You are on page 1of 10

ხმა კინოში

კინო, როგორც რეალობასთან ყველაზე ახლოს მდგომი და


ტრანსცენდენტური ხელოვნების ჟანრი მრავალი კომპონენტისგან
შედგება და მათ შორის ყველაზე ღირებულისა და მნიშვნელოვანის
გამორჩევა ძნელია. საბოლოო ჯამში კინო მაინც ვიზუალური ხელოვნებაა
და გამოსახულება მასში დომინანტია, მას შეგვიძლია ვუწოდოთ მოძრავი
ნახატიც, მაგრამ, როგორც კი სიტყვა მოძრაობას ვახსენებთ, მხოლოდ
გამოსახულება აღარ არის საკმარისი. მოძრაობას თან ერთვის ხმა, ამიტომ
მისი დავიწყება რეალობის ილუსტრატორ კინოზე საუბრისას
დაუშვებელია. უხმო კინო სინამდვილეში ხმოვანი სამყაროს საუკეთესო
ანარეკლია. ამ შემთხვევაში მაყურებელს თვალი აიძულებს
წარმოიდგინოს ხმა და ეს ილუზია იმდენად ძლიერია, რომ ხმა გვესმის
არა გარედან, არამედ ჩაგვესმის შიგნიდან. შეგვიძლია გავიხსენოთ
გერმანული ექსპრესიონიზმის ფილმები, მაგალითად ერთ-ერთი
გამორჩეული ნიმუში “განთიადიდან დაღამებამდე”, გამოვარჩიე ეს
ფილმი, რათა დავამტკიცო უხმო კინოში ხმაურის არსებობა. ამ ფილმს არ
აფორმებს არც მუსიკა და მაყურებლისგან დიდ გონებრივ დაძაბულობას
მოითხოვს ხმის გასაგებად. მთავარი პერსონაჟი ბანკის მოლარეა,
უსახელო, მუშათა კლასის წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის
სახეებში თავის ქალის ჩონჩხს ხედავს, ეს სიმბოლო ფილმში მუშაობს,
როგორც აღსასრულის შეხსენება. “მემენტო მორი”, ანუ სიკვდილი
ახლოსაა. მოლარეს მდიდარი იტალიელი ქალი შეუყვარდება, მისთვის
ბანკს გაძარცვავს, ქალს მასთან ერთად გაქცევას შესთავაზებს, მაგრამ უარს
მიიღებს, ამ სცენაში ქალის დაცინვა ჩაგვესმის და გაწბილებას ვგრძნობთ
მთავარი პერსონაჟის მსგავსად. მოლარე ოჯახსა და საკუთარ იდენტობაზე
უარს იტყვის, ცდილობს სიკვდილს გაექცეს, მაგრამ თავის ქალის ჩონჩხი
ყველგან თან სდევს. ბოლო სცენაში ის ტრიბუნაზე ასულ ყმაწვილში
საკუთარ თავს ხედავს, ძველ, დავიწყებულ იდენტობას, ყმაწვილს
უერთდება და სიტყვით გამოვა. მაყურებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ
ტექსტს კითხულობს, მისი თითოეული სიტყვა მკაფიოდ ჩაესმის, კინოს
მედიტაციური უნარი ახერხებს მაყურებლის დარწმუნებას არარსებულ
ხმაში. მოლარე ტრიბუნაზე აღიარებს საკუთარ შეცდომას, ამბობს, რომ
ფულით არ მოიპოვება ბედნიერება, რომ მას ჰყავდა ოჯახი, გოგონა,
რომელიც ფორტეპიანოზე უკრავდა, ცოლი, რომელიც სადილს
ამზადებდა, ახსენდება სითბო, სიმყუდროვე, კომფორტი, რომელიც ვერ
დააფასა და დაკარგა. ის სასოწარკვეთილი ფულს ტრიბუნიდან ყრის,
მაგრამ ადამიანები გაცხოველდებიან, ამ სიტყვის მოსმენის შემდეგ ფულს
დაუწყებენ დევნას, ეს ყიჟინა, არეულობა, ხმაურიც ჩაგვესმის ყურებში და,
რაც მთავარია ვხედავთ მოლარეს, რომელიც საზოგადოებისგან სრულად
