You are on page 1of 8

ქართლის ბედს ნიკოლოზ ბარათაშვილი ყრმობიდანვე მძაფრად განიცდიდა.

მშობლიური
ქვეყნის წარსულის სურათები ადრევე იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს მის პოეტურ
წარმოსახვაში. ეროვნული გრძნობის ადრეულ გაღვიძებას ხელს უწყობდა პოეტის აღზრდა
პატრიოტულ გარემოში. როგორც აღვნიშნეთ, პოეტის ოჯახში იკრიბებოდნენ ისტორიული
პიროვნებანი, რომელთა საუბარი გამოულეველ საზრდოს აწვდიდა ნიჭიერი ბავშვის
ფანტაზიას. ყრმა ბარათაშვილი გატაცებით ეწაფებოდა მათ ნაამბობს. ქართლის ბედი და
“ომების ღენიის კაცი” მეფე ერეკლე – მათი საუბრის მთავარი თემა იყო.

ოჯახურ წრეში მიღებული შთაბეჭდილებანი ქართლის ბედის შესახებ კიდევ უფრო


გაღრმავდა სასწავლებელში, სადაც ბარათაშვილის გონებრივი აღმზრდელი იყო ღრმა
მოაზროვნე და თავდადებული პატრიოტი სოლომონ დოდაშვილი. ბოლოს არ უნდა
დავივიწყოთ, რომ ბარათაშვილის ისტორიულ ეროვნულ შეხედულებათა ჩამოყალიბება
მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ სოციალურ-განმათავისუფლებელ იდეებთან, რომლებიც
უკვე 30-იანი წლებიდან გარკვევით შეიმჩნევა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და
აზროვნებაში.

აღნიშნულმა ფაქტორებმა გაამდიდრეს ბარათაშვილის ისტორიული შემეცნება, გააფართოეს


მისი წარმოდგენა მშობლიურ წარსულზე და გაუმახვილეს წინასწარი განჭვრეტის გრძნობა.
მაღალ განვითარებას მიღწეულმა პოეტის პატრიოტულმა შეგნებამ ბრწყინვალე მხატვრული
განსახიერება პოვა პოემაში “ბედი ქართლისა”. ეს შესანიშნავი ეპიკური ტილო ნ.
ბარათაშვილმა შექმნა 1839 წელს. თუმცა მასში მე-18 საუკუნის საქართველოს ცხოვრებაა
ასახული, მაგრამ პოემა, ამასთანავე, წარმოადგენს 30-40-იანი წლების საქართველოს წინაშე
დასმული საჭირბოროტო ეროვნული საკითხების უშუალო პასუხს. თუ რა ძლიერ აღელვებდა
ამ პერიოდში “ქართლის ბედი” ჩვენს მოაზროვნე საზოგადოებას და პირველ რიგში თვით ნ.
ბარათაშვილს, ეს კარგად ჩანს ერთ ეპიზოდში, რომელსაც პოეტის მეგობარი კონსტ.
მამაცაშვილი გადმოგვცემს

მახსოვს, ერთ ივლისის ღამეს, 1838 წელს, მე და ტატო წავედით სასეირნოთ გარეთუბანს
(ეხლანდელი გოლოვინის პროსპექტი). ტატო ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად
მშვენივრად ხუმრობდა; მერმე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ და
ტრაგიკულს დასასრულზე მე –18 საუკუნისა, მეფის ირაკლის მოხუცებულობის გამო
უღონობაზედ, ჩვენის თფილისის წახდენაზედ, 1795 წელსა, 12 სექტემბერს და სხვ. ამ
ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარს და მხიარულს, სახე გამოეცვალა,
დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა:
– ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! –და ოხვრით დაუმატა:
– ვაი ჩვენო ქართლის ბედო! – დიდხანს დავდიოდით თავჩაღუნულნი და მოწყენილნი

