You are on page 1of 34

ჩემი ომი

ვის უკვირს საზღვრისპირა სოფლებში სროლა,


მაგრამ ეს დღეებია ომის სუნი ისე გამძაფრდა,
თითქოს სადილში სუნელი მოგსვლოდეს მეტი.
ბოლო წლებია, თითქმის ყოველ ღამე ისვრიან
კანტი-კუნტად, იქიდან ვიღაცის თოფი გაჰკვეთს
ჰაერს, მერე აქედან გამოეპასუხებიან, ესენიც ჰაერს
დახვრეტენ, ეს არის და ეს, ასე ვაიძულებთ
მსოფლიოს, ჩვენი არსებობა არ დაივიწყოს.
რაც გზა ჩაიკეტა და წვერიახოდან დავდივართ,
სევდა მხრებზე ბებოს მოქსოვილი შალივით გვაქვს
შემოხვეული. აქაურობა ქურაზე შემომდგარ რძეს
ჰგავს, ბრაზი ნაღებივით მოუგდია და სადაცაა
გადმოვა, ევროპა კი შორიდან
გვითვალთვალებს. ჩვენ რაც შეგვეხება, საჭიდაო
მოედანზე მთვრალი მამის მიერ ძალით
შეგდებული ბავშვებივით „ვწონით“
ერთმანეთს, ჩხუბის ხასიათზე არ ვართ, მაგრამ
წრის დარღვევა გვერცხვინება, დაცინვის გვეშინია.
უკვე თვეებია ერთმანეთს შორიდან ვზვერავთ,
მკლავის ძალასა და თვალის სიმარდეს ვუმოწმებთ.
ჩვენი ცხოვრება აბსურდის თეატრს ჰგავს,
ქურდობაში წაჭერილი ბავშვებივით ვიფარებთ
თვალებზე ხელს და გვგონია ასე შევძლებთ
დამალვას. ისინი კეტავენ გზას, ტანკებით
თელავენ მეღვრეკისის ვენახებს, ნიქოზს
სტოვებენ სასმელი წყლის გარეშე, ტყვიავიდან
იტაცებენ მოქალაქეებს, აპატიმრებენ

1
ჟურნალისტებს, იმარაგებენ ტყვია-წამალს, ჩვენ კი
აგერ აქ, მათი საგუშაგოებიდან სულ რამდენიმე
მეტრში კინო-თეატრებს ვხსნით, ვაშენებთ
რესტორნებს, ვსწავლობთ ოსურ ენას, ე.წ.
საზღვართან ვამღერებთ უცხოელ მუსიკოსებს. . .
თაგვებს ვგავართ, კატას რომ გაექცა და კუდის
ქიცინით აჯავრებს სოროსთან მისული, მაგრამ ის
კი ვერ გაუთვალისწინებია, რომ კატამ სორო დიდი
ხნის წინ ამოქოლა და ახლა მხოლოდ იმ მანძლზე
უშვებს, რამდენსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.
სანამ ჩვენ „ფანდარასტ“, „ფანდარასტ”
ვყვიროდით და ცეკვა-სიმღერით ვცდილობდით
სამყაროს დიადი ყურადღება მიგვეპყრო,
კბილებამდე შეიარაღებულმა მეზობელმა ერთ
დღესაც ჰაერი დაინდო და ტყვია გულში
დაგვიმიზნა. შორიდან დანახული ომი იგივეა,
ბალეტს რადიოთი უსმინო ან კინო ნახო
თვალახვეულმა. შორიდან ომი
მხოლოდ სტატისტიკაა, არაფრისმთქმელი
რიცხვებია: ამდენი მოკვდა, ამდენი დაიჭრა,
ამდენი ჩავარდა ტყვედ, ამდენი დარჩა
საცხოვრებლის გარეშე, ამდენი კილომეტრი თუ
პროცენტი მიწა დაკარგა ქავეყანამ. ჩვენთვის კი
ომი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე აგვისტოს
მზე გააცხელებდა ტვინებს, ჩვენთვის, თითოეული
აქ მცხოვრებისათვის, იმდენი ომი იყო, რამდენი
ადამიანიც ვიყავით, იმდენი ტრაგედია იყო,
რამდენი უძილო ღამეც გადავიტანეთ, თქვენთვის
ომი დასრულდა, ჩვენთვის კი ყოველ ღამე
თავიდან იწყება და, ალბათ, არც არასდროს
დასრულდება.

2
იმ წელს სიცხეები გაუსაძლისი იყო. აჭერდა მზე
და ჰაერი ცოტავდებოდა, მძიმდებოდა, ღამე სულ
უფრო ჭირდა ძილი, ალბათ ამ უსიზმრო ღამეებში
იგრძნეს განსაკუთრებული ინტუიციის მქონე
ოჯახებმა და მანქანებში ჩაალაგებს: გაცვეთილი
ლეიბები, თუჯის ტაფები, საოჯახო ალბომები,
მოკლედ, ყველაფერი რაც ჩაეტია და
ჩამქრალი შუქებით დაადგენენ გზას, რომელიც
თავადაც არ იცოდნენ, სად მიიყვანდა, ალბათ იქ
გაჩერდებოდნენ, საიდანაც უკეთ გამოჩნდებოდა
ცეცხლწაკიდებული საქართველო. ბევრი რამის
ნახვა მომიწია, დიდი ტკივილი გადავიტანე,
ახალფეხადგმული ბავშვივით ხელჩაკიდებული
დამყავდა სიკვდილი, ვნახე სისხლის გუბეები,
ტვინგასხმული თავები, გაუპატიურებული
ბავშვები, კიდურებმოგლეჯილი ჯარისკაცები,
მარტოდ დარჩენილი მოხუცები, ცეცხლწაკიდებულ
სადგომებში აბღავლებული საქონელი, ატირებული
ვაჟკაცები და მაინც მგონია, რომ ქვეყნად არაფერია
მიტოვებულ სახლზე სევდიანი. ცდებით, სახლი
თუ უსულო გგონიათ. გაიჯარავთ კარს და უკან
ქვისა და ცემენტის გროვას სტოვებთ, მაგრამ
თვალს მიეფარებით თუ არა, კედელზე
დაკიდებული მოგონებები ძირს ჩამოდიან,
ზღურბლამდე გამოგედევნებიან და რომ
ვერ დაგეწევიან, იქვე მიწაზე ჩამოსხდებიან და
ძუძუსმოწყვეტილი ჩვილებივით ტირიან და თქვენს
დაბრუნებას ელოდებიან.
ბოლო პერიოდში რამდენიმე სახლი ისე
გულსაკლავად კვნესოდა, რომ ფიქრებს
მიფრთხობდა, შველას მთხოვდნენ ობლად

3
დატოვებული ოთახები, გულს მიკლავდა მათი
საცოდაობა, მაგრამ მე ვის მშველელად
გამოვდგები, საკუთარი თავისთვის ვერ
მიმიშველებია ხელი, მე ჭირისუფალი უფრო ვარ,
ობლად დარჩენილი ეზოების მოზარე.
ცხელი ზაფხულის ბინდში, ვისაც ჭკუა ეყო,
გაიქცა, ვისაც ბრძოლა არ შეეძლო, ისიც გაიქცა და
ქურთაში მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი
დავრჩით: ისინი, ვისაც გაქცევა არ შეგვეძლო და
ისინი, ვისაც ბოღმა ისე გაჟღენთოდა სისხლში,
გაქცევას სიკვდილი ერჩივნა, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ სიკვდილი უფრო საშიშია, ვიდრე
წარმოგვიდგენია და, ბოლოს, ყველა ციხე ტყდება.
ტელეფონის სიხშირეები გათიშეს, ინტერნეტიც,
რასაკვირველია, ტელევიზორის ჩართვა აზრადაც
არ მომსვლია, ფანჯრიდან გაცილებით უკეთ ჩანდა
მთელი ეს უბედურება.
მიზეზების ძებნა წლების შემდეგ შეიძლება
დაიწყო, იფიქრო, რა შეიძლებოდა გაგეკეთებინა,
რომ სისხლი ძარღვებში დარჩენილიყო და
გახვითქული მიწა წყლით მოგვესულიერებინა,
მაგრამ შუაგულ ომში ამაზე ფიქრი
ნამდვილი უგუნურებაა, ჩვენ ვიდექით და
თვალებში ვუყურებდით ქვეყანას, რომელიც
სიკვდილმისჯილივით იდგა, ტყვიას ელოდა,
მაგრამ თვალებს არ ხრიდა, შიში არ ეტყობოდა.
ვუყურებდი ქურთას, რომელიც ვიღაცისათვის
შეიძლება საერთოდ არც არსებობდა, მაგრამ
ჩემთვის, ეს სამყაროს დასაწყისიც იყო და
დასასრულიც, ვუყურებდი სულთმობრძავ სოფელს

