You are on page 1of 6

მატერიალიზმი და იდეალიზმი

სუბსტანციის ფილოსოფიურ პრობლემაში სუბსტანციის რაოდენობის საკითხს ბევრად


აღემატება სუბსტანციის რაობის საკითხი _ რა არის სუბსტანცია? განსაკუთრებით
ნაყოფიერი და საინტერესოა ფილოსოფოსთა დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა მიაჩნიათ
მათ სამყაროს არსად, სუბსტანციად. ამის მიხედვით განასხვავებენ, უპირველეს
ყოვლისა, მატერიალისტურ და იდეალისტურ ფილოსოფიებს.

მატერიალისტები (ლათ. ,,მატერიალის”– ნივთიერი) ამტკიცებენ, რომ სამყაროს არსი


ნივთიერია, მატერიალურია. გულისხმობენ იმას, რომ ნივთიერებას შეუძლია არსებობა
სულიერების გარეშე, ხოლო სულიერი მოვლენა ვერ იარსებებს ნივთიერებისგან,
სხეულისგან დამოუკიდებლად. ის

განსაკუთრებული სხეულებრივი ორგანიზაციის _ ადამიანის თავის ტვინის თვისებაა.


მატერიალიზმი ბევრი რამით განსხვავდება იდეალიზმისგან, მაგრამ მთავარი
განსხვავება ესაა. სხვა განსხვავებანი აქედან გამომდინარეობს.

მატერიალიზმი ძველთაგანვე არსებობს, მაგრამ ისტორიულად იცვლებოდა; ესე იგი,


ივსებოდა და მდიდრდებოდა. განასხვავებენ მატერიალიზმის ხუთ ისტორიულ ფორმას:
ძველი ბერძნების ეგრეთწოდებულ ,,გულუბრყვილო სტიქიურ მატერიალიზმს”, ახალი
დროის ,,მექანისტურ მატერიალიზმს”, ფოიერბახის ,,ანთროპოლოგიურ
მატერიალიზმს”, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ,,ვულგარულ მატერიალიზმს”
და ,,დიალექტიკურ და ისტორიულ მატერიალიზმს”.

,,გულუბრყვილო-სტიქიური მატერიალიზმი’’ ძველ საბერძნეთში შეიქმნა. პირველი


ბერძენი ფილოსოფოსები სწორედ ამ მიმართულებით აზროვნებდნენ. ისინი
ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, ნივთიერია, მატერიალურია. ამიტომაც
არიან ისინი მატერიალისტები. ამასთანავე, ისინი ჯერაც მკაფიოდ ვერ განასხვავებენ
ნივთიერსა და სულიერს, ურევენ მათ ერთმანეთში. ხანდახან სხეული, მატერია მათ
ესმით ცოცხალ არსებად, სულიერად, ხოლო სული _ თავისებურ ნივთიერებად,
სხეულად. ამიტომ მათ თვალსაზრისს ჰილოძოიზმი ჰქვია (ბერძნ. ,,ჰილო” _ მატერია,
,,ძოონ” _ ცოცხალი). მათი აზრები, მტკიცებანი, ძირითადად, მიგნებების ხასიათს
ატარებს და არ გამომდინარეობს თანმიმდევრული, დაწვრილებითი კვლევიდან,
მეცნიერული დაკვირვებიდან და განზოგადებიდან. ამ აზრ-გაგებითაა მათი
მატერიალიზმი ,,გულუბრყვილო და სტიქიური”. ასეთია თალესის, ანაქსიმანდრეს,
ანაქსიმენეს, ჰერაკლიტეს, ემპედოკლეს, ანაქსაგორას შეხედულებანი.

ბერძნების გულუბრყვილო-სტიქიური მატერიალიზმიდან მატერიალიზმის უფრო


მაღალ ისტორიულ ფორმაზე გადასვლა იწყება ლევკიპესა და დემოკრიტეს
ფილოსოფიაში. მათ ძველთაგანვე ატომისტები უწოდეს, რადგან შემოიტანეს ატომის
ცნება (ბერძნ. ,,ატომოს” _ განუყოფელი). დემოკრიტე ამტკიცებდა, რომ ქვეყნიერება
შედგება ერთმანეთისგან მასითა და მოყვანილობით განსხვავებული განუყოფელი
ნაწილაკებისგან _ ატომებისგან. სხეულის წარმოშობა ატომების ამა თუ იმ ჯგუფის
თავმოყრაა. სხეულის მოსპობა ამ ჯგუფის დაშლაა. ყოველი სხეული წარმოიშობა და
ისპობა, ატომები კი მარადიულია. სიცოცხლის მატარებელი სულიც განსაკუთრებული
ტიპის ატომებისგან შედგება. ამ ატომების ერთმანეთისგან გაყრაა ის, რასაც სიკვდილს
ვუწოდებთ ხოლმე.

