You are on page 1of 8

www.facebook.

com/groups/ellib

ნისლი
გეგეშიძე გურამ

გამომცემლის წინასიტყვაობა

წინამდებარე წიგნში თავმოყრილია ბოლო ერთი წლის განმავლობაში


გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული მოთხრობები. ამ ტიპის კრებული პირველად
გამოდის საქართველოში, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ, რამდენიმე სიტყვით
მოგვეთხრო, თუ როგორ შეიქმნა იგი.
ასეთი კრებულის გამოცემის იდეა თავდაპირველად მწერალმა ზაალ
სამადაშვილმა შემოგვთავაზა. წიგნზე მუშაობის პროცესში იდეამ მცირე სახეცვლილება
განიცადა.
საბოლოო სათაურის – “15 საუკეთესო” – და კრებულში შესული მოთხრობების
შერჩევაც გამომცემლობამ განახორციელა. რაღა თქმა უნდა, არა გვაქვს პრეტენზია, რომ
ეს შერჩევა ობიექტურია – იგი მხოლოდ და მხოლოდ გამომცემლობის შეხედულებას
გამოხატავს. ყველას აქვს უფლება, გამოსცეს მსგავსი კრებული და შეადგინოს იგი
საკუთარი გემოვნებით.
როგორც სათაურიდანაც ჩანს, კრებულში 15 ავტორის თითო მოთხრობაა შესული.
ისინი დალაგებულია ანბანურად, ავტორთა გვარების მიხედვით.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, რატომ მაინცდამაინც 15 და არა, ვთქვათ, ათი ან ოცი?
ჩვენი აზრით, 15 ის ოპტიმალური რაოდენობაა, რომელიც მეტ– ნაკლებად იძლევა
საშუალებას, თვალი მივადევნოთ ქართული მოთხრობის გზას უკანასკნელი წლის
განმავლობაში.
გამომცემლობა აპირებს, ყოველწლიურად გამოსცეს მოთხრობების კრებული “15
საუკეთესო” და სიამოვნებით მიიღებს მკითხველის ნებისმიერ სურვილსა თუ შენიშვნას,
რათა “15 საუკეთესოს” მომავალი გამოცემები გაუმჯობესდეს.

ნისლი

სადღაც შორს, შემოდგომის სუსხისგან გალიგვებულ, გრძლად გაწოლილ ქედს


მიღმა, წითელი მზე ამოიწვერა. მისი უძლური, უღონო სხივები დაეფინნენ ჭალისკენ
ჩამოქანებულ დაჭირხლულ ფერდობს, რომელსაც ზანტად მიუყვებიან საძოვრისკენ
ფანცქალას ურუხი ძროხები. მხარზე ჯოხგადებული კაციც მიჰყვება ჯოგს. მას გათენება
არ უხარია, კიდევ ერთი უსიხარულო დღე ელის. აღარც წარმტაცი ბუნება იტაცებს