4
გულში რომ შანთებს უყრიდნენ და თავში ერთი
და იგივე სიტყვები მჭედლის უროსავით
მირახუნებდა: „ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა!
ძაღლ იყო, ძაღლ იყოს!“ უცნაური რამეა ეს
ტვინი, რა უდროოდ იცის ხოლმე ხანდახან
რაღაცების გახსენება, ამ ომსა და უბედურებაში რა
დროს პოეზია იყო, მაგრამ სიტყვები ისე
ტივტივებდა ზედაპირზე, თითქოს მდინარეს სამი
დღის დამხრჩვალი ადამიანის
თვალებამოღამებული, შიშველი სხეული
გამოერიყოს. რა დროს ესაა ახლა? -
ვუჯავრდებოდი საკუთარ თავს, მაგრამ ფრაზები
უდროოდ მოსული სტუმრებივით ისხდნენ და
„დესერტს“ ელოდნენ: „ლამის რომ არ
შაეწიროს...“ აგრძელებდა ტვინი სხეულთან
პაექრობას.
ლოდინის დრო უკვე აღარ იყო, მოთმინება
გაბრაზებული მასწავლებელივით დამდგომოდა
თავზე და დაბერებული და გაყინული ხელებით
ყურის ბიბილოს რეზინასავით მიწელავდა. თუ
დრო გვექნება და სიკვდილზე დავიწყებთ
მსჯელობას, შევთანხმდებით, რომ სტუმრები ვართ
და სახლს უნდა დავუბრუნდეთო, რომ სიკვდილი
შვებაა, თავის დაღწევაა, ამ შურისა და ბოროტების
წუმპიდან, მაგრამ სხვისი სიკვდილი ყოფილა
შვება, ჩვენი არამც და არამც! არასდროს ვართ
მზად სიკვდილისათვის, რაც უფრო მეტია, უფრო
მეტი გვინდა და მეც მინდოდა გადარჩენა. მეტიც,
არც კი დამიშვია, რომ შეიძლება რაიმე
მომსვლოდა.

5
აივანზე ვიყავი გამოსული და მამას ვადევნებდი
თვალს, რომელიც ეზოში უთავბოლოდ
დაბორიალობდა, აიღებდა რაღაც ნივთს და
აბსოლუტურად უმიზნოდ მეორე მხარეს
გადაიტანდა, მერე იქიდან ქვას გადმოდებდა აქეთ.
თავისთავად ძალიან ტრაგიკული რომ არ
ყოფილიყო ეს ვითარება კომედიური ჟანრის
ფილმის გმირი გეგონებოდათ. ასე წინ და უკან
სიარულით ებრძოდა ბრაზსა და შიშს. ასე
ცდილობდა აზრების დალაგებას, გეგმის
შემუშავებას, გამოსავლის პოვნას. მეზობლის
ჭიშკარი გახმაურდა და ორივემ იქით მივაბრუნეთ
თავი. ვალოდიამ მანქანა ეზოდან გამოაგორა.
-ვალოდიაა,- ეზო ყვირილით გადაირბინა მამამ.
მანქანის ძრავა გუგუნებდა და სანამ ჩვენს ეზოს
გასცდებოდა, მამამ წინ გადადგომა მოასწრო.
აივნიდან ვუყურებდი, ამ მანძილიდანაც ჩანდა
ვალოდიას გახშირებული ჭაღარა და
ფერდაკარგული ლოყისთავები.
-უნდა გვიშველო, უნდა წაგვიყვანო.
-ზვიად, როგორ მიყვარხარ, ხომ იცი, მაგრამ
ადგილი არ მაქვს და აბა რა გიყო?
ვალოდიას გვერდით მოუსვენრად წრიალებდა
ნათელა, უკან კი ბელა ჩამალულიყო საბნებს
შორის.
-ეს ლეიბები დატოვე, ბიჭო, მართლა ასე ხომ არ
გავიწირებით, დავბრუნდებით.
-მარტო ლეიბები ხომ არ არის, არა?!- ჯავრიანი
სიტყვა მიაშველა ნათელამ ქმარს.

6
ვალოდიამ ჯერ ცოლს შეუბღვირა, მერე მე
ამომხედა და ბოლოს მამასკენ გადახრილმა, ვითომ
საიდუმლოდ უთხრა:
-მაპატიე, ზვიად, მაგრამ ხომ იცი არა, ყველაფერი
შეიძლება მოხდეს, გზაში შეიძლება მანქანის
დატოვება მოგვიხდეს და გავიქცეთ და...- თავით
ჩემკენ ანიშნა.
-გაიქეცი მერე, ბიჭო, ვინ დაგიშლის?

-გზაზე ხომ არ მიგატოვებ? მაგას ხომ არ


ვიკადრებ?- დამნაშავე ბავშვივით აბზუა ტუჩები.

-შუაგულ ომში მტოვებ, შე კაი კაცო, და სინდისი


არ გაწუხებს და გზაზე დატოვების გერცხვინება?
-რა ვქნა აბა, მე ჩემს შვილზე ვფიქრობ,- თქვა და
მანქანა დასძრა.
მივბრუნდი და მოაჯირზე შემოწყობილ ქოთნის
ყვავილებს დავუწყე თვალიერება. არ მინდოდა მამა
მიმხვდარიყო ვალოდიას ნათქვამი რომ გავიგონე.
რომ მომიახლოვდა გული შემიქანდა,
ასფალტისფერი ედო, ვიფიქრე, ეს-ესაა და
გადაიქცევა-მეთქი მთასავით კაცი.
ცა არყისფრად იბურებოდა. ათასში ერთხელ შავი
და წითელი ნისლი აწვებოდა თვალებზე და მინებს
აზანზარებდა ჰაერის კვნესა.
ცრუ განგაშია, წვრთნები აქვთ, ერთხელ და
ორჯერ ყოფილან ასეთ დღეში თუ რა? მართლა
რომ დაწყებულიყო,მოვიდოდა მთავრობა და
გაგვიყვანდა, ასე ხომ არ დაგვტოვებდა, ჩვენ
ორნი, რომ ვიყოთ მარტო ხო და ამდენი

7
ხალხი? არა, ეს ჩვეულებრივი განგაშია, თავი
ხელში უნდა ავიყვანოთ და არ ავყვეთ პანიკას.
მაგრამ ისე შემოპარულიყო ჰაერში დენთის სუნი,
რომ თავის მოტყუება ჭირდა.
რამდენიმე წლის წინაც იყო ასე, მაშინ დედა ჯერ
ისევ ჩვენთან იყო. პირველი ტყვია რომ გავარდა,
მამა ნაჩქარევად წამოდგა საწოლიდან და
ბათინკების ჩაცმა დაიწყო. პერანგის ამარა
გამოედევნდა დედა. კარში ჩაუდგა და არ
წახვალო, -აყვირდა.
-გამატარე,- რკინასავით გახმაურდნენ ბგერები.
-მე და შენს შვილს რას გვიშვრები? თავიდან
გვიშორებ?- პანიკაში იყო დედა.
მამამ ხელი მოჰკიდა მხარში და გზიდან
ჩამოიშორა. მთელი ღამე იატაკზე იჯდა დედა,
კალთაში ვყავდი ჩასმული
და მოთქმით ტიროდა. დედა ტიროდა, მე კი
ღმერთს ვეხვეწებოდი, მამა დამიბრუნე-მეთქი.
დილით მოვიდა, შეშლილი სახე და
დაწითლებული თვალები ჰქონდა. პირველი ჭაღარა
ბალახზე შერჩენილი ცვარივით ბრჭყვიალებდა მის
კუპრსავით შავ თმაში. ხელში ამიყვანა და მკერდზე
მიმიხუტა. ისეთი გამალებით უცემდა გული,
მეგონა, სხეულს ვეღარ გუობდა, გარეთ
გამოსვლისათვის იბრძოდა.
-მა, მეგონა აღარ დაბრუნდებოდი,- ჩავჩურჩულე
ყურში.
-არასოდეს, არასოდეს დაგტოვებ მარტოს!- მითხრა
და ჩემს თმაში ჩარგო თავი.

