You are on page 1of 9

რომის სამეფოს დაარსება

ქალაქი რომი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსდა მდინარე ტიბრის ნაპირზე,


პალატინის ბორცვზე. მის დაარსებას უკავშირებენ რომის
ლეგენდარულ პირველ მეფეს რომულუსს.
ლეგენდის თანახმად ტყუპები რომულუსი და რემუსი დედის მხრიდან
იყვნენ ტროადან გამოქცეული გმირი ენეასის ჩამომავლები, ხოლო
მათი მამა ომის ღმერთი მარსი იყო. ქალაქის აშენების დროს რემუსსა
და რომულუსს უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც ამ უკანასკნელმა
რემუსი მოკლა და მარტო დაასრულა ქალაქის მშენებლობა.
დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ეს ძვ. წ. 753 წელს მოხდა.
ახალ ქალაქში რომულუსთან ყველა რჯულის მაწანწალა შეიკრიბა,
ვისაც შეეძლო საკუთარი მამის დასახელება, ისინი პატრიციუსები
(დიდგვაროვნები) გახდნენ, ვინც არ იცოდა თავისი წარმომავლობა კი
— პლებეები.
ქალაქის გასამტკიცებლად რომულუსმა არაერთი ეტრუსკული
ქალაქი დაანგრია, მათი გადარჩენილი მოსახლეობა კი რომში
გამორეკა. ლეგენდის მიხედვით, რომულუსის გარდაცვალებისას,
რომი ძლიერი და მდიდარი ქალაქი იყო. რომის მონარქიის პერიოდის
შესახებ ზუსტი ისტორიული ცნობები ძალიან მწირია, ამიტომ მისი
დაარსების შესახებ ძირითადად ლეგენდებს იშველიებენ.
უძველესი რომის მოსახლეობა იყოფებოდა 300 გვარად, ყოველი 10
გვარი გაერთიანებული იყო კურიად, ხოლო 10 კურია — ტრიბად.
ამგვარად სულ 3 ტრიბი იყო.
რომის სამეფოს
სახელმწიფო წყობა
ამ ეტაპზე რომის ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში მეფე ედგა, მაგრამ მეფე არ იყო ერთპიროვნული მმართველი. საკანონმდებლო ორგანოებს
წარმოადგენდა რომის სენატი და სახალხო კრებები. კრებებზე ხმის უფლება მხოლოდ რომის მოქალაქეებს ჰქონდათ. მოქალაქე უნდა
ყოფილიყო რომაული 300 გვარიდან ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელი. კრებებზე ხდებოდა კანონების მიღება, მეფეების არჩევა, რელიგიური
საკითხების განხილვა, სასამართლოები და ა.შ.
სენატი თავდაპირველად წარმოადგენდა უხუცესთა საბჭოს, სადაც ყოველი გვარის უხუცესი წევრები შედიოდნენ. რომის ისტორიის
განმავლობაში სენატი იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო.
ამ პერიოდის რომში უკვე არსებობდა მონათმფლობელობა, მაგრამ მას ჯერ პატრიარქალური ხასიათი ჰქონდა და მონები ძირითადად სახლის
სამუშაოებისთვის გამოიყენებოდნენ.
როგორც წესი, მეფეების არჩევა რომში ხდებოდა ერთი ოჯახიდან, მაგრამ ეს არ იყო აუცილებელი. მაგალითად ნუმა პომპილიუსი და ლუციუს
ტარკვინიუს პრისკუსი საერთოდ არ იყვნენ რომაელები. მეფის არჩევა ხდებოდა სახალხო კრებაზე, შემდეგ არჩეულ კანდიდატს უგზავნიდნენ
ელჩებს (ნუმა პომპილიუსი). მეფე იყო ასევე მთავარი მხედართმთავარიც და უზენაესი ქურუმი.
