You are on page 1of 41

1

ედვარდ ტეილორი

იდეალური მკვლელობა

გმირები:

ანა-მარია

ელეონორა

ალფრედო

ინსპექტორი ეგანი

1 სცენა

(თანამედროვედ მოწყობილი ნახევრად ჩაბნელებული მისაღები ოთახი უახლოესი ტექნიკითაა


აღჭურვილი. აივანი ჟალუზებით ჩაუბნელებიათ. იატაკზე თაბახის ფურცლებია გაშლილი. იამაიკელი
ქალივით ჭყეტელა ფერებში გამოწყობილი, ფეხშიშველი ანა-მარია, თავზე ჩალმითა და პირში
მუნდშტუკით, სპეციალურ სტენდზე ფოტოებს აკრავს, რომლებზეც დანები, პისტოლეტები, კასტეტები,
ყულფ-გამონასკვული თოკი, შპრიცები და საწამლავის ბოთლია გამოსახული. მის ზურგს უკან,
უზარმაზარი ტელევიზორის ეკრნზე ჰიჩკოკის „ფსიქოდან“ ცნობილი ნაწყვეტი _ აბაზანაში ქალის
მკვლელობის სცენა _ თამაშდება. ნათდება მანსარდაზე დაშენებული საშხაპე. ალფრედო ხალათს იხდის,
ონკანს უშვებს და თავს იქაფებს. ანა-მარია ლეპტოპს უჯდება და ბეჭდავს. მანსარდაზე შავ-ნიღბიანი
ფიგურა იკვეთება, რომელიც საშხაპისკენ მიიპარება, ორთქლით დაბურულ კარს უხმაუროდ ხსნის,
დანიან ხელს მაღლა აღმართავს და ის-ისაა ალფრედოს უნდა მოუქნიოს, რომ კაცი შენიშნავს და
განწირული ხმით ბღავის. ანა-მარია წამიერად რეაგირებს _ მანსარდაზე არბის, ნიღბიანს ხელს უკავებს და
ცდილობს, დანა გააგდებინოს. ალფრდო მომენტით სარგებლობს, ხალათს წვდება, საშხაპიდან გამორბის,
ფეხი უბრუნდება, მანსარდიდან მისაღებში ჩამავალ კიბეზე გორდება და თავით იატაკს ეხეთქება. ბრძოლა
წყდება. ანა-მარია და ნიღბიანი კაცს მანსარდიდან დასცქერიან)

ანა-მარია _ ცოცხალი ხარ, პაწი?

ალფრედო (გაჭირვებით წამოჯდება) _ თქვენ.. თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ.. სულ ააფრინეთ თქვე ჩემისებო?!

ელეონორა (ნიღაბს იხსნის; ანა-მარიას) _ მომესმა თუ შეგვაგინა შენმა ლომმა?

ანა-მარია _ ჰო, რა იყო, რა გაჯღავლებს, საყვარელო?! ვერ ხედავ, ვმუშაობთ და ვცდილობთ, ჩვენი მორიგი ვერსიის
დამაჯერებლობაში დავრწმუნდეთ.

ალფრედო _ ჰაჰ, რომელი ვერისიის _ დაქალები ერთნაირად რომ ერეკებით?!

(ოთახში სინათლეს ანთებს)

არააა, ეს უნიჭო, უწიგნური დრამატურგები თქვენი დონისა და გაქანების მსახიობებს ღირსეულად რომ
ვერ აფასებენ და ამიტომაც გადაწყვიტეთ სიბერეში სცენარების წერა, კიდევ როგორღაც გავიგე ბატონო..
მაგრამ.. მაგრამ.. ხომ შეიძლება.. ჰო, ჰო, ხომ შეიძლება, რომ რასაც შეთხზავთ, ფურცელზევე დარჩეს და ამ..
ამ.. სადისტურ ექსპერიმენტებს როგორმე ამარიდოთ?!
2

(სარკეში იხედება და დსისხლიანებულ ცხვირს იწმენდს)

ელეონორა _ ჰმ, ვინ არის ბიჭო შენი ბებერი?!

(კიბეებზე ჩამორბის)

არა, ახლა შენ შენი ძვირფასი მეუღლეთი თუ მსჯელობ, ვერც გაგამტყუნებ.. მაგრამ მე, შენი კნეინასაგან
განსხვავებით, საწოლში ნამდვილი აკრობატი ვარ.

(საჯდომზე ხელს წამოარტყამს)

პოზა ისურვე და ნებისმიერს გაგიჭიმავ.

ალფრედო _ ვითომ?

ელეონორა _ ნუუ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ უკმაყოფილო არავინ დამრჩენია.

(სხეულზე ეკვრის და მთელი ტანით ეხახუნება)

ალფრედო (წელზე ეხვევა)_ არ ვიცი.. არ ვიცი..

ელეონორა _ გამომცადე!

(პერანგის უბეში ხელს უცურებს)

ანა-მარია (ელეონორას უხეშად გვერდზე წევს) _ რა უბედურებაა ეს პორნოგრაფია..

(ალფრედოს სველი ხელსახოცით სახეს უწმენდს)

შენ კიდევ რას ღლაბუცობ, ვერ ხედავ, ცხვირიდან სისხლი გდის!

(ცხვირში ბამბის ტამპონებს უტენის)

ალფრედო _ აუუუ, გადაირიე?! მეტკინა!

ანა- მარია _ გადავირიე კი არა და, ნერვებზე ისე ვარ დათხრილი, საერთოდ ქვებს რომ არ ვისვრი, ისიც
მიკვირს.

ალფრედო (ელეონორას) _ რა ბზიკმა უკბინა ამ დილა უთენია?

ელეონორა (ხიჩკოკის ბიუსტს ლოყაზე ხელს უტყაპუნებს) _ ჰიჩკოკმა.

ალფრედო _ ჰააა?

ელეონორა _ ჰო, ჰო, შენმა სათაყვანებელმა ბიძია ჰიჩკოკმა.

ანა-მარია _ მოაშორე აქედან!

(ელეონორას ბიუსტს ჩამოართმევს და მაგიდის ქვეშ შეუძახებს)

რა ვქნა, აღარ შემიძლია ამ აფერისტის სიფათის ყურება!

ალფრედო _ ოოო, ეს რაღაც ახალია.


3

ანა-მარია _ ახალი თუ ძველი ვერ გეტყვი, მაგრამ ეს ვითომდა გენიოსი ყველას მაგრა გვასულელებს.

ელეონორა _ კი, კი, ტყუილი, ტყუილი და სიგარეტი პირში.

(ბარიდან ვისკის ბოთლი გამოაქვს)

ელეონორა _ მიდი და გამოაცხე ახლა მაგისი „რიმეიკი“.

(იატაკზე გაშლილ ფურცლებს აგროვებს)

ანა-მარია _ თან 10 სერიად.

(ჭიქას სასმელით ბოლომდე ავსებს)

ალფრედო _ მოიცა, მოიცა, ეგ შეკვეთა ხომ უკვე დაასრულეთ?!

ელეონორა _ ნეტარ არიან მორწმუნენი!

(ჭიქას სულმოუთქმელად ცლის)

ალფრედო (ანა-მარიას) _ ჰო მაგრამ, ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ შეპირდი ტელე-ფილმების


რედაქტორს, „ფსიქოს“ ჩვენეული ინტერპრეტაცია ორიგინალზე მხეცი გამოვიდა და დღე-დღეზე
გადაღებების დაწყებას შეძლებთო.

ანა-მარია _ ჰოდა, ძალიანაც მივქარე, ცუნცულიკო.

ალფრედო _ რატომ?

ელეონორა _ რა გულმავიწყი ხარ, ბიჭუნი!

(დანას იშიშვლებს)

აი, შეხედე!

(ალფრედოსკენ ხტება)

ალფრედო (ისტერიულად) _ არ მომეკარო, არ მომეკარო შიზოფრენიკო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ


ვაგებ.

(გიჟივით გარბის და დივანს წრეებს არტყამს, ელეონორა მისდევს)

ანა-მარია (ზარ-ზეიმით) _ აი ხედავ, დანის მოქნევა ვერც კი მოასწრო, ისეთი პანიკა ატეხე.

ელეონორა (ღიმილით) _ ამ ხმაურზე ან მეზობლები შემოვარდებიან..

ანა-მარია _ ან უბრალო გამვლელები..

ელეონორა _ პოლიციას გამოუძახებენ და..

ანა-მარია _ ფინიტა ლა კომედია.

ელეონორა _ მკვლელს ციხეში მიაბრძანებენ. წერტილი.

ანა-მარია _ ასე, რომ მთელი ეს ნაჯღაბნი შეგვიძლია დავხიოთ და სანაგვეში მოვისროლოთ.


4

(ფურცლებს ურნაში ტენის)

ელეონორა _ მერე ცეცხლი წავუკიდოთ და დავწვათ!

(სანთებელა ურნასთან მიაქვს და ფურცლებს ცეცხლს უკიდებს. გაისმის სიგნალიზაციის კივილი)

ეს.. ეს რა ჯანდაბაა?

ალფრედო _ ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია ჩაირთო.

(გრაფინს ხელს ტაცებს და წყალს აალებულ ურნას ასხამს; ანა-მარიას)

გათიშე.. გათიშე სასწრაფოდ!

ანა-მარია (პულტის ღილაკს აწვება და სირენა ითიშება) _ ვიცი, ვიცი, რომ გულს გტკენ, მაგრამ მაგ შენს
დეტექტივებისა და ტრილერების მამას მეთოდები მოუძველდა.

(სიგნალიზაციას თიშავს)

ელეონორა (ჭიქას ავსებს) _ გეთანხმები, თანამედროვე მაყურებელს ასე იოლად ვერ დავაგოიმებთ..

ანა-მარია _ ჩვენ იდეალური მკვლელობა გვჭირდება.


ელეონორა _ კი, კი აი ისთი, მოწმეს რომ ვერ უპოვნი!
ანა-მარია _ და მკვლელს ვერასდროს ვერაფერს დაუმტკიცებ.
ალფრედო_ ჰაჰ, გამაცინეთ.. მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს, გოგოებო.
ანა-მარია _ ფხიზელი გონებით ამ დილემის გადაჭრა მართლაც შეუძლებელია..
(ჯიბიდან კოკაინით სავსე ტომსიკას იღებს და ფხვნილს მაგიდაზე ყრის)
ამიტომ...
ელეონორა _ გაუმარჯოს პაბლო ესკობარს!
(ფლეიერს ხელს აჭერს და სარელაქსაციო მუსიკას რთავს)
ანა-მარია _ ცოტა გავბრუვდეთ..
(კოქტეილის ჩხირს ელეონორას უწვდის)
ელეონორა _ გავიფართოვოთ ცნობიერების საზღვრები, ვიმოგზაუროთ უცხო პლანეტებზე და..
(ჩხირით კოკაინს იყნოსავს)
ანა-მარია _ შთაგონებაც გეწვევა.
(ვითომ კოკაინს იყნოსავს)
აბა?
ელეონორა (ხრინწიანი ხმით) _ ვხედავ.. კი, კი, ცხადად ვხედავ, რომ ჩვენი მკვლელი ქიმიკოსია..
ანა-მარია _ და რატომ, არა ბიოლოგი?
ელეონორა (ხრინწიანი ხმით) _ ან სულაც ექიმი.
ანა-მარია _ მთავარია, რომ მედიკამენტებში კარგად ერკვეოდეს..
ელეონორა (ხრინწიანი ხმით) _ და ზუსტად იცოდეს, როგორ მიაძინოს სამუდამოდ მსხვერპლი.
(კოკაინს იყნოსავს)
ანა-მარია _ ჰოდა, აყლურწინებს ეს ჩვენი ტვინიკოსი ვიღაც მიამიტს რაღაც გაურკვეველ ნაზავს..
ელეონორა (ხრინწიანი ხმით) _ დასცხებს იმ სულელს ინსულტი..
ანა-მარია _ ან ხეთქავს ინფარქტი..
ელეონორა (ხრინწიანი ხმით) _ და მიდი და ამტკიცე, რომ საგანგებოდ მოკლეს.
ალფრედო _ მეორდებით!
(ელექტრო ყავის-მადუღარასთან მიდის და რთავს)
5

ასეთი ტიპაჟი, ხალხს სიამოვნებით რომ წამლავს, წინა სერიალში უკვე გყავდათ.
ანა-მარია _ შეიძლება..
(წამოდგება და ტანით მუსიკას ყვება)
ელეონორა (კაიფში) _ მაგრამ ეს, იმისგან განსხვავებით, ცაცია იქნება..
(ანა-მარიას ცეკვაში უერთდება)
ანა-მარია _ და თან მკვლელობის დროს სიამოვნებას საერთოდ ვეღარ იღებს..
ელეონორა (კაიფში) _ გაარტყი.. ზუსტად გაარტყი.. პირიქით, იტანჯება კიდეც..
ანა-მარია _ კი, კიი, საშინლად განიცდის..
ელეონორა (კაიფში) _ და იცი რაა? მოდი, ფინალში ბერად აღიკვეცოს!
ალფრედო (გესლიანად) _ გინდ, ბერი გამხდარა და გინდ, პრეზიდენტი.
(ყავით სავსე ჭიქებს ქალებს ხელში აჩეჩებს)
მთავარია, დამკვეთი კამაყოფილი დაგრჩეთ და ჰონორარი დროულად ჩაგახუტოთ!
(კულისისკენ მიდის)
ჰოოო ისე, ყოველი შემთხვევისთვის, შემდეგ ჯერზე ახალ ექსპერიმენტს როცა ჩაატარებთ, თავში უროს ნუ
ჩამარტყამთ და ამ ხალიჩას ჩემივე სისხლით ნუ დამითხვრით, თორემ რთულად იწმინდება და
გადასაგდები გამიხდება!
(გადის)
ელეონორა (ფინჯნით ხელში დივანზე იშოტება) _ მოკლედ შევთანხმდით, ძირს ეგ სქელ-ტრაკა ჰიჩკოკი..
ჩვენ ჩვენსას ვაწვებით, დაიკო!
ანა-მარია _ კი, თუ მოვასწარით.
(ელეონორას ფეხსაცმელზე ექაჩება)
თორემ, კოლინს შევპირდი, რომ ჩემს გამგზავრებამდე მსახიობებს ხელში უკვე ტექსტი ეჭირებათ.
(ელეონორას მეორე ფეხსაცმელზე წვდება)
ელეონორა _ რას აკეთებ?
ანა-მარია _ მაგ შენი ბინძური ფეხსცამელებით ახალთ-ახალ დივანს გამიფუჭებ.
ელეონორა _ დაიკიდე!
ანა-მარია _ წარმოგიდგენია მაინცაა, რა დამიჯდა?
ელეონორა _ წარმომიდგენია.. ვაი რომ წარმომიდგენია..
(ფეხსაცმლებს გამოგლიჯავს)
მაგრამ გპირდები, რომ შენებურად თუ არ გაანჩხლდები და ჩემს ახალ ჩანაფიქრს, ცალი ყურით მაინც
მოისმენ, მილიონები დაგვეყრება თავზე, შე ფულის ღორო შენა.
(ცდილობს, მარჯვენა ფეხსაცმელში მარხენა ფეხი ჩატენოს)
ანა-მარია _ უკვე შემეშინდა!
ელეონორა_ და სულ ტყუილად.
(მეორე ფეხსაცმელს ვერ ერევა, თავს ანაბებს და ასე ცალი ფეხსაცმლით ფეხზე ბარისკენ მილასლასებს)
იცი, რატომ?
ანა-მარია _ არა და არც მაინტერესებს.
ელეონორა _ იმიტომ, რომ სიახლის გეშინია.
(ჭიქას ივსებს)
აი მე კი ამბიციები მაწუხებს და იმდენს მაინც ვხვდები, რომ ამ იაფფასიანი სატელევიზიო სერიალებით
შორს ვერ გავფრინდები.. კინო.. დიდი კინო მიხმობს და ოსკარებზე მაქვს პრეტენზია, ანა-მარია!
ანა-მარია _ მეც ელეონორა.. მეც.
(ჭიქას ჩამოართმევს და ვისკის ბოთლს ბარში ინახავს)
მაგრამ იქნებ, ჯერ ეს შეკვეთა დავასრულოთ, ჯარიმა რომ არ აგვკიდონ.. მერე ცოტა დავისვენოთ..
მოვივლით მე და ალფრედო ამერიკას.. დავიმუხტებით ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით და...
6

ელეონორა _ რა დროს ამერიკა და აფრიკაა.. ძლივს სუპერ-ტრილერის იდეა მიტრიალებს თავში..


სასწრაფოდ თუ არ ჩავუსხედით, მუზა ჩამიქრება.
ანა-მარია _ მესმის.. მშვენივრად მესმის, მაგრამ მე და ალფრედომ ეს მოგზაურობა კარგა ხნის უკან
დავგეგმეთ.. თან სულ რაღაც თვე-ნახევარი რას შეცვლის?!
ელეონორა _ იმას, რომ ეგ შენი თვე-ნახევარი აღარ და აღარ დაილია!
(ოთახში ღმუილის ხმა გაისმის)
რა ხმაა?
ანა-მარია _ ნუ ჩაიფსი! ვენტილაცია ჩაირთო ავტომატურ რეჟიმში.
ელეონორა (ხმამაღლა) _ რაა? არ მესმის.
ანა-მარია (ხმამაღლა) _ განიავდება ოთახი და თავისით გამოირთვება.
ელეონორა (ყვირილზე გადადის) _ რაო, რა მითხარი?
ანა-მარია (ყვირილითვე) _ გამოირთვება.. თავისით გამოირთვება-მეთქი!
(ხმაური წყდება)
ელეონორა (აგრესიულად) _ რა გაყვირებს?!
ანა-მარია _ შარზე ხარ?!
(ხელჩანთიდან ლაკს იღებს, ელეონორასგან ზურგშექცევით ჯდება და ფეხის ფრჩხილებს იღებავს. პაუზა)
ელეონორა _ კარგი, კარგი ჰო, უხეშად მომივიდა, მაპატიე.
(ანა-მარია ხმას არ სცემს)
შენ რა გამებუტე?
(მხრებზე ეხვევა)
ხომ იცი, ხანდახან რა ვირიც ვარ.
(ლოყაზე კოცნის)
ანა-მარია _ აღიარებ?
ელეონორა _ ვაღიარებ.. ჰო, ვაღიარებ.. აი..
(ოთხზე დგება და ყროყინებს)
იო.. იო.. ვირი ვარ და ვყვირივარ.. ვირი ვარ და ვყვირივარ.. იო, იო, იო, მხეცი თემაა.. ნამდვილი ბომბი..
შედევრიიიი!
ანა-მარია (ოხვრით) _ შენ შენსას არ დაიშლი და დაფქვი!
ელეონორა (ბარიდან ვისკის ბოთლი გამოაქვს) _ მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ
ქიმიკოსები, ბიოლოგები, ექიმები და მთელი ჩვენი გამოშტერებული ინტელიგენცია დღეს აღარავის
აინტერესებს.
ანა-მარია (ცინიკურად) _ აჰა?!
ელეონორა _ მსოფლიოს ფული მართავს.. ფული.. და ამიტომ ჩვენი მთავარი გმირიც ბიზნესს უნდა
წარმოადგენდეს.
ანა-მარია (ცინიკურად) _ ყოჩაღ შენ!
ელეონორა _ ჯერ სადა ხარ.. ახლა უყურე, ამ ჩვენმა საქმოსანმა თავისი მეწილის გზიდან ჩამოშორება
გადაწყვიტა.
ანა-მარია (ცინიკურად) _ კარგი ერთი?!
ელენორა _ და ნახე რა ჩათლახურად მოიქცა _ მის ცოლს ჯერ ყვავილები მიართვა, მერე კომპლიმენტები
დააყარა თავზე, ერთი-ორჯერ რესტორანში დაპატიჟა და ბოლოს საწოლშიც ჩაიგორა.
ანა-მარია _ რა ბანალურია!
ელეონორა _ შენ ბანალური ეძახე და ყურებამდე შეყვარებულმა ნაშამ ქმრის სისუსტეებზე ყველაფერი
ჩაუკაკლა..
ანა-მარია _ და?
ელეონორა _ აღმოჩნდა, რომ თურმე იმ საწყალს სიმაღლის ისტერიული შიში აქვს.
ანა-მარია _ ეს უკვე საინტერესოა!
7

(ფრჩხილებზე ლაკის წასმას წყვეტს)


