Professional Documents
Culture Documents
მკვლელობა მორგის ქუჩაზე
მკვლელობა მორგის ქუჩაზე
დიდი ხანია შენიშნული გახლავთ, რომ ვისტი ძალიან უწყობს ხელს, ეგრეთ
წოდებულ, გამოთვლითი უნარის განვითარებას, თანაც ცნობილია, რომ მრავალი
მაღალგონიერი ადამიანი თითქოსდა უცნაურ სიამეს პოვებდა მასში, ხოლო ჭადრაკს
კი, ვითარცა ზერელე და ქარაფშუტულ თამაშს, თავს არიდებდა. უეჭველია, ანალიზის
ნიჭის გამომჟღავნებისთვის მართლაც არ არსებობს სხვა ამისთანა თამაში. საუკეთესო
მოჭადრაკე საუკეთესო მოჭადრაკეა და მეტი არაფერი; ვისტის კარგ მოთამაშეს კი
შეუძლია წარმატების იმედი იქონიოს ყველა იმ უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც
ერთი გონება მეორეს ემეტოქება და ებრძვის. როცა ვისტის კარგ ცოდნაზე ვლაპარაკობ,
თამაშის იმ სრულყოფილებას ვგულისხმობ, როცა მოთამაშე ყველა საშუალებას
ითვალისწინებს კანონიერი გზით წარმატების მოპოვებისთვის. ეს საშუალებები არა
მარტო მრავალრიცხოვანია, არამედ მრავალნაირიც და ხშირად აზროვნების ისეთ
კუნჭულებშია მიმალული, სადაც ჩვეულებრივი გონების კაცი ვერც მისწვდება.
ყურადღებით დაკვირვება მკაფიოდ დახსომებას ნიშნავს. ამიტომ გულისყურიანი
მოჭადრაკე ჩინებულად ივარგებს ვისტის თამაშში, რამდენადაც ჰოილის წესები,
რომლებიც დაფუძნებულია თამაშის უბრალო ტექნიკაზე, საკმაოდ გასაგები გახლავთ.
ამრიგად, კარგი მახსოვრობა და „წიგნის“ ბეჯითად მოყოლა ჩვეულებრივ კარგი
თამაშის საწინდრად ითვლება. მაგრამ სწორედ ამ უბრალო წესების შემდეგაა, რომ
ანალიტიკოსის სიმარჯვე ვლინდება. იგი თავისთვის, ჩუმად, უამრავ ვარაუდსა და
აწონ-დაწონას ახდენს. ალბათ ასევე იქცევიან მისი ამხანაგებიც. ოღონდ, განსხვავება
მიღებულ შედეგში დამოკიდებულია არა იმდენად სწორ ვარაუდზე, რამდენადაც
დაკვირვების ხარისხზე. აუცილებელია ვიცოდეთ, რას უნდა დავუკვირდეთ. ჩვენი
მოთამაშე სრულიადაც არ იზღუდავს თავს; და თუმცა მისი მთავარი საგანი თამაში
გახლავთ, არც თამაშის გარე სხვა დაკვირვებებსა და დასკვნებს უგულებელყოფს. იგი
უკვირდება ამხანაგის გამომეტყველებას და ადარებს მას ცალ-ცალკე ყოველი თავისი
მოწინააღმდეგისას. ითვალისწინებს ბანქოს ქაღალდი ვის როგორ უჭირავს ხელში და
ხშირად პატრონს, გამომეტყველების მიხედვით, თულფს თულფზე უთვლის ხელში.
