You are on page 1of 11

კესანე ბაბუნაშვილი

კინო-ტელე მხატვრობა, II კურსი

II შუალედური

სვეტიცხოვლის რელიეფები
დღევანდელ რეფერატში მინდა სვეტიცხოვლის რელიეფები განვიხილო, თუმცა სანამ
მასზე გადავიდოდეთ, რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი თავად ტაძართან დაკავშირებით.

როგორც ვიცით, სვეტიცხოველი XI საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლია და


საქართველოს უმნიშვნელოვანეს ტაძრად მიიჩნევა. მახსოვს როგორი აღფრთოვანებული
ვიყავი ბავშვობაში მისი ისტორიით, ამაღლებული სვეტით, რომელსაც მირონი სდიოდა, იმ
ხის სვეტით, რომელიც სიდონიას საფლავს ამშვენებდა. როდესაც წამოვიზარდე, ეს
დიდებული სურათი იმდენადვე ძლიერმა რამემ შეცვალა. ამჯერად ტაძარს სულ სხვანაირად
აღვიქვამდი, კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენამ პირველად დამანახა
სვეტიცხოველი, როგორც იმაზე მეტი, ვიდრე რელიგიური მოწიწების საგანი, იგი პირველად
აღვიქვი ხელოვნების ნიმუშად. საოცრად აღწერს გამსახურდია სვეტიცხოველს დღის
სხვადასხვა მონაკვეთში, როგორ იცვლის იგი ფერს და სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული,
თანაბრად მშვენიერი, სურათი როგორც გვეფინება მკითხველს თვალწინ: “დილით
ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო
მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდე
ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა”. როგორ გინდა მსგავსი აღწერა მოისმინო და არ
აღფრთოვანდე. ამის შემდეგ, ჩვენი ყოველი გამგზავრება მცხეთაში სრულიად შეიცვალა.
სვეტიცხოვლის სანახავად მუდმივად უამრავი ხალხი დადის და ალბათ მცხეთელი თუ არ ხარ,
იშვიათი სიამოვნებაა, რომ სვეტიცხოველი დაიმარტოვო და მისი სილამაზით სიმარტოვეში
დატკბე. ამისდა მიუხედავად ათასი ტურისტის გარემოცვაშიც კი ყოველთვის რაღაც
განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ სვეტიცხოველთან. ავყურებ დაბლიდან მზეში დიადად
წამოჭიმულს და საინტერესო ის არის რომ ზევიდან არ მიყურებს სვეტიცხოველი, ისიც
გულწრფელია, რეალურია, უბრალოდ იმდენად დიდებულია, რომ ამას ვერ დამალავს.
არც სვეტიცხოვლის რელიეფები ავირჩიე შემთხვევით დღევანდელი რეფერატის თემად,
მახსოვს ერთ-ერთ ზაფხულს, მე და მამაჩემი ვუვლიდით გარს სვეტიცხოველს, ჩუმად, იმისდა
მიუხედავად, რომ სალაპარაკო ყოველთვის ბევრი გვაქვს. მახსოვს ჩემი ყურადღება
ცენტრალური თაღის ქვეშ არსებულმა არსუკიძის ხელის რელიეფურმა გამოსახულებამ
მიიქცია და მამაჩემს ვკითხე მისი ისტორია, რადგან ბავშვური შთაბეჭდილებებით
დარწმუნებული ვიყავი, რომ რეალურადაც მოაჭრეს ხელი არაჩვეულებრივ ხუროთმოძღვარს.