უცხოვდება და აი აქ კინო აღწევს თავისი ილუზიონისტური უნარების
მწვერვალს, კაცი იარაღს ჯიბიდან ამოიღებს, საფეთქელზე მიიდებს და
თავს იკლავს, ჩახმახის გამოკვრა, ტყვიის გასროლა და მოლარის
დავარდნა თანმიმდევრობით ჩაგვესმის და მხოლოდ ფილმის
დასრულების შემდეგ, როდესაც ეკრანი ბნელდება და მედიტაციური
ჯაჭვი წყდება, გვახსენდება, რომ კინო, რომელსაც ვუყურეთ უხმოა. მას
შემდეგ, რაც კინოში ხმა შემოვიდა, მისით მანიპულირებამ არეალი
გაიფართოვა. ხმის შესაძლებლობების საოცარ დემონსტრაციას
გვთავაზობს ამერიკელი რეჟისორი არი ასტერი ფილმში “მიდსომარი”.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმში ხმას ისეთივე მნიშვნელობა და
დატვირთვა აქვს, როგორც გამოსახულებას. გავიხსენოთ სცენა, სადაც
პირველად შეესწრებიან დენი, კრისტიანი და მისი მეგობრები შვედეთის
ერთ-ერთ ლამაზ სოფელში კომუნის, ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ სექტაც,
რიტუალს, როდესაც 70 წელს გადაცილებული ქალი და კაცი მაღალი
კლდიდან ხტებიან, თავს იკლავენ, რადგან მათი კალენდრის მიხედვით 70
წლის შემდეგ ცხოვრება სრულდება. ამ სცენაში აღსანიშნავია სიჩუმითა
და უეცარი ხმებით მანიპულირება, კერძოდ, მაყურებელი დენისთან
ერთად სუნთქვაშეკრული უთვალთვალებს პროცესიას, ჩვენთვის ისევე,
როგორც მთავარი პერსონაჟისთვის მოხუცი ქალის გადმოხტომა
მოულოდნელია, ამ დროს გვესმის დენის შეცხადება და სინქრონში,
როგორ ჩასჭიდებს სწრაფად ხელს კრისტიანს, ეს ორი ხმა ამ ერთ წამში
ყველა სხვა ხმაზე მაღლა დგას, ჩვენ სრულად განვიცდით დენის შიშს და
ვახდენთ მასთან იდენტიფიკაციას. ამ სცენის შემდეგ ახლო კადრია
დენიზე, რომლის ირგვლივაც სამყარო იბურება, მხოლოდ მას ვხედავთ და
ახლოდან გვესმის მისი სუნთქვის ხმა. “მიდსომარში” აუცილებლად
ხაზგასასმელია თრიფის სცენაც, სოკოების მიღების შემდეგ დენის
ჰალუცინაციები ეწყება, მაგრამ აქაც რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს
არა იმდენად გამოსახულებაზე, რამდენადაც ხმაზე. დენის ფოთლების
შრიალი გამძაფრებულად ესმის, რაც ბუნებასთან ახლო კავშირზე
მიგვანიშნებს და ამის შემდეგ ვხედავთ დენის ჰალუცინაციას. მას ჰგონია,
რომ მისი ხელი და მიწა ერთმანეთს შეერწყა, დენის თრიფი ამით არ
მთავრდება, მას სიუჟეტის თანახმად, საშინელი ტრაგედიის შემდეგ,
კერძოდ კი, რაც სახლში დამ გაზი გაუშვა, მშობლები დახოცა და თავი
მოიკლა, პანიკური შეტევები დასჩემდა. დენი ვერ ტირის სხვებთან
ერთად, ამას მას შემდეგ ახერხებს, როდესაც კომუნის წევრი გახდება. მას
თრიფი დროს დაეწყება მორიგი შეტევა, ის გაიგებს დის სიმღერის ხმას,
რაც ტრაგედიასთან აბრუნებს, ამ დროს ფოთლების შრიალის მშვიდი
ხმები უეცრად წყდება და მას დენის მშფოთვარე სუნთქვა ანაცვლებს.