იგი თამაშის დროს ყოველნაირ ცვლილებას ამჩნევს სახეზე და უამრავი ფიქრი
უტრიალებს თავდაჯერებულობის, განცვიფრების, ზეიმის ანდა სევდიანი
შესახედაობის კვალად. იმის მიხედვით, ვინ რანაირად იღებს ერთ კარტს, განსჯის,
მისი ამღები მოთამაშე კიდევ აიღებს თუ არა. ცრუ სვლას იგი გამოიცნობს იმ
გამომეტყველებით, რომლითაც ბანქოს ქაღალდს ჩამოდის მაგიდაზე. უნებურად ანდა
დაუდევრად გადმოსროლილი სიტყვა, ბანქოს ქაღალდის შემთხვევით ხელიდან
გავარდნა, ანდა გადაბრუნება, რომელთა დამალვას მოთამაშე ფაციფუცით ანდა
უზრუნველი იერით ცდილობს, გაჭრილი ქაღალდების დათვლა, მათი განწესრიგების
მიზნით; დაბნეულობა, ყოყმანი, სულწასულობა ანდა შიშნეულობა – ყველაფერი ეს
მის, თითქოსდა ინტუიციურ აღქმას საქმის ნამდვილი ვითარების მაჩვენებელი
ნიშნების ამოცნობის შესაძლებლობას ანიჭებს. პირველი ორი-სამი ჩამორიგების
შემდეგ მან უკვე იცის, ვის რა უჭირავს ხელში და ამის მერე სრული გულდაჯერებით
ჩამოდის ქაღალდს, თითქოს დანარჩენი მოთამაშეების ქაღალდი თვალწინ ჰქონდეს
გადაშლილი.
ახლა მართლაც მომაგონდა ვიღაც მეხილე, რომელსაც ვეება კალათა ედგა თავზე და
უნებურად კინაღამ წამაქცია. როცა კ.-ს ქუჩიდან აქეთ შემოვუხვიეთ. მაგრამ რა
ესაქმებოდა იმასთან შანტილის, ვერ მივმხვდარიყავი.
ამის მერე დიდ ხანს არ გაევლო, რომ „Gazette des Tribunauex“-ის საღამოს ნომრის
გადათვალიერებისას შემდეგმა წერილმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება.
პოლინ დიუბური. მრეცხავი, უჩვენებს, რომ იგი სამი წელია იცნობდა ორივე
განსვენებულს, რადგან ამ ხნის განმავლობაში სარეცხს ურეცხავდა. მოხუცი
მანდილოსანსა და მის ქალიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან –
ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩინებული გადამხდელები იყვნენ. ვერაფერი თქვა
მათი ცხოვრების გარემოებათა ანდა საშუალებათა შესახებ. ჰგონია, რომ ქალბატონი ლ.
მკითხაობით ირჩენდა თავს. ამბობდნენ, ფული აქვს შემონახულიო. სარეცხის წასაღებ-
წამოსაღებად რომ დადიოდა, სახლში სხვა არავინ უნახავს. დარწმუნებულია, რომ
მსახური არ ჰყავდათ. გარდა მეოთხე სართულისა, სახლის სხვა რომელიმე ნაწილში
თითქოს ავეჯი არსად მოიპოვებოდა.
ბევრი სხვა მეზობელიც ამას აჩვენებს. არ შეუმჩნევიათ, რომ იქ ვინმეს ევლოს. არავინ
იცის, ვინმე ცოცხალი ნათესავი ჰყავდა თუ არა ქალბატონ ლ.-ს და მის ასულს. სახლის
ფასადის დარაბებს იშვიათად აღებდნენ; ხოლო უკანა დარაბები კი სულ ჩარაზული
იყო, გარდა მეოთხე სართულის დიდი ოთახის ფანჯრისა. სახლი კარგი იყო, არცთუ
ძალიან ძველი.
ისიდორ მიუზე, ჟანდარმი, უჩვენებს, რომ იგი გამოიძახეს დაახლოებით დილის სამ
საათზე და შესასვლელთან ოცი-ოცდაათი კაცი დახვდა, რომლებიც სახლში შესვლას
ცდილობდნენ. ბოლოს კარი გააღო ხიშტით და არა რკინის კეტით. ძალიან არ
გასძნელებია მისი გაღება, რადგან ორფა კარი იყო და თანაც არც ზემოთ იყო
დამაგრებული და არც ქვემოთ. წივილ-კივილი კარის გახსნამდე გრძელდებოდა,
მერმე კი უცებ შეწყდა. ეტყობოდა, სულთა ბრძოლის ყოფაში მყოფი ერთი თუ
რამდენიმე პირი კიოდა. წივილ-კივილი იყო ხმამაღალი და გაგრძელებული და არა
მოკლე და მკვეთრი, მოწმე პირველი მიდიოდა კიბეზე. პირველ ბაქანს რომ მიაღწიეს,
ორი ხმა გაიგონეს – ხმამაღლა, გაჯავრებით ეკამათებოდნენ ერთმანეთს. ერთს
ტლანქი, ხრინწიანი ხმა ჰქონდა, მეორეს – გაცილებით მკვეთრი და უცნაური. გაარჩია
პირველის ნათქვამი რამდენიმე სიტყვა, რომელიც ფრანგული იყო. დარწმუნებულია,
რომ ეს ხმა ქალს არ ეკუთვნოდა. გაარჩია სიტყვები – „დალახვროს“ და „ეშმაკი“.
