You are on page 1of 6

პრეისტორიული ეპოქა

პირველყოფილი საზოგადოება
(ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა)
ადამიანს ყველა რელიგია ღმერთის ქმნილებად მიიჩნევს,
მაგრამ XIX ს-ის დასაწყისიდან ჩნდება იდეები სახეობათა
ცვლილების შესახებ. ჩარლზ დარვინმა ჩამოაყალიბა თავისი
თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ. მის პუბლიკაციებს 30-
იან, 40-იან წლებში დიდი გამოხმაურება,მაგრამ ამასთანავე
სამეცნიერო წრეების კრიტიკა მოჰყვა. 1859 წელს მან
გამოაქვეყნა წიგნი ,,სახეობათა წარმოშობის შესახებ“,სადაც
საკმაოდ დიდი მასალა და არგუმენტაცია ჰქონდა მოტანილი
სახეობათა ბუნებრივი გადარჩევის, ევოლუციური გზით
წარმოშობის დასადასტურებლად. ნაშრომმა მნიშვნელოვანი
ძვრა გამოიწვია საზოგადოებრივ აზრში და საფუძველი
ჩაუყარა ჭიდილს ევოლუციურ და კრეაციულ (ან
კრეაციონისტურ) თეორიებს შორის.
უხეშად რომ ითქვას, დავა დაიყვანება კითხვამდე:
,,ადამიანი შექმნა ღმერთმა (ზებუნებრივმა ძალამ), თუ იგი
წარმოიქმნა მაიმუნისგან, თავისით,განვითარებული
ცვლილებების შედეგად?“
ევოლუციური თეორიის თანახმად, რასაც კრეაციონისტთა
ზოგი მიმდინარეობაც იზიარებს, ადამიანი ბიოლოგიურად
პრიმატების რიგს განეკუთვნება. მისი უახლოესი ნათესავები
არიან ადამიანისმაგვარი მაიმუნები,რომლებიც,ადამიანთან
ერთად დღეს ჰომინიდების ოჯახში ერთიანდებიან.
ტრადიციულად, ჰომინიდებს უწოდებდნენ თანამედროვე
ადამიანის უშუალო წინაპრებს და მათ მონათესავე სახეობებს.
ყველა ეს სახეობა, თანამედროვე ადამიანის გარდა,
გადაშენებულია.
ადამიანის მსგავსი არსებები - ჰომინიდები - აფრიკაში,
რამდენიმე მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. უძველეს ნაშთად
დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს 2001 წელს ჩადში,
აფრიკაში აღმოჩენილ, 7 მილიონი წლის წინანდელ ,,ჩადის
საჰელანთროპუსს“, რომელსაც ზედმეტსახელი ,,ტუმაი“
მისცეს.
ადამიანთა (homo) გვარის ჩვენთვის ცნობილთაგან
ყველაზე ადრეული წარმომადგენელია - ჰომო ჰაბილისი -
,,მარჯვე ადამიანი“, რომელიც ადამიანის უშუალო წინაპრად
შეიძლება ჩაითვალოს.იგი არა მარტო იყენებდა სხვადასხვა
საგნებს იარაღად, რასაც ზოგი ცხოველიც ახერხებს,არამედ
თვითონ ამზადებდა ქვის პრიმიტიულ იარაღს. ამიტომაც
ეწოდა ,,მარჯვე“.
მისი სავარაუდო შთამომავალია - ჰომო ერექტუსი -
,,გამართულად მოსიარულე ადამიანი“,რომელმაც აითვისა
ევრაზია, გამოიყენა ცეცხლი. ზოგი მეცნიერი მის გვერდით
გამოყოფს სხვა სახეობებს - ჰომო ერგასტერ, ჰომო
გეორგიკუს,ანუ ,,ქართველი“, მისი აღმოჩენის ადგილის
მიხედვით.
ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ
აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში (დაახლ. 1,8 მილიონი
წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში,ინდოეთში, ჩინეთში,
ინდონეზიაში.
დმანისელ ადამიანს ზოგი მკვლევარი ჰომო ერექტუსის
სახეობას მიაკუთვნებდა,ზოგი - ჰომო ერგასტერისას, ზოგიც
ცალკე გამოყოფს ჰომო გეორგიკუსს,როგორც გარდამავალ
სახეობას ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს შორის.
დმანისელ ადამიანებს, რომელთა თავის ქალებიც აღმოჩნდა
ზეზვა და მზია უწოდეს.
საბოლოოდ ჩამოყალიბებული ადამიანის სახე მიიღო -
ჰომო საპიენსმა - გონიერმა ადამიანმა, რომელმაც აითვისა
მთელი პლანეტა.
თავდაპირველად ადამიანები მცირე ჯოგებად
ცხოვრობდნენ, მაგრამ კომუნიკაციის საშუალების - ენის
დახვეწამ და სოციუმში ურთიერთობათა გაღრმავებამ,
ადამიანი მიიყვანა ახლო ნათესავთა მყარი გაერთიანების,
გვარის წარმოქმნისკენ. შემდგომში რამდენიმე მონათესავე ან
მეზობელი გვარი ქმნიდა თემს. ერთი ან ზოგჯერ რამდენიმე
თემის წევრებს, საერთო ინტერესების გარდა, აერთიანებდა
კომუნიკაციის საშუალება - საერთო ენა. ამგვარ გაერთიანებას
შეიძლება ტომი ვუწოდოთ.
პირველყოფილი ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრება
ასე განვითარდა: ჯოგი-ოჯახი-გვარი-ტომი.
ტომების შესწავლის შედეგად დადგინდა პრიმიტიულ
რელიგიათა ნაირსახეობებიც (მაგ; ფეტიშიზმი, ტოტემიზმი,
შამანიზმი და სხვ.).
კაცობრიობის ისტორიაში უძველეს და ყველაზე ხანგრძლივ
პერიოდს მეცნიერებმა ,,ქვის ხანა“ უწოდეს,რადგან ამ
პერიოდში ადამიანი იარაღს ძირითადად ქვისგან ამზადებდა.
ქვის ხანას ისტორიკოსები სამ პერიოდად - პალეოლითად (
ძველი ქვის ხანა ), მეზოლითად ( შუა ქვის ხანა ), და
ნეოლითად ( ახალი ქვის ხანა ) ყოფენ.
პალეოლითი დაახლ. 2,5, მლნ. წლის წინ დაიწყო და ძვ.წ. XII
ათასწლეულამდე გაგრძელდა. ქვის დამუშავების ტექნიკის
მიხედვით,გამოყოფენ ქვედა,შუა და ზედა პალეოლითს.
პალეოლითის დროის ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა.
მის საქმიანობაში დიდი ადგილი ეჭირა ქვის იარაღის
დამზადებას,რადგან იგი საკვების მოპოვებისა და თავდაცვის
ძირითადი საშუალება იყო,თუმცა იარაღი ძვლისა და ხისგანაც
მზადდებოდა.
პირველყოფილი ადამიანი საკვებს შემგროვებლობითა და
ნადირობით მოიპოვებდა;გარდა ამისა,მეთევზეობასაც
მისდევდა. ზედა პალეოლითის პერიოდში დედამიწაზე დიდი
კლიმატური ცვლილება,გამყინვარება მოხდა. გამყინვარებამ
ადამიანები აიძულა,მაღალმთიან ხეობებში გამოქვაბულები
დაეტოვებინათ და თავშესაფარი დაბლობ ადგილებში
ეძებნათ,სადაც საკვების მოპოვება შედარებით იოლი იყო.
საქართველოს ტერიტორიაზე,ისევე,როგორც საერთოდ
კაცობრიობის ისტორიაში, პალეოლითი უძველესი და ყველაზე
