You are on page 1of 7

ამერიკის უძველესი ცივილიზაციები

ძველი აღმოსავლური ცივილიზაციების მსგავსად, კაცობრიობის შემდგომი


კულტურულ-ისტორიული განვითარებისათვის სათავის დამდები, ასე ვთქვათ,
ფუძემდებლური ცივილიზაციები სხვა რეგიონებშიც ვითარდებოდა.

ადამიანის გაჩენას ამერიკის კონტინენტზე უკავშირებენ 30 ათასი წლის წინანდელ


მიგრაციას ჩუკოტკა-ბერინგის სრუტე-ალასკის გავლით.

გავარკვიოთ:

ჩუკოტკის ნახევარკუნძული ევრაზიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში


მდებარეობს. აქ არის ჩრდილოყინულოვან ოკეანეში ჩამდინარე - ჩუკოტკისა და
წყნარ ოკეანეში ჩამდინარე - ბერინგის ზღვები. ჩუკოტკას ალასკასგან მიჯნავს
ბერინგის სრუტე. შედის რუსეთის ფედერაციაში. სახელი 1728 წელს ბერინგმა უწოდა
იქაური ტომების - ჩუკჩების გამო.

ბერინგის სრუტე ჩრდილო-ყინულოვანსა და წყნარ ოკეანეებს შუაა. ის მიჯნავს


ერთმანეთისგან აზიას და ჩრდილოამერიკას. ბერინგის სრუტე აშშ-სა დ რუსეთის
სადავო სივრცედ მიიჩნევა. სახელი იმ დანიელი მკვლევრის, ვიტუს ბერინგის,
პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც აქ 1728 წელს გაიარა.

ალასკა აშშ-ს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ტერიტორიით ყველაზე დიდი


შტატია. ჩრდილოამერიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

მიგრანტები ანუ პირები, რომელთაც ნებაყოფლობით დაუტოვებიათ თავიანთი


ქვეყანა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, თავდაპირველად შემგროვებლობითა და
მონადირეობით ირჩენდნენ თავს. ნეოლითური რევოლუციის შედეგად, ამერიკაში
ეკონომიკა მიწათმოქმედებას დაეფუძნა. დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი
კულტურული მცენარე აქ იყო მაისი (máys), ერთგვარი ტკბილი სიმინდი.

თანამედროვე პერუს ჩრდილო-დასავლეთში, სამხრეთ ამერიკაში მდებარე მთათა


სისტემის - ანდების ცენტრალურ ნაწილში ჩვ.წ.-მდე მეორე ათასწლეულის მეორე
ნახევარში 500 წელზე მეტხანს იარსება ჩავინის ცივილიზაციამ.
ჩავინი ყველა სხვა ,,ანდური“ ცივილიზაციის აკვნად ითვლება. აქ ვითარდებოდა
მიწათმოქმედება, მონადირეობა, მეთევზეობა, მოიშინაურეს ლამები - აქლემის
მსგავსი უკუზო წყვილჩლიქოსანი ცხოველები. აქაური ხელოსნები ამუშავებდნენ
ქვას, ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს. უძველეს ციხე-სიმაგრეში, რომელსაც ჩავინ-დე
-უანტარს უწოდებენ და იქაურები ,,სამყაროს ცენტრად“ მიიჩნევდნენ, აღმოჩენილია
ძველი პერუელების ტაძრები, მოედნები, სხვა საინჟინრო ნაგებობანი.

ჩავინის ცივილიზაციის სახელმწიფოთა და რელიგიათა განვითარების ხარისხზე


ბევრს და ბევრი კამათობს.

ერთი მოსაზრების თანახმად, ჩავინის სახელმწიფო თეოკრატიული იყო - [ბერძ. Theos


ღმერთი და kratos ძალა]. ეს მმართველობის ის ფორმაა, რომლის დროსაც
პოლიტიკური ძალაუფლება უმაღლეს სასულიერო პირებს, ქურუმებს ეკუთვნით.
თუმცა, ერთი მხრივ, ტერიტორიული და ეკონომიკური ექსპანსია და, მეორე მხრივ,
მშრომელი მასის ექსპლოატაცია და უკმაყოფილება, ქურუმებს აიძულებდა
ხელისუფლების ხისტ ცენტრალიზაციას, ქვეყანაში აღმოსავლურ დესპოტიათა
მსგავსი რეჟიმის დამყარებას. აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტთა მიხედვით,
ჩვენ წინაშეა ანთროპომორფული (ადამიანის ფორმის) კერპები კატის ნაკვთებით.
ვხვდებით ზოომორფულ (ცხოველის ფორმის) კერპებსაც.

