You are on page 1of 8

1

ძველეგვიპტური ცივილიზაცია

ძველეგვიპტური ცივილიზაცია ჩამოყალიბდა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში


მდინარე ნილოსის დაბლობზე. ამ დიდი მდინარის პერიოდული მიქცევ-მოქცევის
წყალობით ვიწრო დაბლობზე, რომელიც 4 კმ-დან 30 კმ-მდე ვრცელდებოდა,
მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

ინოვაციები. მორწყვითი მიწათმოქმედება

მთელი ცხოვრება ნილოსს უკავშირდებოდა. წყლის მოდიდებისას - ივლისის შუა


რიცხვებიდან ნოემბრამდე - მინდვრები წყლით ივსებოდა და სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობა წყდებოდა. მოსახლეობა საზოგადოებრივი საქმიანობითა და ხელოსნობით
კავდებოდა. წყალმოვარდნის დასრულების შემდეგ მინდვრებს ხნავდნენ, ხორბალს
თესდნენ, რწყავდნენ და სარეველათაგან წმენდნენ. მოსავალს მარტსა და აპრილში
კაჟისპირიანი ნამგლით იღებდნენ. იმავდროულად იკრიბებოდა გადასახადები. მარტის
შუა რიცხვებიდან ვიდრე ივლისის შუა რიცხვებამდე საირიგიციო სისტემას
არემონტებდნენ. შეკრებილ თავთავზე პირუტყვს გადაატარებდნენ, რათა ხორბალი
ბზისგან გამოერჩიათ. დაფქვის შემდეგ ხორბალს ანიავებდნენ და საგანგებოდ
მომზადებულ ბეღლებში ინახავდნენ. ჩალას იყენებდნენ პირუტყვის გამოსაკვებად.
ეგვიპტელები აშენებდნენ ხარ-ძროხას, ღორებს, ცხვრებს, თხებს, ბატებს, იხვებს,
მტრედებს, ასევე - ფუტკარს. თევზს იჭერდნენ ფაცერით, ანკესით, ბადით ან ბარჯით.
ეგვიპტელთა რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ლუდის ჩათვლით, რომელიც
უძველეს ხანაში გამოიგონეს.

ნილოსთან ერთად ეგვიპტელთა კიდევ ერთი სიმდიდრე იყო ქვა. უდაბურ მთაგორებზე
ეგვიპტელები მოიპოვებდნენ შრომისა და საბრძოლო იარაღებისათვის საჭირო კაჟს, ქვის
სახეობათაგან - კირქვას, ქვიშაქვას, გრანიტს, ბაზალტს, პორფირსა და სხვ. ქვის
სხვადასხვა სახეობა გამოიყენებოდა როგორც სამშენებლო საქმისათვის, ისე
ქანდაკებათა, ჭურჭლისა და სხვა ნივთთა დასამზადებლად. ამან განაპირობა
ქვისმომპოვებლური ხელობის განვითარება. ლითონი არაბეთის უდაბნოდან, სინაის
ნახევარკუნძულიდან, კუნძულ კვიპროსიდან გამოჰქონდათ, ოქრო - ნუბიიდან (თან.
ეგვიპტე და სუდანი). ეგვიპტეში მრავალფეროვანი უცხოური ნედლეულის შემოტანის
აუცილებლობა განსაზღვრა უძველეს სავაჭრო გზათა მიმართულებამ. უმთავრესი
სავაჭრო მაგისტრალი თვით ნილოსი იყო. სავაჭრო გზა ასევე გადიოდა ნილოსის
დელტის აღმოსავლეთ ნაწილიდან სინაისა და პალესტინის გავლით სირიისაკენ.
ნილოსის ზეგნიდან დასავლეთისაკენ მიემართებოდა გზა ოაზისებისაკენ.
2

აღმოსავლეთის მიმართულებით ამომშრალი არხების გავლით გზა გადიოდა წითელი


ზღვის სანაპიროებისაკენ.

