You are on page 1of 5

პირველყოფილი საზოგადოება .

ქვის ხანა - ბრინჯაოს ხანა


უძველესი ადამიანი-ადამიანის წარმოშობის შესახებ არსებული კრეაციული და
ევოლუციური თეორიები ცდილობენ ახსნან სამყაროს და ადამიანის წარმოშობა.
კრეაციული თეორიის მიხედვით სამყაროს შემქნელი არის ღმერთი, ამ თეორიის
გამოძახილია სხვადასხავა ხალხის მიერ შექმნილი მითები. ადამიანის წარმოშობის
ევოლუციური თეორიის ფუძემდებელმა ჩარლზ დარვინმა თავისი თეორია ჩამოაყალიბა
ნაშრომში „სახეობათა წარმოშობა“. დარვინის აზრით, ორგანიზმის სახეობათა წარმოშობას
და ცოცხალი ბუნების განვითარებას მემკვიდრეობითი ცვალებადობა და ბუნებრივი
გადარჩევის პროცესი უდევს საფუძვლად. მეცნიერების მოსაზრებები , თითქოს ადამიანის
წარმოშობა პლანეტაზე სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობდა შეცვალა
გენეტიკურმა ანალიზმა, რომლის მიხედვით მეცნიერებს გამოთვლილი აქვთ, რომ
მიტოქონდრიების მიხედვით ჰომო საპიენსის სახეობის ყველა ქალს წინაპარი ჰყავდა ერთი
„მიტოქონდრიული ევა“, ხოლო ყველა კაცს ერთი „მიტოქონდრიული ადამი“. ორივე
აფრიკელია და სწორედ აფრიკიდან უნდა მომხდარიყო ადამიანთა განსახლება პლანეტაზე.

მილიონი წლების წინ აფრიკაში გაჩნდნენ ადამიანის მსგავსი არსებები -ჰომინიდები. მათ
უძველეს ნაშთად მეცნიერები აფრიკაში, ჩადის ტერიტორიაზე დაახლოვებით 7 მლნ.
წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“ მიიჩნევენ, მეტსახელად „ტუმაი“ , რომელმაც
პირველობა ჩამოართვა 4 მლნ. წლის წინანდელ ავსტრალოპითეკს მეტსახელად
„ლიუსის“. მისი შთამომავალია ჰომო ჰაბილისი ანუ „მარჯვე ადამიანი“ დაახლოვებით 2,
5მლნ წლის, რომელიც ადამიანის უშუალო წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს, იგი იყენებდა
სხვადასხვა საგნებს იარაღად, გამოირჩეოდა ტვინის ზომით, ამზადებდა პრიმიტიულ
იარაღებს ქვით, ამიტომაც ეწოდა „მარჯვე“ . 2 მლნ წლის წინ გამოჩნდა „გამართულად
მოსიარულე ადამიანი“ ანუ ჰომო ერექტუსი, რომელმაც თანდათან აითვისა ევრაზია,
მეცნიერები ამ სახეობის მრავალ ვარიაციას გამოყოფენ: ჰომო ერგასტერი, ჰომო
გეორგიკუსი ანუ „ქართველი“ , ასე ეწოდა მისი აღმოჩენის ადგილის მიხედვით. მისი
სადგომი აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში. დაახლოვებით 200-150 ათასი წლის წინ
გაჩნდა და 50 ათასი წლის წინ დასრულებული სახე მიიღო გონიერმა ადამიანმა -ჰომო
საპიენსმა, მისი განვითარების შედეგად 40- 35 ათასი წლის წინ კი წარმოიშვა გონიერი და
მოაზროვნე ადამიანი ანუ ჰომო საპიენს საპიენსი, რომელიც გავრცელდა მთელს
მსოფლიოში, დასახლდა ევროპაში, 14 ათასი წლის წინ გადავიდა ამერიკაში ბერინგის
სრუტის გავლით. უძველესი ადამიანი მოიხმარდა იმას , რასაც ბუნება სთავაზობდა,
ნადირობდა, თევზაობდა, აგროვებდა მცენარეებს. ძვლისგან, ქვისგან, ხისგან ამზადებდა
იარაღს, რომელსაც იყენებდა საკვების მოსაპოვებლად.

