You are on page 1of 8

ინკები

ინკების კულტურა სათავეს ჩვ.წ. XII საუკუნიდან იღებს. XV საუკუნის დასაწყისში კი


თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და
ჩილეს ტერიტორიაზე მათ მიერ ჩამოყალიბებულ იქნა უზარმაზარი იმპერია, რომლის
მოსახლეობა 12-20 მილიონს კაცს შეადგენდა. ისინი 100-მდე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში
ერთიანდებოდნენ. ინკები თავიანთ სამეფოს ტაუანტინსუიუს უწოდებდნენ, რაც "სამყაროს
ოთხ გაერთიანებულ მხარეს" ნიშნავდა. იმპერიის დედაქალაქს კუსკო წარმოადგენდა,
რომელსაც ერთი პერუელი ისტორიკოსი „სამყაროს ჭიპად“ მოიხსენიებს.

ლეგენდები წარმოშობის შესახებ.


არსებობს ორი ლეგენდა ინკების იმპერიის წარმოშობის შესახებ.
ერთ-ერთის თანახმად, ინკების წინაპრები ტიაჰუანაკოს რეგიონში ცხოვრობდნენ.
ერთხელაც, მათმა მმართველებმა - მანკო კაპაკმა და მამა-ოკლიომ მზისგან (ღმერთისგან)
მიიღეს ბრძანება დაეარსებინათ დედაქალაქი თავიანთი ცივილიზაციისათვის. დაიწყო
ინკების მიგრაცია. მათ მალევე დააარსეს ქალაქი კუსკო, რომელმაც უმოკლეს დროში მიაღწია
განვითარების უმაღლეს მწვერვალს.
მეორე ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ მამაკაცმა ოქროს კვერთხი ზღვის დონიდან 3408
მეტრზე ზუსტად იქ, სადაც უძველესი ტომები - უალია, ლარე და პოკე სახლობდნენ.------?
ასე დაარსდა ქალაქი კუსკო და ინკების ე.წ. „ლეგენდარული იმპერია“.

მმართველები.
ინკების დინასტია 1200-დან 1438 წლის ჩათვლით 8 იმპერატორს ითვლის. მათგან
აღსანიშნავია პაჩაკუტი. გადმოცემის მიხედვით, ინკები თავს მზის შვილებად თვლიდნენ და
თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ ყველა ველურის განათლება, ჭკუაზე მოყვანა. ამის
განხორციელება მათ დაიწყეს პაჩაკუტის, პატივმოყვარე და იღბლიანი მმართველის დროს,
რომელმაც არა მარტო მრავალი ტომი დაიპყრო, არამედ გაავრცელა კიდეც ინკების კულტურა
და რელიგია. იმპერატორმა პაჩაკუტიმ და მისმა მემკვიდრე ტუპაკ ინკა იუპანკიმ შექმნეს
უზარმაზარი იმპერია, უდიდესი ცივილიზაცია, რომლის სამართავადაც საჭირო იყო
განსაზღვრული, კარგად დამუშავებული სისტემა. როგორც კი პაჩაკუტი იპყრობდა ახალ
მიწებს, იგი იქ ჯანსაღ პოლიტიკას ატარებდა: დაპყრობილ ხალხებს ადგილებზე უტოვებდა
მათ მმართველებს და არ უკრძალავდა ადგილობრივი ღმერთების თაყვანისცემას. მან
ურთიერთობებისათვის საერთო – კეჩუას ენა დაამკვიდრა, რომელზეც მხოლოდ კუსკოში
ლაპარაკობდნენ და იგი იმპერიის ოფიციალურ ენად აქცია. იმპერატორი არ უკრძალავდა
იმპერიაში შემავალ ხალხებს თავიანთ ენებზე ლაპარაკს, მაგრამ მოითხოვდა ოფიციალური
ენის ცოდნასაც. (კეჩუას ენა დღემდე შემორჩა და მასზე ანდების მთებში, თანამედროვე პერუს
ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 10 მლნ კაცი ლაპარაკობს).
საინტერესოა, რომ ინკების ყოველი ახალი მეფე თუ იმპერატორი, მემკვიდრეობით
ღებულობდა მხოლოდ ძალაუფლებას და არა სიმდიდრეს, ამიტომაც მეფე საქმიანობას
დაპყრობით იწყებდა - იერთებდა ახალ მიწებს და სიმდიდრეს აგროვებდა. იმპერატორმა
პაჩაკუტიმ დაადგინა, რომ ის მზის ღმერთის პირდაპირი შთამომავალია და რომ ქვეყანას
ღვთის განგებით მართავს. იმპერიის ინსპექტირების დროს, მას ოქროს ტახტრევანით
დაატარებდნენ, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ხოლო უკან მოყვებოდა
რამდენიმე ათასი კაცისაგან შემდგარი ამალა. არავის არ ჰქონდა მისთვის პირდაპირ
თვალებში შეხედვის უფლება.