ამ ამბის დრამატული ტონი თავიდან ბოლომდე გასდევს ბარათაშვილის პოემას, მაგრამ,


ამასთან, მისი შესანიშნავი პოეტური ეპოსის სტრიქონები გამთბარია ეროვნული ოპტიმიზმის
გრძნობით.
ქართლის ბედის დიდი მოზარე (ვაჟა -ფშაველას გამოთქმა რომ ვიხმაროთ) თავის პოემაში
“ბედი ქართლისა” გვაჩვენებს ჩვენი ხალხის გმირულ ნებისყოფას, ქართველი კაცის
მომხიბვლელ ხასიათს, საქართველოს მთების, მდინარეებისა და მდელოთა მშვენიერებას. თუ
ღრმად ჩავუკვირდებით ამ პოემას, მასში დავინახავთ მთელ საქართველოს

პოემაში “ბედი ქართლისა” შესანიშნავია არა მარტო ისტორიული ამბის თხრობა, არამედ
ქართველი ხალხის აქტიური სულის ჩვენება და ის დიდი ეროვნულ-საზოგადოებრივი
პრობლემა, რომელიც თხზულების შინაგან ღერძად გვევლინება.

პოემაში “ბედი ქართლისა” ასახულია საქართველოს გმირული წარსულის დაუვიწყარი


მოვლენა – კრწანისის ბრძოლა, რომელიც გადაიხადა ერეკლე მეორემ თბილისის კარებთან
1795 წელს. ნ. ბარათაშვილი მაღალმხატვრული ოსტატობით გვისურათებს ქართველი
ხალხის ისტორიის ამ ტრაგიზმით აღსავსე ამბავს. პოემის პირველივე სტრიქონებიდან ჩვენ
გვესმის ერეკლე მეორის შთამაგონებელი ხმა. ეს არის მხცოვანი გმირი მეფის მხურვალე
ლოცვა ომის წინ, რასაც მალე ცვლის მისი გამამხნევებელი დარიგება ქართველი ჯარის მიმათ

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნ. ბარათაშვილს ექსპრესიით აქვს გადმოცემული ქართველი მხედრების უთანასწორო


ბრძოლა კრწანისის ველზე აღა-მაჰმად- ხანის ურიცხვ ურდოებთან. ეს არის ბატალური
ბუტაფორია. ომის ქარცეცხლი, ნაღარის ხმა, აბჯრის მსხვრევა, სისხლით შეღებილი მტკვარი
რეალისტური ცხოველმყოფელობით აქვს დახატული ავტორს. პოემის ფურცლებზე ჩვენ
ცოცხლად ვხედავთ პატარა კახს, რომელიც თავისი მაგალითით “შთაუდგამდა სულს
ვაჟკაცობას” ქართულ ჯარს; პოემაში ცოცხლდებიან ისტორიული გმირები კრწანისის ველისა
– “თამაზ ენისენთ მოურავის ძე და იოანე, კახთ აბაშიძე”, ამ პირველ ბრძოლაში ივერთ
ლაშქარს შეუმუსრავს მტერი, მაგრამ:

ეს დუმილი პირველმა თვით ბარათაშვილმა დაარღვია, როცა კრწანისის გმირებს თავისი


დიდებული პოემით ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. “ბედი ქართლისას” ავტორს ჰქონდა
უფლება დაემშვიდებინა გმირთა აჩრდილები

პოემის დედააზრი გაშლილია მეორე კარში. აქ მკითხველი მოისმენს ღრმა ისტორიული


მნიშვნელობის პაექრობას ქართლის ბედის შესახებ. ნ. ბარათაშვილი წარმოგვიდგენს
წარსულის სურათს, ძლიერი დრამატიზმით აღჭურვილს. ამ ამაღლებულ ისტორიულ
სურათს პოეტი სვამს მშობლიური ბუნების დიდებულ ჩარჩოში. თანდათან, შეუმცდარი
მხატვრული ტაქტით, პოემის ფურცლებზე რომანტიკულ ტონებს სცვლის რეალისტური
თხრობა. არაგვზე გადამდგარ ჩარდახში გამოჩნდება ორი დიდებული ადამიანი, ერეკლე მეფე
და მისი მსაჯული, რომელთა მჭმუნვარე სახეებს ანათებს ჩამავალი მზის სხივები.
მღელვარებით მოელით ამ ისტორიულ პიროვნებათა საუბარს. მდუმარებას არღვევს მეფე
ერეკლე. იწყება ინტიმური, მაგრამ დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თათბირი:
“ირაკლი და მისი მსაჯული, მამულისათვის გულმტკივნეულნი, ქართლისა ბედსა
განსამართლებნენ