დმანისელი ადამიანი- 1999 წელს არქეოლოგებმა საქართველოში, ქვემო ქართლში ,


დმანისის ტერიტორიაზე უძველესის ადამიანის (ჰომო ერექტუსის) სადგომი და თავის
ქალები აღმოაჩინეს. დმანისის სენსაციური აღმოჩენით დადასტურდა, რომ აფრიკიდან
წამოსული უძველესი ადამიანების წინაპრები კავკასიაში, საქართველოს ტერიტორიაზე
დასახლდნენ და შემდგომ აქედან განსახლდნენ ევროპასა და აზიაში. დმანისელი
ადამიანის ანუ „უძველესი ვეროპელების“ ნაშთები არქეოლოგებმა 1.8 მლნ-1,6 მლნ წლით
დაათრიღეს. „დმანისელი ადამიანები“ მიაკუთვნეს უძველეს ჰომო ერექტუსის ჯგუფს.
ზოგი მეცნიერი ცალკე გამოყოს მათ და ჰომო ერგასტერს , ზოგი კი ჰომო გეორგიკუს
უწოდებს, როგორც გარდამავალ სახეობას ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს შორის.
დმანისში არაერთი ადამიანის ნაშთებია აღმოჩენილი, ორ ყველაზე კარგად შენახულ თავის
ქალას მეცნიერებმა ზეზვა და მზია დაარქვეს. მოგვიანებით აფრიკიდან გავრცელდნენ
ადამიანთა უფრო მაღალგანვითარებული სახეობები „ჰაიდელგერგელი ადამიანი“,
ნეანდერტალელი და თანამედროვე გონიერი ადამიანი ანუ ჰომო საპიენსი.

პალეოლითი- პირველყოფილმა საზოგადოებამ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე


განვითარების რამდენიმე პერიოდი განვლო. მეცნიერებმა კაცობრიობის ისტორია დაყვეს
პერიოდებად: 1 ქვის ხანა 2. ბრინჯაოს ხანა 3. რკინის ხანა. მეცნიერების მიერ
შემოღებული ტერმინოლოგია ემყარება ადამიანის მიერ იარაღის დასამზადებლად
გამოყენებულ ძირითად მასალას. ქვის ხანაში ძირითად იარაღად ადამიანი იყენებდა ქვას.
ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : 1. ძველი ქვის ხანა ანუ პალეოლითი 2.შუა ქვის ხანა ანუ
მეზოლითი 3. ახალი ქვის ხანა -ნეოლითი. ძველი ქვის ხანა პალეოლითი კაცობრიობის
ისტორიიის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია და იყოფა ორ პერიოდად ზედა და ქვედა
პალეოლითად. პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანა მოიცავს პერიოდს უძველესი
დროიდან XII ათასწლეულამდე. პალეოლითში ადამიანი იყენებს იარაღად
დაუმუშავებელ ქვას, თანდათან სწავლობს ქვის რეტუშირებას ანუ დარტმით და
დამტვრევით ქვისთვის ფორმის მიცემას. იარაღად ასევე ხმარობენ პრიმიტიულ ცულებს,
ქვის ძვლისპირიან ისრებს, ხელცულებს. თანდათანობით ადამიანმა ისწავლა ქვის
გახვრეტა, რამაც შესაძლებელი გახადა იარაღზე ტარის მჭიდროდ დამაგრება. ისრის
პირების, ქვის ცულების დასამზადებლად საჭირო იყო კაჟი, ობლიდიანი. ასე გაჩნდა ქვის
სამტეხლოები, ქვა იქცა ვაჭრობის პირველ ობიექტად. პალეოლითში ადამიანის
ძირითადი საქმიანობაა ; შემგროვებლობა, ნადირობა, თევზჭერა . საკვების მოპოვების
ძირითადი ფორმაა მიმთვისებლური მეურნეობა. ადამიანი აგროვებს მცენარეებს ,
ძირხვენებს, ნადირობს , თევზაობს. ქვედა პალეოლითში ადამიანმა გამოიყენა ცეცხლი,
რამაც დააჩქარა მისი განვითარება. ქალს შეგროვებლურ მეურნეობაში წამყვანი ადგილი
ეკავა. პალეოლითში ჩაისახა რელიგიური რწმენა წარმოდგენები, კულტურა. პალეოლითის
ეპოქის ადამიანების ნახატები შესრულებულია გამოქვაბულების კედლებზე.

