You are on page 1of 4

მინგის დინასტიის (1369-1644) მოსვლა ხელისუფლების სათავეში

მონღოლთა ბატონობის ბოლო ეტაპზე, XIV საუკუნის 20-30-იან წლებში ჩინეთში იწყება პოლიტიკური
კრიზისი: კერძოდ, შიდა დაპირისპირება მონღოლურ კლანებს შორის, ჩინელი ხალხის გააქტიურება
მომხდურთა წინააღმდეგ, რის შედეგადაც შეიქმნა ორგანიზაცია „თეთრი ლოტოსი“ (მილიონამდე
მოლაშქრე) და მასთან შეერთებული „წითელი არმია“ (იგივე - წითელი ლაშქარი). ისინი გაერთიანდნენ და
50-იანი წლებიდან ატიურად უტევდნენ მონღოლებს. 1368 წლის მიწურულს მათ გაათავისუფლეს
დედაქალაქი პეკინი და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ამ არმიის მთავარსარდალი ჭუ იუან ჭანგი. იგი
1352 წლიდან ედგა სათავეში ამ აჯანყებას. გამარჯვების შემდეგ, მან თავი იმპერატორად გამოაცხადა და
დააარსა მინგის დინასტია, რომელიც მმართველობდა 1369-1644 წლებში. დედაქალაქი ისევ პეკინი გახდა.
ჩინელი ხალხის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან მათ დაამარცხეს მონღოლები,
რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მთელ იმჟამინდელ სამყაროს. თუმცა, მონღოლთა ბატონობის შედეგების
აღმოფხვრა კარგა ხანს ვერ მოხერხდა - საგრძნობლად დაიხია უკან ქვეყნის განვითარებამ და ამ
პერიოდიდან იწყება ჩინეთის ჩამორჩენა, მაშინ როდესაც ის მანამდე მთელი აზიის რეგიონში უძლიერეს
იმპერიად ითვლებოდა
ახალი იმპერატორი უ. ყ. ქვეყნის ჭრილობების მოშუშებას შეუდგა - დაიწყო დანგრეული პეკინის
აღმშენებლობა, აღადგინა ჩინეთის დიდი კედლის დაზიანებული ნაწილები და დიდი არხი, შემცირდა
გადასახადები და გაუქმდა ზოგიერთი მძიმე ექსპლუატაციის ფორმა, გათავისუფლდნენ მონები, აიკრძალა
კერძო მონათვაჭრობა და სხვ. ასეთმა ღონისძიებებმა ნელ-ნელა გააუმჯობესა სიტუაცია ქვეყანაში,
მოსახლეობის დაბალი ფენების მდგომარეობა, ვაჭრებსა და ხელოსნებს მეტი უფლებები მიენიჭათ,
გაიზარდა მოტივაცია და დაინტერესებულობა წარმოებაში. ვაჭრებს შეუმცირდათ გადასახადები, მათ
უფლება მიიღეს საქონელი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაეტანათ უმნიშვნელო ბაჟის გადახდის
საფუძველზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ახალი ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფორმები
ზედაპირული იყო, რადგან ისინი არ ცვლიდნენ ქვეყნის საშინაო პოლიტიკის კლასობრივ არსს, რომელიც
მინგის დინასტიის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
რაც შეეხაბა ახალი დინასტის სახელმწიფო მოწყობის სისტემას, ბევრი რამ გადმოღებულ იქნა სუნგის
დინასტიის პერიოდის პოლიტიკური ინსტიტუტებიდან. ჩინეთი ინარჩუნებდა ტიპური ფეოდალურ-
დესპოტური სახელმწიფოს ნიშნებს. იმპერატორი, ისევე როგორც ადრე, ცის შვილად იქნა შერაცხული.
უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოდ გამოცხადდა ზედა პალატა, რომელსაც სათავეში ედგა კანცლერი და მას
ემორჩილებოდა 6 სამინისტროს მსგავსი ტიპის უწყება. ცალკე იყო ე. წ. „ცენზორთა პალატა“, რომელიც
დედაქალაქის ჩინოვნიკებს და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს უწევდა მეთვალყურეობას.