შუა საუკუნეებში, როცა ფილოსოფიაზე ეკლესია ბატონობდა, ბერძნული


მატერიალიზმი დავიწყებას მიეცა. მაგრამ ახალ დროში ინგლისელი ჯონ ლოკისა
(1632_1704) და ჯონ ტოლანდის (1670_1722), ფრანგი რენე დეკარტისა და პიერ გასენდის
(1592_1655), აგრეთვე სხვათა და სხვათა შრომებში ხდება ატომისტური თვალსაზრისის
აღორძინება. ამ დროს განსაკუთრებით ვითარდება მექანიკის თეორია, რის გამოც
მატერიალისტები ამ მეცნიერების მიღწევებს იყენებენ და განაზოგადებენ. ამიტომ ამ
დროის მატერიალიზმს მექანისტური მატერიალიზმი ეწოდება. ატომებისა და
მოლეკულების მექანიკური მოძრაობით იქმნება მთელი ქვეყნიერების
მრავალფეროვნება. ფრანგ პოლ ჰოლბახს (1723_1789) და ინგლისელ ტოლანდს მოძრაობა
ატომის თვისებად მიაჩნიათ. მოძრაობის უნარს _ სულიერი მოვლენის ამ ნამდვილ
ჩანასახს იმთავითვე ატარებს მატერია. ხოლო ნამდვილი, განხორციელებული სულიერი
მოვლენა მატერიის მექანიკური ორგანიზაციიდან გამომდინარეობს. დეკარტი
ამტკიცებს, რომ ცხოველი მანქანაა. მისმა მოწაფემ, ექიმმა ჟულიენ ლამეტრიმ
(1709_1751) ეს მტკიცება ადამიანის მიმართაც გაავრცელა და ადამიანი მანქანად
გამოაცხადა. ამით ფრანგი ექიმი თანამედროვე კიბერნეტიკის პირველ წინაპრად იქცა.

ამგვარი მიდგომისას ადამიანის სპეციფიკა იკარგე-ბოდა. ეს ტენდენცია


განსაკუთრებით გამოიკვეთა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა
მატერიალიზმის მოკავშირედ მექანიკის გარდა ბიოლოგიაც იქცა. გერმანელი
მატერიალისტები _ ლუდვიგ ბიუხნერი, იაკობ

მოლეშოტი, კარლ ფოგტი, იოსებ დიცგენი უარყოფენ სამყაროს იერარქიულ წყობას, რაც
თითქოს ძველი მონარქიული სულისკვეთებიდან გამომდინარეობდა, და აღიარებენ
,,სამყაროს დემოკრატიულ წყობას~, რომელშიც ბატონობს არსებობისთვის ბრძოლის
ბიოლოგიური პრინციპი. ,,გადარჩეს, ვინც ძლიერია; დაიღუპოს, ვინც სუსტია”_ ასეთია,
ბიუხნერის თქმით, თანამედროვე საზოგადოების პრინციპი, რაც ზუსტად შეესაბამება
ბუნების წესს.

ადამიანი აღარაა ,,ბუნების გვირგვინი”. მისი აზროვნება და შემოქმედება სხვა არაფერია,


თუ არა ფიზიოლოგიური პროცესი. ,,აზრი ისეთსავე დამოკიდებულებაშია ტვინთან,
როგორც ნაღველა ღვიძლთან, ან შარდი თირკმელთან” _ ამბობდა ფოგტი. ,,სული ისევე
განსხვავდება მაგიდისგან, სინათლისგან, ბგერისგან, როგორც თვით ეს საგნები _
ერთმანეთისგან” _ აცხადებდა დიცგენი. აზროვნებისა და შემოქმედების ამაღლებული
შინაარსი მხოლოდ ჩვენივე ფანტაზიის, ცრურწმენის ნაყოფია და არა სინამდვილე.
ამგვარი დასკვნებისთვის მარქსმა და ენგელსმა ამ მატერიალისტებს ვულგარული
მატერიალისტები უწოდეს.

