You are on page 1of 157

ელიოტ რუზველტი

რუზველტი - მისი თვალით დანახული

წინასიტყვაობა

ისტორიისადმი ინტერესს ჩემი ქმარი ყოველთვის იჩენდა და ფიქრობდა, რომ


ადამიანებმა დღევანდელი გამოცდილებით მომავალში უნდა იხელმძღვანელონ.

სურდა, რომ თავისი აზრები და შთაბეჭდილებები ყველას ჩაეწერა; იმედოვნებდა, ეს


ხელს შეუწყობდა საბოლოო მიზნის მიღწევას, ანუ ხალხთა შორის ურთიერთგაგებას
და მშვიდობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებების გამონახვას.

ის შესანიშნავი მეოჯახე იყო და ყველანაირად ცდილობდა, შვილები გვერდით


ჰყოლოდა. თუმცა, არც ის სურდა, რომ ჩვენს შვილებს მის გამო უარი ეთქვათ
საკუთარ ვალდებულებებზე; გადამწყვეტი ყოველთვის მათი აზრი იყო. ამიტომ ჩემი
ქმარი ხშირად, ცოტ-ცოტა ხნით მაინც, ახერხებდა საკუთარი ვაჟიშვილების, სიძისა
და ქალიშვილის საზოგადოებაში ყოფნას, როცა ეს მათს საქმიანობას ხელს არ
უშლიდა. იმდენად ესწრაფოდა შვილებთან ურთიერთობას, რომ ჩვენი უფროსი ვაჟი,
ჯემსი ვაშინგტონში მდივნადაც კი წაიყვანა, თუმცა არწმუნებდნენ, რომ ეს
ჯემსისთვის, შესაძლოა, წამგებიანი ყოფილიყო. იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ამ
ნაბიჯის გამო მოსალოდნელი იყო პოლიტიკური თავდასხმები და თანაც საკუთარი
შვილი მდივნის როლში ისე ვერ გამოადგებოდა, როგორც გარეშე ადამიანი. ასეც
მოხდა, და ჯემსს თანამდებობაზე უარის თქმა მოუხდა. მე კი მგონია, რომ ვიდრე
ჯემსი ვაშინგტონში იყო, მისი იქ ყოფნა და მასთან ერთად მუშაობა ჩემს ქმარს
უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა.

ალბათ ის, ვისაც არ გამოუცდია მარტოობის გრძნობა, რომელიც პრეზიდენტის


მდგომარეობითაა განპირობებული, ვერ მიხვდება, რას ნიშნავს მუდმივი
ურთიერთობა ახლობელთაგან ვინმესთან.

ოჯახში ასეთი ჩვეულება გვქონდა: როდესაც რომელიმე ჩვენგანი მოგზაურობიდან


შინ ბრუნდებოდა, ვცდილობდით, იმავე საღამოს თავი მოგვეყარა საოჯახო
სუფრასთან და ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა. ჩამოსულს
ვუყვებოდით ყველაფერს, რაც მის არყოფნაში მოხდა. ყველას კარგად გვესმოდა, რომ
თუ მაშინვე არ შევიკრიბებოდით, მერე ჩვენი შეხვედრა გადაიდებოდა, რადგან სულ
დაკავებულები ვიყავით და ამასობაში მომხდარს ახალი ამბავი გადაფარავდა.

მე არ ვყოფილვარ ამ წიგნში აღწერილ ისტორიულ მოგზაურობებში და რომ


მომენდომებინა, მხოლოდ იმის დაწერას შევძლებდი, რაც იმ საღამოებზე მქონდა
მოსმენილი, როცა მთელი ოჯახი ერთ ჭერქვეშ იყრიდა თავს. ელიოტი კი ამ
მოგზაურობების უშუალო მონაწილე იყო და კარგად მახსოვს, როგორი აღელვებული
ბრუნდებოდა სახლში. ამიტომაც ახლა გაორმაგებული ინტერესით ვკითხულობ მის
მონათხრობს იმ დღეთა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ, რაც ამ წიგნშია აღწერილი, მე არ ვიცოდი, მაგრამ მტკიცედ
მჯერა, რომ ჩანაწერებს ყველა ის ადამიანი უნდა აკეთებდეს, ვისაც საშუალება აქვს,
ახლოდან დააკვირდეს ომის მსვლელობას ან ესწრებოდა იმ გეგმების შემუშავებას,
რომლებიც საფუძვლად დაედო მთელი კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრების
ორგანიზებას. ასეთი ჩანაწერები ძალზე ღირებულია.

ბუნებრივია, ადამიანები საკუთარი თვალთახედვით მოგვითხრობენ იმაზე, რასაც


ხედავენ, ესმით ან განიცდიან. ყველა თავისებურად აღიქვამს მომხდარს და
ნაწილობრივ ამით აიხსნება, რატომ გვიამბობენ ადამიანები ერთსა და იმავე ამბავს
სხვადასხვანაირად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნში აღწერილი საუბრების
მრავალი მოწმე განსხვავებულად ახსნიდა მათ, საკუთარი ხედვიდან და მრწამსიდან
გამომდინარე. და მაინც, თითოეული ამ ადამიანის ჩანაწერები უაღრესად ფასეულია
დღეს. ეს წიგნი, რომელიც დაწერილია მეტად მნიშვნელოვანი თათბირების ერთ-
ერთი მოწმის მიერ, მომავალ ისტორიკოსებს მისცემს იმ ღირებულ მასალას, რომლის
საფუძველზეც ისტორია თავის საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

ელეონორა რუზველტი

შესავალი

ეს წიგნი ომს გაკვრით შეეხება. მისი მთავარი დანიშნულებაა, მშვიდობის


პრობლემებს მოჰფინოს შუქი.

მოვლენები, რომელთა შესახებაც მინდა, მოგითხროთ, საუბრები, რომლებიც მახსოვს,


შთაბეჭდილებები, რომელთა გავლენითაც ჩამომიყალიბდა დღევანდელი
შეხედულებები ეხება პერიოდს - ომის დაწყებიდან იალტაში „დიდი
სამეულის“ შეხვედრამდე. დამერწმუნეთ, იმ დროს წიგნის დაწერა აზრადაც არ
მომსვლია. გადაწყვეტილება, კალმისთვის მომეკიდა ხელი, ახლახან მივიღე და
ამისკენ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიბიძგეს.

გარკვეული როლი ამაში უინსტონ ჩერჩილის[1] მიერ ფულტონში წარმოთქმულმა


სიტყვამაც ითამაშა. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მოსაზრებებმა, რომლებიც ნიუ-
იორკში, ჰანტერ-კოლეჯში გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომებზე გამოითქვა.
გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო ამერიკის მიერ ატომური ბომბების მარაგის
დაგროვება, დაბოლოს ამაჩქარა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის მზარდი
დაპირისპირების ყველანაირმა გამოვლინებამ, ყველა შეუსრულებელმა დაპირებამ,
ყველაფერმა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ კვლავ აღორძინდა ძალისმიერი პოლიტიკა,
რასაც უგუნურად უძღები იმპერიალისტები ატარებენ.

ჩვენი ეპოქის ტემპი ისეთია, რომ ჩვენს შეხედულებებს ისტორიული მოვლენების


განვითარება კი არა, საგაზეთო სათაურები აყალიბებს. რუსეთისადმი ნდობას ან
უნდობლობას ის უზარმაზარი წილი კი არ განსაზღვრავს, რომელიც ჩვენს
გამარჯვებაში მასზე მოდის - რაც ჯერ კიდევ რჩება უდიდეს მოვლენად ჩვენი თაობის
ცხოვრებაში, - არამედ უმეტესწილად ის სენსაციური სათაურები, რომლებიც
გაზეთების პირველ გვერდებზე გამოჩნდა ამ უკანასკნელი სამი-ოთხი დღის
განმავლობაში; და რამდენადაც ეს გაზეთები უპასუხისმგებლობით წარსულშიც
გამოირჩეოდნენ, საჭიროა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას განსაკუთრებული
სიფრთხილით მოვეკიდოთ ახლანდელ მშფოთვარე დროში.

ინგლისისთვის სესხის გაცემის თაობაზე ფიქრისას ის ბომბები კი არ გვახსენდება,


რომლებიც ლონდონის თავზე ცვიოდა, და არც ის, საკვების რამდენად მწირ
ულუფაზე უხდებათ ინგლისელებს დღესაც არსებობა. ის ემყარება იმ არასტაბილური
მდგომარეობის შეგრძნებას, რასაც ინგლისის იმპერიალისტური მისწრაფებები იწვევს
ჩვენში. ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მშვიდობას, თუ დღეს ჩვენ შორის არ იქნება ისეთივე
ერთიანობა, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა ომში. ეს დღესავით ნათელია -
ნებისმიერი მოწაფე შეძლებდა ამ თემაზე ამაღელვებელი და დამაჯერებელი
თხზულების დაწერას. მაგრამ ევროპაში გამარჯვებისა და პირველი ატომური ბომბის
ჩამოვარდნის შემდეგ ეს ერთიანობა თანდათან ირღვევა.

რამდენადაც ეჭვი მეპარება იმაში, რომ ერთიანობის დაკარგვა მოვლენათა ბუნებრივი


განვითარების შედეგია, იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ მას გარკვეული
განზრახვით არღვევენ ის ადამიანები, რომელთაც მშვენივრად უნდა ესმოდეთ, რას
სჩადიან - ამიტომაც ჩავთვალე აუცილებლად ამ წიგნის დაწერა.

მაგრამ, რატომ მაინცდამაინც მე?! მე რა შემიძლია, გიამბოთ?! ყოველ მსოფლიო


კატაკლიზმს, გადატანილი ომის მსგავსს, აუცილებლად მოჰყვება ხოლმე წიგნების
ნიაღვარი. გენერლები, მინისტრები, სამხედრო კორესპონდენტები უმალ
მიცვივდებიან საბეჭდ მანქანებს, ან მოიმარჯვებენ არც თუ ბასრ კალმებს. და მაინც,
მგონი შემიძლია, გამოვყო ჩემი წიგნისთვის უახლესი ისტორიის მართალია მოკლე,
მაგრამ განსაკუთრებული მონაკვეთი, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის.

ამ უფლებას, პირველ რიგში, მაძლევს ის ბიოლოგიური ფაქტი, რომ მამაჩემის შვილი


ვარ. ეს დიდი უპირატესობაა, მაგრამ, როგორც ყველა უპირატესობას, მასაც აქვს
თავისი უარყოფითი მხარეები. მახსენდება, მამაჩემი ერთხელ მელაპარაკა ამის
შესახებ. ეს იყო ჰაიდ-პარკში. მაშინ ის ჯერ კიდევ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი
იყო. ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვით ადრე, ვიდრე პრეზიდენტის პოსტზე მის
კანდიდატურას წამოაყენებდნენ. მან შესანიშნავად იცოდა, როგორი გამოხმაურება
მოჰყვება ხოლმე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის შვილების ნებისმიერ საქციელს,
განსაკუთრებით, თუ ამ მოღვაწეს აშკარა პოლიტიკური მტრები ჰყავს. მაგრამ მამას არ
შეეძლო და არც სურდა ჩვენი გაკონტროლება ყველაფერში. მას მიაჩნდა, რომ ჩვენი
თავი ჩვენ გვეკუთვნოდა და როგორც გვინდოდა და როგორც შეგვეძლო, ისე უნდა
გვეცხოვრა. ვფიქრობ, მას როგორც ყველა მამას, სურდა, რომ ჩვენ ციხეში არ
მოვხვედრილიყავით, შეგნებულ მოქალაქეებად ჩამოვყალიბებულიყავით,
ბედნიერები ვყოფილიყავით და თითოეულ ჩვენგანს წარმატებისთვის მიეღწია
საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა, ის ყოველთვის ცდილობდა,
ნაკლებად შეეზღუდა ჩვენი თავისუფლება.

ყველა იმ სირთულეს, რაც პრეზიდენტის შვილობას ახლდა, ალბათ უნდა


დავუპირისპირო სხვა გარემოება, რომელიც უფლებას მაძლევს, რომ ეს წიგნი
დავწერო: ბედმა მარგუნა, ისეთი შეხვედრების თვითმხილველი ვყოფილიყავი,
რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდათ ამ ომისათვის და, შეიძლება ითქვას,
მთლიანად ჩვენი თაობის ცხოვრებისთვისაც.
ომის დროს, როდესაც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა რომელიმე კონფერენციაზე,
მამას სურდა, თან ხლებოდა ისეთი ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობდა და
ენდობოდა - თუკი შესაძლებელი იყო, ვინმე ჩვენი ოჯახიდან. ამით სულაც არ მინდა,
ვინმეს იმის გაფიქრების საბაბი მივცე, რომ მამა კარგად არ იცნობდა თავის
ოფიციალურ მრჩევლებს, ან არ ენდობოდა მათ; ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იყო, მაგრამ
ის მხოლოდ საკუთარი ვაჟიშვილების საზოგადოებაში გრძნობდა თავს ბოლომდე
თავისუფლად. შეეძლო, მათი თანდასწრებით ხმამაღლა ეფიქრა. ძმებიდან ყველაზე
ხშირად მე ვიყავი მისი ადიუტანტი. როდესაც ის პირველად შეხვდა ჩერჩილს
ნიუფაუნდლენდის ნაპირებთან, მე სადაზვერვო ესკადრილიაში ვმსახურობდი,
რომელიც ნიუფაუნდლენდში, გენდერის ტბასთან იყო განლაგებული; როცა
კასაბლანკაში იყო, ჩემს ნაწილს ბაზა ალჟირში ჰქონდა; როცა ის ახლო აღმოსავლეთს
ეწვია კაიროსა და თეირანის კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენი ერთ-
ერთი საშტაბო ბაზა იმ დროს ტუნისში იყო. მხოლოდ იალტაში ვერ შევძელი, თან
ვხლებოდი.

მასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ შეხვედრების დროს არ მქონია.


ომის განმავლობაში რამდენჯერმე მომიწია შეერთებულ შტატებში დაბრუნება:
ერთხელ ავადმყოფობის გამო, ორჯერ - ოფიციალური მივლინებით და ერთხელ -
შვებულებით. ყველა ჯერზე ვახერხებდი რამდენიმე ღამე თეთრ სახლში
გამეტარებინა და მამაჩემთან დიდხანს მესაუბრა.

როგორც მამას ადიუტანტი, უმეტეს შემთხვევაში, ვესწრებოდი სამხედრო,


პოლიტიკურ და დიპლომატიურ სხდომებს, რომლებშიც ის მონაწილეობდა. ასეთ
დროს მე ვითავსებდი მდივნის და კურიერის მოვალეობებს და ოქმებსაც ვადგენდი.
ამ ნახევრად ოფიციალურ როლში საშუალება მომეცა, მოწმე ვყოფილიყავი,
ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, როგორ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და
მიდიოდნენ შეთანხმებამდე ომში მონაწილე მოკავშირე სახელმწიფოების
წარმომადგენლები. მე შევხვედრივარ ჩერჩილს, სტალინს[2], მოლოტოვს[3],
გენერალისიმუს ჩან კაი-შის[4] და მის მეუღლეს, შტაბების უფროსების
გაერთიანებული საბჭოს წევრებს, გენერლებს და ადმირალებს, რომლებიც
ხელმძღვანელობდნენ საომარ მოქმედებებს და ყველა სახის შეიარაღების
დემონსტრირებას ახდენდნენ, სმეტს, დე გოლს[5], ჟიროს[6], ჰოპკინსს, რობერტ
მერფის; ეგვიპტის, საბერძნეთის, იუგოსლავიისა და ინგლისის მეფეებს, ემირებსა და
შაჰებს, სულთნებსა და პრინცებს, პრემიერ-მინისტრებს, ელჩებს, მინისტრებს,
ხალიფებს, დიდ ვეზირებს. პირველი მე ვხვდებოდი მათ, მივაცილებდი მამასთან,
ვესწრებოდი მოლაპარაკებებს. შემდეგ მამა თავის შთაბეჭდილებებს მიზიარებდა.

როცა სხდომების გრძელი დღეები მთავრდებოდა, როცა უკანასკნელი მომსვლელიც


მიდიოდა, მე და მამა ყოველ საღამოს, ძილის წინ, რამდენიმე საათს ვატარებდით
გასული დღის მოვლენებზე საუბარში, ჩვენს შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს
ვუზიარებდით ერთმანეთს.

ზოგჯერ მამა მეკითხებოდა ჩემს სამუშაოზე - მე ხომ ფოტოდაზვერვის ოფიცერი


ვიყავი; უფრო ხშირად კი მე ვეკითხებოდი ყველაფერზე, რაც მაინტერესებდა,
დაწყებული მეორე ფრონტის მდგომარეობით, და ქ-ნ ჩან კაი-შიზე მისი აზრით
დამთავრებული. ის მე ისე მენდობოდა, რომ სტალინთან მოლაპარაკებების შედეგები
მანამდე მომიყვა, ვიდრე თავისი შტაბების უფროსებს და მინისტრებს გააცნობდა.
ჩვენს შორის ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, მას არა მარტო ვუყვარდი,
როგორც შვილი, არამედ პატივსაც მცემდა, როგორც მეგობარს.

ამრიგად, მე ამ კონფერენციებს ვესწრებოდი, ერთი მხრივ, როგორც პრეზიდენტის


ოფიციალური ადიუტანტი, მეორე მხრივ - როგორც უახლოესი მეგობარი ადამიანისა,
რომელიც წამყვან როლს თამაშობდა გაერთიანებული ერების ერთობის
უზრუნველყოფაში.

როგორც მეგობარი, მე ვიყავი მისი ყველაზე ფარული აზრების სანდო მსმენელი. მე


მიზიარებდა თავის სანუკვარ ოცნებებს საყოველთაო მშვიდობაზე, რომელსაც ომში
ჩვენი გამარჯვება მოიტანდა. მე ვიცოდი, მისი აზრით, რა პირობები უნდა
შესრულებულიყო საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად და იმ საუბრების
შინაარსიც, რომლებიც მას ამ პირობების ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ვიცოდი, რა
შეთანხმებას მიაღწიეს და როგორი დაპირებები მისცეს ერთმანეთს.

ახლა კი ვხედავ, რომ ეს დაპირებები არ შესრულდა, მიღებული შეთანხმებები


უცერემონიოდ და ცინიკურად გაითელა, უარყოფილ იქნა მშვიდობის დადგენილი
წესრიგი.

ამიტომაც ვწერ ჩემს წიგნს. წიგნზე მუშაობისას ვიყენებ სხვადასხვა შეხვედრების


ოფიციალურ ოქმებს და ვავსებ იმ წლების საკუთარი ჩანაწერებითა და მოგონებებით;
რაღა თქმა უნდა, ჩანაწერებს უფრო ვენდობი, ვიდრე საკუთარ მეხსიერებას.

ვწერ ამ წიგნს და მივმართავ მათ, ვინც ჩემსავით ფიქრობს, რომ ომის დროს
ფრანკლინ რუზველტი იყო გაერთიანებული ერების ერთიანობის ხუროთმოძღვარი,
რომ ფრანკლინ რუზველტის იდეალები და სახელმწიფოებრივი სიბრძნე საკმარისი
იქნებოდა ამ ერთიანობის, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორის, შესანარჩუნებლად
ომის შემდგომ პერიოდშიც; რომ მის მიერ დასახული გზა, სამწუხაროდ,
შეგნებულადაა მივიწყებული.

ვწერ ამ წიგნს იმ იმედით, რომ ის გარკვეულწილად მაინც დაგვეხმარება,


დავუბრუნდეთ იმ გზას. მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია, და შიშით შევყურებ იმას,
რაც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს.

თავი პირველი. ტეხასიდან არჯენტიაში

ევროპულ კრიზისს, რომელიც 1938 წლის მიუნხენის მორიგებით „დასრულდა“, იმ


დროს ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამდნენ - იმის მიხედვით, რამდენად
სჯეროდათ, რომ ყველა ადამიანი ერთიანი მსოფლიოს მოქალაქეა. გულახდილად
რომ ვთქვათ, იმ დაძაბულ დღეებში პირადად მე მხოლოდ ეგოისტური ინტერესები
მამოძრავებდა. საკუთარი საქმის წამოწყებას ვაპირებდი - მცირე რადიოსადგურების
ქსელის გახსნა მინდოდა ტეხასში. და მხოლოდ ერთი რამე მაწუხებდა, რამდენად
იმოქმედებდა ომზე მოარული ხმები და გერმანელი და იტალიელი ფაშისტების
იარაღის ჟღარუნი ჩემს შემოსავალზე და მოგების მიღების შესაძლებლობაზე.

ყველაზე უტყუარი პირველწყაროდან მიღებული ინფორმაციაა. სწორედ მაშინ,


სექტემბერში, რამდენიმე დღით ვაშინგტონში ჩავედი და გადავწყვიტე, ბედი მეცადა
და როგორმე გამეგო, მამაჩემი როგორ აფასებდა შექმნილ მდგომარეობას, რათა
საქმიანი კონიუნქტურის პერსპექტივები განმესაზღვრა. როგორღაც მოვახერხე, ათი
წუთით მასთან პირისპირ დავრჩენილიყავი მის კაბინეტში. ეს ზუსტად მას მერე იყო,
რაც მან ჰიტლერს[7] თავისი მეორე ნოტა გაუგზავნა და მისი ტექსტი პრესას გადასცა
გამოსაქვეყნებლად.

მე მას გავუზიარე ჩემი გეგმები, რომ რადიოსადგურის საკონტროლო აქციების


შესყიდვას და ამ გზით სოლიდური, რენტაბელური საწარმოს შექმნას ვაპირებდი.

- თუმცა, - დავამატე მე, - მთელი ეს მითქმა-მოთქმა ომზე... - და პასუხის მოლოდინში


შევხედე. მან სავარძელი ოდნავ უკან გაწია და თვალი გამისწორა. უხერხული სიჩუმე
ჩამოვარდა. ცოტა არ იყოს, შევცბი, მაგრამ განვაგრძე: „გაზეთებს რომ კითხულობ,
შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ეს ყველაფერი ხვალვე იწყება. არა მგონი, ამან ახალი
საწარმოების შექმნას შეუწყოს ხელი.“

მამას გაეღიმა: - გინდა გითხრა, რომ ომი არ დაიწყება? რომ შეგიძლია შენს
რადიოსადგურებს მიხედო? რომ ასაღელვებელი არაფერია? რომ შენ პირველივე
წელს მიიღებ მოგებას და მესამე წლის ბოლოსთვის გამდიდრდები?

- ვიფიქრე, იქნებ...

- ყველაფერს გეტყვი, რაც ვიცი - დაახლოებით იგივეს, რაც ყველამ იცის, ვინც თვალს
ადევნებს მოვლენების განვითარებას. ადრე თუ გვიან, ევროპაში რაღაც დასრულდება.
ადრე თუ გვიან, ინგლისი და საფრანგეთი გადაწყვეტენ, რომ ჰიტლერმა ძალიან შორს
შეტოპა. ეს, ალბათ, ამ დღეებში არ მოხდება, მაგრამ ამასაც ვერ ვიტყვი დაბეჯითებით.
რუსეთის როლი... ჩეხოსლოვაკიელი ხალხი...

- მაგრამ თუ ევროპაში მართლა მოხდა რამე, აუცილებელი ხომ არ არის, რომ ჩვენც
ვიყოთ ამ მოვლენებში ჩართული?

- ჩვენ სწორედ იმას ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ


განზე დავრჩეთ. ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, უდიდესი იმედი... - მამა გაჩუმდა,
მაგიდიდან რაღაც ნივთი აიღო, ხელში შეატრიალ-შემოატრიალა და
შუბლშეჭმუხნილი, დაბნეული მომაჩერდა.

- იცი, რა, - თქვა უცებ, - შენს ადგილას, რაც შეიძლება სწრაფად და ენერგიულად
მოვკიდებდი რადიოსადგურებს ხელს. რამდენიმე საგაზეთო სათაურის გამო უკან არ
უნდა დაიხიო. შეუდექი საქმეს და შანსი ხელიდან არ გაუშვა. დარწმუნებული ვარ,
წარმატებას მიაღწევ.

სულ ეს იყო. როცა სახლში, ტეხასში ვბრუნდებოდი, ვცდილობდი, ჩავწვდომოდი,


მივმხვდარიყავი, რას ემყარებოდა ეს მოულოდნელი და, შეიძლება ითქვას,
მეტისმეტად მტკიცე რწმენა და რა უნდა ყოფილიყო ამის მიღმა ასე ვთქვათ,
სტრიქონებს შორის წასაკითხი ფარული აზრი. თუმცა, 1938 წლის სექტემბერსა და
ოქტომბერში ჩვენ - ამერიკელების უმრავლესობა, ჯერ კიდევ ასეული სინათლის
წლით ვიყავით დაშორებული რეალობის აღქმას; ბოლოს მხრები ავიჩეჩე და
გადავწყვიტე, ჩემი საქმისთვის მიმეხედა და ევროპაზე აღარ მეფიქრა.
ალბათ, უფრო მეტ ხალხს (აქ საკუთარ თავსაც ვგულისხმობ) რომ არ აეჩეჩა მხრები
და ყველას მეტი ყურადღება მიგვექცია იმისთვის, რაც ჩვენგან არც ისე შორს
ხდებოდა - მანჯურიაში თუ ჩეხოსლოვაკიაში, ეს უფრო მეტ სარგებლობას
მოგვიტანდა და სისხლსაც ნაკლებს დავღვრიდით. ამ მოსაზრების მართებულობა
რომ გადამემოწმებინა, გადავხედე იმ დღეების და კიდევ უფრო ადრეული პერიოდის
ზოგიერთ ოფიციალურ დოკუმენტს. აი, მაგალითად, მამაჩემის 1938 წლის 20
აპრილის პრეს-კონფერენციის ჩანაწერები. ერთი სკეპტიკურად განწყობილი
კორესპონდენტი ეკითხებოდა, საჭირო იყო თუ არა თავდაცვითი ნაგებობები წყნარი
ოკეანის სანაპიროებთან. კორესპონდენტის აზრით, ჩვენ ერთდროულად მაინც ვერ
შევძლებდით ფილიპინების და წყნარ ოკეანეში დასავლეთი ნახევარსფეროს სხვა
ჩვენი კუნძულების დაცვას თავდასხმისაგან.

მამაჩემი ასეთ პასუხს აძლევს: - რა თქმა უნდა, თუ საქმე მხოლოდ ერთ


მოწინააღმდეგესთან გვექნება, მაშინ მართალი ბრძანდებით. მაგრამ, დავუშვათ ორი
მოწინააღმდეგე დაგვესხა თავს, თანაც სხვადასხვა მხრიდან. მაშინ, თქვენ უფრო
სწრაფი მოქმედება უნდა დაიწყოთ. ჯერ ერთს უნდა გაუმკლავდეთ, შემდეგ ჯარი
შემოაბრუნოთ და მეორეს შეუტიოთ. ასე მგონია, ეს არის ჩვენი გადარჩენის
ერთადერთი გზა.

პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა დიდი


მსჯელობა და კამათი ატყდა და მთელი ქვეყანა მოიცვა, მამა ყველაფერს აკეთებდა,
რომ მსგავს პერლ-ჰარბორებს მოუმზადებელი არ დავხვედროდით. ამ დროს კი
წარმომადგენელთა პალატის წევრები კონგრესში - ბრიუსტერი (მენის შტატიდან) და
ჰამილტონ ფიში (ნიუ-იორკის შტატიდან), სენატორები - ვანდენბერგი (მიჩიგანის
შტატიდან), კაპერი (კანზასის შტატიდან) და ბორა (აიდაჰოს შტატიდან) სათავეში
ედგნენ კამპანიას ყველა იმ კანონ-პროექტის წინააღმდეგ, რომელიც არმიისა და
ფლოტის სათანადო დაფინანსებას ითვალისწინებდა; ჰერსტის გაზეთები და
მაკკორმიკ-პატერსონი თავდაუზოგავად აკრიტიკებდნენ კოლექტიური
უსაფრთხოების იდეას და იზოლაციისკენ მოგვიწოდებდნენ.

1940 წლის ივნისში ნიუ-იორკში ვიყავი და უკან დაბრუნებისას, ტეხასის გზაზე,


ვაშინგტონში შევიარე. მეც ისევე, როგორც ბევრ მეწარმეს იმ დროს, მაწუხებდა
გადასახადები და, განსაკუთრებით კი, ყბადაღებული ჭარბი მოგების გადასახადი.
მსხვილი კომპანიებისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მცირე საწარმოებს
უმნიშვნელო კაპიტალითა და საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალიანებებით, ეს ძალიან
მძიმე ტვირთად დააწვებოდა. ამ თემაზე საუბარი წამოვიწყე მამაჩემთან, რომელიც
საუზმეს ამთავრებდა და სამუშაო დღის დასაწყებად ემზადებოდა.

- როგორ მოვიქცე, მამა? ნუთუ მთავრობას არ სურს, რომ ჩვენ - წვრილ მეწარმეებს
ვალების გადახდაც შეგვეძლოს და მოგებაც ვნახოთ?

მან გამიღიმა და იატაკზე გადმომიყარა ჩიკაგოს, ნიუ-იორკის და ვაშინგტონის


გაზეთების მთელი გროვა.

- ყავა დალიე? - მკითხა მან.

- გმადლობთ, არ მინდა. რას მეტყვი ჭარბი მოგების გადასახადზე?

- შენ თვლი, რომ შენი კომპანია ტიპურია?


- არა, მაგრამ...

- მეთანხმები, რომ სახსრები უნდა მოიძიო? და, რომ ახლა, როცა მსხვილი
კორპორაციები შეუდგნენ სამხედრო დაკვეთების შესრულებას კონტრაქტებით,
რომლებშიც გათვალისწინებულია ნაწარმის თვითღირებულება, პლუს
გარანტირებული მოგება, მათი მზარდი მოგება სახსრების შოვნის შესანიშნავი წყაროა?
რომ ჩვენ გვესაჭიროება ფული საკმაოდ ძლიერი ფლოტის, არმიისა და საჰაერო
ძალების შესაქმნელად?

- ეს ასეა, მაგრამ. ჩემს პატარა საწარმოს რა...

მან სიტყვა შემაწყვეტინა: - გასაგებია რომ ეს ახალი გადასახადი ვიღაცას მძიმე


მდგომარეობაში ჩააგდებს. ჩვეულებრივ, მე ყველაზე მეტად იმაზე ვზრუნავ, რომ
მცირე მეწარმეს გარკვეული კოზირები ეჭიროს ხელში მსხვილებთან კონკურენციის
დროს. მაგრამ ახლა კონიუნქტურა და გადასახადები არ არის ერთადერთი, რაზეც
გვიხდება ფიქრი.

საქმე ბევრად უფრო სერიოზულ რამეს ეხება. მე კარგად მესმის, რომ შენ თავი
გისკდება ყველა ამ უსიამოვნებისგან, გითანაგრძნობ კიდეც. აი, ასპირინი, დალიე.

მე გამეცინა. მაგრამ კიდევ ერთი რამ მაინტერესებდა.

- მობილიზაციასთან დაკავშირებით როგორაა საქმე? - ვკითხე მე.

ეს შეკითხვა სრულიად მოულოდნელად დავსვი, და მგონი თავიდან ვერც კი მიხვდა,


რას ვეკითხებოდი. მოეჩვენა, რომ კორპორაციების მოგების იძულებით
მობილიზაციაზე ვკითხე.

მაგრამ ბოლოს მიპასუხა: - ჰო, შენ სამხედრო სამსახურში გაწვევას გულისხმობ. მაინც
რა გაინტერესებს?

- უბრალოდ მინდოდა გამეგო შენგან: შენი აზრით, როგორ უნდა მოვიქცეთ ჯონი,
ფრანკლინი და მე, თუ კანონი სამხედრო ვალდებულების შესახებ დამტკიცდება.
ჯიმის, ალბათ, ასაკის გამო უკვე აღარ...

- ასეა თუ ისე, ჯიმი საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის რეზერვშია უკვე ჩარიცხული, -


შემახსენა მან.

- გაქვს რაიმე მონაცემები, რა სახით იქნება კანონპროექტი მიღებული? ვგულისხმობ,


ასაკობრივ ზღვარს და მსგავს დეტალებს.

- მოდი, მე და შენ ასე შევთანხმდეთ. თუ ეს კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს,


თითოეული თქვენგანი მოიქცევა ისე, როგორც ამას საკუთარი სინდისი უკარნახებს.
თუ გსურთ, რომ ამ კანონპროექტის გასვლას დაელოდოთ, ესეც თქვენი საქმეა. როცა
ის კანონად იქცევა, საქმე გექნებათ ადგილობრივ გამწვევ კომისიასთან და ეს კომისია
მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საკმაოდ კარგად მიცნობთ, რომ ჩემი რჩევის
იმედად იყოთ. აქამდე არასოდეს ჩავრეულვარ თქვენს საქმეებში. და ამას ვერც
სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი მამაკაცების გაწვევაზე კანონის მიღება შეცვლის.
ამას ვერაფერი შეცვლის!
ამით დავასრულეთ.

პირადად მე ამ საუბარმა ვერ დამაკმაყოფილა. იმაზე ბევრად ნაკლები რამ მითხრა,


ვიდრე მასთან მისვლამდე ვიცოდი. არანაირი ოპტიმიზმი არ გამოამჟღავნა იმ
საგადასახადო პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც მცირე საწარმოებს
შეექმნათ; არც კი მიმანიშნა, მისი აზრით, როგორ უნდა მოვქცეულიყავი პირადად მე.
ვთქვი, ამ საუბრით უკმაყოფილო დავრჩი-მეთქი. ვგულისხმობ იმ შთაბეჭდილებას,
რომელიც მაშინ შემექმნა. ახლა, უკან რომ ვიხედები, მესმის, რომ მამაჩემი
ყოველთვის სწორად იქცეოდა, ცდილობდა, დამოუკიდებლად მემოქმედა.

იმ ზაფხულს ტეხასში ვმუშაობდი და გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მივიღე.


ტეხასი შესაფერისი ადგილია იმისათვის, რომ მოინდომო მოხალისედ წასვლა შენი
ქვეყნის არმიაში ან ფლოტში. ყურადღებით ვკითხულობდი გაზეთებს ყოველ
დილით, და ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი ქვეყანა იძულებული
გახდებოდა, მონაწილეობა მიეღო ომში. ჩემი საწარმო? ის საკმაოდ მყარად იდგა
ფეხზე; სამხედრო შეკვეთების შედეგად სამრეწველო წარმოების ზრდა, ალბათ,
მხოლოდ რეკლამის ხარჯზე გაზრდილ შემოსავლებს შეეხებოდა. რა მიშლიდა ხელს,
რომ სამხედრო სამსახურში ჩავმდგარიყავი? და, ბოლოს და ბოლოს, რა
ვალდებულებას მაკისრებდა სამხედრო სწავლების ერთწლიანი კურსის გავლა?
(ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენებოდა მაშინ). რატომ არ უნდა ჩავწერილიყავი
მოხალისედ? ვიფიქრე, რომ სულაც არ იქნებოდა ურიგო, დაწვრილებითი
ინფორმაცია მომეძია ამის შესახებ.

ამიტომაც, აგვისტოში ისევ გავემგზავრე ვაშინგტონში და მივედი სამხედრო


სამინისტროში. რამდენიმე წლის წინ მოყვარული მფრინავი ვიყავი, მერე საავიაციო
მრეწველობაში ვმუშაობდი; ჰერსტის გაზეთების საავიაციო განყოფილების
რედაქტორობაც მომიწია. ამიტომ, მეჩვენებოდა, რომ ჩემი ადგილი არმიის საჰაერო
ძალებში იყო. გარკვეულწილად, ეს რუზველტების ფლოტისადმი საგვარეულო
ერთგულების ღალატი იქნებოდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მე
რუზველტებიდან ერთადერთი ვიყავი, ვისაც ჰარვარდის უნივერსიტეტში არ
უსწავლია.

„ჰეპ“ არნოლდს დიდი ხანია, ვიცნობდი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ვიცე-
პოლკოვნიკი იყო და კალიფორნიაში მარჩის აეროდრომზე მსახურობდა. მამაჩემი
არნოლდს დიდად აფასებდა და მის აზრს ანგარიშს უწევდა; 1940 წელს არნოლდი
უკვე გენერალ-მაიორი და არმიის საჰაერო ძალების მეთაური გახდა. სავსებით
ბუნებრივი იქნებოდა, მის სანახავად მივსულიყავი და მისი ოფიცრებისთვის მეკითხა,
რა გზით უნდა მოვხვედრილიყავი სამხედრო ავიაციაში.

მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. საკმარისი გახდა სამედიცინო შემოწმება და


გამომიცხადეს, რომ არ გამოვდგებოდი სამხედრო სამსახურისათვის და საგანგებო
განცხადებით უარი უნდა მეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დადგენილ
შეღავათებზე, თუ მსურდა, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მაინც დავენიშნე.
მე ჩავებღაუჭე ამ შესაძლებლობას; ოფიცრები, რომლებთანაც გასაუბრება მომიხდა,
თვლიდნენ, რომ რადიოსადგურების ხელმძღვანელობის გამოცდილება შეიძლებოდა
მომარაგების განყოფილებაში გამომდგომოდა. ასაკის მიხედვით თადარიგის
კაპიტნის ჩინი მერგებოდა. ასე რომ, ყველაფერი კარგად აეწყობოდა. ჩემს
განზრახვაზე ახლობლებისთვის არაფერი მითქვამს. 19 სექტემბერს ოფიციალურად
შემატყობინეს, რომ ოფიცრის წოდება მომანიჭეს. ახლა უკვე მზად ვიყავი,
მამაჩემისთვის მეცნობებინა ახალი ამბავი.

იმ დღეს თეთრ სახლში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული თავისი კაბინეტის


წევრებთან, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხე მასთან შეღწევა.

- აი, მამა. შეხედე.

მან დახედა ჩემთვის ოფიცრის წოდების მინიჭების ბრძანებას და ცრემლებით სავსე


თვალებით შემომხედა. მისი ვაჟიშვილებიდან მე ვიყავი პირველი, ვინც სამშობლოს
სამსახური გადაწყვიტა. თავიდან ხმა ვერ ამოიღო, მერე კი მითხრა: - ძალიან ვამაყობ
შენით.

მისმა აღელვებამ სიამაყით ამავსო. უახლოეს კვირადღეს მთელმა ოჯახმა თავი


მოიყარა ჰაიდ-პარკში, ერთბაშად ორი დაბადების დღის აღსანიშნავად - ბებიაჩემის,
რომელიც 21 სექტემბერს იყო და ჩემი, რომელიც 23-ში უწევდა. სადილზე მამამ
სადღეგრძელო წარმოთქვა: - ელიოტს გაუმარჯოს! მან, ჩვენი ოჯახიდან პირველმა,
სერიოზულად და საღად შეაფასა საშიშროება, რომელიც ამერიკას ემუქრება და
სამშობლოს შეიარაღებულ ძალებში შევიდა. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისით, ყველაზე
მეტად კი - მე!

მამამ, დედამ, ბებიამ და ჩემმა ძმებმა ჩემი სადღეგრძელო შესვეს.

შემდგომ ბევრჯერ დავრწმუნებულვარ, რომ მამასთან ჩემი სიახლოვე სწორედ მას


შემდეგ დაიწყო, რაც თეთრი სახლის სამთავრობო ფრთაში, მის კაბინეტში მივედი და
ბრძანება ვაჩვენე. მართალია, თავის დროზე, 21 წლის რომ გავხდი, ჩვენ ერთად
გავატარეთ მთელი ზაფხული ევროპაში, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული რამ
იყო. ახლა ის ჩემთან უფრო გულახდილი იყო; ჩვენ შორის კავშირი კიდევ უფრო
გამყარდა. ისე გამოვიდა, თითქოს მან თავის გუნებაში გამოცდა მომიწყო და მე ამ
გამოცდას გავუძელი. მისთვის ეს ბევრს ნიშნავდა, მერწმუნეთ, - ჩემთვისაც.

იმავე საღამოს, როცა მამაჩემის საძინებელში შევედი, რომ მისთვის ტკბილი ძილი
მესურვებინა, მთხოვა, რამდენიმე წუთით დავრჩენილიყავი მასთან სამუსაიფოდ.
მკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი. - მშვენივრად, - ვუპასუხე. ვილაპარაკეთ რაიტის
აეროდრომზე ოჰაიოში, სადაც მე ვიყავი განაწილებული. მკითხა, რას ვფიქრობდი
ომზე. ერთადერთი ეჭვი, რაც იმ დღეებში მაწვალებდა და რასაც სხვებიც
იზიარებდნენ, ეს იყო: რატომ უნდა მიგვეყიდა იაპონიისთვის რკინის ჯართი?
შეუძლებელია, არ გვცოდნოდა, რომ რკინის ჯართს, რომელსაც იაპონიაში
ვგზავნიდით, სიკვდილი მოჰქონდა ჩინელებისთვის...

- ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ, - მიპასუხა მამამ, ჩაფიქრებულმა, - ეს მხოლოდ


მდგომარეობა არ არის. ეს აზროვნების ფორმაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ომი არ გვინდა;
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ომისთვის მზად არ ვართ. რკინის ჯართი, - ოღონდ არ
გაგეცინოს, - არ ითვლება ჩვენთან სამხედრო მასალად. ამდენად, იაპონიას, როგორც
ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელთანაც სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს, შეუძლია
იყიდოს ჩვენგან ეს მასალა.

- კი, მაგრამ...
- უფრო მეტიც. ჩვენ რომ მოულოდნელად შეგვეწყვიტა რკინის ჯართის მიყიდვა
იაპონიისთვის, იაპონელებს უფლება ექნებოდათ, ეფიქრათ, რომ ჩვენ ვაჭრობა
გამოვიყენეთ და არამეგობრული აქტი განვახორციელეთ, რათა მათთვის ყელში
წაგვეჭირა ხელი, შიმშილით მოგვეღო ბოლო. და განა მხოლოდ ეს: იაპონიას უფლება
ექნებოდა, განეხილა ჩვენი ეს ნაბიჯი, როგორც დიპლომატიური ურთიერთობების
გაწყვეტის საფუძველი. მეტსაც გეტყვი. იაპონია რომ თვლიდეს, - ჩვენ არა ვართ
საკმარისად მომზადებული ომისათვის, არა ვართ სათანადოდ შეიარაღებული,
შესაძლოა, ესარგებლა ამით და ჩვენთვის ომის გამოცხადების საბაბად გამოეყენებინა.

- ეს ხომ ბლეფი იქნებოდა.

- ალბათ. უფრო სწორად, ნამდვილად. მაგრამ, შეგვწევს კი ძალა, გამოვააშკარავოთ ეს


ბლეფი?

აქ გამახსენდა პოლკოვნიკ მაკკორმიკის გაზეთის - „ჩიკაგო ტრიბუნის“ წამყვანი


სტატიები და იმ სენატორებისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების
გამოსვლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იაპონიას არა აქვს ჩვენ მიმართ საომარი
განზრახვები და რომ ჩვენს ინტერესებს შორეულ აღმოსავლეთში საფრთხე არ
ემუქრებოდა. გამახსენდა, რომ მამაჩემს ომის გაჩაღების მცდელობაშიც კი სდებდნენ
ბრალს.

- საქმის არსიდან გამომდინარეც და ფაქტობრივადაც, - განაგრძო საუბარი მამამ, -


ჩვენ იაპონიის დაშოშმინებას ვუნდებით. საზიზღარი სიტყვაა, არ იფიქრო, რომ
მომწონს. მაგრამ, სწორედ ასეა. ჩვენ ვამშვიდებთ იაპონიას, რომ დრო მოვიგოთ
უძლიერესი ფლოტის, უძლიერესი არმიის შესაქმნელად...

- და უძლიერესი ავიაციისა, - დავამატე მე.

- და უძლიერესი ავიაციისა, - მამას გაეღიმა. - მართალი ხარ. შენი თანდასწრებით


ავიაცია უფრო ხშირად უნდა ვახსენო.

რამდენიმე დღის შემდეგ უკვე გზაში ვიყავი, კაპიტნის ჩინით მივემართებოდი ჩემი
ახალი, ჩემთვის უჩვეულო სამუშაო ადგილისკენ არმიის ავიაციის მომარაგების
განყოფილებაში. სიმართლე გითხრათ, აზრადაც არ მომდიოდა, რომ მამაჩემის
პოლიტიკური მოწინააღმდეგეები შეეცდებოდნენ, გარკვეული პოლიტიკური
სარგებელი ეპოვათ იმაში, რომ მე, ყოველგვარი ქვენა აზრის გარეშე, მოხალისედ
შევედი არმიაში და თხოვნა შევიტანე ოფიცრის ჩინის მიღებაზე. მე არმიაში
გასართობად არ შევსულვარ, არც იმიტომ, რომ ამისგან უფრო დიდი სიამოვნების
მიღებას ველოდი, ვიდრე ჩემი სამეწარმეო საქმიანობისაგან ტეხასში. ამის იმედი არც
მქონდა. მაგრამ, გავიდა რამდენიმე კვირა და დაიწყო!

1940 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაახლოებით 35 ათასი წერილი და ბარათი


მივიღე ქვეყნის ყველა კუთხიდან, რა თქმა უნდა, ძირითადად ანონიმური.
დამიჯერეთ, ეს წერილები და ბარათები ძალიან მწარედ მხვდებოდა გულზე. სწორედ
ამ დროს მამა ჩამოვიდა დაიტონში; ის წინასაარჩევნო ტურნეს მართავდა შუა
დასავლეთის შტატებში. ამ ტურნეს დროს მას განზრახული ჰქონდა, გენერალ ჰეპ
არნოლდის თანხლებით დაეთვალიერებინა აეროდრომი რაიტი. მამაჩემის ვაგონში
შევედი. მინდოდა, დავლაპარაკებოდი.
- დამიჯერე, მამა, საქმე მარტო მე არ მეხება. ხომ შეიძლება, ამ ყველაფერმა შენს
რეპუტაციას ავნოს.

მან სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა. იოლი არ იყო იმ ბრალდების


მოსმენა, თითქოს მე ვცდილობდი, საკანცელარიო მაგიდას ამოვფარებოდი, რომ
ფრონტისგან მეხსნა თავი. პრეზიდენტი კი თავის გავლენას იყენებდა
საშიშროებისგან ჩემ დასახსნელად. მამამ მკითხა, რა შემეძლო და რას ვიღონებდი.

- უნდა გადავდგე. უარი უნდა ვთქვა ჩინზე. მინდოდა, შენთვის მეთქვა ეს. ხომ ვიცი,
რას ფიქრობდი, როცა გითხარი...

- შენ მე, როგორც მთავარსარდალს, ისე მელაპარაკები? - თვალებში ხალისიანი


ნაპერწკალი აუკიაფდა.

- თუნდაც, ასე იყოს.

- დაიცადე, - სტივ ერლის მიუბრუნდა და უთხრა: „სტივ, სთხოვეთ ჰეპ არნოლდს,


ერთი წუთით დაბრუნდეს“.

როცა გენერალი არნოლდი შემოვიდა სალონში, მამამ მას ჩემი თხოვნა გადასცა.

- თქვენთვის მომინდვია ამ საქმის გადაწყვეტა, ჰეპ, - უთხრა მან, - ეს თქვენ გეხებათ.


მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. და ფანჯრისკენ შებრუნდა.

გენერალმა არნოლდმა თვალი ჩამიკრა: - ამას სერიოზულად ამბობთ, კაპიტანო?

- რა თქმა უნდა, სერ.

- მაინც, რას აპირებთ? ისევ მოხალისედ აპირებთ არმიაში რიგითად შესვლას? ასეა,
არა?

- ვფიქრობ, კანადის სამეფო საჰაერო ძალებში შევიდე, თუ არმიაში რიგითად შესვლა


არ გამომივა, სერ.

- ჰმ, ...თუ ასეა, ოფიციალურ ინსტანციებს ჩააბარეთ თქვენი თხოვნა გადადგომის


შესახებ. დაასაბუთეთ ის. ჩვენ განვიხილავთ თქვენს საქმეს.

ასე წავიდა ჩემი თხოვნა ოფიციალურ ინსტანციებში. ერთი კვირის შემდეგ მოვიდა
პასუხი: „თხოვნაზე უარი ეთქვას“. ამის შემდეგ დავიწყე შეტევა უფროსობაზე -
თხოვნას თხოვნაზე ვუგზავნიდი სამხედრო სამსახურის ადგილის შეცვლაზე,
როგორმე ოკეანის გაღმა დანიშვნისთვის რომ მიმეღწია. და სულ მალე მივაღწიე
კიდეც: გადამიყვანეს ბოლინგის აეროდრომზე საჰაერო დაზვერვის ოფიცრის კურსის
გასავლელად გონიერი ახალგაზრდა ოფიცრის - ლორის ნორსტადის
ხელმძღვანელობის ქვეშ. მას უესტ-პოინტის სამხედრო აკადემია ჰქონდა
დამთავრებული. სადაზვერვო კურსის გავლის შემდეგ გამგზავნეს 21-ე სადაზვერვო
ესკადრილიაში, რომლის მეთაური მაიორი ჯიმი კრები გახლდათ. ესკადრილიას
ბაზა ნიუფაუნდლენდში ჰქონდა. მას ევალებოდა პატრულირება - ჩვენი ხომალდების
დაცვა გერმანული წყალქვეშა ნავებისგან ატლანტის ოკეანის ჩრდილო ნაწილში.
ამრიგად, მართალია, ოკეანე ჯერ კიდევ ვერ გადავლახე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ
მიზანთან უკვე ახლოს ვიყავი.
დიდხანს ვცდილობდი, შესაფერისი სიტყვა გამომენახა ნიუფაუნდლენდში 1941
წელს ცხოვრების პირობების, ამინდის და ადგილის დასახასიათებლად, თუ
შეიძლება, ამას ადგილი ეწოდოს. ალბათ, ყველაზე მეტად დამთრგუნველი
შეეფერება, თუ ამ სიტყვით ჭუჭყი, სიცივე და მოწყენილობა უნდა გამოვხატოთ. 1941
წლის მარტში ნიუფაუნდლენდზე უარესი ადგილის წარმოდგენა ძნელი იყო, ამიტომ
საკუთარი ნებით გამოვთქვი სურვილი, მონაწილეობა მიმეღო რეკოგნოსცირების
ექსპედიციაში არქტიკაში - საჰაერო ბაზისთვის შესაფერისი ადგილების შესარჩევად,
რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა შუალედურ პუნქტებად
გამანადგურებლების შეერთებული შტატებიდან ინგლისში გადასაყვანად. ყველაზე
საჩოთირო ამ საქმეში ის იყო, რომ არ უნდა დაგვეშვა დაძაბულობის შექმნა არმიასა
და ფლოტს შორის. ამ დავალების შესასრულებლად მომიხდა ლაბრადორიდან,
ბაფინის მიწის გავლით, გრენლანდიასა და ისლანდიაში, და შემდეგ ინგლისში
ჩასვლა, სადაც ჩემს ხელთ არსებული მონაცემები ინგლისის საავიაციო სამინისტროს
მონაცემებისთვის უნდა შემედარებინა. გულახდილად რომ ვთქვა, მერჩივნა,
ინგლისში ცოტა მოგვიანებით მოვხვედრილიყავი; ნაცისტები ინგლისურ ქალაქებს
დაუნდობლად ბომბავდნენ (1941 წლის მაისი-ივნისი). მართალია, იქ როცა ჩავედი,
უკვე ყველაფერი მთავრდებოდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო. ისევე როგორც ამ
მოვლენების სხვა მოწმეები, მეც შემძრა ნანახმა - დაბომბილი შენობების ნანგრევებმა;
საოცარ უმწეობას ვგრძნობდი, როცა ყოველი მხრიდან ბომბები ცვიოდა, ადგილიდან
დაძვრა კი შეუძლებელი იყო.

ომის პერიოდში ინგლისში ჩემი ამ პირველი ჩასვლის დროს კვირადღის


გასატარებლად მიმიწვიეს ჩეკერსში, ჩერჩილის რეზიდენციაში, ქალაქგარეთ.
ნეტარებას განვიცდიდი ოჯახურ წრეში დასვენებით, თუმცა ორჯერ აღმოვჩნდი
უხერხულ მდგომარეობაში: ჯერ იყო და, უფროსი მსახური, ჰოლივუდის
კინოფილმების პერსონაჟს რომ წააგავდა, კართან შემხვდა და ჩემი ბარგი მოიკითხა.
მე კი არაფერი მქონდა სავარცხლისა და კბილის ჯაგრისის მეტი! მერე შესანიშნავი
ჩინური აბრეშუმის პიჟამა მათხოვეს. კვირა დილით გაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ
ის ნაკერებზე გარღვეულიყო - მეტისმეტად ვიწრო მქონდა!

1941 წლის შუა ზაფხულში ჩემმა ესკადრილიამ შეარჩია ხუთი ადგილი ბაზებისათვის
პოლარული წრის ზევით. ჩვენს ბაზებს სახელები დავარქვით, რომლებიც, ალბათ,
მხოლოდ იმ მფრინავებისთვის იყო ცნობილი, რომელთაც მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში ამ ბაზებით სარგებლობა მოუხდათ: „გუზ ბეი“ - ლაბრადორში, „ბლუ
ისტ“ - გრენლანდიაში, „კრისტალ 1“ - კვებეკში და „კრისტალ 2“ და „კრისტალ 3“ -
ბაფინის მიწაზე.

ასეთი იყო ჩვენი მონაწილეობა თვითმფრინავების გადაყვანის სისტემის შექმნაში,


რომლის მეშვეობითაც 1942 და 1943 წლების ზაფხულში ინგლისმა მიიღო უამრავი
გამანადგურებელი და ბომბდამშენი.

აგვისტოს დასაწყისში მე ისევ მოვხვდი ბაფინის მიწაზე. ტუნდრის ჭაობიან მიწაში


მუხლებამდე ჩაფლული მიწის ნაკვეთების ფოტოებს ვიღებდი კამბერლენდის ყურის
შესასვლელში საჰაერო პორტის ასაშენებლად. მოულოდნელად რადიოგამოძახება
მივიღე, უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს ბაზაზე, ნიუფაუნდლენდში.
სამსახურეობრივი საქმეები, - გავიფიქრე. გენდერის ტბასთან მდებარე ბაზაზე
მელოდებოდა თვითმფრინავი „OA-10 გრუმანი“, პილოტთან ერთად. გვიბრძანეს, 8
აგვისტოს სენტ-ჯონსში თვითმფრინავის ბორტზე აგვეყვანა გენერალი, რომელიც
ამერიკული ძალების მეთაური იყო ნიუფაუნდლენდში, და მასთან ერთად
არჯენტიის საზღვაო ბაზისკენ აგვეღო გეზი. საინტერესოა! შეიძლებოდა, მხოლოდ
მევარაუდა, რომ ვინმეს უმაღლესი ხელმძღვანელობიდან სურვილი გაუჩნდა,
მოგვთათბირებოდა იმ ბაზებთან დაკავშირებით, რომელთა ფოტოებსაც მე ვიღებდი.

ჩვენი გენერალი უსიტყვოდ იჯდა პატარა „გრუმანის“ უკანა სავარძელზე, მე კი -


მეორე პილოტის ადგილზე. როცა გადავუფრინეთ ქედს, რომლის ძირში არჯენტიის
ნავსადგური მდებარეობდა, ჩვენმა პილოტმა გაოცებისგან დაუსტვინა. ყურე სავსე
იყო სამხედრო ხომალდებით, მათ შორის ბევრი იყო დიდი ხომალდიც.
გაოგნებულები მივაჩერდით ერთმანეთს. რადიოთი მითითება გადმოგვცეს, სად
უნდა დაგვესვა თვითმფრინავი და რამდენ ხანს დაგვჭირდებოდა ლოდინი, ვიდრე
ჩვენს წასაყვანად კატერს გამოგზავნიდნენ. ველოდებოდით და ვარაუდებს
ვაწყობდით, რა მიზეზით ჰქონდა ღუზა ჩაშვებული კრეისერების და საესკადრო
ნაღმოსნების მთელ ფლოტილიას აქ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო გვეფიქრა, რომ
ატლანტიკის ფლოტის მანევრებზე მოვხვდით.

სულ რამდენიმე წუთში, როცა კატერმა კრეისერთან მიგვიყვანა, ყველაფერი ნათელი


გახდა. ეს იყო „ავგუსტა“ - ბორტზე ავედით და დავინახე, რომ კრეისერის მეთაურის
უკან დგანან მამაჩემის არმიის ადიუტანტი, ბრიგადის გენერალი „მამილო“ უოტსონი
და საზღვაო ადიუტანტი, ვიცე-ადმირალი უილსონ ბრაუნი. იმდენად გამაოგნა მათმა
დანახვამ და ისე დაძაბული ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა, რომ ლამის
ის მცირეც კი დამავიწყდა საზღვაო ეტიკეტიდან, რაც ჯერ კიდევ მაშინ მასწავლეს,
როცა მე პატარა ბიჭი ვიყავი, მამა კი - საზღვაო მინისტრის თანაშემწე. უოტსონი
გაიკრიჭა, ადმირალმა ბრაუნმა ხელი დამიქნია. სწორედ რომ დროზე მოვეგე გონს,
მივბრუნდი კრეისერის კიჩოსკენ და სამხედრო სალამი მივეცი ამერიკის დროშას.
რამდენიმე წამში „მამილო“ უკვე ხელს მართმევდა სიტყვებით: „მთავარსარდალს
თქვენი ნახვა სურს“. წინ გავიჭერი და დავინახე ჩემი ძმა ფრანკლინი, რომელიც
უმცროს ლეიტენანტად მსახურობდა ფლოტში.

- როგორ, შენც აქა ხარ?!

- ამ წუთამდე არაფერი ვიცოდი. გასულ კვირას, „მეირანტი“ და ერთი საესკადრო


ნაღმოსანი მოხსნეს გემების ქარავნების თანხლებიდან, გვიბრძანეს, საპატრულო
სამსახურს შევდგომოდით დაცვის რაზმის შემადგენლობაში, რომელიც ყურეში
შემოსასვლელს იცავს. დღეს დილით კი მითხრეს, გამოვცხადებულიყავი
მთავარსარდალთან „ავგუსტაზე“. ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, რა დავაშავე ისეთი,
რომ ადმირალ კინგს ჩემი შეჯანჯღარება მოუნდა.

- მამა სად არის?

- გემბანის კიჩოზე, კაპიტნის კაიუტაში. შენ რას ფიქრობ, რა ხდება?

- ალბათ იმას, რასაც შენ. საზღვაო მანევრებია?

- აქეთ წამო. საცვლები თუ წამოიყოლე?

- არა. რად მინდა?


- საქმეს ისეთი პირი უჩანს, ორ-სამ დღეს მოგვიწევს აქ დარჩენა.

ეს იყო პარასკევს, ლანჩამდე. პერანგის გარდა, რომელიც კიტელის ქვეშ მეცვა, თან
არაფერი მქონდა. დარჩენა კი, როგორც ჩანს, სამშაბათამდე მომიწევდა. საბედნიეროდ,
მე და მამაჩემს ერთი ზომის საყელოები გვჭირდებოდა. დამეთანხმეთ, უხერხული
იქნებოდა, ატლანტიკის ქარტიაზე ხელის მოწერას ჭუჭყიანი პერანგით
დავსწრებოდი.

თავი მეორე. ატლანტიკის ქარტია

სადილამდე მე და ფრანკლინი რამდენიმე წუთით მამასთან შევედით. მისალმება და


დედაჩვენის და ნათესავების მოკითხვა ვერც კი მოვასწარით, რომ მამამ გვითხრა: -
უოტსონს დავავალე, თქვენთვის აი, ეს მოეტანა, - და მთავარსარდლის ადიუტანტის
აქსელბანდები გამომიწოდა, - მხოლოდ რამდენიმე დღით, - დაამატა ღიმილით და
ფრანკლინსაც გადასცა საზღვაო ფორმის აქსელბანდები.

- მამა, კარგად გამოიყურები, მაგრამ, რა ხდება? სათევზაო ექსკურსიაზე ვართ?

მამაჩემმა გადაიხარხარა: - ასე ჰგონიათ გაზეთებს. ფიქრობენ, რომ სადღაც ფანდის


ყურესთან ვთევზაობ. - ბავშვივით უხაროდა, ასე მოხერხებულად რომ გააცურა
ჟურნალისტები, ვითომ პრეზიდენტის იახტით, „პოტომაკით“, მენის შტატში,
ოგასტასკენ გაემართა.

მერე აგვიხსნა, რაც ხდებოდა.

- ჩერჩილს უნდა შევხვდე. ხვალ ჩამოდის „პრინც უელსით“. ჰარი ჰოპკინსიც მასთან
ერთად იქნება.

მერე უკან დაიხია, უნდოდა დაენახა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე


ახალმა ამბავმა. როგორც ჩანს, შთაბეჭდილება ძლიერი იყო. ახლო-მახლო სარკე არ
იყო და საკუთარი სახის გამომეტყველებას ვერ ვხედავდი, მაგრამ მამა კი ნამდვილად
გახალისდა.

ვიდრე თხრობას გავაგრძელებდე, უნდა ვახსენო თეთრი სახლის ჟურნალისტები,


რომლებიც მამამ არ წამოიყვანა. ჩერჩილთან იყო შეთანხმებული, რომ ეს პირველი
შეხვედრა არც რეპორტიორებს და არც ფოტოგრაფებს არ უნდა გაეშუქებინათ. მამამ
დანაპირები შეასრულა და აღტაცებას ვერ ფარავდა, რომ მოხერხებულად აურია
თავგზა ჟურნალისტებს, ისე იყო გახარებული, როგორც თორმეტი წლის ბიჭი,
რომელმაც „პოლიციელებისა და ავაზაკების“ თამაშის დროს მოახერხა, გაქცეოდა
„კვალში ჩამდგარ“ მეგობრებს.

მეორე დღეს კი ჩერჩილი ჩამობრძანდა ჟურნალისტების დიდი ამალის თანხლებით,


რომლებიც საკმაოდ უხეიროდ იყვნენ შენიღბულნი და თავს ინფორმაციის
სამინისტროს მოხელეებად ასაღებდნენ. ეს იყო მამაჩემისთვის პირველი, მაგრამ არა
უკანასკნელი სიურპრიზი ჩერჩილისაგან.
რაც შეეხება თევზაობას, ერთხელ მართლაც მოახერხა მამაჩემმა ანკესის გადაგდება.
ეს მოხდა ჩემი ჩასვლის წინა დღეს. დაუჭერია თევზი, რომლის სახეობა ხომალდზე
არავინ იცოდა.

- გაგზავნეთ სმითსონის ინსტიტუტში, - უთქვამს მას და მთელი ამ მგზავრობის


პერიოდში აღარც უცდია თევზაობა.

ომის დროს მამაჩემისა და ჩერჩილის პირველი შეხვედრის ადგილად არჯენტიის


არჩევა მრავალი გარემოებით იყო განპირობებული. უსაფრთხოების ინტერესებიდან
გამომდინარე, შეხვედრა ვაშინგტონში არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან ჭორები ამ
შეხვედრის მოსალოდნელი შედეგების ღირებულებას დააკნინებდა. მამაც და
პრემიერ-მინისტრიც მეზღვაურები იყვნენ; როგორც მეზღვაურები, ისინი
უკანასკნელად 1919 წელს შეხვდნენ ერთმანეთს; ასე რომ, ზღვაში შეხვედრის აზრი
შეუძლებელია, ორივესთვის მიმზიდველი არ ყოფილიყო. მაგრამ, ღია ზღვაში ვერ
შეხვდებოდნენ გერმანული წყალქვეშა ნავების შიშით. მაშ, სად? სანაპიროს
რომელიმე ნაკლებ დასახლებული ადგილის კარგად დაცულ ყურეში ან რომელიმე
კუნძულზე ატლანტის ოკეანეში. აზორის კუნძულებზე?! ისინი პორტუგალიას
ეკუთვნოდა და იქ შეხვედრის გამართვა გამორიცხული იყო. პირადად მე ბერმუდის
კუნძულებს, ანდა ვესტ-ინდოეთის ერთ-ერთ კუნძულს ვარჩევდი.
ნიუფაუნდლენდზე აგვისტოშიც კი საგრძნობლად ცივა და ამინდიც მოღუშულია;
მზე იქ იშვიათი სტუმარია და უმეტესად ყველაფერი ნისლითაა დაფარული.
თუმცაღა, ნიუფაუნდლენდს ერთი აშკარა უპირატესობა აქვს - ის მეჩხერადაა
დასახლებული, მის სიახლოვეს განლაგებულია ინგლისის, კანადის და ამერიკის
შეიარაღებული ძალები; თანაც, სამხედრო ხომალდების კონცენტრაცია არჯენტიის
ყურეში ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობდა, რადგან იქ ჩვენს ფლოტს ისედაც ჰქონდა
ბაზა.

ასე აღმოვჩნდი არჯენტიაში. წინასწარ ვტკბებოდი შესაძლებლობით, რამდენიმე


დღით მაინც დამესვენა ყოველდღიური საქმიანობისგან.

ლანჩის დროს და საღამო ჟამის ცივ, რუხ საათებში მე და მამა მის კაიუტაში
ვუსაქმურობდით და ოჯახურ ამბებზე ვსაუბრობდით. ცოტა ხანი ფრანკლინიც იყო
ჩვენთან ერთად; გვიყვებოდა, როგორ მოქმედებდა მათი საესკადრო ნაღმოსანი,
რომელიც გემების ქარავნებს ისლანდიამდე აცილებდა. მამა კარგად გამოიყურებოდა
და ნამდვილად კმაყოფილი იყო, დასვენების საშუალება რომ მიეცა. მეკითხებოდა
ჩემს საქმიანობაზე პოლარული წრის მიღმა, უფრო მეტად კი ჩემს ვიზიტზე
ინგლისში, ჩემს შთაბეჭდილებებზე, იმ ადამიანების განწყობაზე, რომელთაც იქ
ყოფნისას შევხვდი. აინტერესებდა, რა შეგრძნებები გაქვს, თავზე ბომბები რომ
გაცვივა (მე ამის გადატანა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში მომიწია, ასე
რომ, ძალიან ავტორიტეტულიც ვერ ვიქნებოდი), აინტერესებდა ჩემი აზრი
ჩერჩილზე, რომელსაც მამა უკვე წლებია, აღარ შეხვედროდა და ა.შ. მე ვკითხე, რა
მიზანი ჰქონდა მოსალოდნელ შეხვედრას.

- შენ ხომ იყავი ინგლისში, - მიპასუხა, - ნახე იქ ადამიანები. შენ თვითონ მიყვებოდი,
როგორი უფერულები, გამხდრები და გატანჯულები არიან. ასეთი შეხვედრა
უდავოდ მხნეობას შემატებს ინგლისელებს. ასე არ არის?

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.


- დღეს ნაცისტები ევროპის ბატონ-პატრონები არიან. მე მგონი, ამერიკაში ისეთი
აღარავინ დარჩა, ვინც არ აღიარებს, რომ ჩვენი ვალია, დავეხმაროთ ინგლისს,
თუნდაც მორალურად, თუ არ გვინდა, რომ ზარბაზნების ლულები ჩვენ
მოგვიშვირონ და ჩვენც ბომბების ქვეშ აღმოვჩნდეთ.

- ესე იგი, ეს ყველაფერი ადამიანების გასამხნევებლად კეთდება? - ვკითხე.

- არა მხოლოდ. ჩვენი ლენდ-ლიზის მიწოდების პროგრამა? ინგლისელებმა იციან,


რომ საკუთარი სამრეწველო სიმძლავრის ზღვარს მიაღწიეს და ეს ზღვარი შეტევით
ომზე არ არის გათვლილი. შეხვედრაზე სამრეწველო გეგმები უნდა დავსახოთ და,
რაც ინგლისელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მომარაგების პროგრამაზე
ვიმსჯელოთ. მათ ის აღელვებთ, ჩვენ მიერ წარმოებული მასალის რა ნაწილის
მიცემას ვაპირებთ რუსებისთვის.

- მერე?

- ჩემთვის უკვე ცნობილია, რამდენად სჯერა პრემიერ-მინისტრს, რომ რუსები ომის


გაგრძელებას შეძლებენ, - და ჟესტით მანიშნა, რომ ეს რწმენა ნულს უტოლდებოდა.

- როგორც ჩანს, მათი შენ უფრო გჯერა, ვიდრე მას?

- ყველაზე მეტად ჰარი ჰოპკინსს სჯერა. მან კი ჩემი დარწმუნებაც შეძლო.

რა თქმა უნდა, იმ დროს, როცა ეს საუბარი შედგა, ამერიკის სამხედრო მრეწველობის


პროდუქცია ჯერ კიდევ უმნიშვნელო მოცულობისა იყო. ინგლისელებს კი ეშინოდათ,
ამ უმნიშვნელო მოცულობის მხოლოდ ნახევარი არ რგებოდათ.

- პრემიერ-მინისტრი ხვალ აქ იქნება, რადგან იცის (თუმცა ამას არ შეიმჩნევს), რომ


ამერიკის გარეშე ინგლისი ომის გაგრძელებას ვერ შეძლებს.

მე დავუსტვინე. ჩემი თვალით მქონდა ნანახი საჰაერო თავდასხმები, მაისის თვეში


რომ დაატყდა თავს ინგლისის სამრეწველო ცენტრების უმეტესობას, მაგრამ ვერ
წარმოვიდგენდი, ინგლისელების მდგომარეობა ასეთი სერიოზული თუ იყო. ეს
რუსებიც რომ სულ უკან-უკან იხევენ...

- რა თქმა უნდა, - განაგრძო მამამ, - ჩერჩილს ყველაზე მეტად ის აინტერესებს, ჩვენ


როდის ჩავერთვებით ომში. მას კარგად ესმის, რომ ვიდრე ამერიკა მხოლოდ
საწარმოო სფეროთი შემოიფარგლება, ეს ინგლისს მხოლოდ იმაში დაეხმარება, რომ
მტერს გაუმაგრდეს და მეტი არაფერი. მან კარგად იცის, რომ შეტევაზე
გადასასვლელად ამერიკის საომარი ძალები ესაჭიროება.

- ინგლისურ გაზეთებს თუ კითხულობდი, ლონდონში როცა იყავი? - უცებ მკითხა


მამამ.

ვუპასუხე, რომ მომიხდა მთელი რიგი სტატიების წაკითხვა ინგლისურ გაზეთებში,


რომლებიც აკრიტიკებდნენ შეერთებულ შტატებს. წერდნენ, ამერიკას მხოლოდ ის
უნდა, რომ ინგლისს საბოლოოდ გამოეცალოს ძალა და ამ დროს გამოეცხადოს
მხსნელადო. მამაჩემმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
- ცოტა მოიცადე, მოიცადე და შენი თვალით ნახავ. პრემიერ-მინისტრი იმით
დაიწყებს, რომ მოგვთხოვს დაუყოვნებლივ გამოვუცხადოთ ომი ნაცისტებს.

ვუთხარი, რომ ბოლომდე არ მესმის, ჩვენ, ამერიკელები, რას გამოველით ამ


შეხვედრისგან, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მორალურად ისედაც უკვე ინგლისის
მხარეზე ვართ.

- ეს არის პირველი და თანაც, მეტად მნიშვნელოვანი, - მიპასუხა მამამ, - მერე, ნუ


დაგავიწყდება, რომ ჩემთან ერთად აქ ჩვენი შტაბების უფროსებიც არიან. მათ
შეუძლიათ ბევრი რამ გაარკვიონ, მათ შორის ისიც, სინამდვილეში როგორია
ინგლისის საომარი პოტენციალი? მართალია თუ არა, რომ ინგლისელებმა უკვე
ამოწურეს ყველანაირი ადამიანური რესურსი.

- შენთან ერთად კიდევ ვინ არის აქ ჩამოსული? - ვიკითხე. მამაჩემისა და მისი


ადიუტანტების გარდა ჯერ არავინ მენახა.

- კინგი, სტარკი, მარშალი[8], არნოლდი... უფროსობა საკმაოდაა. ყველას ნახავ.

კურიერმა ფოსტა შემოიტანა და საუბარი რამდენიმე წუთით შევწყვიტეთ. მისი


გასვლის შემდეგ მამა მიუბრუნდა შეხვედრის ძირითად მოტივებს. ასე მგონია,
შეხვედრისთვის ემზადებოდა და, თითქოს, თავისი როლის რეპეტიციას გადიოდა.
აანალიზებდა სხვადასხვა შეხედულებებს, რამაც აქ მოიყვანა და ჩერჩილის
მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად განაწყობდა თავს.

- არის კიდევ ერთი გარემოება, - თქვა მან. - ახლა ბრიტანეთის იმპერიის ბედი წყდება.
ინგლისელმა და გერმანელმა ბანკირებმა დიდი ხანია, ხელში ჩაიგდეს თითქმის
მთელი მსოფლიოს ვაჭრობა, თუმცა, ამას ყველა ვერ ხვდება. წინა ომში გერმანიის
დამარცხებამაც კი ვერ შეცვალა ვერაფერი. ეს კი არცთუ მომგებიანია ამერიკის
ვაჭრობისთვის, ასე არ არის? - წარბები ასწია და შემხედა. - თუ წარსულში
გერმანელები და ინგლისელები ცდილობდნენ, არ დაეშვათ ჩვენი მსოფლიო
ვაჭრობაში მონაწილეობა, ჩვენს სავაჭრო ნაოსნობას ხელს უშლიდნენ განვითარებაში,
გვდევნიდნენ სხვადასხვა ბაზრიდან, ახლა, როცა გერმანია და ინგლისი ერთმანეთს
ეომებიან, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? ერთი რამ ნათელია. დღეს ჩვენ არ
შეგვიძლია, ანგარებით ვიმოქმედოთ და ვინმეს მხარეზე დავდგეთ, მხოლოდ იმის
მიხედვით, თუ ვისგან უფრო მეტ სარგებელს ველით. ერთი წუთით დავანებოთ იმას
თავი, რომ ნაციზმი გვძულს და ჩვენი გულები ინგლისელების მხარეზეა. საქმეს
შეიძლება, სხვაგვარადაც შევხედოთ. თავიდანვე პირდაპირ უნდა ვუთხრათ
ინგლისელებს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ „კეთილი ძია“, რომელსაც
ინგლისის იმპერია გამოიყენებს მძიმე მდგომარეობიდან თავის დასაღწევად და
შემდეგ სამუდამოდ დაივიწყებს.

- ვერ ვხვდები, რას გულისხმობს, - ჩავურთე მე.

- ჩერჩილმა გამომიცხადა, რომ ის მისი უდიდებულესობის პრემიერ-მინისტრი


იმიტომ კი არ გახდა, რომ ბრიტანეთის იმპერიის განადგურებას უხელმძღვანელოს
(ჩერჩილმა ეს შემდეგ რადიოთიც განაცხადა). მე კი მგონია, რომ მე გამოვდივარ,
როგორც ამერიკის პრეზიდენტი, როცა ვაცხადებ - ამერიკა ინგლისს ამ ომში არ
დაეხმარება მხოლოდ იმისთვის, რომ ინგლისს საშუალება მიეცეს, ისევ ძველებურად
და დაუნდობლად თრგუნავდეს კოლონიურ ხალხებს, - მამა გაჩუმდა.
- მეჩვენება, - ფრთხილად ვთქვი, - ამ დღეებში იმის მოწმე გავხდები, აქ ვიღაც-
ვიღაცების ბუმბული როგორ გაიფანტება ველად.

- ვნახოთ, - მიპასუხა მამამ, - ვნახოთ.

იმავე დღეს, დაახლოებით ხუთის ნახევარზე „ავგუსტაზე“ მოვიდნენ სამნერ უელესი


და ავერელ ჰარიმანი[9]. მათ მამასთან ერთად უნდა გადაეხედათ რაღაც
დოკუმენტებისათვის; მე ისინი დავტოვე და მხოლოდ ვახშმისთვის დავბრუნდი.

სუფრასთან ძირითადად უმნიშვნელო დეტალებზე ვსაუბრობდით. დასაძინებლად


ადრე დავწექით.

შაბათს, დილის ცხრა საათზე ჩვენ უკვე გემბანზე ვიყავით, დავინახეთ, როგორ
შემოვიდა „უელსის პრინცი“ ყურეში და „ავგუსტას“ სიახლოვეს ჩაუშვა ღუზა. მამა
ჩემს ხელს ეყრდნობოდა. მოგვეჩვენა, რომ ინგლისური ხომალდის გემბანზე
ადამიანების ჯგუფში თითქოს ჩერჩილიც იდგა, მაგრამ მოღრუბლული დილა იყო,
ცრიდა და ამის თქმა ბოლომდე დარწმუნებით არ შეგვეძლო. დაახლოებით ორი
საათის შემდეგ პრემიერ-მინისტრი და მისი თანმხლები პირები
„ავგუსტაზე“ ამოვიდნენ. ეს იყო მამას პირველი შეხვედრა ჩერჩილთან 1919 წლის
შემდეგ, მაგრამ თავიანთ მიმოწერაზე, ტრანსატლანტიკურ სატელეფონო
მოლაპარაკებებზე, ჯანმრთელობაზე, სამუშაოსა და ყოველდღიურ საზრუნავზე
საუბრის შემდეგ ისინი მალე ერთმანეთს „ფრანკლინ“ -ით და „უინსტონ“ -ით
მიმართავდნენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ კერძო საუბრის დროს; სხვა ოფიციალური
პირების თანდასწრებით ისინი ერთმანეთს მიმართავდნენ: „ბატონო
პრეზიდენტო“ და „ბატონო პრემიერ-მინისტრო“. მამამ, ბოლოს და ბოლოს, უკუაგდო
ეს ხელოვნური ფორმალობა, მაგრამ ჩერჩილი ყოველთვის ზედმიწევნით იცავდა მას.

ჩერჩილის პირველი ვიზიტი ოფიციალური იყო. პრემიერ-მინისტრს მამაჩემისთვის


ინგლისის მეფის წერილი უნდა გადაეცა. დიდ ყურადღებას იქცევდნენ მრჩევლები,
რომლებიც ჩერჩილს ახლდნენ. თუკი მამაჩემმა კონფერენციაზე ადამიანების მცირე
ჯგუფი იახლა, ჩერჩილმა ჩამოიყვანა თითქმის ყველა - ბივერბრუკიდან დაწყებული,
იულის ჩათვლით. მალევე გახდა ცნობილი, რომ ჩამოსულებს შორის იყვნენ
„ინფორმაციის სამინისტროს მოხელეები“, აღჭურვილნი ყველაფრით, რაც კი
შეიძლება დასჭირვებოდათ, საწერი მასალისა და ფოტოაპარატების ჩათვლით.
გენერალი ჰეპ არნოლდი მოვიდა ჩემთან და ჩამჩურჩულა, რომ ჩვენც, ღმერთმა
დალახვროს, სასწრაფოდ უნდა მოგვეყვანა ფოტოგრაფები და გვეშოვა ფირები და
მკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა, გენდერის ტბის ბაზაზე ფოტოგრაფების პოვნა?

იმავე დილით ბაზაზე ჩვენი პილოტი გავგზავნე „გრუმანით“ სამხედრო


ფოტოგრაფების ჩამოსაყვანად, რომ ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ინფორმაცია მაინც
მიგვეწოდებინა ჩვენი პრესისთვის.

ინგლისელი მრჩევლების, ადიუტანტებისა და მაღალი რანგის ოფიცრობის


სიმრავლემ სხვა სირთულეებიც შეუქმნა ჰეპ არნოლდს. ის წამგებიან პოზიციაში
აღმოჩნდა შტაბის შეხვედრებზე, რადგან თანაშემწეებიც კი არ ჰყავდა, მაშინ, როცა
მის ინგლისელ კოლეგას მდივნების, ადიუტანტების და ა.შ. მთელი გუნდი
ემსახურებოდა. ამიტომ არნოლდმა ერთი ორჯერ სასწრაფოდ გამომიძახა არმიის
ავიაციის ოფიცრის მოვალეობის შესასრულებლად და ოქმის ჩასაწერად.
პირველ დღეს მამაჩემისა და პრემიერ-მინისტრის საუზმეს მხოლოდ ჰარი ჰოპკინსი
ესწრებოდა, რომელიც ჩერჩილთან ერთად ჩამოვიდა „უელსის პრინცით“. მე
გამიხარდა, რომ ჰარი შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. ეს ნაწილობრივ ჩემი
დამსახურებაც იყო: ერთი თვის წინ ის ლონდონში მიემგზავრებოდა და გზად
გენდერის ტბაზე შემოიარა. ჩვენ ის სათევზაოდ წავიყვანეთ მთელი დღით. ეს იყო
ნამდვილი თევზაობა - კალმახზე ვთევზაობდით გამხმარი ბუზით. ერთ დღეში ჰარი
თითქოს ათი წლით გაახალგაზრდავდა. და საქმეს ისევ ისეთი ენერგიით შეუდგა,
როგორც ყოველთვის, - ერთგულად და გულმოდგინედ.

დანარჩენებს ადმირალი კინგი ცივი საუზმით გაუმასპინძლდა. საუზმის შემდეგ


კაპიტნის კაიუტაში შევედი. მამა და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთის პირისპირ
ისხდნენ და კამათობდნენ.

- ჩემი მონაცემებით, ფრანკლინ, ამერიკელი ხალხი სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს.


უფრო მეტიც - მზადაა, ომში ჩაებას.