ერეკლე მეორე დიდი სიბრძნით უშლის თვალწინ სოლომონ მსაჯულს ქართლის ცხოვრების
ტრაგიკულ ვითარებას, შინაგან ქიშპობას, გარეშე მტრების –სპარსთა, ოსმალთა და ლეკთა
მძვინვარებას. მეფე შეურყეველი მაგალითებით უსაბუთებს თავის ერთგულ მსაჯულს
სახელმწიფო კრიზისს და ამცნობს თავის გადაწყვეტილებას

ბრძენი მეფე ღრმად სწვდება როგორც თავისი ქვეყნის, ისე მეზობელ სახელმწიფოთა
განვითარების კანონზომიერებას და დიდი დიპლომატიური მოაზროვნის გონებით
განჭვრეტს არა მარტო აწმყოს, არამედ ისტორიულ პერსპექტივასაც. იგი სოლომონ ლეონიძეს
უსახავს მომავლის სურათს

ბრძენი მეფის გადაწყვეტილებას წინა აღუდგება მისი მრჩევლის ნებისყოფა. სოლომონ


ლეონიძე პატრიოტული გზნებით ეპაექრება მეფეს, რომ თავისუფლების “განსყიდვა”
უდიდესი ეროვნული უბედურებაა

ერეკლე მეორე უსაბუთებს აღელვებულ პატრიოტს, რომ მეფის გადაწყვეტილება


თავისუფლების ღალატი კი არ არის, არამედ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიულად
გარდაუვალი ფაქტის შემეცნების ნაყოფია, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა, ისტორიული
აუცილებლობით ნაკარნახევი; ერთს მივყავართ სრული ეროვნული კატასტროფისაკენ,
მეორეს – თავისუფლების დროებით დაკარგვით – ეროვნული სიცოცხლის შენარჩუნებისაკენ.
ამ მეორე გზაზე ისახება ისტორიული პერსპექტივა საქართველოს მოქცევისა ახალი,
პროგრესული განვითარების ორბიტში

მეფე ერეკლე და სოლომონ მსაჯული – მე-18 საუკუნის ეს ორი დიდი ნებისყოფის ადამიანი,
მტკიცედ რჩება საკუთარ აზრზე. ისტორიული დიალოგი მთავრდება და მთვარის შუქზე ჩვენ
ვხედავთ დაღონებულ და ფიქრებით მოცულ პატარა კახს

ერეკლე მეფის წინ სისწრაფით გაიქროლა მისი ჭაბუკობის წლებმა, განვლილი ბრძოლების
სურათებმა, გამარჯვების სახალხო ღრეობამ, როცა მეფე სიმაყით შემოდიოდა ხოლმე
თბილისის კარებში. უეცრად, თითქოს ერთად აჟღერდაო სამეფო მეჯლისის საკრავების
ტრიუმფალური ხმები და ოცნებაში წარსული პატარა კახი გამოფხიზლდა. მან ჩვეული
სიმტკიცით გასცა განკარგულება, რათა სოლომონ ლეონიძეს თბილისში შესახვედრი მზადება
დაეწყო, თვითონ კი გაეშურა კახეთისაკენ.

პოემის ახალ ნაწილში ავტორი სოლომონ მსაჯულს მარტოდ ტოვებს მკითხველთან.


სოლომონ ლეონიძე, რომელსაც ვხედავთ ქსნის ხეობაში, გზად ოჯახის მოსანახულებლად
მიმავალს, ღრმა ფიქრებს შეუპყრია. იგი თავის თავს ესაუბრება. მისი მსჯელობიდან
განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს შეხედულება სახელმწიფოებრივი ცხოვრების
ფორმაზე. აქ პოეტი სოლომონ ლეონიძეს გამოათქმევინებს საკუთარ პროგრესულ კონცეფციას
რესპუბლიკურ – კონსტიტუციური წყობილების შესახებ:

ისტორიული მასალებით არ მტკიცდება სოლომონ ლეონიძის რესპუბლიკური მისწრაფებანი.


