You are on page 1of 6

ფაკულტეტი: სახვითი

ხელოვნება
სპეციალობა: კინო-ტელე მხატვრობა
სტუდენტი: კესანე ბაბუნაშვილი
კურსი: IV

XXს-ის ავანგარდი
კანდინსკი: სულიერების შესახებ ხელოვნებაში

დღევანდელი განხილვის თემა კანდინსკის ნაშრომია: «სულიერების შესახებ


ხელოვნებაში». ბუნებრივია უკეთ რო გავეცნოთ მის ნამუშევარს, მცირე წარმოდგენა
მხატვრის შესახებაც უნდა შევიქმნათ. ვასილი კანდინსკი რუსი მხატვარი იყო და
შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პიონერი აბსტრაქტულ ხელოვნებაში. 30 წლის ასაკში
მიატოვა დიპლომატიას და ეკონომიკას თავი და დაიწყო ხატვა. ერთ-ერთი
განსაკუთრებით აღსანიშნავი რამ კანდინსკის შესახებ , არის აზრი, რომ მას
«სინესთეზია» ქონდა, თუმცა ამის შესახებ მეცნიერულად და ფსიქიკურად
დადგენილი ცნობა არ გვაქვს. «სინესთეზია» არის პერცეპტუალური ფენომენი,
როდესაც, ერთ-ერთი სენსორის სტიმულირებისას ან კოგნიტური გზით, ადამიანი
თავისგან დამოუკიდებლად განიცდის განცდებს, სხვა, მეორე სენსორში.
მაგალითად, ადამიანები, რომლებიც დიაგნოზირებულები არიან სინესთეზიით
განიცდიან ფერებს, როდესაც უსმენენ მუსიკას, ხედავენ ფორმებს როდესაც რაიმეს
ყნოსავენ, ან გრძნობენ გემოებს როდესაც კითხულობენ სიტყვებს. ალბათ აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ კანდინსკი საკმაოდ მუსიკალური იყო, ჩელოზე და პიანინოზე
უკრავდა. რაც შეიძლება ერთ-ერთ დამხმარე ასპექტადაც განვიხილოთ მისი
სინესთეზიური აღქმის. რუსული რევოლუციის დროს კანდისკი ლუნაჩარსკის შიდა
კულტურული ადმინისტრაციის ნაწილი იყო, თუმცა შემდეგ ამბობენ, რომ მისი
«სპირიტუალური შეხედულებები საბჭოთა მატერიალისტური იდეებისგან
განსხვავდებოდა» და მან დატოვა საბჭოთა კავშირი და გერმანიაში დაბრუნდა.
სადაც ბაუჰაუსის სკოლაში ასწავლიდა, რომელიც დაკეტეს ნაცისტებმა და შემდეგ ის
გადავიდა საფრანგეთში, სადაც ცხოვრების ბოლომდე დარჩა.
კანდინსკიმ მისი ნაშრომი «სულიერების შესახებ ხელოვნებაში» 1912 წელს
დაწერა. წიგნი დაახლოებით 60 გვერდია და აღწერს მის რადიკალურ შეხედულებებს
ხელოვნების შესახებ და განიხილავს, თუ რატომ უნდა გადაინაცვლოს ხელოვნებამ
აბსტრაქტულ სამყაროში. ნაშრომი არის ერთგვარი ფილოსოფიური მოგზაურობა
ხელოვანის გონებაში. წიგნში აშკარად ჩანს კანდინსკის მეოცნებე ბუნება და
წარმოდგენები ხელოვნების მომავალზე და მის დამოკიდებულებაზე ადამიანის
ცნობიერთან. კანდინსკის ნაშრომი საკმაოდ რთულ ფილოსოფიურ ენაზე არის
დაწერილი, რომლის ერთი წაკითხვით სრულიად გაგება, საკმაოდ რთული
აღმოჩნდა, თუმცა მე მინდა განვიხილო რამოდენიმე თემა, რომელსაც იგი ეხება,
ერთ-ერთი მათგანია ფერის ფილოსოფიური მუშაობა: ფერის სიმფონია:
კანდინსკის მიხედვით, როდესაც, ჩვენ, როგორც მაყურებელი, ვხედავთ