რომაელი ახალგაზრდები სრულწლოვანები 14-17 ასაკში ხდებოდნენ, ამ დროს ხდებოდა toga praetexta-ს toga virilis-ით შეცვლა. ამ ასაკიდან მათ
ჰქონდათ სახალხო კრებებში მონაწილეობის უფლება. 60 წელს მიღწეული პირები კი რომში განიხილებოდნენ როგორც უხუცესები.
ქონებრივი ცენზის მიხედვით რომაელების კლასებად დაყოფა სერვიუს ტულიუსის რეფორმის შედეგად მოხდა. ქალაქის ტერიტორია გაიყო ოთხ
ტრიბად, ეს ტრიბები ძველ რომაულ ტრიბებთან კავშირში აღარ იყო, მოსახლეობაც დაიყო ამ 4 ტრიბად. ამის გარდა მოხდა მოსახლეობის
ქონებრივი ცენზის მიხედვით 5 კლასად დაყოფა:
1 კლასი - 100 ათას ასზე მეტი.
2 კლასი - 75 ათას ასი.
3 კლასი - 50 ათასი ასი.
4 კლასი - 25 ათასი ასი.
5 კლასი - 12.5 ათასი ასი.
ხოლო უღარიბესი მოსახლეობა კლას გარეთ დარჩა, მათ პროლეტარები ეწოდათ. ამ რეფორმას სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჯარში
კლასების მიხედით იყვანდნენ ხალხს.
ბოლო მეფე და რომის სამეფოს დასასრული

სერვიუს ტულისის ვერაგი მკვლელობის შემდეგ გამეფდა ლუციუს


ტარკვინიუს სუპერბუსი. იგი დესპოტური და უსამართლო მმართველი იყო,
სენატის და ხალხის აზრს სრულიად არ ითვალისწინებდა. იგი არ იყო ცუდი
მხედარმთავარი, მაგრამ მისი სამხედრო გეგმებიც ისეთივე ვერაგული იყო
როგორც მისი ხასიათი. ქალაქ გაბიასთან ომში მან საკუთარი შვილი, სექსტ
ტარკვინიუსი, გაგზავნა მტრის ბანაკში, ვითომ და ახალგაზრდა სექსტი მამას
გაექცა. გაბიელებმა დაიჯერეს ეს ამბავი და კარგად მიიღეს სექსტი. მან
ინტრიგებით მოახერხა ყველაზე პატივსაცემი მოქალაქეების განდევნა, რის
შემდეგაც, რომაელებმა ქალაქი ადვილად დაიკავეს.
ერთ დღეს ლუციუსის სასახლეში შეცოცდა გველი, ამ ნიშნის განსამარტად
მან გაგზავნა დელფოს ორაკულთან თავისი შვილები და ძმისშვილი ლუციუს
იუნიუსი, რომელსაც „ბრუტუსს“ (სულელს) უწოდებდნენ. ორაკულმა მათ
უწინასწარმეტყველა, რომ რომში უზენაეს ძალაუფლებას ის მიიღებს, ვინც
პირველი აკოცებს დედას. ტარკვინიუსებმა ეს პირდაპირი მნიშვნელობით
გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა რომ დედაში მიწა იგულისხმებოდა და აკოცა
მიწას.
სექსტ ტარკვინიუსის უზნეობა იქამდე მივიდა, რომ მან გააუპატიურა ერთ-
ერთი მხედართმთავრის ცოლი, პატივცემული და დიდგვაროვანი ქალი.
ცოლმა ეს ამბავი უამბო თავის მეუღლეს ბრუტუსის თანდასწრებით და თავი
მოიკლა. ამ ამბავმა რომაელი ხალხი აღაშფოთა და მათ აჯანყება მოაწყეს,
რომელსაც სათავეში ბრუტუსი ჩაუდგა. ამის შემდეგ ტარკვინიუსი
იძულებული გახდა ეტრურიაში გაქცეულიყო.