პოეტმა ისტორიულ პიროვნებას შთაბერა მოწინავე იდეა საკუთარი ეპოქისა. უნდა ითქვას,
რომ კონსტიტუციურ- რესპუბლიკური იდეები სრულიად არ იყო უცხო ბარათაშვილის
ლიტერატურულ- იდეური გარემოსათვის. სოლომონ ლეონიძის ზემოთ მოყვანილი
სიტყვები, რომლებშიც იხატება სიმპათიები რესპუბლიკურ-სახელმწიფოებრივი
ფორმისადმი, გვარწმუნებს, რომ ნ. ბარათაშვილი ახლო იცნობდა მისი დროის
განმათავისუფლებელ მოძრაობას და თავის ეროვნულ შეგნებას ანაყოფიერებდა
დეკაბრისტულიპროგრესული სოციალური იდეებით.

სოლომონ ლეონიძის ფიქრის განვითარება წყდება საკუთარი სახლის ზღურბლთან. იშლება


პოემის ახალი ფურცელი. პოემის გმირთა შორის ღირსეულ ადგილს იჭერს ქართველი ქალი –
მეუღლე ლეონიძისა:

სოფიოს სახის ეს მკრთალი მონახაზი თანდათანობით ცხოველდება ჩვენს თვალში და


ისტორიულ სურათად იქცევა, როცა ვეცნობით სოფიოს საუბარს, მის მხურვალე პატრიოტულ
გრძნობებს

ბარათაშვილამდე ახალ ქართულ ლიტერატურაში არავის გამოუხატავს ასეთი მძლე პოეტური


აღმაფრენა და სიყვარული ქართველი დედის მიმართ, მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ
ილია ჭავჭავაძემ შეძლო მაღალმხატვრული განზოგადება მიეცა ქართველი ქალის
იდეალისათვის და გამოხმაურებოდა “ქართლის ბედის” ავტორს. ილია ჭავჭავაძის “ქართლის
დედა” ბარათაშვილის პოეზიის გამოძახილია 60 –იანი წლების უღელტეხილზე

სოლომონ ლეონიძის და მისი ცოლის საუბრით არ მთავრდება პოემის ეპიკური თხრობა. მისი
შინაგანი მხატვრული რკალი მაღალი ოსტატობით არის შეკრული. დიდებულ ისტორიულ
სახეს, რომლითაც იხსნება პოემის შესავალი, ჩვენ ვხედავთ თხზულების ფინალშიაც;
საქართველოს სახელოვანი მეფე თვალცრემლიანი დაჰყურებს თბილისს

მხოლოდ მტკვრის მწუხარე ხმიანობა არღვევს იავარქმნილი დედაქალაქის მდუმარებას. ამ


ტრაგიკული სურათის შთაბეჭდილება ვერ გვავიწყებს პოემის უკანასკნელ სტროფებში
გადმოცემული მოკლე ისტორიული ქრონიკა ერეკლე მეფის ახალი ომებისა. ეს თითქოს
იმიტომ დასჭირდა პოეტს, რომ უკანასკნელად კიდევ მოეგონებინა მკითხველისათვის პატარა
კახის ისტორიული გეზის განუხრელობა და პოემის დედააზრი დაედასტურებინა

სოლომონ ლეონიძე აღელვებული აცნობს თავის მეუღლეს მეფის განზრახვას და ამასთან


დაკავშირებულ მომავალს საგანგებოდ წარმტაც ფერებში უხატავს გამოსაცდელად. მაგრამ
სოფიო მტკიცედ იცავს ეროვნული თავისუფლებისადმი სიყვარულს
გამოჩენილი ქართველი პატრიოტის მეუღლე მაღალი სულიერი თვისებების ქალად
გვეხატება. სოფიოსათვის არ არსებობს თავისი ქვეყნის სიყვარულზე აღმატებული
ბედნიერება, მისთვის წმიდათა წმიდაა სამშობლოს თავისუფლება, რომელსაც არ გაცვლის
არავითარ დიდებაზე. პოეტი შენატრის სოფიოს მსგავს ძველ ქართველ დედებს და
აღტაცებული მიმართავს მათ კეთილშობილ აჩრდილებს:

ნ. ბარათაშვილი კარგად იცნობდა მდიდარ მშობლიურ წარსულს. საკმაოა მოვიგონოთ, რომ,


გადმოცემის მიხედვით, ზემოთ განხილულ თხზულებაზე ადრე მას დაუწერია ისტორიული
პოემა “ივერიელნი”, რომელზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი. ეს პოემა დაკარგულად
ითვლება. რაც შეეხება კრწანისის ბრძოლას, პოეტს ეს ისტორიული ამბავი ცოცხალ
მოწმეთაგან ჰქონია მოსმენილი. ბარათაშვილის ოჯახის ახლობლები არა მარტო გარდასულ
დროთა უბრალო მომსწრენი იყვნენ, არამედ ისტორიული ინტერესებით აღჭურვილი
ადამიანებიც. საკმაოა ამ მხრივ დავასახელოთ პოეტის მამის მეგობრები – მეითარ
თარხნიშვილი, ერეკლე მეორის კარის მწერალი ეგნატე იოსელიანი, რომელსაც მეფისაგან
მინდობილი ჰქონდა კრწანისის ომში თბილისის ვაჭართა წრის ღალატის გამორკვევა,
დიდედა ხორეშანი – ერეკლეს შვილიშვილი, ბატონიშვილი თეკლე და სხვანი, რომლებიც
პოეტის ფანტაზიას ადრევე ამდიდრებდნენ ახლო წარსულის თხრობით. ნ. ბარათაშვილის
მეგობრის, ვახტანგ ორბელიანის, პოეტური სტრიქონები სრულიად გვამცნობენ იმ დროის
ოჯახურ და საზოგადოებრივ გარემოს:

თავის ეპიკურ თხზულებაში “ბედი ქართლისა” ნ. ბარათაშვილი იჩენს ისტორიული


ფაქტების სწორი შემეცნების უნარს. ეროვნული წარსულის მოვლენათა მრავალფეროვნებაში
ბარათაშვილი რეალისტი შემოქმედის ინტუიციით არჩევს ტიპიურს და აძლევს მას
ბრწყინვალე პოეტურ განზოგადებას. ამით ბარათაშვილი თავის პოემაში აღწევს მხატვრულ
ლაპიდარობას. პოეტი ახერხებს რამდენიმე მონახაზით გვაჩვენოს კრწანისის ბრძოლის
სურათი, ხოლო სხვა ამბების ლაკონიური გადმოცემით და ბრწყინვალე ისტორიული ტიპაჟის
შექმნით პოემაში აღბეჭდილია მთელი ეპოქის სული.

ერეკლე მეორე პოემაში ეროვნული შარვანდედით მოსილი გვევლინება: პოემის ფურცლებზე


პატარა კახი განსახიერებულია სწორედ ისე, როგორც იგი არსებობს ქართველი ხალხის
წარმოდგენაში: ბრძენი მეფე, სახალხო გმირი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. ბარათაშვილი
გვიჩვენებს მეფე ერეკლეს თავისი მხედრული სტიქიის გამოვლინების მომენტში-ომის
ველზე, ჯარის სიყვარულით გარემოცულს და სახელმწიფოს ბედის ბრძნული
დიპლომატიური განსჯის დროს. ცნობილია გმირული მომხიბვლელობით აღსავსე ჭაბუკობა
პატარა კახისა. პოეტი არ ივიწყებს ამ მნიშვნელოვან მოვლენასაც. ეპიკურ თხრობაში
ბარათაშვილი მიმართავს ლირიკულ გადახვევას და მეფის ინტიმურ ოცნებაში აღბეჭდავს
მისი ყრმობის წამებას. პოემის უკანასნელი სურათი – ერეკლე მეფის ყრმობის წამებს.

პოემის უკანასკნელი სურათი – ერეკლე მეფის მწუხარე აჩრდილი თბილისის ნანგრევებზე –


სიმბოლური გამოხატულებაა ქართველი ერის ტრაგიკული მდგომარეობისა. ნ.
ბარათაშვილის მიერ შექმნილ სახეს დიდი ესთეტიკური და შემეცნებითი ღირებულება აქვს
სწორედ იმიტომ, რომ პოეტი თავისი მხატვრული ყურადღების ცენტრში აქცევს ყველაზე
ტიპიურსა და ისტორიულად გამართლებულ მოვლენებს, რომლებშიც სრულიად მჟღავნდება
მეფური და ადამიანური ღირსებანი პატარა კახისა.

თავისი ისტორიული პოემის დაწერისას, ზეპირგადმოცემათა გარდა, საფიქრებელია, ნ.


