You are on page 1of 253

ნელსონ მანდელა

საუბრები საკუთარ თავთან

თარგმნა რამაზ ხატიაშვილმა


რედაქტორი - ნ. მანჩხაშვილი
მხატვარი-დიზაინერი - ალ. ბერდიშევი
მთავარი რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე
საავტორო უფლება ქართულ გამოცემაზე © „ქართული
ბიოგრაფიული ცენტრი“ 2012
საავტორო უფლებები დაცულია
...
საკანი იდეალური ადგილია იმისათვის, რომ საკუთარი თავის
შეცნობა ისწავლო, საკუთარ გონებასა და გრძნობებს
რეალისტურად უყურო და, რაც მთავარია, რეგულარულად
აკონტროლო ისინი. როდესაც ამა თუ იმ პიროვნების პროგრესს
განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე
ვამახვილებთ ყურადღებას, ისეთებზე, როგორებიცაა
სოციალური მდგომარეობა, გავლენა და პოპულარობა,
სიმდიდრე და განათლების დონე. წმინდა მატერიალური
თვალსაზრისით, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან
მნიშვნელოვანია და სავსებით გასაგებია, როდესაც ვხედავთ,
რომ ესა თუ ის პიროვნება სწორედ ამ მიმართულებით
ცდილობს წარმატების მიღწევას. მიუხედავად ამისა,
პიროვნებად ჩამოყალიბებაში, შესაძლოა, შინაგანი ფაქტორები
უფრო იყოს გადამწყვეტი. პატიოსნება, გულწრფელობა,
სისადავე, თავმდაბლობა, გულუხვობა, სულგრძელობა -
თვისებები, რომლებიც ნებისმიერისთვისაა ადვილად
მისაღწევი - პიროვნების სულიერი ცხოვრების საფუძველს
წარმოადგენს. ამ მიმართულებით განვითარება, სერიოზული
თვითანალიზის, საკუთარი თავის, საკუთარი შეცდომებისა და
სისუსტეების გაცნობიერების გარეშე, სრულიად
შეუძლებელია. სხვა თუ არაფერი, საკანი იმის საშუალებას
მაინც გაძლევს, რომ საკუთარ ქცევას დააკვირდე, დაამარცხო
უარყოფითი თვისებები და განავითარო ყველაფერი ის, რაც
დადებითია შენში. ყოველდღიური მედიტაცია, ვთქვათ 15
წუთის განმავლობაში, დაძინების წინ, შესაძლოა, ამ

1
მიმართულებით ძალიან ნაყოფიერი იყოს. თავდაპირველად,
ალბათ საკმაოდ ძნელი იქნება საკუთარი ნეგატიური
თვისებებისთვის თვალის გასწორება, მაგრამ მეათე მცდელობა
კარგ შედეგს მოიტანს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ
წმინდანი არის ცოდვილი, რომელიც მუდამ უკეთესობისკენ
ილტვის.

წინასიტყვაობა
ისევე, როგორც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობამ,
ნელსონ მანდელა მეც შორიდან გავიცანი - იმ დროს, როდესაც
ის რობენ აილენდის ციხეში იჯდა. ძალიან ბევრი
ჩვენგანისთვის ის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ
ადამიანი. ის იყო სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის
და ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო სამხრეთ აფრიკასა და
მთელ მსოფლიოში. მის მიერ გაღებული მსხვერპლი იმდენად
დიდი იყო, რომ მისმა მაგალითმა სხვადასხვა ქვეყანაში
მცხოვრებ ადამიანებს კაცობრიობის პროგრესისთვის ბრძოლა
შთააგონა.
მეც გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ამ
ბრძოლაში. პოლიტიკური აქტივობა პირველად ჯერ კიდევ
მაშინ გამოვიჩინე, როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი. მაშინ მე
სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დასრულებისთვის ბრძოლის
კამპანიას შევუერთდი. ვერც ერთი ის დაბრკოლება, რომელიც
მე მხვდებოდა ცხოვრებაში, ვერ შეედრებოდა იმას, რასაც
აპარტეიდის მსხვერპლნი ყოველდღიურად აწყდებოდნენ, და
ვერც კი წარმომედგინა, რამხელა გამბედაობა უნდა ჰქონოდა
მანდელას, რომ ამდენი წლის განმავლობაში მჯდარიყო ციხის
საკანში. მისმა მაგალითმა მე თვალები ამიხილა და დამანახა,
რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყელაფერი უნდა გააკეთოს
იმისათვის, რომ ქვეყანაზე სამართლიანობამ იზეიმოს. თავისი
ცხოვრებითა და არჩევანით მანდელამ ყველას დაგვანახა, რომ
ჩვენ არა ვართ ვალდებული შევეგუოთ ისეთ სამყაროს,
რომელიც ჩვენს გარშემოა და ყველამ უნდა შევიტანოთ
წვლილი იმაში, რომ მსოფლიო ისეთი გახდეს, როგორიც ჩვენ
გვსურს.
წლების განმავლობაში, აღტაცებითა და მოწიწებით ვუცქერდი
მანდელას და აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ მისი
ცხოვრება თანასწორობისა და სამართლიანობისთვის გაწეული
მრავალრიცხოვანი მსხვერპლით იყო სავსე. მისი ცხოვრების

2
ისტორია სრულიად განსხვავდება იმ ცინიკურობისა და
უიმედობისგან, რაც ამ ქვეყანაზე ხშირად გვხვდება. პატიმარი
თავისუფალ ადამიანად იქცა; პარტიის ლიდერი იქცა
პრეზიდენტად, რომელმაც დემოკრატიას და განვითარებას
შეუწყო ხელი. ახლა უკვე თავისი კაბინეტიდან მანდელა
აგრძელებს მუშაობას თანასწორობისთვის, მეტი
შესაძლებლობებისა და ადამიანური ღირსებისთვის. მან
იმდენი გააკეთა თავისი ქვეყნისა და მსოფლიოს
შესაცვლელად, რომ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის
ისტორია მის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია.
ოც წელიწადზე ოდნავ მეტი იყო გასული იმ მომენტიდან,
როდესაც კალიფორნიაში პირველად ჩავერთე პოლიტიკურ
ცხოვრებაში და რობენ აილენდის ციხეში, მანდელას ყოფილ
საკანში შევდგი ფეხი. მაშინ მე ახლადარჩეული ამერიკელი
სენატორი ვიყავი. ეს უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი ციხის
საკანი. ეს იყო იმ მსხვერპლის მონუმენტი, რომელიც უამრავმა
ადამიანმა სამხრეთ აფრიკის მშვიდობიანი გარდაქმნისთვის
გაიღო. ვიდექი ამ საკანში და ვცდილობდი წარმომედგინა
წარსული და ის დრო, როდესაც პრეზიდენტი მანდელა ჯერ
კიდევ პატიმარი №466/64 იყო, როდესაც მისი ბრძოლა ჯერ
კიდევ ძალიან შორის იყო წარმატებისგან. მე ვცდილობდი
ლეგენდა, რომელმაც ისტორია შეცვალა ჩვეულებრივ
ადამიანად წარმომედგინა - ადამიანად, რომელმაც ამ
ცვლილებისთვის ამდენი რამ გაიღო.
„საუბრები საკუთარ თავთან“ სწორედ ამის შესაძლებლობას
იძლევა. აქ მანდელა ჩვეულებრივ ადამიანად წარმოგვიდგება.
მისი ჟურნალების, წერილების, გამოსვლების, ინტერვიუებისა
და სხვა საბუთების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ოდნავ მაინც
შევავლოთ თვალი მანდელას, როგორც ჩვეულებრივი
ადამიანის ცხოვრებას და გავიგოთ, როგორ ატარებდა ის
ყოველდღიურ მოსაწყენ საათებს ციხეში და როგორ იღებდა
გადაწყვეტილებებს უკვე პრეზიდენტის რანგში. ჩვენ მას უკვე
ვხედავთ, როგორც მეცნიერსა და პოლიტიკოსს; როგორც
ოჯახის წევრსა და მეგობარს; როგორც შორსმჭვრეტელ და
პრაგმატულ ლიდერს. თავისი ავტობიოგრაფიის
სახელწოდებად მანდელამ „გრძელი გზა თავისუფლებისკენ“
აირჩია. ამ წიგნით გავეცნობით, რა დაბრკოლებები დახვდა მას
ამ გზაზე.
თავისი სრული პორტერტის წარმოადგენასთან ერთად

3
მანდელა იმასაც გვეუბნება, რომ ის არ იყო სრულყოფილი
ადამიანი. ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, მასაც ჰქონდა
მრავალი ნაკლი. მაგრამ სწორედ ეს ხდება თითოეული
ჩვენგანისთვის შთაგონების წყარო, რადგან თუ საკუთარ
თავთან გულწრფელი ვიქნებით, მივხვდებით, რომ ცხოვრებაში
მძიმე ბრძოლების გადატანა გვიხდება, იქნება ეს პოლიტიკური
თუ პირადი ხასიათის, იმისათვის რომ შიში და ეჭვი
გადავლახოთ; გავაგრძელოთ შრომა, მიუხედავად იმისა, რომ
საბოლოო მიზანი გაურკვეველია; ვაპატიოთ სხვებს და მეტი
მოვთხოვოთ საკუთარ თავს. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი და
თავად ნელსონ მანდელას ცხოვრების ისტორია სრულებითაც
არ მოგვითხრობს შეუცდომელი ადამიანის ტრიუმფის შესახებ.
ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელსაც არ ეშინოდა საკუთარი
სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება იმ მიზნის მისაღწევად,
რომელიც თავად სწორად მიაჩნდა იმ ადამიანისა, რომელიც
გულმოდგინედ მუშაობდა, რომ მსოფლიო უკეთესი
გამხდარიყო.
საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის მანდელას გზავნილი.
თითოეულ ჩვენგანს გვქონია მომენტები, როდესაც გგონია,
რომ ვერაფერს შეცვლი, როდესაც ჩვენი საკუთარი სისუსტე
გვაიძულებს, ავირჩიოთ უფრო იოლი გზა და პასუხისმგებლობა
ავიცილოთ თავიდან. მანდელაც ხშირად იდგა მსგავსი
დილემის წინაშე, მაგრამ როდესაც რობენ აილენდის ამ პატარა
საკნის ფანჯარაში მზის სხივი შემოანათებდა, ის უკეთეს
მომავალს ხედავდა და ხვდებოდა, რომ მის მიერ გაღებული
მსხვერპლი ამად ღირდა. მაშინაც კი, როდესაც შურისძიების
სურვილი ძლიერი იყო, ის შერიგების საშუალებებს ეძებდა.
ახლაც კი, როდესაც დამსახურებულ პენსიაზე გავიდა და
ისვენებს, ის ცდილობს თავის თანამემამულეებში ქვეყნის
სიყვარული გააღვივოს.
სანამ მე შეერთებული შტატების პრეზიდენტად ამირჩევდნენ,
ნელსონ მანდელასთან შეხვედრის უდიდესი პატივი მხვდა
წილად და მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ვარ, მასთან ხშირად
მისაუბრია. ეს საუბრები, როგორც წესი, მოკლეა, რადგან ის
უკვე ხანდაზმული ადამიანია, მე კი ძალზე გადატვირთული
განრიგი მაქვს. მიუხედავად ამისა, არის მომენტები, როდესაც
ამ ადამიანის თავაზიანობა, სიბრძნე და სულგრძელობა
ტელეფონის ყურმილშიც კი იგრძნობა. ასეთ დროს მე
მახსენდება, რომ იმ საოცარი ისტორიის მიღმა, რომელიც ამ

4
ადამიანმა შექმნა, დგას ჩვეულებრივი პიროვნება, რომელმაც
შიში დაძლია და იმედი აირჩია. ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია
ლეგენდად იქცა, თუმცა როდესაც მის ცხოვრებას გაეცნობი, მის
მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემის გრძნობა გიჩნდება.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა

თავი პირველი. ძველი დრო


„ჩვენი აღთქმის ერთგული ვრჩები: არასოდეს, არასოდეს, არც
ერთ ვითარებაში არ წამომცდება ისეთი რამ, რაც სხვას
დააზარალებს... პრობლემა, რა თქმა უნდა, ის არის, რომ
წარმატებული ადამიანები პატივმოყვარეობისკენ არიან
მიდრეკილნი. ბევრი მათგანის ცხოვრებაში დგება გარკვეული
მომენტი, როდესაც ეგოისტობა დასაშვებად მიაჩნიათ და
ირგვლივ მყოფი ადამიანების წინაშე თავიანთი წარმატებებით
ტრაბახობენ. რა საოცარი ევფემიზმი წარმოშვა საკუთარი თავის
ქებისთვის ინგლისურმა ენამ! ავტობიოგრაფია...“
ფატიმა მიერისთვის მიწერილი წერილიდან. 1 მარტი, 1971
1. ფატიმა მიერისთვის მიწერილი წერილიდან. 1 მარტი, 1971
ჩვენი აღთქმის ერთგული ვრჩები: არასოდეს, არასოდეს, არც
ერთ ვითარებაში არ წამომცდება ისეთი რამ, რაც სხვას
დააზარალებს... პრობლემა, რა თქმა უნდა, ის არის, რომ
წარმატებული ადამიანები პატივმოყვარეობისკენ არიან
მიდრეკილი. ბევრი მათგანის ცხოვრებაში დგება გარკვეული
მომენტი, როდესაც ეგოისტობა დასაშვებად მიაჩნიათ და
ირგვლივ მყოფი ადამიანების წინაშე თავიანთი წარმატებებით
ტრაბახობენ. რა საოცარი ევფემიზმი წარმოშვა საკუთარი თავის
ქებისთვის ინგლისურმა ენამ! სახელიც შეურჩევიათ:
ავტობიოგრაფია. მასში, ხშირად, სხვების ნაკლოვანებები
გამოიყენება იმისათვის, რომ ავტორის წარმატებებსა და
ღირსებებს გაესვას ხაზი. ეჭვი მეპარება, ოდესმე დავჯდე და
საკუთარი ცხოვრების ჩანახატი გავაკეთო. მე არც
განსაკუთრებული მიღწევები მაქვს, რომლებითაც ვიამაყებდი
და არც ნიჭი იმისა, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე გადავიტანო.
ყოველდღიურად რომ ლერწმის სპირტს ვსვამდე, ამის
გამბედაობა მაინც არ მეყოფოდა. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი
სახით განგებამ დედამიწას მეორეხარისხოვანი ადამიანის
მაგალითი უჩვენა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ვერაფერი
მიბიძგებს იმისაკენ, რომ საკუთარ თავს რეკლამა გავუკეთო.

5
მართლაც რომ დავწერო ავტობიოგრაფია, ის მაინც ვერ
გამოიცემა მანამ, სანამ საფლავში არ ჩავწვები და ალბათ
წამომცდება კიდეც რამდენიმე ისეთი ფრაზა, რომელიც ჩვენს
აღთქმას არ შეესაბამება. გარდაცვლილი ადამიანი აღარაფერზე
ნერვიულობს, და თუ მის შესახებ როდისმე სრული სიმართლე
ამოტივტივდება და წლების განმავლობაში მდუმარედ
ყოფნით შექმნილ ჩემივე სახეს ზიანი მიადგება, ეს უკვე არა
ჩემი, არამედ შთამომავლობის პრობლემა იქნება... მე ვარ
ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრ საკითხზე აქვს
ზედაპირული წარმოდგენა, მაგრამ არსებობს ერთი თემა,
რომლის შესწავლა უკეთესად მმართებდა: ჩემი ქვეყნისა და
ხალხის ისტორია.
2. ჯოი მოისეოლასთვის მიწერილი წერილიდან. 17 თებერვალი,
1986:
როდესაც ცხოვრების იმ გზას ვირჩევდი, რომლითაც აგერ უკვე
45 წელია დავდივარ, შესაძლოა, მქონდა კიდეც ზოგადი
წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სირთულეები მელოდა წინ.
ამავე დროს, ზუსტი ხასიათი იმ მოვლენებისა, რომლებმაც
ჩემზე ამხელა გავლენა იქონია, შეუძლებელია
პროგნოზირებადი ყოფილიყო. წინასწარმეტყველების ნიჭი
რომ მქონოდა და ყველაფერი, რაც მას შემდეგ თავს გადამხდა,
ზედმიწევნით მცოდნოდა, ასე მგონია, მაინც იმავე
გადაწყვეტილებას მივიღებდი. მიუხედავად ამისა, ეს
გადაწყვეტილება გაცილებით უფრო შიშის მომგვრელი
იქნებოდა და ის ტრაგედიები, რომლებიც ცხოვრებაში
გადავიტანე, სწრაფად გამიქრობდა ახალგაზრდულ ჟინს.
3. რიჩარდ სტენგელთან საუბრიდან:
ჩემი ბელადად არჩევა სურდათ... ეს კი ჩემთვის იძულებითი
ქორწინების მსგავსი რამ იყო, ამიტომ გამოვიქეცი... ამან მთელი
ჩემი კარიერა შეცვალა. სახლში რომ დავრჩენილიყავი, დღეს
ძალზე პატივსაცემი ბელადი ვიქნებოდი. დიდი ღიპი
მექნებოდა და უამრავი შინაური ცხოველი მეყოლებოდა.
4. რიჩარდ სტენგელთან საუბრიდან:
ადამიანთა უმრავლესობაზე ძალიან დიდ გავლენას მისი
წარმოშობა ახდენს. მე ერთ პატარა სოფელში დავიბადე და
როდესაც ოცდასამი წლის გავხდი, იოჰანესბურგში წავედი.
წლის უდიდეს ნაწილს, რა თქმა უნდა, სკოლაში ვატარებდი და

6
სახლში მხოლოდ ივნისისა და დეკემბრის არდადეგების დროს
ვბრუნდებოდი. ივნისის არდადეგები მხოლოდ ერთი თვე
გრძელდებოდა, დეკემბრისა კი - თითქმის ორი თვე. ასე რომ,
თითქმის მთელი წელიწადი სკოლაში ვიყავი... ჰოდა, 1941
წელს, როდესაც ოცდასამი წლის ასაკში, იოჰანესბურგში
ჩავედი და სკოლაში დავიწყე სიარული, სხვა საგნებთან ერთად
იმასაც გვასწავლიდნენ, რომ დასავლური ცხოვრების წესი
უნდა შეგვეთვისებინა. მაგრამ, ჩემი აზროვნება უკვე
ჩამოყალიბებული იყო და ალბათ ხვდებით, რომ საკუთარი
კულტურის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა.
რა თქმა უნდა, დასავლური კულტურის გარეშე ცხოვრება
შეუძლებელია, ამიტომ ჩემზე ამ ორივე მხარემ იქონია გავლენა.
იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს უცნაურია, რადგან ჩვენი ხალხის
უმრავლესობა სწორედ ასე ცხოვრობს... ახლა მე ინგლისურად
საუბარი უფრო მეტად მეხერხება, რადგან ძალიან დიდი დრო
გავატარე აქ და ციხეშიც ვიჯექი. საკუთარ ენასთან კონტაქტი
დავკარგე. ერთ-ერთი, რაც მსურს რომ გავაკეთო პენსიაზე
გასვლის შემდეგ, არის ის, რომ წიგნები ვიკითხო, მათ შორის -
აფრიკული ლიტერატურა. კითხვა როგორც კოსას, ასევე
სოთოს¹ ენაზე შემიძლია და ძალიან დიდ სიამოვნებასაც
მანიჭებს ეს, მაგრამ ახლა პოლიტიკური ამბები მიშლის ხელს...
კითხვას საერთოდ ვეღარ ვახერხებ და ეს ყველაზე მეტად
მადარდებს.
5. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
არავის არასოდეს უცდია, სისტემატიურად ჩაეტარებინა
ჩემთვის გაკვეთილები ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, მის
გეოგრაფიაზე, ბუნებრივ სიმდიდრესა და პრობლემებზე, ჩვენს
კულტურაზე, არითმეტიკაზე, წონასა და გაზომვის ხერხებზე.
კოსას ტომის სხვა ბავშვების მსგავსად, მეც შეკითხვების
დასმითა და მათზე პასუხების მიღებით ვიძენდი საჭირო
ცოდნას, საკუთარი გამოცდილებით ვსწავლობდი, ვუყურებდი
უფროსებს და ვცდილობდი მათთვის მიმებაძა. ამ პროცესში
ძალიან დიდ როლს თამაშობს ადათები, რიტუალები და ტაბუ.
სწორედ ასე შევიძინე ის ცოდნა, რაც ადამიანს ცხოვრებაში
სჭირდება.
...ჩვენს ოჯახში სხვა ბავშვებიც იყვნენ, ძირითადად - ბიჭები. მე
მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება ადრეული
ასაკიდან ვისწავლე, მარტო დავდიოდი, სხვა ბავშვებთან
ერთად ვთამაშობდი და ვჭამდი. სიმართლე გითხრათ, ძნელად

7
თუ მახსენდება ისეთი მომენტი, როდესაც სახლში მარტო
ვიყავი. ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ სხვა ბავშვები,
რომლებსაც საჭმელსაც ვუყოფდი და მათთან ერთად ღამითაც
ერთ საწოლში მეძინა. ალბათ ხუთი წლის ვიქნებოდი, როდესაც
თანატოლებთან ერთად ცხვრისა და ხბოს მწყემსვა დავიწყე და
როდესაც საძოვრების არაჩვეულებრივი სილამაზე აღვიქვი.
მოგვიანებით, ცოტათი რომ წამოვიზარდე, ძროხებისთვისაც
შემეძლო მიმეხედა... თამაშს, რომელიც ყველაზე ძალიან
მიყვარდა, „ხეთა“ ერქვა (აირჩიე ის, ვინც მოგწონს)... სეირნობის
დროს ჩვენი ასაკის გოგონებს ვაჩერებდით და ვთხოვდით, რომ
ჩვენ შორის ის აერჩიათ, რომელიც ყველაზე მეტად
მოსწონდათ. წესი იყო, გოგონას არჩევანისთვის ყველას პატივი
ეცა და მას სრული უფლება ჰქონდა, თავის ფავორიტთან
ერთად გაეგრძელებინა გზა. ძირითადად გოგონები
მახვილგონივრულობით გამოირჩეოდნენ და, როგორც წესი,
ყველაზე უშნო ბიჭს ირჩევდნენ ხოლმე, შემდეგ კი მას გზაში
დასცინოდნენ და აშაყირებდნენ... დღის ბოლოს, ყველანი
ვმღეროდით და ვცეკვავდით. უფროსებისგან შორს ყოფნა,
სრული თავისუფლების შეგრძნებას გვანიჭებდა. სახლში
დაბრუნებულები, ვახშმის შემდეგ, სულგანაბულნი
ვუსმენდით დედაჩემს ან ჩემს დეიდას, რომლებიც ზღაპრებს,
ლეგენდებს და მითებს გვიყვებოდნენ. ამბები, რომლებმაც ვინ
იცის რამდენი თაობა გამოიარა, წარმოსახვის უნარს
გვივითარებდა და ფასეულ მორალურ გაკვეთილებს
გვიტარებდა. როდესაც იმ დღეებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ
ცხოვრების იმ სტილმა, რომელსაც სახლში ვეწეოდი, ჩემმა
გამოცდილებამ საძოვრებზე, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად
ვმუშაობდი და ვთამაშობდი, ადრეული ასაკიდანვე მასწავლა
ერთიანობის დაფასება. იმ პროგრესს, რომელსაც ამ
მიმართულებით მივაღწიე, მოგვიანებით მიღებულმა
ფორმალურმა განათლებამ გამოუთხარა ძირი, რადგან ის
უფრო ინდივიდუალურ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული.
მიუხედავად ამისა, როდესაც 1940-იან წლებში, პოლიტიკურ
ასპარეზზე გამოვედი, დისციპლინას ყოველგვარი ზედმეტი
ძალისხმევის გარეშე ავუღე ალღო და ეს, ალბათ, ჩემი
ადრეული აღზრდის დამსახურება იყო.
6. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
სკოლის დირექტორი ქუნუში¹ხშირად დაბრუნების უფლებას
არ მაძლევდა. მას მიაჩნდა, რომ იქ ცუდ გარემოში

8
აღმოვჩნდებოდი და სკოლას თავს დავანებებდი, ამიტომ
წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღით მიშვებდა სახლში.
გარდა ამისა, ზოგჯერ ის დედაჩემის ქალაქში ჩამოყვანას
ახერხებდა, რათა მას ჩემი მონახულების საშუალება ჰქონოდა.
ქუნუში ჩასვლა და ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჩემთვის
ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულის მომგვრელი იყო.
განსაკუთრებით ჩემი ბიძაშვილი, ალექსანდრე მანდელა
მიყვარდა, რომელიც განათლების მიღების საკითხებში
ყოველთვის მამხნევებდა. ის და ჩემი ძმისშვილი ფჰათივე
რანუგუ, რომელიც ჩემზე ბევრად უფროსი იყო, ჩვენს ოჯახში
პირველი ნამდვილი მასწავლებლები იყვნენ. მათი დახმარება
და შეგულიანება რომ არა, ალბათ ვერ გავუძლებდი იმ
ცდუნებას, რომელსაც საკლასო ოთახის გარეთ არსებული
იოლი ცხოვრება მთავაზობდა. იმ დროს ჩემს გონებაზე
ადამიანთა მხოლოდ ორი კატეგორია ახდენდა გავლენას:
ბელადები და სასულიერო პირები. ამის მიზეზი ის არის, რომ
თითქმის ყველა ის გმირი, რომელთა შესახებ ბავშვობიდან
მსმენოდა, ბელადი იყო. გარდა ამისა, ყველა რეგენტი იმხელა
პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში, თეთრკანიანი
იქნებოდა ის თუ შავკანიანი, რომ ამ თანამდებობის
მნიშვნელობა ჩემს გონებაში, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული
იყო. ბელადობა არა მხოლოდ იმ ღერძად მიმაჩნდა, რომლის
გარშემოც საზოგადოება ტრიალებდა, არამედ იმ
თანამდებობად, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა და
ძალაუფლება მოჰქონდა. ასეთივე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის
ეკლესიის პოზიცია, რომელსაც ბიბლიაში მოყვანილ
დოქტრინებზე უფრო მეტად ღირსი მატიოლოს პიროვნებასთან
ვაიგივებდი. ამ წრეში ის ისეთივე პოპულარული იყო, როგორიც
რეგენტი, და ის ფაქტი, რომ სასულიერო საქმეებში მასზე
მაღლა იდგა, ეკლესიის უზარმაზარ გავლენას კიდევ უფრო
უსვამდა ხაზს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ის
პროგრესი, რომელიც ჩემმა ხალხმა განიცადა, სწორედ
მისიონერული სკოლების დამსახურება იყო. მათი
კედლებიდან გამოვიდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც მე
მასწავლიდნენ, სახელმწიფო მოხელეები და თარჯიმნები,
სასოფლო-სამეურნეო მუშაკები და პოლიციელები.
მოგვიანებით მივხვდი, რომ ბელადებს ორმაგი თანამდებობა
ჰქონდათ. ისინი საკუთარი ხალხის წარმომადგენლებიც იყვნენ
და სახელმწიფო მოხელეებიც. ამან კი იმისკენ მიბიძგა, რომ
მათი მნიშვნელობა უფრო რეალისტურად აღმექვა და არა

9
მხოლოდ საკუთარი ოჯახის ან განსაკუთრებულად
გამორჩეული ბელადების თვალთახედვით. ტომთა ბელადები
იმ ცნობილი გმირების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც
საკუთარ ხალხს მტერთან ბრძოლაში წინ მიუძღოდნენ და ამ
მხრივ, ისინი დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ამავე
დროს, იგივე ბელადები შავკანიანი ადამიანის მიმართ
მტრულად განწყობილ მთავრობას წარმოადგენდნენ,
რისთვისაც საკადრის კრიტიკას და სიძულვილს
იმსახურებდნენ. ბელადობის ინსტიტუტი მთავრობამ
სათავისოდ გამოიყენა და ის რეპრესიული მანქანის ნაწილად
აქცია. საკუთარი გამოცდილება იმის საშუალებასაც მაძლევს,
რომ მისიონერთა როლის ფორმულირება უფრო
დაბალანსებულად მოვახდინო და ეს საკითხი კონკრეტულ
სასულიერო პირებთან ურთიერთობის ჭრილში განვიხილო.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ხალხში დიდი
გავლენის მქონე ადამიანების როლის შეუფასებლობა ძალზე
სახიფათო იყო და ამის გამო მათთან ურთიერთობისას
ყოველთვის დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი ყველას.
7. გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიის ფრაგმენტი:
ციხიდან გამოსვლის შემდეგ სულ ცოტა დრო გავიდა და ისტ
ლონდონში გავემგზავრე, სადაც სილუმკო სოკუპასა და
აფრიკის ეროვნული კონგრესის რეგიონული კომიტეტის
წევრებს შევხვდი, რათა ადგილზე გავცნობოდი სიტუაციას.
ბრიფინგის დროს მათ შემატყობინეს, რომ ჩემი მონახულება
ნგიკას ტომის ბელადს - მეფე ზანეზისვე სანდილეს სურდა და
რომ ის თავად მეწვეოდა სასტუმროში.
მე კომიტეტის წევრებს ვუთხარი, რომ მეფეს შეეძლო საკუთარ
სასახლეში დარჩენილიყო და მე თავად ვეწვეოდი მას. სწორედ
ამ დროს, მეფე ოთახში შემოვიდა. მე მას ბოდიში მოვუხადე და
ვუთხარი, რომ დღევანდელი ახალგაზრდების უმეტესობა
ქალაქშია გაზრდილი და ამიტომ ტრადიციული წეს-
ჩვეულებების შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია აქვთ. აქედან
გამომდინარე, პროტოკოლის ასეთი დარღვევა არის არა
უპატივცემულობის, არამედ უცოდინარობის ბრალი.
ისეთი გმირები, როგორებიც არიან ხოის ტომის ლიდერი –
აუტშუმაიო, რარაბეს ლიდერი – ბამბათა, ზულუს ლიდერი –
სეთივაიო, პედის ლიდერი – მამპურუ, ვენდას ლიდერი –
ჩივჰასე და ბევრი სხვა წინააღმდეგობის მოძრაობის სათავეში

10
იდგნენ და მათ მიმართ ყველანი უდიდესი პატივისცემის
გრძნობით ვართ გამსჭვალული... მამაცი მონარქები,
აპარტეიდის რეჟიმის ყველაზე მკაცრი რეპრესიების დროსაც კი
არსებობდნენ და თავიანთი ხალხისთვის არასოდეს
უღალატიათ. ესენი იყვნენ თემბუს ლიდერი საბათა და
ზულუს ლიდერი სიპრიანი... დღეს, ძალიან ბევრი ლიდერი
არსებობს, რომლებსაც ისტორიის გაკვეთილების შესახებ
არაფერი სმენიათ. მათ არ იციან, რომ მსოფლიოში ბევრი
აბსოლუტური მონარქი არსებობდა, რომლებიც ძალაუფლებას
არავის უყოფდა... სწორედ ეს მონარქები და მათი წინაპრები
არიან ისინი, ვინც გადაწყვიტა, რომ ხალხის მიერ არჩეული
წარმომადგენლებისთვის ქვეყნის მართვის საშუალება მიეცათ.
დღეს ისინი კონსტიტუციური მონარქები არიან: დიდი
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, ესპანეთის მეფე ხუან
კარლოსი, ნიდერლანდების დედოფალი ბეატრიქსი, დანიის
დედოფალი მარგარეტ II, ნორვეგიის მეფე ჰარალდი და
შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი.
ყველა ეს მონარქი საკუთარ აბსოლუტურ ძალაუფლებას რომ
გამოჰკიდებოდა, მათ შესახებ ახლა მხოლოდ მოგონებაღა
იქნებოდა დარჩენილი. ისინი სრულიად გაქრებოდნენ
პოლიტიკური სცენიდან.
მიუხედავად ამისა, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
ბელადების ინსტიტუტი აფრიკულ ადათ-წესებსა და კანონებს,
ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს ემორჩილება. არავითარ
შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაუქმება. ნაცვლად ამისა,
კომპრომისული გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რომელიც
დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და
რომელიც საშუალებას მისცემს ბელადებს, გააზრებული როლი
შეასრულონ მთავრობაში.
...მე არ მაქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის
ინიციატივები ჰქონდა აპართეიდს სხვა ბანტუსტანებში,
მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ტრანსკეიში ბელადების
შვილებისთვის საგანგებო სკოლები მოქმედებდა და იქ მათ
მმართველობის ძირითად უნარ-ჩვევებს ასწავლიდნენ. არ
ვისურვებდი, რომ მსგავსი სკოლები კვლავაც არსებობდეს.
ნაცვლად ამისა, მთავრობის ხელთ არსებული რესურსებიდან
გამომდინარე, ბელადთა შვილებს საუკეთესო განათლება
უნდა მივცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი
რესურსები ძალზე მწირია, რამდენიმე ტრადიციული ლიდერის

11
შვილი მაინც გავუშვი სასწავლებლად სამხრეთ აფრიკის
უნივერსიტეტებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის
შეერთებულ შტატებში. სწორედ შესაბამისი განათლების მქონე
ტრადიციული ლიდერები შეძლებენ გაითავისონ
დემოკრატიული პრინციპები და ის არასრულფასოვნების
კომპლექსი, რომელიც მათ იმისკენ უბიძგებს, რომ
მმართველობის ფეოდალურ ფორმებს ჩაეჭიდონ, დროთა
განმავლობაში სრულიად გაქრება.
8. ნომაბუთო ბჰალასთვის მიწერილი წერილიდან. 1 იანვარი,
1971:
თქვენი წერილი ერთ-ერთი ყველაზე მოკლე იყო, რომელიც
ოდესმე მიმიღია: მთელი მისი შინაარსი ერთ წინადადებაშია
მოქცეული. ამასთანავე, ასეთი კარგი წერილი ძალიან დიდი
ხანია, რაც არ წამიკითხავს. მეგონა, ჩვენი თაობის დემაგოგებმა
ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს შეწყვიტეს არსებობა.
ორმოცდაათწლიანი ცხოვრების განმავლობაში, მე საკმარისი
გამოცდილება შევიძინე, ძალიან ბევრი ადამიანის
დამაჯერებელი საუბრისთვის მომისმენია და მსოფლიოს
ყველაზე გამოჩენილი პიროვნებების საუკეთესო
ბიოგრაფიებიც წამიკითხავს. სწორედ ამიტომ არ მეგონა, თუ
კიდევ გამაკვირვებდა პროზის სილამაზე და სიტყვების
მსუბუქი დინება. უნდა ვაღიარო, რომ იმ რამდენიმე
სტრიქონმა, რომელიც თქვენ ერთ პატარა ქაღალდზე
გულმოდგინედ დაწერეთ, გაცილებით უფრო იმოქმედა ჩემზე,
ვიდრე იმ კლასიკოსების ნაწარმოებებმა, რომლებიც
ცხოვრებაში წამიკითხავს.
თქვენს საოცარ ნაწერში ნახსენები პიროვნებების უმეტესობა
დაახლოებით სამი საუკუნის წინ ცხოვრობდა. არც თქვენ და
არც მე არასოდეს გვინახავს საკუთარი თვალით, თუ როგორ
გეგმავენ ისინი იმ სამხედრო ოპერაციებს, რომლებმაც მათ
დიდება მოუტანა. ჩვენ არც ამ ოპერაციების
მიმდინარეობისთვის გვიდევნებია თვალი. ერთი პორტრეტიც
კი არ არის შემონახული, რაც მათი გარეგნობისა და პიროვნების
შესახებ მცირეოდენ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნიდა. თქვენ
მთელი ცხოვრება დიდ ქალაქში გაატარეთ, საოცარი
პროგრესითა და მიღწევებით სავსე მეოცე საუკუნეში
ცხოვრობთ, ტომობრივი ცხოვრებისგან სრულიად მოწყვეტილი
ბრძანდებით და მაინც ვერ წაგიშლიათ გონებიდან
ნეოლითური ეპოქის პირქუში და მრისხანე გმირები. ისინი

12
უჩვეულო ადამიანები იყვნენ - გამონაკლისები, რომლებიც
მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება. მათი ეკონომიკისა და
აღჭურვილობის გათვალისწინებით, ისინი ქვის ხანაში
ცხოვრობდნენ და მაინც შეძლეს დიდი და სტაბილური
სამეფოების შექმნა. იმ კონფლიქტების დროს, რომლებმაც
მოგვიანებით ჩვენი ქვეყანა შეძრა, მათ საყოველთაოდ
გაითქვეს სახელი. ისინი თითქმის ასი წლის განმავლობაში
უწევდნენ წინააღმდეგობას საზოგადოებას, რომელიც მათზე
ათასი წლით წინ იყო როგორც ეკონომიკური, ასევე
ტექნოლოგიური თვალსაზრისით და რომელიც სრულად
იყენებდა თავის ხელთ არსებულ სამეცნიერო რესურსებს.
თქვენს ოცნებას მხოლოდ ერთ უბრალო ახსნას მოვუძებნიდი:
თქვენ ძალზე ღრმად ჩაწვდით ჩვენი წინაპრების ცხოვრებას და
იქიდან გაკვეთილების მიღებას ცდილობთ. თქვენ ფიქრობთ,
რომ მათი გმირული საქციელი ის მოდელი უნდა იყოს, რომლის
მიხედვითაც ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ. როდესაც მათ
ქვეყანას საფრთხე დაემუქრა, პატრიოტიზმის უმაღლესი
ხარისხი გამოავლინეს. მათ არც კი უცდიათ, გასამართლებელ
საბუთად გამოეყენებინათ თავიანთი ეკონომიკური სისტემის
პრიმიტიულობა და იარაღის არაეფექტურობა იმისათვის, რომ
ბრძოლა შეეწყვიტათ და თავიანთ წმინდა მოვალეობაზე უარი
ეთქვათ. დღევანდელმა თაობამ სწორედ ამაში უნდა მიბაძოს
მათ და არ შეუშინდეს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში
არსებობს... მიუხედავად ამისა, ჩვენი მემკვიდრეობის სრული
ისტორია კვლავ არასრული იქნება, თუ დავივიწყებთ, რომ
არსებობდნენ გმირები, რომლებიც კედლად დაუდგნენ
თავიანთ სამშობლოს და საკუთარი მოვალეობა პირნათლად
შეასრულეს. ხოიხოის ტომს, საიდანაც ჩვენი ხალხის ძირითადი
ნაწილი იღებს სათავეს, მარჯვედ უძღვებოდნენ აუტშუმაიო
(სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პოლიტიკური
პატიმარი, რომელიც „რობენ-აილენდზე“ გადაასახლეს),
ოდასოა და გოგოსოა. 1799 წელს, მესამე განმათავისუფლებელი
ომის დროს, კლაას შტუურმანმა უპრეცედენტო ნაბიჯი
გადადგა და თავისი ძალები ამაგკუნუხვებეს ტომის ბელადის,
კუნგვას ძალებთან გააერთიანა. ბევრი ადამიანი, მათ შორის
თავისუფლებისთვის მებრძოლი ცნობილი პიროვნებები,
აბატვას ტომზე ზიზღით საუბრობენ. თუმცა, არსებობს
რამდენიმე სამხრეთაფრიკელი ისტორიკოსი, რომელთაც მათი
უძლეველი სული და კეთილშობილური ხასიათი ობიექტურად
აღწერეს. ისინი, ვისაც აბატვასა და ბურებს შორის გამართული

13
სნეუბერგის ბრძოლის შესახებ სმენია და განსაკუთრებით იმ
ბრძოლის შესახებ, რომელშიც აბატვას ბელადი კარელი
ბურების ასკაციან ჯარს დაუპირისპირდა, მიხვდებიან, რომ ამ
პატარა ტომმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან დიდი როლი
ითამაშა. აბატვა ერთ დროს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები
ერთადერთი ტომი იყო. ისინი საოცარი სიმამაცითა და
გამბედაობით გამოირჩეოდნენ და ბრძოლას უკანასკნელი
ისრის გასროლის შემდეგაც კი განაგრძობდნენ. ესენი არიან
ადამიანები, რომლებიც სამხრეთ აფრიკის თავისუფლებისთვის
ჯერ კიდევ მაშინ იბრძოდნენ, როდესაც ჩვენ ბრძოლის ველთან
ახლოსაც კი არ ვიყავით. ჩვენი მემკვიდრეობა სამი
წერტილიდან იღებს სათავეს; მაღალი იდეებისთვის ბრძოლა
და სიკვდილი ჩვენმა წინაპრებმა ჩაგვინერგეს. ტიტული
„აფრიკელი გმირი“ ყველა ამ ვეტერანს ეკუთვნის. წლების
შემდეგ კიდევ უფრო დახვეწილი პიროვნებები წამოვიდნენ და
ჩვენი ისტორიის დაფა ათასჯერ გაიზარდა - სელოპე თემასი,
ჯაბავუსი, დუბესი, აბდურაჰმანსი, გოოლსი, ასვაცი,
კაჩალიასი. ამიერიდან, თქვენ და თქვენი თაობაც შეუერთდით
ამ საპატიო ლეგიონს...
საერთოდ, ძალიან მხიბლავს მსგავსი ოცნებები, თქვენი კი
ყველაზე მეტად მომეწონა. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ოცნებაში
ისეთი რამ იქნება, რაც არა მხოლოდ ზიკა ნტუს შვილებს,
არამედ ჩვენი წარსულის ყველა გმირის შთამომავალს
მოხიბლავს. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ადამიანი
საზოგადოების დაყოფას უწყობს ხელს, ერთმანეთს
უპირისპირებს სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებს, სოციალური
ორგანიზაციის უმაღლეს ფორმაში აჰყავს კონკრეტული ტომი,
კოსმოპოლიტური იდეები არა მხოლოდ სასურველი, არამედ
ძალზე საჭიროა. ჩვენ უნდა გვქონდეს ოცნებები, რომლებიც
განსაკუთრებულ ერთიანობას უსვამს ხაზს,
თავისუფლებისმოყვარე ძალებს აკავშირებს ერთმანეთთან და
იმ ერთობას აყალიბებს, რომელიც ჩვენი ბრძოლით,
მსხვერპლითა და ტრადიციებით შეიქმნა.

თავი მეორე. კოჰორტა


„დასავლურმა ცივილიზაციამ ვერ შეძლო მთლიანად მოესპო
ჩემი ფესვები. მე არ დამვიწყებია ჩემი ბავშვობის დღეები,
როდესაც უხუცესების გარშემო ვიკრიბებოდით და მათი
მდიდარი გამოცდილებით შეძენილ სიბრძნეს ვუსმენდით. ეს

14
ჩვენი წინაპრების ადათი იყო და სწორედ ამ ტრადიციულ
სკოლაში ვიზრდებოდით ყველანი. მე დღესაც დიდ პატივს
ვცემ ჩვენს უხუცესებს და სიამოვნებით ვიხსენებ მათთან
ერთად იმ დროს, როდესაც საკუთარი მთავრობა გვყავდა და
თავისუფლად ვცხოვრობდით“.
ამონარიდი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან, რომელიც
ციხეში დაიწერა.
1. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
დასავლურმა ცივილიზაციამ ვერ შეძლო მთლიანად მოესპო
ჩემი აფრიკული ფესვები. მე არ დამვიწყებია ჩემი ბავშვობის
დღეები, როდესაც უხუცესების გარშემო ვიკრიბებოდით და
მათ მიერ მდიდარი გამოცდილებით შეძენილ სიბრძნეს
ვუსმენდით. ეს ჩვენი წინაპრების ადათი იყო და სწორედ ამ
ტრადიციულ სკოლაში ვიზრდებოდით ყველანი. მე დღესაც
დიდ პატივს ვცემ ჩვენს უხუცესებს და სიამოვნებით ვიხსენებ
მათთან ერთად იმ დროს, როდესაც საკუთარი მთავრობა
გვყავდა და თავისუფლად ვცხოვრობდით. ყოველთვის ძალიან
მსიამოვნებს, როდესაც ჩვენი ნამდვილი ისტორიის,
კულტურის, ლეგენდებისა და ტრადიციების ექსპერტს ვუსმენ.
გაუთავებელი შეკითხვებით ისეთ პიროვნებებს ვაბეზრებდით
თავს, როგორებიც არიან მველი სკოტა, სელოპე თემა, ბელადი
(ალბერტ) ლუთული, პროფესორი ზ.კ. მეთიუსი, მოუზეს
კოტანე, ჯ.ბ. მარკსი. ყველა მათგანს წარმოუდგენლად დიდი
ინფორმაცია ჰქონდა აფრიკის ისტორიის შესახებ. მათი
მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ აფრიკის მიწაში
ძალიან ღრმად ჰქონდათ გადგმული ფესვები და თავიანთ
მეცნიერულ ცოდნას ჩვენი მემკვიდრეობისა და კულტურის
გამდიდრებისთვის იყენებდნენ. ისინი ჩვენი ხალხის
ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოძრაობის საკითხებზე
კომპეტენტურად მსჯელობდნენ, სხვადასხვა თეორიებს
განიხილავდნენ, ისტორიის მანძილზე მომხდარი
ურთიერთშეტაკებების მიზეზებს აანალიზებდნენ,
თეთრკანიანებთან ურთიერთობაზე საუბრობდნენ და
მომავლის განჭვრეტასაც კი ცდილობდნენ. ძველი თაობის
წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენი წინაპრების ზეპირი
ტრადიციები გადაეცათ მემკვიდრეობით, ნელ-ნელა მიდიან და
მეცნიერების განვითარებამ ცოდნის შეძენის ახალ მეთოდებს
ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავად ამისა, ახალი თაობა მაინც
ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უხუცესთა

15
გამოცდილებას. ის ახალგაზრდები, რომლებსაც ახალ
პრობლემებთან უწევთ ბრძოლა, საკლასო ოთახებში მიღებულ
ცოდნას უფროსებს უზიარებენ და მათგან რჩევა-დარიგებებს
იღებენ.
2. რიჩარდ სტენგელთან საუბრიდან:
დიახ, საბჭოს უფროსი ის ადამიანია, ვისაც კოლეჯის
სტუდენტები უშუალოდ ემორჩილებიან. საოცარი ადამიანი
იყო... ერთხელ მან იგავი გვიამბო მამაკაცზე, რომლის სახლში
ბოროტი სულები დასახლდნენ. ბევრი მცდელობის
მიუხედავად, მათი გაგდება ვერ შეძლო. საბოლოოდ
გადაწყვიტა, სოფელი დაეტოვებინა და სხვაგან გადასულიყო
საცხოვრებლად. ნივთები ეტლზე დააწყო და გზას გაუდგა.
ბევრი იარა თუ ცოტა, მეგობარი შემოხვდა. „სად მიდიხარ?“, -
ჰკითხა მან და სანამ მამაკაცი პასუხის გაცემას მოასწრებდა,
ეტლიდან ვიღაცის ხმა გაისმა: „სოფლიდან წამოვედით.
სხვაგან გადავდივართ“. ეს ერთ-ერთი ბოროტი სული იყო. ამ
იგავის მორალი ის არის, რომ პრობლემებს არასოდეს არ უნდა
გაექცე. ყველაფერი უნდა გააკეთო მათ გადასაწყვეტად,
წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაც არ უნდა წახვიდე, მუდამ თან
წამოგყვებიან. ეს იგავი დღემდე მახსოვს და ძალიან მომწონს.
ყოველთვის, როდესაც რაიმე პრობლემა იქმნება, გვერდს
არასოდეს ვუვლი. მაგალითად, პოლიტიკაში, არსებობს ძალიან
მგრძნობიარე საკითხები და, როგორც წესი, ხალხს
არაპოპულარული მეთოდები არ მოსწონს. თუ ადამიანები
ამბობენ, რომ კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად
მოქმედებაა საჭირო, ძალიან ცოტა თუ გამოჩნდება ისეთი,
რომელიც იკითხავს: „რამდენად გვაქვს ჩვენ საამისო
რესურსები? რამდენად ვართ მზად ამ საკითხის
გადასაწყვეტად? ვართ თუ არა იმ მდგომარეობაში, რომ ამ
საკითხის გადაწყეტა დავიწყოთ?“ არსებობენ ადამიანები,
რომლებიც შეურიგებელ პიროვნებებად მოგაჩვენებენ თავს,
რათა პრობლემებს თვალი არ გაუსწორონ. განსაკუთრებით ეს
ისეთ პრობლემებს ეხება, რომლებსაც არაპოპულარული
მიდგომა სჭირდება. წარმატება პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ
მოდის, როდესაც შენს ხალხს შენი შეხედულებების სისწორეში
დააჯერებ. მოსაზრებები ძალზე ნათლად, ძალზე თავაზიანად
და ძალზე მშვიდად უნდა ჩამოაყალიბო. მთავარია,
გულწრფელი იყო.
3. სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისთვის გაგზავნილი

16
წერილიდან. 1987 წლის 22 დეკემბერი
ამ განცხადებით გთხოვთ გამათავისუფლოთ ლათინური ენის
ლექციებიდან, შემდეგი მიზეზების გამო: მიუხედავად იმისა,
რომ 1938 წელს ეს საგანი მისაღებ გამოცდებზე ჩავაბარე და,
რომ ამავე საგანში 1944 წელს ვიტვატერსრანდის
უნივერსიტეტში საგანგებო კურსი გავიარე, მას შემდეგ
პრაქტიკულად ყველაფერი დამავიწყდა. თუ გადავწყვეტ, რომ
კვლავ ჩავერთო ლათინურის შესწავლაში, სულ თავიდან
მომიწევს დაწყება, ეს კი, 69 წლის ასაკში საკმაოდ რთული
იქნება. მე კვალიფიციური იურისტი ვარ და ამ სფეროში,
დაპატიმრებამდე, ცხრა წლის განმავლობაში ვმუშაობდი. თუ
მე ამ საქმიანობის განახლებას გადავწყვეტ, ამისათვის
ლათინურის ცოდნას არავინ მომთხოვს. სიმართლე ითქვას, მე
არ ვაპირებ მომავალში იურისტად მუშაობას და ამის
საშუალება არც მექნება, რადგან სამუდამო პატიმრობის
სასჯელს ვიხდი. თუ თქვენ ამ განცხადებას დააკმაყოფილებთ,
ვისურვებდი, ლათინურის მაგივრად აფრიკის პოლიტიკა
შემესწავლა.
4. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
„აფრიკის ეროვნულ კონგრესთან“ თანამშრომლობამ მასწავლა,
რომ ფართო ნაციონალურმა მოძრაობებმა შესაძლოა,
მრავალრიცხოვანი და ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული პრობლემები წარმოქმნას. ეს როგორც
ფუნდამენტურ, ასევე სხვა სახის პრობლემებს ეხება. ერთ
ორგანიზაციაში საკუთარი ინტერესების მქონე სხვადასხვა
კლასებისა და სოციალური ჯგუფების არსებობამ შესაძლოა,
კონფლიქტი გააღვივოს, რომელიც გადამწყვეტ მომენტში
იფეთქებს. ამ წინააღმდეგობებმა შეიძლება ძალზე
ჰომოგენური ორგანიზაციაც კი გახლიჩოს და აქ შესაძლოა,
თავისი როლი ისეთმა საკითხმაც კი ითამაშოს, როგორიც
წინდაცვეთაა. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია
და ზიზღიც კი, როდესაც შევიტყვე, რომ ჩემს ერთ-ერთ
მეგობარს ეს რიტუალი ჩატარებული არ ჰქონდა. მაშინ
ოცდაერთი წლის ვიყავი და შემდგომ წლებში, როდესაც
„აფრიკის ეროვნულ კონგრესთან“ ახლო ურთიერთობა
დავამყარე და პროგრესულ იდეებს ვეზიარე, ახალგაზრდობაში
დაგროვილი სტერეოტიპების მოცილება მოვახერხე; მივხვდი,
რომ ყველა ადამიანი თანაბარი იყო და არავითარი უფლება არ
მქონდა სხვა პიროვნებაზე საკუთარი ადათ-წესების

17
გადასახედიდან მემსჯელა, რადგან ეს შოვინიზმის ძალზე
სახიფათო ფორმა იყო. ვთვლი, რომ ვალდებული ვარ საკუთარ
ადათ-წესებს ჯეროვანი პატივი ვცე და დარწმუნებული ვარ, ეს
რასობრივ რეპრესიებთან ბრძოლაში ხელს სრულიად არ
გვიშლის. მიუხედავად ამისა, მე არასოდეს მოვახვევ თავს სხვა
ადამიანებს ჩემს ტრადიციებს და არც ისეთ რამეს გავაკეთებ,
რაც ჩემი მეგობრებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
განსაკუთრებით ახლა, როდესაც თავისუფლება ასე ძვირფასი
გახდა.
5. რიჩარდ სტენგელთან საუბრიდან:
დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან ვამაყობდი, რადგან
მასწავლებლები გვეუბნებოდნენ: „ახლა თქვენ „ფორტ-ჰეაში“
ხართ და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხალხის ნამდვილი
ლიდერები იქნებით“. ამას მუდმივად გვიმეორებდნენ, მაგრამ,
ესეც რომ არა, შავკანიანი ადამიანისთვის ხარისხის მოპოვება
ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო. ასე რომ, სწორედ ასეთი
შეგრძნება მქონდა და მეფეც, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყობდა
იმით, რომ მისი კლანის წევრი „ფორტ-ჰეაში“ სწავლობდა.
6. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
ილუზიებისა და იმედგაცრუებების პროცესი ცხოვრების
ნაწილია და ის დაუსრულებლად გრძელდება. 1940-იან წლებში,
ყველაზე მეტად ჩემზე იმან იმოქმედა, რომ რასაც ველოდი და
რისი იმედიც მქონდა, არ გამართლდა. რეალობა სულ სხვა
აღმოჩნდა. კოლეჯში სწავლისას შემექმნა ილუზია, რომ
კურსის დასრულებისთანავე ავტომატურად გავხდებოდი
ლიდერი და ჩემს ხალხს წინ გავუძღვებოდი. „ფორტ-ჰეას“
სტუდენტების უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობდა. ბევრი
მათგანი საკლასო ოთახის დატოვებისთანავე მოეწყო მყუდრო
სამსახურში, სადაც სტაბილური შემოსავალი ჰქონდა და
გარკვეული გავლენითაც სარგებლობდა. ისიც მართალია, რომ
უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები საკმაოდ დიდი
პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში და ეს
განსაკუთრებით განათლების სფეროს ეხება.
მიუხედავად ამისა, ჩემი კოლეჯისშემდგომი ცხოვრება
საკმაოდ განსხვავებული იყო. მე იმ წრეებში ვტრიალებდი,
სადაც ინტუიცია და პრაქტიკული გამოცდილება იყო საჭირო,
ხოლო უმაღლეს აკადემიურ კვალიფიკაციას განსაკუთრებული
მნიშვნელობა არ ჰქონდა. იმას, რაც კოლეჯში ვისწავლე, ჩემს

18
გარემოსთან ძალიან უმნიშვნელო კავშირი ჰქონდა. საშუალო
სტატისტიკური მასწავლებელი შეგნებულად გაურბოდა ისეთ
თემებს, როგორებიც იყო რასობრივი შეზღუდვები და ის
შეურაცხყოფები, რომლის მსხვერპლიც ყოველდღიურად
ხდებოდა შავკანიანი ადამიანი. არავის უსწავლებია ჩემთვის,
თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ კანის ფერთან
დაკავშირებული სტერეოტიპები მოგვეცილებინა, რა წიგნები
უნდა წამეკითხა ამ თემაზე და რომელ პოლიტიკურ
ორგანიზაციაში უნდა გავწევრიანებულიყავი იმისათვის, რომ
სამშვიდობო მოძრაობის ნაწილი გავმხდარიყავი. ამ ყველაფრის
ასათვისებლად ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა და პროცესში,
რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომაც დავუშვი.

თავი მესამე. ფრთაშესხმული სულისკვეთება


„შეცდომებისგან დაზღვეულნი მხოლოდ ისინი არიან, ვინც
არაფერს აკეთებს. აქტიური პოლიტიკა კი შეცდომების გარეშე
არ არსებობს. მათ, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ცენტრში
იმყოფება, ვინც უშუალოდ ეხება პრობლემებსა და
გამოწვევებს, ცოტა დრო აქვთ ფიქრისთვის. მათთვის არც სხვა
პრეცედენტები არსებობს, რომელთა მიხედვითაც
იმოქმედებდნენ, ამიტომ ფეხის დაცდენა ჩვეულებრივი
მოვლენაა. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანს საჭირო
მოქნილობა და თვითკრიტიკულობა ახასიათებს, დროთა
განმავლობაში, აუცილებლად შეიძენს საჭირო გამოცდილებასა
და შორსმჭვრეტელობას. ეს კი ჩავარდნების რაოდენობას
შეამცირებს და მის მოქმედებას უფრო ეფექტურს გახდის“.
გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიული ხელნაწერიდან,
რომელიც ციხეში დაიწერა.
1. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
შეცდომებისგან დაზღვეულნი მხოლოდ ისინი არიან, ვინც
არაფერს აკეთებენ. აქტიური პოლიტიკა კი შეცდომების გარეშე
არ არსებობს. მათ, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ცენტრში
იმყოფება, ვინც უშუალოდ ეხება პრობლემებსა და
გამოწვევებს, ცოტა დრო აქვთ ფიქრისთვის. მათთვის არც სხვა
პრეცედენტები არსებობს, რომელთა მიხედვითაც
იმოქმედებდნენ, ამიტომ ფეხის დაცდენა ჩვეულებრივი
მოვლენაა. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანს საჭირო
მოქნილობა და თვითკრიტიკულობა ახასიათებს, დროთა

19
განმავლობაში აუცილებლად შეიძენს საჭირო გამოცდილებასა
და შორსმჭვრეტელობას. ეს კი ჩავარდნების რაოდენობას
შეამცირებს და მის მოქმედებას უფრო ეფექტურს გახდის.
2. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
ალექსანდრაში ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი მთავრობის რადიკალურმა
პოლიტიკამ მისი სოციალური ცხოვრება დაანგრია და
ალექსანდრა ქალაქ-მოჩვენებად აქცია, იმ დღეების მოგონებები
ჩემში ყოველთვის სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს. სწორედ იქ
შევეჩვიე ქალაქურ ცხოვრებას და უშუალო კონტაქტი
დავამყარე იმ ბოროტებასთან, რომელსაც თეთრკანიანთა
უპირატესობები ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში
რამდენიმე ლამაზი შენობა იდგა, მთლიანობაში ის ტიპიური
ჯურღმული იყო - ხალხით გადატენილი და ბინძური. მშიერი
ბავშვები შიშვლები დარბოდნენ, ან ძონძები ეცვათ. ქალაქი
სავსე იყო სხვადასხვა სახის რელიგიური სექტებით,
განგსტერებითა და უკანონო სავაჭრო დაწესებულებებით.
ცხოვრება ძალიან იაფი იყო, ღამით კი თოფი და დანა მეფობდა.
პოლიციის რეიდები ხშირი მოვლენა იყო და ყოველ ჯერზე ბევრ
ადამიანს აპატიმრებდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა,
ალექსანდრა, მისი ორმოცდაათიათასიანი მოსახლეობისთვის
უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მშობლიური ქალაქი. ის იყო
ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი რაიონებიდან, სადაც
აფრიკელებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთრების შეძენა და
საკუთარი ბიზნესის წარმოება, სადაც ისინი თავისუფალნი
იყვნენ ტირანული მუნიციპალური რეგულაციებისგან.
ალექსანდრა მათთვის სიმბოლოც იყო და გამოწვევაც. მისი
დაარსება იმის დასტური იყო, რომ ჩვენი ხალხის ერთმა
ნაწილმა სოფელში ცხოვრებას თავი დაანება და დიდი ქალაქის
მუდმივ მაცხოვრებლად იქცა. ალექსანდრას მოსახლეობა
საკმაოდ ჭრელი იყო: ხალხი აქ სხვადასხვა აფრიკულ ენებზე
ლაპარაკობდა და პოლიტიკური თვალსაზრისითაც საკმაო
აქტიურობას იჩენდა, სოლიდარობის ძლიერი გრძნობა კი,
რომელიც მათში არსებობდა, თეთრკანიან მოსახლეობაში
საკმაოდ დიდ შეშფოთებას იწვევდა. ჩემთვის სრულიად
ნათელი გახდა, რომ ლიდერი სწორედ ასეთ ქალაქებში
მოღვაწეობით გავხდებოდი - რაიონებში, სადაც მებრძოლი
სულის მქონე მშრომელი ადამიანები ცხოვრობდნენ და სადაც
წარმატებული, საკმაოდ მდიდარი ახალი კლასი იქმნებოდა. ეს

20
ხალხი საკუთარ ტყავზე გრძნობდა რასობრივი სტერეოტიპების
უარყოფით მხარეს. ალექსანდრა ჩემთვის იყო მშობლიური
ქალაქი, რომელშიც სახლი არ მქონდა. ჩემი მეუღლე და
შვილები ორლანდოში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ქალაქთან ასეთ
სიახლოვეს ვერ ვგრძნობდი.
3. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
ჩემსა და ლაზარ სიდელსკის შორის ძალიან ახლო და თბილი
ურთიერთობა დამყარდა. მის მიერ გამოჩენილ სიკეთესა და
გაწეულ დახმარებაზე საუბარი რომ დავიწყო, ალბათ ამას ერთი
მთლიანი თავი დასჭირდება. ასეთივე განსაკუთრებული
მეგობრობა მაკავშირებდა ჯონ მნგომასთან, რომელიც
არაჩვეულებრივი ორატორი და ზულუს ისტორიის ძალიან
კარგი მცოდნე იყო. როდესაც ის ჩვენი წარსულის საინტერესო
ეპიზოდებზე საუბრობდა, საათობით შემეძლო მესმინა...
იოჰანესბურგში გატარებული პირველი დღეების
განმავლობაში კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და
სწორედ ეს კონტაქტები დამეხმარა სიღარიბით, მარტოობითა
და იმედგაცრუებებით გამოწვეული უარყოფითი გრძნობების
დაძლევაში. სწორედ ამ კონტაქტების დახმარებით
გამოვიმუშავე რწმენა საკუთარი თავისადმი და მივხვდი, რომ
ყველაფერს მივაღწევდი, ვიგრძენი, რომ საჭიროების
შემთხვევაში, ბევრი ღირსეული ადამიანის მხარდაჭერის იმედი
შემეძლო მქონოდა. ახლა მე უკვე საკუთარი სახლი მქონდა,
რომელიც ჩემი დაბადების ადგილიდან საკმაოდ მოშორებით
მდებარეობდა და ჩემს საქმიანობაშიც საკმაო პროგრესი
განვიცადე. ის, მართალია, უმნიშვნელო იყო, მაგრამ ამას
საკუთარი რესურსებითა და დამოუკიდებელი მოქმედებებით
მივაღწიე. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მძიმე პერიოდში
გვერდით დამიდგნენ, განსაკუთრებული დამოკიდებულება
ჩამომიყალიბდა. ყველაზე მთავარი ამ ურთიერთობებში ის იყო,
რომ ისინი არა კონკრეტული პიროვნებების, არამედ ოჯახების
გარშემო შეიქმნა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ერთი რომელიმე
ადამიანის გარდაცვალებით ეს მეგობრობა არასოდეს
სრულდებოდა.
4. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მანდელა: ჰილდთაუნში ერთი ბიჭი გავიცანი და მოგვიანებით
ეს ნაცნობობა ნამდვილ მეგობრობაში გადაიზარდა. მას ზაქარია
მოლეტე ერქვა და ჰილდთაუნში არაჟნით ვაჭრობდა. თუ

21
მასთან ახლოს იყავი, განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის
არაჟანს შეგირჩევდა... როდესაც ორმოციანი წლების
დასაწყისში იოჰანესბურგში ჩავედი, ალექსანდრაში
დავსახლდი და სწორედ მაშინ დავუმეგობრდი ზაქარიას.
მამამისს ხილბოსტნეულის მაღაზია ჰქონდა და,
პარალელურად, ეკლესიაშიც მსახურობდა. მე იმ დროს ძალიან
მიჭირდა და ზაქარია ყოველთვის მეხმარებოდა, ყურადღებას
მაქცევდა, ზრუნავდა, რომ მშიერი არ დავრჩენილიყავი.
ერთხელ მან ასეთი რამ მითხრა: „მისმინე, ძალიან ფრთხილად
უნდა იყო. ღამით აქ ერთი ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებს,
რომელსაც „თუთა რენჩს“ ეძახიან“. „თუთა“ შეგროვებას და
წართმევას ნიშნავს. როდესაც ეს დაჯგუფება სახლში
შევარდებოდა, რაც კი ხელში მოხვდებოდათ და რასაც კი
დაინახავდნენ, ყველაფერი მიჰქონდათ. სწორედ აქედან მოდის
მათი სახელი - „თუთა“. ზაქარიამ ისიც მითხრა, რომ ისინი
სწორედ ჩემს რაიონში მოქმედებდნენ. მე ერთი ოთახი მქონდა
ნაქირავები და იქ ვცხოვრობდი. ერთხელ, ღამით ხმაურმა
გამაღვიძა. დერეფნიდან ჩხუბისა და კამათის ხმა შემოდიოდა.
ყური მივუგდე და ზაქარიას სიტყვები გამახსენდა. კარგად
მესმოდა, რაზეც კამათობდნენ. ერთი ამბობდა: „არა, მოდი
შევიდეთ, შევიდეთ“, მეორე კი პასუხობდა: „არა, ამ ტიპს
ფული არ აქვს, არაფერი არ აქვს, ის სტუდენტია“. შემდეგ,
ისინი ჩხუბზე გადავიდნენ, მაგრამ ეს მეორე არ თმობდა:
„დაანებე სტუდენტს თავი, შეეშვი!“... ბოლოს, იმ ტიპს,
რომელიც შემოვარდნას ცდილობდა, ისე მოეშალა ნერვები, რომ
კარებს წიხლი ჰკრა. საკეტი ძალიან სუსტი იყო და წამსვე
გატყდა, მაგრამ ისინი არ შემოვიდნენ, წავიდნენ.
სტენგელი: თქვენს კარს ჰკრა წიხლი?
მანდელა: ჩემს კარს, დიახ. ისეთი შოკი მივიღე, რომ ძლივს
მოვედი გონს... გადავრჩი... არ შემოვიდნენ. შემდეგ საწოლი
გამოვწიე და კარს მივადგი. ეს მისი დაკეტვის ერთადერთი
ხერხი იყო. სწორედ ასე მეძინა. იმ ტიპის მადლობელი ვარ...
ვინც არ უნდა ყოფილიყო, მისი დამსახურებაა, რომ არ
გამქურდეს. ეტყობა, ადამიანობა მაინც აღმოაჩნდა.
5. ზინძი მანდელასთვის მიწერილი წერილიდან, რომელიც
ციხის ცენზურამ ჩამოართვა, რადგან იმ წელს საახალწლო
მისალოც ბარათთან ერთად წერილის გაგზავნის უფლება არ
ჰქონდა.

22
ზოგჯერ ჩვენი ძველი კრივის დარბაზი მახსენდება, რომელსაც
„სენტ ჯოზეფი“ ერქვა და ორლანდოს ქუჩაზე მდებარეობდა. რა
ხდება ნეტა ახლა იქ? ამ სკოლისა და „დონალდსონის
სახელობის ორლანდოს საზოგადოებრივი ცენტრის“ (DOCC)
კედლები ტკბილი მოგონებებით არის გაჟღენთილი და მათი
სურნელი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გამყვება.
როდესაც ჩვენ DOCC-ში ვვარჯიშობდით, 1950-იანი წლების
დასაწყისში, კლუბში როგორც მოყვარული, ასევე
პროფესიონალი მოკრივეები და მოჭიდავეები იყვნენ. მენეჯერი
მაშინ იოჰან (სკიპ ადონის) მოლოსი იყო, ყოფილი მოკრივე და
ჩემპიონი, რომელიც ძალიან კარგად იყო
გათვითცნობიერებული სპორტის ამ სახეობის ისტორიაში,
თეორიასა და პრაქტიკაში.
სამწუხაროდ, 50-იანების შუაში მან კლუბის მიმართ
უყურადღებობა გამოიჩინა და სავარჯიშო დარბაზის გარეთ
სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა. სწორედ ამის გამო
იყო, რომ მოკრივეები აჯანყდნენ. ორჯერ მოვაგვარე ეს
საკითხი, მაგრამ სკიპმა მაინც არ მიაქცია ჯეროვანი ყურადღება
მოკრივეების პროტესტს, ამიტომ, დაძაბულობამ მწვერვალს
მიაღწია. ამჯერად მე უკვე უძლური ვიყავი რამე გამეკეთებინა.
მოკრივეებმა DOCC მიატოვეს და საკუთარი დარბაზი გახსნეს
სენტ ჯოზეფში. თემბი და მეც მათ გავყევით. მთავარ
მწვრთნელად სიმონ ჩაბალალა დაინიშნა, რომელიც ამჟამად
საზღვარგარეთაა, ვარსკვლავი კი, რა თქმა უნდა, ჯერი (უინჯა)
მოლოი იყო. მოგვიანებით ის ტრანსვაალის ჩემპიონი გახდა
მცირეწონიანებს შორის და ეროვნული ტიტულის მოპოვების
ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტადაც იქცა. ჯერის გარდა კიდევ
სამი ჩემპიონი მოვამზადეთ: ერიკ (ბლექ მატერიალ) ნცელე,
რომელმაც მსუბუქ წონაში ჩემპიონობა ლესლი ტენჯის
ჩამოართვა, ფრედი (ტომაჰავკ) ნგიდი, რომელიც ტრანსვაალის
ჩემპიონი უმჩატეს წონით კატეგორიაში გახდა და იოჰან
მოკოტედი, რომელმაც ასევე უმჩატესებს შორის მოიპოვა
გამარჯვება. კიდევ იყო რამდენიმე იმედის მომცემი მოკრივე,
როგორიც იყო, მაგალითად, პიტერი, რომელმაც ჩვენი გარაჟი
ააშენა. ის ბლუმფონტენიდან წამოვიდა და დიუბის
საზაფხულო სკოლაში სწავლობდა. არც თემბი იყო ცუდი
მოკრივე და მახსოვს, როგორ ვიჯექი გვიანობამდე და ველოდი,
როდის დაბრუნდებოდა ვარჯიშიდან. „სენტ ჯოზეფში“ ერთი
ოჯახივით ვიყავით და როდესაც დედა (ვინი) გამოჩნდა, ეს
ოჯახი კიდევ უფრო შეკრული გახდა. როდესაც მე არ მეცალა,

23
ვინი ჯერის და ერიკს დაჰყავდათ მანქანით, ჩვენს ნიშნობაზე
კი სავარჯიშო დარბაზის მთელი შემადგენლობა მოვიდა.
სხვათა შორის, ფრედი ჩვენს ფირმაში მდივნად მუშაობდა. ის
წყნარი და სანდო ადამიანი იყო, ამიტომ, ყველას ძალიან
უყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს, შობის მეორე დილას, ოფისში
მივედი და ასეთი სურათი დამხვდა: შესასვლელში ფრედი
იატაკზე ეგდო. ისე შემეშინდა, რომ წამსვე ექიმი გამოვიძახე,
მან კი ერთი შეხედვით დასვა დიაგნოზი და მითხრა, რომ
ფრედი კარგად იყო, უბრალოდ გამოძინება სჭირდებოდა.
აღმოჩნდა, რომ ჩემპიონმა შობის აღნიშვნა გადაწყვიტა და
ზედმეტი მოუვიდა. შვებით ამოვისუნთქე და ორლანდოს
აღმოსავლეთში, თავის სახლში წავიყვანე.
ვფიქრობ, შენთვის კიდევ ერთი ამბავი არ მომიყოლია. DOCC-ის
დარბაზში ერთ-ერთი კამათის დროს სკიპმა თქვა, რომ ჯერიმ
მას ზუსტად ისე ჩაარტყა დანა ზურგში, როგორც მარკუს
ანტონიუსმა თავის მეგობარ კეისარს. თემბიმ იკითხა, ვინ
იყვნენ ანტონიუსი და კეისარი. ის მაშინ ჯერ კიდევ 9 წლის
იყო. სკიპი ამაზე საშინლად გაბრაზდა. მე რომ იქ არ
ვყოფილიყავი, ალბათ ბავშვს ნაწლავებს ამოუტრიალებდა.
მოგვიანებით, სკიპმა მწარედ მისაყვედურა, რადგან თვლიდა,
რომ თემბიმ იუზრდელა. მე მას ვუთხარი, რომ ჩემს სახლში
პატრიარქი ვიყავი და დავალებებსაც ვიძლეოდი, მაგრამ
სავარჯიშო დარბაზში ყველას თანაბარი უფლებები გვქონდა,
ამიტომ ინსტრუქციებს ვერავის მივცემდი, მათ შორის, ვერც
თემბის.
ვარჯიში დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდებოდა და
სახლში საღამოს ცხრაზე ვბრუნდებოდი. დაღლილი და
სრულიად გამოფიტული ვიყავი, დედა კი ახალი და ცივი
ფორთოხლის წვენით მხვდებოდა. ვახშამიც მზად იყო, თავისი
უგემრიელესი არაჟნით. იმ დღეებში ვინი ბედნიერებისგან
ბრწყინავდა. ჩვენი სახლი ფუტკრის სკას ჰგავდა. სკოლის
მეგობრები, თანამშრომლები „ბარაგვანათის“ საავადმყოფოდან
(ვინი სწორედ იქ მუშაობდა), ჩვენი სავარჯიშო დარბაზის
ბიჭები და კლიენტებიც კი მოდიოდნენ მასთან საჭორაოდ. ჩემი
და ვინის თაფლობის თვე თითქმის სამ წელს გრძელდებოდა.
საკუთარი ნებით ვამბობდი უარს ნებისმიერი სახის
გართობაზე და სამსახურის შემდეგ წამსვე სახლში გავრბოდი.
მე და ვინი მუდამ ვაფრთხილებდით ერთმანეთს, რომ ეს
ყველაფერი დროებითი იყო და რომ მძიმე დღეები სულ მალე

24
მოგვიკაკუნებდა კარზე. მიუხედავად ამისა, საკუთარი თავის
შესაბრალებლად დრო ნამდვილად არ გვრჩებოდა, რადგან
მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივად ვერთობოდით.
თითქმის ოცი წელი გავიდა მას შემდეგ და ეს ყველაფერი ისე
კარგად მახსოვს, თითქოს გუშინ ხდებოდა.
6. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: ამ პერიოდში ძალიან ბევრ ხალხთან გქონდათ
ურთიერთობა. ასე არ არის? თქვენვე თქვით, რომ, როდესაც
იოჰანესბურგში ჩახვედით, სხვადასხვა წვეულებებზე
გპატიჟებდნენ, მათ შორის კომუნისტური პარტიის
წვეულებებზეც. თქვენ ასევე მაიკლ ჰარმელს შეხვდით და იმის
შესახებაც ბევრი ისაუბრეთ, რომ ახლო ურთიერთობა გქონდათ
ჯო სლოვოსთან, ისევე როგორც რუთ ფერსტთან...
მანდელა: არა, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა;
ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასეთ წვეულებებს, როგორც
თეთრკანიანები, ასევე შავკანიანები ძალიან ხშირად
აწყობდნენ. ერთადერთი განსხვავება აქ ის გახლდათ, რომ
თეთრკანიანები და შავკანიანები ერთად იყვნენ.
სტენგელი: მაგრამ, სწორედ ამაში მდგომარეობს
განსაკუთრებულობა, ასე არ არის?
მანდელა: ...ეს ერთიანობა მართლაც განსაკუთრებული რამ
იყო, მაგრამ თავად წვეულებები ქვეყანაში საკმაოდ ხშირი
მოვლენა იყო და განსაკუთრებულად უჩვეულოს ამაში ვერავინ
ვერაფერს ხედავდა. საქმე ისაა, რომ კომუნისტები ამას
პარტიაში ხალხის მოზიდვის მიზნით აკეთებდნენ.
სტენგელი: მესმის ...თავად თეთრკანიანები თუ გრძნობდნენ
იმას, რომ შერეული წვეულებების ჩატარებით რაღაც
განსაკუთრებით გაბედულ ნაბიჯს დგამდნენ?
მანდელა: არა, არა, არა, არა მგონია. აქ იყვნენ თეთრკანიანები,
რომლებიც ნამდვილ დემოკრატიულ პრინციპებზე იყვნენ
გაზრდილნი, რომლებმაც რეპრესირებული ხალხის გვერდით
დგომა საკუთარი ცხოვრების პრინციპად აქციეს. ზოგჯერ მათ
დასვენება სჭირდებოდათ, ამიტომ წვეულებებს აწყობდნენ და
შავკანიანებსაც პატიჟებდნენ.
სტენგელი: თქვენც დადიოდით ამ წვეულებებზე?
მანდელა: დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა

25
განსაკუთრებულად დიდი გართობის მოყვარული არასოდეს
ვყოფილვარ. ერთხელ ჯომ შესჩივლა ვალტერ სისულუს:
„ნელსონს წვეულებები არ უყვარს. წარმოგიდგენია?!“
7. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მანდელა: იოჰანესბურგში, სხვადასხვა სახის დისკუსიებს
ვესწრებოდი.
სტენგელი: და როდესაც ასეთ შეხვედრებზე მიდიოდით,
უბრალოდ იჯექით და ისმენდით?
მანდელა: ...ხმა არასოდეს ამომიღია. ერთადერთი, რაშიც
მონაწილობას ვიღებდი, დებატები იყო. პოლიტიკურ
შეხვედრებზე არ დავდიოდი, მხოლოდ აკადემიური დებატები
მიზიდავდა. მაგალითად, ბლუმფონტენიდან იოჰანესბურში
ერთი ჯგუფი ჩამოდიოდა; მე კი დისკუსიის გაძღოლას
იოჰანესბურგის სახელით მავალებდნენ. სწორედ ასეთ
საუბრებში ვმონაწილეობდი. პოლიტიკურ შეხვედრებზე
სიარული კი მაშინ დავიწყე, როდესაც აფრიკის ეროვნული
კონგრესის ახალგაზრდულ ლიგას შევუერთდი, მაგრამ მაინც
ძალიან ვნერვიულობდი.
სტენგელი: რატომ ნერვიულობდით? თვლიდით, რომ ძალიან
დიდი ნაბიჯი გადადგით, თუ მიგაჩნდათ, რომ ეს სახიფათო
იყო?
მანდელა: ...საქმე ისაა, რომ პოლიტიკაში კარგად ვერ
ვერკვეოდი. მათ კი, ვისთანაც დისკუსიები გვქონდა, კარგად
იცოდნენ, რა ხდებოდა სამხრეთ აფრიკაში და მის ფარგლებს
გარეთ და ამაზე კომპეტენტურად შეეძლოთ საუბარი.
ზოგიერთი ჩემზე ნაკლებად განათლებული იყო და
აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით ნამდვილად ვერ
შემედრებოდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკა გაცილებით
უკეთ ესმოდა, ვიდრე მე. „ფორტ-ჰეას“ უნივერსიტეტში
ისტორიის ორი კურსი გავიარე და საკმაოდ ღრმად შევისწავლე
როგორც აფრიკის, ასევე ევროპის ისტორია. მიუხედავად ამისა,
გაურ რადებემ ჩემზე გაცილებით მეტი იცოდა, რადგან ის
მხოლოდ ფაქტებს არ სწავლობდა. მას შეეძლო ამ ფაქტების
მიღმა ემსჯელა და კონკრეტული მოსაზრება საკუთარი
თვალთახედვის მიხედვით დაესაბუთებინა. სწორედ ასეთ
ადამიანებთან ურთიერთობით ვისწავლე ისტორია თავიდან.
მაიკლ ჰარმელმა, რომელსაც მაგისტრის წოდება ჰქონდა და

26
რასტი ბერნსტაინმა, რომელიც ვიტსის უნივერსიტეტის
ბაკალავრი იყო, ასევე ბევრი რამ იცოდნენ ისტორიიდან. მე
კომუნისტური პარტიის წევრი არ ვიყავი და არც თავს
ვაიგივებდი მათთან, მაგრამ ამ ადამიანებისგან ძალიან ბევრი
რამ ვისწავლე.
სტენგელი: პირველად რომ მიხვედით კომუნისტური პარტიის
შეხვედრაზე, მაშინ ანტიკომუნისტი იყავით?
მანდელა: დიახ, დიახ, საშინელი ანტიკომუნისტი ვიყავი.
სტენგელი: მაგრამ მოგვიანებით მათ მიმართ სიმპათია
გაგიჩნდათ?
მანდელა: არა, არა, არა, არა, არა, არა. იქ იმიტომ მივდიოდი, რომ
მპატიჟებდნენ. მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიგნით. ეს ახალი
საზოგადოება იყო, სადაც ევროპელებიც იყვნენ, ინდიელებიც,
ფერადკანიანებიც და აფრიკელებიც. ყველანი ერთად იყვნენ და
ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო - ისეთი რამ, რაც მანამდე
არასოდეს მენახა.
სტენგელი: თქვენ საზოგადოებრივი დამკვირვებლის ფუნქცია
უფრო გიზიდავდათ, ვიდრე პოლიტიკა?
მანდელა: არა, არა. პოლიტიკა საერთოდ არ მიზიდავდა. მე მისი
სოციალური ასპექტით უფრო ვიყავი დაინტერესებული...
კომუნისტური პარტიის წევრებით მოხიბლული ვიყავი. ისეთი
ადამიანების ხილვა, რომელთათვისაც ადამიანის კანის ფერს
მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემთვის სრულიად ახალი რამ იყო.
სტენგელი: ამან თავისუფლების განცდა არ მოგიტანათ?
გადამდები არ ყოფილა?
მანდელა: არა, ეს უბრალოდ საინტერესო იყო. ვერ ვიტყოდი,
რომ თავისუფლების განცდა დამეუფლა. როდესაც
პოლიტიკურად აქტიური გავხდი, კომუნისტებს შევუტიე.
ვთვლიდი, რომ მარქსიზმი იყო ის იდეოლოგია, რომელიც უცხო
ფასეულობებზე იყო დაფუძნებული.
8. ვინი მანდელასთვის მიწერილი წერილიდან, 1970 წლის 20
ივნისი.
მართალი უთქვამთ, რომ „სხეულის ჯაჭვები, ზოგჯერ, სულის
ფრთებად იქცევა ხოლმე“. ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც
ასე იქნება. შექსპირი თავის კომედიაში „როგორც გენებოთ“

27
იმავე იდეას ოდნავ განსხვავებულად გადმოსცემს.
Sweet are the uses of adversity
Which like a toad, ugly and venomous
Wears yet a precious jewel in the head.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება: „მხოლოდ
განსაკუთრებულად მაღალ მიზნებს შეუძლია
განსაკუთრებული ენერგიის წარმოშობა“.
უნდა ითქვას, რომ იმ 26-წლიანი კარიერის განმავლობაში,
რომელიც ქარიშხლებით იყო აღსავსე, ამ უბრალო სიტყვების
არსს ზედაპირულად ვუყურებდი. ნებისმიერი
საზოგადოებრივი რეფორმატორის ცხოვრებაში დგება მომენტი,
როდესაც მას საკუთარ თავში დაგროვილი, გადაუმუშავებელი
ინფორმაციისგან გათავისუფლება სჭირდება და ცდილობს
ხალხზე შთაბეჭდილება მოახდინოს. მას ურჩევნია,
ტრიბუნიდან ხმამაღალი განცხადებები აკეთოს, ვიდრე
წყნარად და მშვიდად წამოაყენოს თავისი პრინციპები და
იდეები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით
დააგროვა. ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი და ჩემი თაობის
სისუსტის მსხვერპლი არაერთხელ გავმხდარვარ.
გულწრფელად გეტყვი: როდესაც ჩემს ზოგიერთ ძველ
გამოსვლას ვიხსენებ, ვხვდები, თუ რამდენად ხელოვნური იყო
ჩემი სიტყვები და რამდენად აკლდა მათ ორიგინალობა. მათში
აშკარად ჩანს, რომ ჩემი ერთადერთი მიზანი ხალხზე
შთაბეჭდილების მოხდენა და საკუთარი თავის რეკლამირება
იყო.
9. საუბარი რიჩარდ სტენგელთან 1952 წლის აპარტეიდის
წინააღმდეგ მიმართული დაუმორჩილებლობის კამპანიის
შესახებ:
მე ადრეც ვიჯექი ციხეში, მაგრამ შედარებით უმნიშვნელო
დანაშაულებისთვის. ერთი დღეც კი არ გაგრძელებულა ჩემი
პატიმრობა: დილით დამაკავეს და ნაშუადღევს
გამათავისუფლეს... სერიოზული არაფერი დამიშავებია,
უბრალოდ თეთრკანიანებისთვის განკუთვნილ ტუალეტში
შევედი და მოვშარდე. შეიძლება ითქვას, რომ თეთრკანიანების
აბაზანაში ხელები დავიბანე და ამისთვის დამიჭირეს...
(ჩაიცინა). შეცდომა დავუშვი. წარწერა არ წამიკითხავს.
მოკლედ, დამიჭირეს და პოლიციის განყოფილებაში

28
წამიყვანეს, მაგრამ დღის ბოლოსკენ გამათავისუფლეს.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეგნებულად არღვევდნენ ამ
კანონებს, პრინციპულად მოქმედებდნენ, რადგან ეს წესები
უსამართლოდ მიაჩნდათ და ყველანაირად გამოხატავდნენ
თავიანთ პროტესტს. სტუდენტებმა, რომლებიც ჩემთან ერთად
სწავლობდნენ, ლექციები მიატოვეს და დაუმორჩილებლობის
აქციას შეუერთდნენ, რადგან თავიანთი ხალხი და ქვეყანა
ყველაზე ძალიან უყვარდათ. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
10. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მე არასოდეს ვერევი სხვის საქმეებში, თუ არ მთხოვეს და
მაშინაც კი, როდესაც მთხოვენ, ჩემი მთავარი საზრუნავი
ადამიანების შერიგება და გაერთიანებაა. მე იურისტი ვარ და იმ
შემთხვევაშიც კი, როდესაც რომელიმე ცოლ-ქმარი გაყრის
საკითხზე მოდის ჩემთან, მე ვეკითხები: „გააკეთეთ
ყველაფერი, რაც შეგეძლოთ, იმისათვის, რომ პრობლემა
გადაგეწყვიტათ?“... იყო შემთხვევები, როდესაც წყვილი
დაფიქრებულა და ქორწინებაც შენარჩუნებულა, მაგრამ
ძირითადად, რა თქმა უნდა, საქმე განქორწინებით მთავრდება.
მოდის, მაგალითად, ქალბატონი და მეუბნება, რომ ქმართან
უსიამოვნება მოუვიდა, მე კი ვეკითხები: „შეიძლება თქვენს
მეუღლეს დავურეკო?“ ამაზე ის საოცრად ღიზიანდება და
მოგვიანებით, როდესაც უკვე სასამართლო მიმდინარეობს, მას
ისიც კი არ სურს, რომ მე მის ქმარს შევხედო, რადგან მიაჩნია,
რომ მისი ინტერესები უნდა დავიცვა. ეს ყველაფერი ძალიან
რთულია. მე ყოველთვის ვცდილობ ადამიანების შერიგებას,
მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ გამომდის.
11. ვინი მანდელასთვის მიწერილი წერილიდან. 1984 წლის 27
დეკემბერი, ნაწყვეტი კ.დ. მატანზიმასთვის გაგზავნილი
წერილიდან:
როგორც ჩანს, თქვენ და მთავრობა აპირებთ, რომ მე და ჩემი
ზოგიერთი კოლეგა უმტატაში გადაგვასახლოთ. ალბათ, კიდევ
ერთხელ არის საჭირო შეხსენება: როდესაც 1977 წელს თქვენ
ჩვენი მონახულება განიზრახეთ, მე და ჩემმა კოლეგებმა
გადავწყვიტეთ, რომ ე.წ. „ბანტუსტანის სქემის“
განხორციელება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. მიმდინარე
წლის თებერვალში თქვენ კიდევ ერთხელ მოინდომეთ ამ
საკითხის განხილვა, მაგრამ ჩვენ კვლავ ჩვენს პოზიციაზე

29
ვრჩებით. პატივს ვცემთ და კარგად გვესმის თქვენი
შეშფოთება პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებასთან
დაკავშირებით, მაგრამ თავად იდეა იმისა, რომ ჩვენი
გათავისუფლება ბანტუსტანში გადასახლებით დასრულდეს,
წარმოუდგენლად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, რომ
მომავალში თავი შეიკავოთ მსგავსი მოსაზრებების
გამოთქმისგან, რათა ჩვენსა და თქვენს შორის სერიოზული
კონფლიქტი არ მოხდეს. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში და
არანაირი პირობით არ დავთანხმდებით ტრანსკეიში ან
რომელიმე სხვა ბანტუსტანში გადასახლებას. თქვენ ძალიან
კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ცხოვრების ბოლო რამდენიმე
წელიწადს ციხეში სწორედ იმიტომ ვატარებთ, რომ
პრინციპულად ვეწინააღმდეგებით ქვეყნის მსგავს
განვითარებას. ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ საკუთარ
სამშობლოში უცხოელებად ვართ ქცეულნი და მთავრობა
კვლავაც განაგრძობს ჩვენს შევიწროებას. ძალიან გთხოვთ,
თავი შეიკავოთ ამ ფეთქებადი გეგმის განხორციელების
მცდელობისგან და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არის
უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ამ საკითხით გვაწუხებენ.
12. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: ბოლოს რომ ვისაუბრეთ, თქვენ 1955 წლის
სექტემბრის მოგზაურობაზე მიამბეთ. იმ დროს შეზღუდვებისა
და აკრძალვების ვადა უკვე ამოწურული გქონდათ. ამას
თქვენს მემუარებშიც დაწვრილებით აღწერთ. ეს მოგზაურობა
თქვენთვის იმიტომაც ხომ არ იყო მნიშვნელოვანი, რომ მას
თავისუფლების ბოლო დღეებად აღიქვამდით?
მანდელა: არა, აკრძალვები 1952 წლის დეკემბრიდან
დამიწესეს. ეს იყო ჩემი პირველი შეზღუდვა, რომელიც ე.წ.
„არეულობების მოწყობის აქტის“ საფუძველზე მომესაჯა. ის
ერთი წელი გაგრძელდა. ამის შემდეგ კიდევ იყო აკრძალვების
პერიოდი, ამჯერად - ორი წლით. „კომუნიზმის ჩახშობის
აქტის“ საფუძველზე კი ხუთი წლით ამეკრძალა ქვეყნის
მასშტაბით გადაადგილება. როდესაც ამ აკრძალვას ვადა
გაუვიდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემს ცხოვრებაში
ახალი ეტაპი დაიწყო. იმ დროს პოლიტიკურად საკმაოდ
აქტიური ვიყავი და გადავწყვიტე, ქვეყანა უფრო ახლოს
გამეცნო. სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ მიმაჩნდა ეს
მოგზაურობა მნიშვნელოვნად.

