You are on page 1of 28

მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე

წმიდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტი

შესავალი

ადამიანები იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ იცხოვრონ მხოლოდ აქ, დედამიწაზე,


ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრებიან, არამედ იმისათვის, რომ
იცხოვრონ ღმერთთან და ღმერთში, და იცხოვრონ არა ასი ან ათასი წელი, არამედ -
საუკონოდ, ღმერთთან ცხოვრება კი შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიანებს ანუ იმათ, ვისაც
ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტესი.

ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნატრობს და ეძებს კეთილდღეობასა და


ბედნიერებას. საკუთარი თავისათვის სიკეთის სურვილი, კეთილდღეობის ან ნეტარების ძებნა
არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი და არ წარმოადგენს ცოდვას ან მანკიერებას.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აქ, დედამიწაზე, არ არსებობდა, არ არსებობს და არასოდეს


იარსებებს ჭეშმარიტად სრული ბედნიერება და კეთილდღეობა, ჩვენი სრული კეთილდღეობა და
ნეტარება შესაძლებელია მხოლოდ ღმერთში: ღვთის გარეშე ვერასოდეს ვერავინ ვერ იპოვის
ჭეშმარიტ ბედნიერებასა და სრულ კეთილდღეობას.

ამქვეყნად, ღვთის გარდა, არავის ძალუძს აღავსოს ჩვენი გული ან სრულად დააკმაყოფილოს
ჩვენი სურვილები. ვერ ჩააქრობთ ხანძარს ფიჩხით ან ზეთით, რადგან მხოლოდ წყლით
შეიძლება მისი ჩაქრობა; ასევე ვერ აღავსებს ადამიანის გულს ამქვეყნიური სიკეთეები,
რადგან მხოლოდ ღვთის მადლს შეუძლია მისი დაკმაყოფილება.

ყოველი ჩვენთვის სასურველი ნივთი მანამ მოგვწონს, სანამ არ ვფლობთ მას, და როდესაც
დავეუფლებით, მალევე გვწყინდება. კარგი და მომხიბვლელია ჩვენთვის მხოლოდ ის, რაც ჯერ
არ გვაქვს, ხოლო ის ყველაფერი, რაც გვაქვს, თუნდაც საუკეთესო – ჩვენთვის ან არ არის
საკმარისი, ან – სულაც არ გვაინტერესებს.

ამის საუკეთესო მაგალითია მეფე სოლომონი, რომელიც, როგორც ცნობილია, იმდენად მდიდარი
იყო, რომ თავის სასახლეში ყველა ნივთი მხოლოდ ოქროსი ჰქონდა; იმდენად ბრძენი იყო, რომ
სხვა მეფეები მოდიოდნენ მის მოსასმენად; იმდენად დიდებული იყო, რომ მისი მტრები შიშით
ძრწოდნენ; მას, როგორც თანამედროვეთაგან ყველაზე მეტად განათლებულსა და უძლიერესს,
შეეძლო ყველა თავისი სურვილის ასრულება – რადგან არ არსებობდა რამე, რაც მას არ
ჰქონდა ან ვერ შეძლებდა მის მიღებას – მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ
დაკმაყოფილდა მისი გული, უამრავი გულისთქმა ტანჯავდა მას უფრო მეტად, ვიდრე უბრალო
ადამიანებს, და ბოლოს, გამოსცადა რა ყველაფერი ამ ცისქვეშეთში, ამგვარი რამ თქვა:
ამქვეყნიერად ყველაფრი ამაოა და არაფერს ძალუძს ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება.

ჭეშმარიტად, არცერთ ამქვეყნიურ სიკეთეს არ ძალუძს აღავსოს ჩვენი გული, რადგან


დედამიწაზე ჩვენ ვართ დროებით, წუთისოფელში ჩვენ ვართ მდგმურები და მწირები, ჩვენი
სახლი და სამშობლო კი არის იქ - ზეცაში, ცათა სასუფეველში, წუთისოფელში არ არსებობს
საგანი, ნივთი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ჩვენს სურვილებს. თუნდაც მთელ
სამყაროს რომ დაეუფლოს ადამიანი და ყველაფერი მოიხვეჭოს, რაც მასშია, ეს ყველაფერი
სულ რაღაც ერთი წუთით თუ მიიპყრობს მის ყურადღებას, მაგრამ ვერ აღავსებს მის გულს,
რადგან ადამიანის გული შეიძლება დაკმაყოფილდეს და აღივსოს მხოლოდ ღვთის სიყვარულით:
სწორედ ამიტომ, ღმერთია ის ერთადერთი, ვისაც შეუძლია სრულად აღავსოს ადამიანის გული
და მისი სული დაამწყურვალოს.

ასე რომ, ძმებო, თუ გსურთ ღმერთთან ყოფნა ცათა სასუფეველში – იყავით მართლმადიდებელი
ქრისტიანები; თუ გსურთ კეთილდღეობა და ბედნიერება – ეძიეთ ისინი ღმერთში; და თუ
გსურთ, რომ აღივსოს თქვენი გული – მიმართეთ იგი ღვთისაკენ, რომელსაც დაშორდით თქვენი
ცოდვებით.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არავის თავისით, იესო ქრისტეს გარეშე, არ ძალუძს დაუბრუნდეს
და მიუახლოვდეს ღმერთს, რადგან ჩვენი ცოდვებია აღმართული, როგორც მაღალი კედელი და არ
გვიშვებს მასთან. და თუ იესო ქრისტე, ჩვენდამი გულმოწყალების გამო, არ ჩამოვიდოდა
დედამიწაზე და ადამიანურ ხორცს არ შეისხამდა და თავისი სიკვდილით არ დაანგრევდა იმ
კედელს, რომელიც გვაშორებს ღმერთს, მაშინ ყველა ადამიანი დაიღუპებოდა და ვერავინ
მიუახლოვდებოდა მას და ვერ იცხოვრებდა მასთან ერთად, რადგან ყოველი კაცი ცოდვილია,
ცოდვით იშვება დედის მუცლითგანვე („ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“), და თვით
ახალშობილშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცის და არც არაფერს აკეთებს
ცხოვრებისეულს, უკვე არსებობს ცოდვის თესლი.

იესო ქრისტე არის ჩვენი გამომხსნელი, გადამრჩენელი, განმათავისუფლებელი და მადლის


მომცემი. ამიერიდან ყოველ ადამიანს, ვინც მოისურვებს, ძალუძს დაუბრუნდეს ღმერთს და
შევიდეს ცათა სასუფეველში.

მაგრამ გზა ცათა სასუფევლისკენ მხოლოდ ერთია – ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც განვლო
დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ქრისტემ. სხვა გზა არ არსებობს, არც არასაოდეს ყოფილა და
არც იქნება, რამეთუ იესო ქრისტემ თქვა: „მე ვარ გზა“ (იოან. 14: 6) და რომელსა უნებს
შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ
მე“ (მარკ. 8: 34).

ამიტომ ყოველმა ქრისტიანმა და თვით ყოველმა ადამიანმა აუცილებელია იცოდეს როგორია ეს


გზა, როგორ იპოვოს ის და როგორ იაროს მასზე. და აი, ახლა სწორედ ამ გზის შესახებ
მსურს გესაუბროთ (თუმცა კარგად ვიცი, რომ თავად არ ძალმიძს ამის გაკეთება იმგვარად,
როგორც საჭიროა, მაინც შევეცდები, იესო ქრისტეს იმედით, რომელსაც ხელეწიფება თვით
ჭუჭყიც კი გამოიყენოს სხვათა გადასარჩენად და განსაკურნებლად).

ასე რომ, ვისაც ხელთ ჩაუვარდება ეს წიგნი და მოისურვებს მის წაკითხვას, ის იპოვის
მასში სუსტ და მწირ თხრობას ცათა სასუფეველის შესახებ, მაგრამ ვინც ლოცვით გააკეთებს
ამას, მას თავად უფალი შეეწევა, რადგან ყოვლისშემძლეა და ამ ჩემი სიტყვებითაც
შეუძლია, რომ გაანათლოს და გაათბოს მკითხველის გული.

ჩემს თხრობას ვყოფ ოთხ ნაწილად:

1) თუ რა არის ის სიკეთეები, რომლებიც მოგვმადლა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით

2) როგორ იცხოვრა იესო ქრისტემ დედამიწაზე და როგორ ევნო ჩვენთვის

3) როგორია ის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ ცათა სასუფევლისკენ

4) როგორ გვეხმარება იესო ქრისტე ამ გზაზე სიარულში და როგორ მივიღოთ მისგან ეს


შეწევნა

უფალო, იესო ქრისტე, შენ შეგღაღადებ: შეისმინე ჩემი, შენი უღირსი მონისა! გაანათლე
ჩემი გონება და მომმადლე, რომ უტყუარად და მკაფიოდ შევძლო გადმოვცე შენი გზის შესახებ
დიდების სასუფეველში, რომელიც შენი გულმოწყალებით მოგვმადლე ჩვენ! ამ წიგნის
მკითხველთ და მსმენელთ კი მიმადლე, რომ აღივსონ შენი სიყვარულით, გაანათლე ისინი შენი
შემეცნებით და განამტკიცე შენი ძალით და გაათბე ჩვენი გულები შენი წმიდა სულით - რათა
სიხარულითა და გულმოდგინედ ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც გვიჩვენე ჩვენ.

თავი პირველი. თუ რა არის ის სიკეთეები, რომლებიც მოგვმადლა იესო ქრისტემ თავისი


სიკვდილით

ვიდრე ამ თემის შესახებ დავიწყებთ საუბარს, გავიხსენოთ რა სიკეთეებს ფლობდა ადამი


ედემში ცოდვით დაცემამდე და რა ბოროტება ეწია მას (და მასთან ერთად მთელ კაცობრიობას)
ცოდვით დაცემის შემდეგ.

პირველი ადამიანი შექმნილი იყო ღვთის ხატად და მსგავსად და ნეტარებდა იგი ამ


მსგავსებით მანამ, ვიდრე არ შებღალა ეს მსგავსება თავისი თვითნებობით, რადგან როგორც
ღმერთს არა აქვს დასასრული და არის მარადიული, ასევე ადამი იყო შექმნილი უკვდავად;
ღმერთი არის ყოვლადმართალი და ადამიც შექმნილი იყო უცოდველად და მართლად; ღმერთი არის
ყოვლადნეტარი და ადამიც შექმნილი იყო ნეტარად და მისი ნეტარებაც დღითიდღე იზრდებოდა
მარადისობაში.
ადამი ცხოვრობდა მშვენიერ სამოთხეში, თვით ღვთის მიერ შექმნილ ბაღში და იყო იგი
ყველაფრით კმაყოფილი და ჯანმრთელი, და არასოდეს ეცოდინებოდა რა არის ავადმყოფობა. მას
არავისი ეშინოდა, რადგან ყველა ცხოველი და ფრინველი მას ემორჩილებოდა, როგორც მეფეს;
იგი არ გრძნობდა არც სიცივეს და არც სიცხეს და, მართალია, შრომობდა სამოთხეში, მაგრამ
ამას აკეთებდა სიამოვნებით და არ გრძნობდა სიმძიმეს შრომით და დაღლილობას – სხეულით.

ადამის სული და გული აღვსილი იყო ღვთის შემეცნებით, იყო ყოველთვის მშვიდი, მხიარული,
არ იცოდა და არ უხილავს არც უსიამოვნება, არც ღელვა, არც ტანჯვა და არც მწუხარება,
ყველა მისი სურვილი იყო სუფთა და უმწიკვლო, მისი მეხსიერება, გონება და ყოველგვარი
სულიერი შესაძლებლობები – სრულყოფილი, და როგორც უბიწო და წმიდა, ყოველთვის
იმყოფებოდა ღმერთან და ესაუბრებოდა მას, ღმერთსაც უყვარდა, როგორც საყვარელი შვილი,
ერთი სიტყვით, სამოთხე იყო ადამში და ადამი იყო სამოთხეში.

ამრიგად, ადამს რომ არ დაერღვია შემოქმედის მცნებები, თავად ადამიც და მთელი მისი
შთამომავლობაც სამუდამოდ იქნებოდა ასევე ნეტარი. მაგრამ ადამმა შესცოდა ღვთის წინაშე,
დაარღვია მისი კანონი, კანონი, რომელიც იყო ყველაზე მარტივი - და ამის გამო ღმერთმა
გამოაძევა იგი სამოთხიდან, რადგან ღმერთს არ შეუძლია ყოფნა ცოდვასთან და ცოდვილთან.

სწორედ მაშინ მეყსეულად დაკარგა ადამმა თავისი კეთილდღეობა, რომლითაც ის ტკბებოდა


სამოთხეში: მისი სული დაბნელდა, აზრები და სურვილები აუფორიაქდნენ, წარმოსახვა და
მეხსიერება დაებინდა, სულიერი სიხარულისა და სიმშვიდის ნაცვლად კი იხილა მწუხარება,
სევდა, წყენა, სიღატაკე, მტანჯველი შრომა და სხვადასხვა სახის უსიამოვნება, ამ
ყველაფერთან ერთად, მას მოელოდა მტკივნეული სიბერე და ბოლოს – სიკვდილი, მაგრამ
ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ ეშმაკმა, რომელიც ტკბება ადამიანის ტანჯვა–წამებით,
ძალაუფლება მოიპოვა მასზე (ადამზე).

თვით სტიქიონები - ჰაერი, ცეცხლი და სხვ. – რომლებიც ადამის ცოდვით დაცემამდე მის
ნეტარებაში ყოფნას ემსახურებოდნენ, ცოდვით დაცემის შემდეგ გახდნენ მის მიმართ მტრულად
განწყობილნი. ამის შემდეგ ადამი და მთელი მისი შთამომავლობა გრძნობდნენ სიცივეს,
სიცხეს, ქარის და ამინდის ცვლილების ზემოქმედებას; მხეცები გახდნენ მძვინვარენი,
მტრად მოეკიდნენ ადამიანებს და უყურებდნენ როგორც თავიანთ საკბილოს. ამავე დროიდან
ადამიანები შეიგრძნობდნენ შინაგან და გარეგან სნეულებებს, რომლებიც დროთა
განმავლობაში უფრო და უფრო მრავალფეროვანი და სასტიკი ხდებოდა. ადამიანებმა
დაივიწყეს, რომ ყველანი ძმები არიან (ადამის შთამომავლები) და შეიძულეს ერთმანეთი,
დაიწყეს ერთმანეთის მტრობა, მოტყუება, წამება, თავდასხმა და მოკვლა. და ბოლოს,
მრავალი შრომისა და საზრუნავის შემდეგ, ყველანი იხოცებოდნენ. და როგორც ცოდვილებს,
ყველას ელოდა ჯოჯოხეთი და დაუსრულებელი ტანჯვა.

არცერთ ადამიანს თავისით არ შეეძლო და არ შეუძლია დაიბრუნოს ის, რაც დაკარგა ადამმა.
და იესო ქრისტეს თავისი გულმოწყალებით რომ არ გამოვესყიდეთ ადამის მთელი
შთამომავლობა, რა მოგველოდა ჩვენ? ან რა მოელოდა კაცობრიობას?

ღმერთმა, რომელსაც უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე თავად ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავი,
თავისი უზომო გულმოწყალებით, მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რათა
გვაცხოვნოს ჩვენ. იესო ქრისტე განკაცდა და გახდა ჩვენი მსგავსი (ოღონდ ცოდვათა
გარეშე).

იესო ქრისტემ თავისი სწავლებით განაქარვა ადამიანთა უმეცრება და გონების წყვდიადი და


გაანათლა იგი სახარების სინათლით. და აწ უკვე ყოველს, რომელიც მოისურვებს, შეუძლია
შეიცნოს ღვთის ნება, გზა და საშუალებები თავისი ნეტარებისთვის.

იესო ქრისტემ თავისი ცხოვრებით გვაჩვენა გზა ცათა სასუფეველისკენ, რომელიც დაკარგა
ადამმა და ამავდროულად, გვაჩვენა თუ როგორ უნდა ვეძიოთ და ვიაროთ ამ გზაზე.

იესო ქრისტემ თავისი ტანჯვითა და სიკვდილით გამოისყიდა ჩვენი ვალი, რომელიც ჩვენ უნდა
დაგვებრუნებინა ღვთისთვის და რომელსაც ვერასოდეს ვერ გადავიხდიდით ჩვენი მდგომარეობის
გამო, და ჩვენ, ეშმაკისა და ცოდვის მონობაში მყოფნი, გაგვხადა ღვთის ძეებად, და ის
ტანჯვა, რომელიც ჩვენ უნდა გვეტვირთა, როგორც ღვთის რჯულის დამრღვევებს, თავად
იტვირთა და თავისი სიკვდილით გვიხსნა მომავალი უბედურებების, ტანჯვისა და მარადიული
სიკვდილისაგან.

იესო ქრისტემ თავისი მკვდრეთით აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთი და განგვიღო სამოთხის კარი,
რომელიც დახშული იყო ყველასათვის ადამის ურჩობის გამო, ქრისტემ გაიმარჯვა და შემუსრა
ჩვენი მტრების – ეშმაკისა და სიკვდილის – ძალაუფლება. ამიტომაც ყველა, ვინც კვდება,
მაგრამ სწამდა და იმედი ჰქონდა იესო ქრისტესი, სიკვდილის გზის გავლით ამაო, ხრწნადი
და წარმავალი ცხოვრებიდან გადადის ნათელ, უხრწნელ და მარადიულ ცხოვრებაში; ხოლო
ეშმაკის დასაძლევად და განსადევნად გვაქვს ჯვარი და ლოცვა.

იესო ქრისტემ თავისი მკვდრეთით აღდგომით განადიდა ადამიანთა მოდგმა, რადგან კაცობრივი
სხეულით ამაღლდა ზეცად.

ასე რომ, იესო ქრისტეს ღვაწლით და მადლით, ახლა უკვე ჩვენც შეგვიძლია შევიდეთ ცათა
სასუფეველში და მივიღოთ შეწევნა და დახმარება ამ გზაზე; ჩვენ, ყველას, დაუბრკოლებლად
და ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიღოთ სულიწმიდა და აღვივსოთ მისით. სულიწმიდის გარეშე
შეუძლებელია იმ გზის გავლა, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ.

რომ არ მოვლენილიყო იესო ქრისტე დედამიწაზე, ვერცერთი ადამიანი ვერ შევიდოდა ცათა
სასუფეველში, ახლა კი ყველას და ყოველ ჩვენგანს უეჭველად შეუძლია შევიდეს, თუმცა იქ
შესვლა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა მხოლოდ იმ გზით, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ
დედამიწაზე ცხოვრების დროს.

მაგრამ თუ რა განგვიმზადა უფალმა იქ, ზეცაში - ამის არც თქმა და არც წარმოდგენა
არავის ძალუძს; ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ვისაც სწამს იესო
ქრისტესი და აღასრულებს მის მცნებებს, გარდაცვალების შემდეგ იცხოვრებს ანგელოზებთან,
მართლებთან და წმინდანებთან ერთად, და იქ, ზეცაში, იხილავენ ღმერთს პირისპირ.
განიხარებენ სუფთა და მარადიული სიხარულით, და არ ეცოდინებათ რა არის სევდა,
მწუხარება, ზრუნვა, წვალება და ტანჯვა, და ბოლოს, უკანასკნელ ჟამს, სამყაროს
დასასრულს, აღდგებიან თავიანთი სხეულებით და დაუსრულებლად იმეფებენ ქრისტესთან ერთად.

ამ ყველა სიკეთეს ქრისტე უბოძებს არა მხოლოდ ერთ რომელიმე ერს, არამედ ყველას: ვინც
მოისურვებს – ყველა მიიღებს მას, გზა ნაჩვენებია, გაკვალულია და რამდენადაც
შესაძლებელია, მოსწორებულია, უფრო მეტიც, თავად იესო ქრისტე არის მზად დაგვეხმაროს ამ
გზაზე სიარულში, შეიძლება ითქვას, რომ თავად სურს გვატაროს ხელჩაჭიდებულმა, ჩვენ კი
ისღა დაგვრჩენია, რომ არ ვეჯიუტოთ და წინააღმდეგობა არ გავუწიოთ, არამედ სრულად
მივენდოთ მის ნებას: დაე, თავად წარგვიძღვეს საითაც და როგორც ინებებს.

აი, როგორ ვუყვარვართ იესო ქრისტეს და როგორ გვიწყალობებს თავის სიკეთეებს!

და თუ სწორედ ამ წუთს, მეყსეულად, იესო ქრისტე მოგვევლინებოდა და გვკითხავდა: ჩემო


შვილებო, გაქვთ ჩემ მიმართ სიყვარული იმის გამო, რაც მე გავაკეთე თქვენთვის? გაქვთ
თქვენს გულებში მადლიერება ჩემ მიმართ? – რომელი ჩვენგანი არ უპასუხებდა: „დიახ,
უფალო, გვიყვარხარ და გმადლობთ?!“

მაგრამ თუ თქვენ გიყვართ იესო ქრისტე და მიგაჩნიათ, რომ მადლობელი ხართ მისი,
შეასრულებთ კი იმას, რასაც მოითხოვს თქვენგან? რადგან ვისაც ვინ უყვარს და ვინც ვის
მიმართ გრძნობს მადლიერებას, ის შეასრულებს ყველაფერს, რაც სურს მის კეთილისმყოფელს.
მაგრამ იესო ქრისტეს თქვენგან სურს მხოლოდ ერთი – გაჰყვეთ მას ცათა სასუფეველში.