ბარათაშვილი სარგებლობდა იმ დროს არსებული ისტორიული თხზულებებით და
მემუარებით, რომლებიც, უმთავრესად, ხელნაწერთა სახით ინახებოდა საქართველოს სამეფო
კართან დაახლოებულ პირთა ოჯახებში. ამას გვაფიქრებინებს ბარათაშვილის პოემის ზოგი
ადგილის სიტყვიერი დამთხვევები, მაგალითად, იოანე ქართველიშვილის მემუარებთან,
რომელშიც საინტერესო ცნობებია დაცული კრწანისის ბრძოლის შესახებ.

პოემის სტრიქონები თანხვდებიან იოანე ქართველიშვილის მემუარების შემდეგ ადგილს:


“აღა-მაჰმად-ხანმა” მოწვა ცეცხლითა პლატანი და სახლნი სამეფონი და სრულიად თბილისი.
თბილისის კარებთან გადახრილი ამ უთანასწორო ბრძოლის არა ერთი და ორი მომენტი
პოეტს ისტორიული სიზუსტით აქვს აღწერილი. პოემის პირველ კარში ომის დაწყების წინ
ერეკლე მეორე შემდეგი სიტყვებით მიმართავს ჯარს

მართლაც, ისტორიული საბუთით მტკიცდება, რომ მიუხედავად ხანდაზმულობისა, გმირი


მეფე არა მარტო მათვარსარდალი იყო, არამედ კრწანისი ბრძოლის შუაცეცხლში იმყოფებოდა.
ბრძოლაში უშუალოდ ჩაბმულ მეფეს კრიტიკული მომენტიც კი შეუქმნეს მტრის რაზმებმა –
იგი კინაღამ ტყვედ ჩააგდეს; მაგრამ თავგანწირული შვილიშვილების – დავით და იოანე
ბატონიშვილების მიშველიებამ იხსნა ერეკლე მეორე განსაცდელისაგან.

ერთ პირად წერილში მირიან ბატონიშვილს ერეკლე სწერს: პირველ შებრძოლებაში აღა-
მაჰმად-ხანის ურდოებთან ქართველი ჯარი საღამოს ჟამს გამარჯვებული დაბრუნდაო.
ქართველების ჯარი თბილისის მისადგომებთან და სეიდაბადის ბაღებში იყო დაბანაკებული,
აღა-მაჰმად-ხანისა კი –სოღანლუღში. პირველად ქართველები დაესხმიან თავზე მტერს.
პოემაში ეს მომენტიც სინამდვილით არის ასახული:

თბილისის კარებთან ჯარისკაცებისაგან შემდგარი მტრის ურიცხვი ურდოები ებრძოდა 5000


ქართველ მეომარს. ამ უთანასწორო ბრძოლაში პირველი დღის გამარჯვება, რასაც დიდძალი
ქართველი მამულიშვილი ემსხვერპლა, ეჭვს გარეშეა, არ ახარებდა ერეკლეს

პოემაში სიზუსტით არ არის ასახული მხოლოდ კრწანისის ბატალური სცენის ის ეპიზოდი,


სადაც ლაპარაკია დამარცხების შემდეგ მეფე ერეკლეს გამაგრებაზე თბილისის ციხეში,
რომელიც თითქოს აღა-მაჰმად-ხანის ჯარების მიერ გარშემორტყმული იყო სამ დღეს. პოემის
მიხედვით, აღა მაჰმად ხანმა იმედი დაკარგა ციხის აღებისა და უკანვე წასვლას აპირებდა,
მაგრამ გამცემლის “ანგართა ხელთა აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენიო”, ამბობს პოეტი.
დამარცხებული მეფე თავისი ამალით მთიულეთისაკენ მიეშურება.
ამჟამად ჩვენ კრწანისის ბრძოლების შესახებ მოგვეპოვება ისტორიული ცნობები, რომლებიც
ძირითადში ერთმანეთს ეთანხმება. ცნობა იმის შესახებ, რომ აღა-მაჰმად-ხანი 10 სექტემბრის
დამარცხების შემდეგ თავისი ჯარით უკან გაბრუნებას აპირებდა, ისტორიული საბუთით არ
დასტურდება. ასეთი ცნობა მოეპოვება მხოლოდ ალ. ორბელიანს, მაგრამ არც ფაქტიური
მასალები, არც ისტორიული სიტუაციის ანალიზი საბუთს არ გვაძლევს ამ ცნობას ვენდოთ.
საფიქრებელია, მტრის უკან გაბრუნების განზრახვის შესახებ ალ. ორბელიანისა და ნ.
ბარათაშვილის ცნობები ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობს. თვით ალ. ორბელიანს
თავისი პირველი ნაშრომი კრწანისის ბრძოლის შესახებ 1844 წელს დაუწერია, ე. ი. ხუთი
წლის შემდეგ ბარათაშვილის პოემის დაწერიდან.

