You are on page 1of 4

დავით გურამიშვილის „დავითიანი“

გურამიშვილმა თავისი ნაწარმოებების კრებულს პირველად „გურამიანი“ უწოდა,


მაგრამ შემდეგ შეცვალა, ალბათ, იმიტომ, რომ უკეთ გამოეხატა თავისი სულიერი ერთობა დავით
წინასწარმეტყველთან. სათაური ხომ პოეტის გარდა, მასზეც მიუთითებს. მას აღსარებით, ლირიზმით ,
ცოდვილობის შეგრძნებით, ჭეშმარიტი გზის ძიებითა და სხვებისთვის ამ გზაზე სიარულის
მითითებით ჰგავს. მეტიც, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გურამიშვილი დიდი სეხნიის სულიერი
მემკვიდრეა. საერთოდაც, ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება მრავალშრიანობაა: ერთ
კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენას სხვა, სიმბოლური დატვირთვაც აქვს( მაგალითად: პრუსიელთა
მიერ დატყვევებული პოეტი ჭაობში რომ ჩაეფლო, ცოდვაში ჩავარდნილადაც თვლიდა თავს)

დავით გურამიშვილს მიაჩნდა, რომ პოეზიამ ღმერთი უნდა გამოთქვას. თავის


ნაწარმოებებს „იგავთ ხეს“ უწოდებდა და თვლიდა, რომ მისმა „ხილმა“ ზეცისკენ უნდა წაიყვანოს
მიწიერნი. მთელი ნაწარმოები, რომელიც მრავალფეროვანია თავისი შემადგენილობითაც და
შინაარსითაც, მოკვდავს უკვდავების გზის გაგნებაში ეხმარება. ფორმით ის ახალ აღთქმას ემსგავსება(4
სახარება და 4 ნაწილი „დავითიანში“), შინაარსით კი ძველი აღთქმას ( თუნდაც, ორივე ერთნაირად
იწყება:ებრაელთა გენიალოგია ბიბლიაში და „ქართველთ უფალთა მეგვარტომეობა“ გურამიშვილთან)

„დავითიანი“ მრავალფეროვანია: 4 პოემის, ლირიკული ლექსებისგან შედგება და ის


რომ კარგად გაიაზროს მკითხველმა, უნდა იცოდეს, რომ კაცი, „ძე“ ღვთისა, ოლამური ერთობის
წევრია. „ოლამი-ეს არის დრო-სივრცე, რომელშიც ისტორია სწორხაზოვნად მიედინება. ოლამში
ცხოვრება ნიშნავს: 1) კონკრეტულ პიროვნებას, 2) კონკრეტული ერის წარმომადგენელს, 3)
კაცობრიობის ნაწილს. ამასთან, არა გარკვეულ დროსა და სივრცეში, არამედ უკიდეგანო სივრცესა და
მარადიულ დროში.“ მაგ: ჯვარცმის ამბავს რომ გადმოგვცემს გურამიშვილი, თვითონაც მისი
თანამონაწილეა, მტკივნეულად განიცდის იმ ტანჯვას, რომელიც ჯვარზე გაკრულ უფალს მიაყენეს
ებრაელებმა.

გურამიშვილი თავისი ცხოვრებით და შემოქმედებითაც გვიდასტურებს, რომ


პიროვნების ბედი გაუთიშავია საკუთარი ქვეყნისგან. პოეტი ჯერ კაცობრიობის ცოდვით დაცემაზე
საუბრობს, შემდეგ ქართლის და ბოლოს საკუთარ პიროვნებაზე, როგორც ცოდვილზე. ეძებს „ჭეშმარიტ
გზას“ და მას, როგორც ღრმად მორწმუნე კაცი, ცოდვათა მონანიებაში, გულწრფელ სინანულში,
ქრისტეს გზით სიარულსა და ახალგაზრდობის დამოძღვრაში ხედავს. ხორციელი მემკვიდრის გარეშე
დარჩენილი „ია-ვარდების კონას“, „დავითიანს“, უტოვებს შთამომავლობას და ასე აგრძელებს სულიერ
სიცოცხლეს, მარადიულს, რადგან დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, არათუ აქტუალურია მისი
მემკვიდრეობა, არამედ ბოლომდე და ღრმად არც არის გააზრებული. ის მომავლის მკითხველს
ელოდება შესაცნობად.