1
თვალს უწინდებურად, გუნება მოწამლული აქვს. ბედს შეგუებული მისდევს ნახირს და
ჭალიდან თათრის ქალებისა და მათი ბალღების ჟღავჟღავი ესმის, ფერმის ირგვლივ რომ
მიმოფანტულან ამ უთენია. ძროხების წველას რომ მორჩებიან, ფრინველს აპურებენ,
აკივკივებულ ინდაურებს საკვებს უყრიან, თავის ღორებს კი ფერმის პატრონი ფანცქალა
უვლის. იგი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ნამუშევარი შუახნის კაცია, მშრომელი,
გამრჯე და საზრიანი, მეურნეობის ყველა წვრილმანი ესმის, ხალხი პატივს სცემს. ეს
ფერმაც მისი აშენებული ყოფილა, კოლექტივი რომ გაუქმდა, მერე შეუსყიდია. ფერმის
ირგვლივ მიწა ალუფხულია და ფუნისა და სკლინტის მძაფრი სუნი დგას. ფერმის
გვერდით, დამრეცილ ქოხში, თათრები ცხოვრობენ, სამი დედაკაცი თავიანთი პატარა
ბალღებით, ერთი თოთხმეტიოდე წლის უპატრონო ყრუ– მუნჯი ბიჭი, ამათი ნათესავი,
საშინლად ნერვიული, თუ თავის სათქმელს ვერ გაგაგებინებს, მგლურ ყმუილს იწყებს,
და ორიც – მუდამ გაბურძგნილი, ტყაპუჭიანი, ცხვრის სუნით აყროლებული მამაკაცი,
რომლებიც ფანცქალას ფარას უდგანან და ამიტომ იშვიათად თუ გამოჩნდებიან ფერმაში.
ძროხებს, თხებსა და ფრინველს დედაკაცები და ყრუ– მუნჯი პატრონობენ, ფანცქალა ამ
ხალხს კარგ გასამრჯელოს უხდის. ისინიც კმაყოფილნი არიან, ეტყობა, იოლად ეგუებიან
მომთაბარე ცხოვრებას. თვითონ ფანცქალაც მთელ დღეს აქ ტრიალებს, ხშირად ღამითაც
რჩება, თუმცა სოფელში მშვენიერი ორსართულიანი სასახლე უდგას, მოვლილ–
მორთული, დოვლათით სავსე, ყვავილნარში ჩარგული ეზოთი. სასახლის აივნიდან
ულამაზესი სივრცე იშლება ირგვლივ. აქოჩრილი ტყეებით შემოსილ მთებს უკან,
კეხდანისლული ლურჯი ქედები ლივლივებენ ცის კიდურთან, ფართო, ფერადი
ფერდობები აბიბინებული ვაკეებისკენ მშვიდად ეშვებიან. ამ ბედნიერ ოჯახში
ფანცქალას მსუქანი, გულკეთილი ცოლი ჯარასავით ტრიალებს, სტუდენტი ქალიშვილი
ნებიერად ინაზება, ახალგაზრდა დონდლო ბიჭი საქმიანი კაცის შთაბეჭდილების
მოხდენას ცდილობს, მაგრამ აშკარად ეტყობა, მამის ნახევარიც რომ ვერ არის.
რამდენჯერ უნატრია ფანცქალას ბედი. პირველად, ერთმა ძმაკაცმა რომ მიიყვანა აქ და
საქმე რომ გაარიგეს, საოცრად მოხიბლა აქაურობამ და ფანცქალას მასპინძლობამ. იქნებ,
იმიტომაც დათანხმდა ასე იოლად ამ სამუშაოზე, თორემ სადაური მწყემსი იყო, თუმცა
სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა ლუკმაპურის მაძიებელს. უკვე შუახანს მიტანებული,
მთელი თავის დღე და მოსწრება სადმე, ბუნების წიაღში, მყუდრო ადგილას
დასახლებაზე ოცნებობდა, მაგრამ არც ეს ოცნება აუხდა. ფუჭად ჩაიარა ცხოვრებამ,
გაცრუებული იმედების წნეხი შეჩვეულ ტვირთად დააწვა მხრებზე, სინანული და
გულაცრუება საკუთარ თავზე გულგატეხილს უღიმღამო ყოფის თანამგზავრად ექცა.
