You are on page 1of 12

ლექცია 6.

თანგის დინასტიის ხანა - 618- 907 წლები

618 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა ახალი დინასტია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა
გავლენიანმა ფეოდალმა ლი იუენმა (618-627). იგი იყო წინა იმპერატორის, იან გუანის ნათესავი დედის
მხრიიდან, თუმცა, ზემოაღნიშნული კონფრონტაციების დროს მას განუდგა და გამარჯვების შედეგად,
თავად დაიკავა საიმპერატორო ტახტი. დედაქალაქად ლოიანის ნაცვლად, ჩანგანი გამოცხადდა (ითარგმნება
როგორც „ხანგრძლივი სიმშვიდე“). 10 წლის მანძილზე ახალი დინასტიას მძიმე ბრძოლების გადატანა
მოუხდა სხვადასხვა სეპარატისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მანამ, სანამ ქვეყანაში სრულ
ძალაუფლებას დაამყარებდა. ლი იუენი ჭკვიანი პოლიტიკოსი გამოდგა და წინამორბედთა ხვედრის
თავიდან ასაცილებლად, გაცილებით მოქნილი, ლავირებადი და დიპლომატიური პოლიტიკის გატარება
დაიწყო: ძალადაკარგულად გამოაცხადა ადრინდელი მკაცრი კანონები, ნაშიმშილებ და გვალვიან
რეგიონებში გადასახადები ზოგან შეამცირა, ზოგად კი დროებით საერთოდ გააუქმა. იმავდროულად,
მთავრობა ზრუნავდა ქალაქებისა და ინფრასტრუქტურების კეთილმოწყობაზე. თანგის დინასტიის პირველ
მმართველებში ბუდიზმი მთავარ იდეოლოგიურ საყრდენად იქცა და ამიტომაც, თანგის ბატონობის
პერიოდში, მან განვითარებისა და ძლიერების ზენიტს მიაღწია (თუმცა, ამ დინასტიის შემდეგ მოხდება მისი
პოლიტიკური გავლენების შეკვეცა).
რეფორმები ადმინისტრაციული სფეროში: ქვეყანა დაიყო პროვინციებად, შემდეგ - ოლქებად, მხარეებად,
უმცირეს ადმინისტრაციული ერთეულს კი სასოფლო თემი წარმოადგენდა. ყველგან გამწესდა
ადგილობრივი სამოხელეო აპარატი, რომელიც უშუალოდ, ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებოდა.
გარდა ამისა, რეგულარული ჯარის პარალელურად შეიქმნა იმპერატორის საგანგებო გვარდია. 644 წელს
დაქირავებული ჯარის სისტემაც შემოიღეს, რომელიც ძირითადად, თურქული ტომებისგან
კომპლექტებოდა. ახალი დინასტიის დაარსებიდან პირველი 100 წლის განმავლობაში ეკონომიკა მძლავრ
აღმავლობას განიცდიდა. VII-VIII საუკუნეთა მიჯნაზე გაფართოვდა სოფლის მეურნეობის სისტემა,
ვაჭრობა-ხელოსნობა, მეტად დაიხვეწა მიწის დამუშავებისა და სარწყავი სისტემის ხერხები. ყველაფერმა
ამან გაზარდა მოსავლიანობა, პროდუქცია კი გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.
საერთო ეკონომიკური აღმავლობის ქვეყანაშისაქალაქო ცხოვრებაც გამოცოცხლდა. მას გართობისა და
ადმინისტრაციული კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით
აღსანიშნავია ნავსადგური ქალაქების როლის ზრდა, რადგან საზღვაო ვაჭრობა მომგებიანი გახლდათ და
ასეთი ადმინისტრაციული ერთეულები გაცილებით სწრაფად ვითარდებოდნენ. მსხვილი დასახლებული
პუნქტები მომრავლდნენ სავაჭრო გზებზე, ბუდისტური ტაძრების სიახლოვესა და საფოსტო სადგურებთან.
ასეთი განლაგება ხელს უწყობდა ქალაქების მსხვილ სავაჭრო სახელოსნო ცენტრებად ჩამოყალიბებას.
წარმოებული პროდუქცია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩაის წარმოება, ასევე მარილის,
ვერცხლისა და სპილენძის მოპოვება. განსაკუთრებით დიდი მოგება მოჰქონდა მარილის საბადოებიდან მის
წარმოება-რეალიზაციას, რაც სახელმწიფოს ჰქონდა სრულად მონოპოლიზებული. მისი მნიშვნელობის
საილუსტრაციოდ თუნდაც ის გამოდგება, რომ VIII საუკუნეში მარილისგან მიღებული სარგებელი მთელი
სახელმწიფო შემოსავლების ნახევარს შეადგენდა და მთლიანად ფარავდა საიმპერატორო კარისა და არმიის
შენახვის ხარჯებს.
მთავრობამ ვაჭარ-ხელოსანთა საქმიანობაზე დაამყარა მკაცრი კონტროლი და დაარეგულირა ეს სფერო.
ახალი წესის თანახმად, ისინი ვალდებულნი იყვნენ ცალკეული პროფილების მიხედვით
გაერთიანებულიყვნენ სპეციალურ გილდიებში, რომლებსაც ხანები ეწოდებოდა. თითოეულს სათავეში
ედგა გამორჩეული ოსტატი.
თანგის დინასტიაში და ზოგადად, ჩინეთის ისტორიაში არ შეიძლება გვერდი ავუაროთ პირველ ქალ
იმპერატორის მოღვაწეობას, რომელიც ძალიან პოპულარული გახლავთ ჩინეთის ისტორიაში.. ესაა უ
წ’თიენი (690-705 წწ). ჩინეთის ისტორიაში ფიგურირებს რამოდენიმე ქალი, რომლებიც ქვეყანას
განაგებდნენ. ძირითადად, ისინი ახალგაზრდა იმპერატორის რეგენტი დედები იყვნენ ან იმპერატორის
მთავარი ცოლები, რომლებიც ფარდის მიღმა მდგომნი იმპერიის პოლიტიკას განკარგავდნენ. თუმცა,
მხოლოდ ერთმა ქალმა - უ წ’თიენმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა და იმპერატორის ტიტულის მიღება.
უ წ’თიენი დაიბადა 624 წელს უ შ’ხუოს ოჯახში, რომელიც წარჩინებული გვარის წარმომადგენელი
იყო. მისი კლანის წევრებსაც სუის დინასტიის დროს (581-618) მაღალი თანამდებობები ეკავათ. უ შ’ხუმ
მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხელი ხით ვაჭრობას მიჰყო. წამოწყებამ გაუმართლა
და მალე გამდიდრდა უ შ’ხუო აქტიურად უჭერდა მხარს ახალ დინასტიას, სამხედრო ოპერაციებშიც
მიიღო მონაწილეობა და ლი იუენის გაიმპერატორების შემდეგ ორი პროვინციის გენერალ-გუბერნატორის
თანამდებობა მიიღო. მადლიერმა ხელისუფალმა უ შ’ხუოს მეორე ცოლად სუის საიმპერატორო გვარის -
იანგის წარმომადგენელი შერთო. სწორედ მისგან ეყოლა უ წ’თიენი.
უ წ’თიენის პიროვნებისა და უნარების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მამამისს,
რომელმაც ქალიშვილს მაღალი განათლება მისცა, ცხენის ტარება და მშვილდოსნობა ასწავლა -
ფაქტიურად, ისე აღზარდა, როგორც იმხანად არისტოკრატულ ოჯახში შობილ ვაჟებს ზრდიდნენ.
