You are on page 1of 7

როგორ დაიწყო რომში კრიზისი?

იმპერატორ მარკუს ავრელიუსის სიკვდილით (150 წ.) სრულდება ე.წ ხუთი


იმპერატორის მმართველობის ოქროს ხანა, რომლის დროსაც 80 წელიწადზე მეტი
რომში აღმავლობისა და პოლიტიკური სტაბილურობის ეპოქა იდგა. რომში
პირველი პრობლემები ჯერ კიდევ მეორე საუკუნის მიწურულს, მარკუს ავრელიუსის
შვილის, კომოდუსის, მმართველობის პერიოდში დაიწყო. რომის იმპერატორები
ყოველთვის ახერხებდნენ ბალანსის პოვნას იმპერატორის ძალაუფლებასა და
სენატს შორის. კომოდუსმა ამ გზას გადაუხვია. მას პოპულისტური პოლიტიკა ჰქონდა
და აქცენტს ჯარებისა და ხალხის ფართო მასების გულის მოგებაზე აკეთებდა.
კომოდუსს არ უყვარდა სენატი და არ ენდობოდა მას. მან სპეციალური გადასახადი
დააწესა სენატორთა წოდებისათვის, სანაცვლოდ, ანაზღაურება მოუმატა
ჯარისკაცებს და გლადიატორთა თამაშების ორგანიზების გზით ცდილობდა
ხალხის ფართო მასების გულის მოგებას. კომუდუსის პოლიტიკის ცვლილება
ოფიციალურ წარწერებზეც აისახა. თუკი კომოდუსამდე მიღებული იყო ფორმულირება
სენატი და ხალხი რომისა“ (Seralus Populusque Romarus) კომუდუსმა ის შემდეგნაირად
შეცვალა – „ხალხი და სენატი რომისა“ (Populis Senatusque Romanus), რაც ხალხის
როლის ზრდასა და სენატის როლის დაკნინებაზე მიუთითებდა . კომოდუსს სურდა,
რომ შეუზღუდავი, სრული ძალაუფლება ჰქონოდა. გარდა ამისა, ის მეგალომანიით
იყო შეპყრობილი, ნახატებსა და ქანდაკებებზე მას ღვთაებრივი ძალაუფლებით
გამოსახავდნენ და ღმერთებს ადარებდნენ, აქცენტს აკეთებდნენ მის ფიზიკურ
ძალასა და გარეგნობაზე. ყველაზე ხშირად მას ჰერკულუსს ადარებდნენ, აქედან
გამომდინარე, კომოდუსი თავს იუპიტერის, რომაელთა მთავარი ღმერთის შვილად
მიიჩნევდა. რომაელებმა თითქმის სრულად გადმოიღეს ბერძნული რელიგიური
სისტემა, თუმცა ღმერთებს სახელები შეუცვალეს. ბერძნული ზევსი რომაული
იუპიტერი გახდა, ბერძნული ჰერაკლე – რომაული ჰერკულესი და ა.შ.