ელეონორა _ ამიტომ ამ ჩვენმა ლაველასმა, რომელიც სერიოზული ალპინისტია, ეს ქვეშა-ჯვია ბიზნეს-
პარტნიორი სასწრაფოდ ჯომოლუნგმის დასალაშქრად დაპატიჟა.
ანა-მარია _ რა ჯომოლუნგმა, რის ევერესტი, სიმაღლეზე თუ გული მისდის, არავის არსად გაყვება.
ელეონორა _ ცუდად იცნობ ასეთების ფსიქოლოგიას.. უტყდებათ, აზიზას და დედიკოს ბიჭს როცა ეძახიან..
პირიქით, ყირაზე დგებიან, რომ საკუთარი ვაჟკაცობა დაამტკიცონ.
ანა-მარია _ არის ამაში ლოგიკა.
ელეონორა _ ჰოდა ამიტომაც, ეს იდიოტი შეთავაზებას მაშინვე დათანხმდა.. დაიპყრო მწვერვალი..
(ბარის ზედაპირზე ბობღდება)
გახსნა შამპანიური..
(ვისკის ბოთლს პირზე იყუდებს)
და ისე გაილეწა.. ისე, რომ ვერც კი მიხვდა, საკუთარი ხელით სამარე რომ გაითხარა.
ანა-მარია (უახლოვდება) _ როგორ?
ელეონორა _ როგორ და ჩვენმა ძვირფასმა მთავარმა გმირმა ეს ჭკუა-სუსტი თოვლსა და ქარბუქში
უპატრონო ძაღლივით მიაგდო, თავად ბანაკში დაბრუნდა და პანიკა ატეხა.
ანა-მარია _ მერე?
(ელეონორას ბარიდან ჩამობობღებაში ეხმარება)
ელეონორა _ დაიძრნენ მაშველები..
ანა-მარია _ მაგრამ?
ელეონორა _ აპრუწუწუნ, მეგზური ისევ ესაა და ჯგუფი სულ სხვა მარშრუტით მიყავს.
ანა-მარია _ აწანწალა, ათრია, წინ და უკან, ეს ამდენი ხალხი და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ
აღმოაჩენინა გაყინულ-გათოშილი გვამი.. არა?!
ელეონორა (თავს უქნევს) _ ასე, რომ დანაშაული სახეზეა, კვალი კი..
ანა-მარია _ ჩემი ფეხები!
ელეონორა _ და ამ ჩვენს ჯიგარს ვერასდროს ვერაფერს დაუმტკიცებენ.. ესეც შენი იდეალური მკვლელობა.
(გაისმის ზუზუნის ხმა და ჟალუზები ნელ-ნელა იხსნება)
ეს.. ეს რაღა ჯანდაბაა?!
ანა-მარია _ პერიოდულად ჟალუზები იხსნება, მცენარეებს მზის სხივი რომ მოხვდეთ.
(მექანიზმში რაღაც იშლება და ჯალუზები ხან იხურება, ხან კვლავ იხსნება)
ელეონორა _ ასე პორცია-პორციად?
ანა-მარია _ არა, ეტყობა, რაღაც მოიშალა.
(პულტს ჟალუზებს უშვერს და ცდილობს დაარეგულიროს)
ისე ნეტავ, რა ტემპერატურაზე ან რამდენ საათში შეიძლება გაიყინოს ადამიანი?
ელეონორა _ ეგ დეტალები არ მაინტერესებს.
(აივნის შუშას მუშტა ურტყამს. ჟალუზები მოძრაობას წყვეტს)
როგორც ყოველთვის, მე იდეებს ვაცხობ, დანარჩენი შენი საქმეა.
ანა-მარია _ რა თქმა უნდა.. რა თქმა უნდა.. მე ხომ მხოლოდ შემსრულებელი ვარ.. ერთი უბრალო შავი
მუშა და სხვა არაფერი.
ელეონორა _ ვერ ვხვდები, რა არის ახლა ამაში საწყენი?!
ანა-მარია _ არც არაფერი, გარდა იმისა, რომ არ გაგიმართლა.. სამწუხაროდ, ამ ჯერზე ვერ მოგემსახურები..
გაგიკვირდება, მაგრამ საკუთარ დეტექტივზე უნდა ვიმუშაო.
ელეონორა _ კარგი რამეც გამოგივა!
ანა-მარია _ ნუ დარდობ, ფაბულას როგორმე შენზე უკეთ შევკრავ.
ელეონორა _ ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
ანა-მარია _ დამცინე, დამცინე და არც ჯომოლუნგმა მჭირდება და არც მაშველთა მთელი კორპუსი,
მკვლელობის კვალი რომ წავშალო.
8

(კედლიდან საფარიკაო ნიღბებსა და შპაგებს ხსნის და ცალ წყვილს ელეონორას უგდებს)


ჰო, ჰო, შენგან განსხვავებით, არაფერს ჩავხლართავ.. ყველა მოვლენას, ჟანრის სრული დაცვით, ერთ
ადგილზე გავათამაშებ და მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟით შემოვიფარგლები.
ელეონორა _ იმიტომ ხომ არა, წარმოსახვაში რომ გენძრევა?!
(ნიღაბს სახეზე ირგებს)
ანა-მარია _ პირიქით, გენიალურობა სიმარტივეშია და არა სირთულეში, უწიგნურო!
(ნიღაბს ირგებს და ელეონორას უტევს)
ელეონორა (თავს იცავს) _ ანაც უბრალო ნეპოტიზმში..
(შეტევაზე გადადის)
კი, კი, შენი ბიძაშვილი კოლინი ნებისმიერ ნაბოდვარს ისეთ რეკლამას აუგორებს, რომ გლიჯინ-გლიჯინით
გაგეყიდება.
ანა-მარია _ რაღაც კაპიკებში, ჰო?!
(დარტყმას იცილებს და მაგიდაზე ხტება)
ელეონორა _ და შენ, რა თქმა უნდა, ალფრედოს ძვირად ღირებული სათამაშოები რომ არ მოაკლო,
მილიონებზე გაგიჩნდა პრეტენზია.
(მაგიდაზე ხტება და მორიგ დარტყმას ახორციელებს)
ანა-მარია_ რატომაც არა?! ფული ძალაა, გაიჩენ და მერე თუ გინდა, მაგ შენ ნანატრ ოსკარსაც იყიდი!
(შპაგის წვერს კისერზე აბჯენს)
აი ასე, ინსტიტუტიდან მოყოლებული არც ერთი ბრძოლა არ მოგიგია ჩემთვის.
ელეონორა _ ნუ გამიხვრიტე საძილე არტერია.. გნებდები!
(შპაგას ხელიდან აგდებს)
და თუ ასე ანთებული ხარ მაგ შენი იდეით, რა გვიშლის ხელს, დავსხდეთ და განვიხილოთ.
ანა-მარია _ მართლა ვერ ხვდები და გაგიშიფრო?
(შპაგებსა და ნიღბებს კედელზე კიდებს)
ელეონორა _ გისმენ.
ანა-მარია _ მიმაჩნია, რომ მთლიანად ამოვწურეთ ერთმანეთი და დროა, ბედი დამოუკიდებლად ვცადოთ.
ელეონორა _ თავიდან მიშორებ?
ანა-მარია _ არა, დროებით გემშვიდობები.
ელეონორა _ და ეს ამერიკაც ამიტომ აიტეხე, ჰო?!
(ვისკის ყლურწავს)
კი, კი, შენ ისეთი ნაბოზარი ხარ, ჰოლივუდში უკვე რაღაც არხები გექნება გაჭრილი.
ანა-მარია (ოთახში შერკინების დროს მიმოყრილ ნივთებს ალაგებს) _ ნუ იგონებ, დასასვენებლად
მივემგზავრებით.
ელეონორა _ გიგანტური კინო-ინდუსტრია, წითელი ხალიჩა, ოვაციები, საოცნებო ჰონორარები და მზად
ხარ, მე კი არა, სამშობლოც მიაყიდო!
ანა-მარია _ გესმის მაინცაა, რას როშავ?
ელეონორა _ მესმის.. ყველაფერი გადსარევად მესმის, გარდა ერთისა _ მაყუთს ასე თუ აფეტიშებ,
გდებულიყავი იმ შენს კულტურის სამინისტროში, გეფათურებინა ბიუჯეტში ხელი, გამოგეწერა
წამდაუწუმ შენი თავისთვის დაუმსახურებელი პრემიები და ეგაა, მუქთა ლუკმა არასდროს
მოგაკლდებოდა.
ანა-მარია _ შენსას არ იშლი არა?! შეიგნე, მე ერთ რიგით დეპარტამენტს ვხემძღვანელობდი და ფინანსებში
არავინ მახედებადა. პირიქით, თვიდან-თვემდე ძლივს გაგვქონდა თავი და შეიძლება ითქვას, რომ ცარიელ
ენთუზიაზმზე ვმუშაობდით. თან, არც ის ცნობილი სკანდალი დაივიწყო.
ელეონორა _ რა დამავიწყებს, იუდავ! დროზე რომ არ აგეჯვა იქიდან, იმ შენი მინისტრივით შუბლში
ტყვიას დაიხლიდი.
9

ანა-მარია _ ეგ შენი სტილი უფროა.. მიდი, გაამდიდრე კაზინოები, ნარკოტიკების გამსაღებლები,


სტრიპრიზ-ბარებიდან მოხსნილი საყვარლები და რა ჩიტსაც დაიჭერ, მაგასაც ვნახავ!
(შემოდის წინსაფარ-აფარებული ალფრედო, ხელში ჩამჩით)
ალფრედო _ არიქა, მიშველე რამე, მამან.. აირღუმელის ნათურა ისევ აციმციმდა.
ანა-მარია _ რითი ვერ გაერკვიე ამ ტექნიკაში, პაწი?!
(თმას უჩეჩავს)
ალფრედო _ ყველა შენსავით გონიერი ვერ იქნება, ჩემო პანტერავ!
(ტუჩებში კოცნის და ორივენი სცენას ტოვებენ. ელეონორა სტენდს უახლოვდება და ფოტოებს
ათვალირებეს; თაროსთან გადაინაცვლებს და დისკები სათითაოდ გამოაქვს)
ელეონორა _ „ფანჯარა ეზოს მხარეს“, „39 საფეხური“, „ფუჭი დიდება“, „ თავბრუსხვევა“, „თოკი?!“
(ბოლო დისკს მონუსხულივით აშტერდება)
თოკი.. თოკი.. თოკი.. და რითი ჯობია ვითომ დანას?!
(დისკს ფლეიერში ათავსებს)
ჰაჰ, ვნახოთ, ვნახოთ, ჩემო ძმაო ხიჩკოკ, აქაც აბუჩად ხომ არ გვიგდებ?!
(ეკრანზე ფილმის პირველი კადრი ჩნდება)
ჰმ, საინტერესოა.. ძალიანაც საინტერესო..
(კისრიდან შარფს იხსნის, ჰიჩკოკის ბიუსტს მაგიდაზე შემოდგამს, შარფს ყელზე შემოახვევს და ყულფის
გამონასკვას ცდილობს. ბიუსტს თავი ატყდება)
თუმცა უაღრესად არაეფექტური.. ყულფის გამონასკვას დიდი დრო მიაქვს.. არადა აფსუს, რა სიამოვნებით
წავახრჩობდი ზოგ-ზოგიერთებს!
(მოულოდნელად ოთახი ბნელდება და გაისმის დიქტორის ხმა)
ხმა _ ყურადღება, ყურადღება.. თერთმეტი საათია..
(მომცრო ნოხის გარშემო იატაკზე დამონტაჟებული ელექტრო-სანთლები ინთება)
არ დაგავიწყდეთ მედიტირება.. ჩაჯექით ლოტოსის პოზაში..
(დაბნეული ელეონორა ნოხზე ლოტოსის პოზაში ეშვება)
ხმა _ დახუჭეთ თვალები..
(ელეონორა აქეთ-იქით იხედება და ხმის წყაროს ეძებს)
ხმა _ დახუჭეთ-მეთქი!
(ელეონორა თვალებს ხუჭავს)
და ჩემთან ერთად გაიმეორეთ მაგიური სიტყვა _ აუუმ!
ელეონორა _ აუუუმ!
ხმა _ აუუმ!
ელეონორა _ აუუუმ!
(შემოდის ანა-მარია)
ანა-მარია _ ღმერთოო, რა უსუსურია ეს ჩემი ბიჭი.. რა ეშველება უჩემოდ?!
ელეონორა _ სხვა ფულის ტომარას დაკერავს.. აუუუუმ!
ანა-მარია (პულტს თითს აჭარს და ხმას თიშავს. ოთახი ნათდება) _ შური გალაპარაკებს და ბოღმა!
ელეონორა (თვალებს ახელს) _ ნამდვილად!
(ფეხზე დგება)
ბილ-გეიტსის ბაითში მგონია თავი.. კედლებიც კი მეტყველებენ..
(ჭიქას ივსებს)
მაგრამ, მე მაინც ჩემი მყუდრო სორო მირჩევნია.
ანა-მარია _ რას ვიზამთ, გემოვნებაზე არ დავობენ.
(პულტს თითს აჭერს და აივნის კარს აღებს)
ოოოოჰ, რა ჰაერია.. იოდით გაჟღენთილი.. ჯანმრთელობისთვის მისწრებაა.
10

ელეონორა (აივანზე გადის) _ ზღვის ხედს რომ გადაყურებ, მაგრა ასწორებს.. თუმცა, ეს ბოლო სართული
მაგრა ტეხავს.. ლიფტი რომ გაფუჭდეს, რას შვრებით?!
ანა-მარია (აივანზე გადის) _ სათადარიგოს ჩართავენ. გენერატორზე მუშაობს.
ელეონორა _ ვააა ჩემი!
(ფანჯარაზე აკაკუნებს)
ტყვია-გაუმტარია, თუ რა ხდება?!
(ოთახში ბრუნდება)
ანა-მარია _ გიკვირს, ხომ?! და სხვათშორის, ხმურსაც მშვენივრად ახშობს.
(ოთახში ბრუნდება და კარს კეტავს)
აი, უსმინე!
ელეონორა _ ბრრრ, მაშინებს კიდეც ასეთი სიჩუმე.
ანა-მარია _ ეს იმიტომ, რომ ქვედა სართულებზე ჯერ-ჯერობით არავინ ცხოვრობს.. გასაყიდია ბინები.
ელეონორა _ ნუუ, ფასებს თუ გავითვალისწინებთ!
ანა-მარია _ თუმცა ამბობენ, ზაფხულისთვის თავისუფალი ფართი აღარ დარჩებაო. სამწუხაროდ.
ელეონორა _ შენც მოახტი იმ შენს ძვირფას კატერს და გაეცალე ამ ბინძურ ქალაქს. გაირუჯე, ითევზავე,
დაკავდი დაივინგით და დატკბი წყალქვეშა სამყაროს მშვენიერებით
ანა-მარია _ რა გაღიზიანებს, მე და ალფრედოს კარგი ცხოვრება რომ გვიყვარს?!
ელეონორა _ არა, ასე შორს რომ გამომექცით. მომკლა ყოველ დღე აქეთ-იქით წანწალმა.
(ჭიქას ივსებს)
ანა-მარია _ აი მიზეზი, რატომაც უნდა უნდა დავშორდეთ ერთმანეთს.. ნერვებსაც დაზოგავ და მგზავრობის
თანხასაც.
(ბოთლს კვლავ ბარში აბრუნებს)
ელეონორა _ დიდი მადლობა, ასე რომ ზრუნავ ჩემზე.. ბარემ, ისიც მასწავლე, შენს გარეშე, ეს ამდენი ვალი
როგორ გავისტუმრო?
ანა-მარია _ ახალ პარტნიორზე იჩალიჩე.
(დივანს თავს ხდის და სათავსოდან ტანსაცმლის ამოლაგებას იწყებს)
ელეონორა _ ჰაჰაჰა, როგორ, საიდან?
ანა-მარია _ იმ ბავშვს დაურეკე, წიგნის რედაქტირება რომ გთხოვა. მოცია, რა ერქვა? ბაბეტა, არა?!
ელეონორა _ კი არ მთხოვა, გვთხოვა.. გვთხოვა.. ორივეს.. ტანდემში!
ანა-მარია _ და რა იცვლება მაგ შენს ტანდემში ერთი წევრის გარდა?! ნიჭიერი გოგო ჩანს. ისარგებლე
მომენტით და ლიმონივით გამოწურე.
(ტანსაცმელს არჩევს და მოწონებლს აკურატულად კეცავს)
ელეონორა _ რომელი ექსპლუატატორი მე მნახე?! ეს შენ გეხერხება სხვების ბოლომდე გაჟიმვა!
(ერთ-ერთი კაბა მოსდის თვალში, ხელს წაავლებს და ათვალიერებს)
ანა-მარია _ მოიცა, მოიცა, გაჟიმვას რას ეძახი, ჰონორარებს შუაზე რომ გიყოფ?!
ელეონორა _ შუაზე თუ მიყოფ, საიდან ეს ამხელა პენტჰაუზი და რატომ ვიგუდები მე ერთ მოციცქნულ,
ნესტიან ოთახში?!
(კაბას კომბინიზონზე გადაიცვამს და სარკის წინ ტრიალებს)
ანა-მაია _ მე მომავალზე ვზრუნავ და აქციებს ვყიდულობ, შენ ორგიებს არ მაზავ, შემოგევლე.
ელეონორა _ აბა რა, აბა რა, იმას ხომ ვერ მეტყვი, ფულის გარდა, იდეებსაც გიტეხავო.. ეს კაბა _მე!
(კაბას იხდის და ზურგჩანთაში ტენის)
უნიჭო ხარ, აბსოლუტური ნული და მხოლოდ სხვისი აზრების ქურდობა შეგიძლია!
ანა-მარია _ მითუმეტეს, რა ჩემ ფეხებად გჭირდები?
ელეონორა _ ჩემს იდეებს ფრთები რომ შეასხა.. ჰო, ასეა გენიოსებს რუტინა გვეზიზღება.. შენ კიდევ შრომა
არ გეზარება, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავს და ვისაც საჭიროა, ტრაკსაც მშვენივრად ულოკავ.
(ახალთ-ახალი შარვალი ხვდება თვალში და სარკისკენ მიაქანებს)
11

ელეონორა _ ჩაისუნთქე, არ დაიხრჩო!


(ტელეფონის ხმა. ელეონორა ყურმილს იღებს)
ალო, გისმენ კოლინ.. როგორ? მერე ცოტა ადრე ვერ გაგვაფრთხილეს მაგ დედააფეთქებულბმა?!
(ელეონორა შარვალს ამოიცვამს)
არა დასწრება რა პრობლემაა, მაგრამ მაგ დროს ამერიკაში ვიქნები.
(ბარის უკნიდან ჩემოდანს გამოათრევს და ხსნის)
რაო? მაშინ ელეონორა გამოვუშვა ჩემს მაგივრად? კი, თუ დავითანხმე. კრგი, კარგი, ბიძია მომიკითხე.
(ყურმილს კიდებს)
მაგ შარვალს ხელი გაუშვი, მე მჭირდება.
ანა-მარია _ რა ძუნწი ხარ?!
(შარვალს იხდის და ანა-მარიას ესვრის)
რაო, რა მინდაო მაგ შენმა საყვარელმა ბიძაშვილმა?
ანა-მარია _ ტელე-ფილმების კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო სერიალის ავტორებად დაგვასახელა.
(დაკეცილ ტანსაცმელს ჩემოდანში ალაგებს)
ელეონორა_ და ხეირი რაა რო?
ანა-მარია _ რა ვიცი, დაჯილდოვების ცერემონიალზე დიდის ამბით კი დაგვიბარეს დააა...
ელეონორა _ მე _ პას. გამოიპრანჭე ახლა მაგ ახვრების გამო და უსმინე ათასგვარ სისულელეს.. თან
ზუსტად ვიცი, რომ ფურშეტსაც არ გაშლიან.
ანა-მარია _ მე ამერიკა მიხმობს, ასე რომ...
ელეონორა _ ვწუხვარ, მაგრამ მაგ ბორდელში ვერაფრით შემიტყუებ.
(უჩუმრად ტანსაცმლის გროვიდან ჟაკეტს აძრობს და ზურგჩანთაში ტენის)
ანა-მარია _ ბორდელი ეძახე და ჩვენი ბედი სწორედ მანდ წყდება, ხისთავიანო.
(ზურგჩანთაში გადამალული ჟაკეტი ამოაქვს)
ელეონორა_ რომელი ბედი?! რაღაც ტილიანი პრიზი, რომელსაც ვერც დალევ და ვერც საწოლში ჩაიგორებ.
ჰოდა, შეითხარონ ტრაკში!
(ბარისკენ მიბანცალებს)
ანა-მარია (წინ ეღობება) _ გეყოფა, მეტი აღარ დალიო, ისედაც გალეწილი ხარ.. და მერე გიკვირს, შენთან
მუშაობა რატომ აღარ მინდა.
ელეონორა (საყელოზე წვდება, მუქარით)_ არადა, მოგიწევს.. ჰო, ჰოო, ერთი ვნახოთ, როგორ მომიშორებ
თავიდნ.
ანა-მარია (მის ჩამოცილებას ცდილობს) _ და ხელს რა შემიშლის?
(ხელს კრავს და იატაკზე აგდებს)
წადი, წადი სახლში და გამოიძინე.. იქნებ, ნათელ გონებაზე მაინც მოხარშო, ჩვენს შორის რომ ყველაფერი
დამთავრდა.
ელეონორა (მუხლებში უვარდება, მუდარით) _ გეხვეწები, გემუდარები, არ გამწირო.. შენს გარეშე, ზედ
არავინ შემომაფურთხებს.
ანა-მარია _ ამაშია საქმე, როდემდე გათრიო პატარა ბავშვივით და ვაგვარო შენი უაზრო პრობლემები?!
დავიღალე, გესმის?! და-ვი-ღა-ლე!
(ქეჩოში წვდება და კარისკენ მიათრევს)
ელეონორა _ გეფიცები, უკანასკნელი შანსი მომეცი და შევიცვლები.
ანა-მარია _ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან!
ელეონორა _ დაგემონები.. მიმსახურე.. თუ საჭიროა ფეხებსაც დაგბან, ოღონ ყველაფერი ძველებურად
დარჩეს.. თორემ...
ანა-მარია _ თორემ?!
ელეონორა _ შენც თან ჩაგითრევ ამ ჭაობში!
ანა-მარია_ ბატონოო?!
12

ელეონორა (წინ ეჭიმება; სისინით) _ ჰო, ჰო, ციხე არ აგცდება!