მაგრამ ცხოვრება ხომ სწორედ ეს არის, ის ხომ ყოველთვის ფუჭად მთავრდება? როდის
იყო, კაცი გებულობდა ყოფნა– არყოფნისა და ბედისა თუ უბედობის განმსაზღვრელ
მიზეზებს?
ძროხები ზანტად მიუყვებიან დაკლაკნილ ბილიკს. ყოველ დილით მიდენის
ნახირს ფერმიდან საძოვრისკენ. მთელი დღე მარტოა, ლაპარაკს გადაეჩვია, არც აქვს
სურვილი ვინმესთან ფიქრის გაზიარებისა. რაზე უნდა ილაპარაკო, როცა ყველაფერს
აზრი გამოეცალა? მისჩანჩალებს ცხოვრებას კუდში დამცირებული, უსახსროდ,
უსახლოდ და უსაქმოდ დარჩენილი. სანამ ომობდა, იმედებით იყო აღსავსე, მაგრამ
დამარცხებამ ხაზი გადაუსვა მომავალს. ბედს მაინც არ უნდა ემდუროდეს, სხვებმა რა
თქვან, ლუკმაპურს რომ ვერ შოულობენ? საღამოს, ძროხებს რომ ჩამორეკავს გარუჯული
ბორცვებით დანაყიშებულ ჭალის პირს მიგდებულ ფერმაში, რაღაცას, სიამოვნების
მსგავსს, განიცდის. შინ დაბრუნებას ჰგავს ეს შეგრძნება. ქოხის გვერდით მიდგმულ
ფიცრულში შედის. აქ ბინადრობს. აქ მუდამ ცივა, მაგრამ თუნუქის ღუმელში ჩინჩხვარს
რომ შეჰყრის და ცეცხლს დაანთებს, თბება ჰაერი ფარღალალა ოთხკედელში.
2
კარტოფილს იხარშავს, თუ არაყი აქვს, იმასაც გადაჰკრავს და დაღამება უხარია. კიდევ
ერთი დღე იწურება. ამ ფიცრულში ათევს ღამეს დანჯღრეულ ტახტზე, დაგლეჯილი
ფარდაგის ქვეშ მოკუნტული. ჩაწვება, გაეხვევა თავის დაძონძილ საძილე ტომარაში და
ყურს უგდებს სიჩუმეს. ზოგჯერ ჭოტის კუთვა ესმის. ფიქრები იფანტებიან, როგორც
ნისლში ჩაძირული საგნები, ძილის ბურანში შესრუტული უღიმღამო სინამდვილე
კარგავს თავის ულმობელ ძალას და ათავისუფლებს რეალობის არტახებისგან. მაგრამ
როცა თენდება და ქრება სიზმარეული სამყარო, პირქუში სინამდვილე ისევ ხვევს
ხელებს და იქ აყენებს, სადაც ამჟამად დგას, თავისი ცოდვებით, შეცდომებით,
სინანულით, გაჭირვებით. თანაბარი ნაბიჯებით მიუყვება აღმართს, სიარულში
თანდათან ხურდება. ასეა ყოველთვის, ასეა ახლაც.
ცისკიდურზე ამოძრავებული ქუფრი ღრუბლები მზეს აეფარნენ. უფრო აცივდა,
დღე განაცრისფრდა. ძროხები ზოგჯერ მწირ ბალახს ეტანებიან ან ბილიკზე
გადმოწოლილ ბუჩქის შტოს გლეჯენ. ჯოხს იქნევს, შეუძახებს და კვლავ ზევით
მიერეკება. აღმართი თავდება, გავაკებულ საძოვარზე ნახირი გაიშალა, მადიანად შეუდგა
ძოვას.
ახლა მთელი დღე, აუტანლად გაჭიმული უმოძრაო და უხალისო საათები ელის
წინ. სანამ თბილოდა, ამ ერთფეროვნებას წიგნის კითხვით ებრძოდა. რამოდენიმე ძველი
წიგნი ჰქონდა თან წამოღებული, თხელყდიანი, ჯიბეში ადვილად ჩასატევი. მაგრამ როცა
აცივდა, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება გაუძნელდა, კითხვა არ ხერხდება, თუმცა
თბილად კი აცვია, ჩექმები, სვიტრი, ომიდან ჩამოყოლილი დაბამბული ბუშლატი.
ნახირსაც მიხედვა სჭირდება, რამდენჯერმე შემოუვლის იალაღს. ხანდახან ციცაბოს
კიდეზე გადის და გასცქერის სივრცეს. მყუდროება და ერთფეროვნება არ ირღვევა.