რომის იმპერატორებისთვის კომუდუსის მმართველობა სიახლე იყო. ის უფრო


ერთმმართეელობის აღმოსავლურ სტილს ჰგავდა. რომში იმპერატორები
ერიდებოდნენ საკუთარი თავის ღმერთებთან შედარებას, პირიქით, რაც უფრო მეტად
ჯდებოდა იმპერატორის ძალაუფლება კანონმდებლობისა და პოლიტიკური
ინსტიტუციების ჩარჩოში, მით უკეთეს იმპერატორად მიიჩნეოდა იგი. ავგუსტუსი ,
ვესპასიანე, ადრიანე და სხვა წარმატებული იმპერატორები რომს სწორედ ასე
მართავდნენ. 191 წელს რომი დიდმა ხანძარმა დააზიანა და გაანადგურა, რის
შემდეგაც კომოდუსმა გადაწყვიტა, ქალაქი ხელახლა გაეშენებინა და საკუთარი
თავი ახალ რომულუსად, ქალაქის ხელმეორედ დამაარსებლად გამოაცხადა.
კომოდუსმა რომს სახელად Colonia Lucia Anna Commodiana ანუ კომოდუსის კოლონია
უწოდა, თვეებს კი საკუთარი სახელებისა და მეტსახელების მიხედვით გადაარქვა
სახელები. მაგალითად, აპრილს კომოდუსი უწოდა, ხოლო ოქტომბერს „ინვიქტუსი“,
რაც ლათინურად დაუმარცხებელს ნიშნავს და კომოდუსის ოფიციალური მეტსახელი
იყო. კომოდუსს განსაკუთრებით უყვარდა გმირი და ღმერთი ჰერკულესი და ამიტომ
ხშირად გამოხატავდნენ ჰერკულესის მსგავსად, შემოცმული ლომის ტყავით.
ჰერკულესის წაბაძვით, მაჩნდა, რომ გარეულ ცხოველებთან ბრძოლა მისი საქმე იყო
და ამიტომ ხშირად თავადვე მონაწილეობდა გლადიატორთა თამაშებში, ხოცავდა
ცხოველებს და იმარჯვებდა ყველა ბრძოლაში, რადგან მოწინააღმდეგეები მას ,
უბრალოდ, ნებდებოდნენ. კომოდუსი ამტკიცებდა, რომ ერთდროულად იყო კონსული
ანუ რომისთვის უმაღლესი თანამდებობის პირი და გლადიატორი. კომუდუსის
მართვის სტილი, თამაშები და დიდი მშენებლობები რომის ხაზინას ძვირი უჯდებოდა .
კომოდუსი ცუდად ერკვეოდა პოლიტიკასა და ეკონომიკაში. თანხების მობილიზებას
იგი ძალადობის გზით ცდილობდა და ავიწროებდა შეძლებულ და გავლენიან
მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა კი სენატორებს, რათა მათი ქონება ჩაეგდო
ხელში. მისი მმართველობის პერიოდმა კიდევ ერთი ნიშენელოვანი პრობლემა
ინფლაცია მოუტანა რომს, რამაც შემდეგი ათწლეულების განმავლობაში რომის
კრიზისი განაპირობა. კომოდუსს სულ უფრო და უფრო მეტი თანხები სჭირდებოდა ,
ამიტომ სპეციალურად გააუფასურა რომაული ფული. დენარიუსი. ნერონის
მმართველობის შემდეგ – ბოლო 103 წელზე მეტ ხანში, ეს ყველაზე დიდი ინფლაცია
იყო.

