You are on page 1of 2

ვაჟა-ფშაველა

„ამოდის, ნათდება!“

საყოველთაო კრიზისის დროს მორალურ-ეთიკური ღირებულებები ფასს კარგავს

ადამიანი, როგორც ევოლუციური კიბის უმაღლეს საფეხურზე მდგომი არსება,


თავისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე მუდამ ახალ კოგნიტურ უნარებს იძენდა.
მეტაკოგნიცია, იგივე თვითჩაღრმავებისა და შემეცნების უნარი, რამაც ადამიანს
ცხოველური ინსტინქტები დააძლევინა, კაცობრიობას მდგრადი სოციუმის შექმნაში
დაეხმარა. მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, მდგრად სოციალურ სისტემას ერთი
უმნიშვნელოვანესი ნაკლი აქვს. კაცობრიობამ სოციუმის მდგრადობა მათ მიერ
შექმნილი სისტემების მდგრადობასთან გააიგივა და არა - ინდივიდის ეთიკურ
ღირებულებებთან. სწორედ ამიტომ, როცა ეს სისტემები თავიანთ ნორმალურ
ფუნქციონირებას წყვეტენ, საყოველთაო პანიკა და ქაოსი იწყება. გამეფებული კრიზისი
ადამიანთა მორალურ-ეთიკური ღირებულებების დევალვაციას იწვევს, რის შედეგადაც
ადამიანი კვლავ პრიმიტიულ, ცხოველურ ინსტინქტებს უბრუნდება.

საყოველთაო კრიზისის სოციუმის ღირებულებებზე გავლენის ნათელი


მაგალითია ვაჟა-ფშაველას ნოველა „ამოდის, ნათდება!“, სადაც მწერლმა ადამიანთა
შინაგანი ბნელი, ბოროტი ნატურის ალეგორიულად გამომხატველი მგლების
მხატვრული სახის გაცოცხლებით ხორცი შეასხა შიმშილის, როგორც უზენაესი
ცხოველური ინსტინქტის, სოციუმზე გავლენის იდეას.

ნაწარმოების სიუჟეტი გორაზე მგლების შეკრებით იწყება. დიდთოვლობის გამო


მტაცებლებს საკვების მოპოვება გასჭირვებიათ და ერთი კვირის მშივრები სოფლის
ფარეხის გატეხვას გეგმავდნენ. ხროვის შეკრების ეპიზოდიდანვე იკვეთება მგლების ის
წინასწარგანწყობა, რაც ნოველის ბოლოს ტოტიას სიცოცხლეს შეიწირავს: „ერთმანეთს
ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც
შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-
ლუკმა გაეგლიჯათ“.

ფარეხის გასატეხად მომზადებულ მგლებს იმედი უცრუვდებათ, როცა სოფელში


სათარეშოდ იდეალურ ბნელ ღამეს მთვარის შუქი ანათებს. ნოველის ამ ეპიზოდს,
სავარაუდოდ, ალეგორიული დატვირთვაც აქვს და მშიერი, აგრესიული, ზნეობრივად
დაცემული ხროვის მხილების გამომხატველია. ღამე, სიბნელე ცხოველურ ინსტინქტს
მინდობილი ადამიანის, იგივე მშიერი მგლის სტიქიაა, მისი თავშესაფარი, სარჩოს
მოპოვების გზა, მთვარის ნათება კი - მხილება. თითქოს მშიერ მგლებს სიბნელემაც კი
უღალატა და მათი ნამდვილი სახე ამხილა. მთვარის ამოსვლამ მგლებს გეგმები
ჩაუშალა, რამაც მშიერ ხროვაში სისხლის წყურვილი იმდენად გაამძაფრა, რომ მგლები
მთვარის შეჭმასაც კი ლამობდნენ: „- გაგიხმეს ფეხი, გაგიწყრეს ღმერთი! ვაი შენ, ვაი შენ
გაჩენის დღესა! - ამბობდენ მგლები და თან კბილებს უღრჭენდენ: “ახ ნეტავი, ხელში კი
ჩაგვაგდებინა, შეგვეჭამა, რომ მოგვესპო მაგისთვის სიცოცხლე“.

ტოტიას გარდა, საყოვალთაო შიმშილმა გაუცნობიერებლად ყველა მგელში ერთი


და იგივე აზრი შვა, რომ ხროვაში ვინმე სუსტი მოეძებნათ და ის შეეჭემათ: „იმედი
გადაუწყდათ, სასოება დაჰკარგეს, ერთმანეთს-ღა დაუწყეს თვალიერება; ფიქრობდენ,
არჩევდენ, ვინ არის ჩვენში სახარჯი, შესაჭმელიო. ერთი მზად იყო მეორეს ძგერებოდა
და შუაზე გაეგლიჯა“. მშიერმა, იმეცგაუცრუებულმა, ეგზალტირებულმა ხროვამ
არჩევანი მოხუც ტოტიაზე შეაჩერა. ხროვამ ტოტიას დააბრალა მათი უბედობა, მთვარის
ამოსვლა და მოხუცი მგლისადმი წამოჭრილი უსამართლო, არაადეკვატური
ბრალდებები მის შეჭმაშიც გადაიზარდა. ნაწარმოების ფინალში კი ხროვის ამ საქციელმა
მგლების ერთმანეთთნ გაუცხოებაც გამოიწვია. ტოტიას მსხვერპლმა ხროვაში
უნდობლობა და შიში დათესა, რამაც მგლებს ერთმანეთისგან გაქცევა აიძულა: „შეხედეს
ერთმანეთს, შეეშინდა ერთს მეორისა, ალბათ იმიტომ - ახლა მე არ შემჭამონო.
შეეშინდათ და გაფრთხენ. ერთი მეორეს გაურბოდა, ჯაგიანებში ჩხლაკა-ჩხლუკი
ისმოდა და თან თოვლის ჭყრიალი...“.

ვაჟა-ფშველამ მოცემულ ნოველაში მშიერი მგლის ალეგორიული სახის


გაცოცხლებით მკითხველს ადამიანთა ცნობიერებისა და სულის ყველაზე ბნელი
კუთხეები გააცნო. თუ რა გავლენა აქვს შიმშილსა და ზოგადად, საყოველთაო კრიზიზს
ადამიანთა მორალურ-ეთიკურ ღირებულებებზე. თუ როგორ ემსგავსება მსგავს
სიტუაციებში ადამიანი ცხოველურ ინსტინქტს მინდობილ მშიერ მგელს.

მსგავს იდეას ეხმიანება ასევე დავით გურამიშვილის „დავითიანი“, კერძოდ,


„ქართლის ჭირის“ ეპიზოდები, სადაც ავტორი ზნეობრივად დაცემული ერის
პრობლემებზე საუბრობს. მისივე თქმით, ღმერთთან გაუცხოებულ ქართველ ერს
უფლის რისხვა დაუმსახურებია. ქართლში დაიწყო საყოველთაო პანიკა და ქაოსი, რამაც
ერის მორალურ-ეთიკური ღირებულებები შეიწირა.

კრიზისულ სიტუაციებში ადამიანის ცივილური ფასადის მიღმა დამალული


ქვეცნობიერი ურჩხულის გამოვლენის ნათელი მაგალითია ასევე უილიამ გოლდინგის
„ბუზთა ბატონი“. რომანში აღწერილია კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების
ამბავი, რომლებიც თანდათან კარგავენ თავიანთ ადამიანურ სახესა და მორალურ
ღირებულებებს, რითაც ემსგავსებიან პრიმიტიულ, ამორალურ არსებებს.

You might also like