You are on page 1of 5

ადრექრისტიანული ხელოვნება

III-V საუკუნეები

ისტორიული ვითარება
ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში რომის იმპერიის აღმოსავლურ ნაწილში, წინა აზიაში
ახალი სარწმუნოება, ქრისტიანობა წარმოიშვა. ქრისტიანობა იმპერიის უზარმაზარ
ტერიტორიაზე გავრცელდა და საბოლოოდ მის ცენტრს - იტალიას მიაღწია. ქრისტიანობამ
გამოაცხადა, რომ უფლის წინაშე ყველა თანასწორია. ბუნებრივია, რომაელ დიდებულებს ასეთი
იდეები არ მოსწონდათ და ქრისტიანობის დევნა დაიწყეს. მაგრამ დროთა განმავლობაში
ქრისტიანობამ შეწყვიტა სწორუფლებიანობის ქადაგება და ხელისუფალთა მიმართ
მორჩილებისაკენ მოუწოდებდა. ამის შედეგი იყო ის, რომ 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ
ქრისტიანობა რომის იმპერიაში ნებადართულ რელიგიად გამოაცხადა.
როდესაც V საუკუნეში რომი დაეცა, დამპყრობელთა ბელადებმა მიიღეს ქრისტიანობა და
ახალ ხელისუფალთა მხარდაჭერით VI საუკუნიდან იწყება ქრისტიანობის განუყრელი
ბატონობა ევროპაში.
ქრისტიანობასთან ერთად აღმოცენდა ე. წ. ადრექრისტიანული ხელოვნება. იგი რომის
იმპერიის სხვადასხვა ტერიტორიაზე ძველი რომის ხელოვნებასთან პარალელურად
განვითარდა.

კატაკომბები
ვინაიდან თავიდან ქრისტიანობა იკრძალებოდა, მორწმუნეებს არ შეეძლოთ აეგოთ
ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი შენობები. თავიანთ ფარულ შეკრებებზე ისინი
მიწისქვეშა სასაფლაოებზე - კატაკომბებში იკრიბებოდნენ. კატაკომბები ტუფის ნიადაგში
გამოჭრილ დერეფნებს წარმოადგენდა, რომლებიც აქა-იქ ქვის კედლებით იყო გამაგრებული.
მათ საყრდენის ფუნქცია ჰქონდათ.
კატაკომბები ფართოდ იყო გავრცელებული რომში. აქ მათი სიგრძე 100 კმ-ს აღემატება.
მიწისქვეშა დერეფნები და კამერები ხშირად რამდენიმე იარუსად განლაგდებოდა და ჭერში
დატოვებული ღიობიდან ნათდებოდა. სამარხები კედლებში, იშვიათად იატაკქვეშ იყო
მოწყობილი. ყოველი სამარხი, როგორც წესი, არაღრმა ნიშისაგან - ლოკულასაგან შედგებოდა,
რომლის წინა მხარე ოდნავ დაბლდებოდა მიცვალებულის ფეხებისაკენ. დაკრძალვის შემდეგ
ნიშა იფარებოდა ქვის ან გამომწვარი თიხის ფილით, რომელზეც ეპიტაფია იყო ამოკაწრული.
კატაკომბებში გვხვდება საკმაოდ ფართო სათავსოები, ე. წ. კუბიკულები, რომლებიც
საგვარეულო აკლდამებს წარმოადგენდნენ. ისინი ერთმანეთისაგან იზოლირებულად, ან
ერთმანეთის გვერდით განლაგდებოდნენ, ჰქონდათ საყრდენი კედლები, რომლებიც მათ
არქიტეტურულად დასრულებული კრიპტების - მიწისქვეშა სასაფლაოების სახეს აძლევდნენ.
კუბიკულაში ცხედარი განთავსებული იყო ქვებით ან კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ
მიწის ჭრილში - სოლიაში, რომელიც ასევე ტუფში გამოჭრილი და მოხატულობით
გაფორმებული თაღით, არკოსოლიუმით იყო დაგვირგვინებული.
დასაკრძალად ხშირად იყენებდნენ რელიეფებით მორთულ სარკოფაგებს. არქიტექტურულ
ფორმებს და ფიგურულ გამოსახულებებს სარკოფაგებზე რელიგიური, სულის მოსახსენიებელი
1
ხასიათი ჰქონდათ. ტექსტი ძირითადად წარმოადგენდა ლოცავს მიცვალებულის სულისათვის,
ან სამგლოვიარო შინაარსის იყო.
კატაკომბების კედლები და გადახურვები სიმბოლური გამოსახულებებით იყო
დაფარული. პირველი ქრისტიანები რელიგიური დევნის გამო ღმერთს არ ასახავდნენ.
ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოდ თევზის გამოსახულება გამოიყენებოდა. თევზი ძველ
ბერძნულად არის ιχθύς., რომელიც წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვებისა „იესო ქრისტე, ძე
ღვთისა, მაცხოვარი“. დროთა განმავლობაში ადრექრისტიანულ გამოსახულებებში ქრისტეს
სახისა და ქრისთიანული თემების პირველი ნიმუშები ჩამოყალიბდა.