იმპერიის დაცემა.
იმპერატორ პაჩაკუტის ოთხი მემკვიდრე ჰყავდა, თუმცა ორი მათგანი გარდაიცვალა.
დარჩენილებმა - უასკარმა და ატაჰუალპამ ტახტისათვის ბრძოლა სამოქალაქო ომად აქციეს.
მოსახლეობა, ამ ომის გარდა, ყვავილის ეპიდემიითაც იყო დასუსტებული. ამასობაში, 1532
წელს, ინკების მიწაზე შეიჭრნენ ესპანელი კონკისტადორები ფრანსისკო პისაროს
მეთაურობით. მათ ისარგებლეს შიდა არეულობით და 180-მა ესპანელმა მეომარმა
უპრობლემოდ შეძლო 6000 უიარაღო მეომარი ინკას დამარცხება. ტყვედ ჩავარდნილმა
ატაჰუალპამ თავდაპირველად თავისი ყველა სამეფო პრივილეგია შეინარჩუნა და 20 დღის
მანძილზე შეისწავლა ესპანურად საუბარი და წერა-კითხვა. ამის შემდეგ პისარომ მას უთხრა:
„ჩვენ, ესპანელები, გულის დაავადებით ვიტანჯებით, რომელსაც მხოლოდ ოქრო-ვერცხლი
შველისო“. ინკებისთვის კი ოქრო არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ისინი მას
"მზის ოფლს", ხოლო ვერცხლს "მთვარის ცრემლებს" უწოდებდნენ. მათგან ამზადებდნენ
შესანიშნავ ნაკეთობებს, თუმცა "ვალუტად" ქსოვილს თვლიდნენ. პისაროს სიტყვების
გამგონე ატაჰუალპამ უზარმაზარი მოცულობის ოქრო გაიღო (გადადნობის შემდეგ
აღმოჩნდა,რომ ოქრო 6078 კგ.-ს, ხოლო ვერცხლი - 11 793 კგ.-ს იწონიდა). იმპერატორის
სიცოცხლე ამანაც ვერ იხსნა - ესპანელებმა იგი ჯერ დაახრჩეს, ხოლო შემდეგ დაწვეს.
ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობის შედეგები საშინელი იყო: მათი აქ
ჩამოსვლიდან 50 წლის შემდეგ კუსკოს მოსახლეობა 500 ათას კაცამდე შემცირდა. სიცივე,
კატორღული შრომა და ევროპელთა მიერ შემოტანილი დაავადებები მუსრს ავლებდა ქვეყნის
მოსახლეობას. მრავალმა მათგანმა სიცოცხლე ოქროს და ვერცხლის მაღაროებში დაასრულა,
სადაც მათ ძალით ამუშავებდნენ. ინკების სასახლეები და ტაძრები ნაწილობრივ დაანგრიეს,
იმპერატორების მუმიები დაწვეს, ხოლო ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობები
ევროპაში გაგზავნეს კარლოს V-თვის საჩუქრად. ისინი ჯერ სევილიაში გამოფინეს, ხოლო
შემდეგ გადაადნეს.
1572 წელს, ესპანელებმა ქალაქ კუსკოს მოედანზე თავი მოჰკვეთეს ინკების უკანასკნელ
ბელადს - ტუპაკ ამარუს, რითაც დასრულდა ინკების დინასტია.