ინოვაციები. ვაჭრობა

ჩვ. წ-მდე მე-3-2 ათასწლეულებში ეგვიპტის ძველი და შუა სამეფოების არსებობისას


ეგვიპტური ვაჭრობა ვრცელდებოდა ჩრდილო სირიამდე. მრავალრიცხოვანი
ეგვიპტური ნაკეთობა აღმოჩნდა ქალაქ ბიბლოსის (ფინიკიის ქალაქი, თანამედროვე
ლიბანი) გათხრების შედეგად. სირიაში არსებობდა ბევრი ეგვიპტური სავაჭრო
ფორპოსტი. აქედან ეგვიპტეში გაჰქონდათ მინერალები, მარილი, მცენარეები, ხე-ტყე,
ტყავი, ფრინველი, ძირითადად- მტრედები. ჩამოყალიბდა ეგვიპტის სავაჭრო კავშირი
ბაბილონთან. ნუბიასა და სინაიზე ლაშქრობათა შემდეგ ოქროსა და ბრინჯაოს
საბადოები ეგვიპტის კონტროლქვეშ მოექცა.

ახალი სამეფოს არსებობისას (მე-2 ათასწლეულის მეორე ნახევრიდან) ეგვიპტემ კიდევ


უფრო განავითარა ვაჭრობა. სირიის გავლით ეგვიპტელ ვაჭრებს გამოჰქონდათ
მარცვლეული, გამოჰყავდათ პირუტყვი, ეზიდებოდნენ ღვინოს, ბრინჯაოს, თაფლს,
სირიელ ხელოსანთა ნაკეთობებს. სირიის გავლით ეგვიპტელ ვაჭრებს მოჰქონდათ
ხეთების სახელმწიფოში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, მესოპოტამიაში დამზადებული
საქონელი. დიდძალი საქონელი სირიიდან ქარავნებით იგზავნებოდა სახმელეთო ან
საზღვაო გზით, რადგან ეგვიპტეს საზღვაო ფლოტი ჰქონდა. ლიბანიდან გამოჰქონდათ
დიდძალი სამშენებლო ხის მასალა. რადგან სინაის ბრინჯაოს საბადოები თანდათან
ილეოდა, დიდ მნიშვნელობას იძენდა კუნძულ კვიპროსის საბადოები. აქ ეგვიპტელებს
მოჰქონდათ ვერცხლეული და მხატვრული სახელოსნო ნაწარმი. ეგვიპტის ფარაონები
მოლაპარაკებულნი იყვნენ კვიპროსის მეფეებთან, ერთობლივად ებრძოლათ ზღვის
ყაჩაღებთან, ცდილობდნენ, ერთმანეთთან მეგობრული კავშირი შეენარჩუნებინათ.
შუამდინარეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მითანის სახელმწიფოდან
ეგვიპტელები იღებდნენ ბრინჯაოს, ლაზურიტს, ქსოვილებს, ტანსაცმელს, ზეთს,
ორთვალებს, ცხენებსა და მონებს. ბაბილონიდან - ვერცხლსა და ოქროთი და სპილოს
ძვლით მოპირკეთებულ ძვირფასეულობას. სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ
ასურეთთან (თანამედროვე ერაყი), საიდანაც ეგვიპტეში მოჰქონდათ ორთვალები,
ცხენები და ლაზურიტი. წინა აზიაში (ამიერკავკასია, ირანისა და თურქმენეთის
მთიანეთი, მცირე აზიისა და სომხეთის მთიანეთი, შუა მდინარეთი, ლევანტი (სირია,
პალესტინა, ლიბანი), არაბეთის ნახევარკუნძული), ეგეოსის ზღვის კუნძულებზე
ეგვიპტელებს მოჰქონდათ ოქროს ზოდები და ნაკეთობანი, ქვის ჭურჭელი, სპილოს
ძვალი, ქსოვლი, ტანსაცმელი...
3

ფარაონთა საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაში თავიანთი მნიშვნელობა შეინარჩუნეს