- საპირისპირო განწყობილებაც არსებობს, - მშრალად უპასუხა მამამ.

- თუმცა, მსჯელობები ლენდ-ლიზზე...

- უინსტონ, თუ თქვენ სერიოზულად გაინტერესებთ ამერიკელების აზრი, გირჩევთ,


კონგრესის ოქმები წაიკითხოთ.

პრემიერ-მინისტრი შეპყრობილი იყო ერთი აზრით - ამერიკელებს დაუყოვნებლივ


უნდა გამოეცხადებინათ ომი ნაცისტური გერმანიისთვის; პრეზიდენტი კი
საზოგადოებრივ აზრზე, ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ყველა იმ ძნელად
შესამჩნევ ფაქტორებზე ფიქრობდა, რომლებიც უბიძგებენ ადამიანებს ქმედებისაკენ
და, ამავე დროს, წინააღმდეგობებსაც უქმნიან. როგორც იქნა, პრემიერ-მინისტრმა
თავისი სასმისი გამოცალა და წამოდგა. თითქმის სამის ნახევარი იყო. მამაჩემმა
განაცხადა, რომ ჩვენი ფლოტის სახელით საჩუქრებს უგზავნიდა „უელსის
პრინცის“ და სამი მისი გამცილებელი საესკადრო ნაღმოსნის მეზღვაურებსა და
ოფიცრებს. პრემიერ-მინისტრმა თავი დაუქნია, რამდენიმე სიტყვით მადლობა
გადაიხადა და გავიდა.

იმავე დღეს ინგლისელ მეზღვაურებს დაურიგდათ 950 კოლოფი პაპიროსი, ხილი და


ყველი. ამ დროს შტაბების უფროსები უკვე ადგენდნენ თავიანთი სხდომების
შემდეგი შინაარსის დღის წესრიგს: წარმოება, მიწოდების რიგითობა, ხომალდები,
სამხედრო პოტენციალი - ტექნიკა, ხალხი და ფული ანუ თანამედროვე ომის სამი
ძირითადი შემადგენელი ელემენტი.

მე ჰეპ არნოლდს ვეხმარებოდი ამ თათბირზე; დამთავრების შემდეგ ერთ ამერიკელ


საზღვაო ოფიცერთან ერთად მოსაწევად გავჩერდი.

- ღმერთმა დალახვროს, - ჩაიბურტყუნა მან და ჩემთან ერთად გემბანისკენ წამოვიდა.


- მათ ხომ ჩვენი ბოლომდე გატყავება აქვთ გადაწყვეტილი!

ის, რა თქმა უნდა, მართალი იყო, მაგრამ, ამავე დროს ჩემნაირი ადამიანისათვის,
ვისაც ნანახი ჰქონდა, თუ როგორი თავდადებით და როგორ უთანასწორო ომში
იბრძოდნენ ინგლისელები, რთული იყო ობიექტურობის დაცვა.
შაბათ საღამოს „ავგუსტას“ კაპიტნის კაიუტ-კომპანიაში ოფიციალური ვახშამი
გაიმართა. მასპინძელი მამაჩემი იყო. პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, მის
ხელმარჯვნივ იჯდა; სტუმრებს შორის იყვნენ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის
მუდმივი მოადგილე კადოგანი, პრემიერ-მინისტრის ადიუტანტი ლორდი ჰარიმანი,
სამნერ უელესი, ჰარი ჰოპკინსი, ავერელ ჰარიმანი და ამერიკული და ინგლისური
შტაბების უფროსები. ვახშმობისას და ვახშმის შემდეგ, თითქმის შუაღამემდე
ვაკვირდებოდი მამას მის ახალ როლში. წარსულში ხშირად ვყოფილვარ მოწმე, თუ
როგორ თამაშობდა ის პირველ როლს ყველანაირ შეკრებაზე, რომელსაც ესწრებოდა,
იმიტომ კი არა, რომ ამას ძალიან ცდილობდა, უბრალოდ, ეს მის ბუნებრივ უფლებად
გვეჩვენებოდა. იმ საღამოს კი ეს ასე არ იყო. იმ საღამოს მამა მსმენელი იყო.
აუდიტორია სხვას ჰყავდა დაპყრობილი; ეს უფლება ამ სხვამ მოიპოვა თავისი
შესანიშნავი, რიტმული, სახიერი, არცთუ ზედმეტად ფერადოვანი, მაგრამ
გაჯერებული მეტყველებით, ასე გეგონა, მისი სიტყვებისთვის ხელი რომ მოგეჭირა,
წვენს გამოადენდი.

იმ საღამოს ჩვენ ყველა უინსტონ ჩერჩილის ტყვეობაში აღმოვჩნდით და ის ამას


შესანიშნავად ხვდებოდა. მამა მხოლოდ იშვიათად თუ ჩაურთავდა შეკითხვებს,
თითქოს უბიძგებდა, რაც შეიძლება მეტი ელაპარაკა.

დროდადრო ჰარი ჰოპკინსიც ჩაურთავდა ხოლმე შენიშვნებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ,


როცა პრემიერ-მინისტრი სულის მოსათქმელად ჩერდებოდა. დანარჩენები, ვისაც
სამხედრო ფორმები გვეცვა, ჩუმად ვიყავით და მხოლოდ იშვიათად თუ
გადავუჩურჩულებდით ხოლმე ერთმანეთს: „ასანთი?“, „გმადლობთ.“, „თუ შეიძლება,
წყლის გრაფინი მომაწოდეთ“, „ჩუ-უ“, „ბევრი წიწაკა აქვს“, „და - კიდევ რაღაც“.

ჩერჩილი გადაწვებოდა თავის სავარძელში, სიგარას ხან პირის ერთ კუთხეში


გადაიტანდა, ხან მეორეში, თანაც ისე, რომ სიგარა სულ მაღლა იყო სასაცილოდ
აშვერილი, მხრები ხარივით წინ მოჰქონდა; ხელებით ჰაერს კვეთდა, თვალები
უბრწყინავდა. იმ საღამოს ტრიბუნა მას ეკუთვნოდა და ისიც ლაპარაკობდა. ჩვენ კი,
დანარჩენები, იმიტომ კი არ ვიყავით ჩუმად, რომ მოვიწყინეთ. ჩვენ მაშინაც კი
მონუსხულებივით ვდუმდით, როცა მას არ ვეთანხმებოდით.

ის საუბრობდა ომის მსვლელობაზე, იმაზე, თუ როგორ მოსდევდა ერთ მარცხს მეორე.


„მაგრამ, ინგლისი ომს ყოველთვის იგებს!“ საკმაოდ გულახდილად მოგვიყვა, თუ რა
ახლოს იდგნენ მისი თანამემამულეები დამარცხებასთან, „...მაგრამ, ჰიტლერი და
მისი გენერლები გონებაჩლუნგები გამოდგნენ. ამას ვერც კი მიხვდნენ. ან ვერ
გაბედეს“. იყო ისეთი წუთებიც, როცა მის ტონში დაჟინებული თხოვნა გაისმოდა: - ეს
ერთადერთი გამოსავალია თქვენთვის! თქვენ ჩვენი მხარე უნდა დაიჭიროთ! თუ
თქვენ ომს არ გამოაცხადებთ, ვიმეორებ: თქვენ თუ მათი მხრიდან დაელოდებით
პირველ დარტყმას, თუ ომს არ გამოუცხადებთ, ისინი მოგაყენებენ პირველ დარტყმას,
როცა ჩვენ უკვე დაღუპულები ვიქნებით და ეს პირველი დარტყმა, შესაძლოა,
თქვენთვის უკანასკნელიც აღმოჩნდეს!

თუმცა მსმენელებმა შენიშნეს თხოვნის ტონი ჩერჩილის ლაპარაკში, მთელი მისი


ქცევის მანერა დაუძლეველი ძალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც თვითონაც
შეეძლო ყველა სიძნელეს გამკლავებოდა - დიახ, გამკლავებოდა, თუნდაც ჩვენ მისი
გაფრთხილება ყურად არ გვეღო.
დროდადრო მამა კითხვებს ჩაურთავდა: - კი მაგრამ, რუსები?

- რუსები! - ჩერჩილის ტონი ცოტა არ იყოს აგდებული გახდა, მაგრამ უმალ მოეგო
გონს - რა თქმა უნდა, ისინი უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩვენ ოდესმე
გვიფიქრია. მაგრამ არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს...

- თქვენ თვლით, რომ ისინი ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას?

- როცა მოსკოვი დაეცემა... როგორც კი გერმანელები ამიერკავკასიაში შევლენ... როცა


რუსების წინააღმდეგობა, ბოლოს და ბოლოს შეწყდება...

ჩერჩილი ყველა კითხვას პირდაპირ პასუხობდა, ყოველგვარი „თუ“-ს გარეშე;


რუსების წინააღმდეგობისა მას არ სჯეროდა, ან თუ სჯეროდა, ბოლომდე არა. იმ
საღამოს მას დიდი თამაში მიჰყავდა. ცდილობდა, შთაენერგა ჩვენთვის, რომ ლენდ-
ლიზის ლომის წილი ბრიტანულ ლომს უნდა რგებოდა; რომ საბჭოეთისადმი
გაწეული ნებისმიერი დახმარება გამოიწვევდა ომის გაჭიანურებას, ბოლოს კი, თანაც
აუცილებლად - დამარცხებას ომში; უფრო და უფრო მეტი დამაჯერებლობით ის
თავის ერთადერთ დასკვნამდე მიდიოდა: - ამერიკელები ვალდებულნი არიან ომში
ჩვენს მხარეზე დადგნენ! თქვენ ომში უნდა ჩაებათ, რომ არ დაიღუპოთ!

მამა დიდი ყურადღებით, სერიოზულად უსმენდა, ხანდახან თვალებს ისრესდა,


თავის პენსნეს ათამაშებდა ხელში, ჩამქრალი ასანთით რაღაც ფიგურებს ხატავდა
სუფრაზე. არც ერთ ამერიკელს, რომლებიც კაიუტ-კომპანიაში თამბაქოს ბოლში
ისხდნენ, ერთხელაც არ წარმოუთქვამს „დიახ“, „არა“ ან „შესაძლებელია“.

ეს ყველაფერი კრივში ამხანაგური შეხვედრის მეორე რაუნდს წააგავდა. მან არავის


მოუტანა მოგება, მაგრამ მაყურებლებს მოწინააღმდეგეების წახალისების არანაირი
სურვილი არ ჰქონდათ მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი ჩხუბი ენახათ. ჩვენ ყველას
ორივე მხარის მოგება გვსურდა.

კვირა დილით, როდესაც „ავგუსტადან“ „უელსის პრინცზე“ უნდა გადავსულიყავით,


რომ იქ ღვთისმსახურებას დავსწრებოდით, შემატყობინეს, რომ „გრუმანმა“ არმიის
ავიაციის ორი ფოტოგრაფი ჩამოიყვანა ფოტოფირის დიდი მარაგით. ეს ამბავი ჰეპ
არნოლდს ვაცნობე, და ფოტოგრაფები პრეზიდენტის თანმხლებ პირებს შეუერთდნენ.

თორმეტის წუთებზე ინგლისის გემზე საყვირით აცნობეს ჩვენი მისვლა. და თითქოს


ვიღაცის ნიშანზე, იმავე წუთს, ტყვიისფერი ღრუბლები, მთელი კვირა რომ ეკიდნენ
ჩვენს თავზე, გაიფანტნენ და მათ შორის მზის სხივებმაც გამოანათა.

ინგლისური გემის ეკიპაჟი გემბანზე მწკრივად მოეწყო, მათ გვერდით კი ჩვენი ორას
ორმოცდაათი მეზღვაური და საზღვაო ფეხოსანიც. ხომალდის ამბიონზე ამერიკისა
და ბრიტანეთის დროშები იყო დაფენილი.

ჩვენ ვმღეროდით „ო, უფალო!“, „წინ, ქრიტეს მებრძოლნო“, „მამაო, მარადიულო“,


„ხსნის ძალით“ და ჩვენი ხმები ძლიერად და ნარნარად ეფინებოდა ყურეს წყლებს.
ერთად ვლოცულობდით.

არ ვიცი, სხვები რას ფიქრობდნენ მაგრამ მე თავში ასეთი აზრები მიტრიალებდა: აქ,
გემბანზე მზის ქვეშ დგას ორი ადამიანი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ორი უძლიერესი ერის მეთაურები არიან. ამაზე
ფიქრისას გამახსენდა ის მილიონობით ინგლისელი, გაუსაძლის პირობებში რომ
მუშაობენ, დღისით ბომბებს ქმნიან და უძილო ღამეებს კი დაბომბვის შიშში ატარებენ.
გამახსენდა ინგლისის არმია, რომელიც უკან იხევდა, მაგრამ მტკიცე
გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, ჯარისკაცები ფართო შარვლებში, ტრუსებში,
შოტლანდიურ ქვედატანებში - ადამიანები ახალი სამხრე ნიშნებით, რომლებზეც
ეწერა „კომანდოს“, დაღლილი, გასავათებული ადამიანები სამეფო საჰაერო ძალების
ლურჯ-ყავისფერ ფორმებში, მეზღვაურები და ოფიცრები თუნდაც ამ ხომალდზე
მყოფნი, ხანგრძლივი ბრძოლებით გატანჯულნი, რომელთაც ეს მოგზაურობა ღვთით
მოვლენილ დასვენებად ეჩვენებოდათ.

ამ საცოდავებს, აღნიშნული მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იაპონური


ტორპედოებით ძირგახვრეტილ გემთან ერთად ფსკერზე ჩაძირვა ეწერათ.

ვფიქრობდი იმაზეც, თუ როგორ გამოცოცხლდნენ ჩვენთან - ამერიკაში ქარხნები.


მილიონობით ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი როგორ ტოვებდა სამზარეულოებსა და
ფერმებს, ითვისებდა ახალ, საჭირო სპეციალობებს. ომი რაღაცით მაინც იმათაც შეეხო,
ვინც არ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში და არ მუშაობდა სამხედრო ქარხნებში;
ისინი საჰაერო თავდაცვის მორიგეების ჩაფხუტებით ღამღამობით დადიოდნენ
ქუჩებში; იქნებ, უხერხულადაც კი გრძნობდნენ თავს, მაგრამ მათი აზრით მაინც
რაღაც უზარმაზარი, ყველაფრის მომცველი ძალის სულ პაწაწინა მონაწილეები
იყვნენ.

და ახლა, როცა ინგლისი სულს ღაფავს, ფეხები ეკვეთება სეტყვისებური


დარტყმებისაგან, ამერიკამ ძალის მოკრება დაიწყო.

აქ კი ორივე ხალხის ხელმძღვანელები დგანან და ლოცულობენ: „მამაო ჩვენო,


რომელი ხარ ცათა შინა...“

ლოცვის აღვლენის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან ვისაუზმეთ. და აი, დადგა წუთი და


ვიღაცამ მაგიდაზე დააკაკუნა, სიჩუმე მოითხოვა და წარმოთქვა: „ჯენტლმენებო,
მეფე!“ ამას მოჰყვა უკან გაწეული სავარძლების და ფეხების ხმაური, წუთიერი
სიჩუმე, აწეული ბოკალები და უსიტყვოდ გამოცლილი სასმისები. ეს საზეიმო
რიტუალი, იქნებ, ირონიის საბაბსაც იძლეოდა, მაგრამ ამავე დროს მისი
შთამაგონებელი ძალის უარყოფაც შეუძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე,
ადამიანზე, ვინც ამას პირველად ესწრებოდა, ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა.

დავბრუნდით „ავგუსტაზე“. წინ სამხედრო სხდომები მოგველოდა, რომლებიც


მთელი დღე გაგრძელდებოდა. სხდომების დაწყებამდე მამაჩემს გავუზიარე ის
აზრები, რომლებიც დილის ლოცვისას მიტრიალებდა თავში.

- დიახ, ჩვენი ლოცვის ლაიტმოტივიც ეს იყო, - მომიგო მან, - სხვა არაფერი რომ არ
მომხდარიყო, მხოლოდ ესეც კი გაგვაერთიანებდა. „წინ ქრისტეს
მებრძოლნო!“ ღვთის შემწეობით მივდივართ წინ და კვლავაც ვივლით.

დღის განმავლობაში ორივე მხარის სამხედრო წარმომადგენლობის სხდომებმა


ნაწილობრივ დაარღვიეს ის იდეალური ერთობა, რომლითაც ის დილა გამოირჩეოდა.
ინგლისელები ყველანაირად ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ ლენდ-ლიზით
რაც შეიძლება მეტი მასალა გამოგვეყო მათთვის და რაც შეიძლება ნაკლები საბჭოთა
კავშირისთვის. არა მგონია, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდათ,
მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებითად მათი დაეჭვება რუსეთის
შესაძლებლობებში, წინააღმდეგობა გაეწიათ მტრისათვის, პოლიტიკურ ხასიათს
ატარებდა. ამ სხდომებზე მარშალიც, კინგიც, არნოლდიც დაბეჯითებით
არწმუნებდნენ მსხდომთ, რომ სავსებით მიზანშეწონილი იქნებოდა, საბჭოეთისთვის
ყველანაირი მხარდაჭერა აღმოგვეჩინა. ასე თუ ისე, ამბობდნენ ისინი, გერმანული
არმიები რუსეთში არიან; ტანკები, თვითმფრინავები, ზარბაზნები საბჭოეთის ხელში
ნაცისტებს დაღუპვას მოუტანს, მაშინ როცა დღევანდელ მდგომარეობაში ლენდ-
ლიზი ინგლისისთვის მხოლოდ მარაგის დაგროვებას ნიშნავს. გარდა ამისა, ჩვენ ვერ
დავივიწყებდით საკუთარი თავდაცვის საჭიროებებს და იმას, რაც აუცილებელი იყო
ჩვენი არმიისა და ფლოტის გაძლიერებისთვის.

თავის მხრივ ადმირალი პაუნდი, გენერალი დილი და ავიაციის მთავარი მარშალი


ფრიმენი ყველანაირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ეს მარაგები საბოლოოდ
უფრო წაადგებოდა მოკავშირეებს გადამწყვეტი სამხედრო შეტევის დროს. ისინი
ჯიუტად იმეორებდნენ: სამხედრო მასალები, რაც საბჭოეთს გადაეცემოდა,
აუცილებლად ჩაუვარდებოდა ხელში ნაცისტებს და თვითონ ამერიკა უნდა
ყოფილიყო დაინტერესებული, რომ მასალის უმეტესი ნაწილი ინგლისისთვის
მიეწოდებინა. საბედნიეროდ, ამერიკელი წარმომადგენლები სხვანაირად ხედავდნენ
ამერიკის ინტერესებს, და თვით ომის ინტერესებსაც, - უფრო მასშტაბურად. მე კი
ჩემს თავს ვეკითხებოდი, ხომ არ იყო ბრიტანეთის იმპერიის მხრიდან ეს იმის
მცდელობა, რომ ნაცისტებს და რუსებს ერთმანეთი გაენადგურებინათ, ამასობაში კი
ინგლისს ძალები მოეკრიბა.

მამა სემნერ უელესთან ერთად მუშაობდა რაღაც დოკუმენტის პროექტზე. ჩვენ მაშინ
ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა იყო ეს; როგორც მერე აღმოჩნდა, ისინი ამზადებდნენ
ატლანტიკის ქარტიის ტექსტს და წერილს სტალინისადმი, რომელშიც გამოხატული
იყო ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, ერთობლივი ძალისხმევით მიგვეღწია
ფაშიზმზე გამარჯვებისთვის.

იმ საღამოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ „ავგუსტაზე“ ივახშმა. ატმოსფერო ნაკლებ


ოფიციალური იყო. მას მაღალი ჩინის სამხედრო პირები არ ესწრებოდნენ. სუფრას
ვუსხედით - მამა, პრემიერ-მინისტრი, მათი უშუალო თანაშემწეები, მე და ჩემი ძმა. ამ
ვახშამზე მეტი შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ახლოს გაგვეცნო ჩერჩილი.

ის კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. სიგარები ბოლომდე ინავლებოდა, კონიაკი


ბოლომდე იცლებოდა. მას კი არაფერი ეტყობოდა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად.
მისი აზროვნება უფრო გამჭრიახი თუ არა, ნაკლები არ იყო, სიტყვა კი - უფრო
მჭრელი.

და მაინც, წინა საღამოსთან შედარებით საუბარი განსხვავებულად წარიმართა. მაშინ


ჩერჩილი სიტყვას მხოლოდ იმისთვის წყვეტდა, რომ დასმული კითხვები მოესმინა.
ახლა კი სხვებიც უმატებდნენ საერთო ქვაბში თავის სათქმელს და ამიტომაც, ქვაბი
ათუხთუხდა და ერთი-ორჯერ კინაღამ გადმოდუღდა კიდეც. იგრძნობოდა, რომ
ადამიანებმა, რომლებიც მიჩვეული იყვნენ მეთაურობას, უკვე მოსინჯეს ძალები,
დაზვერეს ერთმანეთი, ახლა კი ემზადებოდნენ, პირდაპირი გამოწვევა ესროლათ
ერთმანეთისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ დროს ჩერჩილი ომში ჩაბმული ქვეყნის
ხელმძღვანელი იყო, მამა კი მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ნათლად
ჰქონდა თავისი პოზიცია წარმოდგენილი.

ვახშმის შემდეგ საუბარი კვლავ ჩერჩილს მიჰყავდა. მაგრამ ცვლილება უკვე


შესამჩნევი იყო. პირველად ამან თავი იჩინა ბრიტანეთის იმპერიასთან
დაკავშირებული შეკითხვისას. ინიციატივა მამაჩემისგან მოდიოდა.

- რა თქმა უნდა, - შენიშნა მან მტკიცე და ოდნავ ეშმაკური ტონით, - რა თქმა უნდა,
ომის შემდეგ ხანგრძლივი მშვიდობის ერთ-ერთი წინაპირობა თავისუფალი ვაჭრობა
უნდა გახდეს.

მერე გაჩუმდა. თავდახრილი პრემიერ-მინისტრი წარბებს ქვემოდან ჯიქურად


უყურებდა მამაჩემს.

QWELLY
LIBRARY
- არანაირი ხელოვნური ბარიერები, - განაგრძო მამაჩემმა, - რაც შეიძლება ნაკლები
ეკონომიკური ხელშეკრულებები, რომლებიც ერთ სახელმწიფოს ანიჭებენ
უპირატესობას მეორის წინაშე. ვაჭრობის გაფართოება. ბაზრების გახსნა ჯანსაღი
კონკურენიციისთვის. - მან უცოდველი სახით მოავლო თვალი ოთახს.

ჩერჩილი სავარძელში აწრიალდა.

- ბრიტანეთის იმპერიის სავაჭრო შეთანხმებები... - თავდაჯერებულად წამოიწყო მან.

მამაჩემმა შეაწყვეტინა: - დიახ. ეს იმპერიული სავაჭრო შეთანხმებები, - მეც მაგაზე


მოგახსენებთ. სწორედ მათ გამო ინდოეთის და აფრიკის, მთელი კოლონიალური
ახლო და შორეული აღმოსავლეთის ხალხები ნაკლებად არიან განვითარებული.

ჩერჩილს კისერი გაუწითლდა, წინ წამოიწია.

- ბატონო პრეზიდენტო, ინგლისი არც ერთი წუთით არ აპირებს, უარი თქვას თავის
პოზიციებზე ბრიტანეთის დომინიონებში. ვაჭრობა, რომელმაც დიდება მოუტანა
ინგლისს, გაგრძელდება იმ პირობებით, რომლებსაც ინგლისის მინისტრები აყენებენ.

- იცით, უინსტონ, - ნელა თქვა მამამ, - აი, აქ შესაძლოა, გარკვეული უთანხმოება


შეგვექმნას. მე მტკიცედ მწამს, რომ მყარ მშვიდობას ვერ მივაღწევთ, თუ მშვიდობამ
დანარჩენი ქვეყნების, ჩამორჩენილი ხალხების განვითარება არ მოიტანა. მაგრამ,
როგორ მივაღწიოთ ამას? ნათელია, რომ ამის მიღწევა მეთვრამეტე საუკუნის
მეთოდებით შეუძლებელი იქნება. ასე რომ...

- მერედა, ვინ ლაპარაკობს მეთვრამეტე საუკუნის მეთოდებზე?

- ნებისმიერი თქვენი მინისტრი რეკომენდაციას უწევს პოლიტიკას, რომელიც


საშუალებას იძლევა კოლონიალური ქვეყნებიდან გამოიტანოთ უზარმაზარი
რაოდენობით ნედლეული მოცემული ქვეყნის ხალხისთვის ყოველგვარი
კომპენსაციის გადახდის გარეშე.

მეოცე საუკუნის მეთოდები ნიშნავს კოლონიებში მრეწველობის განვითარებას და


ხალხის კეთილდღეობის ზრდას მათი ცხოვრების დონის ამაღლების გზით,
განათლებით, ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესებით, ნედლეულისთვის
კომპენსაციის უზრუნველყოფით.

ჩვენ ყველანი წინ ვიყავით წამოწეული, ვცდილობდით, ამ საუბრიდან არც ერთი


სიტყვა არ გამოგვრჩენოდა. ჰოპკინსი იღიმებოდა, ჩერჩილის ადიუტანტი,
კომოდორი ტომფსონი მოიქუფრა, აშკარად შეშფოთებული ჩანდა. თავად პრემიერ-
მინისტრი კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს წუთი-წუთზე დამბლა დაეცემაო.

- თქვენ ინდოეთი ახსენეთ, - დაიღრინა მან.

- დიახ. და ვთვლი რომ, ფაშისტური მონობის წინააღმდეგ ომს ვერ ვაწარმოებთ, თუ


ამავე დროს არ შევეცდებით მთელი მსოფლიოს ხალხების განთავისუფლებას
ჩამორჩენილი კოლონიალური პოლიტიკისაგან.

- ფილიპინებზე რაღას იტყვით?

- მოხარული ვარ, რომ ახსენეთ. როგორც იცით, 1946 წელს ფილიპინები


დამოუკიდებლობას მიიღებენ. გარდა ამისა, მათ უკვე გააჩნიათ თანამედროვე
სანიტარული პირობები, თანამედროვე განათლების სისტემა, უწიგნურობა
სტაბილურად მცირდება...

- ნებისმიერი ჩარევა იმპერიის ეკონომიკურ შეთანხმებებში დაუშვებელია.

- ისინი ხელოვნურია.

- ისინი ჩვენი დიდების საფუძველია.

- მშვიდობა, - მტკიცედ წარმოთქვა მამამ, - შეუთავსებელია დესპოტიზმის


შენარჩუნებასთან. მშვიდობის საქმე მოითხოვს ხალხთა თანაბარ უფლებებს, და ეს
განხორციელდება. ხალხთა თანასწორობა გულისხმობს სავაჭრო კონკურენციის
ყველაზე ფართო თავისუფლებას. ვინმეს შეუძლია იმის უარყოფა, რომ ომის
გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო გერმანიის მისწრაფება, ხელში
ჩაეგდო წამყვანი როლი ცენტრალური ევროპის ვაჭრობაში?

ჩერჩილსა და მამაჩემს შორის ამ თემაზე კამათი შედეგს ვერ გამოიღებდა. ლაპარაკი


გაგრძელდა, პრემიერ-მინისტრმა კვლავ ხელთ იგდო სადავეები, ის უკვე ფრაზებით
კი არ ლაპარაკობდა, ერთბაშად მთელ აბზაცებს წარმოთქვამდა.
კომოდორ ტომფსონის სახიდან ნელ-ნელა ქრებოდა შეშფოთებული გამომეტყველება.
პრემიერ-მინისტრი სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით ლაპარაკობდა, მისი ხმით
ისევ აივსო ოთახი. მაგრამ ერთი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი იყო. ამ
კითხვაზე პასუხი არ გაისმა არც მომდევნო ორ კონფერენციაზე, სადაც ეს ორი
ადამიანი კვლავ შეხვდა ერთმანეთს. ინდოეთი, ბირმა კვლავ რჩებოდა
ინგლისელებისათვის საყვედურის თქმის საბაბად. რაკი ერთხელ ხმამაღლა ახსენა,
მამაჩემი შემდგომშიც შიგადაშიგ შეახსენებდა ხოლმე ამ საკითხს ინგლისელებს.
თითქოს მათი ავადმყოფი სინდისის ნაიარევზე აჭერდა ხელს, უბიძგებდა, აჩქარებდა
მათ. მაგრამ ამას სიჯიუტით კი არ აკეთებდა, არა. დარწმუნებული იყო თავის
სიმართლეში; ჩერჩილმა ეს იცოდა და სწორედ ეს აწუხებდა ყველაზე მეტად.

მან მოხერხებულად წამოიწყო საუბარი სხვა თემაზე, ასევე მოხერხებულად


ჩაგვითრია საუბარში ყველა - ჰარი ჰოპკინსი, ჩემი ძმა, მე. ყველაფერი გააკეთა, რომ
მამაჩემის ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა, არ გაეგონა მისგან მისი აზრები
კოლონიალურ საკითხებზე და მისი დაჟინებული, გამაღიზიანებელი მსჯელობა
იმპერიული სავაჭრო ხელშეკრულებების პრეფერენციულ უსამართლობაზე.

ღამის სამი საათი სრულდებოდა, როცა ინგლისელი სტუმრები გამოგვემშვიდობნენ.


მამა კაიუტამდე მივიყვანე და ცოტა ხნით დავრჩი, რომ ბოლო პაპიროსი მასთან
ერთად მომეწია.

- ნამდვილი ბებერი თორია, არა? - ჩაიბუტბუტა მან. - ნამდვილი ძველი სკოლის


თორი.

- ერთი ხანი მომეჩვენა, რომ აფეთქდებოდა.

- ჰმ, - გაიღიმა მამამ, - ჩვენ მოვრიგდებით. ამაზე არც იფიქრო. ჩვენ მშვენივრად
გავუგებთ ერთმანეთს.

- თუ ინდოეთის ხსენებას მოერიდები, კი.

- არ ვიცი, არ ვიცი. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ ინდოეთზე უფრო


საფუძვლიანად, ვიდრე არ ამოვწურავთ ამ საკითხს. ბირმაზეც, იავაზეც, ინდო-
ჩინეთზეც, ინდონეზიაზეც და ყველა აფრიკულ კოლონიაზე, ეგვიპტეზეც და
პალესტინაზეც. ყველაფერ ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ. ნუ დაგავიწყდება
ერთი რამ. ვინის ერთი უმაღლესი მისია აქვს. ის იდეალური პრემიერ-მინისტრია
საომარ დროში. მისი ძირითადი, ერთადერთი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ
ინგლისმა ამ ომს გაუძლოს.

- და ჩემის აზრით, ის ამას შეძლებს.

- ნამდვილად. მაგრამ, თუ შეამჩნიე, როგორ ცვლის თემას, როგორც კი საუბარი ომის


შემდგომ პრობლემებს ეხება?

- შენ უხერხული საკითხები წამოსწიე... მისთვის უხერხული.

- სხვა მიზეზიცაა. მას სამხედრო ხელმძღვანელის იდეალურად მოწყობილი ტვინი


აქვს. მაგრამ უინსტონ ჩერჩილი ინგლისის ხელმძღვანელი ომის შემდეგ?! არა, ეს არ
მოხდება.
ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ამ საკითხში ინგლისელი ხალხი მამაჩემის აზრს იზიარებდა.

მეორე დილით, თერთმეტი საათისთვის პრემიერ-მინისტრი ისევ მოვიდა


„ავგუსტას“ კაპიტნის კაიუტაში. ორი საათი იჯდა მამასთან ერთად, ქარტიაზე
მუშაობდნენ. სადილამდე ის, კადოგანი, სამნერ უელესი, ჰარი ჰოპკინსი და მამა
მუშაობდნენ დოკუმენტის ბოლო ვარიანტზე. ამ ორი საათის განმავლობაში მე
რამდენიმეჯერ შევედი კაიუტაში და ლაპარაკის ფრაგმენტებს მოვკარი ყური; სულ
ვცდილობდი, ჩავწვდომოდი იმის არსს, თუ როგორ შეძლებდა ჩერჩილი ქარტიის
იდეები შეეთანხმებინა იმასთან, რაზეც წინა საღამოს ლაპარაკობდა. მე მგონი, ეს მან
თვითონაც არ იცოდა.

უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი წვლილი ქარტიის შექმნაში სამნერ უელესმა
შეიტანა, მან ყველაზე მეტი იმუშავა ამ დოკუმენტზე. ქარტია ჩანაფიქრის
ვაშინგტონში გაჩენის მომენტიდან მისი პირმშო იყო; უელესი გამოფრინდა
ვაშინგტონიდან საბოლოო ტექსტის სამუშაო პროექტით ჩანთაში; მთელმა
მსოფლიომ იცის, თუ რამდენად დიდი იყო და არის ამ დეკლარაციის მნიშვნელობა.
ერთი კია, არც მისი და არც მამაჩემის ბრალი არ არის, რომ ის ასე უხეიროდ
სრულდება.

ასე თუ ისე, ცალკეული ფორმულირებების რედაქტირებაზე მუშაობა სადილამდე


გაგრძელდა; პრემიერ-მინისტრი და მისი თანაშემწეები თავიანთ გემზე დაბრუნდნენ.
სადილის შემდეგ მამა მუშაობდა კორესპონდეციებზე და კონგრესის
კანონპროექტებზე, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებდნენ მის ყურადღებას.
თვითმფრინავი ვაშინგტონში იმავე დღეს გაფრინდა.

ნაშუადღევს ჩერჩილმა მოახერხა, რამდენიმე წუთით დაესვენა. ჩვენ


„ავგუსტას“ გემბანიდან ვუყურებდით, როგორ ჩავიდა „უელსის
პრინციდან“ ჩერჩილი, ის აპირებდა ნაპირზე გასეირნებას და ყურეზე ამაღლებულ
კლდეზე ასვლას. ველბოტი ჩაუშვეს წყალში. ინგლისელმა მეზღვაურებმა ნიჩბებს
მოუსვეს და გემის ტრაპთან მიაყენეს. პრემიერ-მინისტრმა მკვირცხლად ჩაირბინა
კიბეზე. მოკლესახელოებიანი ნაქსოვი სვიტერი და მუხლებამდე შარვალი ეცვა.

ჩვენი გემბანიდან ის ზორბა, მსუქან ბიჭუნას ჰგავდა, რომელსაც პატარა სათლი და


ნიჩაბიღა აკლდა ნაპირზე ქვიშაში სათამაშოდ.

როგორც კი ველბოტზე აღმოჩნდა, პირდაპირ საჭისკენ გასწია და მეთაურობა დაიწყო.


შორიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვესმოდა მისი განკარგულებები; მეზღვაურები
გულმოდგინედ უსვამდნენ ნიჩბებს. ბოლოს ისინი თვალს მოეფარნენ, მაგრამ მერე
გვიამბეს, თუ რა მოხდა ნაპირზე. პრემიერ-მინისტრი თურმე აძვრა კლდეზე,
რომელიც დაახლოებით სამასი-ოთხასი ფუტის სიმაღლიდან გადმოჰყურებდა ნაპირს.
აცოცდა თუ არა ზემოთ, გადმოიხედა და დაინახა მისი თანამგზავრები, რომლებიც
პლაჟზე მოკალათებულიყვნენ მზის თუნდაც ერთი სხივის გამოჩენის იმედით.
ჩერჩილმა წამოკრიფა კენჭები და მათ დაუშინა, იხალისა მიზანში სროლით და
შეშინებული თანამგზავრების გაფანტვით.

გართობა ძლიერთა ამა ქვეყნისა!

შვიდ საათზე პრემიერ-მინისტრი ისევ გვეწვია ვახშმად - ამჟამად ნამდვილად


არაოფიციალურად. ვესწრებოდით: მამაჩემისა და ჩერჩილის გარდა, ჰარი ჰოპკინსი,
მე და ჩემი ძმა. ეს დასვენების საღამო იყო. გუშინდელი კამათის მიუხედავად,
თითქოს ერთი ოჯახის წევრები ვიყავით. ვსაუბრობდით მშვიდად, უშუალოდ.
თუმცა ჩერჩილი ძველებურად შეპყრობილი ჰყავდა სურვილს, დავერწმუნებინეთ,
რომ შეერთებული შტატები მოვალე იყო, დაუყოვნებლივ ომი გამოეცხადებინა
გერმანიისათვის, მას ესმოდა, რომ ამ საკითხში დამარცხებისთვის იყო განწირული.
ჩვენი სამხედრო წარმომადგენლების ბოლო დღეებში გამართული შეხვედრების
შეტყობინებები გვაუწყებდნენ, რომ ორივე მხარეში იზრდებოდა რწმენა, რომ
საბოლოო გამარჯვებისთვის ინგლისს ესაჭიროებოდა ამერიკის მრეწველობა და
ამერიკის აქტიური ქმედებები; თუმცა ამაში არც მანამდე ეპარებოდა ვინმეს ეჭვი.

ამ დამოკიდებულების გააზრებას შეუძლებელია, დაღი არ დაესვა ორი ქვეყნის


ხელმძღვანელების ურთიერთობისთვის. ბელადის მანტია თანდათანობით, ნელა-
ნელა ინგლისელის მხრებიდან ამერიკელის მხრებზე გადმოცურდა.

ამაში მოგვიანებით დავრწმუნდით, საღამოს, იმავე კამათის ხელახალი აფეთქებისას,


რომლის დროსაც წინა საღამოს სულგანაბულნი ვისხედით. ეს იყო ერთგვარი
დამაგვირგვინებელი აკორდი მებრძოლი, ჩერჩილისეული კონსერვატივიზმისა.
ჩერჩილი წამოდგა, კაიუტაში ბოლთის ცემას მოჰყვა, ჟესტიკულაციით
მჭევრმეტყველებდა. ბოლოს ის მამაჩემის წინ გაჩერდა, წუთით დადუმდა და მერე
მის ცხვირწინ თავისი მოკლე, სქელი თითის ქნევით წამოიძახა: - ბატონო
პრეზიდენტო, ასე მგონია, თქვენ ცდილობთ, ბოლო მოუღოთ ბრიტანეთის იმპერიას.
ეს ჩანს თქვენი აზრიდან მსოფლიოს მოწყობაზე ომის შემდეგ. მაგრამ, მიუხედავად
ამისა, - საჩვენებელი თითი მაღლა აიშვირა, - გვესმის, რომ ჩვენი ერთადერთი იმედი
თქვენა ხართ. და თქვენ, - მისი ხმა დრამატულად შეკრთა, - თქვენც იცით, რომ ჩვენ
ეს გვესმის. იცით, რომ ჩვენც ვიცით, ამერიკის გარეშე ჩვენი იმპერია ვერ გადარჩება.

ჩერჩილის მხრიდან ეს აღიარება იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობის მოპოვება


შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც ამერიკის შეერთებული
შტატები წამოაყენებდა. ამის თქმით მან აღიარა, რომ ინგლისის კოლონიალურ
პოლიტიკას წერტილი ესმებოდა, ისევე, როგორც ინგლისის მცდელობას, დაეკავებინა
წამყვანი პოზიცია მსოფლიო ვაჭრობაში და მის სურვილს, ერთმანეთისათვის
გადაეკიდებინა სსრკ და აშშ.

და ამას ყველაფერს, მართლაც მოეღებოდა ბოლო, მამაჩემს რომ ეცოცხლა.

მომდევნო დღეს, საუზმობისას, შემოგვიერთდა ინგლისის სამხედრო მომარაგების


მინისტრი, პატარა ტანის ლორდი ბივერბრუკი. ორივე მხარის სამხედრო
წარმომადგენლები ადმირალ კინგის კაიუტაში მუშაობდნენ. სამის ნახევრისთვის
ყველანი მივიდნენ შეთანხმებამდე ერთობლივი დეკლარაციების თაობაზე,
რომლებიც უნდა გამოქვეყნებულიყო. იმ დღეებში დიპლომატების წინაშე მდგარი
მთავარი ამოცანა შესრულებული იყო. მამაჩემი და უელესი კმაყოფილებას და
სიამაყეს არ მალავდნენ. როდესაც „ავგუსტას“ გემბანზე გამოვედით, მეჩვენებოდა,
რომ ყველას სახე უღიმოდა. საპატიო ყარაული და გემის ორკესტრი გემბანზე იყვნენ
ჩამწკრივებული და როდესაც ინგლისის შტაბების უფროსები და მათ შემდეგ
ჩერჩილი ტრაპზე ჩამოდიოდნენ, ორკესტრმა დაუკრა „უფალო, დაიფარე მეფე“.
კონფერენცია დასრულდა. მეორე დღეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა
შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს სახელით შემდეგი განცხადება
გააკეთეს: 1. მათი მხარეები არ ცდილობენ ტერიტორიების მითვისებას.

2. ისინი არ დაეთანხმებიან არანაირ ტერიტორიულ ცვლილებებს, თუ ეს არ


დაეთანხმება დაინტერესებული ხალხების თავისუფლად გამოთქმულ ნებას.

3. ისინი პატივს სცემენ ყველა ხალხის უფლებას, თავიანთი ნებით აირჩიონ


მმართველობის ფორმა, რომელშიც სურთ ცხოვრება; რომ ისინი ესწრაფვიან იმ
ხალხების სუვერენული უფლებების და თვითმმართველობის აღდგენას, რომლებსაც
ეს ჩამორთმეული ჰქონდათ ძალის გამოყენებით.

4. ისინი თავიანთი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებით შეეცდებიან


უზრუნველყონ ისეთი მდგომარეობა, რომლითაც ყველა ქვეყანას - პატარას თუ დიდს,
გამარჯვებულს თუ დამარცხებულს - თანაბარი უფლება ექნება ვაჭრობასა და ამ
ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ მსოფლიო ნედლეულის
წყაროებზე.

5. მათი სურვილია, მიაღწიონ ყველა ქვეყანას შორის სრულ თანამშრომლობას


ეკონომიკურ სფეროში, ყველასთვის უზრუნველყონ ცხოვრების უფრო მაღალი დონე,
ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა.

6. ნაცისტური ტირანიის საბოლოო განადგურების შემდეგ ისინი იზრუნებენ


მშვიდობის შენარჩუნებაზე, რაც საშუალებას მისცემს ყველა ქვეყანას, უსაფრთხოდ
იცხოვროს თავის ტერიტორიაზე და ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც ყველა
ადამიანი ყველა ქვეყანაში მთელი სიცოცხლის მანძილზე შიშისა და გაჭირვების
გარეშე იცხოვრებს.

7. ასეთმა მშვიდობამ საშუალება უნდა მისცეს ყველას თავისუფლად, ყოველგვარი


დაბრკოლების გარეშე იცუროს ზღვებსა და ოკეანეებში.

8. ისინი თვლიან, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ რეალისტური და სულიერი


წესრიგის ინტერესებისათვის უარი უნდა თქვას ძალის გამოყენებაზე, რადგან
მომავალში ვერანაირი მშვიდობის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, თუ ის
სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთ საზღვრებს გარეთ იმუქრებიან ან ოდესმე
დაიმუქრებიან, გააგრძელებენ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შეიარაღების
გამოყენებას. ისინი თვლიან, რომ იმ დრომდე, ვიდრე საყოველთაო
უსაფრთხოებისათვის უფრო ფართო და საიმედო სისტემა არ იქნება შექმნილი, ასეთი
ქვეყნები განიარაღებულნი უნდა იყვნენ. ისინი ასევე დაეხმარებიან და ხელს
შეუწყობენ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მშვიდობის მოყვარე ხალხებს
შეიარაღების ტვირთისგან გაათავისუფლებს.

ჩემი აზრით, ეს დეკლარაცია ისტორიული თვალსაზრისით განსაკუთრებით


საინტერესოა, თუმცა მას ახლა უკვე გარკვეული გულის წუხილიც ახლავს მისი
პუნქტების და ზოგადი სულისკვეთების დარღვევის გამო.

პირველი ორი პუნქტი რომ გვერდზე გადავდოთ და სხვათაშორის შევეხოთ ატოლა


ბიკინის აბორიგენ მოსახლეობას, რომელიც გამოდევნეს თავიანთი სახლებიდან, რომ
ცივილიზირებულ სამყაროს თავისი ახალი და თავშესაქცევი სათამაშოს გამოცდის
შესაძლებლობა ჰქონოდა. შევჩერდებით მესამე პუნქტზე, რომ იავისა და ინდონეზიის
ხალხების ბედი გავიაზროთ. გავცდეთ მეოთხე პუნქტს - ის მეტისმეტად იდუმალია.
მეხუთე პუნქტი დღეს მხოლოდ კეთილ სურვილად გვეჩვენება - ეს იმ დიდი
იმედების გამოძახილია, რომლებიც ოდესღაც გვქონდა. მეექვსე პუნქტი - იმ დროს,
როცა ეს სიტყვები იწერება, ჯერ კიდევ მოელის ხვალინდელ დღეს, რომ ცხოვრებაში
განხორციელდეს. მეშვიდე პუნქტი ამ დროისათვის აღარ იწვევს საშიშროების
შეგრძნებას (თუმცა XX საუკუნის ადამიანები ალბათ ისურვებდნენ, რომ ის ეხებოდეს
არა მხოლოდ საზღვაო, არამედ საჰაერო გზებსაც).

ბოლო პუნქტის სამი შესანიშნავი ფრაზა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს:


აუცილებელია, ისინი თავში ჩავუდოთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის მაგალითად,
გენერალ-მაიორი გროვსი, იმიტომ, რომ მისი დაჟინებული მოთხოვნები ატომური
ბომბების მარაგის უწყვეტ ზრდაზე საფუძველს აცლის აშშ-ის კარგად მომწიფებულ
და გააზრებულ საგარეო პოლიტიკას.

სამშაბათს, დაახლოებით ხუთი საათისთვის „უელსის პრინცმა“ ღუზა ამოსწია, რომ


კვლავ ომთან შესახვედრად გასულიყო. მან ახლოს ჩაუარა „ავგუსტას“, რომელიც
გამოსათხოვარი სალუტით მიესალმა; ორკესტრი უკრავდა „ოლდ ლენგ საინ“ -ს. მე
მამაჩემის გვერდით ვიდექი, ის ჩემს ხელს ეყრდნობოდა და ჩვენ გავცქეროდით,
როგორ გადიოდა ინგლისური გემი ზღვაში. გამოსათხოვებლად ჩვენც ცოტა დრო
გვრჩებოდა, „ავგუსტაც“ მალე დაიძვრებოდა. ზღვაზე ნისლი იდგა და გენდერის
ტბაზე გაფრენა შეუძლებელი იყო. როგორც იქნა, მე და ლორდი ბივერბრუკი ნაპირზე
გადმოგვსვეს; ჩემს ბაზამდე მატარებლით მოგვიწევდა გამგზავრება. იქ ლორდი
თვითმფრინავში უნდა ჩამესვა, რომელიც ვაშინგტონში მიფრინავდა. მას მოელოდა
მოლაპარაკებები ლენდ-ლიზის ხელმძღვანელებთან.

მე და „ბივერი“ გენდერის ტბისკენ მივემართებოდით მატარებლით, რომელიც


ნამდვილი სამუზეუმო ექსპონატი იყო - ხის სკამებით და მუცელგამობერილი თუჯის
ღუმელებით, ყოველი ვაგონის შუაში რომ იდგა. ყოველ ათ მილში მატარებელი ოცი
წუთით ჩერდებოდა. ჩემი თანამგზავრი, საოცარი პატარა ადამიანი, არ იყო
აღფრთოვანებული ასეთი მოუხერხებელი მგზავრობით. და, როცა ერთმა უწყინარმა
რკინიგზელმა უნებური შეცდომა დაუშვა, არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა, ბივერი
სამი წუთის განმავლობაში გამყინავი ხმით ლანძღავდა მას, ყველაზე მწარე
შენიშვნებს რჩეული ანგლო-საქსონური გინებით ანაცვლებდა. ის რკინიგზელი ან
ფილოსოფოსი უნდა ყოფილიყო, ან ყრუ, ასე უსიტყვოდ რომ აიტანა ლანძღვა-გინება.

როცა ასეთი სიტყვიერი ფეირვერკები გონებას არ მიფანტავდა, ვცდილობდი


გამეაზრებინა იმის მნიშვნელობა, რაც უკანასკნელ დღეებში მოხდა. ინგლისელები
ჩამოვიდნენ, რომ დახმარება ეთხოვათ ჩვენთვის, მაგრამ ამაყად ეჭირათ თავი,
თითქმის გამომწვევად. ჩვენს ხელმძღვანელებს ესმოდათ, რომ გაერთიანებული
სამეფო ჩვენ გამოც იბრძვის - ამერიკელებისთვისაც. მაგრამ, ისინი იმ ხალხის
წარმომადგენლები იყვნენ, რომელსაც ჯერ კიდევ ნათლად არ ჰქონდა გააზრებული
მოახლოებული საშიშროება. ამერიკა ჯერ კიდევ მშვიდობიდან ომზე გადასვლის
მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩვენი შტაბების უფროსების წინაშე რთული ამოცანა
იდგა - შეეფარდებინათ ერთმანეთისთვის ინგლისური და საბჭოთა მოთხოვნები და
ორივე მხარისთვის საკმარისი დახმარება აღმოეჩინათ, რომ მათ შეძლებოდათ,
ნაცისტების განადგურება გაეგრძელებინათ.
იმ დღეების მოვლენებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. დღესაც ცოცხლად
მიდგას თვალწინ. ამერიკის ბედი მაგარ და სანდო ხელში იყო, იმ ადამიანების ხელში,
რომლებსაც, ისევე როგორც ადრე, ახლაც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი,
ყველანაირად შეენარჩუნებინათ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და დაეცვათ ჩვენი
ეროვნული ინტერესები.

იმ თამაშში, რომელიც არჯენტიის ყურეში წამოიწყეს პრეზიდენტმა და მისმა


შტაბების უფროსებმა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა დროს. როგორც ცნობილია,
მაშინ დრო ისე სწრაფად მიჰქროდა, რომ ჩვენი სამრეწველო გეგმები ძლივს ეწეოდნენ
მას.

მესამე თავი. არჯენტიიდან კასაბლანკამდე

არჯენტიაში ომზე ამდენი მსჯელობის შემდეგ ჩემთვის კიდევ უფრო აუტანელი


გახდა ჩემი უმოქმედობა არქტიკაში, სადაც მხოლოდ საჰაერო დაზვერვით ვიყავი
დაკავებული. საბედნიეროდ, კონფერენციიდან ორი კვირის შემდეგ, სექტემბრის
დასაწყისში, ჩემი ესკადრილია შეერთებულ შტატებში გაიწვიეს. მე დაუყოვნებლივ
შევიტანე განცხადება შტურმანების სკოლაში, რომ პილოტის თუ არა, შტურმანის
წოდება მაინც მიმეღო. ამ წოდებით შესაძლებლობა მექნებოდა, ოკეანის გადაღმა
საომარი მოქმედებების შუაგულში უფრო სწრაფად მოვხვედრილიყავი. გუნებაში
წითელი ფანქრით აღვნიშნე ზოგიერთი ადგილი ჩემს განცხადებაში და რამდენიმე
ძახილის ნიშანიც დავსვი. შეიძლება, ამან მიშველა: სექტემბრის ბოლოს ჩემი თხოვნა
დააკმაყოფილეს და ბრძანება მივიღე სან-ანტონიოში, კელის აეროდრომზე (ტეხასის
შტატი) დანიშვნის შესახებ. თავიდან სახმელეთო სამსახურის ოფიცერი ვიყავი, მერე -
დაზვერვის ოფიცერი; ახლა კი საშუალება მომეცა, საავიაციო სამსახურის ოფიცერი
გავმხდარიყავი.

შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ ჩემს ჩანაწერებში, რომლებიც კელის


აეროდრომზე ჩემი ყოფნის პირველ დღეებს ეხება, თითქმის ყოველ გვერდზე
ვპოულობ შენიშვნებს იმ გულთბილ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ყოველ
ნაბიჯზე ვხვდებოდი. ამ განწყობას არ შეეძლო, არ განვეცვიფრებინე მე - ადამიანი,
რომელიც ოკეანის გაღმა შესრულებული დავალების შემდეგ დაბრუნდა.
დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ინგლისიდან ბრუნდებოდა იმ დროს, ჩემსავით
განცვიფრებული რჩებოდა. კაცმა რომ თქვას, ასე ძალიან არც უნდა გამკვირვებოდა.
თუმცა, როცა ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ (ეს სამჯერ მაინც მოხდა), რომ დრო იყო,
გამეხადა სამხედრო ფორმა, რომ უკვე გავატარე კანონით დაწესებული ერთი წელი
არმიაში და დიდ შესაძლებლობებს ვუშვებდი ხელიდან, რომ დრო იყო,
გაუმჯობესებული საბაზრო კონიუნქტურით მესარგებლა. თავიდან კამათს ვიწყებდი,
მერე დამეუფლა გაუგებრობის შეგრძნება, საიდან მოდიოდა ასეთი გასაოცარი
გულგრილობა ყველაფრისადმი, რაც მსოფლიოში ხდებოდა. ბოლოს, საკუთარ თავში
ჩავიკეტე და ამ თემაზე საუბარი საერთოდ ავიკრძალე. 1941 წლის სექტემბერში და
ოქტომბერში ასეთი კამათი უსარგებლო იყო. თანაც მე ვიცოდი, საიდან მოდიოდა ეს
უზრუნველობა და ჩემი მოსაზრება არავისთვის ახალი არ იქნებოდა. ამ
უზრუნველობას ასაზრდოებდნენ მსხვილი ამერიკული გაზეთები: „ჩიკაგო
ტრიბუნი“, ჰერსტის გაზეთები, ნიუ-იორკის „დეილი ნიუსი“, ვაშინგტონის „თაიმს-
ჰერალდი“ და სკრიპს-ჰოვარდის ტრესტის გაზეთები. ხან მრავალხმიანი გუნდივით,
ხანაც უნისონში, ეს გაზეთები სირენების ტკბილი სიმღერებივით ატკბობდნენ სმენას
მოწოდებებით გულგრილობისკენ, თვითკმაყოფილებისკენ, უსაქმურობისკენ. და,
თუ ეს ტკბილხმოვანი გუნდი ხალხის განწყობას ასახავდა, ეს ნიშნავდა, რომ
გაზეთებმა ხელი აიღეს თავის პირდაპირ მოვალეობაზე - ცოდნა და სინათლე
მიეტანათ ხალხამდე. თუ გაზეთების გამომცემლებს ეგონათ, რომ თავიანთ საქმეს
კარგად ასრულებდნენ, მაშინ სინათლისა და ცოდნის მათეული აღქმა არცთუ
სახარბიელო დახასიათებას იმსახურებდა.

დეკემბრის პირველ კვირადღეს ნებართვა მივიღე, მომენახულებინა ოჯახი, რომელიც


ფერმაში ცხოვრობდა ფორტ უორტთან. რამდენიმე დღის შემდეგ (თუ ყველაფერი
კარგად წარიმართებოდა) შტურმანების სკოლა უნდა დამემთავრებინა. რა თქმა უნდა,
წარმოდგენა არ მქონდა, სად დამნიშნავდნენ, ამიტომ მინდოდა, ერთი-ორი დღე
სახლში გამეტარებინა, ჩემს შვილებთან ერთად.

კვირას გვიან ავდექი და საუზმის მერე ცხენით სასეირნოდ წავედი. სახლში როცა
დავბრუნდი, ცოლმა მითხრა, რომ ჰარი ჰაჩინსონმა და ჯინ კეიგლმა დამირეკეს
რადიოსადგურიდან. ვიფიქრე, სან-ანტონიოში ჩემ დაბრუნებამდე სურდათ ჩემთან
საქმეზე საუბარი. მე კი სულ არ მინდოდა საქმეზე ლაპარაკი. ბავშვებიდან
რომელიღაცამ რადიო ჩართო მუსიკის მოსასმენად და მივხვდი, რატომ დამირეკეს
ჰარიმ და ჯინმა. რადიოთი ბრძანებას გადმოსცემდნენ, რომლის თანახმად ყველა
ოფიცერი და ჯარისკაცი მოვალე იყო, დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო თავის
ნაწილში.

სახლში ყველა ერთბაშად ალაპარაკდა, ერთმანეთს არ აცლიდნენ სიტყვის თქმას.


მაშინვე სამოქალაქო ტანისამოსი გავიხადე და სამხედრო ფორმა ჩავიცვი. კელის
აეროდრომზე ადიუტანტს დავურეკე. მან მირჩია, დაუყოვნებლივ
დავბრუნებულიყავი ბანაკში მანქანით. ისღა დამრჩენოდა, ყველაზე დაუჯერებელი
რამ წარმომედგინა და თან ჩემი შვილების კითხვებზე გამეცა პასუხი: რა არის პერლ-
ჰარბორი და სად მდებარეობს?

ჭიშკართან მანქანა გამოჩნდა თუ არა, ნაჩქარევად გამოვემშვიდობე ყველას და


სამხრეთისკენ გავემართე.

სან-ანტონიოს გზაზე ასობით სამხედრო მოსამსახურეს გავუსწარი, რომლებიც


მანქანებით ბანაკისკენ მიდიოდნენ. მეც ჩავისვი მანქანაში ოთხი კაცი - ერთი
მასაჩუსეტსიდან იყო, მეორე - აღმოსავლეთ ტეხასიდან, მესამე - დასავლეთ
ტეხასიდან და კიდევ ერთი ყმაწვილი, რომელიც წამღერებით ლაპარაკობდა, -
ჩრდილოეთ კაროლინიდან.

კელის აეროდრომზე ყველა აღელვებული და დაბნეული იყო, ეს აღელვება მეც


გადმომედო. ყოველ საათს სულ უფრო დაუჯერებელი ხმები ვრცელდებოდა.
რეგისტრაცია გავიარე და გამოვცხადდი ადიუტანტთან და მორიგე ოფიცერთან. მერე
აეროდრომის სიახლოვეს ნაქირავებ ჩემს ბინაში წავედი და მამაჩემთან სატელეფონო
საუბარი შევუკვეთე. მხოლოდ ორი საათის შემდეგ შეგვაერთეს, ჩემი მღელვარება კი
ყოველ წუთს მატულობდა. როგორც იქნა, ზარი გაისმა და ყურმილი ავიღე. მიპასუხა
მის ჰაკმეისტერმა, თეთრი სახლის მთავარმა ტელეფონისტმა.
- ალო?

- კაპიტანი ელიოტი ბრძანდებით?

- ალო, ჰეკი... მამა დაკავებულია?

- ახლავე შეგაერთებთ. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მართლა თქვენ


რეკავდით.

მოკლე პაუზის შემდეგ გავიგონე მამაჩემის ხმა: - ელიოტ?

- ალო, მამა! - თითქმის ყვირილი მიხდებოდა.

- როგორ ხარ, ჩემო ბიჭო?

- მე? შესანიშნავად. შენ როგორ ხარ?

- მე... ძალიან დაკავებული ვარ, რა თქმა უნდა.

- ახალი არის რამე, მამა?

- ახალი? რა თქმა უნდა, სერიოზული საქმეებია... შენკენ რა ისმის?

- ჩემკენ?

- ჰო, მანდ რას ამბობენ?

- რა ვიცი, ამბობენ, ხვალ გაგვგზავნიანო... ესკადრილიებს უბრძანებენ ფილიპინებზე


გაფრენასო.

- ჰო?

- ახლახან გავიგეთ, რომ მექსიკაში იაპონური დესანტი გადმოსვეს და ნებისმიერ


წუთსაა შესაძლებელი ტეხასის ავიაბაზებზე თავდასხმა.

- რას მეუბნები!

- იმასაც ამბობდნენ, რომ იაპონელები ამზადებენ ფეხოსანთა საექსპედიციო კოლონას,


რომელიც მექსიკის საზღვრებიდან შეიჭრება ტეხასში ან კალიფორნიაში... მამაჩემის
შეძახილი მომესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ინტერესით მისმენდა...

- კარგი, - მითხრა მან, - თუ კიდევ გაიგებ რამეს, შემატყობინე.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! როგორც კი...

ტელეფონში რაღაცამ გაიტკაცუნა: მან ყურმილი დადო. მეც იგივე გავაკეთე და


წამოვხტი...

როგორ?! მაინც, რა მოხდა? მე დავურეკე, რომ მისგან გამეგო რამე, იმით კი


დამთავრდა, რომ მე ვუყვებოდი მას...

თანაც უნდა, თუ რამე ახალს მოვკრავ ყურს, მას ვაცნობო... მას - მთავარსარდალსა და
ბელადს.
ამოვიოხრე და დასაძინებლად გავემართე.

პერლ-ჰარბორზე თავდასხმამ ვერ შეცვალა შტურმანების ჯგუფის დადგენილი


სასწავლო პროგრამა. მისი დასრულების შემდეგ მე გამანაწილეს მე-6 სადაზვერვო
ესკადრილიაში, რომელიც დასავლეთ სანაპიროსთან იდგა. მისი შტაბი მდებარეობდა
უდაბნოში, მიუროკის მშრალ ტბასთან, ლანკასტერის სიახლოვეს, კალიფორნიაში.
ჩვენ საპატრულო სამსახურს ვეწეოდით წყნარ ოკეანეზე. ჯერ მე-6, მერე კი მე-2
ესკადრილიაში ვმსახურობდი იანვრის ბოლომდე; შემდეგ მივიღე საიდუმლო
მიწერილობა, გამოვცხადებულიყავი 1-ლი კარტოგრაფიული ჯგუფის მეთაურთან
ბოლინგის აეროდრომზე, ვაშინგტონში.

ეს ბრძანება და ჩემი ახალი დანიშვნა ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ


ყველაზე ნათელი იმედები გამიჩნდა. ალბათ, რაღაც ძალიან დიდი და
მნიშვნელოვანი საქმეა. როგორც ჩანს, დავალებაა ოკეანის გაღმა...

და მართლაც, ეს აღმოჩნდა დანიშვნა ოკეანის გაღმა, მაგრამ როცა გავიგე, რა


მევალებოდა, ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი. დავალების პირობითი სახელი იყო
„მოძველებული საწარმო“ და ისე მოსაწყენად მეჩვენა, რომ არა თუ მოძველებული,
საერთოდ უსარგებლო მეგონა. მე და ერთ შტურმანს დაგვავალეს საჰაერო დაზვერვა
და აეროფოტოგადაღება გვეწარმოებინა ჩრდილოეთ აფრიკის ვრცელ რაიონებში.
აფრიკის!

ზუსტად გამგზავრების წინ ვესაუბრე მამას - ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ჩვეულებრივი


საუბარი საუზმესა და მისი სამუშაო დღის დასაწყისს შორის. მე მას გავუზიარე ჩემი
იმედგაცრუება ამ თითქოსდა „განსაკუთრებული“ დავალების გამო. დავალება, რა
თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ მთავარსარდალი
უკვე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ამის თაობაზე.

ასეც აღმოჩნდა, და მამა მაშინვე შეეცადა აეხსნა, თუ რატომ იყო ჩემი დავალება
სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მე მეგონა. როგორც
ყოველთვის, მისი განმარტებები ახლაც დამეხმარა, უკეთ ჩავწვდომოდი პრობლემებს
და გამეაზრებინა ომის სტრატეგია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დავიწყებ იქიდან,
რომ მამა სიამოვნებისაგან გაიბადრა, როცა მას ჩემი დავალების ხასიათზე
ველაპარაკე. ვიდრე მე უკმაყოფილებას გამოვთქვამდი და ვცდილობდი ამეხსნა, რომ
არ ღირდა ამის გამო ასეთი ხმაურის ატეხა, ის ყავას ხარშავდა (მამაჩემი ყავას
ყოველთვის თვითონ ხარშავდა, ამტკიცებდა, რომ სამზარეულოში ვერ აკეთებდნენ
ამას ისე, როგორც საჭირო იყო).

მოკლედ, როცა წუწუნი შევწყვიტე ჩემი დანივშნის გამო, მამამ მითხრა: - არ ხარ
მართალი. შენ თვლი, რომ მხოლოდ რაღაცა ქვიშების გადასაღებად გაგზავნიან და ეს
დროის და ფირის უსარგებლო ხარჯვაა. მაგრამ, ეს ასე არ არის. მოდი, საქმეს ასეთი
კუთხით შევხედოთ: არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ჩინეთმა განაგრძოს ბრძოლა?

- რა თქმა უნდა... მგონი, ასეა.

- ჩინეთის გარეშე... თუ ჩინეთი დაეცემა, რამდენი იაპონური დივიზია


გამოთავისუფლდება და, როგორ ფიქრობ, რისთვის? აიღე მაგალითად, ავსტრალია,
აიღე ინდოეთი... ის უკვე მზადაა, როგორც მწიფე ქლიავი, იმისთვის რომ მოწყვიტონ.
წინ წავიდეთ, პირდაპირ შუა აღმოსავლეთზე...
- იაპონია? - ვკითხე უნდობლად.

- რატომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იაპონელები და გერმანელები


ერთობლივად გადაწყვეტენ იერიშის მიტანას ორი მხრიდან, რათა გიგანტური
მარყუჟი წარმოქმნან, რომელიც სადღაც ახლო აღმოსავლეთში შეიკვრება და ამით
რუსეთი სრულიად იზოლირებული აღმოჩნდება, ეგვიპტე მოკვეთილი, ყველა
საკომუნკაციო ხაზი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე გადის, - მოჭრილი.

- კი მაგრამ, აფრიკა რა შუაშია?

- ამჟამად როგორ ვაწვდით შეიარაღებას და დახმარებას ჩინეთს?

- ბირმის გავლით.

- თუ მასაც დაიპყრობენ?

- მაშინ, ჰაერით მივაწვდით, ინდოეთიდან.

- სწორედაც რომ. ეს ერთადერთი სწრაფი გზაა. ახლა, ინდოეთში როგორ ჩავიტანოთ


შეიარაღება?

- გასაგებია, ხმელთაშუა ზღვით.

- ახლა, საქმეს სულ სხვა მხრიდან შეხედე. შენ იცი, რა ძნელია შეიარაღების მიწოდება
საბჭოთა კავშირისთვის. მურმანსკის მაშრუტი...

- თვითმკვლელობაა.

- ამიტომ, ჩვენ ახლა ვაპირებთ, ვისარგებლოთ სპარსეთის ყურით. ნუთუ ჩვენ ისევ
მოგვიწევს, გავითვალისწინოთ გადაზიდვების აუცილებლობა აფრიკის სამხრეთ
სანაპიროდან? არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ მადაგასკარშიც არიან ადამიანები,
რომლებიც დაუფიქრებლად შეიფარებენ იაპონურ ან ნაცისტურ წყალქვეშა ნავებს.
ჩვენ გვჭირდება გზა ხმელთაშუა ზღვაზე. ამრიგად...

- მესმის, აფრიკა! ეს ადრე ვერ გავიაზრე მხოლოდ იმიტომ, რომ არ მესმის, რატომ
ვკარგავთ დროს. რატომ არ შეიძლება, უბრალოდ ჩავსხდეთ ხომალდებში და
ნაცისტებს პირდაპირ დავარტყათ ინგლისიდან?

- კი მაგრამ, განა, ჩვენ არ ვცდილობთ, მთელი დატვირთვით ავამუშაოთ მრეწველობა?


- მამამ ნაღვლიანად გაიღიმა. - განა, კიდევ ბევრი რამ არ გვინდა? მაგრამ ვიცით ერთი:
ჩინელები ანადგურებენ იაპონელებს, რუსები - გერმანელებს. ჩვენ მათ საომარი
მასალით უნდა დავეხმაროთ მანამდე, ვიდრე ჩვენი არმია და ფლოტი მზად არ
იქნებიან, თვითონ გამოვიდნენ მათ დასახმარებლად. ამიტომ საჭიროა, იმაზე ასჯერ,
ათასჯერ მეტი საომარი მასალა მივაწოდოთ, რასაც დღეს იღებენ ჩვენგან. აფრიკა იმის
გარანტიაა, რომ ისინი ამ მასალას მიიღებენ. მოდი, აფრიკას სხვა თვალსაზრისითაც
შევხედოთ, ნაცისტები საჰარისკენ მზეზე გასარუჯად ხომ არ მიემართებიან, რაში
დასჭირდათ ეგვიპტე? რაში დასჭირდათ მათ ცენტრალური აფრიკა? იქიდან
ბრაზილიამდე არც ისე შორია. პენსილვანიის ავენიუ სავსებით მოსალოდნელია,
ადოლფ-ჰიტლერ-შტრასედ გადაიქცეს; თავს ნუ მოიტყუებ, რომ ეს შეუძლებელია!
ასე რომ, მოდი, კარგად გადაიღე ის შენი ქვიშები და მოეშვი ფიქრს, რომ ეს ფირის
უნაყოფო ხარჯვაა!

კარში სტივ ერლის თავი გამოჩნდა. მან საათს მრავალმნიშვნელოვნად დახედა. მამას
გაეცინა.

- ორი წუთიც, სტივ! - კარი მიიხურა. მე ალბათ მეტისმეტად გულდაწყვეტილი


გამომეტყველება მქონდა და ამიტომ მამაჩემი გაკვირვებული მომაჩერდა.

- ეს, ასეთი დიდი საქმეა, - ვთქვი მე, - ჩვენ კი ასე უხეიროდ ვართ მომზადებული.

- წარმოიდგინე, რომ ეს ფეხბურთის მატჩია, - მიპასუხა მან, - ჩვენ კი სარეზერვო


სკამზე ჩამომსხდარი მოთამაშეები ვართ, ახლა ძირითადი მოთამაშეები არიან
რუსები, ჩინელები და ნაკლები დოზით, ინგლისელები. ჩვენთვის ნაგულისხმევია
როლი... მოთამაშეებისა, რომლებიც თამაშში გადამწყვეტ მომენტში ჩაერთვებიან.

- მესმის.

- მანამდე, ვიდრე ჩვენს ფორვარდებს ძალა გამოეცლებათ, ჩვენ შევალთ თამაშში, რომ
გადამწყვეტი გოლი გავიტანოთ. ჩვენ ახალი ძალებით შევალთ. მომენტს თუ სწორად
შევარჩევთ, ჩვენი ფორვარდები არ იქნებიან ბოლომდე ქანცგაცლილები და... - აქ
გაჩერდა.

- ჰო?

- ვფიქრობ, მომენტი სწორად იქნება შერჩეული. ჯერ ერთი, ერთ მუჭა ხმაურიან
პესიმისტებს თუ არ ჩავთვლით, ამერიკელი ხალხი თავდაჯერებული და მომთმენია
და შეძლებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მეორეც, უფალმა ეს სამყარო იმისთვის კი
არ შექმნა, რომ მას ერთი მუჭა ხალხი მართავდეს. ის ძალას მოგვცემს ჩვენს
მოკავშირეებს და ჩვენ, რომ გავუძლოთ და გავიმარჯვოთ.

კარები შემოაღეს.

- ორი წუთი გავიდა, - გამოგვიცხადა სტივ ერლიმ.

- წარმატებას გისურვებ, - მითხრა მამამ და გავიდა.

„მოძველებული საწარმოს“ გამო მომიხდა ჩავსულიყავი აკრუში ოქროს სანაპიროზე,


ბათერსტაში ბრიტანეთის გამბიაში, კანოში ბრიტანეთის ეკვატორულ აფრიკაში და
ფორტ-ლამში საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკაში (უკანასკნელი თავისუფალი
საფრანგეთის დროშის ქვეშ რჩებოდა). რამდენიმე თვის თავდადებული მუშაობა
დაგვჭირდა, რომ ჰაერიდან მთელი ჩრდილო-დასავლეთი აფრიკა გადაგვეღო;
ხანდახან გვიხდებოდა ფაშისტების საპატრულო თვითმფრინავებთან შეჯახება,
ცეცხლის ქვეშაც აღმოვჩენილვართ; და მაინც, ეს იყო მოსაწყენი და მძიმე სამუშაო,
რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამესრულებინა. შეერთებულ შტატებში
მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოვახერხე დაბრუნება, ისიც ივლისში და
აგვისტოში. ამ დროის უმეტესი ნაწილი ჰოსპიტალში გავატარე. ვმკურნალობდი
დიზენტერიას და მალარიას. როგორც კი ლოგინიდან წამოვდექი და არმიის ექიმებმა
სამსახურისთვის ვარგისად მცნეს, დამნიშნეს ინგლისში, მე-3 ფოტოდაზვერვითი
ჯგუფის ხელმძღვანელად. (ჯერ კიდევ აფრიკაში მაიორი გავხდი, ახალ
დანიშვნასთან ერთად პოდპოლკოვნიკის წოდებაც მომანიჭეს).

იმ ორი თვის განმავლობაში, რომელიც მე შეერთებულ შტატებში გავატარე, მამასთან


იშვიათად ვახერხებდი გასაუბრებას. საქმე მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ეს დრო
ძირითადად ჰოსპიტალში გავატარე, მამაც გადატვირთული იყო მომქანცველი
სამუშაოთი. მასთან შეხვედრა სამჯერ თუ ოთხჯერ მოვახერხე, ისიც რამდენიმე
წუთით და ყოველთვის თვალში მხვდებოდა დაღლილობა და ფარული დაძაბულობა
მის სახეზე. ის დღეები ყოველმხრივ მძიმე იყო მოკავშირეებისთვის: ინგლისი,
ჩინეთი, საბჭოთა კავშირი უფრო და უფრო მეტ რესურსებს ითხოვდნენ, და არც ერთი
არ იყო ბოლომდე კმაყოფილი. სამხედრო კიბის ყველა საფეხურზე,
ხელმძღვანელობის ყველა საფეხურზე მდგარი ადამიანები უშვებდნენ შეცდომებს. ეს
იყო იმ ადამიანების შეცდომები, რომელთაც არასოდეს უმუშავიათ ომისთვის და
სურდათ, რომ ასეთი სამუშაო აღარასოდეს გამხდარიყო მათი ხვედრი მომავალში. ამ
სამუშაოს უზარმაზარმა ტვირთმა და მღელვარებამ კვალი დაატყო მამაჩემის სახეს,
და ჩვენი შეხვედრების დროს ნებისმიერ რამეზე მინდოდა მასთან ლაპარაკი, ომის
გარდა.

ინგლისში ჩემი ნაწილი სტიფლ მორდენთან, კემბრიჯის სიახლოვეს იდგა. სადღაც,


მაღალ სფეროებში, ინგლისელ და ამერიკელ სტრატეგებს შორის კამათი იმათი
გამარჯვებით მთავრდებოდა, ვინც ლოდინის პოლიტიკას არჩევდა მანამ, სანამ ჩვენი
ცოცხალი ძალის და ტექნიკის უპირატესობა საგრძნობი არ გახდებოდა. ამ კამათის
შედეგად 1942 წელს ლა-მანშით შეჭრა არ განხორციელდა. ჩემი ჯგუფი ნორმანდიასა
და ბრეტანში ფოტოდაზვერვას აწარმოებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ძალების მოკრება და
გამოცდილების დაგროვება უფრო იყო აფრიკაში მოქმედებების დაწყების წინ.

სექტემბრის ბოლოს, კვირადღეს ჩავედი ჩერჩილის საგარეო რეზიდენციაში ჩეკერსში,


ამჯერად ამ ვიზიტისთვის წინასწარ ვიყავი მომზადებული. სადილის შემდეგ
ჩერჩილმა ისე, სხვათა შორის მითხრა, რომ საღამოს მამაჩემთან აპირებდა ლაპარაკს
ტრანს-ატლანტიკური სატელეფონო ხაზით და მკითხა, მეც ხომ არ ვისურვებდი,
მისთვის ორი სიტყვა მეთქვა. დარწმუნებული ვარ, ეს დაუდევარი ტონი ხელოვნური
იყო. ვფიქრობ, მისთვის ჩვეული დაკვირვებულობის წყალობით მას არ გამოჰპარვია,
რომ იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი მამასთან
ლაპარაკი იქნებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ორ საათზე მეტი დასჭირდა პრემიერ-
მინისტრის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაკავშირებას. თან, ცენზორმა
ორივე მხარე გააფრთხილა, საუბრის დროს სიფრთხილე დაეცვათ. მამამ დაბადების
დღე მომილოცა. ლაპარაკის დროს მოასწრო, ფრთხილად მიენიშნებინა ჩემთვის, რომ
არ უნდა გამკვირვებოდა, თუ მალე ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს შევხვდებოდი.

მეორე დილით ჩემს ნაწილში უნდა დავბრუნებულიყავი. ჩერჩილის ოთახში


მიმიპატიჟეს გამოსათხოვებლად. ის დედიშობილა, სიგარის ბოლში გახვეული
ოთახში ბოლთას სცემდა.

- ოჰო, - გავიფიქრე ჩემთვის, - შვილიშვილებისთვის მოსაყოლად მექნება.

„ოჯახის ერთ-ერთი წევრი“ დედაჩემი აღმოჩნდა. ეს მის ჩამოსვლამდე ერთი დღით


ადრე გავიგე. ლონდონიდან, ჩვენი საელჩოდან დამირეკეს და შემატყობინეს. წავედი
ლონდონში და შევხვდი მას ბუკინჰემის სასახლეში, საითაც ის ჩამოსვლისთანავე
გაემართა.

ლონდონში მისი ყოფნისას სულ ცუდი ამინდი იდგა. იმ საღამოსაც, როცა მეფესთან
ვვახშმობდით ბუკინჰემის სასახლეში, დედა იყინებოდა ამ შენობის უზარმაზარ
დარბაზებში. მაგრამ არავინ ჩიოდა. ყველას კარგად ესმოდა, რომ ეს იყო ინგლისში
ცხოვრების მკაცრი პირობების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და სამეფო ოჯახიც,
ისევე როგორც ყველა ინგლისელი, მედგრად იტანდა საწვავის უქონლობას. მე კი არც
მაშინ ვისურვებდი ამ სასახლის გათბობას ჩემს ხარჯზე, როცა საწვავი საკმარისი
იქნებოდა.

ჩვენი მეტად თავაზიანი მასპინძლების გარდა ვახშამს ესწრებოდნენ ფელდმარშალი


სმეტსი (მის გვერდით ვიჯექი და ვუყვებოდი აფრიკაში ფოტოგრაფირების შესახებ.
ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, რომ ეს მისთვისაც ნაცნობი თემა იყო, თუმცა
მხედველობიდან გამომრჩა, რომ აფრიკის მისი ნაწილი საკმაოდ შორს იყო ჩემი
ნაწილისაგან), ვახშამზე იყო ლორდი მაუნტბეტენიც, რომლის ლამაზი, მომხიბლავი
გარეგნობა სავსებით შეესაბამებოდა მის რეპუტაციას. ვახშმის შემდეგ სარდაფში
ჩავედით, თავშესაფარში, სადაც გვაჩვენეს ნოელ ქოუარდის ახლახან დასრულებული
ფილმი - „რომელშიც ჩვენ ვმსახურობთ“. მთავარი გმირის პროტოტიპი მაუნტბეტენი
იყო, რომელიც სცენარის ავტორის შთაგონების წყარო ყოფილა.

ფილმის ჩვენების დროს ლორდი მაუნტბეტენი ყურადღებას გვიფანტავდა თავისი


შენიშვნებით იმ მოვლენებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო სცენარს.

იმ ღამეს გვიანობამდე ვიჯექი დედაჩემთან, სიცივისაგან ორივე ვძაგძაგებდით. იმ


დროს უკვე ვიცოდი, რომ აფრიკაში ჯარების გადასხმა მზადდებოდა; როგორც მერე
მივხვდი, დედასაც სცოდნია. მაგრამ იმ საღამოს, საუბრისას ორივე გვერდს
ვუვლიდით ამ თემას. ფრთხილად ვამბობდით სათქმელს, რომ ის საიდუმლო არ
გაგვეთქვა, რომელიც თურმე ორივემ მშვენივრად ვიცოდით. ერთი ახალი ამბავი კი
მაინც მითხრა: მამაჩემს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, სურვილი ჰქონია,
ჩამოსულიყო ჩერჩილთან შესახვედრად და ორივე იმედოვნებდა, რომ სტალინს
შეხვდებოდნენ. დედაჩემი თვითმფრინავით მგზავრობისგან საკმაოდ დაქანცულიყო,
მაგრამ სიამოვნებით დამთანხმდა, ჩემი ნაწილის სანახავად წამოსულიყო.

იმ დღეს, როცა დედა სტიფლ მორდენში წამოვიდა, ამინდი საგანგებოდ


გამოგვიგზავნეს ჯოჯოხეთიდან იმ ინგლისელმა კუდიანებმა, რომელთა მოვალეობაც
ინგლისური ამინდის შეთითხვნა იყო. ციოდა, ქარი უბერავდა, მოქუფრული,
ნესტიანი დღე იდგა. თუ არ ცრიდა, თავსხმა იყო. დედაჩემმა ინგლისელების
კომისიასთან ერთად ერთი საათით დაიგვიანა და მთელი ამ დროის მანძილზე ჩემი
ბედკრული ნაწილი, მთელი შემადგენლობით, შტაბის წინ ასფალტის ბილიკზე იდგა
გამწკრივებული. როგორც იქნა, დედაჩემი მოვიდა და ჩემთან ერთად ჩაიარა მწკრივი,
ორი ათას ადამიანს ჩამოართვა ხელი და თითქმის ყველას გაესაუბრა. მერე
შევაცილეთ შენობაში და ჩაით გავუმასპინძლდით (მისმა თანამგზავრებმა ვისკი
ითხოვეს, ჩვენც დავუსხით, მაგრამ ვაიძულეთ, ჩაის ფინჯნებით დაელიათ, დედაჩემს
რომ არ შეემჩნია).

