You are on page 1of 3

ნუგზარ გრიგალაშვილი

საერთაშორისო კონფერენცია - ,, პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული


განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მოდელის შექმნის პერსპექტივა’’.

ესე - ,, საჯარო მოხელე, როგორც პროფესია და მისი ძირითადი მახასიათებლები’’.

თითოეული საჯარო მოხელის როლი უმნიშვნელოვანესია არა მარტო საქართველოს, არამედ


ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს გაძლიერება-განვითარებისათვის. საჯარო მოხელე
ეწევა საჯარო სამსახურს, ანუ საქმიანობს სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების
ორგანოებში, ეს კი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ფაქიზი, სათუთი და საყურადღებო საქმეა,
შესაბამისად, გერქვას საჯარო მოხელე- ეს არ არის მხოლოდ სახელი ან წოდება, ეს არის
საკმაოდ რთული, გასააზრებელი და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც დღითიდღე
უნდა ვითარდებოდეს, უმჯობესდებოდეს, შედეგიანი და წარმატების მომტანი ხდებოდეს!
სწორედ განსაკუთრებულ პროფესიად უნდა მოვიაზროთ პირის მიერ საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო
ხელისუფლების განხორციელება, სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი, ასევე
სახელმწიფო თავდაცვა. ეს იმდენად ფუძემდებლური და ღირებული საკითხებია
სახელმწიფოსთან ურთიერთკავშირში, რომ პროფესია- სახელად საჯარო მოხელე
-გულდასმით და ჯეროვნად, კომპეტენტურად და მახვილგონივრულად უნდა იქნას
შერჩეული. ზოგადად, მოხელე - ეს არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო
დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე. აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს სიტყვა
,,ხაზინაზე’’. ხაზინა ხომ სწორედ უშუალოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებული და მისი
საკუთრების გამომხატველი ტერმინია, მაშასადამე, საჯარო მოხელე არის ერთგვარი პირი,
რომელიც ამ ხაზინას იცავს, პირი, რომელიც უშუალო კავშირშია სახელმწიფოსთან.
აღნიშნული პროფესია ბევრი უპირატესობით გამოირჩევა, თუმცაღა ბევრია ვალდებულებაც
და საფრთხე, რომელიც სულ თან ახლავს მას, არა მარტო უშუალოდ მოხელესთან
დაკავშირებით, არამედ მთლიანად ქვეყანასთან დაკავშირებით. არ ვეთანხმები ადამიანებს,
რომლებიც ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელედ უნდა დაიბადო. აქ განსაკუთრებით საუბარია
მაგალითად პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეზე.
მართალია აღნიშნული თანამდებობანი ბევრისთვის მიუღწეველ საუნჯედ ითვლება,
თუმცაღა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედის ვარსკვლავმა უნდა განაპირობოს შენი
საჯარო მოხელეობა, სულაც არა! მე ვთვლი, რომ საჯარო მოხელედ უნდა იქცე, უნდა
მიხვიდე აქამდე, უნდა გაანალიზო და შეისისხლხორცო. ეს გზა შენი არჩევანია, სწორედ
ამიტომაც ვთვლი საჯარო მოხელეობას პროფესიად, ვინაიდან პროფესია უნდა აირჩიო, ის
დაბადებიდანვე არ გახლავს თან. აქედან გამომდინარეობს, რომ საჯარო მოხელე არის
პროფესორი, რომელიც ლექციას კითხულობს, დირიჟორი, რომელიც დირიჟორობს ისეთ