ბავშვობაში შეჩვეული თავისუფლების განცდა უ წ’თიენს მთელი ცხოვრება გაჰყვა.
        14 წლის იყო უ წ’თიენი, როცა იმპერატორ თაიწონგს (626-649) შეხვდა და იგი ისე მოიხიბლა მისი
სილამაზით, რომ ხარჭად აიყვანა. ამიერიდან უ-ს ცხოვრება სამუდამოდ საიმპერატორო კარს
დაუკავშირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, თაიწონგი ახალგაზრდა ქალის გარეგნობით კი
მოიხიბლა, მაგრამ იმპერატორის სიცოცხლეში მეოხარისხოვან ხარჭად რჩებოდა. თუმცაღა, თაიწონგმა უ-
ს განათლება დააფასა და თავის მდივნად დანიშნა. სწორედ მაშინ მიიღო მომავალმა ქალმა იმპერატორმა
დოკუმენტებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, რაც შემდგომში, მმართველობის ჟამს ძალიან
გამოადგა.
649 წელს იმპერატორი თაიწონგი გარდაიცვალა და კანონის მიხედვით, ყველა უშვილო ხარჭას თავი
უნდა გადაეპარსა, რათა  ბუდისტურ ტაძარში მონაზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ ბედისწერას აზრადაც არ
ქონია უ წ’თიენს თავისი სიცოცხლე ბუდასადმი აღვლენილ ლოცვებში გაეტარებინა. მონასტერში
მისვლიდან მალევე უ წ’თიენი შემთხვევით ახალ იმპერატორს - კაოწონგს (649-683) შეხვდა, რომელიც
მამამისის სულის მოსახსენიებელი რიტუალის ჩასატარებლად მისულიყო. ზოგიერთი წყაროს მიხედვით,
კაოწონგს ჯერ კიდევ მამამისის სიცოცხლეში შეყვარებია უ. ბუნებრივია, ახალ იმპერატორს მასთან
შეხვედრისას გრძნობები განუახლდა და ქალმაც ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა. უ წ’თიენი
იმპერატორის ჰარემში გადავიდა, სადაც ისეთი სიტუაცია დახვდა, რომ უ-ს წისქვილზე ასხამდა წყალს -
მთავარი ცოლი, დედოფალი ვანგი იმპერატორის ფავორიტზე - ხარჭა სიაოზე ეჭვიანობდა. ამ უკანასკნელს
იმპერატორისგან ვაჟი ყავდა, დედოფალი კი უშვილობისგან იტანჯებოდა. უ წ’თიენის გამოჩენა ვანგს
ხელს აძლევდა, რადგან სიაოს მეტოქედ მოიაზრებოდა. დედოფალმა ვანგმა ყველაფერი აწონ-დაწონა და
კაოწონგმაც უ ხარჭად აიყვანა. მოგვიანებით ნათელი გახდება, რომ უ-ს ამბიციები გაცილებით შორს
მიდიოდა და მისი უნარები ვანგისა და სიაოს შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა.
651-655 წლებს შორის პერიოდში უ წ’თიენი იმპერატორის კარზე პოზიციებს ნელ-ნელა იმაგრებს.
მოსამსახურე პერსონალთან კარგი ურთიერთობა დაამყარა და ჯაშუშთა ფართო ქსელიც გააბა. 652-653
წლებში იმპერატორს ვაჟები გაუჩინა. თუმცა, მთავარი მოწინააღმდეგეების- ვანგისა და სიაოს
მოსაშორებლად მხოლოდ ეს არ კმაროდა - ორივე მათგანს ძლიერი მხარდამჭერები ჰყავდათ მთავრობის
მაღალ ეშელონებში. ამ წინააღმდეგობის გადასალახავად უ-მ რადიკალურ ზომებს მიმართა - თავისი
ახალშობილი ქალიშვილის უეცარი გარდაცვალება საბაბად გამოიყენა და მისი სიკვდილი დედოფალ
ვანგს დააბრალა, რომელიც ჩვილთან სათამაშოდ ხშირად დადიოდა. გავრცელებული ვერსიით, ბავშვი
თავად უ წ’თიენმა მოკლა მას შემდეგ, რაც დედოფალმა ჩვილის ოთახი დატოვა. მომდევნო წელს
დედოფალი ვანგი და დედამისი ჯადოქრობაში დაადანაშაულა, რაც კანონით აკრძალული იყო. ეს ფაქტი
საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ იმპერატორს ვანგისათვის მთავარი ცოლის ტიტული ჩამოერთმია
და ამ რანგში უ წ’თიენი აღეზევებინა. ახალი თანამდებობის მიღებიდან მალევე უ-ს ბრძანებით, ვანგი და
სიაო შეიპყრეს, შემდეგ კი სასტიკი წამებით მოკლეს.
            656 წელს იმპერატორმა ტახტის მემკვიდრედ უ წ’თიენის ვაჟი - ლი ხონგი გამოაცხადა. 656-659
წლებში იმპერატორის მთავარმა ცოლმა მთავრობას ყველა ის გავლენიანი მინისტრი, ჩამოაცილა,
რომელიც მის აღზევებას ეწინააღმდეგებოდა და პარალელურად, საკუთარი პოლიტიკოსების ჯგუფი
შექმნა. 660 წელს იმპერატორს კაოწონგს ძლიერი შეტევა ჰქონდა. კაოწონგი არა მხოლოდ პიროვნულად,
არამედ ფიზიკურადაც სუსტი იყო, პერიოდულად, ავადმყოფობის შეტევებსაც აძლევდა. 660 წელს,
მორიგი შეტევისას მდგომარეობა იმდენად დაუმძიმდა, რომ იმპერიის მართვა დედოფალმა საკუთარ
თავზე აიღო და საკმაო წარმატებითაც გაართვა თავი. იმპერატორი კარგად ამჩნევდა ცოლის ამბიციებს და
თავს დამცირებულადაც კი გრძნობდა. ამიტომ, 664 წელს ერთ-ერთ მინისტრ - შანგ კუანგ ი-ს შეუთანხმდა,
რომ მინისტრი დედოფალზე საჩივარს დაწერდა, იმპერატორი კი (რომელმაც ვითომდა, არაფერი იცოდა
ამის შესახებ), განრისხდებოდა, საჩივარს დააკმაყოფილებდა და უ-ს გადააყენებდა. ბედის ირონიით, სანამ
ყველაფერი სათანადოდ მომზადდებოდა, უ-მ მსტოვრების მეშვეობით ჩანაფიქრის შესახებ შეიტყო და
იმპერატორთან გამოცხადდა. ყველაფერ ამას შედეგად ის მოყვა, რომ „შეთქმული“ შანგ კუანგ ი
გადაასახლეს, უ წ’თიენმა კი პირვანდელი თანამდებობა და ძალაუფლება შეინარჩუნა.