გერმანელი მატერიალისტი ლუდვიგ ფოიერბახი (1804_1872) ეწინააღმდეგებოდა


მაშინდელი მატერიალისტების ამგვარ ნიჰილიზმს. მართალია, ქვეყნიერების
ქრისტიანულ იერარქიას, ღვთაებრივ წყობას ისიც უარყოფდა, მაგრამ, ძირითადად,
ინარჩუნებდა და განავითარებდა ადამიანის ამაღლებულობის, სიდიადის რწმენას.
ამიტომ მის მატერიალიზმს შეიძლება ანთროპოლოგისტური (ბერძნ. ,,ანთროპოს” _
ადამიანი) ვუწოდოთ. არ არსებობს ქვეყნიერების სულიერი საწყისი, სამყაროს გონიერი
და კეთილი შემოქმედი, _ ფიქრობს ფოიერბახი, _ მაგრამ არსებობს ადამიანი. ღმერთი
ადამიანის ,,თვითგაუცხოების” (დიე სელბსენტფრემდუნგ) შედეგია.ადამიანმა
საკუთარი თავი ,,მოათავსა” სამყაროს სიღრმეში და თაყვანი სცა მას, ვითარცა გარეგან,
თვით მასზე, ადამიანზე უსასრულოდ ამაღლებულ და გაბატონებულ ძალას. ამით მისი
ნამდვილი, ნატურალური, გრძნობადი არსება განიძარცვა ღირსებებისგან და დაემონა
გარეგან ავტორიტეტს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს ეს ვითარება, რაც მისი
განთავისუფლებისა და განახლების, მისი ნამდვილი გრძნობადი არსების აღორძინების
საფუძველი იქნება.

ადამიანის სულიერება ფოიერბახს ესმოდა თანაგრძნობისა და სიყვარულის ზნეობრივ


ძალად, რაც ყოველგვარ ქმნილებაზე მაღლა დგას თავისი ღირებულებით და
მნიშვნელობით.

ფოიერბახის მატერიალიზმი თავისებურად განავითარეს გერმანელმა ებრაელმა კარლ


მარქსმა (1818_1883) და მისმა თანამემამულემ ფრიდრიხ ენგელსმა (1820_1895). მათ
,,გაამდიდრეს” იგი ჰეგელის ,,დიალექტიკით” და შექმნეს ეგრეთწოდებული
,,დიალექტიკური მატერიალიზმი”. ცოტა მოგვიანებით მარქსისა და ენგელსის
ფილოსოფიური პრინციპები თავისებურად განმარტა რუსული კომუნისტური
რევოლუციის თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა ვლადიმირ ლენინმა (1870_1924);
კერძოდ, მიუყენა ისინი რუსეთში შექმნილ ისტორიულ ვითარებას.

ეს მატერიალიზმი თავს არიდებს ,,მექანიციზმს”, ანუ სამყაროს მთელი


მრავალფეროვნების დაყვანას ატომებისა და მოლეკულების მექანიკურ მოძრაობაზე და
ამოდის მატერიის მოძრაობის ფორმათა მრავალგვარობის დაშვებიდან. ამ ფორმებს
შორის მექანიკური მოძრაობა
უმარტივესია. მატერია ვითარდება, რაც გამოიხატება მოძრაობის ფორმათა
თანმიმდევრული კიბით. ამ კიბის საფეხურებია: მექანიკური მოძრაობა, ბირთვული
მოძრაობა, მოლეკულური მოძრაობა, ორგანული მოძრაობა, სოციალური მოძრაობა.
ყოველი ზედა საფეხური მოიცავს

ქვედას, მაგრამ არ დაიყვანება მასზე. ამით მარქსმა და ენგელსმა მატერიის ცნება


რამდენადმე გააფართოვეს. საზოგადოების ცხოვრებაც რიის მოძრაობად განმარტეს,
რადგან აქ ,,საზოგადოების მატერიალური ცხოვრება განსაზღვრავს მის სულიერ
ცხოვრებას, ვითარცა ბაზისი _ ზედნაშენს”. ეს ისტორიის მატერიალისტური გაგების
საფუძველი გახდა. მატერიალიზმი ბუნებიდან საზოგადოების ისტორიის მიმართაც
გავრცელდა და ,,თანმიმდევრული” გახდა. ამის გათვალისწინებით მარქსიზმის კიდევ
ერთმა კლასიკოსმა იოსებ სტალინმა (1879_1953) მარქსისტულ ფილოსოფიას
,,დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი” უწოდა.