ასე დაემხო რომში მეფეების მართველობა. ამის შემდეგ დიდი ხანი
რომაელი ხალხისთვის მეფის მმართველობაზე საძულველი და
დამამცირებელი ალბათ არაფერი იყო.
რომის რესპუბლიკა
რომის რესპუბლიკა (ლათ. Res Publica Romanorum) — ფაზა ძველი რომის
ცივილიზაციაში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მმართველობის
რესპუბლიკური ფორმა. ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 510 წელს მონარქიის
გადაგდებით და იარსება სანამ სამოქალაქო ომების სერიების შედეგად
იმპერიად გარდაიქმნებოდა. იმპერიად გარდასახვის ზუსტი თარიღი ზოგიერთ
მოვლენათა ინტერპრეტაციის საკითხია, რომელთა შორის მოიაზრება იულიუს
კეისარის მუდმივ დიქტატორად დანიშვნის (ძვ. წ. 44) თარიღი, აქციუმის ბრძოლა
(ძვ. წ. 31) და რომის სენატის მიერ ოქტავიანესთვის „ავგუსტუსის“ ტიტულის
მინიჭება (ძვ. წ. 27).
სახელმწიფო წყობა
მონარქიის დამხობის შემდეგ რომში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა. რომის მოქალაქეები იყოფოდა პატრიციებად და პლებეებად.
რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში ეს გაყოფა ალბათ ქონებრივ ცენზთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში პატრიციები
პლებეებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ სასულიერო იერარქიაში ჰქონდათ მაღალი ადგილების დაკავების უფლება.
რომის მოქალაქეობა დაპყრობილი ერების მართვის და მათგან გამიჯვნის ინსტრუმენტი იყო. არსებობდა მოქალაქეობის რამდენიმე დონე
(ასევე არსებობდა ლათინური მოქალაქეობაც).
რომაელი მოქალაქის ტანსაცმელი — ტოგა. მისი ტარების უფლება მხოლოდ მოქალაქეს ჰქონდა.
რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში კრებები (კომიციები) უწინდებურად ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს, არსებობდა კრებების რამდენიმე
სახე: კურიების კრება, ცენტურიების კრება, ტრიბების კრება, პლებეების კრება და უზენაესი ორგანო იყო სენატი. ეს კრებები შესაბამისს
საკითხებს წყვეტდნენ, მათში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი კლასის ან გვარის სრულწლოვან მოქალაქეს. ქალებს რომში
მოქალაქეობის უფლება არ ჰქონდათ. ამ კრებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო პლებეების
კრება და სენატი. კურიების კრებების ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასზე ხდებოდა სენატორების არჩევა და სასამართლოები.
მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყოველ ზემოხსენებულ კრებას თავისი მაგისტრუსები ჰყავდა.
მაგისტრატუსის წოდება ძალიან საპატიოდ ითვლებოდა, მათ უანგაროდ უნდა შეესრულებინათ დაკისრებული საქმე და ხშირად ამისთვის
პირადი სახსრების გამოყენება სჭირდებოდათ, მაგისტრები ხელშეუხლებელნი იყვნენ.
რომში არჩევა თანამდებობებზე ერთი წლის ვადით ხდებოდა და მიღებული იყო ერთ თანამდებობაზე ორი პიროვნების არჩევა. მაგალითად
უმაღლეს თანამდებობას კონსულობას ყოველთვის ორი ადამიანი იკავებდა, რომლიდანაც ერთ-ერთს ყოველთვის შეეძლო მეორეს
მოქმედებებზე ვეტოს დადება. იგივე პრინციპით ხდებოდა არმიის მართვაც. ხოლო უფრო დაბალ თანამდებობებზე ხდებოდა კიდევ უფრო
მეტი ადამიანის არჩევა.
გამონაკლისს წარმოადგენდნენ დიქტატორები და ცენზორები. დიქტატორებს ირჩევდნენ საგანგებო საომარ მდგომარეობაში 6 თვის ვადით,
რომლის დროსაც იგი ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს. ხოლო ცენზორების არჩევა ხდებოდა 5 წელიწადში ერთხელ 18 თვის
ვადით.