კომოდუსი 192 წელს, 12-წლიანი მმართველობის შემდეგ მოკლეს. ის აბანოში


დაახრჩვეს ეს პოლიტიკური, შეკვეთილი მკვლელობა იყო. თითქმის 100 წლის
განმავლობაში რომი პოლიტიკური მკვლელობის მომსწრე არ ყოფილა
იმპერატორები საკუთარი სიკვდილით იხოცებოდნენ. კომოდუსის მკვლელობა
ახალი ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდა, რომლისთვისაც პოლიტიკური
შეთქმულებები და აჯანყებები სისტემატური მოვლენა გახდა. კომოდუსის
სიკვდილს პოლიტიკური არასტაბილურობა, არეულობები და ქაოსი მოჰყვა . 193 წელს
რომმა ხუთი იმპერატორი გამოიცალა. მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა
კანდიდატი ცდილობდა, იარაღისა და ჯარების დახმარებით გამხდარიყო
იმპერატორი. თითოეული მათგანი მხოლოდ რამდენიმე თვით ახერხებდა
ძალაუფლების მოპოვებას და შემდეგ ისევ კარგავდა მას. ისტორიკოსები 193 წელს
ხუთი იმპერატორის წელს უწოდებენ. ძალაუფლებისთვის ბრძოლა სეპტიმიუს
სევერუსის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც პროფესიონალი სამხედრო იყო და
მთელი ცხოვრება სამხედრო სამსახურში ჰქონდა გატარებული. იმჰერატორად იგი
ნორიკუმში, იმპერიის ჩრდილოეთით, თანამედროეე ავსტრიასა და სლოვენიაში
მდგარმა ლეგიონებმა გამოაცხადეს. რამდენიმე წლის განმავლობაში მას კვლავ
უწევდა შიდა ბრძოლები იმპერატორობის მსურველთა წნააღმდეგ, ეს ბრძოლები
მხოლოდ 197 წელს დასრულდა. სეპტიმიუს სევერუსს ესმოდა, რომ ძალაუფლება მას
ჯარებმა მოუტანეს, შესაბამისად ისიც სამხედრო დიქტატურის სტილში მართავდა
რომს. ძალაუფლების წყაროს მისთვის ჯარები წარმოადგენდა და ამიტომაც ყველა
გზით ცდილობდა ჯარისკაცების გულის მოგებას. მმართველობის დასაწყისშივე
სეპტიმიუს სევერუსმა რეპრესიები დაიწყო და გააძევა სამსახურიდან
პრეტორიანელები, რადგან ისინი სამოქალაქო დაპირისპირების დროს მის
პოლიტიკურ ოპონენტს უჭერდნენ მხარს. სანაცვლოდ მან ახალი პრეტორიანული ჯარი
შექმნა. 193/194 წლებში სეპტიმიუს სევერუსმა სპეციალური მონეტაც მოაჭრევინა იმ
ლეგიონის პატივსაცემად, რომელმაც მას ძალაუფლება მოუტანა. ყველაზე
მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მან ლეგიონერებს 50 -ით გაუზარდა გასამრჯელო 300
დენარიუსიდან 450-მდე. თავისი მმართველობის ათი წლისთავზე სეპტიმიუს სევერუსმა
სამხედროებს 50 მილიონი დენარიუსი დაურიგა, პარალელურად, იზრდებოდა
არამხოლოდ ჯარისკაცების ანაზღაურება, არამედ ჯარების რაოდენობაც 200
წლისთვის რომის ჯარმა 33 ლეგიონს მიაღწია. ეს აშკარა განაცხადი იყო, რომ
სეპტიმიუს სევერუსი ძალაუფლების მთავარ წყაროდ ჯარებს აღიქვამდა. თავისი
მმართველობის პერიოდში მას სენატთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და
სენატორების აზრს არ ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, ჯარისკაცთა შორის იყო
პოპულარული. ამავე დროს, მან მოითხოვა, რომ ღმერთად ეღიარებინათ პერტინაქსი
ხუთი იმპერატორის პერიოდის ერთ-ერთი მმართველი, თავად კი თავი მის
შვილად გამოაცხადა. ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა იმპერიისთვის ძალიან საზიანო
იყო. ჯარების შენახვა მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფო ხაზინას. სეპტიმიუს სევერუსმაც
კომოდუსის ეკონომიკური პოლიტიკა განაგრძო, გააუფასურა ფული. ანუ ფულში
სპილენძი უფრო მეტი იყო, ვიდრე ვერცხლი. 197 წლიდან მოყოლებული, სეპტიმიუს
სევერუს სახელმწიფო ხარჯებისთვის ხშირად მიმართავდა კონფისკაციასა და
ქონების ჩამორთმევას შეძლებული და გავლენიანი მოქალაქეების, უპირველეს
ყოვლისა, სენატორების წინააღმდეგ. ეს პოლიტიკა სეპტიმიუს სევერუსის
მემკვიდრეების პერიოდშიც გაგრძელდა. მისმა შვილმა კარაკალამ 212 წელს კიდევ
50 პროცენტით გაუზარდა ჯარისკაცებს გასამრჯელო, რის შედეგადაც ხაზინას ჯარის
შენახვა იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა 70 მილიონი დენარიუსი უჯდებოდა.

ვინ იყვნენ კოლონები და კურიალები?

გვიანდელ იმპერიაში კურიალები ეწოდებოდათ ვაჭრებს, საქმოსნებსა და


საშუალო მიწისმფლობელებს, რომელთაც სახელმწიფო მშენებლობებში
მონაწილეობა და ღონისძიებებისთვის შემოწირულებების გაღება ევალებოდათ.
თავდაპირველად ამ წოდებაში ყოფნა ძალიან პრესტიჟულად მიიჩნეოდა და
შემოწირულებებიც, უმეტესად, ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ის
სავალდებულო გახდა, გაიზარდა სახელმწიფოს ზეწოლა და ეკონომიკური
პრობლემები დაიწყო, ბევრი ცდილობდა, რომ ამ მოვალეობასა და სტატუსზე უარი
ეთქვა. კურიალები ანუ სავაჭრო კლასი ცდილობდა, სახელწიფო ბიუროკატიის ან
ჯარის ნაწილად ქცეულიყო. რომის კრიზისის გამოძახილი იყო ისიც, რომ
კოლონუსები ანუ თავისუფალი მიწათმოქმედები, რომლებიც დიდი ფართობის მიწის
მფლობელების მიწას ამუშავებდნენ და სანაცვლოდ მფლობელებს მოსავლის ნაწილს
უხდიდნენ, კრიზისისა და ამით გამოწვეული ვალების გამო ფაქტობრივად კარგავდნენ
თავისუფლებას და სრულად ექცეოდნენ მიწის მსხვილი მფლობელების ხელში.
გარდა ამისა, კარაკალა, წინამორბედების მსგავსად, დიდ, საზოგადო მშენებლობებზე
მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა და ცდილობდა, ასე მოეგო პლებეების, უბრალო
მოქალაქეების გული. მის მიერ აშენებული აბანოების სისტემა, ე.წ. თერმები
დღემდე რომის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ინფლაციისა და
ფინანსური პრობლემების გამო მან ახალი ფულის ერთეული – ანტონინიანუსი
შემოიღო, რომელიც ორ დენარიუსს უდრიდა. ძალადობა და პოლიტიკური
მკვლელობები კარაკალას მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდა. მამამისის
მსგავსად, ისიც ავიწროებდა პოლიტიკურ ოპონენტებს და მისთვის არასასურველ
პირებს; ხშირი იყო ქონების ჩამორთმევა. მანვე მოკლა თავისი ძმა, გეტა, რომელიც
ძალაუფლებაში ეცილებოდა, თავად კარაკალაც პოლიტიკური მკვლელობის
მსხვერპლი გახდა, იგი პართიაში ლაშქრობის დროს პრეტორიანელებმა მოკლეს .