ანა-მარია (იცინის)_ მაინც როგორ?
ელეონორა _ როგორ და, წლების წინ, როცა ფინანსური პოლიცია იმ შენს კორუმპირებულ კულტურის
სამინისტროში რევიზიას ატარებდა და როცა ათობით დეპარტამენტის ხელმძღვანელი დააკავეს, შენ
არავინ შეგხებია.
ანა-მარია _ მერე?
ელეონორა _ რამდენადაც მახსოვს მილიონების გადახარჯვაზე იყო საუბარი.
ანა-მარია _ და?
ელეონორა _ ნეტავ, სად აორთქლდა ის ფული.. ფეხი ადიგა, თუ...
(გრძელი პაუზა)
ანა-მარია _ რა უნდა გელაპარაკო, გულს მირევ!
(ჩემოდანს საძინებლისკენ მიაგორებს)
ელეონორა (ეწევა, ჩემოდანზე ფეხს უკრავს და აყირავებს) _ ვერსად გამექცევი, რადგან ხელში
დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები მიჭირავს.
ანა-მარია _ რას ბჟუტურებ, გესმის მაინცაა?!
(ჩემოდანს ფეხზე აყენებს)
ელეონორა (ჩემოდანს კვლავ უყირავებს) _ მესმის.. არაჩვეულებრივად მესმის.. იმიტომ, რომ ერთ
მშვენიერ დღეს, როცა აი ამ მაგიდის უჯრაში კალამს ვეძებდი, შემთხვევით საბანკო წიგნაკს გადავაწყდი..
გადავშალე და ექვსნიშნა ციფრებისგან თვალები ამიჭრელდა.. მერე ორს ორი მივუმატე და გონება
გამინათდა: შენ და შენმა ცხონებულმა უფროსმა სამინისტროს სალარო გამოაცარიელეთ, ოფშერულ
ზონაში ანგარიში გახსენით და იქით გადაქაჩეთ მთელი თანხები.
ანა-მარია _ ავადმყოფი ხარ.. ნამდვილი ავადმყოფი.. ერთი ქეციანი წიგნაკით, რის დამტკიცებას აპირებ?
ელეონორა _ მე _ არც არაფრის.. აი პროკურატურა კი იმედია, ძველ საქმეს ახალ მსვლელობას მისცემს.
ანა-მარია _ შე ნაძირალა, შენა.. შე არა ადამიანო!
(ყელში წვდება და ახრჩობს. ელეონორა ეწინააღმდეგება. ქალები ეცემიან და იატაკზე გორაობენ. შემოდის
ალფრედო, ლანგრით ხელში, რომელზეც თეფშები და ჭიქები ალაგია)
ალფრედო _ დიდი ბოდიში, მუშაობაში ხელს თუ გიშლით, მაგრამ სადილი მზადაა.
(ქალებს გვერდს უვლის და სუფრას შლის)
ანა-მარია _ მესამე თეფში შეინახე, ელეონორა სახლში მიდის.
ალფრედო (ელეონორას)_ კარგი რა, ამდენი რისთვის ვიწვალე?!
ელეონორა _ მგონი, წნევამ ამიწია და თავი მისკდება.. თან გამახსენდა, რომ ქალაქში შეხვედრა მაქვს
დანიშნული.
ალფრედო _ აფსუს, რა ლაზანიას მაზავ?!
(ანა-მარიას)
წავალ შემოვიტან, ვიდრე გაციებულა.
(ცოლს შუბლზე კოცნის და სამზარეულოს უბრუნდება. ქალები ერთმანეთს შეცქერიან)
ელეონორა _ აბა?
ანა-მარია _ ჯანდაბას ჩემი თავი, სადაც აქამდე მითმენია, ცოტასაც გაგიძლებ.
ელეონორა (ჩემოდნიდან იმ შარვალს აძრობს, რომელიც მოიზომა; უდარდელად) _ ჩათვალე, რომ
შერიგების ნიშნად მაჩუქე
(ზურგჩანთას მხარზე იგდებს და კარისკენ მიემართება)
ჰო და ჯომოლუნგმა თუ არ გევასება, იყოს ბატონო ევერესტი.
(ანა-მარიას თვალს უკრავს და გადის)
ანა-მარია (ღრიალით)_ ააააააა!
(ჩემოდანს წიხლებს უშენს. შემოდის ალფრედო, ლაზანიით ხელში)
ალფრედო (დაბნევით)_ ესეც მორიგი ექსპერიმენტია?
13

ანა-მარია (აგრესიულად) _ ნეტავ!


ალფრედო _ მაშინ?
ანა-მარია _ მაგ დამპალმა ოფშერებზე ყველაფერი იცის.
ალფრედო (თეფში ხელიდან უვარდება)_ არ მჯერა.. საიდან?
ანა-მარია _ ეს უჯრა გაჩხრიკა და შემნახველი წიგნაკი იპოვნა.
ალფრედო (სავარძელში უღონოდ ეშვება) _ და.. და.. და..
ანა-მარია _ პროკურატურით მემუქრება.
(ჩალმას იხსნის და ლაზანიით დათხვრილ იატაკს ასუფთავებს)
ალფრედო (ისტერიულად) _ დავიღუპეთ.. დავიღუპეთ.. დავიღუპეთ!
(ანა-მარია სილას ურტყამს)
რა დაგიშავე?
ანა-მარია _ ახლა პანიკის უფლება არ გვაქვს!
ალფრედო _ მაშინ?
ანა-მარია _ ვიმოქმედოთ.
(პულტს თითს აჭერს და ვიდეო-ფლეიერს რთავს)
ალფრედო _ როგორ.. მაინც როგორ?!
ანა-მარია _ როგორც საუკეთესო დეტექტივებში.
(უჯრიდან რევოლვერი ამოაქვს და ტენის; ტელევიზორის ეკრანზე ც იგივე ხდება)
მაგ გველის წიწილას ბუდეშივე მოვკლავთ და კვალს არ დავტოვებთ.
(ჩახმახს გადაწევს და იარაღს ალფრედოს უშვერს. ეკრანზეც ვიღაცას ვიღაც მიზანში ყავს ამოღებული)
ბაბახ!
(ლაურას შეძახილს ფილმის გასროლის ხმა ემთხევა)
ალფრედო (შიშისგან ეცემა) _ რა უცნაური ხუმრობა იცი, საყვარელო!
(სინათლე)

2 სცენა

(ნათდება ოთახი. ანა-მარია უზარმაზარ ყუთს მოათრევს, საიდანაც ვისკის ბოთლები ამოაქვს;
უმრავლესობას ბარში ინახავს, დანარჩენს მისაღებსა და საძინებელში ანაწილებს; ბოლო ბოთლს
საერთოდაც ხსნის და ალკოჰოლს დივანსა და სავარჯიშო ხალიჩას ასხამს. აივანზე გადის, დაცლილ
ტარას მოაჯირს ჩამოკრავს, ტეხს და ნამტვრევებს დაწნული სავარძლის გაშემო ფანტავს. ტელეფონის
ხმა. ანა-მარია მისაღებში ბრუნდება და ყურმილს იღებს)
ანა-მარია _ გისმენთ.
(ხმა ეცვლება)
შენ რა გაგიჟდი?! ხომ გთხოვე, სახლში არ დამირეკო-მეთქი! ვინ? ალფრედო? არა, გადავრჩით, ახლა
გასულია.. მაგრამ, აქ რომ ყოფილიყო და ყურმილი აეღო, წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა?!? დაშვიდდი!
დამშვიდდი და მომისმინე, ცოტაც უნდა მოითმინო! თვენახევარი ისე ჩაირბენს, ვერც კი შეამჩნევ.
გეფიცები, შტატებიდან დავბრუნდები და ყველაფერს დავალაგებ.. აი ნახავ, ჩვენი ცხოვრება
რადიკალურად შეიცვლება..
(ნერვიულად იცინის)
რა მაცინებს და არაფერი.. ნუ მომაქცევ ყურადღებას..
ალფრედოს ხმა (კულისიდან) _ მოვედიიი!
ანა-მარია (პანიკურად) _ დაბრუნდა.. ჰო, ჰო, დაბრუნდა..
14

(შემოდის ალფრედო)
კარგი აბა, გადმოგირეკავ.. ჩაო.
(ყურმილს კიდებს და საათზე იხედება)
სად ხარ ამდენ ხანს?
ალფრედო (დაძაბულად)_ საცობში მოვყევი.
ანა-მარია _ რა ქენი, გამოგიწერეს რეცეფტი?
ალფრედო _ კი, ვიყიდე კიდეც.
(ლაბადისა და პიჯაკის ჯიბეებში იქექება, ვერაფერს პოულობს)
ა, ჰო..
(შარვლის ჯიბიდან აბებით სავსე ბოთლი ამოაქვს)
აი!
ანა-მარია _ ზედმეტი შეკითხვები ხომ არ დაუსვამთ?
ალფრედო _ კი, პროვიზორმა რაღაც იეჭვა..
ანა-მარია _ ნუ იგონებ, ეს ჩვეულებრივი ძილის წამალია, დაგჭირდა და რა არის ახლა ამაში
განსაკუთრებული?!
(ბარიდან ფიალასა და სანაყ ქვას იღებს)
ჩაყარე!
ალფრედო (აბებს ფიალაში ცლის და ნაყავს) _ ვინ დაგირეკა?
ანა-მარია _ კოლინი იყო, ბედნიერი მგზავრობა გვისურვა.
(უჯრიდან პარკი ამოაქვს, ხსნის და სიგარეტის ნამწვავებს საფერფლეებში ანაწილებს)
ალფრედო _ ბიძაშვილობაც ასეთი უნდა, გადამკვდარია შენზე.
ანა-მარია _ რატომაც არა, რაც ჩემი აგენტი გახდა, ქალაქგარეთ 5 ვილა აიშენა.
(გადავსებულ საფერფლეებს ოთახში ანაწილებს. საათზე იხედება)
ათი ხდება.
ალფრედო _ ჰო, სადაცაა მოვა. ლამისაა, გული გამისკდეს.
(მოზრდილ ნამწვს წვდება და აკანკალებული ხელით უკიდებს)
ანა-მარია _ გადაირიე?!
(ნამწვს გამოგლეჯს)
გინდა, რომ ნერწყვის კვალი დატოვო?! შეიგნე, ამ ნამწვავებსა და ბოთლებზე პოლიციამ მხოლოდ იმ
კრეტინის დეენკა უნდა აღმოაჩინოს!
ალფრედო _ და წვეთს თუ არ გაეკარა?
ანა-მარია _ ვინა, ეგ ლოთი?!
ალფრედო _ მაშინ საერთოდ ვეღარ ვხვდები, ეს ძილის წამალი ყავაში რატომ უნდა ჩავუყარო?!
ანა-მარია _ რამდენჯერ აგიხსნა, ბოლომდე რომ მოდუნდეს და კრიტიკულ მომენტში სწრაფად
რეაგირება ვერ შეძლოს.
ალფრედო _ და კოკაინი? ძილის წამალას კოკაინი ჯობია.
ანა-მარია _ ძვირია.. მაგდენს ვერ გავწვდებით..
(ზარის ხმა)
ამ ტელეფონმა ხომ ტვინი წაიღო!
(ყურმილში)
რომელი ხარ? გისმენ, კოლინ!
(ყურმილს ხელს აფარებს; ალფრედოს)
ისევ ჩემი ბიძაშვილია.. ეტყობა, რაღაცის თქმა დაავიწყდა.. შენ დროს ნუ დაკარგავ და ესპრესო
მოადუღე.. ოღონდ, ძალიან ბევრ ფხვნლსაც ნუ შეურევ, თორემ გემოს შეუცვლის და გავიყიდებით.
ალფრედო _ ღმერთო, ღმერთო, ბავშვობის მეგობრები მაინც არ იყოთ.. ნუთუ, საერთოდ არ გრბრალება?!
(ღრმად ოხრავს, პარკებს წვდება და გადის)
15

ანა-მარია (ყურმილში) _ უკაცრავად.. რა გადავწყვიტეთ და ელეონორა მანდ მომსვლელი არაა.. ჰო, მე


მომიწევს ჯილდოს ასაღებად ლონდონში ერთი დღით ჩამოფრენა.
(კარზე ბრახუნი)
ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვე! კარგი, ცერემონიალზე შევხვდებით.
(ალფრედო კარს აღებს. შემოდის ელეონორა, მხარზე სამგზავრო ჩანთით)
ელეონორა _ აბა, ფორმაში ხარ, ლომო?
(საჯდომზე ხელს წამოარტყამს)
იმედია, შენი ცოლის ხელში, პოტენცია არ დაგიქვეითდა.
(ქამარს უხსნის)
ალფრდო (უჟმურად) _ ნუ სულელობ. გაინძერი, ანა-მარია გელოდება.
(სამზარეულოში უჩინარდება)
ელეონორა (ანა-მარიას) _ ჰეოლუ, მაი დიარ ფრენდ.
(ჩანთას და ქურთუკს აქეთ-იქითისვრის)
დონთ ვორი, ბი ჰეფი, აი ემ ჰიარ.
(დივანზე ითხლაშება)
ანა-მარია _ ფეხები!
ელეონორა _ თუ გინდა, რომ თვე-ნახევარი შენს ბაითს ვუდარაჯო, ნურაფერში შემზღუდავ.
ანა-მარია _ გეკადრება?!
(ვისკით სავსე ჭიქას უწვდის)
ბოლომდე ისიამოვნე კომფორტით!
ელეონორა _ ისე იგესლები, თითქოს ძალით შეგეტენე.
ანა-მარია _ არა პირიქით, მადლობელი ვარ, რომ გადმოხვედი და ბინა ცარიელი არ იქნება.
ელეონორა _ ოღონდ გაფრთხილებ, ამ სიჩუმეს თუ ვერ გავუძელი, ფანჯრებს ჩავამსხვრევ.
ანა-მარია _ ნუ გაირჯები, ტყვია-გაუმტარი მინაა და არაფერი გმოგივა.
ელეონორა (ბალიშს ყნოსავს) _ სპირტის სუნი სდის ამ ბალიშს, თუ მეჩვენება?
ანა-მარია _ ეტყობა, ფერნანდოს გადაეღვარა ზედ ლუდი.
ელეონორა _ არა უშავს, მსიამოვნებს კიდეც.
(ბალიშში სახეს რგავს და ხვრინვას უშვებს)
ანა-მარია _ არ გაბედო ჩაძინება.
(ბალიშს აცლის)
ნუ დაიზარებ და ბარგი საძინებელში დააბინევე, თორემ შენი ამბავი რომ ვიცი, ჩვენს ჩამოსვლამდე ეს
ლაბადა და ჩანთა აქ ეგდება.
(ლაბადას და ჩანთას მკერდზე ადებს)
ელეონორა _ ოოო რა შარიანი ხარ. მიკვირის საერთოდ როგორ გათხოვდი.
(ბარგი საძინებელში შეაქვს. ჩნდება ფერნანდო)
ფერნანდო (ჩურჩულით) _ ცადე და კიდევ ერთხელ დაელაპარაკე.
ანა-მარია (ჩურჩულით) _ ამ ვირთხამ უფასო სასმელ-საჭმელის სუნი იკრა და ვიდრე ყველაფერს
ბოლომდე არ შეხრავს, არც კი მომისმენს.
ალფრედო (ჩურჩულით) _ მესმის.. მესმის.. მაგრამ ჩემი ხათრით.
(ელეონორა ბრუნდება)
ელეონორა _ ფუ შენი, კარადის კარი ვერ გავაღე.
ანა-მარია და ფერნანდო (ერთხმად) _ ლურჯ ღილაკს უნდა დააწვე.
ელეონორა _ აინშტაინი თუ არ ხარ, ამ ტექნიკაში ვერ გაერკვევი.
(კვლავ დივანზე იშხლართება)
ალფრედო _ წავალ, ყავას შემოვიტან.
(გადის)
16

ელეონორა _ მე კი ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებ.


(პულტს იღებს)
ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე შენ გგონია. აი ამ ღილაკს რომ დააწვები, ჟალუზები იხსნება.
(ღილაკს თითს აჭერს. ჟალუზები იხსნება)
ამ ღილაკით სინათლე ინთება და ქვრება.
(ღილაკს თითს აჭერს. სინათლე ინთება და ქვრება)
ეს კონდიციონერისაა.
(კონდიციონერი ირთვება)
ეს სიგნალიზაციის.
(ისმის სირენის კივილი)
და ეს კი კიდევ...
(აივნის კარი იღება და იკეტება)
ოღონდ გახსოვდეს, აივანზე რომ გაბრძანდები, პულტი გაიყოლე, თორემ შემთხვევით კარი თუ
მიგეხურა, ვერსადიდებით გააღებ.
ელეონორა _ მთავარი გამოგრჩა, სასმელ-საჭმელზე რას მეტყვი?
ანა-მარია _ ალფრედომ მაცივარ გამოტენა. ვისკიც იმდენი გიყიდეთ , რომ მეშინია, ციროზი არ
აიკიდო.
ელეონორა _ შენ რომ გაგიხარდება ვიცი და აბა სხვა ახლობელი მე არ მყავს.
(ჭიქას უწვდის)
ასე, რომ ნუ დამინდობ და ბოლომდე შემივსე.
ანა-მარია (უვსებს) _ და შენი ბოი-ფრენდი? არ მითხრა ახლა, რომ მოასწარი და იმ ბუნჩულა კაცსაც
შეაზიზღე თავი.
ელეონორა _ ვინ არის გოგო ბუნჩულა, ფერნანდო ბაროზო?!
ანა-მარია _ ყოველ შემთხვევაში, ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.
(სარწყავს წვდება და ყვავილებს წყალს უსხამს)
ელეონორა _ ახლა მე მკითხე _ მანიაკია ეგ ჩემისა. ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობს და სულ
ელანდება, რომ ღალატობენ.
ანა-მარია _ რას მელეპარაკები?!
ელეონორა _ ჰო, ჰო, ძლივს მოვიშორე თავიდან.
ანა-მარია _ როგორ?
ელეონორა _ შენ კი არ მოგეწონება, მაგრამ სტრიპტიზ კლუბის დაცვას ვთხოვე და ისე ვაჟეჟინე, რომ
მთელი კვირა საავადმყოფოში გადახვევებზე დადიოდა.
ანა-მარია _ შენი ამბავი რომ ვიცი, უკვე ვინმე ახალს იშოვიდი.
ელეონორა _ არა, მაგრამ გავივლ-გამოვივლი ამ შენს მილიონერთა კვარტალში და ვნახოთ, რა მოხდება.
ანა-მარია _ აბა, შენ იცი!
ელეონორა _ რა მაგის პასუხია, მაგრამ შენი რჩევა მჭირდება, ბაბეტას მინდა შევხვდე.
ანა-მარია (პანიკურად) _ იმ დამწყებ ავტორს?
(აღელვებისგან სარწყავიდან წყალს, ქოთნის ნაცვლად, იატაკზე ასხამს)
და როდის?
ელეონორა _ ალბათ, იმ კვირას დავურეკავ.
ანა-მარია (შვებით) _ ა, ნუ თუ იმ კვირას.. ნუ მოგერიდება და აქ მოიპატიჟე.
(ჩვრით სველ იატაკს ამშრალებს.შემოდის ალფრედო, ლანგრით ხელში)
ალფრედო _ აი მეც, გოგოებო.
(ყავის ჭიქებს მაგიდაზე ალაგებს)
ჩვენ ამერიკანო..
(ელეონორას)
17

და შენ ესპრესო, ორმაგი, როგორც გიყვარს.