სვეტიცხოვლის საფასადო დეკორი ნიკორმწინდის მსგავსად, თავდაპირველად


ერთიანი თეოლოგიური პროგრამის მიხედვით უნდა ყოფილიყო შექმნილი, რაც ბუნებრივია,
რადგან ამხელა მნიშვნელობის მქონე ძეგლს აუცილებლად ექნებოდა ქრისტიანული
იდეოლოგიით მნიშვნელოვანი იკონოგრაფიული პროგრამა. ბუნებრივია, ეს პროგრამა
ნიკორწმინდისასთან შედარებით ბევრად უფრო რთული და გრანდიოზული უნდა
ყოფილიყო სვეტიცხოვლის მასშტაბიდან გამომდინარე. სავარაუდოდ ამ პროგრამის
ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო დასავლეთ ფასადზე გამოსახული ქრისტე და ორი
ანგელოზი, რაც სვეტიცხოვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიეფად მიიჩნევა და მეც
ყოველ ჯერზე თვალს მჭრის მისი დიდებულება, სწორედ ამიტომ დღეს მის აღწერილობას
უფრო მეტ დროს დავუთმობ.
დასავლეთის ფასადი
დასავლეთის ფასადი ყველაზე დეკორატიული ნაწილია სვეტიცხოვლისა, და მისი
რელიეფები ყველაზე მეტად არის პირვანდელი სახით შემორჩენილი.

მისი დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია.


ამაღლებული, ფართო დეკორატიული თაღი ნახევარსვეტებს ეყრდნობა და ამით ხაზს უსვამს
ფასადის ცენტრალურ ნაწილს. ცენტრალური სარკმელი გაფორმებულია ორნამენტ-
დეკორატიული მორთულობით, ჩუქურთმის ფორმები ძალიან პლასტიკური და დახვეწილია.
მარჯვნივ და მარცხნივ არსებულ ვიწრო სიბრტყეებზე დიდი ზომის დეკორატიული ვაზებია
გამოსახული. ვფიქრობ, რომ ვაზი ისეთი მცენარეა, რომელიც როგორ სტილიზებურადაც არ
უნდა გამოსახო, თავის სისადავეს შეინარჩუნებს, ვაზის გამოსახულებაზე სულ ქართული
სული მახსენდება და ქართველობა ჩემთვის ზუსტად ასეთია: არაფრით ზედმეტი,
დახვეწილი, ლამაზი, მაგრამ უბრალო და ღია გულის მქონე. გასაკვირი არ არის რომ სწორედ
ვაზი იქნა შერჩეული ამ ფასადის დასამშვენებლად, რადგან ვაზს და მევენახეობას ქართველი
კაცის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. ვაზი ჩვენი საკულტო მცენარეა, არაერთხელ
მოგვისმენია ლექსებში, გვინახავს მხატვრობაში და ეკლესიებზე ჩუქურთმების სახით.

დასავლეთ ფასადის უმნიშვნელოვანესი რელიეფია ქრისტეს და ანგელოზების რელიეფი,


რომელიც მაღლა ვახსენეთ: სამფიგურიანი რელიეფი ავსებს თავისუფალ ადგილს ლავგარდასა
და დეკორატიულ თაღს შორის. რელიეფი პირვეანდელი სახით გვაქვს შემორჩენილი, ცენტრში
წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი, იგი მარჯვენა ხელით აკურთხებს,
მარცხენაში კი დახურული წიგნი უპყრია, ბუნებრივია სახარება უნდა იყოს. ქრისტეს ორივე
მხარეს ანგელოზების ფიგურებია, რომლებსაც ევქარისტული მნიშვნელობის საგნები
უჭირავთ. მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზს ხელში სურა უპყრია, მეორეს კი- სეფისკვერი. ამ
კომპოზიციაში ზიარების სახეა სიმბოლურად ნაჩვენები, სურა- ქრისტეს სისხლის სიმბოლოა,
პური, სეფისკვერი- ქრისტეს ხორცისა.

