You are on page 1of 11

1

თემა 3

იაპონიის ეკონომიკის გენეზისი

იაპონიის სამეურნეო განვითარების ისტორია პალეოლითის ხანიდან ასუკას


პერიოდამდე; ასუკას პერიოდის რეფორმები: შიოტოკუ ტაიშის კანონთა კრებული,
ტაიკას რეფორმები, ტაიხორიოს კოდექსი.

იაპონიის სამეურნეო განვითარების ისტორია პალეოლითის ხანიდან ასუკას


პერიოდამდე

იაპონიის ისტორია მრავალ ათასწლეულს მოიცავს. მისი იასტორია ქვეყნის


განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გამო შეიძლება ითქვას, რომ მიწისა
და ძალაუფლებისათვის ხანგრძლივი ომების ისტორიაა. იაპონელები ტომთა ჯგუფის სახით ძვ.
წ. I ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულიდან ენეოლითური
კულტურის მქონე იაელთა დიდი ჯგუფის იაპონიის კუნძულებზე გადმოსახლების შედეგად,
ჩამოყალიბდნენ. ამ კუნძულებზე მანამდე აინები და ნაწილობრივ მალაიურ-პოლინეზიური
ტომები ბინადრობდნენ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა პირველი ერთიანი იაპონიური
სახელმწიფო (იამატოს სამეფო). ამით დასრულდა ძვ. იაპონელ ტომთა კონსოლიდაცია ერთ
ეროვნებად, რომელიც შემდგომში განვითარდა ჩინეთის, კორეის, ინდოეთის ძვ. ცივილიზაციის
გავლენით.

იაპონიის ისტორია იყოფა შემდეგ ეპოქებად:

1. პალეოლითის ხანა (ძვ.წ. 35 000–14 000)


2. ჯომონის ეპოქა - იაპონური ნეოლითი (ძვ.წ. 14 000–300)
3. იაიოის ეპოქა – ბრინჯაო–რკინის ხანა (ძვ.წ. 300–ახ.წ. 250)
4. კოფუნის ეპოქა (ყორღანების პერიოდი)(250–538)
5. ასუკას პერიოდი (538–710)
6. ნარას პერიოდი (710–794)
7. ჰეიანის პერიოდი (794–1185)
8. კამაკურას პერიოდი (1185–1333)
9. მურომაჩის პერიოდი (1333-1467)
10. სენგოკუს პერიოდი (1467-1568)
11. აძუჩი-მომოიამას პერიოდი (1568-1603)
12. ედოს ეპოქა (1603–1868)
13. მეიჯის რესტავრაცია (1868-1912)
14. უახლესი ისტორია (1912- დღემდე…)
2

პირველი პალეოლითური ინვენტარი იაპონიაში 1949 წელს – გუმის პრეფექტურაში


გათხრებისას აღმოჩნდა. პალეოლითისთვის დამახასიათებელია ცალი ხელით სახმარი იარაღი –
შუბი მახვილი ქვის წვეტებით, ვულკანური თიხის ფენებში ნაპოვნია ობსიდიანისგან
დამზადებული უძველესი ქვის იარაღი, ასევე ქვის დანები, რომლის დასამზადებლადაც
იყენებდნენ მდინარის მცირე ზომის ქვებს და კლდის ნატეხებს. ამას მოჰყვა პალეოლითური
აღმოჩენები კუნძულ კიუსიუსა და ჰოკაიდოზე. პალეოლითურ აღმოჩენებში კერამიკა არ
ფიგურირებდა. ამიტომაც იაპონელი არქეოლოგები ამ პერიოდს უწოდებენ კერამიკამდელ, ან
კერამიკის გარეშე კულტურას.

იაპონიის კუნძულებზე აღმოჩენილი პირველი თიხის ნაკეთობანი ისტორიკოსების მიერ


ძვ.წ. 14 000 - 300 წლებით თარიღდება და იაპონურ წელთაღრიცხვაში ჯომონის პერიოდად არის
ცნობილი. ეს პერიოდი ხასიათდება ე.წ. ორხელიანი იარაღის დამკვიდრებით. ფართოდ
გამოიყენებოდა მშვილდ–ისარი, დაიხვეწა სათევზაო მოწყობილობაც. სანაოსნოდ და
სათევზაოდ განკუთვნილ ნავებს ხის მთლიანი ზროსგან ქვის იარაღის გამოყენებით
ამზადებდნენ. ამ პერიოდისათვის ფართოდ ვრცელდება ნადირობა და მეთევზეობა. ნეოლითის
პერიოდის ქანებში აღმოჩენილია 50-მდე სახეობის ცხოველის ძვლები და მოლუსკების 353
სახეობა. ძირითადად ნადირობდნენ ირემსა და ტახზე, იჭერდნენ თევზსა და მოლუსკებს,
გარდა ამისა, კუნძულ ჰოკაიდოზე მეთევზეებს უკვე ზღვის მსხვილ ბინადრებზეც შეეძლოთ
ნადირობა. ჯომონის ეპოქაში ვითარდება მეთუნეობა და ჩნდება კერამიკული ნივთები
იაპონური ორნამენტებით. ამ დროს ჩნდება მარტივი ტიპის საქონელგაცვლაც, მაგალითად,
თიხისა და მწვანე ქვის – ტიტიბუს ვიარაღები აღმოჩენილია ისეთ ადგილებში, სადაც ეს მასალა
არ მოიპოვებოდა.

ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნემდე იაპონიის ბინადარი ტომები ნადირობით,


მეთევზეობით და შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს. ჯომონის ეპოქის მიწურულს
ხოკაიდოდან სამხრეთით, კუნძულ ჰონსიუზე წარმოიშვა მიწათმოქმედება და გავრცელდა
სამხრეთით. ახალი სახნავ-სათესის შესაქმნელად წვავდნენ ტყეს. ნიადაგის გამოფიტვის შემდეგ,
ახალ ტერიტორიაზე გადაწვავდნენ ტყეს და ქმნიდნენ ახალ სახნავ-სათეს მინდვრებს. უკვე
ცნობილი იყო სხვადასხვა კულტურის მონაცვლეობითი თესვის მეთოდი, ანუ მინდვრებზე
ყოველ წელს ხდებოდა თესლბრუნვა, რაც ზრდიდა მოსავლიანობს. ძირითადად მოყავდათ
მარცვლეული, უპირველეს ყოვლისა წიწიბურა, რომლის მოსაყვანადაც გრილი და ნოტიო
კლიმატის პირობებში 8-10 კვირა იყო საკმარისი. წიწიბურას გარდა თესავდნენ, ქერს, ასევე
ბრინჯს, რომელიც იაპონიაში კორეის გავლით ჩინეთიდან შემოვიდა. გარდა ამისა, მოყავდათ
გოგრა და მუხუდო, რგავდნენ თხილს, წაბლს და რკოს.

აღნიშნულ ეპოქაში მეურნეობის მწარმოებლური ფორმების გაჩენით შეიცვალა ადამიანის


მსოფლმხედველობა, კულტურა და რელიგია, რაც თავის მხრივ, არსებული საზოგადოების
ახლებურად ორგანიზებასაც გულისხმობდა.

იაპონელი ისტორიკოსები ბრინჯაოს, რკინისა და ქვის ხანის თანაარსებობის ეპოქას


იაიოის (ძვ.წ. 300წ. – ჩვ.წ. 250წ.) უწოდებენ. ჰანის ჩინური დინასტიის (ძვ.წ.202 -ახ.წ.220)
ქრონიკების თანახმად, პრიმიტიული იაპონია დაყოფილი იყო ურიცხვი რაოდენობის სამთავრო-
3

სათავადოებად და ცენტრალიზებული ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, რაც


ძლიერ აფერხებდა ქვეყნის განვითარებას.

არქეოლოგები სამეურნეო ინვენტარის მიხედვით, იაიოის კულტურას მკვეთრად ყოფენ ორ


ნაწილად: დასავლური, რომლის ცენტრი იყო კუნძული კიუშიუ და აღმოსავლური, რომლის
ცენტრს წარმოადგენდა თანამედროვე ქალაქი ოსაკა. კუნძულ შიკოკუს და კუნძულ ჰონშიუს
დასავლეთი შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარდამავალი რაიონი, სადაც გვხვდება როგორც
დასავლური, ისე აღმოსავლური ინვენტარი. დასავლური არეალისთვის დამახასიათებელია
ბრინჯაოს იარაღი: ხმალი, შუბი, ისარი, მშვილდი. ჩინურ-კორეული ნიმუშები ხასიათდება,
როგორც მასიური და წვრილი იარაღი, ხოლო იაპონური – ბრტყელპირიანი და თხელი.

იაიოის პერიოდში ნადირობა, თევზაობა და ზღვის პროდუქტების შემგროვებლობა, მათ


შორის მარგალიტის, ინარჩუნებდა მთავარ როლს ეკონომიკაში, განსაკუთრებით სამხრეთ-
დასავლეთში. შემდგომში პრიორიტეტული გახდა მარცვლეული კულტურების მოყვანა,
განსაკუთრებით კი ბრინჯის. მიწათმოქმედებამ გაამყარა საზოგადოების სოციალური
სტრუქტურა – მიწათმოქმედთა თემი. ჩინურ მატიანეში იაპონური თემები აღნიშნულია
იეროგლიფით “ქვეყანა”(კუნი). ეს თემი შედგებოდა სოფლებისგან (მურა), სოფელი კი ოჯახური
გაერთიანებებისგან (სოტაი კოდოტაი), რომლებიც უტოლდებოდა ერთ დიდ ოჯახს და
ტერიტორიულად წარმოადგენდა ეზოს (კო). ეზო შედგებოდა 5-6 მიწაყრილის ტიპის
საცხოვრებლისგან (ტატეანა). ამ მიწაყრილების ადგილზე აღმოჩენილია ორმოები სიღმით 30-100
სმ. და დიამეტრით 4-8 მ. მათ სიახლოვეს აღმოჩენილია კიდევ სხვა ტიპის ორმოები, რომლებსაც
იყენებდნენ მარცვლეულის შესანახად.

აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა კონტინენტიდან, ძირითადად ჩინეთიდან და კორეიდან


გადმოსახლებული მოსახლეობის ნაკადი. მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე
კი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე კუნძულების აბორიგენული მოსახლეობის.
გადმოსახლებულებს ჰქონდათ უფრო მეტი ცოდნა სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის
დარგში. იმიგრანტებმა შემოიტანეს ბრინჯაოსა და რკინის იარაღები, გავრცელდა ბრინჯი,
შემოიყვანეს ძროხა და ცხენი. ამას მოჰყვა აბორიგენების მიერ იმიგრანტთა მატერიალური
კულტურის ათვისების და ასიმილაციის პერიოდი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა იაპონელი
ერი.