მნიშვნელოვან ორკესტრს, როგორიცაა სახელმწიფო სტრუქტურა, რაც პირდაპირ კავშირშია
სახელმწიფოს წინსვლა-განვითარებასთან. საჯარო მოხელის წოდება საპატიო ჩინად
ითვლება არა მარტო დღევანდელ, არამედ ყველა რეალობაში, ვინაიდან სახეზეა უზენაესი
ფენა, - სახელმწიფოს ფენა, რაც ქვეყნის უპირველესი მამოძრავებელი ძალაა და თუ შენ არგებ
მას, ისიც უდაოდ გარგებს შენ! ყოველი საჯარო მოხელე უნდა ცხოვრობდეს, მუშაობდეს და
იღვწოდეს ილია ჭავჭავაძის წინამძღვრით: ,,კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად
დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?’’ ამ ფრაზაში ყველაფრის
ამოკითხვაა შესაძლებელი, კერძოდ, სიტყვა ,,კაცში’’ იგულისხმება არა მხოლოდ საჯარო
მოხელე, არამედ თავად სახელმწიფო, ხოლო სიტყვა ,,ვის’’ კი ამ შემთხვევაში უპირატესად
სამშობლოს, შენი ქვეყნის ინტერესებს, მის კეთილდღეობასა და აყვავებას ეხება. ყოველი
საჯარო მოხელის დღე უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს თავისი ქვეყნით; თითოეულ
საჯარო მოხელეს მზე და მთვარე უნდა ამოსდიოდეს სამშობლოზე. მისი ერთადერთი მიზანი
სწორედ სახელმწიფოს გაძლიერება, პროგრესირება და განვითარება უნდა იყოს! თუმცაღა
მხოლოდ სურვილი როდია საკმარისი. წარმატება ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს,
კერძოდ, საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა, მუდამ წარმატებისკენ წყურვილი რაც დიდ
გამძლეობას, მონდომებასა და ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ უმსხვერპლოდ ხშირად
წარმოუდგენელია სასურველი შედეგის მიღება, თანაც რომელ სფეროში უნდა გვინდოდეს
წარმატების მიღწევა, თუ არა ქვეყნის წინსვლა-განვითარებაში?! ასე რომ, საჯარო მოხელემ
საკუთარი თავი მთლიანად თავის საქმეს, ქვეყანას უნდა შესწიროს და მხოლოდ
გასამრჯელოსა და სახელის დიდებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, უანგაროდ უნდა
ემსახუროს სამშობლოს, შეასრულოს ყველა ვალდებულება საფუძვლიანად და პირნათლად,
ვინაიდან საჯარო მოხელეს ერთ უმნიშვნელო შეცდომასაც კი არ აპატიებს თავად
სახელმწიფო, ეს აქსიომაა! რაც არ უნდა კარგი იყო, ერთმა შეცდომამ ამ სფეროში შესაძლოა
შეგიწიროს. ამიტომაც უდიდესი ყურადღება, გამოცდილება, კომპეტენცია და უნარია საჭირო
როცა ადამიანი ასეთ საპასუხისმგებლო პროფესიას მიჰყოფს ხელს. სადაც პროფესიაა, იქ
ყოველთვისაა თავისებური სტრუქტურა, წესები, მახასიათებლები; აღნიშნული პროფესიაც
არ წარმოადგენს გამონაკლისს და აქაც გვხვდება არაერთი მახასიათებელი, რომელთაგანაც
უპირველესია განათლება და წესრიგი! რაღა თქმა უნდა, მხოლოდ გერქვას საჯარო მოხელე
საკმარისი არაა, გეცვას კლასიკურად, გამოიყურებოდე კარგად, - ეს არაა საკმარისი! თქვენ
წარმოიდგინეთ და ამ ყველაფერს ცოდნა და კომპეტენტურობაც რომ დავუმატოთ,- მაინც
არაა საკმარისი; ეს პროფესია შენში უნდა იყოს, შენ გენდობიან არა მარტო დამსაქმებლები და
,,სტაფი’’, არამედ მოსახლეობა, ქვეყანა, მთელი ერი; შენ დებ ფიცს, იღებ პასუხისმგებლობას,
შენ იმედის თვალებით შემოგციცინებენ და ეს არის როგორც კარგი, ისე სახიფათო თამაში,