ძროხები მშვიდად, მდუმარედ ძოვენ, და ძალიან ნელა, ტაატით ახლოვდება საღამო.
თავდება მწყემსობის კიდევ ერთი დღე.
ყველაფერი, რაც აბადია, თან დააქვს, წიგნი – ბუშლატის ჯიბეში, საათი – მაჯაზე,
ფანცქალასგან აღებული ფული, მისი შრომის გასამრჯელო – შარვლის ჯიბეში ღრმად
ჩაჩურთული. ფული ცოტა ეხარჯება, სასმელ– საჭმელს იაფად შოულობს. ერთხელ
ფანცქალამ ერთი ტომარა კარტოფილი მოუტანა, მთელ თვეს ეყო. პურიც ფანცქალას
მოაქვს სოფლიდან. ასე რომ, სამწყემსურში მიმავალი ქოხში არაფერს ტოვებს, საძილე
ტომრის გარდა. მთელი მისი ქონება ადვილად სატარებელია და ეს სიმსუბუქე
უპოვარისა სიამოვნებასაც კი ჰგვრის. ოღონდ კომბლის მეტი სხვა იარაღი არ გააჩნია და
ყაჩაღები რომ დაესხან, თავს როგორ დაიცავს, აზრზე არ არის. ფანცქალა იმედოვნებს,
რომ ასეთი რამ არ მოხდება, თუმცა ყოველდღე ისმის ვიღაცის მოკვლის, გატაცების ან
გაძარცვის ამბავი. ნეტავ, რის იმედი აქვს? შეიძლება, ადგილობრივ ბანდებს ფულს
უხდის, მის ფერმას ხელი რომ არ ახლონ. ამის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს
ეს რომ გაიფიქრა, უცებ შორიდან ავტომატის ჯერი და აფეთქების გრგვინვა
შემოესმა. წამით ძროხებმაც კი შეწყვიტეს ძოვა, თავები აღმართეს და ერთმანეთს
მიაჩერდნენ. შორეული მკვახე კაკანი ავტომატისა ჭალიდან მოჰქონდა ექოს და
ძალაუნებურად დაიძაბა, თუმცა სროლას ყურიც და გულიც შესჩვეოდა, მაგრამ როცა არ
იცი, ვინ ვის ესვრის, გაურკვევლობა ძალაუნებურად გაშფოთებს. ადგილს მოსწყდა,
ჯუჯა ხეებით დაფარულ ფერდობს მიაშურა და იქიდან გადახედა არემარეს. გორაკებს
შორის ჩავარდნილი ჭალა არ ჩანდა, გაღმა მხარეს გზატკეცილის ვიწრო ზოლი
მიიკლაკნებოდა ტოტებჩამოყრილ ხეთა შორის. გზატკეცილზე მანქანამ ჩაიარა და
თვალს მიეფარა. მატყუარა სიმშვიდეს ავისმომასწავებელი დაძაბულობა შეერწყა.
ნარიყითა და ჯარჯით ამოვსებულ ხევს მიადგა, ვიწრო ღარივით რომ ეშვებოდა ქვემოთ.
სწორედ აქედან დაინახა ბილიკზე ამომავალი ოთხი წვერგაუპარსავი, ავტომატიანი კაცი.
3
რა უნდა ექნა? არ იცოდა, ვინ იყვნენ, რა ეწადათ. უეჭველად ეგენი ისროდნენ
წეღან. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში, რასაკვირველია, გაცლა და არიდება სჯობს,
ვიდრე არ გაარკვევ, ვისთან გაქვს საქმე, მაგრამ ნახირს ხომ ვერ მიატოვებდა?
გადაწყვიტა, ისევ იქ მდგარიყო, სადაც იდგა, და როცა ეს შეიარაღებული ხალხი
იალაღზე ამოვიდოდა, მათი მოქმედების მიხედვით დაედგინა, თავად როგორ ემოქმედა.
უმიზეზოდ ხომ არ ესროდნენ? თუმცა, სულერთია, ნახირის გარეკვას ვეღარ ასწრებდა,
ისინი ახლოს იყვნენ.
აჰა, იალაღზეც ამოვიდნენ. ერთ– ერთმა თავი მოაბრუნა, შეამჩნია ხრამის პირს
მდგარი მენახირე, რაღაც დაიღრიალა და ავტომატის ჯერი მიუშვა პირდაპირ მისკენ.
