You are on page 1of 2

დმანისელი ჰომინიდების ეპოქა

ადამიანის უშუალო წინაპარი 2,5 მილიონი წლის წინათ გაჩნდა


აფრიკაში. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ამ კონტინენტზე უკვე
მცხოვრები პრიმატებისაგან, მათ შორის გამართულად მოსიარულე
მაიმუნებისაგან (ავსტრალოპითეკებისგან).
ადამიანის წინაპარი ე.წ. ჰომო ჰაბილისი (Homo Habilis) ფიზიკურადაც
დიდი იყო და ტვინის აგებულებაც რთული ჰქონდა. რაც ყველაზე მთავარია,
მას ქვის იარაღის დამზადების უნარი შესწევდა. ჰომო ჰაბილისს
წაწვეტებული კაჟისა თუ კირქვის იარაღი გააჩნდა. მისი დახმარებით
ადამიანის წინაპარმა ცხოველებზე ნადირობა დაიწყო.

ადამიანის წინაპრის განსახლება ევროპასა თუ აზიაში


დაახლოებით 2-1,8 მილიონი წლის წინათ ადამიანის წინაპარმა
აფრიკის გარეთ დაიწყო განსახლება – ჯერ აზიაში, ხოლო შემდეგ –
ევროპაში. სწორედ ამ პროცესმა დაუდო საფუძველი პირველყოფილი
ადამიანის დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დამკვიდრებას. ევრაზიაში
აფრიკიდან წამოსული ჰომო ერექტუსის ყველაზე ძველი კვალი
საქართველოში, დმანისის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. დმანისელ ადამიანებში,
როგორც ჩანს, უკვე არსებობდა სოციალური ურთიერთობების ყველაზე
მარტივი ფორმა პირველყოფილ ადამიანთა ჯოგი. თითოეულ ჯოგში 20-30
წევრი იყო გაერთიანებული. მათ უმთავრეს საქმიანობას ერთად ნადირობა
და შემგროვებლობა წარმოადგენდა. ჯოგის შიგნით არავითარი ქონებრივი
დაყოფა – მდიდრები და ღარიბები – არ არსებობდა. ჯოგის წევრები ერთად
ცხოვრობდნენ და ერთმანეთში ინაწილებდნენ საკვებს.

დმანისის აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა


ევრაზიის ისტორია
1991 წელს ქვემო ქართლში, უძველესი ციხე-ქალაქის, დმანისის,
ტერიტორიაზე უდიდესი აღმოჩენა გაკეთდა, არქეოლოგებმა ჰომინიდის

1
ქვედა ყბა აღმოაჩინეს. ამ ადგილის ინტენსიური არქეოლოგიური შესწავლა
1960 წლიდან დაიწყო. მეცნიერები შუა საუკუნეების ქალაქს იკვლევდნენ.
დასაწყისში არავინ ფიქრობდა, რომ საუკუნეების წინანდელი
ნამოსახლარების ქვეშ დიდი საიდუმლო ინახებოდა. 1982 წელს
არქეოლოგებმა მარტორქის კბილს მიაკვლიეს. მომდევნო წელს ქვის
იარაღიც აღმოჩნდა. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ შუა საუკუნეების
ქალაქი უძველესი ადამიანის ნამოსახლარზე იყო აგებული. დიდი ხნის
განმავლობაში დმანისში პალეოლითის ეპოქა წარმოდგენილი იყო
ნამარხი ცხოველების ძვლებისა და ქვის იარაღის არტეფაქტების სახით. 1991
წლის 25 სექტემბერს, ექსპედიციის ერთ-ერთ ბოლო სამუშაო დღეს
(სექტემბრის მიწურულს ველზე სამუშაოების შეწყვეტა და არსებული
გათხრების მომავალი წლისათვის დაკონსერვება იყო გადაწყვეტილი)
არქეოლოგებმა ქანში უჩვეულო მოყვანილობის ქვედა ყბა შენიშნეს,
რომლის გამოტანისა და შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ჰომინიდს
ეკუთვნოდა. ძვლების შემცველი შრეების პალეომაგნიტური და იზოტოპური
მეთოდით შესწავლამ აჩვენა, რომ ქვედა ყბა აღმოჩენილი იყო იმ ფენაში,
რომლის ასაკიც 1,85 მილიონი წელი გახლდათ.

ახალი აღმოჩენები დმანისში


ევრაზიაში უძველესი ადამიანის ნაშთები დმანისში 1999 წლისათვის
მხოლოდ ქვედა ყბით იყო წარმოდგენილი. 1999 წლის მაისში, ძლიერი
წვიმების შედეგად, დმანისში არქეოლოგების მიერ გაკეთებული ერთ–ერთი
ჭრილი ჩამოიშალა. მიწაში მეცნიერებმა უძველესი ადამიანის თავის ქალა
შენიშნეს. ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო გაამყარა წარმოდგენა, რომ დმანისი
ევრაზიაში უძველესი ადამიანის ნასახლარს წარმოადგენდა. იმავე წლის
22 ივლისს კიდევ ერთი, საკმაოდ კარგად დაცული, თავის ქალა აღმოაჩინეს.
დღეისათვის დმანისში ნაპოვნია უძველესი ადამიანის 5 თავის ქალა და
ოთხი ქვედა ყბა. დღეისათვის მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება
დმანისში აღმოჩენილ ჰომინიდებს – Homo Georgicus-ებს უწოდებენ.

You might also like