ხელისუფლებისთვის ბრძოლაში უ არამარტო სახელმწიფო მინისტრებს, არამედ საკუთარ შვილებსაც
კი დაუპირისპირდა, რომლებიც ტახტის მემკვიდრეებად განიხილებოდნენ. 670 წელს კაოწონგს შეტევა
განუახლდა და დროებით, იმპერიის საქმეები მისმა უფროსმა მემკვიდრემ -
ლი ხონგმა ჩაიბარა. იგი საკმაო წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა, დედამისი
ჩვეულებაზე ხელს არ იღებდა და ისევ აქტიურად ერეოდა იმპერატორის საქმიანობაში, რაც შვილის
უკმაყოფილებას იწვევდა. შედეგად, იმავე წელსვე ლი ხონგი მოულოდნელად გარდაიცვალა. საისტორიო
წყაროების თანახმად, მემკვიდრის ნაადრევ სიკვდილში უ-ს ხელი ერია. ვარაუდობენ, რომ ის საჭმლით
მოაწამლვინა. ტახტის ახალ პრეტენდენტად წ’თიენისა და კაოწონგის მეორე ვაჟი - ლი სიენი ( 李 贤 )
გამოცხადდა. თუმცა, ახალი მემკვიდრის ბედიც იმავე სცენარით განვითარდა - ლი სიენს არ მოსწონდა
საიმპერიო კარზე დედამისის სახით ქალის დომინირება, მაგრამ უ წ’თიენიც არ მჯდარა
გულხელდაკრეფილი და მეუღლე დაარწმუნა, რომ შვილისთვის მემკვიდრის სტატუსი ჩამოერთმია,
შემდეგ კი გადაესახლებინა. დინასტიის გამაგრძელებლად ახლა მათი მესამე ვაჟი - ლი სიენი გამოცხადდა
( 李显 ).
683 წელს იმპერატორი კაოწონგი გარდაიცვალა და ტახტი უ წ’თიენის მესამე ვაჟმა ლი სიენმა დაიკავა.
ტახტზე ასვლისთანავე ეწოდა ჭონგწონგი - (683/705-710). აღსანიშნავია, რომ კაოწონგმა ანდერძში ჩაწერა,
რომ ტახტის მემკვიდრეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დედა რეგენტთან - უ წ’თიენთან
კონსულტაციების შემდეგ უნდა მიეღო. მსგავსი ჩანაწერი, თითქოს, უ-ს ღიად რთავდა ნებას საიმპერიო
საქმეებში ჩარეულიყო, თუმცა რეალურად, წ’თიენის ძალაუფლების შეკვეცასა და შესუსტებას, მთავრობის
საქმეებიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა.  მაგრამ როგორც კი ახალმა იმპერატორმა პოლიტიკის
წარმართვა საკუთარი შეხედულებისამებრ სცადა და რამდენიმე მინისტრი დედის ნებართვის გარეშე
დანიშნა, უ წ’თიენისთვის ეს უკვე საფრთხის შემცველი სიგნალი აღმოჩნდა. ჭონგწონგის ტახტზე
ასვლიდან ექვსი კვირის თავზე უ არმიის თანხლებით საიმპერატორო დარბაზში შეიჭრა და იმპერატორი
უუნარო მართვის ბრალდებით გადაყენებულად გამოაცხადა, ხოლო ტახტზე კი ახალ იმპერატორად კი უ-
ს მეოთხე ვაჟი - ლი ტანი დასვეს. მან მაშინვე მიიღო ჟუეიწონგის (683-690; 710-712) სახელი. დედა-
დედოფლის უმცროსი ვაჟი ნამდვილი თოჯინა გახდა უ წ’თიენის ხელში. 684-690 წლებში უ წ’თიენმა
რადიკალური ნაბიჯები გადადგა ყველა მოწინააღმდეგის მოსაშორებლად, თანგის საიმპერატორო გვარის
13 შტო გააწყვეტინა, ქუჩებში ბრინჯაოს ყუთები დადგა, რომელშიც ხალხს მოღალატეების დასასმენი
წერილები უნდა ჩაეყარა. ბუნებრივია, ასეთი ღია დესპოტური ქმედებებსი გამოძახილის გარეშე ვერ
ჩაივლიდა და აი, იმპერატორის დედის წინააღმდეგ 684 წელს პირველი ფართო მასშტაბიანი აჯანყება
დაიწყო. იგი მალევე ჩაახშეს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა და 688 წლის აჯანყება
გაცილებით უფრო მეტი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ამავე წელს უ-მ თანგის საიმპერიო გვარის
წარმომადგენლები დედაქალაქში ცერემონიალზე დასასწრებად მოიწვია. ცხადია, ისინი უნდობლად
მოეკიდნენ მის ამ საქციელს და მიიჩნიეს, რომ უ მახეს უგებდათ ამოსაჟლეტად. ამიტომ, არამცთუ არ
გამოცხადდნენ, არამედ რამოდენიმე გვარის შტო აჯანყდა კიდეც.
საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ კაოწონგის სიცოცხლეშივე გამომჟღავნდა უ-ს სურვილი -
იმპერატორის თანასწორი ყოფილიყო: 674 წელს უ წ’თიენის რჩევით, იმპერატორმა გადაწყვიტა თაის
მთაზე მიწისა და ცისთვის შესაწირის რიტუალი ჩაეტარებინა. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე
რიტუალი, რომელიც უკანასკნელად ახ.წ. I საუკუნეში ჩატარდა. მთა თაი ჩინეთის ერთ-ერთი წმინდა
მთაა, რომელზეც მსხვერპლშეწირვის ჩატარების პრეროგატივა მხოლოდ იმპერატორს გააჩნდა. კაოწონგი
პროცესიასთან ერთად სარიტუალო ადგილას ავიდა და წესი შეასრულა. მალევე უ წ’თიენი ქალებისაგან
დაკომპლექტებული პროცესიით უკან მიჰყვა და რიტუალი გაიმეორა. კონფუციანური მოძღვრებით, ეს
ქმედება უმაღლესი დანაშაულს უდრიდა, თუმცა, უ-სთან შეპასუხება ვერავინ გაბედა.
690 წელს ჩინეთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, ტიტული, რომელიც ცინ შ’ ხუანგ ტიმ
შექმნა- „ხუანგ ტი“ ( 皇 帝 - იმპერატორი ) ქალმა მიიღო. უ-ს ბრძანებით, თანგის დინასტია
დასრულებულად გამოცხადდა და ჭოუს დინასტია დაარსდა (690-705), თუმცა იგი უ-ს ტახტიდან
გადაყენებისთანავე გაუქმდა და თანგი აღადგინეს. იმპერატორად გახდომის შემდეგ უ-მ რეპრესიები
შეამსუბუქა. მეტიც, 697 წელს თავისი სადამსჯელო მანქანის მეთაურიც კი სასიკვდილოდ გაიმეტა.
საგარეო პოლიტიკა. უ წ’თიენის მმართველობის დროს იმპერიის საგარეო პოლიტიკა და დაპყრობითი
ომები წარმატებით მიმდინარეობდა. 692 წელს მან ტიბეტისაგან ანსის პროვინცია დაიბრუნა.
695 წელს ჩინეთს თავს ტიბეტელები დაესხნენ, მომდევნო - 696 წელს კი - ხიტანების მომთაბარე ტომი და
ახალი აღმოსავლეთ თურქთა ხაკანატი. მათ წინააღმდეგ მოქმედებაში გამოვლინდა უ-ს მოთმინება და
გამჭრიახობა. იმპერატორმა ტიბეტელთა მმართველ წრეებში უთანხმოებით ისარგებლა და მსტოვრების
მეშვეობით მათ შორის კონფლიქტის ესკალაციას შეუწყო ხელი, რასაც ტიბეტში მასშტაბური სამოქალაქო
ომი მოჰყვა. ცხადია, ამის შემდეგ ტიბეტელები ჩინეთს გაეცალნენ. ჩრდილოეთის ფრონტზე ის თურქებს
გაურიგდა - დაპირდა, რომ მათ მეთაურს პრინცესას მიათხოვებდა და მაღალი რანგის ტიტულებს
უბოძებდა იმ შემთხვევაში, თუ ხიტანებს შეუტევდნენ. 696-697 წლებში თურქებმა მართლაც დაამარცხეს
ხიტანები და ჩრდილოეთისკენ განდევნეს. ამით ისარგებლა უ წ’თიენმა - მასიური მობილიზაცია
გამოაცხადა თურქების წინააღმდეგ და დამარცხა კიდეც ისინი.