იესო ქრისტემ ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის - და ნუთუ ჩვენ არ შევასრულებთ მის ერთადერთ
სურვილს? იმისათვის, რომ გვაცხოვნოს, იესო ქრისტე გარდამოხდა ზეციდან დედამიწაზე – და
ნუთუ იესო ქრისტესთვის ჩვენ არ მოვისურვებთ მცირეოდენი გავიჭირვოთ და მოვითმინოთ?

ნეტარია და უმეტესად ნეტარი ის, ვინც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გაყვება
ქრისტეს და ივლის მისი გზით, რამეთუ აუცილებლად დამკვიდრდება იქ, სადაც იმყოფება
თავად იესო ქრისტე.

ბედნიერია ისიც, ვინც ზრუნავს და ცდილობს მიბაძოს იესო ქრისტეს, რადგან მიიღებს
შეწევნას თავად ქრისტესგან; მაგრამ უბედურია ის, ვისაც არ სურს შეუდგეს ქრისტეს და
გაჰყვეს მას და თავს გაიმართლებს იმით, რომ მძიმეა მის გზაზე სიარული, ან რომ არ
ჰყოფნის ამისთვის ძალები, რადგან ასეთი ადამიანი თავად აკლდება ღვთის მადლს და
ერთგვარად, თავადვე განიშორებს იესო ქრისტეს მიერ მის შესაწევნელად გამოწვდილ
მარჯვენას.

და ვაი იმ კაცს, ვინც ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს, ჯიუტობს, და ასე ვთქვათ, მის
წინააღმდეგ მიდის, ვინაიდან ასეთი ადამიანის ხვედრი და ადგილსამყოფელი ცეცხლმოკიდებულ
ტბაშია!

თავი მეორე. როგორ იცხოვრა იესო ქრისტემ დედამიწაზე და რა დაითმინა ჩვენთვის

ყოველმა ადამიანმა უნდა აღასრულოს ღვთის რჯული. ეს რჯული წარმოდგენილია ორი მცნებით:
პირველი - გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და
მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით; მეორე - გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა
თავი შენი.

ვინც რამდენად აღასრულებს მათ, იმდენადვე მიიღებს ჯილდოს. თუმცა არც არსებულა და არც
იარსებებს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ორ მცნებას აღასრულებდა ზედმიწევნითი სიზუსტით.
მხოლოდ იესო ქრისტემ აღასრულა ეს ორი მცნება სრულად და ნაკლის გარეშე.

ამ თვალსაზრისით, ყველა წმიდანი – თვით უდიდესი წმიდანებიც – შეგვიძლია შევადაროთ


მხოლოდ ლამპრებს, რომლებიც გარკვეულ სინათლეს გამოსცემენ, იესო ქრისტე კი ჰგავს მზეს,
რომელიც ნათობს მთელი თავისი სიკაშკაშითა და ბრწყინვალებით.

და როგორც ადამიანისთვისაა შეუძლებელი მზისთვის თვალის გასწორება და მისი აღწერა,


ასევე შეუძლებელია აღწერა იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული ყველა კეთილი საქმის, სწორედ
ამიტომ მოკლედ გიამბობთ მისი ცხოვრებისა და სათნოებების შესახებ და მხოლოდ იმას
გაუწყებთ, რაც სახარებიდანაა ცნობილი.

არცერთ ადამიანს და არცერთ ანგელოზს არ უყვარდა ღმერთი ისე, როგორც უყვარდა და უყვარს
იგი იესო ქრისტეს.

იესო ქრისტე ყოველთვის ლოცულობდა მამა ღმერთის მიმართ, და განსაკუთრებით ხშირად


ლოცულობდა ღამით და განმარტოებით.

ყოველი დღესასწაულის დროს, განსაკუთრებით პასექის ჟამს, იესო ქრისტე მიდიოდა


იერუსალიმის ტაძარში, რომელიც შორს იყო მისი საცხოვრებელი ადგილიდან; ყოველ შაბათს
დადიოდა იქ, სადაც ხალხი იკრიბებოდა სალოცავად და სწავლების მოსასმენად.

იესო ქრისტე თავისი საქმეებით ყოველთვის განადიდებდა ღვთის სახელს და, ცხადად თუ
დაფარულად, ადიდებდა ღმერთს.

იესო ქრისტეს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გულწრფელად უყვარდა თავისი დედა,
პატივს მიაგებდა და ემორჩილებოდა მასსა და იოსებს, როგორც თავის მამას, ასევე სცემდა
პატივს ერის წინამძღვრებსა და უხუცესებს და უხდიდა ხარკს ამქვეყნიურ მეფეს.

იესო ქრისტე მთელი მონდომებით, უდრტვინველად და უზუსტესად, დიდი გულმოდგინებითა და


სიყვარულით აღასრულებდა თავის მსახურებას და იმ საქმეს, რომლისთვისაც მოვიდა
დედამიწაზე.

იესო ქრისტეს ყოველი ადამიანი უყვარდა, ყველას სიკეთეს უსურვებდა და ყველას


სწყალობდა, მან ადამიანთა ჭეშმარიტი ბედნიერებისა და ნეტარებისათვის საკუთარი
სიცოცხლეც არ დაიშურა.

იესო ქრისტე ყოველგვარ წყენას გამოუთქმელი სიმდაბლითა და სიყვარულით ითმენდა, არ


საყვედურობდა და არ მრისხანებდა თავისი მტრების გამო, რომლებიც ლანძღავდნენ,
დასცინოდნენ და მოკვლას უპირებდნენ, ერთი სიტყვით შეეძლო მათი მოსპობა, მაგრამ ამის
გაკეთება არ სურდა, პირიქით, სწყალობდა და ლოცულობდა მათთვის, დარდობდა და ტიროდა
მათი დაღუპვის გამო.
მოკლედ რომ ვთქვათ, იესო ქრისტეს დაბადებიდან სიკვდილამდე არ ჩაუდენია არც ერთი ცოდვა
- არც სიტყვით, არც საქმით, არც აზრით, არამედ აღასრულებდა ყოველგვარ სიკეთეს
ყოველთვის და ყველა ადამიანისთვის.

ახლა ვნახოთ, როგორ იტანჯებოდა ჩვენთვის იესო ქრისტე აქ, დედამიწაზე.

იესო ქრისტემ, რომელიც ძე ღვთისაა და თავად ღმერთი, ხორცი შეისხა და სრული კაცი გახდა
(თვინიერ ცოდვისა): ყოვლის მპყრობელმა მონის სახე მიიღო, ზეცისა და დედამიწის მეუფე
სიღარიბეში იშვა, გამოქვაბულში დაიბადა და ბაგაში იწვა, იოსები კი ხის ღარიბი
ხელოსანი იყო.

იესო ქრისტემ, რომელიც თავადაა რჯულის მომცემელი, თავისი შობიდან მერვე დღეს,
წინადაცვეთის წესის შესრულებით, რჯულის მოთხოვნა შეასრულა, შემდგომ ყოვლადწმიდა
ღვთისმშობელმა ტაძარში მიიყვანა და კაცობრიობის მხსნელისთვის გამოსასყიდი გადაიხადა,
ჯერ კიდევ ბაგაში მყოფს მოსაკლავად ჰეროდე ეძებდა და ეგვიპტის ქვეყანაში გაერიდა.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ ყრმა იესო ქრისტეს არ ესმოდა თუ რა ხდებოდა მის თავს. იესო
ქრისტე იყო სრული კაცი და სრული ღმერთი, ამიტომაც ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი
იცოდა.

იესო ქრისტეს, ყოვლის შემქმნელს, ცა და ქყვეყანა და ანგელოზები ემორჩილება, თავად კი


დედას, მისსავე ქმნილებას, ემორჩილებოდა.

იესო ქრისტესთვის, რომელიც სამყაროს მფლობელი თავადაა, არ იყო ადგილი დედამიწაზე


(„ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა
კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (მათ. 8: 20)).

იესო ქრისტე - სამყაროს მეუფე –ხარკს უხდიდა მიწიერ მეფეს.

იესო ქრისტე, რომელსაც ანგელოზები და სამყაროს ყველა ქმნილება ემსახურება, თავად


ემსახურებოდა ადამიანებს და ფეხს ბანდა თავის მოწაფეებს, რომლებიც ყველაზე უწიგნურ და
უბირ ადამიანთაგან გამოარჩია.

იესო ქრისტე ქადაგებისას სხვადასხვა სახის მრავალ შეურაცხყოფას ისმენდა თავისი


მტრებისგან: უწოდებდნენ მას ცოდვილს, მოსეს რჯულის დამრღვევს, ხელოსნის შვილს, ღვინის
მსმელების, მჭამელებისა და მეზვერეების მეგობარს.

ერთხელაც მისი მტრების გულისწყრომა და მძვინვარება იქამდე მივიდა, რომ მისი მთიდან
გადაგდება მოისურვეს, სხვა დროს ქვებით ჩაქოლვა სურდათ, მის უწმინდეს სწავლებას
პირფერობას და სიცრუეს არქმევდნენ; როცა სნეულებს კურნავდა და მკვდრებს აღადგენდა,
მტრები ამბობდნენ, რომ ამას ეშმაკის ძალით აკეთებდა და ხალხს შთააგონებდნენ, თითქოს
ეშმაკი იყო მასში.

მოკლედ თუ ვიტყვით, იესო ქრისტე ყოველი მხრიდან ითმენდა გულისტკივილსა და


უსიამოვნებას. ის იტანჯებოდა ადამიანებისგან და ადამიანებისთვის. იგი წუხდა იმის
გამო, რომ არ უსმენდნენ და შეურაცხყოფდნენ, და რომ არ სურდათ მოქცევა თავიანთი
დამღუპველი გზიდან. იესო ქრისტე იტანჯებოდა, შეიძლება ვთქვათ, ხილულად და უხილავად,
რადგან ხედავდა და ითმენდა ადამიანებისგან არა მარტო ხილულ წყენასა და შეურაცხყოფას,
არამედ – თავისი მტრების ფარულ მზაკვრობასა და ზრახვებსაც.

ასევე ხედავდა, რომ მათაც, რომლებსაც თითქოს უყვარდათ და გულაჩუყებულნი უსმენდნენ, არ


სჯეროდათ მისი და გულგრილნი იყვნენ სულის ხსნის საკითხისადმი.

ვის მიერ უფრო მეტად იტანჯა იესო ქრისტე? იუდეველი მღვდელმთავრებისგან, მწიგნობრებისა
(ანუ რჯულის მეცნიერთაგან) და მათი მთავრებისგან, რომლებმაც იცოდნენ და ელოდებოდნენ
მესიას, მხსნელს, მაგრამ არ სურდათ იესო ქრისტეს მიღება და მოსმენა, უფრო მეტიც,
როგორც მატყუარასა და რჯულის დამრღვევს, სიკვდილი მიუსაჯეს. და როდესაც იუდეველი
ხალხი მზად იყო გაეთავისუფლებინათ იესო ქრისტე ჯვარცმისაგან, ისინი (მღვდელმთავრები
და რჯულის მეცნიერნი) აქეზებნდენ ხალხს მოეთხოვათ გასათავისუფლებლად ბარაბა - ყაჩაღი
და მეამბოხე, ხოლო ყველა წმიდაზე წმიდა – იესო – სიკვდილით დაესაჯათ. ღმერთო ჩემო!
სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ბოროტება და შური! მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო
მეტად საშინელია ის, რომ იესო ქრისტეს უღალატა თავისმა მოწაფემ, იმან, ვინც მას
იცნობდა, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად, საკუთარი თვალით ხედავდა იესო ქრისტეს
ცხოვრებას, მის მიერ აღსრულებულ სასწაულებსა და სწავლების ძალას: და თანაც, როგორ
უღალატა?! – მზაკვრობითა და ამბორით! და რა ფასად? – ოცდაათ ვერცხლად!

ვისთვის იტანჯა იესო ქრისტე? ყველა ცოდვილისთვის, ადამიდან მოყოლებული სამყაროს


აღსასრულამდე. იგი იტანჯა იმათთვისაც, ვინც მას ტანჯავდა, მათთვისაც, ვინც გაიმეტა
იგი ასეთი ტანჯვისთვის, და იმათთვისაც, ვინც მისგან ურიცხვი სიკეთე მიიღო, მაგრამ
არათუ მადლობდნენ, არამედ სძულდათ და დევნიდნენ კიდეც; იგი იტანჯა ჩვენთვისაც,
ყოველდღიურად რომ შეურაცხვყოფთ ჩვენი უსამართლობით, ბოროტებითა და საშინელი
გულგრილობით მისი ვნებების მიმართ, რომლებიც ჩვენი უმადურობითა და საძაგელი ცოდვებით
მეორედ ვაცვამთ მას ჯვარზე.

იესო ქრისტემ ამქვეყნიერი ცხოვრების ბოლო დღეებში აღასრულა უდიდესი სასწაული,


აღადგინა ლაზარე, რომელიც ოთხი დღე იმყოფებოდა საფლავში და უკვე იხრწნებოდა. დიდძალი
ხალხის წინაშე ასეთი სასწაულის აღსრულებამ ბევრს უბიძგა ერწმუნათ იესო ქრისტესი და
ეღიარებინათ ის ღვთისგან მოვლინებულად. მაგრამ იუდეველი მღვდელმავარნი და მწიგნობარნი
– ნაცვლად იმისა, რომ თავად ერწმუნათ ქრისტესი და სხვებიც დაერწმუნებინათ, რომ ქრისტე
არის ჭეშმარიტი მესია, კაცობრიობის მხსნელი –კაიფასთან შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ
როგორ მოეშორებინათ იესო, მიზეზს ეძებდნენ, რომ ბრალი დაედოთ მისთვის და საბოლოოდ,
ამგვარად გადაწყვიტეს: „იესო ქრისტე, რომელიც მკვდრებს აღადგენს, სიკვდილით
დაისაჯოს”.

მაგრამ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება იმისა, თუ როგორ იტანჯა ქრისტე უკანასკნელ ღამეს


– საიდუმლო სერობის შემდეგ იმ დრომდე, ვიდრე ჯარისკაცებს გადასცემდნენ! მისი
იმჟამინდელი შინაგანი წამება იმდენად საშინელი და დიდი იყო, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს
შეეძლო მისი ატანა: მაშინ მას სისხლიანი ოფლი სდიოდა.

უფალმა თავად იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და ჯვარზე გაკრული სასტიკ წამებას, უდიდეს
მწუხარებასა და საშინელ ტანჯვას განიცდიდა იმ ცოდვათა გამო, რომლებიც ადამის მოდგმამ
ჩაიდინა და რომელთა ჩადენასაც განაგრძობს წუთისოფლის აღსასრულამდე.

ქრისტე მაშინვე ხედავდა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც მალე გამოჩნდებოდნენ თვალთმაქცი
მოწაფეები, იუდას მსგავსნი, რომლებიც არათუ მიბაძავდნენ იუდას, არამედ უფრო მეტადაც
მიეცემოდნენ ბიწიერებასა და საძაგელ ცოდვებს, რომ იქნებოდნენ ისეთებიც, რომლებიც
უარყოფდნენ და შერყვნიდნენ მის სწავლებას ცრუსწავლებით და იმის ნაცვლად, რომ
მინდობოდნენ ღვთის ყოვლადბრძნულ წინამძღოლობას, თავიანთი სიბრძნით მოინდომებდნენ
სხვების ტარებას.

ერთი მხრივ, მამა ღმერთის მიმართ სიყვარული ითხოვდა, რომ განადგურებულიყო დამნაშავე
და უმადური კაცობრიობა, მაგრამ, მეორე მხრივ, სიყვარული დაცემული და დასაღუპად
განწირული ადამიანებისადმი, ჩააგონებდა მას ვნებულიყო მათთვის და თავისი ჯვარცმით
დაეხსნა ისინი სამუდამო დაღუპვისაგან.

იესო ქრისტეს წამება იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ თავის მოწაფეებს ამგვარი რამ
უთხრა: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრესიკუდილამდე“ (მათ. 26: 38).

ამის შემდეგ იესოს კრავენ, როგორც ბოროტმოქმედს და მიჰყავთ მის მტრებთან, რომლებიც
ასამართლებენ და სიკვდილს უსჯიან. მოციქულები კი, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა,
ტოვებენ და იფანტებიან. პილატეს კითხვაზე – რომელი გავათავისუფლოთ, ბარაბა თუ ქრისტე?
– ბოროტი და შურიანი მტრები აქეზებენ უგუნურ ხალხს, რომ გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო
იესო - მართალი და წმიდა – ჯვარს აცვან; შემდეგ გადასცემენ მას წარმართებს, რომლებიც
აწამებენ, ურტყამენ, ნერწყვავენ, დასცინიან, თავზე ეკლის გვირგვინს ადგამენ, სამოსს
შემოსძარცვავენ და ორ ავაზაკს შორის, სამარცხვინოდ, ჯვარს აცვამენ, როგორც დიდ
ბოროტმოქმედსა და დამნაშავეს. გამძვინვარებული მტრობა და შური კი ჯვარზეც არ ინდობს:
დასცინიან როგორც მატყუარას და წყურვილის მოსაკლავად ძმარსა და ნაღველს სთავაზობენ.
დაბოლოს, იესო ქრისტე აღესრულება ჯვარზე გაკვრით ანუ მტანჯველი და სამარცხვინო
სიკვდილით.

არ იფიქროთ, რომ იესო ქრისტე იმიტომ იტანჯა, თითქოს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს
ტანჯვა. არა! იგი საკუთარი ნებით ეცვა ჯვარს და საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
სხვაგვარად, ვერავინ გაბედავდა მის შეხებას, რამეთუ, თქვენ იცით, რომ როდესაც მის
წასაყვანად მივიდნენ წარგზავნილები, მან ჰკითხა: ვის ეძებთ? მათ უპასუხეს: იესო
ნაზარეველს. და იგი პასუხობს: მე ვარ! - და ამ ერთი სიტყვითაც კი ყველანი ძირს
დაეცნენ.

აი, ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ იესო ქრისტეს ვნებების შესახებ, რომლებიც,
თავისი ჩვენდამი გამოუთქმელი სიყვარულით, ჩვენ გამო დაითმინა, მაგრამ იმისთვის, რომ
გავიაზროთ თუ რამდენად დიდია მისი სიყვარული ჩვენდამი, და რამდენად დიდია მისი
მსხვერპლი ჩვენთვის, უნდა გავიხსენოთ ვინ არის იესო ქრისტე.

იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, ყოველისშემძლე და სამყაროს შემოქმედი,


ანგელოზებისა და ადამიანების დიდი მეუფე, ღმერთი ძლიერი ყოველი ქმნილების, საშინელი
მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა - და სწორედ მან, იესო ქრისტემ, სათნოიჩინა ვნება
ადამიანთა მოდგმისთვის!

თავი მესამე. როგორია ის გზა, რომელსაც მივყავართ ცათა სასუფევლისკენ

გზა ცათა სასუფევლისაკენ არის თვით იესო ქრისტე და მხოლოდ ის მიდის ამ გზაზე, ვინც
მიჰყვება იესო ქრისტეს. მაგრამ როგორ ვიაროთ ამ გზაზე? - ისმინეთ რას ამბობს თავად
იესო ქრისტე: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳისი და აღიღენ ჯუარი
თჳისი და შემომიდეგინ მე (მათ. 16: 24). და რას ნიშნავს თავის უარყოფა,საკუთარიჯვრის
აღება და იესო ქრისტეს შედგომა - ამათ შესახებ ქვევით ვისაუბრებთ.

იესო ქრისტემ თქვა: „ვისაც ნებავს შემოდგომად ჩემდა“. ეს სიტყვები ნიშნავს, რომ იესო
ქრისტე არავის არ აიძულებს ან ავალდებულებს მის გაყოლას. მას არ სურს საკუთარი ნების
არმქონე მოწაფეების ყოლა, რომლებსაც თავად არ აქვთ ამის სურვილი. მას სურს, რომ
ადამიანი თავისი სურვილით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, სრულად მიენდოს მას; და
შესაბამისად, ცათა სასუფეველში შედიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც თავად სურთ იქ შესვლა.

ქრისტიანო! შენი გადარჩენაცა და დაღუპვაც დამოკიდებულია მხოლოდ შენსავე საკუთარ


ნებაზე. ღმერთმა თავისი გამოუთქმელი სიბრძნითა და სიყვარულით მოგმადლა თავისუფლება
მოიმოქმედო რასაც მოისურვებ და არ სურს წაგართვას ეს ძვირფასი საბოძვარი. ასე რომ, თუ
გსურს შეუდგე იესო ქრისტეს - ის გიჩვენებს გზას ცათა სასუფევლისკენ, უფრო მეტიც, მზად
არის დაგეხმაროს ამ გზაზე; თუ არ გსურს იარო ამ გზაზე - შენი ნებაა, არავინ არაფერს
გაიძულებდა და გაიძულებს, მაგრამ გაფრთხილდი - არ უგულებელყო იესო ქრისტეს მოწოდება
და მისი ამგვარი წყალობა.

იესო ქრისტე, თავისი დიდი მოწყალებით, დიდხანს, ძალიან დიდხანს, აკაკუნებს ყოველი
ადამიანის გულის კარზე, რათა გამოაღვიძოს მისი სული და სულის ხსნის სურვილი აღუძრას,
მაგრამ ვაი მას, რომელსაც საბოლოოდ განეშორება და უარყოფს, როგორც დაღუპვის ძეს.