ქრისტეს სახისა და ქრისტიანული თემების ჩამოყალიბება ადრექრისტიანულ


ხელოვნებაში
ძველ რომში ქრისტიანობის ჯერ ფარულ გავრცელებას, ხოლო შემდეგ ოფიციალურ
აღიარებას არ გამოუწვევია მხატვრული გამომსახველობითი ხერხების მკვეთრი გარდაქმნა.
ადრექრისტიანული მხატვრობა ან იყენებდა წარმართულ გამოსახულებებს და მათ ალეგორიულ
მნიშვნელობას ანიჭებდა, ან მიმართავდა სიმბოლოებს, რომელთაც კრიპტოგრამების (პირადი
საიდუმლო ჩანაწერების) სახე ჰქონდათ. ქრისტიანობა დაკავშირებული იყო ორ უდიდეს
დოქტრინასთან, რომელთა დამოკიდებულებაც ღვთაებისა და ღვთაებრივის ხილულ ფორმებში
გამოსახვისადმი რადიკალურად განსხვავებული იყო. ერთი მათგანი, ელინისტური დოქტრინა
თავისი კლასიკური წარმოშობის გამო ღვთაებრივ საწყისს მხოლოდ ბუნებრივ და
ანთროპომორფულ ფორმებში წარმოადგენდა. მეორე, იუდეველთა დოქტრინა, საერთოდ
გამორიცხავდა და გმობდა ღმერთის ხილვად ფორმებში გამოსახვას და ამას
კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდა. ეკლესიის წიაღში წარმოიშვა პოლემიკა იმის შესახებ, იყო
თუ არა ქრისტეს ბუნება ღვთაებრივი, ან ღვთაებრივ-ადამიანური, მაგრამ ვერავინ უარყო, რომ
მიწიერი მოვლინების გამო ქრისტე შეიძლებოდა ადამიანური სახით ყოფილიყო გამოსახული.
სახარებაში, ფაქტობრივად, ძალიან მცირეა ცნობები ქრისტეს გარეგნობაზე. სწორედ ამას
უკავშირდება სიმბოლიკის ფართო გამოყენება, რომელიც კლასიკური ხელოვნების
ალეგორიული სახეებიდან იყო შექმნილი. როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობის უძველესი
სიმბოლო იყო თევზის ქარაგმული გამოსახულება. დროთა განმავლობაში იესო გამოისახებოდა
ახალგაზრდა ვაჟის სახით, რომელსაც მხრებზე ბატკანი ჰყავდა. კეთილი მწყემსი ქრისტეა,
ხოლო ბატკანი მის მიერ გადარჩენილი ადამიანების სულთა სიმბოლო. თანდათანობით ქრისტე
გამოისახება სხვა ადამიანებთან ერთად. მისი თავის ირგვლივ ჩნდება შარავანდედი. და ბოლოს,
ქრისტე იღებს აღმოსავლური ტიპის ადამიანის სახეს: სწორი ნაკვთებით, დიდი თვალების
მკაცრი, დაძაბული გამოხედვით, ფართო, ხშირი წვერით და მხრებზე დაშვებული გრძელი
თმებით. ახლა ის გამოისახება არა თავის თანამესუფრეთა გვერდით, არამედ ცალკე,
ამაღლებულად, ხოლო გრძელწვერიანი მოციქულები განთავსდებიან ქრისტეს ორივე მხარეს,
საკმაოდ მოშორებით. მოგვიანებით ბიბლიის თემებზე შესრულებული გამოსახულებებიც
ჩნდება, რომლებიც ყოველთვის სულის ხსნას და აღდგომას უკავშირდება.
რომის კატაკომბების კედლებზე პირველად ჩნდება აგრეთვე ახალგაზრდა მლოცველი
ქალის გამოსახულება. ეს ღვთისმშობელია, ჩვილით ხელში.