30
13. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: „საერთაშორისო კლუბი“ რა ორგანიზაცია იყო?
მანდელა: ...„იოჰანესბურგის საერთაშორისო კლუბი“ იყო
ადგილი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს
ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდათ... იქ
ერთობლივი სადილიც იმართებოდა, ასევე სხვადასხვა
თამაშები და დებატები ეწყობოდა. ერთხელ ამ კლუბს ორი
ამერიკელი მსახიობი ეწვია: კანადა ლი და კიდევ ერთი,
რომელიც დღეს საკმაოდ ცნობილია - სიდნეი პუატიე. კარგად
გავერთეთ. ძალიან საინტერესო კლუბი იყო. იმ დროს ეს იყო
ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგან, სადაც სხვადასხვა
ეროვნების წარმომადგენლები ერთად იკრიბებოდნენ.
სტენგელი: ქალაქში იყო? სად მდებარეობდა?
მანდელა: დიახ, ქალაქში იყო, დასავლეთ ნაწილში.
სტენგელი: და თქვენ ამ კლუბის მდივანი გახდით?
მანდელა: დიახ, მდივანი გავხდი.
სტენგელი: კიდევ ერთი ადამიანი იყო იქ, რომელმაც ამ
თანამდებობაზე შეგცვალათ და ვისთანაც ახლო მეგობრობა
გაკავშირებდათ - გორდონ ბრიუსი.
მანდელა: გორდონ ბრიუსი, დიახ, მართალია.
სტენგელი: გამოდის, რომ ბევრ ადამიანთან გქონდათ
ურთიერთობა.
მანდელა: დიახ, ის ინგლისელი იყო, თან ძალიან რელიგიური
პიროვნება. მან ცოლად ებრაელი ქალბატონი შეირთო -
ურსულა. ქალბატონი ბრმა იყო, მაგრამ ძალიან უნარიანი -
ბევრის გაკეთება შეეძლო. ახლა ის მასწავლებლად მუშაობს.
როდესაც ციხიდან გამოვედი, მათ სანახავად გავემგზავრე.
ერთხელ გორდონს თავის მეუღლესთან მისაკითხად არ ეცალა,
ამიტომ ურსულას წამოსაყვანად მე წავედი. ის იქვე ახლოს,
რამდენიმე სახლის მოშორებით მუშაობდა. რომ მივედი,
ურსულამ ხელი მომკიდა და ასე გამოვედით გარეთ. ის ძალიან
ლამაზი ქალი იყო. ალბათ იცით, რომ შავკანიანი მამაკაცი
თეთრკანიან ქალთან ერთად იმ დროს წარმოუდგენელი რამ
იყო. თეთრკანიანებმა კინაღამ მომკლეს, მაგრამ მე
განსაკუთრებული უნარი მაქვს: შემიძლია ისე დავიჭირო თავი,

31
თითქოს უძლიერესი ადამიანი ვარ და მთელი მსოფლიო
შემიძლია გავლახო. ამიტომ, მათ ყურადღება არ მივაქციე.
მოგვიანებით, როდესაც იატაკქვეშეთში გადავინაცვლე, ძალიან
ბევრ დროს ვატარებდი გორდონთან და ურსულასთან ერთად.
ადგილი, სადაც ვიმალებოდი, მათ სახლთან ახლოს იყო,
ამიტომ მათ ხშირად ვსტუმრობდი.
14. საუბარი აჰმედ „კათი“ კათრადასთან ჯეიმს მოროკას
შესახებ, რომელიც ცდილობდა არ გაიგივებულიყო დანარჩენ
ცხრამეტ პატიმართან, მათ შორის, მანდელასა და
კათრადასთან. ამის გამო მან საკუთარი ადვოკატი მოითხოვა.
კათრადა: ჰო, შემდეგ მოდის გვერდები... (წიგნიდან „გრძელი
გზა თავისუფლებისკენ“): „დოქტორ მოროკას სანახავად
წავედი და მას სახლში მივაკითხე. საუბრის დროს მე მას
მოქმედების ორივე გეგმა შევთავაზე, მაგრამ ის ამით არ
დაინტერესდა. მას საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა. მოროკა
ზოგჯერ საკმაოდ ქედმაღალი იყო“.
მანდელა: „ქედმაღალი“ დავტოვო?
კათრადა: რატომაც არა?
მანდელა: არა, არა... არ მომწონს მოროკას ასეთი დახასიათება.
კათრადა: აჰა...
მანდელა: ...პირველ რიგში, მოროკა არასოდეს იყო ქედმაღალი.
გარდა ამისა, მე არ მსურს, რომ ასეთი სახის ავტობიოგრაფიაში
ასეთი უარყოფითი დახასიათებები იყოს.
კათრადა: აჰა...
მანდელა: ვფიქრობ, ასე შეგვიძლია ვთქვათ: „გაწბილებულები
ვიყავით, როდესაც მივხვდით, რომ „აფრიკის ეროვნული
კონგრესის“ ლიდერს აღარ აინტერესებდა ის საკითხები,
რომლებიც მისი ხელმძღვანელობით იქნა განხილული“... არ
მინდა, მასზე ისე ვისაუბროთ, თითქოს ის ქედმაღალი იყო და
ხალხს უღალატა.
კათრადა: აჰა...
მანდელა: მსგავს გამონათქვამებს აუცილებლად უნდა
ვერიდოთ... და... ერთხელ მე მის შვილებს ციხიდან წერილი
მივწერე და პასუხიც მივიღე. მათ მომწერეს, რომ, როგორც იქნა,
ერთმა ადამიანმა მაინც გაიმეტა თბილი სიტყვები მათი...

32
კათრადა: მათი მამის შესახებ?
მანდელა: მათი ბაბუის შესახებ.
კათრადა: აჰა...
მანდელა: როდესაც ჩვენს ლიდერებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა,
მათ ვაკრიტიკებდეთ, მაგრამ აუცილებლად კარგი უნდა
ვილაპარაკოთ მათზე. იუსუფ დადუ და ვალტერ სისულუ
ჩვენი მოძრაობიდან გამოსული ლიდერები არიან. დოქტორ
მოროკა სხვა სკოლის აღზრდილია და სხვა პრინციპები ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ის ისე უნდა დავახასიათოთ, რომ
ღირსება არ შევულახოთ.
კათრადა: აჰა...
მანდელა: ...კრიტიკა ღირსების შემლახველი არ უნდა იყოს.
ფაქტებსა და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
გულწრფელნი უნდა ვიყოთ, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეულ
ჩარჩოში უნდა მოვექცეთ, რადგან ჩვენ აღმშენებლები ვართ...
შენი ნათქვამია - მოძრაობის წევრი მწერალი მხოლოდ
აღმწერელი არ არის. ის, ასევე, მშენებელია. მან წვლილი უნდა
შეიტანოს ორგანიზაციის მშენებლობაში და იმ ნდობის
შექმნაში, რომელიც ამ ორგანიზაციას სჭირდება.
15. საუბარი რიჩარდ სტენგელთან არაძალადობრივი პრინციპის
შესახებ:
ბელადი ალბერტ ლუთული მაჰათმა განდის ერთგული და
მგზნებარე მოწაფე იყო. მას, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს,
არაძალადობრივი პრინციპებისა სწამდა. უმეტესობა ასე არ
ვიყავით... თუ მიზნად არაძალადობას დაისახავ, ეს იმას
ნიშნავს, რომ, რა სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას, ძალადობრივ
მეთოდებს არავითარ შემთხვევაში არ მიმართავ. ჩვენ კი
მშვიდობიან ხერხებს მხოლოდ იქამდე მივმართავდით, სანამ
სიტუაცია ამის საშუალებას გვაძლევდა. როგორც კი პირობები
შეიცვლებოდა, ჩვენ ავტომატურად ვამბობდით უარს
არაძალადობრივ მეთოდებზე და ისე ვმოქმედებდით, როგორც
ვითარება გვკარნახობდა. სწორედ ასეთი მიდგომა გვქონდა.
ჩვენი მიზანი ორგანიზაციის გაძლიერება იყო, რათა ის
მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო და თუ არაძალადობა
მის ეფექტურობას გაზრდიდა, მაშინ ჩვენ ძალადობრივ
მეთოდებზე უარს ვიტყოდით. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ყველანაირ ხერხს გამოვიყენებდით.

33
16. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
კათრადა: განდიც წაკითხული გაქვს?
მანდელა: რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი გმირი ნერუ იყო.
კათრადა: აი, ასე წერია აქ: „მას სინდისი ქენჯნიდა, რომ თავისი
ქრისტიანული რწმენის მიტოვება უწევდა. იმ რწმენისა,
რომელიც მის ბავშვობას აძლიერებდა. ის წმინდა პეტრეს
ჰგავდა, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე“. როგორ ფიქრობ,
კორექტულია საკითხის ასე დასმა?
მანდელა: არავითარ შემთხვევაში.
კათრადა: არასწორია ხომ?
მანდელა: ...ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად მცდარი
მოსაზრებაა. მე არასოდეს მიღალატია ჩემი ქრისტიანული
რწმენისთვის.
კათრადა: გასაგებია.
17. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: რუთ ფერსტი როგორი პიროვნება იყო?
მანდელა: რუთი? მისი სიკვდილი ტრაგედია იყო სამხრეთ
აფრიკისთვის, რადგან ის ამ ქვეყნის კაშკაშა ვარსკვლავი იყო,
ამ სიტყვის სრული გაგებით. მე ის უნივერსიტეტში სწავლის
დროს გავიცანი. რუთი ძალიან პროგრესული ადამიანი იყო.
სხვა პროგრესული თეთრკანიანებიც იყვნენ, მაგრამ ისინი ამ
პროგრესულობას სახალხოდ არ აჩენდნენ. რუთი ასეთი არ იყო.
ის ქუჩაშიც კი გაჩერდებოდა და მშვიდად დაგელაპარაკებოდა
ისე, რომ სულაც არ გრძნობდა თავს დაძაბულად. ის
ბრწყინვალე ადამიანი იყო. მას სულელები არ უყვარდა, ვერ
იტანდა მათ, ენერგიული იყო, მიზანმიმართული,
შრომისმოყვარე და ძალიან მომთხოვნი. შესაბამისად,
ყოველთვის მაქსიმალურ შედეგებს აღწევდა. არაფრის
ეშინოდა, ნებისმიერის გაკრიტიკება შეეძლო და ზოგჯერ
დასცინოდა კიდეც ადამიანებს. პირდაპირი იყო და ყველაფერს
თამამად ამბობდა. მაგრამ, ამავე დროს, ის ძალიან
ტოლერანტული იყო, ისევე როგორც მისი მეუღლე, ჯო სლოვო.
როდესაც ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კომუნისტები იყვნენ
და ყველაფერს რადიკალურად აფასებდნენ, ლიბერალებსა და
ბიზნესმენებს შორის ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდათ. მათი

34
სახლი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე
ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო. არაჩვეულებრივი
ქალბატონი იყო. ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი.
ციხეში ვიყავი, როდესაც მისი დაღუპვის ამბავი გავიგე და
ძალიან დამწყდა გული.
სტენგელი: ესე იგი, მათი სახლი, როგორც თქვენ ამბობთ,
ერთგვარი ცენტრი იყო?
მანდელა: დიახ, ასე იყო.
სტენგელი: თქვენც დადიოდით იქ სადილად?
მანდელა: ძალიან ხშირად. 1958 წელს მასთან კამათი მომივიდა.
ერთი საქმე წავაგე და რამდენიმე ქალბატონი ციხეში ჩასვეს.
ამის გამო რუთმა მკაცრად გამაკრიტიკა. მან ჩათვალა, რომ მე
არასწორად წავიყვანე საქმე. პრეტენზიას მიყენებდა ადამიანი,
რომელიც იურიდიულ საკითხებში ჩახედული არ იყო და
ყველაზე მეტად ამან გამაღიზიანა. ჩემთვის ძალიან რთული
იყო ამ საქმის წარმოება, რადგან საუბარი 2 000 ქალბატონზე
იყო. მთელი დღეების განმავლობაში ან თავად ვიყავი
სასამართლოში, ან სხვა ადვოკატებს ვხელმძღვანელობდი.
მოკლედ, ერთი საქმე წავაგე და სამი ქალბატონი ციხეში
გაუშვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი გირაოს ფასად
გამოვიყვანეთ. სწორედ მაშინ მოხდა, რომ რუთმა დამირეკა და
ტელეფონშივე მითხრა, რომ მისი აზრით, საქმე არასწორად
წავიყვანე. მე მას უხეშად ვუპასუხე, რომ წასულიყო და
საკუთარი საქმეებისთვის მიეხედა, მაგრამ წამსვე მივხვდი,
რომ მართალი არ ვიყავი: ქალბატონისთვის ასე არ უნდა
მიმემართა, რაც უნდა მტყუანი ყოფილიყო, მან ის მითხრა,
რისიც თავად სჯეროდა. დღის ბოლოს, სანამ სახლში
დავბრუნდებოდი, გადავწყვიტე რუთთან მივსულიყავი. ვინიც
ჩემთან ერთად იყო. რომ მივედით, რუთი უნივერსიტეტის
ერთ-ერთ ლექტორს ესაუბრებოდა. მე უბრალოდ შევედი,
ჩავეხუტე მას, ვაკოცე და წამოვედი. (იცინის) ჰო, მათ სურდათ
ეთქვათ, რომ დავმჯდარიყავი და ასე შემდეგ, მაგრამ მე
წამოვედი. მოკლედ, ასე დავამყარე მშვიდობა რუთთან.
მივხვდი, რომ მასთან დაპირისპირება არაფერში მჭირდებოდა.
შესაძლოა, წამიერად ნერვებმა მიღალატა, მაგრამ ძალიან მალე
ვაღიარე, რომ არასწორად მოვიქეცი. ის კარგი მეგობარი იყო და
ასეთი ადამიანებისგან კრიტიკა საწყენი არ უნდა იყოს. მე
რუთს მართლა დიდ პატივს ვცემდი და მოგვიანებით, როდესაც

35
მიწისქვეშეთში გადავინაცვლე, სხვებთან ერთად მასთანაც
მქონდა ურთიერთობა.
18. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
ეშმაკმა დალახვროს. ახლა, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ
ავხსნით, აკრძალვაში რა იგულისხმება. ეს ნიშნავს, რომ
შეკრებებზე დასწრების უფლება არ გაქვს და ერთი
კონკრეტული რეგიონიდან გასვლის საშუალებაც ჩამოგერთვა.
პირველად, ასეთი სანქციები 1952 წელს დამიწესეს. ეს ჩემთვის
რაღაც ახალი იყო და ის ფაქტი, რომ იოჰანესბურგიდან გასვლა
არ შემეძლო, ძალიან მაწუხებდა. შუბლზე, რა თქმა უნდა, არ
მეწერა, რომ სანქცირებული ვიყავი და ხალხიც თავს არ
მარიდებდა, მაგრამ ერთხელ ასეთი რამ შემემთხვა: ერთი
მეგობარი იყო, რომელსაც ბენჯამინ ჟოზეფი ერქვა. ის ჰარი
მოკოენასთან მუშაობდა ადვოკატად. ერთხელ ქუჩაში
დავინახე და მივესალმე, მან კი ჩურჩულით მითხრა: „ნელსონ,
ძალიან გთხოვ, გაიარე, არაფერი მითხრა. უბრალოდ გაიარე“. ეს
იყო ერთადერთი მსგავსი ინციდენტი.
19. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
იოჰანესბურგში ორი წლის განმავლობაში ვიყავი გამოკეტილი
და ამას ისიც ემატებოდა, რომ საქმე თავზე საყრელად მქონდა.
საშინლად ვიხუთებოდი და სუფთა ჰაერი მწყუროდა. სამხრეთ
აფრიკის უდიდეს ქალაქში გატარებულმა თოთხმეტმა
წელიწადმა, ჩემში სოფლის სიყვარული ვერ ჩაახშო. კვლავ
მენატრებოდა ის გაშლილი სივრცეები, ლურჯი მთები, მწვანე
ბალახი და ბუჩქები, სწრაფი მდინარეები, რომლებიც
გაუმაძღარი ოკეანისკენ მიედინებიან.
20. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
დუმა ნოკვე და სხვები ერთ მშვენიერ დღეს ჩემს
გასაცილებლად მოვიდნენ. ახალგაზრდა და იმედის მომცემი
ადვოკატი, როგორც ყოველთვის, საოცარ ხასიათზე იყო. რაც
დრო გადიოდა, ის მით უფრო ენაკვიმატი ხდებოდა და სახლში
ჩვენი ხარხარი გვიანობამდე ისმოდა. დროდადრო ის რუსულ
ან ჩინურ სიმღერას წამოიწყებდა ხოლმე, თან ხელებით
ჟესტიკულირებდა, თითქოს რაღაც უჩინარ გუნდს
დირიჟორობდა. სტუმრები ღამის თორმეტ საათზე
წამოიშალნენ. ამ დროს ჩემმა 2 წლის ქალიშვილმა, მაკაზივემ
გაიღვიძა და მკითხა, თუ შეიძლებოდა, რომ ჩემთან ერთად

36
წამოსულიყო. მე იოჰანესბურგიდან გასვლის უფლება არ
მქონდა, მაგრამ იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ ოჯახთან
ერთად საკმარის დროს ვეღარ ვატარებდი. წამიერად
დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. მაკაზივე ხელში ავიყვანე,
ვაკოცე და ლოგინში ჩავაწვინე. დაველოდე, სანამ ჩაეძინებოდა
და გავედი.

თავი მეოთხე. უაზრო მკვლელობა


„...სახლი სახლია იმათთვისაც კი, ვინც ძალიან მაღალ
ინტერესებს ემსახურება და საცხოვრებელ ადგილად
სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეგიონს ირჩევს. სიტყვებით ვერ
გადმოვცემ იმ სიხარულს, რომელიც დამეუფლა ჩემი
მშობლიური ქალაქის მთავარ ქუჩაზე, იორკ-როუდზე
გავლისას“.
ნაწყვეტი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან, რომელიც
ციხეში დაწერა.
1. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
მესამე დღეს ჩემს მშობლიურ ქალაქ მთათაში ჩავედი. სახლი
სახლია იმათთვისაც კი, ვინც ძალიან ფართო ინტერესებს
ემსახურება და საცხოვრებელ ადგილად სხვადასხვა დროს
სხვადასხვა რეგიონს ირჩევს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ
სიხარულს, რომელიც დამეუფლა, ჩემი მშობლიური ქალაქის
მთავარ ქუჩაზე, იორკ როუდზე რომ გავიარე. 13 წელი იყო
გასული მას შემდეგ, რაც იქიდან წამოვედი და მიუხედავად
იმისა, რომ არც საზეიმო სუფრით დამხვედრიან და არც
მორთულ-მოკაზმული ხეებით, თავს მაინც ვგრძნობდი
ბიბლიურ პერსონაჟად, რომელიც სახლში ხანგრძლივი
მოგზაურობიდან დაბრუნდა. ერთი სული მქონდა, როდის
ვნახავდი დედას, ჩვენს მოკრძალებულ ბინას, მეგობრებს,
რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი, ულამაზეს საძოვარს და
ყველა იმ უმნიშვნელო ნივთს, რომელიც ბავშვობის
მოგონებებს აღმიძრავდა.
სულ ტყუილად მეგონა, რომ უშიშროების სამსახური უკან
მოვიტოვე. აღმოჩნდა, რომ მათმა საცეცებმა ჩემს მშობლიურ
ქალაქამდეც მოაღწია. ერთ მშვენიერ დილას, როდესაც ჩემს
ოთახში ვიჯექი და ორ ბელადთან ერთად ყავას ვსვამდი,
დიასახლისმა თეთრკანიანი მამაკაცი შემოიყვანა. მამაკაცმა,
ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე, საკმაოდ უხეშად

37
მომმართა: „ნელსონ მანდელა შენ ხარ?“ „შენ ვინღა ხარ?“,
დავუბრუნე მე. მან თქვა, რომ პოლიციის სერჟანტი იყო და
საკუთარი გვარიც დაასახელა. მე მას შესაბამისი საბუთის
წარმოდგენა მოვთხოვე. ის საოცრად აღშფოთდა ჩემი ასეთი
დაჟინების გამო, მაგრამ გარკვეული ყოყმანის შემდეგ, საბუთი
მაინც მაჩვენა. მხოლოდ ამის შემდეგ დავუდასტურე, რომ
ნელსონ მანდელა ვიყავი. მან მთხოვა, რომ პოლიციის
განყოფილებაში წავყოლოდი. მიზეზით დავინტერესდი და
ვკითხე, დაპატიმრებული ხომ არ ვიყავი. მან მიპასუხა რომ -
არა. არ წავყევი. ამის შემდეგ მან რამდენიმე შეკითხვა დამისვა,
პასუხებს კი თავის ბლოკნოტში იწერდა. ყველაფერი მკითხა:
როდის დავტოვე იოჰანესბურგი, სად ვიყავი მას შემდეგ,
რამდენი ხნის განმავლობაში ვაპირებდი ტრანსკეიში
დარჩენას... მე მას ვუპასუხე, რომ ტრანსკეი ჩემი სახლი იყო და
რომ იქ ჩასასვლელად ნებართვის აღება არ მჭირდებოდა. სხვა
არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ გამიცია. როდესაც სერჟანტი
წავიდა, ბელადებმა მისაყვედურეს. მათ მიიჩნიეს, რომ
ზედმეტად უხეში ვიყავი და ზოგიერთ შეკითხვაზე შემეძლო
თავისუფლად მეპასუხა. მე მათ ავუხსენი, რომ ასე თავად
პოლიციელის არათავაზიანობისა და ქედმაღლობის გამო
მოვიქეცი და მის უზრდელობას საკადრისად ვუპასუხე. მე
მგონი, მაინც ვერ მიხვდნენ, რას ვეუბნებოდი....
დედასთან ერთად ცხოვრება პატარა ბავშვივით მახარებდა,
თუმცა, ამავე დროს, დანაშაულის გრძნობა არ მტოვებდა. საქმე
ისაა, რომ დედაჩემი სულ მარტო ცხოვრობდა, უახლოესი ექიმი
კი 35 კილომეტრის მოშორებით იყო. ჩემი დები და მე
დამოუკიდებლად ვცხოვრობდით. შვილები დედას
ფინანსურად ყოველთვის ეხმარებოდნენ, მაგრამ ის ამ ფულს
სათავისოდ არასოდეს იყენებდა და როდესაც ერთი შვილი
გარკვეულ თანხას მისცემდა, ის მას მეორე შვილს აძლევდა.
ხშირად მიცდია, რომ ის იოჰანესბურგში გადმოსვლაზე
დამეყოლიებინა, მაგრამ დედა უარზე იყო. მან მთელი თავისი
ცხოვრება სოფელში გაატარა და დიდ ქალაქში ყოფნას ვერ
აიტანდა... ხშირად დამისვამს ჩემი თავისთვის ერთი შეკითხვა:
გამართლებულია თუ არა საკუთარი ოჯახის მიმართ
უყურადღებობა სხვების უფლებებისთვის ბრძოლის
სანაცვლოდ? შეიძლება იყოს რაიმე უფრო მნიშვნელოვანი,
ვიდრე საკუთარი 60 წელს მიღწეული დედისთვის
ყურადღების მიქცევა, მისთვის საოცნებო სახლის აშენება,
საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა? არის თუ არა

38
პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, იმის საშუალება, რომ ამ
პასუხისმგებლობას თავი აარიდო? ძალიან რთულია ცხოვრება,
როდესაც დროდადრო მსგავსი შეკითხვები გაწუხებს. ხშირად
ვცდილობ დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ ცხოვრებაში
ყველაფერი გავაკეთე დედაჩემის ცხოვრების
გასაუმჯობესებლად. უნდა ვაღიარო, რომ მაშინაც კი, როდესაც
სინდისი ძლიერად მქენჯნის, ამავე დროს სიამაყის გრძნობა
მეუფლება, რადგან სრულად ვაცნობიერებ, რომ ჩემი ხალხის
გათავისუფლებას წრფელი გულით მივუძღვენი ცხოვრება. ეს
გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება, როდესაც ვიხსენებ, რომ
დედა სიცოცხლის ბოლო წუთამდე მამხნევებდა და ჩემი
იდეების ერთგულებისკენ მომიწოდებდა.
2. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მანდელა: სხვათა შორის გამახსენდა: ერთხელ, როდესაც პორტ
ელიზაბეთიდან მანქანით მოვდიოდი, გზაზე გველი დავინახე.
დილის ათი საათი იქნებოდა და უკვე ძალიან ცხელოდა. გველი
კვდებოდა. მისმა სხეულმა გავარვარებულ ასფალტს ვერ
გაუძლო. მე მასთან უკვე ძალიან ახლოს ვიყავი, ვეღარაფერი
მოვიმოქმედე და გადავუარე. გული შემეკუმშა. უბრალოდ,
დროულად ვერ შევამჩნიე საცოდავი. მოკვლას არანაირი აზრი
არ ჰქონდა, რადგან ის არაფერს მიშავებდა. ამ შემთხვევის გამო
ცუდ ხასიათზე დავდექი.
სტენგელი: ამ ინციდენტის შემდეგ, ცრურწმენამაც ხომ არ
შეგაწუხათ?
მანდელა: არა, რა თქმა უნდა, არა.
სტენგელი: ამბობენ, რომ გველის მოკვლა ცუდი ნიშანია.
მანდელა: არა, არა. ეს არაფერ შუაშია. ცრუმორწმუნე
სრულებითაც არ ვარ. ცხოველი რომ მოვკალი, სრულიად
უდანაშაულო ქვეწარმავალი, სწორედ ეს მაწუხებდა. სარკეში
რომ გავიხედე და დავინახე, როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის,
ამან კიდევ უფრო შემძრა... პორტ ელიზაბეთიდან
ჰუმანსდორპისკენ მიმავალი გზა ულამაზესი იყო. გზა ტყეში
გადიოდა და გარშემო საოცარი სიმშვიდე იდგა. მხოლოდ
ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. იქაურობა გარეული ცხოველებით
იყო სავსე. სანამ კნისნამდე ჩავიდოდი, ბაბუინი დავინახე.
გზაზე გადაირბინა, ხის უკან დაიმალა და იქიდან
მითვალთვალებდა. ჰო, კნისნა... გულწრფელად მჯეროდა, რომ

39
თუ ღმერთი ოდესმე დედამიწაზე დაბრუნდებოდა,
აუცილებლად იქ დასახლდებოდა.
3. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
„კონფესიათაშორისი საზოგადოების“ შეხვედრაზე გამოვედი
სიტყვით. ზუსტად არ მახსოვს, რა ვილაპარაკე, მაგრამ აზრი ის
იყო, რომ აფრიკანერებივით[1] უნდა მოვქცეულიყავით: მათ
მსგავსად, ჩვენც საკუთარი რწმენა უნდა გამოგვეყენებინა
მიზნების მისაღწევად, ეკლესიის როლი უნდა
გაგვეძლიერებინა. ჰოდა, იქ ერთი პიროვნება იყო - ღირსი
ჯაფტა, რომელმაც ძალიან საინტერესო რამ თქვა: „ღმერთო,
ადრე ჩვენ ვლოცულობდით, გევედრებოდით, რომ ჩვენთვის
თავისუფლება მოგეცა, ახლა კი ინსტრუქციებს გიტარებთ იმის
შესახებ, თუ როგორ უნდა გაგვათავისუფლო“. რაღაც
ამდაგვარი თქვა და ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი
სიტყვა იყო.
4. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე მშვენივრად ვიცოდი, რა
საფრთხეს შეიცავდა თავისუფლებისთვის ბრძოლა,
შავკანიანების მიერ წამოწყებული რაიმე სერიოზული
პოლიტიკური კამპანიის ნაწილი არასოდეს გავმხდარვარ და
არც ბრძოლის მეთოდებზე მქონდა რაიმე კონკრეტული
წარმოდგენა. მაქსიმალური მსხერპლი, რისი გაღებაც შემეძლო,
ის იყო, რომ სახლში გვიან ვბრუნდებოდი, შეხვედრებზე
დავდიოდი და მთავრობის პოლიტიკას ვგმობდი.
5. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
იმ დროს, ჩემი უფროსი ვაჟი მადიბა (თემბი) ხუთი წლის იყო.
ერთხელ მან დედამისს ჰკითხა, მამა სად ცხოვრობსო. საქმე
ისაა, რომ იმ დროს, მე სახლში გვიან ღამით ვბრუნდებოდი და
დილით ადრე, სანამ ის გაიღვიძებდა, კვლავ საქმეზე
მივდიოდი. თემბი ძალიან მენატრებოდა. საერთოდ, მე ძალიან
მიყვარს ბავშვებთან თამაში და საუბარი, მათი მოვლა, დაბანა
და დაძინება. ზღაპრებსაც ხშირად ვუყვები ძილის წინ. სწორედ
ამიტომ ძალიან განვიცდიდი, ოჯახს რომ ვიყავი მოწყვეტილი.
სახლში ყოფნას არაფერი სჯობს. მიყვარს, როდესაც მშვიდად
ვზივარ და ვკითხულობ, სამზარეულოდან კი საჭმლის
სასიამოვნო სურნელი გამოდის. ძნელია, როდესაც ამ უბრალო
სიამოვნებებს მოკლებული ხარ და ისეთი გრძნობა გიჩნდება,

40
თითქოს ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი წაგართვეს.
6. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: მოდით, 1944 წელი გავიხსენოთ, ეველინის
გაცნობის მომენტი.
მანდელა: ვიცი რასაც გულისხმობთ, დიახ.
სტენგელი: ...ვალტერ სისულუმ გაგაცნოთ, თუ არ ვცდები.
ეველინი ხომ მისი ბიძაშვილი იყო?
მანდელა: დიახ, ასეა.
სტენგელი: ...მომიყევით, თუ შეიძლება, რა ვითარებაში
შეხვდით მას.
მანდელა: მართალი გითხრათ, არ მსურს ამ თემაზე საუბარი.
ჩემი მეგობრები ბრაზობენ, როდესაც განქორწინებაზე და
მსგავს საკითხებზე ვამახვილებ ყურადღებას... ჩემთვის ეს
სავსებით მისაღებია... მეტიც, მე არ მსურს წარმოვდგე
ადამიანად, რომელსაც ცხოვრებაში შეცდომა არ მოსვლია. ასეა
თუ ისე, მე მათი დარწმუნება ვერ შევძელი, მათ შორის ვერც
ისეთი ადამიანებისა, როგორიც ვალტერ სისულუა. ისინი
ფიქრობენ, რომ მე უნდა ვიყო მაგალითი, რომლის გარშემო
მთელი ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს. თუ მე ეველინის
შესახებ ვიტყვი რამეს, მაშინ ისიც უნდა ვთქვა, თუ რატომ
დაინგრა ჩვენი ოჯახი. ის პოლიტიკური შეხედულებების გამო
დაინგრა. ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდა და მე არ
მსურს ახლა ვისაუბრო საცოდავ ქალზე, რომელსაც საკუთარი
აზრის დაფიქსირება არ შეუძლია. მართალი გითხრათ, მან
რამდენიმე ინტერვიუ მისცა და რეალური ფაქტები საკმაოდ
დაამახინჯა... თუ მე ამ საკითხზე ვისაუბრებ, მაშინ სრული
სიმართლე უნდა ვთქვა. ეს კი არ მსურს.
7. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
კათრადა: ეველინის თემას მივადექით.
მანდელა: ჰო.
კათრადა: აი ეს შენ უკვე შეასწორე: „ეველინის თქმით,
მანდელამ მას უსაყვედურა იმის გამო, რომ ბავშვს ზედმეტად
ანებივრებდა ფულით, შემდეგ კი ცოლს ყელში სწვდა. ბავშვი
მეზობელთან გაიქცა და როდესაც სახლში დაბრუნდა,
ეველინის ყელზე ნაკაწრები შენიშნა“.

41
მანდელა: აჰა!
კათრადა: სიცრუეა?
მანდელა: სიცრუეა, მაგრამ მე სხვა რამ მაკვირვებს: ადრე
როგორ ვერ შევამჩნიე ეს ყველაფერი?
კათრადა: შენ ასევე უარყოფ შემდეგს: „ეველინი იეჰოვას მოწმე
გახდა და სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა ბიბლიის
კითხვას. მანდელას ეს ფაქტი არ მოსწონდა, რადგან თვლიდა,
რომ ბიბლია ხალხის გონებას აბნელებდა. მისი აზრით,
თეთრკანიანებმა აფრიკელებს მიწა წაართვეს და სანაცვლოდ
ბიბლია მიუგდეს“. შენ თქვი, რომ ესეც სიცრუეა.
მანდელა: კი, ასეა.
კათრადა: ყელში რომ სწვდი ეველინს, ესეც სიცრუეა, ხომ?
მანდელა: ყველაფერი სიცრუეა.
კათრადა: გასაგებია.
მანდელა: სისულელეა ეს ყველაფერი. სისულელეა.
დარწმუნებული ვარ, მე რომ ასეთი რამ გამეკეთებინა, ის
პოლიციას დაურეკავდა. იცი, რა მოხდა სინამდვილეში?
კათრადა: რა?
მანდელა: რაღაცაზე ვჩხუბობდით და მან ისეთი რამ გააკეთა,
რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. ბუხარი ხომ გახსოვს?
ძველი ბუხარი.
კათრადა: კი.
მანდელა: რკინის ჯოხიც გვქონდა.
კათრადა: ბუხრის საჩხრეკი?
მანდელა: ჰო.
კათრადა: ჰოდა, ეს ჯოხი ცეცხლში ჩადო ისე, რომ მე არაფერი
შემიმჩნევია. რკინა რომ გავარვარდა, ცეცხლიდან ამოიღო და
ჩემკენ გამოიწია. თავის დაცვა არ გამჭირვებია: ხელი
გადავუგრიხე და რკინა წავართვი.
8. საუბარი აჰმედ კათრადასთან, „კარტოფილის ბოიკოტის“
შესახებ:
კათრადა: კარგი, გადავედით შემდეგ გვერდზე („გრძელი გზა

42
თავისუფლებისკენ“). აქაც ბევრი შეკითხვა აქვს გამომცემელს.
აი, რას წერთ აქ: „1959 წელს, ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი აქცია გაიმართა და ეს იყო „კარტოფილის
ბოიკოტი“.
მანდელა: დიახ.
კათრადა: „...ყველამ იცოდა, თუ როგორი აუტანელი სამუშაო
პირობები იყო ტრანსვაალის თეთრკანიანთა ფერმებში, მაგრამ
ზუსტი სურათი მაშინ დაიხატა, როდესაც ჟურნალისტმა ჰენრი
ნქუმალომ ამის შესახებ გაზეთში დაწერა“. თქვენ ერთი-ორი
აბზაცი გაქვთ დაწერილი ამ აქციის შესახებ. გამომცემელი
გეკითხებათ: „იყავით თუ არა პირადად ჩართული ამ
ბოიკოტში? თუ არ ყოფილხართ, მაშინ ამ მასალას მთლიანად
წავშლი“.
მანდელა: ასე ამბობს?
კათრადა: დიახ, მაგრამ მე მას არ დავეთანხმები, რადგან
ვთვლი, რომ „კარტოფილის ბოიკოტი“ ძალიან
მნიშვნელოვანი...
მანდელა: რა თქმა უნდა.
კათრადა: ...მოვლენა იყო ჩვენთვის.
მანდელა: ჰო, ეს 1959 წელს მოხდა, არა?
კათრადა: დაახლოებით.
მანდელა: 1957 ხომ არ იყო?
კათრადა: არა, არა.
მანდელა: მახსოვს, როგორ მიმართა მიტინგზე შეკრებილებს
ლილიან ნგოიმ. ხელში კარტოფილი ეჭირა და ასეთი რამ თქვა:
„ჩემს ცხოვრებაში არასოდეს შევჭამ კარტოფილს. შეხედეთ, ის
ადამიანს ჰგავს...“
კათრადა: ჰო, მახსოვს.
მანდელა: ეს იმიტომ თქვა, რომ კარტოფილი „ადამიანის
სხეულით იყო განოყიერებული“. რაღაც ამდაგვარი იგულისხმა.
მგონია, რომ 1957 წელი იყო, მაგრამ შესაძლოა, შენ მართალი
ხარ - 1959 წელი იქნებოდა. კიდევ მახსოვს, ოლივერ ტამბომ
თევზი და ჩიფსები იყიდა და შუა ბოიკოტის დროს დაიწყო ჭამა
(ეღიმება). თუ არ ვცდები, პატრიკ მთემბუმ თქვა: „შეხედეთ,

43
„აფრიკის ეროვნული კონგრესის“ ოფიციალური პირი ბოიკოტს
არღვევს“.
კათრადა: (იცინის)
მანდელა: ...ოლივერმა არ იცოდა, რომ ჩიფსები
კარტოფილისგან კეთდებოდა და დაიყვირა: „გამომართვით ეს!
წაიღეთ აქედან!“ მაგრამ უკვე გვიან იყო. ნაჭამი ჰქონდა
(იცინის).
9. საუბარი აჰმედ კათრადასთან ანდერსონ ხუმანი განილეს
მიერ ტრადიციული მედიცინის გამოყენების შესახებ.
მანდელა: ჰო, ამ ტიპს ექიმბაშების სჯერა. ერთხელ ის
მოფოლოდან ლესოთოში მიგვყავდა. წინასწარ ვუთხარი,
რომელ საათზე გავუვლიდი და გავაფრთხილე, რომ არ
დაეგვიანა, რადგან მნიშვნელოვან სასამართლო პროცესზე
უნდა მივსულიყავი. მეორე დღეს, დილით ადრე, სახლში
მივაკითხე. გამოვიდა, დამინახა, თქვა „ჰო, ახლავე“ და უკან
შებრუნდა. დაახლოებით ნახევარი საათი მალოდინა, ნერვები
დამაწყდა. უკვე მზად ვიყავი, შევვარდნილიყავი სახლში და
საკუთარი ხელით გამომეთრია იქიდან. აღმოჩნდა, რომ რაღაც
რიტუალს ასრულებდა. რომ გამოვიდა, რაღაც მცენარეების
სუნი ასდიოდა. საშინლად მომიშალა ნერვები.
კათრადა: აჰა...
მანდელა: ნახევარი საათი მალოდინა!
10. საუბარი აჰმედ კათრადასთან 1960 წელს გამოცხადებულ
საგანგებო მდგომარეობაზე:
კათრადა: გადავედით შემდეგ მონაკვეთზე („გრძელი გზა
თავისუფლებისკენ“). შენ ამბობ: „როდესაც ციხეში ზიხარ, სულ
პატარა და უმნიშვნელო რამ გენატრება: ქუჩაში თავისუფლად
სეირნობა, მაღაზიაში შესვლა და გაზეთის ყიდვა, ლაპარაკი ან
უბრალოდ ჩუმად ყოფნა, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ის,
რასაც არჩევანის თავისუფლება ჰქვია. ყოველდღიურ
ცხოვრებაში მსგავს რაღაცებს ყურადღებას არ აქცევ და
მხოლოდ მაშინ აფასებ, როდესაც თავისუფლებას
შეგიზღუდავენ“. ამ საკითხზე გამომცემელი გვეკითხება: „არის
თუ არა საშუალება, რომ ამ წინადადების შემდეგ ის დაიწეროს,
თუ რა მოხდა იმ დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო?
მაგალითად ოჯახთან შეხვედრა?“

44
მანდელა: არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ერთადერთი, რაც
მოხდა ის იყო, რომ ქალაქში მანქანით გავიარე და ორჯერ
დამაჯარიმეს.
კათრადა: სიჩქარის გადაჭარბებისთვის?
მანდელა: არა, აკრძალულ ადგილას გაჩერებისთვის. ვინიმ
მითხრა, რომ საჭესთან აღარასოდეს დაჯდებოდა.
11. საუბარი აჰმედ კათრადასთან რივონიას ფერმაში
აღმოჩენილი სამხილების შესახებ, რომლებიც მანდელას
წინააღმდეგ იქნა გამოყენებული:
კათრადა: მახსოვს, პრეტორიაში ჩამოვედი შენს სანახავად. ჯო
სლოვოც მახლდა.
მანდელა: კი, მეც მახსოვს.
კათრადა: თავდაპირველად უარი თქვეს, მაგრამ შემდეგ ჯომ
თქვა: „ეს ჩემი დაცვის მოწმეა, ამიტომ საკითხი აუცილებლად
უნდა განვიხილოთ“. შუა ლაპარაკში შენ რივონია გაგახსენდა,
სადაც შენი ნივთები იყო დარჩენილი. ჯომ კი გითხრა: „ნუ
ღელავ, იქ აღარაფერი დარჩა“.
მანდელა: (იცინის) ჰო, ვიცი, ვიცი.
კათრადა: (იცინის) აღარაფერი დარჩაო, მაგრამ საბოლოოდ
აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იპოვეს.
მანდელა: ჰო, ეგრე იყო.
12. საუბარი აჰმედ კათრადასთან მიწისქვეშეთში ყოფნის
შესახებ:
მანდელა: ასევე შეგვიძლია ვახსენოთ ის მნიშვნელოვანი
ადამიანები, რომლებიც ჩვენს მოძრაობასთან კავშირში არ
იყვნენ, მაგრამ დიდსულოვნებას იჩენდნენ და ყოველთვის
გვეხმარებოდნენ. სახელებს ნუ ვიტყვით, რადგან ისინი
კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვდნენ. ვიზიტების
დაგეგმვა იმას ნიშნავდა, რომ სხვადასხვა ადამიანს
შევხვდებოდი და თუ ვიტყოდი, რომ, მაგალითად, შეხვედრა
მქონდა ფორდსბურგში, ეს შეხვედრა მართლაც იმართებოდა.
ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სწორედ ფორდსბურგში ვიყავი
და იქ ბენ ტუროკი და სხვები ვნახე, მაულვი კაჩალია კი ერთ-
ერთ ოჯახში მივიდა.

45
კათრადა: ვრედედორპში?
მანდელა: ჰო, ვრედედორპში და უთხრა: „აქ დღეს ერთი
პიროვნება მოვა. შეგიძლიათ, ერთი ოთახი მისცეთ?“ ისინი
წამსვე, დიდი ენთუზიაზმით დათანხმდნენ, რადგან მაულვის
დიდ პატივს სცემდნენ. ჰოდა, გადავწყვიტე იმ სახლში
მივსულიყავი იმისათვის, რომ უბრალოდ მენახა როგორი
სახლი იყო და მეთქვა, რომ საღამოს დავბრუნდებოდი.
კომბინეზონი მეცვა, თმას კი იმ დროს საერთოდ არ
ვივარცხნიდი. კარზე რომ დავაკაკუნე, ქალბატონი გამოვიდა:
„დიახ, რა გნებავთ?“ - მკითხა. მე ვუპასუხე, რომ მაულვი
კაჩალიასგან ვიყავი, მან კი მომიგდო: „თქვენთვის ადგილი არ
მაქვს“ და კარი მოაჯახუნა (იცინის). ველური ადამიანი რომ
დაინახა, ეტყობა შეეშინდა.
13. საუბარი რიჩარდ სტენგელთან იმის შესახებ, თუ როგორ
დააპატიმრეს მანდელა 1962 წლის 5 აგვისტოს:
დიახ, ეს ჰოვიკში მოხდა. „ფორდმა“ ჩაგვიარა და გაჩერება
გვიბრძანა. ადგილი ძალიან კარგად შეარჩიეს: ჩვენგან
მარცხნივ, დახრილი კედელი იყო, აი ასეთი (ჟესტებით
აჩვენებს) და მეც მანქანის მარცხენა მხარეს ვიჯექი...
შესანიშნავ ფორმაში ვიყავი და ნებისმიერ კედელზე შემეძლო
აძვრომა, მაგრამ უკან რომ გავიხედე, კიდევ რამდენიმე მანქანა
დავინახე და მივხვდი, რომ გაქცევას აზრი არ ჰქონდა -
მესროდნენ. ამიტომ გავჩერდით. რამდენიმე წამში სამოქალაქო
ტანსაცმელში ჩაცმული მაღალი და გამხდარი მამაკაცი
მოგვიახლოვდა, საბუთი გვაჩვენა და გვითხრა, რომ სერჟანტი
ვორსტერი იყო. ძალიან კორექტულად, ზედმიწევნით
თავაზიანად საუბრობდა. „თუ შეიძლება თქვენი სახელი და
გვარი მითხარით“, - მომმართა მან. მე ვუპასუხე რომ დევიდ
მოტსამაი ვიყავი. „ნელსონ მანდელა არ ხართ?“, - კიდევ
ერთხელ მკითხა მან. „მე დევიდ მოტსამაი ვარ“, - ვუპასუხე.
„არა, თქვენ ნელსონ მანდელა ხართ, ეს კი - სესილ უილიამსია.
თქვენ დაპატიმრებული ხართ. ახლა უკან უნდა
მოვტრიალდეთ და პიტერმარიცბურგში წავიდეთ“. „კეთილი“, -
ვუპასუხე მე, მან კი მითხრა: „მოტრიალდით და წამომყევით.
მაიორი თქვენ მანქანაში ჩაჯდება“. ასეც მოვიქეცით.
ჯიბეში რევოლვერი მედო, რომლის ტარების უფლება არ
მქონდა. ჩვენი მანქანის წინა ორ სკამს შორის ძალიან პატარა
ადგილი იყო - სკამები თითქმის მიბჯენილი იყო ერთმანეთს და

46
სწორედ იქ დავმალე იარაღი. შემდეგ მას ბლოკნოტიც
მივაყოლე, თან უკანა სკამზე მჯდომ მაიორს ვესაუბრებოდი.
თავში აზრმა გამიელვა, კარი გამეღო და გადავმხტარიყავი,
მაგრამ გადავიფიქრე. იმ რაიონის რელიეფს კარგად არ
ვიცნობდი და ჩემი გაქცევა ახლა ავანტიურა იქნებოდა, ამიტომ
გადავწყვიტე, უკეთეს შანსს დავლოდებოდი. პოლიციის
განყოფილებაში რომ მივედით, საკანში მომათავსეს.
14. საუბარი აჰმედ კათრადასთან იმის შესახებ, თუ 1960 წლის
საგანგებო მდგომარეობის დროს დაკავებულ მანდელას როგორ
დართეს ნება, საკუთარ ოფისში მისულიყო:
კათრადა: იქ გვიანობამდე დავრჩი. პირველ სართულზე,
სასადილოში ჩავედი, ცოტა რომ მეჭამა და ჩემს სანახავად ვინი
რომ მოვიდა, პოლიციელმა ერთი-ორჯერ მზერა მოგვაცილა.
მასთან ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება მქონდა
დადებული. მე მას უსიამოვნებაში არ გავხვევდი და გაქცევას
არ შევეცდებოდი, ის კი გარკვეული დონის თავისუფლებას
მომცემდა“. აი ამაზე გამომცემლები გეკითხებიან:
„მოგვიანებით თქვენ ამბობთ, რომ გაქცევა გსურდათ და ეს
სურვილი საკმაოდ ძლიერი იყო. რა იყო ეს, აზრის შეცვლა თუ
შინაგანი გრძნობების კონფლიქტი?“
მანდელა: რთული სათქმელია. საქმე ისაა, რომ როგორც
პატიმარი, მე გაქცევის ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებდი,
მაგრამ როდესაც კონკრეტულ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა
და მას პატივს სცემ, მისი უსიამოვნებაში გახვევის არანაირი
სურვილი არ გაქვს.
15. საუბარი რიჩარდ სტენგელთან შეიარაღებული ბრძოლის
დაწყების შესახებ:
მანდელა: არსებობს ეტაპები, როდესაც თანამდებობაზე მყოფი
ადამიანი ხალხში უნდა გავიდეს, რადგან ორგანიზაციას ასე
სჭირდება. შენ იდეა გაქვს და შინაგანად გრძნობ, რომ ეს იდეა
ჭეშმარიტებას ემსახურება, მაგრამ შენ ხალხთან გაქვს საქმე,
ხალხი კი ძალიან ძლიერია. ამიტომ, თუ შენ რაიმე გინდა
გააკეთო და ნამდვილად იცი, რომ შენი ეს ნაბიჯი სწორი
იქნება, უკან არ უნდა დაიხიო. დრო და ადგილი
საგულდაგულოდ უნდა შეარჩიო და დარწმუნებული უნდა
იყო, რომ ისტორია შენს მხარეს იქნება.
სტენგელი: თუ შეგიძლიათ, დაწვრილებით მომიყევით, როგორ

47
გაჩნდა „უმხონტო ვე სიზვეს“ შექმნის იდეა. რივონიას
სასამართლოზე თქვენ ამ პროცესს ზედაპირულად აღწერთ.
1960 წლის ბოლოს თქვენ და თქვენი მეგობრები იმ დასკვნამდე
მიხვედით, რომ ძალადობა გარდაუვალი იყო. როგორ
ვითარდებოდა მთელი ეს პროცესი? პირადად ესაუბრეთ
ყველას და გადაწყვეტილება „მშრომელთა კომიტეტმა“ მიიღო?
როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
მანდელა: არა, სინამდვილეში ეს საკითხი მხოლოდ ვალტერ
სისულუსთან ერთად განვიხილე. როდესაც ვალტერი
საზღვარგარეთ აპირებდა გამგზავრებას, მე მას ვუთხარი:
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რომ ჩახვალ, უთხარი მათ,
რომ შეიარაღებული ბრძოლის დაწყება გვსურს და ამისთვის
იარაღი გვჭირდება“. მოგვიანებით, სოფიათაუნშიც ვილაპარაკე
ამ საკითხზე. ამის გამო საყვედური მითხრეს, მაგრამ მე
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სწორი სტრატეგია იყო.
შემდეგ, როდესაც იატაკქვეშეთში გადავინაცვლე, ვალტერ
სისულუს კიდევ ერთხელ ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ
საკითხი „მშრომელთა კომიტეტზე“ გაგვეტანა. ასეც
მოვიქეცით, მაგრამ იდეა არავის მოეწონა. მოუზეს კოტანემ,
რომელიც პარტიის მდივანი და „მშრომელთა კომიტეტის“
წევრი იყო, გამოთქვა მოსაზრება, რომ ამის დრო ჯერ არ იყო
დამდგარი: „მთავრობამ ბოლო დროს ძალიან მკაცრი ზომები
მიიღო, თქვენ კი კვლავ იმავეს ამბობთ. თქვენ სირთულეებმა
შეგაშინათ, ამიტომ ახლა რევოლუციურ ენაზე დაიწყეთ
ლაპარაკი და შეიარაღებული ბრძოლისკენ გვიბიძგებთ.
ვფიქრობ, კიდევ არის საშუალება, რომ ეფექტურად
ვიმოქმედოთ, თუ საკმარის ფანტაზიას და
მიზანმიმართულებას გამოვიჩენთ. თქვენ გსურთ, რომ მტერმა
ხალხი დახოცოს? ვფიქრობ, ამ საკითხზე სათანადოდ არც კი
გიმსჯელიათ“. აი, ასეთი რამ მითხრა და დანარჩენებმაც მხარი
დაუჭირეს. მოგვიანებით ვალტერს ამის შესახებ კიდევ
ერთხელ ვესაუბრე. წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ
მან ერთი სიტყვაც კი ვერ თქვა ჩვენი მოსაზრების დასაცავად
(იცინის). ის ყოველთვის ძალიან დიპლომატიური და, ამავე
დროს, სანდო ადამიანი იყო. მან მითხრა: „მე მას შეგახვედრებ
და თავად განიხილეთ ეს საკითხი“. მე იატაკქვეშეთში ვიყავი,
ამიტომ კოტანე თავად მოვიდა ჩემთან და მთელი დღე
ვისაუბრეთ. ამჯერად ძალიან გულახდილი ვიყავი. მე მას
ვუთხარი: „თქვენ ზუსტად ისე იქცევით, როგორც
კომუნისტური პარტია მოიქცა კუბაში. ისინი ამბობდნენ, რომ

48
რევოლუციის დრო ჯერ არ დამდგარა. ისინი ძველ მეთოდებს
მისდევდნენ - ლენინისა და სტალინის მეთოდებს. ჩვენ აქ
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.
სიტუაცია კი ისეთია, რომ უკვე დროა შეიარაღებულ ბრძოლაზე
ვიფიქროთ. ხალხი უკვე ქმნის სამხედრო დაჯგუფებებს და თუ
ჩვენ ამაში არ ჩავერთეთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ხალხს
არც რესურსები გააჩნია, არც გამოცდილება და არც
პოლიტიკური მექანიზმი. ერთადერთი ორგანიზაცია,
რომელსაც ამის განხორციელება შეუძლია, „აფრიკის
ეროვნული კონგრესია“, რადგან ის ხალხის მასებს
აკონტროლებს. თქვენ უნდა შეეცადოთ და შეცვალოთ
მიდგომა, რადგან თქვენ მიეჩვიეთ კანონიერი ორგანიზაციის
სათავეში ყოფნას და ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა
იმოქმედოთ უკანონობის პირობებში“. ასეთი პირდაპირი
იმიტომ ვიყავი, რომ მისი გამოწვევა მსურდა. გამოვიწვიე
კიდეც. მან მიპასუხა: „მე ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ
წამოწიე ეს საკითხი კიდევ ერთხელ“. ასეც მოვიქეცი, მან კი
თქვა: „მართალი გითხრათ, მე კვლავ ეჭვი მეპარება ამ
ყველაფერში, მაგრამ მოდით, შანსი მივცეთ. წამოაყენოს ეს
წინადადება აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე და ჩვენც
მხარი დავუჭიროთ“. ყველა დაეთანხმა. დურბანში რომ
ჩავედით და საკითხი „აფრიკის ეროვნული კონგრესის“
აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე წამოვაყენეთ, კიდევ
ერთი სირთულე შეგვხვდა: ბელადმა ალბერტ ლუთულიმ
სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენ ვიცოდით, ასე რომ
იქნებოდა, რადგან ალბერტ ლუთულისთვის არაძალადობა
პრინციპის საკითხი იყო, ჩვენთვის კი - ტაქტიკის, მაგრამ
სასამართლოზე ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყოდით.
სახელმწიფო ღალატისთვის რომ გვასამართლებდნენ, ჩვენ
განვაცხადეთ, რომ ძალადობას პრინციპულად
ვეწინააღმდეგებოდით. სინამდვილეში ჩვენ სხვაგვარად
გვჯეროდა: თუ სიტუაცია მოითხოვდა, რომ არაძალადობრივი
მეთოდებით გვემოქმედა, ასეც ვიქცეოდით, მაგრამ როდესაც
ყველა რესურსი ამოიწურებოდა, ძალადობაზე უნდა
გადავსულიყავით. ვიცოდით, რომ ბელადი ამის წინააღმდეგი
იქნებოდა და ასეც მოხდა... საბოლოოდ, ჩვენ ის მაინც
გადმოვიბირეთ.
16. საუბარი რიჩარდ სტენგელთან „უმხონტო ვე სიზვეს“
შექმნის შესახებ:

49
შემდეგ მათ თქვეს: „კეთილი. თქვენ დაგვარწმუნეთ და ჩვენ
ამის უფლებას გაძლევთ. შეგიძლიათ წახვიდეთ და
ჩამოაყალიბოთ ახალი ორგანიზაცია. შეგიძლიათ სხვებთანაც
ითანამშრომლოთ, მაგრამ ჩვენ, ანუ „აფრიკის ეროვნული
კონგრესი“, იმისათვის ვარსებობთ, რომ არაძალადობრივი
მეთოდებით ვიმოქმედოთ და ამ გადაწყვეტილების შეცვლა
მხოლოდ ეროვნულ კონფერენციას შეუძლია. ჩვენ ჩვენი
ორგანიზაციის პოლიტიკას არ ვღალატობთ“. აღმოჩნდა, რომ ეს
სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, როდესაც სახელმწიფომ
საბუთებს შეხედა, აღმოჩნდა, რომ ისინი ამ ყველაფერს მხარს
არ უჭერდნენ. ბელადი ლუთული, მოუზეს კოტანე, მონტი
ნაიკერი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ინდიელთა კონგრესის
თავმჯდომარე იყო, ამბობდნენ: „არ გვინდა ძალადობა, სჯობს
მშვიდობიანი მეთოდებით ვიბრძოლოთ“. ბოლოს კი, როდესაც
მათ ჩემი არგუმენტების წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყვეს,
მითხრეს: „კეთილი. შექმენით ახალი ორგანიზაცია. ჩვენ
სასჯელს არ დაგიწესებთ, რადგან კარგად გვესმის თქვენი და
გვესმის ის ყველაფერი, რის გამოც ამ გზით წასვლა
გადაწყვიტეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაში არ გავერევით.
ჩვენ კვლავ არაძალადობრივ გზას ვირჩევთ“. სახელმწიფომ
ვერაფერი მოიმოქმედა, ჩვენ კი ვთქვით: „ჩვენი მოსაზრების
დამამტკიცებელი საბუთი აი ეს არის“.
17. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
მანდელა: უნდა ითქვას, რომ ადამიანების რაოდენობა
კონკრეტულ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე იყო
დამოკიდებული. ძირითადად, ორგანიზაციის წევრები
საზღვარგარეთ გადიოდნენ მომზადებას, დროთა
განმავლობაში კი იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჯობდა ხალხი
იმ რეგიონებში მოგვემზადებინა, სადაც დავალებები უნდა
შეესრულებინათ. ამის განხორციელება ძალიან რთული იყო,
რადგან საქმე საკმაოდ ძლიერ მთავრობასთან გვქონდა. მას
ყველა რესურსი გააჩნდა იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის
ტერიტორია ზედმიწევნით კარგად ეკონტროლებინა. ასეთ
ვითარებაში კი ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანების
მომზადება შეგვეძლო.
კათრადა: კეთილი. გადავედით შემდეგ მონაკვეთზე („გრძელი
გზა თავისუფლებისკენ“). თქვენ ამბობთ: „უმხონტო ვე
სიზვეს“ უმაღლესი მეთაურების დავალებით 16 დეკემბერს,
დილით ადრე, ხელნაკეთი ყუმბარები იოჰანესბურგის, პორტ

50
ელიზაბეთისა და დურბანის ელექტროსადგურებთან და
სამთავრობო შენობებთან აფეთქდა. ამ დავალების
შესრულების დროს, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი
დაიღუპა. ეს იყო პირველი მსხვერპლი „უმხონტო ვე სიზვეს“
რიგებში.
მანდელა: ჰო, ეს პეტრუს მოლეფე იყო.
კათრადა: გამომცემელი გეკითხებათ, იყო თუ არა ეს „უმხონტო
ვე სიზვესთან“ დაკავშირებული პირველი მსხვერპლი და
გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას?
მანდელა: პირველი მსხვერპლი რომ იყო, ამას ისედაც ვამბობთ.
პასუხისმგებლობას კი, რა თქმა უნდა, ვგრძნობდით, რადგან
დაღუპული ჩვენი ჯარისკაცი იყო, ჩვენი კადრი. მისი
სიკვდილი იმის მანიშნებელი იყო, რომ ჩვენ ხალხი სათანადოდ
ვერ მოვამზადეთ. მიუხედავად ამისა, ეს ინციდენტი
ჩვეულებრივ მოვლენად მივიღეთ. საერთოდ, როდესაც
პოლიტიკური ბრძოლის ასეთ მეთოდს ირჩევ, მსგავსი
შემთხვევები გარდაუვალია.
18. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: ბელადმა ალბერტ ლუთულიმ საყვედური
გითხრათ იმის გამო, რომ თქვენ „უმხონტო ვე სიზვეს“
ჩამოყალიბებისას მას რჩევა არ ჰკითხეთ. ეს ამ მოგზაურობის
დროს მოხდა თუ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ?
მანდელა: არა, არა. ეს მანამდე მოხდა, სანამ
გავემგზავრებოდით. საქმე ისაა, რომ ბელადს უბრალოდ
დაავიწყდა. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ საკმაოდ
ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა „აფრიკის ეროვნული
კონგრესის“ აღმასრულებელ საბჭოსთან და სწორედ იქ
განვიხილეთ ბრძოლის შეიარაღებულ მეთოდებზე გადასვლის
საკითხი. ბელადი ამის წინააღმდეგი იყო და ჩვენც მის აზრს
დავემორჩილეთ, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც კიდევ ერთი
შეხვედრა შედგა, მან გვითხრა: „კეთილი, მეგობრებო, ჩვენ
გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალადობაზე უნდა გადავიდეთ და
ამისათვის ჯარის ჩამოყალიბებაა საჭირო, მაგრამ მსურს ერთი
რამ გთხოვოთ: ისე მოვიქცეთ, თითქოს ეს გადაწყვეტილება
„აფრიკის ეროვნულ კონგრესს“ არ მიუღია“. ჩვენ ამაზე
დავთანხმდით და მთელი ღამე იმაზე საუბარში გავატარეთ,
თუ როგორ უნდა დაგვეწყო ახალი ორგანიზაციის

51
ჩამოყალიბება. ასე რომ, ბელად ლუთულის ეს უბრალოდ არ
ახსოვს. ის ავად იყო და ალბათ ამიტომ დაავიწყდა. ჩვენ მასთან
ეს საკითხი დაწვრილებით განვიხილეთ.
19. საუბარი აჰმედ კათრადასთან ველური ბუნების შესახებ:
კათრადა: იოჰანესბურგის ზოოპარკში თუ ყოფილხართ
ოდესმე?
მანდელა: კი, კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ცხოველი
მინახავს იქ.
კათრადა: მაგრამ, კრუგერის ეროვნული პარკი იმ დროს,
როგორც ვიცი, არ გინახავთ?
მანდელა: არა. კრუგერის ეროვნული პარკი მხოლოდ ციხიდან
გამოსვლის შემდეგ ვნახე. თავად თუ ხარ იქ ნამყოფი?
კათრადა: კი. გასულ დეკემბერს ვიყავი. არა ამ დეკემბერს,
არამედ გასული წლის.
მანდელა: რა ნახე?
მანდელა: თავდაპირველად, ვერაფერიც ვერ ვნახე. საქმე ისაა,
რომ ნაწვიმარი იყო და რადიოში გამოაცხადეს, ასეთ დროს იქ
მისვლას აზრი არ აქვს: წვიმის შემდეგ ცხოველები კიდევ დიდი
ხნის განმავლობაში არ უბრუნდებიან ჩვეულ ადგილებსო.
მანდელა: ჰო, ეგ მართალია.
კათრადა: ასე რომ, არაფერიც არ გვინახავს.
მანდელა: ამპალაში, ცხოველის მოკვლა საშინელი
მკვლელობის ტოლფასია. ისინი მიჩვეულები არიან ადამიანებს
და ბოლომდე ენდობიან მათ. შეუძლიათ ახლოს მოვიდნენ და
გიყურონ. არ გარბიან. მე ვერასოდეს შევძლებ, რომ მათ
ვესროლო.
20. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: ქრისტეს ანალოგია მანამდე ან მას შემდეგ თუ
გამოგიყენებიათ?
მანდელა: დიახ, დიახ, მგონი გამომიყენებია. ზუსტად არ
მახსოვს, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენებდი.
სტენგელი: შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ ხედავთ ამ
ანალოგიას?

52
მანდელა: მშვიდობიან მეთოდებს გამოიყენებ თუ
ძალადობრივს, ეს შექმნილ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
ძალა ქრისტემაც გამოიყენა, რადგან იმ კონკრეტულ
შემთხვევაში ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. სწორედ ამიტომ
არ არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ძალის
გამოყენება საერთოდ არასოდეს არ შეიძლება. ყველაფერი
შექმნილ სიტუაციაზეა დამოკიდებული. აი, ასე მივუდგებოდი
მე ამ საკითხს.
სტენგელი: ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან ქრისტე
იძულებული იყო ძალა გამოეყენებინა, ამიტომ ძალადობა,
გარკვეულწილად, ქრისტიანულია?
მანდელა: ძალას ყველა იყენებს. არსებობს მომენტები,
როდესაც წინსვლის, პრობლემების გადაჭრის ერთადერთი
საშუალება ძალის გამოყენებაა. მშვიდობიანი ხერხები ამ დროს
არაადეკვატური ხდება. ამას ისტორია გვასწავლის.
საუკუნეების განმავლობაში დედამიწის ყველა კუთხეში ასე
ხდებოდა.

თავი მეხუთე. მღელვარე სამყარო


1. ნაწყვეტები დღიურიდან, რომელიც მანდელამ 1962 წელს
აფრიკის ქვეყნებსა და ლონდონში მოგზაურობისას დაწერა:
17 იანვარი, 1962
საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა კიდევ ერთხელ
მომინახულა და გამაფრთხილა, ქუჩაში გასვლისგან
მაქსიმალურად შევიკავო თავი, რადგან ძალიან დიდი
ალბათობაა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის პოლიციამ გამიტაცოს.
შესაძლოა, მართლაც არსებობდეს ამის საშიშროება, მაგრამ
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ოფიცერს უბრალოდ
სურს, ბეჩუანალენდის პროტექტორატში რაც შეიძლება მეტ
ადამიანს შევხვდე.
29 იანვარი, 1962
ეთიოპიის საელჩოში ვიზის საკითხზე დავრეკე. გზად
საკონფერენციო დარბაზი გავიარეთ და გამაფრთხილეს, რომ
სახე დამეფარა, რათა კოლინ ლეგუმს არ დავენახე.
15 აპრილი, 1962

53
დღე მშვიდად გადის. სასტუმროს ნომერში ვარ და წიგნებს
ვკითხულობ.
19 აპრილი, 1962
ფრითაუნიდან მონროვიაში მივფრინავ. აეროპორტი
რობერტსფილდი ქალაქიდან 48 კილომეტრის მოშორებითაა.
მონროვიის მთავარ სასტუმროში დავბინავდი.
20 აპრილი, 1962
მთელი დღე კითხვაში გავატარე.
23 აპრილი, 1962
დღე მშვიდად გადის. სასტუმროში ვარ და ვკითხულობ.
25 აპრილი, 1962
14.00
პრეზიდენტს შევხვდი. მან მითხრა, რომ ლიბერიელი ხალხი
ყველა ღონეს იხმარს, რათა სამხრეთ აფრიკელებს
თვითგამორკვევისთვის ბრძოლაში დაეხმაროს. ბელად
ალბერტ ლუთულისთან მოკითხვა დამაბარა.
26 აპრილი, 1962
აკრაში უნდა გავმგზავრებულიყავი, მაგრამ თვითმფრინავზე
დავაგვიანე. გაფრენა ერთი დღით გადაიდო. ბილეთი საღამოს 9
საათისთვის დავჯავშნე.
5 მაისი, 1962
ოლივერ თამბომ დამირეკა და მითხრა, რომ 7 მაისს ჩამოვა.
სტოკჰოლმიდან დარეკა.
7 მაისი, 1962
ოლივერ თამბო შუადღისთვის ჩამოვიდა. საღამოს რვის
ნახევარზე აფრიკის მისიის ხელმძღვანელს შევხვდით და
მასთან სასიამოვნოდ ვისაუბრეთ.
27 მაისი, 1962
ლაგოსიდან, მონროვიის გავლით, კონაკრიში გავფრინდით.
„პან ამის“. თვითმფრინავი აკრაში 45 წუთით გაჩერდა, დღის 12
საათზე კი უკვე მონროვიაში ვიყავით. მონროვიის მთავარ
სასტუმროში მივდივართ.

54
1 ივნისი, 1962
დაკარში ვართ. სასტუმრო „ოტელ დე ლა პეში“ გავჩერდით.
7 ივნისი, 1962
კომპანია BOAC-ის თვითმფრინავით ლონდონში მივფრინავთ.
15 ივნისი, 1962
ჟურნალ „ობზერვერის“ მთავარ რედაქტორს, დევიდ ასტორს
შევხვდით. საუბარს მაიკლ სკოტი და კოლინ ლეგუმიც
ესწრებიან. მე მათ სამხრეთ აფრიკაში არსებულ ვითარებას
ვუხსნი. ყველა მოწიწებით საუბრობს და ერთმანეთის მიმართ
საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
16 ივნისი, 1962
სამხრეთ აფრიკაში გადაღებულ კადრებს ვუყურებ.
18 ივნისი, 1962
ოლივერ თამბოსთან ერთად BOAC-ით ხარტუმში მივფრინავ.
საღამოს 6 საათისთვის ალპებს გადავუფრინეთ, შვიდზე კი
რომში ვიყავით.
26 ივნისი, 1962
რვის ოც წუთზე ადის აბებაში ჩავედით და სასტუმრო „რასში“
დავბინავდით.
29 ივნისი, 1962
პირველი ლექცია ასაფეთქებელი სამუშაოების შესახებ.
ინსტრუქტორი - ლეიტენანტი ბეფეკადუ.
30 ივნისი, 1962
პრაქტიკული მეცადინეობა.
1 ივლისი, 1962
მთელ დღეს წერილების წერაში ვატარებ.
7 ივლისი, 1962
ლეიტენანტმა ბეფეკადუმ რესტორანში წამიყვანა და
ეროვნული კერძები გამასინჯა.
8 ივლისი, 1962

55
პოლკოვნიკი ტადესი, ლეიტენანტი ბეფეკადუ და მე ქალაქის
პატარა რესტორანში ვსადილობთ, მოგვიანებით კი კინოში
მივდივართ.
2. საუბარი აჰმედ კათრადასთან აფრიკის ქვეყნებში
მოგზაურობის შესახებ:
კათრადა: შემდეგ ეს მოდის: „გასაფრენად უკვე მზად ვიყავით
და ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი ბეჩუანალენდის
ქალაქი კასანე იყო. მას სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა:
სწორედ აქ ხვდებოდა ერთმანეთს აფრიკის სამხრეთის
რამდენიმე სახელმწიფო. ესენია ანგოლა, ჩრდილოეთი და
სამხრეთი როდეზია და სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა. ეს
ქვეყნები სწორედ ამ სახელწოდებებით იყო მაშინ ცნობილი“.
გამომცემელს აინტერესებს, იყო თუ არა ეს თქვენი პირველი
მოგზაურობა თვითმფრინავით?
მანდელა: დიახ.
კათრადა: სულ პირველი?
მანდელა: არა, არა, არა. არ იყო პირველი. 1952 წლის
დაუმორჩილებლობის კამპანიის დროს რამდენჯერმე
ვიმგზავრე თვითმფრინავით: პორტ ელიზაბეთში გავფრინდი.
კათრადა: გამომცემლის შეკითხვა ასეთია: „თუ ეს თქვენი
პირველი ფრენა იყო, შიში ხომ არ გამოგიცდიათ? რა ტიპის
თვითმფრინავით იმგზავრეთ? შეიძლება ტრივიალურად
ჟღერდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანური მომენტები
მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს“.
მანდელა: არა, ეს პირველი ფრენა არ იყო, მაგრამ რამდენიმე
უსიამოვნო მომენტი მაინც იყო. პატარა თვითმფრინავით
ვიყავით. ძლიერ წვიმასა და ქარიშხალში მოვყევით და კასანეს
რომ მივუახლოვდით, ერთი ასაფრენი ბილიკი სრულიად
დატბორილი იყო, მეორეზე კი ველური ცხოველები
დასეირნობდნენ - სპილოები და ზებრები, ამიტომ, დაჯდომა
შეუძლებელი იყო... მფრინავმა სასტუმროს დაბალ სიმაღლეზე
გადაუფრინა და ასეთი ხერხით ანიშნა მის მეპატრონეს, რომ
სხვაგან, იმ ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, ვაპირებდით
დაჯდომას. სასტუმროს მეპატრონე გვიან დაბრუნდა და თქვა,
რომ გზაზე რამდენიმე სპილო იწვა, ამიტომ ის იძულებული
იყო, დალოდებოდა, სანამ ცხოველები წავიდოდნენ. უკვე
შებინდებული იყო, სასტუმროში რომ მივდიოდით, გზაში

56
ერთი მძინარე ძუ ლომიც შეგვხვდა. ეს იყო ჩემი პირველი
კონტაქტი ველურ ბუნებასთან. ღამით ლომები ისე
ღრიალებდნენ, რომ ფანჯრები ზანზარებდა. გარეთ გასვლას
ვერავინ ბედავდა.
3. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ეთიოპიის იმპერატორ ჰაილე
სილასიესთან შეხვედრის შესახებ:
სტენგელი: მომიყევით, თუ შეიძლება, იმპერატორ სილასიეს
შესახებ. თქვენ მას შეხვედრიხართ, ასე არ არის?
მანდელა: შთამბეჭდავი პიროვნება იყო, ძალიან შთამბეჭდავი.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის
მიერ ფორმალური რიტუალის შესრულებას შევესწარი. მას
სამხედრო ფორმა ეცვა, შემოვიდა და თავაზიანად დაგვიკრა
თავი. ეს არ იყო ტრადიციული მისალმება. ის წელგამართული
იდგა და მხოლოდ თავი დაგვიკრა, შემდეგ კი სკამებისკენ
მიგვანიშნა. ის ამჰარულად საუბრობდა და კონფერენციის
დასრულების შემდეგ ყველა დელეგაციას სათითაოდ შეხვდა.
ოლივერ თამბომ მთხოვა, ჩვენი სახელით მე მიმემართა.
იმპერატორს სამხრეთ აფრიკაში არსებული სიტუაციის შესახებ
მოკლედ ვუამბე. ის თავის სკამზე იჯდა და გარინდული
მისმენდა. სახის გამომეტყველებაც კი არ შეცვლია, ძეგლივით
იყო... სამხედრო აღლუმს რომ დავესწარით, ჰაილე სილასიეს
კიდევ ერთხელ შევხვდით. სწორედ ეს შეხვედრა იყო საოცრად
შთამბეჭდავი. ის ჯარისკაცებს აჯილდოებდა - სამხედრო
სასწავლებლების კურსდამთავრებულებს. ძალიან კარგად იყო
ყველაფერი ორგანიზებული. იმპერატორს ღირსეულად ეჭირა
თავი. რამდენიმე სამხედრო პირი მან მედლებითაც
დააჯილდოვა. ცერემონიას ამერიკელი და სხვა ქვეყნების
სამხედრო მრჩევლებიც ესწრებოდნენ. იმპერატორმა მედლები
მათაც გადასცა. განსაკუთრებით საინტერესო ჩემთვის იმის
ხილვა იყო, თუ როგორ უახლოვდებოდნენ თეთრკანიანები
შავკანიან მონარქს და მოწიწებით უხრიდნენ თავს.
4. საუბარი აჰმედ კათრადასთან სამხედრო წვრთნების შესახებ:
კათრადა: ისევ იმევე გვერდზე ვართ („გრძელი გზა
თავისუფლებისკენ“) და გამომცემელს აინტერესებს:
„ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებაში თუ დაოსტატებულხართ?
უჯდას გარდა კიდევ სადმე თუ გაგივლიათ სამხედრო
მომზადება?“

57
მანდელა: ჰო, უჯდაში ნამდვილად ვიყავი, მაგრამ ეთიოპიაში
ეს ყველაფერი კიდევ უფრო დავხვეწე: სხვადასხვა სახის
ცეცხლსასროლი იარაღის ხმარება ვისწავლე. გაჩერებულ და
მოძრავ ობიექტებს ვესროდით: მიზანი გამოჩნდებოდა და
წამსვე იმალებოდა, შემდეგ სწრაფად მოძრაობდა... ეს
მომზადება სწორედ ეთიოპიაში გავიარე... გამძლეობაშიც
გვცდიდნენ. ძალიან მძიმე ზურგჩანთა უნდა მოგეკიდა, წელზე
ვაზნები უნდა შემოგეხვია, ამას კიდევ რამდენიმე ნივთი და
იარაღიც ემატებოდა და ასე აღჭურვილს უნდა გევლო მთებში.
საოცრად დამღლელი ვარჯიში იყო.
5. საუბარი აჰმედ კათრადასთან იარაღის ხმარების შესახებ:
კათრადა: შემდეგ წვრთნების შესახებ გიწერიათ: „იარაღი,
მანამდე არასოდეს მიხმარია, მაგრამ ალღო ადვილად ავუღე.
დავუმიზნე, გავისროლე და მახსოვს, რომ კლდეს მტვერი
აუვიდა. ინსტრუქტორების რეაქციამ გამაკვირვა. მათ არაბულ
ენაზე რაღაც დაიყვირეს, შემდეგ ჩემთან მოვიდნენ და შემაქეს.
აღმოჩნდა, რომ მიზანს ზუსტად გავარტყი, მაგრამ ეს
უბრალოდ გამართლების ამბავი იყო: ამის შემდეგ კიდევ
რამდენჯერმე ვისროლე და ყველა ეს გასროლა წარუმატებელი
აღმოჩნდა“.
მანდელა: ოდნავ არაზუსტია. პირველი გასროლა
წარუმატებელი იყო. მეორე ჯერზე გავარტყი მიზანს. აქ
მანძილიც გასათვალისწინებელია, რადგან ჩემსა და მიზანს
შორის საკმაოდ ფართო მდინარე მიედინებოდა. მეორედ რომ
გავისროლე, ოდნავ ავაცილე, ეს კი სრულიად საკმარისი იყო
ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ეჭირა
ხელში იარაღი. მგონი ადრეც გითხარი, თუ როგორ მასწავლიდა
ერთი ტიპი. მან ინგლისური სრულებით არ იცოდა. მხოლოდ
არაბულად ლაპარაკობდა. მან საკმაოდ მძიმე მაუზერი აიღო და
მაჩვენა, რომ იარაღისთვის ხელი მაგრად უნდა ჩამეჭიდა,
შემდეგ კი ფეხი დააბაკუნა მიწაზე და ამით მიმანიშნა, რომ
მყარად უნდა დავმდგარიყავი. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ
გასაგებად მიხსნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური
სრულებით არ იცოდა. კარგი ტიპი იყო. მიზანს კი მაინც ვერ
გავარტყი. ოდნავ ავაცილე.
6. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
კოლონიალისტების მიერ გაძარცვული ეგვიპტე უძველესი
კულტურისა და ხელოვნების მხრივ კვლავ უმდიდრეს ქვეყნად

58
რჩება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი, რომ
პირამიდები, სფინქსი და ამ ქვეყნის მმართველი ყველაზე
ძლიერი ფარაონის, რამზეს მეორის ბალზამირებული სხეული
მენახა. მთელი დღე მუზეუმში გავატარე და დეტალური
ჩანაწერები გავაკეთე საკუთარ ბლოკნოტში, მოგვიანებით კი
ოლივერ თამბომ გიზაში წამიყვანა, სადაც ქვის კოლოსალური
სტრუქტურა ვნახეთ - ნაგებობა ოთხკუთხედი ძირით,
რომელიც მყარად იყო ჩარგული მიწაში, დახრილი კედლები კი
კენწეროში ერთდებოდა და ეს ყველაფერი გიგანტური ქვის
ბლოკებით იყო აშენებული.
მოგვიანებით, ოლივერმა მდინარეზე გასეირნება შემომთავაზა.
ნაპირზე მდგომნი გაოცებულნი ვუყურებდით, როგორი
მანევრი შეასრულა ნავზე მჯდომმა დაახლოებით 9 წლის
ბიჭუნამ, რის გამოც ჩვეულებრივ მშვიდსა და აუღელვებელ
თამბოს თვალები გაუფართოვდა: „თქვენ გინდათ თქვათ, რომ
ამ პატარა ბიჭმა უნდა გვატაროს? არავითარ შემთხვევაში!“,
წამოიძახა მან და ერთი-ორი ნაბიჯით უკან დაიხია. თუმცა,
ცოტა ხანში, როდესაც ბიჭი მოზრდილმა მამაკაცმა შეცვალა,
გულზე მოგვეშვა და შემდეგი რამდენიმე საათის
განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გრძელ მდინარეზე
სეირნობით საოცრად ვისიამოვნეთ.
ჩემი მთავარი მიზანი იმ ხალხის ნახვა იყო, რომელმაც
ქრისტეშობამდე 5 000 წლით ადრე ასეთი საოცარი
ცივილიზაცია შექმნა. ეს ინტერესი მხოლოდ
ცნობისმოყვარეობა არ იყო. აფრიკელი მოაზროვნეებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მოსაზრების გაბათილება,
რომელსაც თეთრკანიანი პროპაგანდისტები ავრცელებდნენ და
რომლის მიხედვით, მსოფლიო ცივილიზაცია ევროპიდან
წამოვიდა და ჩვენი კულტურა მათსას ვერც კი შეედრება.
ამისთვის კი მეცნიერულად დამტკიცებული მასალა იყო
საჭირო. ამ საკითხზე მუზეუმის ერთ-ერთ კურატორს
ვესაუბრე, მაგრამ მას ძალზე მწირი ინფორმაცია ჰქონდა და
ძალზე ფრთხილად საუბრობდა. მან ჩემი ყურადღება
რამდენიმე თეორიაზე გაამახვილა და ამისთვის მისი
მადლობელი ვარ, მაგრამ როდესაც მუზეუმიდან გამოვედი,
ვიგრძენი, რომ ცოდნა ოდნავაც არ მომმატებია.
7. საუბარი რიჩარდ სტენგელთან თავისუფლებისთვის
მებრძოლი ალჟირელების შესახებ:

59
მანდელა: მოსტეფაი? დიახ, დიახ, ის მაროკოში ალჟირის
დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
სტენგელი: ...და იგი თქვენ საკმაოდ დიდხანს გესაუბრათ, ასე
არ არის?
მანდელა: დიახ, რამდენიმე დღის განმავლობაში. „ალჟირის
რევოლუციის მიმოხილვა“ ნამდვილი შედევრი იყო და ამ
სიტყვის სულაც არ შემეშინდება. ცხოვრებაში ძალიან
იშვიათად შევხვედრივარ დოქტორ მოსტეფაის მსგავს
ადამიანს.
სტენგელი: მართლა? უფრო დაწვრილებით მიამბეთ, თუ
შეიძლება.
მანდელა: ...მან ალჟირის რევოლუციის ისტორიაზე წაგვიკითხა
ლექცია - როგორ იწყებდნენ, რა პრობლემები ჰქონდათ.
თავდაპირველად მათ მიაჩნდათ, რომ ფრანგების დამარცხება
ბრძოლის ველზე იყო შესაძლებელი. ისინი ვიეტნამის
მოვლენებით იყვნენ შთაგონებული. ისინი თვლიდნენ, რომ
მხოლოდ თავიანთი სამხედრო ფორმების დიზაინით
შეძლებდნენ გამარჯვებას, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს ასე
არ იყო. ისინი პარტიზანულ ომზე გადავიდნენ და ფორმებიც
შეცვალეს, რადგან ამას ბრძოლის სტრატეგია მოითხოვდა.
ვიწრო შარვლები და მსუბუქი ფეხსაცმელი ეცვათ. საკმაოდ
საინტერესო უნიფორმა იყო. ცოტა ხანში მათ ფრანგები
ინტენსიურად აამოძრავეს.
ალჟირელები ტუნისის მხრიდან უტევდნენ, რის გამოც
ფრანგებს ჯარი დასავლეთის მხრიდან გადმოჰყავდათ -
მაროკოს საზღვრის მხრიდან, მაგრამ ალჟირელებს მარკოშიც
ჰყავდათ შეიარაღებული ხალხი. რაზმები უშუალოდ ალჟირშიც
მოქმედებდნენ, მაგრამ ძირითადი ბრძოლა სწორედ
ტუნისიდან და მაროკოდან მიმდინარეობდა. მოკლედ,
როდესაც ალჟირელები ტუნისიდან უტევდნენ, ფრანგებს მათ
შესაჩერებლად მაროკოს საზღვრიდან მოჰყავდათ ჯარი და ამ
დროს ალჟირელები მარკოდან იწყებდნენ შეტევას. ფრანგები
კვლავ დასავლეთისკენ ბრუნდებოდნენ და ახლა ალჟირელები
ტუნისიდან უტევდნენ. აი ასეთ დღეში ჰყავდათ საფრანგეთის
ჯარი.
სტენგელი: სამხრეთ აფრიკისთვისაც ხომ არ განგიხილავთ
მსგავსი ტაქტიკა?