პროვინციების მმართველები (გუბერნატორები) უწინდებურად განუსაზღვრელი უფლებებით
სარგებლობდნენ.
ვინაიდან მონღოლთა ბატონობის დროს მექრთამეობა ძლიერ აყვავდა ქვეყანაში, მინგის ხელისუფლებამ
ყველაზე მეტი ყურადღება ამ საკითხზე გაამახვილა და კორუფციის აღმოსაფხვრელად გარკვეული ზომები
მიიღო: ვინც 60 ვერცხლის ლიანზე მეტ თანხას აიღებდა ქრთამის სახით, თავს კვეთდნენ. მოკლულს
გაატყავებდნენ, თივით გამოტენიდნენ მის ტყავს და ქალაქის მოედანზე ყველას დასანახად გამოკიდებდნენ.
უფრო მცირე თანხის აღების დროს, დამნაშავეს ოჯახიანად გადასახლებაში გზავნიდნენ. მკაცრმა
ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და ფეოდალური ბიუროკრატიის კორუფციის მასშტაბები საგრძნობლად
შემცირდა.
ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით, იმპერატორმა - ჭუ იუან ჭანგმა პროვინციებშიც
განახორციელა გარკვეული რეფორმები: გუბერნატორების ძალაუფლების შეკვეცის მიზნით, 1376 წელს
საერთოდ გააუქმა მათი სტატუსი და მათ ნაცვლად დააწესა 3 თანამდებობა: სამოქალაქო, სამხედრო და
სასამართლო პოსტები. ისინი უშუალოდ, ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ და მთავრობა
ადვილად აკონტროლებდა მათ საქმიანობას. ცხადია, რომ ასეთი დანაწილება ასუსტებდა ადგილობრივი
ადმინისტრაცის დამოუკიდებლობას. ამბოხებების თავიდან აცილების მიზნით კი, რეგიონთა მმართველებს
ეკრძალებოდათ 3000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი გვარდიის ყოლა და მეთაურობა.
ქვეყნის ცენტრალიზაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა 1380 წლის ანტიდინასტიური
შეთქმულების გახსნის შემდეგ, რომლის ორგანიზატორიც ზედა პალატის მეთაური - კანცლერი ხუ ვეი-იუნი
აღმოჩნდა. იმპერატორი მკაცრად გაუსწორდა შეთქმულებს, კანცლერის თანამდებობა საერთოდ გააუქმა და
შემდეგ - მთელი ზედა პალატაც.
სახელმწიფოს ცენტრალიზაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა იდეოლოგიამაც - კონფუციონიზმი
ახალი დინასტიის საიმედო დასაყრდენად იქცა, რომელიც მონღოლთა ბატონობის პერიოდში დროებით
ჩრდილში მოექცა
საშინაო პოლიტიკა. მსხვილმა ფეოდალებმა, რომლებსაც მონღოლების მმართველობის დროს დაკარგული
ჰქონდათ სტატუსი, თავიანთი ოდინდელი პრივილეგიების აღდგენა დაიწყეს: ისინი თვითნებურად
იტაცებდნენ გლეხების და სახელმწიფო მიწებს, ამ ნიადაგზე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ხშირი იყო
შეტაკებებიც... ასეთი მტაცებლური პოლიტიკა დამღუპველ ზეგავლენას ახდენდა ქვეყნის
ცენტრალიზაციაზე და ზოგადად, წინსვლაზე. XV საუკუნის პირველ ნახევარში ამ პროცესებმა კლასობრივი
წნააღმდეგობების გამწვავება განაპირობა, გლეხების მძლავრი აჯანყებების ტალღის აგორება გამოიწვია.
