You are on page 1of 36

როდესაც ღმერთებს ეძინათ

არჩილ შარვაშიძე
თავი I
,

,,დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ


უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა
ადამიანი ამქვეყნად და შეწუხდა “ .

დაბადება 6:51

თავი I

როგორც ყოველთვის, იმ დილითაც ადრიანად გაეღვიძა. ჩაჟამებული თვალებით


ჩაბურულ სარკმელს მიაშტერდა და ისევე აკანკალდა, როგორც მზედაგვიანებული
ქალაქი, რომელიც ფოლადისფერი ცის ქვეშ შეყუჟულიყო და დილის სუსხით
შეციებულს შეუმჩნევლად უცახცახებდა კედლები. პეიზაჟი ნაცნობი იყო, ამიტომ
დიდხანს აღარ უცქერია ჟამთასვლის უფერული ყავლით ჩამუქებული
სარკმელისთვის, მშიერი თვალები მოპირდაპირე კედელს მიაყინა და საწოლიდან
მძიმედ წამოდგა. კედელზე ყაზანის ღვთისმშობელი იყო ,,გაკრული ” , გაკრული ისევე,
როგორც ერთ დროს თხემის წვერზე აღმართულ ჯვარზე მაცხოვარი. ეს მისთვის მეორე,
ოღონდ ის ,,სარკმელი ” იყო, საიდანც დაუსრულებელ გოლგოთაზე მიმავალს
მოსასულიერებლად ,,წყალს აპკურებდნენ. ” დილა ზუსტად ისე დაიწყო, როგორც
ერთი, ორი, სამი დღისა და ოცი წლის წინ. ტანისამოსში გამოეწყო, თმა
საგულდაგულოდ დაივარცხნა, ღვთისმშობელთან მივიდა, რის ვაივაგლახით მუხლი
მოიყარა და ლოცვა დაიწყო. დაიწყო მადლიერებით, თხოვნითა და პატიებით
გააგრძელა, შეწევნის მოლოდინითა და მუდარით დაამთავრა. ეს ყველაფერი უჩუმრად,
დუმილნარევი ჩურჩულით გააკეთა. გაფიჩხულ ქუჩაზე დაქოქილი კაცუნასავით
მიაბიჯებდა. გამხმარი ხელები დაძონძილი ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და
ილუზიონისტივით იფშვნეტდა თითებს. გზაჯვარედინზე გაურკვეველი მზერით
გახედა ქუჩას. გადავიდა და ზუსტად იქ შეჩერდა, სადაც ყოველთვის ჩერდებოდა.
უეცრად გამოიცვალა, მარცხენა ხელით ქუდი მოიხადა, მარჯვენა შუბლისკენ წაიღო,
თავი ოდნავ დახარა და პირჯვარი გამოისახა. წინ ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის
ეკლესია აღმართულიყო. ქუჩიდან ტაძრის აღმოსავლეთ კედელი, მზედაკრული
გუმბათი და გამოხსნა-გადარჩენის ბაირაღად ზეცაში აჭრილი ჯვარცმა მოჩანდა.
განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ყაზანის ღვთისმშობლისა. ტაძრის კარები
ოდნავ შეაღო, კისერი წაიგრძელა და სამალავიდან მაცქერალივით შეიხედა. გაყინულ
სახეზე ესიამოვნა ცრემლითა და ცეცხლით დამძიმებული ჰაერი. ნელ-ნელა ლღვობა
დაიწყო, ხელები ჯერ გაუთბა, შემდეგ გაუცხელდა და დაუმძიმდა. აალებული
სანთლით ხელდამშვენებული საკურთხევლის მარჯვენა კუთხეს მიუახლოვდა, მუხლი
მოიყარა, მავედრებელი მზერა ოდნავ ზემოთ მიაპყრო და ზღვაში დასახრჩობად
განწირული კაცივით შეუდგა პირის გაღებას. ზემოდან ხის კარედში ჩასმული,
ოქროცურვილით შემკული ყაზანის ღვთისმშობელი აცისკროვნებდა დრო-ჟამით
შეფეთქილ ტაძარს. ხატმწერს დიდის რუდუნებითა და ოსტატობით გამოეხატა დედა
ღვთისა, რომელსაც გულმკერდს ვიდრე ყელამდე ოქრომჭედელთა უჩვეულო
ხატოვნებით ნამუშევარი და ოსტატური ხელსაქმით შემკული ოქროს პერანგი
უმშვენებდა. ათასგვარი ლაბირინთული ორნამენტით ,,დასერილი ” პერანგის ოთხივე
კუთხე, გამოქნილ ხელს პატიოსანი თვლებით გამოეჭედა. ლალით, ზურმუხტით,
ფირუზითა და აქა-იქ მარგალიტით დამშვენებულიყო ღვთისმშობელი. მავედრებელი
და მადლიერი არ ელეოდა ტაძარს, მაგრამ მავედრებლები ყოველთვის სჭარბობდნენ
მადლიერებს. ბოლომდე შეუცნობელი, გამოუთქმელი იმედი და რწმენა ჰქონდათ
ყაზანის ღვთისმშობლისა. იმედი უფრო ჰქონდათ, ვიდრე რწმენა, რადგან რწმენა მაინც
გულის თვალით დანახული და გააზრებული ,,მონაპოვარია ” . იმედი კი ყოველთვის
ბჟუტავს ადამიანში ჩაუქრობელი პატრუქივით, სულ თან დაატარებს კაცთა მოდგმა
საკუთარი აჩრდილივით ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ,,ნარკოტიკს ” .

ხატის ოქროთი მოოჭვილი პერანგის ოდნავ ქვემოთ, ვერტიკალზე, ორმწკრივად


გაებათ ადამიანთა ღაღადით, სურვილებითა და ოცნებებით ,,დამძიმებული ” ნეკის
სისხო ბაჯაღლოს გრეხილი, რომლის ბოლოები ჩარჩოს მარცხენა და მარჯვენა
კიდეებზე ჩაწნულიყო, სწორედ რომ ,,დამძიმებული ” , პატიოსან თვლებში არეკლილი
ადამიანთა თხოვნა-ღაღადის, სურვილებისა და ოცნებების ,,მსხვერპლშეწირვით. ”
საერთოდ, გვიყვარს ადამიანებს ,,ნატვრის ხეები ” . რატომ?... იმიტომ რომ გვეიმედება,
გვაიმედებს ან ორივე ერთად. მაინც ჩვენივე გულის მოსაგებად და საიმედოდ
ვაჭრელებთ ხეებსაც და ტყეებსაც. ტაძარში შესვლისთანავე ღვთისმშობელს
მიაწყდებოდნენ, დიდის რუდუნებითა და სიხარულით შეათვალიერებდნენ
,,სამსხვერპლოზე ” მიტანილ ოქროს, მერე კი, უცნაურად მოხიბლულები, ვალმოხდილი
ადამიანის სიამაყით იწყებდნენ ხვეწნა -მუდარას.

მოილოცა! ილოცა სულით, ითხოვა გულით. ნელ-ნელა წამოიმართა, რაღაც ხმამაღლა


ჩაილაპარაკა და ტაძრის გასასვლელისკენ გაეშურა. ტაძრიდან გამოსულმა ოდნავ
სიმჩატე იგრძნო, ესიამოვნა ცივი ჰაერი. ელექტროგაყვანილობის მავთულებზე
მუცელგაბერილი ბეღურები შეამჩნია. ნაცრისფერ ბუმბულში გახვეულებს კისრები
მხრებში ჩაერგოთ, თვალები სანახევროდ დაეხუჭათ და უკმაყოფილოდ

იფხორებოდნენ. უეცრად მავთული შეირხა, ბეღურებმა თავზარდაცემულებივით


დააღეს თვალები. რამდენიმე წამში მავთული ზამბარასავით ქანაობდა, ფრინველთა
კვარტეტი კი მიწაზე ნახევრად დაობებული პურის ხელში ჩასაგდებად კორტნიდა
ერთმანეთს. დიდხანს ცდილობდნენ ნადავლის განაწილებას. იჩხუბეს, იბრძოლეს,
გაკლანჭეს ერთიმეორე, მერე პური მიივიწყეს და სამკვდრო-საციცოცხლოდ ეძგერნენ
ერთმანეთს. იმდენ ხანს კორტნიდნენ ერთიმეორეს, ვიდრე მეეზოვის ცოცხი
ქარბორბალასავით არ დაატყდათ თავს. მავთულზე ,,ახვეტილებმა" ბუმბული
დაიფერთხეს, ფრთები სხეულზე მიიტმასნეს და საუკუნოვან მდუმარებაში ჩაფლული
ბიუსტებივით გაიტრუნენ.

ხის ტოტზე ჩამოკიდებულ სკამს ხელი შეავლო, ფრთხილად ჩამოიღო და იქვე,


ტაძრის შესასვლელი კარიბჭის მარცხენა რიგში, ბოლო კაცად ჩამოჯდა. სულ
თორმეტიოდე თუ იქნებოდა ამ უჩვეულო და მოუწესრიგებელ ,,დერეფანში ” . მათი
გავლით უნდა შეგეღწია ტაძარში, მაგრამ შესვლაც არის და შეღწევაც, კარგი ბიჭი იყავი,
თავი დაგეხარა და ამ თორმეტი უჩვეულო ,,მოციქულის ” შეუმჩნევლად გადაგელახა
კარიბჭის ზღუდე. ჯერ დაიმანჭებოდნენ, მერე გაუთავებელი თხოვნით, ხვეწნითა და
შეძახილებით აიკლებდნენ იქაურობას, მაგრამ ბოლოს, თუ ,,ცხონების სანაცვლოდ “
მოწყალების გაღებაზეც უარს იტყოდი და შეუმჩნეველად მოინდომებდი ხელიდან
დაძრომას, ჯოჯოხეთის ტარტაროზებად გადაიქცეოდნენ და ისე დაგიწყებდნენ
ყურებას, მათი მზერის შემხედვარეს ვერანაირი გიშერი და სათვალავი ვერ
შეგრჩებოდა ყელზე. ის ყოველთვის უჩუმრად იჯდა, უფრო სწორად, სულ რაღაცას
ბუტბუტებდა თავჩაქინდრული, თითქოს მომლოცველებს კი არა, დედამიწასაც
ბოდიშს უხდის საკუთარი არსებობისთვისო.
თავი II
მზე კარგა ხნის ამოსული იყო, როდესაც ფეხებზე სიცივე იგრძნო. ხელის ფათურით
ძლივს მოძებნა საბანი და ლოკოკინასავით შიგნით შეიყუჟა. ამომავალი მზის სხივები
ელაციცებოდნენ ძილით გაბრუებულს, სიამოვნებდა აისის მზესთან თამაში. დიდხანს
აღარ გააგრძელა სასთუმალთან ალერსი, მარცხენა ხელით საბანი მოიშორა და ჭერს
მიაპყრო თვალები. რამდენიმე წამი გონებადაკარგულივით მდუმარედ იწვა საწოლზე
და ჯვარზე უკუღმა გაკრულივით უტრიალებდა ირგვლივ ყველაფერი. ბავშვობიდან
გადაჩვეოდა საცვლებით ძილს და ზემოდან სხვა არაფერს მოაგონებდა ადამიანს, თუ
არა ,,რუბენსის “ სურათში უხამსად გაშიშვლებულ ქალბატონს ერთი განსხვავებით -
შემოქმედს და შემქმნელს ის უფრო დახვეწილად ,,გამოეძერწა “ , ვიდრე შუა
საუკუნეებში მოლბერტმომარჯვებული მხატვრები ახერხებდნენ. წამოიმართა,
მხრებში გასწორდა, ცოტა ხნით თავი უკან გადააგდო, თითქოს გონებაც შორს,
სადღაც მივიწყებულ ნაფიქრალში გადაისროლა და წამოდგა. საწოლიდან აბაზანამდე
დედიშობილმა მიირბინა, სახეზე სიმორცხვისგან შეფაკლული ლოყები თბილი წყლით
ჩამოიბანა და ის რიტუალი შეასრულა, რომელსაც ქალთა მოდგმა არც თუ ისე
იშვიათად სიამოვნებით ასრულებს (ვინ როგორი ნასიამოვნები რჩება, ეს სულ სხვა
საკითხია). სამოსგანძარცული, ,,ჯოკონდას ღიმილით ” მიშტერებოდა სარკეს,
საიდანაც ყოველგვარი ხორციელი სისავსით შემკული, უკვე დაქალებული გოგონა,
თვითკმაყოფილებით გამოწვეული სიმშვიდით უთვალიერებდა უნაკლო სხეულს.

ზარის ხმაზე უეცრად შეცბა, დაბნეულად შემოავლო აბაზანას თვალი, შიშველ


სხეულზე იქვე ჩამოკიდებული ხალათი შემოიცვა და კარისკენ გაემართა.
სათვალავიდან მოუსვენრად მომღიმარი, სახეწაგრძელებული მამაკაცი მოჩანდა.
კარები სწრაფად გააღო, მაგრამ უფრო სწრაფად ხალათზე მოჭერილი ქამარი შეიხსნა,
ფეხის წვერებზე აიწია და ხელში ასატაცებლად მოემზადა. მისაღებიდან საძინებლამდე
სულმოუთქმელი ალერსით მივიდნენ. რამდენიმე წამში კი, უკვე საწოლში
,,გადავარდნილები ” , სამოთხის ვაშლით ,,აღგზნებული ” ადამ და ევასავით
გაერთხორცდნენ. დიდხანს არ უტორტმანია ლომის თათებზე შემომდგარ საწოლს.
როდესაც საბოლოოდ მიწყდა ხმაური და ოთახში სასიამოვნო სიმშვიდემ დაისადგურა,
სულ სხვა ,,ჩანახატი “ იყო საწოლზე - ორი გრძნობადაცლილი არსება, სამოთხის
მკვიდრთა ვაშლამდელი პერიოდის გამომეტყველებით მიშტერებოდა ერთმანეთს (ეს ის
გარდაუვალი წამებია, შეიძლება წუთებიც, რომლებიც ორი ადამიანის თანაცხოვრების
განუყრელ ნაწილს წარმოადგენს).

როგორც ბუნებაში, ამ ორი ადამიანის ცხოვრებაშიც, ყოველწამიერად იცვლებოდა (ხან


- სასიკეთოდ, ხანაც - არც თუ სასიკეთოდ) ყველაფერი, მაგრამ აგერ უკვე ხუთი
წელიწადი სრულდებოდა, რაც გამუდმებით ბერტყავდნენ ნაყოფს კეთილისა და
ბოროტის ცნობის ხისას. ახალი მთვარეაო, სავსე მთვარეაო, მაგრამ რად გინდა,
ბერტყე და იყავი, თუ თავზე არაფერი დაგებერტყა. ქალს არც დედათა წესი
უცდებოდა და ამ დამღლელ მოლოდინში ყოველგვარი წინათგრძნობაც დაკარგული
ჰქონდათ უკვე. არ დაუტოვებიათ ექიმ-ფერშლები და ლაბორატორიები. რა არ სცადეს,
რას არ მიაწყდნენ, ქალი ჩუმ-ჩუმად კარაბადინშიც იჩხრიკებოდა, იქნებ იქ ეწეროს რამე
ისეთიო. კარტის გაშლა და ყავის ჭიქის გადაბრუნება ხომ აუცილებელ რიტუალად
ექცა, მაგრამ ამაოდ, ვერ იქნა და ვერ გამოიღო ნაყოფი თესლმა. ისიც ვერ გაეგოთ,
,,მთესველი “ იყო უხეირო, თუ ,,ნიადაგს “ გაბერწებოდა შიგნეული. მოკლედ რომ
ვთქვათ, არ სრულდებოდა მათზე სიტყვები ღვთისა - ,,აღორძინდით და
გამრავლდითო “ !