ასე რომ, იმისათვის, რომ გაჰყვე იესო ქრისტეს, საჭიროა გქონდეს სურვილი და სიმტკიცე;
ხოლო იმისათვის, რომ სურვილი გქონდეს, რათა მას გაჰყვე, უნდა იცოდე როგორია ეს გზა,
სად მიდის და რა არის საჭირო მასზე სვლისათვის, მაგრამ როგორ გეცოდინება ის, რაც არ
გსურს იცოდე ან რის შესახებაც მხოლოდ ყურმოკვრითა და ზედაპირულად გსმენია?!

მაშ, ასე: სანამ შეუდგები (გაჰყვები) იესო ქრისტეს, უნდა გააკეთო შემდეგი:

1. ყურადღე ბით უნდა გამოიკვლიო ქრისტიანობის საფუძველი ანუ თვით წმიდა წერილის
წიგნები, რომლებსაც ეფუძნება მართლმადიდებლური სარწმუნოება: უნდა გამოიძიო მათი
წარმომავლობა, ვინ და როდის დაწერა ისინი, როგორ გადარჩნენ და მოაღწიეს მათ ჩვენამდე,
რატომ ვუწოდებთ ამ წიგნებს ღვთივსულიერსა და წმიდას და ა.შ. მაგრამ წმიდა წიგნები
უნდა გამოიძიო უბრალო გულით, ყოველგვარი წინასწარგანწყობისა და მიკერძოების გარეშე,
საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა ზედმეტად არ უკირკიტო იმას, რაც ღვთის
განგებით დაფარულია. რწმენის ამგვარი შემოწმება სულაც არ ეწინააღმდეგება
სარწმუნოებას, პირიქით, თითოეულ ქრისტიანს აუცილებლად ევალება, რომ როდესაც სრული
ასაკის გახდება, საფუძვლიანად შეიცნოს თავისი სარწმუნოება. იმიტომ, რომ ვინც
საფუძვლიანად არ იცის თავისი სარწმუნოება, ის ცივად და გულგრილად მოქმედებს და ხშირად
ვარდება ცრურწმენასა ან ურწმუნოებაში. რამდენი ქრისტიანი, ან, უკეთ რომ ვთქვათ,
მონათლულები იესო ქრისტეს სახელით, დაიღუპნენ და იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არ
სურდათ და არ სურთ ყურადღებით გამოიძიონ მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლები!
უნუგეშოდ იქნება საშინელ სამსჯავროზე ის, ვინც უგულებელყო ეს ვალდებულება! მაგრამ
ყველას ერთნაირად როდი შეუძლია რწმენის საკითხების გამოძიება, არამედ თითოეული თავისი
შესაძლებლობების, შემეცნებისა და განათლების შესაბამისად მოქმედებს. მაგალითად,
მეცნიერს შეუძლია და ვალდებულიცაა ყურადღება მიაქციოს იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც
სარწმუნოების წარმოშობისა და შემდგომი მოვლენების შესახებ მოწმობენ. უსწავლელმა და
უბრალო ერისკაცმა კი ჰკითხოს და განისწავლოს მოძღვრებისა და ეკლესიის
მასწავლებლებისაგან, იმათგან, რომელთაც პირობა აქვთ დადებული ასწავლონ სარწმუნოება და
რომლებიც თავად ბავშვობიდანვე განისწავლებოდნენ და თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს
სარწმუნოების შემეცნებას.

2. როდესაც შეიმეცნებ და დარწმუნდები, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება წმიდა წერილს


ეფუძნება და არა გამონაგონსა და ადამიანურ სიბრძნეს, და რომ წმინდა წერილი ჭეშმარიტად
ღვთის სიტყვაა, რომელიც სულიწმიდის მიერ გაცხადდა ჩვენთვის წინასწარმეტყველთა და
მოციქულთა მიერ, ამის შემდეგ ნუღარ გამოიძიებ იმას, რაც დაფარულია ჩვენგან, ირწმუნე
ეჭვისა და ადამიანური ბრძნობის გარეშე ყველაფერი ის, რასაც გვასწავლის წმიდა წერილი
და ნუ მოუსმენ ადამიანურ ახსნასა და განმარტებებს იმის შესახებ, რაც მიუწვდომელია
ადამიანის გონებისთვის. და თუ ამგვარად მოიქცევი, შენი რწმენა იქნება ჭეშმარიტი და
ნამდვილი და შეგერაცხება ის სიმართლედ.

3. დაბოლოს, შეეცადე გქონდეს და აღანთო შენში სურვილი მიჰყვე იმას, რასაც ასწავლის
წმიდა წერილი, და თუ ამგვარი სურვილი არ გაქვს, შეევედრე თვით ჩვენს მხსნელს, იესო
ქრისტეს, მას სთხოვე თბილი ლოცვით მოგმადლოს ეს სურვილი და მით უმეტეს, ნუ
შეეწინააღმდეგები, როდესაც მადლი მოგიწოდებს იარო სულის ხსნის გზაზე.

ახლა კი სარწმუნოების შესახებ ყოველივე ზემოხსენებული განვმარტოთ იგავით: მაგალითად,


შეიტყვე, რომ თქვენთან ახლოს არის უზარმაზარი და საოცარი ნაგებობა, რომელიც სიმაღლით
ცას სწვდება, შესასვლელი არის ოდნავ გაღებული, მაგრამ მინიშნების გარეშე ყველას არ
შეუძლია მისი პოვნა, შემდგომი მითითებებისთვის იქვეა უამრავი დამხმარე, რომელთაც
შეუძლიათ სნეულთა და დასახიჩრებულთა დახმარება და გზაზე მათთვის საჭირო საკვების
მიწოდება. შენობის ზედა ნაწილში ასასვლელად კი ძალიან ბევრი კიბეა, თითოეულისთვის
თავისთვის განკუთვნილი, მაგრამ ყველა კიბე ვიწროა და სუსტად განათებული, ასე რომ
მიმთითებლისა და დამხმარეების გარეშე შეუძლებელია ნაბიჯის გადადგმაც კი,
განსაკუთრებით დასაწყისში. ეს ნაგებობა შექმნილია ყველაზე ბრძენი არქიტექტორის მიერ
სწორედ იმისათვის, რომ ადამიანისთვის შესაძლებელი იყოს ასვლა ზეცაში, პირდაპირ
სასუფეველში.

ამის გაგონებისთანავე უეჭველად მოისურვებდი ყოფილიყავი იქ, სადაც ამ ნაგებობით არის


მოხვედრა შესაძლებელი. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე იქ მოსახვედრად? რა თქმა უნდა,
უპირველეს ყოვლისა, უნდა მიხვიდე უშუალოდ ამ ნაგებობასთან, დაწვრილებით შეისწავლო,
გამოკითხო დამხმარეები ყველაფრის (ანუ როგორც ნაგებობის, ასევე მისი დანიშნულების)
შესახებ, როგორ და საიდან არის შესაძლებელი შენობაში შესვლა და სხვ. დამხმარეები
სიამოვნებით მიგითითებენ თუ რა არის ამისათვის საჭირო. და თუ შენ განათლებული
ადამიანი ხარ, მიდი ნაგებობასთან და დაათვალიერე იგი ყოველი მხრიდან: არის კი ის
ძლიერ საძირკველზე დაფუძნებული და შეუძლია მას გაუძლოს როგორც თვით ნაგებობის, ასევე
მასში შემავალთა წონას? თუ დიდად განათლებული ხარ, შეისწავლე ასევე მასალა,
რომლისგანაც არის იგი აგებული - გაიგე, გაარჩიე და შეისწავლე ყველაფერი, რისი
გარჩევაც შესაძლებელია თვალებით, ამისთვის ასევე შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა სახის
ხელსაწყოები. და შემდეგ, როდესაც დარწმუნდები, რომ შენობა მყარია და სრულიად
შეესაბამება თავის დანიშნულებას, თავი დაანებე ყველა სხვა სახის შემდგომ გამოძიებას,
დატოვე შესასვლელთან ყველა შენი ხელსაწყო - რადგან იქ ისინი ხელს უფრო შეგიშლიან,
ვიდრე დაგეხმარებიან – და ყოველგვარი ეჭვის გარეშე შედგი ფეხი შენობაში, იარე
შეუჩერებლად და არ შეუშინდე სირთულეებს, რადგან ნამდვილად რთულია დასაწყისში. რთულია
სვლა ზეცისკენ, სამაგიეროდ, მიემართები სწორედ იქით, საითაც უნდა მიისწრაფოდეს ყოველი
ადამიანი და იმისკენ, რასაც უნდა ეძებდნენ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში.
ნაგებობის შიგნით შენ შეხვდები თანამგზავრებს, რომლებთან ერთადაც ივლი ხელჩაკიდებული,
შეხვდები ექიმებსაც – თუ დაეცემი და დაშავდები, ასევე ნახავ საჭირო საკვების
მომწოდებლებსაც, იპოვი მეგზურებს, გზის მიმანიშნებლებს, დამრიგებლებს, რომლებიც ყველა
საჭიროების შესახებ გაუწყებენ და მათ, ყველას, შეხვდები მანამ, სანამ არ შეგეგებება
თვით სახლის მეუფე და ამ ნაგებობის შემქმნელი. მაგრამ იმისათვის, რომ უფრო სწრაფად და
უშეცდომოდ მიაღწიო გზის ბოლოს, უფრო უკეთესია და უმეტესად სანდო, მიებარო თავად ამ
ნაგებობის შემოქმედსა და მფლობელს.

მაგრამ განა უგუნურად არ მოიქცევა ის ადამიანი, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ


დაათვალიეროს ნაგებობის საძირკველი და ის, რისი დანახვაც თვალისათვის შესაძლებელია,
თავისი ამპარტავნებით, თავდაჯერებულობითა და სიჯიუტით, მოინდომებს დაათვალიეროს
ნაგებობის ყველაზე ზედა ნაწილი, რომელიც ბუნებრივადაა დაფარული ღრუბლებით და
თვალუწვდენელია ცასა და დედამიწას შორის სივრცეში?! განა უგუნურად არ მოიქცევა ის,
ვინც ძალიან მაღლა რაიმეს შენიშნავს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ახლოდან შესწავლის
არც საშუალება აქვს და არც შესაძლებლობა, მაინც დაიწყებს მის განხილვას და ამის
საფუძველზე დასკვნების გამოტანას მთელი შენობის შესახებ?! ან განა უგუნურება არაა
ნაკლოვანებებისა და ზედმეტი დეტალების ძებნა იქ, სადაც, დიდი სიმაღლის გამო, თვით
ნაგეობობაც ძლივს ჩანს. და უგუნურებაზე მეტი იქნებოდა მისი მხრიდან, თვით დანაშაულიც
კი, თუკი, ყოველგვარი დათვალიერების გარეშე, პირდაპირ შევიდოდა შენობაში და მაშინვე
ნაგებობის გმობას დაიწყებდა, ან სხვების დარწმუნებას იმაში, რომ შენობა არ არის მყარი
ან საჭირო?! ან თუ სახლის მფლობელისა და არქიტექტორის ნაცვლად საკუთარ დარიგებებსა და
წეს–კანონს შემოგვთავაზებდა?! - ყველაზე უგუნური კი, ალბათ, მაინც ის იქნებოდა, ვინც
შენობის შემოგარენშივე გადაიფიქრებდა არათუ შენობაში შესვლას, მის დათვალიერებასაც
კი.

მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს იყოს იქ, სადაც მიჰყავს ამ ნაგებობას, საკმარისია
ირწმუნოს, რომ შენობა მყარია და დაფუძნებულია მტკიცე საძირკველზე, და რომ შექმნილია
არა უბრალო მხატვრებისა თუ ოსტატების მიერ, არამედ თვით უდიდესი არქიტექტორის ხელით,
რომელმაც თავისი სისხლით გაკვალა და გაწმინდა გზა და თვითონ პირველმა გაიარა მასზე.
საკმარისია დარწმუნდეთ ამაში, დანარჩენი კი - თუ რატომ არის მოწყობილი ასე და არა
სხვაგვარად, რატომ მდებარეობს ამ ადგილას და არა სხვაგან და ა. შ. – ეს ყველაფერი არ
არის შენი საქმე. შენი საქმეა - მიენდო სახლის მეუფის ნებას და სურვილს და მისი
დახმარების იმედით და გულში მის მიმართ სიყვარულით იარო მასთან და გაჰყვე მას ისე,
როგორც ის მოითხოვს შენგან.

მივუსადაგოთ ეს იგავი ქრისტიანობას. ნაგებობა, რომელიც აშენებულია დედამიწაზე და


აღწევს ცას, არის ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება, არქიტექტორი და სახლის მეუფე
არის იესო ქრისტე, დამხმარენი და გზის მიმანიშნებლები კი – ეკლესიის მოძღვრები და
მასწავლებლები.

ახლა შევხედოთ იმ გზას, რომელზეც ჩვენ უნდა ვიაროთ იესო ქრისტეს კვალდაკვალ.

იესო ქრისტემ თქვა: ვისაც სურს შემომიდგეს მე

უარყოს საკუთარი თავიაიღოს თავისი ჯვარიგამომყვეს მე

მაშასადამე, ქრისტიანის ანუ იესო ქრისტეს მოწაფისა და მიმდევრის უპირველესი


მოვალეობაა საკუთარი თავის უარყოფა.

თავის უარყოფა ნიშნავს: მავნე ჩვევების მიტოვებას, იმ ყველაფრის გულიდან ამოგდებას,


რითიც მიწას ვართ მიბმული, ვნებებისა და გულისთქმებისაგან თავშეკავებას, ბოროტი
აზრების უარყოფასა და არმოსმენას, მოსალოდნელი ცოდვისგან განრიდებას; თავმოყვარეობით
რაიმეს კეთებისა და სურვილისაგან თავშეკავებას და ამის საპირისპიროდ, ყველაფრის
შესრულებას ღვთის სიყვარულის გამო. პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავის
უარყოფა ნიშნავს მკვდარი იყო ცოდვისა და წუთისოფლისთვის და ცოცხალი იყო ღვთისთვის.
ქრისტიანისათვის, ანუ ვინც შეუდგება იესო ქრისტეს, მეორე მოვალეობა არის თავისი ჯვრის
აღება.

ჯვარში იგულისხმება ტანჯვა, მწუხარება და უსიამოვნებები. ჯვარი შეიძლება იყოს


შინაგანი და გარეგანი (ხილული). ჯვრის აღება ნიშნავს მოთმენას და უსიტყვოდ მიღებას იმ
ყველაფრისა, რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში: უსიამოვნების, მწუხარების,
სევდის, სიმძიმისა და ტკივილის. და აი, ამიტომ, თუ გაწყენინებს ვინმე, დაგცინებს,
შეურაცხყოფას მოგაყენებს თუ დაგამწუხრებს, ან თუ სიკეთეს გაუკეთებ და მადლობის
ნაცვლად, შენ წინააღმდეგ აღდგება და მზაკვრობას დაგიწყებს, ან გსურს სიკეთის გაკეთება
და არ გამოგდის, ან უბედურება შეგემთხვა, ან ავად გახდი, ან მეუღლე და შენი შვილები
ავადმყოფობენ და სხვ. ან, მოღვაწეობისა და დაუღალავი შრომის მიუხედავად, მაინც
გაჭირვებაში ხარ და სიღატაკე გთრგუნავს, ან, ამათ გარდა, კიდევ სხვა მრავალ
უსიამოვნებას ითმენ – დაითმინე ეს ყველაფერი გულისწყრომის, დრტვინვის, წუწუნისა და
ჩივილის გარეშე, ნუ განაწყენდები და ნუ გექნება ამქვეყნიური ჯილდოს მოლოდინი, არამედ
მოითმინე ეს ყველაფერი სიყვარულით და შემართებით.

აიღო შენი ჯვარი ნიშნავს არა მარტო იმ ჯვრების ზიდვას, რომლებსაც სხვები გვადებენ, ან
გვეგზავნება განგებით, არამედ აღებას და ტარებას პირადი ჯვრებისა, უფრო მეტიც, ნებით
აღებას ჯვრებისა და მათ ნებაყოფლობით ზიდვას. ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანს შეუძლია და
ევალება დადოს და შეასრულოს სხვადასხვა აღთქმა და დაპირება, რომლებიც, თუმცაღა,
დამამწუხრებელი და დამამძიმებელია ჩვენი გულების, მაგრამ შეესაბამებიან ღვთის
სიტყვასა და ნებას. მაგალითად, უნდა დავდოთ და შევასრულოთ აღთქმა, რომელიც
სასარგებლოა გარშემომყოფთათვის, სნეულთათვის ზრუნვა, მთხოვნელთათვის დახმარება და
შეწევნა ან საქმით, ან სიტყვით, ან რჩევით, ან ლოცვით და სხვ.

როდესაც, ღვთის მოწოდებითა და განზრახვით, შენს ჯვარს ატარებ და ამ დროს ამპარტავნული


აზრი დაგეუფლება, რომ ისეთი არ ხარ, როგორიც სხვები, არამედ მტკიცე, ღვთისმოსავი და
თანამოძმეებსა და მეზობლებს შორის საუკეთესო - მაშინვე, რამდენადაც შესაძლებელია,
ამოძირკვე ეს აზრები, რადგან მათ ყველა შენი სათნოების განადგურება შეუძლიათ.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ჯვრები არის შინაგანი და გარეგანი (ხილული), თუმცა ჯერჯერობით
მხოლოდ გარეგანი ჯვრების შესახებ ვისაუბრეთ. და ნეტარია ის, ვისაც შეუძლია ჯვრების
ტარება კეთილგონიერებით, რამეთუ ღმერთი არ დაუშვებს, რომ ასეთი ადამიანი დაიღუპოს,
არამედ გაუგზავნის სულიწმიდას, რომელიც განამტკიცებს და დაარიგებს და გაუძღვება ყოველ
საქმეში, მაგრამ იმისათვის, რომ წმიდა გახდე და იესო ქრისტეს მიემსგავსო, მხოლოდ
გარეგანი ჯვრების ტვირთვა საკმარისი არ არის, ხილული ჯვრები შინაგანი ჯვრების გარეშე
უსარგებლოა ისევე, როგორც გარეგანი ლოცვაა უსარგებლო შინაგანის გარეშე. გარეგან
ჯვრებს ანუ გარეგან ტკივილებს ტვირთულობენ არა მხოლოდ იესო ქრისტეს მოწაფეები, არამედ
ყველანი, ანუ არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, რომელიც არ იტანჯება ან არ ითმენს
რამეს ამა თუ იმ მიზეზით. მაგრამ ვისაც სურს იყოს იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე და
მიმდევარი, მან უსათუოდ უნდა იტვირთოს შინაგანი ჯვრებიც.

შინაგანი ჯვრების პოვნა ნებისმიერ დროს უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე გარეგანის.
საკმარისია მხოლოდ ყურადღება მიაქციო საკუთარ თავს და სინანულის გრძნობით ჩაუღრმავდე
საკუთარ სულს, რომ მაშინვე აღმოაჩენ უამრავ შინაგან ჯვარს, მაგალითად, იფიქრე, როგორ
გაჩნდი ამქყვეყნად და რატომ არსებობ ამ ქვეყანაზე, ცხოვრობ თუ არა ისე, როგორც უნდა
ცხოვრობდე და სხვ. მიაქციე ამას სათანადო ყურადღება – და პირველივე ამგვარი
მცდელობისთანავე დაინახავ, რომ შენ, როგორც ყოვლისშემძლე ღვთის ქმნილება, მხოლოდ
იმისათვის არსებობ ამ ქვეყნად, რომ მთელი შენი საქმეებით, მთელი შენი ცხოვრებით და
მთელი შენი არსებით ადიდო მისი ყოვლადწმიდა და დიდებული სახელი, მაგრამ შენ არათუ
ადიდებ, არამედ, პირიქით, შეურაცხყოფ და არცხვენ მის სახელს შენი ურჯულო ცხოვრებით;
შემდეგ გაიხსენე და დაფიქრდი, რა გელოდება სიკვდილის შემდეგ საფლავის იქით, რომელ
მხარეს აღმოჩნდები იესო ქრისტეს საშინელი სამსჯავროს დროს – მარჯვნივ თუ მარცხნივ? და
თუ ამგვარად ფიქრს დაიწყებ, უნებურად აფორიაქდები და შეწუხდები. ამგვარადვე დაიწყებ
შინაგანი ჯვრების დანახვას. და თუ მსგავს ფიქრებს არ მოიშორებ და ამქყვენიური
სიამოვნებებითა და ამაო გართობით არ ჩაახშობ მათ, თუ ყურადღებით დაიწყებ საკუთარი
თავის შესწავლას, მეტ ჯვარს იპოვი. მაგალითად, უკვე მთელი თავისი საშინელი სახით
წარმოგიდგება ჯოჯოხეთი, რომელიც არც გახსოვდა და არც იხსენებდი; უკვე მთელი თავისი
დიდებულებით წარმოგიდგება სამოთხე, რომლის შესახებ არც ფიქრობდი და არც ის იცოდი, რომ
ეს არის ადგილი მარადიული და ნამდვილი სიხარულის, რომელიც ღმერთმა გაგიმზადა და
რომელსაც თავად აკლდები შენივე დაუდევრობითა და უგუნურებით.