პირველი ფართომასშტაბიანი ამბოხი 1420 წელს შანტუნგის პროვინციაში დაიწყო, რომელიც მომზადდა
„თეთრი ლოტოსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ. მას სათავეში ჩაუდგა გლეხის ქალი ტან სეი
ერუნგისი. მან რამოდენიმე საომარი ოპერაცია წარმატებით განახორციელა, მაგრამ 3 თვის შემდეგ
მთავრობის საჯარისო ფორმირებებმა მოახერხეს აჯანყების ჩაქრობა. საპროტესტო გამოსვლები ამით არ
შეწყვეტილა - ლოკალურმა ამბოხებებმა 60-70-იან წლებში ცენტრალურ და მთიან რეგიონებში გადაინაცვლა,
სადაც თავს აფარებდნენ მიწიდან აყრილ-გაქცეული გლეხები. ამიტომ ისინი კანონგარეშედ ითვლებოდნენ
და პოვნის შემთხვევაში, მათ სასჯელი ან პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი ელოდათ. საბოლოოდ,
მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით, 1477 წელს ხელისუფლებამ ბრძანებულება გამოსცა, რომლის
თანახმადაც, მიწიდან აყრილ და გაქცეულ გლეხებს ეპატიებოდათ დანაშაული. ამან დროებით დააცხრო
ვნებათაღელვა და აჯანყებები თანდათანობით მინელდა, ამბოხებული გლეხებიც სამეურნეო საქმიანობას
მიუბრუნდნენ, რითაც გზა გაეხსნა მეურნეობის მთელი რიგი დარგების შემდგომ აღმავლობას.

მინგის დინასტიის საგარეო პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ახალი დინასტიის პირველი ათწლეული
საზღვრების გამაგრების პროცესით ხასიათდებოდა. უ. ყ. კვლავ არსებობდა მონღოლთა განმეორებითი
შემოსევების საშიშროება, რადგან ისინი მარბეველ თავდასხმებს აწყობდნენ ჩინეთის სასაზღვრო რაიონებზე.
ჩინეთის მთავრობა დიპლომატიური გზით ცდილობდა მათთან მორიგებას, მაგრამ მონღოლები იმედს არ
კარგავდნენ თავიანთი ძალაუფლების აღდგენაზე და ამიტომაც გარკვეული ხნის მანძილზე შემოსევებს
აგრძელებდნენ. ჩინეთის ხელისუფლება ჯებირებს აგებდა სანაპირო ზოლზე, თუმცა უშედეგოდ. მათგან
თავდასაცავად მთავრობამ სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა. მონღოლთა გარდა,
ჩინეთისთვის საშიშ მტრებს იაპონელი მეკობრეები წარმოადგენდნენ. 1369 წლიდან მათი ფლოტილიები
თავდასხმებს აწყობდნენ შანტუნგის, ჭეძიანის და გუანდუნგის სანაპირო რაიონებზე. ისინი ყვალაფერს
წვავდნენ და ანადგურებდნენ, ზოგჯერ ქალაქებსაც იპყრობდნენ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე.
მონღოლთა განდევნისთანავე მათ შეტევა დაიწყეს ჩინეთის საზღვაო სასაზღვრო რეგიონებზე. XIV საუკუნის
80-იანი წლებიდან დაიწყო ჩინეთის სანაპირო ზოლის გამაგრება, იგებოდა გალავნები, ჯებირები და სხვა
დამცავი საშუალებები. შესაბამისად, აღნიშნული დროისათვის მინგის იმპერია უკვე მყარი საზღვრებით
შემოფარგლულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, ჩრდილოეთიდან კი ისედაც დაცული იყო დიდი კედლით.
როდესაც ქვეყანა მოძლიერდა, ჩინეთმა თავად დაიწყო აგრესიული საგარეო პოლიტიკის
განხორციელება: 1387-1388 წწ ჩინეთის უზარმაზარმა არმიამ დაამარცხა და საბოლოოდ განდევნა
მონღოლების ნარჩენი რაზმები - იუენის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. მე-15 საუკუნიდან ჩინეთი აქტიურ
საგარეო პოლიტიკას იწყებს, უმთავრესად - დამპყრობლურს. პირველი იერიში ვიეტნამზე განხორციელდა.