მასთან იდენტიფიცირებული მაყურებელი ღელვას იწყებს, რადგან დენი
ბუნებაშია, გაშლილ სივრცეში, სადაც დახურული, განმარტოებული
ადგილის პოვნა ძნელია. პროცესში მას ესმის ადამიანების სიცილი
გამძაფრებულად, ფიქრობს, რომ მის სისუსტეს დასცინიან, ყველაზე
მეტად რისიც ეშინია. დენი, როგორც კი შევა დახურულ სივრცეში ხმაურს
უეცარი სიჩუმე ენაცვლება, ხოლო სინათლისა და ხმის წარმოქმნა
სინქრონულად ხდება. გვესმის ასანთის ანთების ხმა და დენის ისევ
ვხედავთ. “მიდსომარში” დაუვიწყარია ფინალური სცენა, სადაც არი
ასტერი მუსიკითა და ადამიანების ყვირილით, ხმაურით ახერხებს
სათქმელის გადმოცემას, მთლიანი ფინალი უსიტყვოა, მაგრამ სრულიად
გასაგებია, დენი გახდება მაისის დედოფალი, ის უკანასკნელ მსხვერპლად
საკუთარ შეყვარებულს, კრისტიანს აირჩევს და ამით შურს იძიებს
უპასუხო სიყვარულის გამო, სიყვარულის, რომელიც ძალიან სწრაფად
იცვლის სახეს და იქცევა სიძულვილად. კრისტიანს სხვა კომუნის
წევრებთან ერთად ქოხში მოათავსებენ, რომელსაც ცეცხლს წაუკიდებენ.
სექტის დანარჩენი წევრები გარედან უყურებენ მსხვერპლშეწირვას, მათ
სტკივათ, სხეული ეწვით, ყვირიან, რადგან მათ საზოგადოებაში ყველა
ერთად განიცდის ტკივილს, სევდას, ორგაზმს, სასოწარკვეთას, სწორედ
ამიტომ ხდება დენიც მათი წევრი, მას ხომ ყველაზე მეტად სამყაროსგან
გაუცხოვების ეშინია. დენი იტანჯება, სევდა და გაოგნება იპყრობს, მაგრამ
მუსიკის დასრულებასთან ერთად იღიმის, რაც მისი, როგორც გარე
წევრის, კომუნასთან სრულად შერწყმის მომასწავებელია. “მიდსომარი”
საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელიც დღის სინათლეზეა
გადაღებული, ასტერს არ სჭირდება სიბნელე მაყურებელზე
ზემოქმედებისათვის, მასთან ბოროტებას ნათელს ჰფენს ხმა. არანაკლებ
ოსტატურად იყენებს ხმას ასტერი ფილმში “მემკვიდრეობითი”, სადაც
კონკრეტული ხმები მაყურებელს ფილმის დასრულების შემდეგაც თან
სდევს და აშინებს. ფილმი მოგვითხრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ
ოჯახზე, რომლის მიღმაც შემზარავი ისტორია იმალება. ბებიის
გარდაცვალების შემდეგ დედა უარყოფს მემკვიდრეობით მიღებული
რიტუალის შესრულებას, მაგრამ წარსული არსად იკარგება და ბოლოს
მაინც ვლინდება. სცენა, რომელიც უნდა გავიხსენოთ ხმაზე საუბრისას
არის ჩარლის უეცარი სიკვდილი, იგი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრია,
რომელიც ვიზუალურად საოცრად ჰგავს მტრედს, მას დედის ნაცვლად
ბებია აწოვებდა რძეს, კომუნა მასში ხედავდა უძლიერეს დემონს, სახელად
მეფე პაემონს, მაგრამ ის გოგონაა, ამიტომ მძიმე ტვირთი ჩარლის უფროს
ძმაზე გადავიდა, იქამდე აუცილებელი ხდება ჩარლის თამაშიდან
გამოთიშვა. ის ძმასთან ერთად წვეულებაზე წავა, შოკოლადის ტორტს
შეჭამს, რომელსაც თხილი აქვს, გოგონა თხილზე ალერგიულია, ყელი
გაუსივდება, ვეღარ სუნთქავს, ძმას შველას სთხოვს და აქ ასტერი
გვთავაზობს ხმისა და ვიზუალის საოცარ კომბინაციას. ძმას მანქანით
მიჰყავს ჩარლი საავადმყოფომდე, გოგონა უკანა სავარძელზე ზის, თავი
ფანჯრიდან აქვს გადაყოფილი, სუნთქვას ცდილობს, მანქანა მიქრის, ამ
დროს ვხედავთ, რომ ჩარლი ბოძს შეეჯახება, რაც თავს მოაგლეჯს,
ვიზუალურად მხოლოდ ჩარლის შეშინებულ სახეს ვხედავთ
შემთხვევამდე, შემდეგ კი საზარელი ხმა გვამცნობს მომხდარს ჩვენც და
ჩარლის ძმასაც. აგრესიული ხმა, სიმძაფრე, ყვირილი გვხვდება
თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ოსტატთან ჯულია
დიუკურნოსთანაც. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია “უმი”,
სადაც ავტორი ხმის დახმარებით საოცრებებს ახერხებს. “უმი”
ავტოკატასტროფით იწყება, რაც ზოგადად დამახასიათებელია
დიუკურნოს შემოქმედებისთვის. ხმა მოულოდნელია, დაწყებისთანავე
გითრევს კინოს სამყაროში. ფილმი გოგონაზეა, რომელიც სოციუმში
ყალიბდება ქალად, ამ გადამწყვეტ მომენტს რეჟისორი ერთი სცენით
ასახავს. ვეგეტარიანელი ჯასტინი უმ ხორცს გასინჯავს და მასში
კანიბალიზმისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება, რომელიც
ჯასტინმა დედისგან მემკვიდრეობით მიიღო. ჯასტინს საბანი აქვს
გადაფარებული, მთელი სხეული ექავება, საშინელ შიმშილს გრძნობს, ვერ
ნაყრდება, ამ ყველაფერს აპროტესტებს და განწირული ხმით ყვირის,
როგორც ქალი და არა, როგორც გოგონა, რომლის ხმასაც საბანი ახშობს,
საბანი, როგორც სოციუმი, საზოგადოება, რომელიც რატომღაც ქალს
ყოველთვის გაჩუმებისკენ მოუწოდებს. ქალისა და სამყაროს
დაპირისპირებაზე გვიყვება დიუკურნო ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს
ფილმში “ტიტანი”. ამ შემთხვევაში ხმა ყველაფერია, თითქმის ყველა
ხერხს იყენებს რეჟისორი ფილმის გასამძაფრებლად. პირველი გვესმის
პატარა ალექსიას ხმა, რომელიც პირით მანქანის ძრავის ხმას იმიტირებს,
ამით ვიგებთ, რომ ალექსიასა და მანქანას შორის უდიდესი კავშირია,
შემდეგ შეჯახების ხმა, რომელიც ამ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.
საოცარი ეპიზოდი, როდესაც ალექსიას მანქანა ეძახის, ხმას გამოსცემს,
პირდაპირ მოითხოვს მასთან სექსუალურ კავშირს და ვირტუოზულად
გადაღებული მანქანასთან, მანქანაში სექსის სცენა, რომლის ხმებსაც
ტრადიციული სექსისგან ვერ განასხვავებ. ტიტანში აღსანიშნავია სახლში
მკვლელობების სცენა, სადაც მუსიკისა და გამოსახულების სრულ
უთანხმოებას ვაწყდებით. სასტიკი მკვლელობების სერიას
აბსოლუტურად შეუსაბამო მუსიკა აფორმებს, რაც ფილმს
გროტესკულობას, ცინიკურობას სძენს, ჩვენ გვეცინება ამ სცენის
ყურებისას, მაგრამ კონკრეტულად რა გრძნობა იწვევს ჩვენს ასეთ რეაქციას
გაუგებარია. მუსიკას იყენებს დიუკურნო ფილმის ფინალშიც, სადაც
მანქანისა და ქალის შვილის დაბადებას ბახის ნაწარმოებიდან, “წმინდა
მეთიუს ვნება”, ნაწყვეტი აფორმებს. ამით რეჟისორი რობოტულ,
ტექნიკურ, არაჰუმანურ არსებას წმინდანის მნიშვნელობას სძენს, თითქოს
ეს ბავშვი ჩვენს სამყაროში ხსნაა, რომელიც უსიყვარულობისგან
გადაგვარჩენს. რადგან ტიტანი ვახსენეთ აქვე გავიხსენოთ დევიდ
კრონენბერგის “შეჯახება”, სადაც ავტოკატასტროფის შემდეგ ადამიანებს
პერვერსიული ფიქრები აწუხებთ მანქანის ნაწილებთან და შეჯახებასთან
დაკავშირებით. აღსანიშნავია სცენა, სადაც რამდენიმე ადამიანი ერთად
უყურებს შეჯახების სცენებს ტელევიზორში, ისინი განიცდიან
აღგზნებადობას და თითქოს მათი შინაგანი განცდები და ძრავის ხმა
ერთმანეთის გამომსახველია. ხმაზე მსჯელობისას აუცილებელია
გავიხსენოთ ლარს ფონ ტრიერის ფილმი “დოგვილი”, სადაც ტრიერი
გვთავაზობს სპექტაკლს კინოში, გადასაღებ მოედანზე ქალაქი დოგვილი
დახატულია, არ არსებობს კარები, მაგრამ მიუხედავად ამისა ილუზიური
კარის სახელურის ჩამოწევისა და გაღების ხმა გვესმის, იგივე შეგვიძლია
ვთქვათ ძაღლზე სახელად მოსე, რომელიც ფილმის ფინალამდე მხოლოდ
ნახატია, რომელსაც ყეფა შეუძლია.