მეორე დღეს, ყველას, ვისაც მონაწილეობა უნდა მიგვეღო აფრიკის ოპერაციაში,


გვეკრძალებოდა ბაზების დატოვება. ოქტომბრის ბოლოს ჩვენი სახმელეთო
ეშელონები პორტებისკენ გაემართნენ. 5 ნოემბერს საჰაერო ეშელონები შუალედური
ბაზებისკენ გაფრინდნენ.

9 ნოემბერს აფრიკაში ჩავფრინდით. ჩემი ჯგუფი მიწაზე რომ დაეშვა, იქ ჯერ კიდევ
ბრძოლები მიმდინარეობდა. მეორე დღესვე შევუდექით მუშაობას აეროდრომიდან,
რომელიც ხელში ჩავიგდეთ.

მომდევნო ორი თვე დაკავებული ვიყავით ურთულესი სამუშაოთი. ამ სამუშაოსთან


ერთად ყოვედღიურად უამრავი სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა იჩენდა თავს,
რაც არ მიტოვებდა არანაირ საშუალებას, ომის სხვა მოვლენებზე მეფიქრა, გარდა
იმისა, რომლის ცენტრი უშუალოდ ალჟირის სიახლოვეს მდებარე მეზონ ბლანშის
აეროდრომი იყო.

მაგრამ, მოულოდნელად, 1943 წლის 11 ნოემბერს, მიბრძანეს, დაუყოვნებლივ


მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ უოლტერ
ბიდლ სმიტთან გამოვცხადებულიყავი ალჟირში. დედაჩემის მინიშნების წყალობით,
საკმაოდ ნათლად ვხვდებოდი, რისთვის დავჭირდი „ბიდლს“. მან თვითონ არაფერი
მითხრა, უბრალოდ მიბრძანა, კასაბლანკაში გავფრენილიყავი ადმირალ
ინგერსოლთან ერთად. ადგილობრივი აეროდრომის უფროსმა დიდი სიამოვნებით
გამიმხილა საიდუმლო: - მამათქვენი, - მითხრა მან, - და ჩერჩილი, შესაძლოა
სტალინიც, აქ უნდა ჩამოვიდნენ.

გარდა ამისა, მანვე მირჩია, დღე-ნახევარი - მამაჩემის ჩამოსვლამდე, არსად


გავსულიყავი, ვინმეს რომ არ ვეცნე. ვერავინ ვერ უნდა მიმხვდარიყო, რომ აქ მასთან
შესახვედრად ვიყავი ჩამოსული.

თავი მეოთხე. კონფერენცია კასაბლანკაში

იმ დროისათვის, როცა მე მეექვსე კვერცხის ნარჩენებს ვიწმენდდი ნიკაპიდან


(ნამდვილი კვერცხისა და არა კვერცხის ფხვნილის), მამა თავის თანმხლებ პირებთან
ერთად ბრაზილიაში ჩამოვიდა. საკმარისი დრო მქონდა აზრზე მოსასვლელად,
დასასვენებლად, ცოტა ხნით ომის დასავიწყებლად, მეგობრებთან შესახვედრად,
რომლებიც, შესაძლოა, აქ ყოფილიყვნენ და იმ ადგილის დასათვალიერებლად, სადაც
ვიყავი.

ეს იყო იმ გადასხდომის უკიდურესი სამხრეთი წერტილი, რომელიც კვირას, 8


ნოემბერს, ღამით განხორციელდა. ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ალჟირში, მე
თვითონ ვმონაწილეობდი ოპერაციებში და ახლა დავინახე, რასთან მოუხდათ იმ
ძალებს შეჯახება, რომლებმაც კასაბლანკაზე მიიტანეს შეტევა.

ორ თვეზე მეტი იყო გასული, მაგრამ ყურეში ჯერ კიდევ იდგა მწყობრიდან
გამოსული ლინკორი „ჟან ბარტი“. თვითონ ქალაქსაც, რომელიც გორაკების
ფერდობებიდან გადმოჰყურებდა პორტს, შესამჩნევად ეტყობოდა ომის ნაკვალევი.
ახლა, იანვარში, ვიწრო ქუჩები ამერიკელი ჯარისკაცებით, „ვილისებით“ და საბარგო
ავტომანქანებით იყო სავსე. უფრო მაღლა, იქ, სადაც მდიდარი ფრანგი
კოლონისტების ვილები და აგარაკები მოჩანდა თეთრად, ადრეულ აფრიკულ
გაზაფხულს თავისი საღებავებით შეეფერადებინა არემარე. აქ იყო სინათლე, სითბო
და მხიარულება. ეს იყო სრულიად საწინააღმდეგო სურათი არჯენტიისა, რომელიც
თითქოს სხვა გეოლოგიურ ეპოქას ეკუთვნოდა.

დარწმუნებული ვარ, კასაბლანკა შეხვედრისთვის მხოლოდ იმიტომ არ შეარჩიეს,


რომ ის ესპანურად „თეთრ სახლს“ ნიშნავს. თუმცა რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო,
ეს არჩევანი როგორც კი გაკეთდა, ჩვენი საიდუმლო სამსახურის აგენტები მაიკლ
რეილის მეთაურობით გაგზავნეს, რათა ადგილი შეერჩიათ, სადაც „მაღალი
პერსონები“ იცხოვრებდნენ, ერთმანეთს შეხვდებოდნენ და მოითათბირებდნენ.
მაიკლს პიველივე დღეს გადავეყარე. მან ცოტა წაიბუზღუნა იმ სირთულეების გამო,
რომელთაც შეეჯახა დავალების შესრულებისას - კასაბლანკაში ისეთივე
უსაფრთხოების ზომები უნდა უზრუნველეყო, როგორიც თეთრ სახლში იყო.

ჯერ ერთი, საქმე ის იყო, რომ საფრანგეთის მაროკოში მტრების აგენტების და


დამსმენების მთელი არმია მოქმედებდა; ნაცისტები სულ ცოტა ხნის განდევნილები
იყვნენ; ჩვენს უსაფრთხოების ორგანოებს ჯერ კიდევ მოელოდათ მრავალი ფრანგი
ფაშისტის გამოვლენა და დაპატიმრება, რომლებიც ჰიტლერელებმა აქ დატოვეს
გერმანული ფულით სავსე ჯიბეებით. გარდა ამისა, კასაბლანკა არც ისე შორს იყო
ესპანეთის მაროკოსგან და 1943 წლის იანვარში ჩვენგან არავის ჰქონდა ილუზიები
ფრანკოსა და ფალანგისტების მეგობრულ გრძნობებზე.

ამას ისიც დაერთო, რომ ნაცისტებმა კონფერენციამდე სამი დღით ადრე საჰაერო
თავდასხმა მოაწყვეს კასაბლანკაზე. იქნებ ეს დარტყმა ყოველი შემთხვევისთვის იყო
გაკეთებული, შეიძლება, გენერალ პატონის საწვავის უზარმაზარი საწყობების
გასანადგურებლად იყო გამიზნული, მაგრამ ყველა მათი ბომბი არასამხედრო
ობიექტებს დაეცა და ერთადერთი რაც მოიმკეს, ის იყო რომ, ისინი შეიძულეს
არაბებმა, რომელთაც ოჯახები დაეღუპათ. ამ თავდასხმამ საკმარისზე მეტი
საფუძველი მისცა მაიკლ რეილის, რომ ჩაფიქრებულიყო. კასაბლანკაში და მის
გარშემო დამატებით დააყენეს საზენიტო ბატარეები და ფრიცებმა თავიანთ
მოკლეტალღოვან გადაცემებში ვარაუდების გამოთქმა დაიწყეს ჩრდილოეთ
აფრიკაზე. (გებელსის თანამშრომლები არც ისე შორს იყვნენ ჭეშმარიტებისაგან,
როდესაც გადმოსცემდნენ ინფორმაციას გენერალ მარშალის ჩამოსვლის შესახებ
ინგლისის შტაბების უფროსებთან სათათბიროდ).

შტაბების უფროსების გაერთიანებული საბჭოს ოფიცრების უმრავლესობა,


რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ კონფერენციაში, სასტუმრო „ანფაში“ იყვნენ
დაბინავებულები. ეს იყო მყუდრო, საკურორტო სასტუმრო. არც ისე დიდი,
უპრეტენზიო, თუმცა საკმაოდ თანამედროვე და კომფორტული. რაიონი, სადაც
სასტუმრო მდებარეობდა, ეკლიანი მავთულით შემოღობეს და „ბანაკი
ანფა“ დაარქვეს. ამავე რაიონში იყო ის ვილებიც, რომლებიც მამაჩემისა და
ჩერჩილისათვის შეარჩიეს. ეკლიანი მავთულის ღობეების გასწვრივ გენერალ
პატონის პატრული დადიოდა. ისინი ყველას დოკუმენტებს უმოწმებდნენ, მაგრამ
თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა უნდა მომხდარიყო ამ ბანაკში.

ვიდრე მამაჩემის დიდი საფრენი ხომალდი სადღაც სამხრეთ ატლანტიკის თავზე იყო,
ბრაზილიასა და ბრიტანეთის გამბიას შორის, მე დავრბოდი ბანაკში, რათა გამეგო,
როგორ უნდა ეკვებათ ჩამობრძანებული პერსონები. ბოლო ორი თვე მე ამერიკის
არმიის ულუფაზე ვიყავი, მანამდე ორი თვე - ინგლისურ ულუფაზე. ამან ყველაფერმა
ჩემს საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების დაწუნების უნარი დაუკარგა, და მზად
ვიყავი განმეცხადებინა, რომ ოფიცრებმა, ვისაც კვების საკითხის მოგვარება
ევალებოდათ, საუკეთესოდ გაართვეს თავი ამ საქმეს.

სამშაბათს, დღის ბოლოს, მე და მაიკ რეილი გავემართეთ მედუინის აეროდრომზე


მამაჩემის და მისი თანმხლები პირების დასახვედრად. მათ ჩამოფრენას შვიდის
წუთებზე ველოდებოდით.

იმ ადგილთან ახლოს ვიდექით, სადაც მამაჩემის თვითმფრინავი უნდა დამჯდარიყო.

უცებ გამახსენდა.

- მომისმინეთ! - ვთქვი მე. მაიკ რეილიმ რაღაც ჩაიბურტყუნა და შემომხედა. -


მამაჩემი ხომ პირველად ჩაჯდა თვითმფრინავში 1932 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა
ჩიკაგოში მიფრინავდა თვისი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე
წამოსაყენებლად.

- ის ახლა ბევრ რამეს აკეთებს პირველად, - მიპასუხა მაიკმა ისეთი სახით, თითქოს
ითვლიდა ყველა იმ უსიამოვნო ფაქტს, რომელიც მას ამის გამო შეემთხვა. -
პრეზიდენტი პირველად სარგებლობს თვითმფრინავით შეერთებული შტატების
გარეთ სამოგზაუროდ. უფრო მეტიც, პრეზიდენტი, საერთოდ პირველად
სარგებლობს თვითმფრინავით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ოფიციალური თუ
არაოფიციალური საქმისთვის.

- მაიკმა მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა და ისეთი ჟესტი გააკეთა, თითქოს ოფლს


იწმენდდა შუბლიდან.

ზუსტად დანიშნულ დროს (ჩვენ ყველამ მექანიკურად საათებს დავხედეთ. მაიორ


ოტის ბრაიანს სამოც წამამდე სიზუსტით ჰქონდა გამოთვლილი ფრენის დრო)
დავინახეთ თვითმფრინავი „C-54“, რომლითაც მამაჩემი მოფრინავდა.
თვითმფრინავმა წრე გააკეთა და უნაკლო დაფრენა განახორციელა. თვითმფრინავთან
მივირბინე. რა თქმა უნდა, დავინახე მამა. იქვე იყვნენ ჰარი ჰოპკინსი, ადმირალი
მაკინტაირი, კაპიტანი მაკრი, პოლკოვნიკი ბიზლი, სულ თორმეტი კაცი - და, მათ
გარდა, დაახლოებით ამდენივე საიდუმლო სამსახურის აგენტი, იმათი ჩათვლით,
ვინც ადრე ჩამოფრინდა.

მამა სულაც არ ჰგავდა დაღლილს და შესანიშნავ გუნებაზე იყო. აღსავსე იყო


შთაბეჭდილებებით მოგზაურობისგანაც და ყველაფერ იმისგან, რაც ნახა. ვიდრე
ბანაკისკენ მივემართებოდით ვიღაცის მიერ რეკვიზირებული ძველი ფრანგული
ლიმუზინით, მამაჩემი მხოლოდ ფრენებზე ლაპარაკობდა.

- რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩემი პირველი ფრენა. 1932 წლის ივნისში...

- მე რატომ მიყვები ამას, მამა? მეც შენთან ერთად არ ვიყავი მაშინ?

- ჰო, მართალია. მაგრამ მე მაგაზე ადრეც მიფრენია, - მაშინ შენ ბავშვი იყავი, მე კი
ფლოტში ვმსახურობდი და საზღვაო თვითმფრინავებით დავფრინავდი. საინსპექციო
გასვლები გვქონდა. შენ ასეთ რამეს ვეღარასოდეს გამოცდი.
- მადლობა ღმერთს!

- ჩემთვის კი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ელიოტ, - ვუყურო, როგორ მუშაობენ


ამერიკელი მფრინავები, რა მდგომარეობაშია ამჟამად ჩვენი ავიაცია, დავინახო მისი
პროგრესი. ეს შესანიშნავია. ეს მე პერსპექტივას მაძლევს...

მერე მომიყვა იმ წუთს დასრულებულ ფრენაზე.

- დაკარის თავზე მოვფრინავდით. ეს ხომ ჩვეულებრივი მარშრუტი არ არის:


ჩვეულებრივი ტრასა ხმელეთის თავზე გადის.

- ვიცი, მამა. მე სამჯერ თუ ოთხჯერ მიფრენია ამ ტრასით.

- კარგი, კარგი. შენთვის ამაში არაფერია ახალი. მაგრამ ჩემნაირ ახალბედასაც მიეცი
საშუალება, ილაპარაკოს, - შუბლი შეიჭმუხნა და მაშინვე გამიღიმა. -
„რიშელიე“ დავინახე, რეიდზე იდგა დაკარში. არ დაგავიწყდეს, გამახსენო, უნდა
მოგიყვე რა მდგომარეობაა ბათერსტაში, ბრიტანეთის გამბიაში. არ შემახსენო, რომ
იქაც ნამყოფი ხარ: მე თვითონაც მშვენივრად ვიცი. თუ გინდა დაგენიძლავები, რომ
მე, ბათერსტაში ნახევარ დღეში მეტი გავიგე, ვიდრე შენ ორ თვეში მოახერხე.

ეს ასეც იყო.

ბანაკში როგორც კი მივედით, წავედით პირდაპირ მამაჩემისთვის შერჩეულ ვილაში -


„დარ-ეს-საადში“. ეს შესანიშნავი შენობა იყო. სასტუმრო ოთახი სიმაღლით ოცდარვა
ფუტი იყო; უზარმაზარი ვენეციური ფანჯრები ულამაზეს ბაღში გადიოდა. ვილის
მფლობელებს ფანჯრების დასაცავად ჩამოსაშვები ფოლადის შტორები ჰქონდათ
დაყენებული, რომლებიც ფანჯრებს მთლიანად ფარავდა. მაიკ რეილის აზრით,
უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდა კაცი. აუზში, ბაღის გვერდით, იმპროვიზებული
თავშესაფარი იყო მოწყობილი.

სახლში სამი საძინებელი იყო: ორი ზედა სართულზე - ჰარი ჰოპკინსისთვის, ჩემთვის
და ჩემი უმცროსი ძმისთვის, რომელიც ერთ-ორ დღეში უნდა ჩამოსულიყო.
საძინებელი ქვემოთ მამაჩემისთვის იყო განკუთვნილი. ამ ოთახზე შეიძლებოდა
ყველაფრის თქმა, გარდა იმისა, რომ ის თავის ახალ დანიშნულებას შეეფერებოდა.
როცა მამაჩემმა ოთახი ნახა, დაუსტვინა.

- ერთადერთი რაც ახლა გვაკლია, სახლის დიასახლისია, - სიცილით თქვა მან.

აშკარა იყო, რომ ეს საძინებელი ოთახი ეკუთვნოდა მეტად ნაზ და მაღალი წრის
ფრანგ ქალს. ფარდები და გადასაფარებლები - უამრავი ნაოჭით, უამრავი სამშვენისი
და საწოლი, არცთუ ძალიან რბილი, მაგრამ სიგანით არანაკლებ სამი იარდისა.
სააბაზანო ოთახს კი იატაკში ჩაშენებული შავი მარმარილოს აბაზანა ამშვენებდა.

ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე იყო ჩერჩილის ვილა „მირადორი“ და ჰარი


ჰოპკინსი იქით გაემართა პრემიერ-მინისტრის სადილზე მოსაპატიჟებლად. მამაჩემის,
ინგლისის პრემიერ-მინისტრის და ჰარი ჰოპკინსის გარდა მაგიდას შემოუსხდნენ
ამერიკელი შტაბების უფროსები - გენერალი მარშალი, ადმირალი კინგი, გენერალი
არნოლდი და ინგლისის შტაბების უფროსები - გენერალი სერ ალან ბრუკი,
ადმირალი სერ დადლი პაუნდი, ავიაციის მთავარი მარშალი, სერ ჩარლზ პორტალი,
აგრეთვე ლორდი მაუნტბეტენი და ავერელ ჰარიმანი.
ამ პირველ საღამოს, დაღლილობის მიუხედავად, ყველას შესანიშნავი განწყობილება
ჰქონდა. ერთადერთი რამაც კამათი გამოიწვია, იყო საიდუმლო, უფრო სწორად,
კასაბლანკაში კონფერენციის გარშემო მისი არარსებობა. დამსწრე ოფიცრები,
განსაკუთრებით ინგლისელები და მათი მხარდამჭერი ჩერჩილი შეშფოთებულები
იყვნენ ნაცისტების შესაძლო საჰაერო თავდასხმის გამო, თუკი ეს უკანასკნელნი
დარწმუნდებოდნენ, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართებოდა.
ინგლისელები თვლიდნენ, რომ ყველანი სასწრაფოდ მარაკეშში უნდა
გადავსულიყავით. მამაჩემი ისე დაჟინებით და დამაჯერებლად წავიდა ამის
წინააღმდეგ, რომ ბოლოს და ბოლოს, მისმა აზრმა გაიმარჯვა. ცუდი ის იყო, რომ მას
მხოლოდ იმ დღეს კი არა, ყველა მომდევნო დღეს პარასკევს, შაბათს და კვირასაც
მოუწია თავისი აზრის დაცვა: რაზეც არ უნდა ყოფილიყო საუბარი, მარაკეშში
გადასვლის საკითხი დროდადრო მაინც გაისმოდა ხოლმე.

ნასადილევს მამა და ჩერჩილი მოეწყვნენ დიდ, მოხერხებულ ტახტზე, რომელიც


ზურგით იდგა მაღალი ფანჯრებისკენ, ფოლადის შტორები ჩამოშვებული იყო.
დანარჩენები მათ წინ განლაგდნენ ნახევარწრედ. საუბარი პოლიტიკურ თემებს
ეხებოდა. მომდევნო ორი-სამი საათის მანძილზე გენერლები და ადმირალები თითო-
თითოდ გვეთხოვებოდნენ და მიდიოდნენ. ბოლოს, შუაღამისთვის, დავრჩით
მხოლოდ მამაჩემი, ჩერჩილი, ჰოპკისი, ჰარიმანი და მე. საუბარი ძალდაუტანებლად
მიმდინარეობდა. მისი ძირითადი თემები იყო სტალინი და საფრანგეთის
პოლიტიკურ არენაზე არსებული მდგომარეობა. (ამ საუბრამდე სულ რაღაც სამი
კვირით ადრე მოკლეს დარლანი).

პირველ პუნქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, ჩამოვიდოდა თუ არა სტალინი.


პასუხი იყო - არა. მამაჩემის სიტყვებით, სტალინმა ჩამოსვლაზე უარი ორი მიზეზით
თქვა: პირველი, ის თავად ხელმძღვანელობდა წითელი არმიის სამხედრო
ოპერაციებს (ჩვენ კი იმ დროს ყველანი მეტისმეტად აღელვებული ვიყავით
აღმოსავლეთის ფრონტიდან მიღებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცნობებით),
და მეორე - ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რას იტყოდა, ამ კონფერენციაზე რომ
ჩამოსულიყო: დასავლეთის ფრონტი!

- ჩვენ მის გარეშეც შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს, - თქვა ჩერჩილმა, - მასთან კი


მუდმივი კავშირი გვექნება და შეგვიძლია, ყველა ჩვენი გეგმა წარვუდგინოთ და
მისგან თანხმობა მივიღოთ. ჰარიმანი ხომ აქაა.

თავის მხრივ, ჰარიმანმა (რომელიც მაშინ ლენდ-ლიზის ჩვენს სამმართველოს


ხელმძღვანელობდა) განაცხადა, რომ თუ არ ჩავთვლით, რაღა თქმა უნდა, მთელი
ჩვენი ძალებით ევროპაში შეჭრას, საბჭოეთისთვის ჩვენი ყველაზე დიდი დახმარება
იქნებოდა ლენდ-ლიზით მომარაგება, იმ პირობით, რომ ის დათქმულ ვადებში
შესრულდებოდა. მამა წუხდა ჩვენი სამრეწველო გეგმების შესრულების ტემპების
გამო. ჩვენი მრეწველობა ჩამორჩებოდა განსაზღვრულ დონეს და ეს აუცილებლად
აისახებოდა არა მარტო აღმოსავლეთის ფრონტზე, არამედ ვალდებულებების
შესრულებაზეც ინგლისისა და საკუთარი - აშშ-ს არმიისა და ფლოტის წინაშე.

იმ საღამოს არავის ჰქონდა სურვილი, მაშინვე საქმეებში ჩაფლულიყო. ყველას


უნდოდა სავარძელში ჩაშვება, მთქნარება, დალევა და დასვენება. ეს იყო პირველი
საღამო მრავალი თვის განმავლობაში, როცა მამამ შეძლო, ცოტა ხნით მაინც
მოსწყვეტოდა სასწრაფო სამხედრო საქმეებს. იგივეს თქმა შეეძლო თითოეულ იქ
დამსწრეს საკუთარ თავზე. სტუმრებს სასმელს მე ვუსხამდი. მამამ და ჰარიმ საუბარი
მეორე საკითხზე გადაიტანეს და პრემიერ-მინისტრს კითხვებს უსვამდნენ დე გოლზე.

- დე გოლი, - ამოიოხრა ჩერჩილმა მრავალმნიშვნელოვნად, თან წარბები ასწია.

- თქვენი „რთული ბავშვი“ აქ უნდა ჩამოვიდეს - უთხრა მამამ. ამის შემდეგ ეს


მეტსახელი მიეწება დე გოლს; მთელი კონფერენციის განმავლობაში მას პრემიერ-
მინისტრის „რთულ ბავშვად“ მოიხსენიებდნენ. მამაჩემის „რთული ბავშვი“ კი ჟირო
იყო.

პოლიტიკური კვანძი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში ჩვენი შეჭრის შედეგად შეიკრა,


რბილად რომ ვთქვათ, არავის ახარებდა. როგორც არ უნდა ავხსნათ შექმნილი
რთული სიტუაცია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკური მანევრებით
უამრავი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ამას უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც სამხედრო, ისე პატრიოტული თვალსაზრისით.
მეორე მხრივ, ახლა ეს უკვე აშკარაა (და მამაჩემს ეს მაშინაც ესმოდა), დაშვებული იყო
შეცდომა, და თანაც სერიოზული. პირველ საღამოს მამაჩემის დამოკიდებულება
საკითხისადმი, როგორც ჩანს, განპირობებული იყო ორი მოსაზრებით. პირველ რიგში,
ის ცდილობდა, ეპოვა საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გამოსავალი საშინლად
გართულებული მდგომარეობიდან. მეორე - მას ესმოდა, რომ სახელმწიფო
დეპარტამენტი უკვე გარკვეული პოლიტიკით იყო ხელ-ფეხშეკრული, და
მოსალოდნელ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ყველაფერი უნდა ეღონათ მისი
პრესტიჟის დასაცავად. ცუდია, როცა შეცდომაა დაშვებული; თუმცა არც ისაა
უკეთესი, ისე მოიქცე, თითქოს არანაირი შეცდომა არ დაშვებულა. ამ საყოველთაოდ
ცნობილი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე მიუდგა მამაჩემი არსებულ საკითხს.

მაგრამ როცა შეცდომას თქვენი ქვეშევრდომები უშვებენ, რომელთაც უახლოესი


წლების მანძილზე მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება თქვენს მოკავშირეებთან,
რომლებიც ამავე დროს თქვენი კონკურენტებიც არიან, იმით, რომ თქვენს
ქვეშევრდომებს რთულ მდგომარეობაში მიატოვებთ, მხოლოდ მოკავშირეებს
დაეხმარებით. ასეთია მეორე, ასევე საყოველთაოდ ცნობილი, ჭეშმარიტება. აქ უკვე
წინააღმდეგობაში ვვარდებით.

ასე თუ ისე, საღამოს, პირველი შეხვედრისას, სავსებით აშკარა იყო, რომ მამაჩემს
უბრალოდ აინტერესებდა, რას იტყოდა ჩერჩილი, იქნებ, ამით მაინც მიმხვდარიყო,
რას ფიქრობდა ის სინამდვილეში.

- დე გოლს თავში აუვარდა, - წარმოთქვა პრემიერ-მინისტრმა, - უარს ამბობს აქ


ჩამოსვლაზე. კატეგორიულად! - გვეჩვენებოდა, რომ ჩერჩილს რატომღაც
სიამოვნებდა თავის სირთულეებზე ლაპარაკი.

- ვერაფრით ვაიძულე ლონდონიდან წამოსვლა, - განაგრძო პრემიერ-მინისტრმა მხნე


ხმით, - ის გაცოფებულია იმ მეთოდებით, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ მაროკოს,
ალჟირისა და ფრანგული დასავლეთი აფრიკის ჩვენ კონტროლქვეშ მოსაქცევად. თავი
ჟანა დ’არკი ჰგონია. მით უფრო ახლა, როცა „აიკმა“ აქ ძალაუფლება ჟიროს გადასცა: -
ჩერჩილმა სინანულით გააქნია თავი.
ჯერ რბილად, მერე უფრო მტკიცედ და ბოლოს, დაჟინებით მოითხოვა მამამ,
გამოეძახებინათ დე გოლი კასაბლანკაში. შეუძლებელი იყო, დროებითი მთავრობის
ფორმირება მხოლოდ ერთი ადამიანისათვის მიენდოთ, დე გოლი იქნებოდა ის თუ -
ჟირო. თანაც, იმ ორგანიზაციის შესაქმნელად, რომელიც საფრანგეთის სათავეში
უნდა ყოფილიყო მის საბოლოო განთავისუფლებამდე, აუცილებელი გახდებოდა
ორივე ამ ფრანგი მოღვაწის თანამშრომლობა.

იმ საღამოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რომელიღაც განსაკუთრებით რთულ


მომენტში ჩერჩილი და ენტონი იდენი[10] იძულებული გახდნენ, დე გოლისთვის
სიტყვა მიეცათ, ან, ყოველ შემთხვევაში, წინ არ აღუდგნენ მის მოთხოვნას,
საფრანგეთის აღორძინების საქმეში გადამწყვეტი ხმის უფლება მას ჰქონოდა. მთელი
საუბრის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი მეტისმეტად ფრთხილობდა.

- ჩემი „რთული ბავშვი“, - თქვა მან, - ჟიროს ოფიციალურ აღიარებას აღიქვამს,


როგორც არამეგობრულ აქტს მისი მოძრაობისადმი „თავისუფალი საფრანგეთი“. -
ჩერჩილის ხმა საზეიმოდ ჟღერდა. მე მომეჩვენა, რომ სინამდვილეში მას ნაკლებად
აწუხებდა თავისი „რთული ბავშვის“ გამოხტომები, - მას სურს, - განაგრძო ჩერჩილმა,
- მხოლოდ მას ჰქონდეს გადწყვეტილების მიღების უფლება, თუ ვინ უნდა შევიდეს
დროებითი მთავრობის შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, ეს არ ივარგებს.

მამაჩემის აზრით, ინგლისსა და შეერთებულ შტატებს ნათლად უნდა განემარტათ დე


გოლისთვის, რომ ის დაკარგავს ყველანაირ მხარდაჭერას, თუ არ შეწყვეტს
ჭირვეულობას და არ გამოცხადდება კონფერენციაზე. ჩერჩილმა თავი დააქნია.

- ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება, - თქვა მან, - მაგრამ, ახლა


ნამდვილად ვერ გეტყვით, ის როგორ მოიქცევა.

შუაღამეს კარგად გადაცილებული იყო, როცა პრემიერ-მინისტრი გამოგვემშვიდობა


და წავიდა. მამაც დაღლილი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ აღსავსე იყო თავისი მგზავრობის
შთაბეჭდილებებით, აღგზნებული და გახარებული იყო ჩემთან შეხვედრით.
ლოგინში ჩაწვა და ჩვენ ლაპარაკ-ლაპარაკში კიდევ ორ-ორი თუ სამ-სამი პაპიროსი
მოვწიეთ. მეც გახარებული ვიყავი შეხვედრით, გარდა ამისა მინდოდა, რომ მას აეხსნა
ზოგიერთი, ჩემთვის ბუნდოვანი, საკითხი.

- შეიძლება, ეს მხოლოდ მეჩვენება, - წამოვიწყე, - მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ


პრემიერ-მინისტრს მართლა აწუხებს დე გოლის უკმაყოფილება.

მამას გაეცინა.

- არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში გავარკვევ ამას. თუმცა,


სერიოზული ეჭვი მაქვს, - ამ სიტყვებს მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, - ჩვენი
მეგობარი დე გოლი აქამდე მხოლოდ იმიტომ არ ჩამოვიდა აფრიკაში, რომ ჩვენმა
მეგობარმა უინსტონმა ჯერ არ ჩათვალა საჭიროდ მისი მოწვევა. მე მგონია, ახლა დე
გოლი ყველაფერს გააკეთებს, რასაც მას ინგლისის პრემიერ-მინისტრი და ინგლისის
საგარეო საქმეთა სამინისტრო სთხოვენ.

- რატომ?
- ინტერესთა თანხვედრაა. ინგლისელებს განზრახული აქვთ, ხელიდან არ გაუშვან
თავიანთი კოლონიები და სურთ, ფრანგებსაც დაეხმარონ მათი კოლონიების
შენარჩუნებაში. ვინი - „სტატუს-კვოს“ დიდი დამცველია. ისე, თვითონაც წააგავს
„სტატუს-კვოს, არა?

ამ სიტყვებში ჩემთვის ნაცნობი, მაგრამ უფრო მჟღერი ნოტები დავიჭირე და


არჯენტია გამახსენდა. მამა თავის ფიქრებს უღიმოდა.

- რა იყო, მამა?

- მაუნტბეტენი გამახსენდა, - მომიგო მან, - იცი, რატომ ჩამოიყვანა უინსტონმა


მაუნტბეტენი? რაც შეიძლება კარგად რომ გამაგებინოს, რამდენად მნიშვნელოვანია
სადესანტო ხომალდების გაგზავნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

მამას გაკვირვებით შევხედე.

- რა თქმა უნდა, - განაგრძო მან, - ბირმა! ინგლისელებს ბირმის დაბრუნება სურთ.


ისინი პირველად ავლენენ ინტერესს წყნარ ოკეანეში ომისადმი. რატომ? თავიანთი
კოლონიალური იმპერიის გამო!

- მაუნტბეტენს რა ხელი აქვს ამასთან?

- ის მათი კანდიდატია მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე სამხრეთ-


აღმოსავლეთ აზიაში - სამხედრო მოქმედებების სრულიად ახალ არენაზე.

- ევროპას რაღას უპირებთ? - ვკითხე, - ლა-მანშით შეჭრაზე რას ფიქრობთ? როგორ


არის საქმე „ევროპის სუსტ ადგილში?“

- შენ მაგაზე ნუ დარდობ. მაუნტბეტენი ძალზე დამაჯერებლად კი ლაპარაკობს,


მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ შეძლოს ერნი კინგის დარწმუნება. იმას კი, აბა სცადე და
წაართვი რომელიმე სადესანტო ხომალდი წყნარ ოკეანეზე! ან სცადე და რომელიმე
სადესანტო გემი მოხსენი ატლანტიკის საომარ მოქმედებათა თეატრიდან!

ბირმასთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ მაწუხებდა, თუმცა მამა


დარწმუნებული იყო, რომ ის არ იყო მნიშვნელოვანი.

- ეს ყველაფერი ინგლისის კოლონიების საკითხის ნაწილია, - განაგრძო მან, -


მდგომარეობა ბირმაში ინდოეთზეც აისახება, საფრანგეთის ინდო-ჩინეთზეც და
ინდონეზიაზეც - ისინი კავშირშია ერთმანეთთან. თუ რომელიმე მათგანი
დამოუკიდებლობას მოიპოვებს, დანარჩენებშიც დაიწყება მღელვარება. აი, ამიტომაც
ცდილობს უინსტონი, დე გოლს მდგომარეობა შეუნარჩუნოს. დე გოლი ჩერჩილზე
ნაკლებად არ არის დაინტერესებული კოლონიალური იმპერიის არსებობაში.

მე ვკითხე მამას, როგორი იყო ამ საქმეში ჟიროს როლი.

- ჟირო? მასზე ძალიან კარგი შეფასებები მივიღე ჩვენი სახელმწიფო დეპარტამენტის


თანამშრომლებისგან და მერფისგან...

- მერფი?
- რობერტ მერფი, რომელსაც მოლაპარაკებები მიჰყავდა ფრანგებთან ჩრდილოეთ
აფრიკაში ჩვენს შეჭრამდე.

- ჰო... მახსოვს...

- მან გვაცნობა, რომ ჟირო ზუსტად ის ადამიანია, რომლის გამოყენებაც


შესაძლებელია დე გოლის საპირწონედ.

- ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დე გოლს საპირწონე გამოუჩნდებოდა. ყველა


ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებდით... გაზეთებიდან და ა.შ. მეტყველებენ მის
უდიდეს პოპულარობაზე საფრანგეთშიც და მის გარეთაც.

- ეს ვერსია იმათ აძლევს ხელს, ვინც დე გოლზე დებს ფსონს.

- გინდა თქვა, რომ ჩერჩილს და ზოგადად ინგლისელებს?

მამამ თავი დამიქნია.

- ელიოტ, დე გოლს სურს, შექმნას ავტოკრატიული მმართველობა საფრანგეთში.


არავინ იწვევს ჩემში ისეთ უნდობლობას, როგორსაც ის. მოძრაობა „თავისუფალი
საფრანგეთის“ ყველა ორგანიზაცია გავსებულია დე გოლის პოლიციელი აგენტებით,
რომლებიც მისივე ხალხის წინააღმდეგ ჯაშუშობენ. მისთვის სიტყვის თავისუფლება
- კრიტიკისგან თავისუფლებას ნიშნავს... მისი მისამართით. და თუ ეს ასეა, რის
საფუძველზე უნდა გამოვუცხადოთ სრული ნდობა იმ ძალებს, რომლებიც დე გოლს
უჭერენ მხარს?

ამან მამაჩემის მიერ ბირმაზე ნათქვამისკენ დამაბრუნა. რა თქმა უნდა, ჩერჩილის


თვალსაზრისით, ამდაგვარი ავანტიურა სწორედ რომ დროული იყო. ისეთი
წარმატებული, ეფექტური სვლა, როგორიც სინგაპურის დაბრუნებაა, აზიის და ახლო
აღმოსავლეთის კოლონიალურ ხალხებზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენდა და
ინგლისის პრესტიჟსაც აამაღლებდა.

მაგრამ რამდენი ჯარისკაცი, სამხედრო მასალა, სადესანტო გემი გახდებოდა საჭირო


ასეთი ოპერაციისათვის! ახლა, საკომუნიკაციო ხაზები! ეს იმ დროს, როცა ყველა
რესურსი მობილიზებული უნდა ყოფილიყო დამანგრეველი დარტყმისთვის
ჰიტლერის წინააღმდეგ!

მამამ დაამთქნარა და მე წამოვდექი, წასვლა დავაპირე, მაგრამ მან ხელის მოძრაობით


გამაჩერა.

- არ წახვიდე, - მითხრა, - ჯერ არც ისე გვიანია, მინდა, გელაპარაკო.

მან საუბარი განაგრძო დე გოლზე, თქვა, ის მთლიანად - სულით, ხორცით და


შარვლითაც კი ინგლისელებს ეკუთვნისო, მას ინგლისელები ამარაგებენ ფულით და
ტექნიკით, და მორალურადაც უჭერენ მხარს, რაც მისთვის აუცილებელია, რომ
ლონდონში თავისუფალი საფრანგეთის მთავრობა ჩამოაყალიბოს, ხოლო
საფრანგეთში იატაკქვეშა საქმიანობა დაიწყოს. მამა ისევ ხმამაღლა ფიქრობდა, რომ
თავისი ნააზრევი შეემოწმებინა, შეესწორებინა, სისტემაში მოეყვანა, დაელაგებინა და
მოლაპარაკებებისთვის მოემზადებინა. მოლაპარაკებები ხვალ იწყებოდა და ათი
დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
ის კოლონიების პრობლემებსაც შეეხო და კოლონიალური ბაზრებისაც, რაც მისი
აზრით, მომავალი მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღებს
წარმოადგენდა.

- საქმე ის არის, რომ... - დაფიქრებით წარმოთქვა, თან მუნდშტუკში ნამწვი ახალი


პაპიროსით შეცვალა, - კოლონიალურ სისტემას ომისკენ მივყავართ. ინდოეთის,
ბირმის, იავის ხალხების ექსპლუატირებას ეწეოდე, იღებდე ამ ქვეყნებიდან მთელ
მათ, სიმდიდრეს და სამაგიეროდ არაფერს აძლევდე - არც განათლებას, არც
ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, არც ჯანდაცვის მინიმალურ საშუალებებს -
ნიშნავს აალებადი მასალის დაგროვებას, რომელსაც შეუძლია ომის ხანძარი გააჩაღოს
და ჯერ კიდევ მის დადგომამდე წინასწარ გააუფასუროს ყველა მცდელობა
მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

- ყურადღება მიაქციე ჩერჩილის გამომეტყველებას, როცა ინდოეთს ახსენებ!

- ინდოეთი დაუყოვნებლივ უნდა გახდეს დომინიონი. რამდენიმე - ხუთი თუ ათი


წლის შემდეგ მას მოუწევს, თვითონ გადაწყვიტოს, დარჩეს იმპერიის ნაწილად თუ
სრულიად თავისუფალი გახდეს. როგორც დომინიონს, მას შესაძლებლობა ექნება,
ჰყავდეს თანამედროვე ტიპის ხელისუფლება, ჰქონდეს განათლების და ჯანდაცვის
დამაკმაყოფილებელი სისტემა. მაგრამ როგორ შეძლებს ის ამას, თუ ინგლისი
წლიდან წლამდე მთელ ეროვნულ სიმდიდრეს ართმევს? ყოველ წელს ინდოელი
ხალხი პერსპექტივაში მხოლოდ სიკვდილს, გადასახადებს და გარდაუვალ შიმშილს
ხედავს. ინდოელები წელიწადის ერთ-ერთ დროს ასეც ეძახიან - შიმშილის სეზონს.

მამა ჩაფიქრდა.

- უნდა მოვუყვე ჩერჩილს, რა ვნახე დღეს ბრიტანეთის გამბიაში, - წარმოთქვა მან


მტკიცედ.

- ბათერსტაში? - ვუკარნახე მე.

- დღეს, დაახლოებით, დილის ცხრის ნახევარზე, - განაგრძო მან და ხმაში დაუფარავი


მღელვარება დაეტყო, - აეროდრომში ბათერსტას გავლით მივედით. ზუსტად ამ
დროს ადგილობრივები სამუშაოდ მიდიოდნენ, ჩამოგლეჯილ- ჩამოფლეთილები და
მოღუშულები... ჩვენ გვითხრეს, რომ შუადღისთვის, როცა მზე გამოანათებს, ცვარი
გაქრება და დათბება, ისინიც გამხიარულდებიანო. ისიც მითხრეს, ისინი საშუალოდ
ერთ შილინგს და ცხრა პენსს გამოიმუშავებენო - ეს ორმოცდაათ ცენტზე ნაკლებია.

- საათში? - უაზროდ ვიკითხე.

- დღეში! ორმოცდაათი ცენტი დღეში! ასევე იღებენ ნახევარ ჭიქა ბრინჯს. - მამა
მოუსვენრად აწრიალდა თავის უზარმაზარ საწოლში. - სიბინძურე, ავადმყოფობა,
სიკვდილიანობა. ვიკითხე, როგორია-მეთქი აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.
ვერ დაიჯერებ. ოცდაექვსი წელი! ამ ადამიანებს საქონელზე უარესად ექცევიან. მათი
საქონელი უფრო მეტხანს ცოცხლობს!

ის გაჩუმდა.
- იქნებ, ჩერჩილი მაშინ ვერ მიხვდა, რომ სერიოზულად ველაპარაკებოდი. ახლა
მიხვდება. - მამამ დაფიქრებით შემომხედა. - იქ, ალჟირში, სადაც შენ ხარ, როგორაა
საქმეები? - მკითხა მან.

მოვუყევი, რომ იქაც არ იყო უკეთესი მდგომარეობა. მდიდარი ქვეყანა, მდიდარი


რესურსები და ადგილობრივი მოსახლეობის აუტანელი სიღარიბე. მხოლოდ
თეთრკანიანი კოლონისტები და რამდენიმე ადგილობრივი წარჩინებული
ცხოვრობენ კარგად. დანარჩენების ხვედრია - სიღარიბე, ავადმყოფობა,
გაუნათლებლობა. მამამ თავი დამიქნია.

მერე ალაპარაკდა იმაზე, თუ მისი აზრით, რა იყო გასაკეთებელი: საფრანგეთი უნდა


აღდგეს როგორც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო და მისი ყოფილი კოლონიები
მასვე უნდა გადაეცეს მეურვეობის ქვეშ. როგორც მეურვე, ის ყოველწლიურად
ანგარიშვალდებული იქნება თავის მმართველობაზე, იმაზე თუ როგორ მაღლდება
წიგნიერების დონე, როგორ მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როგორ მიდის
ბრძოლა დაავადებების წინააღმდეგ, როგორ...

- მოიცა, - შევაწყვეტინე მე, - კი მაგრამ, ვის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული?

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე, როცა ის შეიქმნება. - მიპასუხა მამამ.

სწორედ მაშინ გავიგე პირველად ამ გეგმის შესახებ.

- აბა, როგორ? - თქვა მან. - „დიდი ოთხეული“ - ჩვენ, ინგლისი, ჩინეთი, საბჭოთა
კავშირი - ავიღებთ პასუხისმგებლობას მსოფლიოში მშვიდობაზე, როცა...

- „თუ“- შევუსწორე მე. - თუ... ნაწილობრივ ხუმრობით ვთქვი, ნაწილობრივ


სერიოზულად, ცრუმორწმუნეობის გამო...

- არა, „როცა“, - მტკიცედ წარმოთქვა მამამ. - როცა ჩვენ ომს მოვიგებთ, ოთხი დიდი
სახელმწიფო იქნება მშვიდობაზე პასუხისმგებელი. დროა, ვიფიქროთ მომავალზე და
დავიწყოთ მისთვის მზადება. ავიღოთ მაგალითად, საფრანგეთი. ამ ორგანიზაციაში
საფრანგეთმა უნდა დაიკავოს მისთვის კუთვნილი ადგილი. დიდმა სახელმწიფოებმა
თავიანთ თავზე უნდა აიღონ განათლების მიტანა მსოფლიოს ჩამორჩენილ,
დათრგუნვილ კოლონიებამდე, უნდა აამაღლონ მათი ცხოვრების დონე,
გააუმჯობესონ სანიტარული პირობები მათ საარსებო გარემოში. და, როცა ეს
კოლონიები პოლიტიკურ სიმწიფეს მიაღწევენ, ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება,
გახდნენ დამოუკიდებელნი, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
გადაწყვეტს, რომ ისინი ამისთვის მზად არიან. თუ ამას არ გავაკეთებთ, სრული
საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ კიდევ ერთი ომი მოგველის.

„მეტისმეტად გვიანი დროა ასეთი დამთრგუნველი აზრებისთვის“ - გავიფიქრე


ჩემთვის.

- ოთხის ნახევარია, მამა.

- ჰო, ახლა ვგრძნობ, რომ დავიღალე. წადი, შენც დაიძინე, ელიოტ.

ხუთშაბათი, 15 იანვარი
დილით, საუზმისთვის რომ ჩამოვედი ჩემი ოთახიდან, აღმოვაჩინე, რომ ჩემი
მოვალეობის შესრულებისთვის დამგვიანებია. ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო, მაგრამ
რამდენიმე კაცი, ვისაც უნდა შევხვედროდი და მამასთან მიმეცილებინა, უკვე მის
ოთახში იყო და მუშაობდა. ყავა გადავყლაპე და ოთახში შევიხედე. იქ იყვნენ:
მარშალი, კინგი, არნოლდი, ჰოპკინსი და ჰარიმანი. მოგვიანებით მათ შეუერთდა
გენერალი დინი, ამერიკის შტაბების უფროსების მდივანი. ყური მივუგდე საუბარს -
ისინი შტაბების უფროსების გაერთიანებული საბჭოს სხდომის დღის წესრიგს
იხილავდნენ. ყოველთვის მაკვირვებდა, რატომ ხარჯავდნენ ადამიანები ამდენ დროს
იმის გადასაწყვეტად, თუ რაზე უნდა ემსჯელათ მომავალში. ახლაც მათ ნახევარ
დღეზე მეტი დასჭირდათ ამ საქმისათვის.

შესანიშნავი ამინდი იდგა. საკამარისი იყო ბაღში გასულიყავი და შეგეხედა


აყვავილებული ოლეანდრებისთვის, მიხვდებოდი, რომ საუზმის მირთმევა გარეთ,
სუფთა ჰაერზე ჯობდა. საუზმეზე ექვსნი ვიყავით - ჰოპკინსი, ჰარიმანი, ჩერჩილი
თავის ადიუტანტ კომოდორ ტომფსონთან ერთად, მამა და მე. სუფრასთან
ვსაუბრობდით, რომ იმ დღეს მოსალოდნელი იყო აიკ ეიზენჰაუერის[11], რობერტ
მერფის (თავის დროზე მან ჩაატარა კომბინაცია დარლანთან) და სხვების ჩამოსვლა.
ჩერჩილმა მამას ნებართვა სთხოვა, მისთვის წარედგინა ახლო აღმოსავლეთში
შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი სერ ჰაროლდ ალექსანდერი, თუკი
ისიც ჩამოვიდოდა. სიამოვნებით მივირთვით საუზმე და ვისაუბრეთ, არ
ვახსენებდით იმ პრობლემებს, რომლების გადაჭრაც წინ გველოდა.

დღემდე ჩრდილოეთ აფრიკაში ჩვენი შეტევა კარგად ვითარდებოდა, მაგრამ არცთუ


ძალიან კარგად. ჩვენ იმისთვის ვემზადებოდით, რომ ერვინ რომელის ძალები
ზღვისკენ მიგვემწყვდია, მაგრამ ამ ოპერაციის სამხედრო მხარე ჯერ კიდევ ეჭვს
იწვევდა. გადაწყდა, დღევანდელ სხდომაზე მიმოეხილათ სამხედრო ოპერაციები,
რაც აუცილებელი იყო მორიგი დარტყმის მიმართულების დასადგენად.

ჯერ კიდევ გადასაწყვეტი იყო ლა-მანშით შეჭრის ანუ 1943 წელს მეორე ფრონტის
გახსნის საკითხი. ამ ოპერაციას პირობითად „რაუნდაპი“ ეწოდა. როგორც
ყოველთვის, ყველა მოლაპარაკების დროს ხდებოდა, ახლაც ამერიკელები
აჩქარებდნენ, ინგლისელები კი არ ნებდებოდნენ.

სადილის შემდეგ ჩერჩილი, მისი ადიუტანტი და ჰარიმანი წავიდნენ; სულ მალე


ეიზენჰაუერიც მოვიდა. ბოლო ხანებში მე მას ერთი-ორჯერ შევხვდი და ვიცოდი,
რომ ავად იყო. მაგრამ დღეს უკეთ გამოიყურებოდა. ჩვენთან მოსვლამდე მან ისაუზმა
მარშალთან და კინგთან ერთად და როგორც კი მოვიდა, პირდაპირ შეუდგა
მოხსენების წაკითხვას აფრიკაში ომის მიმდინარეობაზე. მამაჩემი მას ყურადღებით
უსმენდა. ეიზენჰაუერი ყვებოდა მომარაგების სიძნელეებზე მხოლოდ ერთი, თანაც
ერთკვალიანი რკინიგზის ხაზის (არცთუ თანამედროვე) არსებობის გამო, რომელიც
სანაპიროს მიუყვებოდა. გზატკეცილებიც დიდად არ შველოდა საქმეს.

- არის თუ არა გართულებები ნაცისტების აგენტების მხრიდან? ხომ არ არის


მოსალოდნელი რაიმე საშიშროება ესპანეთის მაროკოდან? - იკითხა მამამ.

- თვალყურს ვადევნებთ. ჯერჯერობით არაფრის გაკეთება არ უცდიათ და როგორც


მეჩვენება, არც შეეცდებიან.
- თქვენ, ალბათ, უამრავი პოლიტიკური პრობლემა გაწუხებთ, - შენიშნა მამაჩემმა.
გენერალმა პასუხად მხოლოდ გაიღიმა. მართალია, მან ეს ხმამაღლა არ თქვა, მგარამ
სახეზე ეწერა: „მაგ პრობლემების მიზეზით თავი მისკდებაო“. მერე მან ის
წინააღმდეგობა აღწერა, რომლებსაც ჩვენი ძალები შეეჯახნენ ალჟირის
ტერიტორიაზე. იმ დღეებში ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობდით ბრძოლას,
მოწინააღმდეგე კი თავგამოდებით გვიწევდა წანააღმდეგობას.

- მძიმე მდგომარეობაში ხართ, როგორც ვხედავ, - უთხრა მამამ, როცა ეიზენჰაუერს


მოუსმინა.

- დიახ, სერ. მძიმე სამუშაოა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ წავა ჩვენი საქმე? როგორია თქვენი გათვლები?

- უკაცრავად, ვერ გავიგე.

- რა დრო დაგჭირდებათ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ?

- ერთი „თუ“ -ს ნება მომეცით, სერ.

მამას გაეცინა.

- თუ მეტ-ნაკლებად ასატანი ამინდი იქნება, გაზაფხულის მიწურულს ჩვენ მათ


ყველას ტომარაში მოვუყრით თავს და ზღვაში გადავუძახებთ.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ „გაზაფხულის მიწურულს“, ივნისს?

- შესაძლოა შუა მაისისთვისაც. ივნისი უკიდურესი ვადაა.

ასეთი ტემპი უჩვეულოდ დაჩქარებული მომეჩვენა. მამაჩემიც კმაყოფილი ჩანდა.

ხუთი საათისთვის რამდენიმე წუთით შემოვიდა ჩუმი, თავაზიანი მერფი.


ეიზენჰაუერი და მამაჩემი მასთან მხოლოდ ერთ საკითხს განიხილავდნენ -
პოლიტიკას საფრანგეთთან დაკავშირებით.

მერფი ცდილობდა, მამაჩემი ჟიროს ღირსებებში დაერწმუნებინა, იმაში, რომ ის


ნიჭიერი ადმინისტრატორი და ამერიკელებისთვის იდეალური კანდიდატი იყო. მე
რამდენიმე წუთი ვესწრებოდი საუბარს, მერე მამაჩემმა თავის დაქნევით ნება
დამრთო, დამეტოვებინა იქაურობა და მეც გამოვედი.

შტაბების უფროსების გაერთიანებულ საბჭოს პრემიერ-მინისტრისთვის და


მამაჩემისთვის უნდა წარმოედგინათ იმ სხდომების შედეგების ანგარიში, რომლებიც
საუზმის შემდეგ ჩატარდა. გავემართე სადარბაზო შემოსასვლელისკენ, რათა საბჭოს
წევრებს დავხვედროდი. ჩერჩილი დანიშნულ დროზე ადრე მოვიდა. თან მოიყვანა
სამი ინგლისელი ოფიცერი. მას სურდა, მამაჩემისთვის ისინი თათბირამდე
წარედგინა, რომელიც 5.30-ზე იყო დანიშნული. მე ისინი მამასთან შევიყვანე. ესენი
იყვნენ გენერალი ალექსანდერი, ავიაციის მთავარი მარშალი სერ არტურ ტედერი და
გენერალი სერ ჰასტინგს ისმეი - თავდაცვის სამინისტროდან. ახლაც, ისევე როგორც
არჯენტიაში, თითოეულ ჩვენს საშტაბო ოფიცერზე ორ-ორი ინგლისელი მრჩეველი
მოდიოდა.
გენერალი ალექსანდერი პირდაპირ დასავლეთის უდაბნოს შტაბიდან ჩამოფრინდა,
სადაც ის ხელმძღვანელობდა ოპერაციებს ერვინ რომელის აფრიკული კორპუსის
წინააღმდეგ. ინგლისელებიდან ის უდავოდ ყველაზე ნიჭიერი მეთაური იყო. საველე
ფორმაში გამოწყობილი, გაუპარსავი, მზემოკიდებული და დაღლილი ისე
გამოიყურებოდა, როგორც მკაცრი, მიზანდასახული მებრძოლი.

მან მოკლედ, მაგრამ შინაარსიანად გვიამბო ინგლისური უროს დარტყმებზე, რითაც


ჰიტლერელებს ჩრდილოეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში ჩასაფრებული
ამერიკელების გრდემლისკენ მიერეკებოდნენ.

ვისარგებლე მომენტით, როცა მამაჩემის ყურადღება რაღაცა სხვამ მიიპყრო და


ჩავჩურჩულე: - მამა, როგორც მესმის, ამ საშტაბო შეხვედრებზე თითოეულ შტაბის
ინგლისელ ოფიცერზე შესაბამისი ამერიკელი ოფიცერი უნდა მოდიოდეს?

- დიახ.

- მათ ტედერი ჩამოიყვანეს. მაშ, რატომ არ არის აქ სპაატსი?

- მართლაცდა, რატომ? წადი, მოძებნე ჰეპ არნოლდი და სთხოვე, სასწრაფოდ


გამოიძახოს აქ სპაატსი, თუკი ის ცოტა ხნით მაინც შეძლებს ფრონტიდან ჩამოსვლას.

ჩემი უფროსი ტუი სპაატსი ერთი თუ ორი დღის შემდეგ ჩამოვიდა და მონაწილეობა
მიიღო შტაბის სხდომებში. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, როგორ იყო ეს
სხდომები ორგანიზებული, საკმარისია გითხრათ, რომ შტაბების უფროსთა
გაერთიანებული საბჭოს სხდომის მონაწილეთა შორის იმ დღეს ჩერჩილისა და
მამაჩემის წინაშე მოხსენებების გასაკეთებლად გამოძახებული იყო ცხრა ინგლისელი
და მხოლოდ ხუთი ამერიკელი. შესაძლოა, ჩვენი უფროსები ორჯერ მეტს
ლაპარაკობდნენ, ვერ გეტყვით, იმ სხდომებს მე არ დავსწრებივარ.

გაერთიანებულ საბჭოს შტაბების უფროსებთან საათნახევრიანი საუბრის შემდეგ


მამაჩემს კიდევ ნახევარი საათი დასჭირდა საქმეებისთვის. მასთან მოვიდნენ ავერელ
ჰარიმანი და ომის პერიოდის ტრანსპორტის მინისტრი ინგლისში, ლორდი ლეზერსი.
ეს იყო ერთ-ერთი იმ ვიზიტთაგანი, რომლისთვისაც წესით „მხოლოდ ხუთი წუთი
იყო გამოყოფილი“, ის კი ფაქტიურად ოცდათხუთმეტ წუთს გაიჭიმა.

როგორც იქნა, მამამ მიიღო შესაძლებლობა დაელია „ძველმოდური“ კოქტეილი,


რომელიც მას მოვუმზადე.

- სწორედ ის არის, რაც მჭირდება, - თქვა მან და მოხერხებულად მოკალათდა ტახტზე.

- ყველაფერი კარგად მიდის?

- მე მგონი, მე მგონი, - თქვა მან... რომელიღაც მოგონებას უღიმოდა.

- რაშია საქმე?

- დღევანდელ სხდომაზე ინგლისელებმა ბირმის საკითხი დააყენეს.

მამა აუჩქარებლად სვამდა თავის კოქტეილს.


- იცი, ელიოტ, ჩვენ ისედაც გვიჭირდა ადმირალ კინგის დარწმუნება გარკვეული
რაოდენობის ტონაჟისა და სადესანტო გემების გადასროლის აუცილებლობაში
ატლანტიკის საომარ წერტილებში - ომის ძირითად თეატრში. ახლა წარმოიდგინე,
რამდენად მოეწონებოდა მას ბირმის ხსენება. ის ფლოტის ინტერესების ჭეშმარიტი
დამცველია. „ომებს მხოლოდ ფლოტი იგებს. ამიტომ ფლოტის გეგმებია საუკეთესო:
ერთადერთი საზღვაო საომარი თეატრი წყნარი ოკეანის თეატრია და ამიტომ ის უნდა
გახდეს ძირითადი!“ - მამას გაეცინა - ზუსტად ასე არა, მაგრამ დაახლოებით
ამდაგვარად მსჯელობს.

- მამა, შენთვის სიურპრიზი მაქვს. დღეს ჩამოვიდა.

ოთახში ჩემი ძმა ფრანკლინი შემოვიდა. სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს.


ფრანკლინი ოფიცრად მსახურობდა საესკადრო ნაღმოსანზე „მეირანტი“, რომელიც
კასაბლანკის შტურმში მონაწილეობდა. მას ძალიან უნდოდა, ეს ამბავი მოეყოლა,
ჩვენც გვაინტერესებდა. ფრანკლინის მონათხრობს ჩვენთან ერთად მარშალი და
ეიზენჰაუერიც უსმენდნენ, ისინი სადილობის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ
შემოგვიერთდნენ. ლაპარაკმა ბრძოლებზე, შეტევაში მონაწილეობაზე და შემდგომ
საბრძოლო მოქმედებებზე - აქ მეც შევძელი სიტყვის ჩასმა - მამას გული დასწყვიტა
და მანაც გაიხსენა, რომ წინა ომის დროს ისიც იყო ნამყოფი ფრონტზე, საზღვაო
უწყების მინისტრის თანაშემწის ხარისხში.

- მე ახლაც წავალ ფრონტზე.

მარშალმა და ეიზენჰაუერმა ერთმანეთს გადახედეს და ჭამა განაგრძეს.

- აბა, რას გაჩუმებულხართ?

- იქნებ, სიჩუმე თანხმობის ნიშანია? - ჩაერია ჩემი ძმა.

მარშალმა მას მრისხანედ გადახედა. ფრანკლინმა მორიდებულად მოკუმა ტუჩები.

- ეს შეუძლებელია, სერ, - თქვა გენერალმა ეიზენჰაუერმა.

- სრულიად გამორიცხულია, - დაუდასტურა გენერალმა მარშალმა.

- რატომ? არა მგონი, საშიშროება დიდი იყოს. განა თქვენ ბევრი უსიამოვნების
გადატანა მოგიხდათ, როცა აქ მოფრინავდით? რას იტყვით, აიკ? ნუთუ ვინმე
დაგესხათ თავს ალჟირსა და კასაბლანკას შორის?

- ბოლო ორასი მილი, პარაშუტები გვეკეთა, თან ერთი მოტორით მოვფრინავდით და


ყოველ წუთს შეიძლებოდა, ისიც გაჩერებულიყო. არც ერთი არ
აღვფრთოვანებულვართ ამ ფრენით.

- ეს ტექნიკის საკითხია. თქვენ კი სამხედრო მოსაზრებით არ გინდათ ჩემი ფრონტზე


გაშვება. ნუთუ ეს სახიფათოა? შენ თქვი, ელიოტ.

ახლა მე უნდა დამეძვრინა თავი. მარშალი და ეიზენჰაუერი მომაჩერდნენ. მე თავი


ისე მოვაჩვენე, თითქოს პირი მქონდა საჭმლით სავსე და ჩავიბურდღუნე: „ვერ
ვლაპარაკობ“.
- მხდალო, - მითხრა მამამ და მოთმინებით დამელოდა, ვიდრე ჩავყლაპავდი ლუკმას,
რომელიც თითქოს პირში მედო. - აბა, რას იტყვი?

- სატრანსპორტო თვითმფრინავები ხშირად არიან თავდასხმის ობიექტები ორანიდან


და ალჟირიდან ტუნისამდე.

- თუკი გამანადგურებლებს გავიყოლებთ თავდასაცავად?

- სერ, - შენიშნა ეიზენჰაუერმა, - გამანადგურებლებით გარშემორტყმული „C-54“...


განსაკუთრებით ამდენი ვარაუდის შემდეგ, რასაც გერმანული რადიო გამოთქვამს...
მტრის გამანადგურებლები ხომ მაშინვე თავს მოიყრიან, როგორც ბუზები თაფლზე.

- ბრძანება, ბრძანებაა, სერ. - წარმოთქვა მარშალმა. - მაგრამ თუ თქვენ ასეთ ბრძანებას


გასცემთ, არც ერთი ადამიანი ამერიკის არმიაში, ჩვენით დაწყებული, არ აიღებს
პასუხისმგებლობას თავის თავზე მოსალოდნელ შედეგებზე.

ის სერიოზულად ლაპარაკობდა. მამა იძულებული გახდა, დათანხმებოდა მას,


თუმცაღა, მეტისმეტად გულგატეხილი ჩანდა. კომპრომისიც გამოიძებნა.
მოილაპარაკეს, რომ მამა დაათვალიერებდა გენერალ პატონის არმიის სამ დივიზიას,
რაბათის ჩრდილოეთით.

სადილის შემდეგ არანაირი სხდომა არ იყო დანიშნული. ცოტა ხნის შემდეგ ორივე
გენერალი წავიდა, მე და ფრანკლინი მამასთან დავრჩით, რომ გვესაუბრა შინაურ
ამბებზე, ახლობლებზე, დედაზე: იმ თემებზე, რომლებზეც მამა და ხანმოკლე
შვებულებით ჩამოსული ვაჟიშვილები საუბრობენ ხოლმე. მამას თან ჰქონდა
ჩამოტანილი ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის გაზეთების მთელი გროვა. ჩვენ უმალ
ჩავყვინთეთ გაზეთებში და სხვა ბევრ ახალ ამბავთან ერთად ისიც გავიგეთ, რომ
კონგრესის წევრ ლამბერტსონს წარმომადგენელთა პალატაში გამოუცხადებია, იმ
დროს, როცა „ამერიკელი ახალგაზრდები იბრძვიან და იღუპებიან სამშობლოსგან
შორს“, რუზველტის ვაჟიშვილები ნიუ-იორკის ღამის კლუბებში ლოთობენო.
სწორედ ამ დროს ჩემი უფროსი ძმა ჯიმი გენერალ კარლსონის რაზმის
შემადგენლობაში იბრძოდა, სადღაც წყნარ ოკეანეში, ჯონი კი სწავლების კურსს
გადიოდა, - სამხედრო გემის რევიზორობისთვის ემზადებოდა.

რას იზამ, გაზეთებშიც ხომ არის იუმორის გვერდები.

მამა ადრე დაწვა დასაძინებლად - ჯერ თორმეტი არ იყო: მისთვის აუცილებელი იყო,
რომ კარგად გამოეძინა.

შაბათი, 16 იანვარი

პრემიერ-მინისტრი დილის ათ საათზე მოვიდა - მისთვის ეს უჩვეულოდ ადრე იყო, -


და ნახევარი დღის განმავლობაში ის და მამაჩემი ბჭობდნენ ეიზენჰაუერთან,
მერფისთან და მოკავშირეთა შტაბის ინგლისელ მინისტრთან - სერ ჰაროლდ
მაკმილანთან[12] ერთად. საუბარი ისევ და ისევ საფრანგეთის პოლიტიკის საკითხებს
ეხებოდა. ფრანკლინს ბოლოს არჯენტიაში შევხვდი 1941 წლის აგვისტოში. უფრო
მეტიც, იმ დღის მერე არც ერთი ჩემი ძმა არ მინახავს. ამიტომ ერთი წამით
შევიხედეთ მამასთან და გავარკვიეთ, რომ საუბრის თემა ისევ დე გოლი და ჟირო იყო.
ამ დროისთვის ჩერჩილმა და მამამ გამოთქმები „თქვენი რთული ბავშვი“ და „ჩემი
რთული ბავშვი“ შეცვალეს მოკლე ვარიანტებით „დ“ და „ჟ“: - სადაა „დ“? აქ რატომ
არ არის? ძირითადი პოლიტიკური ამოცანა ისევ ის იყო, ისეთი გადაწყვეტილება
გამოძებნილიყო ფრანგული პოლიტიკური თავსატეხისათვის, რომლის
განხორციელებაც შესაძლებელი იქნებოდა. გუშინ საღამოს საკმაოდ ბევრი
ამერიკული გაზეთი წავიკითხე, რომ გამეაზრებინა, რამდენად მნიშვნელოვანი
დიპლომატიური პრობლემის გადაჭრა გვიხდებოდა. პირველად მივხვდი, როგორი
მძიმე კრიტიკის ქვეშ იმყოფებოდა მერფი. საუბრის იმ ნაწყვეტებიდან, რომლებიც მე
იქ მოვისმინე, ეს კრიტიკა, ნაწილობრივ მაინც, მართებული იყო. მერფის მთავარი
მისწრაფება, როგორც ჩანს, იყო საფრანგეთის მომავალი მთავრობის შემადგენლობაში
ადგილი უზრუნველეყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრიტიკულ ომის წინა
წლებში მთავარ „მშვიდობისმყოფელთა“ რიგებში იყვნენ.

ისევ ბაღში ვსაუზმობდით - მამა, ჰარი ჰოპკინსი, ფრანკლინი, მე და ჯორჯ დარნო,


რომელიც საჰაერო სატრანსპორტო კორპუსის კაპიტნად მსახურობდა. ომამდე
ჯორჯი რამდენიმე წელი თეთრი სახლის სააგენტოს, „ინტერნეიშნლ ნიუს
სერვისის“ კორესპონდენტად მუშაობდა. ის და მამა ძველი მეგობრები იყვნენ. მამას
კიდევ მიეცა საშუალება, ცოტა დაესვენა. მიუხედავად დაძაბული სამუშაოსი,
გარემოს შეცვლა მისთვის სასარგებლო გამოდგა, ჯანმრთელი იერი ჰქონდა, ლოყებიც
კი შეეფაკლა.

ყავის სმის დროს ის კვლავ მიუბრუნდა კოლონიალური ქვეყნების განვითარების


საკითხს. ეს თემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იზიდავდა. თუ
გავითვალისწინებთ, რომ ის ადრე არასოდეს ყოფილა აფრიკაში, ის ცოდნა, რომელიც
მან გამოაჩინა ქვეყნის გეოგრაფიაში, გეოლოგიასა და სოფლის მეურნეობაში,
განსაცვიფრებლი იყო. მე, რა თქმა უნდა, ვთვლიდი, რომ ამ ქვეყანას საკმაოდ კარგად
ვიცნობდი. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ხშირად მიწევდა მის თავზე ფრენა, როცა
აეროფოტოგადაღებებით ვიყავი დაკავებული. მაგრამ მამამ როგორღაც მოახერხა,
ჩემზე ბევრად მეტი გაეგო მასზე.

ჩვენ ვლაპარაკობდით სამხრეთ ტუნისის მარილოვან დაბლობებზე, რაც ოდესღაც


უზარმაზარი შიდა ზღვის ფსკერი უნდა ყოფილიყო. მამამ გაიხსენა მდინარეები,
რომლებიც სათავეს შორს, სამხრეთში, ატლასის მთებში იღებდნენ და საჰარის
ქვიშებში ქრებოდნენ, მიწისქვეშა დინებებად გადაიქცეოდნენ.

- წარმოიდგინეთ, ეს წყალი რომ მოსარწყავად გამოიყენო! მაშინ ამ ადგილებთან


შედარებით, იმპერიალის ველი კალიფორნიაში, ბოსტნის ერთ კვალად მოგეჩვენება!
ეს მარილოვანი დაბლობები ხომ ხმელთაშუა ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს.
შეიძლება გაითხაროს მისკენ არხი და აქ ისევ შეიქმნას ტბა, სიგრძით ასორმოცდაათი
და სიგანით სამოცი მილი. საჰარა ასობით მილზე აყვავებულ მხარედ გადაიქცევა!

მამა მართალი იყო. საჰარა მხოლოდ ქვიშა არ არის. მასში გასაოცრად მდიდარი
შესაძლებლობებია დაფარული. ყოველი წვიმის შემდეგ ის რამდენიმე დღით
აყვავდება ხოლმე, მაგრამ მერე ყვავილები წყლის გარეშე, მხურვალე მზის სხივების
ქვეშ იღუპება. მე და ფრანკლინმა ერთმანეთს თვალი ჩავუკარით: მამა თავს იქცევდა
იმაზე ლაპარაკით, თუ რად გადაიქცეოდა ეს ქვეყანა აზრიანი დაგეგმარების
შემთხვევაში, მან გასაქანი მისცა თავის შემოქმედებით აზროვნებასა და წარმოსახვის
უნარს: - რამხელა სიმდიდრეა! - წამოიძახებდა ხოლმე. - იმპერიალისტებს არ ესმით,
რისი გაკეთება, რამდენი რამის შექმნა შეუძლიათ! ისინი მილიარდებს იღებდნენ ამ
კონტინენტიდან, მაგრამ თავიანთი ბეცი პოლიტიკის გამო ვერ მიხვდნენ, რომ ის
მილიარდები გროშებია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც მათ წინაშე
იხსნებოდა - შესაძლებლობებისა, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ კონტინენტის
მოსახლეობის უკეთესი ცხოვრება...

შტაბების ამერიკელი უფროსები ისევ მოვიდნენ დღისით, რათა მამაჩემისთვის


გადაეცათ ინფორმაცია გეგმებზე, რომლებიც მათ ინგლისელ წარმომადგენლებთან
ერთად განიხილეს. გამოირკვა, რომ უთანხმოებას უჩენია თავი: ინგლისელ შტაბების
უფროსებს ჩერჩილთან ერთად შემუშავებული ჰქონიათ დღის წესრიგი, რომელიც
საგრძნობლად განსხვავდებოდა ამერიკელების მიერ შედგენილი დღის წესრიგისგან,
რომელიც მან და ჰოპკინსმა შეასწორეს ორი დღის წინ. იმის ნაცვლად, რომ
ინგლისელებს ევროპის ფლანგებზე ძლიერ დარტყმებზე ემსჯელათ, ისინი პატარ-
პატარა ოპერაციებს გვთავაზობდნენ ხმელთაშუა ზღვაში. აქ პირველად გავიგე
სიცილიაზე და სხვა შუალედურ ეტაპებზე, მათ შორის, დოდეკანეზის კუნძულებზე,
როგორც გზაზე საბერძნეთისკენ, და შეტევაზე ბალკანეთის ნახევარკუნძულის
მთების გავლით.

კვირა, 17 იანვარი

ზუსტად შუადღეს გამოჩდნენ პირველი სტუმრები - გენერალური რეზიდენტი


რაბატში - გენერალი შარლ ნოგესი, გენერალი პატონი და გენერალი უილბური.
უილბური პატონის შტაბში მსახურობდა. მას აქ თარჯიმნის მოვალეობა უნდა
შეესრულებინა, მაგრამ ამის საჭიროება არ იყო. მამა თავისუფლად ფლობდა
ფრანგულს და ნოგესთან სხვისი დახმარების გარეშე საუბრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნოგესი და პატონი რამდენიმე კვირის წინ თავგამოდებით


ებრძოდნენ ერთმანეთს საფრანგეთის მაროკოს სანაპიროებზე, ახლა მეგობრულად
შეხვდნენ ერთმანეთს. საქმე მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ისინი პროფესიონალი
მებრძოლები იყვნენ და მხოლოდ ბრძოლის ველზე იყვნენ მტრები. ფაქტობრივად
ერთიც და მეორეც შორს იყო პოლიტიკისგან. ისინი მხოლოდ ზემოდან მიღებულ
ბრძანებებს ასრულებდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ, პატონი ამას ბევრად უკეთ
აკეთებდა, ვიდრე ნოგესი. ნოგესს უბრძანეს, წინააღმდეგობა გაეწია და ისიც უწევდა
წინააღმდეგობას. შემდეგ მიიღო ბრძანება, შეეწყვიტა წინააღმდეგობა და მანაც
შეწყვიტა. ახლა კი მას ახალი პატრონი ჰყავდა.

მისი ვიზიტი მამაჩემთან, პირველ რიგში, ჩვეულებრივი თავაზიანობის გამოჩენა იყო,


თუმცა ეს სხვა გარემოებებთანაც იყო დაკავშირებული. ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ
კასაბლანკაში დე გოლის არჩამოსვლის მთავარ მიზეზს ნოგესი წარმოადგენდა.
ფრანგული სამხედრო აკადემიის სენ-სირის აღზრდილს, საკადრო ოფიცერსა და
კოლონიალურ ადმინისტრატორს - ნოგესს ერთადერთი რამ სურდა: მიეცათ ნათელი,
გონიერი განკარგულებები და მერე ხელი აღარ შეეშალათ მისთვის. ამჟამად კი მის
გარშემო მწვავე კამათი ატყდა. როგორც თვითონ ჩერჩილი ამბობდა, დე გოლი
დაჟინებით მოითხოვდა, მისი თანამემამულე და კოლეგა ნოგესი დაუყოვნებლივ
დაეპატიმრებინათ და სასამართლოსთვის გადაეცათ მტერთან
თანამშრომლობისთვის. აქ კი, საფრანგეთის მაროკოში გენერალი პატონი, რომელიც
თვითონ სულ ახლახან სასტიკად ებრძოდა ნოგესს, მოითხოვდა, რომ ეს უკანასკნელი
დარჩენილიყო თავის ახლანდელ პოსტზე. მოგვიანებით პატონმა წარმოადგინა
მოხსენება, რომელშიც აშკარა იყო მისი მიკერძოებული განწყობა ნოგესისადმი; ის
ამტკიცებდა, რომ ნოგესის გავლენა მაროკოს სულთანზე და ადგილობრივ
მოსახლეობაზე ძალზე წაადგებოდა ჩვენს არმიას, რადგან ჩვენ ამ ქვეყანას
პლაცდარმად ვიყენებდით.

როდესაც მამამ გამოჰკითხა ნოგესს მაროკოს მოსახლეობის შესახებ, იმაზე თუ


როგორ შეიძლებოდა ამ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, გენერალს სახეზე
დაბნეულობა დაეტყო. ის მსგავს საკითხებზე არასოდეს დაფიქრებულა. არც არავის
წამოუჭრია ეს პრობლემები მის წინაშე. სამაგიეროდ, მან ერთი პენის სიზუსტით
იცოდა, რა სიმდიდრის ამოღება შეიძლებოდა ამ ქვეყნიდან; უკანასკნელ სუმდე
შეეძლო დაეანგარიშებინა, რამდენად დაუნდობლად იყო შესაძლებელი
მაროკოელების ექსპლოატაცია. პატონმა გვითხრა, სულთანი უკვე წლებია, ნოგესს
ხელში უჭირავს, და ნოგესს ერთადერთი რამ სურს, ყველაფერი ძველებურად
დარჩესო.

მამა ესაუბრა ამ ადამიანს, რომელიც დე გოლისთვის წინაღობას წარმოადგენდა, და


გენერლები წავიდნენ.

- ელიოტ, - მითხრა მამამ, - ჩაიწერე, ეს სულთანი სადილად უნდა მოვიწვიოთ.


მერფის ჰკითხე ან კიდევ ვინმეს, ეტიკეტის რა წესები არსებობს მსგავს შემთხვევაში.
რაც შეეხება ნოგესს... მას, არავინ არაფერს ეკითხება.

ნოგესი, პატონი და უილბური მამაჩემისგან ჩერჩილთან წავიდნენ. მათთან


გასაუბრების შემდეგ პრემიერ-მინისტრი სასაუზმოდ ჩვენთან მოვიდა ვილა „დარ-ეს-
საადში“. გვიამბო, რომ დილით პორტში იყო და ლინკორ „ჟან
ბარტის“ დამსხვრეული კორპუსი დაათვალიერა.

- თქვენ „ჟან ბარტი“ დაათვალიერეთ? - თქვა გულმოსულმა მამამ. - ეშმაკმა


დალახვროს! თუკი თქვენ შეგეძლოთ მისი დათვალიერება, მე რატომ არ შემიძლია!

ამას ხარხარი მოჰყვა. იმ წუთს მამა ექვსი წლის ბიჭუნას ჰგავდა, რომელიც ამბობდა:
„როგორ, შენ ნაყინი მოგცეს - მეც მინდა!“

ჩერჩილმა კვლავ მოისმინა მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნა დე გოლთან


დაკავშირებით და წავიდა. მამა ყოველდღიურად რწმუნდებოდა იმაში, რომ ჩერჩილი
შეგნებულად აყოვნებდა დე გოლის ჩამოსვლას, სინამდვილეში, მას ნებისმიეირ
წუთს შეეძლო თავისი „რთული ბავშვის“ ჩამოყვანა. ამ დროს გენერალი მარკ კლარკი
გამოცხადდა ახალი ამბებით. მან კასაბლანკაში ჩამოიყვანა ჟირო, ამერიკელების
„რთული ბავშვი“. ახლა მამას შეეძლო, გაეცნო ადამიანი, რომელსაც მერფი და
სახელმწიფო დეპარტამენტი აქებდნენ და წარმოგვიდგენდნენ, როგორც შესაფერის
კანდიდატს, რომლისთვისაც ჩვენ მხარი უნდა დაგვეჭირა, რომ თავიდან
აგვეცილებინა ავტოკრატიული ხელისუფლების შექმნა დე გოლის ხელში, რომელიც
ინგლისელების ქმნილება იყო. მამა მოუთმენლად ელოდა იმ ადამიანთან შეხვედრას,
ვისაც ჩრდილოეთ აფრიკაში ფრანგული ძალების მეთაურობა მიანდეს.

კლარკი დიდხანს არ დარჩენილა, დარწმუნდა თუ არა, რომ მამა მზად იყო, მიეღო
ჟირო, მაშინვე გაეშურა მის მოსაყვანად. ვილის ყველა მაცხოვრებელი აღელვებული
ჩანდა. ყველა ვიმედოვნებდით, რომ დიპლომატიური მანევრები, რომელთაც მამა
აუჩქარებლად ატარებდა ჩერჩილთან მოლაპარაკებების დროს ბოლო რამდენიმე
დღის განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს, დასასრულს მიუახლოვდებოდა. ახლა დრო
იყო, მამაჩემს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა ამ მეტად რთულ და მძიმე თამაშში.
კლარკი დაბრუნდა ჟიროსთან ერთად, მერფი და კაპიტანი მაკრიც გამოცხადდნენ და
დაიწყო გადამწყვეტი საუბარი.

ჟიროსთან შეხვედრამ მამა გააწბილა. ჟიროსთვის არ არსებობდა არანაირი


პოლიტიკური პრობლემა. ის მხოლოდ ომის წმინდა მატერიალურ პრობლემებს
ხედავდა. გამართული, სარგადაყლაპულივით იჯდა სავარძელში. ციხეში ყოფნასაც
კი არ დაეტოვებინა მასზე შესამჩნევი კვალი - მხოლოდ სიბერემ თითქოს ოდნავ
შეურბილა გარეგნობა. როცა მოშინაურდა, მის ხმაში დაჟინებული ნოტები აჟღერდა.

- თქვენ მხოლოდ იარაღი მოგვეცით! - წამოიძახა მან. - მოგვეცით იარაღი, ტანკები,


თვითმფრინავები. მეტი არაფერი გვჭირდება.

მამა მეგობრულად, მაგრამ მტკიცე ხმით ესაუბრებოდა, კითხვებს უსვამდა.

- საიდან მოიყვანთ ჯარს?

- ჩვენ შეგვიძლია ათობით ათასი კოლონიალური ჯარისკაცი გავიწვიოთ.

- მერედა, მათ ვინ გაწვრთნის?

- ჩემს დაქვემდებარებაში მრავალი ოფიცერია. ეს არ არის პრობლემა. მხოლოდ


იარაღი მოგვეცით. დანარჩენი...

სწორედ „დანარჩენი“ იყო პრობლემა, რაც მისი გონებისთვის მიუწვდომელი იყო.


ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რაც დე გოლის
გაღიზიანებას იწვევდა, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც
ოფიციალურად ფიგურირებდა, იყო იმ ანტისემიტური კანონის გაუქმების შეყოვნება,
რომელიც ვიშის რეჟიმმა გამოსცა. მაგრამ ჟირო თავიდან იცილებდა ამ საკითხებს. ის
ერთი იდეით იყო შეპყრობილი: - ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება, ტექნიკაა.
რამდენიმე კვირის წვრთნა საკმარისი იქნება, ჩვენ უზარმაზარი არმიები გვეყოლება!