მკვეთრი ხმა უცხოელისა უნდა ყოფილიყო. ვერ გაარჩია დაბეჯითებით, ეს ხმა კაცისა
იყო თუ ქალისა. ვერც ნათქვამი გაიგო, ოღონდ ჰგონია, რომ ესპანური იყო. ოთახისა
და გვამების ვითარება მოწმემ ისე აღწერა, როგორც გუშინ აღვწერეთ ჩვენს გაზეთში.
უილიამ ბერდი, თერძი, აჩვენებს, რომ ისიც შევიდა სახლში. ინგლისელია. პარიზში
ორი წელიწადია ცხოვრობს. ერთ-ერთი პირველთაგანი ავიდა კიბეზე. ყური მოჰკრა
მოჩხუბრების ხმებს. ჩახრინწული ხმის პატრონი ფრანგი იყო. რამდენიმე სიტყვა
გაარჩია, მაგრამ ახლა ყველა ვეღარ მოუგონებია. გარკვევით გაიგონა „დალახვროს“ და
„ღმერთო ჩემო“. ერთ ხანს ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს რამდენიმე კაცი იბრძვისო –
ბღლარძუნისა და ჩხუბის ხმა იყო. მკვეთრი, მწივანა ხმა მაღალი ჩანდა, გაცილებით
მაღალი, ვიდრე ხრინწიანი ხმა. დარწმუნებულია, რომ იგი ინგლისელის ხმა არ უნდა
ყოფილიყო. უფრო გერმანელისას ჰგავდა. შეიძლება ქალის ხმაც იყო. გერმანული არ
იცის.
ალფონზო გარსია, მეკუბოე, აჩვენებს, რომ იგი მორგის ქუჩაზე ცხოვრობს. ესპანეთის
მკვიდრია. ერთ-ერთი შემსვლელთაგანია სახლში. ზემოთ აღარ ასულა. ნერვიულია და
ეშინოდა, არ ავღელდეო. მოჩხუბართა ხმები გაიგონა. ხრინწიანი ხმა ფრანგისა იყო.
ვერ გაარჩია, რას ამბობდნენ. მწივანა ხმა ინგლისელს ეკუთვნოდა – ამაში
დარწმუნებულია. ინგლისური არ იცის, მაგრამ კილოზე დაასკვნის.
პოლ დიუმა, ექიმი, აჩვენებს, რომ იგი დაახლოებით რიჟრაჟზე გამოიძახეს გვამების
გასასინჯად. მაშინ ორივე გვამი დასვენებული იყო საწოლის გადასაფარებელ სქელ
ტილოზე იმ ოთახში, სადაც მადმუაზელ ლ. იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სხეული
ძალიან დალილავებული და დაჩეჩქვილ-გადატყავებული ჩანდა. ეს ადვილად
შეიძლებოდა დამართოდა განსვენებულის გვამს, რაკი საკვამლე მილში ამნაირად
შესჩარეს. ყელი ძალიან ჰქონდა დაზიანებული. სწორედ ნიკაპს ქვეშ, რამდენიმე ღრმა
ნაკაწრი აჩნდა, აგრეთვე ბევრი დალილავებული ლაქაც ჰქონდა, ალბათ თითების
დაჭერით გამოწვეული. სახე საზარლად გალურჯებოდა, ხოლო თვალები
გადმოკარკლოდა. ენა კინაღამ სულ მოეკვნიტა. გულის კოვზზეც მოზრდილი
დალილავებული ადგილი აღმოჩნდა, ალბათ ზედ მუხლის დაჭერით გამოწვეული.
ბატონ დიუმას აზრით, მადმუაზელ ლ ესპანეი ვიღაცამ თუ ვიღაცებმა დაახრჩვეს.