იაიოის პერიოდს მოჰყვა კოფუნის, ანუ ყორღანების პერიოდი (250–538). ეს სახელი ეწოდა
იაპონიის ტერიტორიაზე ნაპოვნი ამ პერიოდით დათარიღებული სხვადასხვა ყორღანების გამო
(ყორღანი არის დიდი ზომის საფლავი, სადაც ძირითადად საიმპერატორო გვარის
წარმომადგენლები იმარხებოდნენ). ისტორიკოსები თვლიან, რომ იაპონური ცივილიზაციის
ათვლა III - IV საუკუნეების მიჯნაზე იწყება, როცა ფუნდამენტი ჩაეყარა პირველ იაპონურ
სახელმწიფოს - იამატოს. ეს გაცილებით გვიან მოხდა, ვიდრე ჩინეთში, ეგვიპტესა თუ
ინდოეთში. III-V საუკუნეებში იამატოს ტომობრივი ფედერაციის ჩამოყალიბება სწორედ
კოფუნის (ანუ ყორღანების) პერიოდს უკავშირდება. სახელი იამატო გახდა მთელი იაპონიის
სინონიმი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მუდმივი ადმინისტრაციული ცენტრი
– დედაქალაქი ჯერ კიდევ არ ჰქონდა.
4

70-310 წლებში მოხდა საიმპერატორო გვარის შეცვლა. ახალი დინასტია ჩამოაყალიბა ოჯიმ,
რასაც დიდი ცვლილებები მოყვა იამატოს სახელმწიფოში. ამ პერიოდში მრავალი ძლიერი
საგვარეულო კლანი არსებობდა. თითოეულ მათგანს ხელმძღვანელობდა პატრიარქი – ლიდერი,
რომლის მოვალეობაც იყო კლანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კლანის წევრები იყვნენ
არისტოკრატიის წარმომადგნელები, ხოლო მათი კლანების ძლევამოსილი ლიდერები იღებდნენ
სახელწოდებას - კაბანე, რომელიც პოლიტიკური რანგი იყო და მემკვიდრეობით გადაეცემოდა.
ცნობილ და მძლავრ კლანებად ჩამოყალიბდნენ: სოგა, კაცურაკი, ჰეგური, კოზე, გარდა ამისა,
ოტომოსა და მონონობეს კლანის წამორმადგენლები იყვნენ სამხედრო მეთაურები, ხოლო
ნაკატომის და ინბეს კლანის წევრები იყვნენ ქურუმები და შინტოისტურ რიტუალებს
ასრულებდნენ. ხელოსნები ერთიანდებოდნენ გილდიების მაგვარ ორგანიზაციებში.

პირველი ცნობები იამატოს შესახებ ფიქსირდება ჩინურ ხელნაწერებში, კერძოდ,


არსებობს ჩინელი იმპერატორის ქრონიკები “ვეიჭი”, სადაც აღწერენ “ვას ხალხს” (იაპონელებს).
“ვას ხალხი ცხოვრობს თბილ კლიმატურ პირობებში მთა-გორიან კუნძულებზე. მათ აქ მოყავთ
ბრინჯი, კანაფი და აქვთ თუთის ხის კულტურა (შესაბამისად იარსებებდა აბრეშუმის
წარმოებაც). საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებს ყავთ 4-5 ცოლი, დაბალი ფენის
წარმომადგენლებს კი 2-3 ცოლი. საზოგადოების დიფერენციაცია მკვეთრად იგრძნობა.
დასახლებები გაშენებულია დიდგვაროვანების სახლების გარშემო (ამის მიზეზი იყო ის, რომ
დიდგვაროვნებს საკუთარი შეიარაღებული რაზმი ჰყავდათ და მათ შეეძლოთ კუთვნილი
მიწებისა და გლეხების დაცვა). ამ სახელმწიფოს იამატო ეწოდება.” ასეთ ცნობებს იძლევა
ჩინური წყარო.

იამატოს მეფეთა საშინაო პოლიტიკა მიმართული იყო ერთიანი ქვეყნის


ჩამოყალიბებისკენ. IV საუკუნის შუახანებისთის შესაძლებელი გახდა თითქმის მთელი ქვეყნის
გაერთიანება ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიების გარდა.

კოფუნის პერიოდში იაპონიის ტერიტორიაზე ხდებოდა ჩინელების და კორეელების


მიგრაცია, რომლებსაც ტორიჯინებს უწოდებდნენ. ჩინური კულტურის ფილტრაციას იაპონიაში
თან მოყვა დამწერლობის, არქიტექტურის, ყოფითი და სამხედრო ტექნოლოგიების და
ზოგადად ცხოვრების კონტინენტური სტილის დანერგვა. კერძოდ, დაიწყო საირიგაციო არხების
გაყვანა, განვითარდა მიწათმოქმედება, გაჩნდა ლითონის იარაღები. ცხოვრების დონის
ამაღლებამ გამოიწვია მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. ჩინურ მოდელზე დაყრდნობით
დაიწყო სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება. ტორიჯინები განათლების შედარებით მაღალი
დონის გამო, სახელმწიფო მართვის აპარატის მოხელეები ხდებოდნენ. ეს ცვლილებები ხელს
უწყობდა იაპონური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული პერიოდის ყორღანების ზომიდან და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე,


შეიძლება ვივარაუდოთ რომ, ამ ყორღანების მშენებლობაზე დაახლოებით იმდენივე ადამიანი
მუშაობდა, რამდენიც ვთქვათ ეგვიპტის პირამიდებზე. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ
კოფუნების პერიოდის იაპონიაში დიდი რაოდენობით არსებობდნენ მონები, ხოლო “ეკონომიკა”
საკმაოდ კარგად ყოფილა განვითარებული, რადგანაც სახელმწიფოს შეეძლო გრანდიოზული
მშენებლობების განხორციელება, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საშენი მასალებით
5

მომარაგება და უამრავი მუშახელის შენახვა. VI საუკუნიდან იმპერატორისა და სხვა


არისტოკრატული ოჯახებისთვის ტრადიციული კოფუნების, ანუ ყორღანების, როგორც
სიცოცხლის შემდგომი სამყოფელის მშენებლობები შეიზღუდა. ეს უკავშირდება კოფუნის
ეპოქაში იაპონიაში ბუდიზმის შეღწევას და საყოველთაო გავრცელებას. ახალი რელიგია
ადამიანთა ხანმოკლე, წარმავალ სიცოცხლეზე და ყოფით სისადავეზე ამახვილებდა
ყურადღებას. თუმცა ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში შედარებით მოკრძალებული
ყორღანების მოწყობას VII საუკუნემდე კვლავ აგრძელებდნენ.

