You are on page 1of 6

ხანის, ძინის და სუის დინასტიები ჩინეთში

ხანის დინასტია - ძვ.წ. 206 - ახ.წ. 220 წწ.

ეკონომიკური მიმოხილვა. ხანის დინასტიამ აჯანყებების ქარცეცხლში დაამხო ცინის დინასტია ძვ.წ.206
წელს. ეს იყო ჩინეთის ისტორიის ძველი პერიოდის დამასრულებელი ეპოქა, რომლის შემდეგაც შუა
საუკუნეების ისტორიის პერიოდი იწყება. მე-3 საუკუნის პირველ ნახევარში მკვეთრად იმატა მოსახლეობის
რაოდენობამ და 60 მილიონს მიაღწია, ქვეყანა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, გაიზარდა
ქალაქების რაოდენობა და მათი როლი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ჩინეთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა აბრეშუმის წარმოების კუთხით - იგი სრულ მონოპოლიას ფლობდა
ამ სფეროში დიდი ხნის მანძილზე.
პირველმა, ვინც აბრეშუმის წარმოების საიდუმლო გაიგო, ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე
გახლდათ (მე-6 ს.). მან საამისოდ სპეციალურად გაგზავნა ორი ნესტორიანელი ბერი ჩინეთში, რათა
აბრეშუმის წარმოების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინათ. თავად ჩინეთში, ვინც ამ საიდუმლოს
ფლობდა, მისი გაცემის შემთხვევაში სიკვდილით სჯიდნენ. წარგზავნილები 2 წლის შემდეგ დაბრუნდნენ
ბიზანტიაში, რმლებმაც თან ჩამოიტანეს ბამბუკის ჯოხებში დამალული აბრეშუმის ჭიის კვერცხები.
პირველი ქვეყანა, სადაც ჩინეთიდან აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგია გავრცელდა, კორეა იყო, შემდეგ
იაპონია და მხოლოდ მოგვიანებით აითვისეს დასავლეთში. უდიდეს სავაჭრო გზას „აბრეშუმის გზა“
სწორედ იმიტომ ეწოდა, რომ ჩინეთის მთავარი საექსპორტო საქონელი თავდაპირველად აბრეშუმი იყო.
აღნიშნული გზა ძვ.წ. II საუკუნეში გაიკვალა. თავდაპირველად მისი სიგრძე 7000 კმ-ს მოიცავდა, მაგრამ
მოგვიანებით 12 000 კმ-მდე გაიზარდა. „აბრეშუმის გზის“ საშუალებით როგორც აღმოსავლეთიდან
დასავლეთის მიმართულებით, ისე - პირუკუ მიედინებოდნენ აქლემებით დატვირთული ქარავნები.
ძირითადი საექსპორტო საქონლის - აბრეშუმის გარდა, ქვეყნიდან გაჰქონდათ ძვირფასი ნაკეთობები,
ნიკელი, რკინა, ბრინჯაოს, ლაქის, კერამიკის ნაკეთობები. დასა.ვლეთიდან კი ჩინეთში შეჰქონდათ: მინა,
სპილენძი, კალა, ჭურწელი
ძვ.წ. 100 წელს აღმოჩენილ იქნა ე.წ. „საზღვაო აბრეშუმის გზა“ ერთ-ერთი ბერძნული ხომალდის
კაპიტნის - ჰიპალოსის მიერ. ვინაიდან საზღვაო მიმოსვლა გაცილებით ეკონომიური და სწრაფიც იყო
სახმელეთოსთან შედარებით, მან გაცილებით სწრაფად დაიწყო განვითარდა.