იმპერიის მართვა.
ბიუროკრატიული აღრიცხვებისათვის ინკებმა იმპერიაში შემავალი ოჯახები დაყვეს
ათეულებად. თითოეულ 10 "ოჯახურ კერიას" მართავდა ერთ-ერთი რომელიმე ოჯახის თავი,
რომელიც ანგარიშს აბარებდა 50 ოჯახისგან შემდგარ ჯგუფის ხელმძღვანელს. ეს
უკანასკნელი, თავის მხრივ, ანგარიშვალდებული იყო იმ ადამიანთა წინაშე, რომლებიც
მართავდნენ 100, 500, 5 000, 10 000 "ოჯახურ კერიას".

ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საპა ინკას გააჩნდა


ინსპექტორთა სამსახური, რომელშიც დიდებულები შედიოდნენ. ისინი მოძრაობდნენ
ინკოგნიტოდ და ამოწმებდნენ ადგილობრივ მოხელეთა საქმიანობას. მათ უწოდებდნენ
"ტოკოი-რიკოკს" (ისინი, ვინც ყველაფერს ხედავენ). ამგვარი რევიზორებისგან მიღებული
ინფორმაცია დედაქალაქში ჩაჰქონდათ სპეციალურ კურიერებს ინკების მიერ შესანიშნავად
მოწყობილი გზების წყალობით. მორბენალი კურიერები - ჩასკები - ერთმანეთისაგან
რამდენიმე მილით იყვნენ დაცილებულნი. კურიერი, რომელიც ამ საქმიანობისათვის ჯერ
კიდევ ახალგაზრდობაში იყო შერჩეული სწრაფი სირბილისა და გამძლეობის გამო,
ბოლომდე ხარჯავდა თავის ძალებს. მორიგ საფოსტო სადგურთან მიახლოებისას იგი საყვირს
უბერავდა. მეორე კურიერი, რომელიც საყვირით გებულობდა კოლეგის მოახლოებას,
სწრაფად ემზადებოდა, შემდეგ მასთან ერთად გარბოდა რამდენიმე ასეულ მეტრს და
ცდილობდა ზუსტად დაემახსოვრებინა ის ინფორმაცია, რომელიც მას მესამე კურიერისთვის
უნდა გადაეცა და ა .შ. გზებისა და კურიერული სისტემის ამგვარი მოწყობის წყალობით
ინფორმაცია დანიშნულ ადგილამდე აღწევდა დღეში 250 მილის სიჩქარით.

შეიარაღება.
ინკების კანონების თანახმად, ყოველი მამაკაცი, რომელიც ვარგისი იყო სამხედრო
სამსახურისთვის, განიხილებოდა, როგორც არმიის წევრი საჭიროების შემთხვევაში. ამიტომ
თითქმის ყველა ინკა მამაკაცს ერთხელ მაინც ჰქონდა ომში მონაწილეობა მიღებული.
სწორედ ამის გამო იმ დროისათვის ინკების არმია მთელს რეგიონში ყველაზე ძლევამოსილი
იყო. ინკები ბრძოლაში შედიოდნენ დაფდაფებისა და სხვადახვა დასარტყამი
ინსტრუმენტებით, რაც მათ ერთგვარი ტრიუმფის შეგრძნებას მატებდა. მათი საბრძოლო–
თავდაცვითი აღჭურვილობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
1. ხის, ლერწმის ან ცხოველის ტყავისგან დამზადებული მუზარადი.
2. პალმის ან ბამბისაგან დამზადებული მრგვალი ფარები.
3. ბამბის მოსასხამები და მეტალის ფირფიტა-საფარველები გულმკერდისა და მხრების
დასავაცად.

4. ბრინჯაოს სასროლი შუბები.