იმპერატორმა ჭუ ტიმ 1407 წელს უზარმაზარი არმია შეკრიბა და ვიეტნამის დასაპყრობად გაგზავნა, თუმცა
რამოდენიმე თვიანმა შეტევამ შედეგი არ გამოიღო - ვიეტნამელები თავგანწირულად იბრძოდნენ
სამშობლოს დასაცავად და ჩინელები იძულებულები გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. 1428 წელს
ვიეტნამმა აღიდგინა სრული დამოუკიდებლობა. 1419 წელს ჩინეთის ფლოტმა ლიაოდუნთან იაპონელი
პირატების არმადაზე მიიტანა იერიში და გაანადგურა.
ვინაიდან მონღოლთა ბატონობის გამო ჩინეთს გაწყვეტილი ჰქონდა საგარეო სავაჭრო-
დიპლომატიური ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე აზიის კონტინენტზე, ამიტომ დღის
წესრიგში დადგა მისი განახლება. ამ მიზნით 1405-1433 წლების მანძილზე 7 საზღვაო ექსპედიცია გაიგზავნა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ადმირალი ჭენგ ხე (1371-
1433/35). მისი დიდი გულშემატკივარ და მხარდამჭერი ამ მიმართულებით იყო იმპერატორი ჭუ ტი (1402-
1424). ექსპედიციების მარშრუტი გადიოდა ინდოჩინეთის, იავას, მალაკას, ცეილონის, ინდოეთის, ირანის და
აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირო ზოლებზე. ფლოტში შედიოდა 317 ხომალდი, ეკიპაჟი - 27 870 ადამიანი. ეს
იყო ძალიან მასშტაბური საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ექსპედიცია - საკმაოდ მშვიდობიანი
და არა დამპყრობლური მიზნებით. თუმცა, მე-7 ექსპედიციის შემდეგ ჩინელ კონსერვატორ პოლიტიკური
ელიტის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება და ეჭვები ამ მისიათა მიმართ იმ მოტივით, რომ ძალიან
დიდი თანხები იხარჯებოდა, ასევე თითქოს ქვეყნისთვის იზოლაციონიზმის დაკარგვის საფრთხეს
წარმოადგენდა შორეული მოგზაურობები. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შეწყდა ჭენგ ხეს
ექსპედიციები. ამით ჩინეთმა დიდი პრივილეგიები და პოზიცია დაკარგა საგარეო სავაჭრო-სატრანზიტო
გზებზე.
კულტურა. მე-14-15 სს.-თა მიჯნაზე ჩინეთის კულტურულ ცხოვრებაში ნაწილობრვი აღმავლობა
შეინიშნება. კულტურის პროგრესში წამყვანი ადგილი ქალაქებს ეკავათ, რადგანაც იქ მოღვაწეობდნენ
მხატვრები, მწერლები, მსახიობები, სწავლულები და სხვ. ამასთანავე ქალაქებში იყო თავმოყრილი
სხვადასხვა სასწავლებლები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, იმპერატორის სასახლის ბაზაზე
ფუნქციონირებდა გენერალური აკადემია. ხსენებული პერიოდისათვის საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი
ტექნიკისა და სამეცნიერო ცოდნისადმი: გაჩნდნენ სწავლული-ენციკლოპედისტები და შესაბამისად - მათი
ნაშრომები. დიდი წარმატებით ვითარდებოდა საისტორიო მეცნიერება, თანგისა და სუნგის დინასტიების
დროს 3000-მდე საისტორიო ნაშრომი შეიქმნა, მომდევნო ხანებში კი მათმა რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა.
ჩინელი საზოგადოების ფეოდალიზმის აყვავების ფაზაში შესვლით, მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა
ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ აზროვნებაში, ბუდიზმს უკვე აღარ ეკავა გაბატონებული მდგომარეობა.