სევერუსების მმართველობის პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო ქალების


გავლენის ზრდა რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგალითად იულია დომნა
იმპერიის მართვაში სრულად იყო ჩართული და რადგანაც იგი თავის ქმარს
სეპტიმიუს სევერუსს ლაშქრობებშიც თან ახლდა, მეტსახელად „ბანაკების დედას
– mater castrorum-ს“ უწოდებდნენ. ის თავის ქმარზე 25 წლით უმცროსი იყო და სეპტუმიუს
სევერუსის სიკვდილის შემდეგ თავისი შვილის, კარაკალას მმართველობის
პერიოდში იულია დომნას გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. კარაკალა
სახელმწიფოს მმართველობაში სრულფასოვნად არ მონაწილეობდა , იულია დომნა
დადიოდა პროვინციებში, სამხედრო ბანაკებში და დიდწილად სწორედ იგი
მართავდა იმპერიას. კარაკალას სიკვდილის შემდეგ მისმა დამ, იულია მესამ,
(სევერუსის ცოლის და იყო) თავისი შვილიშვილი ჰელიოგაბალი
(ჰელიოგაბალუსი) აიყვანა ტახტზე, თანაც ისე, რომ რეალურად თავად მართავდა
იმპერიას და ყველაზე გავლენიან პირად მიიჩნეოდა. რომში იტალიური და
ტრადიციულ-რომაული კულტურული ელემენტი სულ უფრო მცირდებოდა,
სამაგიეროდ იზრდებოდა პროვინციული წარმოშობის სენატორების რაოდენობა .
212 წელს კარაკალამ ბრძანებით, რომელიც ისტორიაში „კარაკალას ედიქტის“
სახელით არის შესული, იმპერიაში ყველა თავისუფალ ადამიანს რომის
მოქალაქეობა მიანიჭა. მანამდე, საუკუნეების განმავლობაში პროვინციების
მცხოვრებლებისთვის რომის მოქალაქეობის მიღება უკიდურესად ძნელი იყო.
სევერუსების გვარი მათთვის მშობლიურ აღმოსავლეთის პროვინციებს
მფარველობდა , სეპტიმიუს სევერუსმა ავგუსტუსის მიერ გაუქმებული
თვითმმართველობა აღუდგინა ალექსანდრიას და სხვა ეგვიპტურ ქალაქებს.
ზოგადად, ამ პერიოდში ძლიერდება რომის აღმოსავლური პროვინციები . რომის
აღმოსავლური პროვინციები სავაჭრო გზებით უკიდურეს აღმოსავლეთს ჩინეთამდე
უკავშირდებოდნენ და ქმნიდნენ სავაჭრო კომუნიკაციების სისტემას, რომელიც
აბრეშუმის გზის სახელით არის ცნობილი. ჰელიოგაბალმა, რომელიც კარაკალას
შემდეგ სულ რამდენიმე წელი მართავდა რომს და სრულიად შეუფერებელი იყო
იქაური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, რომში აღმოსავლური
კულტები შემოიტანა და სურდა, მისთვის პატივი აღმოსავლელი მონარქებისთვის
დამახასიათებელ სტილში მიეგოთ ძირს განრთხმით და მიწაზე კოცნით.
მაგალითად მანამდე კარაკალამ აუგო ტაძარი ღმერთ სარაპისს, ბერძნულ-
ეგვიპტურ მზის ღვთაებას. ჰელიოგაბალი არაბული წარმოშობისა იყო, სირიის
ქალაქ ედესიდან. ის ბავშობიდანვე მზის ღმერთ ელაგაბალის ქურუმი იყო და
როდესაც სრულიად ახალგაზრდა ასაკში ძალიან გავლენიანმა იულია მესამ,
იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის ცოლის დამ, იგი იმპერატორად აქცია , მან რომში
შავი ქვა, სავარაუდოდ, მეტეორის ნაშთი ჩამოიტანა და ღმერთად გამოაცხადა.
რომაულ საზოგადოებაში შეუწყნარებლობას იჩენდნენ ქრისტიანებისა და
ებრაელების მიმართ. მესამე საუკუნეში რომაული კრიზისის ეპოქის ერთ-ერთი
მთავარი მახასიათებელი სწორედ შიდა საზოგადოებრივი განხეთქილებაა
ქრისტიანებსა და რომაულ მმართველობას შორის.