2
კატაკომბების ფერწერა
ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ფერწერა კატაკომბების კედლებზეა
წარმოდგენილი, სადაც ფერწერა დიდ განვითარებას აღწევს.
მხატვრული თვალსაზრისით რომის კატაკომბების ფერწერა რომაულ-ელინისტური
სამარხების ფრესკების ტიპს მიეკუთვნება, ჭარბობს თეთრი ფონი, რომელიც ალ ფრესკოს
ტექნიკაშია შესრულებული. თავად გამოსახულება ალ ფრესკოს, ან ალ სეკოს ტექნიკაში. პირველ
გამოსახულებებში ჯერ კიდევ არ არის შავი კონტური, ფიგურები საკმაოდ ბუნებრივადაა
მოხაზული.
ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებები, რომელთაც წარმართული მნიშვნელობა
დაკარგეს და დეკორატიულ ელემენტებად იქცნენ, ქრისტიანულმა ხელოვნება სიმბოლური
განმარტების გარეშე გადაიღო. სხვა შემთხვევაში ანტიკური სიმბოლოები ქრისტიანული
თემატიკის გადმოსაცემად გამოიყენებოდა. ამის ნათელი მაგალითია დიონისეს ვაზი.
ქრისტიანობაში ის ძალიან მნშვნელოვან შინაარსს იძენს, თუ გავიხსენეთ ქრისტეს სიტყვებს: „მე
ვარ ვაზი, თქვენ - მტევნები“. მტრედი ადრექრისტიანულ ფერწერაში მშვიდობის სიმბოლო იყო,
რომელიც ქრისტიანის სულს უკავშირდებოდა. კუდგაშლილი ფარშევანგი უხრწნელობის,
უკვდავების სიმბოლოდ აღიქმებოდა. მეთევზე - მოციქულთა სიმბოლო იყო, წყალი
ნათლისღების წყლის სიმბოლურ განმარტებას იღებდა. ამგვარად, თევზი თავიდან ადამიანის
სიმბოლოა, რომელიც მოინათლა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით თავად მაცხოვრის სიმბოლო
ხდება. ყველაზე ადრეულ კატაკომბურ ფრესკებზე მაცხოვარი გამოისახება კეთილი მწყემსის
სახით, რომელსაც მხრებზე მის მიერ გადარჩენილი გზააბნეული კრავი მოჰყავს. კეთილ
მწყემსში გამოიხატა წარმოდგენა ქრისტეზე, „სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველზე“.
ხშირად ადრექრისტიანულ სიუჟეტებში წარმართული მითებიც აისახებოდა. ანტიკური
ფერწერის ერთ-ერთი საყვარელი სცენა - ორფეოსი, რომელიც გარეულ ცხოველებს მუსიკით
ათვინიერებს, კატაკომბებში ასახულ ქრისტიანულ ფრესკებშიც გვხვდება. ორფეოსის ადგილს
კეთილი მწყემსის სახე იკავებს. ეს დაახლოება გასაგები ხდება, თუ გავიხსენებთ, როგორ
აღიქვამდნენ ორფეოსს ძველი ბერძნები. აპოლონის შვილის - ორფეოსის სიმღერის მოსასმენად
იკრიბებოდნენ ფრინველები, გარეული ცხოველები, თევზები, ხეები ტოტებს ხრიდნენ,
ქარიშხლები ცხრებოდნენ. ქრისტიანული ეპოქის დასაწყისისათვის წარმართულმა სამყარომ
ძველი ღმერთებისადმი რწმენა დაკარგა. უკვე ჰორაციუსი ამბობს, რომ მითი ორფეოსზე არის
ალეგორია, რომ ეს გმირი არის ღვთაებრივი კანონის მქადაგებელი, ველური ზნეობის
მომთვინიერებელი და ყველა არსების სილამაზის სამსახურში გამაერთიანებელი. აქ ვხედავთ
შეხედულებას ორფეოსზე, როგორც ღვთაბრივ დესპანზე, ზნე-ჩვეულებების შემარბილებელზე.
ამიტომ იგი სავსებით მარტივად შეიძლებოდა ყოფილიყო გადატანილი ქრისტიანების მიერ
ქრისტეს სახეზე.
რომის კატაკომბების ფრესკების უმეტესობა ბიბლიურ სცენებს ასახავს. ამასთანავე, ძველი
აღთქმის სიუჟეტები გაცილებით ხშირად გადმოიცემა, ვიდრე ახალი აღთქმის. ახალი აღთქმის
სცენების ციკლი ხარების სიუჟეტით იწყება, ხოლო შემდეგ მოგვების თაყვანისცემა ჩნდება.
იშიათად გვხვდება ქრისტეს ნათლისღების სცენაც. ახალი აღთქმის უკანასკნელი რიგია
მაცხოვრის სასწაულები. ქრისტეს ვნების სცენა თავდაპირველად არ ჩნდება, ხოლო მამა
ღმერთიც მხოლოდ ღრუბლებიდან გამოწვდილი უფლის ხელის სახითაა წარმოდგენილი.