უეცრად გაუჩინარებულ ჩავინის ცივილიზაციას ცვლის პარაკასი (ადგილობრივთა


ენაზე - ,,ქვიშის წვიმა“), ცივილიზაცია, რომელიც განვითარებულიყო პერუს
თანამედროვე დედაქალაქ ლიმას სამხრეთით. აქ აღმოჩენილია ასობით მუმია,
რომლებიც სხვადასხვა ხარისხის ქსოვილში შეეხვიათ, მათზე კი თევზები, გველები,
ღმერთები გამოესახათ. სამაროვნებში მიკვლეულ უცნაურ სოლისებრ თავის ქალათა
შესახებ მსჯელობამ მეცნიერებს ავარაუდებინა, რომ აქ ფართოდ გავრცელებულიყო
ტრეპანაცია ანუ ძვლის გაბურღვით დაავადების კერასთან მისვლა, გაუტკივარებისა
და გაუსნებოვნების საშუალებანი. პარაკასის ცივილიზაციის განვითარებაზე,
რომელმაც ხუთასი წლის განმავლობაში იარსება - ჩვ.წ.-მდე პირველი
ათასწლეულიდან ვიდრე ახალი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულამდე -
მოქმედებდა კლიმატი, წყნარი ოკეანის სიახლოე, ჩავინის ცივილიზაციის ზოგი
მიღწევა.
*

პარაკასის მემკვიდრედ შეგვიძლია ნასკას ცივილიზაციის მიჩნევა, რომელიც


ვითარდებოდა ანდების ცენტრალურ ნაწილში (სამხრეთ ამერიკა). ამ ცივილიზაციის
მკვლევართა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ვეებერთელა გეომეტრიული ხაზები,
ფიგურები და ორნამენტები უდაბნოში, მთის კალთებზე, მიწაზე. ამ იდუმალ
გამოსახულებებზე, რომლებიც პირველად მე-20 საუკუნეში თვითმფრინავიდან
გადმოხედვის შედეგად აღმოაჩინეს, ბევრს პაექრობენ: ზოგის აზრით, ეს ბუნებაში
გამოსახული კალენდარია; ზოგი, საერთოდ, ,,კოსმოსიდან მოსულთა“ ნახელავად
მიიჩნევს.

ნასკას ცივილიზაცია მოგვიანებით ტიაუანაკოს კულტურას შეერწყა (თანამედროვე


ბოლივია).

ცენტრალურ ანდებში განვითარებულიყო მოჩიკასა თუ მოჩეს ცივილიზაციაც. მისი


მეურნეობა ეფუძნებოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. მოჩიკას კულტურის
შემქმნელები იყვნენ დახელოვნებული მეტალურგები, ქალაქმშენებელნი,
იუველირები, ქმნიდნენ ადამიანის ფორმის მოხატულ ჭურჭელს. პირამიდები,
საცხოვრისი, რელიგიური დანიშნულების მრავალი საგანი გვავარაუდებინებს, რომ
მოჩიკა ჩვენი წელთაღრიცხვის შუახანებში გულისხმობს მე-7 საუკუნემდე არსებულ
სახელმწიფოს.

მცირე ექსკურსი ანუ გადახვევა:

ინკები თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ჩვ. წ-ის, დაახლოებით, 1200 წელს


გამოჩნდნენ, როგორც ამას მათი მმართველების სიით ვიგებთ. ინკები
მცირერიცხოვანი, მთებში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი იყო, რომელიც მაგავე დროს
დასახლდა კუსკოს (პერუ) ველზე.

