You are on page 1of 3

რ.

ინანიშვილის

„ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“

ზოგჯერ სამშობლო თავისი შვილებისგან სისხლიან მსხვერპლს ითხოვს.

რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“


მწერალმა ხორცი შეასხა პატრიოტული სულისკვეთებისა და ამაღლებული ეროვნული
თვითშეგნების იდეებს უსახელო „ანანურელი ულამაზოების“ მხატვრული სახეების
გაცოცხლებით, რომელთა სათავეშიც მწერლის მიერ გამოგონილი უკვდავი მხატვრული
სახე, არქეტიპი, მზევარის ბიჭი დგას.

მოთხრობაში მოვლენები კრწანისის ბრძოლაში განცდილი ქართველთა მარცხის


შემდგომ ვითარდება. ანანურის ციხესთან, სადაც მეფე ერეკლე ბრძოლის შემდეგ თავს
აფარებდა, შუადღიდან ჩოჩქოლი ატყდება. ციხის მცველებს 13-14 წლის ბიჭი
დაუჭერიათ, რომელსაც მეფე ერეკლესთან შეხვედრა სურდა: „მეფესთან მიმიშვით,
დიდი საქმე მაქვს, მეფესთან მიმიშვით!“. ჩოჩქოლის ხმაზე ციხისთავი გამოდის, მეფის
მინიშნებით ბიჭს ვინაობას გამოკითხავს და მზევარის ბიჭს ანანურის ციხეში შეუძღვება.
ამ ეპიზოდში პირველად ვეცნობით ერეკლე მეორის მხატვრულ სახეს და საინტერესოა,
რომ მწერლმა ერეკლე მეორის მკითხველისთვის გაცნობა ყოვლისმხედველი მეფის
რანგში გადაწყვიტა. მწერალმა ერეკლე მეფე დახატა როგორც მმართველი, რომელიც
ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის: „ციხისთავმა ვერაფერი თქვა. თვალი
კოშკისკენ გაექცა. იქიდან თითქოს ვიღაცამ რაღაც ნიშანი მისცა, ციხისთავმა თავი
დაუქნია და მეციხოვნეებს უბრძნა: - გაუშვით ხელი!“.

მეფესთან შეხვედრის ეპიზოდში საოცარი ოსტატობით ცხადდება მზევარის ბიჭის


მხატვრული სახე. ბიჭი მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, ავტორის მიერ გამოგონილი
პერსონაჟი, რომელსაც არასდროს უარსებია, ამის მიუხედავად ქართველ ერს ბევრი
მზევარის ბიჭი ჰყოლია, რადგან ამ 14 წლის ბიჭის მხატვრული სახე, გარდა იმისა, რომ
განსახიერებს პატრიოტული თავგანწირვის იდეას, ასევე წარმოადგენს განზოგადებულ
სახე-სიმბოლოს, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველას, ვინც მზევარის ბიჭის
ღირებულებებს იზიარებს.

მზევარის ბიჭის ღირებულებები ყველაზე ნათლად მის მეფისადმი მიმარვაში


ცხადდება, სადაც იგი ობლების, „უქონლებისა“ და „ულამაზოების“ უპირატესობაზე
საუბრობს. მზევარის ბიჭის აზრით, მდიდრები მატერიალისტები არიან, მათ ბევრი აქვთ
დასაკარგი, შესაბამისად მათთვის სამშობლოსათვის თავგანწირვა უცხოა. მდიდარი
გასაჭირის ჟამს თავს გამოისყიდის, განსხვავებით უქონელისა, რომელიც თავისი
მშობლიური მიწის გულისხმიერებაზეა დამოკიდებული: „მდიდრებს რატომ ენდობი,
დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამეები რჩება.
გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად
დასდებს!“. მზევარის ბიჭის აზრით, სამშობლოსთვის სისხლიანი მსხვერპლის გაღება
მხოლოდ ღარიბს და უქონელს შეუძლია, რომელიც თავისი „ქვეყნის იმედად“
ცხოვრობს. „გაჭირვებაში გამოჩეჩქვილები“ მშობლიური მიწის გულისხმიერებაზე არიან
დამოკიდებულნი, მადლიერნი არიან ყველაფრისა, რასაც სამშობლო მისცემს, უყვართ
თავიანთი ქვეყანა და მზად არიან თავი გასწირონ სამშობლოს ინტერესებისთვის.
მზევარის ბიჭი ტკივილით ნაწრთობ პატრიოტიზმს არისტოკრატიაზე მაღლა აყენებს და
იაზრებს სამშობლოსათვის გაღებული სისხლიანი მსხვერპლის აუცილებლობას:
„ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ ვის რას უნდა მოვუფრთხილდეთ! აბა,
შემომხედე, სხვებიც ჩემნაირები არიან, ქვიდან გამოტეხილი ქაჯები და ეშმაკები!“.