იგორა მთის ქიმიდან მოწყვეტილმა თოვლმა, იწვეთა ,,ზეციური ჟოლობიდან “


მოვარდნილმა წყალმა, მოზვავდა თოვლი, იმძლავრა წყალმა და როდესაც მიწასთან
უნდა გაესწორებინა თოვლჭყაპს ყველაფერი, ჯვრის მეფე ამოვიდა კარტში. დიდხანს
არ უფიქრია მკითხავს, ხატი და ჯვარი გაგწყრომიაო, მიახალა პირში და თან ისეთი
გაურკვეველი სისწრაფით გადაიწერა პირჯვარი, თითქოს ერთი ამოსუნთქვაღა ჰქონდა
მიწის ზემოთ დარჩენილი. აი, ხატი და ჯვარი კი ნამდვილად რაღაც ახალი იყო
მისთვის. დაიბნა! ცოტა ხანში გაოცებულს უფრო წააგავდა, ვიდრე დაბნეულს. მეორე
დილით კი, თითქოს ნაცარში გახვეულ მუგუზალს მაგრად შეუბერესო, გაუღვივდა
იმედის ნაპერწკალი. უჩვეულო მზერით მიმოავლო თვალები ოთახს და
გასასვლელისკენ გაემართა.

მანქანა ტაძრის შორიახლოს გააჩერა და კარიბჭისკენ აიღო გეზი. მიჩვეული იყო


მზერამრუში მამრების თვალთაცეცებას, ამიტომ არ გაჰკვირვებია შემხვედრთა
თვალთაცუნდრუკი. ჯერ კარიბჭესთან არ იყო მისული, რომ სხეულში ჟრუანტელმა
დაუარა და საგამოცდოთ მომზადებული სტუდენტივით დაუწყო გულმა ფეთქვა.
ყირამალა გადადიოდნენ ტაძრის შესასვლელში ღვთის გლახები, მოლაქუცე
ძაღლებივით თავს დასტრიალებდნენ ყოველ მომლოცველს და არავის ტოვებდნენ
,,უყურადღებოდ “ . არც ის დარჩენიათ შეუმჩნეველი. ლახტის მოთამაშეებივით
გარს შემოერტყნენ და კისერმოღრეცილები შეუდგნენ ხვეწნა-მუდარას. რის
ვაივაგლახით ჩამოიშორა ,,კარიბჭის მცველნი “ და, როგორც იქნა შეაღწია ტაძარში,
სადაც უცნობმა პატარა გოგომ თავსაბურველი შეაჩეჩა ხელში.

მომლოცველებს ვერ იტევდა ეკლესია. ირგვლივ გამეფებულ მისტიკურ სიჩუმეს, ტყის


სიღრმეში შეუმჩნევლად მოჟღურტულე ჩიტივით არღვევდა მედავითნის გალობა.
,,ზეციური რამპით “ გამოტყორცნილი სხივები დამრეცი სიმეტრიით დასცემოდნენ
ტაძარში მომლოცველთ, საცეცხლურიდან ავარდნილ კვამლში იხლართებოდნენ და
ღრუბელივით დასდგომოდნენ ადამიანებს თავზე. მთავრდებოდა სადიდებელი წირვა
უფლისა! ფეხის წვერებზე შემდგარი აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს, ყველაფრის
დანახვა და შეცნობა უნდოდა. სიცოცხლეში პირველად დაეუფლა განცდა, რომელიც
თვალებში ცრემლის დაგუბებით, სხეულის სიმსუბუქით და სხვაქვეყნიური
ბედნიერებით გამოიხატება. საკურთხევლის მარჯვენა კუთხეში თვალი მოჰკრა ხის
კარედში ჩასმულ ხატს, რომლის წინ შეგროვილი ხალხი მუხლმოყრილი რაღაცას
ბუტბუტებდა. არ იცოდა, ვინ იყო გამოსახული ხატზე და ვერც იმას მიმხვდარიყო, ასე
გულმხურვალედ რატომ ლოცულობდა ხალხი, მაგრამ ერთიც აინტერესებდა და
მეორეც. ნელ-ნელა მიიწევდა ხალხისკენ და რაც უფრო სიღრმეში შედიოდა, მით
უფრო საგრძნობი ხდებოდა გულისცემა. აქეთ-იქიდან გულისშემძვრელად ისმოდა
მუხლმოყრილთა ცრემლნარევი დუდუნი. ჩურჩულით ითხოვდნენ შველას
ხელაპყრობილნი და მუხლდაჩოქილნი შესციცინებდნენ ღვთისმშობელს, რომელსაც
სამგლოვიარო პროცესიისაგან განსხვავებულ ცრემლში თითქოს უფრო ჩასწითლებოდა
თვალნი. გაშტერებული შესცქეროდა ხატს და ვერ მიმხვდარიყო, ასე გულამოსკვნით
ვის დასტიროდა ამოდენა ხალხი. უნდოდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის
დასანახი შეემჩნია თვალებში, რომელნიც კაცობრიობის თხოვნა-მუდარისა და ტანჯვა-
წამების ხილვის მიუხედავად, მაინც მშვიდი და მანუგეშებელი ჩანდა. რაღაც
მითოსურ სიუჟეტებს უღვიძებდა ყოველივეს ხილვა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ეს
ყველაფერი აქ, მის თვალწინ, ცხადში ხდებოდა. ვერაფრით გაეგო, რა სცენის მოწმე
გამხდარიყო. მისთვის ყოველივე ჯერ კიდევ იმ ილუზიონისტურ წარმოდგენას
წააგავდა, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი მაყურებელთა იმედგაცრუებისა და
გაოცების ბეწვის ხიდზე გადის. რაღაც იდუმალი ძალა ექაჩებოდა ღვთისმშობლისაკენ,
მაგრამ რატომღაც ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა, თითქოს შინაგანად არ უნდოდა ამ
გაურკვეველი ,,დრამის “ მონაწილე გამხდარიყო. ერჩივნა გვერდიდან, რომელიღაც
ჭუჭრუტანიდან ემზირა ყოველივესათვის იმის მოლოდინში, რათა პირველი
სასწაულის, პირველი ოვაციის მომსწრე გამხდარიყო და შორიდან დაენახა პირველი
მავედრებლის უსაზღვრო სიხარული. ადგილზე გაშეშებული უცნაურად ყანყალებდა
და ვერ გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ უახლოვდებოდა ღვთისმშობელს. უეცრად
მიხვდა, რომ ხატის წინ, მუხლმოყრილთა შორის იდგა გაყუჩებული. უცნაური
განცდა დაეუფლა - მთელი არსებით გრძნობდა, რომ მისთვის გაურკვეველი
წარმოდგენის შუაგულში ტრიალებდა და ნელ-ნელა ამ მისტიკური ერთობის
მთავარი მოქმედი პირი ხდებოდა. თითქოს თავად იყო ის, ვისითაც უნდა
ამოხსნილიყო ეს სასწაული, დაგვირგვინებულიყო იდუმალებით აღსავსე ,,პროცესია “ .
საკურთხევლიდან წამოსულმა გუგუნმა შეაკრთო. ასამაღლებელი წაიკითხა მწირველმა
მღვდელმა, საკურთხევლის კარი გამოაღო და ამბიონზე გამოვიდა. გაისმა ისევ
მედავითნის გალობა, რომელიც შიგადაშიგ გაურკვეველ ჩიფჩიფში გადადიოდა.
ნაქადაგევი და ჯვარზე ნამთხვევი ძალაგამოცლილი იქვე, ტაძარში განთავსებულ
ფიცრულზე ჩამოჯდა. მისთვის ამოუხსნელი ,,რეკვიემით “ დამთავრდა წირვა.
მავედრებელნი კვლავ ცრემლნარევი თვალებით ტოვებდნენ ტაძარს. არსაიდან ისმოდა
ბედნიერების შეძახილი, არსად ჩანდა აღტაცებისგან, სიხარულისგან გაბრწყინებული
თვალები... დიდხანს ათვალიერებდა ტაძრეულს სკამზე ჩამომჯდარი და ემოციისგან
გადაღლილი თვალებით შესცქეროდა თითოეულ კუთხეს. უეცრად მისი ყურადღება
ტაძარში შემოსულმა წვეროსანმა მიიპყრო, რომელიც წელში მოხრილ დედაბერს
ღვთისმშობლის ხატისკენ მიუკვლევდა გზას. წვეროსანი მიუახლოვდა ხატს, მუხლი
მოიყარა, მოკრძალებით ემთხვია ღვთისმშობელს, შემდეგ წამოდგა, დედაბერს
ხელიდან გაურკვეველი ნივთი გამოართვა და შემინული ჩარჩო, რომელიც
გაფერმკრთალებულიყო ცრემლნარევ ბაგეთა მთხვევით, ფრთხილად გამოაღო.
ღვთისმშობლის გულსაკიდად დამშვენებული გრეხილი ჩარჩოს მარცხენა კიდეს
ჩამოხსნა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ხატის სამშვენისად ჩამწკრივებულ
სამკაულებს და ლალის თვლებით გაწყობილი ბეჭედი გრეხილზე ჩაასრიალა. ქალი
გაფაციცებით შესცქეროდა დედაკაცს, რომელსაც ხელები მაღლა აღეპყრო და ქვევიდან
ბავშვივით შესცქეროდა ღვთისმშობელს. უფრო მეტად დაეუფლა განცდა სასწაულის
მოლოდინისა, მაგრამ აქაც იმედგაცრუებული დარჩა. დედაკაცმაც, სხვათა მსგავსად,
ცრემლნარევი თვალებით გულხელდაკრეფილმა დატოვა ტაძარი. უეცრად რაღაც
აზრმა გაუელვა გონებაში და მარჯვენა ხელი მისდაუნებურად მკერდისკენ წაიღო.
თითებით უაზროდ შეათამაშა გულსაკიდი, რომელსაც ქორწილიდან მოყოლებული
გულის სამშვენისად დაატარებდა. აღარ იცოდა რა ექნა, ხელი მაგრად ჩაებღუჯა
ყელსაბამისთვის და სკამიდან წამოდგომას ვერ ბედავდა. ნელ-ნელა სიმხნევე შეეტყო,
სახე გაუბრწყინდა, თითქოს გონებაც გაუნათდა და სკამიდან ისე წამოდგა, რომ
გულსაკიდისთვის ხელი არ გაუშვია. ღვთისმშობლის ხატთან მუხლმოყრილს
ლიფსიტებივით უსხლტოდნენ აზრები გონებაში. ბოლოს ყველაფერი ერთ სიუჟეტად
შეიკრა, ახმიანდა და ყურებში ბავშვის სასიამოვნო ჟღურტული ჩაესმა. ბოლომდე
ვერა, მაგრამ მაინც ჩასწვდა სურვილების შესრულების საიდუმლოს... ძეწკვი
ფრთხილად შეიხსნა, ბრილიანტებით გაწყობილ გულსაკიდს მუჭი მაგრად მოუჭირა და
,,მსხვერპლშეწირვის “ მოლოდინში

გაირინდა. ისევ ფიქრთა ჭიდილში აღმოჩნდა. მისი სხეული გულისა და გონების


სამარადჟამო ბრძოლის სარბიელად გადაქცეულიყო. ისევ ვერ გაეყოთ, ისევ ვერ
დაეთმო ვერცერთს სარბიელი. გულით შესაწირი ნივთი გონებისთვის გამხდარიყო
უძვირფასესი. ,,რატომ “ ?... ,,რისთვის “ ?... - ეს ორი სიტყვა უზანზარებდა საფეთქლებს
და ამ სიტყვებით ,,აგზნებულ “ გონებას შეეკრა მუჭი. ბოლოს გულიც ერთიანად
შეიკუმშა, დაშრა, დაიწრიტა და როდესაც ბოლო წვეთი მოუმწიფდა გასახეთქად
განწირულს, ისევ გონებამ იმარჯვა! კარგად გაწვრთნილი ჯიბგირის ოსტატობით
გულსაკიდი ჩანთაში ჩაასრიალა! ფეხზე წამოდგა, თავხედი მძარცველის მზერით
გადახედა მომლოცველთ და ჩქარი ნაბიჯით გასასვლელს მიაშურა. ტაძრიდან
გამოსულს ჭინკებივით გარსშემოერტყნენ ,,მუჭაგამათხოვრებული “ ბავშვები.
გამურული ხელები გაეშალათ და ერთიანი ყიჟინით ითხოვდნენ დახმარებას.
ძლივსძლივობით მიაღწია კარიბჭემდე. გასასვლელთან კი მტვერში ამოგანგლულ
ბიჭუნას, რომელიც კაბაზე დაბღაუჭებული ემუდარებოდა ორიოდ კაპიკს, ისეთი
სისწრაფით მოუქნია ჩანთა, რომ დამფრთხალი ბავშვი დაშინებული ძაღლივით
მოიბუზა.
თავი III

ექვსჯერ შემოჰკრა პირტიტველა მნათემ სამრეკლოს გუმბათში გამობმულ ზარს.


ექვსჯერ იგუგუნა ,,ქრისტიანობის მაღვიძარამ" და პირჯვარიც ექვსჯერ გამოისახეს
მომლოცველებმა.

,,ექვსი ლოცვა ექვსი თხოვნა ექვსი სინანული,

ექვსი ცოდვა მოგვიტევე მოგვე სიხარული... ”

ჩაიბუტბუტა კიდეში მჯდომმა მათხოვარმა და თან ხმამაღლა წაიჩურჩულა -


,,კალინიკე მოდის კალინიკეო ’ ’ . მოხუცმა თავი ოდნავ წამოსწია და მართლაც,
კოჭლობით მომავალ კალინიკეს მოჰკრა თვალი. მოდიოდა კალინიკე და მოათრევდა
მარჯვენა ფეხს, ცხოვრების სევდას, იმედგაცრუებასა და ნაღველს. კაცს ეგონებოდა,
მახედ დაგებულ მიწათხრილებში უვარდება ფეხიო. რას არ ამბობდნენ, როგორ
ლეგენდებს არა ჰყვებოდნენ კალინიკეზე. ზოგი მეწიგნეს ეძახდა, ზოგიც უწიგნურს.
ზოგი ამბობდა, ბიბლიოთეკის სარდაფშია ნაშობი და მიტომ დადის ასე წიგნისაგან
გადარეულიო. იმასაც ამბობდნენ, ღამღამობით ბიბლიოთეკაში იპარება და სულ
ნაქურდალი წიგნებით აქვს ჩანთა გამოტენილიო. თვითონ კი, როგორც იტყოდა ხოლმე,
ცხოვრების ,,მოყინულ გზაზე ” დიდი ხნის წინ მოსცურებოდა ფეხი და მას შემდგომ
სულ ასე, გადაჩეხვის მოლოდინში მიაქანებდა ცხოვრება. კალინიკეს უღმერთოება და
სიგლახეც იცოდნენ ღვთის გლახებმა, ამიტომ დიდად არ ეპიტნავებოდათ მისი
დანახვა.