ჩინელთა უდიდესი მიღწევა იყო ქაღალდის გამოგონება. ეს აღმოჩენა მიეწერება საიმპერატორო კარის
ჩნოვნიკს ცაი ლუნს, რომელმაც ახ. წ. 105 წელს ქაღალდი გამოიგონა, თუმცა, მისი მსგავსი ნივთიერება
ჩინელებს მანამდეც ჰქონდათ. აბრეშუმის ქსოვილის დამზადების პროცესში, აბრეშუმის პარკის დუღილის
დროს ფირფიტაზე რჩებოდა უხეში, მუყაოს მსგავსი მასა, რომელსაც გაშრობის შემდეგ საწერად იყენებდნენ
ხოლმე. რამდენადაც ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თანაც ძვირი ჯდებოდა, საჭირო გახდა რაიმე
ახალი საშუალების მოძიება. ცაი ლუნმა ეს ტექნოლოგია დახვეწა, მან სათევზაო ბადეებისგან, ძონძებისგან,
ბამბისგან, ბამბუკისგან, ხის ქერქისგან და კანაფისგან დაამზადა ქაღალდი, რამაც მას საყოველთაო აღიარება
მოუპოვა. ამიერიდან ქაღალდი მარტო საწერად კი არა, არამედ მარაოების, ფარნების, ფრანების, მარაოების
და სხვა ნივთების დასამზადებლადაც გამოიყენებოდა. ცხადია, მისი წარმოების ტექნოლოგიაც მკაცრად იყო
გასაიდუმლოებული.
ახ.წ-ის IV-V საუკუნეებში გავრცელდა ქაღალდი კორეაში, იაპონიაში და აზიის სხვა ქვეყნებში. როდესაც
არაბებმა 751 წელს ჩინეთამდე მიაღწიეს, გადამწყვეტი ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეეებს შორის მდ.
ტალასთან გაიმართა, რომელშიც ჩინელები დამარცხდნენ. ეს იყო უდიდესი ომი ჩინეთის სასაზღვრო
ზოლში. უცხოტომელთა მთავარი მიზანი იყო აბრეშუმის გზის დასავლეთ ნაწილის დაუფლება - სრული
მონოპოლია, რასაც მიაღწიეს კიდეც. არაბებმა ტყვეებიდან გამოარჩიეს სხვადასხვა ოსტატები და თან
წაიყვანეს, მათ შორის ქაღალდის დამზადების მცოდნენი. აქედან გამომდინარე, შორეული ტერიტორიის
მკვიდრთაგან, ვინც პირველებმა ისწავლეს ქაღალდის დამზადება, არაბები იყვნენ, ხოლო ევროპელებიდან -
ქაღალდის დამზადება XII საუკუნეში დაიწყეს იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში, აშშ-ში - XVII საუკუნეს
განეკუთვნება მისი წარმოების ათვისება. საგულისხმოა, რომ ჩინეთში საუკეთესო ხარისხის ქაღალდის
გამოყენება მხოლოდ მაღალი წრის ფენის პრეროგატივას წარმოადგენდა
სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ხანის დინასტიის პერიოდში. მძლავრი აღმავლობის შემდეგ, ხანის
დინასტიამ დასუსტება იწყო. ამის მიზეზი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რასაც
განაპირობებდა გლეხთა გამუდმებული აჯანყებები. მდგომარეობას მკვეთრად ამძიმებდა მომთაბარე
ტომების შემოსევები და მათთან წარმოებული ომები. ესენი იყვნენ ტიბეტისა და ბირმის მომთაბარე ტომები
- ციანები. გარდა ამისა, თვით საიმპერატორო კარზეც გაბატონებული წარჩინებულნი ერთმანეთს
ექიშპებოდნენ და პირველობისათვის თითოეული გააფთრებით იბრძოდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
ფაქტორი ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებას განაპირობებდა.