სავაჭრო ექსპედიციებმა და ომებმა. მაგალითად, დედოფალ ხატშეფსუტის ( - 1525-1503)
ზეობაში მოეწყო მსხვილი ექსპედიცია სამხრეთში, პუნტის ქვეყნისაკენ (აღმ. აფრიკა),
სადაც ნეგროიდული ტომები ცხოვრობდნენ. აფრებითა და ნიჩბებით აღჭურვილი
ხომალდები გამორჯეული ჯიშის ხით, სპილოს ძვლით, ოქრო-ვერცხლით,
მირონისათვის საჭირო ფისით, გუნდრუკით, სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებით,
ძაღლებით, ველური მხეცების ტყავით, იქაური მცხოვრებლებითა და მათი შვილებით
დატვირთულნი დაბრუნდნენ. დამპყრობლურ ლაშქრობებს უზარმაზარი სიმდიდრე
მოჰქონდათ. თანაც, ეს ლაშქრობები ყოველთვის როდი სრულდებოდა დაპყრობით.
უფრო ხშირად ეგვიპტელები ხარკის მიღებაზეც ყაბულდებოდნენ. მყარდებოდა
დინასტიური და დიპლომატიური ურთიერთობები, იდებოდა ხელშეკრულებები...
უმდიდრეს ქვეყნად ქცეული ეგვიპტე ახლა თვითონ ხდებოდა ექსპანსიის ობიექტი
მეზობელ ქვეყანათაგან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო ძლიერი
სამხედრო ძალა ჰყავდათ.

ინოვაციები. ხომალდი

როცა წყალუხვი ნილოსი ნაპირებიდან გადმოდიოდა და თითქმის მთელ ეგვიპტეს


წყლით ფარავდა, მოსახლეობა ერთმანეთს ნავების საშუალებით უკავშირდებოდა.
სამდინარო ნაოსნობა ეგვიპტეში დაახლოებით ჩვ. წ-მდე მე-5 ათასწლეულში ჩაისახა,
როცა პაპირუსის ნავების დამზადება დაიწყეს. ეს ნავები ნამგლის ფორმისა იყო. კიჩო და
ბოლო ნაწილი მოხრილი ჰქონდათ. ხომალდი მსუბუქი, მაგრამ ძლიერი გახლდათ. მისი
კორპუსი მჭიდროდ შეეკრათ საბლით. მოგვიანებით გემთმშენებლობაში დაიწყეს
ლიბანის კედრის გამოყენება, რომელიც განსაკუთრებული სიმყარით გამოირჩეოდა.
დროთა განმავლობაში გაჩნდა საკმაოდ დიდი გემები, რომელთაც ნიჩბებით
გადაადგილებდნენ. სამიარუსიანი ნავები (ტრირემი) დიდი ხნის განმავლობაში
სამხედრო ხომალდთა საუკეთესო სახეობად მიიჩნეოდა. სხვადასხვა სიგრძის ნიჩბები,
რომელთაც მონები ესხდნენ, ჭადრაკულად იყო განლაგებული. იგებოდა
მრავალრიარუსიანი ხომალდები. ნიჩბები ორმოციარუსად იყო განლაგებული ეგვიპტის
ფარაონის პტოლემაიოს ფილოპატრეს ხომალდზე. ფარაონ პტოლემაიოს IV-ს ხომალდი
სიგრძით 122 მ, სიგანით კი - 15 მ. იყო. ეკიპაჟი 4 ათასი კაცისაგან შედგებოდა.

მმართველთა მიერ დადგენილი ცხოვრების წესი მოსახლეობის უმრავლესობისათვის


(ძირითადად - თავისუფალი მეთემე გლეხობა) საუკუნეთა განმავლობაში უცვლელი
იყო. პოლიტიკური ცხოვრება დამოკიდებული იყო ფარაონების, მსხვილი საგვარეულო
თემების - ნომების გამგებელთა - ნომარქთა, მსხვილ მიწათმოქმედთა, ქურუმთა,
მოხელეთა ამბიციებზე. ეგვიპტის ისტორიას, ძირითადად, ძველ, შუა და ახალ
სამეფოებად ყოფენ (- მე-3-2 ათასწლ.). პირველ ათასწლეულში ეგვიპტე ძლევამოსილ
4

იმპერიათა ბრძოლის არენა ხდება. დროდადრო ადგილობრივ დინასტიათა


მმართველობა ბრუნდებოდა. ჩვ. წ-მდე 30 წელს სახელგანთქმული კლეოპატრას
სიკვდილის შემდეგ ეგვიპტე რომის იმპერიის პროვინციად იქცა.