60
მანდელა: ყოველ შემთხვევაში, ეს ის ინფორმაცია იყო, რომლის
მიხედვითაც საკუთარ ტაქტიკაზე შეგვეძლო გვემუშავა.
8. ნაწყვეტები დღიურიდან 1962 წელს ალჟირის
განმათავისუფლებელ ფრონტთან ერთად მაროკოში გავლილი
წვრთნების შესახებ:
მაროკო
18/3
რობერტ რეშასთან ერთად რაბათიდან გავდივარ და ალჟირის
საზღვართან მდებარე სოფელ უჯდაში მივემგზავრები, სადაც
ალჟირის განმათავისუფლებელი ფრონტის შტაბ-ბინაა
განლაგებული. მატარებელზე ვსხდებით და 19 მარტს, დილის 8
საათზე უკვე ადგილზე ვართ.
19/3
სადგურში ერთ-ერთი ოფიცერი გვხვდება და შტაბ-ბინაში
მანქანით მივყავართ. ადგილზე რომ მივედით, ფრონტის
პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, აბდელჰამიდ
ბრაჰიმიმ მიგვიღო. შეხვედრას ასევე სი ჯამალი, ქემალ
აბდერაჰმანი, ლარბი ბელხეირი და ნურედინ ჯუდი ესწრებიან.
იწყება სამხრეთ აფრიკაში არსებული სიტუაციის ზოგადი
მიმოხილვა და ჩვენი მასპინძლებიც გულდასმით გვისმენენ,
პარალელურად კი შეკითხვებს გვისვამენ. მოგვიანებით
შეხვედრა წყდება და ყველანი საწვრთნელი პოლიგონების
სანახავად მივდივართ. 16 საათზე, ნურედინ ჯუდისთან და
კიდევ ერთ ოფიცერთან ერთად, ზეგანგანის საწვრთნელ
ბაზაზე გავემგზავრეთ, რომელიც ყოფილი ე.წ. ესპანური
მაროკოს ტერიტორიაზე მდებარეობს. გზაში ორი საათი
გავატარეთ, ადგილზე მისულებს კი ბაზის მეთაური სი ჯამალი
დაგვხვდა. მან მუზეუმი დაგვათვალიერებინა, სადაც ალჟირის
განმათავისუფლებელი ფრონტის კუთვნილი სხვადასხვა
სახის საინტერესო იარაღი და აღჭურვილობა იყო გამოფენილი.
ყველაზე ძველი ექსპონატი 1954 წლის 1-ლი ნოემბრის
აჯანყების დროინდელი იყო.
სადილის შემდეგ თეატრში მივდივართ, სადაც მუსიკალური
წარმოდგენა იმართება. ძირითადი თემა ალჟირში ფრანგული
მმართველობის საწინააღმდეგო პროპაგანდაა. კონცერტის
შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებით და ვიძინებთ.

61
21/3
ალჟირის განმათავისუფლებელი ფრონტის ტიპოგრაფიაში
ვიზიტის შემდეგ ორი ოფიცრის თანხლებით ბულეკერში
მივემგზავრებით. თავდაპირველად ჩრდილოეთის დივიზიის
შტაბს ვესტუმრეთ. ის ყველაზე სტრატეგიულ ადგილას
მდებარეობს და ამიტომ საგულდაგულოდ არის დაცული.
ადგილზე მისულებს კურდღლის ხორცით და ცხელი პურით
გაგვიმასპინძლდნენ.
ამის შემდეგ უშუალოდ ალჟირის საზღვართან მდებარე ერთ-
ერთი ბატალიონის შტაბში წავედით, სადაც საგანგებოდ
აგებული მიწურები დავათვალიერეთ. ამ ბაზის გარშემო
უამრავი ლტოლვილი ცხოვრობს და მათი გამომეტყველება
საოცრად გულისამაჩუყებელია. მოგვიანებით უჯდაში
ვბრუნდებით, სადაც კიდევ ერთი დისკუსია გველის.
შეხვედრა 18.30-ზე იწყება, 21.45-ზე კი კვლავ რაბათში უნდა
დავბრუნდეთ. 21.30-ზე იმის გამო, რომ დაგეგმილი საქმის
მეოთხედიც კი ვერ გავაკეთეთ, გადაწყდა, რომ დედაქალაქში
მეორე დღეს, მანქანით გავემგზავრებოდით.
9. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
კაპიტანმა ლარბი ბელხეირმა კიდევ ერთი საინტერესო
მოსაზრება გამოთქვა: ქვეყნის ელიტა იმაში უნდა
დავარწმუნოთ, რომ ხალხის მასა, რაც არ უნდა ღარიბი და
გაუნათლებელი იყოს ის, სახელმწიფოს მთავარი ინვესტიციაა.
ყველა იმ საქმიანობაში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება,
ინტელიგენციასთან ერთად მასებიც უნდა იყოს ჩართული -
გლეხები, მუშები და ქალაქებში მოღვაწე ადამიანები.
მნიშვნელოვანი კიდევ ერთი რამ არის: ხალხის მასები უნდა
დავარწმუნოთ იმაში, რომ გაფიცვები, ბოიკოტები და სხვა
მსგავსი პოლიტიკური ქმედებები არაეფექტური გახდა და
პოლიტიკური აქტივობის ყველაზე მისაღები ფორმა - მუშაობაა.
10. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
პოლიტიკური ცნობიერება მასების მხარდაჭერის,
მობილიზებისა და ჯარის ჩამოყალიბების საქმეში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა პრაქტიკული მხარეც
არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქალბატონს,
რომელიც თავად პოლიტიკურად აქტიური და განათლებული
არ არის, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია

62
რევოლუციისთვის, თუ მისი შეყვარებული, ქმარი ან
ვაჟიშვილი ჯარში ირიცხება. გარდა ამისა, ყურადღება უნდა
მიექცეს იმას, რომ თითოეულმა სოფელმა საკუთარი
ინიციატივა დამოუკიდებლად გამოავლინოს.
არსებობს მაგალითი, როდესაც ერთ-ერთი სოფლის
მაცხოვრებლებმა ალჟირის განმათავისუფლებელი
ფრონტისგან დამოუკიდებლად შეუტიეს ერთ-ერთ ფრანგულ
საგუშაგოს. კიდევ ერთ სოფელში ხალხმა საკუთარი
ინიციატივით მიწისქვეშა გვირაბი გათხარა.
ცნობილია ასევე, რომ ალჟირის განმათავისუფლებელი
ფრონტი ერთ დროს თავის ჯარისკაცებს დაქორწინებას
უკრძალავდა, მაგრამ მოგვიანებით, ამ კანონში შესწორება იქნა
შეტანილი და სამხედროებს ცოლის მოყვანის უფლება მიეცათ.
ეს გადაწყვეტილება ეფექტური გამოდგა, რადგან
სამხედროებზე დაქორწინებული ქალბატონები და მათი
ოჯახების წევრები ავტომატურად ხდებოდნენ ფრონტისა და
რევოლუციის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები.
11. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
რევოლუციური არმიის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე
სასიცოცხლო მნიშვნელობის მომენტია გასათვალისწინებელი.
მეგობარი ქვეყნების მიერ გაწეული დახმარება ძალიან
მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს დიდი გეგმის მხოლოდ
ერთი ნაწილია. მთავარი საკუთარი სკოლების დაარსებაა, ეს
სკოლები კი, თავის მხრივ, საწვრთნელ ბაზებს შექმნიან
როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებზე.
კადრების მომზადება მუდმივი პროცესი უნდა იყოს, რადგან
ბრძოლა დანაკარგის გარეშე არ არსებობს. საჭირო მომზადების
გარეშე რევოლუცია დამარცხდება და მტერსაც საკუთარი
თავის რწმენა გაუმყარდება. დასაწყისშივე უნდა მოახდინო
იმის დემონსტრირება, რომ შენი ძალა სულ უფრო და უფრო
მატულობს.
საჭიროა ასევე ორიგინალობისა და მოქნილობის გამოჩენა,
წინააღმდეგ შემთხვევაში, მტერი სასტიკად დაგამარცხებს.
გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ, რაც უფრო ხანგრძლივია
ომი, მით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ხოლო ვინც ცოცხალი
რჩება, იღლება.

63
12. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
რევოლუციონერების ეფექტურმა და წარმატებულმა შეტევებმა
ალჟირელ ხალხს ღირსების გრძნობა დაუბრუნა. ალჟირელებმა
ზონური რაზმები შექმნეს და თითოეულ ასეთ რაზმს თავისი
ფუნქცია ჰქონდა. მათ ქმედებებს არანაირი ეკონომიკური
უპირატესობა არ გააჩნია, მაგრამ ისინი საოცრად ეფექტურია
ხალხის საბრძოლო ხასიათის ამაღლების საქმეში. ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ ეს ქმედებები წარუმატებლად არ
მთავრდებოდეს. ზონური რაზმების ოპერაციებს შორისაა: დიდ
ქალაქებში ფრანგ ჯარისკაცებზე თავდასხმები, აფეთქებები
კინოთეატრებში.
გარდა ამისა, რომელიმე მოხალისე შეიძლება დარწმუნებული
იყოს, რომ საბრძოლველად მზად არის, მაგრამ მისი შემოწმება
აუცილებელია. ერთ-ერთ სოფელში ორასმა ადამიანმა
განაცხადა, რომ ალჟირის განმათავისუფლებელი ფრონტის
რიგებში ჩარიცხვა სურდა. მომდევნო დღეს, მტრის
პოზიციებზე შეტევა იყო დაგეგმილი. ორასივე გაუშვეს და
მხოლოდ სამი გადარჩა. კიდევ ერთი მაგალითის მოყვანა
შეიძლება: რამდენიმე მოხალისე ღამით კონკრეტულ ადგილას
გაგზავნეს, საიდანაც მათ იარაღი და ტყვია-წამალი უნდა
წამოეღოთ. როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ, იქ უთხრეს,
რომ ადამიანი, რომელსაც იარაღი უნდა მოეტანა, არ მოვიდა.
მოხალისეების ერთმა ნაწილმა პრეტენზიები გამოთქვა და
ამით დამტკიცდა, რომ მათ გაცილებით უფრო რთულ
პირობებში მუშაობის უნარი არ ექნებოდათ.
13. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
ქალაქებსა და სოფლებში პარტიზანთა ქმედებები
კოორდინირებული უნდა იყოს.
14. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
რევოლუციური მოძრაობის დაწყების დროს
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
უნდა არსებობდეს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ
წარმატების მისაღწევად ყველა ზომა იქნება მიღებული,
რადგან ორგანიზებულობა ძალიან ბევრ რამეს წყვეტს.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვეყანაში
კარგად მოქმედი ქსელი შეიქმნას... დეტალურად უნდა
შევისწავლოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებები, მათ შორის ის

64
რევოლუციები, რომლებიც წარუმატებლად დასრულდა.
ადგილობრივი მნიშვნელობის აჯანყებები სასურველი არ არის.
ბევრი მსგავსი ამბოხება იმიტომ დასრულდა წარუმატებლად,
რომ რევოლუციურ იდეებს ყველა არ იზიარებდა.
აჯანყება ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მისი
ხანგრძლივობა გარანტირებული იყოს.
15. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
ხალხის მასებს შესაბამისი სამხედრო განათლება არ გააჩნიათ,
მაგრამ ეს განსაკუთრებულად სანერვიულო არ არის. ალჟირის
განმათავისუფლებელი ფრონტის საუკეთესო მეთაურები და
სტრატეგები, უმეტეს შემთხვევაში, ის ხალხია, ვისაც
გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია. გარდა ამისა, სამხედრო
განათლებასა და სამხედრო ნიჭს შორის საკმაოდ დიდი
განსხვავებაა. ალჟირში არსებობდნენ ქალები, რომლებსაც
ავტომატის დაშლა და აწყობა უპრობლემოდ შეეძლოთ.
16. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
რევოლუციის დაწყების დრო კარგად უნდა იქნას გათვლილი
და მისი შერჩევისას სხვა ფაქტორებიც უნდა იქნას
გათვალისწინებული. მაგალითად, ტუნისსა და მაროკოში
ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა
განაცხადა, რომ ალჟირში სიმშვიდე იყო, მომდევნო დღეს კი
პირველი ამბოხება დაიწყო. ამის შემდეგ მინისტრმა განაცხადა,
რომ არეულობები ცალკეულ რაიონებს მოიცავდა, მაგრამ სულ
მალე აჯანყება მთელ ქვეყანას მოედო. თარიღის არჩევისას
ფსიქოლოგიური უპირატესობაც უნდა იქნას
გათვალისწინებული.
17. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
უნდა გვეყოს გამბედაობა და ვაღიაროთ, რომ მოსახლეობა
რეპრესიების მსხვერპლი გახდება, მაგრამ ამის თავიდან
აცილება მიზნების საგულდაგულო შერჩევით არის
შესაძლებელი. უკეთესია, ისეთ ობიექტებს დავესხათ თავს,
რომლებიც დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით და
მტრის პოზიციებთან მაქსიმალურად ახლოს მდებარეობენ.
მოსახლეობა და მსოფლიო დარწმუნებული უნდა იყოს იმაში,
რომ ეს სახალხო რევოლუციაა, მტერს კი უნდა ეგონოს, რომ
საქმე მხოლოდ ადგილობრივ, მცირე აჯანყებებთან აქვს.

65
ჩვენ ისე უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ
სოციალური ფენების ბალანსი სრულად იყოს დაცული.
მხარდამჭერთა ძირითადი ბირთვი ღარიბი და გაუნათლებელი
მოსახლეობა იქნება, თუმცა მოძრაობაში ინტელექტუალებიც
უნდა ჩავრთოთ.
დაბოლოს: რევოლუციური მოძრაობის საგარეო დელეგაციასა
და უმაღლეს სარდლობას შორის სრული ჰარმონია უნდა იყოს.
ორივე ეს ჯგუფი ერთნაირად უნდა შედგებოდეს
განათლებული და განვითარებული ადამიანებისგან.
18. 1962 წლის ჩანაწერებიდან:
14/3/62 დოქტორი მოსტეფაი
ალჟირის რევოლუციის თავდაპირველი მიზანი საფრანგეთის
არმიის ბრძოლის ველზე დამარცხება იყო ისე, როგორც ეს
ინდო-ჩინეთში მოხდა. მოლაპარაკებების საშუალებით
სიტუაციის დარეგულირების პერსპექტივა არ ჩანდა.
ბრძოლის კონცეფცია თავიდანვე უნდა იყოს ჩამოყალიბებული,
რადგან სწორედ ეს წყვეტს რევოლუციის წარმატებას ან
წარუმატებლობას.
უნდა არსებობდეს გენერალური გეგმა, რომელიც
საგულდაგულოდ იქნება დაცული. გარდა ამისა, საჭიროა
მოკლევადიანი, ვთქვათ მომდევნო 3 თვის გეგმის
შემუშავებაც. არც ერთი მოქმედება არ უნდა
ხორციელდებოდეს დაუფიქრებლად. თითოეული მათგანი ერთ
სტრატეგიულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
საჭიროა არსებობდეს:
1. სამხედრო მიზანი;
2. პოლიტიკური მიზანი;
3. ფსიქოლოგიური მიზანი.
ეს არის სტრატეგიული გეგმა შეზღუდული დროისთვის. ამან
შესაძლოა სრულებით განსხვავებული სიტუაცია შექმნას, რაც
გენერალური გეგმის გადახედვას მოითხოვს. ტაქტიკური
გეგმები სტრატეგიას უნდა ეფუძნებოდეს. ტაქტიკა კი
მხოლოდ სამხედრო ოპერაციებით არ უნდა
შემოიფარგლებოდეს. ამაში შედის ასევე ხალხის მასების
პოლიტიკური ცნობიერების კონტროლი და საერთაშორისო

66
ასპარეზზე მოკავშირეების მობილიზება. მიზანი ერთი უნდა
იყოს: მთავრობის ლეგიტიმურობის განადგურება და ხალხის
მმართველობის დამყარება.
პოლიტიკური ორგანიზაცია სრულად უნდა აკონტროლებდეს
ხალხს და მათ მოქმედებებს. ჯარისკაცები ისე უნდა
ცხოვრობდნენ და ისე უნდა გრძნობდნენ თავს ხალხში,
როგორც თევზი წყალში. რევოლუციური ჯარები უნდა
ძლიერდებოდეს და მრავლდებოდეს, მტრის რიგებში კი
დეზინტეგრაცია უნდა დაიწყოს.
რევოლუციის დაწყება ადვილია. რთული - მისი გაგრძელება და
შენარჩუნებაა. მეთაურის მოვალეობა სიტუაციის
საგულდაგულო შესწავლაა. ბრძოლა მხოლოდ ამის შემდეგ
უნდა დაიწყოს.
19. საუბარი აჰმედ კათრადასთან 1962 წელს ლონდონში
შემდგარი ვიზიტის შესახებ:
მანდელა: უნდა ითქვას, რომ ბრიტანელებმა ლონდონის
აეროპორტში საკმაოდ მანერვიულეს. უხეშად არ მომქცევიან,
უბრალოდ ბევრი შეკითხვა დამისვეს და საგულდაგულოდ
შემამოწმეს. რომ ჩავედით, ოლიბერ თამბობ მითხრა: „შენ იმ
მაგიდასთან მიდი, მე გვერდით მაგიდასთან მივალ“. როდესაც
ოფიცერს პასპორტი გავუწოდე, ის ძალზე თავაზიანად
მომესალმა და შემდეგ მკითხა: „რისთვის ჩამოხვედით დიდ
ბრიტანეთში?“ მე ვუპასუხე, რომ წიგნზე ვმუშაობდი და
ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მონახულება მსურდა. „რა
წიგნია?“, - მკითხა მან. „პოლიტიკური ცნობიერების
განვითარების საკითხები აფრიკაში“. „შესანიშნავია, სერ,
არაჩვეულებრივია“, - აღმოხდა მას, შემდეგ კი მკითხა:
„რამდენი ხნით გსურთ დარჩენა?“ „მხოლოდ ორი კვირით“, -
ვუპასუხე მე, მან კი მითხრა: „არა, ორი კვირა არ გეყოფათ.
ერთი თვე მოითხოვეთ“. გამიხარდა და ვიფიქრე, რომ ერთი
თვით ინგლისში დარჩენა არაჩვეულებრივი იქნებოდა და
ოფიცერს ვუთხარი, რომ ერთ თვეს ავიღებდი. მისმა შემდეგმა
შეკითხვამ, ცოტა არ იყოს, დამაბნია: „უკან დასაბრუნებელი
ბილეთი თუ გაქვთ?“ ვუპასუხე, რომ არა და ჯიბისკენ ხელი
წავიღე, რომ ფული ამომეღო და მეჩვენებინა. დაახლოებით 20
რანდი მქონდა (იცინის). „არა, არა. ნუ წუხდებით“, - მითხრა
მან, რადგან უკვე მშვენივრად იცოდა, ფული რომ მქონდა.
ძალიან საეჭვო ხალხი იყო. უცებ მას მეორე მაგიდასთან

67
მჯდომმა ოფიცერმა დაუძახა და ჟესტებით რაღაც ანიშნა, თან
ოლივერზე მიუთითა. მე მგონი, ეუბნებოდა, ეს მამაკაცი შავ
სიაშიაო. მოკლედ, საბოლოო ჯამში, ოფიცერმა მითხრა: „მე
თქვენ ახლა მოგცემთ საბუთს, რომლის საშუალებით აქ ერთი
თვით დარჩენის საშუალება გექნებათ“. საბოლოოდ გაირკვა,
რომ ისინი ჩვენზე ინფორმაციას აგროვებდნენ. ისინი
მიხვდნენ, რომ სინამდვილეში ჩვენ თავისუფლებისთვის
მებრძოლები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ინგლისში საკმაოდ
კარგი დრო გავატარე. ბრიტანელი პოლიტიკოსები ძალიან
კარგად შემხვდნენ. ვნახე ლეიბორისტი დენის ჰილი, ასევე ჰიუ
გეიტსკელი. მათ სურდათ, რომ პრემიერ-მინისტრ მაკმილანს
შევხვედროდი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ძალიან
გადატვირთული პროგრამა გვქონდა. დევიდ ასტორი ვნახეთ
და ასევე ენტონი სამპსონი. სხვებიც...
კათრადა: ასტორთან ერთად არ გიცხოვრია, არა?
მანდელა: არა, არა. ოლივერთან ერთად ვიცხოვრე. ძალიან
საინტერესო დღეები გავატარე ლონდონში. სხვას ყველაფერს
რომ თავი დავანებოთ, ეს ერთ დროს მძლავრი ბრიტანეთის
იმპერიის დედაქალაქია. ბიბლიოთეკებშიც ბევრი ვიარე და
უამრავი წიგნი ვნახე პარტიზანული ომების შესახებ.
20. საუბარი რიჩარდ სტენგელთან პარტიზანული ომების
შესახებ:
მანდელა: ჩინეთის რევოლუცია შედევრი იყო. ნამდვილი
შედევრი. რომ წაიკითხოთ, როგორ იბრძოდნენ, შეუძლებელს
დაიჯერებთ. ნამდვილი საოცრება იყო. ვინ არის ის ამერიკელი,
რომელმაც „წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე“ დაწერა? რა
ერქვა? ცნობილი მწერალია.
სტენგელი: სნოუ.
მანდელა: ჰო, ედგარ სნოუ.
სტენგელი: დიახ.
მანდელა: ეს იყო პირველი წიგნი ჩინეთის შესახებ, რომელიც
წავიკითხე.
სტენგელი: მართლა?
მანდელა: დიახ. ედგარ სნოუ - „წითელი ვარსკვლავი ჩინეთის
თავზე“. ძალიან კარგად არის დაწერილი, სასიამოვნოდ

68
იკითხება, მაგრამ ავტორი კომუნისტების პოზიციაზე არ დგას.
ეს უპირატესობას აძლევს, რადგან მას მოვლენების
კრიტიკულად შეფასებაც შეუძლია. აღწერა იმ მომენტიდან
იწყება, როდესაც რევოლუციური მოძრაობა ქვეყნის სამხრეთ-
აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. ყველაფერია აღწერილი: როგორ
ცდილობდა ჩან კაი-შეკი და სხვები, რომ ისინი ალყაში
მოექციათ და აჯანყება ჩაეხშოთ. როდესაც რევოლუციონერები
მიხვდნენ, რომ ადგილზე დარჩენა დაღუპვის ტოლფასი იყო,
მათ გადაწყვიტეს გაერღვიათ ეს რკინის კედელი და
ჩრდილოეთისკენ წასულიყვნენ. ისინი საბჭოთა კავშირის
საზღვართან მივიდნენ და შემდეგ იქიდან დაიწყეს შეტევა.
სტენგელი: ამას „გრძელი მარში“ ერქვა, ასე არ არის?
მანდელა: დიახ, „გრძელი მარში“. ეს ნამდვილი საოცრება იყო.
როგორ მოახერხეს, რომ ხელისუფლებას ხელიდან
დასხლტომოდნენ, სრულიად წარმოუდგენელია.
სტენგელი: რა დასკვნები გამოიტანეთ იმ წიგნებიდან,
რომლებიც სხვადასხვა დროს წაგიკითხავთ? რისი დანერგვა
გადაწყვიტეთ სამშობლოში? რა გააკეთეთ იმისათვის, რომ
„უმხონტო ვე სიზვეს“ რევოლუცია სხვა ბევრი ამბოხების
მსგავსად არ დამარცხებულიყო?
მანდელა: პირველ რიგში მივხვდი იმას, თუ რა
ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებაა საჭირო
რევოლუციის დასაწყებად. შეიარაღებულ რევოლუციას
ვგულისხმობ. სწორედ ამიტომ წავიკითხე ქლაუზევიცის წიგნი.
მასში პარტიზანულ მოძრაობაზე არ არის საუბარი.
ქლაუზევიცი ომის წეს-კანონებს აყალიბებს, ბრძოლის
პრინციპებზე მოგვითხრობს... ჰო, მართლა, კიდევ მენაქემ
ბეგინის „აჯანყება“ მაქვს წაკითხული.
სტენგელი: მართლა?
მანდელა: დიახ. ამ წიგნმა განსაკუთრებული სტიმული მომცა,
რადგან მასში საუბარი იყო ქვეყანაზე, რომელსაც მთები
საერთოდ არ აქვს. აჯანყებულებს ბაზა ისრაელის შუაგულში
ჰქონდათ მაშინ, როდესაც გარშემო საოკუპაციო ჯარები იდგა.
მიუხედავად ამისა, მათ ძალიან ძლიერად იბრძოლეს. საოცრად
საინტერესო წიგნია. წაკითხული მაქვს ასევე ფრანგი
პარტიზანების, მიტერანისა და აღმოსავლეთ ევროპაში
განვითარებული მოვლენების შესახებ. სწრედ ასეთი სახის

69
ლიტერატურას ვკითხულობ.
21. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მანდელა: მიწისქვეშეთში რომ ვიყავი, ქლაუზევიცი და დენის
რაიცის „კომანდო“ წავიკითხე. ასევე, წიგნები მალაიზიაზე,
ფილიპინებზე, „ჰუკბალაჰაპის“ შესახებ და ლუის ტარუკის
„ხალხის დაბადება“. მაო ძედუნის ნაშრომებსაც გავეცანი.
ეთიოპიაში ყოფნის დროს კი მხოლოდ სროლას ვსწავლობდი.
სტენგელი: პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიოდით.
მანდელა: დიახ.
სტენგელი: რამდენადაც ვიცი, ეთიოპიაში ორ სხვადასხვა
პოლიგონზე ვარჯიშობდით. ასე არ არის?
მანდელა: დიახ, ასეა. ერთი პოლიგონი ჯარისკაცებისთვის იყო
და ბანაკიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. მეორე კი უფრო
ახლოს იყო და მასზე მხოლოდ იმპერატორის პირადი დაცვა
ვარჯიშობდა. ორივეზე ვიყავი.
სტენგელი: კარგი მსროლელი ხართ?
მანდელა: საშუალო. მაროკოში რომ ვიყავი, იქ მხოლოდ
იარაღთან გაშინაურების საშუალებას მაძლევდნენ. ეს იყო
პირველი შემთხვევა, როდესაც ხელში რაიმე სახის
ცეცხლსასროლი იარაღი დავიჭირე. თავდაპირველად, მათ
იარაღი დაშალეს და ააწყვეს. შემდეგ მე დამავალეს იმავეს
გაკეთება და ასე რამდენჯერმე, სანამ სრულყოფილებამდე არ
მივედი.
22. საუბარი აჰმედ კათრადასთან შეიარაღებული ბრძოლის
შესახებ:
ერთ-ერთი ყველაზე რთული ფაქტორი „უმხონტო ვე სიზვეს“
დაარსებისას კონტროლი იყო. ჩვენ მილიტარიზმის თავიდან
აცილება გვსურდა. ჩვენ გვინდოდა ისეთი სამხედრო
დანაყოფის ჩამოყალიბება, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ
პარტიას დაემორჩილებოდა და მხოლოდ მისგან მიიღებდა
ინსტრუქციებს ამა თუ იმ სახის მოქმედებების შესახებ.
სწორედ ამ პრინციპზე იყო აგებული „უმხონტო ვე სიზვე“.
ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ სამხედრო წვრთნა
პოლიტიკურ წვრთნასთან ერთად უნდა
განხორციელებულიყო. ყველას კარგად უნდა ჰქონოდა

70
გათავისებული ის თუ რატომ იღებდა ხელში იარაღს და ვისთან
მიდიოდა საბრძოლველად. მებრძოლებს ვასწავლიდით, რომ
რევოლუციის არსი მხოლოდ იარაღის ხელში დაჭერა და
გასროლა არ არის. მისი საბოლოო მიზანი ხელისუფლების
ხელში ჩაგდებაა. აი, სწორედ ამას ვუსვამდით ხაზს.

თავი მეექვსე. სხეულის ჯაჭვები


„...არსებულ ვითარებაში წარსულზე ფიქრი ჩემთვის
გაცილებით უფრო რთული და დამღლელია, ვიდრე აწმყოს
განსჯა და მომავლის განჭვრეტა. სანამ ციხეში მოვხვდებოდი,
ადამიანის მეხსიერების განსაკუთრებულ უნარს ვერ
ვაფასებდი. არ მეგონა, თუ მას ასეთი მოცულობის
ინფორმაციის ტარება შეეძლო“.
ჰილდა ბერნსტაინისთვის მიწერილი წერილიდან. 8 ივლისი,
1985 წელი.
1. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
„ანტიგონეს“ მსგავსი ძველი ბერძნული პიესების წაკითხვა
ნამდვილად ღირს. ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებების,
მაგალითად, ტოლსტოის რომანების მსგავსად ისინიც
განსაკუთრებულ გრძნობას გიტოვებენ. წაკითხვის შემდეგ
სულიერად ამაღლებულად გრძნობ თავს და სხვა ადამიანების
მიმართ კეთილგანწყობა გიჩნდება. საოცარი შეგრძნებაა. ძველი
ბერძნული ტრაგედიები, და ზოგადად ლიტერატურა,
აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა...
2. საუბარი აჰმედ კათრადასთან სავარაუდო ღალატის შესახებ:
კათრადა: უკვე გეცოდინებათ, რომ მათ ვალტერ სისულუს
დაურეკეს და უთხრეს, რომ მე მიგატოვეთ.
მანდელა: პრესაში დაიწერა?
კათრადა: არა, ანონიმური სატელეფონო ზარი იყო... ვალტერს
დაურეკეს და უთხრეს: „საიდუმლოდ გეუბნებით, რომ
ადამიანს, რომელმაც მანდელას უღალატა, კათრადა ჰქვია“.
მანდელა: რას ამბობ?!
კათრადა: (იცინის)
მანდელა: ჰო, იმ დროს ბევრი მსგავსი რამ მომხდარა.

71
კათრადა: ჰო, გემახსოვრებათ, ალბერტინა სისულუც რომ
დაადანაშაულეს ღალატში.
მანდელა: რა თქმა უნდა, მახსოვს. მათ ალბერტინაზეც თქვეს
ეს და ვალტერზეც, მაგრამ შენზე არ ვიცოდი. ვალტერი ციხეში
რომ მოვიდა ჩემ სანახავად, იმდენად შეურაცხყოფილი და
განადგურებული იყო ამ ბრალდების გამო, რომ ძლივს ვიცანი.
კათრადა: თუ არ ვცდები, პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ ვინიმ
და ალბერტინამ ამის გამო იჩხუბეს. ანუ იმის გამო, რომ
თითქოს ალბერტინამ და ვალტერმა გიღალატეს.
მანდელა: მე ზუსტად ვიცი, რაც მოხდა. ვალტერის შესახებ
გაზეთში წავიკითხე და როდესაც შევხვდი ვუთხარი, რომ
სანერვიულო არაფერი ჰქონდა, რადგან მე მისი ბოლომდე
მჯეროდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ნერვიულობდა. მას
მიაჩნდა, რომ ამ ინფორმაციას მის წინააღმდეგ
გამოიყენებდნენ.
3. საუბარი აჰმედ კათრადასთან დაპატიმრების შესახებ:
კათრადა: გამომცემელი მოგმართავთ: „უფრო მეტი რამ
გვაინტერესებს თქვენი ემოციების შესახებ. რა იგრძენით,
როდესაც მიხვდით, რომ თამაში დასრულდა? არ გეშინოდათ,
რომ მოგკლავდნენ?“
მანდელა: არა, მსგავსი რამ არ მიფიქრია. როგორც კი მანქანამ
ჩაგვიარა და გვანიშნა, რომ გავჩერებულიყავით, წამებში
გავიაზრე თუ რა ვარიანტები არსებობდა. სარკეს გავხედე და
ჩვენს უკან კიდევ რამდენიმე მანქანა დავინახე; გარდა ამისა,
მათ ადგილიც კარგად შეარჩიეს. ჩვენს მარცხნივ მაღალი
ფერდობი იყო, ამიტომ გაქცევის შანსი არ არსებობდა. სწორედ
მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა... მოშორებით,
ლესოთოს მთები დავინახე... მაგრამ დარწმუნებული ვიყავი,
რომ გაქცევა ძალიან დიდი რისკის შემცველი იყო. ამიტომ,
დარჩენა ვამჯობინე. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ
მომკლავდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად
გავიქცეოდი.
4. ფრაგმენტი ჰილდა ბერნსტაინისთვის მიწერილი წერილიდან
რივონიას სასამართლოს შესახებ. 1985 წლის 8 ივლისი:
მეხსიერებას ხომ არ უჩივით? სავსებით შესაძლებელია, ის
სულაც აღარ გჭირდებოდეთ, როდესაც ირგვლივ ამდენი

72
შესაძლებლობა და თანამედროვე მოწყობილობა არსებობს -
გაზეთები, კარგი ლიტერატურა, არქივები, ბიბლიოთეკები,
რადიო, ტელევიზია, ვიდეო, კომპიუტერები და კიდევ უამრავი
რამ. არსებულ ვითარებაში წარსულზე ფიქრი ჩემთვის
გაცილებით უფრო რთული და დამღლელია, ვიდრე აწმყოს
განსჯა და მომავლის განჭვრეტა. სანამ ციხეში მოვხვდებოდი,
ადამიანის მეხსიერების განსაკუთრებულ უნარს ვერ
ვაფასებდი. არ მეგონა, თუ მას ასეთი მოცულობის
ინფორმაციის ტარება შეეძლო.
კვლავ თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც პრეტორიაში ჩემს
უკან იჯექით, რასტი (ბერნსტაინი, ჰილდას მეუღლე და
მანდელას თანამესაკნე) კი პროკურორ პერსი იუტარის
შეტევებს იგერიებდა. დროთა განმავლობაში ისეთი
შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მთავარი იქ არა იუტარი, არამედ
ობსერვატორიელი (ქალაქ კეიპთაუნის გარეუბანი) ტიპი იყო.
ასევე მომეჩვენა, რომ მოსამართლე კვარტუს დე ვეტი
სრულიად განაიარაღა და შესაძლოა, მოხიბლა კიდეც იმან, თუ
როგორ მოხდენილად პასუხობდა მოწმე პროკურორის
ვერაგულ შეკითხვებს. სხდომა რომ დასრულდა, გითხარით
კიდეც, რომ მოწმე ძალიან კარგი იყო. გახსოვთ რა მიპასუხეთ,
ქალბატონო ბერნსტაინ? „კარგი რას ჰქვია? ბრწყინვალე იყო!“
მართალი ბრძანდებოდით. ის რომ ისეთივე კატეგორიული
ყოფილიყო, როგორებიც ჩვენ ვიყავით, კვლავ საკანში
დარჩებოდა, ტონის ქორწილსაც ვერ დაესწრებოდა და ოჯახში
მამაკაცის როლის საკუთარ თავზე აღებაც სხვას მოუწევდა.
თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მისი სახლში
დაბრუნება მართლაც დაუვიწყარი დღე იყო.
პრეტორიაში მიმდინარე ვარჯიშებიც მახსოვს. პირველივე
დღეს თქვენ ჩემი და ერთ-ერთი ჩემი კოლეგის ხაკის უნიფორმა
არ მოგეწონათ და მითხარით კიდეც ამის შესახებ. რასტის
გათავისუფლების შემდეგ კი პირიქით მოხდა და თქვენ ჩვენი
გარეგნობა ძალიან მოგეწონათ. ახლა აღარ მახსოვს, გესაუბრეთ
თუ არა იმ დღეს, როდესაც თქვენს მეუღლეს ბრალდებები
მოუხსნეს. სამაგიეროდ, მახსოვს, როგორ ვიჯექი რობენ-
აილენდზე ერთ-ერთ ნაგავსაყრელთან და გაზეთს
ვკითხულობდი. სწორედ იქიდან შევიტყვე, რომ რასტი
ზამბიაში გადასახლდა.
5. საუბარი აჰმედ კათრადასთან „პანაფრიკული კონგრესის“
(PAC) ლიდერის, რობერტ სობუკვეს შესახებ:

73
კათრადა: სობუკვე კი გვერდით საკანში, კრიმინალებთან
ერთად მოათავსეს.
მანდელა: ჰო.
კათრადა: მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და მას ვესაუბრეთ. რა თქმა
უნდა, ისინი მას საშინლად ექცეოდნენ. მოკლე ტრუსები ეცვა
და ფეხშიშველი დადიოდა.
მანდელა: ჰო, ასე იყო.
კათრადა: ჩვენ მას დაველაპარაკეთ და ვკითხეთ, რამე ხომ არ
სჭირდებოდა. მან გვიპასუხა, რომ თამბაქო და საპონი არ
ჰქონდა. კედელში პატარა ნახვრეტი იყო და სწორედ იქიდან
მივაწოდეთ თამბაქო, საპონი და მცირეოდენი საკვები, თუმცა
ეს კარგად აღარ მახსოვს. ყველაზე მეტად მას თამბაქო სურდა.
მანდელა: ჰო, ვიცი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი, რამაც ის
მოკლა.
კათრადა: ჰო, ფილტვის კიბო.
მანდელა: ტუბერკულოზით იყო დაავადებული.
კათრადა: ჰო.
6. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
კათრადა: ერთ-ერთ გვერდზე („გრძელი გზა
თავისუფლებისკენ“) ვინის პირველ ვიზიტზე წერთ. ციხეში
მოვიდა და თქვენ მადლობა გადაუხადეთ იმისათვის, რომ
ტანსაცმელი და სხვა ნივთები მოგიტანათ. „მე მას მადლობა
გადავუხადე და რადგან საკმარისი დრო არ გვქონდა, ოჯახური
ამბები სწრაფად განვიხილეთ. შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ
ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ყველანი ერთად ვდგავართ და
ახლა მე მხოლოდ მისი სიყვარული და ერთგულება
მჭირდებოდა“.
მანდელა: სხვათა შორის, მან აბრეშუმის ღამის პიჟამა
მომიტანა. უკან გავატანე. ვუთხარი, რომ მას სადმე სხვაგან
გამოვიყენებდი (იცინის).
7. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: გულწასული რომ დაეცით, ეს რა ვითარებაში
მოხდა?

74
მანდელა: ჰო, მახსოვს. რობერტ სობუკვესთან ერთად ციხის
საავადმყოფოში წავედი და დავეცი. თავად ვერაფერს მივხვდი,
უბრალოდ დავეცი და ცოტა ხანში ავდექი. როგორც ჩანს, სახე
დავარტყი. ნაიარევი მქონდა. სულ ეს არის. საოცარი ხმები
გავრცელდა: ამბობდნენ, რომ ავად ვიყავი, რაღაც სერიოზული
დაავადება მჭირდა. თავად ვერაფერი ვიგრძენი. არც კი ვიცი,
რატომ დავეცი. თავბრუ რომ მეხვეოდა, კარგად მახსოვს,
მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.
8. საუბარი აჰმედ კათრადასთან რობერტ სობუკვეს შესახებ:
მანდელა: არა, სობუკვეს საწინააღმდეგო არასდროს არაფერი
მქონია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ჩემი კლიენტი იყო. მე მისი
ადვოკატი ვიყავი და ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს
ვცემდით. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო - ნამდვილი
ჯენტლმენი. არა, უთანხმოება არასოდეს მოგვსვლია. ციხეში
ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით.
9. საუბარი რიჩარდ სტენგელთან რასიზმის შესახებ:
ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ტერმინისა რასობრივი
მრავალფეროვნება. საქმე ისაა, რომ როდესაც ამ ტერმინს
ხმარობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რასობრივ დაყოფას უწყობ
ხელს. ჩვენი მიზანი რასიზმისგან სრულიად თავისუფალი
საზოგადოების ჩამოყალიბება იყო.
...ჩვენ ეს საკითხი ბევრჯერ განგვიხილავს და საბოლოოდ
სწორედ ამ დასკვნამდე მივედით: ჩვენ არ გვსურს რასობრივი
მრავალფეროვნება, ჩვენი მიზანი - რასობრიობის არარსებობაა.
ჩვენ ვიბრძვით ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის,
რომელშიც ხალხი კანის ფერს ყურადღებას საერთოდ არ
აქცევს. რასას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რა აზრები
გიტრიალებს თავში.
10. საუბარი აჰმედ კათრადასთან კონსტებლ იოჰან გრეეფის
შესახებ, რომელიც ოთხ დაკავებულს პოლიციის
განყოფილებიდან გაქცევაში დაეხმარა:
კათრადა: ჩვენი ბიჭები შეჰპირდნენ მას, რომ ორი ათას ფუნტს
გადაუხდიდნენ. თანხა ლალუ ჩიბას გადაუგზავნეს. ახლა ის
აგრძელებდა სხვების დაწყებულ საქმეს. მთავარი, ვინც
ქრთამის მიცემის ამბები მოაგვარა და ვინც პოლიციელს ამის
შესახებ მოელაპარაკა, როგორც მახსოვს, მოუზი მულა იყო.
მიუხედავად ამისა, მთელი ეს საქმე ძირითადად

75
კოლექტიურად მოგვარდა.
მანდელა: ჰო, ასე იყო. მეც ასე ვფიქრობ.
კათრადა: მოლაპარაკების მიხედვით, ფული კონსტებლისთვის
ლალუს უნდა მიეცა, მაგრამ როდესაც გრეეფი მასთან სახლში
მივიდა, იქ სხვა პოლიციელებიც იყვნენ, ამიტომ თანხა ვერ
მიიღო. სულ მალე ის დაიჭირეს და ექვსი წლით ჩასვეს ციხეში.
მანდელა: მართლა? ეს არ ვიცოდი.
კათრადა: ჰო, მაგრამ სამი წლის შემდეგ გამოუშვეს. ასე იყო
თუ ისე, სასჯელი მაინც მოიხადა. ჰაროლდ ვოლპეს ნათქვამიც
უნდა მოგასმენინოთ. მას თქვენი სიტყვები მოჰყავს, - თქვენ
ამბობთ, რომ ეს ვალი აუცილებლად უნდა გავისტუმროთ.
მანდელა: რა თქმა უნდა. თუ ის ბიჭი ამის გულისთვის ჩასვეს
ციხეში, მაშინ აუცილებლად უნდა გავისტუმროთ.
კათრადა: კი, ამის გულისთვის ჩასვეს. ექვსწლიანი
სასჯელიდან სამი მოიხადა. ამას წინათ ჯოელსაც ვესაუბრე ამ
საკითხზე და ვუთხარი, რომ მაშინდელ ორი ათას დოლარს
დღეს სულ სხვა ფასი აქვს.
მანდელა: ჰო, ასეა.
კათრადა: ამიტომ მე ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ მას
აფრიკის ეროვნული კონგრესის კუთვნილ ერთ მანქანას
მივცემდით. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული ხარჯი არ არის,
მით უმეტეს, რომ ამ მანქანების უმეტესობა მაინც ტყუილად
იკარგება.
მანდელა: ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ადამიანს. ეს ვალი
აუცილებლად უნდა გავისტუმროთ. ეს ჩემი კატეგორიული
მოთხოვნაა.
კათრადა: ჰო, ეს ჩვენთვის კარგი რეკლამაც იქნება. გრეეფი
ახლა ქალაქგარეთ ცხოვრობს.
მანდელა: რას აკეთებს?
კათრადა: არაფერს. სოფელშია და მიწაზე მუშაობს.
მანდელა: რა საცოდაობაა. ალბათ რთული ცხოვრება აქვს.
მიწაზე მუშაობა იოლი არ არის.
კათრადა: ჰო, ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენ...

76
მანდელა: არა, ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ. აუცილებლად
უნდა მოვაგვაროთ.
11. საუბარი აჰმედ კათრადასთან რივონიას სასამართლოს
მიმდინარეობის შესახებ:
მანდელა: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ დანაშაულს
ვაღიარებთ. პირიქით, ჩვენ ვთქვით, რომ თავს უდანაშაულოდ
ვცნობთ. ხომ გახსოვთ?
კათრადა: მახსოვს.
მანდელა: ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობაა...
კათრადა: სწორედაც.
მანდელა: ...მთავარი დამნაშავე და სწორედ ეს უნდა იყოს...
კათრადა: მართალია. ის იმაში ცდება, რომ...
მანდელა: დიახ.
კათრადა: ...თქვენს განცხადებაში...
მანდელა: სწორია.
კათრადა: ...ჩვენების მიცემის დროს, თქვენ აღიარეთ...
მანდელა: დიახ.
კათრადა: ...ბევრი რამ.
მანდელა: ასე იყო.
კათრადა: მაგრამ ეს არ იყო დანაშაულის აღიარება.
მანდელა: დიახ, დიახ, სწორედ ასეა.
12. 1964 წლის 20 აპრილს რივონიას სასამართლოზე
გაკეთებული განცხადებიდან:
მთელი ჩემი ცხოვრება აფრიკელი ხალხის ბრძოლას
მივუძღვენი. მე ვიბრძოდი როგორც თეთრკანიანთა, ასევე
შავკანიანთა ბატონობის წინააღმდეგ. ჩემი იდეალი
დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებაა, რომელშიც
ყველა ადამიანი ერთად ცხოვრობს და ყველას ერთნაირი
პრივილეგია აქვს. ამ იდეალისთვის ბრძოლას კვლავაც
გავაგრძელებ და გულწრფელად მჯერა, რომ წარმატებას
მივაღწევ. ეს ის იდეალია, რომლისთვისაც მზად ვარ,
სიცოცხლეც გავწირო.

77
ხუთი მოსაზრება, რომელიც მანდელამ 1964 წლის 12 ივნისს
რივონიას სასამართლოზე განაჩენის გამოტანის წინ ჩამოწერა.
დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ მას და მის თანამებრძოლებს
სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ.
1. ბოლო სიტყვა
2. ყველაფერი რაც ვთქვი, მზად ვარ კვლავაც გავიმეორო.
3. ამ ქვეყნის ბევრი პატრიოტი ითხოვდა ცივილიზებული
სტანდარტების შესაბამისად ცხოვრების შესაძლებლობას და ამ
იდეისთვის მათ სისხლი დაღვარეს.
4. ამ ხალხის რიცხვი კვლავაც გაიზრდება.
5. თუ სიკვდილი მიწერია, ნება მიბოძეთ, ხმამაღლა, ყველას
გასაგონად განვაცხადო, რომ ჩემს ბედს ვაჟკაცურად
შევეგუები.
13. საუბარი აჰმედ კათრადასთან შესაძლო სასიკვდილო
განაჩენის შესახებ:
ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ
საკითხს არა საკუთარი თავიდან, არამედ ბრძოლის იდეიდან
გამომდინარე უნდა შევხედოთ: თუ სიკვდილი გვიწერია,
ჯობს, ბოლომდე ვიბრძოლოთ და სახელი დავტოვოთ. სწორედ
ეს იყო, ჩვენი აზრით, ის სამსახური, რომელსაც საკუთარ
ორგანიზაციასა და ხალხს გავუწევდით. რა თქმა უნდა,
როდესაც საკანში მარტო ზიხარ, საკუთარ თავზეც ფიქრობ და
ეს ჩვეულებრივი, ადამიანური ამბავია. მიუხედავად ამისა,
კოლექტიურად ჩვენ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ
და ამით ბედნიერები ვიყავით.
14. საუბარი აჰმედ კათრადასთან რივონიას სასამართლოზე
განაჩენის გამოტანის დღის შესახებ:
კათრადა: „ავნერვიულდი, როდესაც გავიგე, რომ პირველ დღეს
ვინი ვერ დაესწრებოდა. იოჰანესბურგში მას აკრძალვები
დაუწესეს, ამიტომ სასამართლოში მოსასვლელად პოლიციის
საგანგებო ნებართვა სჭირდებოდა. მან საჭირო განაცხადი
შეიტანა, მაგრამ უარი უთხრეს. დაახლოებით იმავე პერიოდში
ჩვენს სახლში პოლიცია შეიჭრა და იქ მყოფი ვინის ნათესავი
დააკავა. სახელმწიფოს მხრიდან შევიწროების მსხვერპლნი
სხვა დაკავებულების მეუღლეებიც გახდნენ - ალბერტინა
სისულუ, კარლინა მოცოალედი და სხვები“. აი, აქ გამომცემელი

78
გვეკითხება: „თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე თუ
ნერვიულობდით?“
მანდელა: კი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ნუთუ ამას კითხვა
სჭირდება?
15. სეფტონ ვუტელასთვის გაგზავნილი წერილიდან. 1969
წლის 28 ივლისი:
დისციპლინირებული და თავდადებული თანამებრძოლები,
რომლებიც ღირსეული მომავლისთვის იბრძვიან, მზად უნდა
იყვნენ ნებისმიერი სახის გამოცდისთვის, რომელსაც მათ
ისტორია უმზადებს. რაც არ უნდა მაღალი იყოს ფასი, ამ
გამოცდის ჩასაბარებლად ყველამ ყველაფერი უნდა გაიღოს.
ჩვენი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე
მთავარი პრინციპი იყო, მაშინაც კი, როდესაც სასამართლოს
წინაშე ვიდექით. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ
წამებულად ქცევის პერსპექტივა სულაც არ მხიბლავდა. მე
მზად ვიყავი, სიკვდილს ვაჟკაცურად შევხვედროდი და უკან
არასოდეს დამიხევია, მაგრამ სიცოცხლის სურვილი
ყოველთვის უფრო ძლიერი იყო. კრიტიკული ფაზა მხოლოდ
რამდენიმე საათს გაგრძელდა და იმ დღეს, როდესაც
რივონიაზე თავდასხმის შესახებ შევიტყვე, დაღლილი და
სრულიად გამოფიტული წავედი დასაძინებლად. დილით რომ
გავიღვიძე, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და სწორედ
მაშინ ვიფიქრე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვეღარაფერს
გავაკეთებდი საერთო საქმის გასაგრძელებლად და ყველაზე
საშინელი პროგნოზი ახდებოდა, ეს მაინც გარკვეული შედეგის
მომტანი იქნებოდა. სწორედ ამ რწმენამ გამაძლიერა და ეს
სიძლიერე სასამართლოს დასრულებამდე გამყვა. რწმენას ისიც
გვიმატებდა, რომ ჩვენი საქმე სამართლიანი იყო და რომ მხარს,
როგორც შავკანიანი, ასევე თეთრკანიანი საზოგადოებიდან,
ძალიან ბევრი გავლენიანი და ძლიერი პიროვნება გვიჭერდა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მიმართ გამოხატული ეს მხარდაჭერა
და ქება-დიდება ყოველგვარ აზრს იქნებოდა მოკლებული,
გადამწყვეტ მომენტში სიმამაცეს რომ მივეტოვებინეთ.
16. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
მანდელა: ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია იმის თქმა,
რომ სულაც არ ვღელავდი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ
სასიკვდილო განაჩენს ნამდვილად ველოდით. იმ დილით,
როდესაც მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა

79
გამოეცხადებინა, ალბათ თავადაც გახსოვთ, რომ ცოტათი
ანერვიულებული ჩანდა. სწორედ მაშინ გავიფიქრე: „ახლა უკვე
ყველაფერი ნათელია. ის სასიკვდილო განაჩენს გამოიტანს“...
კათრადა: კი, მახსოვს.
მანდელა: ჩვენ უკვე შეგუებული ვიყავით, რომ ყველაზე
საშინელი პროგნოზი გამართლდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან
მძიმე გადასატანია, როდესაც ელოდები, რომ აი, ახლა
მოგმართავენ და გეტყვიან: „მორჩა, შენი სიცოცხლე
დასრულებულია“. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანაირად
ვცდილობდით, რომ ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ
ყოფილიყო. მე ძალიან მამაც ადამიანებს შორის ვიდექი. ისინი
ჩემზე უფრო მამაცები აღმოჩნდნენ და ეს აუცილებლად უნდა
ჩაიწეროს.
კათრადა: კეთილი. ვფიქრობ, აქ თავის დასრულებაც
შეგვიძლია.
მანდელა: ძალიან კარგი.

ნაწილი მესამე. ეპოპეა


დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ნელსონ
მანდელას ცხოვრებას ლეგენდის აურა სდევს თან. მას ეპიკური
პოემის დატვირთვა აქვს. მისი ისტორია სამხრეთ აფრიკის
ისტორიასთან არის გადახლართული. ეს არის ამბავი იმისა, თუ
როგორი გზა გაიარა ამ ქვეყანამ კოლონიალიზმიდან
აპარტეიდამდე, შემდეგ კი - დემოკრატიამდე. სამხრეთ
აფრიკის გრძელი გზა თავისუფლებისკენ ნელსონ მანდელას
პირადი გრძელი გზის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია.
მისმა ცხოვრებამ ეპიკური დატვირთვა ოცდაშვიდწლიანი
პატიმრობის პერიოდში მიიღო. მანდელა
სამართლიანობისთვის ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოდ
იქცა. ეჭვგარეშეა, რომ ის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი
პატიმარი იყო - პატიმარი, რომელიც 1990 წლისთვის, როდესაც
ის გაათავისუფლეს, უკვე მზად იყო მსოფლიო სცენის
დასაპყრობად.
„რობენ-აილენდზე“ მდებარე ციხეში, პატიმრობის პირველ
წლებში, პირობები სრულიად აუტანელი იყო. საკვები
უხარისხო იყო, შრომა - მძიმე, ზაფხული - ცხელი, ზამთარი -
ძალიან ცივი, ხოლო ზედამხედველები - სასტიკნი.

80
თავდაპირველად, ერთი მოკლე წერილისა და ერთი ხანმოკლე
ვიზიტის უფლებას მანდელას მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ
აძლევდნენ. ფიზიკური დატვირთვა ძალიან დიდი იყო;
ფსიქოლოგიური კიდევ უფრო დიდი და ხელისუფლების
გულგრილობასაც საზღვარი არ ჰქონდა. ციხის
ხელმძღვანელობა ყურადღების გარეშე არაფერს ტოვებდა.
ახლობელი ადამიანისთვის ნებისმიერი პატარა გზავნილის
წერისას პატიმარს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის
გაგზავნამდე ნაწერს მესამე პირი, ცენზორი კითხულობდა.
დროთა განმავლობაში, მანდელა იძულებული იყო, არსებულ
ვითარებას რაღაცნაირად მორგებოდა, ციხის ხელმძღვანელობამ
კი (იმ პოლიტიკური პატიმრების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც
საპატიმროში არსებულ სისტემას აპროტესტებდნენ),
გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მანდელას პრივილეგიები
და ციხის ხელმძღვანელობასთან გარკვეული წონასწორობის
დამყარების უნარი 1982 წელს, პოლსმოორის ციხეში
გადასვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა. განსაკუთრებით
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან 1985 წელს აპარტეიდის
რეჟიმთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამართა
საგანგებო შეხვედრა. 1988 წლის დეკემბერში მანდელა
ვერსტერის ციხეში გადაიყვანეს და ერთი დიდი ოთახი მისცეს,
სადაც მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან შეეძლო
შეხვედრის დაგეგმვა. გარდა ამისა, ის ხშირად გაჰყავდათ
ციხიდან გარეთ, რათა საგანგებო შეხვედრებს დასწრებოდა ან
უბრალოდ გაესეირნა. ამ დროისთვის ნელსონ მანდელა უკვე
მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებოდა.

თავი მეშვიდე. მოუწყობელი


„იმავე საღამოს მე და ზამიმ წვეულებაზე გნახეთ, მაგრამ
თქვენ მალე წახვედით. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე
გავიდა და ბავშვებს მეც დავემშვიდობე. ახლა ტალღებში
დაკარგული მოქალაქე ვარ“.
ამონარიდი ამინა კაჩალიასთვის მიწერილი წერილიდან.
1969 წლის 8 აპრილი
1. ამონარიდი არჩი გუმედესთვის გაგზავნილი წერილიდან.
1985 წლის 8 ივლისი:
ბოლოს მინდა, შენი ყურადღება გაზეთ „იოჰანესბურგში“

81
გამოქვეყნებულ ერთ წერილზე გავამახვილო. ის იმ 9 ადამიანის
საქმეს ეხება, რომლებსაც დედოფალმა ვიქტორიამ
სახელმწიფო ღალატისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი პროტესტი
მოჰყვა, ამიტომ ის ადამიანები სიკვდილით აღარ დასაჯეს და
ქვეყნიდან გააძევეს. ამ შემთხვევიდან მრავალი წლის შემდეგ
დედოფალმა შეიტყო, რომ იმ ცხრა ადამიანიდან ერთი
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, მეორე - აშშ-ს
არმიის ბრიგადის გენერლად, მესამე - ავსტრალიის გენერალურ
პროკურორად, მეოთხემ ამ თანამდებობაზე მესამე შეცვალა,
მეხუთე - კანადის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს,
მეექვსე - ასევე აშშ-ს ჯარის ბრიგადის გენერლად აირჩიეს,
მეშვიდე - მონტანას გუბერნატორი გახდა, მერვე - ცნობილი
ნიუ-იორკელი პოლიტიკოსი, ხოლო მეცხრე -
ნიუფაუნდლენდის გუბერნატორი.
2. ამონარიდი ამინა კაჩალიასთვის გაგზავნილი წერილიდან.
1969 წლის 8 აპრილი:
იმავე საღამოს მე და ზამიმ წვეულებაზე გნახეთ, მაგრამ თქვენ
მალე წახვედით. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე გავიდა
და ბავშვებს მეც დავემშვიდობე. ახლა ტალღებში დაკარგული
მოქალაქე ვარ. ეს იოლი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ჩემთვის
სრულიად ნათელი იყო, რომ მათ დიდი სირთულეების,
სიღარიბისა და შეურაცხყოფის ატანა მოუწევდათ. მუდამ
მათზე ვფიქრობ და ზამის განსაკუთრებულ ვაჟკაცობასა და
სიმტკიცეში ოდნავაც არ მეპარება ეჭვი. მიუხედავად ამისა,
არის მომენტები, როდესაც მათგან წერილის მიღების მეშინია.
ყოველთვის, როდესაც ვინი ჩემს სანახავად მოდის, მის სახეზე
ამ რვა წლის განმავლობაში გადატანილი ტანჯვაა ასახული.
3. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
ერთ საღამოს, 1963 წლის მაისის ბოლოს, პირადი ნივთების
ჩალაგება მიბრძანეს. როდესაც მიმღებში გავედი, იქ კიდევ სამი
პოლიტპატიმარი ვნახე... მთავარსარდალი მაშინ პოლკოვნიკი
აუკამპი იყო და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ „რობენ-
აილენდის“ ციხეში გადავყავდით. ერთი ციხიდან მეორეში
გადასვლა საშინლად არ მიყვარს, რადგან ბევრი უხერხულობა
იქმნება და პატიმრებსაც შეურაცხმყოფელად ეპყრობიან.
ხელებზე ბორკილები გადევს, ზოგჯერ ზურგსუკანაც გაქვს
შეკრული, ტანზე დამთრგუნველი და დამამცირებელი ციხის

82
სამოსი გაცვია და ასეთი სახით ხარ იძულებული, იარო
ციხეების წარმომადგენლებისა და ზოგჯერ უბრალო
ადამიანების თვალწინაც კი. მიუხედავად ამისა, „რობენ-
აილენდის“ ნახვის პერსპექტივა ძალიან მხიბლავდა. ამ
კუნძულის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა გაგონილი.
ჩვენ მას „ესიქითინის“ (კუნძული) ვეძახდით. „რობენ-
აილენდის“ შესახებ კოსებმა მაშინ გაიგეს, როდესაც ტომის
ჯარის მთავარსარდალი მაკანა, იგივე ნკელე, ე.წ. „კოსას
მეოთხე ომის“ შემდეგ ამ კუნძულზე გადაასახლეს,
მოგვიანებით კი, როდესაც ის კონტინენტზე გადაცურვას
ცდილობდა, მოკლეს. მისი დაღუპვა კოსებმა იმდენად
განიცადეს, რომ მათ ენაში შესაბამისი იდიომატური
გამონათქვამები გაჩნდა. მაგალითად, „დაკარგულ იმედს“
ისინი „უკუზა კუკა ნკელეს“ უწოდებენ. ნკელე არ იყო
პირველი შავკანიანი გმირი, რომელიც „რობენ-აილენდზე“
გადაასახლეს. ეს პატივი წილად აუტშუმაიოს ხვდა.
თეთრკანიანი ისტორიკოსები მას „მოხეტიალე ჰარის“
უწოდებენ. აუტშუმაიო „რობენ-აილენდზე“ იან ვან რიდბეეკმა
1658 წელს, ხოი ხოის ტომსა და ჰოლანდიელებს შორის
მომხდარი შეტაკების შემდეგ, გადაასახლა. მას ძალიან დიდ
პატივს იმიტომაც სცემდნენ, რომ ის პირველი და ჯერჯერობით
ერთადერთი ადამიანია, რომელმაც კუნძულიდან
კონტინენტის ნაპირამდე გადაცურვა შეძლო. რამდენიმე
მცდელობის შემდეგ, მან ეს წარმატებით მოახერხა, რისთვისაც
ერთი ძველი, ყველას მიერ უვარგისად მიჩნეული ნავი
გამოიყენა. სხვადასხვა დროს კიდევ მრავალი პატრიოტი და
თავისუფლებისთვის მებრძოლი გადაუსახლებიათ „რობენ-
აილენდზე“. მათ შორის იყვნენ: ბელადი მაქომა, რომელიც 1834
წელს, ე.წ. „კოსას მეხუთე ომის“ დროს, ჯარის მთავარსარდალი
იყო; ლანგალიბალელე, ჰლუბის ტომის ბელადი, რომელიც 1873
წელს სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს; ასევე შეიხი
აბდულ რაჰმან მანტურა, კუნძულ იავადან გამოძევებული
პოლიტპატიმარი. ყველა ეს პიროვნება „რობენ-აილენდის“
ისტორიის ნაწილია. პორტუგალიელმა კოლონიალისტებმა
„ფერნანდო პოზე“ რამდენიმე აფრიკელი პატრიოტი
გადაასახლეს და ამით კუნძულს უნიკალური ადგილი
დაუმკვიდრეს ისტორიაში; ბრიტანელებმა, ინდიელებთან
ბრძოლის პერიოდში, ანდამანის კუნძულების სახელი
უკვდავყვეს, ფრანგებმა კი ექსის კუნძულისა, სადაც ალჟირის
პრეზიდენტი აჰმედ ბენ ბელა ჰყავდათ გადასახლებული.

83
სწორედ ასე მოხდა სამხრეთ აფრიკაშიც: „რობენ-აილენდს“
განსაკუთრებული ადგილი უკავია ხალხის მეხსიერებაში და
ამაში განსაკუთრებული წვლილი ქვეყნის მმართველებმა
შეიტანეს. „რობენ-აილენდი“ ერთ დროს კეთროვანთა კოლონია
იყო, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კი აქ საზღვაო
ძალების ნაწილი იდგა, რომელიც კეიპთაუნის ნაპირებს
იცავდა. ეს კუნძული ჩვენი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლისა
და ტანჯვის მომსწრეა. ის ახლა ჩემი ახალი სახლია.
4. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
რობენ-აილენდზე სულ რაღაც ორი კვირა გავატარე და კვლავ
პრეტორიაში გადამიყვანეს. დღემდე ვერ გამიგია, რატომ
მოხდა ასე. მხოლოდ ის ვიცი, რომ სამხრეთ აფრიკის ციხეების
დეპარტამენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც
ნათქვამი იყო, რომ „რობენ-აილენდზე“ მყოფი „პანაფრიკული
კონგრესის“ წევრი პატირმები ჩემ წინააღმდეგ შეთქმულებას
ამზადებდნენ. ოფიციალური მიზეზი ჩემი ისევ პრეტორიაში
გადაყვანისა სწორედ ეს იყო: ჩემივე უსაფრთხოების დაცვა. ამ
ვერსიის ნამდვილად არ მჯერა, რადგან „პანაფრიკული
კონგრესის“ წევრებიდან „რობენ-აილენდზე“ მხოლოდ
რამდენიმე ადამიანი იყო - ჩემი ძმისშვილი და მისი მეგობრები,
რომლებთანაც საუკეთესო ურთიერთობა მქონდა.
მოგვიანებით „პანაფრიკული კონგრესის“ სხვა წევრებსაც
ვესაუბრე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთელი ეს
ისტორია ხელისუფლების მიერ იყო გამოგონილი და მისი
მიზანი თავისუფლებისთვის მებრძოლთა რიგებში
განხეთქილების შეტანა იყო. ჩემს პრეტორიაში გადაყვანას არც
რივონიას სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ჰქონდა რაიმე
კავშირი, რადგან ეს პროცესი 1963 წლის 11 ივლისს გაიმართა. ამ
მომენტისთვის კი „რობენ-აილენდიდან“ უკვე თითქმის ერთი
თვის გადასული ვიყავი.
5. საუბარი აჰმედ კათრადასთან ციხის ზედამხედველთა
შესახებ:
კათრადა: შემდეგ, თქვენ ამბობთ: „ყველა ზედამხედველი,
გამონაკლისის გარეშე, თეთრკანიანი იყო და აფრიკაანსზე
საუბრობდა“. აქ უზუსტობა უნდა იყოს.
მანდელა: დიახ.
კათრადა: საუთერბიც იქ იყო და მანიც. ისინი

84
ინგლისურენოვანები იყვნენ.
მანდელა: ჰო, ამიტომ დავწეროთ, რომ აფრიკაანზე მათი
უდიდესი ნაწილი საუბრობდა. საუთერბი კარგად გახსოვს?
(იცინის)
კათრადა: რა თქმა უნდა.
მანდელა: დიდი ღიპი ედო, არა?
კათრადა: ჰო, ენდრიუ მლანგენიმ ერთხელ მუცელზე ხელი
მიარტყა და უთხრა: „კაპიტანო, სად იშოვეთ ამხელა ღიპი?“
მანდელა: რას ამბობ?! (იცინის)
კათრადა: არ გახსოვთ?
მანდელა: ჰო, ახლა მახსენდება.
კათრადა: (იცინის)
მანდელა: მან ერთხელ რაღაც მითხრა. ახლა აღარ მახსოვს რა.
საერთოდ, მან მახვილგონივრული და ჭკვიანური ფრაზების
თქმა იცოდა. როგორ დამავიწყდა... მოკლედ, იდეა ის იყო, რომ
მე საკუთარი თავის მნიშვნელობას ვაზვიადებდი. ეს ძალიან
მახვილგონივრულად მითხრა... ძალიან ჭკვიანურად.
კათრადა: არც მე მახსოვს. აი კიდევ ერთი ფრაგმენტი:
„გვაძალებდნენ, რომ ზედამხედველებისთვის „ბაასი“
(აფრიკაანსზე „უფროსს“ ნიშნავს - ავტ.) გვეწოდა, მაგრამ ეს
არასოდეს შეგვისრულებია“.
მანდელა: ჰო, ასე იყო.
6. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
კათრადა: თავდაპირველად, კარიერზე მუშაობისას, დამცავი
სათვალის ტარების უფლება არ გვქონდა, ხოლო როდესაც ამის
ნება დაგვრთეს, სათვალეები საკუთარი სახსრებით შევიძინეთ.
მანდელა: ჰო, ასე იყო.
კათრადა: თავად უნდა მოეცათ, მაგრამ თავი არ შეუწუხებიათ.
მანდელა: კი მოგვცეს, მაგრამ იაფი და უვარგისი.
7. საუბარი აჰმედ კათრადასთან კარიერზე მუშაობის შესახებ:
კათრადა: შემდეგ კარიერში საკვების მიღებაზე საუბრობთ:
ამბობთ, მიწაზე ვისხედით და ისე ვჭამდითო. სინამდვილეში,

85
კარგად თუ გაიხსენებთ, ასე არ იყო. ჩვენ აგურებს
ვაგროვებდით, ზედ ფიცრებს ვაწყობდით და იმაზე
ვსხდებოდით.
მანდელა: ჰო, მართალია.
კათრადა: ასე რომ, მიწაზე არ ვმსხდარვართ.
მანდელა: ჰო, ახლა გამახსენდა.
კათრადა: გადავედით შემდეგ გვერდზე („გრძელი გზა
თავისუფლებისკენ“). მართალია, რომ მხედველობის
პრობლემები, რომლებიც ახლა გაქვთ, კირის ბრალია?
მანდელა: ჰო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტმა ასე
მითხრა. ის გვარად ამოილსია და თავის დროზე მარგარეტ
ტეტჩერსაც მკურნალობდა. უმაღლესი დონის
პროფესიონალია. ჰარვარდის უნივერსიტეტმა სპეციალური
ჯილდოც კი მისცა. მან ყურადღებით გამსინჯა და მითხრა, რომ
პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი კირის სამტეხლოში მუშაობაა.
ამოილსი სტივ ჩვეტესაც მკურნალობს და ამბობს, რომ მასაც
იგივე პრობლემები აქვს.
კათრადა: მართლა?
მანდელა: ჰო, ამოილსმა თქვა, რომ მსგავსი პრობლემები მაშინ
ჩნდება, როდესაც ადამიანს მზეში მუშაობა უწევს. ამ დროს
ქვიშა მზის სინათლეს ირეკლავს, ეს კი მხედველობაზე ცუდად
მოქმედებს.
კათრადა: ეს აუცილებლად უნდა დავწეროთ. ძალიან
მნიშვნელოვანი დეტალია.
მანდელა: ჰო, ექიმმა ასე თქვა.
კათრადა: თუ გახსოვთ, ჩვენ ამას ჯერ კიდევ მაშინ
ვამტკიცებდით, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ საშიში არაფერია.
8. საუბარი აჰმედ კათრადასთან „რობენ-აილენდზე“ მყოფი
კრიმინალების შესახებ:
კათრადა: თქვენ იმ კრიმინალებზეც საუბრობთ, რომლებიც
„რობენ-აილენდზე“ საგანგებოდ ჩამოიყვანეს. მათ ჩვენთან
ერთად მუშაობა ევალებოდათ.
მანდელა: მნიშვნელოვანია, რომ ისინი „კრიმინალებად“ არ
მოვიხსენიოთ.

86
კათრადა: ჰო, ვიცი. ისინი „ჩვეულებითი სამართლის“
პატიმრმები იყვნენ. „რობენ-აილენდზე“ იმისთვის
ჩამოიყვანეს, რომ ჩვენთვის მუშაობა ესწავლებინათ. ის
მსუქანი ტიპი თუ გახსოვთ?
მანდელა: რა თქმა უნდა!
კათრადა: მეორეც იყო, რომელსაც ტიგა ერქვა და დროდადრო
ჩვენს ვარცხნილობაზეც ზრუნავდა. ეს ხალხი იმისთვისაც იყო
იქ, რომ ჩვენთვის ეთვალთვალათ.
მანდელა: ნამდვილად ასე იყო (იცინის).
9. საუბარი აჰმედ კათრადასთან ბანკის მძარცველის შესახებ:
კათრადა: კიდევ ერთი ადგილი („გრძელი გზა
თავისუფლებისკენ“): „მაგალითად, ჩვენთან ერთი ბანკის
მძარცველი იყო, რომელსაც „ჯო მაი ბეიბის“ ეძახდნენ“.
მანდელა: ჰო, მახსოვს. სიჰლაბანე იყო გვარად. შესაძლოა,
მართლაც იყო ბანკის მძარცველი, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ უნდა
ვთქვათ. ის ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებდა
და ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარიც იყო.
კათრადა: კარგი ადამიანი იყო.
მანდელა: ძალიან კარგი...
კათრადა: ის და პოპისი ერთად იყვნენ, ხომ გახსოვთ?
მანდელა: რა თქმა უნდა.
კათრადა: მათ მოილაპარაკეს, რომ ერთი პოლიტიკურ
პატიმრებზე იზრუნებდა, მეორე კი „ჩვეულებითი სამართლის“
პატიმრებზე, რომლებსაც კარცერში სვამდნენ. ისინი მათ
საკვებს აწვდიდნენ. ორივე ძალიან კარგი ადამიანია.
მანდელა: ჰო, ნამდვილად კარგები არიან.
კათრადა: პოპისი მანქანების გატაცების ნამდვილი ოსტატი
იყო.
მანდელა: ჰო, მეც ასე მგონია.
კათრადა: მანქანას იპარავდა და მასში ნაპოვნ ნივთებს
ინდიელებს აძლევდა.
(ორივე იცინის)

87
ყველა ამ ინდიელის სახელი ზეპირად ვიცი, რადგან პოპისი
დაწვრილებით მიყვებოდა ყველაფერს.
მანდელა: მართლა? არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.
სამწუხაროა, რომ მოკვდა.
კათრადა: მოკვდა?
მანდელა: ჰო, მოკლეს.
კათრადა: პოპისი?
მანდელა: ჰო. ციხიდან გამოსვლიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ
მედოულენდსში ესროლეს.
კათრადა: სამწუხაროა. ძალიან განათლებული ადამიანი იყო.
მანდელა: ძალიან.
10. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ციხეში სიმღერის შესახებ:
სტენგელი: სიმღერა აკრძალული იყო?
მანდელა: ჰო, თავიდან ასე იყო. ციხის ტერიტორიაზე ყველგან
კრძალავდნენ სიმღერას, განსაკუთრებით, მუშაობის დროს.
კარიერზე ჩვენ კირის მოსაპოვებლად გვიშვებდნენ, ეს კი
საკმაოდ რთული საქმეა. კირი კლდეების ფენებშია.
თავდაპირველად ამ ფენას პოულობ, შემდეგ კი მას წერაქვით
შუაზე ტეხავ... ამ სამუშაოს ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა:
პატიმრებს უნდა ეგრძნოთ, რომ ციხე გასართობი არ არის და
ერთხელ რომ მოხვდები იქ, მიბრუნება აღარასოდეს არ უნდა
მოგინდეს. მათ ჩვენი სულის გატეხვა სურდათ. სწორედ
ამიტომ, მუშაობის დროს, ხშირად საბრძოლო სიმღერებს
ვმღეროდით და ეს გვეხმარებოდა სულის სიმტკიცეში. რა თქმა
უნდა, ამ ყველაფერს ცეკვებიც სდევდა თან. მოგვიანებით
ციხის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ საქმე მებრძოლი სულის
მქონე ადამიანებთან ჰქონდა და მუშაობის დროს სიმღერა და
ცეკვა აგვიკრძალა. სიმღერის გარეშე კი სამუშაოს სიმძიმე
გაცილებით მძაფრად აღიქმებოდა. სამწუხაროდ, იძულებული
ვიყავით დავმორჩილებოდით, მაგრამ როდესაც საღამოს
საკნებში ვბრუნდებოდით, იქ ვაწყობდით პატარა კონცერტებს.
განსაკუთრებით დიდი ზეიმი საშობაოდ და საახალწლოდ
გავმართეთ. საბოლოო ჯამში, ციხის ხელმძღვანელობაც მიეჩვია
ამას.
11. საუბარი რიჩარდ სტენგელთან პრემიერ-მინისტრ ჰენდრიკ

88
ფერვურდის მკვლელობის შესახებ:
ადამიანის სიკვდილი, მით უმეტეს, მკვლელობა, არასდროს
არის სასიამოვნო. ჩვენ ვთვლიდით, რომ საზოგადოებას მისი
პოლიტიკის დაგმობის ისეთი ხერხებისთვის უნდა მიემართა,
რომელიც ასეთ რადიკალურ ზომას არ ითვალისწინებდა.
მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა, ისეთი იარები დაგვიტოვოს,
რასაც თაობების ცვლაც კი ვერ მოაშუშებს. 1899 - 1902 წლებში
ამ ქვეყანაში ინგლისელებსა და ბურებს შორის ომი გაიმართა.
მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, მაგრამ აფრიკანერებისა და
ინგლისურად მოლაპარაკეებისგან დღესაც ხშირად გაიგონებთ,
რომ ეს ომი კვლავაც გრძელდება. ეს სწორედ წარსულის
იარებია. დღეს მთელი მინისტრთა კაბინეტი აფრიკანერებისგან
შედგება. მხოლოდ სამი თუ ოთხია ინგლისელი. ეს იმიტომ
ხდება, რომ მათ ვერ შეძლეს თავიანთი პრობლემების
მშვიდობიანი ხერხებით მოგვარება. უნდა ითქვას, რომ
ფერვურდი ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უგულო პრემიერ-
მინისტრი იყო, რომელიც აფრიკელებს ისე უყურებდა, როგორც
ცხოველებს. ხშირ შემთხვევაში მას ისინი ცხოველებზე
უარესად მიაჩნდა. მიუხედავად ამისა, როდესაც მისი
მკვლელობის ამბავი გავიგე, სასიამოვნო გრძნობა ნამდვილად
არ გამჩენია, მაგრამ მთავარი და ყველაზე საინტერესო აქ სულ
სხვა რამეა. ციხის ადმინისტრაციამ ჩვენზე გადაწყვიტა შური
ეძია, თითქოს პრემიერის სიკვდილში ჩვენ ვიყავით
დამნაშავეები. მათ სხვა ციხიდან საშინელი ზედამხედველი
გამოგზავნეს. მას ვან რენსბურგი ერქვა და უსასტიკესი
მეთოდები ჰქონდა. გარდა ამისა, ის უზრდელიც იყო.
მაგალითად, როდესაც ჩვენ შუა მუშაობაში ვიყავით, ის
კონკრეტულ ადგილას იდგა და მოშარდვა თუ მოუნდებოდა,
იქვე შარდავდა, იმის მაგივრად, რომ გასულიყო და რამეს
მოჰფარებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მის წინააღმდეგ
საკმაოდ სერიოზული საჩივარი შევუტანეთ ციხის
ადმინისტრაციას. ეს მორიგი მსგავსი ინციდენტის შემდეგ
მოხდა. ჩვენ მუშაობის მერე ვისვენებდით და ვსადილობდით,
ამ დროს ვან რენსბურგი ჩვენი მაგიდის გვერდით იდგა.
მოულოდნელად მას მოშარდვა მოუნდა და იქვე, ჩვენი
მაგიდის გვერდით გაითავისუფლა თავი. კაცმა რომ თქვას,
პირდაპირ მაგიდაზე არ მოუშარდავს, მაგრამ ჩვენგან
დაახლოებით ერთი მეტრის მოშორებით ნამდვილად
იქნებოდა. ვან რენსბურგს საშინელი მანერები ჰქონდა და
განსაკუთრებული სისასტიკითაც გამოირჩეოდა. გარდა ამისა,

89
ციხეში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: დილით გადაწყვეტდნენ,
რომელი პატიმარი უნდა დაესაჯათ სამაგალითოდ, და შავ
სიაში მოხვედრილს რაც არ უნდა გულმოდგინედ ემუშავა
მთელი იმ დღის განმავლობაში, საღამოს მაინც დასჯიდნენ.
12. საუბარი რიჩარდ სტენგელთან „რობენ-აილენდის“ ციხეში
შეთითხნილი საქმეების შესახებ:
სტენგელი: ადვოკატების აყვანა არ გიცდიათ?
მანდელა: რა თქმა უნდა, ვცადეთ და აგვყავდა კიდეც, მაგრამ
ეს არაფერს წვეტდა. მაინც გვსჯიდნენ... იზოლაციაში
გვამყოფებდნენ და საკვების გარეშე გვტოვებდნენ... ბრინჯსა
და წყალს გვაძლევდნენ, მეტს არაფერს. ზოგჯერ, როდესაც
სასჯელი ხანგრძლივია, შიმშილი გიწევს. თუ სწორად მახსოვს,
ორი დღე საკვების გარეშე ხარ, მესამე დღეს რაღაცას გაჭმევენ,
შემდეგ ისევ შიმშილობ და მეხუთე დღეს ისევ ჭამ.
სტენგელი: როგორ უძლებდით ამას?
მანდელა: საკმაოდ ადვილია. პირველ დღეს ძალიან გიჭირს,
მაგრამ მეორე დღიდან უკვე ეჩვევი. მესამე დღეს საერთოდ
ვერაფერს გრძნობ, გარდა იმისა, რომ ძალა გაქვს გამოლეული.
ადამიანის ორგანიზმი ყველაფერს ეჩვევა, მით უმეტეს, თუ
სულიერად მიუდგები საქმეს. თუ გულწრფელად გჯერა, რომ
სიმართლის გზაზე დგახარ, რომ საკუთარი უფლებების დაცვა
და ბოლომდე ბრძოლა შეგიძლია, ყველაფერს აიტან.
13. წერილი იუსტიციის მინისტრს. 1969 წლის 22 აპრილი:
ჩემმა კოლეგებმა მთხოვეს, რომ თქვენთვის წერილი მომეწერა
და ჩვენი ციხიდან გათავისუფლება მეთხოვა. ამავე დროს,
სანამ თქვენი გადაწყვეტილება ძალაში შევა, მოგიწოდებთ,
რომ მოგვეპყროთ ისე, როგორც ეს პოლიტიკურ პატიმრებს
შეეფერებათ. დასაწყისშივე გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ
ამ განცხადებით შეწყალებას კი არ ვითხოვთ, არამედ ვიყენებთ
პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული ყველა
ადამიანის ხელშეუვალ უფლებას... ჩვენ, ცნობილი
პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები, რასობრივი ნიშნით
დევნის წინააღმდეგ გამოვდივართ და მოვითხოვთ, რომ ამ
ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი კანის ფერისა,
თანაბარი პოლიტიკური უფლებები ჰქონდეს. ჩვენ ყოველთვის
ვეწინააღმდეგებოდით და დღესაც ვეწინააღმდეგებით
თეთრკანიანთა ბატონობის ნებისმიერ ფორმას,

90
განსაკუთრებით კი, განცალკევებით განვითარების
პოლიტიკას. ჩვენ ვითხოვთ დემოკრატიულ სამხრეთ აფრიკას,
სადაც ადამიანებს მათი კანის ფერის მიხედვით არ განსჯიან
და სადაც ყველა მოქალაქე, მიუხედავად რასისა და მრწამსისა,
თანასწორუფლებიანობის საფუძველზე იცხოვრებს.
ყველა ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, იმ პოლიტიკური
საქმიანობის გამო იქნა დაპატიმრებული, რომელიც მიზნად
ჩვენი ხალხისთვის თვითგამორკვევის უფლების მოპოვებას
ისახავდა, იმ უფლებისა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში
მცხოვრებ ადამიანებს დაბადებით ერგებათ. ამ საქმიანობით
ჩვენ იმ რასისტულ პოლიტიკასა და უსამართლო კანონებს
ვეწინააღმდეგებოდით, რომლებიც ადამიანთა ამ
ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და ხელს უშლის
ნამდვილი, დემოკრატიული მთავრობის ფორმირებას.
წარსულში სამხრეთ აფრიკის მთავრობები მსგავსი
დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს შესაბამისად ეპყრობოდნენ
და ბევრ შემთხვევაში მათ ვადაზე ადრე ათავისუფლებდნენ
ციხიდან. მხედველობაში გვყავს გენერლები კრისტიან დე
ვეტი, იან კემპი და სხვები, რომლებსაც 1914 წელს მომხდარი
ამბოხების საფუძველზე ბრალად სახელმწიფო ღალატი
წაუყენეს. მათი დანაშაული გაცილებით უფრო სერიოზული
იყო, ვიდრე ჩვენი. შეიარაღებული ბრძოლა 12 000-მა
ამბოხებულმა დაიწყო, რასაც 300-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა
მოჰყვა. ოკუპირებულ იქნა ქალაქები, სამთავრობო
დაწესებულებებსაც სერიოზული ზიანი მიადგა, კერძო
საკუთრებისათვის მიყენებულმა ზიანმა კი 500 000 რანდს
მიაღწია. ძალადობის ეს აქტები თეთრკანიანმა მოქალაქეებმა
ჩაიდინეს. ისინი ყველა პოლიტიკური უფლებით
სარგებლობდნენ, კანონიერ პოლიტიკურ ორგანიზაციებში
იყვნენ გაწევრიანებული, საკუთარ გაზეთებს უშვებდნენ და
საკუთარი მოსაზრებების შესახებ საჯაროდ გამოთქვამდნენ
აზრს. მათ თავისუფლად შეეძლოთ მთელ ქვეყანაში
მოგზაურობა, საკუთარი იდეების გავრცელება და
მხარდამჭერების ძებნა და ეს მაშინ, როდესაც მათ მიერ
განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს არანაირი
გამართლება არ ჰქონდა. ნარინჯისფერი თავისუფალი
სახელმწიფოს ლიდერ დე ვეტს 6 წლით თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯეს და ჯარიმის სახით 4 000 რანდის გადახდა
დააკისრეს, კემპმა 7-წლიანი პატიმრობა მიიღო და 2 000 რანდი

91
გადაიხადა, სხვებს კი შედარებით მსუბუქი სასჯელი
დაუწესეს.
მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, დე ვეტი
განაჩენის გამოტანიდან 6 თვეში გაათავისუფლეს,
დანარჩენები კი ერთ წელიწადში. ზემოთ ნახსენები შემთხვევა
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა და მაშინდელმა
მთავრობამ გაცილებით მეტი ტოლერანტობა გამოიჩინა
მსგავსი სახის დამნაშავეების მიმართ, ვიდრე ამას მოქმედი
ხელისუფლება იჩენს შავკანიანი პოლიტპატიმრებისადმი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს ქმედებებს გაცილებით
მეტი გამართლება აქვს, ვიდრე 1914 წლის ამბოხების
მონაწილეებისას. მიუხედავად ამისა, მოქმედი ხელისუფლება
მუდმივად ახშობს ჩვენს მისწრაფებებს, ავიწროებს ჩვენს
პოლიტიკურ ორგანიზაციებს და სხვადასხვა სახის აკრძალვებს
უწესებს ცნობილ აქტივისტებსა და მშრომელებს.
ასობით უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმამ მათს ოჯახებს
მძიმე დარტყმა მიაყენა. ამ ქმედებებმა ქვეყნის ისტორიაში
უპრეცედენტო ტერორის გაბატონება გამოიწვია და
კონსტიტუციური ხერხებით ბრძოლის ყველა საშუალება
მოსპო. ასეთ სიტუაციაში კი თავისუფლებისთვის მებრძოლებს
სხვა ალტერნატივა არ დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ
ძალადობისთვის მიემართათ. ნებისმიერი პრინციპული და
თავისი იდეების ერთგული ადამიანი სწორედ ასე მოიქცეოდა.
იარაღის დაყრა ამ პრინციპების ღალატისა და უმცირესობის
მიერ არჩეული მთავრობის წინაშე ქედის მოხრის ტოლფასი
იქნებოდა. მსოფლიო ისტორია გვასწავლის, რომ ზოგიერთ
შემთხვევაში ძალადობის გამოყენება სავსებით
გამართლებულია და არც სამხრეთ აფრიკაა გამონაკლისი.
ამბოხებულების გათავისუფლებით ბოთა სმუტსის მთავრობამ
ეს მნიშვნელოვანი ფაქტი აღიარა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ
ჩვენი შემთხვევა არაფრით განსხვავდება 1914 წლის
შემთხვევისგან და ამიტომ ვითხოვთ, რომ მსგავსი პრივილეგია
ჩვენზეც გავრცელდეს. მეტიც, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ,
რომ ნახევარი საუკუნის წინ მომხდარი მოვლენის შედეგად 322
ადამიანი დაიღუპა, ჩვენ კი, საბოტაჟის აქტების
განხორციელებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით
იმას, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო. სასამართლოს
მიმდინარეობისას ეს მოსამართლემაც აღიარა და
პროკურორმაც.