ხანგრძლივი პერიოდი იყო. ძვ.წ. XII ათასწლეულში
პალეოლითი მეზოლითმა შეცვალა. მეზოლითის ხანაში
გამყინვარება დასრულდა და დედამიწაზე თანამედროვესთან
მიახლოებული კლიმატური პირობები ჩამოყალიბდა. ამ
პერიოდის სადგომები ნაპოვნია როგორც მდინარეთა
ხეობებში,სადაც ადამიანი უზრუნველყოფილი იყო წყლითა და
თევზით,ისე მაღალმთიან გამოქვაბულებში.
ძვ.წ. VIII ათასწლეულში დაიწყო ნეოლითი.საზოგადოების
განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ
ნეოლითში მოხდა. დროთა განმავლობაში ადამიანმა ქვის
უკეთ დამუშავება ისწავლა და მისგან უფრო სრულყოფილი
იარაღი (ხელცულები,მიწის საჩიჩქნი ქვები,კაჟის
ნამგლისპირები და სხვ.) დაამზადა; დაიწყო ცხოველების (
ძაღლის,ღორის,ცხვრის...) მოშინაურება,ისწავლა
მიწათმოქმედება,თიხისგან ჭურჭლის დამზადება -
მეთუნეობა,ძაფის დართვა და ქსოვა, შემდეგ კი - სახლების
შენებაც. მონადირე-შემგროვებელი საზოგადოება თანდათან
მესაქონლე-მიწათმოქმედ,მწარმოებელ საზოგადოებად
გადაიქცა,ანუ ადამიანი საკვებს არა მხოლოდ
ნადირობით,თევზჭერით ან შეგროვებით მოიპოვებდა,არამედ
აწარმოებდა კიდეც მას - მიწის დამუშავების შედეგად
მოჰყავდა,მოშინაურებული ცხოველებისგან ღებულობდა (
რძეს, რძის პროდუქტს,ხორცს და ა.შ.). ეს იყო
უმნიშვნელოვანესი ტეხილი კაცობრიობის ისტორიაში და მას
მეცნიერებმა ,,ნეოლითური რევოლუცია“ უწოდეს. სხვადასხვა
მცენარისა და ცხოველის მოშინაურების კვალი მეცნიერებს
მსოფლიოს მრავალ კუთხეში აღმოუჩენიათ. ახლო
აღმოსავლეთში მდებარეობდა ყველაზე ძველი (დაახლ. 10 000
წლის წინანდელი) და მნიშვნელოვანი კერა, რომელიც
,,ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელითაა ცნობილი. თავად
სახელი ,,ნეოლითური რევოლუცია“ გორდონ ჩაილდმა
გამოიყენა ახლო აღმოსავლეთის აგროკულტურული
რევოლუციის აღსანიშნავად.
ნეოლითის მომდევნო ხანას მეცნიერებმა ბრინჯაოს ხანა
უწოდეს.ამ პერიოდში ადამიანმა ბუნებაში პირველი ლითონი -
სპილენძი აღმოაჩინა,სპილენძთან სხვა ნივთიერებების
შედნობით ბრინჯაო მიიღო,შემდეგ კი მისგან ქვის იარაღზე
უფრო სრულყოფილი იარაღი დაამზადა.ბრინჯაოს იღებდნენ
ცეცხლზე გამდნარ სპილენძში კალის,დარიშხანისა და
ანთიმონის შერევით.გამდნარ სპილენძს ფორმებში ასხამდნენ
და საჭირო ფორმას აძლევდნენ.ამით ლითონი უფრო მაგარი
გახდა.
საქართველოს ტერიტორიაზე მრავალ ადგილას
აღმოჩენილია ძვ.წ. V-IV ათასწლეულების ნამოსახლარები.ეს
არის ხანა,როდესაც ადამიანმა,ქვასთან ერთად,თვითნაბადი
სპილენძის გამოყენება დაიწყო,თუმცა სპილენძს ცივი ჭედვით
ამოშავებდა,რადგან ლითონის გამოდნობა ჯერ არ
იცოდა.ამიტომ მეცნიერები ამ პერიოდს ქვის ხანიდან
ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ პერიოდად მიიჩნევენ და მას
ენეოლითს (სპილენძ-ქვის ხანას) უწოდებენ.ენეოლითური
სოფელი შულავერი შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა. იმ
დროის ადამიანები აქაური მრგვალი ფორმის სახლებში
ცხოვრობდნენ, რომლებსაც გამოუწვავი თიხის აგურით -
ალიზით აგებდნენ და გუმბათოვან გადახურვას უკეთებდნენ.
ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე უკვე ბრინჯაოს ხანა
დაიწყო.ბრინჯაოს ხანა სამ პერიოდად იყოფა: ადრე,შუა და
გვიანი.
ადრეული ბრინჯაოს ხანის დასახლებები სამხრეთ
კავკასიაში მტკვრისა და არაქსის აუზშია აღმოჩენილი და
ამიტომ ამ დროის კულტურას მეცნიერები მტკვარ-არაქსის
კულტურას უწოდებენ.ამ პერიოდში განვითარებული
იყო:მესაქონლეობა,მეტალურგია და ხელოსნობა.
ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარში,რომელსაც მეცნიერები
შუა ბრინჯაოს ხანას უწოდებენ, კიდევ უფრო განვითარდა
მეტალურგია,ხელოსნობა და შემოდის დაკრძალვის ახალი
წესი - ჩნდება ყორღანული სამარხები, რომლებსაც
ქვაყრილით ფარავდნენ და შიგ ტომთა ბელადებს მარხავდნენ.
არქეოლოგებმა ყორღანები პირველად სამხრეთ საქართველოს
ტერიტორიაზე,თრიალეთში აღმოაჩნიეს და ამიტომ
კულტურას, თრიალეთის კულტურად მოიხსენიებენ.
ყორღანები გრანდიოზულ სიდიდეებს აღწევდა. ზოგის
სიმაღლე 10 მეტრიც იყო,ხოლო ფართობი დაახლოებით 1
ჰექტარს შეადგენდა. გარდაცვლილი ბელადის გვამს წვავდნენ,
ხის ორთვალა ეტლზე ათავსებდნენ და ხის ან ქვის დარბაზულ
ნაგებობაში დგამდნენ. მას თან ძვირფას ნივთებს ატანდნენ.
თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა ძვირფასი ქვებით
შემკული ოქროს თასი და ასევე ვერცხლის სარწყული,
რომელზეც ნადირობის სცენები იყო გამოსახული.
ძვ.წ.-ის II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება გვიან
ბრინჯაო-ადრერკინის ხანა და გრძელდება ძვ.წ.-ის I
ათასწლეულის პირველ ნახევრამდე. იწყება რკინის
მეტალურგიაზე გადასვლა.

მნიშვნელოვანი თარიღები:

^ დაახლ. 2,5, მლნ. წლის წინ - პალეოლითი დაიწყო.


^ ძვ.წ. XII ათასწლეულამდე - პალეოლითი.
^ ძვ.წ. XII ათასწლეულში - პალეოლითი მეზოლითმა შეცვალა.
^ ძვ.წ. VIII ათასწლეულში - დაიწყო ნეოლითი.
^ ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე - ბრინჯაოს ხანა დაიწყო.
^ ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი - შუა ბრინჯაოს ხანაში,
საქართველოს ტერიტორიაზე ყორღანული სამარხები გავრცელდა.
^ ძვ.წ.-ის II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან - გვიან ბრინჯაო-
ადრერკინის ხანა,რომელიც გრძელდება ძვ.წ.-ის I ათასწლეულის
პირველ ნახევრამდე.

ნ/გ

You might also like