რესპუბლიკის პერიოდში სენატი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. სენატორები იყვნენ ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და წარჩინებული
გვარების წარმომადგენლები, როგორც წესი, ესენი ყოფილი მაგისტრუსები იყვნენ.
იულიუს კეისარი და პირველი ტრიუმვირატი
ძვ წ. 70-იანი წლებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა პოპულარების ახალი ლიდერი გაიუს იულიუს კეისარი. იგი მარიუსს
ენათესავებოდა, ხოლო მისი მეუღლე ცინას ოჯახიდან იყო, ამგვარად კეისარი მარიუსის რეფორმების აქტიური მხარდამჭერი იყო. მისმა
პოპულარობამ იმდენად იმატა, რომ გნეუს პომპეუსი მის მხარეს გადავიდა.
ძვ. წ. 70 წელს პომპეუსი და მარკუს კრასუსი აირჩიეს კონსულებად. მათ დაუბრუნეს სახალხო ტრიბუნებს უწინდებური ძალაუფლება და
აღადგინეს სულამდელი სასამართლოები. მიუხედავად თანაკონსულობისა, კრასუსი და პომპეუსი ერთმანეთის მტრები იყვნენ.
ამ დროს ხმელთაშუა ზღვაში პირატობა ძალიან მომძლავრებული იყო. ეს რომის ვაჭრობას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
პომპეუსს მიენიჭა სპეციალური უფლებამოსილება რათა გაენადგურებინა პირატები. სამ თვეში იგი წარმატებით გაუმკლავდა ამ ამოცანას.
ძვ. წ. 73 წელს მითრიდატე პონტოელთან მესამე ომი დაიწყო. იგი შეიჭრა რომაულ მცირე აზიაში, მაგრამ ამ უკანასკნელებმა ლუციუს
ლუკულუსის მხედართმთავრობით განდევნეს მითრიდატე, შეიჭრნენ პონტოში და წაართვეს მას ტერიტორიები. მითრიდატე გაიქცა
პონტოდან და თავი სომხეთს შეაფარა. ძვ. წ. 69 წელს კი დაიწყო საომარი მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ, მაგრამ მითრიდატემ
დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ პომპეუსის მეთაურობით რომის ჯარებმა დაამარცხეს მითრიდატე, რომელმაც ამჯერად თავი კოლხეთის
სამეფოს შეაფარა. მალე იგი ისევ დაბრუნდა პონტოში, მაგრამ იქ მის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ძვ. წ. 63 წელს მითრიდატემ მოიკლა თავი.
პომპეუს მაგნუსი
პომპეუსი კი მითრიდატეს დამარცხების შემდეგ გაემართა სირიისა და იერუსალიმისკენ, რომლებიც მან შემოუერთა რომის იმპერიას.
პომპეუსი იმპერიის აღმოსავლეთ ოლქებში სრული ძალაუფლებით სარგებლობდა, იგი თვითონ ნიშნავდა მეფეებს, არეგულირებდა
ოლქებს შორის ურთიერთობებს და ა.შ. რომის შემოსავალიც საგრძნობლად გაიზარდა ამ ომების შემდეგ, პომპეუსი კი სახელმწიფოსი
ყველაზე გავლენიანი პირი გახდა. როდესაც იგი რომში დაბრუნდა, ელოდნენ რომ იგი სულას პოლიტიკას გააგრძელებდა, მაგრამ მან არ
სცადა ძალაუფლების ანალოგიური მეთოდით მოპოვება.