ღრმა სოციალური კრიზისის ყველაზე მკაფიო გამოხატულება იყო გლეხთა და მონათა მრავალჯერადი
აჯანყებები. 109-170 წლებში ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში 80-მდე აჯანყებას ჰქონდა ადგილი. ყველაზე
დიდი გლეხთა ომი დაიწყო 184 წელს და 10 წლის განმავლობაში არ ჩამქრალა. მისი სულისჩამდგმელი და
მეთაური იყო ჭან ციაო - ტაოიზმის მოძღვარი და მქადაგებელი ბერი. საწყის ეტაპზე აჯანყება მალე
მასობრივ ომში გადაიზარდა და მთელი ქვეყანა მოიცვა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის ეს აჯანყება
საკმაოდ ორგანიზებული და მობილიზებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მოღალატეებმა გასცეს და ეს
ომი გლეხთა კრახით დასრულდა. ამ აჯანყებას „ყვითელდოლბანდიანთა ომი“ ეწოდა, რადგან
ამბოხებულებს თავზე ყვითელი ნაჭერი ჰქონდათ წაკრული. საომარი მოქმედებები ქვეყნის ჩრდილოეთ
ზონაში მიმდინარეობდა, რადგან ეს რეგიონი პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე
მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენდა. სამთავრობო ჯარებმა (400 000 ჯარისკაცისგან შემდგარი არმია),
რომელთა დასახმარებლად ძლიერი ფეოდალური სახლებიც გამოვიდნენ, დაამარცხეს ამბოხებულნი.
მართალია, ეს ათწლიანი ჯანყი საშინელი ანგარიშსწორებით დასრულდა, მაგრამ ეს იყო ის ზღვარი,
რომელმაც შეარყია დინასტიის ძალაუფლება და ახ.წ. 220 წელს ხანის იმპერია დაემხო. ომის დამასრულებელ
ეტაპზევე გამოიკვეთა რამოდენიმე ფეოდალური საგვარეულო, რომელთაგან 3 დომინირებდა:
ა) ვეი - ჩრდილოეთით;
ბ) უ - სამხრეთ-დასავლეთით;
გ) შუ - სამხრეთ-აღმოსავლეთით.
სწორედ ამიტომ ამ პერიოდს სამმეფიანობის ხანა ეწოდა - 3 დამოუკიდებელი სამეფო ჩამოყალიბდა და
მათ შორის პირველობისთვის მწვავე ბრძოლები გაიმართა, ყოველი მათგანი რაც შეიძლება მეტი
ტერიტორიის მითვისებას ცდილობდა, რათა გაეერთიანებინა სახელმწიფო.

ძინის დინასტია - 265-420 წწ. დედაქალაქი - ლოიანი.

III საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი გამაერთიანებლის სადავეები ვეის სამეფოს ხელში აღმოჩნდა,
რომელმაც დანარჩენი ორი დაამარცხა და მისი მეთაურობით ქვეყანა გაერთიანდა. ახალ სამეფო დინასტიას
ძინის დინასტია დაერქვა და დედ.აქალაქად ლოიანგი გამოცხადდა. ძინის იმპერია არსებობდა 265-420
წლებში (III-V სს). დაიწყო საწარმოო ძალების წარმატებით განვითარება: გაჩნდა გუთანი, წყლის წისქვილი,
სარწყავი მოწყობილობები და სხვ.
სიმა იანი იყო მხედართმთავარი, რომელმაც 265 წელს შემოიერთა დანარჩენი სამეფოები, რითაც ბოლო
მოუღო სამმეფიანობის ხანას ჩინეთში და თავი იმპერატორად გამოაცხადა. იმპერატორად გახდომის შემდეგ
მას ეწოდა უ ტი (266-290). მისი ტახტზე ასვლის შემდეგ ქვეყანა აღმავლობის გზას დაადგა. მნიშვნელოვანი
ცვლილებები მოხდა სოციალურ სტრუქტურაში, სადაც ამ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებული იყო
ფეოდალთა ფენა. საიმპერატორო კარი მათ სხვადასხვა რაიონებს მფლობელობაში აძლევდა. ამიერიდან
დღის წესრიგში დადგა მმართველი კლასის მემკვიდრეობითი პრივილეგიების დაცვა. საამისოდ,
სპეციალური საგვარეულო სიები დგებოდა და ქორწინება მხოლოდ წარმომავლობითა და გავლენის
სფეროთა მიხედვით თანასწორთა შორის დაიშვებოდა, რათა მათ რიგებში მდაბიოთა მოხვედრა
გამორიცხული ყოფილიყო.
