის
თაყვანისმცემელს ეყრდნობა, არავის სჯერა მისი დაშავება. მისი
სხეულის განსაკუთრებული მგრძნობელობაც რომ ვაღიაროთ, ჩვენ
მუშა ხალხი ვართ და იოზეფინეც ჩვენიანია. თუკი ჩვენ კანის
გაკაწვრის გამო კოჭლობა გვინდა, მთელ ხალხს არა აქვს უფლება
კოჭლობით შეწყვიტოს მუშაობა. მაგრამ მას მოსწონს, თავს რომ
იკოჭლებს, მოსწონს, ამ სავალალო მდგომარეობაში უფრო ხშირად რომ
ეჩვენება ხალხს, ვიდრე ჩვეულებრივ. ისინი მადლიერებით უსმენენ
მის სიმღერას და ისევ ისე იხიბლებიან, როგორც ადრე, მაგრამ
შემოკლებით კი დიდი არაფერი შეცვლილა. რადგან გამუდმებით
კოჭლობა აღარ შეეძლო, სხვა რამ მოიფიქრა, დაღლილობას ამოეფარა,
უგუნებობასა და სისუსტეს. ახლა ჩვენ კონცერტის გარდა სანახაობაც
გვაქვს. ჩვენ ვხედავთ იოზეფინეს უკან მის თაყვანისმცემელს, როგორ
ევედრება და აფიცებს, რომ იმღეროს. მას სურს, მაგრამ არ შეუძლია.
ამშვიდებენ, ეპირფერებიან, ლამის ხელში აყვანილი მიჰყავთ წინასწარ
შეგულებულ ადგილას, საიდანაც უნდა იმღეროს. ბოლოს და ბოლოს,
ის ნებდება არაფრისმთქმელი ცრემლებით, მაგრამ როგორც კი აშკარად
საბოლოო სურვილით სიმღერის დაწყებას გადაწყვეტს, უღონო
მკლავები ჩვეულებისამებრ გაშლილი კი არა აქვს, არამედ სხეულზე
უსიცოცხლოდ ჰკიდია, ამიტომაც გვეჩვენება, რომ ისინი ძალიან
მოკლე აქვს, თითქოს სიმღერის დაწყება უნდა და არ გამოსდის. თავის
უნებლიე გაქნევა ამაზე მიანიშნებს და ის თითქოს იმსხვრევა ჩვენ
წინაშე. შემდეგ ისევ იკრეფს ძალ–ღონეს და მღერის, ვფიქრობ,
განსაკუთრებულად არა, ჩვეულებრივ. იქნებ ვისაც განსაკუთრებით
ფაქიზი სმენა აქვს, მის ხმაში არაბუნებრივი მღელვარებაც კი
ამოიკითხოს, რომელიც ამ გარემოებაში საჭიროა კიდეც. ბოლოს კი ის
უფრო ნაკლებად დაღლილიც კია, ვიდრე მანამდე და მტკიცე
ნაბიჯებით, თუ შეიძლება, სწრაფ ცუნცულს ასე ვუწოდოთ,
გვშორდება. თაყვანისმცემელთა ყველანაირ დახმარებაზე უარს ამბობს
და ცივი მზერით გამომცდელად ათვალიერებს ხალხს, რომელიც
მოწიწებით უთმობს გზას. ეს ბოლოს იყო, ახალი კი ისაა, რომ ერთ–
ერთი კონცერტისას, როცა მის გამოსვლას ველოდით, გაქრა. მხოლოდ
თაყვანისმცემლები კი არა, სხვებიც ეძებენ, მაგრამ ამაოდ. იოზეფინე
გაქრა, მას აღარ სურს სიმღერა, მას აღარ სურს ამაზე ეხვეწონ და
ემუდარონ, მან სამუდამოდ მიგვატოვა. უცნაურია, როგორ არასწორად
გათვალა გონიერმა, რომ უნდა დაეჯერებინათ, თითქოს არაფერი
გაუთვლია და ეს მხოლოდ ბედისწერაა, რომელიც ამქვეყნად მხოლოდ
ყველაზე სევდიანი შეიძლება იყოს. თვითონვე უარყო სიმღერა, თავად
გაანადგურა ძალა, რომელმაც სულები დაიპყრო. როგორ შეძლო ამ
ძალის მოპოვება მაშინ, როცა ამ სულებს არც კი იცნობს. ის იმალება
და არ მღერის, მაგრამ ხალხი მშვიდად, აშკარად იმედგაცრუების
გარეშე, მბრძანებლურად დგას. ეს არის მდუმარე ბრბო, რომელიც
ოფიციალურად, ისე, რომ შეხედულება სულ სხვა რამეზე მეტყველებს,
საჩუქრებს გასცემს და არასოდეს იღებს, იოზეფინესაგანაც კი. ეს
ხალხი აგრძელებს თავის გზას. იოზეფინეს საქმე კი უკუღმა უნდა
წასულიყო. მალე მოვა დრო, როცა მისი უკანასკნელი სტვენა გაისმება
და ჩაჩუმდება. ის არის ერთი პატარა ეპიზოდი ჩვენი ხალხის უკვდავ
ისტორიაში და როგორმე გადაიტანს ამ დანაკლისს. ადვილი
ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის. წარმოუდგენელია შეკრებების დროს
სრული დუმილი! თუმცა იოზეფინესთანაც არ იყვნენ ჩუმად! იყო კი
სინამდვილეში მისი სტვენა ისეთივე დიადი და ცოცხალი, როგორიც
მასზე მოგონება იქნება? განა იყო ის უფრო მეტი სიცოცხლის
განმავლობაში, ვიდრე შიშველი მოგონება? ხალხმა თავისი სიბრძნით
იოზეფინეს სიმღერა სწორედ იმიტომ დააყენა ასე მაღლა, რომ
დაუვიწყარი იყო? იქნებ არც ისე ბევრი დაგვაკლდა, იოზეფინე კი,
განთავისუფლებული ამქვეყნიური ტანჯვისაგან, რომელიც, მისი
აზრით, რჩეულთა ხვედრია, კმაყოფილი მიემატა ჩვენი ხალხის
გმირთა სიმრავლეს. და მალე, იმიტომ რომ ისტორია არ შევქმენით,
მზარდ თავისუფლებაში დაგვავიწყდება, როგორც ყველა მისი მოძმე.

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა


საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE

You might also like