92
თუ ამ წერილზე მიბმულ სქემას განვიხილავთ და დე ვეტის
შემთხვევის მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ყველა
ჩვენგანი ახლა უკვე დიდი ხნის გათავისუფლებული უნდა
იყოს. იმ 23 პიროვნებიდან, რომელთა სახელები ქვემოთ არის
მოყვანილი, 8 - სამუდამო სასჯელს იხდის, ათ მათგანს -
ათიდან ოც წლამდე, ხუთს კი ორიდან ათ წლამდე პატიმრობა
მიუსაჯეს... კატასტროფის თავიდან აცილების ერთადერთი გზა
არის არა უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა, არამედ
პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტა და საღი აზრით
ნაკარნახევი პოლიტიკის გატარება. მოხდება თუ არა ამ
ქვეყანაში სისხლისღვრა, ეს მთლიანად მთავრობაზეა
დამოკიდებული. ჩვენი მისწრაფებების ჩახშობის მცდელობები
და ძალადობრივი მეთოდები, რომლებსაც ხელისუფლება
მიმართავს, ჩვენს ხალხს სულ უფრო და უფრო ძლიერად
უბიძგებს დაუნდობელი ბრძოლისკენ. ვერც თქვენ და ვერც მე
ვიწინასწარმეტყველებთ, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ
უპასუხისმგებლო პოლიტიკას და რამდენად ძვირად შეიძლება
ეს დაუჯდეს ქვეყანას. ცხადია, რომ ყველაზე სწორი
გადაწყვეტილება - ჩვენი გათავისუფლება, მოლაპარაკების
გამართვა და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნა
იქნება.
ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, გაგვათავისუფლოთ და სანამ
ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ისე მოგვექცეთ, როგორც ეს
პოლიტიკურ პატიმრებს შეეფერება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ
უზრუნველყოფილნი უნდა ვიყოთ ნორმალური კვებით,
აუცილებელი ტანსაცმლით, საწოლებითა და ლეიბებით,
გაზეთებით, რადიოებით, ბიოსკოპითა და ჩვენი ოჯახის
წევრებთან უკეთესი და უფრო ახლო კონტაქტით, როგორც
ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პოლიტპატიმრებისათვის შესაფერისი მოპყრობა ასევე
გულისხმობს იმ საკითხავი მასალის ხელმისაწვდომობას,
რომელიც აკრძალული არ არის, ასევე წიგნების წერისა და მათი
გამოცემის თავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ საშუალება
მოგვეცეს ვიმუშაოთ ისე, როგორც თავად მიგვაჩნია საჭიროდ
და შევისწავლოთ ის პროფესიები, რომლებიც თავად
მოგვწონს... არსებულ სიტუაციაში ხელისუფლება ციხეს
უყურებს არა როგორც სარეაბილიტაციო დაწესებულებას,
არამედ როგორც შურისძიების ინსტიტუტს, სადაც პატიმრებს
არ ეძლევათ იმის საშუალება, თავისუფალი ცხოვრებისთვის
მოემზადონ და ღირსეული როლი შეასრულონ საზოგადოებრივ

93
ცხოვრებაში. ნაცვლად ამისა, ციხის ადმინისტრაცია
ყველანაირად ცდილობს დაგვსაჯოს და დაგვთრგუნოს, რათა
აღარასოდეს გვქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ იდეალებს
ვემსახუროთ. ჩვენ იმისათვის გვსჯიან, რომ გავბედეთ და
რასობრივი ტირანიის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლეთ. სწორედ ეს
არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გვეპყრობიან ციხეში ასე
ცუდად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ წერაქვები
და ნიჩბები გვიჭირავს ხელში, კვება არასაკმარისი და
უხარისხოა, წიგნებზე და სხვა კულტურულ მასალაზე ხელი არ
მიგვიწვდება და გარე სამყაროსგანაც სრულიად
იზოლირებულნი ვართ. მკვლელობის, გაუპატიურებისა და
მსგავსი დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანები
გაცილებით მეტი პრივილეგიებით სარგებლობენ, ვიდრე ჩვენ -
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულნი... ბოლოს, გვსურს
დავაფიქსიროთ, რომ ამ კუნძულზე დღემდე გატარებული
პერიოდი ძალიან მძიმე იყო. ყოველი ჩვენგანი, საკუთარ
ტყავზე გრძნობს იმ სიძულვილს, რომელიც ფერადკანიანი
ადამიანების მიმართ არსებობს. სირთულეები, რომლებსაც ჩვენ
ამ ციხეში განვიცდით, უმეტეს შემთხვევაში ციხის
ადმინისტრაციის მიერ გამოჩენილი ინდიფერენტულობის
შედეგია. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს სიტუაცია
შემსუბუქდა და იმედი გვაქვს, რომ მომავალში უკეთესი
დღეები გველის. იმედი გვაქვს, რომ როდესაც ამ წერილს
გაეცნობით, მხედველობაში ერთ მნიშვნელოვან ფაქტს
მიიღებთ: ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის იდეალები, რომლებიც
შესაბამისი ქმედებებისკენ გვიბიძგებს, ჩვენი ქვეყნის
პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთ გამოსავალს
წარმოადგენს და ადამიანთა დიდ ოჯახში ცივილიზებული
ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს.
14. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
ციხეში მარტო ყოფნა ძალიან ძნელია. არავის ვუსურვებ. მე
იზოლაციაში ისე მომაქციეს, რომ სასჯელი არ დაუწესებიათ.
ამას იმ გაგებით ვამბობ, რომ საკვები არ შეუზღუდავთ. მათი
მიზანი ის იყო, სხვა პატიმრებთან ვიზუალური შეხებაც კი არ
მქონოდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვხედავდი,
ზედამხედველი იყო. საკვებიც კი მას მოჰქონდა ჩემს საკანში
(ჩაიცინა). ჰაერზე მხოლოდ ერთი საათით მიშვებდნენ:
ნახევარი საათით - დილით და ნახევარი საათით - საღამოს და
ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სხვა პატიმრები უკვე საკნებში

94
იყვნენ.
15. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ციხეში არსებული სათლების
სისტემის შესახებ:
მანდელა: ციხეში, ყველას თითო სათლი გვქონდა...
წყალგაყვანილობა მხოლოდ დიდ საკნებში იყო, პატარა
ოთახებში კი ღამით სწორედ ამ სათლებს ვიყენებდით.
სტენგელი: არ მახსოვს, ვინ იყო, მაგრამ ერთ-ერთმა ყოფილმა
პატიმარმა, რომელიც ახალი გადაყვანილი ჰყავდათ „რობენ-
აილენდზე“, თქვა, ერთხელ თურმე თქვენ ვიღაცის სათლი
გარეცხეთ იმის გამო, რომ თავად ამის გაკეთება არ სურდა.
მანდელა: არა, ცოტა სხვანაირად იყო... ჩვენთან ერთად
„უმხონტო ვე სიზვეს“ ერთ-ერთი ჯარისკაცი იჯდა. ჩვენი
მეგობარი იყო. ის კეიპთაუნში უნდა გადაეყვანათ. დილით
ადრე, 5 საათზე უნდა გასულიყვნენ, ანუ მანამ, სანამ კარს
გაგვიღებდნენ და სათლების გასარეცხად გავიდოდით. ამიტომ
ამ ბიჭმა ჩემ გვერდით მდგომ თავის მეგობარს სთხოვა, ჩემი
სათლიც გარეცხეო, თავად კი წავიდა. როდესაც გავიღვიძეთ,
მეგობარმა პროტესტი გამოთქვა: „მე არ ვარ ამისთვის მზად,
სხვის სათლს ვერ გავრეცხავ“ და ასე შემდეგ. ამიტომ ავიღე და
თავად გავრეცხე. საკუთარ სათლს ყოველდღიურად ვრეცხავდი
და სხვისი სათლის გარეცხვაც არ იყო ჩემთვის არანაირი
პრობლემა. აი ასე იყო ეს ამბავი. მე უბრალოდ დავეხმარე
მეგობარს, რომელსაც მეორე მეგობარმა თხოვნა ვერ
შეუსრულა.
16. ფრიდა მეთიუზისთვის მიწერილი წერილიდან. 1987 წლის
25 თებერვალი:
პატიმრისთვის სტუმარს იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ
სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ყოველდღიურობა მსოფლიოს
ყველა ქვეყნის ციხეში საოცრად დამთრგუნველია: ერთი და
იგივე გარემო, ერთი და იგივე სახეები, დიალოგები, სუნი,
მაღალი კედლები და მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ ამ
კედლების გარეთ შენთვის მიუწვდომელი, საოცარი სამყაროა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც მეგობრები,
ოჯახის წევრები ან თუნდაც უცნობი ადამიანები გეწვევიან,
განუმეორებელი შეგრძნება გეუფლება: თითქოს ეს
ყოველდღიური მონოტონურობა ერთბაშად დაინგრა და შენს
საკანში მთელი სამყარო შემოიჭრა.

95
17. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: რამდენი ხანი გრძელდებოდა ვიზიტი?
მანდელა: თავდაპირველად, ოცდაათი წუთი. წარმოიდგინეთ,
ექვსი თვე ელოდები და მხოლოდ ნახევარი საათი გაქვს
სტუმართან ურთიერთობისთვის. მოგვიანებით ხანგრძლივობა
ერთ საათამდე გაზარდეს. აქედან ნახევარი საათი პატიმარს
კანონით ეკუთვნოდა, დანარჩენი კი პრივილეგია იყო. თუ
მოუნდებოდათ, შეეძლოთ, ეს დამატებითი ნახევარი საათი
აღარ მოეცათ. სანამ პაემანზე გაგიყვანდნენ, აუცილებლად
გეუბნებოდნენ, ვინ იყო მოსული შენს სანახავად. ერთ დღეს,
უბრალოდ მითხრეს, რომ სტუმარი მყავდა, მაგრამ მისი
ვინაობა არ მითხრეს. ზედამხედველებს რომ ვკითხე, არ
იცოდნენ. შემდეგ მთავარ ოფიცერს მივმართე. მან მიპასუხა,
რომ გაიგებდა და შემატყობინებდა, მაგრამ რომ გავიდა, აღარ
დაბრუნებულა. საბოლოოდ, ისე წამიყვანეს პაემანზე, რომ
სტუმრის ვინაობა არ უთქვამთ. რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ
ჩემს სანახავად პროფესორი ფატიმა მეერი იყო მოსული.
მაშინღა მივხვდი, რატომ დამიმალეს მისი ვინაობა. საქმე ის
იყო, რომ ქალბატონი მეერი ადრე უკვე იყო მოსული ჩემთან და
ციხის ადმინისტრაციას ის „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.
თავად აუკრძალეს ჩემს სანახავად მოსვლა, მაგრამ რომ
მოვიდა, იძულებულნი იყვნენ, შემოეშვათ. გამიხარდა და
გავიფიქრე, რომ ამჯერად ერთ საათს მომცემდნენ. ოცდაათი
წუთი რომ გავიდა, ზედამხედველმა მითხრა: „მორჩა, ვიზიტი
დასრულებულია“. „წესით ხომ ერთი საათი მეკუთვნის?“, -
შევეწინააღმდეგე მე. მან კი მიპასუხა: „არა, თქვენ 30 წუთი
გაქვთ, დამატებითი ნახევარი საათი კი ჩვენს ნება-სურვილზეა
დამოკიდებული. დღეს თქვენ მეტი არ გეკუთვნით. ვიზიტი
დასრულებულია“. საკმაოდ უხეშები და შეუვალები იყვნენ.
მოკლედ, ერთი საათი მაქსიმუმი იყო და სწორედ ასეთ
ვითარებაში ვცხოვრობდი მანამ, სანამ „ვიქტორ ვერსტერის“
ციხეში გადამიყვანდნენ. იქ კი უკვე ისეთ პირობებში ვიყავი,
რასაც პატიმარსა და თავისუფალ ადამიანს შორის ყოფნა ჰქვია.
კოტეჯში ვცხოვრობდი. სრულიად მარტო. ის ჩაკეტილი არ იყო
და უფლება მქონდა, შუაღამემდე გარეთ ვყოფილიყავი. გარდა
ამისა, განსაკუთრებული ზედამხედველი მომიჩინეს, რომელიც
სხვა საქმეებთან ერთად, საჭმელსაც მიმზადებდა. მგონი,
მოვლენებს ვუსწრებ. ამის დროც მოვა.
18. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიის

96
ხელნაწერიდან:
ადამიანი, რომელიც პრემიერის თანამდებობას აღწევს,
ნებისმიერ ქვეყანაში ძლიერ, უნარიან და ზედმიწევნით
პატიოსან პიროვნებად ითვლება. პრემიერ-მინისტრ ბალთაზარ
ვორსტერს საიდუმლო მანევრებიც განუხორციელებია,
წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის საჭირო საკმარისი
თანხებიც გააჩნია და გავლენიანი ადამიანებისა და
პროპაგანდისტული სააგენტოების მხარდაჭერის ადვილად
მოპოვების უნარიც აქვს, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ის
უდიდეს პატივისცემას იმსახურებს - ყოველ შემთხვევაში,
თეთრკანიან კონსერვატორებს შორის. მისი ქმედებები მეორე
მსოფლიო ომის დროს იმის დასტურია, რომ მას თავისი
იდეალების სჯერა და ბოლომდე ბრძოლაც შეუძლია მაშინაც კი,
როდესაც უმცირესობაშია. დემოკრატიულ სამხრეთ აფრიკაში,
სადაც ყველა ადამიანს ერთნაირი პრივილეგიები და უფლებები
ექნება, ვორსტერის მსგავსი ძალიან ბევრი პიროვნება
გამოჩნდება. ასეა თუ ისე, დღესდღეობით ის სხვა თეთრკანიან
პოლიტიკოსებზე ათი თავით მაღლა დგას.
19. წერილი ვინი მანდელას. 1969 წლის 2 აპრილი:
როგორც იქნა, ერთი საოჯახო ფოტოც მეღირსა! ნამდვილი
შედევრია! კგათო და გოგოები არაჩვეულებრივად არიან.
დედას სურათის ნახვამაც ძალიან გამახარა. შენმა პატარა
სურათმა კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ეს აინგო ნობანდლა
ლოს უმცროსი და არ არის?“ „მადიბა დიდი ხანი იჯდა ციხეში
და თავის რძალს არც კი იცნობს“ - აი ასეთი შენიშვნები ისმოდა
ჩემ გარშემო.
პირადად ჩემში ამ პორტრეტმა შერეული გრძნობები
გამოიწვია. ცოტათი მოწყენილი და დაბნეული ჩანხარ, თითქოს
შეუძლოდაც ხარ, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ლამაზად
გამოიყურები. ეჭვი მაქვს, განგებ გადაიღე ასეთი ფოტო,
რადგან გსურდა ისეთი რამ გეგრძნობინებინა ჩემთვის, რისი
გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელი იყო. შეგიძლია
დარწმუნებული იყო, რომ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.
ერთადერთი რაც მინდა გითხრა, ის არის, რომ ამ სურათმა
უნაზესი გრძნობები გამოიწვია ჩემში და ოდნავ შეალამაზა ის
უფერული ცხოვრება, რომელიც ჩემ გარშემოა. ახლა გაცილებით
უფრო ძლიერად მენატრებით შენ და ჩვენი ლამაზი, მშვიდი
სახლი.

97
თავი მერვე. გობელენი
„დედა ბოლოს გასული წლის 9 სექტემბერს ვნახე, როდესაც ის
ჩემთან მოვიდა ციხეში. პაემანი რომ დასრულდა, კვლავ იმ
გემისკენ გაემართა, რომლითაც კონტინენტზე უნდა
გადასულიყო. ვუყურებდი, როგორ მიდიოდა და
მოულოდნელად გამიელვა აზრმა, რომ ვეღარასოდეს
ვნახავდი“.
კ.დ. მატანზიმასთვის მიწერილი წერილიდან.
14 ოქტომბერი, 1968
1. წერილი კ.დ. მატანზიმას. 1968 წლის 14 ოქტომბერი:
დედა ბოლოს გასული წლის 9 სექტემბერს ვნახე, როდესაც ის
ჩემთან შესახვედრად მოვიდა ციხეში. პაემანი რომ დასრულდა,
ის კვლავ იმ გემისკენ გაემართა, რომლითაც კონტინენტზე
უნდა გადასულიყო. ვუყურებდი, როგორ მიდიოდა და
მოულოდნელად გამიელვა აზრმა, რომ მას ვეღარასოდეს
ვნახავდი. მისი სტუმრობა ყოველთვის ძალიან მიხაროდა და
მისი სიკვდილი ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო.
მოულოდნელად თავი მიტოვებულად ვიგრძენი, მაგრამ ჩემი
მეგობრები, რომელთა თანაგრძნობა და დახმარება ყოველთვის
განსაკუთრებული იყო, გვერდზე დამიდგნენ და ეს დიდი
ტკივილი ადვილად გადამატანინეს. დაკრძალვის დღეების
შესახებ მიღებულმა წერილმა კიდევ უფრო გამამხნევა. ძალიან
მესიამოვნა, როდესაც შევიტყვე, რომ დასაფლავებას თითქმის
ყველა ჩემი მეგობარი და ნათესავი დაესწრო. ბედნიერი ვარ,
რომ შენც მათ შორის იყავი, ვინც დედაჩემი უკანასკნელ გზაზე
გააცილა.
2. წერილი პ.კ. მადიკიზელას. 1969 წლის 4 მაისი:
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემის დასაფლავების
საშუალება არ მომეცემოდა. პირიქით, სულ იმის იმედი
მქონდა, სიბერეში მის გვერდით ვიქნებოდი და საბედისწერო
მომენტი რომ დადგებოდა, მის საწოლთან ვიდგებოდი. მე და
ზამის ძალიან გვსურდა, რომ ის ჩვენთან, იოჰანესბურგში
გადმოსულიყო საცხოვრებლად, რადგან იქ საავადმყოფოც
ახლოს იყო და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის
დახმარებასაც აღმოუჩენდნენ. ამ საკითხზე მე თავად ვესაუბრე
დედას, როდესაც ის ჩემს სანახავად მოვიდა. ეს 1966 წლის 6

98
მარტს მოხდა. 1967 წლის 9 სექტემბერს კიდევ ერთხელ
ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე. მან მთელი
თავისი ცხოვრება სოფელში გაატარა და იმდენად მიჩვეული
იყო იქაურობას, რომ დიდ ქალაქში ვერ გაძლებდა. რამდენიმე
დღე გაატარა იოჰანესბურგში და ძალიან გაუჭირდა. მას
სურდა, ახლოს ყოფილიყო თავისი წინაპრების საფლავებთან.
მისი მოსაზრებები ჩემთვის სრულიად გასაგები იყო, მაგრამ
მაინც მქონდა იმედი, რომ საბოლოო ჯამში დავიყოლიებდი.
3. წერილი, რომელიც მანდელამ თავის ქალიშვილებს, ზენისა
და ზინძის მისწერა, როდესაც ისინი ცხრა და ათი წლისანი
იყვნენ. 1969 წლის 23 ივნისი:
ჩვენი საყვარელი დედა კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და ახლა
ის, ისევე როგორც მამა, ციხეში ზის.[2] გული მიკვდება,
როდესაც წარმოვიდგენ, რომ ის სახლიდან შორს, პოლიციის
რომელიღაც საკანში ჰყავთ მოთავსებული, ალბათ სრულიად
მარტოა, დამლაპარაკებელიც არავინ ჰყავს და წასაკითხიც
არაფერი აქვს. დარწმუნებული ვარ, ის ახლა ოცდაოთხი საათის
განმავლობაში თავის პატარებზე ფიქრობს. შესაძლოა, ბევრი
თვე და წელიწადიც კი გავიდეს, სანამ ის სახლში დაბრუნდება.
ალბათ დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრებთ ასე ობლებივით,
საკუთარი სახლიდან შორს, იმ სიყვარულისა და სითბოს
გარეშე, რომელსაც დედა გაძლევდათ. ახლა აღარც საზეიმო
დაბადების დღეები გექნებათ და არც საშობაო
დღესასწაულები, ვერც საჩუქრებს მოგიტანენ და ვერც ახალ
კაბებს, ვერც ფეხსაცმელებს და ვერც სათამაშოებს. წავიდა ის
დღეები, როდესაც საღამოს, ბანაობის შემდეგ მაგიდასთან
სხდებოდით და დედასთან ერთად გემრიელად ვახშმობდით.
წავიდა ის დრო, როდესაც თბილ და სუფთა ლოგინებში
წვებოდით, რომელსაც დედა გიმზადებდათ. ის ვეღარ
წაგიყვანთ კინოში, თეატრსა და კონცერტებზე, ვერ
მოგიყვებათ საინტერესო ზღაპრებს ძილის წინ, ვერ
დაგეხმარებათ რთული წიგნების კითხვაში და ვერ გაგცემთ
პასუხებს იმ უამრავ შეკითხვაზე, რომლებიც დღის
განმავლობაში გებადებათ. თქვენ იზრდებით და ახალი
პრობლემები გიჩნდებათ, ის კი თქვენ გვერდით ვერ იქნება და
სათანადო ყურადღებას ვერ მოგაქცევთ. ალბათ ვეღარასოდეს
შეიკრიბება ჩვენი ოჯახი ერთად ორლანდოს ქუჩაზე მდებარე
სახლში, რომელიც ჩვენი გულებისთვის ასეთი ძვირფასია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედა ციხეში მიდის.

99
1958 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩვენი ქორწილიდან სულ
რაღაც ოთხი თვე იყო გასული, ის და კიდევ 2 000 ქალი
პროტესტის გამოხატვისთვის დააკავეს და ორი კვირით
დააპატიმრეს. გასულ წელს ის 4 დღით ჩასვეს ციხეში, ახლა კი
კიდევ ერთხელ წაიყვანეს და ვერავინ იტყვის, რამდენი ხნის
განმავლობაში იქნება პატიმრობაში. მხოლოდ ერთი რა მინდა
კარგად გახსოვდეთ: ჩვენ გვყავს მამაცი და მტკიცე ხასიათის
დედიკო, რომელსაც თავისი ხალხი მთელი გულით უყვარს. მან
თავისი კომფორტული და უდარდელი ცხოვრება სიღარიბესა
და გაჭირვებაში გაცვალა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი
ქვეყანა ძალიან უყვარს. როდესაც თქვენ გაიზრდებით და
ყურადღებით დაფიქრდებით ამ ყველაფერზე, მიხვდებით, რომ
მისი წვლილი სიმართლისთვის ბრძოლაში უდიდესია, რადგან
მან თავისი პირადი ინტერესები და ბედნიერება მართალ
საქმეს შესწირა... მას შემდეგ დედა ტკივილით აღსავსე
ცხოვრებით ცხოვრობდა, რადგან იძულებული იყო
ფიქსირებული შემოსავლის გარეშე ერჩინა საკუთარი ოჯახი.
მიუხედავად ამისა, ის რაღაცნაირად ახერხებდა თქვენთვის
ტანსაცმლისა და საკვების ყიდვას, სკოლის გადასახადების
გადახდას, ბინის ქირის გასტუმრებას და ჩემთვის ფულის
გამოგზავნას. მე სახლიდან 1961 წელს წავედი, როდესაც ზენი 2
წლის იყო, ზინძი კი 3 თვის. 1962 წლის იანვარში აფრიკის
ქვეყნები მოვიარე, ლონდონშიც ვიყავი ათი დღით და იმავე
წლის ივლისის ბოლოს კვლავ სამხრეთ აფრიკაში დავბრუნდი.
დედა რომ დავინახე, საშინელი გრძნობა დამეუფლა. როდესაც
მივდიოდი, ის ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ახლა კი წონა
დაუკარგავს და გაფითრებულა. ის თავის თავს აღარ ჰგავდა.
წამსვე მივხვდი, რომ ჩემმა არყოფნამ მასზე ძალიან ცუდად
იმოქმედა. ერთი სული მქონდა, როდის დავჯდებოდი მასთან
ერთად მშვიდად და ყველაფერს მოვუყვებოდი იმ ქვეყნებისა
და ხალხის შესახებ, რომლებიც ვნახე. ჩემს ამ სურვილს
ასრულება არ ეწერა, რადგან იმავე წლის 5 აგვისტოს
დამაპატიმრეს. როდესაც 1958 წელს დედა ციხეში ჩასვეს, მე
ყოველდღიურად მივდიოდი მასთან და საკვები მიმქონდა...
მან მითხრა (1962 წელს, როდესაც მანდელა უკვე
დაპატიმრებული იყო), რომ ალბათ მასაც დააპატიმრებდნენ და
ციხეში ჩასვამდნენ, მაგრამ მას არაფრის ეშინოდა. ის მზად იყო,
დარჩენილიყო ქვეყანაში და თავის ხალხთან ერთად ებრძოლა
ბოლომდე. ახლა ხომ ხედავთ, რა მამაცი და უშიშარი დედიკო
გვყავს?

100
4. „საგანგებო წერილი“ ვინი მანდელას. 1969 წლის 16 ივლისი:
ამ საღამოს მთავარმა ოფიცერმა ადვოკატ მენდელ ლევინისგან
შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო:
„თუ შეიძლება შეატყობინეთ ნელსონ მანდელას, რომ 13
ივლისს მისი ვაჟი თემბეკილე მანდელა კეიპთაუნში მომხდარ
ავტოავარიაში დაიღუპა“.
მიჭირს იმის დაჯერება, რომ თემბის ვეღარასოდეს ვნახავ. 23
თებერვალს მას 24 წელი შეუსრულდა. ბოლოს ის 1962 წლის
ივლისში, უცხოური ტურნედან დაბრუნების შემდეგ ვნახე.
მაშინ თემბი 17 წლის ღონიერი ახალგაზრდა იყო, რომლის
შემხედვარე ვერაფრით იფიქრებდი, რომ სიკვდილი მას
ოდესმე მოერეოდა. ჩემი ტრუსები ეცვა, რომელიც მისთვის
ზედმეტად განიერი და გრძელი იყო. ამ შემთხვევამ ძალიან
დამაფიქრა: თემბის საკუთარი ტანსაცმელი საკმარისად
ჰქონდა და სრულიად არაფერში სჭირდებოდა ჩემი ტრუსების
ჩაცმა, მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ ემოციური ფაქტორი
არსებობდა. მისი ასეთი საქციელი ჩემთვის სრულიად გასაგები
იყო. ბევრი დრო არ დამჭირვებია, რომ მივმხვდარიყავი:
ბავშვებს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებდა ჩემი
სახლში არყოფნა და ისინი ასეთი ხერხით გამოხატავდნენ
მონატრებას. კიდევ ერთი მსგავსი ინციდენტი 1956 წლის
დეკემბერში მოხდა. მე იოჰანესბურგის ციხეში ვიჯექი და
სასამართლო პროცესს ველოდებოდი. მაშინ კგათო 6 წლის იყო
და აღმოსავლეთ ორლანდოში ცხოვრობდა. მან მშვენივრად
იცოდა, რომ მე ციხეში ვიყავი, მაგრამ მაინც წავიდა დასავლეთ
ორლანდოში და დედას უთხრა, რომ ვენატრებოდი. იმ ღამეს
მას ჩემს ლოგინში ეძინა.
ისევ თემბისთან შეხვედრას დავუბრუნდები. მაშინ ის ჩემთან
გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ინტერნატში მიდიოდა. ძალიან
თბილად მომესალმა და ხელი რომ ჩამომართვა, დიდი ხანი არ
მიშვებდა. შემდეგ დავსხედით და ცოტა ვისაუბრეთ. ლაპარაკი
მის სწავლის პროცესსაც შეეხო. მან შექსპირის „იულიუს
კეისრის“ მისეული ხედვა ჩამომიყალიბა, რაც საკმაოდ
საინტერესოდ და მისი ასაკის ადამიანისთვის უჩვეულოდ
მეჩვენა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
მატატიელეს სკოლაში რომ წავიდა, მას შემდეგ
რეგულარულად ვწერდით ერთმანეთს წერილებს.

101
1960 წლის დეკემბერში მასთან შესახვედრად თავად
გავემგზავრე მანქანით. იმ დროს მე ის ჯერ კიდევ პატარა
მეგონა და ბავშვივით ვეპყრობოდი. 1962 წელს შემდგარი
საუბრის შემდეგ კი მივხვდი, რომ ის უკვე პიროვნება იყო.
ვიგრძენი, რომ ვესაუბრებოდი არა ბავშვს, არამედ ადამიანს,
რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი აზრი ჰქონდა
ჩამოყალიბებული. სრულიად მოულოდნელად ჩემი და მისი
მამაშვილური ურთიერთობა მეგობრულით შეიცვალა. როდესაც
ერთმანეთს დავშორდით, ძალიან განვიცადე. მე მას ვეღარც
ავტობუსის გაჩერებამდე ვაცილებდი და ვერც სადგურამდე
მივყვებოდი, რადგან მაშინ უკვე კანონგარეშედ ვიყავი
გამოცხადებული. ისე მოხდა, რომ ჩემმა შვილმა... არა...
მეგობარმა ნაადრევად დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, მე
კი მასთან შეხვედრის საშუალება მხოლოდ საიდუმლოდ
მქონდა და ისიც იშვიათად. მე ვიცი, რომ შენ მას ტანსაცმელიც
უყიდე და ფულსაც აძლევდი, მაგრამ მე მაინც ამოვიფხიკე
ჯიბეები და რაც დარჩენილი მქონდა, ყველაფერი გავუგზავნე.
რივონიას სასამართლოს მიმდინარეობისას, ერთ დღეს ის ჩემ
უკან დაჯდა, მე კი დროდადრო უკან ვიხედებოდი, თვალს
ვუკრავდი და ვუღიმოდი. იმ დროს, ყველანი ვთვლიდით, რომ
სასჯელი საკმაოდ მკაცრი იქნებოდა და ეს ყველაფერი თემბის
სახეზე ნათლად იკითხებოდა. მე რომ თავს დავუკრავდი, ისიც
ანალოგიურად მპასუხობდა, მაგრამ ჩემს ღიმილს ღიმილით
არც ერთხელ არ უპასუხა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მას
სამუდამოდ დავკარგავდი. ეს 5 წლის წინ მოხდა... ახლა
ყველაზე ძლიერად შენ მენატრები. მწერალი პ.ი. შუმანი
ძალიან საინტერესო ისტორიას ჰყვება ერთ-ერთ აფრიკელ
მთავარსარდალზე, რომელმაც სანადიროდ საუკეთესო
შავკანიანი მეომრები წაიყვანა. ნადირობის დროს მათ თავს ძუ
ლომი დაესხა, რომელმაც მთავარსარდალი დაასახიჩრა, მისი
შვილი კი მოკლა. როდესაც მეომრები თავიანთ მეთაურს
იარებს უმუშავებდნენ, ის ტკივილისგან ყვიროდა.
მოგვიანებით მთავარსარდალმა თქვა, რომ უხილავი ჭრილობა
გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე ხილული. ახლაღა
ვხვდები რას გულისხმობდა მეთაური.
5. წერილი ეველინ მანდელას. 1969 წლის 16 ივლისი:
ამ საღამოს მთავარმა ოფიცერმა ადვოკატ მენდელ ლევინის
მიერ იოჰანესბურგიდან გამოგზავნილი დეპეშა მომიტანა,
რომელშიც ნათქვამია, რომ 13 ივლისს თემბი ავტოავარიაში

102
დაიღუპა.
გადავწყვიტე წერილი მომეწერა და შენთვის, კგათოსა და
მაკისთვის გულწრფელი სამძიმარი მეთქვა. მე ყველაზე
კარგად ვიცი, რამხელა დარტყმა იქნებოდა ეს შენთვის, რადგან
თემბი შენი პირველი შვილია და, ამავე დროს, მეორეა,
რომელიც დაკარგე. ასევე მშვენივრად ვაცნობიერებ, თუ
როგორი განსაკუთრებული სიყვარული გქონდა მის მიმართ,
როგორ ზრდიდი მას და ამზადებდი იმისათვის, რომ
თანამედროვე ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ეპოვა. ისიც
ვიცი, თუ როგორ უყვარდათ და პატივს სცემდნენ მას კგათო
და მაკი, როგორ ერთობოდნენ დღესასწაულებზე ერთად,
კეიპთაუნში.
1967 წლის ოქტომბერში მაკიმ წერილი მომწერა და მიამბო,
როგორ დაგეხმარა თემბი მისთვის სასკოლო ნივთების
ყიდვაში. აწ გარდაცვლილი დედაჩემიც, რომელიც ცოტა ხნის
წინ ციხეში მესტუმრა, გაოცებული იყო მისი გულისხმიერებით.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნობანდლაც ბევრ ისტორიას
მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა თემბი ახლო
ურთიერთობა ჰქონოდა თავის ყველა ნათესავთან და ოჯახის
წევრთან. უკანასკნელად თემბი სწორედ ხუთი წლის წინ,
რივონიას სასამართლოს დროს ვნახე და მას შემდეგ სხვების
მონათხრობით ვიგებდი მის ამბებს.
მისი სიკვდილი ჩემთვისაც დიდი დარტყმა იყო. გარდა იმისა,
რომ თითქმის 60 თვის განმავლობაში მისი ნახვის საშუალება
არ მომცემია, მე მას ვერც ქორწილი გადავუხადე და ვერც
უკანასკნელ გზაზე გავაცილე. 1967 წელს მე მას ვრცელი
წერილი მივწერე და იმ საკითხებზე გავუმახვილე ყურადღება,
რომლებისთვისაც, ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მიეხედა.
ერთი სული მქონდა, როდის გამათავისუფლებდნენ, რომ
მივსულიყავი მასთან და მისი ოჯახიც გამეცნო. ყველაფერი ეს
ახლა აუხდენელ ოცნებად იქცა, რადგან განგებამ თემბი 24
წლის ასაკში წაგვართვა და ჩვენ მას ვეღარასოდეს ვნახავთ.
ერთადერთი ნუგეში ის უამრავი მეგობარია, რომლებიც დღეს
ჩვენთან ერთად გლოვობს მის გარდაცვალებას. ჩვენ, როგორც
მშობლების, მიმართ მან ყველა თავისი ვალდებულება
შეასრულა და ის მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომლითაც
ნებისმიერი მშობელი იამაყებდა - მომხიბვლელი მოლოკაზანა
და ორი პატარა ანგელოზი.

103
შენ, კგათოს და მაკის კიდევ ერთხელ გიგზავნით გულითად
სამძიმარს და მსურს გჯეროდეთ, რომ შეგიძლიათ იპოვოთ
ძალა საკუთარ თავში და ვაჟკაცურად გადაიტანოთ ეს
საშინელი ტრაგედია.
6. წერილი „რობენ-აილენდის“ ციხის მთავარ ოფიცერს. 1969
წლის 22 ივლისი:
ჩემი უფროსი ვაჟი, 24 წლის მადიბა თემბეკილე 1969 წლის 13
ივლისს კეიპთაუნში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.
ამასთან დაკავშირებით მსურს, საკუთარი ხარჯებით
დავესწრო მის დასაფლავებას, რათა უკანასკნელი პატივი
მივაგო შვილის ხსოვნას. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად
გაიმართება დაკრძალვის ცერემონიალი, არ მაქვს. ვვარაუდობ,
რომ ეს უნდა მოხდეს კეიპთაუნში, იოჰანესბურგში ან
უმტატაში. მსურს მოგმართოთ თხოვნით, რომ მომცეთ
უფლება დაუყოვნებლივ გავემგზავრო ესკორტის თანხლებით
ან მის გარეშე, იმ ადგილას, სადაც ჩემს შვილს დაასაფლავებენ.
თუ ამ წერილის მიღებისას ის უკვე დაკრძალული იქნება, ასეთ
შემთხვევაში მსურს გთხოვოთ, რომ მომცეთ საშუალება
მივიდე მის საფლავზე და „ქვის დადების“ ტრადიციული
რიტუალი შევასრულო.
გულწრფელი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ჰუმანურობას
გამოიჩენთ, ვიდრე ეს დაახლოებით ათი თვის წინ, 1968 წლის
სექტემბერში მოხდა, როდესაც დედაჩემის დასაფლავებაზე
დასწრების საშუალება არ მომეცით. ჩემი თხოვნის
დაკმაყოფილება თქვენი მხრიდან დიდსულოვანი ჟესტი
იქნებოდა და ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
თქვენი ჰუმანური გადაწყვეტილება ძალიან დიდი შვება
იქნებოდა პატიმრისთვის, რომელმაც დედა დაკარგა და
საფლავის მონახულების საშუალებას მისცემდა მას. მსურს
დავამატო ასევე, რომ ჩემი ვაჟი ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე.
აქედან გამომდინარე, ალბათ ადვილად მიხვდებით, თუ რა
ძლიერია ჩემი სურვილი, დავესწრო მის დაკრძალვას.
ბოლოს მსურს ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი თხოვნების
დაკმაყოფილების ძალიან ბევრი პრეცედენტი არსებობს.
7. წერილი ნოლუსაფო აირინ მკვაის. 1969 წლის 29 სექტემბერი:
ათი თვით ადრე, როდესაც დედა გარდამეცვალა, მსგავსი
პეტიცია დავწერე. ღრმად მწამდა, რომ ჩემი ეს თხოვნა

104
საკმარისად არგუმენტირებული იყო, მაგრამ ციხის
ადმინისტრაციამ მკაცრი პოზიცია დაიკავა და უარი მითხრა.
მიუხედავად ამისა, მაინც მქონდა პატარა იმედი, რომ ოჯახის
ორი წევრის ერთიმეორის მიყოლებით გარდაცვალება მათ აზრს
შეაცვლევინებდა და თემბისთან გამომშვიდობების იმ
ერთადერთ შანსს მომცემდნენ, რომელიც ცხოვრებაში მქონდა
დარჩენილი... ამჯერად, ჩემი პეტიცია სრულიად
უყურადღებოდ დატოვეს და იმის ღირსადაც კი არ ჩამთვალეს,
რომ ამის შესახებ შეტყობინება გამოეგზავნათ. ამის შემდეგ მე
მათ ვთხოვე, რომ ავტოავარიის დეტალების შესახებ პრესაში
გამოქვეყნებული მასალა მოეწოდებინათ, მაგრამ ამაზეც უარი
განმიცხადეს. შედეგად, დღემდე არ მაქვს სრული და
ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიღუპა
თემბი... მათ ჩემს უფროს ვაჟიშვილთან, მეგობართან და
სიამაყესთან გამომშვიდობების უკანასკნელი საშუალება
წამართვეს. მეტიც, დღემდე სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში
ვარ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიღუპა თემბი.
8. წერილი აირინ ბუთელეზის. 1969 წლის 3 აგვისტო:
ოჯახის სახელით გამოგზავნილმა სამძიმრის სიტყვებმა,
რომლებიც ჩემი ბელადის, მანგოსუთუ ბუთელეზის 18 ივლისს
მიღებულ დეპეშაში ამოვიკითხე, ჩემზე ძალიან იმოქმედა და
მსურს გადავცე მას, რომ მისი ასეთი ყურადღება
განსაკუთრებით მესიამოვნა. 1968 და 1969 ჩემთვის
ურთულესი და განსაცდელით სავსე წლები იყო. სულ რაღაც
ათი თვის წინ დედა დავკარგე. 12 მაისს ჩემი მეუღლე,
„ტერორისტული აქტის“ საფუძველზე, განუსაზღვრელი
ვადით დააკავეს და ახლა ჩემი მცირეწლოვანი ბავშვები ობლად
არიან დარჩენილი. ეს ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ
ჩემმა უფროსმა ვაჟმაც სამუდამოდ დამტოვა. სიკვდილი
საშინელი რამ არის და სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, რა
ასაკისაა ადამიანი და რა ვითარებაში იღუპება ის. თუ საქმე
მომაკვდინებელ ავადმყოფობასთან გვაქვს, ასეთ შემთხვევაში
ნათესავები წინასწარ არიან გაფრთხილებულნი, ამიტომ
საბოლოო შედეგი მათთვის მოულოდნელი აღარ არის, მაგრამ
არსებობს შემთხვევები, როდესაც იგებ, რომ სრულიად
ჯანმრთელი და საღ-სალამათი პიროვნება უბედური
შემთხვევის გამო უეცრად გარდაიცვალა და ამ უბედურების
გადატანა გაცილებით უფრო რთულია. ასეთი რამ 16 ივლისს
განვიცადე. სწორედ მაშინ შემატყობინეს პირველად ჩემი ვაჟის

105
დაღუპვის შესახებ. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ
პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში არც კი ვიცოდი, რა
მექნა. ალბათ ამისთვის უკეთ უნდა ვყოფილიყავი
მომზადებული, რადგან თემბი არ იყო პირველი შვილი,
რომელიც დავკარგე. დიდი ხნის წინ, 40-იან წლებში, 9 თვის
გოგონა გარდამეცვალა. ცუდად რომ გახდა, საავადმყოფოში
წავიყვანეთ და რამდენიმე დღის განმავლობაში ის
გამოჯანმრთელების ნიშნებს ავლენდა. მიუხედავად ამისა,
ერთ დღეს მისი მდგომარეობა ერთბაშად გაუარესდა და ბავშვი
იმავე ღამეს გარდაიცვალა. მაშინ მე მქონდა იმის საშუალება,
რომ შვილის სიცოცხლის უკანასკნელი წუთებისთვის
მეყურებინა, საკუთარი თვალით მენახა, თუ როგორ ებრძოდა
ის სიკვდილს. არც კი ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი. მას შემდეგ ეს
განცდა სულ უკან დამყვება და იმ უბედური დღის გახსენება
ძლიერ ტკივილს მაყენებს. სწორედ ამიტომ თემბის ამბავს
უფრო მომზადებული უნდა შევხვედროდი. როდესაც
დედაჩემის გარდაცვალება შემატყობინეს, 26 სექტემბერი იყო.
ბოლოს ის ერთი წლით ადრე ვნახე, როდესაც 76 წლის იყო და
ციხეში მოვიდა ჩემთან. სრულიად მარტომ იმგზავრა
უმტატადან. მისმა გარეგნობამ, ცოტა არ იყოს, შემაშფოთა.
გამხდარი იყო და თუმცა სახეზე ღიმილი არ მოშორებია, მაინც
მეჩვენა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. პაემანი რომ დასრულდა,
ვუყურებდი, როგორ მიდიოდა ბორნისკენ და უცნაური
გრძნობა დამეუფლა: გავიფიქრე, რომ მას უკანასკნელად
ვხედავდი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის გასვლის
შემდეგ მისი ნახვისგან მიღებული ეს არასასიამოვნო
შეგრძნება სრულიად გამიქრა: დედასგან წერილი მივიღე და
დავრწმუნდი, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამის შედეგი კი ის
იყო, რომ როდესაც საბედისწერო მომენტი დადგა, ამ ამბავს
სრულიად მოუმზადებელი შევხვდი და ისეთი საშინელი
დღეები გავატარე საკანში, რომ მათი გახსენებაც კი მიჭირს.
მაგრამ ვერც პირველი შვილისა და ვერც დედაჩემის
გარდაცვალება ვერ შეედრება იმას, რაც 16 ივლისს განვიცადე.
თემბის ამბავი დღის სამის ნახევარზე შემატყობინეს.
მოულოდნელად, თითქოს გული გამიჩერდა, სისხლი კი,
რომელიც ბოლო 51 წლის განმავლობაში ჩემს ძარღვებში
მოძრაობდა, ყინულივით ცივი გახდა. რაღაც დროის
განმავლობაში აზროვნებისა და საუბრის უნარი დავკარგე.
საბოლოოდ, ძალა მოვიკრიბე და საკუთარი საკნისკენ
გავემართე. არც კი მახსოვს, როგორ მივედი იქამდე. როგორც

106
ყოველთვის, ამ ურთულეს დღეებშიც მხარში ჩემი მეგობრები
ამომიდგნენ, რომლებმაც კვლავ გამოიჩინეს გულისხმიერება
და ამ დიდი უბედურების გადატანაში დამეხმარნენ.
9. წერილი ნოლუსაფო აირინ მკვაის. 1969 წლის 19 ნოემბერი:
როგორც დედაჩემის შემთხვევაში, ასევე თემბის
გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დიდი სურვილი მქონდა,
დაკრძალვას დავსწრებოდი და უკანასკნელ გზაზე
გამეცილებინა ჩემი საყვარელი ადამიანები. მიუხედავად იმისა,
რომ უარისთვის მზად ვიყავი, მაინც საშინლად გაწბილებული
დავრჩი, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს სურვილს შესრულება არ
ეწერა. შვილის დაკრძალვა ხომ ისეთი რამ არის, რისი გაცდენაც
მსოფლიოში არც ერთ მშობელს არ სურს. როდესაც ადამიანები
პატიმრების პრობლემებზე საუბრობენ, ყურადღებას, უმეტეს
შემთხვევაში, ისეთ სირთულეებზე ამახვილებენ, როგორებიცაა
ხანგრძლივი პატიმრობა, მძიმე სამუშაო, უგემური საკვები,
ნაცრისფერი და საოცრად მოსაწყენი ყოველდღიურობა... არადა,
ბევრ ჩვენგანს გაცილებით უფრო მტკივნეული რამ
გადაგვიტანია, ვიდრე ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, რადგან
მსგავსი განცდები სამუდამოდ რჩება ადამიანის მეხსიერებაში.
10. წერილი შვილს, მაკგათო მანდელას. 1969 წლის 28 ივლისი:
ჭკუას არასოდეს არავის ვასწავლი, კგათო, და მათ შორის არც
საკუთარ შვილებს. ნებისმიერ ადამიანთან თანასწორობის
გათვალისწინებით მირჩევნია საუბარი, საკუთარ მოსაზრებებს
მხოლოდ რჩევის სახით გამოვთქვამ და მიმაჩნია, რომ
თანამოსაუბრეს სრული უფლება აქვს, ის არ გაითვალისწინოს.
მიუხედავად ამისა, საკუთარ ვალდებულებად მიმაჩნია
შეგახსენო, რომ თემბის გარდაცვალება უკიდურეს
პასუხისმგებლობას გაკისრებს. ჩემი უფროსი შვილი ახლა შენ
ხარ და ოჯახს სწორედ შენ უნდა გაუძღვე, შენს დებს კარგი
მაგალითი უნდა მისცე და მშობლები და ნათესავები ასახელო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო კარგად უნდა ისწავლო,
არასოდეს შეგეშინდეს სირთულეების და არასოდეს შეწყვიტო
ბრძოლა, მაშინაც კი, როდესაც თვლი, რომ ყველა იმედი
გადაწურულია. გახსოვდეს, რომ ჩვენ მეცნიერული მიღწევების
სამყაროში ვცხოვრობთ, რომელთა შორის ყველაზე
შთამბეჭდავი - ადამიანის მთვარეზე გაფრენაა. ეს
უმნიშვნელოვანესი მოვლენა ადამიანთა ცოდნას გააღრმავებს,
როგორც სამყაროს შეცნობის, ასევე სხვა სფეროებში და

107
ფუნდამენტურად შეცვლის ბევრ მოსაზრებას. ახალგაზრდა
თაობამ ბევრი უნდა იმეცადინოს და მოემზადოს იმისათვის,
რომ ადვილად შეითვისოს ის ყველაფერი, რასაც პროგრესი
მოიტანს. ახლა მკაცრი და დაუნდობელი კონკურენციის ეპოქა
მოდის და ყველაზე დიდ წარმატებას ის მიაღწევს, ვინც
გულმოდგინედ იმუშავებს და ვისაც საკუთარ სფეროში
უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია ექნება. ის საკითხები,
რომლებიც დღევანდელ კაცობრიობას აინტერესებს,
განსწავლულობას მოითხოვს. ის, ვინც ამაში მოიკოჭლებს,
დაიკარგება, რადგან მას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის
სამსახურში ყოფნისთვის აუცილებელი მონაცემები არ გააჩნია.
წესრიგი და დისციპლინა, გულმოდგინე შრომა და უარის თქმა
იმ გართობაზე, რაც შენი ასაკის ბიჭების დიდ ნაწილს იზიდავს,
საბოლოო ჯამში, იმ დამსახურებულ ჯილდოს მოიტანს, რასაც
ბედნიერება ჰქვია. შენი ასეთი გულმოდგინება შენს დებსაც
გადაედებათ და ისინიც ძალიან ბევრს მიიღებენ შენი
ცოდნიდან და გამოცდილებიდან. გარდა ამისა, ადამიანებს
მშრომელი, დისციპლინირებული და წარმატებული
პიროვნებები მოსწონთ, ამიტომ, ამ თვისებების შეძენით შენ
ძალიან ბევრ მეგობარს გაიჩენ.
11. საუბარი რიჩარდ სტენგელთან სექსუალურობის შესახებ:
სტენგელი: წერილებში, რომლებსაც მეუღლეს უგზავნიდით,
ძალიან დიდი სიყვარული იგრძნობა. რამდენიმე მათგანი
წავიკითხე და ერთი რამ მომხვდა თვალში: მიუხედავად იმისა,
რომ თქვენს სიტყვებში ძალიან ძლიერი მონატრება ჩანდა,
თქვენ საკმაოდ კარგად ახერხებდით საკუთარი ემოციის
გაკონტროლებას. როგორ ახსნით ამას?
მანდელა: ამის ახსნა საკმაოდ რთულია. ჩემი და ვინის
დაქორწინებიდან ოთხი წელი იყო გასული, როდესაც
დამაპატიმრეს. ის საკმაოდ გამოუცდელი გოგონა იყო და ორი
ბავშვი ჰყავდა, რომელთა აღზრდაშიც ვერავინ ვერ ეხმარებოდა.
გარდა ამისა, მას პოლიციის მხრიდან მუდამ პრობლემები
ჰქონდა...
სტენგელი: ...და ეს ვნება თქვენს წერილებში? როგორ ახსნით
ამას?
მანდელა: მე მუდამ მასზე ვფიქრობდი და მსურდა, რომ ის
გამემხნევებინა. მას უნდა სცოდნოდა, რომ ამ ქვეყანაზე
არსებობს ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს.

108
სტენგელი: დიახ, ეს ნათლად ჩანს თქვენი წერილებიდან.
როგორ ეგუებოდით იმას, რომ თქვენი მეუღლე... რომ თქვენ
სამუდამო პატიმრობა გქონდათ მისჯილი და ძალიან დიდი
ხნით იყავით წასული სახლიდან? თქვენი მეუღლე ხომ
ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ადამიანებს ხვდებოდა, მათ
შორის, მამაკაცებსაც. ალბათ თქვენთვის ძალიან მძიმე იყო
ამაზე ფიქრი. ხომ შეიძლებოდა, რომ მას ვინმე სხვა მამაკაცი
მოსწონებოდა და იმ მამაკაცს დროებით თქვენი ადგილი
დაეკავებინა? ამ საკითხს როგორ უდგებოდით?
მანდელა: იცით, ეს ისეთი რამ არის, რაზეც უბრალოდ არ უნდა
იფიქრო. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ სანამ ციხეში წავიდოდი,
ორი წელი იატაკქვეშეთში ვიყავი. ჩემთვის ეს არავის
დაუძალებია... მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ მიერ ნახსენები
საკითხი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო. ადამიანური
ფაქტორი ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, თვალებში უნდა
შეხედო იმ რეალობას, რომ ადამიანს ზოგჯერ დასვენება
სჭირდება. ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო ის, რომ
არსებობდა ქალი, რომელიც მე მუდამ გვერდში მედგა,
წერილებს მწერდა, სანახავად მოდიოდა. ეს საკმარისი იყო.
სტენგელი: ყველაფერ დანარჩენზე თქვენ საერთოდ არ
ფიქრობდით?
მანდელა: დიახ, სწორედ ასე იყო.
სტენგელი: ფიქრობთ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი?
მანდელა: დიახ.
სტენგელი: ეს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას არ ცვლიდა
და ფიქრობთ, რომ არც მისი დამოკიდებულება იცვლებოდა
თქვენდამი?
მანდელა: დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ.
სტენგელი: მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, როგორ
ეკიდებოდით იმ საკითხს, რომ სამუდამო პატიმრობის გამო
შესაძლოა, სექსუალური ცხოვრება საერთოდ აღარასოდეს
გქონოდათ?
მანდელა: ეს მიჩვევაზეა დამოკიდებული და უნდა გითხრათ,
რომ საკუთარი თავის კონტროლი არცთუ ისე ძნელია. მე
სკოლაშიც მისწავლია და ინტერნატშიც, სადაც თვეების
განმავლობაში ქალის გარეშე ვცხოვრობდი. სწორედ ასეთ

109
დროს სწავლობ დისციპლინას. როდესაც ციხეში მივდიოდი,
საკუთარი თავი შევამზადე იმისათვის, რომ სექსუალური
ცხოვრება არ მექნებოდა. ამისთვის სრულიად მზად ვიყავი.
12. წერილი ვინი მანდელას. 1969 წლის 23 ივნისი:
მათ, ვისაც არც სული აქვთ, არც ეროვნული სიამაყის გრძნობა
და არც იდეალები, რომელთათვისაც ბოლომდე იბრძოლებენ,
დამარცხება და დამცირება არასოდეს ემუქრებათ. ისინი არ
წარმოადგენენ ეროვნულ მემკვიდრეობას, არანაირი წმინდა
მისია არ გააჩნიათ და არც წამებულებისა და ეროვნული
გმირების აღზრდა შეუძლიათ. ახალი მსოფლიო იქნება არა
იმათი, ვინც გულხელდაკრეფილი დგას განზე, არამედ იმათი,
ვინც ბრძოლის ველზეა, ვინც ქარიშხალს არ უშინდება და ვისი
სხეულიც იარებით არის დასერილი. პატივსაცემი ის არის, ვისაც
სიმართლისთვის არასდროს უღალატია - მაშინაც კი, როდესაც
იმედი სრულიად გადაწურული იყო, ვინც მცდელობას
არასოდეს აკლებს, არასოდეს ეცემა სულით, რაც არ უნდა
ხშირად მარცხდებოდეს და შეურაცხყოფის მსხვერპლი
ხდებოდეს. კაცობრიობის არსებობის პირველივე დღიდან,
ყველაზე დიდი პატივისცემით მამაცი და გულწრფელი ხალხი
სარგებლობს და ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ, ძვირფასო - ერთი
ჩვეულებრივი გოგონა ერთი პატარა სოფლიდან, რომელიც
რუკაზეც კი არ არის აღნიშნული.
ერთგულების გამო მეტს ვერაფერს დავწერ, რადგან ამ წერილს
შენთან მოსვლამდე კიდევ რამდენიმე ადამიანი წაიკითხავს.
ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთად და
იმ ფიქრებს გავუზიარებთ ერთმანეთს, რომლებსაც ბოლო 8
წლის განმავლობაში გულებში ვინახავთ.
13. წერილი ადელაიდა თამბოს. 1970 წლის 31 იანვარი:
იყო დრო, როდესაც ზამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად
მეჩვენებოდა და მეგონა, რომ მისი და ბავშვების წერილები
რომ არ მომსვლოდა, ერთ დღესაც ვერ გავძლებდი, მაგრამ
ადამიანის სულსა და სხეულს ადაპტაციის საოცარი უნარი აქვს
და გაუსაძლის პირობებში გაცილებით ძლიერი და გამძლე
ხდები. გარდა ამისა, ის საკითხები, რომლებიც შედარებით
უმნიშვნელო გეგონა, მოულოდნელად ყველაზე
მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ხდება.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დრო და იმედი ჩემთვის

110
ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა. როდესაც დედა და თემბი
გარდამეცვალნენ და ზამიც ციხეში ჩასვეს, ერთმა ცნობილმა
პიროვნებამ ასეთი რამ მითხრა: შენს ცხოვრებაში მუდამ
კოკისპირულად წვიმს. სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა იმ
დროს, მაგრამ უამრავმა წერილმა და ახლობლების საოცარმა
მხარდაჭერამ კვლავ მომცა ძალა და ახლა ჩემი სულისკვეთება
ისეთივე ძლიერია, როგორიც ადრე იყო.
როდესაც სხვა ყველაფერი კვდება, იმედი რჩება და ის ყველაზე
ძლიერი იარაღია.
მე იმ ოჯახის წევრი ვარ, რომელსაც მრავალი მსგავსი
სირთულე გადაუტანია და გამარჯვებული გამოსულა. სწორედ
ამის გაცნობიერებამ გადამატანინა ცხოვრების უმძიმესი
პერიოდი. ასეთ მრავალრიცხოვან ოჯახში აზრთა
სხვადასხვაობას ვერსად გაექცევი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის
ვახერხებდით შეთანხმების მიღწევას და მუდამ წინ
მივდიოდით. ამაზე რომ ვფიქრობ, ფრთები მესხმება.
14. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: იმ იდეისთვის, რომლისთვისაც იბრძოდით,
საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღეთ. დედა ამას გაგებით
ეკიდებოდა?
მანდელა: დიახ, მაგრამ თავდაპირველად მისთვის ეს
სრულიად გაუგებარი იყო. ერთხელ, როდესაც სამსახურიდან
სახლში დავბრუნდი, მან მითხრა: „შვილო, აუცილებლად უნდა
დაბრუნდე ტრანსკეიში. ცოტა ხნის წინ აქ ორი თეთრკანიანი
იყო მოსული. კოსას ენაზე ძალიან კარგად მეტყველებდნენ.
მათ მითხრეს: „თქვენი შვილი დროს ტყუილუბრალოდ
კარგავს. ის იურისტია, მაგრამ ისეთ ხალხს დაუკავშირდა,
რომლებსაც უბრალოდ პრობლემების შექმნა სურთ. ისინი
უმუშევრები არიან, როგორც, მაგალითად, ვალტერ სისულუ.
გადაარჩინეთ თქვენი შვილი. უთხარით, რომ დაბრუნდეს
ტრანსკეიში“. დედა ძალიან შეშინებული იყო. სწორედ მაშინ
მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი: იმის მაგივრად, რომ
ოჯახის წევრებისთვის ამეხსნა სიტუაცია, სხვა ადამიანებთან
ვმუშაობდი. ამიტომ დედას ყველაფერი ჩამოვუყალიბე,
ავუხსენი, თუ რატომ წავედი პოლიტიკაში. დრო რომ გავიდა,
მან მითხრა: „მისმინე, თუ შენ პოლიტიკიდან წახვალ, ჩემი
შვილი აღარ იქნები“. საკმაო დრო გახდა საჭირო იმისათვის,
რომ ის ამ დასკვნამდე მისულიყო.

111
15. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მანდელა: ...და, რა თქმა უნდა, მეფე საბატა... მოქმედი მეფის
მამა. ის ჩემი ძმისშვილი იყო და დედაჩემს ძალიან დიდ
ყურადღებას აქცევდა. მანვე დაასაფლავა. ძალიან მეწყინა მისი
გარდაცვალების ამბავი... ციხეში ვიყავი.
სტენგელი: ალბათ ეს თქვენთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო.
თქვენ ოჯახის მარჩენალი იყავით და მოულოდნელად ციხეში
ჩაგსვეს.
მანდელა: დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, ასე იყო. ძალიან მძიმე
პერიოდი იდგა და ზოგჯერ მეგონა, რომ არასწორად მოვიქეცი,
რადგან არა მხოლოდ დედაჩემს, ჩემს დებსაც ძალიან
უჭირდათ. ისინი გათხოვილები იყვნენ, მაგრამ მაინც ძალიან
ცუდად ცხოვრობდნენ, მე კი სხვების დახმარებას საკუთარი
ოჯახის კეთილდღეობა შევწირე. ამაზე ხშირად ვფიქრობდი და
ყოველ ჯერზე ვასკვნიდი, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო.
სტენგელი: თქვენ პირადი ვალდებულებები გქონდათ ოჯახის
წინაშე და ფართო ვალდებულებები საზოგადოების წინაშე.
სწორედ ეს იყო შინაგანი კონფლიქტის მიზეზი, ასე არ არის?
მანდელა: დიახ, სწორედაც, რომ ასეა. ხშირად ვფიქრობდი:
„ნუთუ შეიძლება სწორი უწოდო გადაწყვეტილებას, რომლის
შედეგად შენი ოჯახი ასე იტანჯება?“ დედაჩემს ძალიან
უჭირდა და ჩემი სკოლაში გაშვებაც ძლივს მოახერხა. შემდეგ
ჩემზე პასუხისმგებლობა ჩვენი კლანის წევრმა, ჯოგინტაბა
დალინდიებომ აიღო. ის მეფე საბატას მოვალეობებს
ასრულებდა, მისი ნაცვალი იყო. სწორედ მან გამზარდა.
საკუთარი შვილივით მეპყრობოდა. მასზე აუგს ვერ ვიტყვი.
როგორც კი ოჯახის რჩენის საშუალება მომეცა, უფრო მეტად
უნდა მეფიქრა ჩემებზე. როდესაც გადამწყვეტი მომენტი
დადგა, აღმოჩნდა, რომ ეს ვერ მოვახერხე.
სტენგელი: მორალური ფილოსოფიის მიხედვით, პირველ
რიგში იმათ უნდა მიაქციო ყურადღება, ვინც შენ გარშემოა, ასე
არ არის?
მანდელა: ჰო, ოჯახს. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ
იძულებული ხარ, გადაიტანო და შეეგუო. როდესაც ამაზე
ვფიქრობდი, საბოლოოდ ვასკვნიდი, რომ გადაწყვეტილება
უკვე მიღებული იყო და ამას ვერსად გავექცეოდი. ვთვლიდი,
რომ ჩემი ოჯახის წევრების გარდა მილიონობით ადამიანი

112
იტანჯებოდა და ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო.
16. წერილი ზენი და ზინძი მანდელებს. 1970 წლის 1 ივნისი:
უკვე რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახეთ და
თორმეტი თვე მას შემდეგ, რაც დედაც წაგართვეს.
გასულ წელს მე ორი წერილი მოგწერეთ, ერთი - 23 ივნისს და
მეორე - 3 აგვისტოს. ახლა უკვე ვიცი, რომ ვერც ერთმა
თქვენამდე ვერ მოაღწია. სანამ 16 წლისები არ გახდებით, ჩემს
სანახავად ციხეში ვერ მოხვალთ, ამიტომ ერთადერთი
საშუალება ჩემი თქვენთან ურთიერთობისა წერილებია.
სწორედ ასე ვიგებ თქვენი ჯანმრთელობის, სწავლისა და
ზოგადი განათლების ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი
წერილები თქვენამდე ვერ აღწევს, მცდელობას მაინც არ
შევწყვეტ და როგორც კი დრო გამომიჩნდება, ერთ-ორ სიტყვას
დაგიწერთ. განსაკუთრებით ის ფაქტი მაღელვებს, რომ
დღემდე არ მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია თქვენ შესახებ.
წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გაქცევთ ყურადღებას არდადეგების
დროს, სად ატარებთ ამ არდადეგებს, ვინ ყიდულობს
თქვენთვის საკვებსა და ტანსაცმელს, ვინ იხდის სკოლის
ფულს და როგორ სწავლობთ. იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ
დღეს გაგვიმართლებს და ჩემი ერთ-ერთი წერილის წაკითხვის
საშუალება მოგეცემათ. გარდა ამისა, თავად პროცესი ამ
წერილების წერისა პირადად მე ძალიან დიდ სიამოვნებას
მანიჭებს. ეს ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ სითბო და
სიყვარული გამოგიგზავნოთ და ის ტკივილი შევიმსუბუქო,
რომელიც თქვენზე ფიქრისას მეუფლება.
17. წერილი სვაზილენდში სენატორ დუგლას ლუხელეს. 1970
წლის 1 აგვისტო:
ჩემ მიერ გაგზავნილი წერილები დანიშნულების ადგილს
ძალიან იშვიათად აღწევს და აქეთ გამოგზავნილიც ერთი-
ორჯერ თუ მოსულა ჩემამდე. იმედს ვიტოვებ, რომ ის
უმოწყალო ხალხი, რომელიც ჩემს მიმოწერაში ერევა და
რომელმაც ოჯახს ასეთ კრიტიკულ მომენტში მომწყვიტა,
ამჯერად მაინც გამოიჩენს ღირსებასა და პატიოსნებას, რათა ამ
წერილმა ადრესატამდე მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ, რომ
როგორც კი ეს ნაწერი შენს ხელში მოხვდება, ჩემი პრობლემები
ფაქტობრივად დასრულდება.
შენ კარგად იცი, რომ მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ერთ

113
პატარა სოფელში დაიბადა და გაიზარდა. მე დიდ სივრცეებს,
ლამაზ პეიზაჟებსა და სუფთა ჰაერს ვარ მიჩვეული და
მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრებამდე ორი წელი ქალაქში
ვიცხოვრე, სულით მაინც ყოველთვის გლეხი ვიყავი. ამიტომ
დროდადრო ჩემს მშობლიურ მიწას ვუბრუნდებოდი, რათა
ბავშვობაში გატარებული წლები გამეხსენებინა. პატიმრობაში
ბოლო რვა წელი გავატარე, მაგრამ ჩემი სული და გული კვლავ
იქ არის, ხეებისა და სიმწვანის გარემოცვაში. მე კვლავ ამ
ტალღების მიღმა ვცხოვრობ, იმ მოგონებებში, რომლებიც ბოლო
ორმოცდაათი წლის განმავლობაში დამიგროვდა. მახსენდება,
თუ როგორ ვმწყემსავდი პირუტყვს, ვნადირობდი,
ვთამაშობდი და როგორ წავედი პირველად სკოლაში. მახსოვს
ორმოციანი წლების დასაწყისი - დრო, როდესაც რადიკალურ
იდეებს ვეზიარე, იმ იდეებს, რომლებსაც აფრიკელი
ახალგაზრდების ყველაზე მოწინავე და განათლებული ნაწილი
იზიარებდა... მახსოვს ის დღეები, როდესაც თეთრკანიან
ქალბატონებს ვემსახურებოდი, მათთვის შამპუნს, გაზეთებს
და სხვა ნივთებს ვყიდულობდი. „ჩენსელორ ჰაუსი“![3]
სწორედ იქ დავახლოვდით მე და ოლივერ თამბო და ჩვენი
მეგობრობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა, ვიდრე ეს სკოლის
წლებსა და ახალგაზრდული ლიგის წევრობის პერიოდში იყო.
ჩვენ გარშემო ადამიანთა დიდი ჯგუფი შეიკრიბა - მაინდი,
ზუბეიდა პატელი, ვინი მანდლენი, რომელიც ჩვენი პირველი
მბეჭდავი იყო; აწ გარდაცვლილი მერი ენი, რომლის
მოულოდნელმა და უდროო სიკვდილმა ყველა ძალიან
დაგვამწუხრა; რუთი, მეივისი, გოდფრეი; მოკრივე ფრედი და
ჩარლი, რომელიც ერთგულად და პატიოსნად გვივლიდა და
ერთი დღითაც კი არ აცდენდა „მაი მაის“ ბაზრობას[4]. იყო დრო,
როდესაც მე და ოლივერ თამბო „სახელმწიფო ღალატისთვის“
სასამართლოს წინაშე ვიდექით, შენ კი სრულიად მარტო
ებრძოდი სირთულეებს, რათა კომპანია შეგენარჩუნებინა. მე ის
უცნაური ინციდენტიც კი მახსოვს, რომელიც 1960 წლის
დეკემბერში მოხდა. მაშინ შენ მე და ზამის ორლანდოში
გვესტუმრე. ძლიერად წვიმდა და როგორც კი ჭიშკარს
მოუახლოვდი, ისე დაიჭექა, რომ 10 თვის ზენი მიწაზე დაეცა და
რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა. ყველამ
ამოვისუნთქეთ, როდესაც უცბად გამოფხიზლდა და ტირილი
მორთო. ბეწვზე გადავრჩით... სულიერი იარაღი შესაძლოა,
ძალზედ დინამიკური იყოს და მის ეფექტს ხშირად სათანადოდ
ვერ აფასებენ, თუმცა კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერი

114
პირიქით ხდება. გარკვეული გაგებით, ეს იარაღი პატიმარს
თავისუფალ ადამიანად აქცევს, უბრალო წარმოშობის ადამიანს
- მონარქად, მტვერს კი სუფთა ოქროდ. უხეშად რომ ვთქვათ,
ამ მაღალი კედლების მიღმა მხოლოდ ჩემი სისხლი და ხორცია
ჩაკეტილი.
მსოფლმხედველობით მე კვლავ კოსმოპოლიტად ვრჩები,
ფიქრებით კი არწივივით თავისუფალი ვარ.
ჩემი ყველა ოცნების კულმინაცია - კაცობრიობის კოლექტიური
სიბრძნეა. ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე
ვიყავი: სოციალური თანასწორობა ადამიანთა ბედნიერების
ერთადერთი ამოსავალი წერტილია... აი ასეთი საკითხების
გარშემო მოძრაობს ჩემი გონება. მე ადამიანებზე ვფიქრობ, იმ
იდეებზე, რომელთათვისაც ისინი იღწვიან; იმ ახალ სამყაროზე,
რომელიც იბადება; ახალ თაობაზე, რომელიც ომს უცხადებს
ნებისმიერი სახის ძალადობასა და სისასტიკეს, ნებისმიერ
სოციალურ წყობას, რომელშიც პრივილეგიები უმცირესობას
ეკუთვნის, უმრავლესობა კი სიღარიბეში ატარებს თავის
ცხოვრებას.
18. წერილი ვინი მანდელას, რომელიც მაშინ ქალაქ პრეტორიის
ცენტრალურ საპატიმროში იჯდა. 1970 წლის 1 აგვისტო:
ის ტანჯვა-წამება, რომელიც ბოლო 15 თვის განმავლობაში
დათესილი იმედგაცრუებების შემდეგ მოვიმკეთ, ალბათ კიდევ
დიდხანს დარჩება გონებაში. ასეთი სიმწარე არასდროს
განმიცდია: ჩემი სისხლი, ხორცი, ძვლები და სული ნაღველით
არის გაჟღენთილი, რადგან კარგად ვიცი, რა განსაცდელშიც ხარ,
მაგრამ უძლური ვარ რაიმეთი დაგეხმარო. ახლა შენ სრულიად
სხვა სამყაროში იმყოფები და შენი ჯანმრთელობისთვის ეს
ძალიან ცუდია, მე კი შენგან შორს ვარ და ვერაფერს ვაკეთებ
შენს დასახსნელად. როგორ მინდა, ერთხელ მაინც შევხვდეთ,
ერთხელ მაინც გნახო და ჩაგეხუტო, ერთხელ მაინც შევავლო
თვალი შენს სილუეტს, რომელიც ახლა ამ მავთულხლართს
მიღმაა.
ფიზიკური ტანჯვა არაფერია იმ სასიყვარულო კავშირების
გაწყვეტასთან შედარებით, რომლებიც ოჯახურ იდილიას ქმნის
და მეუღლეებს ერთმანეთთან აახლოვებს. ეს ჩვენი ცხოვრების
ყველაზე საშინელი პერიოდია. ეს არის დრო, როდესაც
ადამიანის რწმენა მკაცრ გამოცდას გადის. მე კვლავაც
მსიამოვნებს შენთვის წერილების წერა და მიუხედავად იმისა,

115
რომ ბევრი მათგანი შენამდე ვერც კი აღწევს, ისტორიას ყველა
მათგანი დარჩება. მე შენგან დავალებული ვარ და ამას ვერავინ
გადამაფიქრებინებს. დედამიწაზე ცუდი და კარგი ადამიანები
ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. ერთ მშვენიერ
დღეს ჩვენ გვერდით ნამდვილი მხარდამჭერი გვეყოლება,
რომელსაც არასოდეს მოერიდება თავისი ოპონენტების
უფლებების დაცვისთვის ბრძოლა. ეს იქნება ოფიციალური
პირი, ხელისუფალი, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა
ექნება და მისი წყალობით მოვიპოვებთ იმ უფლებებსა და
პრივილეგიებს, რომელთათვისაც ამდენი ხანია, ვიბრძვით.
მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ბოლო 15 თვის განმავლობაში
იმედით ვცხოვრობდი. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება
მექმნება, რომ ეს რწმენა ჩემი სულის ნაწილია. მე ის
დაბადებიდან გამომყვა და სულით დაცემის საშუალებას არ
მაძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ პირადი უსიამოვნებები
ვერასოდეს შეაჩერებს ჭეშმარიტ რევოლუციონერს, რომელსაც
მტკიცედ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ვერც სიღარიბე
ჩაახშობს მის სულისკვეთებას. თავისუფლებისთვის
მებრძოლისთვის იმედი იგივეა, რაც წყალში ჩავარდნილი
ადამიანისთვის საშველი რგოლი. ეს არის ის, რაც მას
ზედაპირზე დარჩენის გარანტიას აძლევს. სიმდიდრე რომ
იმედის სიდიდითა და სიმამაცით იზომებოდეს, შენ, ძვირფასო,
მილიონერი იქნებოდი. ყოველთვის გახსოვდეს ეს.
19. წერილი ვინი მანდელას. 1970 წლის 31 აგვისტო:
სწორედ ეს არის ის წერილი, რომელსაც სიამოვნებით
დავიტოვებდი, წყნარად დავჯდებოდი ჩემს საკანში და
რამდენჯერაც მომინდებოდა, იმდენჯერ წავიკითხავდი. ეს
არის კომპენსაცია ყველა იმ უსიამოვნებისა, რომელიც შენმა
დაპატიმრებამ მომიტანა. მიუხედავად ამისა, მე მიბრძანეს,
რომ შენი წერილი ადგილზევე წამეკითხა და როგორც კი ბოლო
წინადადება დავამთავრე, წამსვე ჩამომართვეს.
ბრიგადირმა აუკამპმა მითხრა, რომ ჩემ მიერ შენთვის
გამოგზავნილ წერილებსაც ანალოგიურად ეპყრობოდნენ და
არც შენ გაძლევდნენ იმის უფლებას, რომ ჩემი წერილები
შეგენახა. აუკამპს ვთხოვე, ამის მიზეზი აეხსნა, მაგრამ პასუხს
თავი აარიდა. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი
საკითხები, რომელთა გამოც ჩვენნაირ პატიმრებს ასე ექცევიან.
ჩვენი წერილები სერიოზულ ცენზურას გადის. როგორც ჩანს,

116
ხელისუფლებას არ სურს, რომ მე და შენ ერთმანეთის
წერილები ჩვენს თანამესაკნეებსა და კოლეგებს გავუზიაროთ.
სწორედ ამის გამო მიმართავენ ისინი ყველანაირ ხერხს,
სამართლიანი იქნება ის თუ უსამართლო. შესაძლოა, ჩვენი
მიმოწერა ასეთი ყურადღების ქვეშ სასამართლოს
დასრულებამდეც იყოს. ალბათ ისიც გეცოდინება, რომ შენი
დაპატიმრების შემდეგ იმის პრივილეგიაც კი ჩამომერთვა,
თვეში ერთხელ ვაგზავნო და მივიღო წერილები
ახლობლებისგან. იანვრის შემდეგ ვცდილობ დავუკავშირდე
მატლალას და ნოემბრის შემდეგ - ნოლუსაფოს.
19 ივნისს ბრიგადირმა აუკამპმა მითხრა, რომ ჩემი წერილების
გაგზავნა სხვა დეპარტამენტმა აუკრძალა და ამ
ინსტრუქციების დეტალების გამხელის უფლება არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, ერთი რამ მაინც გამანდო. მან მითხრა, რომ
ამ აკრძალვების მიზეზი თავად წერილების შინაარსი არ
ყოფილა. სწორედ ამ ინფორმაციამ ახადა ფარდა ჩემ მიერ ბოლო
15 თვის განმავლობაში დაწერილი წერილების იდუმალ
გაუჩინარებას. ამ ყველაფერს საკმაო გართულებები მოსდევს.
ძალიან მსურს ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებოდე, რომ ციხის
ადმინისტრაციის ნათქვამს უსიტყვოდ ვუჯერებდე, მაგრამ
ასეთ ვითარებაში ეს ძალიან რთულია. ბოლო თვეებში ორჯერ
შემატყობინეს, რომ შენი წერილები არ მოსულა. ახლაღა
მივხვდი, რომ სინამდვილეში წერილები ჩამოსული იყო.
20. წერილი ნონიანისო მადიკიზელას. 1970 წლის 1 ნოემბერი:
ზამის ამდენი თავისუფალი დრო არასოდეს ჰქონია. ახლა მას
შეუძლია იჯდეს და იფიქროს, იფიქროს და იფიქროს, მაგრამ
ამასთანავე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. არსებობენ
ადამიანები, რომლებსაც პრინციპულად არ სურთ მისი
გათავისუფლება, ამიტომ ნებისმიერ მიზეზს გამოიყენებენ,
რომ რაც შეიძლება მეტი ხნით დატოვონ ციხეში.
ყველა ნაკლოვანების გათვალისწინებითაც კი, ის ძალიან დიდი
ამბიციისა და უნარის მქონე ქალია. მას ისეთი თვისებები
გააჩნია, რომლებიც იშვიათად თუ შემხვედრია სადმე და ამის
გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ნამდვილად იმსახურებს
გამხნევებასა და მხარდაჭერას. ერთადერთი, რასაც ვნანობ არის
ის, რომ მისი დაცვა არ შემიძლია. სიმამაცესა და სიმტკიცეში
მას ბადალი არ ჰყავს, მაგრამ რაოდენ ძლიერადაც არ უნდა
იყოს შეპყრობილი იმ იდეებით, რომლებსაც სხვა დიდი

117
ქალბატონებიც იზიარებდნენ, ის მაინც დედამიწაზე ცხოვრობს.
მისი უპირველესი მოვალეობა ბავშვების აღზრდა და ოჯახის
მოვლაა. ერთ დროს იმედი მქონდა, რომ ამ ყველაფრის
საშუალებას მას მე მივცემდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ
მომეცა. იმის გამო, რომ მასზე უამრავი აკრძალვაა
დაწესებული, სამუშაოსაც ვერ შოულობს. 36 წლის
ახალგაზრდა ქალისთვის კი ეს კატასტროფაა. ის
გადაწყვეტილება, რომელიც 1961 წელს მივიღე, არასოდეს
მინანია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს
სინდისის ქენჯნისგან სრულიად გავთავისუფლდები. ძალიან
გთხოვ, მას ყურადღება მიაქციო, ნიანია. მე ახლა შენ იმ ქალზე
გესაუბრე, რომელსაც ვაღმერთებ.
21. წერილი ვინი მანდელას. 1970 წლის 16 ნოემბერი:
გაცილებით უკეთესად გამოიყურები, ვიდრე მეგონა, თუმცა
უფრო ცუდად, ვიდრე 1968 წლის დეკემბერში, ბოლოს რომ
გნახე. ადვილად შესამჩნევია, რომ უამრავი განსაცდელი
გამოიარე. როდესაც პაემანის შემდეგ საკანში ვბრუნდებოდი,
ერთი რამ არ მასვენებდა: სიმარტოვეში ცხოვრებამ შესაძლოა,
შენზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედოს.
7 ნოემბერს, როდესაც შენთან შესახვედრად მოვდიოდი,
ფანჯარაში გავიხედე და იმ გემს მოვკარი თვალი, რომელმაც
შენ ჩამოგიყვანა. საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა და ისეთი
შეგრძნება დამეუფლა თითქოს ის პატიმრების ნამდვილი
მეგობარი იყო. ალბათ ხვდები, რატომაც. შემდეგ, როდესაც
კვლავ საკანში ვბრუნდებოდი, კვლავ გავიხედე ფანჯარაში.
გემი კონტინენტისკენ ბრუნდებოდა და ამჯერად
გროტესკულად და მტრულად გამოიყურებოდა. შენ კვლავ
წახვედი და მე სრულიად მარტო დავრჩი მთელ სამყაროში. ის
წიგნებიც კი, რომლებიც წლების განმავლობაში მიწევდნენ
კამპანიას, მოულოდნელად სრულიად დამუნჯდნენ. ერთი
კითხვა არ მასვენებდა: ნუთუ ეს უკანასკნელი დღეა, როდესაც
ჩემს საყვარელ ქალბატონს შევხვდი?
22. წერილი ზინძი მანდელას. 1970 წლის 1 დეკემბერი:
ასეთ დროს ყველაზე მეტად ვგრძნობ, თუ როგორ ვარ
დამოკიდებული დედაზე. მისი და მისი მეგობრების
გათავისუფლების შესახებ რომ გავიგე, იმავე დღიდან მისი
ნახვის იმედით ვცხოვრობ. ეს ამბავი ისე გამიხარდა, როგორც
შენ გიხარია მენაყინის ზარის რეკვა, ან როდესაც დედა ახალ

118
კაბას გიყიდის.
კგათოს წერილი რომ მივიღე, ყველანაირად ვეცადე, სიმშვიდე
შემენარჩუნებინა. ალბათ შეცდომა დავუშვი, იურიდიულზე
რომ ჩავაბარე, რადგან ჩემგან მსახიობი უფრო გამოვიდოდა.
მშვიდი ადამიანის როლი, როგორც ჩანს, კარგად ვითამაშე,
რადგან ჩემი ერთ-ერთი მეგობარი სრულად დავარწმუნე იმაში,
რომ ვინის არმოსვლას ჩემზე არანაირად არ უმოქმედია. რა
იცოდა მან, რა ხდებოდა სინამდვილეში ჩემს გულში! საქმე
ისაა, რომ ჩემს გარეგნობას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს
გრძნობებთან. ძალიან განვიცადე.
შენ, ზენი და დედა ალბათ ფიქრობთ, რომ მოსამართლე,
რომელიც ასე უმოწყალოდ მოგვექცა, სასტიკი ადამიანია. მას
ალბათ თავადაც ჰყავს მეუღლე და შვილები და უკეთესად
უნდა სცოდნოდა, თუ რამდენად ძნელია ბავშვების მარტო
დარჩენა და მათი მშობლების იძულებითი განცალკევება.
მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც
ადამიანი, ის სულაც არ არის უმოწყალო. პირიქით, იმ
კანონებისა და ადათ-წესების გათვალისწინებით, რომლებიც
ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, ის საკმაოდ კეთილი და თავაზიანი
ადამიანია. იმ 9 წლის განმავლობაში, რაც მე ადვოკატად
ვიმუშავე, მასთან ბევრჯერ მქონია კამათი და ვთვლი, რომ ის
ზედმიწევნით სამართლიანი პიროვნებაა.
მაგრამ საქმე ისაა, რომ სამხრეთ აფრიკის უდიდესი ქალაქის,
იოჰანესბურგის მთავარ მოსამართლესაც კი შეკრული აქვს
ხელები. მას არ შეუძლია აკეთოს ის, რაც სურს. მისი
ოფიციალური ვალდებულებები უბიძგებს მას, მიიღოს
გადაწყვეტილებები, რომელთა მიღება კატეგორიულად არ
სურს. ასეთ ვითარებაში კი ერთი კონკრეტული ადამიანის
გამოყოფა და მისი ყველაფერში დადანაშაულება სწორი არ
იქნება. ასეთი ადამიანები არ არიან პასუხისმგებლები იმაზე,
რასაც აკეთებენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი გაცილებით უფრო
ძლიერი პიროვნებების ბერკეტების როლს ასრულებენ. ასეთ
ვითარებაში კი შესაძლოა, ანალოგიური შეცდომა იყოს, თუ
რომელიმე ადამიანს ბოლომდე ენდობი, რაც არ უნდა მაღალი
თანამდებობა ეკავოს მას. როდესაც საქმეში სისტემა ერთვება,
პიროვნებების თვისებები მეორეხარისხოვანი ხდება.
მიუხედავად ამისა, სულ სხვაა, როდესაც შენ, ზენი, მაკი,
კგათო, მფუნდო, მოცობისე, ბაზალა, პუმლა, თამი, ანდილე,
ნომბეკო, მფო, თაბო და სხვა ახალგაზრდები ერთიანდებით და