თავდაპირველად იაპონიაში ბუდიზმის საყოველთაო გავრცელება არ მომხდარა და


დიდი ხნის განმავლობაში მეორეხარისხოვან რელიგიად რჩებოდა, ვინაიდან ბუდიზმს
იაპონიაში დახვდა საზოგადოებაში მეტად პოპულარული შინტოიზმი. შინტოიზმი იაპონიაში
წარმოიშვა და საფუძვლად დაედო იაპონური ტომობრივი კულტები, რომელთა
დამახასიათებელი თავისებურება იყო სხვადასხვა სულებისადმი რწმენა. შინტოისტური კულტი
4 ელემენტს შეიცავს - განწმენდა (ჰარაი), მსხვერპლშეწირვა (სინსეი), მოკლე ლოცვა (ნორიტო)
და ზეთით კურთხევა (ნაორაი).1

იაპონელთა ტრადიციული რელიგიური სისტემის – შინტოს (ღმერთების გზა)


გადმოცემების თანახმად, იაპონელი ერი დასაბამს იღებს მზის ქალღმერთ ამატერასუსგან,
რომლის პირდაპირ შთამომავლად ითვლებოდა იაპონიის ლეგენდარული იმპერატორი –
"ღვთიური მებრძოლი" ჯინმუ, ან ჯინმუ – ტენო. ეს იყო საიმპერატორო ხელისუფლების
ღვთაებრივი წარმოშობის ერთგვარი დასაბუთება.

იაპონია ბუდიზმის შემდგომ გაეცნო კონფუცისა და დაოსიზმს – ლაო ძის მოძღვრებას.


კონფუციანურმა დოქტრინებმა დაამკვიდრა ოჯახის, როგორც სახელმწიფოს ქვაკუთხედის იდეა,
წარმოიშვა ოჯახის უფროსისა და ოჯახში შემავალი წევრების სუბორდინაციის ინსტიტუტი, რაც
თავის მხრივ ცენტრალიზებული სახელმწიფოს, იმპერატორის, მისი ღვთაებრივი
დანიშნულების იდეის, საზოგადოდ კი უნიტარული სახელმწიფოს განმტკიცების საფუძველი
გახდა. პირველი სკოლები იაპონიაში VI ს–ში გაჩნდა ბუდისტურ მონასტრებთან ერთად,
რომლებიც რელიგიურის გარდა სოციალური და კულტურული ცენტრების ფუნქციასაც
ასრულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყორღანების (კოფუნის) პერიოდის იაპონია (შესაბამისად სამეურნეო


ცხოვრებაც) საფუძვლიანად არაა შესწავლილი. მას ხელს უშლის თანამედროვე საიმპერატორო
ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყორღანების გახსნა (ხელყოფა) იკრძალება, ამის
გამო ბევრი ყორღანი ჯერ კიდევ გაუხსნელი და შეუსწავლელია. თუმცა უკვე შესწავლილი
ყორღანებდან აშკარა ხდება, რომ პირველი იაპონური სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და
შემდგომ ფორმირებაში დიდი როლი ითამაშეს კორეიდან და ჩინეთიდან მიგრირებულმა ხალხმა
1
შინტოიზმი იაპონიის სახელმწიფო რელიგიად მეცხრამეტე საუკუნეში გადაიქცა. 1947 წლის კონსტიტუციით იგი
გათანაბრებულია სხვა რელიგიებთან, მაგრამ დღემდე გრძელდება მწვავე იდეოლოგიური ბრძოლა მისი ძველი
უფლებების აღდგენისათვის, რადგან შინტო მოიაზრება, როგორც დამაკავშირებელი რგოლი იაპონიის წარსულსა და
აწმყოს შორის.
6

– ტორაიჯინებმა. არსებობს ისეთი თეორიაც, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იაპონიის


ტერიტორიაზე ჩინეთიდან და კორეიდან გადმოსახლებული ხალხის მიერ შეიქმნა.

ასუკა-ნარას პერიოდის რეფორმები: შიოტოკუ ტაიშის კანონთა კრებული; ტაიკას


რეფორმები; ტაიჰორიოს კოდექსი.

ადრეული შუა საუკუნეები იაპონიის ისტორიაში სამეურნეო და სოციალურ-პოლიტიკური


რეფორმების ხანაა. ეს ის პერიოდია, როცა იამატოს სამეფოს ადგილზე ყალიბდება ახალი
სახელმწიფო ნიჰონის ან ნიპონის სახელწოდებით (რაც ნიშნავს ამომავალი მზის ქვეყანას, მზის
ფესვებს). VII საუკუნისთვის იმპერატორის ხელისუფლების ძალისხმევა ძირითადად
მიმართული იყო ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისკენ.