- ჰა ჰააა... ქრისტეს ,,ნაზირ-ვეზირებს ” სალამი, - ხმამაღლა შესძახა კალინიკემ - აბა,


როგორა ხართ ღვთისგან დავიწყებულნო? ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ როგორც
ვხედავ, ალბათ ჯერ კიდევ არ შეგცივნიათ ფერდებში, თქვე ღვთისა და კაცთაგან
გარიყულებო. კაცოოოო, ყველაფერი გამიგია, კაცისგან დამონებული ადამიანი
მინახავს, კაცისთვის მონადქცეულიც, მაგრამ ამ ღვთის მონების ვერ გავიგე ვერაფერი.
ჰეი, მოხუცო, შენ კიდევ ქრისტეს დაატარებ კისრით? - მიუტრიალდა ძველ მექიშპეს
კალინიკე - როგორ არ გამძიმებს ეგ ჯვარი? განა რა დაგაკურთხა ჯვარცმულმა ისეთი,
რომ ასე კისერმოქანცული ეტრფიალები ღმერთს? ვეჟოოო... გავიგებდი კაცი კაცისაგან
რომ მოელოდეს შველას, კაცს გააჩნია ისიც, მაგრამ ასე ძელზე დაბნეული, უპატიოდ
ჯვარს გაკრული ადამიანის იმედზე ჩემი მტერი იყოს, - უცებ წელში მოიხარა კალინიკე,
მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა შეჰყვირა - ღმერთოოოოო, თუ სადმე ხარ ერთი
ჩამოხედვა ჩამოიხედე რას დამსგავსებიან შენი მემკვიდრეები. გამათხოვრებულან,
გაიგეეე? გამათხოვრებულან! სახლიდან გამოგდებული ძაღლებივით ლუკმა პურის
საძებრად არიან გამოშვებულნი. განა რა დაგიშავეს ასეთი, ასე ულუკმაპუროდ რომ
დაგიყრია ქვეყანაზე შენი მავედრებელნი? შენ გეუბნები ღმერთო! იქნებ გადმოხედო ამ
საცოდავებს, მთელი ცხოვრება მუჭაგამათხოვრებულნი რომ დაეხეტებიან ქვეყანაზე.
განა რა დაგიშავეს ასეთი, ტალახში ჩავარდნილ, ურემგამობმული ხარებივით რომ
დაგიტოვებია ქვეყანაზე? დაიღალნენ ტალახში წოლით, დაიღალნენ, გაიგეეე?!... იქნებ
გამაგებინო, რომ გაიგეეე...

მოხუცმა თვალები მიაპყრო კალინიკეს და არცთუ ისე ხმამაღლა შეუძახა:

- ეე, ისკარიოტელო, რა გაღრიალებს, რა ჭია შეგიჩნდა ასეთი, რომ დაგიღია პირი და


ღმერთს ელაყბები? - მოხუცო, - კბილებში გასცრა კალინიკემ - ეგ ჯვარი კისრის
საბელივით რომ დაგიკიდია ყელზე, ღმერთს თუ ეთაყვანები, თვითონ დაეკიდე
ჯვარზე... ხოო, თვითონ გაეკარი ლავაშივით ჯვარზე, თუ ღმერთი გიყვარს. გაეკარი
და დაეჭედე ფიცარნაგზე. დიდი არაფერი საქმეა, კისრით ატარო ღმერთი, თან ისიც
დაპატარავებული, დაჩიავებული ღმერთი. თქვენ ის ღმერთი გიყვართ, კისერზე რომ
გყავთ ჩამოკიდებული და არ გამძიმებთ. აბა დაგებღაუჭოთ უმალ თუ არ მოიგლეჯთ
და მოისვრით შემომხტარი ობობასავით. ღმერთს იმიტომ ეთაყვანებით და ადიდებთ,
რომ ვერ ხედავთ და თქვენთვის მიუწვდომელია, თორემ ერთი წამით რომ ხელში
ჩაგაგდებინათ, ოქროს თევზივით სულს ამოხდიდით თქვენი სურვილებისა და
ოცნებების შესრულებაში. ვის ემათხოვრებით თქვე უბედურებო? მოვალედ გაგიხდიათ
ღმერთი, მაგრამ რას ითხოვთ იმისაგან, ვისთვისაც არაფერი მიგიციათ, არამცთუ
გისესხებიათ რამე?...

წყალნაყლაპი ვარიებივით გაშტერებულნი შეჰყურებდნენ ღვთის გლახები კალინიკეს,


მხოლოდ მოხუცი იფშვნეტდა ნერვიულად ხელებს და გუთანში გამობმული ხარივით
დაჰყურებდა მიწას.

- აქ მო, კალინიკე, - შეუძახა მოხუცმა, საიდანღაც სამფეხა სკამი გამოჩხრიკა და იქვე


მოიდგა. კალინიკე მიუახლოვდა მოხუცს, სკამი ხელით გაისწორა და გერდით
მიუჯდა.

- კალინიკე, რა დაგემართა კაცო? - მოჩვენებითი სიმშვიდით დაიწყო მოხუცმა - რამ


გაგაბოროტა ან ვინ რა დაგიშავა, რომ გამოვარდნილხარ ქვეყანაზე და ღმერთს
ეჭიდავები? გაგონილა განა, კაცი შემოქმედს ეურჩებოდეს და მის გმობაში ატარებდეს
წუთისოფელს?

კალინიკე სკამიდან წამოხტა და ისევ ხმამაღლა დაიწყო მოთქმა:

- მაგ შენმა შემოქმედმა დამტოვა მათხოვრად წუთისოფელში, შენმა ღმერთმა წამართვა


და გამომაცალა ხელიდან ცოლ-შვილი. ვის ვეთაყვანო? იმას, ვინც თქვენ რომ გკითხოთ
კაცმა,

ქვეყანაზე მომავლინა? ცოლ-შვილი მომცა, ცხოვრების სიტკბო ,,კანფეტივით “


გამალოკა ენაზე და ვიდრე ნერწყვს გადავყლაპავდი, გამიმწარა სიცოცხლე? არაა,
ძმაოსან, მასეთ ღმერთს მე ვერ ვუგალობ. გალობა კი არა, ხელში რომ ჩამივარდეს
სადმე, იუდასავით ოცდაათ ვერცხლად კი არ გავყიდი, მთელ ჩემს მონაგარს
გავიღებდი მის მოსაკვდინებლად და გასათელად, - ეს თქვა კალინიკემ და თვალები
ქორთან მებრძოლი მამალივით დააბრიალა.

- შე კაი კაცო, თუ საკუთარი უბედურების სათავედ ღმერთი გაგიხდია, აცადე, იქნება


ბედნიერებაც გაიმეტოს იმ დალოცვილმა შენთვის, - მიუგო მოხუცმა.

- ნეტაი მართლა ეგ თქვენი ღმერთი იყოს ჩემი უბედურებისა და დაქცევის სათავე,


რკინის ქალამნებს ჩავიცმევდი, ცას კიბეს მივადგავდი და მაინც მოვძებნიდი,
ხუხულად ვუქცევდი იმ ტახტრევანს, საიდანაც, კაცმა რომ გკითხოთ დიდი
სიყვარულითა და მადლით მართავს ქვეყნიერებას და გვერდზე მოვისვავდი
სამათხოვროდ. ჰო, ჰო, სამათხოვროდ დავსვავდი ყინვასა თუ სიცხეში. მაგრამ სად
არის ღმერთი? ის რომ მართლა არსებობდეს, ჩვენი უბედურების შემხედვარე, აქამდე
საკუთარ ცრემლებში უნდა იყოს დამხრჩვალი, მაგრამ სადა აქვს თქვენს ღმერთს
ცრემლები? ის მხოლოდ თქვენს ოცნებებში უფლობს და რა გამოდის? საკუთარი
ოცნებების გჯერათ, საკუთარი ოცნებები გაგიღმერთებიათ და ვერ ხვდებით, რომ
სწორედ ჩვენისთანა მათხოვრის ბედისწერის ხილვით შეშინებული ადამიანების
მლიქვნელობა აღმერთებს მას! იმ მლიქვნელების ღმერთია, რომლებიც არ გასწირა, არ
გაიმეტა და არ ჩააგდო ჩვენისთანა სატანჯველში. რა იქნებოდა, ერთხელ მაინც მენახა
თქვენთვის ზეციდან ჩამოვარდნილი შაურიანი... - უცებ საიდანღაც ნაცნობი ხმა გაისმა,
რამაც კალინიკეს სიტყვა გააწყვეტინა.

,,კალინიკე, შე უღმერთო, ფეხი დაგმოკლებია,

მაგრამ ფეხებს ვინ დაეძებს, ტვინიც გამოგლევია ’ ’

- შესძახა პატარა ბიჭმა და მალაყზე გადავიდა. კალინიკეს სახე მოეღრიცა, ისეთი


შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მარჯვენა ფეხი უფრო დამოკლებოდა. იმდენად დაეუფლა
ეს განცდა, რომ ფეხის გადადგმას ვეღარ ბედავდა. რამდენიმე წამი მიმინოსავით
გაჰყურებდა ბავშვს, რომელიც ,,თავდასხმის ” მოლოდინიში თვალს არ აშორებდა
კალინიკეს. შემდეგ ისევ მოხუცისკენ წავიდა და სამფეხა სკამზე ჩამოჯდა. კალინიკეს
და მოხუცის სეირის ყურება არ იყო უცხო ,,რიგში მსხდომთათვის". სხვა დროსაც
ხშირად ენახათ მათი პაექრობა, მხოლოდ ეს იყო, იმ სეირით რომლის ხილვაც მათ
სურდათ, არასოდეს მთავრდებოდა ამ ორი ადამიანის ,,დისპუტი “ . კალინიკე
ყოველთვის ბდღვინავდა, გაჰყვიროდა და წამდაუწუმ შლიდა ხელებს. მოხუცი კი
მშვიდად, ზედმეტი აღელვების გარეშე ეპასუხებოდა, რასაც უფრო გამოჰყავდა
მდგომარებიდან კალინიკე.

მთელი დღე ,,მუჭაგამათხოვრებულნი" ისხდნენ გვერდიგვერდ კალინიკე და მოხუცი.


მომლოცველი არ ელეოდა ტაძარს, ხალხმრავლობა, ჟრიამული და სიცოცხლე სუფევდა
ეკლესიის ეზოსა და შესასვლელში. დამეხმარეთ... გაიღეთ მოწყალება... ღმერთი
შეგეწევათ... ღმერთმა მოგცეთ... გაჭირვებულს შეეწიეთ... დალოცვილი და გახარებული
გამყოფოთ მამა ზეციერმა... - გაისმოდა აქეთ-იქიდან. მზე ისე გადაიწვერა, ერთხელაც
არ აუხედავთ ზევით კალინიკესა და მოხუცს. შელოცვილებივით გაუნძრევლად
ისხდნენ ტაძრის შესასვლელში, მუჭა გაეშალათ და შერცხვენილი რაინდებივით
თავჩაქინდრულნი ჩასქეროდნენ მიწას. მოსაღამოვდა, მიმოიფანტა ხალხი, ტაძრის
კარიბჭესთანაც მიწყდა მომლოცველთა გნიასი, მხოლოდ ავტომობილების შხუილი
არღვევდა სიჩუმეს. ბოლო ღვთისმსახურმაც დატოვა ტაძარი. შესასვლელ კარიბჭეს
ბოქლომი დაადო მამა ნაზარიმ, კალინიკეს და მოხუცს ხურდები ჩაუყარა, პირჯვარი
გადასახა და ფეხით გაუყვა სახლისაკენ მიმავალ გზას. კარგა ხანს დადუმებულნი
ისხდნენ კალინიკე და მოხუცი, თითქოს მდუმარება ჰქონდათ მისჯილი, ვერცერთს ვერ
გაებედა ხმის ამოღება. ისე გაყუჩებულიყვნენ, თითქოს რაღაც ახალი, ამოუცნობი,
საკრალური ხდებოდა მათ ცხოვრებაში. გაყრილი ძმებივით ისხდნენ გვერდიგვერდ
და ერთი სული ჰქონდათ, ვინმეს მათ შორის აღმართული ჯებირი მოენგრია, რათა
ერთმანეთს გადახვეოდნენ. მდუმარება კალინიკემ დაარღვია:

- მოხუცო, დედის სულს გაფიცებ, სიმართლე მითხარი, მართლა გიყვარს და გეიმედება


შენი ღმერთი?

მოხუცმა თავი წამოსწია. შორს, სადღაც მიუწვდომელ უფსკრულში ჩაკარგული


თვალები კალინიკეს მიაპყრო, მარცხენა ხელით მიწა მოჩხრიკა და მიუგო:

- მიყვარს, კალინიკე, და რომ იცოდე, როგორ მერე... იცი შენ, ღვთის სიყვარულშია ჩემი
ბედნიერებაცა და სიხარულიც. ის არის ჩემი ტკივილებისა და ტანჯვის სალბუნი.
რამდენჯერ მიფიქრია, რა უნდა მექნა მის გარეშე, რა აიტანდა ამდენ უბედურებასა და
სივაგლახეს, მაგრამ დიდება უფალს, რომ არა მტოვებს, მამხნევებს და სიხარულით
მივსებს ამ ბებრუხანა გულს. კალინიკე ქვადქცეულივით გაშეშებული უსმენდა მოხუცს
და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა...

- მაგრამ თუ გიფიქრია, რა გვინდოდა იმ პატიოსანი კაცისგან კალინიკე? რად


მოვექეცით ასე იმას, ვინც ჩვენს მიერ ატალახებულ ქვეყანაში უსპეტაკეს მარგალიტად
მოგვევლინა? გატყიურებულებს,

გავერანებულებს, მხეცად ქცეულებს სიყვარულის და სიკეთის ხელი გამოგვიწოდა,


მაგრამ სად გინახავს ქვეყანაზე უბრალო, უმწიკვლო და შეუნიღბავი სიყვარულის
შემწყნარებელი კალინიკე?... ჩვენ ხომ ძაღლებივით გამორჩენაზე ვართ და ვინც ქონით
გაპოხილ პურის ნაგლეჯს მოგვიგდებს, იმას ვუკოცნით ფეხებს. რა თავში ვიხლით
მხოლოდ სიყვარულს, ურთიერთთანაგრძნობასა და ურთიერთგატანას. ჩვენ იმას
გავაღმერთებდით, ვინც ყვრიმალში შემომრტყმელს უმალ ხელებს მიამტვრევდა და მის
ხელმრუდობას პირიდან წამსკდარი სისხლით აზღვევინებდა. რა ჩვენი საკადრისია
უიარაღოდ, უაბჯროდ მოსული ღმერთი? რა თავში იხლის კაცი მხოლოდ
სიყვარულით, სისპეტაკითა და სიმართლით მოსულ ღმერთს. ღმერთი ის იქნებოდა,
ჩვენი სურვილების, ოცნებებისა და მისწრაფებების აღმსრულებელი რომ ყოფილიყო.
ჩვენთვის მკვდარი ლაზარეს აღდგინება თვალის შექცევაა მხოლოდ კალინიკე,
ნამდვილ სასწაულმოქმედად კი იმას მივიჩნევთ, ვინც ჩვენს მიერ მიწაზე გართხმულს,
გავერანებულს და დაქცეულს მუჯლუგუნს მიაყოლებს, სულს ამოართმევს და პირს
მიწით ამოუვსებს. ესაა ჩვენი ღმერთიცა და უღმერთობაც კალინიკე. სატირალში თუ
ხარ ნამყოფი, გინახავს ალბათ, რა ვაივიშით, ტირილითა და ცრემლით აცილებენ
ადამიანს ამქვეყნიდან. ეს არის მისი საბოლოო თანაგრძნობა. ცრემლის გარეშე ვერა
ხორციელი ვერ გავა წუთისოფლიდან. მოკეთე თუ არა, ვინმე უცხო მაინც გააყოლებს
ცრემლს. სახრჩობელა რომ სახრჩობელაა, ზედ ჩამოკიდებულ ავაზაკსაც ტირილითა და
ვაივიშით აცილებენ. ჩვენ კი რა ვქენით კალინიკე? ღმერთს პირი შევუკარით, წამებაში
ამოვხადეთ სული, მაგრამ ვიდრე მოვკლავდით, ათასგზის ვაგემეთ სიკვდილი და
რატომ კაცო?! იმიტომ, რომ ჩვენისთანა არ იყო კალინიკე, იმიტომ რომ
ურთიერთსიყვარული გვიქადაგა, იმიტომ რომ ჩვენი მტრებიც ისევე შეიყვარა, როგორც
თითოეული ჩვენგანი, იმიტომ, რომ ფეხები დაგვბანა კალინიკე, ჩვენ კი ფეხისმბანელი
ისეთი მოგვწონს და გვიყვარს, ვისაც ფეხის ბანის შემდეგ ფეხის გულებს ვაფხანინებთ
და მერე ერთ კაი მუჯლუგუნსაც ვუთავაზებთ. ეს არის ჩვენი უბედურება კალინიკე, -
მოხუცი შეჩერდა, მუჭაში ჩაყრილი მიწა ერთიანად დაფშვნიტა და ძირს დაყარა.