ფერების ერთიან სურათს, მისგან ვიღებთ ორ გამოცდილებას: პირველი- სწრაფი
სიამოვნება ლამაზი ფერების ტკბობით (რომელიც დროებითია). ხოლო მეორე-
კიდევ უფრო ღრმა ზეგავლენაა, რომელსაც იგი სულზე ახდენს. ეს სპირიტუალური,
სულიერი განცდაა, რომელზეც კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ, იგი ადამიანს თან
მიყვება და მას მრავალი გაგებით ცვლის. ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები,
ახალ კონცეპტებს დიდი ემოციებით ღებულობენ. თუმცა ზრდასთან ერთად ის მაგია
ცვდება, რასაც ახალგაზრდობაში განვიცდიდით. ხოლო სულიერი ზეგავლენა იმ
მომენტარული ემოციისგან განსხვავებით, ღრმად ჯდება ჩვენს განცდებში. თუმცა
აქვე დავამატებდი რომ ის შეგრძნებები, რასაც ბავშვობაში განვიცდიდით ორივეს
მოიცავდა, მომენტალურსაც და სულიერსაც, სულიერი კი რჩებოდა ჩვენში და ახლა
იმ ადამიანებად ჩამოგვაყალიბა, რომლებიც ვართ. კარგი იქნებოდა იმ
მომენტრალურ ემოციას დღესაც იმდენადვე აქტიურად რომ განვიცდიდეთ. აქვე
აღნიშნავს კანდინსკი იმას, რაც დასაწყისში ვახსენეთ, ფერები შეიძლება გემოსთან,
შეხებასთან და ბგერებთან ასოცირდებოდეს. ისინი შეიძლება უხეში ან გლუვი,
თბილი ან ცივი იყოს ან სულაც ჩვენს თვალთახედვას ცდებოდეს. ამ თემის
გაგრძელება ფერთა კავშირია სპირიტუალურობასთან, კანდინსკის სწამს, რომ
თითოეულ ფერს სპირიტუალური დატვირთვა გააჩნია:
1. ლურჯი- ლურჯი ფერი კანდინსკისთვის სულიერებასთან, უსასრულობასთან და
კოსმოსური სიღრმის შეგრძნებებთან ასოცირდებოდა. ის წარმოადგენდა ზეციურ და
ღვთაებრივ ფერს. აქვე ურთავს, რომ ლურჯი ღრმა-ყელიან ჩელოს ხმის
ექვივალენტია ფერთა სამყაროში.
2. ყვითელი- თბილი და მხიარულია, თუმცა ამავდროულად შემაშფოთებელიც
შეიძლება იყოს. ზედმეტი ან აქტიური ყვითელი აგრესიულია კანდინსკისათვის.
ყვითელს აქვს პოტენციალი ძლიერი ემოციები გამოიწვიოს.
3. წითელი- წითელს დიდი სითბო აქვს და საყვირის ბგერის ექვივალენტი ფერში.
4. მწვანე- პასიური და მშვიდია, ბალანსირებადი. ის ასოცირდება საშუალო
დიაპაზონის კლარნეტის ხმასთან მხატვრისთვის.
5. სტაფილოსფერი- ისეთი ფერია, როგორც კაცი რომელიც დარწმუნებულია
საკუთარ ძალაში.
6. ყავისფერი- უემოციოა.
7. თეთრი- ჩუმია, ხმაურის პოტენციით. ქაღალდის დაჭმუჭვნის ხმასთან ასოცირდება.
8. შავი- აგრეთვე ჩუმია, თუმცა ხმაურის პოტენციის გარეშე. მას აქვს ორღანის
დაბალი ნოტების ჟღერადობა.
9. იასამნისფერი- მაგიის და მისტერიის ფერია. მხატვარი იასამნისფერის ასოციაციას
ხელოვნების მისტიურ ასპექტებთან ახდენს. ის ასევე, მისთვის ასოცირდება
ვიოლინოს ხმასთან (აქ საინტერესოა რო სიტყვა violet და viola ჟღერადობით გავს
ერთმანეთს, შესაძლოა ამას გამოეწვია ასოციაცია)