ეს არ აწყობდათ გაძლიერებულ პოპულარებს, რომლის ლიდერებიც კეისარი და კრასუსი იყვნენ. ოპტიმალების ლიდერი ამ დროისთვის
გახდა მარკუს ტულიუს ციცერონი, მას დაუპირისპირდა ლუციუს სერგიუს კატილინა, რომელიც ოდესღაც სულას მომხრე იყო, მაგრამ ახლა
სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა მოსახლეობის უღარიბეს ფენაზე დაყრდნობით. ციცერონმა შეძლო ამ აჯანყების წინასწარ
ჩახშობა, რის შემდეგაც კატილინა რომიდან გაიქცა.
პომპეუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში. მას აღმოსავლეთში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რომ სენატს დაემტკიცებინა მის
მიერ იქ გატარებული ღონისძიებები, მაგრამ სენატს არ სურდა მისი გავლენის გაძლიერება. ამავე პერიოდში ესპანეთიდან დაბრუნდა
კეისარი, რომელიც აპირებდა 59 წლის არჩევნებში კონსულობის მოპოვებას. ამრიგად, შეიქმნა არაფორმალური ალიანსი, რომელიც
ისტორიაში პირველი ტრიუმვიტარის სახელით შევიდა. კავშირის გასამყარებლად კეისარმა პომპეუსს საკუთარი ქალიშვილი შერთო
ცოლად.
კონსულობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრიუმვირებმა მოახერხეს შემდეგ ვადაზე თავისი ხალხი გაეყვანათ კონსულებად, ხოლო კეისარმა
5 წლით მიიღო გალიაში მმართველობა, ეს მას ჯარის შეკრების უფლებას აძლებდა. ახალ ადგილას კეისარმა დაიწყო რომის ძალაუფლების
გამაგრება. ეს პერიოდი ისტორიაში გალური ომების სახელწოდებით არის ცნობილი. რომში დაძაბულობა მაინც გრძელდებოდა. ძვ. წ. 56
წელს ტრიუმვირები შეიკრიბნენ ქალაქ ლუკაში, აქ მოილაპარაკეს რომ კრასუსი და პომპეუსი ისევ უნდა გამხდარიყვნენ, რის შემდეგაც
პომპეუსს უნდა მიეღო მმართველობა ესპანეთსა და აფრიკაში, მას ლეგატების მეშვეობით უნდა ემართა, თვითონ კი რომში დარჩენილიყო,
ხოლო კრასუსს უნდა მიეღო აღმოსავლეთი და პართიის წინააღმდეგ ომისთვის დაეწყო მზადება.
კეისარის უფლებამოსილება გალიაში კიდევ 5 წლით გაუგრძელდა. მან გალია რომის პროვინციათ გამოაცხადა, გერმანული ტომები რეინს
იქით გაყარა და გაილაშქრა ბრიტანეთისკენ.
იულიუს კეისარი
კეისარის დიქტატურა და მკვლელობა
ერთპიროვნული მმართველობის მიღების შემდეგ, კეისარმა უხეშად და
უპრეცედენტოდ დაარღვია რესპუბლიკური ტრადიციები, 45 წელს მან
საკუთარი თავს 10 წლიანი დიქტატურა და ცენზორის ძალაუფლება მიანიჭა.
კეისარის დიქტატურის დროს მოხდა პროვინციების მმართველობის
სისტემის შეცვლა და ფართო კოლონიზაცია. მან უხვად დაურიგა
პროვინციებში თავის მომხრეებს რომაული და ლათინური მოქალაქეობა. მან
გაზარდა სენატორთა რაოდენობა 900-მდე და შექმნა ახალი
მაგისტრატურები. კეისარს Pater Patriae (ქვეყნის მამა) უწოდეს. კეისარმა
საგრძნობლად შეზღუდა სენატის პოლიტიკური ძალაუფლება, რითაც მათი
უკმაყოფილება გამოიწვია. მან პართიის წინააღმდეგ ლაშქრობის მზადება
დაიწყო, რაც წარმატების შემთხვევაში მის პოპულარობას და გავლენას
კიდევ უფრო გაზრდიდა. სენატორებს ეშინოდათ რომ კეისარი მათ
აიძულებდა მის მეფედ აღიარებას. კეისარმა ასევე მოახდინა კალენდრის
რეფორმა და მთვარის კალენდარი მზის კალენდრით შეცვალა, რომელსაც
იულიანური კალენდარი ეწოდა და მხოლოდ XVI საუკუნეში შეიცვალა
გრიგორიანული კალენდრით, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია მას
აქამდე იყენებს.