აღორძინების ეპოქაში დავით გურამიშვილი, სულხან-საბა ორბელიანთან ერთად,


ქართულ ლიტერატურაში არჩილ მეფის მიერ შემოტანილ ეროვნულ მიმართულებას აგრძელებს. მეფე
არჩილმა, რომელიც პოეტიც იყო, სპარსოფილურ მიმდინარეობას „მართლის თქმის“ პრინციპი
დაუპირისპირა, მაგრამ როგორ ესმოდათ მათ ლიტერატურული სიმართლე? არა როგორც გამონაგონის
სიმართლე, არამედ კონკრეტულ-ისტორიული სინამდვილე. ე.ი. მწერალს თავისი ფანტაზიით კი არ
უნდა გადმოეცა ამბავი, კონკრეტული ისტორიული ფაქტები უნდა აესახა. ასეა გადმოცემული ამბები
„დავითიანში“, განსაკუთრებით მის პოლიტიკურ ნაწილში, რომელსაც ლიტერატორებმა „ქართლის
ჭირი“ უწოდეს. პოლიტიკური ნაწილი 2 მონაკვეთისგან შედგება: 1) ქართლში დატრიალებული
უბედურება , 2) რუსეთთან დაახლოება. პოეტი ქართლის ჭირის უმთავრეს მიზეზად უფლისგან
განდგომას თვლის. ამას მოჰყვა ქართლ-კახეთის ერთმანეთზე გადაკიდება, ქვეყანაში ეკონომიკის
მოშლა, ჯარის გაორგულება, უზნეობა, სულიერად გატეხა, უიმედობა და ამით გამოწვეული
დაჯაბნება... პოეტი პროვიდენციალისტია და თვლის, რომ ქვეყანაც და პიროვნებაც პასუხს აგებს
ჩადენილ ცოდვებზე: „მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა..“ ქართლიც
დაისაჯა ცოდვების გამო სწორედ ისე, როგორც ოდესღაც ძველი ეგვიპტე დასაჯა ღმერთმა ღვთისგან
განდგომისთვის. სტიქიურ უბედურებებთან ერთად, მტრის შემოსევებიც მოევლინათ სასჯელად.

რა თქმა უნდა, რთულია ასეთი სინამდვილის ასახვა, თუმცა ბიბლიურ იგავზე


დაყრდნობით, პოეტი ამას მთელი სიმძაფრით გამოხატავს, ის წერს: „იფქლი ღვარძლად გარდაიქცა,
ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.“ გარდა ამისა, მთელი სიზუსტით, კონკრეტულად გადმოსცემს, რა
უბედურება დატრიალდა ქართლში. გურამიშვილი მართლის თქმისას საუბრობს, რატომ აირჩია მან ეს
გზა, ასეთი ქმედება ხომ განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვს, ეს ძალიან კარგად იცის დავით
გურამიშვილმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მართლის თქმას ირჩევს, რადგან: 1) სიცრუე ცოდვაა,
უფლის ერთ-ერთი მცნების დარღვევაა, ის „ქვე ყოფნას“ უმზადებს ადამიანს, სიმართლე-„ზე აბარგვას“;
2) „ფარვა სიავისა, ქვეყანას არ მოუხდების“; 3) არ შეიძლება ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა არც
პიროვნებისა და არც ქვეყნისთვის; 4) „ძრახვას კაცი მოუფრთხების“, 5) „ავს რომ ავი არ ვუწოდო, კარგს
სახელად რა დავარქო...“ ქვეყნის ნაკლის ასეთი მხილება მრავალსაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში
იშვიათად გვხვდება. ალბათ ყველაზე კარგად გურამიშვილის ეს გზა ილია ჭავჭავაძემ და მიხეილ
ჯავახიშვილმა გააგრძელეს. მათ მიაჩნდათ, რომ მამულიშვილობა ქვეყნის ნაკლის მხილებაა და არა
მისი დაფარვა. თავიანთი დიდი წინაპრისგან განსხვავებით, ილიაც და მიხეილ ჯავახიშვილიც სწორედ
ამ სიმამაცეს, ქვეყნის სიყვარულსა და გულშემატკივრობას შეეწირნენ.