იმავ წამს, ხრამში ისკუპა, ქვემოთ ჩაგორდა, თან ქვებს და ღორღს მიაშვავებდა იმ
თავზარდამცემი შეგრძნებით გამსჭვალული, რომ ეს ვიწრო ხევი ხელისგულივით
გაშლილ ჭალაში ჩაიყვანდა, სადაც ადვილი სამიზნე გახდებოდა მდევართათვის. და
უცებ, ჩამომზღვლეულ ფლატეზე ჯაგნარით ამოვსებული ღრმული შენიშნა და მყისვე
არჩია, შიგ შემძვრალიყო დასამალავად. რაღაცნაირად მოახერხა გამხმარი ხის ტოტებით
ჩახერგილი მანძილის გადალახვა, მღვრიე, მყრალი წყლით ამოვსებულ ვიწრო ხვრელში
შეძვრა და გაინაბა, და სულ მალე მოესმა ჩამოშლილი ხრეშის ხრაშუნი, ნაშალზე
დაცურებული, აჩქარებული ნაბიჯების ბრაგაბრუგი და დედის გინება. გული აეწურა,
ფლატეზე გამოთხრილ ხვრელს თუ შეამჩნევდნენ, იქნებ, შემოეხედათ, შეემოწმებინათ
და მაშინ სიკვდილი არ ასცდებოდა. მაგრამ ბედმა დაინდო, ვერ შეამჩნიეს, ჩაიარეს,
ჩაიბრახუნეს, კიდევ ერთხელ ისროლეს, სადღაც ქვემოთ, და მერე მიწყნარდა თითქოს
ყოველივე. მაგრამ ვინ იცის, ვინ უსაფრდებოდა, გარეთ რომ თავი გაეყო, ვინ იცის, რა
ელოდა? სულგანაბული იჯდა დასველებულ კირქვაში ამოგანგლული, ვიდრე სიბნელე
არ გამომკვრივდა ისედაც ბნელ ხაროში. აი, მაშინ კი გაბედა გამოქვაბულიდან
გამოძრომა და ყური მიუგდო გარემოს. თითქოს საფრთხე ჩავლილი იყო. მაინც ძალზე
ფრთხილად დაეშვა ქვემოთ. რატომ უპირებდნენ ის ყაჩაღები მოკვლას? ცხადია, ნახირის
გატაცება უნდოდათ და ალბათ, გაიტაცეს კიდეც. მაგრამ ამას რით შეეძლო ხელის
შეშლა? აღარავის აღარაფრად უღირს კაცის სიცოცხლე. ამ ფიქრით გამსჭვალული
ბინდდაფენილ ჭალაში ჩამოფორთხდა. ფერმას ბოლი ასდიოდა. ავი წინათგრძნობით
შეპყრობილმა იქით გასწია. ფერმა იწვოდა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ქოხის კარ–
ფანჯრები ჩაელეწ– ჩამოელეწათ და გადაქოთებული იყო იქაურობა. ქოხის წინ ორი
გვამი ეგდო. მხოლოდ ახლო მისულმა გაარჩია ისინი. ერთში ფანცქალა შეიცნო, ტყვია
შუბლში მოხვედროდა და ტვინი გადმოენთხია, მეორეში – ყრუ– მუნჯი თათრის ბიჭი,
ტყვია ყელში გასჩხეროდა და ენაგადმოგდებული საზარელი შესახედავი ჩანდა. ბიჭი
გულაღმა ეგდო, ფანცქალა გვერდულად იწვა. ყოვლისდამამთავრებელი უძრაობა
ჩამომხობოდა მიწას. არც თათრის ქალები ჩანდნენ ახლომახლო, არც ღორები
ჭყვიტინებდნენ ჩვეულებისამებრ. სადღაც, მინდვრის ბოლოს გაწეწილ ბუჩქებში ერთი
ინდაური კივკივებდა საწყალობლად და მახლობელი გუბიდან ბაყაყის ყიყინი ისმოდა.
ფერმა განადგურებული იყო.
მკვდრების ასე დატოვება არ შეიძლებოდა, რომელიმე ღამეული ცხოველი
უეჭველად დააცხრებოდა გვამებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უმძიმდა, მხრებში
ხელი დაავლო ფანცქალას დამძიმებულ ცხედარს და ძლივძლივობით შეათრია ქოხში.
მერე თათრის ბიჭიც შეათრია. ცდილობდა, გვამებისთვის არ დაეხედა. როგორც
ყოველთვის, ასეთ შემთხვევაში, საშინელ სიუცხოვეს განიცდიდა ამ უმეტყველო,