8
მამას არ მოვუტყუებივარ, მას შემდეგ არც ერთი
წამით არ დავუტოვივარ მარტო. აი დედა კი,
დედა ჩვენთან უკვე დიდი ხანია აღარაა.
მე 8 წლის ვიყავი. გვიჭირდა. ან კი ვის არ
უჭირდა ჩვენს ქვეყანაში. მაშინაც, ისევე, როგორც
დღეს, ორი კატეგორიის ხალხი ვცხოვრობდით:
მდიდრები და ღარიბები, საშუალო ფენა არ იყო.
გვიჭირდა-მეთქი კი ვთქვი, მაგრამ ახლა ამ
გადმოსახედიდან, როცა ჩემი ღირებულებები
გადაფასდა და ვნახე რა არის გაჭირვება, ვფიქრობ,
რომ მაშინ ყველაზე მდიდრები ვიყავით. ჩვენ არ
ვცხოვრობდით ფუფუნებით, მაგრამ ვიყავით
ერთად და მშივრებიც არ გვეთქმოდა. პური და
წვნიანი ყოველთვის გვქონდა, სახლი არ
გვემხობოდა თავზე და ახლა, მე თუ მკითხავ,
ყოველ დღე ხორციანის ჭამა ორგანიზმისთვის
საზიანოც კია. მამა მუშაობდა 300 ლარზე,
მაშინდელი 300 ლარი ფასობდა, მეც პენსია
მქონდა, ცოტა, მაგრამ ჩემი ექიმისა და წამლის
ფული საძიებელი არ იყო. დედა დიასახლისობდა,
ამზადებდა სადილს და მივლიდა. მაშინ ბებოც
ცოცხალი იყო, ბაღს ამუშავებდა, მწვანილი და
ბოსტნეული საყიდელი არ გვქონდა. ქათმებიც
ჰყავდა, კვერცხისმდებელი დედლები. მოკლედ,
ვცხოვრობდით, როგორც ყოველი მეორე ოჯახი
საქართველოში. მერე სულ ვფიქრობდი, იქნება იმ
ღამეს სროლებმა შეაშინა და ამიტომ გადაწყვიტა,
გაერიდა აქაურობას, სანამ უარესი მოხდებოდა-
მეთქი, მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს მიზეზების
ძიებას.

9
ის პერიოდი იყო, მთელი თაობა რომ
ჩემოდნებზე შემოსხდნენ და ისე მიმოიფანტნენ
დედამიწაზე, თითქოს მარგალიტი გაწყვეტილიყო
და გაპნეულიყო ქართული სული. ყველა
მიდიოდა, საით ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,
მთავარია, წასულიყვნენ, საქართველოდან რაც
შეიძლება შორს. მიდოდნენ და მერე იწერებოდნენ,
რომ ენატრებოდათ ყველა და ყველაფერი, რაც
საქართველოს უკავშირდებოდა. იწერებოდნენ და
ითხოვდნენ ტყემალსა და ჩურჩხელას, იწერებოდნენ
უძილო ღამეებსა და გატეხილ ჯანზე, მაგრამ უკან
აღარ ბრუნდებოდნენ, აქაურობა ძალიან პატარა და
არაფრისმომცემი ჩანდა, აბა, წარმოიდგინეთ, სად
ეს მთები და მდინარეები და სად ის კლუბები
და ბარები.... დედა წავიდა. ბუნდოვნად მახსოვს
მამასა და დედას კონფლიქტები ამ საკითხთან
დაკავშირებით.
ალბათ მისი შეკავება შეეძლო, მაგრამ ძალით ვერ
გავაჩერებდი ქალს ჩემს საწოლშიო, უთხრა
ერთხელ ბებოს. მე სხვა რამის ეჭვიც მაქვს,
მგონია, რომ მხოლოდ მოვალეობები აკავებდათ
ერთად და ამ ზღუდეს გადააბიჯა დედამ
და ცოტათი ორივემ იგრძნო შვება. საბერძნეთში
წავიდა, მეზობლის რძალი იყო წასული, უნდა
დახვედროდა და სამსახურში მოეწყო. დახვდა,
მაგრამ სამსახური არ დაახვედრა. იშვიათად
იწერებოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან
უჭირდა, ჩვენც გაგვიჭირდა. სახლი თითქოს
დაცარიელდა, კედლები გამოიფიტა, რაც დრო
გადიოდა, სულ უფრო ეკარგებოდა ოთახებს დედის

10
სუნი და მოგონებებიც ნელ-ნელა კარგავდნენ ჯერ
ფერს, მერე ფორმას და ბოლოს სადღაც
უჩინარდებოდნენ. როცა დედა გვერდით გყავს,
ხშირად ვეღარ ამჩნევ მის აუცილებლობას, თითქოს
ის არის და სულ უნდა იყოს შენთან, თითქოს ის,
რასაც შენთვის აკეთებს, რაიმე განსაკუთრებული
კი არაა, სავალდებულოა,როგორც მზის ჩასვლა და
ამოსვლა, მაგრამ როგორც კი ის წავიდა, მე
მეტკინა მისი არყოფნა. მონატრება კბილის
ტკივილივით შემიძვრა სხეულში და მოსვნება
დამიკარგა. მესიზმრებოდა და მაღვიძებდა
მარტოობა, მერე მთელი ღამე ვებრძოდი თათრის
ჯარის წინააღდმეგ დარაზმული მეომრებივით
მომავალ ფიქრებს. მონატრების პირველი
ტკივილი დავმარხე და ახლა ბრაზი და ბოღმა
შემოვიდა გულში და არხეინად მოიკალათეს ჩემს
სხეულში.
ყველაფრის ახლიდან დაწყებამ მოგვიწია, თითქოს
თავიდან დავიბადეთ და თავიდან უნდა
შევჩვეოდით სამყაროს.
დედამ ერთი თვის შემდეგ მოიწერა:
„ანასტასია, შვილო, როგორ ხარ? ძალიან
მომენატრე. იცოდე, რომ ყველაფერს შენ გამო
ვაკეთებ. მინდა უკეთესი ცხოვრება გქონდეს, მაგ
სოროში არ ამოლპე. კაპიკს-კაპიკზე დავადებ,
იქნება სახლი ვიყიდოთ და მაგ
ჯოჯოხეთს მოვშორდეთ. მე აქ ძალიან მიჭირს,
ათენში ვარ, მოხუცს ვუვლი, ძალიან ჭირვეული
ქალია. ყველაფერზე ჩხუბობს, ლუკმებს მითვლის.
მსუქანი ქალია, ჩავარდნილია და ამის აწევა-
დაწევით ბეჭები აღარ მივარგა, ხელები

11
მტკივა. ჰგონია, რომ რაიმეს მოვპარავ და ხელებში
მიყურებს, შვილები ჰყავს, ორი გოგო, ისინი
ცალკე ცხოვრობენ, კვირაობით მოდიან რიგ-
რიგობით. მათ ჩემზე უკეთ მოეხსენებათ როგორი
საზიზღარი ქალია, ამიტომ შენიშვნას არ მაძლევენ.
კარგადაც მიხდიან. ამას წინათ იოვილამ
ტანსაცმელი მაჩუქა, თითქმის ახლებია.
აქ საშინელი საჭმელი აქვთ, ერთმანეთში არეული
ტკბილ-მწარე გემოებით, არაფრის ჭამა არ მინდა,
ძალიან გავხდი. მთელი ღამე არ მძინავს, სულ
თქვენზე ვფიქრობ.
მამაშენი და ბებიაშენი როგორ არიან? ხომ არ
სვამს ზვიადი? რამე თუ გიჭირს, მომწერე. ძალიან
მიყვარხარ, ტასო. შენი დედიკო“წერილი ათჯერ
მაინც წავიკითხე, ვკითხულობდი და ცრემლი
ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ლოყებზე. თითქოს
კიდევ უფრო მომენატრა დედა, მაგრამ ამ წერილმა
რაღაც ძალიან მატკინა. ალბათ ის, რომ სულაც არ
ვითხოვდი მისგან მსხვერპლს, მან ჩემზე უკეთ
იცის, რომ მე ფუფუნება არ მჭირდება, მე
საერთოდ არაფერი მჭირდება და ეს
ადგილი,სადაც ახლა ვცხოვრობ, ჯოჯოხეთი კი
არა, ჩემი სამოთხეა. ეს ჩემი სახლია და მე მის
დატოვებას არ ვაპირებ. არ მინდა სხვაგან წასვლა,
არ მჭირდება ფული, მე დედა მჭირდებოდა.
კიდევ რამდენჯერმე მოიწერა დედამ წერილი,
ნელ-ნელა ეტყობოდა, რომ ათენი აღარ ეჩვენებოდა
ჯოჯოხეთად, რომ მათ საკვებს მიეჩვია, რომ
მოსწონდა ფერადი ცხოვრება, აკროპოლისები,
ქალაქის ხმაური, სავაჭრო ცენტრები, თავისუფალი
და აჩქარებული ცხოვრების ტემპი. მერე ტელეფონი

