You are on page 1of 3

ადამიანმა პირად ინტერესებზე მაღლა საქვეყნო ინტერესები უნდა დააყენოს , რადგან ის

სამშობლოს ნაწილია, მამულიშვილობა, მოქალაქეობა კი მისი უპირველესი მოვალეობაა .

ეს ცხოვრება აუცილებლად დასრულდება და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა


მიღმიერი სამყარო, ჩვენი სახელი ამ ქვეყნად მაინც დარჩება. კარგ შემთხვევაში _ჩვენი
სახელი შვილებს, ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს დიდი ხნის განმავლობაში
ემახსოვრებათ. უკეთეს შემთხვევაში _ ქვეყანა იგლოვებს ჩვენ გარდაცვალებას და
საუკეთესო შემთხვევაში _ მსოფლიო.

ხშირად, ეგოიზმი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი სურვილები გვერდზე


გადავდოთ და ღირსეული ნაბიჯი გადავდგათ ცხოვრებაში . ხშირად რთული და
მტკივნეულია პირადი ინტერესების დათრგუნვა და სხვებზე, ქვეყანაზე , ოჯახზე , გარემოსა
და საზოგადოებაზე ზრუნვა.

საანალიზო ტექსტში ნათლად არის გამოხატული ეს პრობლემა. ერთ მხარეს ზებულონი


და ნესტანი, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს სიყვარულის გამო და მეორე მხარეს ბექა
ამილახვარი, რომლის მთავარი საზრუნავი ქვეყნის ინტერესებია.

ზრუნვა იქ იწყება, სადაც ანგარება სრულდება. ქვეყნისთვის, მეგობრისა თუ


სატრფოსთვის ზრუნვა უკომპრომისო თავდადებას გულისხმობს, როდესაც სანაცვლოდ
არაფერს მოელი. უფრო მეტიც _ სანაცვლოდ შეიძლება ზიანი მოგადგეს, მაგრამ ეს
დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ასე ცდილობს ქვეყნისა და ხალხის დაცვას ბექა
ამილახვარი. თავად მოღალატის ნიღაბამოფარებული, ხალხის მიერ გარიყული,
სატრფოს მიერ შეძულებული, მეგობრების მიერ ზურგშექცეული... "... მაჩაბლიანთ ტურფა
ხეკაკუნამ, ისე ლამაზად აიბზუა ცხვირი და ისე ამპარტავნულად მაქცია ზურგი ..."

საგულისხმოა ზებულონის არგუმენტიც. მისი თქმით, ქართველებს ჯერ კიდევ


შესწევდათ ძალა და იყვნენ საკმარისად გულადები, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის
ხმალამოღებულებს გაშმაგებით ებრძოლათ მუსლიმი მტრის წინააღმდეგ : "განა რა
გვჭირდა!.. განა ვერ გავუმკლავდებოდით!..." აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ორივე
მხარეს ღირსეული სურვილებია, რადგან მოსაუბრეებისთვის ქვეყნის ბედია
უმნიშვნელოვანესი. ეს არ ჰგავს 1832 წლის ვითარებას, როდესაც ხმალამოღებულ
ბრძოლას "ჩაყოლა" არჩიეს ქართველებმა. მაშინ ფალავანდიშვილებმა ღალატით ,
მოტყუებითა და პირადი ინტერესების პირველ რიგში დაყენებით ჩაახშობინეს თავად -
აზნაურთა შეთქმულება. პირადი კეთილდღეობისა და დიდძალი ქონების გამო გაყიდეს
სამშობლო და თუმცა, აირიდეს სისხლისღვრაც.