გაშეშებული სხეულების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ დილით მოძრავი ადამიანები
იყვნენ. ახლა თითქოს არც იცნობდა მათ. ორივენი ერთმანეთის გვერდით ეყარნენ
სოხანეზე. აქაურობაც გადაექ– გადმოექექათ, ნეტავ რას ეძებდნენ ამდენ ძველმანებში.
4
დაფლეთილი საძილე ტომარაც წაეღოთ. გარეთ გამოვიდა და კარი გამოიხურა. ბინდი
მკვრივდებოდა.
ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო. ნუთუ სოფელში ვერავინ გაიგო, ფერმა რომ
დაწვეს და ფანცქალაც მოკლეს? ეს თათრის ქალები სადღა გაუჩინარდნენ? დამშრალი
ღელის კალაპოტს მანქანის თვლებისგან თელილი მიხვეულ– მოხვეული ყამირი გზა
მისდევდა და გაჰყვა ამ გზას, რომელიც რკინიგზის ხიდქვეშ მიძვრებოდა და ბოლოს
გზატკეცილთან ადიოდა. მაგრამ სანამ ხიდამდე მიაღწევდა, აქეთკენ მომავალი
აჩოჩქოლებული ხალხის ჯგრო შენიშნა, მიხვდა, სოფლელები იქნებოდნენ, ალბათ, უკვე
გაეგოთ ფერმის განადგურება და ფანცქალას მკვლელობა. მხნეობა მოემატა, ნაბიჯი
შეანელა. ისინი სულ მალე მოუახლოვდნენ, მეტისმეტად აღგზნებულნი,
თვალებაბრიალებულნი, წინ ფანცქალას დონდლო ბიჭი მოუძღოდათ.
– სად არი მამაჩემი?! – ისტერიულად შესძახა მან და ღვინის ოხშივარი ამოუშვა
პირიდან.
ყველანი შემოეხვივნენ და უცებ ფანცქალას ბიჭმა სახეში თავი გლიჯა. ცხვირიდან
სისხლი წასკდა.
– რა უყავით მამაჩემს?! – ისე უაზროდ ბღაოდა ეს უბედური, თითქოს ამას
ადანაშაულებდა. ვიღაცამ წიხლიც უთავაზა, ვიღაცეები მუჯლუგუნებს ურტყამდნენ
გვერდებში.
– სად არის ფანცქალა?
ესენი ნორმალურ ადამიანებს არ ჰგავდნენ. შიში შეეპარა გულში. ნიკაპზე სისხლი
ჩამოსდიოდა. ამათთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა, ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო
ჩაექოლათ, სულ პატარა ბიძგი იყო ამისთვის საჭირო, ვინმეს რომ ეს განზრახვა
გაემჟღავნებინა, დანარჩენები დაუფიქრებლად აჰყვებოდნენ. ვერაფრით ვერ
მიმხვდარიყო, რას ემართლებოდნენ.
– სად არი და ქოხშია? – დაიყვირა გამწარებით და უცებ სუყველანი ფერმისკენ
გაცვივდნენ, თავი მიანებეს. თუ რამე ეჭვი ჰქონდათ, რად მიატოვეს, და თუ არა, მაშინ
რაღად სცემეს? მაგრამ ასეთია იმპულსური, უაზრო საქციელი ყველა გონებაჩლუნგი
არსებისა და რაკი კარგა ხანია, ამგვარ ხალხში უწევდა ცხოვრება, დიდად გული არ
სტკენია, არც მომხდარი გაჰკვირვებია. ერთხანს ანგარიშმიუცემლად მიჰყვა ბრბოს,
რომელიც ახლა ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მერე თანდათან ჩამორჩა, წადით,
თქვენი დედაც მოდის ტყიბულიდანო, გაიფიქრა, ფანცქალას ვერაფერს უშველიდა, რა
მოხდა, არც მან იცოდა, მობრუნდა და უკან გაემართა.
გზატკეცილთან რომ ამოვიდა, მკვრივი წყვდიადი ეფინა მიწას. გზის პირას
ვიღაცის საბძელში შეძვრა და თივაში ჩაწვა.