12
გამომიგზავნა და წერილების წერა აღარ უხდებოდა,
საღამოობით რეკავდა და ჩვენ ვუყვებოდით ჩვენს
ერთფეროვანსა და მოსაწყენ ცხოვრებაზე, ის
კი თავის ახალ თავგადასავლებს ყვებოდა.
2 წლის შემდეგ ზაფხულის ცხელ საღამოს
ჩამოვიდა. წითლად შეეღაბა თმა, გასუქებულიყო,
სტაფილოსფერი შარვალი და თეთრი, ფარფარა
მკლავებიანი ზედა ეცვა, დეკოლტედან მკერდის
ღარი მოუჩანდა, მკერდისაკენ ყურადღებას კიდევ
უფრო იქცევდა ოქროს მედალიონი. დედა იყო და
დედა არც იყო. ცხვირამრეზილი დადიოდა.
საუბარში ბერძნულ სიტყვებს ურევდა. ვეღარ
ეგუებოდა აქაურობას, ოთახი ბნელია, იქ ჩვენი
შუშის კედლები ზღვას გადაჰყურებსო, ჭურჭლის
სარეცხი მანქანა გვაქვს, ჩვენ კალორიებს ვითვლით
და ისე ვჭამთ, ვცდილობთ,ძირითადად,
ბოსტნეულით ვიკვებოთო. იქ ხალხი
მოწესრიგებულია. იქ ხალხი საღამოობით
კლუბებში დადის, იქ ხალხი დილაობით კაფეში
სვამს ყავას. იქ მოხუცები ველოსიპედებით
დადიან, იქ ადამიანებს ფერადი ტანსაცმელი
მოსწონთ... იქ ყველაფერი ისაა, რაც ჩვენ არ
გვაქვს და, სიმართლე გითხრათ, დედას
შემხედვარეს არც მინდოდა ბერძნული ცხოვრება.
მეორე დილით მამა სამსახურში წავიდა თუ არა
ტელეფონზე დარეკა და თითქმის ერთი საათი
ილაპარაკა ბერძნულად. რაღაც არ მომეწონა მის
ხმასა და მოძრაობაში, ისეთი თვალები ჰქონდა
რომანტიკულ ფილმებში შეყვარებულ ქალებს რომ
აქვთ, არა და ასე მამასთვის არასდროს შეუხედავს.
რაღაც ცუდი მიგრძნო გულმა. ან რა იყო ისეთი

13
მნიშვნელოვანი, ერთ დღეში წამოსულს ასეთი რა
საქმე ჰქონდა, რომ ერთი საათი ელაპარაკებოდა?
ასეთი აუცილებელი რა იყო? იმაზე მნიშნელოვანი
რა იყო, ვიდრე ორი წლის უნახავი შვილი? იმ
ვიღაც კალიოპესთან უფრო მნიშვნელოვანი ჰქონდა
სათქმელი, ვიდრე ჩემთან? არ უკითხავს როგორ
ვარ, რა ხდება სკოლაში, ვინმე ხომ არ მომწონს,
თავს როგორ ვგრძნობ მის გარეშე. მხოლოდ
ყვებოდა თავისი ზღაპრული სამყაროს შესახებ.
ოთახებში დადიოდა, როგორც სტუმარი, არ
ახსოვდა არც ერთი ნივთის ადგილმდებარეობა,
არა და ჩვენ არაფრისათვის შეგვიცვლია ადგილი.
წარბაწეული ელაპარაკა მეზობლებს, თითქოს ახლა
მათ შორის დიდი მდინარე გაწოლილიყო და ხმას
ვეღარ აწვდენდნენ ერთამენთს. ასე სოფლის
ორღობეებში სიარული აღარ ეკადრებოდა. ნუთუ
ამხელა დროა 2 წელი? იქ იქნება სხვანაირად
გადის დრო? იქნება სასწაულები ხდება? ალბათ,
თორემ ასე როგორ შეიცვლებოდა ორ წელში დედა,
რომლისთვისაც დედას დაძახებაც კი
მეუხერხულებოდა, რადგან ის აღარ გავდა
დედაჩემს, დედას, რომელსაც წინსაფარი წაეკრა და
ღვეზელებს მიცხობდა, დედას,
რომელიც საღამოობით ზღაპრებს მიკითხავდა,
დედას, რომელიც მთელი ღამე ტიროდა, რადგან
მამა საფრთხეში ეგულებოდა.
5 დღეში წავიდა და დიდი ამბებით კი
დავემშვიდობეთ, მაგრამ მეც და მამასაც თვალებზე
გვეწერა, რომ შვებით ამოვისუნთქეთ
თვითმფრინავში რომ ავიდა. მას შემდეგ დედა
აღარ მინახავს და, რომ გითხრათ, ამას მე და მამა

14
ძალიან განვიცდით-მეთქი, ტყუილი იქნება.
კვირაში ერთხელ რეკავს, ხან ორკვირაში ერთხელ.
სამსახური შეიცვალა, სახლი იქირავა, 2-3 თვეში
ერთხელ გზავნის ფულს. მომენატრე, შვილო,
მეუბნება, როცა მირეკავს,მაგრამ მის სიტყვებს
უმარილოდ შემწვარი კვერცხის გემო აქვს და მეც
გაზგასული ლიმონათივით უგემურად
ვპასუხობ: მეც მომენატრე, დედა.
სამი წლის წინ ბებო გარდაიცვალა და ჩვენ
უმისობა უფრო ვიგლოვეთ, ვიდრე დედას გარეშე
დარჩენა. მაგრამ როდის იყო უფალი ისეთ
განსაცდელს გვივლენდეს, რისი გადატანაც არ
შეგვეძლება, ჩვენც შევძელით -მარტოობას
შევეჩიეთ. მაგრამ ახლა, მთელ ამ აურზაურში,
რაღაცნაირად მომენატრა დედა, სახლიდან
რამდენიმე მეტრში ავტომატები რომ კაკანებდა,
ვიფიქრე, ახლა დედა აქ რომ იყოს, ასე ძალიან არ
შემეშინდებოდა. ახლა მამას შეეძლებოდა
ავტომატის აღება და ჩვენი დაცვა და აქ ჩემ
გვერდით სანგარში უიარაღოდ დამალული
ჯარისკაცივით არ იდგებოდა. იქნება დედას თბილ
ხელებს ცივი ტყიისაგან დავეცავი კიდევაც, მაგრამ
დედა იყო ათასობით კილომეტრის მოშორებით და
წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა ჩვენთან.
მე უკვე 20-ის ვარ და ბავშვივით მოქცევა არ
მეკადრება, მე მამა უნდა გავამხნევო, მამას არ
უნდა ვაგრძნობინო, რომ მეშინია. კაცები უფრო
სუსტები არიან განსაცდელის დროს. მათ უფრო
სჭირდებათ გამხნევება, ვინმესგან იმის მოსმენა,
რომ ყველაფერს შესძლებენ. და მეც ვცდილობდი

15
სასოწარკვეთილების პირას მყოფი მამას
გამხნევებას.
-წვრთნები ექნებათ, არ იცი მაგათი ამბავი?
მორიგი პროვოკაციაა, იმედია, ჩვენები არ
წამოეგებიან.
-წამოეგნენ და ეგაა,- ოთახიდან გამომეპასუხა.
-მთელი ევროპა ჩართულია ამ ამბებში და ახლა
ომის დაწყებას ვინ გაბედავს?!
-აბა რა, ყველაფერი კარგად იქნება, შენ არ
შეგეშინდეს, ჩემო ძალიან მაგარო გოგო.
-რისი უნდა შემეშინდეს, როცა შენ ჩემს გვერდით
ხარ?! - დაიხარა და შუბლზე მაკოცა. ტუჩები
ჰქონდა ცივი და ათრთოლებული, ძალიან
მეშინოდა.
-წავალ, მამა, მანქანას ვნახავ, რომ წავიდეთ. კი
არაფერია, მაგრამ მაინც არ არიან სანდონი და
სჯობია,გავერიდოთ. შეგიყვან სახლში და ერთი
ჩანთა ჩაალაგე, ყველაზე საჭირო ნივთები, ცოტა
ხანს რაც დაგვჭირდება.
-სად წავალთ, მამა?
-არ ვიცი, ტასო, მოვიფიქროთ. იქნება გორში
ჩავიდეთ თორნიკესთან.
-კარგი,- ვცადე გამეღიმა.
სახლში შემიყვანა და ოთახის შუაგულში დამტოვა.
კარიდან გასვლას აპირებდა, რომ შემობრუნდა:
-თუ რამე და... მე მალე მოვალ, მაქსიმუმ ერთ
საათში, მაგრამ თუ... მოკლედ, ფანჯარას არ
მიუახლოვდე, შუქი არ აანთო და არ შეგეშინდეს,
აქამდე რომც მოვიდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას
არაფერს დაუშავებენ, უბრალოდ,სიბნელეში იყავი,
შუქი კარგი სამიზნეა.