შიდა პრობლემების მიუხედავად, მეორე საუკუნის მიწურულს და მესამე საუკუნის


დასაწყისში რომი საგარეო პოლიტიკაში პოზიციების შენარჩუნებას ახერხებდა.
ლეგიონების დიდი ნაწილი, 23 ლეგიონი, ორ პრობლემურ მონაკვეთში –მდინარე
დუნაიზე, ჩრდილოეთის საზღვარზე და სირიაში, პართიის საზღვარზე იყო
განაწილებული. სეპტიმიუს სევერუსმა 197 წელს პართიის წინააღმდეგ ილაშქრა,
აიღო და გაძარცვა პართიის დედაქალაქი ქტესიფონი. პართიის წინააღმდეგ ილაშქრა
კარაკალამაც შიდა პრობლემებით დასუსტებული პართია რომს წინააღმდეგობას ვერ
უწევდა. მდგომარეობა აღმოსავლეთით მკვეთრად შეიცვალა 224 წელს, როდესაც
არდაშირმა პართიის მეფე არტაბანი ჩამოაგდო და ახალი იმპერია, სასანიანთა
ირანი შექმნა. სასანიანებს ბევრად უფრო ეფექტური მართვის სისტემა ჰქონდათ და
თავიდანვე განაცხადეს, რომ ისინი აქემენიდური ირანის მემკვიდრეები იყვნენ. ეს
იმას ნიშნავდა, რომ მათ აქემენიდთა იმპერიის ისტორიულ მიწებზე ჰქონდათ
პრეტენზია, მათ შორის მცირე აზიაზე, სირიასა და კავკასიაზე. ეს ტერიტორიები კი
უკვე რომის იმპერიის ნაწილი ან მისი გავლენის სფერო იყო. ირანმა ისარგებლა
რომის შიდა პრობლემებით და თავდასხმები დაიწყო რომის აღმოსავლეთ
პროვინციებზე. სასანიანები კავკასიაზე და მათ შორის საქართველოს
ტერიტორიაზეც აცხადებდნენ პრეტენზიას. 231-232 წლებში რომაელთა პირველი
დიდი სამხედრო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა. სასანიანთა ერთ-ერთმა
უდიდესმა მეფემ, შაპურ I-მა (242-271), კავკასიაში რამდენჯერმე ილაშქრა.
დასუსტებული რომი ირანს კავკასიაში წინააღმდეგობას ვერ უწევდა და რომი
შაპურთან სასტიკად დამარცხდა. ქართლი ამ პერიოდში სასანიანთა გავლენის
სფეროშია მოქცეული. სევერუსების დინასტიის უკანასკნელ წლებში რომს ახალი
საფრთხე დაემუქრა, ამჯერად ჩრდილოეთიდან – გერმანული ტომები კელავ
გააქტიურდნენ და იმპერიის ტერიტორიებზე თავდასხმები გაახშირეს. გოთები,
ვანდალები, ალემანები და სხვა გერმანული ტომები მდინარეებს, რაინსა და
დუნაის, კვეთდნენ და იმპერიის მიწებს თავს ესხმოდნენ. ამის მიზეზი უნდა
ყოფილიყო კლიმატური პირობების ცვლილება. ევროპაში დათბობის ახალი ტალღა
დაიწყო, რამაც, ერთი მხრივ, გვალვების გამო მოსავლიანობა შეამცირა , ხოლო , მეორე
მხრივ, ე.წ. დაბალ მიწებზე (თანამედროვე ნიდერლანდების ტერიტორია ) გაზარდა
წყლის დონე, რამაც მიწათმოქმედებისთვის საჭირო მიწები დატბორა. ამას
დაემატა სავაჭრო კავშირების მოშლა, ეკონომიკური პრობლემები და გერმანიაში
ახალი მძლავრი ტომობრივი გაერთიანებების (ალემანები, ფრანკები, გოთების
გაჩენა.) ეს ფაქტორები გერმანულ ტომებს უბიძგებდა, ბევრად მდიდარი და
ნაყოფიერი რომის იმპერიისკენ წასულიყვნენ, თავს დასხმოდნენ მის
ტერიტორიებს, გაეძარცვათ და ხშირად იქვე დასახლებულიყვნენ. სევერუსთა
დინასტიის ბოლო იმპერატორი სევერუს ალექსანდერი – თავისივე ჯარისკაცებმა
მოკლეს, რადგან აღიზიანებდათ, რომ ის გერმანელებთან მეტისმეტად დიდ
დათმობებზე მიდიოდა და იმპერიაში დასახლების უფლებას აძლევდა, თანაც ფულს
უხდიდა, რომ რომაული ქალაქები არ გაეძარცვათ. მთელი მესამე საუკუნის