ასუკას პერიოდში (538–710 წწ.) იმპერატორის კარზე დაწინაურდა სოგას ძლიერი კლანი,
რომლის მიერ გატარებული პოლიტიკის მეშვეობით სულ უფრო მტკიცდებოდა ჩანასახის
მდგომარეობაში არსებული ფეოდალური ურთიერთობები. უფრო ფართოდ ვრცელდებოდა
გადასახადი ნატურალური ღალის ფორმით, რომელსაც თავისუფალი მეთემეები უხდიდნენ
სახელმწიფოსა და მიწისმფლობელებს. მეთემეები ასევე ვალდებულები იყვნენ მონაწილეობა
მიეღოთ სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ სამშენებლო და საირიგაციო სამუშაოებში.

აღნიშნული პერიოდის თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე იყო უფლისწული შიოტოკუ


ტაიში (574-622 წწ.), რომელიც ჩინური კულტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო. იაპონური
საისტორიო წყაროების თანახმად, მან შესანიშნავად იცოდა ჩინური ენა, ფილოსოფია,
ლიტერატურა, ბუდიზმიც მიიღო და ყოვეელმხრივ ხელს უწყობდა მის გავრცელებას იაპონიაში.
მის სახელს უკავშირდება უმნიშვნელოვანესი კანონების მიღება (აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი
მეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორობას), რომელიც ჩინეთში მოქმედი კანონების
საფუძველზე შეიქმნა. კერძოდ, მან შემოიღო 12 რანგის ტიტული (კუროდო) და შეცვალა
მანამდე არსებული სახელმწიფო სამოხელეო თანამდებობების შთამომავლობით გადაცემის
პრინციპი და დაამკვიდრა მოხელის დანიშვნის პრონციპი, რომლის მიხედვითაც უპირატესობა
ენიჭებოდა მომავალი მოხელის ნიჭს, ცოდნასა და უნარებს. შიოტოკუ ტაიშის მიერ მიერ 604
წელს შეიქმნა 27–მუხლიანი კოდექსი, რომელიც პრაქტიკულად იმდროინდელ „კონსტიტუციას“
წარმოადგენდა, ამით მან სცადა მოეწესრიგებინა იაპონური სახელმწიფოს მმართველობის და
ყოფა-ცხოვრების ძირითადი პრინციპები. ეს პრინციპები ეფუძნებოდა განვითარების ჩინურ
მოდელს და იგრძნობოდა კონფუცის დიდი გავლენა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან როგორც
უკვე აღინიშნა, იმ ეპოქაში იაპონიის ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების
სტიმულის მიმცემი ჩინეთის ძლიერი იმპერია იყო.

შიოტოკუ ტაიშის რეფორმების კურსი ძირითადად მიმართული იყო ყველა სფეროში


ჩინური გამოცდილების თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გადმოღებისკენ. ამ მიზნით 607
წლიდან იაპონიიდან ჩინეთში იგზავნებოდნენ ელჩები, სწავლულები, ბერები, ხელოვნების
სხვადასხვა დარგის მოღვაწეები, ახალგაზრდები, ანალოგიური ურთიერთობა დამყარდა არა
7

მხოლოდ ჩინეთთან, არამედ კორეის სამეფოებთანაც. შიოტოკუ ტაიშის სახელთან


დაკავშირებული რეფორმები უპირველესად ამყარებდა მკაცრ სახელისუფლო იერარქიას,
საგადასახადო სისტემას და მონარქის აბსოლუტურ სუვერენიტეტს. მან დააჩქარა
ადრეფეოდალური ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა და ნიადაგი მოამზადა ე.წ. ტაიკას
რეფორმებისთვის. შოტოკუ ტაიშის სახე XX ს-ის ბოლომდე იყო გამოსახული იაპონიის ფულის
კუპიურაზე (1000 იენი). ი

645 წელს - მას შემდეგ, რაც სუმერაგი კოტოკუმ და ნაკატომი კამატარიმ სოგას დინასტია
გაანადგურეს, სახელმწიფოს იმპერატორი ხდება სუმერაგი კოტოკუ (645-654 წწ.), რომელიც
ირგებს ტიტულს - ჯინმუ ტენო (ცის შვილი). მან არაერთი რეფორმა გაატარა, რომელიც
ისტორიაში ტაიკას რეფორმების (ტაიკა სიტყვასიტყვით – დიდი ცვლილება) სახელწოდებით
შევიდა. ამ რეფორმების შედეგად იამატოს სამეფო მძლავრ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ
გადაიქცა. მას საფუძვლად დაედო ჩინეთიდან გადმოღებული რიცურიოს კანონთა სისტემა
(ჩინურად - ლუილინი; ლუი – სისხლის სამართლის კანონი, ლინ – ადმინისტრაციული კანონი).
ამ სისტემის მიხედვით შესაძლებელი გახდა, რომ დაბალ ფენებზე დიქტატი
განხორციელებულიყო არა ცალკეული არისტოკრატიის (როგორც ეს მანამდე იყო), არამედ
ცენტრალიზებული სამთავრობო ხელისუფლების მიერ მის მიერვე შექმნილი კანონების
მეშვეობით.

იმპერატორმა გამოსცა ედიქტი (საგანგებო ბრძანება), რომელმაც მიიღო ტაიკას (დიდი


ცვლილებების) სახელწოდება და ოთხი სტატიისგან შედგებოდა.