მისი ძლიერება შეასუსტა როგორც კონფუციონიზმმა, ისე ტაოიზმმა, შემდეგ კი - ნეოკონფუციონიზმმა. ამ
უკანასკნელმა ყველაზე უფრო განზოგადებული სახე მიიღო სწავლულ ჭუ სის (1130-1200) რელიგიურ-
იდეალისტურ მოძღვრებაში. ის ქადაგებდა ფეოდალური იერარრქიის ნორმების დაცვას, მდაბიოთა
მორჩილებას თავიანთი ბატონების, წარჩინებულებისადმი. ჭუ სი ხაზს უსვამდა, რომ რამდენადაც
კონფუციონიზმს, ტაოიზმისა და ბუდიზმისგან განსხვავებით, არ გააჩნდა საეკლესიო ორგანიზაცია, აქედან
გამომდინარე, მისი შემცვლელი სახელმწიფო აპარატი იყო. ამრიგად, ნეოკონფუციონიზმში გაერთიანდა
ფილოსოფიურ-რელიგიური და სხელმწიფოებრივ-პოლიტიკური ფუნქციები, რაც ხალხთა მასებზე
იდეოლოგიური ზეწოლის გაძლიერების ამოცანებს პასუხობდა. ეს მოძღვრება გადაიქცა ყოვლისმომცველ
იდეოლოგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ ძალად, რომელიც ოფიციალურად იქნა აღიარებული
გაბატონებულ იდეოლოგიად. თავისი იდეებით ის ამუხრუჭებდა და ბოჭავდა ფილოსოფიის და ქვეყნის
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განვითარებას. ჭუ სის მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ: ე ში, ჭენ ლიანი, დენ
მუ და სხვები, რომლებიც ხმას იმაღლებდნენ მონარქიის წინააღმდეგ, როგორც ხალხთა მასების მთავარი
მძარცველისა. ისინი წაროსახავდნენ ისეთ სახელმწიფოს, სადაც არც კლასები იქნებოდა, არც ექსპლოატაცია
და ყველა თანასწორი უფლებებით ისარგებლებდა

განსახილველ პეროდში ახალ საფეხურზე ადის ჩინური ლიტერატურა და ხელოვნება. ჩინური პოეზიის
„ოქროს ხანის" გამოჩენილი პოეტები იყვნენ: დუ ფუ, სუ ში, ლი ცინ-ჭაო და სხვ. პოეზიაში სულ უფრო
ხშირად აისახებოდა პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ, მოწოდებები უბრალო ხალხის ინტერესების
დაცვისკენ, სამშობლოს დიდი სიყვარული. პროზაში განვითარდა ახალი ჟანრები: ნოველა, დრამა,
ისტორიული რომანი, რომლებშიც ადრინდელზე უფრო ძლიერად იგრძნობოდა რეალისტური ელემენტები.
მუსიკალურ-თეატრალური ხელოვნების სფეროში განვითარება დაიწყო გარითმულმა თხრობამ, რომელშიც
დეკლამაცია შერწყმული იყო რომელიმე სიმებიანი ინსტრუმენტის ჟღერადობასთან. წარმატებებს მიაღწია
ასევე სახვითმა ხელოვნებამ - ფერწერაში უამრავი სკოლები და მიმდინარეობები ფუნქციონირებდა, წამყვან
სამხატვრო ჟანრს კი წარმოადგენდა პეიზაჟი, ფართოდ იყო გავრცელებული ასევე ყვავილების და
ფრინველების გამოსახვა, რელიგიური, ყოფითი ხასიათის სურათები. არსებობდა სამხატვრო აკადემია,
რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ხელოვნების გამოჩენილი ოსტატები, ამასთან ერთად ის
არეგულირებდა ქვეყნის სამხატვრო ცხოვრებას და უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელს წარმოადგენდა. მე-
14 ს-დან სწრაფი ტემპით იწყება არქიტექტურისა და აღმშენებლობის პროგრესი. პეკინი, რომელიც
მონღოლებთან ბრძოლების დროს დაინგრა, ხელახლა გაშენდა. დედაქალაქში აიგო საიმპერატორო სასახლის
უზარმაზარი კომპლექსი (ე. წ. აკრძალული ქალაქი). არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს
პეკნის სამხრეთ ნაწილში 1420 წელს აგებული „ცის ტაძარი“. უფრო სრულყოფილი ხდება
ილუსტრირებული გრავიურა, ფაიფურის და ლაქის წარმოება, ქარგვა, კვეთა ხეზე, ქვაზე, ძვალზე, მეტალზე
და სხვ.

You might also like