ყურადღებას იპყრობს ის, რომ ყველაზე მთავარი სახელმწიფოებრივი საკითხის შესახებ


თათბირს ერეკლე მეორესა და სოლომონ ლეონიძეს შორის პოეტი გვიხატავს არაგვის
ხეობაში. ეს სურათი პოემაში მნიშვნელოვან კომპოზიციურ ელემენტად იქცევა. იგი
შესაძლებლობას აძლევს პოეტს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ორი დიდი სახელმწიფო
მოღვაწის თათბირი გადმოგვცეს შთამაგონებელ გარემოში, დაგვიხატოს წარმტაცი სურათები
არაგვის ნაპირებისა და შექმნას პატრიოტული განცდის მძაფრი ატმოსფერო, რაც მთელი
სიძლიერით აგრძნობინებს მკითხველს პოემაში აღძრულ მთავარ იდეას

თავის პოემაში ნ. ბარათაშვილი თანაბარი სიმპათიით გვიხატავს ერეკლე მეორესა და


სოლომონ მსაჯულს – მოპირდაპირე პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანებს, იგი არ იჩენს
მიკერძოებას არც ერთის მიმართ. მაგრამ ეს არ გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, თითქოს
ბარათაშვილის ეროვნული შეგნება გაორებულია და შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე.
თანაბარი სიმპათიით გამოხატვა საწინააღმდეგო პოლიტიკური მიმართულებისა მის პოემაში
წარმოადგენს სინამდვილის კანონზომიერების რეალისტურ ასახვას და ავტორის რთული
ეროვნული კონცეფციის მხატვრულ გამოძახილს.

როგორც ვხედავთ, ნ. ბარათაშვილი იზიარებს ერეკლე მეორის ნაბიჯს – რუსეთთან


საქართველოს ბედის დაკავშირებას. პოეტი ხედავს, რომ ახალი ხანა ქართველი ხალხის
ცხოვრებაში, შექმნილი რუსეთთან კავშირით, საქართველოს აყენებს ეროვნული მთლიანობის
გზაზე. მისი მეოხებით ღვივდება სამოქალაქო ცხოვრება, საქართველო იქცევა ერთ ეროვნულ
ორგანიზმად. პოეტი გრძნობს, რომ თუ არა ერეკლე მეორის ბრძნული პოლიტიკა,
საქართველო იქნებოდა ცალკეულ ნაწილებად დაგლეჯილი, ჩამორჩენილ სახელმწიფოთა
მონობაში იგი სრულიად მოსწყდებოდა ახალ მოწინავე კულტურას, ეს იქნებოდა ქართველი
ხალხისათვის დიდი ეროვნული უბედურება

“ბედი ქართლისას” ავტორი ეროვნულ ოპტიმიზმს ორგანულად უკავშირებდა საერთო


განმათავისუფლებელ იდეებს და საქართველოს ეროვნული ორგანიზმის გამთლიანების
მიმდინარე ისტორიულ პრცესს. იგი ხარბად ისუნთქავდა ეპოქის რევოლუციურ
განწყობილებებს და გრძნობდა, რომ მისი სამშობლოს თავისუფლებისათვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა იმ ძლიერ დუღილს, რომელსაც რუსეთისა და
ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მოწინავე აზროვნებაში ჰქონდა ადგილი

როგორც ისტორიული შორსმხედველობით დაჯილდოებული ადამიანი, ბარათაშვილი


დროის სქელ კრეტსაბმელში ჭვრეტდა თავისი ხალხის ეროვნული განთიადს, რომელიც
შორეული მომავლის ჰორიზონტზე პირველ სხივებს გამოსცემდა.

You might also like