***

როგორც კი ინათა, საბძლიდან გამოძვრა და გაუდგა ნისლდაფენილ გზატკეცილს.


მთელი ღამე ძილ– ღვიძილში გაატარა ქარის ცივი შემონაბერით გათოშილმა. გვიანი
შემოდგომის სუსხი ზოგჯერ ზამთრის ყინვაზე ძნელი ასატანია, ვიდრე სხეული
საბოლოოდ შეეჩვეოდეს სიცივეს. ღამე ისე გაილია, მანქანის ხმა არ გაუგონია.
გზატკეცილი ახლაც ცარიელი იყო. წაბლისფრად ჩამუქებული ველები ბურუსში
გახვეულიყვნენ. მიაბიჯებდა და სიარულში თანდათან ხურდებოდა, მაგრამ თუ მანქანა
არ ჩამოივლიდა, ალბათ, ქალაქამდე დღეს ვერ ჩააღწევდა.
ორიოდე საათი იარა მარტოკამ. ის– ის იყო, დაღლა იგრძნო, რომ წინიდან
მომავალი მანქანა შეამჩნია. ყოველ შემთხვევისთვის გზიდან გადავიდა და
5
მინდვრისპირა ბუჩქებს ამოეფარა. ვინ იცის, ვინ ზის იმ მანქანაში? მისი ბუშლატი,
ჩექმები და ჯემპრი მთლად ახალი ვერ იყო, მაგრამ მაინც გამოიყენებდა ხარბი კაცი.
ტიტველა რომ დაეტოვებინა ვინმეს, ამ სუსხში რა გააძლებინებდა? მანქანამ ჩაიარა და
კვლავ გზაზე გამოვიდა. თეთრი “ნივა” თანდათან გაუჩინარდა ნისლში, ჰაერში თოვლის
ფანტელები ტრიალებდნენ, ნელ– ნელა, თითო– ოროლა. ზოგჯერ ასე შეუმჩნევლად
იწყება თოვა. შორეული ვენახები და ბაღები გზის ორთავ მხარეს, ჩაჟანგებული,
ფოთოლგაცვენილი, უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ.
უეცრად მანქანის ხმა გაიგონა ზურგს უკან. გზაზე პატარა ავტობუსი მოდიოდა.
ავტობუსი უფრო სანდო იყო. დადგა და დაუცადა და, ვიდრე ხელაწვდილი ელოდა მის
მოახლოებას, გვარიანად ღელავდა, გამიჩერებს თუ არაო.
ავტობუსი გაჩერდა. გახარებული კარებთან მიიჭრა და მოაღო.
– ქალაქში? – ჰკითხა მასავით ბუშლატიან, წვერგაუპარსავ მძღოლს.
– დაჯექი! – თავი დაუქნია მან.
შვებით ამოისუნთქა, ავტობუსში ავიდა და თავისუფალ სკამს დაუწყო ძებნა.
– ფული წინასწარ უნდა მომცე!
– რამდენი?
იმოდენა თანხა დაუსახელა, შეცბა. უსიტყვოდ ამოიღო და მისცა, სხვა რა გზა
ჰქონდა?
უკან იყო ერთი ადგილი, ფანჯარასთან. ავტობუსში მხოლოდ კაცები ისხდნენ,
ცუდად ჩაცმულნი, გაუპარსავნი. ავტობუსი დაიძრა, ესეც დაჯდა. ყველანი ჩუმად
ისხდნენ, მოწყენილნი, უხალისონი. ძრავა ღმუოდა. ერთი კაცი აბოლებდა.
დამთავრდა მისი მწყემსობაც. ამ საქმეში ვერაფერი ხეირი ვერ ნახა. ქალაქში
როგორ გაიტანდა თავს, არ იცოდა და მაინცადამაინც არც უხაროდა იქ დაბრუნება.
არაფერი სასიხარულო მას არ ელოდა. ფანცქალა კი ებრალებოდა, უბედური თათრის
ბიჭიც, მაგრამ სიკვდილს ისე შეეჩვია, კაცის სიცოცხლე ისე გაუფასურდა, რომ ჭეშმარიტ
გულისტკივილს ვერცა გრძნობდა. გული იმაზე უფრო წყდებოდა, რომ გარიგება
ჩაიშალა, არაფერი გამოვიდა, ვერც ამ საქმეში იხეირა. ამის გაფიქრებაზე, ის ფული,
შარვლის ჯიბეში რომ ჰქონდა ღრმად ჩაჩურთული, ყოველ შემთხვევისთვის ამოიღო,
ალალბედზე შუაზე გაყო, ნახევარი ჩექმაში ჩაიდო, ნახევარი ისევ ჯიბეში შეინახა. ეს
ყველაფერი უჩუმრად გააკეთა, რომ არავის შეემჩნია. არც არავის შეუმჩნევია. ყველანი
წინ იყურებოდნენ. გასცქეროდნენ ლარივით გაჭიმულ გზას, რომელსაც ღმუილით
მიუყვებოდა ავტობუსი. ფანტელებმა იმატეს, ახლა ციბრუტივით ტრიალებდნენ და,
ძირს დაფენილნი, ყავისფერ ველებს ჭორფლავდნენ. დროდადრო, აბუზული ხეებით
შემოფარგლული გაშიშვლებული კარმიდამოები მოჩანდა გზის ორთავ მხარეს. დღე იყო
მოქუფრული, ცივი, თოვა თანდათან მატულობდა და სივრცე იბურებოდა. ფანჯრიდან
აღარაფერი ჩანდა გზისპირა ბუჩქების გარდა.
ჩასთვლიმა. მანქანის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოაფხიზლა. იმავდროულად
ყაყანი შემოესმა. მანქანის წინ რძისფერ ბურუსში და თოვლის ფანტელებში გახვეული
ფიგურები მოძრაობდნენ. ესენი იყვნენ ავტომატიანი და ნიღბიანი კაცები, რომელთაც
მანქანა გააჩერეს. მანქანაში მსხდომნი მძღოლს აგულიანებდნენ, არ გააჩერო, გარეკეო,
მაგრამ უკვე გვიან იყო და საშიშიც. ერთმა ავტომატიანმა მძღოლის კარი გამოაღო,
ქეჩოში სწვდა და ძირს ჩაათრია.
– რა გინდათ, კაცო?! – ყვიროდა მძღოლი.
მეორე ავტობუსში ამოვიდა, იარაღი მიუშვირა მგზავრებს და უბრძანა:
– ჩამოეთერით!