- ეს დღეც მიილია კალინიკე, ვიდრე ძალიან დაბნელდებოდეს, იქნებ სჯობდეს, ჩემთან


წავიდეთ, თავშესაქცევად ცოტაოდენი ნაწყალობევი ღვინო უნდა მქონდეს სახლში.
გზად სელიფანს შევუაროთ, ,,ზაკუსკეული “ ვიყიდოთ, თვითონაც გვიწყალობებს
რამეს და მშვიდობიანად ,,ავუგოთ წესი “ დღევანდელ დღეს.

კალინიკემ პასუხად ჯიბე მოიჩხრიკა, კარგა ბლომად ნაწყალობევი ხურდები


გადათვალა, ,,დღეც ამას ჰქვიაო" ღიმილნარევად მიაძახა მოხუცს და ფეხზე წამოდგა.
თავი IV
მგლისფერი გადაჰკვროდა ცას - გაპარული მზით გულგამოცლილს. ქვეყნის
დასალიერში სულს ღაფავდა სადღაც შორს გადაკარგული მზე, ნადეკემბრალი.
როგორც იქნა ჩაინთქა გავარვარებული ბურთი უსახელო მთის ქიმთან, გადაიწვერა და
ნელ-ნელა გაილია უსაზმნო სიზმარივით მზე იანვარისა! განძარცვულ ცაზე
ქურდულად შემოიპარა მოკაკვული მთვარე, ზეციურ ჩირაღდნად მობრდღვიალე.
იბარტყა მთვარეული ფლირტით აგზნებულმა ზეცამ და ვარსკვლავთა ჯარიც საფარში
მყოფი ლეგიონივით გამოჩნდა ადგილ-ადგილ. შემოისხა ზეცამ ჯადოსნური,
იდუმალი, მიუწვდომელი პერანგი ღამისა!

ორნი მიუყვებოდნენ ყინვა-სიცივისგან ფოთოლგასხეპილი ხეების რიგში გატრუნულ


ქუჩას. ცოტა ხანში კი ხუთსართულიანი სახლის ნესტით გაჟღენთილ სარდაფში,
პატარა ტაბლის ირგვლივ სამფეხა სკამზე ისხდნენ. მოხუცი მძიმედ წამოდგა,
კარადიდან ზეთით ნახევრად სავსე ბოთლი გამოიღო, ღვთისმშობლის ხატთან
ჩამოკიდებული კანდელი გადაავსო, უღელი გაუსწორა და ცეცხლი შეუნთო.
მეწამულისფრად იბრდღვიალა მოწითალო შუშიდან ავარდნილმა ალმა და იდუმალი
ნათელი მოჰფინა მიწაში ჩავარდნილ ოთახს. ცოტაოდენი მჟავით, ხმელი ლობიოთი და
კარგად გამოყვანილი შაშხით ,,შეეკაზმათ “ მაგიდა. აგურებზე შემდგარი კარადიდან
ღვინით სავსე გრაფინი გამოიღო მოხუცმა და იქვე, სკამის გვერდით ჩამოდგა. ღმერთი
ახსენა მოხუცმა, წასულები მოიხსენეს და ერთმანეთს გაძლება უსურვეს.
დანაყრებულებს იმდენად აღარ აწუხებდათ ძვალში გამჯდარი ყინვა. დუმილი
კალინიკემ დარღვია, სკამიდან წამოდგა, ოთახის ნუგეშად მანათობელ სარკმელს
მიუახლოვდა, გველის კანივით გადახორკლილი მაჯა დაორთქლილ შუშას გადაუსვა
და შემზარავად ამოიხვნეშა.

- დავიღალე მოხუცო... ძალიან დავიღალე... ნეტაი მაცოდინა როდემდე უნდა


გაგრძელდეს ჩემი ტანჯვა, ან როდის უნდა ამეხსნას ამ გაუსაძლისი საპატიმროს
ბორკილები მაჯებიდან...

- გვეშველება, აბა რა იქნება კალინიკე, რა არის ამ ქვეყანაზე უსაშველო, ჩვენ რომ არ


გვეშველოს. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ცოცხლები ვართ და ასე თუ ისე,
ლუკმაპურს ვჭამთ, - წყნარად მიუგო მოხუცმა. კალინიკე გაუნძრევლად, მხოლოდ
თვალებით მიაცქერდა მოხუცს და წყნარადვე უპასუხა:

- ჩვენი უბედურება ის არის მოხუცო, საშიმშილოდ განწირული არსებებივით,


გადასარჩენად საშოვნელი ფულის მათხოვრობაში რომ ვატარებთ ცხოვრებას,
საღამოჟამს კი, გროშების თვლისას გვიბრწყინდება კიდევ ერთი დღით გადარჩენილი
სიცოცხლის ზეიმით მოელვარე თვალები. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ვიტანჯები,
მთელი დღის ყინვა-სიცივეში გამოჭენებულს, ცის ქვეშ უპატრონოდ გამოკიდებულს,
მოკეთე, მომკითხავი და გულშემატკივარი რომ არ მეგულება ამქვეყნად. განა არ
მეფიქრება შენი ღმერთი?!... სწორედ რომ გულის სიღრმეში მეტი საფიქრალი არც
არაფერი მაქვს, მაგრამ იცი შენ, როგორც არ უნდა დაგლახაკდეს ადამიანი,
საგვარეულო აბგასავით ზურგზე მოკიდებულს დაატარებს იმედს. შენი ღმერთიც
ისეთივე იმედია ჩემთვის, მაგრამ უკვე დაძველებული, ობმოკიდებული, სადღაც
შორეულ ნაფიქრალში დატოვებული, ისეთივე განწირული და არაფრის მაქნისი,
როგორიც მომაკვდავისთვის შუბლზე გადასმული ხელია...

- ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოს, კალინიკე, - შეუმჩნევლად წაიჩურჩულა მოხუცმა და


ტილო გადაუსვა ალაგებულ მაგიდას.

- კაცო, ჩემი ის გამკვირვებია, სადღაც გულის სიღრმეში მაინც ჩემთვის საძულველი და


მტრადმოკიდებული ღმერთის იმედზე რომ ვარ. არ გესწავლება შენ, ჩვენი ხელობის
ადამიანს ფიქრის მეტი სხვა საქმე არაფერი აქვს ქვეყანაზე. ჰოდა, აი, უკვე სადაც არის
სამოცდაათი წელი შემისრულდება და ამოდენა ნაფიქრალში ვერასგზით გავიგე ასეთი
რა მსხვერპლი მაქვს გასაღები, ან რა სიმართლე უნდა აღასრულოს სხვისი ნამუსრევის
თქვლეფით გადარჩენილი უგვარტომო კალინიკეს სიცოცხლემ? ჩვენი ყოველი დღე ხომ
იმ ძაღლს წააგავს, საჭმელ-სასმელით გადავსებული სუფრის შორიახლოს რომ
წკავწკავებს და კარგად გამოხრული ძვლის ან მორჩენილი ხორცის ნაგლეჯის
მიგდებისას კუდის ქიცინით გამოხატავს მადლიერებას - მეტი არაფერი შეუძლია და
მიტომ. ასეთ გაძაღლებულ ცხოვრებას იქნებ სჯობდეს კიდეც...

- ღმერთს ნუ სცოდავ, კალინიკე, - შეაწყვეტინა სიტყვა მოხუცმა.

- რომელ ცოდვა-მადლზე მელაპარაკები, კაცო? ჩემი დაჩივლება თუ ცოდვაა, ჩემს


გამათხოვრებას რაღა დავარქვა? რა დავარქვა იმას, რასაც შენი კაცთმოყვარე და
მოსიყვარულე ღმერთი ატრიალებს ჩემს თავს? მე, არაფრისშემძლე და გავერანებული,
თუ თხოვნა-მუდარას არ ვიშურებდი ერთი პეშვი ბედნიერებისთვის, განა რა გაუხდა
ერთი ადამიანის შეწყალება შენს ყოვლისშემძლე ღმერთს? შენი ღმერთის
ყოვლისშემძლეობის ზღაპარი იქ მთავრდება მოხუცო, სადაც ჩემისთანა მათხოვრის
დაუსრულებელი ტანჯვა იწყება. მეყო პირჯვრის წერა და მეტანიები, აღარ დარჩა
ჩემგან ადამიანი... აღარ... ერთი საშოვარს გადაგებული, გადარჩენის ინსტიქტით
მცხოვრები უსახელო არსება ვარ, რომელსაც ამ ქვეყანაზე მათხოვარს ეძახიან!

- ღმერთს არც ერთი და არც ათასი ადამიანის ბედნიერება ენანება კალინიკე, მაგრამ
ჩვენ ხომ პატარა ბავშვებივით ვართ, ტირილითა და ცრემლებით ვითხოვთ სანატრელ
,,სათამაშოს ” და როდესაც თვალებგაბრწყინებულნი ხელში ჩავიგდებთ ჩვენი
,,ბედნიერებისათვის ” აუცილებელ ნივთს, მერე გვეხსნება მადა... განა მე არ მეჩივლება

ჩემი გაძაღლებული ცხოვრება?! იცი შენ, კალინიკე, უმადურობა შვებას არ მისცემს კაცს,
თუ არ გააბოროტებს და წაახდენს, მაგრამ რისი მაქნისი ხარ კაცი, თუ ისევ უფლის
იმედად არ იქენი? ისევ მას შეუძლია მოგხედოს და მოგაქციოს ადამიანი.

- უმადურობაო? - ნერვიულად გამოსცრა კალინიკემ - უმადური რომ იყო შე კაცო,


უკმაყოფილო მაინც უნდა დარჩე რაღაცით. არაფრის მქონესთან და უთვისტომოსთან
რა უნდა უმადურობას? სად გინახავს სიცოცხლით შეშინებული კაცის უმადურობა?
უმადურობა კი არა, ნეტაი ერთი გაჩერდებოდეს ეს ოხერი გული... - ამოიხვნეშა
კალინიკემ და დამძიმებული სუნთქვა ამოაყოლა უკანასკნელ სიტყვებს.
- ტყუილად გაქვს მაგის იმედი, კალინიკე, არგასაჩერებელს არ გააჩერებს, იმის
მადლსა და ძალს ვენაცვალე.

- ჩემი გულის გაჩერება გახრწნილი ლაზარეს აღდგინებაზე დიდი მადლი იქნებოდა


მოხუცო. ნამდვილი სასწაული კი, იმ ბავშვების გადარჩენა იქნებოდა, დღე და ღამე
ჩვენთან ერთად რომ იხდიან ამ ქვეყანაზე მოვლინების ხარკს და თმაგაბურძგნულები
ითხოვენ დახმარებას. სჯობს, მაგ შენმა ღმერთმა სასწაული თუ მოსახდენია, ისევ მათ
თავზე მოახდინოს, თორემ მე, ღმერთისაგან მიტოვებულს, რაღა ჯანდაბად მინდა
სასწაული და შველა. აწი, რაც უნდა მოულოდნელი სიკეთე დატრიალდეს ჩემს თავს,
სხვა არაფერი იქნება, თუ არა ჯამბაზობა. რაც უნდა ჯადოსნური სული შთამბეროს
შენმა მაცხოვარმა დღეს, მაინც ჯანგამოცლილი, ნატანჯი და სასიკვდილოდ
გამზადებული მათხოვარი ვარ. ჩემნაირი სასიკვდილოდ გამზადებული და მიხრწნილი
კალინიკეს ფეხზე დაყენება ჯამბაზობა იქნება დღეს, სწორედ რომ საცირკო
ჯამბაზობა მოხუცო, სადაც მაყურებელთა შეძახილები და გაოცება წარმოდგენის
დამთავრებისთანავე ქრება და ილევა. იცი შენ, ჩემი და შენი წარმოდგენა დასასრულს
მიახლოვებულია უკვე და ჩვენი საამქვეყნოდ მობრუნებაც იმ კაცის თვალებში
გამოხედვას დაემსგავსება, სასიკვდილოდ გადადებულს რამდენიმე დღის მერე
უეჭველად რომ მიაბარებენ მიწას!

- ღვთიიიისმშო-ბე-ლო ქალ-წულო, გი-ხა-რო-დენ მი-მა-დლე-ბუ-ლო მააა-რიიი-


აააამ...- ჩაიგალობა მოხუცმა და რაღაც გაუგონარი სიტკბო ამოაყოლა სიტყვებს.
უეცრად გაივსო, თითქოს გაიბერა და უჰაერობამდე გაიტრუნა ოთახი. კალინიკეც
დაობებულ კედელზე მიტმასნული ხვლიკივით გაისუსა. მობუზული შეჰყურებდა
საწოლზე მივარდნილ ბერიკაცს, რომელსაც თვალთა უპენი ცრემლით გავსებოდა და
ცრემლითვე შემრეშილი ხმით ღვთისმშობლის საგალობელს ამოთქვავდა. სათქმელზე
უფრო მეტი იდუმალება და სიბრძნე მოჰყვებოდა მოხუცის ,,ღიღინს “ , ცრემლეულს.
კალინიკეც შეაფხიზლა გალობამ, მოხუცის შემხედვარეს რაღაც უცნაირად დაუარა
ჟრუანტელმა ძარღვებში და ტუჩაკანკალებულს საშინლად მოუნდა ბოლო ხმაზე
ღრიალი. უნდოდა ცამდე ეყვირა, ეღრიალა ის ტკივილი, ის ტანჯვა, რომელსაც მთელი
ცხოვრება მოუშორებელი ტყლიპივით დაატარებდა. აქეთ მოხუცის სულისშემძვრელი
გალობა უვსებდა გულს, იქით კი ყოველდღიური გამწარებული ცხოვრებისგან
,,დახორკლილი “ სხეული ხდებოდა აუტანელი. აღარ იცოდა, რა ექნა, ძლივს იკავებდა
თვალებში მომდგარ ცრემლს ხმაწართმეული. აქეთაც და იქითაც ტანჯვა და სატკივარი
იყო მისთვის. აქეთ ღმერთი იყო, დიდი და ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ მისთვის
უნიათო და არაფრისმაქნისი, იქით კი ცხოვრება აჩანაგებდა და მიწასთან ასწორებდა
ყოველდღიურად. ასე ორ გზას შუა ილეოდა კალინიკეს ცხოვრება, მაგრამ საკუთარი
გადასახედიდან არც ერთი იყო გზა მისთვის და არც მეორე. ვერც საკუთარ
სიცოცხლეს დაარქმევდა ცხოვრების გზას და ღმერთისა და მისი ბილიკების ხომ ვერა
გაეგო საერთოდ. უბედურება ის იყო, რომ გონების თვალსაწიერითაც ვერ სწვდებოდა
მესამე გზას, რომლისკენ გასასვლელ გვირაბს მაინც მთელი ცხოვრება ჯიუტად
მიითხრიდა, მაგრამ ამაოდ, სულში გაჩენილი ღრმულის მეტი ვერაფერი შედეგი
გამოიღო მისმა ყოველდღიურმა ჩიჩქნამ და ძიებამ. საბოლოოდ მაინც ორ გზას შუა
იყო გაჩხერილი, უბილიკოდ, უფსკრულის შორიახლოს მდგომი, რომლის კიდეს
დღითი დღე უახლოვდებოდა და მიუწვდომელი ფსკერიც ნელ-ნელა შესამჩნევი
ხდებოდა. ერთ მხარეს ჩამოძენძილი ცხოვრება იყო, რომელსაც რის ვაი-ვაგლახით
მიათრევდა, მეორეზე კი - ღმერთი, ყოვლისშემძლე და არაფრისმაქნისი ღმერთი,
რომელიც, როგორც მოხუცი ეტყოდა ხოლმე, დიდსულოვნად ითმენდა კაცობრიობის
გავეშებულ ქშინვას, ღორმუცელობასა და ხროტინს. ის ღმერთი, რომელმაც
მოხერხებული მეზღაპრესავით მოტყუებული დატოვა, არც ,,ლხინი" უწყალობა და არც
,,ფქვილი", ,,ქატო და ჭირი" კი, რამდენიც გენებოთ, თავზე საყრელად...
თავი V
ფიქრებში გადავარდნილი კალინიკე მიწად დაგებული იატაკის გაშავებულ ნარზე
მიწვა, ზურგზე დათბილული ზეწარი გადაიფარა და ფშვინვა ამოუშვა. მოხუცი კი
ღვთისმშობლის საგალობლით მიიღიღინებდა გზას მიწად ჩავარდნილ ოთახში.