მმართველობის უკანასკნელ წლებში უ წეთიენმა ორი საყვარელი გაიჩინა - ძმები ჭანგები. ისინი უ-ს
წყალობას აქტიურად იყენებდნენ, ძალაუფლებისა და ფულის მოხვეჭას ეშურებოდნენ, ამის გამო
საიმპერატორო კარზე ყველა გადაიმტერეს.
705 წლის დასაწყისში მინისტრებმა ტახტის მემკვიდრის - ლი სიენის მეთაურობით შეთქმულება
მოაწყვეს და ქალი იმპერატორი გადაყენებულად გამოაცხადეს. ტახტზე ისევ ლი სიენი - ჭონგწონგი ავიდა
და თანგის დინასტია აღადგინა. საგულისხმოა, რომ ქვეყნის ახალ ხელისუფალს დედისათვის
ძალაუფლების ჩამორთმევის გარდა, არაფერი დაუშავებია - უ კვლავ ინარჩუნებდა დედა-რეგენტის
თანამდებობას და 705 წლის დეკემბერში ღრმად მოხუცებული საიმპერატორო სასახლეში გარდაიცვალა.
როგორც პიროვნება, უ წ’თიენი უპრინციპო, სასტიკი და შეუბრალებელი იყო. ძალაუფლების
მოსაპოვებლად უკან არაფერზე დაუხევია - გადაასახლა და სიკვდილით დასაჯა უამრავი ნიჭიერი
პიროვნება, არ დაინდო შვილები, დისშვილები, ძმები, იმპერატორის დეიდა... საიმპერატორო გვარი ხომ
ლამის ამოწყვიტა. ასაკის მატებასთან ერთად ვნებებიც ემატებოდა, თუმცა, ახალგაზრდობაში - კაოწონგის
სიცოცხლეში უ წ’თიენი ქმრის ერთგულებით გამოირჩეოდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ
რამდენიმე ფავორიტი ჰყავდა.
უ წ’თიენის მმართველობის პერიოდში იმპერიის საზღვრები გაფართოვდა, გაუმჯობესდა
შიდასაიმპერიო ადმინისტრაცია. თანგის დინასტიის დაარსებიდან მოყოლებული გლეხების აღრიცხვა და
გადასახადების აკრეფა გამუდმებულ პრობლემას წარმოადგენდა, რაც ეკონომიკაზეც აისახებოდა. უ
წ’თიენის დროს კი სააღრიცხვო და საგადასახადო ინსტიტუტი მოწესრიგდა, ეკონომიკაშიც სტაბილური
ზრდა შეინიშნებოდა. ჭკვიანმა იმპერატორმა გლეხებისათვის სამუშაო და საცხოვრებელი პირობები
გააუმჯობესა - შეამცირა გადასახადები, 696 წელი გლეხებისათვის გადასახადებისაგან თავისუფალ
პერიოდად გამოაცხადა. შესაბამისად, მოსახლეობის ფართო ფენებში იგი დიდი პოპულარობით
სარგებლობდა. ამიტომ იყო, რომ 684 და 688 წლის აჯანყებებში ფართო მასებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დამოკიდებულება რელიგიისადმი. თუ რომელი კონფესიის აღმსარებელი იყო უ  წ’თიენი, ამის
გადაჭრით თქმა რთულია. კაოწონგის სიცოცხლეში იმპერატორმა და დედოფალმა ტაოიზმი ბუდიზმის
საპირწონედ წინ წამოსწიეს, თუმცა 685-695 წლებში, როცა უ-ს ბუდისტი საყვარელი ჰყავდა, ბუდიზმს
უჭერდა მხარს. უფრო მეტიც - მან მაჰაიანას ბუდიზმის ერთ-ერთი ლეგენდა ქალის სახით ბუდას
ხელმეორედ მოვლინებაზე თავის სასარგებლოდ გამოიყენა და იმპერატორად გახდომისას, თავი ბუდად
გამოაცხადა. 692 წელს ღორების დაკვლაც კი აკრძალა ბუდიზმის გავლენის გამო, დიდი თანხები გაიღო
ლონგმენის ბუდისტური კომპლექსის მშენებლობისათვის. თუმცა, 695 წელს მოიშორა ბუდისტი
საყვარელი და კონფუციანიზმის პროპაგანდას შეუწყო ხელი, რაც ერთობ პარადოქსულია, რამეთუ მისი,
როგორც ქალის იმპერატორობა საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა კონფუციანიზმის ძირეულ დოგმებს.

თანგის იმპერიის საგარეო პოლიტიკა. ამ პერიოდში ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი და უძლიერესი


პოლიტიკური იმპერია გახლდათ მთელს აზიის რეგიონში. ეკონომიკურ აღმავლობას თან სდევდა საგარეო
სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოება. ჯერ კიდევ VI საუკუნის ბოლოდან მოწესრიგდა
ურთიერთობები ჩინეთსა და იაპონიას შორის. 643 წელს ჩინეთმა სავაჭრო და დიპლომატიური
ურთიერთობები დაამყარა ინდოეთთან. ვაჭრობდა ასევე - კორეის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებთან,
მალაის არქიპელაგთან, სპარსელებთან, არაბებთან. ამ უკანასკნელთა საშუალებით კი - ბიზანტიასთან.
ასეთი ფართო სავაჭრო ურთიერთობების შედეგად სამხრეთ ჩინეთში უცხოელ ვაჭართა კოლონიები
დაარსდა. განსაკუთარებით აღსანიშნავია სპარსელთა და არაბთა სავაჭრო ფაქტორიები. გაცხოველებული
კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან ხშირად წყდებოდა დაპრობითი
ომების გამო. ჯერ კიდევ თანგის დინასტიის პირველი იმპერატორის - ლი იუენის ზეობისას მათი პირველი
მსხვერპლი გახდა თურქული მოდგმის ხალხი, რომელიც მონღოლეთსა და აღმოსავლეთ თურქმენეთის
სტეპებში ცხოვრობდნენ. მათ წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობა 630 წლიდან მოყოლებული აქტიურ
ლაშქრობებს აწყობდა ერთმანეთის მიყოლებით. შედეგად, თურქები ჩინეთის ვასალები გახდნენ. ჩინეთი
დაპყრობით ომებს დასავლეთის მიმართულებითაც აწარმოებდა, სადაც მათი და არაბების ინტერესები
ერთმანეთს შეეჯახა. ამ უკანასკნელებმა 641 წელს სასანურ ირანს ბოლო მოუღეს და აღმოსავლეთისკენ
დაიძრნენ. ჩინელებსა და არაბებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა 751 წელს მოხდა მდ. ტალასთან
(დღევანდელი ყაზახეთის და ყირგიზეთის საზღვარი). მომხდურთა მიზანს აბრეშუმის გზის დასავლეთ
ნაწილის მონოპოლიზირება წარმოადგენდა, რასაც მიაღწიეს კიდეც. მაგრამ არაბთა გამარჯვება ხანგრძლივი
არ ყოფილა. მართალია, ამ მარცხით იმდროინდელ მსოფლიოში შეირყა ჩინეთის, როგორც უძლეველი
იმპერიის იმიჯი, მაგრამ მალევე - 2-3 წელიწადში ჩინელებმა დამპყრობლური პოლიტიკა განაახლეს. იერიში
მიიტანეს პირველ რიგში, ცენტრალურ აზიასა და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, შემდეგ ვიეტნამის
წინააღმდეგაც გაილაშქრეს. რაც შეეხება არაბებთან ურთიერთობას, სახალიფოსთანაც მალე აღდგა
დიპლომატიური კავშირი - არაბები ჩინეთში ელჩებს აგზავნიდნენ, რაც იმით დაგვირგვინდა, რომ 789 წელს
არაბთა სახალიფომ აზიის რეგიონში ჩინეთი თავიანთ მთავარ მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად
გამოაცხადა.