ანა-მარია _ ტყუილად შეწუხდი, პაწი.. ვერ ხედავ, სიცოცხლის ელექსირს შეექცევა.
(ელეონორას ვისკის უსხამს)
ელეონორა _ ნუ უსმენ, მე შენი ხელით მორთმეულ საწამლავსაც კი სიამოვნებით გადავყლურწავ!
(სამივე მაგიდას უსხდება)
ანა-მარია _მაინც რამ გადაგაწყვეტინა იმ ბავშვთან შეხვედრა?
ელეონორა _ რა ვიცი აბა, წავიკითხე ის მოთხრობები და შენიშვნები მივწერე. გადაირია სიხარულისგან.
მაქო, მადიდა და ჩემი კუმირი ხარო მითხრა. ჰოდა, ამიჩუყდა გული.
ანა-მარია _ დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად შეეწყობით ერთმანეთს.. ახალი სისხლი.. ახალი
იდეები!
ელეონორა _ არც იოცნებო, ასე ადვილად ვერ მომიშორებ!
ანა-მარია _ აი ეგ რა შუაშია?!
ელეონორა _ შუაში კი არა, თავშია.. თავში!
(ყავას წრუპავს)
კი ბატონო, მაგ ლაწირაკს მხარში დავუდგები და რითიც შევძლებ, დავეხმარები.. მაგრამ გახსოვდეს,
ჩემი ოქროს უშრეტი საბადო შენ ხარ.. შენ, მეგობარო!
(ყავას წრუპავს)
და ისიც გეყოფა, ახლა საგრიალოდ რომ გიშვებ. ჰოდა, შეირგე, აღიდგინე ძალები და ზუსტად
თვენახევრის თავზე აი ამ მაგიდას მიუჯექი, ლეპტოპით ხელში, თორეეემ...
(ანა-მარია და ალფრედო ერთმანეთს შეცქერიან. პაუზა)
რა მწარე გემო აქვს ამ ყავას?!
(ფინჯანს განზე წევს, დგება, მაგრამ თავბრუ ესხმის, სკამს ეჯახება და ამოაყირავებს)
ალფრედო (მხარში უდგება და დივანისკენ მიყავს) _ ნუ გეშინია, წნევის ბრალი იქნება.
(დივანზე აწვენს)
ფეხები აწიე!
(ფეხებ ქვეშ ბალიშებს უდებს)
აი ასე!
(ნწევის აპარატს მოარბენინებს)
ახლავე გაგიზომავ.
(სარტყელს მკლავზე ახვევს)
გინდა, გაგახარო?! ანა-მარიამ არ დაიზარა და თქვენს ახალ სიუჟეტთან დაკავშირებით რაღაც-რაღაცეები
დააზუსტა.
ელეონორა (სუსტი ხმით) _ ჯომოლუნგმაზე მკვლელობას გულისხმობ?
ალფრედო_ ჰო, აღმოჩნდა, რომ თურმე შუახნის, საღ-სალამათი ადამიანი პლიუს ხუთ გრადუსზეც კი
შეიძლება გაიყინოს.
ანა-მარია _ თან სულ რაღაც ერთ კვირაში..
(წყალსა და ტაბლეტს უწვდის)
გადაყლაპე!
ელეონორა (ტაბლეტს პირში იგდებს) _ ესეც რა მწარეა!
(თვალები ელულება)
ანა-მარია _ ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეგ შენი მწვერვალი დავივიწყოთ და მსხვერპლი
ქალაქშივე მოვკლათ.
ელეონორა _ სადა ქალო, მაცივარში?
ანა-მაია _ რატომ მაცივარში, როცა უფრო მარტივი გზაც არსებობს.
ელეონორა _ გისმენ, გისმენ!
ანა-მარია _ კი არ მისმინო, მიყურე.
18

(ვისკის ბოთლს იღებს და აივანზე გადის)


ჰე, გელოდები!
ელეონორა _ არა, მართლა ვერა ვარ კარგად, თვალები მეხუჭება.
ანა-მარია _ ჰოდა, სუფთა ჰაერი გამოგაფხიზლებს.
ელეონორა _ მირჩევნია, ცოტა წავიძინო.
ანა-მარია (მოთმინებას კარგავს) _ გაინძერი-მეთქი, უმაქნისო! იდეალური მკვლელობა უნდა განახო.
ნუთუ, არ გაინტერესებს?! მილიონები, მილიონები დაგვეყრება თავზე!
ელეონორა_ თავიდანვე ეგრე გეთქვა რა.
(ბარბაც-ბარბაცით აივნისკენ მიდის. ალფრედო ვერ უძლებს და ოთახს ტოვებს)
ჰე მიდი, დაიწყე, თორემ გადავლურჯდი.
ანა-მარია _ ჯერ სად ხარ, ამაღამ მინუსს გვპირდებიან.
ელეონორა _ და მე რა შეღავათი?
ანა-მარია _ არც არაფერი. უბრალოდ დაუსახლებელი ცათამბჯენი, ბოლო სართული, აივანი ზღვის
ხედით, მეტი რაღა გინდა?!
ელეონორა _ ჰო, მაგრამ...
ანა-მარია _ არავითარი მაგრამ, ზედ-გამოჭრილი ადგილია მკვლელობისათვის და ამას ახლავე
დაგიმტკიცებ.
(ელეონორას ხელს კრავს, თავად ოთახში შერბის, პულტს აივნის კარს უშვერს და კეტავს. ელეონორა ჯერ
ვერაფერს ხვდება, იმართება და კარის გაღებას ცდილობს. ნელ-ნელა გონზე მოდის. სავარძელს წვდება
და შუშას უბრახუნებს. უშედეგოდ. სახეს ფანჯარას აკრავს და ყვირის _ ანა-მარია..ანა-მარია! მართალია
მისი ხმა არ ისმის, მაგრამ ამის წაკითხვა ბაგეების მოძრაობით შეიძლება. ანა-მარია პულტს თითს აჭერს
და „ჟალუზებს“ დაბლა უშვებს)
ანა-მარია _ პაწი!
ალფრედო(ოთახში იჭყიტება) _ სადაა?
ანა-მარია _ ჩათვალე, რომ სამარეში.
(ქმარს საძილე წამლის ბოთლს უწვდის)
აბები უნიტაზში ჩაყარე, ბოთლს წყალი გამოავლე და სანაგვეში მოისროლე.
ალფრედო _ ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა, აუცილებლად დადგინდება, ეს პრეპარატი რომ ჰქონდა
მიღებული.
ანა-მარია _ და ძალიანაც კარგი, ის ხომ ბოლო დროს უძილობას უჩიოდა.
(აივნიდან ყრუ ბრახუნი მოისმის)
ალფრედო _ გემუდარები, შემოუშვი.. უთხარი.. უთხარი, რომ გაეხუმრე.. ჯერ კიდევ ყველაფრის
გამოსწორება შეიძლება.
ანა-მარია _ დაივიწყე!
ალფრედო _ გული.. გული მიგრძნობს, რომ ორივე ციხეში აღმოვჩნდებით!
ანა-მარია _ ნუ სულელობ, მე და შენ დასასვენებლად გავემგზავრეთ და ეს ქალბატონი სახლის
სადარაჯოდ დავტოვეთ. რა ჩვენი ბრალია, თუ გაილეშა, აივანზე გაბოდიალდა და საერთოდ დაავიწყდა,
კარი ავტომატურად რომ იხურება. იკივლა, იბღავლა უბედურმა, მაგრამ ვერავის გააგონა. სახურავზე
აბობღებაც შეუძლებელია. ჰოდა, ორი თვის შემდეგ ამერიკიდან დავბრუნდებით, აივანს გამოვაღებთ და
აღმოვაჩენთ მეგობრის გაყინულ სხეულს. ყველაფერი დღესავით ნათელია, იღბალმა უმტყუნა და
ტრაგიკულად აღესრულა.
ალფრედო _ არა, არა, მე აივანზე გასვლას ვერ შევძლებ.
ანა-მარია _ არცაა საჭირო, კონსიერჟს გავაგზავნი ფანჯრების გასარეცხად, ან სულაც მე გავალ სიგარეტის
მოსაწევად.
ალფრედო _ და პოლიცია როგორ მიხვდება, მთვრალი რომ იყო?
19

ანა-მარია _ თავად ახსენე სამედიცინო ექსპერტიზა. არც მოწმეების პოვნა გაჭირდება. ყველა
დაადასტურებს, რომ წყალწაღებული ლოთი იყო. სახლი სავსეა ალკოჰოლით. აივანზეც დახვდებათ
ჩაცლილი ვისკის ბოთლი. ასე, რომ...
ალფრედო (ცოლს ეხუტება) _ ოჰ, ანა-მარია!
(ანა-მარია ალფრედოს თმაზე ეფერაბა, საათზე იხედება, ქმარს გვერდზე წევს და ოთახს თვალს ავლებს)
ანა-მარია _ დროა, საყვარელო. ტაქსი ალბათ უკვე გველოდება.
(ალფრედო ცრემლებს იმშრალებს, ლანგარზე ყავის სერვიზს ალაგებს და ის-ისაა სამზარეულოში უნდა
შეიტანოს, რომ ტელეფონი რეკს)
ანა-მარია (ყურმილს წვდება) _ გისმენთ.. დიახ, მე ვარ და თქვენ ვინ ბრძანდებით? აჰ, ცერემონიალის
საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი? და რამ შეგაწუხათ, ბატონო ჩემო? დიახ, დიახ,
არ გეშლებათ, ტექსტში ცვლილება ჩემი მოთხოვნით შევიდა.. დაჯილდოვებისას ჩემი თანაავტორის
გვარი არ ახსენოთ.. ასეა, ასე, ჩვენი ტანდემი დროებით დაიშალა და ამ სცენარზე მარტომ ვიმუშავე..
დიდი მადლობა.. დიდი მადლობა.. რა თქმა უნდა, დავესწრები.. ნახვამდის.
(გაოგნებულ ალფრედოს ლანგარი ხელიდან უვარდება. სინათლე)

მეორე მოქმედება

1 სცენა

(ბინა ჩაბნელებულია. დაშვებული ჟალუზებიდან მისტიური ნათელი შემოდის. კაულისებში ისმის


კენტების ხმა. ისინი ამერიკიდან დაბრუნდნენ. ანა-მარია მისაღებში შემოაბიჯებს და სინათლეს ანთებს.
ჩანს, რომ თავს კარგად აკონტროლებს; რასაც ვერ ვიტყვით ალფრედოზე, რომელიც ოთახში შესვლას
ვერ ბედავს)

ანა-მარია _ შენ რა კორიდორში აპირებ ღამის გათენებას?

ალფრედო _ მეშინია.. ჰო, ჰო, ისტერიულად მეშინია და რა ვქნა?!

ანა-მარია _ რისი _ გაყინული გვამის?!

ალფრედო _ სიმართლე თუ გინდა, ეს დასვენება საერთოდ ჩამშხამდა.. სულ ამ მომენტზე ვფიქრობდი.

(ოთახში გაუბედავად შეაბიჯებს)

აივანზე როდის გავალთ?

ანა-მარია _ ამ შუაღამისას კონსიერჟს ხომ არ გავაღვიძებ ფანჯრების გასაწმენდად?! დილამდე უნდა


მოვიცადოთ.

ალფრედო _ ღმერთო, ღმერთო, რა დამაძინებს, ვიდრე ის აქაა!

ანა-მარია (ჭიქას ვისკით უვსებს)_ ჩაკარი და მოგეშვება.

ალფრედო _ შეისხი!

(ჭიქაზე ხელს უკრავს)

პირდაპირ მითხარი, რომ ვერ ბედავ და მე გავალ!


20

(აივნისკენ მიდის)

ანა-მარია_ კარგი, დაწყნარდი!

(აჩერებს)

ცოტა უცნაური კია, მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე აივანზე რომ გავქანდი, მაგრამ ჯანდაბას ჩემი
თავი, ბოლოს და ბოლოს ვიტყვი, რომ თერმომეტრს დავხედე _ მაინტერესებდა, გარეთ რამდენი
გრადუსია.

(პულტს ჟალუზებს უშვერს)

შენი თავის იმედი თუ არ გაქვს, თვალები დახუჭე.

ალფრედო _ ნუღარ მაწამებ, აწიე თუ წევ!

(ანა-მარია პულტის ღილაკს თითს აჭერს, ჟალუზები მაღლა იწევა, აივნის შუშები წითლადაა
შეფერადებული, მომცრო მაგიდასა და სავარძლებზე დასისხლიანებული სამოსის ნაგლეჯები ყრია,
იატაკზე კი პიჯაკი, თავად გვამი არ ჩანს. ალფრედო წივის)

ანა-მარია (პირჯვრის წერით) _ ღმერთო, შენ გვიშველე!

ალფრედო _ ეს.. ეს ამდენი სისხლი საიდან?

(ფანჯრებს უახლოვდება)

ანა-მარია _ ფრინველის იქნება.. კი, უეჭველი, მომაკვდავი თოლია მიეხეთქა შუშას.. მაგრამ ელეონორა..
ელეონორა სად ჭირშია?

ალფრედო (ისტერიკაშია) _ დავიღუპეთ, დავიღუპეთ, დავიღუპეთ!

(ცოლ-ქმარი უტყვად შეცქერის ერთმანეთს)

ანა-მარია _ არაფერი მესმის, როგორ უნდა გამქრალიყო?!

ალფრედო _ ალბათ, როგორღაც მოახერხა და კარი გააღო.

ანა-მარია _ შეუძლებელია.

(საკეტს ამოწმებს)

საკეტი ნაწვალებიც კი არაა.

ალფრედო _ იქნებ.. იქნებ, სახურავზე აძვრა?!

ანა-მარია _ გინდა მითხრა, რომ 3 მეტრიან, მოშიშვლებულ კედელზე ახოხება შეძლო?!

ალფრედო _ მაშინ ამიხსენი, რა მოხდა?!

ანა-მარია _ ეგ არ ვიცი, მაგრამ ცოცხალი რომ არაა, ფაქტია.. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას
გამოუძახებდა.. კი, კი.. და აქ ყველაფერს მიგვილეწავდა.. ხომ იცი, რა ტიპიც იყო, ცხონებული.

ალფრედო _ ცხონებული? დარწმუნებული ხარ?


21

ანა-მარია _ აბა სხვაგვარად როგორ ამოვხსნა ეს თავსატეხი?! ჰო, ტანჯვა-წამებასა და ნელ-ნელა


სიკვდილს თვითმკვლელობა ამჯობინა, გაექანა და გადაეშვა უძირო უფსკრულში.

ალფრედო _ და გვამი? გვამი რატომ ვერ იპოვეს?

ანა-მარია_ დინებამ წაიღო.

ალფრედო _ აქამდე ნაპირზე გამოაგდებდა.. არა, არა, ეტყობა, კლდეებს დაასკდა, დაიმსხვრა,
ტკივილისგან იკრუნჩხება და მთელი ხმით გაკივის _ მიშველეთ, მიშველეთო.

(სიმწრისგან თავს კედელს უბრახუნებს)

ანა-მარია (ღრიალით) _ მორჩი ისტერიკას!

(თავი ხელში აყავს)

გადარჩენის თეორიული შანსიც კი არ არსებობს.. და ძალიანაც კარგი, სცენარი ასე რომ შეიცვალა..
პოლიციაში განვაცხადებთ, მიაგნებენ გვამს და დაბეჭდავენ გაზეთები ნეკროლოგებს: „უგონოდ
მთვრალი სცენარისტი ცათამბრჯენიდან სიმაღლიდან ზღვაში გადაეშვა და სიცოცხლე ტრაგიკულად
დაასრულა“ .. ჩვენზე ეჭვს არავინ მოიტანს.

ალფრედო (ხელს პიჯაკისკენ იშვერს) _ ანა-მარა, და ეს.. ეს რა არის?

(ანა-მარია აივანზე გადის და უკან მამაკაცის დაფლეთილ-დასისხლიანებული პიჯაკით ბრუნდება)

ღმერთო, ღმერთო, გინდა დამარწმუნო, რომ ფრინველის სისხლია?

ანა-მარია _ ჰო, რაღაც არ გავს.. შენია?

ალფრედო _ არა, პირველად ვხედავ.

ანა-მარა _ მკერდის არეში ისეთი ნახევია, გეგონება დანა ჩაარტყესო.

ალფრედო _ არა, არა, სავარძელზე არ დადო, სისხლი ჯერაც არ შეშრობია და დათხვრის.

ანა-მარია _ მგონი, ჯიბეში რაღაც დევს.. ბარათია..

(კითხულობს)

„ფერნანდო ბაროზო“

ალფრედო _ ვინაა?

ანა-მარია(დაბნეულად) _ ელეონორას ყოფილი საყვარელი.. როგორც ჩანს, მისი პიჯაკია.. მაგრამ აქ


როგორ აღმოჩნდა?

ალფრედო _ ეტყობა, შესარიგებლად მოაკითხა.. რაღაცაზე წაკამათდნენ.. ელეონორა გაცოფდა, დანა


მოუქნია და დაჭრა.

ანა-მარია _ და ბინაში როგორ შემოაღწია?

ალფრედო _ ნუუ, ალბათ..


22

ანა-მარია _ რა ალბათ, რა ალბათ?! შენ ორ ინგლისურ საკეტს და სიგნალიზაციას ეხუმრები?!

(ისმის დომოფონის ზარის ხმა)

ალფრედო (შიშით) _ ვინ.. ვინაა?


ანა-მარია _ მე რა ვიცი?!
ალფრედო_ არ უპასუხო.
ანა-მარია _ დამშვიდდი, ალბათ, ვიღაცამ შეცდომით დააჭირა ღილაკს თითი.
(ზარის ხმა მეორდება. ანა-მარია დომოფონის ყურმილს იღებს)
რომელი ხარ? ვინ, ვიიინ? გასაგებია.
(ალფრედოს)
პოლიციის ინსპექტორი გვესტუმრა..
(ყურმილში)
იცით, ჩვენ ეს-ესაა ჩამოვფრინდით და ჩემი მეუღლე... ა ნუუ, საჩქარო თუა.. დიახ,
ოთხმოცდამეორე ბინა.
(ყურმილს კიდებს)
რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა დაგველაპარაკოს.
ალფრედო _ რაზე.. მაინც რაზე?
ანა-მარია _ ჩუუ, ჩუუ, თავი ხელში აიყვანე.. არაფერი შეგატყოს!
ალფრედო _ პიჯაკი.. პიჯაკი გადამალე!
ანა-მარია _ ნუ კივი! ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არავინ დაგვიჭრია.
ალფრედო _ ჰო, მაგრამ ეგ აივანზე დაგვხვდა.. წადი, დააბრუნე!
ანა-მარია _ კარგი, კარგი, შენ ჩემოდნები ამოლაგე და ამას მე მივხედავ.
ალფრედო (ჩემოდნებს საძინებლისკენ მიათრევს და იატაკზე დაყრილ წერილებს ამჩნევს) _ შენ რა
გითხარი ელეონორა, ხომ გთხოვე, წერილები გადაახარისხე და მაცივრის თავზე შემოდე-მეთქი!
ანა-მარია _ სულ ააფრინე?! მაინც როგორ უნდა შემოედო, როცა აივანზე იყო ჩამწყვდეული!
ალფრედო_ ა ჰო, მართალი ხარ.
(წერილებს ისევ იატაკზე ყრის და საძინებელში შერბის. ანა- მარია პიჯაკს ძველ ადგილზე აბრუნებს,
აივნის კარს კეტავს, ჟალუზებს უშვებს და ვისკის ისხამს. ზარის ხმა. ანა-მარია კარს აღებს. შემოდის
ინსპექტორი ეგანი)
ანა-მარია _ საღამო მშვიდობისა.
ეგანი _ ინსპექტორი ეგანი, მადამ.. და თქვენ, როგორც ვხვდები, მის კენტი, არა?!
ანა-მარია (თავს უქნევს) _ იქნებ, საბუთი წარმომიდგინოთ?!
ეგანი _ სიამოვნებით.
(საბუთს უჩვენებს)
ანა-მარია _ მობრძანდით, ინსპექტორო.
ეგანი _ დიდი მადლობა. ოჰ, პირდაპირ წერილებზე დავაბიჯე. უკაცრავად.
ანა-მარია _ დაბრძანდით, გეთაყვა.
ეგანი _ არ შეგაწუხებდით, მაგრამ ტელეფონით ვერ დაგიკავშირდით. ნომერი, რომელიც თქვენმა
აგენტმა ჩაგვაწერინა, მუდმივად მოხმარების ზონიდან იყო გასული.
ჰაროლდი _ დიახ, ამერიკაში გახლდით და ხუთიოდ წუთია, რაც დავბრუნდით. დალევთ რამეს?
ეგანი _ ჩაიზე უარს არ ვიტყოდი. ვაღიარებ, სიცივე ძვალ-რბილში გამიჯდა.
ანა-მარია _ ალფრედო, საყვარელო, თუ არ შეწუხდები, ჩვენს სტუმარს ჩაი მოუდუღე.
ალფრედო (საძინებლიდან) _ ახლავე, ძვირფასო.
ანა-მარია (ეგანის პირისპირ ჩამოჯდება) _ აბა, რითი შემიძლია გემსახუროთ?
ეგანი _ საქმე ქალბატონ ელეონორა ფიცჯერალდს ეხება, თქვენს ახლო მეგობარსა და თანაავტორს.
23

ანა-მარია_ რა ხდება, ისევ რამე შარში გაეხვა?