ტიაუანაკოს (ჩვ.წ.-მდე პირველი ათასწლეულის მიწურული - ჩვენი წელთაღრიცხვის


პირველი ათასწლეული) ინდიელთა ინკებამდელ ცივილიზაციას, რომელიც
ვითარდებოდა თანამედროვე ბოლივიის, პერუსა და არგენტინის ტერიტორიებზე,
ასე იმიტომ უწოდეს, რომ ტიტიკაკას ტბის (სამხრეთ ამერიკა) სამხრეთ-
აღმოსავლეთში მდებარეობდა ამავე სახელწოდების ქალაქი. ქვის სკულპტურული და
არქიტექტურული მონუმენტური ძეგლები: მზის კარიბჭე, არქიტექტურული
კომპლექს კალასასაიას ნანგრევები, აკაპანას პირამიდები, უმაღლესი ხარისხის
გეომეტრიული ფიგურებით მოხატული კერამიკა, სხვა არქეოლოგიური
არტეფაქტები მოწმობს განვითარებულ მეურნეობასა და, შესაძლოა,
ადრეკლასობრივი სახელმწიფოს არსებობასაც. ცენტრალურ ამერიკაში მრავალი
განსხვავებული ტომი ცხოვრობდა. მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით ისინი
უფრო გვიან დაკავდნენ, ვიდრე ძველი აღმოსავლეთის ხალხები. ბამბის წარმოება
ამერიკაში ჩვ.წ.-მდე, დაახლოებით, 3000 წელს დაიწყეს. ჩვ.წ.-მდე, დაახლოებით,
2500 წელს მექსიკაში სიმინდის ანუ მაისის კულტურა განავითარეს. ჩვ.წ.-მდე,
დაახლოებით, 2300 წელს გაჩნდა კერამიკა. ჩვ.წ.-მდე 1200-900 წწ.-ს განეკუთვნება
ოლმეკის კულტურის - ,,მექსიკური კულტურის მშობლის“ - არსებობა. არქეოლოგია
მოწმობს, რომ ოლმეკებს ჰქონდათ ციფრული სისტემა, კალენდარი, იეროგლიფური
დამწერლობა. ოლმეკები აშენებდნენ ვეება საკურთხევლებს ბორცვთა მწვერვალებზე,
რაც მოწმობს, რომ ფლობდნენ ორიგინალურ სამშენებლო ტექნოლოგიას: არადა, მათ
არ იცოდნენ არც ბორბლის, არც ლითონის ნაკეთობათა გამოყენება. ძალზე
დაოსტატებულიყვნენ სკულპტურაში, რასაც ადასტურებს ბრტყელცხვირა, დიდპირა
და სქელტუჩა ადამიანების ბაზალტისაგან ნაკვეთი გიგანტური თავები.

ცენტრალურ ამერიკაში ვითარდებოდა მაიას ცივილიზაცია (მაიას შთამომავლებად


ითვლებიან მექსიკელები, გვატემალელები, ჰონდურასელები). მაიას ქალაქ-
სახელმწიფოები ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში აღმოსავლური ტიპის
დესპოტიებს (მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ხელისუფლება
შეუზღუდველია და თვითნებური) განასახიერებდნენ. ეს იყო რელიგიური და
პოლიტიკური ცენტრები, სადაც თავს იყრიდნენ სასოფლო სამეურნეო თემები.
ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდნენ მემკვიდრული მბრძანებლები, რომლებიც
ეყრდნობოდნენ მრავალი მოხელის მომსახურებას. სოციალური ცხოვრება
ეფუძნებოდა თემს. მიწით სარგებლობდნენ ოჯახები, მაგრამ ხშირად მთელი თემიც
ირჯებოდა: გასანოყივრებლად წვავდნენ საყანე მიწას, აშენებდნენ ტერასებს,
აშრობდნენ ჭაობებს... მეთემეთა შრომა გამოიყენებოდა ტაძრებისა და გზების
შესაკეთებლად. მაიას ქურუმები განსწავლულიყვნენ გეოგრაფიაში, მათემატიკაში და,
განსაკუთრებით - ასტრონომიაში. მათ შეეძლოთ წინასწარ შეეტყოთ, როდის
დაბნელდებოდა მზე ან მთვარე, შეეძლოთ გამოეთვალათ ზოგი პლანეტის მოქცევის
პერიოდები. მაიას მზის კალენდარი დიდი სიზუსტით გამოირჩეოდა.
*

ქალაქი ტეოტიუაკანი (მექსიკა), რომელმაც სახელი მისცა და სათავე დაუდო კიდევ


ერთ ცივილიზაციას, იმპერიის დროინდელ რომს აღემატებოდა. აქ აშენებდნენ
პირამიდებს, რომელთაც კულტურულ-რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდათ,
მისდევდნენ მიწათმოქმედებას. ეს ცივილიზაცია მოსპეს
ადგილობრივმა ,,ბარბაროსებმა“ - ტოლტეკებმა - ცენტრალურ ამერიკაში
ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა ტომებმა.

ტოლტეკთა მონუმენტური არქიტექტურული და სკულპტურული ძეგლები


გამოირჩევა მკვეთრი სამხედრო-მეომრული სულისკვეთებით. ვარაუდობენ, რომ
ტოლტეკებში არსებობდა კლასები და სახელმწიფო. ტოლტეკთა ბატონობას მე-8-12
სს. ბოლო მოუღო აცტეკთა შემოსევებმა. ტოლტეკები ლეგენდარულ ხალხად იქცნენ,
რაც ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მათზე ბევრი არაფერი ვიცით. საინტერესოა,
რომ მათი მბრძანებელი ტოპილცინ-კეცალკოატლი (ბუმბულიანი გველი)
ცდილობდა მსხვერპლშეწირვის აკრძალვას და ხალხის ცხოვრების მოწესრიგებას.