5. ხის ხმლები.
6. რკინის ან ხის წაწვეტებულთავიანი კომბლები.
7. სპილენძის და ქვისთავიანი სხვადასხვა იარაღები.
8. "ბოლა" და "აილო" – წაგრძელებულ ქვაზე გამობმული თოკი, რომლის მოქნევითაც
მოწინააღმდეგეს კოჭავდნენ (მას აგრეთვე ნადირობაშიც გამოიყენებდნენ).

რელიგია.
თავდაპირველად ინკების ღმერთს ვირაკოჩა წარმოადგენდა, თუმცა მომდევნო პერიოდში
იგი მზის კულტმა ჩაანაცვლა. მზის ღმერთის - ინტის თაყვანის საცემად, ინკები აშენებდნენ
უამრავ ტაძარს, რომელთგან მთელს იმპერიაში ცნობილი იყო კორიჩანჩას, ვილკაშუმანის,
ოსკარანის ტაძრები. ყველა ტაძარს ყავდა თავისი ქურუმი, რომელიც ტაძარში ცხოვრობდა.
ქურუმები ასრულებდნენ წინასწარმეტყველების, ჯადოქრების და მკურნალების ფუნქციას.
მთავარი ქურუმი იყო კუსკოს ქურუმი, რომელსაც ვილაკ უმუს უწოდებდნენ.

რიტუალები და დღესასწაულები.
1. კოპაკ რაიმი (დიდი ზეიმი) - იმართებოდა დეკემბერში. ამ დღეს ყმაწვილები
ინათლებოდნენ მამაკაცებად. ცერემონიას თან ახლდა 40-მდე სხვადასხვა სახის ცეკვა და
მონოტონური, ჰიპნოზური სიმრერები. აკომპანიმენტი გამოირჩეოდა დასარტყმელი და
ჩასაბერი ინსტრუმენტების გასაოცარი მრავალფეროვნებით. ინკებს ჰქონდათ დიდი და
პატარა დოლები; სხვადასხვა ფორმის, ზომის და სახის ფლეიტები, რომლებიც გაკეთებული
იყო ძვლისგან და ლერწმისგან; საყვირები, რომლებიც მზადდებოდა ზღვის ნიჟრებისგან,
გოგრისა და ხისგან.
2. წლის ყველაზე მოკლე დღე, 21 ივნისი, ინკებისთვის მნიშვნელოვანი თარიღი იყო - ამ
დღეს მზის ღმერთ ინტისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა. დღესასწაული
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასაც უკავშირდებოდა. ცერემონია მკაცრი
რიტუალისგან შედგებოდა. დღესასწაულამდე ინკები მარხვას იცავდნენ. ზეიმი რამდენიმე
დღე გრძელდებოდა მსვლელობებით, ცეკვებითა და ცხოველტა მსხვერპლშეწირვით. ეს
რიტუალები უხვმოსავლიანობის საწინდარი უნდა ყოფილიყო.
3. ინკების მუმიას „მალკი“ ეწოდებოდა, რაც „წინაპარს“ ნიშნავს. მმართველთა მუმიებს
საგულდაგულოდ უვლიდნენ - ზელდნენ ეთერზეთებით, უცვლიდნენ ტანსაცმელს,
კვებავდნენ, მწერებისგან იცავდნენ და რთავდნენ. საგანგებო საკაცეებით მუმიები ტაძრიდან
გამოჰყავდათ და თუ ამინდი ხელს უწყობდათ, კუსკოს მთავარ მოედანზე გამთენიიდან
შუადღემდე პატივს მიაგებდნენ მათ. მუმიებს ამწკრივებდნენ ასაკის მიხედვით. ქალები თუ
მამაკაცები მათ პატივსაცემად ჭამდნენ და სვამდნენ, შემდეგ კი ცეცხლში წვავდნენ იმ
საკვებს, რაც მიცვალებულთათვის იყო განკუთვნილი ძღვენის სახით.
4. ინკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი ადამიანთა მსხვერპლთშეწირვა იყო.
ადამიანებს მსხვერპლად მხოლოდ დღესასწაულებზე წირავდნენ. საუკეთესო ტარიგად
ულამაზესი ბავშვი ითვლებოდა. 10 წლამდე ბიჭებსა და გოგონებს, რომლებიც სამსხვერპლო
ძღვნად იყვნენ განწირულნი, ინკები თავში ჩარტყმით ხოცავდნენ, შემდეგ კი მათ სისხლს
აპკურებდნენ კერპებსა და მიწას.