„სწავლა მოსწავლეთა“

სწავლა-აღზრდას ქრისტიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თვით


სიტყვა „განათლება“ მიგვანიშნებს ამაზე. სიტყვა, რომელიც მისმა შემქმნელებმა გამორჩეული აზრით
დატვირთეს. ადამიანის უმთავრესი არსი, დანიშნულება, ემსგავსოს უფალს, ესწრაფვოდეს სულიერ
სრულყოფას, განსწავლით მიიღწევა. მეოთხე საუკუნის წმინდა მამის, გრიგოლ ნოსელის თქმით,
ცხოვრება სკოლაა, ისტორიული განვითარება-პედაგოგიური პროცესი, ქრისტიანული მცნებები-
უფლის გაკვეთილები , ქრისტე-მასწავლებელი, იგივე მოძღვარი, „რაბი“ , მოციქულები-მოსწავლეები.
განათლების მნიშვნელობაა გამოკვეთილი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“.

რატომ უნდა სწავლობდეს ადამიანი? ამ კითხვაზე გურამიშვილი ამომწურავად


პასუხობს: 1) „ვსძებნე და ვერა ვპოვე რა, მჯობი ამ სწავლა-მცნების: ბრძენსა აქვს თავის უფლება
სოფელში ყოფნა ნებისა.“ 2) ნასწავლს მეტ პატივს სცემენ, 3) პირადი გამოცდილებით იცის, რა
განსაცდელში ჩავარდა „სწავლის სიმოკლის“ გამო, ვერც მორალურ არჩევანს აკეთებს ავსა და კარგს
შორის და ლუკმაპურის საშოვნელად თავის დამცირებაც უწევს. პოეტი საკუთარ თავს „უცებს“
უწოდებს, თუმცა ძნელია, დაუჯერებელიც, გურამიშვილის უცოდინრად მიჩნევა. სწორედ პირადი
გამოცდილების გამო, დავით გურამიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ყმაწვილთა დამოძღვრა და საკუთარი
თავის ბრიყვად მოხსენიების გამო, ავტორიტეტი, დავით წინასწარმეტყველი დაიმოწმა: „ისმინე
სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა.“ 4) „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად
თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო...“ ე.ი. საკუთარი ადგილი სწორედ ცოდნის
შეძენით უნდა დაიმკვიდროს ადამიანმა, შეიცნოს მისია, რისთვისაც უფალმა ამქვეყნად მოავლინა,
გააცნობიეროს, რომ კაცი, „ძე ღვთისა“, ოლამური ერთიანობის წევრია. მიზანი განსწავლისა- „ვით
რემა, ხნარცვს არ ჩავარდეს, ულაგმო და უსადავო.“ ( აქ ლაგამი და სადავე სწავლაა, განათლებაა,
რომელმაც უნდა იხსნას ადამიანი)

შუასაუკუნებრივი ქრისტიანული აზროვნებისთვის დამახასიათებელია


ანტონიმური მსოფლაღქმა. სამყარო დაპირისპირებულობებისგან შედგება: სული და სხეული, ბნელი
და ნათელი, ტკბილი და მწარე, სინანული და სიხარული, ჭირი და ლხინი.....წუთისოფელი და
მარადიული სამყოფელი...მარადიულ ნეტარებას რომ ეზიაროს კაცი, წუთისოფლისეული სატანჯველი
უნდა გაიაროს: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.“// „ვეფხისტყაოსანი“ ვარდის
არაკი.

„დავითიანის“ მიზანია, მომავალ თაობას, ახალგზრდობას, მისცეს ღვთის სიტყვა, უფლის


ღვაწლისა და მოძღვრების ცოდნა. გურამიშვილი თვლის, რომ პოეზიის უპირველესი მიზანი
ადამიანის განსწავლაა, ქრისტიანულად აღზრდა. ამ მიზანს ემსახურება „ხელობათა“დახასიათება,
კონკრეტულად რა პიროვნული თვისებები და რა სახის გარჯა სჭირდება ადამიანს, რომ ჩამოთვლილ
10 პროფესიას გაუძღვეს..

