You are on page 1of 2

რეზო ჭეიშვილი – ოსტატი გრიგოლი

ქვის მთლელი და კალატოზი გრიგოლი ქალაქის ცნობილი ხელოსანი იყო. ოსტატ


გრიგოლს ეძახოდნენ. ქვის სახლებს აშენებდა. ქვის წყობის, ქვით მოპერანგების
მოხელე ჩვენთან შემთხვევით მოხვედრილა. მხოლოდ ფასადის ამოშენებას
გარიგებიან მშობლები. ადრე შეპირებული მუშტრები კი ჩვენთან აკითხავდნენ
ყოველ მეორე დღეს.

როდის მორჩები ამ სახლს, ოსტატო გრიგოლო, ეკითხებოდნენ. რამდენსამე ალაგას


მოემთავრებინათ შავი სამუშაო და მხოლოდ გრიგოლსღა ელოდნენ თურმე. ამიტომ
ჩქარობდა გრიგოლი და ისედაც ჩქარი, ცოტა, ცოტა კი არა, გვარიანად დაბნეული
კაცი იყო. ფეშტემალაკრული სუფთად, წკიპად და რიტმულად მუშაობდა. ქაფცის
ტარს და ყუას სინქრონულად უკაკუნებდა აგურებს. დამხმარე მუშები ხარაჩოზე
კირხსნარის აზიდვას ვერ აუდიოდნენ.

აბა ჰე, აბა ჰე! – იძახდა გრიგოლი დროდადრო ზემოდან.

ხანდახან სრულიად უმიზეზოდ გახევდებოდა, იდგა და თავის ნახელავს


მიჩერებოდა უაზროდ. ხელს აქნევდა, თითქოს ვიღაცას ედავებოდა, ვიღაცას
ეკამათებოდა. მუშები ამ დროს ისვენებდნენ, თუთუნს აბოლებდნენ, გრიგოლი
აგურებს უსვამდა ხელს, უსვამდა რბილად, ფრთხილად. ეფერებოდა თუ რას
აკეთებდა, არ მესმოდა. მოულოდნელად გამოერკვეოდა და აყვირდებოდა:

აბა ჰე, აბა ჰე, დუღაბი!…

მუშები პაპიროსის ნამწვავებს მოისროდნენ, კირხსნარის აგუნდავებას შეუდგებიდნენ


ფაცხაფუცხით.

ჩქარობდა გრიგოლი. მუშაობასაც ეშურებოდა, მუშაობის დამთავრებასაც


ესწრაფებოდა. ჭამდა გაჩქარებით, სწრაფად, ცოტას; რამდენჯერმე იხდიდა
მადლობას, გარბოდა და უკან ბრუნდებოდა.

სულ რაღაც რჩებოდა, თუ არა და ეჩვენებოდა – მრჩებაო. მოტრიალდებოდა,


თავწაღუნული მიირ-მოიარდა კედელთან, ხარაჩოსთან, ხარიხის ქვეშ შერგავდა თავს,
ხელცარიელი მიდიოდა და მაინც უკან იხედებოდა. ქუჩაშიც კისერმოღრენცილი
მიდიოდა, წამდაუწუმ დაჰყურებდა მარჯვენა ფეხის ფეხსაცმლის ლანჩს, ქუსლი
მძვრებაო, ეგონა, თუ ფეხის დასვრის შიში ჰქონდა, ვერ გაიგებდი.
… – რა მრჩება, რა მრჩება… – ბუტბუტებდა წასასვლელად გამზადებული გრიგოლი
და მე მომჩერებოდა. ვხვდებოდი, ვერ მხედავდა, მაგრამ მაინც ვწუხდი და ვიბნეოდი.
რა რჩება მეთქი, ვფიქრობდი, აქეთ-იქით ვიხედებოდი მეც. მართალი ხარო, ამბობდა
და მიდიოდა. ვინ იყო მართალი, კაცმა არ იცოდა.

ომი გამოცხადდა თუ არა, ფრონტზე გაიწვიეს ის დროული კაცი. გაიწვიეს და ომის


დამთავრებამდე, ომის შემდგომ, როცა ქალაქში გადაუდებელი, საამშენებლო საქმე
გაჩნდებოდა, ქვის ქვაზე მიმდგმელს რომ ვეღარ იპოვიდნენ, ერთიმეორეს
ეკითხებოდნენ, სად წავიდა ოსტატი გრიგოლიო; რეკავდნენ, ბრძანებებს წერდნენ,
ოსტატი გრიგოლი დაადგეს საქმეს თავსო. სადღა იყო ოსტატი გრიგოლი.

ცოლ-შვილი, ნათესავები და ახლობლები აცილებდნენ ომში მიმავალ გრიგოლს.


გრიგოლს ეჩვენებოდა, რომ ახალწვეულებით სავსე ეშელონს რჩებოდა.
ორთქლმავლის ამოქშენაზე კრთოდა, ვაგონისაკენ გარბოდა. ადრეაო, ეუბნებოდნენ.
სხვებიც აქა დგანან ხომ ხედავო, ამშვიდებდნენ, აჩერებდნენ. გრიგოლი
აზრიალებულ ბაქანს და მატარებელს მოავლებდა აცეცებულ თვალებს, ცოლს და
შვილებს ეთხოვებოდა მერამდენედ; ისევ გარბოდა, ვაგონის კიბის სახელურს
ეპორწიალებოდა, თანაც უკან იხედებოდა, რაღაც რჩებოდა და ვერ გაეგო – რა.

იმდენი იწრიალა, იმდენი ირბინა წინ და უკან, რომ ბოლოს მართლა კინაღამ გაასწრო
მატარებელმა. ორთქმავალი ხრჩოლავდა, ქშინავდა, ორთქლს აფრქვევდა და უმისოდ
არ მიდიოდა.

ოსტატო გრიგოლ, ოსტატო გრიგოლ, იძახოდა.

აძრულ ეშელონს აედევნა გრიგოლი, ბოლო ვაგონს შეახტა, მოიხედა, რაღაც


მოისაკლისა მაინც, თავისიანებს დაუქნია ხელი, წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

რა რჩებოდა ოსტატ გრიგოლს?

რა დარჩა სამშობლოს გარდა? სამი თითქოს გაზრდილი, ჯანმრთელი ვაჟი და


მკვიდრად ნაგები ქვის სახლები.

ახლაც ჩვენს ქალაქში თუ სართულნახევრიან, ლამაზ, ქვით მოპერანგებულ,


კარნიზებმოგვირისტებულ, ჩუქურთმებმოქარგულ სახლს შეამჩნევთ და შეაფასებთ,
გრიგოლა ბრეგაძის ნახელავიაო, გეტყვიან. ყველამ კი არ იცის, ვინ იყო ეს გრიგოლა
ბრეგაძე, მაგრამ სახლები თავისთავად ხომ არ აშენებულა ჯერ.

You might also like