მუსიკა, როგორც უხილავი რეალობის ამსახველია სებასტიან


შიპერის ფილმში “ვიქტორია”. ბანკის გაძარცვის შემდეგ ახალგაზრდები
კლუბში ჩადიან, ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვავენ, ერთი შეხედვით
ბედნიერები არიან და ერთობიან, მაგრამ უეცრად ელექტრონული მუსიკა
წყდება და მას ანაცვლებს სევდიანი საუნდტრეკი, რომელიც პერსონაჟების
შინაგან სამყაროში გვახედებს და ვიგებთ, რომ ისინი განიცდიან არა
ბედნიერებას, არამედ უდიდეს მწუხარებას. გამოსახულებისთვის
დაუძლეველ სიღრმეში გვახედებს მუსიკით რეჟისორი რუბენ
ოსტლუნდი ფილმში “ფორს მაჟორი”. ოჯახი მშვიდი ზამთრის
არდადეგების გატარებას ცდილობს საფრანგეთში, ალპებში, მაგრამ მათ
შორის უდიდესი დაძაბულობა და უთანხმოებაა, რასაც მართვადი
ზვავისგან გამოწვეული შიში, მამის უკან მოუხედავად გაქცევა და ოჯახის
მიტოვება გააღვივებს, ამ შემთხვევამდე ოსტლუნდი ოსტატურად
გვკარნახობს ოჯახში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობას. ვხედავთ
ალპებს, სრული სიმშვიდეა, სიწყნარე, რომელთანაც შერწყმასაც
ცდილობს ოჯახი, მაგრამ უეცრად გვესმის ვივალდის “ზაფხული”, რაც
დაძაბულობასა და შფოთვაზე მიგვითითებს. ყვირილი, ისევე როგორც
დიუკურნოსთან, აქაც დიდ როლს ასრულებს, მამა აპროტესტებს
ყვირილით სამყაროსგან დაკისრებულ ვალდებულებას, რომ მას უნდა
შეეძლოს თვითგადარჩენის ინსტინქტზე მაღლა დადგომა და საყვარელი
ადამიანებისთვის თავგანწირვა. ეს ფილმი მრავალ კითხვას აჩენს, მამის
ქცევა გამოიწვია სიყვარულის სისუსტემ, თუ ცხოველური ინსტინქტის
ძალამ. მამა ფილმში ატირებული ამბობს: “მე ჩემი ინსტინქტების
მსხვერპლი ვარ”, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხს მას შემდეგ ვიღებთ,
როდესაც ფილმის ბოლოს, საშიშ მომენტში, როცა ავტობუსის მძღოლი
ძალიან სწრაფად და არასტაბილურად მართავს საჭეს, დედა პირველი ჩავა
ავტობუსიდან, ისე, რომ საკუთარ შვილებს სრულად დაივიწყებს.
ყვირილი, როგორც პროტესტის ფორმა გვხვდება პიერ პაოლო პაზოლინის
უდიდეს შედევრში “თეორემა”. ფილმის ბოლოს მამა შიშვლდება
კაპიტალისტური სამყაროსგან, ქარხანას სხვას გადაულოცავს და თავად
სამოთხის კარიბჭედან გამოძევებულ ადამს ემსგავსება, შიშველი მიდის
უმიზნოდ გავერანებულ ადგილას და ყვირის, აპროტესტებს ადამის
მოდგმის ბედისწერას, ვინც მტანჯველი თავისუფლებით დაჯილდოვდა.