სტილი

გურამიშვილის ლექსი და ენა მსუბუქია, მუსიკალური, მრავალფეროვანი. ხშირად იყენებს


ორიგინალურ მეტაფორებს, რომლებითაც პოეტი თავის სულიერ მდგომარეობას გადმოგვცემს,
შედარებებს, სახე-სიმბოლოებს, სიმბოლურ-ალეგორიულ მეტყველებას. პოეტური სახეები ხშირად
ყოფითი საგნებისა და ვითარების ფონზეა წარმოდგენილი. მის მიერ მოყოლილი ამბავი სწრაფად
ვითარდება. გააჩნია, რას გადმოსცემს, ამის მიხედვით, მენტორულ სტილს ენაცვლება სინანული,
ლოცვა-ვედრება, ტკივილი..

პოეტი იყენებს 16 მარცვლიან შაირს, 20-მარცვლიან ჩახრუხაულს, 14 თუ 12-მარცვლიან


საზომებს.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია სახე-სიმბოლოთა გამოყენება. უფლის, ღვთისმშობლის


სხვადასხვა სიმბოლო გვხვდება „დავითიანში“, ზოგიერთი ლიტერატურაში უკვე დამკვიდრებული,
ტრადიციულია, თუმცა პოეტის მიერ ახლებურად გადააზრებული. მზეთამზე მამა ღმერთის
სიმბოლოა, მზეც, თუ მას სხივი-ქრისტეს სიმბოლო ახლავს, ლოდგამოძრობილი კლდე-
ღვთისმშობელია, ლოდი-ქრისტე, ცხოვრების პურის ფურნეც -დედა ღვთისა, ცხოვრების პური-
ქრისტე...ასევე ხშირად იყენებს უფლის სიმბოლოდ-მწყემსს. ეს სახეები მრავალპლანიანია, პოეტი
ყოფით პრობლემებზე საუბრობს, მაგრამ გადადის ღვთაებრივზე(მაგ: „ზუბოვკა“)
წუთისოფლის სამდურავი

„მღელვარე არს საწუთრო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ.“ ჟამთააღმწერელი

დავით გურამიშვილი, ერთი მხრივ, წუთისოფლის ზოგად სახესაც გვიჩვენებს და, მეორე
მხრივ, პიროვნულსაც, პირადად მას რა მიაგო „უთავბოლო და უსწორმასწორო“(ილია ჭავჭავაძე)
სოფელმა. საწუთროს სამდურავს ხომ, უპირველეს ყოვლისა, საწუთროსა და მარადიულობის ჭიდილი,
წუთისოფლის „ორგემაგეობა“ იწვევს. პოეტს აქვს სუბიექტური მიზეზებიც: „დავითიანში“ ფართოდაა
გაშლილი ბიოგრაფიული მომენტები: უშვილობა, სამკვიდროდან გადაკარგვა, შური ადამის ძეთა
შორის, პოეტი აღწერს, რა გადაიტანა უცხოობაში, უძეობაში...

ძველი და ახალი აღთქმა წუთისოფლის და სატანის სიმბოლოდ მოიაზრებს ზღვას, რომელიც


მახეს უგებს ადამიანს. რამდენადაც ზღვა უზარმაზარ და ყოვლისწამლეკავ ძალასთან ასოცირდება,
ქრისტიანობამ იგი ბიბლიურ მხეცს-ვეშაპს დაუკავშირა.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ვერაგ და ცვალებად წუთისოფელთან? უპირველეს ყოვლისა,


მას სიფხიზლე სჭირდება: „ნუ მიენდობი საწუთროს...“ სწორი გზა კი შემდეგია: „ხორცი უვარჰყო,
სულსა ულოცო, უწირო.“ ( შეგვიძლია პარალელი გავავლოთ რუსთაველის დამოკიდებულებასთან)

You might also like