ტალასის ბრძოლა - 751 წელი

VIII საუკუნეში არაბთა სახალიფოსა და ჩინეთის თანის დინასტიის (617-906) ინტერესები ცენტრალურ
აზიაში გადაიკვეთა. ეს ის ტერიტორია იყო, სადაც აბრეშუმის გზა გადიოდა - ტრანსკონტინენტური
სავაჭრო მაგისტრალი, რომელიც როგორც ვაჭრებისათვის, ისე - სახელმწიფოებისთვის შემოსავლის
უზარმაზარ წყაროს წარმოადგენდა. ლოგიკურია, რომ აბრეშუმის გზაზე სახელმწიფო რაც უფრო დიდ
ტერიტორიას აკონტროლებდა, მით მეტად ივსებოდა მისი ხაზინა. სწორედ ეს გახდა არაბთა და ჩინელთა
დაპირისპირების მიზეზი, რომლის გამოც ბრძოლა 751 წელს ქ. ატლახთან გაიმართა, მდ. ტალასის
მახლობლად.
როგორც ითქვა, VII საუკუნის შუა წლებიდან ჩინელებმა ცენტრალურ აზიაში დამპყრობლური
პოლიტიკა გააქტიურეს. 657 წელს თანგის დინასტიის ჯარებმა ისიკ-ყულის ტბასთან დასავლეთ თურქთა
ხაკანატის არმია გაანადგურეს და სამფლობელო სპარსეთამდე განავრცეს. მიუხედავად იმისა, რომ 665
წელს თურქთა აჯანყების შემდეგ ჩინელებს უკან დახევა მოუხდათ, ამ პერიოდიდან თანგის დინასტიის
ინტერესები და გავლენა ცენტალურ აზიაში მაინც ძლიერდება.
არაბებიც, თავის მხრივ, სასანური ირანის დაპყრობის შემდეგ საკუთარი გავლენის აღმოსავლეთით
გავრცელებას ცდილობდნენ, რათა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ეგდოთ ხელთ. 651 წელს
მუსლიმები ხორასანში შეიჭრნენ. 704 წელს (უ წ’თიენის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე) ხორასნის
გამგებლად ქუთაიბა იბნ მუსლიმი დაინიშნა. მისი მეთაურობით  707 წელს არაბები მავერანაჰრში
შეიჭრნენ, 709 წელს ბუხარა დაიკავეს, 711- 712 წლებში - ხორეზმი .
პირველი დაპირისპირება ჩინელებსა და არაბებს შორის იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ფერღანას
მმართველმა - ალუთარმა ხალიფას მფარველობა სთხოვა მაშინ, როცა მანამდე ყოფილი მმართველი -
იხშიდი თანგის დინასტიის იმპერატორს სთხოვდა დახმარებას. 715 წელს ეს დაპირისპირება ჩინელთა
სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო ორი წლის შემდეგ კვლავ განახლდა ამ ორი დიდ იმპერიებს შორის
კონფრონტაცია და გამარჯვება ამჯერადაც ჩინელებს დარჩათ.
თანგის დინასტია და არაბთა სახალიფო არ ყოფილა ერთადერთი ძალა, რომელსაც ცენტრალურ
აზიაში გაბატონება სურდა. მათ ყავდათ მოწინააღმდეგენი, რომლებიც აბრკოლებდნენ რეგიონში
ჩინელებისა და არაბების პოზიციების განმტკიცებას. ასეთი ძალები იყვნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ
თურქთა ხაკანატები.
VIII საუკუნის I ნახევარში დასავლეთ თურქთა ხაკანატი ტურგეშების ტომის მეთაურობით
განსაკუთრებით გაძლიერდა. თუმცა, დიდი ხაკანი სულუს გარდაცვალებისთანავე ხაკანატში არეულობა
დაიწყო და ჩინელებმაც ცენტრალური აზიის სამეფოების: ფერღანას, ჩაჩისა და ქიშის მმართველებთან
ერთად კოალიციური ლაშქრით შეუტიეს თურქებს, თან საკმაო წარმატებითაც. ტურგეშებმა დამარცხება
მრავალგზის იგემეს და ხაკანატში წამყვან ძალას ვეღარ წარმოადგენდნენ. საბოლოოდ, VIII საუკუნის 40-
იან წლებში დასავლეთ თურქთა ხაკანატი ფაქტობრივად, დაიშალა. ჩინელებისათვის ეს ფაქტი ერთის
მხრივ, საკმაოდ დიდი წარმატება იყო, მაგრამ მეორე მხრივ - დიდი საფრთხის შემცველიც, რადგან
დასავლეთ თურქთა ხაკანატი არაბებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა. ხოლო ახლა, როცა ეს შემაკავებელი
ბარიერი განადგურდა, არაბებს ასპარეზის გაფართოების საშუალება მიეცათ. ამის შემდეგ ჩინეთი და
სახალიფო აქტიურად ცდილობდმენ რეგიონში ტერიტორიის მისაკუთრებას, რისი დამაგვირგვინებელი
ეტაპიც ტალასის ბრძოლა შეიქნა. მართალია, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ინტერესები უკვე
გადაკვეთილიყო, მაგრამ მათი სამფლობელოები მაინც ასეულობით კილომეტრით იყვნენ ერთმანეთს
დაშორებულნი. აქ ჩნდება კითხვა: რა იყო ის მიზეზი, რამაც ჩინურ არმიას უბიძგა თავიანთი საზღვრიდან
300 კილომეტრით დაშორებულ ქ. ატლახისთვის შეეტია?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, 750 წელს, ჩინეთის უკიდურესი
ჩრდილო-დასავლეთის პრეფექტურის - ანსის გენერალ-გუბერნატორმა კაო სიენ ჭ’- მ ჩაჩის სამეფოზე
ილაშქრა და მისი მეფე ტყვედ იგდო, შემდეგ კი საიმპერიო კარს მიჰგვარა. სადაც სიკვდილით დასაჯეს.
ჩაჩის აღებისას კაომ მოწინააღმდეგეს დანებების შემთხვევაში უვნებლობა აღუთქვა, მაგრამ ქალაქში
შეშვებისთანავე პირობა დაარღვია, მეფე დაატყვევა, ქალაქი კი ააწიოკა და გაძარცვა.
ჩაჩის მეფის ტყვედ აყვანის შემდეგ მისი შვილი სამარყანდში გაიქცა და დახმარება არაბებს სთხოვა.
აბუ მუსლიმმა ზიად იბნ სალიჰი გაგზავნა არმიის ძირითად ნაწილთან ერთად ჩინელების წინააღმდეგ.
არც კაო მჯდარა გულხელდაკრეფილი და დასავლეთისკენ დაიძრა. 300 კილომეტრზე მეტი გაიარა, სანამ
მდინარე ტალასთან არაბთა ჯარს შეხვდებოდა. კაოს წინასწარ ჰყავდა გაგზავნილი ე.წ. „ზეციური
ძალების“ არმია მდ. ჩუ-ს რეგიონის დასაპყრობად, რათა დამარცხებული ტურგეშების შემორჩენილი
ნაწილების მიერ ზურგიდან თავდასხმა აღეკვეთა.