დედის გვამი საშინლად იყო დამახინჯებული. მარჯვენა ხელ-ფეხის ძვლები მეტ-
ნაკლებად სულ დამტვრეული გახლდათ. მარცხენა წვივის ძვალი და აგრეთვე
მარცხენა ნეკნის ყველა ძვალი ძალიან ჩალეწოდა. მთელი სხეული საზარლად იყო
დალილავებულ-ჩალურჯებული. არ ჩანდა რით მიეყენებინათ ეს დაზიანებანი. მძიმე
ხის კეტს ან რკინის ფართო ნაჭერს, სკამს ანდა დიდ, მძიმე, ბლაგვ რაიმე იარაღს
შეეძლო გამოეწვია ასეთი შედეგები, თუ ძალიან ღონიერი კაცის ხელი იხმარდა მათ.
ვერც ერთი ქალი ვერანაირი იარაღით ვერ მოახერხებდა ასეთი დარტყმების მიყენებას.
განსვენებულის თავი, როცა მოწმემ იგი იხილა, სრულიად მოშორებული გახლდათ
ტანს და თან ძალიანაც იყო დაჩეჩქვილი. ყელი, ეტყობოდა, რაღაც ბასრი იარაღით
გამოეჭრათ – ალბათ სამართებლით.
ალექსანდრე ეტიენი, დასტაქარი, ბატონ დიუმასთან ერთად იქნა მოწვეული გვამების
გასასინჯათ. დაადასტურა ბატონი დიუმას ჩვენება და დასკვნები.
სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ აღარაფერი გამორკვეულა, თუმცა ბევრი სხვა პირიც
იქნა დაკითხული. ასე უცნაური და ყოველმხრივ ასე დამაბნეველი, შემაშფოთებელი
მკვლელობა არასოდეს ჩაუდენიათ პარიზში – თუკი მართლა მკვლელობაა ჩადენილი.
პოლიციამ აღარ იცის, რა გზას დაადგეს – უჩვეულო ამბავი გახლავთ ამნაირი ჯურის
საქმეებში. მაინც არავითარი კვალის ნასახიც კი არსად ჩანს“.
გაზეთის საღამოს გამოშვებაში ეწერა, სენ როშის უბანში კვლავ დიდი ალიაქოთიაო.
ხსენებული სახლი კიდევ გაეჩხრიკათ გულმოდგინედ, მოწმეებიც ხელახლა
დაეკითხათ, მაგრამ სულ ამაოდ. მინაწერში აგრეთვე იუწყებოდნენ, რომ ადოლფ
ლებონი დაატუსაღესო, თუმცა ბრალის დასადებად უკვე ხსენებული ფაქტების გარდა
სხვა არაფერი აღმოჩენილა.
რაც შეეხება ამ მკვლელობებს, მოდით ცოტა ჩვენ თვითონ გავჩხრიკოთ საქმე, ვიდრე
რაიმე დასკვნას გამოვიტანდეთ. გამოძიებით თავს შევიყოლიებთ (მე უცნაურად
მეჩვენა ასეთი გამოთქმა, მაგრამ არაფერი მითქვამს); თან ლებონმა ოდესღაც ისეთი
სამსახური გამიწია, რომ მისდამი უმადურობის გამოჩენა არ მმართებს. წავიდეთ და
ჩვენი საკუთარი თვალით დავათვალიეროთ ის სახლ-კარი. პოლიციის პრეფექტი გ.
ჩემი ნაცნობია და საჭირო ნებართვის აღება არ გაგვიძნელდება.
ნება დაგვრთეს და ჩვენც მყის მივაშურეთ მორგის ქუჩას. ეს გახლავთ ერთი იმ საცოდავ
შუკათაგანი, რომელნიც რიშელიესა და სენ-როშის ქუჩებს აერთებენ. მხოლოდ გვიან
ნაშუადღევს მივაღწიეთ იქ, რადგან ეს უბანი ძალიან იყო დაშორებული ჩვენს
საცხოვრებელ ადგილს. სახლი მალე ვიპოვეთ, ვინაიდან ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან
ჯერ კიდევ ბევრი უსაქმური ცნობისმოყვარეობით შესჩერებოდა დახურულ დარაბებს.
ჩვეულებრივი პარიზული სახლი ჩანდა. შესასვლელის ერთ მხარეს შემინული
ბუდრუგანა იდგა ასაწევ-დასაწევი სარკმლითურთ – ეტყობოდა მეკარის ჯიხური იყო.