119
საერთო იდეებისთვის იბრძვით. ასეთ შემთხვევაში, ძველი
სისტემები ინგრევა და მათ ადგილს ახალი იკავებს. მთელი
სისტემა უნდა შეიცვალოს. მხოლოდ მაშინ ექნებათ კარგ
ადამიანებს იმის საშუალება, რომ საკუთარ ქვეყანას
სიმართლითა და სიკეთით ემსახურონ. მხოლოდ ამის შემდეგ
აღარ დასჭირდება დედას მამის სანახავად კეიპთაუნში ჩასვლა.
მე მუდამ სახლში ვიქნები. ჩვენ ერთად დავსხდებით
ბუხართან და ტკბილად ვისაუბრებთ. შესაძლოა, მთავარი
მოსამართლეც კი დავპატიჟოთ სადილად, თუმცა არც კი ვიცი,
სად უნდა ვიშოვოთ ფული ამ სადილისთვის. სახლში რომ
დავბრუნდები, ალბათ, სამართლის შესახებ ყველაფერი
დავიწყებული მექნება და სხვა საქმეების კეთება მომიწევს.
შესაძლოა, ეს ფიზიკური მუშაობაც იყოს.
23. წერილი ჯოის სიხახანეს. 1971 წლის 1 იანვარი:
რე რობა მაცოჰო[5] შენც და ჯონსაც. მართალია, ეს ყველაფერი?
როგორ მომექეცით ასე? ერთი მცირე მინიშნებით მაინც
გეგრძნობინებინათ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას
აპირებდით! ნიშნობის წვეულება და ნამცხვრები ალბათ უკვე
გამოვტოვე, მაგრამ ქორწილში ისეთი უნდა მიმიღოთ,
როგორიც ვარ: კოსტიუმისა და ქუდის გარეშე. მაგრამ, ყველაზე
მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ თქვენი
შეუღლებისადმი მიძღვნილი წვეულება ჩემთვის თავის
გამოჩენის საშუალება იქნებოდა. რეპეტიციას ყოველდღიურად
გავდივარ. აქ მეუბნებიან, რომ მეტი პრაქტიკის შეძენის
შემთხვევაში, ჰენდელის „მესიაც“ შემიძლია ვცადო.
24. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: „რობენ-აილენდზე“ ყოფნის დროს კოშმარები არ
გესიზმრებოდათ?
მანდელა: არა, მსგავსი რამ ნამდვილად არ მაწუხებდა.
სტენგელი: თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე საშინელი
მომენტი კუნძულზე ყოფნის დროს, შემთხვევა, როდესაც
ყველაზე ცუდად გრძნობდით თავს?
მანდელა: საკმაოდ რთულია... ერთი ასეთი მომენტის
გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ პირველი, რაც მახსენდება, ჩემი
ცოლის ამბავია. საშინლად ვგრძნობდი თავს, როდესაც
წარმოვიდგენდი, რომ მას დევნიდნენ, შეურაცხყოფას
აყენებდნენ, მე კი ვერაფრით ვეხმარებოდი. ამაზე ფიქრი

120
ძალიან ცუდ გუნებაზე მაყენებდა. მას მუდამ კუდში
დასდევდნენ და პრობლემებს უქმნიდნენ. სადაც არ უნდა
დაეწყო მუშაობა, პოლიცია დამსაქმებელთან მიდიოდა და
ეუბნებოდა: „თქვენთან ეს ქალი რომ მუშაობს, შესაძლოა, ამის
გამო პრობლემები შეგექმნათ“.
სტენგელი: როგორ გრძნობდით თავს ასეთ დროს? სულით
იყავით დაცემული თუ გაბრაზებული?
მანდელა: რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სიბრაზის
ელემენტიც არსებობდა, მაგრამ ამავე დროს ვცდილობდი,
სიმშვიდე შემენარჩუნებინა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ
სწორედ ეს იყო ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც გვიწევდა.
სტენგელი: სადღაც წამიკითხავს, რომ როდესაც საკანში
ბრუნდებოდით, მაგიდაზე გაზეთებიდან პატარა ამონარიდები
გხვდებოდათ.
მანდელა: დიახ, ასე იყო.
სტენგელი: ეს რეგულარულად ხდებოდა?
მანდელა: დროდადრო. ყოველთვის, როდესაც რაიმე
უარყოფითი ცნობა იყო ჩემი ოჯახის შესახებ, გაზეთიდან ამ
ფრაგმენტს ჭრიდნენ და მაგიდაზე მიდებდნენ.
სტენგელი: ესეც ძალიან გაბრაზებდათ, როგორც ვხვდები.
მანდელა: დიახ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ადამიანი
ყველაფერს ეჩვევა და მათ შორის იმ მეთოდებსაც, რომლებსაც
ისინი მიმართავდნენ. ასეა თუ ისე, ვცდილობდი, სიმშვიდე
შემენარჩუნებინა.
სტენგელი: კეთილი. აქ მაკ მაჰარაჯის ერთი გამონათქვამი
მაქვს. ის ამბობს, რომ ციხეში ყოფნის დროს სისტემის მიმართ
თქვენი რისხვა კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ ამის
გამოხატვას სულ უფრო და უფრო ერიდებოდით. ეთანხმებით
ასეთ ფორმულირებას?
მანდელა: მართალია იმ გაგებით, რომ ახლა იმ ხალხთან ერთად
ვმუშაობ, რომლებმაც ციხეში ჩამაგდეს, რომლებიც ჩემს ცოლს
დევნიდნენ და ჩემს ბავშვებს უთვალთვალებდნენ... მე მათ
ვეუბნები: „მოდით, დავივიწყოთ წარსული და ვიფიქროთ
აწმყოზე“.
25. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ციხის სხვა სექციებთან

121
ურთიერთობის შესახებ:
სტენგელი: სხვა სექციების პატიმრებთან როგორ
ურთიერთობდით?
მანდელა: ფარულ წერილებს ვუგზავნიდით ერთმანეთს...
აჰმედ კათრადა ხელმძღვანელობდა ამ საქმეს. უხერხული
სიტუაციებიც ხშირად იქმნებოდა. ერთ საღამოს, როდესაც
ვახშმის დრო მოვიდა და საკვები მოგვიტანეს, ჩემ გვერდით
ციხის ზედამხედველი იდგა. სამზარეულოში მომუშავე
კურიერებს ჩვენს სექციაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ.
მათ კარებთან ვხვდებოდით და სწორედ იქ ვართმევდით
საკვებს. იმ დღეს კურიერი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც
ერთი სული ჰქონდა, როდის გადმომცემდა წერილს. ამიტომ,
გზავნილი ჯიბიდან ამოიღო და ყველას დასანახად მომაწოდა.
იმ დროს ზედამხედველები უკვე პატივს მცემდნენ და ამიტომ
ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. არც კი ვიცოდი,
როგორ მოვქცეულიყავი. სასჯელის არ მეშინოდა, უბრალოდ,
ზედამხედველის მომერიდა. ის ჩემზე ბევრად ახალგაზრდა
იყო. არ მინდოდა, ბოროტად გამომეყენებინა ის პატივისცემა,
რომელსაც მათგან მუდმივად ვგრძნობდი. ძალიან რთულ
ვითარებაში აღმოვჩნდი, ამიტომ უბრალოდ გავეცალე
იქაურობას და წერილი კათრადას გადავეცი. იმ ახალგაზრდა
ზედამხედველს თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
სტენგელი: დაინახა?
მანდელა: აუცილებლად დაინახავდა... ერთად ვიდექით და
კურიერმა დემონსტრაციულად გადმომცა წერილი. ეს ძალიან
სასწრაფო გზავნილი იყო და ალბათ ამიტომ არ მიაქცია
ყურადღება, თუ რა ხდებოდა გარშემო.
სტენგელი: ალბათ ზედამხედველისთვის ძალიან
შეურაცხმყოფელი იქნებოდა ამ ყველაფრის ხილვა.
მანდელა: რა თქმა უნდა, და თან საკუთარი მოვალეობაც არ
შეასრულა. მას ხომ იმ ბიჭის წინააღმდეგაც უნდა ემოქმედა
დაუყოვნებლივ და ჩემ წინააღმდეგაც. წერილის კონფისკაციაც
უნდა მოეხდინა, მაგრამ პატივისცემის გამო არ გააკეთა ეს. ისე
მოიქცა, თითქოს არაფერი დაუნახავს. ამ ყველაფერმა კი მე
ჩამაგდო უხერხულ მდგომარეობაში, რადგან გამოვიდა, რომ
ზედამხედველების პატივისცემა ბოროტად გამოვიყენე. ამავე
დროს, იმასაც ვერ ვეტყოდი კურიერს, რომ წერილი უკან

122
წაეღო. ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად დასჯიდნენ.
26. წერილი ტიმ მაჰარაჯს. 1971 წლის 1 თებერვალი:
ცნობილი გამოთქმაა: მთავარი ის კი არ არის, თუ რა გადახდება
თავს ადამიანს, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ის ამას. ეს
ყველაფერი ცოტათი სულელურადაც კი ჟღერს, რადგან რაც
ზემოთ ვახსენე, უფრო მეტია, ვიდრე ზოგადი ცოდნა.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც რაიმე უსიამოვნება
შემემთხვევა, ეს უბრალო ჭეშმარიტება მავიწყდება და
ჯოჯოხეთში ამოვყოფ ხოლმე თავს.
27. წერილი, რომელიც ფარულად გაიტანეს ციხიდან და
ადვოკატებს გაუგზავნეს. 1977 წლის იანვარი:
კომპანიას „ზეედატი & პილაი“, დურბანი.
მსურს გაცნობოთ, რომ ვაპირებ წამოვიწყო სამართლებრივი
საქმე კეიპთაუნის პროვინციაში, საპატიმროთა
დეპარტამენტის წინააღმდეგ. ჩემი მიზანია, მოვახდინო
საკუთარი უფლებების დეკლარირება და ციხის
ადმინისტრაცია, რომელიც ჩემი და სხვა პატიმრების უკანონო
დევნას ახორციელებს, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში
ვამხილო.
ამასთან დაკავშირებით მსურს გთხოვოთ, რომ ჩემი სახელით
გაესაუბროთ ადვოკატ ჯორჯ ბიზოს ან ნებისმიერ სხვა
ადვოკატს, რომელსაც ის რეკომენდაციას გაუწევს. იმედი
მაქვს, რომ მაქსიმალურად მცირე დროში მოახერხებთ
კონსულტაციების ორგანიზებას თქვენი ფირმის ან საბჭოს
წარმომადგენელთან, როგორც კი ყველა ბრალდება
ოფიციალური სახით იქნება მზად.
თუ თქვენი ფირმა ვერ შეძლებს კონსულტაციებზე დასწრებას,
ასეთ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ კავშირი ჩვენ შორის
შენარჩუნებული იყოს. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ
ადამიანთან, რომელსაც თქვენ გამოგვიგზავნით. ყველა
ფინანსური საკითხი განიხილება პირადად თქვენთან ან
თქვენს იმ წარმომადგენელთან, რომელიც კონსულტაციებს
დაესწრება.
1976 წლის 7 ოქტომბერს პასუხისმგებელ ოფიცერს -
პოლკოვნიკ რულოფსს წერილი მივწერე და ვთხოვე, რომ
ჩემთვის ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება მოეცა. უარი

123
მივიღე და სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ ეს
წერილი თქვენთვის ფარულად გამომეგზავნა.
გარდა ამისა, 1976 წლის 12 ივლისს საპატიმროთა კომისარს 22-
გვერდიანი წერილი მივწერე და მისი ყურადღება ციხის
ადმინისტრაციის მიერ თანამდებობის ბოროტად
გამოყენებაზე, პატიმართა დევნასა და სხვა დარღვევებზე
გავამახვილე. ამ წერილის ასლი ჩემთან ინახება და იმედი
მაქვს, მას პირველივე შესაძლებლობისთანავე გადმოგცემთ.
სანამ ეს მოხდება, კარგი იქნება, თუ დაუკავშირდებით
კომისარს და გააფრთხილებთ, რომ არც ერთი საბუთი,
რომელიც ჩემ მიერ წამოწყებულ საქმესთან არის
დაკავშირებული, არ გადააგდოს.
ახლა კი მოკლედ მსურს გაგაცნოთ საპატიმროთა
კომისრისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი: თანამდებობის
ბოროტად გამოყენება. როგორც პოლკოვნიკი რულოფსი, ასევე
ციხის უფროსი, ლეიტენანტი პრინსი, სისტემატიურად
აღვივებენ რასიზმს და საკანში, რომელშიც მე ვცხოვრობ,
პატიმრებს შორის სიძულვილის დათესვას ცდილობენ.
სოციალურ ურთიერთობებში უხეში ჩარევა. ამ ბრალდებასთან
დაკავშირებული ყველა ფაქტორის ჩამოთვლის შემდეგ,
დავამატე: „მიმაჩნია, რომ ყველა ის ახსნა-განმარტება,
რომელსაც ციხის ადმინისტრაცია წერილების კონფისკაციის
გასამართლებლად იყენებს, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა
იმისა, რომ ხელი შეუშალონ ნორმალური ურთიერთობის
შენარჩუნებას პატიმრებსა და მათ ახლობლებს შორის“.
ციხიდან გაგზავნილი წერილების ცენზურა. 1975 წლის
დეკემბერში ქალიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით
ჩემ მიერ გაგზავნილი მისალოცი ბარათი ადრესატამდე არ
მისულა. მსგავსი რამ ადრეც ხშირად მომხდარა. თებერვალში
ამის შესახებ ჩემს მეუღლეს მივწერე და ამ ფაქტთან
დაკავშირებით სინანული გამოვთქვი. ისიც დავამატე, რომ
ფოტოები, რომლებიც მათ გამომიგზავნეს, უგზოუკვლოდ იყო
გამქრალი. პასუხისმგებელ ოფიცერს ეს წინადადება არ
მოეწონა და მისი ამოღება მიბრძანა. ჩემი ქალიშვილი რაგბის
თამაშობს, ამიტომ ერთ-ერთ წერილში მე მას ვურჩიე, რომ
დიეტა დაეცვა. ამ წინადადების ამოღება მომთხოვეს. ჩემი ძმის
შვილიშვილმა იურიდიულზე ჩაბარება გადაწყვიტა, ამიტომ
ქალბატონ ფ.კენტრიჯს იოჰანესბურგში წერილი მივწერე და

124
ვთხოვე, რომ გოგონასთვის რჩევები მიეცა. ლეიტენანტმა
პრინსმა თავდაპირველად ამ წინადადების ამოღებაც
მომთხოვა, მოგვიანებით კი, როდესაც წერილის შეცვლილი
ვერსია გადავეცი, მითხრა, რომ ქალბატონი კენტრიჯის
პიროვნება ციხის ადმინისტრაციას მიუღებლად მიაჩნდა, რის
გამოც წერილი არ გაიგზავნებოდა. ამ ყველაფერთან
დაკავშირებით, ვასკვნი: „მე არ მაძლევენ საშუალებას,
საკუთარ მეუღლეს შევატყობინო, რომ ჩემ მიერ გაგზავნილი
მისალოცი ბარათი ადრესატამდე არ მივიდა; მე მიკრძალავენ
მივწერო მას და ვაგრძნობინო, რომ სულ მასზე ვფიქრობ და
რომ მათ მიერ გამოგზავნილი ფოტოები უგზოუკვლოდ გაქრა.
ამ აკრძალვებში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. ისინი არც
უსაფრთხოებას, არც დისციპლინის შენარჩუნებასა და არც ჩემს
კეთილდღეობას უწყობს ხელს. იგივე ეხება ქალბატონ
კენტრიჯისთვის გაგზავნილ წერილებს...“
შემოსული წერილების ცენზურა. ყველაზე საშინელი
დარღვევები შემოსულ წერილებთან დაკავშირებით გვაქვს, და
ამ მიმართულებით პასუხისმგებელი ოფიცრისა და მისი
პერსონალის თავხედობა ყველა საზღვარს სცდება. მათი
ამგვარი საქციელი ღვარძლითა და შურისძიების სურვილით
არის ნაკარნახევი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც
უსაფრთხოებას ემსახურება და არც დისციპლინის
შენარჩუნებას.
მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური დევნის ერთი
დიდი კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს პატიმრების
ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას. ციხის ადმინისტრაციას არ
სურს, რომ ჩვენ საპატიმროს გარეთ მიმდინარე მოვლენების
შესახებ რაიმე ვიცოდეთ, თუნდაც ეს ჩვენი ოჯახების წევრებს
ეხებოდეს. პასუხისმგებელი ოფიცერი მხოლოდ ერთ რამეს
ცდილობს: მას სურს, გადაგვიკეტოს ის სუფთა ჰაერი,
რომელიც წერილებისა და ვიზიტების სახით შემოდიოდა
ციხეში; მას მიზნად აქვს დასახული, რომ პატიმრები თავიანთი
ახლობლების თვალში უპასუხისმგებლო ადამიანებად
წარმოჩინდნენ, რომლებსაც საერთოდ არაფერი ესმით და
არაფერზე იწუხებენ თავს.
ამასთანავე, ცენზორების მიერ გამოყენებული ორმაგი
სტანდარტი სიყალბის განსახიერებაა და მისი მიზანია,
საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ ციხიდან გაგზავნილ
წერილებს საერთოდ არავინ ამოწმებს. თუ ჩვენ მიერ დაწერილ

125
წერილებში ციხის ადმინისტრაციისთვის ბევრი რამ არის
მიუღებელი, ჩვენ იმავე წერილის ხელახლა დაწერას გვთხოვენ,
რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ნაწერი უცხო
პიროვნებამ შეასწორა. რაც შეეხება შემოსულ წერილებს, ისინი
ისეა გადაკეთებული, როგორც ცენზორს სურს და ხშირად
მთელი პარაგრაფებია გადაშლილი. ვერაფერი ისე ვერ
შეგიქმნით შთაბეჭდილებას იმის შესახებ, თუ როგორ
ამახინჯებენ შემოსულ წერილებს, ვიდრე ამ ყველაფრის
საკუთარი თვალით ნახვა. ჩემი მეუღლისგან მიღებული
წერილების უმრავლესობა მხოლოდ უაზრო ფრაზების
კორიანტელია და მათი კითხვისას რაიმე აზრის გამოტანა
სრულიად შეუძლებელია.
ჩემი მეუღლე რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და
ყველაფერი იცის ციხეში მოქმედი წესების შესახებ. მას ისიც
კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ მგრძნობიარენი არიან თქვენი
ადგილობრივი ოფიციალური პირები წერილებში არსებული
ისეთი ფრაზების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, მიუღებლად
ჩაითვალოს. ამ ყველაფრის გამო, ის მუდამ ცდილობს, რომ
მხოლოდ ოჯახური საქმეების შესახებ მომწეროს, თუმცა ეს
საქმეს არ შველის: მისგან მიღებული ყველა წერილი საოცრად
არის დამახინჯებული.
1975 წლის 24 ნოემბერს მან ხუთგვერდიანი წერილი მომწერა,
ჩემამდე კი მხოლოდ ორმა გვერდმა მოაღწია. ამ ციხეში
მოქმედი ცენზურა ამავე ქვეყნის სხვა საპატიმროებისთვისაც
კი გაუგონარი რამ არის. როგორც იცით, ჩემმა მეუღლემ ცოტა
ხნის წინ ექვსთვიანი პატიმრობა მოიხადა კროონშტატის
ციხეში. მის მიერ დაწერილი ზოგიერთი წერილი უცვლელად
იქნა გამოგზავნილი, ჩვენს საპატიმროში მოსვლისთანავე კი
საშინელი ცენზურის მსხვერპლი გახდა.
მაგრამ ყველაზე მეტად რაც მძულს, ის არის, რომ ჩვენც
იძულებული ვხდებით, ამ ყალბი და ბინძური პოლიტიკის
ნაწილად ვიქცეთ. ჩვენთვის გამოგზავნილი წერილების
კონფისკაცია და განადგურება პასუხისმგებელი ოფიცრის
მხრიდან ამორალური საქციელია და ჩვენ იმის საშუალებაც კი
არ გვაქვს, რომ ამის შესახებ ჩვენს ახლობლებს გავაგებინოთ.
ჩვენი ახლობლები ფულს, დროს, კეთილ ნებას, ენერგიასა და
სიყვარულს დებენ წერილებში, რომლებიც ჩვენამდე არ მოდის
და პასუხისმგებელი ოფიცრის მხრიდან ეს სრულიად
მიუღებელ საქციელად მიმაჩნია... თქვენ დაუყოვნებლივ უნდა

126
გაავრცელოთ განცხადება, რომელშიც დაიგმობა ციხის
ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები. გარდა ამისა, კარგი იქნება,
თუ დააკონკრეტებთ, როგორი შინაარსის წერილების გაგზავნა
არ შეუძლიათ პატიმრებს და რა კატეგორიის ადამიანებს არა
აქვთ უფლება, წერილები გვწერონ.
გზაში დაკარგული ფოსტა. გაუჩინარებული წერილების
რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ამას საფოსტო
დეპარტამენტის შეცდომებით ნამდვილად ვერ ავხსნით. ამას
ისიც ემატება, რომ პასუხისმგებელი ოფიცერი ჯიუტად დგას
თავისაზე და არ გვაძლევს საშუალებას, ჩვენი წერილები
დავარეგისტრიროთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვასკვნი,
რომ ფოსტის გაუჩინარება შემთხვევითი არ არის.
ვიზიტები. პატიმრებისა და მათი სტუმრების საუბრის
გაკონტროლებას რაც შეეხება, პასუხისმგებელი ოფიცრის მიერ
მიღებული ზომები ამ შემთხვევაშიც ყველა დასაშვებ ნორმას
სცდება. 4, ზოგჯერ კი 6 ადამიანის მიჩენა ერთი სტუმრისთვის
და მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა და დაშინება ყოვლად
მიუღებლად მიმაჩნია.
ვალდებული ვარ მოგახსენოთ, რომ ჩემს თანამესაკნეებს
შორის გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ვიზიტების
დროს სპეციალური მოსასმენი მოწყობილობა მუშაობს,
რომელზეც სტუმრისა და პატიმრის საუბარი იწერება, მათ
შორის, ინტიმური დიალოგი მეუღლეებს შორის. თუ ეს
მართლაც ასე ხდება, მაშინ ძალის დემონსტრირებას ასეთი
ვიზიტების დროს არანაირი გამართლება არ აქვს.
ცენზორთა ენობრივი კვალიფიკაცია. პიროვნება, რომელსაც
წერილებისა და დეპეშების კორექტირება ევალება, ვორენტ-
ოფიცერი შტეენკამპია. შესაძლოა, მას ელემენტარული
ინგლისურის საფუძვლები ნასწავლიც ჰქონდეს, მაგრამ ამ ენას
ზუსტად ისე ფლობს, როგორც მე ვფლობ აფრიკაანსს. ვეჭვობ,
არც სერჟანტ ფოურის აქვს მეტი კვალიფიკაცია.
თავად პასუხისმგებელ ოფიცერსაც კი უჭირს ინგლისურ ენაზე
აზრების დალაგებულად გადმოცემა. იმ 14 წლის
განმავლობაში, რაც ციხეში ვზივარ, არასოდეს შემხვედრია
პასუხისმგებელი ოფიცერი, რომელმაც ასე ცუდად იცის
ინგლისური. რაც მთავარია, პოლკოვნიკი რულოფსი
ხელმძღვანელობს საპატიმროს, სადაც პატიმართა დიდი
უმრავლესობა სწორედ ინგლისურენოვანია[6].

127
პოლიტიკურ მხარდამჭერებთან მიმოწერის აკრძალვა.
ლეიტენანტმა პრინსმა შემატყობინა, რომ აკრძალული გვაქვს
ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობა, რომლებსაც
დეპარტამენტი ჩვენს პოლიტიკურ თანამოაზრეებად მიიჩნევს.
ასევე აკრძალული გვაქვს სხვა პატიმრების ნათესავებთან
მიმოწერა, მიუხედავად წერილების შინაარსისა.
დეპეშები და სააღდგომო ბარათები. პასუხისმგებელმა
ოფიცერმა ახალი პრაქტიკა დანერგა: ის ჩვენთვის
გამოგზავნილი დეპეშების ნახვის საშუალებას არ გვაძლევს.
ჩვენ გადმოგვცემენ მხოლოდ პატარა ქაღალდზე ნაწერ
გზავნილს, რომელზეც არც დეპეშის გაგზავნის, არც მისი
მიღების და არც სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა
აღნიშნული.
ჩვენი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ დეპეშებს
საგულდაგულოდ ამოწმებენ. ეს რამდენიმე დღეს იკავებს და
სწორედ ამიტომ გვიმალავენ მათი გამოგზავნისა და მიღების
ზუსტ თარიღებს.
ადამიანები, რომლებიც ამ დეპეშებს აგზავნიან, ჩვეულებრივზე
მეტ თანხას იხდიან იმისათვის, რომ მან ადრესატამდე
დროულად მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, ციხის
ადმინისტრაციის ასეთი ქმედება, რომლის წყალობით ფოსტის
ეფექტური და სწრაფი ოპერაცია საგრძნობლად ფერხდება, არა
მხოლოდ პატიმრების, არამედ ჩვეულებრივი ხალხის
უფლებების დარღვევასაც წარმოადგენს.
პატიმრებისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები. პატიმრებს
შორის გავრცელებული მოსაზრების მიხედვით,
პასუხისმგებელი ოფიცერი და ადმინისტრაციის სხვა პირები
ჩვენი ფულადი თანხების რეკეტს ეწევიან. 1976 წლის 31 მაისს
ლეიტენანტმა პრინცმა შემატყობინა, რომ 1975 წლის 5
ნოემბერს მისტერ და მისის მათლაკუსგან ჩემს სახელზე 30
რანდი იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, არანაირი ახსნა-
განმარტება არ მოუციათ ჩემთვის იმის თაობაზე, თუ რატომ
მარწმუნებდნენ თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რომ
თანხა მოსული არ იყო.
უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემ მიერ გამოთქმული პრეტენზიების
განხილვას ციხის ადმინისტრაცია გულგრილად ეკიდება, რის
გამოც ეს თქვენი მხრიდან სასწრაფო გამოძიების საგნად უნდა
იქცეს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება და საპატიმროების

128
დეპარტამენტის რეპუტაცია ამ საკითხში მაინც აღდგება.
პოლიტიკური დისკუსიები ციხის საბჭოს სხდომებზე. ბოლო
რამდენიმე წელია, დაინერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვით
ციხის ადმინისტრაციის წევრები პატიმრების პოლიტიკურ
დისკუსიაში ჩართვას ცდილობენ. ამ ხერხით ისინი ზეწოლას
ახორციელებენ იმ პატიმრებზე, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში
აპარტეიდის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.
საპატიმროთა კომისრის მიერ „რობენ-აილენდზე“
დატყვევებული პოლიტიკური პატიმრების მონახულება არ
შედგა.
ზემოთ ნახსენები დარღვევები კიდევ უფრო მძიმდება იმის
გამო, რომ თქვენ კუნძულზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეთ და
იმის საშუალებაც წაგვართვით, ყველა ეს პრობლემა პირადად
თქვენთან განგვეხილა. მთავარი ოფისის ვერც ერთი სხვა
ოფიციალური პირი, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა ეკავოს
მას, ვერ შეცვლის დეპარტამენტის უფროსს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსგავსი გაუგებრობებისა
საპატიმროების დეპარტამენტსა და უშიშროების პოლიციას
შორის არსებული კავშირია და თქვენი მთავარი ამოცანა
სწორედ ამ კავშირის გაწყვეტაა. პატიმართა უმეტესობა
საპატიმროთა კომისარს მხოლოდ შემსრულებლად აღიქვამს
და მიაჩნია, რომ მთავარი ხელმძღვანელი სწორედ უშიშროების
პოლიციის უფროსია.
მიუხედავად ამისა, კვლავაც მჯერა, რომ თქვენ, როგორც ამ
დეპარტამენტის ხელმძღვანელი და როგორც გენერალი, არ
დაუშვებთ ამ მზაკვრული მეთოდების არსებობას და შესაბამის
ზომებს მიიღებთ. მანამდე კი, სანამ ეს მოხდება, იმედს
ვიტოვებ, რომ თქვენ უბრალოდ არ გაქვთ ინფორმაცია იმის
შესახებ, თუ რა ხდება „რობენ-აილენდის“ საპატიმროში.
უაზრობაა იმაზე ფიქრი, რომ რაიმე სახის დევნა ჩვენს აზრს
შეგვაცვლევინებს. თქვენი მთავრობა და დეპარტამენტი
ცნობილია თავისი სიძულვილით შავკანიანი ადამიანის მიმართ
და სწორედ ეს სიძულვილი იქცა ამ ქვეყნის კანონების მთავარ
პრინციპად. დეპარტამენტის სისასტიკე იქამდეც კი მივიდა,
რომ მათ ჩვენი ხალხის მიმართ „თავუზას“ პრაქტიკა დანერგეს,
რომლის მიხედვით, პიროვნებას აიძულებენ, სრულიად
გაშიშვლდეს, შემდეგ კი რამდენიმე ოფიციალური პირის

129
თანდასწრებით მის სწორ ნაწლავს ამოწმებენ. რამდენიმე ხნის
წინ ანალოგიური პრაქტიკის გამო ეროვნული მასშტაბით
სკანდალი ატყდა და სწორედ ამის შემდეგ გახდა იძულებული
მთავრობა, შესაბამისად ემოქმედა.
მიუხედავად ამისა, საშუალო სტატისტიკური
სამხრეთაფრიკელი ზედამხედველის სისასტიკე კვლავაც
არსებობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ახლა ამ ყველაფერმა
სახე იცვალა და ფიზიკური ზეწოლა ფსიქოლოგიურში
გადაიზარდა. ეს ის მიმართულებაა, რომელშიც ამ საპატიმროს
ოფიციალურ პირთა უმეტესობა განსაკუთრებულად ცდილობს
დაოსტატებას. იმედი მაქვს, რომ თქვენნაირი გამოცდილი
ადამიანი, რომელსაც მაღალი სამხედრო წოდება აქვს,
სათანადოდ შეაფასებს ამ სიტუაციის სიმძიმეს და ადეკვატურ
ზომებს მიიღებს უკანონობის აღსაკვეთად.
როგორც ამ ქვეყნის ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს,
იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ხალხი ჩვენ ოდესმე დაგვივიწყებს,
ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. „სლახტერს ნეკის“
აჯანყებიდან 160 წელი გავიდა, ინგლისელებსა და ბურებს
შორის გამართული ომის შემდეგ - 74, ჯოუპი ფოურის
უკანასკნელი გამოსვლიდან კი - 61. მე არასოდეს დავიჯერებ,
რომ თქვენ ახლა უკვე აღარ გახსოვთ ის პატრიოტები,
ადამიანები, რომლებმაც ინგლისური იმპერიალიზმისგან
გაგათავისუფლათ და საკუთარი ქვეყნის მართვის საშუალება
მოგცათ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ თქვენ დღეს ამ
მაღალ თანამდებობაზე ბრძანდებით.
სწორედ ამიტომ უაზრობაა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ხალხი ჩვენ
ოდესმე დაგვივიწყებს. ჩვენ მათთვის პატრიოტები ვართ,
ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ, ჩვენი ქვეყანა კვლავ
დავიბრუნოთ და თავისუფალ სამხრეთ აფრიკაში ვიცხოვროთ.
დღეს თქვენი ხალხი ჩემს ხალხს ხოცავს. დიახ, ეს დღეს ხდება
და არა ერთი საუკუნის წინ. სწორედ დღევანდელი სამხრეთ
აფრიკაა, სადაც რასობრივი დევნა, სასამართლოს გარეშე
ადამიანების ციხეში ჩაგდება და წამება ხორციელდება.
უახლოეს მომავალში საკონცენტრაციო ბანაკების
ჩამოყალიბების საშიშროება გველის. დიახ, ეს შესაძლოა, არ
იყოს წარსულის მოგონება. როგორ უნდა დაგვივიწყოს ჩვენმა
ხალხმა, როდესაც ჩვენ ასეთი ბოროტებისგან ვცდილობთ მათ
გათავისუფლებას?

130
სამხრეთ აფრიკაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში,
პატიმრებსა და ოფიციალურ პირებს ბევრი ფაქტორი ჰყოფს
ერთმანეთისგან. მე არ ვეთანხმები იმ დეპარტამენტის
პოლიტიკას, რომლის უფროსი თქვენ ბრძანდებით. მე მძულს
თეთრკანიანთა უპირატესობის პოლიტიკა და ჩემს ხელთ
არსებული ნებისმიერი იარაღით ვიბრძოლებ მის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემი და თქვენი
ბრძოლა უკიდურეს სახეს მიიღებს, მე მსურს, რომ ეს იყოს
პრინციპების ბრძოლა, რომელიც პირადი სიძულვილისგან
სრულიად თავისუფალი იქნება. როდესაც ეს ბრძოლა
დასრულდება, როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგი, მე ამაყად
ჩამოგართმევთ ხელს, რადგან მეცოდინება, რომ ჩემ წინ დგას
ღირსეული ადამიანი, რომელმაც პატიოსნების კოდექსი
დაიცვა. სამწუხაროდ, დღეს სულ სხვა რეალობაა: თქვენი
ქვეშევრდომები უსამართლო და ბინძურ მეთოდებს იყენებენ,
ასეთ შემთხვევაში კი სიბრაზე და ზიზღი გადაულახავი ხდება.
წერილი აქ მთავრდება. ეს ზოგადი მიმოხილვა იყო, რომელშიც
ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი არ შევიდა.
მიმოწერის საკითხს რაც შეეხება, როგორც ჩანს, ციხის
ადმინისტრაცია უშუალოდ წერილების კონკრეტულ შინაარსს
ეწინააღმდეგება და არა პიროვნებებს, რომელთა მიერაც
იწერება ეს წერილები. ასეა თუ ისე, საპატიმროს ოფიციალურ
წესდებაზე ხელი არ მიმიწვდება, ამიტომ ამ საკითხის
გამოძიება თქვენთვის მომინდვია.
კინაღამ დამავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ 9 სექტემბერს
პასუხისმგებელმა ოფიცერმა საპატიმროების კომისრისგან
მიღებული წერილის შესახებ შემატყობინა. მასში ნათქვამი იყო,
რომ დეპარტამენტი კმაყოფილია „რობენ-აილენდის“ ციხის
ადმინისტრაციის მუშაობით და ცალკეული პიროვნებების
საჩივრების განხილვისა და გამოძიების ჩატარების
აუცილებლობას ვერ ხედავს. ამ პასუხით საპატიმროთა
კომისარმა გზა დაულოცა იმ კანონდარღვევებს, რომლებზეც
ჩემს, 12 ივლისს დაწერილ, წერილში იყო საუბარი.
ბოლოს, მსურს იცოდეთ, რომ ჩემ მიერ მოცემული
ინსტრუქციები გაუქმდება მხოლოდ ჩემ მიერ... პირადად ჩემი
ხელმოწერით ან თქვენი ფირმის წარმომადგენელთან
შეხვედრისას.
გულწრფელად თქვენი

131
ნ.რ. მანდელა
იანვარი, 1977

თავი მეცხრე. მოწყობილი


„ბებერი და სახელგანთქმული ცხენები ისევე ეცემიან, როგორც
მრავალი სხვა. ზოგიერთი მათგანის სახელი სამუდამო
დავიწყებას მიეცემა, ზოგიერთის კი ისტორიას დარჩება და
მომავალი აკადემიკოსების ინტერესის საგანი გახდება“.
წერილი არჩი გუმედეს, 1975 წლის 1 იანვარი
1. წერილი არჩი გუმედეს. 1975 წლის 1 იანვარი:
ბებერი და გამოჩენილი ცხენებიც ისევე ეცემიან, როგორც
მრავალი სხვა დაცემულა მანამდე. ზოგიერთი მათგანის
სახელი სამუდამო დავიწყებას მიეცემა, ზოგიერთის კი
ისტორიას დარჩება და მომავალი აკადემიკოსების ინტერესის
საგანი გახდება.
2. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
ადამიანის ცხოვრების აღწერისას მისი პოლიტიკური
თანამებრძოლების მოსაზრებები გულახდილად უნდა იქნას
მოყვანილი. მკითხველს აინტერესებს, როგორი პიროვნებაა
წიგნის ავტორი, როგორი ურთიერთობები აქვს მას სხვებთან
და ეს ყველაფერი არა ეპითეტებით, არამედ უტყუარი
ფაქტებით უნდა იქნას მოწოდებული. მაგრამ
თავისუფლებისთვის მებრძოლის ავტობიოგრაფიას
ლაიტმოტივად ერთი შეკითხვა უნდა სდევდეს: რამდენად
შეუწყობს ხელს ბრძოლის გაგრძელებას კონკრეტული,
თუნდაც ყველაზე უტყუარი ფაქტების გამოაშკარავება? თუ ეს
ფაქტები პრობლემების დანახვაში დაგვეხმარება და მიზანთან
კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, მაშინ მათ შესახებ ხმამაღლა
საუბარი ჩვენი მოვალეობაა, მიუხედავად იმისა, მიაყენებს თუ
არა ეს კონკრეტულ ადამიანს ზიანს. ამავე დროს, უნდა
აღინიშნოს, რომ გულახდილობა, რომელიც თანამებრძოლებს
შორის განხეთქილებას გამოიწვევს, თავიდან უნდა იქნას
აცილებული, რადგან ეს შესაძლოა, მტერმა სათავისოდ
გამოიყენოს. დიდი სიფრთხილე განსაკუთრებულად საჭირო
მაშინ ხდება, როდესაც ავტობიოგრაფია საიდუმლოდ, ციხის
საკანში იწერება. აქ ადამიანის პოლიტიკური კოლეგები
თავადაც უშუალოდ გრძნობენ ციხეში ცხოვრების

132
სირთულეებს, ყოველდღიურად შედიან კონტაქტში
ადმინისტრაციის წევრებთან, რომლებსაც პატიმრების დევნის
მანია ჩამოუყალიბდათ. როდესაც ასეთ ვითარებაში გიწევს
წერა, ძალაუნებურად გიჩნდება სურვილი, რომ შენს
თანამებრძოლებსაც ასიამოვნო, დაანახო მკითხველს, რომ მათ
მიერ გაღებულ მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია. ეს თავად შენს
თანამესაკნეებსაც სიამოვნებს და ამ ნაცრისფერ, მძიმე ყოფაში
გულებს იმედით უვსებს. ამისათვის ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს კოლეგებთან აქტიურ კონსულტაციებს,
მათი აზრის დაფიქსირება ნებისმიერ სადავო საკითხზე უნდა
მოხდეს და მათაც უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ამა თუ იმ
მოვლენის საკუთარი ვერსია ჩამოაყალიბონ. სამწუხაროდ, ამ
ისტორიას ისეთ ვითარებაში ვწერდი, რომ მხოლოდ რამდენიმე
კოლეგის აზრის გათვალისწინება შევძელი[7].
3. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
ყურადღების ცენტრში რამდენიმე გამოჩენილი ადამიანი
მოექცა, მაგალითად, ვილტონ მკვაი, ბილი ნეა, რეიმონდ
მჰლაბა, აჰმედ კათრადა, გოვან მბეკი და ვალტერ სისულუ. ეს
ბუნებრივიცაა, რადგან ისინი ჩვენს ქვეყანაში წამყვან როლს
ასრულებენ და თავიანთი სიმამაცისა და იდეებისადმი
ერთგულების გამო ასობით ათასი ადამიანის სიყვარულითა და
პატივისცემით სარგებლობენ. ისინი სულით ოპტიმისტები
არიან და ციხეში მყოფი ჩვენი თანამებრძოლებისთვის
შთამაგონებელ ძალასაც წარმოადგენენ. ისინი ციხეში მყოფ იმ
ადამიანებს შორის არიან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ,
ჩვენი ორგანიზაციის წევრები ჩვენი საქმის კეთილშობილებაში
დაარწმუნონ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმისა, რაც
მათ შესახებ უნდა ითქვას. თითოეული ადამიანი არის აგური,
რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მშენებლობაში იქნა
გამოყენებული. მთავარ სექციაში ისეთი ადამიანები არიან,
რომლებსაც ჩვენზე გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ. ჩვენ აქ
მხოლოდ ოცნი ვართ, იქ კი რამდენიმე ასეული პატიმარია,
რომელთა დიდ უმრავლესობას არც ახლობლებთან შეხვედრისა
და არც მიწერ-მოწერის უფლება აქვთ, მათ არც ფული აქვთ
იმისათვის, რომ რამე ისწავლონ, არც წერა იციან, არც კითხვა და
მუდმივად ხდებიან ციხის ადმინისტრაციის მხრიდან
სისასტიკის მსხვერპლნი.
4. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:

133
ვალტერსა (სისული) და კათის (კათრადა) ერთი
მნიშვნელოვანი თვისება აქვთ, რომელსაც ძალიან ვაფასებ -
ისინი არასოდეს იხევენ უკან, როდესაც რაიმე საკითხში
გასაკრიტიკებელი ვარ. მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის
განმავლობაში ისინი იმ სარკის ფუნქციას ასრულებდნენ,
რომელშიც დროდადრო საკუთარ თავს ვხედავდი. კიდევ
უამრავი რამ მაქვს სათქმელი ჩემს მამაც კოლეგებზე,
რომლებიც ჩემთან ერთად უძლებენ ყოველდღიურ
დამცირებებს და მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი
ღირსების გრძნობას არ კარგავს. საშუალება რომ მქონდეს, მათ
საუბრებსაც გადმოგცემდით, გიამბობდით, თუ როგორ
ეხმარებიან ისინი სხვებს ნებისმიერი პირადი პრობლემის
მოგვარებაში. ამის შემდეგ თავადაც დარწმუნდებოდით, თუ
რამხელა წონის ადამიანები არიან ისინი, ვინც საკუთარი
ცხოვრება რასობრივ სიძულვილთან ბრძოლას შესწირა.
5. წერილი ვინი მანდელას, რომელიც კროონშტატის ციხეში
იჯდა. 1975 წლის 1 თებერვალი:
საკანი იდეალური ადგილია იმისათვის, რომ საკუთარი თავის
შეცნობა ისწავლო, საკუთარ გონებასა და გრძნობებს
რეალისტურად უყურო და, რაც მთავარია, რეგულარულად
აკონტროლო ისინი. როდესაც ამა თუ იმ პიროვნების პროგრესს
განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე
ვამახვილებთ ყურადღებას, ისეთებზე, როგორებიცაა
სოციალური მდგომარეობა, გავლენა და პოპულარობა,
სიმდიდრე და განათლების დონე. წმინდა მატერიალური
თვალსაზრისით, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან
მნიშვნელოვანია და სავსებით გასაგებია, როდესაც ვხედავთ,
რომ ესა თუ ის პიროვნება სწორედ ამ მიმართულებით
ცდილობს წარმატების მიღწევას. მიუხედავად ამისა,
პიროვნებად ჩამოყალიბებაში, შესაძლოა, შინაგანი ფაქტორები
უფრო იყოს გადამწყვეტი. პატიოსნება, გულწრფელობა,
სისადავე, თავმდაბლობა, გულუხვობა, სულგრძელობა -
თვისებები, რომლებიც ნებისმიერისთვისაა ადვილად
მისაღწევი - პიროვნების სულიერი ცხოვრების საფუძველს
წარმოადგენს. ამ მიმართულებით განვითარება სერიოზული
თვითანალიზის, საკუთარი თავის, საკუთარი შეცდომებისა და
სისუსტეების გაცნობიერების გარეშე სრულიად შეუძლებელია.
სხვა თუ არაფერი, საკანი იმის საშუალებას მაინც გაძლევს, რომ
საკუთარ ყოველდღიურ ქცევას დააკვირდე, დაამარცხო

134
უარყოფითი თვისებები და განავითარო ყველაფერი ის, რაც
დადებითია შენში. ყოველდღიური მედიტაცია, ვთქვათ 15
წუთის განმავლობაში, დაძინების წინ, შესაძლოა, ამ
მიმართულებით ძალიან ნაყოფიერი იყოს. თავიდან ალბათ
საკმაოდ ძნელი იქნება საკუთარი ნეგატიური თვისებებისთვის
თვალის გასწორება, მაგრამ მეათე მცდელობა კარგ შედეგებს
მოიტანს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ წმინდანი არის
ცოდვილი, რომელიც მუდამ უკეთესობისკენ ილტვის.
6. წერილი მისის დ.ბ. ალექსანდერს. 1976 წლის 1 მარტი:
ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გართობა წინა წელს
მიღებული წერილების გადათვალიერებაა და რამდენიმე დღის
წინ სწორედ შენ მიერ გამოგზავნილ ერთ-ერთ ბარათს
ვკითხულობდი. ის ნაბეჭდი შრიფტით დაწერილ მხოლოდ 4
სიტყვას შეიცავს, რასაც შენ კიდევ 3 სიტყვა მიუმატე. ასეთი
ეკონომიურობა სწორედაც რომ დამახასიათებელია იმ
მოსალოცი ბარათებისთვის, რომლებიც აქამდე მიმიღია შენგან,
მაგრამ ყველა მათგანი სავსეა იმ სითბოთი, რომელიც ჩემს
შვილიშვილ ლეოზე უფრო ახალგაზრდად მაგრძნობინებს
თავს.
7. წერილი ზამილა აიობის. 1987 წლის 30 ივნისი:
70-იანების დასაწყისში ზამის ერთი რომანტიკული წერილი
მივწერე. მიმაჩნია, რომ ეს იყო სიტყვები მამაკაცისა, რომელიც
თავის საყვარელ ცოლს აღმერთებს. იმ წერილში, სხვა
საკითხებთან ერთად, ზენისა და ზინძიზეც გავამახვილე
ყურადღება და აღვნიშნე, რომ მათთან საუბარი ძალიან
მსიამოვნებდა. ჩემი საყვარელი მეუღლე კი ძალიან გაბრაზდა
და როდესაც მისი წერილის ბოლო წინადადება წავიკითხე,
მივხვდი: საოცრად გამიმართლა, იმ დროს მის გვერდით რომ არ
ვიდექი. წინააღდეგ შემთხვევაში, მოთმინებას ნამდვილად
დავკარგავდი. მან ისე აღიქვა ჩემი სიტყვები, თითქოს რაღაც
საშინელი ღალატი ჩავიდინე. მან მომწერა: „მე გავზარდე ეს
გოგონები და არა შენ! შენ კი ახლა ისინი ჩემზე მეტად
გიყვარს!“ არც კი ვიცოდი, რა მეთქვა.
8. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქ იოჰანესბურგში გავლილი
პრაქტიკის შემდეგ მე, როგორც დამწყები ადვოკატი, ადრეულ
ასაკშივე მივხვდი, თუ რა ხდებოდა ჩვენი ქვეყნის

135
სახელისუფლებო დერეფნებში. ეს ადრეული გამოცდილება
კიდევ უფრო დაიხვეწა, როდესაც „რობენ-აილენდის“ ციხეში
მოვხვდი.
ციხის ზედამხედველები, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების
ყველაზე განათლებულ ფენას არ მიეკუთვნებოდნენ. მათი
უმეტესობა სიძულვილით უყურებდა ჩვენს მისწრაფებებს და
ყველა შავკანიანს არასრულყოფილ ადამიანად მიიჩნევდა.
ყოველი მათგანი რასიზმის განსახიერება იყო, ჩვენთან
ურთიერთობაში კი გაუგონარ სისასტიკეს იჩენდნენ.
თუმცა მათ შორის გამონაკლისებიც იყვნენ - ისინი, ვინც
თავიანთ კოლეგებს მუდამ აფრთხილებდნენ, რომ მსოფლიოს
სხვა ქვეყნებში დაჩაგრული ხალხი ყოველთვის ამარცხებდა
მჩაგვრელს და თავად ხდებოდა ხელისუფალი. ეს
პროგრესული ზედამხედველები ამტკიცებდნენ, რომ
პატიმრებთან მხოლოდ მიღებული წეს-კანონების მიხედვით
იყო საჭირო მოპყრობა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც
ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ასევე კარგად
მოექცეოდნენ თეთრკანიანებს.
„აფრიკის ეროვნული კონგრესი“ ყოველთვის ხაზს უსვამდა
იმას, რომ ჩვენ ვებრძვით არა თეთრკანიანებს, არამედ
თეთრკანიანთა უპირატესობას - სახელმწიფო პოლიტიკას,
რომელიც საზოგადოების რასობრივ დანაწევრებას უწყობდა
ხელს.
იმ დროს ზოგიერთი ჩემი თანამესაკნე სამთავრობო
დეპარტამენტების საქმეებში ჩახედული არ იყო. იყვნენ
ისეთებიც, რომლებსაც სერიოზულად ეპარებოდათ ეჭვი
აპარტეიდის ხელისუფლებასთან რაიმე სახის დიალოგის
შესაძლებლობაში.
9. საუბარი რიჩარდ სტენგელთან პატიმრობის რანგის
მომატების შესახებ:[8]
სტენგელი: მაინცდამაინც თქვენ რატომ მოგანიჭეს
უპირატესობა?
მანდელა: საქმე ის არის, რომ ყველაზე კარგი ურთიერთობა
ხელმძღვანელობასთან სწორედ მე მქონდა. ისინი ჩვენ
გამუდმებით გვებრძოდნენ, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი
კეთილგონივრულად მემოქმედა, რადგან მათთან გარკვეული
პრობლემების განხილვაც იყო საჭირო. ციხის მთავარ სექციაში

136
ისეთი პატიმრები იყვნენ, რომლებსაც საერთოდ არანაირი
უფლებები არ ჰქონდათ. მათ პრობლემებზე სწორედ მე
ვზრუნავდი და ჩვენი სექციის პატიმრებსაც მე ვაქცევდი
ყურადღებას. სწორედ ამიტომ ვალდებული ვიყავი,
ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა.
აუკამპთან და გენერალურ კომისართანაც კი
ვურთიერთობდი... მაგრამ პრინციპულ საკითხებზე მათ
ყოველთვის ვებრძოდი.
10. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ციხის ზედამხედველების
შესახებ:
არ მსურს, ისეთი შთაბეჭდილება შევქმნა, თითქოს უკლებლივ
ყველა ზედამხედველი პირუტყვივით იქცეოდა. ასე, რა თქმა
უნდა, არ იყო. პირველივე დღიდან შემხვედრიან ისეთი
ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ პატიმრებთან
კორექტული მოპყრობა იყო საჭირო... საღამოობით და
გამოსასვლელ დღეებში ისინი ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან და
სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობდით. ზოგიერთი მათგანი
მართლაც ძალიან კარგი პიროვნება იყო. სწორედ მაშინ
მივხვდით, რომ თავად ზედამხედველებს შორის საკმაოდ
დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო. ზოგიერთი ამბობდა: „არ
შეიძლება ამ ადამიანებთან ასე მოქცევა. მათ გაზეთების
კითხვისა და რადიოს მოსმენის საშუალება უნდა მივცეთ“.
სხვები პასუხობდნენ: „არა, ასე რომ მოვექცეთ, მათი
სულისკვეთება გაიზრდება. ამის გაკეთება არ შეიძლება“.
პირველები კი კვლავ თავის აზრს იცავდნენ: „მერე რა მოხდა?
ციხიდან ხომ მაინც ვერსად წავლენ?“ აი, ასე დაუსრულებლად
გრძელდებოდა კამათი. ზედამხედველებს შორის ასეთი
დაყოფის მოწმენი რომ გავხდით, ერთ დღეს გადავწყვიტეთ,
გაფიცვა მოგვეწყო. ქვის სამტეხლოზე მუშაობისას მთელი
დილა გვჭირდებოდა იმისათვის, რომ ერთი პატარა კასრი
აგვევსო კირით... მათ ყველანაირად სცადეს ჩვენი დაყოლიება,
მაგრამ არ გავნძრეულვართ. მაგრამ იქ ერთი ზედამხედველი
იყო - სერჟანტი ოპერმანი, რომელმაც დაგვიძახა და გვითხრა:
„ბატონებო, ღამით იწვიმა და გზები მთლიანად გადარეცხა.
კირი მჭირდება, რომ დაზიანებული ადგილები შევაკეთო. დღეს
ხუთი დიდი კასრი მჭირდება. დამეხმარებით?“ სერჟანტის
ასეთმა თავაზიანმა დამოკიდებულებამ ჩვენზე შესაბამისად
იმოქმედა და ხუთი კასრი თითქმის ერთ საათში ავავსეთ,
შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდით გაფიცვას.

137
ოპერმანი მხოლოდ თავაზიანობით არ გამოირჩეოდა. როდესაც
ის სამზარეულოში მორიგეობდა, ჩვენს რაციონებს არავინ
არაფერს აკლებდა... საერთოდ, სამზარეულოში ძალიან ცუდი
სიტუაცია იყო. ხშირად ჩვენს კუთვნილ ხორცის ნაჭერს ან
შაქარს გვართმევდნენ, ეს სერჟანტი კი მკაცრად ზრუნავდა
იმაზე, რომ ჩვენ-ჩვენი პორციები ყველას შეგვხვედროდა.
ამიტომ მას დიდ პატივს ვცემდით. სხვა ზედამხედველებიც
იყვნენ, რომლებსაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენ
მიმართ. ასე რომ, გაჭირვებისა და მძიმე ცხოვრების
მიუხედავად, ციხეში ნათელი წერტილებიც ხშირად იყო.
11. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: ზოგიერთი ზედამხედველი პოლიტიკურ თემებზე
გესაუბრებოდათ?
მანდელა: დიახ, დიახ. საკმაოდ ხშირად. როგორც წესი, ისინი
საკმაოდ ჭკვიანი ტიპები იყვნენ და ამ დისკუსიების შემდეგ
ძალზე მეგობრულად გვექცეოდნენ. ზოგიერთ მათგანთან
ახლაც ვმეგობრობ.
სტენგელი: როგორ მოახერხეთ მათი ამ საუბრებში ჩათრევა?
მათ უბრალოდ მოგისმინეს და საკუთარი მოსაზრებები
გამოთქვეს?
მანდელა: ისინი თავად გვისვამდნენ შეკითხვებს. პირადად მე
არასოდეს წამომიწყია პოლიტიკურ თემებზე საუბარი
ზედამხედველებთან. გაცილებით ეფექტური ხარ, როდესაც
სხვები გისვამენ შეკითხვებს, შენ კი პასუხობ. როდესაც
ინფორმაციას საკუთარი ინიციატივით გასცემ, ადამიანებს
ხშირად ეს სრულებით არ აინტერესებთ და შენს ნალაპარაკევს
არანაირი ეფექტი არ აქვს. უმჯობესია, დისტანცია შეინარჩუნო.
მაგალითად, როდესაც ვინმე გვკითხავდა: „შეგიძლია ამიხსნა,
რა გსურს? რისთვის იბრძვი? შენ ყველაფერი გაქვს - საჭმელი,
სასმელი. რატომ ესხმი თავს საკუთარ ქვეყანას? რატომ კლავ
უდანაშაულო ხალხს?“ ასეთ შემთხვევაში შანსი გეძლევა,
პასუხი გასცე და უთხრა: „საქმე ისაა, რომ თქვენ საკუთარი
ქვეყნის ისტორია არ იცით. როდესაც თქვენ ინგლისელების
მმართველობის ქვეშ იყავით, ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც
ჩვენ ვიქცევით. ეს ისტორიის გაკვეთილია“.
12. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: მაკ მაჰარაჯი ჰყვება, რომ ციხეში თქვენ ხშირად

138
სხვა პატიმრების ინტერესებს იცავდით და ეს წესებით
აკრძალული იყო. მართალია?
მანდელა: დიახ, ასე იყო.
სტენგელი: მაგრამ, საბოლოოდ მათ ამის ნება დაგრთეს?
მანდელა: დიახ.
სტენგელი: როგორ მოხდა ეს?
მანდელა: საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლით. საბოლოო
ჯამში, ისინი იძულებულნი გახდნენ, დათმობაზე
წასულიყვნენ. როდესაც ადამიანი ბოლომდე იბრძვის, მას
მტერიც კი პატივს სცემს - განსაკუთრებით, თუ ჭკვიანურად
მიჰყვები საკუთარ საქმეს... მე მათ ვეუბნებოდი: „ეს არასწორი
საქციელია. მე ყველაფერი დავინახე. თქვენ ოფიცერი
ბრძანდებით და ამასთან დაკავშირებით რამე უნდა ქნათ. თუ
თქვენ ეს არ გსურთ, მაშინ ნება მომეცით, თქვენს სათავო
ოფისს მივწერო. თუ სათაო ოფისსაც არ ექნება რეაქცია,
იუსტიციის მინისტრს მივწერ. თუ ისიც არაფერს გააკეთებს,
ყველა შესაძლო გზას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ჩემი
პრეტენზიები ვინმემ მოისმინოს - ციხეში იქნება ეს, თუ ციხის
გარეთ“. უნდა ითქვას, რომ მათ ამის ეშინოდათ. ძალზე
შეუპოვარი ვიყავი. რამე რომ მოხდებოდა, იუსტიციის
მინისტრამდე მივდიოდი და თუ ამითაც ვერაფერს
გავხდებოდი, ფარულად ვგზავნიდი წერილს ციხიდან და
პრესას ვაგებინებდი ყველაფერს. ამიტომ მე მათთან
მივდიოდი და ვეუბნებოდი: „თუ ამაში არ დამეხმარებით,
თავად ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე“. მათ კარგად იცოდნენ,
რისი გაკეთება შემეძლოა, ამიტომ ეშინოდათ.
13. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი თაობის ადამიანებს,
ახალგაზრდა თაობისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ შემორჩათ
გარკვეული პატივისცემის გრძნობა თეთრკანიანების მიმართ?
აი თქვენ, მაგალითად, გრძნობთ მსგავს რამეს?
მანდელა: არასრულფასოვნების კომპლექსი თეთრკანიანების
მიმართ?
სტენგელი: დიახ.
მანდელა: არა, არა მგონია, რადგან მე საკმაოდ დიდი ხნის

139
განმავლობაში ვიყავი განმათავისუფლებელი მოძრაობის
ნაწილი და ციხეშიც ვიჯექი. 1952 წლის დაუმორჩილებლობის
კამპანიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ჩვენი
ხალხისთვის მჩაგვრელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის
სული შთაგვებერა, დაგვერწმუნებინა ისინი, რომ
თეთრკანიანი ადამიანი, პოლიციელი საშიში არ არის, რომ ჩვენ
არც მისი ციხეებისა და სასამართლოების გვეშინია... სწორედ ეს
იყო ის დრო, როდესაც 8 500 ადამიანი საკუთარი ნებით წავიდა
ციხეში. მათ ის დამამცირებელი კანონები დაარღვიეს, რომელიც
ამ ქვეყნის საზოგადოებას ორად ყოფდა და თეთრკანიანებს
განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა. ჩვენ ციხეში
წავედით და ამით საკუთარ ხალხს რწმენა მივეცით, რწმენა
იმისა, რომ რეპრესიებთან ბრძოლა შიშველი ხელებითაც
შეიძლება. ადამიანი, რომელსაც შეუძლია კანონს ებრძოლოს
და ამისათვის ციხეში ჩაჯდეს, არასოდეს დაიჩაგრავს თავს.
აქედან გამომდინარე, ჩვენს თაობაში არავის აქვს
არასრულფასოვნების კომპლექსი. მეტიც შემიძლია ვთქვა: ჩვენ
უფრო მომწიფებულები ვართ და პრობლემების გადაწყვეტის
მეტი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ, თუ გსურს
ადამიანი რამეში დაარწმუნო, მასთან უშუალო კონტაქტის
დამყარება საუკეთესო გამოსავალია. საქმე ისაა, რომ ამ
ადამიანების უმეტესობას შესაბამისი განათლება არა აქვს. მათ
არა აქვთ იმის უნარი, რომ პრობლემებს ჩასწვდნენ. სწორედ
ამიტომ, როდესაც მათ წყნარად და არგუმენტირებულად
ესაუბრები, ამით მათი ღირსება არ ილახება. საშუალება უნდა
მისცე, რომ დამშვიდდნენ და შენი პრობლემის არსი გაიგონ.
ყველაზე სასტიკი ზედამხედველებიც კი უხერხულად
გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ წყნარად ვესაუბრებოდით.
ერთი სერჟანტი იყო იქ, გვარად ბოონზაიერი - ძალიან
საინტერესო პიროვნება... ერთხელ სწორედ მას ვეკამათე და
სხვების თანდასწრებით საკმაოდ უსიამოვნო რამ ვუთხარი.
რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი,
რადგან ის ძალიან ახალგაზრდა იყო - ალბათ, ოცდახუთი წლის.
მართალი არ იყო, მაგრამ არც მე უნდა მოვქცეოდი ასე. ამიტომ
მასთან მივედი და ბოდიში მოვუხადე, ვუთხარი, რომ მის
აზრებს კვლავაც არ ვიზიარებდი, მაგრამ არც მე უნდა მეთქვა
ის, რაც ვთქვი. მან კი მიპასუხა: „შენ შენი მეგობრების
თანდასწრებით მელაპარაკე ასე, ახლა კი მარტო მოხვედი,
შეუმჩნევლად მომეპარე (იცინის) და ბოდიშს მიხდი? მიდი და
დაუძახე იმ ბიჭებს, რომელთა თანდასწრებითაც შეურაცხყოფა

140
მომაყენე“. ასეც მოვიქეცი: ბიჭებს დავუძახე და მათი
თანდასწრებითაც მოვიხადე ბოდიში. „კეთილი, ამჯერად
მიღებულია“, - მითხრა ბოონზაიერმა, მაგრამ მას შემდეგ მისი
ჩემ მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ მაინც არ
შეცვლილა... ძალიან ქედმაღალი იყო (იცინის).
ზედამხედველებს ძალიან ეშინოდათ, როდესაც ჩვენს სექციას
მათზე მაღალი რანგის ოფიცერი სტუმრობდა. მათ სურდათ,
რომ თავადაც აქ ყოფილიყვნენ და პირადად მისალმებოდნენ
მას. ერთხელ, როდესაც ჩვენკენ მომავალ ოფიცერს მოვკარი
თვალი, ბოონზაიერს დავუძახე: „მისტერ ბოონზაიერ,
პოლკოვნიკი მოდის!“ მან კი მიპასუხა: „მერე რა? რა მოხდა?
მან მშვენივრად იცის გზა და თავადაც მოაგნებს“ (იცინის).
ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება იყო. ადრეულ ასაკში
დაობლდა. ერთხელ თავისი ისტორია მიამბო და სწორედ მაშინ
შემრცხვა ჩემი სიტყვების, რომლებიც მისთვის მქონდა
ნათქვამი... ის ბავშვთა სახლში გაიზარდა და ვფიქრობ, სწორედ
ოჯახური სითბოს გარეშე ცხოვრებამ აქცია ასეთ მკაცრ და
სასტიკ პიროვნებად. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი,
რადგან თავისი ცხოვრება თავად აიწყო. ის დამოუკიდებელი
პიროვნება იყო, სწავლობდა. მას სრულიად არაფრის ეშინოდა...
თუ არ ვცდები, მან ციხეში მუშაობას თავი დაანება... ჰო,
ნამდვილად წამოვიდა იქიდან. ამიტომ ვსაუბრობ მასზე ასე
გახსნილად, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ჩემს საუბარს
მისთვის ზიანი მიეყენებინა.
14. წერილი ვინი მანდელას, რომელიც ქალთა საპატიმროში
იჯდა. 1976 წლის 26 ოქტომბერი. დაწერილია ისიკოსაზე,
მოგვიანებით კი ზერელედ არის ნათარგმნი ინგლისურად
ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ:
ბედნიერების წუთები მაშინ მაქვს, როდესაც მარტო ვარ,
ძველი, სასიამოვნო დრო მახსენდება და ვიცინი.
მედიტაციისთვის უფრო მეტი დრო მრჩება, ვიდრე
მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად. ყურადღების
გადატანა ბევრ რამეზე შეიძლება - მეგობრებთან ვსაუბრობ,
წიგნებს ვკითხულობ... ეს ყველაფერი გონებას ასვენებს.
ზოგჯერ წერილებს ვწერ და ადრე მიღებულ ბარათებსაც
ვათვალიერებ. ფიქრები მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც
მარტო ვარ და ვისვენებ. ჩემს მუდმივ მეგობრებს კარგად
ვიცნობ. სინდისი აღარ არსებობს, სიყვარული და პატივისცემა
გამრავლებულია. ეს ჩემი ერთადერთი სიმდიდრეა.

141
15. წერილი ადვოკატ ფელისიტი კენტრიჯს. 1976 წლის 9 მაისი:
უკვე 16 წელიწადია, რაც უმოქმედოდ ვარ და ჩემი
შეხედულებები შესაძლოა, მოძველებული იყოს. მიუხედავად
ამისა, არასოდეს მიმაჩნდა, რომ ქალები ამა თუ იმ საკითხში
კაცებზე ნაკლებად კომპეტენტურები არიან...
16. წერილი ვინი მანდელას. 1979 წლის 2 სექტემბერი:
მართალი იქნები, თუ იტყვი, რომ 1979 ქალების წელია. როგორც
ჩანს, ისინი სულ უფრო და უფრო აქტიურად მოითხოვენ
საზოგადოებისგან სქესობრივი თანასწორობის პრინციპების
დაცვას. ფრანგმა ქალბატონმა სიმონა ვეილმა დიდი
ძალისხმევა დახარჯა იმისათვის, რომ ევროპარლამენტის
პრეზიდენტი გამხდარიყო, მარია პინტასილგუმ კი
პორტუგალიაში გამოიწვია აჟიოტაჟი. გარდა ამისა, ვინ
ხელმძღვანელობს კარტერების ოჯახს, საკითხავია, რადგან
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შარვალი
როზალინს აცვია. ამ ყველაფრის შემდეგ გაკვრით მარგარეტ
ტეტჩერის სახელიც უნდა ვახსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ
მისი მსოფლიო იმპერია დაემხო და მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ მესამეხარისხოვან ძალად ჩამოყალიბდა, ბრიტანეთი
მრავალ საკითხში მაინც მსოფლიოს ცენტრია და ყველა მხარის
ყურადღებას იმსახურებს.
ინდირა განდი იმის მაგალითია, რომ ამ საკითხში ევროპა
საგრძნობლად ჩამორჩება აზიას, სადაც ბოლო ორი ათწლეულის
განმავლობაში, როგორც მინიმუმ ორი ქალი იქცა პრემიერ-
მინისტრად. ბოლო საუკუნეებს თუ გადავხედავთ, კიდევ
რამდენიმე მაგალითის დასახელება შეიძლება: ესპანეთის
დედოფალი ისაბელი, ინგლისის დედოფალი ელისაბედი,
რუსეთის - ეკატერინე დიდი (რამდენად დიდი იყო ის
სინამდვილეში, არ ვიცი), ბატლოკვას დედოფალი მანტატისი
და ბევრი სხვა, მაგრამ ყველა ამ ქალბატონს მმართველობა
მემკვიდრეობით ერგო. მათგან განსხვავებით, თანამედროვე
მსოფლიოში გამარჯვებას მხოლოდ ის ქალები მიაღწევენ,
რომლებიც თავად გაიკვალავენ გზას.
17. წერილი ამინა კაჩალიას. 1980 წლის 27 აპრილი:
იმ დღის შეხსენება შენი მხრიდან ძალიან ცუდი საქციელია.
ჭრილობა ჯერ არ შემხორცებია, შენ კი ზედ მარილს აყრი. 28
წელი გავიდა და კვლავ სევდით ვიხსენებ იმ სადილს.

142
მართალი ხარ! კიდევ ერთი წვეულების დრო მოვიდა. სად და
როდის, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯერ კიდევ რომ
ფიქრობ ამაზე და შესაბამის კითხვებს მისვამ, ესეც სავსებით
საკმარისია. ენის წვერზე მადგას და მინდა, რომ პირდაპირ
გითხრა: მოხარშე ეს წყეული ქედანი და გამოგზავნე. თუ
იოჰანესბურგში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანი პარიზის
რესტორნიდან უკვეთავს სადილს, მე რატომ არ შემიძლია
იგივე გავაკეთო? ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ოცნებაა. მე და
შენ მშვენივრად ვიცით, რომ ამანათი ჩემამდე ვერასოდეს
მოაღწევს. გასულ დეკემბერს ჩვენმა კეიპთაუნელმა
მეგობარმა, აიეშამ ისეთი საშობაო სადილი გამომიგზავნა,
მეფეებსაც რომ შეშურდებოდათ, ის კი არ იცოდა, რომ ამ
დეპარტამენტში მსგავსი ჟესტები გათვალისწინებული არ
არის. არადა, რა სასიამოვნო იქნებოდა სახლში დამზადებული
კერძების გასინჯვა! აიეშას ამანათი უკან დაუბრუნეს და
ჭურჭელიც დაუმტვრიეს. ის, რაც კეთილი ნებითა და
სიყვარულით დაიწყო, იმედგაცრუებით დამთავრდა. მე მას
წერილი მივწერე და შევეცადე, დამემშვიდებინა. იმედი მაქვს,
მისი წაკითხვის შემდეგ თავს უკეთესად გრძნობს. ახლა,
როდესაც ამ წერილს ვწერ, გული და თავი, სისხლი და ტვინი
ერთმანეთს ებრძვიან. გული და სისხლი იმ საუკეთესო
მოგონებებისკენ მიისწრაფვის, რომლებიც დაგვიგროვდა,
ტვინი კი მათ ეწინააღმდეგება და რეალობას მისდევს.
18. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მანდელა: ლანგენჰოფენის რამდენიმე წიგნი მაქვს
წაკითხული, მათ შორის „იესო ნაზარეველი“ და „ლულურააი“.
ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი... ოციან
წლებში დაწერა... ის ერთ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელიც
დედამიწიდან მთვარეზე გაფრინდა და იქ არსებულ პირობებსა
და დედამიწის ცხოვრებას ადარებს ერთმანეთს.
სინამდვილეში, ირკვევა, რომ ეს არის ადამიანი მთვარიდან,
რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა და იმ კონტრასტს აღწერს,
რაც შენიშნა. ბოლოს ის თავის ქვეყანაში მიფრინავს.
სტენგელი: რატომ მოგეწონათ ლანგენჰოფენი?
მანდელა: პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მარტივად წერს.
გარდა ამისა, მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და სურდა, რომ
აფრიკანერებს ინგლისის იმიტაცია შეეწყვიტათ. მისი მთავარი
იდეა აფრიკანერებს შორის ეროვნული სიამაყის გრძნობის

143
დანერგვა იყო და სწორედ ამიტომ მომწონდა ის. რაც შეეხება
პოეზიას, დიდერიკ იოჰან ოპერმანი მიყვარს ძალიან... მისი
ლექსები არანაირ პოლიტიკურ იდეას არ შეიცავდა. ეს მხოლოდ
და მხოლოდ პოეზიაა, ნამდვილი ლიტერატურა.
19. წერილი ვინი მანდელას, რომელიც იმ დროს პრეტორიის
ციხეში იჯდა. 1970 წლის 1 იანვარი:
ლანგენჰოფენის რომანი „ნაზარეთის აჩრდილები“ პონტიუს
პილატეს მიერ იესო ქრისტეს გასამართლებას აღწერს. ისრაელი
იმ დროს რომის იმპერიას ემორჩილებოდა, პილატე კი
პროვინციის სამხედრო მმართველი იყო. ეს წიგნი 1964 წელს
წავიკითხე და მეხსიერებაში რაც დამრჩა, იმას გიყვები.
მიუხედავად იმისა, რომ რომანში აღწერილი მოვლენა 2 000
წლის წინ მოხდა, მორალი, რომელსაც ის შეიცავს,
უნივერსალურია და დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც
რომის იმპერიის დროს იყო. იესოს სიკვდილით დასჯის
შემდეგ, პილატე თავის რომაელ მეგობარს წერილს სწერს და
მასში მნიშვნელოვან აღიარებებს აკეთებს. ახლა მოკლედ
მოგიყვან იმ ისტორიას, რომელსაც ის აღწერს და უფრო
გასაგები რომ იყოს, პირველ პირში დავწერ: რომის იმპერიის
ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორად მუშაობისას, მრავალი
დამნაშავე და ამბოხებული გამისამართლებია, მაგრამ ქრისტეს
საქმე არასოდეს დამავიწყდება! ერთ მშვენიერ დღეს ებრაელ
სასულიერო პირთა და მათი მიმდევრების მთელი ჯარი
შეიკრიბა ჩემი სასახლის წინ. ისინი აღშფოთებას ვერ
მალავდნენ და ქრისტეს გასამართლებას მთხოვდნენ იმის
გამო, რომ ის საკუთარ თავს ებრაელთა მეფეს უწოდებდა. ეს
ხალხი თითს ხელფეხშეკრული ადამიანისკენ იშვერდა.
პატიმარს რომ შევხედე, მანაც შემომხედა და ჩვენი მზერა
ერთმანეთს შეხვდა. მთელი ამ არეულობისა და ხმაურის
მიუხედავად, ის საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა. ის ისე
იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, თითქოს მილიონობით
მხარდამჭერს შორის იდგა. მე სასულიერო პირებს ავუხსენი,
რომ პატიმარმა არა რომის იმპერიის, არამედ ებრაული
კანონები დაარღვია და რომ ის სწორედ მათ უნდა
გაესამართლებინათ. მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად
მთხოვდნენ ქრისტეს ჯვარცმას და საბოლოოდ მათ დილემას
ჩავწვდი. ქრისტე ამ მიწაზე ძალიან მძლავრ ძალად იყო
ქცეული და მას ხალხის მასები ემხრობოდა, ასეთ სიტუაციაში
კი სასულიერო პირებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის

144
აღება არ სურდათ. მათი მიზანი იყო, რომ ის, რისი გაკეთებაც
მათ არ შეეძლოთ, რომის იმპერიას გაეკეთებინა.
ტრადიციის მიხედვით, ფესტივალის დღეებში პატიმრებს
ვათავისუფლებდით და რადგან საზეიმო დღეები
ახლოვდებოდა, სასულიერო პირებს შევთავაზე, ქრისტე
გაეშვათ. ჩემდა გასაკვირად, მღვდლებმა გადაწყვიტეს, რომ
ცნობილი დამნაშავე, ბარაბა გაგვეთავისუფლებინა, ხოლო
ქრისტე სიკვდილით დაგვესაჯა. სწორედ ამ დროს მივედი
სასამართლოში და ვბრძანე, რომ პატიმარი შემოეყვანათ. ჩემი
მეუღლე და სხვა რომაელი ოფიციალური პირები საპატიო
ლოჟაში ისხდნენ. როდესაც ქრისტე შემოვიდა, ისინი
ინსტინქტურად ფეხზე წამოდგნენ, მაგრამ წამსვე მიხვდნენ,
რომ ქრისტე ებრაელი იყო და თან პატიმარი, ამიტომ კვლავ
დასხდნენ. ჩემს ცხოვრებაში პირველად შევხვდი ადამიანს,
რომელსაც ასეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა. ისეთი
შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
მას სახეზე სიყვარული და იმედი ეწერა, მაგრამ, ამავე დროს,
მის გამოხედვაში მთელი კაცობრიობის გამო ტკივილიც
იგრძნობოდა. მან ზემოთ აიხედა და თითქოს მისი მზერა
სადღაც შორს, ვარსკვლავებს მიღმა წავიდა. ნათელი გახდა,
რომ მთავარი პიროვნება სასამართლოს ოთახში არა მე, არამედ
ეს პატიმარი იყო.
ჩემმა მეუღლემ პატარა გზავნილი გადმომცა, რომელშიც ეწერა,
რომ წინა ღამით მან უცნაური სიზმარი ნახა - თითქოს მე
სიკვდილით დავსაჯე ადამიანი, რომლის ერთადერთი
დანაშაული ის იყო, რომ საკუთარი ხალხის გადარჩენა
უნდოდა. „შენს წინაშე, პილატე, ჩემ მიერ სიზმარში ნანახი
ადამიანი დგას. დაე, იზეიმოს სამართალმა!“ ნამდვილად
ვიცოდი, რომ ის, რასაც ჩემი მეუღლე ამბობდა, სიმართლე იყო,
მაგრამ პატიმრისთვის განაჩენის გამოტანა ჩემი მოვალეობა
იყო და სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, იყო თუ არა ის
დამნაშავე. გზავნილი ჯიბეში ჩავიდე და საკუთარ საქმეს
შევუდექი. პატიმარს ავუხსენი, თუ რაში სდებდნენ მას ბრალს
და ვკითხე, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ. მე ეს შეკითხვა
მას რამდენჯერმე გავუმეორე, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა.
კარგად იცოდა, რომ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ეს
პროცესი არაფერს ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, კიდევ
ერთხელ გავუმეორე ჩემი შეკითხვა და ავუხსენი, რომ
საკმარისი ძალაუფლება მქონდა მისი სიცოცხლის

145
გადასარჩენად. პატიმრის სახეზე ღიმილი აისახა და მან
პირველად ამოიღო ხმა. მან დაადასტურა, რომ მეფე იყო და ამ
ერთი ფრაზით სრულიად გამანადგურა. მე ველოდი, რომ ისევე,
როგორც სხვა პატიმრები, ისიც უარყოფდა დანაშაულს, მაგრამ
მან ყველაფერი აღიარა.
შენ კარგად იცი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ, როდესაც
რომაელი მოსამართლე საქმეს რომში განიხილავს, ის მხოლოდ
ბრალდებით, კანონითა და სასამართლოს წინაშე არსებული
სამხილებით ხელმძღვანელობს. აქ კი, პროვინციაში, სულ სხვა
ვითარებაა. აქ ომია. როდესაც ადამიანი ბრძოლის ველზე
იმყოფება, მას მხოლოდ შედეგი აინტერესებს, მხოლოდ
გამარჯვება და არა სამართალი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს ადამიანი უდანაშაულო იყო,
მაგრამ ჩემი მოვალეობა მოითხოვდა, რომ ის სიკვდილით
დამესაჯა და ასეც მოვიქეცი. უკანასკნელად ის მაშინ ვნახე,
როდესაც ზურგზე უზარმაზარი ჯვარი ჰქონდა მოკიდებული
და გოლგოთისკენ მიემართებოდა, გარშემო კი ხალხი ეხვია,
რომელიც დასცინოდა, აფურთხებდა და ლანძღავდა.
გადავწყვიტე, ეს წერილი შენთვის მომეწერა და ამით მაინც
მეხსნა საკუთარი თავი სინდისის ქენჯნისგან.
აი, ეს არის იესოს მოკლე ისტორია და კომენტარი, ვფიქრობ,
ზედმეტია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ლანგენჰოფენს ამ
რომანით თავის ხალხში პოლიტიკური ცნობიერების დანერგვა
სურდა. იმ დროს სამხრეთ აფრიკა ფორმალურად უკვე
დამოუკიდებელი იყო, მაგრამ სამთავრობო ორგანოები და, მათ
შორის სასამართლო სისტემა, ინგლისელებს ჰქონდათ
მონოპოლიზებული. აფრიკანერებს ეს ისტორია უსიამოვნო
პერიოდს გაახსენებს და ალბათ ძველ ჭრილობებს კვლავ
გაუხსნის, მაგრამ, ასეა თუ ისე, მათთვის ამ ფაზამ უკვე ჩაიარა.
ჩვენთვის კი იესოს ამბავი ძალზე აქტუალურია და იმედი
მაქვს, საჭირო დასკვნებს გამოიტან.
20. წერილი ვინი მანდელას. 1976 წლის 26 ოქტომბერი.
დაწერილია ისიკოსაზე და ნათარგმნია ინგლისურად ციხის
თანამშრომლის მიერ:
ეს-ესაა ჩვენი ერთი ცნობილი მწერლის წიგნი წავიკითხე,
რომელიც კარუსა და სხვა მხარეებზე მოგვითხრობს და ის დრო
გამახსენდა, როდესაც ამ ადგილებში მანქანითა და
მატარებლით გამივლია. აფრიკის ქვეყნებში რომ ვიმოგზაურე

146
და ბოტსვანიდან სახლში ვბრუნდებოდი, კარუ კიდევ ერთხელ
მოვინახულე და მივხვდი, რომ მსოფლიოში არსებულ
უდაბნოებს შორის ყველაზე საშინელი საჰარაა. ქვიშის
უზარმაზარი მთები იქ თვითმფრინავიდანაც კი ჩანს, ხეებსა და
ბალახს კი საერთოდ ვერ ნახავ.
შენგან და ოჯახის სხვა წევრებისგან მიღებული წერილები
ჩემთვის სუფთა ჰაერივით და გაზაფხულის წვიმასავითაა,
რომელიც მაფხიზლებს და საკუთარ თავის რწმენას მმატებს.
მას შემდეგ, რაც დამაკავეს, შენგან მხოლოდ ერთი წერილი
მივიღე. ის 22 აგვისტოთი იყო დათარიღებული. დღემდე არ
ვიცი, ვინ უვლის ბავშვებს, ვინ იხდის გადასახადებს და არის
თუ არა იმის იმედი, რომ გათავისუფლების შემდეგ კვლავ
აღგადგენენ სამსახურში. სანამ ამ საკითხების შესახებ შენგან
რაიმე ინფორმაციას არ მივიღებ, ვერ დავმშვიდდები... ახლა, ამ
წერილს რომ ვწერ, ზემოთნახსენები წიგნი გვერდით მიდევს.
მისი კითხვა რომ დავასრულე, სულიერი გვალვა დასრულდა
და ის წვიმამ შეცვალა. შენი წერილი, რომელიც 19 სექტემბრით
არის დათარიღებული, უკვე მოსულია და მალე შემომიტანენ.
ისე მიხარია, რომ დედამიწის ყველა მდინარის ხმაური
ჩამესმის, შენაკადები სუფთა და ანკარაა, ტბები სავსეა, ბუნება
კი კვლავ ძველებურ სიდიადეს უბრუნდება.
21. წერილი ზინძი მანდელას. 1980 წლის 10 თებერვალი:
რამდენიმე დღის წინ შენი კრებულიდან[9] ამოწერილ
ფრაგმენტებს გადავავლე თვალი (სამწუხაროდ, თავად წიგნი
უკვე აღარ მაქვს). ლექსების კითხვა ახლა უფრო მშვიდად და
ყურადღებით შემიძლია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ
თითოეული მათგანის გვერდით დაბეჭდილ ფოტოებს ვერ
ვხედავ. მიუხედავად ამისა, როდესაც წიგნი პირველად ვნახე,
საჭირო ზომები მივიღე, რათა კონკრეტული ლექსის
წაკითხვისას, შესაბამისი ფოტოს გახსენება შემძლებოდა.
ხე მოჭრეს
ზინძი მანდელა
ხე მოჭრეს
და ხილი მიწაზე მიმოიფანტა
ცრემლი მდიოდა
რადგან ოჯახი დავკარგე

147
საძირკველი, მამა,
ტოტები, ის ახლოს იყო.
ხილი, მისი მეუღლე და შვილები
ეს მისთვის ყველაფერს ნიშნავდა.
ახლა კი მიწაზეა მიმოფანტული
ფესვები, ბედნიერება
მას სამუდამოდ წაართვეს.
როდესაც ამ ლექსს ვკითხულობ, მის გვერდით დაბეჭდილი
ფოტო მიდგას თვალწინ: გამხმარი ხე, მის უკან კი მთები და
პატარა ქოხები. წინააღმდეგობების სიმბოლურობა, რომელიც
ყოველ ფრაზაში შეინიშნება, ძალიან მომწონს. ალბათ სწორედ
ეს წინააღმდეგობებია, რომლებიც ცხოვრების ყველა ასპექტს
მოიცავს. ბუნებასა და საზოგადოებაში ეს წინააღმდეგობები
მთავარი პრობლემაა და სწორედ ის შობს სერიოზული ფიქრისა
და პროგრესის აუცილებლობას.
ფოტოს ქვეშ დაწერილი სიტყვების გარეშე ეს ერთი უბრალო ხე
იქნებოდა და, ალბათ, არც არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ჯერ კიდევ ქვის ხანაში
დაეცა მეხი, მისი წვენი კი მილიონობით ვამპირმა შთანთქა.
უსულო საგნებს რომ მოჩვენებებად ქცევა შეეძლოთ, ეს ხე
ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა.
ის სნეულებების ეპოქამ გაანადგურა. მას აღარ ძალუძს მიიღოს
მზისა და წყლის ენერგია. მისი ტოტები და ფოთლები, მისი
სილამაზე და ღირსება, რომლებიც ერთ დროს ბუნების
მოყვარულთ აჯადოებდა, სრულიად გამქრალია. ეს ხე ახლა
მხოლოდ ცეცხლის დასანთებად თუ გამოდგება და ალბათ
ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც დაიჯერებს, რომ ოდესღაც მას ხილი
ესხა.
მაგრამ შენმა მეტაფორებმა ამ უსულო საგანს სიცოცხლე
შთაბერა და საოცარი აზრი მისცა. ახლა ის გაცილებით უფრო
ლამაზია, ვიდრე მწვანე მდელოზე, მდინარის პირას მდგარი
ნებისმიერი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხე. მე ის ბიბლიურ
დავითს მაგონებს. ცოტა რამ თუ მოიპოვება ბუნებაში ასეთი
მკვდარი და ამავე დროს მომაკვდინებელი, როგორიც ეს, ერთი
შეხევდით ბედკრული, ხეა. მეტაფორების ასეთი ოსტატური

148
გამოყენება მას იმ კონფლიქტის ცენტრში აყენებს, რომელიც
ადამიანის გაჩენის დღიდან არ წყდება; ის არის წერტილი,
სადაც ორი სამყარო ხვდება ერთმანეთს: წარსული და
მომავალი.
კარგი ხელოვნება უნივერსალური და მარადიულია. ყველა,
ვინც შენს ანთოლოგიას წაიკითხავს, მასში თავის საკუთარ
მიზნებსა და მისწრაფებებს დაინახავს. ძალიან მაინტერესებს,
რა ფიქრები და გრძნობები გაუჩნდა მისი წაკითხვის შემდეგ
დედას. ბედნიერება და სიამაყე, რა თქმა უნდა, უხვად
იქნებოდა, მაგრამ არა მხოლოდ ეს. ის აუცილებლად
ამოიკითხავდა შენს სიტყვებში იმას, რაც სულში ჩასწვდებოდა
და ააკანკალებდა.
ხის მოჭრა და ხილის მიწაზე მიმოფანტვა მას აუცილებლად
გაახსენებდა იმ ატმის ხეს, რომელიც ჩვენი სახლის ეზოში იდგა
და რომელსაც უამრავი მწიფე, სურნელოვანი ატამი ესხა.
ალბათ მას ის საშინელი ხისმჭრელიც ესიზმრება, რომლის
ერთადერთი მოვალეობა ბუნების მიერ შექმნილის დანგრევაა,
რომელსაც არასოდეს ესმის მოჭრილი ხის ტირილი, მისი
ტოტების მტვრევისა და ხილის მიწაზე მიმოფანტვის ხმა.
ბავშვების ხსენებაზე წამსვე თემბის სახე წარმომიდგება
ხოლმე თვალწინ, მახსენდება ასევე პატარა მაკაზივე, რომელიც
თემბიმდე მოევლინა სამყაროს და რომელიც უკვე სამი
ათწლეული გავიდა, რაც მიწას მივაბარეთ. არც კი ვიცი, გიამბო
თუ არა დედამ შენი უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ჯერ
კიდევ დაბადებამდე გარდაიცვალა. ამ მშობიარობას დედაც
კინაღამ გადაჰყვა.
დღესაც თვალწინ მიდგას ის საღამო. მზე ჩადიოდა და დედას
საწოლიდან აბაზანამდე მისვლაში დავეხმარე. ის მაშინ 25
წლის იყო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. მის ახალგაზრდა
სხეულს ვარდისფერი აბრეშუმის ხალათი განსაკუთრებულ
ხიბლს აძლევდა. როდესაც საძინებელში დავბრუნდით, მას
მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და კინაღამ წაიქცა. ისიც
შევამჩნიე, რომ ძალიან გაოფლიანებული იყო და გაცილებით
უფრო ცუდად გრძნობდა თავს, ვიდრე ამბობდა. მე ის
დაუყოვნებლივ წავიყვანე ოჯახის ექიმთან, მან კი
საავადმყოფოში გაგზავნა, სადაც ვინიმ რამდენიმე დღე
გაატარა. ეს იყო მისი პირველი გამოცდა ცოლის რანგში და ამას
ის სასამართლო პროცესიც მოჰყვა, რომელიც 4 წელიწადს