6
ჩაეთრნენ. გზის პირზე შეჰყარეს ყველა. ხუთ წუთში პირწმინდად გაძარცვეს,
ჯიბეები გადმოუტრიალეს, წაიღეს, რაც გააჩნდათ. ზოგიერთები ჭიჭყინებდნენ, მაგრამ
უმალვე ხმას იგდებდნენ, როგორც კი ავტომატის კონდახი მოხვდებოდათ გვერდებში.
– სულ ეს არი? – ბოღმით ჰკითხა ერთმა, ფულს რომ ართმევდა.
– მეტი არა მაქვს, – უთხრა მან და შიშმა შეიპყრო, ვაითუ ჩექმები გამხადოსო.
მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ ფერდში ავტომატის კონდახის დარტყმა აკმარეს.
ტკივილისგან მოიკეცა და წამოიკვნესა.
– ბუშლატი გაიხადე! – უბრძანა მძარცველმა, მაგრამ ამ დროს ვიღაცას თავი
გაუტეხეს, ტყავის პალტოს რომ ხდიდნენ და ჩოჩქოლზე ეს ავაზაკიც იქით გაიქცა.
მძღოლი რაღაცას ყვიროდა და იგინებოდა, ერთი– ორი მისცხეს სახეში, ცხვირიდან
სისხლი ადინეს, წიხლებითაც შესდგნენ, მაინც არ ისვენებდა, მაშინ ფეხებში ტყვია
მიახალეს და გზის პირზე მიაგდეს. ტკივილისგან გამწარებული მძღოლის ოხვრა– კვნესა
უპასუხოდ რჩებოდა. ყაჩაღები მანქანაში აცვივდნენ, დაქოქეს, სწრაფად შემოაბრუნეს და
დაუნდობელი სიჩქარით გარეკეს თოვლისგან ჩაჩუმქრულ, დანისლულ გზაზე.
როცა მანქანა თვალს მიეფარა, ძირს ჩამოყრილი გაძარცული ხალხი დაჭრილ
მძღოლს შემოეხვია. იმაზე იყო ყაყანი, თუ რა ექნათ, როგორ ეშველათ, ჩამომვლელი
მანქანისთვის დაეცადათ თუ რომელიმე მახლობელ სოფელში აეყვანათ. ახლო– მახლო
არავითარი დასახლება არ ჩანდა და ხელით როგორ ეთრიათ ან სად წაეყვანათ
დაჭრილი, არავინ იცოდა.
– ქალაქამდე რამდენი კილომეტრი იქნება? – იკითხა ვიღაცამ.
– ალბათ, ორმოცამდე!
მძღოლი ყრუდ გმინავდა, მისი ხმა სულ უფრო სუსტდებოდა. ჭრილობა კი
გადაუხვიეს საცვლის ნახევით, ოღონდ, როგორც ჩანს, სისხლს ვერ უჩერებდნენ.
ერთხანს ხელში აიყვანეს და ასიოდე ნაბიჯი ასე ატარეს გზატკეცილზე, მაგრამ მალე
მიხვდნენ, რომ ეს იყო სრული უაზრობა. ყაყანი არ წყდებოდა. სავსებით უმწეო
მდგომარეობაში ჩაცვენილი ხალხი მაინც ცდილობდა, დახმარებოდა უარეს გაჭირვებაში
ჩავარდნილ ადამიანს. განუწყვეტელი თოვლი უნუგეშობის გრძნობას ამძაფრებდა.
ნახევარ საათში მძღოლი მოკვდა, სისხლისგან დაიცალა. იგი მიწაზე იდო
გულგაღეღილი, გაუპარსავი, შუბლზე თმაჩამოყრილი. მივიდა და დახედა მის
გაფითრებულ, უმეტყველო სახეს. გეგონებოდა, სძინავსო. თოვლის ფიფქები სახეზე
ეფინებოდა. აღარც ტკივილი აწუხებდა, აღარც სიცივე.
– ეს თუ ცხოვრებაა, რა დღეში ჩაგვყარეს ამ კეთილძაღლებმა! – წამოიძახა ვიღაცამ.
– მაგათი დედა, მაგათი ცოლი, მაგათი მკვდარი და ცოცხალი.
– მაგისი ბრალია ყველაფერი.
– მარტო მაგისა?!..
– მაშ, ვისა?
– ჩვენი, ხალხისა.
– ჩვენ რა შუაში ვართ, პატრონი არა გვყავ.
– პატრონი საიდან გეყოლება, როცა ყველანი ქურდები, ლაჩრები, თახსირები და
ბნელები ვართ.
– მოიცა, ძმაო, ნუ გაახურე, არავიზე ნაკლები ჩვენ არა ვართ, აბა, ერთი ჩვენ დღეში
სხვები ამყოფე, ნახე რას იზამენ, ერთმანეთს შეჭამენ.
– ჩვენ არა ვჭამთ რო ერთმანეთსა?
– უარესსაც იზამენ.
– უარესი რა უნდა იყოს?
– გეყოფათ ძიძგილაობა, იმაზე ვიფიქროთ, ახლა რა ვქნათ?
7
– ვიდგეთ, დავიცადოთ.
– ჯობია, ვიაროთ.
– საით წავიდეთ?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ მაინც ვიაროთ! აბა, ხალხო დავიძარით!
დაიძრნენ. ყაყანით, ძაგძაგით გაუდგნენ თეთრ წყვდიადში გაუჩინარებულ გზას.
ადრე თუ გვიან, სადღაც ხომ მიიყვანდათ, თუ მანამ არ დახოცავდნენ ყველას?

ომეგა, №6, 2002

You might also like