სიმა იანის რეფორმები: 280 წელს იმპერატორის მიერ გამოცემული კანონის თანახმად, სახელმწიფოს
მთელი მიწები იმპერატორის საკუთრებად ცხადდებოდა. მოსახლეობას უფლება ეძლეოდა სახელმწიფოს
კუთვნილი მიწის გაკრკვეული ნაკვეთების მფლობელი გამხდარიყო, ოღონდ - კანონის შესაბამისი
ნორმების დაცვით. იმატა დამუშავებული მიწების რაოდენობამ, ასევე მათზე ახალი ფიქსირებული
გადასახადები დაწესდა, გლეხებს სხვადასხვა სახის ბეგარა დაეკისრათ. გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი
შეუწყვეს ეკონომიკის აღორძინებას, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადების გადამხდელთა რიცხვი.
საბოლოო ჯამში, რეფორმებს ის მასშატაბები მაინც არ მიუღია და არც იმ დონის შედეგი დამდგარა, რასაც
სიმა იანი ვარაუდობდა, რადგან ფეოდალური დაჯგუფებების მხრიდან საკმაო წინააღმდეგობებს წააწყდა.
სიმა იანის სიკვდილის შემდეგ კი ქვეყანა კრიზისმა მოიცვა - მემკვიდრეებს შორის ტახტის
დასაუფლებლად 16 წლიანი ბრძოლა გაჩაღდა, რამაც ძლივს ფეხზე წამომდგარი ქვეყანა ისევ დაასუსტა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი კლანები და მათ შორის კონფრონტაციებს თან გლეხთა
აჯანყებები ერთვოდა. უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ისტორია ერთი გაბმული გლეხთა ამბოხებებია, მაშინ,
როცა იაპონიისათვის დამახასიათებელი იყო ფეოდალური შიდა ომები. ამ პროცესებს თან დაერთო გარეშე
პრობლემებიც - მეზობელი მომთაბარე ტომებმა ჩინეთს შეუტიეს და IV საუკუნის დამდეგს დედაქალაქი
ლოიანგი აიღეს კიდეც.
ამ პერიოდიდან მოყოლებული, IV-V საუკუნეებში ჩინეთში 20-მდე დინასტია ჩაენაცვლა ერთმანეთს და
სრული ქაოსი მეფობდა. საბოლოოდ, ქვეყანა 2 ნაწილად გაიყო - ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთად.
ჩინელები შეუპოვრად იბრძოდნენ დამპყრობლების - მომთაბარეთა წინააღმდეგ. მართალია, ბევრი ქალაქი
გათავისუფლდა მტრისგან, მაგრამ ხალხის მასიური მიგრაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მაინც
დაიწყო. საგულისხმოა, რომ ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილი სამხრეთთან შედარებით, ყოველთვის
გაცილებით დაწინაურებული იყო - აქ იყო მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კონცეტრირებული და
სამხრეთში კი მიწები ნაკლებად ათვისებული რჩებოდა. ამიტომ, ხალხმაც იქით გადაინაცვლა. თანაც,
სამხრეთში მშვიდობა სუფევდა და უფრო უსაფრთხო იყო. იმ პერიოდში მიმდინარე მოსახლეობის
მასიურად სამხრეთში გადასახლების პროცესი ჩინეთის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზულ მიგრაციის
პროცესადაა აღიარებული.
ჩრდილოეთიდან ლტოლვილებმა სამხრეთში თან მოიტანეს გაცილებით უკეთესი ტექნიკა, ვიდრე
სამხრეთში იყო, ხელოსნური ნაწარმი, შრომის იარაღები და ამგვარად, ხელი შეუწყვეს ამ რეგიონის
ეკონომიკურ აღმავლობას. იმავდროულად, ისინი დაეპატრონნენ აუთვისებელ მიწებს, მაგრამ ფეოდალთა
მხრიდან მოსახლეობას აქაც შეექმნა მძიმე პრობლემები, გაიზარდა ექსპლუატაციაც. გაბატონებული კლასის
ხელში თავი მოიყარა დიდძალმა უძრავ-მოძრავმა ქონებამ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა
ბუდისტური სამღვდელოება. იმ დროისთვის ბუდისტები ჩინეთში ფრიად მომძლავრებულნი იყვნენ და
ფლობდნენ როგორც პოლიტიკურ, ისე - ეკონომიკურ ბერკეტებს. ბუდისტური სამღვდელოება სატაძრო
გლეხებს სასტიკ ე3ქსპლუატაციას უწევდა და დროთა განმავლობაში ისე გაძლიერდა, რომ ადგილობრივ
ხელისუფლებასაც კი უპირისპირდებოდა.