1. მოხდა გვარ–ტომობრივი წყობის გადმონაშთების ლიკვიდაცია. აიკრძალა მიწისა და


ადამიანების კერძო მფლობელობა, მთელი მიწა გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად და
გადაეცათ თემებს. გვარის ყოფილი წინამძღოლები – წოდებრივი არისტოკრატები კერძო
საკუთრებაში არსებული მიწის, მათ განკარგულებაში მყოფი სამხედრო რაზმების, ასევე
წოდებების და უფლებების გარეშე დარჩნენ და თემის თავისუფალ წევრებად იქცნენ,
მოსახლეობის დანარჩები ნაწილი კი გახდა თემის გლეხობა. მონობა თითქმის გაუქმდა, თუმცა
აქა–იქა მაინც შემორჩა. მიწების განაწილება მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივა იყო.
ადგილობრივ მიწისმფლობელებს ეკრძალებოდათ თვითნებურად მიწების მისაკუთრება და
გლეხების დაყმევება, თუმცა ისინი ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ და საიმპერატორო კარის
არისტოკრატიად, რომლებიც მსხვილ სახელმწიფო მიწებს ფლობდნენ და იმყოფებოდნენ
სახელმწიფო სასურსათო კმაყოფაზე. გარდა ამისა, ახალი რანგების შესაბამისად გააჩნდათ
სხვადასხვა პრივილეგიებიც.

2. ტაიკას რეფორმებით მოწესრიგდა მიწის ნაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც


მიწები (ძირითადად სარწყავი ბრინჯის ყანები) განაწილდა მიწათმოქმედებს შორის, ეს
ნაკვეთები გლეხებს მხოლოდ პირად სარგებლობაში ეძლეოდათ და ნაკვეთის სიდიდე
განისაზღვრებოდა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. მიწის ამ სულადობრივ ნაკვეთებს
დაერქვა კუ-ბუნ-დენი, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს პირების რაოდენობის მიხედვით
განაწილებულ ყანას. პირთა რაოდენობის დასადგენად შემოიღეს მოსახლეობის სავალდებულო
აღწერა. აღწერები უნდა ჩატარებულიყო პერმანენტულად, რადგან მოსახლეობას შორის მიწის
8

განაწილება რეგულირდებოდა აღწერით მიღებული შედეგების მიხედვით. აღწერის სისტემა


უაღრესად დახვეწილი იყო და დიდი სიზუსტით და აკურატულობით ტარდებოდა, რადგან ის
იყო გლეხებისგან ამოღებული გადასახადების რაოდენობისა და ურჩი გადამხდელების
გაკონტროლის საშუალება.

3. შეიქმნა სახელმწიფო მართვის ძლიერი ცენტრალიზებული აპარატი, პროვინციებს


დაენიშნათ გუბერნატორები, რომლებსაც დაეკისრათ გზების და ხიდების მშენებლობისა და
მოვლის, ასევე გუშაგების მეშვეობით გზებზე მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
ვალდებულება, ასევე საფოსტო სამსახურის მიხედვა; პროვინციები მასში შემავალი სოფლების
რაოდენობის მიხედვით დაიყო მხარეებად და თითოეულ მხარეს სათავეში ედგა სამხარეო
მმართველი, რომელსაც ადგილობრივი მიწისმფლობელები ირჩევდნენ. მათ ენიშნებოდათ
დამხმარე პერსონალი, რომლებმაც იცოდნენ წერა და არითმეტიკა; დედაქალაქის საქმეები უნდა
მოეწესრიგებინა ქალაქის გამგეობას.

4. ქვეყანაში არსებული ბეგარა და გადასახადები იცვლებოდა ახალი საგადასახადო


სისტემით. ეს იყო ოჯახების რაოდენობის პროპორციული ფიქსირებული გადასახადები.
შემოღებულ იქნა დაბეგვრის უნივერსალური სისტემა - გლეხები ვალდებულები იყვნენ
გადაეხადათ მძიმე გადასახადი ნატურით (ბრინჯი, აბრეშუმი), მიწის და სასახლის
გადასახადი, ასევე სამხედრო გადასახადი – 50 ოჯახზე 1 გაწვეული ჯარისკაცის სახით.
ვალდებულები იყვნენ შეესრულებინათ შრომითი ბეგარა წელიწადში 60 დღის ოდენობით. ამ
სისტემის მიხედვით დასაშვები იყო შრომითი ბეგარა ჩაენაცვლებინათ განსაზღვრული
რაოდენობის აბრეშუმის, ან სხვა ქსოვილებით, ასევე სხვა ადგილობრივი ნაწარმით, ზოგ
შემთხვევაში შრომითი ბეგარის მაგივრად დაიშვებოდა ბრინჯიც.

გადასახადების გასტუმრების შემდეგ გლეხი ხშირად სურსათისა და სათესლე მასალის


გარეშე რჩებოდა. ისინი იძულებულები ხდებოდნენ, რომ სათესლე მასალა სესხად აეღოთ, მისი
სესხება კი შესაძლებელი იყო მხოლოდ სახელმწიფო ბეღლიდან მაღალი - 50 %-იანი
სარგებლით, სარგებლის ნორმა ხანდახან 100%-საც კი აღწევდა. ასეთი მძიმე ვალის
გასასტუმრებლად გლეხი იძულებული ხდებოდა დაეგირავებინა თავისი მიწის ნაკვეთი, ან
გაეყიდა შვილები.

5. მნიშვნელოვანი იყო ცენტრალიზებული არმიის შექმნა, რომელიც საყოველთაო


სამხედრო- სავალდებულო სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა;

ტაიკას რეფორმებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იაპონიისათვის უპირველეს ყოვლისა


იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული ფეოდალური
სახელმწიფო, რომელსაც ჰყავდა იმპერატორი მემკვიდრეობითი უფლებებით და რეგულარული
ჯარი. ამასთანავე, რეფორმა მნიშვენლოვანი იყო არა მხოლოდ სახელმწიფო ადმინისტრირების,
არამედ უნივერსალური (საყოველთაო) საგადასახადო სისტემის შემოღების მხრივაც.