ძველეგვიპტელთა მიღწევებმა სხვადასხვა სფეროში ფუნდამენტური მნიშვნელობა


იქონია მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაზე.

ბუნებასთან ურთიერთობისას ეგვიპტელები ავლენდნენ პატივისცემას, გონიერებასა და


გამომგონებლობას. მორწყვითი მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ოქროს მოპოვება,
სამშენებლო მასალები განაპირობებდა ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარება.

ინოვაციები. მშენებლობა. პირამიდები

მატერიალური წარმოების ყველაზე დიდ მიღწევად პირამიდებს - უზარმაზარ ქვის


აკლდამებს მიიჩნევენ, რომლებიც ფარაონის სიცოცხლეშივე იგებოდა. პირამიდათა
გვერდით ქვისა და აგურისაგან აშენებდნენ მასტაბებს (აკლდამებს) მთავრების,
მდიდარი და კეთილშობილი ხალხისათვის. ჩვენამდე შემორჩენილ 70 პირამიდათაგან
ყველაზე დიდი ხეოფსის (იმავე - ხუფუს) პირამიდაა. მისი სიმაღლე 146, 5 მეტრია.
ყოველი მხარე, საძირკვლის ჩათვლით 230 მეტრს შეადგენს. მის ასაშენებლად
გამოიყენეს 2 300 ათასი ქვის ბლოკი; თითოეული 2 ტონას იწონიდა. მშენებლობა 20
წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ერთმანეთს ყოველ სამ თვეში ენაცვლებოდნენ. პირამიდათა შიგნით ფარაონთა
საძვალეები იყო, რომელთა უმრავლესობა მაინც გაძარცვეს (ზოგი ავტორი ამტკიცებს,
რომ სინამდვილეში პირამიდებს გაცილებით მცირერიცხოვანი სამშენებლო არტელები
აშენებდნენ სათანადო ბერკეტებითა და სხვ; ქვის მთლელთა ამ არტელთაგან იღებენ
საფუძველს მასონები - ,,თავისუფალი ქვის მთლელები“).

დიდია ეგვიპტელთა წვლილი ბუნებისმეტყველებაში. მათ ჰქონდათ ათეულობით


გამოთვლის სისტემა. შეეძლოთ, გამოეთვალათ სამკუთხედის, ტრაპეციისა და წრის
ფართობი. ციურ სხეულებზე დაკვირვების შედეგად მათ შეადგინეს კალენდარი,
რომლის თანახმადაც წელიწადი იყოფოდა 12 თვედა და 365 დღედ.

ძველ ეგვიპტეში პირველად ჩამოყალიბდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური


ინსტიტუტები, შემდეგ რომ ჩვეულ ამბად იქცა მრავალ ქვეყანაში.

ჩვ. წ-მდე მე-4 ათასწლეულის ბოლოს ზედა ეგვიპტის მბრძანებელმა მენესმა მოახერხა
ქვედა ეგვიპტის დაპყრობა, პირველ ფარაონად გახდომა და თავისი ძისათვის
ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემა. ასე ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფო
ძალაუფლებას, შესაძლოა, პირველად მსოფლიო ისტორიაში. ფარაონის თანაშემწე იყო
ვეზირი, რომელსაც ემორჩილებოდნენ სხვადასხვა სახლის (პურის, ოქროს, ხარების
5

დასათვლელი და სხვ.) მმართველები ანუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვადასხვა


სფერო. საზოგადოების განსაკუთრებულ ფენას შეადგენდნენ ე.წ. ,,მწერლები“, მსოფლიო
ისტორიის ყველაზე ადრეული ჩინოვნიკები. ერთ უძველეს ტექსტში მამა არიგებს
შვილს: ,,დააკვირდი, არ არსებობს სამუშაო, რომელსაც ზედამხედველი არ ამოწმებდეს,
გამონაკლისი მხოლოდ მწერალია, რადგან მწერალი თვითონაა ზედამხედველი... ბევრ
ქვეშევრდომს დაასაქმებ, თუ უფროსებს დაუგდებ ყურს... არ არსებობს მწერალი, სამეფო
სახლიდან რამე რომ არ ერგოს. დაბადების ქალღმერთი სიმდიდრეს ანიჭებს მწერალს,
მას სასამართლოს სათავეში სვამენ. ღმერთს ადიდებს მისი დედ-მამა - იგი ცხოვრების
მართალ გზას ადგას“.