16
-მამაა, რას ამბობ? გაჩუმდი! - ყელში გამეჩხირა
ცრემლი.
მამა წავიდა, მე კი შუა ოთახში ვიყავი გაჩხერილი
და მეგონა, რომ სამყარო თავზე მენგრეოდა.
-არა, გამორიცხულია. მალე დაბრუნდება,
დაბრუნდება, აბა მა, სად წავა. მოვა, სულ ასე
იცის, ერთი საათი თქვა და შესაძლოა, ნახევარშიც
მოვიდეს. უნდა გავემზადო. საწოლზე მიგდებულ
ჩანთაში დავიწყე ჩალაგება.
რამდენიმე საცვალი, თითო ხელი ტანსაცმელი,
ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები, წამლები,
საბუთები და ალბომი ჩავდე, ძველი ფოტოები,
მოგონებების შესანარჩუნებლად. ოთახებს თვალი
მოვავლე, რამდენი არასაჭირო ნივთი
გვქონია, ეს ბროლები, ტექნიკა, ავეჯი, რამდენი
წვალებით შეძენილი ნივთი და გაქცევისას თურმე
მხოლოდ მოგონებების გადარჩენას ცდილობთ,
მხოლოდ ის წამები გინდა შემოინახო, როცა თავს
ბედნიერად გრძნობდი, ასეთი წამები კი ჩემს
ცხოვრებაში ბევრი არ იყო.
ხუთ წლამდე ნორმალურად მიდიოდა ცხოვრება,
მერე გავცივდი და ძალიან გართულდა
მდგომარეობა,
ხერხემლიდან უწევდათ სითხის აღება და როგორც
ჩანს, ექიმს ხელი აუკანკალდა, მან სამსახური
დაკარგა, მე - სიარულის უნარი. წლები დამჭირდა
შევგუებოდი, რომ სირბილს ვეღარ შევძლებდი,
რომ მუდამ ეტლს მიჯაჭვული უნდა ვყოფილიყავი.
მე და ჩემი ოჯახი ამ ტრაგედიის დავიწყებას,
ახალი ცხოვრების შეჩვევას ვცდილობდით,

17
სოფელში კი მე მაინც ვრჩებოდი განსხვავებული,
თითით საჩვენებელი. ისინი ჩემზე ზრუნავდნენ,
სიბრალულის დამალვა უჭირდათ, მაგრამ მე თავს
ვძლიე, მამაჩემის გამო, მისი ღიმილის
დასაბრუნებლად, არ დავნებდი,
ცხოვრება განვაგრძე. ის იყო უნდა მერწმუნა, რომ
ჩემნაირებსაც შეუძლიათ ნორმალური ცხოვრება,
რომ ერთ დღესაც მასწავლებელმა სადისკუსიო თემა
დაასახელა: შშმ პირები უნდა სწავლობდნენ თუ
არა სპეციალურ სკოლებში, ჩემდა გასაოცრად,
კლასის ყველა მოსწავლემ დაადასტურა რომ კი,
ჩვენ, ინვალიდები ცალკე სკოლებში უნდა
ვსწავლობდეთ, რადგან ნორმალურ სკოლებში ჩვენ
სხვა ბავშვებს ვერ ავყვებით ცოდნის
ათვისებაში, ჩვენ მათსავით არ შეგვიძლია
ცხოვრება, თამაში და შესაბამისად, მათაც
პრობლემა ექმნებათ და ჩვენც, ინვალიდებსაც,
უფრო გვიღრმავდება შური. მასწავლებელი
ბავშვებს დაეთანხმა, ვეჭვობ, ვერც ბავშვებმა და
ვერც პედაგოგმა ჩემი არსებობა ვერ
გაითვალისწინეს, მათ ალბათ ჩემი წყენინება არ
უნდოდათ, მაგრამ მეორე დღიდან სკოლაში აღარ
წავსულვარ, ჩემი არსებობით აღარავინ
შემიწუხებია. მას შემდეგ სახლში ვარ და ოჯახის
საქმეებს ვუძღვები, ვამზადებ სადილებს, მამას
ვუვლი და წიგნებს ვკითხულობ და ყველაზე
მთავარი- ვიბრძვით არსებობისთვის.
ომი ტრაგედიაა, ომი კიდევ უფრო დიდი
ტრაგედიაა, როცა არც ბრძოლა შეგიძლია და არც
გაქცევა, უნდა იჯდე და ელოდო, სიკვდილის

18
ლოდინი კი თავად სიკვდილზე გაცილებით დიდი
უბედურებაა. მე ველოდებოდი სიკვდილს,
როცა მამა არ დაბრუნდა ღამე, მე კი ვიჯექი
ეტლში ოთახის შუაგულში, სიბნელიდან
ვზვერავდი წითელ ცას და ვფიქრობდი
სიკვდილზე, ნეტა იქაც ეტლში უნდა ვიჯდე?-
დამებადა აზრი. ალბათ!- პასუხი გავეცი საკუთარ
თავს.
ეტლი ჩემი ფეხებია, ჩემი სხეულის ნაწილი,
თქვენ დადიხართ, მე-დავგორავ, უბრალოდ,
კიბეები დიდი საფრთხეა, ის ჩემი ჩარჩოა, მას ვერ
ვაბიჯებ. ოთხი საათი იქნებოდა ვერტმფრენების
ხმამ რომ გამომაფხიზლა, შუქმა გადაუარა ოთახს
და მერე თითქოს სამყარო დაიქცაო, ისეთი ხმა
ჰქონდა ბომბს, რომელიც გოდერძის სახლს დაეცა
და ცეცხლის ალები ცისკენ ავარდა. ხანძარი კიდევ
უფრო სევდიანია ღამე და მით უფრო სევდიანია
თუ სადგომში დაბმული საქონელი ბღავის
და შველას ითხოვს, თუ მეცხვარის ლეკვები
სულისშემძვრელად წკმუტუნებენ, ცეცხლის
ალებისგან თავის დახსნას ცდილობენ. ერთხანს
ყურებზე მქონდა ხელისგულები მიჭერილი და
ვცდილობდი, ხმები ჩამეხშო, მაგრამ საქონლის
ბღავილი კიდევ დიდხანს ისმოდა და კიდევ
დიდხანს ვცდილობდი ოთახში შემოსული კვამლის
გაფანტვას.
მამა არასდროს მიმატოვებდა და თუ მან
ცეცხლწაკიდებულ სოფელში მარტო დამტოვა, ეს
ნიშნავს დასასრულს.
ჩვენ ისე ვიცხოვრეთ, რომ მამას წამითაც არ
დავუტოვივარ, როცა ის ჩემ გვერდით არ იყო,

19
მაშინაც ვგრძნობდი მისი ძლიერი მხრები როგორ
მიცავდნენ, მაშინაც ვხვდებოდი, რომ, რა წამსაც
დამჭირდებოდა, ჩემთან გაჩნდებოდა, მაგრამ, როცა
სიკვდილი რამდენიმე ნაბიჯზეა, მარტო დავრჩი,
ყველა ადამიანი მარტოა სიკვდილის
წინაშე, ყველას დამოუკიდებლად აქვს პასუხები
გასაცემი და მივხვდი, ამდენი წელი უქმად
გამიტარებია, არაფერზე მაქვს პასუხი, არაფერი
ვიცი, არაფერზე მიფიქრია.
დრო იდგა და ადგილიდან არ იძვროდა, საომარი
ტექნიკა კი გრუხუნით მიმოდიოდა გზაზე და
ადგილ-ადგილ მიტოვებული სახლის კედლებს
ცხრილავდა. დარდი მამაზე, სიკვდილის შიში და
უმწეობის შეგრძნება ერთმანეთს ებრძოდა და
ლოცვა დავიწყე. თურმე სულ ტყუილი ყოფილა
ყველა ლოცვა, რაც აქამდე მითქვამს, ეს მხოლოდ
სიტყვები იყო, გამოშიგნული, ძალადაკარგული
სიტყვები. ნამდვილი ლოცვა გულიდან მოდის და
ყველა ძარღვი გრძნობს, ნამდვილი ლოცვა
მხოლოდ სიკვდილის წინ შეგიძლია თურმე
ადამიანს, და მე ვგრძნობდი სიკვდილს და
ვგრძნობდი ღმერთს. ღმერთზე ფიქრი სიკვდილზე
ფიქრს ავიწროვებდა, მაგრამ ჩემი უშეღავათო
არსებობის დავიწყებას მაინც ვერ ვახერხებდი,
ტყვიამფრქვევები ამის საშუალებას არ მაძლევდა.
სიკვდილზე მეტად ტკივილის მეშინოდა, ამიტომ
ღმერთს შევთხოვდი, უცაბედად გამოსროლილი
ტყვიით მოვეკალი, დაწვა ნამეტანი იყო ისედაც
გამწარებული სიცოცხლის დასასრულებლად.
5 იქნებოდა ვალოდიას სახლის კედელს
ავტომატის ჯერი რომ დააცალეს და დიდი