ეგანი _ რატომ შარში?
ანა-მარია _ აბა, სხვა რისთვის მომაკითხავდით?!
აეგანი _ დავუშვათ, ქლბატონმა ელეონორამ იარაღის შეიძინა გადაწყვიდა.. დიახ, უბრალო
ფორმალობაა, მაგრამ ამ დროს ვინმემ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს.. მანაც აიღო და თქვენ
დაგასახელათ.
(იცინის. ანა-მარია ნაძალადევად იღიმება)
ისე სხვათაშორის, რაო, როდის მოვა?
ანა-მარია (დაბნეულად) _ წუთი-წუთზე ველოდებით. ვიდრე მე და მეუღლე ვმოგზაურობდით, ჩვენს
ბინას დარაჯობდა. ახლა ეტყობა, სადღაც გირბინა.
ეგანი _ იცოდა, დღეს რომ ბრუნდებოდით?
ანა-მარია _ დიახ, წინასწარ შევატყობინეთ.
ეგანი _ და რატომ გამორიცხავთ, რომ თქვენი კონვერტი, გაუხსნელად რა თქა უნდა, აი იმ წერილების
გროვაში არ ჩაიკარგა?!
ანა-მარია_ ააჰ, არა, არა, მესიჯი მქონდა მხედველობაში.
ეგანი _ შეიძლება, თვალი გადავავლო?
(პაუზა)
ანა-მარია _ უკაცრავად, მაგრამ არ ვარ ვალდებული, პირად მიმოწერაში ჩაგახედოთ! მითუმეტეს, რომ
თქვენი ვიზიტის მიზანი ჩემთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.
ეგანი _ მესმის, მესმის.. მაგრამ, განა ეს ამდენი დაუხარისხებელი წერილი კითხვებს არ გიჩენთ?!
ქალბატონ ელეონორას ხომ, როგორც ვხვდები, სხვა ყველაფერთან ერთად, თქვენს კორესპონდენციაზეც
უნდა ეზრუნა.
ანა-მარია _ იცით, ჩემი თანაავტორი ცოტა არაორგანიზებული პიროვნებაა.. თან, რა დასამალია და,
სასმელსაც ყვარობს.. ჰოდა, საერთოდ არ გამიკვირდება, მთელი კვირა საწოლში რომ ეკოტრიალა, ვისკის
ბოთლით ხელში.
ეგანი _ მიკვირს.. ალალად მიკვირს, როგორ ჩააბარეთ ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანს ეს ძვირფასი
აპარტამენტი.
(პაუზა)
ანა-მარია_ ვერ მიმიხვდით _ ელეონორა ექსცენტრიული კია, მგრამ უპასუხისმგებლობას ნამდვილად
ვერ დავაბრალებ.. დაიხ, როგორც შეუძლია, ისე ეხმარება ყველას.. და საერთოდაც, დაკითხვას თუ
მიწყობთ, კეთილი ინებეთ და ამის მიზაეზიც ამიხსენით.
ეგანი _ მიზეზი.. ჰო, რა თქმა უნდა, მიზეზი.. მოდი, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი ეჭვები გაჩნდა, რომ
თქვენი მეგობარი მოკლეს.
ანა-მარია _ არააა?! ვინ ? ელეონორა? როგორ? რანაირად?
ეგანი (ოთახში დასეირნობს და მინიატურული ფოტო-აპარატით მისთვის საინტერესო ყოველ დეტალს
ფირზე აღბეჭდავს) _ მოგეხსენებათ, ალკოჰოლი და ხიფათი ერთმანეთს ყვარობენ.. თუმცა, ეს არაა
მთავარი.. მე თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს.. მაინც, რა შეიძლება, მომხდარიყო?
ანა-მარია _ რებუსობანას მეთამაშებით?! ღმერთო ჩემო, ნუთუ არ გესმით, ჩემს უახლოს მეგობარზეა
საუბარი!
ეგანი _ ნუ ცხარობთ, ქალბატონო.. ჭეშმარიტების დასადგენად მისის ფიცჯერალდის სრული პორტრეტი
გვჭირდება. მაშ ასე, დამისახელეთ სიკვდილის, თუნდაც ერთი, სავარაუდო მიზეზი.
ანა-მარია _ ციროზი, ინფარქტი, ინსულტი ან ვინ იცის, იქნებ, ლურსმანს აჭედებდა და კიბიდან
ჩამოვარდა.
ეგანი _ თუ ასეა, მაშინ გვამი ამ ბინაში უნდა ვეძებოთ..
(ჯერ მაგიდის, შემდეგ დივნაის ქვეშ იხედება)
შემთხვევით, ხომ არ გიპოვნიათ კიდეც?
24

(სავრძლებზე მიმოყრილ ბალიშებს წვდება, ყნოსავს და წიგნაკში რაღაცას ინიშნავს)


ანა-მარია (აგრესიულად) _ ნუ სულელობთ!
ეგანი _ აი ხედავთ, თუ აქ არ არის, გამოდის, რომ სადღაც გავიდა და რაღაც დაემართა, ხომ?!
(საფერფლეს ხელში იღებს და ნამწვავებს აკვირდება)
ანა-მარია _ მაინც რა _ საკანალიზაციო ორმოში ჩაიჩეხა, მანქანამ დაარტყა თუ აივნიდან გადაეშვა?! ისე,
თვითმკვლელობას მართლაც არ გამოვრიცხავ.. კი, კი, ბოლო დროს დეპრესია გაუმწვავდა და
რამდენჯერმე თოკიდან ჩამოვხსენით.. ძლივს გადავარჩინეთ.
ეგანი _ ეს რაღაც ახალია.. რატომ თავიდანვე არ მითხარით?!
ანა-მარია_ როგორ, ნუთუ, მართლა თავი მოიკლა?!
ეგანი _ ნუ ღელავთ, უბრალოდ ასეთი მიდგომა მაქვს _ მკითხაობა დაგაწყებინეთ და სიმართლეც
წამოგცდათ.. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენს თანაავტორს სუიციდური აზრები
აწუხებდა.
(ჯიბიდან პინცეტი ამოაქვს, რომლითაც სიგარეტის ნამწვებს ტომსიკაში ყრის)
ანა-მარია _ სამწუხაროდ.
ეგანი _ ახლა მოდით, გადახტომის ვერსიას დავუბრუნდეთ.. ამ ბინას თუ აქვს აივანი?
ანა-მარია _ რა თქმა უნდა.
ეგანი _ შემახედებთ?
ანა-მარია_ კი ბატონო!
(პულტს თითს აჭერს და ჟალუზებს მაღლა წევს)
ეგანი _ რა ხდება, ამ ფანჯრებზე ვინმეს თავი არტყმევინეს?
(ფანჯარას ფოტოს უღებს)
ანა-მარია _ არა, ეტყობა, თოლია შეასკდა.. ნუ ყოველ შემთხვევაში, როცა მე და ჩემი მეუღლე აივანზე
ტემპერატურის შესამოწმებლად გავედით, პირველი ეს მოგვივიდა თავში.
(შემოდის ალფრედო, ლანგრით ხელში. ეგანის დანახვაზე შეშდება)
ანა-მარია _ ალფრედო, გაიცანი, ინსპექტორი...
ეგანი _ ეგანი.. საღამო მშვიდობისა, მისტერ კენტ.
ალფრედო _ საღამო მშვიდობისა, ინსპექტორო.
(ლანგარს მაგიდაზე ათავსებს)
ეგანი (ანა-მარიას) _ კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ _ კარს თუ გამიხსნით, აივანზე გავალ.
ანა-მარია _ როგორც გენებოთ.
(კარს უღებს)
ეგანი _ ბოროტმოქმედების ადგილი დეტალურად თუ არ შევისწავლე, დანაშაულს ვერ გავხსნი.. ეს ისე,
ხუმრობით.
(აივანზე გადის. მიმოყრილ სამოსის ნაწილებზე)
ჰოო, ეს ძონძები ამ დიდებულ ხედს, ცოტა არ იყოს, ამახინჯებს.. თქვენი პიჯაკია?
ალფრედო _ დდდდიახ.
ეგანი _ და აქ ასე რატომ გდია?
ალფრედო _ მე.. მეეე..
ელეონორა _ აივნის მოხეხვას აპირებდი..
ალფრედო _ კიიი და ხელი რომ არ შემშლოდა, გავიხადე..
ეგანი _ საინტერესოა.. საინტერესო!
(პიჯაკის ასაღებად იხრება)
ალფრედო _ არა, არა, ეგდოს.. ჭუჭყიანია და დაითხვრებით..ხვალ ქიმწმენდაში ჩავაბარებ!
ეგანი _ როგორც გენებოთ.
(პიჯაკს ადგილზე ტოვებს)
ალფრედო _ წავალ, ჩაიდანს შემოვიტან.
25

(გადის)
ეგანი (მოაჯირის სიმყარეს ამოწმებს)_ ისე, თქვენი ვარაუდი კი ღირს დაფიქრებად.. ამ აივანს დაბალი
მოაჯირი აქვს.. ოდნავ თავბრუ თუ დაგეხვა, თავისუფლად შეიძლება გადავარდე და მორევმა
ჩაგყლაპოს.
ანა-მარია _ თან დინებასაც თუ გავითვალისწინებთ...
ეგანი _ თვეები დასჭირდება გვამის ნაპირზე გამორიყვას.
(ოთახში ბრუნდება)
ანა-მარია _ გამოდის, რომ თქვენ მაინც თვითმკვლელობის ვერსიას ემხრობით.
ეგანი _ არააა.
ანა-მარია _ აბა?
ეგანი _ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, თქვენი მეგობარი ერთი თვის წინ ლონდონში
ჩაცხრილეს.
ანა-მარია (შოკშია) _ როგორ.. როგორ.. ერთი თვის წინ.. ელეონორა.. ლონდონში?
ეგანი _ მე თქვენს ადგილზე, სიტყვა _ ჩაცხრილეზე _ უფრო გავამახვილებდი ყურადღებას.
ანა-მარია _ ა, დია, დიახ.. მოიცა, მოიცა, რას ქვია ჩაცხრილეს?
ეგანი _ მომწონს, მომწონს, ახლა უკვე ადეკვატურად რეაგირებთ.. რაც შეეხება თქვენს კიხვას: რა და
როგორ მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ლონდონში რომ იმყოფებოდა, ამაზე თავს დავდებ.
(ბრუნდება ალფედო და ჩაის ჩამოსხმას იწყებს)
ალფედო _ სამწუხაროდ, მხოლოდ პასტერიზებული რძე შემიძლია, შემოგთავაზოთ. გვიან
ჩამოვფრინდით და მაღაზია დაკეტილი დაგვხვდა.
ეგანი _ არა უშავს, მიჩვეული ვარ.
(ალფედო რძეს უმატებს)
და მაღაზიაში რა გინდოდათ?
ალფრედო _ ვერ მიგიხვდით?!
ეგანი _ თუ თქვენს მეგობარს აცნობეთ, რომ ღამის რეისით მოფრინავდით, წესით ყველა საჭირო
პროდუქტი წინასწარ უნდა მოემარაგებინა, ასე არაა?!
ალფრედო _ დიახ, მაგრამ...
ანა-მარია_ ხომ აგიხსენით, ელეონორა დიდი დაბნეული ვინმე იყო, ინსპექტორო. ალფრედო,
დამემოწმე.
ალფრედო _ კი, კი, ძალიან.
ანა-მარია_ და ხშირად ავიწყდებოდა რაღაც-რაღაცეები.
ეგანი (ალფრედოს)_ აი მიაქციეთ ყურადღება, თქვენი მეუღლე მის ფიცჯერალდზე მუდმივად წარსულ
დროში საუბრობს და თქვენ ეს საერთოდ არ გიკვირთ.
(თვალს უკრავს)
რაშია საქმე, ბატონო ჩემო?
ალფრედო_ რა-რა- რაზე მიმანიშნებთ?
ანა-მარია _ არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობთ, მაგრამ ალფრედო გადაღლილია.. დიახ, მთელი 24 საათი
მოვფრინავდით და თვალი წამითაც არ მოგვიხუჭავს..
(ალფრედოს)
პაწი, დაჯექი და ყურადღებით მომისმინე, ინსპექტორს მიაჩნია, რომ ელეონორა.. ნუუუ, როგრორ
გითხრა..
ეგანი _ მოკლეს..
ანა-მარია _ თუმცა, ამის მამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს.
ეგანი (ღიმილით) _ და არც გვამი.
(ფანჯარასთან მიდის)
ო ზღვაო, ზღვაო, მრისხანევ და ღრმაო!
26

ალფრედო _ გინდა მითხრათ, რომ ჩვენი აივნიდან გადახტა და ზღვაში ჩაიხრჩო?


ეგანი (მხარზე ხელს უტყაპუნებს) _ ბრავო, თქვენი მეუღლის ვერსია სიტყვა-სიტყვით გაიმეორეთ.
ალფრედო _ რა ვიცი აბა, ზღვა ახსენეთ და სხვა რა უნდა მეფიქრა?!
ეგანი _ უბრალოდ ერთი უცნობი ლექსი ამომიტივტივდა თავში.. ესაა და ეს.
ალფრედო _ ტვინს ნუ მირევთ.. ამიხსენით, რა ხდება ჩვენი ელეონორას თავს?
ეგანი _ მეც ძალიან მაინტერესებს.
ანა-მარია _ პასუხს ტყუილად ელი, საყვარელო.. მე მთელი საათია ვარკვევ, თუმცა ამაოდ.
ალფრედო _ კი მაგრამ, ზუსტად თუ არაფერი იცით, რატომ გვიმტკიცებთ, რომ რამე შეემთხვა.. ხომ
შეიძლება, პურზე იყოს გასული?
ეგანი _ აჰა, რძეზე გასვლა ეზარება და პურზე გარბის!
ალფრედო _ შემეშალა ბატონო, პური კი არა, ვისკი უნდა მეთქვა. ჰო, შემოაკლდა დოზა, იყიდის და
დაბრუნდება.
ეგანი _ ცდებით, მისტერ კენტ.
ალფრედო_ რატომ ?
ეგანი _ ტელეფონს არ პასუხობს. ჩვენ ჩვენის მხრივ, მთელი კვარტალი დავკითხეთ და დავასკვენით,
რომ თქვენი მეგობარი გაქრა.
ანა-მარია_ ერთი წუთით, ერთი წუთით, საერთოდ რატომ დაინტერესდით მისი ასავალ-დასავალით?
ეგანი _ პოლიციაში შემოსული განცხადების საფუძველზე, ქალბატონო.
(თაროზე შემოწყობილ დისკებს ათვალიერებს)
ანა-მარია _ და განმცხადებელი ვინ იყო?
ეგანი _ მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ელეონორა მოკლეს.
ანა-მარია _ აჰა! და რაო, ვინ მოკლაო?
ეგანი _ თქვენ!
ჰაროლდი _ ვიღაც შეშლილმა ყვითელ პრესაში ორი პოპულარული ავტორის სახლი ამოიკითხა,
პოლიციაში მოქანდა და საუკუნის მკვლელობა გავხსენიო, მოგახარათ.. თქვენც დაუჯერეთ!
(ტაშისკვრით)
დიდებულია.. უბრალოდ დიდებული!
ეგანი _ დავუჯერეთ თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.. აი გადამოწმებით კი გადავამოწმეთ და
აღმოჩნდა, რომ მისტერ ბაროზო ბევრ რამეში არ ტყუის.
ალფრედო(შეშფოთებით) _ უკაცრავად, რა გვარი ახსენეთ?
ეგანი _ მისტერ ბაროზო _ იცნობთ?
ალფრედო _ ელეონორა საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა.. ასე, რომ არა, ვერ ვიხსენებ.
ეგანი (ბლოკნოტში იხედება) _ „სიმაღლე _1, 90; ღია ფერის თმა; მწვანე თვალები; ატარებს ნაცრისფერ
პიჯაკს და ხაკისფერ შარვალს!“
(ელეონორას)
თქვენ რას მეტყვით, ქალბატონო?
ანა-მარია_ ვერაფერს.
ეგანი _ სამწუხაროა.
(აივანზე გადის და პიჯაკი შემოაქვს)
მეჩვენება თუ ეს სისხლია?!
ალფრედო_ არ გეჩვენებათ.. ცხვირიდან წამსკდა.. კი, კი ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, ასე ხშირად
მემართება.
ეგანი _ მესმის.. მესმის.. ანუ, ფერნანდო ბაროზოს არცერთი არსად არასდროს შეხვედრიხართ?!
ანა-მარია _ არა, არ ვიცნობდით.
ეგანი _ და რატომ წარსულ დროში? ნუთუ, ისიც ცოცხალი აღარაა?!
27

ანა-მარია _ თქვენ რა, სიტყვებზე მეკიდებით?! გაფრთხილებთ, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი! და
საერთოდ, თუ რამე იცით ამ ადამიანზე, კეთილი ინებეთ და პირდაპირ გვითხარით.
ეგანი _ ჰოდა გეუბნებით, მისტერ ბაროზოც მის ფიცჯერალდივით გაუჩინარდა.
ანა-მარია _ და ჩვენ რა შუაში ვართ?!
ეგანი _ მისტერ ბაროზოს მტკიცებით, თქვენ თქვენს მეგობარს ქუჩაში დაუხვდით, ორჯერ ესროლეთ და
გვამი ლა-მანში გადააგდეთ.. ისე, თუ სწორედ მახსოვს..
(ბლოკნოტს ფურცლავს)
ა დიახ, დიახ, კატერი გყოლიათ.
ანა-მარია_ გვყავს, მაგრამ ზაფხულის მერე, ზღვაში ერთხელაც არ გავსულვართ. რაო, კიდევ რა მოჩმახა
ჩვენზე, მაგ თქვენმა ძვირფასმა ინფორმატორმა?
ეგანი _ ნუუ, ჯერ-ჯერობით სულ ესაა.
ანა-მარია_ როგორ, აქამდე არ დაკითხეთ?
ეგანი _ რა თქმა უნდა, დავკითხეთ, მაგრამ შოკში იყო და მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. უბრალოდ
მისი მისამართი ჩავინიშნეთ და შევპირდით, რომ ფაქტებს გადავამოწმებდით.
ანა-მარია _ და?
ეგანი _ მთელი ქალაქი მის ფიცჯერალდის ფოტოებით ავაჭრელეთ.. ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა..
ტელეფონით დაგვიკავშირდნენ და შეგვატყობინეს, რომ თქვენი მეგობარი ამა წლის 20 ნოემბერს, ვესტ-
ენდის მიდამოებში მოძრაობდა.
ალფრედო_ შეუძლებელია!
ეგანი _ რატომ?
ალფრედო _ ის.. ის.. ის შეგვპირდა, რომ ამ ბინიდან ფეხს არ მოიცვლიდა.. დიახ, დიახ, ვიდრე ჩვენ არ
დავბრუნდებოდით.
ეგანი _ მაგრამ თქვენი მეუღლე ხომ ჩამოვიდა რამდენიმე დღით ლონდონში?!
ანა-მარია _ გეშლებათ, დილას ჩამოვფრინდი, ტელე-აკადემიის ჯილდო ავიღე და საღამოს ისევ უკან
გავემგზავრე.
ეგანი _ შემახსენეთ, ეგ რომელ რიცხვში ხდებოდა?
ანა-მარია_ თუ არ ვცდები, 20-ში.
ეგანი _ არა, არ ცდებით, ნამდვილად ოცი იყო.. ზუსტად ის დღე, როცა ელეონორა ფიცჯერალდი ვესტ-
ენდში დააფიქსირეს.
ანა-მარია _ ხატზე დავიფიცებ, რომ ცერემონიალს არ დასწრებია. ასეთ ღონისძიებებს ქრონიკულად ვერ
იტანდა და მის მაგივრად მე წავედი.
ეგანი _ ბოროტი ხმები ამტკიცებენ, რომ ბოლო დროს თქვენ ორს შორის ყველაფერი მთლად კარგად ვერ
იყო.
ანა-მარია _ დიახ, ხანდახან ვერ ვთანხმდებოდით.. მაგრამ მე ამას შემოქმედებით პაექრობას უფრო
დავარქმევდი, ვიდრე კონფლიქტს.. თან ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიები ჩვენს ტანდემს კიდევ
მეტად აძლიერებდა.
ეგანი _ ცხადია.
(გაისმის ღმუილი. ეგანი ფეხზე ხტება და ბუდიდან რევოლერს აძრობს)
ანა-მარია _ კონდიცირება ჩაირთო..
(პულტით კონდიციონერს თიშავს)
ნუ დაგვზაფრეთ, შეინახეთ იარაღი!
ეგანი _ უკაცრავად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უკვე ყველგან საფრთხე მელანდება. შეიძლება?
(ანა-მარიას პულტს ჩამოართმევს, კონდიციონერს რამდენჯერმე რთავს და თიშავს, მერე სიგნალიზაციის
ღილაკს აწვება _ ირთვება სირენა და აივნის თავზე ნათურა ციმციმს იწყებს)
ანა-მარია _ ეს სიგნალიზაციაა.
ეგანი _ აჰა!
28