3
კატაკომბების ფრესკებში მოქმედება პერსონაჟების მაქსიმალურად მცირე რაოდენობით
ვითარდება. სტილისტურად საქმე გვაქვს ელინისტური მხატვრული ნატურალიზმიდან სულ
უფრო განზოგადებულ და ნაკლებად ნატურალისტურ ფორმებზე გადასვლასთან.

ადრექრისტიანული ქანდაკება
ქრისტიანები თავდაპირველად გაურბოდნენ ღმერთის ქანდაკებაში ასახვას. იესოს
ყველაზე ადრეული გამოსახულებები ლითონში ან ძვირფას ქვებში შესრულებულ პატარა
ქანდაკებებს წარმოადგენენ. ჩვენამდე ეს ქანდაკებები არ მოსულა. ქრისტიანები ქრისტეს
სახელის ალეგორიული გადმოცემით კმაყოფილდებოდნენ.ასეთ სიმბოლურ ქანდაკებებს შორის
ყველაზე გავრცელებული იყო ქრისტეს სახე კეთილი მწყემსის სახით. ყველაზე ადრეული
გამოსახულება III საუკუნის პირველ ათწლეულს მიეკუთვნება. ეს მარმარილოს პატარა
ქანდაკებაა, რომელშიც ახალგაზრდა გრძელკულულებიანი მწყემსი მოკლე უმკლავო ტუნიკაშია
წარმოდგენილი. თავი პროფილშია მობრუნებული. ქანდაკება ნატიფადაა დამუშავებული.
ამ ადრეული ეპოქის რელიეფური პლასტიკა სულის მოსახსენიებელ სფეროს
განეკუთვნება. ეს რელიეფები ძირითადად მარმარილოს სარკოფაგების კედლებზე გვხვდება.
რელიეფებშიც ქრისტიანული სიმბოლოები გამოიყენებოდა.
ანუ, როგორც ვხედავთ, ძველი ქრისტიანული ქანდაკებაც და ფერწერაც ბიბლიური
სიუჟეტების საკმაოდ შეზღუდულ წრეს გადმოსცემდა. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში
სიუჟეტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი სიმბოლურად გადმოცემის შესაძლებლობა იყო.
ქრისტიანობა საზრდოობდა არა გარეგნული სახეებით, არამედ შინაგანით. უნდა აღინიშნოს ის
ფაქტიც, რომ ქრისტიანობა თავდაპირველად იმ თემებს ასახავდა, რომელთაც
დამრიგებლობითი ხასიათი ჰქონდათ.

