You are on page 1of 1

მიამიტი ღამურა

სერგო კლდიაშვილი

ბავშვებმა მთელი დღე მინდორში გაატარეს. შინ შებინდებისას დაბრუნდნენ.


აღტაცებულებმა უფროსებს უამბეს ყველაფერი, რაც იქ ნახეს: ლურჯი ცა, ყვავილებიანი
მინდორი და ბევრი დიდი პეპელა.
ბავშვების ლაპარაკი სხვენში თავდაყირა ჩამოკიდებულ ღამურას ესმოდა. ის ახალი
გაღვიძებული იყო, ძალიან შიოდა და დაღამებას ელოდებოდა. მწერებზე სანადიროდ უნდა
წასულიყო.
ღამურას კარგად ახსოვდა ბავშვების ნაამბობი. უხაროდა, რომ მინდორში ბევრ
პეპელას დაიჭერდა.
დაღამდა. ღამურა სანადიროდ გაფრინდა. შემოიარა მინდორი. იფრინა ფერდობზე,
მაგრამ მხოლოდ ორი პატარა პეპელა ძლივს მოინადირა.
ღამურას იმედი გაუცრუვდა. რაღაც იზამდა, ისევ სხვენს მიაშურა. თავდაყირა
ჩამოეკიდა და აბუზღუნდა:
- რამდენი ტყუილი იცის ადამიანმა! რას არ მოიგონებენ?! მაგრამ ახია ჩემზე, მიამიტი
ვარ. ბავშვების მონაჭორი როგორ დავიჯერე? ნეტავ, სად შეეფეთნენ იმ რაღაც ჭრელ
ყვავილებსა და ფერად პეპლებს! მე ხომ ვიცი, რომ ყველაფერს მუქი, შავი ფერი აქვს!
- მერე თვალები დახუჭა და მშიერმა დაიძინა.

You might also like