ტრადიციები.
1. ინკებში სისუფთავის მაღალი სტანდარტები არსებობდა, თუმცა ბევრ მათგანს, პირის
დასაბანადაც კი არ ჰყოფნიდა წყალი. ინკების საზოგადოებაში არავის არ ჰქონდა უფლება
დრო სიზარმაცეში და დროსტარებაში გაეფლანგა, მაგრამ მოხუცები სახელმწიფოს
განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ. 50 წელს მიღწეული მშრომელი კაცი
თავისუფლდებოდა შრომითი ბეგარისა და გადასახადებისგან. მოხუცები აგროვებდნენ
ფიჩხს ტყეში, ამზადებდნენ საჭმელს, გრეხდნენ ბაგირებს, უვლიდნენ ბავშვებს და ოჯახებს
ეხმარებოდნენ მოსავლის აღების დროს.
2. ინკები მოითხოვდნენ, თითოეულ ქალს, საოჯახო კერის დიასახლისს, არა მარტო ოჯახის
კეთილდღეობაზე ეზრუნა, არამედ იგი უზრუნველეყო სწორი კვებითა და თვალყური
ედევნებინა, რომ ტანსცმელი, საოჯახო ნივთები და ოჯახის წევრთა ტანი სუფთა ყოფილიყო.
ინსპექციის დღეებში, რომელსაც ხელისუფლება ატარებდა ხოლმე, თითოეული სახლის
შესასვლელ კარებზე ჩამოფარებული ჭილოფი აწეული უნდა ყოფილიყო, რათა ინსპექტორს
დაენახა, თუ როგორ ამზადებდა დიასახლისი საჭმელს, როგორ რეცხავდა სარეცხს და ა. შ. და
თუ ინსპექტორი დაინახავდა, რომ დიასახლისი ვერ ართმევდა თავს საოჯახო საქმეებს, მაშინ
იგი სასტიკად ისჯებოდა: თანასოფლელების თვალწინ, მას აიძულებდნენ ეჭამა ის ჭუჭყი,
რომელსაც მისი სახლიდან გამოხვეტდნენ, ხოლო მის ქმარს აიძულებდნენ დაელია ის
ბინძური წყალი, რომელიც რჩებოდა ოჯახის წევრთა ბანაობის შემდეგ.
3. ინკების კანონებით, ქორწინება ითვლებოდა სამუდამოდ არა მარტო დიდებულებისათვის,
არამედ უბრალო ხალხისათვისაც.
4. ქურდობა, ძარცვა და ძალადობა, სიკვდილით ისჯებოდა, თანაც დაუყოვნებლივ.
ამიტომაც, სახელმწიფოში საპატიმროები არ არსებობდა.
5. ინკები სიამოვნებით უსმენდნენ საჯაროდ წაკითხულ თქმულებებს, რომლებიც თაობიდან
თაობებს გადაეცემოდა. გარდა ამისა, ზეპირსიტყვიერება ინახავდა ლოცვებს, საგმირო
თქმულებებს, რელიგიურ პოეზიასა და ბალადებს უიღბლო სიყვარულის შესახებ – ყოველივე
ეს სრულდებოდა ირგვლივ არსებული ბუნების, მთებისა და გზების, ხევებისა და ველების
მხატვრული აღწერით.
6. ტუპუებს. მემკვიდრეობას ღებულობდნენ მამებისგან, ქალები – დედებისგან.

ჩაცმულობა.
არისტოკრატი მამაკაცები ატარებდნენ ტუნიკს მუხლებამდე, ხოლო ქალები - კოჭებამდე.
წელზე შემოჭერილი ჰქონდათ ქამრები ჰერალდიკური ნიშნებით, ან ატარებდნენ ოქროს
სარჭებით დამაგრებულ მანტიებს, ე.წ. ტუპუებს. პრივილეგირებული ინკები ყურის
ბიბილოზე ატარებდნენ დიდ, ბრტყელ ვერცხლის ან ოქროს რგოლს, რომელთა წონაც
ჭიმავდა ყურებს, რის გამოც ესპანელებმა ინკებს "დიდყურიანები" შეარქვეს.

