You are on page 1of 1

ადრე ბრინჯაოს ხანა.

მტკვარ–არაქსის კულტურა
ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში ადამიანებმა სპილენძის კალასა და დარიშხანთან შედნობით
დაამზადეს გაცილებით მყარი ლითონი ბრინჯაო. ამით ისტორიაში საზოგადოების განვითარების ახალი
პერიოდი - ბრინჯაოს ხანა დაიწყო, რომლიც სამ ეტაპად იყოფა: ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანებად.
ადრე ბრინჯაოს ხანა მოიცავდა დაახლოებით ძვ. წ. 3500–2300 წლებს. მის პირველ ეტაპზე ადამიანები
ძირითადად ისევ ქვის იარაღებს იყენებდნენ, რომლებსაც ნელ-ნელა ანაცვლებდა ბრინჯაო. სამაგიეროდ
განვითარდა თიხის დამუშავება და ადამიანებმა უკვე ალიზით ნაგებ წრიული სახის სახლებში დაიწყეს
ცხოვრება. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია მიწათმოქმედებამ, მესაქონლეობამ და მეთუნეობამ.
ხელოსნობის ცალკე დარგად ჩამოყალიბდა მეტალურგია. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა
მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების
დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია
ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი
ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის
გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ
საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო
განფენებას. ასევე საფუძველი ჩაეყარა გუთნურ მიწათმოქმედებას. მიწის დასამუშავებლად უკვე ხარი
გამოიყენებოდა, მოსავლის ასაღებად კი ნამგალი. მესაქონლეობასთან ერთად განვითარდა მეცხვარეობაც.
მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები აისახა საზოგადოებრივ ურთიერთობებზე.
ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ტომთა კავშირები და დაიწყო საზოგადოების კლასებად დაყოფა.
ადრე ბრინჯაოს ხანაში ყვავოდა „მტკვარ-არაქსის კულტურა“, რომლის აღმავლობა ძვ. წ. III
ათასწლეულის ბოლოდან იწყება, რომელიც ძირითადად განვითარდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და
მოიცავდა თანამედროვე სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილებს. ამ დროს
ჩამოყალიბებდა კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის
მატარებელი ხალხები იბერიულ–კავკასიურ და ხურიტულ ენებზე მოსაუბრე ხალხები იყვნენ. შიდა
ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა
საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში,
თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ
საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა სამტრედიამდე ვრცელდებოდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის რაიონში გამოვლენილი ძეგლები.
აღნიშნულ პერიოდში განვითარდა სამოსახლოები. მართალია შენობები კვლავ წრიული იყო, მაგრამ
გაიზარდა მათი ფართობი, ბრტყელი სახურავი უკვე ცენტრალურ სვეტზე ე.ი. დედაბოძზე იყო
დამყარებული, სახლს გაუჩნდა სხვა ახალი ელემენტიც – დერეფანი. აღმოსავლეთ საქართველოში
ადრეული ბრინჯაოს ხანის სახლებში ცენტრალურ დედაბოძთან ერთად გაჩნდა შუაკერა – თიხისაგან
საგანგებოდ ნაძერწი ჭურჭელი, რომელიც იატაკის ცენტრში იყო ჩასმული.
მტკვარ–არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იყო პატარა საგვარეულო სამოსახლოები,
რომელთა შენობების დაგეგმარებაში და აღნაგობაში მთელი რიგი თავისებურებანი შეინიშნებოდა.
მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთ დაწინაურებულ სამოსახლოს ახალციხის ამირანის გორა
წარმოადგენდა. იგი ტერასებად – „უბნებად“ დანაწევრებული სახლმრავალი დასახლება იყო.
ადრეული ბრინჯაოს ხანის გვიანი პერიოდის ყორღანები (ბედენის გადაჭრილი გორა, სამგორი, მწვანე
ყორღანი), რომლებიც ერთი ადამიანის დასაკრძალავად იყო გამართული, მიცვალებულისადმი
განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ. ეს სამარხები სიმდიდრით ზოგჯერ თრიალეთის შუა
ბრინჯაოს ყორღანებს ბევრად არ ჩამოუვარდებოდა. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი
იყო მეორე ტიპის სამარხებიც, რომლებიც გვაროვნული საზოგადოების წიაღში ცალკეული ოჯახების
დაწინაურებული პირების თანდათანობით გამოჩენას ადასტურებს. კიკეთის და თამარისის ქვისაგან ნაგებ
აკლდამებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ საოჯახო სამარხები.
მტკვარ-არაქსის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის კულტურა ადასტურებს სამხრეთ კავკასიის უძველესი
ხალხების გონიერებასა და ადაპტირებას. მათი სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების და მეტალურგიის
ოსტატობისა წყალობით, მათ დატოვეს გრძელვადიანი მემკვიდრეობა, რომელიც აგრძელებს
არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ინტერესის მიპყრობას.

You might also like