იმ კითხვებიდან გამომდინარე, რომლებსაც მამაჩემი უსვამდა, ჟირო, მამას აზრით,


სათანადოდ ვერ აფასებდა თავის ამოცანას. მაგრამ ფრანგი გენერალი ისე იყო
შეპყრობილი თავისი გეგმებით, რომ ალბათ ვერც კი შეამჩნია მამაჩემის უარყოფითი
განწყობა. ის მტკიცედ და ღრმად იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში. მამაჩემი
შეუვალი იყო.

როგორც კი ჟირო და სხვები გავიდნენ, მამამ თავისი შთაბეჭდილება მიმიკითა და


ჟესტებით გამოხატა.

- ვშიშობ, არცთუ საიმედო დასაყრდენი გვყავს, - ხელები აიქნია და სიცილით


წარმოთქვა, - და ეს ადამიანი, ბობი მერფის თქმით, შეძლებს ფრანგების
გაერთიანებას თავის გარშემო?! ის ხომ არაფერს არ წარმოადგენს როგორც
ადმინისტრატორი და არც ბელადად ივარგებს!

სადილად დაპატიჟებულები იყვნენ: პრემიერ-მინისტრი, ლორდი ლეზერსი,


ადმირალი კენინგჰემი, ადმირალი კინგი, გენერალი სომერველი და ავერელ ჰარიმანი.
მათ ერთად უნდა განეხილათ და გადაეწყვიტათ მნიშვნელოვანი საკითხი -
პრიორიტეტების მინიჭება ტონაჟის განაწილების დროს. ამ დროისათვის შტაბების
უფროსების გაერთიანებულმა საბჭომ ერთსულოვნად დაასამარა ბირმაში ოპერაციის
იდეა. მწიფდებოდა გადაწყვეტილება, მოკავშირეებს მორიგი დარტყმა
სიცილიისთვის მიეყენებინათ, რომ უზრუნველეყოთ კომუნიკაციები, რომლებიც
ხმელთაშუა ზღვით სპარსეთის ყურისკენ გავიდოდა, იქიდან კი საბჭოთა კავშირამდე.
მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდიდით ტონაჟის მწვავე ნაკლებობას. 1942-1943 წლის
იმ ზამთარში ატლანტიკისთვის ბრძოლის მოგებამდე ჯერ კიდევ შორი იყო. რამდენი
ხომალდის გამოყენება იქნებოდა კიდევ საჭირო მარაგის დასაგროვებლად
გაერთიანებულ სამეფოში? რამდენი ხომალდი დასჭირდებოდათ წითელი
არმიისთვის იარაღის მისაწოდებლად?

ტონაჟის რა პროცენტი უნდა ყოფილიყო რეზერვირებული ხმელთაშუა ზღვის


რაიონიდან ინგლისში სამხედრო ძალების და მასალის გადასაზიდად? შეგვიძლია კი
დავეყრდნოთ იმის მტკიცებას, რომ აფრიკის ოპერაცია მაის-ივნისისთვის
დასრულდება? რა უნდა მივცეთ სიცილიას? ინგლისელების აზრით, შეიძლებოდა
შემცირებულიყო იმ ხომალდების რიცხვი, რომლებიც მურმანსკში და სპარსეთის
ყურეში მასალების გადასაზიდად იქნებოდა საჭირო. ამერიკელები კი თვლიდნენ,
რომ ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანისთვის მაქსიმალური რესურსები უნდა
ყოფილიყო გამოყოფილი. თათბირი ტონაჟის საკითხების გარშემო ღამის პირველ
საათამდე გაგრძელდა, მაგრამ მე მას არ დავსწრებივარ. მე და ფრანკლინმა დავტოვეთ
„ბანაკი ანფადა“ და ის საღამო ახალგაზრდა ოფიცრების ჯგუფთან ერთად მათს
სასადილოში გავატარეთ.

ორშაბათი, 18 იანვარი

დილით მარკ კლარკი და მერფი მოვიდნენ მამასთან, ისევ ფრანგული საქმეები უნდა
განეხილათ. ორი საათი დარჩნენ და მასთან ერთად დაწვრილებით დაამუშავეს აშშ-
ის პოლიტიკური ხაზი სფრანგეთის განთავისუფლებამდე დროებითი მთავრობის
შექმნის შემთხვევაში. ახლა მამას ნათელი წარმოდგენა მაინც შეექმნა ამ საკითხთან
დაკავშირებულ სიძნელეებზე. იმის გამო, რომ ამერიკელებმა ჟიროს ღირსებები,
როგორც ლიდერისა, გადამეტებულად შეაფასეს და თანამშრომლობის ორაზროვან
პოლიტიკას ატარებდნენ ვიშის კოლონიალურ ადმინისტრაციასთან, ჩვენთვის უფრო
რთული გახდა, წინააღმდეგობა გაგვეწია შარლ დე გოლის ავტოკრატიული
მთავრობის შექმნისთვის, რასაც ინგლისელები უჭერდნენ მხარს. მერფის და კლარკის
წასვლის შემდეგ სულ მალე სასაუზმოდ ჩერჩილი მოვიდა. სუფრასთან მამა და ჰარი
ჰოპკინსი აგრძელებდნენ თავაზიან, მაგრამ მიზანმიმართულ შეტევას ჩერჩილზე
იმის გამო, რომ დე გოლი ჯერ კიდევ არ ჩამოვიდა კასაბლანკაში.

დღისით მამამ პირველად დატოვა თავისი ვილა. ჩაჯდა „ვილისში“ და გენერალ


ჯორჯ პატონთან და პატონის პირველი ჯავშანსატანკო კორპუსის მესამე
ბატალიონის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ჯონსონთან ერთად წავიდა „ბანაკ
ანფას“ დაცვის ფეხოსანთა ნაწილის ყარაულის შეცვლაზე დასასწრებად.

უკან დაბრუნებულს შევეგებე.

- უნდა გენახა სამხედრო ორკესტრი! - თქვა მან. - იქ ერთი ბიჭი იყო, ალბათ, სამას
ფუნტს იწონის და უკრავს ფლეიტაზე, რომლის წონა ოთხი უნცია იქნებოდა!
ხუთ საათზე გამოცხადდნენ შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭოს წევრები და
საათნახევარი დარჩნენ მამასთან. შვიდი ინგლისელი და ოთხი ამერიკელი
შეთანხმდნენ სიცილიაზე შეჭრის გეგმაზე, რომელსაც პირობითად „ჰასკი“ დაერქვა.
გადაწყვეტილება სიცილიური ოპერაციის აუცილებლობის შესახებ ნაკარნახევი იყო
ჩვენი განზრახვით მოწინააღმდეგისგან გაგვენთავისუფლებინა ჩრდილოეთი აფრიკა.

„ჰასკის“ გეგმაზე შეთანხმება ერთგვარი კომპრომისი იყო ამერიკელებისა და


ინგლისელების სურვილებს შორის. ამერიკელებს უნდოდათ, 1943 წლის
გაზაფხულზე „ლა-მანშით“ შეჭრილიყვნენ. ინგლისელები კი ფიქრობდნენ, უკეთესი
იქნებოდა, სიცილიისა და დოდეკანეზის კუნძულები ხელში ჩაეგდოთ და
საბერძნეთისა და ბალკანეთის გავლით ევროპაში შეჭრილიყვნენ. როგორც ჩანს,
ჩერჩილის რჩევა იყო, იტალიისთვის გვერდი აექციათ და იმ რაიონისთვის
დაერტყათ, რომელსაც ის „ევროპის სუსტ ადგილს“ უწოდებდა. ის ყოველთვის
თვლიდა, იმგვარად უნდა გაგვეთვალა ჩვენი შესვლა ევროპაში, რომ წითელ არმიას
ცენტრალურ ევროპაში შევხვედროდით და ამით ინგლისის გავლენის სფერო რაც
შეიძლება შორს, აღმოსავლეთისკენ გავრცელებულიყო. ასე თუ ისე, ამერიკელებიც
და ინგლისელებიც „ჰასკის“ გეგმას წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად
თვლიდნენ. მაგრამ იმით, რომ მოკავშირეთა არმიის სიცილიაზე დარტყმის
გადაწყვეტილება მივიღეთ, რითაც იტალიას ომს თავიდან ავაცილებდით, რისი
იმედიც გვქონდა, ვაღიარებდით, რომ ლა-მანშით შეჭრა 1944 წლის გაზაფხულამდე
გადაიდებოდა.

იმ დღეს მამამ და ჩერჩილმა გადაწყვიტეს, სტალინისთვის ეცნობებინათ ანგლო-


ამერიკული სტრატეგიული გეგმების შესახებ. იმავე დღეს მათ დაიწყეს ომზე
ერთობლივი განცხადების შედგენა, რომლითაც ღერძის სახელმწიფოებისთვის უნდა
მიემართათ.

არაოფიციალური სადილის შემდეგ მე და ფრანკლინი ქალაქში გავედით. მეგონა, მამა


ადრე დაწვებოდა დასაძინებლად, მართლაც ადრე დაწვა, მაგრამ ღამის 2 საათზე,
როცა ქალაქიდან დავბრუნდით, არ ეძინა. იწვა და კითხულობდა კაუფმანისა და
ჰარტის პიესის „კაცი, რომელიც სადილად მოვიდა“ ოცდახუთცენტიან გამოცემას და
თავისთვის იცინოდა, საწოლთან ეგდო უკვე წაკითხული ჟურნალ „ნიუ-
იორკერის“ ნომერი. იმიტომ არ იძინებდა, რომ აინტერესებდა, როგორ გავატარეთ
დრო. როგორც ყოველთვის, შურდა ჩვენი შედარებითი თავისუფლება და დიდი
სიამოვნებით მოისმინა ჩვენი მონაყოლი. უნდა ვაღიარო, რომ საღამო მოსაწყენი იყო,
მოვიარეთ ადგილობრივი რესტორნები ორ ოფიცერთან ერთად, რომლებიც გიდობას
გვიწევდნენ. მაგრამ შევეცადე, ამბავი გამოგონილი წვრილმანებით შემელამაზებინა.

სამშაბათი, 19 იანვარი

დილით ჩემი ზარმაცი ძმის მოვლა-პატრონობას მოვუნდი. თავის საესკადრო


ნაღმოსანზე უნდა გამოცხადებულიყო და კინაღამ ჩაეძინა. ჰარიმანი და ჰოპკინსი
დილიდან შეუდგნენ მამასთან ერთად მუშაობას - ჟიროსთან მორიგი საუბრისთვის
ემზადებოდნენ. ეს უკანასკნელი შუადღეს მოვიდა. მისი გონება ისევ მთლიანად
დაპყრობილი ჰქონდა მისი ბუნდოვანი მომავლის სამხედრო დეტალებს. მამამ
შემდეგნაირად ჩამოაყალიბა ომის დროს შეერთებული შტატების პოლიტიკა
საფრანგეთთან დაკავშირებით: უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა. ჟირო და დე-
გოლი თანაბრად გაინაწილებენ პასუხისმგებლობას მის შემადგენლობაზე და
წარმატებაზე.

ამ დროებითმა მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს საფრანგეთის მმართველობა


მის საბოლოო განთავისუფლებამდე.

ჟირო ამ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა, მაგრამ მას არც


კონტრწინადადება ჰქონდა და არც აზრი რომელიმე კონკრეტულ საკითხზე. მას ერთი
რამ აინტერესებდა - რა რაოდენობის იარაღით მოამარაგებდა ამერიკა მის
კოლონიალურ ჯარებს.

როდესაც ეს უშედეგო საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა, ჰარი ჰოპკინსმა


ჩამჩურჩულა.

- მამათქვენს საჩუქრების ყიდვა უნდა თქვენებისთვის. გინდათ, ჩემთან ერთად


წამოხვიდეთ?

- რა თქმა უნდა.

- ჩვენ, ალბათ, მხოლოდ საუზმის შემდეგ შევძლებთ წასვლას. გარდა ამისა, მე მგონი,
მამათქვენს ჟიროსთან სურათის გადაღებაც მოუწევს.

საუზმის შემდეგ ჩვენთან გენერალმა პატონმა შემოიარა თავისი საშტაბო


ავტომობილით და მე და ჰარი მას გავყევით ქალაქში. მარტო ხალიჩებს და
ტარსიკონის დაბალი ხარისხის ნაკეთობებს წავაწყდით. ჩვენ შევუკვეთეთ რამდენიმე
ხალიჩა, რომლებიც ასარჩევად მამაჩემთან ვილაში უნდა მიეტანათ. ამის შემდეგ
სანაპიროს გავუყევით და დავათვალიერეთ ის ადგილები, სადაც რამდენიმე კვირის
წინ ჩვენი ჯარები გადმოსხდნენ.

„დარ-ეს-სადააში“ დაბრუნებულებს დაგვხვდნენ ჩერჩილი და მისი ვაჟი რანდოლფი,


რომელიც იმ დროს კაპიტნად მსახურობდა „კომანდოს“-ის რაზმებში. მე რანდოლფს
ადრეც შევხვედრივარ - ჩვენ ერთმანეთი ალჟირში გავიცანით შობის წინადღეს. მაშინ
მე მასთან საუბარი ძალიან მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ ის მხოლოდ „კომანდოს“-
ის ოფიცერი კი არა, პარლამენტის წევრიც იყო. მაგრამ იმედის გაცრუება მელოდა.
დავრწმუნდი, რომ ახალგაზრდა რანდოლფისათვის საუბარი მხოლოდ ცალმხრივი
აქტი იყო.

ახლა, როდესაც ახალგაზრდა მისტერ ჩერჩილი მამაჩემთან დამხვდა, მაინტერესებდა,


მამამისის თანდასწრებით ისევე უაპელაციოდ გამოთქვამდა თუ არა თავის აზრს,
როგორც ეს ჩემთან გააკეთა. მართალი გითხრათ, მოველოდი, რომ უფრო
მორიდებული იქნებოდა, მაგრამ ის გასაოცარი სითამამით მრავალსიტყვაობდა
ნებისმიერ თემაზე, რომელსაც მისი ჩვენთან ყოფნის ორმოცდაათი წუთის მანძილზე
შეეხნენ.

მან განგვიმარტა ბალკანეთში ომისა და პოლიტიკური ვითარების ყველა დეტალი.


დამსწრე სახელმწიფო მოღვაწეებს უჩვენა უმოკლესი გზა, თუ როგორ უნდა
შეენარჩუნებინათ ინგლისის ჰეგემონია ხმელთაშუა ზღვაზე, თუმცა ამისთვის ომის
კიდევ რამდენიმე წლით გაჭიანურება იქნებოდა საჭირო. აგვიხსნა იმ კამპანიის
ნაკლოვანებები, რომელიც შტაბების უფროსების გაერთიანებულმა საბჭომ შეიმუშავა
ინგლისის პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის პრეზიდენტის დავალებით და
გააბათილა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ეჭვები საფრანგეთის მიმართ
არსებული პოლიტიკის საჩოთირო საკითხთან დაკავშირებით. ამ შესანიშნავმა სცენამ
მსმენელების ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხუთდღიანი მუშაობის
შემდეგ ყველა გადაღლილი იყო - გაართო კიდეც ისინი. (ალბათ ეს რანდოლფის მამას
ნაკლებად ეხებოდა, მაგრამ სავსებით დარწმუნებული ვარ, ზუსტად ავსახე ის
შთაბეჭდილება, რომელიც ამ სცენამ ჩემზე და მამაჩემზე მოახდინა. მამაჩემი სიცილს
მხოლოდ იმ მომენტამდე იკავებდა, ვიდრე ახალგაზრდა რანდოლფი არ
გამოგვემშვიდობა).

სტუმრების წასვლის შემდეგ მე და მამამ მხოლოდ რამდენიმე წუთით მოვახერხეთ


ერთად ყოფნა. მალე გენერალ პატონის მანქანა მოვიდა ჩვენს წასაყვანად სადილზე
მის შტაბში, რომელიც ვილა მაიში იყო განლაგებული. სუფრას უსხდნენ კონტრ-
ადმირალი კუკი, გენერალ პატონის მოადგილე - გენერალ-მაიორი ჯოფრი კეისი,
ბრიგადის გენერალი ვედემაიერი, ბრიგადის გენერალი უილბური, ბრიგადის
გენერალი ჯონ ჰელი და პოლკოვნიკი გეი. ამ ოფიცრების უმრავლესობა პირველი
ჯავშანსატანკო კორპუსის მეთაურთა შემადგენლობიდან იყო. როგორც ჩანს, ისინი
შემთხვევას ელოდებოდნენ, დაემტკიცებინათ ამერიკის პრეზიდენტისათვის, რომ
თანამედროვე ომში უმთავრესი მნიშვნელობა ტანკებს, უფრო სწორად,
ჯავშანსატანკო ჯარებს აქვთ. ამ გუნდის სოლისტად პატონი გამოდიოდა,
დანარჩენები კი მოკრძალებულად აძლევდნენ ბანს: რას წარმოადგენს ავიაცია? რას
წარმოადგენს ქვეითი ჯარი?

- ჯავშანი! - გზნებით წამოიძახა პატონმა, - თანამედროვე ომმა განვითარების იმ


დონეს მიაღწია, როცა ყველა ან თითქმის ყველა ბრძოლა ტანკებით და ჯავშნოსნებით
იწარმოება. ქვეითი ჯარი? რა რჩება მის წილად, ტანკების მიერ დაპყრობილი
ტერიტორიების გაწმენდის და შენარჩუნების გარდა? როგორც მახსოვს, ავიაციის
დასაცავად ერთი-ორი სიტყვა სწორედ მე წარმოვთქვი. პატონმა თავაზიანად მაგრამ
აგდებულად მიპასუხა: „რა თქმა უნდა, ისიც თამაშობს თავის როლს. იმის თქმა
სულაც არ მინდა, რომ ავიაცია საერთოდ არ არის საჭირო. არ უარვყოფ, რომ ავიაციას
შეუძლია სარგებლობის მოტანა, ის უნდა მიეშველოს ჯავშანსატანკო ძალებს
სახმელეთო ოპერაციების დროს.

თუ არ ჩავთვლით ავიაციის დასაცავად ჩემს გამოსვლას, მოკრძალებით ჩუმად


ვიჯექი. სადილობისას მამა ტკბებოდა დასვენებით. სულაც არ აპირებდა უწყებათა
შორის წამოჭრილ სამხედრო გარჩევებში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ გენერალმა
პატონმა უმტკივნეულოდ ჩაიგდო ტრიბუნა ხელში. (ერთი თვის შემდეგ, როდესაც ის
სამხრეთის ფრონტის მეთაურად დაინიშნა ტუნისში, სიამოვნებით ვიხსენებდი
ხოლმე ამ საუბარს, როცა ჩვენს აფრიკის შტაბში რადიოთი ვისმენდი პატონის
განწირულ თხოვნას, გაეძლიერებინათ საჰაერო დაზვერვა და ტაქტიკური
მხარდაჭერა ჰაერიდან ჯავშანსატანკო ძალების ოპერაციების დაწყებამდე).

პატონის შტაბი კასაბლანკაში ნამდვილ მუზეუმს წარმოადგენდა. კასაბლანკაში ჩვენს


შეჭრამდე ამ ვილაში განლაგებული იყო გერმანული მისია ფრანგულ მაროკოში.
მოწინააღმდეგეს ისეთი სისწრაფით მოუწია გაქცევა, რომ დიდებული ავეჯი და
მორთულობა თან ვერ წაიღეს. გენერალი პატონი ბავშვივით აღფრთოვანებული
გვათვალიერებინებდა მთელ ამ ფუფუნებას.
მე და მამაჩემი ჩვენს ვილაში თორმეტის წუთებზე დავბრუნდით. მთელი გზა მამა
მეხუმრებოდა ჯავშანტექნიკისა და ავიაციის ღირსებებზე. ის აშკარად ხუმრობის
ხასიათზე იყო. თხუთმეტ წუთში ჩერჩილიც მოვიდა ერთი ჭიქა ღვინის მისართმევად
და დე გოლზე და ჟიროზე სასაუბროდ. ინგლისის პრემიერ-მინისტრი ისევ შეუდგა
მტკიცებას, რომ უმჯობესი იქნებოდა, საფრანგეთის დროებითი მმართველობა მარტო
დე გოლისათვის მიგვენდო. მან იცოდა, რომ ჟირომ არასახარბიელო შთაბეჭდილება
დატოვა მამაზე. მაგრამ იმ საღამოს მამა არ იყო საკამათოდ განწყობილი და არ
მოინდომა ამ საკითხზე საუბარი. შესაძლოა, დაღლილობის გამო არცთუ ტაქტიანად
მიახვედრა ჩერჩილი, რომ არ აპირებდა ამ პრობლემაზე მსჯელობას. ამიტომ მე და
ჰარი ჰოპკინსი ვცდილობდით, საუბარი უმტკივნეულო თემებზე გადაგვეტანა.
დაახლოებით პირველ საათზე ჩერჩილი წავიდა, ჰარი კი მაღლა ავიდა, თავის
ოთახში, დასაწოლად. მე და მამა საძინებელში შევედით.

- უინსტონი უკვე სერიოზულად არის შეშფოთებული, - მითხრა მამამ. - დღეს ეს


შესამჩნევი იყო. მე მხოლოდ ის შევნიშნე, რომ უინსტონს აშკარად სურდა ამ
საკითხზე საუბარი, მამამ კი ასევე აშკარად თქვა უარი ამ საკითხის განხილვაზე. მე ეს
მამაჩემის დაღლილობას მივაწერე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტაქტიკური სვლა იყო და
თანამოსაუბრეები მიუხვდნენ ერთმანეთს.

- ერთ-ორ დღეში კვანძი გაიხსნება, - მხიარულად თქვა მამამ, - დღეს სამშაბათია?


დაგენიძლავები, რომ არაუგვიანეს პარასკევისა, უინსტონი გვაცნობებს, რომ ის
შეძლებს როგორმე დაარწმუნოს დე გოლი, აქ ჩამოვიდეს.

პატონზეც ვილაპარაკეთ („ელიოტ, ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია, არა?“),


ახალგაზრდა რანდოლფ ჩერჩილზეც („შესაშური თვისებაა - არაფერში გეპარებოდეს
ეჭვი“ - შენიშნა მამამ) და ხალიჩებზეც, რომლებიც მე და ჰარიმ ვნახეთ დღისით.

მამა ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა სტალინზე და,


საერთოდ, რუსებზე გადაწყვეტილებები, რომლებიც შტაბების უფროსების
გაერთიანებულმა საბჭომ მიიღო.

- სტალინმა რომ შეძლოს, თვითონ ჩამოვიდეს და დარწმუნდეს, რა სირთულეებთან


გვაქვს საქმე ტონაჟთან დაკავშირებით და წარმოების სფეროში...…

მამა დაქანცული ჩანდა და რამდენიმე წუთში მარტო დავტოვე.

ოთხშაბათი, 20 იანვარი

იმ დღეს დღის წესრიგის პირველივე საკითხები იყო წარმოება და მომარაგება.


სომერველი წინასწარ - საუზმემდე შეუთანხმდა ჰარი ჰოპკინსს შეხვედრაზე და
ცხრის ნახევარზე, როდესაც მე ქვემოთ ჩამოვედი, ისინი უკვე გახურებულ მუშაობაში
იყვნენ. ჰარი იმ სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, რომელიც მომარაგებას
განაგებდა და სხვაზე უკეთ იცოდა, რომ ამერიკა ჯერ კიდევ შედარებით მცირე
რაოდენობის სამხედრო მასალებს აწარმოებდა.

ათი საათისთვის ჩემი უფროსი, გენერალ-მაიორი სპაატსი მოვიდა. ის წინა საღამოს


ჩამოვიდა კასაბლანკაში და მამაჩემს მასთან პირადად უნდოდა საუბარი. ტუი
სპაატსი იმ დროს აფრიკაში ამერიკული საჰაერო ძალების მეთაური იყო და
ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში იმ საჰაერო ძალებსაც მეთაურობდა, რომელთაც
მოკავშირეთა გაერთიანებული ოპერატიული საავიაციო შტაბი ხელმძღვანელობდა.

- საკმაოდ რთული სისტემაა, - შენიშნა მამამ. სპაატსმა თავი დაუქნია.

- ასეც არის, სერ, - თქვა მან, - და მდგომარეობას სულაც არ ამსუბუქებს ის გარემოება,


რომ ხელმძღვანელობა გაერთიანებულია. ტედერი შესანიშნავი ადამიანია (ავიაციის
მარშალი ტედერი წოდებით სპაატსზე მაღლა იდგა და აფრიკაში მოკავშირეების
მთელი საჰაერო ძალების მეთაურად ითვლებოდა), მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ
მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, გარკვეული სიძნელეები მაინც
გარდაუვალია.

- კერძოდ?

- საქმე ის არის, სერ, რომ საომარ მოქმედებათა ამ თეატრში ჩვენ ძირითადად


ამერიკულ თვითმფინავებს ვიყენებთ. უპირატესობას ამერიკულ ტაქტიკას და
სტრატეგიას ვანიჭებთ. ოპერაციებს ამერიკელები ატარებენ, უმაღლესი
ხელმძღვანელობა კი ინგლისელების ხელშია.

აქ მეც ჩავამატე რამდენიმე სიტყვა: - ფაქტობრივად, მთელ ომს ჰაერში გენერალი


სპაატსი მეთაურობს, ის კი ტედერს ექვემდებარება.

- მე იმის თქმა არ მინდა, სერ, - განაგრძო სპაატსმა, - რომ ერთად მუშაობა არ


გამოგვდის. პირიქით. მე მხოლოდ იმ სიძნელეებზე მოგახსენებთ, რაც ჩვეულებრივი
ამბავია მოკავშირეთა გაერთიანებული ხელმძღვანელობისათვის. გაერთიანებული
ხელმძღვანელობა განსაკუთრებით მაშინ ქმნის სირთულეებს, როდესაც ისინი
ერთობლივად ხელმძღვანელობენ მარტო ერთი მოკავშირის ადამიანებს და ტექნიკას.

მამამ თავი დაუქნია. ტუი განაგრძობდა სხვა სიძნელეებზე ლაპარაკს. ძირითადად


საქმე ეხებოდა საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავების მიღებას და საკმარისი
რაოდენობით აეროდრომების აშენებას მყარი საფარით. იმ აეროდრომებისთვის,
რომლებიც აფრიკაში დაგვხვდა, ძლიერი წვიმა საკმარისი იყო, რომ მწყობრიდან
გამოსულიყვნენ და ოპერაციები რამდენიმე საათით, ზოგჯერ რამდენიმე დღითაც
გადადებულიყო.

მამასთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ასეთ საუბრებს ამერიკის უმაღლეს


ოფიცრობასთან. ინგლისელებთან ჩვენი კავშირის პოლიტიკური შედეგი ის იყო, რომ
რამდენადაც ომის ამ არენაზე უმაღლესი ხელმძღვანელობა ეკუთვნოდა ამერიკელს
(ეიზენჰაუერს), ინგლისელები მოითხოვდნენ, და სავსებით სამართლიანადაც, რომ
ხელმძღვანელობის შემდეგი საფეხური იერარქიულ კიბეზე ინგლისელებს
გადასცემოდა. ამიტომ ოპერაციებს ზღვაზე ინგლისელი (კენინგჰემი) მეთაურობდა,
მეორე ინგლისელი (ტედერი) კი - საჰაერო ოპერაციებს. რამდენადაც საზღვაო
ოპერაციები ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობდა, გამართლებული იყო საზღვაო
ძალების დამორჩილება ინგლისელი სარდლისთვის. მაგრამ როცა სპაატი ჰაერში ომს
ხელმძღვანელობდა და თან სამეფო საჰაერო ძალების მარშალს ექვემდებარებოდა, ის
სირთულეებს აწყდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მარშალი საკმაოდ კარგი
ოფიცერი და სასიამოვნო ადამიანი იყო.
დილით რობერტ მერფი კვლავ გამოცხადდა მექანიკურ ეშმაკუნასავით, მამასთან და
ჰარი ჰოპკინსთან სალაპარაკოდ. ჯერ კიდევ საჭირო იყო დე გოლის მხარდამჭერი
ინგლისელების დარწმუნება, რომ ჩვენ ნამდვილად მოვითხოვდით საფრანგეთის
დროებით მთავრობაში დე გოლის ძალების გარდა სხვებიც შესულიყვნენ. საუბრის
დროს სასაუზმოდ ჩერჩილიც მოვიდა თავის მრჩეველ მაკმილანთან ერთად. მე
სასწრაფოდ გავეცი განკარგულება, დამატებით კიდევ ორი კაცისთვის გაეწყოთ
სუფრა და საუბარი გაგრძელდა.

- განა სწორი არ იქნება, დავარწმუნოთ დე გოლი, სასწრაფოდ გამოცხადდეს აქ,


დავადგინოთ, რა კონკრეტული არგუმენტები გააჩნია ჩაფიქრებული დროებითი
მთავრობის წინააღმდეგ?

- ინგლისის პრემიერ-მინისტრის აზრით, რა დათმობებზე უნდა წავიდეთ, რომ დე


გოლი აქ ჩამოვიყვანოთ და ერთხელ და სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო ამ პრობლემას?

- დარწმუნებული არიან კი ამერიკელები, რომ ჟიროს ყოფნა აუცილებელია მომავალ


მთავრობაში?

- არსებობს თუ არა დე გოლსა და ჟიროს შორის რაიმე სხვა კონფლიქტი პიროვნულის


გარდა, რაც ხელს შეუშლის მათ შორის ღირსეული და მყარი პოლიტიკური კავშირის
შექმნას?

პრემიერ-მინისტრი ადგა და ჟიროსთან შესახვედრად წავიდა. მე მამას


ვაკვირდებოდი. სახეზე არაფერი ეწერა, გარდა ინტერესისა. შესაძლოა, მას კიდეც
ეპარებოდა ეჭვი ჩერჩილის გულწრფელობაში, ყოველ შემთხვევაში, ეს არაფრით
გამოუხატავს.

დღის ბოლოსთვის ჩერჩილი მამაჩემის სასტუმრო ოთახში ჟიროსთან ერთად


გამოცხადდა. მე ბაღში დავრჩი და საუბარი განვაგრძე საიდუმლო სამსახურის
აგენტებთან და შემთხვევით სტუმრებთან. სასტუმრო ოთახში მამა და პრემიერ-
მინისტრი ჟიროსთან და მის თანაშემწესთან - სამოქალაქო პირთან, ვინმე ბ-ნ
პონიატკოვსკისთან ერთად მეათასეჯერ იხილავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც დე
გოლმა დააყენა, უმცირეს დეტალებს მომავალი კავშირისა, რომლის სიმყარეზე დიდი
იმედები არ გვქონდა. ისინი ცდილობდნენ, ცალმხრივად მაინც მოეგვარებინათ
პირადი უთანხმოება ორ მეტად სუბიექტურად განწყობილ ფრანგ მოღვაწეს შორის.
იმდენჯერ მოვისმინე საუბარი ამ თემაზე, რომ მგონი, მამაჩემზე და ჩერჩილზე
ნაკლებად არ მომბეზრდა. განსხვავება ის იყო, რომ მე ვალდებული არ ვიყავი, ამ
საუბრებში მონაწილეობა მიმეღო.

როცა ყველა წავიდა, მამასთან დავბრუნდი. ვშიშობდი, რომ ვახშამზე რომელიც


ჩერჩილთან უნდა გამართულიყო, საუბრის ერთადერთი თემა ისევ ეს საკითხი
იქნებოდა. მაგრამ როგორც კი მამამ თავი ასწია ვაშინგტონიდან მიღებული
ქაღალდების გროვიდან, ეს შიში გამიქარწყლდა.

- გადავწყვიტეთ, დღეს საქმეებზე აღარ ვილაპარაკოთ, - მითხრა მან.

ვახშამმა დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. ჩერჩილი, რადგან ომის დროის პრემიერ-


მინისტრი ის გახლდათ, მოითხოვდა, იმპერიის საომარი გეგმები მას ჰქონოდა. მისმა
ადიუტანტებმა შესანიშნავი საშტაბო კაბინეტი მოუწყეს, სადაც ყველა საომარი
მოქმედების ადგილის სხვადასხვა მასშტაბის რუკები იყო გაკრული. ის დიდი
სიამოვნებით გვაჩვენებდა ამ რუკებს. მაშინ გავიფიქრე, ომი რომ თამაში ყოფილიყო
და არა ასეთი სისხლიანი, ბინძური, მომქანცველი, დამთრგუნველი საქმე, ჩერჩილის
რუკები შესანიშნავად გამოდგებოდა სათამაშოდ. ყველა რუკაზე ქინძისთავები იყო
ჩარჭობილი, რომლებიც შეგეძლოთ, გადაგენაცვლებინათ. ყველაზე საინტერესო
ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის უზარმაზარი რუკა იყო - მასზე
მინიატურული მოძრავი მოდელებით ყველა გერმანული წყალქვეშა ნავის
ადგილმდებარეობა იყო ნაჩვენები. ამ რუკაზე შეიძლებოდა გენახათ, რამდენი
წყალქვეშა ნავი იყო ლორიანსა თუ ბრესტში, რამდენი მოდიოდა დასავლეთისკენ
ჩვენს ქარავნებთან შესახვედრად, რომლებიც გაერთიანებული სამეფოსკენ
მიემართებოდნენ, რამდენი იყო დამალული ლა-მანშის სანაპიროზე, ანგარებში,
რამდენი დაცურავს საზღვაო გზებზე აზორის კუნძულების გარშემო, რამდენია
ჩასაფრებული ისლანდიის ნაპირებთან ან მიემართება ჩრდილოეთით, მურმანსკისკენ.
ბოლო ცნობები გემების გადაადგილების შესახებ რუკაზე ყოველდღიურად
ჩერჩილის თანდასწრებით აღინიშნებოდა. ის გემების მოძრაობას დაძაბული
ადევნებდა თვალს - გაძვრება თუ არა ესა თუ ის ქარავანი დანაკარგის გარეშე? კიდევ
რამდენი ტონა მნიშვნელოვანი სამხედრო ტვირთი განადგურდება ტორპედოების
აფეთქებით და წავა ფსკერისკენ? შეძლებენ თუ არა ინგლისის სანაპირო ავიაციის
ძალები აი, იმ „მგლების ხროვის“ განადგურებას? ჩრდილოეთ ატლანტიკისთვის
ბრძოლა თავის ზენიტს ზამთარში მიაღწევს. ქინძისთავები და საადმირალოს
მინიატურული მოდელები ასახავდნენ იმ დაძაბულობას, რომელმაც მოიცვა მთელი
დედამიწა. ის იმ გამოსავალის მოლოდინში იყო, რომელზეც დამოკიდებული იყო
მსოფლიოს ბედი.

ჩვენ სახლში შედარებით ადრე დავბრუნდით და მამა მაშინვე დასაძინებლად წავიდა,


რადგან წინ დაძაბული დღე ელოდა.

ხუთშაბათი, 21 იანვარი

ქვემოთ რომ ჩამოვედი, მამა უკვე ამდგარიყო, ესაუზმა და ჰოპკინსის, ჰარიმანის,


ადმირალ მაკინტაირის და მერფის თანხლებით გენერალ კლარკთან წასულიყო.
ისინი კასაბლანკის ჩრდილოეთით, რაბატისკენ, გაემართნენ, სადაც მამამ
დაათვალიერა მე-2 ჯავშანსატანკო, მე-3 და მე-9 ქვეითი დივიზიები. საკმაოდ
შთამბეჭდავი მსვლელობა იყო - თავში სამხედრო პოლიციის რაზმი
მოტოციკლეტებზე, შემდეგ „ვილისი“ და სადაზვერვო მანქანა, შემდეგ მამაჩემის
დახურული მანქანა, მას უკან მიჰყვებოდა შტაბის მანქანები მსვლელობის დანარჩენი
მონაწილეებით. შემდეგ ორი საბარგო მანქანა შეიარაღებული ჯარისკაცებით, ორი
სადაზვერვო მანქანა და კოლონას ასრულებდა მოტოციკლეტისტების მეორე რაზმი.
მაიკ რეილის დაჟინებით, მთელ გზაზე, სანაპიროს გასწვრივ, კოლონას ჰაერიდან
ავიაგამანადგურებლები იცავდნენ.

მამა რვა საათის შემდეგ დაბრუნდა. შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე.

- დრო კარგად გაატარე?

- ვერც კი წარმოიდგენ, შესანიშნავად! გადასარევად დავისვენე...

- ჟიროსა და დე გოლისაგან?
- ჰო. სხვათა შორის, დილით გზაზე ფრანგული მაროკოს ქვეითი ჯარი და კავალერია
შემოგვხვდა. არაფერი მითქვამს, მაგრამ არ გამიკვირდება თუ შევიტყობ, რომ ჟირომ
საგანგებოდ მოაწყო ეს ჩემთვის.

- მთელი დღე დახურულ მანქანაში იჯექი?

- არა, სულაც არა. „ვილისი“ მომცეს მე-2 ჯავშანსატანკო და მე-3 ქვეითი დივიზიის
დასათვალიერებლად. უნდა გითხრა, რომ „ვილისით“ ეს ერთი მგზავრობა დიდხანს
მეყოფა.

- შენ ალბათ საქმეები გაქვს? იმიტომ რომ...

- ნუ ღელავ. სადილამდე ჩემთან არავინ მოვა. დაჯექი. მინდა, მოგიყვე. რომ გენახა,
როგორ მიყურებდა ზოგიერთი ჯარისკაცი! თითქოს უნდოდათ ეთქვათ: „ეშმაკმა
დალახვროს! ეს, ხომ თვითონ „ბებერია!“ - მამამ გადაიხარხარა.

- სად ისაუზმე, მამა?

- იქვე, დასვენების დროს. კლარკთან და პატონთან და, რა თქმა უნდა, ჰარისთან


ერთად. ჰარი! როგორ მოგეწონათ საუზმე საველე პირობებში?

- ყველაფერს მუსიკა ჯობდა! - ჩამოგვძახა ზემოდან ჰარიმ. ის ცხელ აბაზანას იღებდა.

- მართალი ხართ, ისინი „ჩატანუგა ჩუ-ჩუს“ უკრავდნენ და კიდევ იმ სიმღერას,


გახსოვს ტეხასზე, სიმღერის შესრულების დროს ტაშს რომ უკრავენ.

- „ღრმად ტეხასის გულში?“

- ჰო. და რაღაც ვალსებს. მითხარი ელიოტ, თუ მოიძებნება მსოფლიოში სხვა ისეთი


არმია, რომელშიც პოლკის ორკესტრი ასეთ სიმღერებს დაუკრავს, როცა იქვე
მთავარსარდალი შაშხს შეექცევა მწვანე მუხუდოსთან და ბატატასთან ერთად? ჰა, რას
ფიქრობ? გაიზმორა. - დავიღალე. სადილის შემდეგ მე-9 დივიზია დავათვალიერე,
მერე კი ლიოტეს პორტში შევიარეთ.

- ნახე გემები ყურეში?

- ჩვენ რომლებიც ჩავძირეთ? რა თქმა უნდა.

- არ ვიცოდი, ლიოტეს პორტშიც თუ აპირებდი შევლას.

- იქ ხომ ჩვენი სასაფლაოა, - შემახსენა მამამ. - ოთხმოცდარვა ამერიკელს სძინავს იქ


მარადიული ძილით. მათ საფლავებზეც მივიტანეთ გვირგვინი და ფრანგების
სასაფლაოზეც.

- რა საწყენია, რომ დღეს ასეთი ცუდი ამინდი იყო.

- არა, წვიმა მხოლოდ ორის ნახევარზე დაიწყო...…მაგრამ, ჩვენი ჯარისკაცები, ელიოტ!


აშკარაა, ომისკენ მიუწევთ გული. ჯანიანები, გარუჯულები, მხიარულები... სრულ
მზადყოფნაში არიან!

- ეს რაღაა?
- რა? ეს? ჯარისკაცის საველე ნაკრები, რომელიც მე გამოვიყენე, მაჩუქეს და
სამახსოვროდ მექნება.

- რას ამბობ, მამა? ყველაფერს აგროვებ. ნუთუ არ გესმის, როგორც მთელი


შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, სახლში მოგიტანდნენ ასეთ ნაკრებს?

- ჰო მაგრამ, ეს ნაკრები მე ვიხმარე რაბატში, როცა ამ საშინელ ომში მონაწილე


ამერიკელი ჯარისკაცების სამ დივიზიას ვათვალიერებდი. ეს კარგი სუვენირია.
სახლში უნდა წავიღო.

უკვე საძინებელი ოთახისკენ მიემართებოდა ტანისამოსის გამოსაცვლელად, როცა


მოულოდნელად შემოსასვლელში ხმაური ატყდა. ოთახში ჩერჩილი შემოვარდა, სახე
უბრწყინავდა.

- მხოლოდ ერთი წუთით მოვედი, მინდა გაუწყოთ უკანასკნელი ახალი ამბავი,


ამჟამად სასიამოვნო.

- შტაბიდან? - იკითხა მამამ. - რა მოხდა?

- ლონდონიდან, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, - დე გოლს ეხება. ვფიქრობ, შევძლებთ


მის დარწმუნებას, აქ ჩამოვიდეს და მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს.

სიჩუმე ჩამოვარდა.

- კარგია, - მოკლედ წარმოთქვა მამამ, თან ნელ-ნელა ოთახისკენ განაგრძო სვლა. -


გილოცავთ, უინსტონ. მე ყოველთვის მჯეროდა, - დაამატა მან
მრავალმნიშვნელოვნად, - რომ თქვენ შეძლებდით ამას.

ათის ნახევარზე მამა უკვე საწოლში იყო. ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოსვლის დღიდან
პირველად მოახერხა გამოძინება.

პარასკევი, 22 იანვარი

დაახლოებით შუადღისთვის კავშირგაბმულობის კორპუსის ფოტოგრაფებმა


ფოტოები გადაუღეს მამას და პრემიერ-მინისტრს შტაბების უფროსთა
გაერთიანებული საბჭოს წევრებთან ერთად. იქაურობა მზით იყო გაჩახჩახებული.
ყველანი მამაჩემის ვილის ტერასაზე დასხდნენ, თან მხიარულად და ლაღად
საუბრობდნენ. კონფერენციის ყველაზე რთული ნაწილი დასასრულს
უახლოვდებოდა. კიდევ ერთი საჩოთირო და რთული საქმე დარჩა მოსაგვარებელი -
დე გოლისა და ჟიროს დაკავშირება. მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულებული
იყო. სამხედრო გადაწყვეტილებები, ავად თუ კარგად, - მიღებული და ახლა უნდა
შემუშავებულიყო კომუნიკე, რომელიც მსოფლიოს კასაბლანკის კონფერენციის და
მისი მნიშვნელობის შესახებ ამცნობდა.

როცა ფოტოგრაფებმა თავიანთი საქმე დაასრულეს, მამამ გენერალ მარშალთან


ერთად ისაუზმა და მერე დიდხანს საუბრობდნენ სასტუმრო ოთახში. მამას რომ
დავჭირვებოდი, კართან ახლოს კიბეზე ვიყავი ჩამომჯდარი და მათი ლაპარაკი
მესმოდა. მარშალმა მამას აუხსნა, რა სიძნელეებთან მოუხდათ შეჯახება ამერიკული
შტაბების უფროსებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ 1943 წელს ევროპაში
შეჭრას, რადგან ჩვენ უკვე გარკვეული გადაწყვეტილებით ვიყავით ხელფეხშეკრული
ხმელთაშუა ზღვის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. მან შეახსენა მამაჩემს,
როგორ გადაჭრით უარყვეს ინგლისელების ავანტიურული გეგმები ბირმასთან
დაკავშირებით და აცნობა მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც
სიცილიაზე წარმატებით შეჭრის შემთხვევაში, ოპერაციები იტალიის წინააღმდეგ რაც
შეიძლება მცირე მასშტაბისა უნდა ყოფილიყო.

მარშალის წასვლის შემდეგ მამამ მითხრა, რომ საუბარი ეხებოდა იმ


წინააღმდეგობებს, რომელთა გადალახვაც შტაბების უფროსთა გაერთიანებულ
საბჭოს სიცილიაზე შეჭრის გეგმის მიღებამდე მოუხდა. ჩიოდა, თუმცა ყოველგვარი
გაღიზიანების გარეშე, ინგლისელებზე, რომლებიც ევროპაში ისევ სამხრეთიდან
შესვლას უჭერდნენ მხარს და არა დასავლეთიდან. გამოხატა თავისი შეშფოთება
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღებდა სტალინი ცნობას ლა-მანშით შეჭრის
გადავადების შესახებ.

- ომი ბნელი საქმეა, - განაგრძო მამამ, - ომის მოსაგებად ძალიან ძნელად


ვინარჩუნებთ ერთობას მოკავშირეთაგან ერთ-ერთთან, რითაც, როგორც ჩანს, მეორის
დაღალატება გვიწევს. ომის მოსაგებად იძულებული ვხდებით, სტრატეგიულ
კომპრომისზე წავიდეთ, რასაც რუსები, ეჭვგარეშეა, მტკივნეულად აღიქვამენ, თუ
აქეთ დავთმობთ, ამას უკვე ინგლისელები მიიღებენ მტკივნეულად. ომი რთული
გზით სვლას გვაიძულებს.

- მაგრამ, ადრე თუ გვიან, ჩვენ ხომ მაინც მოვიგებთ ომს, - ვთქვი მე.

- ეს ერთობა, რომელსაც ჩვენ ომის დროს მივაღწიეთ, - მომიგო მამამ, - არაფერია


იმასთან შედარებით, რომელიც ჩვენ მშვიდობისთვის გვჭირდება. ომის შემდეგ - აი,
როდის ატყდება ყვირილი რომ ჩვენი ერთობა საჭირო აღარ არის. სწორედ მაშინ
დადგება ეს ამოცანა ჩვენ წინაშე მთელი სიგრძე-სიგანით.

იმავე საღამოს იძულებული გავხდით, სადილის წინ უარი გვეთქვა კოქტეილზე და


ღვინის გარეშე გვესადილა. ღორის ხორციც ამოიღეს მენიუდან. ამის მიზეზი კი ის
გახლდათ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სულთანი, მართლმორწმუნე მუსლიმანთა
მბრძანებელი.

ის მობრძანდა თავის ჭაბუკ მემკვიდრესთან, დიდ ვეზირთან და საპროტოკოლო


ნაწილის უფროსთან ერთად. სტუმრებს თეთრი, აბრეშუმის ფრიალა ბურნუსები
ემოსათ. მათ დედაჩემისთვის საჩუქრები მოგვართვეს - ორი ოქროს სამაჯური და
ოქროს მაღალი ტიარა. თვალი შეავლო თუ არა ტიარას, მამაჩემმა სერიოზული
გამომეტყველებით გადმომხედა, მერე კი თვალი ჩამიკრა. ორივემ წარმოვიდგინეთ
დედა თეთრი სახლის ოფიციალურ მიღებაზე, მასპინძლის როლში, ამ შთამბეჭდავი
თავსაბურავით.

სადილობისას სულთანი მამაჩემის მარჯვნივ იჯდა, ჩერჩილი - მარცხნივ. თავიდან


ინგლისის პრემიერ-მინისტრი მეტად ამაღლებულ განწყობაზე გახლდათ. მან
გვაცნობა, რომ დილით დე გოლი ჩამოვიდა, ჟიროსთან ერთად ისაუზმა და
ჩერჩილსაც ეწვია. მაგრამ საუბრის დროს ჩერჩილს გუნება თანდათან გაუფუჭდა.
საქმე ის იყო, რომ მამაჩემი სულთანს საფრანგეთის მაროკოს ბუნებრივ სიმდიდრეზე
და მათი ათვისების დიდ შესაძლებლობებზე ესაუბრებოდა. საუბარმა ორივე გაიტაცა.
ორივე იმდენად კარგად ფლობდა ფრანგულს, რაშიც ჩერჩილი მოიკოჭლებდა, რომ
თავისუფლად შეეძლოთ ემსჯელათ მაროკოელების ცხოვრების დონის ამაღლებაზე.
ორივე იმ აზრისა იყო, რომ ამისათვის ქვეყნის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი
ქვეყანაშივე უნდა რჩებოდეს.

სულთანმა სურვილი გამოთქვა, რაც შეიძლება მეტი დახმარება მიეღო ქვეყანაში


თანამედროვე განათლებისა და ჯანდაცვის შესატანად.

ამაზე მამაჩემმა მიუგო, რომ ამისათვის სულთანმა ნება არ უნდა დართოს უცხოურ
კონცესიებს, განუკითხავად გაიტანონ ქვეყნიდან ბუნებრივი რესურსები.

ჩერჩილი შეეცადა, საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. მაგრამ სულთანი ისევ ამ თემას
მიუბრუნდა, და დაინტერესდა, როგორი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის
რჩევას მომავალი ფრანგული მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მამა ხელში ჩანგალს ათამაშებდა და მხიარულად მიუგო, რომ, რაღა თქმა უნდა,
მდგომარეობა ომის შემდეგ არსებულისაგან მკვეთრად განსხვავებული იქნება,
განსაკუთრებით კი კოლონიებთან დაკავშირებით.

ჩერჩილმა ჩაახველა და სულ სხვა თემაზე წამოიწყო საუბარი.

სულთანმა თავაზიანად იკითხა, რას გულისხმობდა მამაჩემი, როცა „მკვეთრად


განსხვავებულ მდგომარეობაზე“ ლაპარაკობდა.

მამაჩემმა გაკვრით ახსენა ის კავშირი, რომელიც წარსულში არსებობდა ინგლისის და


საფრანგეთის ფინანსისტებს შორის, სინდიკატებად გაერთიანებულნი რომ
იტაცებდნენ კოლონიალურ სიმდიდრეს. შემდეგ ის გადავიდა თემაზე საფრანგეთის
მაროკოში ნავთობის შესაძლო არსებობის შესახებ.

სულთანი ჩაეჭიდა ამ აზრს. მან განაცხადა, რომ ყველანაირად დაუჭერდა მხარს


ბუნებრივი რესურსების ათვისებას და მოპოვებას, თუ შემოსავალი მის სასარგებლოდ
შემოვიდოდა. შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ მის თანამემამულეთა შორის არ
იყვნენ მეცნიერები და ინჟინრები, რომლებსაც შეეძლებოდათ სხვისი დახმარების
გარეშე აეთვისებინათ ეს რესურსები.

ჩერჩილი სავარძელში აწრიალდა.

მამამ დელიკატურად მიანიშნა რომ ინჟინრების და სპეციალისტების სწავლება და


მომზადება შესაძლებელი იყო, მაგალითად, შეერთებული შტატების საუკეთესო
უნივერსიტეტებში, კულტურული გაცვლის პროგრამის ფარგლებში.

სულთანმა თავი დაუქნია. აშკარა იყო, ეტიკეტის წესები რომ არა, ის უმალ
შეუდგებოდა უნივერსიტეტების სახელებისა და მისამართების ჩაწერას.

მამა განაგრძობდა თავისი აზრის განვითარებას, თან ხელში ჭიქას ატრიალებდა. მან
თქვა, რომ სულთანს, ალბათ, არ გაუჭირდებოდა ფირმებთან მოლაპარაკება -
ამერიკულ ფირმებთან - ბუნებრივი რესურსების ათვისების იმ გეგმასთან
დაკავშირებით, რომელიც მას ჰქონდა მხედველობაში. ეს ხელშეკრულება
შეიძლებოდა, დადებულიყო გარკვეული ანაზღაურების ან წილობრივი
გადარიცხვების საფუძველზე. ასეთი სისტემის უპირატესობა, ამტკიცებდა ის,
ფრანგული მაროკოს სუვერენულ მთავრობას საშუალებას მისცემდა, შეენარჩუნებინა
კონტროლი საკუთარ რესურსებზე, მიეღო შემოსავლის დიდი ნაწილი და, საბოლოო
ჯამში, თავად განეკარგა თავისი ბუნებრივი რესურსები.

ჩერჩილმა ხვნეშა დაიწყო და მათი მოსმენა შეწყვიტა.

ვახშამმა სასიამოვნოდ ჩაიარა. ჩვენ ყველანი, ერთი ადამიანის გამოკლებით,


ნასიამოვნები დავრჩით. როდესაც სუფრიდან წამოვდექით, სულთანმა დაარწმუნა
მამაჩემი, რომ ომის დამთავრების შემდეგ უმალ მიმართავდა შეერთებულ შტატებს
თავისი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის ათვისებაში დახმარებისათვის. „ჩემი ქვეყნის
წინაშე ახალი ჰორიზონტები იხსნება!“ - სიხარულით ბრწყინავდა ის.

გაცოფებული ინგლისის პრემიერ-მინისტრი თავის სიგარას ღრღნიდა, და როგორც კი


სულთანმა სასადილო ოთახი დატოვა, უკან მიჰყვა მას.

დე გოლის ჩამოსვლა ელვას წააგავდა, ოღონდ ქუხილის გარეშე, რამაც, ასე თუ ისე,
ჰაერი მაინც გაწმინდა. სულთანს აშკარად სურდა ჩვენთან დარჩენა, უნდოდა,
დაწვრილებით ემსჯელა ზოგიერთ იმ საკითხზე, რომლებიც მამამ წამოსწია ვახშამზე.
მაგრამ მამას იმ საღამოს კიდევ ბევრი საქმე ჰქონდა. მან კაპიტან მაკრის ანიშნა, ოქმის
შესადგენად დარჩენილიყო, მოიწვია რობერტ მერფი და ჰარი ჰოპკინსი; დავრჩი მეც,
რომ მათთვის სასმელი მიმერთმია. დანარჩენი სტუმრები წავიდნენ. შარლ დე გოლის
მისაღებად ყველაფერი მზად იყო.

ის ათი წუთის შემდეგ მობრძანდა. მოღუშული იყო და არცთუ დიდ თავაზიანობას


იჩენდა. მისი საუბარი მამასთან ნახევარ საათს გაგრძელდა. მამა მომხიბლავი იყო, დე
გოლი - თავშეკავებული. აი, მათი საუბრის ნიმუში: მამა: დარწმუნებული ვარ, ჩვენ
შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს დიად სახელმწიფოს, დაიბრუნოს თავისი ადგილი
მსოფლიოში.

დე გოლი: (გაურკვეველი ბურტყუნი).

მამა: გარწმუნებთ, ჩემი ქვეყანა დიდ პატივად ჩათვლის, მონაწილეობა მიიღოს ამ


საქმეში.

დე გოლი (ჩაიბურტყუნა): გმადლობთ გულისხმიერებისათვის.

როგორც კი ეს უცნაური საუბარი დასრულდა, ფრანგი, რომელიც აქამდე სავარძელში


სარგადაყლაპულივით იჯდა, წამოდგა, მთელი სიმაღლით წამოიმართა, გაიჭიმა და
საზეიმო სვლით კარისკენ გაემართა, უკან არც კი მოუხედავს...

რამდენიმე საათის შემდეგ ჩერჩილი ისევ მოვიდა, მაკმილანთან ერთად. მთელი


საათის განმავლობაში ის და მამა ერთმანეთს უზიარებდნენ დე გოლთან საუბრის
შთაბეჭდილებებს. გენერლის უგუნებობას მამაჩემი სრულებით არ აუღელვებია;
ვფიქრობ, ეს შეესაბამებოდა იმ წარმოდგენას, რაც მას დე გოლზე მანამდე ჰქონდა
შექმნილი. ჯერ მერფი ლაპარაკობდა, მერე ჩერჩილი, შემდეგ ჰარი, მერე მამაჩემმა
ილაპარაკა და ბოლოს ისევ ჩერჩილმა. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი: ნეტავ, თვითონ
საფრანგეთში როგორ არის ხალხი განწყობილი? როგორ არიან წინააღმდეგობის
მონაწილენი განწყობილნი? ვის მხარეზე არიან? დე გოლის? ჟიროს? არც ერთის და
არც მეორის? ორივეს მხარეზე? ეს როგორ შევიტყოთ? რომელია მართალი?
მამაჩემის მშვიდი ხმა მომესმა: - რაც მოხდა, მოხდა. საკითხი თითქმის გადაჭრილია.
მდგომარეობით ორივე თანაბარია და თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
საკონსულტაციო ასამბლეის შექმნაზე. როდესაც ის შეიქმნება, ფრანგული
დემოკრატიის აღორძინებაც დაიწყება, ხოლო როცა ის მუშაობას შეუდგება,
ფრანგული დემოკრატია პირველ ნაბიჯებს გადადგამს. აი, მაშინ ფრანგები თვითონ
შეძლებენ გადაწყვიტონ, რა მოუხერხონ ჟიროს და დე გოლს. ეს უკვე ჩვენი საქმე აღარ
იქნება.

ჩერჩილის და დანარჩენების წასვლის შემდეგ, მამამ ჩემთან განაგრძო საუბარი


საფრანგეთზე და მის მომავალზე.

- ბოლო დღეებში, - თქვა მან, - ვლაპარაკობდით იმაზე, რომ საფრანგეთის


განთავისუფლებასთან ერთად სამოქალაქო ძალაუფლება თანდათანობით ჟირო-დე
გოლის გაერთიანებული მთავრობის ხელში უნდა გადავიდეს. ეს მთავრობა მხოლოდ
დროებით იარსებებს - მანამ, სანამ თავიდან არ გახდება შესაძლებელი თავისუფალი
არჩევნების ჩატარება. გადაწყვეტილება თითქოს მარტივია, მაგრამ ნახავ, როგორ
იბრძოლებს დე გოლი მის წინააღმდეგ! ის დარწმუნებულია, აბსოლუტურადაა
დარწმუნებული, რომ აქვს უფლება ერთპიროვნულად, თავისი ნებით გადაწყვიტოს,
ვინ შეიყვანოს ან არ შეიყვანოს საფრანგეთის დროებითი მთავრობის
შემადგენლობაში!

- მან თითქოს რაღაც თქვა საფრანგეთის კოლონიებზე, - ვუთხარი მე, - ყური მოვკარი,
როცა სასადილო ოთახში შემოვდიოდი... …

- მან განაცხადა, რომ, როგორც კი მათი ქვეყანა განთავისუფლდება, მოკავშირეებმა


ფრანგებს უნდა დაუბრუნონ ფრანგული კოლონიები. მაგრამ გარდა იმისა, რომ აქ -
სამხრეთ აფრიკის ფრანგულ კოლონიებში მოკავშირეებს მოუხდებათ სამხედრო
ძალაუფლების შენარჩუნება, მრავალი თვის, შესაძლებელია, წლების მანძილზე,
სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ უნდა დავუბრუნოთ კოლონიები
საფრანგეთს, თუ მისგან არ მივიღებთ წინასწარ განსაზღვრული ვალდებულებების
შესრულების პირობას თითოეული კოლონიის მიმართ, თუ არ მივიღებთ მისგან
კონკრეტულ რწმუნებულებას იმაზე, თუ რის განხორციელებას აპირებს ის
ცალკეული კოლონიის მართვის სფეროში.

- ვიცი, რომ კოლონიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მაგრამ ისინი ხომ მართლა
საფრანგეთს ეკუთვნის... როგორ შევძლებთ, რომ ისინი მას არ დავუბრუნოთ?

მამამ შემომხედა.

- რას ნიშნავს, ისინი საფრანგეთს ეკუთვნის? რატომ უნდა ეკუთვნოდეს


მაროკოელებით დასახლებული მაროკო საფრანგეთს? ან ინდო-ჩინეთი ავიღოთ?
ამჟამად ეს კოლონია იაპონიის ძალაუფლების ქვეშაა. როგორ მოახერხეს
იაპონელებმა ასე ადვილად ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება? აი, როგორ: ქვეყნის ძირეული
მოსახლეობა ისე იყო დაჩაგრული, რომ მათ გადაწყვიტეს, საფრანგეთის
კოლონიალურ მფლობელობაზე უარესი ვეღარაფერი იქნებოდა. მაშ, რატომ უნდა
ეკუთვნოდეს ეს ქვეყანა საფრანგეთს? რა ლოგიკა, რა ტრადიციები, რომელი
ისტორიული კანონები მოითხოვენ ამას?

- კი, მაგრამ...
- მე ახალი ომის საშიშროებაზე ვფიქრობ, ელიოტ, - განაგრძო მან მოულოდნელად
მკაცრად, - ვფიქრობ, რა დაემართება ჩვენს სამყაროს ამ ომის შემდეგ, თუკი
დავუშვებთ, რომ მილიონობით ადამიანი კვლავ ნახევრად მონის მდგომარეობაში
უნდა აღმოჩნდეს!

- გარდა ამისა, ჩვენც უნდა გვქონდეს ხმის უფლება ამ საკითხში, რაკი საფრანგეთის
განთავისუფლება ჩვენი ხვედრი აღმოჩნდა.

- ელიოტ, როგორ ფიქრობ, მოუწევდათ ამერიკელებს თავის გაწირვა წყნარ ოკეანეში,


რომ არა ფრანგების, ინგლისელების და ჰოლანდიელების სიხარბე? ნუთუ, ჩვენ უნდა
მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ იგივე გააკეთონ? შენი ბიჭი თხუთმეტი-ოცი წლის
შემდეგ ჯარში გაწვევის ასაკის არ იქნება?

- როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნება, ის შეძლებს თავის თავზე


აიღოს ამ კოლონიების მართვა - ასე არ არის? შეძლებს თავისი მანდატის ფარგლებში
იმოქმედოს, ან კოლონიები გარკვეული დროის განმავლობაში თავისი
მზრუნველობის ქვეშ მოაქციოს.

- ორ სიტყვასაც გეტყვი, ელიოტ და გაგაძევებ ოთახიდან იმიტომ, რომ დავიღალე.


იცი, რა მინდა გითხრა, როცა ომს მოვიგებთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ
შეერთებული შტატები ვერ დაითანხმონ ისეთ გეგმაზე, რომელიც საფრანგეთის ან
ბრიტანეთის იმპერიის იმპერიალისტურ მისწრაფებებს დაუჭერს მხარს.

ამ სიტყვებით მამამ ჯერ სინათლის გამომრთველისკენ მიმითითა, მერე კი კარისკენ.

შაბათი, 23 იანვარი

მამამ გვიან გაიღვიძა. ამიტომ ჰარი ჰოპკინსი იღებდა მრავალრიცხოვან


მომსვლელებს, რომელთა შორის იყვნენ გენერალი არნოლდი, ავერელ ჰარიმანი და
გენერალი პატონი. ჩემი დახმარება არავის სჭირდებოდა და დაახლოებით ერთი
საათი ჩვენი უცნობი სახლის პატრონი ქალბატონის ბიბლიოთეკაში გავატარე. მას,
ეტყობა, მსუბუქი ბელეტრისტიკის - კოლეტის რომანების მსგავსი წიგნები იტაცებდა.
მაგრამ მოულოდნელად გადავაწყდი რბილყდიან წიგნს, რომელმაც დამაინტერესა.
წიგნი კარადიდან გამოვიღე და მამაჩემთან გავიქეცი. ის საძინებელ ოთახში
საუზმობდა.

- ეს წაკითხული გაქვს? - ვკითხე და საწოლზე წიგნი დავუგდე.

ეს იყო მისი ბიოგრაფია, დაწერილი ანდრე მორუას მიერ. მამა აღფრთოვანდა.

- კალამი მომაწოდე, ელიოტ, ტუალეტის მაგიდაზეა.

მერე მაღალფარდოვანი ფრანგული სტილით წააწერა წიგნს, - ის ქალბატონს


მადლობას უძღვნიდა მის სახლში გატარებული სასიამოვნო საათების გამო.

- წაიღე და ისევ თაროზე დადე. ელიოტ, დაგენიძლავები, ამ ქალბატონს თავში


არასოდეს მოუვა აზრად ამ წიგნის ხელში აღება. სამწუხარო კია. თუ ეს ოდესმე
მოხდება, მისი სახის გამომეტყველების დანახვას ვისურვებდი.
- მე კი, იმ ბუკინისტის სახის დანახვას ვისურვებდი, რომელსაც ოდესმე ეს წიგნი
ხელში ჩაუვარდება.

- კარგი, მორჩი ფანტაზიორობას.

წიგნი ადგილზე დავაბრუნე.

იმ დღეს მხოლოდ ოთხნი ვსაუზმობდით: ჰარი, ჩერჩილი, მამა და მე. სწორედ


საუზმობისას დაიბადა გამოთქმა „უსიტყვო კაპიტულაცია“. ჭეშმარიტება მოითხოვს
ვთქვა, რომ ეს გამოთქმა მამაჩემს ეკუთვნის, რომ ჰარის ის მაშინვე მოეწონა, ხოლო
ჩერჩილი ჯერ ჩაფიქრდა, მოიღუშა, ისევ ჩაფიქრდა და მერე ღიმილით განაცხადა:
„შესანიშნავია! წარმომიდგენია, როგორ ყმუილს ატეხენ გოებელსი[13] და მთელი ის
კომპანია!“

რამდენიმე დღე იყო, „გოებელსს და მთელ იმ კომპანიას“ უკვე დაწყებული ჰქონდა


წკავწკავი. სასადილო ოთახის გვერდით ბუფეტი იყო, სადაც, ჩვეულებრივ,
საიდუმლო სამსახურის აგენტები ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. ამ ოთახში იდგა
მოკლეტალღოვანი რადიომიმღებიც და გერმანიიდან გადაცემებს ვუსმენდით ხოლმე
ინგლისურ ენაზე: საშინლად გაღიზიანებული გერმანელები სხვადასხვა ვარაუდებს
გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა კასაბლანკაში, და სულ
უფრო და უფრო ახლოს იყვნენ სიმართლესთან.

როცა მამაჩემის ფორმულირება ყველა იქ დამსწრემ მოიწონა, მან იმაზე დაიწყო


ფიქრი, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ის სხვებზე.

- რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ის არის, რაც რუსებს სჭირდებათ. უკეთესს, ვერც


ისურვებდნენ.

- საუზმის შემდეგ კომუნიკეს პროექტზე მუშაობას უნდა შეუდგეთ, - თქვა ჰარიმ.

- ჰარი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხვალ აქ კორესპონდენტები მოვლენ.

- ვიცი. ექვსის ნახევარზე, როცა აქ შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭო


გამოცხადდება, ჩვენ რაღაც მაინც გვექნება მზად.

დღის განმავლობაში ორჯერ შემოირბინეს მერფიმ და მაკმილანმა, რომლებიც ძალზე


აღელვებულები ჩანდნენ. მეორე დღისთვის მამას დანიშნული ჰქონდა გადამწყვეტი
შეხვედრა დე გოლთან და ჟიროსთან, ერთდროულად. დღის ბოლოსთვის სასადილო
ოთახში დიდი მაგიდის გარშემო შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭო
შეიკრიბა მამასთან და ჩერჩილთან ერთად.

ეს იყო კონფერენციის ბოლო გაფართოებული სხდომა. მანამდე შეუთანხმებელი


უმნიშვნელო საკითხებიც უკვე მოგვარებული იყო. საორიენტაციოდ დადგინდა
სიცილიაზე შეჭრის ვადები. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი აზრით,
შეიძლებოდა უარი გვეთქვა იტალიაში შეჭრაზე და ევროპაში ბალკანეთის
ნახევარკუნძულის ერთი ან მეორე მხრიდან შევსულიყავით. გეგმა „რაუნდაპი“,
რომელიც ევროპაში 1943 წელს ლა-მანშით შეჭრას გულისხმობდა, სამწუხაროდ,
გადაიდო და მის ნაცვლად მიიღეს 1944 წელს დარტყმის გეგმა „ოვერლორდი“.
დამუშავდა გეგმები სიცილიაზე პოზიციების განმტკიცებისა და ჩრდილოეთ
აფრიკაში ოპერაციების დასრულების შემდეგ, სამხედრო ძალებისა და
აღჭურვილობის გაერთიანებულ სამეფოში დაუყოვნებლივ გადასროლის შესახებ.
სხდომა დაახლოებით რვა საათზე დასრულდა. ყველას ამაღლებული განწყობა
ემჩნეოდა.

მოისმინეს კომუნიკეს პირველი ვარიანტი, გარკვეული შესწორებების შემდეგ ტექსტი


ავტორებს გადასცეს დასამუშავებლად. უკვე შეიძლებოდა ბარგის შეკვრა.
კონფერენცია დასასრულს უახლოვდებოდა.

სტუმრების გარეშე ვისადილეთ ოთხმა - ჰარიმ, მისმა ვაჟიშვილმა ბობიმ (ის ორი
დღის წინ ჭუჭყიანი და გაბურძგნილი ჩამოფრინდა პირდაპირ ფრონტიდან, სადაც
საველე ფოტოკორესპონდენტად მსახურობდა), მამამ და მე. სადილობისას საქმეზე არ
გვისაუბრია.

სადილის შემდეგ მამა, პრემიერ-მინისტრი და ჰარი გვიანობამდე მუშაობდნენ


კომუნიკეს და სტალინისადმი მიმართვის საბოლოო ტექსტებზე. თავიდან მერფი და
მაკმილანიც იქ იყვნენ, მათ თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს კომუნიკეს იმ
ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც საფრანგეთის პოლიტიკურ სიტუაციას ეხებოდა.
ისინი სამის წუთებზე წავიდნენ, სამის ნახევარზე ჩერჩილმა ასწია თავისი სასმისი და
სადღეგრძელო წარმოთქვა: - უსიტყვო კაპიტულაცია! - ეს მან ყოველგვარი პათოსის
გარეშე წარმოთქვა, მაგრამ მის ხმაში მტკიცე გადაწყვეტილება ჟღერდა და ჩვენ
ყველამ გამოვცალეთ სასმისები.

კვირა, 24 იანვარი

დრო ცოტა რჩებოდა. 11 საათზე გენერალი ჟირო გამოცხადდა და მამა


დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს.

- გენერალო, ჩვენ გვსურს თქვენგან მივიღოთ რწმუნებულება, რომ თქვენ დე გოლთან


ერთად...

- ამ ადამიანთან? ის ხომ კარიერისტია...

- თქვენს შეშფოთებას მეც ვიზიარებ და სწორედ ამიტომაც გთხოვთ...

- ის ცუდი გენერალიცაა. მე მხოლოდ დახმარება მჭირდება არმიისათვის, რომლის


ფორმირებაც შემიძლია...

- მე თქვენი კარგად მესმის. გთხოვთ შეხვდეთ მას და ერთად შეიმუშაოთ თქვენი


ქვეყნის დროებითი მთავრობის შექმნის გეგმა. ისეთი ორი ადამიანი, როგორიც ხართ
თქვენ და ის, გენერალო...

ასე გაგრძელდა თითქმის ოცდაათი წუთი. ბოლოს და ბოლოს, ჟირომ თქვა: -


შევთანხმდით, ბატონო პრეზიდენტო, შევთანხმდით.

მათი საუბრის დროს დე გოლიც მოვიდა. ის მისაღებში იდგა და ბრაზობდა.


მამაჩემთან შესვლისას ის კარში ჟიროს შეეფეთა.
საფუძველი შემზადებული იყო, მაგრამ პრიმადონას სურდა, რომ შეხვეწებოდნენ. იმ
დიაცისა არ იყოს ცნობილი ანეგდოტიდან, უკარებას რომ თამაშობდა. მამა
შეთავაზებიდან თანდათანობით თხოვნაზე გადავიდა, თხოვნიდან - დაჟინებულ
თხოვნაზე, შემდეგ უკვე მოთხოვნაზე. ამ დროს მან თავის მოძრაობით კარისკენ
მანიშნა. მე გამოვედი და გენერალ ჟიროს შევუძეხი ოთახში.

გენერლები ერთმანეთს ქედმაღლურად შესცქეროდნენ. მამამ მშვიდად შესთავაზა


მათ, ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთმიათ იმ შეთანხმების განსამტკიცებლად,
რომელიც მათ ცალ-ცალკე დადეს მასთან. გენერლები საჩხუბრად გამზადებულ
ძაღლებს ჰგავდნენ, მაგრამ ხელი ერთმანეთს მაინც ჩამოართვეს. ამ დროს ჩერჩილიც
გამოჩნდა. მამა გაბადრული იყო, მაგრამ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს დე
გოლს ეუბნებოდა, მასაც გაუმეორეთ, რაც მე მითხარითო.

- ჩვენ შევეცდებით, - მოკლედ თქვა დე გოლმა, - ყველაფერი გავაკეთოთ, რომ


დამაკმაყოფილებელი გეგმა შევქმნათ... - აქ მას ენა დაება, - ერთობლივი
მოქმედებისთვის.

ჟირომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

- ახლა სურათი გადავიღოთ! - წამოიძახა მამამ და ოთხივე ერთად გავიდა ტერასაზე,


სადაც ფოტოგრაფები ელოდებოდნენ. გენერლებმა ხელი კიდევ ერთხელ ჩამოართვეს
ერთმანეთს, რაც ფოტოგრაფებმა და კინოოპერატორებმა აღბეჭდეს. მამამ შვებით
ამოისუნთქა.

ნაშუადღევს კორესპონდენტები და ფოტორეპორტიორები, რომელთაც სახლის წინ


მოეყარათ თავი, ეზოში მდელოზე მიიწვიეს. გვერდიგვერდ მჯდომი მამა და
ჩერჩილი მათ შეკითხვებს პასუხობდნენ. ირგვლივ ყველაფერი ნაირფრად
ელვარებდა მზის სხივების ქვეშ, ერთადერთი დისონანსი მამაჩემის ამოღამებული
თვალის უპეები, მკლავზე სამგლოვიარო შავი ლენტი და შავი ჰალსტუხი იყო (ის ჯერ
კიდევ გლოვობდა ბებიაჩემს). პრემიერ-მინისტრს ფეტრის ქუდი გვერდზე ჰქონდა
მოგდებული, სიგარა პირის ერთი კუთხიდან მეორეში გადაჰქონდა. მოკლედ,
„შესანიშნავ ფორმაში“ იყო. „უპირობო კაპიტულაცია“ - აწრიპინდნენ
კორესპონდენტების კალმები.

პრესკონფერენცია ხანმოკლე იყო და როცა დამთავრდა, მამამ და პრემიერ-მინისტრმა


ყველა დამსწრეს ხელი ჩამოართვეს.

- ბედმა გაგიღიმათ, - უთხრა მათ მამამ, - თეთრ სახლში უბრალო


პრესკონფერენციებზეც კი იმდენი ჟურნალისტი მოდის, რომ შეუძლებელია ყველას
ხელი ჩამოვართვა.

ამის მერე მე მასთან გამოსამშვიდობებლად შევედი, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს


ნაწილში უნდა გავმგზავრებულიყავი.

- რას იტყვი?

- შენ რას იტყვი?

- შემიძლია ვთქვა, მამა, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა!


- დიახ, საკმაოდ ბევრი შევძელით. ფუჭად არ გვიშრომია!

- თანაც გარემოს შეცვლამაც კარგად იმოქმედა შენზე.

- ჩემი ერთი შთაბეჭდილების შემოწმება მინდა, ელიოტ. შენი აზრიც მაინტერესებს.

- რის შესახებ?

- მინდა ვიცოდე... - გაჩუმდა და მერე ისევ დაიწყო, - საუკუნეების განმავლობაში,


მთელი ისტორიის მანძილზე ინგლისელები ერთი და იგივე გზით მოქმედებდნენ.
ისინი ჭკვიანურად და სწორად ირჩევდნენ მოკავშირეებს. ახერხებდნენ, რომ ყველა
ომიდან გამარჯვებული გამოსულიყვნენ და შეენარჩუნებინათ რეაქციული
ძალაუფლება მსოფლიოს ხალხებზე და ბაზრებზე.

- მერე?

- ამჯერად ინგლისის მოკავშირე ჩვენ ვართ. და ეს სწორიცაა. მაგრამ... არჯენტიაშიც,


ვაშინგტონშიც და, ახლა აქ, კასაბლანკაშიც... ვცდილობდი, შემეგნებინებინა
უინსტონისთვის და სხვებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათი
მოკავშირეები ვართ და მხარს დავუჭერთ მათ საბოლოო გამარჯვებამდე, ამას
იმისთვის არ ვაკეთებთ, რომ მათ ძველებურად შეძლონ თავიანთი არქაული,
შუასაუკუნეობრივი იმპერიული იდეებით გააგრძელონ ცხოვრება.

- მივხვდი, - ნელა წარმოვთქვი მე - მგონია, რომ ისინიც მიხვდნენ.

- იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, ხვდებიან, რომ მათ არ ეკუთვნით წამყვანი როლი ჩვენს
კავშირში. და გამარჯვების შემდეგ ჩვენ არ ვაპირებთ შორიდან ვუყუროთ, როგორ
აფერხებს მათი სისტემა აზიის ხალხების განვითარებას, და თითქმის ნახევარი
ევროპის ხალხებისაც... დიდმა ბრიტანეთმა ატლანტიკის ქარტიას მოაწერა ხელი.
იმედი მაქვს, მათ ესმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აიძულებს
მათ, შეასრულონ ის.

კარში ჰარიმ შემოყო თავი.

- ნოგესი მოვიდა გამოსამშვიდობებლად. და მიშელიეც.

- მიშელიე?

- ფრანგული ჩრდილო-აფრიკული ფლოტის მეთაური.

- კარგი. ახლავე გამოვალ... აბა, შენ იცი?!

- ნახვამდის, მამა.

- ნახვამდის.

- დედა მომიკითხე და თავს გაუფრთხილდი.

- შენ გაუფრთხილდი თავს. შენ ხარ საფრთხეში და არა მე.

ოცი წუთის შემდეგ მამაჩემის ავტოკოლონა დაიძრა, მე კი უკან - ალჟირისკენ


გავემგზავრე ომთან შესახვედრად.
თავი მეხუთე. კასაბლანკიდან კაირომდე

სტალინგრადის ამბებმა ალჟირში ყველას მხნეობა შეგვმატა. მომდევნო რამდენიმე


თვის განმავლობაში ჩემს ნაწილს საშინელი, მძიმე სამუშაოს შესრულება უხდებოდა
და ჩვენ დროდადრო მართლაც გვჭირდებოდა გამამხნევებელი ახალი ამბები. გარდა
იმისა, რომ ჩვენი ვალდებულება იყო ჩვენი სტრატეგიული საჰაერო ძალებისათვის
გადაგვეცა იტალიაზე თავდასხმისათვის აუცილებელი მონაცემები და აღგვეწერა
ნაცისტების ჯარებისა და საჰაერო ძალების ყველანაირი გადაადგილება ჩვენი
სახმელეთო ჯარების წინ არსებულ ფრონტზე და ეს მონაცემებიც ჩვენი ტაქტიკური
ავიაციისთვის მიგვეწოდებინა, დამატებით უნდა ჩაგვეტარებინა ფოტოდაზვერვაც,
რომელიც სიცილიაზე ჩვენი შეჭრის მზადებასთან იყო დაკავშირებული.

ამ უკანასკნელ დავალებაზე რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა: ჰაერიდან გადაღებების


საწარმოებლად მფრინავი პირდაპირ და გარკვეულ სიმაღლეზე უნდა მიფრინავდეს
ისე, რომ ყველა სურათი ერთსა და იმავე მასშტაბში იყოს გადაღებული. ის უნდა
მიფრინავდეს თვითმფრინავით, რომელსაც არანაირი შეიარაღება არ გააჩნია. ასე რომ,
თავდასხმის შემთხვევაში, მას თავის დაცვის საშუალება არა აქვს და
ზენიტსაწინააღმდეგო მანევრებს ვერ მიმართავს. მოკლედ, არცთუ სასიამოვნო საქმეა.
ჩვენ ყოველთვიურად ვკარგავდით ჩვენი თვითმფრინავების 20 პროცენტს.
ჩრდილოეთ აფრიკაში ჩვენი ჩამოსვლიდან ოთხმოცდაათ დღეში, ჩემი ნაწილის
ოთხმოცდათოთხმეტი მფრინავიდან, მწყობრში 10 პროცენტზე ნაკლები დარჩა.

იმ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ძალზე დაძაბული სამუშაოს შესრულება


მომიხდა. ერთი-ორჯერ გენერალმა ეიზენჰაუერმა მიმიპატიჟა თავისთან შტაბში
ბრიჯის სათამაშოდ. თამაშში მონაწილეობდნენ ხოლმე გენერლის საზღვაო და
არმიის ადიუტანტები - ჰარი ბუჩერი და „თექს“ ლი. (როცა ჩემი პარტნიორი აიკი იყო,
ვიგებდით თუ არადა, ბედის იმედად ვრჩებოდი).

სათამაშო მაგიდასთან უკანასკნელად სიცილიაზე შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე


შევიკრიბეთ. მე კარგ გუნებაზე ვიყავი იმიტომ, რომ ჩემმა ნაწილმა თვალსაჩინო
როლი შეასრულა კუნძულ პანტელერიის ხელში ჩაგდებაში: ამ ოპერაციაში მხოლოდ
საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. წარმატებით ფრთაშესხმული, მზად ვიყავი,
ნაცისტების გასაგონად მეყვირა: გამოდით ყველანი ერთად - ჩვენ თქვენ გიჩვენებთ!

გენერალმა აიკმა დაჟინებული მზერა მომაპყრო, თითქოს თავში რაღაც აზრი


მოუვიდაო.

- ჰმ... პანტელერია?...

- ისტორიაში პირველად, სახმელეთო ძალებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს საჰაერო


ძალების წინაშე, - ვზეიმობდი მე. - ახლა, თქმა არ უნდა, შეგვიძლია ნებისმიერი
რაიონიდან შევიჭრათ ევროპაში.