149
გაგრძელდა. „ხე მოჭრეს“ სწორედ ამ ყველაფერს მახსენებს.
მაგრამ კარგი ხელით დაწერილი ნაწარმოები ცხოვრების
ბედნიერ წუთებსაც დააბრუნებს გონებაში, კეთილშობილ
იდეებს აღძრავს და ტრაგედიას იმედად და გამარჯვებად
გადააქცევს.
22. წერილი ვინი მანდელას. 1981 წლის 26 აპრილი:
სიზმრებს კვლავაც ვხედავ: ზოგჯერ სასიამოვნოს, ზოგჯერ -
არც ისე. წითელი პარასკევის ღამეს მე და შენ ერთ კოტეჯში
ვიყავით, რომელიც პატარა მთის წვერზე იდგა, ქვემოთ კი
დიდი მდინარე მოედინებოდა. შენ წელში მოხრილი მიდიოდი,
ნაბიჯებსაც ჩვეულებრივზე უფრო მოკლეს ადგამდი და ისე
ჩანდა, თითქოს მიწაზე რაღაცას ეძებდი. შემდეგ შენ მდინარის
მეორე მხარეს გადახვედი და ჩემი სიყვარულიც თან წაიყოლე.
კარგად ვხედავდი, როგორ დადიოდი ტყესთან ახლოს და
მდინარის პირს არ შორდებოდი. მოულოდნელად, შენ
გვერდით ერთი წყვილი დავინახე. კარგად ჩანდა, რომ ჩვენსა
და მათ შორის საკმაოდ დიდი კონტრასტი იყო. მათ ერთმანეთი
უყვარდათ და ამ ქვეყანაზე სხვა არაფერი აინტერესებდათ.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მთელმა სამყარომ იმ
ადგილას მოიყარა თავი.
შენ მიმართ ძლიერმა სიყვარულმა ჩამომიყვანა ქვემოთ და
შენც კვლავ გადმოკვეთე მდინარე. სუფთა ჰაერზე და
ულამაზესი ბუნების გარემოცვაში სასიამოვნო გრძნობა
დამეუფლა და შენი კოცნა მომინდა, მაგრამ მოულოდნელად
ხეობაში გაუჩინარდი. მხოლოდ მაშინ გიპოვე, როდესაც კვლავ
კოტეჯში დავბრუნდი, მაგრამ ამჯერადაც ვერ მოვახერხე
შენთან მარტო დარჩენა, რადგან სახლში სხვა ადამიანებიც
იყვნენ. ბოლო სცენაც კარგად მახსოვს: შენ ოთახის კუთხეში,
იატაკზე იწექი და სახეზე დაღლილობა გეწერა. მე დავიხარე,
რათა შენთვის ზეწარი გადამეფარებინა და სწორედ ამ დროს
გამომეღვიძა. ყოველთვის, როდესაც მსგავს სიზმრებს ვხედავ,
შეშფოთებული და ანერვიულებული ვიღვიძებ, მაგრამ
მომენტალურად ვწყნარდები, რადგან მალე ვხვდები, რომ ეს
უბრალოდ სიზმარი იყო. ამჯერად კი ოდნავ განსხვავებული
გრძნობა მაქვს.
23. წერილი ამინა კაჩალიას. 1981 წლის 3 მაისი:
ხშირად ვრცელდება ჭორები, რომ ჩემი ჯანმრთელობის

150
მდგომარეობა ერთბაშად გაუარესდა და ცალი ფეხით უკვე
საფლავში ვარ. სულ ბოლოს გავრცელებულმა ხმებმა, როგორც
ჩანს, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრებიც ძალიან შეაშფოთა.
რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც
შეუმჩნევლად ვითარდება და ადამიანის სასიცოცხლო
ორგანოები ისე იღუპება, რომ თავად მსხვერპლი ამას სულ
ბოლოს ხვდება. ასეა თუ ისე, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია
ვთქვა: ჯერჯერობით თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ...
24. წერილი ზინძი მანდელას. 1981 წლის 1 მარტი
ხშირად, როდესაც ამ პატარა საკანში წინ და უკან დავდივარ ან
წამოწოლილი ვარ, წარსულში მომხდარ მოვლენებსა და
დაშვებულ შეცდომებზე ვფიქრობ. ზოგჯერ მგონია, რომ იმ
ხალხს, ვინც სიღარიბის წლებში მეხმარებოდა და დიდ
სიყვარულს იჩენდა ჩემ მიმართ, საკადრისი მადლობა ვერ
გადავუხადე.
25. წერილი თორობეცანე ჩუკუდუს. 1977 წლის 1 იანვარი
თოთხმეტი წელი ხანგრძლივი პერიოდია და წარმატებები,
ისევე როგორც წარუმატებლობები, საკმარისი რაოდენობით
იყო. საყვარელი ადამიანები ძალიან სწრაფად დაბერდნენ და
ამის მიზეზი სხვადასხვა სახის ფიზიკური და სულიერი
დატვირთვაა. განშორებასთან ერთად სიყვარული ძლიერდება,
ბავშვები იზრდებიან და დროთა განმავლობაში სრულებით არ
იზიარებენ მშობლების აზრს. როდესაც დიდი ხნით წასული
ადამიანი სახლში ბრუნდება, იქ მას უცნაური და ცოტა არ იყოს
მტრული გარემო ხვდება. შემდეგ ირკვევა, რომ ოცნებების
ასრულებაც ძალიან რთულია და ბედიც ძალზე იშვიათად
გვთავაზობს ოქროს სასახლეებს.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მაინც
შესაძლებელია, თუ ჩვენი ცხოვრების ყოველ დეტალს თავად
დავგეგმავთ და ბედს მხოლოდ მაშინ მივცემთ ჩარევის
უფლებას, როდესაც ეს ჩვენვე მოგვესურვება.
26. წერილი ვინი მანდელას. 1979 წლის 9 დეკემბერი:
კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებამ
უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეაცდინა და ამას ვერავინ
უარყოფს. ჩვევა ისეთი რამ არის, რაც თავის დაღს ასვამს
ადამიანს. ეს უხილავი კვალი ჩვენს ძვლებზეა ამოტვიფრული
და ჩვენს სისხლში მოძრაობს. ის ჩვენს შთამომავლებსაც

151
გადაეცემათ და მათ ბედნიერებასა და ღირსებას ართმევს. ეს
დაღი ადამიანს ისეთად წარმოაჩენს, როგორიც ის
სინამდვილეში არის და დღის სინათლეზე გამოაქვს ყველა ის
წინააღმდეგობა, რომელიც ამ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს.
სწორედ ეს წინააღმდეგობებია ის სარკე, რომელშიც ადამიანის
ნამდვილი სახე ირეკლება, ის კი, თავის მხრივ ამბობს:
„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი იდეალი, სინამდვილეში მე აი,
ასეთი ვარ“.
მაგრამ ცხოვრება გარკვეულ კომპენსაციასაც იძლევა.
ცნობილია, რომ წმინდანი არის ცოდვილი, რომელიც მუდამ
უკეთესობისკენ ილტვის. ადამიანმა შესაძლოა მთელი
ცხოვრება ბოროტება აკეთოს, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც
წმინდანად შერაცხონ, რადგან ბოლოს მან უცოდველად
იცხოვრა. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ არა ღმერთებთან, არამედ
ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ისინი ზუსტად
ისეთები არიან, როგორებიც მე და შენ ვართ. ესენი არიან
ქალები და მამაკაცები, რომელთა ცხოვრება სავსეა
წინააღმდეგობებით, ზოგი მყარად დგას ფეხზე, ზოგი კი
ხშირად ეცემა, ზოგი ძლიერია, ზოგიც - სუსტი, ზოგი – ცნობილი
და პატივსაცემი, ზოგიც – საძრახისი. ადამიანის ხასიათი
იქიდან ჩანს, თუ რომელ ასპექტზე აკეთებს კონცენტრირებას
ის სხვების განსჯისას. როგორც ჩვენ განვიკითხავთ სხვებს,
ასევე სხვები განგვიკითხავენ ჩვენ. ეჭვიანი ადამიანი მუდამ
ეჭვებით დაიტანჯება, გულუბრყვილო მუდამ უ-თობელა
სიკუტიელეს[10] მსხვერპლი გახდება, შურისმაძიებელი რბილ
სიტყვას ყოველთვის ბასრ ნაჯახს ამჯობინებს, რეალისტი კი
სულ სხვაგვარად მოიქცევა – რაც არ უნდა გაწბილებული იყოს
ის თავისი ახლობლების უარყოფითი თვისებებით, ადამიანურ
ფაქტორს გაითვალისწინებს, ყველა ასპექტს ობიექტურად
შეაფასებს და პიროვნების დადებით მხარეებზე გაამახვილებს
ყურადღებას.
27. წერილი მაკი მანდელას. 1977 წლის 27 მარტი:
როგორც უკვე იცი, მე მეთოდისტურ ეკლესიაში მომნათლეს,
განათლება კი ვესლიურ სასწავლებლებში მივიღე -
კლარკბერიში, ჰილდთაუნში და ფორტ-ჰეაში, სადაც საკვირაო
სკოლის მასწავლებლადაც კი ვიმუშავე. საეკლესიო
ცერემონიებს აქაც ვესწრები და ხშირად დიდ სიამოვნებასაც
ვიღებ... ღმერთის არსებობისა თუ არარსებობის შესახებ
საკუთარი რწმენა მაქვს და, ალბათ, ადვილი ასახსნელია, თუ

152
რატომ სჯეროდა კაცობრიობას უხსოვარი დროიდან უმაღლესი
მსაჯულის არსებობისა.
შენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ე.წ. ევროპულმა
ცივილიზაციამ ძველი ბერძნული და რომაული ცივილიზაციის
გავლენა განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს
სამეცნიერო სფეროში უდიდესი მიღწევები ჰქონდათ, მათ სულ
მცირე 14 ღმერთი ჰყავდათ. ზოგიერთი მათგანის სახელები
გაგონილიც გექნება - აპოლონი, ატლასი, კუპიდონი, იუპიტერი,
მარსი, ნეპტუნი, ზევსი და ასე შემდეგ. ცოტა ხნის წინ
ინგლისში ჩაატარეს გამოკითხვა და, თუ მეხსიერება არ
მღალატობს, გაირკვა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 30
პროცენტია მორწმუნე.
ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ გეტყვი,
რომ უმჯობესია, ადამიანმა საკუთარი რელიგიური რწმენა
საჯარო არ გახადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა,
თავისდაუნებურად შეურაცხყოფა მიაყენოს ისეთ პიროვნებას,
რომელიც ამ ყველაფერს სამეცნიერო კუთხით უყურებს.
28. წერილი ზინძი მანდელას. 1979 წლის 25 მარტი:
დაახლოებით იმავე დროს, მღვდელმა ერთ ნეპალელზე
გვიამბო, რომელსაც სატანის ნაშიერის მსგავსი ძალაუფლება
ჰქონდა. მისი თქმით, ეს ნეპალელი კატებს, ძაღლებსა და
ღორებს მზერით კლავდა. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ
ნეპალელს ადამიანების ბედის გადაწყვეტაც შეეძლო. შემდეგ
ეს ამბავი ასე გრძელდება: იმ ქვეყანაში მყოფი ქრისტიანი
სასულიერო პირი ამ ნეპალელთან მივიდა და განუცხადა, რომ
ღმერთის ძალაუფლება სატანისას აღემატებოდა და რომ ამის
დამტკიცება ნებისმიერ დროს შეეძლო. დათქმულ დროს,
ქრისტიანი მღვდელი და ნეპალელი ჯადოქარი ერთმანეთს
შეხვდნენ. ბრძოლის დაწყებამდე, მღვდელმა ილოცა და
შესთხოვა უფალს, რომ მას ქრისტიანული რწმენის სიძლიერის
დემონსტრირება მოეხდინა. ეს ისტორია ნეპალელის
მონათვლით დასრულდა.
ამ ქადაგებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პრობლემა
მაქვს: მე არ მომწონს სასწაულები, რომლებიც მაინცდამაინც
შორეულ ქვეყნებში ხდება; განსაკუთრებით, თუ მათი
მეცნიერული ახსნა შეუძლებელია. ზემოთნახსენები ისტორია
სასულიერო პირის მოყოლილია, მაგრამ მისი დაჯერება მაინც
მიჭირს. თუმცა, თუ ამ ისტორიის მიზანი ბოროტისა და

153
კეთილის, სამართლისა და უსამართლობის ბრძოლის აღწერაა,
ასეთ შემთხვევაში სიმბოლიზმი სრულიად მისაღებია.
29. წერილი პრინცესა ზენანი ლა მანდელა დლამინის.[11] 1979
წლის 25 მარტი:
კარგი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება,
ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტებისთვის ყურადღების
მიქცევა და დაფასებაა.
30. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: „რობენ-აილენდის“ სხვა პატიმრები „აფრიკის
ეროვნული კონგრესის“ დამოკიდებულებას ზედმეტად
ზომიერად ხომ არ თვლიდნენ?
მანდელა: არა, მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ საკმაოდ ბევრი
ადამიანი შემოგვიერთდა. ზოგიერთს არასწორად ესმოდა
„კონგრესის“ არსი. ისინი თვლიდნენ, რომ მთავარია
პოლიტიკოსი მტრის მიმართ აგრესიული იყოს. ასეთ
ვითარებაში, თუ გინდა, რომ ადამიანი საკუთარ აზრზე
გადმოიყვანო, მის განათლებაზე უნდა იზრუნო. ჩვენც სწორედ
ასე ვექცეოდით ციხის ზედამხედველებს. აგრესიით ვერაფერს
მიაღწევ, რადგან ასეთ შემთხვევაში ისიც აგრესიული ხდება და
ბრძოლას ბრძოლითვე პასუხობს. თუ საკუთარ სიმართლეში
დარწმუნებული ხარ, რბილი მიდგომა უფრო კარგ შედეგს
მოიტანს, ვიდრე აგრესია.
31. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: გასულ კვირას თქვენ ერთი იგავი მიამბეთ მზისა
და ქარის შესახებ.
მანდელა: დიახ, მახსოვს.
სტენგელი: ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი ისტორიაა და კარგი
იქნება, თუ მას წიგნში გამოვიყენებთ.
მანდელა: კეთილი.
სტენგელი: შეგიძლიათ, თავიდან მიამბოთ?
მანდელა: ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მშვიდობიანი
ბრძოლის იდეა მყარად ყოფილიყო ჩამჯდარი ჩვენი ხალხის
გონებაში... მე სწორედ იმ კონტრასტის ჩვენება მინდოდა,
რომელიც მშვიდობიან და ძალადობრივ ხერხებს შორისაა და

154
მაშინ მოვყევი ეს ისტორია. ერთ მშვენიერ დღეს მზემ ქარს
უთხრა: „მე შენზე ძლიერი ვარ“, ქარმა კი უპასუხა: „არა, მე ვარ
შენზე ძლიერი“. მათ გადაწყვიტეს, ეს დავა საქმით გადაეჭრათ
და საკუთარი ძალები ერთ მოგზაურზე გამოეცადათ,
რომელსაც თავსაფარი ეხურა. მზემ და ქარმა მოილაპარაკეს,
რომ ვინც მოგზაურს თავსაფარს მოხდიდა, გამარჯვებულიც ის
იქნებოდა. პირველად ქარმა დაიწყო: დაუბერა და დაუბერა,
რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაგრამ რაც უფრო ძლიერად
უბერავდა, მით უფრო ძლიერად ეწინააღმდეგებოდა მას
მოგზაური. საბოლოო ჯამში, ქარი დანებდა. შემდეგ ასპარეზზე
მზე გამოვიდა. მან თავისი თბილი სხივებით მიანათა
მოგზაურს და რაც უფრო იმატებდა სითბო, მით უფრო მეტად
ცდილობდა მოგზაური თავსაფრისგან გათავისუფლებას.
ბოლოს მან ის მოიძრო და გადააგდო. ამ იგავის მორალი ის
არის, რომ რბილი, მშვიდობიანი ხერხებით, ყველაზე აგრესიულ
მოწინააღმდეგესაც კი დაამარცხებ. სწორედ ეს იყო ჩვენი იდეა.

თავი მეათე. ტაქტიკა


„შესაძლოა, იდეალები, რომელთაც გულით ვატარებთ, ჩვენი
ოცნებები და მხურვალე იმედები არც გამართლდეს. მაგრამ
მთავარი ეს არ არის. იმის გაცნობიერება, რომ შენ საკუთარი
მოვალეობა შეასრულე და თანამემამულეების იმედები
გაამართლე, თავისთავად უძვირფასესი ჯილდო და უდიდესი
მიღწევაა“.
წერილი შინა დუნკანს. 1985 წლის 1 აპრილი
1. წერილი ღირს ფრენკ ჩიკანეს. 1989 წლის 21 აგვისტო:
დიდ საქმეში გამარჯვება მხოლოდ საბოლოო მიზნის მიღწევით
არ იზომება. შენი ცხოვრების განმავლობაში ადამიანების
იმედებს რომ გაამართლებ, ესეც ტრიუმფია.
2. წერილი შინა დუნკანს. 1985 წლის 1 აპრილი:
შესაძლოა, იდეალები, რომელთაც გულით ვატარებთ, ჩვენი
ოცნებები და მხურვალე იმედები ჩვენს ცხოვრებაში არ
განხორციელდეს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. იმის
გაცნობიერება, რომ შენი მოვალეობა შეასრულე და
თანამემამულეების იმედები გაამართლე, თავისთავად
უძვირფასესი ჯილდო და უდიდესი მიღწევაა.
3. წერილი პროფესორ სემუელ დეშს. 1986 წლის 12 მაისი:

155
თქვენ ამ ციხის კარებს ვერ გააღებთ და თავისუფალ ადამიანად
ვერ მაქცევთ. თქვენ არც ჩემი საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესება შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, თქვენ
შეძელით და გასული 22 წლის განმავლობაში დაგროვილი
უარყოფითი ემოციები ჩემთან ერთადერთი სტუმრობით
გამიქარწყლეთ.
4. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
ძალიან კარგად ვიცი, რომ როგორც ამ ქვეყანაში, ასევე
საზღვარგარეთ, დიდი ძალისხმევა იხარჯება ჩემი და სხვა
პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად. ეს
კამპანიები ჩვენი შთაგონების წყაროა და ასევე იმის დასტური,
რომ დედამიწაზე ასობით ათასი მეგობარი გვყავს. ჩემი ოჯახის
სიყვარულის შემდეგ, ყველაზე მეტ ენერგიას იმის
გაცნობიერება მაძლევს, რომ მიუხედავად მტრის მიერ ჩვენი
იზოლაციის მცდელობისა, ხალხი მაინც არ გვივიწყებს. ჩვენ
ძალიან კარგად ვიცნობთ ჩვენს მტერს - მას სურს, რომ ჩვენ არა
სისუსტის, არამედ სიძლიერის პოზიციიდან
გაგვათავისუფლოს, მაგრამ ეს შესაძლებლობა მან სამუდამოდ
გაუშვა ხელიდან. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს იმის
გაცნობიერება, რომ ჩვენი მეგობრები ჩვენს გამოშვებას
ითხოვენ, ჩვენ მაინც რეალისტურად უნდა შევხედოთ
ვითარებას და სრულად გამოვრიცხოთ იმის ალბათობა, რომ
ასეთი მიდგომა გაამართლებს. მიუხედავად ამისა, მე მაინც
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ციხის მაღალი კედლების
უკან მჯდომიც კი ნათლად ვხედავ ჰორიზონტზე უღრუბლო
ცას. შესაძლოა, ჩვენ რაღაცაში შევცდით და კიდევ ბევრი
სირთულე გვაქვს წინ, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ,
რომ მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ამ ციხიდან გავალ და
ამაყად გავივლი ქუჩაში. ეს დღე აუცილებლად დადგება და ეს
ჩემი ორგანიზაციის სიძლიერისა და ჩემი ხალხის მტკიცე
ხასიათის დამსახურება იქნება.
5. წერილი ჰილდა ბერნსტაინს. 1985 წლის 8 ივლისი:
როდესაც პროგრესზე ვსაუბრობ, 1962 წელი და ბენ ბელას
კოლეგების გამოცდილება მახსენდება[12]. მათ მიერ
ჩატარებული ლექციები ძალიან სასარგებლო იყო. ზოგჯერ ჩემ
წინაშე სრულიად ახალგაზრდა ადამიანები იდგნენ და
გამოცდილი ვეტერანებივით საუბრობდნენ ისეთ თემებზე,
რომლებშიც მე ჯერ მხოლოდ დამწყები ვიყავი. ძალიან

156
შემრცხვა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ ვიყავით ამ
საკითხში ასე ჩამორჩენილები. ახლა ვითარება საგრძნობლად
შეიცვალა და სამხრეთ აფრიკაში მტკიცე ხასიათის
ახალგაზრდები ცხოვრობენ, რომელთა ცნობიერება საკმაოდ
მაღალია. იმის გააზრება, რომ ამაში საკუთარი
განსაკუთრებული წვლილი მაქვს შეტანილი, ყველაზე რთული
დღეების გადატანაშიც მეხმარება.
6. წერილი ლორდ ნიკოლას ბეთელს[13]. 1986 წლის 4 ივნისი:
უნდა ვაღიარო, რომ განზე დგომა და ჩვენს ქვეყანაში
მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების მხოლოდ მაყურებლის
სტატუსით ცქერა საკმაოდ ძნელია. ეს მოვლენები ჩვენი
ქვეყნის გახლეჩას უწყობს ხელს და სახიფათო ტენდენციებს
ნერგავს. ის დრო, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები სამხედრო
ძალას მშვიდობიან მოძრაობაში გაცვლიან, როგორც ჩანს, ჯერ
კიდევ შორს არის. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე არსებობს
ორგანიზაციები, მთავრობები, სახელმწიფოთა ლიდერები,
გავლენიანი ჯგუფები და უბრალო ადამიანებიც კი, რომლებიც
დაუღალავად იბრძვიან მსოფლიოში მშვიდობის
დასამყარებლად და ეს დიდ იმედებს აჩენს.
7. წერილი ჰილდა ბერნსტაინს. 1985 წლის 8 ივლისი:
გონება ისევ წარსულში მიდის და უკვე დიდი ხნის
დავიწყებული მოვლენები მახსენდება - ის მოვლენები,
რომლებშიც ჩვენი, აწ უკვე გარდაცვლილი, მეგობრები
მონაწილეობდნენ. საწყენია, რომ მათი უმეტესობისთვის
უკანასკნელი პატივის მიგება ვერ მოვახერხეთ და
თანაგრძნობის წერილებიც კი ვერ გავუგზავნეთ მათ ოჯახებსა
და ახლობლებს. მოუზესი და ბრემი, მაიკლი და ჯეი ბი, დიუმა
და ჯეკი, მოლი და ლილიანი, ემ პი და ჯულიანი, ჯორჯი და
იუსუფი... სია ძალიან გრძელია და აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი.
რუთ ფერსტის სასტიკმა მკვლელობამ ყველანი შოკში
ჩაგვაგდო. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ იმას, რაც განვიცადეთ.
სამი წელი გავიდა ამ ტრაგიკული მოვლენიდან და ტკივილი
ჯერ კიდევ არ განელებულა. ალბათ დამეთანხმები, რომ
ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც რუთის ენის სიმწარე საკუთარ
თავზე არ გამოუცდია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ის
საოცრად მტკიცე და მიზანმიმართული ადამიანი იყო, რომლის
სიკვდილმა ყველას დიდი დარტყმა მოგვაყენა.
8. საუბარი რიჩარდ სტენგელთან, 1985 წელს გადატანილი

157
პროსტატის ოპერაციისა და ციხეში დაბრუნების შესახებ:
სტენგელი: ცალკე საკანში რომ აღმოჩნდით, არ გაგიკვირდათ?
მანდელა: არა... პასუხისმგებელი ოფიცერი იმ დროს
ბრიგადირი მონრო იყო. სწორედ მან მომაკითხა
საავადმყოფოში და გზაში შემატყობინა, რომ ძველ საკანში
აღარ დავბრუნდებოდი. „თქვენს მეგობრებთან ერთად აღარ
იქნებით. ცალკე საკანში გადაგიყვანთ“, - მითხრა მან.
„რატომ?“, - ვკითხე მე. „არ ვიცი“, - მიპასუხა, - „სათავო
ოფისიდან ასეთი ინსტრუქცია მივიღეთ“.
სტენგელი: ესე იგი, თქვენ არაფერი გითხოვიათ?
მანდელა: არა, არა. რა თქმა უნდა, არ მითხოვია, მაგრამ
როდესაც მათი გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე, მივხვდი,
რომ ამას დადებითი მხარეც ჰქონდა. კერძოდ კი ის, რომ ახალ
საკანს მოლაპარაკებების დასაწყებად გამოვიყენებდი...
არჩევნების წინ, მთავრობის პროპაგანდა ის იყო, რომ
სახელმწიფო არასოდეს დაელაპარაკებოდა „აფრიკის ეროვნულ
კონგრესს“. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო ტერორისტული
ორგანიზაცია, რომლის მთავარ მიზანს უდანაშაულო ხალხის
დახოცვა და მისი საკუთრების განადგურება წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად
კონფიდენციალობის დაცვა იყო საჭირო, ამის საშუალება კი
ცალკე საკანში ყოფნით მეძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი მეგობრები ძალიან მენატრებოდა და სულაც არ მინდოდა
მათგან განცალკევება, გადავწყვიტე, რომ ახალ
შესაძლებლობას გამოყენება სჭირდებოდა. ასეც მოვიქეცი,
მაგრამ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ამ ფაქტისგან
პრობლემის შექმნა არ ღირდა. რის გაკეთებას ვაპირებდი,
მათთვის არ მითქვამს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში,
მოლაპარაკებებს ვერ გავმართავდი. მე კარგად ვიცოდი, რომ
ისინი ამ ჩანაფიქრს არ მოიწონებდნენ, ამიტომ გადავწყვიტე,
ფარულად მემოქმედა და პოსტ ფაქტუმ მეკამათა მათთან.
9. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ფრაგმენტი:
ჩემი თანამესაკნეები ღირსეული და პრინციპული ადამიანები
იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში
მომხდარი ფაქტების შესახებ, როდესაც ზოგიერთ
რევოლუციონერს გამარჯვებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ან მას
შემდეგ უღალატია თანამებრძოლებისთვის. სწორედ ამიტომ,

158
ნებისმიერ ინდივიდუალურ ინიციატივას ისინი ეჭვის თვალით
უყურებდნენ. მათ რომ ჩემი გეგმების შესახებ წინასწარ
სცოდნოდათ, ამ მოსაზრებას არ მოიწონებდნენ და ეს
სრულიად გასაგები იქნებოდა. „აფრიკის ეროვნული
კონგრესის“ შტაბ-ბინა ზამბიაში მდებარეობდა და სწორედ იქ
იმყოფებოდნენ ლიდერები, რომლებიც ჩვენს საერთო ბრძოლას
უწევდნენ კოორდინირებას. მხოლოდ მათი გადასაწყვეტი იყო,
როდის უნდა დამდგარიყო მთავრობასთან მოლაპარაკებების
დაწყებისთვის საჭირო სტრატეგიული მომენტი. „კონგრესს“
არასოდეს უთქვამს უარი თავის მთავარ პრინციპზე, რომლის
მიხედვით, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება მხოლოდ
დიალოგის გზით უნდა მიღწეულიყო.
მიუხედავად ამისა, მე გადავწყვიტე თანამებრძოლებთან
შეთანხმების გარეშე დავლაპარაკებოდი მთავრობას. სწორედ
ამ მოლაპარაკებების დროს მითხრა აპარტეიდის საგამოძიებო
სამსახურის ხელმძღვანელმა ნიელ ბარნარდმა, რომ მისი
გუნდი თაბო მბეკისთან კონფიდენციალური დიალოგის
დაწყებას აპირებდა, რადგან მათი ინფორმაციით, სწორედ ის
იყო მთავრობასთან მშვიდობიანი მოლაპარაკების მომხრე.
ამის საპასუხოდ, მე მას ავუხსენი, რომ მსგავსი
მოლაპარაკებების საიდუმლოდ გამართვა მიზანშეწონილი არ
იყო და იმის გათვალისწინებით, რომ დიალოგი უცხო ქვეყანაში
უნდა გამართულიყო, უმჯობესი იყო ისინი „აფრიკის
ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტს, ოლივერ თამბოს ან
გენერალურ მდივანს, ალფრედ ნზოს დაკავშირებოდნენ.
გარდა ამისა, დავამატე, რომ საიდუმლო მოლაპარაკებებს
შესაძლოა, ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსის მომავალი
ეჭვქვეშ დაეყენებინა.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ბარნარდმა ჩემი რჩევა
გაითვალისწინა და ძალიან გამიკვირდა, როდესაც შევიტყვე,
რომ ვცდებოდი: საგამოძიებო სამსახურის უფროსი მაინც
დაუკავშირდა თაბო მბეკის, თუმცა ეს უკანასკნელი
საკმარისად წინდახედული აღმოჩნდა, ორგანიზაციის
ზურგსუკან გამართულ მოლაპარაკებებში ჩართვა არ ისურვა
და ყველაფერი „კონგრესის“ პრეზიდენტს შეატყობინა. ამის
შემდეგ კი ოლივერ თამბომ ოფიციალურად დართო
ბარნარდთან შეხვედრის ნება თაბო მბეკისა და მის მეგობარ
ჯეიკობ ზუმას.

159
10. საუბარი რიჩარდ სტენგელთან 1980-იან წლებში
გამართული მოლაპარაკებების შესახებ:
სტენგელი: თქვენ მათ ეუბნებოდით, რომ შეიარაღებული
ბრძოლა იმის ერთადერთი პასუხი იყო, რაც მთავრობამ ჩაიდინა
და პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმა აღარ არსებობდა?
მანდელა: დიახ.
სტენგელი: რა გიპასუხეს ამაზე?
მანდელა: გაუჭირდათ პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა.
თავდაპირველად ისინი ამბობდნენ, რომ ძალადობა
დანაშაულია და რომ ამას ვერანაირად ვერ შეეგუებოდნენ. მე
კი ვეუბნებოდი, რომ დაჩაგრული ხალხის მიერ არჩეულ გზას
თავისუფლებისკენ თავად მჩაგვრელი საზღვრავს. თუ
მჩაგვრელი მშვიდობიან მეთოდებს გამოიყენებს, მაშინ
ჩაგრულიც მშვიდობიანად იმოქმედებს და თუ მჩაგვრელი
ძალას გამოიყენებს, მაშინ დაჩაგრულიც ანალოგიურად
მოიქცევა. სწორედ ეს იყო ჩემი არგუმენტი... მაგრამ, მათ ერთი
საკითხი წამოწიეს, რომელიც საკმაოდ არგუმენტირებული იყო:
„ჩვენ მთელი წლის განმავლობაში საჯაროდ ვაცხადებდით,
რომ „აფრიკის ეროვნულ კონგრესთან“ არასოდეს გავმართავთ
მოლაპარაკებებს. ახლა კი თქვენ დიალოგი გსურთ. როგორ
მოვიქცეთ? ჩვენ ხომ ამით საკუთარი ხალხის ნდობას
დავკარგავთ? ჩვენ შეგვიძლია პირადად თქვენთან ვისაუბროთ
და შესაძლოა, ჩვენმა ხალხმა ეს მისაღებად ჩათვალოს, მაგრამ
„აფრიკის ეროვნულ კონგრესს“ ვერ დაველაპარაკებით. ეს
ჩვენი ჩვენივე პოლიტიკიდან რადიკალურად გადახვევა იქნება.
როგორ მოვიქცეთ?“, - მითხრეს მათ.
საკმაოდ გამიჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ
საბოლოოდ შემდეგი ვუთხარი: „თქვენ ადრე აპარტეიდის
პოლიტიკას ატარებდით. თქვენ ამბობდით, რომ შავკანიანები
სოფლებში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ ახლა ეს შეიცვალა.
თქვენ საშვების პოლიტიკა გქონდათ, რომელსაც ერთ-ერთ
მთავარ პოლიტიკად მიიჩნევდით, მაგრამ ახლა ის
გაუქმებულია. მიუხედავად ამისა, თქვენ ხალხის ნდობა არ
დაგიკარგავთ... მოლაპარაკებების საკითხიც ამ ჭრილში უნდა
განვიხილოთ. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხალხს, რომ
პრობლემის გადაწყვეტა „აფრიკის ეროვნული კონგრესის“
მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია“. სწორედ ასეთი იყო
ჩემი მიდგომა და ამაზე მათ ძალიან გაუჭირდათ პასუხის

160
გაცემა.
სტენგელი: როგორც ვიცი, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მათ
წამოსწიეს, თეთრკანიანთა უმცირესობის უფლებები იყო.
მანდელა: დიახ, დიახ.
სტენგელი: ამასთან დაკავშირებით რა უთხარით მათ?
მანდელა: მე მათ მაგალითად ჩემი ერთ-ერთი სტატია
მოვუყვანე, რომელიც 1956 წელს ჟურნალ „ლიბერეიშენში“
გამოქვეყნდა. იქ მე მეწერა, რომ „თავისუფლების ქარტია“
სოციალიზმის პროგრამა არ არის. აფრიკელებთან კავშირში ეს
სწორედაც რომ კაპიტალიზმის პროგრამაა, რადგან
მოსახლეობას ისეთი პერსპექტივები უჩნდებოდა, როგორიც
არასოდეს ჰქონია. მათ უჩნდებოდათ შესაძლებლობა,
ნებისმიერ ადგილას შეეძინათ საკუთრება და ასეთ
შემთხვევაში, კაპიტალიზმი აყვავდებოდა ისე, როგორც
არასდროს. სწორედ ეს საკითხი დავაყენე მათ წინაშე.
11. საუბარი რიჩარდ სტენგელთან კონსტანციაბერგის
კლინიკის შესახებ, სადაც მანდელა ტუბერკულოზს
მკურნალობდა:
სტენგელი: როგორი იყო კონსტანციაბერგი?
მანდელა: ძალიან კმაყოფილი ვიყავი. პირველივე დღეს,
დილით ადრე ჩემ სანახავად კობი კოეტსი მოვიდა, შემდეგ კი
საუზმე მომიტანეს. თავდაპირველად, კლინიკაში არც კი
იცოდნენ, რა სახის დიეტა მქონდა დანიშნული. ეს იყო
უქოლესტერინო დიეტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემთვის არც
კვერცხის ჭამა შეიძლებოდა და არც ბეკონის, მათ კი პირველივე
დღეს ორი ცალი მოხარშული კვერცხი და ბლომად ბეკონი
მომიტანეს, ამას კიდევ ხორბლეული მოჰყვა (იცინის). მაიორმა,
რომელიც ჩემზე იყო მომაგრებული, მითხრა: „არა, მანდელა,
ამის ჭამა შენთვის არ შეიძლება. ეს ექიმის დანიშნულების
დარღვევაა“. მე კი ვუპასუხე: „მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ამის
ჭამას ნუ დამიშლით“ (იცინის). დიახ, ძალიან დიდი ხანი იყო
გასული მას შემდეგ, რაც კვერცხი და ბეკონი ვჭამე.
12. საუბარი რიჩარდ სტენგელთან 1988 წლის დეკემბერში
კონსტანციაბერგის კლინიკიდან ვიქტორ ვერსტერის ციხეში
გადასვლის შესახებ:
მანდელა: ზედამხედველების ქცევის მანერას უკვე მიჩვეული

161
ვიყავი... ამ კონკრეტულ დღეს კი აშკარად ვხედავდი, რომ მათი
მოქმედება უჩვეულო იყო და სულ მალე რაღაც უნდა
მომხდარიყო... მაიორი, რომელიც ჩემზე იყო მომაგრებული,
ზედმეტად ღიზიანდებოდა ყველაფერზე და, საერთოდაც,
ძალიან დაძაბული იყო. ზედამხედველებს შორის მუდამ რაღაც
კონსულტაციები იმართებოდა და ჩემს საკანთან ახლოსაც კი
არავის უშვებდნენ ერთი ექთნის გარდა, რომელიც ჩემი
ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა... მოკლედ რომ
ვთქვათ, ვხვდებოდი, რომ რაღაცა ხდებოდა, ოღონდ არ
ვიცოდი, რა იყო ეს. ერთ საღამოს, მაიორი მოვიდა და მითხრა:
„მანდელა, მოემზადე. პაარლში მივდივართ“. „რატომ?“, -
დავინტერესდი მე. „ამიერიდან იქ იქნები“, - მიპასუხა მან.
საღამოს ცხრა საათი იყო და საკმაოდ დიდი ესკორტით
გავემგზავრეთ... ადგილზე რომ მივედით, უკვე ბნელოდა და
პირდაპირ დიდ საძინებელში შემიყვანეს... მწერების
სიმრავლემ გამაოგნა. რა თქმა უნდა, მწერებს მიჩვეული ვარ და
ვიცოდი, რომ რაღაც მსგავსი დამხვდებოდა, რადგან ეს ველური
ადგილი იყო. იმას ვგულისხმობ, რომ ძალიან მომეწონა. თუ
ბუნება გიყვარს, ასეთ ადგილას ბედნიერი იქნები. მწერი კი
მართლაც უამრავი იყო და ზოგიერთი მათგანი ცხოვრებაში
არასოდეს მენახა... რვაფეხები დაცოცავდნენ გარშემო...
სტენგელი: თქვენს საძინებელში?
მანდელა: საძინებელში, დიახ... ძირითადად საძინებელში.
ღამის განმავლობაში გროვდებოდნენ და დილით რომ
გავიღვიძებდი, ცოცხით ვწმენდდი იქაურობას. კოღოც უამრავი
იყო, მაგრამ მაინც ძალიან კარგად მეძინა. მეორე დღეს ჩემთან
იუსტიციის მინისტრი კობი კოეტსი მოვიდა... მას ყველაფერი
აინტერესებდა, ოთახიდან ოთახში დადიოდა და იქაურობას
ათვალიერებდა. შემდეგ გარეთ გავიდა, დამცავი კედლები
შეამოწმა და თქვა: „არა, ეს კედლები აუცილებლად უნდა
ამაღლდეს“. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მე თავს
კომფორტულად ვგრძნობდი. მან საკმაოდ ძვირფასი
ფრანგული ღვინოც კი მომიტანა... ძალიან თავაზიანი და
კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ... „თქვენ ახლა აქ
იცხოვრებთ. ეს არის გარდამავალი პერიოდი პატიმრობასა და
გათავისუფლებას შორის. ჩვენ ასე მოვიქეცით, რადგან
ვთვლით, რომ ამას დააფასებთ. ჩვენ გვსურს, რომ მეტი
კონფიდენციალურობა შევძინოთ ჩვენსა და თქვენ შორის
მიმდინარე დისკუსიებს“, - მითხრა მან. რა თქმა უნდა, ძალიან

162
მადლობელი ვიყავი.
სტენგელი: თავად როგორ გრძნობდით თავს? მართლაც იყო ეს
პატიმრობასა და გათავისუფლებას შორის გარდამავალი
პერიოდი?
მანდელა: რა თქმა უნდა, ეს საგრძნობი იყო. მათ ისე ჰქონდათ
ეს ყველაფერი მოწყობილი, რომ სამოძრაოდ დიდი ფართობი
მქონდა. შემეძლო ეზოში გავსულიყავი და მესეირნა. ოფიცერი
სვარტი, რომელიც საკვებს მიმზადებდა, დილის 7 საათზე
მოდიოდა და საღამოს 4-ზე მიდიოდა. კარს არავინ კეტავდა.
ნებისმიერ დროს შემეძლო გარეთ გასვლა და როდესაც
მომინდებოდა, მაშინ ვბრუნდებოდი კოტეჯში. სვარტი რომ
წავიდოდა, ღამის მორიგეები მოდიოდნენ. საცურაო აუზიც
მქონდა... ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. შეიძლება ითქვას,
რომ უკვე თავისუფალი ვიყავი. ერთადერთი, რაც გარე
სამყაროს მაშორებდა, მავთულხლართი და დამცავი კედლები
იყო.
სვარტს ჩემთვის საკვების მომზადება და ჭურჭლის გარეცხვა
ჰქონდა დავალებული და თავის მოვალეობას საკმაოდ კარგად
ასრულებდა. მიუხედავად ამისა, მე მას ერთხელ შევთავაზე,
რომ თეფშებს თავად გავრეცხავდი, რადგან არ მსურდა, რომ
ამის გამო გაღიზიანებულიყო. მან კი უარი მითხრა... მიპასუხა,
რომ ეს მისი საქმე იყო. მე მაინც არ ვთმობდი და ისიც თავისაზე
იდგა. საბოლოოდ, მე ვიძალე, ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით და ჩვენ შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა
ჩამოყალიბდა.
13. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ციხეში მიღებული
გამოცდილების შესახებ:
ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ ერთ კონკრეტულ
ფაქტორს, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება
მოახდინა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთავრობის
ნამდვილი პოლიტიკა სწორედ ციხის კედლებში ჩანდა. ეს იყო
უმოწყალო დამოკიდებულება პოლიტპატიმრების მიმართ,
მაგრამ, ამავე დროს, მომენტალურად აცნობიერებ, რომ ყველა
ზედამხედველი ერთნაირად სასტიკი არ არის. რა თქმა უნდა,
საშუალო სტატისტიკური ზედამხედველი, რბილად რომ
ვთქვათ, არცთუ სასიამოვნო პიროვნება იყო, მაგრამ კარგი
ადამიანებიც იყვნენ - ისინი, ვინც ცდილობდნენ ჰუმანურად
მოქცეულიყო. ისინი მკაცრად იცავდნენ ციხის კანონებს, მაგრამ

163
ზოგჯერ ჩვენ სასარგებლოდ არღვევდნენ მათ.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პატიმრების აგრესიული
დამოკიდებულებაც არსებობდა. მთავრობას ალბათ იმის იმედი
ჰქონდა, რომ ასეთი მძიმე პირობებით ჩვენი ხალხის დაშინებას
მოახერხებდა, მაგრამ ასე არ ხდებოდა. ბრძოლა ჯერ კიდევ 60-
იანი წლებიდან დაიწყო და იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ
იბრძოდნენ, დღეს არავინ იცნობს... ციხეში ყოფნისას ხვდები,
თუ რამხელა წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქვს ადამიანის
სულს. გარდა ამისა, ხვდები, რომ სულაც არ არის საჭირო,
უმაღლესი განათლება გქონდეს იმისათვის, რომ ლიდერი
გახდე და შენს ხალხს წინ გაუძღვე. ძალიან ბევრი პიროვნება
იყო ციხეში, რომელნიც მზად იყვნენ, თავი გაეწირათ, მაგრამ
არასოდეს დანებდებოდნენ... ჩვენს სექციაში ძალიან ბევრი იყო
ისეთი, რომელსაც განათლებაც მიეღო, უამრავი წიგნიც
წაეკითხა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც ემოგზაურა. მათთან
საუბარი ერთი სიამოვნება იყო. მათგან ძალიან ბევრ რამეს
ვსწავლობდით.
14. საუბარი რიჩარდ სტენგელთან პოლიციის მიერ ვინი
მანდელაზე განხორციელებული ძალადობის შესახებ:
მე ოცდაშვიდი წლის განმავლობაში ვიყავი დაპატიმრებული
და ვინის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსვენებას არ
აძლევდნენ. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ამ ყველაფერში
პროპაგანდისტული ქმედებები იყო. როდესაც ვინი, ჩემთან
შეხვედრის შემდეგ, იან სმუტსის საერთაშორისო აეროპორტში
დაეშვა და თვითმფრინავიდან გადმოვიდა, იქ მას პრესის
უჩვეულოდ დიდი აჟიოტაჟი დახვდა. მას მომენტალურად
შემოარტყეს ალყა და შეკითხვას შეკითხვაზე უსვამდნენ. ამის
შემდეგ ვინი მანქანაში ჩაჯდა და ორლანდოსკენ გაემგზავრა.
მას ავტობუსიც მიჰყვებოდა, რომელშიც მისი მხარდამჭერები
ისხდნენ. გზაში ავტობუსი პოლიციამ გააჩერა, გაჩხრიკა და
გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. სწორედ ეს იყო
პროპაგანდისტული ქმედება. მათ შეეძლოთ, წყნარად და
აუღელვებლად გამოეძინებინათ ყველაფერი და მხოლოდ ამის
შემდეგ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც საჭიროდ თვლიდნენ.
გარდა ამისა, როდესაც პოლიციამ ჩვენი სახლი გაჩხრიკა, მათ
ადგილზე ტელევიზია მიიყვანეს და ეს ყველაფერი მთელმა
ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა. ღამის სამი საათი
იქნებოდა... ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ღამის ხალათებით
იყვნენ, ზოგიერთი მამაკაცი კი აიძულეს, ბოლომდე

164
გაშიშვლებულიყო... ამას მხოლოდ გამოძიება აღარ ერქვა. ეს
იყო პროპაგანდისტული ქმედება და სწორედ ამას
ვაკრიტიკებდი.
15. წერილი ბელად მანგოსუთუ ბუთელეზის. 1989 წლის 3
თებერვალი:
ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომელიც დღეს
ხელმძღვანელობის წინაშე დგას, ეროვნული ერთიანობის
უზრუნველყოფაა. ჩვენი ხანგრძლივი განმათავისუფლებელი
მოძრაობის პერიოდში, ერთსულოვნება ასეთი გადამწყვეტი
არასოდეს ყოფილა. ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც
დაპირისპირებას შეუწყობს ხელს, არსებულ პოლიტიკურ
ვითარებაში დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს და ეს
ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან... ბრძოლა ჩვენი
ცხოვრებაა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ჯერ არც ისე
ახლოა, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად
ეფექტური იქნება ჩვენი მოქმედებები და მხოლოდ ჩვენი
ბრალი იქნება, თუ ეს ყველაფერი კატასტროფით
დასრულდება. მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის
განმავლობაში არაფერი ყოფილა უფრო დამთრგუნველი,
ვიდრე იმის ხილვა, თუ როგორ ხოცავს ჩვენი ხალხი
ერთმანეთს.
16. საუბარი აჰმედ კათრადასთან ვინი მანდელას მიერ
„ნეკლესინგის“[14] თაობაზე წარმოთქმული სიტყვის შესახებ:
კათრადა: აქ კიდევ ერთი შეკითხვაა: გამომცემელს
აინტერესებს, მართლა მოიწონეთ თუ არა თქვენ ვინის მიერ
წარმოთქმული სიტყვა „ნეკლესინგის“ შესახებ.
მანდელა: სისულელეა.
კათრადა: ...ენტონი სემპსონმა ერთი საუბრის ასლი
გამომიგზავნა, მაგრამ ვინ აკეთებს ამ კომენტარს, ჩვენთვის
უცნობია: „ნელსონ მანდელამ ვინი მანდელას გამოსვლა
მოიწონა. მან თქვა, რომ ის კარგი იყო, რადგან ჯერჯერობით
არც ერთი შავკანიანი პიროვნება ვინი მანდელას ამის გამო
თავს არ დასხმია. მიუხედავად ამისა, მას რამდენიმე
დამატებითი შეკითხვა ჰქონდა ვინისთან „სტარის“
ჟურნალისტ რექს გიბსონის შესახებ. ქალბატონი მანდელა მას
თავს დაესხა, რადგან გიბსონმა გაზეთში მისი გამოსვლის
საწინააღმდეგო სტატია დაწერა“.

165
მანდელა: ეს ტყუილია. მე საქვეყნოდ დავგმე ეს გამოსვლა.
კათრადა: სემპსონი გვწერს: „გამომდინარე იქიდან, რომ
საჯარო არქივში აღმოჩენილი საბუთის მიხედვით ნელსონ
მანდელამ ეს გამოსვლა მოიწონა, მსურს გთხოვოთ, რომ
თავადაც გაეცნოთ საბუთს და კომენტარები გააკეთოთ.
ამ დოკუმენტის იგნორირება მე არ შემიძლია, ამიტომ კარგი
იქნება თუ დაადასტურებთ, რომ ბატონი მანდელა ამ
ინფორმაციას უარყოფს და მეტყვით, რა არის ასეთი
გაუგებრობის მიზეზი“.
მანდელა: გაუგებარია, რატომ არ არის მათთვის საკმარისი
ჩვენი მოსაზრება. ვის ეკუთვნის ეს არქივი?.. მსგავსი არაფერი
მომხდარა. მე კატეგორიულად დავგმე ვინის ეს გამოსვლა.
კათრადა: ...მეც ასე მოვიქეცი...
მანდელა: ეს სიცრუეა.
17. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ციხეში მიღებული
განათლების შესახებ:
სტენგელი: რამდენად სასიამოვნო იყო თქვენთვის ციხეში
იურისტის პროფესიის შესწავლის პროცესი? ხომ არ
გეჩვენებოდათ, რომ ბრძოლას იყავით ჩამოცილებული?
მანდელა: არა, ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესი იყო. საერთოდ,
სამართალი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ
„რობენ-აილენდზე“ ყოფნის დროს ამისთვის არ მეცალა.
პირველი წელი კარგად გავიარე, მეორე წელსაც საკმაო
პროგრესი მქონდა, მაგრამ მესამე წელს უბრალოდ დრო აღარ
დამრჩა სამეცადინოდ, რადგან პოლიტიკური სიტუაცია
შეიცვალა. ამისათვის მხოლოდ მაშინ მოვიცალე, როდესაც
პოლსმოორის ციხეში გადამიყვანეს. იქ მარტო ვიყავი და
საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამჯერად გამოცდა წარმატებით
უნდა გამევლო. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ამ ყველაფერს
უბრალოდ თავი დავანებე. მივაგდე.
18. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
„აფრიკის ეროვნულ კონგრესში“ როდესაც რაიმე პრობლემას
განვიხილავთ, როგორც წესი, კამათს ურთიერთსაწინააღმდეგო
პოლუსიდან ვიწყებთ... საბოლოოდ კი კონსენსუსს ვაღწევთ,
რაც თავის მხრივ ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან მტკიცეს

166
ხდის. მაგალითად, ჰარი გვალას, რომელიც ერთ-ერთ ჯგუფს
ხელმძღვანელობდა, თავისებური მიდგომა ჰქონდა
საკითხებისადმი. ცოდნის, უნარისა და გამოცდილების
წყალობით მას დიდი რაოდენობით ადამიანებზე შეეძლო
ზეგავლენის მოხდენა. მიუხედავად ამისა, კონსენსუსს
ყოველთვის ვაღწევდით და დარწმუნებულნი ვიყავით, რომ
საკითხს ყველა კუთხიდან შევხედეთ ...საკმაოდ ცხარე
დებატები გვქონდა „აფრიკის ეროვნულ კონგრესსა“ და
კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების შესახებ. ჰარი
გვალა ამ ორი გაერთიანების მსგავსებისკენ იხრებოდა.
როდესაც რომელიმე ჩვენგანი ცდილობდა, ნათლად
დაეფიქსირებინა ის დიდი განსხვავება, რაც ჩვენსა და
კომუნისტებს შორის არსებობდა, გვალა ამას არ ეთანხმებოდა.
შესაძლოა, ასეც იყო საჭირო, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არცთუ
სწორი მიდგომა იყო. კომუნისტური პარტია და „აფრიკის
ეროვნული კონგრესი“ ყოველთვის განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად
თანამშრომლობდნენ.
19. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
ძალიან მიყვარდა კითხვა და სანამ ამის დრო მქონდა,
სიამოვნებას არ ვიკლებდი. რომ გავიღვიძებდი და თავს
მოვიწესრიგებდი, ექიმი მოდიოდა, შემდეგ ვისაუზმებდი და
სამეცადინოდ უამრავი დრო მრჩებოდა. ძალიან მომწონს ეს ე.წ.
კუტუზოვის სცენა („ომი და მშვიდობა“), სადაც ის მოსკოვის
დაცვაზე მსჯელობს. ყველა ამბობდა, რომ დედაქალაქის
დატოვება არ შეიძლებოდა, კუტუზოვს კი მიაჩნდა, რომ ჯარის
პირადი შემადგენლობა ზამთრამდე უნდა შენარჩუნებულიყო,
რადგან ზამთარში ფრანგული არმია რუსულს წინააღმდეგობას
ვერ გაუწევდა... „მე არ მაინტერესებს შენობები. ეს მხოლოდ
ემოციური ფაქტორია. მე მსურს, რომ ჩემი ჯარი არ
განადგურდეს“. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა
ზულუს ტომის ბელად შაკას. როდესაც მისი მეომრები უკან
იხევდნენ და სამეფო კრაალამდე მივიდოდნენ, მისი
თანამებრძოლები ამბობდნენ: „აქ გავჩერდეთ. წინააღმდეგობა
უნდა გავუწიოთ“. შაკა კი პასუხობდა: „რატომ უნდა დავიცვა
შენობები? ისინი დღეს დაინგრევა და ხვალ აშენდება, ჯარის
ხელახლა აშენებას კი წლები სჭირდება“... ის უკან იხევდა,
მაგრამ ცდილობდა, რომ მტერი გზაში საკვების გარეშე
დარჩენილიყო. ყველაფერი მიჰქონდა, სრულიად ასუფთავებდა

167
ტერიტორიას. მტრის ჯარს რომ მოშივდებოდა, ჩერდებოდა და
შაკას ჯარისგან შეტევას ელოდებოდა, მაგრამ შაკა არ უტევდა.
როდესაც მტერი გაჩერდებოდა, ისიც ჩერდებოდა და როდესაც
მტერი კვლავ დაიძვრებოდა, ისიც უკან იხევდა.
საბოლოო ჯამში, მტრის ჯარი ნებდებოდა და ბრძოლას თავს
ანებებდა. მას ტაქტიკა ჰქონდა და ამაში ძალიან ჰგავდა
კუტუზოვს.
20. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
მანდელა: ვიქტორ ვესრტერის ციხეში რომ ვიყავი, საკმაოდ
დიდი ფულის გაკეთების შესაძლებლობა მქონდა. ერთხელ,
ორი გაზეთის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან. მათ
ფოტოების გადაღება უნდოდათ და ერთ-ერთმა ნახევარი
მილიონი შემომთავაზა.
კათრადა: ეს გაზეთებშიც დაიწერა.
მანდელა: მართლა?
კათრადა: არა, არა. მეშლება. თუ არ ვცდები, ქრისტო ბრენდმა
მითხრა ამის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ადრეც
ვიცოდი.
მანდელა: ნახევარი მილიონი!
კათრადა: ჰო, ჰო. ბრენდმა გვითხრა.
მანდელა: მე კი ვუპასუხე: „არა, ამაზე არ დავთანხმდები“.
კათრადა: კონსტანციაბერგის კლინიკაში რომ იყავი, ეს მაშინ
მოხდა?
მანდელა: არა, მაგრამ მსგავსი შემთხვევა იქაც იყო.
კათრადა: გასაგებია.
მანდელა: მე მათ ვუპასუხე: „იცით, მე მოლაპარაკებებს
ვმართავ და ამ თანხის აღება არ შემიძლია. ამ ხალხში ნდობას
დავკარგავ“. ისინი კი მიმეორებდნენ: „ნახევარი მილიონი
რანდი“. წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში ვიყავი. საკმაოდ
ღარიბად ვცხოვრობდი და ამას გარდა, შვილები და
შვილიშვილებიც მყავდა, რომელთაც მოვლა სჭირდებოდა.
საკმაოდ მაცდური წინადადება იყო, მაგრამ უარი ვთქვი. არც
დავფიქრებულვარ, რადგან ვიცოდი, რომ თუ
დავფიქრდებოდი, სული წამძლევდა. საკმაოდ კატეგორიული

168
უარი ვთქვი, მათ კი მოულოდნელად მითხრეს: „750 000-ზე რას
იტყვით?“ „თუნდაც 750 მილიონი იყოს“, - ვუპასუხე მე. შემდეგ
კი, როდესაც უკვე კლინიკაში ვიყავი, კიდევ ერთი ადამიანი
მოვიდა, ამჯერად 1 მილიონი რანდი შემომთავაზეს.
კათრადა: თუ არ ვცდები, ეს ჟურნალი „თაიმი“ უნდა
ყოფილიყო.
მანდელა: ჰო, ასე იყო და ისინიც უარით გავისტუმრე.
21. წერილი მედდა შონა ბრედლის. 1989 წლის 21 აგვისტო:
ერთხელ, დილით რადიოში ქადაგებას ვუსმენდი. სასულიერო
პირი იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობდა, რომლებიც
ყველა ადამიანს აწუხებს. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა
პრობლემა დროებითია და მათ ყოველთვის ბედნიერი წუთები
მოჰყვება. მთავარია, როგორ მიუდგები საკუთარ ცხოვრებას.
22. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
სტენგელი: ბევრის აზრით, ნელსონ მანდელას მთავარი
პრობლემა ის არის, რომ ის ზედმეტად ცდილობს, ყველა
ადამიანში კარგი დაინახოს. რას უპასუხებთ ამას?
მანდელა: ეს ბავშვობიდან მესმის და არ ვიცი... შესაძლოა, ამაში
გარკვეული სიმართლეც იყოს. როდესაც საზოგადო მოღვაწე
ხარ, ვალდებული ხარ, ადამიანების პატიოსნების გჯეროდეს.
თუკი არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ
კონკრეტული პიროვნება უპატიოსნოა, მაშინ რატომ უნდა
შეგეპაროს ეჭვი მასში? თუ ადამიანი კარგ საქმეებს აკეთებს, ეს
ნიშნავს, რომ ის კარგი ადამიანია. რა თქმა უნდა, შეიძლება,
რომ მას სხვა მიზნები ამოძრავებდეს და კონკრეტულ
შემთხვევაში კარგი საქმეების კეთება სჭირდებოდეს, მაგრამ
ესეც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არსებობს ამის
დამამტკიცებელი საბუთი. თუ ცხოვრებაში ადამიანებთან
კარგი ურთიერთობების დამყარება გსურს, სწორედ ასეთი
მიდგომა უნდა გქონდეს. უნდა აღიარო, რომ თითოეული
ადამიანი იმ საზოგადოების ნაწილია, რომელშიც შენ ცხოვრობ.
ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები და
როდესაც ადამიანებთან ურთიერთობ, უნდა გახსოვდეს ერთი
ჭეშმარიტება: ისინი ადამიანები არიან და არა ანგელოზები.
როდესაც ხედავ, რომ ადამიანს კონკრეტული ღირსება და
კონკრეტული სისუსტე აქვს, უნდა დაეხმარო მას ამ
სისუსტეების დაძლევაში. მე არასოდეს შემეშინდება

169
ადამიანის, როდესაც შევატყობ, რომ მას უარყოფითი
თვისებები აქვს. არ დავუშვებ, რომ ამან ჩემზე გავლენა
მოახდინოს.
გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა
თანამდებობა მიკავია, ნათელი გახდება, რომ სხვადასხვა
მოსაზრების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება
ჩემი მოვალეობაა. როდესაც რომელიმე ადამიანი მოდის და
თავის პრობლემაზე მელაპარაკება, მას ყურადღებით ვუსმენ
და ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ორგანიზაციაში
ბზარი არ გაჩნდეს.

თავი მეთერთმეტე. კალენდარული დრო


რობენ-აილენდის, პოლსმოორისა და ვიქტორ ვერსტერის
ციხეებში მანდელას სამაგიდო კალენდრები ჰქონდა,
რომლებშიც 1976-1989 წლებში ჩანაწერებს აკეთებდა. ისევე
როგორც მისი ბლოკნოტები, ეს კალენდრებიც ნათლად ასახავს
მის ცხოვრებას პატიმრობის დროს და მის განცდებს. მანდელა
ამ ჩანაწერებს ყოველდღიურად არ აკეთებდა. ზოგჯერ -
რამდენიმე კვირაც კი გადიოდა, სანამ მას მორიგი მოსაზრების
ჩანიშვნის სურვილი გაუჩნდებოდა. მეთერთმეტე თავში
სწორედ მისი ყველაზე საინტერესო ჩანაწერებია
გამოქვეყნებული და მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ
მცირე ნაწილს ნახავთ, უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სურათი
ნათლად იხატება. ზოგიერთი ჩანაწერი შესაძლოა, უცნაურადაც
მოგეჩვენოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის, რაც ციხის
გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ბუნებრივია, პატიმრისთვის
ზოგჯერ ფუფუნებაა. მაგალითად, რძიანი ჩაი
განსაკუთრებული მოვლენა იყო, ისევე როგორც ახლობლების
ვიზიტები და წერილები.
18 აგვისტო, 1976
მივიღე ინფორმაცია ზამის დაპატიმრების შესახებ.
პასუხისმგებელი ოფიცერი ამბობს, რომ დაბადების დღის
მოსალოცი ბარათი არ მოსულა.
23 აგვისტო, 1976
ვორენტ-ოფიცერმა ბარნარდმა შემატყობინა, რომ დაბადების
დღის მოსალოცი ბარათი ადმინისტრაციამ დააკავა.

170
8 დეკემბერი, 1976
დავიწყე დინ ბრაუნის წიგნის კითხვა. ლონდონის
უნივერსიტეტში წერილი გავგზავნე.
23 დეკემბერი, 1976
ზინძის დაბადების დღე
17 იანვარი, 1977
სხვებზე ჭორაობა ადამიანის უარყოფითი თვისებაა, საკუთარ
თავზე ჭორაობა კი დადებითი.
20 იანვარი, 1977
მესიზმრა, რომ კგათო თხრილში ჩავარდა და ფეხი იტკინა.
21 თებერვალი, 1977
რეიდი, რომელშიც ვორენტ-ოფიცერ ბარნარდის
ხელმძღვანელობით, დაახლოებით 15 ზედამხედველი
მონაწილეობს.
2 მარტი, 1977
ძლიერი მიწისძვრა დილის 6.55-ზე.
25 მარტი, 1977
მესიზმრა, რომ კგათო, ჯორჯი, მე და სხვები მწვანე მდელოზე
დავრბოდით. დაღმართზე კგათო წაიქცა და მის
დასახმარებლად რომ მივრბოდი, სწორედ მაშინ გამეღვიძა.
25 აპრილი, 1977
კუნძულზე ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ტელევიზიების
წარმომადგენლები მოვიდნენ. პატიმრებს, საკნებსა და
შენობებს ფოტოები გადაუღეს და წავიდნენ.
4 ივნისი, 1977
ზამი და ზინძი მოვიდნენ. საათ-ნახევარი ვისაუბრეთ.
შემატყობინეს, რომ დეპორტაცია ბრენტფორდში 16 მაისს
განხორციელდა.
11 ივლისი, 1977
სამართებელი
22 აგვისტო, 1977

171
წერილი და საპარსი ქაფი მომიტანეს.
7 ნოემბერი, 1977
მაიორი ზანდბურგი მატყობინებს, რომ კაიზერ მატანზიმას 2
დეკემბერს ჩემი ნახვა სურს. ვუპასუხე, რომ ვიზიტის
გადადებაა საჭირო.
29 დეკემბერი, 1977
100 მილილიტრი კბილის პასტა „მენტადენტი“ – 2 ცალი
დიდი საპონი „ვინოლია“ – 6 ცალი
1 კილოგრამი „ომო“ (სარეცხი ფხვნილი)
27 აპრილი, 1979
კუნძულს ჯიმი კრუგერი და გ. დუ პრეეზი სტუმრობენ.
დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ.
9 მაისი, 1979
კონსულტაცია თვალის ექიმ ნეეტლინგთან
მხედველობა შესანიშნავი მაქვს. ვირუსი შემეყარა, მაგრამ
სათვალე არ დამჭირდება.
20 მაისი, 1979
ვირუსი ისევ მაწუხებს. მარცხენა თვალით დაიწყო და
მარჯვენაზე გადავიდა.
21 მაისი, 1979
მარჯვენა თვალი ჩაწითლებული მაქვს და მტკივა.
22 მაისი, 1979
ნაშუადღევს „ალბუსიდის“ წვეთები მივიღე.
23 მაისი, 1979
მესიზმრა, რომ ღამით დავბრუნდი სახლში, კარი ღია დამხვდა,
ერთ ლოგინზე ზამის ეძინა, მეორეზე კი ბავშვებს - ალბათ,
ზენის და ზინძის. გარეთ სხვა ბავშვებიც დარბოდნენ. ზამის
ჩავეხუტე და მან საწოლისკენ მიმითითა.
1 ივნისი, 1979
„იმედის ქონა ადვილია, სურვილი ყველაფერს აფუჭებს“.

172
2 ივნისი, 1979
ავადმყოფ ქვეყანაში ჯანმრთელობისკენ გადადგმული
თითოეული ნაბიჯით შეურაცხყოფას აყენებ იმას, ვინც ამ
ავადმყოფობით ცხოვრობს.
თავისუფლების მიზანი მისი სხვებისთვის მიცემაა.
3 ივნისი, 1979
ზამი და ზაზი მოვიდნენ ჩემს სანახავად. 1 საათი ვისაუბრეთ.
ზამის წითელი ჟაკეტი აცვია, ზაზის კი - ჩემნაირი ქურთუკი.
12 ივნისი, 1979
გენერალი რუ მოვიდა და ბრიგადირ დუ პლესის ესაუბრა.
14 ივნისი, 1979
ქორწინების 21-ე წლისთავი
14 ივლისი, 1979
ზენი, ზინძი და ზამასვაზი მოვიდნენ. 45 წუთი ვისაუბრეთ.
ზამასვაზი ავად არის და ხშირად ტირის.
6 აგვისტო, 1979
მინისტრი ლე გრანჟი გვეწვია და პასუხისმგებელ ოფიცერ დუ
პრეეზთან ერთად ციხე დაათვალიერა.
15 სექტემბერი, 1979
ბელადი ბამბილანგა მეწვია. საათ-ნახევარი ვისაუბრეთ.
17 ოქტომბერი, 1979
ტანსაცმლის გარეშე ავიწონე. 75 კგ. ვარ.
20 ოქტომბერი, 1979
ზინძი მეწვია. 1 საათი ვისაუბრეთ.
ძალიან ლამაზად და მხიარულად გამოიყურება. ანა
ტომლინსონთან ცხოვრობს.
21 ოქტომბერი, 1979
ზინძი კვლავ ბრუნდება და 45 წუთი ვსაუბრობთ. კვლავ
მხიარულად და ლამაზად გამოიყურება. წიგნებზე და
გამომცემელ მაიკ კირკვუდზე ვისაუბრეთ.

173
5 ნოემბერი, 1979
საავადმყოფოში წამიყვანეს: მყესი გამიწყდა და უმნიშვნელო
ოპერაცია ჩამიტარეს. ექიმი ბრაიტენბახი.
მესიზმრა, რომ ზინძი და მე ღამით ბარაგავანათის
საავადმყოფოში მივედით. მეკითხებიან, რატომ არ ავირჩიე
სხვა ადვოკატი.
17 ნოემბერი, 1979
ზამი მოვიდა და 2 საათი ვისაუბრეთ. ცისფერი კაბა აცვია,
ცოტათი მოკეთებულია და ელეგანტურად გამოიყურება.
19 ნოემბერი, 1979
ნაკერები მომხსნეს.
25 დეკემბერი, 1979
ზამის ერთსაათიანი ვიზიტი: საშობაო საჩუქარი
პიტერმარიცბურგის მაღაზიიდან.
26 დეკემბერი, 1979
ზამის და სვატის 45-წუთიანი ვიზიტი. შემპირდნენ, რომ 20
ფოტოს გამომიგზავნიან.
3 იანვარი, 1980
ვკითხულობ ზინძის ლექსების კრებულს - „ისეთი შავი,
როგორიც მე ვარ“. „შავი და თოთხმეტი წლის“ სულ მალე
გამოქვეყნდება.
10 იანვარი, 1980
ახალი სამართებელი
13 იანვარი
რძიანი ჩაი
26 იანვარი, 1980
ზამის 45-წუთიანი ვიზიტი. ამბობს, რომ დაღლილად
გამოვიყურები.
13 მარტი, 1980
სვატის პირველი დაბადების დღე

174
19 მარტი, 1980
ზამის დეპეშა ლილის (ლილიან ნგოი) გარდაცვალების შესახებ
20 მარტი, 1980
გავუგზავნე სამძიმრის დეპეშა (სასწრაფო) ედიტ ნგოის.
14 მაისი, 1980
პარლამენტის წევრი - ქალბატონი ჰელენ სუზმანი და
გენერალი რუ მესტუმრნენ. 1 საათი ვისაუბრეთ.
23 მაისი, 1980
კონსულტაცია ექიმ ა.ლ. მარესკისთან. ირკვევა, რომ სრულად
გამოჯანმრთელებული ვარ. გული უკეთესად მაქვს, ვიდრე
წინა გასინჯვისას.
მესიზმრა, რომ გამთენიისას დავბრუნდი სახლში. ჩავეხუტე
ზამის, რომელიც უკანა კარიდან შემოვიდა. 2 წლის ზენიმ
სამართებლის ნატეხი გადაყლაპა და ისევ ამოახველა.
გავუჯავრდი.
25 მაისი, 1980
ზამი, ზენი და ზინძი მესიზმრა. ზენი 2 წლისაა. ზინძი მთხოვს,
რომ მოვეფერო და ამბობს, რომ საკმარისად თბილი არ ვარ.
ზენიც იმავეს მეუბნება.
8 ივნისი, 1980
ზამი მესტუმრა. კარგ ხასიათზეა და ლურჯი კაბა აცვია.
9 ივნისი, 1980
ბალანსი: 41.44 რანდი.
24 ივნისი, 1980
სერჟანტმა კამინგამ წნევა გამიზომა: 180/90
30 ივნისი, 1980
ექიმმა კაპლანმა გამსინჯა. წნევა - 120/80, წონა - 75 კგ. ექიმმა
მარესკიმ კარდიოგრამის შინაარსი გამაცნო.
12 ივლისი, 1980
ზამი, ზინძი და ზობულე ცუდი ამინდის გამო ვერ მოვიდნენ.

175
13 ივლისი, 1980
ზამი, ზინძი და ზობულე როგორც იქნა, მოვიდნენ.
გამოაცხადეს, რომ სერეცე ხამა გარდაიცვალა.
24 აგვისტო, 1980
ბუთი და კგათო. კგათო ჰალსტუხით პირველად ვნახე.
7 სექტემბერი, 1980
250 გრამი „ნესკაფე“ – 4.10 რანდი
მდოგვი - 54 ცენტი
ქოქოსის ორცხობილა - 54
სენდვიჩი - 71
მარმიტი - 55
„ბენტოსი“ – 55
ლიმონი - 26
250 გრამი ნამცხვარი - 38
14 სექტემბერი, 1980
ზამი და უპა. ზამი წაბლისფერ კაბაში ძალიან ლამაზად
გამოიყურება. უპას თეთრზოლებიანი შავი კაბა აცვია.
10 ოქტომბერი, 1980
ნელსონ მანდელას გათავისუფლების მოთხოვნას 73 000
ადამიანი აწერს ხელს.
11 ოქტომბერი, 1980
„პატიმართა დღე“
27 ოქტომბერი, 1980
საბუთები ისე წაიღეს, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
ვორენტ-ოფიცერ პიენაარს უნდა გავეფრთხილებინე.
3 ნოემბერი, 1980
აქცია ზიმბაბვეში: გაერთიანება „გაათავისუფლეთ მანდელა“
ზიმბაბვეს უნივერსიტეტში 600 ხელმოწერას აგროვებს.
ორგანიზატორი - კლიფორდ მაშირი

176
28 ნოემბერი, 1980
მანამ, სანამ აფრიკანერები საკუთარ თავს განსაკუთრებულ
რასად თვლიან და მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ საკუთარი
გადაწყვეტილებები სხვებს მოახვიონ თავს, ამ ქვეყანას
მომავალი არ აქვს.
არც „ბანტუს საგანმანათლებლო აქტს“[15] აქვს მომავალი,
რადგან არც ერთი სისტემა, რაც არ უნდა გაუმჯობესებული
იყოს ის, არ იქნება მისაღები, თუ მასში რასობრივი დაყოფა
იგულისხმება.
25 დეკემბერი, 1980
ზამი, ზინძი და ზობულე ჩამოვიდნენ „რობენ-აილენდზე“
ერთი საათით. სამივეს ღია ფერის ტანსაცმელი ეცვა. ხსოვნის
დღე დურბანში. ნერუს სახელობის ჯილდო.
ინდირა განდის მისამართი გამომიგზავნეს. არ ჩამოვიდა.
22 იანვარი, 1981
პრიმულის ზეთმა წნევა და ქოლესტერინის დონე დამიწია.
წონაშიც დავიკელი.
18 თებერვალი, 1981
ნელსონ მანდელას მხარდამჭერებს შორის იყვნენ პროფესორი
ბარბარა ჰარდი და ჯონათან დიმბელბი.
1 აპრილი, 1981
დოკუმენტური ფილმი: ბრიტანული სამაუწყებლო
კორპორაციის პროდიუსერი ფრენკ კოქსი, რომელმაც დონალდ
ვუდსის სამხრეთ აფრიკიდან გაქცევის შესახებ გადაიღო
ფილმი, ახლა ნელსონ მანდელას შესახებ აპირებს მსგავსი
სურათის გადაღებას. მუშაობა ივნისში უნდა დაიწყოს.
50-წუთიანი პროგრამა ადამიანთა უფლებების შესახებ
მიმდინარე სერიის ნაწილი იქნება. გადაღებები დიდ
ბრიტანეთში, „რობენ-აილენდის“ მსგავს კუნძულზე დაიწყება.
3 აპრილი, 1981
ეპისკოპოსი დეზმონდ ტუტუ თემთა პალატის წინაშე
გამოდის. სხდომას მაიკლ ფუტი და დევიდ სტილი ესწრებიან.
მანდელას გათავისუფლების პეტიციას მხარი პარლამენტის 94-

177
მა წევრმა, 25-მა პერმა და 30-მა სასულიერო პირმა დაუჭირა.
მათ შორის არიან 19 ეპისკოპოსი და 98 პროფესორი. ასევე 500
ორგანიზაცია, რომლებიც დაახლოებით 12 მილიონ ადამიანს
წარმოადგენს.
5 მაისი, 1981
„ირას“ (ირლანდიის რესპუბლიკური არმია) წევრი ბობი სენდსი
გარდაიცვალა.
10 მაისი, 1981
დაახლოებით დილის 10 საათზე ზამი და სვატი მოვიდნენ.
სვატი გამყოფ შუშას ურტყამს ხელს და ყვირის „გააღე! გააღე!“
შემდეგ ტირილს იწყებს.
5 აგვისტო, 1981
ნელსონ მანდელას გლაზგოში მშვიდობის ჯილდო გადასცეს.
პრიზი მისი სახელით ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტმა ალექს
ეკვუემემ აიღო. ახლა ის ლაგოსის მთავრობის სახლში ინახება.
„როდესაც მანდელა თავისუფალი იქნება, ის ლაგოსში ჩამოვა
და ამ ჯილდოს თავად აიღებს“, თქვა ეკვუელემ.
15 აგვისტო, 1981
ზამი და ზობულე: ზობულეს კოცნა გავუგზავნე და
ტელეფონითაც ველაპარაკე. საშინლად ხმაურობს და ზამისთან
საუბარი სრულიად შეუძლებელი ხდება. გადავწყვიტეთ, რომ
სხვა დროს მას აღარ წამოიყვანენ.
19 აგვისტო, 1981
ენტონი ბობი ცოცობე, 25 წლის
იოჰან შაბანგუ, 28 წლის
დევიდ მოისი
მოსამართლე შარლ თერონმა მათ სასიკვდილო განაჩენი
გამოუტანა. „გაუმარჯოს სამხრეთ აფრიკის მებრძოლ მასებს!
გაუმარჯოს კაცობრიობის სულისკვეთებას! გაუმარჯოს
ნელსონ მანდელას! გაუმარჯოს სოლომონ მაჰლანგუს!“
26 სექტემბერი, 1981
ზამი თავის 45-ე დაბადების დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს.
ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკის პოლიცია მასზე და მის ოჯახის

178
წევრებზე მუდმივად ძალადობს.
ზენი და ზინძი რიო დე ჟანეიროში მიემგზავრებიან, შემდეგ
აშშ-ში და მადრიდში.
19 სექტემბერი, 1981
გრიფიტს მკენგე მოკლეს.
14 დეკემბერი, 1981
პასუხისმგებელმა ოფიცერმა შემატყობინა, რომ ზამი აილიფის
მთასთან ახლოს ავტოავარიაში მოყვა და კისერი, მხარი და
ნეკნები დაიზიანა. მასთან ერთად იყო 14 წლის მადიკიზელაც.
ორივე კოკსტადის საავადმყოფოში მოათავსეს და ალბათ მალე
დურბანში გადაიყვანენ. სასწრაფოდ გავგზავნე წერილი.
28 დეკემბერი, 1981
ზამის ბრენტფორდიდან გასვლა აუკრძალეს და
შინაპატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს.
6 იანვარი, 1982
სოვეტოში ბომბი აფეთქდა და ორლანდოს მუნიციპალიტეტის
შენობა შეაზანზარა. დაახლოებით დილის 9 საათი იყო. ეს
მეორე აფეთქებაა ამ რაიონში.
30 იანვარი, 1982
ზამის მარცხენა ხელი ისევ თაბაშირში აქვს. საკმაოდ ცუდად
გამოიყურება, ეტყობა, თავს კარგად ვერ გრძნობს.
ბლუმფონტეინის საავადმყოფოს ორთოპედიული
განყოფილების ქირურგმა შეამოწმა. 10 თებერვალს კიდევ
ერთხელ ნახავს და, თუ უკეთესობა არ იქნა, ოპერაციას
გაუკეთებენ.
31 იანვარი, 1982
ზამი ისევ მოვიდა და ამჯერად მზის სათვალეები უკეთია.
ორშაბათს დილით თემბის ქორწილის სურათებს
გამომიგზავნის.
26 მარტი, 1982
ტომ ლოჯი: „შავკანიანთა წინააღმდეგობის პოლიტიკა
სამხრეთ აფრიკაში. 1948 - 1981“
(მანდელა სრულიად მოულოდნელად პოლსმოორის ციხეში

179
გადაიყვანეს. ეს 1982 წლის 30 მარტს მოხდა)
24 აპრილი, 1982
ზამი პოლსმოორში მეწვია. მასთან ერთად ელისტერ სპარკსიც
მოვიდა, მაგრამ ის ჩემს სანახავად არ შემოუშვეს.
25 აპრილი, 1982
ზამი კვლავ დაბრუნდა სპარკსთან ერთად. ძალიან კარგად
გამოიყურება. მითხრა, რომ მომდევნო თვეშიც მესტუმრება.
5 მაისი, 1982
ადიუტანტმა ტერბლანშმა სამზარეულოში „ბისტო“ (ერთგვარი
სოუსი ფხვნილის სახით) მიიტანა და მზარეულებს უთხრა,
რომ მისი გამოყენება მხოლოდ ოთხშაბათობით არის
ნებადართული. რაოდენობა - ერთი ჩაის კოვზი. პირველი ჩაის
კოვზი უკვე გამოიყენეს.
12 მაისი, 1982
ერთი ჩაის კოვზი „ბისტო“ დღეს მეორედ გამოიყენეს.
17 მაისი, 1982
ლონდონის პროფკავშირთა გაერთიანებამ გადაწყვიტა, ზამის
1800 რანდი გადასცეს, რათა მას ჩემი მონახულების საშუალება
მიეცეს. გასულ თვეს ზამის დორსეტში მცხოვრები ქალბატონი,
ვინმე მარჯორი რაკი დაეხმარა.
26 ივნისი, 1982
ზამი მოვიდა. მოყვითალო ქურთუკი აცვია და მიყვება, როგორ
ემუქრებიან მას სიკვდილით. მიკროავტობუსის აფეთქების
მცდელობაც იყო. ზამისთან ერთად მაბიცელაც მოვიდა, მაგრამ
შენობაში არ შემოსულა.
1 აგვისტო, 1982
აიეშას (არნოლდი) დაბადების დღის მისალოცი ბარათი
გავუგზავნე.
8 აგვისტო, 1982
მაკი მოვიდა ნახევარი საათით. წინა ორი კბილი ამოღებული
აქვს.
17 აგვისტო, 1982

180
(ამონარიდი გაზეთიდან). ამანათით გაგზავნილმა ბომბმა რუთ
ფერსტის სიცოცხლე იმსხვერპლა: რუთ ფერსტი, აკრძალული
„აფრიკის ეროვნული კონგრესის“ ოფიციალური პირი,
მაპუტუში გარდაიცვალა - ხელში ამანათი აუფეთქდა.
საინფორმაციო სააგენტო „ანგოპი“ იუწყება, რომ ინციდენტი
მოზამბიკის დედაქალაქის უნივერსიტეტში მოხდა. აფეთქების
დროს ფერსტის გვერდით კიდევ რამდენიმე ადამიანი
იმყოფებოდა, მათ შორის, უნივერსიტეტის დირექტორი
ბატონი აკინო დე ბრაგანსა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის
განცხადებით, ბატონი ბრაგანსა სერიოზულად დაშავდა,
თუმცა, პრეზიდენტ ზამორა მაშელის ერთ-ერთი მრჩეველი
საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ
ბრაგანსა უმნიშვნელოდ არის დაშავებული.
რუთის მიერ დაწერილი წიგნები: „177 დღე“ „იარაღით სავსე
კასრი“, „სამხედრო მმართველობა აფრიკაში“, „ოლივერ
შრაინერის ბიოგრაფია“, „თანამედროვე ლიბია“ (როგორც ჩანს,
აქ საუბარია წიგნზე „ლიბია: მოჩვენებითი რევოლუცია“).
21 აგვისტო, 1982
83 წლის ასაკში მეფე სობჰუზა[16] გარდაიცვალა.
25 სექტემბერი, 1982
ზამის ნგუგის[17] ნაჩუქარი ტანსაცმელი აცვია
2 ოქტომბერი, 1982
მესიზმრა, რომ მე და ზამი ერთი თეფშიდან ვჭამდით...
რამდენიმე კოვზი ჩავიდე პირში და მეორე ოთახში გავედი,
სადაც აუცილებელი საქმე მქონდა გასაკეთებელი. ზამის
ვუთხარი, რომ მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ დიდი ხნით
შევყოვნდი. სიზმრების კალეიდოსკოპი იყო. ჰობდოზელა,
რომელსაც ზურგზე თავისი ოჯახის პატარა წევრი ჰყავდა
მოკიდებული, ციცაბო კლდიდან მდინარეში გადავარდა.
2 დეკემბერი, 1982
ბრეიტენ ბრეიტენბახი[18] პოლსმოორის ციხიდან
გაათავისუფლეს.
4 იანვარი, 1983
სვაზილენდში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის
ლიბერალური პარტიის ყოფილი ლიდერი ჯერემი თორპი

181
ზენანის შეხვდა. მისტერ თორპი ზამის შინაპატიმრობითა და
ჩემი ციხეში ყოფნით დაინტერესდა.
7 იანვარი, 1983
ზამისთან პოლიციამ რეიდი ჩაატარა. 6 მანქანით მივიდნენ და
პარლამენტის წევრების თანდასწრებით, 3 საათის
განმავლობაში ჩხრეკდნენ ბინას. ბრალი დასდეს იმაში,
თითქოს მან სახლიდან გაუსვლელობის ვალდებულება
დაარღვია. პოსტერების, წიგნების, საბუთებისა და ზეწრების
კონფისკაცია მოახდინეს.
31 იანვარი, 1983
(ამონარიდი გაზეთიდან) 31.1.83: უშიშროების პოლიციამ ვინი
მანდელას ზეწრის კონფისკაცია მოახდინა - სენატორები
მისთვის ახალი ზეწრის მიტანას აპირებენ. აშშ-ს კონგრესის
გავლენიანი წევრები „აფრიკის ეროვნული კონგრესის“
ლიდერს, ვინი მანდელას ახალ ზეწარს გადასცემენ, რაც
სამხრეთ აფრიკაში ადამიანთა უფლებების დარღვევის
საწინააღმდეგო სიმბოლური აქცია იქნება.
2 თებერვალი, 1983
ვუდსტოკის საავადმყოფოში გადამიყვანეს.
3 თებერვალი, 1983
ოპერაცია კეფაზე და მარჯვენა ფეხის თითზე.
5 თებერვალი, 1983
ზინძი ლამაზად გამოიყურება და კარგ ხასიათზეა.
14 თებერვალი, 1983
ვორენტ-ოფიცერმა ვან ზილმა თავზე ნაკერები მომხსნა.
15 თებერვალი, 1983
ვუდსტოკის საავადმყოფოს ექთანმა ფერეირამ ფეხის თითზე
ნაკერები მომხსნა: ექიმმა სტეინმა მითხრა, რომ
ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, თითზე ავთვისებიანი
წარმონაქმნი აღარ შეინიშნება.
21 მარტი, 1983
ძველი ოლიმპია: პატიმრობაში მყოფ სამხრეთაფრიკელ
შავკანიანთა ლიდერი ნელსონ მანდელა ამ პატარა ბერძნული

182
ქალაქის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.
22 მარტი, 1983
„აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობამ“ და გაეროს
აპარტეიდის საწინააღმდეგო კომიტეტმა „აფრიკის ეროვნული
კონგრესის“ ლიდერის, ნელსონ მანდელას გათავისუფლება
ითხოვეს. დეკლარაციას ხელს 4 000 ადამიანი აწერს.
24 მარტი, 1983
„აფრიკის ეროვნული კონგრესის“ ლიდერს ჯილდოს
გადასცემენ: ნიუ-იორკის „სითი კოლეჯმა“ ნელსონ მანდელას
„თავისუფლებისა და სამართლის პრინციპებისადმი
განსაკუთრებული ერთგულებისთვის“ იურიდიულ
მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიანიჭა.
სასწავლებლის თავმჯდომარე ბერნარდ ჰარლსტონი: „ჯილდო
მანდელას ივნისში გადაეცემა“.
29 მარტი, 1983
ზამი დასავლეთ გერმანიის დედაქალაქ ბონში, პარლამენტის
ახალი შენობის გახსნაზე მიიწვიეს. ლონდონის ჩრდილოეთის
რაიონ ქემდენში, ქუჩას, რომელზეც აპარტეიდის
საწინააღმდეგო მოძრაობის შტაბ-ბინა მდებარეობს, მანდელას
სახელს დაარქმევენ. ამჟამად მას სელოსის სახელი ჰქვია -
ბრიტანელი მოგზაურისა, რომელიც სესილ ჯონ როუდსს
როდეზიის კოლონიზირებაში დაეხმარა.
25 აპრილი, 1983
რეზოლუცია მანდელას თაობაზე: აშშ-ში ერთ-ერთმა ლიბერალ-
დემოკრატმა კონგრესს შესთავაზა, რომ „აფრიკის ეროვნული
კონგრესის“ დაპატიმრებული წევრი ნელსონ მანდელა და მისი
მეუღლე ვინი ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო
მოქალაქეებად გამოაცხადონ. ეს იყო მისტერ ჯორჯ კროკეტი,
რომელსაც წარმომადგენელთა პალატის თორმეტმა წევრმა
დაუჭირა მხარი. აფრიკის სამხრეთის საკითხებზე მომუშავე
საინფორმაციო ცენტრი ტერაქტის შედეგად დაღუპული რუთ
ფერსტის ხსოვნის საღამოს ჩატარებას გეგმავს. ამ ცენტრის
მიზანი, აფრიკის სამხრეთის რეგიონების შესახებ ისტორიული,
ეკონომიკური, სოციოლოგიური ინფორმაციის კინოფირზე
აღბეჭდვა იქნება.

