You are on page 1of 3

,,ღირსეული ადამიანები განსაცდელის წინაშე

ხშირად მარტონი რჩებიან“


,,ძალა ერთობიაშია“ - ჩვენი ქვეყნის გერბზე ასახული ეს წარწერა ცხადყოფს რომ
სასურველ შედეგს ერთიანობა და სიმტკიცე სჭირდება. თუ ერთი იდეის გარშემო
საზოგადოება მთელი გულითა და გონებით გაერთიანდა, მაშინ ეს იდეა ,,განწირულია
არსებობისთვის“. თუმცა ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ იდეის დაცვის ძალა ცალკეულ
ინდივიდს არ შესწევს. სოციალურ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ხშირად,
პრობლემის - როგორც უზარმაზარი, მყარი კედლის წინაშე პიროვნება მარტო რჩება,
თუმცა შეკრთომის ნაცვლად, ღირსეული ადამიანი მასში შთაგონებულ ჭეშმარიტ იდეას
ყველაფრის ფასად დაიცავს - თუმდაც ამ უზარმაზარი კედლის დანგრევა მოუწიოს.
მრავალფეროვანი საზოგადოების აზრთა ლანდშაფტში ადაპტაცია ნებისმიერი
სახის ,,ცნებას“ უჭირს, მითუმეტეს კი კრიტიციზმისა და მინიმალიზმის ეპოქაში, აქედან
გამომდინარე რთულია ცალსახად განსაზღვრო პიროვნების, რეალური ინდივიდისა თუ
თუმდაც ლიტერატურული პერსონაჟის ღირსეულობა. თუმცა ჩემი პირადი
გადმოსახედიდან, ბრძოლა ღირსეულია თუ ის არ ვნებს ადამიანთა სულიერ
ღირებულებას და მიმართულია უფლის სიყვარულისაკენ და ვინც იბრძვის მსგავსად -
ღირსეული პიროვნებაა.

იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამების“ კონკრეტული მონაკვეთი სისასტიკის წინაშე


მარტოდმარტო მიტოვებული პროტაგონისტის პრობლემას ეხმაურება. წმინდანი
შუშანიკი იაზრებს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დიდი განსაცდელი ელის
მისი ქმრისგან: ,,უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყვანოს შენ.“ თუმცა
ამის მიუხედავად მისი ქრისტიანული სული კვლავ ურყევი და მტკიცე რჩება - რადგან
დედოფლის გულსა და გონებას სრულიად გათვითცნობიერებული და ამასთან
შესისხლხორცებული აქვს ის იდეა, სიყვარული და რწმენა - რასაც ქრისტიანობა ჰქვია.
განსაკუთრებით ემოციურია შუშანიკის ზეცისკენ ხელაპყრობილი ლოცვა ტაძარში და
გულისტკივილის გამომჟღავნება, რაც მკითხველში ემპათიის გრძნობას აღძრავს:
,, უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალეი, არცა ერისა კაცი ვინ
გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა
ღმრთისასა ვარსქენს...“ - აღსანიშნავია, რომ მიწიერი მარტოობის მიუხედავად, რთულია
შუშანიკს მარტოსული ვუწოდოთ, რადგან ის მის გვერდით ყოველთვის იგულებს
უფალს. გულში, სულში, ფიქრებში, გრძნობებში, ოცნებებში, მის გარშემო ყველგან
სულიერად უფალია დამკვიდრებული და იმ ეკლიანი გზისკენ მიაცილებს, რომელიც
საბოლოოდ ზეციურ სამოთხემდე მიიყვანს, რადგან რაც უფრო იტანჯება მისი სხეული,
მისი სული უახლოვდება ქრისტეს. შუშანიკის სიტყვებში კარგად ჩანს, რომ ვერავინ ვერ
გაბედა მის დასაცავად გამოსვლა და ვერავინ აღუდგა წინ ვარსქენ პიტიახშის
შეუბრალებელ წყურვილს ცოლის გატეხვისა, რომელიც განეშორა მას. არცერთი
სასულიერო პირი, პოლიტიკური მოღვაწე არ დადგა წმინდანის გვერდით მაშინ, როცა
სიმბოლურად შუშანიკი მთელი იმდროინდელი ქართლის სულიერ მდგომარეობას
იცავდა და წარმოადგენდა. ერთმანეთის პირისპირ მიწიერი სიბილწე და ზეციური
სწრაფვა დადგა გმირის - შუშანიკის და ანტიგმირის - ვარსქენის სახით.
მონაკვეთის მიწურულს წმინდანის ადამიანური სახე გამოსჭვავის, სადაც ის ამქვეყნიურ
უსამართლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმ ტანჯვისა რასაც ადამიანი
განიცდის ამ წუთისოფელში, ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდება უფლის მიერ
სამართლიანად: ,,სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტეისა;“ ყველა ქმედებას აქვს შედეგი, ყველა დანაშაულს სასჯელი და ყველანაირ
ბრძოლას დასასრული. აქედან გამომდინარე თუ გინდ მარტოდმარტო და თუნდაც
უამრავ თანამოაზრესთან ერთად, ბრძოლას განსაცდელის წინააღმდეგ ყოველთვის ექნება
შედეგიანი ბოლო.