პირველყოფილი საზოგადოება--თავდაპირველად ადამიანები მცირე ჯოგებად


ცხოვრობდნენ. ქვის პრიმიტიული იარაღებით ადამიანი მარტო ვერ იარსებებდა ,
ამიტომ ყალიბდება პირველყოფილი ჯოგი., სადაც არსებობდა გარკვეული სოციალური
ორგანიზაცია , იერარქია და ფუნქციათა დანაწილება. ჯოგის წევრები ერთმანეთზე,
მოხუცებზე, შთამომავლობის გამოკვებასა და გამრავლებაზე ზრუნავდნენ. ჩნდება
კომუნიკაციის საშუალება -„ენა“ , თუმცა დანაწევრებული მეტყველება , რომლის
საშუალებით აბსტრაქტული აზრების, დაგროვილი ცოდნის გადაცემაა შესაძლებელი ჰომო
საპიენს უკავშირდება. ჯოგში ხანგრძლივმა თანაცხოვრებამ წარმოშვა ოჯახი . ოჯახების
ერთობლიობით შეიქმნა სისხლით მონათესავე ოჯახების გაერთიანება -გვარი. რომელიც
ნათესავთა მყარი გაერთიანებაა. გვარის მეთაური შეიძლება ქალიც ყოფილიყო და კაციც,
რადგან ნათესაობა დედის ხაზით გადადიოდა, მემკვიდრეობის დადგენა ქალის ხაზით
უფრო იოლი იყო , გვარი პატივს სცემდა დედამთავარს, ამიტომ გვარს დედამთავრული
გვარი ანუ მატრიარქატი ეწოდა. მამათავრულ გვარს ეწოდება პატრიარქატი. ერთ
ტერიტორიზე მცხოვრებ გვარს შეიძლება ერთმანეთთან ჰქონოდა ნათესური კავშირები,
ერთობლივი ინტერსები, ტერიტორიის დაცვა უცხოთაგან. თავდაცვითი და სამეურნეო
ინტერესებით დაკავშირებული მონათესავე ან მეზობელი გვარი ქმნიდა თემს, თემის
წევრებს საერთო ინეტრესების გარდა აერთიანებდათ საერთო ენა, ამგვარ გაერთიანებას
უწოდებენ ტომს. ტომის წევრებს ზნე ჩვეულებები და რელიგიაც ერთნაირი ჰქონდათ.
თემსა და ტომში გაჩნდა ფენა ბელადები და უხუცესები , რომლებიც გამოთავისუფლდნენ
ყოველდღიური შრომისგან და საზოგადოების დაცვისა და მართვის ფუნქცია იტვირთეს.
მართვას ნადირობასა და მტერთან დაპირისპირებაში ფიზიკური ძალითა და ჭკუა-
გონებით , გამოცდილებით გამორჩეულ კაცს ანდობდნენ. ქონებრივი დიფერენციაციის
გაჩენის შემდეგ მდიდარი და წარჩინებული გვარები ახერხებენ ძლაუფლების ხელში
ჩაგდებას და მემკვიდრეობით გადაცემას . თანდათნობით ხელისუფლება მამიდან შვილზე
გადადის და მემკვიდრეობით იქცევა. ტომის და თემის უფროსს მრავალი ფუნქცია ჰქონდათ
გარდა წინამძღოლობისა, ისინი არჩევდნენ საზოგადოების წევრებს შორის დავებს,
არასრულებდნენ სამართალს , ასევე ატარებდნენ სხვადასხვა რიტუალს.

მეზოლითი- შუა ქვის ხანა მოიცავს XII- X ათასწლეულს ( საქართველოში სავარაუდოდ


X-VIII ათასწლეულს,) მეზოლითში დასრულდა გამყინვარება, რამაც დიდი ცვლილებები
გამოიწვია, ჩამოყალიბდა თანამედროვე კლიმატი, მცენარეული საფარი და ცხოველთა
სამყარო . მეზოლითის ხანაში უფრო დაიხვეწა სანადირო საშუალებები და საბრძოლო
იარაღი. მეზოლითში გამოიგონეს მშვილდისარი, რამაც ადამიანს გაუადვილა ნადირობა.
მეზოლითში უნდა დამეგობრებულიყვნენ ადამიანი და ძაღლი, პირველი მოშინაურებული
ცხოველი. სავარაუდოდ ძაღლის მოშინაურება ნადირობას უკავშირდება.