და, მწუხარებისა და შინაგანი ტანჯვის მიუხედავად, რომელთაც ამგვარი ფიქრები


მოგაყენებს, თუ მტკიცედ გადაწყვეტ მოითმინო და ნუგეშის ძებნას არ დაიწყებ
წუთისოფელში, თუ გულმოდგინედ ილოცებ ღვთის წინაშე შენი სულის ხსნისათვის და ღვთის
ნებას სრულად მიენდობი, მაშინ ღმერთი ნელ–ნელა დაგანახებს შენი სულის მდგომარეობას
ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, რათა უფრო მეტად შეიგრძნო შიში, წუხილი, სევდა და
ამგვარად, მეტად და მეტად განგწმინდოს.

ჩვენი სულის გაშიშვლებასა და მოსალოდნელი საფრთხის მთელი სიმძაფრით დანახვას


(განსაკუთრებით ცოცხლად შეგრძნებას) ვერასოდეს შევძლებთ ღვთის გასნაკუთრებული
მოწყალებისა და შეწევნის გარეშე, რადგან ჩვენი შინაგანი სამყარო დაფარულია
თავმოყვარეობით, ვნებებით, ცხოვრისებული საზრუნავებით, ამქვეყნიერი სიამეებით. და თუ
ხანდახან გვეჩვენება, რომ ვხედავთ ჩვენი სულის მდგომარეობას, ვხედავთ მხოლოდ გარედან
და მხოლოდ იმდენს, რამდენის დანახვაც შეუძლია ჩვენს გონებასა და სინდისს.

ჩვენი სულის მტერმა, ეშმაკმა, იცის რამდენად მაცხონებელია შინაგანი სულიერი


მდგომარეობის დანახვა, ამიტომ ყველა ღონეს მიმართავს, ყველა სახის ვერაგობასა და
მზაკვრობას იყენებს, რომ ადამიანმა თავისი მდგომარეობა ისე ვერ დაინახოს, როგორც
სინამდვილეშია, რათა მოქცევა და გადარჩენის შესახებ ფიქრი არ დაიწყოს, მაგრამ როდესაც
ხედავს, რომ მისი მზაკვრობა არასაკმარისია და ადამიანი, ღვთის მადლით, საკუთარი თავის
დანახვას იწყებს, ეშმაკი უფრო მზაკვრულ საშუალებას მიმართავს – ცდილობს აჩვენოს
ადამიანს მისი სულის მდგომარეობა უცებ, ერთბაშად, თანაც, რაც შეიძლება საშინელი
კუთხით, რათა თავზარი დასცეს და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს. და ღმერთს რომ
ბოროტისათვის ნება დაერთო ყოველთვის გამოეყენებინა ეს უკანასკნელი საშუალება
(ეჩვენებინა ჩვენი სულიერი მდგომარეობა ყველაზე საშინელი მხრიდან), ჩვენ შორის ცოტანი
თუ გაუძლებდნენ ამას (რადგან ცოდვილის შინაგანი სულიერი მდგომარეობა, განსაკუთრებით
მოუნანიებელი ცოდვილის, უმეტესად მძიმე და საშინელია). ჩვენ ვიცით, რომ თვით ყველაზე
დიდ წმინდანებსაც და მართლებსაც, მიუხედავად მათი უდიდესი სიწმიდისა, ცრემლები არ
ჰყოფნიდათ ეტირათ თავიანთი სულებისათვის.

და როცა ღმერთი ინებებს გაგიმჟღავნოს შენი სულის მდგომარეობა, ნათლად დაინახავ და


ცოცხლად შეიგრძნობ, რომ, ყველა შენი სათნოების მიუხედავად, შენი გული დაბინძურებული
და გარყვნილია, სული – წაბილწული, თავად კი მონა ხარ ცოდვებისა და ვნებების, რომლებიც
სრულად დაგეუფლნენ და საშუალებას არ გაძლევენ მიუახლოვდე ღმერთს. დაიწყებ იმის
დანახვასაც, რომ შენში არ არის არაფერი შეჭმარიტად კეთილი; და თუ გაქვს კიდეც
რამდენიმე კეთილი საქმე, ისინიც ცოდვით შებღალულნი და სხვადასხვა ვნებისა და
გარემოებების ნაყოფი არიან და არა – ჭეშმარიტი სიყვარულის, ამიტომ აუცილებლად
დაიტანჯები: შიში, მწუხარება და დარდი შეგიპყრობს, შიში იმისა, რომ იღუპები,
მწუხარება და დარდი კი დაგეუფლება იმის გამო, რომ დიდხანს და შეუპოვრად ყურს არ
უგდებდი ღვთის მშვიდ ხმას, რომელიც გიხმობდა ცათა სასუფეველში, და რომ საკმაოდ დიდი
ხნის განმავლობაში უშიშრად განარისხებდი ღმერთს შენი ურჯულოებით.

ასე რომ, რაც უფრო მეტად გაგიმჟღავნებს ღმერთი შენი სულის მდგომარეობას, მით უფრო
მეტად მოგემატება შინაგანი ტანჯვა.

აი, რა არის შინაგანი ჯვრები!

ადამიანებს არ აქვთ ერთნაირი სათნოებები და ერთნაირი ცოდვები, შესაბამისად, შინაგანი


ჯვრებიც ყველასათვის ერთნაირი არ არის: ზოგისთვის მეტად მძიმეა, სხვათათვის –
ნაკლებად, ერთისთვის მეტად ხანგრძლივია, მეორისათვის – ნაკლებად; ზოგისთვის – სხვა
გზით მოდის, ზოგისთვის – სხვაგვარად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის შინაგან
სულიერ მდგომარეობაზე ისევე, როგორც მისი ხანგრძლივობა და მკურნალობის მეთოდებია
დამოკიდებული ავადმყოფის მდგომარეობაზე. ექიმის ბრალი არ არის თუ ძლიერი საშუალებების
ხანგრძლივად გამოყენება უწევს იმისათვის, რომ სახიფათო და შორსწასულ ავადმყოფობას
უმკურნალოს, რომელიც, შესაძლებელია, თავად ავადმყოფმა გაართულა. ვისაც სურს, რომ
ჯანმრთელი იყოს, ის ყოველთვის თანახმა იქნება, რომ მოითმინოს.
შინაგანი ჯვრები ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ ნუგეშს ვერაფრით პოულობენ.

ეს ყველაფერი შენც შეიძლება დაგემართოს! მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა


იმყოფებოდე, და როგორ სულიერ ტანჯვასაც არ უნდა განიცდიდე, სასოს ნუ წარიკვეთ და ნუ
იფიქრებ, რომ ღმერთმა მიგატოვა. არა! ის ყოველთვის შენ გვერდით იქნება და უხილავად
მაშინაც გაგაძლიერებს, როცა მოგეჩვენება, რომ დაღუპვის პირას იმყოფები. იგი არ
დაუშვებს, რომ იმაზე მეტი განსაცდელი შეგემთხვას, ვიდრე თავად სურს, რომ დაუშვას
შენზე. ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში და ნუ გეშინია, არამედ სრული მორჩილებითა და
ერთგულებით მოითმინე და ილოცე მისდამი, რამეთუ ის არის ჩვენი მამა, რომელსაც ყველაზე
მეტად უყვარს თავისი შვილები. და თუ დაუშვებს, რომ მისი ერთგული ადამიანი განსაცდელში
ჩავარდეს, მხოლოდ იმისთვის, რომ გასაგებად და ნათლად უჩვენოს მისი სისუსტე, უძლურება
და არარაობა, ასწავლოს, რომ არასოდეს ენდოს საკუთარ თავს და, რომ ღვთის შეწევნის
გარეშე არავის ძალუძს სიკეთის კეთება. თუ ღმერთი ადამიანზე განსაცდელს დაუშვებს და
მას ჯვრებს განუკუთვნებს, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ მისი სული განკურნოს,
რათა ქრისტეს მიემსგავსოს და სრულად განწმინდოს მისი გული, რომელშიც თავად სურს
დაისადგუროს თავის მხოლოდშობილ ძესა და თავის წმინდა სულთან ერთად.

მწუხარების დროს, რაგინდ მძიმეც არ უნდა იყოს ის შენთვის, თუ ღმერთი არ მიგანიშნებს


და არ გამოგიგზავნის თავის რჩეულს, ნუ დაიწყებ ნუგეშის ძებნას ადამიანებთან.
ჩვეულებრივ, ადამიანები, სულიერ საქმეებში გამოუცდელნი, ყოველთვის ცუდი მანუგეშებლები
არიან უბრალო მწუხარების დროს, მით უმეტეს, სულიერი განსაცდელებისა და მწუხარების
შემთხვევაში, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. მათ შენი (სულიერად) დაზიანება
უფრო შეუძლიათ, ვიდრე ნუგეშისცემა და ტანჯვის შემსუბუქება. მხოლოდ ღმერთია შენი
დამხმარე, ნუგეშინისმცემელი და დამრიგებელი, მას, ერთადერთს, მიმართე და მხოლოდ
მასთან ეძებე ნუგეშინისცემა და დამხარება.

ასგზის ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც ღმერთი მიმადლებს, რომ ზიდოს შინაგანი ჯვრები,
სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტად სულის საკურნებელი, სწორი და სანდო საშუალებები რათა
გახდე იესო ქრისტეს მსგავსი, შესაბამისად, ისინი არიან ღვთის განსაკუთრებული
მოწყალებისა და მისი ხილული მზრუნველობის ცხადი დასტური ადამიანის სულის ცხონების
გზაზე. ნეტარია ის ადამიანი იმიტომაც, რომ უკვე იმყოფება იმგვარ მდგომარეობაში,
როგორსაც ჩვენ ღვთის მადლის გარეშე არათუ ვერ მივაღწევდით, არამედ საჭიროდაც არ
ჩავთვლიდით ჩვენი ცხონებისათვის.

და თუ შენს სატანჯველებს ღვთის ნების მორჩილებითა და თავდადებით დაითმენ და უფლის


გარდა არსად და არასოდეს დაიწყებ ნუგეშის ძებნას, მაშინ ის, თავისი გულმოწყალებით, არ
მიგატოვებს და ნუგეშის გარეშე არ დაგტოვებს, თავად შეეხება შენს გულს და გიბოძებს
სულიწმიდის მადლს: და შენს ტანჯვებში, შესაძლებელია დასაწყისშივე, გულში შეიგრძნობ
ენით აუხსნელ სიტკბოს, საკვირველ სიმშვიდესა და საოცარ სიხარულს, ისეთს, როგორიც
არასოდეს გიგრძვნია – მაშინ შეიგრძნობ შენში ძალასა და შესაძლებლობას ილოცო ნამდვილი
ლოცვით და ირწმუნო შეჭმარიტი რწმენით, მაშინ აღინთება შენი გული ღვთისა და მოყვასის
წრფელი სიყვარულით. და ეს არის მადლი სულიწმიდის.

და თუ უფალი ასეთი მადლის ღირსს გაგხდის, ნუ იფიქრებ, რომ ეს ჯილდოა შენი ღვაწლისა და
მწუხარების გამო, და რომ სრულყოფილებას ან სიწმინდეს მიაღწიე. ასეთი აზრები
აპმარტავნებისგანაა, რომელმაც ისე ღრმად შეაღწია ჩვენს სულში და ისე მყარად შეეზარდა
მას, რომ თავს იჩენს მაშინაც კი, როცა ადამიანს აქვს სასწაულმოქმედების ნიჭი.

სულიწმიდის ამგვარი შეხება და ნუგეშისცემა ჩვენ მიერ მოპოვებული ჯილდო კი არ არის,


არამედ მხოლოდ ღვთის წყალობაა, რომელიც გვანიჭებს მადლს განვიცადოთ ის, რაც ღმერთმა
განუმზადა თავის მოყვარულებს, რათა შენ, რომელმაც განიცადე, უფრო მეტი გულმოდგინებითა
და მოშურნეობით განაგრძო ძებნა და მოემზადო და გაძლიერდე ახალი მწუხარებისა და
განსაცდელის გადასატანად. ხოლო ის სიყვარული, რომელსაც იმ დროს იგრძნობ, ჯერ კიდევ არ
არის ის სრულყოფილი მდგომარეობა, რომელსაც წმინდანები აღწევენ დედამიწაზე, არამედ –
მხოლოდ მინიშნება.

იესო ქრისტეს მოწაფეთა მესამე ვალდებულებაა გაყვნენ მას. იესო ქრისტეს გაყოლა ნიშნავს
მის მიბაძვას ყველა საქმესა და ქმედებაში. სწორედ ისე უნდა ვიცხოვროთ და მოვიქცეთ,
როგორც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იესო ქრისტე დედამიწაზე, მაგალითად:
იესო ქრისტე ყოველთვის მადლობდა და ადიდებდა ღმერთს, თავის მამას, და ყოველთვის
ლოცულობდა მის მიმართ. ასევე ჩვენ, ჩვენი ცხოვრების ყოველ მდგომარეობაში და ყოველ
გარემოებაში, უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, გვიყვარდეს იგი და ცხადად და ფარულად მადლობას
აღვავლენდეთ მის წინაშე, ვილოცოთ მის მიმართ და ყოველთვის გვყავდეს იგი ჩვენს გულსა
და გონებაში.

იესო ქრისტე პატივს სცემდა თავის ყოვლადწმინდა დედას, ასევე – იოსებსა და უფროსებს და
ემორჩილებოდა მათ. მსგავსადვე, უნდა ვუსმინოთ და პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებსა და
აღმზრდელებს, არ უნდა გავაღიზიანოთ და შეურაცხვყოთ ისინი ჩვენი ქმედებებით, პატივი
უნდა ვცეთ უფროსებს და ხელისუფლებას.

იესო ქრისტე, სამყაროს მეუფე, ხარკს უხდიდა მიწიერ მეფეს და როგორც ცოცხალთა და
მკვდართა განმსჯელს, არ სურდა მიესაკუთრებინა სამოქალაქო მოსამართლის და მომრიგებლის
ძალაუფლება. მსგავსადვე, უსიტყვოდ უნდა ვიხადოთ სახელმწიფო გადასახადი და არ უნდა
ავიღოთ ჩვენს თავზე იმაზე მეტი უფლება, ვიდრე გვეკუთვნის, მაგალითად, უფლება
ხელისუფალთა გასამართლებისა და მათი განკითხვის.

იესო ქრისტემ თავს იდო და პირნათლად, გულმოდგინედ და სიყვარულით აღასრულა ის,


რისთვისაც მოვლენილ იქნა წუთისოფელში. მსგავსადვე, ჩვენც, გულმოდგინედ და უსიტყვოდ
უნდა შევასრულოთ ჩვენ–ჩვენი მოვალეობები, რომელთაც დაგვაკისრებს ღმერთი და
სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, მძიმე იქნება ისინი თუ დამამდაბლებელი.

იესო ქრისტეს ყველა ადამიანი უყვარდა და ყველას სიკეთეს უკეთებდა. ასევე, ჩვენც, უნდა
გვიყვარდეს თანამოძმეები და რამდენადაც შესაძლებელია, საქმით, სიტყვითა თუ ფიქრით
სიკეთე ვუკეთოთ მათ.

იესო ქრისტემ ადამიანების საცხონებლად თავი გაწირა. ასევე, ჩვენ, იმისათვის, რომ
ადამიანებს სიყვარული მივანიჭოთ, არ უნდა დავზოგოთ არც ძალა და არც ჯანმრთელობა;
მამულისა და ხელმწიფის, როგორც ერის მამის, დასაცავად არ უნდა დავზოგოთ ჩვენი
სიცოცხლე, ხოლო იესო ქრისტესთვის, როგორც ჩვენი მხსნელისა და მწყალობლისთვის, არ უნდა
დავზოგოთ არც სულის სიმშვიდე, არც ჩვენი სხეული, არც ჩვენი სიცოცხლე – იმ წმიდა
მოწამეების მსგავსად, რომელთაც იესო ქრისტესთვის დაითმინეს მრავალი ტანჯვა და
სიკვდილი.

იესო ქრისტემ ნებაყოფლობით თავს იდო ტანჯვა და სიკვდილი. ასევე, ჩვენც, არ უნდა
გავექცეთ ტანჯვასა და მწუხარებას, რომელთაც გვიგზავნის ღმერთი, არამედ სიმდაბლითა და
ღვთისამდი ერთგულებით უნდა მივიღოთ და მოვითმინოთ ისინი.

იესო ქრისტე მიუტევებდა თავის მტრებს ყველაფერს, რასაც უკეთებდნენ, მეტიც, სიკეთით
პასუხობდა და ლოცულობდა მათი ცხონებისათვის. ასევე, ჩვენც, უნდა მივუტევოთ ჩვენს
მტრებს, სიკეთით გადავუხადოთ მათ ჩვენ მიმართ ჩადენილი ბოროტების სანაცვლოდ, დავლოცოთ
ჩვენი მაგინებლები, სრული რწმენითა და ღვთის, ყველაზე მართალი და ყოვლისმხედველი
მსაჯულის, სასოებით, რომლის ნების გარეშე თმის ერთი ღერიც არ ვარდება ჩვენი თავიდან.
და თუ წყენას, ბუზღუნისა და შურისძიების ნაცვლად, სიყვარულით გადაიტან, მოიქცევი
როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი.

იესო ქრისტე, ცისა და ქვეყნის მეუფე, ცხოვრობდა სიღარიბეში და თავისი შრომით


მოიპოვებდა ცხოვრებისთვის საჭიროს; ასევე, ჩვენც, უნდა ვიყოთ შრომისმოყვარენი და
დაუზარებლად უნდა ვეძიოთ ჩვენი ცხოვრებისათვის საჭირო საზრდელი და ვიყოთ კმაყოფილნი
ჩვენი მდგომარეობით და არ ვისურვოთ სიმდიდრე, რამეთუ, მხსნელის სიტყვებით, უფრო
ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.

იესო ქრისტე, მდაბალი და მშვიდი გულით, არასოდეს ეძებდა და ითხოვდა ქებას


სხვებისაგან; ასევე, ჩვენც, არ უნდა ვიქებდეთ თავს სხვების წინაშე და არ უნდა ვეძიოთ
ქება სხვებისაგან, მაგალითად, თუ სიკეთეს აკეთებ, ან მოწყალებას გაიღებ, ან სხვებზე
უფრო ღვთისმოსაობით ცხოვრობ, ან სხვებზე მეტად გონიერი ხარ, ან, სულაც, უკეთესი –
თანამოძმეებს შორის, ნუ იქებ თავს ამით ნურც ადამიანების, ნურც საკუთარი თავის
წინაშე, რადგან ყველაფერი, რაც შენში კეთილი და საქებარია, შენი კი არ არის, ღვთის
საჩუქარია – შენია მხოლოდ ცოდვები და სისუსტეები - სხვა დანარჩენი კი ღვთისაა.

გაჰყვე იესო ქრისტეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ დაემორჩილო იესო ქრისტეს სიტყვას:
ამიტომ უნდა ვისმინოთ, გვწამდეს და შევასრულოთ ყველაფერი, რაც გვაუწყა იესო ქრისტემ
სახარებითა და მოციქულების მიერ, და ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ არა ბრძნობით, არამედ
– უბრალო გულით. ვინც ისმენს და იწყნარებს იესო ქრისტეს სიტყვას, შეიძლება ეწოდოს
მისი მოწაფე, ხოლო ვინც ისმენს და აღასრულებს იესო ქრისტეს სიტყვას, და, თანაც, გულის
უბრალოებითა და სრული ერთგულებით, ის ჭეშმარიტად მისი საყვარელი მოწაფეა.

აი, რას ნიშნავს თავის უარყოფა, საკუთარი ჯვრის აღება და იესო ქრისტეს გაყოლა. აი,
იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფის თვისებები, აი, ჭეშამარიტი და პირდაპირი გზა ცათა
სასუფეველის, და აი გზა, რომელიც გაიარა თავად იესო ქრისტემ წუთისოფელში და რომლითაც
უნდა იარონ ქრისტიანებმა! არ ყოფილა, არ არის და არ იქნება სხვა გზა, გარდა ამ გზისა.

რასაკვირველია, ეს გზა არის უსწორმასწორო, ვიწრო და ეკლიანი. განსაკუთრებით ასეთად


ჩანს დასაწყისში, სამაგიეროდ, მას მივყავართ ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში,
ღმერთთან – ყველა ნეტარების წყაროსთან. მტანჯველია ეს გზა, მაგრამ ყოველი წინ
გადადგმული ნაბიჯის გამო გამზადებულია უამრავი ჯილდო. მწუხარებები ამ გზაზე არ არის
მარადიული, შეიძლება ითქვას, წუთობრივია, ჯილდო კი მათ სანაცვლოდ – მარადიულია და
დაუსრულებელი, როგორც თვით ღმერთი. მწუხარება დღითიდღე მცირდება და უფრო ადვილდება,
ჯილდო კი ყოველ საათში იზრდება და იზრდება მარადიულ მომავალ ცხოვრებაში.

ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ ამ გზის, რამეთუ დაუბრკოლებელ და მოსწორებულ გზას მივყავართ


ჯოჯოხეთში, ხოლო უსწორმასწოროსა და ეკლიანს – ზეცაში.