(შემდეგ ღილაკს აწვება _ ჟალუზები დაბლა ეშვება)


გასაგებია.. გასაგები!
(ჯდება და ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავს. პაუზა)
ალფრედო (ნერვიულად)_ მომკალით და ვერ ვხვდები, ცერემონიალს თუ არ დაესწრო, ელეონორას
ქალაქში საერთოდ რა უნდოდა?
ეგანი _ სასტუმრო „კუპერის“ ბარში ილხენდა, ბატონო ჩემო.
ალფრედო _ იქნებ, შეეშალათ?
ეგანი _ არა, სასტუმროს მიმღებში საკუთარი სახელით და გვარით დარეგისტრირდა. თან მოახერხა და
იმ კლიენტებს აუშარდა, მისი ლიტერატურული ტალანტი ეჭვქვეშ რომ დააყენეს. როგორც ამბობენ,
მთელი ხმით ბღაოდა და საკუთარ თავს იქებდა.
ანა-მარია _ კი, ეს მისი ხელწერაა.
ეგანი _ ამტკიცებდა, რომ ტელე-ფილმების ფესტივალზე მთავარი ჯილდო გადასცეს. მოკლედ, ყველა
ისე შეაწუხა, რომ დაცვამ იქაურობის დატოვება მოსთხოვა. ქუჩაში ჯერ ტაქსის გაჩერება დააპირა, მაგრამ
შემდეგ რატომღაც გადაიფიქრა და ფეხით გააგრძელა სვლა. სასტუმროს ჟურნალს თუ ვანდობით, იმ
ღამეს უკან არ მიბრუნებულა და ნომრის საფასური ჯერაც არა აქვს გადახილი.. ჰო, და კიდევ,
მოგვიანებით მეზობელ რაიონში, კერზონ სტრიტზე დიდი ჩხუბი ატყდა. ეს ადგილი სასტუმროსთან
ახლოს, დორჩესტერის გზაზეა.
ანა-მარია _ ნუ მიხსნით, მშვენივრად ვიცნობ მაგ რაიონს.
ეგანი _ გალეშილი ქალბატონი აქაც სატელევიზიო ჯილდოთი იწონებდა თავს, როცა შუბლში ტყვია
დაახალეს.
(ანა-მარიას მზერით ბურღავს)
მოწმეების ჩვენებით, მაღალმა, ჟღალ-თმიანმა, საშუალო ასაკის ქალმა დებოშის წამომწყები წითელი
სიტროენის საბარგულში ჩატენა და გაურკვეველი მიმართულებით გააქროლა.
(ანა-მარიას)
შაქარი ჩავიმატებ, მის კენტ.. მიყვარს, როცა ჩაი ტკბილია.
(საშაქრისკენ იხრება, მაგრამ ანა-მარია ასწრებს და საშაქრეს ხელს აფარებს)
ანა-მარია_ თქვენ რა სერიოზულად ფიქრობთ, რომ მე ჩემი ბავშვობის მეგობარი და თანაავტორი ჯერ
იარაღით ჩავცხრილე და შემდეგ ლა-მანშში მოვისროლე?
ეგანი _ მე არა, მისტერ ბაროზო!
ანა-მარია _ სასაცილოა, ინსპექტორო!
(საშაქრეს მთლიანად ეგანის ჭიქაში ცლის)
ეგანი (იცინის) _ მართლაც!
(სერიოზულდება)
ისე, რა შეგიშლიდათ ხელს?!
ანა-მარია _ რააა?!
ეგანი _ დოჩესტერი ტყუილად როდი ვახსენე, თქვენ იქ მოტელში გაათენეთ ღამე.. ასე, რომ სულ რაღაც
წუთები გაშორებდათ დანაშაულის ადგილს.. პორტიც იქვეა და თავისუფლად შეგეძლოთ გვამის თქვენს
კატერზე გადათრევა.
ანა-მარია _ მე წითელი სიტროენი არ მყავს.
ეგანი _ იქირავეთ.. აი რაც შეეხება იარაღს, თქვენს სახელზე ბერეტას ტიპის პისტოლეტია
დარეგისტრირებული.
ანა-მარია _ ინსტიტუტიდან მოყოლებული, სპორტული სროლის მოყვარულთა კლუბის წევრი
გახლავართ.
ეგანი _ ვიცი, ვიცი და ერთი სული მაქვს, თქვენს ბერეტას თვალი შევავლო.
ანა-მარია_ რა პრობლემაა?!
(მაგიდის ჩაკეტილ უჯრას გასაღებით აღებს და შიგ იქექება)
29

ვერ გავიგე.. სად უნდა წასულიყო.. ალფრედო, შენ აიღე?


ალფრედო_ გაგიჟდი, რა ჭირად მინდოდა?!
(ანა-მარია უჯრას მაგიდაზე აყირავებს)
ანა-მარია _ ჰო, მაგრამ ყოველთვის ამ უჯრაში ვინახავდი.. ალბათ, მომპარეს.
ალფრედო _ ნუ სულელობ.
ეგანი _ კარგად მოძებნეთ, თორემ როცა მის ფიცჯერალდის გვამს აღმოვაჩენთ, ტყვიებს ბალისტიკურ
ექსპერტიზაზე გადავაგზავნით.. მერე, რა თქმა უნდა, თქვენს ბერეტასაც შევამოწმებთ და ვნახავთ,
იარაღის ტიპი და ტყვიების კალიბრი ერთმანეთს ხომ არ ემთხვა.
ანა-მარია _ საკმარისია!
(მაგიდაზე მუშტს აბრახუნებს)
ეს ისტორია ტელევიზიებისთვის რომ შემეთავაზებინა, მასხრად ამიგდებდნენ.. ვერ ამტკიცებთ, რომ
ელეონორა მოკლეს, ვერც იმას, რომ გაქრა..
(ეგანს მკლავზე წვდება და ფეხზე წამოაგდებს)
ასე რომ სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
(ეგანი მოულოდნელად ხელს კრავს და ანა-მარია სავარძელში ეხეთქება)
ეგანი _ იჯექით და თქვენი ხმა არ გავიგო!
ანა-მარია_ ტონი შეარჩიეთ!
ეგანი (წინ უჯდება) _ უკცრავად, თავი ვეღარ გავაკონრტოლე.. თუმცა რა მიკვირს, ყოველდღე
ეკრანებიდან იმდენ მოძალადე პოლიციელს გვიჩვენებენ, რომ ძნელია ამ სტერეოტიპს თავი დააღწიო..
როგორც ამბობენ _ „ბუნება ხელოვნებას ბაძავს“ .. მგონი, ეს ოსკარ ვაილდის სიტყვებია, არა?
ანა-მარია _ ხვალიდან ჩემს ადვოკატთან გექნებათ საქმე!
ეგანი _ კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში.. და მაინც, ოსკარ ვაილდზე რა აზრის ბრძანდებით?
ანა-მარია _ გადამრევთ, ოსკარ ვაილდი რა შუაშია?
ეგანი _ ნუუ, როგორ გითხრათ, თქვენ და ქალბატონი ელეონორა მეგობრები ხართ.. ახლო მეგობრები..
ჰოდა, ვინ იცის, იქნებ, თქვენს შორის...
ანა-მარია _ თქვენ რა, ლესბოსელობას მაბრალებთ?!
(გრაფინს ხელს ტაცებს და ეგანს წყალს სახეში ასხამს)
ეგანი _ რამ აგაღელვათ, არა ტრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში, არაფერია სასირცხვილო.
(ხელსახოცით სახეს იმშრალებს)
ანა-მარია (ეგანს პერანგის საყელოზე წვდება) _ მომისმინე, ვიღაცა ხარ!
ალფრედო(ანა-მარიასა და ეგანს შუაში უდგება) _ ჩაის ხომ არ გაიმეორებთ, ინსპექტორო?
ეგანი _ დიდი მადლობა, მისტერ კენტ, ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით.
(კარისკენ მიდის)
ალფრედო (საწყლად)_ ის მაინც გვითხარით, იმ კაცს რა შეემთხვა.. ფერნანდო ბაროზოს.
ეგანი _ როცა სახლში მივაკითხეთ, კარი ღია დაგვხვდა, ბინა კი ცარიელი. მეტიც, მას მერე მისტერ
ბაროზო თვალით არავის უნახავს.
(კარის აღებს)
ასე, რომ დასკვენები თავად გამოიტანეთ, მეგობრებო.
(გადის და კარს ხმაურიანად აჯახუნებს)
ალფრეფო (აკანკალებული ხელით კარს რაზავს) _ ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ეს რა შარში გავეხვიეთ?!
ანა-მარია_ დაწყნარდი, ჩვენ არავსითვის გვისროლია.
(ალფრედოს მობილი რეკავს. შეშინებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს შეყურებს)
ალფრედო (სუსტი ხმით) _ ალო.. ალო.. კი ალფრედო ვარ.. და თქვენ? ვინა ვინაა? შემთხვევითი მოწმე?!
(უღონოდ იკეცება და მობილი ხელიდან უარდება. ანა მარია იხრბა, მობილს იღებს და მიკროფონის
რეჟიმში გადაყავს)
ანა- მარია (ყვირილით) _ რა მოწმე, რის მოწმე, თავი კედლისთვის ხომ არ მიგირტყია?!
30

ხრინწიანი ხმა _ ეტყობა, წერილებს არ კითხულობთ, თორემ აქამდე შავ კონვარტს მიაგნებდით.
(ელეონორა იატაკზე დაყრილ წერილებთან მირბის, შავ კონვერტს პოულობს, ხსნის და იქიდან დისკი
ამოაქვს)
ელეონორა _ ეს.. ეს რა არის?
ხრინწიანი ხმა _ ფლეიერში ჩადე და გაიგებთ.
(ელეონორა დისკს ფლეიერში ათავსებს. ეკრანზე ვხედავთ პლედში გახვეულ გვამს, რომელსაც ორი
უსახო ფიგურა ლიფტში ტენის)
ეს ალფრედო ბაროზოა.. გამოტყდით, სად გადამალეთ მისი გვამი, მკვლელებო?!
(სინათლე)

2 სცენა

(აივნის კარი შეღებულია. ანა-მარია დაწნულ სავარძელზე შემდგარა და ფანჯრებს რეცხავს; იატაკის
ხეხვით დაკავებული ფერნანდო სტენდის უკან შედის და განწირული ხმით ბღავის. ანა-მარიას ჩვარი
ხელიდან უვარდება)
ანა-მარია _ რაა.. ახლა რაღა მოხდა?!
(ოთახში შერბის. ალფრედო სტენდს ატრიალებს)
ფერნანდო _ შე.. შე.. შეხედე!
(სტენდის უკანა კედელზე ვიღაცას მისი და ანა-მარიას ფოტოები გაუკრავს და შუბლის არეში შპაგები
გაუყრია. ქვევით წარწერაა _ „ვენდეტა“)
ალფრედო (პანიკურად) _ ხომ გეუბნებოდი, ელეონორა.. ელეონორა შემოიპარა ბინაში და გამუდმებით
გვითვალთვალებს!
ანა-მარია_ შეუძლებელია, კარი ჯაჭვით გადავრაზე!
ალფრედო _ მაშინ ეტყობა, ვიღაცამ გაუღო.
ანა-მარია _ ვინ _ უჩინმაჩინმა, გონება შეზღუდულო?!
(კეფაში სილას სთავაზობს)
ინსპექტორი!
(ფოტოებს ხსნის და ნაკუწებად აქცევს)
ჰო, ჰო, ერთადერთი ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, ის ნაძირალაა! ამგვარი ოინებით უნდა, რომ
გაგვტეხოს!
(ბარს გამოხსნის)
და შენ თუ ასე გააგრძელე, მიაღწევს კიდეც მიზანს.
ალფრედო (გაღიზიანებით) _ ის თუ ვერა, შენ _ ნამდვლად!
(ნაკუწებს ურნაში ყრის)
დესპოტივით იქცევი და ისე მატერორებ, რომ ლამისაა, საკუთარი ნებით ჩავბარდე პოლიციას!
(შპაგები საძინებელში გააქვს გააქვს)
ანა-მარია (ბოთლს პირზე იყუდებს) _ ფუუუ!
(აფურთხებს)
ეს რა მძღნერობა მოათრიე!
ალფრედო (დერეფნიდან) _ რა ყველაფრით უკმაყოფილი ხარ?! ახალთ-ახალი მარკაა და გლიჯინ-
გლიჯინით იყიდება.
ანა-მარია (აგრესიულად) _ ჰო, ჰო, ეგ რეკლამა შენისთანა გოიმებზეა გათვლილი.
(აივანზე გადის, მაგიდიდან პოლიეთილენის პაკეტს იღებს, ოთახში ბრუნდება და აივნის კარს ხურავს.
პიჯაკის დანახვაზე ალფრედო მისკენ გარბის, თითქოს უნდა, ხელიდან გამოსტაცოსო. ანა-მარია ხელს
მექანიკურად უკან წევს და პიჯაკის ჯიბიდან კონვერტი ვარდება)
ალფრედო _ გეყოფა.. გეყოფა ჩემი წამება.. ეს პიჯაკი აღარ დამანახო!
31

ანა-მარია _ნუ ჩაბჟირდი, სისხლი კარგა ხანია შეაშრა, თან ხომ ხედავ, პაკეტში ჩავდე.
ალფრედო _ და რას უპირებ?
ანა-მარია_ სადმე გადავმალავ.
ალფრედო_ სად სადმე? სად სადმე? ბინა თუ გაჩხრიკეს ყველგან მიაგნებენ.
ანა-მარია _ აბა რა ვქნა, ინსპექტორს მივაშავო?
ალფრედო _ დიახაც!
ანა-მარია _ ეტყობა, დაგავიწყდა, ჩემი პიჯაკიაო, შენი პირით აღიარე.
ალფრედო_ შევცდი ბატონო.. და ასეც ვეტყვი.. ჰო, ჰო, ჩემი_ კარადაში ყოფილა შეკიდებული და
იმიტომ ამერია, რომ ძალიან გავს ამას.
ანა-მარია _ შენ მართლა ვერ აზროვნებ თუ ძალით ისულელებ თავს?! ეს საზიზღრობა იმ არანორმალურს
ხელში თუ ჩაუვარდა, ეგრევე ლაბორატორიაში გააქანებს და სადაა გარანტია, რომ
მიკროსკოპული დათვალიერების შემდეგ, რამე ახალი, გაუთვალისწინებელი სიურპრიზი არ
გამოხტება?!
ალფრედო _ რაღა სიურპრიზი, ისედაც დღისით, მზისით, არაფრის გამო, საქმეს გიკერავენ, ქალო!
ანა-მარია _ ვიდრე მოტივი არ არსებობს, ვერაფერსაც ვერ დამიმტკიცებენ.. ასე, რომ ჯანდაბამდეც გზა
ქონიათ!
(დომოფონის ხმა)
ეს თუ ისევ ინსპექტორი გვეწვია ჩაიზე, ამ ჭიქებს თავზე გადავალეწავ!
(დომოფონის ყურმილს იღებს)
გისმენთ.. რა თქმა უნდა, გიცანით, ინსპექტორო.. მეტი რა გზა მაქვს, ამობრძანდით.
(ყურმილს კიდებს)
ალფრედო (ჩვარს წვდება და სტენდიდან წარწერის წაშლას იწყებს. წამით ჩერდება) _ ისე, ნაცნობი
ხელწერა კია.
ანა-მარია _ ნუ ჩაიხვიე, ელეონორა აქ ვერ შემოაღწევდა.. ვერა-მეთქი!
ალფრედო _ არა, მისას არა, შენსას გავს.
ანა-მარია _ სულ ააფრინე?!
(კეფაში სილას სთავაზობს. ზარის ხმა)
ალფრედო _ კარგი, კარგი ჰო, შენს ხელში კიდევ კარგად ვარ.
(კარს აღებს. ზღურბლზე ინსპექტორია)
ეგანი _ დილა მშვიდობისა. შეიძლება, შემოვიდე?
ანა-მარია_ რა თქმა უნდა, თუ ჩემი დაკავებისა და ბინის ჩხრეკის ორდენს წარმომიდგენთ.
ეგანი _ აუცილებლად.. ოღონდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.. ეს ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრული
ვიზიტია.
(უცერემონიოდ მისაღებში შეაბიჯებს)
სალამი, მისტერ კენტ.
ალფრედო _ სალამი, ინსპექტორო.
ეგანი _ თქვენის ნებართვით, ჩამოვჯდები..
(ჯდება)
არა, ყავაზე არ შეწუხდეთ, გზაში დავლიე.
(ანერვიულებული ანა-მარია წინ უჯდება)
აი ჩაიზე კი უარს ვერ ვიტყვი, თქვენც თუ მიირთმევთ, თუ რა თქმა უნდა.
(ალფრედო არ ინძრევა)
მესმის, მესმის.. ეტყობა, რძე ისევ არ გაქვთ.. არადა, როგორ ვიმედოვნებდი, რომ მის ფიცჯრალდი
შეიძენდა.
ალფრედო_ ელეონორა?
ანა-მარია_ ის რა ცოცხალია?
32

ეგანი _ ვრაფრით გაგახარებთ.. უბრალოდ, გუშინ ისე ელოდით, წუთი-წუთზე, თქვენი მეგობრის
დაბრუნებას, რომ ძალაუნებურად მეც ოპტიმიზმით განვიმსჭვალე და მეგონა, დღეს მაინც
მეღირსებოდა მისი ხილვა....
ანა-მარია _ ვწუხვარ.
ეგანი _ მეც.. აბა, რამე სიახლე ხომ არ არის თქვენკენ?
ანა-მარია (ყოყმანით) _ ვშიშობ, რომ არა.
ეგანი _ იქნებ, ბარათს ან ტანსაცმლის სხვა ნაწილებს გადააწყდით ბინაში?
ალფრედო _ სხვა ნაწილებს?
ეგანი _ ჰო, კაბას, ღამის პერანგს, შეიძლება, წინდებსაც.
ანა-მარია _ ხუმრობთ?!
ეგანი _ არა, რატომ.. ქალბატონი ელეონორა მთელი თვენახევრით მოიწვიეთ საცხოვრებლად და
სავსებით ლოგიკურია, რომ მისი ნივთები ჯერ კიდევ აქ იყოს.
ანა-მარია _ ასეა.. თუმცა, არფრისთვის მომიკრავს თვალი.. და შენ ალფრედო?
ალფრედო _ არც მე.
ეგანი _ საოცრება პირდაპირ!
ანა-მარია_ ახლა, როცა თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილეთ, კეთილი ინებეთ და აგვიხსნათ, ამ
დილა-ადრიან რას შეუწუხებიხართ?
ეგანი _ სიამოვნებით.
(პასუხის გაცემას არ ჩქარობს)
ალფრედო _ როგორც ვხვდები, რაღაც ახალმა გარემოებებმა იჩინა თავი?!
ეგანი _ დიახ. გახსოვთ, გუშინ გითხარით, რომ თქვენი მეუღლე და მის ფიცჯერალდი ლონდონში
ერთმანეთს წაეჩხუბნენ, რის შემდეგაც ანა-მარიამ ელეონორა სასიკვდილოდ დაჭრა, კატერით ზღვაში
გაიყვანა და წყალში გადააგდო?!
(იცინის)
აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ყველაფერი უფრო რთულადაა.
ანა-მარია_ ეჭვიც არ მეპარება.
ეგანი _ დიახ, დიახ, თუკი აქამდე მხოლოდ თეორიულად ვმსჯელობდი, დღეს ეს ყველაფერი უკვე
ფაქტებით შემიძლია დაგიმტკიცოთ.
ანა-მარია _ ბატონო?!
ეგანი _ ჰო, ჩემს ჯაჭვს ერთი რგოლიღა აკლდა _ მკვლელობის მოტივი, მაგრამ ახლა ამასაც ნათელი
მოეფინა.
ანა-მარია_ ნუთუ?!
ეგანი _ კი, დღეს პოლიციაში უცნობმა მამაკაცმა დაგვირეკა, რომელიც სამწუხაროდ ვინაობის
გამხელაზე უარს აცხადებს...
ანა-მარია (გესლიანად) _ და იმ ინფორმაციის გაზიარებაზეც, რომელიც ვითომ იცის, მაგრამ თან არ იცის,
არა?!
ეგანი _ ცდებით.
(ბლოკნოტში იხედება; კითხულობს)
„გატყობინებთ, რომ ანა-მარია კენტი წლების მანძილზე კულტურის სამინსტროში მაღალ თანამდებობას
იკავებდა და საკუთარ მინისტრთან ერთად სახელმწიფო ხაზინას ძარცვავდა. ელეონორა ფიცჯერალდმა
ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო და მეგობრის დაშანტაჟებას შეეცადა“
ანა-მარია _ არ მჯერა!
ეგანი _ მაინც რა _ მამაკაცმა რომ დაგვირეკა, ფულს რომ იპარავდით, თუ მეგობარი რომ
გემუქრებოდათ?!
ანა-მარია _ კულტურის სამინისტროში დეპარტამენტს დიახაც ვხელმძღვანელობდი.. სხვა ყველაფერი
აბსურდია.
33

ალფრედო_ კი, კი, სრული ბოდვა.