იდეალიზმი

იდეალისტური (ბერძნ. ,,იდეა“ _ აზრი, ფორმა) ფილოსოფიის ძირითადი პრინციპია


სამყაროს არსის არანივთობრიობის მტკიცება. არსებობს როგორც სხეულებრივი, ისე
სულიერი საგნები. შეუძლებელია სულიერის ახსნა სხეულებრივისგან. ეს სრული
უაზრობაა. სული სუბსტანციაა, ესე იგი, არსებობს სხეულისგან დამოუკიდებლად.
სხეული კი ინერტულია და მის ასამოძრავებლად, ,,გასაცოცხლებლად“ სულია საჭირო.
აი ამ აზრგაგებით, სხეული არაა სუბსტანცია. იდეალიზმის კლასიკური
წარმომადგენლები ბერძნულ ფილოსოფიაში პლატონი და არისტოტელეა, ხოლო ახალ
დროში _ ლაიბნიცი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი. ძირითადად, განასხვავებენ ობიექტურ
და სუბიექტურ იდეალიზმს. ობიექტური იდეალიზმის მთავარი აზრი ასეთია: სამყაროს
იდეალურ-სულიერი საწყისი არსებობს ობიექტურად, ანუ ადამიანის ცნობიერებისგან
დამოუკიდებლად.

სწორედ ასე ფიქრობდნენ დიდი იდეალისტები _ პლატონი, არისტოტელე, ჰეგელი.


პლატონის ობიექტური იდეალიზმი უკავშირდება იდეის ცნებას. იდეა მას მიაჩნდა
საგანთა აზრობლივ ნიმუშად, ხოლო საგნები _ ამ ნიმუშის ნაკლოვან მიბაძვად. ჯერ
არსებობს, ვთქვათ, ტოლობა, ,,ტოლობის იდეა“, ხოლო შემდეგ _ ტოლი საგნები.
პირველი სრულყოფილი, ნამდვილი ტოლობაა, მეორე _ ნაკლული, უტოლობასთან
შერეული ტოლობა. იდეა სრულყოფილია, მისი ნივთიერი განხორციელება კი მხოლოდ
მიმსგავსებულია უნაკლო პირველსახეს და ამიტომაა ნაკლული, მხოლოდ მეტ-
ნაკლებად სრული. სწორედ ამიტომაა იდეა პირველადი, ხოლო გრძნობადი,
კონკრეტული, მატერიალური საგანი_ მეორეული. ნივთიერი ქვეყნიერება ღრმად
ნაკლულია. ასეთივეა მასში ყოფნაც, ცხოვრებაც.
იდეალიზმის დედაარსი მაინც სულიერი სუბსტანციის აღიარებაა. არსებობს სული,
რომელიც გრძნობს, განიცდის, ფიქრობს, ისწრაფვის, თავს იკავებს. ეს სულიერი
პროცესები თვისება და ფუნქციაა არა ნივთიერებისა, არამედ განსაკუთრებული
სულიერი საგნისა _ სულისა.

სული თვითმოქმედია, აქტიურია. ამით განსხვავდება იგი ნივთიერებისგან, რომელიც


ინერტულია, უმოქმედოა. ნივთიერებას ამოძრავებს და აცოცხლებს სული. ამიტომ
სული პირველადია, ნივთიერება კი _ მეორეული. ამ თვალსაზრისით, იდეალიზმი
იგივე სპირიტუალიზმია (ლათ. ,,სპირიტუს” _ სული). იდეალიზმის ერთერთი მეთაური
აზრია ნივთიერების დაყოფადობის მტკიცება. პლატონი უარყოფდა განუყოფელი
ნივთიერების, ატომის არსებობას და ნივთიერების არსებით ნიშნად სწორედ
დაყოფადობას მიიჩნევდა. ნივთიერება უსასრულოდ იყოფა, რღვევადია, სული კი
მარტივი სუბსტანციაა, რის გამოც არ იშლება, უხრწნელი და უკვდავია.