კიდევ ერთი ღამით ,,ბერდებოდა ” დედამიწა. კიდევ ერთი ,,ნაოჭი", ერთი ,,ჭაღარა ”
უჩნდებოდა კაცობრიობის სადგომს - მათუსალაზე ხნიერსა და ,,კუდიანს ” .
კალინიკეს მსგავსად, ისიც კიდევ ერთი დღით უახლოვდებოდა უფსკრულს, სადაც
ადრე თუ გვიან უცილობლად ამოანთხევდა შიგნეულს და მოუსავლეთში
გაისტუმრებდა საკუთარ გულ-მუცელში მოფუსფუსე ,,ჭილყვავებს", რომლის ერთი
ნაწილი ჩაშავებულ მდუმარებაში ჩაფლულიყო და ტკბილ ძილს მისცემოდა. ეძინა
ქალაქს, ეძინათ ადამიანებს, მათხოვრებსაც და მათ შემწეებსაც. შუაღამის მდუმარებაში
ბიუსტებიც უფრო გაშეშებულნი ჩანდა, ვიდრე მძინარე ადამიანები. არ ეძინა მხოლოდ
შემოქმედს, შემქმნელსა და ღმერთს - მოხუცის ღმერთს, რომელსაც, მისი აზრით, არც
არასოდეს ეძინა და ყოველთვის ფხიზლობდა კაცობრიობის სადარაჯოზე. კალინიკეს
ღმერთი კი სწორედ რომ საღათას ძილში იყო ჩაფლული და ეს ღვთაებრივი თვლემა
იყო მისი, როგორც ღმერთის, ერთადერთი ნათელი დასტური დანაშაულისა, მაგრამ,
კალინიკეს აზრით არც ფხიზელი ღმერთი იყო უმწიკვლო და ნათელი ადამიანთა
წინაშე. მისი აზრით, ფხიზელი ღმერთი ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილ იმ დამნაშავეს
წააგავდა, ფარდის მიღმა შეძრწუნებული სახით რომ გაჰყურებს ღამით ქუჩაში
სასიკვდილოდ განრთხმულ ადამიანს და ნაცვლად იმისა, რომ წყალი მაინც მიაწოდოს
სულთმობრძავს, დამწუხრებული სახავს პირჯვარს სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს
ხილვით ზეშთაგონებული. აღარ უყვარდა ღმერთი კალინიკეს! უფრო სწორედ
უყვარდა, მაგრამ დიდი ხნის წინათ, მაშინ, როდესაც სიყვარული გატაცება უფრო იყო
მისთვის, ვიდრე განცდა და გრძნობა. ჰოდა, მასაც გატაცებით უყვარდა ერთ დროს
ღმერთი, მაგრამ ეს იყო ბოლომდე ვერ იბარტყა გრძნობამ, ვერ განიცადა, ვერ
გაისისხლხორცა და დღეს კი, ერთ დროს საყვარელი არსებისაგან ათასგზის
ნაღალატევს და მოტყუებულს, სიყვარული სიძულვილად ქცეოდა და შერცხვენილი
რაინდივით მზად იყო, შურიც კი ეძია ერთ დროს ,,სატრფოყოფილზე “ .

დილაადრიანად წამოდგა მოხუცი საწოლიდან. კალინიკემაც მძიმედ გაახილა


თვალები და ზეწარში შეყუჟული, ძილბურანით გაშტერებული თვალებით
შესცქეროდა ნესტის სუნით დამძიმებული ოთახის სარკმელს. ნელ-ნელა ისიც
წამოდგა, აბურძგნულ თმაზე ხელი გადაისვა და სარკმელი გამოაღო. უკნიდან მოხუცის
ჩიფჩიფი ესმოდა. დილის ლოცვებს ჩურჩულებდა ყინვისაგან შეციებული ბერიკაცი.
ცოტა ხანში კი ქვესკნელიდან გამოპარული აჩრდილებივით მიუყვებოდნენ ზამთრის
სუსხში გახვეულ ქუჩას.

- კალინიკე, - ხელში რაღაც შეათამაშა მოხუცმა და კალინიკეს გაუწოდა, - შეხედე


ერთი, თუ ღმერთი გწამს, ეკლესიის ეზოსთან ვიპოვე ადრე... რაღაც ძვირფას
სამკაულს უნდა ჰგავდეს მე და ჩემმა ღმერთმა. კალინიკემ დახორკლილი ხელებით
შეათვალიერა სამკაული და ჩაფიქრებულმა მიუგო მოხუცს:
- ქალის ყელსაბამი უნდა იყოს, თანაც, თუ თვალი არ მატყუებს, ძვირფასი.
მშვენივრად დაუსაჩუქრებიხარ ღმერთსა, ამის საფასურმა შეიძლება ცოტა ხნით
ადამიანურ ცხოვრებაშიც კი დაგაბრუნოს იცოდე. რას უპირებ, აღარ იტყვი კაცო?... რას
დამუნჯებულხარ შელოცვილივით შე კაცო? შეუსმენია ღმერთს შენი ლოცვები და აგერ,
მშვენიერი ლუკმაც გადმოუგდია.

- არა, კალინიკე, ამ ბოლო დროს ბევრსა ვწვალობ სიზმრად. აი, თუნდაც გუშინ, მთელი
ღამე ღვთისმშობლის ხატს ვუტრიალებდი და დავიტანჯე კაცი. რაღაც კი მინდოდა,
მაგრამ ვერაფრით გამეგო, რასა ვწვალობდი. თითქოს რაღაცას ვეხვეწებოდი, მაგრამ არ
მახსოვს ეს ოხერი. ისე კია, ამ ბოლო დროს სიზმრად უფრო ბევრსა ვფიქრობ
ღვთისმშობელზე, ვიდრე ცხადში. შევწირავ ღვთისმშობელს, მეც შემიწირავს და იმ
ღვთისნიერსაც, ვისაც დაუკარგავს.

კალინიკე ჯერ კიდევ გულდასმით ატრიალებდა ხელში ყელსაბამს, როდესაც მოხუცის


მზერა ცოტა მოშორებით რაღაცამ მიიპყრო. მოხუცი ადგილზე გაშეშებულიყო და
გაფითრებული სახით რაღაცას გაჰყურებდა.

- კალინიკე, მეჩვენება კაცო, თუ რა მჭირს, შეხედე ერთი, მგონი ხიდზე უნდა იყოს
გადამდგარი ვიღაც … კალინიკემაც იქით მიაპყო მზერა, საითაც მოხუცი იყურებოდა
და ნახევრად სიბნელეში გაურკვეველ სილუეტს მოჰკრა თვალი, რომელიც მართლა
ხიდის მოაჯირზე გადასულიყო, უკნიდან ორივე ხელით მოაჯირს ჩასჭიდებოდა და
შეუმჩნევლად ირწეოდა.

- მგონი ხიდიდან ხტება ეს უბედური - გამოსცრა კალინიკემ და გაკვირვებული


მზერით გახედა მოხუცს. - ხიდიდან ხტება? რას ამბობ, კაცო?! ჩქარა, კალინიკე, ჩქარა
თუ გიყვარდე, იქნებ მივუსწროთ და ვუშველოთ რამე მაგ უბედურს, - ამ სიტყვების
თქმა იყო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაქანდა მოხუცი ხიდისკენ, მიჰყვა
კალინიკეც ფეხის ჩოთირით. მირბოდა ორივე როგორც შეეძლოთ. გზა გადაირბინეს და
ხიდის იმ მხარეს გადავიდნენ,

სადაც უცნობი მოჩანდა. რაღაცას გაჰყვიროდა მოხუცი და თან ხელებს იქნევდა


უაზროდ. როდესაც მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც სილუეტი დალანდეს, უეცრად
ქალის განწირული კივილი გაისმა. მოხუცი შეჩერდა, კალინიკეც ამასობაში ქოშინით
მიუახლოვდა მოხუცს და ორივე გაოგნებული შეაცქერდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც
ხიდის მოაჯირზე გადამდგარიყო და შეშლილი თვალებით ხან ხიდს ქვევით წყალს
ჩაჰყურებდა, ხანაც კალინიკესა და მოხუცისკენ აპარებდა მზერას.

- არ მომეკაროთ, თქვე უღმერთოებო! - შეჰკივლა ქალმა, ხელები უფრო წაიგრძელა,


მუხლებში მოიხარა და წყლისკენ გადაიწია.

- არ ქნა, შვილო … - განწირული ხმით შესძახა მოხუცმა, ხელები სახეზე აიფარა და


მუხლებზე დაემხო. კალინიკემ ქალისკენ ნაბიჯის გადადგმა დააპირა, მაგრამ
მოხუცმა შეაჩერა. ხუთიოდე მეტრის მოშორებით იდგნენ ქალთან, მაგრამ ვერცერთი
ბედავდა მიახლოვებას. დილის სუსხიანი ნიავისგან აკანკალებულ ქალს აწეწილი
თმა სახეზე შემოხვეოდა, ფეხის წვერებზე შემდგარიყო და ელოდებოდა იმ წამს,
როდესაც მოთმინების უკვე ავსებულ ფიალას ბოლო წვეთი გადაავსებდა და საკუთარ
თავს გამოუტანდა განაჩენს. შეშლილი სახით შეჰყურებდა კალინიკე ქალს. თითქოს
ხვდებოდა, რა ბრძოლაშიც იყო ჩაბმული, ხვდებოდა, რომ ეს იყო მისთვის საბოლოო,
ყველაზე რთული და გადამწყვეტი ბრძოლა - ბრძოლა თვითმკვლელობისთვის!
ბრძოლა, რომელიც, კალინიკეს აზრით, ადამიანისთვის ყოველთვის ორმაგი შედეგით
მთავრდებოდა - საკუთარ თავთან დამარცხებით და ყოვლისშემძლე ღმერთზე
გამარჯვებით. მხოლოდ თვითმკვლელობით შეეძლო ადამიანს შურისძიება
ღმერთზე. სჯეროდა კალინიკეს, რომ ყოველი თვითმკვლელი მებრძოლი იყო,
შეუპოვარი მებრძოლი. ეს იყო მხოლოდ, რომ, მისი აზრით, ყველა თვითმკვლელობით
შეპყრობილს ერთი და იგივე მოწინააღმდეგე ჰყავდა და ერთსა და იმავე ,,არსებასთან “
უწევდა ბრძოლა. იმ ,,არსებასთან “ , რომელიც ამ ბრძოლაში ყოველთვის გადარჩენილი
კი გამოდიოდა, მაგრამ არა გამარჯვებული, რადგანაც ყოველი ადამიანის
თვითმკვლელობა ამ ადამიანთან ერთად მისი დამარცხებაც იყო-დამარცხება,
როგორც ყოვლისშემძლე ღმერთის! ამ ფიქრებში იყო კალინიკე, როდესაც ქალმა
უეცრად ხმამაღლა გადაიკისკისა, ამღვრეული თვალებით გადახედა ორივეს და ვიდრე
მოხუცი ფეხზე წამოიმართებოდა, თითქოს ნაბიჯის გადადგმას აპირებსო, ორმოში
უეცრად ჩავარდნილი ადამიანივით მოწყდა ხიდიდან. ყვირილით მისცვივდნენ
კალინიკე და მოხუცი მოაჯირს, საიდანაც ჯერ კიდევ ჰაერში დაკიდებული სილუეტი
მოჩანდა, რომლის კივილს ნაწვიმარი ღამეებით ადიდებული მდინარის ხმაურიც ვერ
ახშობდა. უეცრად გაისმა შორეული ხმა მდინარისა და კივილიც შეწყდა. მოხუცმა
ხელები ჩასჭიდა მოაჯირს, მარჯვენა ფეხით რის ვაივაგლახით გადაევლო და ის იყო
გადავიდა კიდეც, რომ ყვირილით წელზე შემოეხვია კალინიკე და უკან გადმოთრევას
შეეცადა. მოხუცი შემობრუნდა, მთელი ძალ-ღონით სახეში შემოჰკრა კალინიკეს და
ხიდიდან გადაეშვა. რამდენიმე წამით გონება დაებინდა კალინიკეს. გონს მოგებული
მოაჯირს გადაეკიდა და შიშისაგან აკანკალებული ჩაჰყურებდა ადიდებულ მდინარეს,
რომელიც ამოშენებულ კალაპოტში ვეღარ თავსდებოდა და ტორტმანითა და ღმუილით
მიიკვლევდა გზას. ძლივს-ძლივობით გადაირბინა ხიდის მეორე მხარეს, მაგრამ ამაოდ,
იქიდანაც ვერაფერი დალანდა, გარდა გაქანებული მდინარისა, რომელიც ღამის
ბინდბუნდში მოზღვავებული ძალ-ღონით მიჰქროდა სამშვიდობოს. კალინიკე
შეშლილივით დარბოდა ხიდის ერთი მხრიდან მეორეზე, რაღაცას მოთქვავდა
ხმამაღლა და შველას ითხოვდა ხელაპყრობილი. ვეღარ ამჩნევდა, ნელ-ნელა როგორ
გროვდებოდნენ ირგვლივ სეირის მაყურებელნი, რომელნიც ერთმანეთს ასწრებდნენ
მოაჯირთან მისვლას და აზარტული ცნობისმოყვარეობით ჩაჰყურებდნენ მდინარეს.
იმატა ხალხმა, მდინარის ჯებირებთანაც შეგროვილიყვნენ ადამიანები, რომლებიც
გაურკვევლად მოძრაობდნენ და ქაოსურად ცვლიდნენ ერთიმეორეს. ყურთასმენა
დაჰკარგვოდა კალინიკეს, თითქოს გაბუჟებოდა ყველაფერი და აღარაფერი ესმოდა
დედამიწის ზურგზე. მიწაზე ჩამომჯდარი გაფითრებული გასცქეროდა მდინარეს,
რომელიც დღის სინათლით გამოცოცხლებული, ნელ-ნელა იცვლიდა ფერს და
სიბნელიდან სინათლეში იბადებოდა. შორეულ ჰორიზონტზეც ,,ფეხს იდგავდა “ მზე
იანვარისა. ივსებოდა და კაშკაშებდა ისე, თითქოს ნათელი უნდა მოეფინა
ყველაფრისთვის, თითქოს თავზე უნდა წამოსდგომოდა სიბნელით აგზნებულ
კაცობრიობას და დღის სინათლეზე გამოეტანა ყოველივე, მაგრამ უეცრად მზემ თვალი
მოსჭრა კალინიკეს, თითქოს მხოლოდ მის წინ, მის დასანახად აღმართულიყო
უზარმაზარი ცეცხლოვანი
ბურთი, რომელიც ფეხზე აყენებდა, აცოცხლებდა, ახალი სულითა და ენერგიით
აღავსებდა ირგვლივ ყოველივეს. ცდილობდა კალინიკე, თვალი გაესწორებინა
მზისთვის. უნდოდა უჩვეულოდ დაჩრდილული და მგლოვიარე ყოფილიყო მზე,
რომელიც ცოტა ხნით მაინც იგლოვებდა ადამიანთა დაწყევლილ სადგომს, მაგრამ
ამაოდ, ნელ-ნელა ძალას იკრეფდა ბუნება, მზის სინათლეც უფრო და უფრო
თვალისმომჭრელი ხდებოდა და ჯადოსნური სხივებით აღწევდა ყველგან. აფრქვევდა
თვალსმომჭრელ სინათლეს, მაგრამ არა სიმართლეს! ანათებდა, მაგრამ ვერ ამხელდა!
რადგან კვლავაც დუმდა მთავარი გამრიგე ტყუილ-მართალისა. ისევ დუმილით სჯიდა
კაცობრიობას ღმერთი და ამ უკიდეგანო დუმილში კალინიკეც მოგლეჯილი
ბიუსტივით გაუნძრევლად ეგდო მიწაზე. დიდი ხნის წინ სულში გაჩენილი ბზარი
უზარმაზარ ნაპრალად ქცეოდა და დამსხვრევას უქადდა უპატრონოდ დარჩენილ
მათხოვარს.
თავი VI
ერთი კვირის თავზე იპოვნეს საროსკიპოდან გამოპარული ძე შეცდომილი. ქალაქის
მოშორებით გაერიყა მდინარეს ქალი. მოხუცის სხეულს კი კარგა ხნის მერე მიაგნეს.
უთენია შეუმჩნევია მეთევზეს ქვიშაში ჩაფლული ბერიკაცი, რომელსაც მალევე
მიუჩინეს საუკუნო განსასვენებელი უპატრონოთა მიწაზე. ვიდრე მოხუცის სხეულს
მიაგნებდნენ, პარაკლისი არ დაუკლია მოძღვარს. მას შემდგომ კი, რაც წყლიდან
გამოიტანეს მიხრწნილი ბერიკაცი, წესიც აუგო და პანაშვიდიც თავის დროზე
გადაუხადა. კალინიკეც დიდხანს და ხმამაღლა გლოვობდა მოხუცს. თვალცრემლიანი
ჰყვებოდა ეკლესიის ეზოში მოხუცის ამბავს საგმიროს, მაგრამ თუ კარგად
დააკვირდებოდა კაცი, მგლოვიარეზე მეტად შეშინებულს უფრო წააგავადა იგი.
აღარავის ესმოდა მისი რიხიანი ხმა ეკლესიის კარიბჭესთან. აღარც ღმერთთან
ასწორებდა სახალხოდ ანგარიშებს და დამარცხებული ფალავანივით თავჩაქინდრული
დააბოტებდა უადგილოდ. ხოლო სევდანარევი თვალები, რომელნიც უფრო
ჩავარდნოდა უპეში, მეტ სასოწარკვეთილებას მატებდნენ დაძენძილ ძველმანებში
გამოწყობილ მათხოვარს.