სანამ შინ შევიდოდით, ის ქუჩა ჩავიარეთ, მერმე მოსახვევში შევუხვიეთ, კიდევ
შევუხვიეთ და შენობას ზურგში მოვექეცით. დიუპენი ამასობაში დიდი გულისყურით
ათვალიერებდა მთელ შემოგარენს და თვით სახლს, მე კი საყურადღებო არაფერი
შემინიშნავს.
ისეთი კილოთი გაუსვა ხაზი სიტყვას „თავისებური“, რომ, არ ვიცი რატომ, უნებურად
შევკრთი.
– მე ახლა ველი, – განაგრძო მან და თან კარისკენ გაიხედა, – მე ახლა ველი ერთ კაცს,
რომელიც შეიძლება ამ სიმხეცის ჩამდენი არ იყოს, მაგრამ ნაწილობრივ ხელი მაინც
შეუწო ბოროტმოქმედებას. იმედი მაქვს, ჩემი ეს ვარაუდი მართალია, ვინაიდან ამაზე
ვამყარებ მთელი ამ გამოცანის ამოხსნის იმედს. აქ ველი, ამ ოთახში, ყოველ წუთს.
მართალი მოგახსენოთ, შესაძლოა, არც მოვიდეს, მაგრამ ალბათ მოვა. თუ მოვიდა,
აუცილებელია მისი დაკავება. აი, დამბაჩები და ჩვენ ორივემ ვიცით, როგორ უნდა
მოვიხმაროთ ისინი, თუ საჭიროება მოითხოვს.
მე ავიღე დამბაჩები ისე, რომ თითქმის არც ვიცოდი, რას ჩავდიოდი და არც მჯეროდა
განაგონი; დიუპენი კი განაგრძობდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო. უკვე
მოგახსენეთ, რა განდგომილივით იქცეოდა ხოლმე ამისთანა დროს. იგი მე
მომმართავდა. მაგრამ მის ხმას, საკმაოდ დაბალს, ისეთი კილო ჰქონდა, რომელსაც
ჩვეულებრივ ძალიან შორს მდგომთან ლაპარაკის დროს რომ იყენებენ. თვალები
უაზროდ მიეშტერებინა კედლისთვის.
საწოლ ოთახში ორი ფანჯარაა. ერთს ევეჯი არ ფარავს და მთლიანად ჩანს; მეორის
ქვემოთა ნაწილს ვეება საწოლის თავი ფარავს, რომელიც ზედ არის მასზე მიდგმული.
პირველი მაგრად იყო ჩაკეტილი შიგნიდან და რამდენიც არ ეცადნენ, მაინც ვერ
გახსნეს. მისი ჩარჩო მარცხენა მხარეს გაეხვრიტათ ბურღით და შიგ კარგა დიდი
ლურსმანი ჩაერჭოთ თითქმის თავამდე. მეორე ფანჯარაც ასეთივე ლურსმნით ასევე
იყო დამაგრებული და რამდენიც არ ეჯაჯგურნენ, ვერც ის გახსნეს. პოლიციამ გული
დაიარხეინა, მაშ, ამ გზით არავინ გასულა გარეთ და ამიტომ ზედმეტად მიიჩნიეს,
ლურსმნები ამოეღოთ და ფანჯრები გაეხსნათ.
მე უფრო გულმოდგინედ გავსინჯე, რადგან, როგორც მოგახსენეთ, საამისო მიზეზიც
მქონდა; ვინაიდან ვიცოდი, მთელი ეს მოჩვენებითი შეუძლებლობა უნდა
გამქრალიყო. მე ასე ვმსჯელობდი დაკვირვების საფუძველზე. მკვლელებმა სწორედ
ერთ-ერთი ამ ფანჯრიდან დააღწიეს თავი. თუ ასე იყო, მაშინ მათ არ შეეძლოთ
ფანჯრების შიგნიდან ჩაკეტვა. ისინი კი ჩაკეტილები დახვდათ. ეს მოსაზრება ისე
აშკარა გახლდათ, რომ პოლიციას ხელი ააღებინა ამ მიმართულებით კვლევა-ძიების
საქმეზე. ფანჯრები მართლაც ჩაკეტილი იყო. მაშასადამე, ისინი თავისთავად,
მექანიკურად უნდა ჩაკეტილიყვნენ. სხვა დასკვნის გამოტანა არ შეიძლებოდა. მივედი
თავისუფალ ფანჯარასთან, გაჭირვებით ამოვაძრე ლურსმანი და ვცადე ფანჯარა
გამეხსნა. როგორც ვვარაუდობდი, მთელი ძალღონით ვეჯაჯგურე, მაგრამ ვერას
გავხდი. ახლა სულ დავიბეჯითე, სადღაც ფარული ზამბარა უნდა არსებობდეს-მეთქი.