თავად კომპოზიცია ამაღლებისაა. მეტი სიდიადისათვის რელიეფი დიდი ზომისაა,


მონუმენტურია, ქრისტეს გამოსახულება 140 სანტიმეტრია სიმაღლეში, რელიეფი მაღალია და
სკულპტურულადაა გადაწყვეტილი. ფორმები ზოგგან სცილდება ფონს, მაგაილლთად მხრები
და ტერფები და სივრცეში გამოიკვეთება, ეს ყველაფერი კი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს
მნახველზე, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, როდესაც დიდი სიმაღლიდან გადმოგყურებს
მაცხოვარი ანგელოზებითურთ, თითქოს პირადად შენ გაკურთხებს იგი, სვეტიცხოველი
მნახველს კიდევ ერთხელ იახლოვებს ამით. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ეს
რელიეფი მეორედ მოსვლის მოტივით იყოს შექმნილი, რადგან ევქარისტია, მსხვერპლის იდეა
უფლის დიდებას და მის მეორედ მოსვლას უკავშირდება, თანაც აქაც, ნიკორწმინდის მეორედ
მოსვლის რელიეფის მსგავსად ევქარისტიის სცენიდან ამოღებულია მოციქულთა ზიარება და
სიუჟეტი განზოგადებულადაა მოცემული. შესაძლოა მასთანვე იყოს კავშირში, ამავე ფასადის,
კედლის განაპირა სიბრტყეებზე, ნახევარსვეტებსა და კედლის ნაპირებს შორის სიმეტრიულად
განლაგებული მცენარეთა რელიეფური გამოსახულებები- სისცოცხლის ხის მოტივი.
ფასადის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს, გამოსახულია მოჩუქურთმებული ჯვარი, ზომით
დიდია და მოწითალო ქვისგან არის გაკეთებული, ისიც თავდაპირველი სახით გვაქვს
შემორჩენილი, სავარაუდოდ ეს სიჭრელე არის კიდევ ერთი რამ, რაც სვეტიცხოველს ერთგვარ
სიდიადეს სძენს, ყველა რელიეფი, ჩუქურთმა ერთიან ორგანიზმად არის აღქმული. სიჭრელე
კი, ჩემი აზრით, იდეალურად არის შერჩეული, ყველაფერი ერთმანეთს ეხამება და მნახველს
ამ ერთიანობით აოცებს.
ჩრდილოეთის ფასადი

ჩრდილოეთის ფასადზე კი სწორედ ის რელიეფია წარმოდგენილი, რომელმაც


თავდაპირველად ჩემი ყურადღება მიიპყრო, ზოგადად ეს ფასადი ორნამენტულ-
ჩუქურთმიანი სამკაულით ყველაზე ნაკლებად არის დამშვენებული. თაღების სისტემიდან
ცენტრალური თაღია ამაღლებული, რაც ხდის მის სიმაღლეზე ამახვილებს ყურადღებას, აქვე
მინდა ავღნიშნო, რომ სვეტიცხოველი ერთ-ერთი ყველაზე მაღლი ტაძარია საქართველოში.

სწორედ ცენტრალური თაღის ქვეშ არის გამოსახული მარჯვენა მკლავის გამოსახულება,


რომელსაც ხელთ გონიო უპყრია, მის ორივე მხარეს წარწერაა: „ხელი მონისა არსუკიძისაი,
შეუნდეთ“, სავარაუდოდ ის გამოსახეს ხუროთმოძღვრის განდიდების მიზნით, მან ხომ
უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში. სწორედ მას
მიუძღვნა კონსკანტინე გამსახურდიამ დიდოსტატის მარჯვენა და ეს გამოსახულება იყო
ინსპირაცია უძველესი ლეგენდის ოსტატის მოჭრილი ხელის შესახებ, წარმოიშვა ხალხური
ლექსიც: „ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს ხელი მომჭრეს, რატომ
კარგი აგიგია“. ძალიან მიტაცებს ამ ისტორიაზე ფიქრი, როგორ წარმოიქმნა ლეგენდა, ძველ
ქართულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი მოსახლეები როგორ უყვებოდნენ ერთმანეთს
მის შესახებ, როგორ გავიდა იგი ქალაქის საზღვრებს გარეთ და მთელ საქართველოს როგორ
მოედო, ჩემთვის ეს ძალიან საოცარ ენერგიას და მისტიკას ქმნის.
აქვე ვხვდებით მრავალფრთედს და არწივის ფიგურას. ორივე მათგანი მცირეა, რაც
გვაფიქრებინებს, რომ XI საუკუნის ნიმუშები არ უნდა იყოს, იდენტური მრავალფრთედის
გამოსახულებას ვხვდებით სამხრეთ ფასადზე.