რაც შეეხება ამ პერიოდის იაპონიის სოციალურ იერარქიას, საზოგადოების ძირითადად


ორი ფენა არსებობდა: მმართველი არისტოკრატია (კუგე) და გლეხები (რიომინი - კეთილი
9

ხალხი). ამასთან არსებობდნენ მონებიც (სემინი - საძაგელი ხალხი), რომლებიც მონის


მდგომარეობაში ვარდებოდნენ ვალების, ან ჩადენილი დანაშაულის გამო. მონები
არასრულუფლებიანთა რანგს მიეკუთვნებოდნენ. ისინი ძირითადად ჰყავდა სახელმწიფოს და
მონასტრებს და უმძიმეს შრომას ასრულებდნენ საიმპერატორო სასახლეების, ბუდისტური
მონასტრების, გზების და სარწყავი სისტემების მშენებლობებზე. აღსანიშნავია, რომ ტაიკას
რეფორმებით არასრულუფლებიანთა სტატუსი გაუმჯობესდა, მაგალითად, კანონი
ითვალისწინებდა მონების მიწით დაკმაყოფილებას გლეხისთვის განსაზღვრული მიწის
ნაკვეთის 1/3-ის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი ყველა გლეხი
სრულუფლებიანად ითვლებოდა, მათი ყოფა უუფლებო მონისას ბევრად არ აღემატებოდა. VIII
საუკუნისთვის მონობა იაპონიაში თითქმის აღარ არსებობდა.

ტაიკას რეფორმები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადრეფეოდალურ წყობაზე


გადასვლის საფუძველი. იაპონურ საზოგადოებას, რომელიც ჩინურზე გაცილებით გვიან
ჩამოყალიბდა, ახალ (ჩინურ) მოდელთან ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდა.
ტაიკას რეფორმების შემდეგ თანდათან გაირკვა, რომ ქალაქისგან მოშორებულ რეგიონებში
რეფორმა სრულფასოვნად არ ხორციელდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ რეგიონებში
მოხელეებს ადგილობრივი გავლენიანი კლანებიდან ირჩევდნენ, რომლებისთვისაც რეფორმები
სრულიადაც არ იყო ხელსაყრელი. მოგვიანებით, 701-702 წლებში (ტაიჰოს ეპოქა) გამოიცა
ტაიჰორიოს კოდექსი (ტაიჰოს წლების კანონები), რომელიც შედგებოდა 30 მუხლისგან და
რომელმაც დააგვირგვინა და გაამყარა ტაიკას რეფორმები. მისი მეშვეობით იურიდიულად
გაფორმდა და დაკონკრეტდა დაბეგვრის და ნაკვეთების განაწილების სისტემა, ასევე,
სახელმწიფო აპარატის სტრუქტურა, სახელმწიფო მოხელეთა უფლება – მოვალეობები,
დარეგულირდა ფეოდალური არისტოკრატიის და ექსპლოატირებული გლეხების
ურთიერთობები, განისაზღვრა კერძო და სახელმწიფო მონების ყოფა. ამ კოდექსით მოწესრიგდა
ადმინისტრაციული აპარატის ფუნქციონირება.

ყოველ 50 ოჯახზე ჩამოყალიბდა სასოფლო გამგეობები, რომელსაც განაგებდა


ზედამხედველი. მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სოფელში მარცვლოვანთა მოსავლის
მოყვანაზე, ნატურალური, თუ შრომითი გადასახადების გადახდაზე, ასევე, ნაკვეთების
ფართობზე და სპეციალურად დადგენილი მიწის გადასახადების სიდიდეზე.

თემის შიგნით მიწების გადანაწილება ხდებოდა ყოველ 6 წელიწადში ერთხელ და მისი


სიდიდე დამოკიდებული იყო მოცემული მიწის ნაყოფიერებაზე და ადგილმდებარეობაზე,
პიროვნების სქესზე, იმაზე, თუ რომელ ფენას მიეკუთვნებოდა. თავისუფალ მამაკაცს და
სახელმწიფო მონას (5 წელზე ზემოთ) ეკუთვნოდა 2 ტანი (1 ტანი = 0,12 ჰა) მიწა, ხოლო
თავისუფალ ქალს ზემოაღნიშნული ნორმის 2/3, კერძო მონას კი - 1/3; მმართველ ფენას
მსახურების განმავლობაში (40 წლის ასაკამდე) ეკუთვნოდა მიწის საუკეთესო,
თანამდებობრივი ნაკვეთი – შიოკუბუნდენი, რომელიც განისაზღვრებოდა 6 ტანიდან 40
ტიომდე (1 ტიო = 1,2 ჰა); მაღალი რანგის ნაკვეთების (იდენი) ზომა განისაზღვრა 8-დან 80
ტიომდე, ეს მიწის ნაკვეთები საიმპერატორო ხელისუფლებასთან დაახლოებულ
არისტოკრატიას გადაეცემოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სარგებლობის პირობით;
10

სამხედრო პირებს, მოხელეებს და იმპერატორის ფავორიტებს ეკუთვნოდათ დამსახურების და


თანამდებობის შესაბამისი მიწის ნაკვეთები (კოდენი), ამ მიწის ზომა მათ მიერ დაკავებული
რანგის მიხედვით განისაზღვრებოდა. დამსახურების მიხედვით მიღებული ნაკვეთებისა და
იმპერატორის ბრძანებით ნაბოძები ნაკვეთების (სიდენი) ზომა არ იყო რეგლამენტებული და 1-3
თაობით სარგებლობაში გადაეცემოდათ. მოზრდილ მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ ასევე
მონასტრები.