ეკონომიკის სფეროში საკუთრების მრავალი ფორმა მოსინჯეს: სამეფო, ქურუმთა,


დიდგვაროვანთა, სათემო და კერძო. გამოიყენებოდა სხვადასხვა გადასახადი, სესხი,
კრედიტი, არენდა, გირაო... დამპყრობლურ ლაშქრობათა დროს ტყვეებს აღარ
ხოცავდნენ, მონებად აქცევდნენ. ეს ,,ცოცხალი მკვდრები“ ძირითადად სამეფო, სატაძრო
და სხვა მეურნეობაში საქმდებოდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფოებრივი ძალაუფლება
არმიას ეყრდნობოდა, რომელიც შედგებოდა ქვეითებისაგან: ისინი შეიარაღებულნი
იყვნენ მშვილდ-ისრითა და შუბებით, ცხენოსნებისაგან, რომლებიც საბრძოლო
ეტლებით ომობდა. სახმელეთო ჯართან ერთად იალქნიანი და ნიჩბოსანი ფლოტიც
არსებობდა. ეგვიპტური ოჯახი პატრიარქალური იყო, რომელშიც აბსოლუტური
ძალაუფლება მამას, ოჯახის თავს ეკუთვნოდა.

სახელები. რამსეს მეორე დიდი

რამსეს II დიდი (-1301-1235). ეგვიპტის მე-19 დინასტიის მეფე. ეგვიპტის ისტორიის


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარაონი. თავისი მეფობის დასაწყისშივე ხეთებს
ეომებოდა. ბოლოს და ბოლოს განადგურების შიშმა კონფლიქტები შეწყვიტა და ორ
ქვეყანას შორის მშვიდობამ დაისადგურა. რამსეს მეორემ განამტკიცა ხეთებთან კავშირი
ხეთების მეფის ასულზე დაქორწინებით. რამსესმა ააგო ბევრი ციხე-სიმაგრე, ტაძარი და
ძეგლი, რომელთა შორისაა მამამისის, სეთი პირველისადმი მიძღვნილი ტაძარი
ლუქსორში, კოლონადა კარნაკში, ორი ტაძარი აბუ-სიმბელის კლდეში და ოსირისის
ტაძარი აბიდოსში. რამსეს მეორეს ასი ვაჟი ჰყავდა.

მიჩნეულია, რომ რამსეს მე-2 67 წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა, მსოფლიო


ისტორიაში ყველაზე დიდხნიან ზეობად ხეოფს მე-2 მეფობა ითვლება. გამეფდა -2281
წელს, 6 წლისა და 94 წელი იჯდა ტახტზე.

ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიკვდილისშემდგომ ცხოვრებას.


სიკვდილი სხვა, უკეთეს ცხოვრებაში გადასვლად მიაჩნდათ. ადამიანის სამი სულის - კა,
ბა, აჰ - შესანარჩუნებლად აუცილებლად ითვლებოდა გარდაცვლილთა სხეულის
6