ჩემი მოსაზრების ამ დადასტურებამ კი დამარწმუნა, რომ, რაც უნდა უცნაურად
მოგვჩვენებოდა ლურსმნის საქმე, ჩემი პირვანდელი ვარაუდებიც სწორი უნდა
ყოფილიყო. გულმოდგინე მოჩხრეკით მალე ვიპოვე დაფარული ზამბარა. დავაჭირე
თითი, მაგრამ აღმოჩენით დავკმაყოფილდი და თავი შევიკავე ფანჯრის გაღებისგან.
– ვინმე გიჟის ჩადენილია ეგ საქმე, – ვთქვი მე. – ვინმე შმაგი მანიაკი გამოიქცა ალბათ
სადმე ახლო მდებარე საგიჟეთიდან!
– ჩვენ, ეტყობა, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვაკეთებთ, – თქვა დიუპენმა, – ქაღალდი
სწორ ზედაპირზეა გაშლილი, ადამიანის ყელი კი ცილინდრული ფორმისაა. აი, ხის
ნაჭერი, რომლის შემოწერილობა დაახლოებით ყელისას უდრის. შემოახვიეთ
ქაღალდი მაგას და კიდევ სცადეთ.
ასეც მოვიქეცით, მაგრამ თითების შემოწვდენის სიძნელე კიდევ უფრო აშკარა გახდა.
სახლის გარე კარი ღიად იყო დატოვებული, სტუმარი დაურეკავად შემოვიდა შინ და
რამდენიმე საფეხური ამოიარა კიბეზე. ოღონდ ახლა თითქოს შეჩერდა და უცბად
გავიგონეთ, ისევ უკან როგორ გაბრუნდა. დიუპენმა მსწრაფლ მიაშურა კარს, რომ ყური
მოვკარით, კვლავ ზევით წამოვიდა. ამჯერად აღარ უბრუნებია პირი, მტკიცედ
მოიწევდა წინ და დააკაკუნა კიდეც ჩვენს კარზე.
შემოვიდა ვიღაც კაცი, ეტყობოდა, ზღვაოსანი – მაღალი, ზორბა, ჯმუხი ვაჟკაცი. ცოტა
თამამი გამომეტყველება ჰქონდა, ოღონდ არცთუ სულ უსიამო იერი ედო. მისი
პირისახე, მზით ძალიან დამწვარი, თითქმის სანახევროდ დაეფარა ქილვაშ-ულვაშებს.
ხელში მუხის ვეება კეტი ეჭირა, მაგრამ სხვა იარაღი რომ ჰქონოდეს, არ ემჩნეოდა.
უგერგილოდ დაგვიკრა თავი და „საღამო მშვიდობისაო“ ფრანგულად გვითხრა. მის
კილოს ცოტა ნევშატელური დაჰკრავდა, თუმცა პარიზელობაც საკმაოდ ეტყობოდა.
– ღმერთმანი, ყველაფერს გეტყვი, რაც ვიცი ამ საქმისა, – თქვა მან მცირე დუმილის
შემდგომ; – ოღონდ არა მგონია, ჩემი ნათქვამის ნახევარიც კი დაიჯეროთ – სულელი
ვიქნებოდი, სხვანაირად რომ ვფიქრობდე. მე მაინც უდანაშაულო ვარ და გულს მაინც
მოვიოხებ, თუნდაც რომ მოვკვდე ამის გულისთვის.