განმავლობაში გერმანული ტომების თავდასხმები არ წყდებოდა და მათ რომი
კატასტროფის წინაშე დააყენეს. სეპტიმიუს სევერუსის სიკვდილის შემდეგ ამ
დინასტიის ყველა იმპერატორი მოკლეს. ამ მკვლელობებს მოჰყვებოდა ქაოსი,
პოლიტიკური არასტაბილურობა და სამოქალაქო ომები რომში. სევერუსების
დინასტიის შემდეგ, 50-წლიან მონაკვეთში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა . 235-
284 წლებში რომმა 22 იმპერატორი გამოიცვალა. თითოეულ მათგანს რამდენიმე
წელში, ან სულაც რამდენიმე თვეში, აჯანყების ან შეთქმულების შედეგად კლავდნენ .
თითოეულ რომაელ სამხედროს, რომელსაც თავისი ჯარი ჰყავდა, შანსი ჰქონდა
აჯანყების გზით იმპერატორი გამხდარიყო. იზრდებოდა ჯარისკაცების როლი და
მნიშვნელობა, რადგან მათი მეშვეობით ძალაუფლების ხელში აღება იყო
შესაძლებელი. მაგალითად, სევერუს ალექსანდერი, მაქსიმინუსმა შეცვალა,
რომელიც თრაკიელი ჯარისკაცი იყო და არც სენატორული წოდება ჰქონდა და
არც მართვის არავითარი გამოცდილება. მისი პირველივე ნაბიჯი ჯარისკაცებისთვის
ანაზღაურების გაორმაგება იყო. ამის მიუხედავად, ის სამი წლის შემდეგ თავისივე
ჯარისკაცებმა მოკლეს. 238 წელს კი საერთოდ რომს ერთდროულად 6
იმპერატორი ჰყავდა. რომაული ჯარი წინა ეპოქებში დაპყრობით ომებს აწარმოებდა
და ამის შედეგად თავად მოჰქონდა იმპერიისთვის შემოსავალი. ახლა რომს
თავდაცვა უწევდა და ჯარი მძიმედ აწვა მის ბიუჯეტს. 249 წელს რომის პრობლემებს
ახალი უბედურება – ეპიდემია, ე.წ. კიპრიანეს ჭირი დაემატა. 13 წლის განმავლობაში
ჭირმა რომის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა. კიპრიანეს ჭირი 13
წლის განმავლობაში (249-262) მძვინვარებდა. მას სახელი ადრეული საეკლესიო
მწერლის, კართაგენის ეპისკოპოსის, კიპრიანეს მიხედვით ეწოდა, რომელიც ამ
მოვლენის თანამედროვე იყო და ეს ეპიდემია აღწერა. ეპიდემიამ უფრო დიდი
გაჭირვება მოიტანა. მიწათმფლობელებს მუშახელი აღარ ჰყოფნიდათ, ხოლო ჯარს
– მეომრები. რომაელები მოსახლეობის სიმცირის გამო იმპერიის ტერიტორიაზე
გერმანელებს ასახლებდნენ და მათ რომაულ ჯარში ასაქმებდნენ. რომს უფრო
მეტი საქონელი შემოჰქონდა, ვიდრე თავად აწარმოებდა და გაჰქონდა შედეგად,
მონეტების სახით მეტი და მეტი ოქრო და ვერცხლი გადიოდა, რაც კრიზისს კიდევ
უფრო ალრავებდა. ამასთან კიდევ უფრო გაძლიერდა ქრისტიანების დევნა და
შიდა საზოგადოებრივი განხეთქილება. შიდა პრობლემებს საგარეო პოლიტიკური
წარუმატებლობები დაემატა. სასანიანთა ირანმა რომს აღმოსავლეთით
მნიშვნელოვანი ტერიტორიები წაართვა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ იმპერატორი
ვალერიანე ირანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. აქამდე ისტორიაში არასოდეს რომის
იმპერატორი ტყვედ არ ჩავარდნილა. 268 წლისთვის იმპერია, ფაქტობრივად,
დაშლილი იყო, რომი ვეღარ აკონტროლებდა დასავლეთ პროვინციებს, სადაც
გალური იმპერია შეიქმნა, გალიის, ბრიტანეთისა და ესპანეთის შემადგენლობით,
ასევე კონტროლი დაკარგა აღმოსავლეთის პროვინციებზე. საბოლოოდ რომის
იმპერია სამ ნაწილად იყო დაყოფილი.