როგორც აღინიშნა, ძინის დინასტია 420 წელს დაემხო, რაც 398-417 წლებში მიმდინარე გლეხთა ყველაზე
მასობრივმა აჯანყებამ განაპირობა, რომლის სათავეში ტაოს ერეტიკული სექტა იდგა. აჯანყებას
მეთაურობდნენ სუნ იენი და ლუ სიუნია, რომელთა უმთავრესი მოწოდება იყო არსებული დინასტიის
დამხობა და დედაქალაქის ხელში ჩაგდება. 402 წელს მოხდა აჯანყებულთა შეტაკება მთავრობის ჯართან,
რომელშიც ისინი დამარცხდნენ, სუნ იენმა კი თავი მოიკლა. მძიმე ბრძოლები გაგრძელდა მომდევნო
ხანებშიც, რომელთა შედეგი ის იყო, 411 წლისთვის აჯანყებულთა ძირითადი ძალები უკვე განადგურებული
იყო. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში სწორედ აღნიშნულმა 20-წლიანმა აჯანყებამ მოუღო ბოლო
არსებულ დინასტიას. მომდევნო საუკუნენახევრის განმავლობაში სამხრეთ ჩინეთში 4 დინასტია
გამოიცვალა. ასეთი ქაოსური ვითარება იყო სამხრეთში.
რაც შეეხება ჩრდილოეთს, დამპყრობელთა ბოგინისა და სრული ქაოსის გამო, იქ მთლიანად გაჩანაგდა
მეურნეობა, ცხოვრების დონე დაეცა. შემოსეულმა მომთაბარეებმა - ტობას საგვარეულოს მეთაურობით,
საფუძველი ჩაუყარეს ტობა-ვეის დინასტიას, რომელმაც იარსება 386-534 წლების მანძილზე. მალე მათ
განიცადეს ასიმილაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩინეთში მოხდა ორმხრივი კულტურულ-
სოციალური, იდეოლოგიური და ენობრივი ზეგავლენა - ჩინელებისა დამპყრობლებზე და პირუკუ.
თავიდან ეს პროცესები ნელა მიმდინარეობდა, მაგრამ V საუკუნის ბოლოს ინტენსიური სახე მიიღო, რადგან
მომთაბარენი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ორ ხალხს შორის
ქორწინებაც კი დასაშვები გახდა, რაც ადრე აკრძალული იყო. შემოჭრილებმა ჩინური გვარ-სახელებიც
მიიღეს, შეისისხლხორცეს ჩინური ადათ-წესები და ხელისუფლების ორგანოებიც ჩინური ტრადიციის
მიხედვით ჩამოყალიბდა. დედაქალაქი კვლავ ლოიანგი გახდა.
ასეთ ვითარებაში ჩრდილოეთის მესვეურებს არ ასვენებდათ სამხრეთის დამორჩილებაზე ფიქრი, ისინი
ყველა ღონეს მიმართავდნენ, რათა ბოლო მოეღოთ ქვეყნის ორ ნაწილად გათიშულობისათვის. და აი, 450
წელს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჯარი დაიძრა, მაგრამ ეს შეტევები უშედეგოდ დასრულდა.