ამასობაში მეზღვაურს თან უხაროდა, თან შეშფოთებულიც იყო. დიდი იმედი მიეცა,
ახლა კი დავიჭერ მხეცსო, რადგან ვეღარსად წაუვიდოდა ამ ხაფანგიდან, რაკი
მხოლოდ მეხთამრიდით შეეძლო დაშვება. აქ კი როგორმე ხელთ იგდებდა. მეორე
მხრივ, საფიქრებელი იყო, რას ჩაიდენდა მხეცი სახლში. ამ უკანასკნელმა ფიქრმა
დასძლია კაცს და ისევ მისდია ლტოლვილის კვალს. მეხთამრიდზე ასვლა არ არის
ძნელი, განსაკუთრებით ზღვაოსნისათვის; მაგრამ როცა ფანჯრის დონეს მიაღწია,
რომელიც შორს იყო მარცხნივ, მეზღვაურის წინსვლა შეჩერდა. მხოლოდ და მხოლდ
ის შეეძლო, იმდენად გადახრილიყო, რომ თვალი მოეკრა, ოთახის შიგნითა
ნაწილისთვის. ამ თვალის მოვლებაზე კი ისეთი თავზარი დაეცა, კინაღამ ხელი
დაუცდა და ძირს გადმოვარდა. სწორედ მაშინ ატყდა საზარელი წივილ-კივილი,
რომელმაც ძილი დაუფრთხო მორგის ქუჩის მცხოვრებთ. საღამურ სამოსში
გამოწყობილი ქალბატონი ლესპანეი და მისი ქალიშვილი, ეტყობოდა, რაღაც
ქაღალდებს აწესრიგებდნენ უკვე ხსენებულ რკინის ზარდახშაში, რომელიც შუა
ოთახში გამოეთრიათ. ყუთი გაეხსნათ და მასში რაც ყოფილიყო ჩალაგებული, იქვე
იატაკზე ეწყო. მსხვერპლები ალბათ ფანჯრისკენ ზურგშექცევით ისხდნენ და, მხეცის
შიგ შეხტომასა და წივილ-კივილის ატეხას შორის გასულ დროს თუ
გავითვალისწინებთ, შესაძლებლად უნდა მივიჩნიოთ, რომ მხეცი მაშინვე არ
შეუნიშნავთ – დარაბის ჯახუნი უბრალოდ ქარს მიაწერეს. როცა მეზღვაურმა შიგ
შეიხედა, ბუმბერაზ ცხოველს ხელი ქალბატონ ლესპანეის თმაში ჰქონდა
ჩაჭიდებული, რომელიც დასავარცხნად გაეშალა მოხუცებულს, და პირისახის წინ
სამართებელს უტუტურაზებდა დალაქის მოძრაობათა მიბაძვით. ქალიშვილი
უძრავად გაშხლართულიყო – გული შეჰღონებოდა. ბებერის წივილ-კივილმა და
ბრძოლამ, რომლის დროსაც თმა დააგლიჯა მას მხეცმა, თავდაპირველი, თითქოს
მშვიდობიანი ზრახვები გაშმაგებად შეუცვალა ორანგუტანგს. თავისი ძარღვიანი
ხელის ერთი გაკვრით თითქმის მთლიანად მოაგდებინა თავი მოხუცს, სისხლის
დანახვამ კი სულ გააგიჟა. კბილების ღრჭიალითა და თვალების ბრიალით მივარდა
ქალიშვილს, წაუჭირა თავისი საზარელი ბრჭყალები ყელში და მანამ არ შეუშვა, სანამ
სული არ გააფრთხობინა. მაიმუნის გაოგნებული და გახელებული მზერა ამ დროს
საწოლის თავს დაუპირისპირდა, რომლის ზემოდანაც თავზარდაცემისგან
გაშეშებული მისი პატრონის სახე მოჩანდა. მხეცს უთუოდ კვლავ მოაგონდა მათრახის
სუსხი და გამძვინვარება შიშად შეეცვალა. იგრძნო, სასჯელი არ ამცდებაო და თითქოს
მოიწადინა, თავისი სისხლიანი საქმენი მიეჩქმალა – სასოწარკვეთილი და
აღელვებული ხან იქით ეცა ოთახს, ხან აქეთ; თან ამ სირბილში ავეჯს აქცევდა და
ამტვრევდა და ლოგინიც გადმოათრია საწოლიდან. დაბოლოს, ჯერ ქალიშვილის
გვამს სტაცა ხელი და შეჩურთა საკვამლე მილში, მერმე კი მოხუცი გადააგდო
ფანჯრიდან ძირს.