სახელები. კეცალკოატლი

ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიის სამი მთავარი ღმერთიდან ერთ-


ერთია კეცალკოატლი - სამყაროს, ადამიანისა და კულტურის შემოქმედი, სტიქიათა
მბრძანებელი, ცისკრის ღვთაება, ტყუპების, ქურუმობისა და მეცნიერების მფარველი,
ტოლტეკთა დედაქალაქ ტოლანას მმართველი. ნაირგვარად გამოსახავდნენ. ერთ-
ერთი მისი გამოსახულება მიეკუთვნება ძვ.წ. მე-8-5 სს. ამ პერიოდში კეცალკოატლი
განასახიერებდა ატლანტიკიდან მობერილ ქარებს, რომელთაც ყანებისთვის ტენი
მოჰქონდათ. მიაჩნდათ, რომ სწორედ კეცალკოატლმა მისცა ხალხს მაისი (სიმინდის
მსგავსი კულტურა). პირველ-მეექვსე სს.-ში კეცალკოატლის კულტი მთელ
ცენტრალურ ამერიკაში გავრცელდა. მას გამოსახავდნენ ჩაჩქნიან წვეროსან მამაკაცად
ან ბუმბულით მოსილ გველად.

*
პერუს ტერიტორიაზე ვითარდებოდა ინკების ცივილიზაცია კეჩუა (კეჩუას
შთამომავლებად ითვლებიან პერუელები, ბოლივიელები, ეკვადორელები,
არგენტინელები, კოლუმბიელები, ჩილეელები). მათ მოჰყავდათ მაისი, კარტოფილი,
გოგრა, პარკოსანი კულტურები, ბამბა, ბანანი და სხვ. ინკები მისდევდნენ
მეცხოველეობას, ხელოსნობას. ზღვაოსნებიც იყვნენ და დიდ ტივებს აგებდნენ.
ინკებმა სახელი გაითქვეს გზების მოკირწყვლით, დიდებული ტაძრების აშენებით,
მუმიფიკაციის ხელოვნებით, კვანძიანი და იეროგლიფური დამწერლობით, შექმნეს
საფოსტო ქსელი და მალემსრბოლთა მეშვეობით შეტყობინების ინდუსტრია. ინკთა
სახელმწიფოს მოთავეობდა საპა-ინკა (,,ერთადერთი ინკა“), ,,ძე მზისა“, რომლის
ხელშიც თავი მოეყარა საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო და
რელიგიურ ძალაუფლებას.

ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კულტურა აცტეკებმა შექმნეს. ისინი მოსულან


აცტლანიდან (,,ყანჩათა ადგილი“) და მე-12 ს.-ში გამოჩენილან მეხიკოს ზეგანზე.
ტესკოკოს ტბის კუნძულებზე 1325 წელს დაუარსებიათ ქალაქი ტენოჩტიტლანი
(თანამედროვე მეხიკო). აცტეკთა მბრძანებელი საბოლოოდ ქცეულა აღმოსავლური
ტიპის დესპოტის მსგავს მემკვიდრულ მონარქად. გვაროვნული თემი თანდათან
ტერიტორიულად ტრანსფორმირებულა. აცტეკები იწყნარებდნენ მონობას, თუმცა
მონათა შვილებს მონობისაგან ათავისუფლებდნენ. სამხედრო ტყვეებს, ჩვეულებრივ,
მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთებს. სამეურნეო ყოფა ეფუძნებოდა
მიწათმოქმედებას. აცტეკთა შორის ბევრი იყო მეთუნე (თიხის ჭურჭლის მკეთებელი),
ფეიქარი (მქსოველი), იარაღის ოსტატი, კალატოზი, მეტალურგი, იუველირი, თერძი
და ჩიტის ფრთებით სამკაულთა დამამზადებელი, იყვნენ სხვა პროფილის
ხელოსნებიც. შესაბამისად, ვითარდებოდა ვაჭრობა. აცტეკებმა განავითარეს
მითოლოგია, პოეზია, საცეკვაო ხელოვნება, არქიტექტურა, სკულპტურა, ფერწერა.
ამერიკის უძველესი ცივილიზაციები ბევრ საიდუმლოს ინახავს: მათი კულტურული
მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ევროპელმა დამპყრობლებმა გაანადგურეს.

დავასრულოთ დღევანდელი ლექცია აცტეკური პოეზიის ერთი ნიმუშის


ფრაგმენტით: თურმე აცტეკი მეომარი მიიჩნევდა, მშვიდობიანობის დროს ლექსების
თხზვაზე ღირსეული არაფერიაო. და ასეთ ლექსებს თხზავდნენ:

ნუთუ მართალია,
რომ მთელი ჩვენი ცხოვრება აქ, მიწაზე უნდა დასრულდეს?

ო არა - მთელი, არამედ მხოლოდ ერთი წუთი ამ ცხოვრებისა!

მწვანე ნეფრიტი აქ ნამცეცად გადაიქცევა,

ჩიტის ელვარე ბუმბულიც კი ხუნდება თურმე...

ო არა - მთელი, არამედ მხოლოდ ერთი წუთი ამ ცხოვრებისა!

You might also like