იმ დროს, როდესაც სამ ნაწილად გაყოფილი იმპერია დაშლის პირას იყო , რომის
იმპერატორებმა მისი სრული დანაწევრების თავიდან აცილება შეძლეს.
რომაელებმა ჯერ გოთები დაამარცხეს 268/269 წელს, ამის შემდეგ ალემანები,
გერმანული ტომი. ხოლო იმპერატორმა აურელიანუსმა (270-275) ზედიზედ
რამდენიმე წარმატებული ომი გამართა ვანდალების, აღმოსავლეთით და
დასავლეთით გალების იმპერიის წინააღმდეგ და იმპერია დიდწილად ძველ
საზღვრებში აღადგინა. ამის მიუხედავად, შიდა პოლიტიკური კრიზისი არ
სრულდებოდა. აურელიანუსი მოკლეს და შემდეგი 9 წლის განმავლობაში
პოლიტიკური არასტაბილურობა ისევ გაგრძელდა. ვითარების შემობრუნება 284
წელს ტახტზე იმპერატორ დიოკლეტიანეს ასვლას უკავშირდება. დიოკლეტიანემ
ისევე, როგორც უმეტესობამ იმ პერიოდში, კარიერა სამხედრო სამსახურით გაიკეთა.
დიოკლეტიანე ხვდებოდა, რომ ამ მასშტაბის იმპერიის ხანგრძლივად და სტაბილურად
მართვა რთული იყო. სწორედ ამიტომ ორი გზა აირჩია – ერთი მხრივ, მან დაიწყო
დასუსტებული რომაული სახელმწიფო აპარატისა და ადმინისტრაციის გაძლიერება ,
მოაწესრიგა პროვინციების მმართველობა და შექმნა ახალი ბიუროკრატიული
ცენტრები საზღერებთან ახლოს: აღმოსავლეთ ნიკომედიაში (თანამედროვე
იზმირი, თურქეთი), ჩრდილოეთით მედიოლანუმში (თანამედროვე მილანი),
სირმიუმში (თანამედროვე სერბეთი) და ტრევორუმში (თანამედროვე გერმანია). ამ
ცენტრებს იმპერიის პრობლემური საზღვრები უნდა დაეცვათ დიოკლეტიანეს აზრით , ამ
მასშტაბის იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა ვერ ხერხდებოდა , ამიტომაც მრავალი
რეგიონული ცენტრი შექმნა. ამავე დროს, დიოკლეტიანემ გადაწყვიტა,
თანამმართველი ჰყოლოდა და ამ თანამდებობაზე თავისი სამხედრო სამსახურის
დროინდელი კოლეგა, მაქსიმიანუსი დანიშნა. თავად დიოკლეტიანე იმპერიის
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, ხოლო მაქსიმიანუსი – დასავლეთს. ოთხ
იმპერატორს შორის ორს უპირატესი უფლებები ჰქონდა, დანარჩენი ორი კი მათზე
ნაწილობრივ დამოკიდებულად მიიჩნეოდა. ამრიგად დიოკლიტიანეს მიერ შექმნილი
ტეტრარქია სახელმწიფო გადატრიალებებს, ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლებსა
და იმპერატორის მკვლელობას აზრს უკარგავდა, რადგან იმპერატორის სიკვდილის
შემთხვევაში ტახტს იკავებდა მისი მონაცვლე, თანაიმპერატორი. ტეტრარქიის
შედეგად ძალაუფლების ერთდროულად რამდენიმე წყარო არსებობდა . ამასთან
ერთად, ტეტრარქიაში იმპერატორს ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ 20 წელი
შეეძლო და მას ძალაუფლება თავისი ნებით, მშვიდობიანად უნდა გადაებარებინა.
დიოკლეტიანეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ისიც, რომ მან უარი თქვა პოლიტიკურ
შურისძიებასა და ძალადობაზე და რომაული საზოგადოების გამაერთიანებლის
როლი იკისრა. ძალაუფლების განსამტკიცებლად დიოკლეტიანეს რამდენიმე წელი
დასჭირდა და საბოლოოდ, თავისი ბოლო ოპონენტი, რომელიც საიმპერატორო ტახტს
ეცილებოდა, 285 წელს, მარგუსის ბრძოლაში დაამარცხა. მან მეტოქის მომხრეებს
თანამდებობა შეუნარჩუნა და სცადა, შეექმნა ერთიანი სახელმწიფოებრივი კულტურა ,