ერთ მხარეს კეთილდღეობისა და მეორე მხარეს თავისუფლების ჭიდილი არახალია


მკითხველისათვის. ბექა ამილახვრის აზრით, ქართლს მოსაძლიერებისა და სულის
მოსათქმელად დრო სჭირდება. ეს შეიძლება იყოს თვეები, წლები, ათწლეულებიც კი ,
მაგრამ ბოლოს იქნება დრო, როდესაც ამოიყრის ქართლი მუსლიმთა ჯავრს: "... ზოგჯერ
გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო... ახლა მოჩილებაა საჭირო. როდემდე _ არ
ვიცი." ზებულონისთვის კი თავისუფლებაა უფრო მნიშვნელოვანი. ასეთ აზრს ჯემალ
ქარჩხაძემდე აკაკი წერეთელიც ჩამოაყალიბებს რომანში " პატარა კახი " :
" მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?

ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?


სჯობს მონობაში გადიდკაცებულს

თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"

რა თქმა უნდა, თავისუფლება ბევრად აღმატებულია ვიდრე კეთილდღეობა, მაგრამ ბექა


ამილახვარი მოახერხებს ზებულონისა და ნესტანის დამშვიდებასა და დარწმუნებას. ასე
ხდება ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაში "ბედი ქართლისა", სადაც ერეკლე მეფის არგუმენტს
კეთილდღეობის შესახებ სოლომონი თავისუფლების იდეას დაუპირისპირებს. მართალია ის
ვერ მოახერხებს სოლომონის დარწმუნებას, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ერეკლე მეფის
მისაღებია:
"ჯერ სამაგისო რა გვემართება,

რომ განვისყიდოთ თავისუფლება?" _ ამბობს სოლომონი

ჩემი აზრით, ბექა ამილახვარიც, თავად ფიქრობს, რომ ბრძოლას აზრი აქვს და შეუძლიათ
გამარჯვება, რადგან თავადაც გამორჩეული და საოცარი მებრძოლია. ახლა კი მანუჩარ
ბატონიშვილის აზრებსა და სიტყვებს გამოთქვამს თავისი პირით, რადგან აქაც, როგორც
ბარათაშვილის ზემოთ აღნიშნულ პოემაში გადაწყვეტილების მიმღები პირები მეფეები
არიან.

ვითარება რომ პირიქით წარმართულიყო და ქართველებს ხელდახელ ებრძოლათ მტრის


წინააღმდეგ, თვალწინ დაგვიდგება ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი", სადაც იმავე
სულისკვეთებითა და გამწარებით მტრის დასამხობად კახეთი და აღმოსავლეთის მთა
ერთიანდება:

"როცა დრო მოვა... და გაქრეს

ბედის ვარსკვლავი ცაზედა!

ვაჟკაცსა ქუდი თავზედა.

სიცოცხლეს აუგიანსა

სიკვდილი მიჯობს ხმალზედა."

პირადი კეთილდღეობა კი სამშობლოს კეთილდღეობაზე გადის, ჩემი აზრით.


შეუძლებელია ადამიანმა იცხოვროს გაუბედურებულ ქვეყანაში თავად ბედნიერმა. აიშენოს
სასახლე, შემოარტყას დიდი გალავანი და მისი ოჯახისა და შვილებისთვის სხვა საქართველო
არსებობდეს და დანარჩენებისთვის _ სხვა. ეს კეთილდღეობა დროებითი იქნება, როდესაც
უღალატებ შენს ბავშვობის მეგობარს, ოჯახისწევრს, სამშობლოს... და მათ პირად
ინტერესებზე გაცვლი, მოვა დრო და ჩალით ნაგებ ბედნიერებას ქარი წაიღებს. მოვა დრო და
ბოროტი სისტემისა და დაქცეული ქვეყნის ბასრი, შხამიანი კლანჭი შენც შეგეხება და უკვე
გვიანი იქნება. ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ადამიანს და მის უფლებებს არ სცემენ პატივს,
ნებისმიერი დაუცველია და თუ ეს ასეა, მაშინ პირადი ინტერესები საზოგადოების
ინტერესებზე გადის. ყოველი სისტემისგან დაჩაგრული, მოტყუებული და გაუბედურებული
ერთ-ერთ ჩვენგანად უნდა აღვიქვათ, რადგან იმავეს მსხვერპლი ნებისმიერ დროს
ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა
სამშობლოსა და ერთმანეთის კეთილდღეობაზე ზრუნვით იწყება.

You might also like