183
21 მაისი, 1983
მთავრობის მიერ წამოწყებულ კონსტიტუციურ
ცვლილებებთან საბრძოლველად „გაერთიანებული
დემოკრატიული ფრონტი“ შეიქმნა. 32-მა ორგანიზაციამ, 150-ზე
მეტმა დელეგატმა და დამკვირვებელმა მიიღო რეზოლუცია,
რომლის თანახმად „გდფ“ ჩამოყალიბდა. თავმჯდომარე - ი.
მოჰამედი.
4 ივნისი, 1983
„ჰერალდი“: დუბლინის საქალაქო საბჭოს წევრებმა ნელსონ
მანდელას ბიუსტის აღმართვა გადაწყვიტეს, რაც „აფრიკის
ეროვნული კონგრესის“ ლიდერის მიერ „ერთა თავისუფლების
საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის“
გამოხატულება იქნება. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო,
რომ მანდელა დუბლინის საპატიო მოქალაქედ არჩეულიყო,
მაგრამ საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ამას აზრი არ ჰქონდა,
რადგან თავად მანდელა დაჯილდოების ცერემონიალს ვერ
დაესწრებოდა.
9 ივნისი, 1983
სიმონ მოგოერანე, ჯერი მასოლოლი და მარკუს მოტაუნგი
პრეტორიის ცენტრალურ საპატიმროში ჩამოახრჩვეს.
14 ივნისი, 1983
ადვოკატები ისმაილ მაჰომედი და ისმაილ აიობი -
კონსულტაციები პოლსმოორის მაქსიმალური უსაფრთხოების
საპატიმროში არსებული საცხოვრებელი პირობების შესახებ.
1 ივლისი, 1983
პარლამენტის წევრის, ქალბატონ ჰელენ სუზმანის ვიზიტი
ჩვენს სექციაში. მასთან ერთად არიან ბრიგადირები მანრო და
ბოთმა. ჩვენი პრობლემების შესახებ ვესაუბრებით და
მშენებარე საკნებს ვაჩვენებთ. ვატყობინებთ, რომ ბრიუსელის
უნივერსიტეტის მიერ დოქტორის წოდების მინიჭება უდიდესი
პატივია.
3 დეკემბერი, 1983
წონა გახდილ მდგომარეობაში - 76.8 კგ.
სიმაღლე - 178 სმ.

184
13 დეკემბერი, 1983
იორკშირის საგრაფოს ქალაქ ლიდსის მუნიციპალიტეტის წინ
მდებარე ბაღს ოფიციალურად ეწოდა ნელსონ მანდელას
სახელი. შესაბამისი დაფა „აპარტეიდის საწინააღმდეგო
მოძრაობის“ თავმჯდომარემ, არქიეპისკოპოსმა ჰადლსტონმა
გახსნა. დაფაზე წერია, რომ მანდელა „სამხრეთ აფრიკაში
აპარტეიდთან ბრძოლის სიმბოლოა“, რასაც მისივე ერთ-ერთი
გამონათქვამი მოსდევს. საზეიმო ცერემონიალს
მუნიციპალიტეტში გამართული საპატიო შეხვედრა მოჰყვა,
რომელზეც რამდენიმე ადამიანი სიტყვით გამოვიდა.
წაიკითხეს ასევე გაეროს გენერალური მდივნის, ხავიერ პერეს
დე კუელიარის გზავნილი.
16 იანვარი, 1984
დავრგე სტაფილო, ჭარხალი და მიწის თხილი. [19]
19 თებერვალი, 1984
ზამის ორი ვიზიტი. პირველი - დილის 8.45 საათზე: თეთრი კაბა
აცვია, ყელზე კი ძალიან ლამაზი მძივი უკეთია. ის და უპა ხვალ
უმტატაში მიემგზავრებიან.
28 თებერვალი, 1984
ბრიგადირი მანრო მატყობინებს, რომ მატანზიმას ჩემი და
ვალტერ სისულუს ნახვა სურს. ჩვენ მას კიდევ ერთხელ
შევახსენებთ „რობენ-აილენდის“ ციხეში მიღებული
გადაწყვეტილების შესახებ, რომ ასეთი შეხვედრის დრო ჯერ არ
დამდგარა.
1 მარტი, 1984
ბრიგადირ მანროს კიდევ ერთხელ შევხვდი და ოლივერ
თამბოსა და გოვან მბეკისთვის წერილების მიწერის ნებართვა
ვთხოვე.
7 მარტი, 1984
„კეიპ თაიმსი“ იტყობინება, რომ მატანზიმამ მთავრობას
მანდელას გათავისუფლება შესთავაზა.
8 მარტი, 1984
ზამის მუქი ყავისფერი კაბა აცვია. მატანზიმას წინადადების
შესახებ მატყობინებს.

185
„კეიპ თაიმსმა“ კიდევ ერთი ინფორმაცია გამოაქვეყნა. კობი
კოეტსი აცხადებს, რომ მანდელას გათავისუფლება არც კი
განიხილება.
10 მარტი, 1984
„კეიპ თაიმსი“: მანდელა კიდევ ერთხელ ხვდება თავის
მეუღლეს და მატანზიმას შეთავაზებას პასუხობს.
12 მარტი, 1984
„კეიპ თაიმსი“: „აფრიკის ეროვნული კონგრესის“ ლიდერი
ნელსონ მანდელა, გათავისუფლებაზე უარს ამბობს. ის
აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია თავისუფლება, თუ მას
კვლავ ტრანსკეიში მოუწევს იძულებით ცხოვრება. ის მხოლოდ
სოვეტოში დაბრუნდება.
15 მარტი, 1984
მანდელას შესახებ დაწერილი სიმღერები ძალიან კარგად
იყიდება. ჩანაწერი, რომელიც მის გათავისუფლებას ეხება,
გამოსვლიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ საუკეთესოთა
შორის მოექცა. „გაათავისუფლეთ მანდელა“, რომელსაც ჯგუფი
„სპეშალსი“ ასრულებს, „კეპიტოლ რადიოს“ სიის პირველ
ადგილზე გავიდა, საერთოეროვნულ ჰიტაღლუმში კი 68-ე
ადგილი დაიკავა.
22 მარტი, 1984
49.40 რანდი „თაიმის“ ანგარიშზე გადავრიცხე.
ექიმმა ლე რუმ კარდიოგრამა გადამიღო. შედეგი
დამაკმაყოფილებელია. შარდში სისხლის კვალი შეინიშნება.
წნევა - 140/90
18 ივნისი, 1984
კუბის პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ თავისი ქვეყნის ერთ-
ერთი ყველაზე საპატიო ჯილდო გადასცა „აფრიკის ეროვნული
კონგრესის“ ლიდერს, ნელსონ მანდელას, რომელიც უკვე 22
წელია, რაც ციხეში ზის. მედალი „პლაია ხირონი“ კუბაში მყოფ
„კონგრესის“ გენერალურ მდივანს, ბატონ ალფრედ ნზოს
გადაეცა. კუბის პოლიტბიუროს დეპუტატმა ხესუს მონტანემ
განაცხადა, რომ „მანდელა თავისუფლებისკენ დაუოკებელი
ლტოლვის ნათელი მაგალითია“.

186
23 ივნისი, 1984
მაკი და დუმანი მოვიდნენ 40 წუთით.
16 ივლისი, 1984
„კეიპ თაიმსი“: ალან ჰენდრიქსმა განაცხადა, რომ ნელსონ
მანდელა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი,
დროა, გათავისუფლდეს. „თუ მან მართლაც ჩაიდინა
დანაშაული, 22 წელი საკმარისზე დიდი სასჯელია“.
18 ივლისი, 1984
„სთარის“ გამოწერა კიდევ 6 თვით გავახანგრძლივე. 95.28
რანდი.
5 აგვისტო, 1984
ზამი დაბრუნდა და ორ 40-წუთიან შეხვედრაზე ჩაეწერა.
მარიეტამ[20] მოიყვანა. მითხრა, რომ შენაზმა რამდენიმე
წერილი მომწერა. არც ერთი მათგანი არ მიმიღია.
12 აგვისტო, 1984
„სანდეი ექსპრესი“: ჟუბერ მალერბი: ჯიმი კლიფმა განაცხადა,
რომ მანამ არ დაბრუნდება სამხრეთ აფრიკაში, სანამ იქ
უმრავლესობის ნება არ გაიმარჯვებს. ეს პირობა მან სამხრეთ
ლონდონში, კრისტალ პალასის საკონცერტო დარბაზში
მიმდინარე ნელსონ მანდელას საპატივცემულოდ გამართულ
ყოველწლიურ კონცერტზე დადო.
5 000 ადამიანი შეიკრიბა საღამოზე, სადაც კლიფის გარდა
სამხრეთაფრიკელი მესაყვირე ჰიუ მასეკელა, რამდენიმე
აფრიკული ბენდი და ბრიტანული ჯგუფი „ასვადი“
გამოვიდნენ.
28 აგვისტო, 1984
სისხლი შარდში.
30 აგვისტო, 1984
მაიორმა ბურგერმა წნევა გამიზომა: 140/80
5 სექტემბერი, 1984
ბალანსი: 560.77 რანდი. კონსულტაცია უროლოგთან. ექიმმა
ლუბშერმა შარდის ანალიზი გააკეთა და მასში სისხლის
არსებობა დაადასტურა. რენტგენი გადამიღეს და დაადგინეს,

187
რომ თირკმლის პრობლემა მაქვს, თუმცა რა ხასიათისაა ის, ჯერ
არ იციან. ხვალ საავადმყოფოში გადამიყვანენ, სადაც
გამოკვლევა გაგრძელდება.
6 სექტემბერი, 1984
საავადმყოფოში სრული გამოკვლევა ჩამიტარეს. ერთ
თირკმელზე და ღვიძლზე ცისტოიდური წარმონაქმნები
აღმომაჩნდა. გამოკვლევები უნდა გაგრძელდეს.
12 სექტემბერი, 1984
ვუდსტოკის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც უშუალოდ
თირკმლების პრობლემებს გამოიკვლევენ.
1 ნოემბერი, 1984
მედდა დუ ტუამ წნევა გამიზომა: 170/100
„კეიპ თაიმსი“: „როგორ გადაერთო „აფრიკის ეროვნული
კონგრესი“ შეიარაღებული ბრძოლის პოლიტიკაზე“. ენდრიუ
პრაიორი. პოლიტიკური ანალიტიკის დეპარტამენტი.
14 ნოემბერი, 1984
სოლ პლაატიე, სამხრეთაფრიკელი ნაციონალისტი 1876 - 1932
(ავტორი: ბრაიან ვილანი)
12 დეკემბერი, 1984
შედეგები: ექვსივე საგანში ჩავიჭერი.[21]
1 იანვარი, 1986
პოლკოვნიკმა მარქსმა ციხის ბაღებში გადამიყვანა. საათ-
ნახევრის განმავლობაში ვათვალიერებდი იქაურობას.
საინტერესო ფრინველები ვნახე. მოგვიანებით ჩემი 4 მეგობარი
შემომიერთდა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ერთად
ვიყავით და წავიხემსეთ.
4 იანვარი, 1986
ბაღებში ლეიტენანტმა ბარკჰუიზენმა გადამიყვანა. 1 საათი
გავატარე იქ და პომიდვრებით სავსე ჩანთით დავბრუნდი.
6 იანვარი, 1984
1.11.85. წონა - 72 კგ; სიმაღლე - 180 სმ.[22]
12 იანვარი, 1986

188
ლეიტენანტმა ბარკჰუიზენმა ციხის ბაღებში გადამიყვანა,
სადაც ერთი საათი გავატარე. ბრიგადირი მანრო
გვაფრთხილებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, გზატკეცილს არ
მოვუახლოვდეთ.
14 იანვარი, 1986
ჩემს საკანში კედლებს ღებავენ, ამიტომ გვერდით საკანში
გადამიყვანეს.
23 იანვარი, 1986
შემატყობინეს, რომ ჩემი თხოვნა შტეფსელის, ტაფისა და
ელექტროჩაიდნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. იმის უფლებაც
არ მომცეს, რომ ჩემს ოპერაციაში მონაწილე ექიმებს საჩუქრად
წიგნები გავუგზავნო.
ვნახე კინოფილმი „სოფის არჩევანი“.
28 იანვარი, 1986
ბიბლიოთეკაში რამდენიმე ფილმი ვნახე: 1. ტერორისტები და
მძევლები; 2. სტუდენტები მოსკოვში; 3. მაორის ტომის ქალები;
4. ანიმაცია
31 იანვარი, 1986
პასუხისმგებელმა ოფიცერმა 12.15 საათზე პრეზიდენტ ბოთას
გამოსვლის ასლი გადმომცა. 3.15 საათზე ოთხ მეგობართან 40-
წუთიანი კონსულტაცია მქონდა.
1 თებერვალი, 1986
სამსაათიანი კონსულტაცია ჯორჯ ბიზოსთან. ყველა
ჩვენგანთან საუბარი 14 თებერვალს შედგება. ვითხოვეთ, რომ
მისთვის ხელის ჩამორთმევა სხვებსაც შეძლებოდათ. უარი
გვითხრეს.
5 თებერვალი, 1986
ზენის დაბადების დღე ცხვრის ხორცის კონსერვით აღვნიშნეთ.
40-წუთიანი საუბარი ვალტერ სისულუსთან.
7 თებერვალი, 1986
„ამადეუსი“ ვნახე. ამაღელვებელი ისტორიაა, მაგრამ
დასასრული არ მომეწონა.

189
12 თებერვალი, 1986
2 საათზე ოდნავ მეტი გავატარე რეიმონდ ნდობესთან ერთად.
66 წლის გახდა. ერთად ვისადილეთ და ტორტიც გავჭერით.
ვთხოვე მას, რომ ჯორჯ ბიზოსთან საუბარი ერთად
განგვეხილა.
21 თებერვალი, 1986
ზამი და ზინძი მოვიდნენ. 80 წუთი ვისაუბრეთ, შემდეგ კი
ბრიგადირი მანრო მეწვია. შემდეგი 45 წუთი ძალიან
მნიშვნელოვან ფიგურასთან - გენერალ ობასანჯოსთან ერთად
გავატარე. ვნახე ფილმი „ძმა საზღვარზე მიდის“.
5 აპრილი, 1986
ვალტერ სისულუ და მე დიდეკასა და ნდობეს მეჯვარეები
ვართ. რიტუალი ეპისკოპოსმა სიგიბო დვანემ ჩაატარა.
ყველაფერ ამას მისის სალი, ბრიგადირი მანრო და ვორენტ-
ოფიცერი გრეგორი ესწრებოდნენ.
მუზი და ზენი მოვიდნენ. 80 წუთი ვისაუბრეთ.
8 აპრილი, 1986
ზამი და ნომოსკო მოვიდნენ 40 წუთით და შემატყობინეს, რომ
წინა დღეს საბათა გარდაიცვალა. ზამი მის ოჯახს
შეატყობინებს და შეეცდება, რომ ზამბიიდან მის
გადმოსვენებას უხელმძღვანელოს.[23]
15 აპრილი, 1986
ვნახე ტრაგედია „პოლ ჯეიკობი და ბირთვული დაჯგუფება“,
ასევე „ელექტრო ბუგი“, ახალი ცეკვის შესახებ.
18 აპრილი, 1986
ვნახე ფილმი „დაკარგული“, ასევე 1974 წლის მატჩი „ლომებსა“
და „ქურციკებს“ შორის, რომელიც „ლომებმა“ 12 - 3 მოიგეს.
5 მაისი, 1986
პარლამენტის წევრი ჰელენ სუზმანი და ტიაან ვან დერ მერვე
მეწვივნენ. 9.30-დან 11.55-მდე ვისაუბრეთ - ძირითადად,
პოლიტიკურ საკითხებზე.
6 მაისი, 1986
ბრიგადირი მანრო მატყობინებს, რომ გენერალ ვენტერს უფრო

190
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება სურს ბამბილანგასა და
დალივონგას შესახებ.
16 მაისი, 1986
ინტერვიუ „თანამეგობრობის გამოჩენილი ადამიანების
ჯგუფის„ ყველა წევრთან.
28 მაისი, 1986
მარია ანგელუს ფილმი „მე ვიცი, რატომ მღერის ჩიტი გალიაში“.
16 ივნისი, 1986
მესიზმრა, რომ ზამი მოსამართლე გახდა. მანდელასა და
თამბოს საქმეზე გამოჩნდა და ბრალდებულის დაუსწრებლად
მიიღო გადაწყვეტილება.
17 ივნისი, 1986
ვორენტ-ოფიცერმა გრეგორიმ საკმაოდ უხეშად მითხრა, რომ
წერილი, რომელიც მან შეცდომით სხვაგან დადო, ვეღარ
დაბრუნდება და დაამატა, რომ პასუხს მას ამისათვის ვერავინ
მოსთხოვს.
18 ივნისი, 1986
ვორენტ-ოფიცერ გრეგორის თაობაზე მაიორ ვან სიტერთან
მქონდა საუბარი. მაიორი დამპირდა, რომ, როგორც კი გრეგორი
გამოჩნდება, ამ საკითხს გაარკვევს.
25 აგვისტო, 1986
მაიორმა ბურგერმა წნევა გამიზომა. 140/80
4 სექტემბერი, 1986
მამა მაიკლ ოსტინი იოჰანესბურგიდან: „როგორ ვიცხოვროთ
ისე, როგორც ქრისტე ცხოვრობდა“.
წნევა - 120/70. გამიზომა მაიორმა ბურგერმა.
5 სექტემბერი, 1986
მამა მაიკლ ოსტინი: ლოიოლამ თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი,
თუ მას ეტყვიან, რომ მალე მოკვდება, ის ბანქოს თამაშს თავს
მაინც არ დაანებებს.
10 სექტემბერი, 1986

191
ზონდო სიბუსისო, სიფო ბრიჯეტ კულუ და კლერენს ლაკი პაი
სიკვდილით დასაჯეს.
1 ოქტომბერი, 1986
ტელევიზორი მომიტანეს. პროგრამა მხოლოდ 4.00-დან 6.45-
მდე გადმოიცემა.
8 ოქტომბერი, 1986
ახალი, უკეთესი ხარისხის ანტენა მომიტანეს.
10 ოქტომბერი, 1986
შეხვედრა დალივონგასთან. მასთან ერთად არიან ტრანსკეის
კონსული ჰ.ტ. მპუნზი და ნელსონ მაბუნუ.
19 ოქტომბერი, 1986
პრეზიდენტი ზამორა მაშელი სამხრეთ აფრიკისა და
მოზამბიკის საზღვარზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
20 ოქტომბერი, 1986
რადიოში მოზამბიკის პრეზიდენტის, ზამორა მაშელის
დაღუპვის შესახებ გამოაცხადეს. განცხადებებს აკეთებენ
თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრები, ასევე საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილე.
11 დეკემბერი, 1986
ზინძის დაბადების დღის მისალოცი გავუგზავნე. ჯიმი და კონი
მესიზმრნენ[24]. ჯიმი მე და ზამის გვესტუმრა, ჩვენ კი ის
შვებულების ერთად გასატარებლად დავპატიჟეთ. მესიზმრა
ასევე, რომ მისტერ სიდელსკის ჩემთვის სამსახურის პოვნა
ვთხოვე.
26 დეკემბერი, 1986
დღე კოლეგებთან ერთად გავატარე. ერთად ვისადილეთ.
სასიამოვნო დღე იყო.
27 იანვარი, 1987
ზამისთვის გაგზავნილი წერილი დაიკარგა. ახსნა-
განმარტებები არ მაკმაყოფილებს.
18 თებერვალი, 1987
დღეში 1 ლიტრი რძის სმა დავიწყე.

192
20 თებერვალი, 1987
წნევა - 120/80
23 თებერვალი, 1987
თემბის დაბადების დღე ხილის ტორტითა და მიწის თხილით
აღვნიშნეთ.
4 აპრილი, 1987
ექიმმა მარშალმა გამსინჯა: მარჯვენა თვალზე პრობლემა მაქვს.
ვერაფერს ვხედავ.
8 აპრილი, 1987
კონსულტაცია პროფესორ ვან როოიენთან, ტიგერბერგის
საავადმყოფოში. თვალზე ოპერაცია გამიკეთეს და ახალი
ლინზები მირჩიეს. ერთ კვირაში კიდევ ერთი შემოწმება უნდა
გავიარო.
20 აპრილი,1987
ქალთა სექციიდან 4 მეგობარი მეწვია.[25] 2 საათი ვისაუბრეთ.
22 აპრილი, 1987
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ჟურნალისტმა ჯიმ
ფიშმა გამოაცხადა, რომ ჯო სლოვო „უმხონტო ვე სიზვეს“
ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გადადგა.
კომენტარს ჯონ ბარატი აკეთებს.
კონსულტაცია პროფესორ ვან როოიენთან, ტიგერბერგის
საავადმყოფოში. დამატებითი ლაზერული თერაპია მარჯვენა
თვალზე. შედეგებს ერთ თვეში ნახავს.
23 აპრილი, 1987
შეხვედრა საპატიმროთა კომისარ ვილემსესთან. ჩემს ოჯახზე
განხორციელებულ ძალადობაზე ვესაუბრები.
9 ივლისი, 1987
დაკარის კონფერენცია დაიწყო. მონაწილეობს „აფრიკის
ეროვნული კონგრესი“ და სამხრეთაფრიკელი ახალგაზრდების
ჯგუფი.
14 ივლისი, 1987
კონსულტაცია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტ დე ჰაანთან:

193
მარჯვენა ყურის ქვეშ ტკივილები მაქვს. შემოწმების შედეგად
არანაირი განსაკუთრებული ანომალია არ აღმოუჩენიათ.
6 აგვისტო, 1987
აიეშას დაბადების დღე: დილის 9.20-ზე სერჟანტი ბრანდი მისი
გარდაცვალების შესახებ მატყობინებს. ამინსა და ბავშვებს
დაუყოვნებლივ გავუგზავნე დეპეშა.
19 აგვისტო, 1987
წონა - 67 კგ: ტანსაცმლის გარეშე.
ახალი სამართებელი.
20 აგვისტო, 1987
საკნის ზომები: 6.4 / 5.4 მეტრი.
22 აგვისტო, 1987
ერთსაათიანი შეხვედრა აჰმედ კათრადასთან მისი დაბადების
დღის აღსანიშნავად.
7 სექტემბერი, 1987
ვცდილობ, შაქარი საერთოდ აღარ მივიღო.
12 სექტემბერი, 1987
ჩემი და, მეიბელი 40 წუთით მოდის. 120 რანდი მივეცი.
26 სექტემბერი, 1987
ზამის დაბადების დღე ცხვრის ხორცის კონსერვით და ხილის
ნამცხვრით აღვნიშნე.
27 დეკემბერი, 1987
ჰარბიმ შემატყობინა, რომ სოვეტოში ჩვენი ახალი სახლი
ააფეთქეს. ვალტერ სისულუს 40 წუთის განმავლობაში
ვესაუბრე.
5 ივნისი, 1988
კონსულტაცია ექიმ შაპიროსთან, ლავიწის ძვლისა და მარჯვენა
ფეხის ტკივილის გამო. რენტგენის შედეგად არაფერი
გამოჩნდა, თუმცა შარდში სისხლი მაინც მაქვს. უროლოგთან
მისვლა მირჩია. წონა: 72.5 კგ.
12 აგვისტო, 1988

194
საღამოს 10 საათზე ტიგერბერგის საავადმყოფოში დამაწვინეს.
პროფესორმა როსსენსტრაუხმა გამსინჯა.
13 აგვისტო, 1988
მთავარმა თერაპევტმა, პროფესორმა დე კოკმა გამსინჯა.
ტუბერკულოზი და პლევრიტი დამიდგინეს.
17 აგვისტო, 1988
ენტონი სიმონსი მეწვია.
24 აგვისტო, 1988
წონა: 71 კგ. ექთანი ილეინ კერნსი 25 აგვისტოდან
შვებულებაში გადის.
ახალი პიჟამა და სანდლები.
25 აგვისტო, 1988
წონა: 70.3 კგ.
27 აგვისტო, 1988
წონა: 71.5 კგ. მედდა დე გაალი შვებულებაში გადის.
10 სექტემბერი, 1988
გამსინჯა ექიმმა სტოკმა. საჩუქრად მიწის თხილი მომიტანა.
11 სექტემბერი, 1988
ექიმმა სტოკმა კიდევ ერთხელ გამსინჯა. ანალიზები მედდა ე.
კერნსმა ამიღო (ადრე ნახსენებ ექთან კერნსთან კავშირი არ
აქვს). მედდა ლეტიცია ჯონსონი საღამოს მიღებს ანალიზებს.
მედდა მადლენ ვორსტერმა შოკოლადის ნამცხვარი მომიტანა.
12 სექტემბერი, 1988
წონა: 69.5 კგ.
14 სექტემბერი, 1988
მედდა კილასი პამი ერთკვირიან შვებულებაში მიდის.
20 სექტემბერი, 1988
ექიმმა სტოკმა გამსინჯა. ექთანი თი მეუბნება, რომ ლონდონში
მიემგზავრება თავისი ავადმყოფი დის სანახავად.
22 სექტემბერი, 1988

195
წონა: 70კგ. სისხლის ანალიზი მაიორმა ქლაინ ჰანსმა ამიღო.
დღეს ექიმი სტოკი საღამოს 5 საათზე მოვიდა. შეატყობინეს,
რომ ისევ ხველა დამეწყო. ვარწმუნებ, რომ ასე არ არის.
26 სექტემბერი, 1988
წონა: 71 კგ. ექიმმა სტოკმა გამსინჯა. 45 წუთით ბაღში გავედი.
ნისლიანი და ცივი ამინდია.
27 სექტემბერი, 1988
ექიმმა სტოკმა გამსინჯა, როგორც ყოველთვის.
მედდა ქეი 25 აგვისტოს 21 წლის გახდა. მედდა ბრედლიმ
მომინახულა.
28 სექტემბერი, 1988
ციხის სამოსი მომიტანეს.
15 ოქტომბერი, 1988
ექიმმა სტოკმა გამსინჯა, როგორც ყოველთვის. პროფესორმა
დე კოკმაც მომინახულა.
ზამი, ზინძი, ლიბი, ზოზო და ზონდვა მოვიდნენ.
17 ოქტომბერი, 1988
გამოცდა სამხედრო სამართალში. ექიმმა სტოკმა დაახლოებით
5.30-ზე გამსინჯა.
24 ოქტომბერი, 1988
წონა: 71 კგ. ექიმმა სტოკმა გამსინჯა. 500 გრამი მიწის თხილი
და 100 გრამი ნუში მომიტანეს. ტუგერბერგის მთავარმა ექიმმა,
შტრაუსმა მომინახულა.
3 ნოემბერი, 1988
ექიმმა სტოკმა გამსინჯა. მაიორმა მარემ შემატყობინა, რომ
ტანსაცმლის შეძენის თხოვნა დაკმაყოფილებულია. წონა: 71
კგ.
19 ნოემბერი, 1988
ექიმმა სტოკმა გამსინჯა. მედდა რუთ სკოსანა ერთკვირიან
შვებულებაში მიდის.
21 ნოემბერი, 1988

196
წონა: 73 კგ. მედდა რეი სამკვირიან შვებულებაში გადის და
იოჰანესბურგში მიემგზავრება. ექიმმა სტოკმა გამსინჯა.
30 ნოემბერი, 1988
ექიმმა სტოკმა გამსინჯა. შემდეგ, ორჯერ დაბრუნდა, რათა
სისხლის ანალიზების პასუხები შეეტყობინებინა. ანალიზებმა
ვირუსული მენინგიტი აჩვენა.
7 დეკემბერი, 1988
საღამოს 9.30-ზე, კონსტანციაბერგის კლინიკიდან ვიქტორ
ვერსტერის ციხეში გადამიყვანეს.
23 დეკემბერი, 1988
7 საათი პოლსმოორის მეგობრებთან ერთად გავატარე.
25 დეკემბერი, 1988
ზამი, ზინძი, ზოზო და ორივე ზონდვა მოვიდნენ.
2 იანვარი, 1989
ბრიგადირი ტ.ტ. მატანზიმა მეწვია 09.15-დან 13.30-მდე.
17 იანვარი, 1989
ზამი და ზინძი მეწვივნენ 11.00-დან 13.15-მდე. ერთად
ვისადილეთ.
27 იანვარი, 1989
ტუბერკულოზის მკურნალობა დასრულდა.
24 თებერვალი, 1989
40 წუთით მისტერ სიდელსკი მეწვია. მისი მეუღლე და
ქალიშვილი შენობაში არ შემოუშვეს. მისი ვაჟი, ბერი ისრაელში
რელიგიის მინისტრია, მეორე ვაჟი, კოლინი კი სამხრეთ
აფრიკაში კომერციულ საქმიანობას ეწევა (უძრავი ქონების
აგენტი). 9.70 რანდი სერჟანტ გრეგორის მივეცი.
12 მარტი, 1989
დაბადების დღის მოსალოცი 674 ბარათი მივიღე „კეიპთაუნის
დემოკრატებისგან“.
15 მარტი, 1989
ტიჰოფოს ვიზიტი 11.15-დან 14.00-მდე.

197
16 მარტი, 1989
პროფესორმა ვან როოიენმა გამსინჯა. მარჯვენა თვალის
მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ოპერაცია საჭირო არ არის.
გამოვიარე ველინგტონი, ვორსესტერი, როსონვილი, ტალბაგი
და დუ ტუას გვირაბში გავიარე. ექიმმა ვან სეგელინმა
გამსინჯა. პოლსმოორის ციხეც მოვინახულე.
17 მარტი, 1989
ვილტონ მკვაი მეწვია 11.15-დან 13.30-მდე.
24 მარტი, 1989
მანდლა (შვლიშვილი) მეწვია 11.30-დან 13.30-მდე. სახაროვის
ჯილდო მომიტანა - მედალი თავისი საბუთით.
25 მარტი, 1989
ვონგა და მაფუ მეწვივნენ თავიანთ მეუღლეებთან ერთად. 400
რანდი ვონგამ მომცა, 200 რანდი - მაფუმ.
26 მარტი, 1989
მანდლა მეწვია 12.10-დან 13.50-მდე. 400 რანდი დავუბრუნე.
30 მარტი, 1989
პაარლის ეროვნული ბანკიდან მისის ენგელბრეხტი და მისტერ
ნელი მეწვივნენ. შენგეს (მანგოსუთუ ბუტელეზი) წერილი
გავუგზავნე.
21 აპრილი, 1989
ლონდონში ლეიბორისტული პარტიის მიერ გამოშვებული
დაბადების დღის მოსალოცი 57 ბარათი გადმომცეს.
31 მაისი, 1989
ზამის მოულოდნელი ვიზიტი. ვთხოვე, რომ სხვა დროს
სინძისთან ერთად მოვიდეს.
8 ივნისი, 1989
ამინა და იუსუფ კაჩალიები მესტუმრნენ 3 საათით.
9 ივნისი, 1989
გენერალი ვილემსე მეწვია. მნიშვნელოვან საკითხებზე
ვიმსჯელეთ.

198
14 ივნისი, 1989
მაიკ სოროუვი მეწვია.
მირჩია, მიმდინარე თვის 24-მდე არავის შევხვედროდი.
15 ივნისი, 1989
ვალტერ სისულუ მეწვია საათ-ნახევრით.
20 ივნისი, 1989
შემატყობინა, რომ გეგმა ჩაიშალა.
26 ივნისი, 1989
გენერალი ვილემსე და კიდევ ერთი პიროვნება მეწვივნენ 09.00-
დან 11.45-მდე.
4 ივლისი, 1989
მნიშვნელოვანი შეხვედრა მინისტრ კობი კოეტსისთან.
5 ივლისი, 1989
შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებასთან.
პოლიტიკაზე არ გვისაუბრია.
წნევა: 07.00-ზე - 170/100
16.45-ზე - 160/90
11 ივლისი, 1989
წნევა: 07.00-ზე - 180/90
14.30-ზე - 210/90
გენერალი ვილემსე და კიდევ ორი პიროვნება მეწვია. ბელადი
ჯოი და მისი ძმა 3 საათით მოვიდნენ.
13 ივლისი, 1989
წნევა: 07.00-ზე - 160/80
15.45-ზე - 170/90
მისის ჰელენ სუზმანი მეწვია
14 ივლისი, 1989
კათრადა, მპანდლა, მოკონი, ნდობე და ქამელა (სისულუ)
მოვიდნენ.

199
18 ივლისი, 1989
წნევა: 07.00-ზე - 170/80
71 წლის გავხდი. ზამი მოვიდა და ოჯახის თითქმის ყველა
წევრი მოიყვანა. არ არიან მხოლოდ ზენის ოჯახი და აიზეკი.
19 ივლისი, 1989
10.15-დან 15.45-მდე ვისეირნე.
2 აგვისტო, 1989
პოლსმოორიდან და რობენ-აილენდიდან მეგობრები მეწვივნენ.
5 საათი ვისაუბრეთ.
3 აგვისტო, 1989
ფატიმა მეერი მოვიდა.
4 აგვისტო, 1989
მისის სტელა სიკაუ მოვიდა.
8 აგვისტო, 1989
ბელადები ზალენქელე დალასილე და ფათეკილე ჰოლომისა
მეწვივნენ.
10 აგვისტო, 1989
მამფელა რამფელე 3 საათით მეწვია.
11 აგვისტო, 1989
სამსაათიანი შეხვედრა ოსკარ მფეტასთან პოლსმოორში.
12 აგვისტო, 1989
შემატყობინეს, რომ ოლივერ თამბომ ინსულტი გადაიტანა.
ლონდონში წაიყვანეს.
ზენი და ბავშვები არ მოსულან.
13 სექტემბერი, 1989
კგათო, ზონდი, მანდელა და ნდაბა მეწვივნენ.
20 სექტემბერი, 1989
წნევა: დილის 7 საათზე - 165/90
საღამოს 3.45-ზე - 160/80

200
ბატონი ფრედერიკ დე კლერკის ინაუგურაცია.
10 ოქტომბერი, 1989
წნევა: 180/90
გამოცხადდა, რომ ტიჰოფოსა და სხვების გათავისუფლება
იგეგმება.
კგათო მეწვია 07.15-დან 08.30-მდე.
მინისტრები კობი კოეტსი და დ. ვილიუნი მეწვივნენ.
11 ოქტომბერი, 1989
რენტგენი - ექიმი კაპლანი. „პაარლ როკზე“ ავედი.
13 ოქტომბერი, 1989
ჯეფ მასემოლა მეწვია 10.45-დან 16.00-მდე.
16 ოქტომბერი, 1989
როშელი მეწვია.
18 ოქტომბერი, 1989
თემბულანდიდან 7 ნათესავი და მეგობარი მეწვია.
19 ოქტომბერი, 1989
4 მეგობარი და ნათესავი მეწვია. ზამის წერილი გადმომცეს.
26 ოქტომბერი, 1989
სირილსა და მერფის ვესაუბრე.
29 ოქტომბერი, 1989
7 პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის, გოვან მბეკი. საზეიმო
დემონსტრაცია.
31 ოქტომბერი, 1989
ზამი, ზინძი და პატარა მეწვივნენ.
10 ნოემბერი, 1989
რობენ-აილენდიდან 5 მეგობარი მეწვია.
28 ნოემბერი, 1989
მერი ბენსონი 70 წლის გახდა.

201
13 დეკემბერი, 1989
შეხვედრა პრეზიდენტ ფრედერიკ დე კლერკთან. საუბარი
თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
29 დეკემბერი, 1989
წნევა: 07.00 – 160/9008.30 – 140/8016.00 – 160/80
ლალუ ჩიბა, რეგი ვანდეიარი და შირიშ ნანაბაი მეწვივნენ.
30 დეკემბერი, 1989
ქამელასა და ნციკის ვესაუბრე.
31 დეკემბერი, 1989
წნევა: 07.00 – 155/8015.45 – 140/80
„ვიქტორ ვერსტერის“ ციხეში ყოფნის დროს მანდელა უკვე
პატიმრობასა და გათავისუფლებას შორის გარდამავალ ეტაპზე
იყო. 1990 წლის 13 იანვარს მან, როგორც პატიმარმა, თავის
კალენდარში უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა:
შემოსასვლელში იხვების გუნდი შემოვიდა. იმდენად თამამად
შემოაბიჯეს, რომ ალბათ ვერ მამჩნევენ. მამლები უფრო ღია
ფერისანი არიან და ძალიან ღირსეულად უჭირავთ თავი.
რამდენიმე წუთში მათ შემამჩნიეს. შეეშინდათ, მაგრამ ესეც
ღირსეულად მიიღეს. მიუხედავად ამისა, თავს უხერხულად
გრძნობენ და ეს ადვილი შესამჩნევია. ცოტათი ვნერვიულობ,
რადგან მალე ალბათ ხალიჩას წამიბილწავენ, მაგრამ მაინც
სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ აშკარად ეტყობათ:
სინდისი აწუხებთ. მოულოდნელად ისინი ყივილს იწყებენ და
ერთბაშად გარბიან სახლიდან. ამოვისუნთქე. ისინი ჩემს
შვილიშვილებზე გაცილებით უკეთესად იქცევიან.

ნაწილი მეოთხე. ტრაგიკომედია


პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ნელსონ მანდელას
საოცრად გადატვირთული ცხოვრება ჰქონდა. ის „აფრიკის
ეროვნულ კონგრესში“ ორგანიზაციული საკითხებით იყო
დაკავებული, აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ემზადებოდა
არჩევნებისთვის, პრეზიდენტის რანგში მართავდა ქვეყანას,
მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, როგორც მისი ასაკის
ყველაზე ცნობილი ლიდერი და, ამავე დროს, ცდილობდა,
გადაეტანა ის ტკივილი, რომელიც მას ვინისთან განშორებამ

202
მოუტანა. მანდელა ძალზე ჩაკეტილი ადამიანი იყო და პირად
ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის გაურბოდა. საკუთარი
თავისთვის დრო ძალიან იშვიათად რჩებოდა. მისი განცდები
ნათლად არის ასახული იმ ჩანაწერებში, რომლებსაც ის ამ
პერიოდში აკეთებდა.
1990-1994 სამხრეთ აფრიკისთვის ძალიან მძიმე წლები იყო.
პოლიტიკურ ძალადობას ათასობით ადამიანი შეეწირა.
სებოკენგში, ბოიპატონგსა და ბიშოში მომხდარი ხოცვა-
ჟლეტის მსგავსი ტრაგედიები ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
გარდა ამისა, არსებობდა საშიშროება იმისა, რომ ქვეყანაში
მემარჯვენეები და სამხედროები გადატრიალებას
მოახდენდნენ. შერიგების პროცესსა და მოლაპარაკებებს
პრაგმატიზმი ამოძრავებდა. ავტორიზებული ბიოგრაფიის
თაობაზე აჰმედ კათრადასთან და რიჩარდ სტენგელთან
მიმდინარე საუბრები სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც
მანდელა ან ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა
(1994 წლამდე), ან მას პრეზიდენტის რანგში მართავდა (1994-ს
შემდეგ). ეს დიალოგი მას აშკარად სიამოვნებდა: ზოგჯერ
იმაზე საუბრობდა, თუ როგორ გახდა საშინელი ძალადობის
მსხვერპლი, ზოგჯერ კი წარსულს იხსენებდა და დროდადრო
იცინოდა კიდეც. ერთხელ მან დაამთქნარა და თქვა, რომ უკვე
თვალები ეხუჭებოდა.
ციხეში გატარებულ წლებს ნელსონ მანდელა ერთგვარი
ნოსტალგიით იხსენებს. ყოველდღიურობა. მეგობრობა.
გაკვეთილები. წიგნების კითხვა და გამოცდებისთვის მზადება.
წერილების წერა. ფიქრი. ამ ყველაფერთან ერთად ის ერთი
ჩვეულებრივი პატიმარი იყო. საპატიმროდან გამოსვლის
შემდეგ ის ხშირად ხუმრობდა, რომ ჯერ კიდევ ციხეში იჯდა.
თითით მიანიშნებდა თავის პირად ასისტენტებზე და ამბობდა:
„აი ამათ ვყავარ დაპატიმრებული“.

თავი მეთორმეტე. იატაკქვეშეთიდან სასწაულამდე


მოწინააღმდეგის ძალას ჯეროვნად ვაფასებთ. თავის დროზე ის
მამაცურად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ, რის გამოც დიდი
პატივისცემა და აღტაცება დაიმსახურა. მაგრამ, ამის შემდეგ,
მათ მთავარი რამ გაუხდათ დასაცავი - თავიანთი
დამოუკიდებლობა. ახლა კი პოზიციები შეიცვალა - მჩაგვრელი
საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაშია, მსოფლიოსგან კი –
იზოლირებული. აქედან გამომდინარე, ამ კონფლიქტის შედეგი

203
სრულიად განსხვავებული იქნება და ეს დღესავით ნათელია.
ნაწყვეტი ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი
ავტობიოგრაფიიდან.
1. ციხეში დაწერილი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიიდან:
მოწინააღმდეგის ძალას ჯეროვნად ვაფასებთ. თავის დროზე,
ის მამაცურად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ, რის გამოც დიდი
პატივისცემა და აღტაცება დაიმსახურა. მაგრამ ამის შემდეგ
მათ მთავარი რამ გაუხდათ დასაცავი - თავიანთი
დამოუკიდებლობა. ახლა პოზიციები შეიცვალა - მჩაგვრელი
საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაშია, მსოფლიოსგან კი
იზოლირებული. აქედან გამომდინარე, ამ კონფლიქტის შედეგი
სრულიად განსხვავებული იქნება და ეს დღესავით ნათელია.
ცხოვრების ბორბალი ძველებურად ტრიალებს, აუტშუმაიოსა
და ალბერტ ლუთულის მსგავსი გმირები კი, ისევე როგორც
ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა, ბოლო სამი საუკუნეა
თავისუფლებისთვის იბრძვის. კარი დიდი ბოქლომით არის
ჩაკეტილი, მაგრამ ჩვენ მისი მორყევა უკვე შევძელით და იმის
იმედიც გაგვიჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ კარს ფართოდ
გავაღებთ, რათა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი
თანასწორი გახდეს.
2. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ორატორული მონაცემების
შესახებ:
სტენგელი: ბევრი ამბობს, რომ თქვენი გამოსვლები უემოციოა.
მანდელა: ახლა სხვა კლიმატია. ჩვენ ვცდილობთ, პრობლემა
მოლაპარაკებების გზით მოვაგვაროთ, ამიტომ ემოცია საჭირო
არ არის. ადამიანებთან მშვიდად არის საჭირო საუბარი, რათა
მათ წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, თუ როგორ შეგიძლია
საკუთარი აზრის გამოთქმა. მხოლოდ ამის შემდეგ
ჩამოუყალიბდებათ მათ აზრი იმაზე, თუ რამდენად მზად ხარ
კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად. მასებს სჭირდებათ
ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ვისი
სიტყვებიც კარგად არის აწონ-დაწონილი. მათ სწორედ ეს
მოსწონთ და ამიტომ ვარიდებ თავს ემოციურ ლაპარაკს. მე არ
მსურს, რომ ხალხი აღეგზნოს. მე მსურს, რომ მათ კარგად
გაიგონ რისთვის ვიბრძვით და მსურს, მათ შემრიგებლური
სულისკვეთება შთავუნერგო.

204
სტენგელი: რამდენად შეიცვალა თქვენი გამოსვლების სტილი
მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოხვედით?
მანდელა: უფრო რბილი და დინჯი გავხდი, ეს ნათელია
როდესაც. ახალგაზრდა ვიყავი, უფრო რადიკალური იდეები
მქონდა და ყველას ვებრძოდი. ახლა კი ქვეყნის მართვაა
საჭირო და ემოციური სიტყვები არავის სჭირდება.
3. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
ორგანიზაციის ლიდერები თანხმდებიან, რომ
კონსტრუქციული კრიტიკა, რაოდენ მძაფრიც არ უნდა იყოს ის,
შიდა პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე
ეფექტური მეთოდია. ნებისმიერი საკითხის განხილვისას
ორგანიზაციის ყველა წევრის მოსაზრება უნდა იქნას
გათვალისწინებული და ამისათვის სწორედ კრიტიკაა საჭირო.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი აზრის თავისუფლად
გამოხატვა საშიში არ არის.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ლიდერი ზედმეტად
მგრძნობიარე იყოს კრიტიკის მიმართ და დისკუსიების დროს
სკოლის დირექტორს ჰგავდეს, რომელიც ნაკლებად
ინფორმირებულ და გამოუცდელ მოსწავლეებს ესაუბრება. ის
აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას ყველანაირად უნდა
უწყობდეს ხელს. არავინ არასოდეს არ უნდა აყენებდეს
ეჭვქვეშ სხვა ადამიანის გულწრფელობას, იქნება ის ლიდერი
თუ ორგანიზაციის რიგითი წევრი.
4. საუბარი რიჩარდ სტენგელთან მეუღლესთან დაშორების
შესახებ
არა, მე ამ საკითხზე დეტალურად არასოდეს ვისაუბრებ.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვინის პირად ურთიერთობებში
უთანხმოების გამო დავშორდი.
5. პირადი ჩანაწერებიდან
დაღუპულთა რაოდენობა სანივილში, კუგერსდორპი.
სემ ნტულის დასაფლავების ცერემონიალზე, დღისით-მზისით,
18 კაცი მოკლეს.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ნათელი ხდება, რომ „ეროვნულმა
პარტიამ“ და რეჟიმმა ძალიან კარგად იციან თუ ვინ არის
მკვლელი, რატომ ხოცავენ ისინი უდანაშაულო, დაუცველ

205
ხალხს და ვინ უხდის მათ ფულს ამისთვის?
რატომ არ გაგზავნეს იქ 32-ე ბატალიონი?
6. პირადი ჩანაწერებიდან. ფიქრები მოლაპარაკებების შესახებ:
1)მოლაპარაკებების დაწყება
2)პოლიტიკური პატიმრები შობამდე უნდა გაათავისუფლონ.
7. პირადი ჩანაწერებიდან:
იფიქრე ტვინით და არა სისხლით.
8. პირადი ჩანაწერებიდან:
აფრიკის კონტინენტზე კარგად ესმით, რამხელა მნიშვნელბა
აქვს გარემოს დაცვას, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ
პრობლემების უმეტესობა მოსახლეობის სიღარიბიდან და
განათლების ნაკლებობიდან იღებს სათავეს. აფრიკას არ
გააჩნია არც რესურსები და არც გამოცდილება საიმისოდ, რომ
ჰაერის დაბინძურებას, ტყეების გაჩეხვასა და მსგავს
პრობლემებს ებრძოლოს.
არც ერთი საკითხი არ უნდა განვიხილოთ განცალკევებით,
რადგან მსოფლიო ერთია და დედამიწაც ერთია. სიტუაციას
მდიდარი ქვეყნები აუარესებენ: ისინი აფრიკელთა სიღარიბეს
ბოროტად იყენებენ და ტოქსიკური ნარჩენები ჩვენს
კონტინენტზე გადმოაქვთ. ისინი ამაში ფულს იხდიან,
შედეგად კი აფრიკის მოსახლეობა ზარალდება.
9. პირადი ჩანაწერებიდან:
არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი უმთავრესი რამ: ამ
ურთულეს მოლაპარაკებებში წინსვლას მხოლოდ იმ
შემთხვევაში გავაგრძელებთ, თუ გავაცნობიერებთ, რომ
თავისუფლება არასოდეს მიიღწევა ერთი ადამიანის
ძალისხმევით. თავისუფლება - კოლექტიური მცდელობის
შედეგია.
10. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ
პიროვნებასთან და ორგანიზაციასთან მქონია შეხება და
აღმოვაჩინე, რომ ყველგან არსებობენ კარგი ადამიანები,
იქნებიან ეს თეთრკანიანები, ფერადკანიანები თუ ინდიელები,
რომლებსაც გულწრფელად სურთ საკუთარი ცხოვრებით

206
ცხოვრება. ისინი მშვიდობისა და სტაბილურობისათვის
იბრძვიან, სურთ, რომ ჰქონდეთ კარგი სახლი და ღირსეული
შემოსავალი, სურთ, ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ შვილები
საუკეთესო სკოლებში ატარონ და პატივს სცემენ
საზოგადოებრივ წყობას და საზოგადოების სხვა წევრებს.
11. პირადი ჩანაწერებიდან:
21.9.92
ტროიკა, გამოძიება, მასობრივი აქციები.
ბრალდება, ეკონომიკის საკითხები, შავკანიანთა
საზოგადოებრივი წყობა.
სხდომათა ოთახი 13.00 საათამდე უნდა დასუფთავდეს.
12. პირადი ჩანაწერებიდან:
მომავალში უფრო ადრე უნდა მოხვიდე.
უფრო მეტი ძალისხმევა ერთიანობისთვის.
ზოგიერთი ორგანიზაციის დამცირებისთვის წამოწყებული
საქმე.
თავდასხმა ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც თავდაცვის
საშუალება არ აქვს.
განხილვა.
მიღება.
ასობით ათასი.
ჰამფრი - ვიდეო.
კონსულტაცია ბელადებთან.
ბელადები პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები არ უნდა
იყვნენ.
(დეკემბერი 1991)
13. წერილი გრასა მაშელს.[26] 1992 წელი.
უცხო ქვეყნის აეროპორტში ბარგის დაკარგვა ალბათ ძალიან
მტკივნეულია. არც კი მსურს წარმოვიდგინო ის გრძნობა და
სირცხვილი, რაც უცხოელების წინაშე განვიცადე.
საბედნიეროდ, მე ამის შესახებ მხოლოდ შენი მოგზაურობის

207
ბოლო დღეებში შევიტყვე და თავი იმაზე ფიქრით დავიმშვიდე,
რომ სულ მალე დაბრუნდები ბავშვებთან.
მათ ალბათ, ძალიან ენატრები. შენი ძმისთვის
განსაკუთრებული ადამიანი ხარ და ის სულ შენზე ფიქრობს.
ორი დიდი ქალაქის მონახულება ალბათ ძალიან დამღლელია,
მაგრამ შენ განსაკუთრებული ადამიანი ხარ და იმის უნარიც
გაქვს, რომ ასეთი მძიმე ტვირთი იკისრო.
შენზე ვფიქრობ.
14. პირადი ჩანაწერებიდან. „კოდესას“[27] მოლაპარაკებების
დროს:
1) წინადადება ძალადობის შეწყვეტის შესახებ
2) მკვლელობების მიმართ გულგრილნი თუ ვიქნებით,
რეჟიმთან მოლაპარაკება როგორ უნდა გავაგრძელოთ?
3) შესაძლებელია, რომ „კოდესადან“ გამოსვლა წარმატებისკენ
უმოკლესი გზა იყოს?
4) შესაძლებელია...
15. პირადი ჩანაწერებიდან:
შეხვედრა ნატალის სამ რეგიონთან.[28]
ძალადობა: დაღუპულთა რაოდენობა
მარტი 140 ადამიანი
აპრილი 91
მაისი 79
ივნისი82
ივლისი 133
აგვისტო 52
დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი.
7 000 – დევნილი.
მცირერიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფები „აფრიკის
ეროვნული კონგრესის“ სახლებს ესხმიან თავს. მათი მთავარი
სამიზნე - „კონგრესი“ და მისი მოკავშირეები არიან.
უშიშროების ძალები საქმეში თითქმის არ ერევიან.

208
ავტომატურ იარაღს იყენებენ.
თავს ესხმიან მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც „კონგრესის“
ღონისძიებებზე დადიან.
ბანდიტური ჯგუფების მიერ ივნისში 119 ადამიანი იქნა
მოკლული, მათ შორის 45 - ნატალში.
16. პირადი ჩანაწერებიდან:
26.8.92
ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, მისთვის მთავარი
ეკონომიკა იქნება.
2 თვე გავიდა - ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.
სიტუაციის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება.
17. პირადი ჩანაწერებიდან:
ციხეში ვიყავი, როდესაც ის (რუთ ფერსტი) მოკლეს. თავი
მიტოვებულად ვიგრძენი. თანამებრძოლი დავკარგე.
ვერანაირ შვებას ვერ მგვრის ის ფაქტი, რომ მისი სახელი
სამუდამოდ დარჩება ისტორიაში.
ებრაელმა ქალბატონმა, რომელიც საკმაოდ წარმატებულ
ოჯახში გაიზარდა, თავის პრივილეგირებულ საზოგადოებაზე
გაცილებით მაღალი რანგი დაიკავა.
18. წერილი პრეზიდენტ ფრედერიკ დე კლერკს. დაწერილია
დაახლოებით 1992 წელს, ბიშოში მომხდარ ხოცვა-ჟლეტამდე
ერთი დღით ადრე.
გაეგზავნოს ბატონ ფრედერიკ დე კლერკს 07.30-ზე.
ის აზრი, რომელიც თქვენ გუშინ საღამოს გამართულ
შეხვედრაზე გამოთქვით, სრულებით არ შეესაბამება
თქვენსავე 1992 წლის 4 სექტემბერს გამოგზავნილი წერილის
შინაარსს.
წერილში თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ
ღონისძიებებს, რომლებიც 1992 წლის 7 სექტემბერს სისკეიში
იგეგმება. თქვენ ასევე ამბობთ, რომ თქვენი მთავრობა
მშვიდობიან დემონსტრაციებს არ ეწინააღმდეგება, თუ ისინი
„ეროვნული მშვიდობის შეთანხმებისა“ და „გოლდსტოუნის
კომისიის“ გადაწყვეტილების ფარგლებში ჯდება.

209
სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ აცხადებთ, რომ
ღონისძიებათა ორგანიზატორების მიზნებს მთავრობისთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს.
ამის შემდეგ თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერს აკეთებთ
დაგეგმილი ღონისძიების მშვიდობიან გარემოში
ჩასატარებლად და ამაში „აფრიკის ეროვნული კონგრესის“
მხარდაჭერა გჭირდებათ. მე პირადად შეგატყობინეთ თქვენ,
რომ მზად ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის.
ყველაფერი ეს ეხება იმ ღონისძიებებს, რომლებიც სისკეის
ფარგლებში ტარდება და არა მის ფარგლებს გარეთ.
უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პოზიცია დღეს კარდინალურად
შეიცვალა, რადგან ზემოთნახსენებ წერილში თქვენ არც
ერთხელ არ გიხსენებიათ, რომ ჩვენი მხრიდან მიღებული
მხარდაჭერის სანაცვლოდ, სისკეის საზღვრებთან ჯარების
განლაგებას, გზებზე ბარიკადების აღმართვასა და რეგიონში
საგანგებო ვითარების გამოცხადებას გეგმავდით. იმედი მაქვს,
კარგად გესმით, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ
დაძაბულობას ქმნის.
ანალოგიურად შემაშფოთებელია თქვენ მიერ გუშინ საღამოს
გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ სისკეის შიდა
საქმეებში ჩარევას არ აპირებთ, რაც ასევე ეწინააღმდეგევა 4
სექტემბრის წერილის შინაარსს. ასეთი წინააღმდეგობების
არსებობა ძალზე დასანანია, რადგან იქმნება შთაბეჭდილება,
რომ მე და თქვენ ერთმანეთთან გულწრფელნი არ ვართ.
მოგიწოდებთ, პატივი სცეთ 4 სექტემბრის შეთანხმებას და ნუ
გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც მშვიდობიანი
მოლაპარაკებებისთვის საჭირო კლიმატს ზიანს მიაყენებს. ამ
კლიმატის შესაქმნელად ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა
დაგვჭირდა.
გარდა ამისა, მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ
ვცნობთ ბანტუსტანების არსებობას და მათი სასამართლოების
გადაწყვეტილება ჩვენთვის ლეგიტიმური არ არის. იმედს
ვიტოვებთ, რომ დაძაბული სიტუაციის განმუხტვას ყველა
მხარე შეუწყობს ხელს და დაგეგმილი დემონსტრაციებიც
მშვიდობიანად ჩაივლის.
ჩვენ მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან მსვლელობას სათავეში
უდგანან გენერალური მდივანი სირილ რამაფოსა, ასევე კრის

210
ჰანი, გერტრუდა შოპე, რონი კასრილსი, რეიმონდ სუტნერი,
ტონი იენგენი და სხვები.
პატივისცემით,
ნელსონ მანდელა
„აფრიკის ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე
19. პირადი ჩანაწერებიდან:
ჩვენი ძალა დისციპლინაშია.
მშვიდობიანი პროტესტის უფლება
ეს დანაშაულებრივი ქმედება იყო.
დემოკრატიული ძალები.
შურისძიება არასწორია. მუდმივად მზადყოფნაში უნდა
ვიყოთ.
ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სამშვიდობო პროცესის
ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ
ვინმემ მშვიდობის ხელყოფაში დაგვადანაშაულოს.
20. პირადი ჩანაწერებიდან:
ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით
იგივეა, რაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში: მათს
კონსტიტუციაში ჩადებულია ნაციონალიზაციის პუნქტი,
რომელსაც მთავრობა საჭიროების შემთხვევაში მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი მათ უკვე ათწლეულებია, არ
გამოუყენებიათ.
სამხრეთ აფრიკის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია.
21. პირადი ჩანაწერებიდან:
ახლა ჩვენ ისეთ პერიოდს გავდივართ, რომ საჭიროა წარსულს
ჩამოვშორდეთ - მიდგომა უნდა შევცვალოთ.
ასეთ ვითარებაში ადამიანებს საკუთარი მომავალი ადარდებთ.
ისინი იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან საკუთარი თავი,
მეუღლე და შვილები. ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება პოლიცია,
რომელიც მოსახლეობის ფასეულობებს დაიცავს.
ჩვენ, ვინც აქამდე ვიბრძოდით, აუცილებლად უნდა
შევიცვალოთ.

211
ჩვენ იმ გარემოდან მოვდივართ, რომელშიც პოლიცია
მტრულად აღიქმებოდა. თქვენს გარემოში კი მთავრობა თქვენ
მმართველი პარტიის ინტერესების დასაცავად გიყენებდათ.
უეჭველია, რომ ბევრმა თქვენგანმა გააერთიანა ძალები
იმისათვის, რომ სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში
ჩამდგარიყო, მაგრამ მმართველმა პარტიამ თავისი თავი ამ
სახელმწიფოს სინონიმად აქცია.
ახლა კი ჩვენ ისეთი სახელმწიფოსკენ მივემართებით,
რომელშიც ყველას სურს, მისი ნაწილი იყოს. ამიტომ პოლიციას
ახლა თავისუფლად შეუძლია, ხალხი დაიცვას.
საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ყველა ის, ვინც პოლიციაში
იყო და ისინიც, ვინც მის გარეთ იყვნენ, ამას ერთად
გააკეთებენ.
უეჭველია, რომ მთავრობას ძირითადად „აფრიკის ეროვნული
კონგრესი“ დააკომპლექტებს. ჩვენ არ გვსურს წარსულის
შეცდომების გამეორება, ჩვენ არ გვსურს, რომ პოლიცია
„აფრიკის ეროვნული კონგრესის“ დამცველი იყოს.
პოლიცია ნეიტრალური უნდა იყოს პარტიის პოლიტიკის
მიმართ და დემოკრატიას უნდა იცავდეს.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდება. იდეალური
ვარიანტი იქნება, თუ ამ ცვლილებებს როგორც პოლიციის
წევრები, ასევე მის გარეთ მყოფი ხალხი განახორციელებს.
ამ ცვლილებების პროცესში ჩვენ „ეროვნული ერთიანობის
გარდამავალი მთავრობაც“ უნდა ჩავრთოთ და განსაკუთრებით
ეს პოლიციაში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება.
მხოლოდ ასე დარწმუნდებიან ისინი, რომ „აფრიკის ეროვნული
კონგრესი“ მათ აზრსაც ითვალისწინებს.
22. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
1959 წელს კრის ჰანი „ფორტ-ჰეას“ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
და გოვან მბეკის ყურადღება მიიქცია. გოვანმა ჰანის
პიროვნებად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლისას ეზიარა ჰანი
მარქსისტულ იდეებს და მაშინ უკვე კანონგარეშედ
გამოცხადებულ და იატაკქვეშა „სამხრეთ აფრიკის
კომუნისტურ პარტიას“ შეუერთდა. ის ყოველთვის ხაზს
უსვამდა, რომ მარქსიზმის იდეებმა მისი არარასისტული

212
თვალთახედვაც გააღრმავა. ჰანი პირდაპირი და თამამი
ახალგაზრდა იყო. ის არასოდეს ერიდებოდა კრიტიკას და
ხშირად საკუთარ პარტიასაც კიცხავდა იმის გამო, რომ ის
ჯეროვან ლიდერობას ვერ იჩენდა. მისი სიტყვებია: „სამოციან
წლებში, ბევრ ჩვენგანს პრობლემების არსი კარგად არ ესმოდა.
ჩვენ მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, დაახლოებით 20 -
22 წლის, და ერთი სული გვქონდა, როდის ჩავერთვებოდით
ნამდვილ ბრძოლაში. „ნუ გვეუბნებით, რომ გზები არ
არსებობს“, - ვამბობდით ჩვენ. „ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ
გზები. სწორედ ამისთვის გავიარეთ მომზადება“.
23. ტელემიმართვა სამხრეთ აფრიკის მოსახლეობისადმი, მას
შემდეგ, რაც 1993 წლის 10 აპრილს, იანუშ ვალუშმა კრის ჰანი
მოკლა:
ამ საღამოს მე გულის სიღრმიდან მივმართავ თითოეულ
სამხრეთაფრიკელს.
თეთრკანიანი ადამიანი, რომელიც სტერეოტიპებითა და
სიძულვილით იყო აღსავსე, ჩვენს ქვეყანაში მოვიდა და
იმდენად საშინელი საქმეები აკეთა, რომ ახლა მთელი ერი
კატასტროფის პირას არის მისული.
მაგრამ თეთრკანიანი იყო ის ქალბატონიც, რომელმაც
სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო იმისათვის, რომ ჩვენ დღეს
მკვლელის სახელი და გვარი გვცოდნოდა.[29]
კრის ჰანის ცივსისხლიანმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა და
მსოფლიო შოკში ჩააგდო. ის, რაც მოხდა, ეროვნული
ტრაგედიაა, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეძრა,
მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა თუ რასობრივი
კუთვნილებისა.
სწორედ ახლა დადგა იმის დრო, რომ ყველა სამხრეთაფრიკელი
გაერთიანდეს იმის გარშემო, რასაც კრის ჰანიმ საკუთარი
სიცოცხლე შესწირა. ეს არის თითოეული ჩვენგანის
თავისუფლება.
სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ჩვენი თეთრკანიანი
თანამემამულეები, რომელთაგანაც სამძიმრის წერილების ზღვა
მოედინება, ჩვენთან ერთად დადგნენ, გაითავისონ ის
უდიდესი დანაკარგი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და
სამგლოვიარო ცერემონიალში ჩვენთან ერთად მიიღონ
მონაწილეობა.

213
სწორედ ახლაა იმის დრო, რომ პოლიციამ გააზრებულად და
თავშეკავებულად იმოქმედოს, მოიქცეს როგორც ნამდვილი
პოლიცია, რომელიც მოსახლეობის სამსახურში დგას.
ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ ტრაგიკულ პერიოდში არც ერთი
ადამიანის სიცოცხლე აღარ უნდა დაიკარგოს.
ახლა ყოველი ჩვენგანისთვის გარდამტეხი მომენტი დგას.
ჩვენი გადაწყვეტილებები და მოქმედებები იქნება იმის
დასტური, რამდენად შეგვიძლია ჩვენი ტკივილი, მწუხარება
და რისხვა ერთი მთავარი მიზნისკენ მივმართოთ და ეს მიზანი
ხალხის მიერ და ხალხისთვის არჩეული მთავრობა უნდა იყოს.
ბევრია ისეთი, ვინც ომს აღმერთებს და ვისაც სისხლი სწყურია,
მაგრამ ჩვენ ვერ მივცემთ მათ იმის უფლებას, რომ ეს ქვეყანა
მეორე ანგოლად აქციონ.
კრის ჰანი ნამდვილი ჯარისკაცი იყო. მას რკინის დისციპლინის
სჯეროდა და თავის ვალდებულებებს ბოლომდე ასრულებდა.
მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო.
ნებისმიერი სახის უპასუხისმგებლობა მისი იდეალების
ფეხქვეშ გათელვის ტოლფასია. ისინი, ვინც ასე იქცევიან,
მკვლელების წისქვილზე ასხამენ წყალს და კრის ჰანის
ხსოვნას ბღალავენ.
თუკი ჩვენ, როგორც ერთი ერი, შეთანხმებულად, შეუპოვრად
და დისციპლინირებულად ვიმოქმედებთ, ვერავინ და
ვერაფერი შეგვაჩერებს.
მოდით, მშვიდობის სადარაჯოზე მდგარი ჯარისკაცის ხსოვნას
ჯეროვანი პატივი მივაგოთ. მოდით, ერთად ვიაროთ იმ გზით,
რომელიც დემოკრატიისკენ წაგვიყვანს - მიზნისკენ,
რომლისთვისაც კრის ჰანი მთელი თავისი ცხოვრების
განმავლობაში იბრძოდა. ეს უნდა იყოს ნამდვილი
დემოკრატია, რომელიც მშრომელ, ღარიბ, უმუშევარ და
საკუთარ მიწას მოწყვეტილ ხალხს ნამდვილ ცვლილებებს
მოუტანს.
24. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში ჰანი დაუღალავად
მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვადასხვა
სახის შეხვედრებს ესწრებოდა: სოფლების შეკრებებს,

214
პროფკავშირების წარმომადგენელთა დისკუსიებს და ასე
შემდეგ. ის მთელ თავის ავტორიტეტსა და სამხედრო
გამოცდილებას იმისთვის იყენებდა, რომ მოლაპარაკებების
ფორმატი დაეცვა, ხშირად ესაუბრებოდა სკეპტიკურად
განწყობილ ახალგაზრდებსა და ორგანიზაციების წევრებს,
რომლებიც მესამე ძალის მიერ განხორციელებული ძალადობის
მსხვერპლი იყვნენ...
კლაივ დერბი-ლიუისმა ერთხელ აღიარა, რომ მათი მიზანი
მოლაპარაკებების ჩაშლა, რასობრივი სიძულვილის გაღვივება
და სამოქალაქო ომის ატეხვა იყო. სამხრეთ აფრიკელთა
სიმწიფისა და ჰანის ხსოვნისადმი პატივისცემის
დამსახურებაა ის, რომ ბოლოს და ბოლოს ყველამ გაითავისა
მოლაპარაკებების გზით შერიგების მიღწევის აუცილებლობა.
25. პირადი ჩანაწერებიდან:
14.5.93
1. ჩვენი პრიორიტეტი - ჩაგრული ხალხისთვის დახმარების
გაწევაა.
მათი ცხოვრების გაუარესება თუ გაუმჯობესება იმაზეა
დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად თუ
წარუმატებლად ვიმოქმედებთ ჩვენ ამ მიმართულებით.
უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ ისინი პირველ
რიგში სახლებით უნდა უზრუნველვყოთ; ბოლო მოვუღოთ
უმუშევრობას, სასკოლო კრიზისს, სამედიცინო
დაწესებულებების ნაკლებობას.
2. უმცირესობა მომავალს ეჭვის თვალით უყურებს.
3. საფრთხე მემარჯვენეებისგან მოდის და არა შავკანიანი
მოსახლეობისგან.
26. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
საქმე ისაა, რომ კრის ჰანის ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ
სიცოცხლეში თვლიდა გმირად, ყველაზე პოპულარული კი ის
ახალგაზრდებს შორის იყო. მისი მკვლელობის შემდეგ ხალხში
ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი გაჩნდა და ჩვენი ამოცანა ის
იყო, რომ ეს უარყოფითი მუხტი ძალადობაში არ
გადაზრდილიყო. სწორედ ამიტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით
ვატარებდით დემონსტრაციებს და ხალხს საკუთარი

215
უარყოფითი ემოციების გამოხატვის საშუალებას ვაძლევდით.
ასე რომ არ მოვქცეულიყავით, მემარჯვენეები და მათი
თანამოაზრეები ბოლოს და ბოლოს საკუთარ მიზანს
მიაღწევდნენ და ქვეყანას რასისტულ ომში ჩაითრევდნენ,
რასაც, თავის მხრივ, აუარებელი ადამიანის სიცოცხლე
შეეწირებოდა. სწორედ ჩვენ მიერ გადადგმული სწორი
ნაბიჯების დამსახურებაა, რომ ეს ყველაფერი თავიდან
ავიცილეთ და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ცალკეული
შემთხვევები მაინც იყო, საერთო ჯამში დემონსტრაციებმა
კარგად ჩაიარა... ჩვენ ჰანის მკვლელებს გეგმები ჩავუშალეთ.
27. პირადი ჩანაწერებიდან:
გრასა მაშელი იოჰანესბურგში გავიცანი და შემდეგ მას იქ
კიდევ ორჯერ შევხვდი. ის ყოველთვის თავაზიანი,
თავმდაბალი და გულისხმიერი ადამიანი იყო. მაპუტუში კი,
სადაც ის 14 წლის განმავლობაში განათლებისა და კულტურის
მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, დღეს კი მოზამბიკის
პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებს განაგებს,
სრულიად განსხვავებული გრასა დამხვდა. ის კვლავაც
მომხიბვლელი და თავაზიანი იყო, მაგრამ ამავე დროს მკაცრი
და მომთხოვნი. პრეზიდენტ შისანოს ძალიან დიდ პატივს
ვცემდი.
28. პირადი ჩანაწერებიდან:
ხვალ, დილის 7 საათზე პიტერმარიცბურგში გავემგზავრები და
კვირას საღამოს დავბრუნდები. მესამე ძალის
წარმომადგენელმა უცნობმა ელემენტებმა, რომლებიც,
სავარაუდოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან არიან,
ცოტა ხნის წინ საგანგაშოდ დიდი რაოდენობის უდანაშაულო
მოქალაქეები დახოცეს, მათ შორის სკოლაში მიმავალი
ბავშვები. ეს მკვლელობა იოჰანესბურგში მოლაპარაკებების
დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ეჭვი გვაქვს, რომ ამ
ელემენტებს მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ და სწორედ
ამიტომ ცდილობენ ქვეყანაში სამოქალაქო ომის ატეხვას. ჩვენ
მიერ ჩატარებული გამოძიება ნათლად აჩვენებს, რომ
პოლიციის მიერ გავრცელებულ ვერსიასა და სინამდვილეს
შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.
29. პირადი ჩანაწერებიდან:
მეგობრებისთვის წერილების წერა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე

216
საყვარელი ჰობი იყო და თითოეული წერილი უდიდეს
სიამოვნებას მანიჭებდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა და იმდენი
სამუშაო გამომიჩნდა, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვეღარ
ვაკეთებ. ოფიციალურ გზავნილებს თუ არ ჩავთვლით,
ვფიქრობ, 1990 წლის თებერვლის შემდეგ, არც ერთი წერილი არ
დამიწერია.
30. წერილი გრასა მაშელს:
სიტუაცია ანგოლაში ძალიან საგანგაშოა.
პირად ამბებზე გადავალ: მისტერ სამარანჩმა, რომელიც
ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა, შვეიცარიაში მდებარე
გამაჯანსაღებელ კურორტზე დამპატიჟა; მიუხედავად იმისა,
რომ მსგავსი ცენტრების შესახებ არაფერი ვიცი, მაინც
დავთანხმდი. შენ ალბათ უკეთესად ხარ გაცნობიერებული
ასეთ საკითხებში, ამიტომ სიამოვნებით მივიღებდი შენს
ნებისმიერ რჩევას.
გოგონები პირველად რომ გავიცანი, მათთან საუბარი ძალიან
გამიჭირდა. განსაკუთრებით ეს ოლივიას ეხება. ძალიან
მინდოდა მისი სკოლის ამბების გაგება. იმის გამო, რომ შენი
შვილია, ძალიან ბევრი მოეთხოვება როგორც მოზამბიკში, ასევე
მის ფარგლებს გარეთ. მას კარგი სწავლა და კვალიფიკაციის
ამაღლება დაეხმარება იმაში, რომ სამშობლოსა და ხალხს
გამოადგეს. თუ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ სწავლა უმაღლეს
სასწავლებელში გააგრძელოს. მე და შენ ეს საკითხი შეგვიძლია
დაწვრილებით განვიხილოთ. უკეთესი იქნება, თავად მას თუ
არაფერს ვეტყვით, სანამ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით.
ოფისში 8 მარტს დავბრუნდი და იმწამსვე საქმეს შევუდექი.
პირველი შეხვედრა დილის 7 საათზე მქონდა და სახლში
საღამოს 5-ზე დავბრუნდი. გუშინ დილის 6.45-ზე დავიწყე და
14.00 საათზე მოვრჩი. ახლა ვცდილობ, რომ ოფისში მხოლოდ
დილის საათებში ვიყო დაკავებული. დღეს ისევ 6.45-ზე
დავიწყე. სადაზღვევო კომპანია „ლიბერთი ლაიფის“
დირექტორთა საბჭოსთან და სხვა ბიზნესმენებთან ერთად
ვისადილე და სახლში 15.45-ზე დავბრუნდი.
როდესაც მეგობარი უცხოეთში მიემგზავრება, თავს
მარტოსულად გრძნობ და სრულებითაც არ აქვს მნიშვნელობა,
გიცხოვრია თუ არა მასთან ერთად ოდესმე. რეალობასა და
გრძნობებს შორის მუდამ კონფლიქტია.