ობიექტური იდეალისტები ლაპარაკობენ არა მხოლოდ კერძო, ინდივიდუალური


სულის, არამედ ეგრეთწოდებული მსოფლიო სულის, ღმერთის შესახებაც. ოღონდ,
რელიგიისგან განსხვავებით, იდეალისტური ფილოსოფია არ სცნობს პიროვნულ
ღმერთს. მისი ღმერთი უპიროვნოა _ გონებაა, კანონზომიერებაა, ქვეყნიერების შინაგანი
ერთიანობაა, მისი გონივრული წყობა და მიზანშეწონილებაა. რელიგიის ღმერთი კი
ნებისყოფით აღჭურვილი პიროვნებაა და თვითნებურად ჰქმნის ქვეყნიერებას
არაფრისგან. ადამიანი იდეალისტებს ესმით არა მხოლოდ

მოთხოვნილებათა, არამედ აგრეთვე ღირებულებათა სისტემად. მოთხოვნილებანი და


მათი დაკმაყოფილება ადამიანის ცხოვრების დაბალი საფეხურია. ამიტომ ეს არ
ამოწურავს ადამიანს, არ შეადგენს მის ცხოვრებას.ადამიანის არსებობის სხვა დონე, მისი
საკუთრივ ადამიანური ცხოვრება იწყება ღირებულებათა შემეცნებით, როგორც ადამისა
და ევას ადამიანობა დაიწყო ნაყოფის დაგემოვნებით სიკეთისა და ბოროტების
შემეცნების ხიდან. მხოლოდ ესაა თვითშემეცნება და ადამიანად ყოფნა.

სუბიექტური იდეალისტები ერიდებიან ადამიანის ცნობიერებისგან დამოუკიდებელი


სინამდვილის აღიარებას. მათი ძირითადი დებულებაა: სამყაროს იდეალურსულიერი
საწყისი არსებობს მხოლოდ ადამიანში. გარეგანი სამყაროს არსებობა დოგმაა.
გარესამყარო ეწოდება

იმას, რასაც ჩვენ ვთვლით გარესამყაროდ. აი ამ აზრით, გარესამყარო ჩემზე, სუბიექტის


ცნობიერებაზე ჰკიდია. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა
პროტაგორამ (480_410): ,,ადამიანია ყოველივეს საზომი _არსებულისა, რომ ის არსებობს,
და არარსებულისა, რომ ის არ არსებობს“. სუბიექტურმა იდეალიზმმა განვითარების
უმაღლეს მწვერვალს მაინც ახალ და უახლეს ფილოსოფიაში მიაღწია. კანტი
ამტკიცებდა, რომ ბუნება იგივეა, რაც ბუნებისმეტყველება, ანუ ის ადამიანის
ცნობიერების ნაყოფია. ჩვენ არ ვიცით, რაა ,,ნივთი თავისთავად“. ხოლო ის, რაც ვიცით,
ჩვენივე შემოქმედებაა. კანტის ერთერთი დიდი

მემკვიდრე ფიხტე (1762_1814) კი მთელ ქვეყნიერებას სუბიექტის უსასრულო


მოღვაწეობის შედეგად თვლიდა, რადგან თვით ,,თავისთავად არსებული საგანიც“ კი
სუბიექტის დაშვებაა და, მაშასადამე, სუბიექტურია. მეოცე საუკუნის დასავლური
ფილოსოფიის ყველაზე ფართო ნაკადი _ ფენომენოლოგიური ფილოსოფია (ედმუნდ
ჰუსერლის ფენომენოლოგია, ეგზისტენციალიზმი, მარტინ ჰაიდეგერის
,,ფუნდამენტური ონტოლოგია“, პოსტმოდერნის ფილოსოფია და სხვები) სუბიექტური
იდეალიზმის ნაირსახეობაა, რადგან ,,ფენომენი“, რისი ცნებიდანაც ეს მიმართულებანი
ამოდიან, სუბიექტის ცნობიერების უშუალო მოცემულობაა.

You might also like