განსაცდელის წინაშე მიტოვებული ადამიანის მაგალითი ქართულ, უძველეს


ჰაგიოგრაფიას აბოს სახითაც მოეპოვება. არაბი ჭაბუკის გზა, რომელმაც ის არაბთა
სახალიფოდან ქართლში შემდეგ კი წამებით უფლამდე მიიყვანა განსაკუთრებული და
შეუდარებელი სიმტკიცის გზაა. რთულია მსგავს მტკივნეულ ბედს გაუდგე, მითუმეტეს
მაშინ როცა მარტოდმარტო ხარ და ერთადერთი რაც გულს გიმაგრებს რწმენაა.
ხორციელად არაფერი გაგაჩნია რაც დაგიცავს - მაგრამ თუ ღირსეული ადამიანი ხარ,
რომელიც მზად არის ჭეშმარიტი უფლისათვის ყველაფრის ფასად იბრძოლოს და
როგორც ძველი ლეგენდები იტყვიან ,,სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ თუ სიტყვის
უკანასკნელ გაჟღერებამდე არ დათმოს ქრისტე, მაშინ შენ, ქრისტიანებისათვის
უსაყვარლეს და უმტკიცეს ადამიანად ჩაეწერები გულში - სწორედ მსგავსად მოიქცა არაბი
ჭაბუკი აბო, რომელმაც მახვილით გავრცელებული რელიგია უარყო და ძალადობის
ნაცვლად სიყვარული - ქრისტიანობა აირჩია, ამისათვის კი სასტიკი წამების მსხვერპლი
გახდა. თუმცა წუთისოფლის დასასრულსაც კი მან თავადვე დაუდო თავი მახვილს,
შეუდრეკლად შეეგება სიკვდილს - არა როგორც აღსასრულს, არამედ გარდაცვალებას -
როგორც გვირაბის ბოლოს მიღწეულ სინათლეს - უფალთან მისვლას.

ამასთან, შეუძლებელია ერის ღირსეულ პიროვნებებზე ისაუბრო და არ გაგახსენდეს ილია


ჭავჭავაძე - ადამიანი რომელიც კალმითა და სიტყვით იბრძოდა მთელი ერის
განვითარებისთვის. მისი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის მიმართ დაუშრეტელი
სიყვარული და პატრიოტიზმი იყო - რაც მის მიმართ დარდსა და ცვლილებების
სურვილში გადაიზარდა. ილიამ არამარტო ისტორიისა თუ ლიტერატურის ფურცლებზე,
არამედ ქართველთა გულებში წაუშლელი ადგილი დატოვა, თუმცა მაშინ, ავბედით და
ბნელ დროში, მისი კალმის ელვარებას გონებადახშულობის სიბნელე შეაფეთეს. ,,ჩემო
კალამო“ ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია იმ აზრისა, რომელზეც საზოგადოების ნაწილი
იდგა ილიას წინააღმდეგ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ
ცხადი სიძულვილია!” - არადა მწარე, ,,ბედნიერი ერის“ ავტორის უკან იმალება ილია
რომელიც ამბობს: ,,ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!“. ვფიქრობ, უმძიმესი
ტრაგედიაა, როცა თავად ქართველი კლავს ქართველს, მითუმეტეს თუ ეს ქართველი
ილია ჭავჭავაძეა, რადგან როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა ,,უფრო მწარე და მწვავია,
როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!..“...არაფერია იმ ტკივილზე მძიმე, როცა წარმოვიდგენ
მიწაზე დაცემულ მის უსიცოცხლო სხეულს და ერთადერთი რაც თითოეულ ქართველს
სჭირდება, რომ ახსოვდეს, არის კვლავ აკაკის მიერ ნაკარნახები სიტყვები:

,,და მიტომაც, ვინც მოჰკვდება,

განა ყველა ითქმება მკვდრად?

ზოგი ჩადის ბნელ საფლავში,


ზოგი აქვე რჩება ლამპრად.

და ილიაც არ მომკვდარა...

მამულისთვის რჩება ლამპრად“

რამდენიმე ასეული წლები და საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობისათვის


წმინდანი შუშანიკი და აბო აწამეს და რამდენიმე ათეული წელი რაც ილიას
პატრიოტიზმით გაჟღენთილი სხეული ამ ქვეყნად არ დააბიჯებს, თუმცა განსაცდელის
წინაშე მარტო ადამიანის მიტოვების პრობლემა დღევანდელ რეალობასაც გააჩნია.
მალალა იუსეფზაია - 14 წლის პაკისტანელი გოგონა ცალსახა მაგალითია
თანამედროვეობაში იდეის მარტოდმარტო დაცვისა. მალალა ქალთა სწავლების
უფლებისთვის იბრძოდა და რადგანაც დღევანდელობაშიც კი პაკისტანში ქალთა
უფლებები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ფაქტობრივად ,,დიდების სიმტკიცით“
გამორჩეულ ბავშვს ტყვიები დაუპირისპირეს. "ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად
ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე
მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე, მელაპარაკა"- ამბობს
იუსეფზაი. ამიტომ ვფიქრობ, რომ არამარტო ღირსეულმა ადამიანებმა, არამდე
დღევანდელ ცვალებად გარემოში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში
თუ სამყაროში ის მამოძრავებელი ძალა, იდეა თუ ემოცია რომელსაც ყველაფრის ფასად
დავიცავთ. ხორციელი გაგებით ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა პიროვნება განსაცდელს
მარტო შეხვდა, თუმცა რეალურად შუშანიკსა და აბოს უფალი, ილიას კი ,,კალამი“
უმაგრებდა ზურგს. აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ სრულიად მარტონი,
მინიმუმ საკუთარი თავი მაინც გაგვაჩნია, ამიტომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ
ვიყოთ ღირსეულები და შემდგომ მარტომ თუ ერთობლივად დავუპირისპირდეთ
განსაცდელს.

You might also like