მრავალი ადამიანი გაოცებით კითხულობს: რატომ არის გზა ცათა სასუფევლისაკენ ასეთი
რთული? რატომ უნდა ატარონ ქრისტიანებმა ამდენი მძიმე ჯვარი? ამ და მსგავს კითხვებს
ქრისტიანებმა ყოველთვის ამგვარად უნდა უპასუხონ - ღმერთმა ინება ამგვარად! ღმერთი
ყოვლადბრძენია და კაცთმოყვარე, მან იცის რას უშვებს ჩვენს თავს და როგორ უნდა
მოგვექცეს; თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს ვიყოთ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები,
მორჩილნი და ერთგულნი, მაშინ ჩვენი თავი, ერთმანეთი და მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტეს,
ჩვენს ღმერთს, უნდა შევავედროთ. თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ხილული და
ჩვენი გონებისთვის მისაწვდომი მიზეზი, თუ რატომ არის გზა ცათა სასუფეველისკენ ასეთი
რთული, და რომ ჩვენ ვერაფრით ვერ შევძლებთ მისი გვერდის ავლას, თუ გვსურს, რომ
ვცხონდეთ.

1) ცათა სასუფეველი არის უდიდესი ნეტარება, უდიდესი დიდება და პატივი და ულევი


სიმდიდრე, და თუ წუთისოფელში თუნდაც მცირე სიმდიდრის მისაღებად ბევრი შრომა და
ზრუნვაა საჭირო, როგორ შეიძლება შრომის გარეშე მივიღოთ გამოუთქმელი ზეციური საუნჯე?!

2) ცათა სასუფეველი არის უდიდესი ჯილდო, მაგრამ განა იძლევიან ჯილდოს მუქთად და
არაფრის გამო? ამიტომ თუ მიწიერი და დროებითი ჯილდოს მისაღებად საჭიროა შრომა და
მოღვაწეობა, მით უფრო მეტი შრომა არის საჭირო ზეციური და მარადიული ჯილდოს მისაღებად.

3) ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ჯვრები, რადგან თავს ვუწოდებთ და გვსურს ვიყოთ ქრისტიანები,
ანუ გვსურს ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფეები და მიმდევრები. და როგორიც არის
მასწავლებელი, წინამძღოლი და მეთაური, ასეთივე უნდა იყოს მისი მოწაფე და მიმდევარი.
იესო ქრისტე ტანჯვის გზით შევიდა თავის დიდებაში, ასევე ჩვენც, მხოლოდ ტანჯვის გზით
შევძლებთ შევიდეთ იქ.

4) ყველა ადამიანი ატარებს, ეზიდება თავის ჯვარს, ყველა და თითოეული, მეტ–ნაკლებად,


იტანჯება და ითმენს. ჯვრის ზიდვა არ არის მხოლოდ ქრისტიანების ხვედრი. არა! ჯვარს
ატარებს ქრისტიანიც და არაქრისტიანიც, მორწმუნეც და ურწმუნოც, მაგრამ მათ შორის
სხვაობა არის ის, რომ ერთს ჯვარი ეგზავნება საკურნებლად და საშუალებად ცათა
სასუფეველის მემკვიდრე გახდეს, სხვებს კი – სატანჯველად და დასასჯელად. ერთისთვის
დროთა განმავლობაში ჯვარი მსუბუქდება, ტკბება და საბოლოოდ, მარადიული დიდების
გვირგვინად გარდაიქმნება, სხვებისთვის კი უფრო და უფრო მძიმდება, მწარდება და
საბოლოოდ, მთელი სამყაროს ჯვრები გაერთიანდება ერთ დიდ ჯოჯოხეთურ ტვირთად, რომელიც
დამძიმდება მათ თავებზე და რომლის ქვეშაც ისინი დაიტანჯებიან მარადიულად და
უსიხარულოდ. მაგრამ რატომ არის ასეთი სხვაობა? იმიტომ, რომ ერთი ატარებს ჯვარს
რწმენითა და ღვთისადმი ერთგულებით, მეორე კი – დრტვინვითა და გმობით.

ამიტომ, შენ, ქრისტიანო, არათუ არ უნდა გაურბოდე ჯვრებს და დრტვინავდე მათ გამო,
არამედ, პირიქით, უნდა მადლობდე იესო ქრისტეს, რომ გიგზავნის მათ, და მადლობდე დღე და
ღამე, რომ ღირსი გაგხადა შერთვოდი ჯვრის მტვირთველებს – რადგან იესო ქრისტეს რომ არ
გაეწირა თავი კაცობრიობისათვის, ვერცერთი ჩვენგანი, რაც არ უნდა ეტანჯა და ეწვალა,
ვერასოდეს შევიდოდა ცათა სასუფეველში, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ უნდა გვეტანჯა როგორც
დამნაშავეებსა და ღვთის ნების უარმყოფელებს, და გვეტანჯა იმედისა და ნუგეშის გარეშე;
ახლა კი, მართალია, ვიტანჯებით, მაგრამ ვიტანჯებით ან შეგვიძლია დავიტანჯოთ
საცხონებლად, გადასარჩენად, იმედით, ნუგეშითა და ჯილდოს მისაღებად. ჰოი,
ყოვლადმოწყალეო ღმერთო! როგორი დიდია შენი სიყვარული ჩვენდამი! იესო ქრისტე, როგორი
აურაცხელია შენი სიკეთეები ჩვენდამი! თვით მთელ ამასოფლიურ ბოროტებას ატრიალებ ჩვენდა
სასიკეთოდ, სასარგებლოდ და საცხოვნებლად.

ქრისტიანო! მადლიერება და სიყვარული იესო ქრისტეს, შენი კეთილისმყოფელის, მიმართ,


გავალდებულებს გაჰყვე მას. იესო ქრისტე შენთვის ჩამოვიდა მიწაზე და განკაცდა: ნუთუ
შენ რაიმე მიწიერს დაზოგავ მისთვის? იესო ქრისტემ შენთვის და შენ გამო შესვა ტანჯვით
სავსე ფიალა, ნუთუ შენ არ მოისურვებ მწუხარების ერთი წვეთი იგემო?

5) იესო ქრისტემ თავისი ტანჯვითა და სიკვდილით გამოგვისყიდა და როგორც გამოსყიდულნი,


მას ვეკუთვნით, შესაბამისად, ჩვენს თავს კი აღარ ვეკუთვნით, არამედ მას და ამიტომ
უნდა შევასრულოთ და ვაკეთოთ ის, რასაც თავად გვიბრძანებს, თუ არ გვსურს, რომ
უარყოფილნი ვიყოთ მისგან და მისი პირიდან წარვწყმდეთ. მაგრამ იესო ქრისტე მხოლოდ ერთს
ითხოვს ჩვენგან – გავყვეთ მას, ვიაროთ მის კვალდაკვალ ცათა სასუფევლისკენ, ჩვენივე
კეთილდღეობისათვის.

6) იესო ქრისტემ იმიტომ არ ივნო და მოკვდა, რომ მოეცა ნება გვეკეთებინა ის, რასაც
მოვისურვებთ, – არა! ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი ფიქრისგანაც კი!

7) საბოლოოდ, ისიც ვთქვათ, თუ რატომ არ უნდა გადავუხვიოთ ცათა სასუფევლისაკენ


მიმავალი ვიწრო გზიდან:

ა) იმიტომ, რომ ყოველ ადამიანში არის ცოდვა, ცოდვა კი ისეთი წყლულია, რომელიც
თავისთავად, წამლის გარეშე, არ იკურნება. ზოგიერთ ადამიანში ეს წყლული ისეთი ღრმა და
საშიშია, რომ მისი განკურნება მხოლოდ მოწვითა და ამოშანთვით არის შესაძლებელი,
შესაბამისად, ცოდვებისგან განწმენდა ტკივილისა და სულიერი ტანჯვის გარეშე არავის
შეუძლია.

ბ) ცოდვა საშინელი უწმინდურობა და საზიზღრობაა ღვთის წინაშე; და არავითარ


საზიზღრობას, უწმინდურობასა და სიბილწეს არ შეუძლია დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
როცა ვინმე შინაგანი სნეულებით იტანჯება ან გაუსაძლისი სევდა აწუხებს, სადაც არ უნდა
დაასახლო, თუნდაც უმშვენიერეს სასახლეში, იქაც დაიტანჯება, რადგან თავისი ავადმყოფობა
და სევდა ყოველთვის და ყოველგან თან ახლავს. ასევეა მოუნანიებელი და ცოდვებით
დამძიმებული ცოდვილი – სადაც არ უნდა დაასახლო, თუნდაც სამოთხეში, ის იქაც
დაიტანჯება, რადგან მისი ტანჯვის მიზეზი – ცოდვა – მის გულშია, ცოდვილისათვის ყველგან
ჯოჯოხეთია! და პირიქით, ვისაც გულში სიხარული აქვს, ის გაიხარებს სასახლეშიც, ქოხშიც
და საპყრობილეშიც, იმიტომ რომ მისი სიხარული მის გულშია. მსგავსადვე, მართალთა გული
სავსეა სულიწმიდის ნუგეშით – და სადაც არ უნდა იყოს, მისთვის ყველგან სამოთხე იქნება
– რადგან ცათა სასუფეველი ჩვენშია. ნედლ, ცოცხალ ხეს, რამდენი ტოტიც არ უნდა
მოჰკვეთო, ამით არ მოკვდება, პირიქით, ახალ ტოტებს ამოიყრის; იმისათვის, რომ ის
სრულიად გაანადგურონ, ფესვებიანად უნდა ამოძირკვონ მიწიდან. ასევე ვერ მოსპობთ ცოდვას
ადამიანის გულიდან რომელიმე ერთი მანკიერი ჩვევის ან მიდრეკილების მოკვეთით ან
მიტოვებით. ამიტომ ვისაც სურს გულიდან ამოძირკვოს ცოდვა, მან უნდა ამოგლიჯოს და
გაანადგუროს თვით ცოდვის ფესვი, მაგრამ ცოდვა ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანის
გულში და მტკიცედ არის მასთან მიზრდილი, ამიტომ მისი ამოღება, ამოგლეჯა ტკივილის
გარეშე შეუძლებელია. და ღმერთს რომ არ გამოეგზავნა ჩვენთან დიდებული მკურნალი - იესო
ქრისტე, მისი (ცოდვილის) ყოველი ასეთი მცდელობა ამაო იქნებოდა, რადგან ვერავითარი
ძალისხმევით ვერ შეძლებდა ამოეძირკვა და გაენადგურებინა ცოდვის ფესვი.
მაშასადამე, ძმებო, თავადაც ხედავთ, რომ აუცილებლად უნდა გავყვეთ იესო ქრისტეს და არ
შეიძლება გადავუხვიოთ იმ გზიდან, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ, ასევე, ხედავთ, რომ
ტანჯვის გარეშე არავის შეუძლია შევიდეს ცათა სასუფეველში, რადგან უფლისთვის სათნო
ყველა წმიდანმა ეს გზა გაიარა. ზოგნი ამბობენ: ჩვენ, ასეთ ცოდვილებსა და სუსტ
ადამიანებს, როგორ შეგვიძლია ვიყოთ იმგვარნი, როგორებიც იყვნენ წმინდანები, და როგორ
ვცხოვნდეთ? ჩვენ ერში ვცხოვრობთ და სხვადასხვა ვალდებულება გვაკისრია და ა. შ. ეჰ,
ძმებო! ამგვარი აზრები არა მარტო სიცრუეა, არამედ – ჩვენი შემოქმედის შეურაცხყოფა და
გმობა: ყვედრებაა, თითქოს ვერ შეგვქმნა სრულყოფილად. ეს ფუჭი და ღვთისმგმობი აზრებია
და არა – იმ ყველაფრის მიზეზი. შეხედეთ წმინდანებს: ყველა მათგანი როდი იყო
მეუდაბნოე, ისინი თავიდანვე უცოდველები კი არ იყვნენ, არამედ – ჩვენსავით ცოდვილნი,
ისინიც იყვნენ დაკავებული მიწიერი საქმეებით, საზრუნავითა და მოვალეობებით და ბევრ
მათგანს ოჯახიც ჰყავდა. მაგრამ თავიანთი საერო მოვალეობებისა და ვალდებულებების
შესრულებისას არ ივიწყებდნენ ქრისტიანის ვალდებულებებს: ცხოვრობდნენ ერში, მაგრამ
მიდიოდნენ ცათა სასუფეველის გზაზე და ხშირად თან სხვებიც მიჰყავდათ. ჩვენც, თუ
მოვისურვებთ, შეგვეძლია, რომ ერთსა და იმავე დროს ვიყოთ კეთილმსახური მოქალაქეები,
უღალატო მეუღლეები, კეთილი მამები და ერთგული და სანდო ქრისტიანები. ნამდვილი
ქრისტიანობა არასდროს და არსად არ შეგვიშლის ხელს, პირიქით, ყველგან და ყოველთვის
სასარგებლო იქნება. ჭეშმარიტი ქრისტიანი მხოლოდ ის არის, ვისაც სწამს იესო ქრისტესი
და ყველაფერში მას ბაძავს; ქრისტიანობის სული არის სუფთა, უანგარო, სულიერი სიყვარული
- სიყვარული, რომელსაც მოგვმადლებს მხოლოდ სულიწმიდა: ადამიანები ბევრ რამეს არქმევენ
სიყვარულს, მაგრამ ყველაფერი ქრისტიანული სიყვარული როდია.

ასე რომ, ძმებო, თუ გსურთ იყოთ ცათა სასუფეველში, უნდა გაიაროთ ის გზა, რომელიც
გაიარა იესო ქრისტემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ დაიღუპებით! მაგრამ უნდა
ითქვას, რომ ვინც ქრისტიანობის გზაზე მხოლოდ თავის ძალებს მიენდობა, ის ერთ ნაბიჯსაც
ვერ გადადგამს წინ, და თუ ჩვენი უდიდესი კეთილისმყოფელი, იესო ქრისტე არ
დაგვეხმარება, ვერცერთი ადამინი ვერ შეძლებს სვლას ამ გზაზე; თვით მოციქულებსაც,
ეშინოდათ გაჰყოლოდნენ იესო ქრისტეს, როდესაც ეს შეწევნა არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც
იესო ქრისტესგან მიიღეს შეწევნა, სიხარულით გაჰყვნენ და ვერავითარმა სირთულეებმა და
ტანჯვამ, თვით სიკვდილმაც, ვერ შეაშინა ისინი.

გაინტერესებთ, როგორ ეხმარება იესო ქრისტე იმათ, ვინც მას მიჰყვება? - ეს დახმარება
არის დახმარება სულიწმიდის, რომელსაც მოგვმადლებს იესო ქრისტე, და რომელიც ყოველთვის
ჩვენთან არის, გვიფარავს და თავისკენ მიგვიზიდავს; და ყოველს, რომელიც მოისურვებს,
შეუძლია მიიღოს იგი და აღივსოს მისით. ხოლო თუ როგორ გვეხმარება სულიწმიდა და როგორ
შეიძლება მივიღოთ ის, ამის შესახებ ქვევით ვისაუბრებთ.

თავი მეოთხე. როგორ გვეხმარება იესო ქრისტე, რომ ვიაროთ ცათა სასუფევლის გზაზე და
როგორ შეიძლება მივიღოთ ეს დახმარება

სულიწმიდა ღმერთი, წმიდა სამების მესამე პირი (ჰიპოსტასი), ისევე ყოვლადძლიერია,


როგორც მამა და ძე. იგი ცხოველყოფს, აცოცხლებს და ძალას აძლევს ქმნილებებს. ის
უბოძებს ცოცხალ არსებებს სიცოცხლეს, ადამიანებს – გონებას და ქრისტიანებს – უმაღლეს
სულიერ ცხოვრებას, ანუ სულიწმიდა შთააგონებს ადამიანს და ეხმარება მას ცათა
სასუფეველისკენ სვლაში. სულიწმიდა არა დამსახურების მიხედვით, არამედ საჩუქრად და
ღვთის მოწყალებით ეგზავნება ადამიანს საცხონებლად. და სულიწმიდა ასე შეგვეწევა:

1) სულიწმიდა, დაემკვიდრება რა ადამიანში, ანიჭებს მას რწმენას და სინათლეს. მის


გარეშე არავის შეუძლია ჰქონდეს ჭეშმარიტი და ცოცხალი რწმენა. სულიწმიდისეული
განბრძნობის გარეშე, თვით ღვთის საქმეებში განსწავლულიცა და ბრძენიც, სრულიად ბრმაა,
მაშინ, როდესაც, სულიწმიდას ძალუძს ყველაზე უბირ და უსწავლელ, უბრალო ადამიანს
გაუცხადოს და ნათლად დაანახოს ღვთის საქმეები და მიმადლოს ნათელი, რომ შეიგრძნოს ცათა
სასუფევლის სიტკბო. ადამიანი, რომელშიც სულიწმიდაა, შინაგანად გრძნობს არაჩვეულებრივ
სინათლეს, აქამდე მისთვის უცნობს.

2) სულიწმიდა, დაემკვიდრება რა ადამიანში, ბადებს მის გულში ჭეშმარიტ სიყვარულს.


ჭეშმარიტი სიყვარული გულში არის წმიდა მხურვალება ან სითბო, რომელიც ათბობს მას. ის
არის ფესვი, რომელიც აღმოაცენებს მასში ყველა კეთილ საქმეს. ადამიანისთვის, რომელშიც
ცოცხლობს ჭეშმარიტი სიყვარული, არაფერია საშინელი და შეუძლებელი; მისთვის არცერთი
მცნება და კანონი არ არის რთული, პირიქით, ყველაფერი ძალიან მარტივად შესრულებადია.

რწმენა და სიყვარული, რომელთაც სულიწმიდა ადამიანს მიმადლებს, ისეთი უდიდესი და


უძლიერესი საშუალებებია, რომ ვისაც ის აქვს, შეუძლია ადვილად, სიხარულითა და ნუგეშით
იაროს იმ გზაზე, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ.

3) სულიწმიდა აძლევს ადამიანს ძალას შეეწინააღმდეგოს ამსოფლიურ საცდურებს, ისე რომ,


ადამიანი შეიძლება სარგებლობდეს კიდეც მიწიერი სიკეთეებით, მაგრამ სარგებლობს როგორც
დროებითი სტუმარი და არაფერს დაემონება გულით. ადამიანი კი, რომელშიც არ არის
სულიწმიდა, ყოველგვარი განათლებისა და კეთილგონიერების მიუხედავად, თითქმის ყოველთვის
წუთისოფლის მონაა და მისი თაყვანისმცემელი.

4) სულიწმიდა აძლევს ადამიანს სიბრძნეს. ესგანსაკუთრებით შეგვიძლია დავინახოთ


მოციქულების მაგალითით, რომლებიც სულიწმიდის მიღებამდე უბრალო ადამიანები იყვნენ და
განუსწავლულნი, მაგრამ შემდეგ ვის შეეძლო შეწინააღმდეგებოდა მათ სიბრძნესა და სიტვყის
ძალას?! სულიწმიდა იძლევა სიბრძნეს ყოველი საქმისას და მოქმედებისას: მაგალითად,
ადამიანი, რომელშიც დავანებულია სულიწმიდა, ყოველთვის გამოძებნის საშუალებასა და დროს
თავისი სულის გადასარჩენად; ამსოფლიური ხმაურისა და ყოველგვარი საქმიანობის
მიუხედავად, მას შეუძლია ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს მაშინ, როცა ეს ადამიანს,
ჩვეულებრივ, თვით ღვთის ტაძარშიც შეუძლებლად ეჩვენება.

5) სულიწმიდა იძლევა შეჭმარიტ სიხარულს, მხიარულებასა და ურყევ მშვიდობას. ადამიანს,


რომელშიც არ არის სულიწმიდა, არასოდეს არ შეუძლია გაიხაროს ჭეშმარიტი სიხარულით და არ
შეუძლია იქონიოს სულიერი, ტკბილი მშვიდობა. მართალია, ხანდახან უხარია და მხიარულობს
კიდეც, მაგრამ როგორია ეს სიხარული? წუთიერი და არაწრფელი, მხიარულება – უსაგნო,
ცარიელი და ღარიბი, რომლის შემდეგაც მოწყენილობა უფრო მეტად იპყრობს მას. მართალია,
ასეთი ადამიანი ხანდახან მშვიდია, მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის სულიერი სიმშვიდე,
არამედ ზმანება და სულის თვლემა. და ვაი მას, ვინც დაიზარებს და არ ისურვებს ასეთი
ძილიდან გამოღვიძებას!