უკმაყოფილო სენატორების 60 კაციანი ჯგუფი გაერთიანდა გაიუს კასიუს
ლონგინუსისა და მარკუს იუნიუს ბრუტუსის გარშემო. მათ მოაწყეს
შეთქმულება რესპუბლიკის გადასარჩენად, რომელიც ძვ. წ. 44 წლის 15
მარტს სენატში კეისარის მკვლელობით დასრულდა.
მეორე ტრიუმვირატი — ოქტავიანე
კეისარის სიკვდილის შემდეგ კონსული მარკუს ანტონიუსი გამოვიდა სენატის წინაშე და განუმარტა, რომ კეისარის ტირანად ცნობა
გამოიწვევდა მისი ყველა განკარგულების გაუქმებას, რაც სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებს იქონიებდა, ციცერონმა კი სენატს
კომპრომისული გადაწყვეტილება შესთავაზა — კეისარი ტირანად არ გამოეცხადებინათ, მაგრამ არც მისი მკვლელები დაესაჯათ.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, კასიუსს და ბრუტუსს საბერძნეთში მოუწიათ გაქცევა, რადგან რომაელებმა კეისარის დაკრძალვის
შემდეგ შეთქმულთა სახლების რბევა დაიწყეს.
ანტონიუსი კეისარის პრინციპებზე დაყრდნობით უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იკრეფდა, რითიც რესპუბლიკელების
უკმაყოფილება გამოიწვია. ამავდროულად, მას კეისარის მომხრეებიც განუდგნენ, ისინი ანტონიუსს კეისარის მკვლელებთან
თანამშრომლობაში დებდნენ ბრალს. მათი ახალი ლიდერი გახდა კეისარის დის შვილიშვილი 19 წლის ოქტავიანე, რომელსაც ასევე
ციცერონი აქტიურად უჭერდა მხარს.
თავიდან ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის უთანხმოება იყო, ანტონიუსი გალიაში წავიდა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან ერთად
ოქტავიანეს წინააღმდეგ ჯარების შეკრება დაიწყო. ძვ. წ. 43 წელს ოქტავიანემ დაამარცხა ანტონიუსი, მაგრამ ამის შემდეგ
სენატორებმა სცადეს ოქტავიანეს გვერდის ავლით უწინდელი ძალაუფლების აღდგენა. ამ მიზეზების გამო მან გაწყვიტა სენატსა და
ოპტიმალებთან კავშირი და იმავე წლის ოქტომბერში, ქალაქ ბონინში შეხვდა ანტონიუსს და ლეპიდუსს, სადაც მათ ხელშეკრულება
დადეს. ეს კავშირი ისტორიაში მეორე ტრიუმვირატის სახელით შევიდა.
ოქტავიან ავგუსტუსი, ბრინჯაოს ქანდაკება ათენის არქეოლოგიის მუზეუმიდან
ტრიუმვირებმა გაიყვეს დასავლეთ პროვინციები და განიზრახეს კასიუსის და ბრუტუსის წინააღმდეგ ომის დაწყება. რომში
დაბრუნებისთანავე მათ დაიმტკიცეს აღებული უფლებამოსილებები და გამოაცხადეს პროსკრიპციები. პროსკრიპციულ სიებში
პირველი ადგილი ციცერონმა დაიკავა, ამ სიებში ასევე შევიდნენ კეისარის მოწინააღმდეგეები და ტრიუმვირების მტრები.