20
ჟრიამულით აიღეს მარტოდდარჩენილი კედლები.
ვალოდიას სახლიდან ჩემს სახლამდე 50 მეტრიც
არაა. 50 ნაბიჯი 50 გაუსაძლისად
გრძელი წამია. არც ერთ ცოცხალ არსებას არ
ინდობენ, არც ერთ კედელს არ სტოვებენ ტყვიის
გარეშე, არც ერთ ვაზს არ ჩაუვლიან გაჩეხვის
გარეშე. არც მე დამინდობენ. თქვენ ჩემს გაგებას
ვერ შესძლებთ, მაგრამ ალბათ
დაგსიზმრებიათ, გაქცევა რომ გინდა და ვერ
გარბიხარ, დაახლოებით ასეთი იყო ჩემი
მდგომარეობაც.
კარი გახმურდა. მე თვალებზე ხელი ავიფარე და
გავირინდე, დამალვა არ შემეძლო - უბრალოდ
მათი სახეების დანახვა არ მინდოდა.სამხედრო
ბათინკის მძიმე ხმები ოთახში ისე გაისმა, თითქოს
ლურსმანს გულში მირჭობდნენ. ხმებს
მივაყურადე, ალბათ 5-ნი იქნებოდნენ,
სამზარეულოში შევიდნენ, მაცივრის კარი ხმაურით
გააღეს, ბედად საყინულეში ყოველთვის ინახავდა
მამა არაყს, მისაყოლებელს ეძებდნენ, დღეს
საჭმლისთვის ვის ეცალა,გუშინდელი პური და
ყველი იყო სახლში, ალბათ იპოვნიდნენ.
არც სადღეგრძელო უთქვამთ, არც ჭიქები
მიუჭახუნებიათ ერთმანეთისთვის, როგორც ჩანს
ბოთლიდან სვამდნენ.
საკუთარი გულისცემა მაფრთხობდა. თვლა
დავიწყე: ერთი, ორი, სამი, ოთხი.... ყოველი
ახალი წამის გასვლის შემდეგ თან მიხაროდა, რომ
ჯერ ისევ ცოცხალი ვიყავი და თან შიში
მიღრღნიდა ძვლებს, მოსალოდნელი წამების

21
შიში. კანკალი დამაწყებინა, სხეულს ვეღარ
ვიმორჩილებდი, სახელურებს დავეყრდენი და
წამოწევა ვცადე, სადღაც გულის ყველაზე
მივიწყებულ კუნჭულში, დავიჯერე, რომ ახლა
სასწაული მოხდებოდა, ფეხზე ადგომას და
გაქცევას შევძლებდი. სასწაულები კი ასე მარტივად
არ ხდება. დავნებდი. მე შიშს ვებრძოდი, ისინი
სათავსოს კარს, რომელიც საკმაოდ მყარად დაეკეტა
მამას, ბოლოს შეანგრიეს. ჭერს ავტომატის ჯერი
მიაყოლეს, კივილი მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო,
ხმა აღარ მქონდა. აღარ მახსოვს თვალის
დახამხამებაში მოხდა ეს ამბავი თუ
საუკუნე გავიდა, სანამ ვიღაცამ დერეფანი
გამოიარა, კარი შემოაღო და ოთახი მოათვალიერა,
სინათლე ჩემზე შეჩერდა და მივხდი, შეკრთა. ის
სიბნელეში იდგა, მე მისი ბატარია თვალებში
მირტყამდა და ვერ ვხედავდი,როგორი იყო ჩემი
ჯალათი.
-ცარელაა!- გასძახა თავისიანებს რუსულად და
ჩემკენ წამოვიდა. სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა
ოთახი და თურმე როგორ მყავრებია საკუთარი
თავი, ლამის მართლა მოვკვდი იმ რამდენიმე
წამში, სანამ ჯარისკაცი ჩემს სახესთან
არ დაიხრებოდა და ყურში აქცენტიანი ქართულით
არ ჩამჩურჩულებდა: ჩუმად! გაოცებისაგან ლამის
ვიკივლე, მაგრამ დროზე ვძლიე თავს და ხელები
პირზე ავიფარე. ფანჯარას ეცა, რკინის ჟალუზების
სიმყარე მოსინჯა და მიხვდა, არაფერი
გამოვიდოდა.
-დასამალი არსად გაქვს?- მკითხა ნაჩქარევი,
შიშჩამდგარი ხმით.

22
მე ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ ხელით იატაკზე
დატანებულ კარზე ვანიშნე, სარდაფი გვქონდა,
წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება სარდაფში, რადგან
იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რაც უნდა იყოს,
დასამალად გამოდგება. ჩემს ხელს თვალი
გააყოლა. სწრაფად დასწვდა იატაკზე დატანებულ
კარს, გაუჭირდა, ვერ ახადა, ხელახლა სცადა,
ნაბიჯების ხმა ჩვენკენ მოიწევდა, როგორც ჩანს
უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და სარდაფის კარი
ამოგლიჯა, მერე ხელში ამიტაცა და სარდაფში
მისროლა. სანამ ჩემი ნახევრადმკვდარი სხეული
სარდაფის ბეტონის იატაკს დაასკდებოდა, მისი ხმა
მოსწვდა სმენას: „თუ ღმერთს უყვარხარ,
გადარჩები.“ სანამ მივხვდებოდი, რა მოხდა,
ყველაფერი დაბნელდა, როგორ ჩანს, სახურავი
ისევ დააფარა სარდაფს, მე კი შოკმა გამიარა,
მკლავი მეღრძო.
პირქვე ვეგდე და გადაბრუნებას ვერ ვახერხებდი.
ალბათ დაცემისას ვიკივლე და ჩემი ხმის
ჩასახშობად დააცალა ავტომატი კედლებს ოსის
ჯარისკაცმა, ჩემმა მხსნელმა. ტკივილისაგან გონება
დავკარგე და, აზროვნების უნარი რომ
დამიბრუნდა, უკვე სიმშვიდე იყო, კარგად
გათენებულიყო, გვარიანად გასიებული მკლავი კი
კიდევ უფრო მეტად მტკიოდა.
წყურვილისაგან პირი მქონდა გამშრალი და ამას
კვამლიც ემატებოდა - დამწვარი სახლების
უკანასკნელი ამოსუნთქვა. მეგონა, ვიხრჩობოდი.
ახლა იმ მწითურ ჯარისკაცზე ფიქრის დრო არ
მქონდა, საკუთარი თავი მაწვა მხრებზე და უნდა

23
ძალა მომეკრიბა, თავი შემემაგრებინა. საღად
დარჩენილი ერთი ხელითა და მხრით სხეულის
მკვდარი ნაწილი გვერდზე მივათრიე და მინის
ბოთლს მივწვდი. თავის მოხდა გამიძნელდა, რა
ძალა მე მაქვს, რომ საცობები მოვაძრო, მით უფრო
ერთი ხელით, კედელზე შევახეთქე ბოთლი და
თავი მოვტეხე, ქარვისფერი სითხე მიწაზე
დაიღვარა. ბოთლის მოტეხილი პირიდან ღვინის
დალევა პირველ კოცნასავით ფრთხილი და
შემპარავი იყო. სიმჟავე წაჰკრავდა ღვინოს,
წყურვილი მომიკლა და მერე ძარღვებში ნელა
დაიძრა, ზლაზვნით გაჰყვა სხეულს
სითბო. ემოციები მომეძალა და კიდევ უფრო
შემეცოდა საკუთარი თავი, საკუთარი გამოუვალი
მდგომარეობა.
ავტირდი. მუცელმა წამომიარა, როცა
ვნერვიულობ სულ ასეა, ესღა მაკლდა, რადგან
წელს ქვევით ჩემი სხეული მე არ მეკუთვნის, არც
თავის შეკავება შემიძლია, ჩავისველე. ეს უკვე
მეტისმეტი იყო. ღმერთო დამეხმარე, ვთხოვე და
საკუთარ თავზე გამეცინა, ახლა ჩემი დახმარება
უკვე შეუძლებელი იყო: მამა ცოცხალი რომ იყოს,
აქამდე მოვიდოდა, ჩემი არსებობა კი სხვა არავის
ახსოვს, აქ მომიწევს სიკვდილი.
სხეულს ჯერ კიდევ შერჩენოდა თვითგადარჩენის
ინსტიქტი და როგორც სტრესულ სიტუაციებში
მჩვევია, ჩამეძინა. აუტანელმა ტკივილმა გამაღვიძა,
ახლა კიდევ უფრო მწყუროდა, ქვედაბოლო
წვალებით გავიხადე და ხელზე გადავიხვიე. დიდი
ვერაფერი შვება მომცა. ეს ჩემი დილანდელი
მოშარდულიც სხეულზე შემრჩენოდა და