ხან ჩამქრალი ელმავალივით მძიმედ მიგორავდა დედამიწა მომავლის


ლიანდაგზებზე, ხანაც დღე-ღამის მონაცვლეობით უზარმაზარი ,,დირიჟაბლით “
მიაქროლებდა შემოქმედი კაცობრიობას დასასრულისკენ. არავის ენახა პირველი
აფრენა, პირველი დაძვრა უზარმაზარი ,,ვაგონისა “ , მაგრამ ყველამ იცოდა, რომ
მგზავრები იყვნენ და ჰაერში გამოკიდებულნი მიტორტმანებდნენ საერთო
დასასრულისკენ. სწორედ რომ საერთო დასასრულისკენ მიიზლაზნებოდა დედამიწა,
იმ დასასრულისკენ, რომელიც ისეთივე ბურუსით მოცული და აუხსნელი იყო,
როგორც დასაწყისი. დაუსრულებელ ზღაპარს წააგავდა კაცობრიობის მსვლელობა
ზეციური მარადისობისკენ, ზღაპარს, რომელშიც ბოროტი - კეთილს, მშიშარი -
უშიშარს, ტყული - მართალს და საერთოდ, ყველა ერთიმეორეს ექიშპებოდა და
ებრძოდა. ზღაპარს, რომელშიც სიკეთისა და ბოროტების ისტორიას ერთნაირი
დამაჯერებლობით ჰყვებოდა მეზღაპრე, მაგრამ მისი, როგორც მეზღაპრის, ოსტატობა
მაინც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, უბედურის გაბედნიერების, მათხოვრის
გამდიდრებისა და ბოლოს, სიკვდილის დამარცხების იმედის ჩასახვა იყო. ამ იმედით
ცხოვრობდა კაცობრიობა ზღაპარში და ზღაპარი იყო მათი იმედი. აი, ზღაპრის მიღმა
კი, მაშინ, როდესაც უკიდურეს აღმოსავლეთში საკურების ყვავილობამ აუწყა
ადამიანებს გაზაფხული, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ალუბლების
ყვავილებით მოპენტილი ეკლესიის კარიბჭესთან, იჯდა კალინიკე, ჩამოძენძილი,
დამაშვრალი, სწორედ რომ მხოლოდ გამოწვრთნილ მეზღაპრეს შეეძლო მისი ყოფის
გალამაზება და გაზღაპრება!

ქუჩის ბოლოში ჯერ კიდევ მკრთალად მოჩანდა ჩამავალი მზის სხივები, ზურგზე
ჩანთაგადაკიდებულმა ფრთხილად რომ დააკაკუნა კარზე.

- მობრძანდით, - გაისმა შიგნიდან. კალინიკემ ფრთხილად შეაღო კარი და ოთახში


შევიდა.
- ოჰ, კალინიკე, შენა ხარ კაცო? - მომღიმარი სახით წამოდგა ფეხზე მამა ნაზარი და
ხელი გაუწოდა სტუმარს. კალინიკე ხელზე ემთხვია მღვდელს და მორცხვად დაიწყო
აქეთ-იქით ყურება.

- ჩამოჯექი, შე კაცო, - სკამზე მიუთითა მოძღვარმა და თვითონაც სკამზე ჩამოჯდა.

-ვიცი, აღსარების სათქმელად არ მოხვიდოდი და რას მივაწერო შენი მოსვლა? -


ღიმილნარევი გამომეტყველებით შეეკითხა მღვდელი.

- ჩუმად სათქმელი აღარაფერი დამრჩა ღმერთთან, მამაო, და ხმამაღლა კიდე მთელი


ცხოვრებაა გავყვირი, მაგრამ იყვირე რამდენიც გინდა... - ხელი ჩაიქნია კალინიკემ და
თავი ჩაქინდრა.

- მაინც რას მივაწერო შენი ვიზიტი, კალინიკე? - ცნობისმოყვარე გამომეტყველებთ


ჩაეკითხა მღვდელი.

- არ შეგაწუხებდი, იმ უბედურის სიტყვები რომ არ ჩამესმოდეს ყოველდღე ყურში. იმ


ავადსახსენებელ დილას, სანამ ის უბედურება დატრიალდებოდა, აი, ეს სამკაული
მაჩვენა, - კალინიკემ ჯიბიდან ოქროს ძეწკვი ამოიღო, რომელზეც ძვირფასი თვლებით
გაწყობილი გულსაკიდი ეკიდა და მღვდელს გაუწოდა, - სადღაც ეპოვნა იმ უბედურს,
რომ ვკითხე, რას უპირებ მეთქი, ღვთისმშობელს უნდა შევწიროო, მეც შემეწავა და
ვისაც დაჰკარგვია, იმასაცო. არ დასცალდა საწყალს... მღვდელი დაკვირვებით
ატრიალებდა ხელში ყელსაბამს, გულდასმით აკვირდებოდა ყოველ დეტალს და თან
ცალი ხელი წვერში ჰქონდა ჩაფლული. - შეუწირავს ღვთისმშობელი, -
მრავლისმეტყველად ჩაილაპარაკა მამა ნაზარიმ, სკამიდან წამოდგა და კალინიკეს
ანიშნა, რომ უკან გაჰყოლოდა. დაცარიელებულ ტაძარში მხოლოდ მესანთლე
დაიარებოდა ლანდივით, ხელში პატარა დანა ეჭირა და ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში
სანთლის ნარჩენებს აგროვებდა. მღვდელი ღვთისმშობლის ხატს მიუახლოვდა,
მუხლდაჩოქილი ემთხვია და კალინიკეს თვალით ანიშნა, რომ იგივე გაეკეთებინა.
უსიტყვოდ დაემორჩილა მათხოვარი, მაგრამ მაინც გაბუტულივით მიუახლოვდა
ღვთისმშობელს, მარცხენა ხელით ჩარჩოს მიეყრდნო და კრძალვით ეამბორა ხატს.
შემდეგ რაღაც ჩამოილოცა მამაომ, ჩარჩო ფრთხილად გამოაღო, ღვთისმშობლის ხატს
კიდევ ერთხელ ემთხვია, ფაქიზად ჩამოხსნა მრავალგვარი ძვირფასეულობით
,,დახუნძლული" ბაჯაღლოს გრეხილი და თითებზე შემოხვეული ძეწკვი ზედ
გადაჰკიდა. შემინული ჩარჩოდან მობრდღვიალე გულსაკიდი საათის ქანქარასავით
ქანაობდა და გამოტყორცნილ სხივებში არეკლილი ბზინვარებით, მწუხრის ბინდბუნში
იხლართებოდა. დიდხანს უმზირა კალინიკემ ღვთისმშობელს, გრძნობდა, რაღაც დიდი
ტვირთი მოიხსნა მხრებიდან. მოხუცის სახეც

წარმოუდგა თვალწინ. სახეგაბადრული ბერიკაცი სანთლის ალივით უციმცემებდა


წარმოსახვაში. დამშვიდებული გამოვიდა ტაძრიდან და ის იყო გასასვლელისკენ
დააპირა წასვლა, რომ ღია კარიდან მამაოს ხმა შემოესმა - ოთახში გაშლილ ტაბლაზე
უხმობდა კაბოსანი ბებერ მათხოვარს.

სასმელის გარეშე შეექცეოდნენ მღვდელი და მათხოვარი კარგა ბლომად შემოწირულ


თბილ-თბილ ღვეზელებს, რომლებიც გემრიელად შეზავებულ სოკოსთან ერთად
ამშვენებდა დაბალ ფეხებზე შემომდგარ მაგიდას. მღვდელმა კარადიდან წითელი
ღვინით ნახევრად სავსე ბოთლი გამოიღო და კალინიკეს ჩამოუსხა.

- დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, - ჩაილაპარაკა მღვდელმა და სასმისი


მიურტყა კალინიკეს. ერთიანად გამოსცალეს წითელი ღვინით ჩაშავებული ჭიქები და
უხერხულად გადააწყდნენ ერთმანეთს თვალებით. მანამდე უმზერდნენ თანამეინახენი
ერთიმეორეს, ვიდრე კალინიკემ არ იმარჯვა და მამაოს გულზე მოელვარე ჯვრისკენ არ
გადაიტანა მზერა.

- მარხვას ხომ არ ინახავ შემთხვევით, კალინიკე? - უხერხულობა დაარღვია მოძღვარმა


და ღიმილნარევი გამომეტყველებით შეეკითხა.

კალინიკემ ხმისამოუღებლად ჩაიქნია ხელი, კიტრის მწნილი ჩაკბიჩა და მწნილის


ხრაშუნით კითხვა შეუბრუნა მღვდელს:

- რამდენი წლის ბრძანდებით, მამაო?

- თუ უფალი ინებებს, ოცდათერთმეტის უნდა გავხდე მარიამობას.

- ოჰო, ხალაგაზრდა ყოფილხარ ჯერ.

- ქრისტეს ასაკში ვარ კალინიკე, - გაიღიმა მღვდელმა, ღვინით შეწითლებული ტუჩები


შეიწმინდა და ისევ კალინიკეს მიუბრუნდა:

- ხელებზე რა დაგმართნია კაცო? დაგსიებია ერთიანად...

- ყინვებმა იცის, მამაო, მთელი დღე ყინვაში ვზივარ და მისივდება ეს ოხერი.

მღვდელი წამოდგა, კარადის კარი გამოაღო, ზედა თაროდან დათბილული


ხელთათმანები გამოიღო და კალინიკეს გაუწოდა:

- ჩაიცვი ერთი, თუ მოგერგება.

- შენ გაიხარე, მამაო, - ფეხზე წამოდგა კალინიკე, დათბილული ხელთათმანები


დასიებულ თითებზე წამოიცვა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა მღვდელს.

- ღამის გასათევი თუ გაქვს სადმე? - დამწუხრებული სახით შეეკითხა მღვდელი.

- იმ უბედურის სარდაფში ვცხოვრობდი ბოლო პერიოდი. ახლაც იქა ვარ, სანამ


გამომაგდებს ვინმე. ისედაც ათვალწუნებული ვყავდით მეზობლებს და ეხლა რას
იზავენ, არ ვიცი.

- სითბო მაინც თუ გაქვს?

- არა, მამაო, იქ სითბოს რა უნდა, ტანისამოსით მძინავს ღამე. ეგ კიდე არაფერი,


ნესტი რომ არ მიღებდეს ბოლოს ამ ყინვაში.
მღვდელი ცოტა მოიღუშა, ხელები წვერზე ჩამოისვა, კალინიკეს პირჯვარი გადასახა და
დაბალი ხმით, ცოტა გაუბედავად უთხრა:

- ილოცე, კალინიკე, ევედრე უფალს და გაგაძლიერებს ღმერთი.

- ეეეჰ, მამაო, არ ვიცი, როგორ გითხრა, მაგრამ... ვლოცულობდი და ხვეწნა-მუდარაში


მუხლებსაც ვიტყავებდი, მაგრამ ვერც ღმერთსა და ვერც ვერავის შევასმინე ჩემი
უბედურება. ალბათ, დაიღლება ბოლოს ეგ შენი ღმერთიც ჩემი ცოდვით და
დავისვენებ მეცა და ისიც.

- საჭმელში ხომ მაინც გყოფნის ფული?

- კი, მამაო, საჭმლის ფულს კი მაძლევენ...

კალინიკემ დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდა მღვდელს, მადლობა გადაუხადა და ის


იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ ზურგიდან ისევ მამაოს დაგუბებული ხმა
შემოესმა:

- ილოცე, კალინიკე, ილოცე და მოიღებს წყალობას უფალი.

კალინიკე შემობრუნდა, კარებში გაბოტილი გამომცდელი თვალებით მიაშტერდა


მღვდელს და ხმადაბლა შეეკითხა:

-მამაო, მითხარი ერთი, შენს გახარებას, რისთვის უნდა ცხოვრობდეს ადამიანი ამ


ქვეყნად და რა არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა?

მღვდელი, ცოტა არ იყოს, დაიბნა. არ მოელოდა მათხოვრისგან ასეთ შეკითხვას, მაგრამ


არ შეიმჩნია და დამაჯერებელი ტონით უპასუხა.

- სახარებაში სწერია, ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა


მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენო. ღმერთთან ყოფნა და საუკუნო სიცოცხლის
დამკვიდრება უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, კალინიკე.

კალინიკე წელში მოიხარა, ცალ ხელზე ხელთათმანი გაიძრო, თვალი თვალში გაუყარა
მღვდელს და თითქმის ჩურჩულით ჩაეკითხა:

- და რაო ღმერთმა, მამაო? რა უნდა ქნათ საუკუნო სიცოცხლე რომ დაიმკვიდროთო?...

მღვდელი შეცბა, თავისდაუნებურად წამოდგა ფეხზე, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ


უცებ გადაიფიქრა. გამომცდელად აათვალიერა კალინიკე და დაბნეულმა ჰკითხა:

- შენ საიდან ამდენი, კალინიკე?...