- როცა ევროპაში შევიჭრებით, - მშვიდად თქვა გენერალმა ეიზენჰაუერმა, - ჩვენ ისეთ


უპირატესობას მივაღწევთ ტექნიკაში და ისეთ ძლიერ ცეცხლს გავხსნით, რომ
ვეღარაფერი შეგვაჩერებს. მაგრამ ვიდრე ეს ასე არ არის, ჩვენ არ შევალთ ევროპაში.
უბედურება ის არის, - გამომიტყდა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, - შეიძლება მაშინაც
კი შეგვაჩერონ.

სიჩუმე ჩამოვარდა. ყველას თვალწინ დაგვიდგა საფრანგეთის სანაპირო,


ჯარისკაცების გვამები, ჩამოგდებული თვითმფრინავები, ჩაძირული გემები.

- ჯერ კიდევ მრავალი მილი და მრავალი თვე გვაშორებს ევროპას, - წარმოთქვა


გენერალმა, - ხმამაღლა მსჯელობდა. იმით უნდა დავიწყოთ, რაც პირველი დგას
დღის წესრიგში. ეს კი სიცილიაა.

ვიცოდი, რომ გენერალი ეიზენჰაუერი დაჟინებით მოითხოვდა მეორე ფრონტის


გახსნას 1942 წელს და მისი გეგმები ინგლისელებმა უარყვეს. ვიცოდი, რომ ის მხარს
უჭერდა შტაბების იმ ამერიკელ უფროსებს, რომლებიც 1943 წელსაც მოითხოვდნენ
ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას. მაგრამ, ამჯერად ინგლისელებმა იოლად შეძლეს
ამერიკელ კოლეგების დათანხმება, უარი ეთქვათ ამ გეგმაზე, რადგან ჩვენ უკვე
ხმელთაშუა ზღვის საომარ არენაზე ვიყავით ღრმად შეჭრილი. ეს საღი და
მორიდებული განცხადება რომ გავიგონე ახლა, 1943 წლის ზაფხულის დასაწყისში,
კიდევ უფრო მეტი პატივისცემით განვეწყვე ჩვენი ამერიკელი სარდლისადმი
ადამიანების მიმართ მისი ყურადღების გამო, იმის გამო, რომ ის მოითხოვდა
ამერიკული მრეწველობისგან ჩვენი სამხედრო ძალებისათვის მაქსიმალური
უპირატესობის მინიჭებას. მივხვდი, რომ 1944 წლის გაზაფხულზე, როცა, ჩემი
აზრით, უკვე შეუძლებელი იქნებოდა არ განხორციელებულიყო დასავლეთ ევროპაში
შეჭრა, გენერალი ეიზენჰაუერი ამ ამოცანას ასეთივე სიფრთხილით მოეკიდებოდა,
მიუხედავად იმისა, რომ ის თავიდანვე იყო ამ გეგმის მომხრე.

მოკლე ხანში დაიწყო სიცილიაზე შეტევა. ჩვენმა ნაწილმა კარგად მოამზადა ეს


ოპერაცია, და კმაყოფილები ვიყავით. ივლისის ბოლოს, როცა ჩვენი ჯარები
სიცილიაზე ნაცისტების უკანასკნელ ნარჩენებს ანადგურებდნენ, ჩემმა მეთაურმა
სამხედრო სამინისტროდან ბრძანება მიიღო, მივევლინე შეერთებულ შტატებში
სადაზვერვო სამსახურის რეორგანიზაციის საკითხებზე კონსულტაციების მისაღებად.
ჩემთან ერთად წყნარი ოკეანის ფრონტიდან გამოიძახეს პოლკოვნიკი კარლ პოლიფკა,
რომელიც ანალოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აგვისტო და სექტემბერი ვაშინგტონში
უნდა გამეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მეძნელებოდა ჩემი ნაწილის დატოვება,
მაინც გახარებული ვიყავი, რადგან ვნახავდი მამას, დედას და ჩემი ოჯახის დანარჩენ
წევრებს. სამხედრო სამინისტროში მეტად საინტერესო საქმე დამავალეს, რასაც დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი შემდგომი სადაზვერვო ოპერაციებისთვის.
საბედნიეროდ, დრო მაინც მომეცა რამდენიმეჯერ შევხვედროდი მამას. ის იმაზე
უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე ველოდი: შესამჩნევად მობერებულიყო, იმასთან
შედარებითაც კი, ნახევარი წლის წინ კასაბლანკაში რომ იყო. თანაც, ისევ დაეწყო
ჰაიმორის ღრუს ანთებითი პროცესი. მაგრამ მაინც კარგ გუნებაზე იყო. ის საოცარი
სიმშვიდით იყო დარწმუნებული მოკავშირეების სამხედრო წარმატებაში. როგორც
წესი, ვახერხებდი დრო მეპოვა მასთან შესავლელად საუზმის შემდეგ, დილის
ცხრიდან ათამდე, ან გვიან ღამით, დაახლოებით თერთმეტ საათზე, როცა ბოლო
მომსვლელი წავიდოდა.

ის ისე ნათლად ხედავდა მთელი ომის მსვლელობას, რომ ხანდახან საბოლოო


გამარჯვების ვადასაც კი ასახელებდა.
ერთხელ საღამოს, სექტემბერში, მან დამისახელა ეს თარიღი: - ევროპაში ომი 1944
წლის ბოლოს დამთავრდება.

გაოცებისაგან დავუსტვინე.

- შეხედე, წითელი არმია როგორ უტევს ცენტრალურ ფრონტს.

- კი მაგრამ - 1944 წლის ბოლო!

- ასე იქნება, ოღონდ თუ შევძლებთ, რომ ძლიერი და სწრაფი დარტყმა მტერს


საფრანგეთში მივაყენოთ.

- საფრანგეთში? - ჩავეკითხე მე არცთუ ფარული აზრის გარეშე.

მან აუღელვებლად განაგრძო.

- არ ვიცი, - თქვა მან, - ეს ბუნებრივი იქნებოდა. მაგრამ შეიძლება ეს ჰოლანდიაში


მოხდეს, გერმანიაში ან ნორვეგიაში. არ ვიცი. - მისი სახე არაფერს გამოხატავდა.

- იაპონიაში როგორ მოვიქცევით? კუნძულიდან კუნძულზე გადახტომას დრო ხომ


უნდა... 1946 წლის ბოლო?

- არა. 1945 წლის ბოლო, ყველაზე გვიან - 1946 წლის დასაწყისი. წარმოიდგინე, როცა
ჰიტლერს გავანადგურებთ, შევძლებთ, რომ ყველანაირი საშუალებით, რაც კი
გაგვაჩნია, შევუტიოთ იაპონიას - მაშინ რისი იმედი ექნება?

- ინგლისელები რაღას გააკეთებენ? რუსები? დაგვეხმარებიან, თუ თავიანთი


ჭრილობების მოშუშებას შეუდგებიან?

- გახსოვს ის დეკლარაცია, კასაბლანკაში რომ მივიღეთ? მას ჩერჩილიც დაეთანხმა და,


შემდეგ, სტალინიც.

- რამდენადაც ინგლისელებს ვიცნობ, როგორც კი ჰიტლერი დამარცხდება, ომი


მაშინვე მობეზრდებათ. და შეიძლება თუ არა, რომ რუსებს ვენდოთ?

- ახლა ხომ ვენდობით? იმის რა საფუძველი გვაქვს, რომ ხვალ აღარ ვენდოთ? სხვათა
შორის, ვიმედოვნებ, რომ მალე სტალინს შევხვდები.

- რას ამბობ? მართლა?

მამამ თავი დამიქნია.

- ახლა მოლაპარაკებების სტადიაში ვართ. მას უნდა, რომ მე ჩავიდე მასთან, მის
ქვეყანაში და ამას იმით ასაბუთებს, რომ ის თავად ხელმძღვანელობს წითელ არმიას.
უნდა ვთქვა, რომ ვიდრე წითელი არმია ისე მოქმედებს, როგორც ახლა, ისეთი რამ არ
უნდა შევთავაზოთ, რაც მის შეტევას შეაყოვნებს.

შესაძლოა, იგი შიშობს კიდეც.

- რას?

- იმას, რომ შენ და ჩერჩილი მის წინააღმდეგ გაერთიანდებით ან რაღაც ამდაგვარს.


მამამ ჩაიცინა.

- დარწმუნებული ვარ, რუსებმა შესანიშნავად იციან, როგორი „მეგობრები“ ვართ მე


და უინსტონი - თქვა მან იდუმალი ხმით.

ძალიან მალე მამა თავისი მრჩევლების ჯგუფთან ერთად მატარებლით გაემგზავრა


კვებეკში, სადაც კიდევ ერთი შეხვედრა მოელოდა ინგლისის პრემიერ-მინისტრთან
და მისი შტაბების უფროსებთან. მე ვერ დავესწარი ამ კონფერენციას, პირობითი
სახელწოდებით „კვადრანტი“, რადგან აგვისტოში მიღებული დავალების გამო
სამჯერ თუ ოთხჯერ მომიხდა კალიფორნიაში გამგზავრება. იქ, მიუროკის რაიონში,
დავათვალიერე ქარხნები და აეროდრომები დაზვერვის სპეციალური პროგრამების
შესამუშავებლად. მაგრამ მამაჩემმა შემატყობინა ამ კონფერენციის შესახებ და
ზოგადად მისი დღის წესრიგიც გამაცნო. როცა ის აგვისტოს ბოლოს კვებეკიდან
დაბრუნდა, დავინტერესდი, როგორ გაგრძელდა „დიდი კამათი“.

- როგორც ეტყობა, - მითხრა მან, - კამათი დასრულდა. ინგლისელებმა ლა-მანშით


შეჭრის გეგმა შეიმუშავეს. მართალია, ჯორჯ მარშალის აზრით, გეგმაში კიდევ ბევრი
რამ არის საეჭვო, მაგრამ ის უკვე შედგენილიცაა და დამტკიცებულიც. მან უხალისოდ
გაიღიმა.

- უინსტონმა დაიჟინა, რომ გეგმის „მხოლოდ ზოგადი პრინციპები“ დაგვემტკიცებინა.


უკან დასახევ გზას იტოვებს, ყოველი შემთხვევისათვის.

მე ვუთხარი მამას, თუ ის სტალინთან შეხვედრას მოახერხებდა, ეს უკანასკნელი


დაეხმარებოდა მას ინგლისელების დარწმუნებაში, რომ აუცილებელი იყო მეორე
ფრონტის გახსნა დასავლეთში.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ მივუბრუნდით ამ თემას. მამა ადრეც
მეუბნებოდა, რომ საქმის სამხედრო მხარეზე არ ღელავდა, მაგრამ პოლიტიკური
მდგომარეობა - არცთუ სახარბიელო იყო. თვითონ სულ უფრო ნათლად ხედავდა
მომავალი მსოფლიოს მოწყობის გზებს და, აქედან გამომდინარე, პრობლემებზე
სასაუბროდ იძულებული იყო, დანარჩენი დიდი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს
შეხვედროდა.

- გაერთიანებული ერები... ისინი ჯერ კიდევ… არ არიან გაერთიანებულნი, მაგრამ


უკვე ადგანან ამ გზას, და ჩვენ შეგვიძლია განვამტკიცოთ ეს ერთობა.

- კი მაგრამ, რაშია საქმე? მეჩვენება, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ ყველა
ერთი მიზნისკენ მივისწრაფვით.

მამამ ქაღალდების გროვა გვერდზე გასწია (შუაღამე იყო, ჩვენ მის კაბინეტში
ვისხედით, თეთრი სახლის მეორე სართულზე) და ბლოკნოტში ხატვა დაიწყო.

უბედურება ის არის, - წამოიწყო მან, - სინამდვილეში ჩვენ ყველა ერთი მიზნისკენ


სულაც არ მივდივართ, თუ მხოლოდ გარეგნულ მხარეზე არ ვილაპარაკებთ.
მაგალითად, ჩან კაი-ში რომ ავიღოთ. მას მართლაც უწევს სირთულეებთან შეჯახება
მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ მისი არმია იაპონელებს არ ებრძვის. ომი
პოლიტიკის საქმეა. თუ ქვეყანა უაღრესად მძიმე მდგომარეობაში არ არის, ის
ცდილობს, ომი ისე წარმართოს, რომ საბოლოო ჯამში მისგან მაქსიმალური
პოლიტიკური სარგებელი მიიღოს, და არა ისე, რომ რაც შეიძლება სწრაფად
დაასრულოს ის.

- ვის გულისხმობ, მამა? ჩინეთს? ინგლისს?

მამამ თავი დამიქნია.

- ჩვენი ინგლისთან კავშირში, - განაგრძო მან, - საშიშროებაა ჩადებული: ჩინეთმა და


რუსეთმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ჩვენ ბოლომდე ვიზიარებთ ინგლისის საგარეო
პოლიტიკას... - ქაღალდზე გულმოდგინედ ხატავდა დიდ ციფრს „4“ და ხვეულებით
რთავდა. - შეერთებულმა შტატებმა თავის თავზე უნდა აიღოს ხელმძღვანელობა.
უხელმძღვანელოს და იმოქმედოს როგორც შუამავალმა, მოაგვაროს დანარჩენებს
შორის არსებული უთანხმოებები - რუსეთსა და ინგლისს შორის ევროპაში;
ბრიტანეთის იმპერიასა და ჩინეთს შორის, და ჩინეთსა და რუსეთს შორის შორეულ
აღმოსავლეთში. ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას, - განაგრძო მან, - იმიტომ რომ ჩვენ
დიდი და ძლიერი ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია, რაც
გვჭირდება. ინგლისი ახლა მძიმე მდგომარეობაშია; ჩინეთი ჯერ კიდევ მეთვრამეტე
საუკუნეში ცხოვრობს; რუსეთი ეჭვის თვალით გვიყურებს და თვითონაც ეჭვს იწვევს
ჩვენში. ამერიკა ერთადერთი სახელმწიფოა, დიდ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც
შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება მთელ მსოფლიოში. ეს უაღრესად
საპასუხისმგებლო ვალდებულებაა. და, ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ მის
შესრულებას შევუდგეთ, ამ ადამიანებთან პირისპირ ლაპარაკის დაწყებაა.

- პერსპექტივები როგორია? შეგატყობინა კიდევ რამე ბიძია ჯომ? (ჩემთან, მამა


სტალინს ბიძია ჯოდ მოიხსენიებდა ხოლმე).

- დიახ. ის მზადაა, მიგვიღოს მე და უინსტონი მოსკოვში ნებისმიერ დროს, როცა კი


ჩვენ მოვინდომებთ.

სექტემბრის შუა რიცხვებში „დიდი ოთხეულის“ შეხვედრა ჯერ კიდევ ისეთი


შორეული პერსპექტივა იყო, როგორიც იანვარში.

ბოლო შეხვედრისას მამასთან ეშმაკობა დამჭირდა, რომ მისთვის რამე


მეთქმევინებინა. სექტემბრის ცივი, წვიმიანი დღე იდგა. მამა საუზმის შემდეგ
ლოგინში იწვა, თავს კარგად არ გრძნობდა. ჯერ მე მალაპარაკა, ჩემს სამუშაოზე
მეკითხებოდა. აინტერესებდა ღამის დაზვერვის ტექნიკა. მე მომიხდა პირველი
საცდელი სადაზვერვო ფრენების განხორციელება სიცილიის თავზე და მოვუყევი იმ
ხერხებზე, რომლებიც შევიმუშავეთ ნაცისტების ჯარების ღამის გადაადგილებების
თვალყურის სადევნებლად. ამისთვის გამანათებელი ბომბებით ვსარგებლობდით,
რომლებსაც ყოველ ოცდაათ წამში ვყრიდით. ეს ბომბები დედამიწამდე მანძილის
ერთი მესამედის გავლის შემდეგ ფეთქდებოდნენ და ერთი კვადრატული მილის
რადიუსის მონაკვეთს ანათებდნენ, ეს კი საშუალებას გვაძლევდა, მოწინააღმდეგის
კოლონების მსვლელობის შესანიშნავი სურათები გადაგვეღო.

როგორც იქნა, ჩავითრიე საუბარში, ვთქვი, რომ ვიმედოვნებდი, მალე ეს სამუშაო


დასრულდებოდა და კითხვები დავუსვი პოლიტიკურ ფრონტზე მდგომარეობის
შესახებ.
- ჩვენ, ალბათ, მოგვიწევს იმ თათბირების მოწყობა, რომლებზეც ადრე გეუბნებოდი, -
მომმართა მან, - შეიძლება ითქვას, უკვე გადაწყვეტილია, რომ შეხვედრა ორი იქნება:
ერთი - ჩან კაი-შისთან, მეორე - ბიძია ჯოსთან. მაგრამ პირადად შეხვედრა არ
შეუძლიათ მანამ, სანამ ციმბირის საზღვართან მზადყოფნაში პიველი კლასის
იაპონური არმია დგას და რუსეთს ომი არ გამოუცხადებია იაპონიისათვის.

ვკითხე, ხომ არ იყო შესაძლებელი სტალინი დაეთანხმებინა და ნეიტრალურ


ტერიტორიაზე შეხვედროდა.

- თითქოს კი... თუკი ეს მოხერხდა...

- მაშინ?

- თუ ეს მოხერხდა, მაშინ შეხვედრა ალბათ სადმე შენს მხარეში დაინიშნება.

მეც ამის იმედი მქონდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო მეც მიმეღო
ბრძანება, გამოვცხადებულიყავი მამასთან ადიუტანტის როლში. ამ ცნობის მიღების
შემდეგ ისე აღარ გამიჭირდა სექტემბრის ბოლოს მასთან განშორება. ვიმედოვნებდი,
რომ რამდენიმე თვე გავიდოდა და ისევ ვნახავდი სადმე ხმელთაშუა ზღვის რაიონში.

როგორც კი ჩემს ნაწილში დავბრუნდი, დავიწყეთ მზადება ლა მარსიდან შტაბის


გადასატანად, პატარა სააგარაკო ადგილიდან ადგილზე, რომელიც ტუნისიდან
რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული და იტალიის „ჩექმის“ ცხვირზე
მდებარეობდა. ნოემბრისთვის უკვე დავფუძნდით სან-სევეროში და იქიდან
ვუტევდით გერმანელების კარგად გამაგრებულ დაცვას, თან ამინდს ვწყევლიდით,
რომელიც იშვიათად გვაძლევდა მოწინააღმდეგეზე ჰაერიდან თავდასხმის
საშუალებას. ამ დროისათვის იტალია უკვე გამოთიშული იყო ომს და რადგან მთელი
ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ნაცისტები გამანადგურებელ დარტყმებს
რუსეთის სტეპებში იღებდნენ, მათი საბრძოლო სული შეირყა. მეორე მხრივ,
იტალიაში მოკავშირეთა ძალების საომარი სულიც არ იყო მეტად მაღალი, რადგან
ჩვენი შეტევის ტემპი შესამჩნევად დაეცა. გარდა ამისა, ჩვენს ჯარისკაცებს
უხდებოდათ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ჩაეხედათ 88-მილიმეტრიანი
ზარბაზნების ლულებში, რომლებითაც ჰიტლერელებმა უღელტეხილები ჩახერგეს,
ეს კი განწყობილების გაუმჯობესებას სულაც არ უწყობდა ხელს.

ნოემბერში აცივდა და წვიმები დაიწყო. სიტყვა „მზიანი იტალია“ ბოროტ დაცინვად


გვეჩვენებოდა. მოთმინება აღარ მყოფნიდა გამეგო, რა ხდებოდა „დიდი სამეულის“ ან
„დიდი ოთხეულის“ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც მამა მელაპარაკა.
მოულოდნელად ეიზენჰაუერის შტაბის უფროსის, გენერალ სმიტისაგან მივიღე
საიდუმლო გამოძახება, დაუყოვნებლივ გავმგზავრებულიყავი ორანში
„მნიშვნელოვან პირთან“ შესახვედრად. ეს მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო,
რასაც ველოდებოდი.

19 ნოემბერს ორანში გავფრინდი ხმელთაშუა ზღვით და დაუყოვნებლივ


გამოვცხადდი გენერალ ეიზენჰაუერის დროებით შტაბში. აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმა
ფრანკლინიც, რომელიც მთელი წელიწადი არ მენახა, გამოუშვეს თავისი საესკადრო
ნაღმოსნიდან. ამჯერად მამა თვითმფრინავით არ ჩამოსულა. ჩამოვიდა ჩვენი ახალი
დიდი სახაზო გემით „აიოვა“. იმ წუთებში, როცა მე და ფრანკლინი ვისკით ხელში
ვსაუბრობდით, მან, ალბათ, უკვე გიბრალტარი გამოიარა.
ორანში ბევრი მაღალი ჩინოსანი დაგვხვდა. გენერალ ეიზენჰაუერის გარდა, აქ იყვნენ
ინგლისის ადმირალი კენინგჰემი, ჩვენი ვიცე-ადმირალი ჰიუიტი, ბრიგადის
გენერლებისა და კაპიტნების სრული შემადგენლობა, და ბოლოს, ჩვენი ძველი
ნაცნობი მაიკ რეილი, რომელიც აქ ისევ წინასწარ იყო ჩამოსული, რათა ყველასთვის
და ყველაფრისთვის თვალი ედევნებინა. ასე მეჩვენებოდა, რომ მაიკი სკუთარ
ბებიასაც კი დააყენებდა ეჭვქვეშ, იმდენად კეთილსინდისიერად ეპყრობოდა თავის
მოვალეობას პრეზიდენტის დაცვის საქმეში.

შაბათს ყველანი ძალიან ადრე ავდექით. დღე იყო ნათელი, მზიანი რამაც მეტად
გაგვახარა, რადგან წინა დღეს მთელი დღის განმავლობაში ცრიდა. ცხრის ნახევარზე
ორანის სამხედრო-საზღვაო ბაზის - მერს-ელ-კებირის ნავსადგურში შევიკრიბეთ.
ბინოკლით ვხედავდით, ვიღაც „აიოვის“ გემბანიდან როგორ ჩამოდიოდა კატერში
ჩასაჯდომად.

ოციოდე წუთის შემდეგ მამა ხელის ქნევით მოგვესალმა. შესამჩნევად მოსუქებული


ჩანდა. მზემოკიდებული სახე სიხარულით უბრწყინავდა. „რუზველტისებური
ამინდია!“ - შემოგვძახა.

ოთხნი - მამა, გენერალი ეიზენჰაუერი, ჩემი ძმა ფრანკლინი და მე ჩავსხედით


გენერალ აიკის მანქანაში და მიხვეულ-მოხვეული მთიანი გზით გავემართეთ
აეროპორტ ლა სენიასკენ, რომელიც მერს-ელ-კებირიდან ორმოცდაათი მილით იყო
დაშორებული. მამას ზღვაზე მოგზაურობა მოხდენოდა: მკვირცხლად
გამოიყურებოდა და მოსალოდნელი მოვლენებით გახარებული და აღელვებული იყო.

- ჯერ, კაირო, მერე თეირანი, - გვაცნობა მან, - ჯერ შეხვედრა ჩან კაი-შისთან, მერე
ბიძია ჯოსთან. - მამა მთლიანად საკუთარი გეგმების ტყვეობაში იყო მოქცეული.

- ომი - შემდეგ კი მშვიდობა - მის ტონში კმაყოფილება იგრძნობოდა - გვეყოფა კი


მოთმინება, აიკ?

- რა თქმა უნდა, სერ.

მე და ფრანკლინმა მამას კითხვები დავაყარეთ შინაურ ამბებზე, დედაზე, ჩვენს დაზე


ანაზე. მან გვითხრა, რომ ჩამოიტანა გაზეთები და საღამოს, თუ დრო დაგვრჩებოდა,
სიახლეებსაც გავეცნობოდით.

მამას თანმხლებ პირთა შორის ძველი ნაცნობებიც იყვნენ და ახალი ადამიანებიც.


ჰარი ჰოპკინსის, გენერალ უოტსონის, ადმირალ ბრაუნის და ადმირალ მაკინტაირის
გარდა, კონფერენციაზე ადმირალი ლეგიც ჩამოვიდა. ადგილმდებარეობის შესახებ
რამდენიმე ზერელე შენიშვნისა და რამდენიმე სიტყვის გარდა შინაურებზე, მამას
არაფერზე ლაპარაკი არ შეეძლო, გარდა მოსალოდნელი კონფერენციისა.
მივუახლოვდით ლა სენიას. მამა იქ თვითმფრინავ „C-25-ში“ ჩაჯდა, რომელსაც ისევ
მაიორი ოტის ბრაიენი მართავდა. ჩემი ძმა ფრანკლინი, ჰარი ჰოპკინსი და მთელი
მაღალი ხელმძღვანელობა მამასთან ერთად ტუნისში გაფრინდნენ. მე ლა სენიაში
ჩემი თვითმფრინავი მყავდა - ღამის მზვერავი „B-25“, ჩემთან ერთად იყო ჩემი
ესკადრილიის ერთ-ერთი მეთაური, მაიორი ლეონ გრეი. ჩვენი თვითმფრინავის
ერთი ძრავა მიზეზობდა და რამდენიმე წუთი გვანერვიულა. როგორც იქნა,
უფროსების გაფრენის შემდეგ ნახევარ საათში, ჩვენც ავფრინდით, სიჩქარეს
მოვუმატეთ და ელ აუინის აეროდრომზე პირველები ჩავფრინდით.
მამასთან, ეიზენჰაუერთან და ფრანკლინთან ერთად ისევ მანქანაში ჩავჯექი და
აეროპორტიდან გავემართეთ ვილისკენ, რომელიც მამაჩემისთვის იყო
მომზადებული კართაგენში (თურმე ამ ვილასაც „თეთრი სახლი“ ერქვა). გზად
კართაგენის ცირკის ნანგრევებს ჩავუარეთ. მამა აქ პირველად იყო და
კატეგორიულად მოითხოვა გაჩერება ნანგრევების დასათვალიერებლად.

მამაჩემისთვის გამზადებული ვილა ტუნისის ყურის ნაპირზე იდგა და


არაჩვეულებრივი სანახავი იყო. მამა აღფრთოვანდა. კართაგენში რომ გავიარეთ,
გამახსენდა, რომ ჩემი ზურგის შტაბი და ჩვენი ნაწილების ნახევარზე მეტის ბაზები
აქვე, ლა მარსში იყო განლაგებული. ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება არ
შეიძლებოდა.

- მამა! ხომ არ დაათვალიერებდი ლა მარსის ჩემს ნაწილებს?

- სიამოვნებით! მაგრამ როდის? იქნებ, დღესვე შევძლოთ, ვთქვათ, ხუთ საათზე?

გამეცინა.

- არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა ყველაფრის მომზადებას ამ დროისთვის, მაგრამ


შევეცდები.

გავეშურე ჩემი შტაბისკენ სამხედრო პარადის ორგანიზებისა და


დათვალიერებისთვის მოსამზადებლად. იმ დროს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში
ფოტოდაზვერვის შენაერთს ვხელმძღვანელობდი; მასში 6 000 კაცი შედიოდა,
რომლებიც მოკავშირეთა სხვადასხვა არმიას ეკუთვნოდნენ. აქედან დაახლოებით 2
800 აქ იმყოფებოდა, დანარჩენები - სამხრეთ იტალიაში. ვიდრე მამა კართაგენში
ვაშინგტონიდან მიღებულ ფოსტას ეცნობოდა, ლეონ გრეისთან და ფრანკლინ დანთან
(ჩემი თანაშემწე) ერთად სასწრაფოდ შევუდექით სანიმუშო წესრიგის დამყარებას.

ექვსის ნახევარზე ჩემი ხალხი მწკრივად მოეწყო - საკმაოდ საზეიმო იერი ჰქონდათ.
მამამ „ვილისით“ ჩაიარა მთელი ფრონტის წინ.

- მამა, ყურადღება მიაქციე მათ ფორმებს, ნამდვილი გაერთიანებული ერების


ორგანიზაციაა.

- დიახ, ვხედავ - ფრანგები, ინგლისელები, კანადელები... ეს რა ფორმაა?

- სამხრეთ აფრიკული. აი, ესენი კი ახალზელანდიელები და ავსტრალიელები არიან.

- როგორც ვხედავ, შესანიშნავი ნაწილი გყავს, ელიოტ. შეგიძლია იამაყო ამით.

- ვამაყობ კიდეც.

სადილობისას ჩვენს საზოგადოებას ორი ქალიშვილი ამშვენებდა - კეი სომერსბი,


გენერალ ეიზენჰაუერის მძღოლი და ადმირალ გეტჩის ქალიშვილი ნენსი, რომელიც
აქ წითელ ჯვარში მუშაობდა. მამა დილით ადრე აპირებდა ტუნისში გაფრენას,
მაგრამ ეიზენჰაუერმა მაშინვე ვეტო დაადო ამ გეგმას.

- უკეთესია, კვირა ღამით, ორშაბათისთვის გაფრინდეთ, სერ. დილით კაიროში


იქნებით.
- ღამით ვიფრინო? რატომ? მინდოდა, მენახა ბრძოლის ადგილები ელ-ალამეინამდე.

- მეტად სარისკოა, სერ. მოგვიწევს, დასაცავად გამანადგურებლები გამოგაყოლოთ


თითქმის კაირომდე. ეს კი ნიშნავს, რომ უსიამოვნებებს ვეძებთ. ამასთან, ღამით
უფრო მშვიდად იფრენთ.

- მაგრამ...

- ღამის ფრენა ეს „მდწ“-ა, სერ.

- მტკიცედ დადგენილი წესი, - ავუხსენი მე.

- გმადლობთ, - ხაზგასმულად თავაზიანად მიპასუხა. - მთავარსარდალიც იცნობს


არმიულ ჟარგონს. - კეთილი, აიკ, - მიმართა მან გენერალს, - აქ თქვენ ხართ უფროსი.
სამაგიეროდ, მეც მოვითხოვ თქვენგან რაღაცას.

- კერძოდ, სერ?

- რაკი გინდათ მაიძულოთ, კართაგენში დავრჩე მთელი კვირადღე, მაშინ ჩემთან


ერთად წამოდით და ბრძოლების ადგილები მაჩვენეთ - უძველესიც და
თანამედროვეც.

- თანახმა ვარ, სერ.

ლა-მარსში სამსახურებრივი მოვალეობის გამო ექსკურსიაზე ვერ წავედი, ფრანკლინი


კი აიკსა და მამას გაჰყვა. საღამოს მიამბო, რა ნახეს. მამა აიკს მხოლოდ იმ საომარ
ოპერაციებზე კი არ ეკითხებოდა, რომლებიც მეჯეზ-ელ-ბაბასთან და თებურბთან
მოკავშირეების გარღვევით დასრულდა, არამედ იმ ბრძოლებზეც, რომლებიც
უძველეს დროში გადახდათ კართაგენელებს. აიკმა ზეპირად იცოდა ახლანდელი და
ძველი ბრძოლების დეტალები. მასაც მამასავით უყვარდა ისტორია. როდესაც ვილაში
დაბრუნდნენ, მამა ძალიან კმაყოფილი ჩანდა. „თეთრ სახლთან“ გენერალს
მანქანიდან გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ მამამ ხელით შეაჩერა.

- იცით, აიკ. ვშიშობ, კიდევ ერთი უსიამოვნება უნდა მოგაყენოთ.

ფრანკლინმა ყურები დაცქვიტა. რაშია საქმე? მამა გენერლის საომარი მოქმედებების


ეპიცენტრის ხელმძღვანელობიდან გადაყენებას ხომ არ აპირებს? თუ ხუმრობს, და
აქვე უნდა, უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს?

- მე ვიცი, როგორ აფასებთ ჰარი ბუჩერს, აიკ. - თქვა მამამ. აიკმა თავი დაუქნია. -
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენი მარჯვენა ხელია, თქვენთვის მისი
წართმევა მომიხდება.

აიკს სახე მოეღუშა.

- კი, მაგრამ, სერ...

- საქმე ის არის, რომ ელმარ დევისმა ისევ მოგვმართა გადადგომის თხოვნით, რას
იტყოდით, მის ადგილზე „ბუჩი“ რომ დამენიშნა?
- ბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რომ ადვილი იქნება ჩემთვის,
მაგრამ თუ ის თქვენ გჭირდებათ, თუ თქვენ ასე გსურთ, წაიყვანეთ.

მამამ არაფერი უპასუხა, მაგრამ ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო, - მიამბო


ფრანკლინმა. სწირედ ასეთი პასუხები მოსწონდა. ამას კიდევ უფრო უნდა
გაეძლიერებინა მისი სიმპათიები ეიზენჰაუერის მიმართ, თუმცა კარგად ესმოდა,
როგორ გაუჭირდებოდა გენერალს ბუჩერის გარეშე.

- კიდევ შევხედავ, აიკ, შეიძლება, არც კი დამჭირდეს. შეგატყობინებთ. თუ ბუჩერს


დაელაპარაკებით, აუცილებლად უთხარით, რომ ელმერმა თვითონ დაასახელა მისი
კანდიდატურა. ყოველ შემთხვევაში, საქმე იანვრამდე არ გადაწყდება.

დარწმუნებული ვარ, ორი თვის შემდეგ, როცა გადაწყდა, რომ ელმერ დევისი თავის
ადგილზე რჩებოდა, ბუჩერი მეტად კმაყოფილი იყო.

საღამოს, როცა ვილაში დავბრუნდი, მამა ორი საკითხით იყო აღელვებული. ის


გაბოროტებით ლანძღავდა კონგრესმენებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ ქვეყანას,
ყველა ძალა დაეძაბა ომის საწარმოებლად. იმ საღამოს ვაშინგტონში, ალბათ, ბევრს
ასლოკინებდა, განსაკუთრებით კი ვანდენბერგს, ტაფტს, ო’დანიელს და ფიშს. მეორე
თემა იყო მისი მოგზაურობა, რამაც ბევრი საინტერესო შთაბეჭდილება დაუტოვა. მან
ნახა მომთაბარე არაბული ტომები აქლემების ქარავნებით, ნახა, ბრძოლის ველზე
მიმოფანტული ათობით დამწვარი ტანკი და სატვირთო მანქანა. დიდხანს
ათვალიერებდა 609-ე სიმაღლეს, უსახურ გორაკს, რომელზეც უამრავი ამერიკელი
დაიღუპა, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენი ჯარისკაცები სრულფასოვან მეომრებად იქცნენ.

სადილად მამასთან ვიყავით: მკაცრი და მდუმარე ლეგი, მამას ადიუტანტები ბრაუნი


და „მამილო“ უოტსონი, ადმირალი მაკინტაირი, ფრანკლინი და მე. მე და ჩემმა ძმამ
ვიცოდით, რომ მამასთან ერთად კაიროში ვერ წავიდოდით. ფრანკლინი თავის
ნაღმოსანზე უნდა დაბრუნებულიყო, მე კი ჯერ კიდევ მქონდა საქმეები ლა-მარსში.
მაინც მოვახერხეთ და ელ-აიუნამდე გავყევით. აეროდრომზე ჰარი ჰოპკინსი
შემოგვიერთდა; თვითმფრინავში ერთი ადგილი მისთვის იყო განკუთვნილი.
გაფრენის წინ მამა კვლავ მიუბრუნდა ფრანკლინს, მათ შაბათს უკვე იკამათეს ამ
საკითხზე - ფრანკლინი რატომ არ მიჰყვებოდა მას კაიროში. მაგრამ, ჩემმა ძმამ
მხოლოდ გაუღიმა და გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია. დაახლოებით
თერთმეტის ნახევარზე მძიმე „C-25“ მოსწყდა დედამიწას. გზად უკან კართაგენისკენ
ფრანკლინმა ამიხსნა, რატომ იკამათეს მან და მამამ. საესკადრო ნაღმოსანი
„მეირანტი“ პალერმოსთან ბრძოლაში დაზიანდა. ორი გერმანული ბომბი მასთან
ძალიან ახლოს აფეთქდა, მესამე კი პირდაპირ მოხვდა გემს. რამდენიმე დღის შემდეგ
ნაღმოსანი გიბრალტარიდან უნდა დასდგომოდა ხანგრძლივ და სახიფათო გზას
შეერთებული შტატებისკენ, რომ იქ შეეკეთებინათ. ფრანკლინს იმის გაგონებაც არ
სურდა, რომ მას, „მეირანტის“ ოფიცერს, საფრთხეში მიეტოვებინა გემის ეკიპაჟი.

მე ზურგის შტაბში კიდევ მქონდა სამუშაო დარჩენილი. სამშაბათს საღამოს გენერალ


ეიზენჰაუერთან გამოვცხადდი, მასთან ერთად კაიროში უნდა გავფრენილიყავი.
ჩვენთან ერთად ეიზენჰაუერის შტაბის ოფიცრებიც მოფრინავდნენ და ჩემი ნათესავი,
მაიორი ჯონ ბეტიგერიც, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, სადაც ის მოკავშირეთა
სამხედრო ადმინისტრაციაში იყო მივლინებული. გენერალ ეიზენჰაუერის
თვითმფრინავი „C-54“ სიბნელის დადგომისას გაფრინდა ტუნისიდან. გათენებისას
ეგვიპტეს მივუახლოვდით, დილით კი უკვე კაიროში, ჩვენი საჰაერო სატრანსპორტო
კორპუსის აეროდრომის თავზე ვტრიალებდით. ომის მსვლელობის განმავლობაში
მესამედ მეძლეოდა საშუალება, კონფერენციას დავსწრებოდი.

თავი მეექვსე. კაიროს პირველი შეხვედრა

ღამით, როცა ტუნისსა და ეგვიპტეს შორის გადაწოლილი უზარმაზარი უდაბნოს


თავზე მივფრინავდით, მესმოდა, ჩემი სიძე ბეტიგერი როგორ შესჩიოდა გენერალ
ეიზენჰაუერს იმ სიძნელეებზე, რომელთაც სამხედრო ადმინისტრაციის ოფიცრები
იტალიაში აწყდებოდნენ. მერე ჩავთვლიმე და როცა გამოვიღვიძე, უკვე კაიროს
ვუახლოვდებოდით.

ქალაქი ეფექტური სანახავი იყო. ასობით მილის მანძილზე მოფრინავთ მოყავისფრო,


ერთფეროვანი უდაბნოს თავზე და უცებ, სრულიად მოულოდნელად,
დამაბრმავებელი მწვანე ზოლი გჭრით თვალს. ეს არის ჩრდილოეთიდან
სამხრეთისკენ გადაჭიმული ნაყოფიერი მიწის ვიწრო ზოლი, რომელსაც ნილოსი
რწყავს. რამდენიმე წამით თავები გავყავით, ვცდილობდით, გიზის
პირამიდებისთვის მოგვეკრა თვალი. „სფინქსი სად არის? ეს არის?“ ჩვენმა
თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო, მწვანე ზოლისკენ გაემართა, ჭუჭყიანი-მოცისფრო
ნილოსის თავზე წრე დაარტყა და პეინის აეროდრომზე დაეშვა, ქალაქიდან სამხრეთ-
აღმოსავლეთით. შტაბის მანქანები გველოდებოდნენ. კვლავ გადავჭერით ნილოსი,
ოღონდ საპირისპირო მიმართულებით, გავიარეთ კაიროს ვიწრო ქუჩები, მივედით
მის დასავლეთ გარეუბან მენში, სადაც კონფერენცია უკვე ორი დღის დაწყებული იყო.

ისევე როგორც კასაბლანკაში, მაიკ რეილიმ თავის ხალხთან ერთად აქაც იზრუნა, რომ
კონფერენციის რაიონი ეკლიანი მავთულით შემოეღობათ. კონფერენციის
მონაწილეთა უმრავლესობა დაბინავდა სასტუმროში „მენა ჰაუსი“, რომელიც,
როგორც ჩანს, ვიქტორიანული ეპოქის არქიტექტორის მიერ უნდა ყოფილიყო
აშენებული. მამა ჩვენი ელჩის, კირკის ვილაში მოთავსდა, ჩან კაი-ში მეუღლით და
ჩერჩილი ერთი დღით ადრე ჩამოვიდნენ და მეზობელი ვილები დაიკავეს. ვფიქრობ,
მიუხედავად ეკლიანი მავთულისა, მაიკმა კაიროს კონფერენციის დროს საკმაოდ
დიდი ნერვიულობა გადაიტანა: მისი აზრით, კაირო სავსე იყო პოლიტიკური
ფანატიკოსებით, რომლებიც სიამოვნებით მოკლავდნენ ნებისმიერს ან ყველა აქ მყოფ
სახელმწიფო მოღვაწეს, რომლებიც მეზობლად, მენის გარეუბანში, დასახლდნენ.

დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე, საშტაბო მანქანამ კირკის ვილაში მიმიყვანა.


პირდაპირ მამაჩემისკენ გავეშურე, რომელიც ლოგინში საუზმობდა. დასვენებული,
მხნე იერი ჰქონდა. ვკითხე, რა ხდებოდა კონფერენციაზე.

- რა ხდება? ძალიან ბევრი რამ. ძალიან ბევრი.

- სახელდობრ?

- გავიცანი გენერალისიმუსი ჩან კაი-ში, პირამიდების სანახავად ვიყავი, ტელეგრამა


მივიღე ბიძია ჯოსგან...

- მართლა? რას გწერს?


- მატყობინებს, რომ მომავალ კვირას, ოცდარვაში, თეირანში იქნება.

- გამოდის, რომ შეხვედრა შედგება?

- ასე გამოდის, - მითხრა მამამ თან ერბოკვერცხის მოზრდილი ნაჭერი ჩაიდო პირში
და თვალი ჩამიკრა.

- როგორ მოგეწონა გენერალისიმუსი ჩან კაი-ში?

მამამ მხრები აიჩეჩა.

- ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, როგორსაც მოველოდი. გუშინ ჩემთან ისადილა


ცოლთან ერთად, მერე თერთმეტამდე ჩემთან ვისხედით. მან იცის, რა უნდა და
ხვდება, რომ ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც უნდა. მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ, - მამამ
ლანგარი გასწია გვერდზე. - დამეხმარე, ელიოტ, -ჩემს ხელს დაეყრდნო, წამოდგა და
ჩაცმა დაიწყო, თან ლაპარაკს განაგრძობდა. მე რამდენიმე ნაჭერი გახუხული პური
ავაცალე ლანგრიდან და ყავა დავისხი.

- შტაბების უფროსების გაერთიანებული საბჭოს მონაწილეობით უკვე შედგა ორი


პლენარული სხდომა. მაგრამ ეს სხდომები მეტისმეტად ოფიციალურ ხასიათს
ატარებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩინეთში, ბირმაში და ინდოეთში არსებული
მდგომარეობა არ განხილულა. ჩან კაი-შიებთან გუშინდელი საუბრიდან უფრო მეტი
რამ გავიგე, ვიდრე იმ ოთხ საათში, რომელიც შტაბების უფროსების გაერთიანებული
საბჭოს სხდომაზე გავატარე.

- მაინც რა გაიგე?

- გავიგე, რომ ომი არ მიმდინარეობს და რატომ არ მიმდინარეობს. რასაც არ უნდა


წერდნენ გაზეთები, ჩან კაი-შის ჯარები საერთოდ არ იბრძვიან. ის ამტკიცებს, რომ
მისი ჯარები არ არიან მომზადებული და არც შეიარაღება აქვთ - ეს ადვილი
დასაჯერებელია. მაგრამ ამით იმას ნამდვილად ვერ ახსნი, ასეთი დაჟინებით რატომ
უშლის ხელს გენერალ სტილუელს ჩინეთის ჯარების გაწვრთნაში. და ვერც იმას
ახსნი, რატომ აჩერებს თავის ასობით ათას საუკეთესო ჯარისკაცს ჩრდილო-
დასავლეთში, წითელი ჩინეთის საზღვარზე.

კამერდინერმა, არტურ ფრიტიმანმა ლანგარი გაიტანა და დაბრუნდა, რომ მამას


ჩაცმაში დახმარებოდა.

მამა ლაპარაკს განაგრძობდა. ის ლაპარაკობდა მომარაგების სირთულეებზე, იმაზე,


თუ როგორ უშლიდნენ ხელს ინგლისელები ლედოს გზის მშენებლობას, რომ
ინგლისელებს არ სურდათ, შეტევა ბირმის ჯუნგლების გავლით
განეხორციელებინათ. პრობლემებზე, რომლებიც ტვირთის ჰიმალაის გავლით
ჰაერით მიწოდებას ეხებოდა. იმ უზარმაზარ დანაკარგზე, რაც თან ახლდა ამ
სატრანსპორტო ოპერაციებს. მე ადრეც გავსაუბრებივარ საჰაერო სატრანსპორტო
კორპუსის მფრინავებს, რომლებმაც ზედმიწევნით იცოდნენ ჩინეთ-ბირმა-ინდოეთის
საომარ არენაზე მუშაობის პირობები და უამრავი საჩივარი მქონდა მათგან
მოსმენილი. ეს მამასაც ვუამბე. მან თავი დამიქნია.

- დიახ, იქ მუშაობა ხუმრობა საქმე არ არის, - თქვა მან, - წყნარი ოკეანის საომარ
მოქმედებათა თეატრს მივიწყებულს ეძახიან. მაგრამ ჩინეთ-ბირმა-ინდოეთის
არენასთან შედარებით ეს ყველაზე გამოცოცხლებული ადგილია დედამიწაზე. აქ
ვერავისი შეგშურდება, სტილუელით დაწყებული და მისი ყველაზე დაბალი
ქვეშევრდომით დამთავრებული. მათ თითქმის ცარიელი ხელებით ხვდათ წილად
დიდ ომში ჩაბმა. მათი ბრალი არ არის, თუ ავიწყდებათ, რომ დღეს ყველაზე მთავარი
ევროპაში ომია, და როგორც კი მას მოვიგებთ, სიმძიმის ცენტრი იაპონიისა და
ფილიპინების მიმართულებით გადაინაცვლებს. სტილუელის მხარეს ის არასოდეს
გადაინაცვლებს, მაგრამ ვერ გავამტყუნებთ გენერალს, თუ ის ამის მიღწევას
ცდილობს. რამდენიმე დღის წინ სტილუელს შტაბის სხდომაზე შევხვდი და ვთხოვე,
როგორმე დრო გამოენახა ჩემთან პირისპირ სასაუბროდ. იმის წარმოდგენაც კი არ
შემიძლია, რა მდგომარეობა იქნებოდა დღეს ჩინეთში, ის რომ არ ყოფილიყო. ამ
ქვეყანაში ჩვენ, ფაქტობრივად, ერთადერთი ამოცანა გვაქვს - აუცილებელია, ჩინეთმა
ომი განაგრძოს და იაპონიის ჯარები დააბრკოლოს.

შევეკითხე, რას აკეთებდნენ ინგლისელები ჩინეთ-ბირმა-ინდოეთის ფრონტზე.

- მეგონა, მაუნტბეტენის გამოჩენის შემდეგ იქ დიდი საქმეები დაიწყებოდა, - შევნიშნე


მე. მამამ გაიღიმა.

- ალბათ, მაუნტბეტენსაც ასე ეგონა, ახლა კი ცდილობს, საკმარისი რაოდენობით


სადესანტო ხომალდი მიიღოს ანდამანის კუნძულებზე თავდასასხმელად.

- ანდამანის კუნძულები? ეგ სადღაა?

- ჩერჩილს რომ უგდო ყური, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია


მისი საყვარელი ბალკანეთიდან აღმოსავლეთით. ეს კუნძულები ბენგალის ყურეში
მდებარეობს, სამხრეთ ბირმასთან. ინგლისელები აპირებენ მათ ბაზებად გამოყენებას
რანგუნზე შეტევისათვის.

- კი მაგრამ, აშკარაა, რომ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სადესანტო ხომალდი მეორე
ფრონტისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიხსნას?

- ინგლისელები ისევ გამოთქვამენ ეჭვებს დასავლეთის ფრონტთან დაკავშირებით.

- „ოვერლორდის“ ოპერაციის შესახებ? კი მაგრამ, მეგონა, რომ ეს საკითხი კვებეკში


საბოლოოდ გადაწყდა.

- ყველას ასე გვეგონა. და, ასეც იყო, საკითხი მართლაც გადაწყვეტილი იყო. მაგრამ
უინსტონი ყველას ისევ თავის ეჭვებზე ელაპარაკება.

- და ამას რით ხსნის?

- ის კვლავინდებურად თავის ბალკანეთის გავლით შეჭრის გეგმას ელოლიავება.


„რუსებთან საერთო ფრონტი“-ო. გენერალი მარშალი... მეტად მომთმენია, მეტად
თავაზიანი და მეტად მტკიცეც. მეჩვენება, უინსტონმა სულ უფრო და უფრო შეიძულა
ჯორჯ მარშალი. ის მიხვდა, რომ ვერაფრით - ვერც თხოვნით, ვერც დარწმუნებით,
ვერც გაბრაზებით, - ვერ გადაათქმევინებს მარშალს. მარშალი თვლის, რომ ჰიტლერს
პირდაპირ კბილებში უნდა დაარტყან.

- ნამდვილად არ შეგშურდება იმ ადამიანისა, ვისაც ინგლისის პრემიერ-მინისტრთან


შებრძოლება უხდება.
- მე კი ვიცნობ ისეთ კაცს, - თქვა მამამ, - ვისაც მედალი ეკუთვნის იმისთვის, რომ
ახერხებს ჩერჩილთან მორიგებას. ეს კაცი აიკ ეიზენჰაუერია.

- სხვათა შორის! - წამოვიძახე, - გამახსენდა...

- რა? - მკითხა და თან დააყოლა, - თუ შეგიძლია, ცოტა სწრაფად ილაპარაკე,


თერთმეტზე ანუ სულ რაღაც ხუთ წუთში, შეხვედრა მაქვს დანიშნული შტაბების
უფროსების გაერთიანებულ საბჭოსთან.

- შენ სერიოზულად ამბობ, რომ აიკი მედალს იმსახურებს?

- რა თქმა უნდა, სერიოზულად. მაგრამ, ის უარს ამბობს ჯილდოებზე. როცა


მაკარტური ღირსების ორდენით დავაჯილდოვეთ, ასეთივე მედალი ეიზენჰაუერსაც
შევთავაზეთ, მაგრამ, აიკმა მის მიღებაზე უარი განაცხადა. გვიპასუხა, რომ ეს მედალი
პირადი გმირობისთვის ეძლევათ, მას კი არანაირი გმირობა არ ჩაუდენია.

- დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიდლ სმიტთან მომიხდა გასაუბრება. - ვთქვი მე, -
მან მაცნობა, რომ არის ისეთი ჯილდო, რომლის მიღებაც აიკს სურს -
„დამსახურებული ლეგიონის“ მედალი. ბიდლის თქმით, აიკი ერთხელ ეუბნებოდა,
რომ ეს იყო ერთადერთი მედალი, რომელიც მართლაც უნდოდა, რომ ჰქონოდა.
სმიტს თუ დავუჯერებთ, ეს მედალი იმიტომ მოსწონს, რომ მისი მიღება ნებისმიერ
ჯარისკაცს შეუძლია, თუნდაც იმისთვის, რომ ის შესანიშნავი მზარეულია. აიკს კი ის
ჯერ არ მიუღია.

მამა ჩაფიქრდა და მერე გაიღიმა.

- შეგვიძლია ეს საქმე საიდუმლოდ შევინახოთ?

- რატომაც არა?

- კარგი. თუკი შეძლებდი, რომ ტელეგრამა გაგეგზავნა სმიტისთვის თხოვნით,


დაჯილდოების ფურცელი შეედგინა აიკის დამსახურებები ჩამონათვალით -
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის, სიცილიის კამპანიის და ა.შ. და დროზე ჩამოეტანა ეს
მედალი აქ, მე თვითონ დავუმაგრებდი მკერდზე აიკს თეირანში წასვლამდე.

- ახლავე შეუდგები საქმეს, - მივუგე მე.

ვიდრე მამაჩემი შტაბების უფროსების გაერთიანებულ საბჭოსთან თათბირობდა,


ზემოთ, ჩემთვის მომზადებულ ოთახში ავედი, ხელ-პირი დავიბანე და ნამდვილი
საუზმე მოვიწყვე. საუზმე ძალზე სასიამოვნო ადგილზე მომართვეს - კირკის ვილის
ბრტყელ, მზით განათებულ სახურავზე, საიდანაც საოცარი ხედი იშლებოდა
პირამიდებისკენ. ამ ფუფუნებამ მიმახვედრა, რომ კაიროში ყველაფერი ისე არ
იქნებოდა, როგორც კასაბლანკაში: ამ კონფერენციაზე ფლოტმა მოავლინა რვა
უფროსი ოფიციანტი და ფილიპინელი მზარეულები, რომლებსაც საოცარი უნარი
აღმოაჩნდათ, არმიული ულუფისაგან რიგიანი ბანკეტები მოეწყოთ და თითოეულის
გემოვნებაც გაეთვალისწინებინათ. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე აღარ მომიწევდა
მერიქიფეობა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აქაც მამაჩემის ადიუტანტად
ვრჩებოდი, აუცილებელი არ იქნებოდა ყოველ წუთს და ყოველ სხდომაზე მის
გვერდით ყოფნა; უფრო მეტი თავისუფლება მეძლეოდა და დროდადრო ვილის
დატოვებასაც კი შევძლებდი.
იმ მზიან დილით ვიჯექი ვილის სახურავზე, ვისვენებდი სულით და სხეულით,
ზანტად ვათვალიერებდი პირამიდებს და, ალბათ როგორც ნებისმიერი ადამიანი
ჩემს ადგილზე, ვფიქრობდი დროზე და მარადისობაზე, ამ პირამიდების სიახლოვეს
გაჩაღებულ ომზე, წარსულის მთავარსარდლებზე, ფარაონებზე, კეისრებზე, მეფეებზე,
ფელდმარშლებზე...

მამაჩემის პირადი ექიმის, ადმირალ მაკინტაირის მოსვლამ ფიქრი შემაწყვეტინა


(მადლობა ღმერთს!). იგი ღელავდა მამაჩემის თეირანში დაგეგმილი გადაფრენის
გამო.

- მაკ, როგორ შეიძლება, ასეთი მზის ქვეშ რამეზე ნერვიულობდე?

- სერიოზულად გელაპარაკები, ელიოტ. უკეთესი იქნება, თუ ბასრამდე გაფრინდება.


იქიდან კი მატარებლით გააგრძელებს გზას. ირანში მთებია, ფრენა საკმაოდ მაღალ
სიმაღლეზე მოუხდებათ. სიმაღლე კი...

- კი მაგრამ, იქ ალბათ... უღელტეხილებიც არის.

- და მაინც... თქვენ მასთან ერთად ისაუზმებთ?

- მე მგონი.

- თქვენ დაგიჯერებთ. გთხოვთ, უთხრათ, რომ თქვენი აზრით ჯობია, გზის ბოლო
ნაწილი მატარებლით გაიაროს. სრულიად სერიოზულად გეუბნებით.

- ოტის ბრაიანს თუ ჰკითხეთ რჩევა?

- არა.

- მას ვთხოვ, გაარკვიოს არის თუ არა იქ უღელტეხილები. მამასთვის რა სიმაღლეზე


შეიძლება ფრენა?

- არა უმეტეს შვიდი ათას ხუთასი ფუტისა. მაგრამ ეს ზღვარია.

- კარგი. დაველაპარაკები ბრაიანს. მას ბევრჯერ უფრენია მამასთან ერთად და


მიხვდება, რაშია საქმე. ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, მაკ. ნუ ღელავთ.

ქვემოთ სხდომა პირველი საათისთვის დამთავრდა. ჩავედი, რომ მივსალმებოდი


ჩერჩილს, ჰარი ჰოპკინსს და ყველას, ვინც კასაბლანკის შემდეგ არ მინახავს - გენერალ
მარშალს, გენერალ არნოლდს, ადმირალ კინგს, გენერალ სომერველს და მათს
ინგლისელ კოლეგებს. საუზმემდე საშუალება მომეცა, რამდენიმე წუთით მამასთან
მარტო დავრჩენილიყავი. ვკითხე, როგორ მიდიოდა საქმე „ოვერლორდის“ გეგმასთან
დაკავშირებით.

- საკმაოდ გაურკვევლად, - მიპასუხა ღიმილით. - ყოველ შემთხვევაში,


ინგლისელების მხრიდან. მაგრამ, კვებეკში მიღებული გეგმები ჯერ კიდევ ძალაშია.

ერთი წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო: - მათ წამოაყენეს მცირემასშტაბიანი


ოპერაციის იდეა, მაგალითად, ნორვეგიაში შეჭრის, სიმძიმის ცენტრი ისევ
ხმელთაშუა ზღვაზე რომ დარჩეს. მაგრამ საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.
მამამ მრავალმნიშვნელოვნად გაიქნია თავი მარშალისკენ და განაგრძო: - გენერალი
მარშალი კვლავინდებურად ჩვენი მთავარი ფიგურაა სხდომებზე. მისი აზრით,
ერთადერთი გადასაჭრელი საკითხი - დასავლეთში შეჭრისთვის ჩვენი ძალების
მთავარსარდლის კანდიდატურაა.

ჰარი ჰოპკინსი და ჯონ ბეტიგერი მოგვიახლოვდნენ და მამა მათთან ერთად ბაღისკენ


გაემართა. სუფრასთან საქმიანი საუბარი ნაკლებად იყო. ჰარიმ მამას მხოლოდ ის
შეახსენა, რომ იმ დღეს ჩან კაი-ში და მისი მეუღლე მიღებას აწყობდნენ.

- ვიცი, მაგრამ მე იქ მისვლას ვერ მოვახერხებ. ელიოტ, ეს ზუსტად საშენო საქმეა.


წინააღმდეგი ხომ არა ხარ?

- ჩან კაი-შიებთან წასვლაზე? წავალ, რა თქმა უნდა, თუ სხვა დავალება არა გაქვს
ჩემთვის?

- დღეს, - მითხრა მამამ, - რამდენიმე ოფიციალურ ვიზიტს თუ არ ჩავთვლი, საქმე


ბევრი არ მექნება. დარჩი აქ და გაართე ჩემი სტუმრები, ხუთის ნახევრისთვის კი
შეგიძლია, ჩან კაი-შიების წყვილს ესტუმრო.

- რა ვუთხრა, შენ რატომ ვერ წამოხვედი?

- ხუთ საათზე შეხვედრა მაქვს დანიშნული ლორენს შტეინგარდტთან.

შტეინგარდტი ჩვენი ელჩი იყო თურქეთში. იმ დღეებში მოკავშირეების მხარეზე


თურქეთის ომში ჩაბმა გაუთავებელი ვარაუდების საგანი იყო. მამას ჩავეკითხე,
მიიღეს თუ არა გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.

- საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, - მომიგო მან, - მაგრამ ჩემთვის ეს


საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ჰარი ჰოპკინსს ჩაეცინა. აშკარა იყო, რომ ამ საკითხზე უკვე იმსჯელეს და ვიღაც მათი
გადაწყვეტილების წინააღმდეგიც იყო. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეს
„ვიღაც“ ინგლისის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.

- შენი გადაწყვეტილება თურქეთის შესახებ საიდუმლოა, მამა?

მამამ გაიცინა.

- ასე მგონია, ყველგან და ყველას ველაპარაკე ამაზე, - თქვა მან, - თურქეთი ომში
ჩვენს მხარეზე იმ შემთხვევაში ჩაებმება, თუ ჩვენ მას ლენდ-ლიზით ძალიან ბევრ
იარაღს მივცემთ. და, რისთვის სჭირდება? იმისთვის, რომ ომის შემდეგ ძლიერი იყოს.
უინსტონი თვლის, რომ თურქეთს აუცილებლად უნდა მივცეთ იარაღი. რატომ
თვლის ასე? თურქეთისთვის იარაღის მიწოდება ნიშნავს ნაკლები შეიარაღების
დატოვებას ევროპაში შესაჭრელად?!

- იქნებ, თურქეთის ომში ჩართვა ჩვენს მხარეზე ჩერჩილისთვის დამატებითი


დასაბუთებაა იმისა, რომ ჰიტლერს ხმელთაშუა ზღვის მხრიდან დავარტყათ? -
ვიკითხე მე.

- სავსებით შესაძლებელია, - ირონიულად თქვა მამამ.


საუზმის შემდეგ დაიწყო „ოფიციალური ვიზიტები“; კირკის ვილა ნიუ-იორკის
ცენტრალურ ვაგზალს დაემსგავსა. მისაღებში ვხვდებოდით მომსვლელებს და
შეგვყავდა სასტუმრო ოთახში, ვთავაზობდით პაპიროსს, რამდენიმე წუთი
ვესაუბრებოდით, შემდეგ კი, დანიშნულ დროს, მივაცილებდით ბაღში, სადაც მამა
იჯდა ჰარისთან, ჩემთან, ან თავის ადიუტანტ უოტსონთან ერთად.

სამის თხუთმეტი წუთიდან ხუთის ნახევრამდე მომსვლელთა შორის იყვნენ:


ეგვიპტის მეფის კანცელარიის უფროსი, აჰმედ მოჰამედ ჰასე-ეინ-ფაშა; ეგვიპტის
პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მუსტაფა ნაჰას-ფაშა (ის მისი
უდიდებულესობის, მეფე ფარუქ I-ის წარმომადგენელი გახლდათ, მეფე ცოტა ხნის
წინ ავტოკატასტროფაში დაიმტვრა და თვითონ ვერ შეძლო მოსვლა); მისი
უდიდებულესობა საბერძნეთის მეფე გეორგი (მასზე მამამ თქვა: „სასიამოვნო ბიჭია,
მაგრამ ნამდვილი შტერი“); საბერძნეთის ემიგრანტული მთავრობის პრემიერ-
მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ემანუელ ცუდეროსი; ინგლისის ელჩი
ეგვიპტეში, ლორდი ქილერნი; მისი უდიდებულესობა იუგოსლავიის მეფე პეტრე
(მამას ვკითხე, რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე პეტრემ, რომელიც, როგორც ჩანს,
ითხოვდა, რომ ამერიკელები შერყეული ტახტის შენარჩუნებაში დახმარებოდნენ;
მამა გულწრფელად გაოცდა, რომ ვიღაცას შეიძლებოდა საინტერესოდ მოსჩვენებოდა
მისი აზრი პეტრეზე. „რა უნდა ვიფიქრო მასზე? ის ხომ პატარა ბიჭია. რასაც ის
ლაპარაკობს, სხვების მოფიქრებულია“); იუგოსლავიის პრემიერ-მინისტრი და
საგარეო საქმეთა მინისტრი, პურიჩი; საბერძნეთის პრინცი პავლე; ინგლისის ძალების
მთავარსარდალი შუა აღმოსავლეთში, გენერალი სერ ჰენრი მეიტლანდ უილსონი,
ამერიკის სამხედრო ძალების მთავარსარდალ, გენერალ როისთან ერთან; ინგლისის
ავიაციის მთავარსარდალი შუა აღმოსავლეთში, ავიაციის მთავარი მარშალი, სერ
შოლტო დუგლასი; ინგლისის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდალი
ლევანტის რაიონში, ადმირალი სერ ალჯერნონ უილისი და ეგვიპტეში ინგლისის
ძალების მთავარსარდალი, გენერალი რ. სტოუნი.

როცა მომსვლელების რიცხვი შემცირდა, მოვახერხე რამდენიმე სიტყვით ჰარი


ჰოპკინსს გამოვლაპარაკებოდი.

- რამდენადაც მესმის, ძველი კამათი განახლდა მამასა და პრემიერ-მინისტრს შორის.

ჰარიმ მხრები აიჩეჩა.

- ასეა, მაგრამ გარემოებაა სხვა, - მიპასუხა მან. - ჯერ ერთი, ჩვენი მრეწველობა უკვე
მთელი ძალით ამუშავდა; ტანკებს, გემებს, იარაღს ვუშვებთ. ეს სულ სხვა გარემოებაა.
ახლა უკვე ომს ამერიკული ტექნიკით ძირითადად ამერიკელები აწარმოებენ. განა, ეს
საქმის ვითარებას არ ცვლის?

- რასაკვირველია!

- ახლა ვინ გამოდის უფროსი პარტნიორი და ვინ უმცროსი? - ჰარიმ შემომხედა და


ჩაფიქრდა. - მაგრამ უინსტონმა იცის, რომ ეს კონფერენცია ბრიტანეთის იმპერიის
ტერიტორიაზე ტარდება. ესეც თამაშობს გარკვეულ როლს. აი კიდევ რა: ეს
კონფერენცია თავისი დღის წესრიგით გამოირჩევა ყველა დანარჩენისაგან. ის
უმთავრესად შორეულ აღმოსავლეთსა და ახლო აღმოსავლეთს ეძღვნება, ანუ საქმე
ეხება ადამიანებს და საკითხებს, რომლებიც შედარებით ახალია ამერიკელებისთვის,
მამათქვენისთვისაც კი. ჩერჩილს და იდენს შორეული აღმოსავლეთის და ახლო
აღმოსავლეთის საქმეების ნიუანსები ჯერ კიდევ მოსამზადებელი კლასიდან აქვთ
შესწავლილი. მათთვის ყველაფერი ეს კარგად არის ნაცნობი - მათი იმპერიის
საფუძველი ხომ ესაა.

- მაშინ ვინ არის უფროსი პარტნიორი და ვინ უმცროსი? - ვკითხე მე.

- ნუ ღელავ, - დამამშვიდა ჰარიმ. - უფროს პარტნიორად კვლავინდებურად


მამათქვენი რჩება. მაგრამ ის არ ჩქარობს. მას სურს, ჯერ კიდევ მოუსმინოს და
დააკვირდეს. სიტუაციას სწავლობს, მაგრამ უფროსი ჯერჯერობით მაინც ის არის.

ხუთის ნახევრისთვის მოვრჩი სტუმრების დამხვედრის მოვალეობის შესრულებას და


ახალი როლის შესასრულებლად გავემართე - მამაჩემის წარმომადგენელი უნდა
ვყოფილიყავი ჩან კაი-შიების მიღებაზე. როცა მათთან გამოვცხადდი, აღმოჩნდა, რომ
იქ სარა, ჩერჩილის ქალიშვილიც ისე იყო მოსული, როგორც მამამისის
წარმომადგენელი. მაგრამ მასთან საუბარი ვერ მოვასწარი, რადგან ქ-ნმა ჩან კაი-შიმ
წამიყვანა და გვერდით მომისვა. ჩემზე მან მეტად ნიჭიერი მსახიობის შთაბეჭდილება
დატოვა. თითქმის ოცდაათი წუთის განმავლობაში გაცხოველებული მესაუბრებოდა,
ძირითადად ჩემს შესახებ. წლების მანძილზე არავისგან მიგრძნია ასეთი ოსტატური
მლიქვნელობა და არავის გამოუჩენია ასეთი სურვილი, მოვეხიბლე. თავის
ქვეყანაზეც მესაუბრებოდა, მაგრამ ესეც იმისთვის გამოიყენა, რომ ომის შემდეგ
ჩინეთში ჩასვლაზე და იქ დასახლებაზე დავეთანხმებინე. მაინტერესებს
მეცხოველეობა? მაშინ უკეთეს ადგილს, ვიდრე ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთია
ვერ ვნახავ. ხატოვანი ფერებით აღმიწერა, რამხელა მოგების მიღება შეეძლო
ენერგიულ და ნიჭიერ ადამიანს ჩინელი კულიების შრომის გამოყენებით. საუბრის
დროს წინ იხრებოდა, მიღიმოდა, ყველაფერში მეთანხმებოდა და ხელით მუხლზე
მეყრდნობოდა. თავიდან ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა, რომ ეს ქალბატონი
გულწრფელი და გულახდილი იყო და არანაირი ქვენა აზრები არ ამოძრავებდა.
მაგრამ მის ქცევაში იგრძნობოდა ცივი ანგარიში, რაც სრულიად შეუთავსებელია
გულწრფელობასთან. სულაც არ მგონია, რომ ის ჩემს პერსონას მართლა ანიჭებდა
რაიმე მნიშვნელობას და ამის გამო ცდილობდა, მოვეხიბლე და ჩემი მეგობრობა
დაემსახურებინა. ვფიქრობ, ქ-ნ ჩან კაი-შის ადამიანებთან საუბრისას, განსაკუთრებით
კი მამაკაცებთან, იმდენად ხშირად უხდებოდა თავისი მომხიბვლელობის გამოყენება
და მოსაუბრისადმი ვითომ ინტერესის გამოჩენა, რომ ეს ჩვევად ექცა. გულახდილად
რომ ვთქვა, სულაც არ მინდოდა მის ჭეშმარიტ ბუნებას ჩავწვდომოდი - ალბათ
საშინელი იქნებოდა.

როდესაც ჩემგან სხვა სტუმრისკენ გაემართა, დიდი ჭიქა ვისკი დავლიე, ოთახში
ბორიალი დავიწყე და ნაცნობებს გავესაუბრე. ირგვლივ გენერლების და
ადმირალების მუნდირები ბრწყინავდნენ. აქ წარმოდგენილი იყო სამი მოკავშირე
მისია სრული შემადგენლობით. საუბარი ერთ მთლიან გუგუნად გადაიქცა. ჩემი თავი
გენერალისიმუსს წარუდგინეს. ის ინგლისურად არ ლაპარაკობდა. თარჯიმნის
დახმარებით ერთი-ორი თავაზიანი ფრაზით მივმართეთ ერთმანეთს. დაახლოებით
ერთი საათის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობე და მამაჩემისკენ გავეშურე. ის ჯერ
კიდევ შტეინგარდტს ესაუბრებოდა. აქვე იყო ჯორჯ ალანი, სახელმწიფო
დეპარტამენტის ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. როცა ოთახში შევედი,
ისინი უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ.
- როგორ ჩაიარა მიღებამ? - მკითხა მამამ.

- კარგად.

შტეინგარდტი და ალანი ერთი-ორი წუთი კიდევ დარჩნენ, მოილაპარაკეს მამასთან


მომავალ შეხვედრაზე მისი თეირანიდან კაიროში დაბრუნების შემდეგ და იმსჯელეს
თურქეთის პრეზიდენტის, ისმეთ ინენიუს[14] ჩამოსვლის მიზანშეწონილობაზე, იმის
გათვალისწინებით, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მამას თურქეთის ომში
ჩართვაზე. როცა ისინი წავიდნენ, ვთქვი: - რამდენადაც მესმის, ისინიც შენსავით
თვლიან, რომ თურქეთი ომში არ უნდა ჩაებას.

მამამ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და გენერალისიმუსის მიღებას დაუბრუნდა.


აინტერესებდა, როგორი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე ჩან კაი-შიებმა. მე
დაწვრილებით ვუამბე ქ-ნ ჩან კაი-შის შესახებ. მომისმინა, ჩაფიქრდა და
შუბლშეჭმუხნილმა მითხრა: - მე მას ასე მკაცრად არ განვსჯიდი. ის, რა თქმა უნდა,
უპრინციპო ადამიანია. და არ ვისურვებდი ჩემს მტრად ითვლებოდეს, ჩინეთში რომ
ვცხოვრობდე. მაგრამ დღევანდელ დღეს ჩინეთში ვინ შეძლებდა ჩან კაი-შის შეცვლას?
იქ სხვა ლიდერი უბრალოდ არ ჰყავთ. ჩან კაი-შიების ყველა ნაკლის მიუხედავად,
ჩვენ მაინც მათ უნდა დავეყრდნოთ.

ვუთხარი, რომ მიღებაზე გენერალ როისს შევხვდი, რომელმაც სადილად და კაიროში


საღამოს გასატარებლად მიმიწვია. მამამ ნება დამრთო, მისი მიწვევით მესარგებლა.

- ამ საღამოს რაიმე განსაკუთრებული საქმე არა გვაქვს. აქ მხოლოდ ჰარი, ბილ ლეგი,
უოტსონი და მაკი იქნებიან. ის კი არა, კარტიც კი ახსენეს. წადი, გაერთე.

საღამო გენერალ როისთან და რამდენიმე ოფიცერთან ერთად კაიროს ერთ-ერთ ღამის


კლუბში გავატარე. პირველის ნახევარი იყო, როცა ვილაში დავბრუნდი, სტუმრები
იშლებოდნენ. მამას ოთახში შევყევი. მკითხა, როგორ გავატარე საღამო, მე კი ვკითხე,
ხომ არ იცოდა, როგორ ჩაიარა შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭოს სხდომამ.
რამდენჯერაც სასტუმრო „მენა ჰაუსთან“ ჩავიარე, აივანზე დავინახე ოფიცრები,
რომლებიც, როგორც ჩანს, ყველაფერს ერთად ახერხებდნენ - საქმიან საუბარსაც,
სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასაც და მზეზე გარუჯვასაც.

მამამ მითხრა, რომ ლეგის სიტყვებით, რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი უკვე


გადაიდგა, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორს იყვნენ, ინგლისელები
კვლავ დაჟინებულად (მამას თქმით, ეს დაჟინება პრემიერ-მინისტრის გავლენით
აიხსნებოდა) ამახვილებდნენ ყურადღებას რეალურ თუ გამოგონილ ნაკლოვანებებზე
გეგმისა „ოვერლორდი“, რომელიც ზაფხულში შეადგინეს და მას შემოდგომაზე
კიდევ ერთხელ გადახედეს. ამერიკელები კი უფრო მეტი სიმტკიცით (რაც, ადვილი
მისახვედრია, რომ მამას და გენერალ მარშალის გავლენით ხდებოდა) ამტკიცებდნენ
ამ ოპერაციის მიზანშეწონილობას და უარყოფდნენ ყველა მეორეხარისხოვან
ვარიანტს, რომელიც ნორვეგიაში ან ხმელთაშუა ზღვის რაიონში შეჭრას
გულისხმობდა.

- რამდენადაც ვხვდები, - განაგრძო მამამ, - მარშალი და კინგი უკმაყოფილოები არიან,


რომ ისევ უხდებათ ბრძოლა ორჯერ დამტკიცებული გეგმისთვის და უნდა ვაღიარო,
რომ მათი უკმაყოფილება კარგად მესმის.
ვგონებ, ის დაჟინება, რომელსაც ინგლისელები იჩენდნენ, როცა უარყოფდნენ
დასავლეთში დაგეგმილ ოპერაციას, გარკვეულწილად დაკავშირებული იყო
ინგლისელ და ამერიკელ მხედართმთავრებს შორის არსებულ უთანხმოებასთან
ჩინეთ-ბირმის-ინდოეთის სამხედრო არენასთან დაკავშირებით. უთანხმოება პირველ
რიგში იმის გამო წამოიჭრა, რომ ინგლისელები შეუძლებლად მიიჩნევდნენ
ჩინელებისგან საბრძოლო თვალსაზრისით რამდენადმე მაინც ვარგისი არმიის
შექმნას, მაშინ როცა სტილუელი ამას ცდილობდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
მეორე - ბირმაში ინგლისელები იყენებდნენ მცირე მასშტაბის ოპერაციების ნელ-ნელა
გაშლის ტაქტიკას, ჩვენ კი მოვითხოვდით მსხვილი მასშტაბის ოპერაციების რაც
შეიძლება სწრაფ განვითარებას. მე აზრი გამოვთქვი, რომ ინგლისელების იმპერიული
ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სამხედრო დოქტრინა სავსებით გონივრული
იყო.

- რა თქმა უნდა, - გაღიზიანებით წარმოთქვა მამამ, - მაგრამ, მათი იმპერიული


იდეები - მეცხრამეტე საუკუნის, იქნებ მეთვრამეტე, მაგრამ ვგონებ, უფრო
მეჩვიდმეტე საუკუნის იდეებია. ჩვენი ომი კი მეოცე საუკუნეში მიმდინარეობს.
მადლობა ღმერთს, ვითარება მეტ-ნაკლებად შეიცვალა და ჩვენ ახლა ჩვენი
არსებობისთვის აღარ ვიბრძვით. მაგრამ ჩვენ სერიოზული, მეტად სერიოზული
საფრთხე გვემუქრებოდა და ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ისინი
ბრიტანეთის იმპერიას მარადიულად მიიჩნევენ. მე უინსტონს მაგალითის სახით
ამერიკისა და ფილიპინების ურთიერთობა დავუსახელე - ჩვენი პირველი ნაბიჯები
სახალხო განათლების სფეროში, ჩვენი მცდელობა თვითონ ფილიპინელებისთვის
გადაგვეცა ფილიპინელებზე ზრუნვა...

- რა გიპასუხა?

- ვერც კი წარმოიდგენ! ამბობს, რომ ფილიპინელები - სხვანაირი ხალხია, რომ


დამოუკიდებლობის უნარი მათ ბუნებით აქვთ მინიჭებული და მზად არიან,
საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. ამტკიცებს, რომ ჩვენ უბრალოდ არ
გვესმის ინდოელების, ბირმელების, იავაელების და... ჩინელებისაც კი.

მამა ისვენებდა. მეორე დღეს არც ისე დიდი სამუშაო გველოდა და მას საუბრის
გაგრძელება სურდა. პაპიროსებს მოვუკიდეთ და ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ
ათას რამეზე. ვცდილობდით გამოგვეცნო, რას მოიტანდა კონფერენცია თეირანში,
როგორ მოიქცეოდა ბიძია ჯო.

- ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, - თქვა მამამ, - მისი სახით მე შევიძენ


თანამოაზრეს ევროპაში დასავლეთიდან შეჭრის აუცილებლობის საკითხში. თუ საქმე
რუსეთში ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიდის, შეიძლება, მომავალ
გაზაფხულზე მეორე ფრონტის გახსნა აღარც კი დაგვჭირდეს!

იმ დროს წითელი არმია გამალებული იბრძოდა რუსეთის ველებზე, ნელ-ნელა


უახლოვდებოდა პოლონეთის ძველ საზღვარს, რომლისგანაც მას ჯერ ასი მილი
აშორებდა, მერე - სამოცი და ბოლოს - ორმოცდაათი. კიევი უკვე
განთავისუფლებული იყო. განწყობილება შესანიშნავი გვქონდა. იგრძნობოდა, რომ
ომის დასასრული ახლოვდებოდა და მამას გავახსენე მისი წინასწარმეტყველება,
გერმანია თორმეტ თვეში დაეცემაო.
- მომეცი ცამეტი და არა თორმეტი თვე, ელიოტ, - მითხრა მან, - არა, სჯობს
თოთხმეტი თვე, მაგრამ არამც და არამც ცამეტი.

- კი მაგრამ, ხომ დადგება დრო, როცა გამარჯვებამდე ცამეტი თვე დარჩება.

- არა, თოთხმეტიდან გადავხტებით პირდაპირ თორმეტზე. იცი, როგორც დედაჩვენის


სახლშია, ვაშინგტონ სკვერზე, სადაც მეთორმეტე სართულს მეთოთხმეტე მოსდევს.
მეცამეტე სართული საერთოდ არ არის.

- უკვე პირველი საათია, ანუ ხუთშაბათი: ასე რომ, შემიძლია მოგილოცო


მადლიერების დღე.

- კი. და თანაც ნამდვილად გვაქვს სამადლობელი ღმერთისადმი.

ორის ნახევარი იყო, დასაძინებლად რომ წავედი. მამა დეტექტიური რომანით ხელში
დავტოვე.

დილით მამამ მიიღო ავერელ ჰარიმანი და სერ ალექსანდრე კადოგანი, მერე კი


მთელი საათი ვაშინგტონიდან მიღებულ დიპლომატიურ ფოსტას არჩევდა.
შუადღისთვის მოვიდნენ ჩერჩილი და ჩან კაი-შიების წყვილი, თავიანთი სამხედრო
და სამხედრო-საზღვაო მრჩევლებით. მთელი ეს საზოგადოება ბაღში გავიდა, სადაც
ფოტოგრაფები ელოდებოდნენ. საუზმის დროს ისევ წამოიწყეს საუბარი მომარაგების
პრობლემებზე, საუბრის მთავარი მონაწილენი იყვნენ ლორდი ლეზერსი, ელჩი
ვაინანტი, ლუის დუგლასი და ამერიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე ჯონ
მაკლოი. როცა სუფრიდან წამოვდექით, მაცნობეს, რომ მაიორი ოტის ბრაიენი
დაბრუნდა ჩვენი თხოვნით ის მაიკ რეილისთან ერთად გაფრინდა თეირანში, რათა
შეემოწმებინა რამდენად დასაბუთებული იყო მაკინტაირის შეშფოთება იმ მთების
სიმაღლის გამო, რომლებზეც მამას უნდა გადაეფრინა. როცა დამინახა, ოტისმა ცერი
ასწია. ამით მანიშნა, ყველაფერი კარგად არისო.

- ყველაფერი რიგზეა, - მითხრა მან. - თუ ამინდი ძალიან ცუდი არ იქნება, არა მგონია,
შვიდი ათას ფუტზე მეტი სიმაღლის აკრეფა დაგვჭირდეს.

მამა კმაყოფილი იყო: სულაც არ ხიბლავდა დახუთული, ნელი მატარებლით


მგზავრობის პერსპექტივა.