ჩინელები და არაბები ერთმანეთს 751 წლის ივლისში შეებნენ თანამედროვე ყაზახეთისა და
ყირგიზეთის საზღვარზე, ტალასის ხეობაში. ამ ბრძოლის შესახებ ცნობები დაცულია როგორც არაბულ
(იბნ ალ-ასირი, ალ მაქდისი ), ისე - ჩინურ წყაროებში (ოუ იანგ სიუ, ლიუ სუ, ტუ იოუ, ს’მა კუანი).
უცნობია მოწინააღმდეგე ძალთა რიგებში მებრძოლთა ზუსტი რაოდენობა. არაბული წყაროების
მიხედვით, ჩინელთა რიცხვი 100 000-ს აღწევდა. ჩინურ წყაროებში მათო ოდენობა 20 000-დან 70
ათასამდე მერყეობს. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კაო სიენ ჭ’  შორეულ კამპანიაში არმიის
სრულ შემადგენლობას ვერ წაიყვანდა და პროვინციას დაუცველს ვერ დატოვებდა. თუმცა, გამორიცხული
არ არის, რომ იმპერატორმა კაოს სხვა პროვინციის ჯარებიც მიაშველა. თანამედროვე ისტორიკოსებში
ჩინური არმიის ყველაზე ოპტიმალურ შემადგენლობად გაზიარებულია 30 000 მეომარი. აქედან 10 000
ჩინელია, ხოლო დანარჩენი - დამხმარე რაზმები ყარლუყებისაგან და ფერღანას სამეფოდან.
რაც შეეხება არაბთა არმიას, ამ მხრივ წყაროებში ინფორმაცია ნაკლებია. ჩინური წყაროები საერთოდ
არ საუბრობენ არაბთა რიცხოვნობაზე, ასევე დუმან იბნ ალ-ასირი  და ალ მაქდისი. ერთადერთი წყარო,
რომელშიც არაბთა რიცხოვნობაზეა საუბარი - ალ დჰაჰაბია და იგი არაბთა რაოდენობას 100 000 მეომრით
განსაზღვრავს. ეს რიცხვიც გადაჭარბებული უნდა იყოს, რადგან იმხანად აბასიანთა სახალიფო ახლად
დაარსებული იყო და ფიზიკურად არ გააჩნდა საიმისო ადამიანური რესურსი, რომ ცენტრალურ აზიაში
ესოდენ მრავალრიცხოვანი ჯარი გაეგზავნა. კიდევ უფრო გადაჭარბებული ჩანს თანამედროვე ჩინელი
ისტორკოსის - პაი იანის მოსაზრება, რომ არაბთა არმია 200 000 მეომრისაგან შედგებოდა, ჩინელების კი
მხოლოდ 30 000-საგან. სავარაუდოდ, მას ჩინელთა მარცხის ახსნას უზარმაზარი რიცხობრივი სხვაობის
წარმოჩენით ცდილობს. საგულისხმოა, რომ არაბთა მხარეს იბრძოდნენ ტიბეტელები და ცენტრალური
აზიის არაერთი სამეფოს მეომრები (მათ შორის ტურგეშის სახაკანო). აქედან გამომდინარე, სახალიფოს
არმიაში მნიშვნელოვანი ძალა მოიყრიდა თავს, თუმცა, წყაროების სიმცირის გამო ზუსტ ან მიახლოებით
რიცხვზეც კი რთულია საუბარი.
შედეგები. ტალასის ბრძოლას ხშირად მიიჩნევენ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონედ,
რომლის შემდეგაც თანგის დინასტიის დასავლური ექსპანსია შეწყდა, ცენტრალურ აზიაში ისლამი
გავრცელდა და ბუდიზმი გამოდევნა. ჩამოყალიბდა ყარლუყების სახელმწიფო, აღდგა უიღურების
სახელმწიფო, არაბებმა კი უმთავრესი - ქაღალდის დამზადების საიდუმლო გაიგეს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტალასის ბრძოლას დიდმნიშვნელოვანი ძვრები არ
გამოუწვევია. ბრძოლის შემდეგ არაბებმა ქიში და რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს, მაგრამ ეს
ფაქტი არ ყოფილა თანგის დინასტიისთვის დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი ახალი ლაშქრობის
წამოსაწყებად. მითუმეტეს, რომ ტალასის ბრძოლიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ცენტრალური აზიის
ქალაქები და სამეფოები არაბების წინააღმდეგ აჯანყებაში დახმარებასაც კი სთხოვდნენ საიმპერატორო
კარს.
როგორც ვხედავთ, ტალასის ბრძოლის შემდეგ თანგის დინასტიის გავლენა ცენტრალურ აზიაში,
ტიბეტსა და მომთაბარე ტომებში არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. მთავარი ფაქტორი, რამაც
თანგის ამბიციებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი, 755 წელს დაწყებული ჩრდილოეთ საზღვრის გენერალ-
გუბერნატორის - ან ლუშანის აჯანყება იყო.
აღსანიშნავია, რომ თანგის იმპერიას არც არაბებთან გაფუჭებია ურთიერთობა. 752 წლიდან 798
წლამდე არაბთა 13 ელჩობა ეწვია ჩინეთს. გარდა ამისა, ან-ლუშანის აჯანყებისას ხალიფა ალ-მანსურმა
იმპერატორ სუწონგის (756-762) დასახმარებლად 4 000-იანი არმია გაგზავნა. 789 წელს კი არაბებმა
ტიბეტთან ურთიერთობა გაწყვიტეს და თანგის იმპერია აღმოსავლეთში მთავარ მოკავშირედ
გამოაცხადეს.
იდეოლოგია თანგის პერიოდში. ამ პერიოდში ბუდისტური მოძღვრება აღმავლობას განიცდის. შესაბამისად,
აღზევდა ბუდისტური სამღვდელოებაც, თუმცა, ეროვნული კონფუციანური იდეოლოგიაც არ რჩება
ყურადღების მიღმა. ბუდიზმის ფრთების გაშლა იმაში გამოიხატებოდა, რომ მან არა მხოლოდ
იდეოლოგიური სპექტრი, არამედ პოლიტიკა და კულტურაც კი მოიცვა. საგულისხმოა, რომ ჩინეთი სწორედ
ამ პერიოდში მოიფინა ბუდისტური ტაძრებითა და ულამაზესი პაგოდებით. ბუდიზმის აღზევების მთავარი
მიზეზი ის იყო, რომ ინდოეთიდან შემოსული ეს ახალი სარწმუნოება ცენტრალური ხელისუფლების
ინტერესებს პასუხობდა. კერძოდ, ბუდიზმი საზოგადოებას კლასებად ყოფდა - მდიდრებად და ღარიბებად,
უარყოფდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებსა და კონფრონტაციებს.
სწორედ ამიტომ ძლევდა ხელს საიმპერატორო კარს ამ რელიგიის უფლებამოსილების გაფართოება. 504
წელს სამხრეთ ჩინეთში ბუდიზმი ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა და დაახლოებით იმავე პერიოდში -
ჩრდილოეთშიც (ეს ის დროა, როცა სახელმწიფო ორადაა გაყოფილი).