- ეეჰ, მამაო, იცი შენ, ადამიანს აქაური გაჭირვებითა და მათხოვრობით მოპოვებულ


სასუფეველს, მაინც კეთილდღეობასა და ფუფუნებაში გატარებული ცხოვრება
ურჩევნია, თუნდ რომ სამომავლოდ აქლემთა მთელი ქარავანი ჰყავდეს ნემსის ყუნწში
გასაყვანი - ეს თქვა კალინიკემ, ჩანთა ზურგზე მოიგდო და კოჭლობით გაუყვა ტაძრის
გასასვლელისკენ მიმავალ ქვაფენილს, სადაც ჩამავალ მზის სხივებთან ერთად
გაუჩინარდა და მიილია.
თავი VII
დერეფანი ხალხით იყო სავსე. ყველა ერთიანად შფოთავდა, ბოლთას სცემდა და
რეანიმაციის კარისკენ გაურბოდა თვალი. უეცრად კარები გაიღო და კარს მიღმა თეთრ
ხალათში გამოწყობილი ორმოციოდე წლის მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ხელები
ჯიბეებში ჩაეწყო და ნერვიულად აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს. - რა ხდება ჩვენს
თავს, ექიმო? - თითქმის ბღავილით მივარდა ქალი თეთრხალათიანს და შეშლილი
თვალებით მიაცქერდა. ექიმი შეცბა, სათვალე მოიხსნა და თავჩაღუნულმა
ჩაიბუტბუტა - ჩვენი მხრივ ყოველ ღონეს ვხმარობთ, მაგრამ ღმერთმა უნდა
გვიშველოს...

,,ისევ ღმერთი “ - გაუელვა გუნებაში. ხუთი წლის შემდეგ ღმერთი უხსენეს ისევ.
უხსენეს ისევე, როგორც უღმერთო მკითხავმა ერთ დროს. მოწყვეტით დავარდა
სკამზე აკანკალებული და ხმამაღლა აქვითინდა. მალევე წამოსწია თავი, ცრემლიანი
თვალები მიმოავლო დერეფანს, სკამიდან წამოდგა და დამაჯერებელი ნაბიჯებით
ლიფტისაკენ წავიდა.

მზე კარგა ხნის გადაწვერილი იყო, აკანკალებულმა რომ გადალახა კარიბჭის ზღუდე.
სიცარიელე იყო ტაძრის შესასვლელში და ხალხისაგან დაცარიელებული ეკლესიაც
სამუზეუმო დარბაზს უფრო წააგავდა, ვიდრე მაცოცხლებელ სხეულს უფლისა ჩვენისა
იესო ქრისტესი. ხელის კანკალით ძლივს შეაღო კარი, შიგნით შევიდა, თვალცრემლიანი
მიეყრდნო ტაძრის კარებს და უმწეო თვალებით შეუდგა მბჟუტავ კანდელთა შუქში
გახვეული ტაძრეულის თვალიერებას. ნახევრად ჩაბნელებული ტაძრის კედლებიდან
გაშეშებული აჩრდილებივით იმზირებოდნენ ფრესკებში გაცოცხლებული წმინდანები.
ცოტა შეცბა კიდეც, შეშინებულმა თვალები ზევით მიაპყრო და შიშისაგან კინაღამ
კივილი აღმოხდა - ტაძრის ზედა კედელზე მოხატულ ფრესკაში დაშნაშემართულ
სილუეტს მოჰკრა თვალი, რომელიც კანდელიდან ავარდნილ მობარბაცე შუქთან
ერთად ქანაობდა და ხან იარაღმომარჯვებული, ხანაც უიარაღოდ თუჯისფერი
თვალებით დაჰყურებდა ზევიდან. ძალა მოიკრიბა, თავსაბურველი გაისწორა და ნელ-
ნელა იმ ადგილისაკენ დაიძრა, სადაც ღვთისმშობლის ხატი ეგულებოდა. მიუახლოვდა
ხატს, მუხლებზე დაემხო, ხელები გულზე დაიკრიფა და ხმადაბლა აქვითინდა.
დაუჯერებელი მისტიციზმით შებოჭილი გონება არ აძლევდა გასაქანს ამოეხეთქა
სათხოვარი გულისა. სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს. წარმოუდგენლად რთული
ამოსათქმელი ხდებოდა ის, რასაც გული ვეღარ იტევდა, სხეულს უზანზარებდა და
სიტყვის ძალაში გაცოცხლებას ლამობდა. რაც უფრო ეუფლებოდა უმწეობის განცდა,
მით უფრო მეტ თავისუფლებასა და სიმსუბუქეს გრძნობდა სხეულში. ცდილობდა,
ბოლომდე შეეგრძნო საკუთარი ტკივილი, რათა გულიდან წამოსული ვედრება
ცრემლებად მიეტანა ღვთისმშობლის ,,სამსხვერპლოზე “ . მაინც ვერ ამოთქვა, ვერ
გააცხადა სათქმელი სიტყვაში. მგლოვიარე ჭირისუფალივით ცრემლად იღვრებოდა
და შეუმჩნევლად ირწეოდა მუხლომყრილი. ბოლოს, როგორც იქნა, თავი წამოსწია,
წამოიმართა და დასიებული თვალები ღვთისმშობელს მიაპყრო. უეცრად კანდელიდან
ავარდნილი სხივები სიბნელეში აციმციმდა, ერთმანეთში გადაიხლართა და
უსწორმასწოროდ ,,დაეცა" ღვთისმშობლის ხატს. ოქროსფრად აბრიალდა შემინულ
ჩარჩოში ,,გამოკრული “ ხატი, ქალს თვალებში აეხლართა სხივები და როდესაც მზერა
მისდაუნებურად ხატის სამშვენისად გაბმულ გრეხილზე გადაიტანა, მისტიკური
სიჩუმით გაყუჩებული ტაძრის მდუმარება განწირულმა კივილმა დაარღვია... რაღაც
გამაოგნებელ, არაბუნებრივ ექოში გადაზრდილმა კივილმა ჩაბნელებული
კუთხიდან უჩინარი ლანდივით ამოზნიქა საღამოჟამს ტაძარში უჩუმრად შეპარული
ბებერი მათხოვარი, რომელიც ბნელ კუთხეში გადებულ ფიცრულზე ჩამომჯდარიყო და
დამარტოხელებულ ღმერთთან ასწორებდა ანგარიშებს. კალინიკემ ფეხზე წამოაყენა
შეღონებული ქალი, ძლივსძლივობით მიიყვანა სკამამდე და გულგადაქანებულის
დამშვიდებას შეუდგა. გონსმოგებული ქალი, ცოტა არ იყოს, შეცბა კალინიკეს
დანახვისას, მაგრამ მისი შეშლილი თვალები სხვა ემოციით უფრო იყო გამსჭვალული,
ვიდრე გაბურძგნული მათხოვრის ხილვით.

- დამშვიდდი შვილო, ნუ გეშინია... ყველაფერი კარგად იქნება, - დაუყვავა კალინიკემ


ქალს და თავზე ხელი გადაუსვა - გინდა წყალს მოგიტან გენაცვალე? გულს
გაგიმაგრებს და შეგაფხიზლებს ცოტას, - ისევ მშვიდი ტონით შეეკითხა კალინიკე და
ცოტა არ იყოს, შეშინებული ჩააცქერდა ქალს. ქალმა ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო,
აკანკალებული ხელით ცრემლიანი ლოყები შეიწმინდა, ნამტირალევი თვალები
კალინიკეს მიაპყრო და თავისდაუნებურად ისევ აქვითინდა... - სასწაულია
დღევანდელი დღე, ნამდვილი სასწაული... - გაურკვევლად წარმოთქვავდა სიტყვებს
აქვითინებული ქალი.

- განა რა მოხდა შვილო ესეთი შენს თავს? - გაკვირვებული შეეკითხა კალინიკე ქალს და
თან ცნობისმოყვარე გამომეტყველებით მიაშტერდა. ქალმა ხმისამოუღებლად გაიშვირა
ხელი ღვთისმშობლისკენ, თითქოს რაღაცაზე მიანიშნა კალინიკეს და თან
ცხვირსახოციანი ხელი ტუჩებზე მიიფარა. კალინიკე შეტრიალდა ხატისკენ და
სიბნელიდან მიაცქერდა ღვთისმშობელს. ქალი ფეხზე წამოდგა, კალინიკეს ხელი
ჩასჭიდა, ნელი ნაბიჯით მიიყვანა ხატთან და ცრემლნარევი ხმით დაიწყო საუბარი.

- რამდენიმე წლის წინ აი, აქ, ზუსტად ამ ადგილას ვიდექი შვილსმონატრებული.


ბედნიერებისა და დედობრივი სიხარულისაკენ ლტოლვამ მომიყვანა ტაძარში.

გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორი გაოგნებული და დაბნეული შევყურებდი


ყოველივეს. ვერაფრის თხოვნას, ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ბოლოს
მაინც გადავწყვიტე, რომ ბედნიერებისა და სურვილების ასრულების სანაცვლოდ
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი შემეწირა ღვთისმშობლისთვის, მაგრამ ბევრი
წვალების შემდეგ მაინც ვერ გავბედე, ვერ გავიმეტე, არ დავიჯერე და თავი მოვიტყუე.
ისე წავედი ტაძრიდან, რომ დღევანდელ დღემდე არც კი გამიხედავს ეკლესიისკენ, - აქ
ქალმა ცრემლი შეიწმინდა, კალინიკეს, რომელიც ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა
ხატს, ნაღვლიანი თვალებით გადახედა და წყნარად განაგრძო, - მას შემდგომ, როგორ
გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდა სიხარული და ბედნიერება. ბოლოს
შვილიც გამიჩნდა და უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი თავი, მაგრამ არც მაშინ
გამხსენებია ღმერთი და ეკლესია, მაგრამ ერთი რამ იყო უცნაური. ის გულსაკიდი,
რომელიც ღვთისმშობლისთვის ვერ გავიმეტე, გაქრა და დაიკარგა უგზოუკვლოდ.
დღეს აგერ ისევ უბედურებამ მომიყვანა ღმერთთან. ერთადერთი შვილი
სულთმობრძავი მიწევს საავადმყოფოში და მასთან ერთად ბეწვზე ჰკიდია ჩემი
ცხოვრებაცა და ბედნიერებაც. ისევ ღვთისმშობლისთვის მინდოდა მეთხოვა შველა და
დახმარება, მაგრამ დაუჯერებელი ამბავი ტრიალებს ჩემს თავს. არ ვიცი როგორ
გითხრათ, მეც ვერ გამიგია სიზმარია თუ ცხადია ყოველივე. აი შეხედეთ... ჩემი
გულსაკიდი ჰკიდია ხატს. ის გულსაკიდი, რომელიც თითქმის ყელიდან ჩამოვხსენი
ღვთისმშობელს, - აქ ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი.
კალინიკე ადგილიდან არ განძრეულა, ისეთი გაფაციცებით უცქერდა ღვთისმშობელს,
თითქოს ეს იყო, დიდ ტყუილში უნდა დაეჭირა ღმერთი და უნდოდა, არაფერი
გამოჰპარვოდა თვალთაგან.