სამხრეთ ფასადი
მინდა ასევე უყურადღებოდ არ დავტოვო სამხრეთ ფასადის რელიეფები, თუმცა ამჯერად მათ
დეტალებში არ შევალ, მოცემული რელიეფებია: ვაზი- წმინდა მცენარე; წმინდა გიორგი კლავს
ურჩხულს; ჯვარი აყვავებული მკლავებით- ქრისტიანული ხსნის სიმბოლო; ორი მტრედი
ერთი ჭურჭლიდან იღებს სულიერ საზრდოს. აქვე ვხვდებით ვარდულების გამოსახულებას-
ქრისტიანობის მარადიულობის სიმბოლოს, ექვსფრთიან ანგელოზს და ქრისტეს ჯვარცმას.
ყურადღებას იპყრობს სვასტიკის ნიშნიანი ორნამენტი, რომელიც მარჯვენა სარკმლის
ირგვლივ გვხვდება, როგორც ჩვენთვის ცნობილია სვასტიკა მარადიული მზის სიმბოლოა, რაც
საქართველოში პალეოლითის ხანიდან მომდინარეობდა.

აღმოსავლეთის ფასადი
აღმოსავლეთის ფასადზეც ბევრ საინტერესო რელიეფს ვხვდებით, იგი სხვა ფასადებთან
შედარებით ყველაზე სიმეტრიულია და კონტრასტულად ეხამება მათ. გამოირჩევა
ჩუქურთმების მრავალფეროვნებით და ხარისხით. ასიმეტრიულობა ქართული
ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ნიშანია.

ცენტრალური თაღის შიგნით ულამაზესი რელიეფია, მის ზედა ნაწილში მარაოსავით


გაშლილია 12 სხივი, მედალიონებით დამთავრებული, რაც ქრისტეს 12 მოციქულს
სიმბოლიზირებს, რომელთა სახელზეც აიგო სვეტიცხოველი. ნამდვილად საოცარი
სანახაობაა, ფარშევანგის გაშლილ კუდსაც კი მივამსგავსებდი. მედალიონებზე ამოკვეთილია
წარწერა: „ადიდენ ესე წმინდაი ეკლესია, ხელითა გლახაკისა მონისა არსუკიძისაითა.
ღმერთმან განუსვენე სულსა მისსა“. აქედან ვიგებთ, რომ ტაძრის მშენებლობა რომ დასრულდა,
არსუკიძე უკვე გარდაცვლილი იყო, რადგან წარწერაში მისი სულის განსვენებას თხოულობენ.
აღმოსავლეთ ფასადზეა გამოსახული სკულპტურული ხარის თავები, რომელიც მეხუთე
საუკუნის ბაზილიკიდანაა გადმოტანილი. ტაძრის დეკორატიულ ელემენტები ხშირად
სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა, მაგალითად ხარი სამეუფო სიმბოლიკაა,
საქართველოში- ლუკა მახარებლის სიმბოლოა. საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანა იყო,
მიწათმოქმედებისათვის კი უმნიშნვნელოვანესი ცხოველი ხარია. მიწას ამუშავებდნენ
სახმისით, იარაღით, რომლითაც მიწა ფხვიერდება. ხარს აბავდნენ მძიმე გუთანს, რომელსაც
გაწევა სჭირდებოდა და იგი ეზიდებოდა მას. სვეტიცხოვლის სკულპტურული ხარები
იმდენად გამოწეულია სიბრტყიდან, რომ დამოუკიდებლად რომ იყოს მოცემული ერთიანი
ქანდაკება გვეგონებოდა.

ხარების თავებს შორის მოთავსებულია ვედრების კომპოზიცია. იქვეა მხედრული წარწერა,


რომელშიც მოიხსენიება კათალიკოსი ნიკოლოზ მაღალაძე, რომელმაც შეაკეთა ეს ფასადი,
თარიღდება 1674 წლით.ფასადის ზედა ნაწილში გამოსახულია ვაზის მტევნები, რაც
ნაყოფიერების სიმბოლოა.