ენა და დამწერლობა.
ინკების იმპერიის ოფიციალური ენა იყო კეჩუა, რომელსაც "რუნა სიმი" (ადამიანური ენა)
ეწოდებოდა.
ერთობ ორიგინალური იყო ინკების "კვანძოვანი დამწერლობა" – კიპუ. იგი წარმოადგენდა
გრძელ ბაწარს, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ძაფები.
ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია ბაწარზე ან თოკზე გამოიყენებოდა
გადასახადების გასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად,
საკუთარი სახელებისა და სხვადასხვა ფონეტიკური ელემენტების გადმოსაცემად.

სწავლა-განათლება.
ინკა სტუდენტები სწავლობდნენ რელიგიას, გეომეტრიას, ისტორიას, სამხედრო სტრატეგიასა
და ორატორულ ხელოვნებას. 16 წლის ახალგაზრდები უაღრესად რთულ გამოცდებს
აბარებდნენ, სადაც ისინი აჩვენებდნენ თავის გამძლეობას, ძალას, ცოდნასა და
მოხერხებულობას. ამგვარი გამოცდები ერთი თვე გრძელდებოდა, ტარდებოდა ღია ცის ქვეშ
და ყველა მსურველს შეეძლო მასზე დასწრება. მონაწილეებს 6 დღის განმვლობაში აძლევდნენ
მხოლოდ მცენარეულ საკვებს და წყალს, რის შემდეგაც მათ სწრაფად უნდა გაერბინათ ოთხ-
ნახევარი მილი. შემდეგ გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ, როდესაც დახელოვნებული
მოფარიკავე მათ ჩხვლეტდა და ჭრილობებს აყენებდა. "მათ სასტიკად სცემდნენ ხელებსა და
ფეხებზე წნელებით, რათა დარწმუნებულიყვნენ მათ მიერ ნებისმიერი ტკივილის
ამტანიანობაში, ხოლო ის ახალგაზრდა, რომელიც ოდნავ მაინც გაამჟღავნებდა ტკივილს,
უმოწყალოდ იდევნებოდა" – წერდა ცნობილი ესპანელი ქრონისტი გარსილასო დე ლა ვეგა.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო თამაშების დროს ხშირი იყო ახალგაზრდების
დასახიჩრება და სიკვდილი. გამოცდები მთავრდებოდა რაინდად კურთხევით. თვით საპა
ინკა ხელში იღებდა ოქროს ნემსს, თითოეული ახალგაზრდა მის წინ მუხლებზე დგებოდა და
იმპერატორი საკუთარი ხელით უხვრეტდა მათ ყურების ბიბილოებს საყურეებისათვის. მათ
გადაეცემოდათ ოქროს საყურეები. ქანცის გაწყვეტამდე ავარჯიშებდნენ სპეციალურად
შერჩეულ ქალიშვილებსაც, რომელთა რიცხვიც იმპერიაში იყო მუდმივი და 15 ათასს
შეადგენდა. სპეციალური აგენტები ჩხრეკდნენ ქვეყნის კუთხე-კუნჭულებს და ეძებდნენ
ქალიშვილებს, რომლებსაც არჩევდნენ სილამაზის, ნიჭისა და წარმომავლობის მიხედვით.
შერჩეულ გოგონებს ყოფდნენ ათკაციან ჯგუფებად და აგზავნიდნენ მონასტრებში, სადაც
ხანდაზმული "მამაკონები" მათ ქსოვას, ქსოვილის შეღებვას, განსაკუთრებული საჭმელების
და ჩიჩას (არყის მსგავსი ალკოჰოლური სასმელი) მომზადებასა და რელიგიური რიტუალების
ჩატარებას ასწავლიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საფეიქრო საქმეს, რადგან
სწორედ ისინი ამზადებდნენ ალპაკის და ვიკუნიას მატყლისაგან ნატიფ და ნაზ ქსოვილებს,
რომლისგანაც იკერებოდა ტანსაცმელი იმპერატორისა და მისი ცოლისათვის. სამწლიანი
სწავლების შემდეგ, გოგონები ჩამოჰყავდათ კუსკოში, სადაც იმპერატორი თვითონ ირჩევდა
ცოლებს თავისთვის და სხვა დიდებულებისათვის. ვინც შერჩევის გარეშე რჩებოდა, მათ
მონასტრებში ქურუმებად ანაწილებდნენ: აქ ისინი გამორჩეული ქალბატონებივით
ცხოვრობდნენ, დროს განცხრომაში ატარებდნენ და საყოველთაო პატივისცემით
სარგებლობდნენ.