- გესმით რა ხდება ჩემს თავს? შეიძლება დაუჯერებელიც კია, მაგრამ მერწმუნეთ


ნამდვილად ასე იყო ყველაფერი. ჩემი გულსაკიდი ამშვენებს ღვთისმშობელს და
ახლაღა ვხვდები ყველაფერს. უბრალოდ, არაფრით შემიძლია იმის გადმოცემა, რასაც
ვგრძნობ და განვიცდი. იცით, დღეიდან ერთნაირად ვიპოვე ღმერთიც და
ბედნიერებაც... უფრო სწორედ ღმერთი ვიპოვე და ბედნიერება დავიბრუნე. ერთი
წამით მაინც რომ ჩაგახედათ ჩემს გულში, ყველაფერს მიხვდებოდით. ვიცი, აღარ
წამართმევს... ნამდვილად ვიცი, რომ აღარ წამართმევს... სწორედ ამას ვგრძნობ ეხლა
გულით და ეს ვიცი დანამდვილებით დღეს. ქალი შემობრუნდა, რამდენიმე წამი
მოუსვენრად შეაცქერდა კალინიკეს თვალებში და აფორიაქებული გავარდა ტაძრიდან.
თავი VIII
ჩაბნელებულ ტაძარში დარჩენილი კალინიკე იმ იმედგაცრუებულ ჯამბაზს წააგავდა,
საცირკო სცენის შუაგულში რომ დგას გატრუნული და მაესტროს მიერ დაწუნებულს,
დაფარულ ცრემლში უელავს სასოწარკვეთილებით აღსავსე თვალები. ვერ
მიმხვდარიყო ბებერი მათხოვარი რას ნიშნავდა ყოველივე. სასწაულს თუ უბრალო
დამთხვევას? მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო, სასწაულ დამთხვევას მაინც ჰგავდა!
თანაც მისი მონაწილეობით, საკუთარი ხელით აღსრულებულს. გაახსენდა ყველაფერი.
ყურში მოხუცის სიტყვები ჩაესმოდა ,,მეც შემიწირავს და იმ ღვთისნიერსაც ვისაც
დაუკარგავსო ’ ’ . აკი შეუწირა კიდეც. ქალის აღმაფრენას და ბედნიერებას საზღვარი
არ ჰქონდა. გრძნობდა კალინიკე, როგორი აღტაცებით უყვებოდა ქალი ყოველივეს,
მაგრამ მთელს ამ ,,ღვთაებრივ კომიზმში “ მისთვის ყველაზე გაუგებარი ,,სასწაული “
მაინც ის იყო, რომ კვლავაც გზააბნეული, უპატრონოდ დაგდებული და მიტოვებული
მათხოვარი იყო, რომელიც მხოლოდ სხვისი სიხარულისა და ბედნიერების ცქერისთვის
იყო გაჩენილი და ,,ნაკურთხი “ ქვეყანაზე! ეს იყო, რომ ტანჯავდა და უღრღნიდა
ისედაც გასიებულ გულს. ვერაფრით წვდებოდა იმ სიმართლეს, რომელსაც მისი ამ
ქვეყანაზე ძაღლივით ძუნძული უნდა გაემართლებინა და არც იმ ღვთაებრივი
ჭეშმარიტების ესმოდა რამე, რომლის ძალითაც ისააკივით მაინც და მაინც
ღვთაებრივი კანონზომიერების ტრაპეზზე, მსხევრპლშეწირვის მოლოდინში უნდა
ყოფილიყო გატრუნული. ისევ სხვისი ბედნიერებისა და სასწაულისმომსწრე
გამხდარიყო, ისევ სხვისი სიხარულის ხილვით უნდა დამტკბარიყო და ეხარა მთელი
ცხოვრება. ნელ-ნელა გრძნობდა, როგორი საძულველი ხდებოდა საკუთარ სხეულში
უკვე მობეზრებული მათხოვარი. შინაგანი ქაოსიც გამაყრუებელ ხმაურში გადადიოდა,
სმენას უხშობდა და საფეთქლებს უზანზარებდა კალინიკეს. მრავალსერიანი ფილმივით
დანაწილებული ცხოვრება მცირე ფრაგმენტსაც არ ახსენებდა სიხარულითა და
ბედნიერებით აღსავსეს. მიტოვებულ ლიანდაგებთან მივარდნილ ვაგონში გატარებული
ბავშვობა, უპატრონოდ, უთვისტომოდ განვლილი...ნაცრისფერ ბურუსში გახვეული
სიჭაბუკე. შემდეგ ვითომ ბედნიერება და ცოლ-შვილი, მაგრამ უმალ უზარმაზარი
იმედგაცრუება და ტანჯვა - დღესაც თვალწინ ედგა ცეცხლის ალში გახვეული
ვაგონი, სადაც სამუდამოდ ჩაიფერფლა და ჩაიკლა მისი მოჩვენებითი ბედნიერება!
ისევ სიბნელეს მიაშურა, სკამზე ჩამოჯდა და, უცრემლოდ გულგასიებული, ფიქრებში
გადავარდა. ერთიმეორეს ენაცვლებოდნენ ბიბლიური სიუჟეტები გონებაში. ხან
უსინათლო ბარტიმეოსის განწირული ღაღადი ჩაესმოდა, ხანაც მამლის ყივილით
დამფრთხალი პეტრეს სინანულის ცრემლები უვსებდა გულს. გაახსენდა ის დრო,
როდესაც ღმერთზე ბოლომდე მინდობილი, დღეს და ღამეს მეტანიებსა და ლოცვებში
ატარებდა, მუხლჩაუხრელად კითხულობდა სახარებასა და ფსალმუნებს, მაგრამ რაც
უფრო მეტად დაეძებდა ღმერთთან ბედნიერების საწყისებს, მით უფრო შორდებოდა
მას, რადგან ხვდებოდა კალინიკე, რომ სულიერი ბედნიერებისთვის ჯერ ადამიანად
უნდა ქცეულიყო, ჯერ ადამიანური ყოფა უნდა დაებრუნებინა და ებოძებინა ღმერთს
მისთვის, რადგან კუჭგამხმარი და ყინვისაგან ხელებდასიებული მათხოვარისთვის
სულიერი საზრდო იმ სატყუარას წააგავდა, პატარა ბავშვს ძუძუს მაგივრად რომ
სჩრიან წამდაუწუმ პირში. დიდხანს ისმოდა სიბნელიდან კალინიკეს ოხვრა. დიდხანს
გლოვობდა უცრემლოდ საკუთარ ბედს ბებერი მათხოვარი. ბოლოს წამოდგა,
გასასვლელს მიაშურა და კოჭლობით გაუყვა ნესტიანი სარდაფისკენ მიმავალ ქუჩას.
ისევ იქ უნდა ჩამძვრალიყო და ჩაბუდებულიყო ქვეწარმავალივით, იქ უნდა
ყოფილიყო ბედნიერიც, გახარებულიც და მადლიერიც. ამით იწყებოდა და
მთავრდებოდა მისი ,,სასწაული “ ცხოვრება და ეს იყო მისი ცხოვრების სასწაულიცა
და სიბეცეც. დედამიწაზე უთვისტომოდ აღმოცენებული კალინიკე დღე და ღამ
გზააბნეული ძაღლივით დაძრწოდა და თუ სადმე თბილ ადგილს იპოვნიდა
ჩასამუხლად, უმალ ფერდებში ხვდებოდა ჭიგო უთავბოლო ძუნძულისთვის განწირულ
მათხოვარს. სარდაფის ჩასასვლელთან რაღაცას წამოჰკრა ფეხი, სიბნელეში ძლივს
აანთო შუქი და, ცოტა არ იყოს, შეცბა კიდეც, კიბეებზე მოხუცის ძველმანებს რომ
მოჰკრა თვალი. გაოგნებული მიუყვებოდა კიბეებს და გრძნობდა, რომ ახალი
,,სასწაულის “ მომსწრე ხდებოდა... აქეთ-იქით მიმოფანტული ძველმანები და რკინის
ნარჩენებით აჭედილი კარი ქუჩაში დარჩენას უქადდა დაჩაჩანაკებულ მათხოვარს!
უკვე მერამდენედ სთავაზობდა ცხოვრება ახალ გამოწვევას, მერამდენედ უცვლიდა
,,ნომერს “ არსთა გამრიგე, მაგრამ იცოდა კალინიკემ, ხეზეც რომ დაეკიდათ კატასავით,
უნდა ეფართხალა, უნდა ეწვალა და გაეძლო ყველაფრისათვის. სწორედ რომ
ღმერთთან სამომავლო ყოფნის მოლოდინით უნდა გაეძლო ამდენი უღმერთობისთვის!
სიკვდილმისჯილი მსჯავრდებულივით იდგა კალინიკე სარდაფის კიბეებთან და ვეღარ
გაეგო რა ექნა. არ იცოდა, რა მიმართულებით უნდა გაქცეულიყო და საით უნდა
გადაერტყა მათრახი საკუთარი სხეულისთვის. ძალაგამოცლილი ჩამოჯდა კიბეებზე
და ხმამაღლა აქვითინდა. ერთიანად ამოხეთქა გულში დაგუბებულმა სევდამ, რამაც
პატარა ბავშვივით ააღნავლა კალინიკე. კარგა ხანს სლუკუნებდა და დიდხანს
იწმენდდა დახორკლილი მაჯებით ცრემლს კიბეზე ჩამომჯდარი მათხოვარი.

ბოლოს გაყუჩდა, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტაო გაუშტერდა თვალები. გამოგონებულმა


სიცივე იგრძნო ფეხებზე. ნაზამთრალი ბუნება ადვილად არ ნებდებოდა, საღამოობით
ზედმეტად აგრილებდა შუადღით შეფიცხებულ ქალაქს და ზამთრის სურნელს
ახსენებდა ადამიანებს. თვალებზე შემხმარ ცრემლებზე მაჯა ჩამოისვა კალინიკემ და
სადარბაზოდან ბარბაცით გავიდა. გაბნეული მარგალიტებივით ბზინავდნენ
მოკრიალებულ ცაზე ვარსკვლავები. სააღდგომო ნაზუქივით ერთიანად
ჩამრგვალებული მთვარეც გაბიდნული ჩირაღდანივით ბჟუტავდა და ზეციური
ნათელით ასხივებდა დედამიწას - დედამიწას, რომლის ,,გაქონილ ჭიპზე “ შემომდგარი
კალინიკე თავს ვეღარ იმაგრებდა, ტორტმანებდა და გრძნობდა, როგორ მისრიალებდა
მოუსავლეთისკენ. ხელებს იქნევდა განწირული მათხოვარი, ხმამაღლა ბღაოდა და
ცდილობდა, რამეს ჩასჭიდებოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე... გამხმარიყო და
გამქრალიყო ყოველი ხელი, კალინიკეს შემწედ აღმართული. თითქოს დედამიწაც
აჰყვა ,,ღამეულ თამაშს “ , თვითონაც შეტორტმანდა, შეირხა და შეთამაშდა კალინიკეს
ჯიბრზე. არც ზეციურმა გრგვინვამ დააყოვნა და აწვიმა დედამიწას წყარო
სიცოცხლისა. ქოშინით მირბოდა გაწუწული მათხოვარი, თითქოს უაზროდ, უგზოდ,
არსაითკენ, მაგრამ ბოღმით გასიებული გულით და ჯერ კიდევ საკუთარ თავთან
ბოლომდე გაუმხელელი განზრახვით. ძლივს აბობღდა კარიბჭეზე, რის ვაივაგლახით
გადაევლო, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და დასაკლავი ბატკანივით გაგორდა მიწაზე.
გაუჭირდა ფეხზე წამოდგომა და სამრეკლოს თაღში დაოთხილი შეხოხდა. ნელ-ნელა
მიბობღავდა კიბეებზე, ერთიანად გაწუწული სხეული უცახცახებდა და შიგნეულს
უთრთობდა კალინიკეს. როგორც იქნა, ახოხდა სამრეკლოზე და თავზე წამომდგარ
ზარს მოჰკრა თვალი, რომელიც სამრეკლოს გუმბათში გაუნძრევლად დადუმებულიყო,
მაგრამ ერთი ხელის მოქნევით შეეძლო ღვთაებრივი გუგუნით დაერღვია მიწიერი
მდუმარება. თავს ძალა დაატანა კალინიკემ და ძლივსძლივობით ფეხზე წამოიმართა.
სამრეკლოზე განთვასებული სკამი ზართან მიაჩოჩა, ფეხისკანკალით ძლივს შედგა ზედ
და ჯიბიდან ამოხორხლილი თოკი ზარის გულში განთავსებულ კაუჭში რის
ვაივაგლახით გაუყარა. აკანკალებული ხელებით თოკს დიდი ტანჯვით გაუკეთა
მარყუჟი, ყულფში თავი გაუყარა და დაიწყო მოთქმა-სამდურავი გულისა!
მოთქმა-სამდურავი კალინიკესი

- მოვდივარ, ღმერთო! მოვდივარ, რადგან ვიცი, შენს ხელშია ჩემი სამუდამო


განსასვენებელი! მოვდივარ, ჩემი ცხოვრების ტანჯვავ და ტკივილო! მოვდივარ, რომ
გიპოვნო ჩამორჩენილმა და დაკარგულმა! გიპოვნო მე და არა შენ! მოვდივარ ჩემი
გზებით და არა შენი ბილიკებით! მოვდივარ შენთვის უდროოდ, მაგრამ ჩემთვის
დროულად! მოვდივარ, რომ ერთხელ მაინც მოგკრა თვალი, ერთხელ მაინც ჩაგხედო
თვალებში და პირისპირ გამხილო შენს უღმერთობაში! მოვდივარ უშიშრად და
უიმედოდ, რამეთუ დღეს შეგიცანი მე!... შენს სინდისზე იყოს ჩემი და ჩემისთანების
გათოკოლი კისრები, ღმერთო!!!

ეს თქვა კალინიკემ, აკანკალებული ხელებით მარყუჟი კისერზე მიიბჯინა,


კისერმოთოკილმა საბოლოოდ გადაავლო გაფართოებული თვალები ღამის სიჩუმით
დადუმებულ ქალაქს, გაუბედავი ბავშვივით ისკუპა სკამიდან და გაურკვეველი
მარადისობისკენ გაისტუმრა ქრისტეს მაძიებელი სული! ურითმოდ იგუგუნა
სამრეკლოში გამობმულმა ზარმა. გუგუნს იქვე მოჰყვა გაურკვეველი ზრიალი, რომელიც
მალევე ჩაინთქა, გაილია და მიეტმასნა ზეციური უსუპით ნასხურები ტაძრის ნესტიან
კედლებს.
ეპილოგი პროლოგით
ალბათ, სიზმრების კარაბადინში თუ სწერია საკუთარი გმირის დასიზმრებას
გამოღვიძებულზე რა დოვლათის მოტანა შეუძლია. იმ ღამეს კი, როდესაც ჯერ კიდევ
არ მქონდა საბოლოო ,,განაჩენი “ გამოტანილი კალინიკესთვის, სწორედ ის მესიზმრა.
არ დავიწყებდი ნასიზმრალის ფურცელზე გადატანას, ღამეული ხილვა მეტად
შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომ არ ყოფილიყო.

წარმოიდგინეთ, უკიდეგანო ტრამალზე, რომელიც ოთხივე კუთხით უჰორიზონტოდ


და უსასრულოდ მოჩანდა, სქელ ნაბდებში გახვეული არსებები. ტანად შიშვლებს
შავ-შავი ნაბდები წამოესხათ და ორთქლში გახვეული მიწიდან, რომელიც
სპილენძისფრად ვარვარებდა, აქა-იქ მოუჩანდათ მოშიშვლებული ფეხები. ერთიანად
ხტოდნენ ზეციდან გამოყრილები და ამაოდ ცდილობდნენ სხეულზე მიტმასნული
ნაბდების მოცილებას. ბევრს ვეცადე, მაგრამ სიზმრადაც გაჭირდა მათი დათვლა,
რადგან შეუჩერებლად ტორტმანებდნენ და დამფრთხალი ფარასავით მიერეკებოდნენ
ერთიმეორეს. ზემოდან ყოველ ნაბდიანს ,,შარავანდედივით “ თავზე წამოსდგომოდა
საკუთარი აჩრდილივით მოუცილებელი გავარვარებული ბურთი, რომელიც
შიგადაშიგ წვეთებად იღვენთებოდა და გაუსაძლის ტანჯვაში ამყოფებდა თითოეულს.
ენითაღუწერელ დრტვინვას და ღმუილს მიჰქონდა იქურობა, რაც უფრო შემზარავს
ხდიდა დაუსრულებელ მსვლელობას. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს რომელიღაც
მიმართულებით მიიკვლევდნენ გზას შავოსნები, მაგრამ შორიდან ადვილი შესამჩნევი
იყო, რომ ერთ წრეზე ბრუნავდნენ და ერთ სივრცეში უწევდათ ტრიალი. ვგრძნობდი,
როგორ მიჭირდა ყოველივეს ხილვა და ის იყო, თვალზე ხელებაფარებულმა
უკანმოუხედავად დავაპირე გაქცევა, რომ ფეხზე ჩაჭიდებულმა ხელმა არ მომცა
ადგილიდან დაძვრის საშუალება. ადგილზე გაშეშებულმა შეშინებული თვალებით
ქვევით ჩავიხედე და ორთქლში გახვეულ, ნაბადშემოცმულ სილუეტს მოვკარი თვალი,
რომელიც ,,სასიკვდილო სამოსელით “ კი შეემოსათ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო
ჩაბმული ,,წამებულთა მარშში ” . დასიებული მაჯებით, კისერგათოკილი კალინიკე
ჩამჭიდებოდა ფეხზე. ზემოდან დავყურებდი საკუთარ გმირს, რომლის თავზეც ნელ-
ნელა იფანტებოდა ორთქლის ღრუბლები და მისი მუდარით აღსავსე თვალებიც
დასანახი ხდებოდა. ქვემოდან მიმზერდა ბებერი მათხოვარი და თვალებით რაღაცას
მემუდარებოდა. მხოლოდ სიზმრად ან გულთაკავშირით შეიძლება, უსიტყვოდ გაიგო
ადამიანის სათხოვარი, ბოლომდე ჩასწვდე განცდებს და შეიგრძნო გულისნადები
კაცისა. ჩავყურებდი დამფრთხალ, უსუსურ კალინიკეს, ისეთს, როგორსაც აქამდე
ვერც კი წარმოვიდგენდი და ბოლომდე ვგრძნობდი მის სათხოვარს. ყელზე შებმული
თოკის შეხსნას და ქვევიდან ამოთრევას მემუდარებოდა კალინიკე. შეშინებული
მიაცქერდებოდა ორთქლში მობარბაცე შავოსნებს და უფრო განწირული თვალებით
მიმზერდა. წელში ოდნავ მოვიხარე, დასიებულ მაჯებში ხელი მაგრად ჩავჭიდე და ის
იყო, შევუდექი ამოთრევას, რომ უეცრად თვითმკვლელთა განსაწმენდელიდან
საკუთარ ლოგინში აღმოვჩნდი... დიდხანს მამყოფა შთაბეჭდილების ქვეშ ღამეულმა
ხილვამ. ხორცშესხმულს ვგრძნობდი საკუთარ გმირს და თითქოს აღარც კი
მსურდა, ცოცხალ-მკვდარი კალინიკეს ბედ-იღბალით თამაში. იმ დღეებში ბევრი
ვიარე ტაძარ-ტაძარ, ბევრ მათხოვარს ჩავხედე თვალებში და რამდენიმეს
გამოველაპარაკე კიდეც, მაგრამ ვერსად გადავეყარე საკუთარ ბედს შეურიგებელ,
შურისმაძიებელ და მებრძოლ ,,კალინიკეს “ ! დიდხანს ვიწვალე კისერმოთოკილ
მათხოვართან ერთად. რამდენიმეჯერ ოსტატურადაც შევხსენი თოკი და ისევ
შარაგზაზე სათრევად მივუშვი, მაგარამ ბოლოს მაინც იმძლავრა შთაგონების
დემონურმა გენიამ და სამრეკლოში გამობმულ ზარზე ჩამომაკიდებინა მეამბოხე
მათხოვარი!

ა.შარვაშიძე

2013წ

© 2008-2015 4LOVE.GE

You might also like