შენახვა (დინასტიებამდელ ეგვიპტეში სხეულს არც თუ ღრმა თხრილში დებდნენ: ცხელ


ქვიშაში გვამი არ იხრწნებოდა; მე-2 ათასწლეულის შუა ხანებიდან, ახალი სამეფოს
პერიოდში, ბალზამირების მეთოდი შეიმუშავეს). მიაჩნდათ, რომ სიკვდილის შემდეგ
მკვდარს მოხუცი მებარგული გადაიყვანს მიცვალებულთა მდინარეზე. აქ მას თორმეტი
კარი უნდა გაევლო და ცეცხლოვანი ტბა გადაელახა. შემდეგ 42 მსაჯული წაიკითხავდა
მისი ცოდვების სიას, მიცვალებულს უნდა დაეფიცა, რომ ეს ცოდვები მას არ ჩაუდენია.
ოსირისის სამსჯავრო დარბაზში გარდაცვლილის გულს წონიდნენ სასწორზე: მას არ
აუნდა გადაეწონა პერო - ჭეშმარიტების ქალღმერთის სიმბოლო. გამოცდაგავლილი
ხდებოდა სხვა სამყაროს ანუ დასავლეთის სამეფოს მკვიდრი. ცოდვილებს ურჩხულს
უგდებდნენ გასაგლეჯად.

ძველ ეგვიპტელებს 2000 ღმერთსა და ქალღმერთზე მეტი ჰყავდათ, მაგრამ მათ


უმრავლესობას ადგილობრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ფარაონი ამენხოტეპ IV (-1364-
1347) მსოფლიოში პირველი ცდილობდა რელიგიური რეფორმის გატარებას: ქვეყანაში
გაუქმდა ყველა ადრინდელი ღმერთის თაყვანისცემა, იხურებოდა მათი ტაძრები.
მკვიდრდებოდა ერთღმერთიანობა, მზის ღმერთ - ატონის თაყვანისცემა. დაიწყო ახალი
ტაძრების მშენებლობა, საფუძველი ჩაეყარა ახალ დედაქალაქს, თვით ფარაონმა კი
დაირქვა ,,ეხნატონი“, რაც ნიშნავდა ,,ატონისათვის სასურველს“. საზოგადოების
რეფორმირების მოცემული მოდელი შემდეგაც არაერთხელ განუხორციელებიათ, თუმცა
ეს ცდებიც უშედეგოდ დასრულდა. ეხნატონის სიკვდილის შემდეგ რეფორმა შეჩერდა,
უწინდელი ქურუმობის გავლენა გაძლიერდა, ხოლო უმაღლესი ქურუმის თანამდებობა
მემკვიდრეობითი გახდა.

ეგვიპტური მითოლოგია გამოხატავდა ადამიანთა მადლიერებას იმ


მფარველობისათვის, რომელსაც მათთვის ღმერთები იმეტებდნენ. მაგალითად,
ქალღმერთი ტაუერტი, დედალი ჰიპოპოტამის სახით, ორსულთა და ახალშობილთა
მფარველად ითვლებოდა. მთავარი მდგომარეობა ეპყრა მზის ღმერთ რას, სამყაროს
შემქმნელ ამონს, ნაყოფიერების ღმერთებს ოსირისსა და ისიდას. ოსირისის სიკვდილისა
და აღდგომის ამბავი განასახიერებდა მარცვალს, რომელსაც მიწაში ფლავენ და
რომელიც ახალი მცენარის სახით აღორძინდება.

მამაკაცი და ქალი ცივილიზაციის ისტორიაში

ძველეგვიპტურ მითოლოგიაში ღმერთთა თანაცხოვრება ცხოვრებისა და სამყაროს


არსებობის წყაროდ მიიჩნეოდა (სამყაროს შექმნის მითი), ამიტომ სექსისადმი დიდი
შემწყნარებლობა არსებობდა. მამაკაცი მთავარ როლს თამაშობდა. ოჯახი მონოგამიური
იყო, თუმცა ფარაონებსა და არისტოკრატებს ბევრი ცოლი ჰყავდათ. მამაკაცს ჰქონდა
განქორწინებისა და მრავალცოლიანობის უფლება. ქალებს ასეთი უფლება არ გააჩნდათ.
7

ცოლქმრული ღალატისათვის განსაზღვრული იყო სასჯელი, მათ შორის - სიკვდილით


დასჯაც. ქალები 12-14 წლისა ქორწინდებოდნენ, მამაკაცები - 15-17 წლისა. ფარაონები
და არისტოკრატები, ისიდას მაგალითით, რომელიც ცოლად თავის ძმა ოსირისს გაჰყვა,
ხშირად ქორწინდებოდნენ სისხლით ნათესავებზე. ამის გამო ფარაონთა დინასტიები
მალე გადაშენდებოდნენ ხოლმე.