ფერთა სპირიტუალური შინაარსის განხილვის შემდეგ მინდა ავღნიშნო, რომ


მხატვრის მიერ აღწერის ასოციაციებში არაფერი უჩვეულო არ არის, კანდინსკის რომ
ეთქვა, რომ წითელი ასოცირდება კოსმოსთან ან რომ თეთრს აქვს ორღანის ხმა, ეს
უფრო გასაკვირი იქნებოდა ჩემთვის. თუმცა მოცემული მაგალითები, როგორიცაა:
თეთრ ფერს, თეთრი ფურცლის დაჭმუჭვნის ხმა აქვს. შავს- ორღანის, იმიტომ, რომ
ერთის მხრივ ორივე დამთრგუნველია. ვფიქრობ არცისე უცნაური აღსაქმელია.
ბუნებრივია ადამიანები ვახდენთ ბგერების ასოციაციას ფერებთან, ისევე, როგორც
რიცხვების ასოციაციას ფერებთან და ბგერებთან. არ ვიცი, რამდენად კომპეტენტური
ვიქნები, ეს რომ სინესთეზიას შევადარო, რადგან შესაძლოა ამ დიაგნოზით
ადამიანები მართლა თვალწინ ხედავენ ფერს წყლის შხრიალის გაგონებისას, ან
პირში ყვითლის დანახვაზე მწარე გემო უჩნდებოდეთ, თუმცა ჩემი წარმოდგენების
მიხედვით, ერთი შემიძლია ვთქვა: ჩემთვის კანდინსკის მიერ მოცემული
ასოციაციებიდან ყველა გასაგები აღმოჩნდა და მეც არაერთხელ მიფიქრია და
მიგრძვნია, რომ მაგალითად 3 რიცხვი, არის მწვანე ფერის, 2 კი სტაფილოსფერია, 7
ლურჯია, 6 წითელი. ისევე, როგორც ჯაზი ყვითელია, ვალსი კი ცისფერი. ტანგო
ბუნებრივია წითელია, მაგრამ ჩემთვლის ლურჯიც შეიძლება იყოს. ალბათ ეს
შეგრძნება ხელოვანი ადამიანების უმრავლესობას აქვს, ამას ვამბობ, იმიტომ, რომ
ჩემს კოლეგებთან ხშირად განმიხილავს ეს თემები, ისე, რომ არავის დაუსვავს
ზედმეტი შეკითხვა. თუმცა, ბუნებრივია ჩვენი შეგრძნებები ერთმანეთს არაერთხელ
აცდენია, რაც ასე, რომ არ იყოს, სრულიად სხვანაირი ფსიქიკური დაკვირვები
წარმოება გახდებოდა საჭირო ადამიანის გონებაზე. აქ არ ვამთავრებთ კანდინსკის
ფილოსოფიის განხილვას და გადავდივართ შემდეგ ასპექტზე.
შემდეგი თეზისი, რომელსაც მხატვარი განიხილავს სიმფონიური სტილია
მხატვრობაში. კანდინსკიმ აღმოაჩინა, რომ მუსიკისგან განსხვავებით, მხატვრობა,
ჯერ კიდევ არსებულ საგნებს აღწერდა, სადაც- მუსიკა- არ ახდენდა არსებულის
რეპრეზენტაციას. ბგერები, ნოტები ერთმანეთთან ისე იყო დალაგებული და
აწყობილი, რომ მის ხარჯზე მაყურებელი შეგრძნებას და ემოციას განიცდიდდა.
მხატვარს სჯეროდა, რომ მხატვრობას იგივე გზა უნდა გაევლო, რა გზაზეც მუსიკა
იდგა, იმისათვის, რომ, «აბსტრაქციის სახელმწიფოში» შესულიყო და ადამიანების
უფრო ღრმა აღქმასთან დაკავშირებულიყო. ამისათვის, კანდინსკიმ მიაკვლია გზას-
იმისათვის, რომ ნახატს სუფთა ემოცია გამოეხატა- ფერი და ფორმა თავისუფალი
უნდა ყოფილიყო. ორივე- მხატვრობაც და მუსიკაც, კანდისნკის აზრით «შიდა
საჭიროების» მიერ უნდა იყოს ნაკარნახევი, გარე ზეგავლების და იმიტაციების
ნაცვლად. ის აღიარებდა განსხვავებებს ამ ორი ხელოვნების ფორმას შორის, თუმცა
სჯეროდა, რომ მათ ერთმანეთის ინსპირირება შეეძლოთ და როდესაც ისინი