6) სულიწმიდა იძლევა ჭეშმარიტ თავმდაბლობას. ადამიანს, თუნდაც ყველაზე გონიერს,


რომელიც არ ფლობს სულიწმიდის მადლს, არ შეუძლია შეიცნოს თავისი თავი სათანადოდ,
რადგან, როგორც ზევით აღვნიშნეთ, იგი ღვთის დახმარების გარეშე ვერ ხედავს თავისი
სულის შინაგან მდგომარეობას: თუ ის სიკეთეს უკეთებს სხვებს და პატიოსნად იქცევა,
ფიქრობს, რომ მართალია და სხვებთან შედარებით, სრულყოფილი, ამიტომ აღარაფერს
საჭიროებს... ეჰ, რა ხშირად იღუპებიან ადამიანები თავიანთ თავზე მცდარი
წარმოდგენებით, თავიანთ სიმართლესა და პატიოსნებაში დარწმუნებულნი! – და თავიანთი
სიმართლის მოიმედენი, საერთოდ არ ფიქრობენ ქრისტიანული სულისა და სულიწმიდის შესახებ,
არადა, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ სულიწმიდის დახმარება! და რადგან სულიწმიდა
ეძლევა მხოლოდ იმას, ვინც ეძებს და ითხოვს, ხოლო ასეთი ადამიანები არათუ არ ითხოვენ
და არ ეძებენ მას, არამედ საჭიროდაც არ მიაჩნიათ, ის მათ არც ეძლევათ და შესაბამისად,
გზააბნეულნი რჩებიან და იღუპებიან. მაგრამ როდესაც სულიწმიდა დაისადგურებს ადამიანის
გულში, აჩვენებს მას მის შინაგან სიგლახაკესა და სისუსტეს, მისი სულისა და გულის
გახრწნილებასა და ღვთისაგან დაშორებულობას, და ყველა მისი სიკეთისა და სიმართლის
გვერდით აჩვენებს მის ცოდვებსაც, სულის ხსნის საკითხში მის სიზარმაცესა და
დაუდევრობას, აჩვენებს მის ანგარებას თითქოსდა უანგაროდ გაკეთებულ კეთილ საქმეებში,
აჩვენებს მის უხეშ თავმოყვარეობას იქ, სადაც ვერც იფიქრებდა. ერთი სიტყვით, სულიწმიდა
ყველაფერს თავისი ნამდვილი სახით აჩვენებს. და მაშინ ადამიანი იწყებს დამდაბლებას
ნამდვილი თავმდაბლობით, საკუთარი თავისა და ძალებისადმი უნდობლობას, კარგავს იმედს
მის მიერ გაკეთებული სიკეთეების, მიიჩნევს თავის თავს ყველაზე უარესად ადამიანთა
შორის. და ამგვარად, მდაბლდება რა იესო ქრისტეს წინაშე, რომელიც ერთია წმინდა
სადიდებლად ღმრთისა მამისა, იწყებს ჭეშმარიტ სინანულს და გადაწყვეტს, რომ აღარ
შესცოდოს და უფრო ყურადღებით იცხოვროს. და თუ მართლაც აქვს რაიმე სათნოებები, ნათლად
ხედავს, რომ აკეთებდა და აკეთებს ღვთის შეწევნით და ამიტომ იწყებს მხოლოდ და მხოლოდ
ღმერთზე მინდობას.

7) სულიწმიდა ასწავლის ჭეშმარიტ ლოცვას. არავის, სანამ არ მიიღებს სულიწმიდას, არ


შეუძლია ილოცოს ისეთი ლოცვით, რომელიც ჭეშმარიტად სათნოა ღვთისათვის, რადგან თუ
ვინმე, ვისთანაც არ არის დავანებული სულიწმიდა, დაიწყებს ლოცვას, მრავალი
მიმართულებით გაეფანტება გონება, ერთი საგნიდან მეორეზე გადაერთვება და ვერაფრით
შეინარჩუნებს ყურადღებას ერთზე. ამასთანავე, არც საკუთარ თავს იცნობს სათანადოდ და
არც თავისი საჭიროების შესახებ იცის რამე, არც ის, თუ რა ითხოვოს ან როგორ ითხოვოს
ღვთისგან - მან ისიც კი არ იცის ვინ არის ღმერთი. მაგრამ ადამიანი, რომელშიც დაივანა
სულიწმიდამ, იცნობს ღმერთს, ხედავს მას და იცის, რომ ის არის მისი მამა, იცის როგორ
მიეახლოს მას, როგორ ითხოვოს და რა ითხოვოს მისგან. მისი აზრები ლოცვაში მწყობრია,
სუფთაა და მიმართულია მხოლო ღვთისკენ. და, ჭეშმარიტად, ასეთს თავისი ლოცვით
ხელეწიფება ყველაფერი - თუნდაც, მთების გადაადგილება.

აი, მოკლედ იმის შესახებ, თუ რას აძლევს საჩუქრად სულიწმიდა იმას, ვისთანაც
დაივანებს! და თქვენ ხედავთ, რომ სულიწმიდის შეწევნისა და თანამოქმედების გარეშე
შეუძლებელია არათუ ცათა სასუფეველში შესვლა, არამედ ერთი ნაბიჯის გადადგმაც ამ გზაზე.
სწორედ ამიტომაა საჭირო სულიწმიდის მოძიება და მოხვეჭა და მისი დამკვიდრება ჩვენში
ისევე, როგორც ჰქონდათ იგი წმიდა მოციქულებს. მაგრამ როგორ შეიძლება მისი მიღება და
მოხვეჭა – ქვემოთ განვიხილოთ.

იესო ქრისტე ბრძანებს, რომ სულიწმიდა ქრის, სადაც ნებავს, მისი ხმა გესმის, მაგრამ არ
იცი საიდან მოდის და საით მიდის. ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია
გვესმოდეს, ვგრძნობდეთ ან განვიცდიდეთ ჩვენში სულიწმიდის არსებობას ან მის შეხებას
ჩვენს გულთან, მაგრამ შეუძლებელია განვსაზღვროთ დრო და ვითარება, როდის ინებებს
მოსვლას.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ წმიდა მოციქულები სულიწმიდას იესო ქრისტესაგან იღებდნენ, და
იღებდნენ არაერთხელ, იმ დროს, რომელიც მათთვის არ იყო წინასწარ გაცხადებული, არც მათ
მიერ განსაზღვრული და დანიშნული, არამედ მაშინ, როდესაც ინებებდა იესო ქრისტე. მხოლოდ
სულიწმიდის ბრწყინვალე გარდამოსვლის შესახებ იყო მათთვის ცნობილი, რაც აღესრულა კიდეც
განსაზღვრულ დროსა და ადგილას, და მაშინაც მათ მიიღეს იგი არა რაიმე განსაკუთრებული
დამსახურებების გამო, არამედ საჩუქრად, რწმენითა და იმედით. ერთსულოვანი ლოცვა კი,
რომელშიც იმყოფებოდნენ უფლის აღდგომიდან სულიწმიდის გარდამოსვლამდე, იყო არა იმდენად
საშუალება სულიწმიდის მისაღებად, არამედ უფრო მათი მომზადება ამისათვის. შესაბამისად,
არავის შეუძლია თქვას დარწმუნებით, რომ მიიღებს სულიწმიდას გარკვეულ დროსა და
გარკვეული საშუალებით. სულიწმიდის მადლი არის ღვთის საჩუქარი. საჩუქრები კი გაიცემა
მოულოდნელად და იმ დროს, რა დროსაც სურს საჩუქრის გამცემს, და მისცემს იმას,
ვისთვისაც თავად სურს. ამიტომ ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობს მიიღოს სულიწმიდა
ამა თუ იმ სახით და ამა თუ იმ დროს, ხოლო ისინი, ვინც სულიწმიდის მისაღებად თავად
იგონებს რაღაც გზებსა და საშუალებებს, არათუ არ მიიღებენ მას, არამედ დიდ ცოდვას
იდებენ თავზე.

მაგრამ ვიდრე საუბარს დავიწყებთ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ სულიწმიდა, უნდა ვთქვათ,
რომ სულიწმიდის მიღებას შეძლებს მხოლოდ შეჭმარიტი მორწმუნე ანუ ერთი წმიდა კათოლიკე
მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელი, აღმსარებელი სწორად, ყოველგვარი
შემატებისა და დაკლების ან ცვლილების გარეშე, ისე, როგორც გადმოგვცეს წმიდა
მოციქულებმა და განმარტეს და დაამტკიცეს წმინდა მამებმა მსოფლიო კრებებზე. ყოველი
ეჭვი და ბრძნობა რწმენის შესახებ არის ურჩობა, დაუმორჩილებლობა; და დაუმოროჩილებელი
და ურჩი ვერ იქნება სულიწმიდის ტაძარი ან სამკვიდრებელი. სულიწმიდის მისაღებად ცხადი
და უტყუარი საშუალებები, წმიდა წერილის სწავლებითა და უდიდეს წმინდანთა გამოცდილებით,
არის შემდეგი:

1) გულის სიწმიდე და უმანკოება

2) თავმდაბლობა

3) ღვთის ხმის სმენა

5) ყოველდღიური თავის უარყოფა

6) წმიდა წერილის კითხვა და მოსმენა


7) საეკლესიო საიდუმლოები, განსაკუთრებით ზიარება

ყოველი ერთგული სული აღივსება სულიწმიდით, თუ ის განწმედილია ცოდვებისაგან, და არ


არის გადავსებული მიუწვდომელი თავმოყვარეობითა და ამპარტავნებით, რამეთუ სულიწმიდა
ყოველთვის გარემოგვიცავს და სურს ჩვენი აღვსება, მაგრამ ჩვენი ბოროტი საქმეები
აღმართულია, როგორც ქვის მყარი გალავანი, არ უშვებენ მას ჩვენამდე და უფრო და უფრო
გვაშორებენ მას. ნებისმიერ ცოდვას შეუძლია ჩვენი დაშორება სულიწმიდისაგან,
განსაკუთრებით საძაგელი ხორციელი სიბილწე და სულიერი სიამაყეა. სულიწმიდა, როგორც
ყოვლად სიწმიდე, შეუძლებელია იმყოფებოდეს ადამიანში, რომელიც ცოდვებით წაბილწულია.
მართლაც, როგორ შეუძლია მას დაივანოს ჩვენს გულში, რომელიც აღსავსეა და გადავსებული
სხვადასხვა საზრუნავით, სურვილებითა და ვნებებით?!

ამიტომ:

1) თუ გვსურს, რომ სულიწმიდა, რომელსაც ნათლობის დროს ვიღებთ, არ განგვეშოროს ან


დაგვიბრუნდეს, წმიდა უნდა ვიყოთ გულით და უნდა დავიცვათ სხეული სიბილწისაგან, რადგან
ჩვენი გული და ჩვენი სხეული ტაძარი უნდა იყოს სულიწმიდის, და თუ ვინმე არის წმიდა
გულით და წაუბილწავი სხეულით, სულიწმიდა დაემკვიდრება მასში და მოიცავს მის გულს და
სხეულს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არ მიენდობა თავის კეთილ საქმეებს და არ
დაიწყებს თავის ქებას და არ მიიჩნევს თავის თავს, რომ ღირსია მიიღოს სულიწმიდის ნიჭი
როგორც დამსახურებული ჯილდო.

მაგრამ თუ, საუბედუროდ, წაიბილწე გული და გაიხრწენი სხეული, შეეცადე განიწმინდო


სინანულით – შეწყვიტე ცოდვის ჩადენა და შემუსვრილი გულით მოინანიე, რომ დღემდე
შეურაცხყოფდი ღმერთს, შენს ყოვლადმოსიყვარულე მამას, შეინანე და დაიწყე ცხოვრება მეტი
წინდახედულებით: მაშინ შენც შესძლებ მიიღო სულიწმიდა.

2) სულიწმიდის მისაღებად ყველაზე უტყუარი საშუალებაა სიმდაბლე. რომც იყო პატიოსანი,


კეთილი, სამართლიანი, მოწყალე და რომ ასრულებდე კიდეც ღვთის ყველა მცნებას, უღირს
მონად მიიჩნიე თავი ყოველთვის, იარაღად ღვთის ხელში, რომლის საშუალებითაც ღმერთი
მოქმედებს. ამასთანავე, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს კეთილ საქმეებს და თვით
ყველაზე დიდ სათნოებებს, განა ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომ ქრისტიანულ სათნოებად
შევრაცხოთ? ჩვენ ხომ ხშირად გავცემთ მოწყალებას ან ვეხმარებით გაჭირვებულ ძმებს
პატივმოყვარეობითა და თავმომწონეობით, როგორც ფარისეველები ან ანგარებით – როგორც
მევახშეები, იმ განზრახვით, რომ იმ ერთი თეთრით, რომელიც გავიღეთ და მივეცით გლახაკს,
მივიღოთ ღვთისგან ასობით და ათასობით?! რა თქმა უნდა, კეთილი საქმე ყოველთვის დარჩება
კეთილ საქმედ, ამიტომ განაგრძე აღასრულო და გაამრავლო კეთილი საქმეები. ყოველი კეთილი
საქმე შეიძლება შევადაროთ ოქროს, ოქრო კი, თუნდაც გაუწმენდავი, მაინც ფასობს:
საკმარისია ოსტატის ხელში მოხვდეს და ის შეიძენს თავის ნამდვილ ფასს. მსგავსადვე,
შენი კეთილი საქმეებიც შეიძენენ თავიანთ ფასს, თუ სრული ნდობით გადასცემ მათ დიდებული
ხელოვნის ნებას, ანუ უფალს, და მიენდობი მას. ამიტომ განაგრძე იყო პატიოსანი, კეთილი,
სამართლიანი, მოწყალე და მცნებების ერთგული დამცველი. და თუ გსურს, რომ შენს კეთილ
საქმეებს ჰქონდეს ჭეშმარიტი ფასი, ნუ იტრაბახებ მათით და ნუ მიიჩნევ მათ ბაჯაღლო
ოქროდ, რომელსაც ზეციური საუნჯის ფასი აქვს. შენ არ ხარ ოსტატი, შენ არ შეგიძლია
შეფასება, ოქროს ჭეშმარიტ ფასს სძენს ხელოვნება, ხოლო სათნოებებს – სიყვარული, მაგრამ
სიყვარული ქრისტიანული, წრფელი, უანგარო, სიყვარული, რომელსაც იძლევა მხოლოდ
სულიწმიდა. ყველაფერი, რაც გაკეთებულია არა ქრისტიანული სიყვარულით, არამედ
უსიყვარულოდ ანუ სულიწმიდის გარეშე, არ არის შეჭმარიტი სათნოება. სწორედ ამიტომ,
ადამიანი, რომელშიც არ არის სულიწმიდა, ყველა თავისი სათნოების მიუხედავად, უქონელია
და ღარიბი.

სიმდაბლეა ისიც, რომ თავს დამტყდარი ჭირი, მწუხარება და უბედურება უდრტვინველად


მოითმინო და ჩათვალო ისინი შენი ცოდვების საზღაურად და სასჯელად, ნუ იტყვი: „უბედური
ვარო!“ არამედ თქვი – „ჩემი ცოდვების გამო მეტი მეკუთვნოდა!“ და ითხოვე ღვთისგან, რომ
განსაცდელი კი არ მოგაცილოს, არამედ ძალა მოგცეს მის გადასატანად.

3) სულიწმიდის მიღება შეიძლება ღვთის გულმოდგინე მოსმენით. ღვთის ხმა, რომელიც ისმის
ნათლად, გარკვევით და გასაგებად, ისმინება ყველგან და ყველაფერში, ამისთვის ღმერთი,
როგორც კაცთმოყვარე მამა, შენი დაბადებიდანვე ყოველდღიურად გესაუბრება და გიხმობს
თავისკენ, გაფრთხილებს, გარიგებს, გასწავლის და შეგაგონებს. მაგალითად: უბედური ხარ
ან გაწყენინა ვინმემ, გარდაგეცვალა ვინმე ან თავად ხარ ავად, ან დამწუხრებული ხარ და
მიზეზს ვერ ხედავ (რაც ყველას ხშირად მოსდის) – ამ ყველაფერში შენ შეგიძლია ისმინო
ღვთის ხმა, რომელიც მოგიწოდებს, რომ გამოფხიზლდე, და იმის ნაცვლად, რომ
ადამიანებისგან ეძებდე დახმარებასა და ნუგეშს – სინანულით მობრუნდი ღვთისკენ და
მხოლოდ მასთან ეძებე შეწევნა და ნუგეში; ან, დავუშვათ, რომ ბედნიერად ცხოვრობ, ან
ცხოვრობ შეძლებულად და სიუხვეში, ყველა შენი საქმე და გარემოებები საუკეთესო
მდგომარეობაშია, და შენ ვერ ხედავ წუხილისა და სევდის მიზეზს, მეტიც, არცთუ იშვიათად
გიხარია და ხანდახან სულიერ სიხარულსაც განიცდი, ეს ყველაფერი ღვთის ხმა არის,
რომელიც გესიტყვება, რომ მთელი შენი გულით გიყვარდეს ღმერთი, რომელიც ამგვარად
გწყალობს და რომ მადლობდე მას მთელი შენი ძალით, და სარგებლობ რა ამ სოფლის ყველა
სიკეთით, არ დაივიწყო, რომ გაახარო იესო ქრისტეს უმცროსი ძმები – გლახაკები, არ
დაივიწყო, ასევე, ნამდვილი ზეციური სიხარული და სიკეთეები და ვინ არის წყარო
ყოველგვარი სათნოებისა და სახარულის. ან ვინ არის ისეთი, ვისაც არ დალაპარაკებია ან
არ ელაპარაკება უფალი მის თავს გადამხდარი სხვადასხვა თავგადასავლით?! – ჩვენ
გვესმის, და გვესმის ნათლად და მკაფიოდ, მაგრამ მცირედნი თუ იგებენ და მოქმედებენ
ღვთის ხმის მიხედვით. ჩვენ, ჩვეულებრივ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს წუხილსა და სევდაში
ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ვეძებთ თავდავიწყებას ამაო ფაციფუცსა და გართობაში; და
იმის ნაცვლად, რომ ღვთის ამგვარი ჩვენთან მყოფობა მივიღოთ როგორც საკურნებელი რამ და
სარგებელი შევძინოთ ჩვენს სულს, ვცდილობთ როგორმე თავი დავაღწიოთ მათგან და
ვდრტვინავთ და წყობიდანაც გამოვდივართ. ან, უკიდურეს შემთხვევაში, იმის ნაცვლად, რომ
ღმერთში ვეძიოთ ნუგეში, რომელიც არის წყარო ყველა ნუგეშისა, ვეძებთ მას წუთისოფელსა
და ამქვეყნიურ სიამოვნებებში. ხოლო როდესაც კეთილდღეობასა და ბედნიერებაში ვართ, იმის
ნაცვლად, რომ მეტად და მეტად გვიყვარდეს ღმერთი, კეთილისმყოფელი ჩვენი, ვივიწყებთ
მას. და იმის ნაცვლად, რომ სათნოებები, რომელთაც მოგვმადლებს ღმერთი, გამოვიყენოთ
ყველასთვის სასარგებლოდ და გაჭირვებაში მყოფი ძმების დასახმარებლად, ვიყენებთ მათ
ჩვენი ახირებებისა და უსარგებლო სურვილების დასაკმაყოფილებლად. რამდენადაც
კანონსაწინააღმდეგო და საშიშია წაუყრუო და არ ისმინო მიწიერი მეფის ხმა, იმდენად
უმეტესი დანაშაული და ცოდვაა ყურადღება არ მიაქციო და არ ისმინო ზეციური მეუფის!
ასეთი დაუდევრობითა და უყურადღებობით შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ, მრავალგზის და
განუწყვეტელი ხმობისა და მოწოდების შემდეგ, ღმერთმა განგვიშოროს, როგორც ჯიუტი
ბავშვები და მიგვიშვას, რომ ვაკეთოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ: ამის გამო კი,
შესაძლებელია, გონება იმდენად დაგვიბნელდეს, რომ ყველაზე საშინელი და საძაგელი
ცოდვებიც ადამიანის ბუნების გარდაუვალ სისუსტეებად მოგვეჩვენოს. ამიტომ რამდენადაც
სასარგებლოა და საცხოვნებელი ღვთის ხმისადმი ყურადღება, იმდენად დამღუპველი და
საშინელია მისი არმოსმენა და მისთვის ზურგის შექცევა.