ვინაიდან არასწორად განვლილი გზის ბოლოს არის უფსკრული, რომელსაც ვერავინ
დააღწევს თავს, ეს გარდაუვალია! საჯარო მოხელეობას ამ კომპლექსურ მახასიათებლებთან
ერთად კიდევ ახასიათებს უამრავი გარე ფაქტორი, კერძოდ, - არსებობს თანამდებობა,
რომელზე პირის დასანიშნადაც აკვირდებიან არა მხოლოდ თავად ამ პირს, მის ცოდნას,
გამოცდილებას, კომპეტენტურობას, მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობას, არამედ
მის ვიზუალს, მის პირად ცხოვრებასა და შეხედულებებს, ოჯახს, ჩაცმულობას, ცხოვრების
სტილს და ა.შ. ამიტოამაც ნურავინ იტყვის, რომ საჯარო მოხელეობა არაა პროფესია და ეს
არის უბრალო საქმიანობა, არა! საჯარო მოხელეობა სწორედაც რომ პროფესიაა, თანაც
საკმაოდ თავისებური, სპეციფიკური, განსაკუთრებული და ღირებული. მას თავისი
მახასიათებლები გააჩნია და სწორედ ისინი ხდიან ამ ყველაფერს ასეთ უნიკალურს და
საპასუხისმგებლოს. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამ სფეროში ამოსავალ წერტილს
წარმოადგენს განათლება და წესრიგი. ეს მართლაც ასეა; განათლებაში იგულისხმება მცოდნე,
გამოცდილი, კომპეტენტური და თავისი საქმის უბადლო შემსრულებელი, ხოლო წესრიგში
კი დალაგებული, გაწონასწორებული, მოწესრიგებული, გეგმაზომიერი, სერიოზული და
წინდახედული პიროვნება. სადაც არაა წესრიგი, იქ წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი დღემდე პრობლემურია ჩვენს
ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში რეალიზდება შედეგშიც. წესრიგი თითოეულ მოხელეში
აუცილებელია. ერთი პირის მოწესრიგებულობა განაპირობებს მეორე პირის
მოწესრიგებულობას, აღნიშნული კი შტატის, სტრუქტურის, ორგანოს, ხელისუფლებისა და
ქვეყნის მოწესრიგებულობას. თუ პირი არაა მოწესრიგებული, მას არც შეიძლება ეწოდოს
საჯარო მოხელე, ასევე თუ პირი არის გაუნათლებელი აღნიშნულ საქმიანობაში და არ
შესწევს იმის ძალა და უნარი, რომ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, - ვერც მას
მოვიაზრებთ საჯარო მოხელედ. გარდა ამისა, ამ პროფესიას ახასიათებს უდიდესი
პასუხისმგებლობა. თუკი პირი უპასუხისმგებლოა, სულ ერთია მისთვის კარგად შეასრულებს
მოვალეობებს თუ ცუდად, სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება თუ არა მისი მოღვაწეობა, -
ასეთი პირი ვერასდროს ,,წასწევს წინ’’ ვერც სამსახურს, ვერც შეგნებას, ვერც შედეგს და ვერც
ქვეყანას! ამიტომაც ეს ყოველივე არა ალტერნატიულად, არამედ კუმულაციურად უნდა იყოს
გათვალისწინებული. გარდა აღნიშნული მახასიათებლებისა, საჭიროა ასევე
კომუნიკაბელურობა, აზრის გადმოცემის უნარი, ჯგუფურ სამუშაოებში წარმატებით
მონაწილების უნარი და იმის შეგნება, რომ შენ სახელმწიფო სტრუქტურის შემადგენელი
ნაწილი ხარ; შენ ხარ ერთ-ერთი ბურჯი, რომელსაც სტრუქტურა ეყრდნობა, სტრუქტურა კი
თავადაა საყრდენი ქვეყნისა; უნდა აცნობიერებდე, რომ როგორც საოპერაციოში ავადმყოფის
ბედი ექიმის ხელშია, ისეა შენი ერის და შენი ქვეყნის ბედიც გარკვეულ წილად შენს ხელში,
მაშასადამე, - საჯარო მოხელე ეს არის დიდი, მყარი, გამძლე და საიმედო ჯაჭვი მოკვდავი
ადამიანიდან - უკვდავ სახელმწიფომდე!

You might also like