ნეოლითი არის ახალი ქვის ხანა, მოიცავს პერიოდს დაახლVIII- VIIათასწ. მეცნიერები
ამ ხანას კაცობრიობის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო
უწოდებენ „ ნეოლითური რევოლუციას„ გარდატეხა მოხდა ქვის დამუშავების
ტექნოლოგიაში , ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გახეხვა, გაპრიალება.
შემგროვებლური მეურნეობიდან ადამიანი გადადის მწარმოებლურ მეურნეობაზე.
იწყებს საკუთარი საკვების წარმოებას. ნეოლითში საფუძველი ჩაეყარა მიწათმოქმედებას.
მიწათმოქმედებაში იყენებნ ნამგალსა და უმარტივეს სახნისს. მეცნიერების აზრით
მიწათმოქმედება უნდა ჩასახულიყო ახლო აღმოსავლეთში, უძველესი კულტურული
მცენარეებია ხორბალი და ქერი. საქართველო ხორბლის უძველესი ჯიშების სამშობლოა.
საქართველოს რეგიონში გავრცელებული იყო ხორბალი, ქერი და ფეტვი. ნეოლითის
ხანას განეკუთვნება ვაზის მოშინაურებაც. ყურძნის დღეისათვის ცნობილი უძველესი
ნაშთები სამხრეთ საქართველოშია აღმოჩენილი. მიწათმოქმედების განვითარებისთვის
უმნიშვნელოვანესია მორწყვის ფაქტორი , ამიტომ მიწათმოქმედების უძველესი
დასახლებები მდინარეების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩნდება. ნეოლითში წარმოიშვა
მესაქონლეობა, (მეცხოველეობა) ცხოველებიდან ადამიანმა პირველად ცხვარი და თხა
მოიშინაურა. ასევე გაჩნდა მომთაბარე მესაქონელობა . ჭირნახულის დასაბინავებლად
ადამიანმა ისწავლა თიხის ჭურჭლის დამზადება . ნეოლითში საფუძველი ჩაეყარა
ხელოსნობას.. ხელოსნობის დარგი მეთუნეობა საშენ მასალაზე ალიზზე და აგურზე
მოთხოვნილებამ წარმოშვა, ადამიანმა დაიწყო კერამიკული წარმოება, თიხის ნაწარმს
საოჯახო და საკულტო დანიშნულება მიეცა. ადამიანი იწყებს ძაფის დართვას,
ქსოვილების ხელით ქსოვას, იყენებენ სელის ქსოვილს. მიწათმოქმედებამ ჩამოაყალიბა
ირიგაცია (სარწყავი სისტემების მოწყობა), გაჩნდა ზედმეტი პროდუქტი, რამაც წარმოშვა
ვაჭრობა. განვითარდა ქარგვა და ქსოვა. ადამიანი იწყებს ბინადარ ცხოვრებას, ჩნდება
პირველი დასახლებები, ადრესამიწათმოქმედო სოფლები. ადამიანი აშენებს
საცხოვრებელ სახლებს ალიზით. შენდება ქალაქები და სოფლები. ნეოლითში
ჩამოყალიბდა ხელისუფლების პრომიტიული ფორმები, გვარის ან თემის უხუცესი, ტომის
საერთო კრება, რომელზეც ტომის ბელადს ირჩევდნენ. მნიშვნელოვანი გარდატეხის გამო
ამ ეპოქას „ ნეოლითური რევოლუცია“ ეწოდება .

ენეოლითი არის სპილენძ-ქვის ხანა -VI-IV ათასწლ. ადამიანმა აღმოაჩინა პირველი


ლითონი- სპილენძი , მაგრამ რადგან სპილენძი რბილი ლითონია, იარაღად ძირითადად
ქვა იყო გამოყენებული, ამიტომ ხანას სპილენძ-ქვის ხანა ეწოდება. ანუ გარდამავალი ხანა
ქვიდან ლითონზე. ადამიანმა ლითონს მიაგნო და დაიწყო მეტალურგია. ენეოლითის
დიდი დამსახურებაა ლითონის იარაღის გაჩენა. თუმცა ლითონი ყველგან არ
მოიპოვებოდა, ამიტომ ლითონის მოპოვებამ გაახშირა ბრძოლები ნაყოფიერი მიწების და
ლითონის საბადოების ხელში ჩასაგდებად , რამაც გაზარდა კაცის როლი გვარის
ცხოვრებაში.