ეგანი _ მე ამას ვერ ვიტყოდი.. ანონიმი დეტალებში საკმაოდ ჩახედული ჩანდა.
(ალფრედო ცოლისკენ ჩოჩდება და ხელს ხელზე კიდებს. ეგანი ბედნიერებისგან ანათებს)
კამეფტივით ისტორიაა, არა?! მოტივი სახეზეა, ირიბი მტკიცებულებებიც და გვამიღა გვაკლია, ორი
ტყვიით შუბლზე!
ანა-მარია(დგება) _ ახლავე ადვოკატს ვურეკავ!
ეგანი _ ასე ჯობია, დროს დავზოგავთ.
ანა-მარია _ და ვეტყვი, რომ ჩემს დაკავებას აპირებთ.
ეგანი _ ნუ ჩქარობთ, მის კენტ.. ჯერ თქვენი კატერი უნდა დავათვალიეროთ.. სადმე თმის ღერი ან
სისხლის კვალი თუ აღმოჩნდა, დეენემის ანალიზს ჩავუტარებთ და პასუხს დაველოდებით.. აი მერე
კიიი...
ანა-მარია _ გასაგებია! თუ ჩემი დაჭერის ორდერი არ გაქვთ, გთხოვთ, აქაურობა დატოვოთ!
ეგანი _ მე კი გირჩევთ, დანაშაული აღიაროთ და ერთად მოვიფიქროთ შემამსუბუქებელი გარემოებები..
როგორც იტყვიან, ხელი ხელსა ჰბანს, ბატონებო.
ანა-მარია _ წადი შენი!
ეგანი _ მე წავალ, მაგრამ ჩემი შემთავაზება ძალაში რჩება, იცოდეთ.
(კარისკენ მიდის, ჩერდება)
ისე, სხვათაშორის, ჩვენმა კეთილის მსურველმა ერთ საინტერესო დეტალზეც მიგვანიშნა.
ანამარია _ კარგი ერთი?!
ეგანი _ დიახ.
(ბლოკნოტში იხედება)
ფერნანდო ბაროზოს პიჯაკზე გაამახვილეთ ყურადღებაო.. ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს?
ანა-მარია _ წარმოდგენა არ მაქვს.
ეგანი _ და ის, აივანზე? მისტერ კენტ, დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვიალდ თქვენი პიჯაკი იყო?
ალფრედო _ არა, მეგონი, შევცდი.
ეგანი _ შეცდით?
(აივანზე იხედება)
რაღაც ვერ ვხედავ.
ანა-მარია_ იმიტომ, რომ აივანი დავალაგე.
ეგანი _ ჰო, სარკესავით პრიალებს..
(იატაკზე დაგდებულ კონვერტს აშტერდება)
უი, ეს რა არის?
(კონვერტს ხსნის)
წერილი მისტერ ბაროზოს სახელზე, ზედ სისხლის ლაქებით.
ანა-მარია _ ვხედავ.
ეგანი _ და აქ საიდან გაჩნდა?
ანა-მარია _ ელეონორას ამოუვარდებოდა ჩანთიდან.
ეგანი _ ან იმ პიჯაკის ჯიბეში იდო.
ანა-მარია _ შეიძლება.
ეგანი _ აივანი რომ მორეცხეთ გავიგე, მაგრამ პიჯაკი სად წავიდა?
ანა-მარია_ მგონი, ჩემმა მეუღლემ ქიმწმენდაში ჩააბარა.
ალფრედო(ისტერიულად) _ ნუ მაბრალებ, ხელი არ მიხლია! სამზარეულოშია.. სამზარეულოში.. და
თქვენ გელოდებოდით, რომ გადმოგვეცა.. ახლავე გამოვიტან!
(სამზარეულოში გარბის)
ეგანი _ თქვენ რა სამხილის გადამალვა გსურდათ, ქალბატონო?
34

ანა-მარია _ კარგით რა, მეგონა, ჩემი ქმრის პიჯაკი იყო და ბინაში შემოვიტანე. ნუთუ ეს ასეთი
დანაშაულია?!
ალფრედო (ბრუნდება) _ აი, ინსპექტორო!
ეგანი (პიჯაკს ათვალიერბს) _ ჰო,ჰო, ჰო, ჰო, სისხლი.. სისხლი.. აქაც ისევ სისხლი.. თან ეს ნახვრეტი?!
(კონვერტსა და პიჯაკს ჩანთაში ინახავს)
ამ ორივე ნივთ-მტკიცებულებას ახლავე ლაბორატორიაში ჩავაბარებ..
(გასასვლელისკენ მიდის)
და როგორც კი პასუხს მივიღებ, თქვენთან გავჩნდები.. სავარაუდოდ, უკვე ორდერით ხელში!
(კარს აღებს)
იმედია, ქვეყნის დატოვებას არ აპირებთ, მის კენტ? გაფრთხილებთ, ახლახან ევროკავშირის ქვეყნებთან
ექსტრადაციის კანონს მოვაწერეთ ხელი. ასე, რომ...
(გადის)
ალფრედო (სასოწარკვეთით)_ კოშმარი.. სრული კოშმარი!
ანა-მარია (სასოწარკვეთით)_ ჰო, ვიღაც ჩემს გაფუჭებას ცდილობს.
ალფრედო (ცოლს თვალებში აშტერდება) _ იქნებ.. იქნებ, მართლაც ესროლე ელეონორას და მე მიმალავ?!
ანა-მარია (მწარე ღიმილით) _ მადლობ, ასეთი მაღალი წარმოდგენა რომ გაქვს ჩემზე!
(დივანზე ეცემა, სუსტი ხმით)
თუმცა, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს _ შენც თუ აღარ მენდობი, ჩემი საქმე მართლა წასულია!
(ტირის)
ალფრედო_ ჩუუ, ჩუუ, საყვარელო..
(ეხვევა)
გენდობი.. როგორ არ გენდობი.. უბრალოდ.. უბრალოდ.. ეს ყველაფერი ნერვების ბრალია.. მოდი,
წამოწექი..
(წამოწოლაში ეხმარება)
თვალები დახუჭე და ცოტა დაისვენე.
ანა-მარია (საწყლად) _ მცივა.
ალფრედო _ ახლავე პლედს გამოგიტან.
(საძინებელში შედის და იქიდან შპაგებით ხელში ბრუნდება)
ეს შპაგები შენ გამოიღე?
ანა-მარია _ რატომ მეკითხები?
ალფრედო _ მე გარდერობში შევკეტე და ახლა რატომღაც საწოლზე დამხვდა.
ანა-მარია _ პოლტერგეისტი გვყავს სახლში..
(დგება, ქმარს შპაგებს ჩამოართმევს და კარადისკენ მიაქვს)
აბა სხვაგვარად ეს უცნაურობები როგორ ავხსნა?!
ალფრედო_ როგორ ფიქრობ, გვამი თუ ვერ იპოვნეს, მაინც შეძლებენ, რომ მკვლელობაში
დაგადნაშაულონ?
ანა-მარია _ ალბათ.. მაგრამ გვამი მათ ბრალდებებს კიდევ უფრო გაამყარებს.
(კარადის კარს აღებს და შეშდება _ იქ ელეონორაა აყუდებული, სახე და ტანსაცმელი სისხლით აქვს
მოთხვრილი, შუბლზე 2 ნატყვიარი ამჩნევია. გვამი კარადიდან ვარდება. ალფრედო ღრიალებს)
და აი ისიც!
(ალფრედოს სავარძლამდე მიაცილებს)
ალფრედო _ ეს.. ეს.. ეს.. ნამდვილად ელეონორაა?
ანა-მარია _ ორი ნატყვიარით შუბლზე.. ზუსტად ისე, როგორც ინსპექტორმა აღგვიწერა.
ალფრედო _ მაგრამ როგორ.. რისთვის?
ანა-მარია_ აბა რა გითხრა?! ფაქტი ერთია _ იმდენი ემასხარავა ამ ცხოვრებას, რომ ბოლოს ცხოვრება
იქით გაეოხუნჯა!
35

ალფრედო _ ეს რომ ინსპექტორმა ნახოს...


ანა-მარია_ დარწმუნდება, რომ ერთი თვის წინ ლონდონში არავინ მომიკლავს.. აი შეხედე, სისხლმა
შედედებაც კი ვერ მოასწრო.
(ელეონორას წინ იმუხლება და ყურს გულზე ადებს თუ არა, მიცვალებული ყელში წვდება)
ელეონორა _ დაგიჭირე, ჩათლახო!
(იწყება ჭიდაობა. ელეონორა, როგორც იქნა, თავს ითავისუფლებს, დგება, ჯიბიდან ხელსახოცი ამოაქვს
და სახიდან სისხლს და ნატყვიარის კვალს იწმენდს. ალფრედო გაფართოებული თვალებით შეყურებს)
რაო, რა თქვი ჩემზე _ მასხარაო?! ჰოდა, აი შენ ოინიც! ხომ ხედავ, ყველაფერში ასი თავით გჯობივარ!
ჰაჰ, მიცვალებული კარადაში, რომელიც ცოცხლდება, ცოტა მოძველებული ხერხია კი, მაგრამ დღემდე
მშვენივრად მუშაობს. ალფრედო, საყვარელო, პირი დამუწე, თორემ ბუზი შეგიფირნდება.
ანა-მარია(დგება, გამომწვევად) _ ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
ელეონორა_ გრძელი ამბავია.. გთავაზობ, სასმელით დავიწყოთ.
(ბარიდან ვისკი გამოაქვს)
არ დალევ? აი მე კი უარს ვერ ვიტყვი.. გინდა, გითხრა, რა აღმოვაჩინე: რაც მეტი ბოთლი გეგულება
ბარში, მით უფრო გწყურია..
(ტახტზე ითხლაშება)
ოო მეგობარო, შავადაა შენი საქმე.. ჩვენი ინსპექტორი ისეა მონდომებული, რომ ციხის
საპირფარეშოების ხეხვა არ აგცდება.
ანა-მარია _ მაინც რა მუხლით? შენ ცოცხალი ხარ და არავითარი გვამი ბუნებაში არ არსებობს.
ელეონორა_ ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
ანა-მარია_ რისი თქმა გინდა?
ელეონორა_ იმის, რომ ძალიანაც მომწონს ჩემი ამჟამინდელი როლი. აბა დაფიქრდი, არც გადასახადებს
ვიხდი,არც დაზღვევას და არც მევალეები მაწუხებენ.. ასე, რომ მკვდრეთით აღდგომას სხვა დროისთვის
გადავდებ.
ანა-მარია _ ნუ როშავ, ჩვენ უკვე გნახეთ.
ელეონორა_ და ვინ დამიშლის, რომ გავიპარო?! ჰო, ჰო, ფაფუუ, გავფრინდი, ავორთქლდი, გავუჩინარდი,
უხილავ ეონთა სამყაროს შევერიე.
ანა-მარია_ ამის უფლებას არ მოგცემ..
(ტელეფონისკენ მიდის)
ახლავე პოლიციაში გადავრეკავ!
ელეონორა _ მიდი, მიდი და რასაც დაუმტკიცებ, მაგასაც ვნახავ!
ანა-მარია (განრისხებული სახით ყურმილს წვდება) _ შენზე დიდი წარმოდგენის ისედაც არ ვიყავი,
მაგრამ მას მერე, რაც დაიბრიდე, ტვინის უკანასკნელი უჯრედებიც გაგეთიშა..
(ნომერს კრეფს)
მარტო პოლიციას კი არა, კონსიერჟსაც გამოვიძახებ და მთელი კორპუსი დამემოწმება, რომ ცოცხალი
ხარ.
ელეონორა (იარაღს იშიშვლებს) _ ნუ სულელობ, დაეგდე და მომისმინე!
ანა-მარია _ აი სად ყოფილა ჩემი პისტოლეტი! გგონია, არ გიცნობ, გასროლას ვერ გაბედავ!
ელეონორა_ გავბედავ და მერე როგორ!
ანა-მარია_ ჰოდა მაშინ მე კი არა, შენ ღმოჩნდები გისოსებს მიღმა!
ელეონორა_ არ გამოვრიცხავ.. მაგრამ, თუ ინსპექტორ ეგანს აი ამ ოთახში ორი გვამი დახვდება და შენ ეს
ბერეტა გეჭირება ხელში, როგორ ფიქრობ, რას დაასკვნას გამოიტანს?!
ალფრედო _ ელეონორა, მე რაღას მერჩი?!
ელეონორა_ იმას, რომ შენ და შენმა ძვიფასმა მეუღლემ, რომელიც მთელი ათი წელია მონასავით
მხმარობს, ჩემი თავიდან მოშორება ერთად დაგეგმეთ.
ანა-მარია_ არა, არა, მძინავს და სიზმრად გხედავ.. ჩარაზული აივნიდან როგორ გამოაღწიე?
36

ელეონორა_ აგიხსნი.. ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ თავის დროზე.


ანა-მარია_ მაშინ ის მაინც მითხარი, ერთი თვის წინ ლონდონში ნამდვილად გნახეს, თუუუ..
ელეონორა_ მნახეს და თან არც მნახეს.. სულ რაღაც 50 ფუნტად, შენ რომ ძალიან გგავს, ისთი
ქალბატონი ვიქირავე, რომელმაც მკვლელობის სცენა ვირტუოზულად გაითამაშა.. ახლა მკითავ, ამ
დროს შენ რას აკეთებდიო? რას და შენს კატერს მოვახტი, ზღვაში გავედი და გემბანზე საგანგებოდ ჩემი
თმები და სისხლის კვალი დავტოვე... მოკლედ, ბარგი ჩაალაგო და პოლიციას გამზადებული დახვდე!
ანა-მარია_ ვთქვათ, მე დამიჭირეს და შენ.. შენ რა ხეირი?
(პაუზა)
ელეონორა_ სოლიდური წილი, ანა-მარია!
ანა-მარია _ დაივიწყე, ფულს ვერ მიიღებ!
ელეონორა _ მივიღებ _ არა, გამოგძალავ!
(ჯიბიდან კონვერტ იღებს)
გეცნობა?
ანა-მარია_ რა უნდა მეცნოს, ჩვეულებრივი კონვერტია.
ელეონორა _ რა თქმა უნდა ჩვეულებრივი.. ოღონდ, ზედ ჩვენი საადვოკატო ფირმის ბეჭდით.. აი შიგ
კი კონტრაქტი ინახება, რომელშიც ჩემი და შენი ურთიერთ-თანმშრომლობის პირობები დეტალურადაა
გაწერილი.
ანა-მარია_ მერე?!
ელეონორა_ კონტრაქტი 25 პუნქტისგან შედგება. ჩვენთვის ახლა 24-ეა საინტერესო, სადაც
ფორსმაჟორულ სიტუაციებზეა საუბარი.
ანა-მარია_ და?
ელეონორა_ შენის ნებართვით, წავიკითხავ _ „ერთ-ერთი ავტორის გარდაცვალების, ავადმყოფობის ან
სასჯელ-აღსრულებით დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევაში, საავტორო უფლებები თანა-ავტორზე
გადადის“
(იღიმის)
ხედავ, ეს პუნქტი ზუსტად ჩემზეა გამოჭრილი.
ალფრედო _ საერთოდ აღარაფერი მესმის.
ანა-მარია(ნერვიულად ოთახში ბოლთას ცემს) _ სამაგიეროდ, მე მესმის, მე! ამ დამპალმა ყველაფერი
გაითვალისწინა: მკვლელობის მოტივი, იარაღი, ტრანსპორტი, მოწმეები! უვადო პატიმრობა არ ამცდება.
ეს შენძრეული კი გვარს გადაიკეთებს და ცხოვრებას ახლიდნ დაიწყებს!
ალფრედო _ ღმერთო, ღმერთო, ხაფანგში მოგვამწყვდია.
ანა-მარია _ მოიცა.. მოიცა.. მთლად ეგრეც არაა სქმე.. რაღაც მაინც გამოეპარა ამ გენიოსს.. ვერსადაც ვერ
გაქრება.. იმიტომ, რომ ამ კონვერტზე თავისი ბინძური თითების ანაბეჭდები დაგვიტოვა.. და მარტო
კონვერტზე კი არა, მთელ ბინაში!
ელეონორა (ტრაგიკული ხმით) _ ჰოი საშინელებავ, ეს გამომრჩა მხედველობიდან?!
ანა-მარია(ზარ-ზეიმით) _ იცინე, იცინე და ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ნოემბერში ჩაგცხრილე, რადგან
დეკემბერში საკუთარი ფეხით მომადექი, სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი! ჰო, ჰო, მეგობარო,
ბუფეტზე, ბარში და ამ ჭიქაზე ყველგან შენი ნათითურებია.
ელეონორა (იღიმება) _ რა თქმა უნდა, მე ხომ შენი დაქალი ვარ და ამ ბაითში, თავს როგორც საკუთარ
სახლში, ისე ვგრძნობდი.. მიდი ახლა და არკვიე, როდის დავტოვე ესა თუ ის კვალი.. დღეს? გუშინ?
იქნებ, საერთოდ ერთი წლის წინ? ანაბეჭდების თარიღის იდენტიფიცირებას კრიმინალისტიკა ჯერ-
ჯერობით ვერ ახერხებს!
ალფრედო (ანა-მარიას) _ რამ დაგამუნჯა?! მასზე ნაკლები ფანტაზია არ გაქვს, მოიფიქრე რამე!
ანა-მარია (აგონიაშია) _ ვისკი.. ამ ბოთლიდან ვისკი ჩამოისხა.
(ბოთლს ხელსახოცით იღებს)
ალფრეედო _ და ეს რას ცვლის?
37