ერთმანეთისგან ისწავლიდნენ, შემდეგ უფრო მდიდარ კულტურულ ფუძეს
შექმნიდნენ საზოგადოებისათვის. მხატვარი მუსიკის დროებითობას უსმევდა ხაზს.
სადაც კომპოზიცია დროთა განმალობაში ეფინება მაყურებლის თვალწინ,
მხატვრობაში კი, მთელი ნამუშევარი ერთიანად იშლება მნახველისთვის. ამისდა
მიუხედავად მხატვარმა მუსიკის დინამიური და რიტმული თვისებების საკუთარ
ნახატებში გადმოტანა შეძლო. ამასთან ერთად ის, როგორც ზევით ავღნიშნეთ
ფერებსა და მუსიკალურ ნოტებში მსგავსებებს ხედავდა, რამაც ასევე ხელი შეუწყო
მის ამ მიკვლევას. კანდინსკიმ განიხილა, თუ როგორ შეიძლებოდა ფერების და
ფორმების განლაგებით ვიზუალური სიფონიის შექმნა. კანდინსკის ნახატებს ხშირად
აღწერენ, როგორც «ტილოზე მოძრავს». ეს იმის ბრალია, რომ ხელოვანი, ფერებს და
ფორმებს სტრატეგიულად აწყობდა ტილოზე, რასაც მუსიკალური ფრაზების მიმიკით
ახდენდა. ამის შედეგად, მისი კომპოზიცია რიტმულ ვიზუალს იძლეოდა. ამასთან
ერთად ვასილი კანდინსკი იყენებდა ნახატებში კონტრასტს და ურთიერთპოზიციას.
მხატვარი კონტრასტული ფერების ურთიერთმიმართებით ვიზუალურ დაძაბულობას
და განმუხტვას ანაცვლებდა ერთმანეთს, მუსიკალური ტერმინების «ebb-ის» და «flow-
ს» მსგავსად. მხატვარმა აღნიშნა 3 მნიშვნელოვანი ასპექტი, ამ მიდგომის
გამოსაყენებლად: პირველი იყო შთაბეჭდილება- ბუნების პირდაპირი
შთაბეჭდილების ექსპრესია; მეორე იყო იმპროვიზაცია- ძირითადად ქვეცნობიერი,
სპონტანური გამოხატულება შინაგანი შეგრძნებებისა, რომლებიც გამოხატავენ არა-
მატერიალურს; და კომპოზიცია- შინაგანი შეგრძნებების ექსპრესია, თუმცა იმათი,
რომლებიც მხოლოდ დიდი ხნის დახვეწის, აზროვნების და გადმოსაცემი მიზნის
დასახვის შედეგად არის აღმოცენილი. კანდინსკის სიმფონიური სტილის
მაგალითად მისი 4 ნამუშევარი მოჰყავს.
1. შთაბეჭდილება III (კონცერტი): კანდინსკი ამ ნამუშევარში კონცერტის
გამოცდილებას ვიზუალურ კომპოზიციად ასახავს. ფერების დინამიური განლაგებით,
ფორმები ენერგიას და მუსიკის ხარისხს გამოხატავს.
2. იმპროვიზაცია 28 (მეორე ვერსია): ეს ნახატი კარგი მაგალითია კანდინსკის
იმპროვიზაციული მიდგომისა ხატვის დროს. ტილო სავსეა თამამი, ერთი ხელის
მოსმით გაკეთებული ხაზებით და ნათელი ფერებით, რომლებიც სპონტანურობის
შეგრძნებას აჩენს. ფაქტიურად ზუსტად იმის გამოხატულებაა, თუ როგორ შეუძლია
მხატვარს აღწეროს შინაგანი ემოციები გარედან მიღებული ზეგავლენების გარეშე.
3. მესამე მაგალითია კომპოზიცია VII: ეს კანდინსკის ერთ-ერთი ყველაზე
კომპლექსური ნამუშევარია, ის მოიცავს გეომეტრიულ ფიგურებს, ხაზებს და კვლავ
ნათელ ფერებს, მხატვარმა ის აღწერა, როგორც ყველაზე კომპლექსური ვიზუალური
კომპოზიცია, რომლის გადმოცემაც უცდია. მან სცადა შეექმნა მუსიკის ესენცია.
4. მეოთხე და საბოლოო მაგლაითი კი «კომპოზიცია X” არის: ნახატი გამოხატავს
დინამიურ ურთიერთობას ფიგურებს შორის.