ანტონიუსის ჯარი რესპუბლიკელების არმიას, რომელსაც სათავეში ბრუტუსი და კასიუსი უდგნენ, მაკედონიის ქალაქ ფილიპიასთან
შეხვდა. ძვ. წ. 42 წლის 23 ოქტომბერს რესპუბლიკელები დამარცხდნენ და ბრუტუსმა და კასიუსმა თავი მოიკლეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ტრიუმვირებმა თავიდან გაიყვეს პროვინციები, ლეპიდუსი წავიდა აფრიკაში და მალევე ჩამოშორდა
პოლიტიკას, ოქტავიანე დაბრუნდა რომში, ხოლო ანტონიუსი წავიდა აღმოსავლეთისკენ. კილიკიაში იგი კლეოპატრას შეხვდა,
რომელსაც სურდა რომის ახალ მმართველობასთანაც გაეგრძელებინა ის ურთიერთობა რაც კეისართან ჰქონდა, თან ანტონიუსის
დახმარებით გაეფართოვებინა ეგვიპტე.
ძვ. წ. 40 წელს ანტონიუსმა და ოქტავიანემ ქალაქ ბრუნდისიუმში დადეს ახალი ხელშეკრულება, რომლის გასამყარებლად ანტონიუსმა
ოქტავიანეს და მოიყვანა ცოლად. ოქტავიანემ კი არისტოკრატიასთან დასაახლოვებლად მოიყვანა სახელგანთქმული არისტოკრატის
ლივიუს დრუზუსის შვილი და არანაკლებ წარჩინებული არისტოკრატის კლავდიუს ნერონის ყოფილი ცოლი ლივია. იგი ხალხს
დაპირდა რომ ანტონიუსის აღმოსავლეთიდან დაბრუნებისას ისინი გადადგებოდნენ თანამდებობებიდან და აღადგენდნენ
რესპუბლიკას.
ანტონიუსი ამ დროს პართიელებთან ომით იყო დაკავებული, რომელიც მან სამარცხვინოთ წააგო და წავიდა ევგიპტეში, სადაც,
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი, კლეოპატრაზე იქორწინა და აღმოსავლეთი პროვინციები მის შვილებს უძღვნა. მისმა
განქორწინებამ ოქტავიასთან და ანდერძის გამოქვეყნებამ, რომლითაც იგი ითხოვდა მის ალექსანდრიაში დაკრძალვას, რომში დიდი
უკმაყოფილება გამოიწვია და გააქარწყლა რომში მისი პოპულარობა. ანტონიუსსა და ოქტავიანს შორის კავშირი შეწყდა.
ოქტავიანე ფლოტით გაემართა ანტონიუსთან საომრად და ამ ომის პირველივე საზღვაო ბრძოლამ ძვ. წ. 31 წლის 2 სექტემბერს
აქციუმის კუნძულებთან განაპირობა ომის ბედი. ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტი მთლიანად განადგურდა. ძვ. წ. 30 წლის
ზაფხულში ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს. ოქტავიანემ ეგვიპტე შეუერთა რომის იმპერიას. ამით სამოქალაქო ომები
დასრულდა.
რესპუბლიკის დასასრული — იმპერიად გარდაქმნა
სამოქალაქო ომების დასრულების შემდეგ რომში უკვე აღარავინ აღარ დარჩა ვინც ოქტავიანეს წინ აღუდგებოდა. მან კი როგორც კეისარის
შვილობილმა მოიპოვა აბსოლუტური ძალაუფლება. რესპუბლიკური მართვის ინსტიტუტები არ მოშლილა, მაგრამ მათ უკვე აღარ ჰქონდათ
უწინდებური მნიშვნელობა. ოქტავიანემ „გაფილტრა“ სენატი და იგი თავისი მომხრეებით შეავსო. რომაელები ძალიან გადაიღალნენ
გაუთავებელი სამოქალაქო ომებით და ამიტომ წყნარად აღიქვეს ფაქტი რომ ძალაუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში იყო
კონცენტრირებული. ძვ. წ. 27 წელს სენატმა მას უბოძა ავგუსტუსის წოდება, რაც ლათინურად პატივცემულს ნიშნავს. ოქტავიანემ სიფრთხილის
გამო არ აიღო მეფის ტიტული, არამედ არჩია პირველი მოქალაქე princeps და იმპერატორი, ამ უკანასკნელი ტიტულით რომაელი ჯარისკაცები
გამარჯვებულ მხედართმთავრებს აჯილდოვებდნენ.