4) სულიწმიდის მიღება შეიძლება ლოცვით. ეს არის ყველაზე მარტივი და სანდო საშუალება,


რომელიც ყველას და ყოველთვის შეუძლია გამოიყენოს. ცნობილია, რომ ლოცვა არის გარეგანი
და შინაგანი: ვინც ლოცულობს და ასრულებს მეტანიებს სახლში ან ეკლესიაში – ლოცულობს
გარეგნულად. და ვინც სულითა და გულით მიმართავს ღმერთს და ცდილობს განუწყვეტლივ
ახსოვდეს გონებით, ლოცულობს შინაგანად. ამათგან რომელია უკეთესი, ქმედითი და სათნო
ღვთისათვის - ყოველმა თქვენგანმა იცის. ისიც იცით, რომ ღვთისადმი ლოცვა შეიძლება
ყველგან და ყოველთვის, ყოველ ადგილას და მაშინაც, როდესაც ცოდვა გვძლევს. შეიძლება
ილოცო საქმის დროს, საქმის გარეშეც, დღესასწაულებზეც და უქმე დღეებშიც, დამდგარმა,
დამჯდარმა და დაწოლილმა – თქვენ ეს იცით! მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ, მართალია,
შინაგანი ლოცვა ყველაზე ძლიერი საშუალებაა ღვთის მადლის მისაღებად, მაგრამ გარეგანი
ლოცვა არ უნდა მივატოვოთ, განსაკუთრებით – საზოგადო ლოცვები. ბევრი ამბობს: რატომ
უნდა ვიარო ეკლესიაში? შემიძლია სახლშიც ვილოცო. ასე მეტად შესცოდავ, ვიდრე ილოცებ.
მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რა აიძულებს ადამიანებს ასე იფიქრონ - სამართლიანობა თუ
კეთილგონიერება? სულაც არა! - მათ სიზარმაცე და სიამაყე აიძულებთ ასე ისაუბრონ. რა
თქმა უნდა, სამწუხაროდ, ხანდახან ისეც ხდება, რომ ეკლესიაში მყოფიც შესცოდავ, მაგრამ
არა იმიტომ, რომ ეკლესიაში მიხვედი, არამედ იმიტომ, რომ მიხვედი სხვა სულით, არა
ისეთით, როგორიც საჭირო იყო, და დგახარ ეკლესიაში არა იმიტომ, რომ ილოცო, არამედ სხვა
რამისათვის. შეხედეთ იმათ, ვინც არ დადის ეკლესიაში ზემოთქმული მიზებით: და განა
ლოცულობენ სახლში? სულაც არა, თუ ზოგიერთი ლოცულობს კიდეც, უმეტესად – ფარისეველივით,
რადგან მთელი მათი ლოცვა შეიძლება გამოიხატოს იმავე სიტყვებით, რომლითაც ლოცულობდა
ფარისეველი: „ღმერთო, მადლობა, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ცოდვილები და
უსამართლოები“. მაშ, ასე: იარე საზოგადო ლოცვებზეც და ილოცე სახლშიც, წმიდა ხატების
წინ, და ნუ მიაქცევ ყურადღებას ზოგიერთი ჭკვიანის ბრძნობას.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანს, რომელშიც არ არის სულიწმიდა, არ შეუძლია ილოცოს


ნამდვილი ლოცვით. ეს სრული ჭეშმარიტებაა. საჭიროა ბევრს ეცადო და იშრომო იმისათვის,
რომ ილოცო წმიდა ლოცვით; უცებ და ერთბაშად შეუძლებელია იქამდე მისვლა, რომ გული და
აზრები ღვთისაკენ მიმართო, რადგან არა მარტო ჩვენ გვემართება ეს, უბრალო ადამიანებს,
არამედ მრავალს იმათგანაც, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ლოცვას მიუძღვნა. ამგვარად,
გსურს, რომ აზრები ღვთისაკენ მიმართო, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით და
სხვადასხვა საქმისკენ იფანტებიან; გსურს გონებით იყო ღმერთთან – შენთან კი სულ სხვა
აზრები მოდის, ხანდახან – საშინელიც.

ჭეშმარიტ ლოცვას შეუძლია გული საამოდ დაგიმშვიდოს, ისე რომ, მრავალი წმიდა მამა დღე
და ღამ განუწყვეტლივ ლოცულობდა, და ამ სიტკბოთი აღფრთოვანებულნი ვერ ამჩნევდნენ დროსა
და ლოცვის ხანგრძლივობას. მათთვის ლოცვა შრომა კი არ იყო, არამედ სიამოვნება. მაგრამ
ადვილი არ არის ასეთი მდგომარეობის მიღწევა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბავშვობიდან
თავისუფალ გასაქანს აძლევდა თავის ვნებებს და ახშობდა სინდისის ხმას. თუმცა
ამქყვეყნად რა ან რომელი მეცნიერება და ხელოვნება, ან ნუგეშისცემა გვეძლევა მარტივად,
სწრაფად და შრომის გარეშე? ამიტომაც ილოცე, ილოცე, იმის მიუხედავად, რომ ლოცვით ვერ
იღებ რაიმე ნუგეშს ან სიამოვნებას, – ილოცე ბეჯითად და შეძლებისდაგვარად გულმოდგინედ,
მიაჩვიე შენი თავი ლოცვას და საუბარს ღმერთთან; შეეცადე თავი მოუყარო გაფანტულ
ფიქრებს და შეაკავო ისინი, და იგრძნობ, რომ ნელ–ნელა უფრო გაგიადვილდება, ხანდახან
ტკბილ ნუგეშსაც იგრძნობ. თუ გულმოდგინე იქნები, სულიწმიდა, რომელიც დაინახავს შენს
მონდომებას და გულწრფელ მცდელობას, მალევე დაგანახებს და შემდეგ, შემოვა რა შენში,
გასწავლის ჭეშმარიტ ლოცვას.

ყველაზე იოლია ლოცვა რაიმე უბედურების ან მწუხარებისას, ამიტომ ხელიდან ნუ გაუშვებ


ამგვარ შემთხვევას და გამოიყენე ის, გადმოღვარე შენი მწუხარება ღვთის წინაშე ლოცვით.

იესო ქრისტე მოგვიწოდებს ვილოცოთ გამუდმებით.

ბევრი იკითხავს: ერში მცხოვრებმა როგორ უნდა ილოცოს განუწყვეტლივ? თუ მხოლოდ ლოცვით
დავკავდებით, როგორღა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და როდისღა გავაკეთოთ ჩვენი
საქმეები? უწყვეტ გარეგან ლოცვას – ანუ გამუდმებით სალოცავად დგომას – ცხადია, ვერ
შევძლებთ, რადგან უნდა შევასრულოთ სხვა ვალდებულებებიც და უნდა ვიშრომოთ კიდეც.
მაგრამ ვინც თავის შინაგან სიღატაკეს განიცდის, ის განუწყვეტლივ ილოცებს თავისი
საქმიანობის დროსაც; ვისაც გულით სურს ცათა სასუფევლის დამკვიდრება, შემთხვევასაც
გამოძებნის და დროსაც, რომ ილოცოს შინაგანად და გარეგნულად: ის ყველაზე მძიმე და
უწყვეტი სამუშაოს პირობებშიც გამონახავს დროს, რომ მიმართოს და თაყვანი სცეს ღმერთს.
ლოცვისთვის დროს მხოლოდ ის ვერ პოულობს, ვისაც არ სურს ლოცვა.

ასევე ნათქვამია, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს, ანუ ცოდვილები არ მიიღებენ


ღვთისაგან იმას, რასაც ითხოვენ. მართლაც, ასეა! მაგრამ რომელ ცოდვილებს არ მოუსმენს
ღმერთი? ისეთებს, რომლებიც ლოცულობენ ღვთის წინაშე, მაგრამ არ ფიქრობენ თავიანთ
მოქცევაზე; არც იმათ უსმენს, რომლებიც სთხოვენ ღმერთს, რომ მიუტევოს მათ მათი
ცოდვები, თვითონ კი სხვების პატიება არ სურთ. რა თქმა უნდა, ღმერთი ასეთების ლოცვას
არ შეისმენს და არ შეასრულებს მათ ვედრებას. ამიტომ, როდესაც ლოცვით ითხოვ, რომ შენი
ცოდვები გეპატიოს, თავადაც აპატიე სხვებს და მიუტევე შეცოდებები, თუ გსურს, რომ
მოწყალე იყოს შენ მიმართ ღმერთი, თავადაც მოწყალე იყავი სხვების მიმართ და მაშინ
შეგიწყალებს და შეისმენს შენს ლოცვას უფალი.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლოცვა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, კარგია
როდესაც შეგიძლია ილოცო და ადიდო ღმერთი ფსალმუნებითა და სულიერი გალობით, მაგრამ თუ
უსწავლელი ხარ, საკმარისია იცოდე მნიშვნელოვანი ლოცვები, განსაკუთრებით კი უფლის
ლოცვა („მამაო ჩვენო“), რადგან ამ ლოცვაში, რომელიც თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ
მოგვცა, გადმოცემულია ჩვენი ყველა საჭიროება. მაგრამ როდესაც გარემოებები არ გაძლევს
საშუალებას, რომ დიდხანს ილოცო, თქვი უბრალო ლოცვა, როგორიცაა: „უფალო, შეგვიწყალე!“
ან „ღმერთო, შემეწიე მე!“ ან „ღმერთო, განმწინდე მე ცოდვებისაგან!“ ან „უფალო, იესო
ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!“
5) ერთმა წმიდა მამამ ამგვარი რამ თქვა: თუ გსურს, რომ შენი ლოცვა ღმერთამდე
აფრინდეს, მიეცი მას ორი ფრთა: მარხვა და მოწყალება.

სანამ იმის შესახებ ვისაუბრებთ თუ რა არის მარხვა, განვიხილოთ თუ რატომაა ის


დადგენილი. მარხვის მიზანი და დანიშნულებაა თავშეკავებით მოთოკოს და შეამზადოს
სხეული, რათა მეტად დაემორჩილოს სულს, რადგან მაძღარი და მსუქანი სხეული მოსვენებისა
და ნებივრობისაკენ ისწრაფვის, სიზარმაცისაკენაა მიდრეკილი და ხელს უშლის ღვთის
შესახებ ფიქრს; ის, ასე ვთქვათ, ბოჭავს და ავიწროვებს სულს და ამ დროს ის ემსგავსება
თავნება, განებივრებულ და ჭირვეულ ცოლს, რომელიც ქმარზე მბრძანებლობს.

მაშ, ასე, რა არის მარხვა? მარხვა სხვადასხვაგვარია. ადამიანისთვის, რომელიც


ფუფუნებაშია აღზრდილი, მარხვა სხვა რამ არის და იმისთვის, ვინც უბრალო და უხეშ
გარემოშია აღზრდილი – სხვა, რადგან ერთისთვის არაფერია უხეში საკვების გამოყენება და
ჯანმრთელად ყოფნა, რამდენიმე დღე საკვების გარეშე დარჩენაც არაფერს ნიშნავს,
სხვისთვის კი მკვეთრი ცვლილება კვებისას შეიძლება მეტად საგრძნობი იყოს და ზიანის
მომტანიც. ამიტომ, საზოგადოდ, მარხვა – ეს არის თავშეკავება და კვების მიღებისას
მკაცრი ზომიერება. შესაბამისად, ზომიერად გამოიყენე საკვები, შეეცადე, რომ მოთოკო
სხეულის სურვილები და საერთოდ არ შეასრულო მისი ახირება, რომელიც უსარგებლოა
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ცხოვრების გასაგრძელებლად, - მაშინ შენი მარხვა
იქნება ჭეშმარიტი.

მაგრამ სხეულით მარხვისას აუცილებელია სულიერადაც იმარხულო ანუ თავი შეიკავო


ბოროტმეტყველებისაგან, არ თქვა ცუდი და არასაჭირო, მოთოკო სურვილები და გაანადგურო
ვნებები; მაგალითად: დღეს გონებაში მოსულ უხამს და უსარგებლო აზრებს არ დაემორჩილო;
ხვალ, თუ გარემოებები გიბიძგებენ განურისხდე ვინმეს, დაიმორჩილე თავი და ნუ მიუშვებ
თავის ნებაზე შენს გულსა და ენას; ზეგ, თუ სურვილი გაგიჩნდება გასართობად წახვიდე,
გასნაკუთრებით იქ, სადაც შეიძლება დაინახო და გაიგო უხამსობა, არ წახვიდე – და ა. შ.
ამგვარად განაგრძე სძლიო საკუთარ თავს. ამის შემდეგ დაიწყე შენი აზრების შეკავება და
მოწესრიგება, რომ არ იხეტიალონ იქ, სადაც არაფერი ესაქმებათ, რადგან აზრებით ბევრი
ბოროტება ხდება. უნდა ითქვას, რომ არაფერია იმაზე რთული, აზრები შეაკავო და
მოაწესრიგო; და უნდა ითქვას, რომ აზრების უცებ მოწესრიგება და განწმენდა ისევე
შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია უცებ მოთოკვა და დაურვება ისეთი ცხენისა, რომელიც
დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლად იყო გაჭრილი ველად და არ იცოდა რა იყო ლაგამი;
მსგავსადვე – ერთბაშად აზრების მოწესრიგება შეუძლებელია იმისთვის, ვინც მთელი
ცხოვრება თავისუფალ გასაქანს აძლევდა მათ. და თანაც, როდესაც ცხოვრობ როგორც
ჩვეულებრივი ადამიანი, დაკავებული ხარ მხოლოდ მიწიერი საზრუნავით და ნაკლებად ფიქრობ
ქრისტინის ვალდებულებებზე, გეჩვენება, რომ შენი აზრები წესრიგშია და სუფთაა, მაგრამ
დაიწყებ თუ არა ფიქრს შენი ცხონების შესახებ, ისინიც მაშინვე დაიწყებენ ფორიაქს,
სწორედ ისე, როგორც დამდგარი ჭაობის წყალი, რომელიც, ჩვეულებრივ, სანამ ხელს არ
ახლებენ, გამჭირვალე და სუფთაც კი ჩანს, მაგრამ რაც უფრო მეტად მოინდომებენ ჭაობის
გაწმენდას, მით უფრო იმღვრევა. ასევეა აზრები, საბოლოოდ, თვით ეშმაკი ცდილობს მათ
აფორიაქებას. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, შეეწინააღმდეგე შენს აზრებს,
შეებრძოლე მათ, გაძლიერდი და გამხნევდი, ნურასოდეს ჩავარდები სასოწარკვეთილებაში და
ნუ იფიქრებ, რომ შეუძლებელია შეაჩერო და განწმინდო შენი აზრები, ეცადე, რამდენადაც ეს
შენს შესაძლებლობებშია, სთხოვო დახმარება ღმერთს, და სულიწმიდა, რომელიც დაინახავს
შენს გულწრფელ სურვილს, დამკვიდრდება შენში და დაგეხმარება.

რა არის მოწყალება? ჩვეულებრივ, მოწყალებას ვუწოდებთ გლახაკთა შეწევნას. თუმცა


მოწყალებად უნდა მივიჩნიოთ ყველა კეთილი საქმე, როგორებიცაა: მშიერის დაპურება,
მწყურვალის დარწყულება, შიშველის შემოსვა, ავადმყოფისა და სამპყრობილეში მყოფის
მონახულება და მათი დახმარება, უსახლკაროთა დაბინავება, ობლის შეფარება და ა. შ.
მაგრამ იმისთვის, რომ შენი მოწყალება სასარგებლო იყოს, ეს ყველაფერი ტრაბახის გარეშე
უნდა გააკეთო, სურვილი არ უნდა გქონდეს კეთილი საქმეების გამო შეგაქონ და ღარიბებმა
მადლობა გადაგიხადონ. ისე მოიქეცი, როგორც იესო ქრისტე გვასწავლის, რომ შენმა
მარცხენამ არ იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა, და მაშინ, ზეციერი მამა, რომელიც
ხედავს დაფარულს, მოგაგებს ხილულად.

6) სულიწმიდის მიღება შესაძლებელია წმიდა წერილის – ღვთის შეჭმარიტი სიტყვის –


სმენითა და კითხვით. წმიდა წერილი ის განძია, რომლისგანაც ადამიანს შეუძლია მოიპოვოს
სინათლეც და სიცოცხლეც: სინათლე – რომელსაც შეუძლია გაანათლოს და განაბრძნოს
ადამიანი, და სიცოცხლე – რომელსაც შეუძლია გააცოცხლოს, ანუგეშოს და დაატკბოს ის.
წმიდა წერილი არის ღვთის უდიდესი სათნოება გამოვლენილი ადამიანისადმი, რომლის
გამოყენება შეუძლია ყველას, ვინც ამას ისურვებს. წმიდა წერილი არის ღვთის უდიდესი და
უმშვენიერესი სიბრძნე, რომლის გაგება და შეცნობა შეუძლია ყველაზე უბრალო და
განუსწავლელ ადამიანსაც, სწორედ ამიტომ, ბევრი უბრალო ადამიანი, რომელთაც წაიკითხეს
ან მოისმინეს წმიდა წერილი, ღვთისმოსავი გახდა და მიიღო სულიწმიდა; თუმცა იყვნენ
ისეთებიც, განსწავლულები, რომლებიც კითხულობდნენ წმიდა წერილს, მაგრამ გზა აებნათ და
დაიღუპნენ. ასე იმიტომ მოხდა, რომ ერთნი უბრალო გულით კითხულობდნენ, გონების ტრიალისა
და ბრძნობის გარეშე, და ეძებნდენ არა ცოდნას, არამედ მადლს, ძალასა და სულს, სხვები
კი, პირიქით, მიიჩნევდნენ რა თავიანთ თავს ბრძნებად და ყოვლისმცოდნეებად, მასში
ეძებდნენ არა ღვთის სიტყვის ძალასა და სულს, არამედ ამქვეყნიურ სიბრძნეს, და იმის
ნაცვლად, რომ სიმდაბლით მიეღოთ რისი გაცხადებაც ღმერთს სურდა მათთვის, არამედ
ცდილობდნენ თავად გაეგოთ და განეჭვრიტათ დაფარული. ამის გამო ურწმუნოებასა თუ
მწვალებლობაში ჩაცვივდა მრავალი, რადგან უფრო ადვილია მთელი ზღვა ჩაეტიოს ფიალაში,
ვიდრე ადამიანის გონებამ დაიტიოს ღვთაებრივი სიბრძნის მთელი სისრულე.

ამიტომ, როდესაც წმიდა წერილს უსმენ ან კითხულობ, გვერდით გადადე ყოველგვარი


ცრუბრძნობა, დაემორჩილე სიტყვასა და იმის ნებას, ვინც წმიდა წერილის მეშვეობით
გესაუბრება და ევედრე იესო ქრისტეს, რომ თავად მან გაგიცხადოს და გაგინათოს გონება და
მოგმადლოს სურვილი, რომ იკითხო წმიდა წერილი და აღასრულო ის, რაც მასში წერია.

დედამიწაზე ბევრი წიგნია სასარგებლოდ და სულის გადასარჩენად მიჩნეული, თუმცა მხოლოდ


ისინი უნდა მივიჩნიოთ ასეთად, რომლებიც დაფუძნებული არიან წმიდა წერილზე და რომლებიც
ეთანხმებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას; შესაბამისად, ასეთი წიგნების კითხვა
შეიძლება და საჭიროცაა, მაგრამ მათი შერჩევისას უნდა გავფრთხილდეთ, რათა სულის
ხსნისათვის საჭირო წიგნის ნაცვლად ხელთ ისეთი არ შეგვრჩეს, რომელსაც თქვენი სულის
დაღუპვა შეუძლია.

იესო ქრისტემ ბრძანა: „ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ჩემშია და მე –
მასში, [და] აქვს ცხოვრება საუკუნო და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“ (ინ. 6: 54,
56) ე.ი. ვინც ღირსეულად მიეახლება წმიდა ზიარებას, ის საუდუმლოდ უერთდება იესო
ქრისტეს – ანუ ვინც შეჭმარიტი სინანულით, სუფთა სულით, ღვთის შიშითა და რწმენით
მიიღებს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ის, ამავდროულად, მიიღებს სულიწმიდას, რომელიც ამ
ადამიანში განამზადებს ადგილს თვით იესო ქრისტეს და მამა ღმერთის მისაღებად და,
შესაბამისად, ის გახდება ცოცხალი ღვთის ტაძარი და სამკვიდრებელი. მაგრამ ვინც უღირსად
ეზიარება იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს ანუ უწმინდური სულით და გულით, რომელიც
სავსეა გულისწყრომით, შურისძიებით და სიძულვილით, არათუ არ მიიღებს სულიწმიდას,
არამედ ემსგავსება იუდა მოღალატეს და მეორედ აცვამს ჯვარს იესო ქრისტეს.

პირველი საუკუნეების ქრისტიანები, გრძნობდნენ რა წმიდა საიდუმლოების დიდ მნიშვნელობას


და სულიერ სარგებელს, ყოველ კვირა დღეს და ყოველი დღესასწაულის დროს ეზიარებოდნენ
ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს; ამიტომაც ჰქონდათ, როგორც „მოციქულთა საქმე“
გვაუწყებს, ერთი გული და ერთი სული; მაგრამ, ღმერთო ჩემო! რა დიდი სხვაობაა მათსა და
ჩვენ შორის! რამდენი ჩვენგანია ისეთი, რომელიც წლებია, არ ზიარებულა! და რამდენია,
რომელიც სულაც არ ფიქრობს ამის შესახებ!

ღვთის გულისათვის, იქონიეთ სურვილი მიიღოთ წმიდა ზიარება, და, უკიდურეს შემთხვევაში,
წელიწადში ერთხელ მაინც, ყოველი თქვენგანი აუცილებლად ეზიაროს. ქრისტეს სისხლი და
ხორცი, ჭეშმარიტად, მრავალი სენისა და უძლურების მკურნალია, და განა არის რომელიმე
ჩვენგანი სრულიად ჯანმრთელი? ან ვის არ სურს განიკურნოს და მიიღოს შვება? სისხლი და
ხორცი ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი, საგზალია ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე. და
განა შეიძლება შორ და რთულ გზაზე წასვლა საგზლის გარეშე? იესო ქრისტეს სისხლი და
ხორცი ხილული სიწმიდეა, ბოძებული და დატოვებული ჩვენთვის თვით იესო ქრისტეს მიერ
ჩვენს განსაწმედელად. და ვინ არ მოისურვებს იყოს ასეთი სიწმიდის თანამონაწილე და
განიწმიდოს? მაშ, ნუ დაიზარებთ მიეახლოთ ცხოვრების, უკვდავების, სიყვარულისა და
სიწმიდის ბარძიმს, მაგრამ მიეახლეთ ღვთის შიშითა და რწმენით. ხოლო ვისაც არ სურს და
არ ადარდებს, მას არ უყვარს იესო ქრისტე, ასეთი ვერ მიიღებს სულიწმიდას და,
შესაბამისად, ვერ შევა ცათა სასუფეველში.
აი, ყველა ის გზა და საშუალება, რომლითაც შეგვიძლია მივიღოთ სულიწმიდა: გულის
სიწმინდე და უბიწო ცხოვრება, თავმდაბლობა, ღვთის მორჩილება, ლოცვა, საკუთარი თავის
უარყოფა, წმიდა წერილისკითხვა და მოსმენა, და ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარება. რა
თქმა უნდა, თითოეული მათგანი სულიწმიდის მიღების საშუალებაა, მაგრამ უკეთესია და უფრო
საიმედო ყველას ერთად გამოყენება: მაშინ, ჭეშმარიტად, შესაძლებელია მიიღოთ სულიწმიდა
და გახდეთ წმიდა.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თუ რომელიმე თქვენგანი ღირსი გახდება მიიღოს სულიწმიდა,
მაგრამ როგორღაც ისევ შესცოდავს და ცოდვით დაეცემა, და ამის გამო განეშორება
სულიწმიდა, ასეთი ნუ წარიკვეთს სასოს და ნუ იფიქრებს, რომ ყველაფერი დაკარგა, არამედ
უმეტესი გულმოდგინებით შეჰღაღადოს ღმერთს სინანულითა და ლოცვით, და სულიწმიდა კვლავ
დაბრუნდება მასთან.