შემდეგი თეზისი, რომელსაც კანდინსკი წამოწევს ეხება ხელოვანს და მის


შინაგან ვალდებულებას თუ უნარს იმისას, რომ ხელოვნება გადმოსცეს. როგორც
უკვე ვახსენეთ კანდინსკი «შინაგან სურვილს»; «სიღრმისეულ საჭიროებას»
არაერთხელ ახსენებს მის ნაშრომში, რომლის დაკმაყოფილების როლიც ხელოვანს
ხვდა წილად. კანდინსკის მიხედვით ხელოვანი არის ადამიანი, რომელიც
განწირულია მატერიალური სიღარიბისკენ, თუმცა ატარებს საიდუმლო ძალას, ან
ხედვას, რომლითაც ადამიანების «შინაგან სურვილებს» აკმაყოფილებენ. მათი
ვალია ადამიანის სულის აღდგენა. მისი აზრით კი საუკეთესო გზა იმისა, რომ
ხელოვანმა ეს ვალი აასრულოს, არის, რომ მხატვრობა აიყვანოს «აბსტრაქციის
სახელმწიფოში» და მისცეს მას წმინდა ხელოვნების სახე. ხელოვანი ხდებოდა
მედიატორი სპირიტუალური და მატერიალური სამყაროების, და ატარებდა იმ
იდეებს, რომლებიც ვიზუალურ გამოხატვაზე ბევრად შორს იდგა. შემოქმედი, არა
უბრალოდ ესთეტიკურობისა და სილამაზის ავტორია, არამედ კატალიზატორია
ადამიანის სულიერი განვითარების. სიღრმისეული, დროისგან დამოუკიდებელი
თემების ამორჩევით, ხელოვანი მაყურებლის ისეთ ემოციებს ჩაწვდება, რომელიც
კულტურასა და დროზე არ არის მიკედლებული. სადაც სეზანი ან ჰოდლერი
ხელოვნების ტრადიციულ გამოხატულებას ახალ სტილს სძენდნენ, კანდინსკი მას
სრულიად არღვევდა. თუმცა ესეც სუბიექტურია, რასაც კანდინსკიც კი უსმევდა ხაზს,
როგორც ხელოვნებაში, ისე ბუნებაში.