რომელიც დაასრულებდა გამუდმებულ შიდა ომებსა და დაპირისპირებებს . თავისი
მმართველობის დასაწყისშივე დიოკლეტიანემ დაამარცხა სარმატები, რომლებიც
რომის იმპერიის ფარგლებში დასახლების უფლებას ითხოვდნენ. სარმატები
ირანული წარმოშობის ხალხი იყო, რომლებიც თავდაპირველად შუა აზიის სტეპებში
ცხოვრობდნენ, შემდეგ ისინი დასავლეთით თანამედროვე რუსეთის და უკრაინის
ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ხშირად ესხმოდნენ თავს რომის აღმოსავლეთ
პროვინციებს. დიოკლიტიანემ დიპლომატიური მეთოდებით აიძულა ირანი, რომ
დაეთმო არმენია და დასავლეთ არმენია უშუალოდ აქცია რომის პროვინციად. ეს
კავკასიაში რომის დაბრუნებას ნიშნავდა და იმაზე მეტყველებდა , რომ კავკასია, მათ
შორის – საქართველო რომის გავლენის სფეროდ უნდა განხილულიყო.
დიოკლეტიანეს მმართველობის ყველაზე რთულ მოვლენად კი ქრისტიანთა დევნა
იქცა. მესამე საუკუნეში რომში სულ უფრო და უფრო გამწვავდა ქრისტიანების დევნა.
იმპერატორი ვალერიანე ქრისტიანებს III საუკუნის 50-იან წლებში დაუნდობლად
დევნიდა: ხშირი იყო მათი წამებისა და სიკვდილით დასჯის შემთხვევები. ამის
მიუხედავად, ქრისტიანობა სულ უფრო და უფრო ერცელდებოდა, განსაკუთრებით –
იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. დიოკლეტიანე, რომელიც თანამმართველებთან
ერთად ტრადიციული რომაული რელიგიური პანთეონის თაყვანისმცემელი იყო,
ისტორიას შემორჩა როგორც ქრისტიანთა ერთ-ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური
დევნის ავტორი. ქრისტიანებამდე დიოკლეტიანემ მანიქეველთა დევნა დაიწყო.
მათ თავისივე ნაწერებთან ერთად ცოცხლად წვავდნენ, საკუთრებას ართმევდნენ
და მძმე სახელმწიფო სამუშაოების შესასრულებლად სხვაგან ასახლებდნენ.
მანიქეიზმი იყო რელიგია, რომელიც მესამე საუკუნეში პართიელმა მანიმ
დააარსა. მანიქეველობის თანახმად, სინამდვილეში არსებობს ორი ერთმანეთისაგან
განსხვავებული საწყისი: კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი. თავდაპირველად
ისინი ცალ-ცალკე არსებობდნენ, შემდეგ კი ბნელმა ნათელი დათრგუნა, თუმცა
დასასრულს სინათლე საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს. მათი რწმენით, მანი იყო
ზოროასტრის, ბუდა გაუტამას და იესო ქრისტეს შემდეგ ბოლო წინასწარმეტყველი.
მესოპოტამიაში მანიქეიზმი სწრაფად გავრცელდა და იქიდან ჩინეთსაც კი მიაღწია.
ისლამის შექმნამდე და შემოსვლამდე ქრისტიანობასთან ერთად მანიქეიზმი
აღმოსავლეთში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური მოძღვრება იყო. ამრიგად 303 წელს
ქრისტიანთა მრავალწლიანი დევნა დაიწყო და დიოკლეტიანეს თანამდებობიდან
წასვლის შემდეგაც გაგრძელდა. იმპერიის არა ქრისტიან მოსახლეობის
უმეტესობს არ მოსწონდა ქრისტიან თანამოქალაქეთა დევნა და დასჯა.
ქრისტიანებს განსაკუთრებით აღმოსავლეთში დევნიდნენ, იმპერიის დასავლეთ
ნაწილის მმართველები დევნას მხოლოდ ფორმალურად შეუერთდნენ. 311 წელს
გალერიუსს დიოკლეტიანეს თანამმართველსა და დევნის ერთ-ერთ ავტორს
მოუწია აღიარება, რომ, დევნის მიუხედავად, ქრისტიანები ტრადიციულ რომაულ
რელიგიაზე არ მოექცნენ. ქრისტიანთა რაოდენობა მხოლოდ მატულობდა.

You might also like