მეცნიერება.
ინკები ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით
მათემატიკასა და ასტრონომიაში. მათ ჰქონდათ საკუთარი მზისა და მთვარის კალენდარი,
იცოდნენ ბუნიობის მოვლენის შესახებ, რომლის მიხედვითაც თესდნენ თუ იღებდნენ
მოსავალს.
ინკებს მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული მედიცინა, რითაც ისინი ბევრად
უსწრებდნენ იმ დროის ევროპელებს. მრავალი სამკურნალო მცენარის გამოყენებით,
რომელთა თვისებებსაც ინკები ზედმიწევნით იცნობდნენ, ისინი ებრძოდნენ და
წარმატებითაც ამარცხებდნენ სერიოზულ დაავადებებს, მაგალითად მალარიას. მეცნიერების
გაოცებას იწვევს ინკების განვითარების დონე ქირურგიაში. ისინი აკეთებდნენ ურთულეს
ოპერაციებს თავის ქალაზე. მათ ქირურგებს შეეძლოთ დაზიანებული თავის ქალის
ნაწილების შეცვლა ორგანული მასალისგან ან ოქროსგან დამზადებული ფირფიტებით.
პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო - 70%.
ანესთეზიისათვის იყენებდნენ კოკაინის ხეს.

სოფლის მეურნეობა.
იმის გამო, რომ ინკები მთიან ადგილებში სახლობდნენ, ძალიან პრობლემური იყო
მიწათმოქმედების საკითხი, რაც ინკებმა მარტივად გადაწყვიტეს: ციცაბო ფერდობებზე
გაჭრეს ტერასები, სადაც მათ საუკეთესო მოსავალი მოჰყავდათ. გასაოცარია, მაგრამ ისინი
იყენებდნენ საირიგაციო სისტემასაც, რომელსაც დღესაც გაოცებაში მოჰყავს მნახველი. ინკებს
ძირითადად მოყავდათ მაისი სიმინდი, პომიდორი, არაქისი, წიწაკა, ნესვი, ანანასი, კაკაო,
ბამბა, კარტოფილი. ინკებისათვის ყველა ეს მცენარეული კულტურა უაღრესად
მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მათი კვების რაციონში მთავარი ადგილი მაინც კარტოფილს
ეკავა. სწორედ ინკებმა მოაშენეს პირველად დედამიწაზე კარტოფილი. ინკებს 200–მდე
სახეობის კარტოფილი ჰქონდათ კულტივირებული. საინტერესო იყო კარტოფილის შენახვის
პროცესი: ინკები მას ღამით ტოვებდნენ სიცივეში, დილით რეცხავდნენ წყლით და შემდეგ
მზეზე ფენდნენ. ამ პროცედურას იმეორებდნენ 3 - 4-ჯერ და კარტოფილი უკვე მზად იყო
შესანახად.
ცხოველებიდან, ინკებს მოშენებული ჰყავდათ ლამა და ალპაკა, რომელთაც გამწევი ძალის
გარდა, სახორცედაც გამოიყენებდნენ.
აღებულ მოსავალს აგზავნიდნენ უზარმაზარ საწყობებში. ამ საწყობიდან ყოველდღე
გაიცემოდა სასურსათო ულუფა და ნივთები ქვრივებზე, ობლებზე, ავადმყოფებსა და შრომის
უნარის არმქონე ადამიანებზე. ხოლო სტიქიური უბედურებების დროს, დახმარება ყველა
ადამიანზე გაიცემოდა. სოციალური დაცვის ამგვარი ღონისძიებების შედეგად, იმპერიაში
არავინ არ შიმშილობდა. მოსახლეობას არ ეშინოდა მოუსავლიანობის ან სტიქიური
უბედურებისა.