იქვეა ლომისა და არწივის მაღალრელიეფიანი გამოსახულებები, სამწუხაროდ ზოგ სტატიაში


მითითებული იყო, რომ ისინი ტაძრის თანადროულია, ზოგში კი, რომ ისინი XV საუკუნის
პირველ ნახევარს მიეკუთვნება, ალექსანდრე მეფის რესტავრაციის პერიოდს, შესაბამისად მე
დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. ისინი შესრულებულია მაღალი რელიეფით,
პლასტიკურია, ზედაპირი კი დეკორატიულად აქვთ დამუშავებული.
ამ ფასადზევე ვხვდებით XI საუკუნის რელიეფს- ორ მფრინავ ანგელოზს. ანგელოზები
სიმეტრიულად არიან განლაგებულნი და კომპოზიციურად ერგებიან ფასადს, თუმცა
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი სტილისტური და შინაარსობრივი კავშირი სხვა
რელიეფებთან მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულია, რადგან ყველა რელიეფური
გამოსახულება თავდაპირველად აღმოსავლეთ ფასადზე არ იყო ჩაფიქრებული. ზოგი
მიიჩნევს, რომ ჩანაფიქრში ისინი ამაღლების ან მეორედ მოსვლის კომპოზიციის ნაწილს
შეადგენდნენ.

მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ფასადის ანგელოზები, ლომი და


არწივი ერთიანი კომპოზიციის ნაწილს შეადგენდნენ და სხვა ადგილას იყვნენ
მოთავსებულნი. ხარი, ანგელოზი, ლომი და არწივი- იოანეს გამოცხადების თანახმად ოთხი
მახარებლის სახეებია და შესაძლოა, რომ ამ სიმბოლოებს კავშირი ჰქონდეთ ამ თემატიკასთან.
ეს მაცხოვრის მეორედ მოსვლის კონტექსტსაც ეხამება. ქრისტიანული იკონოგრაფიის წესების
თანახმად, მახარებელ მარკოზის სიმბოლო ფრთიანი ლომია. თუმცა შუა საუკუნეების
ხელოვნებაში გვხვდება მარკოზისა და ლუკას სიმბოლოების - ლომისა და ხარის - ფრთების
გარეშე გამოსახვის შემთხვევებიც. მაგ., ე. წ. ეჰტერნაჰის სახარება (სავარაუდოდ,
ლინდისფარნის სააბატოდან, დაახლ. 690)

რაც შეეხება ქვედა ნაწილში რელიეფურ სახეებს, აქ გამოსახულნი არიან


ღვთისმშობელი, ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი (XI ს.)

საბოლოოდ, შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ დღეს უფრო კარგად ჩავწვდი იმ მშვენიერ
სანახაობას და შეიძლება ითქვას ნაწილობრივ გავიგე, თუ რა ხდის სვეტიცხოველს ამოდენ
დიდებულ ნაგებობად. ნამდვილად მკვეთრად ჩანს რელიეფის განვითარება ქართულ
ხუროთმოძღვრულ ისტორიაში, XII საუკუნის რელიეფი ბევრად უფრო მეტ რელიგიურ სახეს
გამოსხავს, შენარჩუნებულია მცენარეული მოტივი, თუმცა შემკულია ისეთი საინტერესო
ტექნიკებით, როგორიცაა სიბრტყიდან ძლიერ ამოწევა, რელიეფის კონკრეტული ფერის ქვისგან
გამოყვანა, სიმბოლიზმის კიდევ უფრო ღრმად ინტერპრეტაცია. სვეტიცხოველი, მისი
რელიეფებითურთ მაგიური ძეგლია, მართლაც რომ, მისი შესწავლისას, გგონია, რომ ამ
სამყაროს ცდები და სადღაც უფრო შორს მიდიხარ, სადაც ყველაფერი ბურუსშია და მისი
დიდებულება თავბრუს გახვევს.

You might also like