ბუდიზმმა მრავალი სიახლე შეიტანა ჩინურ ფილოსოფიასა და ხელოვნებაში. მისი მეშვეობით ჩინეთი
ინდურ კულტურას ეზიარა. აღსანიშნავია სახელოვანი გამოჩენილი ინდოელი სწავლული კუმარაჯივა,
რომელიც ინდოეთიდან ჩინეთში ჩამოსულიყო და აქვე ცხოვრობდა 383-413 წლებში. მან აქტიურად დაიწყო
ბუდიზმის პროპაგანდა, ბუდისტური სასწავლებლების გახსნა და სუტრების თარგმნა. დროთა
განმავლობაში სუტრების მთარგმნელთა დიდი ჯგუფებიც კი ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამ დროიდან იწყება
კიდეც ინდოეთის წმინდა ადგილებში ჩინელ ბუდისტთა პილიგრიმობა.
საგულისხმოა, რომ ჩინეთი ბუდიზმის მეორე სამშობლოდ ითვლება და აქაა მსოფლიოში ყველაზე დიდ
ბუდად აღიარებული მჯდომარე ბუდა (71 მ). ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ბუდიზმს რელიგიურ
სფეროში მონოპოლია მაინც არ მოუპოვებია - მის თანადროულად და საპირწონედაც კი ვითარდებოდნენ
ძველი, ადგილობრივი მოძღვრებები ტაოიზმისა და კონფუციონიზმის სახით. სწორედ ამიტომ, ჩინურ
რელიგიურ ტრიადაში იგულისხმება: ბუდიზმი, ტაოიზმი და კონფუციონიზმი.
ინდოეთიდან შემოსულმა და დამკვიდრებულმა ბუდიზმმა დროთა განმავლობაში ადგილობრივი
ტრანსფორმაცია განიცადა და ჩინურ ბუდიზმად ჩამოყალიბდა. იგი ამით, არსებითად, მისი პირვანდელი
სახისგან განსხვავდებოდა. ჩინური ბუდაც კი თავისი გამოხატულებითა და გამომსახველობით სხვანაირი
გახდა.
ჩინეთი თანგის დინასტიის დროს ნელ-ნელა უახლოვდნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, რომელიც
VIII-XV საუკუნეებს მოიცავს. ეს დინასტია ისტორიაში, ერთგვარად, გარდამავალი პერიოდია ადრეულ და
განვითარებულ შუა საუკუნეებს შორის.

თანგის დინასტიის აღსასრული

ეკონომიკური სფერო თანგის მმართველობისას. VIII-IX საუკუნეები ჩინეთის ისტორიაში იყო


გარდამავალი ხანაა ადრეული შუა საუკუნეებიდან განვითარებულ შუა საუკუნეებზე. ამ პერიოდში
მიმდინარეობდა საწარმოო ძალთა შემდგომი განვითარება და მეურნეობის ყველა დარგში საგრძნობი
პროგრესი შეინიშნება, მაგალითად, VII საუკუნესთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა სპილენძის და
ვერცხლის წარმოება. მნიშვნელოვნად გაიზარდა დამუშავებულ მიწათა ფართობი, წარმოიქმნა ახალი
სარწყავი სისტემები და შესაბამისად, მოსავლიანობამაც იმატა. ფართოდ დაინერგა ჩაის, შაქრის, ჭარხლის,
ბამბის კულტურების წარმოება. ხელოსნობა-ვაჭრობის პროცესი აღმავლობის გზას ადგას, აშენდა ახალი
ქალაქები, უფრო ძველი ქალაქები კი თანდათანობით, სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრებად გადაიქცნენ.
ქალაქებს გარს გალავნები - მაღალი ზღუდეები ერტყა, მაგრამ ქალაქების რაოდენობის ზრდასა და
ეკონომიკური როლის დაკისრებას მაინც არ მოჰყოლია მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ფორმირება.
საგულისხმოა, რომ ფეოდალურ ჩინურ ქალაქს არც მაშინ და არც მომდევნო ხანებში დამოუკიდებელი
თვითმმართველობა არ ქონია. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ისინი სახელმწიფო მიწაზე შენდებოდა და
მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყვნენ. როგორც აღვნიშნეთ, ქალაქებს გალავნები
ერტყა, მაგრამ მისი ყოველი კვარტალიც კი გალავნით იყო იზოლირებული ერთმანეთისგან, რომელიც
შებინდებისას იკეტებოდა. ასე, რომ ვინც დაბინდებამდე თავის უბანში ვერ მოხვდებოდა, გამთენიამდე
სახლში ვერ მივიდოდა.
სოფლებშიც მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნებოდა - ახალი ტექნიკური საშუალებები და კულტურები
დაინერგა, რამაც, შესაბამისად, მოსავლიანობა გაზარდა. სოფელი და ქალაქი თავისი ფუნქციებით
ერთმანეთისგან საბოლოოდ გაიმიჯნა: სოფელში გლეხი მიწაზეა მიმაგრებული - ამუშავებს, მოსავალი
მოყავს, ხოლო ქალაქებმა ვაჭრობა-ხელოსნობის ფუნქცია შეითვისეს. გამყარდა ფეოდალური
ურთიერთობის სისტემის წესები - გლეხთა მიმაგრება მიწაზე, გადასახადების აკრეფა და გლეხის
ფეოდალზე დამოკიდებულება.
პოლიტიკური სფერო . პარალელურად, სიახლეებია პოლიტიკურ ცხოვრებაში, რამაც განაპირობა კიდეც
შუა საუკუნეების პირველი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა - მსხვილი ფეოდალების ძალა სულ უფრო
მატულობდა, ადგილი ჰქონდა მწვავე დაპირისპირებებს ცენტრალურ ხელისუფლებასა და წარჩინებულ
საგვარეულოებს შორის.
711 წელს ოლქების მმართველი სამხედრო გუბერნატორების თანამდებობები შეიქმნა, რომლებსაც
ცედუშები (უფრო სწორი ტრანსლიტერაციაა - „ძიედუშები“) ერქვათ. ისინი საკმაოდ დიდი უფლებებით
აღჭურვეს. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ საკუთარი ლაშქარი ყავდათ. ცედუშებს სხვადასხვა გარეშე
მტრის -მომთაბარეთა შემოსევებისგან ჩინეთის სასაზღვრო ოლქების დაცვა ევალებოდათ. ასევე,
ვალდებულნი იყვნენ თავიანთ ხელდებულ ოლქებში გადასახადების აკრეფასა და გაქცეული გლეხების
დაჭერაში დახმარებოდნენ ხელისუფლებას. მაგრამ ასეთი დიდი ძალაუფლების მინიჭებამ შედეგად ის
გამოიღო, რომ სამხედრო გუბერნატორები თავიანთი ოფიციალური უფლებამოსილებით არ
კმაყოფილდებოდნენ და სეპარატიზმისკენ ისწრაფვოდნენ. ფაქტობრივად, ცედუშების ე.წ. ინსტიტუტი
მთავრობის დამხმარედ კი არა, მის ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდა. ბოლოს იმდენად გაძლიერდნენ, რომ
საიმპერატორო კარს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. ამან თანდათან დაასუსტა თანგის დინასტია,
ბევრი დაპყრობილი ტერიტორიაც (მაგ. კორეა) დაკარგა და ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებამ
განაპირობა კიდევაც სასაზღვრო რაიონებში მომთაბარე ტომების შემოსევების გაძლიერება.
755 წელს მოხდა ერთ-ერთი ძლიერი აჯანყება - გუბერნატორთა ამბოხი. მაშინ სეპარატისტულად
განწყობილი ეს ძალები ლოიანამდეც კი მივიდნენ. შექმნილ ვითარებაში იმპერატორი იძულებული გახდა
გაქცეულიყო, ხოლო ტახტი შვილს გადააბარა. აჯანყებები მალე მთელს ჩინეთს მოედო, ხელისუფლება კი
უძლური აღმოჩნდა იმის გამო, რომ სამხედრო ლაშქარი სამხედრო გუბერნატორებს ემორჩილებოდა.