ტექსტში საოცარი ოსტატობით არის ასევე წარმოჩენილი ერეკლე მეფე, სახე-


სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული მთლიანობისა. მოხუცი
გულისხმიერი მეფე, გამორჩეული მეფური სიდიადითა და სიმტკიცით. გარდა ტექსტში
გამოკვეთილი ერეკლე მეფის ემოციებისა, რომელიც მზევარის ბიჭის გულწრფელმა
სულისკვეთებამ და თავდადებამ გამოიწვია, დაუვიწყარია ასევე მისი შეხვედრა
მზევარის ბიჭის შვიდ თანასოფლელთან. „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები“. ამ
სიტყვებში ერთდროულად ჩატეულია კრწანისის ბრძოლაში დამარცხებიდან
გამოყოლილი სევდა, კომბლიანი ბიჭების თავდადებით დაუფლებული სიამაყე და
ამასთან თანდართული სიბრალურიც. მეფე ერეკლე იაზრებს ბიჭების პატრიოტიზსა და
ბრძოლის ჟინს, სწორედ ამიტომ აძლევს მათ იმედს, რომ ომში თავის გამოჩენის
საშუალება მიეცამათ, რომ შეეძლებათ დაამტკიცონ მათი უპირატესობა მდიდრებთან
მიმართებაში: „სულ მალე დაგიძახებთ, ბიჭებო, მაჰმადხანს ერთიანად უნდა
ვაზღვევინოთ ჩვენი სისხლი“. იმის მიუხედავად, რომ რევაზ ინანიშვილის ამ
მოთხრობაში მწერლის ფანტაზიით შეთხზულია ამბავია გადმოცემული, ერეკლე მეფის
ის მხატვრული სახე, რომელსაც ტექსტში ვხვდებით პირდაპირ ეხმიანება ერეკლე მეფის
იმ ისტორიულ არქეტიპს, რომელიც ქართველი ერის ცნობიერებაშია აღბეჭდილი.

მოთხრობის ფინალში უკვე აღწერილია 94 წლის უსინათლო მზევარის ბიჭის


ამბავი, რომელიც ყოველდღე მოელოდა ქალაქიდან დამძახებელს. 80 წელი გავიდა მისი
ერეკლე მეფესთან შეხვედრიდან, ამ დროის განმავლობაში კი მზევარის ბიჭს იმედი არ
დაუკარგავს და როგორც ტექსტიდან ირკვევა, რაღაც დროის განმავლობაში რუსეთის
არმიაშიც უმსახურია, თავისი უშრეტი საბრძოლო ჟინის სახედ კი რუსული სამხედრო
მედლებიც დაუკიდია: „მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი
რუსული ძველი მედალი ეკიდა - გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის
ფერისა“.

საინტერესოდ არის გაცხადებული იმავე იდეა ოთარ ჭილაძის პოემაში „ადამიანი


გაზეთის სვეტში“, სადაც აღწერილია მომაკვდავი ამერიკელი ჯარისკაცის, კრუს
ხიმენესის ფიქრები. ბევრ სხვა იდეასთან ერთად, პოემაში გაცხადებულია
სამშობლოსთვის გაღებული სისხლიანი მსხვერპლის იდეაც. კრუსის აზრით მხოლოდ
სამშობლოს შეუძლია მოსთხოვოს ჯარისკაცს სიცოცხლე: „ჯარი სამშობლოს მტრისაგან
იცავს და სიცოცხლესაც მხოლოდ სამშობლო მოსთხოვს ჯარისკაცს“. პოემის მომდევნო
სტროფები კი პირდაპირ ეხმიანება მზევარის ბიჭის სიტყვებს, რომ მათ ვითაც
გამოცდილი აქვთ მშობლიური მიწის მოწყალება, არ აქვთ უფლება სამშობლოს უარი
უთხრან სისხლიანი მსხვერპლის გაღებაზე: „ვერც ჯარისკაცი ვერ ეტყვის უარს, თუ აქვს
და იცის საკუთარ ჭერის და პურის გემო“.

სასურველი იქნებოდა სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს თანამედროვეობაში


აქტუალურობა რომ დაეკარგა, მაგრამ, როგორც ჩანს ომის ქარცეცხლი არასდროს წყვეტს
ადამიანთათვის თავის შეხსენებას. ვერც ერთმა წარსულის გამოცდილებამ ვერ შეაჩერა
სამყაროში კონფლიქტები, რაც ყველაზე ნათლად რუსეთ-უკრაინის ომში აისახა.
ლიტერატურულ ნაწარმოებზე პოლიტიკური პარალელების მოყვანას ალბათ ისევ
მხატვრული განხილვის გზაზე ყოფნა აჯობებს და სწორედ ამიტომ, გავიხსენებ ვაჟას
„ბახტრიონს“, იდეალურ მაგალითს პატრიოტული თავდებისა და სამშობლოსათვის
გაღებული მსხვერპლისა. პოემაში აღწერილია ფშავ-ხევსურების მიერ თათრების
წინააღმდეგ ბრძოლა, სადაც სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლითა და პატრიოტული
თავგანწირვით თავი გამოიჩინეს ლელამ და კვირიამ. ამ ორმა გმირმა ფშავ-ხევსურთა
ჯარს შიგნიდან გაუღო ბახტრიონის ციხის კარი, ეს აქტი კი მათ საკუთარ სიცოცხლის
ფასად დაუჯდათ. ლელამ და კვირიამ გაიაზრეს მათი მისია, სამშობლოსთვის
სისხლიანი მსხვერპლის გაღების აუცილებლობა და სწორედ ამ იდეას შესწირეს თავი.
პოემაში ამ ორი გმირის ანტიპოდან ვაჟამ შექმნა წიწოლას მხატვრული სახე, რომელიც
თავის თავში მხდალი მეომრის ტრაგიზმის იდეას განასახიერებს. წიწოლა მხდალად
მოიქცა, ბრძოლიდან გაიპარა, რის გამოც გარდა საკუთარი თემისა, საკუთარმა დედამაც
კი უარყო. წიწოლა იაზრებს თავის შეცდომას, თემისგან უარყოფილად სიცოცხლეს
სიკვდილს ამჯობინებს და თავს ჩამოიხრჩობს.

You might also like