ანა-მარია _ შენ არ მითხარი, ახალთახალი მარკაა და მაღაზიების ქსელში სულ რამდენიმე დღეა რაც
შეიტანესო..
(ელეონორას)
ასე, რომ შენი თითის ანაბეჭდები ზედ ერთი თვის უკან ვერაფრით გაჩნდებოდა.. აი, სად დაგენძრა,
ჩიტო!
ელეონორა (ტაშის კვრით) _ ბრავო, ბრავო, ამ ლამაზ ისტორიას ოდესმე სადმე აუცილებლდ
გამოვიყენებ.. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ახლაც ერთი ტაქტით დაგაგვიანდა.. გადავიფიქრე, შენ
ჩემთვის ტყვია არ გისროლია.. კარგი დეტექტივი იმითაა საინტერესო, რომ ყოველთვის მოულოდნელი
ფინალით აოცებს მკითხველს.
ანა-მარია(დაბნეულად) _ რისი თქმა გინდა?
ელეონორა _ მისაყვედურე, ყველეფერი ვერ გათვალისწინეო, არადა, მე თუ მკითხავ, ეს შენ გამოგრჩა
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
ალფრედო_ აღარ შემიძლია ამის მოსმენა.. იღონე.. რამე იღონე, ანა-მარია, თორემ გავაფრენ!
ანა-მარია _ შეწყვიტე ისტერიკა, არანორმალურო!
(ზედმეტად მშვიდად)
რა გამომეპარა?
ელეონორა_ ფერნანდო ბაროზო.
ანა-მარია _ გააგრძელე!
ელეონორა_ საწყალი, ცოცხალი აღარაა.. ჰო, მე გამოვუყვანე წირვა, მაგრამ მკვლელობა შენ
დაგბრალდება.
ანა-მარია (გაოგნებით) _ ეგ როგორ?
ელეონორა _ განა, საყვარლები არ იყავით?! თუ რამე მეშლება?
(ანა-მარია ხმას ვერ იღებს)
ჰე, მიდი, გამიპროტესტე!
ალფრედო_ ეს.. ეს.. სიმართლეა, ანა-მარია?
(ანა-მარია მზერას აცილებს)
ელეონორა_ შენ ჩემგან ესტაფეტა გადაიბარე, ასე არაა, გოგონი?!
ანა-მარია_ თუ ეს ისევ შენი მორიგი, უკბილო ხუმრობაა, იცოდე...
ელეონორა _ რა მეხუმრება, შემოგევლე.. ათობით მოწმე მყავს, რომლებმაც რესტორნებში, ბარებსა და
სასტუმროებში დაგაფიქსირეს.. კი.. კი.. კარგად დაინახეს, როგორ გუგულებივით შესციცინებდით
ერთმანეთს.. როგორი ვნებით დაუცურებდი ხელს შარვლის უბეზე და ისიც...
ალფრედო (ღრიალით) _ ანა-მარია.. ჩემს ზურგს უკან.. ღმერთო, რა სიმდაბლეა!
(სახეს ხელებში რგავს)
ელეონორა _ ო ჩემო ალფრედო, შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, ვისში გაგცვალა ამ მოღალატემ. არა, არა,
თავიდან ამასაც ანგელოზი ეგონა ის ვაჟბატონი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა.. მაგრამ
ნელ-ნელა გამოუჩინა სატანამ კლანჭები _ ჯერ მეტი დრო და ყურადღება დამითმეო, მოსთხოვა.. მერე
ოჯახი მიატოვეო.. მერე ფული, ფული, ფული შემომაკლდაო _ გაუთავებლად ეწუწუნებოდა .. ესეც
ატენიდა და ატენიდა მაყუთს, იმის შიშით, რომ ან შენთვის არაფერი ეთქვა ან საერთოდაც პოლიციაში
არ დაესმინა.
(ელეონორას)
ჰო, ჰო, მივქარე და ერთხელ ჟიმაობისას იმ არა კაცს ავადხსენებული შემნახველი წიგნაკისა და
ოფშერების ამბავი მოვუყევი.. ჰოდა, ფერნანდო _ რისი ფერნანდო იყო, ეგრევე ხელზე დაიხვია.
ანა-მარია _ ეს.. ეს.. ეს ყველაფერი შენი ავადმყოფი წარმოსახვის ნაყოფია!
(შპაგებს წვდება და ერთს ანა-მარიას უგდებს)
ელეონორა _ ნეტა, მართლა ასე იყოს!
(ანა-მარიას უტევს)
38

გგონია, მარტო შენ ამოგიღო სამიზნედ?! მეც ყოველდღე მირეკავდა.. თან მეფიცებოდა, მიყვარხარო, თან
ისევ ფულის გამოძალვას ცდილობდა..
(ახლა ანა -მარია გადადის შეტევაზე)
თავიდან რომ ვერაფრით მოვიშორე, შევთავაზე, ანა-მარია პოლიციაში ჩაუშვი და კარგ თანხას
გადაგიხდი-მეთქი.. გადავუხადე კიდეც და არა ერთხელ.. მაინც არ შემეშვა.. აჩრდილივით კუდში
დამსდევდა.. კარს ჩავუკეტავდი და ფანჯრიდან მოძვრებოდა.. შენთან გადმოვსახლდი და აქაც მომაგნო..
დავინახე თუ არა, 10 ფუნტიანი ავაფარე ცხვირზე.. ვიფიქრე, იოლად გამოვძვრებოდი, მაგრამ
დერეფანში ფეხი შემოადგა თუ არა, კაბა შემომაგლიჯა და პირდაპირ იატაკზე წამაგორა..
(ქალები გაცხარებით ფარიკაობენ)
აღარ ვიცოდი, რა მექნა.. ჰოდა, მოვუთხარე, საქმრო მყავს-მეთქი.. სულ გადაირია.. წიხლებით შემდგა..
ძლივს გამოვეგლიჯე.. სამზარეულოში შევვარდი, დანას ხელი ვტაცე და მოვუქნიე.. ერთი ამოიხრიალა
და ჩემს ფეხებთან გაიშოტა.. რაღა უნდა მექნა?! სისხლით გაჟღენთილი პიჯაკი გავხადე, მისი ჯერაც
თბილი სხეული აივნიზე გავათრიე და ლა-მანშში მოვისროლე.
(ელეონორა ანა-მარიას შპაგას ხელიდან აგდებინებს და იარაღის წვერს მკერდზე აბჯენს)
ესეც ასეე!
(გრძლი პაუზა)
ანა-მარია_ შენი არ მჯერა.. მაგრამ სიმართელსაც რომ გვიყვებოდე, ამ საქმეს მე ვერ მომაკერებ.
ელეონორა _ და ხელს რა შემიშლის?
ანა-მარია_ მტკიცებულებებს ვერ შემითითხნი.
ელეონორა_ და მისი პიჯაკი, შენს აივანზე რომ იპოვნეს?! განა, ეს პილიციისთვის სრულიად საკმარისი
არაა?! ჰო, რჩება კიდევ მკვლელობის იარაღი.. შენი სამზარეულოდან აღებული ბასრი დანა.. ზედ შენივე
ანაბეჭდებით..
ანა-მარია _ და შენი სად წავიდა?
ელეონორა _ იმ დღეს საშინლად ყინავდა და რდგან გასეირნებას ვაპირებდი, ხელთათმანები ჩავიცვი.
ანა-მარია (საწერი მაგიდის უჯრებს ჩხრეკს) _ სად.. სად გადამალე დანა, შე ცხოველო?
ელეონორა _ აივანზე.. ნუ გეშინია, ჩემი დახმარებით, ადვილად მიაგნებენ.
ანა-მარია _ გზიდან ჩამომეცალე, მკვლელო!
(ელეონორას ხელს კრავს და ივანზე გარბის)
ელეონორა (უკან მიყვება) _ ნუ დაიღლები, მაინც ვერ იპოვნი.
ანა-მარია(ზიზღით) _ კარგი, გნებდები.. ოღონდ ამიხსენი, ამ ეს ჩაკეტილი კარი რა საოცრებით გააღე?
ელეონორა _ დარწმუნებული ხარ, რომ ნადვილად გინდა ამის ცოდნა?
ანა-მარია_ დარწმუნებული ვარ.
ელეონორა_ ალფრედომ გამიღო.
ანა-მარია _ ვიინ?
(ალფრედო ელეონორას უახლოვდება და ხელს ხელზე უჭერს)
ელეონორა _ ჰო, ჰო, გახსოვს, ბოლო წამს როგორ მოიმიზეზა, თვითმფრინავის ბილეთები მაგიდაზე
დამრჩაო და უკან დაბრუნდა?! შენ მანქანაში ელოდებოდი.
ანა-მარია _ რატომ ალფრედო? რა დაგიშავე?
ელეონორა _ საკუთრ თავში უგონოდ შეყვარებული ნარცისი რომ არ იყო, დიდი ხანია მიხვდებოდი, მე
და შენს „პაწიას“ წლებია რომანი გვაქვს.
ანა-მარია (ალფრედოს მკერდზე მუშტებს ურტყამს) _ გამყიდველო, იუდავ, ამ ნაბოზარს შეეკარი?!
ალფრედო (ხელებს უკავებს)_ დიახაც.. ყელში ამომივიდა შენი გულგრილობა.. ჩემი პიჯაკიც კი ვერ
იცანი, ჩვენს ნიშნობაზე რომ მეცვა.
ანა-მარია (ალფრედოს) _ იცოდი.. იცოდი, მკვლელი რომ იყო და ხელს აფარებდი!
39

ელეონორა _ არა, მეგობარო _ ფერნანდო ბაროზო ცოცხალია და თავს მშვენივრად გრძნობს.. უბრალოდ,
რაც შენ საწოლში ჩაუგორდი, ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა..ასე, რომ ორივე დამილოცნიხართ,
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
(აივნის კარს ხურავს და პულტს თითს აჭერს. ანა-მარიას დაზაფრულ სახეს ნელ-ნელა ჟალუზი ფარავს.
ელეონორა _ ფერნანდოს)
ასე ჯობია.. სუსტი გული გაქვს და მისი წამების ყურებას ვერ გაუძლებ!
ფერნანდო _ ნუ დარდობ, ის ჩემთვის დიდი ხანია აღარ არსებობს, საყვარელო.
ელეონორა_ და მალე მხოლოდ შენ კი არა, მთელი სამყარო დაივიწყებს.
(წყვილი ერთმანეთს შეღიმის)
ალფრედო (აღფრთოვანებით) _ ლუციფერი ხარ.. ნამდვილი ლუციფერი!
ელეონორა _ ნუ, შენ მაინც ვერ შეგედრები, ძვირფასო.. საწყალი ანა- მარია თითქმის ინსულტამდე
მიიყვანე.
ალფრედო _ როგორც იტყვიან, ფერი - ფერს და მადლი - ღმერთს, საყვარელო.
(ქალს ტუჩებში კოცნის. შეუმჩნევლად შემოდის ინსპექტორი ეგანი და ინტერესით აკვირდება
შეყვარებულებს)
ეგანი _ ჩემი კომპლიმენტი, მის ფიცჯერალდ.. სუფთა ნამუშევარია.
ელეონორა (ალფრედოს შორდება) _ მადლობა, ინსპექტორო.
ეგანი _ ცოტა იმპროვიზირება კი მომიხდა, ინტრიგა რომ გამემწვავებინა, მაგრამ მგონი, ყველაფერი
კარგად გამომივიდა..
ელეონორა _ გეთანხმებით, კვანძი ოსტატურად შეკარით.
ეგანი _ მიხარია, რომ დრმატული ხელოვნების სკოლაში მთელი 3 წელი ტყუილად არ მივლია და იქ
მიღებული ცოდნა გამომადგა.
(ელეონორას შამპანიურის ბოთლს უწვდის)
ელეონორა _ ყოჩაღ, კარგად ჩაციებულა!
(ბოთლს ხსნის)
ეგანი _ ჰო გარეთ ისეთი სუსხია, ბოთლი კი არა, მეც რომ არ გავიყინე, მიკვირს.
ალფრედო _ ჩემზე რომ იყოს დმოკიდებული, ოსკარს გადმოგცემდით.. თითქმის დამაჯერეთ, რომ
მკვლელობის თანამომაწილე ვარ.
ელეონორა_ ოჰ, უკაცრავად, სულ დამავიწყდა, რომ დაუსწრებლად იცნობთ ერთმანეთს.. ალფრედო,
ნება მომეცი, ჩემი ახალი თანაავტორი წარმოგიდგინო _ ბაბბეტა უიტაკერი, მწერალი და როგორც
აღმოჩნდა, არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელიც განსაკუთრებულად დეტექტივის ამპლუას იხდენს.
(ალფრედო და ბაბეტა ერთმანეთს ხელს ართმევენ)
არადა, ანა-მარია მის ტალანტზე არც ისე დიდი წარმოდგენის იყო..
(შამპანიურს ბოკლებში ასხამს)
ეეეჰ, რა საწყენია, რომ ვერ შემოგვიერთდება.. ეს ხომ მისი საყვარელი შამპანიურია.
სამივე _ გაგვიმარჯოს!
ელეონორა (საათზე იხედება) _ ალფრედო, აჩქარდი, ხუთ წუთში ტაქსი მოგაკითხავს.. ეეჰ, მშურს შენი..
მთელი 2 თვე შვეიცარიის ალპებში მეც სიამოვნებით დავისვენებდი.. აბა შენ იცი, დაამხეცე
თხილამურზე სრიალი და რომ შევხვდებით, ერთმანეთს შევეჯიბროთ.
ალფრედო _ არა, მე ისევ ციგა მირჩევნია, ჩემო ღვთაებავ.
ელეონორა_ და თქვენ, ბაბეტა, ხომ არ გადაიფიქრეთ შოტლანდიაში გამგზავრება?
ეგანი _ რა თქმა უნდა, არა.
ელეონორა _ კარგია.. იმ პროვინციულ თეატრში მაყურებელი აუცილებლად დაგიმახსოვრებთ.. ესეც
თქვენი ალიბი.
(ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებს)
რაო, რა როლი შემოგთავაზეს?
40

ეგანი _ როგორც ყოველთვის, პოლიციელის, რომელმაც სერიული მკვლელობა უნდა გახსნას.


ელეონორა_ წარმატებები, მეგობარო.. და ვიდრე თქვენ იმ თქვენს მანიაკზე ინადირებთ, მე ამერიკელ
პროდიუსერებს დავაინტერესებ ჩვენი ახალი ბესტსელერით.
ეგანი _ ეჭვიც არ მეპარება, რომ უახლოს მომავალში ჰოლივუდის კარი ჩვენთვის ფაროდ გაიხსნება.
ელეონორა _ თქვენს პირს შაქარი!
(ალფრედოს)
ახლა კი _ წინ, თოვლისა და მზისკენ! და გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ორი თვის მანძილზე უკან
დაბრუნება არც კი გაიფიქრო.
ალფრედო_ გისმენ და გემორჩილები, მბრძანებელო! წავალ, ჩემოდნებს მივხედავ.
(გადის)
ელეონორა _ იმედია, არც თქვენ დამაღალატებთ.
ეგანი _ რას ამბობთ, ელეონორა?! ახლა ჩემი მომავალი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.
ელეონორა _ საბედნიეროდ.
ეგანი _ და განა, სრული იდიოტი ვარ, რომ საკუთარი ხელით სამარე გავითხარო?!
(ბრუნდება ალფრედო ჩემოდნებით)
ელეონორა _ ერთად არ უნდა გვნახონ, ამიტომ ცალ-ცალკე გავიდეთ.. მე ბოლო ვიქნები.. აბა, მეგობარო,
შევსვათ ჩვენი ახალი ტანდემის სადღეგრძელო!
(ბაბეტას ჭიას ჭიქაზე უჭახუნებს)
ეგანი _ სულ ია-ვარდებით მოფენილ გზაზე გვევლოს ორივეს!
(ბოკალს ცლის, წყვილს ხელის დაქნევით ემშვიდობება და ბინას ტოვებს)
ელეონორა(ალფრედოს კარამდე მიაცილებს)_ შეხვედრამდე, ლომო.
ალფრედო _ რა გადაიტანს ამდენი ხანი უშენობას!
(ეხვევა)
ელეონორა_ კარგი, კარგი, ახლა ამის დრო არაა.. წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.. პირველ მარტს ბერნში
ჩამოგაკითხავ.
ალფრედო _ მაშინ პირველ მარტამდე, ძვირფასო.
(კოცნის და ბინას ტოვებს. ელეონორას ბარიდან ვისკის ბოთლი გამოაქვს, ბოკალს ივსებს და
სულმოუთქმელად ცლის. ბოკალს კვლავ ავსებს)
ელეონორა (აივნისკენ) _ მშვიდობით, ანა-მარია! ვიცი, ფიქრობ, რომ სადისტი ვარ და ეს ყველაფერი
სიამოვნებას მანიჭებს და არც ცდები, მეგობარო!
(ბოკალს ცლის. მოულოდნელად რაღაცა ზუზუნს იწყებს. ელეონორა მკვეთრად ტრიალდება)
რა.. რა ხდება? ჯანდაბა, ისევ რომელიღაც აპარატი ჩაირთო ავტომატიურად! არა, აქედან სასწრაფოდ
უნდა ავახვიო!
(ოთახს ბოლო მზერას ავლებს. თვალში ჰიჩკოკის ბიუსტი ხვდება, რომელის მოგუდვასაც შარფით
ცდილობდა ერთი თვის წინ და რომელსაც თავი მოტეხა)
და სადაა ახლა ეგ შენი ტვინით გაძეძგვილი თავი, შენ ჩემო გენიოსო? ასეა, ძმაო, ერთის მზე ჩადის და
მეორესი ამოდის.. ბუნების კანონს ვერ შეცვლი.
(უთავო ჰიჩკოკს წვდება და ის-ისაა უნდა აწიოს, რომ ბიუსტს ხელები ძვრება)
ფუ შენი დედაც! არა რა, მგონი, ამ სახლში მართლა მოჩვენებებმა დაიბუდეს.
(კარისკენ მიიჩქარის, სკამს ეჯახება და აყირავებს. რეკავს ტელეფონი. ელეონორა ყურმილს
მონუსხულივით აშტერდება, მაგრამ მის აღებას ვერ ბედავს. მოულოდნელად ირთვება ტელევიზორი და
გაისმის ყურის მომჭრელი კივილი _ ეს ბინის სიგნალიზაცია ჩაირთო. დამფრთხალი ელეონორა ოთახში
უაზროდ დარბის)
მოგიტყან.. მოგიტყან.. მოგიტყან გამომგონებელიცა და დამყენებელიც..
(პულტს აწვება)
რატომ არ ითიშება?
41

(აივნის კარის თავზეა დამონტაჟებულ მოციმციმე ნათურას გაღიზიანებით შესცქერის. პისტოლეტს


წვდება, ნათურას უმიზნებს და ისვრის. სგნალიზაციისა და ტელეფონის ხმა ერთდროულად წყდება)
ჟალუზები მექანიკურად ნელ-ნალა მაღლა ადის)
ჰა რა იყო, გეგონა ვერ მოგახვედრებდი?!
(მოზეიმე სახით ფანჯარაში იხედება და შეშდება _ აივანი ცარიელია)
ანა-მარია? ანა-მარია! სად ჩემ ტრაკში ხარ?! შენ რა კუკუ-დამალობანას მეთამაშები?!
(აივნის ფანჯრების გასწვრივ ისეთი სიფრთხილით გადაადგილდება, თითქოს ყოველ წამს ვიღაცის
თავდასხმას ელისო)
ხმა გამეცი.. მიპასუხე, თორემ რაც დაგემართება, შენს თავს დააბრალე!
(პულტს კარ ს უშვერს, აღებს და იარაღ-მომარჯვებული აივანზე შეაბიჯებს თუ არა, ზევიდან თავზე ანა-
მარია ახტება. ყოფილი მეგობრები გაშმაგებით იბრძვიან. ელეონორას იარაღი ხელიდან უვარდება. ანა-
მარია ელეონორას მარწუხებს უსხლტება და ოთახში შერბის. ელეონორა იაღართან მიბობღებას ასწრებს
და ანა-მარიას უმიზნებს)
ანა-მარია _ არ გაბედო!
ელეონორა _ ადიუ, ანა-მარია!
(სასხლეტს თითს გამოკრავს. გულში დაჭრილი ანა-მარია მოწყვეტით აივნის კარს ეხეთქება. კარი
იხურება. მინის მიღმა ელეონორას გაოგნებულ სახეს ვხედავთ, რომელიც აცნობიერებს, რომ ხაფანგში
გაება. ოთახში თავისით ირთვება ტელევიზორი. სინათლე ნელ-ნელა ქვრება და მხოლოდ მოციმციმე
ეკრანიღა რჩება, რომელზეც ფილმიდან „ფსიქო“ მკვლელობსი სცენა თამაშდება. ვერანდაზე საშხაპე
ნათდება, სადაც მამაკაცისა და ქალის ჩრდილები სექსით არიან დაკავებულები. ფარდა)

You might also like