არქიტექტურა და გზები.
ინკებს შესანიშნავი გზის სისტემა გააჩნდათ, რომელიც ორი უმთავრესი მაგისტრალისაგან:
1. სამეფო გზა, რომელიც გადიოდა ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, მთებში.
2. სანაპირო გზა, რომელიც მიუყვებოდა ოკეანის სანაპიროს.
ინკების ძალზედ მოწესრიგებული გზის სისტემა არმიას საკმაოდ სწრაფად გადაადგილების
საშუალებას აძლევდა. ერთი დღის სავალ ყოველ მონაკვეთზე აშენებული იყო
სასტუმროსმაგვარი შენობები – ტამბოები, სადაც არმიას შეეძლო დაესვენა და ესადილა.
გასაოცარია ინკების არქიტექტურა. იგი არა მარტო სილამაზით, არამედ მდგრადობითა და
სიმყარითაც გამოირჩეოდა, განასაკუთრებით მიწისძვრისადმი, რომელიც ამ რეგიონში
საკმაოდ ხშირია. შემდგომში, ესპანელებმა უამრავი შენობა ააშენეს ისე, რომ საძირკვლად
დატოვეს ინკების შენობების ფუძეები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო მყარი იყო,
ვიდრე მათ მიერ აშენებული. ინკების არქიტექტურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებია მაჩუ-
პიკჩუ და კუსკო, რომლის მისადგომებთანაც აღმართულია უზარმაზარი ციხე-სიმაგრე
საქსაუმანი. თითოეული ქვა, რომლითაც ის არის აგებული, 150 ტონას იწონის.

მაჩუ-პიქჩუ

ქალაქი მაჩუ-პიქჩუ ინკა პაჩაკუტეკის, ანუ ინკების იმპერიის ფუძემდებლის ბრძანებით


გაშენდა. თვალწარმტაცი ბუნების წიაღში მდგარი საუცხოო ქვის ძეგლი მაჩუ-პიქჩუ ინკების
არქიტექტურული შედევრია.
ძირითად სამშენებლო მასალად ქვა და გრანიტია გამოყენებული; სამშენებლო იარაღებს კი
ჩაქუჩები და ქვის ცულები წარმოადგენდა. მაჩუ-პიქჩუს ქვის მთლელთა მიერ ოსტატურად
შესრულებული სამუშაოს კვალიც ატყვია. ქვების საგულდაგულოდ დამუშავებულმა
ზედაპირმა და კუთხეებმა ესპანელი კონკისტადორების გაოცება გამოიწვია.
მაჩუ-პიქჩუ კეჩუას ენაზე „ძველ მთას“ ნიშნავდა. ნაგებობა მდებარეობს ზღ.დ.2400 მ.-ზე,
მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, ქალაქ კუსკოდან ჩრდილო-დასავლეთით, 80 კმ.-ში.
ცნობილია, რომ მაჩუ-პიქჩუ 1911 წელს აღმოაჩინა იელის უნივერსიტეტის პროფესორმა
ჰაირამ ბინგენმა. მისი ვარაუდის თანახმად, ნაგებობა წარმოადგენდა ინკა პაჩაკუტეკის
რეზიდენციას. ზოგიერთი მეცნიერი კი თვლის, რომ ქალაქს რელიგიური დანიშნულება
ჰქონდა.
მაჩუ-პიქჩუ ინკების იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას და
ტურისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანახაობას წარმოადგენს. იუნესკოს
1983 წლის გადაწყვეტილებით იგი „კაცობრიობის დაცული საგანძურების სიაში“ იქნა
შეტანილი.

You might also like