24
ამის გახსენებამ ლამის ჭკუაზე შემშალა.
ვკვდებოდი და ახლა იმაზე ფიქრი, რომ ცუდი
სუნი მქონდა, სასაცილოს მხდიდა, მაგრამ ყნოსვა
გამძაფრებული მაქვს და თავი ვეღარ შევიკავე -
გული ამერია. ახლა საკუთარ ნარწყევში ვიწექი და
მთელი გულით ვითხოვდი სიკვდილს. სარდაფის
სახურავის ღრიჭებიდან სინათლის ზოლი
შემოდიოდა,ეს ზოლები ხან წითლდებოდა, ხან
შავდებოდა, ანუ ხან ცეცხლი ეკიდა ქურთას, ხან
კვამლში აღარ ჩანდა სოფელი.
ალბათ მილიონობით ადამიანი ნატრობს
საცხოვრებლის შეცვლას, ათასობით ადამიანს არ
მოსწონს თავისი სახლი, მე მათ რიცხვში არ ვარ,
მე მიყვარს ქურთა. ჩემი სახლის აივნიდან დიდი,
მწვანე მთები ჩანს და ჩვენს სოფელში ყველაზე
გემრიელი წყალია. გული დამეწვა. დაკარგული
ქურთა ეტკინა სულს. ბრაზი მომეძალა, რა
იქნებოდა მე და მამა ვალოდიას წავეყვანეთ?! ახლა
ჩვენ ერთად ვიქნებოდით უსაფრთხო ადგილას,
მაგრამ არ ვიცი, ჩემზე უკეთეს მდგომარეობაშია
თუ არა ვალოდიას ოჯახი. არაფერი ხდება
შემთხვევით. კენჭიც არ ვარდება ზღვაში
გარკვეული კანონზომიერების გარეშე. ზღვა
გამახსენდა. ზღვა, რომელიც არასდროს მინახავს
და თუ ჩემს ეტლში ჯდომას რამის გამო ვნანობ,
ზღვაა და კიდევ ტანგო.
მესიზმრება ლურჯი ზღვა, აღელვებული,
ბობოქარი და საკუთარი თავი, თეთრი, აქაფებული
წყალივით თეთრ საცურაო კოსტუმში როგორ
გავრბივარ, ფეხი მიბრუნდება ქვებზე, არ
ვჩერდები და მე ვერევი ტალღებს. ტალღები

25
თბილია და ჩემს სხეულს აკვანში ჩაწვენილი
ბავშვივით არწევს. მერე მე ვწვები მოლივლივე
წყალზე, ცაში ღრუბლებია, ღრუბლები თითქოს
ადამიანები არიან და მერე ერთი ღრუბელი
ჩამოდის დაბლა. ღამეა. ახლა უკვე
მთვარის ოქროსფერ ზოლზე ვდგავარ და ვცეკვევ
ტანგოს, ვცეკვავ ღრუბლის ადამიანის მხარზე
დაყრდნობილი. ეს ჩემი სამოთხეა, თუ სადმე სხვა
სამყაროში სიარულს შევძლებ მინდა ვიწვე
აღელვებულ ტალღებზე და მინდა ვიცეკვო ტანგო.
ტანგო ცეკვა არაა, ის სიყვარულს გავს,
სიყვარულივით ცხელი და სახიფათოა. ტანგო არ
მიცეკვია, მაგრამ სიყვარული ვიცი რაცაა.
სიყვარულია, როცა გტკივა და გიხარია,
სიყვარულია, როცა ყველა ფერი ქრება სამყაროში
და ჩნდება სრულიად უნიკალური ფერები.
სიყვარულია, როცა საკუთარი ნებით ამბობ უარს
ყველა პრინციპსა და ღირებულებაზე. სიყვარულია,
როცა გაქცევა გინდა და ისე დგახარ თითქოს
ფესვებგამჯდარი ხე იყო.
მიყვარდა, რა თქმა უნდა, ჩუმად, ჩემთვის,
უთქმელად. ყველაზე თავხედ ოცნებებში
წარმოვიდგენდი, რომ მედიცინა განვითარდა, მე
ოპერაცია გამიკეთეს და სიარული შევძელი. ჩემი
სიყვარული პირდაპირპროპორციული იყო
სიარულთან. მიყვარდა და მტკიოდა. მერე როცა
მამას და ანას ერთმანეთი შეუყვარდათ, მივხვდი,
ეტლი არაფერ შუაშია, სიყვარული ნიშნავს უძილო
ღამეებს, უთქმელ სიტყვებს, ტკივილსა და
განშორებას.

26
ანა ჩემი მასაჟისტი იყო. მათ შეუყვარდათ
ერთმანეთი, მაგრამ მამამ თავის ასაკს ვერ
გადააბიჯა, ანამ - დედაჩემის არსებობას. ანა
მოხალისედ მუშაობდა ქურთაში, ის ორი თვე
დარჩა ჩვენთან და მერე წავიდა. საკუთარ
თავს გაექცა, თავისი სიყვარულის შეეშინდა.
მაშინ, როცა ანა საღამოობით ჩვენს აივანზე იჯდა
და ლექსებს გვიკითხავდა, ჯერ კიდევ მშვიდობა
იყო. მშვიდობა კი ერთგვარი შესვენებაა, ერთგვარი
პაუზაა დიდი ხმაურის წინ.
ხმები სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას და ყოველი
ახალი გავარდნილი ბომბი თითო წელს მაკლებდა:
ვფიქრობდი დედაზე, რომელსაც თუ კიდევ
შერჩენოდა გულში ჩემი ადგილი, ახლა მკერდი
უნდა სტკენოდა, სხეულს ჩემი ამბავი
უნდა ემცნო. ვფიქრობდი მამაზე, როგორც
ყველაზე ძვირფასზე ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობდი
ქურთაზე, ჩემს მწვანე სამოთხეზე და ვფიქრობდი
ღმერთზე. ღმერთი კი სდუმდა და ჩემამდე მისი
ხმა ვერ აღწევდა. სამაგიეროდ, მოდიოდა
სიკვდილის ხმები და გული გამალებით მიცემდა.
იქამდე მახსოვს ფიქრი, სანამ სინათლის ზოლი
გაბაცდებოდა, მერე ჩამეძინა თუ გონება დავკარგე
აღარ გამიგია. რამდენჯერმე გავახილე თვალები,
ტკივილი, შიმშილი და შიში მაფხიზლებდა და
ისევ მიბინდავდა აზრს.
ორი დღე ვიწექი ბნელ სარდაფში საკუთარ
ნარწყევში, უკვე მეოთხე ბოთლ ღვინოს ვსვამდი
და ველოდებოდი სიკვდილს. სიკვდილი კი ჩემს
გარშემო ფერხულს უვლიდა, წრეებს კრავდა,
მიახლოვდებოდა და მშორდებოდა.

27
ორი დღის შემდეგ უკვე თითქმის ვეღარ
ვმოძრაობდი, შუაღამე იქნებოდა, ახლა უფრო
იშვიათად ისროდნენ, ომის შემდეგი მდუმარება
სასაფლაოზე ჩამოწოლილ სიჩუმეზე სევდიანი
ყოფილა. თვალწინ მიდგებოდა ჩემი
დაუმარხავი, გახრწნილი გვამი, ვირთხები, რომ
ამომაჭამდნენ თვალებს და მამა, რომელსაც, იმედს
ვიტოვებდი, ბევრი არ უწვალია.
იატაკი გახმიანდა, თითქოს შემპარავი, ქურდული
ნაბიჯის ხმა გავიგონე. ახლა სამყაროში თავი
ერთადერთი გადარჩენილი მეგონა, ამიტომ
ვიფიქრე, ავტომატისგან ჩამსხვრეული მინებიდან
ძაღლი თუ შემოძვრა-მეთქი. ერთ
ხანს ისევ დუმილი ჩამოწვა და მერე
ჭუჭრუტანებიდან სინათლის ზოლი შემოიპარა და
ისევ გაქრა. მეშველა, ისინი დაბრუნდნენ, ახლა კი
ყველაფერი დასრულდება. კარადის კარი
გაჭრიალდა, რაღაცას ეძებდნენ, სიმართლე
ითქვას და ჩვენ მდიდრები არ ვიყავით და
წასაღებიც ბევრი არაფერი გვქონდა, ტყუილად
ირჯებოდნენ,სავარაუდოდ, მალე მიხვდებოდნენ,
რომ დროს კარგავდნენ, უნდა მეჩქარა, ხმა უნდა
მიმეწვდინა, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულებულიყო.
ძალა მოვიკრიბე და ავყვირდი. ერთ ხანს ერთ
ადგილზე გაიყინენ, რადგან სამარისებული სიჩუმე
ჩამოდგა, ალბათ იფიქრეს მოგვესმაო. ემოციებმა
მძლიეს და ავტირდი. „მიშველეთ“-ვკნაოდი კატის
მიტოვებული კნუტივით და საკუთარი ხმა
მეუცხოვებოდა. ვიღაც ხმას გამოჰყვა და სარდაფის
სახურავს დასწვდა, ძალა დაატანა.