მართალია, ამ ეტაპზე დინასტია გადარჩა, მაგრამ თანგის ძალაუფლება ფრიად შესუსტდა - მთელი რიგი
ოლქები აღარ ემორჩილებიან. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ სამხედრო გუბერნატორის
თანამდებობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თანგის დინასტიის დამხობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ
ცედუშების გამოსვლები გახდა.
იან იანის რეფორმები. ასეთ მძიმე ვითარებაში თანგის დინასტიამ არსებული სიტუაციის
გასაუმჯობესებლად რეფორმების გატარება გადაწყვიტა. ეს საქმე მიენდო იმჟამინდელ პირველ მინისტრს-
იან იანს, რომელმაც დაგეგმილი რეფორმა 780 წელს განახორციელა.
საფინანსო და საგადასახადო რეფორმები. გადასახადის აკრეფა დაწესდა ორჯერ - ზაფხულისა და
შემოდგომის მოსავლის აღების შემდეგ და შესაძლებელი იყო როგორც ნატურით, ისე - ფულით. გადასახადი
ეხებოდა ყველას, მდგომარეობისა და სტატუსის განურჩევლად - დაბალი ფენიდან დაწყებული მაღალი
ფენით დამთავრებული. იან იანი იმედოვნებდა, რომ გადამხდელთა რაოდენობა გაიზრდებოდა,
მინდვრებისა და მიწების ყოველწლიური გადაზომვა აღარ იქნებოდა საჭირო. დაწესდა მიწის თავისუფალი
ყიდვა-გაყიდვა - ვისაც რამდენი სურდა, იმდენს იყიდდა ან გაყიდდა. ცხადია, ასეთი კანონი მიწაზე კერძო
მესაკუთრეობას უკაფავდა გზას.
რეფორმა ნაწილობრივ, შედეგიანი გამოდგა და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ
ჩინოვნიკები პირველი მინისტრით უკმაყოფილონი დარჩნენ და იან იანის წინააღმდეგ ინტრიგები
ჩახლართეს. სასახლის კარის ერთ-ერთმა დიდმოხელემ - ლუ ცი-მ მოახერხა, რომ პირველი მინისტრი
თანამდებობიდან გადაეყენებინა და რეფორმებიდან ერთი წლის თავზე, 781 წელს, სხვადასხვა
სახელმწიფოებრივი დანაშაულებები დაებრალებინა მისთვის, რის საფუძველზეც რეფორმატორი
სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, მისი რეფორმები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მის
მიერ დადგენილი წესები მინის დინასტიის ბოლომდე მოქმედებდა (მინის დინასტია დაემხო 1644 წელს).
გლეხთა 874-901 წლების ომი. ეს ის აჯანყებაა, რომელმაც თანგის დინასტიას ბოლო მოუღო. გლეხთა ომი
მორიგი ამბოხით დაიწყო, მაგრამ მალე საყოველთაო ომში გადაიზარდა. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა
მარილით მოვაჭრე ვან სიან ჭი. ჯერ ცალკეული გამოსვლები დაიწყო, მაგრამ როდესაც პროტესტმა
მასშტაბური სახე მიიღო, ვან სიან ჭი 3000 კაციანი ჯარით სათავეში ჩაუდგა აჯანყებულ ხალხს და
სხვადასხვა ოლქებში ამბოხებულებიც შემოიერთა.
876 წელს ლოიანს მიადგნენ. ცეტრალური ხელისუფლება მოლაპარაკების გზას დაადგა და ამგვარად
შეეცადა აჯანყებულთა დაშოშმინებას, თან ათასგვარ წინადადებას სთავაზობდა, რომ მათსი განხეთქილება
ჩამოეგდო, რასაც მიაღწია კიდეც. ორი წლის შემდეგ - 878 წელს ვან სიან ჭის ლაშქარი დამარცხდა, თავად კი
ტყვედ ჩავარდა და დანარჩენებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.
ხუან ჩაო-ს აჯანყება. ხელისუფლების მიერ ვან სიან ჭი-ს განეიტრალების შემდეგ ჯარი მიმოიფანტა, მაგრამ
დარჩენილებს თავი მოუყარა და სათავეში ჩაუდგა ახალი ლიდერი - ხუან ჩაო. ეს ფაქტი ისტორიაში ხუან
ჩაოს აჯანყების სახელითაა ცნობილი. ხანგრძლივი მზადების შედეგად მან ნახევარმილიონიანი არმია
შექმნა და 879 წელს პროვინცია ვანჭოუში შეიჭრა, მაგრამ მალე იქ მალარიამ იფეთქა და ბევრი ჯარისკაციც
იმსხვერპლა. ცოცხალი ვინც გადარჩა, სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია და გამობრუნდა.
880 წელს ხუან ჩაოს ლაშქარმა ლოიანი აიღო, 881 წელს კი - დედაქალაქი ჩანგანი. ხუან ჩაომ თავი
იმპერატორად გამოაცხადა და ყველას აუწყა ახალი დინასტიის „ცი“ს დაარსება. იგი იყო შანდუნიდან,
პროვინცია ცი-დან და მის საპატივცემულოდ დაარქვა. გამარჯვებულები არისტოკრატებისა და
საიმპერატორო სასახლეებს შეესივნენ, გაძარცვეს, გადაწვეს და გაანადგურეს. ნადავლი მიითვისეს, თუმცა
ალაფი ღარიბებსა და მეომართა შორის ნაწილდებოდა.
გადმოცემით, ხუან ჩაო ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაუფლებია წერა-კითხვას და ლექსის შექმნის
ხელოვნებას, კარგი მეომარიც იყო - საბრძოლო ხელოვნებას ფლობდა, ხმალს ბრწყინვალედ იყენებდა და
გაჭენებული ცხენიდანაც კი უბადლოდ ისროდა მშვილდ-ისარს.
ვინაიდან ახალ ხელისუფლებას სახელმწიფო მმართველობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა, არც
მოქმედების სტრატეგია ქონიათ შემუშავებული და არც მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნებისა
გაეგებოდათ რამე. ხუან ჩაოს ამბოხება სტიქიური აჯანყება იყო სტიქიურადვე მიმდინარე პროცესებითა და
შედეგით, ხოლო სახელმწიფოს მართვას კი სხვა ცოდნა და გამოცდილება ჭირდებოდა, რაც ამ ახალ ძალას
არ გააჩნდა. ეს სიტუაცია დევნილმა ხელისუფლებამ მახვილგონივრულად გამოიყენა და
კონტრშეტევისთვის მზადება დაიწყო, რაც 881 წელს განახორციელა კიდეც. საშინელი, სისხლისმღვრელი
ბრძოლა გაჩაღდა. რამოდენიმე წლის სემდეგ, როდესაც ხუან ჩაო ჩიხში მოექცა და გამოუვალი მდგომარეობა
გააცნობიერა, 884 წელს თავი მოიკლა. ამის მიუხედავად, მისი არმიის ნარჩენი რაზმები სხვადასხვა
რეგიონში მოქმედებებს მაინც აგრძელებდნენ. 901 წელს გლეხთა ომი აჯანყებულთა მარცხით დასრულდა.
ამ ხანგრძლივმა გამოსვლამ ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი როლი შეასრულა თანგის დინასტიის
დამხობაში. 901- 907 წლებში ქვეყანაში სრული ქაოსი სუფევდა. 907 წელს იწყება პერიოდი, რომელსაც 5
დინასტიისა და 10 სამეფოს პერიოდი ეწოდება (960 წლამდე).

You might also like