პარალელურად პერმანენტულად მიმდინარეობდა გლეხთა აჯანყებები კანსუს, შენსის, ხებეის და სხვა
პროვინციებში. საბოლოოდ 534 წელს ჩრდილოეთში ტობა-ვეის იმპერია დაემხო, თუმცა იმ ეტაპზე ქვეყნის
გაერთიანება ადგილობრივმა ჩინურმა საგვარეულოებმა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, 581 წელს მოხდა ჩინეთის
კვლავ გაერთიანება სუის დინასტიის მეთაურობით.

სუის დინასტია-581-618 წწ.

ეს იყო საკმაოდ ხანმოკლე დინასტია, მაგრამ მისი მთავარი დამსახურება იყო ის, რომ ქვეყნის გახლეჩა
დასრულდა და ჩინეთი კვლავ გაერთიანდა. სუის დინასტიას საფუძველი ჩაუყარა მთავარსარდალმა იან
ძიანმა 581 წელს და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ის სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც მის
ძალაუფლებას არ ცნობდა. ქვეყნის გაერთიანებას ხელი შეუწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის
მოსახლეობის ინტენსიური კონტაქტებმა და ეთნიკურმა ასიმილაციამ. ამ მიმართულებით დიდი როლი
ითამაშა ასევე იმ გარემოებამაც, რომ ჩინელებს კვლავ გამოუჩნდათ საერთო გარეშე მტერი - თურქები. VI ს.-
ში ცენტრალურ აზიაში წარმოიშვა თურქული სახანოები, რომლებიც ჩინეთისთვის სერიოზულ საფრთხეს
წარმოადგენდნენ. ეს საკმაო ბიძგი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ დაქუცმაცებული ქვეყანა გაერთიანებულიყო,
რაც 581 წელს მთავარსარდალმა იან ძიანმა მოახერხა კიდეც. მან წარმატებით ჩაახშო დაუმორჩილებელ
ფეოდალთა აჯანყებები და სამხრეთის სამფლობელოებიც შემოიერთა. ამრიგად, 300 წლიანი დაშლილობის
შემდეგ ქვეყანა კვლავ გაერთიანდა.
საშინაო პოლიტიკა. ახალმა იმპერატორმა ცენტრალური და ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოების
რეორგანიზაცია მოახდინა - ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტის პროტოტიპი ხანის დინასტიის პერიოდიდან
გადმოიღო.
ხელისუფლების სათავეში იყო იმპერატორი, რომელიც ფლობდა უმაღლეს:
ა) საკანონმდებლო;
ბ) აღამასრულებელ;
გ) სამხედრო ხელისუფლებებს.
მთავრობის უმაღლესი ორგანოს წარმოადგენდნენ ერთგვარი პალატები, რომელსაც მოსდევდა 6 უწყება
(დღევანდელი სამინისტროების მსგავსი) და სამმართველოები. 583 წელს იმპერატორმა იან ძიანმა ქვეყანა
ადმინისტრაციულ ერთეულებად - ოლქებად დაყო, იმავდროულად, სამხედრო რეფორმაც გაატარა, რაც
იმაში გამოიხატებოდა, რომ ჯარის სარდლობა პირადად იმპერატორის პრეროგატივა გახდა -იმპერატორი
უმაღლეს მთავარსარდალს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ოლქებში საგრძნობლად გაიზარდა ჯარის
რაოდენობა, ცალკე შეიქმნა სასახლის გვარდია.
თავდაპირველად მთავრობა ქვეყნის აღორძინებისთვის ერთგვარ დათმობაზე წავიდა და გადასახადები
შეამცირა ომისგან დაზარალებულ და მოუსავლიან ადგილებში, ზოგან კი დროებით საერთოდ გააუქმა
გადასახადები, რამაც ეკონომიკურ აღმავლობას ხელი ნამდვლად დაატყო. გატარდა სავალუტო რეფორმა,
ფულის, ზომისა და წონის ერთეულების ცვლილებების სახით, ხელი შეეწყო ვაჭრობას. ყურადღების მიღმა
არც ინფრასტრუქტურული მშენებლობები დარჩენილა - შეკეთდა და გაყვანილლ იქნა ახალი გზები, აიგო
საფოსტო სადგურები, დიდ ქალაქებსა და სასაზღვრო პუნქტებზე შეიქმნა სამთავრობო უწყებები, რომლებიც
ვაჭრობას აკონტროლებდნენ.