217
31. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
ყველანი ვხვდებოდით, რომ რაღაცაში იყო საქმე, რადგან
ძალადობის წარმოუდგენლად მაღალი დონე ფიქსირდებოდა
და უამრავი ადამიანი იღუპებოდა, დაპატიმრებებისა და
გასამართლებების რაოდენობა კი საგრძნობლად მცირე იყო.
აშკარად ჩანდა, რომ უშიშროების ძალებიც ხელს უწყობდნენ
არსებულ მდგომარეობას. ზოგიერთი ინციდენტის ხასიათი
იმაზეც კი მიანიშნებდა, რომ მათში უშუალოდ პოლიცია და
ჯარი მონაწილეობდა. ბევრ პატარა ქალაქში ჩავსულვართ და
მოსახლეობასთანაც გვისაუბრია და ყველა დარწმუნებული
იყო, რომ პოლიცია ძალადობრივ ქმედებებში ძალიან აქტიურ
მონაწილეობას იღებდა... გუშინ ვაალში ვიყავი, სებოკენგში
ჩავედი და ხმამაღლა განვაცხადე, რომ მოძალადეებს შორის
პოლიციაც არის. შემდეგ საავადმყოფოშიც მივედი და
დაჭრილები მოვინახულე. ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა,
რომ მას თეთრკანიანმა მამაკაცმა ესროლა. მე ვუპასუხე, რომ
მსგავსი რამ პირველად მესმის, ის კი დაჟინებით ამტკიცებდა,
რომ ნათლად დაინახა თეთრკანიანი მამაკაცი... ოფიციალურად
კი ცხადდებოდა, რომ თავდასხმის მონაწილე „4 შავკანიანი
მამაკაცი“ იყო.
32. პირადი ჩანაწერებიდან:
რაც შეეხება ამომრჩეველთა მინიმალური ასაკის დაწევას,
გუშინ სირილ რამაფოსას მიერ წარმოდგენილი ახსნა-
განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მოლაპარაკებების
კომიტეტი ჩემს შეთავაზებას მხარს არ უჭერს და არც
ორგანიზაციამ მიიჩნია ის მიზანშეწონილად.[30]
მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები კარგად
გადამოწმებისა და დამუშავების გარეშე არ უნდა კეთდებოდეს
და ამ შემთხვევაში ორგანიზაციის წევრის სტატუსს
მნიშვნელობა არ აქვს.
33. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
აფრიკის ეროვნული კონგრესის სხდომებზე ხშირად მითქვამს,
რომ მე არ მჭირდება სუსტი თანამოაზრეები და მარიონეტები,
რომლებიც ჩემს ნებისმიერ მოსაზრებას დაეთანხმებიან და
ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ. მე ორგანიზაციის
თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემსა და რიგით
წევრებს შორის ისეთი დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორიც

218
ბატონსა და მის მსახურებს შორის. მე ჯანმრთელი
ურთიერთობები მჭირდება, რომელთა დროსაც ორგანიზაციის
ნებისმიერი წევრი თავისუფლად და გულწრფელად
გამოხატავს თავის მოსაზრებას მნიშვნელოვან საკითხებზე და
არ შეეშინდება, რომ მას ამის გულისთვის ვინმე გარიყავს.
მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი წინადადება, რომელმაც საკმაოდ
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ის იყო, რომ ამომრჩეველთა
მინიმალური ასაკი 18-დან 14 წლამდე დაწეულიყო, როგორც ეს
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მოხდა. ამის მიზეზი ის იყო,
რომ იმ ქვეყნებში ამ ასაკის ახალგაზრდები რევოლუციური
მოძრაობის წინა ხაზზე იდგნენ და სწორედ ამ დიდი ღვაწლის
გამო მისცეს მთავრობებმა მათ საკუთარი არჩევანის
დაფიქსირების საშუალება. ჩემს ამ შეთავაზებას ეროვნული
აღმასრულებელი კომიტეტის მხრიდან იმდენად მძაფრი
რეაქცია მოჰყვა, რომ უკან დახევის გარდა არაფერი
დამრჩენოდა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა გაზეთმა ამ საკითხის
კიდევ უფრო მეტად დრამატიზება მოახდინა და კარიკატურა
გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახული იყო ჩვილი ბავშვი
საარჩევნო ურნასთან. არც ერთი ჩემი იდეა, არც მანამდე და არც
მას შემდეგ, ასეთი დაცინვის საგანი არ გამხდარა. საკუთარი
აზრის დაცვის სურვილი სრულიად გამიქრა.
34. პირადი ჩანაწერებიდან:
ლიდერები ორ კატეგორიად იყოფა:
1) არათანმიმდევრულნი, რომელთა მოქმედებები პროგნოზს არ
ექვემდებარება. ისინი შესაძლოა, დღეს ერთ რამეს
ეთანხმებოდნენ, ხვალ კი აზრი რადიკალურად შეცვალონ.
2) თანმიმდევრულნი, რომელთაც ღირსების გრძნობა და
საკუთარი ხედვა აქვთ.
35. პირადი ჩანაწერებიდან:
ლიდერის უპირველესი ამოცანა საკუთარი ხედვის
დაფიქსირებაა.
მეორე კი ყველაფრის თანმიმდევრულად ჩამოყალიბება და
ეფექტური გუნდის შექმნა. ადამიანებს, რომლებიც ლიდერს
მიჰყვებიან, კარგად უნდა ჰქონდეთ შეგნებული, თუ სად
მიდიან და რა პროცესები უნდა გაიარონ.
36. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:

219
ფენომენალური ლიდერია ის, ვისაც შეუძლია დევნილობაში
ყოფნის პერიოდშიც კი შეინარჩუნოს მრავალრასობრივი
ორგანიზაცია, რომლის წევრები სხვადასხვა კონტინენტზე
არიან მიმოფანტულნი, ახალგაზრდობა კი რეპრესიული
მანქანის მიმართ აგრესიას ვერ მალავს; ახალგაზრდობა,
რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ რისხვითა და აგრესიით არის
შესაძლებელი რასისტული რეჟიმის დამარცხება და ამისათვის
ცივი გონებით მოქმედება საჭირო სრულებითაც არ არის.
ამ ყველაფერს ოლივერ თამბომ მიაღწია. ქვეყნის შიგნით
მყოფი პოლიტიკური და არაპოლიტიკური პატიმრებისთვის,
უცხოელი დისიდენტებისთვის, დიპლომატებისთვისა და
სახელმწიფოთა მეთაურებისთვის ოლივერ თამბო იყო
მაგალითი ჭკვიანი და გაწონასწორებული ლიდერისა,
რომელსაც რეპრესირებულ ხალხთათვის ღირსების დაბრუნება
შეეძლო.
37. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
ოლივერ თამბოს სიკვდილი უზარმაზარი მუხის დაცემას
ჰგავდა, მუხისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იდგა,
მთელ პეიზაჟს ალამაზებდა, ხალხსა და ცხოველებს იზიდავდა.
ეს იყო ეპოქის დასასრული. ოლივერ თამბო იყო ძლიერი
რელიგიური მრწამსის მქონე ლიდერი, ჩამოყალიბებული
მათემატიკოსი და მუსიკოსი, რომელსაც ხალხისადმი
ერთგულებაში ბადალი არ ჰყავდა.
38. საუბარი რიჩარდ სტენგელთან, ოლივერ თამბოს
გარდაცვალების შესახებ:
ძალიან განვიცადე ოლივერ თამბოს სიკვდილი და მაშინაც კი,
როდესაც ის კუბოში ჩაწოლილი დავინახე, არ მჯეროდა, რომ
ცოცხალი აღარ იყო. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო.
39. საუბარი რიჩარდ სტენგელთან, დრამატურგ არტურ
მილერისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ:
დეტალები ზუსტად არ მახსოვს, გარდა იმისა, რომ
ინფორმაციის დეპარტამენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ
ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას ჩემთან შესახვედრად
არტურ მილერის გამოგზავნა სურდა. რა თქმა უნდა,
დავთანხმდი, რადგან მილერი საერთაშორისო მნიშვნელობის
ფიგურაა და მისთვის ინტერვიუს მიცემა ჩემთვის ძალიან
დიდი პატივი იყო... დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში

220
ვისაუბრეთ და ჩემი მოლოდინი სრულად გამართლდა: ის
არაჩვეულებრივი ადამიანია. მან ზუსტად იცოდა, თუ როგორი
შეკითხვები უნდა დაესვა და როგორც ჭეშმარიტად დიდი
ადამიანი, საკუთარ თავს სრულებით არ უწევდა
რეკლამირებას. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ასეთი
გამოჩენილი ადამიანის გვერდით თავი უხერხულად არ
მეგრძნო (იცინის)... ძალიან კმაყოფილი დავრჩი არტურთან
შეხვედრით. მართლაც შთამბეჭდავი პიროვნებაა.
40. პირადი ჩანაწერებიდან:
აშშ-ში და გაეროში ჩემს გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე
იოჰანესბურგის მახლობლად, გზატკეცილზე რამდენიმე
ადამიანი მოკლეს.
პოლიციამ ამჯერადაც ვერ იმოქმედა სათანადოდ. მან ვერც
მშვიდობიანი ხალხი დაიცვა და ვერც მკვლელების კვალს
მიაგნო. მოხდა ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში
ხდებოდა. ამ პერიოდში 10 000-მდე ადამიანი იქნა მოკლული,
დაკავებით კი ძალიან ცოტა ადამიანი დააკავეს.
უსაფრთხოების ძალებმა სრული უუნარობა გამოავლინა და ეს
კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამხრეთ აფრიკის
პოლიცია და სამხედროები თავად არიან ჩარეულნი ამ
დანაშაულებებში, მთავრობა კი წამქეზებლის როლს
ასრულებს. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ ასეთი
შეგრძნება აქვს.
ჩემი და ჩემი კოლეგების მოსაზრება ერთმანეთს სრულად
ემთხვევა: პრეზიდენტ დე კლერკის მთავრობას საერთოდ არ
გააჩნია იმის ნება, რომ ადეკვატურად გაუმკლავდეს ამ
მნიშვნელოვან პრობლემას.
41. პირადი ჩანაწერებიდან, 1944 წლის იანვარი:
მიჩელის ველზე მომხდარი ბავშვების საზარელი მკვლელობის
შემდეგ მთელი ქვეყანა შოკშია.
გასულ კვირას მე სამძიმრის წერილიც გავუგზავნე
დაღუპულების ოჯახებს. ეს წერილი პრესაშიც გამოქვეყნდა.
მიუხედავად გადატვირთული განრიგისა, მომდევნო
რამდენიმე დღეს სწორედ ამ ოჯახებთან ერთად გავატარებ.
ბავშვები ჩვენი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. სრულიად
მიუღებელია, რომ ისინი ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში

221
იღუპებოდნენ.
42. პირადი ჩანაწერებიდან:
1. დემოკრატიული ძალების თანაბარი განვითარება.
2. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ პირველ
დემოკრატიულ არჩევნებში დამატებით 17 მილიონი
ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. მათ ამის გამოცდილება
სრულებით არ აქვთ.
3. წერა-კითხვის უცოდინარობის დონე - 67%, ჩვენი
ამომრჩევლების 63% კი სოფლებში ცხოვრობს.
4. ჩვენი ამოცანაა ყველა მათგანს ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა
დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
5. ამ არჩევნებში ჩვენ „ეროვნულ პარტიას“ ვეპაექრებით. მათ
უკვე 150 საარჩევნო ოფისი აქვთ, ჩვენი კი მხოლოდ რამდენიმე
რეგიონალური დაწესებულება.
6. „ეროვნული პარტია“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე
გამოცდილი და კარგად ორგანიზებული პოლიტიკური
გაერთიანებაა.
7. მხარდაჭერა ჩვენს მხარესაა - საზოგადოებრივი აზრის
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამ არჩევნებში ხმების
უმრავლესობას ავიღებთ.
43. პირადი ჩანაწერებიდან. დაახლოებით, 1994 წელი:
1. პოლიტიკური გამოცდილების ინდივიდუალიზირება.
2. კონტრასტი პირველ ვიზიტსა და მომდევნო 2 ვიზიტს შორის.
პატიმარი გაურკვევლობაშია.
დავარწმუნოთ 25 კოლეგა, რომ ციხე უნდა დატოვონ.
3. დედისა და უფროსი ვაჟის სიკვდილი.
ბუნებრივი მიზეზები, ავტოავარია.
დასაფლავებაზე დასწრების თხოვნა არ დამიკმაყოფილეს.
4. მადლობაც კი ვერ გადავუხადე მათ, ვინც 40-იანი წლების
დასაწყისში მეხმარებოდა.
5. იმედი მქონდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაინც
შევძლებდი ამას. აღმოჩნდა, რომ ყველა გარდაიცვალა. ისეთი

222
გრძნობა მაქვს, რომ სამყაროც კვდება.
6. ჩემი ოჯახის მიმართ ძალადობა
ზამი და ბავშვები
ფსიქოლოგიური დევნა
ბინძური ჭორები მეუღლის შესახებ
7. პატიმრებსა და ზედამხედველებს შორის ძალიან ცუდი
დამოკიდებულებაა.
ამასთანავე, თავად ზედამხედველები ერთმანეთში ცხარედ
კამათობენ - სერჟანტი ოპერმანი.
8. პატიმრების ერთიანობა - „აფრიკის ეროვნული კონგრესი“,
„საერთოაფრიკული კონგრესი“, „აფრიკელი ხალხის
დემოკრატიული კავშირი“ - მაკვეტუ, პოკელა, ედი, ნევილი,
სათს კუპერი, ვალტერი, გოვანი, კათრადა, პიკი, დენის
ბრუტუსი - მშიშრები - გმირები.
9. წყნარად ჯდომისა და ფიქრის საშუალება მომეცა.
10. კრამატი, პიესები, ანტიგონე.
ბიოგრაფიებისა და გაზეთების კითხვის შესაძლებლობა
მომეცა, ისევე როგორც სხვებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლისა.
11. მოლაპარაკებები - შეხვედრა პიტერ ვილემ ბოთასთან
12. შეხვედრა დე კლერკთან. 9.2.89
13. „პოლსმოორი“ და „ვიქტორ ვერსტერი“
44. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
საგამოძიებო დეპარტამენტმა რამდენჯერმე მაცნობა, რომ
მემარჯვენე აფრიკანერები მომავალი არჩევნების ჩაშლას
ძალადობის საშუალებით გეგმავდნენ. გაუგებრობის თავიდან
აცილების მიზნით, ორგანიზაციის თავმჯდომარე
ვალდებულია, ამგვარი ინფორმაცია საგულდაგულოდ
გადაამოწმოს. სწორედ ასე მოვიქეცი და რომ შევიტყვე, რომ
საგამოძიებო დეპარტამენტი არ ცდებოდა, გადავწყვიტე,
მემოქმედა.
პირველ რიგში რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ქალაქ ვილდერნესში,
ყოფილ პრეზიდენტ პიტერ ვილემ ბოთასთან გავემგზავრე და
მას 1989 წელს მიღებული ერთობლივი კომუნიკე შევახსენე. ამ

223
კომუნიკეში აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში მშვიდობის
შესანარჩუნებლად ერთობლივად ვიმუშავებდით. ბოთას
ვუთხარი, რომ მისი ჩარევა სწორედ ახლა იყო საჭირო, რადგან
მშვიდობა საფრთხეში იყო. მან ძალიან კარგად მიმიღო და
დამიდასტურა, რომ აფრიკანერებს მართლაც მტკიცედ
ჰქონდათ გადაწყვეტილი ამ არჩევნების ჩაშლა. შემდეგ კი
მითხრა, რომ ამ საკითხის მხოლოდ ჩემთან ერთად განხილვა
არ სურდა. შევთანხმდით, რამდენიმე დღეში ფრედერიკ დე
კლერკთან, ფერდი ჰარცენბერგთან და გენერალ კონსტანდ
ვილიუნთან ერთად დავრბუნდებოდი.
გარდა ამისა, მე მას შევთავაზე, ამ მოლაპარაკებებზე
ულტრამემარჯვენე აფრიკანერი იუჟინ ტერბლანში მოგვეწვია.
ის თავზეხელაღებული დემაგოგი იყო და გაცილებით ბევრ
ხალხში სარგებლობდა პოპულარობით, ვიდრე ფრედერიკ დე
კლერკი. ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი
იმდენად უარყოფითად განეწყო, რომ მეც უკან დავიხიე.
იოჰანესბურგში რომ დავბრუნდი, დაუყოვნებლივ დავურეკე
ფრედერიკ დე კლერკს და ყველაფერი შევატყობინე. უნდა
ითქვას, რომ ის ისევე უარყოფითად განეწყო ყოფილ
პრეზიდენტთან შეხვედრისადმი, როგორც ყოფილი
პრეზიდენტი - ტერბლანშის მიმართ. ამის შემდეგ, ცნობილ
აფრიკანერ თეოლოგს, პროფესორ იოჰან ჰეინსს დავურეკე და
ჰარცენბერგსა და ტერბლანშთან დაკავშირება ვთხოვე.
ტერბლანშმა უკომპრომისო პოზიცია დაიკავა და ჩემთან
შეხვედრაზე მტკიცე უარი განაცხადა, რადგან მისი აზრით, მე
კომუნისტი ვიყავი.
გენერალ კონსტანდ ვილიუნსა და ჰარცენბერგს რომ შევხვდი,
პირდაპირ ვკითხე, მართლა აპირებდნენ თუ არა ისინი
არჩევნების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლას. გენერალს
გამბედაობა ეყო და აღიარა, რომ ეს მართლაც ასე იყო. მან
მითხრა, რომ აფრიკანერები იარაღდებოდნენ და ქვეყანას
სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი ემუქრებოდა. შოკირებული
ვიყავი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და გენერალს ვუპასუხე,
რომ განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებაში ეჭვი არ
მეპარებოდა. მე მათ ისიც ვუთხარი, რომ მათთან ბრძოლა
ძალიან რთული იქნებოდა, რადგან მათ უკეთესად
მომზადებული სამხედროები ჰყავდათ, შეიარაღება და
რესურსებიც უკეთესი ჰქონდათ და ქვეყანასაც უკეთესად
იცნობდნენ, მაგრამ ამ ბრძოლას ისინი აუცილებლად

224
წააგებდნენ. ჩვენ უკვე თითქმის გამარჯვებულები ვიყავით,
რადგან თეთრკანიანთა ბატონობას მომაკვდინებელი დარტყმა
მივაყენეთ. ეს არა მათი თანხმობით, არამედ მათი ნების
საწინააღმდეგოდ მოხდა. გარდა ამისა დავამატე, რომ ჩვენი
ბრძოლა სამართლიანი იყო, რაოდენობითაც მეტნი ვიყავით და
საერთაშორისო მხარდაჭერაც გვქონდა, ისინი კი ამ ყველაფერს
მოკლებული იყვნენ. ბოლოს, მე მათ მოვუწოდე, რომ თავიანთ
განზრახვაზე ხელი აეღოთ და იოჰანესბურგის მსოფლიო
სავაჭრო ცენტრის შენობაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს
შეერთებოდნენ.
45. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დემოკრატიულად არჩეული
პირველი პრეზიდენტი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ
გავხდი.
როდესაც საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა, „აფრიკის
ეროვნული კონგრესის“ ორი წევრი მოვიდა ჩემთან და მითხრა,
რომ ორგანიზაციაში გამართული ხანგრძლივი
კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა: თუ ჩვენი პარტია
გაიმარჯვებდა, პრეზიდენტი მე უნდა გავმხდარიყავი.
პარტიული ლიდერების წინასაარჩევნო დახურულ კრებაზე
ისინი სწორედ ამ წინადადების წამოწევას გეგმავდნენ. მე ამ
გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე და არგუმენტად ჩემი ასაკი
დავასახელე. არჩევნების ჩატარების წელს 67 წლის ვხდებოდი
და მიმაჩნდა, რომ ორგანიზაციას გაცილებით ახალგაზრდა
პიროვნება უნდა შეერჩია, ქალი იქნებოდა ის თუ მამაკაცი,
რომელიც ციხეში არ მჯდარა, სახელმწიფოებისა და
მთავრობების ლიდერებს შეხვედრია, მსოფლიო და
რეგიონული ორგანიზაციების შეკრებებს დასწრებია,
შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო ამბებში კარგად იყო
გარკვეული და მოვლენების განვითარების პროგნოზირებაც
მეტ-ნაკლებად შეეძლო.
ხაზი გავუსვი, რომ ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს
ვცემდი ისეთ პიროვნებებს, რომლებიც საკუთარ ნიჭს
საზოგადოების სამსახურისთვის იყენებდნენ და რომლებსაც,
თავიანთი საქმიანობის გამო, ყველა პატივს სცემდა. ხალხს
ნიჭიერი და თავმდაბალი პიროვნებები უყვარს, ისეთები, ვისაც
შეუძლია ერთნაირად გაითავისოს ღარიბებისა და მდიდრების,
სუსტისა და ძლიერის, ჩვეულებრივი ხალხისა და სამეფო

225
ოჯახის წევრების, ახალგაზრდისა და მოხუცის, ქალისა და
მამაკაცის პრობლემები, მიუხედავად მათი რასობრივი თუ სხვა
სახის კუთვნილებისა...
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ორგანიზაციის სამ
წარმომადგენელს ვუთხარი, რომ ჩემთვის უფრო მისაღები
იქნებოდა, თუ საკუთარ ქვეყანას რაიმე თანამდებობის
დაკავების გარეშე მოვემსახურებოდი. ამის საპასუხოდ ერთ-
ერთმა მათგანმა ისეთი რამ მითხრა, რომ წამსვე ბეჭებზე
გამაკრა. მან შემახსენა, რომ მე ყოველთვის კოლექტიურ
მმართველობას ვუჭერდი მხარს და სანამ ამ პრინციპს
ბოლომდე გავყვებოდით, შეცდომის დაშვების ალბათობაც
მცირე იქნებოდა. ამის შემდეგ, მან ოდნავ უხეშად მკითხა,
ემთხვეოდა თუ არა ჩემი აზრები იმას, რასაც ხმამაღლა
ვლაპარაკობდი. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ადამიანმა
საკუთარი მოსაზრება ბოლომდე უნდა დაიცვას, მაგრამ ახლა
გადავწყვიტე, მათ შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი.
მიუხედავად ამისა, თავიდანვე ნათლად დავაფიქსირე, რომ
პრეზიდენტის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ვადით
გავჩერდებოდი. ჩემი ეს განცხადება მათ ცოტათი გაუკვირდათ
და მითხრეს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ორგანიზაციის
პრეროგატივა იყო. ასე იყო თუ ისე, მე მსურდა, ყველაფერი
თავიდანვე ყოფილიყო გარკვეული და როგორც კი
პრეზიდენტად ამირჩიეს, საჯაროდ განვაცხადე, რომ მეორე
ვადით კენჭს არ ვიყრიდი.
46. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
არჩევნების დღეს იმ დროს ჩრდილოეთ ტრანსვაალად
წოდებული რეგიონიდან ჩამოსულმა მოხუცმა ქალბატონმა
საარჩევნო უბნის პასუხისმგებელ პიროვნებას უთხრა, რომ
ციხიდან გამოსული მამაკაცისთვის სურდა ხმის მიცემა. მან
თავისი ფავორიტის სახელი და გვარიც თქვა, მაგრამ არ იცოდა,
რომელ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდა ის. რამდენიმეწუთიანი
კითხვა-პასუხის შემდეგ ყველაფერი ქალბატონის სასიკეთოდ
მოგვარდა.
47. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
„უმხონტო ვე სიზვეს“ მებრძოლებმა შეუდარებელი სიმამაცე
გამოიჩინეს. ისინი დროდადრო შემოდიოდნენ ქვეყანაში და
სამთავრობო დაწესებულებებს უტევდნენ. მათ აპარტეიდის

226
ძალებთან ნამდვილი ომი გამართეს... იძულებული გახადეს
ისინი, რომ ამ ბრძოლაში ჩართულიყვნენ.
სხვა მებრძოლები ქვეყნის შიგნით მოქმედებდნენ,
იატაკქვეშეთიდან მოუწოდებდნენ მოსახლეობას
აჯანყებისკენ და დაუმორჩილებლობისკენ. ისინი უშიშრად
ებრძოდნენ რეჟიმს და მზად იყვნენ, ყველაფერი გაეწირათ
თავისუფლებისთვის.
იყვნენ ისეთებიც, ვინც აპარტეიდის ციხეებში ისხდნენ და
ჯიუტად იცავდნენ საკუთარ სამშობლოში ადამიანურად
ცხოვრების უფლებას. შეიძლება ითქვას, ისინი ლომის ბუნაგში
შევიდნენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თავისუფლების
სურვილს ბოროტებით ვერავინ ჩაახშობს.
სრულიად მოულოდნელად, 1994 წლის აპრილში იმ ხალხს,
ვინც წინააღმდეგობას უწევდა რეჟიმს, ვინც დაუღალავად
იბრძოდა თეთრკანიანთა ბატონობის დასამხობად და ვისაც
სახელმწიფოს სათავეში ყოფნის არანაირი გამოცდილება არ
ჰქონდა, აფრიკის კონტინენტის ყველაზე მოწინავე და
მდიდარი ქვეყნის მართვის უდიდესი პასუხისმგებლობა
დაეკისრა.
ჩვენ უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე ვიდექით: ჩვენი მიზანი
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ალაგმვა,
თანასწორუფლებიანობის პრინციპის დანერგვა და ამ
ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ღირსების
აღდგენა იყო.
სწორედ ეს იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მთავრობის
პიონერების მთავარი ამოცანა. სწორედ ეს იყო ის რუბიკონი,
რომელიც ყოფილ მებრძოლებს უნდა გადაელახათ, იმ
მებრძოლებს, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრების
განმავლობაში დაუმორჩილებლობას, ბოიკოტსა და სანქციების
დაწესებას ქადაგებდნენ. ახლა ყოფილ ტერორისტს სამხრეთ
აფრიკის გაერთიანება დაეკისრა, მისი ამოცანა „მშვიდობის
ქარტიის“ პრინციპების დანერგვა იყო: სამხრეთ აფრიკა თავის
ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, განურჩევლად კანის ფერისა.
48. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
კარგ ლიდერებს მშვენივრად ესმით, რომ საზოგადოებაში
დაძაბულობის მოხსნის შემდეგ ავანსცენაზე კრეატიული
აზროვნების მქონე ადამიანები გამოდიან და იდეალურ

227
გარემოს ქმნიან ისეთი პიროვნებებისთვის, ვისაც ქვეყნისთვის
სარგებლობის მოტანა შეუძლია. ექსტრემისტები კი, თავის
მხრივ, დაძაბულობის შენარჩუნებისკენ იღწვიან. მათი
მიზანია, ადამიანები ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ.
საღი აზროვნება მათი იარაღი არასოდეს ყოფილა.
49. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
აპარტეიდის რეჟიმმა კანონსა და წესრიგს სახელი გაუფუჭა.
მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები ფეხქვეშ
ითელებოდა, ადამიანებს გასამართლების გარეშე სვამდნენ
ციხეში, პოლიტიკურ აქტივისტებს სასტიკად
უსწორდებოდნენ, ღიად აკრიტიკებდნენ სააპელაციო
სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც დამოუკიდებელნი
იყვნენ და რეჟიმის საწინააღმდეგო განაჩენები გამოჰქონდათ.
პოლიცია, განსაკუთრებით კი უშიშროების განყოფილება,
საკუთარი კანონებით მოქმედებდა. სწორედ ასეთი წარსულის
გამო და საკუთარი რწმენის საფუძველზე ვცდილობდი
ყველანაირად შემეწყო ხელი კანონის უზენაესობისთვის...
ახლა სამხრეთ აფრიკაში არავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი,
არ დგას კანონზე მაღლა.
50. პირადი ჩანაწერებიდან:
პრეზიდენტმა და მისმა ორმა მოადგილემ, თავდაცვისა და
უშიშროების მინისტრებმა, გენერლებმა გეორგ მაირინგმა და
ვან დერ მერვემ საგამოძიებო სამსახურის შემდეგ შეკითხვებს
უნდა უპასუხონ:
1) განადგურდა თუ არა საგამოძიებო სამსახურის
დოკუმენტები და წაიშალა თუ არა კომპიუტერებიდან
ინფორმაცია, რომელიც 1990 წლის 1 თებერვლიდან 1994 წლის
31 მაისამდე ინახებოდა?
1. თუ მართლაც ასე მოხდა, კონკრეტულად რა ინფორმაციას
შეიცავდა ეს დოკუმენტები?
2. დოკუმენტების განადგურებისა და წაშლის ზუსტი თარიღი.
3. სახელი ან სახელები იმ პიროვნებებისა, რომლებმაც ამის
გაკეთების ბრძანება გასცეს.
2) არსებობს თუ არა კვლავ „სახელმწიფო უშიშროების საბჭო“
და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები, მაგალითად,
„ერთობლივი მართვის კომიტეტები“?

228
1. თუ ასეა, ვინ არიან ამ გაერთიანებების წევრები?
2. თუ არა, ზუსტი თარიღი, თუ როდის გაუქმდა ისინი?
3. სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ გაერთიანებებში მათ
გაუქმებამდე ირიცხებოდნენ.
4. „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ მიზნები.
5. რა ბედი ეწია ამ გაერთიანების ფინანსურ ფონდსა და
აღჭურვილობას?
3) ისევ არსებობს თუ არა „სამოქალაქო კოოპერაციის ბიურო“?
დეტალური ინფორმაცია მის პირად შემადგენლობასა და
სტრუქტურაზე.
1. თუ აღარ არსებობს, როდის გაუქმდა?
4) ისევ არსებობს თუ არა „ფარული შეკრებების
დირექტორატი“?
1. თუ ასეა, ვინ არიან მისი წევრები?
2. თუ არა, ზუსტი თარიღი, თუ როდის გაუქმდა.
3. რა ბედი ეწია მის საფინანსო ფონდსა და აღჭურვილობას?
5) გენერალ პიერ სტეინის მოხსენების ორიგინალური ვერსია.
1. კონკრეტულად რა დანაშაულებისთვის გაათავისუფლეს
ჯარის მაღალჩინოსნები ამ მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ?
ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად მოტივირებულ
ძალადობაზე, რომლის შედეგად დაახლოებით 20 000 ადამიანი
დაიღუპა?
არსებობს მოსაზრება, რომ ის პარტიები, ვინც ამ ძალადობას
აღვივებდა, პასუხისმგებელნი არიან შემდეგი მებრძოლების
დაღუპვაზე: ნილ ეგეტი, ნიკ ტერნერი, იმამ ჰარუნი, აჰმედ
ტიმოლი, დევიდ ვებსტერი, მეთიუ გონივე, გრიფით მკენგე,
ვიქტორია მკენგე, პებკო 3, ბეკი მლანგენი.6) არსებობს თუ არა
კვლავ „ვლაკპლაასის რაზმი“?
ვინ არიან მისი წევრები და სად არიან ახლა? რა იყო ან არის
მათი მიზანი? თუ ეს რაზმი აღარ არსებობს, რა ბედი ეწია მის
საფინანსო ფონდსა და აღჭურვილობას?
7) დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი სადამსჯელო
რაზმების ოპერაციების შესახებ. ნამდვილად მოქმედებდნენ

229
თუ არა ისინი.
51. პირადი ჩანაწერებიდან:
რწმენითა და იმედით სავსე განწყობა.
(მიდელბურგი)
სხვადასხვა წყაროები მთავრობის მუშაობის შესახებ
დამაიმედებელ შეფასებებს აკეთებენ.
1995 წლის შეფასება და 1996 წლის პროგნოზი პოზიტიურია -
მედია.
მოსახლეობის განწყობებს შორის მომავლის იმედი კვლავ
დომინირებს.
სრულდება ან დასრულების სტადიაშია დაგეგმვის პროცესი,
ცვლილებები უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
ადგილობრივი მთავრობების ტრანსფორმაცია.
საქმიან წრეებში ნდობის ინდექსი მატულობს - 1985 წელს
დაწყებული კაპიტალის გადინება 1994 წელს დასრულდა.
ქვეყნიდან 51.7 მილიარდი რანდი გავიდა.
1994 წლის 10 მაისიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
შეინიშნება კაპიტალის შემოდინება.
1994 წლის შუალედიდან 1995 წლის ბოლომდე ქვეყანაში
შემოსულმა კაპიტალმა 30 მილიარდი რანდი შეადგინა.
1995 წლის ბოლოსთვის სარეზერვო ბანკმა ყველა თავისი
მოკლევადიანი სესხი დაფარა.
მოსახლეობის ნდობის ინდექსი მატულობს.
63% = 66%
შევდივართ რეგიონებში, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო.
52. პირადი ჩანაწერებიდან:
სისხლისღვრა ტრანსვაალში 1990 თუ 1991 წლის ივლისიდან:
სებოკენგი ±32
კრუგერსდორპი 36
სებოკენგი 200

230
სოვეტო და იოჰანესბურგი 45 + 9
შეხვედრა დე კლერკთან სებოკენგის თაობაზე, 1990
სამძიმრის განცხადება არ გაუკეთებია.
არავინ დაუპატიმრებიათ.
800 000
53. პირადი ჩანაწერებიდან:
1) დავურეკო ტედს.
2) კოფი ანანი
3) ჯეიკს გერველი
4) ოპრა უინფრი
5) ელასტიური წინდები
54. პირადი ჩანაწერებიდან:
ბოლო დროს გრასა მაშელის ხანგრძლივი მოგზაურობები
გარკვეული ნერვიულობის საბაბს მაძლევს. ერთი სული მაქვს,
როდის დასრულდება ეს წელი, რომ მისი კონტრაქტი
„იუნისეფთან“ ბოლოს და ბოლოს ამოიწუროს. მხოლოდ ამის
შემდეგ ექნება მას საშუალება, მთელი თავისი ცოდნა და უნარი
საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით კი მოზამბიკელ ბავშვებს
მოახმაროს.
სამხრეთ აფრიკაში ის 1996 წლის აგვისტოში დაბრუნდა, სადაც
მისი კოლეგები გაეროსთვის მომზადებულ მოხსენებაზე
მუშაობას ასრულებდნენ. როგორც ყოველთვის, მან ახლაც
ჩვენთან ერთად იცხოვრა და შემდეგ მოზამბიკში დაბრუნდა.
ამ თავმდაბალი და კეთილი ქალბატონისგან იმდენი სითბო და
სიყვარული მივიღე, რომ ჩემს სიხარულს და ბედნიერებას
საზღვარი არ ჰქონდა.
თანამედროვე ტექნიკა თავისუფლად იძლევა იმის
საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნის დროსაც
გვქონდეს ერთმანეთთან კონტაქტი. საოცრად მამშვიდებს
იმის შეგრძნება, რომ დედამიწაზე არსებობს ადამიანი,
რომელსაც შემიძლია უსიტყვოდ ვენდო. განსაკუთრებით ეს
ისეთ საკითხებს ეხება, რომელშიც ჩემი პოლიტიკური
მეგობრები ვერანაირად ვერ დამეხმარებიან.

231
55. პირადი ჩანაწერებიდან:
საღამოს 9 საათია და ჩემი შვილიშვილი როშელი, როგორც
ყოველთვის, ჩემს საწოლზე ზის. მან ეს-ესაა თვალში წამალი
ჩამაწვეთა და ახლა ველოდები, რომ მაკოცებს და მეტყვის:
„ძილი ნებისა, ბაბუა“. ნაცვლად ამისა, ის ისეთ რამეს მეუბნება,
რომ ეს ბომბის აფეთქებას ჰგავს: „ბაბუა, ისეთი რამ უნდა
გითხრა, რაც ძალიან ცუდ გუნებაზე დაგაყენებს.
დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემგან ამას არ ელოდები...
მაგრამ მე სახლიდან უნდა წავიდე და სხვაგან დავსახლდე. შენ
ყოველთვის ხაზს უსვამდი განათლების მნიშვნელობას
ზოგადად და განსაკუთრებით თემბუს სამეფო ოჯახთან
დაკავშირებით, რომელიც ამ მხრივ ყოველთვის საშუალოზე
დაბალ დონეზე იყო. შენ მუდამ ჩემს ფიქრებში იქნები, ბაბუა.
უკვე გადაწყვეტილია, მე სახლიდან მივდივარ და სხვაგან
ვსახლდები“. ძალიან თავაზიანი იყო, მაგრამ ამავე დროს
მტკიცედ და უშიშრად მელაპარაკებოდა.
შოკირებული ვიყავი და არ მჯეროდა, რომ ადამიანი, რომელიც
ჩემ წინ იჯდა და გულს მიკლავდა, ჩემი საკუთარი
შვილიშვილი იყო. ის ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ
მიმართ, დასაძინებლად რომ ვემზადებოდი, ჩემი წინდები და
ფეხსაცმელები მიჰქონდა, ლამაზ ისტორიებს მიყვებოდა და
მეკითხებოდა, დილით რომელ საათზე მოემზადებინა ჩემთვის
საუზმე.
56. პირადი ჩანაწერებიდან - წმინდა ვალენტინის დღესთან
დაკავშირებით, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონასთვის
გაგზავნილი წერილი:
ასაკი და კონსერვატორული აღზრდა არ მაძლევს იმის
უფლებას, რომ ასეთ ინტიმურ საკითხებზე საჯაროდ
ვილაპარაკო, განსაკუთრებით, როდესაც თანამოსაუბრე ჩემი
შვილიშვილის ასაკის გოგონაა. თუ ლექსიკონში მოცემულ
განმარტებას გავითვალისწინებთ და მსოფლიოში არსებულ
ცივილიზაციებს მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება
დავასკვნათ, რომ განმარტება იმდენივეა, რამდენი ადამიანიც
არსებობს დედამიწაზე.
ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ როდესაც ადამიანი
შეყვარებულია, ის განსაკუთრებულ სიამოვნებას და
ბედნიერებას განიცდის...

232
ალბათ ძალიან ბევრს გაუკვირდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ
იმაში, რაც სხვა ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მე
სრულიად არ ვარ გათვითცნობიერებული. მე ერთ პატარა
სოფელში დავიბადე და ჩემმა მშობლებმა წერა-კითხვაც კი არ
იცოდნენ, ამიტომ სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ
წმინდა ვალენტინის დღის შესახებ არაფერი ვიცოდი.
როდესაც ქალაქში გადმოვედი, წამსვე დიდ პოლიტიკაში
ჩავერთე და მსგავს საკითხებზე ფიქრის დრო უბრალოდ არ
მქონდა. წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებული
ბარათების მიღება მხოლოდ ბოლო ხუთი წლის წინ დავიწყე.
სამწუხაროდ, ჩემი გადატვირთული განრიგი არ მაძლევს იმის
საშუალებას, რომ ეს დღესასწაული აღვნიშნო. არც ის ვიცი,
მექნება თუ არა ამის დრო მომავალში.
დღევანდელი ახალგაზრდები განსხვავებულები არიან. ისინი
დამოუკიდებლად აზროვნებენ და თავიანთი ფასეულობები
აქვთ. მიმაჩნია, რომ არასწორი იქნება თუ 78 წლის მამაკაცი მათ
ჭკუის სწავლებას დაუწყებს, მით უმეტეს, რჩევა ვერანაირ
შედეგს ვერ მოიტანს, თუ სოციალური პირობები არ
გაუმჯობესდა. ახალგაზრდა თაობას განათლების მიღებისა და
საკუთარი ცხოვრების უკეთესად მოწყობის შესაძლებლობა
უნდა მიეცეს.
მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ერთნაირი
ფასეულობები აქვთ და ერთმანეთს პატივს სცემენ, ძალიან
კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება. მიუხედავად ამისა,
გამონაკლისიც საკმაოდ ბევრია.
57. საპრეზიდენტო დღიურიდან:
ორშაბათი, 29.12.97: ქუნუდან კეიპთაუნში გავემგზავრე, მაგრამ
ფრენკლინ სონის ქალიშვილის ქორწილს ჯანმრთელობის
გაუარესების გამო ვერ დავესწარი.
30.12.97: შეთანხმებულები ვიყავით, რომ ნეფე-პატარძალი
დილის 7 საათზე უნდა მოსულიყო, მაგრამ დააგვიანდათ - 8.45-
ზე მოვიდნენ. გაზეთ „რაპორტის“ ფოტოგრაფი იძულებული
იყო, წასულიყო. ესპანელმა წყვილმა ისტერპლაატის საჰაერო
ძალების ბაზა დილის 10 საათზე დატოვა. 12.15-ზე ისინი უკვე
მაპუტუში იყვნენ და გრასა მაშელის რეზიდენციასთან ახლოს
მდებარე სასტუმროში გაჩერდნენ.

233
31.12.97: იშიასის შეტევის გამო სრულებით ვერ ვმოძრაობ.
თავმჯდომარე ჯოაქიმ ჩისანო მეწვია და კენეთ კაუნდას
შინაპატიმრობის შესახებ შემატყობინა.
გრასასთან და ბავშვებთან ერთად ვისადილე და სასტუმრო
„პოლანას“ ფანჯრიდან ფეიერვერკებს ვუყურე. ძველი წელი
გავაცილეთ.
1.1.98: ოჯახთან ერთად ვერ ვისადილე. ზინას შევხვდი.
ზინძისა და როშელს ახალი წელი მივულოცე. თერონი და
ფიზიოთერაპევტი.
4.1.98: უმაღლესი კომისარი მოვიდა. ექიმი ჰუგო და თერონი
გრასასთან ერთად სადილობენ. 2 ინექცია გამიკეთა და
დაბრუნდა.
5.1.98: კამათი ჯუდისთან და გრასასთან ვინი მანდელას
თაობაზე. ვუთხარი, რომ არ მსურს ისეთ ადამიანთან
ურთიერთობა, რომლის კონკრეტულ იდეებს ვერ ვიზიარებ. ის
შენი ისტორიის ნაწილია.
7.1.98: 15 წუთით ჩემს მეგობარ ჯერემი ანდერსონს შევხვდი,
რომელიც მოუმალანგას ნაკრძალის დირექტორი იყო. არაპ მოის
კენიის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მივულოცე.
ანტონიო ფერნანდესს მაპუტუდან ვაშინგტონში დავურეკე და
შობა-ახალი წელი მივულოცე. მითხრა, რომ ჩემთან
დაკავშირება სურდა, მაგრამ ვერაფრით დამიკავშირდა.
58. პირადი ჩანაწერებიდან:
1. ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთხელ მოვდივართ და თუ შენი
შანსი ხელიდან გაუშვი, მეორე შესაძლებლობა აღარ მოგეცემა.
2. დასახე შენი ცხოვრებისეული მიზნები და მაქსიმალურად
შეეცადე, არჩეულ გზას არ გადაუხვიო.
3. „აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა“ ეს პრინციპი ძალიან
კარგად გაითავისა.
4. ჩვენ ჯერ კიდევ 50-იან წლებში მოვუწოდეთ ყველა
სამხრეთაფრიკელს, რომ „ხალხის ქარტიისთვის“ საკუთარი
მოთხოვნები გაეგზავნათ.
5. ჩვენ ასევე დავპატიჟეთ ყველა პოლიტიკური პარტიის
ლიდერი, რათა მათ „სახალხო კონგრესის“ ორგანიზებაში

234
მიეღოთ მონაწილეობა. „ეროვნული პარტია“, „ლიბერალური
პარტია“.
6. არჩეულია მთავარი პოლიტიკა - თავისუფლების ქარტია,
რომელშიც აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკა ყოველ ჩვენგანს
ეკუთვნის.
7. 1984 წელს „აფრიკის ეროვნული კონგრესი“ პრეზიდენტ
ბოთას შეხვედრა - „კონგრესსა“ და „ეროვნულ პარტიას“ შორის.
თეთრკანიანთა ბატონობის დამხობა განმათავისუფლებელი
მოძრაობის მთავარი მიზანია - „აფრიკის ეროვნული კონგრესი“,
„საერთოაფრიკული კონგრესი“, „აზაპო“ (აზანელ ხალხთა
ორგანიზაცია).
8. „აფრიკის ეროვნული კონგრესის“ ინიციატივამ სიტუაცია
შეცვალა. იატაკქვეშეთიდან სასწაულამდე.
9. განვითარების პროგრამა - თეთრი და შავი.
მსოფლიოს კარი ღიაა.

თავი მეცამეტე. შორს


1. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ეგვიპტეში მოგზაურობის
შესახებ:
ეგვიპტეში რომ ჩავედი, იასერ არაფატიც იქ იყო და მას
პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე.
მუბარაქთან პირდაპირ აეროპორტიდან გავემგზავრე -
საკუთარ სასახლეში მიმიღო. მე მას სამხრეთ აფრიკაში
არსებული სიტუაცია გავაცანი და ეგვიპტელი ხალხისგან
მიღებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე.
სადილის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი, მომდევნო დღეს
კი არაფატს შევხვდი.
რთული სიტუაცია შეიქმნა, რადგან ერთ-ერთ დარბაზში
საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე უნდა გამოვსულიყავით.
პოლიციის ესკორტით უნდა წავსულიყავით, მაგრამ ხალხი
ქუჩაში მართლაც ძალიან ბევრი იყო და წამსვე მივხვდი, რა
შეიძლებოდა მომხდარიყო. პოლიციის ოფიცერს ვუთხარი, რომ
ჯობდა დამატებითი ძალები გამოეძახათ და ჩვენთვის გზა
გაეხსნათ, რათა ქუჩაში გასვლის საშუალება მოგვცემოდა. ასეც
მოიქცნენ, გაცილებით მეტი პოლიციელი მოგვამაგრეს, ვიდრე
ეს გათვალისწინებული იყო. შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა

235
მითხრა, რომ შემეძლო გავსულიყავი, მაგრამ მე ვუთხარი, რომ
უკეთესი იქნებოდა, თუ ჯერ ჩემი თანმხლები პირები
გავიდოდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედახორა
დაიწყებოდა. პოლიცია მხოლოდ ჩემ გარშემო იყო
კონცენტრირებული და მართლაც რომ მომხდარიყო რაიმე
ექსცესი, ჩემი დელეგაციის წევრები დაუცველნი იქნებოდნენ.
ამის შემდეგ პოლიციელმა ჩემი თანმხლები პირების გაყვანა
სცადა, მაგრამ სულ მალე ისევ ჩემთან დაბრუნდა და მითხრა:
„არა, ჯერ თქვენ უნდა გახვიდეთ“. ასეც მოვიქეცი. მიუხედავად
იმისა, რომ პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდა გაკეთებული,
ხალხმა ის ადვილად გაარღვია. ამ არეულ-დარეულობაში
ფეხსაცმელი დავკარგე და რომ დამიბრუნეს, უკვე დარბაზში
ვიყავი... გარდა ამისა, ვინიც დავკარგე... ის უბრალოდ ვერ
შემოვიდა.
ხალხს უნდოდა შემხებოდა, ხელი ჩამოერთმია... ზოგიერთი
მათგანი საკმაოდ ეგოისტურად იქცეოდა. ხელს რომ
ჩამომართმევდნენ, გაშვება აღარ უნდოდათ, ამ დროს კი სხვა
ადამიანებიც ცდილობდნენ ხელის ჩამორთმევას... „ძალიან
დიდი ხანია, მინდოდა თქვენი ნახვა! უზომოდ ბედნიერი ვარ,
რომ შემიძლია ხელი ჩამოგართვათ!“ - მსგავსი ფრაზები
ისმოდა გარშემო. თმები ამეჩეჩა, მოულოდნელად ვიღაცამ
ქუსლზე ფეხი დამაბიჯა და ფეხსაცმელიც გამძვრა. ვინის
დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ეძებდნენ და როგორც
იქნა იპოვეს. ისეთი გაბრაზებული იყო, რომ მთელი დღე არ
მელაპარაკებოდა. „რატომ დამტოვე?!“, - მიყვიროდა. „რა
მექნა?!“, - ვპასუხობდი მე. გარშემო პოლიცია და ჯარისკაცები
მედგნენ და იქით-აქეთ მექაჩებოდნენ, რათა სამშვიდობოს
გავეყვანე. იმის საშუალებაც კი არ მომეცა, რომ ხალხისთვის
სიტყვით მიმემართა, რადგან საშინელი ხმაური იყო. მე და ჩემი
დელეგაციის წევრები ვცდილობდით, დაგვეწყნარებინა ისინი
და აგვეხსნა, რომ იქ სიტყვის სათქმელად ვიყავით მისულნი.
არაფერმა არ უშველა. ბოლოს, როდესაც წასვლა გადავწყვიტე,
ცოტა ხნით დაწყნარდნენ, მაგრამ როგორც კი ხმა ამოვიღე,
კვლავ ხმაური დაიწყეს. შემდეგ, გადავწყვიტეთ, აივანზე
გავსულიყავით და იქიდან მიგვემართა მათთვის, მაგრამ არც
ამან უშველა. ასეთი ეგზალტირებული პუბლიკა არსად
მინახავს. იმას ვგულისხმობ, რომ ისინი ენთუზიაზმით იყვნენ
აღსავსე და სიყვარულს სწორედ ასე გამოხატავდნენ. სიტყვის
წარმოთქმა ვერ მოვახერხე... რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ
არაფერი გამოვიდა.

236
2. საუბარი რიჩარდ სტენგელთან აშშ-ში ვიზიტის შესახებ:
ამერიკელებმა ძალიან თბილად და დიდი ენთუზიაზმით
მიგვიღეს... ნიუ-იორკში ჩასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან
ამაღელვებელი იყო. ამ ქალაქის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში
მქონდა გაგონილი და წაკითხული... ბუნებრივია, იქ ჩვენი
წარმომადგენელიც ვნახე - ლინდი მაბუზა... ჩემთან ერთად
იყვნენ საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თაბო
მბეკი, მთავარი ხაზინადარი თომას ნკობი, ბარბარა მასეკელა,
რომელიც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსია და
სხვები. აეროპორტიდან სასტუმრომდე უშიშროების
წარმომადგენლებმა მიგვაცილეს.
რა თქმა უნდა, კარგად ვიცოდი, რომ სამხრეთ აფრიკაში
აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობა ამერიკელებს შორის
ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი,
თუ ნიუ-იორკში ჩასვლისას ამას ჩვეულებრივი ხალხის
ყოველდღიურ ქცევაში დავინახავდი. ამ ყველაფერმა ჩემზე
ძალიან იმოქმედა. ცოტათი უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი.
3. საუბარი რიჩარდ სტენგელთან გაეროში ვიზიტის შესახებ:
სესიის მიმდინარეობის დროს ჩემმა კოლეგებმა სახლში
გამიშვეს. საქმე ისაა, რომ გაეროში ძალიან ბევრი მეგობარი
გვყავს და ყველა მათგანი ჩემთვის ხელის ჩამოსართმევად
რიგრიგობით მოდიოდა, მე კი ყოველ ჯერზე ფეხზე ვდგებოდი.
როდესაც დიპლომატები, განსაკუთრებით კი ქალბატონები,
ხელის ჩამოსართმევად მოდიან, ძალაუნებურად ფეხზე
ადგომა გიწევს. ეს ინსტინქტურად ხდება. მოულოდნელად
ჩემთან თაბო მბეკი და ფრენე გინვალა მოვიდნენ და მითხრეს,
რომ ფეხზე აღარ ავმდგარიყავი. „ამას ვერ ვიზამ, - ვუპასუხე მე,
- როდესაც ვინმე ხელის ჩამოსართმევად მოდის, ფეხზე უნდა
ავდგე, სხვანაირად არ შემიძლია“. „გვესმის, მაგრამ
კონფერენციის მიმდინარეობას ხელს უშლით“, - მითხრეს მათ.
„მაშინ ისე გააკეთეთ, რომ აღარავინ მოვიდეს ჩემთან. თუ
ვინმე კვლავ მომიახლოვდება, მე ფეხზე ავდგები, სხვა
ალტერნატივა არ არსებობს“, - ვუპასუხე მე. „ასეთ
შემთხვევაში, ჯობს სახლში წახვიდეთ. მიბრძანდით
სასტუმროში და დარჩით იქ, სანამ კონფერენცია არ
დასრულდება“, - მითხრეს მათ (იცინის). აი ასეთი რამ მოხდა.
4. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ამერიკული უშიშროების
სამსახურის შესახებ:

237
ამერიკული უშიშროება მაღალი პროფესიონალიზმით
გამოირჩევა... მათ ამიხსნეს, როგორ უნდა მემოძრავა და
მითხრეს, რომ ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ არის,
როდესაც მანქანიდან გადავდივარ და შენობაში შევდივარ, ან
პირიქით. მათ მითხრეს, რომ ნებისმიერ დროს სწრაფად უნდა
მემოძრავა. ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას
უშიშროების წარმომადგენლების გარემოცვაში ვიყავი.
როდესაც ახალ, მანამდე უცნობ ადგილას ჩადიხარ, ქუჩაში ვერ
გაჩერდები და ადამიანებს ვერ დაელაპარაკები, არც აქ და არც
ამერიკაში ამის საშუალებას უშიშროება არ მოგცემს.
5. საუბარი რიჩარდ სტენგელთან პრეზიდენტ კლინტონის
ინაუგურაციის შესახებ:
ერთად შეკრებილი ამდენი ხალხი მანამდე მხოლოდ ერთხელ
ვნახე - გასული წლის აპრილში, სამხრეთ აფრიკის „სიონის
ქრისტიანულ ეკლესიასთან“, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი
მოვიდა... ინაუგურაცია ერთ პატარა გორაკზე გაიმართა, იქიდან
კი ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ იკრიბება ხალხი... ზემოთ
ერთი პლატფორმა იდგა, სადაც სცენა იყო მოწყობილი... შემდეგ
ცერემონია დაიწყო. ის იმდენად მოწესრიგებულად იყო
დაგეგმილი და შესრულებული, რომ ჩემზე ამ ყველაფერმა
უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა... მიუხედავად ამისა,
კონცენტრირებას ვერ ვახდენდი, რადგან ჩემთან
სისტემატურად მოდიოდნენ ადამიანები და ძალიან თბილად
მესალმებოდნენ... გარდა ამისა, უშიშროების სამსახურის
წევრები, რომლებიც გვერდიდან არ მშორდებოდნენ, ჩემ წინ
იდგნენ და სცენაზე მიმდინარე მოვლენების დანახვაში ესეც
მიშლიდა ხელს... სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმითაც,
რომ ხალხი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული
„აფრიკის ეროვნული კონგრესის“ საქმიანობაში... მე ვთვლი,
რომ ოლივერ თამბომ და სხვებმა ძალიან დიდი სამუშაო
გასწიეს იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ
ამერიკელებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ. სწორედ
მათი დამსახურებაა, რომ ხალხმა ჩემი არსებობის შესახებ
შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურაციის მსვლელობას
თვალი ვერ მივადევნე, მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან
ხალხმა უდიდესი სითბო და სიყვარული გამოავლინა ჩემ
მიმართ. შემდეგ კლინტონის გამოსვლა იყო. მან თითქმის
ყველაფერზე ისაუბრა და ეს ყველაფერი მოკლე დროში ჩაატია.
რაც საჭირო იყო, ყველაფერი თქვა. მისი დამოკიდებულება

238
ბუშის მიმართ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ბრძოლა
დასრულებული იყო და ამერიკელები კვლავ ერთიანდებოდნენ
იმისათვის, რომ საერთო პრობლემებზე ეზრუნათ.
საღამოს კი კონცერტი გაიმართა და ყველანი იქ წავედით.
წვეულების დროს მითხრეს, რომ მე და „ფერადკანიანთა
დახმარების ეროვნული ასოციაციის“ თავმჯდომარე კვეისი
მფუმე კლინტონს უნდა შევხვედროდით... მისაღებ ოთახში
შევედით, ახალ პრეზიდენტს ხელი ჩამოვართვით და
ვისაუბრეთ. ამას დიდი დრო არ წაუღია, რადგან ის ფეხზე
იდგა... საუბარი რომ დავასრულეთ, კლინტონი კვლავ
დარბაზში დაბრუნდა, სცენაზე ავიდა, სადაც მუსიკალური
ჯგუფი უკრავდა და საქსოფონი აიღო ხელში. ძალიან კარგი
დრო ვატარეთ - ყველა ცეკვავდა. ძალიან შთამბეჭდავი იყო,
ძალიან... ალბათ, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც გყავს
პრეზიდენტი, რომელიც ასე ახლოს არის ხალხთან. ის საოცრად
უშუალო იყო და სწორედ ამან იმოქმედა ჩემზე.
6. საუბარი რიჩარდ სტენგელთან 1990 წელს ლონდონის
უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტის შესახებ:
ძალიან მინდოდა ტრეისი ჩეპმენისა და „მანჰეტენ ბრადერსის“
ხილვა... ეს ახალგაზრდა ქალბატონი ყოველთვის ძალიან
მომწონდა... ლოჟაში ვიჯექი... სცენაზე რომ გამოვიდა, ძალიან
გამიხარდა. ის-ის იყო სასიამოვნო ბგერები წამოვიდა, რომ
მოულოდნელად ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ნილ
კინოკთან შესახვედრად დამიძახეს. მისი ნახვა ძალიან
მინდოდა, რადგან ინგლისელი ლეიბორისტები ჩვენ
ყოველთვის განსაკუთრებულად გვიჭერდნენ მხარს. ისინი
ჩემს გათავისუფლებასაც ითხოვდნენ და ლონდონში რომ
ჩავედი, აეროპორტში დამხვდნენ. ამ ყველაფრიდან
გამომდინარე ძალიან გამიხარდა კინოკის ნახვა, მაგრამ გული
დამწყდა, რომ ტრეისი ჩეპმენს ვერ მოვუსმინე. ლოჟაში რომ
დავბრუნდი, სცენაზე „მანჰეტენ ბრადერსი“ გამოვიდა.
სიმღერა რომ დაიწყეს, ორმოცდაათიანი წლები გამახსენდა.
საოცარი შეგრძნება იყო. მოულოდნელად ჩემთან კვლავ
მოვიდნენ და მითხრეს, რომ რუსეთის ელჩს სურდა ჩემი ნახვა.
ისე გამოვიდა, რომ კონცერტზე ორი შემსრულებლის სანახავად
მივედი და ვერც ერთი ვერ ვნახე. წარმოდგენა რომ დასრულდა,
კულისებში გავედი და ყველა მუსიკოსს სათითაოდ
ჩამოვართვი ხელი. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, მაგრამ, რა
თქმა უნდა, უშიშროება სულ კუდში დამდევდა. მათ არ

239
სურდათ, რომ იქ დიდი ხნით გავჩერებულიყავი, ამიტომ,
სასწრაფოდ ჩამოვართვი ყველას ხელი და იქაურობა დავტოვე.
რა თქმა უნდა, სტადიონზე შეკრებილ ხალხსაც მივესალმე.
7. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ნაციონალიზაციის შესახებ:
ციხიდან გაკეთებულ ჩემს განცხადებას იმის შესახებ, რომ
ნაციონალიზაცია კვლავ ჩვენი მთავარი პოლიტიკა იყო,
სამხრეთ აფრიკაში ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა. ყველაზე
დიდი რისხვა საქმიანი წრეებისგან დაგვატყდა თავს და ამან
დაგვაფიქრა, რადგან ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან
მნიშვნელოვანია. როდესაც პატიმრობიდან გამათავისუფლეს,
გადავწყვიტეთ, უფრო დაწვრილებით აგვეხსნა ბიზნესის
წარმომადგენლებისთვის, თუ რატომ ავირჩიეთ
ნაციონალიზაცია... ამერიკელი ბიზნესმენებიც გვირჩევდნენ,
რომ ამ პოლიტიკისთვის გადაგვეხედა. სამხრეთ აფრიკაში
ინვესტიციები იყო მოსაზიდი და ამიტომ ამ საკითხზე
სერიოზული დაფიქრება იყო საჭირო...
გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც შვეიცარიის
კურორტ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავესწარი.
მე იქ მსოფლიოს ცნობილ მეწარმეებს შევხვდი და მათ ძალიან
ნათლად ამიხსნეს, თუ რა შედეგები მოაქვს ნაციონალიზაციას.
სწორედ მაშინ მივხვდი, თუ ინვესტიციების მოზიდვა
გვინდოდა, ამ პოლიტიკისთვის უნდა გადაგვეხედა. მთავარი
იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ბიზნესწრეებში შიში არ
გაჩენილიყო - შიში იმისა, რომ მათ ქონებას ნაციონალიზაცია
ემუქრებოდა.
8. საუბარი რიჩარდ სტენგელთან კანადაში ვიზიტის შესახებ:
სტენგელი: კანადაში პრემიერ მინისტრმა მალროუნიმ
მიგიღოთ, ასე არ არის?
მანდელა: დიახ, ასეა და მიტინგზეც გამოვედი... სიტყვა რომ
დავასრულე და დარბაზიდან გამოვდიოდი, ერთმა ქალბატონმა
შეკითხვა დამისვა. საქმე ისაა, რომ ბრაიან მალროუნიმ 5
მილიონი დოლარი მომცა და სწორედ ამასთან დაკავშირებით
მკითხა ამ ქალბატონმა: „ბატონო მანდელა, ამ 5 მილიონს
კვლავ ხალხის დასახოცად გამოიყენებთ?“ ვაპირებდი, მისთვის
მშვიდად გამეცა პასუხი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან
უშიშროებამ სასწრაფოდ მოაშორა იქაურობას. მას ხელი კრეს
და ისიც წაიქცა. მინდოდა ხელი შემეშალა ამ ყველაფრისთვის,

240
მაგრამ საშუალება არ მომეცა. აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი
„საერთოაფრიკული კონგრესის“ წევრი იყო... ეს შეკითხვა
არასდროს დამავიწყდება. „კვლავ საკუთარი ხალხის დახოცვას
აპირებთ?“ საოცარია (იცინის). მართლა ძალიან უხეშად
მოექცნენ.
9. საუბარი რიჩარდ სტენგელთან „გუს ბეის“ შესახებ:
კანადაში ერთი ადგილია, რომელსაც „გუს ბეი“ ჰქვია და
საწვავის დასამატებლად ჩვენი თვითმფრინავი სწორედ იქ
დაეშვა - დუბლინში მივფრინავდით. აეროპორტის შენობაში
რომ შევდიოდი, შორიახლოს, ღობესთან მდგარი რამდენიმე
ადამიანი დავინახე და მათი ვინაობით დავინტერესდი.
ჩვენთან ერთად მყოფმა ერთ-ერთმა კანადელმა მიპასუხა, რომ
ისინი ესკიმოსები იყვნენ. ძალიან დავინტერესდი. ესკიმოსები
ადრე არასოდეს მენახა და მეგონა, რომ ისინი მხოლოდ თეთრ
დათვებსა და ზღვის ლომებზე ნადირობით იყვნენ
დაკავებული, ამიტომ გადავწყვიტე, ახლოს მივსულიყავი და
გამეცნო. ახლა ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან
აღმოვაჩინე, რომ ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ -
თინეიჯერები... როდესაც შევიტყვე, რომ ყველა მათგანი
უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, ძალიან გამიკვირდა. მათ
წინასწარ იცოდნენ, რომ ჩვენი თვითმფრინავი ბენზინის
დასამატებლად დაეშვებოდა და ამიტომ მოვიდნენ. ძალიან
გამიხარდა მათთან შეხვედრა და დღემდე შთაბეჭდილების
ქვეშ ვარ. მათ ჩემი ციხიდან გათავისუფლების შესახებაც კი
იცოდნენ, წარმოგიდგენიათ?! ამ შეხვედრამ თვალები ამიხილა
და ცოტათი შემრცხვა კიდეც, რადგან არ მეგონა, თუ
ესკიმოსები ჩვენნაირი ხალხი იყო. აღმოვაჩინე, რომ ამ
მიმართულებით საკმაოდ გაუნათლებელი ვიყავი. მართალია,
ციხეში ვიჯექი და სხვა უამრავი საფიქრალი მქონდა, მაგრამ
მაინც უნდა მცოდნოდა, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც
ერთი ეროვნება და ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ
ვითარდება.
მოკლედ, ამ საუბარმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება
დატოვა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ფილტვების ანთება
დამემართა. ოკლენდიდან, სადაც 40 გრადუსი სითბო იყო,
პირდაპირ „გუს ბეიში“ გადავფრინდით, იქ კი 15-გრადუსიანი
ყინვა და თოვლი დაგვხვდა. მართალია თბილი ქურთუკი
მეცვა, მაგრამ კლიმატის ასეთმა ცვლილებამ და ღია ცის ქვეშ
დგომამ თავისი შედეგი გამოიღო და შენობაში რომ შევედი,

241
უკვე გაცივებული ვიყავი. ამ პატარა აეროპორტის მენეჯერი
ესკიმოსი ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც ძალიან მომეწონა.
ის ძალიან განათლებული და კულტურული პიროვნება იყო.
მან სამხრეთ აფრიკაში, კანადის საელჩოში მომუშავე თავის
მეგობარზე მიამბო. ამ ქალბატონთან ერთად კიდევ ერთი
ესკიმოსი იყო, მისი თანაშემწე მამაკაცი, რომელმაც გიტარა
აიღო და მითხრა, რომ მათი ტრადიციის მიხედვით, სიმღერით
უნდა დამხვედროდა. შევატყვე, რომ გიტარა სხვანაირი იყო და
წყობაც ევროპულისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. მან
მითხრა: „ეს არის სიმღერა, რომელიც ღამეზე გვიამბობს“ და
დაკვრა დაიწყო. თავდაპირველად მუსიკა მონოტონური და
ნელი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ხასიათი შეიცვალა და როდესაც
ჩემმა მასპინძელმა კულმინაციას მიაღწია, სიმღერა უკვე
ძალიან მხიარულად ჟღერდა. აი ასე მომესალმნენ ესკიმოსები.
10. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
ირლანდიაში ვიყავი, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა
გამიუარესდა, ამიტომ ჩემი ოჯახის ექიმს, ნთატო მოტლანას
დავურეკე და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ ჩამოსულიყო
დუბლინში. მოტლანა დოქტორ გესელტერთან ერთად
ჩამოვიდა და რომ გამსინჯეს, მითხრეს, რომ სერიოზული
არაფერი მჭირდა. ამის შემდეგ ირლანდიის პრემიერ-
მინისტრის პირადმა ექიმმაც მომინახულა... ასე იყო თუ ისე,
პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მაინც მოვახერხე და მეორე
დღეს ლონდონში გავემგზავრე. თავს უკვე უკეთესად
ვგრძნობდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც
სასტუმროდან გავდიოდი, გარეთ წვიმა მოდიოდა. ვინიმ
მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ დავბრუნდებოდით
ნომერში და უფრო თბილად ჩავიცვამდი. უარი ვუთხარი,
რადგან ასეთ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-
მინისტრთან დანიშნულ შეხვედრაზე დავაგვიანებდი. სანამ
მანქანაში ჩავჯდებოდი, წვიმის რამდენიმე წვეთი დამეცა და
ამან სიტუაცია კიდევ უფრიო გააუარესა. გარდა ამისა,
სასტუმროსთან რამდენიმე ახალგაზრდა იდგა, რომლებსაც
ჩემი ავტოგრაფი სურდათ. ცოტა ხნით შევჩერდი და ავუხსენი,
რომ ძალიან მაგვიანდებოდა, მაგრამ მოგვიანებით
აუცილებლად მოვუწერდი ხელს. მათ ზუსტი დრო მკითხეს და
მეც ვუპასუხე, რომ შუადღის შემდეგ დავბრუნდებოდი, მაგრამ
დამავიწყდა. როდესაც სასტუმროში დავბრუნდი, ისინი იქ
იდგნენ, მე კი კიდევ ერთ შეხვედრაზე მაგვიანდებოდა.

242
ახალგაზრდები დილის 9 საათიდან იქ იდგნენ, ახლა კი უკვე
საღამოს 4 საათი იყო. მათთან მივედი, ბოდიში მოვუხადე და
ვუთხარი, რომ კიდევ შეხვედრაზე მაგვიანდებოდა. მათ კი
მიპასუხეს: „თქვენ ხომ შეგვპირდით? სიტყვა მოგვეცით! უკვე
დიდი ხანია გელოდებით. მოგვეცით ავტოგრაფი!“ ამ
სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ამიტომ გადავწყვიტე
ახალგაზრდებისთვის რამდენიმე წუთი დამეთმო. ამ დროს
ვიღაც მომიახლოვდა და მითხრა: „მხოლოდ ერთს მოაწერეთ
ხელი“. არ დავუჯერე. ბავშვები ძალიან დიდხანს მელოდნენ,
ამიტომ ავტოგრაფი ყველას მივეცი. მოგვიანებით შევიტყვე,
რომ ეს ბავშვები ამ ავტოგრაფებს ყიდიან. განგებ ნადირობენ
ცნობილ ადამიანებზე და შემდეგ თითოეულ ავტოგრაფში 5
ფუნტს ითხოვენ. ალბათ ჩემი საშუალებითაც გააკეთეს ფული
(იცინის).
ქალბატონ ტეტჩერს რომ შევხვდი, სამი საათის განმავლობაში
ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე
მოვლენები და სანქციებიც განვიხილეთ. პრემიერს მანგოსუთუ
ბუთელეზისთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ
აინტერესებდა... რაც შეეხება სანქციებს, ამ საკითხით
ტეტჩერის დაინტერესება ვერ შევძელი. მე მას ვუთხარი, რომ
ჩვენ რეპრესირებული ხალხი ვართ და საჭიროა, რომ რეჟიმზე
ზეწოლა განხორციელდეს და სანქციები ყველაზე მისაღები
გამოსავალია. ჩემმა სიტყვებმა მასზე განსაკუთრებული
შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, მაგრამ ზოგადად მასთან
საუბრით კმაყოფილი დავრჩი... მოგვიანებით ერთად
ვისადილეთ... მან ძალიან თბილად მიმიღო. სრულიად
საწინააღმდეგო იყო იმისა, რაც მასზე გამეგონა. შემდეგ, მე მას
ბოდიში მოვუხადე და თავაზიანად ვუთხარი, რომ სხვა
შეხვედრაზე ვიყავი წასასვლელი. აღმოჩნდა, რომ თავადაც
საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პუნქტუალობას.
ტეტჩერმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
განსაკუთრებით მისი ძლიერი ხასიათი მომხვდა თვალში.
მართლაც რკინის ქალბატონია.
ირლანდიაში ყოფნის დროს მე განვაცხადე, რომ ჩვენ რეჟიმთან
მოლაპარაკებების გამართვა გადავწყვიტეთ, რაც სრულად
შეესაბამებოდა გაეროს პრინციპებს. ამ პრინციპების მიხედვით,
მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა ეცადოს პრობლემები
მშვიდობიანი მეთოდებით მოაგვაროს. ამის შემდეგ მე
„ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასა“ და დიდი ბრიტანეთის

243
ხელისუფლებას იმავე გზით წასვლა შევთავაზე. თემთა
პალატაში ვიზიტის დროს ერთ-ერთმა პარლამენტარმა ამის
შესახებ კიდევ ერთხელ მკითხა და მეც იგივე გავიმეორე. მას
პასუხი არ მოეწონა და რამდენიმე კრიტიკული ფრაზაც
წარმოთქვა ჩემი მისამართით, მაგრამ სხვა პარლამენტარებმა
მას ობსტრუქცია მოუწყვეს: „სისულელეა!“, - ყვიროდნენ
ისინი.
11. საუბარი რიჩარდ სტენგელთან დედოფალ ბეატრიქსისა და
დედოფალ ელისაბედ მეორის შესახებ:
ჰოლანდიის დედოფალზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება
დამრჩა. ის საინტერესო, ჭკვიანი, კარგად ინფორმირებული,
სანდო და უშუალო ადამიანია. არანაირი მკაცრი პროტოკოლი
არ ყოფილა... ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ საღამო.
ბეატრიქსმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ფაქტიურად ყველაფერი იცოდა და დიდი ენთუზიაზმით
გვესაუბრებოდა... მართლა ძალიან სასიამოვნო ქალბატონია.
რაც შეეხება დედოფალ ელისაბედს, ისიც ძალიან კარგი ქალია
და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს... თუ სწორად
მახსოვს, 1991 წელს ვნახე ბოლოს, როდესაც ჰარარეში
თანამეგობრობის კონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდა.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრს, მაჰათირ მოჰამადს
სადღეგრძელოს წარმოთქმა სთხოვეს. ის ფეხზე ადგა და თქვა:
„როდესაც ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით, მაშინაც
დედოფალი ელისაბედი იყო, ჩვენ კი სულთანი გვყავდა,
რომელიც ქვეყანას არ მართავდა. ჩვენ ასევე გვყავდნენ
მეფისნაცვალი და მრჩევლები, რომელთა რჩევები
აუცილებლად უნდა გათვალისწინებულიყო. ახლა კი ჩვენ
თანამეგობრობის ნაწილი ვართ, მაგრამ მისი სიმდიდრე
საერთო არ არის“[31]... დედოფალს ეს ხუმრობები ძალიან
მოსწონდა... ამის შემდეგ მე მასთან გასაუბრების საშუალებაც
მომეცა... ის ძალიან კარგ ხასიათზე იყო და თავისუფლად ეჭირა
თავი. ძალიან კარგი პიროვნებაა. ჭკვიანი. მის გარშემო დიდი
პომპეზურობაა, მაგრამ როგორც ადამიანი, ის ძალიან უბრალოა,
ძალიან უშუალო. მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.
12. საუბარი რიჩარდ სტენგელთან საფრანგეთში მოგზაურობის
შესახებ:
პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა პომპეზურად მიმიღო...
არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ სოციალისტები

244
უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საქმეს. ჩანაფიქრის მიხედვით,
მე მოედნის ერთი ბოლოდან დავიძარი, ის კი მეორედან და
ზუსტად შუაში შევხვდით ერთმანეთს. მიტერანი თავის
მეუღლე დანიელასთან ერთად იყო, მე კი ვინისთან ერთად.
ძალიან ცუდი ამინდი იდგა - ქარი უბერავდა და წვიმდა, მაგრამ
როგორც მას, ასევე მეც საწვიმრები გვეცვა.
ერთმანეთს რომ შევხვდით და ხელი ჩამოვართვით,
ბრეზენტით გადახურულ ადგილას გადავინაცვლეთ და
ვისაუბრეთ. მე მას სამხრეთ აფრიკაში არსებულ სიტუაციაზე
ვუამბე, ამის შემდეგ კი ერთად ვისადილეთ...
პარიზიდან ჟენევაში საგანგებო რეისით გავფრინდით.
საშინელი ამინდი იყო და თვითმფრინავში ვინც იჯდა, ყველა
ძალიან ნერვიულობდა. სიტუაციის განსამუხტად, ხუმრობა
გადავწყვიტე და ვთქვი, რომ თუ ჩემს ცოლს რამე მოუვიდოდა,
ავიაკომპანიას სასამართლოში ვუჩივლებდი. არავის გაეცინა.
ძალიან შეშინებული იყო ყველა, რადგან თვითმფრინავი
საშინლად ჯანჯღარებდა. რომ ჩამოვცვენილიყავით, ყველანი
დავიღუპებოდით და, რა თქმა უნდა, სასამართლოში ჩივილის
საშუალება არ მექნებოდა. სწორედ ეს იყო ჩემი ხუმრობის არსი,
მაგრამ ეს ვერავინ გაიგო.
13. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
მანდელა: პაპიც შესანიშნავი პიროვნებაა[32] - თავმდაბალი,
ძალიან თავმდაბალი. მასთან შეხვედრამ, თუ არ მეშლება,
ოცდაათ წუთს გასტანა და შემდეგ დელეგაციის სხვა წევრებიც
შემოვიდნენ. პაპმა ყველას ჯილდოები გადმოგვცა და
დაგვლოცა... ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე...
ჯერ კიდევ ციხეში რომ ვიყავი, ერთი ისტორია წავიკითხე:
ალპებში ყოფნის დროს პაპი თავის ერთ-ერთ კოლეგასთან
ერთად სეირნობდა. მოულოდნელად ის გაჩერდა და თქვა:
„სხვათაშორის, დღეს ნელსონ მანდელას დაბადების დღეა“.
სტენგელი: ეს პაპმა თქვა?
მანდელა: დიახ, პაპმა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას სამხრეთ
აფრიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ არა მხოლოდ
ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა... მან ძალიან კარგად
მიგვიღო... მე მას მოკლედ ავუხსენი სიტუაცია, მან კი მითხრა,
რომ სრულად ემხრობოდა ჩვენს ბრძოლას აპარტეიდის
წინააღმდეგ და წარმატებები გვისურვა... გარდა ამისა, ის

245
ლინგვისტია, ნამდვილი ლინგვისტი და გიტარაზეც უკრავს,
იცოდით?.. ძალიან კარგი პიროვნებაა და ძალიან ბევრს
მოგზაურობს... პრემიერ-მინისტრ ანდრეოტისაც შევხვდი და
პრეზიდენტსაც... პრეზიდენტის სახელი დამავიწყდა, საქმეა
ახლა ეს? (იცინის)[33]
14. საუბარი რიჩარდ სტენგელთან:
ერთ-ერთი აფრიკული ქვეყანა, - სახელს არ ვიტყვი, რადგან
აფრიკელი ხალხი ძალიან მგრძნობიარეა, - ჩვენი აზრით,
დემოკრატიის მაგალითი იყო, რადგან იქ თავისუფალი
არჩევნები ტარდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი
შთაბეჭდილება გვქონდა... როდესაც იქ ჩავედი, ძალიან კარგად
მიმიღეს, საღამოს კი, ბანკეტზე, სადღეგრძელო წარმოვთქვი და
პრეზიდენტს კომპლიმენტი ვუთხარი იმის გამო, რომ მან
ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. როდესაც
ამას ვამბობდი, ბანკეტზე მყოფი ზოგიერთი პიროვნების
სახეზე სარკაზმი შევნიშნე და მოგვიანებით ჩვენი დელეგაციის
ერთ-ერთ წევრს ვკითხე: „რა ხდება ამ ქვეყანაში?“ მან კი
მიპასუხა: „თქვენ ძალიან სასიამოვნო სიტყვები წარმოთქვით,
მაგრამ ალბათ არ იცით, რომ აქ უამრავი ადამიანი ზის ციხეში
მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგას.
მათ თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მაგრამ
მთავრობას მათი ეშინია, ამიტომ ყველა დააპატიმრა“. მას
შემდეგ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში მივდივარ, პირველ
რიგში ვცდილობ, კარგად გავეცნო, თუ როგორი პოლიტიკური
სისტემაა იქ და რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას.
15. საუბარი რიჩარდ სტენგელთან ფიდელ კასტროსთან
შეხვედრის შესახებ:
კასტრო შთამბეჭდავი პიროვნებაა... მიტინგზე გამოვედით
ერთად. ქალაქის სახელი დამავიწყდა, მაგრამ ასეთ პატარა
დასახლებაში ამდენი ხალხის შეკრება თუ შეიძლებოდა, არ
მეგონა. დაახლოებით 300 000 ადამიანი იყო მოსული და ყველა
სკამზე იჯდა. კასტრომ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში
ისაუბრა ისე, რომ ნაწერისთვის არც კი დაუხედავს. მან
განაცხადა, რომ ამერიკა გაკოტრებული ქვეყანა იყო და რაღაც
ციფრებიც მოიყვანა. არც ერთ ადამიანს თავისი ადგილი არ
დაუტოვებია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვინმე
ტუალეტში გადიოდა... კასტრომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა ჩემზე. ის ძალიან თავმდაბალი პიროვნებაა.

246
მოგვიანებით, როდესაც გადახდილ მანქანაში ერთად
ვისხედით და ქუჩებში დავდიოდით, ის გულხელდაკრეფილი
იჯდა და ხალხს მხოლოდ მე ვუქნევდი ხელს... ამის შემდეგ,
ხალხში გავერიეთ... ის ყველას ესალმებოდა... ჯერ თეთრკანიან
პიროვნებას მიესალმა და გამოელაპარაკა, შემდეგ შავკანიანს...
არც კი ვიცი, განგებ იყო ასე ჩაფიქრებული, თუ შემთხვევით
მოხდა. ძალიან თბილად ესაუბრებოდა ყველას... მაშინღა
მივხვდი, რომ ხალხი სწორედ მას უქნევდა ხელს და ჩემი
არსებობა არც არავის ანაღვლებდა (იცინის). ძალიან
შთამბეჭდავი პიროვნებაა.
16. საუბარი რიჩარდ სტენგელთან კენიაში, უგანდასა და
მოზამბიკში ვიზიტის შესახებ:
როგორც უგანდაში, ასევე კენიაში, ძალიან საინტერესო
კლიმატია. უგანდის ნიადაგი იმდენად ნოყიერია, რომ
ყველაფერი იზრდება. ხილისა და სოფლის მეურნეობის სხვა
პროდუქტების მხრივ, მათ საკმარისი მოსავალი აქვთ... რაც
შეეხება კენიას, აღმოვაჩინე, რომ იქ სიმინდს წელიწადის
ნებისმიერ დროს თესავენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათაც
ძალიან კარგი კლიმატი აქვთ სოფლის მეურნეობისთვის. რაც
შეეხება სამხრეთ აფრიკას, რამდენიმე სათბურს თუ არ
ჩავთვლით, სიმინდი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ითესება.
სამივე ქვეყანაში ძალიან კარგად მიგვიღეს... მოზამბიკში
პრეზიდენტ შისანოს შევხვდი. თვალშისაცემი იყო, რომ ომმა
ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა. ძალიან რთული
პერიოდი ედგათ, მაგრამ მომეჩვენა, რომ შისანო ამ
პრობლემებს კარგად უმკლავდებოდა. გარდა ამისა, ქვეყნის
ყოფილი პრეზიდენტის ქვრივს, გრასა მაშელს შევხვდი და
ძალიან კმაყოფილი დავრჩი. შთამბეჭდავი პიროვნებაა.
მაპუტუში სამიოდე დღე გავატარე. უკან რომ მოვფინავდით,
აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და მოსალოდნელი
ტერაქტის შესახებ შეატყობინა. სასწრაფოდ დაგვატოვებინეს
თვითმფრინავი და საგანგებოდ დაათვალიერეს ყველაფერი,
ჩვენი ბარგი კი უფრო დიდი ხნით დაიტოვეს და მეორე დღეს
გამოგზავნეს... სამხრეთ აფრიკაში რომ ჩამოვედით,
აეროპორტში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები
დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცა ჩემი მოკვლით იმუქრებოდა.
არაფერი მომხდარა.
17. პირადი ჩანაწერებიდან:

247
დისკუსია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან.
თეთრი სახლი, 12 ნოემბერი, 2001
რამდენი დრო დამრჩა?
1. კომპლიმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ
გაუმკლავდა მნიშვნელოვან საკითხებს
სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა, მათ შორის,
პრეზიდენტ მბეკისთან და პრეზიდენტ ობასანჯოსთან
2. ავღანეთი
ჩემი მოხსენება
ჯარის გამოყვანა დაუშვებელია, სანამ ოსამა ბინ ლადენი
მოშორებული არ იქნება.
მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი სამწუხაროა,
მაგრამ ეს ნებისმიერ ომს ახლავს თან
3. პალესტინა - 3-წლიანი უშედეგო მცდელობები.
ჩემი წინადადება.
არაფატის ამბავი სამწუხაროა
4. ბურუნდის დაფინანსების გაზრდა[34]
5. ლოკერბი[35]

თავი მეთოთხმეტე. სახლში


უცხო მიწების ძარცვა, მისი წიაღისეული სიმდიდრეებისა და
სხვა ნედლეულის ექსპლუატაცია, აბორიგენი მოსახლეობის
იზოლირება და მათთვის გადაადგილების შეზღუდვა,
მცირეოდენ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით,
კოლონიალიზმის მთავარი დამახასიათებელი თვისება იყო.
ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ფრაგმენტი
1. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
უცხო მიწების ძარცვა, მისი წიაღისეული სიმდიდრეებისა და
სხვა ნედლეულის ექსპლუატაცია, აბორიგენი მოსახლეობის
იზოლირება და მათთვის გადაადგილების შეზღუდვა,
მცირეოდენ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით,
კოლონიალიზმის მთავარი დამახასიათებელი თვისება იყო.

248
სწორედ ასეთი ფორმა მიიღო ბრიტანულმა კოლონიალიზმმა
სამხრეთ აფრიკაში. როდესაც 1913 წელს ამ ქვეყნის მთავრობამ
ე.წ. „მიწის დადგენილება“ მიიღო, გაირკვა, რომ
თეთრკანიანები, რომლებიც მოსახლეობის 15 %-საც კი არ
შეადგენდნენ, სამხრეთ აფრიკის მიწის 87 %-ის მფლობელები
ხდებოდნენ, ხოლო ფერადკანიანებსა და ინდიელებს მხოლოდ
13% ერგებოდათ. სამხრეთ აფრიკის აბორიგენი მოსახლეობა
სიღარიბეში ცხოვრობდა და იძულებული იყო, სამუშაო
თეთრკანიანთა ფერმებსა და მაღაროებში ეძებნა.
როდესაც 1948 წელს მთავრობაში „ნაციონალისტური პარტია“
მოვიდა, აფრიკანერების სისასტიკე კიდევ უფრო გამძაფრდა
და მოსახლეობის უმეტესობას ის მცირეოდენი უფლებებიც კი
ჩამოერთვა, რაც მანამდე ჰქონდა.
ხალხი, რომელიც თავის ამ მიწაზე უხსოვარი დროიდან
ცხოვრობდა, უმოწყალოდ მოწყვიტეს საკუთარ ფესვებს,
შორეულ საძოვრებზე გადაასახლეს და ბედის ანაბარა
დატოვეს. ეს ყველაფერი გააკეთა თეთრკანიანმა მოსახლეობამ,
რომელსაც სათავეში განათლებული, მაგრამ უპატიოსნო
მღვდელი ედგა. მისმა შთამომავლებმა რელიგიის სახელით
ჩაიდინეს ის სისასტიკე, რომელსაც ღმერთი კრძალავს.
მიუხედავად ამისა, ისინი ურცხვად და ფარისევლურად
ამტკიცებდნენ, რომ მათი ქმედებები ღმერთის მიერ იყო
შთაგონებული.
2. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
კათრადა: გვერდი 165 (გრძელი გზა თავისუფლებისკენ)...
„სამხრეთ აფრიკის უშიშროებამ ზუსტად იცოდა, სადაც ვიყავი.
სწორედ ასე იყო საჭირო“. ამ თავის ბოლოს საუბარია იმაზე,
რომ ინგლისში ყოფნის დროს ხალხს ემალებოდით.
მანდელა: არა, არა, ეს გადამეტებულია. ასე არ ყოფილა. ამოიღე
ეგ ფრაზა. ამერიკელებს ძალიან უყვართ ყველაფრის
დრამატიზება.
3. საუბარი აჰმედ კათრადასთან:
კათრადა: შემდეგ მოდის გვერდი... („გრძელი გზა
თავისუფლებისკენ“). რედაქტორი გვეკითხება: „როგორი იყო
ვინის რეაქცია, როდესაც თქვენ მას განქორწინება შესთავაზეთ?
ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა“.

249
მანდელა: მე მათ უკვე ვუთხარი, რომ პირად ცხოვრებას არ
შევეხები. გადაეცი, რომ ამ შეკითხვას პასუხის გარეშე ვტოვებ,
ან უთხარი, რომ არ მახსოვს. არ მსურს ამაზე საუბარი, რადგან
შეიძლება მათ თავისებურად გადააკეთონ ეს ყველაფერი.
კათრადა: კიდევ ერთი შეკითხვა: „როგორ მიიღო ოჯახმა
თქვენი განქორწინების ამბავი?“
მანდელა: არც ამ შეკითხვას ვპასუხობ.
კათრადა: არც ამას?
მანდელა: არა.
4. პირადი ჩანაწერებიდან - ბურუნდიში მიმდინარე
სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილი შეხვედრა. ქალაქი
არუშა, ტანზანია:
მოლაპარაკებებზე მყოფი მხარეებიდან ჯერჯერობით ძალიან
ცოტამ ისწავლა კომპრომისზე წასვლა, არადა დათმობის
გარეშე ხელშესახები შედეგები ვერ მიიღწევა... ერთი მყარად
დამკვიდრებული მოსაზრება არსებობს, რომელსაც ყველაზე
გამოცდილი და მიუკერძოებელი ანალიტიკოსებიც იზიარებენ.
ამ მოსაზრების მიხედვით, ბურუნდის მთავარი პრობლემა
მოქნილი ხელისუფლების არარსებობაა - ხელისუფლებისა,
რომელსაც კარგად ესმის ეროვნული ერთიანობის, მშვიდობისა
და შერიგების მნიშვნელობა და რომლისთვისაც მიუღებელია
უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობა.
მე არ ვიცი, რამდენად ზუსტია ეს შეფასება. ჩვენ ერთად
ვეძებთ სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზებს და
საკუთარი აზრი ამ პროცესში ჩამომიყალიბდება. მე მჯერა, რომ
ყველა თქვენგანს შეუძლია გაამართლოს იმედები და
საკუთარი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეჭიდოს.
მიუხედავად შეცდომებისა და სისუსტეებისა, ფაქტია, რომ
თქვენ ყველანი ლიდერებად იქეცით და სხვა თუ არაფერი,
მხოლოდ ესეც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ
მილიონობით ადამიანის ხოცვა თქვენთვის სრულიად
მიუღებელია.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვან საკითხებზე
შეუთანხმებლობა, ორგანიზაციების შიგნით არსებული
ერთიანობის პრობლემები და პასუხისმგებლობის გრძნობის
ნაკლებობა საერთო საქმის გადაწყვეტას უშლის ხელს...

250
კომპრომისზე წასვლის უნარი ნებისმიერ ლიდერს უნდა
ჰქონდეს მაშინაც კი, როდესაც საწინააღმდეგო მხარეს მტერი
დგას და არა მეგობარი. სიტუაციის შესწავლისას ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითოეული თქვენგანი
მოწინააღმდეგის დისკრედიტირებასა და დასუსტებას
ცდილობს. არც ერთი თქვენგანი არ დაფიქრებულა იმ
მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ერის გაერთიანებას
შეუწყობს ხელს.
როდესაც ადამიანი თქვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას
გადაავლებს თვალს, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ არც
ერთი თქვენგანისათვის არ არის ცნობილი ის ძირითადი
პრინციპები, რომლებიც ყველა ლიდერს უნდა ჰქონდეს
გააზრებული:
1) კარგი და ცუდი ადამიანები ყველა საზოგადოებასა და ერში
არიან და ამ მხრივ არც ჰუტუს, ტუტსისა და ტვას ტომებია
გამონაკლისი. ნებისმიერი ლიდერის მთავარი ამოცანა ის არის,
რომ ეს კარგი ხალხი გააერთიანოს და ქვეყნის სამსახურში
ჩააყენოს.
2) ნამდვილი ლიდერი ყველაფერს უნდა აკეთებდეს
დაძაბულობის მოსახსნელად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე
მტკივნეულ საკითხებს ეხება. როდესაც საზოგადოებაში
დაძაბულობაა, ავანსცენაზე ექსტრემისტები გამოდიან და ასეთ
დროს ემოციები რაციონალურ აზროვნებას ჯაბნის.
3) ნამდვილი ლიდერი ყველა საშუალებას იყენებს იმისათვის,
რომ დებატების დასრულების შემდეგ მოწინააღმდეგე
მხარეები უფრო მეტად იყვნენ გაერთიანებული, ვიდრე
მანამდე იყვნენ.
4) ყოველი ცხარე კამათის შემდეგ დგება მომენტი, რომლის
დროსაც არც ერთი მხარე არ შეიძლება იყოს ბოლომდე
მართალი ან ბოლომდე მტყუანი. მათთვის, ვისაც ნამდვილად
სურს მშვიდობა და სტაბილურობა, კომპრომისი ერთადერთი
ალტერნატივაა.
5. ავტობიოგრაფიის გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი:
პროექტი
16.10.98
საპრეზიდენტო წლები

251
თავი პირველი
ადამიანები უხსოვარი დროიდან იბადებიან და იხოცებიან და
ზოგიერთი მათგანი სრულიად არაფერს ტოვებს, სახელსაც კი.
ბევრი ისე მოვიდა და წავიდა, თითქოს არც არასოდეს
დაბადებულა.
თუმცა, არიან ისეთებიც, ვისი სახელი და საქმეები დიდი ხნით
რჩება ადამიანთა მეხსიერებაში. მათ ბოროტებით
დაიმკვიდრეს ადგილი ისტორიაში და თავიანთი პოლიტიკის
გატარების მიზნით არა მხოლოდ რეპრესიებს, გენოციდსაც კი
მიმართეს.
მსოფლიოს მრავალ კუთხეში მცხოვრები ერების მორალური
დაცემის ერთ-ერთი მაგალითი ის არის, რომ ისინი თავიანთ
ბინძურ საქმეებს ღმერთის სახელით აკეთებდნენ და
ცდილობდნენ ასეთი ხერხით გაემართლებინათ ის, რაც
ნორმალურ საზოგადოებაში კაცობრიობის წინააღმდეგ
ჩადენილ დანაშაულად ითვლება.
ძალიან ბევრია ისეთი, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას
მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება. ისინი დაუმარცხებელ
განმათავისუფლებელ ჯარებს ხელმძღვანელობდნენ და დიდ
მსხვერპლს სწირავდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ხალხი
რეპრესიებისგან ეხსნათ, მათი ცხოვრება გაეუმჯობესებინათ,
სამუშაო ადგილები შეექმნათ, სახლები, სკოლები და
საავადმყოფოები აეშენებინათ, ელექტროენერგია შემოეტანათ
და სუფთა წყალი მიეცათ სოფლებში მცხოვრებთათვის. მათი
მიზანი ის იყო, რომ სამუდამოდ გამქრალიყო ზღვარი
მდიდრებსა და ღარიბებს, განათლებულებსა და
გაუნათლებლებს, ჯანმრთელებსა და დაავადებულებს შორის.
მართლაც, როდესაც რეაქციული რეჟიმები დაეცა,
განმათავისუფლებლებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ
საკუთარი კეთილშობილური მიზნებისთვის მიეღწიათ, სუფთა
და არაკორუმპირებული მთავრობები ჩამოეყალიბებინათ.
რეპრესირებული საზოგადოების თითოეულ წევრს იმედი
გაუჩნდა, რომ ბოლოს და ბოლოს მისი ოცნება ასრულდებოდა,
რომ სულ მალე აღიდგენდა იმ ღირსებას, რომელიც
ათწლეულებისა და, ბევრ შემთხვევაში, საუკუნეების
განმავლობაშიც კი ჰქონდა შელახული.
მაგრამ მოვლენები ხშირად სხვაგვარად ვითარდება და

252
ყველაზე ცნობილი მებრძოლებიც კი ვერ ამართლებენ იმედებს.
ბევრია ისეთი, ვისაც სიძუნწემ სძლია, კეთილშობილურ
იდეებს უღალატა, ხალხის კუთვნილი ქონების სათავისოდ
გამოყენება დაიწყო და ამით ძველ მჩაგვრელებს შეუერთდა -
მათ, ვინც საკუთარ სიმდიდრეს უღარიბესთა ხარჯზე ქმნიდა.
ყველა პატივს სცემს და ეთაყვანება მათ, ვინც ყოველთვის
თავმდაბალია და თითოეულ ადამიანში, განურჩევლად
სოციალური სტატუსისა, სრული ნდობით სარგებლობს.
როგორც წესი, ისინი ოპტიმისტები არიან და სჯერათ, რომ
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებობენ კარგი ადამიანები,
ვისაც მშვიდობა და სტაბილურობა სურს. რა თქმა უნდა,
არსებობს კონკრეტული სიტუაციები, როდესაც ძალის
გამოყენება ერთადერთი გამოსავალია და მას თავს ვერანაირად
ვერ აარიდებ. თუმცა ასეთი უკიდურესი ზომაც იმისათვის
უნდა გამოიყენო, რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების
გარემო შეიქმნას. სწორედ ეს კარგი ადამიანები არიან ისინი,
ვინც მსოფლიოს გადაარჩენენ. მათი მიღწევები დროსა და
საზღვრებს სცდება. ისინი უკვდავები ხდებიან.
რამდენიმე ავტობიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ დავადგინე,
რომ ავტობიოგრაფია არ არის მხოლოდ მოვლენების კატალოგი
და რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, სხვა ადამიანებისთვის
ერთგვარ მაგალითად იქცეს.
ამ წიგნს მსგავსი პრეტენზია არ გააჩნია. ახალგაზრდობაში
ჩემში ყველა სახის სისუსტეები და უარყოფითი თვისებები იყო
გაერთიანებული, რადგან გავლენას ჩემზე მხოლოდ სოფლის
ცხოვრება და სასწავლებლები ახდენდა. ხშირად, ჩემი
სისუსტეების დასაფარავად უხეშობასაც მივმართავდი.
როდესაც წამოვიზარდე ჩემმა თანამებრძოლებმა აღმზარდეს
და იმად მაქციეს, რაც დღეს ვარ.
ერთ-ერთი საკითხი, რაც ციხეში ყოფნის დროს მაწუხებდა ის
იყო, რომ ადამიანების თვალში ჩემდაუნებურად წმინდანად
ვიქეცი. სინამდვილეში მე წმინდანი არასოდეს ვყოფილვარ.
ჩემს შემთხვევაში არც მიწიერი განმარტება გამოდგება,
რომლის მიხედვით წმინდანი არის ცოდვილი, რომელიც მუდამ
უკეთესობისთვის იღწვის.

253

You might also like