ვისაუბროთ მთხრობელისა და შინაგანი მონოლოგის ეფექტზეც


კინოში და გავიხსენოთ ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ,
როდესაც ცას ვუყურებთ”, ამ შემთხვევაში დიალოგების რაოდენობა
მინიმალურია, მაგრამ მთხრობელი გადმოგვცემს მესამე პირში
ადამიანებს შორის არსებული დიალოგების შინაარს , ვხვდებით შინაგან
მონოლოგებსაც, რაც პერსონაჟებთან კიდევ უფრო გვაახლოებს. გარდა
ამისა კობერიძესთან დასაწყისშივე მაყურებელს ჰიპნოზი უტარდება,
მთხრობელი თვალების დახუჭვას გვთხოვს, ამ დროს ვწყვეტთ სიუჟეტში
არსებობას, მაგრამ ავტორი მალევე გვაბრუნებს, თვალების გახელამდე
გვესმის ჩიტების ჭიკჭიკის ხმა, თითქოს თენდება და ღრმა ძილიდან ახლა
გამოვდივართ, ამ ხმით ავტორი ქმნის ხიდს ჩვენს ირგვლივ არსებულ
რეალობასა და კინოს ილუზიურ სამყაროს შორის და თვალის
გახელისთანავე ფილმის ყურებას პერსონაჟთან, ლიზასთან, სრულად
იდენტიფიცირებულები ვაგრძელებთ. კინოში ხმაური მოახლოებულ
საფრთხეზეც მიგვითითებს და ამაზე შეგვიძლია გავიხსენოთ მიჰაელ
ჰანეკეს ფილმი “მხიარული თამაშები”, სადაც გოლფის პატარა ბურთის
შემოგორების ხმა ფსიქოპატების მოსვლის მომასწავებელია.
დასასრულს შეგვიძლია ვისაუბროთ კინოში ყველაზე დასაფასებელ
და მნიშვნელოვან ხმაზე სიჩუმეზე და გავიხსენოთ 2021 წლის ფილმი,
აპიჩატპონგ ვერასეტაკულის “მემორია”, ანუ მეხსიერება. ამ ფილმით
ავტორს უნდოდა მაყურებელს მოესმინა სიჩუმე, რომელშიც ყველაზე
უეცარ მომენტებში იჭრება ის უცნაური მძიმე საგნის დაცემის ხმა,
რომელიც მხოლოდ ტილდა სვინტონის პერსონაჟს, ჯესიკას ჩაესმის.
ფილმი, რომელიც მოგვითხრობს კოლექტიურ არაცნობიერზე,
რეინკარნაციასა და კოდური მეხსიერების მასშტაბებზე ცხადია სიჩუმით
გადმოიცემა. ამ ფილმს სჭირდება არა მოსმენა, არამედ გრძნობა. ჯესიკა
იპოვის მეორე ადამიანს, რომელსაც ასევე ესმის ამოუცნობი, მისტიკური
ხმა, ისინი გაითამაშებენ სიკვდილს, იმას, რაც წლების წინ მათ წინაპრებს
გამოქვაბულში ერთად გადახდათ. კაცი მიწაზე დაწვება, თითქმის
შეწყვეტს სუნთქვას, ბოლოს აღარც სუნთქავს და არ ინძრევა, ამ
წარმოსახვითი სიკვდილის შემდეგ ჯესიკა ჰკითხავს თუ როგორი იყო
სიკვდილი, რაზეც პასუხი ისევ სიჩუმე იქნება. ამ ფილმში ხმა აერთიანებს
ორ ადამიანს და ისინი ერთად გაიხსენებენ წარსულს, რომელიც
ორივესთვის ერთნაირად მტკივნეულია. დაახლოებით მსგავსი
სიკვდილის იმიტაცია გვხვდება დეა კულუმბეგაშვილის ფილმში
“დასაწყისი”, სადაც იანა წვება მიწაზე, ცდილობს შეერწყას ბუნებას და
ისიც, წინა პერსონაჟის მსგავსად, სუნთქვას წყვეტს, აქაც მხოლოდ
ბუნების ხმა გვესმის, კინოში უადამიანობა სიმშვიდის მომნიჭებელია.
ახლა ვისაუბროთ სიჩუმეზე, რომელიც ყვირის, პირველ რიგში
გავიხსენოთ იორგოს ლანთიმოსის ფილმები “ლობსტერი” და “ეშვი”.