დასკვნა

აი, ძმებო! როგორც შემეძლო, გაჩვენეთ გზა ცათა სასუფეველისკენ და უკვე თავადაც
დარწმუნდით, რომ:

1) იესო ქრისტეს რწმენის გარეშე ვერავინ დაბრუნდება ღმერთთან და ვერ შევა ცათა
სასუფეველში.

2) თუნდაც ირწმუნოს იესო ქრისტესი, მისი მოწაფე ვერ დაერქმევა იმას, ვინც არ მოიქცევა
და არ იცხოვრებს ისე, როგორც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავად იესო ქრისტე დედამიწაზე
და, შესაბამისად, ვერ იცხოვრებს მასთან ერთად ზეცაში.

3) ვერავინ ვერ გაჰყვება იესო ქრისტეს სულიწმიდის შეწევნის გარეშე.

4) ვისაც სურს მიიღოს სულიწმიდა, მან უნდა გამოიყენოს ის საშუალებები, რომლებიც


მოგვმადლა თავად უფალმა.

და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გზა ცათა სასუფევლისაკენ, რომელიც გაგვიკვალა იესო
ქრისტემ, არის ერთადერთი – არ ყოფილა, არ არის და არ იქნება სხვა გზა, გარდა იმ
გზისა, რომელიც გვიჩვენა იესო ქრისტემ! რა თქმა უნდა, მძიმე და რთულია ეს გზა,
მაგრამ, სამაგიეროდ, ის პირდაპირ და უტყუარად მიგვიძღვის შეჭმარიტი და მარადიული
ნეტარებისაკენ. რთულია გზა ცათა სასუფევლისაკენ, მაგრამ არა მარტო ამ გზაზე, არამედ
მის დასაწყისშიც შეიძლება განვიცადოთ ისეთი ნუგეში და ნეტარება, როგორსაც ვერასოდეს
შეხვდები მიწიერი ცხოვრების გზაზე. რთულია და მძიმე გზა ცათა სასუფეველისკენ, მაგრამ
ღმერთი ყოველთვის მზად არის დასახმარებლად: უფალი იესო ქრისტე მზად არის დაგვეხმაროს
ვიაროთ ამ გზაზე, იგი მოგვმადლებს სულიწმიდასაც და გვიგზავნის ანგელოზებსაც, რათა მათ
დაგვიცვან, გამოგვიჩენს მოძღვრებს და წინამძღოლებსაც და მეტიც, თავადვეა მზად
ჩაგვკიდოს ხელი და წარგვიძღვეს; რთულია გზა ცათა სასუფევლისაკენ და მძიმეა ღვაწლი,
მაგრამ ვისაც არ უნახავს და არ განუცდია სიმწარე, მას არ შეუძლია იცოდეს სიტკბოს
ფასი; რთულია გზა ცათა სასუფევლისკენ, მაგრამ აქ, მიწაზე, ტანჯვაში მყოფთ,
განუწყვეტლივ შეგვიძლია ვილოცოთ და ლოცვაში ვიპოვოთ ნუგეში და შეწევნა, რადგან ჩვენს
ლოცვას ღმერთი ყოველთვის შეისმენს, მაგრამ თუ გარდავიცვლებით როგორც არაქრისტიანები,
იქ, ლოცვა რომც შეგვეძლოს, უფალი აღარ მოგვისმენს; რთულია გზა ცათა სასუფლევლისაკენ,
მაგრამ მარადიული ტანჯვა უფრო მძიმეა და ბევრად აღემატება მიწიურ ტანჯვას. ამსოფლიური
სატანჯველები ზღვაში წვეთია ჯოჯოხეთის ტანჯავასთან შედარებით, რომელიც გამზადებულია
ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. რთულია გზა ცათა სასუფევლისკენ, მაგრამ განა
მარტივია გზა მიწიერი ბედნიერებისკენ? შეხედეთ როგორ შრომობენ და ღვრიან ოფლს ისინი,
ვინც სიმდიდრეს აგროვებს და ეძიებს მიწიერ პატივსა და დიდებას; და ჩვენც რა ხშირად
ვშრომობთ და ვზრუნავთ დიდი ხალისით ფუჭი სიამოვნებებისთვის! შედეგად – მხოლოდ დროს
ვკარგავთ, ფულს ვხარჯავთ, ჩვენს ჯანმრთელობას ვანგრევთ და სულს ვიღუპავთ. ამიტომ, თუ
ყურადღებით ჩავუკვირდებით ჩვენსავე თავს, აღმოვაჩენთ, რომ ცათა სასუფეველის გზაზე არ
მივდივართ, არა იმიტომ, რომ მძიმეა ეს გზა, არამედ იმიტომ, რომ არ გვაქვს
გულმოდგინება, განწყობა და სურვილიც კი ვიფიქროთ ამის შესახებ. ვისაც ძალიან სურს
რაიმე, მრავალი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, მაინც მოძებნის მას. რა თქმა
უნდა, არავინ იქნება ისეთი ჩვენ შორის, რომელსაც არ სურს ცათა სასუფეველში, მაგრამ
სუსტია ეს სურვილი და ისიც მხოლოდ თანდაყოლილი, ბუნებითი სურვილია კეთილდღეობის. და
მართლაც, ჩვენ შორის არიან ისინიც, რომლებიც შრომობენ ცათა სასუფეველისთვის, მაგრამ
ძალზედ ცოტანი არიან, რომლებიც სრული რწმენით, ღვთისადმი მინდობითა და სწორი
თვითუარყოფით იღვწიან! ან რამდენია ჩვენ შორის ისეთი, რომლებიც ფიქრობენ, რომ როგორც
არ უნდა იცხოვრო ამქვეყნად, საკმარისია ცხოვრების ბოლოს მოინანიო და ცათა სასუფეველში
იქნები...

ჰოი, რა საშინლად ცდებიან ისინი, ვინც ასე ფიქრობს! რა თქმა უნდა, ღვთის მოწყალება
დიდია და უსაზღვრო, იესო ქრისტემ სამოთხეში ავაზაკიც შეიყვანა, რომელმაც უშუალოდ
სიკვიდილის წინ მოინანია, მაგრამ, შეხედეთ, განა ტანჯვისა და წუხილის გარეშე შევიდა
ის იქ?! არა! იგი ჯვარზე იყო გაკრული, მანამ კი იყო სამსჯავრო, გამოამწყვდიეს
საპყრობილეში და შესაძლოა, აწამეს კიდეც. მართალია, იტანჯებოდა როგორც ბოროტი და
დამნაშავე, მაგრამ რომელი ჩვენგანი არ არის დღეს დამნაშავე ღვთის სამართალისა და
ადამიანური კანონების წინაშე? ჩვენ არ ვკლავთ ადამიანებს, როგორც ავაზაკები, მაგრამ
რამდენს ვკლავთ ჩვენი სიტყვითა და ულმობლობით, გულქვაობით და დაუდევრობით. ცხადია,
იგივე დიდი და გამოუთქმელი ღვთის მოწყალება შეიძლება იყოს ჩვენთანაც, თუ ჩვენც, იმ
ავაზაკივით, მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს. უფალს ხელეწიფება განსაწმედელად შეგვირაცხოს
ტანჯვა სიკვდილის წინ, ერთგვარ მოღვაწეობად ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ
ვინ დაგვარწმუნებს ან ვინ დაგვიმოწმებს, რომ სიკდილის წინ ტანჯვის დათმენა აუცილებლად
მოგვიწევს? ან ტანჯვაში მყოფნი მოვასწრებთ სინანულს? რამდენი ადამიანი კვდება უეცარი
სიკვდილით და ყოველგვარი ტანჯვის გარეშე?! რამდენი იღუპება მონინიებისა და
უკანასკნელი შენდობის გარეშე?!

ასე რომ, ძმებო, თუ არ გვსურს მარადიული სატანჯველი, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ


სულს, ვიზრუნოთ მომავლისათვის. ვიცით, რომ სამარის იქით გველოდება ან ცათა
სასუფეველი, ან ჯოჯოხეთი, ან ერთი, ან მეორე, საშუალი არ არსებობს – ან მარადიული
ნეტარება გველის, ან – მარადიული ტანჯვა. მხოლოდ ორი განსხვავებული მდგომარეობაა
საიქიოში და აქაც, სააქაოშიც, ორი გზაა: ერთი გზა განიერია, სწორი, გლუვი, მსუბუქი და
მრავალნი მიდიან ამ გზაზე, მეორე გზა ვიწროა, ეკლიანი და რთული. და ასგზის ბედნიერია
ის, ვინც ვიწრო გზით მიდის, რამეთუ მას მივყავართ ცათა სასუფეველში, მაგრამ რა ცოტანი
მიდიან ამ გზით! ძმებო, თუ ჩვენ არ გვივლია და არ ვივლით რთული გზით და მოვკვდებით
სინანულისა და განწმედის გარეშე, მაშინ რა გველის, ვის შევღაღადებთ – ღმერთს? მაგრამ
თუ არ გვსურს მისი მოსმენა აქ, ისიც არ მოგვისმენს იქ! აქ ის მოწყალე მამაა, მაგრამ
იქ – სამართლიანი მსაჯული. და ვინ დაგვიცავს მისი სამართლიანი რისხვისაგან? ოჰ,
ძმებო! საშინელია ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა! ასე რომ, იზრუნეთ სულის
გადასარჩენად, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ ხელსაყრელი დრო; იღვაწეთ და იშრომეთ თქვენი
ცხონებისთვის, სანამ ჯერ კიდევ დღეა, მაგრამ მოვა ღამე და არავის არაფერი შეეძლება
გააკეთოს. იჩქარეთ და ხვალისათვის ნუღარ გადადებთ, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება სიარული,
რომ წახვიდეთ ცათა სასუფევლისკენ – რადგან მოვა სიკვდილი და შეუძლებელი იქნება სვლა;
იარეთ, როგორც შესაძლებელია, ოღონდ იარეთ და თუმცა ნელა-ნელა, მაგრამ უფრო და უფრო
მიუახლოვდებით ცათა სასუფეველს, სწორედ ისე, როგორც ის ადამიანი, რომელიც, ყოველი
ნაბიჯის გადადგმით უახლოვდება იმ მიზანს, რომლისკენაც მიდის.

ვისაც სურს გაჰყვეს იესო ქრისტეს, მას შეუძლია ისარგებლოს კიდევ შემდეგი რჩევებით:

1) ნუ უყურებ სხვა ცოდვილებს, როგორ ცხოვრობენ ისინი, ნუ გაიმართლებ თავს მათი


მაგალითით და ნუ იტყვი, როგორც ამბობს მრავალი: რა ვქნა! მხოლოდ მე არ ვცხოვრობ ასე
და მხოლოდ მე არ ვარღვევ ქრისტეს მცნებებს, თითქმის ყველა ასე ცხოვრობს... მაგრამ
თუნდაც ნამდვილად იცოდე, რომ შენ ირგვლივ ყველა და ისინიც კი, ვინც სიკეთისა და
ღვთისმოსაობის მაგალითი უნდა იყოს შენთვის, არაქრისტიანულად ცხოვრობს, რას გარგებს
ამის ცოდნა? შენ არ გაცხონებს მათი დაღუპვა. საშინელი სამსჯავროსაგან ვერ გიხსნის ის,
რომ მხოლოდ შენ არ ცხოვრობდი ამქვეყნად არასწორად. ამიტომ შენი საქმე არ არის -
მიდიან თუ არა ისინი ცათა სასუფეველის გზაზე. შენ შენს თავს მიხედე და იზრუნე შენი
თავისათვის და იმათთვის, რომლებიც ღმერთმა შენ მოგანდო. ამასთანავე, შეიძლება მაშინ
ვხედავდეთ ადამიანს, როცა სცოდავს და ვერ ვხედავდეთ, როცა ინანიებს და ცოდვებისაგან
იწმინდება, ამიტომ შეიძლება ხშირად ვცდებოდეთ შეფასებისას, როცა ვაფასებთ ვინ მიდის
და ვინ არ მიდის ქრისტეს გზით.

2) როდესაც ღვთის გზაზე თავად წახვალ, მრავალმა ადამიანმა შეიძლება დაგცინოს, ყველაზე
ახლობელმა და თვით ოჯახის წევრებმაც კი, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ ამას და ნუ
შეშფოთდები. გაიხსენე, რომ ქრისტესაც დასცინოდნენ, მაგრამ ის არ ემტერებოდა მათ,
პირიქით, დუმდა და ლოცულობდა მათთვის. ასე მოიქეცი შენც.

3) ბევრი ნასწავლი ადამიანი ფიქრობს, რომ გზა ცათა სასუფევლისკენ, რომელიც გვიჩნვენა
იესო ქრისტემ, ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს და მის გარეშეც შეიძლება სასუფევლის
დამკვიდრება, და რომ ეს გზა ზოგიერთისთვისაა და არა ყველასათვის. ასეთი ადამიანი თუ
შეგხვდება და გაგაჩერებს, ან შენს განსწავლას შეეცდება, ნუ მოუსმენ, რადგან ანგელოზიც
რომ მოვიდეს და გითხრას: სხვა გზით იარე და არა იმ გზით, რომლითაც იესო ქრისტემ
იარაო, არც მას უნდა მოუსმინო. ნუ იკამათებ ასეთ მაცდუნებლებსა და მტრებთან,
უმჯობესია გებრალებოდეს ისინი და ილოცო მათთვის.

4) როდესაც თავად მტკიცედ გაჰყვები იესო ქრისტეს, შეიძლება შეგხვდნენ ადამიანები,


რომლებიც ღვთის სიტყვის გამო გაგლანძღავენ და დაგგმობენ, ან ცილს დაგწამებენ,
დაგამცირებენ და აბუჩად აგიგდებენ, მაგრამ მოითმინე და აიტანე. გიხაროდეს და
გამხიარულდი იმ დღეს, როდესაც ქრისტეს სახელის გამო შეურაცხგყოფენ, რადგან შენი
სასყიდელი დიდი იქნება ზეცაში.

5) როდესაც ნამდვილად წახვალ ამ გზაზე, მაშინ თვით ეშმაკი ამხედრდება შენ წინააღმდეგ
და მრავალ განსაცდელს მოგივლენს. ის ჩაგაგონებს აზრებს და ეჭვებს გაგიჩენს რწმენაში,
დაგაბრკოლებს ჭეშმარიტებაში ან დაგაგმობინებს სიწმიდეებს... მაგრამ ნუ შეშინდები,
რადგან, ღვთის დაშვების გარეშე, ვერაფერს დაგიშავებს, და საკმარისია ილოცო ღვთის
წინაშე, რომ მყისვე გაგშორდება.

6) უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილ ქრისტიანს არ აბრკოლებს ის, რაც სამართლიანად ითვლება
სასარგებლოდ, მაგალითად შრომისმოყვარეობა, რომელიც ხელს კი არ უშლის სულის ცხონებას,
არამედ, პირიქით, უფრო მეტად უწყობს ხელს. ცნობილია, რომ უსაქმურობა ყველა
მანკიერების დედაა; მაგალითად, რის გამო ლოთდებიან ადამინები? – უსაქმურობის! ვინ
არის ქურდი და ავაზაკი? – უსაქმური! და ა.შ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვინც
არაფერს აკეთებს და არაფრით არ არის დაკავებული, ის, როგორი კარგიც არ უნდა ჩანდეს,
ცუდი ქრისტიანი და ცუდი მოქალაქეა, და თუ გამორჩეულად არ სცოდავს, მხოლოდ ღვთის
განსაკუთრებული განგებულების გამო. ამიტომ იყავი შრომისმოყვარე, შეეჩვიე შრომას,
იშრომე, იმუშავე და გააკეთე ყველაფერი, რაც სასარგებლო და საჭიროა შენი ოჯახისათვის
და რისი ვალდებულებაც გაქვს სამშობლოსა და ხელისუფლის წინაშე. და თუ უსაქმურობა არის
დედა ყოველგვარი მანკიერების, მაშინ შრომისმოყვარეობას შეიძლება ვუწოდოთ მამა
ყოველგვარი სათნოების, უპირველესადიმიტომ, რომ შრომისმოყვარე ნაკლებად სცოდავს,
თუნდაც იმის გამო, რომ დრო არა აქვს ცოდვის შესახებ იფიქროს(არათუ საქმით აღასრულოს):
ის ან შრომობს და თავის მოვალეობებს აღასრულებს, ან თავისი ცხონებითა და ქრისტიანული
ვალდებულებებითაა დაკავებული; მეორეც, იმიტომ, რომ ვინც შრომასაა მიჩვეული, უფრო
ადვილად დათანხმდება იაროს ცათა სასუფევლის გზაზე, ვიდრე ის, ვინც უსაქმურობს.
მაშასადამე, შრომისმოყვარეობა სასარგებლოა ყველგან და ყოველთვის, მაგრამ
შრომისმოყვარე რომ იყო, საჭიროა ბავშვობიდანვე მიეჩვიო შრომას.

7) არის კიდევ სხვა სახის სრულყოფილება, ის ისევე სასარგებლოა, როგორც


შრომისმოყვარეობა და მას, ასე ვთქვათ, უფრო ადრე უნდა მიეჩვიო, ვიდრე
შრომისმოყვარეობას. ეს არის მოთმინება. მოთმინება ყველგან და ყოველთვის სასარგებლოა,
მაგრამ ვისაც ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე სურს იაროს, მოთმინება არის ყველაზე
აუცილებელი სრულყოფილება: მოთმინების გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც შეუძლებელია ამ
გზაზე, რადგან ყოველ ნაბიჯზე შეგვხვდება სიხისტე, უხეშობა და დაძაბულობა. ასე რომ,
შეეჩვიე და ისწავლე მოთმინება ჯერ ხორციელად და შემდეგ სულიერად, და მაშინ უფრო
ადვილად შეძლებ იყო საზოგადოების შრომისმოყვარე წევრი, კარგი მეგობარი და კარგი
მასპინძელი, კარგი მოქალაქე და კარგი ქრისტიანი.

აი, ძმებო, ყველაფერი, რისი თქმაც შემეძლო ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზის შესახებ.
დავსძენ მხოლოდ იმას, რომ ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ მიდის სასუფევლის გზაზე,
ყოველი შრომის, ყოველი ტკივილის, ყოველი საკუთარი თავის ძლევისა და თავშეკავების,
ყოველი კეთილი საქმის და თვით კეთილი განზრახვისა თუ სურვილის სანაცვლოდ სამოცდაათჯერ
შვიდგზის დაჯილდოვდება თვით ამ ცხოვრებაში, ხოლო რა ელის იმქვეყნად – სასუფეველში –
ვერც გამოთქვამ და ვერც წარმოიდგენ. ამიტომ, ძმებო, ნუ შეგეშინდებათ გაჰყვეთ იესო
ქრისტეს: ის ძლიერი შემწეა, გაჰყევით მას, იჩქარეთ და ნუღარ დააყოვნებთ, იარეთ, სანამ
არ დახშულა თქვენთვის ცათა სასუფევლის კარი - და თქვენი ზეციერი მამა გამოგეგებებათ
საკმაოდ შორს ამ გზაზე, ჩაგიკრავთ გულში, შეგმოსავთ“სამოსელი პირველით“, შეგამკობთ
ბეჭდით და შეგიყვანთ თავის სასახლეში, სადაც მასთან ერთად იმყოფებიან წმიდა
წინასწარმეტყველები, მოციქულები, წმინდანები, მოწამეები და მართალნი, და სადაც თქვენც
იმხიარულებთ მარადიული და ჭეშმარიტი სიხარულით. მაგრამ თუ დაიხშობა თქვენთვის ცათა
სასუფევლის კარი, ანუ სინანულისა და კეთილი საქმეების გარეშე მოკვდებით, რომც
მოისურვოთ და ბევრს ეცადოთ, არავინ შეგიშვებთ. დააკაკუნებთ და იტყვით: „უფალო,
შემოგვიშვი, ჩვენ გიცნობთ შენ, შენი სახელით მოვინათლეთ, შენი სახელი გვქვია, შენივე
სახელით სასწაულებსაც აღვასრულებდით“, მაგრამ იესო ქრისტე მოგიგებთ:“არ გიცნობთ,
თქვენ არ ხართ ჩემი, წადით ჩემგან... მარადიულ ცეცხლში, რომელიც განმზადებულია
ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის; იქ იქნება ტირილი და ღრჭენა კბილთა“ (მათ. 25:
11-12, 30, 41).

You might also like