ამ დროს ჩვენი ვილის სამზარეულოში დიდი მზადება იყო გაჩაღებული


მადლიერების დღის აღსანიშნავი ბანკეტისათვის. ჩან კაი-შიების წყვილი ვერ
დაესწრებოდა ბანკეტს და ამიტომ გენერალისიმუსი მეუღლით ფინჯან ჩაიზე
დაგვეწვივნენ. დაჩრდილულ ბაღში ოთხნი ვისხედით. ძირითადად ქ-ნ ჩან კაი-ში
ლაპარაკობდა. ის თავდაჯერებულად საუბრობდა თავის გეგმებზე - ომის შემდეგ
ჩინეთში წიგნიერების დონის ამაღლებაზე ერთგვარი „ბეზიკ
ჩაინიიზის“ საშუალებით (გამარტივებული ჩინური ენა), რომელშიც იეროგლიფების
რიცხვი შემცირებული იქნებოდა ათას ორასამდე თუ ათას ხუთასამდე, ანუ
სიტყვების თითქმის იმ რაოდენობამდე, რამდენიც „ბეზიკ ინგლიშში“ იყო. მან ასევე
ისაუბრა სხვა მოსალოდნელ რეფორმებზე და მამა, რომელიც ყოველთვის
პატივისცემით იყო განწყობილი ჩინელი ხალხის მიმართ და ნამდვილად
აინტერესებდა ჩინეთის პრობლემები და ამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა,
ინტერესით უსმენდა მას. მახსოვდა მამაჩემის სიტყვები, რომ დღევანდელ დღეს
ჩინეთში არ არსებობდა სხვა ლიდერი, რომელიც ომის გაგრძელებას შეძლებდა.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ, მამას აზრით, რეფორმები უნდა გადადებულიყო,
ვიდრე ჩან კაი-შიებს ახალი ხელმძღვანელები არ შეცვლიდნენ.

წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ქ-ნმა ჩან კაი-შიმ, რომელიც ამ შეხვედრაზე თავისი
მეუღლის თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა, ახსენა რაღაც წინასწარი შეთანხმება,
რომელიც მათსა და მამას შორის იყო მიღწეული ჩინეთის შიდა ერთობის
გასაძლიერებლად და რომელიც კონკრეტულად ჩინელ კომუნისტებს ეხებოდა.
ყურები ვცქვიტე, მაგრამ ამასობაში საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეს: როგორც ჩანს,
ეს საკითხი უკვე დაწვრილებით იყო განხილული და ჩან კაი-შისა და მამას შორის
უკვე არსებობდა სრული თანხმობა.

მადლიერების დღისადმი მიძღვნილმა ვახშამმა ყველას სიამოვნება მოგვანიჭა.


უპირველეს ყოვლისა, ამ დღეს მეტად სასიხარულო ამბები შევიტყვეთ. როგორც წინა
საღამოს აღინიშნა, საბჭოთა ძალები წინ მიიწევდნენ და გზაზე ყველაფერს
ანადგურებდნენ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ მოკავშირეების კონფერენცია
წარმატებულ დასასრულს უახლოვდებოდა; წინ გველოდა ახალი, და შესაძლოა,
ყველაზე ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი კონფერენცია. მოკავშირეების ერთობამ
ყველა გამოცდას გაუძლო და, როგორც გვეჩვენებოდა, უმაღლეს საფეხურს მიაღწია,
უახლოეს დღეებში მოსალოდნელი იყო პირადი შეხვედრა „დიდი
ოთხეულის“ მეოთხე წევრთან. კუნძულების - ტარავას და მაკინის და გილბერტის
კუნძულების დაპყრობა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, უკვე განვლილი ეტაპი იყო.
ევროპის თავზე ჩვენი საჰაერო არმადის სიძლიერე მუდმივად მატულობდა, რაშიც
ბერლინი მეხუთე მასირებული თავდასხმის შემდეგ დარწმუნდა.

ასე რომ, როცა კირკის ვილაში მადლიერების დღეს დიდ მაგიდას ვუსხდებოდით,
ყველას საზეიმო განწყობილება გვქონდა. მამამ სახლიდან ჩამოიტანა ინდაურები,
რომლებიც საჩუქრად მიიღო იმ დროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან,
ედუარდ სტეტინიუსისაგან და ვინმე ჯო კარტერისგან - ალაბამის შტატიდან.

- წარმოიდგინეთ ამ ჯოს გაოცება, როცა გაიგებს, რა შორს გაფრინდნენ მისი


ფრინველები, ვიდრე მაგიდაზე მოხვდებოდნენ, - თქვა მამამ, თან ინდაურს ჭრიდა
(ძალიან უყვარდა ეს საქმე). სუფრას ვუსხედით: ჩერჩილი თავის ქალიშვილ სარასთან
ერთად, იდენი, კომოდორი ტომპსონი, ლორდი მორანი, უოტსონი, ადმირალები
მაკინტაირი და ბრაუნი, შტეინგარდტი, ჩვენი მასპინძელი კირკი, ჯონ ბეტიგერი და
მე. ფანჯრებს მიღმა, ბაღში, საცეკვაო მუსიკას უკრავდა ორკესტრი, რომელიც კაიროს
სიახლოვეს, ჰეკსტეპში განლაგებული ჩვენი სამხედრო ბანაკიდან ჩამოვიდა.

სადილის დასასრულისკენ მამამ სადღეგრძელო წარმოთქვა. მოკლედ შეეხო


მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიციას და შეგვახსენა, რომ დღეს ამერიკელი
ჯარისკაცები და მეზღვაურები ამ ამერიკულ ტრადიციას ოცზე მეტი უცხო
სახელმწიფოს მოსახლეობას აცნობენ, მერე კი თქვა: - და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ
ერთხელ მახსენებს, რომ მაქვს ბედნიერება მადლიერების დღე დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრთან ერთად აღვნიშნო.
ჩერჩილი წამოდგა, რომ საპასუხო სადღეგრძელო წარმოეთქვა, მაგრამ მამამ განაგრძო:
- დიდ ოჯახებში, როგორც წესი, უფრო მეგობრულად ცხოვრობენ, ვიდრე პატარებში...
და, ამიტომ დღეს, როცა გაერთიანებული სამეფოს ხალხები ჩვენს ოჯახში
შემოვიდნენ, ჩვენ ერთად წარმოვადგენთ დიდ და აქამდე არარსებულ მეგობრულ
ოჯახს. მე ვსვამ ჩვენი ერთობის სადღეგრძელოს, დაე, ასე იყოს მარად!

პრემიერ-მინისტრმა საპასუხო სადღეგრძელო წარმოთქვა. ის შესანიშნავად ფლობდა


ექსპრომტის ხელოვნებას. ისიც ადიდებდა ერთობას, რომელსაც მივაღწიეთ ომის
წლებში და მოგვიწოდა მისი შენარჩუნებისა და გაძლიერებისაკენ.

მხოლოდ საღამოს, სადილის შემდეგ, მოახერხა მამამ პირადად გასაუბრებობდა


გენერალ სტილუელს. მაღალი, გამხდარი გენერალი ათ საათზე მოვიდა. თერთმეტის
ნახევარზე ისინი სასტუმრო ოთახში ტახტზე ისხდნენ და საუბრობდნენ. მე, ჩემი
სიძე ჯონი და ჰარი ჰოპკინსი მათ სიახლოვეს ვისხედით, ჩვენც ვსაუბრობდით,
მაგრამ უფრო მათ საუბარს ვუგდებდით ყურს.

QWELLY LIBRARY
სტილუელი, იგივე „ჯო-ძმარი“, ძალდაუტანებლად, გულწრფელად და მშვიდად
ლაპარაკობდა. ხმისთვის არც ერთხელ არ აუწევია, თითქმის არ წუწუნებდა, თუმცა
ერთიც და მეორეც სრულიად გამართლებული იქნებოდა. მას არცთუ იოლი საქმე
ხვდა წილად. ის ჰყვებოდა იმ სირთულეებზე, რომლებსაც შეეჯახა ჩან კაი-შისთან და
ჩინეთის სამხედრო მინისტრთან - ჰო ინ-ცინთან ურთიერთობის დროს, მაგრამ იქვე
დასძინა, რომ შეძლებს ამ სიძნელეების გადალახვას. სტილუელმა აღნიშნა: მას ხელთ
მეტი მასალა რომ ჰქონოდა ლენდ-ლიზის შესახებ, სამუშაო უფრო
გაუადვილდებოდა. მაგრამ პასუხი წინასწარ განჭვრიტა და აღიარა, რომ მომარაგების
გაზრდა თითქმის შეუძლებელი იყო. მამამ გამოჰკითხა გენერალს ლედოს გზის
თაობაზე, მას პირველწყაროსგან უნდოდა გაეგო, რა სირთულეებთან იყო ეს სამუშაო
დაკავშირებული და რამდენად შესაძლებელი იყო ამ ტექნიკურად მეტად რთული
ამოცანის წარმატებულად გადაჭრა. სტილუელმა მოახსენა, რომ ინგლისელები გზის
აშენების წინააღმდეგი არიან და ამისთვის სხვადასხვა მიზეზს იშველიებენ,
მალარიით დაწყებული და ამინდით დამთავრებული. მაგრამ „მენა
ჰაუსში“ გამართულ სხდომებზე ამერიკულმა თვალსაზრისმა გაიმარჯვა და
სტილუელმა მშვიდად და დამაჯერებლად აუხსნა მამას, რატომ უნდა აშენებულიყო
ეს გზა.

კაიროში ინგლისელები ცდილობდნენ, ჩინეთ-ბირმა-ინდოეთის საომარ მოქმედებათა


თეატრისთვის განზრახული სამხედრო მასალების თაობაზე კვებეკში მიღებული
გადაწყვეტილების გადასინჯვისთვის მიეღწიათ. ამით ისინი მომარაგების
შემცირებას კი არა, მათ სხვა პუნქტებზე გადასროლას ცდილობდნენ. სტილუელმა
მამას თავისი მოსაზრება გააცნო. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ კვებეკში
დადგენილი ნორმები შეცვლილიყო და, პირიქით, გაზრდილიყო.
სტილუელს არ მოუხდა იმის მტკიცება, რომ ჩინელებისგან კარგი ჯარისკაცები
დადგებოდნენ. მამა მზად იყო, მხარი დაეჭირა გენერლისთვის. ის დაინტერესდა, რა
წარმატებებს მიაღწიეს ჩინური არმიის მომზადებაში. სტილუელმა უპასუხა, რომ
მოქმედი არმიის შემადგენლობაში უკვე იყო ამერიკელების მიერ მომზადებული ორი
ჩინური დივიზია.

- ჯერჯერობით ისინი უფრო ცუდად იბრძვიან, ვიდრე სასურველია, - დაამატა მან, -


და სიმართლე გითხრათ, რაც შეიძლება სწრაფად მინდა იქ დაბრუნება, რომ მათ
პირველი ბრძოლების გადატანაში დავეხმარო. დარწმუნებული ვარ, მათი ქცევა
მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობითაა გამოწვეული. სამწუხაროდ,
ინგლისელებმა როგორც კი გაიგეს, რა მოხდა, როცა ეს დივიზიები პირველად
მოხვდნენ ცეცხლის ქვეშ, მაშინვე ხმაური ატეხეს.

სტილუელი დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ ჩინელების ბრძოლისუნარიანობის


შეფასება საბოლოო ჯამში დამტკიცდებოდა.

ახლა სასიამოვნოა იმის აღიარება, რომ ეს შესანიშნავი სარდალი მართალი აღმოჩნდა.

მამას აშკარად მოეწონა სტილუელი. მან თითქმის ერთი საათი არ გაუშვა გენერალი
და უთანაგრძნო იმ სიძნელეების გამო, რომლებსაც ის შეეჯახა.

მოგვიანებით, როცა მამა თავის ოთახში შევაცილე და ძილის წინ თითო გავაბოლეთ,
მან ისევ წამოიწყო ლაპარაკი სტილუელის ეკლიან გზაზე. მითხრა, რომ
ინგლისელები არ ეთანხმებოდნენ ჩვენს სტრატეგიას წყნარ ოკეანეში.

- ისინი კუნძულიდან კუნძულზე გადახტომას არ იწონებენ, - თქვა მან, - და საერთოდ


არ ესმით ჩვენი გეგმის, რომელიც ფილიპინების ბაზებად გამოყენებას გულისხმობს
ჩვენი მომავალი ოპერაციებისთვის იაპონიის წინააღმდეგ. - მამამ ირონიულად
გაიღიმა. - შესაძლოა არ სჯერათ, რომ ფილიპინელები მხარს დაგვიჭერენ, რადგან
თვითონ, არა მგონი, თავიანთი კოლონიების მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვონ.
ყოველ შემთხვევაში, - განაგრძო მან, - ინგლისელები თვლიან, რომ ჩვენ უარი უნდა
ვთქვათ ამ ნახტომებისაგან და მხოლოდ მალაის ნახევარკუნძული გავწმინდოთ, რის
შემდეგაც ჩვენ შევძლებდით ნელ-ნელა წინ წავწეულიყავით ჩინეთის სანაპიროს
გასწვრივ და იქ შეგვექმნა ბაზა იაპონიის წინააღმდეგ მომავალი ოპერაციებისთვის.

ჩემამდე უკვე მოაღწია ხმებმა ჩინეთის სანაპიროზე ჩვენი მოსალოდნელი


გადასხდომის შესახებ და ეს მამას ვუთხარი.

- დაიხ, რა თქმა უნდა, ესეც შედის ჩვენს გეგმებში, მაგრამ ამ ოპერაციებს უფრო
ჩრდილოეთისკენ ვაპირებთ, ინგლისელები კი თვლიან, რომ ეს იქ ვერ
განხორციელდება. გარდა ამისა, ის სურათი, რომელსაც ჩვენი დაზვერვა გვაწვდის,
ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ინგლისელები ხედავენ. ინგლისელები თვლიან,
რომ ჩინეთის სანაპირო სავსეა იაპონელებით, ჩვენ კი ვიცით, რომ ამ სანაპიროს
მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ჩინელი პარტიზანების ხელშია.

მე ვკითხე, არიან თუ არა ეს პარტიზანები ჩინეთის კომუნისტური პარტიის


სამხედრო ნაწილები, მამამ თავი დამიქნია.
- სხვათა შორის, ჩან კაი-ში ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჩინეთის კომუნისტები
სულაც არ ებრძვიან იაპონელებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, სინამდვილეში როგორია
მდგომარეობა.

სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ ჩვენი მე-14-ე საჰაერო არმიის მიერ


ჩატარებული ჩინეთის ტერიტორიის საჰაერო ფოტოდაზვერვის ყველა მონაცემი
ინგლისელებისგან საიდუმლოდ ინახებოდა, და მამას ამის შესახებაც ვუთხარი.

- ჩვენ უკვე დიდი ხანია, ამაზე ჩინელებთან მოვილაპარაკეთ, - მომიგო მან. -


ჩინელები დაბეჯითებით მოითხოვდნენ ჩვენგან დაპირებას, რომ ინგლისელებს არ
ვაჩვენებდით ჩვენი საჰაერო დაზვერვის მიერ შედგენილ რუკებს. მათ ამ პირობის
დადება ჯერ კიდევ მანამდე მოითხოვეს, ვიდრე ჩვენ მუშაობას შევუდგებოდით. ეს
ადვილი გასაგებია. მათ კარგად იციან, რომ ინგლისელებს ეს რუკები კომერციული
თვალსაზრისით - ომის დამთავრების შემდეგ სავაჭრო მიზნებისთვის აინტერესებთ.
სხვათა შორის, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ჩან კაი-შის. ის
გამწარებული ცდილობს, ჩვენი მხარდაჭერა მოიპოვოს, რომ ინგლისელებს
ჰონკონგში, შანხაიში და კანტონში დაბრუნების საშუალება არ მივცეთ იმავე
ექსტერიტორიული უფლებებით, რომლებითაც ისინი ომამდე სარგებლობდნენ.

ვკითხე, აპირებდა თუ არა ის, რომ ჩინელებს დახმარებოდა.

- უპირობოდ არა, - მომიგო მან, - მე ჯერ კიდევ მანამდე გამოვთქვი უკმაყოფილება


მისი მთავრობის შესახებ, ვიდრე ჩან კაი-ში ამ საკითხს დააყენებდა. ვუთხარი, რომ ის
არ არის დემოკრატიული თანამედროვე გაგებით. განვუცხადე, რომ მან ომის
დასრულებამდე იანანის კომუნისტებთან ერთად უნდა ჩამოაყალიბოს ნაციონალური
ერთობის ხელისუფლება. ის დამეთანხმა, ოღონდ ერთი პირობით: ჩვენგან უნდა
მიიღოს რწმუნებულება, რომ საბჭოთა კავშირი დათანხმდება ცნოს მანჯურიის
საზღვრები. ეს საკითხი თეირანში უნდა განვიხილოთ.

- ესე იგი, თუ შენ ამ საკითხს სტალინთან მოაგვარებ, ჩან კაი-ში ჩინეთში უფრო
დემოკრატიულ მთავრობას შექმნის? და ამისთვის კომპენსაციის სახით...

- სავსებით სწორად გაიგე. კომპენსაციის სახით ჩვენ მის პოზიციას დავიცავთ, რაც
იმას გულისხმობს, რომ ინგლისმა და სხვა ქვეყნებმა აღარ უნდა ისარგებლონ
განსაკუთრებული იმპერიალისტური უფლებებით ჰონკონგში, შანხაიში და კანტონში.

ეჭვგარეშეა, ეს შეთანხმება ბევრ კარგ რამეს გვპირდებოდა.

- განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ გენერალისიმუსი ჩან კაი-ში დათანხმდა, ჯერ


კიდევ არჩევნებამდე ჩართოს კომუნისტები ეროვნული მთავრობის შემადგენლობაში.
ფაქტობრივად, გარანტიის სახით, რომ არ მოვატყუებთ, ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ
უნდა: იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ჩვენ ისეთი ვითარება უნდა შევქმნათ,
რომლის დროსაც ინგლისის სამხედრო ხომალდები ჩინეთის პორტებში არ შევლენ. ამ
პორტებმა მხოლოდ ამერიკული სამხედრო ხომალდები უნდა მიიღონ. და მე
პირადად მივეცი ამის პირობა.

- გაგიჭირდება ამ პირობაზე ჩერჩილის თანხმობის მიღება - შევნიშნე მე.


- ის ძალიანაც ვერ შემეწინააღმდეგება, რადგან იაპონიის დამხობა, ძირითადად,
ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით ამერიკული იარაღით და ამერიკის ჯარების მიერ
განხორციელდება. - დარწმუნებით წარმოთქვა მამამ. - ომის შემდეგ ამერიკის
საგარეო პოლიტიკის ამოცანა იქნება, ვაიძულოთ ინგლისელები, ფრანგები და
ჰოლანდიელები მიხვდნენ, რომ მათ თავიანთი კოლონიები მხოლოდ იმ მეთოდებით
უნდა მართონ, რასაც ჩვენ ფილიპინებზე ვიყენებთ.

მამამ ისიც აღნიშნა, რომ ჩინელების უმრავლესობა ინგლისურ, ფრანგულ და


ჰოლანდიურ კოლონიალურ პოლიტიკას იაპონურს ამჯობინებენ. ის
გენერალისიმუსს მარტო ჩინეთის მომავალზე კი არ ესაუბრა, არამედ მალაის
სამთავროებზეც, ბირმაზეც, ინდო-ჩინეთზეც და ინდოეთზეც. ჩან კაი-ში ნამდვილად
გაამხნევა მამას პოზიციამ. მამამ განუცხადა მას, რომ ინგლისელები ინდოეთში უნდა
დაკმაყოფილდნენ უპირატესობით ეკონომიკაში და ქვეყანას პოლიტიკური
დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭონ, ფრანგები კი ომის შემდეგ ვერ მიიღებენ
უფლებას, დაბრუნდნენ ინდო-ჩინეთში და კვლავ დაეუფლონ ამ მდიდარ ქვეყანას
მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ოდესღაც ის მათი კოლონია იყო. მაქსიმუმი, რისი
იმედიც შეიძლება ფრანგებს ჰქონდეთ, არის ის, რომ შეუძლიათ მიიღონ მეურვეობის
უფლება თავიანთ კოლონიებზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე
აიღონ მათზე პასუხისმგებლობა. საბოლოო ჯამში, ამ კოლონიებს მიენიჭებათ
დამოუკიდებლობა, როგორც კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჩათვლის, რომ
ისინი უკვე მომწიფდნენ თვითმმართველობისათვის. მამამ ეს აზრი ჯერ კიდევ ერთი
წლის წინ გამოთქვა, დრომ კი მას ეს რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცა.

მეორე დილას მამა ძალზე დაკავებული იყო. მას მოუწია, მიეღო ჯემს ლენდისი,
ავერელ ჰარიმანი, ლორდი ლუის მაუნტბეტენი (რომელსაც სურდა, თავისი
საკუთარი გამორჩეული აზრი გამოეთქვა ჩინეთ-ბირმა-ინდოეთის საკითხზე კამათის
შესახებ), ქ-ნი ჩან კაი-ში, ადმირალი ლეგი და ელჩი ვაინანტი. როგორც იქნა, მეც
მოვახერხე მასთან ერთი წუთით შეღწევა და იმის თქმა, რომ მისი დავალებით
მოთხოვნილი „დამსახურებული ლეგიონის“ მედალი ჩამოიტანეს.

- შესანიშნავია! - წამოიძახა მან. მას ძალიან უყვარდა ასეთი სიურპრიზები. - იცი რა,
მოდი, ისე მოაწყვე, რომ საუზმის შემდეგ აიკი აქ მოვიდეს.

სამის ნახევარზე მოვიდნენ გენერლები ეიზენჰაუერი და მარშალი. მამამ გამოაცხადა,


რომ მას პატარა სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული. მისი თხოვნით, უოტსონმა
წინასწარ მომზადებული ბრძანება ჩაიკითხა. გენერალი ეიზენჰაუერი გაჭიმული
იდგა. როცა ბრძანება წაიკითხეს, მამამ სთხოვა აიკს, მიახლოებოდა და საკუთარი
ხელით დაუმაგრა მედალი კიტელზე.

- თქვენ ეს დაიმსახურეთ, აიკ, ბევრად მეტსაც იმსახურებთ.

აიკმა ცრემლებით სავსე თვალებით უპასუხა: - ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე


ბედნიერი წუთია, სერ. ეს ჯილდო ყველა სხვაზე ძვირფასია ჩემთვის.

საუზმის შემდეგ დასკვნითი პოლიტიკური სხდომა შედგა. ჩან კაი-ში მეუღლით,


ჩერჩილი, ჰარიმანი, იდენი და კადოგანი ბაღში შეიკრიბნენ და ორი საათის
განმავლობაში პრეზიდენტთან ერთად იმუშავეს კომუნიკეს ტექსტზე, რომელიც
თეირანის კონფერენციის შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო. ამ ტექსტით მსოფლიოს
უნდა გაეგო, რომ მანჯურია, ფორმოზა და პესკადორის კუნძულები ჩინეთს
დაუბრუნდებოდა, კორეა კი მრავალი წლის მონობის შემდეგ კვლავ მოიპოვებდა
თავისუფლებას.

შინაურულ წრეში ვისადილეთ. მამა და მისი თანმხლები პირები ადრე გაემართნენ


დასაძინებლად, რადგან დილით ხუთ საათზე უნდა ამდგარიყვნენ, რომ თეირანში
სიბნელის დადგომამდე ჩაფრენილიყვნენ. მთელ გზაზე კარგი ამინდი იყო
მოსალოდნელი. მე მათთან ერთად არ გავფრენილვარ, რადგან კაიროში ჩემი
თვითმფრინავი მყავდა, რომლითაც მაიორი ლეონ გრეი ჩამოფრინდა. მინდოდა, ამ
თვითმფრინავით გავფრენილიყავი თეირანში, რადგან არ ვიცოდი, რამდენ ხანს
გავჩერდებოდი ირანში, საშუალება უნდა მქონოდა ნებისმიერ წუთს
გამოვფრენილიყავი უკან. გარდა ამისა, გენერალმა ეიზენჰაუერმა დამპატიჟა
ექსკურსიაზე ლუქსორის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

ამიტომ, როცა მამა და მისი თანმხლებნი გაფრინდნენ, მე და ლეონ გრეი და კიდევ


ჩვენი ეკიპაჟის ერთი წევრი, სერჟანტი კრამი ნილოსს დავუყევით. იქ აიკს და მის
თანამგზავრთ უნდა შევხვედროდით. შაბათ საღამოს ჩავედით ლუქსორში და
გავჩერდით სასტუმროში, რომელშიც ჩვენთვის ნომრები იყო მომზადებული. იქ
სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა - ვესტიბულის გვერდით ოთახში იდგა ძველი,
შელახული პიანინო და სერჟანტი კრამი გახარებული მივარდა მას. მშვიდობის დროს
ის კეი კაიზერის ორკესტრის პიანისტი იყო. ახლა ის დიდი სიამოვნებით მიუჯდა
პიანინოს, თითები გაავარჯიშა და საქმეს შეუდგა. სადილის შემდეგ ის ორ საათზე
მეტხანს უკრავდა. ჩვენ ყველანი, აიკის ჩათვლით, ვისხედით და მოჯადოებულები
ვუსმენდით. საკმარისი იყო თვალები დაგეხუჭა, მოგეჩვენებოდა, რომ სახლში ხარ და
ომი აღარ არის.

მეორე დღეს მოვინახულეთ ფარაონების აკლდამები, მერე რამდენიმე ძველი


„ფორდით“ გავედით ბუნებაში სასაუზმოდ და ამ დასვენებისა და უსაქმურობის
დღის ბოლოს კარნაკის უზარმაზარი, დიდებული ტაძარი დავათვალიერეთ.

ყველამ დავივიწყეთ ყოველგვარი საზრუნავი. მხოლოდ გენერალ ეიზენჰაუერს


მუდმივად აწუხებდა აზრი, რომ კაიროსა და თეირანის კონფერენციების და
ევროპაში შეჭრის თაობაზე კამათის შემდეგ, მოკავშირეთა ძალების სარდლობა
გენერალ მარშალს დაევალებოდა, მას ეიზენჰაუერს კი საპატიო დაწინაურებას
შესთავაზებდნენ და სამხედრო სამინისტროში რომელიმე საკაბინეტო
თანამდებობაზე დანიშნავდნენ.

სამჯერ თუ ოთხჯერ მან მოწყენილი ხმით წამოიწყო ამაზე საუბარი. მე ვფიქრობ, ის


ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მის გვერდით მთავარსარდლის ვაჟიშვილი იმყოფებოდა.
მაგრამ მე, საკუთარი თავისთვის ჩარევის უდლებაც რომ მიმეცა, მაინც ვერაფერს
შევძლებდი. მე მხოლოდ შემეძლო მეთქვა: „შტაბების უფროსები, ეჭვგარეშეა, თქვენ
დაგეკითხებიან რჩევას, სერ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ“. თუმცა,
არც ამაში ვიყავი დარწმუნებული.

მე, ლეონ გრეი და სერჟანტი კრამი მომდევნო დღეს თეირანში გაფრენას ვაპირებდით,
მაგრამ ჩვენს „B-25“ შეკეთება დასჭირდა. ამიტომ მხოლოდ 29-ში, ორშაბათ საღამოს,
გავფრინდით. იმედი გვქონდა, ისე გადავუფრენდით არაბეთის უდაბნოს, რომ
მხოლოდ ერთხელ დაგვჭირდებოდა დაჯდომა ჰაბანაიში საწვავისთვის.
თეირანის აეროდრომზე სამშაბათს, ცხრის ნახევარზე დავეშვით და აღმოჩნდა, რომ
იქ მყოფთათვის უნებურად ბევრი სანერვიულო და საზრუნავი გაგვიჩენია. სამყაროს
ამ ნაწილში არსებული კავშირის უვარგისი საშუალებების გამო ვერ შევატყობინეთ
მამაჩემს, რომ ერთი დღით ლუქსორში შევყოვნდებოდით. ყველა დარწმუნებული
იყო, რომ იძულებული გავხდით, სადღაც არაბეთის უდაბნოში დავშვებულიყავით
და ჩვენს მოსაძებნად უკვე აპირებდნენ თვითმფრინავების გამოშვებას. ასე რომ
მომხდარიყო, იძულებითი დაჯდომა დიდ სიამოვნებას ნამდვილად ვერ
მოგვანიჭებდა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ საუდის არაბეთის
მომთაბარეები არცთუ სასიამოვნო ადამიანები არიან. ამიტომ, მამამ, როცა
შეატყობინეს, რომ მშვიდობიანად ჩამოვფრინდით, შვებით ამოისუნთქა.

გამოგიტყდებით, მეც იგივეს განვიცდიდი.

თავი მეშვიდე. თეირანის კონფერენცია

77 ამერიკელის თვალწინ, რომლებიც კონფერენციაზე ჩამოვიდნენ თეირანში,


სრულიად მოულოდნელად თანამედროვე ქალაქი გადაიშალა. მისი სახლები და
რკინიგზის ხაზები დაბალი ქედის ძირში იყრიან თავს. ეს ქედი თავისი გორაკებით
დასავლეთისკენ და სამხრეთისკენ ვითარდება და მათ შორის მოქცეულ დიდ
ქვაბულში მდებარეობს თეირანი. მის ირგვლივ მრავალ მილზე გადაშლილია
უდაბნო, რომელშიც აქა-იქ შეგხვდებათ სოფლები. სოფლებს ერთი თუ ორი
სარკინიგზო ხაზი კვეთს. „დიდი სამეულის“ გადაწყვეტილება, სწორედ აქ
შეხვედროდნენ ერთმანეთს, კომპრომისი იყო და ვფიქრობ, ამ არჩევანით შეხვედრის
სამი ძირითადი მონაწილისგან არც ერთი არ იყო კმაყოფილი. სტალინი, რომელიც
მთავარსარდლის მოვალეობით იყო შებოჭილი, მოითხოვდა, რომ შეხვედრა ისეთ
ქალაქში შემდგარიყო, რომელიც ერთი დღის საფრენ მანძილზე იქნებოდა
მოსკოვიდან. საბოლოოდ „დიდი სამეული“ შეიკრიბა იმ ქვეყნის დედაქალაქში,
რომელიც მეგობრულ ნეიტრალიტეტს იცავდა - გაერთიანებული ერების ერთ-ერთ
დედაქალაქში. სხვათა შორის, ამ ქვეყნის შესახებ სხვა რაიმე დადებითის თქმა
ძნელია.

სამაგიეროდ, აქ ძალიან ადვილად იპოვიდით უარყოფითს. უპირველეს ყოვლისა,


ბოლო დრომდე თეირანი იყო შუა აღმოსავლეთის ღერძის სახელმწიფოების ჯაშუშთა
ქსელის ცენტრი. და ჩვენი საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელი, მაიკ რეილი
იზიარებდა საბჭოთა საიდუმლო სამსახურის აგენტების რწმუნებას, რომ
მიუხედავად წინასწარ მიღებული ზომებისა, ათასობით ლტოლვილთა შორის,
რომლებიც თეირანს მოაწყდნენ ევროპიდან, ათობით იყვნენ ნაცისტთა აგენტები და
თანამგრძნობნი. მეორე - მსოფლიოში ყველაზე საშინელი სანიტარული პირობები
თეირანში იყო. სასმელი წყალი ქალაქს მთებიდან ღია არხებით მიეწოდება. ბედნიერი
ხარ, თუ ქალაქის ზედა ნაწილში ცხოვრობ, რადგან წყალს ყველაზე ადრე მოიხმარ.
მაგრამ, ამავე დროს, საზოგადოების მტერიც ხდები, რადგან ამ არხებს
კანალიზაციისთვისაც იყენებ. ასე რომ, ის უბედურები, ვინც ქალაქის ცენტრში ან
ქვედა უბნებში ცხოვრობენ, სასმელად მეზობლების ნარეცხ წყალს იყენებენ.
საკვირველია, რომ ადამიანები არ ავადდებიან ტიფით, მალარიით ან დიზენტერიით.
ქალაქმა, რომელსაც ფართო ქვაფენილიანი ქუჩები, შედარებით თანამედროვე
საავადმყოფოები, უნივერსიტეტი, მუზეუმები, კარგი ელსადგური და სატელეფონო
ქსელიც კი გააჩნია, რატომ არ იზრუნა იმაზე, რაც პირველ რიგში უნდა გაეკეთებინა -
წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებზე, - საიდუმლოდ რჩება.

და, თუკი სხვა მხრივ თეირანი თანამედროვე, აყვავებულ ქალაქად გამოიყურებოდა,


მაინც შეიმჩნეოდა, რომ ირანის ეკონომიკა არც თანამედროვე იყო და არც აყვავებული.
დედაქალაქის გარშემო სტეპებია გაწოლილი, სადაც მომთაბარე ტომების ნახირი
ძოვს. მომთაბარეები ყველგან უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ, გარდა ქვეყნის
ჩრდილოეთ ნაწილისა, სადაც მიწები უფრო ნაყოფიერია და ამიტომ ცხოვრებაც
შედარებით ადვილია. სამხრეთში განლაგებულ ნავთობის მომპოვებელ - ინგლისის
საკონცესიო საწარმოებს, უზარმაზარი სიმდიდრე მოაქვთ დიდგვაროვანი
სპარსელების მხოლოდ მცირე ფენისათვის და სახელმწიფო მოხელეებისთვის, მაგრამ
სრულიად არაფერი ერგება დანარჩენ მოსახლეობას.

ამასთან ერთად, ომმა გამოიწვია ძლიერი ინფლაცია: ტომარა ფქვილის ფასი


ნებისმიერი ირანელის წლიურ შემოსავალზე მეტი იყო, არ ითვლება თეირანის
სახელმწიფო მოხელეები. ლტოლვილები ერთ კოლოფ ამერიკულ პაპიროსში
იხდიდნენ თანხას, რომელიც 5 ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა, ავტომობილის
საბურავში - 2000-ს, რადიომიმღებში - 8000-ს, შვეიცარულ მაჯის საათში - 15000-ს.

ასეთ წარმოუდგენელ სიძვირეზე ირანელი ჩინოვნიკები მხოლოდ ხელებს შლიდნენ,


გაკეთებით კი არაფერს აკეთებდნენ.

ჩვენთვის ეს ყველაფერი თეირანში რამდენიმე დღის ყოფნის მერე გახდა ცნობილი.


აეროდრომზე დაფრენის შემდეგ მთელი საათი არმიის მანქანის ლოდინში
დავკარგეთ. მანქანას ქალაქში უნდა წავეყვანეთ. უსაქმოდ ყოფნას აეროდრომის
დათვალიერება ვარჩიეთ. აეროდრომზე ჩამწკრივებული იყო ლენდ-ლიზით
მიწოდებული თვითმფრინავები „P-39“, ფრთებზე ახლად მიხატული წითელი
ვარსკვლავებით. კიდევ ერთი საათი სწორი მისამართის ძებნაში დავკარგეთ. მე, რა
თქმა უნდა, პირველად ამერიკის მისიისკენ გავემართე, მაგრამ იქ მითხრეს, რომ მამა
საბჭოთა საელჩოში იყო გაჩერებული. როგორც მოგვიანებით გავიგე, ამას
სერიოზული მიზეზები ჰქონდა. თავდაპირველად მამას პირადად მარშალ სტალინის
მიწვევაზე უთქვამს უარი იმ მოტივით, რომ არ უნდოდა, ვინმეს სტუმრად ეგრძნო
თავი. გარდა ამისა, მას უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი ინგლისელების მიწვევაზე და არ
სურდა, მათთვის ეწყენინებინა რუსების მიწვევის მიღებით. მაგრამ ბოლოს, რადგან
ეს უფრო მოსახერხებელი და, რაც მთავარია, უსაფრთხო იქნებოდა, ის დათანხმდა.
ამერიკის საელჩო შორს იყო, როგორც ინგლისის ისე საბჭოთა კავშირის
საელჩოებისგან, რომელთაც ერთი ქუჩა ყოფდათ. და რადგან, ქალაქი, ეჭვგარეშეა,
სავსე იყო ღერძის ქვეყნების ჯაშუშებით (შემდგომში საბჭოთა საიდუმლო
სამსახურის აგენტებმა გვაცნობეს რამდენიმე პირის დაპატიმრების შესახებ,
რომლებიც „დიდი სამეულის“ წევრებზე თვდასხმას ამზადებდნენ), სავსებით
გონივრული იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილას გაჩერება. ელჩმა ჰარიმანმა მამას
უთხრა, ინგლისის ან საბჭოთა წარმომადგენლებს ამერიკის საელჩოსაკენ მომავალ
გზაზე რამე რომ შემთხვეოდათ, პასუხისმგებლად მამა იგრძნობდა თავს.

რაღა თქმა უნდა, რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მამაჩემისთვის საელჩოში ყოფნა
სასიამოვნო ყოფილიყო.
თვითინ სტალინი ერთ-ერთ მომცრო სახლში დასახლდა, მთავარი შენობა კი მამას
დაუთმო. ისევე როგორც კაიროში, მამაჩემის კვება აქაც ევალებოდათ შესანიშნავ
მზარეულებს და ფილიპინელ ოფიციანტებს, რომლებიც აშშ-ს ფლოტში
მსახურობდნენ და თეირანში მასთან ერთად ჩამოვიდნენ.

ძალიან მოსახერხებელი იყო ოთახების განლაგებაც: მამაჩემის ოთახები პირდაპირ


საელჩოს იმ დარბაზში გადიოდა, სადაც კონფერენციის ყველა პლენარული სხდომა
უნდა ჩატარებულიყო.

მამაჩემის ნახვა მხოლოდ დილის თორმეტი საათისთვის შევძელი. სწორედ აქ


შევიტყვე, რომ ჩემს დაგვიანებას ის ძალზე შეუშფოთებია.

- ნუთუ შენ ისედაც ცოტა გაქვს საფიქრალი სტალინთან შეხვედრასთან და სხვა


საქმეებთან დაკავშირებით, რომ ჩემს დაგვიანებაზეც არ იღელვო?

- მაინც რა მოხდა? ჩვენ პალესტინას მივმართეთ...

საქმე ის იყო, რომ თავდაპირველად ეიზენჰაუერი პალესტინაში აპირებდა ორდღიანი


ექსკურსიის მოწყობას და მხოლოდ მამაჩემის წასვლის შემდეგ გადაწყვიტა
ლუქსორში გამგზავრება.

- მაპატიე, მამა. თქვენთან რადიოთი დაკავშირების შესაძლებლობა რომ გვქონოდა...

- განსაკუთრებით მას მერე ავნერვიულდი, რაც ინგლისელებმა იმ ადამიანების ბედის


შესახებ გვიამბეს, რომლებსაც იძულებით მოუხდათ დაჯდომა არაბეთში.

მამას ვკითხე, დაკავებული ხომ არ იყო და ხომ არ აჯობებდა, მარტო დამეტოვებინა.

- საქმე არაფერი მაქვს, მხოლოდ რამდენიმე წერილია ვაშინგტონიდან, მიპასუხა მან, -


დარჩი ჩემთან.

ჩვენ ვიყავით მის სასტუმრო ოთახში - უბრალო, მოხერხებულ, კარგად გაწყობილ


ოთახში პირველ სართულზე. ფანჯრები საელჩოს ტერიტორიის იმ მხარეს გადიოდა,
სადაც უმშვენიერესი აყვავებული ბაღები იყო. ტახტზე მამაჩემის გვერდით
ჩამოვჯექი. მიუხედავად დაღლილობისა ხანგრძლივი ღამეული ფრენის შემდეგ,
აღგზნებული ვიყავი და ძალიან მინდოდა გამეგო, როგორ მიდიოდა საქმე. შეხვედრა,
რომლის ორგანიზებაზეც მამა წელიწადზე მეტხანს მუშაობდა ამ მეტად მძიმე,
სისხლიან დროში, საცაა უნდა შემდგარიყო.

- როგორია, მამა? თუ ჯერ არ გინახავს?

- ბიძია ჯო? როგორ არა, ვნახე. შაბათს მინდოდა ვახშმად მომეპატიჟებინა, მაგრამ
მიპასუხა, რომ ძალიან დაღლილი იყო. გუშინ საღამოს კი, როცა აქ მოვედი, ჩემთან
შემოიარა.

- პირდაპირ აქ შემოიარა?

მამას გაეცინა.

- მარშალი აი, აქ იჯდა, ამ ტახტზე, ელიოტ. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა შენ
ზიხარ.
- პრემიერ-მინისტრი?

- პირველ ჯერზე მხოლოდ მე და ბიძია ჯო ვიყავით. ჰო, და პავლოვი, მისი


თარჯიმანი.

მამას ვკითხე, მათ შეხვედრას ხომ არ ესწრებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის


ექსპერტი რუსეთის საქმეებში, ჩარლზ ბოლენი.

- იცი, - გაიღიმა მან, - მირჩევდნენ მის მოწვევას, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ სტალინი
ჩვენი თარჯიმნის არყოფნას ისე შეხვდებოდა, როგორც მისადმი ნდობის
გამოხატულებას. თანაც ეს საქმესაც გააიოლებდა და დროსაც დავზოგავდით.

თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. ეს მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო,


სტალინს ინგლისელებისა და ამერიკელებისადმი არანაირი ეჭვი რომც არ ჰქონოდა.
ასეთ შეხვედრას არაოფიციალური, დიპლომატიური ეტიკეტისაგან თავისუფალი
მეგობრული და გულითადი კავშირის ატმოსფერო უნდა შეექმნა.

- რაზე ისაუბრეთ? თუ ეს სახელმწიფო საიდუმლოა?

- არა, სულაც არა. საუბარი დაახლოებით ასეთი ხასიათისა იყო: „როგორ მოგეწონათ
თქვენი საცხოვრებელი?“, „თქვენი ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს სახლი
დამითმეთ“, „ახალი რა არის აღმოსავლეთის ფრონტზე?“ (სხვათა შორის, იქიდან
შესანიშნავი ამბები მოდის. სტალინი ძალზე კმაყოფილია. მას იმედი აქვს, რომ
ვიდრე ჩვენ აქაურობას დავტოვებთ, წითელი არმია პოლონეთის საზღვარს
გადალახავს.) მოკლედ, ასეთი საუბარი წარიმართა. სურვილი არ მქონდა, პირდაპირ
საქმეს შევდგომოდით.

- ერთმანეთს ზვერავდით. არა?

მამამ შუბლი შეიჭმუხნა.

- მე ასე არ ვიტყოდი.

- ვიხუმრე, - გამოვასწორე ნათქვამი.

- ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ვარკვევდით, როგორი ადამიანები ვართ.

- როგორი ადამიანია?

- როგორ გითხრა...…მას დაბალი ხმა აქვს. ლაპარაკობს დინჯად. საკუთარ თავში


დაჯერებული ჩანს, აუჩქარებელია... ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.

- მოგეწონა?

მამამ მტკიცედ დამიქნია თავი.

სტალინი მასთან მხოლოდ რამდენიმე წუთით გაჩერდა, შემდეგ ოფიციალური


ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრი მოლოტოვი ეწვია. ოთხ საათზე კი „დიდი
სამეულის“ პირველი პლენარული სხდომა შედგა. ინგლისელები, კვლავ სხვაზე
მეტნი იყვნენ. მათ რვა დელეგატი ჰყავდათ, რა თქმა უნდა, ჩერჩილის მეთაურობით.
ამერიკის წარმომადგენლები შვიდნი იყვნენ: მამა, ჰოპკინსი, კინგი, გენერალ-მაიორი
დინი (მოსკოვში ჩვენი სამხედრო ატაშე), კაპიტანი როიალი და ბოლენი. რუსები
ყველაზე ცოტანი იყვნენ: სტალინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი[15], ერთი მდივანი და
სტალინის თარჯიმანი პავლოვი.

- სტალინს ჩვენი ოპერაციის - „ოვერლორდის“ გეგმა ვაჩვენეთ, - ღიმილით თქვა მამამ.


- მან გეგმას დახედა, ერთი-ორი კითხვა დაგვისვა და მერე პირდაპირ იკითხა:
„როდის?“

სხდომა საინტერესო იქნებოდა, - შევნიშნე მე. მერე ვკითხე, სად იყვნენ ამ დროს
მარშალი და არნოლდი. აღმოჩნდა, რომ მათ დღის პროგრამა არევიათ და მანქანით
თეირანის დათვალიერება განუზრახავთ.

- დარწმუნებული ვარ, მე და სტალინი გავუგებთ ერთმანეთს, - თქვა მამამ. - უახლოეს


დღეებში გაქარწყლდება წარსულის მრავალი გაუგებრობა და ეჭვი, იმედი მაქვს,
ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ, რაც შეეხება ბიძია ჯოს და უინსტონს...

- არც ისე კარგად არის საქმე?

- აქ დიდი სამუშაოს ჩატარება მელის. ერთმანეთისგან ისეთი განსხვავებულები არიან,


ისეთი სხვაობაა მათ შეხედულებებში, ტემპერამენტში...

მიამბო სადილის შესახებ, რომელიც მან სტალინის, ჩერჩილის და უმაღლესი


დიპლომატიური წარმომადგენლების პატივსაცემად გამართა და იმაზე, სადილის
შემდეგ როგორ ისხდნენ მასთან 11 საათამდე და ფრთხილად და აუჩქარებლად
საუბრობდნენ პოლიტიკაზე. საუბრის დროს თარგმნის აუცილებლობა არ აღმოჩნდა
დიდი დაბრკოლება. სამაგიეროდ, მეტად სერიოზული დაბრკოლება იყო სტალინისა
და ჩერჩილის დიამეტრულად განსხვავებული შეხედულებები.

მამას თავშესაქცევ ამბად მოეჩვენა, რომ მარშალ სტალინის ყოფნამ ჩერჩილს


ჩვეულებრივი მოკვდავის ვნებები გაუღვიძა: კასაბლანკაში ჩერჩილს ჩვეულებრივ
ზოლებიანი ლურჯი კოსტიუმი ეცვა, კაიროში - თეთრი საზაფხულო, თეირანში კი,
სტალინი სამხედრო მუნდირში რომ დაინახა, ჩერჩილმაც სამეფო საჰაერო ძალების
უმაღლესი ოფიცრის მუნდირი ჩაიცვა.

დავინტერესდი, სადილის მერე რომელი პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

- ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაც კი თავში მოგვივიდა, - მიპასუხა მამამ. და


ჩამომითვალა საუბრის თემები: ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობა, იმ სამი
სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლებმაც მშვიდობა უნდა განამტკიცონ - მშვიდობა
იმდენად არის დამოკიდებული ამ სამი სახელმწიფოს შეთანხმებულ მოქმედებაზე,
რომ ძირითადი საკითხების განხილვისას ერთ-ერთის უარყოფითი პოზიციის
შემთხვევაში, მას უფლება ექნება, ვეტო დაადოს სადავო საკითხს. მაგრამ მან თქვა,
რომ ვეტოს საკითხი ჯერ კიდევ დაწვრილებითაა განსახილველი, თუმცა, ზოგადად
ეთანხმება ამ პრინციპს, რადგან მომავალში ამან უნდა განამტკიცოს
„სამეულის“ ერთობა.

- იმაზეც შევთანხმდით, რომ მშვიდობა ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ,


ამისთვის ძალის გამოყენებაც რომ გახდეს საჭირო. ჩვენთვის მთავარია, იმაზე
მოვილაპარაკოთ, ომის შემდგომ მსოფლიოში რა გახდება საერთო უსაფთხოების
ზონა თითოეული ქვეყნისათვის. მართალია, ეს მომავლის საქმეა, მაგრამ ჩვენ ამას
უკვე შევუდექით.

მამას მდივანმა, ლეიტენანტმა რიგდონმა კარში თავი შემოყო და შეახსენა, რომ


ვაშინგტონიდან მიღებული ფოსტისთვის უნდა გადაეხედა. მე კარისკენ გავემართე,
მაგრამ მამამ მომაბრუნა.

- ჰო, მართლა, - მითხრა მან გამარჯვებული ტონით, - შენ, ალბათ, ჯერ არ გაგიგია
შაბათის მატჩის შედეგები.

- მატჩის? - გაოცებით შევეკითხე მე.

- არმია ფლოტის წინააღმდეგ, შენ, რა თქმა უნდა, არმიაზე ჩამოდიოდი ფსონს.


გადამიხადე ათი დოლარი. ანგარიში 13:1-ა! და ხელი გამომიშვირა.

- მერჩივნა, სახელმწიფო საქმეებით ყოფილიყავი დაკავებული, - განვუცხადე


უკმაყოფილო ტონით და ფული მივეცი.

მისაღებში გამოვედი. სხდომის დარბაზიდან ხმები გამოდიოდა, - იქ გულმოდგინედ


მუშაობდნენ ამერიკის, ინგლისის და საბჭოთა შტაბების წარმომადგენლები.
შენობიდან გამოვედი. მინდოდა, საელჩოს ტერიტორია დამეთვალიერებინა. ყველგან
რუსების დაცვა იდგა, ძირითადად, ოფიცრები; ყველა ძალიან მაღალი იყო,
არანაკლებ 6 ფუტისა და 2 დუიმისა. დიდხანს ვსეირნობდი ეზოში და აღმოვაჩინე,
რომ სათანადოდ განთავსებული დაცვისა და საგანგებო ფარების განლაგებით
საბჭოთა და ინგლისის საელჩოები ერთ მთლიან მამულად იყო გაერთიანებული,
ყველა მხრიდან ფხიზელი დაცვით გარშემორტყმული. დაცვის ბევრი წევრი
სამოქალაქო ტანსაცმლით იყო და დავასკვენი, რომ ისინი საბჭოთა საიდუმლო
სამსახურის აგენტები იყვნენ. ყველას საეჭვოდ ჰქონდა გამობერილი პიჯაკები:
როგორც ჩანს, ეს ადამიანები საფუძვლიანად იყვნენ შეიარაღებულები. სტალინს
ნამდვილად არ სურდა, თავისი სტუმრების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დაეყენებინა.

საუზმის შემდეგ მამამ ამერიკის შტაბების უფროსები მიიღო, რათა მათი მოხსენებები
მოესმინა დილის სხდომების შედეგებზე. ლეგიმ, მარშალმა და დანარჩენებმა
სათქმელი ლაკონიურად ჩამოაყალიბეს. 15 წუთიც არ იყო გასული, რომ მათ
დაასრულეს თავიანთი მოხსენებები მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც
ძირითადად ეხებოდა „ოვერლორდის“ ოპერაციას - ვადებს, მასშტაბებს და მის
ხელმძღვანელობას.

როდესაც ისინი ინგლისელ კოლეგებთან და მცირერიცხოვან საბჭოთა


წარმომადგენლებთან თათბირის გასაგრძელებლად გავიდნენ, მე მამას მივაშურე.
ვღელავდი სტალინისა და მოლოტოვის დაგეგმილი ვიზიტის გამო. ისინი ზუსტად
დათქმულ დროს მოვიდნენ გალეული პავლოვის თანხლებით. მათ ჩემი თავი
წარუდგინეს. სავარძლები მამაჩემის ტახტთან ახლოს მივწიეთ. მე დავჯექი, აზრებს
ვიკრებდი. გამაკვირვა იმან, რომ სტალინი საშუალოზე დაბალი აღმოჩნდა, თუმცა ეს
ადრეც მითხრეს. მესიამოვნა, რომ ის გულითადად მომესალმა და ისე მხიარულად
შემომხედა, რომ მეც მომინდა, ღიმილით მეპასუხა.

სტალინმა ლაპარაკი დაიწყო. თან მე და მამას მაგარი თამბაქოს რუსული პაპიროსები


შემოგვთავაზა - ორდუიმიანი მუყაოს მუნდშტუკით. მივხვდი, რომ მიუხედავად
მისი დაბალი ხმისა, მშვიდი მეტყველების და დაბალი ტანისა, მასში უზარმაზარი
ენერგია იყო დაფარული. ის, როგორც ეტყობოდა, თავდაჯერებულობისა და
თავშეკავების კოლოსალურ მარაგს ფლობდა. ვუსმენდი სტალინის მშვიდ ლაპარაკს,
ვაკვირდებოდი მის უეცარ, დამაბრმავებელ ღიმილს და ვგრძნობდი თვით მის
სახელში ჩადებულ სიმტკიცეს: „სტალ“, რაც ფოლადს ნიშნავს.

45 წუთის მანძილზე ძირითადად ის და მამა ლაპარაკობდნენ. თავიდან სტუმარს


ვათვალიერებდი და შევნიშნე, რომ მას კარგად შეკერილი ჩალისფერი სამხედრო
კოსტიუმი ეცვა. მერე საუბარსაც მივუგდე ყური. ისინი საუბრობდნენ შორეულ
აღმოსავლეთზე, ჩინეთზე, იმ საკითხებზე, რომლებიც მამამ ადრე გენერალისიმუს
ჩან კაი-შისთან განიხილა. მამა ლაპარაკობდა ჩან კაი-შის მისწრაფებაზე, ბოლო
მოეღო ინგლისის ექსტერიტორიული უფლებებისთვის შანხაიში, ჰონკონგში და
კანტონში, მის შეშფოთებაზე მანჯურიის თაობაზე და იმაზე, რომ საბჭოთა კავშირმა
პატივი უნდა სცეს მანჯურიის საზღვრებს. სტალინმა უპასუხა, რომ მისთვის
ძირითადი პრინციპი იყო საბჭოთა კავშირის სუვერენიტეტის საერთაშორისო
აღიარება, და მაშინ ის, თავის მხრიდან, პატივს მიაგებდა ყველა ქვეყნის - პატარისა
თუ დიდის - სუვერენიტეტს. შემდეგ მამა გადავიდა სხვა თემებზე, რომლებსაც ის და
ჩან კაი-ში შეეხნენ, ახსენა გენერალისიმუსის დაპირება ჩინეთში საყოველთაო
არჩევნების ჩატარებამდე ჩინელი კომუნისტების შეყვანაზე მთავრობის რიგებში და
გამარჯვების შემდეგ ამ არჩევნების რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარებაზე.
მამაჩემის ყოველი წინადადების თარგმნის შემდეგ სტალინი, თანხმობის ნიშნად,
თავს აქნევდა.

თანამოსაუბრეებს სხვა პოლიტიკური საკითხები არ განუხილავთ. სხვა მხრივ


საუბარი არაოფიციალური და ძალდაუტანებელი იყო. დაახლოებით ოთხის
ნახევარზე „მამილო“ უინსტონმა შემოიხედა და განაცხადა, რომ ყველაფერი მზად
იყო. ყველანი წამოვდექით და კონფერენციის სხდომათა დარბაზისაკენ გავემართეთ.

როგორც აღმოჩნდა, იქ ყველაფერი მომზადებული იყო ოფიციალური


ცერემონიისათვის: ჩერჩილს მეფისა და ინგლისის ხალხის სახელით სტალინისთვის
უნდა გადაეცა დიდი ჯვრის ფორმის ტარიანი ხმალი - ლეგენდარული
სტალინგრადის ბრძოლაში მონაწილე გმირების პატივისცემის ნიშნად, იმ ქალაქისა,
სადაც საბოლოოდ გატეხეს ხერხემალში ნაცისტური გერმანიის არმია და სამუდამოდ
გაიფანტა ნაცისტების უძლეველობის მითი.

სხდომათა დარბაზი სავსე იყო: საპატიო ყარაული, რომელიც წითელი არმიის


ოფიცრებისა და ინგლისელი „ტომები“-სგან შედგებოდა, წითელი არმიის ორკესტრი,
იმ სამი უდიდესი სახელმწიფოს არმიებისა და ფლოტების მეთაურები, რომლებიც
ფაშიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მე და მამა რომ შევედით, სტალინი და
ჩერჩილი დარბაზში დაგვხვდნენ. ორკესტრმა ჯერ საბჭოთა ნაციონალური ჰიმნი
დაუკრა, მერე - ინგლისის. ოთახი მუსიკით აივსო და ღია ფანჯრებიდან გარეთ
იღვრებოდა. ამ წუთების საზეიმო მნიშვნელობა ყველას სახეზე ეწერა. პრემიერ-
მინისტრმა წარმოთქვა: „მისმა უდიდებულესობამ, მეფე გეორგ VI-მ დამავალა ქალაქ
სტალინგრადისთვის გადასაცემად მომერთმია თქვენთვის მისი უდიდებულესობის
მიერ მოწონებული და შერჩეული ნახატის მიხედვით ინგლისელი ოსტატების მიერ
შესრულებული ეს საპატიო ხმალი, ხმლის პირზე ამოტვიფრული იყო წარწერა: „მეფე
გეორგ VI-ის საჩუქარი იმ ადამიანებს, რომლებსაც ფოლადის გულები უდევთ
მკერდში - სტალინგრადის მოქალაქეებს ინგლისელი ხალხისგან პატივისცემის
ნიშნად“.

ჩერჩილმა ჩამოართვა ხმალი ინგლისელ ოფიცერს, შემობრუნდა და გადასცა მარშალს,


რომლის ზურგს უკან იდგა წითელარმიელი მეავტომატეების საპატიო ყარაული.

ისინი მდუმარედ, მაგრამ აშკარა ინტერესით ადევნებდნენ თვალს, როგორ მიიღო


მათმა მთავარსარდალმა ხმალი ჩერჩილისგან, ერთი წამით ხელში დაიკავა, მერე
ტუჩებთან მიიტანა და მის ტარს ეამბორა.

ჩვენ გვითარგმნეს მისი პასუხი.

- სტალინგრადის მოქალაქეების სახელით მსურს, საჩუქრისათვის უღრმესი


მადლიერება გამოვხატო მეფე გეორგ VI-ის მიმართ. სტალინგრადის მოქალაქეები
დიდად დააფასებენ ამ საჩუქარს და, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, მათი
მადლობა მის უდიდებულესობა ინგლისის მეფეს გადასცეთ.

სიჩუმე ჩამოვარდა. მარშალმა ნელა შემოუარა მაგიდას, მივიდა მამასთან და გაუწოდა


მას ხმალი დასათვალიერებლად. ჩერჩილს ქარქაში ეჭირა, მამამ კი ნაწრთობი
ფოლადის 50-დუიმიანი ხმლის პირი ამოიღო. ხმლის ბრწყინვალებამ თვალი მომჭრა.
მამას ხელი პატარა ჩანდა უზარმაზარ ტართან შედარებით, რომელზეც ოთხი ხელი
თავისუფლად დაეტეოდა. მეფემ - იმპერიის მეთაურმა თავისი კონსერვატორი
პრემიერ-მინისტრის ხელით გამოგზავნა ეს საჩუქარი, რომელიც შესრულებული იყო
იმ ოსტატების მიერ, რომლებიც თვითონ ითვლებოდნენ არისტოკრატებად და შუა
საუკუნეების არისტოკრატიულ ხელობას მისდევდნენ. ეს საჩუქარი გადაეცა მეწაღის
შვილს, ბოლშევიკს, პროლეტარიატის დიქტატურის ბელადს, და ის მშვიდად
უყურებდა, როგორ აღმართა ეს ხმალი მსოფლიო უდიდესი საწარმოო მანქანის
ხელმძღვანელმა.

- მათ მართლა ფოლადის გულები აქვთ, - წყნარად წარმოთქვა მამამ.

ხმალი წკრიალით ჩაეშვა ქარქაშში. უდიადესი ერთობის დემონსტრაციის


დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და მარშალი მამასთან ერთად ტერასისკენ
გაემართნენ ფოტოსურათების გადასაღებად.

სამივე ჩაჯდა სავარძლებში, რომლებიც ტერასის ცენტრში დაედგათ, ტერასას ექვსი


დიდი სვეტი ამშვენებდა. მინისტრები, ელჩები, გენერლები და ადმირალები მათ
გარშემო მოეწყვნენ. ფოტოგრაფები მუხლზე დგებოდნენ, იხრებოდნენ კინო-
კამერების შტატივებზე, წინ და უკან დარბოდნენ უკეთესი პერსპექტივის დასაჭერად.
დელეგატები შემჭიდროვდნენ ჯგუფური სურათის გადასაღებად. მათ შორის იყო
სარა ჩერჩილ-ოლივერი სამხედრო-საჰაერო ძალების ქალთა დამხმარე კორპუსის
ფორმაში. ის მარშალს წარუდგინეს, რომელიც თავაზიანად წამოდგა და თავი დახარა
მის წინაშე. სურათების გადაღება 15 წუთში დასრულდა. მოლაპარაკებები განახლდა.

ამჯერად თათბირში, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, 12 ამერიკელი, 11


ინგლისელი და 5 რუსი მონაწილეობდა. თათბირის დასრულების მოლოდინში
წათვლემაც კი მოვასწარი, რაც ძალიან მჭირდებოდა. შესრულდა ხუთი, ექვსი, შვიდი
საათი... როგორც იქნა, რვის თხუთმეტ წუთზე მამამ გამაღვიძა. სახეზე ეტყობოდა,
რომ დაქანცული იყო.
- სადილისთვის უნდა გადავიცვა, - შემომჩივლა, - მერჩივნა, ცოტა ხანს
წამოვწოლილიყავი.

- რატომაც არა?

- იცი, მე მგონი, გადავიღალე და ნერვებაშლილი ვარ.

- იქნებ უკეთ იგრძნო თავი, ცოტას თუ დალევ?

- გმადლობ, მერე იყოს. ცოტას მოვიცდი, კოქტეილი ხომ არ დამელია, სანამ ჩავიცვამ.
ახლა მხოლოდ წამოწოლის სურვილი მაქვს. დღეს სტალინის სტუმრები ვართ, ესე
იგი, ვახშამი რუსულ სტილში იქნება, და ჩვენმა ექსპერტებმა თუ არაფერი აურიეს,
ვახშამზე უამრავი სადღეგრძელო მოგველის!

მამამ თვალები მილულა, მაგრამ არ ჩასძინებია. სათვალე მოიხსნა და თვალები


მოისრისა, მერე ხელი პაპიროსისკენ გაიშვირა...

- ამ კაცმა იცის, როგორ იმოქმედოს. მიზანს ყოველთვის თვალწინ ხედავს - მამა ნელა
და დაფიქრებით ლაპარაკობდა. - მასთან მუშაობა - ერთი სიამოვნებაა. არანაირი
მიდებ-მოდება. საკითხს, რომლის განხილვაც სურს, პირდაპირ აყენებს, და თემიდან
არ უხვევს.

- „ოვერლორდი“?

- ამ საკითხზეც ვიმსჯელეთ.

- ინგლისელები ისევ წინააღმდეგი არიან?

- როგორ გითხრა... უინსტონი ახლა ორ ერთდროულ ოპერაციაზე ლაპარაკობს. მგონი,


ხვდება, რომ ვეღარაფერს გააწყობს დასავლეთში შეჭრის წინააღმდეგ. გენერალი
მარშალი პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ისეთი გამომეტყველებით უსმენს, თითქოს
საკუთარ ყურებს არ უჯერებს. - ამის გახსენებაზე, მამას გაეცინა. - თუ არსებობს
ამერიკელი გენერალი, რომელსაც ჩერჩილი ვერ იტანს, ეს მარშალია. და იმიტომ, რომ
მარშალი მართალია. იმედი მაქვს, ოდესმე მთელი ამერიკა გაიგებს, რით არის
დავალებული ჯორჯ მარშალისაგან. ვერავინ შეედრება მას! ვერავინ!

- რას გულისხმობს ჩერჩილი ორ ერთდროულ ოპერაციაში?

- ერთი დასავლეთში, მეორე... აბა, თუ მიხვდები, სად?

- ბალკანეთში?

- რა თქმა უნდა. - მამას ისევ გაეცინა, გაახსენდა, რა ხდებოდა სხდომაზე. იდაყვებზე


წამოიწია, უკეთ რომ დავენახე, და თქვა: - იცი, ელიოტ, ეს პლენარული სხდომები
საოცარი რამეა. ყოველთვის, როცა კი პრემიერ-მინისტრი მოითხოვდა ბალკანეთის
გავლით შეჭრას, ყველა იქ დამსწრისთვის ნათელი იყო, სინამდვილეში რა სურდა.
უწინარეს ყოვლისა, მას სოლივით შეჭრა სურს ევროპაში, რათა წითელი არმია არ
შეუშვას ავსტრიასა და რუმინეთში და, თუ შესაძლებელია, უნგრეთშიც. ამას
სტალინიც ხვდებოდა, ვხვდებოდი მეც და ყველა დანარჩენიც...

- მაგრამ ხსენებით არ უხსენებია?


- რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, როცა ბიძია ჯო ევროპაში შეჭრის უპირატესობაზე და
ჩვენი ძალების დაქსაქსვის მიზანშეუწონლობაზე ლაპარაკობდა, მასაც
მხედველობაში სულ პოლიტიკური შედეგები ჰქონდა. ამაში სავსებით
დარწმუნებული ვარ, თუმცა ამის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს. - მამა ისევ მიწვა და
გაჩუმდა.

- ვფიქრობ... - დავიწყე გაუბედავად.

- რას?

- მინდა ვთქვა, რომ ჩერჩილი... მოკლედ, ის არ...

- შენ ფიქრობ, რომ ის შესაძლოა, მართალი იყოს? იქნებ, ჩვენთვის მართლაც


გამართლებული იყოს ბალკანეთზე დარტყმა?

- არ ვიცი...

- ელიოტ, ჩვენი შტაბების უფროსები ერთ რამეში არიან დარწმუნებულები: რაც


შეიძლება მეტი გერმანელი მოვსპოთ ისე, რომ ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი
დავკარგოთ, საჭიროა მომზადდეს ერთი დიდი შეტევა და გერმანელებს ყველა ჩვენს
ხელთ არსებული ძალებით დავარტყათ. ეს მეც ჭკუასთან ახლოს მეჩვენება. ამავე
აზრისაა ბიძია ჯოც და ყველა ჩვენი გენერალიც. ომის დაწყებიდანვე ისინი ამ აზრს
უჭერდნენ მხარს. მგონი, უფრო ადრეც, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჩვენმა
ოპერატიული დაგეგმარების განყოფილებამ დაიწყო ფიქრი იმაზე, რისი გაკეთება
გახდებოდა საჭირო, თუ ომი დაიწყებოდა. წითელი არმიის წარმომადგენლებსაც ეს
ნაბიჯი ჭკვიანურად ეჩვენებათ. ასეთია საქმის ვითარება. ასეთია უმოკლესი გზა
გამარჯვებამდე. სულ ეს არის. საუბედუროდ, პრემიერ-მინისტრი ზედმეტად ბევრს
ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება ომის შემდეგ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება
ინგლისი. მას რუსების გაძლიერების სიკვდილივით ეშინია. შეიძლება რუსებმა
მართლაც გაიმყარონ პოზიციები ევროპაში, მაგრამ ცუდი იქნება ეს თუ არა, ბევრ
გარემოებაზეა დამოკიდებული. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: თუ სწრაფი
გამარჯვებისკენ გზა, ამერიკელებისათვის მინიმალური დანაკარგებით, ძევს
დასავლეთში და მხოლოდ დასავლეთში, და ჩვენ არ დაგვჭირდება ტყუილუბრალოდ
გავწიროთ ჩვენი სადესანტო ხომალდები, ადამიანები და ტექნიკა ბალკანეთის
რაიონში ოპერაციის ჩასატარებლად, რაშიც ჩვენი შტაბების უფროსები
დარწმუნებულები არიან, მაშინ სალაპარაკოც აღარაფერია. - მამამ მოღუშული სახით
ჩაიცინა.

- მე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე ევროპის


კონტინენტზე ინგლისის რეალური თუ წარმოსახვითი ინტერესებისათვის გავწირო.
ჩვენ ომს ვაწარმოებთ და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ავანტიურების
გარეშე მოვიგოთ ის. ვფიქრობ... უფრო სწორად, ვიმედოვნებ, რომ ჩერჩილი მიხვდა,
რომ ჩვენი აზრი ზუსტად ასეთია და აღარ შეიცვლება. - მამამ თვალები ისევ დახუჭა,
ჩამოვარდა სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა; ამან დრო
გამახსენა.

- აბაზანა მოგიმზადო, მამა?


- რომელი საათია? ოჰო! კი, მომიმზადე... და, არტურსაც დაუძახე. მართლა,
კოქტეილს რომ დამპირდი?

- „ძველმოდური“ კოქტეილი გინდა?

- ოღონდ მაგარი - არა, ელიოტ. ხომ არ დაგავიწყდა, რამდენი სადღეგრძელო


მომელის!

სადილი სხდომათა დარბაზის გვერდით მდებარე სასადილო ოთახში გაიმართა.


მამაჩემის და პრემიერ-მინისტრის გარდა, მარშალ სტალინს დაპატიჟებული ჰყავდა
ენტონი იდენი, მოლოტოვი, ჰარიმანი, ჰარი ჰოპკინსი, კლარკ კერი და თარჯიმნებად
- ბოლენი, ბერეჟკოვი და მაიორი ბირზე.

მე მიწვევა არ მიმიღია, მაგრამ როცა სტუმრებს პირველი თავი საჭმელი მიართვეს,


ერთ-ერთმა რუსმა, რომელიც სტალინის ზურგს უკან იდგა, შემამჩნია გვერდით
შესასვლელთან, დაიხარა და სტალინს რაღაც ჩასჩურჩულა. როგორც კი დავინახე,
რომ მარშალმა ჩემკენ გამოიხედა, უხერხულობისგან სასწრაფოდ უკან დავიხიე. ის
უმალ წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. ჟესტების დახმარებით სავსებით ნათლად
გამოხატა თავისი სურვილი, რომ საზოგადოებას შევერთებოდი. თარჯიმანმა ეს
თავაზიანი მიპატიჟება ინგლისურად გადმომცა. როგორც მან ამიხსნა, მარშალს არ
სცოდნია, რომ მისმა მდივანმა არ დამპატიჟა. მარშალმა ხელი ჩამკიდა და ოთახში
დამაბრუნა. ჩემთვის ადგილი იდენსა და ჰარიმანს შორის გაანთავისუფლეს.

ასე აღმოვჩნდი რუსულ ბანკეტზე პირველად.

რა თქმა უნდა, იყო არაყი, მაგრამ, საბედნიეროდ, იყო ასევე მსუბუქი მშრალი თეთრი
ღვინოც და რუსული შამპანური, რომელიც ძალიან მომეწონა. ვამბობ, საბედნიეროდ-
მეთქი, იმიტომ, რომ სასმისის გარეშე არც ერთ თემაზე საუბარს არ ჩაუვლია,
სხვანაირად ეს თვით სიტყვა „საუბრის“ არსს შეეწინააღმდეგებოდა. საუბარი
მხოლოდ სადღეგრძელოებით მიდიოდა. ასეთი ფორმით საუბარი, უსაშველოდ
გაწელილი მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ მაგარი თავი გაქვთ, ერთობ თავშესაქცევიც კია.
ასე რომ, თუ რაიმე გინდათ თქვათ, თუნდაც ისეთ მოსაწყენ თემაზე, როგორიც
ამინდია, უნდა განაცხადოთ: - მსურს, შემოგთავაზოთ შესანიშნავი ამინდის
სადღეგრძელო! - მერე დგებით სასმისის დასაცლელად, დანარჩენებიც დგებიან და
სვამენ. მთელი სისტემაა. სავსებით შესაძლებელია, სადღეგრძელო პოლიტიკურიც
იყოს.

- მინდა შემოგთავაზოთ სადღეგრძელო, - წამოიძახა ერთ-ერთმა რუსმა, - ლენდ-


ლიზით თქვენი მომავალი მოწოდებებისა, რასაც, დარწმუნებული ვარ, დროზე
მივიღებთ, არ დააგვიანებთ, როგორც ახლა! - ყველა ადგა, სასმისები გამოცალეს და
ადგილებზე დასხდნენ.

მრავალფეროვანი კერძები ერთი მეორეს მოსდევდა. რუსული კერძების თაობაზეც


მაქვს ჩემი თეორია: სუფრაზე ამდენი კერძი იმიტომ არის, რომ დრო თითქმის არა
გაქვს, გასინჯო ყოველი მათგანი. ხშირად გიხდება წამოდგომა, სიტყვის, უფრო
სწორად, სადღეგრძელოების, წარმოთქმა. დაახლოებით შუა სადილის დროს ჰარი
ჰოპკინსი, რომელიც მანამდეც არ გრძნობდა თავს კარგად, წამოდგა, ბოდიში მოიხადა
და გავიდა. ის იყო ერთადერთი დეზერტირი ამერიკელების მხრიდან. დანარჩენები
მტკიცე გადაწყვეტილებით და ჩვეულებრივზე უფრო მხიარული განწყობით
ბოლომდე დარჩნენ თავიანთ ჭიქებთან.

ვახშმის დასასრულს ბიძია ჯო წამოდგა, რათა სადღეგრძელო შემოეთავაზებინა


ნაცისტ სამხედრო დამნაშავეებთან დაკავშირებით. მისი სიტყვები ზუსტად არ
მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთი რამ წარმოთქვა: - გთავაზობთ შევსვათ იმის
სადღეგრძელო, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღსრულდეს მართლმსაჯულება ყველა
გერმანელი სამხედრო დამნაშავის მიმართ და ყოველი მათგანი დაისაჯოს. მე ვსვამ
იმის სადღეგრძელოს, რომ ჩვენ გაერთიანებული ძალებით განაჩენი მათ მაშინვე
გამოვუტანოთ, როგორც კი ხელში ჩაგვივარდებიან, და რომ ისინი ორმოცდაათი
ათასზე ნაკლებნი არ იყვნენ.

ჩერჩილი დაგესლილივით წამოხტა ადგილიდან. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრი


ყველა სადღეგრძელოს სვამდა, ოღონდ, თავისი საყვარელი კონიაკით. ის ყოველ
საღამოს ძალიან ბევრს სვამდა ამ სასმელს და კარგად იყო მომზადებული ამგვარი
საუბრისათვის. მაგრამ, ვეჭვობ, რომ იმ საღამოს ეს გამოწრთობილი ლოთიც კი
ჩვეულებრივზე უარესად იმორჩილებდა ენას. სახე და კეფაც კი გაუწითლდა.

- საკითხის ასე დაყენება, - წამოიძახა მან, - ძირეულად ეწინააღმდეგება


სამართლიანობის ჩვენს - ინგლისურ აღქმას! ინგლისელი ხალხი არ შეეგუება ასეთ
მასიურ დასჯას. ვსარგებლობ ამ შემთხვევით და გამოვთქვამ ჩემს ღრმა რწმენას, რომ
არც ერთი ადამიანი, იქნება ეს ნაცისტი თუ ვინც გნებავთ სხვა, არ შეიძლება
სასამართლოს გარეშე დაისაჯოს, მის წინააღმდეგ რა გინდ მტკიცებულებებიც არ
უნდა არსებობდეს!

მე სტალინს გადავხედე. ეტყობოდა, ეს საუბარი ძალიან ართობდა, მაგრამ


სერიოზულობას ინარჩუნებდა. მხოლოდ თვალები უცინოდა. მან მიიღო პრემიერ-
მინისტრის გამოწვევა და აგრძელებდა მის გახელებას, მეტად ზრდილობიანად
უარყოფდა მის არგუმენტებს და ჩანდა, სულაც არ აფიქრებდა, რომ ჩერჩილს უკვე
უიმედოდ ჰქონდა თავდაჭერა დაკარგული. ბოლოს სტალინი მიუბრუნდა მამას და
მისი აზრით დაინტერესდა. მამა უკვე კარგა ხანია, ძლივს იკავებდა ღიმილს, მაგრამ
იგრძნო, რომ ატმოსფერო მეტისმეტად იძაბებოდა და გადაწყვიტა, ყველაფერი
ხუმრობაში გადაეტანა.

როგორც ჩანს, ამ კამათშიც მე მომიწევს შუამავლის როლში ყოფნა - თქვა მან.


ნათელია, რომ აუცილებელია კომპრომისის გამოძებნა თქვენს პოზიციასა, მისტერ
სტალინ, და ჩემი კეთილი მეგობრის, პრემიერ-მინისტრის პოზიციას შორის. იქნებ,
ორმოცდაათი ათასი სამხედრო დამნაშავის ნაცვლად შევთანხმებულიყავით უფრო
მცირე რიცხვზე. ვთქვათ, ორმოცდაცხრა ათას ხუთასზე?

ამერიკელებმა და რუსებმა გაიცინეს. ინგლისელები თავიანთ პრემიერ-მინისტრს


შეჰყურებდნენ, რომელიც სულ უფრო ცხარდებოდა, და მდუმარედ ისხდნენ
ჩამოღვენთილი სახეებით. სტალინი სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა, აიტაცა
მამაჩემის შემოთავაზებული კომპრომისული ციფრი და სუფრასთან მსხდომთ ცალ-
ცალკე ეკითხებოდა, თანახმა იყვნენ თუ არა. ინგლისელები ფრთხილად
პასუხობდნენ.

- ეს საკითხი, - აცხადებდნენ ისინი, - ყურადღებით არის შესასწავლი.


ამერიკელები ხუმრობის ტონით პასუხობდნენ. ისინი ამბობდნენ: - მოდით
შევწყვიტოთ ეს დისკუსია. გერმანიამდე კიდევ მრავალი მილია გასავლელი.
ნაცისტებზე გამარჯვების დღემდე კიდევ მრავალი თვე დაგვრჩა.

ვიმედოვნებდი, რომ სტალინი პირველივე პასუხებით დაკმაყოფილდებოდა და


თემას მანამდე შეცვლიდა, ვიდრე ჩემი რიგი დადგებოდა. მაგრამ ის დაჟინებით
განაგრძობდა გამოკითხვას და მეც მომმართა. ადგილიდან რომ წამოვდექი, არც ისე
მყარად ვიდექი ფეხზე.

- როგორ გითხრათ, - ვთქვი და სული მოვითქვი, თან ვცდილობდი, შამპანურის


ზემოქმედების მიუხედავად, სწრაფად მეაზროვნა. - ეს კითხვა ზედმეტად
აკადემიური ხომ არ არის? როცა ჩვენი არმიები დასავლეთიდან დაიძვრებიან, თქვენი
არმიები კი აღმოსავლეთიდან განაგრძობენ იერიშს, ყველა პრობლემა მოიხსნება, ასე
არ არის? რუსი, ამერიკელი და ინგლისელი ჯარისკაცები ბრძოლის დროს
გაანადგურებენ უმეტესობას იმ 50 ათასიდან და იმედი მაქვს, იგივე ბედი არა
მხოლოდ იმ 50 ათასს სამხედრო დამნაშავეს, არამედ კიდევ ასობით ათას ნაცისტს
ელის.

ვთქვი ეს და დაჯდომა დავაპირე. მაგრამ სტალინმა, - ის სიამოვნებისგან ბრწყინავდა,


- მაგიდას შემოუარა და მხარზე გადამხვია ხელი.

- შესანიშნავი პასუხია! თქვენი ჯანმრთელობისა იყოს! - წამოვწითლდი და ის იყო


უნდა შემესვა, რადგან რუსული ჩვეულების მიხედვით საკუთარი სადღეგრძელოც
უნდა დალიო, როცა უეცრად დავინახე, რომ ჩემ ცხვირწინ ვიღაც გამძვინვარებით
აქნევდა თითს.

- თქვენ რა, გინდათ, რომ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა გააფუჭოთ? გესმით


ახლა რა თქვით? როგორ გაბედეთ ასეთი რამის თქმა? - ეს იყო ჩერჩილი - საშინლად
გაცოფებული.

გაოგნებული იმით, რომ პრემიერ-მინისტრი და მარშალი თავზე მადგნენ და


ერთმანეთის კბენას განაგრძობდნენ, უსიტყვოდ დავჯექი.

საბედნიეროდ, ვახშამი მალე დასრულდა და მამას გავყევი თავის ოთახში ბოდიშის


მოსახდელად. ხუმრობა ხომ არ იყო. მოკავშირეებს შორის ურთიერთობის გაფუჭება!

მამა მთელი ხმით ხარხარებდა.

- ნუ ღელავ, - დამამშვიდა მან, - შენ სავსებით სწორად უპასუხე. შესანიშნავი პასუხი


იყო. უინსტონს უბრალოდ, თავგზა აებნა, როცა მიხვდა, რომ მისი სიტყვები არავინ
აღიქვა სერიოზულად. ბიძია ჯომ იქამდე მიიყვანა, რომ მზად იყო, ნებისმიერი
სიტყვა სწყენოდა, მითუმეტეს, თუ ნათქვამი ბიძია ჯოს მოეწონებოდა. გული არ
გაიტეხო, ელიოტ.

- შენ ხომ იცი... მე ყველაზე ნაკლებ...

- კარგი ერთი, - მითხრა მამამ და ისევ გაიცინა. - უინსტონი გამოიძინებს და


ყველაფერი დაავიწყდება.
მე კი მგონია, რომ მან ეს არ დაივიწყა. იმ მრავალი თვის განმავლობაში, რომელიც
შემდგომ ინგლისში გავატარე, მისგან არც ერთხელ აღარ მიმიღია მიწვევა, საღამო
ჩეკერსში გამეტარებინა. როგორც ჩანს, ჩერჩილი არაფერს ივიწყებს.

ამ ინციდენტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავაფასე მამაჩემის უნარი, კომპრომისი


გამოენახა ამ ორი ადამიანის შეხედულებებს შორის. მე, პირადად, ასეთ საქმეს ხელს
არ მოვკიდებდი.

მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი თავის 69-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა. საღამოს


მის საპატივცემულოდ ინგლისის საელჩოში დიდი ზეიმი უნდა გამართულიყო.
ამიტომ მამამ დილით ისარგებლა სავაჭრო ფარდულით, რომელიც რუსეთის
საელჩოში საგანგებოდ მისთვის იყო გახსნილი, შესაფერისი საჩუქარი რომ აერჩია.
სპარსეთის ყურეში სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა კონოლიმ აქ
სპარსული ხელოვნების მრავალი ნიმუში მოატანინა. დანებს, ხანჯლებსა და
ხალიჩებს შორის მამამ აღმოაჩინა ძველებური თასი. მერე ის თავის აპარტამენტში
დაბრუნდა, რომ მიეღო ირანის ახალგაზრდა შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი, რომელიც
ოფიციალური ვიზიტით ეწვია თავისი პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა
მინისტრის და ასევე შაჰის სასახლის მინისტრის, ჰოსეინ ალას თანხლებით.
ახალგაზრდა შაჰი დაუფიქრებელ ადამიანად იყო ცნობილი, მაგრამ აქ თავი დინჯად
და ღირსეულად ეჭირა. მან საჩუქრად მოგვართვა ძალიან ლამაზი ხალიჩა,
რომლისთვისაც მამამ, დედაჩემის სახელით, მადლობა გადაუხადა.

ამ ფორმალური ნაწილის მერე მათ არაოფიციალური საუბარი დაიწყეს.

მამა, როგორც ყოველთვის, დაინტერესდა ირანის ცხოვრებით და წვრილად


გამოიკითხა ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. ის ირანის
წარმომადგენლებს ელაპარაკებოდა უნაყოფო უდაბნოზე, რომელიც ქვეყნის
მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. გვითხრეს რომ მათი ქვეყანა ოდესღაც დაფარული
იყო ხშირი ტყეებით, ახლა კი ქვიშის ზღვადაა ქცეული. ამ სფეროს მამა კარგად
იცნობდა. მან დასვა საკითხი ტყეების გაშენების ფართო პროგრამაზე, მერე კი
გადავიდა შაჰის ქვეშევრდომების უმრავლესობის სავალალო მდგომარეობაზე.
ერთმანეთს დაუკავშირა ეს ორი საკითხი და ბოლოს მოისმინა თავისი სტუმრების
მონაყოლი იმაზე, თუ ინგლისმა როგორ იგდო ხელთ ნავთობსაწარმოები და სხვა
საბადოები ირანში. მამა თავს თანაგრძნობით უქნევდა და დაეთანხმა, რომ საჭირო
იყო ზომების მიღება ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის დასაცავად. სტუმრებს რომ
გამოემშვიდობა, მე დამიძახა.

- ელიოტ, ერთი რამ უნდა შემისრულო. მოძებნე პატ ჰარლი და სთხოვე მას
შეადგინოს მემორანდუმის პროექტი, რომელიც ირანის თავისუფლებისა და
ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტია იქნება. ზუსტად არ ვიცი, როდის
შევძლებ მასთან შეხვედრას, მაგრამ შეეცადე, გამონახო თავისუფალი წუთი, რომ
ჩემთან მოიყვანო. მინდა, მოვეთათბირო მას ამ საკითხზე.

გენერალი ჰარლი ვერ ვიპოვე საუზმემდე, რომელზეც მამამ მოიპატიჟა სტალინი,


ჩერჩილი და მათი თარჯიმნები. მაგრამ, როგორც კი ისინი წავიდნენ, მე და ჰარლიმ
მოვახერხეთ მამასთან რამდენიმე წუთით შესვლა. მამამ აუხსნა, რა უნდოდა. ჰარლიმ
უთხრა, რომ გაიგო მითითებები და წავიდა.
- კარგი იქნებოდა, ასეთი ადამიანები მეტი გვყავდეს, - შენიშნა მამამ, როცა ჰარლი
წავიდა. - დაეხმარე მას, თუ საჭირო გახდება. რუსებთან და ინგლისელებთან
შეთანხმება, რომელიც ირანის სუვერენიტეტის და პოლიტიკური
დამოუკიდებლობის გარანტია იქნება... კარგი მაგალითი გახდება იმისა, რის
განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ. ვისურვებდი, მეტი გვყავდეს ისეთი
ადამიანები, როგორიც პატია, ადამიანები, რომელთაც შეიძლება ენდო. სახელმწიფო
დეპარტამენტის მოხელეები, ეს პროფესიონალი დიპლომატები... ხშირად ეჭვი
მეპარება, შეიძლება კი მათი ნდობა.

შტაბების ამერიკელი, ინგლისელი და რუსი უფროსების ბოლო თათბირს, რომელიც


ოთხი საათისთვის იყო დანიშნული, მამა, პრემიერ-მინისტრი და ბიძია ჯოც
ესწრებოდნენ. თათბირის დროს რამდენიმე წუთი გალერეაში ვიდექი, რომელიც
გადიოდა დიდ დარბაზში, სადაც საკონფერენციო მრგვალი მაგიდა იდგა. ამ
გალერეაში გამუდმებით მდუმარედ მიმოდიოდნენ დაცვის რუსი ოფიცრები. ის, რაც
დარბაზში ხდებოდა, შეიძლებოდა ჩვენი მცდელობების ერთობის და
გაერთიანებული ძალების დემონსტრირებად მონათლულიყო: ისევ ის თორმეტი
ამერიკელი, თერთმეტი ინგლისელი და ხუთი რუსი, რომლებიც წინა საპლენარო
სხდომაში მონაწილეობდნენ, მშვიდად და დამაჯერებლად გამოთქვამდნენ თავიანთ
აზრს, ყველა გამოთქმულ დასაბუთებას იხილავდნენ და ერთობლივად იღებდნენ
საბოლოო გადაწყვეტილებას.

შვიდის თხუთმეტ წუთზე ისინი დაიშალნენ და მე ისევ შევედი მამასთან, რომელიც


ისვენებდა ჩერჩილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი წვეულების წინ.

- როგორც იქნა, გადაწყდა! - სიხარულით თქვა მან. - მართალია, უკვე მეოთხედ, -


დაამატა ცოტა დაღლილი ხმით, - მივიღეთ გადაწყვეტილება დასავლეთიდან შეჭრის
შესახებ და მისი ვადებიც კი დავადგინეთ.

- გაზაფხულზე? - ვკითხე მე.

- 1 მაისს - რუსებისთვის ბედნიერ დღეს, ხომ იცი, ეს მათი დიდი დღესასწაულია. -


მამა დიდ შვებას გრძნობდა იმის გამო, რომ, როგორც ის თვლიდა და იმედოვნებდა,
მოკავშირეები მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე და მოკავშირეთა გადამწყვეტი
მოქმედების მასშტაბის და ვადების პრობლემა ბოლოს და ბოლოს გადაიჭრა. ჯერ
კიდევ არ იყო გადაწყვეტილი სამხედრო ხელმძღვანელობის საკითხი, მაგრამ მამამ
და ჩერჩილმა სიტყვა მისცეს სტალინს, რომ ესეც უახლოეს დროში მოგვარდებოდა -
როგორც ისინი ფიქრობდნენ, ორ კვირაში, და შესაძლოა, კაიროს მეორე
კონფერენციამდეც.

- ასევე შევთანხმდით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შეტევაზე, - დაამატა მამამ.

- მაინც, ბალკანეთის გავლით? - ვკითხე და თან ყურებს არ ვუჯერებდი.

- არა, სამხრეთ საფრანგეთის გავლით. ყველაფერი ერთდროულად დაიწყება -


დასავლეთიდან, სამხრეთიდან დარტყმები, და აღმოსავლეთიდან რუსების შეტევა. მე
ძველებურად ვთვლი, რომ ომი ევროპაში 1944 წლის ბოლოსთვის დამთავრდება.
წარმოუდგენელია, რომ ყველა მხრიდან ერთდროულ შეტევებს ნაცისტებმა 9 თვეზე
მეტხანს გაუძლონ.
ცხრის დასაწყისისთვის ფრაკში გამოწყობილი მამაჩემი, ხელში სპარსული თასით -
დაბადების დღის საჩუქრით - საბჭოთა საელჩოდან გაემართა ინგლისის საელჩოში,
რომელსაც ჩალმიანი ინდოელი ჯარისკაცები იცავდნენ. საელჩოს ბაღში, წყლის
შროშანებით დაფარული ტბორიდან სასიამოვნო სიგრილე მოდიოდა. ეს ზეიმი
დიდი მოვლენა იყო თეირანის მაღალი საზოგადოებისთვის, - საზეიმო ტონს კი
ინგლისის საელჩოს სასტუმრო ოთახში იძლეოდნენ. სამხედროებს შორის, რომელთა
ოქრომკედით ნაქარგი მუნდირები ბრწყინავდა, შევამჩნიე კაპიტანი რანდოლფ
ჩერჩილი, რომელიც მამამისის ამალაში იყო. ჩვენ მივულოცეთ პრემიერ-მინისტრს
დაბადების დღე. ის თავის სტიქიაში იყო: მხიარული და კეთილგანწყობილი ღიმილს
აფრქვევდა და განუწყვეტლივ აბოლებდა სიგარას. მამამ მიართვა მას თასი და
უსურვა: „დაე, მრავალი წელი ერთად ვყოფილიყავით“. გაისმა კოქტეილის ჭიქების
წკრიალი, გაიბა მეგობრული საუბარი. შემოვიდა სტალინი მოლოტოვთან და
ვოროშილოვთან ერთად. მათ თარჯიმანი ბერეჟკოვი ახლდათ. ყველანი სასადილო
ოთახისკენ გავეშურეთ - ოცდაათი მარშალი, გენერალი, ადმირალი, ელჩი, მინისტრი,
დიპლომატი და ნაკლებ წარჩინებული პირები პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის
და მარშლის მეთაურობით და მთელ ამ საზოგადოებაში ერთადერთი ქალის
თანხლებით. ეს ქალი სარა ჩერჩილ-ოლივერი იყო.

მამამ ხუმრობით შენიშნა, რომ წინა საღამოს სადილზე 365 სადღეგრძელო


წარმოითქვა - თითო წელიწადის თითოეულ დღეზე. ჩერჩილის დაბადების
დღისადმი მიძღვნილი სადილიც რუსული წესით ჩატარდა - ყველანი ერთმანეთის
სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ და, ვშიშობ, სათვალავი აქაც აირია. ის კი
მახსოვს, რომ უმეტესწილად ფეხზე ვიდექით. მახსოვს სტალინი ყველას, ვის
სადღეგრძელოსაც ვსვამდით, ჭიქას უჭახუნებდა. ზოგიერთი სადღეგრძელოც კი
მახსოვს.

სტალინი: „ჩემს თანამებრძოლ მეგობარს, ჩერჩილს გაუმარჯოს!“ შემდეგ კი: „ჩემს


თანამებრძოლ მეგობარს, რუზველტს გაუმარჯოს!“

ჩერჩილი: „უძლეველ სტალინს გაუმარჯოს!“, „ჩემს მეგობარს - პრეზიდენტ


რუზველტს გაუმარჯოს!“

მამა: „ჩვენი ერთობისა იყოს - ომის დროსაც და მშვიდობის


დროსაც!“ სადღეგრძელოები ისე ჩქარ-ჩქარა მისდევდა ერთმანეთს, რომ დაჯდომას
ვერ ვასწრებდით. ასე რომ, ბევრი ჩვენგანი ფეხზე განაგრძობდა საუბარს. მახსენდება,
ორ სადღეგრძელოს შორის როგორ მოვისმინე რანდოლფ ჩერჩილის მოსაზრება
საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ზუსტად აღარ მახსოვს რაზე. მერე დადგა
მომენტი, როცა მეგობრობის და მხიარულების ღმერთებმა წათვლიმეს, და მაშინ
გენერალი სერ ალან ბრუკი წამოდგა და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ინგლისელი
ხალხი ამ ომში ყველაზე მეტად დაზარალდა, მეტი დაკარგა, მეტი იბრძოლა და მეტი
გააკეთა გამარჯვებისათვის. სტალინს სახეზე გაღიზიანების ჩრდილმა გადაუარა.
შესაძლოა ამიტომაც, მაშინვე წამოდგა და წარმოთქვა სადღეგრძელო: - მე მსურს
მოგიყვეთ, თუ ჩვენი, საბჭოთა თვალსაზრისით, რა გააკეთეს გამარჯვებისთვის
პრეზიდენტმა და შეერთებულმა შტატებმა. ამ ომში მთავარი - მანქანებია.
შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თვეში 8-დან 10 ათასამდე
თვითმფრინავი გამოუშვას. ინგლისი კი თვეში 3 ათას თვითმფრინავს უშვებს,
ძირითადად, მძიმე ბომბდამშენებს. შესაბამისად, შეერთებული შტატები - მანქანების
ქვეყანაა. ეს მანქანები, რომლებსაც ლენდ-ლიზით ვიღებთ, გვეხმარებიან ჩვენ ომის
მოგებაში.

მამამ, თავის მხრივ, ქება შეასხა მძლავრ წითელ არმიას, რომელიც იყენებს ამ
ტექნიკას და იმ დროს, როცა ჩვენ აქ ვვახშმობთ, მედგრად უტევს ნაცისტურ
ურდოებს მათს საკუთარ ტერიტორიაზე.

მეორე დღეს ტუნისში უნდა გავფრენილიყავი ჩემი მოვალეობების შესასრულებლად.


გაფრენის წინ რამდენიმე წუთი დავყავი მამასთან და პატ ჰარლისთან,
ვათვალიერებდი პატის მიერ შედგენილ (ჩემი მცირე დახმარებით) სამი
სახელმწიფოს დეკლარაციის პროექტს ირანის თაობაზე. მასზე ხელი იმავე დღეს
უნდა მოეწერათ საბჭოთა კავშირს და ინგლისს, თუკი დაეთანხმებოდნენ. მამამ
პროექტი ყურადღებით წაიკითხა, კმაყოფილების ნიშნად თავი დააქნია და მერე
მხიარულად შეხედა პატს.

- სხვათა შორის, პატ, - უთხრა მან, - სად არის თქვენი მეორე ვარსკვლავი?

- როგორ? - გაკვირვებით იკითხა ჰარლიმ.

- თქვენი მეორე ვარსკვლავი, - გაიმეორა მამამ. - კონგრესმა ხომ უკვე დაამტკიცა


თქვენი ახალი ჩინი? თქვენ რა, არ შეგატყობინეს? თქვენ უკვე გენერალ-მაიორი ხართ!

ასე გაიგო პატ ჰარლიმ მაღალი სამხედრო ჩინის მიღების შესახებ.

საუზმემდე მამას გამოვემშვიდობე. თავიდან ის პარასკევამდე აპირებდა თეირანში


დარჩენას, მაგრამ მეტეოროლოგებმა მაიორ ოტის ბრაიანს აცნობეს, რომ კაიროსკენ
ცივი ჰაერის მასები დაიძრნენ და შესაძლოა, პარასკევამდე უღელტეხილებამდეც
მიეღწიათ. ამიტომ მამამ სთხოვა რუსებს და ინგლისელებს, შეეცვალათ თავიანთი
გეგმები, რომ იმავე საღამოს გაფრენილიყო. მამას უნდოდა, თუ შესაძლებელი
იქნებოდა, კაიროში დაბრუნებამდე ირანში ჩვენი ორი სამხედრო ბაზა მაინც
მოენახულებინა. მან მითხრა, რომ ნაშუადღევს მას სტალინთან და ჩერჩილთან
ერთად დაახლოებით 10 საათი მაინც მოუწევდა ყოფნა. მათ სხვადასხვა პოლიტიკურ
საკითხზე უნდა ემსჯელათ. მისთვის ეს დიდი დატვირთვა იყო, დაღლილობას
გრძნობდა. ოცდაერთი დღე გადაფრენებსა და თათბირებში გაატარა.

- არ ვიცი, როდის შევძლებ შენს ნახვას კაიროში, მამა, - ვუთხარი მე, - ისიც არ ვიცი,
საერთოდ მოვახერხებ თუ არა იქ ჩამოსვლას.

- შეეცადე, თუნდაც ერთი დღით ჩამოფრინდე.

- თუ ვერ შევძელი, მაშინ როცა ტუნისში იქნები გავლით, იქნებ მაშინ შევხვდეთ. ასე
რომ, სულ რამდენიმე დღით ვშორდებით ერთმანეთს. აბა, ნახვამდის.

- ლეონ გრეი და სერჟანტი კრამი უკვე მელოდებოდნენ აეროდრომზე. იმავე საღამოს


უკვე კაიროში ვიყავით, მეორე დღეს კი - ტუნისში.

პრეზიდენტის მოგზაურობის დღიურიდან

მამა თეირანიდან გამოფრინდა ოთხშაბათს, საღამოს 10.30-ზე. მანამდე კი, როგორც


მოელოდა, მიყოლებით ათი საათი დაჰყო თათბირზე. ღამე ელბრუსის ძირში,
ამირაბადის ამერიკულ ბანაკში გაატარა. მეორე დღეს მამა ექსპრომტად გამოვიდა
საველე ჰოსპიტალში დაჭრილების წინაშე.

- ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მე ვმუშაობდი მარშალ სტალინთან და ბ-ნ


პრემიერ-მინისტრთან, შევადგინეთ ჩვენს სამ ქვეყანას შორის სამხედრო
თანამშრომლობის გეგმები - ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად
მოვიგოთ ომი და, მე მგონი, ძირითად საკითხებზე შევთანხმდით. ჩვენი მეორე
მიზანი იყო, გვემსჯელა ომის შემდგომ პრობლემებზე, შევეცადეთ განგვესაზღვრა,
როგორ მსოფლიოში მოგვიწევს ცხოვრება ჩვენ და ჩვენს შვილებს, როცა ომი
აუცილებელი აღარ იქნება. ამ მხრივაც მივაღწიეთ შეთანხმებას... ასე რომ, მივდივარ
სახლში და როგორ მინდა, რომ თქვენ, ყველანი თან წაგიყვანოთ...

მამას თვითმფრინავმა ბაღდადის თავზე რამდენიმე წრე დაარტყა. ხუთშაბათს,


ოთხის წუთებზე მამა უკვე კაიროში იყო, ელჩ კირკის ვილაში. იმავე დილით
ოფიციალური ცნობა გამოქვეყნდა კაიროს პირველი კონფერენციის შესახებ.

თავი მერვე. კაიროს მეორე კონფერენცია

ჩემი ნაწილის ზურგის შტაბი ლა მარსიდან იტალიაში გადასაფრენად ემზადებოდა.


სწორედ ამიტომ იყო საჭირო ჩემი თეირანიდან ტუნისში დაბრუნება. კვირის
ბოლოსთვის ჩემი ნაწილის 2 800 ჯარისკაციდან და ოფიცრიდან უკანასკნელი ჯგუფი
უკვე გზაში იყო, და მე შემეძლო ცოტა ხნით კაიროში გადავფრენილიყავი. ვიცოდი,
რომ ოთხი-ხუთი დღის წინ კაიროში ისევ დაიწყო შტაბების უფროსების
გაერთიანებული საბჭოს თათბირები. ასევე ვიცოდი, რომ მამა და ჩერჩილი
აპირებდნენ, მოლაპარაკებებისთვის კაიროში თურქეთის პრეზიდენტი ისმეთ ინენიუ
მიეწვიათ.

ტუნისში საშუალება მომეცა, გენერალ ეიზენჰაუერს გავსაუბრებოდი. მას, როგორც


ჩანს, ისევ აწუხებდა სამხედრო სამინისტროში რაიმე თანამდებობაზე მისი
დანიშვნის პერსპექტივა. დანარჩენებივით მანაც არაფერი იცოდა, რა გადაწყდა - ვინ
უხელმძღვანელებდა ოპერაცია „ოვერლორდს“. შემეძლო, საკმაოდ დარწმუნებით
მეცნობებინა მისთვის, რომ ოპერაცია „ოვერლორდი“ საბოლოოდ დამტკიცდა და
რუსებმა გაიზიარეს ჩვენი აზრი ოპერაციების შეწყვეტის შესახებ ხმელთაშუა ზღვის
ფრონტზე.

კვირას, 5 დეკემბერს, დილით ადრე ისევ ლეონ გრეისთან ერთად გავფრინდი


კაიროში, საღამოსთვის უკვე დავეშვით საჰაერო სატრანსპორტო კორპუსის
აეროდრომზე. პირდაპირ კირკის ვილისკენ გავემართე. მამა ახლაც იქ უნდა
ყოფილიყო გაჩერებული. შევედი თუ არა, ჯონ ბეტიგერს გადავეყარე, რომელმაც
მიამბო მამასა და პრემიერ-მინისტრს შორის სახალისო დიპლომატიურ შეჯიბრზე.
ორივეს თავისი თვითმფრინავი გაუგზავნია ადანში პრეზიდენტ ინენიუს კაიროში
ჩამოსაყვანად. მამამ ბეტიგერი გაგზავნა და მან გაიმარჯვა კიდეც. გაუგებარია, რა
მნიშვნელობა ჰქონდა, თურქეთის პრეზიდენტი ამერიკული სამხედრო
თვითმფრინავით ჩამოფრინდა თუ - ინგლისურით. ყოველ შემთხვევაში, ჯონი
ძალიან კმაყოფილი იყო.
მამა ლოგინში იწვა და დეტექტიურ რომანს კითხულობდა. დღისით ბევრი საქმე
ჰქონდა: შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭოს პლენარული სხდომა, შემდეგ
ორსაათიანი შეხვედრა ინიენიუსთან, ჩერჩილთან და მათ მრჩევლებთან, მერე ისევ
სხდომა შტაბების ამერიკელ უფროსებთან. წინადღით მამამ სადილი გამართა
ინიენიუს პატივსაცემად. კვირას ჩერჩილს ჰქონდა სადილი დანიშნული, რომელსაც
მამაც უნდა დასწრებოდა. სადილის მოლოდინში ისვენებდა, მაგრამ ახლა წიგნი
გვერდზე გადადო. მომიყვა, რომ უამრავი საქმე ჰქონდა, რის გამოც სამშაბათამდე
მოუწევდა კაიროში დარჩენა თუმცა თავიდან ეგონა, რომ კვირა საღამოს
მოახერხებდა გაფრენას.

- რა ბედნიერი ვიქნები, ისევ სახლში რომ აღმოვჩნდები, - მხიარულად თქვა მან, - და,
რა... მხოლოდ ერთი თვეა, არ ვყოფილვარ! აბა, იმათ რა თქვან, ვინც პერლ-ჰარბორზე
თავდასხმის შემდეგ არ ყოფილა სახლში!

- მართლაც, ვინ იტყვის, რომ მხოლოდ ერთი თვე გავიდა!

- მაგრამ ამ ერთ თვეში ბევრი რამ მოხდა. განსაკუთრებით, ბოლო კვირის


განმავლობაში.

ვკითხე, როგორ გაატარა ბოლო დღე თეირანში.

- ჩვენი შედგენილი კომუნიკე წაიკითხე? - მკითხა მან. მე უარის ნიშნად თავი


გავაქნიე. მან მაგიდაზე ქაღალდების გროვისკენ გაიშვირა ხელი. კომუნიკე ზემოდან
იდო და ორჯერ წავიკითხე - ჯერ სწრაფად ჩავიკითხე, მერე - უფრო ნელა. მამა თავის
კომენტარებსაც მაშველებდა. მითხრა, რომ კომუნიკე ძირითადად მისი დაწერილი
იყო, და საგანგებოდ არ დაწერა ჩვეული ფრთხილი და დიპლომატიური
გამოთქმებით.

„...ავიცილოთ ომის უბედურებები და საშინელებები მრავალი თაობის მანძილზე“ -


ეს ადგილი წავიკითხე და შევნიშნე, - მრავალი თაობის... რატომ არა სამუდამოდ?

- ჩვენ ორი ომი გადავიტანეთ ორი თაობის არსებობის განმავლობაში, - მიპასუხა მან, -
უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ადამიანებს ხშირად ესმოდათ
დაპირებები სამუდამო მშვიდობაზე. თეირანში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი სამი
ქვეყანა, სამი უძლიერესი სახელმწიფო შეძლებს, გამოიჩინოს საკმარისი
კეთილგონიერება იმ შემთხევაში, თუ უთანხმოება კვლავ წარმოიშობა მომავალში და
ისე შეათანხმონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა, რომ ომისგან იხსნან „მრავალი
თაობა“. სწორედ ამაზე ვილაპარაკეთ შუადღიდან საღამოს 10 საათამდე: ვიმსჯელეთ,
როგორ შეგვეთავსებინა ჩვენი პოლიტიკა, როგორ დაგვეკავშირებინა თითოეული
ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები საყოველთაო უსაფრთხოების ინტერესებთან.
შუალედებში მე და ბიძია ჯომ პირისპირ ვილაპარაკეთ.

მამამ შვებით ამოისუნთქა და გაიზმორა, თითქოს გაგრძელებას აღარ აპირებდა.


მაგრამ ასეთ საინტერესო ადგილზე თხრობის შეწყვეტა როგორ შეიძლებოდა! ამას
ჩემი გამომეტყველებით მიხვდა.

- მასთან კიდევ მრავალი საკითხის განხილვა მინდოდა შორეულ აღმოსავლეთში


მდგომარეობასთან დაკავშირებით... ამაზე ჩვენ ადრე შენი თანდასწრებითაც
ვისაუბრეთ, გახსოვს?
- მახსოვს, სტალინი პირველად რომ ვნახე.

- მართალია. ამრიგად, - მამამ დაამთქნარა,- კიდევ ერთ საკითხზე უნდა


შევთანხმებულიყავით და რამდენადაც ის დაგვთანხმდა იაპონიის წინააღმდეგ ომში
ჩართულიყო, მე...

- და, რა?

- დიახ, მან ილაპარაკა ომზე წყნარ ოკეანეში... მაგრამ, ეს ხომ მაშინ იყო, როცა შენ ჯერ
კიდევ თეირანში იყავი?

- ეს ხომ შესანიშნავი ამბავია! რატომ არ მითხარი?

მამამ გაიღიმა.

- შენ არაფერი გიკითხავს.

- როდის ჩაებმებიან ომში?

- არც ისე მალე, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვეზე ადრე არა. ასე მგონია,
სტალინმა იმისთვის შემოგვთავაზა, ომი გამოვუცხადოთ იაპონიას და საბრძოლო
მოქმედებები დავიწყოთ შორეულ აღმოსავლეთში, რომ მეორე ფრონტზე კამათში
გამარჯვებისთვის მიეღწია. ის თანახმაა, მაშინვე ჩაებას ომში, როგორც კი შეძლებს
ძალებისა და შეიარაღების გადასროლას ციმბირს იქით, თუ ჩვენ დავპირდებით, რომ
დასავლეთში შეჭრას 1 მაისს დავიწყებთ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საომარი
თვალსაზრისით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რუსებს მთელი ძალით
დაერტყათ ჰიტლერისთვის აღმოსავლეთის ფრონტზე. სტალინს ჰიტლერის
განადგურების შემდეგაც ექნება დრო იაპონიასთან ომისათვის.

მე ისე ვიყავი ამ ახალი ამბით გაოგნებული, რომ ვერაფრის თქმა ვერ შევძელი.

- ასე რომ, - განაგრძო მამამ, - ის დაგვთანხმდა, ომი გამოუცხადოს იაპონიას, როგორც


კი შეძლებს ჯარის და საბრძოლო მასალების ციმბირის გავლით გადასროლას -
ერთადერთი სარკინიგზო ხაზით. მან ვადებიც კი მოგვცა - ჰიტლერის საბოლოო
განადგურებიდან ექვსი თვის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით
ბევრ რამეზე მინდა დაველაპარაკო: ომის შემდგომ ჩინეთზე, ჩინელ კომუნისტებზე
და სხვა. ჩერჩილის თანდასწრებით ვერ შევეხე მთელ რიგ საკითხებს, რადგან ეს
საკითხები გარკვეულწილად ეხება ინგლისელების ექსტერიტორიულ უფლებებს
ჰონკონგში, კანტონსა და შანხაიში... საქმე ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენ ჩან კაი-შის ამ
საკითხში ინგლისელების წინააღმდეგ მხარდაჭერას დავპირდებოდით, ის ჩინეთში
ნამდვილი დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე დათანხმდებოდა. ჩან კაი-
შის კი მანჯურიაში რუსების განზრახვები აღელვებდა... მაგრამ აღარ მგონია, რომ ეს
ახლაც აღელვებდეს. ბიძია ჯო დათანხმდა, მანჯურია ჩინელებს დარჩეს, და იმასაც
დაგვპირდა, რომ მხარს დაუჭერს ჩან კაი-შის ინგლისელების წინააღმდეგ... პატ
ჰარლი მოსკოვში გაემგზავრა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

ამან გამახსენა, რომ ირანის მომავალზე სამი სახელმწიფოს ხელმძღვანელების


შეთანხმებაზე მუშაობისა და მსჯელობის პროცესში ნაწილობრივ მეც ვღებულობდი
მონაწილეობას. ვკითხე მამას ბოლოს და ბოლოს მოაწერეს თუ არა ამ შეთანხმებას
ხელი.
- რა თქმა უნდა, ხელიც მოეწერა, ბეჭდითაც დამოწმდა და დანიშნულების
ადგილზეც გადაიგზავნა. სხვათა შორის, მადლობას გიხდი ჩატარებული
სამუშაოსთვის. პატ ჰარლიმ, - დაამატა მან, - კარგად იმუშავა. თუ არის ამ ქვეყნად
კაცი, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას ჩინეთის ჩახლართულ საშინაო პოლიტიკას,
ეს პატ ჰარლია. იცი, ელიოტ, - განაგრძო მან, თან ასადგომად მოემზადა, - ჰარლის
ტიპის ადამიანები ფასდაუდებელნი არიან. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ერთგულები
არიან. ისეთი დავალება შემიძლია მივანდო, რომელსაც არასოდეს არავის მივცემდი
სახელმწიფო დეპარტამენტიდან. იმიტომ, რომ მე შემიძლია ჰარლის ვენდო. ხომ
გესმის ჩემი?

გავიფიქრე სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელეებზე, რომლებიც არცთუ იშვიათად


აყენებდნენ მამას ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც მერე მამას თვითონ უხდებოდა
თავის დაღწევა.

- შენ იცი, ადამიანები სახელმწიფო დეპარტამენტიდან რამდენჯერ ცდილობდნენ


ჩემთვის განკუთვნილი ინფორმაციის დამალვას, დაყოვნებას და მხოლოდ და
მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ზოგიერთი ამ პროფესიონალ დიპლომატთაგან არ
ეთანხმებოდა ჩემს აზრს. მათ ჩერჩილთან უნდა ემუშავათ და არა ჩემთან.
ფაქტიურად, ასეც არის, ძირითადად მისთვის მუშაობენ. შენ წარმოიდგინე, თითქმის
ყველა ფიქრობს, რომ ამერიკამ თავისი საგარეო პოლიტიკა შემდეგნაირად უნდა
წარმართოს: ნახოს, როგორ მოქმედებენ ინგლისელები და მერე მათ მიბაძოს.
მნიშვნელობა არა აქვს, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, თქვა მამამ,
საკუთარმა მსჯელობამ გააღიზიანა. - რამდენადაც ვიცი, პატ ჰარლი და რამდენიმე
ადამიანი, ვინც ჩემთან მუშაობს, რესპუბლიკელები არიან, სულით ხორცამდე. მაგრამ
მათ ესმით, რომ მათი სამშობლო ომს აწარმოებს და მზად არიან, რაც შეუძლიათ,
ყველაფერი გააკეთონ თავიანთი ქვეყნისთვის. და ისინი ამას აკეთებენ.

არტურ პრიტიმენი შემოვიდა და მამას ჩაცმაში დაეხმარა.

- ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ მირჩევდნენ, - განაგრძო მამამ, - წმენდა ჩამეტარებინა
სახელმწიფო დეპარტამენტში. ის ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო
ჰგავს, სადაც ზის ადამიანი, რომელიც მუდმივად ატარებს მინისტრის მოადგილის
წოდებას - მუდამ მოადგილედ რჩება ნებისმიერი მთავრობის დროს,
კონსერვატორები იქნებიან, ლეიბორისტები თუ ლიბერალები. მისთვის სულერთია.
ის მუდმივია. იგივე ითქმის ჩვენს სახელმწიფო დეპარტამენტზეც. ამიტომ პატ
ჰარლის მსგავსი ადამიანები ორმაგად ძვირფასია. პატს მხოლოდ თქმა სჭირდება, რა
გააკეთოს. და რასაც ეტყვი, პატიოსნად და კარგად შეასრულებს. - მამა თვითონ
მიხვდა, რომ ხმას აუწია და გაეღიმა.

- რას მერჩოდი? ამას ჰქვია, რომ ვისვენებ. სულ შენი ბრალია. შენ მაიძულე
გამეხსენებინა ეს ზოლებიან შარვლებში გამოწყობილი ბატონები სახელმწიფო
დეპარტამენტიდან.

გამეცინა.

მამამ მკითხა, რატომ არ ვიცვლიდი ტანსაცმელს სადილისთვის. ვუპასუხე, რომ მე არ


მიმიღია მიწვევა, და რომც მიმეღო, მაინც არ წავიდოდი.
- დავიღალე მამა, ბევრი საქმე მქონდა. თან წინა ღამითაც არ მიძინია. რამეს შევჭამ და
დავიძინებ.

შურით შემომხედა.

- ხვალ ხომ აქ იქნები?

- რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში, 4 ან 5 საათამდე მაინც.

დილით ისევ მამასთან ვიყავი და მითხრა, რომ თურქეთის ომში ჩართვის საკითხზე
საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო - უარყოფითი.

- ვფიქრობ, - თქვა მამამ, - ეს იყო ჩერჩილის ბოლო მცდელობა, დაჟინებით მოეთხოვა


მოკავშირეების შეტევა სამხრეთიდან, ხმელთაშუა ზღვის მხრიდან.

მამას ვკითხე, რუსეთმა დაიკავა თუ არა რაიმე პოზიცია ამ საკითხის მიმართ. მან
გაიღიმა.

- სტალინმა თქვა, რომ თურქეთმა არაფერი არ უნდა მიიღოს ლენდ-ლიზით იმ


შემთხვევაში, თუ ეს ოდნავ მაინც შეაყოვნებს დასავლეთის ფრონტზე შეტევას. დღეს
მე და უინსტონი ვაპირებთ, შევადგინოთ განცხადება თურქეთის პრესტიჟის
დასაცავად. გაზეთები თითქმის ერთი თვეა წერენ, რომ თურქეთს განზრახული აქვს,
ომი გამოუცხადოს გერმანიას.

იმაზე ვფიქრობდი, რომ სტალინმა და მამამ შეძლეს ურთიერთობის დამყარება და


ჩვენ საერთო ინტერესები გვაკავშირებს. ეს აზრი ხმამაღლა გამოვთქვი. მამამ
მიპასუხა: - ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სტალინისთვის აგვეხსნა, რომ
შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი არ ერთიანდებიან საბჭოთა კავშირის
წინააღმდეგ. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ გავფანტეთ ეს ეჭვი. ვიმედოვნებ,
რომ ეს ასეა. ომის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში აირევა, თუ
მსოფლიო ისევ გაიყოფა და რუსეთი ჩვენ და ინგლისს დაგვიპირისპირდება.
ამიტომაც, დღეს, ისევე როგორც ხვალ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ
შუამავლის როლი რუსეთსა და ინგლისს შორის.

აშკარა იყო, რომ ასეთი ქმედებით შეერთებულმა შტატებმა წამყვანი პოზიცია


მოიპოვა მსოფლიოში. ჩვენი საგარეო პოლიტიკით აღარ მივჩანჩალებდით ინგლისის
უკან. კონფერენციაზე მამამ შეძლო იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ დამოკიდებული
არ ვართ ინგლისზე, რომ ჩვენ მიზნად ვისახავთ ინგლისელი იმპერიალისტების და
რუსი კომუნისტების დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებების
შეთანხმებას მომავალ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. ისტორია
გვიჩვენებს, შევძლებთ თუ არა ამის განხორციელებას, მაგრამ იმის კონსტატირება
ნამდვილად შემიძლია, რომ კაიროში, თეირანის კონფერენციის შემდეგ, მამა
დარწმუნებული იყო, ასეთი პოლიტიკის გატარება შესაძლებელი იყო ყველა
დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ, რომელთა შორის პატარა სახელმწიფოებიც
იგულისხმებოდა.

ჩემთან გამოთხოვების შემდეგ, მამა მთელი დილა ვაშინგტონიდან მიღებულ ფოსტას


ეცნობოდა. გენერალი სტილუელი გამოცხადდა შუადღისთვის. ეს მისი ბოლო
შეხვედრა იყო მამასთან. დაახლოებით 20 წუთი ისაუბრეს. „ჯო ძმარი“ ჩან კაი-შის
პოლიტიკით უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით იმით, რომ ეს უკანასკნელი ძალებს
იკრებდა ომის შემდეგ კომუნისტებთან საბრძოლველად. მამა ფიქრებში ჩაეფლო, ის
ფიქრობდა ჩან კაი-შისთან დადებულ შეთანხმებაზე, რომელსაც სტალინთან
შეთანხმება მოჰყვა, ცოტას ლაპარაკობდა და ცდილობდა დაერწმუნებინა სტილუელი,
რომ ყველაფერი, რაც შეიძლება კარგად მოეგვარებინა. სტილუელთან ლაპარაკისას
მამა აშკარად სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. ასე მგონია, ფიქრებში ისევ იმ დასკვნამდე
მივიდა, რომ ჯერ აუცილებელი იყო ფაშისტების განადგურება და მხოლოდ შემდეგ
შეძლებდა მიბრუნებოდა პრობლემებს, ამერიკელი ხელმძღვანელობის წინაშე
ჩინეთში რომ იდგა.

საუზმობისას მამასთან მხოლოდ ჩერჩილი და ჰარი ჰოპკინსი იყვნენ. საუბარი შეეხო


კომუნიკეს შედგენას ისმეთ ინენიუს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ეს კომუნიკე
მეტად ფრთხილად უნდა ჩამოეყალიბებინათ, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის
ჯერ კიდევ არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, მითუმეტეს,
რომ ჩერჩილს ადრე იმედი ჰქონდა, თურქეთიც ჩაებმებოდა ომში, როგორც
მოკავშირე. საუზმის შემდეგ თვითონ ინენიუც მოვიდა, სულ მალე მას საბჭოთა
კავშირის ელჩი თურქეთში, ვინოგრადოვიც მოჰყვა, - როგორც სტალინის
წარმომადგენელი. კომუნიკეში ნათლად უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, რომ თურქეთის
მთავრობა თანხმდება საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული
შტატების მთავრობებთან - თურქეთი არ ჩაებმება ომში, მიუხედავად ყველაზე
გამჭრიახი ჟურნალისტების ვარაუდებისა. ამას გულისხმობდა კომუნიკეს
ფორმულირებები.

კომუნიკეს გაფორმების და გამომშვიდობების შემდეგ მამა ვილის პარმაღზე


გამოვიდა და წარმოთქვა იმპროვიზებული სიტყვა სამხედრო პოლიციის რაზმის
წინაშე, რომელიც კონფერენციის დელეგატებს იცავდა. მან თქვა: - როგორც კი მტერს
ბოლოს მოვუღებთ, ვაპირებთ მას საფუძვლიანად გავუსწორდეთ, რომ მან ვეღარ
შეძლოს ახალი ომის წამოწყება. მშვიდობის შესანარჩუნებლად ძალის გამოყენებაც
რომ დაგვჭირდეს, ამაზეც წავალთ...

მამა კმაყოფილი ჩანდა. გასული დღეების თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ ის


ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

თავისი სიტყვა რომ დაასრულა, ხელახლა მომიხდა მასთან გამომშვიდობება.


მინდოდა, ტუნისში სიბნელის დადგომამდე გავფრენილიყავი. მამას სუზერლენდის
მოსვლამდე ველაპარაკებოდი, ის გენერალ მაკარტურის შტაბის უფროსი იყო, იმ
რამდენიმე წუთის განმავლობაში მოვასწარი გამეგო, რომ მამას და ჩერჩილის
შეხედულებები ისევ დაშორდა ერთმანეთს, ოღონდ ახლა სხვა საკითხთან
დაკავშირებით. ეს მაშინ გამომჟღავნდა, როცა გაკვრით ვახსენე ჩემი ეიზენჰაუერთან
შეხვედრა ტუნისში და ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, შემდეგ დილითაც ვნახავდი.

- გადაეცი მას ჩემი მოკითხვა, - მითხრა მამამ, - სულ მალე მას უფრო პასუხსაგები
საქმის გაკეთება მოუწევს. საწყალი, არ მშურს მისი.

„საწყალი აიკი, - გავიფიქრე ჩემთვის, - როგორც ჩანს, მაინც მოუწევს პენტაგონში


დაბრუნება“.

- ეს უკვე ოფიციალურად გადაწყდა, მამა? რამე გადავცე, თუ მას ან ბუჩერს შევხვდები?


- საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ელიოტ. მაგრამ სრულიად
ნათელია, რომ ჩერჩილი კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევს მარშალის ამ
პოსტზე დანიშვნას...…საქმე მარტო ის კი არ არის, რომ მარშალი მეტისმეტად ხშირად
ეკამათებოდა პრემიერ-მინისტრს სამხედრო საკითხებზე, არამედ ის, რომ ძალიან
ხშირად იმარჯვებდა კიდეც. ვიცი, რომ გული დასწყდება.

უცებ ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა.

- გინდა თქვა, რომ აიკს პენტაგონში დაბრუნება არ ელის?

- თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ მას ისეთი უდიდესი ოპერატიული დავალების


შესრულება მოუწევს, როგორიც კი ოდესმე სარდალს რგებია წილად. პენტაგონში რა
ესაქმება?

გზად აეროდრომისკენ ვფიქრობდი გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც


ეიზენჰაუერს „ოვერლორდის“ ოპერაციის მეთაურობა დაევალებოდა, რაც ახლა
სავსებით შესაძლებელი ჩანდა. რა თქმა უნდა, აიკისთვის ეს სასიამოვნო ამბავი
იქნებოდა. ჯორჯ მარშალზეც ვფიქრობდი. ყველაფერ იმისგან, რაც მამაჩემისგან
გამიგონია და რაც კონფერენციებზე მომისმენია, არჯენტიიდან დაწყებული და ომის
მსვლელობიდან გამომდინარე, ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ მარშალს
მეთაურის სრულიად გამორჩეული თვისებები ჰქონდა, რაც შტაბის პირობებშიც და
ბრძოლის ველზეც მას საშუალებას აძლევდა წარმოუდგენლად მარჯვედ
ეხელმძღვანელა ადამიანებისთვის, ემართა ომი, წაეყვანა თათბირები. მაგრამ,
საუბედუროდ, როგორც ჩანს, სწორედ ამ თვისებების გამო ექცა ჩერჩილი მტრად.
გამახსენდა, თეირანში მამამ რომ მითხრა, მარშალი ერთადერთი ამერიკელი
გენერალია, რომელსაც შეუძლია მტკიცედ დაიცვას საკუთარი შეხედულება პრემიერ-
მინისტრთან კამათის დროს. ისიც კარგად მესმოდა, ჩერჩილთან ისე მორიგდე, რომ
საკუთარ შეხედულებებს არ უღალატო, ასევე გამორჩეული თვისება იყო, რაც
ეიზენჰაუერს არაერთხელ გამოუვლენია. ამასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა
შეტევის ორგანიზებისთვის, რომლის ამოსავალი წერტილი ინგლისი უნდა
გამხდარიყო.

მეორე დღეს, როცა მამას თვითმფრინავი ტუნისში, ელ-აუინაში დაფრინდა, მას


დავხვდით გენერალი ეიზენჰაუერი, გენერალი სპაატსი, ჰარი ბუჩერი და მე.
აეროდრომიდან კართაგენის „თეთრი სახლის“ გზაზე მამა გატაცებით გვიყვებოდა,
რა საინტერესო რაღაცეები დაინახა ჰაერიდან. მაიორ ოტის ბრაიენს თვითმფრინავი
სანაპიროს გასწვრივ მოჰყავდა, ზუსტად იმ გზის თავზე, რომლითაც ნაცისტები
მონტგომერის დარტყმების შედეგად უკან იხევდნენ. თვითმფრინავის ქვეშ
ერთმანეთს მიჰყვებოდა ბრძოლის ადგილები. ათასობით მილის მანძილზე მამა
ხედავდა გერმანელთა აფრიკის კორპუსის უკან დახევისას მიტოვებულ
თვითმფრინავებს, ტანკებს, საბარგო მანქანებს. ერთმანეთის მიყოლებით
მიცურავდნენ თვითმფრინავის ფრთებქვეშ ელ-ალამეინი, თობრუკი, ბენგაზი,
ტრიპოლი, სფაქსი. მამა ისე იყო აღფრთოვანებული, თითქოს თვითონ
ხელმძღვანელობდა ინგლისის მე-8 არმიას.

იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, მამას ჩამოფრენამდე კართაგენში რომ გავატარე,


სადილის ორგანიზებით ვიყავი დაკავებული. მამას ვილაში ვისადილეთ. ყველა
კერძი ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოამზადეს და მხოლოდ ოფიციანტების როლში
იყო ორი იტალიელი სამხედრო ტყვე. სადილი ჩემი ნაწილის ოფიცრის, ოკლაჰომელი
დევიდ ბრუქსისთვის მაიორის წოდების მინიჭების მიზეზით გაიმართა. არა მგონია,
ოდესმე რომელიმე ახალგაზრდა ოფიცერს ეზეიმა თავისი წინსვლა ასეთ ბრწყინვალე
საზოგადოებაში. მთავარსარდლის გარდა, სუფრასთან ისხდნენ ხუთი გენერალი, მათ
შორის, მოკავშირეთა ძალების მეთაური და ამერიკული ძალების მეთაური
ხმელთაშუა ზღვის აუზში და სამი ადმირალი - ლეგი, მაკინტაირი და ბრაუნი. ეჭვი
მქონდა, რომ მამის თანმხლებ საიდუმლო სამსახურის აგენტებს, ცოტა არ იყოს,
აფიქრებდათ იტალიელი ოფიციანტების იქ ყოფნა. მთელი ვახშმის განმავლობაში ამ
საცოდავების ნებისმიერ მოძრაობას ფხიზლად ადევნებდნენ თვალს. მაგრამ
ოფიციანტები არავის მოწამვლას არ აპირებდნენ და უკვირდათ, რომ ნება დართეს
ოთახში სახელმწიფოს მეთაურთან ერთად ყოფილიყვნენ. ვახშმის შემდეგ მათ
კრძალვით ჩამოართვეს ხელი მამას. მოგვიანებით, ჯერ კიდევ დაბნეულები,
გამომიტყდნენ, რომ წარმოუდგენლად მიაჩნდათ ასე ახლოს მისულიყვნენ
მუსოლინისთან[16] ანდა ვიქტორ-ემანუელთან - ომამდელ იტალიაშიც კი მათ
სახელმწიფოს პოტენციურ მტრებად ჩათვლიდნენ.

სადილის შემდეგ შევძელი გამერკვია, რომ საფრანგეთში შესაჭრელად ეიზენჰაუერის


მოკავშირეთა არმიის სარდლად დანიშვნის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი იყო.
მამამ მითხრა, რომ შესაბამის შეტყობინებას ეიზენჰაუერი მიიღებდა მარშალისგან,
რომელიც ჯერ კიდევ კაიროში იმყოფებოდა, და აიკს მანამდე არავითარ შემთხვევაში
არაფერი არ უნდა სცოდნოდა. იმ საღამოს მამა დაღლილი ჩანდა, სრულიად
ძალაგამოცლილი იყო. წინ კი საინსპექციო ვიზიტები მოელოდა. მას სურდა კიდეც ამ
მგზავრობის გაგრძელება, უნდოდა მის მარშრუტში შესული მალტის და სიცილიის
გარდა, იტალიაც ენახა. მაგრამ, ისევ გენერალმა ეიზენჰაუერმა შეუშალა ხელი, ნება
არ დართო და შედეგებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღო.

მართალია, მამა გატანჯული ჩანდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო, რომ ამდენი რამ
მოასწრო ასეთ მოკლე დროში.

დილით მამა ჩემზე ადრე ადგა და „C-54“-ით, გამანადგურებლების თანხლებით


გაფრინდა მალტაში, შემდეგ სიცილიაზე (სადაც მარკ კლარკი, თავისდა გასაოცრად,
დაჯილდოვდა ჯვრით „დამსახურებისათვის“. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,
რისთვის გამოიძახეს იტალიიდან). ხუთის ნახევარზე მამა დაბრუნდა ელ-აუინაში და
მე აეროდრომზე დავხვდი. რვა საათზე ჩვენ მხოლოდ მისი შტაბის წევრებთან:
ლეგთან, ბრაუნთან, მაკინტაირთან და უოტსონთან ერთად ვისადილეთ. მამამ, რა
თქმა უნდა, ვერ გამცა პასუხი ერთადერთ კითხვაზე, რომელიც მინდოდა გამერკვია
მის გამგზავრებამდე სახლში, რაც მეორე დილისთვის იყო დანიშნული. მინდოდა
გამეგო, წავიდოდა თუ არა ტუი სპაატსი ინგლისში აიკთან ერთად, აქედან
დავასკვნიდი, მოუწევდა თუ არა ჩემს ნაწილს შეჭრის ოპერაციაში მონაწილეობა.
მამამ მხოლოდ მათ შესახებ იცოდა, ვინც უშუალოდ მთავარსარდალს
ექვემდებარებოდა. სპაატსი კი ამ რჩეულ საზოგადოებას არ ეკუთვნოდა. თანაც მამას
ამ უკანასკნელ საღამოს არაფერზე არ სურდა საუბარი, იმ თვის განმავლობაში
მიღწეული მთავარი წარმატების გარდა.

- გაერთიანებული ერები... - დიდი კმაყოფილებით მითხრა იმ ბოლო საღამოს, -


ამერიკელები - კონგრესმენები, გაზეთის მიმომხილველები - ლაპარაკობენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე, როგორც რაღაც ისეთზე, რომელიც
მხოლოდ ომთან დაკავშირებით არსებობს. ცდილობენ, მას თავს დაესხან, აცხადებენ,
რომ ჩვენ მხოლოდ იმიტომ გავერთიანდით, რომ ამისკენ ომმა გვიბიძგა. მაგრამ
გამაერთიანებელი ძალა ომი არ არის. ასეთი ძალა მშვიდობაა. მხოლოდ ომის შემდეგ
შვძლებ მივაღწიო იმას, რომ გაერთიანებულ ერებს ჭეშმარიტად გაერთიანებული
ერები ერქვას!

მეორე დილით 6 საათზე ავდექით და აეროდრომზე წავედით. მამა დაკარში


გაფრინდა, სადაც „აიოვაზე „ უნდა გადამჯდარიყო. შობისთვის სახლში იქნებოდა. მე
კი ჩვენი ზურგის შტაბის ჯარისკაცებისა და ოფიცრების ბოლო ჯგუფთან ერთად სან-
სევეროში (იტალიაში) გავფრინდი. იქ გავატარეთ შობა სიცივესა და ჭუჭყში და არ
ვიცოდით, იტალიაში დავრჩებოდით ომის დასრულებამდე, თუ იმ ბედნიერთა
რიცხვში აღმოვჩნდებოდით, რომლებიც 1944 წლის 1 მაისს გერმანიაზე შეტევას
დაიწყებდნენ.

თავი მეცხრე. კაიროდან და თეირანიდან იალტამდე

კაიროს კონფერენციის დასრულების შემდეგ ჩემი იტალიაში ყოფნა არანაირი


ღირსშესანიშნავი მოვლენებით არ იყო გამორჩეული.

ისევე ფრთხილად, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, ვცდილობდი, გამეგო


გაიგზავნებოდა თუ არა ჩემი ნაწილი გაერთიანებულ სამეფოში. დაახლოებით იმ
დროს, როცა ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ ჩვენი პერსპექტივები გაუარესდა, მაგრამ
როგორც არმიული გამოცდილება გვკარნახობს, ეს ჩვეულებრივ საპირისპიროს
ნიშნავდა, გავრცელდა არასასიამოვნო ხმები გადამწყვეტი დარტყმის მომზადების
შესახებ დასავლეთ სანაპიროზე, რომთან ახლოს მდებარე რომელიღაც პუნქტზე,
მთელ იტალიაზე გადაჭიმული გერმანული სიმაგრეების გვერდის ავლით.

ლაპარაკი იყო ანციოში გადასხდომაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსმენილი მქონდა
სტრატეგიულ გეგმებზე, რომლებიც შტაბების უფროსების გაერთიანებულმა საბჭომ
შეიმუშავა ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ ირანში, ასეთი წამოწყების სერიოზულობას ვერ
ვიჯერებდი.

თუმცა, ვიდრე ამ ოპერაციის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყებოდა,


მიბრძანეს, გენერალ სპაატსთან ინგლისში გამოვცხადებულიყავი. ჩავედი თუ არა,
ასეთი დავალება მომცეს: ამერიკის ყველა საავიაციო სადაზვერვო ნაწილის, როგორც
მე-8 საჰაერო არმიის (შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენები) ასევე მე-9 არმიის
(ახლო მანძილზე მოქმედი მსუბუქი ბომბდამშენები) რეორგანიზაცია უნდა
განმეხორციელებინა და ყველა ამ ნაწილისთვის მეხელმძღვანელა. ყველა ის
ინფორმაცია უნდა მომეპოვებინა, რომელიც ევროპაში შეჭრისთვის იყო საჭირო. ამის
შემდეგ, ცოტა ხანში, ანციოში გადასხდომის ამბავიც გავიგე. მაგრამ მხოლოდ
რამდენიმე კვირის შემდეგ ეიზენჰაუერთან შეხვედრის დროს შევიტყვე, რომ
პირადად ჩერჩილმა მოითხოვა ეს ოპერაცია, რომელსაც პირობითად
„შინგლი“ დაარქვა. ეს იყო მისი უკანასკნელი, ალბათ სრულიად თვითნებურად
წამოწყებული, მცდელობა თავს მოეხვია ჩვენთვის ევროპაში შეჭრა სამხრეთიდან და
არა დასავლეთიდან.
ჩემი ნაწილი ინგლისში თავმოყრილ ამერიკულ არმიას 19 იანვარს შეუერთდა.
მაშინვე შევუდექით სამეფო საჰაერო ძალების ინგლისელი კოლეგების მხარდამხარ
მუშაობას. რამდენადაც ამ წიგნში მომიწია ინგლისის ზოგიერთი სამხედრო
ხელმძღვანელის გაკრიტიკება, მინდა აქ აღვნიშნო, რომ სამეფო საჰაერი ძალების ის
ოფიცრები, ვისთანაც მე მომიწია იანვრის შუა რიცხვებიდან ევროპაში შეჭრის
დღემდე და შემდეგ ნაცისტების საბოლოო კაპიტულაციამდე თანამშრომლობა,
მაღალკვალიფიციური ადამიანები იყვნენ. მათ შესანიშნავად იცოდნენ თავიანთი
საქმე - თითოეულმა მათგანმა და ყველამ ერთად - და არავის ჩამოუვარდებოდნენ
შრომისმოყვარეობით და სურვილით, რაც შეიძლება სწრაფად მოეგოთ ომი. მათ
ქვეყანას სრული საფუძველი ჰქონდა მათით ეამაყა. დიდწილად მათი წყალობით
განხორციელდა ევროპაში შეჭრის ოპერაცია მინიმალური დანაკარგით. როცა
ვაცხადებ, რომ ევროპაში ჩვენი იარაღის წარმატება გარკვეულწილად სამეფო საჰაერო
სადაზვერვო ძალების სპეციალისტების დამსახურებაა, გამოვხატავ ყველა იმ
ამერიკელი ოფიცრის აზრს, რომელიც მათთან მუშაობდა.

გავიდა იანვარი, თებერვალი და მარტი. აპრილში გამოჩნდა პირველი რეალური


ნიშნები იმისა, რომ თეირანში განხილული გეგმის მიხედვით „shuttle“[17] (მაქოსებრი)
ბომბდამშენების ფრენები ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის, ასევე საბჭოთა
კავშირსა და იტალიას შორის, იწყებოდა. მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების
შტაბში ჩამოვიდა საბჭოთა გენერალი წინასწარი მოლაპარაკებების საწარმოებლად და
მერე სამშობლოში დაბრუნდა. მაისში მაცნობეს, რომ რუსეთში უნდა ვხლებოდი
გენერლებს - ფრედ ანდერსონსა და თედ კერტისს და მე-8 არმიის რამდენიმე შტაბის
ოფიცერს, რომლებიც „მაქოსებრი“ ოპერაციის დაწყებამდე ჩვენთვის შერჩეული
აეროდრომების დასათვალიერებლად და ყველა წვრილმანის მოსაგვარებლად
მიემგზავრებოდნენ.

ძალიან კმაყოფილი ვიყავით, რომ რუსებმა მიიღეს ჩვენი გეგმა


„მაქოსებრ“ დაბომბვაზე და თანხმობა მოგვცეს, საკუთარი გამანადგურებლებით
დაეცვათ ჩვენი ბომბდამშენები. განსაკუთრებით იმით ვიყავით კმაყოფილი, რომ
შეგვპირდნენ, საჰაერო ფოტოდაზვერვის უფლებასაც მოგვცემდნენ. მეც სწორედ ამ
უკანასკნელი გარემოების გამო მიმავლინეს რუსეთში.

ჩვენ გადავუფრინეთ ჩემთვის კარგად ნაცნობ ადგილებს: კასაბლანკას, ტუნისს,


კაიროს, თეირანს (აქ თვითმფრინავის ბორტზე ავიყვანეთ რუსი სამხედრო შტურმანი
და რადისტი), და იქიდან მოსკოვისკენ გავემართეთ. ომის დროს რუსეთში ჩემი ორი
მოგზაურობიდან ეს პირველი იყო. იქ მხოლოდ ერთი კვირა გავატარეთ და ამიტომ
ჩემი შთაბეჭდილებები რუსეთზე ფრაგმენტულია, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი.
მახსოვს მოსკოვის ფართო ქუჩები. წითელი ავიაციის გამოჩენილი ოფიცრების მიერ
ჩვენს საპატივცემულოდ გამართული ბანკეტი, რომელზეც მე ორ რუსს შორის
დამსვეს და ძირითადად ჟესტებით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მახსოვს კრემლი,
სადაც მოლოტოვს ვესტუმრეთ - უზარმაზარი ნაგებობა, ჩვენს პენტაგონზე დიდიც კი,
ჩემ მიერ ნანახ არც ერთ დაწესებულებას არ ჰგავდა; კორიდორები სქელი წითელი
ხალიჩებით იყო მოფენილი და ოთახები კი - კომფორტულად მოწყობილი. მახსოვს
დიდებული საოპერო თეატრი, სადაც რიმსკი-კორსაკოვის „ფიფქიას“ მოვუსმინეთ.
ოპერა ბევრად ლამაზად იყო დადგმული და უკეთესად შესრულებული, ვიდრე ჩვენს
საოპერო თეატრში, ნიუ-იორკში. მახსოვს სპექტაკლზე დამსწრე საზოგადოებაც: 90
პროცენტზე მეტი სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი, მაგრამ იყვნენ
ელეგანტურად ჩაცმული ქალებიც. მახსოვს სადილი სასტუმრო „მოსკოვში“ შვიდ
ამერიკელ კორესპონდენტთან ერთად. მათ ცოტაოდენი რამ მიამბეს იმ ქვეყანაზე,
სადაც იმყოფებოდნენ.

მათ მითხრეს, რომ რუსეთისთვის ლოზუნგი „ყველაფერი ომისათვის“ ნიშნავდა


მართლაც ყველაფერს ომისათვის - ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

ასევე მახსოვს გადაფრენა, რომელიც ჩვენი ოპერაციისთვის გამოყოფილი


აეროდრომების დასათვალიერებლად განვახორციელეთ. განსაკუთრებით
დამამახსოვრდა აეროდრომი პოლტავაში, რომელიც ომამდე არაფრით არ
ჩამოუვარდებოდა ჩვენს აეროდრომს რანდოლფში, ტეხასის შტატში. ახლა კი, ისევე
იყო დარბეული, როგორიც ნაცისტებმა დატოვეს. პირველად იქ ვნახე
წითელარმიელები მუშაობისას და პატივისცემით განვიმსჭვალე მათ მიმართ. ისინი
ბოლომდე იხარჯებოდნენ, რომ ყველანაირი წინააღმდეგობა გადაელახათ.
აეროდრომის ასაშენებლად რუსებს მოუხდათ ათასობით ჯარისკაცის გამოყენება
უმძიმესი ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად, და ისინიც წარმოუდგენლად
სწრაფად და კარგად ართმევდნენ თავს საქმეს. ქალებიც მუშაობდნენ - ზორბა
ამორძალები, რომლებსაც არაფრად უღირდათ 50-გალონიანი ბენზინით სავსე
ბიდონების ბურთებივით სროლა.

ჰაერიდან ჩანდა, თუ რა მარტივად გადაწყვიტა წითელმა არმიამ ტრანსპორტის და


მომარაგების საკითხი. გზატკეცილების არარსებობის გამო სატვირთო მანქანები
პირდაპირ გაუკვალავში მოძრაობდნენ. როცა გაკვალული გზა ისე აიზილებოდა, რომ
მანქანები შიგ ეფლობოდნენ, გზის განაპირას გადადიოდნენ და ასე განაგრძობდნენ
მოძრაობას. გზა ჰაერიდან სტეპში გატკეპნილ ერთ მთლიან 400-500 იარდის სიგანის
ზოლს ჰგავდა. მთელი საბჭოთა კავშირის სამხრეთი ფრონტი ერთლიანდაგიანი
რკინიგზის მეშვეობით მარაგდებოდა. ოპერაციები რომ დავიწყეთ, ჩვენი დაჟინებით
100-ოქტანური საავიაციო ბენზინი და ჭურვები სპარსეთის ყურიდან გადავისროლეთ.
ამით საკმაოდ დავტვირთეთ რუსების ტრანსპორტი, მაგრამ მათ სიამოვნებით
მოგვცეს ამის უფლება.

ყველას ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ რუსებს მართლაც სურდათ ჩვენთან


დაახლოება და თანამშრომლობა. ისინი ამერიკელებისადმი, ამერიკული
მანქანებისადმი და ამერიკული წარმოების ორგანიზაციისადმი პატივისცემას
გამოხატავდნენ. ჯო დევისმა დაგვანახვა, რა იოლია რუსებთან თანამშრომლობა.
სამწუხაროა, რომ ჩვენი მთავრობა აღარ თვლის საჭიროდ დევისისნაირი ადამიანების
გაგზავნას საბჭოთა კავშირში შეერთებული შტატების წარმომადგენლის
საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მოსკოვში და რუსეთის სამხრეთ ფრონტზე მივლინებიდან ლონდონში რომ


დავბრუნდი, ერთხელ იმის შესაძლებლობა მომეცა, რომ ოდნავ დამესვენა ევროპაში
შეჭრის მომზადების დაძაბული სამუშაოსგან. ბრიჯის სათამაშოდ მიმიწვიეს
გენერალ ეიზენჰაუერთან. მე და ჩემი პარტნიორი თედ კერტისი სამარცხვინოდ
დავმარცხდით აიკ ეიზენჰაუერის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, რომლის
პარტნიორი მისი ადიუტანტი ჰარი ბუჩერი იყო. ეს საღამო დამამახსოვრდა იმით,
რომ ჩვენ გვაიძულეს მათთვის გაგვეზიარებინა საბჭოეთის ქვეყანაში მოგზაურების
შთაბეჭდილებები ყველა წვრილმანის ჩათვლით. რა ქვეყანაა? როგორი არმია ჰყავთ?
როგორი მფრინავები ჰყავთ? მათი დისციპლინა? ჩვენზე რას ფიქრობენ? ჩვენს
თანამოსაუბრეებს აინტერესებდათ არა ოფიციალური პირების განწყობილება,
რომელთაც თეირანშიც და ლონდონშიც შეხვდნენ, არამედ რუსი ოფიცრების და
ჯარისკაცების დამოკიდებულება. შეკითხვებს შეძლებისდაგვარად ამომწურავად
ვპასუხობდით.

- რუსებისთვის გადამწყვეტი, - ვთქვი მე, - მეორე ფრონტია. ეს იქნება იმის


ძირფესვიანი შემოწმება, რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე. მეორე ფრონტი თუ გაიხსნა, -
ყველაფერი კარგად იქნება, თუ არადა...

- თუ? - წაიბუზღუნა ეიზენჰაუერმა. - რაღას ნიშნავს ეს „თუ“?

ვუპასუხე, რომ ვგულისხმობდი თეირანში მამაჩემის და პრემიერ-მინისტრის მიერ


მიცემულ პირობას და დათქმულ თარიღს - 1 მაისს.

- მე არაფერი ვიცი მათ დაპირებებზე. მე იქ არ ვყოფილვარ. მაგრამ საფრანგეთში


შეჭრის შესახებ ვიცი. ამ კუთხით რუსებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ.

ეს შეჭრის დღეც დადგა. ოპერაცია „ოვერლორდი“ დაიწყო და, მასთან ერთად,


დათქმული რუსების შეტევაც. გერმანელებმა თვითმფრინავი-ყუმბარების გამოყენება
დაიწყეს.

„სთარს ენდ სთრაიფში“ წავიკითხე ცნობა დუმბარტონ-ოქსში თათბირის შესახებ და


გამიხარდა, რომ „დიდმა სამეულმა“ ასეთ ერთიანობას მიაღწია მშვიდობის
პრობლემების გადაჭრის საქმეში. მამაჩემისგან მიღებული მოკლე წერილით შევიტყვე
ცოტა რამ სექტემბერში მისი შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრთან კვებეკში,
სადაც ძირითადად იაპონიასთან ომის საკითხებზე იმსჯელეს. 1944 წლის ზაფხულში
და შემოდგომაზე დღე და ღამე მხოლოდ ფოტოდაზვერვით ვიყავი დაკავებული
საფრანგეთის, გერმანიის და ჰოლანდიის თავზე. ეს ისეთი დაძაბული და
მომქანცველი სამუშაო იყო, რომ გულწრფელად გამიხარდა, როცა მივლინებით
შეერთებულ შტატებში გამგზავნეს ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. ეს კი
ნიშნავდა სამხედრო საქმეთა სამინისტროში მუშაობას და ვაშინგტონში ჩასვლას, რაც
საშუალებას მომცემდა, კიდევ ერთხელ მენახა მამა და მთელი ოჯახი.

პირველი, ვინც თეთრ სახლში ოჯახის წევრებიდან ვნახე, ჩემი და ანა იყო. მან
მითხრა, როგორ გრძნობდა თავს მამა და მაინც, როცა ვნახე, გამიკვირდა. ჯერ ერთი
ის, რომ ახლახან დამთავრებული საარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ლაპარაკობდნენ
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. ის მართლაც გამხდარი იყო და
დაღლილი ჩანდა, ეს იყო და ეს.

- აბა, რას მოელოდი? - მკითხა მამამ, თან ხელი გამომიწოდა, როცა ცოტა ხნით მასთან
შეღწევა მოვახერხე. - საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მთელ ქვეყანაში
მოგზაურობა ძნელი საქმეა, მაგრამ მე მგონი, მომიხდა კიდეც.

დაბერებული ჩანდა, მაგრამ, დაღლილობის მიუხედავად, ღაწვებზე ფერი მაინც


შერჩენოდა. მითხრა, რომ იმედოვნებდა, ერთ-ორი კვირით მაინც მოახერხებდა
დასვენებას, ალბათ, ვორმ-სფრინგში, და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შობის
გატარება ჰაიდ-პარკში.
- მოგწონს ასეთი პერსპექტივა? - მკითხა მან.

- რა თქმა უნდა! მაგრამ არც კი ვიცი, იმ დროისთვის სად ვიქნები. ალბათ, ისევ
ინგლისში. ეს ჩემს სამუშაოზეა დამოკიდებული.

მამას ვკითხე, როდის შეძლებდა ჩემთვის მოეყოლა, რა მოხდა ჩვენი აფრიკაში ერთად
ყოფნის შემდეგ.

- პირიქით, მე მინდა მოგისმინო, - მიპასუხა მან. - მინდა, შენ როგორც


თვითმხილველმა, მიამბო ყველაფერი ომის შესახებ.

მან თავის წიგნაკში ჩაიხედა, რაღაცა გადახაზა და მითხრა რომ იმავე საღამოს
შეძლებდა ჩემთან შეხვედრას.

- სადილის მერე მოდი. მანამდე გაზეთები წაიკითხე. ვფიქრობ, ამით ყველაზე უკეთ
მიხვდები, რამდენად არის დარწმუნებული ჩვენი ქვეყანა მალე გამარჯვებაში.

აღარ გავახსენე, რომ ერთი წლის წინ 1944 წლის ბოლოსთვის წინასწარმეტყველებდა
ჰიტლერელებზე გამარჯვებას. იმ დღეს რამდენიმე გაზეთის და ჟურნალის
გადათვალიერება მოვასწარი, და იმავე საღამოს ველაპარაკე ამის შესახებ.

- ახლა მესმის მამა, რისი თქმა გინდოდა. ყველა გაზეთი ომის შემდგომ ევროპაზე
წერს და იმაზე, რომ „დიდ სამეულში“ საკმარისი ერთობა არ არის, და აინტერესებთ
რატომ არ იწვევ „დიდი სამეულის“ ახალ შეხვედრას.

მამამ თავი დამიქნია.

- მე მგონია, ისინი კრიტიკის საბაბს ეძებენ. საბედნიეროდ, გამარჯვებისკენ


მივდივართ.

ვკითხე, „დიდი სამეულის“ მორიგი შეხვედრა ხომ არ იყო დაგეგმილი.

- რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრა უნდა შედგეს. იმედი მაქვს, იანვრის ბოლოსთვის
შევძლებთ შეკრებას, ჩემ მიერ პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავების
შემდეგ. ფაქტიურად, მხოლოდ შეხვედრის ადგილი არ არის გადაწყვეტილი.
სტალინის სურვილია, ეს რუსეთში მოხდეს.

- ისევ?

- ჰო და რთულია, ამაზე უარი ვუთხრათ. ის ხომ რეალურად მეთაურობს წითელ


არმიას. წითელი არმია კი ახლა წინ მიიწევს.

ამ პირველ საღამოს მამამ, როგორც თავიდან მითხრა, ძირითადად მე მალაპარაკა.


აინტერესებდა ყველაფერი, რისი გადაცემაც ომის შესახებ შემეძლო. ხარბად ისმენდა
ბრძოლების ამბავს. იმდენი ხანი გამაჩერა თავის ოთახში, იმდენი შეკითხვა დამისვა,
რომ ვეღარ მოვასწარი მისთვის როლი გამეცვალა და რამდენიმე შეკითხვა მეც
დამესვა. მაგრამ, ორ-სამ დღეში ასეთი შესაძლებლობა მომეცა. გენერალმა სამხედრო
სამინისტროდან, რომელთანაც მოხსენებით უნდა გამოვცხადებულიყავი,
შემატყობინა, რომ დანიშნულ დღეს ვერ მიმიღებდა. მაშინვე თეთრი სახლისკენ
გავეშურე იმ იმედით, რომ მამას გავესაუბრებოდი მისი სამუშაო დღის დაწყებამდე.
მამამ სავარძელზე მიმითითა, თვითონ კი წარბშეკრული რაღაც ოფიციალურ
პატაკებს ათვალიერებდა. იატაკზე ეყარა დაჭმუჭნილი დილის გაზეთები, ჩანს,
გაღიზიანების წუთს მოსროლილი. ცოტა ხანს კიდევ აგრძელებდა კითხვას,
შიგადაშიგ მესმოდა მისი უკმაყოფილო წამოძახილები.

როცა, როგორც იქნა, თავი ასწია და შემომხედა, სახეზე ცნობისმოყვარეობა მეწერა.

- საბერძნეთი! - წამოიძახა მან, - ინგლისის ჯარი იმ პარტიზანებს ეომება, რომლებიც


უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ნაცისტებს ებრძოდნენ.

მამა არ ცდილობდა დაემალა გულისწყრომა. ამ თემაზე მეც მქონდა წაკითხული


ერთი, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი და აშკარად არასრული ცნობა ვაშინგტონის
რომელიღაც გაზეთში. დაწვრილებითი ინფორმაცია პრესაში მხოლოდ რამდენიმე
კვირის მერე გამოჩნდა.

- როგორ გაბედეს ეს ინგლისელებმა! - წამოიძახა მამამ. - რაზე არ არიან წამსვლელი,


რომ როგორმე წარსული დაიბრუნონ!

მამამ მიიხედა ყავა დაისხა და მეც მიმიპატიჟა.

- აქ შენთვისაც მოიძებნება ფინჯანი.

- ძალიან კარგი!

- უინსტონს უბრალოდ რომ განეცხადებინა, რომ ის მხარს უჭერს საბერძნეთის


მონარქისტებს, - განაგრძო მან, - არ გამიკვირდებოდა. ეს მისთვის ჩვეული საქციელი
იქნებოდა. მაგრამ ბერძენი პარტიზანების დახოცვა! ასეთ საქმეზე ინგლისელი
ჯარისკაცების გაგზავნა!

- იქნებ, ლენდ-ლიზით მიღებული ამერიკული იარაღის გამოყენებით, - ჩავურთე მე.

- სწორედ ამის გამოკვლევას ვცდილობ, მაგრამ არა მგონია, რამე გამომივიდეს.

- საჯარო განცხადება?

- ინგლისელები გავკიცხო? - მამამ თავი გააქნია. - არა, ახლა არა. ამ საკითხის


დაყენების დროც მოვა - თებერვალში, უინსტონს რომ შევხვდები. ყოველ
შემთხვევაში... მოულოდნელად სახე გაუნათდა.

- ყოველ შემთხვევაში, რა?

მამამ უცებ შეცვალა თემა.

- იცი, დაახლოებით ერთი წლის წინ, აქ, თეთრ სახლში, ვიზიტით იყო დედოფალი
ვილჰელმინა. და ჩვენ ვისაუბრეთ, უფრო სწორად, მე ვაიძულე, ელაპარაკა
ჰოლანდიის კოლონიებზე და მათ ბედზე ომის შემდეგ. ლაპარაკი იყო იავაზე,
ბორნეოზე, ერთი სიტყვით მთელ ჰოლანდიურ ინდოეთზე. ორი თუ სამი საღამოს
განმავლობაში თითქმის 6 საათი ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. მე მას ვუთხარი, რომ ამ
კოლონიებს იაპონელებისაგან გაანთავისუფლებენ ამერიკის შეიარაღებული ჯარები -
ამერიკელი ჯარისკაცები, მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები. ფილიპინებიც ვახსენე,
- ამ სიტყვებზე მამას გაეღიმა, - იცი, ელიოტ, დათანხმდა, რომ ომის შემდეგ
ჰოლანდიის ინდოეთისთვის ნიმუშად ფილიპინებზე ჩვენს პოლიტიკას აიღებს.
ვილჰელმინა დამპირდა, რომ იაპონიაზე გამარჯვების შემდეგ მისი მთავრობა
გამოაცხადებს თავის განზრახვას, ჰოლანდიის ინდოეთის ხალხებს დასაწყისისთვის
თანასწორუფლებიანი დომინიონის სტატუსი და თვითმმართველობა მიანიჭოს.
შემდეგ კი, თუ ჰოლანდიის ინდოეთი საკუთარ მთავრობას შექმნის და ხალხი
თავისუფალი არჩევნებით გადაწყვეტს, სრული დამოუკიდებლობა მოითხოვოს, ის
მას მიიღებს - ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვაძლევთ დამოუკიდებლობას
ფილიპინებს. ეს უკვე გარკვეული პასუხისმგებლობის აღებაა და ინგლისურ
მმართველობაზე უარის თქმას ნიშნავს. დაუფიქრდი, ამას სტალინისთვის რამხელა
მნიშვნელობა ექნება! ეს ხომ დაანახვებს მას, რა შეუძლიათ დასავლეთის
სახელმწიფოებს, რომ ომის შემდეგ გააკეთონ და რას გააკეთებენ!

ვარაუდი გამოვთქვი, რომ ეს საუბარი დედოფალ ვილჰელმინასთან მას


ინგლისელების გამომწვევმა საქციელმა გაახსენა.

- მართალი ხარ! - მიპასუხა მან. - სავსებით მართალი! ამიტომაც არ მიმაჩნია საჭიროდ


საჯარო განცხადებით საბერძნეთში ინგლისელების ნამოქმედარის გაკიცხვა. არაფერს
ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოების ხელისუფლებები ასეთ
განცხადებას თავიანთი პროპაგანდისთვის გამოიყენებენ. ჩვენ შევძლებთ
ინგლისელები ვაიძულოთ, კოლონიების საკითხებში ჩვენს ხაზს გაჰყვნენ.
ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ჰოლანდიის ინდოეთიც, საფრანგეთის
ინდო-ჩინეთიც, ინდოეთიც და ჩინეთში ინგლისის ექსტერიტორიული უფლებებიც...
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რომ მეოცე საუკუნე მეოცე საუკუნე
იყოს!

გაღიზიანება სრულებით გაუქრა და გზნებით ლაპარაკობდა თავის საგარეო


პოლიტიკის გეგმებზე, რომელიც არა თუ არ იქნება დამოკიდებული ინგლისის
საგარეო საქმეთა სამინისტროზე, არამედ აიძულებს კიდეც იმპერიალიზმის ამ
ციტადელს, აღიაროს პროგრესის აუცილებლობა. მივხვდი, რომ „დიდი
სამეულის“ უახლოეს შეხვედრაზე მამა აპირებდა, მიეღწია მთელი საერთაშორისო
პოლიტიკის გადასინჯვისთვის.

რამდენიმე დღის შემდეგ მე დავტოვე ვაშინგტონი ყველაზე სასიხარულო პირადი


საქმეების გამო. 3 დეკემბერს არიზონაში ვიქორწინე ფეი ემერსონზე. ევროპაში
გამოძახებას დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ ველოდი. მაგრამ,
მოულოდნელად და ჩემდა გასახარად, მივიღე შვებულება, ან უფრო სწორად
ბრძანება, საშობაო არდადეგების დასრულებამდე დავყოვნებულიყავი შტატებში
„დროებითი მოვალეობების“ შესასრულებლად. ეს ბრძანება ზუსტად 16 დეკემბრის
წინადღით მივიღე - იმ დღის წინ, როცა ჰიტლერმა ჩვენი ფრონტი არდენთან
გაარღვია. როცა სამხედრო საქმეთა სამინისტრომ გარღვევის შეტყობინება მიიღო,
გაოგნებული დავრჩი. საჰაერო დაზვერვის უმთავრესი ამოცანა სწირედ იმ
მონაცემების შეკრება იყო, რომელთა მეშვეობით მეთაურები მოულოდნელ
მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩენილიყვნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა
ცნობებიდან, რომლებიც სამინისტრომ მიიღო და შემდეგ ოფიციალური კომუნიკედან,
მოწინააღმდეგის შეტევამ თურმე ჩაძინებულებს მოგვისწრო. ვშიშობდი, ეს ჩემი
ნაწილის დაუდევრობის მიზეზით არ მომხდარიყო, შესაბამის ინსტანციებს ნებართვა
ვთხოვე, თვითმფრინავით მოკავშირეთა საექსპედიციო შტაბში დავბრუნებულიყავი
და გამერკვია, რა მოხდა. მაგრამ, ჩემმა ხელმძღვანელობამ გონიერი პოზიცია დაიკავა:
გადაწყვიტეს, რომ მომხდარს ვეღარ უშველიდნენ და ჩემი იქ ყოფნა-არყოფნა ბევრს
ვერაფერს შეცვლიდა. ამიტომ, ვაშინგტონში ჩარჩენილი მხოლოდ ვარაუდებს
ვაწყობდი, თუ რა გახდა მარცხის მიზეზი: ამინდი არაფერ შუაში იყო,
ფოტოდაზვერვა მოვალეა, თავისი ფუნქცია ნებისმიერ ამინდში შეასრულოს. როცა
ვაშინგტონში ჩემი დავალება შევასრულე და ჩემს ნაწილში დავბრუნდი, გავიგე, რომ
სინამდვილეში დაზვერვა უნაკლოდ მოქმედებდა, რომ ინფორმაცია არდენის
ჩრდილოეთით მტრის ძალების კონცენტრაციაზე მოპოვებული იყო და გადაცემული
„შესაბამისი ინსტანციებისთვის“, მაგრამ შემდეგ იყო სადღაც დაყოვნებული თუ
მაუდის ქვეშ ამოდებული შტაბის სადაზვერვო განყოფილების რომელიღაც
უპასუხისმგებლო ოფიცრის მიერ.

ჩემი შვებულების ბოლო დღეები ოჯახთან, ჰაიდ-პარკში გავატარე. ეს მამასთან


ერთად გატარებული უკანასკნელი შობა იყო. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ,
საგაზეთო სათაურების ტონისა და გამეფებული საომარი ატმოსფეროს მიუხედავად,
ჩვენთვის ეს დღეები სიმშვიდისა და კმაყოფილების დრო იყო. ჩვენ ცოტა ხნით მაინც
გამოვეთიშეთ მთელ მსოფლიოს და ისევ ერთ ოჯახად ვიქეცით, უფრო მყარად
შეკრულ ოჯახად, და როგორც ერთი წლის წინ მამამ კაიროში მადლიერების დღეს
აღნიშნა, ეს იყო დიდი ოჯახი.