ჰომოსექსუალიზმი უხამსობად მიაჩნდათ. მონებსა და სამხედრო ტყვეებს ხშირად


სასქესო ორგანოებს აჭრიდნენ, რითაც მიანიშნებდნენ სტატუსის, მამაკაცური პოზიციის
დაკარგვას. საფლავის ქვებზე აღმოჩენილი ნახატებით დგინდება, რომ ეგვიპტეში იყო
სოდომიაც, ტრანსვესტიზმიც, ორალიზმიც, ანალიზმიც, ზოოფილიაც; ასევე -
პროსტიტუციაც, რომელიც ნაყოფიერების კულტს უკავშირდებოდა. ცალკე აღსანიშნია
სატაძრო პროსტიტუცია (ისიდას კულტი). დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
ქალწულობას და რიტუალურ დეფლორაციას, რომელიც აღიქმებოდა ღმერთებისათვის
გაღებულ მსხვერპლად.

ძველეგვიპტური მითოლოგია მსოფლიო კულტურის ბრწყინვალე მოვლენაა. მან ასახა


ეგვიპტური საზოგადოების მდიდარი სულიერი სამყარო, ფილოსოფიური, ეთიკური,
ესთეტიკური შეხედულებების რთული სისტემა, შეხედულებანი სამყაროსა და
ადამიანის შექმნაზე. მითოლოგიური პერსონაჟები, მმართველები, ღმერთების
საყვარლები გახდნენ ლიტერატურისა და მხატვრობის ნაწარმოებთა გმირები.
ძველეგვიპტური ცივილიზაციის მიღწევები ორგანულად შეერწყა სხვა ცივილიზაციებს;
ის ლამის დაივიწყეს. ამიტომაც იყო, რომ როცა 1822 წელს ფრანსუა შამპოლიონმა
ეგვიპტური იეროგლიფები გაშიფრა, ძველი ეგვიპტე ,,ხელმეორედ დაიბადა“.

სახელები. კლეოპატრა

კლეოპატრა (დ. ჩვ.წ-მდე 69 - გარდ. ჩვ. წ-მდე 30) - პტოლემაიოსთა დინასტიის


უკანასკნელი დედოფალი. მამის გარდაცვალების შემდეგ კლეოპატრა და მისი უმცროსი
ძმა პტოლემაიოს მე-12, ჩვეულებისამებრ, ერთურთზე უნდა დაქორწინებულიყვნენ და
წყვილად ემართათ. მაგრამ ჭკვიანმა და განათლებულმა კლეოპატრამ (მან 10-მდე ენა
იცოდა) ჩვ. წ-მდე 51 წლიდან ტახტის ერთპიროვნული პყრობა მოახერხა. გაიუს
იულიუს კეისარმა, რომელიც მისი საყვარელი გახდა, მხარი დაუჭირა დედოფალს
პტოლემაიოს მეთორმეტის მომხრეებთან ბრძოლაში. კეისრის სიკვდილის შემდეგ
კლეოპატრა მარკუს ანტონიუსის ცოლი გახდა. მარკუსმა დაიწყო დედოფლის
შვილებისათვის რომის სახელმწიფოს აღმოსავლეთ პროვინციათაგან მიწების გაცემა.
ოქტავიანეს, გაიუს იულიუს კეისრის ახლო ნათესავისა და შემდეგ - რომის პირველი
იმპერატორის, გავლენით გაძლიერებულმა სენატმა ეგვიპტეს ომი გამოუცხადა. აქციის
კონცხთან (იონიის ზღვა, კრეტასა და სიცილიას შორის) კლეოპატრასა და მარკუს
8

ანტონიუსის ფლოტი დამარცხდა. ეგვიპტეში რომაული ჯარების შესვლის შემდეგ


კლეოპატრამ თავი მოიკლა.

კლეოპატრა არაერთხელ განუსახიერებიათ ლიტერატურაში, მხატვრობასა და


კინოხელოვნებაში.

You might also like