ქრისტიანული ბაზილიკა
იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამ
დღის წესრიგში ტაძრის აგების საკითხი დააყენა. შესაბამისად, ქრისტიანული არქიტექტურის
პირველი უდიდესი ამოცანა ეკლესიის შექმნა იყო. თავიდანვე ეკლესია გარკვეულ
საზოგადოებრივ დატვირთვას იძენს: რელიგიური რიტუალი მორწმუნეთა შეკრებას მოითხოვს.
ადრექრისტიანული საეკლესიო არქიტექტურა უმთავრესად ინტერიერის დაყოფასა და
დეკორირებაზე ზრუნავდა. ადრექრისტიანულ არქიტექტურაში ტაძრის ორი ძირითადი ტიპი -
ბაზილიკა და როტონდა განმტკიცდა. ბაზილიკა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ევროპის
სატაძრო მშენებლობის გაბატონებული ფორმა გახდა.
ბაზილიკა ანტიკურ საბერძნეთში ბასილევსის საცხოვრებელს წარმოადგენდა, რომში კი
საზოგადოებრივ ნაგებობას, რომელშიც სასამართლო სხდომები და სავაჭრო ოპერაციები
იმართებოდა. ბაზილიკა კარგად ერგებოდა ქრისტიანული ტაძრის მოთხოვნებს. ეს იყო
მართკუთხა ფორმის უგუმბათო შენობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმართული. მისი
სვეტების მეშვეობით გაერთიანებული შიდა სივრცე სამ, ხუთ ან მეტ ნაწილად იყოფოდა. ყოველ
ნაწილს ნავი ეწოდებოდა. ადრექრისტიანულ ბაზილიკაში ცენტრალური ნავი გვერდით
ნავებთან შედარებით მაღალი და განიერი იყო. ტაძრის მეორე მთავარი ნაწილი საკურთხევლის
სივრცე იყო, რომელიც აღმოსავლეთით იყო განლაგებული. საკურთხევლის სივრცე

4
ნახევარწრიულ ნიშას წარმოადგენდა, რომლის კედლის ირგვლივ განლაგებული იყო სკამები
მღვდელთათვის, ხოლო ცენტრში ეპისკოპოსის სავარძელი იდგა. საკურთხევლის ნიშა
რამდენიმე საფეხურით მაღლდებოდა. ნიშის ცენტრში საკურთხეველი იყო განთავსებული.
ცენტრალური ნავი საკურთხეველს თაღით უერთდებოდა, რომელსაც ტრიუმფალური თაღი
ეწოდებოდა.
როდესაც ტაძრის შიდა სივრცის გაფართოების აუცილებლობა გაჩნდა, რომში და წინა
აზიის ზოგიერთ ადგილას დაიწყეს საკურთხეველსა და სიგრძივ ნავებს შორის განივი ნავის, ე. წ.
ტრანსეპტის ჩასმა, რის გამოც ტაძარმა T-ს ფორმა მიიღო. ცენტრალური ნავი უმეტესად დიდი
სარკმელებიდან ნათდებოდა, რომლებიც მისი კედლების ზედა ნაწილში განლაგდებოდნენ.
სარკმელები გვერდით ნავებსაც ჰქონდათ. ჩვეულებრივ, პირველ ბაზილიკებს კოშკები არ
გააჩნდათ, მაგრამ მათ გვერდით სამრეკლოებს აგებდნენ.
აფსიდს, ტრიუმფალურ თაღსა და შუა ნავის ზედა კალთებს მდიდარი მოზაიკა ფარავდა.
ექსტერიერი უკიდურესად უბარლო იყო. ბაზილიკა ადრექრისტიანული ხელოვნების ყველაზე
დიდი მიღწევა იყო. ამ ტიპის ნაგებობა, ზოგადი ცვლილებებითა და დამატებებით
საყოველთაოდ გავრცელდა და საუკუნეების მანძილზე ბატონობდა.

You might also like