ტექსტიდან გამოვარჩევდი ერთ-ერთ მთავარი ნაწილს მისი ნააზრევიდან,


სადაც ავტორი მოსაზრებას ხელოვნების მომავალზე აყალიბებს. მისი აზრით,
ცვლილება იქნება მეტად დასაბუთებული, გააზრებული და შეგნებული
კომპოზიციებისკენ, როდესაც მხატვრები უფრო თამამად წარმოაჩენენ საკუთარ
ნამუშევრებს, როგორც კონსტრუქციულ ხელოვნებას. ეს მოსაზრება საკმაოდ
კონტრასტულია იმპრესიონისტების შეხედულებასთან, რომ ხელოვნება
მოულოდნელი შთაგონებისგან იბადება ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე.
კანდინსკი პროგნოზირების შეგნებული შემოქმედების ხანაა, რომელიც მეტად
თანხვედრაში მოდის ერთგვარ ინტელექტუალურ მისწრაფებებთან.
კანდინსკი განიხილავს კიდევ ერთ საინტერესო თემას მის ნაშრომში,
რომელიც არის მეტაფორული სამკუთხედი ხელოვნების განვითარებისა.
სამკუთხედი არის მეტაფორული კონსტრუქცია, რომელსაც მხატვარი იყენებს
ნაშრომში, იმისათვის, რომ აღწეროს ევოლუცია ადამიანი სულიერების ხელოვნების
განხრით. სამკუთხედის ზედა წერტილი, «კენწერო» გამოხატავს ინდივიდის
(ხელოვანის) დამოუკიდებელ ხედვას. მხატვარი ხაზს უსვამს იმას, რომ კენწეროში
მდგომი ადამიანი ხშირად მარტოა, მისი არ ესმით და იძულებული ხდება, რომ
კრიტიკა მიიღოს მათგან, რომლებიც მისი ხედვის სიღრმეს ვერ ხვდებიან. ამის
მაგალითად მას ბეთხოვენი მოჰყავს. მარჯვენა წერტილი (კუთხე) განასახიერებს
ზოგადად ყველა ხელოვანს, რომელიც ნახატს სულიერებისთვის ქმნის. სამკუთხედის
თითოეული სეგმენტი სიმბოლიზირებს ადამიანის სულიერებაში გარდაქმნის ეტაპს.
ხელოვანები, კანდინსკის მიხედვით თითოეულ სეგმენტში წინასწარმეტყველებად
ისახებიან და ადამიანებს გზას უკვლევენ მათ სულიერების გზაზე. ეს ხელოვანები
მთელი სამკუთხედის მოძრაობას და პროგრესს უწყობენ ხელს. მარცხენა სეგმენტი-
აღწერს მათ, რომლებიც აფერხებენ სულიერების აღმავლას. მარჯვენა სეგმენტის
ხელოვანებისგან განსხვავებით ეს ინდივიდები არიან ისინი, რომლებსაც
ამოძრავებთ მოტივები და დაბრმავებულნი არიან მატერიალური ფუფუნების
საგნებით. ეს სეგმენტი მოიცავს მათ, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას
არჩევენ სულიერ განვითარებას. სამკუთხედის სახეცვლილება აღწერს
საზოგადოებრივი სულიერების მუდმივი განვითარების ეტაპებს. კანდინსკი
კენწეროში მდგომ ხელოვანს შუქურას ადარებს, რომელიც ადამიანებს სინათლით
გზით სიმართლისკენ უთითებს. რაც მეტს მიიწევს წინ სამკუთხედი, მით უფრო მეტი
ადამიანისთვის ხდება გასაგები ხელოვნების სიწმინდე. (არ ვიცი რამდენად კარგად
ავხსენი რთული ტექსტია საკმაოდ). სამკუთხედის მარცხენა სეგმენტის
წარმომადგენელი ადამიანების აღსაწერად კანდინსკი იყენებს მეტაფორას