დიდი მაგიდა სასტუმრო ოთახის შუაგულიდან გვერდზე იყო გაწეული, მის


ადგილას საზეიმოდ მორთული ნაძვის ხე იდგა. ყველა ჩვენგანისთვის
მომზადებული იყო უამრავი შეფუთული საჩუქარი. შობის დამდეგს მამა თავის
საყვარელ სარწეველა სავარძელში ჩაჯდა ბუხრის პირას და გადაშალა ყველასთვის
კარგად ნაცნობი წიგნი. გარშემო შემოვუსხედით. მე იატაკზე მოვკალათდი ბუხართან,
რომელშიც სასიამოვნოდ ტკაცუნობდა შეშა. მამა კითხულობდა ბავშვობიდან ნაცნობ
„საშობაო საგალობელს“, რითმულად აყოლებდა ხმას - ხან აუწევდა, ხან დაუწევდა.
ჩემი ფიქრები სადღაც შორს დაქროდნენ და უცებ გაქრნენ. ფეიმ იდაყვი გამკრა და
გაბრაზებულმა ჩამჩურჩულა: „ხვრინავ, წამოჯექი!“ მე დამნაშავედ გადავხედე მამას,
მაგრამ მას არ გაუღიმია, თვალი ჩამიკრა და კითხვა განაგრძო. შევამჩნიე, რომ მას
რატომღაც დავიწყებოდა ქვედა ყბაზე ხელოვნური წინა კბილის ჩასმა. ეს ასევე
შეამჩნია ჩემმა სამი წლის ძმიშვილმა კრისმა, უმცროსი ფრანკლინის ბიჭმა. წინ
წაიწია და ხმამაღალი შეკითხვით შეაწყვეტინა კითხვა: - ბაბუა, კბილი დაკარგე!

ეს მტკიცება იყო და პასუხს არ საჭიროებდა, ამიტომ მამამ მხოლოდ გაიღიმა და


კითხვა განაგრძო. მაგრამ კრისმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა „საშობაო
საგალობლისადმი“, წამოდგა, მიუახლოვდა მამაჩემს, მიეყრდნო მას, საჩვენებელი
თითი მიუტანა პირთან და ჩააცივდა: - ბაბუა, შენ კბილი დაკარგე. გადაყლაპე?

ამ საღამოს „საშობაო საგალობელი“ დასრულდა.

ჩვენს ოჯახში მეტად ძლიერია ურთიერთქიშპობის სული და შეუძლებელია


ხმამაღლა კითხვა, - გაეცინა მამას და წიგნი დახურა.

- მომავალ წელს, - თქვა ჩემმა ცოლმა, - მშვიდობიან შობას ვიზეიმებთ და მოვუსმენთ


როგორც დამჯერი ბავშვები.

მომავალ წელს, - თქვა დედამ, - ჩვენ ყველა ისევ სახლში შევიკრიბებით.


შობის პირველ დღეს, როცა ყველა საჩუქარი გაიხსნა, მამასთან მივედი. თავის საწერ
მაგიდასთან იჯდა და ალბომში გულდასმით აწებებდა საფოსტო მარკებს - მისთვის
ყველაზე სასიამოვნო საჩუქარს. ხუმრობით რაღაც ვუთხარი გაერთიანებული ერების
მარკაზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დაამშვენებდა მის კოლექციას.

- ასეც იქნება, ელიოტ, ეჭვი არ შეგეპაროს, - მიპასუხა მან, - იმაზე უფრო ადრეც,
ვიდრე შენ გგონია. - მამა ზურგით მიეყრდნო სკამს და გამადიდებელი შუშა
გამომიწოდა. - რა უცნაურია, ეს წუთია, ასეთ მარკაზე ვფიქრობდი. ხომ არ
შევატანინო ეს საკითხი იმ თათბირის დღის წესრიგში, ერთი თვის მერე რომ
ჩატარდება? - მამას გაეცინა. - თუ ისინი დაფარულ ფილატელისტურ ინტერესს
დამაბრალებენ?

- ესე იგი, გადაწყვეტილია, ერთ თვეში ჩატარდება?

- იმდენად არის გადაწყვეტილი, რამდენადაც ეს ჩვენს დროშია შესაძლებელი.


მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას. გარემოების შეცვლაც არ მაწყენს.

- ადიუტანტი არ დაგჭირდება?

მამას გაეღიმა.

- ეს შენს უფროსზეა დამოკიდებული, ელიოტ. იმედი მქვს, გამოვა.

- მეც ვიმედოვნებ.

- აქედან რომც არაფერი გამოვიდეს, ჩვენ მაინც მალე შევხვდებით ერთმანეთს. მე


სერიოზულად ვფიქრობ ინგლისში გამგზავრებას გაზაფხულის მიწურულს ან
ზაფხულის დასაწყისში. ასე მგონია, ეს საუკეთესო საშუალება იქნება, ინგლისელი
ხალხი და ინგლისის პარლამენტი დავარწმუნო, რომ ინგლისმა თავისი მომავლის
იმედები გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უნდა დაუკავშიროს - ყველა
გაერთიანებულ ერს და არა მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიას. და არ უნდა ჰქონდეთ
იმის იმედი, რომ ინგლისელები ჩაითრევენ სხვა ქვეყნებს ბლოკში, რომელიც
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მამას ვკითხე, მართლა თუ ხედავდა ასეთ საშიშროებას.

- მოსალოდნელია, - მიპასუხა ძალიან სერიოზულად. - ახლა სწორედ ასეთი


საშიშროების წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა ვემზადებოდეთ. - გაჩუმდა, მერე კი
დაამატა, - თუმცა, ეს სულაც არ არის საშობაო თემა.

დედა მოგვიახლოვდა და მტკიცედ განგვიცხადა: - მეც ამის სათქმელად მოვედი. ხომ


მოვილაპარაკეთ, რომ დღეს არანაირი საქმიანი ლაპარაკი არ უნდა გვქონოდა.

ფეი მატარებელში ჩავსვი და ჰოლივუდში გავამგზავრე, ორი დღის მერე კი მეც


გამოვემშვიდობე მამას, დედას და მთელ ჩემს ოჯახს. ახალი წლისთვის უკვე ჩემს
ნაწილში ვიყავი და თავით გადავეშვი სამუშაოში. სამი კვირის შემდეგ „სთარზ ენდ
სთრაიპში“ წავიკითხე რომ მამას პრეზიდენტის პოსტზე ასვლის ცერემონიალი
საკმაოდ უბრალოდ წარიმართებოდა. ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის გაფიქრება, რომ
ფეი შეძლებდა ვაშინგტონში დაბრუნებას და ამ ზეიმზე დასწრებას. და უცებ... ცა
გაიხსნა და ახალ ომში აღმოვჩნდი ჩათრეული.
არ შევუდგები აქ „ბლეზის საქმის“ აღწერას. თუკი ფეისათვის საჭირო იყო რისკის
დამამტკიცებელი საბუთები რუზველტების ოჯახში შესვლის გამო, მან ეს მიიღო.
კაპიტოლიუმის გორკაზე მეტისმეტად ჩამოცხა. ჩემს შტაბში თვით გენერალური
ინსპექტორი გამოცხადდა, არ ვიცი, აქ რის აღმოჩენას ელოდნენ... და, ამას ისიც
დაემატა, რომ სწორედ ამ დროს მამაჩემის მაგიდაზე რაღაც ეშმაკებით აღმოჩნდა
სამხედრო სამინისტროდან გამოგზავნილი გენერლის წოდებაზე წარდგენილი
პირების სია. მათ შორის ჩემი გვარიც იყო: მე წარმადგინა დულიტლმა სპაატსის და
ეიზენჰაუერის რეკომენდაციით. როგორც მოგვიანებით ფეი მიყვებოდა, მამა,
რომელიც ასეთ სიებს მექანიკურად ამტკიცებდა ხოლმე, ამჯერად სერიოზულად
ყოყმანობდა და დიდხანს ფიქრობდა, ვიდრე ხელს მოაწერდა. ის ყოველთვის
შვილებს თავად ანდობდა ხოლმე რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. ამ
შემთხვევაში, როგორც ჩანს, მისცა თავს ფუფუნების უფლება, ეღალატა საკუთარი
წესებისთვის: მან ჩემს ცოლს განუცხადა, რომ, მისი რწმენით, მე ეს დავიმსახურე - და
მორჩა! მან სია დაამტკიცა, გადაუგზავნა სენატს და მაშინვე მომწერა ამის შესახებ,
ამიხსნა, რომ სენატს მიანდო გადაწყვეტილების მიღება, საკმარისად იყო თუ არა
დასაბუთებული ჩემი სარდლის ნდობა. მე მოთმინებით დაველოდე
გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, კონგრესმა ხელახალი გამოძიება დანიშნა.

მაგრამ, ჩემი უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა. იანვრის ბოლოს საფრანგეთში


ჩამოვიდა ჰარი ჰოპკინსი და პარიზში საექსპედიციო ძალების შტაბში მომძებნა.
მადლიერებით ვიხსენებ, როგორი ტაქტით შემატყობინა მან უსიამოვნო ამბავი.
თითქოს შემთხვევით ახსენა, რომ „დიდი სამეულის“ შეხვედრის ადგილად
საბოლოოდ არჩეულია იალტა, ყირიმში და ის სწორედ ამასთან დაკავშირებით
ჩამოვიდა ევროპაში. შემდეგ ჰარიმ მითხრა, რომ მამაჩემი უკვე გზაში იყო კრეისერ
„კუინსით“, მას თან ახლდა საგანგებო რაზმი. ჰარიმ იგრძნო, რომ ჩემს ბაგეს საცაა
მოსწყდებოდა საბედისწერო შეკითხვა და დამასწრო. მამას სურდა, რომ ამჯერადაც
მე შემესრულებინა მისი ადიუტანტის მოვალეობა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, სამხედრო
სამინისტროსთვის ეთხოვა ეს. ჰარის სიტყვებით, მამაჩემს არ სურდა, სამინისტრო
საჩოთირო მდგომარეობაში ჩაეყენებინა. აშკარა იყო, რომ რესპუბლიკელები საშინელ
ხმაურს ატეხდნენ კონგრესში.

საშინლად დამწყდა გული. მაგრამ ჰარიმ მითხრა, რომ მამას ჩემი და ანა ახლდა.
შვებით ამოვისუნთქე. ვიცოდი, რომ მამას უყვარდა, როცა გვერდით ვინმე მისიანი
ჰყავდა, ვისთანაც ის თავისუფლად იგრძნობდა თავს და ენდობოდა. ამიტომაც
გამიხარდა, რომ ანა მასთან ერთად გაემგზავრა. ჩემთვის მოყენებული დარტყმა
ცოტათი რომ შეემსუბუქებინა, ჰარიმ სადილად დამპატიჟა. მითხრა, რომ უნდოდა
გამსაუბრებოდა მანამ, სანამ მალტაში მამასთან შესახვედრად გაემგზავრებოდა.
მივხვდი, რომ ბავშვურად ვიქცეოდი და სასწრაფოდ ავიყვანე თავი ხელში.

სადილის დროს ჰარიმ მთელი თავისი ნიჭი გამოავლინა: ის მომხიბვლელი,


საინტერესო, შინაარსიანი და გონებამახვილი მოსაუბრე იყო და ჩვენ შესანიშნავად
გავატარეთ დრო. ჰარიმ მიამბო, რომ აიკ ეიზენჰაუერს შეხვდა და ახლა
წინასწარმეტყველებდა, რომ ნაცისტების წინააღმდეგობა ივლისისთვის გატყდებოდა.
მე დავცინე და სანაძლეო შევთავაზე, რომ ეს უფრო ადრე - აპრილის ბოლოსთვის
მოხდებოდა. ჰარიმ მითხრა, რომ ჩერჩილი ახლა უკვე ახალ - სამხრეთიდან შეჭრის
გეგმას ელოლიავებოდა. ის ამას ყურადღების გადასატან მანევრს ეძახისო
ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, როგორმე იტალიის ფრონტი ადგილიდან
რომ დაიძრას. ჩვენ სასაცილოდ მოგვეჩვენა მცდელობა, მოკავშირეთა ჯარები
ბალკანეთში გადაესროლათ იმაზე ადრე, ვიდრე იქ რუსები მივიდოდნენ. ჰარი
დარწმუნებული იყო, რომ შტაბების ამერიკელი უფროსები არასოდეს დაუშვებდნენ,
წყნარი ოკეანის ფრონტზე აუცილებელი სადესანტო ხომალდები ინგლისის პრემიერ-
მინისტრის მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

ჰარის სიტყვით, მამა დარწმუნებული იყო, რომ ყირიმის შემდეგ ომის


დასრულებამდე აღარ იქნებოდა აუცილებელი „დიდი სამეულის“ შეხვედრა. ყირიმის
კონფერენცია თითქმის მთლიანად ეძღვნება მშვიდობის უზრუნველყოფის
პრობლემებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას, ევროპისა და აზიის
სხვადასხვა ქვეყანაში ძალაუფლების და მმართველობის საკითხებს, რადგან ეს
ქვეყნები შესაძლოა მმართველობის ყოველგვარი აპარატის გარეშე დარჩნენ, თუ
ახლავე არ იქნა მიღებული სათანადო ზომები.

- გარდა ამისა, - განაგრძო ჰარიმ, - მამათქვენი მოითხოვს, „დიდმა სამეულმა“ იმაზეც


იმსჯელოს, რომ მშვიდობის დასამყარებლად შეიქმნას ისეთი უფლებამოსილი
ჯგუფი, რომელიც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისთანავე დამარცხებულ
ქვეყნებს პასუხს აგებინებს თავიანთ დანაშაულებზე. მამათქვენს სურს,
ჰიტლერელების განადგურების და ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის შექმნის
შემდეგ მთავარ პოსტებზე ვერ შეძლონ მოხვედრა მსხვილი კონცერნების ყოფილმა
ხელმძღვანელებმა, რომელთაც გერმანული კარტელების აღდგენა სურთ.

სადილის დასასრულს გუნება გამომიკეთდა. ჰარი მეორე დღეს უნდა


გამგზავრებულიყო რომში - ვატიკანში ვიღაცას უნდა შეხვედროდა, შემდეგ მალტაზე
მიემგზავრებოდა, რომ მამაჩემთან ერთად გაეგრძელებინა გზა. მე ჰარის რამდენიმე
დავალება მივეცი მამაჩემისთვის გადასაცემად, მადლობა გადავუხადე
თანაგრძნობისთვის და ჩემს სამუშაოს დავუბრუნდი.

ასე რომ, იალტაში ვერ მოვხვდი. და, რაც მთავარია, მამაჩემი ცოცხალი აღარ მინახავს.

თავი მეათე. იალტის კონფერენცია

მე მამასთან ერთად არც მალტაზე ვიყავი, არც იალტის კონფერენციაზე და შემდგომ


არც დიდ მწარე ტბაზე ეგვიპტეში. მაგრამ საშუალება მქონდა, მომესმინა მათთვის,
ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდა. ერთ-ერთი იყო ჩემი და ანა, მეორე - ჰარი ჰოპკინსი.
ხანდახან მამაც პოულობდა დროს, ჩემთვის წერილი მოეწერა და თავისი
შთაბეჭდილებები გაეზიარებინა. ამ სხვადასხვა მონაყოლიდან, რომლებიც
სუბიექტურ აღქმას ეფუძნებოდა, მაგრამ ძირითადად ერთმანეთს ემთხვეოდა, და
მოგზაურობის ოფიციალური დღიურიდან საშუალება მქონდა, ასეთი სურათი
ჩამომეყალიბებინა: ყირიმის კონფერენცია მალტაზე და ეგვიპტეში შეხვედრებთან
შედარებით ყველაზე ხანგრძლივი იყო. (მამამ თითქმის ხუთი კვირით დატოვა
შეერთებული შტატები). „დიდი სამეულის“ ხელმძღვანელებს მეტი სხდომის
გამართვის საშუალება მიეცათ - რვა დღის განმავლობაში რვა ოფიციალური სხდომა
ჩატარდა, უამრავი არაოფიციალური საუბარი გაიმართა და პოლიტიკური და
სამხედრო პრობლემების მთელ კომპლექს შეეხნენ. მიუხედავად ამისა, იალტის
კონფერენცია მაინც არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ომის პერიოდის
კონფერენციებიდან.

ეს იმითაც აიხსნებოდა, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები უკვე სხვა შეხვედრების


დროს - ვაშინგტონში, კაიროსა და თეირანში - იყო მიღებული. იალტაში საბჭოთა
მარშალს, ინგლისის პრემიერ-მინისტრს და ამერიკის პრეზიდენტს თავიანთ
დიპლომატ და სამხედრო თანაშემწეებთან ერთად რჩებოდათ ერთადერთი -
დეტალებით შეევსოთ ადრე მიღწეული საერთო შეთანხმება. ამის გამო მრჩევლების
ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობა გახდა საჭირო. ეჭვგარეშეა, რომ ამ დეტალებიდან
ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ძირითადი მიმართულება ჯერ კიდევ
თეირანში იყო დადგენილი. მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, „დიდი
სამეული“ პოტსდამის მერე კიდევ რამდენიმეჯერ შეიკრიბებოდა. იალტის
მოლაპარაკებები აუცილებელი გახდა, რადგან თეირანში შემუშავებული
პოლიტიკური ხაზი წარმატებით ვერ განხორციელდა დუმბერტონ-ოქსის
კონფერენციაზე: სამი ქვეყნის „დიდ სამეულზე“ რანგით დაბლა მდგარი
წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ. იალტაში ერთსულოვნება ისევ აღდგა და ომის
შემდგომი მსოფლიოს ჩონჩხმა ხორცი შეისხა. ამ კონფერენციის დანიშნულებაც
სწორედ ეს იყო.

ის ყირიმში სტალინის სურვილით ჩატარდა, რადგან მამაჩემის ვაშინგტონიდან


გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე წითელმა არმიამ დაიწყო მოსალოდნელი
ზამთრის შეტევა. ამბობდნენ, რომ ეს შეტევა, ცუდი ამინდის მიუხედავად,
დანიშნულ დროზე ერთი კვირით ადრე დაიწყო მოკავშირეთა ჯარებზე ნაცისტების
დაწოლის შესასუსტებლად.

ინგლისის პრემიერ-მინისტრი მეტად უკმაყოფილო იყო კონფერენციის იალტაში


მოწვევით. ჰარი ჰოპკინსმა უამბო მამას, როგორი რეაქცია ჰქონდა ჩერჩილს.

- ამბობს, ათი წელიც რომ გვეძებნა, მთელ მსოფლიოში იალტაზე უარეს ადგილს ვერ
ვიპოვიდითო... ამტკიცებს, რომ ეს რაიონები სავსეა ტილებით და ტიფი მძვინვარებს.

ერთი თუ ორი დღის შემდეგ წერილი მოვიდა ჩერჩილისგან, რომელშიც ამტკიცებდა,


რომ საკის აეროდრომიდან იალტამდე მანქანით მგზავრობა ექვსი საათი გრძელდება,
რომ გზის ნაწილი მთებში გადის და საშინელ მდგომარეობაშია, ისიც საკითხავია,
საერთოდ თუა ვარგისი მოძრაობისთვის; და ბოლოს, გერმანელებმა ეს ადგილები
ისეთ მდგომარეობაში დატოვეს, რომ კონფერენციის მონაწილეთა ჯანმრთელობა
სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

პრემიერ-მინისტრის შენიშვნები ყურად იღეს და საქმეს მიაკრეს. მალტაზე 2


თებერვალს ჩასულ მამას ავერელ ჰარიმანი დახვდა, რომელმაც აცნობა, რომ გზაც და
სანიტარული მდგომარეობაც წესრიგში იყო. ამით საკითხი ამოიწურა.

შტაბის პირველი თათბირი მალტაზე შედგა. მოკავშირეთა ქმედების წარმატების


მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ შტაბების ამერიკელი უფროსების წინაშე
ერთადერთი საკამათო საკითხი წამოიჭრა: ჩვენი ძალების რა ნაწილის დატოვება იყო
საჭირო დასავლეთის ფრონტზე და რა ნაწილი უნდა გადასროლილიყო წყნარი
ოკეანის არეალში. ადმირალი კინგი და საზღვაო ოფიცრები, რომელთაც სრულიად
გასაგები მიზეზებით, იაპონიის წინააღმდეგ ომი უფრო აინტერესებდათ,
ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა არცთუ ძლიერად, გენერალ მარშალს, რომლის ღრმა
რწმენით, ყველა მათ ხელთ არსებული ძალები ევროპისკენ უნდა ყოფილიყო
მიმართული, რომ ნაცისტებისთვის რაც შეიძლება სწრაფად მოგვეღო ბოლო.

შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭო რამდენიმე დღე თათბირობდა მალტაზე.


საბჭოს წევრები ორჯერ მამას ეახლნენ და ერთხელ ჩერჩილს, რომ მოეხსენებინათ,
როგორ აღმოფხვრეს მათ შორის არსებული უმნიშვნელო უთანხმოებები.

მამას და ანას გამოუჩნდათ დრო თბილ, მზიან ამინდში გამგზავრებულიყვნენ


ადგილზე 30 მილის დაშორებით, რომ ენახათ ქვაზე ამოკვეთილი მიმართვის ტექსტი,
რომელიც მამამ კუნძულზე წინა ჩამოსვლის დროს მიართვა მალტის მოსახლეობას.

იმავე საღამოს მამა ყირიმში გაემგზავრა. 1400 მილი უნდა ეფრინა. მთელი ღამის
განმავლობაში ყოველ 10-15 წუთში უზარმაზარი „C-54“-ები ხმაურით სწყდებოდნენ
ლუკეს აეროდრომს. ისინი ჯერ აღმოსავლეთისკენ, საბერძნეთის უკიდურესი
სამხრეთი ნაწილისკენ მიფრინავდნენ, შემდეგ კი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ -
ეგეოსის და შავი ზღვების თავზე - საკისკენ. მთელი მათი გზის გასწვრივ
მოძრაობდნენ ამერიკული და საბჭოთა კრეისერები - ეს იყო მათი დაზღვევა, თუკი
იძულებით მოუწევდათ დაფრენა.

პირველი თვითმფრინავით მამასთან ერთად მიფრინავდნენ ლეგი, მაკინტაირი,


ბრაუნი, უოტსონი, მაიკ რეილი და არტურ პრიტიმენი. ათენთან მათ ექვსი
გამანადგურებელი თვითმფრინავი დახვდა. ერთ-ერთს, როგორც ჩანს, ძრავა
გაუფუჭდა და უკან გაბრუნდა. შუადღეს თვითმფრინავი დაფრინდა საბჭოთა
აეროდრომზე, სადაც მას დახვდნენ მოლოტოვი, აშშ-ს გენერალური მდივანი
სტეტინიუსი და ავერელ ჰარიმანი. 20 წუთის შემდეგ ინგლისის პრემიერ-მინისტრის
თვითმფრინავიც დაფრინდა. წითელი არმიის ორკესტრი და საპატიო ყარაული მამას
და ჩერჩილს სამხედრო პატივით შეეგებნენ. ორკესტრმა შეასრულა „ვარსკვლავებიანი
ალამი“, „ღმერთო, დაიფარე მეფე“ და საბჭოთა ჰიმნი. მამა და ანა ჩასხდნენ რუსულ
დახურულ ავტომობილში, რომელსაც რუსი მძღოლი მართავდა და გაუდგნენ გზას,
რომელიც ჯერ თოვლით დაფარულ გორაკიან ადგილას მიდიოდა, შემდეგ კი
მიხვეულ-მოხვეული გზით ზევით, წითელი კლდისკენ მიემართებოდა. მთელ გზას
საკედან იალტამდე საბჭოთა ჯარები იცავდნენ. ანამ მამას სახელოზე მოქაჩა.

- შეხედე, ჯარისკაცებს შორის რამდენი ქალია!

ამერიკული დელეგაციის მანქანა გაჩერდა ლივადიის სასახლის წინ, რომელიც


ოდესღაც მეფის საზაფხულო რეზიდენცია იყო, შემდეგ ტუბერკულოზით
დაავადებულთა დასასვენებელ სახლად გადაკეთდა, შემდეგ კი ნაცისტების შტაბ-
ბინად იქცა. ლივადიიდან რომ გარბოდნენ, გერმანელებმა არაფერი დატოვეს ორი
მომცრო სურათის გარდა. სწორედ ეს ორი სურათი დაკიდეს მამას საძინებელ ოთახში.
რუსებმა მოსკოვიდან ჩამოიყვანეს მომსახურე პერსონალი და საუკეთესო ავეჯიც
ჩამოიტანეს. ლივადიაში ამერიკის დელეგაციას ჰარიმანის ქალიშვილი კეტლინიც
დახვდა. ყველა დელეგატი დაქანცული ჩანდა. აბაზანა მიიღეს, ივახშმეს და
დასაძინებლად გაემართნენ. გენერალი მარშალი იმპერატორის ყოფილ საძინებელში
მოთავსდა, ადმირალი კინგი - დედოფლის ბუდუარში.
ჩერჩილისთვის განკუთვნილი ვილა ამ სასახლიდან 12 მილის მოშორებით იყო,
სტალინის ვილა კი - 6 მილის მანძილზე. სტალინი მეორე დღეს, დილით ადრე
ჩამოვიდა. კვირადღე იყო. დღის ოთხი საათისთვის ის და მოლოტოვი მამას ეწვივნენ
არაოფიციალური ვიზიტით. ხუთი საათისთვის კონფერენცია უკვე სრული სვლით
მიმდინარეობდა. პირველი ოფიციალური სხდომა დიდი მაგიდის გარშემო
ლივადიის სასახლის დიდებულ სამეჯლისო დარბაზში 2 საათსა და 40 წუთს
გაგრძელდა და ეს დრო განსაზღვრეს მომდევნო ყოველდღიური შვიდი
სხდომისთვისაც. მხოლოდ უკანასკნელი სხდომა იყო უფრო მოკლე. სამუშაო ძალიან
ბევრი იყო: ჰიტლერიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა წვრილმანის შეთანხმება. იმ
დროს, როცა ეს სხდომები მიმდინარეობდა, წითელი არმია არნახული სისწრაფით
ანადგურებდა ნაცისტურ ჯარებს. ინგლისის და აშშ-ს არმიის და ფლოტის
წარმომადგენლები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ რუსებმა საბოლოოდ გაარღვიეს
გერმანელების ფრონტი აღმოსავლეთში და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი
ფაშისტური სახელმწიფო შეიძლებოდა, ამ კონფერენციის დასრულებამდეც კი
დაცემულიყო.

გერმანიის ოკუპაცია და მისი კონტროლი დამარცხების შემდეგ. მამა ყირიმში იმ


იმედით ჩავიდა, რომ დაარწმუნებდა კონფერენციის დანარჩენ მონაწილეებს,
კონტროლი მთელ გერმანიაზე განეხორციელებინათ და ზონებად არ დაეყოთ.
კონტროლი და მართვა, მისი აზრით, მხოლოდ ცენტრს კი არ უნდა შეხებოდა,
არამედ ერთობლივად ყველა რგოლს - ზემოდან ქვემოთ. მაგრამ ეს გეგმა არც
ინგლისელებმა და არც საბჭოთა წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს. მათ შეძლეს,
დაერწმუნებინათ მამა გერმანიის ზონებად დაყოფის აუცილებლობაში. იალტაში
დაადგინეს და შეათანხმეს სადემარკაციო ხაზები და შესაბამისი არმიების მიერ
თავიანთ ზონებში მმართველობის ორგანოების შექმნის ვადები.

„ჩვენი მკაფიო მიზანია, - წერდა მოლაპარაკებების სამივე მონაწილე, - გერმანული


მილიტარიზმის და ნაციზმის განადგურება და იმის გარანტიის შექმნა, რომ გერმანია
ვეღარასოდეს შეძლებს მთელ მსოფლიოში მშვიდობის დარღვევას. ჩვენ მზად ვართ,
მოვსპოთ ან სრული კონტროლის ქვეშ ავიყვანოთ გერმანიის მრეწველობა...“……მამა
მომხრე იყო იმ მოქმედებების განხორცილებისა, რასაც ჩვენს ქვეყანაში მორგენტაუს
გეგმის სახელით იცნობდნენ და რაც გულისხმობდა დარტყმას ქვეყნის სამრეწველო
პოტენციალის გულში, რომლის გარეშეც არც ერთ თანამედროვე ქვეყანას არ შეუძლია,
აწარმოოს ომი. მარშალმა სტალინმა მხარი დაუჭირა მამას. ამ ორ ადამიანს ვერ
დავდებთ ბრალს იმაში, რომ ეს მკაცრი ზომა არ შესრულდა.

ასევე გადაწყდა გერმანიის მხრიდან რეპარაციის მოცულობის საკითხიც და


შეიმუშავეს ამ რეპარაციების ამოღების გეგმაც, ვადების და საწარმოო მოწყობილობის
მიწოდების ხასიათის ჩათვლით და ა.შ. (ამ გეგმას არც ინგლისელები ასრულებენ და
არც ამერიკელები).

გადაწყდა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სან-ფრანცისკოში მოეწვიათ


გაერთიანებული ერების კონფერენცია, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ თეირანში იყო
მიღწეული, ხოლო საფუძველი დუმბერტონ-ოქსში ჩაეყარა. დუმბერტონ-ოქსში
წინააღმდეგობის საბაბად კენჭისყრის პროცედურის საკითხი იქცა: იყო თუ არა
დასაშვები, რომ „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრის ვეტოს შეეჩერებინა
გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს მოქმედება. მაგალითად, მოქმედება
ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი აგრესიაში დაედებოდა. იალტაში
კონფერენციის მონაწილეებმა ეს პრობლემა სრული გულახდილობით და სათანადო
დონეზე განიხილეს.

მამამ და სტალინმა მოიწონეს „დიდი სამეულის“ წევრებისათვის ვეტოს უფლების


მიცემის იდეა, თავიანთ არგუმენტაციას იმ უბრალო და ნათელ ფაქტზე ამყარებდნენ,
რომ მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ იმ პირობით იქნებოდა შესაძლებელი, თუ
ძლიერი სახელმწიფოები ერთსულოვნებას შეინარჩუნებდნენ. იმ შემთხევაში, თუ
ორი წაეკიდებოდა მესამეს, ან ერთი - დანარჩენ ორს, მშვიდობა საფრთხის ქვეშ
აღმოჩნდებოდა. მხოლოდ ერთსულოვან მოქმედებას და ერთიან მიზანს შეეძლო
მსოფლიოს გადარჩენა.

პროცედურის საკითხთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა დამსწრეთ მამამ


შესთავაზა. იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას აგრესორის წინააღმდეგ
ეკონომიკური ან სამხედრო სანქციების გამოყენება შეძლებოდა, „დიდ
სამეულს“ ჩინეთთან და საფრანგეთთან ერთად უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
მაგრამ აგრესორი სახელმწიფოს გასამართლება და მისი პასუხისგებაში მიცემა
საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის სასამართლოს წინაშე შეეძლო
უსაფრთხოების საბჭოს წევრი თერთმეტი ქვეყნიდან ნებისმიერ შვიდს.

მამა კატეგორიულად მოითხოვდა მაქსიმალური ერთობის შენარჩუნების


აუცილებლობას ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით, „დიდი სამეულის“ წევრებს
შორის. ვეტოს პრინციპისადმი მისი მიდგომა ამ ერთობას უზრუნველყოფდა.

„დიდმა სამეულმა“ გადაწყვიტა საკითხები, რომლებიც წამოიჭრა ევროპის ქვეყნების


განთავისუფლებასთან დაკავშირებით, და დაამტკიცა ატლანტიკის ქარტიის
პრინციპები. ეს ნიშნავდა თვითმართველობას, თითოეული ხალხის უფლებას, აერჩია
საკუთარი მმართველობის ფორმა: ეს თავისუფალ არჩევნებს ნიშნავდა.

პოლონეთთან დაკავშირებით სტალინმა მოითხოვა, რომ მისი აღმოსავლეთი


საზღვარი გასულიყო კერზონთან, უმნიშვნელო შესწორებით პოლონეთის
სასარგებლოდ. ამასთანავე, ის მომხრე იყო, რომ პოლონეთი ყოფილიყო ძლიერი და
დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ჩრდილოეთით და დასავლეთით
დამარცხებული გერმანიის ხარჯზე მიიღებდა ტერიტორიებს. მისაღწევი იყო
კომპრომისი პოლონეთის მთავრობის შექმნის საკითხშიც, რომელიც უნდა
გამხდარიყო მართლაც ეროვნული ერთობის მთავრობა. ინგლისელები მხარს
უჭერდნენ პოლონეთის ძველ მთავრობას, რომელიც ლონდონში მოღვაწეობდა. მამა
შუამავლად და არბიტრად გამოდიოდა, რადგან ერთობის შესანარჩუნებლად
მნიშვნელოვანი იყო, მას ამ როლის შესრულება გაეგრძელებინა.

ჩერჩილი გამწარებით იცავდა ინგლისის ინტერესებს ხმელთაშუა ზღვაში და


ბალკანეთში და დაჟინებით მოითხოვდა, იუგოსლავიის მომავალზეც მიეღოთ
გადაწყვეტილება. გადაწყდა, რომ დროებით პარლამენტში შევიდოდნენ
იუგოსლავიის უკანასკნელი პარლამენტის წევრებიც, მაგრამ სტალინის მოთხოვნით,
მხოლოდ ის წევრები, ვისაც საკუთარი თავის კომპრომენტირება არ მოუხდენიათ
„მტერთან თანამშრომლობით“.
მამა დარწმუნებული იყო, რომ აუცილებელი იყო, „დიდი სამეული“ ხშირად
შეკრებილიყო. ამას ამტკიცებდა ყირიმის ეს კონფერენციაც, რომელიც თეირანის
კონფერენციიდან ერთი წლის შემდეგ შედგა, ამიტომ მიიღეს საგარეო საქმეთა სამი
მინისტრის რეგულარული შეხვედრების განსაზღვრული პროგრამა.

ბრძნულად, საზეიმოდ და სავსებით მართებულად „დიდმა სამეულმა“ თავის


მრწამსად გამოაცხადა, რომ „სამ ქვეყანასა და ყველა მშვიდობისმოყვარე ხალხებს
შორის მხოლოდ თანამშრომლობის გაგრძელებამ და მათ შორის ურთიერთგაგებამ
შეიძლება განაპირობოს... მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა...“

ყურადღებას იმსახურებს ამ ციტატის სიტყვები „სამ ქვეყანას შორის“.

მოვიხმობ მოწმედ ჰარი ჰოპკინსს და ვაცხადებ, რომ იალტაში ჩერჩილს, სტალინსა


და რუზველტს შორის ერთსულოვნება უფრო მყარი და თვალშისაცემი იყო, ვიდრე
თეირანში. აშკარა იყო ასევე, რა როლი ეკუთვნოდა ამ კონფერენციაზე მამას. „დიდ
სამეულს“ ფოტოებს რომ უღებდნენ, შემთხვევით არ იჯდა ის შუაში. მან
ადრინდელზე მეტად მოაქცია ჩერჩილი თავისი გავლენის ქვეშ. სტალინიც ყურს
უგდებდა მის რჩევებს და ეთანხმებოდა მის წინადადებებს.

იალტაში უფრო მეტად, ვიდრე წინა კონფერენციებზე, იგრძნობოდა როგორი


უზარმაზარი, ყოვლის მომცველი პასუხისმგებლობა აწვა მხრებზე ამ სამ ადამიანს.
უთანხმოებები ყველა ინსტანციაში არსებობდა. უთანხმოება ცალკეული
დელეგაციების შიგნითაც იყო. მამა, მაგალითად, არ აპირებდა, თავის ყველა
მრჩეველს უსიტყვოდ მინდობოდა. მაგრამ ყველა ამ უთანხმოებამ უკან გადაიწია
გრანდიოზული ამოცანის წინაშე - დამყარებულიყო საიმედო და მყარი მშვიდობა.

ალბათ უნდა გავიხსენო ზოგიერთი დამახასიათებელი ინციდენტი.

ერთხელ, სტალინთან ვახშმობის დროს, მამამ დიპლომატიურად, მაგრამ სრულიად


გულწრფელად შეაქო საბჭოთა შამპანური. მასპინძელმა ამაყად უპასუხა რომ
შამპანურს მის სამშობლოში - საქართველოში აწარმოებდნენ. მამაჩემის სიტყვებზე,
რომ ომის შემდეგ, როცა ის პრეზიდენტი აღარ იქნებოდა, ისურვებდა გამდიდრებას,
და იქნებ ხელი მოეკიდა ამ შამპანურის ამერიკაში რეალიზაციის საქმისთვის,
სტალინმა გაიღიმა.

საბჭოთა დელეგატებმაც გააკეთეს კარგი დიპლომატიური სვლა, ყურადღება იმაზე


გაამახვილეს, რომ ყირიმში მამას ჩამოსვლასთან ერთად ამინდი გაუმჯობესდა.
მათთვის ცნობილი იყო გამონათქვამი, და საუბარშიც გამოიყენეს -
„რუზველტისეული ამინდი“.

კონფერენციაზე ერთმანეთს გაუცვალეს საჩუქრები და ჯილდოები. მამამ ჩერჩილს,


სტალინს, იდენს და მოლოტოვს მიართვა საგანგებოდ დამზადებული გრავირებული
მედალიონები. გარდა ამისა, მან სტალინს აჩუქა წიგნი - „მიზანი - გერმანია“,
შესაძლოა, პოლიტიკური მინიშნებით იმ როლზე, რომელიც ითამაშა გერმანიის
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონების მოკავშირეთა მასირებულმა დაბომბვამ.
მამამ მარშალს ასევე წითელი არმიის რვა ოფიცრისთვის მისანიჭებლად გადასცა
„დამსახურებული ლეგიონის“ ორი პირველი ხარისხის და ექვსი მეორე ხარისხის
მედალი.
კვირას, 11 თებერვალს, როცა ამერიკელები ლივადიიდან მიემგზავრებოდნენ,
სასახლის პერსონალმა ისინი უხვად მოამარაგა რუსული არყით, სხვადასხვა მარკის
ღვინოებით, ქართული შამპანურით, რომელიც მამამ შეაქო, ხიზილალით, კარაქით,
ფორთოხლებითა და მანდარინებით.

კონფერენციის დასრულების წინ სტალინმა კვლავ გაიმეორა თეირანში მიცემული


სიტყვა: გერმანიაზე გამარჯვებიდან ექვსი თვის შემდეგ საბჭოთა კავშირი ომს
გამოუცხადებდა იაპონიას. მერე კი, ცოტა დაფიქრების შემდეგ, ვადა სამ თვემდე
შეამოკლა.

ოფიციალურ კომუნიკეში ნათქვამზე დამატებით „დიდი სამეული“ შეთანხმდა, რომ


სსრკ-ის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, წყნარ ოკეანეში მას უნდა
გადასცემოდა უფლება კურილიის კუნძულებზე და სახალინის სამხრეთ ნაწილზე.
მოგვიანებით, როცა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით დაიწყეს მამას და მისი
პარტნიორების გაკრიტიკება „საიდუმლო გარიგების“ გამო, კრიტიკოსები, აშკარაა,
შეგნებულად მხარს უვლიდნენ იმ გარემოებას, რომ ეს შეთანხმება ვერ
გახმაურდებოდა, რადგან რუსეთი მაშინ არ მონაწილეობდა იაპონიის წინააღმდეგ
ომში. არც ის არის სწორი, რომ კურილიის კუნძულები რუსეთის იაპონიის
წინააღმდეგ ომში ჩართვის „საფასური“ იყო; სტალინმა ხომ ეს ნაბიჯი თითქმის ერთ
წელზე მეტი ხნის წინ, ჯერ კიდევ თეირანში თავისი ნებით გადადგა,
„საფასურზე“ ყველანაირი ფიქრის გარეშე.

ლივადიიდან სევასტოპოლში მამა საღამოს ჩამოვიდა, ეს ალბათ, ყველაზე


შესაფერისი დრო იყო ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქის
შემაძრწუნებელი ნანგრევების სანახავად. ეს იყო ქვა-ღორღის გროვა. აქა-იქ მოჩანდა
დანგრეული სახლების შიშველი კედლები, რომლებიც განცხადებების გასაკრავ
ფარებს წააგავდნენ. მამას უთხრეს, რომ გერმანელების უკან დახევის შემდეგ ქალაქში
სულ ექვსი შენობა დარჩა დაუნგრეველი.

ამერიკულმა დელეგაციამ ღამე სამხედრო დამხმარე ხომალდ „კატოკტინზე“ გაატარა,


დილით კი ამერიკელები გადაფრინდნენ ეგვიპტეში დეზერვუარის აეროდრომზე,
ყირიმიდან ათასი მილის დაშორებით. იქ მათ ელოდებოდათ კრეისერი „კუინსი“,
რომლითაც ისინი ნიუპორტ-ნიუსში ჩამოვიდნენ. იქვე გაიგეს, როგორ აღიქვა
მსოფლიომ იალტის მოლაპარაკებების შედეგები. ჰერბერტ ჰუვერიც კი იძულებული
გახდა ეღიარებინა, რომ ეს „მსოფლიოს დიდ იმედს გაუჩენდა“. მამამ რამდენიმე
საგაზეთო სტატია გადაიკითხა, რომლებიც ტელეგრაფით გამოუგზავნეს, შემდეგ კი
სტალინს გაუგზავნა მისასალმებელი რადიოგრამა, რომელიც ასე მთავრდებოდა:
„დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ხალხები აღიქვამენ ამ შეხვედრის მიღწევებს,
როგორც ჭეშმარიტ გარანტიას იმისა, რომ ჩვენი სამი დიადი ნაცია შეძლებს
მშვიდობის დროსაც ისევე კარგად იმუშაოს, როგორც ომის პერიოდში“.

სანამ მამა „კუინსის“ გემბანზე ისვენებდა, სამი საპატიო სტუმარი ეწვია.


მოგვიანებით, ანამ მიამბო, რომ მამა გადაქანცული იყო უკანასკნელი ორი კვირის
დაძაბული მუშაობით, გახდა და მხოლოდ ნერვების დაძაბვის ხარჯზე ეჭირა თავი.
მიუხედავად ასეთი დაღლილობისა, მან სიამოვნებით მიიღო სტუმრები. პირველი
ეგვიპტის მეფე ფარუქი ეახლა. ის მამას ესაუბრა გრძელბოჭკოვან ეგვიპტურ ბამბაზე,
რომელსაც ამერიკა ომის დროს ყიდულობდა, ომის შემდეგ ორმხრივი ვაჭრობის
მნიშვნელობაზე, ათასობით ამერიკელზე, რომლებიც - დარწმუნებული იყო მამა -
სიამოვნებით ეწვეოდნენ ეგვიპტეს ნილოსის ველის სანახავად. იმავე დღეს
შესაფერისი პატივით მიიღო მეორე გვირგვინოსანი სტუმარი - ეთიოპიის
იმპერატორი, შავკანიანი ჰაილე სელასიე. იმპერატორი ემოციურად ესაუბრებოდა
მამას იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც შეუდგა თავის ქვეყანაში. ის
იზიარებდა მამას იმედს, რომ ომის შემდეგ ამერიკასა და აბისინიას შორის უფრო
მჭიდრო კავშირი დამყარდებოდა.

მომდევნო დილას მამამ მიიღო მესამე სტუმარი: იბნ საუდი, საუდის არაბეთის მეფე,
რომელმაც პირველად დატოვა საკუთარი სამეფოს საზღვრები. ის მოვიდა
ამერიკული საესკადრო ნაღმოსნით და როდესაც ეს უკანასკნელი „კუინსს“ მიაყენეს,
მამას და მის თანამგზავრებს შეეძლოთ დაენახათ კარავი, რომელიც გემბანზე იყო
გაშლილი, მეფეს ჰაერზე რომ შეძლებოდა ძილი. იმ დღეს ჩემი და ანა,
კეთილგონივრულად მოიქცა, დატოვა მამა და კაიროში გაემგზავრა, რომ პატივი ეცა
მუსლიმანური ტრადიციისთვის, რომლის თანახმად ოჯახის ქალები
იზოლირებულად ცხოვრობენ.

თავდაპირველად მეფემ და პრეზიდენტმა პალესტინაში ებრაულ საკითხზე


იმსჯელეს. მამას იმედი ჰქონდა, იბნ საუდს დაარწმუნებდა, რომ სამართლიანი იყო
ევროპიდან პალესტინაში მშობლიური კერებიდან განდევნილი ათობით ათასი
ებრაელის გადმოსახლება, რომლებიც მთელ დედამიწაზე მომთაბარეობდნენ.
როგორც მერე ბერნარდ ბარუხი მომიყვა, მამამ აღიარა, რომ არასოდეს არავისთან
საუბრით არ დარჩენილა ასეთი უკმაყოფილო. არაბი მონარქი ქედუხრელი ადამიანი
აღმოჩნდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მამამ პირობა მისცა იბნ საუდს, არაბი
ხალხისადმი ამერიკის არანაირ მტრულ მოქმედებას არ მისცემდა სანქციას.

რაც შეეხება სირიას და ლიბანს - ძირითადად არაბებით დასახლებულ ფრანგულ


კოლონიებს - მამამ უთხრა თავის სტუმარს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დადო
წერილობითი ვალდებულება, რომ სირიას და ლიბანს დამოუკიდებლობას
მიანიჭებდა. მამამ დაარწმუნა იბნ საუდი, რომ მას საფრანგეთის მთავრობისგან
ნებისმიერ დღეს შეეძლო, მოეთხოვა აღებული ვალდებულების შესრულება. ამერიკა
კი სირიელებსა და ლიბანელებს ყოველნაირ მხარდაჭერას აღმოუჩენდა,
ძალისმიერის გარდა.

იბნ საუდი შურით შეჰყურებდა ბორბლებზე მდგარ სავარძელს, რომელშიც მამა


იჯდა. მეფის გასაოცრად, მამამ მაშინვე მიართვა ეს სავარძელი საჩუქრად.

შემდეგ „კუინსი“ სუეცის არხით ხმელთაშუა ზღვისაკენ გაემართა. დაიწყო


სახლისაკენ ხანგრძლივი მოგზაურობის პირველი ეტაპი. ალჟირში მამა ცოტა ხნით
გაჩერდა. ელოდებოდა პასუხს შეკითხვაზე, გააგრძელებდა დე გოლი თავის
ჭირვეულობას თუ მიიღებდა მამას მიპატიჟებას, იკადრებდა და ესტუმრებოდა.
პასუხი, რომელიც ელჩმა კაფერიმ მოიტანა, ასეთი იყო: „მთელი რიგი მიზეზების
გამო დე გოლი ამჟამად ვერ შეძლებს პარიზის დატოვებას. სამწუხაროდ, ალჟირი
მეტად შორსაა ა.შ და ა.შ.“ მამამ მხრები აიჩეჩა და „კუინსი“ ნიუპორტ-ნიუსისკენ
გაემართა.

დელეგაცია წარმატებული და მოვლენებით მდიდარი კონფერენციის შემდეგ სახლში


ბრუნდებოდა. მაგრამ ამით გამოწვეული სიხარული სამწუხარო ამბავმა გაგვინელა.
გზაში მამას ძველ და უახლოეს მეგობარს, უოტსონს ტვინში სისხლი ჩაექცა და
გარდაიცვალა. ამიტომ, მითხრა ანამ მოგვიანებით, მამაჩვენი საშინლად შეწუხებული
და დაქანცული დაბრუნდა თეთრ სახლში.

ასე იყო, თუ ისე, დედაჩვენს რომ შეხვდა, მამამ ჩვეული ენთუზიაზმით უთხრა:
„წაიკითხე ყირიმის კომუნიკე - როგორ გზას გვისახავს! იალტიდან მოსკოვისკენ, სან-
ფრანცისკოსა და მექსიკოსკენ, ლონდონს, ვაშინგტონსა და პარიზისკენ! არ
დაგავიწყდეს, მასში ბერლინიცაა ნახსენები. ეს მსოფლიო ომი იყო, და ჩვენ უკვე
შევუდექით მშვიდობის შენებას მთელი მსოფლიოსათვის.

დასკვნა

საყოველთაო მშვიდობის შენებას საფუძველი ჩაეყარა და თანაც კარგი საფუძველი.


მაგრამ, სადღაც, რომელიღაც ეტაპზე, ფრანკლინ რუზველტის სიკვდილის შემდეგ,
მის მიერ ჩადებული ეს კარგი დასაწყისი გაფუჭდა. „გაფუჭდა“ შესაძლოა, რბილი
ნათქვამია. იქნებ, უმჯობესია ვთქვათ, - მშვიდობა სწრაფად გვშორდება.

ამ გააზრებული მტკიცების სამართლიანობის დამადასტურებელი საბუთი ყოველ


ნაბიჯზე გვხვდება. „მშვიდობა არ არის“ - გაჰკივის უოლტერ ლიპმანი. გაზეთები
გვაცნობებენ წინა ხაზის საჰაერო ბაზების არსებობას გერმანიის ჩვენი
ადმინისტრაციული ზონის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში და მოგვითხრობენ,
თუ როგორ იყრის თავს იქ ჩვენი საჰაერო ძალები და „მოძველებული“ „P-51“-ის
ნაცვლად როგორ იარაღდება უახლესი, ყველაზე სწრაფი რეაქტიულძრავიანი
თვითმფრინავებით. იბადება კითხვა: რისთვის?!

ან თუნდაც ავიღოთ ეჭვი, რომელსაც იწვევს ჩვენი გაუგებარი უარი და ახირებულობა,


გაგვემხილა ატომური ბომბის „საიდუმლოება“, რომელიც, მანჰეტენის პროექტზე
მომუშავე ყველა მეცნიერის მტკიცებით, სულაც არ არის საიდუმლო. მიუხედავად
ამისა, ამ დამღუპველ სათამაშოს მაინც გულში ვიკრავთ, ვუმალავთ მას ჩვენს
„არასანდო“ მოკავშირეებს და ვარჩევთ, რომ ის ხელში ჩავუგდოთ სამხედრო
მუნდირებიან ადამიანებს, თითქოს ჩვენ მილიტარისტული სახელმწიფო ვიყოთ და
არა ჩვენი დიადი წინაპრების მიერ დაარსებული სამოქალაქო დემოკრატია.

ასეთი მტკიცებულებების მოყვანა მრავლად შეიძლება.

ჩვენი ამოცანაა გამოვარკვიოთ, რა მიზეზით გვტოვებს მშვიდობა ასე სწრაფად. დღეს


ვაშინგტონში მიღებებზე, რატომ საუბრობენ „ინფორმირებული“ ადამიანები, ჭიქა
კოქტეილით ხელში, ომზე საბჭოთა კავშირთან - „მიზანშეწონილია, 1948
წლამდე“ ანუ მანამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირი შეძლებს სრულყოს ატომური
იარაღის თავისი ვარიანტი; რატომ უნდა წერდნენ კორესპონდენტები, რომ „ყოველი
ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე ყველაფერში ხელმძღვანელობს იდუმალი რწმენით,
რომ მან უნდა იმოქმედოს ინგლისსა და რუსეთს შორის ომის პერსპექტივიდან
გამომდინარე და რომ ამ ომში სხვა ხალხებიც იქნებიან ჩათრეული?“ უნდა
გამოვიძიოთ, ვინ არიან ეს სახელმწიფო მოღვაწეები; უნდა გავილაშქროთ ამ
იდუმალი რწმენის წინააღმდეგ; უნდა ვიბრძოლოთ საყოველთაო მშვიდობისათვის,
რომელიც ასე მყარად გვეგონა უზრუნველყოფილი, როცა გერმანიაზე გამარჯვების
დღის შემდეგ, იაპონიაზე გამარჯვების დღეც დადგა.

უნდა დავიწყოთ პასუხით კითხვაზე: რა ცვლილებებმა გვიბიძგა, დაგვეგდო


მშვიდობის გზა და პანიკით შეპყრობილები საწინააღმდეგო მიმართულებით
გავქანებულიყავით?

ჩემი აზრით, ნათლად რომ წარმოვიდგინოთ და სწორად შევაფასოთ ომის შემდგომი


ყველა პოლიტიკური მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, გავიგოთ და
შევიმეცნოთ ერთი გარემოება - ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ
პროგრესულმა ძალებმა დაკარგეს ყველაზე გავლენიანი და ნიჭიერი დამცველი. მის
სიკვდილთან ერთად დადუმდა ხმა, რომელიც ხმამაღლა მოუწოდებდა მსოფლიოს
ყველა სახელმწიფოს და ხალხებს ერთიანობისკენ. უფრო მეტიც, მსოფლიოს
ხალხებისთვის ის იყო ამერიკისა და თავისუფლების სიმბოლო. მასზე იყო
დამყარებული მათი იმედები განთავისუფლებაზე, ახალ მშვიდობიან ცხოვრებაზე და
კეთილდღეობაზე. მის სიკვდილთან ერთად მოკვდა მათი იმედების ნაწილი და
რწმენა.

მაგრამ სრულიად ნათელია, რომ არც ერთი ადამიანი, როგორი დიდი ბელადიც უნდა
იყოს, თავისი სიცოცხლით ან სიკვდილით მარადისობასთან შედარებით მხოლოდ
რამდენიმე წამით შეძლებს გავლენის მოხდენას კაცობრიობის ისტორიის სვლაზე. ამ
შემთხვევაში, ერთი ადამიანის სიკვდილმა ამ რამდენიმე გაელვებაში გააჩინა
სიცარიელე პროგრესისა და წინსვლისთვის მებრძოლთა რიგებში; იმ ადამიანთა
რიგებში, რომლებიც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ომს მხოლოდ სტატუს-კვოს
შესანარჩუნებლად არ ვაწარმოებდით, როგორც ამას ვიღაც-ვიღაცები გაიძახიან.
მაგრამ, რადგან პროგრესის მეგობრებმა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეს,
სიცარიელე მათმა მოწინააღმდეგეებმა, პროგრესის მტრებმა, შეავსეს, რომლებიც
ძველი სამყაროს მომხრეები და რეაქციის დამცველები არიან.

რთული არ არის რამდენიმე კონკრეტული მაგალითის პოვნა ამ თეზისის


დასამტკიცებლად. ჩემს წიგნში აღვწერე ის, რაც პირადად ჩემთვის იყო ცნობილი,
მრავალი იმ გეგმებიდან, რომელთაც ჩვენი საყოველთაო გამარჯვების შემოქმედი
სხვა სახელმწიფო მოღვაწეებთან ერთად განიხილავდა. ამ გეგმებში იყო დაპირებები.
მაგრამ, როგორ სრულდება ეს დაპირებები?

ავიღოთ თუნდაც ჩინეთი. კაიროში ფრანკლინ რუზველტმა დაპირება გამოგლიჯა


ფეოდალ-მილიტარისტს, რომელიც ომის დროს შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა
ჩინეთის ფაქტობრივი ხელმძღვანელი. დაპირება კი იყო ის, რომ ჩინეთში საომარი
მოქმედებების დასრულებამდე უნდა შექმნილიყო ჭეშმარიტად
წარმომადგენლობითი ეროვნული ერთობის მთავრობა და ამ ახალი და უფრო
დემოკრატიული მთავრობის ხელმძღვანელობით უმოკლეს დროში უნდა
ჩატარებულიყო საყოველთაო არჩევნები. თუმცა ეს დაპირება არ იყო უპირობო. ჩან
კაი-შიმ ორი პირობა წამოაყენა: ერთი - მამაჩემს უნდა მოეხერხებინა საბჭოთა
კავშირისგან მყარი რწმუნების მიღება, რომ მანჯურია ჩინეთს დაუბრუნდებოდა და
საბჭოთა კავშირი აიღებდა ვალდებულებას და ცნობდა ჩინეთის მომავალ საზღვრებს.
ეს ვალდებულება იმასაც გულისხმობდა, რომ საბჭოთა კავშირი არ ჩაერეოდა
ჩინეთის საშინაო პოლიტიკაში. მეორეც, ომის შემდეგ შეერთებულ შტატებს მხარი
უნდა დაეჭირა ჩინეთისთვის, როდესაც ის ინგლისელებს უარს ეტყოდა
ექსტერიტორიული უფლებების შენარჩუნებაზე ჰონკონგში, კანტონსა და შანხაიში. ამ
პირობის გასამყარებლად ჩან კაი-შის დაჰპირდნენ, რომ იაპონიის მხრიდან
წინააღმდეგობის შეწყვეტის შემდეგ, ამ და ჩინეთის სხვა პორტებში მხოლოდ
ამერიკის გემები შევიდოდნენ, ინგლისური გემებისთვის კი ეს პორტები დახურული
იქნებოდა.

როგორ შესრულდა ეს დანაპირები? მამას საგანგებო წარმომადგენელმა, პატ ჰარლიმ


ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა. საბჭოთა კავშირმა ყველა საჭირო რწმუნება
წარმოადგინა და მას შემდეგ ურყევად იცავდა შეთანხმებას, ფორმითაც და
შინაარსითაც.

შესაბამისად, შეერთებულ შტატებსაც უნდა შეესრულებინა თავისი ვალდებულებები.


ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ჩინეთის პორტებში პირველები ინგლისის სამხედრო გემები
შევიდნენ და არა ამერიკული. მათი იქ არშეშვების ბრძანება სადღაც „გაიჭედა“,
როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტში.

და როგორია შედეგები? რადგან ამერიკელებმა თავიანთი პირობა დაარღვიეს, ჩან


კაი-შიმაც მათ მიბაძა. დღეს ჩინეთში პროგრესს კი არ ვხედავთ, არამედ ისევ ძველ
რეაქციას. ჩინეთის მთავრობა არ არის ეროვნული ერთობის მთავრობა, რომელშიც
ყველა პარტია არის წარმოდგენილი. ეს არის დესპოტია ანუ შეუზღუდველი
ხელისუფლების ფორმა. ზედა ეშელონებში კორუფცია და ცინიზმი ყვავის, ხალხი კი
შიმშილისთვის არის განწირული.

კიდევ უფრო დიდი შეუსაბამობაა დანაპირებსა და ქმედებებს შორის კოლონიალურ


საკითხში. მაგალითად ავიღოთ ჰოლანდიის ინდოეთი. დედოფალი ვილჰელმინა
დაგვპირდა: საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე გამოაცხადებდა, რომ ამ
ქვეყანას ჯერ დომინიონის სტატუსს მიანიჭებდნენ, უახლოეს მომავალში კი,
მოსახლეობის თავისუფალი ნების შესაბამისად, დამოუკიდებლობის მიღების
საშუალებასაც მისცემდნენ. მართალია, დედოფალმა სიტყვა იმ პირობით მოგვცა,
რომ ამ მდიდარ კოლონიებს ამერიკული ჯარები გაათავისუფლებდა. სინამდვილეში,
აღშფოთებული მსოფლიოს თვალწინ ინგლისელებმა, რომლებიც იმაზე ფიქრობდნენ,
თუ რა გავლენას მოახდენდა იავის დამოუკიდებლობა მათი საკუთარი კოლონიების
მოსახლეობაზე, ჰოლანდიის ინდოეთზე გაილაშქრეს, ამერიკისგან ლენდ-ლიზით
მიღებული იარაღი გამოიყენეს და სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებლობისთვის
მებრძოლ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ, ამერიკაში, ამის საპასუხოდ თითიც კი არ
გაგვინძრევია.

ავიღოთ საფრანგეთის ინდო-ჩინეთი. როგორც მამა ხშირად ამტკიცებდა, ეს კოლონია,


რომელიც ძირითადად ამერიკული იარაღით და ამერიკელი ჯარისკაცების მიერ იყო
გათავისუფლებული, არ უნდა დაბრუნებოდა ფრანგებს და ფრანგი
იმპერიალისტებისათვის ისეთივე მეწველ ფურად არ უნდა ქცეულიყო, როგორიც
ათეულობით წლების განმავლობაში იყო. მაგრამ როცა ბრიტანული კოლონიალური
ჯარები ინდო-ჩინეთში შევიდნენ, მათ თან მოიყვანეს ფრანგული ჯარები და ფრანგი
მმართველები. იჩქარეთ! დრო არ იცდის! დაუბრუნეთ ინდო-ჩინეთი ისევ
იმპერიალისტებს, ვიდრე ვერავინ გხედავთ!
მაგრამ ეს მაგალითები, თავისთავად მნიშვნელოვანი და საგულისხმო, წვრილმანია
იმ დამაჯერებელ დასაბუთებასთან შედარებით, რომ პროგრესი რეაქციამ შეცვალა.
ასეთი დასაბუთებაა „დიდი სამეულის“ ერთიანობის დაშლა, ერთიანობისა,
რომელიც მშვიდობის ქვაკუთხედი იყო. ეს ქვა გამოთალა და საძირკველში ჩადო
ფრანკლინ რუზველტმა, მას შემდეგ კი მრავალი ურტყამს მას იმ იმედით, რომ
დაიმტვრევა.

საერთაშორისო ერთიანობის დამანგრეველებს სათავეში უდგანან ადამიანები,


რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვეტოს პრინციპი არასწორია. ეს ადამიანები ან თავიანთი
უვიცობით, ან ანგარების გამო ხუჭავენ თვალს იმ ჭეშმარიტებაზე, რომ მსოფლიოში,
სადაც ბატონობს სამი დიდი სახელმწიფო - აშშ, სსრკ და გაერთიანებული სამეფო -
მშვიდობის შესანარჩუნებლად სამივე შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს.
არადამაჯერებლად ჟღერს იმის მტკიცება, თითქოს საბჭოთა კავშირი იმდენად
ჯიუტი და გაუმაძღარია, რომ ვერც ერთი თავისი თავის პატივისმცემელი
სახელმწიფო ვერ შეინარჩუნებს მასთან ერთობას ისე, რომ არ ატარებდეს - რა
საშინელებაა! - მისი დაშოშმინების პოლიტიკას. ეს მოსაზრება კრიტიკას ვერ უძლებს,
რადგან მთელი მსოფლიო იყო „დიდი სამეულის“ ერთობის მოწმე, მოწონებით
აკვირდებოდა ამ ერთობას მრავალი თვის განმავლობაში და ამას მოსკოვში 1945 წლის
დეკემბერში და 1946 წლის იანვარში შემდგარ საგარეო საქმეთა მინისტრების
კონფერენციის დროსაც კი ადასტურებდა. და მხოლოდ კონფერენციის შემდეგ, როცა
ჩვენს ქვეყანაში ხმაური ატყდა, თითქოს ბირნსმა გაყიდა შეერთებული შტატები,
როცა ისეთი ადამიანების ბრძანებით, როგორებიც იყვნენ ვანდენბერგი სენატში და
ტრიო - ჰერსტი-როი ჰოვარდი-მაკკორმიკი - ბეჭდურ წყაროებში, გაისმა მოწოდებები
„რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის“ შესახებ, - სწორედ მაშინ შესუსტდა ჩვენი
ერთობა.

რა გააკეთა ბირნსმა მოსკოვში? იქ ის განიხილავდა მომავალში ატომური ბომბის


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაქვემდებარებაში გადაცემის
შესაძლებლობას. ბირნსს ეყო შორსმჭვრეტელობა მიმხვდარიყო, რომ თუ იმ
ხალხების გონებასა და გულებში, რომლებიც ომში ჩვენი მოკავშირეები იყვნენ და,
სავარაუდოდ, მოკავშირეები უნდა ყოფილიყვნენ მშვიდობიან დროშიც, შეიძლებოდა
წარმოშობილიყო ეჭვი მდიდარი და ყოვლისშემძლე ამერიკის მიმართ. მსგავსი
ეჭვისთვის მდიდარ ნიადაგს კი ქმნიდა მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელი
იარაღის გასაიდუმლოების პოლიტიკა. რატომ ვმალავთ მას? ვის წინააღმდეგ
ვაპირებთ მის გამოყენებას?

ჩანს, ბირნსმა „ჭკუა ისწავლა“. ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ, რაღაც შინაგანი
გულისთქმით, რუსეთის მიმართ „მკაცრი პოლიტიკის“ საკუთარი ვარიანტი
წამოაყენა. საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ამის შემდეგ ერთი კვირა არ იყო
გასული და უინსტონ ჩერჩილმა, რომელიც 1942 წლის გაზაფხულიდან 1943-1944
წლების ზამთრამდე დაუღალავად იბრძოდა ევროპაში ლა-მანშით შეჭრის
წინააღმდეგ და გამუდმებით მოითხოვდა მოკავშირეების სტრატეგიის შეცვლას, რის
შედეგადაც ჩვენს ჯარებს მოუწევდათ მთიანი წინაღობების გადალახვა, რომლებსაც
ის „ევროპის სუსტ ადგილს“ უწოდებდა, - სწორედ ამ ჩერჩილმა ფულტონში
წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც გააფთრებით ესხმოდა თავს საბჭოთა კავშირს. თავის
დროზე ის ცდილობდა შეტევის სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებას ისე, რომ
ბრიტანეთის იმპერიის ინტერესები დაეცვა ბალკანეთზე და ცენტრალურ ევროპაში,
რაც თავისი მოკავშირის - სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამით ის
საშიშროების ქვეშ აყენებდა სწრაფად გამარჯვებას. ახლა კი ის ნიადაგის მოსინჯვას
შეუდგა, როგორ დაეწყო ღია ომი თავისი ყოფილი მოკავშირის წინააღმდეგ. როდესაც
ის ამერიკას ინგლისთან სამხედრო კავშირის დამყარებას სთავაზობდა,
შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ შტაბების უფროსების გაერთიანებული საბჭო
ომის „დამთავრების“ შემდეგ მრავალი თვის განმავლობაში აგრძელებდა
რეგულარულ შეხვედრებს ვაშინგტონში და ამ შეხვედრებს დღემდე აგრძელებს.

„დიდი სამეულის“ არსებობისთვის აუცილებელი ერთობის თანდათანობით რღვევა


ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე დაიწყო. ნაცისტების საბოლოო განადგურებამდე
სამი თვით ადრე „დიდი სამეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა და სამხედრო
მინისტრებმა ლონდონში, ვაშინგტონსა და მოსკოვში დაიწყეს მემორანდუმების
დაგზავნა კაპიტულაციის პირობების პროექტებით. გარკვეული კამათის შემდეგ
საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწიეს. დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი მოსკოვიდან
მარშალ ჟუკოვს გაუგზავნეს. მაგრამ გენერალ ეიზენჰაუერს, მოკავშირეების
საექსპედიციო ძალების შტაბში, ეს დოკუმენტი არც ლონდონიდან მიუღია და არც
ვაშინგტონიდან. უფრო მეტიც, კაპიტულაციის პირობები, რომლებიც მან წარადგინა,
მისი შტაბის უფროსის, გენერალ ბიდლ სმიტის მიერ იყო შედგენილი იმ უბრალო
მიზეზით, რომ ეიზენჰაუერმა არც კი იცოდა ხსენებული დოკუმენტის არსებობის
შესახებ. ამის მერე განა არის საკითხავი, რატომ იყო საბჭოთა კავშირი
გაღიზიანებული? ან რა გასაკვირია, რომ ის შემდგომში აღშფოთებული იყო
ამერიკული და ინგლისური ჯარების საქციელით, რომლებმაც უმალ არ
გადაინაცვლეს ოკუპირებულ ზონებში, რის შესახებაც იალტაში შეთანხმდნენ; ან ის,
რომ ამჟამად ის სამართლიანად არის უკმაყოფილო ინგლისური და ამერიკული
ოკუპაციური ხელისუფლებების ქმედებებით? ისინი ხომ დიდ ძალისხმევას არ
იჩენენ ასევე იალტაში შეთანხმებული რეპარაციის გადახდევინების პროგრამის
შესრულებაზე.

ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, კრემლის შესაბამის რეაქციას იწვევდა. ეჭვგარეშეა,
გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ სტალინმა და მისმა მრჩევლებმა გადაწყვიტეს, რომ
თუ მოკავშირეებს შორის ერთობის არარსებობა ასეთ მკვეთრად გამოხატულ ფორმას
მიიღებდა, მათ მოუხდებოდათ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები ყოველგვარი
მოულოდნელობისგან თავის დასაცავად. ჩემი მცდელობების საფუძველზე,
მიმეკვლია დღეს არსებული კრიზისის პირველწყაროსთვის, შემიძლია განვაცხადო,
რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა პირველებმა შემართეს რკინის
მუშტი და პირველებმა დაარღვიეს ერთობლივი გადაწყვეტილებები.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორომტრიალში, რომელიც მთელ მსოფლიოში საომარი


მოქმედებების დასრულების შემდეგ დაიწყო, ჩვენ შევწყვიტეთ მეტად
მნიშვნელოვანი არბიტრის როლის თამაში დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს
შორის, რომელთა ინტერესები უსაფრთხოების სფეროში ამჟამად ერთმანეთს
შეეჯახნენ. იმის ნაცვლად, რომ უთანხმოებების მოსაგვარებლად მესამე მხარედ
გამოვსულიყავით, რასაც ყოველთვის ცდილობდა მამა, ჩვენ მიკერძოებული
პოზიციის დაკავება ვამჯობინეთ. და კიდევ უფრო უარესი, ჩვენ ინგლისის მხარეზე
მხოლოდ კი არ დავდექით, მას უკან მოვექეცით. მაგალითად, საბერძნეთში
ტრაგიკული მოვლენების დროს, როცა ინგლისელი ჯარისკაცები, მიუხედავად
ინგლისელი ხალხის მტკიცე პროტესტისა, გულცივად ხვრეტდნენ ბერძენ
ანტიფაშისტებს, ჩვენ ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივემხრეთ და
არჩევნების პაროდია ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებად ვცანით. ზუსტად ასევე
თურქეთშიც, მხარი დავუჭირეთ ინგლისელებს, ვუბიძგეთ ამის არცთუ დიდად
მოსურნე თურქეთს, მტრული პოზიცია დაეკავებინა საბჭოთა კავშირის მოთხოვნის
მიმართ, ერთობლივად გაეკონტროლებინათ დარდანელები. გეოგრაფიულად
დარდანელები ორი ქვეყნის - საბერძნეთის და თურქეთის კონტროლის ქვეშაა. იმით,
რომ მხარს ვუჭერთ ინგლისს ამ მნიშვნელოვან საზღვაო გზებზე სსრკ-სთვის
არასახარბიელო მდგომარეობის შექმნაში, ჩვენ ისევ ვშორდებით „დიდი
სამეულის“ ერთობის პრინციპებს.

ან თუნდაც, ირანის საკითხი. ის ალბათ კომიკურადაც კი გამოიყურება, მასში ამდენი


უბედურება რომ არ იყოს დაფარული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უსაფრთხოების საბჭო, ინგლისელებისა და ამერიკელების ინიციატივით, ხშირად
თვითონ ირანის მთავრობის სურვილის წინააღმდეგ, დაჟინებით მოითხოვდა ირანის
საკითხის დღის წესრიგში შეტანას, თითქოს ეს საკითხი ოდესმე სერიოზულ
საფრთხეს უქმნიდა მშვიდობას. ამის მიზეზები იოლი ასახსნელია: დიდი ბრიტანეთი
გულმოდგინედ იცავს თავის ძალაუფლებას ნავთობის კონცესიებზე სამხრეთ ირანში,
რომ შემოსავლის ლომის წილი ბრიტანელ ლომს ერგოს. საბჭოთა კავშირმა კი თავს
ნება მისცა, მოეპოვებინა ნავთობის კონცესიები ჩრდილოეთ ირანში იმ პირობით, რომ
შემოსავალი შუაზე გაიყოფოდა (ისიც უნდა გვახსოვდეს, რამდენად ახლოსაა ირანი
საბჭოთა ნავთობსარეწთან ბაქოში). გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭომ
ეს საბაბი გამოიყენა ანტისაბჭოთა კამპანიისათვის. შეერთებულ შტატებში ყველა
მიმომხილველმა და კომენტატორმა ისეთი ერთსულოვნება გამოიჩინა რუსების
იმპერიალისტებად მონათვლაში, რომ ჩვენ - მათი მკითხველები და მსმენელები -
ლამის მზად ვიყავით, დაგვეჯერებინა ეს ცრუ ბრალდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის
ასე ხშირად მეორდებოდა.

ირანის მაგალითი მნიშვნელოვანია, როგორც იმის მაჩვენებელი, რომ ლონდონში და


ვაშინგტონში ადამიანების მცირე ჯგუფი ბოროტი განზრახვით ცდილობს გააჩაღოს
და გააძლიეროს სიძულვილი რუსებისადმი, თითქოს რუსმა ხალხმა არ მიიღო თავის
თავზე ნაცისტური სამხედრო მანქანის ძირითადი დარტყმა, არ გადაიტანა ეს
დარტყმა, არ შემუსრა ეს მანქანა და ერთხელ და სამუდამოდ არ გვაჩვენა, რამდენად
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის კოალიციაში, რომელიც მშვიდობისთვის იბრძვის.

ასე გადაჭრით იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს უფლება ნაწილობრივ დავიმსახურე.


მიმძიმს იმის გახსენება, რამდენი სამხედრო, რომელთან ერთადაც მომიწია მუშაობა
და ფრენა, დაიღუპა ამ ომში. მძიმეა იმის აღიარება, რომ მათი საქმეები სულ
რამოდენიმე თვის შემდეგ დაივიწყეს იმ ადამიანებმა, რომლებიც პერლ-ჰარბორის
შემდეგაც არ ჩანდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. მძიმეა აღიარო, რომ ახლა
ყველაზე ხმამაღლა ახალი „ინტერნაციონალისტის“ ხმა ჟღერს - ხმა კონგრესმენისა,
რომელსაც ინტერნაციონალიზმი ესმის როგორც საერთაშორისო ინტრიგა ახალი
მესამე მსოფლიო ომის გასაჩაღებლად მეორე მსოფლიო ომში ჩვენი ერთ-ერთი
მოკავშირის წინააღმდეგ.

ზემოთ გამოვიყენე გამოთქმა „ადამიანების მცირე ჯგუფი ბოროტი განზრახვით“ და


ვთქვი, რომ ისინი ვაშინგტონში არიან. ალბათ, ეს უნდა დავაზუსტო. მე ვგულისხმობ
სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიონალ დიპლომატებს, რომლებსაც მამა
არასოდეს ენდობოდა და, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად შეცდომით
საგარეო საქმეებში ჩვენს „ექსპერტებს“ უწოდებენ. ვგულისხმობ რეაქციულ ძალებს
კონგრესში, რომლებიც ორივე ძირითად პარტიას ეკუთვნიან, ადამიანებს, რომლებიც
თვლიან, რომ მომავალ კონფლიქტში უფრო მნიშვნელოვანია, რომელიმე ერთ-ერთ
მხარეს მიემხრონ, ვიდრე მომავლისათვის ერთად იმუშაონ. ვგულისხმობ ჩვენს
„ბეჭდური სიტყვის თავისუფლების“ დამცველებს - ბეჭდური სიტყვისა, რომელიც
„ვაჟკაცურად“ იბრძოდა უპასუხისმგებლობის თავისუფლებისათვის. ასეთები არიან
ისინი, ვინც ყველაზე მეტ ლანძღვა-გინებას ანთხევენ „დიდი სამეულის“ ერთობის
პრინციპების წინააღმდეგ და ამტკიცებენ, რომ ვეტოს უფლება - „მანკიერი სისტემაა“.

ვგულისხმობ იმათაც, ვინც მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა ატომურ ბომბამდე


დაიყვანა, იმ ოფიცრებს, რომლებიც როგორც ჩანს, ანგარიშს მხოლოდ საკუთარ
სამხედრო კარიერას უწევენ და მზად არიან მთელი ცივილიზაცია ქვა-ღორღის
გროვად აქციონ.

უკვე აღვნიშნე, რომ ამერიკული ზნე-ჩვევეულებები და ტრადიციები არ აძლევენ


სამხედროებს უფლებას, ხელთ ეპყრათ ერების ბედი და ეს მახარებს. დარწმუნებული
ვარ, შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტი, ტრადიციისამებრ სამოქალაქო პირი,
წარმოადგენს არმიისა და ფლოტის მთავარსარდალს. მაგრამ ჩვენ საღად უნდა
განვსაჯოთ ის რეალობა, რომ ომის შემდგომი დიპლომატიის ამოცანების გადაჭრა
სამხედროებმა აიღეს თავიანთ თავზე. მე არ ვაკრიტიკებ გენერალ მარშალის
მოღვაწეობას აღმოსავლეთში ან გენერალი ბიდლ სმიტისა - მოსკოვში. არც იმის
დამტკიცებას ვცდილობ, რომ ადმირალი ლეგი დიპლომატიურ საკითხებში
პრეზიდენტის საუკეთესო მრჩეველი არ არის. მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ასეთი
მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოსტები სამოქალაქო პირებს უნდა ეკავოთ. ისეთ
არამილიტარისტულ დემოკრატიულ ქვეყანას, როგორიც შეერთებული შტატებია, არ
შეეფერება, გენერლებსა და ადმირალებს ეყრდნობოდეს ინფორმაციის მოპოვებასა და
საერთაშორისო საქმეების წარმართვაში. სამხედროები, რომლებიც პოლიტიკის ან
დიპლომატიის ასპარეზზე გამოდიან, მანამდე უნდა გადადგნენ და გაწყვიტონ
ყოველგვარი კავშირი შეიარაღებულ ძალებთან.

სამხედრო დიპლომატიის საფრთხე თვალსაჩინოა. სამხედროების განკარგულებაში


არმიაა, არმია კი მხოლოდ იქამდე იქნება პროგრესული ძალა, ვიდრე ის
პროგრესული საგარეო პოლიტიკის იარაღია. ამიტომაც, როგორი ავტორიტეტულნიც
და კეთილშობილნიც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, მათ არ უნდა ჰქონდეთ
ერთდროულად საგარეო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების
ხელმძღვანელობის უფლება. საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ჯარების ქცევა ამ თეზისის
აშკარა დადასტურებაა. ვიდრე ჩვენს ჯარისკაცებს სჯერათ, რომ ისინი
გამარჯვებისთვის არიან საჭირონი, ისინი მხნედ და მზადყოფნით ამბობენ უარს
საკუთარ სახლებში, ოჯახებში ბედნიერ და მყუდრო ცხოვრებაზე იმისათვის, რომ
შეასრულონ საპასუხისმგებლო დავალება - იბრძოლონ და გაიმარჯვონ. პოტსდამის
კონფერენციის დროსაც კი, როცა ჯერ კიდევ გვეჩვენებოდა, რომ დემოკრატიას დიდი
საქმეები ელოდა წინ დამარცხებული ფაშიზმის ქვეყნის სამართავად - სინამდვილეში
ასეც იყო - იმ დროსაც კი არ აწყობდნენ ჯარისკაცები არეულობას ლოზუნგით
„სახლში მივდივართ“. მაგრამ, როგორც კი აშკარა გახდა რომ ინგრეოდა ის საქმე,
რომლისთვისაც იბრძოდნენ - „მრავალი თაობის მშვიდობისათვის“, რომლის
გარანტიაც „დიდმა სამეულმა“ თეირანში მთელ მსოფლიოს მისცა - ამონათქვამმა,
რომელიც გაისმა მთელ სივრცეში - პარიზიდან ტოკიომდე, საკმაოდ მგრძნობიარე
გამოძახილი ჰპოვა ვაშინგტონში.

მსურს პირდაპირ განვაცხადო, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამერიკას ჰყავდეს დიდი


არმია. პირიქით, ამის მომხრე ვარ, ოღონდ იმ პირობით რომ ეს არმია გამოყენებული
იქნება როგორც შემადგენელი ნაწილი იმ უსაფრთხოების ძალებისა, რომლებიც
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითაა განსაზღვრული და
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმოქმედებს იმ იდეის მიხედვით, რომელიც
ჩადებულია მის საფუძველში. კერძოდ, ეს არის „დიდი სამეულის“ ერთობის
გაძლიერება.

მივუახლოვდი კითხვას, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც


არ ვდგავართ ამერიკის მთავრობის სამსახურში, მაგრამ ბევრად უფრო
საპასუხისმგებლო მდგომარეობა გვიკავია - ჩვენ ამერიკის მოქალაქეები ვართ. როგორ
დავაბრუნოთ ჩვენი მთავრობა იმ გზაზე, რომელიც ფრანკლინ რუზველტმა
დაგვისახა?

ამ კითხვას რომ პასუხი გავცე, მოკლედ უნდა ჩამოვაყალიბო ის, რაც მასწავლეს, ჯერ
ისტორიამ, შემდეგ კი მამაჩემის საქმიანობაზე დაკვირვებამ მისი პრეზიდენტობის
დროს. ჩემი რწმენით, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრეზიდენტები იყვნენ ისინი, ვინც
დიდი ყურადღებით უსმენდა შეგნებული ხალხის გონიერ აზრს და ანგარიშს უწევდა
მას. ლინკოლნს[18] სამოქალაქო ომის დაწყებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიეცა
საშუალება, ხელი მოეწერა კანონისათვის, რომელიც ათავისუფლებდა მონებს. ეს
იმიტომ კი არ მოხდა, რომ ჩრდილოეთი არ მოითხოვდა მისგან ამას. არამედ იმიტომ,
რომ ეს მოთხოვნა არ იყო საკმარისად ძლიერი. ამერიკის დემოკრატიულ სისტემაში
პრეზიდენტსა და ხალხს შორის არსებობს გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება,
მაგრამ ის იშვიათად აეწყობა ხოლმე ისე, როგორც საჭიროა. ვერც ერთი პრეზიდენტი
ვერ გახდება დიდი პრეზიდენტი, თუ ჩვენ - დამოუკიდებელი ამერიკელი
მოქალაქეები არ დავეხმარებით მას ამაში. თუ ფრანკლინ რუზველტი დიდი
პრეზიდენტი იყო, ეს ძირითადად აიხსნება ამერიკელი ხალხის მკაფიო, გონიერი
პოზიციით რუზველტის თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში.

You might also like