28
-აქეთ, ბიჭო, - ქართული ბგერები სარდაფში
ჩამოძვრა და მეგონა ჰალუცინაციები დამეწყო,
იმდენად აბსურდულად მეჩვენა აქ ცოცხალი
ადამიანი, თან ქართველი, რომ ვიფიქრე
მოლანდებები დამეწყო-მეთქი. საღად დარჩენილი,
დაბუჟებული ხელი თვალებზე მივიფარე და
ავტირდი. მაგრამ ვიღაც მკლავში რომ დაწვდა,
ჩემმა კივილმა მკვდარი კატებიც კი გააღვიძა.
ქართველები გამოდგნენ, ქვემოთ უბნიდან, შალიკო
და თავისი ბიჭი. ძლივს ამათრიეს სარდაფიდან,
ჩქარობდნენ, ფრთხილობდნენ.
-სხვანაირად არ გაიგო, კი არ ვქურდობდით,
უბრალოდ იმ ძაღლებს არ გვინდა დავუტოვოთ,-
არც მიიფქრია რომ ქურდობდნენ, საერთოდ იმ
წუთას არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა, ბინდი
მადგა თვალებზე და აზროვნების უნარი სულ
უფრო ნელდებოდა. თუმცა ის მაინც მოვახერხე,
ჩემი ალბომი წამოეღოთ, ჩემი წარსულის ყველაზე
ნათელი დოკუმენტი. სურათები იმისთვის, რომ
იქ, სადღაც, შორს, სადაც ჩემი ახალი აბსურდული
ცხოვრება დაიწყებოდა, არასოდეს დამვიწყებოდა,
რომ არსებობს რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი,
რაღაც ყველაზე წმინდა, ის, რის გამოც ღირდა
ამდენი ტკივილი. წინ ავტომატგადაკიდული
შალიკო მიიპარებოდა, უკან მისი ვაჟი, რომელსაც
ხელში ვყვავდი აყვანილი, სვენებ-სვენებით
მიმიყვანა სოფლის განაპირას მდგარ ვილისთან.
შუქჩამქრალი მანქანა დაიძრა და ქურთა უკან
ჩამოიტოვა. აქა-იქ ცეცხლი ისევ გიზგიზებდა,
ცეცხლის შუქზე კი ჩანდნენ ყელგამოღადრული
ჯარისკაცები, მე მათ თვალს ვარიდებდი, რომ

29
რომელიმე მათგანში მამა არ ამომეცნო. გულში
სურათები ჩავიკარი და საკუთარ თავს
პირობა მივეცი, რომ ეს დროებითია და მე
დავბრუნდებოდი. დავბრუნდებოდი და ეს
იქნებოდა შურისძიება მამაჩემის გამო, ეს ჩემი ომი
იყო და რახან მე გადავრჩი, აღარასოდეს
დავნებდებოდი, მე დავბრუნდებოდი და ეს
იქნებოდა ჩემი და მამაჩემის გამარჯვება, ეს
იქნებოდა ომის დასასრული.
გორამდე როგორ ჩამოვაღწიეთ, კარგად არ
მახსოვს. მაგრამ მერე ახალი ჯოჯოხეთი დაიწყო.
ჯარი უკვე თბილისისკენ იყო დაძრული, ჩვენებს
უკან დაეხიათ. ჩვენც წაგვიყვანეს. მე ბომბების ხმა
და ცეცხლის ენები არ მასვენებდა, დედაქალაქი კი
ომის დასრულებას, გადარჩენას ზეიმობდა.
ექიმმა ჩემი მაჯა თავის ადგილას დააბრუნა და
სახვევი დამადო, საავადმყოფოდან კი პირდაპირ
აეროპორტში წამიყვანეს. ერთ-ერთი უცხოელი
პოლიტიკოსი ჩამოდიოდა თბილისში,
ჰუმანიტარული ტვირთით და უნდა
დავხვედროდით. ჩვენ ასე გაჭირვებული,
დასახიჩრებული ადამიანები, საკუთარი ოჯახის
წევრებისა და სახლების მოზარეები, ვიდექით
დამწკრივებულები, რათა თვითმფრინავიდან
ჩამოსვლისთანავე ტაში დაგვეკრა, მე მხოლოდ
ერთი ხელი მქონდა, ტაშს ვერ დავუკავდი, ამიტომ
ღიმილი დამევალა. თავი ხელგამოწვდილი
მათხოვარი მეგონა,სიმართლე ითქვას და ვიყავი
კიდევაც. ათობით ქართველი თუ უცხოელი
ჟურნალისტი დაგვტრიალებდა თავს, რაც

30
მეტად უბედური იყავი, მით მეტად მომგებიანი
იქნებოდა სიუჟეტი, ამიტომ მე მათთვის ნამდვილი
ბრილიანტი ვიყავი: ეტლს მიჯაჭვული,
თაბაშირიანი, ობოლი, უსახლკარო. დროებითი
საცხოვრებელი გამოგვიყვეს, ფსიქოლოგები
დაგვინიშნეს, ჩვენ შოკში ვიყავით, უნდა სტრესი
დაგვეძლია. ჩემი ფსიქოლოგი ქერა,
წითელპომადიანი, მარგალიტებასხმული ქალი იყო.
სეანსების დროს ჟურნალსიტებს იწვევდა და ჩემს
სტრესზე მეტად ის ადარდებდა, უხდებოდა თუ
არა კადრს მისი სალათისფერი პერანგი.
თიხაზე მუშაობას გვასწავლიდნენ, უფორმო
ლამბაქებს ვაკეთებდით და ფერს ვაძლევდით,
ჩვენი ტრენერი გვირჩევდა მკვეთრი, ხასხასა
ფერები გამოგვეყენებინა. მივუხვდი: მწვანე
ლამბაქი გავაკეთე, ჟოლოსფერი ყვავილები
დავახატე ზედ. ეს უკვე იყო ის ნათელი სურათი,
რომ ჩემს ფიქრებს ბინდი გადაეცალა, თიხამ
შედეგი გამოიღო. თავი დამანებეს. მამას ძებნა
დავიწყე, ვერაფერი გავიგე, მის გვამს ვერ მიაგნეს.
დედას რამდენჯერმე ვესაუბრე, როგორც კი
შვებულება მექნება, ჩამოვალო....
ბრაზი და ბოღმა მახრჩობდა, ტკივილი
მოუშუშებელი იყო და მის დაძლევას ვერ
შევძლებდი, ამიტომ მასთან ერთად ცხოვრებას
ვსწავლობდი. დაბრუნებაზე საუბარი ადრე იყო,
ახალი ქურთა და თამარაშენი ააშენეს, ახალი
ახალგორი შექმნეს. სწრაფად იმუშავეს.
ორი თვის შემდეგ სახლები დიდი ზარ-ზეიმით
დაგვირიგეს. ყველა იქ იყო, ყველა საუბრობდა
ომსა და უბედურებაზე, არც ერთი მათგანი

31
ქურთაში არ მინახავს, არც ერთ მათგანს ომი არ
უნახავს, ისინი ამაღელვებლად საუბრობდნენ მძიმე
დღეებზე, ბოროტებასა და ტრაგედიაზე,
გვიხსნიდნენ, გვიყვებოდნენ უნახავი ომის
ისტორიას.
მინისტრმა ჩვენი სახლები გვაჩვენა, მადლობელი
ვარ, ეს არაა ქურთას მთები, ეს გადახრუკულ
მინდორზე ჩუტყვავილასავით ამოსული ქოხებია,
მაგრამ აქამდე ცენტრში ვიყავი, რომელიც
ჰიგიენით ვერ დაიკვეხნიდა, ახლა სახლი მექნება,
საკუთარი დროებითი თავშესაფარი. მაჯა ჯერ ისევ
მტკივა, ერთი ხელით გაჭირვებით მივაგორე
სავარძელი კართან, გასაღები მოვარგე და.... ვერ
შევეტიე: სახლი ადაპტირებული არაა, კარი
ვიწროა, ეტლიანებისთვის არაა გათვლილი.
....
ომი თქვენთვის მორჩა, ჩვენთვის არასოდეს
დასრულდება, რამდენი ადამიანიც შევესწარით
ბრძოლას, იმდენი ომი იყო, რამდენი სახლიც
ამოსულა სოკოსავით ამ ხრიოკ, ზარმაცი
დიასახლისივით მხართეძოზე წამოწოლილ
მდელოზე, იმდენი ომი გრძელდება ყოველ ღამე,
იმდენი კაცი კვდება ყოველ დღე.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომს,
რომელიც ისტორიაში „აგვისტოს ომის“ სახელით
შევიდა, შეეწირა შეიარაღებული ძალების 168
სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16
თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი
მოქალაქე - ომი თქვენთვის სტატისტიკაა, ჩემთვის
კი ტრაგედია, რომელიც ყოველ ღამე თავიდან

32
იწყება და არც დასრულდება, სანამ ჩემს ომს არ
მოვიგებ, სანამ არ დავბრნდები.

.:4LOVE.GE:.

33

You might also like