«გაფუჭებული საჭმელი» ან «მოწამლული საჭმელი». მათ მიერ შექმნილი ხელოვნება
საზოგადოების დეგრადაციას იწვევს და ნეგატიური შედეგი გამოაქვს ორივე
შემქმნელისთვისაც და დამკვირვებლისთვისაც.
კანდინსკი ამასთან ერთად ხაზს უსვამს იმას, რომ ხელოვნება არ უნდა იყოს
ზედმეტად გართულებული, და იმდენად «მოდური» არ უნდა იყოს, რომ მაყურებელმა
ის ვერ აღიქვას და მისი რეალური შეფასება დაიკარგოს სოციალური წრის განსჯის
საფუძველზე.
კანდინსკის დასკვნა მისი თეზისის დამაგვირგვინებელი ნაწილია. ის ბჭობს
ხელოვანის მოგზაურობაზე, ხაზს უსვამს ურთიერთობას ფორმის, მნიშვნელობისა და
ხელოვანის მუდამ განვითარებად ცნობიერს შორის . ხელოვნების მომავლს, ავტორი
ხელოვნებისა და ადამიანის სულის კავშირში ხედავს. კანდინსკი ამტკიცებს, რომ
ხელოვნების ევოლუცია ასახავს ადამაინის ცნობიერის ევოლუციას. შემოქმედება
ადამიანის მიზნებისა და ინტერესების სარკეა. მელოდიური კომპოზიციები, თავისი
სიმარტივით და აშკარა ფორმებით იმეორებდნენ ადამიანის განვითარებისა და
გამოხატვის ხერხების ადრეულ პერიოდს. საზოგადოების განვითარებსთან ერთად,
აღმოცენდება სიმფონიური კომპოზიციები, თავიანთი კომპლექსურობითა და
ჩახლართულობით. კანდინკსის ოთხი ნახატი ამ ევოლუციის გამოხატულებაა.
დასკვნის მიხედვით, ხელოვანს ვალდებულება აქვს აღებული საკუთარი თავისა და
ხელოვნების მიმართ. ისინი ვალდებულნი არიან ღრმად ეძიონ საკუთარ სულსა და
გონებაში, იმისათვის, რომ მათი ნამუშევრები, ავთენტური, ჭეშმარიტი და
მნიშვნელოვანი სათქმელით იყოს გაჟღენთილი. ხელოვანი დიდებული მიზნის
მსახური ხდება, რომელიც ადამიანური მოდგმის სულიერ განვითარებს ისახავს
მიზნად, ეს განვითარების ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
კანდინსკის აქცენტი შინაგან საჭიროებაზე, როგორც შემოქმედების
მამოძრავებელ ძალაზე ხაზს უსვამს მისი ფილოსოფიის მარადიულ ბუნებას. იქნება
ეს, მელოდიური თუ სიმფონიური კომპოზიცია, ხელოვანი ყოველთვის უნდა უსმენდეს
საკუთარ შინაგან ხმას, აძლევდეს მას უფლებას შემოქმედებითი პროცესის
გააკონტროლოს და წარმართოს. ვფიქრობ, კანინსკის დასკვნა ხელოვანებს
მოუწოდებს შემოქმედების დასაბუთებული მიდგომა აირჩიონ და გაიაზრონ
საკუთარი ვალი ხელოვნებისა და ადამინური ცივილიზაციის მიმართ.

მადლობა ყურადღებისთვის
1. http://public-library.uk/ebooks/22/92.pdf Wassily Kandinsky: Concerning the spiritual in Art.
PDF
2. https://en.wikipedia.org/wiki/Wassily_Kandinsky Wassily Kandinsky.
3. https://www.youtube.com/watch?v=hyPwxJdkTuY Kandinsky- concerning the spiritual in art.
Review.
4.https://www.youtube.com/watch?v=2xDnxkzQtdI What’s the Sound of Colour? Kandinsky and
Music.

You might also like