სუის დინასტიის მმართველთაგან ბოლო მონარქი იყო იან გუანი (604-618), რომელიც ჩინეთის
ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ტირანად და დესპოტადაა ცნობილი. სწორედ მისი წყალობით
დაემხო ეს დინასტია ესოდენ სწრაფად. სუის დინასტიის ამ იმპერატორმა უმკაცრესი და უსასტიკესი
სისხლის სამართლის კანონები შემოიღო, მმართველი ფენის მხრიდან ხალხის ექსპლუატაცია კიდევ უფრო
გაზარდა, სადამსჯელო ოპერაციები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ქვეყანაში, რაც მოსახლეობაში
უარყოფით რეაქციას და პროტესტს იწვევდა.
საგარეო პოლიტიკა. იან გუანის პერიოდში საგარეო პოლიტიკაც ისეთივე წარუმატებელი იყო, როგორც -
საშინაო. მის მიერ წარმოებული ყველა ომი მარცხით დასრულდა - ჯერ კიდევ თურქებთან მრავალგზის
გამართული ბრძოლებით დაწყებული. ამ უკანასკნელთ აბრეშუმის გზის დასავლეთ ნაწილზე თავიანთი
კონტროლის დაწესება ჰქონდათ გამიზნული და პერიოდულად ჩინეთს თავს ესხმოდნენ. იან გუანის ზეობის
დროს მათ უშუალოდ საზღვარებსაც კი შეუტიეს და იყო შემთხვევები, როცა ლოიანგამდეც კი მიაღწიეს. ამ
სისხლისმსმელი იმპერატორის საზღვაო ოპერაციებიც ისეთივე წარუმატებელი იყო, როგორც - სახმელეთო:
კრახით დასრულდა კუნძულ თაივანზე იერიში, 611-612 წლებში კორეის ერთ-ერთ სამეფოსთან -
ქოგურიოსთან წარმოებული ბრძოლებიც სამარცხვინოდ წააგო. მან ეს მარცხი ვერ მოინელა და შურისძიების
მიზნით, 613-614 წლებში ახალი ლაშქრობები მოაწყო კორეის წინააღმდეგ, მაგრამ ამჯერადაც მარცხი
განიცადა.
ასეთი უნიათო საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გამო, ხალხის მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა
და ჯერ კიდევ 610 წელს იან გუანის ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრი ამბოხი დაიწყო. აჯანყებამ მალე
სხვადასხვა პროვინცია მოიცვა და 614 წლისთვის უკვე მთელ ჩინეთს იყო მოდებული. გლეხთა აჯანყებებით
სარგებლობდნენ ფეოდალებიც, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მმართველი დინასტიის პოლიტიკით.
თავის მხრივ, თურქები შექმნილ სიტუაციას სათავისოდ იყენებდნენით, აქეზებდნენ და ცეცხლზე ნავთს
ასხამდნენ. ხელისუფლება სასტიკად უსწორდებოდა ამბოხებულებს, ხშირად ათასობით ადამიანს ცოცხლად
მარხავდნენ მიწაში.
საბოლოოდ, 617 წელს აჯანყებულთა რამდენიმე ასეული ათასი კაცისგან შემდგარი არმია დედაქალაქ
ლოიანგს მიადგა. ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა თავისი პოზიციების დასაცავად და სუის დინასტია
დაემხო. ისევე, როგორც სხვა დინასტიების დამხობის შემთხვევებში, ახლაც თავი იჩინა შიდაფეოდალურმა
დაპირისპირებებმა, რომელშიც საბოლოო გამარჯვება გავლენიან ფეოდალს, ლი იუენს ხვდა წილად (იან
გუანის ნათესავი დედის მხრიდან) და 618 წელს ის მოვიდა კიდეც ხელისუფლების სათავეში. ასე დაედო
საფუძველი ახალ ხელისუფლებას - თანგის დინასტიას.

You might also like