ბრინჯაოს ხანა --IV-Iათასწლეული. ბრინჯაო თვითნაბადი სახით ბუნებაში არ


არსებობს , მიიღება სპილენძის და სხვადასხვა ნივთიერებების შერევით (კალა ,
დარიშხანი) . ბრინჯაოს ხანა იწყება IV ათასწლეულიდან და იყოფა სამ პერიოდად ადრე ,
შუა და გვიანი ბრინჯაო . ადრე ბრინჯაო ხანა ძვ.წ IV ათასწ.- III ათასწლეულის პირველი
ნახევარს მოიცავს, საქართველოში ყალიბდება ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ -არაქსის
კულტურა. მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება , მესაქონლეობა , მეთუნეობა ,
ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია , საფუძველი ეყრება გუთნურ
მიწათმოქმედებას, იყნებენ გამწევ ძალას- ხარს, მოსავლის ასაღებად ნამგალს,
გადაადგილებისთვის იყენებენ ცხენს. შეტაკებების გახშირების გამო იქმნება ტომთა
კავშირები, ბელადებს ირჩევენ სახალხო კრებებზე.

შუა ბრინჯაოს ხანა- IIIათასწლ. ბოლოდან II ათასწ. შუახნები. შუა ბრინჯაოში


ვითარდება მეტალურგია , ხელოსნობა, ჩნდება ყორღანული სამარხები ანუ დასაკრძალავი
დარბაზები, რომლებშიც ტომის ბელადებს მარხავენ. გრანდიოზული ყორღანებია
აღმოჩენილი თრიალეთში , ამიტომ მას „თრიალეთის ყორღანულ კულტურას“ უწოდებენ,
ყორღანებში მარხავდნენ ტომის ბელადებს, რომლებსაც სამარხში ატანდნენ ოქროს და
ვერცხლის ნივთებს , მსხვერპლად შეწირულ ადამიანებს და საქონელს. ყორღანები
გრანდიოზული გორასამარებია, რომლის აგება სამშენებლო ცოდნის მაღალ დონეს
მოითხოვდა. თრიალეთის ყორღანებში ნაპოვნია ოთხთვალა ეტლი , ბრინჯაოს იარაღი ,
ოქროს თასი ძვირფასი ქვებით შემკული, სამკაულები, ვერცხლის თასები და
რიტუალური დანიშნულების ნივთები. ( ვერცხლის თასი რიტუალური გამოსახულებით)
ასევე მნიშვნელოვანია წნორის კულტურა, აქ არის ნაპოვნი ოქროს ლომი. ბრინჯაოს
ხანაში ტომებს შორის დაპირისპირებამ პროფესიონალ მეომართა ფენა ჩამოაყალიბა , ტომის
ბელადები მეომრებთან ერთად იცავენ თავისი ტომის საზღვრებს და უსაფრთხოებას.
ტომის ბელადი ან მხედრთმთავარი თავდაპირველად ტომის უხუცესებს ემორჩილებოდა,
შემდგომ მათი ძალა და გავლენა გაიზარდა მეომართა მხარდაჭერით. ტომის დაცვისთვის
საჭირო იყო შემოსავალი, რომელსაც ტომის ბელადები გადასახადის სახით იღებდნენ
ტომის წევრებისაგან , გაჩნდნენ გადასახადის ამკრეფი მოხელეები , ჩამოყალიბდა
სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სისტემის ელემენტები და ასე გაჩნდა პირველი
სახელმწიფოები.

გვიანი ბრინჯაო - ყალიბდება დასავლურ -ქართული და აღმოსავლურ ქართული გვიანი


ბრინჯაოს კულტურები , საყოველთაოდ ცნობილია კოლხური კულტურა , რომელშიც
ჩაისახა რკინის მეტალურგია . ბრინჯაოს ხანა გადავიდა ადრე რკინის ხანაში.

You might also like