ორივე ფილმის ფინალში მთავარი როლი სიჩუმეზე გადადის. პირველის
შემთხვევაში სიჩუმე გვამცნობს, რომ ქოლინ ფარელის პერსონაჟმა
დაბრმავებას ლობსტერად გადაქცევა არჩია და სიყვარულზე
თვითგადარჩენის ინსტინქტმა, შეიძლება ითქვას ტკივილის შიშმაც კი,
გაიმარჯვა, ხოლო მეორე შემთხვევაში ოჯახიდან გამოქცეული უფროსი
ქალიშვილი ჩაქუჩით კბილის, ეშვის მოტეხვას შეძლებს, მაგრამ მანქანის
საბარგულიდან გადმოსვლა და სახლის ჭიშკრის იქით სამყაროსთან
შერწყმა აშინებს. ის რჩება საბარგულში და ამას ლანთიმოსი ხმამაღალი
სიჩუმით გვატყობინებს. სიჩუმე ყვირის ზვიაგინცევის ფილმში
“უსიყვარულოდ”, სადაც ალიოშა კარს უკან დგას, პირი ღია აქვს, თითქოს
ყვირის, მაგრამ ხმა არ ამოსდის, მისი ხმა, როგორც მრავალი
უსიყვარულობას შეწირული ადამიანის ყვირილი სიჩუმეში იკარგება.
უხმოდ გამოხატავს ტრაგედიის სიმძიმეს კრისტიან მუნჯუ ფილმის “4
თვე, 3კვირა და 2 დღე” ფინალში. უკანონო აბორტის ჩატარების შემდეგ
გოგონა, რომელმაც ახლახანს შვილი მოკლა და მისი თანამზრახველი
მეგობარი, რომელმაც ემბრიონი პარკით ნაგავში გადააგდო, სასტუმროს
რესტორანში სხედან, მენიუში იმ დღის კერძი ცხოველის სხვადასხვა
ორგანოებია, პერსონაჟებისა და ჩვენი ასოციაცია მაშინვე ჩვილის
ნაწილებია, ისინი უარს იტყვიან დღის კერძზე და მენიუდან დაიწყებენ
სხვა კერძის არჩევას, გოგონას მეგობარი ჩვენ გვიყურებს, სრული სიჩუმეა,
რაც ჩვენთვის ხმაურზე ძნელად მოსასმენია. სიჩუმეზე მახსენდება 2021
წლის ფილმი “ბუმბულები”. ფილმი იწყება ცეცხლმოკიდებული
ადამიანის ღრიალით, როგორც კი ყვირილი მიწყნარდება მთელი ფილმი
სიჩუმეს უსმენს მაყურებელი. წარუმატებელი ილუზიონისტური ნომრის
შემდეგ მამა გადაიქცევა ქათმად, ჰაერში სულ ბუმბულებს ვხედავთ,
ფილმის ბოლოსკენ შეგრძნება გვეუფლება, რომ დარბაზშიც ბუმბულებია.
დედა ჩუმი პერსონაჟია, ის ყველაფერს აკეთებს შვილების გადასარჩენად
და მეუღლის დასაბრუნებლად. ამ ფილმში დედის ქურდობა ჩუმია,
ბოლოს ქათმის მკვლელობაც და მეუღლის გაგუდვაც ჩუმი, თითქოს
ფილმის დასაწყისში გაჟღერებული ღრიალი მთელ ნიმუშს ჰყოფნის,
მაგრამ კინოს მთავარი საოცრება იმაში მდგომარეობს, რომ ეს სიჩუმე
უფრო ხმამაღალია, ვიდრე დასაწყისში კაცის განწირული ყვირილი.
დასასრულს მივუახლოვდეთ და გავიხსენოთ ანტონიონის შედევრი
“ფოტოგადიდება”, სადაც ხედვის სხვა სიმაღლეზე გადასული ტომასი
ახალგაზრდებს უხილავ ტენისს ეთამაშება, ამ სცენაში ფეხის ხმები
გვაიძულებს წარმოვიდგინოთ ჩოგნის მოქნევისა და ბურთის დარტყმის
ხმა, ეს ხრიკი უხმო კინოსთან გვაბრუნებს, რომელსაც სინამდვილეში ხმა
აქვს, უბრალოდ ეს ხმა მაყურებლის გონებაშია.

საბოლოოდ თუ კინო ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, მას


ისიც ესმის, რისი გაგებაც რეალურ სამყაროში შეუძლებელია.
მარიტა ლიპარტელიანი

You might also like