სახელმწიფოს მართვის უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა დაჯიოკანი, ანუ სახელმწიფოს


უმაღლესი საბჭო. მას სათავეში ედგა კანცლერი ორი სახელმწიფო მინისტრით, რომლებსაც
თავის მხრივ რვა მინისტრი ექვემდებარებოდა. დაისვა ქვეყნის ტერიტორიული დაყოფის
საკითხი. იაპონია დაიყო პროვინციებად და რაიონებად, რომელსაც სათავეში ედგნენ
გუბერნატორები და სხვადასხვა თანამდებობის მოხელეები. მათ ხელისუფლება ნიშნავდა
განსაზღვრეული ვადით.

ამ რეფორმების განხორციელების პერიოდში დაისვა ასევე ქვეყნის მუდმივი დედაქალაქის


დაარსების საკითხიც. 710 წელს კუნძულ ჰონსიუზე გაშენდა იაპონიის პირველი დედაქალაქი –
ნარა, რომელიც იაპონიის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს წარმოადგენს. ნარას დედაქალაქად
ქცევა მისი მოხერხებული ადგილმდებარეობით (ის სატრანსპორტო გზების გადაკვეთაზე
მდებარეობდა) და ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით იყო განპირობებული. იგი აიგო ჩინეთის
ტანის დინასტიის დროინდელი (618–907 წწ.) დედაქალაქის – ჩანანის (დღევანდელი სიანი)
დაგეგმარების მიხედვით. ჩანანისგან განსხვავებით ნარას არ ჰქონდა გალავანი და შენობებიც
მხოლოდ ხის იყო. ნარაში კონტინენტიდან შემოედინებოდა ყოველგვარი სიახლე და ამ
თვალსაზრისით იგი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დიდი აბრეშუმის გზის ჯაჭვის
აზიური ნაწილის ერთგვარად ბოლო რგოლს წარმოადგენდა. აქ შემოჰქონდათ
მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო და ხელოვნების ნაწარმი ინდოეთიდან, ჩინეთიდან,
სპარსეთიდან, ასევე ევროპული სახელმწიფოებიდან, რაც ნარას ქვეყნის საერთაშორისო
ცენტრის სტატუსს უქმნიდა.

VIII ს. დასაწყისში მიიღეს პირველი საკანონმდებლო აქტი განათლების შესახებ, რომლის


თანახმადაც დედაქალაქსა და პროვინციებში სახელმწიფო სკოლები გაიხსნა. წარჩინებულთა
შვილებს ასწავლიდნენ ჩინურ კლასიკურ ლიტერატურას, ფილოსოფიას, კანონებს, ისტორიას
და მათემატიკას.

აღსანიშნავია, რომ რეფორმები შეეხო ახალი მიწების ათვისებას და ყამირი მიწის გატეხვას,
რასაც ხელისუფლება ასტიმულებდა. 743 წლის ბრძანებით ყამირი მიწა კერძო მფლობელობაში
გადაეცემოდა პიროვნებას, რომელიც მის ათვისებას შეძლებდა. ეს მიწები გარკვეული დროით
თავისუფლდებოდა გადსახადებისაგან.

ნარას პერიოდის მიწურულს სახელმწიფოს ფინანსური ხარჯები მკვეთრად იზრდებოდა,


რამაც გამოიწვია ნაკლებად მნიშვნელოვანი სამოხელეო თანამდებობების შემცირება. 792 წ.
საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარაც გაუქმდა და ადგილობრივ მმართველებს ნება
მიეცათ წესრიგის დაცის მიზნით შეექმნათ ადგილობრივი ძალოვანი დაჯგუფებები. ამ
11

პერიოდიდან, მიუხედავად გატარებული ეფექტური რეფორმებისა, თვალსაჩინო ხდება


სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც ტენდენციად იქცა.

საბოლოო ჯამში, ტაიკას რეფორმებმა და ტაიჰორიოს კოდექსმა, რომელიც როგორც უკვე


აღინიშნა, ჩინური სახელმწიფოს მოწყობის ნიმუშით გატარდა, იაპონიის შემდგომი ძირითადი
ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების კურსი განსაზღვრა. გარდა ამისა,
ამ რეფორმებით იაპონიაში დამკვიდრდა ფეოდალური ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ
ჩინეთის გავლენა იაპონიაზე არ უნდა წარმოვიდგინოთ განმსაზღვრელად და
პრიორიტეტულად, რადგან იაპონიაში ფეოდალიზაციის პროცესი ძირითადად საკუთარი
განვითარების ნიადაგზე მიმდინარეობდა, გარეშე გავლენამ კი (ამ შემთხვევაში ჩინურმა)
მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი. საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე
ჩინეთიდან გადმოღებული სხვადასხვა ინსტიტუტები ხშირად ვერ ადაპტირდებოდა
ადგილობრივ რეალობასთან, რის შედეგადაც უშუალოდ იაპონიისათვის შესაბამისი და
მისაღები ფორმით იცვლიდა სახეს.

ლიტერატურა

 სეხნიაშვილი ც. ეკონომიკის ისტორია. ნაწ. I, თბ. 2000. გვ. 57-62;


 Суровень Д.А. Основание государства Ямато и проблема Восточного похода Каму-ямато-
иварэ-бико. Екатеринбург, 1998. გვ. 175-198;
 История мировой экономики. Под ред. Г.Б. Поляка, А.Н. Марковой. М., 1999. გვ. 309-310;
 Tимoшина T. Экономическая история зарубежных стран, M. 2000. გვ. 426-428.

You might also like