ასე დაიბადა რომის იმპერია რესპუბლიკის ნაცვლად. როდესაც ოქტავიანემ ტიბერიუსი გამოაცხადა თავის მემკვიდრედ, ყველამ გააცნობიერა
რომ რესპუბლიკის აღდგენის იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.
რესპუბლიკის ეპოქის დამთავრების მიზეზები ის იყო რომ რომის რესპუბლიკის სახელმწიფო აპარატი კარგად იყო მორგებული მხოლოდ ქალაქ-
სახელმწიფოზე, მაგრამ ძვ. წ. III-II საუკუნეებში სახელმწიფო იმდენად გაიზარდა და ამ ნიადაგზე მდგომარეობა იმდენად შეიცვალა რომ საჭრო
გახდა სეროიზული გარდაქმნები და ახალი, უფრო ძლიერი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა.
რესპუბლიკის პირობებში კი სრული ძალაუფლება არავის ხელში არ იყო. რეფორმების გატარების პირველი მცდელობები ძმები გრაკჰების მიერ
ი ტრაგიკულად დასრულდა. მათი მკვლელობის შემდეგ სახალხო კრებებზე და კენჭისყრებზე ძალადობა ჩოულებრივი მოვლენა გახდა. მარიუსი
სამხედრო რეფორმის შემდეგ კი შეიცვალა რომაული ლეგიონების მნიშვნელობაც. მარიუსისა და სულას დაპირისპირებამ კარგად აჩვენა რომ
ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმთავარს შეუძლია სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდება და იგი, ფაქტობრივად, სენატზე მაღლა იდგა. ამას
მოჰყვა სამოქალაქო ომების მთელი სერია, ჯერ მარიუსისა და სულას დაპირისპირება, რომლის დროსაც ხან ერთის ხან მეორეს მომხრეების
წინააღმდეგ ტარდებოდა რეპრესიები, კეისარსა და პომპეუსს შორის ომი, შემდეგ ოქტავიანესა და კეისარის მკვლელ რესპუბლიკელებს შორის
და ბოლოს ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის.
სამხედრო უპირატესობის მქონე პოლიტიკოსის ძალაუფლება კარგად გამოჩნდა კეისარის დიქტატის პერიოდშიც, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ
საკმაოდ იყვნენ ძველი რესპუბლიკური ტრადიციების მომხრეები. როდესაც ანტონიუსმა კეისარს მეფობა შესთავაზა და მან უარი თქვა,
რომაელები ამას სიხარულით შეეგებნენ. მაგრამ კეისარის მკვლელობისა და მთელი რიგი სამოქალაქო ომების შემდეგ, რომლებმაც რომაელი
ხალხი ძალიან გამოფიტა, საზოგადოება უფრო მშვიდად შეეგება იმ აზრს რომელიც სულ 30 წლის წინ მათთვის რთულად მისაღები იყო —
ძალაუფლების კონცენტრაცია მოხდა ერთი ადამიანის ხელში.
მიუხედავად ამისა, ოფიციალურად არც ოქტავიანე და არც მისი მემკვიდრეები არ აუქმებდნენ რესპუბლიკურ მაგისტრატურებს და არც საკუთარ
თავს უწოდებდნენ მეფეებს. იმ დროინდელი გამოთქმით, იმპერატორები მართავდნენ სენატთან და ხალხთან თანხმობაში.
ასე დასრულდა რომის ისტორიის კიდევ ერთი ეტაპი და დაიწყო იმპერიის ეპოქა.

You might also like